ცოცხალი ჟანგი (თავი 15-ეპილოგი)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

XV – You Are My Stars

.

.

.

.

-*-*-*-*-*-

ჯერ ნელა დაეშვა სიბნელის მსუბუქი წიაღიდან ნარა, სულშემხუთავ მეწამულ შემოგარენში ჩადნა მისი სხეული.

დამძიმდა, დამძიმდა, დამძიმდა, თითქოს ტყვია ჩაეღვარა მუცელში, გულზე მოეხვია, სასულეში გაეხირა. ხროტინი აღმოხდა, პირისპირ მეწამულ სინათლეში გამოხვეულ საკუთარ მოკრუნჩხულ ხელებს ხედავდა მხოლოდ.

თვალები დაახამხამა. ჯერ ვერც კი მიხვდა, თუ სად იყო, იმდენად უცხო გახლდათ წითელი სინათლე და საიდანღაც, ზემოდან მომავალი ყრუ ზუზუნი. კუნთები გაშეშებოდა, ძლივს წამოიწია.

ყრუ, მფეთქავ ტკივილად ამოიზიდნენ მოგონებები დისკომფორტისა და გაუგებრობის ოკეანიდან, მისი გონება რომ მოეცვა.

აალებული „ხრამი“. ყურისწამღები კივილი. უცნაური სიმსუბუქე და მისი ხელების ქვეშ ჩამტვრეული ძვლები. მაღაროს წიაღიდან გამომსკდარი ნარინჯისფერი ცეცხლის ტალღა და სორენის ზედა ტუჩზე წაცხებული სისხლი.

სორენის ზურგზე ფესვგადგმული, გარანტირებული სიკვდილი, რომელსაც უკვე გადმოელახა აბსტრაქტული უსასრულობის ზღვარი, მოახლოებულიყო, ოთახის შორეულ, ბნელ კუთხეში იჯდა და უთვალთვალებდა. შიში, რომ ჰელმარი მისწვდებოდა მათ.

სველ ასფალტზე მოთქრიალე თქეში, გალურჯებულ, გამტკნარებულ შენობებზე ჩამოწოლილი ნისლი, მერითის ირონიით აღსავსე ხმა და ცივი ცისფერი თვალები.

„გეგონა უფლება ჰქონდა რამე უკეთესი მოგეთხოვა, როცა შენი უცოდინრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ან რაღაც ყოველთვის გიცავდა, რომ ნაგავში არ ჩამხრჩვალიყავი?“

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ, მუშტები შეკრა. სირცხვილის ციებ-ცხელებამ თითოეულ ძარღვში დაუარა, გააძაგძაგა.

ნელა წამოიწია იდაყვებსა და მუხლებზე. მთელი სხეული ტეხდა და ნელა გახოხდა კედლისაკენ, ზურგით მიეყუდა ზედ.

კედლები დანამულიყვნენ, სადღაც გვერდით წყალი წვეთავდა. შმორისა და სველი ჟანგის სუნი იდგა. შორეული გუგუნი ათრთოლებდა კედლებს და უძრავად აღმართულიყო მეწამული სინათლით დაფარული რკინის კარი.

თვალები დახუჭა ნარამ, ტუჩები მაგრად მოკუმა. გული გამალებით უცემდა, მტკივნეულ სიმძიმედ ქცეულიყო მის მკერდში.

დაპატარავდა, კედელთან მოიკრუნჩხა. სახე მუხლებში ჩარგო და ჩაყუჩდა.

ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე ისევე სიმძიმედ აწვა მხრებზე, როგორც მერითის სიტყვები. გარეთ გამეფებულ წვიმას, გუგუნსა და ქაოსს გამიჯნვოდა თვითონ და შმორისა და სველი ჟანგის სურნელი სდიოდა სირცხვილს.

მაგრად მოუჭირა მუხლებს თითები ნარამ, სახსრები გაუთეთრდა.

ეს როგორ უნდა მომხდარიყო? ასე საშინლად როგორ უნდა წასულიყო საქმე?

გაიფიქრა და წამსვე გააძაგძაგა. არ ჰქონდა უფლება ასე ეფიქრა. მჯდარიყო აქ, უსაფრთხოდ და საკუთარი თავი შესცოდებოდა.

ნელა მიიზლაზნებოდნენ წუთები. იქნებ საათები. იქნებ დღეებიც.

ტკივილი განელდებოდა. დრო ყველაფერს ანელებდა. დროის დაუდგრომელი მორევი გადაუვლიდა ტკივილიცა და სირცხვილიც, მის სიღრმეებში მოიტოვებდა. ვერ გაანადგურებდა ბოლომდე, მაგრამ ჩამარხავდა სადღაც შორს, წარსულისა და განვლილი დღეების წიაღში, სანამ ყრუ ექოდ არ იქცეოდნენ.

მაგრამ ჯერ კიდევ აუტანლად ცოცხალი იყო მის მეხსიერებაში აშიშხინებული ქონის სურნელი, აილას კივილი და შეტრუსული თმის სიმყრალე.

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ, მაგრამ მოგონებებს ვერსად გაექცეოდა. ამ თავშესაფარში შმორის სურნელთან, მეწამულ სინათლესთან და საკუთარ მომკივან მოგონებებთან ერთად გახერილიყო, და ვერსად წავიდოდა.

გადაიხარა ნარა და წამოწვა, გრილ ქვაზე მიაბჯინა გახურებული შუბლი. სული მოეხუთა, ოფლის ჩხვლეტა იგრძნო ზედა ტუჩზე. სცხელოდა, თავსა და გულმკერდზე ცეცხლი ეკიდა თითქოს, მაგრამ გაჰყინვოდა კიდურები.

იწვა, შფოთვით აღსავსე თვლემასა და სიფხიზლეს შორის გახერილი.

მიიზლაზნებოდნენ საათები.

წამოდგა, ონკანიდან წყალი დალია. მერე კი ისევ წამოწვა.

დალია. წამოწვა.

ისევ და ისევ.

ჯერ აუტანელი იყო დროის უდრტვინველი სვლა.

მერე კი თითქოს მეწამულ სინათლეში ჩაიკარგა, გაიყინა.

არაფერი იძვროდა. უცვლელი იყო სინათლეც, დანამული კედლებიც და შორეული გუგუნიც. ტანსაცმელი ოფლითა და ნამით დაუჟივდა ნარას, მერე გაუშრა, მერე ისევ დაენამა.

და მხოლოდ „ხრამის“ სიცხეს გრძნობდა გარშემო, აილას გადმოცვენამდე მისულ თვალებს ხედავდა და ხალხის კივილი სცემდა საფეთქლებში. 

რამდენჯერმე გახოხდა კარისაკენ, სახელურს ჩაებღაუჭა, დაეჯაჯგურა, მაგრამ ამაოდ. იცოდა კიდეც, რომ აქედან ვერ გააღწევდა. უნდა დალოდებოდა, მოთმინება უნდა მოეკრიბა.

თუმცა არსებობდა კი მოთმინება ისეთ ადგილას, სადაც დრო გაყინულიყო?

კედელს მიჰყუდებოდა ნარა, თავი უკან გადაეგდო. გამომშრალ პირში მხოლოდ მტვრის, სიცხისა და სინანულის მწარე გემოს გრძნობდა. იჯდა და აჰყურებდა მეწამულ სინათლეში განბანულ ჭერს.

რამდენჯერმე გადმოატრიალა მარჯვენა ხელი. ციფერბლატის შავი, ჩამსხვრეული ზედაპირი დაღად აჩნდა მაჯაზე. მის წითლად დაფერილ კანზე გაშავებული მინა ჩამქრალ, დანაცრულ ნაღვერდლებს ჩამოჰგავდა.

იჯდა, იწვა და ეძინა.

იწვა, ეძინა, იჯდა, წყალს სვამდა.

ხან ონკანის მიმართულებით მიხოხავდა, ხან ტუალეტის.

და ისევ, ისევ და ისევ.

მერე კი ამოძრავდა თითქოს ყველაფერი.

გარედან მომავალ ყრუ გუგუნს ნაბიჯების ხმა დაემატა. გაიჩხაკუნა საკეტმა და აღრჭიალდა კარი, გაჩენილ ღრიჭოში ცივი ქარი შემოიჭრა და ელვის სისწრაფით შემოუქროლა ოთახს, გააძაგძაგა ნარას, ნელა წამოიწია.

დააღო ხახა კარმა, მეწამული სინათლე ვერაფერს გახდა კუნაპეტით აღსავსე წიაღის წინაშე, რომლიდანაც ფიგურამ გამოაბიჯა.

სორენი იდგა, მხრები სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა. შავი უნიფორმა დაჟიებოდა მხრებზე, თმა შუბლზე მიჰკვროდა. მზერა გაუსწორა ნარამ და სუნთქვა შეუკრთა, როცა მისი ყვრიმალზე დაბეჟილობა და ცალ თვალში ჩაქცეული სისხლი დაინახა.

წითელი ცეცხლის ცენტრში შავ მარმარილოს ჰგავდა სორენის ჩასისხლიანებულ თვალში გაფართოებული გუგა.

ქშინავდა კაცი. ხელი კარის სახელურიდან ჩამოუვარდა, ნარასკენ წამობარბაცდა და მძიმედ დაეშვა მის გერდით.

ზუზუნებდა ქარი, კვნესოდნენ ანჯამები.

რამდენი დრო გასულიყო? საათები? მთელი დღე?

საკუთარი გულისცემის შხუილი ესმოდა ნარას. თითქოს გონებაზე გადაკრული ბურუსი გაიფანტა და ყველაფერი მკვეთრი გახდა, ძალიან მკვეთრი, თითოეული წვეთი დანამულ კედლებზე, სანათის ზუზუნი და სორენის ტანსაცმელზე მუქი შხეფები.

სისხლისა და კვამლის სურნელი სდიოდა კაცს.

გაქრა ქარის ზუზუნი და თვალები დახუჭა ნარამ.

რა მოგივიდა?’ ჰკითხა მან. გონების ხმაშიც კი ეტყობოდა დაღლილობა.

ყველაფერი იწვის.’ თქვა სორენმა. აღარაფერი დარჩება მალე, გვამების გარდა.

ულსტერი?

ულსტერი და მომიტინგეები. თქვა სორენმა.

ჟრჟოლამ დაუარა ნარას. სორენისაკენ გაჩოჩდა, გვერდში მიეკრა და სადღაც შიგნით იგრძნო მისგან მომავალი სევდა, ისეთივე გამტკნარებული და ცივი, როგორც ბურუსში გაცრეცილი ძვლების რაიონის ოღროჩოღრო რელიეფი. დასისხლიანებული ხელთათმანები ეკეთა სორენს და ბარძაყებზე ეწყო ოდნავ მომუშტული ხელები, იჯდა და ვაკანტური მზერით იყურებოდა კარის მიმართულებით.

ტანში გასცრა ნარას, როცა მიხვდა რომ ალბათ იგივეს ხედავდა სორენი, რასაც თვითონ. თვალწინ ედგა სიკვდილი, ძალადობა და ტანჯვა.

‘ჰელმარი მოვიდა?’ ჰკითხა ბოლოს.

‘თვითონ არა. ვიღაცები მოაგზავნა.’

‘მერე?’ ჰკითხა ნარამ, იმის მიუხედავად რომ იცოდა პასუხი.

‘მომიწია მომეკლა ყველა.’ თქვა სორენმა. ‘არ მოგეშვებოდნენ. არ მოგეშვებიან. ჰელმარი მთელი ეს დღეებია გეძებს.’

‘დღეები?’ გაიმეორა ავტომატურად ნარამ. ის, რომ სორენმა ჰელმარის მოგზავნილი კაცები მოკლა, აღარაფერს ნიშნავდა. მათი სიკვდილი აუცილებლობად ესახებოდა ნარას და არაფერი უგრძვნია, ფაქტის ცივი მიღების გარდა. ‘დღეები გავიდა?’

გამოხედა სორენმა. მისგან წამიერი სირცხვილისა და სინანულის ტალღა იგრძნო, რომელიც საკუთარ, ოდნავ მინელებულ გრძნობებს შეერია, ააზვირთა, ციებ-ცხელებად გადაუარა.

ოთხი დღე გავიდა.’ თქვა სორენმა და გულმა რეჩხი უყო ნარას.

კარისაკენ გაიხედა, შიგნით გაუქვავდა ყველაფერი. შეზარა, რომ დროის გასვლა წესიერად ვერც იგრძნო.

მარტო დარჩა, უყველაფროდ, გამოკეტილი სადღაც და მაშინვე ჩაიკარგა ამ სიმარტოვესა და სიცარიელეში.

თითქოს არაფერს წარმოადგენდა საკუთარი ქმედებებისა და სხვებთან ურთიერთობების მიღმა. მხოლოდ მწარე მოგონებებისა და სირცხვილის მატარებელი ლეში გამხდარიყო.

თვალებზე ხელები აიფარა ნარამ. აწვებოდა თითქოს მეწამული სინათლე, სორენის სხეულზე ადენილი კვამლის სურნელი და მისი სითბოც კი.

სული მოეხუთა. ერთბაშად ძალიან პატარად, და ამავდროულად ათას ნაწილად დაქსაქსულად და უსასრულო სივრცეში განბნეულად იგრძნო თავი.

ჰქონდა კი აზრი ასეთ ცხოვრებას?

‘ნარა.’ უთხრა სორენმა. მისი მკლავი იგრძნო მხრებზე ნარამ, სისხლით მოსვრილი ხელთათმანი საკუთარ სახეზე აფარებულ ხელებზე და სიმძიმე იყო ეს ყველაფერი, აუტანელი სიმძიმე.

ძაგძაგებდა. სცადა კუნთების შეკავება, მაგრამ ამაოდ.

’ნარა.’ გაიმეორა სორენმა.

მერე კი ორივე მკლავი მოხვია, მაგრად მიიკრა და სუნთქვა ყელში გაეხირა ნარას, წამოაცხელა.

უნდოდა ეპასუხა. ძალიან უნდოდა.

‘ნარა.’ თქვა სორენმა. მისგან ძვლებში გამჯდარი მოქანცულობა იღვრებოდა და კვამლის სუნმა ფილტვები დასწვა ნარას, როცა ხმამაღლა, კანკალით შეისუნთქა, დაძაბული კუნთები მოემჩვარა. ‘გესმის?’

‘მესმის.’ ძლივს გამოსძალა სიტყვა თავის გონებას ნარამ.

‘უფრო მალე უნდა მოვსულიყავი.’

‘არა. არა.’

თავი გადააქნია ნარამ. იგივეს აკეთებდა, რასაც ადრე. პირველ რიგში საკუთარი თავი ეცოდებოდა. საკუთარმა გრძნობებმა გადაწონეს კვლავ ყველაფერი, რაც სორენს თავს გადახდენოდა.

და საერთოდ, ყველაფერი, რაც გარეთ ხდებოდა.

რისგანაც დაცული იყო.

‘კარგია რომ მოხვედი.’ თქვა ბოლოს. ‘ძალიან დაშავდი?’

‘არა.

ამ უარყოფას რატომღაც აფორიაქების ტალღა მოჰყვა.

სორენისაკენ გატრიალდა ნარა. მის ყელში ჩარგო სახე და სისხლისა და კვამლის მიღმა ზღვას, სუსხსა და სორენის ბინაში გაცრეცილ ცისფერ ჩრდილებს ეძებდა, მაგრამ ვერ იგრძნო. ძალიან თბილი იყო სორენი, მაგრამ აღარ ჰგავდა მისი სითბო მიწაზე ჩამოსულ მზეს, რომლიც სხივთა კონა მუშტში მოექცია ნარას. ცეცხლს დამგვანებოდა, ისეთ ცეცხლს, გარშემო რომ ყველაფერს სწვავდა.

მაინც მაგრად მიეკრა ნარა.

გაუნძრევლად იჯდნენ ცოტა ხანი. მის არეულ გონებაში იღვრებოდა სორენის გრძნობები, სანამ ვეღარ გაერკვია, რას გრძნობდა თვითონ. სორენის ტანსაცმელს ებღაუჭებოდა და საპასუხოდ მაგრად ხვევდა მკლავებს სორენი, სანამ ხერხემალში მალების გატკაცუნება არ იგრძნო ნარამ.

‘წავიდეთ.’ თქვა სორენმა. ‘სადმე შორს.’

შუბლი ყელზე მიაბჯინა ნარამ. კაცის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა მის ყელში.

‘როდის?’ ჰკითხა ბოლოს.

‘მალე.’

თვალები დახუჭა ნარამ. კანზე ცეცხლი მოეკიდა და თითქმის გადაწონა ნოტიო ტანსაცმლის უსიამოვნო შეგრძნება.

არ იძვროდნენ. ოდნავ ჭრიალებდა ანჯამები და მობერილი ქარი დათარეშობდა ყოველ კუთხე-კუნჭულში, კვამლისა და სისხლის სურნელს ჰგლეჯდა სორენს ტანსაცმლიდან.

წუთები მიიზლაზნებოდნენ. სორენის გულისცემას ითვლიდა ნარა, გამოზომილსა და უტყუარს, საკუთარი კანის ქვეშ რომ სცემდა თითქოს.

ნელ-ნელა წამოიწია სორენი. ხელი არ გაუშვია მისთვის ნარას, ათრთოლებულ ფეხებზე წამოდგა რის ვაივაგლახით, მხარზე მიეყუდა კაცს.

‘წავიდეთ.’ უთხრა სორენმა, ბეჭზე ხელი მოხვია.

ჩანავლდა დანაცრული ნაღვერდალივით მათ უკან მეწამული სინათლე. მონაბერი ქარი მოსასხამად მოეხვია მათ გარშემო და კინაღამ გაუსხლტა დანამულ საფეხურებზე ფეხი ნარას.

დაიხედა. უკნიდან მომავალი მეწამული შუქი ქუჩის მქრქალ ცისფერ შუქს შერეოდა, საფეხურებს მოდებულ ნაცრისფერ ფერფლს ოდნავი იისფერი ედო.

თვალები დაახამხამა ნარამ, აიხედა.

თვალები ასწვა ქარმა. პირქუში ნაცრისფერი იყო ცა, მათ თავზე წამომართული ცათამბჯენების მოცისფრო მინების ფონზე კი ციბრუტივით ატრიალებდა ქარი რუხ ფანტელებს.

ფერფლი თოვდა მიწაზე და კვამლის სურნელით გაჯერებულიყო შემოგარენი. რუხი სუდარა ეფარა ქუჩას, რომელსაც საიდანღაც, ქუჩის კუთხიდან მომავალი მბჟუტავი ცისფერი სინათლე მოსდებოდა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა გარშემო, მაგრამ მიწას ათრთოლებდა გუგუნი, რომელიც ალბათ ბინგემიდან მოდიოდა.

‘მაღარო იწვის.’ უთხრა სორენმა. ‘არა მგონია ოდესმე ჩაქრეს.

არ უპასუხა ნარამ. მუხლები უთრთოდა და მძიმედ ეყრდნობოდა სორენს, მის ტანსაცმელზე ჩაბღაუჭებული. სახეზე წამოაცხელა, მაგრამ დასუსხული თითები ეწვოდა.

მერე კი გამაყრუებელმა გრიალმა შეარხია ჰაერი. ათრთოლდა მიწა და კანკალმა აიტანა შენობები, გრიალის ექოს დამსხვრეული მინის წკრიალი გაერია. მტვრის ბუქი ავარდა ცაში, ფერფლის წვიმას შეერია.

გალავნის მხრიდან მოდიოდა ხმა.

და უფრო გაძლიერდა რუზრუზი, გულისგამგმირავი კივილი მოიყოლა თან ქარმა.

ზრეასა და ლერვიქენს შორის კედლის ჩამოღება უნდათ.’ თქვა სორენმა. ‘რამდენიმე დღეა უკვე ცდილობენ. ულსტერმა რამდენჯერმე დაარბია და დახვრიტა ხალხი, მაგრამ ამაოდ. არ ეპუებიან.’

‘არ გაჩერდებიან.’ თქვა ნარამ. ‘ჰელმარი არ აპირებს უკან დაიხიოს.’

‘ვეღარც დაიხევს.’ მიუგო სორენმა. ‘გვიანია უკვე. გაიგეს ვინაა. იპოვიან.’

‘საიდან იცი?’

‘ულსტერს ვერასოდეს დაემალები.’

უსიამოვნოდ გასწიწკნა მკერდში ნარას, მაგრამ არაფერი უთქვამს. სორენი სიმართლეს ამბობდა.

‘წავედით.’ უთხრა სორენმა და ქუჩის მეორე მხრისაკენ გაათრია, აფეთქების შედეგად ცაში დაკლაკნილი მტვრის სვეტის მოპირდაპირე მხარეს.

გალავნის მიმართულებით.

ჩამობნელდა. ალაგ-ალაგ ჩამოწყვეტილი სადენები ტკარცალით ისვრიდნენ ნაპერწკლებს აქეთ-იქით, გადატრიალებულ და ახრჩოლებულ ნაგვის ბუნკერებს წამიერ ნარინჯისფერ სინათლეს ჰფენდნენ. მოწოლილი მზაკვარი ღამის ქუში ადგა ქუჩას, კვამლისა და საშინელი წინათგრძნობის სურნელი ასდიოდა.

ხელი უშვა სორენმა, რომ ბნელი შუკიდან მოტოციკლეტი გამოეთრია და კედელს მიეყუდა ნარა. უხეში იყო დაფერფლილი პოსტერების ნაგლეჯები მის გათოშილ თითებქვეშ.

ნაცნობი იყო ძრავის თრთოლა მის ფეხქვეშ, ჩაფხუტის სიმძიმე.

სორენის სითბო მის თითებში.

საკუთარ სხეულში გამლხვალი სუსხი.

და შორს, შორს, დახლეჩილი ღრუბლების მიღმა გაიას ვარსკვლავის ოდნავი ციალი.

ნელ-ნელა წამოიმართა აწეწილ ღრუბლებზე გალავნის პირქუში, ტლანქი რელიეფი, მხრები გადაშალა, ზემოდან გოროზად დახედა მათ. მიქროდნენ ქუჩებში და მხოლოდ მდუმარე ცათამბჯენები, გაიას ვარსკვლავი და მოახლოებული გალავანი ავსებდნენ ღამის სიცარიელეს.

მოუნელა მოტოციკლეტმა. ჩანავლდა ძრავის გუგუნი და ჩაფხუტის ჩახუთული ჰაერი წამსვე წაჰგლიჯა ნარას ნიავმა, ზღვის მლაშე სურნელი რომ უდიოდა.

ღრმად შეისუნთქა ნარამ. შორს, შორს ტალღები ეხეთქებოდნენ ერთმანეთს და წარმოიდგინა, თუ როგორ მოელამუნა სხეულზე ყინულოვანი წყალი, გადარეცხა თითქოს სორენის სითბო, მისი ცეცხლისა და კვამლის სურნელი.

რბილი იყო მის ფეხქვეშ მიწა, ალაგ-ალაგ ატალახებულიყო კიდეც, და უკნიდან მომავალ ცისფერ სინათლეზე ბზინავდა. ალბათ ზღვის წყალს გამოეჟონა აქაც, როგორც მაღაროს სიღრმეებამდე გამოეღრუტნა ზღვის ფსკერი და წამიერად წარმოუდგა თვალწინ ნარას, თუ როგორ გამოარღვევდა საბოლოოდ იმ მყიფე, დალუქულ გვირაბებს წყალი, გამოხეთქავდა იგაზან-ლაში და გადაუვლიდა შენობებს, გამოამტვრევდა მინებს, ყველა კვამლითა და ცეცხლით აღსავსე კუთხე-კუნჭულს ამოავსებდა, სანამ მხოლოდ ყინულოვანი წყალი სუფევდა გარშემო, წყალი და ტალღების ნაზი ხმაური, იმ მლაშე, ზღვის სურნელით.

