ცოცხალი ჟანგი (თავი 3)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მესამე თავის თემა

III – Denial

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

თვალები გადმოეკარკლა ნარას.

მაგრამ თითქოს დაბრმავებულიყო ანაზდად, რკინის ფარდა ჩამოფარებოდა მის თვალთახედვას. ვერაფერს ხედავდა.

გაიბრძოლა ოდნავ, შეეცადა გულმოდგინედ გადაკოჭილი მაჯები ერთმანეთს დაეშორებინა, მაგრამ ამაოდ.

რასაკვირველია. კიდევ კარგი რომ ფეხებიც არ გაუკოჭეს.

ფურგონის შიდა კუთხეში ეგდო, ცივ მეტალის კედელსა და ულსტერის მებრძოლს შორის, კედელზე მიმაგრებულ მაგარ სკამზე. ხმამაღლა გუგუნებდა ძრავი, მირიხინებდა ფურგონი და წარმოდგენა არ ჰქონდა ნარას, საით.

არა, იცოდა. იცოდა, რომ ულსტერს ყველგან თავისი სამალავები ჰქონდა, რომელთა ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. მიწისქვეშა ბუნკერები, სადაც ჩვეულებისამებრ აწარმოებდნენ დაკავებულთა დაკითხვას.

და არამარტო დაკითხვას. ბევრ სხვა რამესაც.

რამდენიმე მაღაროელს იცნობდა ნარა, ულსტერს რომ წაეთრია. ულსტერის ბუნკერებში მომხდარზე საუბარი არასოდეს ეპრიანებოდათ, მაგრამ გაეგონა ნარას, რომ დაკითხვა ძალიან იოლად შეიძლებოდა გადაქცეულიყო წამებაში.

ნებისმიერი სახის წამებაში. ულსტერი ყველაფერს მოიმოქმედებდა იმისათვის, რომ თავიანთი მიზნებისთვის მიეღწია. რომ დამნაშავე ეპოვა და დაესაჯა.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ არსებობდა დანაშაული.

მაგრამ არსებობდნენ ნარას მაჯებზე მარწუხებივით შემოჭერილი, ცივი მეტალის ბორკილები. არსებობდა ფურგონი, რომელიც სადღაც, გაუგებარი ადგილისაკენ მირახრახებდა და არსებობდნენ ულსტერის ციხეები.

და ასევე არსებობდა ულსტერის ეჭვი, რომ ნარა ასაფეთქებელი მოწყობილობების აწყობაში იყო დამნაშავე.

რაც სიმართლე გახლდათ. მაგრამ ულსტერს ეს არ უნდა სცოდნოდა.

ნუთუ სადმე ვიდეოკამერაზე გამოიჭირეს? ბინგემის მოედნის იმ ნაწილში, სადაც მაღაზია გაძარცვა ნარამ, კამერები არ იყო. და საერთოდაც, ვის ჰქონდა დრო რომ ერთი საცოდავი, კონტრაბანდით აღსავსე მაღაზიის გაძარცვისათვის მიეხედა? მაშინ, როცა ამოდენა აქცია გაემართათ ლერვიქენში?

ალბათ უფრო დიდი იყო ეს პრობლემა, ვიდრე ეგონა.

რაღაც ხდებოდა ალბათ. რაღაც, რაც ასაფეთქებელ საშუალებებთან იყო დაკავშირებული.

იქნებ ვინმემ დააბეზღა? ჰელმარს, როცა ვეზუვის ბიბლიოთეკაში შეხვდა, იმის შედეგ რაც უარი სტკიცა ნარამ, ბევრი არაფერი უთქვამს მაგრამ იქნებ იმდენად არ ესიამოვნა მისი პასუხი, რომ სადმე ჩაუკაკლა ვინმეს ინფორმაცია?

თუმცა არა. ბიბლიოთეკაზე რომ სადმე რამე ეთქვა, ბიბლიოთეკა აღარც იარსებებდა.

თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა. რაც იყო, იყო.

ახლა მიათრევდნენ სადღაც და ვერც კი წარმოედგინა ნარას, თუ რას უპირებდნენ. აშკარა ის გახლდათ, რომ სურდათ მისგან სიმართლე გამოეძალათ.

იქნებ ემჯობინებოდა რომ ეღიარებინა ყველაფერი? სახლში მილები, ბატარეები, სადენები და სხვა ათასი ხარახურა ჰქონდა, რისგანაც ასაფეთქებელ მოწყობილობებს აწყობდა. კიდევ კარგი რომ მონარჩენი მაზუთი ბოლო ასაფეთქებელში გამოიყენა და ბოთლიც მალევე გადააგდო. იმას მაინც ვერ იპოვიდნენ.

თუმცა დარწმუნებული გახლდათ, რომ ლერვიქენის ნებისმიერ მკვიდრს ჰქონდა ნაგავსაყრელიდან წამოღებული ათასგვარი ჯართი.

ახლა გაახსენდა, რომ მისი ქოთნებიც გადმოაყირავეს.

მაგრად მომუშტა ხელები ნარამ. იმედი ჰქონდა, რომ ერთ-ერთში ჩარგულ ბროწეულის კაკალს, რომელსაც კარგა ხანი გახლდათ, რაც დაჰკანკალებდა, ვერ დაინახავდნენ.

ალბათ ვერც მიხვდებოდნენ, თუ რა იყო.

იქნებ ეღიარებინა.

თუმცა რომ ეღიარებინა, მაშინ ალბათ ან ციხეში დატოვებდნენ, ანდა მოკლავდნენ, როგორც წესრიგის დამრღვევსა და იგაზან-ლას მოღალატეს.

„გიყვარდეს იგაზან-ლა, რამეთუ იგაზან-ლას სიყვარული და ერთგულება მთელი შენი სიცოცხლეა!“

ღალატი სიკვდილს უდრიდა.

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ.  მაგრამ ამაზე ფიქრი არ უნდოდა.

აღარაფერზე ფიქრი აღარ უნდოდა. ალბათ ქვეცნობიერად ხვდებოდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ადრე თუ გვიან. გიდეონის, ასტრიდის, ვულფისა და ბევრი სხვის უგზო-უკვლოდ გაქრობის შემდეგ და იმის გათვალისწინებით რომ რამდენჯერმე გზაზე გადაჰყროდა არასწორ დროს ულსტერს, ამაში არასოდეს შეჰპარვია ეჭვი.

არც ის აუმჯობესებდა საქმეს, რომ ვეზუვის ბიბლიოთეკაში დადიოდა. და ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით რაღაც-რაღაცებს იპარავდა.

ძლიერად შეირყა ანაზდად ფურგონი და შიგნეული გადაუნაცვლდა შიგნით ნარას, ძლივს შეიკავა თავი, რომ სახით არ დასკდომოდა ფურგონის იატაკს.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი მიდიოდნენ.

თავში ანაზდად წამოუტივტივდა ის სიტყვები, რომლებიც მისმა აშკარად შეშლილმა გონებამ აჩუქა წეღან.

„ნუ გეშინია“.

სადღაც გამქრალიყო კვლავ ის ხმა. და ჯერჯერობით არსად მიდიოდა მასში გაღვივებული შიში.

ანაზდად მოუმატა სიჩქარეს ფურგონმა, აგუგუნდა ძრავი და ინერციით გადაიხარა მარჯვნივ ნარა. ულსტერის მებრძოლის ცივი, რაღაცნაირი, თითქოსდა რეზინის სურნელი იგრძნო.

მერე კი ელვის სისწრაფით გაჩერდა ფურგონი, გამაყრუებელი ღრჭიალი გაიღეს საბურავებმა.

და მარცხნივ გადაქანდა ნარა, სანამ თავის შეკავებას შეძლებდა, ხმამაღალი ზათქით მიეხეთქა მისი თავი ფურგონის ცივი მეტალის კედელს.

აუტანელმა ტკივილმა იფეთქა წამსვე მის მარცხენა საფეთქელში, წამსვე ცხელი სითხე იგრძნო ცივი ოფლით დაფარულ ლოყაზე, დამდაგავი ნაკადულივით რომ მიედინებოდა მისი ყელისაკენ.

კანი გაუსკდა და სისხლი მოსდიოდა.

ესღა აკლდა.

თუმცა ალბათ უადგილო იყო ამაზე ფიქრი, როცა უარესი ელოდა წინ.

ხელები ნელ-ნელა უკვე უბუჟდებოდა.

მერე კი ფურგონის კარი გამოაღეს.

თავი მიაბრუნა ნარამ, თვალები დახუჭა, ღია კარიდან შემომსკდარი, ღია ცისფერ სინათლეს მზერას ვერ უსწორებდა.

მკლავში სტაცეს ხელი და სკამიდან წამოაგდეს, მერე კი გარეთ გაათრია ულსტერის მებრძოლმა. ფურგონიდან რომ ჩამოათრიეს, კინაღამ დაეცა ნარა, მაგრამ მეორე მხრიდანაც ამოუდგა ვიღაც და როგორც ტომარა, ისე წაათრიეს.

ისეთი მჭახე და თვალისმომჭრელი იყო შუქი რომ ძლივს დააცილა ქუთუთოები ერთმანეთს ნარამ, თვალებმოჭუტულმა მიმოიხედა აქეთ-იქით.

გრძელ, ბეტონის დერეფანში მიდიოდნენ, რომლის ორივე მხარეს დაჟანგული რკინის კარები ჩაერიგებინათ. აქა-იქ ხმამაღალი ღრიალი და ხათქუნი ისმოდა კართა მიღმა, მათ ხმამაღლა აჯახუნებდნენ ოთახებში შემავალ-გამომავალი მებრძოლები. ჭერის ორივე მხარეს გრძელ ზოლებად გასდევდა სანათები, რომელთა თეთრი სინათლე იმდენად ძლიერი გახლდათ რომ მკაფიოდ მოჩანდა რუხი კედლებისა და კარების თითოეული პაწაწინა დეტალი.

არ იყო შეჩვეული ასეთ მჭახე სინათლეს ნარა. მის ბინაში, მაღაროში და ზოგადად დღის სინათლეც კი იგაზან-ლაში მუდამ მქრქალი და დაბურული გახლდათ.

თითქოს აქვე იწყებოდა მისი დაკითხვა. სინათლით აბრმავებდნენ და აშიშვლებდნენ, მისი სხეულისა და გამომეტყველების თითოეულ დეტალს ხედავდნენ.

ყინავდა დერეფანში და თრთოდა ნარა. აშკარად მიწისქვეშეთში იყვნენ სადმე.

რამდენჯერმე შეუხვიეს მებრძოლებმა. მიბარბაცებდა ნარა, ცდილობდა მათი სწრაფი ნაბიჯებისათვის ფეხი აეწყო.

ზოგჯერ ახერხებდა კიდეც.

ზოგჯერ კი ვერა, ფეხი უსხლტებოდა და კვლავ ტომარასავით მიათრევდნენ.

მერე კი რომელიღაც ოთახში შეიყვანეს, კარი მათ უკან ზათქით დაიხურა.

ჭერს ოთხივე კუთხეში გასდევდა თეთრი სანათების ზოლი, სინათლე კი ოთახის ცენტრში დადგმულ მეტალის მაგიდასა და მასთან მიწყობილ დანჯღრეულ სკამებს მოჰფენოდა.

ერთ-ერთ სკამზე მიაგდეს ნარა.

მერე კი სწრაფად, უსიტყვოდ დატოვეს ოთახი, ისეთი ძალით ძალით მოაჯახუნეს კარი, რომ კედლები შეზანზარდნენ.

ამოიქშინა ნარამ, შეეცადა სკამზე გასწორებულიყო. ბორკილები უკვე ჩასჭეროდა კანში, უკან გადაქაჩული მხრები ყრუდ ასტკივდა.

კვლავ მდორედ სდიოდა საფეთქლიდან სისხლი, რამდენიმე წვეთი მოსწყდა ნიკაპიდან, ჩუმი წკაპუნით დაეცა ქვემოთ და ძალიან უადგილოდ მოჩანდა ალისფერი სისხლი მაგიდის ცივ მეტალზე.

მიმოიხედა ნარამ, თვალები მაგრად დახუჭა, რომ მათში მოწოლილი ცრემლები მის თვალთახედვას არ დაებურა. ცივი ღია ნაცრისფერი იყო ბეტონის კედლები და არაფერი ჩანდა ოთახში სანათების, მაგიდისა და სამი სკამის გარდა. არასოდეს ენახა ასეთი სტერილური და ცარიელი ოთახი.

ყველაფერი ყოველთვის ხარახურით გახლდათ გაძეძგილი. იგაზან-ლას ქუჩები, მაღაროები, მაღაზიები, ბინგემი.

ყველაფერი.

თვითონაც.

ხანდახან ცარიელი ეგონა საკუთარი თავი, მაგრამ ხანდახან გრძნობდა, რომ პირამდე იყო სავსე მისთვის გაუგებარი, მის გონებაში კაკაფონიად ქცეული ემოციებითა და ფიქრებით, რომელთაც ვერც თავს უგებდა და ვერც ბოლოს.

დაიხარა ნარა, შუბლი მაგიდაზე ჩამოდო. იჯდა, ფეხები გადაეშალა და დროდადრო ცდილობდა მხრების ყრუ ტკივილი მოეცილებინა, რომელიც ნელ-ნელა უძლიერდებოდა.

