მირაჟი (თავი 4)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეოთხე თავის თემა

IV – The Lake

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ხმადაბლა გუგუნებდა, და თვალისმომჭრელად ციმციმებდა თაკარა მზის შუქზე სანახევროდ დამშრალი ხარისწყალი. აუტანელი პაპანაქება და იხულას მთიდან მობერილი ცხელი ქარი ათრთოლებდა ჰაერს, ჩუმად ზუზუნებდნენ მდინარესთან აღმართული ელექტროგადამცემი კოშკები და არყის ხეების ტოტებში გადახლართული სიო აშრიალებდა ფოთლებს.

ბღაოდნენ ლურჯამთის დამფრთხალი ცხვრები და ნელ-ნელა ახლოვდებოდა ფლოქვების თქარუნი.

თვალები გაახილა ლეილამ, ძლივს ამოისუნთქა, სულმოხუთულმა. მარჯვნივ, პოლიციის პუნქტისაკენ გაიხედა, შარაგზას შეავლო თვალი, სადაც დროდადრო კენჭებზე წკარუნებდნენ დაჭედილი ფლოქვები, შარაგზას ბდღვირს ადენდნენ.

რატი ყარალაშვილი მოაგელვებდა ქურანს. მზეზე წაბლისფრად ულაპლაპებდა მუქი კულულები, განუყრელი ტილოს პერანგი მკერდზე ოდნავ გაღეღოდა, წარბშეკრული თვალის დაუხამხამებლად აჰყურებდა ცალთვალა რეზოს ქოხს.

მათგან ოციოდე ნაბიჯში შუა ჯირითში გადმოხტა ცხენიდან, მძიმედ დაეშვა შარაგზაზე. მხედრის მოცილება რომ იგრძნო, ხმამაღლა დაიჭიხვინა ქურანმა და წამსვე ჩორთით გაიჭრა მდელოზე. რატი ყარალაშვილს წამითაც კი არ შეუნელებია, სწრაფი ნაბიჯით გამოეშურა მათკენ.

-რა მოხდა? – იკითხა მან, გაფაციცებით აათვალიერა ორივე, მერე კი გამჭოლი მზერა ცალთვალა რეზოს ქოხისაკენ მიატრიალა. – თქვენ გესროლათ?

-გვესროლა თან როგორ! – წამოიძახა ცაცამ. – დაგვიმიზნა და გვესროლა!

-და რა მოხდა? – ჩაეკითხა ყარალაშვილი.

-მის სახლში შევიპარეთ. – წამოილუღლუღა ლეილამ, მხრები აიწურა, როცა რატი ყარალაშვილმა გადმოხედა ოდნავ აზიდული წარბებით. – გამოვიქეცით, მაგრამ დაგვინახა და გამოვარდა თოფით…

-და იქ რას აკეთებდით? – ხმას აუწია ყარალაშვილმა, დაჟინებით დაჰყურებდა ლეილას.

წარბები შეკრა ლეილამ, უხერხულად შეიშმუშნა, თვალი აარიდა. არც კი იცოდა, თუ რა ეპასუხა.  

-მე მინდოდა იქ ასვლა და იმიტომ. – განაცხადა ანაზდად ცაცამ, მათ შორის აცეცებდა თვალებს. – ლეილას არ უნდოდა წამოსვლა, მე დავიჟინე… გავიგე რომ დაკითხვაზე იყო და მინდოდა დამეთვალიერებინა. ჩემი ბრალია, მე მაპატიეთ, რატი ბატონო!

-კუზიანი ფოტინეს ბეჭედი. – თქვა უცებ ლეილამ, ხელები აუტანლად გახურებულ, დამსკდარ მიწაზე დააბჯინა და ნელა წამოიწია ფეხზე, ყარალაშვილს თვალი გაუსწორა. – იქ იყო. მაგიდაზე უდევს, სხვა სამკაულებთან ერთად.

-ლეილა… – დაიწყო ყარალაშვილმა, აშკარად გაბეზრებული შეჰყურებდა.

-ასე თუ ისე შორიახლოს ცხოვრობენ ერთმანეთთან. – გააწყვეტინა ლეილამ, ისევ ძალიან უსიამოვნოდ, უცნაურად მოხვდა ყურში რატი ყარალაშვილის მიერ ნათქვამი საკუთარი სახელი. – ღამღამობით ცალთვალა რეზო ტყეში შედიოდა. მისი გარდაცვლილი ცოლი, ვისთანაც ამბობენ, პრობლემები ჰქონდაო, ფოტინემ გაურიგა და იგივე ცოლი ცოტა საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა…

-საკმარისია. – მოუჭრა ყარალაშვილმა, თავი ხარისწყალის მიმართულებით აიქნია. – საშიშია აქ. სახლში წადით დროზე.

-მგონი საკმარისი საბაბია იმისათვის რომ გაჩხრიკოთ მისი სახლი. – თქვა ლეილამ, შეუპოვრად ასცქეროდა.

ხმაგაკმენდილი აცეცებდა მათ შორის თვალებს ცაცა.  

რატი ყარალაშვილმა მძიმედ ამოიხვნეშა.

-რომ გესროლათ, უკვე ეგაა საბაბი. ახლა სახლში წადით. – თქვა მან, მერე კი გამომცდელად გადმოხედა ორივეს. – და იმედია ასეთ სისულელეს აღარ გააკეთებთ.

მერე პირი იბრუნა, არყის ხეების მწკრივს გასცდა და აღმართს აუყვა.

-ოე, სად მიდიხარ? – წამოიძახა ლეილამ, გაფაციცებული აჰყურებდა ცალთვალა რეზოს ქოხს, ელოდა რომ რეზო კვლავ გამოვარდებოდა თავისი თოფით. – რომ გესროლოს?

-მე ვერ მესვრის. – მიუგო რატი ყარალაშვილმა, ისე, რომ არც კი მობრუნებულა მათკენ.

გაშტერებული შეაცქერდა მას ლეილა, გამომშრალი პირი გააღო და დახურა.

რასაკვირველია. მას არავინ უსმენდა და არც არავინ დაუჯერებდა.

-ეს ვერაა, ხომ? – წაიდუდღუნა ცაცამ. ფეხზე წამომხტარიყო, თავზე მოერგო თავისი ქუდი და გულმოდგინედ იფერთხავდა დამტვერილ სარაფანს. – იმ შეშლილმა ბებრუცუნამ კინაღამ მიგვახვრიტა, რომ მიაკლას მერე სად მიდის?

-რომ მიაკლას ვერც ვერსად წავა. – ჩაილაპარაკა ლეილამ, რატი ყარალაშვილის ფიგურას თვალი აარიდა. – წამოდი, წავიდეთ აქედან.

პირი იბრუნა, ხიდისაკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა და წამსვე უკან აედევნა ცაცა.

კვლავ გულისგამაწვრილებლად ჭრიჭინებდნენ კუტკალიები, ანცი ქარი გაფიჩხებულ ბალახსა და ფოთლებს აშარიშურებდა. აუტანლად აჭერდა მზე, ხიდის დანჯღრეული ფიცრები აჭრიჭინდნენ მათ ფეხქვეშ და ნელა მიდუდუნებდა სანახევროდ დამშრალ კალაპოტში ხარისწყალი.

მოიხედა ლეილამ, რატი ყარალაშვილის აღმართზე მიმავალ ფიგურას შეავლო თვალი.

ჯერ კიდევ არ გამოვარდნილიყო მის ადგილზე მისახვრეტად ცალთვალა რეზო.

-მაპატიე, ლეილა. – წაიბუტბუტა ანაზდად ცაცამ და წამსვე მოსწყვიტა რატი ყარალაშვილის სილუეტს თვალი ლეილამ, ცაცას გადახედა, რომელიც ერთიანად გაფითრებული, შეწუხებული შესცქეროდა. – არ უნდა წამეთრიე იქ.

-გეყოფა ახლა. კიდევ კარგი მარტო არ წახვედი. – მიუგო ლეილამ. – მაგრამ აწი ცოტა მეც მომისმინე ხოლმე.

-როდის არ გისმენ? – ატყდა ცაცა.

-რავიცი, აი მაგალითად ახლა. – თქვა ლეილამ. – ანდა ლასარეიშვილების საწყობში რომ მოგინდა წასვლა და გველმა მიკბინა. რომ დაიჟინე, იფლიჰემში მინდა წასვლაო და რომ დავიკარგეთ. მერე კიდევ ნაზიბროლას ამბავი…

-კარგი, ჰო! – წამოიძახა ცაცამ, უკმაყოფილოდ შეჰყურებდა, ნირწამხდარი. – ბოდიში, რა… მეგონა მოვასწრებდით იქედან გამოპარვას. რამდენიმე საათი კითხავენ ხოლმე ეჭვმიტანილებს, ახლა რა ეტაკათ?

-ალბათ სიტყვა ვერ დააცდენინეს და გამოუშვეს. – თავისთვის ჩაილაპარაკა ლეილამ.

ცაცას არაფერი უპასუხია.

ხიდი ჩაათავეს და სწრაფად დაუყვნენ მთავარი გზისაკენ ამავალ ბილიკს.

მიჩანჩალებდა ლეილა, თავის რეზინის კალოშებში წაყოფილ ფეხებს მიათრევდა.

არც კი სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა. ცაცას აჰყვა, არ უნდოდა მისი მარტო გაშვება, რაც სწორი საქციელი გახლდათ. მაგრამ ალბათ უფრო მეტად უნდა ცდილიყო დაერწმუნებინა ცაცა, რომ ახლა ცალთვალა რეზოს მიწურ ქოხში ასვლა, რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო, უტვინობა გახლდათ და მეტი არაფერი.

მაგრამ არა. ავიდნენ ქოხში, ნახეს ის, რაც არასოდეს არ უნდა ენახათ, იმ დროს, როცა არ უნდა ყოფილიყვნენ იქ.

და რასაკვირველია, ეს პატარა გასეირნებაც კრახით დასრულდა.

როგორც ყოველთვის.

ცალთვალა რეზო მოვარდა, მიხვდა, რომ ვიღაცა დატრიშინებდა მის სახლში.

გამოვარდა და სანადირო თოფი დაუმიზნათ. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ლეილას მისკენ მოშვერილი თოფის ლულის უძირო, ჟრუანტელის მომგვრელი, საზარელი სიბნელე.

ახლაც ელოდა. ელოდა ცალთვალა რეზოს ქოხიდან გამოვარდნას, ელოდა, რომ კვლავ გაიგონებდა თოფის ჭექას, როგორც ავდრიანი ღრუბლებიდან გამომსკდარ ყურისწამღებ გრუხუნს, რომელიც იმას მოასწავებდა, რომ ცალთვალა რეზომ რატი ყარალაშვილს დააჭედა ტყვია.

მაგრამ არ ესმოდა.

ჯერჯერობით მაინც.

ვეღარ გაებედა მოტრიალებულიყო და უკან გაეხედა. ჯერ კიდევ თოფის გამაყრუებელი ქუხილის ექო ესმოდა ყურებში, უსიამოვნოდ უზუზუნებდა. თითები საშინლად გასციებოდა, როცა ხელები მაგრად მომუჭა, მაგრამ ამავდროულად გრძნობდა, თუ როგორ დაცვაროდა ზურგი ცხელი ოფლით, ალაგ-ალაგ მისი ხალვათი პერანგიც მიჰკვროდა ზედ.

ჰაერში აუტანელ ხვარტზე დამატებული ბდღვირი უხუთავდა სულს. ძლივს ამოისუნთქა, იგრძნო, როგორ ჩამოერეცხა სახიდან სისხლი, ფეხები თითქოს გაუსივდა, ერთიანად შეუშუპდა თითოეული უჯრედი.

კენჭზე წაიფორხილა ლეილამ და ხელი გააცეცა. თვალები გაუშტერდა, გარშემო შარაგზის ოქროსფერი ქვიშა, მდელოზე ამობიბინებული მწვანე და ალაგ-ალაგ გადამხმარი ბალახი, ფერად-ფერადი ველური ყვავილები, ქარში ატკარცალებული ფოთლები და უძირო ლურჯი ცის კამარა თითქოს გალღვა, ერთმანეთს შეერია, სანამ გაურკვეველ, მოციმციმე ფერთა მასას ხედავდა, რომლის შუაშიც, როგორც უძირო ორმო, ყველაფერს შთანთქავდა თოფის ლულის სიბნელე. აღარაფერი ესმოდა ლეილას, ყურები დახშობოდა, და ვეღარაფერს გრძნობდა გაყინული კიდურებით, თითქოს ერთიანად წაელეკა თოფის ლულის უძირო, გაყინულ სიბნელეს, სულშემხუთავ ყინულოვან ოკეანეს რომ წააგავდა.

და ამ ოკეანეში ჩაძირულიყო ლეილა.

ნელ-ნელა, თითქოს გონება ზედ ჩამოღვენთილი რუხი, ბლანტი, წებოვანი კუპრიდან გამოცურდაო, დაეწმინდა მზერა. ნელ-ნელა გაქრა მისი სმენიდან აუტანელი ზუზუნი და თოფის გამაყრუებელი ქუხილის ექო, თავში რომ უზრიალებდა. პირდაღებული სუნთქავდა, სწრაფად, ზედაპირულად, თითქოს იგუდებოდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა. ღრმად ამოისუნთქა, გაჭირვებით, კანკალით და თვალები დაახამხამა, გაქვავებულმა, რომ წესიერად დაენახა.

შარაგზის პირზე იჯდა, გაყინული ხელებით მაგრად ჩაბღაუჭებოდა იქვე ამოსულ სარეველებს, რამდენიმე უკვე მოეგლიჯა. გახურებულ შუბლზე, სახესა და ფეხებზე აჭერდა მზე, კანს სწვავდა. გრძნობდა, თუ როგორ ჩამოუგორდა საფეთქლიდან ოფლის წვეთი, რომელიც ლოყასა და ყელს გაჰყვა და მის მკერდში ჩაიკარგა.

-ლეილა! ლეილა, გესმის? – მის გვერდით გაჰყვიროდა ცაცა და წამსვე მისკენ მიატრიალა ლეილამ მზერა. ცაცა თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა, იქვე ჩაცუცქულიყო და მხარზე მაგრად ჩაბღაუჭებოდა. – ხმა გამეცი, გოგო! უკეთ ხარ?

-უკეთ ვარ. – ძლივს ამოილუღლუღა ლეილამ. ენა გასქელებოდა თითქოს, ძლივს მოატრიალა პირში, ათრთოლებული ხელით აიწმინდა დაოფლილი შუბლი. – მგონი გამიარა.

ცაცა შეწუხებული შესცქეროდა.

-კინაღამ წაიქეცი, მეგონა გული წაგივიდოდა. – თქვა მან. – ძლივს დაგსვი.

-უკეთ ვარ. – გაიმეორა ლეილამ. – ძალიან მცხელა… წყალიც არ დამილევია…

-თოფის გამო ხომ არა? – ჩაეკითხა ანაზდად ცაცა.

ელვის სისწრაფით სტყორცნა მას მზერა ლეილამ, მაგრამ არაფერი უთქვამს.

-მაპატიე რა. – წაიზუზუნა ცაცამ, ქვედა ტუჩი აუთრთოლდა, აწყლიანებულ თვალებს სწრაფად ახამხამებდა. – სულ ჩემი ბრალია. მე რომ არ წამეთრიე იქ, არ გამოგვეკიდებოდა, თოფს არ დაგვიმიზნებდა და შენც არ გაგახსენდებოდა…

-არაფერი გამხსენებია. – მოუჭრა ლეილამ. – და ნუ მებოდიშები, ცაცა, მგონი ჩემი ნებით გამოგყევი. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.

ცაცამ ტუჩები მოკუმა, აღარაფერი უთქვამს და თვალი აარიდა ლეილამ.

არაფერი გახსენებია. და არც გაახსენდებოდა, არ მისცემდა საკუთარ თავს ამის უფლებას.

რადგან არ უნდოდა, გახსენებოდა. არ უნდოდა გახსენებოდა ის, რაც ამდენი ხნის მანძილზე სადღაც, შორს, მისი გონების შავბნელ შორეულ კუთხეში იყო საგულდაგულოდ მიკუნჭული, გადარაზული, მტვრითა და აბლაბუდებით დაფარული.

ამიტომ მის მეხსიერებაში მხოლოდ ცალთვალა რეზოს თოფის ლაპლაპი და ლულის სიბნელე დარჩებოდა.

ნელა წამოიწია ლეილა, ცაცას გამოწვდილ ხელს ხელი ჩასჭიდა და მძიმედ, ხვნეშით წამოდგა. მხარში შეუდგა ცაცა და ნელა დაუყვნენ ბილიკს.

-ესროლა? – ჰკითხა ლეილამ და საპასუხოდ თავი გააქნია ცაცამ.

დადუმდნენ ორივენი.

ნელა, სვენებ-სვენებით მიუყვებოდნენ ზრეას მთავარი გზისაკენ მიმავალ საცალფეხო, აბდღვირებულ ბილიკს. თვალები გაშტერებოდა ლეილას, საშინლად გამოშრობოდა პირი, ძლივსღა ადგამდა ნაბიჯებს.

