იასამნის ბაღები

-*-*-*-*-*-1
სალომემ დახლი დახეული, ნოტიო ჩვრით ჩაწმინდა, გვერდით გადადო, ნიკაპი ხელისგულზე დააბჯინა და კაფე მოათვალიერა. პატარა კაფეში ორიოდე ადამიანი იჯდა, ვიღაც წვეროსანი, შეჭაღარავებული მამაკაცი, და კუთხის მაგიდასთან ყვითელთმიანი, დანაოჭებული ქალი, რომელიც ნელა წრუპავდა თბილ, წყალწყალა ყავას.
გოგონამ ამოიხვნეშა და თავი დახარა, უაზროდ ჩააშტერდა ძველ, მთლად გაცრეცილ და ატყავებულ დახლს. ერთი სული ჰქონდა, სანამ მარიამი მოვიდოდა და თავის სმენას დაიწყებდა. სალომემ კედელზე ჩამოკიდებულ საათს გადახედა. მარიამი ათი წუთით იგვიანებდა, უკვე ხუთის ათი წუთი იყო.
სალომე დახლს მოშორდა და წელზე მორგებული დალაქავებული წინსაფარი მოიძრო. შებრუნდა და სამზარეულოში შევიდა.
-სალომე? – გაისმა სამზარეულოს ბოლოდან და გაზქურასთან მდგომმა ღიპიანმა, ოფლისაგან სახეაპრიალებულმა მელოტმა მამაკაცმა გამოიხედა. – მარიამი სადღაა?
-აგვიანებს… – ყოყომანით მიუგო გოგონამ, იცოდა, რომ ზურაბი დაგვიანებას ვერ იტანდა. – არ გაუბრაზდე, ზურაბ, ისიც ხომ იცი, რომ ორ სამსახურში მუშაობს, სულ დაღლილი მოდის…
-შენც ორ სამსახურში მუშაობ, მაგრამ მაინც ასწრებ. – მოუჭრა ზურაბმა, მერე კი ამოიხვნეშა. – კარგი, მართალი ხარ. არ ვბრაზობ.
-ორცხობილები გაქვს? – სალომემ წინსაფარი კარზე მიკრულ კაუჭზე ჩამოკიდა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა გაზქურას.
-არ გამოსულა ჯერ. – მიუგო ზურაბმა, მერე კი სწრაფად გამოხედა. – მოიცა… შენ აქ ხარ, მარიამი არ მოსულა… ესე იგი დახლთან არავინაა? – მამაკაცმა წარბები შეკრა. – მიდი, მიხედე.
– მივხედავ, ზურაბ, ბოდიში. -სალომემ ამოიხვნეშა და გაზქურაში მოთავსებულ ორცხობილებს გადახედა. – უბრალოდ არ მჯერა, რომ აქ ვინმე გასაქურდად შეიძლება შემოვიდეს. მე შენ გეტყვი და მილიონი გვიდევს სალაროში…
-მაინც. – ზურაბმა მხრები აიჩეჩა. – და მილიონი რომ მქონდეს სალაროში,  ასეთი მელოტი არ ვიქნებოდი.
სალომემ გაიცინა და მის ალაპლაპებულ თავს გადახედა.
-კარგი, გავალ ახლა მე. – თქვა მან. – სახლში უნდა მივიდე და წავიძინო. დილით ჩემი სმენა იწყება მაღაზიაში…
ზურაბმა თავი დაუქნია.
-მიდი. მარიამი ალბათ მალე მოვა, თუ არადა მე გამოვიღებ ამ ორცხობილებს და დახლს მივხედავ.
-კარგი, წავედი… – სალომემ ზურგი შეაქცია გაზქურას და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან. კაფეში ისევ ის ქალი და კაცი ისხდნენ. გოგონამ დახლის გვერდით გადადებული ჩანთა აიტაცა, შიგნით ჩატენილი ჟაკეტი ამოიღო და ჩაიცვა, მერე კი ჩანთა წამოიკიდა.
ის იყო, კაფეს გადაჭრას და გასვლას აპირებდა, რომ კარი გაიღო და მარიამი შემობანცალდა, მთლად გაწუწული.
-ფუჰ…- ამოიქშინა მან და სველი თმა უკან გადაიგდო. – ისე ასხამს… მიდიხარ უკვე? – შეეკითხა იგი ხმამაღლა, როცა დახლს მიუახლოვდა.
-მარიამ, დააგვიანე… – სალომემ ისევ საათს შეხედა. მერე კი ისევ მარიამს და მისი გაწუწული ფიგურა რომ კარგად დაინახა, გამამხნევებლად გაუღიმა. – კარგი, არა უშავს. და არა, არ ბრაზობს ზურაბი. – დააყოლა მან, როცა მარიამს გაფართოებული თვალები დაინახა. -ორცხობილები აქვს, მიდი, ჭამე და გათბი, კარგი?
– კარგი, აბა შენ იცი. – მარიამმა ადგილი დაიკავა დახლის უკან და სალომეს ხელი დაუქნია. გოგონამ გაუღიმა, პასუხად ხელი ხელი ასწია, მერე კი კაპიუშონი წამოიფარა და კაფედან გამოვიდა.
მაშინვე ძლიერად დაეჯახა ცივი ჰაერი, ქარი, კოკისპირულად მომავალი წვიმა და სალომემ წამსვე ჯიბეებში ჩაიყო ხელები, თან ის ინატრა, რომ ნეტავ ქოლგა წამოეღო დილით. „ჯანდაბა მოულოდნელად ცვალებად ამინდს…“ გაიფიქრა მან და ნაბიჯს აუჩქარა.
მორახრახე ავტობუსში რომ იჯდა და გაყინულ ხელებს რომ იორთქლავდა, დაფიქრდა. ახალი სამუშაო უნდა ეშოვა. იმის შემდეგ, რაც სამი წლის წინ სკოლა დაამთავრა, ასე გადარბოდა აქეთ-იქით, რომ ფული ეშოვა. მაგრამ არც ერთი სამსახური არ უხდიდა ბევრს… სალომემ ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მოიღუშა. ამ თვის ბინის ქირა გადახდილი ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ისევ დააგვიანებდა მომავალი თვის გადასახადს. მოკლედ, უკეთესი სამუშაო უნდა ეშოვა, თან სასწრაფოდ.
სალომემ სწრაფად აირბინა კიბეებზე თავისი კორპუსის სადარბაზოში და ბინის კარი გააღო. რომ შევიდა, კარი მაგრად მოაჯახუნა, რომ კარგად დაკეტილიყო, მერე კი შიგნიდან გადაკეტა.
სალომემ გამოიცვალა, წინა მხარეს დასველებულ თმაზე ქუდი ჩამოიფხატა და საბანში გახვეული, ტახტზე ჩამოჯდა. „სამუშაოს მოძებნის დროა…“ გაიფიქრა მან და ხელში ჟურნალი მოიმარჯვა.
-გვესაჭიროება გამყიდველი, 25 წლის ზემოთ… – წაიკითხა სალომემ და თავი გააქნია. -არა, ეს არ გამოვა… დახლიდარი, სასურველია მამაკაცი… რატომ მამაკაცი? არა… მზარეული, მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილებით…. სად მაქვს მაგდენი გამოცდილება… გვესაჭიროება მოსამსახურე, რომელიც იცხოვრებს სამუშაო ადილას…
სალომეს თვალები გაუფართოვდა, ჟურნალი ჩაბღუჯა და მთელი კონცენტრაციით ჩააშტერდა განცხადებას. სამუშაო ადგილას ცხოვრება? ესე იგი შეეძლებოდა ამ ბინას მოშორებოდა…
„გვესაჭიროება მოსამსახურე, რომელიც იცხოვრებს სამუშაო ადგილას. აუცილებელია კულინარიული გამოცდილების ქონა. სასურველია იყოს ახალგაზრდა ქალი, 18 წლის ზემოთ. კარგი ხასიათით. ანაზღაურების თაობაზე და სხვა დეტალებზე დაუკავშირდით ნომერს: 500 57 43 90. იკითხეთ ირინა.“
თვალებგაფართოებულმა სალომემ განცხადება ჩაათვალიერა. განცხადება დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი, სქელ შავ ჩარჩოში და თითქმის გვერდის მესამედს იკავებდა.
„აი, რაც მჭირდება…“ გაიფიქრა გოგონამ, წამსვე წამოხტა და ჯერ კიდევ საბანმოხვეული, თავის საწოლზე დაგდებულ ჩანთას მიუახლოვდა და მობილური ტელეფონი ამოიღო. წამსვე აკრიბა ნომერი, ისევ ჩამოჯდა ტახტზე, საბანი ცხვირამდე აიწია და გაიტრუნა, თან გამავალ ზარს უსმენდა.
ხაზზე გატკაცუნება გაისმა და ყურმილი აიღეს.
-დიახ? – სალომეს ყურში სასიამოვნოდ მოხვდა მაღალი, მელოდიური ხმა.
-ისა, უკაცრავად… – ალუღლუღდა სალომე და ხელი მაგრად მოუჭირა მობილურს. – განცხადების თაობაზე გაწუხებთ… მოსამსახურე გესაჭიროებათ…
-აჰ, დიახ, რა თქმა უნდა. – გააწყვეტინა ქალმა. – მე ირინა ვარ. სასიამოვნოა, რომ გამოგვეხმაურეთ. თუ სამუშაოს მიღება გსურთ, მაშინ მობრძანდით კაფე „პროვანსში,“ იმედია იცით, ხვალ, ნაშუადღევის სამ საათზე. გასაუბრებაა საჭირო.
-…კარგით, გასაგებია… – უპასუხა სალომემ ნერვიულად. – მოვალ…
-ნახვამდის. – მოკლედ მოჭრა ქალის ხმამ და ხაზი გაითიშა.
სალომემ ყურზე მიჭერილი მობილური ტელეფონი მოიშორა და ზედ  დააცქერდა.
„პროვანსი… პროვანსი სადღაა?“ გაუელვა თავში და საბანი უფრო მაგრად შემოიხვია. ალბათ პროვანსი რაღაც ცნობილი და ძვირი კაფე იქნებოდა, ქალი ისეთი ავტორიტეტული და განათლებული ჩანდა, ამ მოკლე გასაუბრებაშიც კი.
სალომე ტახტიდან გადმოძვრა და შუქი ჩააქრო, მერე კი საწოლზე მოიკუნტა.
ეს სამუშაო აუცილებლად უნდა ეშოვა.

.

.

-*-*-*-*-*-2
სალომეს სმენა დილის ხუთ საათზე იწყებოდა. იგი ოთხის ნახევარზე ძლივს წამოდგა ლოგინიდან, რომ ჩაეცვა, მოწესრიგებულიყო და დროზე გასულიყო. დღეს ცოტა სასიამოვნოდ უნდა ჩაეცვა, კაფე „პროვანსში“ მიდიოდა გასაუბრებაზე იმ ქალთან, ბოლოს და ბოლოს! მისი გარდერობი სასიამოვნოდ ჩაცმისათვის ბევრ არჩევანს არ იძლეოდა, მაგრამ რამეს აარჩევდა მაინც. სალომემ თავის ტანსაცმელს გადახედა, რომელიც ეტაჟერის უჯრაში ეწყო და ნელა ამოაძრო კოხტად დაკეცილი შავი ფერის კაბა. ყელიანი, ცოტათი დიდი ნაჭრის მთლიანი კაბა მთლიანად შესაფერისიც არ ეჩვენებოდა, მაგრამ ეს საუკეთესო არჩევანი ჩანდა. სალომემ ჩაიცვა, ნაცრისფრად გაცრეცილი დახურული ფეხსაცმელი მოირგო, შეეცადა, თმისთვის რაღაც მოეხერხებინა და ოთხ საათზე სახლიდან გავიდა.
მაღაზიაში რომ მივიდა, ისე შეაგდეს დახლის უკან, თითქოს უგრძესი რიგები მდგარიყო, მაგრამ სინამდვილეში ხუთიოდე ადამიანი ძლივს იქნებოდა. სალომემ თორმეტ საათამდე ამ პატარა მაღაზიაში გაატარა დრო, სწრაფად დაემშვიდობა თავის შემცვლელს და ზურაბის კაფესკენ გაეშურა. იმედოვნებდა, რომ ზურაბი გაათავისუფლებდა სამისათვის, რომ გასაუბრებაზე წასვლა მოესწრო.
სალომემ დიდი ხვეწნის შემდეგ, მოახერხა, რომ უნდობლობით და სიჯიუტით აღსავსე ზურაბი გაეტეხა და თავი გაეთავისუფლებინა. მოუყვა სამუშაოს შესაძლებლობაზე და ისეთი აღტაცებით უხსნიდა მცირეოდენ დეტალებს, რაც სამუშაოს შესახებ იცოდა, რომ ზურაბი ბოლოს და ბოლოს, დაეთანხმა. გახარებულმა სალომემ ასევე „პროვანსის“ მისამართი გამოჰკითხა და სამს ხუთი წუთი აკლდა, როცა კაფეს წინ იდგა, გამოჭიმული და ჩანთას ნერვიულად ჩაჭიდებული. აქეთ-იქით იხედებოდა და ადგილზე ირწეოდა ნერვიულობისაგან.
-აჰააა, ვხედავ რომ პუნქტუალური ხართ… ეს კარგია. – გოგონა თითქმის შეხტა მოულოდნელობისაგან, როცა მარჯვნიდან ნაცნობი მელოდიური ხმა გაიგონა. სალომე შეტრიალდა. მისგან ორიოდე მეტრის დაშორებით მაღალი, ძალიან ლამაზი შავთმიანი ქალი იდგა, გრძელ, კრემისფერ პალტოში გამოწყობილიყო და ირონიულად იღიმებოდა.
-თქვენ… თქვენ ქალბატონი ირინა ბრძანდებით, არა? – სალომემ ფეხი მოინაცვლა, უხერხულად გრძნობდა თავს ამ ლამაზი, აშკარად მდიდარი და გემოვნებიანად ჩაცმული ქალის გარემოცვაში.
-დიახ. მე ირინა ვარ. თქვენი სახელი, თუ შეიძლება… თუმცა, მოდით, ჯერ დავსხდეთ… – ირინა შეტრიალდა, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა კაფეს შესასვლელისაკენ და სალომე აჩქარდა, რომ არ ჩამორჩენოდა.
ქალი როგორც კი შევიდა, მაშინვე პალტო გაიძრო და მისკენ სწრაფი ნაბიჯით მომავალ ოფიციანტს გადასცა. სალომემ მის მაგალითს მიბაძა და ცოტა გაუბედავად გაუწოდა თავისი შავი ჟაკეტი ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ისე დახედა მას, თითქოს უცხოპლანეტელი ყოფილიყო. ალბათ მართლაც სხვა პლანეტიდან ჩამოსულივით გამოიყურებოდა ამ მდიდრულ კაფეში, თავის ნაჭრის კაბაში გამოწყობილი…
ირინა მაშინვე გაემართა კედელთან მდგომი მაგიდისაკენ, ჩანთა სკამის საზურგეზე ჩამოჰკიდა და ჩამოჯდა. სალომე მის პირდაპირ დაჯდა და კალთაში დადებული ჩანთა მაგრად ჩაბღუჯა.
-მაშ ასე. – დაიწყო ქალმა და მის წინ მჯდარი გოგონა აათვალიერ-ჩაათვალიერა. – თქვენი სახელი?
-სალომე. კიკნაველიძე სალომე. – უპასუხა მან.
-მჰმმმ. კარგით. აბა მითხარით, კულინარიაში ხელი გაწაფული გაქვთ? ამ სამუშაოში მზარეულობა ძალიან დაგჭირდებათ.
-დიახ, დიახ, მზარეულობა მეხერხება! – სწრაფად ამოთქვა სალომემ. – მე… მე უკვე სამი წელია რაც მარტო ვცხოვრობ და შესაბამისად, მომიწია სწავლა… ასევე დასუფთავებაც კარგად ვიცი…
-ასაკი? – შეაწყვეტინა ირინამ, თვალები მოჭუტა და საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიყრდნო.
-ცხრამეტისა ვარ. – მიუგო გოგონამ. – სკოლა სამი წელია, რაც დავამთავრე….
-თანახმა ხართ ქალაქგარეთ ცხოვრებაზე? – ჩაეკითხა ირინა და გამჭოლი თვალებით დააცქერდა.
-გარეუბანს გულისხმობთ? არა, მე არა მაქვს პრობლემა…
-არ ვგულისხმობ გარეუბანს. – ცივად მოჭრა ქალმა და თითები ერთმანეთს გადააჭდო. – მე ვგულისხმობ ქალაქგარეთ. ადამიანი, რომლის მოსამსახურედაც შეიძლება დაინიშნოთ, ქალაქიდან ორმოცდაათიოდე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. – იგი გაჩუმდა და გოგონას დაჟინებით ჩააშტერდა.
სალომემ პირი დააღო.
-აჰა… – ამოთქვა მან. – კარგით… არა, მართლა, არა უშავს… – გადაწყვიტა მან და ქალს თვალი გაუსწორა. „ცუდი არ იქნება ცოტა ხანი ქალაქს მოშორება… თან ალბათ რაიმე კოტეჯი ან საზაფხულო სახლია, ან რამე ასეთი…“ გაუელვა თავში. – მე თანახმა ქალაქგარეთ ვიმუშაო.
– კარგია. – თქვა ირინამ და ცივად გაიღიმა. – მაშასადამე, თანახმა ხართ. კიდევ ერთი: ადამიანი, ვისთვისაც შეიძლება იმუშაოთ, მამაკაცია, ოცდაოთხი წლისა. ეს ხომ არ გაწუხებთ?
სალომემ ცოტა დაბნეულმა შეხედა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას? „უცნაურ კითხვებს სვამს…“ გაიფიქრა მან.
-არა, არ მაწუხებს. ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა… – უპასუხა გოგონამ.
-კარგით. და ეს მამაკაცი ცოტა… – ირინამ ჩაახველა, თითქოს სიტყვას ეძებდა. – …როგორ გითხრათ… ტემპერამენტული და მოუთმენელია. ამას გაუმკლავდებოდით?
სალომე მოიღუშა.
-…ქალბატონო ირინა, მე ვერ გავიგე, რატომ მისვამთ ასეთ კითხვებს… – თქვა მან და უყურებდა, როგორ აიწია ქალის ელეგანტური მარჯვენა წარბი ზემოთ. – მე სამუშაო მჭირდება და მომწონს ის, რასაც მთავაზობთ. სიმართლე გითხრათ, არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, თუ როგორია იგი… მე, როგორც მესმის, მხოლოდ მევალება სახლი დავასუფთავო და საჭმელი გავაკეთო…
-და არა მარტო. – მოუჭრა ირინამ და ოდნავ წინ გადმოიწია. – თქვენ მას კომპანიონობა უნდა გაუწიოთ, რადგან მოგიწევთ მასთან ერთად იცხოვროთ ერთ სახლში, მხოლოდ თქვენ ორმა. ამ კითხვებს იცით რატომ გისვამთ? – ქალი მას თავისი ნაცრისფერი თვალებით ბურღავდა, ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები აუთრთოლდა. – წინა ორი წლის განმავლობაში იცით რამდენი მოსამსახურე გამოიქცა იქედან? იცით? ოცდაცხრა, გენაცვა, ოცდაცხრა! წარმოგიდგენიათ? თქვენ ოცდამეათე ბრძანდებით! ამიტომ გთხოვთ, მიპასუხეთ იმ კითხვაზე, რომელსაც გისვამთ, რადგან თუ გისვამთ, ესე იგი მნიშვნელოვნად მიმაჩნია!
ირინამ ღრმად ამოისუნთქა, უკან გადაიწია და ხელი შუბლზე შემოიდო. სალომე გაოცებული და უხერხულობაში ჩავარდნილი შეჰყურებდა. ამას ნამდვილად არ ელოდა…
-…არა უშავს. – თქვა მან წამიერი სიჩუმის შემდეგ. – არა უშავს რომ ტემპერამენტულია. მე მოვახერხებ რამეს…
ირინა არ განძრეულა. შუბლზე შემოდებული ხელი ჯერ კიდევ უკანკალებდა. მან კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა და გასწორდა. სალომე შეწუხებული მიაჩერდა. უნდოდა რაღაც სანუგეშო ეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა.
-მაშ კარგი. – ქალმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარიყო და გოგონას თვალი გაუსწორა. – კარგი მოსაუბრე ხართ? შეგიძლიათ საუბარში ერთი თემა ამოწუროთ და მეორეზე გადახვიდეთ?
-…ალბათ, აბა რა ვიცი… – ამოილუღლუღა სალომემ. – მე დიდად არ მიყვარს ლაპარაკი, კითხვა უფრო მსიამოვნებს…
ირინამ კრიტიკული თვალი შეავლო და თავი დააქნია.
-ახლა რამდენიმე მინიშნებას მოგცემთ და კარგად დაიმახსოვრეთ. გააკეთეთ რაც გევალებათ და არაფერი ზედმეტი. თუ იგი გეტყვით, რომ რაიმე არ უნდა გააკეთოთ, ნუ გააკეთებთ. ნუ გააბრაზებთ, მისდიეთ მის ბრძანებებს. გასაგებია? შეასრულებთ ამას?
სალომე ჯერ ჩუმად მიაშტერდა, მერე კი თავი დაუქნია.
-დიახ,  შევასრულებ…
-კარგია. – ირინა საზურგეს მიეყუდა. – მაშ, ახლა თქვენს თვიურ ანაზღაურებაზე ვილაპარაკოთ. ხუთი ათასი საკმარისი იქნება? რა თქმა უნდა, ხელზე მიიღებთ…
სალომემ პირი დააღო. ხუთი ათასი ლარი თვეში?! „ნუთუ სერიოზულად მეუბნება…“
-როგორ არა… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – ხუთი ათასი… ზედმეტიც კია…
ირინამ ცივად გაიღიმა.
-თუ ერთი თვე გაძლებთ, ნახავთ, რომ სულ არ არის ზედმეტი. – თქვა მან მოკლედ და სალომეს თავისი გამჭოლი თვალებით დააცქერდა.
„რას აკეთებს? ჩემი შეშინება უნდა თუ ის უნდა, რომ სამუშაოზე უარი ვთქვა?“ გაიფიქრა სალომემ და უხერხულად შეიშმუშნა. ირინამ აშკარად შენიშნა მის დისკომფორტი და მისმა სახემ სასიამოვნო გამომეტყველება მიიღო.
-და… როდის დავიწყო? – ჩაეკითხა გოგონა. – ორშაბათიდან?
-მინდა, რომ ხვალიდანვე დაიწყოთ. – ირინამ გადაჭდობილ თითებზე დააბჯინა ნიკაპი. სინათლის შუქზე წითლად შეღებილი ფრჩხილები აულაპლაპდა. – თქვენი მისამართი დამიწერეთ, მოგაკითხავთ მანქანა და გაგიყვანთ. – ქალი შეტრიალდა და ჩანთიდან ტყავგადაკრული წიგნაკი ამოაძრო. მერე კი გაშალა და სალომეს მიუჩოჩა.
გოგონამ წიგნაკში ჩადებული კალამი აიღო და სწრაფად დაწერა თავისი მისამართი. უბრალოდ არ სჯეროდა, რომ ეს ხდებოდა, სულ მალე ქალაქგარეთ სახლში იცხოვრებდა, ვიღაც ბიჭთან ერთად, მოსამსახურედ. თან თვეში ხუთი ათასი ლარი ანაზღაურებით…
-მაშ კარგი. – ირინა ფეხზე წამოდგა, სალომეც ინსტინქტურად აჰყვა მას. – შეკარით ბარგი და ხვალ ნაშუადღევის ოთხი საათისათვის დაელოდეთ მანქანას. შავი ფერის მერსედესი. წარმატებებს გისურვებთ. – თქვა მან მოკლედ და სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა კაფე, შემოსასვლელში გამაგრებულ ოფიციანტს პალტო ჩამოართვა, ჩაიცვა და გარეთ გავიდა.
სალომე ჯერ კიდევ მაგიდასთან იდგა, მთელი საუბრით ცოტა დაბნეული, მაგრამ მალევე გამოერკვა და თვითონაც აჩქარდა, რომ კაფედან გასულიყო. როცა გადიოდა, ჟაკეტი კინაღამ დაავიწყდა, მაგრამ კიდევ კარგი, იმ ოფიციანტმა გამოუწოდა. სალომემ „მადლობა“ ჩაიბურტყუნა და კაფე დატოვა.
-*-*-*-*-*-
დილით გოგონამ ორივე სამსახურში გაიარა და ორივეგან დაეთხოვა. მისმა წასვლამ მაღაზიაში კინაღამ მესამე მსოფლიო ომი წარმოშვა, რადგან მაღაზიის პატრონს არ სურდა თანამშრომლის გაშვება, მაგრამ სალომემ მოახერხა გამოქცევა. ზურაბმა უთხრა, რომ მოხარული იყო, რომ მან სამუშაო იშოვა და აუცილებლად შეატყობინებდა ამას მარიამს. სალომე ზურაბის კაფედან გახარებული და დაიმედებული გამოვიდა.
გოგონამ თავისი პატარა ჩემოდანი ჩაალაგა და ოთხს რომ თხუთმეტი წუთი უკლდა, უკვე კორპუსის წინ იდგა. შავი მერსედესი ზუსტად ოთხ საათზე შემოგრიალდა ეზოში, იქედან გადმოსულმა გამხდარმა, მელოტმა მძღოლმა სალომეს ჩემოდანი საბარგულში ჩადო და თვითონ გოგონა უკანა სავარძელში ჩასვა.
მთელი გზა ჩუმად იყვნენ. სალომე ძალიან ნერვიულობდა, წამდაუწუმ იხედებოდა ფანჯარაში დაშემოგარენს ათვალიერებდა. ნახევარი საათი სიარულის შემდეგ, მთავარი ტრასიდან სადღაც გადაუხვიეს და ტყის გასწვრივ მოძრაობდნენ. თხუთმეტი წუთის შემდეგ მძღოლმა მანქანა შეაჩერა. სალომემ გაფაციცებით მიმოიხედა, რომ სადმე სახლი დაენახა, მაგრამ ვერაფერიც ვერ შეამჩნია. გარშემო მხოლოდ მინდორი და მასთან მომიჯნავე ტყე ჩანდა.
-მოვედით? – გაუბედავად იკითხა მან. – სად არის სახლი?
-ტყეშია. – უპასუხა მძღოლმა და ტყისკენ გაიშვირა ხელი. – აი, იმ ბილიკს ხედავ? იმას უნდა გაჰყვე და არსად არ უნდა გადაუხვიო. ის პირდაპირ სახლთან მიგიყვანს.
გოგონამ თვალები მოჭუტა და ჩააკვირდა აბალახებულ, ვიწრო ბილიკს, რომელიც ტყეში შედიოდა.
-აჰა… – ჩაიბურტყუნა სალომემ. – და… ბევრია დარჩენილი იქამდე?
-ოთხიოდე კილომეტრი. – მძღოლმა მხრები აიჩეჩა. – მე გაგიყვანდი, მაგრამ მანქანის სასიარულო გზა ნამდვილად არ არის. ეგ სახლი მთლად იზოლირებულია.
სალომე ცოტათი შეშინებული მიაშტერდა. ოთხი კილომეტრი ამ უცნობ ტყეში თავისით გაევლო? ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა.. რომ მივიდოდა, შებინდებული იქნებოდა უკვე…
-კარგით… – ამოღერღა მან, იცოდა, რომ ვერაფერს გააწყობდა. მანქანის კარი გააღო და ნელა გადავიდა, მერე კი დადგა, რომ ტყე შეეთვალიერებინა. უკნიდან მანქანის კარის გაღების ტკაცუნი გაისმა. სალომე მოტრიალდა. მძღოლი გადმოსულიყო და საბარგულს აღებდა, მან ჩემოდანი გადმოიღო და სალომეს მიაწოდა.
-და ისა… – ჩაილაპარაკა გოგონამ, როცა ჩემოდანი ჩამორთვა, – უკაცრავად, ხომ არ იცით, იქ მცხოვრებ მამაკაცს რა ჰქვია? რომ პირდაპირ დავუძახო სახელი, როცა მივალ…
მძღოლმა უცნაურად გადმოხედა და თავი გააქნია.
-აბა რა გითხრა… მეც აღარ ვიცი, რა ჰქვია… არა მგონია, ესიამოვნოს, როცა სახელს დაუძახებ. – მან თავი ასწია და სალომეს დაბნეულ სახესა და გაფართოებულ თვალებს რომ წააწყდა, ამოიხვნეშა. – ოჰ, კარგი. ლაშა ჰქვია, ლაშა. ოღონდ სახელი არ დაუძახო.
-მაშინ… მაშინ რაღა დავუძახო? – უფრო დაიბნა სალომე.
მძღოლმა თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა.
-არაფერი. – მიუგო მან და მანქანაში ჩაჯდა. მანქანა დაქოქა, და ფანჯარა ჩამოსწია, რომ თავი გამოეყო.
– წარმატებებს გისურვებ. – თქვა მან, ფანჯარა ისევ ასწია და მანქანა მინდვრიდან გადაიყვანა.
სალომე ცოტა ხანი შეჰყურებდა მის მანქანას, მერე კი ჩემოდანი უფრო მაგრად დაიჭირა ხელში, შემოტრიალდა და ბილიკს დაუყვა.
ბილიკი აბალახებული იყო, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ ზედ სისტემატიურად დადიოდნენ. „ნეტავ თვითონ ლაშა დადის აქ სასეირნოდ?“ გაიფიქრა გოგონამ და შეეცადა არ შემხტარიყო, როცა სადღაც ტყეში ყვავმა დაიჩხავლა. „უნდა დავმშვიდდე… პირდაპირ უნდა ვიარო, არსად არ უნდა გადავუხვიო და მალევე მივალ…“ გაუელვა მას თავში და ნაბიჯს აუჩქარა, თან გაოფლიანებული ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა ჩემოდნის სახელურს. ბილიკი იკლაკნებოდა და რამდენიმე ადგილას იყოფოდა, მაგრამ სალომე ჯიუტად ადგა მთავარ გზას. ისედაც ეშინოდა, ხეებით შემოჯარულ სივრცეში მარტო სიარული და არ აპირებდა რომ აქ დაკარგულიყო. ნელ-ნელა ბნელდებოდა, გოგონამ ზემოთ აიხედა. უზარმაზარი ხეების წვერები ოქროსფრად იყო განათებული. „მზე ჩადის“ გაიფიქრა სალომემ და კიდევ უფრო აუჩქარა ნაბიჯს.
მისი გამოთვლით, საათზე ცოტა მეტხანს იარა, როცა ტყემ მის გარშემო ოდნავ შემეჩხერება დაიწყო და ერთი მოსახვევის იქით გოგონამ გასასვლელი დაინახა, რომელიც პირდაპირ ებმოდა გადაბარდულ ადგილს. სალომემ თითქმის სირბილით ჩაათავა ბილიკი და ტრიალ ადგილზე გავიდა, რომელიც ხეებით იყო გარშემორტყმული.
პირველი, რაც შეამჩნია, უშველებელი სახლი გახლდათ, რომელიც თეთრი ქვით იყო ნაშენები, მაგრამ დროს და მოუვლელობას ჭუჭყი დაედო და სურო მოსდებოდა. სახლი ალბათ ოთხსართულიანი იქნებოდა, და მეხუთე სართულად პატარა სხვენის მსგავსი სამკუთხედის ფორმა შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომლის ფანჯარაც ჩამავალი მზის შუქზე ლაპლაპებდა.  წინა მხარეს, მეორე სართულზე სახლს უშველებელი აივანი ჰქონდა, რომელიც წინა მხრიდან თითქმის მთლიანად იყო დაფარული ჩამოზრდილი სუროთი.
სახლამდე კენჭებით მოკირწყლული, ბალახიანი გზა მიდიოდა, რომელსაც სალომე დაუყვა. სახლის გარშემო ადრე აშკარად დიდი ბაღი იყო, რომელიც ახლა თითქმის განადგურებული გახლდათ. მცენარეები ჩამხმარიყვნენ, და ველური, წელამდე ბალახი მოდებულიყო ყველგან. სალომემ ნერწყვი გადაყლაპა და ისე ააბიჯა შესასვლელის წინ დაგებულ მარმარილოს კიბეებზე. ეს ადგილი უკვე არ მოსწონდა, რაღაცნაირი შიშის გრძნობას ნერგავდა მასში.