მიდიოდნენ ნელ-ნელა წუთები და კანკალებდა სიცივისაგან ნარა.

გასწორდა. სკამებს ზურგი არ ჰქონდათ, ამიტომ ვერაფერს მიეყუდებოდა. უბრალოდ იჯდა, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მის მაჯებში ჩაჭერილი ბორკილებისათვის და უსმენდა, თუ როგორ წკაპუნებდა მაგიდაზე მისი ჭრილობიდან უკვე მდორედ მომავალი სისხლი.

რამდენჯერმე ადგა, ოთახს შემოუარა, მოათვალიერა კუთხე-კუნჭული.

რატომღაც ხვდებოდა, რომ აქ სადღაც ვიდეოკამერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერსად ვერ შეამჩნია. ალბათ სანათებთან ახლოს იყო დამონტაჟებული, მათ კი თვალებს ვერ უსწორებდა, გუგებს უწვავდნენ.

მერე კი ისევ ჩამოჯდა. არც კი იცოდა, რამდენი ხანი იჯდა.

საათები.

და გაუსაძლისად გრძელი და ამავდროულად მოკლე იყო თითოეული წამი.

ელოდა. რაღაცას ელოდა, თვითონაც არ იცოდა რას, თან ამავდროულად იცოდა, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ მოლოდინზე უარესი იქნებოდა.

და ბოლოს, როცა უკვე ეგონა რომ იქნებ გადაავიწყდათ, რომ შემოაღეს კარი. ადგილზე შეხტა მოულოდნელობისა და ანჯამების ხმამაღალი ღრჭიალის გაგონებისას ნარა, რომელმაც გახლიჩა ოთახში ჩამოწოლილი სამარისებური სიჩუმე.

ორ წამსაც კი არ გაევლო, რომ მის წინაშე დაჯდა ორი ულსტერის მებრძოლი.

კვლავ ჩაფხუტები ეხურათ. კვლავ ნიღაბი და სათვალეები უფარავდათ სახეს. ერთმა შაშხანა დადო მათ შორის მაგიდაზე.

უსიტყვოდ შეჰყურებდა მათ ნარა, თითოეული კუნთი დასჭიმვოდა, რომ არ შეემჩნიათ მისი კანკალი. იცოდა, თუ რატომ იდო მაგიდაზე შაშხანა და ერჩივნა ქვემოთ არ დაეხედა. არ უნდოდა რომ სისუსტე შეტყობოდა.

თუმცა ამისათვის ალბათ ძალიან გვიანი იყო უკვე. სახლიდან წამოათრიეს, თავიდან სისხლი სდიოდა და იჯდა აქ, გაკოჭილი.

და ჩამოწოლილიყო სიჩუმე, რომლის დარღვევა თითქოს არავის უნდოდა, გაჩხერილიყვნენ ვაკუუმში, რომელიც ისეთივე შემზარავი გახლდათ, როგორც ის, რაც წინ ელოდა.

თითები გაშალა და კვლავ მომუჭა ნარამ. ისე დაბუჟებოდა, რომ თითქმის ვეღარც გრძნობდა, ძალიან სტკიოდა.

-ვიცით, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები გაქვს. – თქვა უცებ ერთმა.

მას გაუსწორა მზერა ნარამ, ყოველ შემთხვევაში იმ ადგილს, სადაც მისი თვალები უნდა ყოფილიყვნენ.

-არ მაქვს. – თქვა ბოლოს.

მებრძოლებს ხმა არ გაუღიათ. უსიტყვოდ შესცქეროდნენ.

და იცოდა ნარამ, თუ რას აკეთებდნენ. ცდილობდნენ სიჩუმით, რომელსაც ბრალდებისა და უნდობლობის ელფერი გასდევდა, მასში ლაპარაკის გაგრძელების სურვილი გაეღვივებინათ.

მაგრამ ლაპარაკის არც თავი და არც სურვილი აღარ ჰქონდა ნარას. კვლავ კედლისაკენ მიაბრუნა მზერა. აშკარა იყო, რომ აქედან მთელი ვერ გამოძვრებოდა.

და ეჭვობდა, რომ ვერც ცოცხალი.

უცნაური, თავზარდამცემი სიმშვიდე მოერია ნარას. ვეღარაფერს მოიმოქმედებდა. ყველანაირი მცდელობა ფუჭი გახლდათ.

ძილი ყოველთვის უყვარდა. იმის საშუალება მაინც ექნებოდა, რომ წესიერად გამოეძინა და გაღვიძება არ დასჭირვებოდა.

-ას ოცდამეოთხე დღეს ბინგემზე რას აკეთებდი? – ჰკითხა უცებ მეორემ.

-ბინგემზე არ ვყოფილვარ. – მიუგო ნარამ. ლოყაზე ჩამოსული სისხლი ნელ-ნელა ხმებოდა, უსიამოვნოდ წიწკნიდა კანს. მხარი ასწია ნარამ, შეეცადა მოეწმინდა, მაგრამ ამაოდ.

-ვიცით, სად დადიხარ. – თქვა ისევ მეორემ. – უაზრობაა ახლა რამის დამალვა. სულაც არ ვფიქრობ, რომ მოღალატე ხარ. იქნებ ცუდ რამეში გაერიე. გვითხარი და ვეცდებით მოგეხმაროთ.

ნარას კინაღამ სიცილი წასკდა, მაგრამ დროულად შეიკავა თავი. მხოლოდ ოდნავი ღიმილი გადმოსკდა მისი თავშეკავების ჯებირებს, რომელმაც ტუჩის კუთხეები შეურხია.

-არა. – თქვა ბოლოს. – მე არაფერი დამიშავებია.

-არ ესმის, ხომ ხედავ. – თქვა პირველმა. – მგონი ფრჩხილებიდან რომ დავიწყოთ, ალაპარაკდება.

ხელები მაგრად მომუშტა ნარამ. ალბათ ფეხის ფრჩხილებიდან დაიწყებდნენ. ულსტერს ერჩივნა, რომ თავიდან მაინც ძალიან შესამჩნევი არ ყოფილიყო მათ მიერ მიყენებული დაზიანება.

-მოიცადე ორი წამი, დარწმუნებული ვარ რომ გვეტყვის. – ჩაერია მეორე. – გვითხარი ყველაფერი რაც იცი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე და გაგიშვებთ.

არ გაუშვებდნენ.

-არაფერი ვიცი. – თავი გადააქნია ნარამ. – რაღაც გეშლებათ.

სიტყვა არც კი დაემთავრებინა, რომ ანაზდად გადმოიხარა მისკენ პირველი და ისე ძალით გააწნა ალიყური, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა ნარას. საეჭვო ღრჭიალი გაიღო მისმა ყბამ, დარტყმის ძალისაგან გვერდზე გადაუქანდა სხეული და კინაღამ იატაკზე გაადინა ზღართანი. გმინვა აღმოხდა უნებურად, მაგრამ მაგრად დააჭირა ერთმანეთს კბილები, ტუჩები მოკუმა.

ცეცხლი მოეკიდა ლოყაზე და აუტანელმა მრისხანებამ იფეთქა მის მკერდში. სისხლმა აასხა სახეში, თვალებში ჩამოუბნელდა. მისთვის ტკივილი ახალი არ გახლდათ, ბევრჯერ ეცემათ, მაგრამ ასეთი ყოვლისმომცველი მძვინვარება არასოდეს ეგრძნო.

-ჩვენ არასოდეს არაფერი გვეშლება. – დაუსისინა პირველმა.

ნესტოები დაებერა ნარას, ისე დასჭიმვოდა ყველაფერი, რომ სუნთქვა გაუჭირდა.

-არაფერი ვიცი. – კბილებში გამოსცრა მან.

-როგორ ააწყვე ასაფეთქებლები? – ჰკითხა მეორემ. – სად აწარმოებთ?

-არსად! – იფეთქა ნარამ. – არაფერს არ ვაწარმოებ!

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ნარას ქშენა არღვევდა.

მერე კი გაიგონა.

ოდნავი, ჩუმი, მექანიკური ხმა, რომელიც ულსტერის მებრძოლთა მხრიდან მოდიოდა. ადამიანის საუბარს წააგავდა.

მერე კი, ისე რომ ვერც კი გააცნობიერა ნარამ, თუ რა ხდებოდა, სკამებიდან წამოიჭრნენ მებრძოლები, მეორემ მკლავში მოავლო ხელი და ასწია, ღრჭიალით მოღებულ კარში გაათრიეს.

კივილი ყელში გაჩხეროდა ნარას, მძლავრად უცემდა გული. ძლივს მიათრევდა ამდენი ხნის მანძილზე ჯდომისაგან დაბუჟებულ ფეხებს, მრისხანება ერთიანად აორთქლებულიყო და ერთიანად აღევსო მისი გასკდომამდე ატკიებული თავი შიშს.

რატომ იქვე არ ჩაცხრილეს? წამებას უპირებდნენ. იქნებ რამე სპეციალური ოთახი ჰქონდათ ამისათვის განკუთვნილი და იქ მიათრევდნენ?

მაგრამ არა.

დერეფნიდან ვეებერთელა დარბაზში გაიყვანეს, ასი მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმულ, დაჭედილ რკინის ჭერზე თვალისმომჭრელ სინათლეს აფრქვევდნენ სანათები, შუქი დარბაზში ჩარიგებული ფურგონების შავ კორპუსებს ალაპლაპებდა.

 გაოგნება ვერ მოასწრო ნარამ, რომ ფურგონში შეაგდეს. ზათქით დაენარცხა იატაკზე, კარი მოაჯახუნეს, კვლავ წყვდიადი ჩამოწვა მის გარშემო და დაიძრა ფურგონი.

თვალებგადმოკარკლული იწვა ნარა, ქვეშ მოჰყოლოდა დაბუჟებული მარცხენა მკლავი, ლოყა ცივ, ხორკლიან, აშკარად ჭუჭყიან იატაკზე მიჭეჭყოდა. გუგუნებდა მის ქვეშ ძრავი და ისე სწრაფად მიქროდა ფურგონი, რომ ინერციამ აქეთ-იქით გადააგორა, სანამ გაჭირვებით არ წამოტორტმანდა ფეხზე და უკან წაბარბაცდა, სკამზე დაეხეთქა.

არ მოკლეს.

არც აწამეს.

რაღაც მოხდა. იმ მექანიკურმა ხმამ, ადამიანის საუბარს რომ წააგავდა, ალბათ რაღაც აუწყა მათ, თორემ ასე იოლად თავს არ დაანებებდნენ.

ანდა რაღაც ხრიკი იყო. ფსიქოლოგიური ტერორის კიდევ ერთი ასპექტი, რომლითაც დაიწყებოდა მისი წამება.

იჯდა პირგამომშრალი ნარა, კანკალებდა, აქეთ-იქით ირწეოდა მოხრიგინე ფურგონში.

კარგა ხანი იარეს და წყვდიადში აცეცებდა თვალებს.

მერე კი მოწყვეტით შეჩერდა ფურგონი და გაიღო კარი.

იგაზან-ლას ნაცნობი, დღის ღია ნაცრისფერ შუქში გარეული, დანისლული ლურჯი შუქი, ალაპლაპებული ქუჩა და ცათამბჯენებს შორის აღმართულ ბოძებზე გადებული ლიანდაგი დალანდა ნარამ.  

-გადმოდი! – დაუღრიალა მებრძოლმა და წამობარბაცდა ნარა, ფურგონიდან ჩამოხტა.

ხელი სტაცა მებრძოლმა და ელვის სისწრაფით მოხსნა ბორკილები.

მერე კი, სანამ გაოგნებული ნარა მომხდარის გააზრებას მოასწრებდა, ფურგონში ჩაჯდა და საბურავების აუტანელი ღრჭიალით გასცილდა იქაურობას, მალევე ჩაიკარგა ცათამბჯენთა შორის.

გაუნძრევლად იდგა ნარა, კანკალებდა. დაბუჟებულ მკლავებში შხუილით მიჰქროდა სისხლი, ხელები ასტკივდა. ასწია მაჯები, და ალაგ-ალაგ გადაესერა ბორკილებს მისი კანი, დალურჯებოდა. მის ციფერბლატს რამდენიმე ახალი ნაკაწრი შეჰმატოდა.

აიხედა. რუხ ღრუბლებს შორის ალაგ-ალაგ მოჩანდნენ მოყვითალო ნაცრისფერი ცის ნაგლეჯები, და არსად ჩანდა გაიას ვარსკვლავი. თქორავდა, სახესა და გაშიშვლებულ მხრებზე თითქოს ყინულოვანი ნემსები ერჭობოდნენ.

გამოუშვეს.

არც კი სჯეროდა, რომ გამოუშვეს.

ნუთუ დაუჯერეს?

არა, არა. შეუძლებელი იყო. ულსტერი არასოდეს ცდებოდა.

ტუჩები შეუთრთოლდა ნარას, გასიებულ ლოყაზე მოისვა თითები. ძალიან ეწვოდა, გაყინულმა თითებმა ოდნავ დაუამეს ტკივილი.

ულსტერი არასოდეს ცდებოდა. ულსტერი ყველგან იყო, ყველაფერი იცოდა.