ცივ, ყველაფრისაგან დაცლილ, უსასრულო კოსმოსს წააგავდა მისი გონება და თვალები მაგრად დახუჭა ლეილამ, მის გაყინულ ხელზე შემოჭდობილ ცაცას ხელს უფრო მაგრად მოუჭირა თითები.

მის თავზე კი აუტანლად აჭერდა მზე, გაბმით ჭრიჭინებდნენ კუტკალიები და ზანტად დუდუნებდა მათ უკან ხარისწყალი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

უკვე კარგა ხანი გახლდათ, რაც ფხალს ბუზი დასტრიალებდა.

ლეილამ რამდენჯერმე აუქნია ხელი, მაგრამ უშედეგოდ, ბუზი კვლავ ჯიუტად აგრძელებდა ფხალზე დაჯდომის მცდელობებს.

რამდენიმე ბუზი მწვადზე, ჩაციებულ ღვინოსა და ხილის ლანგარზე ხაზავდა წრეებს, ერთი ვარაზ თავართქილაძის განუყრელ ქეჩის ქუდზე დასკუპებულიყო, მეორე ელამი ლამარას მხარზე, მათ უკან ბუზებისა და ქინქლების მთელი ჯგრო კოჭლი ბესარიონის შემოსასვლელში ჩამოკიდებულ, მოქანავე ნათურას დასეოდა. რამდენიმე ბუზი კი სუფრის შუაში, ღვინის ვეებერთელა ჩაფზე მიყუდებულ, შავ ჩარჩოში ჩასმულ მურკას სურათზე დაცოცავდა ზემოთ-ქვემოთ.

დანებდა ბოლოს ლეილა, ბუზს თავი მიანება და თავის ნახევრად სავსე თეფშს მიუბრუნდა.

რომელიც აშკარად ნაკლებად საინტერესო გახლდათ, ვიდრე ფხალზე, ვარაზ თავართქილაძის ქეჩის ქუდსა და მურკას სურათზე დასკუპებული ბუზები.

თუმცა მაინც სჯობდა სუფრაზე გამართული უაზრო ღრიანცელის მოსმენას.

ტალავერთან ახლოს გამოეთრია კოჭლ ბესარიონს თავისი დანჯღრეული მაგიდა, მურკას ორმოცის აღსანიშნავად გაშლილ სუფრას მწუხრის მოწითალო იისფერი სინათლე და კოჭლი ბესარიონის სახლის შესასვლელთან ჩამოკიდებული ნათურის მჭახე ყვითელი შუქი მოჰფენოდა. უკვე შეღამებულიყო, შუა ივლისის მცხუნვარე, სულთმობრძავი წითელი მზე მთათა შორის იღვენთებოდა, იხულას მთიდან ქროდა ქარი და გამალებით აშრიალებდა ბესარიონის ეზოში ფოთლებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაუსაძლისი ხუთვა იდგა, მზის უწყალო სიცხისაგან გადახურებული მიწა არ ჩქარობდა განელებას.

გვალვას დაებუდებინა ზრეაში.

რამდენიმე დღის წინ თითქმის მთლიანად დაშრა ხარისწყალი. გაშიშვლებულიყვნენ აქამდე მდინარის სხეულის ქვეშ შემალული, მომწვანო შლამში გარეული ფერად-ფერადი სიპი ქვები, მდინარეში გადაყრილი ათასი ხარახურა და გაფიჩხებული წყალმცენარეები.

მთავარი გზის ასფალტი გაუსაძლისი სიცხისაგან ისე ოღროჩოღროდ მოღვენთილიყო, რომ აუცილებლად ხელახლა შესაკეთებელი გახდებოდა, ბალახი და ველური ყვავილები ერთიანად გადაყვითლებულიყვნენ, და საშინლად დამსკდარიყო გამხმარი მიწა. წუხდნენ გლეხები, ეს პაპანაქება უკლებლივ ყველა გაღვივებულ თესლს ჩაგვიკლავსო.

ლელესის ტბიდან ამოჰქონდათ წყალი ნაკვეთების მოსარწყავად. ლეილა აქამდე ვარცლებსა და სათლებში შეგროვებულ წყალს იყენებდა ჭარხლის ნერგების მოსარწყავად, დასალევად და ნაზიბროლასა და ქათმების დასარწყულებლად, მაგრამ წინა დღეს, როცა აღმოაჩინა, რომ ორი სათლიღა დარჩენოდათ მხოლოდ, იკადრა ლელესის ტბაზე ჩასვლა. მზე არც კი ამოწვერილიყო, როცა გზას გაუდგა.

ყველაფრის მიუხედავად ღირდა ლელესის ტბაზე ჩასვლა.

გაუმართლა, რომ იქ არავინ ჭაჭანებდა, და ტბის გრილ წყალში გაუნელდა აუტანელი სიცხისაგან გახურებული სხეული ლეილას.

თუმცა დიდხანს არ გასტანა გაგრილებამ, რადგან თაკარა მზისქვეშ გახვითქულს წყლის ბოთლებით გაძეძგილი ვეებერთელა ბადე-ტომარას თრევა მოუწია ოთხ კილომეტრზე.

ზრეაში გვალვა მეფობდა, კუზიანი ფოტინეს მკვლელობის შემდეგ ჩამოწოლილი შიში კი გვალვისა და მოსავლის გაფუჭების შიშს ჩაენაცვლებინა, რაც ნაწილობრივ ალბათ ცალთვალა რეზოს დაკავების წყალობით მომხდარიყო. ამბობდნენ, რატი ყარალაშვილმა იმის შემდეგ, რაც ცალთვალა რეზომ მათ ესროლა, ქეჩოთი მიათრიაო ბერიკაცი პოლიციის პუნქტში, მაგრამ როგორც ლეილა ვარაუდობდა, სიტყვაც კი ვერ დააცდენინეს, ჯიუტად დუმდა.

თუმცა ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი. ბრალს წაუყენებდნენ და მორჩებოდა ეს ყველაფერი.

დანამდვილებით ვერ იტყოდა ლეილა, თუ რამ გადარია ცალთვალა რეზო ისე, რომ ცხოველების ფატვრით დაიწყო და საცოდავი კუზიანი ფოტინეთი დააგვირგვინა, მაგრამ ალბათ გადარია განდეგილობამ უბედური ბებრუცუნა.

იმაზეც ფიქრობდა ლეილა, რომ ცალთვალა რეზოს ცოლი ავადმყოფობდა და მოულოდნელად გარდაიცვალა.

ალბათ ვერ ეპატიებინა ცალთვალა რეზოს მაჭანკლისათვის ის, რომ ავადმყოფი ქალი გაურიგა.

მარტოსულობა ათას სიგიჟეს ჩაადენინებდა ადამიანს.

პოლიციის პუნქტის პაწაწინა საკანში გამოეკეტათ ცალთვალა რეზო, მისი სახლი კი გაეჩხრიკათ. ჯერ არავინ იცოდა, თუ როდის ამოჰყოფდა თავს იფლიჰემის ციხეში.

გენადი დუდავა თავისი „ჟიგულით“ დაგრიალებდა ზრეაში.

ზაქარია ლორთქიფანიძეს სახლიდან თავის გამოყოფა გაებედა და ქეიფებზე დაწანწალებდა.

გლეხები კვლავ გამალებით მუშაობდნენ, არ ეპუებოდნენ შეუბრალებელ გვალვას.

მუდამ ოფლში გაღვრილი თამილა კვლავ აცხობდა ლობიანებსა და ხაჭაპურებს.

და ნელ-ნელა ილეოდნენ თითქოსდა უსასრულო, აუტანელ ხვარტში გამოხვეული ღამეები.

წამოუბერა ცხელმა, მტვრიანმა ქარმა, ტალავერთან ახლოს კოჭლი ბესარიონის ნალოლიავებ, ნარინჯისფერ ქრიზანთემებს თავები შეუცახცახდათ.

თვალები დაახამხამა ლეილამ, ფიქრებიდან გამოფხიზლდა. უფრო მაგრად ჩაბღუჯა მომარჯვებული ჩანგალი და აქეთ-იქით მიმოიხედა შეფარვით.

სუფრას ვარაზ თავართქილაძე თამადობდა. ჩაფსკვნილი, ჯმუხი კაცი გახლდათ, წამდაუწუმ ხელებს იქნევდა და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე გაჰყვიროდა. მის მარჯვნივ მისი ცოლი, არეთა თავართქილაძე წამოჭიმულიყო, თავისი მოკაუჭებული ცხვირის ზემოდან გადმოჰყურებდა ყველას, მარცხნივ კი გვარიანად შეზარხოშებულ კოჭლ ბესარიონს დაეკავებინა ადგილი, რომელსაც უკვე მოესწრო მურკას სამჯერ გამოტირება. იქვე ისხდნენ თამილა, ლეილა, ცაცა, ჩიტო ადამიას ქვრივი ნინო გასვიანი, ყარალაშვილები, ელამი ლამარა და აშკარად ამ ყველაფერისაგან გაბეზრებული, იქ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოჭიმული ვახტანგ ლასარეიშვილი.

-ბესარიონა, კაცო! – ღრიალებდა ვარაზ თავართქილაძე, მონდომებით უტყაპუნებდა თვალებმიბლეტილ ბესარიონს მხარზე ხელს, მის ქეჩის ქუდზე დასკუპებული ბუზი თითოეულ დატყაპუნებაზე აფრინდებოდა, ერთ-ორ წრეს დაარტყამდა და მაინც უბრუნდებოდა თავის ადგილს. – აი ამ ჭიქით, შენ გენაცვალოს შენი თავი, კიდო ერთხელ მურკაჩოს დაგილოცავ! უფალს მიებარა მისი სპეტაკი სული, კუდში ეტყობოდა რანაირი წესიერი კატა იყო! დაიხსომე, ბესარიონა, კაცო, აგი კატამ განისვენა, დაისვენა, რამდენი წლის გყავდა? ხუთმეტის?

-ათის! – ამოიზმუვლა ბესარიონმა.

-იყოს ათის! ათი კაი რიცხვია, დალოცვილი რიცხვია, ხო?! – დასჭექა თავართქილაძემ, და თანხმობის ნიშნად თავები დააკანტურეს მოქეიფეებმა, არეთა თავართქილაძემ ხმამაღლა დაუკრა კვერი, აბა რა არისო. – ხოდა მაგ შენ მურკაჩოს თვით ღმერთი მაღალი მიხედავს, გაიგე, კაცო? ბესარიონა, გესმის, კაცო?

კოჭლმა ბესარიონმა კიდევ ერთხელ რაღაც გაურკვეველი ამოიზმუვლა, მერე კი სლუკუნი ამოუშვა.

-ვაიი, საწყალო მურკაა! რეზია, შე ნაძირალა კაცო, დანა რომ აიღე რავა არ მიგახმა ეგ ხელი ძირშიი! – გააბა ტირილი მან.

წამსვე უფრო მაგრად დაუტყაპუნა ვარაზ თავართქილაძემ მხარზე ხელი, აქედან არეთა ამშვიდებდა, კაი, ღმერთს კარგები უნდა თავისთვის მარტოო, იქედან ელამი ლამარა და ნინო გასვიანი, სუფრის მეორე მხრიდან ზურაბ ყარალაშვილი გაჰყვიროდა, რა გაბღავლებს ამდენი ამხელა კაცსო.

-მგონი ცოლი არ დაუტირებია ამას ასე. – გადმოუჩურჩულა ლეილას ცაცამ, სიცილნარევი ხროტინი ამოუშვა, რომელიც საბედნიეროდ წამსვე ჩაიკარგა ვარაზ თავართქილაძისა და ყარალაშვილის ყვირილში, რასაც დანარჩენ მოქეიფეთა ლაპარაკი და კოჭლი ბესარიონის ტირილი ერთვოდა.

არც დაუტირებიაო, მიუგო საპასუხოდ ლეილამ, ჭიქა აიღო და ძირში მორჩენილი ღვინო მოიყუდა.

კოჭლი ბესარიონი მართლაც მშვენიერ ღვინოს წურავდა.

და სიცხის მიუხედავად მაინც ძალიან სასიამოვნო გახლდათ ცივი ღვინის მიერ მოგვრილი, ძარღვებში გამჯდარი სითბო, მუცელში რომ სიცხედ ედგა, ფეხებს რომ უმძიმებდა, და ლამაზი, ბევრად უფრო ლამაზი გახლდათ მის მზერაზე გადაკრულ გაცრეცილ საბურველში გამოხვეული შემოგარენი.

არა, არა. აშკარად უფრო ხშირად უნდა დაელია ლეილას.

-სააქაოდან წასულების იყოს! – გაჰყვიროდა ვარაზ თავართქილაძე, ჭიქას ისე აქანავებდა აქეთ-იქით, რომ ღვინო ხელზე ჩამოეღვარა. მის ქეჩის ქუდზე უკვე ორ ბუზს დაედო ბინა. – მურკაჩოს თავადობით წასულებს გაუმარჯოს! მამაჩემის მამის გარდა ოღონდ, ძაღლი მიაკვდა მაგას სულში!

-ძაღლი მიაკვდა მაგას, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას… – თავს აქნევდა არეთა თავართქილაძე. სუფრის მეორე ბოლოდან აშკარად გულგაწყალებული ვახტანგ ლასარეიშვილის ოხვრა გაისმა, რომელიც გამალებით ყლურწავდა ღვინოს.

-ლამარა, ქალო, შენ ცხონებულ ქმარს გაუმარჯოს! – ყვირილს აგრძელებდა ვარაზი. – ზურიკელა, ბიჭო, შენ ცოლს გაუმარჯოს, მოისვენა ალბათ მაგ საცოდავმა საიქიოში! საწყალ ჩიტო ადამიას გაუმარჯოს ღმერთმა! თამილა, ვაი, შენი უბედური ძმა და რძალი აცხონოს ღმერთმა!

-ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა აცხონოს… – კვერს უკრავდა არეთა. ქმრის ხსენებაზე გულაჩვილებულ ელამ ლამარას საიდანღაც ვეებერთელა კუბოკრული ცხვირსახოცი გამოეძვრინა და ხმამაღლა იწმენდდა ცხვირს, მწვადით პირგამოტენილი თამილა კი გულმოდგინედ აკანტურებდა თავს. ნინო გასვიანი ისე ატრიალებდა თვალებს, ლამის გადმოსცვენოდა.

-აქაურებსაც გაუმარჯოს! – განაცხადა ვარაზ თავართქილაძემ. – რატი, ჩემო ბიჭო, პირველ რიგში შენ გაგიმარჯოს, რავა გიპოვია და წაგითრევია ის წურბელა ბებრუცუნა!

-აბა აბა, როგორ იპოვა, შენ შემოგევლოს შენი თავი… – განაცხადა არეთამ და წამსვე დაუკრეს მოქეიფეებმა კვერი, აბა რაო, ელამმა ლამარამ ტაშიც კი შემოჰკრა.

თამადის მოპირდაპირედ, მაგიდის მეორე თავში იჯდა რატი ყარალაშვილი. სკამში გადაწოლილიყო, ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო და გულგრილად იყურებოდა, ეტყობოდა, რომ ვახტანგ ლასარეიშვილის არ იყოს, დიდად არ ეპიტნავებოდა აქ ყოფნა. უკვე კარგა ხანი გასულიყო, რაც ღვინის ჭიქა პირამდე შეუვსო მამამისმა, მაგრამ ხელიც კი არ დაეკარებინა ზედ.

ვარაზ თავართქილაძის ნაყვირალზე ოდნავ დააქნია თავი რატი ყარალაშვილმა, სახის ნაკვთები რაღაც ღიმილისმაგვარმა მოუგრიხა.

თვალი აარიდა მას ლეილამ და ცაცას მოწოდებული კოკა ჩამოართვა, ჭიქა შეივსო, მერე კი თამილას გადააწოდა.

-აბა რა! – ახორხოცდა ზურაბ ყარალაშვილი, რომელიც ჭიქას ჭიქაზე სვამდა და წამდაუწუმ ხმამაღლა აბოყინებდა. – ჩემმა ბიჭმა… ჩემმა ბიჭმა ჩასვა ეგ… ეგ მკვლელი! ხალხო, ამისთანა რამე წარმოგიდგენიათ? ჰააა? იმ დამპალმა ნაბიჭვარმა მურკათი დაიწყო და ფოტინეთი დაამთავრა საქმე!

თანხმობის ხმები აღმოხდათ მოქეიფეებს, აი ეგ წაკლა კაციო, აი ეგ ნაძირალა, მთლად გაგიჟდა ალბათ იმ ტყეშიო. ვახტანგ ლასარეიშვილმა ძალიან მრავალფეროვნად, ხმამაღლა შეაგინა ცალთვალა რეზოს, იქედან კი კოჭლი ბესარიონი იქადნებოდა, რომ მცოდნოდა, ჩემი ფეხით ავიდოდი იქ და მეორე თვალსაც ამოვჯიჯგნიდიო, რაზეც ზურაბ ყარალაშვილმა დაცინვით უპასუხა, ჯერ ასატანი გახდებოდი იქამდე და მერე ჩამოსატანიო.

