ალყა – თავი 1

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

ანუ მოგონებების ბაზარი

გოთჰეიმის სისხლის სამართლის კოდექსი

კარი მერვე

თავი 2

მუხლი 13

ხელოვნური ინტელექტი (AI) არის სისტემა, რომელიც ავტონომიურობის სხვადასხვა დონეზე ფუნქციონირებს, შეიძლება გააჩნდეს ადაპტაციის უნარი და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია შექმნას ისეთი შედეგები (მაგალითად, პროგნოზები, კონტენტი, რეკომენდაციები ან გადაწყვეტილებები), რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ფიზიკურ ან ვირტუალურ გარემოზე.

𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬

ფუნჯის მიერ დანატოვარი ფირუზისფერი სულაც არ ჰგავდა მისი სიზმრების ცივ სილურჯეს.

ოდნავ უკან გადაიხარა ასტრიდი, თავი გვერდზე გადააგდო.

ეს ფირუზისფერი გოთჰეიმის ყურებში მოლივლივე, მზის სითბოთი გამაძღარ ტალღებს წააგავდა.

არა, აშკარად ძალიან ლამაზი იყო. ძალიან ნაცნობიც. თითქმის გრძნობდა კიდეც ტილოდან მომავალ, მარილით გაჯერებული ზღვის წყლის სითბოს.

მაგრამ არ იყო ეს ის ლურჯი, რომელიც სჭირდებოდა.

მორიგი კრახი.

-არა? – გაისმა უკნიდან მირას მონოტონური ხმა.

უკმაყოფილოდ მოწკურა ტუჩები ასტრიდმა.

-არა. – თქვა მან და გამეტებით მოურია პალიტრაზე შეზავებულ საღებავს. – ეს მერამდენეა?

-ორმოცდამეშვიდე.

ყბები დაეძაბა ასტრიდს. სტუდიოს შორეული კუთხისაკენ გაექცა თვალი, სადაც ერთმანეთზე უწესრიგოდ აეხორიალებინა სხვადასხვა ზომის ტილოები. მათ ორი რამ ჰქონდათ მხოლოდ საერთო – ყველაზე ის ლურჯი ოთახი იყო გამოსახული, და არცერთის ლურჯი არ ჰგავდა იმ ლურჯს, რომელსაც ეძებდა.

თუმცა არა. არ ეძებდა. მხოლოდ საკუთარი სიზმრის ზუსტი გამოსახულებისაკენ ისწრაფვოდა.

წუხელ კვლავ დაესიზმრა. ცივი ლურჯი სინათლე, რომელიც თითქოს ბლანტად ჟონავდა ოთახის ყველა კუთხე-კუნჭულიდან.

მასზე რკალად შემორტყმული მოლაპლაპე სვეტები და ყოვლად მოულოდნელი გაცნობიერება იმისა, რომ ალყაში იმყოფებოდა.

თვითონ კი, ამ სინათლეში გამოხვეული, იგუდებოდა.

გამოღვიძება მუდამ ზღვის ყინულოვანი სიღრმეებიდან ზედაპირამდე მოღწევას, თბილი ჰაერის ხარბად შესუნთქვას ჰგავდა.

ფუნჯმა კიდევ ერთი ზოლი დატოვა ტილოზე. ამჯერად კომპოზიციის ცენტრში მოაქცია მუქი ფიგურა ასტრიდმა, უსახო და უსულო. ადრე ტილოზე ასახული სუბიექტის სახეზე აღწერილ სასოწარკვეთილებას ხატავდა, შიშსა და მრისხანებას, მაგრამ ვერცერთი ვერ მიამგვანა იმ შეგრძნებას, რომელსაც სიზმრის დროს განიცდიდა.

იმ შეგრძნებას სახელსაც კი ვერ დაარქმევდა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მხოლოდ ორი განმეორებადი სიზმარი ჰქონდა ასტრიდს. ყველაზე ხშირი კი ეს იყო – ლურჯი ოთახი.

-დილის თერთმეტი საათი და ორი წუთია. – გამოაცხადა მირამ. – შეგახსენებთ, რომ დღეს, პირველ საათსა და ოცდაათ წუთზე სარეკლამო გადაღებისათვის გელიან გალერეა ფაულერში. ტრანსპორტი ნახევარ საათში იქნება ადგილზე.

ამოიხვნეშა ასტრიდმა. თუ სწორად ახსოვდა, მორიგი კანის გაახალგაზრდავების შრატის სარეკლამო კონტრაქტს მოაწერა რამდენიმე თვის წინ ხელი.

-აქამდე რატომ არ მითხარი? – წაიდუდუნა  უკმაყოფილოდ, პალიტრაცა და ფუნჯებიც მაგიდაზე მიაგდო, სადაც წამსვე შხრიალით ჩაყლაპეს ისინი ავტომატურმა უჯრებმა. – ნახევარ საათში ვერ მოვასწრებ მომზადებას.

-ზუსტად ოცდაოთხი საათისა და ოცდაათი წუთის წინ შეგახსენეთ. და მითხარით, რომ თუ ხატავდით, არ შეგეწუხებინეთ.

-ეგ როდის? – წაიბურტყუნა თავისთვის ასტრიდმა, მაგრამ მაინც წამოდგა, ხელთათმანები გაიძრო და შარვლის ნაოჭები გაისწორა. ჩალისფერ ბლუზაზე პაწაწინა საღებავის ნაშხეფს ჰკიდა თვალი, რაზეც წამსვე აიბზუა ტუჩი.

-ორიათას ას ოთხმოცდათხუთმეტი წლის თხუთმეტ აგვი-…

-რიტორიკული შეკითხვა იყო. – გააწყვეტინა ასტრიდმა და წამსვე მიაშურა სტუდიოს გასასვლელს.

დადუმდა მირა.

სისინით შესრიალდნენ კედელში დაბურული მინის კარები და კირქვით მოპირკეთებულ დერეფანში გააბიჯა სწრაფი ნაბიჯით ასტრიდმა. ჭერიდან მზის ემულატორები ნაზ, მოყვითალო, თბილ სინათლეს აფრქვევდნენ და ოდნავ ციმციმებდა რუდუნებით გათლილი ქვის ზედაპირი. მარჯვნივ, მოჩუქურთმებული სვეტების მიღმა, მოზრდილი აივანი იწონებდა თავს, სადაც ნაზად ირხეოდნენ ურთხლისა და ბზის ბუჩქები მინიატურული ფიჭვების გადაშლილი ვარჯების ქვეშ.

აივნის დამცავი მინის მიღმა კი, დილის კაშკაშა სინათლეში გადაშლილიყო გოთჰეიმი. მოჩუქურთმებულ მოთეთრო-ქვიშისფერ ქვაში ჩასმული ფერად-ფერადი მოზაიკა, რძისფერი მინა, გოთჰეიმის ცენტრიდან მომავალი ჩანჩქერის – მულმედის ციმციმი, ცის კამარისაკენ აშოლტილი კვიპაროსების სიმწვანე და შენობებს შორის რკალად მოხაზული, ლურჯად მოლაპლაპე სატრანსპორტო ხაზები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. აქედან ძალიან კარგად ჩანდა მეოთხე ზონის დიდრონ კირქვის სვეტებზე შემდგარი, მჩქეფარი სიცოცხლით სავსე მოედნები, პავილიონები და ქუჩები, სახლთა სახურავებს რომ ერწყმოდნენ. ხალხი მიმოდიოდა, უზრუნველად, ნელ-ნელა, როგორც ყოველთვის.

-ამინდი? – იკითხა ასტრიდმა.

-მეტეოროლოგიული კონტროლის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, გოთჰეიმის მეხუთე ზონაში ოცდახუთი გრადუსია, ბარომეტრიული წნევა ცხრაასოთხმოცდაცხრა მილიბარი, – ჩამოთვალა მირამ, სანამ მარცხნივ გაუხვია ასტრიდმა, გარდერობისაკენ აიღო გეზი. – ნალექი დაგეგმილი არ არის, ამოქმედებულია ნაზი სიო ჩრდილოეთიდან დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე…

გარდერობის კარები გვერდზე გასრიალდნენ, ჭერიდან მომავალი ემულატორის ოქროსფერი შუქი მოზრდილ თაროებსა და ლაპლაპა, მორკალულ სპილენძის საკიდებს მოეფინა.

სანამ ზღურბლზე გადააბიჯებდა ასტრიდი, გულისგამგმირავმა ჭყავილმა გაჰკვეთა სიჩუმე და ოთახიდან ელვის სისწრაფით გამოიჭრა ედმონდი, ფეხებშუა კლანჭების ფხაჭუნით გაუსრიალდა და ცქვიტად, ისე რომ მხოლოდღა მის ფუმფულა, შავ კუდსღა ჰკიდა თვალი ასტრიდმა, მოეფარა კუთხეს.

-დეგენერატი კატა. – წაიდუდუნა ქალმა და სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა გარდერობში.

მირას უკვე აერჩია სამოსის ათიოდე კომბინაცია, გარდერობის მეორე მხარეს, სარკეებთან ახლოს ჩალისფერი, ხასხასა მწვანე და ყავისფერი ბლუზები, კაბები და ტილოს შარვლები ეკიდა, შესაბამის ფეხსაცმელებთან ერთად.

მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა ასტრიდმა, კრიტიკული თვალი გადაავლო სამოსს.

-ეს ბლუზა დატოვე. – თითი გაიშვირა მუქი მწვანე ბლუზას მიმართულებით ბოლოს. – და ის ქვედაბოლო. ფეხსაცმელი აქედან არცერთი არ მომწონს, სელინის ზოლიანი, ქუსლიანები გამომიტანე, წინა სეზონის.

წამსვე ხმადაბალი სისინით გასრიალდა უარყოფილი სამოსი გარდერობის სიღრმეებში, საკიდებზე ასტრიდის არჩეული ტანსაცმელი დარჩა, რასაც მირამ წამსვე შეუხამა ფეხსაცმლის განყოფილების ერთ-ერთი თაროდან სასურველი ფეხსაცმელი.

ჩაიცვა ასტრიდმა, გარდერობის ბოლოში, მთელი კედელზე გადაჭიმულ ვეებერთელა სარკეში შეამოწმა საკუთარი თავი.

პერიფერიულ მზერაში ამჟამინდელი ტემპერატურისა და დროის პაწაწინა ციფრების ქვემოთ შეტყობინებების ამსახველი სიმბოლო – პაწაწინა კონვერტი უკვე შემაწუხებლად ციმციმებდა.

-შეტყობინებები ნახე. – უთხრა მირას, ბლუზა  შეისწორა და ოდნავ მოტრიალდა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ ქვედაბოლოს ძვირფას აბრეშუმს ერთი ნაკეციც კი არ ჰქონდა სადმე. – ბაბუას ხომ არ უნდა რამე?

-ბატონმა ინგრემმა შემოგითვალათ, რომ ოცდაათ ივნისს, მუზეუმის გახსნის შემდეგ საზეიმო ვახშამზე გიწვევთ თქვენი მიღწევის აღსანიშნავად, საღამოს ოცდაერთ საათზე, რესტორან “პავილიონში”. ვახშამს ასევე დაესწრებიან თქვენი ბიცოლა და ბიძაშვილი. კორა დე ლა კრუზმა კიდევ ერთხელ მოგიწვიათ საქველმოქმედო გალაზე თორმეტ ივლისს, ცხრამეტ საათსა და ოცდაათ წუთზე, გალერეა “ვისტაში”, ფრიად დაჟინებით ითხოვს თქვენს პასუხს. შეგახსენებთ, რომ გალაზე შეგროვებული სახსრები ქვემიწელებს გადაეცემათ. გსურთ დასტური გავუგზავნო თუ კვლავ დავაიგნოროთ? თქვენი უკანასკნელი ყოფილი პარტნიორი, და შეგახსენებთ, რომ თქვენი ინსტრუქციის მიხედვით სახელს არ გეუბნებით, კვლავ გთხოვთ გასაუბრებას. და კიდევ ერთი, ექვსი თქვე გავიდა თქვენი ბოლო შემოწმებიდან, გსურთ თუ არა შემდგომი დაკვირვებისათვის დრო დაჯავშნოთ?

-ბაბუას შეატყობინე, რომ ვახშამზე ვიქნები. – განაცხადა ასტრიდმა, ტუჩები გაბუსხა და დაკვირვებით მოათვალიერა თავისი ფერმკრთალი სახე.

მარმარილოსებრ კანზე ვარდისფრად ღუოდნენ მისი ტუჩები და ღაწვები, ქერა, თითქმის უფერული წამწამების ქვეშ კი სარკის კიდეებიდან მომავალ სინათლეზე ნაცრისფერი თვალები გოთჰეიმის ბინდში დაჩრდილული ფანჯრების რძისფერ მინას წააგავდნენ. გადარკალული, იდეალურად გამოყვანილი წარბი აზიდა ასტრიდმა და გრძელი, მბზინვარე თმა, მის თავზე შემოვლებულ მზის თვალისმომჭრელ სხივებს რომ ჰგავდა, ყურს უკან გადაიწია, რომ მარჯვენა ყურის ნიჟარაზე შემოვლებული, მოჩუქურთმებული მირას აპარატი უკეთესად გამოჩენილიყო, მერე კი ყელზე მორგებული ოქროს, ზურმუხტისთვლიანი მედალიონი შეისწორა.

მშვენივრად გამოიყურებოდა. როგორც ყოველთვის.

-ბატონ ინგრემთან შეტყობინება გაგზავნილია. – უპასუხა მირამ.

-დე ლა კრუზს გადაეცი, რომ ვიქნები მის გალაზე. იქნებ აღარ შეჭამოს ტვინი. – ჩილაპარაკა ასტრიდმა, გარდერობის კედლიდან გამოსრიალებულ უჯრებში სამკაულებს დაუწყო ძებნა.

ოქროს სქელი სამაჯურები აირჩია, წამსვე მოირგო და მკლავზე აიწია, რომ სამკაულებს მისი ტატუ – მარჯვენა მაჯაზე შემორკალული, შუაში გაწყვეტილი წრეწირი არ დაეფარათ.

-სტანდარტული დასტური გავუგზავნო თუ გსურთ “ტვინის შეჭმაც” ჩაამატოთ? – თქვა მირამ და წამსვე თვალები გადაატრიალა საპასუხოდ ასტრიდმა, თან კრიტიკულად შეავლო სარკეში თვალი ფეხსაცმელებს. იქნებ სან ლორანის გაზაფხულის კოლექციიდან ემჯობინებოდა რამე?

-უკბილო ხუმრობების დრო თუ გაქვს, “გაპარტახება” მიპოვნე. – მოუჭრა ბოლოს.

-თქვენს ტონში სარკაზმს ვამჩნევ, ქალბატონო ასტრიდ. “გაპარტახების” პოვნის შესაძლო ალბათობა ხომ არ გინდათ შემოგთავაზოთ? გაფრთხილებთ, რომ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე აქამდე.

მოუყრუა ასტრიდმა.

არ სჭირდებოდა მირასგან შეხსენება, რომ ტომას ქოულის “გაპარტახებას”, “იმპერიის ხვედრის” სერიის ბოლო ფერწერულ ნამუშევარს უკვე შვიდ წელიწადზე მეტი იყო, რაც უშედეგოდ ეძებდა.

შვიდ წელიწადზე მეტი იყო, რაც სერიის მეოთხე ტილო, “განადგურება” შეიძინა – თუმცა “შეიძინა” ხმამაღალი ნათქვამი იყო, როცა ტილო აუქციონზე ფაქტიურად ხელიდან გამოსწიწკნა კრისტა გრიმალდის – და რატომღაც ეგონა, რომ არც მეხუთე ტილოს პოვნა იქნებოდა რთული.

ამაოდ. შვიდი წლის მანძილზე, ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მიაგნო.

და მისი პენტჰაუსის ბოლოს განთავსებულ კერძო გალერეაში, გოთჰეიმის მეხუთე ზონას რომ გადაჰყურებდა, “გაპარტახება” აკლდა მის კერძო კოლექციას.

