ცოცხალი ჟანგი (თავი 1 – პროლოგი)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

პირველი თავის თემა

1 – Pain

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ანაზდად გამოეღვიძა ნარას.

ხმამაღალი წუილითა და გრუხუნით მიჰქროდა მის ფანჯარასთან ათიოდე მეტრის დაშორებით, სიმძიმისა და სიძველისაგან დაფეხვილ, აღრჭიალებულ ბოძებზე შემდგარ ცალფეხა ლიანდაგზე მატარებელი. ცახცახებდნენ კედლები, კუპრივით შავი ბოლი მოედო ჩარჩოებში აცახცახებულ მინებს და წამიერად გადაფარა გარედან შემოღვრილი, გარიჟრაჟის ღია მონაცრისფრო სინათლე, რომელსაც, როგორც ყოველთვის, ქუჩიდან მომავალი მჭახე ლურჯი შეჰპარვოდა.

ხმამაღალი ხრიგინით გასცდა მის საცხოვრებელ კორპუსს მატარებელი, და როგორც ყოველ დილას, მის ხმაურთან ერთად ჩაიკარგა სადღაც, შორს კომფორტული, სასიამოვნო ძილბურანიც.

რა თქმა უნდა.

მატარებლის ჩაქჩაქსა და ბინის თითქოსდა შიშისაგან აცახცახებულ კედლებს ვერასოდეს შეეგუებოდა.

გული მძლავრად უცემდა უცაბედი გაღვიძებისაგან ნარას, ძილბურანის სიცხე მოსწოლოდა თითქოსდა შეშუპებულ კიდურებში. მუცელი უყურყურებდა, წამიერად გული აერია.

ზურგზე იწვა, მუქ ნაცრისფერ ჭერს აჰყურებდა. ჭერს, რომლის დახეთქილ ბათქაშს დღესაც მოჰკლებოდა მატარებლის ჩავლის შედეგად რამდენიმე მოზრდილი ნატეხი.

ხელახლა უნდა გაელესა. მაგრამ ამის თავი არ ჰქონდა.

თვალები მოისრისა და წამოიწია, ზლაზვნით. უხეში, ათასჯერ დაკემსილი თხელი საბანი წელამდე ჩამოუცურდა, და ასეთივე უხეში იყო  მისი საღამურის სახელო, როცა მაღლა აიწია ერთი სწრაფი მოძრაობით, ცისფრად მოციმციმე, მის მარჯვენა მაჯაში ჩასმულ ციფრულ ციფერბლატს დააცქერდა.

124; 239; 04:30.

მატარებელი არასოდეს აგვიანებდა.

საათის ციფრების ქვეშ კი პაწაწინა ბრინჯაოს მონეტა ტრიალებდა, მოუთმენლად.

შეტყობინება მოუვიდა.

სწრაფად დააჭირა მონეტას თითი ნარამ და წამსვე გამოისახა ეკრანზე მისი ანგარიშის მონაცემები.

1,729 კრედიტი.  

გადასახადები ჩამოაჭრეს. მაგრამ ნუთუ მოუმატეს მაღაროელთა ბინების ქირას? შუქსა და წყალს თითქმის აღარც იყენებდა.

ამოიოხრა ნარამ. ალბათ კვლავ მოუწევდა სადმე რამე მოეპარა.

ლოგინზე წამოჯდა, ხმამაღლა აღრჭიალდნენ მატრასის დაღრეცილი ზამბარები. მოლურჯო ნაცრისფერი, სულშემხუთავი შუქჩრდილი ჩამოწოლილიყო პაწაწინა ბინაში, ფანჯრიდან ჰაერში გაფანტული შავი კვამლის კლანჭებს გამოღწეული მქრქალი სინათლე იღვრებოდა. შუქი ღია ნაცრისფერ ლაქებად ეფინებოდა შიშველ, დამსკდარ კედლებს, კედელთან მიმდგარ, ათასი ხარახურით გამოჭედილ თაროებსა და შორეულ კუთხეში გაკრულ მოლაპლაპე კაფელს, უნიტაზსა და მომცრო ნიჟარას. ნიჟარის თავზე ჩამოკიდებულ, სახელდახელოდ აწყობილ წყლის ფილტრიდან ნელ-ნელა, წკაპა-წკუპით წვეთავდა წყალი. ფანჯრის ქვეშ მორყეული რკინის მერხი იდგა, იქვე მიმდგარი, აშკარად სახელდახელოდ, ჯართისაგან დამზადებული პაწაწინა ტაბურეტით. დაბზარულ კედელსა და ფანჯარასთან გაჩენილი ნაპრალებიდან დაგუდული ჩოჩქოლი ისმოდა, ზემოთა ბინაში რაღაცას გამალებით არიხინებდნენ და ერთმანეთს უყვიროდნენ.

მზერა ასწია ნარამ. მის პირისპირ, ტანსაცმლით, ბატარეებით, მილებით, ქოთნებითა და ყუთებით გაძეძგილი თაროების გვერდით კედელზე გაკრულ პოსტერებზე გაუშტერდა თვალი.

ლურჯ-იასამნისფერ ტონებში უნდა ყოფილიყო პოსტერი, მაგრამ წლებს ერთიანად გაეხუნებინათ.

თუმცაღა მაინც კარგად ჩანდა მაღაროელის კოხტა ლურჯ უნიფორმაში გამოწყობილი, ჩაფხუტიანი, ლამაზი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც წერაქვი აღემართა და გოროზი გამომეტყველებით იყურებოდა სადღაც, შორს. ვეებერთელა, მბზინვარე ფოლადისწვერიანი ჩექმის ქვეშ კი მონაოჭებული, გაწეწილთმიანი მომცრო კაცის სახე მიეჭეჭყა, რომლის ჭუჭყიანი, მოფხრეწილი სამოსი ვერ ფარავდა მთელ სხეულზე გაჩენილ უცნაურ წანაზარდებს, წითელ გამონაყარსა და დამპალ, გაშავებულ ხორცს.

„შრომა ჯანმრთელობაა! იშრომე და დაამარცხე დაავადებანი!“ ეწერა მაღაროელის თავზე ვეებერთელა ასოებით.

კაცის უნიფორმის მკერდზე ამოქარგულ, იგაზან-ლას გერბზე გაუშტერდა მზერა ნარას.

ხე. ვეებერთელა ფესვებითა და ტოტებით. ფოთლები ტოტებს შემოვლებულ ცისფერ დისკოს ჩაენაცვლებინა.

თვალი აარიდა ნარამ.

იგაზან-ლას რეგულაციების მიხედვით ყოველ წელიწადს უნდა გამოეცვალათ სახლებში სავალდებულო პოსტერები.

თუმცა ლერვიქენის, ანდა როგორც სხვები ეძახდნენ, ძვლების რაიონში ახალთახალი პოსტერები ალბათ მხოლოდ მემანქანეებს და მაღაროელთა ზედამხედველებს ჰქონდათ.

ნელ-ნელა წამოიზლაზნა ფეხზე ნარა, ძალიან ცივი, ხორკლიანი იყო ბეტონის დაბზარული იატაკი მის ფეხქვეშ. მკერდზე გადმოყრილი, თითქმის წელს მიწვდენილი თმა უკან გადაიგდო და თეძოებზე ამოიქაჩა ჩაჩაჩული შარვალი, მერე კი ნელ-ნელა მიუახლოვდა ფანჯარას, გარეთ გადაიჭყიტა.

გარიჟრაჟი მოჰფენოდა ლერვიქენს, და თითქოს თვალსაწიერს მიღმა გადაჭიმულიყო იგაზან-ლას მუქი ნაცრისფერი, დაჟანგული, ოღრო-ჩოღრო რელიეფი – ვეებერთელა რკინაბეტონის, მეტალისა და მინისაგან შეკოწიწებული, მიჯრით მიწყობილი, დაჟანგული და თითქოს ღრუბლებს მიბჯენილი ცათამბჯენები, ზორბა ელექტროგადამცემი ანძები და უთვალავი ერთმანეთში აბურდული ხაზი, ძვლების რაიონს შემოვლებული გალავანი, რომლის თავზეც დამონტაჟებული პროჟექტორები მჭახე, თეთრ სინათლეს აფრქვევდნენ, შენობებზე მიმაგრებული ათასნაირი ნეონის ნიშნები, სარეკლამო ჰოლოგრამები, რომელთა ლურჯი შუქიც მოსდებოდა შემოგარენს და დაჟანგული მეტალის ბოძებზე შემდგარი ცალფეხა ლიანდაგი, რომელიც მეშვიდე სართულის სიმაღლეზე მიიკლაკნებოდა შენობებს შორის.

ქვემოთ გადაიხედა ნარამ. წინწკლავდა, ლურჯად ციმციმებდა ალაპლაპებული, სველი ქუჩა, რომელზეც კანტიკუნტად გაიელვებდნენ არახრახებული მოტოციკლეტები. სადღაც, შორს მატარებლის დაგუდული ხრიგინი ისმოდა. იქვე, ერთ-ერთი კლუბის გვერდით დაემონტაჟებინათ ახალთახალი, ვეებერთელა, თითქმის ათმეტრიანი ჰოლოგრამა, ლამაზი ახალგაზრდა ქალი ოქროს მონეტებს ფანტავდა აქეთ-იქით და ხმამაღლა მოუწოდებდა ყველას, რომ გულაამის ლატარიაში მიეღოთ მონაწილეობა.

თვალები მოჭუტა ნარამ, შორს, შორს გაიხედა, სადამდეც თვალი მიუწვდებოდა. იგაზან-ლას თავზე ჩამოწოლილი ბინძური, სულშემხუთავი ნისლისა და გარიჟრაჟის შუქ-ჩრდილის გამო, ცა რომ მუქ ნაცრისფრად შეეღება, იგაზან-ლას კიდემდე ვერასოდეს მიაწვდენდა თვალს.

მაგრამ მაინც კარგად ხედავდა მეზობელ რაიონებში, ზრეასა და  აღმართული ატომური ელექტროსადგურების სვეტებს, ფუმფულა, ნაცრისფერი კვამლის ქულებს რომ უშვებდნენ და კვამლში ოდნავ არჩევდა იგაზან-ლას ცენტრში წამოჭიმულ, ვეებერთელა გუმბათს-იფლიჰემს, რომელიც, შემოგარენისაგან განსხვავებით, რაღაც უცნაური, რძისფერი მინის მაგვარი მასალისაგან აეგოთ. გუმბათი ათიოდე კილომეტრში იქნებოდა და პაწაწინა ფაიფურის ნაკეთობას წააგავდა აქედან.

მის თავზე კი დროშა ფრიალებდა, იგაზან-ლას გერბით.

გატოტვილი, შიშველფესვებიანი, დაკლაკნილი ხე და მის ტოტებზე შემოვლებული ლურჯი დისკო.

თვალები მოისრისა ნარამ. აღმოსავლეთით დაბინძურებული ჰაერი მუდმივ მოყვითალო-მოყავისფრო ნისლად იდგა, და ოდნავღა მოჩანდა მზის მქრქალი დისკო. მის მოპირდაპირედ ასეთივე მქრქალად მოჩანდა ცის კამარაზე გამოკიდებული ნამგალა მთვარე, მათ შორის კი, მაღლა, ლურჯად ციმციმებდა გაიას ვარსკვლავი.

თუმცა, გაიას ვარსკვლავი ნამდვილი ვარსკვლავი არ გახლდათ. უბრალო თანამგზავრი იყო, ძალიან მძლავრი განათებით. ნამდვილი ვარსკვლავები უკვე კარგა ხანი გახლდათ, რაც აღარ ჩანდნენ.

ლერვიქენის რაიონის თავზე მაინც.

ახალი დღე თენდებოდა.

ციფერბლატს დახედა ნარამ.

04:43.

მატარებელი სადღაც ორმოც წუთში მოვიდოდა ისევ.

წამსვე გამოაღო ფანჯარა. დაძველებულმა მეტალოპლასტმასმა ხმამაღალი ღრჭიალი გაიღო.