თვალები გაახილა ნარამ. კვლავ წამოიმართა მიოს წინაშე ბუმბერაზი გალავანი, ისეთი მაღალი, რომ თავი უკან უნდა გადაეგდო, რომ მისი კიდე დაენახა, რომლის მიღმა რუხი ღრუბლები მიცურავდნენ მონაცრისფრო-მოლურჯო ცაზე.

გაიღრჭიალეს ბორბლებმა. გვერდით გაათრია მოტოციკლეტი სორენმა და ხმამაღალი რახუნით მიაგდო იქვე, ნაგვის ბუნკერის გვერდით, რომელიც ოდნავ ჩაფლულიყო ატალახებულ მიწაში.

ფეხი მოინაცვლა ნარამ. მუხლები უთრთოდა.

მოუახლოვდა სორენი. წელზე მკლავი მოხვია და მკერდზე მოებღაუჭა ნარა. ზღვის სიმლაშეს სისხლისა და კვამლის სიმწარის ელფერი დაემატა.

გალავნის მიმართულებით გააბიჯეს. მათ უკან, შენობებს შორის გასკდა რაღაც და წამსვე გაქრა ცისფერი სინათლე, მხოლოდ მოძალული ღამის სიბნელე შეატოვა ცივ ჰაერს. გალავნის ოღროჩოღრო რელიეფი, შენობებისა და ბუნკერების სილუეტი მუქ ლურჯად ღვიოდა ჩამოწოლილ სიბნელეში.

სორენი უსიტყვოდ მიიწევდა წინ, თითქოს ვერც ამჩნევდა გამეფებულ სიბნელეს.

ალბათ შიში უნდა ეგრძნო ნარას.  

‘სად მივდივართ?’ ჰკითხა მან.  

‘მალე ნახავ.’ უთხრა სორენმა.

ათიოდე წუთი იარეს.

ფეხები დამძიმებოდა და გაჰყინვოდა ნარას, მაგრამ გულმკერდში ნაზად ღუოდა სითბო. 

გალავანს შმორის, ზღვისა და ჟანგის სურნელი უდიოდა.

მერე კი ანაზდად შეჩერდა სორენი. დაიხარა, ხელი მოუფათურა ალაგ-ალაგ გალავნის ზედაპირს, ხელთათმანებმა უსიამოვნოდ გაიშხრიალეს დაჟანგულ ზედაპირზე.

მერე კი ჯიბიდან ამოაძვრინა რაღაც სორენმა. გაიჩხაკუნა მეტალმა და სინათლემ თვალი მოსჭრა ნარას, გალავნის მეტალის ფერდს მოეფინა.

აქეთ-იქით მიმოატრიალა ფარანი სორენმა. რაღაცას ეძებდა.

ათიოდე მეტრი გაიარეს.

მერე კი შედგა კაცი, ერთ წერტილს დააკვირდა დაჟინებით.

ჯერ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დალანდა ნარამ. ჩვეულებრივი, ლურსმნებით დაჭედებული ფირფიტა ჩანდა, კუთხეებში ჩაჟანგული, სხვა ფირფიტებზე გადამჯდარი. ქვემოთა მხარეს ტალახი ეცხო.

მერე კი შეამჩნია, რომ ერთი კიდე იყო გადმოღუნული.

იმ კიდეს სწვდა სორენი და მთელი ძალით გამოსწია.

კარივით გაიღო ფირფიტა. შიგნიდან აკანკალებულ სინათლეზე მილებსა და რკინაბეტონის შორის დერეფანი ჩანდა, რომელიც ორიოდე ნაბიჯის იქით კუნაპეტში შთანთქავდა შუქს.

უსიტყვოდ დააცქერდა დერეფანს ნარა.

რატომღაც არ უკვირდა.

მაგრამ მაინც მძლავრად უძგერდა გული, საფეთქლებში მოაწვა პულსი.

დერეფანში ჩააბიჯა სორენმა, მერე კი ხელი გამოუწოდა, შიგნით ჩაცურებაში დაეხმარა.

ფირფიტა დახურა მათ უკან კაცმა და ფარნის თეთრი შუქით განათებულ დერეფანს დაუყვნენ. კვლავ წელზე მოეხვია სორენს მისთვის მკლავი, მაგრად იჭერდა. 

იკლაკნებოდა დერეფანი, ისეთი დაბალი იყო, რომ წელში მოხრა უწევდა ორივეს. წვეთავდა წყალი და მარილის პატარა სტალაქტიტები ციმციმებდნენ ჭერზე. დერეფანში გამოკრული მეტალის ფირფიტები, მილები, ბოძები სველ ჟანგს დაეფარა.

ბევრჯერ გაუხვიეს. რამდენჯერმე დაიხურა მძიმე მეტალის კარი ზურგსუკან. უფრო მძაფრდებოდა მლაშე სურნელი და თითქოს ვრცელდებოდა ჟანგიც, უფრო და უფრო მეტ ზედაპირს ფარავდა, სანამ თითოეული კუთხე ჟანგისაგან შეხრულს არ დაემსგავსა. დაზნექილი, დამსკდარი რკინის ფირფიტები, წელში გაღუნული ბოძები და ჭერიდან ჩამოკონწიალებული მილები, წვეთ-წვეთობით რომ სდიოდათ პირიდან წყალი, კარგს არაფერს მოასწავებდა.

შიგნიდან ლპებოდა გალავანი.

ქვემოთ მიდიოდნენ თითქოს. სადღაც სიღრმეებში.

ქშინავდა ნარა, მუხლები უკანკალებდა. აეწვა ფეხის კუნთები, უფრო და უფრო მაგრად ებღაუჭებოდა სორენს, საკუთარ სიმძიმეს მას ანდობდა.

სორენი კი უდრტვინველად იჭერდა და მიათრევდა წინ.

მათი სუნთქვა თეთრ ქულებად ერეოდა ჟანგისა და ზღვის სურნელს.

და ბოლოს, როცა ალბათ მეხუთე თუ მეექვსე პაწაწინა კიბე ჩაიარეს, შედგა სორენი. თვალი გაუსწორა ნარამ მათ წინაშე აღმართულ, ათრთოლებულ სინათლეში გაღვრილ კარს, სქელი, რეზინივით ზოლი შემოჰყოლოდა ჩარჩოზე და საგულდაგულოდ დალუქული ჩანდა.

ძველებური სახელური ჰქონდა.

სახელური მთელი ძალით დაქაჩა სორენმა და გამოსწია. ნაკვთები მოეკრუნჩხა, აშკარა იყო რომ ძალიან მძიმე გახლდათ კარი.

მაგრამ გაიღო.

გაიღო მძიმედ, ანჯამების თრთოლით, ტლანქად. ისე ნელა, რომ წლები ჩაეტეოდნენ განვლილ წამებში.

გარეთ გაიჭრა სინათლე.

და წამსვე განიბნა, ღამის სუსხს შეერია.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ნარამ. დაპატარავდა კარის სილუეტი, ნელ-ნელა გადაუარა თითქოს თავზე, გაქრა. გაქრა მასზე მოხვეული კუნაპეტი, დამსკდარი მილები და ჟანგმოდებული კედლები.

შედგა.

კიდევ ორი ნაბიჯი და კარის სქელ ზღურბლს გადააბიჯებდა.

რომლის მიღმაც შიშველი, თვალმიუწვდომელ მანძილზე გადაჭიმული ბრტყელი მიწა მოჩანდა. არ იცოდა ნარამ, რას ელოდა, მაგრამ ამას არა. იცოდა, რომ გალავნის გარეთა კიდეზე იდგა, მაგრამ არსად ჩანდა წყალი, გამეტებით რომ ეხეთქებოდა რკინის კედელს. მქრქალი ლურჯი სინათლე მოსდებოდა შემოგარენს და ოდნავ ლაპლაპებდა სველი, ალაფებული მიწა.

სორენს ახედა, რომელიც დაჰყურებდა, უსიტყვოდ.

რატომ მოიყვანა აქ? უთხრა, მალე ნახავო. რა უნდა ენახა? შიშველი მიწა და სადღაც გადაკარგული ზღვა?

ხელები უკანკალებდა ნარას, გული გამალებით უბრაგუნებდა მკერდში, ყელში ამოუჯდა. მონაბერმა ქარმა დაცვარულ შუბლზე შემოჰკრა, გაპობილ ტუჩებზე მოელამუნა და ზღვის სიმლაშე შეატოვა ენის წვერზე.

‘ზღვა სადაა?’ იკითხა მან.

კარში გაიხედა სორენმა. ფარანი ჩაქრა და მას მიჰყვა მის თვალებში არეკლილი ცისფერი სინათლე. პაწაწინა წერტილებიღა დარჩა, მოწოლილი ღამის ჩრდილი მის ბნელ თვალებში, გაიას ვარსკვლავს რომ ჩამოჰგავდა.

‘მიქცევაა.’ თქვა მან. ‘უკან იწევს ზღვა რამდენიმე საათით. გამთენიისას მოქცევაა და უკან მობრუნდება.’

წარბები შეკრა ნარამ. რაღაც მსგავსი ახსოვდა საიდანღაც. წაეკითხა მგონი.

კვლავ გაიხედა კარში. წამიერად შეაშინა კიდეც გარეთ გაბიჯების აზრმა. მაშინაც კი, როცა გალავანზე იდგა, თითქმის იგივე ადგილას, როგორც ახლა, ასეთი რამ არ უგრძვნია. ალბათ იმიტომ რომ მაშინ მის ქვეშ გალავანი იდგა, უდრეკი და შეუვალი, რომელსაც მოწოლილი ზღვა ულოკავდა ფეხებს.

ახლა კი ზღურბლზე იდგა. იგაზან-ლასა და ყველაფერი დანარჩენის ზღურბლზე.

შეეძლო რამდენიმე ნაბიჯში იგაზან-ლა დაეტოვებინა.

ნუთუ მართლა აპირებდა სადმე წასვლას სორენი? იქნებ ნავი ან რამე ეგეთი ჰქონდა აქ და მის სანახავად მოიყვანა?

იქნებ მართლა მიდიოდნენ სადმე, შორს?

თითები მოეკრუნჩხა სორენის ქურთუკში ნარას. ნაბიჯი გადადგა და უსიტყვოდ მიჰყვა მას სორენი.

მის თავზე დაწოლილ დერეფნის სიბნელეს ცის კამარის უსასრულობა მოენაცვლა, მუქი ლურჯი და რუხი ღრუბლების ნაგლეჯებით დაფარული. გაიას ვარსკვლავი უფრო შესამჩნევად ღუოდა აქედან.

ნელა წავიდნენ. ლაფში ეფლობოდა ფეხები ნარას. უბერავდა სიო, ხან უკნიდან, თმას გაუწეწავდა, ხან კი ნაზად ელამუნებოდა სახეზე, ტალღების მოძრაობის ექოდ ქცეულიყო.

მოლაპლაპე, მოგრძო, მუქი მწვანე რაღაცები ეყარა ალაგ-ალაგ და რაც უფრო შორს შეტოპეს ამ ლაფში, მით უფრო ქვოვანი გახლდა გაშიშვლებული ფსკერი, სლიპინა ქვებზე ფეხი უსხლტებოდათ. ჯერ კენჭები იყო მხოლოდ, მერე კი ნელ-ნელა ქვები და ბოლოს მოზრდილი, ხასხასა ხავსით დაფარული ლოდები ამშვენებდა ატალახებულ მიწას.

რამდენიმეს ხელი შეავლო ნარამ. გათოშილი ჰქონდა ხელები, მაგრამ მაინც გრძნობდა, თუ როგორი ხეშეში იყო ხავსი მის თითებქვეშ, ლოდის დახორკლილ ზედაპირზე ამობიბინებული.

ქოთანში ამოზრდილი მწვანე ყლორტი წარმოუდგა თვალწინ, რომელიც საბოლოოდ გამომხმარ, ყოველგვარი იმედისაგან დაცლილ სიკვდილად იქცა.

ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. ბუნება მის ხელს არ საჭიროებდა.

და საერთოდაც, მისი – ადამიანების ხელი ვნებდა მხოლოდ. აი აქ, ამ მომგუდველ წყალში, მარილსა და ყინულში, ქვის ბერწ სხეულზე აღმოცენებულიყო სიმწვანე, რომლის გამოზრდაც რუდუნებით ცდილობდა რამდენიმე წლის მანძილზე.

აქ სიცოცხლე მეფობდა, მის უკან კი ქვის, ცეცხლისა და ძალადობის ნაზავი იდგა, რომელიც სულს ღაფავდა.

კვლავ ზემოთ აიხედა ნარამ. მისი აჩქარებული სუნთქვის თეთრი ქულები მალ-მალე იცრიცებოდნენ ღამეში.

წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი ხანი იარეს.

არ იცოდა, სად მიდიოდნენ, მაგრამ უკან არ მოუხედავს. სორენი ხმას არ იღებდა.

გარშემო კი არაფერი ჩანდა, ხავსმოდებული ქვების გარდა. გამაგრებულიყვნენ კენჭებსა და სილაში და მათ ზედ შეჰყურებდნენ თითქოს, თვალს ადევნებდნენ. შორს, ჰორიზონტზე ბუნდოვნად ჩანდა მოძრავი წყლის ციმციმი.

არსად იყო ნავი.

შეჩერდნენ ბოლოს. ქურთუკი შემოიძრო სორენმა, გრძელმკლავიანი შავი მაისურის ამარა დარჩა. მის გამოჩრილ ლავიწის ძვლებს მიადევნა ნარამ მზერა, როცა კაცმა ქურთუკი ლოდზე შემოფინა.

ისევ ბრგე იყო სორენი, მაგრამ დროს ხორცი შემოეთალა მისთვის.

ქურთუკზე მოთავსდნენ. ხავსის მწვანე ყლორტები გვერდზე გადაწოლილნი, დაჭყლეტილნი დარჩნენ ნარას თითებქვეშ, როცა მათ დაებჯინა.

ხელი დამდუღრულივით გასწია უკან ქალმა, მაგრად მომუშტა, უსიამოვნოდ აუფუთფუთდა მკერდში ყველაფერი.

უკიდეგანო იყო გარშემო გადაშლილი მოკენჭილი სილა, თვალუწვდენელ ჰორიზონტზე ზღვის ციმციმი და ვეებერთელა ცის კამარა, გუმბათად რომ გამოჰყურებდათ ზემოდან. და ანაზდად ძალიან, ძალიან პატარად იგრძნო თავი ნარამ, თითქოს შეიკუმშა, წერტილად იქცა, აღარაფერს წარმოადგენდა. ცივმა შიშმა საკუთარი უმნიშვნელობისადმი დაუარა ხერხემალში.

მაგრამ ხომ არ ჯობდა უმნიშვნელო ყოფილიყო? პაწაწინა ნაწილაკი, იგაზან-ლას კედლების მიღმა გამეფებულ უკიდეგანობაში მოფარფატე, ვიდრე ცეცხლის ქალი იგაზან-ლას კედლებში, რომელსაც ხელები ნაცარსა და სისხლში ჰქონდა გასვრილი.

გაიწია, თითქოს საკუთარ უმნიშვნელობასა და ამასთანავე მნიშვნელობას გაერიდა, სორენს მიეკრა გვერდში.

მკლავი მოხვია კაცმა. მის გულისცემას გრძნობდა მხარზე ნარა და თითქოს დაბრუნდა საკუთარ სხეულში, გაუარა კანკალმა.

ღრმა სუნთქვის ხმა ჩაესმა ნარას. ვეღარც გაეგო, საკუთარი სუნთქვის ხმა იყო თუ სორენის. უკნიდან მომავალმა ყრუ ბათქმა წამიერად გახეთქა გაყინული ჰაერი.

მაჯა გადმოატრიალა სორენმა. მქრქალ ცისფერ სინათლეს ელოდა ნარა, მაგრამ ამაოდ. სორენის მაჯაზე ბნელ ლაქად მოჩანდა ჩამქრალი ციფერბლატი.

-შენიც გატყდა? – ჰკითხა ნარამ. ხმა ჩახლეჩოდა, ძლივს მოატრიალა გამომშრალი ენა.

-არა. – დაიჩურჩულა სორენმა, თითქოს, არ უნდოდა გარშემო გამეფებული სიჩუმე დაერღვია. სუსტი ხმა ჰქონდა, აშკარად კარგა ხნის მანძილზე არ გამოეყენებინა. – შორს ვართ და აქ არ მუშაობს მგონი.

თვალები დაახამხამა ნარამ. არც კი ეფიქრა აქამდე იმაზე, რომ ციფერბლატს შეეძლო არ ემუშავა იგაზან-ლას გარეთ.

ცოტა ხანი დუმდა.

-აქ პირველად ხარ? – ჰკითხა ბოლოს. 

-კი.

-არ ვიცოდი, რომ გალავანში გვირაბი იყო.

-ბევრმა არც იცის. – თქვა სორენმა. – გალავნის აშენებისას დაუტანებიათ გვირაბები, ასამდე მაინც იქნება მთელ იგაზან-ლაში. ყველა ჰერმეტულად დახურულია.

არაფერი უპასუხა ნარამ. ზღვის ციმციმს გაჰყურებდა.

ისე შორს იყო ზღვა, ისე შორს. თითქოს არც არასოდეს ყოფილიყო აქ, ამ ლოდებზე, გალავნის კიდეზე მობჯენილი, დაღებული ხახით.

რა საჭირო იყო გვირაბები? გალავნის მიღმა არაფერი არსებობდა.

ანდა არ უნდა არსებულიყო.

რა საჭირო იყო გარეთ გასასვლელი გვირაბი, თუ გალავანი მხოლოდ ზღვისაგან დაცვას ემსახურებოდა?

-აქ რაღაც იყო, არა? – დაიჩურჩულა ნარამ. – გარეთ გასვლა უნდა შეგვძლებოდა. მარტო ზღვა არ იყო.

-ალბათ. – თქვა სორენმა. – გზები იქნებოდა.

-გზები. – გაიმეორა ნარამ. წარმოიდგინა, ამ სილას, ხავსსა და კენჭებს ქვეშ ჩამარხული ბეტონის ფილები, რომლებთაც სადღაც, შორს, სხვა უცხო ადგილას შეეძლოთ წაეყვანა.

და მყისიერად დაუარა სიმწარემ, მკერდზე ცეცხლი მოეკიდა. სამყაროს უკიდეგანოების მოწმე იყო ამ შიშველი ცის ქვეშ, მაგრამ თითქოს ახლა გაიაზრა, რამდენად პატარა იყო იგაზან-ლა. ეს ორმოცმილიონიანი, უზარმაზარი დასახლება, რომელიც ამოდენა სიცოცხლეს, მათ შორის საკუთარს, იტევდა, აღარ წარმოადგენდა ყველაფერს. ერთი წერტილი იყო მხოლოდ, ქსელის ნაწილი, რომელიც რატომღაც მოსწყვეტოდა დანარჩენ სამყაროს.

-მერე კი ზღვა მოვიდა. – ჩაილაპარაკა მან. – და მარტო დავრჩით.

-ზღვის დონემ აიწია ალბათ. – სორენი კვლავ ჩურჩულებდა. – დიდი ხანი იქნება რაც გალავნის გარეთ აღარაფერი ყოფილა.

მწველი ინტერესი მოაწვა ნარას. რა იყო ადრე ამ ყველაფრის მიღმა? ადრეული შენობების ნაწილს ხომ არ წარმოადგენდნენ აქ მიმოფანტული ლოდები?

კვლავ გადაუსვა ქვას თითები. ხელი უთრთოდა. გადაუსვა და ეცადა წარმოედგინა აქ რიყის ქვით მოპირკეთებულ გზა, მის ნაპირზე მიმოფენილ შენობებთან ერთად, რომელიც გალავნის მიღმა მიიკლაკნებოდა, სადღაც შორს.

ვერ წარმოიდგინა.

-რატომ გვატყუებენ? – იკითხა ბოლოს.

-იმიტომ რომ ასე უფრო მარტივია. – თქვა სორენმა.

-რა?

-კონტროლი.

-ალბათ. – თქვა ნარამ, მერე კი მიმოიხედა, გახედა ზღვის მოკენჭილ ფსკერს, მქრქალ სინათლეზე მოლაპლაპე ქვებს და ცის კამარაზე გაწოლილ დახლეჩილ ღრუბლებს. – თუ იცოდი რომ ეს გვირაბი არსებობდა, რატომ არ გამოსულხარ?

სორენმა არ უპასუხა. ახედა ნარამ და გაიას ვარსკვლავის შუქის მოკიაფე ანარეკლი მოციალე წერტილად ესვენა კაცის ბნელ თვალებში. მზერა ზემოთ მიემართა სორენს, რაღაც უხილავს შეჰყურებდა თითქოს.

-მეშინოდა. – თქვა უცებ სორენმა.

-რისი? ზღვის?

-არა. სიცარიელის. – სახე მოისრისა კაცმა, ისე ჩუმად ლაპარაკობდა, ისე გაუბედავად, რომ უნდა დაძაბულიყო ნარა რამის გასაგონად. – აქ რა უნდა ყოფილიყო? რა უნდა დამენახა? ისედაც, გალავანზე რამდენჯერაც არ ავსულიყავი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. იმ სიცარიელის ნაწილი მინდოდა ვყოფილიყავი. 

სორენი დადუმდა. ძალიან სწრაფად უცემდა გული.

ნარას არ უპასუხია. სუნთქვა აუჩქარდა.

-პირველად რომ ავედით გალავანზე, ზღვას რომ უყურებდი… სულ სხვა რაღაც დაინახე. რაღაც ახალი, უცხო. ის ცარიელი, ნულოვანი სივრცე შენთვის სავსე იყო, ისეთი რამით, რასაც მე ვერ ვხედავდი.

-მტკიცებულება დავინახე. – თქვა ნარამ. ღიმილმა შეუკრთო ნაკვთები, დახეთქილი ტუჩის კუთხეები აეწვა. – რომ გალავნით არ სრულდებოდა ყველაფერი. და ძალიან ლამაზი იყო.

სორენი დუმდა. მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა.

– შენ რომ სილამაზე დაინახე იმ სიცარიელეში, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა არსებულიყო სადმე. – წაიდუდუნა ბოლოს. – ეს წყეული იგაზან-ლა ვერ იქნებოდა ყველაფერი. როდის გვეუბნებოდნენ აქ სიმართლეს? რატომ უნდა ეთქვათ? არაფერში გვჭირდებოდა ამ ყველაფრის ცოდნა. ახლა კი კვირებია მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მინდა აქედან წავიდე. წავიდე სადმე, შორს, უკანმოუხედავად.

ნაკვთები შეუთრთოლდა ნარას. ფეხები აიკეცა, და მთელი სხეულით მიტრიალდა სორენისაკენ, მაგრად მიეკრო. ორივე მკლავი მოხვია სორენმა და ნიკაპით დაეყრდნო თავზე.

გული ისევ გამალებით უცემდა.

არსად ჩანდა აქედან წასასვლელი. თვალსაწიერში არაფერი იყო, ლოდებისა და სილის გარდა.

და გაუჭირდა ანაზდად სილამაზის დანახვა ამ ყველაფერში ნარას. გაცრუებულ იმედებს შეჰყურებდა თითქოს.

წამიერად წარმოიდგინა, რომ ეახლებოდა ზღვა. ნელა მოცოცდებოდა წყალი, ფეხებზე მოელამუნებოდა, წელზე, გულმკერდზე და გააქროლებდა აქედან, შორს. ალბათ არ იქნებოდა წყალი ისეთი სიკვდილივით ცივი და დაუნდობელი, როგორც იმ გამოქვაბულში გახლდათ. ნელა მოხვევდა მკლავებს და წაჰგლეჯდა სითბოს ბოლო წვეთამდე, სანამ წყლის ნაწილაკად არ იგრძნობდნენ თავს. მერე კი აღარ ექნებოდა მნიშვნელობა, ყინულოვანი იყო წყალი თუ არა. 