გოგონამ ხელი ასწია, მიმოიხედა და ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ მაინც დააკაკუნა და გულისცემააჩქარებულმა, მაგრად ჩაბღუჯა თავისი ჩემოდანი.
არაფერი.
ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა.
სალომეს სუნთქვა აუჩქარდა, ხელები აუკანკალდა. კიდევ ერთხელ, უფრო მაგრად დააკაკუნა.
ისევ არაფერი.
გოგონამ ფეხი მოიცვალა, მიიხედ-მოიხედა, უკან მოათვალიერა ჩამომხმარი ბაღი. ზურგი აექავა, თითქოს ვიღაც უყურებდა დაჟინებით…
სალომემ სახელურს დახედა. სახელური ჩუქურთმებით იყო მორთული, რომელიც ეხამებოდა მთავარი კარის ჩუქურთმებს…
„კარგი, უნდა დავწყნარდე…“ გოგონამ ამოისუნთქა და ხელი მომუშტა, შემდეგ კი მთელი ძალით, სწრაფად დააწვა სახელურს.
ჩხაკუნი გაისმა და კარი ჭრიალით გაიღო.
სალომემ უცებ ინატრა, რომ აქ საერთოდ არ ჩამოსულიყო და ისევ ზურაბის კაფეში ყოფილიყო ახლა…
კისერი წაიგრძელა, გამშრალი ტუჩები მოილოკა და სახლში შეიჭყიტა.
შიგნით ბნელოდა, და ჩამავალი მზის შუქმა ზოლი გააჩინა იატაკზე. უამრავი მტვრის ნაწილაკი დაფრინავდა მზის შუქზე.
სალომემ ძალა მოიკრიბა, კარს მიაწვა და შეაღო, ისე რომ მისი ჩრდილი მთლიანად მოჩანდა, მერე კი გაუბედავად შეაბიჯა.
-… ისა, უკაცრავად… – ხმამაღლა თქვა მან, და შეეცადა გამშრალი ყელი ჩაეწმინდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ცდილობდა, რამე დაენახა. მალევე გაარჩია უზარმაზარი შესასვლელი და ორ მხარეს ამავალი კიბე. – ….მე-მე ახალი მოსამსახ…
სიტყვა გაუწყდა და გული კინაღამ მკერდიდან ამოუვარდა, როცა ერთი შხუილი და მის უკან, კარი გამაყრუებელი ბრახუნით დაიხურა, რომელმაც მთელი სახლი შეაზანზარა. სალომემ პირზე ხელები მოიჭირა, რომ არ ეკივლა და სწრაფად შემობრუნდა, ჩემოდანი კი ყრუ ბათქით დაუვარდა ძირს.
-ჩვენ აქ ვკეტავთ კარებებს. – გაისმა ბნელში დაბალი ხმა და მოულოდნელობისაგან სალომე უკან წაბარბაცდა, დაფეთებული აცეცებდა თვალებს, და ბოლოს ძლივს გაარჩია კართან მდგარი მაღალი, მამაკაცის ფიგურა, რომელსაც ცალი ხელი კარისათვის მიეყრდნო და პირი მისკენ მიებრუნებინა. გოგონა მის სახეს კარგად ვერ ხედავდა, მას კაპიუშონი გადმოეფარებინა თავზე და ძლივს გაარჩევდით მისი სახის ქვემოთა მხარეს, გაუპარსავ ყბებსა და ნიკაპს.
მერე კი ფიგურამ ცივად გაიცინა და კბილები გამოაჩინა.
-ახალი ხარ, ხომ? – იკითხა მან.
-=-=-=-=-
ლაშა: 24 წლის, 188 სმ. შავი თმა, ღია თაფლისფერი თვალები.
-*-*-*-*-*-3
სალომე სუნთქვაშეკრული და მთლად აკანკალებული შეჰყურებდა კართან მდგარ მამაკაცის ფიგურას. ძლივს გადახარშა, რას ეკითხებოდა იგი, მაგრამ ენა არ მოუბრუნდა, რომ ეპასუხა, მთელი სხეული თითქოს შოკსა და ადრენალინს მოეცვა.
ფიგურამ კარს ხელი მოაშორა და გასწორდა.
-მე მგონია, რომ შეკითხვა დაგისვი. – დაიღმუვლა მამაკაცმა. – შენ რა, ყრუ ხარ თუ მუნჯი? თუ გინდა, რომ აგალაპარაკო? – ფიგურა ნელა დაიძრა და დაფეთებულ სალომეს შიშმა როგორც ჩაუგდო ენა, ახლა ისევე ამოადგმევინა.
-ახალი მოსამსახურე ვარ, კიკნაველიძე სალომე! – ხმამაღლა, სწრაფად თქვა მან და ორი ნაბიჯით დაიხია უკან, მერე კი ხელები ასწია, თითქოს ისინი რაღაცნაირად დაიცავდნენ მასკენ მომავალი მამაკაცისაგან. ცოტათი დამშვიდდა, მიღებულმა შოკმა და ნერვიულობამ გაუარა.
-ოჰო… – თქვა მან და გაჩერდა, მერე კი ირონიულად ჩაიცინა. გოგონა თვალებგაფართოებული მიაშტერდა მას. ახლოდან უკეთესად ხედავდა. ფიგურას შავი, კაპიუშონიანი ჟაკეტი ეცვა, რომელსაც სახელოები არ ჰქონდა, მოხეული ჩანდა. შიგნით ემოსა მუქი მწვანე, ჭუჭყისაგან გამუქებული, გაცრეცილი მაისური, რომელსაც გრძელი სახელოები ჰქონდა. კაპიუშონი საკმაოდ დიდი იყო, და ისევ უფარავდა სახის ნახევარს, მაგრამ სალომემ გარკვევით დაინახა შავი, სახეს შემოვლებული თმა, რომელიც წინ, თვალებში ჩამოჰყროდა და შუბლს უმალავდა, კაპიუშონთან ერთად.
მამაკაცმა თავი გვერდით გადასწია და სალომეს კრთომა აღმოხდა, როცა მას პირდაპირ ჩააშტერდა ღია თაფლისფერი, თითქმის მუქი ოქროსფერი თვალი.
-როგორც ჩანს, დედიკომ ისევ იპოვა კიდევ ერთი პათეტიკური, ფულს დახარბებული იდიოტი… – გამოსცრა მან უცებ კბილებში და გასწორდა, ისე რომ სახე და თვალი ისევ დაემალა. სალომე ჯერ გაოცებული მიაშტერდა, მერე კი მოიღუშა.
-უკაცრავად, მე არა ვარ… – დაიწყო მან, მაგრამ სიტყვა გაუწყდა, როცა მამაკაცი მისკენ მკვეთრად გადმოიწია.
-ვინმემ გითხრა, რომ პასუხის გაცემაა საჭირო? – დაისისინა მან. – მე არ მიკითხავს შენი აზრი, გასაგებია? არ მაინტერესებს, რამდენი მოგცა დედიკომ, მაგრამ აი აქ მე ვარ უფროსი და მე გადავწყვეტ, რა ხარ და რა არა. გაიგე?!
მისი ღრიალი ცარიელ სახლში ექოს ტალღებად გავრცელდა და სალომემ კბილები ერთმანეთს დააჭირა, რომ არ შემკრთალიყო და კაპიუშონის ქვეშ გაჩენილ სიბნელეში დაჟინებით ჩააშტერდა. იმედოვნებდა, რომ ამ უტაქტო ბიჭს პირდაპირ თვალებში მისჩერებოდა და აგრძნობინებდა თავის ბრაზსა და წყენას…
-წამოდი. – უცებ მოჭრა მამაკაცმა მოკლედ და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კიბისაკენ. – და ეგ შენი ტომარა აიღე! არ მიყვარს, როცა აქეთ-იქით ყრიან ნივთებს…
სალომემ ენაზე იკბინა, რომ არ ეყვირა და არ გაეპროტესტებინა. „შენ რომ არ შეგეშინებინე ასე ძალიან, არ დავაგდებდი ამ ჩემოდანს! და ეს ჩემოდანია და არა ტომარა!“ გოგონამ სწრაფად აიტაცა ძირს დაგდებული ჩემოდანი და სირბილით გაჰყვა უკან კიბეზე ამავალ ფიგურას. კიბე რომ გაათავეს, უშველებელ დერეფანში გავიდნენ, რომელიც სავსე იყო უცნაური გობელენებითა და ზეთის საღებავების ნახატებით. ოთხი დიდი ფანჯარა იყო ჩარიგებული მთელი დერეფნის მანძილზე, მაგრამ ყველა მჭიდროდ იყო დაფარული გრძელი, ხავერდის ფარდებით, რომლებიც ისეთი მოუვლელი იყო, რომ სალომე ხედავდა, როგორი ჩამოძონძილი და ჭუჭყიანი იყო მთელი ნაჭერი. ამ დერეფნიდან კიდევ რამდენიმე პატარა დერეფანი გადიოდა და ყველგან უამრავი კარი იყო განლაგებული. სალომეს გასაკვირად, დერეფანში, კედელთან სამი მაღალი შანდალი იდგა, რომლებშიც მაღალი, სქელი პარაფინის სანთლები ენთო. სანთლები თითქმის ჩამწვარი გახლდათ, ნაღვენთი პარაფინი შანდალზე ჩამოსულიყო და ცოტა იატაკსაც კი მისწვდენოდა. იატაკზე დაგებული ფარდაგი ხასხასა წითელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სანთლების შუქზე ჩანდა, რომ ჭუჭყს ყავისფრად ექცია. „ოცდაცხრა მოსამსახურე მუშაობდა აქ და ვერცერთმა ვერ მოიფიქრა აქაურობის მოგვა მაინც?“ ამრეზით გაიფიქრა სალომემ და ინტერესით მიაჩერდა მოჩუქურთმებულ, ოთხი მეტრის სიმაღლე მასიური ხის კარებებს. „ალბათ აქ საძინებლებია,“ გაიფიქრა მან და უცებ წარმოიდგინა უზარმაზარ, აბრეშუმგადაკრულ ლოგინში დაძინება, საწოლის გარშემო ჩამოფარებული ფარდებით…
-აქ დარჩები. –  სალომე მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა. იგი დერეფნის ბოლოში, პატარა კართან იდგა, რომელიც იმ გრანდიოზულ კარებებთან შედარებით ორჯერ პატარა მაინც იქნებოდა. მან კარი მოაღო, გასაოცარი სისწრაფით მოავლო სალომეს ზურგზე მკლავი, ბეჭებში ხელი ჰკრა და ოთახში საოცარი ძალით შეაგდო.
გოგონამ მიმოიხედა და შეძრწუნებულმა შეამჩნია პატარა საწოლი, ჯერ კიდევ გაუსწორებელი და აბურდული თეთრეულით. ასევე, ოთახს ფანჯრის ნაცვლად პატარა სარკმელი ჰქონდა, რომლიდანაც ძლივს შემოდიოდა შუქი.
-აქ… ეს ხომ… ეს სხვისი ოთახია… – ამოილუღლუღა მან და შემოტრიალდა, რომ კარში მდგომი ფიგურისათვის შეეხედა. მამაკაცმა ცალყბად ჩაიცინა, ხელი ასწია და გაუპარსავი ყბა მოიფხანა.
-ახლა შენია. და იცი რა, არ არის აუცილებელი, რომ მოგეწონოს. მე მინდა, რომ აქ იყო და იქნები კიდეც. – მას ღიმილი გაუქრა და ტუჩები დაეღმიჭა.
-გასაგებია ალბათ. – თქვა მან და კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. – თუმცა არც კი გამიკვირდება, შენმა ჩამორჩენილმა ტვინმა რომ ვერ გაიგოს. – მან კარი მოიქნია და მოაჯახუნა. კარი დაიხურა და სალომე სიბნელეში დარჩა.
სალომე ცოტა ხანი იდგა და ჯერ კიდევ განცვიფრებული მისჩერებოდა იმ ადგილს, სადაც წამების წინ ის…ის… დამპალი ადამიანი იდგა. უცებ ძალიან მოუნდა, რაღაც ესროლა კარისათვის, ისე ძალიან, რომ მუშტები აუკანკალდა. მაგრამ შეეცადა, დამშვიდებულიყო და ამ საზიზღარი არსების დონეზე არ დაცემულიყო.
ამნაირ საზიზღარ ადამიანს ჯერ არ შეხვედროდა.
სალომემ ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოაძვრინა და გაანათა, რომ რამე დაენახა. ოთახი მოათვალიერა, რომ სადმე დაენახა ნათურა, ან ამომრთველ-ჩასართველი, მაგრამ ვერსად ვერაფერი იპოვა. ბოლოს კი ტელეფონი ლოგინზე დადო და მიმოიხედა. ლოგინთან პატარა ეტაჟერი იდგა, გამოღებული უჯრით, მთლიანად ცარიელი. კუთხეში კარადა იდგა, ერთი გამოღებული კარით. ყველაფერი სიჩქარეში მიტოვებული ჩანდა. სალომემ წარმოიდგინა მისი წინამორბედი, ამ იდიოტის ხასიათით დაფეთებული ქალი, რომელიც გამწარებული ტენიდა თავის ნივთებს ჩანთაში და მერე წივილ-კივილით გარბოდა.
ალბათ ეს სიამოვნებასაც კი ანიჭებდა იმ დეგენერატს.
სალომემ მუშტები მომუჭა. ამ სიამოვნებას იმას არ აგრძნობინებდა. „მაგას ვუჩვენებ…“ გაიფიქრა მან და მუშტები ისე შეკრა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო. აქ მოსვლამდელი ნერვიულობა, შიში და იჭვნეულობა მთლად გაუქრა და საოცრად სწრაფად შეეცვალა ბრაზით „ლაშას“ მიმართ. „ჰო… ლაშა ჰქვია…“ გაიფიქრა სალომემ და მოიღუშა. „მომენტალურად შემძულდა ყველა ლაშა ამ ქვეყანაზე, მემგონი…“ გაუელვა თავში.
მერე კი საცოდავად გადახედა გამოუცვლელ, აბურდულ თეთრეულს და ტანში გააჟრჟოლა.
აქ არავითარ შემთხვევაში არ დაწვებოდა.
მართალია, ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ ესმოდა მაინც სისუფთავის მნიშვნელობა და ფასი, ამ ღორისაგან განსხვავებით.
მერე იდეა მოუვიდა.
ტელეფონი ჩაიჯიბა, ჩემოდანი ხელში აიტაცა, ფრთხილად მიეპარა კარს და მიაყურადა.
ჩამიჩუმი არ ისმოდა.
სალომემ ნელა ჩამოსწია კარის სახელური და შეკრთა, როცა კარის ანჯამებმა დაიჭრიალეს. ცოტა ხანი შეიცადა, გატრუნული უსმენდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგონა. ამიტომ ფრთხილად გამოსრიალდა ოთახიდან, კარი მიხურა და ფრთხილად ჩაიპარა დერეფანში. მიუახლოვდა უზარმაზარ, მოჩუქურთმებულ კარს, რომელსაც ადრე მისჩერებოდა და რომელიც პირდაპირ მოსამსახურეების ოთახის გვერდით მდებარეობდა.
 სახელურზე იმედიანად დაადო ხელი და დასწია.
კარი უხმაუროდ გაიღო.
და მაინც და მაინც მაშინ, სალომემ ნაბიჯების ხმა გაიგონა, ვიღაც კიბეზე ამოდიოდა.
მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ლაშას მეტი?
სალომე სწრაფად შეცურდა ოთახში და კარი, როგორც შეეძლო, ისე უხმაუროდ და სწრაფად მოკეტა. მერე კი დაიხარა, გულისცემააჩქარებული და მთლად აკანკალებული, რომ გასაღების ღრიჭოში გაეხედა.
ნაბიჯები მოახლოვდა, და წუთი არ იყო გასული, რომ სალომემ დაინახა, როგორ გაიარა ფიგურამ ოთახის გვერდით.
მერე კი განცვიფრებულმა და აღშფოთებულმა სალომემ გაიგონა კლიტის ჩხაკუნი მეზობელი, მოსამსახურეების ოთახიდან.
განცვიფრებისაგან პირი დააღო.
„ეგ დამპალი, უსირცხვილო დეგენერატი….“ გაიფიქრა გოგონამ, თან პირზე ხელი აიფარა. „ოთახში ჩაკეტვას მიპირებდა…“ ლაშამ ისევ ჩაუარა ოთახს და სალომემ სიძულვილითა და ზიზღით სავსე თვალები გააყოლა. „არ მიკვირს, რომ მოსამსახურეები არ უჩერდებოდნენ…. ჩაკეტავდა და მაშინ გამოუშვებდა, როცა ენდომებოდა… დამპალი იდიოტი…“
კიბეზე ჩამავალი ნაბიჯების ხმა რომ მიწყდა, სალომე ფეხზე წამოდგა და შეეცადა, მრისხანებით აღსავსე სხეული დაეცალა და დამშვიდებულიყო.
„სამაგიეროდ, მე აქ ვარ! ჰა! მიიღე ხომ?“ სალომემ გონებაში ტრიუმფატორული ცეკვა გააკეთა და ამაყად ასწია თავი. „მე ამ ოთახში დავიძინებ, დილით მაშინ ჩამოვალ, როცა მომენდომება და იმტვრიე მერე თავი…“ გაიფიქრა მან, და ოთახი მოათვალიერა.
ოთახი საოცრად მდიდრული იყო. ფანჯარაზე ჩამოკიდებული ფარდები ოდნავ გადაეწიათ და უკვე ჩანავლებული მზის შუქი შემოდიოდა. სალომე ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდები გადასწია. ფანჯარა პირდაპირ ტყეს გადაჰყურებდა.
სალომე შემოტრიალდა, და ჩემოდანი ძირს დადო. ლოგინი მართლაც დიდი იყო და იმის მიუხედავად, რომ ფარდები არ ჰქონდა, სამაგიეროდ სქელი, აბრეშუმგადაკრული საბანი ეფარა და როცა გოგონამ საბანი გადასწია, რამდენიმე დიდი ბალიში და ასევე აბრეშუმის ზეწარი დახვდა.
სალომემ სწრაფად გამოიცვალა და პიჟამა ჩაიცვა, მერე კი ლოგინში შეცურდა და თვითკმაყოფილების გრძნობით მოცული, ძილს მიეცა.
-*-*-*-*-*-
რომ გაიღვიძა, ჯერ კიდევ ადრე იყო. ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ მზე ახლაღა ამოდიოდა და ფანჯრიდან შემოსული ათინათი იატაკზე დათამაშობდა. სალომე ნეტარად გაიზმორა და ეტაჟერზე დადებულ ტელეფონს გადასწვდა დროის გასაგებად. ექვსის ნახევარი იყო. გოგონა ლოგინიდან გადმოგორდა, და ჩაიცვა. სადმე სააბაზანოს მოძებნა იყო საჭირო. „იმ დეგენერატმა არც კი იკადრა, რომ ჩემთვის სააბაზანო ოთახი ეჩვენებინა,“ ბრაზით გაიფიქრა სალომემ, ლოგინი გაასწორა და ჩემოდანი მის ქვეშ შეაცურა.
ის იყო, რომ ჟაკეტს იცვამდა და იმაზე ფიქრობდა, თუ სად მოეძებნა სამზარეულო, რომ მოახლოებული ჩუმი ნაბიჯები გაიგონა და წამსვე გასაღების ღრიჭოს მივარდა.
ლაშა მოსამსახურეების ოთახს მიადგა და სალომემ კიდევ ერთხელ დააღო პირი, როცა კლიტის ჩხაკუნი გაიგონა. დამპალი სადისტი ოთახს აღებდა!
ლაშამ ისევ ჩაუარა ოთახს და სალომე შეეცადა, ჩამოვარდნილი ყბა რამენაირად აეწია და ინფორმაცია გადაეხარშა. ლაშამ წინა ღამეს ოთახის კარი ჩაუკეტა და ახლა კიდევ, დილაუთენია, ისევ გააღო. „ეს ბიჭი გიჟია, მემგონი…“ გაიფიქრა სალომემ და თავი გააქნია.
მერე კი, კართან ჩაყუნცული, დაფიქრდა.
ლაშამ ოთახში იმიტომ გამოკეტა მთელი ღამე, რომ დარწმუნებულიყო, რომ იგი არსად გაიქცეოდა. „შტერო!“ გონებაში დაიყვირა სალომემ და მრისხანებამ სახე დაუღმიჭა. „არ მომექცე დასრულებული იდიოტივით და არ მომინდება გაქცევა!“
ქშენით წამოდგა ფეხზე, კარი წყნარად გააღო და ნელა გაემართა კიბეებისაკენ. კიბე რომ ჩაათავა, მისდა გასაკვირად, დაინახა, როგორ გამოდიოდა მარჯვენა მხარეს ღია კერიდან შუქი. სალომე ნელა მიუახლოვდა კარს და შიგნით შეიჭყიტა.
ლაშა თეთრ სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და თავი მარცხენა ხელზე ჩამოეყრდნო. წინ, თეფშზე შემწვარი ათქვეფილი კვერცხი და ხორცი ეწყო, რომელსაც იგი უგუნებოდ ჩიჩქნიდა ჩანგლით. ისევ ისე იყო ჩაცმული, როგორც წინა დღეს და სალომემ თავი გააქნია მის ჭუჭყიან ტანსაცმელზე.
მერე კი გადაწყვიტა დაერღვია დილის იდილია.
-სააბაზანო სად არის, ხომ ვერ მეტყვით? – თავაზიანად, მაგრამ ხმამაღლა იკითხა მან.
ლაშას თავი ზემოთ აიჭრა და მან ხელი ისე გაატოკა, თითქოს ჩანგალი უნდა ესროლა.
-აქ რა გინდა? – დაიღმუვლა მან და სალომეს გამოჩენილი მარცხენა თვალით მიაშტერდა. სახის დანარჩენ ნაწილს თმა და კაპიუშონის ჩრდილი უფარავდა.
გოგონამ საპასუხოდ მშვიდად შეხედა.
-ბატების მოწყემსვა. – სერიოზულად უპასუხა სალომემ და დაინახა, როგორ გაუელვა ლაშას თვალებში ცეცხლმა.
-ენას კბილი დააჭირე. – ბიჭი ფეხზე წამოდგა და მას ბნელი გამომეტყველებით დააშტერდა. ჩანგალს ისე მაგრად მოუჭირა ხელი, რომ სახსრები გაუთეთრდა. – მე თავაზიანობას მოვითხოვ. არ გამოიჩენ? – ლაშამ მუშტი დასცხო მაგიდას და სალომემ ძლივს შეიკავა თავი, რომ ადგილზე არ შემხტარიყო. – გამოგაჩენინებ.
-…მე უბრალოდ მაინტერესებს, სად არის სააბაზანო ოთახი. – უკან არ დაიხია სალომემ და გამბედავად ჩააშტერდა მაგიდასთან მდგარ ბიჭს თვალში.
-წადი და შენ თვითონ მოძებნე. – კბილებშუა გამოსცრა ლაშამ და ისევ დაჯდა სკამზე. – მე ეგ არ მეხება. ჩემი საქმეა, შენ სამუშაო მოგცე.
სალომემ იგრძნო, როგორ უფეთქავდა ნერვი საფეთქელში და პირი მოკუმა.
-როგორც ინებებთ… – თქვა მან და შემდეგ დააყოლა, – ბატონო ლაშა.
ლაშამ თავი წამოსწია, სახე მთლად გადაუფითრდა.
-სახელი… შენ საიდან იცი… – კბილებში გამოსცრა მან. – რატომ ამბობ…
სალომეს თვალები გაუფართოვდა.
ნელა დაიწია უკან…
ლაშა ელვის სისწრაფით წამოიჭრა ფეხზე და მაგიდას გადმოევლო. წამი არც კი იყო გასული, რომ მან სალომეს მხრებში წაავლო ხელი და კედელზე ხმამაღალი ბრახუნით მიაკრა.
-სახელს ნუ ამბობ! – დაიღრიალა მან და სალომეს შიშმა დაუარა სხეულში მისი გამომეტყველების დანახვაზე. ლაშას ტუჩები გაუფითრდა და მოეღრიცა, თვალი გაფართოებოდა და აუწერელი მრისხანებით, დაჟინებით მიშტერებოდა. – ლაშა აღარ არის, გასაგებია?! – დაიღრიალა მან და გოგონა ჯერ წინ წამოსწია, მერე კი მთელი ძალით მიაბრახუნა კედელს. სალომემ შეკივლება ამოუშვა, როცა თავი კედელზე მიახეთქებინეს. თავბრუ დაეხვა და ამაოდ ცდილობდა მხარში ფოლადის მარწუხებივით ჩაჭერილი ხელების მოშორებას.
-ის მოკვდა! – დაიღრიალა კიდევ ერთხელ ბიჭმა, სახე მთლად შეშლოდა. – მოკვდა, მოკვდა, მოკვდა, მოკვდა, მოკვდა! – თითოეულ სიტყვაზე უწყალოდ ანჯღრევდა გოგონას. სალომეს თავი მწარედ ეხეთქებოდა კედელს, უკვე ამღვრეულად ხედავდა მის წინ მდგარი ბიჭის სახეს, ხელები მთლად მოუდუნდა, ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას…
ბოლოს რაც ახსოვდა, ლაშას გაფართოებული თვალი და მასში ჩამდგარი შიში იყო.
მერე კი სიბნელეში დაინთქა.
-*-*-*-*-*-*-4
ლაშას ის ახსოვდა, რომ გამგელებული,  ბრაზისაგან ჭკუაზე გადასული ახეთქებდა ამ უტვინო გოგოს კედელზე, რომ მისთვის ჭკუა ესწავლებინა, წამში კი მის მკლავებში მოქცეული სხეული მოდუნდა.
ლაშამ მოულოდნელობისაგან ხელი გაუშვა და უკან დაიხია, მერე კი თვალებგაფართოებული დააშტერდა, თუ როგორ დაცურდა თითქოსდა უსიცოცხლო სხეული სამზარეულოს კედლის თეთრ კაფელზე და ყრუ ბათქით დავარდა ძირს.
მომენტალურად გაუქრა მრისხანების შეგრძნება.
წამსვე შიშმა და პანიკამ მოიცვა.
ანერვიულებული დაჰყურებდა გოგონას გვერდზე გადატრიალებულ თავს, ისე რომ მისი სახის მხოლოდ მარცხენა ნახევარი მოაჩანდა, და დილის შუქზე აბზინებულ, იატაკზე გადაშლილ თმას.
„ფუ შენი…“ გაიფიქრა ერთხელ და უაზროდ დადგა. ასეთი რაღაცის გაკეთება არასოდეს არ დასჭირვებია… ვერც ერთ მოსამსახურეს ვერ გაებედა, რომ მისთვის სახელი დაეძახა. ამასაც უნდა სცოდნოდა, რომ იმ სახელს ვეღარ იტანდა. რატომ? რატომ უნდა გაეხსენებინა მისთვის ყველაფერი? რატომ ახსენა… მისი სახელი?
ლაშამ ისევ დახედა იატაკზე გაწოლილ უსიცოცხლო სხეულს. და რაღა თქმა უნდა, გულწასული ადამიანისათვის არ მიეხედა ჯერ…
„ისე ვარტყმევინე თავი, რომ გრძნობა დაკარგა,“ გაიფიქრა მან და თავზე ხელები მთელი ძალით მოიჭირა. „სადამდე დავეცი…“
ცხოველურმა გრძნობამ წამოუარა, რომ ასე დაეტოვებინა აქაურობა, გაქცეულიყო და რამე დაემტვრია, დაელეწა, გაეფუჭებინა… ტყეში გასულიყო და ღრიალით აეკლო იქაურობა.
სხეული აუკანკალდა.
„არა.“ გაიფიქრა ბოლოს. „დღეს საკმარისი რამ გავაფუჭე…“
 მან კიდევ ერთხელ შეიგინა, მერე კი ნელა დაიხარა და სალომეს ცალი მკლავი მოხრილი მუხლების ქვეშ შეუცურა, მეორეთი კი თავი წამოაწევინა, რომ სხეულის ზემოთა ნაწილი თავის სხეულზე მიეყრდნო და აწევა გაადვილებოდა.
მერე კი გაახსენდა, რომ ორ წელიწადზე მეტი იყო, რაც ასე ახლოს არ ყოფილა სხვა ადამიანთან.
დაავიწყდა კიდეც თბილი შეგრძნება.
ლაშამ თავი გააქნია და გოგონას თავი მხარზე მიიყრდნო, მერე კი ხელი მოაშორა, რომ სხეულზე შემოეხვია.
მერე კი იგრძნო.
ხელზე რაღაც უცნაური, წებოვანი გრძნობა დაჰყვა. მან ელვის სისწრაფით ასწია ხელი, რომ ზედ დაეხედა. დილის შუქზე დაინახა ალისფერი ზოლები ხელისგულზე. სუბსტანცია მზის სინათლეზე ბრწყინავდა.
„ფუ ჩემი, სისხლი… სისხლი წამოუვიდა თავიდან….“ გაუელვა ლაშას თავში, სალომეს სწრაფად დაავლო წელზე ხელი და ზემოთ იოლად აიტაცა. მისდა გასაკვირად, გოგონა საკმაოდ მსუბუქი იყო. მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან და კიბეებისაკენ გაემართა.
„სად მაქვს წამლების ყუთი?“ უტრიალებდა თავში. „მემგონი ჩემს საძინებელშია, იქ დამჭირდა სადღაც წელიწადის წინ…“ გაიფიქრა მან და მარცხენა კიბეს სწრაფი ნაბიჯით აუყვა.
თავისი სახელი ორი წელზე მეტი იყო, რაც არ გაეგონა, და ამიტომ დაფრთხა. ამ ხნის განმავლობაში რის ჩაკვლასა და დამარხვასაც ცდილობდა, ყველაფერი ერთიანად აუვარდა თავში და თვალებში დაუბნელდა. იმ წამს მზად იყო მოეკლა კიდეც…
მაგრამ რასაკვირველია, იმდენი კონტროლი ჰქონდა, რომ ადამიანს არ მოკლავდა.
მაგრამ არც ის სურდა, რომ ადამიანისათვის ასე ეტკინა, იმის  მიუხედავად, რომ ახალ მოსამსახურეს ვერ იტანდა მისი გამბედაობისა და გახსენებული წარსულის გამო.
სირბილით ავიდა მესამე სართულამდე და საკუთარი საძინებლის კარი შეაღო. წიხლი ჰკრა გზაზე დაგდებულ, დალეწილ სკამს და აბურდულ ლოგინზე დაასვენა ხელში აყვანილი სხეული. მერე კი მოტრიალდა, რომ წამლების ყუთი მოეძებნა.
პირველად კარადას მივარდა, და გამოაღო. ტანსაცმლის უმრავლესობა დაფხრეწილი გახლდათ და ჩვრების გროვად იყო შეტენილი თაროებში. ლაშამ ერთად მოავლო ყველას ხელი და ძირს გადმოყარა, მერე კი ყველგან შეუდგა ყუთის ძებნას. ბოლოს, სადღაც, კარადის სიღრმეში იპოვა დამტვერილი მუყაოს ყუთი და წამსვე ააძრო თავი. შიგნით წამლები, სახვვები, ბინტი ეყარა. ლაშამ ბინტსა და სასხურებელ სპირტს ხელი დასტაცა და საწოლზე დაწვენილ გოგონასთან დაბრუნდა. თავი გვერდზე გადააწევინა და თმა გადაუწია, რომ უკეთესად დაენახა სისხლის წყარო.
დიდი განაკაწრი ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც პატარა. ლაშამ მოუქნელი, შეუჩვეველი ხელებით ძლივს დაასხურა რამდენი ხნის გამოუყენებელი სპირტი სახვევზე და შეეცადა სისხლი მოეწმინდა კანიდან და თმიდან. შეძლებისდაგვარად, იქამდე ასუფთავებდა, სანამ სისხლდენა არ შეწყდა, მერე თავი ისევ გაასწორებინა, სისხლიანი ბინტი კი სადღაც, ოთახის ბნელ კუთხეში მოისროლა.
 სისხლის დანახვას ვერ იტანდა.
საკუთარი სისხლით დაფარულ ხელებსა და იატაკზე დაღვრილ ალისფერ წვეთებს აგონებდა.