იცოდნენ, ანდა უნდოდათ მას დაეჯერებინა, რომ რამე იცოდნენ. უარყო ყველაფერი ნარამ, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ არ დაუჯერეს, ფრჩხილების დაგლეჯას უპირებდნენ და გრძნობდა, ის მექანიკური ხმა რომ არა, მებრძოლებს რომ რაღაც უთხრა, ახლა აქ არ იქნებოდა. ისევ იმ ოთახში იქნებოდა, ტკივილისაგან აყვირებული, ანდა თავს გაუხეთქავდნენ შაშხანით.

მაგრამ გამოუშვეს.

იქნებ აპირებდნენ რომ თვალი მიედევნებინათ? იქნებ იფიქრეს, რომ უფრო გამოსადეგი იქნებოდა, თუ თვალთვალს დაუწყებდნენ?

თუმცა არა. ულსტერს ამისათვის მოთმინება დიდი ალბათობით არ ექნებოდა.

არ უნდოდა რამის აღიარება ნარას. არ უნდოდა, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და ვეზუვის ბიბლიოთეკაზე გაეგო ულსტერს რამე.

უნდოდა ეფიქრა, რომ მხოლოდ ეგოისტობა არ იყო ვეზუვის ბიბლიოთეკისა და ასაფეთქებელ მოწყობილობებზე ინფორმაციის დამალვა. უნდოდა ეფიქრა, რომ მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი არ იყო ეს ყველაფერი.

რადგან დანაშაულის აღიარება გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა.

უნდოდა ეფიქრა, რომ ოდნავი სიმამაცეც ერია მის საქციელში.

მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. და აღარც ამაზე ფიქრის თავი ჰქონდა ნარას.

უბრალოდ უნდოდა სადმე მიწოლილიყო და დაესვენა. წყალზეც არ იტყოდა უარს, საშინლად გამოშრობოდა პირი.

ისევ სდიოდა საფეთქლიდან სისხლი, ალბათ ისევ გაეხსნა ჭრილობა, როცა ფურგონში შეაგდეს. თბილი წვეთი მიცოცავდა მის ლოყაზე, წვიმას ერეოდა და ნიკაპთან ესკვნებოდა, გულისპირი მოსვროდა გათხელებული სისხლით. ზუზუნებდა ქარი, მის დაგრეხილ, სველ თოკებად ჩამოკიდებულ თმას არხევდა და ყინულოვან ტალღად ეფინებოდა მის ოფლით ნოტიო შარვალსა და მაისურს.

მზერა ასწია ნარამ. ქუჩაში კანტიკუნტად მიიჩქაროდნენ გამვლელები, რამდენიმემ თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ელვის სისწრაფით, მაგრამ არაფერი უთქვამთ, წამსვე აარიდეს მზერა.

მიხვდნენ, რომ ულსტერმა მოიყვანა აქ.

უკან დაიხია ნარამ, ეცადა შენობის ჩრდილში შემალულიყო, ჭუჭყიან, ტალახიან გუბეში ჩაეფლო შიშველი ფეხებით.

იცნო აქაურობა. მაღაროებთან ახლოს იმყოფებოდა. შორეული გუგუნი ესმოდა, რომელსაც მატარებლის დუგდუგი დაემატა.

ციფერბლატზე დაიხედა ნარამ.

08:45.

თითქმის შვიდი საათის მანძილზე იყო ულსტერის სამალავში.

სამსახურში დააგვიანდა. ამისათვის აუცილებლად დასჯიდნენ.

მაგრამ ეს ფეხებზე ეკიდა ახლა.

საფეთქელზე შეივლო თითები ნარამ. წვიმა წამდაუწუმ რეცხავდა გამსკდარ კანს, მაგრამ არ უჩერდებოდა სისხლდენა. ალბათ ნაკერი დასჭირდებოდა.

შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას.

მაღაროებთან ახლოს საექიმო პუნქტი იმყოფებოდა, სადაც მაღაროელთა ზოგად, ყოველ ორ თვეში ერთხელ დანიშნულ შემოწმებებსა და მცირე ტრავმებს მკურნალობდნენ.

არასოდეს უყვარდა იქ ყოფნა ნარას.

კონტროლი ექიმთან სიმპტომების გამოკითხვას, გასინჯვასა და თუ საჭირო გახლდათ, ანალიზების აღებას ითვალისწინებდა. ქალებისთვის კი ეს ვაგინალური გამოკვლევის ჩატარებასაც ნიშნავდა.

რაც ყოველთვის მინიმუმ არასასიამოვნო გახლდათ.

„ქალი ახალი სიცოცხლის წყაროა! ქალი არ უნდა დაავადდეს! იზრუნე საკუთარ თავზე!“

და პოსტერზე გამოსახული მომღიმარი ქალი, რომელიც თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა ექიმის გვერდით იჯდა.

შუბლზე მიკრული თმა უკან გადაიწია ნარამ, ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის გაიქცა.

გამვლელებს ზედაც არ შეუხედავთ მისთვის. უჩვეულო არ გახლდათ გიჟების დანახვა ქუჩაში, განსაკუთრებით ნაცემი და დასისხლიანებული გიჟების.

შემეჩხერდნენ ცათამბჯენები და უფრო გაძლიერდა მაღაროებიდან მომავალი გუგუნის ხმა, სანამ შენობებს შორის ვიწრო გასასვლელში გამძვრალი ნარას წინ ლერვიქენის ურანის მაღაროს გიგანტური კრატერი გადაიშალა. რუხ ღრუბლებს ერთიანად დაებურათ ცა, ცის ნაგლეჯიც კი არსად ჩანდა. ნაცრისფერი, ნისლში გაღვრილი შუქჩრდილი მოჰფენოდა შემოგარენს, და ისეთი სქელი გახლდათ ბურანი, რომ მაღაროს მიღმა აღმართული იგაზან-ლას გალავანის კიდეს გაჭირვებით არჩევდა ნარა. რიხინებდნენ ჯაჭვზე მიბმული, კრატერიდან ამომავალი, მადნით პირამდე სავსე მაზიდები და მის მარჯვნივ, შორს, ცათამბჯენებს შორის გამოეყო თავი მატარებელს, იქ, სადაც ლიანდაგი მთავრდებოდა. ქვეშ მაღაროელების მთელ ჯგროს მოეყარა თავი, მაზიდებს რკინის ყუთებში ცლიდნენ და ვაგონებს ტვირთავდნენ, მერე კი რიხინით მიჯაყჯაყებდნენ მაზიდები კვლავ მაღაროს მიმართულებით.

მისკენ არ გამოუხედავთ მუშებს, საბედნიეროდ.

მიტრიალდა ნარა.

მერე კი მოესმა.

კვლავ ის შეგრძნება, თითქოს ვიღაც იქვე იჯდა და შეჰყურებდა, ყურისძირში, და ახლა უკვე ნაცნობი, მამაკაცის ძალიან შორეული, დაგუდული, გაწყვეტილი, მაგრამ მაინც გასაგები ხმა მის თავში.

‘გეს..მის? კარგ ხარ?’

ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში ნარას, ადგილს მიეყინა. იდგა, გაშეშებული, დანისლულ, შორეულ გალავანს შეჰყურებდა, თვალები გაუშტერდა, ერთიანად დაუცარიელდა გონება, და უკიდეგანო სიცარიელემ ექოდ ამოსძახა თითქოს გაგონილი სიტყვები, რომლებიც მისმა მწყობრიდან გამოსულმა ტვინმა შეთხზა. რომლებიც მას, მის ცნობიერებას არ ეკუთვნოდა.

აღარ უნდოდა ამის გაგონება.

და როგორ სწრაფადაც მოვიდა ის შეგრძნება სიტყვებიანად, წამსვე გაქრა.

რამდენიმე წამი ელოდა ნარა, მთელი სხეულით დაძაბული. ელოდა, რომ კვლავ გაიგონებდა რამეს.

მალევე გამოერკვა, მაღაროელებისაკენ გააპარა თვალი. ისინი კვლავ გამალებით ცლიდნენ მაზიდებს,

მიბრუნდა ნარა და კრატერის კიდეზე გადაჭიმულ, შენობებზე ალაგ-ალაგ მიმაგრებული ნეონის სანათებისაგან ლურჯად ალაპლაპებულ ქუჩას დაუყვა.

უკვე ერთიანად დასველებოდა მაისური და თმა, როცა საექიმო პუნქტამდე მიაღწია. ვიწრო, შენობებს შორის გაჩხერილი პუნქტის თავზე პანელიანი აბრა მიემაგრებინათ, რომელიც ცისფრად ანათებდა, ზედ გამოსახული ორმაგი სპირალი ტრიალებდა, შეუჩერებლად. დაბურული მინის ფანჯრებიდან ასევე ცისფერი შუქი იღვრებოდა.

ციფერბლატი ასწია ნარამ და მეტალის კარის პანელთან მიიტანა.

კარი სისინით გაიღო და შიგნით შეაბიჯა ნარამ, კარი ჩხაკუნით დაიხურა მის უკან.

სამედიცინო მოწყობილობებით, ნივთებით, წამლებითა და ათასგვარი სხვა ხარახურით გამოტენილ თაროებს შორის, თეთრ მაგიდასთან იჯდა მერითი. სუფთა ხალათი ეცვა და ჭერზე ზოლებად ჩარიგებული სანათებიდან მომავალ სინათლეზე უკან კოხტად გადაწეული, გვერდებზე შეკრეჭილი ქერა თმა ულაპლაპებდა. ხელში გამჭირვალე, მინასავით პანელი ეჭირა მერითს, რომელზეც რაღაცას ამოწმებდა აშკარად, მაგრამ ნარას შემოსვლისას მალევე გადადო გვერდზე, მზერა მოაპყრო.

ძალიან გამჭოლი, ცისფერი თვალები ჰქონდა.

-გამარჯობა, ნარა. – უთხრა მან, ახედ-დახედა, მერე კი იქვე მიდგმულ სკამზე მიუთითა. – მოდი, დაჯექი.

უსიტყვოდ მიუახლოვდა მაგიდას ნარა, მძიმედ დაეშვა სკამზე.

რამდენიმე თვე გახლდათ, რაც მერითი აქ მუშაობდა. იგაზან-ლას მეორე ბოლოში მდებარე, ქარქს-ნუიას რაიონიდან იყო.

ექიმი ერთ-ერთი გახლდათ იმ პროფესიების მწირი ჩამონათვალიდან, რომელთაც შეეძლოთ რაიონთა შორის მიმოსვლა. მერითი კი საკუთარი სურვილით გადმოსულიყო ძვლების რაიონში, უნდოდა მაღაროელებისათვის ემკურნალა.

ეს უნდა მოსწონებოდა ნარას. მადლობელი უნდა ყოფილიყო.

მაგრამ მაინც არ ეხატებოდა გულზე მერითი. ყოველ ჯერზე, როცა მის სუფთა ტანსაცმელსა და მოვლილ თმას ხედავდა, ხვდებოდა, რომ ისეთივე უზარმაზარი იყო მათ შორის სხვაობა, როგორც ლერვიქენის გიგანტური კრატერი. მერითი ყალბ, კეთილშობილობის ილუზიას შეეპყრო, რომელიც ქედმაღლობისა და სიამაყის გამოვლინება გახლდათ და მეტი არაფერი.

თან ცოტა გულგრილი და დაუდევარი იყო მერითი. ერთი მაღაროელი რამდენიმე თვის წინ ცუდად გრძნობდა თავს, მერითმა კი განუცხადა, ყველაფერი კარგადააო. ის მაღაროელი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მაგრამ მერითი ერჩივნა მათი პუნქტის წინა ექიმს. წინა ექიმის დროს იმაზე ბევრად უფრო გრძელი იყო გინეკოლოგიური გამოკვლევა, ვიდრე საჭირო გახლდათ.

თან მერითი არაფერზე ახამხამებდა თვალს და ბევრ კითხვებსაც არ სვამდა.

როგორც ახლა.

-თავი დავარტყი. – თქვა ნარამ, თმა ყურს უკან გადაიწია და სისხლმდენი ჭრილობა დაანახა საფეთქელზე მერითს. – მგონი გაკერვა სჭირდება.  

კისერი წაიგრძელა მერითმა, ჭრილობა დაუთვალიერა, მერე კი წამოდგა, თაროებს მიადგა. მეტალის მოლაპლაპე დაფა გადმოიღო, მერე კი საჭირო ნივთების გადმოწყობას შეუდგა.

-ცივი საფენი გინდა? – ჰკითხა მან, თან დოლბანდის მთელი ბღუჯა გადმოიღო თაროდან. – ლოყა გაქვს გასიებული.

-გააჩნია რამდენი ეღირება. – წაიბურტყუნა ნარამ.

-იაფი ეღირება. – მიუგო მერითმა, მაგიდაზე დადო დაფა და კედელზე მიმაგრებული ყუთიდან ხელთათმანები ამოაძვრინა, მარჯვედ მოირგო ხელებზე, მერე კი სკამი ახლოს მიიწია ნარასთან, ყურადღებით დააკვირდა მის საფეთქელს.