განთიადის მჭახე, ცივი ქარი შემოიჭრა ფანჯარაში და სუნთქვა ყელში შეუკავდა ნარას, ჟრუანტელმა დაუარა ფეხებში და თმა ყალყზე დაუდგა. ყინულოვან ჰაერს ქვემოდან ყურთასმენის წამღები ჩოჩქოლი, მოტოციკლეტის წუილი და დაგუდული მუსიკა მოჰყვა. ვიღაც კაცი სასოწარკვეთილი ხმით გაჰკიოდა.

ვიღაცები კლუბში ჩხუბობდნენ ალბათ.

ანდა ისევ მათხოვრები ცემეს.

ანდა ულსტერმა კვლავ ვინმე დაიჭირა.

თუმცა არა. კაცი კარგა ხანი გახლდათ, რაც გაჰკიოდა. ულსტერის აჩრდილივით მებრძოლები გაბმული ყვირილის საშუალებას არავის მისცემდნენ.

წესრიგის დამამყარებელი იყო ულსტერის ჯგუფი.

ასე ამბობდნენ პოსტერები, რეკლამები და საინფორმაციო გადაცემები.

„ენდე ულსტერს, ისევე როგორც ენდობი ჩვენს მთავარსარდალს, თავიკაცსა და დამფუძნებელს გულაამს!“

რაფაზე გადაეკიდა ნარა და ფანჯრის ქვეშ, კედელში ჩამაგრებულ კაუჭს ხელი მოუფათურა, ელვის სისწრაფით აიტაცა ზედ მავთულით ჩამოკიდებული მომცრო სათლი, მერე კი მასში შეგროვილი წვიმის წყლით მაგიდაზე მიწყობილი რამდენიმე პატარა მეტალის ჭიქა აავსო.

კვლავ კაუჭზე ჩამოჰკიდა სათლი და ხმამაღალი ბათქით გამოხურა ფანჯარა.

იმ კაცის კივილი იმდენად აღარ ისმოდა.

მაგრამ დაგუდული ყვირილი მაინც გრძელდებოდა. კორპუსის სქელი კედლები და ფანჯარა იმ ყურისწამღები კივილის წინაშე იგივე გახლდათ, როგორც ცასა და მიწას შორის, იგაზან-ლაზე ჩამოწოლილი სულშემხუთავი ბინძური ნისლი.

არა, არა. ასე არ უნდა ეფიქრა. ვიღაც უსაქმური მაწანწალა მიჭეჭყეს ალბათ გემოზე. ანდა ულსტერი აკეთებდა თავის საქმეს.

როგორც ყოველთვის, ულსტერი ემსახურებოდა იგაზან-ლასა და გულაამს.

ფანჯარასა და სასოწარკვეთილ კივილს ზურგი აქცია ნარამ.

ხმაურს ვერ იტანდა.

დაიხარა, მაგიდის ქვეშ შეძვრა. ბეტონის ზორბა ნატეხი გამოაძრო კედლიდან და მის მიღმა გამოღრუტნული ფოსოდან, რომელიც თვითონ გამოეფხიკა ნელ-ნელა საგულდაგულოდ, საჭმლის პაკეტი გამოაძვრინა.

გამოაძვრინა და ხელი მოაფათურა შიგნით.

ორი დარჩენოდა მხოლოდ.

ძალიან რომ გაეჭირვებინა, ერთ კვირაზე შეძლებდა გაეწელა.

მაგრამ ბოლო თვეში უკვე გაიჭირვა რამდენჯერმე. საჭმლის ნაკლებობააო, ეუბნებოდნენ და არ აძლევდნენ. პირადად ნარას ალბათ ათამდე პაკეტით მეტი უნდა მიეღო ბოლო ოციოდე დღის მანძილზე.

არ აძლევდნენ.

სოგდალის რაიონში ქარხნების რემონტი მიმდინარეობსო.

როგორც კი რემონტი დასრულდება, მაშინვე აგინაზღაურებთო.

არადა რემონტი კი არა, მაღაროში ხმები დადიოდა, გაფიცულები არიან ქარხნების თანამშრომლებიო.

ანდა აქციებზე დადიანო.

ალბათ აქციებზე დადიოდნენ.

ულსტერი ალბათ იჭერდა კიდეც მათ ბუზებივით.

ლერვიქენშიც წამდაუწუმ აქციები ჰქონდათ მაღაროელებს, ბოლო ათწლეულის მანძილზე მაინც.

კრედიტების მომატებას ითხოვდნენ. იფლიჰემში დასახლებას ითხოვდნენ. სამედიცინო დახმარების გაიაფებას ითხოვდნენ.

და მუდამ მოდიოდა მათთან ახალ-ახალი დაპირებებით შეიარაღებული, იფლიჰემიდან გამოგზავნილი, თვით გულაამის წარმომადგენელი.

და მუდამ მოდიოდა მათ დასარბევად გაზითა და პლასტმასის ტყვიებით შეიარაღებული ულსტერი.

ამის გაფიქრებისაც კი ეშინოდა ნარას, მაგრამ არაფერი შეცვლილიყო.

თუმცა არა. იცვლებოდა.

მაგრამ ისე ნელა და უჩუმრად, რომ თითქოს არც შეცვლილიყო.

გიდეონი, ასტრიდი და ვულფი, აქციების ყველაზე ხმამაღალი გულშემატკივრები, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაქრნენ, ერთმანეთის მიყოლებით. ჯერ რამდენჯერმე დააკავა ულსტერმა, ცემეს, მაგრამ გამოუშვეს.

მერე კი გაქრნენ.

ნარას ახლო ნაცნობმა – ბებერმა რეჯინალდმა ითავა მათი მოკითხვა, ზედამხედველმა კი განუცხადა, სამივე ნოვას რაიონში გადაიყვანეს, ქვანახშირის საბადოში სამუშაოდო.

რაც, რასაკვირველია, ნარას მოკრძალებული აზრით, სისულელე გახლდათ. რაიონებს შორის მიმოსვლა აკრძალული იყო ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისათვის, გადაყვანით ატომურ ელექტროსადგურებში ანდა მემანქანეებად თუ გადაიყვანდნენ ვინმეს, ისიც მაშინ, თუ გარკვეულ ქულებს მოაგროვებდნენ ყოველ სამ წელიწადში იგაზან-ლას მიერ გამართულ ოფიციალურ გამოცდაში.

გიდეონი, ასტრიდი და ვულფი ულსტერმა წაიყვანა. სამივე გახრწნილი იქნებოდა უკვე ცივ მიწაში.

მუშტის ერთი ძლიერი დარტყმით ჩასვა ნატეხი კვლავ კედელში და ხვნეშით გასწორდა, პაკეტს კბილებით მოაგლიჯა გვერდი, მერე კი მეტალის ჭიქაში ჩააპირქვავა.

ბუყბუყით განიბნა წყალში ნაცრისფერი ფხვნილი და თითით ამოურია ნარამ, სანამ სქელ, სალაფავივით მასად არ იქცა წყალი.

დღესაც უნდა ყოფილიყო აქცია. წავიდოდა და მოიპარავდა რამეს.

ტაბურეტზე ჩამოჯდა და ჭიქა მოიყუდა.

ჭამდა უგემურ მასას და ფანჯარაში იყურებოდა.

და ნელ-ნელა ჩანავლდა მუქი ნაცრისფერი შუქ-ჩრდილი, და უფრო ძლიერად კაშკაშებდა გაიას ვარსკვლავი, მაგრამ იცოდა ნარამ, რომ იგაზან-ლას თავზე მდგომი დაბინძურებული ჰაერის – სულშემხუთავი კვამლის გამო ვერასოდეს დაინახავდა ვერც ნამდვილ ვარსკვლავებს, ვერც ცის კამარის სილურჯეს და ვერც მზისა თუ მთვარის ბრწყინვალებას.

მხოლოდ გაიას ვარსკვლავი, მზისა და მთვარის მქრქალი დისკოები, მონაცრისფრო-მოყვითალო ცა მოჩანდა და მუდამ ჩრდილმოდებული გახლდათ დღის სინათლე.

ის ჩრდილი, ბურანი, რომელიც მათ თავზე დასწოლოდათ, ჟანგს ჰგავდა, რომელიც იგაზან-ლას თითოეულ კუთხე-კუნჭულს მოსდებოდა თითქოს.

იფლიჰემისა და მისი რძისფერი გუმბათის გარდა, რასაკვირველია.

არა, არა. ამაზე არ უნდა ეფიქრა. უაზრო იყო ცასა და მსგავს სისულელეებზე ფიქრი.

ალბათ.

პოსტერები ასე ეუბნებოდნენ.

„მიწას უყურებდე მუდამ, რადგან მიწაა წყარო სიცოცხლისა! ცაში ყურება უსაქმურთა ბედია!“

ჭიქა ფაქტიურად გამოლოკა ნარამ, მერე კი საგულდაგულოდ მოასუფთავა მაგიდასთან კაუჭზე ჩამოკიდებული დაფხრეწილი ტილოთი.

თავისი საქმე მოითავა, მაგრად დაიგორგლა კეფაზე მისი თხელი თმა და ჩაიცვა. გარედან კვლავ დაგუდული კივილი შემოდიოდა და შეუჩერებლად წკაპუნებდა წყლის ფილტრიდან წყალი ნიჟარაში.

უხეში და ვეებერთელა იყო ლურჯი, გაცვეთილი უნიფორმა, მაგრამ უკვე შეჩვეული გახლდათ ამას.

ხალვათად დაიტოვა წელზე ქამარი და ყელამდე შეიკრა ღილები, მაჯებთან სახელოები შიგნით შეიკეცა.

მერე კი თაროდან კეპიანი ქუდი აიტაცა, წამიერად დააცქერდა.

ქუდს თითქმის ერთიანად გადაქლექოდა ზედ ამოქარგული იგაზან-ლას გერბი.

სწრაფად ჩამოიფხატა კეპი თავზე ნარამ, საგულდაგულოდ შეიტენა შიგნით კეფაზე დაგრაგნილი თმა, მერე კი თაროს გვერდზე მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოკიდებული შავი საწვიმარი პონჩო აიტაცა, სწრაფად გადაიცვა.

თენდებოდა, ღია ნაცრისფერმა სინათლემ შეცვალა ოთახში ალაგ-ალაგ კედლებზე დაღვენთილი მოლურჯო ნაცრისფერი და მქრქალ ცისფრად ღუოდა ციფერბლატი ნარას მაჯაზე.

ის კაცი ჯერ კიდევ გაჰკიოდა, გამწარებული.

დაიხარა ნარა, თაროების ქვეშ შეჩურთული ყუთებიდან ერთ-ერთი გამოაძვრინა. ხელი ასწია, ყუთის კიდესთან მიიტანა მაჯა და ციფერბლატის მკრთალი ცისფერი შუქი მოეფინა ყუთის შიგნეულს.

შუქმა პატარა მეტალის მილი აალაპლაპა, ორივე მხრიდან პლასტმასით მოხუფული, იქვე მომცრო დეტონატორით.

ბოლოს ნახევარი წლის წინ შეაკოწიწა ნარამ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

იცოდა, რომ გამოადგებოდა. ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლებად გამოეყენებინა, მაგრამ ამჯერად არჩევანი არ ჰქონდა.

ბოლოღა დარჩენოდა.

წინა ძალიან გამოადგა. ისე ააფეთქა კარის საკეტი და შეძვრა შიგნით, რომ არავის გაუგია.

მილი მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო. დეტონატორი კი მარცხენაში.

ალბათ არ აფეთქდებოდა გზაში.

ანდა შეიძლება აფეთქებულიყო კიდეც. რატომაც არა.

არ ჰქონდა მნიშვნელობა.

ალბათ.