ბაბუასთვის მისი უმიზეზო ობსესია ფრიად თავშესაქცევი გახლდათ. მორჩილად უსმენდა, როცა ასტრიდი კვლავ შეჰყვებოდა ტირადას “გაპარტახების” შესახებ, მერე კი, თუ ტირადა უკვე ათიოდე წუთის ზღვარს გადასცილდებოდა, ან მის დამშვიდებას ცდილობდა ბაბუა, ანდა უკიდურეს შემთხვევაში სასურველ ტილოს სთავაზობდა საკუთარი უზარმაზარი კოლექციიდან.

ასე გამოსტყუა ბაბუას რუბენსის “ნიანგსა და ბეჰემოთზე ნადირობა” და კონინგის “პოლიციის ბიულეტენი” ასტრიდმა.

-ყოფილი პარტნიორი? – ფიქრები გააწყვეტინა ანაზდად მირამ.

-პოლიციას გაუგზავნე ჩანაწერი და უთხარი სისხლის სამართლის საქმე აღძრან.

-რომელი მუხლით გნებავთ? ფსიქიკური ტანჯვა, ადევნება…

-ყველაფრით, რისი გამოძებნაც შეიძლება. – მოუჭრა ასტრიდმა, ტუჩზე მბზინავი საცხი გადაისვა, რომელმაც წამსვე შეიცვალა ფერი, მუქ, ოდნავ მოწითალო ვარდისფრად დაუფერა ბაგეები. – შეურაცხადი დეგენერატი. ისწავლის ჭკუას, დასაკითხად რომ გამოიძახებენ.

-შემოწმებაზე ჩაგწეროთ, ქალბატონო ასტრიდ?

-არა, დოლორესთან გავივლი მერე.

-ქალბატონი დოლორესი ოთხზე თავისუფლდება.

-არაუშავს, მე მაინც მიმიღებს. – მიუგო ასტრიდმა, გულზე ჩამოკიდებული ზურმუხტი კვლავ შეისწორა, რომ ლავიწის ძვლებს შორის ჰქონოდა ზუსტად.

მერე კი გასასვლელისაკენ გაემართა.

კარები სისინით გაიღო და ქვით მოპირკეთებულ პარმაღზე გააბიჯა ასტრიდმა, გოთჰეიმის ყურედან მომავალი თბილი სიო წამსვე მოელამუნა სახეზე, მხრებზე გადაყრილი კულულები შეურხია. პარმაღს გარშემო ჯუჯა ფიჭვები და ბზის ბუჩქები ეხვეოდნენ, აქედან შესანიშნავად მოჩანდა მეოთხე ზონის ვეებერთელა, ხალხით გაძეძგილი მოედნები, აუზები და შენობებს შორის ერთმანეთში გადახლართული, სვეტებზე შემდგარი ვეტრო ალ მარე – გოთჰეიმის ყველაზე დიდი ბულვარი. თავზე ხმადაბალი ზუზუნით გადაიფრინა რამდენმა დრონმა, კვიპაროსების ვარჯში დაინთქნენ. ცათამბჯენს გარშემო რკალად შემოჰკვროდა სატრანსპორტო ხაზი, სადაც უკვე გაჩერებულიყო მაგმობილი.

თავი ასწია და წამიერად თვალები მილულა ასტრიდმა. მზე სასიამოვნო, ყვითელ წერტილად ღუოდა ცის უსასრულო სილურჯეში, მისი სხივები ნებივრად ციმციმებდნენ ოკეანის გლუვ, საფირონისფერ ზედაპირზე, რომელშიდაც თითქოს უამრავი ზურმუხტის ნატეხი – გოთჰეიმის არქიპელაგოს კუნძულები დაცურავდნენ.

მაგმობილის კარი ავტომატურად გაიღო და შიგნით შეაბიჯა ასტრიდმა, კომფორტულად მოთავსდა გრილ სავარძელზე, ხელის საყრდენის პანელიდან ამოცურებული კოქტეილი – მისი ფავორიტი “ოქროს ფორთოხალი” მოსვა.

მაგმობილი წინ გაიჭრა. ჭერსა და გვერდებში ჩასმულ მინის პანელებში ოკეანის ზედაპირზე არეკლილი მზის სინათლე შემოიჭრა, თვალი მოსჭრა.

-მირა, ცოტა დაბურე მინები. – უთხრა ასტრიდმა, თვალები მოიჩრდილა.

-ფანჯრების დაბურვა, სამოცი პროცენტი. – გამოაცხადა მირამ და წამსვე ოდნავი ჩრდილი ჩამოწვა სალონში.

რაკი სინათლე აღარ აწუხებდა, გოთჰეიმს გადაავლო თვალი ასტრიდმა. ვეტრო ალ მარეს ყველაზე ფეშენებელურ, მოზაიკით მოპირკეთებულ და გამწვანებულ ნაწილს გასცდნენ, მოუხვიეს, ქვემოთ დაეშვნენ და მესამე ზონის შენობები გადაიშალა ამჯერად მათ თვალწინ, თლილი ქვისა და რძისფერი მინის გვერდით შენობათა ფასადებზე გიგანტური ეკრანები იწონებდნენ თავს.

ახალი ამბები გადიოდა. აქა-იქ ტანისამოსს, მთვარის კოლონიაზე სამოგზაურო ტურებს, გამაახალგაზრდავებელ კლინიკებს აჩვენებდნენ. მოშორებით კი, და ასტრიდის სასიხარულოდ, თითქმის მესამე ზონის ბოლოში, მომცრო ეკრანზე კორა დე ლა კრუზის გალას რეკლამა გადიოდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რამდენად დამამცირებელი უნდა ყოფილიყო დე ლა კრუზისათვის მესამე ზონამდე დაცემა.

-ახალი რა არის? – იკითხა მან, სიამოვნებით მოწრუპა კოქტეილი.

-ჰასელსა და გოთჰეიმს შორის გეოლოკაციის ტექნოლოგიაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რის გამოც წამყვანი ექსპერტები საბაზრო ფასების მომატებას ვარაუდობენ. AI-ს უფლებების აქტივისტმა ენდიუ ლევალონმა გოთჰეიმის სამხრეთ საზღვართან ქვემიწელებთან ერთად მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. – ჩამოარაკრაკა მირამ. – მეცნიერი რეიმონდ სოიერი რამდენიმე კვირაა, რაც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, ახლობლები ვარაუდობენ, რომ ქვემიწებზე გადასახლდა საცხოვრებლად. აურეუსზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა…

-კარგი, გავიგე. – ხელი აიქნია ასტრიდმა. – რა მოსაწყენია. მუზეუმის გახსნაზე რა ხდება? მინისტრმა დაადასტურა უკვე მოწვევა?

-სულ რამდენიმე საათის წინ.

-ყვავილები უკვე მოიტანეს? მაგათთვის სჯობს წინანდელივით ის მახინჯი თიხის ქოთნები არ მომითრიონ.

-თიხის ქოთნები თქვენ გინდოდათ.

-ისეთი მახინჯები არა. – ჩაიფრუტუნა ასტრიდმა.

-ჰორტენზიები და გლადიოლუსები დღეს მოიტანეს, პეონიები ხვალ მოაქვთ, თეთრი მარმარილოს ქოთნებში.

-იმედია თავზე დადგომა არ დასჭირდებათ. – წაიბურტყუნა ასტრიდმა, კოქტეილის ბოლო ყლუპი მოსვა. – გამოფენა?

-თქვენი სერია “დოლუსი” უკვე ადგილზეა. ბატონმა ინგრემმა თავისი პირადი კოლექციიდან რამდენიმე ტილო გამოაგზავნა. შემთხვევის ადგილზე რენე ლევის მიერ გადაღებული ფოტოებიც უკვე დარბაზშია. 

-დამცავი მინა ხომ არ მოუხსნიათ?

-თქვენი ინსტრუქციების შესაბამისად, არა.

-ისწავლეს ჭკუა, რომ ვუჩივლეთ წინაზე.

-ნამდვილად. – თქვა მირამ.

მაგმობილის ფანჯრებში ცისკენ აიწივნენ ჩალისფერი ქვისა და რძისფერი მინის შენობები, ნელ-ნელა დაჰფარეს გოთჰეიმის ნაპირთან წყლის სილურჯე, სანამ წამახულ სახურავებს შორისღა მოჩანდა ოკეანის ზედაპირზე მოფრქვეული სხივების ციმციმი. გახშირდნენ აივნებსა და სახურავებზე გაშენებული კვიპაროსები, ფიჭვები და უზარმაზარი წითელი მუხები, რომელთა მწვანედ მოხასხასე ვარჯებს ქვეშ, ძელსკამებზე გამვლელ-გამომვლელნი მოკალათებულიყვნენ. ქვემოთ მეორე ზონის ჩალისფერ ქვას ჭრელა-ჭრულა სახურავიანი მაღაზიები ფარავდა, რომელთაც ალაგ-ალაგ ასეთივე ფერად-ფერადი სარეკლამო ეკრანები ენაცვლებოდა. ეკრანებისა და მზის სინათლეზე თვალისმომჭრელად ბზინავდნენ ქაოტურად დაქსაქსული, მეხუთე ზონასთან შედარებით ბევრად უფრო უხვად გაყვანილი სატრანსპორტო ხაზები, რაზეც შიშინით მიჰქროდნენ სხვადასხვა ზომის მაგმობილები.

“ფაულერში” თხუთმეტ წუთში მივიდნენ და ასევე მხოლოდ თხუთმეტი წუთი დასჭირდა ასტრიდს, რომ ფოტოსესიაზე თანხმობა ენანა. გადასაღებ მოედანზე უკანა ფონი ჯერ კიდევ არ დაესრულებინათ, განათებას წამდაუწუმ ცვლიდნენ, სამხარი თავის დროზე არ შესთავაზეს, მიუხედავად იმისა რომ ეს მის კონტრაქტში შედიოდა და, ყველაზე მთავარი, ფოტოსესიის დიზაინერისა და ფოტოგრაფის მხრიდან ქლასუნს და ამავდროულად, პარადოქსულ ქედმაღლურობას საზღვარი არ ჰქონდა. ისე მიუთითებდნენ ყველაფერზე, თითქოს გამოუცდელი ბავშვი ყოფილიყო, და იმავდროულად ნებისმიერ პოზასა თუ სამოსზე მისი მხრიდან დასტურის მოლოდინში თვალებში შესციცინებდნენ.

მოთმინების ძაფი მაშინ გაუწყდა ასტრიდს, როცა ფოტოგრაფმა მეექვსედ მისცა შენიშვნა ღიმილზე, ეცადე უფრო ბუნებრივი იყოსო.

საუბედუროდ, ინგრემის ოჯახის ღირსებას არ შეესაბამებოდა საყოველთაო ისტერიკა. ის ცივი, პროფესიონალური ნიღაბი, რომლის გამოყენებაც ხშირად უწევდა, ფრიად მნიშვნელოვან ძალისხმევად დაუჯდა ასტრიდს, რომ რამენაირად გადაეტანა სამსაათიანი ფოტოსესია. 

სეტის დატოვებისას, როცა მაგმობილში მოკალათებულმა მირას მიერ მორთმეული კოქტეილი – ამჯერად “იასამნის წვიმა” დააგემოვნა და სამშვიდობოს დაიგულა თავი, მირას უბრძანა, რომ ამ სარეკლამო კამპანიის პროდიუსერ ბრენდთან არასოდეს დაეჭირათ საქმე.

ამ ბრენდთან აქამდეც ეთანამშრომლა ასტრიდს და აქამდე პრობლემა არასოდეს ჰქონიათ. და მაინც, ერთი აუტანელი დღე სრულიად საკმარისი იყო.

-თქვენი შავი სია უკვე ოცდათორმეტ ბრენდს ითვლის, ქალბატონო ასტრიდ. – განუცხადა მირამ, როცა ბოლო ლუკმა მოათავა ასტრიდმა. – ხომ არ გსურთ სია განვიხილოთ?

-და რატომ? – ჩაეკითხა ასტრიდი, ნიკაპით ხელს დაყრდნობოდა და გადაჰყურებდა, წარკშეკრული, მაგმობილის ფანჯრიდან, თუ როგორ მიმდინარეობდა მეოთხე ზონის გაზონების გეგმიური კრეჭა. – შენი აზრით უფრო მომთმენი გავხდი თუ რა?

-მე მოსაზრებები არ გამაჩნია. – თქვა მირამ. – მხოლოდ ფაქტები. და ფაქტია, რომ უკვე ხუთი წელია სიის განხილვაზე უარს მეუბნებით.

-გინდა განვიხილოთ?

-არც სურვილები გამაჩნია, ქალბატონო ასტრიდ, მხოლოდ მოვალეობები. – თქვა მირამ. – და ჩემი მოვალეობაა შეგახსენოთ, ინდუსტრიაში ბოლო ერთი წლის მანძილზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ თქვენთან მუშაობა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს.

ასტრიდმა თვალები გადაატრიალა.

-მოითხოვდეს, ჩემთვის უკეთესია. – მოუჭრა მან. – კარგი, კარგი, მოგვიანებით განვიხილოთ.

მირას მხრიდან კიდევ ერთ უკბილო რეპლიკას, “მოგვიანებით ესე იგი არასდროს” ანდა რამე მსგავსს ელოდა, მაგრამ ასისტენტს აღარაფერი უთქვამს.

მაგმობილმა ელვის სისწრაფით გადაკვეთა მეხუთე ზონის საზღვარი და ჩრდილოეთით, კლინიკა “ნოსალუსის” მიმართულებით აიღო გეზი, მანქანათა მწკრივს შეუერთდა.

მზის შუქზე მოციმციმე კირქვასა და რძისფერ მინას შორის ნელ-ნელა გახშირდა კვიპაროსთა მოლაპლაპე ფოთლების სიმწვანე, სანამ მაგმობილი შხუილით არ დაინთქა ალამედას ტყე-პარკის სიმწვანეში. გზის გასწვრივ ორივე მხარეს აღმართულიყო ფიჭვნარი, რომელსაც ალაგ-ალაგ ევკალიპტები, კვიპაროსები და ბაძგები გამორეოდნენ. გზის ბოლოს, ლურჯი ცის ნაგლეჯის ქვეშ, თეთრი ქვითა და გამჭირვალე მინით აგებული “ნოსალუსი” წამოიმართა, ნელ-ნელა გამოიკვეთა მისი ორი გიგანტური, ორმოცდაათსართულიანი, მარმარილოს ფასადიანი ოთხკუთხა ფლიგელი, რომელთაც მარმარილოსა და კირქვისაგან გამოკვეთილ, მოჩუქურთმებულ სვეტებზე შემდგარი მინის დერეფანი აერთიანებდა.

შუა სვეტს, რომლისთვისას ასკლეპიოსის ყავარჯენის სახე მიეცათ მოქანდაკეებს, გველი შემოხვეოდა, მისი მარმარილოს თვალები თითქოს პირდაპირ “ნოსალუსამდე” მომავალ გზას დაჰყურებდნენ.

გველზე გაუშტერდა მზერა ასტრიდს, როცა მეხუთე პლატფორმაზე გაჩერებული მაგმობილიდან გადმოაბიჯა.

წამსვე გაებნა თმაში ნაზი სიო. ქარის ნაკადმა რამდენიმე წიწვი მომიაბნია წითელი ქვით მოპირკეთებულ მოედანზე, რომლებიც წამსვე ახვეტეს ალაგ-ალაგ მოფუსფუსე პაწაწინა დროიდებმა, ოსტატურად ერიდებოდნენ გამვლელთა ფეხებს, რაც არც ისე იოლი გახლდათ.

“ნოსალუსისათვის” დამახასიათებელი აურზაური იდგა გარშემო, ხალხი შეუჩერებლად მიმოდიოდა, მაგმობილთა თითქმის ყველა პლატფორმა სავსე გახლდათ. ასტრიდის პერიფერიულ მზერაში მოციმციმე ციფრების მიხედვით ოთხი საათი სრულდებოდა.

დოლორესი მალე უნდა გათავისუფლებულიყო.

რამდენიმე ტუტუცი გამვლელის მისკენ მომართული მზერა და ჩურჩული აინუნშიც არ ჩაუგდია, “ნოსალუსის” მარცხენა ფლიგელისაკენ მიმავალ ტალღას ზურგი შეაქცია და მარჯვენა ფლიგელში მდებარე VIP კლიენტურისათვის განკუთვნილ შესასვლელს მიაშურა. საავტორიზაციოდ ბადურის სკანირება მშვიდობიანად გაიარა და ამბულატორიული ნევროლოგიის მიმართულებით აიღო გეზი.