ლაშამ თავი გააქნია და ლოგინზე ჩამოჯდა. არ სურდა ამის გახსენება. ფიქრები თავიდან რომ გამოიბერტყა, მის მოსამსახურეს გადახედა და აათვალიერ-ჩაათვალიერა. გოგო არ ჩანდა თვრამეტ წელზე მეტის, ეცვა ჯინსის უბრალო, ცოტა დიდი შარვალი, შავი კეტებით, ლურჯი მოკლემკლავებიანი, გრძელი მაისური. ლაშა ხორბლისფერ კანს დააცქერდა მის მკლავებზე. მერე თვალი ჩააყოლა და ამობრუნებულ ხელის მტევანს დააშტერდა. თითები გრძელი და თლილი ჰქონდა, ხელისგული კი ავარდისფრებული სახლში მყოფი სითბოს გამო.
ლაშამ სწრაფად ასწია თავი და გვერდზე გაიხედა, საწოლზე დასვენებულ სხეულს თვალი აარიდა. არ იყო საჭირო მისი ასე თვალიერება, და რაღა თქმა უნდა, მაშინ არა, როცა გულწასული იყო.
ცოტა ხანი ასე იჯდა, თავის გაუხეშებულ ხელებს დაჰყურებდა და გონებაში მათ თავისი მოსამსახურის დელიკატურ თითებს ადარებდა. ალბათ საინტერესო შეგრძნება იქნებოდა, მისი ხელის ხელში დაკავება…
ლაშა წამოდგა და თავი გააქნია. სიჩქარეში კაპიუშონი გადაცურებოდა თავიდან. მან სწრაფად გამოიხურა თავზე და კარგად ჩამოსწია წინა მხარე. მერე კი პირდაპირ ლოგინის გვერდით ჩაჯდა.
იჯდა, ისევ საკუთარ ხელებს ჩასჩერებოდა და ფიქრობდა.
-*-*-*-*-*-
სალომე რომ ბურანიდან გამოცურდა, პირველი რაც იგრძნო, ყრუ ტკივილი იყო კეფაში. თვალები დაახამხამა, და შეეცადა თვალებზე ჩამოწოლილი ლიბრი გადაეწმინდა. „რატომ მტკივა თავი?“ გაიფიქრა მან, მაგრამ გადაწყვიტა აღარ ეფიქრა და აღარ დაეძაბა ტვინი, რადგან ეს უფრო მეტ ტკივილს ანიჭებდა. თვალები გაახილა და ზემოთ აიხედა. რატომ იყო ოთახის ჭერი ამდენი აბლაბუდით დაფარული…?
-შენთვის კარგია, რომ გაიღვიძე, თორემ ცოტაც და უკანა ბაღში, ორმოში დაგმარხავდი. კარგი იქნებოდი სასუქად. ნახევრად ძვლები ხარ, მაგრამ მაინც. – გაისმა ის ნაცნობი, დაბალი, სარკაზმითა და გესლით აღსავსე ხმა.
სალომემ ელვის სისწრაფით დაიხედა დაბლა და თავი გვერდზე გადასწია. ტკივილისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე მიაშტერდა ლოგინთან მდგარ ფიგურას. ლაშა იდგა, თავზე კაპიუშონჩამოფხატული, ხელები თავისი ბოლომოფხრეწილი შარვლის ჯიბეებში ჩაეყო და მისი თავის მდებარეობით თუ იმსჯელებდით, პირდაპირ სალომეს დაჰყურებდა.
 გოგონა მოიღუშა.
გაახსენდა.
როგორ უწოდა მას „ლაშა“, და როგორი ბრაზითა და შეშლილი სახით მივარდა იგი, როგორ აჯანჯღარებდა და როგორ მიახეთქა კედელზე…
აი, თურმე რატომ სტკიოდა თავი.
-მართლა? – სიტყვები პირიდან პირდაპირ გამოექცა, სახეში შეაშტერდა ლაშას, ანდა უფრო სწორად, რაც მოჩანდა მისი სახიდან. – იცი რა, ახლა მირჩევნია იმ ორმოში ვიწვე, ვიდრე შენ გიყურო.
ლაშა უცნაურად შეტოკდა და შუბლშეკრულმა სალომემ დაინახა, როგორ მომუშტა მან ხელები ჯიბეებში. მერე სწრაფად შეტრიალდა. გოგონა გაღიზიანებული და ცოტათი დაბნეული უყურებდა, როგორ იწეოდა და ეცემოდა მისი განიერი ბეჭები.
-ადექი. – დაიღრინა მან ბოლოს, შემოუტრიალებლად. – გეყოს გორაობა. მე ახლა საქმე მაქვს გარეთ, შენ მიდი და შემოსასვლელის დასუფთავება დაიწყე. – მერე კი ჩქარი ნაბიჯით გაემართა კარისაკენ. მერე კი მკვეთრად შემოტრიალდა. სალომე ისევ გაუნძრევლად იწვა და მისჩერებოდა.
– რა გჭირს? – დაისისინა მან. – გითხარი, ადექი მეთქი!
სალომემ ტუჩები მოკუმა, მაგრამ იცოდა, რომ ჯიუტობა ახლა არ გააწყობდა. ნელა წამოიზლაზნა ლოგინიდან და ცოტათი წოლისაგან თავბრუდახვეული, საწოლს დაეყრდნო. მერე კი, როცა ცოტა უკეთესად იგრძნო თავი, ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა უკვე ოთახიდან გამავალ ლაშას.
დერეფანში ბნელოდა, სანთლები არ ენთო და დახურული ფარდებიდან შემოსული მზის პაწაწინა სხივები ოდნავ ძლივს ანათებდა სიბნელეს. სალომე ახლოს მიჰყვებოდა მის წინ მიმავალ ბნელ ფიგურას, ცდილობდა არ ჩამორჩენოდა. იმის მიუხედავად, თუ რამდენად ეჯავრებოდა იგი და რამდენად ვერ იტანდა მასთან ახლოს ყოფნას, აქ დაკარგვას არ აპირებდა. როცა კიბე ჩაათავეს და შემოსასვლელში გავიდნენ, ლაშა კიბის ქვეშ შევიდა და იქ ჩხაკუნისა და ჭრიალის მერე, გამოვიდა, ხელში დამტვერილი ცოცხი ეკავა.
-აჰა. – მან ცოცხი სალომეს ესროლა. გოგონას იგი პირდაპირ გულმკერდზე შეეხეთქა, და ძლივს მოჰკიდა ხელები, თან უკან დაბარბაცდა სროლის ძალისაგან. – აქაურობა მოუასუფთავე მაინც. საღამოს მოვალ, შენთვის ჯობია, ვახშამი მზად დამხვდეს. – მან რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა კარისაკენ, მაგრამ სალომეს გვერდით შედგა და მისკენ მოატრიალა თავი. – იმედი მაქვს, გაქცევაზე არ ფიქრობ. თორემ დღევანდელზე უარესი მოგივა.
მერე კი ლაშა სწრაფი ნაბიჯით გაემართა შემოსასვლელისაკენ, კარი გააღო და გავიდა.
კარი მის უკან გაჯახუნდა.
სალომემ თვალები მოჭუტა, მკერდში გაღიზიანება აუბუყბუყდა.
ხელში დაკავებული ცოცხი მოიქნია და კარს ესროლა.
ცოცხი  კარს მიეხეთქა და  ყრუ ბათქით დავარდა ძირს.
„ამ საცოდავ ცოცხს რაღაც ვერჩი?“ გაიფიქრა სალომემ და მიმოიხედა. ხელები დაისრისა. ეს ადგილი საზიზღრად არეული იყო, სალომეს კი სიამოვნებდა ჭუჭყიანი, უსიცოცხლო ნივთების ახალივით გადაქცევა. ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა, ამიტომ უკან არ დაიხევდა, ისე გამოაკეთებდა სახლს მთლიანად.
ჯერ ფანჯრებს მიადგა და დაჭმული, ბოლოებშემოფხრეწილი ფარდები გადასწია.  გაიღიმა ოთახში შემოჭრილ მზის შუქზე. იმის მიუხედავად, რომ უკვე ნოემბერი იყო, ცაზე მხოლოდ რამდენიმე თეთრი ღრუბელი დაცურავდა და მზე თვალისმომჭრელად ანათებდა. ალბათ შუადღე იქნებოდა ახლა…
შემოსასვლელი რომ განათდა, სალომემ შუბლი შეიჭმუხნა იატაკის მდგომარეობაზე. ჭადრაკის დაფის სტილში დაგებული თეთრი და შავი მარმარილო ჭუჭყის ფენას დაეფარა. სალომემ კარი გააღო და შემოსასვლელის საფეხურებს გადახედა. ისინიც იგივე მდგომარეობაში იყვნენ. გოგონამ კიბის ქვეშ, საწყობში შეიხედა, სადაც კიბე, უამრავი საწმენდი საშუალება, ჩვრები, იატაკის მოსაწმენდი ჯაგრისები ეწყო. გვერდზე მიგდებული, დამტვერილი, ჯერ კიდევ გაუხსნელი რეზინის ხელთათმნის შეკვრა გახსნა და შარვალაკაპიწებულმა და ფეხშიშველმა, იატაკი ჯერ გულდასმით მოგვა, მერე კი სქელი ჯაგრისით შეუტია.
ჭუჭყი იოლად სცილდებოდა, სალომემ დიდი ვარცლი სამზარეულოში წყლით აავსო და იატაკი მოასველა, მერე კი წყალი გაღებულ კარში, პირდაპირ ბაღში გადაუშვა. იატაკი რომ მოამთავრა ორსაათნახევარში, ფანჯრებზე კიბე მიაყუდა და ფარდები ჩამოხსნა, რომ მინები ჩამოეწმინდა. ფარდებს მერე მიხედავდა, რომ გაერეცხა და ბოლოები შემოეჭრა. ფარდები გარეთ გაიტანა და კიბეებზე გადაფინა, მზის გულზე. კედლები, სადამდეც შესწვდებოდა, აბლაბუდისაგან გაათავისუფლა.
ამ ყველაფერს რომ მორჩა, კიბესთან მდგარი ქანქარიანი საათის მიხედვით, უკვე ხუთი საათი იქნებოდა. სამზარეულოში გავიდა და ამრეზით გადახედა სამზარეულოს იატაკსა და კედლებს. მისდა გასაკვირად, ნიჟარაში დაურეცხავი ჭურჭელი არ ეწყო. მართლაც, ნიჟარის ზემოთა, კედლის კარადა რომ გამოაღო, შიგნით დახვდა შეწყობილი, დარეცხილი ჭურჭელი. სალომემ წარბი ასწია. არ ელოდა, რომ ამ ველურს ხელის განძრევა შეეძლებოდა.
ხელის განძრევას რაც შეეხება, ნეტავ რა საქმე ჰქონდა გარეთ?
„ალბათ კაცს მოკლავს და მოვა,“ სარკასტულად გაიფიქრა სალომემ, მაგრამ წამიერად რომ დაფიქრდა, მიხვდა, რომ ეს განაფიქრი საკმაოდ ლეგიტიმურ ვარიანტად მიაჩნდა ლაშას „საქმისათვის.“
სალომემ თავი გააქნია და გვერდით მდგარი მაღალი, ვერცხლისფერი მაცივრის კარი გამოაღო. მისდა გასაკვირად, იგი ფუნქციონირებდა. „ელექტროგაყვანილობა თუ აქვს, რატომღა ანთებს იმ პარაფინის სანთლებს?“ გაიფიქრა სალომემ. „ალბათ იგივე მიზნით, რის გამოც კაპიუშონი აქვს ჩამოფხატული… არ სიამოვნებს, კარგად რომ ხედავენ, ალბათ…“
 მაცივარში შეეწყოთ რამდენიმე მოყვითალ-მოწითალო ვაშლი, პლასტმასის კონტეინერში გაურეცხავი კარტოფილები და სტაფილოები ეყარა. იქვე, თაროში ჩაეწყოთ კვერცხები და მეორე პლასტმასის კონტეინერში ახალი ხორცი იყო. რამდენიმე წყლით სავსე ბოთლი გორავდა ქვემოთა თაროში.
„საიდან შოულობს ამ პროდუქტებს?“ გაიფიქრა სალომემ და მოიღუშა. „ვინმეს ხომ არ პარავს?“ მან თავი მოიფხანა და გვერდულად, თვალებგაფართოებული მიაშტერდა დაურეცხავ კარტოფილებს. მერე კი ნელა მისწვდა ხორცის კონტეინერს. ხორცი ქათმის ჩანდა. სალომემ მხრები აიჩეჩა და პროდუქტები გამოაწყო.
-*-*-*-*-*-
ლაშა რომ სახლში მოვიდა, უკვე შებინდებული იყო. სალომემ ცივი წყალი ჩამოასხა ჭიქებში და მაგიდაზე დადო. წარბი ასწია, როცა ლაშა დაინახა. იგი დაღლილი და ტალახში ამოსვრილი ჩანდა. რომ შემოვიდა, მიწის, ტყისა და ოფლის სურნელი შემოიტანა და პირდაპირ მაგიდას მიუჯდა, როცა ზედ დადებული კერძი დაინახა. მერე კი მგელივით შეუდგა ჭამას. სალომემ ტუჩები უკმაყოფილოდ მოპრუწა და წყლის ჭიქა ახლოს მიუწია.
ლაშამ რამდენჯერმე ამოხედა. სალომე მაგიდის გვერდით იდგა და მკლავები გადაეჯვარედინებინა.
-რას მომჩერებიხარ? – ამოღერღა მან და ერთი ლუკმით გააქრო კატოფილის პიურეს მესამედი. – რამე არ მოგწონს? წადი და ტუალეტი ხეხე.
სალომემ მაგრად მოუჭირა მკლავებს ხელები, რომ ყელში გაჩხერილი სიტყვები გადაეყლაპა.
-არა. – მოკლედ მოჭრა მან და ლაშას დახრილ თავსა და წინ ჩამოგდებულ რამდენიმე შავი თმის ღერს დააშტერდა. – დღეს ტუალეტების ხეხვა არ მოხერხდება. მთელი დღე მოვანდომე შემოსასვლელის გაწმენდას. და ტუალეტების მდგომარეობითა და რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ერთი დღე დამჭირდება. ამიტომ ხვალ მივხედავ, ბატონო. – თქვა მან და სიტყვა „ბატონოს“ ხაზი გაუსვა.
ლაშამ თავი დააქნია და მერე კი მკვეთრად ასწია.
ამ დროს კი სამზარეულოს ღია კარიდან კაკუნი გაისმა.
ვიღაც მაგრად აკაკუნებდა შემოსასვლელ კარზე.
ლაშა ელვის სისწრაფით წამოვარდა ფეხზე და შემოსასვლელისკენ შეტრიალდა. მაგიდაზე დადებულმა ჭურჭელმა წკარუნი გაიღო.
სალომემ გაოცებულმა გაიხედა შემოსასვლელში.
ვინ უნდა ყოფილიყო?
-მე გავაღებ… – თქვა სალომემ და წინ გაიწია, მაგრამ შეაჩერა მის წინ გამოწვდილმა სქელმა, დაძაბულმა მკლავმა. ადილზე შედგა და ლაშას ახედა.
ბიჭი ღრმად და მძიმედ სუნთქავდა, იდგა და ჩუმად იყურებოდა ოდნავ გადაწეული ფარდებიდან შემომავალი მზის შუქით განათებულ ჰოლში.
-აქ მოდი, – ხელით ანიშნა ლაშამ და წინ დაიძრა, ისე ჩუმად და მსუბუქად დადიოდა, სალომე ძალაუნებურად აჰყვა. ვერ გაეგო, რა საჭირო იყო ასეთი სიჩუმე?
მერე კი მძღოლის სიტყვები გაახსენდა.
„ეგ სახლი მთლად იზოლირებულია“.
სახლი შუა ტყეში იდგა, აბალახებული, ძნელად შესამჩნევი ბილიკით.
მართლაცდა, ვინ უნდა მოსულიყო?
სალომეს გულში შიშმა გაჰკრა და შეეცადა მის წინ მიმავალ ადამიანს მიახლოებოდა.
ლაშა კარისგან მოშორებით დადგა. მერე კი განცვიფრებულმა სალომემ დაინახა, როგორ გაექანა იგი წინ, როგორ უხმაუროდ მიაბჯინა ფეხი კედელს და როგორ აძვრა კარის ზემოთა, ოდნავ გამოღრუტნულ ნიშაში.
მართლაც, რომ ასუფთავებდა ჰოლს, შეამჩნია ეს ნიშა და მასში გაკეთებული პატარა სარკმელი, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
ახლა მიხვდა, რატომ გრძნობდა მაშინ, თითქოს ვიღაც უყურებდა.
ლაშა ისევ იქ იჯდა და ქვემოთ იყურებოდა.
-კარი გააღე. – გაისმა უცებ მისი დაბალი ხმა. – ოღონდ ჯერ ჰკითხე, ვინაა და რა უნდა, გესმის? აქ რა უნდა… აქ არ უნდა იყოს…
სალომემ შიშით გახედა კარს.
ნელა მიუახლოვდა, სუნთქვა შეიკრა და სახელური დასწია.
-*-*-*-*-*-5
სუნთქვააჩქარებულმა და ლაშას უცნაური სიტყვებით დამფრთხალმა სალომემ ნელა დაადო სახელურს ხელი და სწრაფად დასწია.
ჩხაკუნის ხმამ გაირბინა შემოსასვლელში და კარი ჭრიალით გაიღო.
კისერწაგრძელებული და თვალებგაფართოებული გოგონა გაოცებული მიაჩერდა ზღურბლზე მდგარ ადამიანს.
მუხლებამდე დაშვებულ, ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი, მაღალქუსლიან ფეხსაცმელშიც კი სალომეზე დაბალი ქალი უცნაურად მოიღუშა მის დანახვაზე, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი იყო. მან ხელით კაბის ბოლო შეისწორა და გაუღიმა. გოგონას შეფასებით, იგი ოც წელზე მეტის არ იქნებოდა, შეიძლება ოცდაერთისა ყოფილიყო. სწორი, საოცრად თეთრი კბილები ჰქონდა, მოპრიალე ვარდისფერი ტუჩები, დიდი, თაფლისფერი თვალები და ძალიან ღია ფერის თმა. სალომე გაოცებული მიშტერებოდა. ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო, და კვირაში მეორედ, გოგონამ უხერხულად იგრძნო თავი ლამაზი, გემოვნებიანად ჩაცმული ქალის გარემოცვაში.
ამ დათვალიერებამ და ფიქრმა მხოლოდ ორიოდე წამი გასტანა, და სალომეს ლაშას ინსტრუქცია გაახსენდა.
-… უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? – ჩაეკითხა სალომე. – აქ რა გნებავთ?
-მე გვანცა ვარ. სადღაც აქ გადმომსვეს მანქანიდან, და ადგილი არ მაქვს, რომ დავრჩე. მერე კი ამ სახლს წავაწყდი… – ქალმა ჰოლი მოათვალიერა. სახეზე ისევ სასიამოვნო ღიმილი ეხატა. – შეიძლება აქ შემოვიდე  და ღამე გავათიო? თქვენ აქ მარტო ცხოვრობთ?
-არა, არ ცხოვრობს. – სალომე ადგილზე შეხტა და მოულოდნელობისაგან გული კინაღამ მკერდიდან ამოუვარდა, როცა ლაშას ხმა გვერდიდან მოესმა. „როგორ მოძრაობს ასე ჩუმად?“ გაღიზიანებით გაიფიქრა მან და მის მარჯვნივ, ჩრდილში დამდგარ მამაკაცს მიაჩერდა.
ქალმა კისერი წაიგრძელა და ინტერესით აათვალიერ-ჩაათვალიერა ლაშა. სალომემ შეამჩნია უცნაური გამოხედვა თავისი უფროსის სახეზე, როცა მან ქალს შეხედა.
-აჰააა… – თქვა გვანცამ და თავი გვერდზე გადასწია. – მაშ, შეიძლება დავრჩე? – იგი ოდნავ გვერდზე გაიწია და წარბაწეულმა სალომემ ახლაღა შეამჩნია მის უკან დადგმული ყვითელი ფერის მოზრდილი ჩემოდანი.
სალომემ თვალი გაუსწორა გვანცას. ახლა ლაშა უარს ეტყოდა კარზე მოდგმულ დაუპატიჟებელ სტუმარს, თავისებურად გამოლანძღავდა და…
-კი. – თქვა უცებ ლაშამ და სალომემ მკვეთრად შემოატრიალა თავი, რომ მისთვის შეეხედა. „როგორ?“ გაუელვა თავში.
– შემოდი. – ისევ დაილაპარაკა მან და სალომეს წარბები თითქმის თმამდე აუვიდა. პირი გააღო და დახურა, განცვიფრებისაგან სიტყვა ვერ თქვა.
ლაშამ ოდნავ ხელი ჰკრა მას, რომ გვერდზე გაეწია. გვანცამ შემოაბიჯა, და ისევ უნაურად შეხედა სალომეს, როცა ჩემოდნის რიხინით ჩაუარა. გოგონამ საპასუხოდ წარბები შეკრა და ქალის ზურგზე გადმოფენილ თმას დაუბღვირა.
ეს ქალი არ მოსწონდა.
კარი მიხურა და პირდაღებული უყურებდა, თუ როგორ შესთავაზა ლაშამ ჩემოდნის წაღება გვანცას და როგორი ღიმილით გადასცა ქალმა ბარგი, მერე კი ალბათ, ოთახის საჩვენებლად აჰყვა კიბეზე.
სალომემ თავი გააქნია და შეტრიალდა. ჭურჭელი ჰქონდა დასარეცხი.
-*-*-*-*-*-
იმ ღამით ისევ გამოიპარა თავისი ოთახიდან და მეზობელ ოთახში შევიდა. ლაშას მიერ კლიტის ჩაკეტვას ისე მოუსმინა, ლოგინიდან არ ამდგარა. ამ უცნაურ ქალზე ფიქრობდა.
გვანცა ლაღიძე. მისი გვარი სალომემ მაშინ გაიგონა, როცა სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა და ქალი საჭმლის შესანთქავად ჩამოვიდა ქვემოთ. იგი კერძს მიირთმევდა, თან ლაშას ელაპარაკებოდა.
სალომემ გაიგო, რომ იგი მეგობართან ერთად მგზავრობდა და რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ, და ამიტომ მეგობარმა სადღაც აქეთ გადმოსვა ტრასასთან. „ძალიან შემეშინდა“, გაახსენდა მას გვანცას სიტყვები, „მაგრამ სადმე ღამის გასათევი ხომ უნდა მომეძებნა? ჰოდა დავადექი გზას და აქურობას  მოვაგენი.“ სალომემ თავი გააქნია და ჭერს ააშტერდა. შეშინებული, მთელის დღის ნამგზავრი და გზააბნეული ქალის კვალობაზე გვანცა ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა. თმადავარცხნილი, კაბაგასწორებული, დაღლილიც კი არ მოჩანდა, როცა სალომემ კარი გაუღო. ისე გამოიყურებოდა, თითქოს შორიახლოს გადმოესვათ და აქეთ უბრალოდ გამოეარა. თანაც, უაზრობა იყო იმის თქმა, რომ ამ სახლს უბრალოდ წააწყდა. სახლი საკმაოდ კარგად იყო ჩამალული ტყეში, და რამდენადაც სალომემ იცოდა, ახლომახლო სოფლები არ იყო. როგორ, თუ ტრასასთან გადმოსვეს, ხომ შეეძლო რომ იქვე დარჩენილიყო და ვინმე გამვლელს გაჰყოლოდა ქალაქში? რატომ წამოვიდა მაინც და მაინც აქეთ მხარეს?
ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა სალომეში.
და ლაშა? მისი სიტყვები, როცა თქვა, აქ არ უნდა იყოსო, ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ მან ქალი იცნო? და როცა ქალმა დაინახა, ისე აათვალიერა, თითქოს პირველად დაენახა. გვანცა ლაშას არ იცნობდა. მაშ რა მიზეზით თქვა მამაკაცმა, აქ არ უნდა იყოსო?
მერე კი ლაშამ გვანცა სადღაც დააბინავა. სალომე დარწმუნებული იყო, რომ მასგან განსხვავებით, ახლა გვანცა რომელიღაც დიდ საძინებელში განისვენებდა. არ უკვირდა კიდეც. ის სიამოვნებდა, რომ თვითონაც დიდ საძინებელში, აბრეშუმში იყო გაშოტილი და საბანში შეფუთულიყო. სალომე უფრო ღრმად ჩაძვრა რბილ ლოგინში. ფიქრის თავი აღარ ჰქონდა. უბრალოდ ნახავდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
დილით გაიღვიძა, დაელოდა სანამ ლაშა მოსამსახურის ოთახის კარს გააღებდა, და როცა მისი უფროსის ნაბიჯები მიწყდა კიბეებზე, ოთახიდან გამოიპარა. სააბაზანოში შევიდა, რომელიც დერეფნის დასაწყისში მდებარეობდა, და სიამოვნებით მიიღო ცხელი შხაპი. რომ შეიმშრალა, ჩაიცვა და კიბეები ჩაიარა, კარგ ხასიათზე დადგა.
სამზარეულოში რომ შევიდა, ლაშა ისევ ისე იჯდა, როგორც წინა დილით, გვანცა არსად ჩანდა. „ალბათ ისევ სძინავს,“ გაიფიქრა სალომემ და მაცივარი გამოაღო, რომ წყალი დაელია. ინტერესით გადახედა მაგიდასთან მჯდომ ბიჭს.
-თქვენ იცნობთ გვანცას? – ჩაეკითხა სალომე, სანამ თავის შეჩერებას შეძლებდა. ლაშა სწრაფად გასწორდა და გამოხედა.
-და არის ეს შენი საქმე, ვიცნობ თუ არა? – კითხვა დაუბრუნა ლაშამ და ისევ საჭმელს მიუბრუნდა. – შენ შენს საქმეს მიხედე.
-აბა რა, მე ხომ უნიტაზები უნდა ვხეხო. – სარკასტულად მიუგო სალომემ და მკლავებგადაჯვარედინებული დადგა. ლაშამ მკვეთრად მოატრიალა თავი.
-დიახაც, უნდა ხეხო. – ხმადაბლა დაისისინა მან. – საქმეს მიხედე და გვანცა რომ ჩამოვა, საუზმე გაუმზადე, გაიგე?
სალომე მოიღუშა.
-მაგ დროისთვის ალბათ უნიტაზების ხეხვის დრო მექნება, – მიუგო აუღელვებლად. – მე უბედურს, სად მაქვს საუზმის გაკეთების დრო…
ლაშამ გაშლილი ხელისგული ხმამაღალი ლაწანით დაჰკრა მაგიდას.
-ზედმეტს ლაპარაკობ. – თქვა მან, ისე რომ კაპიუშონით დაფარული თავი მისკენ არ მიუტრიალებია. – ყველაფერს მოასწრებ, გაიგე? თუ მოითხოვს, სადილიც გააკეთე. და რაღა თქმა უნდა, მე ვახშამსაც ველოდები.
-ცოტა ოხრახუშს ვერ მომიტანდით? – ჩაეკითხა სალომე. არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა, ალბათ სურდა გაეგო, საიდან შოულობდა ლაშა პროდუქტებს, ანდა უბრალოდ უნდოდა წყობილებიდან გამოეყვანა. – დღეს სუპის მოხარშვა მინდოდა…
-მერე მიდი ბოსტანში და აიღე რაც გინდა, – დაუღრინა ლაშამ. – მე არ ვაპირებ შენთვის რაღაც-რაღაცეების ზიდვას. აქ შენა ხარ მოსამსახურე და არა მე.
-ბოსტანში? – გაიმეორა სალომემ. წარბები შეკრა. – სად არის ბოსტანი?
ლაშამ ხორცი გასაოცარი ძალით მოგლიჯა კბილებით და ღეჭვით გამოხედა გოგონას. სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება ეხატა და ცალი, მარცხენა თვალით გამოჰყურებდა.
-სახლის უკან. – მოკლედ უპასუხა მან და ისევ საჭმელს მიუბრუნდა. ხორცის ბოლო ლუკმა შეიტენა პირში და წამოდგა. თეფში ნიჟარაში ჩადო და წყალი მოუშვა. მორეცხა და კედლის კარადაში შედო. სალომე თვალებგაფართოებული მისჩერებოდა. იცოდა, რომ ლაშა ჭურჭელს რეცხავდა, მაგრამ უცნაური იყო დანახვა, როგორ მოუსვა მან თეფშს საპნიანი ღრუბელი და როგორ ჩაიწურა ხელები ნიჟარაში.
მერე კი დადგა და სალომეს მიაშტერდა.
 – ახლა იქ მივდივარ. – თქვა მან უცებ. – თუ გინდა, წამოდი.
სალომემ წარბები ასწია, არ სჯეროდა, რომ ლაშამ ასეთი… სივილური შემოთავაზება გააკეთა. ბიჭმა ცოტა ხანი შეიცადა, მაგრამ სალომემ ხმა რომ არ გასცა, სწრაფად გაემართა კარისაკენ. თითქმის ზღურბლზე იყო გადასული, როცა გოგონა დაიძრა და უკან გაჰყვა.
როცა გარეთ გავიდნენ, სალომეს სახეზე გრილი ჰაერი მოელამუნა და აღტაცებულმა დაინახა, როგორ გადმოდიოდა ამომავალი მზის შუქი ხეების ზემოდან. ცაზე ვარდისფრად და ნარინჯისფრად შეღებილი ღრუბლები დაცურავდნენ და ჰაერი დილის ნამის სურნელით ავსებულიყო.
ყურებამდე გაღიმებულმა გოგონამ თვალის კუთხიდან გამოხედა ლაშას, რომელიც იქვე იდგა და გაუნძრევლად მიშტერებოდა. თვალებზე ისევ კაპიუშონის ჩრდილი ჩამოფარებოდა და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო. სალომემ რატომღაც უხერხულად იგრძნო თავი მისი დაშტერებული მზერის ქვეშ და ტანზე მკლავები შემოიხვია, მერე კი მთლიანად შემობრუნდა.
იმ წამსვე, ლაშა სწრაფად გატრიალდა და დიდი ნაბიჯებით დაიწყო სიარული კენჭებიან ბილიკზე, რომელიც სახლის უკან გადიოდა.
-რას უდგეხარ? – გამოსძახა მან. – ადგილს შეეყინე? ფეხი გამოადგი!
სალომე ისევ მოიღუშა. წამიერად ეგონა, რომ მისი უფროსი ცივილიზებული ადამიანივით ექცეოდა და რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, რომ ეს შთაბეჭდილება გაქრობოდა. მან ფეხს აუჩქარა და ფეხდაფეხ მიჰყვა ლაშას, რომელმაც უკვე შემოუარა სახლს. სახლის უკანა მხარეს ასევე გავერანებული ბაღი იყო, ჩამპალი მცენარეებით. სალომემ შეამჩნია, რომ საკმაოდ დიდი ფართობი გათავისუფლებული იყო სარეველებისაგან, თითქოს ვიღაც გულმოდგინედ დაჰყოლოდა, რომ ამოეთხარა ისინი. „აჰაა, აი, თურმე სად მუშაობს,“ გაიფიქრა გოგონამ და კისერი წაიგრძელა, რომ წინ გაეხედა. ცოტა ძნელი იყო ლაშას განიერი ფიგურის იქეთ რამის დანახვა. მითუმეტეს, როცა ბილიკი საკმაოდ ვიწრო იყო. ბოლოს, კი გასცდნენ სარეველებით ავსებულ ბაღს და ბალახში გავიდნენ. გოგონას გასაკვირად, ბალახი მოთიბული იყო და უშველებელ გროვად დაეხვავებინათ ტყისპირას. გროვას უკვე მოყვითალო ფერი შეპარვოდა.
-აი, მიდი და ნახე, რაც გინდა. – სალომემ მკვეთრად შემოატრიალა თავი, როცა ლაშას ხმა გაიგონა.
წინ ხუთიოდე მეტრის სიგრძისა და სამიოდე მეტრის სიგანის დაბარული მიწა იყო. კვლებში ჩარიგებული ბოსტნეული და მწვანილი მწვანედ ხასხასებდა. ბოსტანს გარშემო, მიწაში სიგრძეზე ჩაკრული ფიცრები შემორტყმოდა. ახლოს ეგდო რამდენიმე მომრგვალო, გრძელი, სქელი ხის უხეში ნაჩორკნი.