ყველაფერი შეგუებადი იყო. საკმარისი დრო და გულგრილობა სჭირდებოდა მხოლოდ.

-სად წახვიდოდი? – ჰკითხა ბოლოს.

სორენის ნიკაპი მის თავს მოსცილდა. ზემოთ აიხედა კაცმა. იყურებოდა შორს, შორს და მიხვდა ნარა, უთქმელად.

-არ ვიცი. არსად არ ჩანს წასასვლელი. – თქვა კაცმა. ხმა წაუვიდა, და ტკივილი იყო ამ ორ სიტყვაში, ტკივილი, რომელიც იგრძნო ნარამ, მის გონებაში ყოფნის გარეშე. იგრძნო და თვითონაც ასტკივდა გულმკერდი, მწარედ, ყელში რაღაც გაუკავდა, თვალები ეწვოდა.

ცივი ჰაერის ბრალი იყო.

და უცებ ძალიან მოუნდა ნარას, რომ ეს სურვილი წაერთმია სორენისათვის. სწვდომოდა მის გონებას და ეს ფუჭი, არაფრისმომტანი სურვილი წაეგლიჯა.

რა აზრი ჰქონდა ოცნებას, თუ ვერასოდეს აღსრულდებოდა? ნუთუ ღირდა ოცნების სიტკბო რეალობასთან შეჯახების ტკივილად?

 – პირველი არ ვარ, ვისაც ეს ნდომებია. – განაგრძო სორენმა. – რამდენი ეცადა აქედან გაქცევას. არავის არაფერი გამოუვიდა.

-არაფერიც არ გამოუვათ. – დაიჩურჩულა ნარამ. – ულსტერს ყველას სიკვდილი ურჩევნია დანებებას. ამიტომ სჯიან სამაგალითოდ ყველას, ვინც გულაამსა და იგაზან-ლას ღალატობს. ამიტომაც ჩნდება გულაამი მარტო მაშინ, როცა ვინმეს დახვრეტის დროა.

სორენი ხმას არ იღებდა. ისევ იყურებოდა სადღაც, უსასრულობაში.

-შენ? – ჰკითხა ბოლოს. 

-არ ვიცი. – თქვა ნარამ. – არ მიფიქრია. როგორ წარმოიდგენ იმას, რაც არ იცი? ის ვიცი, რაც მიცხოვრია და მორჩა. ორმოს ძირში რომ ხარ, ყელამდე ნაგავში, ორმოს მეტი რა უნდა დაინახო?

საკუთარი კორპუსის ძირში ყოფნისას მის თავზე წამომართული ნაგვის მთა წარმოუდგა თვალწინ, მის მიღმა მქრქალ ნარინჯისფრად დაფერილი ფანჯრები და ზემოთ, ზემოთ, კორპუსის მრგვალი თავის მიღმა გაიას ვარსკვლავის მბჟუტავი სინათლე.

აიხედა ნარამ. ნათელი წერტილი იყო ზემოთ გაიას ვარსკვლავი.

და შორიახლოს, მუქ ლურჯ კამარაზე, დაფლეთილი რუხი ღრუბლების მიღმა, თითქოს გაფითრდა ცის მომცრო ნაგლეჯი. 

გაკრთა ნარა, თვალები გაუშტერდა. იგრძნო, თუ როგორ დაიძაბა სორენი მის გვერდით.

უფრო გაფითრდა ცა, თითქოს მხოლოდ იქ, ცის იმ იზოლირებულ ნაწილში დაღვრილიყო გარიჟრაჟი.

თენდებოდა.

თვალები დაახამხამა ნარამ.

და ანაზდად, იმ ცისფერ ნაგლეჯში, ცის კამარაზე დალურჯებას რომ ჰგავდა, კაშკაშა სინათლე გამოჩნდა.

მერე კი მეორე.

მესამე.

მეხუთე, მეცხრე, მეთხუთმეტე…

კაშკაშა წერტილები ღრუბლების თავზე გამოიჭრნენ და მიჰყვნენ ცის კამარას, უკან გრძელ, ნათელ კუდებს ტოვებდნენ. ოდნავი ზუზუნი ჩაესმა ნარას და ათრთოლდა გარშემო ყველაფერი, კენჭები აკანკალდნენ, მიწა იძრა და სორენის გული გამალებით ცემდა მის მხართან.

მიჰქროდნენ ვარსკვლავები, თრთოდა მათ გარშემო ჰაერი, მათმა ნათებამ თვალი მოსჭრა ნარას და წამიერად ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში, სორენს მთელი ძალით ჩაეჭიდა.

რა ხდებოდა? წარმოდგენაც არ ჰქონდა აქამდე, ამდენი ვარსკვლავი ერთად თუ არსებობდა საერთოდ. ნუთუ მიწაზე ეცემოდნენ? ნუთუ მათკენ მოისწრაფვოდნენ?

მაგრამ ცის კამარაზე გაწოლილ უხილავ ბილიკებს გაჰყვნენ ვარსკვლავები, ნათელ ნაოჭებად გადაიჭიმნენ და გახეთქეს ღამისა და მუქი ღრუბლების საფარველი. ციმციმებდნენ მათი კუდები, მიჰქროდნენ შორს, შორს და მალე მთელი ცის კამარა დაფარა მოციმციმე ვარსკვლავის მტვერმა, ცვიოდნენ ზღვისაკენ, თითქოს მასში ჩახრჩობას ლამობდნენ. გარიჟრაჟს დაეღარა ცა და თითოეულ ბრწყინვალე წერტილს, ელვის სისწრაფით რომ მიჰქროდა ღრუბლებს შორის, თან მოჰქონდა ისეთი უძლეველი სილამაზე შეუცნობელისა, აქამდე რომ არასოდეს ენახა. ბევრად უფრო მკვეთრი ჩანდა ცა, ბევრად უფრო ნათელი, ვიდრე ოდესმე აქამდე, თითქოს ვარსკვლავებს შემოეგლიჯათ ის მტვრიანი ბურუსი, თავზე სულშემხუთავ საფარველად რომ აწვათ აქამდე.

ტუჩები აუთრთოლდა ნარას, საფეთქლები ეწვოდა.

ზემოთ მიემართა სორენს მზერა, სახეზე ვარსკვლავების ვერცხლისფერი შუქი მოჰფენოდა. ძალიან მკაფიო იყო თითოეული ნაწიბური, ცხოვრების მიერ მის კანზე ამოტვიფრული. ლოყები ჩაცვენოდა, ტუჩები დახეთქოდა და თხელ კანქვეშ გამოჩრილიყვნენ ყვრიმალები, მაგრამ ცოცხალი ჰქონდა მზერა, ვარსკვლავთა მტვერით აღსავსე, თითქოს თვით უსაზღვრო ცის კამარა იყო მისი თვალები და ათასობით გაიას ვარსკვლავი მიცურავდა მათში. შეჰყურებდა ნარა და მასში ხედავდა ყველაფერს და იმაზე უფრო მეტს, ვიდრე გალავანზე მდგომს ოკეანისა და მასზე გაწოლილ მზის შუქში დაენახა. შეჰყურებდა და მიხვდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად რომ აქამდე თითქოს მის გონებაში იჯდა, მის სიტყვებს უსმენდა და მისი თვალებიდან ხედავდა, ასე ახლოდან და ასე ღრმად არ დაენახა სორენი.

და ანთებულიყო ცის კამარა, თითოეული მოციმციმე წერტილი ფეთქავდა. ზუზუნებდა ჰაერი და ჯერ კიდევ კანკალებდნენ მათ ფეხქვეშ კენჭები. გავსებულიყო ცა და კანკალით შეისუნთქა ნარამ ვარსკვლავის მტვერით გაჯერებული ჰაერი, გაივსო, უკიდურესობამდე, ვეღარ ეტეოდა საკუთარ კანში, თითქოს მთელი მოციმციმე ცის კამარა ჩაიცალა მის სხეულში და მხოლოდ სორენის თბილი შეხება აკავებდა დედამიწაზე.

მიჰქროდნენ წუთები ვარსკვლავებივით, ზღვაში დაინთქნენ და გაილია დროც, აღარაფერს ნიშნავდა, სორენის გამოზომილი, აჩქარებული გულისცემისა და მის თვალებში ნელ-ნელა გაცრეცილი ნათელი წერტილების გარდა. იძალა მდუმარე ღამის უკიდეგანო სილურჯემ და ცივმა ქარმა, შეყლაპეს ვარსკვლავთა ნათელი კუდები, სანამ მხოლოდ ალაგ-ალაგ მიმოფანტული მოციმციმე მტვერი არ დარჩა მხოლოდ.

თვალები დახუჭა სორენმა და გაქრა ის უსასრულო სამყარო, მის მზერაში რომ აღბეჭდილიყო. გაქრა და თავი დახარა ნარამ, თვალს ვეღარ გაუსწორებდა.

-ეს რა იყო? – დაიჩურჩულა ბოლოს.

-ვარსკლავთცვენა. – თქვა სორენმა.

-ვარსკვლავთცვენა. – გაიმეორა ნარამ. – საიდან იცი?

-წავიკითხე. ცოტა ხნის წინ.

-რატომ ეცემიან?

-ნამდვილი ვარსკვლავები კი არ არიან. მიწის ნატეხებია, ასტეროიდები ქვიათ. მიფრინავენ კოსმოსში, მილიონობით წლები შეუძლიათ იფრინონ. რომელიმე პლანეტას ზედმეტად რომ უახლოვდებიან, ვარდებიან და ცეცხლი ეკიდებათ.

თვალები გაახილა ნარამ. ცის კამარაზე მიმოფანტულ ნათელ მტვერს გადაავლო თვალი, ნელ-ნელა რომ ინავლებოდა.

ალაგ-ალაგ გაფანტულ თეთრ ნაღვერდლებს ჰგავდა.

-კოსმოსი ერთი დიდი სიცარიელეა და მეტი არაფერი. – ჩაილაპარაკა ბოლოს. – ანუ ამ სიცარიელეში მიფრინავენ? დაუსრულებლად? სანამ რამე არ გადაეყრებათ გზაზე?

-ჰო.

-იცოდი, რომ ამას ვნახავდით დღეს?

-არა.

წამიერად დადუმდა ნარა.

-რომ ვარდებიან მაშინ ეკიდებათ ცეცხლი?

-ჰო.

-რა უცნაურია. – ნაკვთები აუთრთოლდა ნარას, ღიმილმა მწველი ტკივილი მოჰგვარა დახეთქილ ტუჩებში.

-რა?

-რომ ზუსტად განადგურებამდე არიან ასეთი ლამაზები.

სორენს ხმა არ გაუღია. მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა.

-რაღა მაინცდამაინც დღეს იყო ვარსკვლავთცვენა. – დაიჩურჩულა ნარამ.

-რა იცი. იქნებ ყოველდღიური ამბავია და უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ.

თვალები გაუფართოვდა ნარას. ღიმილი, ტუჩებს რომ უწვავდა, სახეზე შეეყინა.

-გავიგებთ სიმართლეს ოდესმე? – დაიჩურჩულა ბოლოს.

-ალბათ. – თქვა სორენმა. – ადრე მეგონა, რომ ჰელმარისნაირები მიაღწევდნენ სიმართლეს, ცეცხლისა და სისხლის ფასად. მაგრამ ვცდებოდი. მათნაირი გაქნილი და სასტიკი უნდა იყო. მუდმივად უნდა იტყუებოდე.

-მათნაირი როცა ხარ, ბევრად უფრო მარტივია მათ რიგებს შეუერთდე. – თქვა ნარამ. – რად გინდა ტანჯვის საფასურად მოპოვებული სიმართლე?

სორენს აღარაფერი უთქვამს.

გასივდა ღამე, ვარსკვლავებით დამტვერილი მოსასხამი შემოიძრო და გალურჯდა, წარბი შეკრა, პირქუშ გუმბათად გადმოეფარა გარშემო. და ანაზდად კვლავ იგრძნო ნარამ ლოყებზე მწველი, ყინულოვანი ქარი, რომელსაც თითქოს ცივი ღამე და ზღვის სურნელი მოჰქონდა, თან ციდან ხვეტდა ვარსკვლავთა მოლიცლიცე ნაპერწკლებს. მოვიდა ღამე და თან წაიყოლა ის უკიდეგანო სილამაზე, სულ რამდენიმე წუთის წინ ცის კამარაზე რომ მეფობდა.

მოტრიალდა ანაზდად სორენი. გაყინულ ლოყებზე მისი ხელების იგრძნო ნარამ, რასაც ცხელი შუბლის შეხება მოჰყვა საკუთარ შუბლზე.

გაჰყინვოდა სორენს ხელები. უხეში ჰქონდა თითები, ნაწიბურებით დაღარული და უსიამოვნო უნდა ყოფილიყო მისი შეხება გაყინულ კანზე.

მაგრამ არ იყო. და ვერც ვერასოდეს იქნებოდა.

მზერა დაებინდა. გაიდღლაბნენ მათ თავზე ღრუბლები და დახუჭა ნარამ.

და ისევ ცხელი დაღი იყო სორენის დახეთქილი ტუჩების შეხება საკუთარ ტუჩებზე, ლოყებსა და შუბლზე. ყვიმალებზე გადაუსვა ცერები სორენმა, მოსწმინდა ლოყებზე ჩამოღვრილი სისველე და თან თავისთან წაიღო თითქოს ზღვის ცივი სუნთქვა და ის ანაზდეული სევდა, რომელმაც მკერდი ერთიანად გამოუვსო. ქუთუთოებზე აკოცა კაცმა, ლოყებზე და ყბის ქვეშ, რაღაცას ჩურჩულებდა, მისთვის გაუგებარს და ამავდროულად უტკბესი იყო მისი ჩუმი ხმა.

და წამოყელყელავდა მასში რაღაც ვრცელი, როგორც ზღვის უკიდეგანო სიღრმე და აქამდე შეუცნობელი, როგორც ვარსკვლავთცვენის სილამაზე.

ნდომა.

უნდოდა, ყველაფერზე მეტად.

ასეთი სურვილი არასოდეს ეგრძნო, თითოეული მისი უჯრედი მოიცვა, სისხლში გაუჯდა, ძარღვები აეწვა. ჯერ მკერდზე მოებღაუჭა სორენს, მერე მხრებზე, ბოლოს კი ბეჭებზე მოხვია მკლავები და მთელი სხეულით აეკრო. გაჰყინვოდა ტუჩები, მაგრამ მაინც შეეხო სორენს, მის ცხელ, დახეთქილ ტუჩებს, მაგრად შეკრულ ყბებსა და ყვრიმალზე ამობურცულს ნაიარევს, კანქვეშ ამობურცულ ხის ფესვს რომ წააგავდა. ზურგზე მოხვია მკლავები სორენმა, მის ყელში ჩარგო სახე და მისი კანის შეხებისას იგრძნო ნარამ საკუთარი პულსი, უსწრაფესად ფეთქავდა.

უსიტყვოდ ეკვროდნენ ერთმანეთს, და მდუმარე იყო მათ თავზე მოლიცლიცე მტვრით სავსე ცის გუმბათი. მხოლოდ ქარი ზუზუნებდა სუსტად და მასში ჩახლართულიყო სორენის ტკბილი ჩურჩული.

მოეშვა ნარა, მოლიცლიცე ზღვად იქცა, ოღონდ ზღვის ყინულოვანი წყლის ნაცვლად სიცხე მოსდებოდა მის სისხლს. თითქოს გალხვა და ჩადნა სორენის სხეულში, მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა და მის სითბოს გრძნობდა.  

-მინდოდა მეტი დრო გვქონოდა. – ჩაილაპარაკა სორენმა. თვალები დაახამხამა ნარამ, რამდენიმე წამი დასჭირდა რომ გაეაზრებინა, საერთოდ რას ეუბნებოდა სორენი.

-რისთვის? – წაილუღლუღა ბოლოს.

-არ ვიცი. – თქვა სორენმა.

ცოტა ხანი არ უპასუხა ნარამ. სორენის მხრის მიღმა უდრეკად იდგა იგაზან-ლას გალავანი, რომლის მიღმა რამდენიმე რუხი კვამლის სვეტი მიიკლაკნებოდა ზეცისაკენ.

დახშული გუგუნი მოდიოდა იქედან.  

-გგონია მეტი დრო აღარ გვაქვს? – თქვა ნარამ.  

იცოდა, თუ რასაც ეტყოდა სორენი, მაგრამ მაინც ჰკითხა.

-არა. – თქვა კაცმა.

ლოყა მხარზე დაადო ნარამ, მისი სურნელი შეისუნთქა. თითქმის წაეგლიჯა ცივ, მლაშე ქარს ტანსაცმლიდან სისხლისა და კვამლის ელფერი. 

და რატომღაც გაუელვა თავში ნარას, რომ სორენის კანის სურნელი, ამ წამს ისეთი ხალასი იყო, ისეთი შეუცნობელი და უცხო, რომ ვარსკვლავთა სურნელი უნდა ყოფილიყო. ვარსკვლავების, დაგლეჯილი ღრუბლების, უძირო ცის.

როგორ შეიძლებოდა მეტი დრო არ ჰქონოდათ? როგორ შეიძლებოდა, როცა მის მკლავებში სორენი ასეთი ცოცხალი იყო, როცა ასეთი თბილი, ჩამოცვენილ ვარსკვლავთა სურნელი ასდიოდა?

-ახლა რა იქნება? – დაიჩურჩულა ბოლოს.

სორენს არ უპასუხია. თავი ოდნავ მოატრიალა, კვლავ შეეხო ყელზე ტუჩებით.

ისხდნენ, ერთმანეთზე აკრულნი.

-ჯერ არ მინდა დასრულდეს ეს ყველაფერი. – თქვა ნარამ. – მინდა უბრალოდ ვიყოთ.

არც ახლა უპასუხია სორენს. მაგრამ გახევდა ოდნავ თითქოს.

და სორენის სიჩუმიდან რაღაცნაირი შეგრძნება გადმოიღვარა, ნარას მოთენთილ სხეულში გალღვა, ნეტარებას, სურვილსა და ქანცგაწყვეტილებას შეერია.

საშინელი წინათგრძნობა, რომელმაც ცივ ჟრუანტელად აურბინა ხერხემალში.

ახედა ნარამ იგაზან-ლას უდრეკ გალავანსა და მის მიღმა აღმართულ რუხ კვამლის სვეტებს.

დაიგრგვინა გალავნის მიღმა და ნარინჯისფრად შეღება წამიერად ცის კამარა, რასაც მტვრის ბუღი მოჰყვა.

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ, სორენის მხარში ჩარგო თავი.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი ისხდნენ.

შორეულ გუგუნს წყლის დახშული შხაპუნის ხმა დაემატა.

-მოქცევაა. – თქვა უცებ სორენმა. – უნდა წავიდეთ.

უფრო მაგრად ჩაახვია მის ტანსაცმელში თითები ნარამ, კისერზე აუსვა ხელი, მის ნოტიო, ხეშეში თმა შეიგრძნო.

აჩქარებოდა სუნთქვა სორენს. მის ყელში პულსს გრძნობდა ნარა, როცა შუბლი მიაბჯინა კანზე.

უნდოდა ეთქვა, რომ დარჩენილიყვნენ აქ. თუ დრო ამოეწურათ, რაღა აზრი ჰქონდა სადმე წასვლას?

თვალები გაახილა ნარამ. მათ ქვეშ, კენჭებს შორის სილას მოძალული წყალი ირეკლავდა ცაზე შემორჩენილ ვარსკვლავის მტვერს.

და ანაზდად სიმშვიდე მოერია. სიმშვიდე, რომელმაც ყველანაირი შიში, დარდი და ჟრუანტელმომგვრელი წინათგრძნობა გადაწონა.

ამ ცის ქვეშ, მოლიცლიცე წყლით გარშემორტყმული, სორენის სითბოსა და ვარსკვლავების სურნელში უნდოდა გამოხვეული ყოფილიყო.

-დავრჩეთ. – დაიჩურჩულა მან. – რატომ უნდა წავიდეთ?

სორენი მძიმედ სუნთქავდა. ნაკვთები მოეგრიხა, უცნაურად დაჰყურებდა. უფრო გაძლიერდა იგაზან-ლადან მომავალი გუგუნი.

-ვერ დავრჩებით, ნარა. – თქვა ბოლოს კაცმა. ხმა გაუხეშებოდა და წელავდა სიტყვებს, თითქოს აძალებსო საკუთარ თავს. დასველებოდა თვალები და წამწამები. – უნდა წავიდეთ.

ნელა, ძლივს მოაშორა მკლავები ნარამ. წამსვე მოელამუნა კანზე ცივი, ზღვისფერი ჰაერი, გააჟრჟოლა. შეჰყურებდა სორენი, ჩაბნელებოდა თვალები და მისი სითბო ისე შორს ეჩვენა ნარას, როგორც არასდროს.

-რატომ? – დაიჩურჩულა მან.

-ჩვენ დრო აღარ დაგვრჩენია. – თქვა სორენმა. – მაგრამ შენ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო.

ნაკვთები შეუთრთოლდა ნარამ, სორენის თითოეული სიტყვა მუშტს ჰგავდა, მის გულმკერდში უხეშად შეჭრილს. თითოეული სუნთქვა სტკიოდა.

უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ყელში გაეხირა ხმა. ზღვაში ჩამხრჩვალ ვარსკვლავებს დაემგვანნენ მისი სიტყვები.  

-წავიდეთ. – გაიმეორა სორენმა, წამოიწია და ავტომატურად აჰყვა ნარა.

ჩექმები შხრიალით ჩაეფლნენ სილაში.

ქვას ქურთუკი ასტაცა სორენმა და გაფერთხა, მხრებზე მოხვია ნარას.

მერე კი ხელი ჩაჰკიდა და გალავნისაკენ გაემართა.

ფეხს ითრევდა ნარა. ჭყაპუნებდა წყალი მათ ფეხქვეშ, ნაბიჯს აუჩქარა ქარმა და კვამლის სურნელი შემოჰბერა მათ, უკან მოიტოვეს ზღვის სიმლაშე და ის ვარსკვლავთა სურნელი, რომელშიც სულ ახლახანს გამოხვეულიყო ნარა.

სორენის ზურგს შეჰყურებდა და უსასოო, საშინელმა სასოწარკვეთამ მოუჭირა მკერდში, სუნთქვა გაუძნელდა.

ტუჩები ისეთი ძალით მოიკვნიტა, რომ ცხელი მეტალის გემო იგრძნო ენაზე. მაგრად ჩაჰფრენოდა სორენის ხელს.

მიიწევდნენ წინ და მაღლდებოდა ნელ-ნელა გალავანი, უძირო ცის კამარას ფარავდა.

როცა კარს მიადგნენ, უკვე პაწაწინა ტალღები ელამუნებოდნენ ფეხებზე, დერეფანში წყალი გუბედ იდგა.

შიგნით შეაბიჯეს და მძიმე იყო დერეფანში გამეფებული სიბნელე, ისეთი მძიმე, რომ მხრებზე დააწვა კუზივით.

მძიმე ღრჭიალით მოიხურა მათ უკან კარი.

სულშემხუთავი იყო შმორისა და ჟანგის სურნელით აღსავსე დერეფნები.

ნელა მიაბიჯებდა სორენი და ასევე ნელ-ნელა კარგავდა მისი ხელი სითბოს.

თვალები ეწვოდა ნარას.

გაილივნენ დერეფნები. გაიღრჭიალა კარმა და ბევრად უფრო მკვეთრი გახდა კვამლის სუნი.

კვლავ ცხელ მეტალს გრძნობდა ენაზე ნარა.

აქამდე გაუგონარი, გულის გამაწვრილებელი, გაბმული წუილი ისმოდა შორიდან და ძლივს მიხვდა ნარა, რომ სირენა გაჰკიოდა. ჩამობნელებულიყო, აღარ მოჩანდა აქედან ვარსკვლავის მტვერი, ცის კამარა რუხ კვამლსა და ღამეს დაეფარა. შორს, ალაფებულ მოედანს მიღმა ბჟუტავდა სულთმობრძავი ცისფერი სინათლე.