-რას ვიფიქრებდი, კუზიანი ფოტინე თუ გამასწრებდა საიქიოში! – ქუხდა ვარაზ თავართქილაძე.

-ვაიიი, ას წლამდე რავა არ უნდა ეცოცხლა მაგ საცოდავს! – კვერი დაუკრა არეთამ.

-ამ ჩემ მარჯვენა ფეხს ვფიცავ, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი! თან ზრეაში! – განაცხადა ვარაზ თავართქილაძემ, მერე კი ელამ ლამარას მიუბრუნდა, რომელიც გულმოდგინედ ლოღნიდა ვაშლის ნაჭერს. – ლამარა, ქალო, მკითხაობაში ას-ას ლარს რო გვართმევ, იმ შენმა მოთხუპნულმა ჭიქებმა არ გითხრეს, ფოტინე მოკვდებაო?

ელამი ლამარა აფორაჯდა, სხვებმა ხარხარი ატეხეს. ცაცა ხმამაღლა ხროტინებდა, ლეილამ პირთან მიტანილ ღვინის ჭიქაში ჩამალა ღიმილი.

-რაც არ გესმის, არ უნდა ილაპარაკო, კაცო! – თითი დაუქნია ახორხოცებულ ვარაზს ლამარამ. – თითოეული ჩემი ფინჯანი იმაზე მელაპარაკება, ვინც მკითხაობაზეა მოსული, გაიგე შენ? ნათელმხილველი თუ გინდა, ელეონორა ბუკიას მიაკითხე საიქიოში!

მოქეიფეები ისე გამაყრუებლად აყაყანდნენ, რომ სუფრაზე წამოსკუპებული ბუზები დააფრთხეს.

-ელეონორა ბუკია რად გვინდა, ქალო? – თითქმის ყველას ხმა გადაფარა ნინო გასვიანმა. – აგერ არ გვყავს მისნაირი?

და ლეილაზე მიუთითა.

პირთან მიტანილი ჭიქა გაუშეშდა ლეილას. გრძნობდა, თუ როგორ დაიძაბა მის გვერდით ცაცა.

ვარაზ თავართქილაძემ სმისაგან გვარიანად ჩასისხლიანებული, მოჭუტული თვალები მისკენ გადმოატრიალა.

ყველა მას შესცქეროდა და გრძნობდა ლეილა, თუ როგორ აუწვა მათმა მზერამ კანი.

-ერთი ამას შეხედე, რამხელა გაზრდილა თურმე! – განაცხადა ვარაზ თავართქილაძემ, თითქოს პირველად დაინახაო. – აბა, ლელა, შვილო! კი გამიგია, რო ცხონებულმა ბებიაშენმა ნათელმხილველობა დაგაყოლა!

-დააყოლა, თან როგორ! – ამაყად განაცხადა თამილამ. – ცხონებული ჩიტო რო მოკვდა, აცხონოს უფალმა, ჩემმა გოგომ ნახა სიზმარში. მერე ეთერი იმნაძეც ნახა და კი წაკვდა ისიც, აბა!

-ლელუკა, შვილო, ფოტინე არ დაგინახავს? – მიელაქუცა არეთა თავართქილაძე და წამსვე თავი გააქნია ლეილამ, ცდილობდა ზრდილობიანი ღიმილი გამოხატვოდა სახეზე, მაგრამ ალბათ სახის ნაკვთების მოღმეჭა გამოუვიდა მხოლოდ. გრძნობდა, თუ როგორ ერეოდა ღვინო მის თითოეულ კუნთსა და ნერვს, და ისე ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავს, როგორც ჩვეულებისამებრ.

-არ დაუნახავს! – ხვიხვინი ამოუშვა ვარაზ თავართქილაძემ, თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა და ადგილზე ცქმუტავდა. – რა არ დაგინახავს, გოგო, ნათელმხილველი არ ხარ?

მერე კი ხარხარი ამოუშვა.

არეთა თავართქილაძემ, ელამმა ლამარამ, ნინო გასვიანმა და ვახტანგ ლასარეიშვილმა სიცილი ატეხეს.

-ნათელმხილველი რომ ვიყო, ცალთვალა რეზოს ქოხში არ ავიდოდი. – წაილუღლუღა ლეილამ, თუმცა იცოდა, რომ მის ნათქვამს მხოლოდ მის გვერდით მსხდომნი თუ გაიგონებდნენ. წამსვე იგრძნო, თუ როგორ ქორივით გადმოხედა ბიცოლამისმა, აშკარად მისი ნათქვამით უკმაყოფილომ.

-დაიკიდე, ატრაკებენ. – ლეილას ყურში უჩურჩულა ცაცამ, სანამ დანარჩენები ხორხოცებდნენ და საპასუხოდ ოდნავ გაუღიმა ლეილამ.

-არა, არა, არ გვინდა ახლა ნათელმხილველობები და მკვლელობების ნახვები! – ჩაერია ნინო გასვიანი. – მორჩა, ჩააყუდეს ვირის აბანოში აგი ცალთვალა კაცი, ხოდა უნდა მორჩეს ამით ეს ამბები!

მოქეიფეებმა წამსვე თანხმობის ხმები ამოუშვეს, თავი დააკანტურეს.

-აბა რა! – დაიქუხა ვარაზ თავართქილაძემ, ჭიქა ორი ყლუპით გამოცალა და მაგიდაზე დაახეთქა, ცოლს ანიშნა, შემივსეო, რაზეც წამსვე დაფაცურდა არეთა. – კაი ამბებიც უნდა მოხდეს ამ მიყრუებულში!

-ერთი კაი ქორწილი კი გვინდა ისე. – განაცხადა ვახტანგ ლასარეიშვილმა, მერე კი ცაცას გადმოხედა. – აბა, ცაცა? ლორთქიფანიძეებში არ უნდა გვაქეიფო?

-ქორწილი გინდა თუ ქელეხი, ვახუ? – გაუცინა ცაცამ და ღიმილი სახეზე შეაცივდა ვახტანგ ლასარეიშვილს. მაგიდაზე სიცილმა იფეთქა.

-ქორწილი თუ ქელეხიო! – ვარაზ თავართქილაძეს ათახთახებული ვეებერთელა მუცელი ხელით ეჭირა, კინაღამ ჩაბჟირდა.

-ცაცა, გენაცვალე, თუხარელს არ მიყვები შენ? – ჰკითხა არეთა თავართქილაძემ. თვალები აშკარად ცხელ-ცხელი ჭორის მოლოდინში უბრწყინავდა.

-ჩემი მტერი გაყვა თუხარელს! – წამოიძახა ცაცამ, ცხვირი აიბზუა. – კი მოდის საჩუქრებით მარა არ მინდა თქო ვუთხარი და კიდევ ვეტყვი აწი!

ვარაზ თავართქილაძე ჯერ კიდევ ხორხოცებდა. ელამი ლამარა, თამილა, ნინო გასვიანი და არეთა თვალებდაჭყეტილები შესცქეროდნენ ცაცას.

-რას უწუნებ ლუკას, გენაცვალე? – ჰკითხა ნინო გასვიანმა. – ისეთი კარგი ბიჭია! ერთი ის დუდავას ბიჭი რო დაგრიალებს, ის აფუჭებს მარა მაგისთვისაა ცოლი საჭირო, შვილო, რო კაცს ხელი მოკიდოს და სწორ გზაზე დააყენოს!

ლეილამ ცაცასკენ გააპარა თვალი. ცაცა ისეთი მოჟამული გამომეტყველებით იჯდა, რომ ეტყობოდა, ცოტაც და იფეთქებდა ალბათ.

მის აფეთქებას ერთი ამბავი მოჰყვებოდა, ყვირილის მოსმენის თავი კი ნამდვილად არ ჰქონდა ლეილას. 

-მარა ასეთი ოჯახისშვილი! თან დედისერთა! – თავისას მიერეკებოდა ნინო გასვიანი. – რატომ არ გინდა, შვილო?

-ტლუა და იმიტომ. – მოუჭრა ცაცამ უკმაყოფილოდ, ღვინოს ჭიქას სტაცა ხელი და ბოლომდე გადაკრა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა რამდენიმე წამით.

ლეილამ უკვე მესამე ჭიქას მოიყუდა და სულაც იმ აზრზე იყო, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ხალხთან ნებისმიერი სახის ლაპარაკს. უკეთესი იქნებოდა, რომ ან დაეკანტურებინა თავი ნებისმიერ კითხვაზე, ან გაექნია, ანდა, როცა გამოელაპარაკებოდნენ, ისეთი გამოთაყვანებული გამომეტყველება და ნაძალადევი ღიმილი გადაეკრა სახეზე, რომ აღარავის გასჩენოდა მასთან საუბრის სურვილი.

დიახ, დიახ. ასე ბევრად უკეთესი იყო.

ჭიქიდან ღვინის ბოლო წვეთები გამოწრუპა ლეილამ, როცა ვარაზ თავართქილაძე ფეხზე წამოდგა. შარავანდედივით შემოხვეოდნენ ქეჩის ქუდზე ბუზები.

-ვინც გაგიხარდება, ცაცა, შვილო, ვინც შენი გულისწორი გახდება, აი იმასა გაუმარჯოს რა! – განაცხადა მან და წამსვე თანხმობის ხმები აღმოხდათ მოქეიფეებს.

-აბა რა, აბა რა… – თავს აკანტურებდა არეთა. – ვინც გაგიხარდება, შვილო! სიყვარულს ვერაფერი აჯობებს ამ ქვეყანაზე!

-ეეხ, ხანდახან სიყვარულიც არ კმარა, ჩემო არეთა… – წაიბურტყუნა თამილამ, მაგრამ აშკარად არავინ ათხოვა მას ყური, ყაყანს აგრძელებდნენ, ზრეას, ქორწილებს, ცალთვალა რეზოს, ლუკა თუხარელს, სიყვარულს და ათას სხვა რამეს განიხილავდნენ.

მწუხრი უკვე დნებოდა ღამეში. ოდნავი ნასისხლარი დაეტოვებინა დასავლეთით წითელ მზეს, დისკო უკვე მთათა მიღმა ჩასვენებულიყო. მუქი მოლურჯო-იისფერი იყო ცა, და ალაგ-ალაგ მზის სინათლის ქვეშიდან გამომძვრალიყვნენ კაშკაშა ვარსკვლავები. გაუსაძლისად ცხელოდა, მაგრამ იხულას მთიდან უფრო ძლიერად უბერავდა ქარი, მათ თავზე ტალავერისა და ხეების ფოთლებს აშრიალებდა, ბუზებს აფრთხობდა და ხალვათ პერანგში უძვრებოდა ლეილას, შიშველ ფეხებზე ელამუნებოდა.

მონაბერი ქარის მიუხედავად სული მოეხუთა ლეილას. ღვინო ძარღვებში გაჯდომოდა, ჯერ შემოახურა, მერე ცოტა შესცივდა კიდეც.

ამოდენა ყაყანი თავში უზრიალებდა, ვეღარ აიტანა.

-საპირფარეშოში გავალ. – წაილუღლუღა მან, იმედოვნებდა რომ ცაცა და ბიცოლამისი გაიგონებდნენ და გამოკითხვას არ დაიწყებდნენ სხვები, სად წავიდაო. სკამი უკან გაახოხა და წამოდგომისას კინაღამ წაიფორხილა, სკამის ზურგს სტაცა ხელი თავის შესამაგრებლად, თან ძალიან ეცადა რომ უდრტვინველი გამომეტყველება მიეღო.

იმედი ჰქონდა, რომ მთლად გამოლენჩებულ მთვრალს არ ჰგავდა.

სუფრაზე ყაყანს აგრძელებდნენ. კოჭლ ბესარიონს თავი ფაქტიურად თავის თეფშზე ჩამოედო და წამდაუწუმ მურკაზე ამოიკრუსუნებდა რაღაცას, ვარაზ თავართქილაძე სიყვარულის სადღეგრძელოს გაჰყვიროდა, მას მხარს უბამდა უკვე გვარიანად მთვრალი ზურაბ ყარალაშვილი, რომელსაც ალბათ ასეთი სიმთვრალის მისაღწევად მთელი ჩაფი ჩაეცალა მუცელში. ნინო გასვიანს, არეთა თავართქილაძეს, ელამ ლამარას, ცაცასა და თამილას კვლავ კინკლაობა აეტეხათ ლუკა თუხარელის ავკარგიანობაზე, ვახტანგ ლასარეიშვილი კი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.

მერე კი რატი ყარალაშვილისკენ გაატრიალა მზერა ლეილამ.

ყარალაშვილი უკვე უყურებდა.

მკერდზე მკლავები გადაეჯვარედინებინა და შემოჰყურებდა, არც კი აურიდებია თვალი, როცა მზერა გაუსწორა ლეილამ.

მის უცნაურ, მშვიდ გამომეტყველებაში ვერც ვერაფერი ვერ ამოიკითხა ლეილამ.

ვერც ამოიკითხავდა, რადგან ოდნავი ბურანი გადაჰკვროდა მის მზერას.

თვალი აარიდა რატი ყარალაშვილს და მიბრუნდა, სწრაფი ნაბიჯით გასცდა მაგიდას. ტალავერი გადაჭრა და სუფრიდან მარჯვნივ, ქრიზანთემების ბუჩქებსა და ვაშლის ხეებს შორის პაწაწინა ბილიკზე გაძვრა, უკან მოიტოვა მოქეიფეთა ღრიანცელი.

ღობეს მიუახლოვდა. მთავარი გზის გვერდით, ბექობზე შეფენილიყო ბესარიონის ეზო, ღობის მიღმა იხულას მთის ფერდზე შეფენილი ზრეა, ვეებერთელა ყანები, შორს, მინდვრებში დაკლაკნილი, ძაფივით გაწვრილებული ხარისწყალი და მის ბოლოში იისფრად გადაგლესილი ლელესის ტბა მოჩანდა. მკრთალი, ვარსკვლავების, ნამგალა მთვარისა და უკნიდან, მსხლის ხეების ვარჯში გამოპარული ნათურის შუქი ანათებდა მქრქალად შემოგარენს. კუტკალიები ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ ქარში აბიბინებულ ბალახში და იქვე მოფარფატე რამდენიმე ბუზის გულისგამაწვრილებელი ბზუილიც კი ჩაესმა ლეილას.

პატარა, ხელით გამოჩორკნილი ძელსკამი წამოეჭიმათ იქვე, ქარში აშრიალებულ ნარინჯისფერი ქრიზანთემებისა და წითელი შროშანების ბუჩქებს შორის. მძიმედ ჩამოჯდა ზედ ლეილა, ხელები კალთაში დაიკრიფა.

თვალები ეხუჭებოდა, თვალების დახუჭვისას გრძნობდა, თუ როგორ იწყებდა უთავბოლოდ ტრიალს გარშემო სამყარო, თითქოს თვითონ იდგა მის ცენტრში, მძიმე, უსასრულოდ მძიმე, ღვინის სითბოსაგან შეშუპებული კიდურებითა და აბობოქრებული სისხლით სავსე ძარღვებით, ახლა რომ ვეღარ ათბობდნენ. უბერავდა ქარი, კისერში ჩამოშლილ რამდენიმე კულულს უთრთოლებდა და უფრო მეტად შეამცივნა ლეილას, მხრები აიწურა, მოიკუნჭა, დაპატარავდა. იჯდა, თავი უკან გადაეგდო და აჰყურებდა ცაში გამოკიდებულ ნამგალა მთვარეს.

არ უნდა მოსულიყო მურკას ორმოცზე. არ ჰქონდა ამ ყველაფრის თავი.

არც უნდა დაელია. ამდენი საქმე ჰქონდა.

წისქვილში იყო წასასვლელი, სარეცხი უნდა დაერეცხა, ხვალ ალბათ თამილა იფლიჰემში წავიდოდა, სახლისათვის უნდა მიეხედა…

ბალახის შრიალი მოესმა ანაზდად უკნიდან და მოიხედა, ელვის სისწრაფით.

რატი ყარალაშვილი მოაბიჯებდა.

როგორც კი მზერა გაუსწორა ლეილამ, შედგა.

იდგა და ისევ ისე უყურებდა, როგორც ადრე. თვალები ოდნავ უპრიალებდა ვარსკვლავებისა და უკნიდან მომავალი ნათურის მქრქალ შუქზე.

მოიღუშა ლეილა, დაბნეული შესცქეროდა. თვალები გააცეცა.

რატი ყარალაშვილის უკან, ბუნდოვნად ხედავდა ტალავერთან გაშლილ სუფრას, რომელსაც ნაწილობრივ ხეხილის ვარჯები და ვეებერთელა ბუჩქნარი ფარავდნენ.

აქეთ არავინ იყურებოდა, ისევ გამაყრუებლად ყაყანებდნენ.

რატი ყარალაშვილი დაიძრა და ძელსკამის მეორე მხარეს ჩამოჯდა. მკლავები გადაეჯვარედინებინა, მუხლები გადაეშალა და შორს, ლელესის ტბისაკენ იყურებოდა.