ხვნეშით გასწორდა ნარა, პონჩო შეისწორა და ხელებზე რეზინის ხელთათმანები მოირგო. ცხვირ-პირზე ნაჭრის ნიღაბი გაიკეთა, ფეხებზე თაროებთან მიწყობილი გაცვეთილი, ფოლადისწვერიანი ჩექმები ამოიცვა, მერე კი კარში გავიდა, გამოიხურა და კარის გვერდზე მეტალში ჩასმულ დასაკეტ, ჩამქრალ პანელს ციფერბლატი მიუშვირა.

ლურჯად აციმციმდა პანელი და ჩხაკუნი გაიღო კარმა.

ციოდა. დერეფანი ჯერ კიდევ ღამის მუქ ნაცრისფერ შუქჩრდილში ჩაძირულიყო. იმ კაცის განწირულ კივილს ვიღაცის ღრიალი და გაანჩხლებული წივილი შეჰმატოდა, წუოდნენ მოტოციკლეტები და სადღაც, შორს ისმოდა მატარებლის დაგუდული რიხინი.

მოტრიალდა ნარა, ეზოში გადაიხედა.

უზარმაზარი, ორმოცსართულიანი იყო მისი კორპუსი, თვითონ მეთოთხმეტე სართულზე ცხოვრობდა. ძველი და რკინაბეტონით აგებული გახლდათ შენობა, ეზოს შემოვლებოდნენ ცაში ატყორცნილი სართულები, კორპუსი ცარიელი მილივით ამოეღრუტნათ შუაში. თითოეული სართულის მრგვალ დერეფანს დაჟანგული რკინის მოაჯირი ეფარებოდა, და ასეთივე რკინის კიბეები მიუყვებოდნენ კორპუსის შიდა მხარეს მიწამდე.

საშინელი, მყრალი სუნი იდგა, როგორც ყოველთვის. ეზოში უშველებელ, მესამე სართულამდე მიღწეულ გროვად ეყარა კორპუსიდან გადმოყრილი ათასნაირი ნაგავი, ზოგი იქვე ისაქმებდა კიდეც. რამდენიმე დღის წინ მეორმოცე სართულიდან გადმოხტა ვიღაც, და შუა ნაგავში მის სხეულს ხედავდა ნარა, ლურჯ უნიფორმასა და არაბუნებრივად მოგრეხილ კიდურებს. თავი გახეთქოდა, მაგრამ სისხლი უკვე კარგა ხანი გახლდათ, რაც გადაერეცხა წვიმას.

მოაჯირზე გადაძვრა ნარა და კიბეებზე შედგა, ნელ-ნელა ზემოთ აუყვა.

ბებერ რეჯინალდს გაუვლიდა. ოცდამეათე სართულზე.

ნესტოები ებერებოდა ნარას, ღრმად სუნთქავდა. თავი აეღირა და სწრაფად მიიწევდა ზემოთ.

რაც თავი ახსოვდა, ასე დაძვრებოდა. უხეში და დაჟანგული იყო კიბეები, ალაგ-ალაგ საეჭვოდ ირყეოდნენ საფეხურები, მაგრამ ხელებზე უკვე კოჟრები გასჩენოდა ნარას და იცოდა, თუ სად უნდა დაედგა ფეხი.

ზემოთ აიხედა. მონაცრისფრო-მოყვითალო წრედ მოჩანდა ცის კამარა, რომელსაც კორპუსის შავი რკინაბეტონი შემოჯარვოდა გარშემო. აქედან არსად ჩანდა გაიას ვარსკვლავი, მაგრამ ნამგალა მთვარის გაცრეცილ დისკოს ხედავდა დასავლეთით.

 აქაც საშინლად ყარდა. დერეფნები სავსე იყო ათასი ხარახურითა და ნაგვით.

ოცდამეათე სართულზე გადაძვრა ნარა, სირბილით დაუყვა დერეფანს.

რეჯინალდის ბინის კარი ძალიან ძველი გახლდათ. ჭუჭრუტანა ჰქონდა, და ადრე სახელურიც, რომელიც ამოეგლიჯათ, მის ადგილას ჩასაკეტი პანელი ჩაესვათ.

მიიხედ-მოიხედა ნარამ, მერე კი ასაფეთქებელი მოწყობილობა და დეტონატორი ამოაძვრინა ჯიბეებიდან, იქვე, ნაგვის ქვეშ მიჩურთა.

მერე კი კარს მიუბრუნდა, ხუთჯერ დააკაკუნა ზედიზედ, თან გამალებით აპარებდა აქეთ-იქით თვალს.

წესით არავინ უნდა ყოფილიყო. ზედა სართულებზე ბევრი მაცხოვრებელი არასოდეს ჭაჭანებდა.

რატომღაც უფრო მალე იხოცებოდნენ. ან კიბეებიდან ცვიოდნენ ანდა თვითონ ხტებოდნენ.

გაიჩხაკუნა ანაზდად კარმა, დაიღრჭიალეს ანჯამებმა და რეჯინალდის დაჭყეტილი თვალები და გაფუყული წვერი გამოჩნდა ღრიჭოში.

-შემოდი, შემოდი! – დაუცაცხანა მან, ოდნავ გვერდზე გაიწია და წამსვე შეიძურწა შიგნით ნარა.

კარი ღრჭიალით მიიხურა.

და გაიჩხაკუნა საკეტმა.

ბინაში ციოდა, ფანჯარა ღია იყო. აქედან უკეთ მოჩანდა იგაზან-ლას ოღრო-ჩოღრო რელიეფი, იფლიჰემის რძისფერი გუმბათი და ლერვიქენის რაიონში დაკლაკნილი, ცათამბჯენებს შორის ალაგ-ალაგ მოლაპლაპე ლიანდაგი.

რეჯინალდი აშკარად ახლახან ამდგარიყო, მონაოჭებული თვალები ამოსიებოდა და ერთიანად ასწეწოდა თმა. დალაქავებული შავი მაისური და შარვალი ეცვა და ერთიანად დაძარღვული ჰქონდა გამხდარი მკლავები.

-მიდი, ჩამოჯექი ცოტა ხანი! – უთხრა მან. – მოვასწრებთ…

დაგუდული ჩოჩქოლი ჯერ კიდევ ისმოდა ღია ფანჯრიდან, რასაც ბინის შესასვლელის კუთხის მიღმა უნიტაზის ჩარეცხვის ხმა დაემატა, მერე კი ფეხსაცმლის ტყაპატყუპით გამოაბიჯა შემოსასვლელში სამარამ, კაბას ისწორებდა.

როგორც ყოველთვის, სუფთა, ლამაზი, ნაცრისფერი კაბა ეცვა სამარას, რომელიც მაგრად გადაჭიმულიყო მის გამობერილ მუცელზე. თეძოებამდე დაშვებული მშვენიერი ქერა ნაწნავი მკერდზე გადმოეგდო, ფეხშიშველი იდგა და შეჰყურებდა.

-წყალი გინდა? – ჰკითხა მან და მიტრიალდა, ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდას მიუახლოვდა.

ნიღბის მიღმა გაეღიმა ნარას, სწრაფი ნაბიჯით მიჰყვა სამარას.

-რამდენი გაქვთ? – ჰკითხა მან. – გეყოფათ?

-გვეყოფა, გვეყოფა, შენ არ ინერვიულო. – თქვა სამარამ, მოზრდილი რკინის სათლიდან, რომელიც თითქმის პირამდე იყო სავსე, პატარა ფინჯანში ჩამოუსხა წყალი. – წუხელ კარგად მოუწვიმია.

მაგიდასთან ჩამოჯდა ნარა, ნიღაბი ნიკაპზე ჩამოიქაჩა და სავსე ფინჯანს ხელი მოავლო. შემოსასვლელში რეჯინალდი ფაცა-ფუცით იცვამდა ლურჯ უნიფორმას, კედელზე მიწებებულ სარკის ნატეხში გამალებით ცდილობდა აწეწილი თმა წესრიგში მოეყვანა.

ძლიერად წამოუბერა ცივმა ქარმა, წამწამები შეურხია ნარას და თან მოიტანა გაუსაძლისი, სულშემხუთავი მყრალი სუნი. ისევ განწირული კივილი გააბა ქვემოთ კაცმა.

ფანჯარა ხმამაღალი ზათქით მიხურა სამარამ და მაგიდას მიუჯდა.

ჯერ კიდევ საშინელი სუნი იდგა ოთახში, მაგრამ ყვირილი აღარ ისმოდა მაინც.

-წაიღო ტვინი. – თქვა სამარამ. – გაძუყნეს გემოზე და მთელი დილაა ყვირის.

-ვინაა? – ჰკითხა ნარამ.

-ერთი მაწანწალაა, წამლებს ყიდის.

-ვინმე უკმაყოფილო დატოვა ალბათ.

-ეგეთებს არ უნდა ენდო. – განაცხადა სამარამ. – მოფხეკენ საიდანმე რაღაც ნაგავს და ასაღებენ.

მერე კი ნარას მოუტრიალდა, თვალებმოჭუტული.

ოცდათხუთმეტის იქნებოდა სამარა. სახის კანი უკვე დანაოჭებოდა, ალაგ-ალაგ მის ქერა თმაში ჭაღარაც გარეულიყო.

მაგრამ მაინც ლამაზი იყო.

გულაამის მიერ იგაზან-ლაში დანერგილ გენეტიკურ მოდიფიცირებაზე გავრცელებული ჭორები წამოუტივტივდა თავში ნარას.

ევგენიკა. სუფთა ხაზები. ლამაზი, ძლიერი და ჯანმრთელი შთამომავლობა.

პოსტერებსა და რეკლამებში გამოსახული ლამაზ-ლამაზი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები.

ასეთივე იყო სამარა.

მაგრამ გენები ვერანაირად უშველიდა იმას, რომ ორმოცდაათ წლამდე იშვიათად აღწევდნენ იგაზან-ლას მაცხოვრებლები.

სამარას ნაოჭებს თვალი აარიდა ნარამ, წყალი მოსვა.

მომჟავო, მეტალის გემო ჰქონდა წყალს, როგორც ყოველთვის.

-ჭამე? – ჰკითხა სამარამ.

-ვჭამე.

-ნახევარი პაკეტი?

-მთლიანი. მშიოდა.

სამარას ნაკვთიც არ გატოკებია.

-უფრო ხშირად უნდა მოხვიდე. – უთხრა მან. – გაჭმევ.

-არა, არა. – თავი გადააქნია ნარამ. – კარგი რა. ისედაც ცოტა გაქვთ.

რეჯინალდს გადახედა, რომელიც ღილებს ეძიძგილავებოდა.

ბევრად უფრო დიდი ჩანდა მის გამხდარ სხეულზე მაღაროელის ლურჯი უნიფორმა,  ვიდრე ოდესმე.

-ბრმა არ ვარ. – დაუჩურჩულა ნარამ სამარას.

რეჯინალდი ალბათ საკუთარ საჭმელს უკლებლივ აძლევდა სამარას.

გამანაყოფიერებლებს კარგად უხდიდნენ.

სანამ ოცდახუთი წლის შესრულდებოდნენ.

ახლა კი მიზერული ანაზღაურების მეტი არაფერი ჰქონდა სამარას.

მერე რა, რომ თხუთმეტჯერ ყოფილიყო უკვე ორსულად.

სამარამ არაფერი უპასუხა, რეჯინალდს შესცქეროდა, რომელიც ჩექმის ამოცმას ცდილობდა და ცალ ფეხზე დახტოდა აქეთ-იქით შემოსასვლელში.

ჭიქა მოიყუდა ნარამ. ამაზე ფიქრი აღარ უნდოდა.

ფანჯრიდან შორეული გუგუნი გაისმა. მატარებელი ჯერ არ მოვიდოდა.

ალბათ ადრეულად აამუშავეს მაღარო.

სამარას კვლავ მისკენ მოეტრიალებინა თავი, უსიტყვოდ შეჰყურებდა. რაღაცნაირი სევდა ედგა თვალებში.

-კიდევ გადმომხტარა ვიღაც. – თქვა ბოლოს ნარამ. იცოდა, რომ ჭორები უყვარდა სამარას.

რამდენიმე წამი გამომცდელად შეჰყურებდა სამარა.