შორიახლოს მიგდებული მოტოციკლი გამოძებნა სორენმა.

მის ზურგს აეკრო ნარა, მის ცივ ზურგს, სიკვდილის დაღი რომ ესვა ზედ.

ქაოსი, კვამლი და ცეცხლი იყო იგაზან-ლას ქუჩები.

ალიაქოთი ჩალღვა სორენის გონების სიჩუმეში.

‘არ აიხედო.’ უთხრა მან.

დაუჯერა ნარამ. არ აუხედავს. შუბლი სორენის მხრებს შორის ჩარგო არ დაუნახავს დალეწილი მინები, შენობებიდან გადმოკიდებული ცეცხლის ალები, მოტკაცუნე, დამწყდარი სადენები და ქუჩებში მიმოფენილი, ერთმანეთზე აკოკოლავებული გვამები, ნაგვის გორებად რომ ქცეულიყვნენ.

არ დაუნახავს აქეთ-იქით კივილით მორბენალი მაწანწალები, ქრონო-X-ს ბოლო დოზისათვის რომ დასდევდნენ ერთმანეთს.

არ დაუნახავს, თუ ჩაუჩეჩქვა შუა ქუჩაში წიხლით თავი ერთმა მეორეს, მერე კი ტანსაცმელი შემოაცალა.

არ დაუნახავს დანახშირებული გვამები, ოდნავადღა რომ შერჩენოდა ალაგ-ალაგ მოციალე ნაკვერჩხალივით ცეცხლის ალი.

არ დაუნახავს ქუჩაში ჩამოფშვნილი, დალეწილი ლიანდაგის ნაწილები.

მიქროდა მოტოციკლეტი, გასციებოდა მხრები სორენს და არ დაუნახავს ნარას, თუ როგორ არეკლილიყო მისი, ჰელმარისა და რამდენიმე სხვის სახეები ცათამბჯენთა გაჭვარტლულ მინებზე.

თვალები დაეხუჭა, თავი დაეხარა და სუნთქავდა უბრალოდ, სორენის ბეჭებში მის ვარსკვლავის სურნელს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. სულშემხუთავ კვამლს აევსო ჰაერი, სისხლის ელფერი დასდებოდა და ვეღარაფერი გადაფარავდა მას, ვერც იგაზან-ლას მოხვეული უკიდეგანო ზღვა და ვერც უძირო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.

მოუნელა სორენმა.

შეჩერდა მოტოციკლეტი.

‘მოვედით.’ თქვა კაცმა. 

და ანაზდად მისგან ისეთი სევდა იგრძნო ნარამ, რომ სუნთქვა შეეკრა.

განუზომელი, ყველაფრის მომცველი სევდა.

გული მოეწურა ნარას. თავი ასწია და მოტოციკლეტიდან გადაძვრა, ხელები უკანკალებდა.

ისეთი ცივი იყო სორენის სევდა, რომ ტანზე მონაბერი, ცეცხლის ნასუნთქითა და სისხლით აღსავსე ქარი ვერც კი შეიგრძნო.

იდგა, ისე უხერხულად და უადგილოდ, როგორც არასდროს.

ფეხვეშ ქვით მოკირწყლულ ფილაქანს ფერფლი, გამხმარი სისხლი და მინის ნამტვრევები მოჰფენოდა.

აიხედა ნარამ. სუნთქვა უკრთოდა.

ბინგემს მოედანს ზედ შემორჩენილი რამდენიმე მაწანწალაც კი შემაძრწუნებელი ყვირილით გაურბოდა, ბნელ გასასვლელებში დაინთქნენ. გვამებს მოეფინა მოედანი და ვეღარ ფარავდა გაცრეცილი ცისფერი სინათლე ფილაქანზე დაღვრილი სისხლისა და ცეცხლის სიწითლეს. ალები ლოკავდნენ კვარცხლბეკს, შეეჭვარტლათ შავი მარმარილო. გაფართოვებულიყო  უფრო ბზარი, დაეღო ხარბი ხახა, დაეხეთქა ქვა და მკლავი მოეწყვიტა ქალის ქანდაკებისათვის. კაცის ქანდაკებას სახე აღარ ჰქონდა, აშკარად აფეთქებას მოეგლიჯა. გარშემო ცათამბჯენთა ზედა სართულები ჩამოფშვნილიყვნენ, მათი თავწატეხილი, დეფორმირებული სხეულებიდან ზარმაცად მიიკლაკნებოდნენ ზემოთ მხრჩოლავი ცეცხლის ალები. ზეცა მრისხანე, მეწამულნარეულ ნაცრისფერს დაეფარა. 

და ჭვარტლის მიუხედავად ძალიან მკვეთრად ჩანდა რეჯინალდის გააფთრებული სახე მინებში. ნათელი ჰქონდა თვალები, მრისხანებით აღსავსე, ნაკვთები მოჭმუხნოდა. ხელში ჩაქუჩი ეჭირა, გიგანტური ჩანდა, ყოვლისშემძლე, დაუმარცხებელი.

გულმა რეჩხი უყო ნარას. მოეწურა ფილტვები, სუნთქვა შეეკრა.

რეჯინალდის ცარიელი თვალების ამოხრუკული ფოსოები და ძვლებიდან ჩამომდნარი ქონი წარმოუდგა თვალწინ.

რასაც სამარას მოშვებული გალურჯებული სახე და ცარიელი თვალები დაემატა.

ხალხის სულისშემძვრელი კივილი. აილას მრგვალი ლოყები და დახრუკული, ცეცხლმოკიდებული გვამები „ხრამის“ გარშემო.

როგორ შეიძლებოდა ასე მალე გამქრალიყო ის სიმშვიდე, უკიდეგანო და ყველაფრისმომცველი?

ნელ-ნელა ხვდებოდა ნარა, რომ ბევრად უფრო ხანმოკლე იყო ყველაფერი, ვიდრე თვითონ ეგონა. მისი მონოტონური სამსახურიც, სიმშვიდეცა და სინანულიც მხოლოდ და მხოლოდ პაწაწინა ნაწილი იყო ამ ცხოვრებისა, უმნიშვნელო და წარსულში ჩაკარგული.

რეჯინალდის სახე გაქრა.

და ანაზდად ახალგაზრდა ქალის სახე გამოჩნდა. ღია ფერის თვალები, გაწეწილი თმა ჰქონდა, პირი მოეკუმა.

წამიერად ვერ მიხვდა.

მერე კი იცნო.

იცნო ჩაცვენილი თვალები, ნაიარევები და გამოჩრილი ყბის ძვლები.

მაღაროსთან იდგა. გარშემო ხალხი ირეოდა. ის დღე იყო აშკარად, მაღარო რომ ააფეთქეს. 

იგრძნო თუ როგორ ჩამოერეცხა სისხლი სახიდან. გააჟრჟოლა. შესცქეროდა, გაოგნებული.

’მაპატიე, ნარა.’ თქვა უცებ სორენმა. მისთვის ზურგი მოექცია.

მის მხრებზე გაუშტერდა მზერა ნარას, ჩამოწოლილი რუხი ბურუსი რომ მოხვეოდათ მოსასხამად. ცივმა ოფლმა დაასხა, გააკანკალა.

მოტრიალდა კაცი, მაგრამ ვეღარ ხედავდა ნარა, ვეღარ ხედავდა მის აქამდე ასე ნაცნობ, და ამავდროულად მყისიერად უცხოდ ქცეულ სახეს. მის მიღმა, კვარცხლბეკის ქვეშ ფურგონი იდგა, საიდანაც ულსტერის მებრძოლნი გადმოხტნენ.

სორენი რაღაცას ამბობდა, მაგრამ ვერ გაიგონა ნარამ. სამყარო მხოლოდ ხალხის კივილის, სირენისა და ცეცხლის ტკარცალის კაკაფონიად იქცა.

-…და იგაზან-ლას მოღალატეები, მშვიდობისა და წესრიგის დამრღვეველნი, ლერვიქენის დამანგრეველნი! მკვლელები, მოღალატეები! მოინანიეთ, მოღალატეებო! გამოდით ბინგემზე, ჩაბარდით ულსტერს და გულაამი, დიადი და კეთილშობილი, მოგიტევებთ! თუ არ მოინანიებთ, თუ არ დაყრით იარაღს, თუ პატიებას არ ითხოვთ, დაისჯებით!

მოძრაობდნენ სორენის ტუჩები, მოჭმუხნოდა სახე და მოიღუშა ნარა, იმასღა ფიქრობდა, თუ რატომ ჩანდა ასეთი ნაღვლიანი? რატომ აღბეჭდოდა ის შიში და სევდა, რომელიც აქამდე მხოლოდ მათ კავშირში ეგრძნო, მაინცდამაინც ახლა სახეზე?

ფეხები ქვებზე მიელურსმა. იდგა, ცივი გაოგნებითა და ისეთი გაცნობიერებით აღსავსე, ღრმა ძილიდან გამოფხიზლებას რომ ჰგავდა.

-მოინანიეთ! მოინანიეთ! მოინანიეთ!

ახლოვდებოდნენ ულსტერის მებრძოლნი, ისე ნელა და ისეთი თავდაჯერებულობით იყო მათი თითოეული ნაბიჯი აღსავსე, რომ აშკარა გახლდათ მათი მიზანი. ცეცხლის ქალის გამოჩენა არ გახლდათ მათთვის ახალი ამბავი. არსად ეჩქარებოდათ, რადგან იცოდნენ, რომ ვერსად გაიქცეოდა.

სორენი იდგა, მკლავები გვერდებზე ჩამოჰყროდა, ხელები მოემუშტა, მისი სახე მათ გარშემო გამეფებულ ალიაქოთში გალღვა, თვალები ამომხმარ შავ ფოსოებს დაემგვანნენ და ისეთ შემზარავ ხილვად იქცა, როგორც მათ წინაშე სულთმობრძავი იგაზან-ლა.

რა უფლება ჰქონდა სორენს, ასეთი სასოწარკველი გამომეტყველება ჰქონოდა? რა უფლება ჰქონდა?

რა უფლება ჰქონდა, როდესაც ულსტერს ჩააბარა თვითონ?

მზერა უცურავდა. სორენის შავი ფიგურა ულსტერის მებრძოლს დაემგვანა.

სუნთქვა ყელში გაეხირა ნარას.

გონებაზე სორენის მოწოლა იგრძნო, რაღაც უნდოდა ეთქვა კაცს, არა, სჭირდებოდა რაღაცის თქმა და ისეთი ძლიერი იყო, როგორც უძირო, პირქუში ზღვა, მაგრამ გაყინულ, უდრეკ გალავანად აღმართულიყო მის წინაშე ნარას გონება.

-დაისჯებით! დაისჯებით! დაისჯებით!

ბევრი რამ იცოდა სორენმა. ძალიან ბევრი რამ, რაც არ უნდა სცოდნოდა.

ჰელმარზე. იმ სამალავზე, სადაც წარსულს სუდარა ეხურა.

ლატარიაზე. მოღალატეებზე.

სიკვდილსა და ღმერთზე.

ძლიერი იყო.

გაწვრთნილი.

თავი ინსტინქტურად გადააქნია ნარამ. გაოგნებული ჩაჰყურებდა მის ფეხქვეშ ფილაქანზე სისხლის მომცრო ნაკადულს.

-ცეცხლის კაცი! ცეცხლის კაცი! ცეცხლის კაცი!

აქამდე როგორ ვერ მიხვდა?

უკან დაიხია. უფრო გაძლიერდა მის გარშემო საზარელი კაკაფონია, მის თავის ქალაში ზარად რეკდა.

კვარცხლბეკის მიღმა გამოვარდა მაწანწალათა გუნდი. რკინის კეტებმა შხუილით გააპეს ჰაერი და რუხი ბურუსი გაჰკვეთა ლულის ბზინვამ.

ეს როგორ შეძლო სორენმა? როგორ შეიძლებოდა აქ მოეყვანა, როცა სულ ცოტა ხნის წინ მის ვარსკვლავის სურნელს ისუნთქავდა ნარა?

გაფითრდნენ ვარსკვლავები, ზღვის უძირო უფსკრულში ჩაიძირნენ და თან წაიყოლეს სინათლე და ის გრილი, სასიამოვნო სურნელი, სულშემხუთავი კუნაპეტი დატოვეს უკან.

და იმ კუნაპეტის მიღმა გრძნობდა სორენს, მთელი ძალით რომ აწვებოდა, ეხეთქებოდა მისი გონების შეუვალ გალავანზე, ამაოდ.

იფეთქა. შეტორტმანდა ერთ-ერთი ულსტერის მებრძოლი, დაეცა.

-ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი!

მუხლები მოეკვეთა ნარას. წაიბორძიკა, გაიცრიცა მის გარშემო ყველაფერი, მხოლოდ საკუთარი სახე ედგა თვალწინ, მინებზე გამოსახული, მის გაფართოებულ ცისფერ თვალებში აღბეჭდილი შიში.

შიშს ვეღარც გრძნობდა. მხოლოდ ცივი განცვიფრება დარჩა, რომელმაც მთელი მისი სხეული მოიცვა, გააშეშა.

როგორ ვერ მიხვდა?

როგორ მისცა საკუთარ თავს უფლება, რომ ის ნდობა, რომელიც აქამდე მყიფე ეგონა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფრისმომცველი და წამლეკავი იყო, გასჩენოდა?

ცივი, საზარელი ზიზღის ტალღამ დაუარა. ხელები წებოვან სისხლში გაესვარა, ძლივს გაბობღდა უკან.

საკუთარი გულისცემისა და შაშხანების ჭექის მეტი აღარაფერი ესმოდა. ულსტერის მებრძოლნი უახლოვდებოდნენ, თავზე წამოადგნენ და წამიერად გამოიკვეთა მათ შორის სორენის სახე, ყოველგვარი ემოციისაგან დაცლილი, შაშხანას აწოდებდნენ. იდგა სორენი მის თავზე, ისე წამომართულიყო როგორც ციხედქცეული იგაზან-ლას გალავანი. უფსკრულს ჰგავდნენ მისი ბნელი თვალები, აღარ ციალებდა მათში გაიას ვარსკვლავი და ისღა გაიფიქრა ნარამ, თუ რისი თქმა უნდოდა, რატომ აწვებოდა მთელი ძალით მის გონებას, როცა ყოველგვარ საერთო გრძნობის, ნდობისა და სურვილის სიკვდილს წამოადგენდა მისი უემოციო, გოროზი სახე?

-ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი!

იჭექა კიდევ ერთხელ შაშხანამ. აუტანელი იყო კვამლისა და სისხლის სურნელი, ხროტინით რომ შედიოდა მის ამწვარ ფილტვებში, ამომწვარ, ფერფლით აღსავსე შავ ხვრელებს ჰგავდნენ სორენის ცივი თვალები და თავი გაატრიალა ნარამ, კანკალებდა,  სიცივე იგრძნო ცეცხლის ამონასუნთქით აღსავსე ქარისაგან ამწვარ ლოყებზე.

“წავიდეთ სადმე, შორს.”

მკლავში ხელი სტაცეს. ხრშიალი გაიღეს მის ქვეშ კენჭებმა, ღრიჭინებდა ჩექმების რეზინი სისხლით მოთხვრილ სიპ ქვებზე.

თვალები დახუჭა.

-ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი!

იჭექა, გრგვინვა ამოუშვეს გარშემო შენობებმა, მინები გამაყრუებელი ლაწანით დასკდნენ.

დასასრულს რომ ხმა ჰქონოდა ეს იქნებოდა. 

აუტანელი იყო სორენის მოწოლა მის გონებაზე, ვეღარ იტანდა, ვეღარ იტანდა, ვეღარ…

რაღაც ჩაიმსხვრა, ჩაილეწა.

და ყველაფერი გაქრა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

226, 239, 02:34.

პისტოლეტი დასწია სორენმა, მკლავი ისე ჩამოეკიდა გვერდზე, თითქოს ძაფები გადაუჭრესო. წელში გასწორდა, უსიტყვოდ დააცქერდა იატაკზე გათხლაშულ შუბლგახვრეტილ რევოლუციონერს.

სისხლის გუბე ნელ-ნელა მოიპარებოდა მისკენ და უკან დაიხია, პისტოლეტი კოჭზე შემოირტყა, შარვლით დაფარა.

ღრმად, გამოზომილად სუნთქავდა. სახეზე შეშხეფებული სისხლი სახელოთი მოიწმინდა და ნელა მიუახლოვდა ფანჯარას.

ჰელმარი დიდი ალბათობით უახლოესი საათის განმავლობაში მაინც ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ ჰქონდა ცოტა დრო, რომ აქედან წასულიყო.

და მერე? მერე რაღა იქნებოდა?

თვალები დახუჭა, გარედან მომავალი მკრთალი ცისფერი სინათლეც კი სწვავდა გუგებს.

უკვე შორეულ ექოს დამგვანებოდა ნარას შეხება. ნელ-ნელა იპარებოდა მისკენ აუტანელი ტკივილი, ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევდა, კბილებს ასობდა მის უჯრედებს და კბილების ღრჭიალით ესალმებოდა მას სორენი.

მერითის მიერ ორიოდე კვირის წინ კუნთში გაკეთებული ტკივილგამაყუჩებელი, ადრე რომ ერთი თვე მაინც ჰყოფნიდა, უკვე წინა კვირაში შენთქა მისმა ორგანიზმმა. არ ჰყოფნიდა. მეტს გაიკეთებდა, მაგრამ შეგანელებსო, მერითმა, ახლა კი საკუთარი გონებისა და სხეულის მოდუნებას ვერ დაუშვებდა.

ყოველგვარი დაგვიანებული რეაქცია სიკვდილის ტოლფასი იყო.

ციფერბლატს დახედა.

02:38.

ნარას უნდა მიეღწია თავშესაფარამდე. მერითი დაჰპირდა, რომ მიიყვანდა მშვიდობიანად.

გენერლებს ეგონათ რომ ცეცხლის ქალი მუჭში ჰყავდათ. იცოდა სორენმა, რომ უკვე რამდენიმე კვირა იყო, რაც კბილებს აკრაჭუნებდნენ, როცა ცეცხლის ქალის სახელი ხანძარივით მოედო მთელ ლერვიქენს და გულაამის მთავრობის მიღებული ყველანაირი ზომების მიუხედავად სხვა რაიონებშიც გაჟონა. ზრეაში, მარდუქსა და ჰოლმში უკვე მიტინგებზე გაჰყვიროდნენ ცეცხლის ქალზე, ჭორებმა ბედენსა და ქარქს-ნუიასაც კი მიაღწიეს, სადაც ძვირფას საკვებთან, ნარკოტიკებთან და მუსიკასთან ერთად მოართმევდნენ ელიტარულ საზოგადოებას ცხელ-ცხელ ამბებს ცეცხლის ქალის შესახებ, რომელმაც შეძლო პირაღმა ამოეტრიალებინა მთელი ძვლების რაიონი.

ძვლების რაიონი, სადაც იგაზან-ლას ურანის მარაგის მესამედს აწარმოებდნენ, არასოდეს სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. გამუდმებით უკმაყოფილო, ბუნტისთავი და თავზეხელაღებული პოტენციური მოღალატეებით გამოვსებულიყო ძვლების რაიონი.

აქამდე მათ ფუჭ პროტესტს უბრალოდ წაუყრუებდა ულსტერი.

ახლა კი ბევრი რამ შეცვლილიყო.

ნელა დაიწყო ყველაფერი.

ცეცხლის კაცის გამოჩენის მერე კი ძალიან სწრაფად განვითარდა. ორგანიზებული დაჯგუფებები კლუბებს, თავშესაფრებსა და კლინიკებს არბევდნენ, რასაც, ლერვიქენისა და ზრეას დივიზიების გენერლის აზრით, მხოლოდ ხელფასის მომატების მიზნით სჩადიოდნენ და მალევე აღმოფხვრიდა ამ ყველაფერს ულსტერი.

მაგრამ აშკარა და საფუძვლიანიც იყო მათი შფოთვა. იმის მიუხედავად, რომ იგაზან-ლას ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ საჭირო არ იყო ძვლების რაიონის ურანის მარაგი, ძვლების რაიონის რუკიდან მოკვეთა მაინც გვარიანად შეამცირებდა ბირთვული ენერგიის გამომუშავება, რაც თავიდან მარშალის თქმით, დაუშვებელი გახლდათ.

ამიტომ გადმოიყვანეს სხვა რაიონებიდან ულსტერის მებრძოლები.

რომელთა რიგებშიც სორენი მოხვდა.

წესით, უნდა გაეპროტესტებინა. ქარქს-ნუიაში გაწვრთნილ მებრძოლებს ულსტერის მაღალ რანგებზე ამწესებდნენ ანდა სპეციალურ ქვედანაყოფში აგზავნიდნენ, რომელიც ელიტის წარმომადგენლების დაცვას ემსახურებოდა.

მაგრამ იმ დროისათვის უკვე მოეგლიჯა წარსულს ყველანაირი სურვილი მისთვის.

სხვები უკეთესად იტანდნენ სასჯელსა და მისიებს.

დაუსრულებელ მისიებს, რომლის ბოლოშიც საკუთარ და სხვის სისხლში გასვროდა ხელები სორენს.

სისხლის სუნი და ის წებოვანი, საზიზღარი შეგრძნება მალე იქცა მუდმივად, ისე, რომ მისიიდან დაბრუნებულს, რაც არ უნდა კანის გადაყვლეფამდე ეხეხა სხეული მდუღარე წყალში, მაინც ვერ იშორებდა.

დაბადებიდანვე უჩიჩინებდნენ, რომ ეს მისი საქმე იყო. მაღალზნეობრივი, შეუფასებელი მოწოდება. სამსახური, რომელიც უკონკურენტო გახლდათ, რომელიც უზრუნველ ცხოვრებას სთავაზობდა.

მოღალატეები სასჯელს იმსახურებდნენ.

„მოღალატეები! მოღალატეები! მოღალატეები! მოინანიეთ და მოგიტევებთ!“

მიტევება კი ტყვია იყო შუბლში.

რა აზრი ჰქონდა სინანულს თუ მონანიებით არც არაფერი არ იცვლებოდა?

თავიდან ვერ მიხვდა, რა ემართებოდა. ყოყმანი, რომელიც მხოლოდ წამის მეასედი გრძელდებოდა. იმ აღტკინების ნაკლებობა, რომელსაც თანაგუნდელებში ხედავდა. მუდმივი სისხლის სუნი ხელებზე, თანდაყოლილი გულისრევით.

მერე კი უძილობა.

ანდა შფოთვით აღსავსე ძილი.

არ ახსოვდა, რა ესიზმრებოდა. მაგრამ საბანში გადახლართული და ოფლში გაღვრილი იღვიძებდა.

არც ახსოვდა, როგორ იძინებდა. თითქოსდა წამიერად იცრიცებოდა მისი ცნობიერება, მაგრამ მაინც ძილ-ღვიძილში გახერილიყო.

წელიწადნახევარი გაძლო ასე, სანამ ერთ-ერთ მისიაზე მიზანს ააცილა და გენერალმა ჯერ გვარიანად გამოლანძღა, მერე კი ისე შემოარტყა შაშხანის კონდახი, რომ ყვრიმალზე კანი გაუხეთქა.

ნოქსი, თუ გამოზომილი დოზებით მიიღებდა, უშფოთველ ძილს ჰგვრიდა.

ყველანაირი პროცესი, რაც ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო, ავტომატური გახდა.

ყველა დღე ერთი იყო. მხოლოდ მისი სამიზნეები იცვლებოდნენ. მისი სხეული ხორცის გროვად იქცა, რომელიც ბრძანებებს ასრულებდა.