ლიფტთან მიახლოებისთანავე ავტომატურად გაღებულ კარში შეაბიჯა, მინის კედლებიდან შემოჭრილმა თბილმა შუქმა თვალი მოსჭრა წამიერად.

-დონე პირველი. განაცხადეთ თქვენი დანიშნულების ადგილი, თუ შეიძლება. – გაისმა კაბინაში გოთჰეიმის საჯარო ასისტენტის, ორიონის სასიამოვნო ხმა.

-დოლორეს ფრიმენის კაბინეტი.

-დანიშნულების ადგილი – დონე ორმოცდარვა. – გამოაცხადა ორიონმა. – რეგისტრატურა თორმეტი. კაბინეტი ორმოცდარვა – ათი.

კარი დაიხურა და უხმოდ დაიძრა ლიფტი.

ლიფტის მინის კედლებში ჯერ მხოლოდ ალამედას ნიავში დარწეული ფიჭვნარი მოჩანდა, რომელსაც თავზე გუმბათივით ედგა უსასრულოდ ლურჯი ცა.

მერე კი, სადღაც ოცდამეათე სართულზე, ფიჭვნარის წვერებს ასცდნენ, და გარშემო ალამედას ტყე-პარკის გრანდიოზული, ხუთ კილომეტრზე გადაჭიმული ხასხასა სიმწვანე გადაიშალა, რომლის მიღმა ოდნავ ციმციმებდა ნაშუადღევის მზის შუქზე ოკეანის წვრილი ხაზით გარშემორტყმული გოთჰეიმის ქვიშისფერი, უსწორმასწორო რელიეფი.

გაჩერდა ლიფტი, კარი გაიღო და ორიონის სასიამოვნო ხმამ გამოაცხადა, რომ დანიშნულების დონემდე მივიდნენ.

მეთორმეტე რეგისტრატურას მიაშურა ასტრიდმა. რეგისტრატურის მარმარილოს დახლის დახლის მიღმა, მოზრდილ ფიკუსებს შორის მოკალათებული მდივნები წამსვე დაფაცურდნენ მის დანახვისას, მდივნის მითითებით პაწია გამცილებელმა დროიდმა მიაცილა კაბინეტამდე, წრიპინ-წრიპინითა და პაწაწინა ბორბლების ზუზუნით.

სანამ კარს შეაღებდა, კარის გვერდით დამონტაჟებულ ეკრანზე შეავლო დოლორესის ფრიად ყალბად მომღიმარე სახეს თვალი ასტრიდმა, რომლის ქვეშაც დოლორესის სახელი და მისი ოფიციალური წოდება – “ექიმი-ნევროლოგი, მეხსიერების დარღვევების სუბსპეციალისტი” იწონებდა თავს.

დაუკაკუნებლად შეაღო კარი.

დოლორესი ფეხზე იდგა როცა კაბინეტში შეაბიჯა ასტრიდმა, მაგიდის ზედა პანელზე ფაილები გაეხსნა და უკაკუნებდა, წარბშეკრული. უკან გადავარცხნილი მუქი წაბლისფერი თმა ვეებერთელა ფანჯრებიდან შემოღვრილ მზის შუქზე ოქროსფრად ულაპლაპებდა, თვალები კი ისეთივე უძირო ცისფერი ჰქონდა, როგორც მის ზურგსუკან ალამედას თავზე გადაჭიმული ცის კამარა. აშკარა იყო, რომ უკვე წასვლას აპირებდა, რადგან თეთრი უნიფორმა სავარძლის ზურგზე გადაეგდო, მარგალიტივით მბზინვარე მოცისფრო ბლუზისა და შარვლის ამარა დარჩენილიყო. 

აიხედა დოლორესმა. მის დანახვისას კიდევ უფრო მოექუფრა სახე.

-ამას გახედე ერთი. რა გინდა? – შეუტია მან. – რამდენჯერ უნდა გითხრა, სამსახურში არ მოხვიდე თქო?

-არც მომესალმები? – ეშმაკურად მიუგო ასტრიდმა, დოლორესის აშკარა უკმაყოფილებაზე წარბიც არ შეუხრია, ძალიან კარგად იცოდა მეგობრის ხუშტურები. – სულ ეგრე კი აპროტესტებ, მაგრამ მერე მაინც მომყვები კოქტეილებზე. 

-დღეს მინიმუმ ცეზარ-გრანერში უნდა წამიყვანო, სხვანაირად ვერ გამოძვრები. – განუცხადა დოლორესმა, მერე კი ხმამაღალი ხვნეშით ჩაეშვა სავარძელში.

-რა გჭირს? – წარბი აზიდა ასტრიდმა, ჩვეულებისამებრ დოლორესის კაპრიზები ხუთიოდე წუთი მაინც გრძელდებოდა. – ვინმე მოკვდა, დე ლა კრუზმა აგწაპნა ცხვირწინ იმ კრუიზის ბილეთი, თავი მიარტყი სადმე თუ რა ხდება?

დოლორესმა დაუბღვირა.

-რაღაც ქეისი შემომტენეს. მოგონებების მოდიფიკაციის რთული ფორმა. და ძალიან ბოდიში მომითხოვია, მაგრამ პაციენტის უვარგისმა ოჯახმა ერთი წესიერი მოგონება ვერ გამომიგზავნა, აი ერთი! – თითი დემონსტრაციულად აიშვირა დოლორესმა, მერე კი დრამატულად მიესვენა სავარძლის ზურგს. – არ შემიძლია. სამსახურიდან წამოვალ.

-ნოსალუსის ორმოცდამერვე სართულზე ზიხარ და სამსახურიდან წამოხვალ? – გაიცინა ასტრიდმა. – ამისთვის იშრომე მთელი ცხოვრება? წადი და იმ შენ ლაბორატორიის ვირთხებს ჰკითხე, ეცოდინებათ რა უნდა გააკეთო.

-ჯერ ეს ერთი ლაბორატორიაში ვირთხები არ გვყავს! – გაწიწმატდა დოლორესი. – მერე მეორე, შეეშვი შენ ჩემ კოლეგებს. იცი რამდენი შრომა სჭირდება მოგონებების აღდგენას, მოდიფიკაციას, წაშ…

-ბლა ბლა ბლა. – ხელი აუქნია ასტრიდმა. – უკვე მომბეზრდა. გინდა ცეზარ-გრანერში თუ არა?

დოლორესმა რაღაც წაიბუზღუნა, მაგრამ აღარ გაუპროტესტებია. ორიონს კაბინეტის დეაქტივაციის ბრძანება მისცა და წამსვე ჩაიბჟუტნენ მზის ემულატორები, რასაც მაგიდის პანელზე გაშლილი ფაილების ფოლდერებში გადახარისხება და ჩაქრობა მოჰყვა. კარის გვერდით კაუჭზე ჩამოკიდებული მომცრო ჩანთა ჩამოხსნა დოლორესმა, მხარზე მოიგდო და ალმაცერად გადმოხედა ასტრიდს.

-ბევრს არ დავლევ. – მოუჭრა მან. – და რაკი შემომეჭერი, დღეს შენ იხდი.

მერე კი ქუსლების ხმამაღალი ბაკუნით გაიჭრა კარში. ასტრიდი სიცილით აედევნა უკან.

მოსაცდელ პლატფორმაზე გასვლისას დიდხანს ლოდინი არ მოუწიათ, ორიონის მიერ ავტომატურად შეკვეთილი მაგმობილი ზუსტად ერთ წუთსა და ოცდაათ წამში მოვიდა. ფანჯრის რაფას დაეყრდნო ასტრიდი და გაჰყურებდა, თუ როგორ გადადიოდა ნელ-ნელა მზე და როგორ ჩადნა დღის თეთრი შუქი მონარინჯისფრო-მოწითალო სინათლეში, როცა მაგმობილმა ალამედას ტყე-პარკი უკან მოიტოვა და ცეზარ-გრანერის მიმართულებით, გოთჰეიმის მეხუთე ზონის ჩრდილოეთით აიღო გეზი.

-მირა, შეატყობინე ცეზარ-გრანერს, რომ მოვდივართ? – ჰკითხა ასტრიდმა, როცა მეხუთე ზონის ცენტრს მიუახლოვდნენ.

-ორი ადგილი უკვე დაჯავშნულია, ხიზილალის ასორტი შეკვეთილია და კოქტეილებსაც ამზადებენ, ქალბატონო ასტრიდ. – მიუგო მირამ.

დოლორესის გამბურღველ მზერას ზურგი აქცია ასტრიდმა, კვლავ ფანჯარაში გაიხედა.

მაგმობილის ფანჯრებში დაისის იასამნისფერში განბანული ოკეანის ფონზე უზარმაზარი, მარმარილოსა და ქვის, ადამიანებისა და ბუნების რელიეფით შემკული მონოლითისებრი შენობა აღიმართა – გოთჰეიმის სამოქალაქო ასისტენტის – ორიონის მთავარი სამმართველო.

შენობის ზენიტთან ახლოს, ქვაში გამოკვეთილ ნიშაში ორიონის გიგანტური, ბრინჯაოს ქანდაკება იდგა, მარჯვენა ხელში ხელკეტითა და მარცხენა ხელში მშვილდით ხელდამშვენებული. ქანდაკების ფეხქვეშ უზარმაზარი მართკუთხა ნაპრალიდან იღებდა სათავეს მულამედის ჩანჩქერი, აქაფებულ წყალს თითქოს ცეცხლი ეკიდა დაისის წითელ სინათლეში. სამმართველოს გარშემო მოხვეოდნენ გოთჰეიმის უზენაესი სასამართლოს, დრონთა ადმინისტრაციული საქმეებისა და მეტეოროლოგიური ინსტიტუტის შენობები, მოჩუქურთმებული სვეტებით შემკულნი.

წამიერად ჩამობნელდა, როცა ჩანჩქერის უკან გვირაბი გადაჭრა მაგმობილმა და რამდენიმე წამის მანძილზე წყლის გუგუნმა აათრთოლა ფანჯრები.

მერე კი უკან მოიტოვეს ცენტრი და ჩრდილოეთით აიღეს გეზი, ათიოდე წუთში გასცდნენ მეხუთე ზონის საცხოვრებელ კომპლექსებსა და მოედნებს.

და მალევე, ჩამავალი მზის შუქში ოქროსფრად ავარვარებულ კვიპაროსებსა და ურთხლის ბუჩქნარის სიღრმიდან ამოიზიდა ალციონის ზღვის პირას გაშენებული, ცეზარ-გრანერის სასტუმრო-რესტორანი. ჩალისფერ, მოციმციმე ქვაში ჩასმული რძისფერი მინა ნარინჯისფერ ბურანად ექცია მწუხრის შუქს და მოზაიკით მორთულ გუმბათზე ოქროსფრად ენთო ნიშანი – “CAESAR – GRANER”.

მთავარ შესასვლელთან ჩამწკრივებულ მაგმობილებს გვერდი აუქციეს და ცეზარ-გრანერის უკან გაჩერდნენ.

გადმოაბიჯა ასტრიდმა და წამსვე ღრმად შეისუნთქა მზით გამთბარი ზღვიდან მონაბერი სიო, წითლად აციმციმებულ ტალღებს გადაავლო თვალი. სასტუმროს უკან მოზაიკით მორთულ, კოხტად შემოკრეჭილი ბუჩქებითა და გაზონით შემოსაზღვრულ პლაზას მხოლოდ ვეებერთელა ქვის მოაჯირი აშორებდა ქარაფისაგან, რომლიც წიაღშიც ზღვა გუგუნით ასკდებოდა კლდეს. მონარინჯისფრო-წითელ დისკოდ ეკიდა მზე ჰორიზონტზე, და მალე ჩაყლაპავდნენ მასაც ტალღები.

კართან მეტრდოტელი შემოეგებათ, რომელმაც წამსვე მიაცილა მათ ფავორიტ ლაუნჯში – ჩალისფერი კედლები, სქელი, მეწამული ფარდები, რბილი ბალიშებით გარშემორტყმული, მუდამ სასუსნავებით სავსე დაბალი ხის მაგიდა და რაც მთავარი გახლდათ, ზღვის ხედი ყოველთვის კომფორტს ჰგვრიდა ასტრიდს. მეტრდოტელმა თავი დაუკრა, დამატებითი ხემსის სურვილის შემთხვევაში მისი გამოძახება სთხოვა და კარი გამოიხურა.

-ორიონ, სინათლეს დაუწიე. – თქვა დოლორესმა, ხვნეშით ჩაეფლო ოქროსფერ-ფოჩებიან, მეწამულ ბალიშებში და წამსვე წაეპოტინა შავი ხიზილალის ბრუსკეტას.

-სინათლე, ათი პროცენტი. – გაისმა ოთახში ორიონის სასიამოვნო ხმა. ლამპების თბილი ოქროსფერი სინათლე ჩაიბჟუტა, მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი მოწითალო ნარინჯისფერი შუქი შემორჩათ კედლებს.

ბალიშებში მიწვა ასტრიდი, ალმაცერად გახედა დოლორესს, რომელსაც უკვე შეეჭამა ბრუსკეტას ნაჭერი და ერთი ამოსუნთქვით მოეთავებინა კოქტეილი.

ჭიქა მაგიდაზე დადო დოლორესმა, პირი სიამოვნებით გააწკლაპუნა.

-რა იყო, მოგდევს ვინმე? – ჰკითხა ასტრიდმა, თვითონ ხამანწკას მისწვდა. – პირის წკლაპუნს კიდევ მოეშვი, მაგიტომაა არავის რომ არ მოსწონს შენი მოწვევა გალა-საღამოებზე.

-მაინც მპატიჟებენ. – განუცხადა დოლორესმა.

-ეგ ჩემ გამო გპატიჟებენ.

-არა, იმიტომ მპატიჟებენ რომ ნოსალუსში ვმუშაობ.

-ჰო, გეგონოს. – მიუგო ასტრიდმა, გემრიელად მიირთვა ხამანწკა.

დოლორესმა თვალები გადაატრიალა, მეორე კოქტეილს მისწვდა.

-აბა ბევრს არ დავლევო?

-შენ ხმა ჩაიგდე. – თითი მოუშვირა დოლორესმა. – შენი ბრალია რომ გამომეცხადე, ხელახლა უნდა გავაფორმო შენთვის ვიზიტი… თავი ხომ არ გტკივა?

-მეხუთე წელია აღარ მტკივა. – დაიგმინა ასტრიდმა. – არ შეიძლება, იმ შენ სისტემაში ჩაწერო რომ აი, არაფერი აწუხებს, უბრალოდ შემოეხეტა. არა?

-კიდევ კარგი რომ მირა გყავს და შენი საქმიანობის აღრიცხვას შენ თვითონ არ აწარმოებ, თორემ წასული იქნებოდა შენი საქმე. – უკბინა დოლორესმა. – რაკი მოხვედი, ოფიციალური ვიზიტია დარეგისტრირებული და რომ დავწერო, არაფერი აწუხებსო, ესე იგი პაციენტს უნდა ვკითხო რამე აწუხებს თუ არა, გესმის?

-არ მაწუხებს. – მოუჭრა ასტრიდმა, ამჯერად ხიზილალიან ბრუსკეტას გადასწვდა.

დოლორესი დაჟინებით შეჰყურებდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, გატრიალდა და ზღვას მიაპყრო მზერა.

სიჩუმე ჩამოვარდა, რაღაც ბრუსკეტას ხრაშუნი არღვევდა მხოლოდ.

ბოლო ლუკმა მოათავა ასტრიდმა, კოქტეილი მოწრუპა და წაკრბშეკრული დააცქერდა მეგობარს. რაღაც ძალიან იოლად დანებდა დოლორესი, მის სპონტანურ ვიზიტებს ზოგადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეტალური კითხვები მოჰყვებოდათ ხოლმე, ახლა კი უსიტყვოდ მისვენებოდა ბალიშებს, მზერა გაშტერებოდა სადღაც, შორს.

-რას დამუნჯდი? – ჰკითხა ასტრიდმა. – შეეშვი იმ შენ ქეისზე ფიქრს. შენი ამბავი რომ ვიცი, მოაგვარებ.