-ჰა, აიღე, რაც გინდა და წადი, – უთხრა მან და კვლებთან დაიხარა, რომელიღაც ბელტი გადასწია და ახლადამოსული პაწაწინა მცენარის ყლორტები მიწისაგან გაათავისუფლა. სალომე გაოცებული დააცქერდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ველურივით ადამიანს შეეძლო ნაზად მოპყრობოდა მცენარეებს…
მერე კი აჩქარდა, რომ სწრაფად მოეკრიფა მწვანილი. მთელი ბღუჯით ხელში გაემართა უკან, სახლისაკენ, მაგრამ სანამ კუთხეს მოუხვევდა, ვერ მოითმინა და უკან გაიხედა. ლაშას საიდანღაც ნაჯახი გამოეძვრინა და ბოსტანის ბოლოსთან, სამფეხა სკამზე დამჯდარი ხის სქელ, მომრგვალო ნაჭერს ჩორკნიდა.
გვანცამ რომ იკადრა ჩამობრძანება, უკვე თერთმეტი საათი იყო. იგი სასიამოვნო ღიმილითა და ატლასის ვარდისფერი ხალათით შემოვიდა სამზარეულოში. სალომეს ახლახან გაეთავებინა ჭამა, და გვანცას ტაფაზე მონარჩენი საუზმე მიართვა. ქალმა მიირთვა, ისე რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, და ისე გავიდა, როგორც შემოვიდა. სალომემ თავი გააქნია და მოღუშულმა, თვალი გააყოლა.
ტუალეტების ხეხვა, რა თქმა უნდა ეზარებოდა, მაგრამ კარგად იგრძნო თავი, უკან რომ გადგა და მთლად ოფლში გაწურულმა, მოპრიალე სარკეებსა და აბაზანას შეხედა. სახლში სულ ოთხი ტუალეტი აღმოაჩინა. ყოველ შემთხვევაში, ოთხი მაინც იყო ღია. მესამე სართულზე თითქმის ყველა ოთახი დაკეტილი იყო, სალომემ სხვენზეც კი ვერ ააღწია, როცა დახვეულ, ჩუქურთმებიან რკინის კიბეს აუყვა. არადა ლამაზი სანახაობა იქნებოდა მეხუთე სართულიდან…
ხუთი საათი იყო, როცა სუპის ხარშვას შეუდგა. ბევრი ინგრედიენტი არ ჰქონდა, მაგრამ კარადის რომელიღაც კუთხეში ძველ სუნელებს მიაგნო, რომლებიც, მის გასაკვირად, საკმაოდ მდიდრული და კარგი ხარისხისა აღმოჩნდა. სუპის მოხარშვა რომ გაათავა, ნელ ცეცხლზე დააყენა, რომ ვახშმის დროს ცხელი დარჩენილიყო.
ცოტა ხანი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ფიქრობდა. საათს ახედა. იცოდა, რომ ცოტა ხანში ლაშა უკვე მოვიდოდა ამიტომ გადაწყვიტა, მის მოსვლამდე ეჭამა. ცხელი სუპი ჯამში გადმოიღო და მაგიდაზე დადგა, მერე კი გადაწყვიტა რომ სუპის ქვაბი მაგიდაზე გადმოედგა, რომ ცოტათი გაციებულიყო და ჯამებში დასხმა უფრო იოლი ყოფილიყო.
სამზარეულოს უჯრიდან ხის სადგამი ამოიღო და ის იყო, მაგიდაზე დებდა, რომ კარებში გვანცა შემოვიდა.
-რა სასიამოვნო სურნელია! – ხელი ხელს შემოჰკრა მან. – დღეს რა გვაქვს? ოო, სუპი! – იგი სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა სალომეს მიმართულებით. სალომემ თვალი ჰკიდა მის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და წარბი ასწია. „რა საჭიროა მაღალქუსლიანები სახლში?“ გაიფიქრა მან, მაგრამ თავი გააქნია და შეტრიალდა, რომ ცეცხლი გამოერთო და ქვაბი აეწია გადმოსადგმელად.
ქვაბი ფრთხილად ასწია თათმანებით, და მკვეთრად შემოტრიალდა.
გვანცა ალბათ მის გვერდით ჩავლას აპირებდა და უეცრად მხარზე შეეჯახა.
სალომეს ერთი წამი ჰქონდა გაფიქრებისათვის, რა ხდებაო, ხომ დაჯახების ძალამ წააბარბაცა და ქვაბი ხელებიდან გაუცურდა.
გვანცა გვერდზე გახტა და განწირული კივილი ამოუშვა.
ქვაბი გამაყრუებელი ზრიალით დაენარცხა ძირს და ცხელი სითხე ააშხეფა სალომეს სხეულზე.
გვანცა ფეხსაცმლის კაკუნით გავარდა სამზარეულოდან და იმავე წამს გაისმა შემოსასვლელში კარის გაჯახუნება და აჩქარებული ნაბიჯები.
სალომე ვერ ინძრეოდა, თვალებგაფართოებული და სუნთქვაშეკრული იდგა, თათმანებიანი ხელები მოკრუნჩხოდა და შეძრწუნებული დაჰყურებდა ძირს დავარდნილ ქვაბს, რომლიდანაც სუპი მთელ იატაკზე გადმოღვრილიყო და ახლა თავისთვის მიგორავდა, მისგან მარცხნივ.
-ეს რა არის… – დაფეთებულმა სალომემ კარის ზღურბლზე დამდგარ ლაშას გახედა. მას ცალი ხელი კარის ჩარჩოსათვის მიებჯინა, და კაპიუშონჩამოფხატულს, იატაკისაკენ მიეტრიალებინა თავი.
სალომემ პირი დააღო, რომ ეპასუხა, თავი გაემართლებინა, რაიმე ეთქვა…
-შენ რა, გადაირიე? – იფეთქა ლაშამ და თავი ასწია, თმა გვერდზე გადაეყარა და მისი თაფლისფერი მარცხენა თვალი პირდაპირ სალომეს მიაშტერდა. – რას გავს აქაურობა!
-მე… – დაიწყო გოგონამ, ხელები აუკანკალდა, სიტყვები ყელში გაეჩხირა.
-რა შენ! რა შენ!  გამოუსადეგარი ხარ! – ლაშა ერთი ნახტომით მის წინ აღმოჩნდა და მუშტად შეკრული ხელი ასწია. მერე კი თვალი მაგიდაზე დადებული ჯამისაკენ გაექცა, რომელშიც სალომეს ვახშამი იყო.
ერთი ხელის კვრით მან ჯამი მოისროლა და გამაყრუებელი ლაწანით შეამსხვრია კედელს.
-გაეთრიე! – დაიღრიალა მან. – სულ შენს წინამორბედებს გავხარ! უმაქნისო იდიოტო!
სალომე ძლივს დაუსხლტა, კარისაკენ გაშვერილი მკლავის ქვეშ გაუძვრა და მთელი ძალით გაიქცა შემოსასვლელში, გულამოვარდნილმა აირბინა კიბე.
ქვემოდან ისევ ისმოდა ლაშას ღრიალი „გაეთრიე!“
გოგონა მთელი ძალით შეეხეთქა თავისი ოთახის კარზე, სწრაფად შევიდა და მაშინვე ლოგინზე დაემხო.
მერე კი შეშინებულს, ცხელი სითხისაგან მოყენებული ტკივილისაგან დატანჯულსა და ლაშას საქციელით მთლად შეძრწუნებულს ტირილი წასკდა.
„რა დავაშავე ასეთი?“ გაიფიქრა მან, თან ცდილობდა მკერდში მოწოლილი სლუკუნი შეეჩერებინა, რომელიც მთლ სხეულს უკანკალებდა. „ქვაბი გამივარდა, რა საჭირო იყო ასეთი რეაქცია?“  ქვითინი წასკდა და ტირილისაგან სლოკინი დააწყებინა, მთელი ძალით იწმენდდა ცრემლებს…
მერე კი გაიგონა.
კიბეებზე ამომავალი ნაბიჯების ბრაგუნი.
სალომეს ტანში გააცია. უფრო მაგრად მიეკრა საწოლს, თან კარისაკენ გაიხედა მთლად გატრუნულმა.
ლაშამ ოთახს ჩაუარა…
მაგრამ მოსალოდნელი კლიტის ჩხაკუნის ნაცვლად, კარის გაღების ჭრიალისა და ბათქის ხმა გაისმა.
სალომეს სუნთქვა შეეკრა, თვალები გაუფართოვდა.
ლაშამ მისი ძველი ოთახის კარი გააღო.
თვითონ კი იქ არ დახვდებოდა.
-*-*-*-*-*-*-6
სალომე ლოგინზე წამოიჭრა, სუნთქვაშეკრული და აკანკალებული მისჩერებოდა კარს. წარმოიდგინა, თუ როგორ შემოვარდებოდა ლაშა, გამგელებული და როგორც კი დაინახავდა, მაშინვე ბრაზით დაეღმიჭებოდა სახე, მერე კი ღრიალს დაუწყებდა, შენს ოთახში რატომ არ ხარო…
ორიოდე წამით სიჩუმე იყო, და სალომეს საკუთარი გულის შიშისაგან აჩქარებული ბაგაბუგი ესმოდა.
მერე კი დერეფანში ზათქით მოაჯახუნეს კარი და გოგონას ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
სხეულზე ცხელოდა, შიგნით კი თითქოს ერთიანად გაცივდა. მოკანკალე ხელებით მომუშტა საბანი.
დერეფანში ერთი ძლიერი დაბრახუნება გაისმა, თითქოს რაღაც შეახეთქეს კედელს, მერე კი დაფეთებულმა სალომემ დაინახა, თუ როგორ შემოგლიჯეს ოთახის კარი.
უნდოდა განძრეულიყო, საწოლიდან გადამხტარიყო, ეკივლა, რამე გაეკეთებინა…
არ გამოსდიოდა. სხეული გაჰყინვოდა და გაშტერებული მიაჩერდა ზღურბლზე მდგარ ფიგურას. ხედავდა, როგორ ადიოდ-ჩადიოდა განიერი მკერდი და ესმოდა ღრმა, ხმამაღალი ქშინვა.
სახეში  ახედვის კი ვერ გაებედა.
-აეთრიე. – ხმადაბლა თქვა ლაშამ, მაგრამ ამ ერთ სიტყვაში იმდენი მუქარა ჩატეულიყო, რომ სალომე წამში გადმოძვრა ლოგინიდან და იატაკს ჩაშტერებული, იქვე დადგა. გული ჩაქუჩივით უბრაგუნებდა მკერდში და ფიქრები ჭიანჭველებივით დაუძვრებოდნენ თავში, უსიამოვნო ჟრუანტელივით. „ნეტავ არ მცემოს… ნეტავ არ მცემოს… ნეტავ არ მცემოს…“
ხელებით შარვალი ჩაბღუჯა, გაშტერებული ჩაჰყურებდა მბზინვარე, მოწმენდილ პარკეტს…
-გამობრძანდი. სამზარეულოში ჩახვალ და იატაკს აწმინდავ. – ბიჭის ავტორიტეტული ტონი მძიმე და ბნელი იყო. სალომე სწრაფად დაიძრა, და სწრაფად გასხლტა ლაშას გვერდით, კარში, მერე კი გულამოვარდნილი გავარდა კიბეებზე, რომ სწრაფად მოემთავრებინა საქმე. გზაზე კიბის ქვეშ შეირბინა და ჩვრის ძებნა დაიწყო სიბნელეში.
რომელიღაც ვედროს წამოედო, და ძირს ზრიალით გადააყირავა. ხელებს აფათურებდა, სადღაც აქ უნდა ყოფილიყო ჩვარი…
სირცხვილისა და ჩახშული სიბრაზისაგან ლამის ისევ ცრემლები წასკდა, მაგრამ თავი შეიკავა.
 მთლად კარგად არ გამოსდიოდა, რადგან თვალებში წვას გრძნობდა და პირიდან ქვითინი წასკდა, მაგრამ მაგრად დააჭირა ქვემოთა ტუჩს კბილები.
ხელი მოუხვდა დაკეცილ ნაჭერზე, რომელიც იატაკის მოწმენდის შემდეგ გააშრო და მაგიდაზე დადო, სხვა საწმენდ საშუალებებთან ერთად.
ჩვარი ჩაბღუჯა და შემოტრიალდა.
ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, რომ კარის შხუილი მოესმა.
მერე კი ჩხაკუნი.
სალომეს ხელში დაკავებული ჩვარი უეცრად მოდუნებული თითებიდან გაუვარდა, სუნთქვაშეკრული აცეცებდა თვალებს სიბნელეში.
ჯერ ვერ გააცნობიერა, რა მოხდა.
მერე მიხვდა.
ლაშამ საწყობში ჩაკეტა.
კარი დაუკეტა, სიბნელეში დატოვა.
არა, ლაშა ვერ იქნებოდა ასეთი უგულო, აქ ვერ დატოვებდა მთელი ღამე…
მაგრამ სალომე უცებ მიხვდა, რომ იგი ამას შეძლებდა.
სიბნელის არ ეშინოდა, მაგრამ სხეული აუქავდა.
მიღებულმა შოკმა, ნერვიულობამ და ახლა კი სიბნელემ ცხელ ტალღად დაუარა სხეულში და იგრძნო, როგორ გამოჟონა ზურგში ოფლმა.
-კარი გააღე… – დაიჩურჩულა მან ჯერ, მერე კი ხმას აუწია. – კარი გააღე!
წინ გაიჭრა, სადაც წესით, კარი უნდა ყოფილიყო და მთელი ძალით დასცხო ჯერ გაშლილი ხელისგული ზედ, მერე კი, როცა ხელისგული აეწვა, მუშტი შეკრა და კარს დაუშინა.
-როგორ ბედავ! – დაიკივლა მან, ბურთი აწვებოდა ყელში და გრძნობდა, როგორ დაეხშო ხმა. – როგორ… როგორ შეგიძლია… როგორ შეგიძლია ეს გააკეთო… ვერ გააკეთებ… – ცრემლები გადმოუგორდა, გული ამოუჯდა და თავი მიაყრდნო კარს, თან მთელი ძალით დაჰკრა მუშტი ზედ. – კარი გააღე! კარი გააღე!
სხულში ჟრუანტელი უვლიდა, გრძნობდა, როგორ აცოცდებოდნენ უხილავი მწერები ზედ, მისკენ მოიწევდნენ სიბნელეში მყოფი უხილავი ხელები, უნდოდათ ჩაენთქათ, დაეკარგათ, ხელი მოეჭიდათ…
სალომეს შიშისაგან თვალთ დაუბნელდა. სუნთქვა აუჩქარდა, საკუთარი გულის ბაგაბუგი ესმოდა ყურებში.
უნდოდა უკან დაეხია, ყურებზე ხელები მოეჭირა და მოკრუნჩხულიყო…
მერე კი უეცრად ხელქვეშ ცივი, თითქოსდა სლიპინა უხეში ზედაპირი გამოეცალა. სალომე წინ გადავარდა და ვიღაცას შეასკდა.
იგრძნო თბილი სხეული, თბილი მკერდი და მისი საფეთქელის გვერდით აჩქარებულად მფეთქავი ყელის არტერია.
მთელი ძალით ჩაეჭიდა მას, მაგრად შემოხვია ყელზე ხელები და ოდნავ ფეხისწვერებზე წამოიწია, რომ უკეთესად ჩაერგო მის ყელში თავი.
იდგა და სხვა ადამიანის სიახლოვეს ისრუტავდა.
დამშვიდდა. ყურებში აღარ ესმოდა საკუთარი გულისცემა, სამაგიეროდ ხმადაბალ, სწრაფ სუნთქვას უგდებდა ყურს.
ლოყის ქვეშ სისველე იგრძნო და მიხვდა, რომ ტიროდა.
სისველემ და ყელიდან გამოქცეულმა, საკუთარმა სასოწარკვეთილმა ქვითინმა გამოაფხიზლა.
გააცნობიერა, ვის ჩასჭიდებოდა.
უკან დაიწია, მკვეთრად მოშორდა თბილ სხეულს და სიძულვილით ახედა.
მისი უფროსი ზემოდან დაჰყურებდა, ხელები უცნაურად ჰქონდა გამოშვერილი, თითქოსდა ახლახან ვიღაცას ეხუტებოდაო.
სალომემ გაუპარსავ ყბაზე შეხედა.
მერე კი მარჯვენა მკლავი უკან გასწია და მთელი სისწრაფით მოიქნია.
ლაწანმა შემზარავად გაირბინა შემოსასვლელში და თითქოსდა კიბეებს აჰყვა, რომ ზედა სართულებში ექო გამოეძახა.
ლაშა გაუნძრევლად იდგა, თავი ოდნავ მარჯვნივ მიეტრიალებინა.
სალომეს ხელისგული აეწვა და იცოდა, რომ მის უფროსსაც ასევე ეწვოდა ყბა, მაგრამ იგი ხმას არ იღებდა. უბრალოდ იდგა და სადღაც იყურებოდა, ქვემოთ. ხელები მოშვებოდა.
გოგონა შეტრიალდა, სინათლის შუქზე საწყობის იატაკზე დავარდნილი ჩვარი აიღო და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სამზარეულოში. მაშინვე დაიწყო  სუპის აწმენდა, იქამდე წმენდდა, სანამ ჩვარი მთლიანად არ გაიჟღინთა უკვე გაციებული სითხით. მერე კი ჩვრით ხელში შემოსასვლელში გამობრუნდა, სადაც ჯერ კიდევ, იგი პოზაში გაუნძრევლად იდგა ლაშა.
სალომემ გაჟღენთილი ჩვარი მოიქნია და ბიჭს ესროლა, ისე რომ სველი ჩვარი ლაშას მკერდში მიეხეთქა, სხეულზე ჩამოჰყვა და ტყლაპანით დავარდა ძირს.
-ძალიან დაგენანა ხომ, სუპი? – გესლიანად დაუსისინა სალომემ და ცრემლიანი სახე ხელის ზურგით მოიწმინდა. – ჰოდა, ჭამე.
მან ძირს დავარდნილ ჩვარზე მიუთითა, მერე კი შებრუნდა და კიბეებზე აირბინა, თავის ოთახში ლოგინზე დაეცა და საბანში გაეხვია.
დღეისთვის საკმარისი იყო.
-*-*-*-*-*-
კიბეებზე მისი მოსამსახურის ნაბიჯები რომ მიწყდა, ლაშამ ძლიერად ამოიქშინა და უაზროდ დააშტერდა ძირს დავარდნილ ჩვარს. ნელა დაიხარა ასაღებად, და შუბლი შეიჭმუხნა, როცა გაჟღენთილმა ქსოვილმა ჭყლოპინი ამოუშვა. იგი ნელი ნაბიჯით გაემართა საწყობისაკენ, და კართან ახლოს გადმოგორებული მეტალის ვედრო წამოაყენა. ჩვარი გადაგრიხა, და სითხე ვედროში ჩაწურა, მერე კი ვედროს სახელურში წაავლო ხელი და სამზარეულოსკენ წაათრია. ამრეზით შეხედა იატაკზე დაღვრილ სუპს, კუთხეში მიგორებულ ქვაბს ყურში წაავლო ხელი და სამზარეულოს დახლზე შემოდო. მერე კი გაწურული ჩვრით იატაკის მოწმენდა დაიწყო.
რომ გაათავა, ჩვარი გაზქურასთან დადგმულ ვარცლში გადაისროლა და ვედროც იქვე მიდგა.
ხვალ მიხედავდა.
კიბეებზე ნელა აიარა, სხეული თითქოს დაუმძიმდა და ფეხებს ძლივს მიათრევდა. ყბა ჯერ კიდევ უხურდა სილის გალაწუნებისაგან.
რატომ გადაირია ასე? ძალიან სურდა გვანცასთან ერთად ვახშამი სიწყნარესა და სიმშვიდეში ეჭამა და თავის მოსამსახურეზე არ ეფიქრა, მაგრამ…
მერე კიდევ მისი გამოლანძღვა მოინდომა, როცა გოგონა ზემოთ ავარდა, უკან გაჰყვა კიდეც. ვინ იფიქრებდა, რომ ოთახში არ დახვდებოდა? კარი ისეთი ძალით მოსწია, რომ კინაღამ ანჯამებიდან ამოაგდო, უნდოდა შევარდნილიყო, ეყვირა, ელანძღა, გული მოეოხებინა…
სიტყვები კი პირში შეაცივდა, როცა იქ ვერავინ ვერ დაინახა. საწოლი ისევ აბურდული იყო, იატაკი მოუგველი, ისე რომ მტვრის თხელ ფენაზე ჩანდა ფეხის ანაბეჭდები.
ჯერ გაოცდა, ცოტათი დაიხარა კიდეც, რომ საწოლის ქვეშ შეეთვალიერებინა, მაგრამ მიხვდა, რომ ოთახი ცარიელი იყო.
მერე კი გაოცება მრისხანებამ შეუცვალა.
სად ჯანდაბაში უნდა წასულიყო? სად დაიმალა?
ინსტინქტურად მაშინვე მეზობელმა ოთახმა გაუელვა თავში და გაახსენდა, თუ როგორ უყურებდა სალომე ოთახის ხის მაღალ კარებს და როგორი გულდაწყვეტილი ჩანდა, როცა ლაშამ სახლში ყველაზე პატარა საძინებელ ოთახში გაამწესა.
მაშინვე ინსტინქტურად შელეწა მეზობელი ოთახის კარი და რაღა თქმა უნდა, ის იდიოტი იქ იჯდა, საწოლზე, და დაფეთებული, გაფართოებული თვალებით შემოჰყურებდა. ლოყებზე სისველე აჩნდა.
ლაშა ალბათ სწვდებოდა, გალანძღავდა და ხელითაც შეეხებოდა კიდეც, მაგრამ მის თვალებში ჩამდგარი შიშის ყურება არ შეეძლო.
არ იცოდა, რამ წამოუარა, მაგრამ ყველაზე საზიზღარი და უაზრო იდეა მოუვიდა თავში, რომელიც იმ წუთას, მისი აზრით, საოცრად ჭკვიანური და რაც მთავარია, ახი იქნებოდა ამ სულელ გოგოზე. ქვემოთ ჩაეგზავნა, საწყობში ჩვრის გამოსატანად შეეტყუებინა და მერე კარი ჩაეკეტა.
და იქ დაეტოვებინა.
ეს იქნებოდა მისი სასჯელი.
„რა ჯანდაბას ვფიქრობდი?“ გაიფიქრა მან და კარი წიხლით შეაღო, მკლავებმოხეული ჟაკეტი მოიძრო და ძირს გადაისროლა. თმაში ხელები შეიცურა და მოსწია, გრძელი ღერები ხელში უხეშად მოხვდა. რატომ იყო ასეთი იდიოტი?
კლიტე როგორც კი გადაკეტა, ელოდებოდა წივილს, კივილს… ელოდებოდა სალანძღავ სიტყვებს.
„როგორ შეგიძლია ეს გააკეთო…. ვერ გააკეთებ…“ მისმა ცრემლებით ავსებულმა, გულამომჯდარმა ხმამ თითქოს ამოაბრუნა. წამსვე მიხვდა რას აკეთებდა, გააცნობიერა, როგორ სადისტურად  ექცეოდა ადამიანს და ამან აიძულა, კარი გაეღო.
მერე კი გოგონა მისკენ გადმოვარდა და მაგრად ჩაეჭიდა, სველი სახე კი მის ყელში ჩარგო. ლაშა გაშეშდა, როცა სხეულის მოკვრა იგრძნო. გულისცემა აუჩქარდა და ხელები ჰაერში დარჩა გაშვერილი გაოცებისაგან. შეაჟრჟოლა, როცა ყელზე გოგონას ცრემლი დაუგორდა და მაისურის საყელოში ჩაეკარგა. წამიერად ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა, ადგილს მიეყინა.
მერე კი მიხვდა, თუ რა სასიამოვნო იყოს სხვა ადამიანის შეხება, სითბო, კანის სინაზე. მითუმეტეს, როცა ეს ადამიანი გულწასული არ იყო და მთელი ძალით ეჭიდებოდა ზედ, მკლავები მისი ყელის გარშემო ჰქონდა შემოხვეული. ხელები ნელ-ნელა მოხარა, რაღაცნაირად ეშინოდა, რომ თუ სწრაფად იმოძრავებდა, მასზე ჩაჭიდებული სხეული უეცრად გაქრებოდა…
მართლაც, რისიც ეშინოდა, ის მოხდა. სალომემ მკვეთრად დაიწია უკან და ლაშას მოეჩვენა, რომ უეცრად შესცივდა, ხელები ისევ გაშვერილი და ოდნავ მოხრილი დარჩა.
მერე კი სალომემ სილა გააწნა.
ლაშა იოლად დაიჭერდა მის ხელს და საკმაოდ მწარე სილას აიცილებდა, მაგრამ სხეულს ვერ ანძრევდა. თბილი სხეულის მოშორების სიცივე ძვლებში გაჯდომოდა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას აძლევდა.
ლაშა ლოგინზე დაემხო და თავი ბალიშში ჩარგო.
სასიამოვნო იყო გახურებულ ყბაზე ცივი ნაჭრის შეხება.
გადაბრუნდა და ჭერს მიაჩერდა. ოთახში სიბნელე იყო, ვერაფერს ხედავდა კარგად.
ეს შემთხვევა უნდა დაევიწყებინა. ხვალ ისე მოიქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო წინა დღეს.
გვანცაზე უნდა ეფიქრა.
გვანცა ხომ საოცრად ჰგავდა მას… მართლაც საოცარი მსგავსება იყო…
თვითონაც კი მოტყუვდა, როცა გვანცა დაინახა ზღურბლზე.
ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გაუშვებდა.
-*-*-*-*-*-
ტირილისაგან თვალებდაწითლებულმა სალომემ რომ გამოიღვიძა, უკვე შუადღე იყო. სწრაფად წამოიჭრა ლოგინიდან, მაგრამ გუშინ მომხდარი როგორც კი გაახსენდა, ამოიგმინა და ბალიშში ჩაემხო.
სად ჰქონდა ტვინი?
„აშკარად იმ საწყობში დავტოვე, როცა ჩამკეტა შიგნით,“ გაიფიქრა სალომემ და ნელა წამოჯდა ლოგინზე. „ღმერთო ჩემო, გავარტყი… მერე კი სველი ჩვარი ვესროლე…“ გოგონამ ფეხები გადმოაწყო იატაკზე და წამოდგა. მუცელი უღრუოდა.
იცოდა, რომ სისულელე ჩაიდინა, როცა ლაშას გაარტყა, მაგრამ არ ნანობდა საკუთარ საქციელს. „იმსახურებდა ეგ დაცემული დეგენერატი…“ ზიზღით გაიფიქრა სალომემ, დაკუჭული ტანსაცმელი გაისწორა და ფეხების ფლატუნით წავიდა კარისაკენ. „არ მჯერა, რომ ასეთი საზიზღარი რამ გაბედა… დამპალი…“ გოგონამ თავი გააქნია, ნელა, მთქნარებით ჩაუყვა დერეფანს და კიბის თავს მიადგა.
შემთხვევით ზემოთ აიხედა.
მერე კი შეამჩნია.
გვანცა მესამე სართულზე ადიოდა.
სალომე მოიღუშა, ჯერ ქვემოთ ჩაიხედა, შემოსასვლელისაკენ, მერე კი ისევ ზემოთ.
წამში გადაწყვიტა. ფრთხილად დაიძრა კიბისაკენ, და ფრთხილად დაიწყო მესამე სართულისაკენ ასვლა.
კიბის ბოლოს რომ მიუახლოვდა, კისერი წაიგრძელა და წინ გაიჭყიტა, რომ გვანცა დაენახა. იგი მთავარ დერეფანს მიუყვებოდა სწრაფად, ისე რომ სალომე მხოლოდ მის ზურგს, მოჭერილ ჯინსის შარვალსა და უმკლავებო მაისურზე გადმოფენილ თმას ხედავდა.
გოგონამ კიბე აათავა და ნელი, ჩუმი ნაბიჯით დაჰყვა დერეფანს წინ მიმავალი ქალისაგან ოციოდე მეტრის დაშორებით.
ბოლოს, გვანცა დერეფნის ბოლოში მდებარე, უშველებელ ორმაგ კარებებთან გაჩერდა.
სალომეც ინსტინქტურად შეჩერდა და მოიღუშა.
-რას აკეთებ? – ხმამაღლა იკითხა მან.
გვანცა ადგილზე შეხტა და სწრაფად შემოტრიალდა, მისმა გაფართოებულმა თაფლისფერმა თვალებმა სალომე გაბურღეს.
ქალი თითქოს გაიბერა, წარბები შეკრა და წინ წამოვიდა.
-არაფერს. – მიუგო მან, სალომეს ჩაუარა და სწრაფი ნაბიჯით ჩაუყვა კიბეს.
გოგონამ კიდევ ერთხელ, ეჭვით გადახედა უშველებელ ხის მოჩუქურთმებულ კარებებს.
მერე შემოტრიალდა და ქვემოთა სართულისაკენ აიღო გეზი.
-*-*-*-*-*-7
ერთმა კვირამ ისე გაიარა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სალომე სახლს დაჰყვებოდა და ასუფთავებდა, თან ახალი საქმეც გამოუჩნდა: სულ ცდილობდა, რომ გვანცაზე თვალი სჭეროდა. ქალი თავის ოთახში იყო გამოკეტილი და როცა სალომემ რამდენჯერმე ჩაუარა მის ოთახს, როცა დერეფნებს გვიდა, მოეჩვენა, რომ ოთახიდან ლაპარაკის ხმა გამოდიოდა. ორი წამით გაჩერდა და მიაყურადა, მაგრამ ვეღარაფერი ვერ გაიგონა.
ამან კიდევ გააღვივა გოგონაში ეჭვი. ქალს არ ენდობოდა. ყოველთვის უნდობლად შეხედავდა და წარბებს კრავდა, როცა გვანცა მათთან ერთად საჭმელად ჩამოდიოდა. სალომე გრძნობდა, რომ მარტო თვითონ ამჩნევდა ქალის უცნაურ ქცევებს, რადგან ლაშა მთელი დღე გასული იყო და ბაღში მუშაობდა. მაგრამ სამაგიეროდ, ძნელი შესამჩნევი არ იყო, თუ როგორ ცდილობდა, მათ დაუპატიჟებელ სტუმარ ქალს კარგად მოქცეოდა. გვანცა მის მიერ განებივრებული იყო, საღამოობით ლაშა მას ელაპარაკებოდა, ახლოს დაუჯდებოდა. გვანცაც ტკბილად გაუღიმებდა ხოლმე, და სალომეს რამდენჯერმე მოეჩვენა, რომ მის ღიმილში პირფერული ნაპერწკალი დაინახა.
ვერ იტანდა იმას, რომ ლაშა გვანცას ასე კარგად და მოწესრიგებული ბიჭივით ექცეოდა, როცა გვანცა ასე შეუმჩნევლად დაძვრებოდა მის ზურგს უკან. „რატომ არის ასეთი გულუბრიყვილო?“ გაიფიქრა სალომემ და თავი გააქნია. რამდენჯერმე მან სიტყვა გადაუკრა ბიჭს გვანცაზე, მაგრამ ლაშამ სახე დაღმიჭა და მარცხენა, მოჭუტული თვალით გამაფრთხილებლად ამოხედა, მერე კი უბრძანა, რომ გვანცაზე ერთი ცუდი სიტყვა არ დაეძრა. „ეგ დიქტატორი… სადისტი იდიოტი…“ კბილები გააღრჭიალა სალომემ და ცოცხი მთელი ძალით ჩაახეთქა წყლიან ვედროში.  წყალი იატაკზე გადმოშხეფდა, მაგრამ გოგონას დიდი ყურადღება ამისათვის არ მიუქცევია.
სალომემ ამოიხვნეშა, ბოლოებდასველებული ცოცხი ვედროდან ამოიღო და დაფერთხა, რომ აბლაბუდები ჩამოეწმინდა.  მეოთხე სართულზე იყო, ფარდები გადაეწია და ცდილობდა, კუთხეებს მიწვდენოდა. ცოცხი კედელზე მიაყუდა და წყლიან ვედროზე გადადებული ჩვარი აიღო, რომ გაეწურა და დამტვერილი რაფა ჩაწმინდა. მერე კი ფანჯარა გამოაღო, რომ მინის გარეთა მხარე მოესუფთავებინა.
ფანჯარაში გადაიხედა, რომელიც სახლის მარჯვენა გვერდს გადაჰყურებდა.