მისიებს გარეთ იჯდა მარტო, თავის შიშველ ბინაში და ელოდა.

თვითონაც არ იცოდა, რას. ალბათ არაფერს.

მერე კი ის წყეული ლაქა გაუჩნდა ზურგზე. არსაიდან. მოულოდნელად.

და არასოდეს ეგრძნო ისეთი უმწეობა, როგორც იმ ცივ, თეთრად შეფეთქილ ოთახში, როცა ექიმის შეკრულმა წარბებმა და უსიამოვნოდ მოგრეხილმა ნაკვთებმა გამოუტანეს განაჩენი.

რაღა აზრი ჰქონდა რამეს? ეს ცხოვრება გარდან ჭამდა, დაავადება კი შიგნიდან. ვერც ერთს უმკლავდებოდა და ვერც მეორეს.

ამიტომ არაფერი უთქვამს, როცა ლერვიქენში გაამწესეს.

ქარქს-ნუიასგან გასხვავებით, აქ გალავანი იყო. და ზღვა, სულ ახლოს.

თავისუფალ დროს აღარ იჯდა თავის ბინაში. გალავანზე ადიოდა, კიდესთან სულ ახლოს, უსაფრთხოებისათვის დამონტაჟებული მოაჯირის მიღმა, ჩაჰყურებდა აქაფებულ, ნაცრისფერ ტალღებს და მოერეოდა აუტანელი სურვილი, რომ ფეხი დასხლტომოდა. დასხლტომოდა და შერეოდა იმ ქაფს, მასში ჩაკარგულიყო.

ცურვა იცოდა, მაგრამ წამსვე გააშეშებდა ყინულოვანი წყალი. მისი უნიფორმა, თუ სრულად აღჭურვილიც იყო, ისე დამძიმდებოდა, რომ ვერაფრით ამოათრევდა ზედაპირამდე საკუთარ თავს. გააღებდა პირს, რომ დაეყვირა და ეს ქმედება წაჰგლეჯდა ფილტვებში შემორჩენილ ჰაერს.

მერე კი აღარაფერი იქნებოდა. ის ნეტარებით აღსავსე სიცარიელე, რომელსაც ხელიდან ჰგლეჯდა ყოველი გამოღვიძება.

იქამდეც ჰქონოდა მსგავსი ფიქრები.

როცა მისიაზე იყო. ერთი ნაბიჯი და ტყვიის გზაზე შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. მოტიციკლზე ერთი მოულოდნელი მოსახვევი და ბეტონის კედელს შეენარცხებოდა. და როცა კლუბში მიდიოდა ნოქსის საყიდლად, ბრბოდან იქნებ ვინმე თავზეხელაღებული გამოჰყოლოდა უკან, რადგან მისი მზერა ანდა ხმის ტონი არ მოსვლოდა თვალში.

მაგრამ ზღვა ძალიან ახლოს იყო. ზღვა უტყუარი რამ გახლდათ.

ამიტომ იდგა და ფიქრობდა, რომ ფეხი დასხლტომოდა.

მერე კი ის საშინელი ტკივილი იგრძნო ბინგემის მოედანზე.

ჯერ ვერ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა. არასოდეს ეგრძნო ასეთი ტკივილი, ყველაზე საშინელ მისიებზეც კი. მაშინაც კი, როცა თხემით ტერფამდე

ბოლოს მიხვდა. რადგან იგრძნო, რომ მხოლოდ ცარიელ სიბნელეს არ დაესადგურებინა მის თავში.

თავიდანვე ხვდებოდა, რომ კავშირი მისი მხრიდან უფრო ძლიერი იყო. გრძნობდა ნარას. ინსტინქტურად იცოდა, თუ როგორ უნდა გაება მათ შორის ხიდი, როგორ დალაპარაკებოდა.

მას გრძნობდა, მის არსებობას, მის სიცოცხლით აღსავსე გონებას. ძალიან რომ დაჰკვირვებოდა, მის სუნთქვასაც და გულისცემასაც იგრძნობდა.

გადატრიალდა ყველაფერი. თითქოს ნაბიჯი უკან გადადგა ზღვამ, აქამდე მის ფეხებს რომ ელამუნებოდა.

მერე კი ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოჩნდნენ.

აქამდე ბრბოს ყვირილსა და მრისხანებით აღსავსე მუშტებს უმკლავდებოდა ულსტერი, მაგრამ ბომბები სულ სხვა რამ გახლდათ. ასეთი რამ მოღალატეთა მხრიდან არავის არასოდეს ენახა.

და ძალიან კარგად იცოდნენ, თუ ვისი დამსახურება იყო. იცოდნენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ერთი ქალი დაეჭირათ, რომელიც დაკეტილ მაღაზიებში პატარა ასაფეთქებლების დახმარებით იჭრებოდა და ძარცვავდა იქაურობას. ერთი-ორჯერ დაეფიქსირებინათ კამერებს.

ის, რომ საჭმელს იპარავდა, არავის აინტერესებდა.

დაიჭირეს. და ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი სორენმა, რადგან მის დივიზიას ებარა იმ ქალის დაჭერის დავალება.

ქალის ცისფერი თვალები მისი დაკავების ალიაქოთში იგაზან-ლას ცივ ცისფერ სინათლეს ჰგავდნენ თავიდან.

მერე კი ირისის ცენტრში, ცივ ცისფერში თითქმის ჩამარხული ყვითელი ხაზები დაინახა სორენმა.

იმ მზის ნაკუწებს ჰგავდნენ, ადრე რომ ენახა, ძალიან ადრე, იქამდე, სანამ დაღარავდნენ მის სხეულს ნაიარევები და სანამ თავშესაფრის ზღურბლზე მოიტოვებდა ფუჭ ოცნებებს.

იქამდე, სანამ დაივიწყებდა, თუ როგორი იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.

იქამდე, სანამ გალავნის კიდეზე გავიდოდა.

შეეხო იმ დღეს იმ უცხო ქალს, რომელსაც საკუთარ წარულში ჩამარხული მოკაშკაშე მზის ნაგლეჯებით აღვსოდა მზერა, და იგრძნო ის სითბო, ის სიმხურვალე, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა.

სულწყვილი.

გაუშვეს ნარა. ჯერ ვერ მიხვდა სორენი, თუ რატომ.

უბრალოდ ბრძანება გასცა გენერალმა, გაუშვითო. ვერავინ შეიტანდა ეჭვს გენერლების გადაწყვეტილების ლეგიტიმურობაში, განსაკუთრებით უბრალო, რიგითი მებრძოლნი, რაც არ უნდა წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო მათი საქციელი.

ნარას დაზვერვა დაავალეს სორენს.

და როცა ჰელმარის სახელი გავრცელდა რეჯინალდის სიკვდილის მერე და მას ცეცხლის ქალის შემართებისა და რევოლუციისათვის გაღებული წვლილის ამბავი დაერთო, ახალი ბრძანება არ გაუცია გენერალს. არ უთქვამს, ახლა დაიჭირეთო.

მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, მოთმინებაა საჭირო და მალე ცეცხლის ქალი მუხლებზე დაცემული მოითხოვსო პატიებას.

ამასობაში კი მთელ ძვლების რაიონსა და გარკვეულ დონეზე, იგაზან-ლასაც კი მოეყარა მუხლი ცეცხლის ქალის წინაშე.

ნეტავ რას იფიქრებდნენ, რომ გაეგოთ, რომ ულსტერის ძვლების რაიონის განაყოფის ერთ-ერთი დივიზიის მეთაურს უკვე დაეჩოქა ცეცხლის ქალის წინაშე? რას იფიქრებდნენ, რომ დაენახათ თუ როგორ გაეწვდინა ცეცხლმოკიდებული მაღაროს წინ, ლაფში ჩაკეცილ სორენს ცეცხლის ქალის მიმართულებით გაეშვირა მუდარით აღსავსე მკლავები, სანამ ქალი მის წინაშე ფეხზე იდგა?

გონებიდან არასოდეს ამოუვიდოდა სორენს ეს მოგონება. ნარას თვალები, ჩვეულებისამებრ გარიჟრაჟის გაცრეცილ, მონაცრისფრო ცას რომ ჰგავდნენ, დაღვენთილ ნაკვერცხლებად ქცეულიყვნენ და თითოეულ მის თმის ღერს, ჰაერში რომ ტკარცალებდა, ცეცხლი მოჰკიდებოდა.

და მიდიოდა კვირები.

რამდენიმე დივიზია უკან გაიწვიეს, იმის მიუხედავად რომ ბრბო და ატეხილი ალიაქოთი ყოველდღე იზრდებოდა.

მერეღა მიხვდა სორენი. სულაც არ აპირებდნენ ცეცხლის ქალი დაეჭირათ.

იმიტომ რომ ცეცხლის ქალს უნდა ეარსება.

იმიტომ რომ ცეცხლის ქალი რევოლუციას კვებავდა.

იმიტომ რომ ხალხის აღზევება გარდაუვალი იყო.

იმიტომ რომ უნდოდათ ასეთი მასშტაბური რევოლუციის მცდელობა.

იმიტომ რომ აქამდე არანაირ პროპაგანდასა და სასჯელს არ გამოეღო შედეგი, ხალხი მაინც გამოდიოდა. მაინც აპროტესტებდა. მაინც არ სჯერდებოდნენ იმას, რაც საარსებოდ უნდა ჰყოფნოდათ. მაინც დახარბებოდნენ მეტ ფულს, მათი წვდომის მიღმა დარჩენილ სიმართლესა და თავისუფლებას.

ბრბოს ყველანაირი მცდელობა მცდელობად დარჩებოდა. ძვლების რაიონი ვერასოდეს გაუმკლავდებოდა ულსტერსა და გულაამს. გულაამს უნდოდა, რომ თითქმის ეგემათ ძვლების რაიონის ბუნტისთავებს გამარჯვება, ისე ახლოს მისულიყვნენ მათ სასურველ, უაზრო ტრიუმფთან, რომლის მისღმა გაურკვეველი შედეგები იმალებოდა.

რადგან სწორედ მაშინ, სწორედ იმ მომენტში, როცა ხელის გაწვდენაზე იყო ნანატრი შედეგი, აპირებდნენ ამ ყველაფრის სასტიკად ჩახშობას.

რადგან სწორედ ეს დალეწავდა ხალხის შემართებას ერთხელ და სამუდამოდ.

ცეცხლის ქალი ამის კატალიზატორი იქნებოდა. იდუმალი ქალი, რომელმაც ლერვიქენის მაცხოვრებლებს ბრძოლის საშუალება გაუზიარა და სურვილი ჩაუნერგა, საბოლოოდ გულაამის სურვილებს ემსახურებოდა.

არაფერი უთქვამს სორენს. და არც აპირებდა ეთქვა.

რადგან ვერავინ ვერასოდეს გაიმარჯვებდა გულაამისა და ულსტერის წინააღმდეგ.

რამდენიმე ანგარიში ჩააბარა გენერალს. როცა დაკითხვაზე იჯდა თავისი ზედამხედველების წინაშე და ავტომატურად პასუხობდა კითხვებს, შორს წავიდოდა ხოლმე ფიქრებით, მისი გონების კუთხეში, რასაც ის ნაცნობი სუნთქვა და გულისცემა ეგულებოდა. ის თბილი არსებობა, რომელიც მუდამ იყო მის გვერდით.

“წავიდეთ სადმე, შორს.”

სად უნდა წასულიყვნენ? ძალიან გვიანი იყო უკვე. იგაზან-ლას დამპალ სუნთქვაში უქადდა ყველას გაგუდვა. იმ ელიტასაც კი, ქარქს-ნუიას ცათამბჯენების ზედა სართულებში, ფეშენებელურ პენტჰაუსებში რომ გამოჭიმულიყვნენ, ტყვიისაგან მხოლოდ ერთი არასწორი სიტყვა აშორებდათ.

ცეცხლსა და სისხლში ჩაიხრჩობოდნენ, აქ რომ დარჩენილიყვნენ. ლტოლვილობა არ არსებობდა იგაზან-ლაში, მათ მოღალატეები ერქვათ.

რა აზრი ჰქონდა გაქცევას?

ვეზუვი სამი კვირის წინ აღმოაჩინეს. მათი გუნდის ფარულმა აგენტებმა იმ სამალავში შეაღწიეს, სადაც ჰელმარს მთელი ქარხანა გაეხსნა. ორიოდე დღეში ზედმიწევნით იცოდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების სიმძლავრე და რაოდენობა, მათი წყლისა და საჭმლის მარაგი, მოხალისეთა რიცხვი და შემდგომი სამიზნეები.

“ხრამზე”, სადგურებზე და რამდენიმე დასახლებულ ბინაზე რამდენიმე დღით ადრე იცოდნენ.

გალავანი ორი კვირის წინ ჩაკეტეს. სორენის დივიზია ერთ-ერთი იყო, ვისაც პატრულირება ევალებოდა. უკვე დუჟინობით ჩაეცხრილათ გალავანთან აქედან გაპარვის მოსურნეები, მათი გვამები კედელთან გროვებად ეყარა, რომელთაც ჰელმარის დამქაშებმა ცეცხლი წაუკიდეს, რომ ახრჩოლებულ ხორცს ჰაერი მოეწამლა.

დიდხანს იწვოდა ადამიანის ხორცი და ქონი, სანამ ფერფლში გარეული გაჭვარტლული ძვლები არ დარჩებოდა მხოლოდ.

ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა ყველაფერი.

ვეზუვი უნდა დაერბიათ. ყველა მოღალატე ადგილზე უნდა ჩაეცხრილათ და ყველა წიგნი უნდა დამწვარიყო.

ვერასოდეს გაიგებდნენ, რომ გულისპირში პატარა წიგნი ჩაემალა თითქმის ყოველდღე სორენს, გაყვითლებული ფურცლებით, მოლურჯო, ვარსკვლავებით მოჭედილი ყდითა და ძალიან, ძალიან უბრალო სათაურით – “ასტრონომია”.

რადგან ადრე, სანამ ზღვა მოსწვდებოდა ფეხებამდე, ვარსკვლავები უყვარდა სორენს. რადგან ახლა, ამდენი ხნის მერე, მისი ცხოვრების მეორე უკიდურესობაში, კვლავ ესწავლა, თუ როგორი იყო ზემოთ აეხედა და ეოცნება.

იმის მიუხედავად, რომ ამ ოცნებას არასოდეს ექნებოდა ახდენის შანსი.

ახლა ნარა უსაფრთხოდ იქნებოდა. და მერე, როცა ვეზუვის განადგურებას მოინელებდა ღამე, წამოიყვანდა იქედან. წამოიყვანდა, რომ ისე შორს წაეყვანა, როგორც შეეძლო. გალავანის მიღმა, ამ წყეული, მომაკვდავი ურჩხულის ხახიდან შორს.

იქნებ ვარსკვლავებიც დაენახათ.

და ყველაფერი დასრულდებოდა.

წავიდოდნენ შორს, შორს, სანამა არ მოიქანცებოდნენ. და როცა ზღვა ფეხთან მოადგებოდათ, უკვე ძალიან გვიანი იქნებოდა უკან დაბრუნება. ყოველი შემთხვევისთვის კი თან ექნებოდა სორენს კოჭთან ჩამალული პისტოლეტი.

ნარას ზღვა უყვარდა. გალავანზე იდგა და ზღვაში ჩამალული სამუდამო ძილი ნაცვლად ლურჯ, მზემოფენილ სიცოცხლეს ხედავდა.

სიცოცხლეს იგაზან-ლას საპყრობილეს მიღმა.

თვალები დაახამხამა სორენმა. სუნთქვა აჩქარებოდა და უკვე გვარიანად მორეოდა მის ძვლებსა და კუნთებს ტკივილი, ძველი ნაცნობივით გამჯდარიყო თითოეულ ძარღვში. მინის მიღმა იწვოდა ძვლების რაიონი, ცეცხლის რუხი სუნთქვა სვეტებად შესდგომოდა ნაცრისფერ ცას.

ციფერბლატზე დაიხედა.

02:57.

მოტრიალდა. სისხლის გუბე ნელ-ნელა მოჰპარვოდა ფეხებთან.

კიდეზე იდგა. ერთი ნაბიჯიღა აკლდა.

გვამებს გადააბიჯა. ქურთუკში გაეხვია და ღია კარში გასრიალდა, ლერვიქენის ცეცხლისა და სისხლის სურნელით გაჯერებულ, დანისლულ ჰაერში დაინთქა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

სანათების ზუზუნი, აქამდე რომ შეეძლო მოეყრუებინა, ნელ-ნელა იბუდრებდა თავის ტვინში.

აუტანელი იყო ზუზუნი, განუწყვეტელი, ხან მინელდებოდა, მერე კი გაძლიერდებოდა კვლავ, ყველანაირი რიტმის გარეშე. ყურებზე ხელების აფარებაც კი არ შველოდა აღარაფერს, კედლებსა და იატაკში გამჯდარიყო ვიბრაცია.

თვალები გაახილა ნარამ. უძრავი იყო მის წინაშე აღმართული, რკინაბეტონის კედლებში ჩასმული რკინის კარი, მასში იატაკთან ახლოს დატანებული პაწაწინა ღრიჭო კი ჯიუტად ჩარაზული გახლდათ.

ყრუდ უფეთქავდა მარჯვენა მხარი, მკლავი და თითები უსიამოვნოდ უბჟუოდა.

თვალები ზემოთ აატრიალა. აუტანელი ზუზუნის მიუხედავად, ძლივს ბჟუტავდა სანათი. მქრქალი თეთრი სინათლე მოჰფენოდათ ოთხკუთხა ოთახის შიშველ კედლებს. ციოდა, მუხლები უფრო მაგრად აიხუტა მკერდზე ნარამ.

დრო აღარ არსებობდა. ანდა ისეთი დრო, საათებისა და დღეების განვლით, გათენებითა და დაღამებით რომ განისაზღვრებოდა აღარ არსებობდა. ამ პაწაწინა ოთახში იყო მხოლოდ ზუზუნი, რომელიც რატომღაც ძლიერდებოდა, როცა ძლივძლივობით ჩათვლემას მოახერხებდა და დროდადრო კარში დატანებული ღრიჭოს უსიამოვნო ღრჭიალი, როცა მორიგ სალაფავს შემოუგდებდნენ ოთახში.

და რა იყო საერთოდ დრო, სატანჯველის საზომის გარდა ამ წყეულ მიწაზე?

როცა გამოეღვიძა, იატაკზე ეგდო. მარჯვენა მხარი სასტიკად სტკიოდა, ალბათ მკლავით მიათრევდნენ. დასველებოდა მარცხნივ თეძოსთან ტანსაცმელი და როცა მწირ სინათლეს თვალი შეაჩვია, დალილავებულ კანზე მოზრდილი ჭრილობა გაარჩია, საიდანაც ნელა, მდორედ მოცოცავდა სისხლი.

ალბათ ცემეს გვარიანად სანამ აქ შემოაგდებდნენ.

ჯერ ვერ მიხვდა, თუ სად უნდა ყოფილიყო. მის მეხსიერებას სუდარა ეფარა თითქოს, ისევე როგორც წარსულს ზრეას იმ სამალავში. განსხვავება ის იყო, რომ ზედმეტად ახლოს იყვნენ მოგონებები, სულ ახლოს, მასზე მოფარებული სუდარა კი საკუთარი მყიფე თვით-კონტროლი გახლდათ.

ჯერ ვარსკვლავთცვენა გაახსენდა. გაახსენდა და თავისდაუნებურად შვებამ მოიცვა რადგან როგორ შეიძლებოდა ცუდად ყოფილიყო საქმე, როცა ასეთი აქამდე გაუგონარი სილამაზე იხილა?

მერე სორენის სითბო, მისი ვარსკვლავის სურნელი წამოუტივტივდა თავში და ვერც კი მოასწრო საშინელმა წინათგრძნობამ რომ მისი ფიქრები მოეცვა, რადგან ელვის სისწრაფით შემოიჭრნენ გონებაში გაოგნება, სინანული და სიმწარე, ფილტვებში გაუჯდა, სუნთქვა შეუკრა. ბინგემის მოედანი, აქეთ-იქით მიმოყრილი გვამები, ცეცხლის ალებში გახვეული ცათამბჯენთა ნარჩენები და შავი ფურგონი, საიდანაც ჩრდილებივით გამოიღვარდნენ ულსტერის მებრძოლთა სილუეტები. სორენის შავი ფიგურა, მის სახეზე ამომწვარ უფსკრულივით ბნელ ფოსოებს დამგვანებული თვალები და მისი გოროზი, ყოველგვარი ემოციებისაგან დაცლილი სახე, რაც არანაირად არ მიესადაგებოდა იმ ოკეანესავით აბობოქრებულ, თითქოს სასოწარკვეთით აღსავსე ძალას, რომლითაც ის ნარას გონებაში შემოჭრას ცდილობდა.

უნდა მიმხვდარიყო. სორენის აღნაგობა, ევგენიკის თვალსაჩინო მაგალითს რომ წარმოადგენდა, თვალშისაცემი იყო. ამას კი მისი ძალა, ცოდნა და არარეგულარული გრაფიკი ემატებოდა.

იქნებ მიხვდა კიდეც. იქნებ რაღაცას გრძნობდა, სადღაც, შიგნით.

მაგრამ არ უნდოდა რეალობისათვის თვალის გასწორება, რადგან ულსტერის მებრძოლნი უსახო, სასტიკი მკვლელები და გულაამის უკუღმართი მართლმსაჯულების აღმსრულებლები იყვნენ. ადამიანობის არაფერი ეცხოთ, შაშხანების დამიზნებისა და მოკვლის მეტი არ იცოდნენ და არც არასოდეს ეცოდინებოდათ.

ნუთუ ასეთი იყო სორენი?

და პირიქით, ნუთუ ის სასტიკი მკვლელები სორენის მსგავსად საკუთარი სამსახურის გარეთ სულ სხვანაირ ცხოვრებას ეწეოდნენ?

სორენი შეეზიზღა. შეეზიზღა მისი თვალები, რომელთაც დაეკარგათ გაიას ვარსკვლავის ციალი და წყვდიადით აღსავსე უფსკრულებად ქცეულიყვნენ, რომელშიც ჩაიმარხა ნარას საბოლოო, ძლივს აღმოცენებული იმედი.

სამარა წავიდა. რეჯინალდი მიჰყვა. მოკვდა მისი მცენარე, რევოლუციამ ჩაყლაპა მისი საცხოვრებელი, სამსახური, “ხრამი” გადაწვეს და მთელი ძვლების რაიონი ჩამოაქცია ჰელმარის ხელში მომწყვდეულმა, ნარას მიერ შეკოწიწებულმა სადენებისა და პლასტმასის გროვამ.

ყველაზე გასაკვირი ალბათ ის გახლდათ, რომ ეს სადენებისა და პლასტმასის გროვა მისთვის განსაკუთრებულ მიღწევას არ წარმოადგენდა. უბრალოდ დამხმარე ხელსაწყოდ ქცეულიყო, თუ სადმე შეპარვა უნდოდა. მეტს არაფერს ნიშნავდა და არც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო რამე მეტი.

ასე როგორ შეცდა? ბოლო ორი თვე საკუთარი შეცდომების მთელი რიგი იყო და მეტი არაფერი.

ვერ მიუხვდა სამარას ნაღველს.

რეჯინალდის შეჩერება ვერ შეძლო.

ჰელმარს გადასცა საკუთარი ცოდნა.

აილა იმ ოთახში ჩაკეტა. “ხრამიდან” ხალხი ვერ გამოიყვანა.

და სორენს ენდო.

და თავისთვის შეუმჩნევლად ისე გასივდა ეს ყველაფერი, ისე გადიდდა, ისე მოიცვა და დაასამარა მთელი მისი ცხოვრება, რომ თვითონაც ვერ გაიგო.