-არა, ქეისზე არ ვფიქრობ. – ჩაიბუტბუტა დოლორესმა, მერე კი ხვნეშით გადმოტრიალდა, მზერა ამჯერად ჭერს მიაპყრო. – ფელიქსს დავშორდი.

-რაო? – ისე სწრაფად წამოჯდა ასტრიდი, რომ კოქტეილის რამდენიმე წვეთი ხელზე ჩამოეღვარა. – როდის? რატომ?

-გუშინწინ.

-და მერე ახლა მეუბნები? – გაწიწმატდა ასტრიდი, ჭიქა გადადგა და ხელსახოცით მოიწმინდა ხელი. – დაშორდი თუ დაგშორდა?

-დავშორდი. – ამოიხვნეშა დოლორესმა.

-და რატომ? რაღაცა სისულელე მოროშა ხომ ბოლოს და ბოლოს? ვიცოდი რომ რაღაც მოხდებოდა იმ კრუიზზე!

-არაფერი მომხდარა.

-აბა? – ჩაეკითხა ასტრიდი, გაფაციცებით შეჰყურებდა. – მეგონა კარგად გქონდათ საქმე. ანუ, ფელიქსი კია ცოტა მოშტერო ელემენტი მაგრამ მეგონა მაინც ეწყობოდით ერთმანეთს, არა?

-ვეწყობოდით.

-აბა რატომ დაშორდი?

დოლორესს არ უპასუხია. კვლავ ჭერს აჰყურებდა, პირი მოეკუმა.

მერე კი მისკენ გადმოატრიალა თავი. სახის ნაკვთები დასჭიმვოდა, დიდრონ ცისფერ თვალებში რაღაცნაირი, შიშნარევი ნაღველი  ეწერა.

ტუჩები მაგრად მოკუმა ასტრიდმა, მედალიონს სტაცა ხელი და მაგრად მოსრისა თითებს შორის. დოლორესი ბოლოს ასეთ მდგომარეობაში სადღაც ხუთი წლის წინ ენახა, როცა “ნოსალუსში” სამუშაოდ აიყვანეს – მაგრამ იმ დროს ალბათ უარესიც იყო, რადგან ტიროდა დოლორესი, დარდობდა, რომ ვერ შეძლებდა “ნოსალუსის” დატვირთვასთან შეგუებას.

მაშინ მის გვერდით იჯდა ასტრიდი და უხარხულად უთათუნებდა ხელს მხარზე. იქნებ ახლაც იგივე უნდა გაეკეთებინა?

-არ ვიცი, რატომ. – თქვა ბოლოს დოლორესმა და უზრუნველად აიჩეჩა მხრები, მაგრამ შეკრულ წარბებსა და გაფართოებულ თვალებში კვლავ ირეკლებოდა სევდის აჩრდილი. – ალბათ უბრალოდ მომბეზრდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ასტრიდი დაჟინებით შეჰყურებდა დოლორესს, რომელმაც საპასუხოდ წარბი აზიდა, ნიკაპის აწევით ანიშნა, რა გინდაო.

-არაუშავს. – თქვა ბოლოს ასტრიდმა. – იპოვი უკეთესს.

-ალბათ. იქნებ ვერც ვიპოვო. – ამოიხვნეშა დოლორესმა, მკლავი შუბლზე გადაიგდო.

-არადა რა გეგმები მქონდა თქვენი ქორწილისათვის. – ჩაილაპარაკა ასტრიდმა, კვლავ სწვდა კოქტეილს.

დოლორესს სიცილი წასკდა.

-ქორწილიო! – წამოიძახა მან. – რა ქორწილი?

-რა ქორწილი და აი ის გრანდიოზული ქორწილი, ვეტრო ალ მარეზე რომ უნდა გქონოდათ, მულამედის ქვეშ. – განაცხადა ასტრიდმა, რაზეც დოლორესს უფრო ხმამაღალი სიცილი აღმოხდა. – შენ გეცინება და ფელიქსის უტვინობის გათვალისწინებით არც გამიკვირდებოდა ოთხი თვის მერე ხელი რომ ეთხოვა.

-შენ მაგას უტვინობას ეძახი, მე კი ურთიერთობის ბუნებრივ განვითარებას. – მიუგო დოლორესმა. – მაგრამ შენ ტყუილად გელაპარაკები, ყველა შენი ყოფილი ორი თვის მერე არ მიატოვე? რომელი იყო… ჯულიანმა გაძლო მხოლოდ სამ თვემდე მემგონი, არა?

-ეგ სხვა სიტუაციაა. – ნიკაპი ჯიუტად ასწია ასტრიდმა. – არც ჯულიანი და არც მისი წინამორბედები მე არ მიმსახურებდნენ. შენ შემთხვევაში კიდევ პირიქითაა საქმე.

-რაო? – წამოვარდა დოლორესი. – ანუ მე არ ვიმსახურებდი იმათ?

-შენ თვითონ აღიარებ, ჩემი თქმა აღარ გჭირდება. – გაუღიმა ასტრიდმა და გემრიელად მოსვა კოქტეილი.

დოლორესი პირდაღებული შესცქეროდა.

-ინგრემი რომ არ იყო, – თითი მოუშვირა მან. – და ბაბუაშენის რომ არ მეშინოდეს, ვერ გადამირჩებოდი, ხომ იცი?

-რა საყვარელი ხარ. ბაბუას შენგან მოკითხვას გადავცემ. – გაუცინა ასტრიდმა.

-ხმა გაიკმინდე შენ. – დოლორესმა დემონსტრაციულად მოსწია თავისკენ ხამანწკებით სავსე ლანგარი. – აი ეგეთი კომენტარებისათვის ეს არ გეღირსება.

-ესე იგი შენ აპირებ გადახდას? ორიონ, დოლორესი გადაიხდის! – სიცილით გასძახა ასისტენტს ასტრიდმა. 

-ვერც მაგას ეღირსები… ამის ნაბოდვარს ყურადღება არ მიაქციო, ორიონ! – წამოიძახა დოლორესმა, სანამ ასისტენტი პასუხის გაცემას მოასწრებდა.

ასტრიდმა ღიმილით გამოცალა კოქტეილი და სანამ დოლორესი კვლავ რაღაცაზე ბუზღუნებდა, ფანჯარას მიაპყრო მზერა.

მზის წითელი დისკო უკვე ზღვაზე ესვენა, ცის სილურჯეში იასამნისფერსა და ჰორიზონტთან მეწამულს გაეჟონა. სისხლისფრად ქცეულიყო ზღვა და ნაზად ირწეოდა კოხტად გაკრეჭილი ბუჩქნარი ცეზარ-გრანერის პლაზაზე.

მზე უკვე მთლიანად ჩაეყლაპა ზღვას, როცა აარიდა ფანჯარას მზერა ასტრიდმა.

.

𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬

ჭაღი ზედმეტად ექსტრავაგანტული გახლდათ.

ასტრიდს თვითონაც უკვირდა, რომ ერთი თვალის შევლებისთანავე ეს აზრი დაებადა თავში, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცეოდა.

თუმცა ჭაღი ხმამაღალი ნათქვამი იყო, ამას ლითონის კარკასზე ასხმული ბროლისაგან შეკოწიწებულ, ამოტრიალებული კონუსის ფორმის სიმახინჯეს უფრო დაარქმევდა. აღნიშნული კონსტრუქცია დაახლოებით ათი მეტრი გახლდათ სიმაღლეში და თითქმის ჭერს ეხებოდნენ მის ძირზე ჩამოკონწიალებული წახნაგოვანი კრისტალები. ჭაღის წიაღში ნაზი მონარინჯისფრო სინათლე ღუოდა და მომნუსხველად ციმციმებდა მუზეუმის თბილ შუქში თითოეული ბროლის მძივი.

ბაბუა ძალიან ამაყობდა თავისი იდეით. უკვე ხუთჯერ განუცხადა ასტრიდს, თითოეულ მძივზე ნოვა ჰოლდინგსის თანამშრომლის სახელიაო ამოტვიფრული, რაზეც ასტრიდი მოწონების ნიშნად კეთილსინდისიერად უკანტურებდა თავს.

ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ბაბუა თავის სიტყვით გამოსვლაშიც ჩააკვეხებდა თითოეულ დეტალს ამ პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინვალე ქმნილებაზე.

ჭაღის ექსტრავაგანტულობის ფონზე მუზეუმის მთავარი დარბაზის მოლაპლაპე მარმარილო, ვარსკვლავებივით მოციმციმე კედლების განათება, და ჰორტენზიებისა და პეონიების ვეებერთელა კომპოზიციები ცოტა უფერულდებოდა.

მაგრამ ალბათ სწორედ ეს გახლდათ ბაბუას მიზანი. ბოლოს და ბოლოს, მუზეუმი ნოვა ჰოლდინგსის ისტორიას მიუძღვნეს.

-ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა, ქალბატონო ასტრიდ! – თქვა მის წინ სარივით გაჭიმულმა ახალგაზრდა კაცმა… ადრიანმა? ანდრეიმ? და თვალები დაახამხამა ასტრიდმა, ფიქრებისაგან გამოფხიზლდა. – იმედია ოდესმე კვლავ შევძლებთ თქვენს ნამუშევრებზე გასაუბრებას!

გასაუბრება კი ადრიანის თუ ანდრეის – თუ რაც ერქვა – ათწუთიან მონოლოგს ნიშნავდა. პირველი ოცდაათი წამის მანძილზე ცალი ყურით მოუსმინა ასტრიდმა, თუ როგორ ამტკიცებდა ანდრე, რომ ასტრიდის ნამუშევრები აუცილებლად აბსტრაქტულ იმპრესიონიზმს წარმოადგენდნენ და არა ლირიულ აბსტრაქციონიზმს.

მერე კი მოუყრუა.

-აუცილებლად მოგვეცემა საშუალება კიდევ გავისაუბროთ. ნახვამდის. – გაიღიმა ასტრიდმა.

მისი პასუხით აშკარად კმაყოფილმა ადრიან-ანდრეიმ საპასუხოდ თავი დაუკრა, მერე კი ხალხში გაუჩინარდა.

როგორც იქნა. წამიერი სიწყნარე.

დარბაზს გადაავლო თვალი ასტრიდმა და მეათედ შეისწორა კაბის შლეიფი. ისე მოეწონა კაბის ვიწრო, მოციმციმე მალაქიტით მოქარგული კორსაჟი და ზურმუხტისფერი ბარხატი, რომ სულაც არ გაითვალისწინა კაბის სიმძიმე, ახლა კი იძულებული იყო რომ შლეიფი ფაქტიურად ხელით ეთრია. მის საქმეს კი ფრიად ართულებდა ის, რომ დარბაზი გადაჭედილი გახლდათ და უკვე ორჯერ ბეწვზე აიცილა ვიღაც მოუქნელი ტუტუცის იდაყვი. ბაბუას ძალიან უყვარდა პომპეზური დღესასწაულები, და სამასი მოწვეული სტუმრიდან ყველა ადგილზე გამოცხადებულიყო, რადგან როგორც წესი, კასიუს ინგრემს უარს იშვიათად ეუბნებოდნენ.

დარბაზს ჭაღისა და კედლის ვარსკვლავებისებრი განათების თბილი ნარინჯისფერი შუქი მოჰფენოდა. ამ სითბოს ალაგ-ალაგ თეთრი სინათლის კერები ჰკვეთდნენ, რომლებიც კედლებსა და მარმარილოს მოჩუქურთმებულ სვეტებზე ჩამოკიდებულ ფერწერულ ნიმუშებსა თუ ნოვა ჰოლდინგსის ხანგრძლივი ისტორიის ამსახველ ფოტოებს მოჰფენოდნენ. ცილინდრისებრი, მოგრძო დროიდები წრიპინით დააქროლებდნენ აქეთ-იქით სასმელსა თუ ხემსს. აქა-იქ ჰაერში კომპანიის დამაარსებელთა და მნიშვნელოვან მოვლენათა აღმწერი, ოქროსფერი ჰოლოგრამები ტრიალებდნენ. მისგან მარჯვნივ, ორიონმა ერთ-ერთ ჰოლოგრამასთან ატუზულ სტუმარს რაღაცის ახსნა დაუწყო მისი სასიამოვნო, გამოზომილი ხმით.

ასტრიდი გატრიალდა. სულაც არ უნდოდა ნოვა ჰოლდინგსის ისტორია მილიონჯერ მოესმინა.

მისი მხედველობის პერიფერიაში მოციმციმე ციფრები ამცნობდნენ, რომ ხუთს ოცი წუთი აკლდა.

დოლორესი, როგორც ყოველთვის, აგვიანებდა.

ლენტი ორმოციოდე წუთის წინ გადაჭრა ბაბუამ მინისტრთან ერთად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი საათის მანძილზე არაფერი გაეკეთებინა ასტრიდს, აქეთ-იქით ხეტიალისა და სტუმრებთან გამოლაპარაკების გარდა.

ახლაც, ხალხში პირდაპირ მისკენ მომავალი ფიგურა დალანდა და პროფესიონალის სასიამოვნო ღიმილი აიკრა სახეზე მორიგი პირფერი სტუმრის მოლოდინში.

ბოლო საათნახევრის განმავლობაში უკვე მერამდენედ? მეთხუთმეტედ. თუ მეჩვიდმეტედ. მოკლედ უკვე არეოდა სათვალავი.

-ქალბატონო ასტრიდ! – გაჭირვებით გამოიკვლია ხალხში გზა ახალგაზრდა, მომცრო აღნაგობის ქალმა, ხალხის ხმამაღალ საუბარში კინაღამ ჩაიკარგა მისი ხმა. – რა სასიამოვნოა თქვენი ნახვა!

მისი ჩაწნული თმა, ტვიდის ჩალისფერი ქურთუკი და წვერებთან ოდნავ გაქექილი ფეხსაცმელი აწეული წარბით ჩაათვალიერა ასტრიდმა. ქალი გაბრწყინებული, მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა.

-ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც. – უპასუხა ასტრიდმა.

-ვერ მიცანით? – ჩაეკითხა ქალი და კინაღამ თვალი აუთამაშდა ასტრიდს, რადგან უკვე მეხუთედ მოესმინა დღეს ეს კითხვა. – სიუზენ კოლინსი ვარ, პროფესორ მიულერის ჯგუფში ერთად ვიყავით, კოლონიაზე!

რაც უკვე რვა წლის წინ იქნებოდა უკვე. და ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ქალი, აშკარად წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა წარედგინა საზოგადოებაში ყოფნისას თავი, რადგან ტიტულჩამორთმეულ და ქვემიწაზე გადასახლებული ჩარლზ მიულერის სახელს იშვიათად ახსენებდნენ გოთჰეიმში, თუ ახსენებდნენ საერთოდ.

-ვერ გიცანით სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მეხსიერების პრობლემებს ვუჩივი. – გაუღიმა ასტრიდმა.

ქალს სახე ოდნავ შეეცვალა, უხერხულად შეიშმუშნა, ეტყობოდა რომ არ იცოდა, რა ეთქვა და წამსვე დრო იხელთა ასტრიდმა, რომ გაცლოდა სიტუაციას.

-უკაცრავად, მაგრამ ბაბუას ვჭირდები, უნდა წავიდე. – კიდევ ერთი პროფესიონალური ღიმილი სტყორცნა ასტრიდმა უცნობს და სასწრაფოდ აკრიფა შლეიფი. – სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა!

სიუზენმა რაღაც ჩაილაპარაკა საპასუხოდ, მაგრამ უკვე ხალხის გნიასში გარეულიყო ასტრიდი.

ბაბუა ჭაღთან შორიახლოს იდგა ვიღაც კაცთან ერთად, რომელიც, თუ სწორად ახსოვდა ასტრიდს, ნოვას დირექტორთა საბჭოს ეკუთვნოდა, და აქტიურად ჟესტიკულირებდა, აშკარად ცხარე დისკუსიაში იყო ჩართული.

რაც არასოდეს კარგს არ მოასწავებდა.

ბაბუას თანამოსაუბრემ პირველმა შენიშნა და წამსვე გაიბადრა, მთელი ტანით მოტრიალდა მისკენ. ასტრიდმა გაჭირვებით შეიკავა თავი, რომ თვალები არ გადაეტრიალებინა.