ხელები ერთმანეთს მაგრად გადააჭდო ლეილამ. აწურული, უხერხულად იჯდა.

რა უნდოდა რატი ყარალაშვილს? კუდში გამოჰყვა თუ უბრალოდ თვითონაც უნდოდა რომ იმ აყალ-მაყალს გასცილებოდა? და რატომ ჩამოჯდა იქვე, მის გვერდით?

-ძალიან ხმაურობენ. – თქვა უცებ ყარალაშვილმა და უნებურად შეკრთა ლეილა.

-ქეიფობენ და სვამენ, სხვას რას იზამენ. – წაილუღლუღა მან, მერე კი ალმაცერად გადახედა ყარალაშვილს, რომელიც ისევ სადღაც, შორს იყურებოდა. – შენ არ სვამ?

-არა.

-რატომ?

-უბრალოდ არ ვსვამ.

-აჰა.

-რა, მამაჩემის შემხედვარე გიკვირს? – გადმოხედა რატი ყარალაშვილმა და მხრები აიჩეჩა ლეილამ.

-ალბათ არ უნდა მიკვირდეს. – წაიბურტყუნა მან.

ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. ქარი ქრიზანთემებისა და შროშანების ბუჩქებს აშრიალებდა მათ გარშემო, კუტკალიები გამალებით დაამღერებდნენ მაღალ ბალახში. ვარაზ თავართქილაძე რაღაცას გაჰყვიროდა წინაპრებზე, და უფრო ხმამაღლა აყაყანდნენ მოქეიფეები.

-რაღა ვეღარ მორჩნენ ისე. – ჩაილაპარაკა ლეილამ, ყარალაშვილს თვალი აარიდა. – სამი საათი გავიდა და წინაპრებისა და წასულების სადღეგრძელოებს ვერ გასცდნენ.

-მაგიტომ გამოხვედი? – ჰკითხა ყარალაშვილმა და თავი ოდნავ დააქნია ლეილამ.

-წაიღეს ტვინი. – თქვა მან. – ვეღარ შეეშვნენ ამ უაზრო რატრატს.

-რაზე, ნათელმხილველ ბებიაშენზე? – გაეცინა რატი ყარალაშვილს.

-ბებიაჩემი ნათელმხილველი არ იყო. – თქვა ლეილამ. – ვერ იყო სრულ ჭკუაზე, რაღაცები ელანდებოდა და სისულელეებს ჩმახავდა. ჰოდა იჯერებდნენ ესენიც და სულ ტყუილად, მე თუ მკითხავ.

-და შენ რო რაღაცები გესიზმრება? – ჰკითხა ყარალაშვილმა და სწრაფად გადახედა მას ლეილამ. ირონიული ნაპერწკალი დაჰკრავდა ყარალაშვილის მზერას, ტუჩები რაღაცნაირად, სარკასტულ ნახევრად ღიმილში მოგრეხოდა.

-არაფერიც. – მოუჭრა ლეილამ. – ჩიტო ადამიას და ეთერი იმნაძის ამბები მხოლოდ დამთხვევა იყო და მეტი არაფერი. რა, ადამიანები არასოდეს დაგსიზმრებია? არ მჯერა მე ეგეთი სისულელეების. შენ რა, გჯერა?

-არ მჯერა. – თქვა ყარალაშვილმა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მისი ბოლომდე მაინც არ სჯეროდა ლეილას. – მაგრამ რა ვიცი. იმდენი რამეა ამ ქვეყანაზე შეუცნობელი.

-ჰო, აბა. ალბათ მირჟანიც დაიარება სადმე.

-რატომაც არა. იხულას ტყეში არავინ შედის. რა იცი, რომ იქ რამე არ დადის?

უსიამოვნოდ გასცრა ტანში ლეილას. უნებურად წარმოიდგინა, თუ როგორ დაძვრებოდა უღრან ტყეში, ვეებერთელა ხეებს შორის, ჩრდილში რაღაცნაირი, გრძელკიდურებიანი, თეთრთვალება მირჟანი, რომელიც ისე აფჩენდა ხახას, რომ ჭახანით უვარდებოდა ბუდეებიდან ყბის ძვლები.

გააჟრჟოლა.

-არაფერი დადის. – ჩაილაპარაკა მან, შეეცადა მირჟანზე აღარ ეფიქრა. – სისულელეა ეგ ყველაფერი.

რატი ყარალაშვილს არაფერი უპასუხია და ჩაჩუმდა ლეილაც. მუქ იისფერ ცასა და ზედ აკიაფებულ ვარსკვლავებს აჰყურებდა.

-მე საერთოდ არაფერი მესიზმრება. – თქვა უცებ ყარალაშვილმა. – ანდა არ მამახსოვრდება.

-ეგრე ჯობია. – თქვა ლეილამ. – კარგი არაფერი მოაქვთ ამ სიზმრებს, არა აქვს მნიშვნელობა, კარგი დაგესიზმრება თუ ცუდი.

-ალბათ. – თქვა ყარალაშვილმა.

-ცალთვალა რეზოს როდის ჩასვამენ ციხეში? – ჰკითხა ლეილამ. თვითონაც კი გაუკვირდა, თუ საიდან წამოუტივტივდა ეს კითხვა.

-როცა გაასამართლებენ და ბრალი დაუმტკიცდება.

-მერე როდის?

-რა იყო, გეჩქარება? ვეღარავის ესვრის, არ ინერვიულო.

ყურში ცუდად მოხვდა მისი ნათქვამი ლეილას, გადახედა, წარბშეკრულმა.

რატი ყარალაშვილი უცნაურად შესცქეროდა, მისი გაურკვეველი მზერით. თვალები გასციებოდა.

-ვეღარავის ესვრის? – გაიმეორა ლეილამ. – ეგ რას ნიშნავს?

-რაც ვთქვი, იმას.

-მგონი ის დაგავიწყდა, რომ კუზიანი ფოტინე, მურკა და ცხვრები გამოფატრა მაგ ველურმა.

ყარალაშვილს არაფერი უპასუხია. კვლავ ლელესის ტბისაკენ მიატრიალა მზერა.

და რასაკვირველია, კარგად იცოდა ლეილამ, რომ მას არაფერი დავიწყებოდა.

უბრალოდ არ სჯეროდა. რატი ყარალაშვილი ფიქრობდა, რომ ცალთვალა რეზოს დანაშაული მხოლოდ ის გახლდათ, რომ მან მასა და ცაცას ესროლა. კუზიან ფოტინეს საქმეში კი უდანაშაულო ეგონა. 

რატომ? ნუთუ ამისათვის საკმარისი სამხილი არ ჰქონდა? ცალთვალა რეზო კუზიან ფოტინესთან შორიახლოს ცხოვრობდა, მუდამ საეჭვოდ იქცეოდა, ფოტინეს მკვლელობის მერე ეკლესიაში დაეთრეოდა. ბოლოს და ბოლოს, მისი ბეჭედი ჰქონდა თავის სახლში, გვამს ააცალა და წაიღო, სხვანაირად როგორ მოხვდებოდა ის ბეჭედი იქ?

თანაც რაკი მასა და ცაცას დაუმიზნა და ესროლა, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ცალთვალა რეზო მკვლელობის ჩამდენი გახლდათ.

აშკარად სადმე ჰქონდა თავი მირტყმული რატი ყარალაშვილს.

-ეჭვი გეპარება. – თქვა ლეილამ. წარბებაზიდული შეჰყურებდა ყარალაშვილს. – გგონია, რომ ეგ ველური კაცი უდანაშაულოა.

-ვერაფერს გამოვრიცხავ. – თქვა ყარალაშვილმა.

-და ბეჭედი როგორ მოხვდა მის სახლში?

-მის სახლში რომ იყო, იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელია.

-აბა რას ნიშნავს?

-უბრალოდ იმას, რომ ფოტინეს სტუმრობდა. ალბათ. და რომ ბეჭედი ან წამოიღო, ან მისცეს.

-ჩმახავ რაღაცას. – ჩაილაპარაკა ლეილამ. – საცოდავი ფოტინე გამოფატრეს და შენ მკვლელს იცავ?

-მე არავის ვიცავ.

-მის ბრალს რომ არ აღიარებ, დაცვა გამოდის. ნეიტრალური ვერ იქნები.

-ჩემი საქმე ნეიტრალურობა არაა. – ცივად გადმოხედა ყარალაშვილმა. – ჩემი საქმე ისაა, რომ ყველა ვარიანტი განვიხილო.

-შენი საქმე ისაა, რომ ცხვრები მწყემსო.

ყარალაშვილს ოდნავ გაეცინა. ადგილი მოინაცვლა, ისევ შეჰყურებდა, სიცილი ისევ თავის ნახევრად ღიმილში ჩაუდნა.

-წყალი გაქვთ? – ჰკითხა უცებ მან.

იმდენად გაუკვირდა თემის ასეთი უცაბედი შეცვლა და საერთოდაც, მისი კითხვა ლეილას, რომ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს სახეში შემოარტყეს. თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა, თან იმედოვნებდა რომ ძალიან გამოლენჩებული გამომეტყველება არ გამოხატვოდა სახეზე.

თუმცა, რატი ყარალაშვილთან საუბარმა უკვე თითქმის წააცალა მის გონებას ღვინის მიერ მოგვრილი სასიამოვნო, თბილი ბურანი, მისი თითქოსდა შეშუპებული კიდურები, აქამდე რომ სასიამოვნოდ დამძიმებულიყვნენ, ერთიანად დასჭიმვოდა.

წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რას აკეთებდა ახლა თვითონ, რატომ ექიშპებოდა რატი ყარალაშვილს. და მით უმეტეს იმაზეც არ ჰქონდა წარმოდგენა, თუ რა უნდოდა მასთან ამ კაცს.

სულ ღვინის ბრალი გახლდათ. არ უნდა დაელია. თვითონ ღვინოს დააბრალებდა, რატი ყარალაშვილისაგან განსხვავებით, რომელსაც აშკარად სხვა მიზეზები უნდა ჰქონოდა.

-ცოტა გვაქვს. – ამოილუღლუღა ბოლოს. – ხვალ დილით კი უნდა წავიდე ხელახლა, ამოვიტანო.

-შენით ამოგაქვს? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-აბა ვინ ამომიტანს?

-ბიცოლაშენს ფული არ აქვს, რომ სასმელი წყალი იყიდოს?

-ბიცოლაჩემს მარტო თავისთვის აქვს ფული. – თქვა ლეილამ.

თქვა და წამსვე ინანა. რატი ყარალაშვილის საქმე არ გახლდათ, თუ სად მიდიოდა თამილას ფული. ბიცოლამისზე ასე არ უნდა ელაპარაკა ამ უცხო კაცთან.

-შენი ფულიც? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-ჩემი ფული?

-ჰო, შენი. სახელმწიფო ხომ გაძლევს ფულს? – ყარალაშვილი დაჟინებით შესცქეროდა. – მშობლების დაღუპვის მერე. იმ ფულსაც იჯიბავს?

ჟრუანტელმა დაუარა ზურგში ლეილას. კალთაში დაკრეფილი ხელები მომუშტა, ცივმა ოფლმა დაასხა, თვალები გადმოეკარკლა. ერთბაშად მოეხუთა სული.

არა, არა. სისულელე იყო ეს ყველაფერი. სისულელე. სადღაც, მისი გონების შორეულ კუნჭულში აეტეხათ ალიაქოთი გადარაზული კარის მიღმა შეჯგუფებულ მოგონებებს, გამოხეთქვას ლამობდნენ, რაც არასოდეს არ უნდა მომხდარიყო.

ელვის სისწრაფით წამოიჭრა ლეილა. რატი ყარალაშვილი წელში გასწორდა, მის მზერას გრძნობდა ლეილა და ისიც იცოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა ყარალაშვილს, მაგრამ აღარაფრის მოსმენა აღარ სურდა. მისკენ არც კი გაუხედავს, ისე გაეშურა სწრაფი ნაბიჯით სუფრისაკენ.

ტალავრის ქვეშ კვლავ ყურისწამღები ალიაქოთი იდგა. ამჯერად ქალების სადღეგრძელოს სვამდა ვარაზ თავართქილაძე და სუფრაზე მყოფი ქალები, ცაცას გამოკლებით, კმაყოფილებით გაფხორილიყვნენ. ცაცა ღვინოს წრუპავდა და გაბეზრებული გამომეტყველებით ათვალიერებდა ყველას.

ვარაზმა თვალი ჰკიდა ლეილას, შენც დაგლოცოს ღმერთმაო, მოაძახა და კვლავ თავის სადღეგრძელოს მიუბრუნდა.

ყური არ ათხოვა მას ლეილამ. ცაცასა და თამილასთან დაიხარა, სახლში მივდივარო, განუცხადა. თამილამ ხელი აუქნია, ცაცა კი წამსვე ფეხზე წამოხტა, მეც მოვდივარო.

მოქეიფეებს დაემშვიდობნენ. კოჭლი ბესარიონი თავის თეფშში ხვრინავდა, ქალები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ვარაზ თავართქილაძე თავის სადღეგრძელოს გაჰყვიროდა და სუფრის მეორე ბოლოდან ზურაბ ყარალაშვილი აძლევდა ბანს.

რატი ყარალაშვილი არ გამოჩნდა, ამჯერად არ აედევნა კუდში ლეილას.

ალბათ იმ ძელსკამზე იჯდა ისევ, მკლავები გადაეჯვარედინებინა, ბარძაყები გადაეშალა და მოღუშული გაჰყურებდა რაღაცას, შორს.

რაც ლეილასთვის ყოვლად მისაღები გახლდათ. სულაც არ სურდა მისი დანახვა.

ბესარიონისა და თამილას სახლებს შორის, ღობეში გამოჭრილ პაწაწინა ხის ჭიშკარში გაძვრნენ ლეილა და ცაცა. ცაცამ შეატყო, რომ უხასიათოდ იყო ლეილა, დაეკითხა კიდეც, რამე ხომ არ მოხდაო, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ გაღიმება და მისი დამშვიდება სცადა ლეილამ, მაგრამ ხვდებოდა, რომ უშედეგოდ.

ცაცა აღარ ჩაძიებია მაინც.

გზის ნახევრამდე ჩააცილა ცაცა და როცა ლორთქიფანიძეების ვეებერთელა სახლის მთვარის შუქზე ალაპლაპებული სახურავი და თეთრად შეფეთქილი კედლები დალანდეს, მაშინვე დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა.

ძლივს მიათრია ფეხები სახლამდე. აუტანელი დაღლილობის გარდა ვერაფერს გრძნობდა, მის თავში ატეხილი აურზაური ერთ ერთმანეთში აღრეულ, გაურკვეველ ზრიალად ქცეულიყო, რომელსაც ვერც თავს გამოუძებნიდა და ვერც ბოლოს.

მხოლოდ ის იცოდა, რომ უნდა დაესვენა.

ლასლასით ავიდა სასტუმრო ოთახამდე. გაუხდელად შეწვა ლოგინში და ზეწრის ქვეშ მოიკუნტა, სიცხის მიუხედავად.

იწვა, ღია ფანჯარასა და ქარში ათრთოლებულ მაქმანის ფარდას აჰყურებდა, რომლის მიღმა ცის მუქ ლურჯ ბარხატზე ციალებდნენ ვარსკვლავები.

ვერც კი იგრძნო, თუ როგორ წაართვა ძილმა თავი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

მზე ამოდიოდა.

გადამხმარიყო საცალფეხო ბილიკზე ალაგ-ალაგ ამოწვერილი ბალახი. ბილიკის პირზე მაღალ ბალახში გარეული, გაფიჩხებული ველური ყვავილები ნაზად ირწეოდნენ თბილ ნიავში, ახლომახლო მწვანედ შეფოთლილი ალვის ხეები შრიალებდნენ. მზე იწვერებოდა და ლელესის ტბის ზედაპირზე ცეკვავდნენ ნარინჯისფერი სხივები, ტბის გადაგლესილ ზედაპირზე ციმციმა, თვალისმომჭრელ ლაქებად იქცეოდნენ. მოწითალო ნარინჯისფრად დაფერილიყო აღმოსავლეთით ცა, ლელესის ტბის თავზე მიცოცავდა და ნელ-ნელა აწვებოდა გამომშრალ, გვალვისაგან დახეთქილ მიწას მისი უწყალო სიცხე. ვარსკვლავები, ალბათ სიცხისაგან გასავათებულნი პირს იბრუნებდნენ და ნელ-ნელა იცრიცებოდნენ ღია იისფერ ცის კამარაზე, ცისფერი რომ შეჰპარვოდა.