ახლა კი იჯდა აქ და უბრალოდ არსებობდა. ხანდახან გიჟივით ეცემოდა შემოგდებულ საჭმელს, მერე კი კვლავ არსებობდა უბრალოდ.

თავიდან სცადა დაეთვალა. დღეში ერთხელ აჭმევდნენ ალბათ.

შვიდამდე, თუ რვამდე დაითვალა.

მერე კი სათვალავი აერია. საჭმლისშორისი ინტერვალები ხან მცირდებოდნენ, ხან დაუსრულებლად იჭიმებოდნენ.

აღარ ითვლიდა. რადგან აზრი აღარ ჰქონდა.

რამდენჯერმე ჩაეძინა, მაგრამ მალევე აღვიძებდა ზუზუნი.

მზერა იგრძნო მასზე ნარამ.

გაიხედა. აილა იჯდა ოთახის კუთხეში.

მზერა მოარიდა ნარამ, გუნება წაუხდა. არც კი იცოდა, რამდენი ხნის წინ დაინახა აქ აილა, მაგრამ როცა დაინახა, გვარიანად დაფრთხა.

მერე კი, როცა აილა ჰაერში გაილია, მიხვდა რომ ეჩვენებოდა.

შეზარა საკუთარი გონების სისასტიკემ.

სამარაც დაინახა. რეჯინალდიც. ის კაცი იდგა მის წინაშე, შორიდან, იმ ნგრევადი ცათამბჯენის ფანჯარაში რომ დაინახა.

სორენი იჯდა აქამდე აილას ადგილას, მაგრამ კაცს არაფერი უთქვამს. არც თვითონ გასცა ხმა ნარამ.

დროდადრო გრძნობდა მას, სადღაც შორს, მის გონებაში აღმართული შეუვალი ბარიკადების, განვლილი დროისა და ღალატის მიერ მოგვრილი სიმწარის მიღმა.

არ აპირებდა ახლოს მოეშვა.

თვალების მიღმა უსიამოვნოდ უფეთქავდა, თითქოს საკუთარი არეული ფიქრები ეხლებოდნენ შიგნიდან საფეთქლებს.

-ვის არ მოსვლია შეცდომა. – თქვა აილამ.

მოუყრუა ნარამ. სახელდახელოდ შელესილ, დამსკდარ ჭერს ახედა.

ერთი ბზარი, ორი, სამი…

დახეთქილი შავი მარმარილო და ძვლებიდან ჩამომდნარი, დახრუკული სახე.  

ელვის სისწრაფით გაიხედა ნარამ, თვალები დახუჭა.

-ვის არ მოსვლია შეცდომა. – გაიმეორა აილამ. – გგონია ვინმე გჯობია შენ?

-მჯობია. – წაიბუტბუტა ნარამ.

-გჯობდეს. რა შუაში ხარ საერთოდ? რაღაც-რაღაცებზე არასწორი წარმოდგენა გაქვს. შენ როგორ უნდა გაგეგო, სამარა რას ფიქრობდა?

-უნდა გამეგო. რამე უნდა გამეკეთებინა.

-რეჯინალდიც უნდა ჩამოგეთრია იმ კვარცხლბეკიდან ხომ?

-უნდა ჩამომეთრია.

-ჰელმარისთვისაც არ უნდა მიგეცა ნახაზები ხომ?

-არ უნდა მიმეცა. – ამოღეჭა ნარამ.

შუქჩრდილშიც კი ძალიან ნათელი, ცისფერი თვალები ჰქონდა აილას.

-ყველაფერზე ვერ აიღებ პასუხისმგელობას, ძალიანაც რომ უნდა გინდოდეს. – თქვა აილამ. – რატომღაც გგონია, რომ შენი ჩარევით რამე შეიცვლებოდა. რომ სიტუაციის ცვლილების პასუხისმგებლობა მხოლოდ შენზეა. იცი მაგას რა ქვია? მედიდურობა.

-რა?

-სიამაყე, ამპარტავნება, ან რაც გინდა დაარქვი. ის, რასაც შენ საკუთარ უმოქმედობას აბრალებ, სინამდვილეში სხვათა ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების პირდაპირი შედეგია. შენი თავი ასეთი განსაკუთრებული რატომ გგონია? არავინ ხარ და არაფერს წარმოადგენ. შენ ვერაფერს აკეთებ და აქამდე არც არაფერი გაგიკეთებია, მოვლენები უბრალოდ ხდება შენს გარშემო, შენგან დამოუკიდებლად, ხანდახან ისე ხდება, რომ ამ მოვლენების ნაწილი შენც ხარ, გაიგე?

არ უპასუხა ნარამ.

-რა, გგონია ახლა სამარა ცოცხალი რომ ყოფილიყო უკეთ იქნებოდა? – ჩაეკითხა აილა. – იმიტომაა მკვდარი ახლა, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა. შენ ვინ ხარ, მისთვის რომ წაგერთმია არჩევნის უფლება? ანდა რეჯინალდი, გგონია შეძლებდა სამარას გარეშე ეარსება? ისე ეცხოვრა, ისე ევლო სამსახურში და მჯდარიყო იმ ბინაში, სადაც ყველაფერი სამარას მოაგონებდა?

-გაჩუმდი. – თქვა ნარამ.

-რატომ უნდა გავჩუმდე. რასაც ფიქრობ იმას გეუბნები. ჰელმარი დაგემუქრა. სხვა არჩევანი არც გქონდა, უნდა მიგეცა რას სურდა. ესეც შენი მედიდურობის შედეგია. რატომღაც ფიქრობ რომ ჰელმარის შეჩერებას შეძლებდი. სულ ტყუილად ფიქრობ ეგრე. იცოდი, რომ არ გამოგივიდოდა. შენ რომ არ ყოფილიყავი, ჰელმარი მაინც მიაღწევდა სასურველს. მაინც ჩამოამხობდა ლერვიქენს. იმ ასაფეთქებლებმა უბრალოდ დააჩქარეს პროცესი, მაგრამ როგორც შენთვის არ იყო აუცილებელი ის მოწყობილობები, ისე არ იყო აუცილებელი ჰელმარისთვის.

ნარამ არაფერი უპასუხა. თავი საშინლად ასტკივდა.

-და სორენი კიდევ. სორენმა გითხრა, მემანქანე ვარო. ყველა მის ნათქვამში ეჭვს ხომ ვერ შეიტანდი? თან სულწყვილია შენი. შენი მეორე ნაწილი.

-არა. – თავი მოწყვეტით გააქნია ნარამ. თვალი კარის ღრიჭოზე გაუშტერდა. – არა, არა.

-არა. ესე იგი არ გჯერა რასაც გეუბნები. – თქვა აილამ. ცინიკური, ირონიით აღსავსე ხმა ჰქონდა. –გამოდის ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე. სამარა რომ არ მომკვდარიყო, რეჯინალდი ბინგემზე სიტყვით არ გამოვიდოდა და ხალხი არ აღზევდებოდა. არა? ახლა ისევ იმ შენ მაღაროში იქნებოდი, მოქანცული, მაგრამ დღის ბოლოს შეგეძლებოდა სახლში წასვლა, ლოგინში მიგდება და გაძღომამდე ჭამა. არა?

გული მტკივნეულად უცემდა მკერდში ნარას. კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს და ხელები ისე მომუშტა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო.

-ხმა გაკმინდე. – გამოსცრა კბილებში.

აილამ თავი გვერდზე გადააგდო. ბავშვური, მრგვალი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.

-მე შენ ვარ. – უთხრა ბოლოს. – რა მნიშვნელობა აქვს, აქედან გეტყვი თუ შიგნიდან?

ნარამ პირი იბრუნა. აილა მის მზერას გამოჰყვა, მეორე კუთხეში მოკალათდა.

-კარგი, ჩავთვალოთ, რომ არაფრად ვარგიხარ. – განაგრძო მან. სახე შეეცვალა, გასივდა, შეშუპდა თითქოს, თმა წამოეზარდა და სამარა იჯდა ანაზდად მის ადგილას, წამოზრდილი მუცლით. თვალები დახუჭა ნარამ, სუნთქვა შეუკრთა. – რა უფლებით გეზიზღება სორენი? რით ხარ მაგაზე უკეთესი? ეგ კიარა, უარესიც ხარ. ეგ ერთ-ერთია იმ პირსისხლიანებიდან მხოლოდ, ერთ ჯერზე ერთ კაცს კლავს, ეგეც სხვების დაკვეთით. მართლა ციდან ჩამოფრენილი აჩრდილები ხომ არ არიან ულსტერის მებრძოლები, ადამიანები არიან და ბოლოს და ბოლოს თავიანთ საქმეს ასრულებენ. იცოცხლე, სორენმა კი შეასრულა პირნათლად თავისი საქმე. ალბათ განგებ დაგყვებოდა. იქნებ ვერც გაიგე ისე ჩაგისვეს სხეულში რამე ჩიპი, რითაც ეს ვითომდა გონებრივი კავშირი გააბა შენთან. იქნება და მოიგონეს ეს მთელი სულწყვილის ამბავი, არა? არ მეთანხმები?

-ენა ჩაიგდე. – კბილებში გამოსცრა ნარამ. ხელებს შლიდა და მუჭავდა. ძალიან უბჟუოდა მარჯვენა მკლავი.

-შენ კი მთელი ძვლების რაიონი ჩამოაქციე. რამდენი მოკვდა შენ გამო? რამდენი იმსხვერპლა შენმა წყეულმა სათამაშოებმა? – სისინებდა სამარა. – ნეტავ ხელები დაგმტვრეოდა სანამ იმათ ააწყობდი. და არა მარტო ხალხი, მთელი რაიონი გაანადგურე. რისთვის? ულსტერს მაინც ვერ მოერევი, ვერავინ მოერევა. ეს ამდენი ხალხი ჩაიხოცა და რისი გულისთვის? არაფრისთვის. ფუჭი იმედისათვის. შეხედე ამ ცხოვრებას. ოდესმე გამოსვლია ვინმეს რამე? იგაზან-ლა სამუდამოა. სორენს ტყუილების მეტი არაფერი უთქვამს შენთვის. ყველამ ან მოგატყუა, ანდა ცხვირწინ ატუზული სიმართლე ვერ დაინახე. ასეთი უტვინო როგორ გამოხვედი?

ნიკაპი აუკანკალდა ნარას. თვალებში ჩხვლეტას გრძნობდა.

სამარა ცივი, ცარიელი თვალებითა და გვერდზე მოქცეული ყბით შეჰყურებდა. ლაფსა და სისხლში ამოსვრილი კაბა ეცვა.

-იგაზან-ლა სამუდამოა. – თქვა მან.

ერთი ბინძური, მსუნთქავი ორგანიზმია იგაზან-ლა და მეტი არაფერი, უკვე საუკუნეა რომაა რაც სულს ღაფავს და ვერ მოკვდა.

-ბინძური ორგანიზმია იგაზან-ლა, უკვე საუკუნე რომაა რაც სულს ღაფავს და ვერ მოკვდა. – თქვა ნარამ.

სამარამ  გაიღიმა. ღიმილმა უფრო გევრდზე მოუქცია ყბა.

-როგორ გჯერა თურმე ტყუილების. – დაიჩურჩულა მან. – შენ თავზე რას იტყვი? ამდენი ხანია რომ კვდები და ვერ მოკვდი?

ტანში გასცრა ნარას. შიგნით აუფუთფუთდა ყველაფერი.

-სორენიც კვდება. – თქვა სამარამ. – და ვერ მოკვდა.

-გაჩუმდი მეთქი.

-რატომ? არ კვდება? იქნებ მაგასაც გატყუებდა. არც იქნებოდა გასაკვირი. უნდოდა რომ შეგბრალებოდა. მოისაწყლა უცებ თავი. თუ გეცოდება, ეჭვს ვერ შეიტან მასში. შენი სულწყვილი, მომაკვდავი, ერთი უბრალო მუშა და მეტი არაფერი. აქედან რომელი იყო სიმართლე?

კანკალებდა ნარა. ცხელი სისველე ჩამოუგორდა ლოყებზე, კანი ასწვა. ვეღარაფერს ხედავდა.

-ჩემი ბრალია, რომ მატყუებდა? – სიტყვებმა ამოხეთქეს მისი მკერდიდან.

სამარას სიცილი აუტყდა და წამსვე სირცხვილის ცხელმა ტალღამ დაუარა ნარას.

-ააა, ამან მოგიშალა ნერვები? – ცინიკურად ჩაეკითხა სამარა. – ამ წყეულ ციხეში აგდიხარ და იმ ნაძირალა ტიპის ღალატი გაწუხებს? მეტი არაფერი გაქვს სანერვიულო ვითომ?

მაგრად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს ნარამ. თვალებგადმოკარკლული დაშტერებოდა ნაკაწრებით დაღარულ კარს.

-შენ ბევრი არაფერი გაინტერესებდა. – განაგრძო სამარამ. – ეს ბოლო დრო სულ სორენზე ფიქრობდი. თუ მეჩვენება? ვითომ ნერვიულობდი და გული გიკვდებოდა ხალხის გასაჭირზე… ყველაფერი ტყუილია. საკუთარ თავს რომ ატყუებ, აი იქ ლპები შიგნიდან.

შეეცვალა სამარას ხმა. უფრო დაბალი გახდა, ბოხი, პიანინოს მიერ გაჟღერებულ ხმას ჰგავდა, მატარებლის გუგუნი და შაშხანების ქუხილი რომ მოაგონა ნარას. ხროტინი ამოუშვა, ძლივს სუნთქავდა.

-კარგად კი მოახერხე მოგეტყუებინა საკუთარი თავი. – განაგრძო რეჯინალდმა – დააჯერე კიდეც, რომ ფეხებზე არ გეკიდა ხალხის სიცოცხლე. ის საცოდავი რომ დაინახე ფანჯარაში, სანამ შენი ხელით ანადგურებდი იმ შენობას, არ დააჯერე საკუთარი თავი რომ უბრალოდ მოგელანდა? არ გინდოდა შენთვის მოუხერხებელი რეალობისათვის თვალი გაგესწორებინა. სულ გეკიდა ის ხალხი! ისევე გეკიდა, როგორც ჰელმარს, ულსტერსა და თვით გულაამს! რითი განსხვავდებით?

ხელები მოეკრუნჩხა ნარას. თვალებგადმოკარკლული დაშტერებოდა რაღაცას და გამომშრალი ენა სასაზე მიჰკვროდა.

რა უნდა ეთქვა? იყო კი რამე სათქმელი?

-აილა იქ რატომ დატოვე? – ჰკითხა რეჯინალდმა. – იცოდი, რაც მოხდებოდა. იცოდი და მაინც გამოკეტე იმ ოთახში. იცოდი, რომ ვერ გაიქცეოდა, ამოიგუდებოდა შიგნით. წარმოგიდგენია ეგეთი მწარე, სასტიკი სიკვდილი? ბოლი რომ ფილტვებს გიწვავს?

თავი გააქნია ნარამ, ხელები ყურებზე აიფარა, მაგრამ ვერანაირად ახშობდა ხმას, სიტყვები მაინც ფუთფუთებდნენ, მისი თავის ქალაში გამომწყვდეულნი.

-იცოდი და დატოვე იქ. გინდოდა მოგეკლა. ყველა შენ გამო მოკვდა. ამოიბუგნენ იმ ჯოჯოხეთში. ნეტავ შენც ამოგწვოდა ფილტვები იქ. რატომ არ დაეხმარე ხალხს? რატომ?

-არაფერს წარმოადგენ. სულ არაფერს. ყველაფერი შენი ბრალია. ასეთმა არარაობამ როგორ მოახერხე ამდენი საზიზღრობა ჩაგედინა?

-მოინანიე. მოინანიე. მოინანიე!

-შენი ბრალია, შენი ბრალია ყველას სიკვდილი და ამიტომ აგდიხარ ახლა ციხეში. ნეტავ არ გამოეშვი ულსტერს, ხალხი ცოცხალი იქნებოდა…

-მოინანიეთ! მოინანიეთ, მოღალატეებო!

რეჯინალდს ცეცხლი მოეკიდა. იჯდა, ფეხმორთხმული და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა. თვალის ფოსოში შეუძვრა ცეცხლის ალი, ამოღრუტნა, ამოწვა.

წამოვარდა ნარა. თვალები ეწვოდა. ბრმად მიასკდა კარს. ანჯამებმა ყრუდ დაიკვნესეს.

კიდევ მიენარცხა. მესამედ, მეოთხედ, მეათედ…

და ნანატრი იყო მხრებში, თეძოსა და ხორცში გაღვივებული ტკივილი, რასაც საფეთქელსა და ყბაზე ჩამოთქრიალებული სიცხე დაემატა, მის ნიკაპზე ჩამოგორებულ სისველეს შეერია.

და სირცხვილმა გადაფარა მოგვრილი ტკივილით მოგვრილი შვება, რადგან რა უფლება ჰქონდა ამოესუნთქა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მის შვებას.

თვალებში თითქოს ოკეანე ჩაღვროდა, მისმა ძალუმმა სიბნელემ მოიცვა ყველაფერი.

ყრუ იყო ტკივილი, შორეული, და ისეთი მისასალმებელი, როგორც არასდროს.

და აღარაფერი იყო ტკივილის გარდა, რომელსაც შიგნიდან მომავალი ღვარძლითა და დაცინვით აღსავსე, მოზუზუნე ხმა ემატებოდა. სიტყვებს ვეღარ არჩევდა ნარა, მაგრამ გრძნობდა მათგან მომავალ სისასტიკეს.

აღარ არსებობდა დრო, არც ამ რკინაბეტონის საფლავი, არც საჭმელი და სასმელი, ყველაფერი ყრუ ტკივილში, სინანულსა და სირცხვილში ჩაკარგულიყო. 

დროდადრო ღალატის მიერ მოგვრილი მრისხანება წამოუვლიდა, რასაც მალევე ახშობდა სიძულვილი საკუთარი თავის წინაშე.

წყეული ზუზუნი კვლავ ათრთოლებდა იატაკს და ყველაფრის გაქრობა ინატრა ნარამ, ნეტავ ყველაფერი ჩამქრალიყო გარშემო, ძილის სიბნელესა და სიცარიელეს მოეცვა ყველაფერი. ღრმა, უსიზმრო ძილში არც ზუზუნი იქნებოდა, არც ტკივილი და ეს აუტანელი, გულისგამგმირავი ტანჯვა.

გაძლიერდა ანაზდად ზუზუნი. შეირხნენ კედლები, როგორც მორყეულ ჩარჩოებში ჩასმული მინები და ყრუ გმინვა აღმოხდათ ანჯამებს.

თვალები დაახამხამა ნარამ. შემოგარენი ტკივილისა და დახშული ხმაურის არეულ მასად ქცეულიყო, რასაც მის გონებაზე გადაკრული ბურანი ემატებოდა.

გარშემო ჩამოწოლილმა ნაცრისფერმა თითქოს პირი იბრუნა, კაშკაშა თეთრად იქცა, რამაც თვალები ასწვა. ნელ-ნელა შემოიპარა მის ცნობიერებაში გამეფებულ ხმაურში, სიტყვათა ფორმა მიიღო და ყურის აპკის დაფებზე ჩამოკაწრა უსიამოვნოდ.

-გამოადგი ფეხი! – გაარჩია ძლივს.

მაშინღა მიხვდა, რომ საშინლად სტკიოდა მხრები. მზერა აატრიალა ზემოთ მაგრამ თვალისმომჭრელი თეთრი სინათლის გარდა ვერაფერი დაინახა, სისველე მოაწვა ქუთუთოებზე და თეთრ ნისლად მოეხვია გარშემო.

მიათრევდნენ. მხრებში ჩაევლოთ ხელები და მიათრევდნენ სადღაც. შეეცადა სხეული დაეძაბა, ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ამაოდ.

-გასწორდი მეთქი! – ჩაჰყვირეს კვლავ ყურში.

კვლავ ეცადა ნარა ფეხი დაედგა, მაგრამ კოჭი მოეგრიხა მხოლოდ. ყველაფერი ტრიალებდა გარშემო, მაგრამ ნელ-ნელა შემოცურდნენ თვალთახედვაში დეტალები – თეთრად შეფეთქილი შიშველი კედლები, ჭერზე მოგრძო სანათები და თეთრ შუქში ალაპლაპებული სპილენძის ვებერთელა მილები. ორი კაცი მიათრევდა მას, გარშემო კი შავებში შემოსილი, კბილებამდე შეიარაღებული ულსტერის მებრძოლთა ამალა შემორტყმოდათ, მათი დაჟინებული მზერა სწვავდა.

რად უნდოდა ამდენი გამცილებელი? ვერც კი ინძრეოდა წესიერად, ნუთუ ეგონათ რომ მათგან გაქცევას შეძლებდა?

დაიგმინა ნარამ, ასწია ფეხი და ძლივს შეძლო დაყრდნობოდა, მაგრამ ულსტერის სწრაფ ნაბიჯს მაინც ვერ აუწყო ფეხი.

ჩაათავეს ერთი დერეფანი. მეორეში გავიდნენ.

მერე მესამეში.

მეოთხეში.

და უსასრულო ჩანდა ეს გზა, ყოველი რიგითი დერეფანი მისი წინამორბედის ანალოგიური გახლდათ. თვალები ეწვოდა ნარას და მაგრად დახუჭა, ეცადა მტკივანი მხრები გადაეწია, მაგრამ მაჯებზე მაგრად მორგებული ხელბორკილები არასოდეს მისცემდა ამის უფლებას.

შორეული გუგუნი ჩაესმა ულსტერის აჩქარებული ნაბიჯების ხმას, რომელიც ნელ-ნელა გაძლიერდა. დერეფანს ჯერ კიდევ არ უჩანდა ბოლო.

სად მიჰყავდათ? რას უპირებდნენ?

ანდა ჰქონდა კი აზრი ასეთი კითხვის დასმას?

ულსტერი არავის არაფერს აპატიებდა. და აშკარა იყო, რომ სასჯელის მეტი არაფერი ელოდა ამ უსასრულო დერეფნის ბოლოს.

დახვრეტა ელოდათ. ანდა შეიძლებოდა ჩამოეხრჩოთ. იქამდე ალბათ გემოზე მიბეგვავდნენ.

ენა ძლივს მოატრიალა ნარამ, ძლივს გაისველა შიშისაგან პირში მოწოლილ ნერწყვში.

-სად… სად მივდივართ? – ძლივს ამოიხრიალა ბოლოს. – რას მიპირებთ?

მის მარჯვნივ მდგომმა მებრძოლმა, მთელი ძალით რომ მოეხვია მის მკლავზე ვებერთელა ხელი, ალმაცერად გადმოხედა. ნიღაბი ეკეთა, ჩაფხუტი ეხურა და მხოლოდ ცივი თვალები გაარჩია ჩაფხუტის ქვეშ ჩამოწოლილ ჩრდილში ნარამ. მზერა ჯერ კიდევ უცურავდა.

-აღსასრულის დრო მოვიდა, ცეცხლის ქალო. – უთხრა მან. – ილოცე.

თვალები გადმოეკარკლა ნარას. ილოცეო, აქამდე არასოდეს ეთქვა მისთვის ვინმეს და არც გაეგონა არასდროს.

-ხმა ჩაიგდე! – დაუღრინა მარცხნიდან მეორემ, მერე კი ნარას გადმოხედა, ღვარძლით აღსავსე მზერით. – გულაამი თვითონ წარმართავს შენს სასჯელს. პირი აუკარით.

თავი გაატრიალა მებრძოლმა და ორიოდე წამში, ისე რომ ძლივს მოახერხა ნარამ ხროტინით, ღრმად შეესუნთქა, უხეში წებოვანი ლენტით აუკრეს პირი.

ილოცეო. ღმერთის წინაშე ლოცულობდნენ წესით.

და ლოცვა მუდამ იმ კეთილმოსურნეობის მოლოდინითა და იმედით იყო აღვსილი, რომლითაც ღმერთი განწყობილიყო მორწმუნეთა მიმართ.