ხშირად ეუბნებოდა მერითი, რომ იაფი ეღირებოდა. და ხშირ შემთხვევაში არ იტყუებოდა. ეჭვობდა ნარა, რომ რაღაცას მაქინაციობდა და თვითონ იხდიდა ზოგიერთი მის მიერ ჩატარებული პროცედურის ფულს, რასაც ჯერჯერობით ვერ მიმხვდარიყო მაღაროს ადმინისტრაცია, რადგან წამსვე მატყუარის ეტიკეტს მიაკერებდნენ და გაწიხლავდნენ აქედან.

„გულაამი იგაზან-ლას სიბინძურისაგან ათავისუფლებს!“

პოსტერზე გამოსახული გულაამი – ახალგაზრდა, წარმოსადეგი, მუქთმიანი და ცისფერთვალება, მომღიმარი მამაკაცი, და მის უკან გისოსებს მიღმა გამოკეტილი, რამდენიმე გამურული ადამიანი, რომელთაც მოფლეთილი ტანსაცმელი ემოსათ, მათ მკერდზე კი წარწერები გადაჭიმულიყო.

„სიცრუე“. „ღალატი“. „ავადმყოფობა“. „შური“. „სიძულვილი“. „სიღარიბე“.

მატყუარები არ უყვარდათ.

მერითისკენ გააპარა მზერა ნარამ, რომელიც ბინტს ასველებდა სადეზინფექციო ხსნარში.

აეწვა ჭრილობა, როცა სისხლი მოსწმინდა ექიმმა, მაგრამ ხმა არ გაუღია ნარას.

-ფრთხილად უნდა იყო. – თქვა მერითმა, ნემსის დამჭერი მოემარჯვებინა. კანში გაუყარა ნემსი და მაგრად მომუშტა ხელები ნარამ.

-რაც არ უნდა ფრთხილად იყო, მაინც ხდება ხოლმე რაღაცები. – მიუგო ნარამ.

-ეგეც მართალია. – თქვა მერითმა, ოდნავ გაიღიმა. ძალიან თეთრი, სწორი კბილები ჰქონდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ოთხი ნაკერი დაადო მერითმა, სუფთა დოლბანდით შეუხვია, მერე კი ცივი საფენი დააწება გასიებულ ლოყაზე, რომელმაც წამსვე დაუამა კანის წვა ნარას.

-სხვა ყველაფერი ხომ რიგზეა, ნარა? – ჰკითხა მან, სანამ სისხლით მოსვრილ ბინტს მაგიდის გვერდზე მიმაგრებულ სანაგვეში აგდებდა.

-რიგზეა.

-თავის ტკვილები? ღებინება? მუცლის ტკივილი? სისხლდენები?

-არ მაქვს.

-გამაყუჩებლები ხომ არ გინდა? ან სხვა წამლები? ახალი შემოტანილი გვაქვს ქრონო-X. სასიამოვნო ჰალუცინაციებს იწვევს.

-არა, არ მინდა.

-კარგი. შემდეგი კონტროლი ერთი თვის მერე გიწევს მგონი.

-მოვალ.

თავი დაუქნია მერითმა, ოდნავი, ცივი ღიმილი მოსდებოდა მის სახეს. მიტრიალდა, გამოუყენებელი ნივთების თაროებში შეწყობა დაიწყო.

კალთაში მაგრად დაისრისა ხელები ნარამ.

ხმები გაახსენდა. ხმები და ის შეგრძნება, რომელიც ბოლო კვირის მანძილზე მოსვენებას არ აძლევდა.

რაღაც სჭირდა აშკარად. იცოდა, რომ გაგიჟდა.

ანდა იქნებ სხვა რამე სჭირდა. რამე ისეთი, რაც იკურნებოდა.

ჟრუანტელმა დაუარა სხეულში ნარას, ხელები დაუბუჟდა. რაღაც წარმოიდგინა მის თავში, მისი ტვინის ქსოვილში დაბუდრებული მატლივით, რომელიც დაფუთფუთებდა, შიგნიდან ჭამდა.

შეზარა ამის წარმოდგენამ. ანაზდად აუტანელმა შიშმა შეიპყრო.

-მერით. – წაილუღლუღა მან.

-ჰმ? – მერითი მობრუნდა, მზერა მოაპყრო.

პირი გააღო ნარამ და დახურა. წამიერად ვერც კი გაიგო, თუ რა უნდა ეთქვა. მერითი მოლოდინით აღსავსე სახით შეჰყურებდა, წარბები აზიდა.

-რა იყო? – ჰკითხა მან.

-რაღაცები… – ნარა შეყოყმანდა, თვალები გააცეცა. ხელებს იმტვრევდა. -… მესმის. – თქვა ბოლოს.

მერითს სახე შეეცვალა. ყველანაირი გამომეტყველება ანაზდად ჩამოერეცხა.

-ხმები? – ჰკითხა მან.

-კი. ლაპარაკი.

მერითმა მზერა აარიდა, მეტალის დაფა თაროზე შემოდო, მერე კი კვლავ მაგიდას მიუჯდა, მისი მინასავით პანელი მოიმარჯვა.

-მეც მესმის. – თქვა მან, ცივი თვალებით დაჰყურებდა. – მუშების ლაპარაკი აქედანაც ისმის.

მერე კი პანელი გამოუწოდა.

მინასავით ზედაპირზე მუქი ლურჯი ციფრებით გამოსახულიყო საჭირო გადასახადი. ხუთასი კრედიტი.

გამალებით შეჰყურებდა მერითს ნარა. სანათის ზუზუნისა და ფანჯრების მინაზე წვიმის წკაპაწკუპის მეტი არაფერი ესმოდა.

მერითი იტყუებოდა. დარწმუნებული იყო ნარა, რომ ძალიან კარგადაც ხვდებოდა, თუ რას გულისხმობდა ნარა, მაგრამ მაინც ცრუობდა. ეს იმის ნიშანი გახლდათ, რომ უნდა დადუმებულიყო, მერითს ამის გაგონება არ სურდა.

-კი, ისმის. – წაილაპარაკა მან და მაჯა ასწია, პანელს მიუშვირა ციფერბლატი, რომელიც ცისფრად აციმციმდა.

ხუთასი კრედიტი ჩამოეჭრა. ათასზე ნაკლები დარჩა.

-თავისუფალი ხარ. – კარისაკენ მიუთითა მერითმა.

წამოდგა ნარა. მერითი უსიტყვოდ შეჰყურებდა, და უცნაური იყო მის სახეზე მუდმივად სასიამოვნო გამომეტყველებას ნაცვლად სიცივის დანახვა.

-ერთ თვეში გელი. თუ არ გაწყობს, შემიძლია სხვა… – ოდნავი პაუზა გააკეთა მერითმა. – სხვა შემოგთავაზო.

რაღაცას გულისხმობდა. დროს არა.

ალბათ სხვა ექიმებს. იცოდა ნარამ, რომ ლერვიქენში ბევრი სხვა ექიმი მუშაობდა.

მაგრამ აზრი არ ჰქონდა. მკურნალობის გარკვეულ, თუმცაღა მიზერულ ნაწილს მაღაროს ადმინისტრაცია ფარავდა. სხვა ექიმები კი ასტრონომიულ ფასებს ითხოვდნენ მცირე მომსახურებაშიც კი.

-არაა საჭირო. – უთხრა ნარამ, შეეცადა სასიამოვნო გამომეტყველება გადაჰფენოდა სახეზე, მაგრამ ამაოდ. – ერთ თვეში მოვალ.

მერე კი მიტრიალდა, მისი მიახლოებისას სისინით გაღებულ კარში გააბიჯა.

და ნელა დაუყვა თქორსა და ნისლში დაბურულ ქუჩას, აბუზული.

მატარებელს გაჰყვა. სიარულის თავი არ ჰქონდა. იდგა ვაგონის კართან ახლოს, კედელთან მიჭყუნული, თავი უზრიალებდა, ქანცგაწყვეტილს.

ჩალასლასდა სადგურიდან და გზას დაუყვა თავისი კორპუსისაკენ. შენობების ჩრდილსა და ნაგვის გროვებს შორის მიდიოდა, ხალხისა და გაძეძგილ ქუჩებში ატეხილი ღრიანცელის უკან იმალებოდა.

არ უყვარდა ზედმეტი ყურადღების მიქცევა.

ერთიანად ძაგძაგებდა, როცა საკუთარ კორპუსს მიუახლოვდა. ძალიან უხეში იყო კიბის დაჟანგული საფეხურები, როცა შიშველი ფეხებით შედგა ზედ და თავისი დაკოჟრილი ხელები მოავლო მათ. ნიღბის გარეშე ნაგვის გროვის მყრალი სურნელისაგან სული მოეხუთა.

ზემოთ აცოცდა. რაც უფრო ზემოთ მიიწევდა, მით უფრო ძლიერდებოდა წრიული კორპუსის ცენტრში ციბრუტივით დატრიალებული ქარი, ყინულოვანი ნემსივით ესობოდა კანზე თითოეული წვიმის წვეთი. ზედაპირულად ცდილობდა ესუნთქა, და ნისლის ნაგლეჯს ჰგავდა გაყინულ ჰაერში გაცრეცილი თითოეული მისი სუნთქვა.

გადაიხედა. ნაგვის გროვის ცენტრში მყოფი სხეული, იმ მაღაროელის სხეული, რომელიც მეორმოცე სართულიდან გადმოხტა, წვიმასა და მასზე ზედ დაყრილ ნაგავს გვერდზე გადაეცურებინა. ბუნდოვნადღა ხედავდა მის ლურჯ უნიფორმას ნარა.

ისე გაიხრწნებოდა თვითონაც. აღარაფერი დარჩებოდა, ძვლებისა და დაფლეთილი სამოსის გარდა, რომელთაც ასევე შეჭამდა დრო.

დრო უკან არავის ტოვებდა. არავის ელოდებოდა.

მის თავში მოფუთფუთე მატლი წარმოუდგა კვლავ თვალწინ და რეტი დაესხა ანაზდად, გააცია.

ალბათ ასე იწყებოდა ყველაფერი.

გაუარესდებოდა ნელ-ნელა. რაღაცებსაც დაინახავდა. დაავიწყდებოდა. ლოგინად ჩავარდებოდა. და ჩალპებოდა იქვე.

წამიერად შედგა ნარა, სული მოეხუთა. ასე არ უნდა ეფიქრა.

ცოტა ხანი იდგა, კიბეს მიჰკვროდა მთელი ძალით, შუბლი ჟანგიან საფეხურზე მიეყრდნო და უბრალოდ გრძნობდა, თუ როგორ უფრიალებდა ძლიერი, ყინულოვანი ქარი თმას, მაისურსა და შარვლის ქვეშ უძვრებოდა, კანს უწვავდა.

მერე კი ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით გააგრძელა ცოცვა.

დილით რეჯინალდთან და სამარასთან არ გაუვლია. რეჯინალდი ახლა წესით სამსახურში უნდა ყოფილიყო.

ალბათ ინერვიულეს.

ოცდამეათე სართულამდე რომ მიაღწია ნარამ, უკვე ქოშინებდა, თითოეული კუნთი ტეხდა. ფრთხილად გადაძვრა, აკანკალებული, და სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა დერეფანი, ხუთჯერ დააკაკუნა კარზე.

სამარამ გაუღო, მის დანახვაზე თვალები ჭყიტა.

რაც ალბათ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ უკვე ბოლო წლების განმავლობაში.

-შემოდი! – დაუსისინა მან და ხელი სტაცა, შიგნით შეიყვანა. კარი ზათქით მიიხურა მათ უკან.

ბინაში შედარებით თბილოდა. მიკეტილი ფანჯრიდან ავდრის შუქჩრდილში დაბურული სინათლე იღვრებოდა და ეფინებოდა შიშველ კედლებსა და ბინაში გამეფებულ უწესრიგობას. ძლიერი ნესტის სურნელი იდგა და წკაპაწკუპით წვეთავდა ონკანიდან წყალი.

სამარამ მაგიდასთან დასვა, გვერდით მიუჯდა. გაფაციცებით შეჰყურებდა.

მომწვანო-მოცისფრო თვალები ჰქონდა და გაწეწილი თმა დაუდევრად დაეწნა, გამობერილ მუცლამდე სწვდებოდა.

-რა დაგემართა? – დაუჩურჩულა მან, სახესა და ხელებზე მოავლო მზერა. – სად იყავი? რეჯინალდმა, ალბათ მარტო წავიდაო მაგრამ ვიცოდი რომ მარტო არ წახვიდოდი…

-ულსტერი მოვიდა. – თქვა ნარამ.

წარბები აზიდა სამარამ, იჭვნეულად აათვალიერა.

-ულსტერი? – გაიმეორა მან. – შენთან რა უნდოდათ?

-რაღაცას ეძებდნენ. – თქვა ნარამ. – რაც მე არ მქონდა. ვერ იპოვეს და წამიყვანეს სადღაც. ფურგონით.

-როდის წაგიყვანეს? – ჩაეკითხა სამარა. – ვერაფერი გავიგონე. ღამით?

-ორი იქნებოდა.

-და მერე… გამოგიშვეს? – გაოგნება ეტყობოდა ხმაში სამარას.

-გამომიშვეს.

-ეგონათ, რომ… – სამარამ ხელები გაასავსავა, თითებით მოგრძო ცილინდრი მოხაზა სწრაფად მაგიდაზე. ასაფეთქებელ მოწყობილობას გულისხმობდა.