-მეშვიდე სართულზე მცხოვრები იყო მგონი. – თქვა ბოლოს. – მაღაროელი. ფილტვები გაუფუჭდა, ვეღარ შეძლო მუშაობა და გამოუშვეს.

-ჰმმ. – ამოთქვა საპასუხოდ ნარამ, ფინჯანი მოიყუდა.

-არავინ ჰყავდა ალბათ. – განაგრძო სამარამ. – არავის წაუღია.

-ვინ წაიღებდა, პირდაპირ ნაგვის ცენტრში აგდია. – თქვა ნარამ.

-რავიცი. ხანდახან ხომ მიაქვთ ხოლმე.

-ჰოდა გიჟები არიან.

-კარგი რა.

-რა კარგი რა. იმ ნაგავში საგორაოდ წახვიდოდი ვიღაცის გამოსათრევად? საკუთარი თავი რომ ნაგვად მიაჩნდა და ნაგვად რომ იქცა, ისეთის გამოსათრევად?

-გააჩნია ვინ იყო. – თქვა სამარამ. – არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა გახდა.

ნარამ აღარაფერი უპასუხა. სწრაფად გამოცალა ჭიქა და ნიღაბი აიფარა სახეზე.

სამარა ფანჯარაში იყურებოდა, ნელ-ნელა ისვამდა ხელს მუცელზე. მონაცრისფრო სინათლე დაჰფენოდა დანაოჭებულ სახეზე.

ძალიან ღია ცისფერი თვალები ჰქონდა.

შემოსასვლელში რეჯინალდს უკვე ჩაეცვა, ქუდს ირგებდა თავზე.

-ნარა, წავიდეთ? – ჰკითხა მან.

წამოდგა ნარა, მისკენ მობრუნებულ სამარას დასამშვიდობებლად ხელი დაუქნია.

-მოდი ხოლმე და გაჭმევ! – მიაძახა სამარამ, როცა კარში გადიოდნენ.

კარი ჩხაკუნით მიიკეტა მათ ზურგს უკან და სანამ რეჯინალდი კიბეებისაკენ მიიჩქაროდა, ასაფეთქებელი და დეტონატორი ჩაიჩურთა ჯიბეებში.

უფრო ყინავდა და გააჟრჟოლა ნარას. მოაჯირზე გადაძვრა და ნელა მიჰყვა კიბეებზე რეჯინალდს, რომელიც ელვის სისწრაფით მიცოცავდა ქვემოთ.

ყოველი ამოსუნთქვისას ნიღბის კიდეებიდან იფრქვეოდნენ ქათქათა ქულები, თვალებს უწვავდნენ თითქოს.

ჯერ კიდევ ყარდა, მაგრამ იმდენად აღარ. შეეჩვია სურნელს. გუგუნებდა მაღარო შორს და ღრჭიალებდნენ მის ფეხქვეშ რკინის საფეხურები.

თავი მოატრიალა ნარამ, კორპუსის მეორე მხარეს გადახედა კიბეებს, კისერი კინაღამ მოეღრიცა. ხუთიოდე ლურჯუნიფორმიანი მოცოცავდა კიდევ კიბეებზე.

ისინიც ადრე ამდგარიყვნენ და მატარებლით მოდიოდნენ.

ერთი იცნო კიდეც, როცა მიწას მიუახლოვდა.

დამპალი ფელიქსი.

შუა მაღაროში ჩაიხადა, ნარას წინაშე. მაღაროში რა გინდა, გამანაყოფიერებლად უნდა იმუშაო, მოდი და მე გამუშავებო.

ნარამ საპასუხოდ ფეხებშუა ამოსცხო წიხლი.

და გვარიანად მიიღო თვითონაც რამდენჯერმე მუშტი სახეში.

ალბათ მეტსაც მიიღებდა, რეჯინალდი რომ არა, რომელიც წერაქვით დაემუქრა ფელიქსს.

სხვები იდგნენ და უყურებდნენ რა თქმა უნდა. და ისიც იცოდა ნარამ, რომ ფელიქსიც და სხვებიც დროდადრო მიათრევდნენ მაღაროს ბნელ კუთხეებში ქალებს.  

იმ დროსაც იდგნენ სხვები და უყურებდნენ.

ამიტომ ერიდებოდა მარტო ყოფნას, ცდილობდა სულ რეჯინალდის ზურგს ამოფარებოდა.

რეჯინალდი ყველაზე უფროსი იყო მათ მაღაროში, რის გამოც მისი ზოგს ეშინოდა, ზოგი კი პირიქით, დიდგულობდა მასთან. გაიძახოდნენ, მალე ჩაძაღლდებაო.

ორმოცდახუთის ვიქნებიო, გაანდო რეჯინალდმა ნარას.

თავი გადააქნია ნარამ, ეცადა ფიქრები გამოებერტყა გონებიდან. უკვე ყრუდ სტკიოდა საფეთქლები.

კიბიდან ჩამოხტა და ფეხს აუჩქარა, რომ რეჯინალდს წამოსწეოდა.

კორპუსის პირველ სართულზე გაჭრილი გასასვლელით გავიდნენ ქუჩაში.

ცისფრად ლაპლაპებდა ნაწვიმარი ასფალტი. დილის სინათლეს ვერ გამოეღწია რკინაბეტონისა და დაჟანგული რკინის ცათამბჯენთა საფარველიდან, რომელიც მათ გარშემო აღმართულიყო, უსწორმასწორო ნაგლეჯად მოჩანდა მოყვითალო ცა შენობათა წვერებს შორის. ქუჩა ისეთივე ბინძური იყო, როგორც ყოველთვის, ყუთები, ძველი ტექნიკა, მავთულები, ფეკალიები, შპრიცები, ცელოფნის პარკები და სხვა ხარახურა ეყარა ყოველ კუთხეში. ჯერ კიდევ ძალიან ადრე გახლდათ, მაგრამ უკვე აევსო ქუჩები ხალხის რუზრუზს, ყველა სადღაც მიიჩქაროდა. ბნელ შესახვევებში, პირამდე სავსე ნაგვის ბუნკერებთან მაწანწალები შეყუჟულიყვნენ და ერთ-ერთი კლუბის შესასვლელთან აშკარად კაიფში მყოფი ნარკომანი ღრიალებდა, სანამ ვიღაც გამვლელმა არ ჩასცხო წიხლი. თითქმის ყოველ შენობასთან იწონებდნენ თავს ჰოლოგრამები, სთავაზობდნენ საჭმელს, წვიმის წყალს, რადიაციისგან დამცავებს, ლატარიაში მონაწილეობას, მეძავებს, გამანაყოფიერებლებს, მეტამფეტამინს, ამფეტამინს, სოკოებს, პი-სი-პი-ს, სხვა ახალ-ახალ ნარკოტიკებსა და ათას სხვა წვრილმანსა თუ ხარახურას. ერთ-ერთი ზორბა ჰოლოგრამა ლამაზი ახალგაზრდა კაცის გამოსახულებით, რომელიც შუა ქუჩაში ლივლივებდა, ახალ ამბებს აუწყებდა მათ.

მოუყრუა ნარამ. უკვე ზეპირად იცოდა ახალი ამბები.

აშენება, აშენება და კიდევ აშენება. რემონტი და კიდევ რემონტი. ქვანახშირის, ნავთობისა და ურანის საბადოების განახლება და მათში მოპოვებული ტონობით მასალა. იგაზან-ლას გალავნის გამაგრება. მზარდი ზღვის დონე იგაზან-ლას გარშემო. ულევი ელექტროენერგია. ექიმთა მიღწევები. ახალი ტექნოლოგიები. ახალი ქარხნები. ზრეაში ახალი ატომური ელექტროსადგურის გახსნა. საჭმლის ახალთახალი პაკეტები. გამართული წყლის გაფილტვრის სისტემა. მაღაროელები, მეცნიერები, ინჟინრები, გამანაყოფიერებლები. მონოგამიის დაგმობა. ცხოვრება მშვენიერია, და უფრო გაამშვენიერე იგაზან-ლას მიერ გახსნილ დაწესებულებებში, სადაც სექსსა და ნარკოტიკებს ყიდიან. შრომა, შრომა, და მეტი შრომა, ცაში ყურება უსაქმურთა ხვედრია. მოემსახურე იგაზან-ლას! მოემსახურე გულაამს!

იგაზან-ლას ზოგადი ზრდა და განვითარება. გულაამის, მათი თავიკაცისა და აღმშენებლის ქება-დიდება.

ოცდაჩვიდმეტი მილიონი უზომოდ ბედნიერი მაცხოვრებელი.

ჩოჩქოლებდნენ გამვლელები. ვიღაც რაღაცას ღრიალებდა, სილის გაწვნის ხმა მოესმა ნარას, რასაც კრუსუნი მოჰყვა. გაჰკიოდნენ ჰოლოგრამები და მაღაროს შორეულ გუგუნს მატარებლის ჩაქჩაქის დაგუდული ხმა დაემატა.

 თავი აუზრიალდა გარშემო ატეხილი კაკაფონიისგან ნარას, კვლავ ასტკივდა საფეთქლები.

ხმაურს ვერ იტანდა.

ნაბიჯს აუჩქარა. რეჯინალდს ცოტა მოშორებით მიჰყვებოდა, მაგრამ არ უნდოდა ჩამორჩენოდა.

რამდენჯერმე გაუხვიეს შენობებს შორის. ხელთათმანი ოდნავ აიწია ნარამ, ელვის სისწრაფით დახედა ციფერბლატს.

05:25.

მატარებელი ხუთ წუთში მოვიდოდა.

შენობებს შორის პაწაწინა, ბნელ გასასვლელში გაიარეს, რომელიც მათხოვრებითა და კედლებთან აკოკოლავებული ნაგვით იყო სავსე. მოზრდილ ქუჩაზე გავიდნენ, რომელზეც ცაში ატყორცნილიყვნენ ვეებერთელა ბეტონის ბოძები, ბოძებზე ბეტონის ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი ბეტონის ვეებერთელა ფილები ეწყო და მათში საგულდაგულოდ ჩაეშენებინათ ერთრელსიანი ლიანდაგი.

ჯერ კიდევ მუქი ნაცრისფერი, მწუხრივით ჩრდილი ჩამოწოლილიყო გარშემო. ცის კამარაში უხეშად შეჭრილიყვნენ ცათამბჯენთა წვერები და ჯერ კიდევ ვერ ჩამოეღწია დღის სინათლეს შენობათაშორის წიაღში, რომელსაც ჰოლოგრამებისა და ნეონის სინათლეთა ლურჯი შუქი მოჰფენოდა. ხალხი ირეოდა გარშემო, კვლავ ჩოჩქოლი, ვიღაც-ვიღაცების კრუსუნი, მოტოციკლეტების ზუზუნი და მატარებლის ჩაქჩაქი ისმოდა, რომელიც ნელ-ნელა ახლოვდებოდა.

ბოძების თავთან, ლიანდაგის გვერდით ალაგ-ალაგ რამდენიმე გამოწეულ, მოზრდილ ბაქანზე რკინის კიბეებით ადიოდნენ.

ერთ-ერთი კიბე ახლახანს მიედუღებინათ ბაქნის მეტალის კიდესთან.

ორიოდე თვის წინ იგივე კიბე ბაქანს მოწყდა.

იმ დროს კიბეზე რამდენიმე მუშა ადიოდა.

მეშვიდე სართულის სიმაღლიდან დაასკდნენ მიწას. ყველა ადგილზე გარდაიცვალა.

ორს თავები დაუსკდა, კისრები მოემტვრათ, დანარჩენებს კი ერთიანად დაეფშვნათ ძვლებიო, ამბობდნენ.

ახლა კი ამაყად იდგა კიბე. მიდუღაბებული,

წამსვე შეუდგა კიბეს რეჯინალდი, მოშორებით მიჰყვა უკან ნარა.