მერე კი შეამჩნია.
ბაღში ლაშა იდგა და სარეველებს თხრიდა. მეოთხე სართულიდან კარგად არ ჩანდა, მაგრამ სალომეს შეეძლო გაერჩია მისი გრძელმკლავებიანი მაისური და ზედ მოცმული კაპიუშონიანი ჟაკეტი, ასევე გრძელი შარვალი.
თავის ტანსაცმელს: უმკლავებო, თხელ მაისურსა და მუხლებთან გადაჭრილ შარვალს დახედა.
ნაშუადღევი იყო, მზე თვალისმომჭრელად ანათებდა. სახლში ძალიან თბილოდა, და სალომეს წარმოედგინა, თუ როგორი სიცხე იქნებოდა გარეთ.
მის უფროსს კი ასეთი თბილი ტანსაცმელი ეცვა.
არ სცხელოდა მაინც?
სალომე მოიღუშა, ეს მისი საქმე არ იყო. „მე რაში მანაღვლებს, რას ჩაიცვამს…“ გაიფიქრა მან, ცოცხს ხელი დაავლო და რაფაზე შედგა, რომ კუთხედან ბღუჯა აბლაბუდები ჩამოეწმინდა.
პირი ფანჯრისაკენ იქცია და ფრთხილად წაიწია წინ, რომ ფანჯრის უძრავი მხარე გარედან ჩამოეწმინდა.
ფეხქვეშ ახლადჩაწმენდილი რაფა სლიპინა იყო და ფეხი ოდნავ უსტოდა, მაგრამ არ უნდოდა მის გაშრობას დალოდებოდა. კიდევ ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი.
მუხლები გაამაგრა და წინ გადაიწია, რომ კარგად მისწვდენოდა ფანჯრის მინის გარეთა მხარეს.
მერე კი ფეხი დაუსრიალდა.
მარჯვენა ტერფი წინ გაუსხლტა და სხეულით ოდნავ უკან გადაექანა…
იგრძნო, როგორ მოებჯინა სუნთქვა ყელში, როგორ გაუფართოვდა თვალები და როგორ აღმოხდა შეჰყვირება, რომელიც უფრო გაოცებისაგან იყო, ვიდრე შიშისაგან.
წამიერად თვალთ დაუბნელდა.
შეეცადა ბალანსი აღედგინა და არ დაცურებულიყო, არ გადავარდნილიყო…
ორი წამი გაძლო ფეხზე მდგომმა, მაგრამ ქუსლზე დაბჯენილი, წინ გაწვდენილი ფეხი ღრჭიალით დასრიალდა წინ, რაფაზე…
წამიც და გადავარდებოდა.
დროზე გამოსწია ხელი და ფანჯრის უძრავ ნაწილს მოეჭიდა.
გული აჩქარებით უცემდა და ხელი მაგრად მომუშტა, რომ უკან დაწეულიყო.
ფანჯარაზე ხელჩაჭიდებულმა ფეხი გამოსწია და რაფაზე გადაათრია.
გულამოვარდნილი და დაფეთებული იატაკზე ნელა აპირებდა ჩასვლას, როცა შხუილი გაიგონა ქვემოდან.
სწრაფად მოატრიალა თავი და თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა, როგორ მოფრინავდა მისკენ პატარა ქვა ქვემოდან.
დროზე გაიწია გვერდზე, რომ მისკენ ნასროლი კენჭი აეცილებინა. კენჭი მას გასცდა,  დერეფანში დაეცა და წკარუნით გაგორდა.
„რა ჯანდაბაა….“ გაუელვა სალომეს თავში და ფრთხილად წაიგრძელა ყელი, რომ ძირს ჩაეხედა. სხეულში ჯერ კიდევ აჟრიალებდა, გული ყელში ჰქონდა მობჯენილი.
ლაშა იდგა, ხელები მოემუშტა და თავი მისკენ ამოეტრიალებინა. სალომე კარგად ვერ ხედავდა მისი სახის გამომეტყველებას სიშორის გამო, მაგრამ ამჩნევდა, რომ გაბრაზებული იყო, იმის მიხედვით, თუ როგორ დაძაბული იდგა და როგორ შეეკრა მუშტები.
-რა ჯანდაბას აკეთებ? – იღრიალა ლაშამ, როცა გოგონამ ადმოხედა. – გინდა გადმოვარდე და მოკვდე?
-შენს ხელში მოუნდება ადამიანს სუიციდი, აბა რა იქნება… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოგონამ. ისევ აჩქარებით სუნთქავდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ წყნარდებოდა ნელ-ნელა. – სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ! – ხმა აიმაღლა მან. – კარგადა ვარ!
-ცოტა ხნის წინ არ იყავი კარგად! როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მოუხეშავი იყოს? ჩამოვარდებოდი და რაღაცას დაიმტვრევდი! ტლანქი, მოუქნელი იდიოტი ხარ!

-შენ ვინ გეკითხება? – შეუყვირა სალომემ, უკვე ყელში ამოუვიდა მისი უაზრო  გამოხტომები. ბოლო სიტყვებმა ბრაზი აუბუყბუყა შიგნეულში და დიდი სიამოვნებით  გაულაწუნებდა ლაშას სიფათში კიდევ ერთხელ. – რატომ მეუბნები მაგას და რატომ მლანძღავ? უკაცრავად, მაგრამ არავითარი უფლება არ გაქვს, ახლა კი თავი დამანებე!

გოგონა შეტრიალდა და გაღიზიანებით აღსავსე, სწრაფად დახტა ძირს, იქვე დაგორებულ კენჭს დასწვდა და ფანჯარაში მთელი ძალით მოისროლა, მერე კი ფანჯარა მოიქნია და მიაჯახუნა.
ბრაზით წაავლო ცოცხსა და ვედროს ხელი და ქვემოთ ჩავიდა.
-*-*-*-*-*-
სალომემ როგორც კი შემოსასვლელში ჩააღწია, მაშინვე გუნება წაუხდა და შუბლში იტკიცა ხელი. „გათავდა…“ გაიფიქრა მან. „ახლა ნამდვილად მცემს…“ ცოტა ხანი ელოდებოდა კიდეც, რომ ლაშა მის საცემად გამოვიდოდა და ცოცხი მაგრად ჩაბღუჯა გამგელებული მამაკაცის მოსაგერიებლად, მაგრამ საბედნიეროდ, მისი უფროსი არ მოსულა.
სალომემ ამოიხვნეშა და ცოცხი საწყობში შეაყუდა. რატომ ჰქონდა ასეთი ცუდი რეაქცია, როცა ლაშამ ბაღიდან ამოსძახა? ახლა რომ დაუკვირდა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭმა ფაქტიურად გამოლანძღა, მაინც შეწუხებული ჩანდა მის გამო, რომ სალომე შეიძლება დამტვრეულიყო.
გოგონას რეაქცია არ იყო უსამართლო, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაშა დასრულებული, ველური იდიოტი იყო. მაგრამ მან სალომესადმი ზრუნვა გამოაჩინა, რომელიც გოგონამ კიდევ სახეში დაუბრუნა, და რამდენიმე მწარე სიტყვაც ზედ მიაყოლა.
რატომ უნდა ეგრძნო სინდისის ქენჯნა?
სალომეს ნამდვილად არ აწუხებდა სინდისი. მაგრამ გააცნობიერა, რომ მისი უფროსი მასზე რაღაცნაირად მაინც ზრუნავდა და ყველაზე მცირე, მისი სიკვდილი არ უნდოდა მაინც. და კარგი იქნებოდა ლაშასთან სივილური ურთიერთობის დამყარება. მაშინ ცოცხის კარისაკენ მოღერება არ დასჭირდებოდა მაინც.
როცა საჭმელს ამზადებდა, სამზარეულოს ღია ფანჯრიდან გადაიხედა. ლაშა ისევ იქ იყო, და ამჯერად გადათხრილ პერიმეტრს ბარავდა. საოცრად სწრაფად და ოსტატურად მიჰყვებოდა კვალს. სალომემ წარბი ასწია. აშკარა იყო, რომ ბიჭს ამაში გამოცდილება გააჩნდა. „
ალბათ მთელი ორი წელი ამის მეტს არაფერს აკეთებდა…“ გაიფიქრა სალომემ და ჩაიცინა.
ლაშა შემოტრიალდა, სალომეს ზურგი შეაქცია, ხელი ასწია და თავთან აიტანა, ალბათ შუბლს იწმენდდა. გოგონა მოიღუშა, როცა შეამჩნია, თუ როგორ დასველებოდა ზურგზე ჟაკეტი ოფლისაგან. თავზე ისევ ის კაპიუშონი ჰქონდა წამოხურებული.
მზე აჭერდა, იმის მიუხედავად, რომ მალე ოთხი შესრულდებოდა. ცაზე აღმოსავლეთიდან მუქი ღრუბლები მოდიოდნენ. გასაკვირი არ იქნებოდა, რომ ასეთი ცხელი დღის შემდეგ ეწვიმა. ალბათ საღამოს მოწვიმდა კიდეც.
 სალომემ ტუჩები მოპრუწა.
ლაშას არ წყუროდა მაინც? არ შეეძლო რომ ერთი წუთით შემოეარა სახლში და პირი გაესველებინა?
უცებ იდეა მოუვიდა.
„წყალი რომ გავუტანო?“ მან იმედიანად გადახედა მაცივარს. „მადლობელი დამრჩება მაინც და იქნებ რამენაირად ნელ-ნელა ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ…“
სალომემ გაზქურა ნელ ცეცხლზე დააყენა, და მაცივრიდან წყალი გამოიღო. ბოთლით ხელში გარეთ გავიდა და თვალებზე ხელი აიფარა, რომ მზეს თვალი არ მოეჭრა. სახლს რომ შემოუარა, ზურგზე უკვე სიცხემ დააჭირა.
ლაშა ისევ ბარავდა. მას თავი დაეხარა, ქშინავდა და ჯიუტად, სწრაფად მიუყვებოდა კვალს. თმა სახეზე ჩამოჰყროდა და სალომემ დაინახა, როგორ დაუგორდა მარცხენა საფეთქელზე ოფლის წვეთი.
ძალაუნებურად თვალი გააყოლა, სანამ წვეთი ძლიერ ყელს არ ჩაჰყვა და მაისურში არ ჩაიკარგა.
სალომემ რატომღაც გამშრალი პირი ნერწყვით გაისველა და ყელი ჩაიწმინდა, რომ თავისი იქ ყოფნა ლაშასთვის შეეტყობინებინა.
ბიჭმა სწრაფად ასწია თავი და გასწორდა.
სალომეს ხელში მოქცეული ბოთლისაკენ გაექცა თვალი და პირი მოიწმინდა, მერე კი ნელა გამოუწოდა ხელი.
გოგონა მიუახლოვდა და უსიტყვოდ გაუშვირა ბოთლიანი ხელი. ლაშამ გამოართვა, თავი მოხსნა, თავსახური სალომეს გადაუგდო და ბოთლი ელვის სისწრაფით მოიყუდა.
ბოთლი მალევე მოიშორა პირიდან და ხმამაღალი ქშენით, უკან გამოუწოდა სალომეს.
გოგონამ ბოთლი გამოართვა, ძალიან შეეცადა მასზე მოშტერებული ბიჭისათვის ცალყბად მაინც გაეღიმა, შემოტრიალდა და ისე დაუყვა ბილიკს.
-*-*-*-*-*-
სალომეს გასაკვირად, ლაშა სახლში როცა დაბრუნდა, სამზარეულოში კი არ შემოვიდა, არამედ კიბეებს მიაშურა. გოგონამ ჯერ წარბაწეულმა მოუსმინა მის ნაბიჯებს, მერე კი მხრები აიჩეჩა, კიდევ ორი კატლეტი გადმოიდო თეფშზე და მაგიდასთან ჩამომჯდარმა, ჭამა დაიწყო.
ლაშა მალევე ჩამობრუნდა ქვემოთ, სადღაც თხუთმეტიოდე წუთში. და კიდევ ერთხელ, სალომეს გასაკვირად, სხვანაირად ეცვა. ისევ კაპიუშონიანი მოსაცმელი, მაგრამ ამჯერად, იგი სუფთა და უფრო ღია ფერის იყო, ვიდრე მის მიერ ყოველდღიურად ნატარები შავი ჟაკეტი. შიგნით ღია ლურჯი ფერის, წინა მხარეს ღილებით შესაკვრელი მაისური მოერგო და ჯინსის შარვალი ეცვა, ყოველდღიური საშინაო ფეხსაცმლით.
ნიჟარასთან მდგომმა სალომემ გაფართოებული თვალებით ახედ-დახედა.
-რას მიყურებ? – მოღუშული შეეკითხა ლაშა და მაგიდასთან ჩამოჯდა. – რა, არ მოგწონს?
-არა… – უპასუხა სალომემ, და შებრუნდა, რომ თეფშის გარეცხვა მოემთავრებინა, მერე კი რამდენჯერმე ჩააქნია ნიჟარაში, რომ ზედმეტი წყალი მოეშორებინა. – უბრალოდ სხვანაირია…
-ეგ მეც კი ვიცი! – მკვახედ დაუღრინა ლაშამ. – კარგი სხვანაირია თუ ცუდი სხვანაირი, მერე? – ჩაეკითხა იგი.
სალომე შემობრუნდა და თვალები დაახამხამა.
-შენ რა, ჩემს აზრს კითხულობ? – გაიცინა მან. – თუ მომეყურა?
-გაჩუმდი, რა… – ჩაიბურტყუნა ლაშამ. – სად არის გვანცა აქამდე…
სალომემ ტუჩები მოილოკა და ჩუმად ჩაიცინა.
-კარგი სხვანაირია. – თქვა მან ბოლოს და სველი თეფში დასაწრეტ რაფაზე შემოდო. – მართლა.
ლაშამ არაფერი უპასუხა.
სალომემ ხელები შეიწმინდა და სამზარეულოდან გასვლას დააპირა.
-გვანცას გაუარე. – თქვა უცებ ლაშამ. – უთხარი, რომ ვახშამი მზადაა.
გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და შემოსასვლელში გავიდა.
კიბეები აათავა, მარცხენა დერეფანში მესამე, დიდ კარს მიადგა და მაგრად დააკაკუნა. დაღლილი იყო, ყველაფერი სტკიოდა. უბრალოდ უნდოდა, რომ ლოგინში ჩაწოლილიყო და დაესვენა.
ცოტა ხანი მოუთმენლად შეიცადა, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა. ისევ დააკაკუნა.
ბოლოს, ყელში ამოუვიდა, მაგრად დააწვა სახელურს, კარი გამოსწია და გააღო.
გვანცა ლოგინზე მუცელზე წამოგორებულიყო და ყურებში ყურსასმენები ჰქონდა გარჭობილი. ფეხები მოეკეცა და ალბათ, რიტმს აყოლილი, აქანავებდა.
სალომემ თვალები გადაატრიალა.
-ვახშამი მზადაა! – თითქმის დაიყვირა მან.
გვანცა ელვის სიწრაფით წამოჯდა და სალომესკენ მოღუშულმა გაიხედა. უკმაყოფილო სახით ასწია ხელები და ყურსასმენები მოიხსნა. სალომემ ამოიხვნეშა, მკლავები გადააჯვარედინა და ოთახს თვალი გადაავლო.
-აქ რატომ შემოდიხარ? – მკაცრად ჩაეკითხა გვანცა. – გადი!
-მე ნუ მადანაშაულებ. – მიუგო სალომემ, თან ფანჯარაში გაიხედა. მზე უკვე ჩადიოდა. ფარდები ნაზად ირწეოდნენ სუსტ ნიავზე. – უფროსმა გამომაგზავნა. აინტერესებს, რატომ აგვიანებ…
სალომე გაჩუმდა და წარბები შეკრა.
აფრიალებული ფარდის უკან რაღაც იდგა. მაღალი, ალბათ მასზე ცოტა დაბალი, სანთლების შანდალი.
ასეთი შანდალი სახლში ჯერ არ ენახა, არადა ორიოდე დღის წინ დაჰყვა შანდლებს…
-ეს საიდან გაქვს? – შანდლისაკენ ხელი გაიშვირა სალომემ. გვანცამ სწრაფად მიატრიალა მაღალი, ოქროსფრად მობრწყინვალე, ჩუქურთმებიანი საგნისაკენ.
-აქ ვიპოვე. – მშვიდად მიუგო მან. – ამ ოთახში იყო…
-არა, არ იყო. – მოუჭრა სალომემ. – შენ თვითონ დამალაგებინე ეს ადგილი, გახსოვს? მე მთელ ოთახს დავყევი, ეს კი არ მინახავს. – სალომე უეცრად დაიძაბა, სხეული დაეჭიმა. – საიდან გაქვს?
-ოჰ, კარგი, ჰო… ჩემთან ერთად მოვიტანე. – მიუგო გვანცამ და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-მერე სად ჩაატიე? როგორ მოიტანე? – პირი დააღო სალომემ და წარბები შეკრა. – ეს ძალიან მაღალია, შენს ჩემოდანში არ ჩაეტეოდა…
-შენი რა საქმეა? – უცებ აფეთქდა გვანცა. – აქედან გადი…
-კარგი… – ყბები ერთმანეთს დააჭირა სალომემ. – ოღონდ ამას წავიღებ…
იგი სწრაფად გაემართა შანდლისაკენ.
-რას აკეთებ? ვერსადაც ვერ წაიღებ! ეგ ჩემია… – წინ გადაუდგა გვანცა, მაგრამ სალომემ მსუბუქად ჰკრა ხელი, შანდალი აიღო და ქალს მოუღირა.
-არ ვიცი, ეს საიდან იშოვე… – თქვა მან და მოიღუშა. – მაგრამ შენი არ არის და აქ არ უნდა იყოს. ახლავე უფროსს ვაჩვენებ ამას…
სალომე სწრაფი ნაბიჯით გამოტრიალდა და საკმაოდ მძიმე შანდლით ხელში, კიბეები ჩაირბინა.
უკან ნაბიჯების ხმა არ გაუგონია, გვანცა უკან არ გამოჰყვა.
გოგონა სწრაფად შეიჭრა სამზარეულოში.
-ამას შეხედე… – თქვა მან და შანდალი ასწია. მაგიდასთან მჯდარმა ლაშამ გამოხედა და უეცრად ფეხზე წამმოიჭრა.
-ეგ საიდან გაქვს? – დაბალი ხმით იკითხა მან.
-გვანცას ჰქონდა ოთახში, და… – ახსნა დაიწყო სალომემ, მაგრამ ლაშამ თავი გააქნია.
-ნუ მატყუებ. – დაისისინა მან. – საიდან გაქვს? ამოყაჭე!
სალომემ გაოცებით შეხედა.
-გეუბნები, რომ გვანცას ჰქონდა ოთახში… – მიუგო მან, მაგრამ ლაშამ ერთი ნაბიჯი გადაადგა, და შანდალი ხელიდან წაჰგლიჯა. სალომეს კრთომა აღმოხდა.
-როგორ ბინძურად იტყუები! – იღრიალა უეცრად ლაშამ და სალომე ადგილზე შეხტა. – ეს… ეს… ეს როგორ გაქვს… როგორ მისწვდი… – ლაშას გამოჩენილ მარცხენა თვალში თითქოს კოცონი ენთო, პირი უცნაურად დაეღმიჭა.
-გაიგონე, გვანცას ჰქონდა მეთქი ოთახში! – შეუყვირა სალომემ. – ეგ გოგო საეჭვოა, გესმის? ამ სახლში არ უნდა იყოს…
-ამ სახლში არ უნდა იყოს? – წარბი ასწია ლაშამ და სწრაფად დააქნია თავი. – მე ვიცი, ვინც არ უნდა იყოს ამ სახლში… – მან შანდალი დადგა და სალომეს მკლავში სტაცა ხელი.
მერე კი შემოსასვლელში გაათრია.
მთლად გაოცებული და პირდაღებული სალომე განცვიფრებით აჰყურებდა.
ენა თითქოს მუცელში ჩაუვარდა, სიტყვა ვერ ამოთქვა.
-რას აკეთებ… გაგიჟდი? – ძლივს ამოილუღლუღა მან და მკლავის გათავისუფლება სცადა, როცა კარს მიუახლოვდნენ.
ლაშამ ხელი ძლიერად ჰკრა და გარეთ გააგდო. ერთხელ უსიტყვოდ, მრისხანებით ავსებული თვალით შეხედა და კარი ძლიერი ჯახუნით მოხურა.
მერე კი ჩაკეტა.
სალომე იდგა, ხელებჩამოყრილი და ვერ დაეჯერებინა, თუ რა მოხდა.
მისდა ბედად, უკვე წვიმდა.
სალომემ პირი მოკუმა. იყვირებდა, ლაშას გამოლანძღავდა, მაგრამ არ აპირებდა ამის გაკეთებას. ამწუთას ეს თავის დამცირებას უდრიდა.
„არ სურს რომ დავეხმარო?“ მწარედ გაიფიქრა მან. „მაშ გათავდა. ხვალ განვუცხადებ, რომ მივდივარ. იმის შემდეგ, რაც გარეთ დამტოვა, დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგი არ იქნება.“
მწარედ გაიცინა და ბაღს მოავლო თვალი.
მალე დაბნელდებოდა და თვითონ შემოსასვლელთან აპირებდა ჯდომას…
მერე კი გაახსენდა.
ზემოთ, აივანზე შეეძლო აძრომა და იქ დარჩენა. წინა მხარე გადახურული იყო და იქვე ჩამოჯდებოდა. რამენაირად გაძლებდა ერთი ღამე. მერე კი ამ დასრულებულ, უტვინო იდიოტს მოშორდებოდა და საერთოდ დაივიწყებდა აქ გატარებულ აუტანელ კვირას.
სალომე ფრთხილად ჩამოვიდა კიბეებზე. აივანი დაყენებული იყო უშველებელ, სქელ სვეტებზე, რომლებზეც სქლად შემოჰხვეოდა სურო.
სალომეს შეაჟრჟოლა. წვიმამ წამსვე დაუსველა მხრები და თმა. სწრაფად უნდა ამძვრალიყო, თორემ მთლად დაჟივდებოდა.
მოიცა…
სალომე გაიყინა, სუროზე ხელი გაუშეშდა.
ფანჯარა ხომ ღია დატოვა…
როცა დერეფანს სწმენდდა, ერთი ფანჯარა ღია დატოვა.
იქედან შევიდოდა სახლში.
სანამ ამას ფიქრობდა, კოკისპირულმა წვიმამ ზურგი მთლად დაუჟია. წვიმა გრილი, მჩხვლეტავი იყო, ჰაერი კი საოცრად ცივი. სალომემ სუროში ფეხი შედგა და ზემოთ აცოცდა. შუა გზაზე ძლიერად დააცემინა და ფეხი დაუსხლტა, ძირს ჩამოცურდა.
კიდევ სამჯერ სცადა ზემოთ აძრომა და მესამე ცდაზე გაუმართლა. მთლად გალუმპული და გაყინული აძვრა ზემოთ, აკანკალებული გადაძვრა ფანჯარაში და როგორც შეეძლო, ისე ჩუმად წავიდა ოთახისაკენ.
რომ მივიდა, უკვე თავბრუ ეხვეოდა და მთლად ძიგძიგებდა, კუნთები უხტოდა.
სველი ტანსაცმელი გაიძრო და ლოგინში გაეხვია.
სხეული დაძაბვოდა, ანერვიულებოდა და გაჰყინვოდა.
ბურანში თითქმის მაშინვე გადაეშვა.
სანამ დაიძინებდა, გონებაში ერთადერთი აზრი უტრიალებდა.
„სადისტი, იდიოტი, დეგენერატი… მე ხვალ მივდივარ აქედან. ეშმაკსაც წაუღიხარ, ლაშა.“
-*-*-*-*-*-8
ლაშამ ზრიალით მოაჯახუნა შემოსასვლელის კარები მისი განცვიფრებული მოსამსახურის სახეში და მაშინვე გადაკეტა. მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოში.
ბრაზისაგან სისხლი თვალებში აწვებოდა, ღრმად ამოისუნთქა.
მუშტები უკანკალებდა.
მაშინვე თვალში მოხვდა მაღალი, ჩუქურთმებიანი შანდალი და მოუნდა, ხელში აეღო და გადაემტვრია, გადაეღუნა, გაეფუჭებინა, საერთოდ გაექრო.
მერე ხელი ვერც კი გაანძრია, რომ შანდალს მისწვდენოდა.
რამდენიმე წუთი იდგა და თავის შესაკავებლად და დასაწყნარებლად ღრმად სუნთქავდა. ხელებში ბრაზისაგან  ჩამდგარმა კანკალმა ნელ-ნელა გაუარა და თვალები მაგრად დახუჭა.
მოეშვა.
მკლავები გვერდებზე ჩამოეყარა და ოდნავ მოიხარა ბეჭებში.
„როგორ მიაგნო?“ გაიფიქრა მან კიდევ ერთხელ. სანამ თავის მოსამსახურეს კარებისაკენ მიათრევდა, სულ ეს აზრი უტრიალებდა თავში და მოსვენებას არ აძლევდა.
ახლაც შიგნეულს უღრღნიდა აბეზარი ფიქრი.
ეგონა რომ საიმედოდ ჩაკეტა. გასაღებები გადამალული ჰქონდა, მაშ როგორ შეაღწია იმ გომბიომ ოთახში?
„თუ მართლა შეაღწია… და თუ მართლა გამოიტანა ეს დაწყევლილი შანდალი, მე რაღატომ მომიტანა?“ გაიფიქრა მან და თავზე ხელები მოიჭირა. ამ გოგოსი არ ესმოდა…
„გაიგონე, გვანცას ჰქონდა მეთქი ოთახში!“ გაახსენდა გოგონას სიტყვები და მისი გამომეტყველება, როცა ეს წარმოთქვა. წარბები შეეკრა და მათ შორის ნაოჭი გასჩენოდა, თვალებით დაჟინებითა და სერიოზულად მისჩერებოდა.
„იქნებ არ ტყუოდა?“ გაიფიქრა მან, მერე კი თავი გადააქნია. რა სისულელე მოროშა სულელმა გოგომ. გვანცამ ამ შანდლის არსებობის შესახებაც არ იცოდა, გასაღები არ ჰქონდა და მითუმეტეს, როგორ უნდა აღმოჩენილიყო მის ოთახში?
„სალომემაც არ იცოდა შანდლის არსებობის შესახებ…“ ჩაუჩურჩულა გონების მეორე ნახევარმა.
ლაშა მოიღუშა და მკლავებგადაჯვარედინებული, მაგიდასთან ჩამოჯდა.
გარედან წვიმის შხაპუნი ისმოდა და ოთახში უცნაურ სიმყუდროვეს ამყარებდა.
ლაშას გაახსენდა, რომ სალომე გარეთ დატოვა, ამ წვიმაში.
ცოტა უხერხულად იგრძნო თავი და შეიშმუშნა. მთლად წვიმაში არ დაუტოვებია, კიბეები გადახურული იყო წინ, მაგრამ მაინც…
სინდისის ქენჯნა არ დასცალდა და ყველაფერი გადაავიწყდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგონა. გადაჯვარედინებული მკლავები გახსნა და ხელები მაგიდაზე დააწყო. გვანცა ღიმილით შემოვიდა სამზარეულოში და თვალები წამსვე იქვე მდგარი შანდლისაკენ გაექცა.
-ოჰ! – თქვა მან და აღტაცებით სავსე თვალებით ააყოლა ოქროსფერ საგანს თვალი. – ეს საიდან?
„ხედავ, გომბიო?“ გონებაში სალომეს დაუყვირა ლაშამ. „აი, არც კი იცის, რა არის! მის ოთახში იპოვე არა იხვის ტოლმა….“
-…ზემოდან ჩამოვიტანე. ვიფიქრე, დერეფანში ღამით კიდევ ერთ შანდალს დავდებ მეთქი.  – ძალდაუტანებლად იცრუა მან. არ სურდა თავისი მოსამსახურის სულელური წამოროშვები გვანცასათვის მოეხვია თავზე. – მოგწონს?
-კი! – მიუგო გვანცამ და წამწამების ფახურით გადმოხედა. ლაშა თაფლისფერ თვალებში ააშტერდა. სხეულში ნაცნობმა, უკვე შეჩვეულმა სითბომ დაუარა. – ძალიან ლამაზია… შეიძლება ჩემს ოთახში მქონდეს? ღამე სანთელს ავანთებ და ძალიან სასიამოვნო სანახავი იქნება. –  სწრაფად დააყოლა ქალმა.
-შენს ოთახში? კი, როგორ არ შეიძლება… – მიუგო ლაშამ. – გინდა აგიტანო და ოთახთან დაგიდგა? – ჩაეკითხა იგი.
გვანცამ პირზე ხელი აიფარა და ჩაიხითხითა.
-არა, არ არის საჭირო… – მიუგო მან და ცოტათი დაამთქნარა. – მე თვითონ ავიტან. ახლა მეძინება, კარგი?
-არ შეჭამ? – ლაშამ ჯერ კიდევ გაზქურაზე შემოდგმულ, ოხშივარადენილ ვახშამს გახედა.
-არა… – თავი გააქნია გვანცამ და შანდალი ასწია. – არ მშია. ძალიან დაღლილი ვარ. წავალ, აბა ღამე მშვიდობისა!
ლაშა ცოტათი მოიღუშა, რომ გვანცას ასე სწრაფად უნდოდა წასვლა, მაგრამ ყველანაირად შეეცადა რომ სახეზე არაფერი შემჩნეოდა. ღამე მშვიდობისა უსურვა და როცა ქალი ოთახიდან გავიდა, ნელა წამოდგა, რომ საჭმელი ეჭამა.
რატომ იყო დაღლილი? „მთელი დღე რას აკეთებდა?“ გაღიზიანებით გაიფიქრა ლაშამ და კარადის კარი კინაღამ გამოგლიჯა.
მაგიდასთან მარტო მიმჯდარი, უგემურად ღეჭავდა გახეხილ სტაფილოებს და თავის თეფშს ჩაშტერებოდა.
მიმოიხედა. დიდი, საკმაოდ მდიდრული სამზარეულო საოცრად ცარიელი და მდუმარე ჩანდა.
სულ სძულდა მარტო ჭამა.
ჩანგალი თეფშში ჩააგდო და წამოდგა.
ამოიხვნეშა და მარცხენა თვალი მოისრისა. დაღლილი იყო და ეძინებოდა. ტანსაცმელზე დაიხედა და შარვლიდან პურის ნამცეცები ჩამოიბერტყა.
მერე კი გაახსენდა, რომ გვანცას არც კი შეუმჩნევია, რომ დღეს ახალი ტანსაცმელი ეცვა.
მაისური შეისწორა და მოიღუშა. გულში წყენამ გაჰკრა.
აი, მისმა მოსამსახურემ კი შეამჩნია.
„კარგი სხვანაირია,“ უთხრა მას გოგონამ და მართალია, რომ ლაშა მას მაშინ ვერ ხედავდა, მაგრამ მის ხმაში ღიმილი იგრძნო. „მართლა.“
იმწუთას ლაშამ მის ხმაში იმდენი გულწრფელობა შეამჩნია, რომ ეჭვიც კი არ შეჰპარვია მის სიტყვებში.
ძლივს მიაგნო ამ ტანსაცმელს სადღაც კარადის სიღრმეში წინა ღამეს და საღამოსთვის მოამზადა. გვანცას უნდა შეემჩნია და შთაბეჭდილებამიღებული დარჩენილიყო.
რას ვიზამთ. არ გამოვიდა.
ვიღაცას მაინც მოეწონა.
ახლა კი ეს ვიღაცა გარეთ, წვიმაში იმყოფებოდა.
ლაშამ ამოიხვნეშა, სინდისმა ისევ დაუწყო წიწკნა.
კარგი, აღიარებდა, რომ გარეთ არ უნდა გაეგდო მისი მოსამსახურე.
ცოტა დიდხანს დალაპარაკებოდა, გაერკვია მაინც…
ლაშამ კიდევ ერთხელ ამოიქშინა და ფანჯარაში გაიხედა. ისევ წვიმდა, უკვე ჩამობნელებულიყო.
სწრაფი ნაბიჯით გავიდა შემოსასვლელში და კარი გამოაღო. სალომე ალბათ იქვე იჯდებოდა ჩაყუნცული და მუხლებზე მკლავებშემოხვეული. ლაშამ პირი დააღო სიტყვის სათქმელად.