ბევრი რამის თქმა არ უყვარდა სამარას. დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც მუდამ უთვალთვალებდა. ყველაფერს ყურები აქვს და ყველა იმაზეა გაფაციცებული, რომ რამე საკბილო გაიგონონო, ამბობდა სულ.

-ჰო.

-და როგორ გამოგიშვეს?

-არ ვიცი. ვიღაცამ რაღაც უთხრა ალბათ. ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

-ულსტერი ეგრე იოლად არავის უშვებს, ნარა. თუ რამე სამხილი აქვთ.

-რა სამხილი უნდა ჰქონდეთ? – წაილუღლუღა ნარამ. – მე არაფერი მაქვს.

ძალიან კარგად იცოდა, რომ ულსტერი ასე იოლად არ ნებდებოდა, მითუმეტეს ასეთი სერიოზული ბრალდების შემთხვევაში, რომელიც ნარას მიაკერეს.

ბრალდება, რომელიც სიმართლე გახლდათ. მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო.

-გამომიშვეს. – გაიმეორა ნარამ. – მეც კი მიჭირს დაჯერება, მაგრამ გამომიშვეს. მაღაროებთან ახლოს დამტოვეს და მერითთან გავიარე. ნაკერები დამადო.

-გტკივა? – ჰკითხა სამარამ, სიბრალულით შესცქეროდა მის დოლბანდით შეხვეულ თავსა და ლოყაზე დაწებებულ საფენს.

მართლაც სტკიოდა. უფეთქავდა უსიამოვნოდ.

მაგრამ მაჯებიც სტკიოდა. სტკიოდა ხელები, ფეხები, სტკიოდა გამომშრალი, ცარიელი მუცელი, სტკიოდა თითოეული კუნთი და ნერვი.

შიგნით სტკიოდა. სტკიოდა შიში, მძვინვარება, უსასოება და მათ მიღმა გამეფებული სიცარიელეც.

-არც ისე. – თქვა ნარამ.

-გაჭმევ. – წამოდგა სამარა. – და კრინტი არ დაძრა, ერთი შენი თავი დაგანახა, მკვდარს გავხარ.

ტუჩები შეუთრთოლდა ნარას, აღარაფერი უთქვამს. საკუთარი თავი კარგა ხანი იყო, რაც არ დაენახა.

არც უნდოდა რომ დაენახა ალბათ.

მაგიდის გვერდით მიწყობილ თაროებს მიუახლოვდა სამარა. ყუთებში დაიწყო ქექვა.

და კვლავ ის ხმები წამოუტივტივდა გონებაში ნარას.

სამარა მასზე ბევრად უფროსი იყო, მინიმუმ ათი წლით მაინც და უკვე წლების მანძილზე იცნობდა მას ნარა, იმის შემდეგ, რაც მაღაროებში სამსახურის დაწყების შედეგად თავშესაფრიდან აქ გადმოასახლეს. სამარა ყოველთვის ზრუნავდა. ყოველთვის აინტერესებდა მისი ამბავი.

იცოდა, რომ სამარა ყოველთვის შეეცდებოდა მას დახმარებოდა.

უნდოდა მისთვის ეთქვა. არ უნდოდა მარტო დარჩენილიყო იმ ხმებთან.

არსად გამქრალიყო მისი შემზარავი შიში და ის თავზარდამცემი შეგრძნება, რომ ტვინში მატლი უფუთფუთებდა.

სამარას გახედა, რომელსაც საჭმლის პაკეტი ამოეძვრინა ყუთიდან, კვლავ მის გვერდით დამჯდარიყო და ჭიქაში ასხამდა წყალს.

-სამარა. – ამოღერღა ბოლოს. – რაღაც უნდა გითხრა.

ყუა მოაგლიჯა საჭმლის პაკეტს სამარამ და გამოხედა, ინტერესით.

-რაღაცები მესმის. ხმები. – თქვა ნარამ.

სამარამ თვალები დაახამხამა. უსიტყვოდ შესცქეროდა და საფეთქელთან მიიტანა თითი ნარამ.

-ვიღაც მელაპარაკება. – დაიჩურჩულა მან. – რაღაცებს მეუბნება.

-რას გეუბნება? – ჩაეკითხა სამარა.

-მეკითხება, თუ მესმის. მეუბნება, რომ არ მეშინოდეს.

-მეტს არაფერს?

-არა. ჯერ არა.

თვალები დაუსევდიანდა სამარას. მაგრად უჭერდა ხელს კუთხემოხეულ საჭმლის პაკეტს. და ხვდებოდა ნარა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, თუ რას ფიქრობდა სამარა. ზუსტად იგივეს ფიქრობდა, რასაც თვითონ.

-იქნებ მოგეჩვენა. – თქვა ბოლოს სამარამ. – სულ გადაღლილი ხარ.

-არ მომჩვენებია. მგონია ვიღაც არის ახლოს და მელაპარაკება, მაგრამ არ მომჩვენებია.

პაკეტი მიაგდო სამარამ და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას, პირზე თითები აიფარა. წარბებს შორის და თვალების გარშემო თითქოს ჩაუღრმავდა ნაოჭები.

-რა უნდა ქნა? – ჰკითხა მან ჩურჩულით.

-რა უნდა ვქნა? არის რამე შესაძლებლობა?

-იქნებ სადმე მიგიყვანოთ. რეჯინალდი იცნობს ხალხს.

-ძალიან კარგად იცი, რომ კრედიტები არ მაქვს. და არც თქვენ გაქვთ. ამიტომ ტყუილად ნუ ეტყვი რეჯინალდს.

სამარა დადუმდა. უსიტყვოდ შესცქეროდა და მიხვდა ნარა, რომ ნუგეშს ელოდა მისგან. რაღაც ისეთს, რაც შიშს გაუქარვებდა. მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ ამაო იყო ამის მოლოდინი. სამარას არ უყვარდა მისი მოტყუება, თავიდანვე, როცა თავშესაფრიდან გადმოვიდა ნარა და მაღაროში მუშაობა დაიწყო, პირდაპირ ეუბნებოდა, თუ რა ელოდა წინ.

გაუსაძლისი, მუხლჩაუხრელი მუშაობა. რადიოაქტიური ნარჩენები, რომელიც იგაზან-ლას წყალში, ჰაერში, მიწაში გამჯდარიყო. ძალმომრეობა. დაავადებები. სიცივე და ტკივილი. დაუსრულებელი ტკივილი.

არც ახლა მოატყუებდა. არ ეტყოდა, რომ კარგად იქნებოდა ყველაფერი.

ხელები მაგრად მომუშტა ნარამ, მისი მყიფე ფრჩხილები ჩაესო ხელისგულებში და უფრო მეტად აეწვა მაჯებზე დაჭიმული, ბორკილებისაგან დასერილი კანი.

სამარას გადახედა ნარამ. ქალს ოდნავ გადაგლესოდა თვალები.

-არაუშავს. – თქვა მან. – რას ვიზამთ. ჯერ მაქვს დრო.

 და სამარას ნათქვამი ამოუტივტივდა თავში.

„შენ ჯერ კიდევ დაგრჩა დრო“.

იმდენი არა, რამდენიც სამარას ეგონა. ერთი-ორი წელი, მეტი არა.

არაუშავდა. ალბათ.

სამარასა და მის გამობერილ მუცელს გადახედა ნარამ.

-რამდენი დაგრჩა? – ჰკითხა მან.

-კარგი რა, ნარა. – თავი გადააქნია სამარამ, მიბრუნდა და ჭიქაში ჩააპირქვავა პაკეტი, პატარა მეტალის ჯოხით ამოურია.

-რა?

-რა დროს ეს არის?

-როგორ არა. არ მინდა იმაზე ლაპარაკი.

სამარამ ჭიქა წინ დაუდგა, მერე კი მეორე ჭიქა აუვსო წყლით.

-არ ვიცი ზუსტად. – თქვა ბოლოს. – ალბათ სამ თვეში. ოთხში.

-რეჯინალდმა დამიძახოს, რომ დაგეწყება მშობიარობა.

სამარას ბოლო სამ მშობიარობას დასწრებოდა ნარა. ბევრს ვერაფერს აკეთებდა რასაკვირველია, მაგრამ სამარას მხარდასაჭერად ყოველთვის ახლოს იქნებოდა.

-კი, რა თქმა უნდა.

-აპირებ კიდევ? – ჰკითხა ნარამ, საჭმელი მოიყუდა.

როგორც ყოველთვის, უგემური იყო. თითქოს წყალში გაქნილ მტვერს ჭამდა.

– შეიძლება. – მხრები აიჩეჩა სამარამ, ოდნავი ღიმილი მოეფინა ტუჩებზე, წამიერად დადუმდა. – რეჯინალდს ვუთხარი, რომ ბავშვი თვითონ წაიყვანოს. – დაამატა ბოლოს.

-რატომ? – ჩაეკითხა ნარა. სამარა ყოველთვის თვითონ მიდიოდა ბავშვის თავშესაფარში ჩასაბარებლად.

-არ ვიცი. – სამარა ფანჯარაში იყურებოდა, უცნაურად მშვიდი გამომეტყველება მოჰფენოდა სახეზე. – იქნებ ასე სჯობს.

-არ გინდა… დაინახო? – გაუბედავად ჩაეკითხა ნარა.

ცოტა ხანი არ უპასუხა სამარამ. მერე კი, თითქოსდა გამოერკვაო, თვალები დაახამხამა, ნარასკენ მოატრიალა მზერა.

-არა, არა. – თქვა მან. – დავინახავ თუ არა, აღარაფერს ნიშნავს.

კვლავ ფანჯარაში გაიხედა და მის მზერას მიაყოლა თვალები ნარამ.

ოდნავ გაფანტულიყო ნისლი და ლურჯად დაფერილ ცათამბჯენთა მიღმა მქრქალად, მომცრო ლაქად მოჩანდა იფლიჰემის რძისფერი გუმბათი რუხი ღრუბლების ფონზე, რომლის თავზე პაწაწკინტელა ლაქად ქცეული იგაზან-ლას დროშა ფრიალებდა.

მასზე გამოსახული ხე წარმოუდგა თვალწინ ნარას. დაკლაკნილი ფესვები და გატოტვილი რტოები.

-სხვა ბავშვებზე გეფიქრება? – თქვა უცებ. – აი, შენს… წინა ბავშვებზე.

სამარა თხუთმეტჯერ იყო ორსულად. რვა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.

მათზე იშვიათად ლაპარაკობდა. ალბათ იმიტომ, რომ არაფერი იყო სათქმელი.

-ხანდახან. – თქვა სამარამ. ხელი გამობერილ მუცელზე მიედო, წრიული მოძრაობებით ეფერებოდა. – იშვიათად. ვფიქრობ, სად არიან. როგორ არიან.

-ალბათ ზოგმა დატოვა უკვე თავშესაფარი. – თქვა ნარამ. ცამეტიოდე წელს რომ მიაღწევდნენ, უკვე ტოვებდნენ თავშესაფრებს და შესაბამის ინდუსტრიაში იწყებდნენ მუშაობასა თუ სწავლას.

ნარა ძვლების რაიონში დაიბადა და გაიზარდა. ახსოვდა, თუ როგორ მოდიოდნენ თავშესაფარში შავებში ჩაცმული ადამიანები და არჩევდნენ ბავშვებს. მაშინ ვერ ხვდებოდა ნარა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

ნარა დაიწუნეს. ფიზიკურად სუსტი, მყვირალა, მახინჯია, ჭორფლები აქვს, უნიჭოა, რასაც ვასწავლით ვერაფერს ითავსებსო. იმ დროს მაღაროელების დეფიციტი განსაკუთრებით აქტუალური გახლდათ, ამიტომ მაღაროში გაამწესეს.

სხვა, უკეთესი ბავშვები ხანდახან მიჰყავდათ. უკეთეს რაიონებში.

ძვლების რაიონის მეტი კი არც ენახა ნარას.

-იქნებ სხვაგან წაიყვანეს. – თქვა ნარამ. – არიან სადმე. სოგდალში. ქარქს-ნუიაზე. ჰოლმში.

-არ ვიცი. – მიუგო სამარამ. – ვფიქრობ, იქნებ რომელიმე სადმე ახლოს ცხოვრობს. იქნებ ვინმე მაღაროელად დატოვეს, სადმე ახლომახლოშია, მე კიდევ აქ ვზივარ.

-რას იზამ. ვერ იპოვი.

-ვიცი რომ ვერ ვიპოვი. და ვიცი, რომ ვერც ისინი მომძებნიან. არ მომძებნიან.

უსიამოვნოდ გასცრა ტანში ნარას, რატომღაც უხერხულად იგრძნო თავი.

ბიოლოგიურ მშობლებზე არ ფიქრობდა. არ ფიქრობდა, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი რამ გახლდათ. გულაამი იყო მათი თავიკაცი, მათი გამზრდელი და სხვა არავინ.

-იქნებ ეგრე სჯობს. – წამოილუღლუღა ბოლოს. – მაინც ვერ გიპოვნიან და ფუჭი იქნებოდა ძებნა.

-ალბათ. – მხრები აიჩეჩა სამარამ. ისევ ისეთი უცნაური, ცივი გამომეტყველება გადაჰფენოდა სახეზე, თითქოს გაჰყინვოდა ნაკვთები.

მერე კი მოუბრუნდა, ჭიქებზე მიუთითა.