ბეტონის ბაქანზე უამრავი ხალხი ირეოდა, მათ შეერივნენ და ორივე ხელი ჯიბეებში ჩაიჩურთა ნარამ, ასაფეთქებელსა და დეტონატორს მოავლო თითები.

აცახცახდა ბაქანი. მატარებლის გუგუნი ახლოვდებოდა ნელ-ნელა და უფრო იმატებდა ხალხის ჩოჩქოლის ხმა, სანამ გარშემო ატეხილი ღრიანცელი სადგურში შემოსული მატარებლის გრუხუნმა და ბოძების ჭრიჭინმა არ გადაფარა. იმდენად აცახცახებულიყვნენ მათ ფეხქვეშ ბეტონის ფილები, რომ ზემოთ-ქვემოთ ირწეოდა ბაქანი და მონაბერმა ყინულოვანმა, ნავთობის სურნელით გაჟღენთილმა ჰაერმა წამწამები შეურხია ნარას.

გამაყრუებელი გუგუნითა და რელსების ღრჭიალით გაჩერდა მატარებელი, ლურჯად ალაპლაპებულიყო მისი ვერცხლისფერი მეტალის კორპუსი.

ყანყალა, კუთხეებში დაჟანგული კარები სისინით გაიღო და იხუვლა მატარებლისაკენ დაძრულმა ბრბომ, თან წაიყოლა ნარა.

გადაჭედილი გახლდათ მატარებელი, როგორც ყოველთვის. საშინლად ყარდა, სულშემხუთავი, ბინძური ჰაერი ჩამოწოლილიყო ვაგონში.

რეჯინალდს ვეღარ ხედავდა ნარა. ბრბოში ჩაკარგულიყო აშკარად.

სისინით დაიხურა კარი.

და დაიძრა მატარებელი.

თვალები დახუჭა ნარამ.

მიქროდა მატარებელი და ირყეოდა ვაგონი. გაუნძრევლად იდგა ბრბოს მუშტში მიჭეჭყილი ნარა, მატარებლის ყოველი მოხვევისას იძულებული იყო, რომ მის გვერდით მდგომებს მიყრდნობოდა, ზედ რომ ეხლებოდნენ. დახუთულობისაგან უკვე ოფლი მოსწოლოდა შუბლსა და კისერზე, გული ერეოდა და გრძნობდა, თუ როგორ დაძაბვოდა თითოეული კუნთი.

ძლიერად მოუხვია მატარებელმა და ფეხები გაამაგრა ნარამ, ეცადა არ დაცემულიყო და მთლად ზედ არ დასწოლოდა მის გვერდით გახერილ ვიღაც მუშას.

ცათამბჯენებს უნდა გასცდენოდნენ უკვე.

თვალები გაახილა ნარამ.

და ანაზდად თითქოსდა უფსკრულიდან გამოსკდა მატარებელი, უკან მოიტოვა შენობათა დაჟანგული ფასადები, შემოეძარცვა მასზე დაწოლილი ღამის ჩრდილი და ფანჯრებში იფეთქა მზის მოყვითალო, თვალისმომჭრელმა შუქმა. გამშრალ წყლის წვეთებს თეთრი ნადები დაეტოვებინათ დამტვერილ მინებზე, ოდნავ დაბურულიყო მათში შემოჭრილი სინათლე და შემოგარენის ხედი. მაგრამ მაინც კარგად ჩანდა ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი, ალაგ-ალაგ ცისფერი სინათლით დაწინწკლული რუხი შენობები, მათ მიღმა გადაშლილი მაღაროების ტერიტორია, იგაზან-ლას საზღვარზე აღმართული ვეებერთელა გალავანი და მის მიღმა, შორს, შორს, მოციმციმე, თვალისმომჭრელი ზოლი – ზღვის ნაფლეთი, მის თავზე კი მოყვითალო-მონაცრისფრო ცა. მზის მკრთალ დისკოს გაუსწორა მზერა ნარამ, მაგრამ ვერ გაუძლო სინათლეს, თავი დახარა, კეპის ჩრდილში დამალა ამწვარი თვალები.

დაიღრჭიალეს რელსებმა. კვლავ ცათამბჯენთა შორის შეიჭრა მატარებელი და წამსვე ჩაქრა მზის სინათლე.

ძვლების რაიონის ერთი მხრიდან, სადაც ნარას კორპუსი იდგა, მაღაროებამდე მატარებელი ოც წუთსა და ხუთ გაჩერებაში მიდიოდა.

ირყეოდა ვაგონი და ყურისწამღებად რუზრუზებდნენ მუშები.

და მალევე მოუნელა მატარებელმა, ღრჭიალი გაიღეს რელსებმა და ინერციით კინაღამ ერთმანეთზე გაწვნენ მგზავრები.

დაისისინეს კარებმა და ღრიანცელით, ნელ-ნელა დაიცალნენ ვაგონები.

მოიცადა ნარამ, სანამ სხვები მუჯლუგუნების კვრითა და წყევლა-კრულვით მიიწევდნენ წინ, მერე კი კიბეებზე ჩაცოცდა, მაღაროსაკენ მიმავალ გზას დაუყვა.

ლერვიქენის ურანის მაღარო მიწისქვეშა და ზედაპირული მაღაროების ქსელის კომბინაციას წარმოადგენდა, ყველაზე დიდი გახლდათ მთელ იგაზან-ლაში. კილომეტრის რადიუსზე გადაჭიმულ გიგანტურ კრატერს ძირამდე წრიულ, სპირალურ საფეხურებად მიჰყვებოდნენ უკვე ნაწილობრივად გადამუშავებული, ურანის მადნის შემცველი შრეები, ფსკერთან კი პაწაწინა, ღია შესასვლელებიდან მიწისქვეშა მაღაროს უზარმაზარი ქსელი იშლებოდა. კრატერში ალაგ-ალაგ მადნის გადამამუშავებელი საწარმოების პაწაწინა შენობები იდგა, ზოგიერთის ფანჯრებიდან ცისფერი სინათლე გამოსჭვიოდა, მაღაროს ფსკერიდან მიწის ზედაპირამდე დაკლაკნილი რელსები ამოეყვანათ, რომლებზეც უკვე რახრახებდნენ ურანის მადნით სავსე ღია მაზიდები, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ მატარებლის ლიანდაგს. მაღაროს მიღმა ასი სართულის სიმაღლეზე აზიდულიყო იგაზან-ლას ვეებერთელა, რკინაბეტონისა და მეტალისაგან აგებული გალავანი, რომლის თავზე გადმოეხეთქათ მზის სხივებს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ჩრდილს დაეფარა მაღაროს ხახადაღებული კრატერი.

ცაში აიხედა ნარამ.

გაიას ვარსკვლავი ციმციმებდა და კიდევ უფრო ღია მოყვითალო-ნაცრისფერი გამხდარიყო ცის კამარა.

აღარსად ჩანდა ნამგალა მთვარის მკრთალი, თეთრი ჩრდილივით სხეული.

თავი დახარა ნარამ და ნაბიჯს აუჩქარა, მაღაროელთა ლურჯ ზღვას შეერია.

როგორც ყოველთვის, ბუღი იდგა ჰაერში. რიხინებდნენ და ღრჭიალებდნენ მაზიდები, ერთმანეთს გადასძახოდნენ მუშები და ყურთასმენის წამღები იყო ბურღისა და წერაქვთა ხათქუნის ხმა.

სპირალურ ბილიკზე სწრაფად მიჰყვებოდა მაღაროელებს ნარა, ყოველ ნაბიჯზე მტვრის ახალი ტალღა ეფინებოდა დახუთულ ჰაერს. რუხი ჩრდილი ჩამოწოლილიყო გარშემო, რომელსაც ალაგ-ალაგ ბილიკთან ახლოს აღმართული ლამპიონებისა და შენობების ფანჯრებიდან გამომავალი ცისფერი სინათლე ფანტავდა.

გზაზე მაღაროელთა ნაწილმა ვეებერთელა საწყობში შეიარა, სადაც პირადი ნივთები შეეძლოთ დაეტოვებინათ. უზარმაზარ დარბაზში ოციოდე რიგად ჩარიგებულიყო ორ ათასამდე პატარა მეტალის კარადა, რომელთა კარებს წამსვე ლაწანი და ღრჭიალი აუტეხეს მაღაროელებმა.

კეპი უფრო მაგრად ჩამოიქაჩა შუბლზე ნარამ რომ კედლებზე მიმაგრებული სანათების თვალისმომჭრელი შუქისაგან თვალები დაეფარა. მოხრეშილი, გამხმარი ტალახით მოსვრილიყო ბეტონის დაბზარული, ალაგ-ალაგ ამომტვრეული იატაკი, და მტვერს, სანათების ზუზუნს, მაღაროელთა ალიაქოთსა და შორეულ მაზიდების რახრახს აევსო ჰაერი.

საკუთარ კარადასთან შეჩერდა ნარა.

ალუმინის მავთულისაგან მოეხვიათ ნომრები, რომლებიც ლურჯ, საღებავაქერცლილ, კუთხეებში დაჟანგულ კარზე მიეჭედებინათ.

შვიდას ოცდათექვსმეტი.

მეთხუთმეტე საწყობის შვიდას ოცდამეთექვსმეტე კარადა.

ციფრები დაუტრიალდა თავში ნარას.

ლერვიქენის რაიონის მეთხუთმეტე ქუჩის ოცდამეცხრამეტე კორპუსი.

მეცხრამეტე სართული.

ასსამოცდამეხუთე ბინა.

ციფერბლატის კოდი – 52679.

პერსონალური კოდი – AZZ01042078259.

ნული ერთი ნული ოთხი ორი ნული შვიდი რვა ორი ხუთი ცხრა.

ხანდახან გონებაში უყვარდა საკუთარი კოდის გამეორება ნარას.

ბოლოს და ბოლოს, როგორც ყველა იგაზან-ლას მოქალაქეს, მხოლოდ პერსონალური კოდი ჰქონდა.

სახელი არა. ოფიციალურად არა.

ნარა არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ მისი პერსონალური კოდი, მისი ციფერბლატის კოდი, მისი ბინის მისამართი, მისი ანგარიშიდან ჩამოჭრილი კრედიტები, მისი ლოკაციის კოორდინატები, მაღაროში მუშაობის საათები და გამომუშავებული ურანის მადნის რაოდენობა.

რიცხვები. მხოლოდ და მხოლოდ რიცხვები. რიცხვების კომბინაცია სადღაც, იგაზან-ლას მაცხოვრებელთა აღმრიცხველ ნუსხაში.

სხვა არაფერი.

კარადის შუაში დამონტაჟებულ პანელთან ციფერბლატი ასწია ნარამ და ჩხაკუნით გაიღო კარი.

პონჩო მოიძრო, კარადაში შეჰკიდა. შიგნიდან ბურღი, წერაქვი, მომცრო ჩაქუჩი და ნიჩაბი გამოიღო, მარჯვედ ამოიღლიავა.

კარადის კარი ისეთივე ჩხაკუნით დაიხურა.

მერე კი მიბრუნდა ნარა და აღჭურვილობის რაკუნით გაჰყვა გასასვლელისაკენ მიმავალ ტალღას.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

19:57.

ხელთათმანი ელვის სისწრაფით ჩამოიქაჩა ციფერბლატზე ნარამ და მაგრად მოავლო ორივე ხელი ნიჩაბს, რამდენიმე ბელტს, რომლებიც მორჩენოდა, მაზიდში ჩაუძახა.

-გაიყვანეთ! – დაიძახა მან, მაგრად დაჰკრა მაზიდს მუშტი.

დაიჭიმა მაზიდის ყუაში ჩაბმული ჯაჭვი და ღრჭიალით დაიძრა ურანის მადნით გაძეძგილი მაზიდი.