-ქალბატონო ასტრიდ! – დაიქუხა მან. – როგორ მიხარია თქვენი ნახვა! კასიუს, ხომ მითქვამს რომ უნიჭიერესი შვილიშვილი გყავს? “დოლუსი”-თ ავღფრთოვანდი!

ბაბუამ თავი დაუქნია, ნერვიულად ჩამოისვა შევერცხლილ, თითქმის მკერდამდე დაშვებულ წვერზე ხელი. აშკარად ეტყობოდა აღელვება, რაც ზოგადად ორ რამეს ნიშნავდა – დისკუსიის თემა ან ფულსა და ძალაუფლებას ეხებოდა კომპანიაში, ანდა დაახლოებით ათი კანონპროექტიდან რომელიმეს.

ასტრიდის მოკრძალებული აზრით, ინგრემთა ოჯახი პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა გარეულიყო, მაგრამ უკვე რამდენიმე წელი გახლდათ, რაც კასიუს ინგრემის სახელი ზედა პოლიტიკურ ეშელონებში ჟღერდა.

-ფრიად აჭარბებთ, ბატონო, მაგრამ დიდი მადლობა! – გაუცინა ასტრიდმა, მერე კი ბაბუას გვერდში ამოუდგა, მარჯვედ გამოსდო ხელკავი. – ორი წამით ბაბუას მოგპარავთ, ხომ შეიძლება?

-როგორ არა, როგორ არა! – მიუგო კაცმა. –დავასრულეთ კიდეც საუბარი…

-შემდეგ სხდომაზე განვიხილოთ ეს საკითხი. – მოუჭრა ბაბუამ და ისე გაეცილნენ, რომ პასუხს არ დაელოდა. დარბაზის კუთხისაკენ გაემართნენ, სადაც ოდნავ შემეჩხერებულიყო ხალხი.

ამის მიუხედავად, ორივეს მაინც უწევდა მოახლოებულ სტუმრებთან მისალმება.

-რას აკეთებ, შენს საზოგადოებრივ მოვალეობებს გაურბიხარ? – ჩაეკითხა ბაბუა, ხელი მოუთათუნა მის მკლავზე დასვენებულ ასტრიდის ხელს. ბამბის, თეთრი ხელთათმანები ეკეთა, რაც მშვენივრად შეესაბამებოდა მის ქათქათა, აბრეშუმის კოსტუმ-შარვალსა და მონაცრისფრო ჟილეტს, რომელთაც გაპრიალებული სპილენძის ღილები ამშვენებდნენ.

-გავურბივარ. – განუცხადა ასტრიდმა. – კიდევ კარგი, იმანაც რატრატი არ დაიწყო და გამოვეპარე.

ბაბუა კიდევ ერთ სტუმარს მიესალმა, მერე კი ალმაცერად გადმოხედა.

-არ გაწყენდა, ერთი-ორი სიტყვა რომ გეთქვა.

-ვუთხარი ორი სიტყვა. – თქვა ასტრიდმა. – და მეტიც. გამარჯობა, სასიამოვნოა, ნახვამდის. არაა საკმარისი?

ბაბუამ ამოიხვნეშა, სიცილით გადააქნია თავი.

-შენ და ის კაცი რაზე ლაპარაკობდით? – ჩაეკითხა ასტრიდი.

-კანონპროექტი განვიხილეთ. აი ის, AI-ს უფლებადამცველობას რაც ეხება. მოკლედ, არაფერი ახალი. – დაუდევრად აიქნია ხელი ბაბუამ.

ასტრიდს აღარაფერი უთქვამს.

ნელ-ნელა მიუახლოვდნენ მუზეუმის სამხრეთ ფრთას, სადაც “დოლუსი” გამოეფინათ.  მარმარილოს ქათქათა კედლებზე, დამცავი მინის მიღმა მეწამულით, ლურჯითა და ნარინჯისფრით შემკული ათი ტილო იწონებდა თავს, რომელთაც ინტერესით ათვალიერებდნენ იქვე შეჯგუფული სტუმრები.

ყველაზე დიდი ჯგუფი სერიის მთავარ ტილოს – “ფანტაზმაგორიას” მოეზიდა, რომლის წინაც ცხარე დისკუსია გაემართათ, აშკარად მის მნიშვნელობას განიხილავდნენ და ეჭვიც არ ეპარებოდა ასტრიდს, რომ ჩვეულებისამებრ ყველას არასწორი წარმოდგენა ექნებოდა მის ნამუშევარზე. ტილოზე მეწამულ მოსასხამში გამოხვეული წაგრძელებული ფიგურა გამოსახულიყო, რომელსაც თითქოს გარშემო მოხვეოდნენ მუქი ყავისფერი, იისფერი, მწვანე და ალისფერი ჩრდილები და საღებავის ნაშხეფები.

-მოსწონთ. – თქვა კასიუსმა, დისკუსიაში ჩართულ ხალხს გადაავლო თვალი. 

ასტრიდი წელში გასწორდა.

-რა თქმა უნდა მოსწონთ. – ნიკაპი ასწია მან.

ბაბუამ გადმოხედა, თვალი თვალში გაუყარა ასტრიდს.

– ახალ სერიას როდის უნდა ველოდოთ? – ჰკითხა მან.

-ბოლო ოთხი წელი ერთი და იგივე პასუხის გაგონება არ მოგბეზრდა? – მიუგო ასტრიდმა.

-ბოლო ოთხი წელია არაფერი დაგისრულებია და მაგიტომ. – თქვა კასიუსმა. – არასწორად არ მიიღო, ვიცი, რომ ხელოვანს ხანდახან აქვს ჩავარდნები. მუზის ნაკლებობა თუ რაც არის. მაგრამ ხომ იცი, რომ ველი. მჯერა, რომ იმედს არ გამიცრუებ.

უსიამოვნოდ გასცრა ტანში ასტრიდს, როგორც ყოველთვის, როცა ბაბუა მის ახალ ნამუშევრებზე ჰკითხავდა რამეს. რამდენიმე წელი გახლდათ უკვე, რაც იმ ლურჯ ოთახს ხატავდა მხოლოდ, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა ტილოების დასტა მისი სტუდიოს კუთხეში, მით უფრო შორდებოდა თითქოს თავის მიზანს.

რაზეც ფიქრიც კი არ სურდა.

საუბარი მითუმეტეს.

და მითუმეტეს ბაბუასთან.

კასიუსი აშკარად პასუხს ელოდა, მაგრამ არ დასცალდა ასტრიდს რამის მოფიქრება, რადგან გვერდიდან ფეხსაცმლის აჩქარებულმა წკაპა-წკუპმა გაჰკვეთა დამსწრები საზოგადოების დუდუნი და ვიწრო, ღია ვარდისფერ, მოციმციმე კაბაში გამოკვართული დოლორესი აღმოჩნდა მათ გვერდით.

-ბატონო კასიუს, ბოდიშს ვიხდი, დავაგვიანე. – თქვა დოლორესმა, მხრებზე გადაშლილ ტალღოვან თმას ისწორებდა. – ვეტრო ალ მარესთან ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ძლივს გამოვაღწიე…

-მერამდენედ უნდა გითხრა, უბრალოდ კასიუსი დამიძახე-თქო? – უთხრა ბაბუამ.

-რა თქმა უნდა, ბატონო კასიუს. – მიუგო სიცილით დოლორესმა.

ბაბუამ თავი გადააქნია, მერე კი ჭაღის მიმართულებით გაიხედა.

-სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ, სიტყვით გამოსვლისათვის უნდა მოვემზადო. – თქვა მან, მზრუნველად მოუთათუნა ხელი ხელზე ასტრიდს, მერე კი გატრიალდა. – ხუთ წუთში დარბაზის ცენტრში გელით!

მის ზურგს მიადევნა თვალი ასტრიდმა, სანამ ხალხში ჩაიკარგებოდა, მერე ღრმად ამოისუნთქა, დოლორესს გადახედა მწყრალად.

-სად იყავი? – დაუსისინა მან. – ამდენი ხანია გელოდები!

-მეტი საქმე არ გქონდა ვითომ. – უკბინა საპასუხოდ დოლორესმა. – სამას კაცში შენი ჭკუის ვერავინ ნახე?

-ჩემი ჭკუის კიარადა შევირყე ლამისაა. ასე მგონია ყველა სტუმარს გამოველაპარაკე სათითაოდ.

-კორა დე ლა კრუზიც ნახე თუ გადარჩი? – ჩაიცინა დოლორესმა.

-აქაა? – გაფაციცებით მიმოავლო თვალი შემოგარენს ასტრიდმა.

-აქაა და ისეთი სიმახინჯე აცვია, რომ კიდევ კარგი არ გინახავს.

-ერთი უნდა დაველაპარაკო ბაბუას, რომ სელექციურად მიუდგეს უფრო საზოგადოებას… დე ლა კრუზები როგორ დაპატიჟა?

-ესე იგი არ მიდიხარ კორას გალაზე? – ეშმაკურად ჩაეკითხა დოლორესი, რაზეც მძიმედ ამოიოხრა ასტრიდმა.

-მივდივარ. – კბილებში გამოსცრა მან. – მაგრამ ვალდებული ვარ, საქველმოქმედოა, თორემ ფეხსაც არ მივდგამდი. შენც ხომ მოდიხარ?

-სანახაობას არ გამოვაკლდები. – დოლორესი გვერდში ამოუდგა, ხმას დაუწია. – ისე, არც მიკვირს, რომ დე ლა კრუზი არ გინახავს, მსუყე საკბილო მონახა და ამუშავებს.

-რა? ვინ?

დოლორესმა დარბაზის კარის მიმართულებით მიანიშნა.

გაფაციცებით მოათვალიერა იქაურობა ასტრიდმა.

და მალევე შენიშნა კარის ვეებერთელა თაღის მარჯვნივ ისეთ ჭყეტელა ყვითელ კაბაში გამოწყობილი დე ლა კრუზი, რომ გასაკვირიც კი გახლდათ რომ აქამდე ვერ მოჰკრა თვალი. კაბის ასიმეტრიული, მეტისმეტად ზორბა მძივებით გაწყობილი კორსაჟი ამრეზით შეათვალიერა ასტრიდმა, მერე კი მზერა კორას თანამოსაუბრეზე გადაიტანა.

ქალის გვერდით ვიღაც მაღალი, მუქთმიანი მამაკაცი იდგა. აშკარად სპეციალური შეკვეთით დამზადებულ, აბრეშუმის შარვალ-კოსტიუმში გამოწკეპილიყო, და ვარსკვლავებს ჩამოჰგავდნენ მხრებზე მიმობნეული, ვერცხლისფერი ძაფით ნაქარგი წერტილები. კორა დე ლა კრუზი თვალებში შესციცინებდა და კაციც უღიმოდა საპასუხოდ.

ეცნობოდა. სარეკლამო ეკრანზე ენახა მისი სახე.

-ვინაა? – ჰკითხა დოლორესს.

-უილიამ ნიელსენი. – მიუგო დოლორესმა. – ახლადგამოჩეკილი პოლიტიკოსი კია, მაგრამ სულ მალე მოგვევლინება გუბერნატორად, აი ნახავ.

რაღაცას ამბობდა კორა დე ლა კრუზი, რაზეც უილიამ ნიელსენმა გაიცინა, ქათქათა კბილები გამოაჩინა. სიმპათიური იყო. აშკარად მდიდარი.

და რაკი მეხუთე ზონის გუბერნატორობას უმიზნებდა, ფრიად ამბიციურიც.

თვალები გადაატრიალა ასტრიდმა. სულაც არ იყო გასაკვირი, რომ მომავალ გუბერნატორს უპირებდა კლანჭებში მოქცევას კორა დე ლა კრუზი.

მერე კი დე ლა კრუზმა ნიელსენის გვერდით მდგომ, თავიდან ფეხებამდე შავებში შემოსილ სათვალიან კაცს უთხრა რაღაც, თან სიცილით დაუტყაპუნა მკლავზე ხელი, რაზეც კაცმა ღიმილით უპასუხა.

გაახსენდა ეს კაცი ასტრიდს. ცერემონიის დაწყებისას მოჰკრა თვალი. და დაამახსოვრდა, რადგან ფრიად უჩვეულო იყო სათვალის ტარება.

-ის მეორე ვინღაა?

-ბენჯამინ ლანკასტერი. – განაცხადა დოლორესმა, მერე კი მწყრალად გადმოხედა. – რა გჭირს შენ? ბაბუაშენი ყელამდეა ჩაფლული პოლიტიკაში და შენ წარმოდგენა არ გაქვს რა ხდება?

-ბაბუას საქმეებში მე არ ვერევი. პოლიტიკოსები კი არაფერში მაინტერესებს, სანამ საჩვენო საზოგადოებაში არ გამოერევიან. – ტუჩი აიბზუა ასტრიდმა.

-ანუ თვითონ უნდა მოფორთხდნენ შენთან, არა? – თქვა დოლორესმა.

-რაღაც ეგეთი. – წაიბურტყუნა ასტრიდმა.

მერე კი დადუმდა. გვარი ნიელსენი ნაცნობი იყო, ზედმეტად ნაცნობი.

-ეგ ნიელსენი ვიქტორ ნიელსენის ნათესავი ხომ არაა? – იკითხა მან.

ვიქტორ ნიელსენი უკვე ოცი წლის მანძილზე გამაგრებულიყო ნოვა ჰოლდინგსის დირექტორთა საბჭოში, და მისი ეგო მნიშვნელოვნად აღემატებოდა მის სოლიდურ ქონებას.

-გარე ბიძაშვილია. – თქვა დოლორესმა. – მაგრამ რაღაც განხეთქილება აქვთ თურმე, საარჩევნო კამპანიასთან ნიელსენებს სულ არ ჰქონიათ შეხება. ის კაცია, – შავებში გამოწყობილი კაცისაკენ აიქნია თავი, – ნიელსენის სპონსორი.

-კი ვიცოდი, რომ ლანკასტერი ძირძველი გვარია და მდიდრებიც არიან, მაგრამ აქამდე საზოგადოებაში გამოსული არცერთი არ მინახავს. – ჩაილაპარაკა ასტრიდმა.

-არც გამოდიან. მეხუთე ზონაში არც ცხოვრობენ თურმე. ბენჯამინ ლანკასტერი საერთოდაც ქვემიწაზე ცხოვრობდა თურმე ბოლო წლებია. ანდა კოლონიაზე, არ ვიცი.

მერე კი დრამატულად ამოიხვნეშა დოლორესმა.

-ლანკასტერებივით მდიდარი რომ ვიყო, ზედ ორიონის ქანდაკებაზე მოვიწყობდი ბინას, რა ქვემიწა თუ კოლონია. – წაიწუწუნა მან.

გაეცინა ასტრიდს, მაგრამ სანამ პასუხს გასცემდა, ორიონის სასიამოვნო ხმამ მომენტალურად გადაფარა დარბაზში ატეხილი ალიაქოთი.

-პატივცემულო საზოგადოებავ, ვითხოვთ თქვენს ყურადღებას. – თქვა ორიონმა და მყისიერად ჩანავლდა სტუმართა გნიასი. – გთხოვთ მიესალმოთ – ნოვა ჰოლდინგსის მეთაური, ნოვას მუზეუმის დამფუძნებელი, ინგრემთა გვარისა და ოჯახის თავიკაცი, ბატონი კასიუს ინგრემი!

მხურვალე აპლოდისმენტებმა იფეთქა დარბაზში. ასტრიდმა ჭაღის მიმართულებით გაათრია დოლორესი, რომ უკეთ დაენახა, თუ როგორ გაჯგიმულიყო ყურადღების ცენტრში მოქცეული ბაბუა, იღიმებოდა და გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდა გარშემომყოფებს.

აპლოდისმენტები თითქმის ერთი წუთი გაგრძელდა, სანამ ხელი არ ასწია კასიუს ინგრემმა.

-დიდი მადლობა, ორიონ. – თქვა მან, როცა ტაშის ხმა საბოლოოდ მიწყდა. – პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფრის ტოლფასია. ნოვა ჰოლდინგსი ყრმობიდან ჩავიბარე და მთელი ეს ათწლეულები ვხედავ, თუ როგორ იზრდება კომპანია, მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ აქ, გამიგონეთ? კომპანიის ნეოტექნოლოგიური, ფარმაკოლოგიური თუ სამედიცინო ტექნიკის მხრივ მიღწევები ნოვა ჰოლდინგსის თანამშრომელებს ეკუთვნის, როს გამოც დაუფასებელი ბრძანდებით!