-გეყოფა ამდენი ლაყბობა. – დაუცაცხანა მან. – ბოლომდე უნდა შეჭამო.

თავი დაუქნია ნარამ, წყალი მოიყუდა.

მერე კი ისხდნენ და გაჰყურებდნენ, თუ როგორ მოგორავდნენ ცაზე რუხი ღრუბლები და როგორ ეხლებოდა ფანჯრის მინას წვიმა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

უჩუმრად, ელვის სისწრაფით გადაიწია მაჯაზე ხელთათმანი ნარამ, ცისფრად აციმციმებულ ციფერბლატს დახედა.

141, 239; 23:34.

უკვე ორმოც საათზე მეტი გახლდათ, რაც აქ იმყოფებოდა.

ცოტა დარჩენილიყო. დილამდე უნდა მოეთმინა.   

თუმცა დაღლილობისაგან უკვე ძლივს იდგა ფეხზე. ბოლოს წყალი რამდენიმე საათის წინ დაელია, ერთიანად გამოშრობოდა პირი და აუტანელი შიმშილი იკრუნჩხებოდა მის მუცელში. სააბაზანოში გასვლის უფლებას ყოველ რვა საათში აძლევდნენ მხოლოდ. ქუდის ქვეშ მოწოლილი ოფლი მოიწმინდა და მაგრად მოსჭიდა წერაქვის ტარს ხელი, მერე კი მთელი ძალით მოუქნია მაღაროს მქრქალი ლურჯი სინათლით განათებულ კედელს.

-საქმეს მიხედე! – იღრიალა მოშორებით მცველმა. ერთ მაღაროელს დასდგომოდა თავზე და შაშხანას უმიზნებდა.

თვალი აარიდა ნარამ, იქეთ აღარ გაუხედავს.

თავისი საქმეც ეყოფოდა.

უკვე კვირაზე მეტი გასულიყო იმ დღიდან, როცა ულსტერი შემოიჭრა მის ბინაში და სადღაც წაათრიეს, დაემუქრნენ, მერე კი გამოუშვეს.

არ განელებოდა გაოგნება ნარას, მაგრამ არ დასცლოდა ძალიან დიდხანს ამაზე ფიქრი, რადგან მისი დაკავებიდან მეორე დღეს ავად გახდა.

იშვიათად ავადმყოფობდა. უკვე შეჩვეოდა მისი ორგანიზმი ნებისმიერ სიბინძურეს, რომელიც იგაზან-ლაში გამეფებულიყო.

მაგრამ ამჯერად ვერ მოერია მისი ორგანიზმი გაუსაძლის შიშს, დაღლილობასა და სიცივეს.

იმ დღეს, სამარა რომ დატოვა და თავის ბინაში ჩაცოცდა, ყველაფერი ისე მილეწილი იყო, როგორც ულსტერმა დატოვა. დალაგების თავი არ ჰქონდა, ულსტერის მიერ ფანჯრის რაფაზე დამაგრებული, თოკმიბმული მოწყობილობა მხოლოდ იმიტომ მოაძრო, რომ ფანჯარა დაეხურა, მერე კი ლოგინში შეწვა.

დაეძინა, გასავათებულს, მეორე დილით კი სიცხით გათანგულს გამოეღვიძა. გრძნობდა, როგორ იწვოდა, საშინლად ახველებდა და დოლბანდით შეხვეული თავი უსკდებოდა. ძლივს ადგა, ცოტა ჭამა, წყალი დალია და ისევ წამოწვა.

მაგრამ უფრო გაუძლიერდა სიცხე. იწვა, სიცხით გათანგული და ბუნდოვნად ახსოვდა, თუ როგორ ბორგავდა. უცხო, შემზარავი სიზმრები ესიზმრებოდა.

იგაზან-ლას გალავანი და მის მიღმა გადაჭიმული ზღვა. ტალღები და მათში მოცურავე ჩონჩხი, რომელიც ფეხზე წამოდგა და რაღაცას ეუბნებოდა. მის ხელში დაჭერილი შაშხანა და ის შეგრძნება, რომელიც მოერია, როცა ვიღაცას დაუმიზნა იგი. მის მიერ ქოთანში ჩარგული ბროწეულის აღმოცენება, მის ბინაში გადგმული ფესვები, ტოტები და ფოთლები, რომელთაც მთელი ოთახი აევსოთ, მწიფე ბროწეული, რომელიც მის პირში სკდებოდა და სხეულზე სდიოდა მისი ალისფერი სისხლი. გადახლეჩილი ხორცი, დაფშვნილი ძვლები და სისხლისა და დაფლეთილი ქსოვილის მასად ქცეული ადამიანის სახე. ხმა, რომელიც გამაყრუებლად გაჰკიოდა, ნარა, ნარა, ნარა… ქუჩაში დაძრწოდა, მოტოციკლეტზე იდგა, მიწისქვეშ იყო და ვერაფერი შეედრებოდა მის თვალწინ აღმართულ, იფლიჰემის გუმბათის სიდიადეს. სიცარიელე, სიცარიელე, სიცარიელე და ტკივილი, აუტანელი ტკივილი, რომელიც მთელ მის სხეულს სწვავდა.

ვიღაც ელაპარაკებოდა. რაღაცას ეუბნებოდა და ცდილობდა ნარა, რომ რამე ეპასუხა.

რეჯინალდი მოვიდა, რომ დაეხედა, სამარას არ შეეძლო კიბეზე ცოცვა მისი მუცლით. აჭმევდა, ასმევდა და უვლიდა რეჯინალდი, სანამ სიცხე არ გატყდა და არ მოერია ნარას ორგანიზმი ავადმყოფობას.

რეჯინალდმა მერე უთხრა, რომ ბოდავდა ნარა. ვიღაცას ეძახდა.

არ ახსოვდა იმ უცნაური სიზმრებისა და კანტიკუნტი ფხიზელი მომენტების გარდა არაფერი ნარას. არც კი იცოდა, თუ ვისთვის უნდა დაეძახა.

როგორც კი გამოკეთდა, მაშინვე დაბრუნდა სამუშაოზე.

და მაშინვე გამოიძახა მიწისქვეშა ქსელის ერთ-ერთმა ზედამხედველმა. ნახევარი საათი უყვიროდა, გამოლანძღა. გულაამისა და იგაზან-ლას ღალატამდე ერთი ნაბიჯიღა დაგრჩაო. გვარიანად მოსდო კიდეც გვერდსა და ფეხებში მისი განუყრელი რკინის ჯოხით.

მერე კი განუსაზღვრელი დროით შახტის ყველაზე შორეულ, ღრმა, ზღვისქვეშა ნაწილში გაამწესეს.

არავის უყვარდა იქ ყოფნა.

იქამდე ძალიან წვრილი, ისე რომ მოკუნტული უნდა გასულიყო ადამიანი, გვირაბების ქსელი მიდიოდა, მერე კი გამოშიგნული, ოცდაათიოდე მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული გამოქვაბული, საიდანაც რამდენიმე ასეული ტონა ურანის მადანი გამოეზიდათ უკვე. გამოქვაბულში ჩასასვლელად მისი ჭერიდან ათიოდე მეტრით უფრო მაღალი შახტის კიდედან გრძელი თოკის კიბე იყო დაშვებული წვრილ გვირაბში, რომელსაც ყოველთვის ყარაულობდნენ მცველები.

აქ ყოველთვის მათ აგზავნიდნენ, ვინც დასჯილი გახლდათ. და შედარებით უფროსებს.

ვინც არ ენანებოდათ.

რადგან ძალიან დაზიანებული იყო მადნის მოპოვებისაგან გამოქვაბულის ჭერი, რომელიც პირდაპირ ზღვის ქვეშ გახლდათ. დროდადრო შეაკეთებდნენ ხოლმე, ნაპრალებს ამოავსებდნენ და ალაგ-ალაგ კედლებზე დაკემსილივით იყო მიმაგრებული მავთულბადე და რკინაბეტონის ბოძებიც შეეყუდებინათ, მაგრამ მაინც დამსკდარიყო გამოქვაბულის ჭერი, წყალი მოწანწკარებდა კიბესთან ახლოს ნაპრალიდან და კოჭებამდე დატბორილიყო გამოქვაბული.

ამოიქშინა ნარამ. მის გარდა სამი მაღაროელი იმყოფებოდა აქ დილამდე, მხოლოდ ოთხს კი რატომღაც ოცამდე მცველი დასდგომოდა თავზე, ზოგი კიბის თავზე იდგა, უმრავლესობა კიბის ბოლოში, ზოგი აქეთ-იქით მიმოდიოდა და დროდადრო დაჰკივლებდნენ, საქმეს მიხედეთო. ნელ-ნელა ივსებოდა ოთახის ცენტრში დადგმული რკინის ყუთები ურანის მადნით, რომელიც შემდეგ კიბეზე უნდა აეთრიათ.

თვალები მაჯით მოისრისა ნარამ, არაქათგამოცლილმა, რეტი ესხმოდა. ძალ-ღონე მოიკრიბა და ჭერიდან მომავალ მქრქალ ცისფერ სინათლეზე ვერცხლისფრად ალაპლაპებულ ურანის მადანს მოუქნია მაგრად წერაქვი.

-მე შენ რა გითხარი? – გაჰკიოდა მცველი. – შენ საქმეს მიხედე მეთქი! კიდევ ორჯერ უნდა აავსოთ დილამდე ეს ყუთი, გესმის?

რასაც მაღაროელის ჩუმი კრუსუნი მოჰყვა.

ზუზუნებდნენ სანათები და წერაქვების ხათქუნი ისმოდა გარშემო, რასაც წყლის წანწკარი ემატებოდა.

მერე კი მოესმა ნარას.

უცნაური გუგუნი.

მოტრიალდა, გაფაციცებით შეაცქერდა გამოქვაბულის ჭერს.

ჭერს, რომელიც თითქოს თრთოდა. უფრო მეტი წყალი გადმოაფურთხა ნაპრალმა, საიდანაც აქამდე პაწაწინა ნაკადულად მოწუნწკურებდა წყალი.

-ეი, შენ! –  დაუღრიალა მცველმა. – რას მიშტერებიხარ? მთლად გამოშტერდით ხო!

-გოგო! – იბღავლა მეორემ. – საქმის კეთება რ იცის ამ ხალხმა!

მოუყრუა ნარამ. უფრო გაძლიერდა გუგუნი, რომელსაც ქვის შხრიალი დაემატა და თავზარდაცემული შეჰყურებდა, თუ როგორ გასკდა ანაზდად ნაპრალი და ქვა გახლიჩა ბზარმა.

და ხმამაღალი გრუხუნით გამოსკდა ნაპრალიდან ტალახიანი წყლის ვეებერთელა მასა და კიბესთან ახლოს, ერთ-ერთ მცველს დაემხო თავზე.

ძლივს სუნთქავდა ნარა, გაოგნებული შეჰყურებდა, მკერდში გაჩხეროდა კივილი. ერთიანად გაშეშდა, ადგილს მიელურსმა.

ბღავილი აღმოხდა ერთ-ერთ მაღაროელს და უკან დაიხიეს დაფეთებულმა მცველებმა.

ათამაშდა სინათლე, და წამიერი, სულშემხუთავი წყვდიადი ეფინებოდა გამოქვაბულს, რომელსაც კვლავ მქრქალი ლურჯი სინათლე ცვლიდა.

ცივი წყლის მოდენა იგრძნო ფეხებზე ნარამ, და ისეთი ძლიერი იყო მისი დარტყმა, რომ წაბორძიკდა და წყალში ჩაენარცხა, წერაქვი წამსვე გაუვარდა ხელიდან.

ჭერი გასკდა.

ალბათ ბოლოს და ბოლოს გახვრიტა გამოქვაბულსა და ზღვის ფსკერს შორის დარჩენილი თხელი შრე წყალმა და ახლა მოდიოდა, შეუჩერებლად.

გამომშრალი ენა სასაზე მიეკრა ნარას. წამოდგომა სცადა, გამოქვაბულის კედლის მომცრო ნაპრალებს მოებღაუჭა.

-ჭერი ჩამოვარდება! ჭერი ჩამოვარდება! – ბღაოდა ვიღაც, სხვები, შიშისაგან გათანგულნი, მას აჰყოლოდნენ.

მერე კი იხუვლეს მაღაროელებმა და კიბისაკენ გაემართნენ, ხმამაღლა შხაპუნებდა მათ ფეხქვეშ წყალი.

-უკან! – იღრიალა მცველმა, შაშხანა აღმართა და წამსვე შედგნენ მაღაროელები. – უკან დაიხიეთ! არ გაინძრეთ, თორემ დაგაჭედებთ ტყვიას!

ძლივს გასწორდა ნარა, ფეხები უკანკალებდა. გაოგნებული შესცქეროდა გახეთქილი ქვიდან ჩანჩქერივით მოთქრიალე, ტალახივით წყალს, რომელიც ხმამაღალი გუგუნით ეხეთქებოდა გამოქვაბულის მიწას. მის მიღმა, წყლის წვეთების კორიანტელსა და მოციმციმე სინათლეში ძლივს არჩევდა კიბეს, რომლის ბოლოშიც გროვდებოდნენ მცველები.

რამდენიმეს შაშხანა მოემარჯვებინა, აქეთ-იქით გაშეშებულ მაღაროელებს უმიზნებდა.