თვალისმომჭრელი იყო ჭერზე მიმაგრებული სანათის ცისფერი სინათლე, რომელიც მაღაროს გამოფხეკილ, დამტვრეულ კედლებში გაშიშვლებულ მოვერცხლისფრო-მოყვითალო ურანის მადანს მოსდებოდა. წერაქვის ხათქუნის, მიწის შხრიალის, მუშათა გაუგებარი, ხმამაღალი რატრატისა და მაზიდთა ბორბლების ღრჭიალის ხმები გამაყრუებელ კაკაფონიად ქცეულიყო. დარბოდნენ მაღაროელები, ბელტებს ამტვრევდნენ, მაზიდებს ტვირთავდნენ, მავთულბადეთა ხვეულები დაჰქონდათ აქეთ-იქით.

ნიჩაბს მაგრად დაეყრდნო ნარა, ეცადა სული მოეთქვა.

მაგრამ დამყაყებული, ურანის მტვრით, ოფლისა და ცხელი მეტალის სუნით აღვსილი გახლდათ ჰაერი. ყოველი შესუნთქვისას უარესად ეხუთებოდა სული.

უკვე გასკდომამდე სტკიოდა თავი, რაც მაღაროს მიწისქვეშა ქსელში მუშაობისას ყოვლად ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, უკვე წლების მანძილზე. თითოეული მისი გულისცემა ჩაქუჩივით სცემდა საფეთქლებში, შეშუპებული ხელები და ფეხები თითქოს ვეღარ ეტეოდნენ ხელთათმანებსა და ჩექმებში.

მთელი დღე მუშაობდა. მისი წერაქვისა და ჩაქუჩის ქვეშ სკდებოდა ურანის მადნით მდიდარი მიწის შრე, რასაც შემდეგ შეძლებისდაგვარად აქუცმაცებდა, რომ რაც შეიძლებოდა სუფთა ურანის მადანი მიეღო, მერე კი ნიჩბით მაზიდში ტვირთავდა ბელტებს. შუადღისას მაღაროს შორეულ ნაწილში გამოიძახეს, სადაც მაღაროს ტოტის დაწეული, ალაგ-ალაგ დამსკდარი ჭერი უნდა გაემაგრებინათ. ზღვის ქვეშ გადიოდა მაღაროს ეს ნაწილი და წამდაუწუმ ჭერის გამაგრება უწევდათ ბეტონის ბოძებითა და მავთულბადით.

და, როცა ბეტონის ბოძს მიათრევდა სხვა მაღაროელებთან ერთად ნარა, იმაზე ფიქრობდა, რომ ახლა გადაიხსნებოდა დამსკდარი მიწა და თქრიალით შემოიჭრებოდა მაღაროში, ისე დაჭეჭყავდა და მოახჩობდა ყველას, როგორც ჭიანჭველების ბუდეში ჩასხმული ცხელი ალუმინი.

დაიღალა. ნაშუადღევს შუბლზე, მკერდსა და ზურგზე ღვარად სდიოდა ოფლი, რომელიც ნელ-ნელა შეშრობოდა ზედ.

მუცელი საშინლად უყურყურებდა, გული აერია. რამდენიმე საათის წინ წყალი ჩამოატარეს, და მხოლოდ ნახევარი ჭიქა შეხვდა ნარას.

გაუფილტრავი, ბინძური, მიწის გემოთი გაჯერებული წყალი.

სხვა ვარიანტი არ ჰქონდა. დღეს ძალიან სწყუროდა.

ხანდახან ითმენდა. მთელი დღე ითმენდა, ოღონდ ის ბინძური წყალი არ დაელია.

მაგრამ ხანდახან არ შეეძლო.

მაღაროს შესასვლელთან საკუთარი წყლისა თუ საჭმლის შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ. ჩხრეკდნენ.

საღამომდე კი არავის უშვებდნენ გარეთ.

ერთმა მუშამ წინ ჩაურბინა ანაზდად და შეკრთა ნარა, ფიქრებიდან გამოფხიზლდა.

ცხელი მეტალის მძაფრი სურნელი ჰქონდა მუშის ტანსაცმელს და კვლავ გული აერია ნარას.

სწრაფად ამოიღლიავა ნიჩაბი და მიტრიალდა, იქვე, სამუშაო კუთხეში მიყრილი საკუთარი აღჭურვილობა აიტაცა.

ჯერ რვა საათი არ შესრულებულიყო, მაგრამ მაღაროს გასასვლელამდე მისასვლელად ათიოდე წუთი მაინც სჭირდებოდა.

იმედი ჰქონდა რომ გაუშვებდნენ და დამატებითი სამუშაოსათვის არ დატოვებდნენ, როგორც ხშირად ხდებოდა.

თავდახრილი მიაბიჯებდა ნარა. დაღლილობისაგან თითოეული კუნთი ეწვოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა მხრებში გამართული ყოფილიყო.

რომ მაღალი გამოჩენილიყო.

მაღალი. ძლიერი. გამძლე.

მაღაროელთა უმრავლესობა კაცი გახლდათ. მაღაროელთა რამდენიმე თაობის წარმომადგენელი კაცები კი საკმაოდ ძლიერები იყვნენ.

ალბათ კვლავ ევგენიკა. სუფთა ხაზები. ლამაზი, ძლიერი და ჯანმრთელი შთამომავლობა.

მიუყვებოდა მაღაროს გაკლაკნილ ქსელს, მაღაროელთა ტალღას შეერია, ეცადა შუაში ამოეყო თავი.

გასასვლელთან ახლოს უზარმაზარი, ათი სართულის სიმაღლის გამოქვაბული გახლდათ, რომელიც მუდამ მაღაროელთა ყაყანით აღვსილიყო. მარცხნივ გააპარა თვალი ნარამ, სადაც მთელი კედლის გაყოლებაზე გიგანტური, მეტალის საკვების დისპენსერი დაემონტაჟებინათ, რომელიც ასობით პანელიანი, დაჟანგული რკინის უჯრების ერთობლიობას წარმოადგენდა.

პანელთან ციფერბლატი უნდა დაერეგისტრირებინათ.

მერე კი დისპენსერი მათთვის განკუთვნილ საჭმლის პაკეტებს გადმოაფურთხებდა უჯრებში.

ჯერ არ ეკუთვნოდა თავისი წილი ნარას. ორი დღის წინ აეღო ერთი პაკეტი.

თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა, ეკუთვნოდა თუ არა. დიდი ალბათობით შემდეგ ჯერზე ვერც მიიღებდა ვერაფერს.

ახსოვდა, ხუთიოდე წლის წინ საჭმლის საცავის გატეხვა რომ მოინდომა მუშათა ჯგუფმა, ვიღაც მემანქანის, სებასტიანის თავადობით. საიდანღაც, ალბათ ვეზუვის ბიბლიოთეკიდან გამოძებნეს ასაფეთქებელთა დამზადებაზე ინფორმაცია და საცავის კედლების აფეთქება განიზრახეს.

არ გამოუვიდათ, რასაკვირველია. კედელი დაზიანდა და კინაღამ ჩამოინგრა მაღაროს ეს ნაწილი, მაგრამ საკმარისი ძალა არ ჰქონდა ასაფეთქებელ მოწყობილობას იმისათვის, რომ ტიტანისა და რკინისაგან დამზადებული საცავი დაეზიანებინა.

რეჯინალდსაც უნდა მიეღო მონაწილეობა ამ გეგმაში, მაგრამ ბოლო წამს თქვა უარი.

სებასტიანი და მისი მომხრეები კიდევ ულსტერმა წაიყვანა.

თვალი აარიდა ნარამ დისპენსერს, ეცადა თავიდან გამოებერტყა ასეთი ფიქრები.

„შრომა, შრომა და შრომა! შრომით დატვირთული ფიქრები ჭკვიანი ადამიანის ნიშანია!“

მცველებმა რამდენიმე მაღაროელი გვერდზე გაიყვანეს. დამატებით ცვლაზე ტოვებდნენ.

გასასვლელში გაძვრა ნარა და ღია სივრცის ჰაერი ყინულოვან ტალღად მოეფინა სხეულზე, გააჟრჟოლა. წამსვე ოდნავ ჩაუნავლდა თავის ტკივილი და აუტანელი ფეთქვა, უროსავით რომ სცემდა შუბლში. მზე უკვე გადასულიყო, და თითქმის შეუმჩნეველი გახლდათ საზღვარი მოიისფრო, მუქ ნაცრისფერ ცას, იგაზან-ლას გალავანსა და ცაში აჭრილ შენობებს შორის. კანკალებდა ოფლით ნოტიო უნიფორმაში ნარა და თეთრ ქულებად ქცეულიყო მის ნიღაბს გამოქცეული თითოეული სუნთქვა.

სხვა მაღაროელებთან ერთად სპირალურ ბილიკს აუყვა სწრაფი ნაბიჯით, თან გაფაციცებით იხედებოდა აქეთ-იქით, რეჯინალდს ეძებდა.

რეჯინალდი მთელი დღის მანძილზე ვერ დაენახა. ალბათ სხვაგან გაამწესეს.

საწყობში გაიარეს. კარადაში შეინახა თავისი აღჭურვილობა ნარამ, უნიფორმა შეძლებისდაგვარად დაიბერტყა მტვრის მოსაცილებლად და პონჩო გადაიცვა.

მერე კი სხვებთან ერთად დაუყვა გზას.

გაუსაძლისად ყინავდა და კანკალებდა ნარა, თან მთელი ძალით ცდილობდა, რომ არ შემჩნეოდა კუნთების ცახცახი. გაყინული ტუჩები უთრთოდა და მაგრად ეჭირა ხელებში ასაფეთქებელი მოწყობილობაც და დეტონატორიც.

ნახევარ საათში მოვიდა მატარებელი და ისედაც გაძეძგილ ვაგონებში ღრიანცელით შელაგდა ხალხი.

კართან ახლოს, მუშებს შორის მიჭეჭყეს ნარა.

თუმცა ეს აწყობდა.

ლერვიქენის რაიონის მთავარ მოედანზე – ბინგემზე იმართებოდა დღეს აქცია. მოეყურა მაღაროში ყოფნისას ნარას, რომ გამყიდველები, მემანქანეები, მექანიკოსები, მუშები, მაღაროელები აპირებდნენ შეკრებას.

როგორც ყოველთვის.

მაგრამ ასე სჯობდა. ბინგემზე უამრავი პატარა ჯიხური, მაღაზია თუ დაწესებულება იყო. რომელიმეში მოახერხებდა შეპარვას, სანამ აქცია მძვინვარებდა გარშემო. ულსტერისაგან დაიფარავდნენ მომიტინგეები.

მიჩაქჩაქებდა მატარებელი, ღრიანცელი ატეხილიყო ვაგონში და რუხი მონაცრისფრო-იისფერი ჩრდილი ჩამოწოლილიყო გარშემო, რომელსაც ცათამბჯენთა ფანჯრებიდან, ჰოლოგრამებიდან და ნეონის ნიშნებიდან მომავალი ცისფერი სინათლე ფანტავდა ალაგ-ალაგ.

ბინგემის მოედანთან გაჩერდა მატარებელი, სისინით გაიღო კარი და გარეთ ატეხილი ღრიანცელისაგან კინაღამ ყურის დაფის აპკები დაუსკდა ნარას, უარესად ასტკივდა თავი.

უკვე შეკრებილიყვნენ მომიტინგეები.

იხუვლეს მაღაროელებმა და წამსვე გაიჭრნენ გარეთ.

მათ ტალღაში გაერია ნარა და სწრაფი ნაბიჯით მიჰყვა.

ვეებერთელა იყო ბინგემი, ორასი მეტრის სიგრძეზე გადაჭიმულიყო ქვით მოკირწყლული მოედანი. მის ცენტრში, ბეტონის კვარცხლბეკზე ორი ვეებერთელა, შავი მარმარილოსაგან გამოკვეთილი ქანდაკება წამომართულიყო – ერთმანეთისაკენ ზურგით მდგარი ქალი და მამაკაცი, მამაკაცს ხელებში გრძელი წერაქვი ეჭირა, რომელსაც ეყრდნობოდა, ქალს კი მარჯვენა მკლავი გადაეშალა, ხელში ნიჩაბი ჩაებღუჯა. ამაყად, გოროზად იყურებოდნენ ისინი გარშემო, თუმცაღა განვლილ წლებს ალაგ-ალაგ გვარიანად მოეცვითა და დაეხეთქა შავი მარმარილო.