ქშინავდა ლეილა. მისი რეზინის კალოშების ქვეშ ხრშიალებდნენ კენჭები, ბილიკს ბდღვირი ასდიოდა. თხელი, ხალვათი თეთრი პერანგი და მოკლე შარვალი ეცვა და ჯერ კიდევ არ ჩამომდგარიყო მიწაზე პაპანაქება სიცხე, მაგრამ სამი კილომეტრის გავლას უკვე მოექანცა, გრძნობდა, თუ როგორ დაცვაროდა ზურგი ოფლით. მის მხარზე მოგდებულ ბადე-ტომარაში ბოთლები ხმამაღალი რაკუნით ეხლებოდნენ ერთმანეთს და სწრაფად მიაბიჯებდა აბდღვირებულ გზაზე ლეილა, იმასღა იმედოვნებდა, რომ ტბასთან არავინ დახვდებოდა.

თუმცა არ გაუმართლა.

ბილიკი მიიკლაკნებოდა, გორაკზე აღმართული მუხების მომცრო ტევრიდან ქვემოთ ეშვებოდა, ალვის ხეების ვეებერთელა კორომს კვეთდა და კლდოვანი ზრაჰულის მთის ძირში მოლიცლიცე ლელესის ტბისაკენ იღებდა გეზს. ტბის ტანში ღრმად შემოჭრილიყო ზრაჰულის მთის კლდოვანი ქედი, ნაპირი მწვანედ მოხასხასე ბუჩქნარსა და ვეებერთელა არყის, ალვისა თუ ტირიფის ხეებს დაეფარათ. ოდნავ თრთოდა ტბის მომწვანო-მოცისფრო ზედაპირი ქარში და თვალისმომჭრელად ლიცლიცებდა წყალი, გვალვას მისთვის ვერაფერი დაეკლო. ტბის მარცხენა ნაპირიდან ათიოდე მეტრში პატარა, დახავსებული ქვის თაღი აეგოთ, რომელშიც ლელესის ტბიდან გადმოყვანილი წყარო ჩქეფდა.

თაღთან სამი კაცი იდგა, ვეებერთელა პლასტმასის კონტეინერებთან ერთად, იქვე მოჟანგული „ზილი“ მიეყენებინათ. შორიდან უჭირდა დანახვა ლეილას, მაგრამ მაინც იცნო შოთა ლასარეიშვილის განუყრელი ხელჯოხი და მისი თოვლივით თეთრი თმა-წვერი. დანარჩენი ორი ალბათ მისი შვილი და სიძე იქნებოდნენ.

წამსვე ხის ზროს ამოეფარა ლეილა.

გუნება წაუხდა. სულაც არ სურდა რომ ლასარეიშვილებს შეემჩნიათ, შერყეული შოთა ლასარეიშვილი დიდი ალბათობით რაღაც სისულელეების მოჩმახვას დაიწყებდა, ვახტანგ ლასარეიშვილი კი ყოველგვარად უგვანი პიროვნება გახლდათ. თან ჩქარობდა ლეილა, გარიჟრაჟზე იმიტომ გაუდგა გზას, რომ დროზე მოეღწია, ბოთლები აევსო და უკან წასულიყო, სანამ ძალიან დააჭერდა მზე.

როგორც ჩანდა, მოუწევდა სამი კილომეტრის მანძილზე გამოტენილი ბადე-ტომარის თრევა პაპანაქება სიცხეში.

ტბაზე მაინც ჩავიდოდა. წინა ჯერზე, როცა ბოთლების ასავსებად მოვიდა, ტბაში შეცურა და ძალიან საამური გახლდათ, როცა ნელთბილი, კამკამა წყალი მის გადახურებულ სხეულს მოელამუნა.

ხეებს შორის გაძვრა ლეილა და გორაკზე დაეშვა. დროდადრო ბუჩქნარში იმალებოდა, ლასარეიშვილებმა არ დამინახონო. მათგან მარჯვნივ გადაუხვია და როცა ქვის თაღი, იქვე აღმართული სამი კაცითა და დანჯღრეული „ზილით“ ტირიფის ხეების მიღმა მიიმალა, უფრო აუჩქარა ნაბიჯს, თითქმის გაიქცა. მის მხარზე მოგდებულ ბადე-ტომარაში პლასტმასის ბოთლები ხმამაღლა ეხათქუნებოდნენ ერთმანეთს.

აბალახებული საცალფეხო ბილიკი, არყისა და ალვის ხეები რომ შემოჯაროდნენ გარშემო, ჩაათავა ლეილამ. კლდოვანი ნაპირი ჰქონდა ტბის მარჯვენა მხარეს, ვეებერთელა ლოდები კუზიანი ბუმბერაზებივით, ნებივრად გადაწოლილიყვნენ სანაპირო ზოლზე. ლოდებს ზემოდან გადმოჰფარებოდნენ ტირიფის ხეების ვეებერთელა ვარჯები და თვალები უნდა მოეჩრდილა ლეილას, რადგან ქვების მიღმა თვალისმომჭრელად ციმციმებდა ლელესის ტბა. არყის ხეებზე შემომჯდარი ჭინჭრაქები გამალებით დაამღერებდნენ, კუტკალიები ჭრიჭინებდნენ მაღალ ბალახში და საიდანღაც, მინდვრიდან ცხენის ფრუტუნი ჩაესმა ლეილას.

აქ მშვენიერი ადგილი გახლდათ საცურაოდ. ზაფხულის სიცხისაგან შემთბარ წყალში ცურვისაგან გადაღლილი ლეილა გახურებულ ქვებზე გადაწვებოდა ხოლმე და მიეფიცხებოდა თაკარა მზის სხივებს, ხანდახან ტანსაცმელს გარეცხავდა და ქვებზე გადაფენდა გასაშრობად.

თან იცოდა, რომ აქ ცურვისას ვერავინ ჰკიდებდა თვალს.

ზრაჰულის მთის კლდოვანი ქედი ისე ღრმად იჭრებოდა ტბაში, რომ შუაში გახლეჩილი ტბის ორ ნახევარს, რომლებისთვისაც კურცხლები შეერქმიათ, მხოლოდ პაწაწინა სრუტე აკავშირებდა. ქედი კარგად ფარავდა ტბის მარჯვენა კურცხალში მოცურავეებს მარცხენა კურცხალთან გამავალი მთავარი გზის ცნობისმოყვარე თვალისაგან.

ამიტომ მარტო, თავისუფლად გაცურავების მოლოდინში სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ქვებს ლეილა. მასზე ორი თავით მაღალი, ნაპრალებიანი, დამსკდარი ლოდის ძირში დააგორა ბადე-ტომარა და ნაპრალებში ფეხი შედგა, რომ ლოდზე გადაცოცებულიყო, რომლის მიღმა ლელესის ტბის საამური წყალი ელოდა.

მერე კი გაიგონა.

შხაპუნის ხმა.

ვიღაც ანდა რაღაც იყო ტბაში.

დახავსებულ ნაპრალებში ჩააჭირა თითები ლეილამ, ფეხისწვერებზე აიწია და კისერი წაიგრძელა, ფრთხილად გადაიხედა ლოდის მიღმა.

წამიერად რატომღაც მირჟანი წარმოუდგა თვალწინ და ტანში გააცია.

მაგრამ არ იყო მირჟანი. ვიღაც დაცურავდა ტბაში.

თუმცა არა. ვიღაც არა.

რატი ყარალაშვილი იყო.

მხარულით მიცურავდა, შესაშურად სწრაფად, მკლავის ყოველი რამდენიმე მოსმის შემდეგ სახეს წყლიდან ამოჰყოფდა და ხმამაღლა, ხარბად ისრუტავდა ჰაერს. მისი მზემოკიდებული კანი და შავი კულულები მზის შუქზე ლაპლაპებდნენ, თითქმის თვალი მოსჭრეს მის სხეულზე არეკლილმა, აისის ნარინჯისფერი მზის სხივებმა ლეილას, მაგრამ მალევე შეეჩვია თვალი.

ყარალაშვილი მარჯვენა ნაპირისაკენ მიცურავდა გამალებით. იქვე, შორიახლოს ქვებზე მიწყობილი მისი თეთრი ტილოს პერანგი, გაცრეცილი შარვალი, საცვლები, წინდები და ტყავის ფეხსაცმელი დალანდა ლეილამ.

აჰა. რასაკვირველია.

უფრო მაგრად ჩააჭირა დახავსებულ ნაპრალებს თითები. საშინლად დასჭიმვოდა წვივები და თითქმის ვეღარ იკავებდა ფეხისწვერებზე თავს, მაგრამ განძრევასაც კი ვერ ბედავდა.

განძრევას რასას ჩიოდა, როცა ღრმად ამოსუნთქვასაც კი ვერ გაებედა.

გაღმა ნაპირამდე მიაღწია ყარალაშვილმა, მერე კი უკან გამოცურა.

და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა ლეილა.

არც კი იცოდა, რატომ. თითქოს ადგილს მიელურსმა, ლოდის ნაპრალებსა და ხავსს შეეზარდა და ვერაფრით ატოკებდა კუნთს, ისე გაქვავებულიყო, თითქოს თითოეული ნერვი ჩაკვდომოდა შიგნით.

მერე კი ნაპირისაკენ გამოცურა რატი ყარალაშვილმა. ნელ-ნელა ამოიზიდა წყლიდან მისი მზემოკიდებული ყელი, მხრები და წელი. წამიერად შეყოვნდა, ძაღლივით შეიბერტყა თავი, შავი კულულები გადაიწია უკან და გულმოდგინედ მოიწმინდა სახე.

სანამ ბოლომდე ამოვიდოდა ნაპირზე, სასწრაფოდ ჩასწია თავი ლეილამ.

იდგა, წელში მოხრილი,  მოკრუნჩხული, ლოდზე ჩაბღაუჭებული, თვალები გაშტერებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას აკეთებდა.

იცოდა, რასაკვირველია, რომ აქ საცურაოდ მოდიოდნენ ზრეადან, მაგრამ ასეთ გვალვაში ტბაზე გართობისათვის არავის სცხელოდა.

თუმცა, ალბათ თვითონ გაუმართლა. ძალიან ადრე მოდიოდა აქ, ისიც ძალიან იშვიათად. ალბათ სხვები სხვა დროს მოდიოდნენ.

მათ შორის კი რატი ყარალაშვილიც.

და რატომღაც მაინცდამაინც დღეს, მაინცდამაინც დილით უნდა ყოფილიყო აქ.

კვლავ წაიგრძელა კისერი ლეილამ, თვალებდაჭყეტილმა გაფაციცებით მოათვალიერა კლდოვანი ნაპირი.

ყარალაშვილი ქვაზე იჯდა, თავისი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გვერდით. იჯდა და აღმოსავლეთით ყვითლად დაფერილ ცაზე მზის ნარინჯისფერ დისკოს გაჰყურებდა. ოდნავ პრიალებდნენ მის შიშველ სხეულზე შემორჩენილი წყლის წვეთები.

ტანში გასცრა ლეილას. ცივმა ოფლმა დაასხა, საშინლად გამოუშრა პირი ანაზდად.

წამსვე აარიდა თვალი. ფრთხილად ჩაცოცდა ლოდიდან, თავისი ბადე-ტომარა აიტაცა და ნელ-ნელა გაიპარა, ფეხაკრეფით, რომ ნაბიჯებისა ანდა ბოთლების რაკუნის ხმა რომ არ გაეგონა ყარალაშვილს.

თავი საკმარისად შორს რომ დაიგულა, ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის გაიქცა. ქვის თაღისაკენ აიღო გეზი.

აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, იქ ლასარეიშვილები იდგნენ თუ არა. ვერ გაჩერდებოდა აქ, ვერ გარისკავდა. ყარალაშვილს შეიძლებოდა ყოველ წამს ჩაეცვა და ზრეასაკენ აეღო გეზი, ლეილას კი სულაც არ სურდა, რომ გზაზე გადაჰყროდა მას.

ლასარეიშვილების ნახვა სჯობდა რატი ყარალაშვილის ნახვას.

ქოშინით ჩაათავა ბილიკი. გული მძლავრად უბრაგუნებდა მკერდში, სული ეხუთებოდა, გრძნობდა, თუ როგორ აფორაჯებოდა დაძაბულობისა და სიცხისაგან სახე.

ჯერ კიდევ ქვის თაღთან იდგნენ ლასარეიშვილები. ვახტანგ ლასარეიშვილმა ჰკიდა თვალი, მერე შოთა ლასარეიშვილმა დაინახა და აშკარად უკმაყოფილოდ მოწკურა თვალები, გაფანჩული წარბების ქვეშიდან დაჟინებით დაჰყურებდა. მათი სიძე, ლეილას მოკრძალებული აზრით, ცოტა მოლენჩო კახი ტურავა ქოშინით მიათრევდა „ზილისაკენ“ ახლად ავსებულ ვეებერთელა წყლის კონტეინერს.

თვალი აარიდა მათ ლეილამ, იქვე, არყის ხის ჩრდილში ჩამოჯდა, უყურებდა, თუ როგორ შეუყუდა კახი ტურავამ ბოლო კონტეინერი ონკანს. იჯდა, ფეხები წინ გამოეშვირა და ნერვიულობისაგან კანს იქლექდა თითებზე, გამალებით ელოდა, თუ როდის მორჩებოდნენ ლასარეიშვილები.

აქედან უნდა გაქცეულიყო, სანამ ყარალაშვილი გამოჩნდებოდა. წყალი რომ არ ჰქონოდა წასაღები, აქამდე მოკურცხლავდა, მაგრამ არა, ახლა ლასარეიშვილებისათვის უნდა ეცადა.

შოთა და ვახტანგ ლასარეიშვილები ჩუმად მუსაიფობდნენ, იქვე მდგარ სიძეს ფაქტიურად აინუნშიც არ აგდებდნენ. მისკენ გამოიხედა რამდენჯერმე შერყეულმა ბებრუცუნამ, და დარწმუნებული იყო ლეილა, რომ მასზე ლაპარაკობდნენ რაღაცას და ამოიხვნეშა, გულგაწყალებულმა.

თითქოს საუკუნე გავიდა, სანამ კონტეინერი აივსებოდა და ონკანის ქვეშიდან გამოათრევდა მას კახი ტურავა.

წამსვე იხელთა დრო ლეილამ, როგორც კი კახი ტურავა „ზილისაკენ“ გაემართა. ფეხზე წამოხტა, თავისი ბადე-ტომარა აითრია და ქვის თაღს მიაშურა.

პირდაპირ ონკანთან მდგომმა ლასარეიშვილებმა ალმაცერად გადმოხედეს და შედგა ლეილა, აიწურა, როცა მიხვდა, რომ გზიდან გაცლას არ აპირებდნენ.

ესღა აკლდა.

-გინდა რამე? – დაუყეფა შოთა ლასარეიშვილმა.

-წყალი მინდა. – თქვა ლეილამ.

მართლა არ აწყენდა ახლა წყალი. გაჭირვებით ატრიალებდა ენას პირში, ისე გამოშრობოდა.

-ვერ ხედავ, რომ ვდგავართ და ვლაპარაკობთ? – ცივად ჰკითხა ვახტანგ ლასარეიშვილმა, ნიშნისმოგებით დაჰყურებდა.

ლეილას წამიერად არაფერი უპასუხია. მოუთმენლობისა და დაძაბულობისაგან შიგნით ყველაფერი უდუღდა. სიამოვნებით შემოარტყამდა ვახტანგ ლასარეიშვილს იმ გაბღენძილ სახეში.

-სხვაგანაც შეგიძლიათ დადგეთ და ილაპარაკოთ. – თქვა ბოლოს. – ფეხით ვიარე სამი კილომეტრი და ძალიან მწყურია.

ვახტანგ ლასარეიშვილს თვითკმაყოფილი გამომეტყველება წამსვე ჩამოერეცხა სახიდან. შოთა ლასარეიშვილი უკბილო პირს აცმაცუნებდა, ისეთი შეურაცხყოფილი გამომეტყველება გამოხატვოდა სახეზე, თითქოს მთელი მისი მოდგმისათვის ეგინებინა ლეილას.

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ კახი ტურავას ხვნეშა არღვევდა. მას კონტეინერი უკვე დაებინავებინა „ზილის“ საბარგულში და მათკენ მოჩლატუნებდა, ოფლში გაღვრილი. იქვე შედგა, დოინჯი შემოირტყა და მათ შორის გააცეცა თვალები, თან საღეჭ რეზინას აღლაჭუნებდა.

-აბა? – იკითხა მან. – წავედით თუ რა?

ლეილაც კი ხვდებოდა, რომ ეს არასწორი შეკითხვა იყო.

-შენ ჩუმად, ბიჭო! – დაუღრინა შოთა ლასარეიშვილმა. – რასაა მაგ ენას რომ არატრატებ!

-მალე წასვლა ხომ გინდოდათ, მამა? – ჰკითხა კახი ტურავამ. ლეილას ცოტათი შეეცოდა კიდეც.

-მამა არა მამაშენის ბაბუდა კიდევ! – ატყდა შოთა ლასარეიშვილი, ხელჯოხი მაგრად დასცხო მიწას. – და გამოაგდე ეგ რაღაცა კიდევ, რომ იცოხნები!

-ხომ მითხარით მამა დამიძახეო… – თავი იმართლა კახი ტურავამ.

-მამა დამიძახო არა ისა, ვინ ხარ საერთოდ? – იბღავლა შოთა ლასარეიშვილმა.