მოგონებები მოაწვნენ ნარას, თავისდა უნებურად.

თუ ღმერთი არსებობს… თუ ამ ყველაფრის გარდა რამე არსებობს, იქნებ სამარაც არის სადმე ახლა.’

‘სამარას სძინავს. უბრალოდ სძინავს და სხვა არაფერი. მეტი არაფერია სიკვდილი.”

თვალები დახუჭა ნარამ. არ ულოცია.

გაძლიერდა გუგუნი. თრთოდნენ კედლები და მის მკლავებზე მოხვეული ხელები რომ არა, შეუჩერებლად რომ მიათრევდნენ, წარმოიდგენდა, რომ ისევ იქ იყო, იმ წყეულ პაწაწინა საკანში, კუთხეში რეჯინალდი იჯდა და შეჰყურებდა ცრცხლმოკიდებული თვალებით.

კიდურები აუკანკალდა ნარას, უსიამოვნოდ აუფუთფუთდა შიგნით ყველაფერი, ცივმა ოფლმა დაასხა.

კვლავ ინატრა ის ბნელი სიცარიელე.

მიათრევდნენ. გაძლიერდა გუგუნი და მას თან მოჰყვა ნაზი სიო, სახეში ჩამოშლილი თმა შეურხია.

კიბეებზე აათრიეს. ქუთუთოების მიღმა ჩამოწოლილი სინათლე მინავლდა ოდნავ, და მეტალის, უსიამოვნო, დამწვარი პლასტმასის სურნელი მოიტანა ნიავმა.

გული გამალებით უცემდა ნარას. თვალები გაახილა.

ზემოთ, წარმოუდგენლად მაღლა თეთრი გუმბათი გადაჭიმულიყო. სინათლის წყარო არსად ჩანდა, მაგრამ თითქოს თვით გუმბათის გაუმჭვირვალი მინა ანათებდა, მქრქალი სინათლე მოსდებოდა შემოგარენს. გუმბათის ცენტრში თვალისმომჭრელად  ბრწყინავდა სპილენძისფერი დისკო.

თვალები გადმოეკარკლა ნარას. მოკლე, ზედაპირული სუნთქვით დაებერა ნესტოები, გაშრა.

იფლიჰემში იყო. გუმბათის შიგნით.

მიმოიხედა, განცვიფრებულმა.

გუმბათის საფუძველს განიერ ზოლად შემორტმულ ბეტონის ფილებით მოპირკეთებულ მოედანზე იდგა, რომელსაც შორიახლოს დატანებული, მინაში ჩასმული კარი წყვეტდა მხოლოდ. ულსტერის მებრძოლნი გაჭიმულიყვნენ ყოველ ორ მეტრში, შაშხანები მოემარჯვებინათ და მათი დაჟინებული მზერა ცეცხლად მოედო ნარას ცივ ოფლში გაღვრილ, ათრთოლებულ პირისახეს.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოედნის კიდის მიღმა იყო, ზუსტად გუმბათის ცენტრისა და იგაზან-ლას სიმბოლოს მატარებელი დროშის ქვეშის, იფლიჰემის გულში.

აურაცხელ , ერთი მეტრის სისქის კონებად შეკრულ სადენსა და სპილენძისფრად მოლაპლაპე, ალაგ-ალაგ დაჟანგულ მილს ამოეხეთქა მიწიდან. გადაწოლილიყვდნენ კიდეებიდან ცენტრის მიმართულებით, სადაც უზარმაზარ, ოცდაათიოდე მეტრის სიგრძეზე გადაჭიმულ ბნელ კრატერში ინთქებოდნენ. ფესვებს ჰგავდნენ დაკლაკნილი მილები, და მათი სქელი ზრო ისე ეშვებოდა მიწაში, როგორც პირუკუღმა ამოტრიალებული ხე, დროშაზე გამოსახული ხის ბილწი იმიტაცია.

არსად იყო მწვანე. მხოლოდ ჟანგისფერი მოსდებოდათ სადენებსა და მილებს და კუნაპეტი სუფევდა ხახადაღებულ ორმოში, რომელიც ხარბად ყლაპავდა ყველაფერს.

ესე იგი ესეც მოატყუეს.

არაფერი იყო იფლიჰემი.

არაფერი იყო იმ იდილიური, უზრუნველი ცხოვრების დაპირება, რომელიც ასულდგმულებდა იგაზან-ლას უთვალავ მაცხოვრებელს.

“ერთი ბინძური, მსუნთქავი ორგანიზმია იგაზან-ლა და მეტი არაფერი, უკვე საუკუნეა რომაა რაც სულს ღაფავს და ვერ მოკვდა.”

პირი გამოუშრა ნარას, გამოიშიგნა, დაცარიელდა თითქოს. გაუსაძლისი ზუზუნი ესმოდა მხოლოდ, მეტი არაფერი, ფილების ოდნავი თრთოლაც მის ფეხქვეშ მიწისძვრად ქცეულიყო, აუტანელმა ძაგძაგმა აიტანა.

ხელი შეუშვეს მებრძოლებმა და მუხლებზე მოწყვეტით დაემხო ნარა, გმინვა აღმოხდა. მოიკაკვა, საშინლად ტეხდა ზურგსუკან ბორკილებში მომწყვდეული ხელები. ძლივს გადაიტანა ყელში ენაზე მოწოლილი ნერწყვი, საფეთქელზე ოფლის წვეთი ჩამოუგორდა, მთელი ტანით გააჟრჟოლა.

ტკაცანი ისმოდა ჰაერში, დაწყვეტილი სადენების ხმას ჰგავდა. უფრო გაძლიერდა გუგუნი და თითქოს უროს სცემდნენ საფეთქლებში ნარას.

მის ქვეშ დაბზარულ ფილაქანს დაშტერებოდა უაზროდ, თვალებგადმოკარკლული.

არსად იყო გამოსავალი. არსად იყო ხსნა. ტყუილებსა და სიასტიკეზე შეკოწიწებულ იგაზან-ლას ადრე თუ გვიან მოეღებოდა ბოლო.

და უსიტყვოდ, უჩუმრად ჩაქრებოდა კაცობრიობის ბოლო ნაღვერდალი.

ძლივს ამოისუნთქა ნარამ, გულმკერდის კუნთები აღარ ემორჩილებოდნენ თითქოს. თვალებში ჩამოუბნელდა წამიერად.

ძილი ინატრა. ცარიელი კუნაპეტით აღსავსე, მაგრამ ამაოდ.

გარშემო ჩოჩქოლებდა ულსტერი. მებრძოლნი მიმოდიოდნენ, გვერდზე მოუგდეს ვიღაც, წითელმა გაიელვა მის პერიფერიულ მზერაში და წამსვე გადახედა მას ნარამ.

ჰელმარის ჩვეულებრივ მონარინჯისფრო წითელი თმა გახუნებულიყო თითქოს, გაზეპილ თოკებად ჩამოჰყროდა სახეში. თვალების უპეები ჩალურჯებოდა, რუხი წებოვანი ლენტა შემოეკრათ მისთვისაც პირზე. ძალიან გამხდარი, აშკარად ნაცემი და დალილავებული იყო, ყვრიმალზე კანი გახეთქოდა, აშკარად ახლახანს ეთავაზებინა მისთვის ვინმეს, რადგან სისხლი სდიოდა მდორედ ლოყაზე, წებოვან ლენტას ხასხასა წითლად ღებავდა.

ჩამოყრილ მხრებში, მოკაკვულ ზურგსა და გაძვალტყავებულ სახეში ეტყობოდა ჰელმარს დამარცხება, მაგრამ მარცხის ნასახიც არ ეწერა ცივ ცისფერ თვალებში. გამჭოლი მზერით ათვალიერებდა ყველაფერს გარშემო, ულსტერის მებრძოლებს უბღვერდა, მერე კი ნარას გადმოხედა, ღვარძლით აღსავსე მზერით.

პირი იბრუნა ნარამ.

იცოდა, რაც მოხდებოდა.

სადარუთის მოღალატეები გაახსენდა, ნავის აშენებას რომ ცდილობდნენ. მათი ჩამომხმარი სხეულები, დაფეთებული, ვებერთელა თვალები, მუდარით აღსავსე მზერა. შაშხანის ჭექა, ხორცის გროვად ქცეული ძვალი და ტვინი.

სუნთქვა აუჩქარდა.

როგორც ჩანს, რიგითი სამაგალითო დასჯა უნდოდა გაემართა გულაამს. საჯარო სანახაობა, რომელიც იგაზან-ლას მაცხოვრებელთა გართობასა და ამავდროულად ძალიან მკაცრ გაფრთხილებას ემსახურებოდა.

მოახლოებული სწრაფი ნაბიჯების ხმამ გადაფარა ანაზდად მის გონებაში ჩამოწოლილი ფიქრების ქაოსი, გარშემო ატეხილი გუგუნი და ულსტერის მებრძოლთა ჩოჩქოლი. უნებურად დაეჭიმა თითოეული კუნთი, ოდნავ წამოიწია. 

-გამოიხედე მეთქი! – იღრიალა ვიღაცამ გვერდიდან და ისეთი ძალით უთავაზა ვიღაცამ მუშტი საფეთქელში, რომ თავი გვერდზე გადაუვარდა ნარას, წამიერად რეტი დაესხა, მხოლოდ აუტანელი წუილი გამეფდა ყურებში. ძლივს დაეწმინდა მზერა, სანამ ის მებრძოლი კვლავ შეუჩერებლად ჩაჰყვიროდა ყურში, გასწორდი და აქეთ გამოიხედეო.

აფუთფუთდა ანაზდად გარშემო ყველაფერი. მებრძოლები მათ მოსცილდნენ, მათ უკან დაიკავეს დამწკრივდნენ, გუმბათის კედელთან, ულსტერის რკალს შეუერთდნენ.

ტკაცუნით გადატენეს ჩახმახები. იმატა ზუზუნმა, რასაც ანაზდად შორიდან, გუმბათის მეორე მხრიდან მომავალი სისინი დაემატა.

მინაში ჩატანებული რკინის კარი ნელა გაიღო.

ჯერ ულსტერის მებრძოლთა მთელმა ჯგრომ გამოაბიჯა. მათ ოქროსფერ და მწვანე, სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილი ლამაზი ქალები და მამაკაცები გამოჰყვნენ, გლუვ სახეებზე ღიმილი აღბეჭდოდათ. ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.

გააჟრიალა ნარას. იგაზან-ლას სასტიკი ხელი არ შეხებოდა ამ ხალხს. საიდან იყვნენ? ნუთუ სეირის სანახავად მოვიდნენ?

მერე კი მამაკაცმა გამოაბიჯა კარში, მას უკან კი კვლავ ულსტერის მებრძოლთა მთელი ამალა მოჰყვა.

სუნთქვა გაუკავდა მკერდში ნარას.

აქამდე ეს კაცი მხოლოდ ჰოლოგრამებში არსებობდა, მიუწვდომელი, გოროზი.

ახლა კი ნელი ნაბიჯით მოიწევდა მათკენ.

გულაამი.

მაღალი იყო მამაკაცი, აშკარად შიმშილობისა და ტანჯვისაგან ხელშეუხებელი. განიერი მხრები გამოკვართულიყვნენ მუქ ლურჯ ქურთუკში, შავი, მოკლედ შეკრეჭილი თმა უკან გადაეწია და გამჭოლი ცისფერი თვალები პირდაპირ მათკენ მოემართა.

დასწვა მისმა მზერამ ნარა. გაქვავდა, ადგილს მიეყინა, გაოგნებული შეჰყურებდა. უცნაური სიცარიელე ჩამოწოლილიყო გულაამის თვალებში, სახეზე არაფერი ეწერა, დაჰყურებდა, უაღრესად სიმეტრიული, ნეიტრალური, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით.

ხუთიოდე წუთში მოაღწიეს მათთან. გაჯგიმულიყვნენ ულსტერის მებრძოლნი, ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი გულაამის ამალა შორიახლოს, გულაამის უკან შეჯგუფულიყო და რაღაცას ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, თან დაჟინებით ათვალიერებდნენ მათ თხემით ტერფამდე.

ცხელმა მრისხანებამ დაუარა ნარას, მთელი ძალით შეკრა მუშტები.

წყეული გულაამი.

წყეული იგაზან-ლა.

დაე ხანძრად ქცეულიყო მისი სიკვდილი და გაჭვარტლული ლოდები დაეტოვებინა მხოლოდ იგაზან-ლასგან, რომლებიც მარტოსულ საფლავის ქვებად დარჩებოდნენ ოკეანის გადაგლესილი ზედაპირის ქვეშ.

ნელი ნაბიჯით მოიწევდა მათკენ გულაამი. ხელები ზურგს უკან წაეღო და კვლავ ცივი, გამჭოლი მზერით დაჰყურებდა. რაღაც არაბუნებრივი იყო მის თვალებში, მაგრამ ვერ ხვდებოდა ნარა, რა.

გააჟრჟოლა, თმა ყალყზე დაუდგა.

უყურებდა გულაამს და აშკარა გახლდათ, რომ სულაც არ ჰგავდა ეს მამაკაცი სხვა თავიკაცებს, რომლებიც აქამდე ენახა. უბრალოდ იდგა, სიტყვასაც არ ძრავდა და დარწმუნებული იყო ნარა, რომ თუნდაც არავის სცოდნოდა მისი ვინაობა, მაინც მიიქცევდა ყველას ყურადღებას.

-მინდოდა ახლოდან მენახა იგაზან-ლას მორიგი მოღალატეები. – თქვა უცებ გულაამმა და ოდნავმა ღიმილმა შეურხია ტუჩები.

გვერდიდან ღმუილი ამოუშვა ჰელმარმა, გულაამისაკენ გაფოფხება სცადა, მაგრამ ამაოდ, უკნიდან სტაცეს ხელი ქეჩოში და ისეთი ძალით დაახრევინეს თავი, რომ ხმამაღალი ბათქით მიასკდა მისი შუბლი რკინაბეტონის იატაკს. კვნესა აღმოხდა კაცს.

-და როგორც ყოველთვის, ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. – თქვა გულაამმა. პირი მოძრაობდა, მაგრამ დანარჩენი ნაკვთები არც კი ირხეოდნენ, არც კი ახამხამებდა თვალს, ისე დაჟინებით აათვალიერა ორივე. –  ზუსტად ისეთები ხართ, როგორც ათასობით არაკეთილმოსურნე, ანარქიისა და ქაოსის ხელშემწყობნი. არასოდეს არაფერი არ იცვლება.

ძალიან კარგად იცოდა ნარამ, რომ ერთი რიგითი არარაობა იყო იგაზან-ლას ქაოსში, მაგრამ მაგრამ მოაწვა თვალებში სისხლი, წამოახურა.

პირი იბრუნა გულაამმა, ხელით რაღაც ანიშნა გარშემომყოფებს.

ხუთიოდე ულსტერის მებრძოლმა გამოაბიჯა წინ, მათ წინაშე ჩამწკრივდნენ, შაშხანები მოიმარჯვეს.

და იგრძნო ანაზდად ნარამ. მზერა, რომელიც სხვებს არ ჰგავდა.

მზერა, რომელიც დაღად არ იჯდა მის კანზე.

აიხედა.

ჩაფხუტის ჩრდილში კი შებურულიყვნენ, მაგრამ იმ თვალებს ყველგან იცნობდა. და შავი ნიღბის ზემოთ, ყვრიმალზე ამობურცულ ნაიარევს.

გული აერია ნარას. გვერდზე გაიხედა მოწყვეტით.

სორენი აქ იყო. წარმომართულიყო მის თავზე, როგორც ჯალათი, და ისეთივე მიუწვდომელი და უცხო, როგორც გაიას ვარსკვლავი.

სორენმა… არა,ულსტერის მებრძოლმა მოათრია ცეცხლის ქალი ბინგემის მოედანზე, და რასაკვირველია მას ერგო ცეცხლის ქალის სათანადო დასჯის პატივი.

რა უფლება ჰქონდა რომ შეეხედა? რა უფლებით უყურებდა ზედ?

წყეული! წყეული! წყეული!

მაგრად დახუჭა თვალები ნარამ. გული ისეთი ძალით უცემდა, რომ ცოტაც და გამოუმტვრევდა მკერდის ძვალს. ხელისგულებში ჩაესო დამტვრეული ფრჩხილები და ცხელი ოფლის წვეთის ჩამოგორება იგრძნო ყელთან, ნესტოები დაებერა.

გუგუნებდა რაღაც, შორს და თრთოდა ოდნავ მიწა. შეთრთოლდნენ მილები და ღრჭიალი ამოუშვეს სადენების დამჭერებმა.

თვალები გაახილა ნარამ.

ამჯერად ცისფერ სინათლეში განბანულიყო გარშემო ყველაფერი.

აიხედა.

გუმბათის კედელზე, რომელიც მათ პირისპირ უზარმაზარ ეკრანად ქცეულიყო, გულაამის სახე გამოესახათ. მისი ცისფერი თვალები პირდაპირ მას შეჰყურებდნენ თითქოს, ბურღავდნენ.

-გაიცანით! – თქვა გულაამმა. – ამჯერად ლერვიქენის რაიონიდან, იგაზან-ლას მოღალატენი! გულაამის მოღალატენი!

მისკენ გადაატრიალა თვალები ნარამ. ნესტოები დაებერა, სუნთქვა გაუჭირდა.

-ამ ორმა… – განაგრძო გულაამმა, მათი მიმართულებით გადაშალა მკლავი. – ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დიადი საზოგადოებისათვის ძირი გამოეთხარა, კეთილშობილი, უცოდველი ხალხისათვის რესურსები მოეპარა! მიეცათ გაფრთხილებები, მიეცათ შესაძლებლობები, ჰქონდათ საჭმელი და სასმელი, სითბო, თბილი ლოგინი და ჭერი მათ თავზე, მაგრამ არა! გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ იგაზან-ლას მოღალატენი!

მის გოროზ, მშვიდ, სუფთა სახეს ანაზდად ნარას გაძვალტყავებული, სისხლით მოსვრილი სახე მოენაცვლა.

თავი გაატრიალა ნარამ. ამას ვერ უყურებდა.

-დაიხსომეთ, თანამემამულენო! დაიხსომეთ, რომ იგაზან-ლა ზრუნავს თქვენზე! მას მხოლოდ კარგი უნდა თქვენთვის! ყველაფერი, რასაც მე და სხვა თანამემამულენი იფლიჰემში ვაკეთებთ, იმისთვისაა, რომ თქვენ კეთილდღეობა მოგიტანოთ!

ენა სასაზე მიეკრო ნარას. გაშრა ერთიანად, დაიზნიქნენ ხელისგულებში ჩაჭერილი ფრჩხილები. 

-ამიტომ ტარდება ფესტივალები, ამიტომ გაქვთ მუსიკა, გართობა, ყველანაირი სიამოვნება, რაც თქვენ გაგიხარდებათ! ჩვენი მიზანია იფლიჰემად ვაქციოთ მთელი იგაზან-ლა!

გუგუნებდა გულაამის ხმა და უცვლელი იყო მათკენ მომართული ჯალათების მზერა.

მთელი იგაზან-ლა უყურებდა სეირს.

კანი ამაზრზენად აუფუთფუთდა ნარას.

-და მაშასადამე ყველა მცხოვრები მოვიყვანოთ იგაზან-ლაში, მაგრამ რამეთუ ვერ დაიტევს ყველას იფლიჰემი, იძულებული ვართ რომ ავარჩიოთ და თქვენი მიზანია, რომ დაგვიმტკიცოთ, რომ ნამდვილად გსურთ იფლიჰემში ყოფნა!

მოკანკალე სუნთქვა აღმოხდა ნარას.

ახლა ყველაფერი დამთავრდებოდა.

მხოლოდ მის წინაშე აღმართული ჯალათების ხელებში მომარჯვებულ, მოლაპლაპე შაშხანას ხედავდა, და ისევ ისეთი უძირო, უფსკრულივით შემზარავი იყო ლულის სიღრმე, როგორც ადრე.

მერე კი, როცა კვლავ იფეთქა გულაამის ხმამ, მყისიერად დატრიალდა ყველაფერი მის გარშემო.

გაიბზარა რეალობა, სადენებითა და მილებით აღსავსე ხახადაღებული კრატერი, თეთრად დაფერილი გაუმჭვირვალი მინა და გულაამის ცისფერი თვალების ელვარება ნაწილებად დასკდა და დაღვენთილ ნამტვრევებში აღარაფერი ჩანდა, გაურკვეველ, ბუნდოვან, ჭრელ სუდარაში გახვეული კაკაფონიის გარდა.

ახლა ყველაფერი დამთავრდებოდა.

“წავიდეთ სადმე, შორს.”

მოიხარა ნარა, შუბლი კვლავ მუხლებს დააბჯინა. ნაცრისფერი ლაქები მოედო ჩამოწოლილ ბურუსს, გარშემო ატეხილი კაკაფონიიდან, საკუთარი პულსის, გულაამის ხმისა და აუტანელი, გულისგამაწვრილებელი გუგუნის ხმა გამოცურდა.

მერე კი თმაში სტაცეს ხელი, თავი უკან გადაუქაჩეს და ჩამოერეცხა თვალთახედვას ნაცრისფერი ბურუსი, რამაც მხოლოდ გამძაფრებული ცნობიერების მიერ მოგვრილი სიმწარე დატოვა უკან. თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, მის გარშემო დატრიალებული გნიასისაგან გაოგნებულს, და უფრო ახლოს იყო ხახადაღებული სიკვდილით აღსავსე ლულა, ვიდრე არასდროს.

-თქვენი ხელებითაა ჩვენი დიადი მამული აშენებული, ჩვენ მარტონი ვართ ამოდენა, ცარიელ მიწაზე და თქვენ ეს შეძელით! – იჭექა გულაამის ხმამ. – გაუმარჯოს იგაზან-ლას ხალხს! გაგიმარჯოთ ყველას! ძირს მოღალატენი!

ქშენა ელვის სისწრაფით სკდებოდა დაბერილი ნესტოებიდან და ეწვოდა გამომშრალი თვალები.

-ძირს მოღალატენი!

-ძირს! ძირს! ძირს!

პულსი ღრიალებდა ყურებში და დაჟინებული იყო მის თავზე აღმართულ ჯალათის მზერა.

წამიერად გაჩერდა სამყარო თითქოს, გაირინდა.

ახლა ყველაფერი დამთავრდებოდა.

ახლა ყველაფერი დამთავრდებოდა.

ახლა ყველაფერი…

ანაზდად გაქრა მის წინაშე ხახადაღებული, ლულაში ჩამარხული უფსკრული.

ელვის სისწრაფით ასწია ჯალათმა კონდახი და ისე გამაყრუებლად იჭექა თოფმა, რომ კინაღამ ყურის აპკის დაფები დაუხეთქა ნარას, მთელი სხეულით შეხტა.

გაოგნებული ასცქეროდა მისგან შორს მიმართულ შაშხანას.

ცოცხალი იყო. არ ესროლეს.

ყოველი კუნთი, აქამდე რომ გაწყვეტამდე დასჭიმვოდა, ელვის სისწრაფით მოუდუნდა.

რადგან ჯალათმა გულაამის მიმართულებით ასწია შაშხანა.

მის მაგივრად გულაამს ესროლა სორენმა.

მიაშტერდა, გაოგნებული.

გულაამი კვლავ ფეხზე იდგა. მის მარცხენა საფეთქელში, აქამდე გლუვ, ფერმკრთალ კანს რომ დაეფარა, მოზრდილი ხვრელი იყო.

მაგრამ არსად ჩანდა სისხლი. არსად ჩანდა დაფლეთილი ხორცი და ტვინის ქსოვილი. მარცხენა თვალი არაბუნებრივად გადაუტრიალდა, სანამ მხოლოდ სკლერა არ დარჩა ქუთუთოებს შორის.