და თუმცაღა კვარცხლბეკზე ამოტვიფრულ ფრაზას ვერ ხედავდა ქანდაკებებზე შემოჯარული მუშების გამო ნარა, წამსვე წამოუტივტივდა თავში, თუ რა ეწერა იქ.

„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“

აიხედა ნარამ. ბინგემს ასსართულიანი ცათამბჯენები შემოვლებოდნენ გარშემო, შენობების თავზე ათობით ზორბა ჰოლოგრამები იგრიხებოდნენ, აქა-იქ თვალისმომჭრელად ანათებდნენ ნეონის ნიშნები და მოედნის გარშემო აღმართული ლამპიონები. უფრო ჩამუქებულიყო ცა, მუქი, მოყვითალო მელნისფერი დასდებოდა და გაიას ვარსკვლავსაც ვეღარ არჩევდა ნარა.

სავსე გახლდათ ბინგემი. აქციებზე ხანდახან გამოდიოდა ნარა, მაგრამ ამდენი ხალხი ერთად არასოდეს ენახა. ჰოლოგრამების ერთმანეთში აღრეული ყვირილს, რომელიც ჩვეულებისამებრ ბინგემზე სხვა ნებისმიერ ხმას ყლაპავდა, ამჯერად ერთიანად შთანთქავდა ასობით მაღაროელთა ყაყანი. გაჰკიოდნენ, ღრიალებდნენ, დროდადრო გაჭირვებით არჩევდა ბრბოსგან ამომსკდარ სიტყვებს ნარა.

-კრედიტები! კრედიტები მოგვიმატეთ! საჭმელი გვინდა! წყალი გვინდა!

შორიახლოს, ოცდაათიოდე მეტრში, მაღაროელთა თავების მიღმა ულსტერის მებრძოლთა ჯგუფი გაარჩია ნარამ, თავიანთი მოტოციკლეტებითურთ. შავი ჩაფხუტები ეფარათ, ნიღბები უფარავდათ ცხვირ-პირს, ზოგიერთს დამცავი სათვალეებიც ეკეთა. ტყვიაგაუმტარი, სქელი შავი ტანსაცმელი ემოსათ და ყველა შეიარაღებული გახლდათ, ზორბა შაშხანები ეჭირათ.

კარგად იცოდა ნარამ, რომ შაშხანები პლასტმასის ტყვიებით იყო დატენილი.

ხანდახან ნამდვილი ტყვიებითაც.

აქციის მონაწილეები პირდაპირ ულსტერის მებრძოლთა პირისპირ ღრიალებდნენ და იქნევდნენ ხელებს, რაც, ნარას მოკრძალებული აზრით, საკმაოდ უტვინო საქციელი გახლდათ, შაშხანების, ტყვიაგაუმტარი სამოსისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო ულსტერის მებრძოლი საშუალო მაღაროელზე ერთი თავით მაღალი მაინც იქნებოდა.

გენეტიკური მოდიფიკაცია.

ალბათ.

-კრედიტები! კრედიტები მოგვიმატეთ! – გამაყრუებლად ღრიალებდა ბრბო.

მიმოიხედა ნარამ. მოედნის მეორე მხარეს, ბინგემის გარშემო მყოფი მაღაზიებიდან რამდენიმე უკვე დახურული გახლდათ.

ალბათ აქციას შეუერთდნენ.

რომელიმეში უნდა შემძვრალიყო.

ერთი ამოიღო მიზანში. პაწაწინა ნარკოტიკების მაღაზია ბინგემის მეორე მხარეს გახლდათ, იქ ულსტერს ვერ ხედავდა. მაღაზიის კარი, თუ სწორად ახსოვდა ცათამბჯენთა შორის, პაწაწინა გასასვლელში გადიოდა. გასასვლელი იმდენად სავსე გახლდათ ნაგვით, რომ მაწანწალებიც კი არ ჭაჭანებდნენ იქ.

დარწმუნებული იყო ნარა, რომ ასეთ ადგილებში აუცილებლად ყიდდნენ სხვადასხვა კონტრაბანდას, მათ შორის საჭმლის პაკეტებსაც.

უკან დაიხია, ფრთხილად, ოსტატურად მიძვრებოდა მომიტინგეებს შორის, თან ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. მოედნიდან ცათამბჯენებს შორის პაწაწინა გასასვლელში გასხლტა და დაიხარა, წამსვე ნაგვით გაძეძგილი ბუნკერების ქვეშ ჩაიმალა. მერე კი, როცა დარწმუნდა რომ არავინ ადევნებდა თვალს, წელში მოხრილი, სირბილით დაუყვა გზას, სანამ მაღაზიის გამოსასვლელ კარს არ გაუსწორდა.

ხელისგულები გაოფლიანებოდა და ერთიანად უკანკალებდა ხელები, როცა ასაფეთქებელი ამოაძრო ჯიბიდან და კარის პანელზე მავთულით მიამაგრა.

მერე კი მოშორებით ჩაიმალა ბუნკერებს შორის და როცა აქციაზე ატეხილმა კაკაფონიამ ყურთასმენის წამღებ პიკს მიაღწია, სწრაფად აკრიბა კოდი დეტონატორის პანელზე.

ხმამაღალი ბათქი გაიღო ასაფეთქებელმა მოწყობილობამ და აფეთქების ძალამ ფართოდ მოაღო კარი.

მოედნისაკენ გაიჭყიტა ნარამ.

არავის გაეგონა, არავინ იყურებოდა აქეთ. პირიქით, უფრო იმატებდა ჩოჩქოლი, ვიღაცის განწირული ბღავილი შეჰმატოდა კაკაფონიას.  

კარში სწრაფად შეძვრა ნარა.

პაწაწინა იყო მაღაზია, მომცრო სარკმლიდან და კარიდან შემომავალი მქრქალი შუქი სულს ღაფავდა შიგნით გამეფებული წყვდიადის კლანჭებში. გაჭირვებით გაარჩია ნარამ კართან ახლოს მინის დახლი, რომლის ქვეშ ათასნაირი ტაბლეტები, შპრიცები, ფხვნილით გამოტენილი პაკეტები და ათასი ხარახურა ეწყო.

არც კი უფიქრია ნარას, დეტონატორი მოუქნია მინის დახლს და რამდენიმე ძლიერი დარტყმით ჩალეწა, მერე კი ხელები მოაფათურა, საჭმლის პაკეტის ნაცნობ ფორმას ეძებდა.

ვერ მიაგნო.

ხელები გააცეცა, მაღაზიის მოპირდაპირე კედელს მიუახლოვდა ფრთხილი ნაბიჯით, გზაზე იატაკზე დაყრილ ნაგავს წამოედო. კედელზე მიჭედებულ თაროებზე მოაფათურა, მათ ქვეშ კი უჯრებს მიაგნო, რომლებიც წამსვე სათითაოდ გამოაღო ნარამ, ყველაფერი ამოყარა.

თითქმის გადაეწურა იმედი, როცა ერთ-ერთი უჯრის ძირში საჭმლის პაკეტის ნაცნობ სლიკინა ზედაპირზე მოუხვდა ხელი.

წამსვე ამოაძრო პაკეტები ნარამ და ელვის სისწრაფით გამოიტენა ჯიბეები.

ძალიან გაუმართლა. ათიოდე მაინც იქნებოდა.

ერთი კვირა ეყოფოდა. სამარას და რეჯინალდსაც მიუტანდა.

იქნებ ბოლოს და ბოლოს წესიერად ეჭამა რეჯინალდს.

ჯიბეების ელვა შესაკრავები საგულდაგულოდ შეიკრა ნარამ.

მაგრამ დიდხანს არ გასტანა მისმა კმაყოფილებამ.

უფრო ხმამაღლა აღრიალდნენ მომიტინგეები და გაკრთა ნარა, ცივმა ოფლმა დაასხა.

ხათქუნის ხმა ესმოდა.

ალბათ რაღაც გააკეთეს, რაღაც მოხდა.

ულსტერის პროვოცირებას ბევრი არც სჭირდებოდა.

მაღაზიიდან გამოიპარა. წამიერად იფიქრა, რომ ბინგემზე აღარ გავიდოდა, საპირისპირო მიმართულებით გადაჭრიდა გასასვლელს და ისე გავიდოდა ქუჩაში, რომ აქედან აორთქლებულიყო, მაგრამ ამაოდ.

ცათამბჯენებშუა დერეფნის მეორე მხარე ამოეშენებინათ.

კანკალებდა ნარა. მოტრიალდა და ელვის სისწრაფით დაუყვა გასასვლელს, მერე კი, ვითომ აქაც არაფერიო, სხვა მუშებს შეუერთდა.

მაშინვე ეცადა გასასვლელისაკენ გამძვრალიყო, მაგრამ სულ ტყუილად.

წამში მოიქციეს მუშტში მომიტინგეებმა და ვერც კი მოასწრო ამოსუნთქვა ნარამ, რომ ტალღამ მოედნის მეორე მხრისაკენ წაიღო.

რამდენჯერმე გაიბრძოლა, აყვირდა, გამატარეთო, მაგრამ ამაოდ. ისეთი ძალით აწვებოდნენ ყველა მხრიდან ადამიანები, რომ ამაო იყო ყოველგვარი მცდელობა.

რომ არ წაჰყოლოდა ტალღას, დაეცემოდა და გადაჯეგავდნენ. სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

ღრიალებდნენ მაღაროელები. გაუსაძლისად გაძეძგილიყო მოედანი.

მოახლოებული ულსტერის შავი, ცისფერ სინათლეზე ალაპლაპებული ჩაფხუტები და სათვალეები დალანდა შორიახლოს ნარამ.

უფრო ბევრნი იყვნენ, ვიდრე მისი მოსვლისას.

ერთმა მებრძოლმა შაშხანა აღმართა და თვალი მოჰკრა კისერწაგრძელებულმა ნარამ, თუ როგორ მოუქნია მომიტინგემ მას მუშტი.

უკან გადაიხარა მებრძოლი, მუშტი აიცილა.

და გამაყრუებლად იჭექა შაშხანამ.

ვიღაც შეტორტმანდა.

დაეცა.

ყურისწამღებად აბღავლდნენ მომიტინგეები.

-მოკლეს! მოკლეს! – გაჰკიოდნენ ისინი.

იხუვლა ბრბომ, ელვის სისწრაფით დაიფშვნა უკმაყოფილების ნიღაბი და მას ამოფარებულმა, ყოვლის მომცველმა, გამანადგურებელმა მრისხანებამ იფეთქა. მუშტები აღმართა გამძვინვარებულმა ხალხმა, ულსტერისაკენ გაიწიეს.

ყოველი უჯრედი გასციებოდა თითქოს ნარას, თავი გასკდომამდე სტკიოდა. ცახცახებდა, ცივ ოფლში გაღვრილი და ისე აწვებოდნენ, რომ კინაღამ გაიგუდა, მკლავებს ვერც კი ანძრევდა.

ყურისწამღები ღრიალი მძინვარებდა გარშემო, მაგრად მიაჭყლიტეს და თვალებში ჩამოუბნელდა წამიერად ნარას, მხოლოდღა ბუნდოვნად ხედავდა მომიტინგეთა თავებს, ყბების ამოვარდნამდე დაღებულ პირებს, ლურჯ უნიფორმებს, ცათამბჯენთა ცისფრად დაკოპლილ ვეებერთელა ჩრდილებს, მოახლოებულ, ულსტერის მოლაპლაპე ჩაფხუტებს, მათ გაციებულ თვალებს, მათ ქშენას, უხეშ ტყვიაგაუმტარ სამოსს და სულ ახლოს, მის გვერდით, მისკენ მომართული შაშხანის შავბნელ, უძირო, უფსკრულივით ლულას.

და ანაზდად, წამიერად, უცნაური სიცხე იგრძნო მარჯვენა გვერდზე.