ყაყანებდნენ მცველები, ერთმანეთში ჩხუბობდნენ, თუ ვინ აძვრებოდა პირველი კიბეზე, სანამ ერთმა არ მოსდო ვიღაცას მუშტი და კიბეს აუყვა.

დაფეხვილ კიბეს, თოკში გაყრილ დაჟანგულ საფეხურებს, რომელიც ბევრის სიმძიმეს ერთბაშად ვერ გაუძლებდა.

რეტი დაესხა ნარას. კედელს მიეყუდა, რომ ხელახლა არ ჩანარცხებულიყო წყალში, მაგრამ მუხლები მოეკვეთა, დგაფუნით დაეცა მუხლებზე.

მუხლებზე მდგარს უკვე წელამდე სწვდებოდა ყინულივით წყალი.

ძლივს აითრია სხეული, კვლავ მოებღაუჭა ნაპრალებს.

კიბემდე უნდა მიეღწია.

მცველები ავიდოდნენ ჯერ. მაგრამ უნდა ეჩქარათ, რადგან ელვის სისწრაფით აავსებდა ძირგამოღრუტნული ზღვა იქაურობას.

-რას აკეთებთ, რას! – აბღავლდა ერთი. – რას აკეთებთ, აქ უნდა ჩაგვკლათ?! არაადამიანებო! თქვე არაადამიანებო!

-ხმა გაკმინდე! – უღრიალა საპასუხოდ მცველმა, შაშხანა დაუმიზნა. – დილამდე არაა თქვენი გასვლის დრო!

-არაადამიანო! – გაჰკიოდა მაღაროელი. – ახლავე გამიშვით აქედან!

-ადგილზე დაეტიე!

-გამიშვით მეთქი! მიმიშვით ახლავე!

-არ გაინძრე, თორემ… ადგილზე დაეტიე!

-გვკლავენ, ხალხო! – იბღავლა მაღაროელმა და ისეთი სასოწარკვეთილი, მჭახე ხმა ამოსკდა მისი მკერდიდან, რომ ერთიანად გახლიჩა ნარას თავბრუსხვევის საშინელი ბურანი, მცველთა ყაყანი და წყლის დგაფუნიც კი გადაფარა წამიერად. – გვკლავენ, აქ ჩავიხრჩობით! აქ გავიგუდებით!

და პირდაპირ მცველისაკენ გაექანა, თან გამაყრუებლად გაჰკიოდა.

მცველები საპასუხოდ ღრიალებდნენ.

და იჭექა შაშხანამ, გამოქვაბულის კედლები შეაზანზარა.

ერთხელ. ორჯერ.

შეტორტმანდა მაღაროელი.

და ხმამაღალი ბათქით ჩაენარცხა წყალში.

აბღავლდნენ დანარჩენები, ერთი მცველს მიეჭრა, შაშხანის წართმევა სცადა.

მეორე მცველმა აღმართა იარაღი და კვლავ შეაზანზარა კედლები შაშხანის ჭექამ.  გამაყრუებლად გაჰკიოდნენ მცველები და აქეთ-იქით ირწეოდა კიბე, რომელზეც უკვე ორი მცველი მიცოცავდა.

-ადით! ადით! – ღრიალებდნენ ისინი. შაშხანები მოემარჯვებინათ და მათ უმიზნებდნენ.

და აზვირთდა წყლის გამაყრუებელი შიშინი, მიწის გუგუნი, მცველებისა და მაღაროელების ბღავილი და ერთიანად წალეკა ნარას აზრიალებული გონება.

ყვიროდა კაცის ხმა.

და მიხვდა.

აქედან ვერ გააღწევდნენ. მცველებმა ორი მაღაროელი ჩაცხრილეს. ჯერ კიდევ ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ და დაწყვეტამდე დაჭიმულიყვნენ კიბის თოკები. ცურვა კი აქ არავის ეცოდინებოდა.  

კიბემდე უნდა მიეღწია.

გუგუნით მოჩქეფდა წყალი ნაპრალიდან, რომელიც ნელ-ნელა აშკარად უფრო დიდდებოდა, უფრო ხეთქავდა ბზარი ქვას. და ციმციმებდა ამ ორომტრიალს მოფენილი ლურჯი სინათლე.

გული ისეთი ძალით უცემდა ნარას, რომ პულსს გრძნობდა საფეთქლებში, გული თითქოს მკერდის ძვალს გამოუმტვრევდა. ტალახითა და შლამით დამძიმებული წყლის დონის მატება, მუცელზე რომ უსველებდა უკვე უნიფორმას, სულს უხუთავდა.

აქ ვერ მოკვდებოდა. აქ ვერ გაიგუდებოდა.

კედელს უშვა ხელი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კიბის მიმართულებით. ძალიან მკვრივი, მძიმე იყო წყალი და ფეხი წამსვე ტალახში ეფლობოდა, კინაღამ გაიჭედა.

მაგრამ არ დასცალდა.

-უკან! უკან, თორემ მიგახვრიტავ! – დაიბღავლა მცველმა, შაშხანას უმიზნებდა და შედგა ნარა.

-დროზე ადით! – დაიყვირა მან, ერთიანად კანკალებდა, სიცივის, დაღლილობისა და შოკისაგან გათანგული. ადით და ჩვენც აგვიშვით!

-ამას გამიხედე, ბრძანებებსაც რო იძლევა! – იბღავლა გამძვინვარებულმა მცველმა. – უკან მეთქი!

ერთი ნაბიჯით დაიხია უკან ნარამ. იდგა, გაოგნებული და საკუთარ გონებაში გაჰკიოდა, რომ არ უნდოდა აქ სიკვდილი. საშინელი წინათგრძნობის, გაოგნებით აღსავსე შოკისა და სასოწარკვეთის კაკაფონიას აღევსო მისი გონება, ვეღარც აზროვნებდა.

აღარაფერი ესმოდა საკუთარი გულისცემის გარდა.

კიბემდე უნდა მიეღწია.

კიბემდე უნდა მიეღწია.

კიბემდე უნდა მიეღწია…

ჩოჩქოლი ისმოდა ზემოდან. ერთი მცველი შუა კიბეზე ჩაწიხლეს და გადმოაგდეს, მისი სხეული წამსვე მოიყოლა ქვეშ ზემოდან გადმომსკდარმა ჩანჩქერმა.

გუგუნებდა ყველაფერი გამაყრუებლად და კვლავ აკანკალდა ჭერი, გრუხუნით გასკდა მიწა, სანამ ნარასთან ახლოს არ გადმოხეთქა ანაზდად წყალმა.

უკან, კედლისაკენ დაიხია ნარამ, მაგრამ გვიანი იყო, ტალახიანი წყლის ტალღა სახეზე შეეშხეფა, კინაღამ გადაუარა. კედელს მოეჭიდა ინსტინქტურად მთელი ძალით და ნაპრალები მოძებნა, მათში შედგა ფეხები.

ყელამდე მისწვდენოდა უკვე წყალი.

და არ შეჩერდებოდა.

მოიხედა ნარამ, გვერდზე გაცოცება სცადა, რომ კედელს გაჰყოლოდა და კიბემდე მიეღწია.

დარჩენილი ორი მცველი და მაღაროელი შესეოდა კიბის ბოლოს, ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ, ყურთასმენის წამღები ღრიალი აეტეხათ. ერთი მიცოცავდა ზემოთ, სანამ გვირაბში არ დაინთქა.

უსაფრთხოებაში.

მერე კი, იმ წამიერ წყვდიადში, რომელიც მოთამაშე სინათლის გამო ჩამოწოლილიყო, თითქოს მყისიერად მოიმჩვარა კიბე და გამაყრუებელმა შაშხანის ჭექამ შეაზანზარა გამოქვაბული.

და როცა ლურჯი შუქი მოეფინა კვლავ იქაურობას, დაინახა ნარამ, რომ წყალში ინთქმებოდა კიბე. ისე ჩაშლილიყო, როგორც საფუძველგამოთხრილი, ჩაფეხვილი შენობა.

და ვიღაც მცველი დგაფუნებდა, სასოწარკვეთილი ასავსავებდა მკლავებს.

კედლიდან ძალიან შორს იყო. ვერ მისწვდებოდა. ვეღარაფერს მოეჭიდებოდა.

მალე ჩაითრევდა მორევი.

მერე კი ჭახანი გაისმა, რომელმაც თითქმის გადაფარა წყლის გამაყრუებელი გუგუნი.

და სინათლე გაქრა.

სრული წყვდიადი ჩამოწვა.

ისეთი შემზარავი და შავბნელი, აქამდე რომ არ ეგრძნო ნარას. თითქოს წყლიდან ამოზიდულ სახეზე დააწვა, პირსა და ცხვირში შეუძვრა, თვალებს უწვავდა, გუდავდა.

და აღვსილიყო კუნაპეტი წყლის თქრიალის, ბუყბუყის, მიწის გრუხუნის ხმითა და ზემოთ, გვირაბში მყოფი მცველების ჩოჩქოლით, რომელიც ისეთივე შორეული და მიუწვდომელი გახლდათ, როგორც იგაზან-ლას მიღმა მყოფი ზღვა.

თვალები გადმოკარკლოდა ნარას, მაგრამ ამაოდ. ლოყამდე რომ მისწვდა წყალი, ზემოთ აცოცება სცადა.

რამეს თუ არ იზამდა, მოკვდებოდა. ამ გამოქვაბულში ჩაიხრჩობოდა.

იცოდა, წაეკითხა, რომ ძალიან მტკივნეული იყო ასეთი სიკვდილი.

იქნებ სჯობდა მართლა შუბლი გაეხვრიტა მისთვის მცველს. სწრაფად. უმტკივნეულოდ.

კანკალებდა, გაშეშებოდა თითოეული კუნთი და კანს უწვავდა ყინულოვანი წყალი, პირსა და სახეში ეშხეფებოდა.

გვერდზე გაცოცდებოდა. კიბე აღარ იყო, მაგრამ იქნებ შესძლებოდა მაინც იმ გვირაბში აძრომა. იქნებ თოკი გადმოეგდოთ მცველებს.

გვერდზე გადასწია ფეხი ნარამ და კედელი მოსინჯა, ნაპრალებს ეძებდა. ხელი გააფათურა, თან შეეცადა უფრო მაღლა ამძვრალიყო, რადგან შეუჩერებლად იწევდა წყალი.

გვერდზე გადაინაცვლა, ქშინავდა, არაქათგამოცლილი. კვლავ გასწია ფეხი და კვლავ მოსინჯა კედელი.

და მის ფეხქვეშ ჩაიშალა ანაზდად მიწა.

და მყისიერად დაინთქა წყალში.

ისეთი ძალით შემოევლო სხეულზე ყინულოვანი, მძიმე წყალი, რომ შოკი გაუჯდა თითოეულ ნერვსა და ძარღვში ნარას, გააშეშა. გრძნობდა, თუ როგორ უქადდა წაღებას მორევი, თავზარდაცემით აღსავსე კივილის ნაცვლად მლაშე, ტალახიანმა წყალმა ამოუვსო პირი, ცხვირში აუვარდა, აუწვა და ტკივილისაგან დაიკლაკნა ნარა.

ყვირილი აღმოხდა, რომელიც ჰაერის ბუშტებად, ბუყბუყით გადმოსკდა მისი პირიდან, ძლივს აამოძრავა კიდურები, იკლაკნებოდა და სასოწარკვეთილი ცდილობდა მობღაუჭებოდა რამეს.

ნაპრალზე მოსდო ფეხი.

ზემოთ აზიდული ხელი ქვაზე მოუხვდა.

და ხმამაღალი ხროტინით გასკდა მის თავზე დაწოლილი, მომგუდავი წყლის სიმძიმე.

ძლივს შეისუნთქა ნარამ, ახველებდა, თან ხმამაღლა, ხარბად ყლაპავდა ჰაერს.

კინაღამ დაიხრჩო. კინაღამ მოერია წყალი და წაიღო მორევმა.

მთელი ძალით ეჭიდებოდა ნაპრალებს, გაქვავებულიყო და სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა გულმკერდი. წყვდიადს უცქერდა, თვალებგადმოკარკლული და ვერც კი გაეგო, რაღა უნდა ექნა.

-მიშველეთ! – აღმოხდა ანაზდად, ისეთი ინსტინქტური და სასოწარკვეთით აღსავსე იყო მისი გაბზარული ხმა, რომ ვერც კი იცნო, შეზარა. – მიშველეთ! მიშველეთ!

გაჰკიოდა ნარა, თან გვერდზე გადაცოცებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ტალღებისაგან მოლიპულიყო მიწა და ვერსად ჰკიდებდა ხელს, წამსვე სხლტებოდა. ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან.

იქამდე იყვირა ნარამ, სანამ ხმა არ გაუტყდა.

აღარაფერი ესმოდა, წყლის გუგუნის გარდა, მცველთა ჩოჩქოლიც კი აღარა.

აქ დაიხრჩობოდა.

გაცივდა ნარა, გაიყინა. თითქოს ძარღვებიდან აუორთქლდა სისხლი, ძვლები ჩაეფშვნა და დაცარიელდა, გამოიშიგნა. აღარაფერი დარჩენოდა შიგნით, უკიდეგანო სიცარიელის გარდა.