მცირე პაუზა გააკეთა ბაბუამ, რომელსაც ზრდილობიანი, ამჯერად შედარებით მოკლე აპლოდისმენტები მოჰყვა.

-მუზეუმის შექმნის იდეა უკვე დიდი ხანია, რაც მაწუხებდა. – გაიღიმა კასიუსმა, რასაც მსმენელთა ხმადაბალი სიცილი მოჰყვა. – მინდოდა პატივი მიმეგო ყველასათვის, ვისაც ოდესმე წვლილი შეუტანია ნოვას განვითარებაში, მაგრამ ამ იდეამ ხორცი შეისხა ექვსი წლის წინ, როცა აი აქვე, ამავე ტერიტორიაზე ტექნიკური გაუმართაობის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო განადგურდა ნოვა ჰოლდინგსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, სამაგმობილო ნაწილების საწარმო. – დრამატული პაუზა გააკეთა მან, რასაც აქა-იქ ზრდილობიანი, სევდით აღსავსე ოხვრა მოჰყვა. – საბედნიეროდ, ეს კონკრეტული საწარმო სრულად ავტომატიზებული გახლდათ, ამიტომ ამ უბედურ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაგრამ! როცა დანახშირებულ ნანგრევებთან ვიდექი, რომელიც სულ რაღაც ოცდაოთხი საათის წინ უზარმაზარ საწარმოს წარმოადგენდა, სასაფლაო დავინახე, მეგობრებო, ნოვას თანამშრომელთა გარჯის სასაფლაო! და იმ წამს გადავწყვიტე, რომ ეს უბედური შემთხვევა სამუდამო გაკვეთილად მექცია ჩემთვის. რომ ძეგლი დამედგა მათთვის, ვინაც საკუთარი ზურგით, სისხლითა და ოფლით მოიტანა აქამდე ნოვა ჰოლდინგსი, და დავიფიცე, რომ ნოვას თანამშრომელთა შრომის ასეთ უაზრო განადგურებას არასოდეს დავუშვებდი. და აი ახლა, აქ ვდგავართ, მომხდარიდან ექვსი წლის მერე, და ბოლოს და ბოლოს შემიძლია ვთქვა, რომ პატივი მივაგე ყველას, ვისაც ნოვა ჰოლდინგსის აშენებაში წვლილი შეუტანია და ნოვას მუზეუმი ამის დასტურია. მე სიამოვნებით ვემსახურებოდი, ვემსახურები და მოვემსახურები ნოვას თანამშრომლებსა და მომხმარებლებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ტაშმა იქუხა დარბაზში. ბაბუას სტუმრები შემოესივნენ, ხელს ართმევდნენ და ულოცავდნენ გულითადად.

ბაბუამ მისი მზერა დაიჭირა, ოდნავ დაუქნია თავი.

დოლორესს ხელი შეუშვა ასტრიდმა, ბაბუას ვჭირდებიო, გადაუჩურჩულა და წამსვე მიაშურა კასიუს ინგრემს, რომელმაც, თავის ფრიად აჟიტირებულ სტუმრებთან ერთად ხელგაშლილმა მიიღო.

და თუ აქამდე არეოდა სათვალავი ასტრიდს, ახლა სრულიად ჩაიკარგა გარშემო ატეხილ ხორხოცში, უსასრულო მოლოცვებსა და “გამარჯობა, სასიამოვნოა, მადლობა”-ს ძახილში. მინისტრს მაგრად ჩამოართვა ხელი, კორა დე ლა კრუზს საკმაოდ დიდი ძალისხმევის ფასად გაუღიმა და უილიამ ნიელსენის კომპლიმენტები მისი ნამუშევრების მიმართ ტაქტის საზღვრებში შეიფერა.

არ ჩერდებოდა მომლოცველთა ნაკადი და ნელ-ნელა იმატა ცრუ აღტაცებით გაჯერებულმა აურზაურმა. ვიღაც იცინოდა, ვიღაც რაღაც გაურკვეველს გაჰყვიროდა, გვერდით ბაბუამ გადაიხარხარა და მისი ხმა ანაზდად ყველაფრისმომცველ კაკაფონიად იქცა.

ბრბოს ქათქათა ღიმილი და ცარიელი თვალები ერთმანეთს შეერია, გაიდღლაბნა, ერთ თვალისმომჭრელ, მაგრამ უსიამოვნო, დამთრგუნველ მასად იქცა.

და ყველაფერი ისეთი შორეული იყო ანაზდად მისთვის, როგორც საკუთარი ზრდილობიანი ღიმილი და დაზეპირებული სიტყვები.

მალე კი ფერი იცვალა ნარინჯისფერმა, მოგუგუნე მასამ, შიგნით ლურჯმა გაჟონა, სწორედ იმ უცნაურმა ლურჯმა, რომელიც ვერაფრით მოეშორებინა.

სული მოეხუთა ასტრიდს, ხელები გაუცივდა.

მერე კი ისე დაუბუჟდა სხეული, რომ მორიგი სტუმრის ხელი ვეღარ იგრძნო ხელის ჩამორთმევისას. ბაბუას მიმართულებით წაილუღლუღა, მალე მოვალო და გატრიალდა, სამხრეთი ფრთისაკენ აიღო გეზი.

საკუთარი ფეხსაცმლის კაკუნმა გამოაფხიზლა თითქოს ბურანიდან. მედალიონს მაგრად მოუჭირა თითები, სანამ ტკივილმა არ დაუარა სახსრებში.

განიბნა სულშემხუთავი ლურჯი. თვალები დაახამხამა ასტრიდმა და კვლავ შემოცურდნენ მის თვალთახედვაში მარმარილოს კედლები, მოციმციმე განათება და პეონიების კომპოზიციების ნაზი ვარდისფერი.

რასაც დოლორესის ტალღოვანი თმის მუქი წაბლისფერი და მისი თვალების ცისფერი შეერია.

-ასტრიდ. – ამბობდა დოლორესი. – ასტრიდ, გესმის რა გითხარი?

-არა. – თქვა ასტრიდმა, გასწორდა. მედალიონი კვლავ ჩაებღუჯა გაციებულ ხელში.

-რა დაგემართა? რატომ გამოხვედი?

ასტრიდს არ უპასუხია.

-რა მოგივიდა? – ჩააცივდა დოლორესი. წარბშეკრული, გაფაციცებით შეჰყურებდა.

-არ ვიცი.

დოლორესმა მკლავში სტაცა ხელი და ორიოდე წამი დააცადა, სანამ შლეიფს აითრევდა. მერე კი სამხრეთი ფრთის კუთხისაკენ, ერთი-ერთი უზარმაზარი მარმარილოს სვეტის უკან გაათრია, რასაც წამსვე ოხვრით მიეყრდნო ასტრიდი.

სასიამოვნო იყო მარმარილოს სიგრილე მის კანზე.

-ისე გამოვარდი იქედან, შემეშინდა. – უთხრა დოლორესმა.

-არ გამოვვარდნილვარ. – უკმაყოფილო მზერა სტყორცნა ასტრიდმა. – ბაბუა გავაფრთხილე და გამოვედი ცოტა ხნით.

-გამოხვედი კიარა გამოიქეცი.

-გამოვედი.

დოლორესი დადუმდა. მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და შეჰყურებდა მოქუფრული.

-ნუ მიყურებ ეგრე. – ამოიოხრა ასტრიდმა.

-მითხარი, რა მოგივიდა.

პირი მოკუმა ასტრიდმა, თვალები დოლორესის მხრის მიღმა, მოციმციმე ჭაღზე გაუშტერდა.

-ის ლურჯი მომეჩვენა.

-რაო? – ჩაეკითხა დოლორესი. – რომელი ლურჯი? რომ გესიზმრებოდა?

-ჰო.

დოლორესი დაჟინებით შეჰყურებდა.

-მეგონა რომ აღარ გქონდა ეგეთი სიზმრები.

-ხანდახან მაქვს ხოლმე.

-ხანდახან?! – გაოგნდა დოლორესი.

-რა გაყვირებს, გაგიჟდი? – დაუსისინა ასტრიდმა.

-პირველად გაქვს ასეთი ჰალუცინაციები? – დაიჩურჩულა დოლორესმა.

-ნუ როშავ რაღაცას. – ასტრიდი წელში გასწორდა, შლეიფი უფრო მაგრად მობღუჯა ხელში. – უბრალოდ გადავიღალე. გამიარა და მორჩა.

-ვაიმე, თურმე გადაიღალა და მაგიტომ აქვს ჰალუცინაციები. – დაიფრუტუნა დოლორესმა, მაგრამ ისევ ისეთი, გაოგნებული, შეშფოთებით აღსავსე სახით შეჰყურებდა და სასწრაფოდ მოარიდა მზერა ასტრიდმა. – მთლად გაგიჟებულხარ. გქონია მეთქი ადრე?

-რას ჩამაცივდი? არაფერი მჭირს! – მოუჭრა ასტრიდმა. – გეუბნები, გადავიღალე. ჰაერი არ მყოფნის. თავბრუ დამეხვა. ახლა უკეთ ვარ, გადამიარა.

დოლორესს ხმა გაეკმინდა.  მისკენ არ გაუხედია ასტრიდს მაგრამ მხედველობის პერიფერიაში ხედავდა, თუ როგორ სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა ქალს მხრები.

-ბაბუაშენმა იცის? – ჰკითხა ანაზდად დოლორესმა.

გახევდა ასტრიდი. მზერა გაუშტერდა, მარმარილოს კედლების წერტილოვანი განათება გაიდღლაბნა, ბრწყინვალე დისკოებად იქცა.

-რა იცის? რომ ხანდახან ვიღლები? – მოუჭრა ბოლოს. – რაებს მელაპარაკები საერთოდ?

დოლორესი დუმდა.

-მე ბაბუასთან მივდივარ. – თქვა ასტრიდმა. – სახლში წადი.

სანამ ნაბიჯს გადადგამდა, მკლავში სტაცა ხელი დოლორესმა.

-ნუ წახვალ. – უთხრა მან. – შეხედე, მორჩა მილოცვები.

თვალები დაახამხამა ასტრიდმა, მზერა დაეწმინდა.

და მართლაც, ჭაღთან მოგროვილი სტუმრები დაქსაქსულიყნენ,  პატარ-პატარა ჯგუფებად შეკრებილიყვნენ აქა-იქ.

კასიუს ინგრემი კი დარბაზის ცენტრში იდგა და უილიამ ნიელსენს ებაასებოდა.

ამოიხვნეშა ასტრიდმა, კვლავ მიეყუდა სვეტს.

სიჩუმე ჩამოვარდა.

-მართლა გინდა წავიდე? – ჰკითხა ანაზდად დოლორესმა.

ცოტა ხანი არაფერი უპასუხა ასტრიდმა.

-რაზე ლაპარაკობენ? – იკითხა მან, ბაბუაზე მიანიშნა.

-რაზე ილაპარაკებენ, პოლიტიკაზე ალბათ.  სალაპარაკო კი ექნებათ ბევრი.

-რატომ?

-აი ხომ ვამბობ, რომ აზრზე არ ხარ რას საქმიანობს ბაბუაშენი. – წაიბუტბუტა დოლორესმა. – უილიამ ნიელსენი ბაბუაშენს ფაქტიურად ყველაფერზე ეწინააღმდეგება. აი ის, ხელოვნური ინტელექტის კანონპროექტი, ხომ გაგიგია?

-ბაბუა ვიღაცას ელაპარაკებოდა მაგ კანონპროექტზე დღეს. – ჩაილაპარაკა ასტრიდმა.

-ჰოდა უილიამ ნიელსენის ინიციატივით წარადგინეს ეგ კანონპროექტი.

დადუმდა ასტრიდი. არ იცოდა, რა ეპასუხა. ყოველდღიურ ურთიერთობაში ხშირად საუბარს მიღმა რჩებოდნენ ბაბუას პოლიტიკური ავანტიურები.

უილიამ ნიელსენს მოავლო მზერა. სახეზე საკმაოდ დამაჯერებელი ღიმილი მოჰფენოდა კაცს და გამჭოლი მუქი თვალებით დაჰყურებდა ბაბუას, რომელიც ზრდილობიანად უქნევდა თავს.

ხელები ზურგს უკან დაეკრიფა კასიუს ინგრემს და მუშტად შეჰკვროდა თითები.

თვალი აარიდა ასტრიდმა.

დოლორესი უსიტყვოდ იდგა მის გვერდით.

დარბაზის დუდუნს დაგუდული წრიპინი გამოეყო, და ოფიციანტი დროიდი მოუახლოვდათ ლანგრით, სადაც გადახვეული, პაწაწინა ბუტერბროდები ელაგა.

-ამის დანახვისას არ გირჩევნია ახლა ცეზარ-გრანერში ყოფნა? – ჩაიქირქილა დოლორესმა და თავისდაუნებურად გაეღიმა ასტრიდს.

-არ გვინდა. – ხელი აუქნია ოფიციანტს ასტრიდმა.

დაიწრიპინა დროიდმა და გატრიალდა, ხალხში ჩაიკარგა. თვალი მიადევნა მას ასტრიდმა.

– სხვათაშორის კი მომინდა ცეზარ-გრანერში. – ჩაილაპარაკა მან.

-ახლავე წავიდეთ მერე.

-არა, ბოლომდე უნდა დავრჩე. მერე ვახშამი გვაქვს.

-შენებთან ერთად? – ჩაეკითხა დოლორესი.

-ჰო.

-გისამძიმრებ.

-ვაიმე, რას ერჩი ჩემებს? – დაუცაცხანა ასტრიდმა, მაგრამ ძლივს შეიკავა ღიმილი.

წამსვე შეატყო დოლორესმა, გაიბადრა.

-გეუბნები, მეშინია-თქო ბაბუაშენის და არ გესმის. ბიცოლაშენი კიდევ ვერაა სრულ ჭკუაზე. – განუცხადა მან.

თავი გადააქნია ასტრიდმა, ტუჩები მაგრად მოეკუმა, რომ არ გასცინებოდა.

-ისე დე ლა კრუზს რა ეცვა მართლა. – ჩაილაპარაკა ბოლოს. – ქვემიწელებმა ჩააცვეს თუ რა?

დოლორესმა ჩაიფხუკუნა და სიცილი წასკდა ორივეს, ხალხის ხმადაბალ საუბარს შეერია. შორიახლოს მყოფმა რამდენიმე სტუმარმა ალმაცერად სტყორცნა მზერა, მაგრამ მალევე აარიდეს თვალი.

ძლივს მოითქვა სული ასტრიდმა. დოლორესი ცრემლებს იწმენდდა.

მერე კი გაირინდნენ.

მოციმციმე ციფრებმა ხუთი საათის შესრულება ამცნეს ასტრიდს.

მოდიოდა საღამო.

ბინდბუნდის შუქჩრდილს დაემგვანა დარბაზში ჩამოწოლილი, ნაზი ოქროსფერი სინათლე და ვარსკვლავებივით ღუოდნენ მარმარილოს კედლებზე წერტილოვანი სანათები. ოდნავ დაწეულ სინათლეში უკეთ ჩანდა მაღალ ჭერთან თაღიანი, მოზრდილი სარკმელები, საიდანაც უხვად იღვრებოდა დაისის მოწითალო-ნარინჯისფერი შუქი. დუდუნებდნენ სტუმრები, ხმადაბალ სიცილსა და საუბარს მუსიკის სასიამოვნო ჰანგები შეემატა. 

და შეთხელდა მოსაღამოვებისთანავე ხალხის რიგები.

ნელ-ნელა ჩამუქდა სარკმელებში შემოჭრილი შუქი, მუქ სისხლისფერ ლაქებად მოეფინა კედლებს. 

ამასობაში – და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც მეათედ განუცხადა ასტრიდმა, რომ არაფერი სჭირდა – სადღაც გაშპა დოლორესი. რომელიღაც ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელთან სურდა თურმე ლაყბობა. ასტრიდი მარტო დარჩა მასთან გამოლაპარაკების მსურველებთან, მაგრამ მისდა საბედნიეროდ ნელ-ნელა მეჩხერდებოდა დამსწრები საზოგადოება.