რაც მხოლოდ წამიერი გახლდათ.

მერე კი, თითქოს გასკდა რაღაც, როგორც მაგმით აღსავსე ვულკანი, გავარვარებული ფოლადივით აეწვა ფერდი. აუტანელმა ტკივილმა იფეთქა და ერთიანად დასწვა თითოეული ნერვი, კუნთი და მყესი, ყველაფერი დაიბზარა, დასკდა და დაიფშვნა, თითოეულ უჯრედზე მოედო ცეცხლი.

ვერც კი მიხვდა ნარა, რომ კიოდა. არაადამიანურ, გაბზარულ, სასოწარკვეთილ ხმას ამოეხეთქა მისი ცეცხლმოკიდებული მკერდიდან, ისეთი ძალით უცემდა გული, რომ მკერდის ძვალს გამოუმტვრევდა, პულსად ქცეულიყო თვითონ. სისხლმა მყისიერად აასხა სახეში, თავი გასკდომოდა თითქოს, ცხვირიდან სისხლმა იფეთქა. ეწვოდა თითოეული სისხლძარღვი და ნერვი, თითოეული შესუნთქვისას ცეცხლით ევსებოდა ფილტვები, მთელი სხეული ისე უბჟუოდა, რომ ვეღარც გრძნობდა.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ საუკუნე გავიდა.

და მერე, როგორც ელვის სისწრაფით მოვიდა ტკივილი, ისევე ელვის სისწრაფით ჩაცხრა.

კვლავ იფეთქა გარშემო მუშების ღრიანცელმა და კიდევ რამდენჯერმე იჭექა შაშხანამ. კვლავ მოედო იგაზან-ლას ყინულოვანი ჰაერი მის ამწვარ ფილტვებს.

პირი დააღო ნარამ. ცხელ, მეტალის გემოს გრძნობდა ენაზე. თვალები აუცრემლიანდა, ნერწყვი მოაწვა პირში.

გული ერეოდა.

ნიღბის მოხსნა ძლივს მოახერხა, სანამ გადაიხარა და აღებინა.

ვიღაც მომიტინგეს უნიფორმაზე.

ნარწყევის მჟავე სუნი ეცა და ისევ აერია გული, ხველება აუტყდა. ცივი ოფლი ასხამდა და ერთიანად კანკალებდა.

ხელი ჰკრა ვიღაცამ, მერე კი გვარიანად მოხვდა მუშტი ნიკაპთან.

ალბათ ვიზეც არწყია, იმან უთავაზა.

გაიშალა ხალხი. აწვებოდნენ, ხელს ჰკრავდნენ, სანამ არ გადმოაფურთხა თითქოს ბრბომ.

წაბარბაცდა ნარა.

თავბრუ ეხვეოდა.

მიდიოდა, ავტომატურად, მაგრამ სანახევროდ არც კი იცოდა, თუ სად მიდიოდა.

შემოჰკრა ყინულოვანმა ქარმა, ცოტა გამოაფხიზლა.

რის ვაივაგლახით აძვრა სადგურზე, მატარებელს გაჰყვა.

მატარებლიდან ჩამოვიდა. ქუჩაში წალასლასდა.

ფეხები მიდიოდნენ. მაგრამ თითქოს სიზმარში იყო. ყველაფერი უცნაური, ძალიან უცნაური იყო, შემოგარენი ერთმანეთში ჩაღვრილ, განბნეულ, გაცრეცილ სინათლისა და ჩრდილის უფორმო ლაქებს ჰგავდა. თითქოს ჰაერში ლივლივებდა, მაგრამ ამავდროულად სილაში ეფლობოდა საშინლად დამძიმებული ფეხები.

თავის ტკივილი გაუძლიერდა, ისე სტკიოდა, თითქოს თავის ქალას ხდიდნენ.

გზაზე კიდევ ერთხელ აღებინა. მაგრამ ამჯერად ნერწყვის გარდა ვერც ვერაფერი ვერ გადმოაფურთხა პირიდან.

ქოშინით მიჰყვებოდა ქუჩას.

ლასლასით მიუახლოვდა თავის კორპუსს, რომელსაც ხედავდა, როგორც მხოლოდ ვეებერთელა, მრგვალ ლაქას, რომელიც ვერაფრით არჩევდა მის თავზე გადაჭიმული, რუხი ცის კამარისაგან.

თითქოს ცა ჩამოსულიყო სვეტად მიწაზე.

საშინლად სტკიოდა თავი ნარას. უწყვეტად სცემდნენ საფეთქელში უროები.

მაგრამ ნელ-ნელა ჩაუნავლდა ტკივილი.

რაღაც იგრძნო. თითქოს ვიღაც იყო იქ, ახლოს. კაცის ხმა მოესმა, გაურკვეველი სიტყვები, და მისი ქშენა.

მაგრამ არავინ ჩანდა გარშემო. ვერსად ხედავდა ლანდებს.

რაღაც ნაგავს წამოჰკრა ფეხი, წაიფორხილა და მოწყვეტით დაეხეთქა ქვაფენილზე, მაგრამ არც კი უგრძვნია ტკივილი.

ძალიან ეძინებოდა.

თვალები დახუჭა ნარამ.

და ყველაფერი გაქრა.

8 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 1 – პროლოგი)

  1. ოჰ ლინდა მიხარია შენი გამოჩენა ყოველთვის.
    ყოველთვის მოგაქვს ჩვენამდე განსხვავებული და საინტერესო ისტორიები. ახლაც ნარას ცხოვრებას ვკითხულობ და ვფიქრობ მართლა ასე რომ ვიყოთ🫨ღმერთო ალბათ გული დამარტყამს თან. რაღაცნაირად მეშინია ამნაირი სიტუაციის მართლაც რომ გამოჩნდეს რა გვეშველება.
    ზრეას და იფლიჰემის ხსენებამ გამახარა. იქნებ პერსონაჟებიც იქნენ ხსენებული მაგრამ სად ის სიტუაცია და სად ეს.
    დიდი ინტერესით ველოდები.🤗❤️

    Like

    1. პირველ რიგში დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო იმისათვის რომ წაიკითხე და უფრო დიდი მადლობა რომ კიმენტარისათვის გამონახე დრო 🥹🥹💛 უზომოდ გაფასებ! 🥰💛💛
      ოოო, რა ვიცი, იქნებ სწორედ რაღაც მსგავსს გვიმზადებს მომავალი, მაგრამ იმედია ასეთი რაღაც არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში თუ მოხდება, ჩვენ ვერ მოვესწრებით 🫣 თან ეს დისტოპიაზე დისტოპიაა :დ
      ზრეა ისე გამოვიყენე, აი იფლიჰემის სახელს და გარკვეული ფ
      დატვირთვა აქვს, პარალელი გავავლე მირაჟთან 🤭 მირაჟის პერსონაჟებს აქ ვერ შევხვდებით ნამდვილად, ეს სულ სხვა სამყაროშია დადგმული 💛
      უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და ვეცდები მალე იყოს! 🥰💛💛

      Liked by 1 person

  2. კითხვა რო დავიწყე ეგრევე ის ვიფიქრე ალბათ სადღაც მომავალის ისტორიაა ოღონდ გლეხების თვალით თქო და ისეე დეტალურად იყო ყველაფერი აღწერილი კიდე უფრო დავრწმუნდი ჩემს მოსაზრებაში თან ხელზე ციფერბლატით რო აღებს ყველაფერს და ნუ ფაქტია მაგის გარეშე ადამიანი არ არსებობს მანდ მარა საათის გარდა სხვა ციფრები რას ნიშნავდა ჯერჯერობით ვერ მივხვდი🧐 ვაიმე ის წარწერები როგორ მძულს უკვეე😂😂😂 აი ძან რაღაც მისტიკური ბნელი და გადარჩენისთვის ბრძოლით სავსე ისტორია იქნება ვგონებ ძან კაი ვაიბები წამოიღო პირველმა თავმა🖤 ნარას პერსონაჟი ძან მაგ ცხოვრებისთვის შესაფერისი გოგო მგონია მარა თან არ მემეტება 🤌🏻 ზრეა და იფლიჰემი რო წავიკითხე ერთი ოთხჯერ მივუბრუნდი მეთქი ეს ხო ისააა 😅 იფლიჰემიდან არავინ დაბრუნებულაოო წინა ისტორიიდან მახსოვს დაა ანნ რამე ძაან კაი ხდება მანდ ან კიდო ამნაირი სიტუაციაა იქაც (მარა მეეჭვება ისეა იფლიჰემისგუმბათი აღწერილი)🧐 თან რაიონებში მიმოსვლა აკრძალულიაოო დააა ვნახოთ ძაან დავინტრიგდი ამ თავით ველი გაგრძელებასსს🖤🖤🖤 ძან კაი იყო ლინდუუ🤌🏻🤌🏻🖤

    Like

    1. გულაამი და ულსტსრებიც არვიცი ვინ არიან მარა არ მომწონან წერტილი🧐ეს მაღაროს სამუშაოებიც და მოყვითალო მონაცისფრო ჰაერიც ძააან მაშფოთეებსს და ველიიი შემდეგ თავსსს🚀🚀🚀

      Like

      1. გულაამი ისაა, ვინც იგაზან-ლა ააშენა, ყოველ შემთხვებაში ეგრე ამბობენ, ულსტერი კი პარამილიტარული დაჯგუფებაა, მოკლედ გაწვრთნილი ჯარისკაცები, რომლებიც იგაზან-ლას ემსახურებიან 🫣🫣 მაღაროებიც და ჰაერიც მართლაც შემაშფოთებელია და ვნახავთ რატომაც 💛 ვეცდები მალე იყოს ახალი თავი 🥰💛

        Like

    2. ქალუ 🥰💛 პირველ რიგში დიდი მადლობა რომ წაიკითხე და აზრი გამიზიარე 💛
      კი, დისტოპიური მომავლის ადგილია აღწერილი. ციფერბლატზე გამოსახულ რიცხვებს რაც შეეხება, დღე და წელია ^_^ წლების ათვლა აქ სხვანაირადაა, გაუქმებულია ის სისტემა რომელსაც ახლა ვიყენებთ. ოოოო, კარგია რომ წარწერები გძულს 😂😂 კონკრეტული ტოტალიტარიანული რეჟიმებიდან ავიღე ინსპირაცია მაგათთვის.
      მართალი ხარ, ნარას გათავისებული და შესისხლხორცებული აქვს იგაზან-ლაში ცხოვრება, ისეთია, როგორიც უნდა იყოს იმისათვის რომ ყველაფერს გაუძლოს, ვნახოთ შეიცვლება თუ არა რამე 💛 ოოო, სწორად გახსოვს რაც ეწერა მირაჟში, პაწა პარალელი მაქვს გავლებული :დდდ რაიონებს შორის მიმოსვლის აკრძალვასაც თავისი მიზეზი აქმს, ჰოდა მოკლედ ვნახოთ რა იქნება, ბოლოში გამოჩნდება ყველაფერი 💛 უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ 💛💛

      Like

  3. შიმშილის თამაშები მომაგონა ძალიან აღწერილობამ.

    რაიონები სადაც ხალხი ერთი ულუფა საჭმლის გამო წელში წყდება და დედაქალაქი,რომელსაც ძვირფასი მასალით აშენებული გუმბათები ამშვენებს.🤷🏻‍♀️ არ ვიცი,შეიძლება ავტორს არც კი უნახავს ეგ ფილმი არასდროს მაგრამ ავტომატურად ეს ასოციაცია გამიჩნდა როგორც კი კითხვა დავიწყე.

    Like

    1. კი, შიმშილის თამაშები ნანახი მაქვს 😊 მსგავსი უფსკრული მდიდარ და ღარიბ ხალხს შორის დისტოპიურ ჟანრში ჩვეული ამბავია, რეალურ ცხოვრებასაც ირეკლავს სამწუხაროდ 🫠 მადლობა რომ წაიკითხე!

      Like

Leave a reply to ანონიმური კომენტარის გაუქმება