კახი ტურავამ რაღაც გაუგებარი ჩაიბურტყუნა საპასუხოდ, რაზეც ლასარეიშვილები წამსვე მოუბრუნდნენ, გამაყრუებელი ყაყანი ატეხეს.

მათ შორის ატეხილი აურზაურით ისარგებლა ლეილამ. ონკანთან მიიპარა, იქვე ჩაიცუცქა და სასწრაფოდ შეხსნა თასმა ბადე-ტომარაზე, პირველი ბოთლი ამოაძვრინა და ონკანს შეუყუდა.

თორმეტი ბოთლი ჰქონდა წამოღებული. მათგან ათი მაინც უნდა აევსო, რომ რამდენიმე დღე ჰყოფნოდათ. ჭარხლის ნერგებზე თითქმის ჩაექნია უკვე ხელი, მაგრამ მათ ბოსტანს, ქათმებსა და ნაზიბროლას ვერ მოაკლებდა წყალს, სარეცხი უნდა გაერეცხა, უნდა დაებანა…

ტბაში იმედოვნებდა დაბანას, მაგრამ არ დასცალდა.

იმიტომ რომ რატი ყარალაშვილი დაცურავდა ახლა იქ.

დაცურავდა. მერე კი წყლიდან ამოვიდა, ქვაზე ჩამოჯდა.

გაშეშდა ლეილა. გონებაში თითქოს ამოსწვოდა ის წამი, როცა ქვაზე შემომჯდარ, შიშველ,  აისის სინათლეში განბანულ რატი ყარალაშვილს შეჰყურებდა.

თვალები გაუშტერდა.

მოგონების ბურუსში გაეხვია მისი გონება და ვერც კი გაიგო, თუ როგორ აივსო ბოთლი.

პირამდე სავსე ბოთლიდან ცივი წყალი ხელზე დაეღვარა და შეკრთა ლეილა, წამსვე გამოფხიზლდა ბურანიდან.

თავი გადააქნია, სწრაფად. ამაზე არ უნდა ეფიქრა. ბოთლს თავი მოუჭირა, გვერდზე გადადო და ბადე-ტომარაში მეორეს სწვდა.

მაგრამ არ დასცალდა.

ხელჯოხი გაუქნიეს მის ბადე-ტომარას და გვერდზე გადაათრიეს, გადმოაპირქვავეს.

ბოთლები ხმამაღალი რაკუნით მიმოიფანტნენ დახეთქილ მიწაზე.

თვალებგადმოკარკლული შეჰყურებდა იქვე მიყრილ ბოთლებს ლეილა, ხელი გაწვდენილი დარჩენოდა, პირდაღებულს.

მოტრიალდა, მის თავზე აღმართულ შოთა ლასარეიშვილს ახედა, რომელსაც მარჯვედ მოეღერებინა ხელჯოხი.

-წუნკალო გოგო შენ! – დაუყეფა შოთა ლასარეიშვილმა. – რასაა რომ ბედავ!

ტუჩები მაგრად მოკუმა ლეილამ. შოთა ლასარეიშვილს თვალის დაუხამხამებლად აჰყურებდა გაფანჩული წარბების ქვეშ ღრმად ჩამჯდარ, მონაოჭებულ თვალებში, თითქოს ცდილობდა მზერით გაებურღა.

-ნახე, ნახე, რანაირად იყურება ეს გრძნეული! ეშმის ქალო შენა! – წამოიძახა შოთა ლასარეიშვილმა, ხმამაღალი ხარხარი ამოუშვა. საშინლად, შემზარავად მორღვეული ჩანდა მისი უკბილო პირი. აქეთ-იქით აქნევდა ხელჯოხს. – რას იბღვირები, გოგო? უფროსის პატივისცემა რომ არ იცი, კოჭებში გეტყობა! აშკარად ვერ მოასწრეს წყეულმა დედაშენმა და მამაშენმა შენთვის რამე ესწავლებინათ!

ლეილას ხმა არ გაუღია. მკერდზე თითქოს ცეცხლი მოჰკიდებოდა, ვერაფრით ამოთქვა სიტყვები, ყელში რომ ჰქონდა გახირული.

იცოდა, რომ ბევრს გულზე არ ეხატებოდა ზრეაში, თუმცა ზოგადად თავს არიდებდნენ. შერყეულ შოთა ლასარეიშვილს რამდენიმე ყანაში მოეძახებინა მისთვის, გველის წიწილოო, და მოეწყევლა კიდეც, მაგრამ ლეილა ყოველთვის ახერხებდა თვალსა და ხელს შუა გამძვრალიყო იქედან.

ახლა კი ვეღარსად გაძვრებოდა.

ინანა აქ მოსვლა. ალბათ შიშველი რატი ყარალაშვილის ნახვა სჯობდა ამ ყველაფერს.

ახლომახლოს გაყინული სახით იდგა ვახტანგ ლასარეიშვილი, კახი ტურავა კი შეშფოთებული აცეცებდა თვალებს.

მაგრამ რასაკვირველია, არცერთი არ აპირებდა ხმის გაღებას.

-მე ვიცი, ვინც ხარ შენ. – ხელჯოხი პირდაპირ მკერდზე მიუშვირა შოთა ლასარეიშვილმა, ცალი თვალი მოჭუტა და მისკენ ისე დაიხარა, თითქოს საიდუმლოს გამხელა სურსო. – ვიცი, რასაც შვრები… გრძნეული, გველის წიწილი ბრძანდები, ნემსაძეების ნაშიერო! დაწყევლილია შენი გვარი, ამოწყდეს ადრე და მალე! ერთი ტყვია მოგწეოდეთ ყველას! აბა!

ყველაფერი გაუქვავდა შიგნით ლეილას. იგრძნო, როგორ გადაუფითრდა სახე, ხელები აუთრთოლდა.

-მამა… – თქვა ვახტანგ ლასარეიშვილმა, მაგრამ წამსვე მიჩუმდა, როცა ბერიკაცმა გაავებული მზერა სტყორცნა წამსვე.

-გამიგონე? – ისევ ლეილას მოუბრუნდა შოთა ლასარეიშვილი. – ის ტყვია შენც უნდა მოგწეოდა!

-თავი დამანებეთ. – კბილებში გამოსცრა ლეილამ. გაქვავებულ შიგნეული თითქოს ნაწილებად დაეფშვნა, როცა ამწვარ ძარღვებში აუგუგუნდა მისი ძალუმად აძგერებული გულიდან გამოხეთქილი, ადუღებული სისხლი. სულაც არ იყო ვალდებული ასეთი რაღაცებისათვის მოესმინა. – მე წყალი მინდა და სხვა არაფერი. მომწყდით თავიდან!

-ტყვია გინდა შენ! – დაუყეფა შოთა ლასარეიშვილმა და ხელჯოხი აიქნია.

ელვის სისწრაფით წამოვარდა ლეილა, უკან გაბარბაცდა, ფეხი გადაუბრუნდა და კინაღამ მიწაზე დაენარცხა, ბეწვზე ასცდა შერყეული ბებრუცუნას მიერ მოქნეული ჯოხი. ქვის თაღს ზურგით მიეხეთქა და ძლივს შეიმაგრა თავი, მუხლები უთრთოდა, ერთიანად დაჭიმულიყო, ბოთლს ისეთი ძალით უჭერდა ხელს, რომ ჭრიჭინი გაიღო პლასტმასმა.

ვახტანგ ლასარეიშვილს ერთიანად წაუვიდა ფერი, მამას მკლავში სტაცა და უკან გაათრია. ბერიკაცმა გადმოაპურჭყა, და ლეილას რეზინის კალოშთან ახლოს დაეცა მისი ფურთხი.

გული აერია ლეილას.

გული ისე უცემდა, რომ თითქოს ნეკნებს გამოუმტვრევდა. ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, რომ აუტანელი ღრჭიალი გაიღეს კბილებმა, ქშინავდა, თვალებგადმოკარკლული.

კახი ტურავა და ვახტანგ ლასარეიშვილი ძლივს აკავებდნენ გაავებულ ბებრუცუნას, რომელიც შეუჩერებლად იწყევლებოდა.

თავში სისხლმა აასხა ლეილას. წამიერად თვალებში ჩამოუბნელდა, სული მოეხუთა.

თითქოს გიტარის სიმებს ხელი ჩამოჰკრესო, აუთრთოლდა შიგნით თითოეული ძარღვი და კუნთი. ერთიანად კანკალებდა და ხვდებოდა, რომ ახლავე უნდა გაქცეულიყო აქედან. კისრისტეხით უნდა გაქცეულიყო, წყლის ბოთლები, ბადე-ტომარა, წყალი, და ლასარეიშვილები უკან უნდა ჩამოეტოვებინა და აქედან გამქრალიყო.

ის იყო გასაქცევად შეემზადა, რომ შეამჩნია.

მარცხნივ, ლელესის ტბის სანაპიროზე ფიგურა დალანდა.

რატი ყარალაშვილი მოიწევდა მათკენ სწრაფი ნაბიჯით.

რაღაც გაუტოკდა მკერდში ლეილას.

ჩაეცვა ყარალაშვილს. მაგრამ აშკარად იქამდე ვერ მოესწრო ბოლომდე გაშრობა, ალაგ-ალაგ დასველებოდა პერანგიცა და შარვალიც. მზეზე ლაპლაპებდნენ მისი სველი, შავი კულულები.

-რა ხდება მანდ? – იღრიალა მან, ისე, რომ წყევლა-კრულვის ტრანსში გახერილი შოთა ლასარეიშვილიც კი შეცბუნდა, წამსვე მოკუმა პირი.

ვახტანგ ლასარეიშვილი და კახი ტურავა თვალებდაჭყეტილნი შესცქეროდნენ ყარალაშვილს.

-რა ხდება მეთქი? – დაიყეფა ყარალაშვილმა, როცა პასუხი ვერ მიიღო, შორიახლოს შედგა. – ლასარეიშვილო, რა იყო, გიჟ მამაშენს ვეღარ აკავებ?

ვახტანგ ლასარეიშვილი წამოწითლდა. შერყეული ბებრუცუნა დაბღვერილი შესცქეროდა ყარალაშვილს, ტუჩებს აცმაცუნებდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ვერაფრის თქმა ვერ გაებედა.

-შენ რა ტრაკი გეწვის, ბიჭო? – კისერი წაიგრძელა კახი ტურავამ.

მისი ყოყლოჩინობა ცოტა სასაცილოც კი გახლდათ, რადგან ყარალაშვილი მასზე ერთი თავით მაღალი მაინც იქნებოდა.

-შენ არავინ გელაპარაკება. – მოუჭრა ყარალაშვილმა. – წაეთრიეთ აქედან და წაიყვანეთ ეგ გიჟი, სანამ მე წავიყვანე იქ, სადაც საჭიროა.

შეუბღვირა ვახტანგ ლასარეიშვილმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. მაგრად გამოსდო მამამისს ხელკავი და „ზილისაკენ“ წაათრია, კუდში აედევნა მათ კახი ტურავა.   ბერიკაცმა შუა გზაზე ხმა ამოიღო, ხმამაღლა იწყევლებოდა.

შიგნით ჩასხდნენ, კახი ტურავა საბარგულში მოკალათდა წყლის კონტეინერებთან ერთად, თან მტრულად აბრიალებდა ქვის თაღთან დარჩენილთა მიმართულებით თვალებს.

წამსვე ბდღვირი აუყენა დამტვერილ მთავარ გზას დანჯღრეულმა „ზილმა“, და მალევე რახრახით მოეფარა არყის ხეების ტევრს.

ძლივს გასწორდა წელში ლეილა. მუხლები უკანკალებდა, ქვის თაღის კედელზე მიებჯინა ხელი, რომ თავი შეემაგრებინა.

არ უყვარდა, როცა უყვიროდნენ.

რატი ყარალაშვილს გადახედა, რომელიც იქვე იდგა და შეჰყურებდა, უსიტყვოდ.

უხერხულად შეიშმუშნა ლეილა. თვალი აარიდა, სადღაც შორს გაიხედა, მისი მხრის მიღმა.

საკმარისი სირცხვილი ჭამა დღეს. ჯერ ხომ ყარალაშვილი დაინახა ლელესის ტბაში, მერე შერყეულმა შოთა ლასარეიშვილმა გვარიანად გამოლანძღა და კინაღამ ხელჯოხიც შემოარტყა, ამ ყველაფერს კი ყარალაშვილი შეესწრო.

რომელიც იქვე იდგა და უყურებდა, აშკარად არ ჩქარობდა აქედან წასვლას.

არადა უნდა წასულიყო აქედან. თან ახლავე, რადგან სულაც არ ჰქონდა მისი თავი ლეილას.

წამოუბერა ქარმა. ნაწნავს გამოქცეული რამდენიმე კულული სახეზე ჩამოეფინა ლეილას. იდგა, ადგილს მილურსმული და არც კი იცოდა, თუ რა გაეკეთებინა ანდა რა ეთქვა.

თუმცა არ დასჭირდა არაფრის თქმა.

ნელა დაიძრა ადგილიდან რატი ყარალაშვილი. ლეილას ბადე-ტომარა აათრია და იქვე მიმოფანტული ბოთლების შეგროვება დაიწყო.

წარბები შუბლზე აუვიდა ლეილას. პირი რამდენჯერმე გააღო და დახურა, მაგრამ ვერაფრით ამოთქვა ენის წვერზე მომდგარი სიტყვები.

თუ რას აკეთებდა ყარალაშვილი. რა უნდოდა მასთან, რატომ იყო აქ, რატომ ეხმარებოდა და რამეს ელოდა თუ არა ამის სანაცვლოდ.

უცხო კაცი იყო რატი ყარალაშვილი. უცხო კაცი და მეტი არაფერი.

-რას აკეთებ? – ძლივს მოატრიალა გამომშრალი ენა პირში ლეილამ.

ყარალაშვილმა ალმაცერად გადმოხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მზერა აარიდა და ბოლო ბოთლი ჩატენა ბადე-ტომარაში.

-ოე, შენ გელაპარაკები! – ხმას აუწია ლეილამ. – რას აკეთებ?

-ოე არა. – თქვა ყარალაშვილმა, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ბადე-ტომარა გამოუწოდა. – რატი მქვია.

ლეილამ იგრძნო, თუ როგორ წამოუფორაჯდა სახე.

-ვიცი, რაც გქვია. – ამოილუღლუღა მან, გადაიხარა და ბადე-ტომარა გამოჰგლიჯა სასწრაფოდ.

-ვიცი რომ იცი.

მერე კი ყარალაშვილმა მკლავები მკერდზე გადააჯვარედინა, თავი ოდნავ გვერდზე გადააგდო და დააცქერდა, ისევ იმ გაურკვეველი გამომეტყველებით.

-ლასარეიშვილი ვერაა სრულ ჭკუაზე. – თქვა მან.

-ვიცი.

-ობლებს ვერ იტანს. თვითონაა ობოლი და იმიტომ.

-ეგეც ვიცი.

-რამდენი რამე გცოდნია. – რატი ყარალაშვილს სახის ნაკვთები შეუთრთოლდა, ჩვეულებისამებრ ცარიელ, ცივ თვალებში, ოკეანის ბნელ სიღრმეებს რომ წააგავდნენ, უცნაური ნაპერწკალი აუკიაფდა. – ის თუ იცი, რომ წესიერად დამალვა არ გამოგდის?

თვალი გაუსწორა ლეილამ, შეეცადა სახე მწყობრში მოეყვანა და შეშფოთება არ დატყობოდა, მაგრამ შიგნით თითქოს ყველაფერი გაუცივდა.

-დამალვა? – გაიმეორა მან, საშინლად გამოშრობოდა პირი. 

-ჰო, აი, ღობესთან რომ იმალებოდი. – განაცხადა ყარალაშვილმა. – ბესარიონთან რომ ვიყავით.

აჰა. იმ დამალვაზე იყო ლაპარაკი, კოჭლი ბესარიონის დაკითხვის დროს ღობესთან რომ მოიკუნჭა ყურის დასაგდებად ლეილა.

რასაკვირველია. ის დამალვა.

სხვა არაფერი.

-ჰო. – ამოღეჭა ლეილამ. – მაინტერესებდა რაზე ლაპარაკობდით.

-და წეღან რომ ნაპირიდან მითვალთვალებდი, მაშინ რა გაინტერესებდა? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

და რის ვაი-ვაგლახით შეკოწიწებული მშვიდი გამომეტყველება ელვის სისწრაფით ჩამოეფშვნა სახიდან ლეილას.

რაღა თქმა უნდა. ან დაინახა ყარალაშვილმა, ანდა მიხვდა რომ იქ იყო ლეილა.

მწყემსი იყო ბოლოს და ბოლოს. თაგვის გაფაჩუნება ესმოდა ალბათ კილომეტრიდან.

-არ გითვალთვალებდი. – ამოილუღლუღა ბოლოს. – მეც მინდოდა ცურვა, მაგრამ რომ დაგინახე, წამოვედი.

ყარალაშვილმა თავი ისეთი ირონიული გამომეტყველებით დაუქნია, რომ აშკარა გახლდათ, სულაც არ სჯეროდა ლეილას მიერ შეთითხნილი ტყუილები.