მორიგ და, იმედია, ბოლო სტუმარს დაემშვიდობა ასტრიდი, შლეიფი აითრია და სამხრეთი ფრთის შორეული კუთხისაკენ გაეშურა, რომ დარბაზის ცენტრსა და მარჯვენა ფრთას შემორჩენილ სტუმრებს გარიდებოდა.

გამქრალიყვნენ “დოლუსის” ტილოებთან მოზრდილი, ცხარე დისკუსიაში ჩაბმული ჯგუფები, რამდენიმე მნახველიღა შემორჩენოდა გამოფენას, რომლებიც უგერგილოდ დასეირნობდნენ აქეთ-იქით.

ერთის გარდა.

ნარინჯისფერ შუქში გაღვრილ მარმარილოსა და “ფანტაზმაგორიას” მეწამულის ფონზე, ტილოს წინაშე იდგა შავით შემოსილი მუქთმიანი მამაკაცი. და ისე გაუნძრევლად იდგა, რომ მისი ფიგურა კუთხოვან, შავი მარმარილოს ქანდაკებას ჩამოჰგავდა.

თვალი გაუშტერდა მასზე ასტრიდს.

ბენჯამინ ლანკასტერი იყო, უილიამ ნიელსენის სპონსორი.

და ანაზდად გააცნობიერა, რომ მამაკაცი დღეს მხოლოდ შორიდან დაენახა.

მინისტრი, მომავალი გუბერნატორი, მსხვილ-მსხვილ კომპანიათა დირექტორებიც კი ეახლნენ და პირადად მიულოცეს, მაგრამ არა ბენჯამინ ლანკასტერი.

შეიძლება ლანკასტერი მაშინ გაესაუბრა ბაბუას, როცა ასტრიდი დოლორესთან ერთად იყო, მაგრამ მაინც, იმის გათვალისწინებით რომ ასტრიდი ამ ღონისძიების თანამასპინძელი და ინგრემთა ოჯახის წევრი გახლდათ, ასეთი საქციელი საკმაოდ დიდ უტაქტობად ითვლებოდა თავაზიან საზოგადოებაში.

უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ასტრიდმა, შლეიფი გაისწორა და “ფანტაზმაგორიას” მიაშურა.

ლანკასტერთან მიახლოებისას აათვალიერ-ჩაათვალიერა კაცი. გრძელი ბამბის ქურთუკი და გახამებული, მაღალსაყელოიანი პერანგი ემოსა მას, ზურგსუკან დაკრეფილ ხელებზე ტყავის ხელთათმანები ეკეთა. ნარინჯისფერ სინათლეში ლაპლაპებდა მისი ტყავის ფეხსაცმელი.

თავი მისკენ მოატრიალა ლანკასტერმა, როცა ორიოდე მეტრიღა აშორებდათ.

და როცა მზერა გაუსწორა ასტრიდმა, პირველი ის მოუვიდა აზრად, რომ ბენჯამინ ლანკასტერს მწვანე თვალები ჰქონდა. სწორედ ისეთი ღია მწვანე, როგორც მზის თბილ ოქროსფერში განბანული ფოთლები.

სუფთად იყო გაპარსული და უკან გადაევარცხნა მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმა.

სათვალე ეკეთა, და ახლაღა შენიშნა ასტრიდმა, რომ სათვალის მინა ოდნავ იყო დაბურული, მაგრამ ვერ ფარავდა მისი თვალების ხასხასა ფერს.

ბენჯამინ ლანკასტერი უსიტყვოდ შეჰყურებდა, თვალსაც კი არ ახამხამებდა.

არც მობოდიშება, არც სალამი, არც არაფერი.

მოიღუშა ასტრიდი. ასეთ თავხედობას უმეცრებას ვერ მიაწერდა, რადგან გოთჰეიმში ყველამ კარგად იცოდა, თუ რას წარმოადგენდა ინგრემთა ოჯახი. და მითუმეტეს, ლანკასტერი ინგრემთა ნოვას მუზეუმში იმყოფებოდა და ასტრიდის ნამუშევრებს ათვალიერებდა, რაც გამორიცხავდა მისი ვინაობის არცოდნას.

ნიკაპი ასწია ასტრიდმა, მზერა გაუსწორა კაცს.

წამიერად შეჭოჭმანდა კიდეც, ვერ გადაეწყვიტა, პირდაპირ იერიშზე გადასულიყო თუ ეცადა გაერკვია, თუ რა ხდებოდა აქ.

-ლანკასტერთა წარმომადგენელს პირველად ვხედავ საზოგადოებაში. – ფრთხილ ზრდილობას დასჯერდა ბოლოს. – იმედია ისიამოვნეთ ჩვენი ღონისძიებით.

ლანკასტერმა არაფერი უპასუხა. ისევ ისე, თვალის დაუხამხამებლად უყურებდა.

-ვისიამოვნე. მადლობა. – თქვა ბოლოს.

სასიამოვნო ხმა ჰქონდა.

მერე კი, ასტრიდის განსაცვიფრებლად, გატრიალდა და კვლავ “ფანტაზმაგორიას” მიაპყრო მზერა.

შლეიფი მაგრად მობღუჯა ასტრიდმა, მოიღუშა. თვალებს ვერ უჯერებდა. ისე მოახალა ორი სიტყვა და მზერის არიდებით დაითხოვა ლანკასტერმა, რომ ვითომც არაფერიო.

-აშკარად გამოუცდელობის გამო რთული გამოცდაა თქვენთვის მაღალი საზოგადოება, მთელი თავისი წესებით. – განაცხადა მან. არასწორად გათვალა, პირდაპირ იერიშზე უნდა გადასულიყო და ძალიან გასაგებად განემარტა, რომ ასეთი უტაქტობა არ დაიშვებოდა.

გადმოხედა ლანკასტერმა, წარბი აეზიდა.

-და საიდან იცით, რა არის ჩემთვის რთული და რა არა? – თქვა მან და ოდნავი, ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე.

კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ასტრიდმა.

-მასპინძლის მოვალეობაა, რომ თითოეულ სტუმარს თვალი ადევნოს. – მოუჭრა მან.

-ჩემზე შეგიძლიათ თქვენი ყურადღების ეკონომია გააკეთოთ. – თქვა ლანკასტერმა. – არ ვსაჭიროებ მოვლას.

-თქვენი საჭიროებები თუ საჭიროებების ნაკლებობა მასპინძლის ეტიკეტთან არაფერ შუაშია. – მიუგო ასტრიდმა.

ლანკასტერი ხმას არ იღებდა. მყისიერად ჩამოერეცხა ის ირონიული ღიმილი სახიდან, და გულგრილობის კვალი დაუტოვა მხოლოდ. 

-რა თქმა უნდა. – თქვა მან, მერე კი კვლავ “ფანტაზმაგორიას” გადახედა. – შთამბეჭდავი ნამუშევარია. კომპოზიცია და ფერების გამა შესანიშნავია.

მისი ანაზდეული ცვლილებისაგან სახტად დარჩა ასტრიდი. შეჰყურებდა და მხოლოდღა მაშინ, როცა სიჩუმე გაიწელა და კვლავ მისკენ გამოიხედა ლანკასტერმა, მიხვდა, რომ კაცი პასუხს ელოდა.

-რასაკვირველია. მადლობა. – უპასუხა მან.

-ამ ნამუშევრის მნიშვნელობაზე ბევრი ვერსია გავიგე დღეს. – განაგრძო ლანკასტერმა. – ჰოდა იქნებ თქვენ განმანათლოთ, რისი გადმოცემა სურს ამ ტილოს.

ეს კითხვა მილიონჯერ მოესმინა ასტრიდს, რაზეც ჩვეულებისამებრ პასუხობდა, რომ ნამუშევრების მნიშვნელობაზე, საკუთარ მოტივაციებსა ანდა ინსპირაციებზე კომენტარს არ აკეთებდა. ასე უფრო დამაინტრიგებელი იქნებოდნენ მისი ტილოები, და ყველას თავისთვის მისაღები ინტერპრეტაცია ექნებოდა.

-შფოთვის. – თქვა ასტრიდმა.

თქვა და მაგრად მოკუმა ტუჩები.

-ჰმ. – ბენჯამინ ლანკასტერმა კვლავ “ფანტაზმაგორიას” მოავლო თვალი. – შფოთვა. საინტერესოა.

-და თქვენ სხვა რამეს ხედავთ? – დაიფრუტუნა ასტრიდმა.

ბენჯამინ ლანკასტერს თვალები გაუშტერდა. იდგა, ტილოსაკენ მიეპყრო მზერა, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა ასტრიდს, რომ ტილოს მიღმა უყურებდა რაღაცას, შეუცნობელს.

-წითელქუდას. – თქვა უცებ კაცმა. მერე კი მოტრიალდა, გულითადად გაუღიმა. – სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, ქალბატონო ასტრიდ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.

მერე კი სწრაფი ნაბიჯითა და ქურთუკის კალთის ფრიალით გაეცალა.

ადგილს მილურსმოდა ასტრიდი. იდგა, გაჰყურებდა ბენჯამინ ლანკასტერის ზურგს, სანამ კაცი გასასვლელში არ გაუჩინარდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეფიქრა.

-წითელქუდა. – დაიჩურჩულა თავისთვის. მიტრიალდა, “ფანტაზმაგორიას” მიაპყრო მზერა, მის ცენტრში გამოსახულ მეწამულ მოსასხამიან ფიგურასა და გარშემო ფერთა კაკაფონიას.

“ფანტაზმაგორიის” ათასი სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია გაეგონა, მაგრამ ძირძველი ზღაპრის გმირი ჯერ ვერავის დაენახა მის ნამუშევარში.

და საერთოდაც, რატომ ფიქრობდა ეს ზრდასრული კაცი ზღაპრებზე?

და რატომ იყო ასეთი თავხედი? ეტყობოდა, რომ თავის მოკატუნებაცა და მანიპულაციაც კარგად ეხერხებოდა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვალა მყისიერად ქცევის მანერაცა და გამომეტყველებაც.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ძირძველი მოსაზრება, რომ ფული და ძალაუფლება ტაქტს არ ნიშნავდა.

“ფანტაზმაგორიას” აავლო თვალი, მერე კი მოციმციმე ნარინჯისფერ სანათებსა და ჭერზე ათამაშებულ ჩრდილებს გაუყვა მისი მზერა. კაშკაშა ალისფერი ეფინა სარკმელთა მინასა და მოპირდაპირე კედლებს.

მალე ექვსი საათი შესრულდებოდა.

მოტრიალდა ასტრიდი, მირას დოლორესთან შეტყობინების გაგზავნა დაავალა, მივდივარო, მერე კი ისე მიაშურა გასასვლელს, რომ ძლიერი სურვილის მიუხედავად “ფანტაზმაგორიასაკენ” აღარ მოუხედავს.

.

𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬𝕬

“ინტერლუდიის” სახასიათო ღია ცისფერ კედლებზე, ჭერთან ახლოს ზოლებად გაეყოლებინათ განათება, რომლის თბილი, ოქროსფერი შუქი მოჰფენოდა ნაცრისფერზოლიან მარმარილოს ჭერს.

გაიწკარუნა დანა-ჩანგალმა.

ჭერს თვალი აარიდა ასტრიდმა და თავის თითქმის სავსე თეფშს მიუბრუნდა.

აბრეშუმის ქათქათა სუფრაზე მოზრდილ ცვილის სანთლებთან ერთად მობრაწული ვაგიუს სტეიკი, ჭარხლის ტარტარი და ყაბაყის ტარტი იწონებდნენ თავს. ბაბუას ახლოს მართკუთხა ოფიციანტ დროიდს თავისი მომცრო, ჯაჭვისმაგვარი საცეცით მოემარჯვებინა “კლოს აპალტა”-ს მოზრდილი ბოთლი, და უკვე მეორედ უვსებდა სუფრაზე მსხდომთ ფუჟერებს წითელი ღვინით.

ჰანას გამოკლებით, რასაკვირველია.

მის პატარა ბიძაშვილს ტარტარი დაეშალა და ჭარხლის ნაჭრებს აგორებდა ჩანგლით აქეთ-იქით. ჰანას გვერდით სკამში სარივით გაჯგიმულიყო გეილ ინგრემი – მისი ბიცოლა, რომელიც დაქუცმაცებულ სტეიკს მიირთმევდა გემრიელად.

მათ მოპირდაპირედ იჯდა ასტრიდი და ერთი სული ჰქონდა, სანამ ბაბუა მესამე ჭიქასაც გამოცლიდა, რომ აქედან წასულიყო. დგომისას სულაც არ აწუხებდა კაბის მომდგარი კორსაჟი, მაგრამ იგივეს ვერანაირად იტყოდა ახლა, ნახევარსაათიანი ჯდომის მერე.

ნელი ჯაზი ჩაერთო ორიონს ბაბუას მითითებით, რაც სულაც არ ეხატებოდა გულზე ასტრიდს. არც ძველებურ სტილში მოქარგული სუფრა მოსწონდა, არც ცისფერი კედლები, არც “კლოს აპალტა” და საერთოდაც არც აქ ყოფნა ეპიტნავებოდა.

-მინისტრის გარდა მეტი არავინ გამოუშვეს? – სიჩუმე დაარღვია ბიცოლამისმა, გამომცდელი მზერა მიაპყრო ბაბუას.

ამოიხვნეშა ასტრიდმა, თვალები გადაატრიალა. ასეთ დროს საკმაოდ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ღვინო თითქმის საერთოდ არ ეკიდებოდა.

-შენ არ გეკითხები. – მოუჭრა ბიცოლამ. – დამღალა შენმა ორსიტყვიანმა პასუხებმა.

-ორ სიტყვაზე მეტი თუ არაა საჭირო, რატომ უნდა გავისარჯო? – მიუგო ასტრიდმა და გაუღიმა, როცა გეილმა უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები.

-მინისტრი იყო, მთელი დირექტორთა საბჭო გამოცხადდა, უზენაესის მოსამართლე და ორიონის ოფისის წარმომადგენლები იყვნენ. – განაცხადა ბაბუამ, თან გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა ორივეს. – მეტი ვინ უნდა ყოფილიყო?

-კანცლერიც უნდა მობრძანებულიყო. – მიუგო გეილმა. – ნოვა თითქმის მთელ გოთჰეიმს ამარაგებს და ადგილზე როგორ ვერ გამოცხადდა?

-არა, შენ გეპატიება, რომ არ იყავი და კანცლერს არა. – თქვა ასტრიდმა და უდრტვინველად ჩახედა თეფშს, როცა მწყრალად გამოხედა ორივემ.

-ხომ იცი, რომ არ მიყვარს ხალხმრავლობა. – თქვა გეილმა. – ჩემმა ასტროლოგმა დამიდასტურა, რომ მთვარე ქალწულშია, მზე კი მორიელში, ჰოდა ხალხში გარევასა და ზოგადად დიდი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოვერიდო.

-ჰო? – სარკასტული გაოცებით მიუგო ასტრიდმა. – ესე იგი ცოტა ხანი მთელი გოთჰეიმის საიუველირო ინდუსტრია დაისვენებს შენგან ხომ?

გეილი წამოჭარხლდა, ხმამაღლა დაიფრუტუნა და სტეიკის ნაჭერს მთელი ძალით დაარჭო ჩანგალი.

-ასტრიდ. – თავი გადააქნია ბაბუამ. – გავიგეთ.

მერე კი გეილს გადახედა, რომელიც აგრესიულად ღეჭავდა ლუკმას. ასტრიდის მოკრძალებული აზრით, ცოხნას უფრო გავდა მისი ქმედება.

-კანცლერი საერთოდ არ იმყოფება ახლა გოთჰეიმში, ჰასელშია, მივლინებით. – თქვა ბაბუამ. – ჰოდა ვერც მოვიდოდა.

-მომავალი გუბერნატორი არ იყო კიდევ? – თქვა ასტრიდმა. – ნიელსენი.

-უილიამ ნიელსენი იყო? – გამოცოცხლდა გეილი. – კასიუს, რატომ არაფერი თქვი?

-გუბერნატორი იქნება თუ არა, საკითხავია. – თქვა ბაბუამ.