ალბათ ეს უნდა ყოფილიყო ყველაფერი. ალბათ აქ უნდა დასრულებულიყო.

მალე მისი არაქათგამოცლილი კუნთები ვეღარ გაუძლებდნენ კედელზე მობღაუჭებას. მალე გამოელეოდა ძალ-ღონის ბოლო მისხალი ნარას და ჩამოვარდებოდა, მერე კი კვლავ გაუსაძლისი ტკივილით აავსებდა წყალი, გაჯირჯვდებოდნენ მისი ფილტვები, მერე კი ისეთივე კუნაპეტი მოიცავდა, რომელიც ახლა ჩამოწოლილიყო მის გარშემო.

ოღონდ ის კუნაპეტი სულაც არ გახლდათ მძიმე და სულშემხუთავი.

თვალები დახუჭა ნარამ.

მერე კი მოესმა.

მძიმე ნაბიჯების ხმა, რომელმაც წყლის შიშინიც კი გადაფარა.

ვიღაც მორბოდა.

მერე კი ყვირილი. ზემოთ, გვირაბში გაჰკიოდნენ რაღაცას. გაფაციცებით მიმოიხედა ნარამ, ყურებდაცქვეტილი უსმენდა.

ვიღაც მოდიოდა.

-აქეთ! – ძლივს აღმოხდა ჩახლეწილი ხმა ყელიდან. – მიშველეთ, აქეთ!

მერე კი რაღაცამ ცისფრად გაიელვა შორს. იქ, სადაც კიბე ეკიდა ადრე.

და წყალში ჩავარდა ხმამაღალი დგაფუნით.

და შორს, ჩანჩქერის მიღმა დალანდეს ნარას გაფაციცებულმა თვალებმა ოდნავი, მოლურჯო ჩრდილი, თითქოს ცეცხლი ღვიოდა წყლის ქვეშ, რომელიც ნელ-ნელა განათდა, ამოიწია, გაიზარდა…

და ადამიანმა ამოყვინთა.

გაოგნებული შეჰყურებდა ნარა. იმ ვიღაცას ჩაფხუტი ეხურა, ჩაფხუტის ცალ მხარეს კი პატარა ფარანივით მიემაგრებინათ, რომელიც ცისფერ სინათლეს აფრქვევდა გარშემო. მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ კაცი უნდა ყოფილიყო.

ყველაფერი დაუბუჟდა ანაზდად. ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში რომ გააძაგძაგა, ძალუმად უცემდა გული. რაღაც ექავებოდა თითქოს გონებაში, რაღაც ნაცნობი, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა.

მისკენ მოატრიალა თავი კაცმა და ფარნის სინათლემ თვალი მოსჭრა ნარას, მიიხედა, მოჭმუხნულმა.

წყლის დგაფუნი მოესმა, მის სახეზე მოფენილი მჭახე სინათლე გაქრა და წამსვე გაიხედა უკან.

კაცი მისკენ მოცურავდა, ძალიან სწრაფად. მისი ფარნიდან ცისფერ, ნათელ სვეტად გადმოტყორცნილი სინათლე მისი თავის მოძრაობისას აქეთ-იქით ირწეოდა.  

ისე გაოგნებული შეჰყურებდა ნარა, რომ ნიკაპამდე მოსული წყალი გადაავიწყდა.

ელვის სისწრაფით მოუახლოვდა კაცი, და სანამ მისი სახის გარჩევას მოახერხებდა, რომელიც ჩაფხუტის ქვეშ წყვდიადის ნაგლეჯად ჩანდა მხოლოდ, კვლავ მოანათეს თვალებში ფარანი.

პირი იბრუნა.

-ნუ შეგეშინდება. – მოესმა ანაზდად უკნიდან და შეკრთა, როცა კაცმა იღლიებში ოსტატურად გაუყარა მკლავები და მოქაჩა, კედელს მოაშორა, და სანამ შიშისაგან აფართხალებას მოასწრებდა ნარა, მაგრად დაიჭირა. – ახლავე გაგიყვან აქედან…

მერე კი გულმკერდზე მოხვია გვერდიდან ცალი მკლავი, ისე მოატრიალა ნარა, რომ ზურგით იწვა წყალზე და გასასვლელისაკენ გაცურა.

და თბილი იყო მისი შეხება, ამ ყინულოვან წყალშიც კი. მის გულმკერდზე შემოხვეულ მკლავს ჩაფრენოდა მთელი ძალით ნარა, თითქოსდა კაცის თითოეულ მოძრაობას გრძნობდა, თავი მის კისერთან ახლოს მიებჯინა და ესმოდა მისი თითოეული სუნთქვა.  

ფარნიდან მომავალი ცისფერი სინათლე მოჰფენოდა გამოქვაბულს და ისე ბრწყინავდნენ მასში ჩანჩქერიდან გადმოსროლილი წყლის წვეთები, როგორც მტვრის ნაწილაკები მზის შუქში.

მიაპობდა წყალს კაცი, მის გვერდით მიტივტივებდა ნარა და ასე მსუბუქად არასოდეს ეგრძნო თავი.

ანაზდად შედგა კაცი და უფრო მაგრად ჩაებღაუჭა მის მკლავს.

ზემოთ აიხედა. მის თავზე ჩანდა ფარნის შუქით განათებული გვირაბი, სადაც აქეთ-იქით ირწეოდა თოკი.

მერე კი ელვის სისწრაფით მოატრიალა კაცმა, ისე რომ მისკენ ჰქონდა პირი მიქცეული ნარას, წელზე მკლავი მოხვია და ძლიერად მიიკრა გვერდში. მკლავები ასწია ნარამ და მაგრად მოეჭიდა მხრებზე. მერეღა დაინახა, რომ კაცს ნიღაბი უფარავდა ცხვირსა და პირს. მხოლოდ თვალები უჩანდა.

ცალი ხელი მაგრად შემოაჭდო თოკს კაცმა, მერე კი ანაზდად ისეთი ძალით ამოიჭრა წყლიდან, თითქოს ამოაგდესო, თოკს ხელი უშვა და უფრო ზემოთ მოსჭიდა ხელი.

კანკალით შეისუნთქა ნარამ, უფრო მაგრად მოებღაუჭა მხრებზე, ქვემოთ დაიხედა. თოკში ისე გადაეხლართა კაცს ფეხები, რომ ფაქტიურად ზედ იდგა.

-ნუ გეშინია. – უთხრა უცებ მან. – ხელს არ გაგიშვებ.

გული ისეთი ძალით უცემდა ნარას, რომ გასკდომაზე ჰქონდა. პირში ენასაც კი ვეღარ ატრიალებდა, მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მის გონებაში აღრიალებული ფიქრების ქვეშ იჭყლიტებოდა.

და ნელ-ნელა მიიწევდა ზემოთ კაცი.

ნარა მაგრად ეჭირა მასზე მოხვეული მკლავით.

და უკან, სიბნელეში ჩაიკარგა წყლით სავსე გამოქვაბული.

მერე კი კიდეს მიაღწია კაცმა, ზედ შემოსვა ნარა, მერე კი თვითონაც ამოძვრა.

და წამსვე დაიკარგა მისგან წამოსული სითბო, მთელ სხეულში რომ გასჯდომოდა ნარას.

წამსვე უკან გახოხდა, რომ კიდეს მოშორებოდა.

იჯდა და ქშინავდა. მშრალ, უხეშ მიწას გრძნობდა ფეხქვეშ და უსმენდა, თუ როგორი შიშინით თქრიალებდა ქვემოთ წყალი.

არ სჯეროდა, რომ გამოძვრა.

უფრო სწორად, გამოაძვრინეს. გამოიყვანეს.

კაცისაკენ აატრიალა თვალები.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო. და რატომ მოვიდა. ძვლების რაიონში ცურვა ბევრმა არ იცოდა, რადგან არასოდეს ჰქონდათ ამის სწავლის საშუალება და აუცილებლობა. მაშველები კი რასაკვირველია, მაღაროს არ გააჩნდა.

კაცს ფარნისაკენ აეწია ხელი. ოდნავი წკაპუნი მოესმა ნარას და ჩანავლდა სინათლე, მხოლოდ მქრქალი ლურჯი შუქიღა მოჰფენოდა ცარიელ, წყვდიადში ჩაძირულ შახტას.

მერე კი მისკენ მოატრიალა თავი კაცმა. მის თვალებს ჯერ კიდევ კარგად ვერ არჩევდა ნარა, გაფაციცებული შეჰყურებდა.

ვინ იყო? რატომ მოვიდა? რა უნდოდა? რატომ გამოათრია იქედან?

-ვინ ხარ? – ამოილუღლუღა მან.

წამიერად არაფერი უპასუხა კაცმა. მხრები სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა და უცნაური, თბილი ტალღა მოეფინა გაყინულ სხეულზე ნარას, გააჟრჟოლა. რატომღაც ეცნო ეს კაცი, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აქამდე ენახა. მისი ხმა გაეგონა.

-გამარჯობა, ნარა. – უთხრა ანაზდად კაცმა. – მე სორენი ვარ.

4 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 3)

  1. ახლა წავიკითხე სამივე თავი ქალაუ😍 ძალზე საინტერესო და დამაინტრიგებელია🙈 ჯერ რა ხდება მთლად კარგად ვერ გავიგე. იფლიჰემმა და ზრეამაც დამაბნია. იფლიჰემი აქაც საოცნებო ადგილია, მაგრამ ისე ვატყობ როგორც ლეილამ ვერ ჩააღწია იქამდე, ვერც ნარა ვერ ჩააღწევს😂ან ჩააღწევს და იქ სულ სხვა რამე დახვდება😁 რაღაც სცენები ისე მძაფრად გაქვს აღწერილი, რომ ძალიან მოქმედებს, მაგრამ შენი ისტორიების მთავარი ხიბლიც ხო ესაა🥰 თან ყველაზე მეტად რაც მომეწონა, სიუჟეტის დინამიურად განვითარებაა. ვგიჟდუ მძაფრსიუჟეტიან სცენებზე, ფილმის კადრებივით რომ გირბენს თვალწინ😁 მაგრამ ქალაუ ეს მთავარი პერსონაჟი ქალების სულ ნაცემები და ნახათქუნები რატო გყავს? 🤣🤣 რასაც ნარამ ამ თავში გაუძლო, მე წუთნახევარსაც ვერ გავუძლებდი. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რო სასწაულად ძლიერები არიან შენი ქალი პერსონაჟები ყველაფრის მიუხედავად.😍
    ეს თავი განსაკუთრებით დამაინტრიგებლად დასრულდა. ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს🥰 ერთი სული მაქვს, როდის დაწერ მაგ შენი ლამაზი თითებით😍 უნიჭიერესი ხარ🤩🤩🤩🤩🤩💛💚💜

    Like

    1. როგორ მიხარია რომ წაიკითხე ქალუ 🥹🥹🤩💛💛💛 მესმის რომ ზოგიერთი რაღაცები ჯერ გაუგებარია, და იმედია ნელ-ნელა გაირკვევა, ყველაფრის ერთბაშად ჩაყრა თან არ მინდოდა, ისედაც ნამეტანი ბევრი ინფორმაციაა 😂 ზრეას რაც შეეხება, პროსტა ისე ავარჩიე სახელი 💛 იფლიჰემის შემთხვევაში კი ნამდვილად არის პარალელი გავლებული მირაჟთან, სწორი ვარაუდები გაქვს 💛 მიხარია რომ სცენებიც აღწერები მოგწონს 🥹 თავს შიგნით წარმოვიდგენ ხოლმე და მინდა მკითხველმაც იგივე იგრძნოს 💛 ვაიმე 🤣🤣🤣🤣 უნდა დაგეთანხმო, სულ რაღაცას ვმართებ ამ ჩემ პერსონაჟებს მარა რია ვქნა, დრამები მიღვარს 💛 ვეცდები მალე იყოს შემდეგი თავი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 🥹🥹🥹💛💛💛💛

      Like

  2. უგრძნობი, არაადამიანური და დაუნდობელი მბრძანებლის იგივენაირი მსახურები რომლებმაც გაწირეს მაღაროს თანამშრომლები. ის რაც ნარამ გადაიტანა ეს იყო ყველაზე რთული და საშინელი მაგრამ მგონია რომ ეს ჯერ დასაწყისია. ის ვინც ახლა გამოჩნდა ერთის მხრივ მფარველიცაა და ნარასთვის სახიფათოც. ხმა რომელიც ნარას ესმოდა რათქმაუნდა ამ კაცს ეკუთვნის. ბევრი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა ამ თავში. თუმცა მირჩევნია მოვლენების მსვლელობას მივადევნო თვალი.❤️

    Like

    1. ზუსტად დასვი გულაამის (მბრძანებლის) შესახებ შეფასება 🫠 როგორიცაა ისეთივე “კულტურაა” გავრცელებული იგაზან-ლაში. და სორენს რაც შეეხება, ძალიან სწორი შეფასებაა 💛 და კი, შემდეგ თავს დასაწყისი დავარქვი და ძალიან ბევრი რამ დაიწყება, კარგიც და არც ისე კარგიც. უღრმესი მადლობა იმისათვის რომ მომყვები, ძალიან გაფასებ 🥹🤩💛

      Liked by 1 person

Leave a reply to Margarita Loki კომენტარის გაუქმება