ცივმა ოფლმა დაასხა ლეილას, ბოთლი კინაღამ ხელიდან გაუცურდა. ნაწლავები გადაეხლართა ერთმანეთში თითქოს, წამიერად საშინლად ასტკივდა მუცელი. ძარღვებში გამომსკდარი სისხლის შხუილის მეტი აღარაფერი ესმოდა.

არაფერი უთქვამს ყარალაშვილს, მაგრამ არც სჭირდებოდა, მისი გამომეტყველება ამბობდა ყველაფერს, რისი გაგონებაც არ სურდა ლეილას.

კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ლეილამ და მიტრიალდა, სავსე ბოთლი იქვე მიდგა, ბადე-ტომარიდან მეორე ამოაძვრინა და მჩქეფარე ონკანს შეუყუდა.

რაც იყო, იყო. უნდა შეგუებოდა ამას, უნდოდა თუ არა. ყარალაშვილი ისეთი მაინც არ გახლდათ, რომ ზედმეტი ლაპარაკი და ჭორების გავრცელება დაეწყო.

იმედოვნებდა მაინც.

ნელ-ნელა ივსებოდნენ ბოთლები და იტენებოდა მისი ბადე-ტომარა. მზე მიცოცავდა ცის კამარაზე, და ისევე სწვავდნენ ლეილას მის ზურგზე დაცემული სხივები, როგორც იქვე მდგარი ყარალაშვილის მზერა.

მზერა, რომელიც არ იძვროდა.

ყარალაშვილი იდგა, უყურებდა და ხელები უთრთოდა ლეილას. ერთიანად დასჭიმვოდა თითოეული ძარღვი, კუნთი და ნერვი, თითოეული მისი მოძრაობა ისეთი ხელოვნური და მოუხეშავი გახლდათ, თითქოს ხისაგან უხეშად გამოჩორკნილ მარიონეტად ქცეულიყო.

სწრაფად მოუჭირა ბოლო ბოთლს პირი, ბადე-ტომარაში უკრა თავი და მაგრად გადაკოჭა თასმა, მერე კი მხარზე მოიგდო ხვნეშით.

უკვე ჩამოწოლილიყო პაპანაქება სიცხე. მზე თვალისმომჭრელად კაშკაშებდა და ოდნავადღა აშრიალებდა ხეთა ფოთლებს ზარმაცი, თბილი ნიავქარი.

ახლა შუა გზაში უნდა ყოფილიყო უკვე ლეილა.

არა უშავდა. მიაღწევდა სახლამდე რამენაირად.  

მოტრიალდა და შეეცადა რატი ყარალაშვილის გვერდზე ისე ჩაევლო, რომ მისთვის არ შეეხედა.

მაგრამ რასაკვირველია, არაფერი არ მიდიოდა დღეს ისე, როგორც თვითონ სურდა.

-ეგრე წახვალ? – ჰკითხა უცებ ყარალაშვილმა და ისე შეცბა ლეილა, რომ ნაბიჯი აერია, კინაღამ საკუთარ ფეხს წამოედო. ხელები მაგრად მოუჭირა ბადე-ტომარას კისერს, ყარალაშვილს ახედა, რომელიც წარბებაზიდული შეჰყურებდა.

-ეგრე როგორ?

-ამდენი ბოთლები ზრეამდე უნდა ათრიო?

-აბა ვინ ათრევს? შენ?

-არა, მე რატომ. – ისე განაცხადა ყარალაშვილმა, თითქოს მისი ამ საქმეში ჩაურევლობა ელემენტარული გახლდათ.

-ჰოდა რა გინდა? – ჰკითხა ლეილამ, სირცხვილსა და უხერხულობას ნელ-ნელა ცვლიდა გაღიზიანება. – ამოღერღე, მეჩქარება ახლა.

-ცხენით რომ მიიტანო?- კითხვა შეუბრუნა ყარალაშვილმა.

-და რომელი ცხენით? – ჩაეკითხა ლეილა, ხელი სადღაც, აბსტრაქტული მიმართულებით გააქნია.

ყარალაშვილმა საპასუხოდ პირში თითები ჩაიდო და გამაყრუებლად დაუსტვინა.

რასაც წამსვე ლელესის ტბის ნაპირიდან ჭიხვინი და ფლოქვების თქარუნი მოჰყვა.

არყის ხეების ტევრიდან გამოიჭრა ყარალაშვილის ქურანი, ელვის სისწრაფით მოუახლოვდა მათ და ფრუტუნით შეჩერდა პატრონის გვერდით, ჭიხვინებდა და ფლოქვებს ხმამაღალი ბათქით სცემდა ამტვერებულ მიწას.

აჰა. რასაკვირველია. ცხენის ფრუტუნი გაიგონა შორიდან აქ მოსვლისას ლეილამ.

ყარალაშვილის ქურანი შორიახლოს ბალახობდა აშკარად, სანამ მისი პატრონი ტბაში ნებივრობდა.

ხელში სწვდა ანაზდად ყარალაშვილი და ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში ლეილას, მთელი სხეულით შეხტა. აშკარად შეამჩნია მისი შეცბუნება ყარალაშვილმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ბადე-ტომარა ჩამოართვა და უნაგირზე გადაჰკიდა ხურჯინივით.

-მიდი. – უნაგირზე ანიშნა მან, როცა მაგრად დაამაგრა თასმებით ბადე-ტომარა.

წამიერად არაფერი უპასუხა ლეილამ. ზრეამდე გადაჭიმულ სამ კილომეტრზე ფიქრობდა და ხვდებოდა, რომ სულაც არ უნდოდა, ამ ყველაფრისაგან უკვე გადაღლილს, ამოდენა მანძილზე ტვირთის თრევა.

-შენ არ შეჯდები? – ჰკითხა მან და უცნაურად გადმოხედა ყარალაშვილმა.

-არა. ამდენი ბოთლები ეყოფა ამ საწყალს. – ქურანს ყელზე ხელი მოუთათუნა მან, რაზეც ცხენმა კმაყოფილებით დაიფრუტუნა. – რა იყო?

-არაფერი. -სწრაფად უპასუხა ლეილამ. იმასღა იმედოვნებდა, რომ აზრს არ შეიცვლიდა ყარალაშვილი.

ჯერ კიდევ ხალასად ახსოვდა, თუ როგორ შემოისვა წინ ქურანზე, როგორ მიფრინავდა ცხენი ჩიტივით ტყეში, როგორ ქროდა ცივი ქარი, რომელიც ვერაფრით ანელებდა მის ზურგზე აკრული ყარალაშვილის მკერდის სიცხეს.  

აფრუტუნებულ ქურანს ფრთხილად მიუახლოვდა. უზანგში ფეხი შედგა და უნაგირს მოსჭიდა ხელები, მერე კი ფეხი მაგრად დაჰკრა მიწას.

პირველ ცდაზე არ გამოუვიდა. ფეხი გადაუბრუნდა და ადგილზე შეყანყალდა, კინაღამ ძირს გაიშოტა, ძლივს შეიმაგრა თავი.

გრძნობდა, როგორ უყურებდა ყარალაშვილი და წამსვე დაასხა ცივმა ოფლმა, იგრძნო, როგორ წამოუწითლდა სახე და ყურები.

უფრო მაგრად მოეჭიდა კეხს, უფრო მოსახერხებლად შედგა ფეხი უზანგში და კუნთები დაჭიმა, ხელახლა შეეცადა სხეული უნაგირზე აეთრია.

მერე კი იგრძნო, თუ როგორ მოსჭიდეს უკნიდან წელზე ხელები და ასწიეს, მაგრად. ფეხი გადადო უნაგირზე ლეილამ და მყარად დაჯდა, მაგრად ჩაებღაუჭა უნაგირის კეხს.

წამსვე შეუშვა ხელები ყარალაშვილმა.

ლეილას მისთვის არ შეუხედავს. გული მძლავრად უბრაგუნებდა მკერდში. პირი ერთიანად გამოშრობოდა, ენა თითქოს სასაზე მიჰკვროდა.

საშინლად გახურებულიყო ტყავის უნაგირი მზეზე და ბარძაყები აეწვა ლეილას.

ლაგამს ჩაავლო ხელი ყარალაშვილმა და ოდნავ შეუსტვინა, ქურანს წინ გაუძღვა.

და ტაატით დაუყვნენ მტვრიან, აბალახებულ ბილიკს.

ცხელოდა. ზურგზე დაჰნათოდათ მზე და გრძნობდა ლეილა, თუ როგორ გახურებოდა ნაწნავის ქვეშ კისერი. ერთიანად გაცრეცილიყო გარიჟრაჟის იისფერი ელფერი ცაზე, თვალწარმტაც, ღრმა ლურჯს ჩაენაცვლებინა იგი და ზანტად უბერავდა ზარმაცი ნიავქარი, არყისა და ალვის ხეებს აშრიალებდა. ჩუმად რაკუნებდნენ ბადე-ტომარაში სავსე ბოთლები, რასაც ჭინჭრაქების სიმღერა, კუტკალიების ჭრიჭინი და დროდადრო ქურანის ფლოქვების კენჭებზე გაწკარუნება ერთვოდა.

ცხელოდა და ოდნავ შეშრობოდა კულულები ყარალაშვილს, მუქ წაბლისფრად უპრიალებდა მზის შუქზე. სწრაფი ნაბიჯით მიუძღოდა ცხენს.

ცოტა ხანი უყურა ლეილამ. მერე კი თვალი აარიდა, შორს, ალვისა და მუხის ხეების მიღმა ამოზიდულ იხულას მთის წვერს ახედა.

მალე შეუდგებოდნენ მთავარ გზასაც.

და მალევე ჩავიდოდნენ ზრეამდეც. ბადე-ტომარას ჩამოხსნიდა უნაგირიდან, ყარალაშვილს მადლობას გადაუხდიდა და სწრაფად დაემშვიდობებოდა, მერე კი ისე მოიქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.

რაც ალბათ არ უნდა ყოფილიყო ძალიან რთული.

ალბათ.

-გუშინდელზე ბოდიში უნდა მოგიხადო. – თქვა უცებ ყარალაშვილმა და ისე მოწყვეტით გადახედა მას ლეილამ, რომ მისმა კისერმა ჭახანი გაიღო.

-რაო? – ძლივს ამოილუღლუღა მან. ყარალაშვილს მისკენ არ გამოუხედავს.

-არ უნდა მელაპარაკა ფულზე. -თქვა მან და უსიამოვნოდ გასცრა სხეულში ლეილას.

-არ უნდა გელაპარაკა. – ამოღერღა ბოლოს.

რამდენიმე წამი ხმა არ გაუღია ყარალაშვილს და ერთიანად დაძაბულიყო ლეილა, მისი სიტყვების მოლოდინში.

-იმ გიჟს ყურს არ დაუგდებ, იმედია. – თქვა უცებ ყარალაშვილმა.

-მე არ ვუგდებ. – მოუჭრა ლეილამ, უფრო მაგრად მოუჭირა უნაგირის კეხს თითები. – მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვიზამ. მაგ ბერიკაცის შეთითხნილი ტყუილების უფრო სჯერა ხალხს.

-ანუ არაა სიმართლე?

-რა?

-რასაც ამბობენ. შენს მშობლებზე.

ტუჩები მაგრად მოკუმა ლეილამ. მკერდზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა.

-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. – თქვა მან. – დედაშენზე რომ გკითხო, გესიამოვნება?

-რატომ უნდა მკითხო. ყველამ იცის, რომ დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა.

-რაც არ იყოს, უსიამოვნო არაა?

-არ ვიცი. – თქვა ყარალაშვილმა, მისკენ მოატრიალა თავი. მუქი თვალები მზის შუქზე უპრიალებდა, წარბები შეჰკვროდა. – დედაჩემი არც მახსოვს. შენ კი გემახსოვრება შენი მშობლები.

-ჰოდა ნუღა მკითხავ.

აღარაფერი უთხრა ყარალაშვილმა, პირი იბრუნა. მთავარ გზას შესდგომოდნენ, და ღორღი ხმამაღლა შხრიალებდა ქურანის ფლოქვების ქვეშ.

რატომღაც უსიამოვნოდ მოუჭირა მკერდში ლეილას.

მაგრამ იცოდა, რომ სხვანაირად ვერ უპასუხებდა. რატი ყარალაშვილთან არ დაიწყებდა ისეთი რაღაცების განხილვას, რაზე ფიქრსაც კი გამალებით ერიდებოდა.

ამიტომ არ გაუღია ხმა.

ნელ-ნელა ილეოდა მათ ფეხქვეშ მთავარი გზა და უფრო ახლოვდებოდნენ ალვის ხეების მიღმა, იხულას მთის ფერდზე შეფენილი სახლების ალაპლაპებული სახურავები.

გულისგამაწვრილებლად ჭრიჭინებდნენ ბუჩქნარში კუტკალიები, რაკუნებდნენ ბადე-ტომარაში ბოთლები და ფრუტუნებდა ქურანი. ხრიგინით ჩაუქროლა მათ გენადი დუდავას „ჟიგულმა“, გენადი დუდავამ ჩვეულებისამებრ რაღაც გაურკვეველი მოაძახა მათ ჩლიფინით, რაზეც ლეილამ პირი იბრუნა, ყარალაშვილს კი ყურიც კი არ შეუბერტყავს. 

ზრეას აღმართს შეუდგნენ, მოძალულმა ქარმა ალვის ხის ტოტები ააღრჭიალა და ლეილას კანი დასწვა ფოთლებს შორის გამოხეთქილმა თაკარა მზის სხივებმა, როცა ჭინჭრაქების სიმღერას, კუტკალიების ჭრიჭინსა და ფოთლების შარიშურს შორეული ყვირილი და ძაღლების ღავღავი დაემატა.

ვიღაც კაცი ბღაოდა რაღაცას, რასაც ყვირილით პასუხობდა ახალგაზრდა ქალის ხმა.

უნაგირზე წამოიწია ლეილა, თვალები გააცეცა. მთავარი გზა მიიკლაკნებოდა ზემოთ, იხულას მთისკენ, და მარჯვნივ, მათ წინ მდებარე ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოდიოდა გამწარებული ყვირილი.

ლორთქიფანიძეების სახლი იყო ამ შესახვევში.

და ცაცას ხმა იცნო ლეილამ.

სანამ რამის თქმას მოასწრებდა, გაოგნებული, ლაგამს მაგრად მოქაჩა ყარალაშვილმა და ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის სირბილით დაუყვა ქუჩას, ჩორთით მიჰყვებოდა გვერდით ქურანი.

მარჯვნივ გაუხვია ყარალაშვილმა.

და წამსვე დალანდა ლეილამ ათიოდე მეტრში, თავართქილაძეების მოჩუქურთმებულ მწვანე რკინის ღობესთან გამოჭიმული ლუკა თუხარელი, რომელსაც ოქროსფერი თმა მზეზე ულაპლაპებდა, სახე კი ერთიანად მონგრეოდა, გამძვინვარებულს. იქვე მისი შავი ულაყი ჭიხვინებდა, მაგრად სცემდა ფლოქვებს ამტვერებულ მიწას.

-ვინაა, გოგო, ტლუ? – ღრიალებდა თუხარელი, წიხლი ჰკრა ჭიშკარს და გულისგამაწვრილებელი ჭრიალი გაიღეს ანჯამებმა. – რას ქვია, ტლუ?

-ვერ გაიგონე, რას გელაპარაკები? გაეთრიე აქედან! – საპასუხოდ გაჰკიოდა ეზოდან ცაცა. – ტლუც ხარ და დარტყმულიც!

-მე შენ გიჩვენებ ტლუს!

-რას მიჩვენებ, რას! – დაუკივლა ცაცამ. – რა გაქვს საჩვენებელი, ღორისგაგდებულო შენ!

-რაებს წიკვინებ, გოგო, რაებს! – ღრიალებდა თუხარელი. – გოგო რომ არ იყო, დაგდებდი სულზე!

-გოგო რომ არ ვიყო, გაგხეთქავდი ცემაში! რასაც მინდა იმას ვიტყვი, გაიგე?!

-ჰოდა შენი დედა მოვტყან, გოგო!

-ლაწირაკო შენა! – დაიყეფა ეზოდან ზაქარია ლორთქიფანიძის ხმამ. – ჩემ შვილს როგორ ელაპარაკები? როგორ ელაპარაკები?! მანდ არ გამომიყვანო!

-შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ! – აღრიალდა თუხარელი, ხელებს უთავბოლოდ იქნევდა, მერე კი გამგებელს მიუბრუნდა. – შენი დედაც მოვტყან, აი! ტყუილა მოვიტანე ამდენი საჩუქრები?

-უკან შეითხარე ეგ შენი საჩუქრები! რად მინდა შენი თხის ყველი! გაეთრიე! – დაიკივლა ცაცას ხმამ და ანაზდად ეზოდან წუილით გამოიჭრა მოზრდილი ქვა, რომელიც ხმამაღალი ბათქით შეეხეთქა შუბლში თუხარელს.