თავზარდაცემული შეჰყურებდა ნარა, თუ როგორ მოტრიალდა კაცი, მის თავში გაჩენილ ხვრელში კი დაწყვეტილმა ელექტროსადენებმა გაჰყარეს ნაპერწკლები.

შოკმა გადაუარა დაძაბულობით აღსავსე ჰაერს, მძიმედ დააწვა და ადგილს მიალურსმა დამსწრე საზოგადოება.

ღმუილი ამოუშვა მის გვერდით ჰელმარმა და ინსტინქტურად უკან სცადა გახოხება ნარამ, როცა მისკენ გადმოდგა ნაბიჯი გულაამმა.

ვიღაცას გულისგამგმირავი ყვირილი აღმოხდა ანაზდად, რამაც ცაზე გავარდნილი მეხივით გადაუარა შემოგარენს.

მერე კი სორენის გვერდით სხვა მებრძოლებმაც ასწიეს შაშხანები.

იჭექა თოფმა რამდენჯერმე და ამჯერად თავის ქალა ასძვრა გულაამს, ერთმა ტყვიამ კი მკერდის მარცხენა მხარე გაუხვრიტა, საიდანაც კიდევ მეტად გაშიშვლებულმა სადენებმა გაჰყარეს ნაპერწკლები. შიშის ბღავილი აღმოხდა რამდენიმე მებრძოლს, და გაბმულად ყვიროდნენ დანარჩენები, ზოგი მათკენ მოიწევდა, ზოგი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და მათთან ერთად მიიწევდა კარისაკენ გულაამის ამალა. ხმამაღლა ღმუოდა ჰელმარი, გვერდზე გადაგორდა, ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე და გაქუსლა უმისამართოდ. გვერდზე გადაგორდა ნარა, სცადა ფეხზე წამოწევა, მაგრამ ამაოდ, კუნთები აღარ ემორჩილებოდნენ. ზუზუნით გადაუარეს თავზე ტყვიებმა.

-ადამიანი არაა! – ღრიალებდა ვიღაც.

ტყვიებმა დაცხრილეს გულაამი, მაგრამ მაინც ფეხზე იდგა, ცალი თვალით შემოჰყურებდა ყველას, ისევ ისეთი გოროზი, ნეიტრალური გამომეტყველებით.

და ყველა კადრი ჯერ კიდევ აღბეჭდილიყო გუმბათის მოპირდაპირე კედელზე.

-ადამიანი არაა! ადამიანი არაა!

კვლავ დასჭექეს შაშხანებმა. ერთმა ტყვიამ მხარი გაჰგლიჯა გულაამს, და ჭახანით შეეხეთქა იფლიჰემის გუმბათს, ბზარმა წამსვე გახეთქა გაუმჭვირვალი მინის გლუვი ზედაპირი.

იმატა გუგუნმა გარედან. და მიხვდა ნარა, რომ ხალხის გნიასი ესმოდა.

მერე კი, ანაზდად მკლავში სტაცეს ხელი და სანამ გაბრძოლებას მოასწრებდა, სორენის გაფართოებულ, პანიკით აღსავსე თვალებს შეეჩეხა.

სორენმა ფაქტიურად მოგლიჯა მაჯებიდან ხელბორკილები, წებოვანი ლენტი ელვის სისწრაფით ააცილა. შვების გმინვა აღმოხდა ნარას, განცვიფრებული შეჰყურებდა.

ასწია კაცმა, გულზე მიიხუტა და გასასვლელის მიმართულებით გაიქცა.

ღრიალებდნენ ულსტერის მებრძოლნი. გუგუნებდა გარეთ ხალხი და ტკაცუნით სკდებოდა გუმბათის მინა.

-დაიჭირეთ! არ გაუშვათ, დაიჭირეთ!

კარში ულსტერის მებრძოლთა მთელი ჯგრო შემოიჭრა, შაშხანები მოემარჯვებინათ.

მიმართულება იცვალა სორენმა, მოედნის კიდისაკენ გაიქცა. ქშინავდა, ისეთი ძალით მოეხვია მკლავები მის წელზე, რომ ზურგში მალები გაუტკაცუნდა ნარას. რაღაცას ბურტყუნებდა სორენი და ყურისწამღებ ალიაქოთში ძლივს გაარჩია სიტყვები ნარამ.

-აქედან გაგიყვან… – ქოშინებდა კაცი. მისი შიში გადმოიღვარა თითქოს ნარას სხეულში, გააცია, ისევ აკანკალდა. – წავიდეთ აქედან…

შენელდა ტყვიების ზუზუნი, მაგრამ მაინც ქაოსი ბობოქრობდა გარშემო. აქეთ-იქით გარბოდნენ ულსტერის მებრძოლნი, გუმბათის კედელზე გამოსახული გულაამი კი ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა მისი პირიდან.

მერე კი სირენამ გაჰკვეთა გნიასი, რასაც გამომცხადებელთა გამყივანი ხმა დაემატა.

-ღალატი! ღალატი! იგაზან-ლასა და გულაამის ღალატი!

კიდეს მივარდა სორენი, საიდანაც პაწაწინა ციცაბო კიბე ჩადიოდა სადენებისა და მილების ლაბირინთში.

ცალი მკლავით მაგრად დაიჭირა ნარა, სორენმა, გმინავდა, და ელვის სისწრაფით ჩააბიჯა ქვემოთ.

ღრჭიალებდა კიბე მის ფეხქვეშ.

მოედანზე ატეხილი გნიასი ნელ-ნელა იმალებოდა თვალთახედვიდან.

გაჰყვიროდა ხალხი.

თრთოდა თავზარდაცემული მიწა.

გაჰკიოდა სირენა და კვლავ იჭექა თოფმა.

და ანაზდად ზურგში, წელთან ახლოს წამიერი, ცხელი ტკივილი ეძგერა ნარას. თითქოს ელექტროობამ დაუარა ფეხებში, წამიერად გააშეშა.

მერე კი მოიკაკვა ტკივილი, დაპატარავდა, ყრუ ფეთქვად იქცა.

ბოლო სამ საფეხურზე ჩახტა სორენი, და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მილებს შორის.

თვალები დახუჭა ნარამ, მხრებზე მოებღაუჭა სორენს. მთელი სხეული დასჭიმვოდა, ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ის დაუჯერებელი სანახაობა, სულ ცოტა ხნის წინ რომ იხილა.

გულაამი ადამიანი არ იყო.

რაღაც რობოტის მსგავსი იყო აშკარად, მაგრამ ისე აგებული, რომ ადამიანისაგან ვერ გაარჩევდი. ამიტომ არ იცვლებოდა ეს ამდენი წლები.

მაგრამ საიდან მოდიოდა? როგორ?

და რაც მთავარი იყო, რატომ?

რატომ უნდა ყოფილიყო გულაამი სადღაც ქარხანაში წარმოებული მოწყობილობა? რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს?

თვალები გაახილა ნარამ, თავი უკან გადააგდო. ზემოთ, მილებსა და სადენებს შორის დასერილი გუმბათიდან მოცისფრო შუქი იღვრებოდა, აღწევდა მის თვალთახედვაზე ჩამოწოლილ ბურუსშიც კი.

თავი ჩაქინდრა, სორენის მხარზე ჩამოუვარდა ნიკაპი. რუხ მიწას ცოცხალი ჟანგის ლაქები ედო.

მარჯვენა ბეჭი სველი ჰქონდა სორენს, მაგრამ ცხელი იყო მისი ტორსო, სითბოს ისევე ასხივებდა, როგორც მასში დაბუდრებულ, ყოვლისმომცველ პანიკას.

გაიდღლაბნა სამყარო. სიბნელე მოეძალა, ოდნავ მონარინჯისფრო ელფერში განბანილი.

ქვევით ჩადიოდნენ თითქოს, მიმართულება იცვალეს გარშემო სადენებმა, მიწისაკენ დახარეს თავები და მიხვდა ნარა, რომ იმ კრატერთან იყვნენ, იფლიჰემისა და მაშასადამე იგაზან-ლას ცენტრში. პირდაპირ მათ თავზე ბრწყინავდა სპილენძის დისკო, ცივმა ჰაერმა შემოჰკრა ქვემოდან და დაეშვა სორენი, ნარა უფრო მაღლა ასწია, რომ უკეთ შეძლებოდა მისი დაკავება.

დაილია ნელ-ნელა ზემოდან მომავალი გნიასი. მინავლდა სირენა, ჩაქრა სპილენძისფერი დისკოს ბრწყინვა და ხალხის თავზარდაცემული ყვირილი.

მხოლოდ შორეული, ჩახშული გუგუნი დარჩა.

რაღაც გაიგონა ანაზდად ნარამ, წარბები შეკრა.

რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ სორენის ხმა ეცნო.

-ნარა, გესმის? – ეუბნებოდა ის. – ნარა!

-მესმის. – უთხრა ნარამ. ქუთუთოები საშინლად დამძიმებოდა, მაგრამ მაინც მოატრიალა აქეთ-იქით მზერა.

სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა სორენი თეთრი ქვით მოპირკეთებულ ვეებერთელა დერეფანში. ნაზი თეთრი სინათლე მოსდებოდა შემოგარენს, ჭერიდან კი, სადაც სადენების უზარმაზარი კონები მიემაგრებინათ სქელი მეტალის დამჭერებით, ოდნავი ზუზუნი მოდიოდა.

ზურგში ისევ ფეთქავდა ყრუ ტკივილი და წარბი შეიჭმუხნა ნარამ, როცა სორენის ოდნავმა წაფორხილებამ უსიამოვნოდ შეანჯღრია მისი სხეული. ხელებში ძალა ელეოდა, ვეღარც ეჭიდებოდა კაცს მხრებზე.

ისე მოუნდა დაჯდომა და დასვენება, როგორც არასდროს.

-დავისვენოთ. – წაილუღლუღა ბოლოს.

-არაა მაგის დრო. – ძლივს ამოთქვა სორენმა, ქშინავდა. – უნდა წავიდეთ, მოგვსდევენ ალბათ…

-სორენ, დავისვენოთ. – გაიმეორა ნარამ.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სორენმა, მერე კი მოწყვეტით შედგა. მხრები სწრაფად-აუდიოდ-ჩაუდიოდა.

არაფერი ისმოდა, ჭერიდან მომავალი ზუზუნის გარდა.

-კარგი. – ამოიქშინა სორენმა, მიწაზე ჩამოსვა ნარა, და მაგრად დაიჭირა, როცა მუხლებმა უმტყუნა ქალს.

რა უცნაური იყო. ფეხებს ვეღარ გრძნობდა.

კედელთან მიათრია სორენმა და დაეშვა, მძიმედ, გვერდში მიიხუტა ნარა, მკერდზე მიიკრა მისი თავი.

დაიხედა ნარამ. იატაკს აქაც აჩნდა ალაგ-ალაგ ცოცხალი ჟანგის ლაქები.

გაირინდნენ, სორენის მძიმე სუნთქვა არღვევდა მხოლოდ სიჩუმეს. გვერდზე მოხვეულ ხელზე გადაუსვა თითები ნარამ და მისი მკერდისაგან განსხვავებით ერთიანად გაჰყინვოდა ათრთოლებული ხელები კაცს.

გონება დაებინდა ნარას, სასიამოვნო ბურუსში ცურავდა, რომელსაც მხოლოდ სორენიდან გადმოღვრილი დაუდგრომელი შიში არღვევდა.

შიში, ბრაზი, სასოწარკვეთილება.

-სად იყავი აქამდე? – ჰკითხა ნარამ.

პასუხი არ მიუღია.

-გელოდებოდი. – დაამატა ბოლოს.

მოწყვეტით შეისუნთქა სორენმა, უფრო მაგრად მოხვია ხელები.

-რატომ მომატყუე?

სორენი ცოტა ხნით დუმდა. შიში-ბრაზი-სასოწარკვეთილება კვლავ ბობოქარ ტალღებად იღვრებოდა მისგან, ისე რომ სუნთქვა გაუჭირდა ნარას.

-უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. – ამოღეჭა ბოლოს. –მინდოდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი.

-გულაამი გინდოდა მოგეკლა.

-უნდა მომეკლა. სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა.

-გულაამი კი ჩემით გამოიტყუე. – თქვა ნარამ. თავი უკან გადასწია, სორენს ახედა, მაგრამ კარგად ვერ გაარჩია კაცის სახე. თითქოს ნისლი დასწოლოდა მის თვალთახედვას. – ცეცხლის ქალის დასჯაზე აუცილებლად მოვიდოდა.

ოდნავ დააქნია თავი სორენმა და წარბები შეკრა ნარამ, სცადა ფიქრები მოეკრიბა. რატომრაც არ გამოსდიოდა კარგად. თითქოს ხელიდან უსხლტებოდნენ და უგზოუკვლოდ ქრებოდნენ მასზე მოხვეულ ნისლში.

-და რატომ არ მითხარი? – ჰკითხა ბოლოს.

-მაშინ მომაფიქრდა, როცა უკან ვბრუნდებოდით.

-უნდა გეთქვა. იქ არ უნდა დაგეტოვებინე.

-მართალი ხარ. მაპატიე.

-ულსტერში ყოფნა მოგწონდა? – ჰკითხა ნარამ.

წამიერად არ უპასუხა სორენმა.

-ყოველდღე სიკვდილი მინდოდა. – თქვა ბოლოს.

-ახლაც?

-ახლა აღარ.

არ უპასუხა ნარამ. არ უნდოდა სორენის სიკვდილზე ფიქრი.

კვლავ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა წარმოუდგა თვალწინ, იმ უსასრულობისა და იქამდე არნახული სილამაზის მიერ მოგვრილი აღფრთოვანება.

-ნეტავ იქ დავრჩენილიყავით. ზღვაში. – წაილუღლუღა ბოლოს. თავი კვლავ სორენის მკერდზე მიაყრდნო, გააჟრჟოლა, შეამცივნა.

-მინდოდა დავრჩენილიყავით. – უპასუხა სორენმა. – მაგრამ ვერ შევძელი.

-კარგია რომ ვნახეთ, მაინც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს ვნახავდი. მიხარია რომ შენთან ერთად ვნახე ყველაფერი. ზღვაც. ვარსკვლავებიც. მზეც. მაინც ლამაზია ეს ცხოვრება.

-ნეტავ არ იყოს ასეთი ლამაზი. – დაიჩურჩულა სორენმა.

-რატომ?

-იმდენად არ გაჭირდებოდა გამოთხოვება.

სახე შეუთრთოლდა ნარას, გაეღიმა.

-იქნებ ეგაა სწორედ სილამაზის საფასური. – თქვა მან.

კვლავ დადუმდნენ. სორენი კანკალებდა, მთელი ძალით ეჭიდებოდა.

-იცოდი? – ჰკითხა ნარამ.

-რა?

-გულაამზე.

-არა. მეგონა გავასხმევინებდი ტვინს და დასრულდებოდა ყველაფერი.

-აქედან არ იქნება, ხომ?

-საიდან?

-იგაზან-ლა-დან. – ამოიხვნეშა ნარამ. თითქოს წამიერად გაუნათდა გონება. – რაში უნდა სჭირდებოდეს იგაზან-ლას ეგეთი ჰუმანოიდები?

-არ ვიცი. არაფერი არ ვიცი.

კვლავ გაეღიმა ნარას.

-მთელმა იგაზან-ლამ დაინახა, როგორ გაუხვრიტე თავი.

-კი. სამოქალაქო ომი დაიწყება.

-საიდან იცი?

-სანამ… სანამ შენ ციხეში იყავი,ზრეაში აჯანყდა ხალხი. გალავნის გარღვევა მოახერხეს, სანამ ულსტერის დივიზიები დროებით ზრეაში ჰგავდნენ შეგზავნილი. სადგურები დანგრიეს. ქარხნები გადაწვეს. სადარუთსა და ჰოლმშიც იყო მიტინგები.

-და ახლა, გულაამის ამბის მერე მთელი იგაზან-ლა აჯანყდება.

-კი. ულსტერი ეცდება ყველა ჩაცხრილოს, ვინც გზაზე გადაეყრება, მაგრამ ხალხის ამოდენა მასას ვეღარ გაუმკლავდებიან.

-ქვა ქვაზე არ დარჩება.

-ქვა-ქვაზე არ დარჩება. – გაიმეორა სორენმა. – ყველაფერს გადაწვავენ.

-ჩვენ სად ვართ?

-იფლიჰემის ქვეშ გვირაბებია. არ ვიცი საით მიდის.

-ცოტა ხანი დამასვენე კიდევ და ვნახოთ მერე.

სორენს არ უპასუხია. სიჩუმე ჩამოვარდა. კვლავ გააჟრჟოლა ნარას, შიგნიდან იყინებოდა თითქოს. დაიღვენთა მის გარშემო გამეფებული მქრქალი თეთრი სინათლე, ჩრდილში რჩებოდა თითქოს ნელ-ნელა. სუნთქვა შეუნელდა.

-მცივა. – წაილუღლუღა მან.

მთელი ძალით მოხვია მკლავები კაცმა, მკერდზე მიიხუტა. წამიერი შვება იგრძნო ნარამ, როცა მისი სითბო იგრძნო.

-ახლა წავიდეთ. – განაგრძო ნარამ. – სადმე შორს.

სორენის ცივი ხელი იგრძნო ლოყაზე, მისი უჩვეულოდ ცხელი, დახეთქილი ტუჩები კი შუბლზე აეკრნენ.

-წავალთ. – თქვა სორენმა, ხმა უთრთოდა. – ცოტა დაისვენე და წავალთ.

თვალები გაახილა ნარამ. ბუნდოვნად ხედავდა სორენის სახეს. თვალები უბზინავდა კაცს მბჟუტავ თეთრ სინათლეზე.

ქრებოდა თითქოს ყველაფერი. მოდიოდა ნანატრი, ბნელი სიცარიელე.

შვების ოხვრა ამოუშვა ნარამ. მთელი სხეულით მოეშვა, სორენს დააწვა უფრო მძიმედ. ის  ყრუ ტკივილიც ქრებოდა ნელ-ნელა, და ისეთ მსუბუქად იგრძნო თავი, როგორც არასდროს. თითქოს ჰაერში ფარფატებდა.

-ფეხებს ვერ ვგრძნობ. – წაიბურტყუნა ბოლოს.

-ეგ არაფერი. მე წაგიყვან.

-მეძინება.

-არაუშავს. დაიძინე. – ლოყასა და ყვრიმალზე ეფერებოდა სორენის ხელი.

-აღარ წახვიდე.

-არ წავალ.

ტიროდა ვიღაც. სისველე იგრძნო ნარამ სახეზე.

-არ მინდოდა რომ ასე მომხდარიყო. – თქვა სორენმა. შორიდან ისმოდა მისი ხმა და წარბები შეკრა ნარამ, დაიძაბა, რომ უკეთესად გაეგონა. – აქამდე უნდა წავსულიყავით აქედან. აქამდე უნდა გავქცეულიყავით…

-სად? – ჰკითხა ნარამ.

-არ ვიცი… არ ვიცი. აღარაფერი აღარ ვიცი. სხვანაირად უნდა ყოფილიყო ყველაფერი. მაპატიე.

აუტანელ სევდას გრძნობდა ნარა, რომელსაც, სიმსუბუქისა და სასიამოვნო ბურანის გარდა, ანაზდეული შიში მოერია. რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა. რა იქნებოდა, რომ ულსტერს აქაც მოეგნო მათთვის? უნდა წასულიყვნენ. რატომ არ ემორჩილებოდნენ ფეხები?

-სორენ, მეშინია.

სორენი მოეხვია. სახე მის ყელში ჩარგო და ცხელი სისველე იგრძნო კანზე ნარამ, წამიერად გამოაფხიზლა თითქოს. ხელი ძლივძლივობით ასწია, მხარზე მოხვია კაცს.

-ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება. – თქვა მან. ხმა უკანკალებდა და რატომღაც შვება მოჰგვარეს მისმა სიტყვებმა ნარას. ყბაზე მოუსვა სორენს ხელი, თავი ააწევინა და ახლოდან გაჭირვებით გაარჩია მისი ნაკვთები. სველი თვალები, შეკრული წარბები და აჩეჩილი თმა. არასოდეს ენახა სორენი ასე. გული მოეკუმშა.

-ნუ ტირი. – ჩაიჩურჩულა მან.

-ნარა.

-რა?

-არ წახვიდე.

-არსად მივდივარ. – ამოილუღლუღა მან. იმდენად მძაფრად ვეღარ გრძნობდა სორენიდან გადმოღვრილი ემოციების სიმძაფრეს. კვლავ სასიამოვნო ბურანი მოერია.

სორენი გაფაციცებით დაჰყურებდა. გაღიმება სცადა.

-რომ წახვალ, მალე მეც წამოგყვები. – თქვა უცებ.

თავი ოდნავ დაუქნია ნარამ. ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა. ისეთი დაღლილი იყო, ისეთი დაღლილი…

სორენს თვალებში ჩახედა და დაინახა მათში ჩაძირული მზე, ვარსკვლავის მტვერი და ამავდროულად ზღვის ბობოქარი მღელვარება, ტალღებად რომ გადმოსდიოდა ლოყებზე. სხეულს ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა და ხედავდა სორენს, მის გაფართოებულ თვალებში ჩამარხულ სევდასა და მქრქალ ღიმილს.

სითბო მოეხვია გარშემო, როგორც მზის სხივების მხურვალე კონა და ჩაკვდა ყრუ ტკივილი. სორენის მკერდზე მიყრდნობილ ლოყაზე მის გულს გრძნობდა, გამალებით რომ ფეთქავდა და იცოდა, რომ ძალიან კარგად იქნებოდა ყველაფერი.

თვალები დახუჭა.

“წავიდეთ სადმე, შორს.”

.

.

Fin

.

.

.

ამ ისტორიის წერა 2023 წლის აგვისტოში დავიწყე, “მირაჟის” მერე და საკმაოდ რთულია ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ უკვე დაახლოებით 3 წელი გავიდა. იმედია არ მიწყენთ დასასრულის გამო, თავიდანვე, სანამ წერას დავიწყებდი, დაახლოებით ასეთი დასასრული წარმომედგინა, ცოტათი კი შეიცვალა რაღაც დეტალები მაგრამ ამბის ჩონჩხი იგივე დავტოვე და ზოგადად იშვიათად ვცვლი სიუჟეტს, თუ რამე გადავწყვიტე. ასე მგონია, რომ თავიდანვე ეტყობოდა ამ ისტორიას, თუ რანაირი ტიპის ისტორია იქნებოდა და სიუჟეტიდან გამომდინარე მოვაქციე თავი ისეთ ჩიხში, საიდანაც ბედნიერი დასასრული არ ჩანდა და ამიტომ რაც გამოვიდა, ესაა. ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ისტორიაში, ჩემი ყველაზე მასშტაბური ნაწერია – 488 გვერდი ვორდში და 118,602 სიტყვა. ვწერდი თავისუფალ დროს, სამსახურის მერე, ღამე, შაბათ-კვირას. ცალკე დრო მოუნდა რასაკვირველია სიუჟეტისა და დეტალების დაგეგმვას. თუ კითხვები გაქვთ, სიამოვნებით ვუპასუხებ ან კომენტარებში ანდა ჩემს ფეისბუქზე (იხილეთ კონტაქტის ქვეშ), ველოდები თქვენს აზრს ძალიან ❤ ყველას მადლობა ვინც აქამდე მომყვა და უდიდეს სტიმულს მაძლევდა წერის დროს, ბოლომდე გაუძლო, თქვენ რომ არა, ვერც დავამთავრებდი. და იმედი მაქვს რომ მალე დაგიბრუნდებით ახალი ამბით, იდეა უკვე მაქვს და მგონი ერთი წლის წინ დავაანონსე კიდეც :დდ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და შეხვედრამდე!

დატოვე კომენტარი