სიტყვები ყელში გააეჩხირა, როცა კიბეებთან ვერავინ დაინახა.
გარეთ გამოვიდა და მოათვალიერა. „რა ჯანდაბაა…“ გაუელვა თავში და თვალებგაფართოებულმა გაფაციცებით მიმოიხედა.
-ჰეი! – შეჰყვირა მან. – გოგო! სადა ხარ?!
წვიმის შხაპუნის მეტი ვერაფერი გაიგონა. უცებ შიში აუბუყბუყდა მუცელში და მუშტები შეკრა, რომ ხელები არ აკანკალებოდა.
-ჰეი! – დაიძახა მან კიდევ ერთხელ და კიბეებზე ჩაირბინა, მერე კი იქაურობა გაფაციებით მოათვალიერა. – სად ჯანდაბაში ხარ?! გამოეთრიე ახლავე!
წვიმა ზურგზე კოკისპირულად, ყრუ ბათქით ეცემოდა და კაპიუშონიდან ჩამოწვეთებული წვეთები ცხვირზე დაეცა.
სიბნელე იყო და კარგად ვერ ხედავდა. „ფარანი,“ გაუელვა თავში და უკან, სახლში შევარდა, საწყობში რაღაცას წამოედო მაგიდას შეეჯახა. კინაღამ ყველაფერი დალეწა, როცა წაიბორძიკა. კარადის უჯრები გამოაღო და სიბნელეში ხელები მოაფათურა. ბოლოს და ბოლოს სადღაც მიაგნო ფარნის ნაცნობ ფორმას და მაშინვე გარეთ გავარდა. ფარანზე ღილაკს დააჭირა ხელი, ჩართო, კაპიუშონი უკეთესად წამოიხურა თავზე და წვიმის შხაპუნში, ატალახებულ ბაღში გავარდა. წინა მხარე რომ მოათვალიერა და ვერაფერი ნახა, სახლს წრე დაარტყა.
აქოშინებული და პირში ჩალაგამოვლებული ისევ სახლის წინ გაჩერდა. სიცივე და შიში უვლიდა სხეულში.
„სად ჯანდაბაში წავიდა?“ გაიფიქრა მან და თვალები წამსვე ჩაბნელებული ტყისკენ გაექცა. თვალები გაუფართოვდა და ფარანს მაგრად მოუჭირა ხელი.
„არა…“ გაუელვა თავში. „ნუთუ იქ გავიდა, ნუთუ გაქცევა გადაწყვიტა…“
სველი სახე მოისრისა და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. პანიკა დაეჯახა მკერდში. სალომე რომ დაკარგულიყო? რომ რამე სტკენოდა? სულ მისი ბრალი იქნებოდა…
„რატომ ვარ ასეთი დეგენერატი?“ გაიფიქრა მან მწარედ და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ატალახებულ ბილიკს.
ქოშინით მიიწევდა წინ და სწრაფად აცეცებდა თვალებს, წამდაუწუმ ატრიალებდა ფარანს, რომ სალომეს დაფეთებული სახე დაენახა სადმე.
გულამოვარდნილმა იარა ასე, მერე კი, ცოტა ხნის მერე, შიში და ნერვიულობა ერთად დაეჯახა მკერდში და სუნთქვა შეუკრა.
„ნუთუ გაიქცა უკვე?“ მან ფარანი ქარისაგან აქანავებულ ბუჩქს მიუშვირა და მიწიდან   ამოწვერილ ფესვს გადააბიჯა.
„ნუთუ დამტოვა…?“ გაიფიქრა მან.
მერე კი მიხვდა, რომ არ უნდოდა, სალომეს მისი სახლი დაეტოვებინა.
უაზროდ შემოტრიალდა წრეზე, მკერდი თითქოს მოეკრუნჩხა და ჟრჟოლამ დაუარა ზურგში.
მერე კი ყვირილი წამოიწყო.
-სალომე! – მთელი ძალით დაიღრიალა მან. მისი ხმა მაშინვე ჩაიკარგა ქარის წუილსა და წვიმის დგაფუნში. – სალომე!
-*-*-*-*-*-
როცა სახლში დაბრუნდა, ძვლებამდე დასველებული და დაღლილობისაგან მოტეხილი, უკვე მზე იწვერებოდა. შემოსასვლელში ძლივს შეათრია ფეხები და მაშინვე მოისროლა მბჟუტავი ფარანი კუთხეში.
მთელი ღამე ტყეში დაბორიალებდა, ხმაჩახლეჩამდე ყვიროდა და სალომეს ეძებდა. თვითონ კარგად იცოდა ტყის ასავალ-დასავალი და ორჯერ მაინც გაიარა მთავარი ბილიკი, რომელიც წვიმისაგან მთლიანად გადარეცხილი მოჩანდა, მაგრამ სალომეს მაინც ვერსად მიაგნო.
უნდოდა რაღაც დაემტვრია.
ალბათ სალომე უკვე ქალაქში იყო ჩასული. ალბათ როგორღაც გააღწია ტყიდან და რამეს გაჰყვა ქალაქამდე.
ლაშამ სახე მოისრისა. ხელები უკანკალებდა.
მთრთოლავი კვნესა ამოუშვა. ყელში ბურთი მობჯენოდა, თვალები კი უცნაურად ეწვოდა. „ჯანდაბას…“ გაიფიქრა მან. „რას ვიზამთ…“
ტალახში ამოსვრილი ფეხსაცმლის ჭყაპუნით გაემართა კიბისაკენ და მთლად ენერგიისაგან დაცლილი სხეული ძლივს აათრია საფეხურებზე.
სანამ მესამე სართულის კიბეებს აჰყვებოდა, დერეფანში გაიხედა, სალომეს ოთახისაკენ.
მერე კი შეამჩნია.
ოთახის კარი ოდნავ შეღებული იყო და ზღურბლთან რაღაც ეგდო.
ლაშა არც კი დაფიქრებულა, გაფართოებული თვალები კარისათვის არ მოუშორებია, მაშინვე იქეთ გაიქცა. კუნთები ტეხდა და ყოველი მოძრაობა სხეულში ტკივილის იმპულსს გზავნიდა, მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
„იქნებ…“ გაუელვა თავში.
კარს თითქმის შეეჯახა და ზღურბლზე დავარდნილ ნაჭერს დახედა. ნაჭრის შარვალი იყო. ლაშამ კარი შეაღო და მოლოდინით აღსავსე თვალებით შეიხედა.
ლოგინში ბურთივით ახვეულიყო ვიღაც.
ლაშას თვალებში დაუბნელდა, ოდნავ დაბარბაცდა და კარის ჩარჩოს მიაბჯინა ხელი. სახეზე ხელი მიიჭირა და მწარე სიცილი ამოუშვა. მერე კი წინ წაიწია და გოგონას თავზე დაადგა.
„არ წასულა…“ გაიფიქრა მან ისევ სიცილი წასკდა. „ჰო, აქ არის…“
გოგონას დახედა, მოუნდა, რომ მისი სახე დაენახა. სალომეს თავი ბალიშში ჩაერგო და აბურდული თმა მოუჩანდა.
ლაშა დასწვდა, ლოყაზე ხელი ფრთხილად მოსჭიდა და თავი გადმოაბრუნებინა.
სალომეს ლოყები ასწითლებოდა, და მისი კანი ზედმეტად ცხელი იყო ლაშას ხელში. ტუჩები გაპობოდა და ნელ სუნთქვებს აკეთებდა, თითქოს სუნთქვა უჭირდა.
ლაშამ ხელი მაშინვე შუბლზე დაადო. სალომე სიცხისაგან იწვოდა.
-*-*-*-*-*-9
ლაშამ მაშინვე მკვეთრად მოაშორა ხელი გოგონას გახურებულ შუბლს და გაცხელებული ხელი დაუშვა. სალომეს სიცხე ჰქონდა…
გოგონამ დაიკვნესა, ჩაახველა და თავი ისევ ბალიშში ჩარგო. ლაშა გაშტერებული მისჩერებოდა და ვერ გაეგო, რა გაეკეთებინა.
უაზროდ მიმოტრიალდა აქეთ-იქით.
რა უნდა მიეცა სიცხიანი, გაციებული ადამიანისათვის?
 სულ გადაავიწყდა, რომ მთელი ღამე ტყეში დაბორიალებდა და სხეული ჯერ კიდევ აუტანლად ტეხდა. სალომეს მძიმე სუნთქვას უსმენდა და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით…
ჩაი! გაახსენდა მერე. რაღა თქმა უნდა, ჩაი… სითხეების მიღება… ეს სიცხის მოხსნაში დაეხმარებოდა.
ფეხსაცმლის ჭყლოპინით გავიდა ოთახიდან და კიბეებზე ჩაირბინა. ახლა ჩაის გაამზადებდა, სალომეს მიუტანდა, მერე კი თვითონაც გამოიცვლიდა ტანზე, თორემ აუტანელი იყო სველი მატერიის შეგრძნება სხეულზე…
მერე შედგა. „არ ჯობია მოვიცადო, და დავაცადო გამოძინება? იქნებ ძილი მოუხდეს?“ გაიფიქრა მან და საკუთარ ფეხსაცმელს დახედა. ცხვირის წვერიდან წვეთი ჩამოუვარდა და იატაკზე დაეცა.
„მაშ კარგი… „ გაიფიქრა მან და მესამე სართულისაკენ აიღო გეზი. საკუთარი ოთახის კარი გააღო, შევიდა და ტანსაცმელი გაიძრო. ყველაფერს კუთხეში გადაისროდა, როგორც ყოველთვის აკეთებდა, მაგრამ ეს კარგი ტანსაცმელი დაენანა. ფანჯარა გააღო და რაფაზე გადაეყუდა, რომ ტანსაცმელი გაეწურა. გადაგრეხილი ჟაკეტი, პერანგი, შარვალი და საცვალი რაფაზე გადაჰკიდა და გაყინული ხელების სრესით კარადას მიუახლოვდა.
უცებ ჩაიცვა, სველი თმის გაშრობის თავი არ ჰქონდა, ამიტომ თავზე ქუდი ჩამოიფხატა. კაპიუშონი წამოიხურა და სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა კიბეებზე, მერე კი სალომეს ოთახისაკენ გაემართა.
რომ შევიდა, სალომე უფრო მაგრად გახვეულიყო საბანში, თავი მთელი ძალით ჩაერგო ბალიშში, ფაქტიურად შიგნით ჩამალულიყო. ლაშამ თავი გააქნია და ახლოს მივიდა, რომ გოგონა ნორმალურად დაეწვინა ლოგინზე, ასე მაგრად გახვევაც არ იყო საჭირო, დახუთულობა სუნთვაში ხელს შეუშლიდა.
ლაშა საწოლს მიუახლოვდა და საბანს ხელი ჩაავლო, გვერდზე გადასაწევად. სალომემ ჩახშული კვნესა ამოუშვა, მაგრამ საბანი არ ჩაუბღუჯია. ბიჭმა ხელში მოქცეული მატერია გვერდით და ქვემოთ ჩამოსწია, მერე ბალიშს გადასწვდა, რომ გასწორებინა.
მერე კი ხელი ჰაერში გაეყინა.
სალომე ზურგზე გადმობრუნდა. საბანი იყო ჩამოწეული, ისე, რომ მას მხრები მოუჩანდა.
შიშველი მხრები.
მერე კი სალომე ისევ გადაბრუნდა და ლაშას ზურგი შეაქცია, მხრები აიწურა. ლაშა გამოლენჩებული შეაშტერდა მის გამოჩენილ ბეჭებს.
სალომეს არაფერი არ ეცვა საბნის ქვეშ.
ყოველ შემთხვევაში, ზემოთ მაინც.
ლაშას ხელები აექავა. უნდოდა წინ გადახრილიყო და შეხებოდა, ხელი ჩამოესვა ბეჭის გამოწეულ ფრთაზე.
ამის მიუხედავად, სწრაფად სწვდა საბანს და ელვის სისწრაფით დაუფარა გოგონას გამოჩენილი მხრები, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
„ჩაი, ჩაი, ჩაი.“ იმეორებდა გონებაში და ცდილობდა ფიქრები ისევ თავისი მოსამსახურისაკენ არ გაჰქცეოდა. „ჩაი, ჩაი, სალომე, ჩაი, სალომე, სალომე, სალომე…“
„ფუ ჩემი…“ გაიფიქრა მან, სამზარეულოს კარები შეაღო, და მაგიდას დაეყრდნო. „რა ჯანდაბა მჭირს? რა მემართება?“
რატომღაც ახლა გაახსენდა ყველაფერი, რასაც სალომე აკეთებდა აქ მოსვლის შემდეგ.
როგორი კონცენტრაციით გამოჰქონდა უშველებელი ფარდები პირველ დღეს და როგორ გადაჰფინა ისინი კიბეებზე, მისი მომზადებული გემრიელი საჭმელი, გამბედავი ხასიათი, მისი მუდმივად მოღუშული სახე…
ახლაღა გააცნობიერა, რომ სალომეს სახეზე ღიმილი არ დაენახა. გოგონა ან სერიოზული იყო, ან გაღიზიანებული, ანდა გაბრაზებული. ლაშამ გაიხსენა, თუ როგორ აევსებოდა თვალები ცეცხლით, როგორ დაეჭიმებოდა მყესები ყელში და როგორ აუწითლდებოდა ლოყები..
აი, მისი ღიმილი არ ენახა. მხოლოდ გაეგონა.
„კარგი სხვანაირია. მართლა.“ უკვე მეორედ გაიხსენა სალომეს სიტყვები. ხმაზე ეტყობოდა, რომ იღიმებოდა. ტონი აეწია, ხმა უფრო მაღალი, წყნარი და ნაზი გაუხდა.
ლაშას უცებ მოუნდა, რომ კიდევ ერთხელ გაეგონა მისი ასეთი ხმა.
თუ კარგად გაიხსენებდა, სალომემ სცადა მის წინ გაღიმება. მაშინ, როცა წყალი გამოუტანა ბაღში. როგორი განცვიფრებული იყო, როცა გოგონა დაინახა ბილიკზე, ბოთლით ხელში. მაშინ სალომემ გაუღიმა, მაგრამ ეს ღიმილი საოცრად დაძაბული და ნაძალადევი იყო. ნამდვილი სიყალბე.
გახსენდა, როგორ დაფეთდა, როცა სალომე რაფაზე იდგა და გადმოვარდნის პირას დაინახა. მისი შეყვირება რომ გაიგონა,  მაშინვე შემობრუნდა და გაოცებისა და შიშისაგან გული ყელში მოებჯინა. ადგილს ისე მოსწყდა და მკლავები ისე გამოიშვირა მის დასაჭერად, არც კი ახსოვდა.
მერე კი სალომე ფანჯარას ჩაავლო ხელი და გასწორდა, თვითონ კი გულამოვარდნილი შეჩერდა კედელთან.
იმწუთას უნდოდა ეყვირა, სალომესთვის ხელი წაევლო და მაგრად შეეჯანჯღარებინა, იმისათვის, რომ ასე ძალიან შეაშინა.
ასეც გააკეთა, მაგრამ სალომემ ორი წინადადებით ჩაუგდო ენა და ფანჯარა მოხურა.
„შენ ვინ გეკითხებაო, მითხრა..“ გაიფიქრა მან და მოწყვეტით ჩამოჯდა სკამზე. „აბა ვის ეკითხება… შენ რომ ჩემი მოსამსახურე ხარ…“
„მხოლოდ მოსამსახურე?“ გაიფიქრა უცებ და თვალები გაუფართოვდა.
„არა, არა, არა! მე ხომ გვანცა მყავს! აქ ხომ გვანცაა…“ გაუელვა თავში და მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა. „ის მიღიმის ხოლმე მაინც… თან როგორ ჰგავს მას… საოცარი დამთხვევაა, რომ აქ მოხვდა, ჩემს სახლში და მე ჩემს მოსამსახურეზე ვფიქრობ?“ მან შუბლი მოისრისა და წამოდგა.
ჩაი უნდა ეპოვა სადმე. კარადაში კარგი ხანი იფხაკურა და სადღაც აღმოაჩინა ჩაიდანი, რომელშიც ჩაის აყენებდა ხოლმე. შიგნით ჯერ კიდევ იყო ცოტა. წყალი აადუღა და ჩაიდანში ჩაასხა, რომ ისევ დაეყენებინა, მერე კი ჭიქაში ჩამოასხა. შიგნით სამი კოვზი შაქარი ჩაყარა.
ქვეშ ლამბაქამოდებული ჭიქით ხელში ავიდა კიბეებზე, სალომეს ოთახის კარი შეაღო და ნელა მიუახლოვდა საწოლს. გოგონა ისევ ზურგზე გადმობრუნებულიყო და თმა ბალიშზე გადაშლოდა, წინა მხარეს კი მოკლე ღერები შუბლზე ჰქონდა მიკრული. სახე ოფლს აეპრიალებინა და სუნთქვა აშკარად უჭირდა. წყვეტილ, მოკლე შესუნთქვებს აკეთებდა პირით, წარბები კი ძილში შეეკრა.
შეწუხებულმა ლაშამ ჩაის ჭიქა მაგიდისპირა ეტაჟერზე დადო და დაიხარა. გოგონა უნდა გაეღვიძებინა, რომ მას სითხე დაელია და ცოტათი მოსულიერებულიყო, მერე კი ცოტას ჭამდა ალბათ კიდეც…
ლაშამ გოგონას ლოყაზე ფრთხილად შეახო თითები და თავი ოდნავ შეუნძრია. სალომე ამ პაწაწინა მოძრაობაზეც კი გაინძრა, მოიღუშა და წამწამები აუთრთოლდა. მერე კი თვალები ნელა გაახილა.
თვალის თეთრი ნაწილი სისხლძარღვებს ჩაეწითლებინათ, და თითქოს დაბინდული უჩანდა. „სიცხის ერთ-ერთი მთვარი სიმპტომი.“ გაიფიქრა ლაშამ და შეეცადა, გაეღიმა, რომ ავადმყოფისათვის ცოტაოდენი კომფორტი მაინც მიენიჭებინა.
-სალომე… – თქვა მან ხმადაბლა. გოგონას თვალები მას შეაშტერდნენ. მერე კი სალომე მოიღუშა.
-მე აქედან მივდივარ! – შეუყვირა მან და საბნის ქვეშ აიწია, წამოჯდომა სცადა, მაგრამ ლაშამ მხრებში ელვის სისწრაფით ჩაავლო ხელი და ადგილზე მიაკრა, თან დაფეთებული მიაშტერდა. გოგონამ ისე მოულოდნელად წამოისროლა, რომ განცვიფრებული დარჩა. „რას ნიშნავს, მიდის?“ იჭვნეულად გაიფიქრა მან, თან ცდილობდა, სალომე არ აეშვა. გოგონა ფეხებს აფართხალებდა საბნის ქვეშ და ლაშას უბღვერდა, თან გათავისუფლებას ცდილობდა.
-სად მიდიხარ? – წარბები შეკრა ბიჭმა. – იცი საერთოდ, რა ავად ხარ? ასე ვერსადაც…
-მე კარგად ვარ! კარგად, კარგად! – გააწყვეტინა სალომემ. – თუნდაც ცუდად ვიყო, იცი ვისი ბრალია? იცი? იიიციიიი…. – გოგონა აშკარად სუსტად იყო, სწრაფად და აბნეულად ლაპარაკობდა.
-ოჰ, ჯანდაბას.. – ლაშამ ამოიხვნეშა და ოხშივარადენილი ჭიქისაკენ გაიხედა. – ჩაი მოგიტანე, ჰოდა ახლა დალევ…
-არ დავლევ. – სწრაფად მიუგო სალომემ და თვალები მინაბა, აშკარად უჭირდა მათი გახელა.
-შენთვის გეუბნები ამას! – გაღიზიანდა ლაშა. – ახლა ჩაის დალევ და…
-არ დავლევ! – ხმას აუწია სალომემ. ლაშამ იცოდა, რომ გოგონა დისორიენტირებული და სიცხისაგან თავაბნეული იყო, მაგრამ უკვე ნერვებს უშლიდა მისი მოქმედება.
ღრმად ამოისუნთქა, რომ მკერდში აგორებული ბრაზი ჩაეხშო.
-ახლა მისმინე. – როგორც შეეძლო, ისე მშვიდად დაიწყო მან. – ეს არის ჩაი. – მან ჭიქაზე მიუთითა და დაინახა, როგორ გაექცა სალომეს იქეთ თვალები, მაგრამ ისინი წამსვე მას დაუბრუნდნენ. გოგონას სიცხისაგან აწითლებულ სახეზე უნდობლობა ეტყობოდა.
-ახლა ავად ხარ, ჰოდა, ამ ჩაის თუ დალევ, კარგად გახდები, გაიგე? – ნელა აუხსნა ლაშამ. ეგონა, ახლა სალომე თავს დაუქნევდა და უსიტყვოდ დალევდა, მაგრამ გოგონამ დაუბღვირა და მწვანე თვალებით დაჟინებით შეაშტერდა.
-ნუ მელაპარაკები ისე, თითქოს სამი წლის ვიყო! – ატყდა ის. – იმიტომ რომ არა ვარ! მე ცხრამეტისა ვარ! სულ რაღაც თექვსმეტი წელი შეგეშალა! აქ მომეცი ეგ ჩაი!
ლაშამ ამოიქშინა, თვალები გადაატრიალა და სალომეს მხრებიდან ხელები აუშვა. მერე კი ჩაის გადაწვდა და შემოტრიალდა. გოგონა ლოგინზე წამოიწია და მხრები საბნის ზემოდან ამოწურა.
-ფუ შენი… – ლაშას გაახსენდა, რომ მისი ჰიპოთეზით, მისი მოსამსახურე წელზემოთ მაინც შიშველი იყო საბნის ქვეშ და წამსვე პირი იბრუნა. კარს მიაშტერდა და ყბები ერთმანეთს დააჭირა.
-რა გჭირს? – ჩაეკითხა სალომეს ხმა, მერე კი საბნის შრიალი გაისმა. – ოჰ… – აღმოხდა გოგონას და ლაშას მოუნდა, სახეში ეტკიცა ხელი.
-შემობრუნდი… და ეგ ჩაი მომეცი, თორემ გაცივდა.. – სალომეს სიტყვებზე ლაშამ ნელა გამოიხედა. გოგონა წამომჯდარიყო და წყნარი, დაბინდული თვალებით მისჩერებოდა. მკლავები ამოეწია საბნის ზემოთ და საბანი მკერდზე ჰქონდა გადაჭიმული. ზურგი აწეული ბალიშისთვის მიეყუდებინა და ნელა ახამხამებდა თვალებს.
-კარგი… აჰა… – ლაშამ ჭიქა მიაწოდა. სალომემ ხელი გამოსწია ლამბაქის გამოსართმევად და ლაშა ძალაუნებურად დააშტერდა, როგორ ამოძრავდა მისი მკლავი და როგორ გამოუჩნდა ლავიწის ძვლების მოხაზულობა…
სალომემ ჭიქა მიიყუდა და ქვემოთ ჩაცურდა. გემრიელად მოსვა.
-მშია. – თქვა უცებ მან. მერე ლაშას გამოხედა და ცალი ხელით ჭიქა დაიკავა, მეორით კი თვალი მოისრისა. – შენი ბრალია, გაციებული რომ ვარ, ჰოდა მიდი ახლა და რამე მომიტანე.
ლაშას უნდოდა გაღიზიანებულიყო, გაბრაზებულიყო და მკვახედ ეპასუხა. მაგრამ არ გამოუვიდა. ამის სამაგიეროდ ჩაიცინა.
მერე კი უსიტყვოდ შებრუნდა და ქვემოთა სართულისაკენ გაემართა.
-*-*-*-*-
დღემ უცნაურად ჩაიარა. ლაშამ სალომეს რამდენჯერმე აუტანა საჭმელი და სასმელი, და ბოლოს და ბოლოს, დააძალა, რომ რაიმე ჩაეცვა, იმის მიუხედავად, რომ გოგონა პროტესტს აცხადებდა და ამბობდა, რომ ძალზე სცხელოდა.
გვანცა ორჯერ დაინახა. ქალი პირველად სასაუზმოდ ჩამოვიდა და ბიჭის მიერ გამზადებული საჭმელი მიირთვა, ისე რომ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. მერე კი ხელი დაუქნია და ისევ ზემოთ ავიდა. მეორედ გვანცა სავახშმოდ ჩამოვიდა, ისევ, ხმა არ გაუღია, ისე ავიდა ზემოთ.
ლაშამ არ იცოდა, ქალს რაზე დალაპარაკებოდა.
სალომეს ისევ სიცხე ჰქონდა, მაგრამ ლაშა უკეთესობას ატყობდა. გოგონა წამდაუწუმ ბორგავდა და ერთხელ საბნის გადაგდებაც კი მოახერხა. ლაშას თვალები წამსვე ჩაჰყვნენ ფეხებზე და იმ წამს საოცრად მადლობელი იყო, რომ გოგონას პერანგი და მოკლე შორტები ეცვა, თორემ ალბათ თვალის არიდებას ვერ შეძლებდა.
დღის ბოლოს, როცა იღლიაში პირსახოცამოჩრილმა სალომეს კიდევ ერთი ჭიქა ჩაი შეუტანა ოთახში, გოგონას უკვე თვალები ეხუჭებოდა. ლაშამ მაგიდისპირა ეტაჟერზე დადო ჭიქა და ძილმორეულმა სალომემ თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ დალევდა.
ლაშა თავისი პირსახოცით სააბაზანო ოთახისაკენ გაემართა მეორე სართულზე. ახლა დაიბანდა და დასაძინებლად წავიდოდა თვითონაც.
ცხელი წყლის ქვეშ კარგახანი იდგა და სხეულში დაგროვებულ დაღლილობას ირეცხავდა ტანიდან. წყალი დანანებით გამორთო და ფარდა გადასწია, რომ შხაპიდან გამოსულიყო. სახეში ჩამოყრილი აბეზარი თმა უკან გადაიწია და თავზე გადაისვა ხელები. მერე წელზე პირსახოცი მოიხვია და ხელებით ნიჟარას დაეყრდნო.
ცოტა ხანი ასე იდგა, მერე კი ხმამაღალი შესუნთქვით გასწორდა და ოდნავ დაორთქლილ სარკეში ჩაიხედა. საკუთარი გარეგნობა აათვალიერა. საკუთარ სახეს მხოლოდ დაბანის მერე თუ ხედავდა მთლიანად, სხვა დროს სულ კაპიუშონითა და თმით ჰქონდა დაფარული. თავი შემოატრიალა და თმას დააკვირდა. კიდევ უფრო ჩამოგრძელებოდა და უკანა მხარეს უკვე მხრებს სწვდებოდა. მერე ყბაზე მოიკიდა ხელი და თავი გვერდზე გადასწია. რამდენიმე დღის წინ მოიპარსა სახე, და უკვე ხელახლა უნდა გაემეორებინა მოსაბეზრებელი პროცედურა…
შემოტრიალდა და პირსახოცების კაუჭზე ჩამოკიდებულ ტანსაცმელს გახედა. პიჟამა არ წამოუღია, მთლად გადაავიწყდა. ახლა ამ ტანსაცმელს გასარეცხი თეთრეულის ყუთში ჩაყრიდა და მერე კი პირსახოცით აიპარებოდა ზემოთ. სახლში ყველა სხვას ეძინა და ვერავინ დაინახავდა.
ლაშამ ტანსაცმელი კაუჭიდან მოხსნა და ოთახი გადაჭრა, რომ ყუთში ჩაეყარა ისინი. შუა გზაზე კაფელი სველი იყო, მოულოდნელობისაგან ვერ მოზომა და ფეხი აუსრიალდა.
ყრუ ზათქით დაეცა და ხმამაღლა შეიგინა.
ნელა წამოდგა ფეხზე და ტანსაცმელი ყუთში ჩაყარა, მერე კი კოჭლობითა და სისინით შემოტრიალდა. მუხლი სტკიოდა.
მერე კი გაიგონა.
კარის ჭრიალი.
თვალები გაუფართოვდა და სუნთქვა ყელში გაუჩერდა.
კარი გაიღო და ზღურბლზე სალომე გამოჩნდა.
იგი საბანში იყო გამოხვეული, რომლის კუდიც უკან დასთრევდა.
-უფროსო? – დაამთქნარა მან, მერე კი ახედა.
წამსვე თვალები გაუფართოვდა, პირი დააღო და ლაშას სახეში შეაშტერდა.
ლაშა განცვიფრებული, სასოწარკვეთით მისჩერებოდა. იცოდა, რომ სალომე პირველად ხედავდა მის ორივე თვალს…
იცოდა, რომ პირველად ხედავდა მის მარჯვენა თვალს, რომელშიც ხედვა არ ჰქონდა და მისი თაფლისფერი ირისი ახლა რძისფრად იყო შეფერილი, გუგა კი მთლად გამქრალიყო.
-რას მიყურებ? – ძლივს ამოიხრიალა მან. – რას მაშტერდები? – ხელები აუკანკალდა. სალომე ისევ თვალებში მიშტერებოდა, განცვიფრებული გამომეტყველებით.
-გსიამოვნებს? – დაუყვირა უცებ ლაშამ. – გსიამოვნებს შენი ველური უფროსის ასე დანახვა? არა, გვერდზე არ გაიხედო! – დაიღრიალა მან, როცა სალომემ თვალის არიდება სცადა და დაბნეულმა და დაფეთებულმა, თვალი ისევ გაუსწორა. – რაო, ვერ იტან ამის დანახვას? კარგად შემომხედე! – მან ხელები გაშალა და მწარედ გაიცინა. მარჯვენა თვალზე გადასული სამი ნაიარევი, რომელიც წარბის ზემოთ იწყებოდა და ყურთან მთავრდებოდა, ახლა საზიზღრად დაეღმიჭებოდა. – მიდი, იცინე! – იღრიალა მან.
სალომეს ნესტოები გაფართოებოდა და უთრთოდა, პირმოკუმული შეჰყურებდა. მერე კი მზერა მისი სახიდან სხეულზე, მერე კი მარჯვენა მკლავზე გადაიტანა.
-ხედავ? – მკლავი წინ გამოსწია ლაშამ. – თითქოს სახე არ იყო საკმარისი, ხომ? – თვითონაც დაიხედა ქვემოთ. მთელი მკლავის სიგრძეზე დაყოლილი, მახინჯი, დამწვრობის ნაიარევები თვალში საშინლად ხვდებოდა. ამიტომ ცდილობდა, ხშირად არ დაეხედა ზედ. იცოდა, რომ ნაიარევი ასევე მის მხარზე და სანახევროდ, ბეჭზეც გადადიოდა.
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ლაშას მკერდზე აწვებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-თქვი რამე! – იღრიალა მან და სასოწარკვეთილი დააშტერდა სალომეს მწვანე თვალებში, რომლებიც ჯიუტად მიშტერებოდნენ მას სახეში. გოგონა არც კი ინძრეოდა.
ლაშას უცებ ცრემლები მოაწვა ყელში და სახე აკანკალებულ ხელებში ჩარგო.
„გთხოვ, თქვი რამე…“ მუდარით გაიფიქრა მან. „მითხარი რამე…“
მერე კი გაიგონა კარის ჭრიალი და დაკეტვის ხმა.
თითქოს მეხი დაეცა. სუნთქვა ყელში გაეჩხირა.
მუხლებმა უმტყუნა და კაფელზე დაემხო.
-*-*-*-*-*-10
ცივი, მაგარი კაფელი ლაშას მუხლებში მჩხვლეტავ ტკივილს გზავნიდა, მაგრამ მას ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია. სახე ხელებში ჩაერგო და ზურგში მოხრილიყო, მთელი სხეული უკანკალებდა.
სახეს იფარავდა. მარჯვენა ხელის თითები თვალზე გადასულ ნაიარევებზე ხვდებოდა, რომლებიც თითქოს ეწვოდა.
ხელი ჩამოსწია, რომ ნაიარევებს აღარ შეხებოდა და მათი არსებობა არ ეგრძნო.
„სალომეს ალბათ… ალბათ გული აერია ამის დანახვაზე..“ გაიფიქრა მან და თავი ჩაქინდრა. თვალები ეწვოდა და სწრაფად მოისრისა ისინი.
ყელში ბურთი მობჯენოდა და ღრმად ჩაისუნთქა, რომ იგი გაექრო.
არ გამოუვიდა. იგრძნო, როგორ მოაწვა თვალებში ცრემლები და როგორ აემღვრა და დაებინდა მზერა.