-დიდად რომ არ მოგწონს ეგ ბიჭი, ძალიან კარგად ვიცი, კასიუს, – თქვა გეილმა, – მაგრამ გინდა თუ არა, ძლიერი კანდიდატია.

-დღეს კი საუბრობდით დიდხანს. – თქვა ასტრიდმა.

-რაზე, იმ კანონპროექტზე? – დაჟინებით დააცქერდა ბაბუას გეილი.

-ჰო. – მოკლედ მოჭრა ბაბუამ.

-რას არ მოიგონებენ. – უკმაყოფილოდ განაცხადა გეილმა. –ჯერ ყოველდღიური ასისტენტები. მერე ადმინისტრაციაში. მერე ქანდაკებაც კი დაუდგეს. არ ჰყოფნით პატივისცემა? უფლებების მეტი რა აქვთ. თან სად ხელოვნური ინტელექტი და სად ადამიანი. ორიონ, არ გეწყინოს.

-მე უარყოფით ემოციებს არ განვიცდი. – გაისმა ოთახში ორიონის სასიამოვნო, მელოდიური ხმა.

-ხედავ? – თითი აიშვირა გეილმა. – რად უნდა ორიონს უფლებები? უფლებები თუ გაქვს სასჯელსაც ექვემდებარები და სასჯელი კიდევ ვის რად უნდა. გინდა სასჯელი, ორიონ?

-მე სურვილები არ მაქვს. – თქვა ორიონმა.

-რა უფლებებზეა ლაპარაკი? – ჩაერთო ასტრიდი.

-ხელოვნური ინტელექტისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებაზეა ლაპარაკი. – თქვა ბაბუამ.

დადუმდნენ. ოფიციანტი დროიდი გულითადად ცდილობდა ფუჟერები კვლავ აევსო.

ქორივით შეჰყურებდა ბაბუას სავსე ფუჟერს ასტრიდი. ეს მესამე ჭიქა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სულ მალე შეეძლებოდა აქედან წაბრძანება.

-მაგრამ არ გავა ეგ კანონპროექტი. – თქვა ბაბუამ. – და ვერც ნიელსენი გახდება გუბერნატორი.

-იქნებ გახდეს. – ჩაილაპარაკა ასტრიდმა.

-გახდება, არ გახდება, რა მნიშვნელობა აქვს. – თქვა გეილმა. – მაგრამ იმედია ფსონების დადებას არ დაიწყებ ისევ, კასიუს.

ბაბუამ გაიღიმა, მაგრამ არ უპასუხია.

ჰანას ჩანგალმა ოდნავ გაიღრჭიალა თეფშზე. თავი ჩაექინდრა და ქერა წინამო თითქმის უმალავდა თვალებს.

ასტრიდმა გამომცდელად შეათვალიერა. მისი ბიძაშვილი იშვიათად ამბობდა რამეს, მაგრამ დღეს კრინტიც არ დაეძრა რატომღაც.

-ბალეტზე როგორაა საქმე? – ჰკითხა მან.

-არც ისე კარგად. პუანტების წესიერად შეკვრა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა. – თქვა გეილმა. ასტრიდის მოქუფრული სახე აინუნშიც არ ჩაუგდია, ღეჭვა განაგრძო.

-არ ვიცოდი, შენც თუ დადიოდი ბალეტზე, გეილ. – წაკბინა ასტრიდმა და ჰანას, რომელსაც მისკენ მოეპყრო მზერა, ჩაუკრა თვალი. – იმ შენმა ასტროლოგმა არ გითხრა, რამეს მოიტეხო?

გეილმა დაუბღვირა. ჰანას ოდნავ გაეღიმა.

-ასტრიდ. – ამოიხვნეშა ბაბუამ.

-ბოდიში, ბაბუ. – გაუცინა ასტრიდმა. – აბა თავიდან ვცადოთ. ჰანა, ბალეტზე როგორაა საქმე?

-მასწავლებელმა არაბესკი შემიქო. –ისე ჩუმად ჩაიბუტბუტა ჰანამ, რომ ყურები გვარიანად უნდა დაეცქვიტა ასტრიდს სიტყვების გასარჩევად. – შემდეგ თვეში პირუეტებზე გადავდივართ.

-შესანიშნავია. – გაუღიმა ასტრიდმა. – თუ არაბესკი კარგად გამოგდის, ეჭვიც არ მეპარება, რომ მშვენივრად იკრავ პუანტებს.

ჰანამ მხრები აიჩეჩა, მაგრამ პაწაწინა მორცხვი ღიმილი არ მოშორებია მის სახეს.

-ჰანას მიღწევები შთამბეჭდავია. – თქვა ბაბუამ, მერე კი ასტრიდს მოუბრუნდა. – დღეს მინისტრმა მოგისაკლისა. რაღაცაზე უნდოდა დაგლაპარაკებოდა, მაგრამ სადღაც გაიქეცი.

მოულოდნელობისაგან გაშრა ასტრიდი. გეილი გაფაციცებით შეჰყურებდა ორივეს, ცხელ-ცხელი ამბის მოლოდინში გარინდული.

-სული მომეხუთა და გვერდზე გავედი. – თქვა ბოლოს ასტრიდმა, თავის თეფშს ჩააშტერდა. – მინისტრს დაველაპარაკე და თუ რამე უნდოდა შეეძლო მოსულიყო.

-შეგეძლო ცოტა მოგვიანებით გასულიყავი გვერდზე.

-მე მაშინ მინდოდა გასვლა. – ასტრიდმა მაგრად მოუჭირა დანა-ჩანგალს ხელი და ერთი ძლიერი მოძრაობით გასხიპა ტარტის ნაჭერი.

-რა გინდა და რა არის საჭირო ორი სხვადასხვა რამეა. – თქვა ბაბუამ. – მინისტრმა ძალიან ბევრ რამეში დაგვიჭირა მხარი.

-მე ინგრემი ვარ და არ ვაპირებ ვინმეს ველაქუცო. – მოუჭრა ასტრიდმა.

ბაბუამ გამომცდელი მზერა სტყორცნა.

-მაგას არც გთხოვ. – თქვა მან.

-მინისტრს გამოექეცი? – ყურებამდე იღიმებოდა გეილი.

-ჰო, და როგორც ხედავ, კინაღამ უკან გამომეკიდა. – მიუგო ასტრიდმა და კმაყოფილებით შეჰყურებდა, თუ როგორ შეახმა გეილს სახეზე ღიმილი.

ბაბუამ ღრმად ამოიხვნეშა, საფეთქელს ისრესდა.

გეილი უკმაყოფილოდ აბუზღუნდა, მაგრამ მოუყრუა ასტრიდმა.

და რასაკვირველია, ულაზათოდ გაილია ვახშამი.

ჰანას პირველ დამთქნარებისთანავე, როცა ბაბუას თითქმის გამოეცალა მესამე ჭიქა, ძალიან გვიანიაო, მოიმიზეზა ასტრიდმა, ჰანასა და ბაბუას გამოემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა “ინტერლუდია”.

მაგმობილით მგზავრობისას მირას მიუთითა, რომ შუქი ჩაექრო და სიბნელის საფარველიდან მოავლო მზერა თბილ ნარინჯისფერ შუქში განბანულ გოთჰეიმს, მოციმციმე მულამედის ჩანჩქერს, ვეტრო ალ მარეს ვეებერთელა, ნიავში დარწეულ კვიპაროსებსა და შორს, შორს ორიონის ქანდაკების ლაპლაპს.

სახლში მისვლისთანავე კორსაჟი ჩაიხსნა ასტრიდმა და კაბა იატაკზე მიაგდო, მირას განუცხადა, რომ აღარასოდეს ჩაიცვამდა. საცვლების ამარა დარჩენილმა მიაშურა გარდერობს, ანთებული შუქისა და ხმაურისაგან გაანჩხლებული ედმუნდის ჭყავილი აინუნში არ ჩააგდო და მირას მიერ გამზადებული საღამური გადაიცვა.

მერე კი სასტუმრო ოთახში, მოხერხებულ სავარძელში მოკალათდა.

ოთახის ვეებერთელა ფანჯრიდან, რომელიც თითქმის მთელ კედელს მოიცავდა, მშვენივრად მოჩანდა გოთჰეიმი.

-მირა, სინათლეს დაუწიე. – თქვა მან.

-სინათლე, ათი პროცენტი. – მიუგო მირამ.

ჩაიბჟუტნენ ემულატორები, გაქრა მათი ანარეკლი ფანჯრის მინაზე და თითქოს სინათლის მოსასხამი შემოაძრესო, აკიაფდნენ ცის მელნისფერ კამარაზე ვარსკვლავები. მათ გვერდს უმშვენებდა ნახევარმთვარის გაცრეცილი დისკო, და ციმციმებდა შორს ოკეანის გადაგლესილი ზედაპირი.

თვალი გადაავლო გოთჰეიმის თბილ ოქროსფერ შუქს, მუქ იისფერ ცას, ვერცხლისფერ მთვარეს და ანაზდად მეწამული წამოუტივტივდა თავში ასტრიდს. მეწამული და მის ფონზე შავებში შემოსილი ფიგურა.

შავი ტყავის ხელთათმანები. ოდნავ დაბურული სათვალის მინები.

და მათ მიღმა ხასხასა მწვანე.

-მირა. – თქვა ასტრიდმა.

-დიახ, ქალბატონო ასტრიდ?

-მოგონება მინდა შევინახო.

-რომელი?

-აი ის. ლანკასტერი რომ დავინახე. – მიუგო ასტრიდმა, ფეხზე წამოდგა.

-გასაგებია. – თქვა მირამ. მერე კი ორიონის სასიამოვნო, მონოტონური ტემბრი შეიძინა მისმა ხმამ. – მემოპრეზერვაციის პროტოკოლი აქტივიზირებულია.

სასტუმრო ოთახის ცენტრში, ჭერსა და მის მოპირდაპირედ, იატაკში აქამდე უჩინარი მრგვალი პანელები სისინით გადაიწივნენ.

და სიბნელე გახლიჩა მათი წიაღიდან გადმოღვრილმა ოქროსფერმა შუქმა, რომელიც სვეტად დადგა ოთახში.

სინათლეში შეაბიჯა ასტრიდმა, თავი უკან გადასწია. ჭერის მანათობელი პანელიდან სისინით გამოცურდა გაუმჭვირვალი მინის მაგვარი განიერი მილი, რომელიც ხმადაბალი ტკაცუნით გაჩერდა მის თავთან. თბილ ოქროსფერ სინათლეში ლაპლაპებდა მილის შიდა ზედაპირზე მიმაგრებული აურაცხელი პაწაწინა, მართკუთხა დეტექტორი.

-ყურადღება, ბადურის სკანირების ინიცირება. – თქვა მირამ.

წამიერად თვალისმომჭრელად იქცა შუქი, მერე კი კვლავ ნაზ ოქროსფერს დაუბრუნდა. თავი დახარა ასტრიდმა.

-ბადურის სკანირება წარმატებით დასრულდა. ეთანხმებით თუ არა მემოპრეზერვაციის პროტოკოლის მოხმარების წესებს?

-ვეთანხმები.

-და ადასტურებთ თუ არა, რომ დაიცავთ ზემოთმოხსენებულ წესებს თქვენს შესაძლებლობათა ფარგლებში?

-ვადასტურებ.

-გთხოვთ მოგონების იდენტიფიკაციას.

თვალები დახუჭა ასტრიდმა. სისხლისფერი შუქი მარმარილოს კედლებზე, “ფანტაზმაგორიის” მეწამული, შავებში შემოსილი მარტოსული ფიგურა, მოკლედ შეჭრილი თმა.

და თვალები.

ის მწვანე თვალები.

ზუზუნებდნენ დეტექტორები. ხმამაღალი ტკაცუნით აკაშკაშდა ოქროსფერი შუქი, ქუთუთოების მიღმა ყვითელ ბურანს ხედავდა ასტრიდი. ლანკასტერის სიტყვები გაიხსენა, საკუთარ თავში აგორებული გაოგნება და ფრუსტრაცია, ლანკასტერის ირონიული ღიმილი.

და როგორც ყოველთვის, ოდნავი ვიბრაცია იგრძნო სხეულში.

თვალები გაახილა.

მომენტალურად ჩაქრა შუქი. გარემო სიბნელემ შთანთქა.

-მემოპრეზერვაციის პროცესი დასრულდა. მოგონება #189 წარმატებით დაემატა თქვენს დღიურს. გსურთ თუ არა იხილოთ?

-არა. – მიუგო ასტრიდმა, სავარძლისაკენ გალასლასდა და ბალიშებში ჩაემხო.

-მემოპრეზერვაციის პროტოკოლის დეაქტივაცია. – თქვა მირამ.

ჭერსა და იატაკში პანელები სისინით დაიხურნენ. 

სიჩუმე ჩამოწვა.

აიხედა ასტრიდმა.

და კვლავ უდარდელად ეკიდა ნახევარმთვარე ცის კამარაზე.

.

.

.

.

.კიდევ ერთხელ გამარჯობა ყველას! მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხეთ და ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. ამ ისტორიის იდეა “ცოცხალი ჟანგის” პერიოდში დამებადა, სადღაც 3 წლის წინ და წლების მანძილზე შეძენილი გამოცდილებებიდან აიწყო მისი კარკასი. ცოტა კიარადა ძალიან კი ვნერვიულობ, ასე მგონია საკმაოდ რთულ თემას შევეჭიდე მაგრამ მინდოდა ძალიან ეს ამბავი დამეწერა, ჰოდა ვნახოთ, რა როგორ გამოვა. ქვემოთ პატარა სარჩევს დავტოვებ, ვიცი რომ ბევრი ახალი სიტყვა, პერსონაჟი და ადგილია ამ ერთ თავში, იმედია იოლად მოსანელებელია ეს ამდენი ახალი ინფორმაცია :დ ისტორიის ჩონჩხი უკვე აწყობილი მაქვს, მოქმედებების თანმიმდევრობაც გათვლილია და დასასრულიც. მოკლედ ისღა დარჩა, ბოლომდე დავწერო :დ მეორე თავის წერა უკვე დავიწყე და ვნახოთ როგორ გამომივა ❤ არ დაგეზაროთ, აუცილებლად შემატყობინეთ თქვენი აზრები კომენტარებში ანდა მომწერეთ, უდიდესი სტიმულია ჩემთვის ❤
.

გოთჰეიმი – ავტონომიური სმარტ-მეგალოპოლისი, ნაწილობრივ არქიპელაგოზე გაშენებული, მოსახლეობა დაახლოებით 90 მილიონი. აქვს ხუთი საცხოვრებელი ზონა. ტექსტში მინიშნებაა ამინდის კონტროლზე და მართლაც, გოთჰეიმს დამცავი ელექტრომაგნიტური ზღვარი აქვს, რომლის შიგნითაც ხდება მაცხოვრებელთა სურვილის მიხედვით ამინდის მოდიფიცირება.

ვეტრო ალ მარე – იტალიურად “ფანჯარა ზღვასთან”, გოთჰეიმის ყველაზე დიდი ბულვარი.

მაგმობილი – ელექტრომაგნიტურ ხაზებზე მომუშავე სხვადასხვა ზომის ავტომობილი.

ორიონი – გოთჰეიმის მთავარი AI ასისტენტი. ორიონი ბერძნულ მითოლოგიაში გეას ვაჟი იყო, გამოჩენილი მონადირე.

მირა – ასტრიდის პირადი ასისტენტი, ორიონის მოდიფიცირებული ვერსია.

ნოსალუსი – ლათინურიდან Novo Salus – ახალი ჯანმრთელობა.

ალამედა – გოთჰეიმის მეხუთე ზონის ტყე-პარკი. Alameda de Hercules, საიდანაც სახელია აღებული, არის ცნობილი ბოტანიკური ბაღი სევილიაში, ესპანეთში.

ქვემიწა – გოთჰეიმის საზღვარგარეშე ტერიტორია.

დოლუსი – ასტრიდის ნამუშევრების ერთ-ერთი სერია. ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ტყუილს, ცუდ განზრახვას.

ფანტაზმაგორია – დოლუსის სერიის მთავარი ტილო. სიტყვა ნიშნავს რეალური ან წარმოსახვითი გამოსახულებების მუდმივად ცვალებად, დამაბნეველ თანმიმდევრობას.

კომენტარის დატოვება