თუხარელმა შუბლზე ხელი იტაცა, მოიკაკვა და საზარელი ბღავილი ამოუშვა.

ლაგამს ხელი უშვა ყარალაშვილმა, სანამ ლეილა უნაგირიდან ფრთხილად ჩამოსრიალდა და სირბილით მიუახლოვდა ჭიშკარს, აღრიალებულ თუხარელს ქეჩოში სტაცა ხელი და მარიონეტივით ასწია, მაგრად შეანჯღრია.

-რატი! – შეჰყვირა თუხარელმა, აფორაჯებული სახე ერთიანად გაუფითრდა. შუბლზე გახეთქოდა კანი, სისხლის წვეთები ჩამოუცურდა სახეზე.

სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ ლეილა. ჭიშკრის მიღმა ქათქათა სარაფანში გამოწყობილი ცაცა დალანდა, რომელსაც წითური თმა ერთიანად გასწეწოდა, ცალ ხელში ქვა ჩაებღუჯა და გაფაფხული, აშკარად ბრძოლისათვის გამზადებული იდგა. მას სანახევროდ ეფარებოდა მამამისი, ზაქარია ლორთქიფანიძე, რომელსაც დოინჯი შემოერტყა და გამძვინვარებული დაშტერებოდა თუხარელს. მათ უკან, რამდენიმე მეტრში ცაცას პატარა ძმა, თომა ამშვიდებდა აბღავლებულ დედამისს, მართა პაპიაშვილს.

მეზობელი სახლებიდან ცნობისმოყვარენი გამოფენილიყვნენ უკვე, ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ, შეშფოთებულნი შეჰყურებდნენ ლორთქიფანიძეების სახლში ატეხილ ალიაქოთს.

-კაი დროს მოხვედი! – ყარალაშვილს მიაძახა გამგებელმა, კოტიტა თითი მიუშვირა თუხარელს. – ჩვენ არაფერი გვიქნია, რატი, შვილო, მოვარდა ეს დამთხვეული და ერთი ამბავი ატეხა!

-შენ რა, საერთოდ გააფრინე? – კბილებში გამოსცრა ყარალაშვილმა, თუხარელი მაგრად შეანჯღრია. მის ტილოს პერანგში დაძაბულ მხრებსა და გაწეწილ შავ კულულებს შეჰყურებდა ლეილა. – რას აკეთებ?

-ტლუ დამიძახა! – ფაქტიურად სახეში შეაფურთხა სიტყვები ყარალაშვილს საპასუხოდ თუხარელმა. – ამდენი დრო რისთვის შევალიე?

-სუფთა ყლე ხარ. წაეთრიე. – დაუსისინა ყარალაშვილმა, კარტოფილის ტომარასავით შემოიქნია, ხელი შეუშვა და ძაფებდაწყვეტილი მარიონეტივით წაიფორხილა ლუკა თუხარელმა, კინაღამ ქვა-ღორღში ჩაენარცხა.

გაბმით ტიროდა მართა პაპიაშვილი, თან ჩლიფინებდა, არადა რა კარგი ბიჭიაო, რაზეც ზაქარია ღრიალებდა, გაკმინდეო ხმა.

თუხარელმა სახეზე ჩამოწვეთებული სისხლი მაჯით მოიწმინდა, ამრეზით გადმოხედა ყარალაშვილს, მაგრამ  აღარაფერი უთქვამს, აშკარა იყო, რომ ვერ ბედავდა. ულაყს მიაშურა, ამხედრდა და მაგრად დაჰკივლა ცხენს, ამტვერებული გზის ბუღში გაქუსლა და მოსახვევს მიეფარა.

-ეს რა იყო! – გაჰყვიროდა ზაქარია ლორთქიფანიძე. – რა უმსგავსობაა! ეს ვინ ყოფილა, კაცო! ლავრენტის გავაგებინო ერთი, თუ რა კვერცხი ყოფილა მისი შვილი!

-ეს ერთი რომ აპატიო, დედიკო? – გაბმით ტიროდა მართა. – ეს ერთი მარტო? რა ოჯახისშვილია, ხომ იცი, თან რა ლამაზი ბიჭია…

-არ მინდა! – გაჰკიოდა ცაცა. – არ მინდა მეთქი, არ გესმით?!

გამგებელი კვლავ აყვირდა, და ყურისწამღები ყაყანი ატეხეს ლორთქიფანიძეებმა.

იქვე, ჭიშკართან იდგა ლეილა. უხერხულად აწურულიყო და ხან ლორთქიფანიძეებს გადახედავდა, ხან ყარალაშვილს.

ყარალაშვილს, რომელიც უსიტყვოდ, წარბშეკრული გაჰყურებდა აბდღვირებულ გზას.

ყარალაშვილს, რომელსაც ერთი ხელის მოსმით გააბრძანა აქედან ის ყეყეჩი თუხარელი.

-სულ ასეთი იდიოტია? – ჰკითხა ლეილამ, რაზეც წამსვე მისკენ მოატრიალა მუქი თვალები ყარალაშვილმა.

-ზოგადად არა. – თქვა მან.

მერე კი მიტრიალდა, ლეილას ხელით ანიშნა, წამოდიო. ქურანს მიაშურა, რომელიც შარაგზის კიდეზე ამოზრდილ ბუჩქნარს მისდგომოდა და უდრტვინველად აგემოვნებდა ფოთლებს.

როცა მიხვდა, რომ ლეილა არ მიჰყვებოდა უკან, შედგა, მოტრიალდა, დაჟინებით შეჰყურებდა.

-ჩემით წავალ. – უთხრა ლეილამ. – ჩემი ბოთლები მომეცი.

ყარალაშვილი წამიერად უსიტყვოდ შესცქეროდა.

მათ უკან კვლავ გამაყრუებლად ყაყანებდნენ ლორთქიფანიძეები, ჩოჩქოლებდნენ მეზობლები და გაბმით სლუკუნებდა მართა პაპიაშვილი.

მერე კი პირი იბრუნა ყარალაშვილმა, ქურანს მიუახლოვდა. თასმები გამოხსნა და ისე აითრია ბადე-ტომარა, თითქოს აქაც არაფერიო, მერე კი ლეილასკენ გამოეშურა, ხელში მიაჩეჩა.

ჩამოართვა ლეილამ ბადე-ტომარა და ხვნეშით მოიკიდა მხარზე. ყარალაშვილს ახედა, რომელიც უსიტყვოდ დაჰყურებდა.

-იმედია თუხარელი აღარ მოვა აქ. – უთხრა ლეილამ. – ლორთქიფანიძეებს თავისი გაჭირვება ეყოფათ.

წარბები აზიდა ყარალაშვილმა.

-მე რატომ მეუბნები? – უთხრა მან. – მამამისი კი არ ვარ.

-არა. მაგრამ შენი ეშინია. შენ რომ უთხრა, აღარ მოვა.

-მე საშიში გგონივარ? – სარკასტულად ჩაეკითხა ყარალაშვილი, მკლავები მკერდზე გადააჯვარედინა, თვალები ოდნავ მოჭუტა.

პირი გააღო და დახურა ლეილამ. წამიერად არც კი იცოდა, რა ეპასუხა.

თუმცა პასუხი აშკარა უნდა ყოფილიყო. ერთი უბრალო მწყემსი გახლდათ რატი ყარალაშვილი, რომელიც ცხვრებს დასდევდა, ლოთი მამამისის ატანა უწევდა და თავისი ცხენით დაეხეტებოდა აქეთ-იქით.

თუმცა არა. ყარალაშვილი პოლიციელის ვალდებულებებსაც ასრულებდა. ის იძიებდა ფოტინეს მკვლელობის საქმეს.

ცალთვალა რეზოს ბრალეულობაში ეჭვი ეპარებოდა, ყველაფრის მიუხედავად.

და ისეთი შეგრძნება ჰქონდა ლეილას, თითქოს მან ბევრად უფრო მეტი რამ იცოდა, ვიდრე ამბობდა.

ლასარეიშვილებს, ვანო დვალსა და თუხარელს მისი ეშინოდათ.

თვით გამგებელმაც კი, ყოყლოჩინა ზაქარია ლორთქიფანიძემ, პირველი ის მოახსენა, მე არაფერი დამიშავებიაო.

ალბათ ამიტომ იყო საშიში. ალბათ ამიტომ არ სჯეროდა მისი სიტყვების ლეილას.

-არ ვიცი. – თქვა ბოლოს. ტუჩები გააპო ყარალაშვილმა, უცნაურად, ირონიულად გაეცინა, მზეზე აუელვარდა თეთრი კბილები.

-იცი. – უთხრა მან. – ძალიან კარგადაც იცი.

მერე კი მიტრიალდა, ზურგი შეაქცია. ქურანს შემოახტა ელვის სისწრაფით, ლაგამს მოზიდა, აფრუტუნებული ცხენის დაშოშმინება სცადა.

-თუხარელისთვის არაფრის თქმა არ მჭირდება! – მოაძახა მან. – ისედაც უკვე მიხვდა, რომ აქ ვეღარ მოვა!

მერე კი ქუსლები შემოჰკრა ქურანს, ერთი დაჰკივლა მაგრად და ჩიტივით გაფრინდა ცხენი, ორიოდე წამში ჩაიკარგა მოსახვევში.

ჯერ კიდევ გამაყრუებლად ყაყანებდნენ ლორთქიფანიძეები, გამალებით გაჰკიოდა ცაცა.

ახლა ლეილასთვის არ სცხელოდა.

საღამოსკენ ჩამოვიდოდა ლეილა მის სანახავად.

მხარზე შეისწორა ბადე-ტომარა. შეუბრალებელი, თაკარა მზის სხივები და ლორთქიფანიძეების მეზობლების მზერა სწვავდა. გული ჯერ კიდევ ძალუმად უბრაგუნებდა მკერდში, საშინლად გამოშრობოდა სასაზე მიწებებული ენა. გაოფლილი შუბლი მოიწმინდა, ახლაღა იგრძნო, თუ როგორ სცხელოდა.

ძალ-ღონე მოიკრიბა და ნელა დაუყვა ბილიკს.

ცოტას დაისვენებდა. ნაზიბროლასა და ქათმებს დაარწყულებდა. სარეცხს დარეცხავდა. ბოსტანი უნდა მოერწყა, მერე კი, რომ მოსაღამოვდებოდა, ყანაზე ჩავიდოდა ალბათ.

ცალთვალა რეზო დაკავებული იყო. ლასარეიშვილებს იმედი ჰქონდა, რომ აღარ გადაეყრებოდა. ლუკა თუხარელი კი დიდი ალბათობით აღარ მოეთრეოდა აქ.

ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო. მოხდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ჩაიარა შემზარავი ამბების რიგმა, ახლა უნდა დამშვიდებულიყო ყველაფერი და ისე გაგრძელებულიყო, როგორც ადრე.

ისევე მშვიდად, როგორც ზრეას წყნარ, ერთფეროვან გარემოს შეეფერებოდა.

მთავარ გზას ქშინვით მიუყვებოდა ლეილა.

თუმცა წყალში ჩაეყრებოდა მისი იმედები.

ალბათ არაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე.

რადგან ორიოდე კვირის თავზე საკუთარ სახლში ზაქარია ლორთქიფანიძე მოკლეს.

11 thoughts on “მირაჟი (თავი 4)

  1. სასწაული თავი იყო❤️❤️რატო სძულთ ლეილას მშობლები ასე ძალიან.ლეილა რატისთან ცოტა თუ გათამამდება და აღარ იქნება დაძაბული კარგი იქნება.

    Like

    1. ძალიან დიდი მადლობა! 🥰🥰💛 ლეილას მშობლებზე ცოოტა მეტს ალბათ გავიგებთ, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით როდის და როგორ 🫣🫣 ლეილას რაც შეეხება რატისთან მიმართებაში, ვაპატიოთ, უნდობლად უყურებს ნამეტანი 😂😂

      Like

  2. მოკლედ ამ ორს ხომ არ შეარგეს ლაპარაკი ან სეირნობა. ლეილა ყველაფერზე თვალებს ხუჭავს ასეც არ შეიძლება. არ მინდა ცაცასაც რატი შეუყვარდეს იმედია ზრეაში არ ამოწყდა ნორმალური ახალგაზრდა. მინდა ის გადარეული ბებერი კარგად მიბეგვოს ვინმემ.
    საინტერესო თავია ძალიან❤️

    Like

    1. ვაიმე არ თქვა, მართლაც რომ არ შეარგეს 😂😂 სულ რაცხა უნდა მოხდეს მაინცდამაინც 😂😂 ცაცას არამგონია რატი მოეწონოს, ნამეტანი ნატრობს ზრეას დატოვებას და 🥹💛 კი ღირსია ბებრუცუნა შოთიკო რომ შემოაბერტყონ სადმე 😂😂
      დიდი მადლობა გენაცვალე რომ მკითხულობ 🤩🤩💛💛💛

      Liked by 1 person

  3. ახლა წავიკითხე ოთხივე თავი,როგორ მომწონს ვერც კი წარმოიდგენ.ისე გაქვს აბნეულ-დაბნეული ყველაფერი ერთმანეთში,რომ თვალს ვერ მოწყვიტავ.ვკითხულობდი და თან ვნერვიულობდი ან ახლა დასრულდება,ან ახლა მეთქი.რატი მომწონს,ბევრი რამე იცის და ამჩნევს როგორც ჩანს.ლეილაზე ყველაფერი მაინტერესებს.მის ცხოვრებაზე,მშობლებზე.ძალიან საინტერესოა ყველაფერი.ველი შემდეგ თავს❤️

    Like

    1. ვაიჰ გენაცვა 💛💛 არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ახლა ნამეტანი აბურდულია ყველაფერი მაგრამ გამოირკვევა ნელ-ნელა აუცილებლად 🤩🤩💛 რატი მართლა კაი ბიჭია, კეფაზე აქ თვალები 🤣🤣 ლეილასაც აუცილებლად უკეთ გავიცნობთ შემდეგ თავებში 🤩💛 უღრმესი მადლობა რომ მკითხულობ! 🥹🥹💛💛💛💛

      Like

  4. რა კარგი იყოო 🥰🥰♥️ მაგრამ ისე დაასრულე რომ ეხლა ერთი სული მაქვს კიდევ როდის დადებ 😁😊 ლეილა და რატი იმედია ცოტა დაახლოვდებიან მომდევნო თავში , მოკლედ ველოდები ძალიან ♥️♥️

    Like

    1. ძალიან ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე 🤩🥹💛 ლეილა და რატი აუცილებლად ნელ-ნელა უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს 🤭🤭💛 ვეცდები მალე დავდო 🥰💛

      Like

  5. ძალზე საინტერესო თავი იყო ქალაუ🙈 ბუნების ულამაზესი აღწერები პირდაპირ მალამოდ მედება თვალებზე😁ისე ჩაიხლართა რაღაცები და იმდენი საიდუმლოა გამოსააშკარავებელი, რამე არ დამავიწყდეს და არ ამერიოს მეშინია😂ახლა უფრო ვხვდები რას გრძნობენ თურმე მკითხვრლები ლოდინის დროს😂ლეილა ქალო, ესეთი ბიჭი რო დაინახე ტბაში, წამოწოლილიყავი ცოტა ხანს და გეყურებინა, უფასო იყო თან🥲🥲 აუ ლინდუ ახლა რა გამახსენდა იცი? ადრე მთელი ისტორია რო გადაფიფქული გქონდა ხოლმე🤣🤣🤣🤣🤣🤣იმდენ ფიფქებს იყენებდი, მაგდენი ქიშმიში არ იყო ხოლმე პასკაში😂
    პ.ს. სასწაული თხრობის მანერა გაქვს😍😍😍 ჩემო უნიჭიერესო😍ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება🥰🥰😍😍

    Like

    1. ქალუუუუ 🤩🥺💛💛 პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე 🥰💛 მიხარია რომ ბუნების აღწერები მოგწონს! საიდუმლოებებს რაც შეეხება, შენ კი არა მეც მეშინია რამე არ გამომრჩეს და არ დამავიწყდეს 🤣 აუ ისე ხო, უფასო სანახაობაზე რავა თქვა უარი ამ უტვინო გოგომ ეეეხ, აფსუს 🤣🤣
      აუ მეც გამახსენდაააააა ფიფქები🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣 იფ რა კაია ახლა უფიფქობა 🤣🤣🤣🤣
      ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ვწერ ახლა და ვეცდები მალე იყოს 🥰🥰🥰💛💛💛💛

      Like

  6. მთელი ეს დრო თამილა ლეილას მამიდა რატო მეგონა მე?თან ახსენეს კიდეც მურკას ორმოცის სუფრაზე,შენი ძმის და რძლის ხსოვნა იყოსო.ბიცოლა რომ წავიკითხე ცოტა ავირიე🙄აი სუფრის მონაკვეთზე ძაან ვიხალისე😂ძალიან კარგად იყო მთვრალი ხალხის პრუტუნი აღწერილი🤌🏻😂რაც შეეხება რატის,მგონი შემომექრაშა🤭

    Like

დატოვე კომენტარი