„საშინელება ვარ…“ გაუელვა თავში და შეეცადა, რომ მკერდში აგორებული ქვითინი არ წასკდომოდა, ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მთელი ტანით აკანკალდა. სახის კუნთები დაეღმიჭა. „საშინელება ვარ…“
იჯდა, მუხლებზე დაჩოქილი, იატაკისაკენ გადახრილი და ხელი სახის მარცხენა მხარეზე აეფარებინა. მისი მარჯვენა თვალი უსიცოცხლოდ, ბრმად ჩაშტერებოდა იატაკს. მთელი ძალით ცდილობდა, რომ სხეული არ აკანკალებოდა და ტირილით არ დამხობილიყო სააბაზანოს იატაკზე.
როგორი პათეტიკური იქნებოდა…
გაახსენდა მისი მოსამსახურეები, რამდენიმეს გაოცებითა, შემდეგ ამრეზითა და ზიზღით სავსე მზერა, როცა მისი სახე დაინახეს. ეს პირველ თვეებში, როცა თმა ჯერ კიდევ მოკლე ჰქონდა და კაპიუშონს არ ატარებდა. მერე გონებაში გაუელვა ქერა მოსამსახურის ამრეზილმა სახემ, როცა მან წამოიძახა: „რას გავხარ!“ მისი თვალისა და მკლავისაკენ გაპარული თვალები, დაჟინებული მზერა, რომელსაც ყოველთვის გრძნობდა, რომელიც ზურგს უწვავდა ბაღში მუშაობის დროს, როცა ძალიან სიცხე იყო და მაისურს იძრობდა.
ზოგი თავიდან ისე შემოჰყურებდა, რომ პირდაპირ შუბლზე ეწერათ: „რა საცოდავია!“ ამას ალბათ ყველაზე მეტად იტანდა. რა სჭირდა საცოდავი? თვალთახედვა ჯერ კიდევ ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ ცალ თვალში ვერ ხედავდა. მკლავსაც ნორმალურად ამოძრავებდა. რატომ იყო შესაცოდებელი?
უმრავლესობას, ვინც მისი ნაიარევები და სიბრმავე დაინახა, სახეზე ოდნავი ამრეზისა და ზიზღის კვალს მაინც ატყობდა. ფიქრობდა, რომ ნაწილობრივ თავისი საშინელი ხასიათითაც იმოქმედა მათზე, მაგრამ…
ოცდაცხრა ადამიანი გაექცა სახლიდან. იმდენად ვერ იტანდნენ, რომ ხელფასის გულისთვისაც აღარ დარჩნენ.
ვერ იტანდა მარტოობას. როცა მორიგი გოგონა გაიქცეოდა, თვითონ უაზროდ, გაყინული, სინანულით აღსავსე გაჰყურებდა უკან, მერე კი დაჯდებოდა და ელოდა, სანამ ახალს გამოუგზავნიდნენ. მერე ისევ თავის საზიზღარ „მედ“ იქცეოდა და ასე უსასრულოდ…
მოსამსახურეების გარდა, ყველაზე ახლო სოფლიდან მოხუც კაცს ეკონტაქტებოდა. კვირაში ერთხელ მიდიოდა, რომ ზოგიერთი პროდუქტი წამოეღო. როცა სოფელში მივიდოდა, ცდილობდა, რომ შებინდებული ყოფილიყო.
პირველად სოფელს მაშინ მიადგა, როცა საჭმელი გამოელია და დედის გამოგზავნილი პროდუქტები ნაგავში ჩაყარა. იმ ქალისაგან არაფერი სჭირდებოდა.
რა საშინელება იყო ის საღამო… ყველაზე დაბლა დაეცა მაშინ.
შიმშილისაგან მუცელამობრუნებული, პირველივე სახლს მიადგა და დააკაკუნა, გულში კი ლოცულობდა, მისი სახის დანახვაზე არ დამფრთხალიყვნენ შიგნით მცხოვრებნი და მისთვის რაიმე გაემეტებინათ.
თეოფილე ბაბუამ კარი გაუღო. ლაშას უსიტყვოდ შეაშტერდა ორი წამით.
ბიჭს ახსოვდა ის მუდარა და სასოწარკვეთა, ის საზიზღარი, გამოშიგნული შეგრძნება, რომელიც ალბათ მაშინ, თვალებში ჰქონდა გამოხატული და რამაც თეოფილე ბაბუა მისდამი რაღაცნაირად მაინც მოალბო.
ისე მოალბო, რომ ბერიკაცი ქათმის ხორცსა და ბოსტნეულს უწილადებდა ხოლმე, თან ხანდახან ერთადერთი იყო, ვინც ლაშას სიტყვას ეტყოდა კვირების მანძილზე.
მერე კი სალომე მოვიდა.
მას თავიდანვე ეტყობოდა, რომ სხვებზე გაცილებით გამბედავი და ძლიერი იყო. იგი გულმოდგინედ მუშაობდა, ლაშას უაზრო და საშინელ გამოხტომებს ითმენდა და იცილებდა.
იგი ერთადერთი იყო იმ ოცდაათიდან, რომელიც შეეცადა, თავისა და თავისი უფროსის შორის ურთიერთობა დაელაგებინა და რამენაირად დაახლოებოდა.
ახლა კი ყველაფერი გაქრა. ლაშამ ყველაფერი გააფუჭა, როგორც ყოველთვის. სალომეც წავიდოდა აქედან და ვეღარ ნახავდა. ალბათ ახლა ბარგს ალაგებდა და ფიქრობდა, როგორი ურჩხული ცხოვრობდა ამ სახლში, როგორი დალეწილი და დაუშნოებული ადამიანი იყო ლაშა… და ალბათ იმასაც ფიქრობდა, როგორ სძულდა ეს ადამიანი.
ბიჭს მხრები აუკანკალდა.
ჩახშული ქვითინი აღმოხდა და იგრძნო, როგორ ჩამოუგორდა ბრმა თვალიდან ცრემლი.
ორი წლის განმავლობაში დაგროვებული სინანული, სევდა, სიძულვილი და ბრაზი, ერთად აბობოქრდა მის სხეულში და სასოწარკვეთად იქცა.
გრძნობდა, ცოტაც და ტირილი წასკდებოდა…
უცებ ფიქრი გაუწყდა და სუნთქვა ყელში გაუჩერდა.
კარის ჭრიალი მოესმა და თავი ელვის სისწრაფით ასწია ზემოთ.
კარებში ისევ სალომე იდგა, სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა და მშვიდად მიშტერებოდა. ამჯერად საბანი აღარ ჰქონდა მოხურებული და მხოლოდ პერანგი და ის მოკლე შორტები ეცვა.
ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ხელში ლაშას ტანსაცმელი ეკავა.
ბიჭი გაშტერებული მიაჩერდა თავის ნაცნობ მწვანე, ოღონდ ამჯერად უფრო ხასხასა ფერის მაისურს და გამოღიავებულ შარვალს. მათ შორის კიდევ ერთი, შავი ფერის ქსოვილი დაინახა და თავისი საცვალი გაახსენდა.
სალომეს მკლავზე მისი სახელოებმოხეული, გაცრეცილი ჟაკეტი გადაეკიდა.
ლაშა მისჩერებოდა და ხმას ვერ იღებდა. ტვინი უსიამოვნოდ უბჟუოდა. იგრძნო, როგორ ჩამოსწყდა ლოყიდან ცრემლი და ოდნავ გასაგონარი წკაპუნით დაეცა იატაკზე.
„რატომ დაბრუნდა?“ გაიფიქრა მან. „თან ჩემი ტანსაცმლით… რატომ არ მიდის?“
ფიქრები აერია და სუნთქვა აუჩქარდა.
-რა… ვერ გავიგე… – ამოილუღლუღა მან.
სალომე მშვიდად მიაჩერდა. ყელზე მყესი გაუტოკდა.
-ტანსაცმელი მოგიტანე. – წყნარად უპასუხა მან. – შენი ოთახის დალაგებისას ვიპოვე კუთხეში მიყრილი და გავრეცხე. აივანზე მქონდა გადაკიდებული და მერე შიგნით შემოვიტანე, შენს ოთახში დადება კი დამავიწყდა.
გოგონამ თავი გვერდზე გადასწია და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა.
-სადამდე აპირებ მანდ ჯდომას? – ჩუმად ჩაეკითხა იგი. ლაშამ ბუნდოვნად გაიგონა უკან, საშხაპედან წყლის წვეთების გამოზომილი, მონოტონური წკაპუნი. – ადექი. გაცივდები, მასე რომ ზიხარ.
ლაშამ არაფერი უთხრა, ენა მუცელში ჩავარდნოდა და სიტყვა ვერ ამოთქვა. მკერდში ისევ უტრიალებდა ცრემლების ბურთი და მზერა ჯერ კიდევ ამღვრეოდა.
ნელა წამოდგა, მუხლები უკანკალებდა და ტკივილი ჩხვლეტით უვლიდა მათში.
რამდენი ხანი იდგა ასე დაჩოქილი?
სალომე წინ წამოვიდა და ტანსაცმელი გამოუწოდა. მისი შიშველი ტერფები ოდნავ ტყაპუნებდა კაფელზე და ლაშას უცებ მოუნდა ეთქვა, რომ სალომეს ფეხზე ჩაეცვა, თორემ ისევ შეუბრუნდებოდა სიცხე.
მაგრამ არაფერი თქვა, ყოყმანით გამოართვა ტანსაცმელი და უხერხულად დადგა. შეეცადა გვერდზე შეტრიალებულიყო, რომ თავისი მარჯვენა მკლავი გოგონას მზერისაგან დაემალა.
იცოდა, რომ არ გამოუვიდოდა, მაგრამ უნდოდა, ეცადა მაინც.
-აბა? – სალომემ მკლავები გადააჯვარედინა და გვერდზე გაიხედა. ლაშა გაოცებით მიაშტერდა, როცა დაინახა, როგორ აუწითლდა მას ლოყები. – არ ჩაიცვამ?
-…და შენ აქ უნდა იდგე და მიყურო? – წამოსცდა ლაშას. ხმა ჩახლეჩოდა და უთრთოდა, მაგრამ სათქმელი… სიტყვები თითქოს იოლად, შეუფერხებლად მოვიდა.
სალომე უფრო მეტად აწითლდა და ფეხი მოინაცვლა.
-გავალ. – თქვა მან მოკლედ, ერთხელ კიდევ, სწრაფად შეხედა სახეზე და შეტრიალდა ოთახიდან გასასვლელად.
გავიდა და კარი გაიხურა.
ლაშა ჯერ კიდევ ცოტა ხანი იდგა და ამღვრეული, დაბინდული მზერით მისჩერებოდა მიხურულ კარს.
მერე კი ტანსაცმელი ჩაიცვა. ჟაკეტი მკლავზე გადაიკიდა და ნელა გავიდა გარეთ.
სალომემ არაფერი უთხრა. იგი არსად წასვლას არ აპირებდა და არც ბარგს არ ალაგებდა. უბრალოდ მისი ტანსაცმლის შემოსატანად მოვიდა.
ტანსაცმელი მოუტანა და უთხრა, რომ ფეხზე ამდგარიყო, თორემ გაცივდებოდა.
თითქოს არაფერი შეცვლილა…
სალომეზე მის ნაიარევებს შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
მთრთლავი სუნთქვა ამოუშვა, ხმადაბლა ჩაიცინა და კედელს მიყუდა.
ძირს დასრიალდა, და თავი მკლავებში ჩარგო.
-*-*-*-*-*-
სალომე, როცა ლაშას ტანსაცმელი გადასცა და სააბაზანოდან გამოვიდა, წამსვე თავისი ოთახისაკენ გაემართა, ლოგინში შეძვრა და საბანში გაეხვია.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ლაშა ასე დახვდებოდა.
საწოლიდან იმიტომ ადგა, რომ ძალიან დასცხა და გასეირნება გადაწყვიტა, იფიქრა, რომ დერეფანში გასვლა საუკეთესო აზრი იქნებოდა.
მერე კი სააბაზანო ოთახს ჩაუარა და იქედან ყრუ ზათქის ხმა მოესმა, თითქოს ვიღაც დაეცა ან რაღაც დაარტყა.
მაშინვე მიაყურადა და შიგნით შევიდა.
იქ კი, შუა სააბაზანოში, თითქმის შიშველი უფროსი იდგა. თვალები გაფართოებოდა და სახეზე გადაფითრებულიყო.
სალომე ჯერ თითქოს ვერ მიხვდა, მერე კი გააცნობიერა, რომ ბიჭს სახე უჩანდა და თმა უკან ჰქონდა გადაწეული.
მისი ყურადღება წამსვე მიიპყრო მარჯვენა, უსინათლოდ მომზირალმა, გათეთრებულმა თვალმა და მასზე გადასულმა სამმა, ერთმანეთის პარალელურმა ნაიარევმა.
მარჯვენა მკლავზე იდაყვის ცოტა ქვემოთ ჩამოსვლოდა ნამწვრის ნაიარევები და სალომეს უცებ მოუნდა, რომ მათ უცნაურ ტექსტურას შეხებოდა და თითებქვეშ ეგრძნო.
რაღაცნაირად უცნაური იყო ლაშას ასე დანახვა.
სულ თავიდან ფეხებამდე დაფარულსა და ტანსაცმელში გამოხვეულს ხედავდა. ახლაღა მიხვდა, რატომ იფარებდა სულ კაპიუშონს და რატომ ჰქონდა თმა სახეზე ჩამოწეული. იგი საკუთარ თავს მალავდა. საკუთარ ნაკლს, რომელსაც ვერ იტანდა და ალბათ ფიქრობდა, რომ საშინელ სანახავად, საზიზღარ ადამიანად თვლიდა.
გოგონას აზრით კი, ლაშა თავისი შინაგანი ბუნებით უფრო იყო საზიზღარი, ვიდრე თავისი გარეგნობით. ენახა დამწვარი და ბრმა ადამიანები. ენახა ისინი, რომელთაც ნაიარევები ჰქონდათ და მისი გამოჩენას, ლაშასავით, ვერ ახერხებდნენ, ან ვერ ბედავდნენ.
მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი ცუდი ადამიანები იყვნენ?
ლაშა ნამდვილად აუტანელი, საზიზღარი, დამპალი იდიოტი იყო.
მაგრამ სალომემ ეს იქამდე იცოდა, სანამ მის ნაიარევებს ნახავდა.
ამიტომ მისი დამახინჯებული სხეული გოგონას თვალში მას საერთოდ არ ცვლიდა. უბრალოდ მნიშვნელობა არ ჰქონდა მის ამ ნაკლს. ლაშას ბევრად, უზომოდ დიდი ნაკლი ჰქონდა, რომელიც ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო: მისი შინაგანი ბუნება.
სალომეს უნდოდა ეღიარებინა, რომ თავიდან როცა ლაშას ნაიარევები შეამჩნია სახესა და მკლავზე, გაოცდა და შეკრთა კიდეც.
მერე კი ლაშამ დაუყვირა, უღრიალა, მწარედ გაიცინა, სახე ხელებში ჩარგო…
მაგრამ სალომემ მოასწრო მის თვალებში აციმციმებული ცრემლის დანახვა.
იმ წამს მიხვდა, როგორ იტანჯებოდა ეს ადამიანი.
გაიხსენა ლაშა, როცა იგი პირველად დაინახა. როგორი სარკასტული, უგულო და სასტიკი მოჩანდა მისი კაპიუშონის ქვეშ ჩამოწოლილი სიბნელის მიღმა…
და ახლა როგორც დაინახა, სასოწარკვეთილი, მოტეხილი ადამიანი, რომელიც მის წინ, სააბაზანო ოთახში, წელზე პირსახოცშემოხვეული იდგა, სახე ხელებში ჩაერგო და მხრები უკანკალებდა.
ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე იყო.
სალომემ საბანი გადაიხადა და წამოჯდა. თითქმის წარმოუდგენელი იყო მათი შედარება. ისინი ხომ ასე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან…
აშკარა იყო, რომ დღეს ნამდვილი ლაშა იხილა. სალომეს წარმოდგენას თავის უფროსზე თითქოს ყალბი, სქელ ფენად დაწყობილი ტყუილები ჩამოახიეს და გოგონამ ნამდვილი სურათი დაინახა.
ახლა აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
ნეტავ თვითონ ლაშა რას იზამდა ახლა? როცა სალომემ მისი ნაკლი დაინახა, რას გააკეთებდა? ისევ თავის ძველ „მეს“ დაუბრუნდებოდა?
სალომე ლოგინიდან წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო.
მისი კარი ოდნავ ღია იყო და დერეფანში დანთებული სანთლების შუქი შემოდიოდა.
რატომღაც გარეთ გასვლა მოუნდა.
თითქოს რაღაც იგრძნო.
კარი გააღო და დერეფანში გაიხედა.
და იქ, სააბაზანოს გვერდით, კედელთან იჯდა ლაშა, მუხლები მკერდისაკენ აეწია და თავი მკლავებში ჩაერგო.
სალომეს თვალები გაუფართოვდა და შეწუხებული სახით მიაჩერდა.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მის გვერდით ჩაიმუხლა.
-უფროსო…? – დაიჩურჩულა მან და მხარზე ნელა შეახო ხელი.
ამოსუნთქვა ვერ მოასწრო, რომ ლაშამ თავი ასწია, სწვდა და მაგრად მიიხუტა მკერდზე, ისე რომ სალომეს ლოყა მის ყბაზე აეკრო. გოგონა მას ფეხებშუა უჯდა და ხელები მის მკერდზე ჰქონდა მიკრული.
სალომე ჯერ თვალებგაფართოებული იჯდა და აჩქარებით სუნთქავდა. მერე ნელა გამოერკვა და იგრძნო, როგორ ძლიერად ეჭიდებოდნენ მისი უფროსის ხელები წელსა და ზურგზე.
-გთხოვ… – ჩაილუღლუღა ლაშამ უცებ და სალომე დაიძაბა. – გთხოვ…
სალომე გაიტრუნა, ელოდებოდა, როდის დაამთავრებდა ლაშა სათქმელს.
მაგრამ მან არ გააგრძელა, უსიტყვოდ, მაგრად ჩასჭიდებოდა სალომეს.
გოგონამ იგრძნო მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე, რომელმაც თავიდან ფეხებამდე ერთბაშად გაათბო.
შეაჟრჟოლა.
ხელები ნელა გააცურა, ისე, რომ მკლავები ბიჭს მკერდზე შემოახვია.
მერე კი კომფორტის ნიშნად ნელა აუსვ-აუსვა ზურგზე ხელი.
ლაშას ხმა არ გაუღია, არც კი განძრეულა, მაგრამ სალომემ იგრძნო, თუ როგორ მოეშვა მისი დაძაბული სხეული.
დერეფანს პარაფინის სანთლების შუქი მოჰფენოდა.
ისინი კი ასე ისხდნენ.
-*-*-*-*-*-11
თითქოს საუკუნე გავიდა.
სალომე კი ისევ ლაშას მკლავებში გამოხვეული იჯდა, მის ფეხებშუა მჯდარი და მის სხეულზე აკრული. გრძნობდა ბიჭის გულის აჩქარებულ გულისცემას და კინაღამ ჩადნა მისი ტანის სიმხურვალეში.
ლაშა ღრმად სუნთქავდა, სალომეს ზურგზე შემოხვეული ხელები ოდნავ უთრთოდა.სალომეს მიწაზე დაბჯენილი მუხლები დაუბუჟდა. არ სციოდა, მაგრამ ფეხებს ვეღარ გრძნობდა. უხერხულად შეიშმუშნა და შეეცადა, უფრო კომფორტულად დამჯდარიყო, მაგრამ ლაშამ იგრძნო მისი შენძრევა და ხელები ნელა მოაშორა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            სალომეს რაღაცნაირად გული დასწყდა მისი დიდი, თბილი ხელისგულების მოშორებაზე, მაგრამ უკან დაიწია და ჩაჯდა თავის მოკეცილ ფეხებზე, ისე რომ მუხლები წინ ჰქონდა გამოშვერილი.
ხელები მოშვებულ მუშტებად დააწყო ფეხებზე და თავი ნელა ასწია.
ლაშა იჯდა, ზურგი კედლისათვის მიეყუდებინა, მკლავები აწეულ მუხლებზე გადაედო და თავი დაეხარა. სალომემ თავი დასწია, რომ მისთვის სახეში შეეხედა.
უკვე შესცივდა. უნდოდა წინ გადაწეულიყო, სახე ლაშას გარუჯულ, სქელ ყელში ჩაერგო და სუფთა, საპნის სურნელი შეესუნთქა.
გაახსენდა სააბაზანოს შუაგულში მდგარი მისი ფიგურა, ძლიერი, ყოველდღიური მძიმე მუშაობისაგან დაკუნთული, გარუჯული სხეული და ჯერ კიდევ შეუმშრალ, ძლიერ მკერდზე დაგორებული წყლის წვეთები.
გააცნობიერა, რას ფიქრობდა.
გაწითლდა და თვალი აარიდა მის წინ მჯდარი მამაკაცის ფიგურას.
ლაშამ უცებ ამოიხვნეშა და წამოიწია, ხელები მის უკან, კედელს მიაბჯინა.
სალომემ არ დააყოვნა, სწრაფად წამოდგა. სახე ჯერ კიდევ ეწვოდა და უხაროდა, რომ დერეფანი მხოლოდ სანთლების შუქით იყო განათებული და ლაშა მის სახეს კარგად ვერ დაინახავდა. ბიჭი წამოდგა და დახრილი თავი ჯერ გვერდზე გასწია, მერე კი ნელა, ყოყმანით აიხედა ზემოთ. გოგონა მიხვდა, რომ თავისი ნაიარევისა და თვალის გამოჩენა ვერ გადაეწყვიტა და ცოტათი გული გაუტყდა.
ბოლოს კი ლაშამ სწრაფად ასწია თავი და სალომეს თვალი გაუსწორა. გოგონას ისევ უცნაურად ხვდებოდა თვალში მისი მთლიანად გამოჩენილი სახე, მაგრამ სულაც არ ეხამუშებოდა მისი ბრმა თვალის დანახვა.
პირიქით, ეს მასში ინტერესს აღძრავდა.
სად დაიზიანა მან ასე ძალიან საკუთარი თავი?
სალომე ამწუთას შეეკითხებოდა, მაგრამ ენაზე იკბინა, რომ ხმა არ გაეღო.
ახლა ნამდვილად არ იყო ამის გარკვევის დრო. ლაშას ნაიარევების გამოჩენა ეხამუშებოდა და გოგონას არ ეგონა, რომ მას შეეძლებოდა მათი გაჩენის მიზეზზე ლაპარაკი.
-კარგი… – თქვა მან სწრაფად და ხელები დაისრისა. დერეფანში ციოდა. – მე ახლა წავალ… დავიძინებ…
ლაშამ არაფერი უთხრა. სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა და სალომეს დაჟინებით ჩაშტერებოდა. მერე კი თავი ოდნავ დააქნია, შეტრიალდა და დერეფანს დაუყვა.
გოგონა უყურებდა, თუ როგორ აირბინა მისმა უფროსმა კიბეები და დერეფნის სიბნელეში გაქრა.
თვითონაც გამობრუნდა და თავის ოთახში შეიძურწა. კარი მიკეტა, ლოგინში შეწვა და საბანში ჩაყუჩდა, თან გადაწეული ფარდებიდან შემოსულ მთვარის მკრთალ შუქს უყურებდა. თან ფიქრობდა.
ახლა ხვდებოდა, რატომ იყო ლაშა ამ ადგილას გამოკეტილი და თითქოს ყველანაირ სოციალურ ურთიერთობას მოკლებული. უბრალოდ საკუთარი ნაკლის გამოჩენა არ სურდა ხალხში.
მაგრამ სულ მარტო რატომ ცხოვრობდა აქ? ნუთუ არ გააჩნდა ოჯახი ან ვინმე, რომელსაც მოუნდებოდა მისთვის მხარი დაეჭირა და აქ კვირაში ერთხელ-ორჯერ შემოეარა ხოლმე? რატომ ჩანდა ისე, რომ ლაშას თითქოს არავინ არ ჰყავდა?
უეცრად სალომეს გაახსენდა მისი უფროსის სიტყვები, როცა პირველად შეხვდა. „როგორც ჩანს, დედიკომ ისევ იპოვა კიდევ ერთი პათეტიკური, ფულს დახარბებული იდიოტი…“ გაიხსენა მან და მოიღუშა. „დედიკო“… ნუთუ ლაშა ირინას გულისხმობდა?
სალომეს თვალები გაუფართოვდა, როცა გააცნობიერა, თუ რამდენად ჰგავდა ირინა ლაშას. დღეს ხომ პირველად დაინახა ბიჭის სახე მთლიანად და ახლაღა ხედავდა მსგავსებას. იგივე შავი თმა, თვალის ჭრილი და შუბლი…
ირინა ლაშას დედა იყო.
ქალი ისეთი თანამედროვე, მდიდარი და ინტელიგენტური ჩანდა… ლაშას საერთოდ არ ჰგავდა.
მერე კი სალომემ გაიხსენა მისი სიმკაცრე, ცივი ხმა და უეცრად ამოხეთქილი ისტერიკა.
„კარგი, შეიძლება ჰგვანან ერთმანეთს. ცოტათი.“ გაიფიქრა მან და გაციებული ცხვირი საბნის ქვეშ ჩაჰყო.
ირინა რატომ არ სტუმრობდა ლაშას? შვილის დანახვა არ სურდა თუ რაში იყო საქმე?
სალომე დაბნეული მიაშტერდა მის წინ ჩაბნელებულ ოთახის კუთხეს, მერე კი გადაბრუნდა, საბნიდან მკლავები ამოყო და ზურგზე კომფორტულად მოეწყო. გარეთ ისევ წვიმდა, და წვეთები ფანჯრის მინას ეხეთქებოდნენ.
ანდა უბრალოდ ლაშას არ სურდა, რომ დედამისს ენახა. იმდენად განიცდიდა ამ ამბავს, რომ საკუთარი დედის შემოხედვასაც ვერ იტანდა. თან ირინა არ ჰგავდა ისეთ ქალს, რომელიც უარს იტყოდა შვილზე მისი გარეგნობის გამო. როცა სალომე მას გაესაუბრა, სახეზე ეწერა, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო მისთვის თავისი შვილისათვის კარგი მოსამსახურის არჩევა. გაახსენდა ქალის აწეული ხმა, და თვალებზე აფარებული მოკანკალე ხელები.
სალომე მოიღუშა, გვერდზე გადაბრუნდა და თავი ბალიშში ჩარგო. ახლა ამაზე ფიქრი არ უნდოდა, ისედაც ზედმეტი გაიგო და განიცადა დღეს.
მალევე ჩაეძინა.
-*-*-*-*-*-
ლაშამ დილით რომ გაიღვიძა, მისდა გასაკვირად, უკვე შუადღეს იყო მიტანებული. ჩვეულებრივ, ყოველდღე ძალიან ადრე, გარიჟრაჟისას იღვიძებდა, მერე ცოტას შეჭამდა და მინდორში მიდიოდა სამუშაოდ. დღეს კიდევ მკვდარივით ეძინა შუადღემდე.
მერე გაახსენდა, რა მოხდა წინა საღამოს და დაიგმინა, გადატრიალდა და საწოლზე წამოჯდა. წამოდგა და თავი მოიფხანა, მერე კი მთქნარებით გავიდა აივანზე.
მოაჯირს რომ დაეყრდნო, ფიქრი დაიწყო. არ ეგონა, რომ სალომეს ასეთი რეაქცია ექნებოდა. როგორ დაიჯერა, რომ გოგონა ბარგს ჩაალაგებდა და აქედან წავიდოდა, და გაახსენდა საოცარი შეგრძნება, როცა სალომე სააბაზანოში შემოსული დაინახა.
მაგრამ არაფერი არ შეედრებოდა იმას, რომ მისმა მოსამსახურემ მის გვერდით ჩაიმუხლა, შეწუხებული ხმით ჩაეკითხა „უფროსო…?“ და მხარზე შეახო ხელი.
იმ წამს ლაშამ ვეღარ მოითმინა.
სალომეს სწვდა და მთელი ძალით ჩაიხუტა. უნდოდა მადლობა თქმით გამსკდარიყო, ბოდიში მოეხადა, რამე ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა.
უბრალოდ იჯდა, თავისი მადლობის გამოსახატავად თბილ სხეულს მაგრად იხუტებდა გულში და შეხებისგან მიღებულ კომფორტსა და სიამოვნებას ისრუტავდა.
უნდოდა პატიება ეთხოვნა, მოებოდიშებინა ყველაფრისათვის, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ „გთხოვ…“ ამოილუღლუღა.
ლაშამ ამოიქშინა და თავი ჩაქინდრა. ოთახში გამობრუნდა, ნელა ჩაიცვა. მთელი ამის განმავლობაში აბურდული, შემშრალი თმა ისევ სახეში ჩამოეშალა და ზედ კაპიუშონი წამოიფარა. გაბზარულ სარკეში ჩაიხედა.
სასიამოვნო იყო ის, რომ საკუთარ ნაიარევებს ვეღარ ხედავდა.
სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა კიბეებზე და რატომღაც, სალომე რომ გაახსენდა, მოუნდა, რომ მისთვის თავი აერიდებინა. გუშინდელი, საშინლად უხერხული საღამო ახსენდებოდა და გოგონას დანახვა ეხამუშებოდა.
სწრაფად გააღწია გარეთ, ისე რომ სალომეს არ დაუნახავს.
მაშინვე ეზოსკენ გასწია. სველი ბალახი სასიამოვნოდ სლიპინა იყო ფეხქვეშ.
სახლის უკანა მხარეს მოთავსებული სამალავიდან, რომელშიც სამეურნეო და ზოგად ნივთებს ინახავდა, ნაჯახი და ხის ნაჭრები ამოაძრო.
ზამთარი მოდიოდა და სათბური უნდა გადაეხურა. სკამზე ჩამოჯდა, და გულმოდგინედ დაიწყო ხის ნაჭერის გამოჩორკნა.
ცოტა ხანი ჩორკნიდა. რომ დაამთავრა და ხის თაღის ნახევარი შეათვალიერა, ნაჯახი ძირს დააგდო და ფეხზე წამოდგა.
ცოტას გაივლიდა.
ნელი ნაბიჯით გაემართა ტყისაკენ და ნაცნობ გზას დაუყვა. ცოტათი გვერდით გადაუხვია. ტყის ნამის სურნელს ისუნთქავდა და ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიაბიჯებდა.
პატარა მდელოზე გავიდა.
მისი ყურადღება მაშინვე ერთი ხის ქვეშ მოდებულმა, მაღალმა და პატარა ყვავილებმა მიიპყრო, რომლებიც იასამნისფრად ღუოდნენ ჩამოცვენილი წითელ-ყვითელი ფოთლების ჯარში.
რატომღაც სალომე გაახსენდა.
ნელა მიუახლოვდა ყვავილებს და მოსაწყვეტად დაიხარა.
-*-*-*-*-*-*-
სალომემ რახუნით ჩადო მძიმე ქვაბი ნიჟარაში და ქოშინით გადგა უკან. ძლივს გაათავა ჭურჭლის რეცხვა და იქაურობის მოწმენდა.
ახლა გარეცხილი თეთრეული უნდა აეტანა დიდ აივანზე და გადაეკიდა, სანამ ჯერ კიდევ მზე იყო.
ფანჯარაში გაიხედა. მზე უკვე გადახრილიყო.
სალომემ მხრები აიჩეჩა, მაცივრის გვერდით დადგმული, გარეცხილი თეთრეულით სავსე ტაშტი ასწია და თეძოზე მიიყუდა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით ავიდა ზემოთ.
გვანცას ოთახისათვის უნდა ჩაეარა.
და ისევ მოესმა ლაპარაკის ხმა, როგორც ადრე, ოღონდ ახლა უფრო გარკვევით.
სწრაფად და უხმაუროდ მიუახლოვდა კარს და ზედ ტკიპასავით აეკრო. გაშლილი, თავისუფალი ხელისგული კარს მიაბჯინა და სმენა დაძაბა.
უნდა გაეგო, რა ხდებოდა, ან რაზე ლაპარაკობდა გვანცა.
-ყველა არა… – გაიგონა მან და ყურები კიდევ უფრო დაცქვიტა. – ზოგის ვნახე… ჰო, ეგ? არ ვიცი, სახე არ მინახავს…
სალომეს ენა მუცელში ჩაუვარდა. იცოდა, რომ სულელური იქნებოდა ასეთი დასკვნის გამოტანა, მაგრამ შეეძლო დაეფიცა, რომ გვანცა ლაშაზე ლაპარაკობდა.
-ჰოო… – გაიგონა მან და უფრო მაგრად აეკრო კარს. – ჰო, ეგ კინაღამ წამართვა ეგ სულელმა გომბიომ… მაგრამ მერე ამოვიტანე…
სალომემ მაგრად დამუწა პირი. შანდალი! გვანცა შანდალზე ამბობდა ალბათ… „გომბიო?“ ბრაზით გაიფიქრა მან. „მე შენ გიჩვენებ გომბიოს…“
-კარგი, ახლა ვიძინებ… – მოსწვდა მის ყურებს. დამთქნარების ხმა გაიგონა. – კარგი…
მერე წკაპუნი, კიდევ ერთი დამთქნარება და საბნის შრიალი მოისმა.
სალომე თვალებგაფართოებული იდგა და მთელი სხეული დაჭიმვოდა.
„დამპალი იდიოტი…“ მწარედ გაიფიქრა მან. „რაებს აკეთებს? აქ რა უნდა საერთოდ? სულელი ლაშა… რატომ შემოუშვა…“
სიამოვნებით შევარდებოდა შიგნით და გვანცას იქამდე უყვირებდა, სანამ გულს არ მოიოხებდა. მაგრამ სამწუხაროდ, გვანცას დღეს, როგორც ყოველთვის, კარი ჩაკეტილი ჰქონდა.
სალომემ უკან დაიხია. ცალი ხელით მთელი ძალით ჩასჭიდებოდა ტაშტს, მეორე ხელი კი მაგარ მუშტად შეეკრა. სხეულში ბრაზი უბუყბუყებდა.
რას აკეთებდა გვანცა? რატომ იყო აქ? რა იყო მისი დანიშნულება? ვის და რაზე ელაპარაკებოდა იგი?
ეს კითხვები სალომეს თავში უბჟუალებდა და მოსვენებას არ აძლევდა.
არა, ლაშას უნდა დალაპარაკებოდა და მისთვის გაეცნო თავისი შეხედულებები მათი დაუპატიჟებელი სტუმრის შესახებ. ეს გოგო ზედმეტად საეჭვო იყო…
სალომე სწრაფად გავიდა აივანზე, თეთრეული გადაჰკიდა და სახლში შემობრუნდა.
უკან რომ ბრუნდებოდა და დერეფანში რომ გაიარა, ისევ მიაყურადა გვანცას ოთახს, იმ იმედით, რომ რამეს გაიგონებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა და ორიოდე წუთი ზედ აკრული ტყუილად იდგა.
უფრო გაღიზიანებულმა სალომემ კიბეები ჩაათავა და ტაშტი რახუნით დააგდო სამზარეულოში. მერე კი მკლავები გადააჯვარედინა, ფიქრი და ბოლთის ცემა დაიწყო.
შემოსასვლელის კარმა დაიჭრიალა და სალომე სწრაფად მოტრიალდა. ლაშა შემოვიდა, და კარი ჩუმად მიხურა. მერე კი შემოტრიალდა და სალომე რომ დაიინახა, მისკენ გამოემართა.
გოგონამ მის ხელში პატარა იასამნისფერი ყვავილების პატარა თაიგული დაინახა და მოიღუშა.
„გვანცასთვის მიაქვს…“ გაიფიქრა მან და ტუჩები მოკუმა. როგორი გულუბრიყვილო და იდიოტური შეიძლება ყოფილიყო ადამიანი? ის გოგო ლაშას ზურგს უკან ვიღაც საეჭვო პიროვნებებს საეჭვო თემებზე ელაპარაკებოდა და საეჭვო საქმეებს აკეთებდა, ამ იდიოტს კი მისთვის ყვავილები მოჰქონდა.
ლაშა ნელა შემოვიდა და ცოტათი შეყოყმანდა ზღურბლზე. ხელი ოდნავ წინ გამოიშვირა და ისე წამოვიდა სალომესაკენ.
-ხვდები საერთოდ, რას აკეთებ? – შეუყვირა უცებ სალომემ. ვეღარ მოითმინა ლაშას სისულელე და გვანცას საეჭვო საქმიანობა. – ეგ შენი გვანცა რაებს აკეთებს, იცი?
ლაშა შედგა. თაიგულიანი ხელი ცოტა უკან დასწია და თავი ზემოთ ააღირა.
-რაო? – ჩაეკითხა იგი.
-რადა ჩვენი დაუპატიჟებელი სტუმარი აქ ვიღაცეებს ურეკავს და სენს სახეზე ელაპარაკება, იცი? – მკლავები გადააჯვარედინა სალომემ და ლაშას სახეში მიაშტერდა. ბიჭს ისევ უფარავდა სახის ზემოთა ნახევარს კაპიუშონის ჩრდილი. – და ამბობს, არ მინახავსო…
-გვანცა მაგას არ იტყოდა. – დაბალი ხმით შეაწყვეტინა ლაშამ. – საიდან მოიტანე…
-შენ რა იცი? – შეუბრუნა სალომემ. – ისიც კი ვერ გავიგე, ერთმანეთს იცნობთ თუ არა… შენ ისე იქცევი, თითქოს კარგა ხნის უნახავი შეყვარებულები იყოთ, ის კიდევ საერთოდ არ გიცნობს… ან გიცნობს და უბრალოდ იტყუება… – სალომემ ბიჭს დაუბღვირა. – ეგ გოგო საეჭვოა, უფროსო… დროა აქედან წაბრძანდეს…
-არა! – იფეთქა უეცრად ლაშამ. სალომე გაფართოებული, ბრაზით სავსე თვალებით მიაშტერდა. – გვანცა არსადაც არ წავა. შენ არავითარი უფლება არ გაქვს, რომ ეგეთი ბრალდებები წამოაყენო, როცა ჩემი ფეხები გაქვს მტკიცებულებად, გასაგებია? აბა რა გაქვს სამხილად? მითხარი! – მან სალომეს პირის გაღება არ აცადა და წინ წამოიწია. -კრინტი არ გავიგონო გვანცაზე, გაიგე?! – დაიღრიალა მან.
მისი ხმა სამზარეულოდან შემოსასვლელში გავარდა და ექოდ იქცა ცარიელ დერეფნებში.
ცოტა ხანი გამაყრუებელი, დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.
 მერე კი ლაშამ ხმამაღლა შეიგინა და ყვავილები გვერდით მოისროლა.
ადგილზე მოყინული, პირმოკუმული და გაფითრებული სალომესათვის ყურადღება არ მიუქცევია, გარეთ გავარდა და კარი ხმამაღალი ზათქით მოიჯახუნა.
-*-*-*-*-*-12
ლაშამ კარი მთელი ძალით მოიქნია, ბრახუნით გამოკეტა და ხმადაბალი გინებით წავიდა კიბისაკენ. სწრაფად აათავა საფეხურები და საკუთარ ოთახში შევარდა. კარი მოაჯახუნა.
შევარდა და ლოგინზე დაემხო.
ცოტა ხანი ბალიშში თავჩამხობილი ჩუმად იწვა და მუშტებად შეკრული ხელებით ჩასჭიდებოდა საბანს. მერე კი ნელა გადმობრუნდა.
ხელები თავქვეშ ამოიჩარა და უაზროდ ააშტერდა ჭერს.
სულელი გოგო… ლაშამ მწარედ გაიხსენა მინდორში დაკრეფილი ყვავილები და ხმამაღალი,  სარკასტული  ჩაცინებით გადაგორდა გვერდზე. „მაინც და მაინც მაშინ უნდა დაეღო ამ გომბიოს პირი… თან რა თემაზე…“ გაიფიქრა მან და მოიღუშა. „საერთოდ, რატომ მომქონდა მისთვის ყვავილები? გვანცას რატომ არ მივუტანე?“
აფორიაქდა.
გამალებით ეძებდა მიზეზს.
„ალბათ მისი გუშინდელი საქციელის გამო….“ სწრაფად გაიფიქრა მან. „ჰო… გუშინ რომ ასე მოიქცა და ახალი მოსამსახურე საძებარი არ გამიხადა, იმიტომ…“ გაუელვა ტვინში და  თავი დააქნია, მაგრამ უკმაყოფილებით სავსე ისევ გადმობრუნდა. იცოდა, რომ საკუთარ თავს ატყუებდა, მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
„რა სისულელეს როშავდა გვანცაზე?“ გაიფიქრა გაღიზიანებულმა. „ვის უნდა დალაპარაკებოდა იგი, თან ჩემს სახეზე? რა იდიოტობაა… გოგო საერთოდ არ მიცნობს, საიდან უნდა იცოდეს ჩემი სახის ასავალ-დასავალი.“
უეცრად გული მოეკუმშა იმის გაფიქრებაზე, რომ ქალი მას არ იცნობდა.
იგი ის არ იყო, ვინც უნდოდა. გვანცა ძალიან ჰგავდა, ზედმეტად ჰგავდა კიდეც მას. მაგრამ ის მაინც არ იყო.
ლაშა სწრაფად წამოდგა და აივანზე გავიდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა და ბურთი თითქოს ყელში მოაწვა. მოაჯირს გადაეყრდნო და შეეცადა, ღრმად ესუნთქა.
სულ ცდილობდა მოგონებების ჩახშობას. ადრე იოლად გამოსდიოდა, შეუჩერებლად მუშაობდა, ყოველდღე ტყეში დაეხეტებოდა, მოსამსახურეებს უყვიროდა და გულს ასე იოხებდა.
 უბრალოდ ახლა, სალომეს მიერ მისი საიდუმლოს აღმოჩენამ ძნელი გახადა ის, რომ ყველაფრის იგნორირება გაეკეთებინა.
ახსენდებოდა მისი საცოლის ხასიათი, სიტყვები, სილამაზე. ამ ორ დღეში უფრო მეტად მოენატრა, ვიდრე ოდესმე. რატომღაც სალომეს შეადარა იგი.
სალომე მას ნამდვილად არ ჰგავდა.
გაახსენდა მომენტი, როცა მისმა საცოლემ თვალებგაფართოებულმა შემოხედა, და სახეზე ამრეზამ გადაჰკრა. ეს თითქოს წამიერი იყო, უბრალოდ ქალის ფერმკრთალ სახეზე ოდნავ გადასული ჩრდილი, მაგრამ იმ წამს მიხვდა, რა საშინლად გამოიყურებოდა.
როგორ საშინლად გამოიყურებოდა მისი საყვარელი ქალის თვალში.
მიხვდა, რომ იგი აღარაფერს წარმოადგენდა მისი საცოლესათვის.
ლაშამ თავი გააქნია და ოთახში შემობრუნდა. ეს ყველაფერი წარსული იყო, და თავის თავს შეჰპირდა, რომ წარსულზე აღარ იფიქრებდა.
ტანსაცმლიანად წამოწვა ლოგინზე და საბანი გადაიფარა.
ძალიან დაიღალა. უბრალოდ უნდოდა ჩასძინებოდა.
-*-*-*-*-*-
დილით, როცა ძირს ჩავიდა, სალომე, მისდა გასაკვირად, უკვე იქ დახვდა. იგი მაგიდას აწყობდა. მან ლაშას ერთი ამოხედა და მერე ისევ მაგიდაზე გადაიტანა ყურადღება, არაფერი უთქვამს.
მისი სიჩუმის გამო ცოტათი აფორიაქებული ლაშა მაგიდას მიუჯდა, ყელი ჩაიწმინდა და ხელები დაისრისა.
-დღეს რა გვაქვს? – იკითხა მან ხმამაღლა წამიერი სიჩუმის შემდეგ. რომ შემოვიდა, მაშინვე ომლეტის სურნელი შეიგრძნო, მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, უკეთესი სათქმელი კი ვერ იპოვა.
ნერწყვი გადაყლაპა და თავის მოსამსახურეს მოლოდინით ააშტერდა.
სალომემ ისევ ამოხედა და გაზქურას მიუბრუნდა.
-შემწვარი ათქვეფილი კვერცხი გვაქვს. – მოკლედ მოჭრა მან. მრგვალი, შებრაწული ომლეტი დიდ თეფშზე ამოიღო და შუაზე გაჭრა. ერთი ნახევარი ლაშას გადაუდო თეფშზე, მეორე ნახევარი კი ბიჭის მოპირდაპირედ დადებულ თეფშზე გადადო. „გვანცასთვის,“ გაიფიქრა ლაშამ და მოიღუშა. წამიერად ერჩივნა, რომ სალომე დამჯდარიყო მასთან ერთად სამზარეულოს მაგიდასთან და ეჭამათ. მაგრამ ეს მხოლოდ  წამიერი იყო. თავი გააქნია და ჩანგალი ხელში აიღო, მერე კი ომლეტი მოჩიჩქნა.
-ჭამე. – უთხრა უცებ სალომემ, რომელიც ცეცხლს რთავდა გაზქურაზე. მან ტაფა გვერდით გადადო და შემოტრიალდა. – დილით სულ მასე იჩიჩქნები, მერე კი მთელი დღე სახლში არ მოდიხარ… ძალიან მაინტერესებს, როგორ ძლებ ამდენი ხანი… – მან თავი გააქნია და ოდნავ გაიღიმა. ლაშა გაოცებული შეაშტერდა.
სალომემ ახედა, გაუღიმა და გადმოიხარა, რომ თეფში ახლოს მოეწია.
-მიდი, ჭამე. – მიუგო მან და ცოტათი უკან დაიწია.
ლაშა ცოტა ხანი ჩუმად იყო და სალომეს შეკითხვაზე ფიქრობდა, მერე კი უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები.
-აბა რა ვიცი… – წყნარად თქვა მან. – ხანდახან ვვარჯიშობდი ხოლმე, ახლა იმდენად აღარა.
-ვარჯიშობდი? –  ჩაეკითხა სალომე.
-ჰო, თოფს ვისროდი ხოლმე. – მიუგო ლაშამ უინტერესოდ და ომლეტს კუთხე მოაჭრა ჩანგლით.
სალომეს კრთომა აღმოხდა.
-შენ რა… – ამოილუღლუღა მან, – თოფი გაქვს?
ლაშამ ნაჭერი პირში შეიგდო, დაღეჭა და უსიტყვოდ დაიქნია თავი.
-მერე აქ… აქ შეიძლება გამოყენება? ვინმეს არ ესმის?
ლაშას სხეულში გაღიზიანება აუბუყბუყდა, ჩანგალი წკრიალით დააგდო თეფშზე.
-შენ რას აკეთებ ახლა? – მკვახედ მიუგო მან. – რატომ მისვამ ამდენ კითხვას? ანკეტას მივსებ? მინდა ვისროლო და ვისვრი როცა მომენდომება.  დედაჩემი არ ხარ, და რომც იყო, შენი ნებართვა მაინც არაფერში დამჭირდებოდა. – მიუგო მან და თავი ასწია, რომ გოგონასთვის თვალებში შეეხედა.
სალომეს სახეზე წყენა, შემდეგ კი ბრაზი გამოეხატა.
-არავითარ ანკეტას არ ვავსებ. – ხმადაბლა, ცივად მიუგო მან. მწვანე თვალები გაუბრწყინდა და ერთიანად აუელვარდა. ლოყებზე ვარდისფერმა გადაჰკრა. ლაშამ თავი გვერდზე გასწია და თვალი მოარიდა.
-უბრალოდ ვიფიქრე, რომ შეიძლება საშიში ყოფილიყო. – ჩაურთო სალომემ, გაზქურის გადმოსაწევ სახელურზე გადაკიდებულ ჩვარს სწვდა, გადაკეცა და გულმოდგინედ ჩაწმინდა სამზარეულოს დახლი. – თოფის ქონა სახუმარო არაა, მე თუ მკითხავ.
ლაშა გაჩუმდა. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სათქმელი ვერ იპოვა. ისევ მკვახედ და უხეშად დალაპარაკებოდა სალომეს? ამის დიდი სურვილი არ ჰქონდა ამწუთას. თავი სტკიოდა, ზედმეტი ყვირილი და დავიდარაბა არ სჭირდებოდა, მითუმეტეს, როცა იცოდა, რომ სალომე არ დაუთმობდა, წინააღმდეგობას გაუწევდა და ამით თავს უფრო ასტკივდებოდა.
ხელი ასწია და საფეთქელი დაისრისა. გრძნობდა, როგორ უფეთქავდა ძარღვი შიგნით ყრუდ.
-თოფი სად გაქვს? – შეკითხა უცებ სალომე. ლაშამ თავი ასწია. გოგონამ ჩვარი ისევ გაზქურის გამოსაწევ სახელურზე გადაჰკიდა და შემობრუნდა. სახეზე ინტერესი ეხატა.
-რატომ? – ლაშამ ამოიხვნეშა და წამოდგა. ოდნავ თავბრუ დაეხვა და მაგიდაზე ხელი დააყრდნო. – რისთვის გჭირდება მაგის ადგილსამყოფელის ცოდნა?
სალომემ ერთი დაჟინებით შეხედა, მერე კი ტუჩები მოილოკა. ლაშამ ინსტინქტურად გააყოლა თვალები და დაჟინებით ჩააშტერდა გოგონას ავარდისფრებულ, მბზინავ ტუჩებს.
-უბრალოდ მიკვირს, თუ სად ინახავ. – უპასუხა სალომემ და გვერდზე გაიხედა. – აბა რა ვიცი… თუმცა ალბათ სადღაც, რომელიღაც დაკეტილი კარის იქით გექნება….
-გინდა სცადო? – შეაწყვეტინა ლაშამ, მის ტუჩებს თვალი მოსწყვიტა და კაპიუშონის ქვეშიდან ააშტერდა გაფართოებულ თვალებში.
-რა? – ცოტათი დაიბნა სალომე. – რა ვცადო…
-გინდა თოფი გასროლინო? – უთხრა ლაშამ, თეფში გვერდით გასწია და იდაყვები მაგიდაზე დააყრდნო. თავი გვერდზე გადასწია და გაიცინა. – ნუ გეშინია, – დაამატა მან, როცა სალომეს თვალებგაფართოებული და ცოტათი დაფეთებული გამომეტყველება დაინახა. – ჰაერში გასროლინებ.
სალომე პირდაღებული მიაშტერდა.
-კი, მინდა… – სწრაფად უპასუხა მან და ცოტათი ავარდისფრდა. მერე კი სწრაფად დააქნია თავი. – მინდა ვცადო…
ლაშამ კმაყოფილებისაგან ჩაიცინა.
-კარგი, წამოდი. – უთხრა მან და ფეხზე წამოდგა, მერე კი გოგონას გარეთ გაუძღვა. სალომემ კარი მიკეტა და უკან გაჰყვა.
ლაშა სახლის უკანა მხარეს მიუახლოვდა, პირდაპირ კედელთან ამოსული, გაბარდნილი ბუჩქი გადასწია და მიწაში ჩამალულ სათავსოს თავი ახადა. მის ზურგს უკან დამდგარი სალომე გაოცებით მიაშტერდა.
-აჰა… – თქვა ლაშამ, გაიღიმა და სათავსოს სიღრმიდან ტყავის გრძელი, ბრტყელი ჩანთა ამოაძრო, მიწაზე დადო და გადახსნა.
-ვინჩესტერი. – თქვა მან. – ათას რვაას ოთხმოცდაექვსი წლის გამოშვება. – დაამატა და თოფი ზემოთ ასწია, რომ სალომეს კარგად დაენახა. გოგონა აღტაცებით ათვალიერებდა, სახე ღიმილმა გაუნათა.
ლაშა სიამოვნებითა და სიამაყით მიაშტერდა, მერე კი ტყავის ჩანთის უჯრიდან ხუთი ვაზნა ამოიღო.
-აი, ნახე. – უთხრა მან და თოფის გვერდით ჭრილზე მიანიშნა. – აქ შედის ვაზნა. – მან ვაზნა ასწია საჩვენებლად და ტკაცანით შეაცურა თოფში.
-აბა, სცადე. – უთხრა მან სალომეს და კინაღამ გაიცინა, როცა გოგონამ აღფრთოვანებით ამოხედა და თოფი ფრთხილად აიღო ხელში. მერე კი ცალი ხელით ლაშას ვაზნა გამოართვა და ჭრილში ტკაცანით შეაცურა.
-აბა? – ჰკითხა მან. ხმაში მოუთმენლობა ეტყობოდა. – როგორ ვისროლო?
ლაშამ პირი მაგრად მოკუმა, რომ არ გასცინებოდა.
-მემარჯვენე ხარ, ხომ? – ჰკითხა მან და გოგონამ თავი რომ დაუქნია, გვერდით  დაუდგა და თოფის ტარი სალომეს მარჯვენა მხარზე მიაბჯინა. გოგონამ ხელი ასწია და საჩვენებელი თითი სასხლეტს გამოსდო, მეორე ხელით კი თოფი შუაში დაიჭირა. – ტარი მხარზე გქონდეს მიბჯენილი, არ დააშორო… ხელით მაგრად დაიჭირე… თავი ძალიან წინ არ გადასწიო, გესმის? რომ ისვრი, თოფი მიწისაკენ დახარე, მსხვერპლი არ გვინდა აქ…
სალომე უსიტყვოდ ასრულებდა ყველა მითითებას, თან თავს უქნევდა.
-აბა? – ჩაეკითხა ლაშა ღიმილით და ცოტა უკან დაიწია. – მიდი.
სალომემ ნერვიულად გამოხედა, ტუჩები მოილოკა და ფეხები უცნაურად გაჩაჩხა, ეტყობოდა, ეს ბალანსის დასაცავად სჭირდებოდა.
მერე კი თოფი ოდნავ მაღლა აღმართა და სასხლეტს გამოჰკრა.
თოფის ქუხილი დილის სიწყნარეში გამაყრუებელ ზათქად გაისმა.
სალომე ოდნავ დაბარბაცდა და პირდაღებული გაშტერდა.
მერე ხმამაღალი სიცილი ამოუშვა, კისკისებდა და მიწისაკენ დაშვებულ თოფს ჩაჰყურებდა. რამდენჯერმე გადმოხედა ლაშას თვალები უფრო გაუბრწყინდა.
სადღაც ტყეში, ხიდან გუნდად წამოიშალნენ ფრინველები.
ლაშა კი იდგა, ჯიბეებში ხელები ჩაერგო და სიამოვნებით ისმენდა სალომეს სიცილს.
გოგონა იცინოდა, დილის სუსხიან ჰაერში კი თითქოს ზარები რეკდნენ.
-*-*-*-*-*-*-
ერთმა კვირამ ისე გაიარა, თითქოს აქაც არაფერიო.
ლაშა ისევ ცდილობდა, რომ გვანცას დაახლოებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო, რადგან ქალი ყოველდღე თავის ოთახში იჯდა ჩაკეტილი და ქვემოთ მხოლოდ საჭმელად ჩამოდიოდა.
სამაგიეროდ სალომე იყო ყოველთვის საქმით გართული მასთან ერთად. ხუთიოდე დღის წინ ლაშამ სახლში მთელი ტომარა ფქვილი მოიტანა, თავისი რძით და სხვადასხვა წვრილმანებით, რაზეც სალომემ კინაღამ ხტუნვა დაიწყო.
გოგონას სახეზე ეხატა საოცარი ცნობისმოყვარეობა და შეეკითხა კიდეც, თუ სად შოულობდა ამ პროდუქტებს.
-ბაბუსგან მომაქვს. – მოკლედ მიუგო ლაშამ პასუხად.
-ბაბუ? – სალომემ წარბი ასწია და თავი გვერდზე გადააგდო. ზემოთ აწეული, ცხენის კუდად შეკრული თმა გვერდზე გადმოეკიდა. – შენ უბრალოდ ბაბუს უწოდებ თუ ბაბუაშენია?
-არა, რა ბაბუაჩემი… – მიუგო ბიჭმა. – უბრალოდ ბერიკაცია, სოფელში ცხოვრობს. როგორც შეამჩნიე, იქ მივდივარ ხოლმე, ალბათ კვირაში ორჯერ. ის მაძლევს რაღაცებს.
სალომემ თავი დაუქნია.
-კარგი კაცია. – ჩაილაპარაკა ლაშამ. – სულ უხარია ჩემი დანახვა. – მან გაიღიმა. – ალბათ ერთი კვირა იქ რომ არ მივიდე, პოლიციას გამოიძახებს, ისე შეჩვეულია ჩემს ყოველკვირეულ ვიზიტებს.
გოგონამ გაიღიმა, ლაშას მოტანილ წვრილმანებით სავსე ტომარაში ცაიხედა და შიგნით ქექვა დაიწყო.
იმის შემდეგ სალომემ ხელი მიჰყო ნამცხვრების ცხობას. საღამოს, როგორც ყოველთვის, ლაშა გვანცასთან ერთად იჯდა მაგიდასთან და ჩაის უგემურად წრუპავდა.
სალომე მთელი საღამო სამზარეულოდან არ განძრეულა, ნიჟარასთან იდგა. ჭურჭელსა და ქვაბებს ერთმანეთზე ალაწუნებდა და აწკრიალებდა. ის იყო, რომ ლაშას ყელში ამოუვიდა ეს უაზრო ხმაური და ერთი კარგად უნდა დაეყვირა, რომ გვანცამ ხელი ააქნია.
-მე წავალ, დავიძინებ. – მან აწეული წარბით გადახედა სალომეს ზურგს. – ამ ხმაურისგან თავი მტკივა…
ქვაბები უფრო მეტად აზრიალდნენ.
გვანცამ უკმაყოფილო სახით დაიზილა საფეთქლები თხელი თითებით, ნელა წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
ლაშამ გაღიზიანებული მზერა მიაპყრო სალომეს.
-უჰ, ძლივს მოვრჩი, – თქვა გოგონამ, რახუნით ამოაწყო ჭურჭელი ნიჟარიდან და დახლზე დაახვავა. მერე შემოტრიალდა, სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილით, და ხელებიდან სამზარეულოს სველი რეზინის ხელთათმანები წაიძრო.
ლაშა ბრაზით მიაშტერდა. მუშტები მაგიდაზე დააწყო.
-რას თამაშობ? – დაისისინა მან. – რა ჯანდაბა იყო, ეგ რახუნი და დავიდარაბა რომ ატეხე?
სალომემ თვალები დაახამხამა.
-რაღაც უნდა მეკითხა. – თქვა მან.
ლაშას სხეულში ბრაზი აუბუყბუყდა.
-ეგ არის? – დაიღრინა მან. – ერთი ქეციანი კითხისათვის…
-გვანცას როგორ იცნობ? – ჩაეკითხა სალომე.
ლაშა გაოცებით მიაშტერდა.
-მე შენ რა გითხარი, გვამცაზე კრინტი არ იყოს მეთქი? – ფეხზე წამოდგა იგი და სალომეს მროისხანედ შეხედა. – შენ კიდევ ენას ატარტარებ..
-ცუდი ხომ არაფერი მითქვამს? – ხელები ასწია სალომემ. – უბრალოდ გკითხე, როგორ იცნობ მეთქი? კითხვის დასმა დანაშაულია? – გოგონამ წარბები ასწია. – აბა? არის?
ლაშამ თვალები გადაატრიალა.
-და შენი საქმე არის ახლა ეს? – ხმადაბლა დაისისინა მან. – შენ არავინ გეკითხება, მე როგორ ვიცნობ მეგ….
ლაშა გაჩერდა.
სიტყვები პირში შეახმა.
„ფუ შენი…“ გაუელვა თავში.
-მეგ? – სალომემ გაოცებით შეხედა. – მეგი? მეგი ვინღაა?
ლაშა ორი წამით თვალებში დააშტერდა. ღრმად სუნთქავდა.
უნდოდა ყველაფერი მოეყოლა, სალომესათვის მოეთხრო. გოგონამ ხომ არაფერი უთხრა მის ნაიარევებსა და სიმახინჯეზე, იქნებ ამაზეც არ ეთქვა არაფერი…
ეს ამბავს ორი წელი ინახავდა, დახშულად და დაკომპრესებულად.
ახლა კი, წინ სალომე ედგა, დიდი მწვანე თვალებით მისჩერებოდა.
ლაშამ იგრძნო, რომ მას ენდობოდა.
ენდობოდა და უნდოდა, ყველაფერი მოეყოლა.
იმის გაცნობიერებამ, რომ ვიღაც ისეთი ჰყავდა, ვისთვისაც შეეძლო ყველაფერი ეთქვა, ერთბაშად გაათავისუფლა ორი წლის განმავლობაში დაგროვილი სათქმელი.
-მეგი… – თქვა მან და ამოიქშინა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მალე თუ არ მოიშორებდა სიტყვებს, რომლებიც ყელში აწვებოდნენ, გასკდებოდა.
ნერწყვი გადაყლაპა და თავი ასწია.
სალომე იდგა, ხელებით ოდნავ ჩაებღუჯა თავისი შარვალი. მან ნელა დაახამხამა თვალები.
-მეგი ჩემი საცოლეა. – თქვა უცებ ლაშამ.
დაინახა, თუ როგორ გაუფართოვდა სალომეს თვალები და როგორ შეინძრა.
-შენი საცოლეა? – გაიმეორა მან, თითქოს არ სჯეროდა.
ლაშამ თავი გადააქნია.
-უფრო სწორად, იყო. – მიუგო მან. უცებ სუსტად იგრძნო თავი. მეგზე ლაპარაკი სულ ასეთ მდგომარეობაში აყენებდა, ამიტომ სკამზე ჩამოჯდა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
-დავშორდით. – თქვა ლაშამ და უაზროდ ჩააშტერდა იატაკს. – უფრო სწორად, ის დამშორდა. ორი წლის წინ.
-როგორ… – ლაშამ აიხედა. სალომემ უცებ სკამი მოიწია და მის წინ ჩამოჯდა, მერე კი შეწუხებული მზერა მიმართა მისკენ. – ნუთუ…
მისი თვალები ლაშას სახეზე მოევლნენ.
-ჰო. – ბიჭმა მწარედ ჩაიცინა. – ამის… – მან საკუთარი თავისაკენ ანიშნა, ხელის აქნევით. – ამის გამო.
სალომემ არაფერი თქვა. ისევ სახეში მიშტერებოდა.
-საშინელი იდიოტი ვიყავი. – თქვა ლაშამ და თავი გააქნია. – ყველაფერი მქონდა, აბსოლუტურად ყველაფერი. თავქარიანი, ქარაფშუტა ადამიანის როლი მქონდა მოკერებული და კარგადაც ვასრულებდი. – მან მხრები აიჩეჩა. – მეგი… მეგი რომ გავიცანი, სხვისი საცოლე იყო. – მან აიხედა, რომ სალომეს რეაქცია დაენახა. გოგონა პირმოკუმული მოშტერებოდა, სახეზე არაფერი ეწერა.
-ფაქტიურად, იმ ვიღაცას მეგი წავართვი… – ლაშამ ღრმად ამოიქშინა და გააგრძელა. – ცოტათი ვნანობ. სულ ცოტათი. მაგრამ ქორწილამდე ორიოდე თვით ადრე… – მან სალომესკენ გააპარა თვალი. – ფაქტიურად… სხვა ქალთან ერთად წავედი სასტუმროში.
გოგონას თვალები გაუფართოვდა. ყელში მყესები დაეჭიმა.
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ გაჩერდებოდა.
-თან ძვირ სასტუმროში… – სარკასტულად ჩაიცინა მან. – მერე რაღაცნაირად მეგის ყოფილმა დაინახა ეს. ალბათ მითვალთვალებდა, ეგ დეგენერატი… – ბიჭმა მუშტები შეკრა და შეეცადა, ღრმად ამოესუნთქა და დამშვიდებულიყო. – ჯერ ორი წუთის შესულიც არ ვიყავით, რომ ნომერში შემოვარდა. – ლაშამ მუშტები მოუშვა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. – მერე კი… ჯერ მაგრად გამომლანძღა და მაგინა, არც მე დავრჩი ვალში, რა თქმა უნდა… მერე მაგიდიდან მარწყვის ჩანგალი აიღო… იცი, როგორია მარწყვის ჩანგალი?
სალომემ ჩუმად გააქნია თავი.
-ჩვეულებრივ ჩანგალზე უფრო დიდია, სამი, ძალიან წამახული წვერი აქვს. მომიქნია და ძლივს მოვასწარი უკან დაწევა, თორემ თვალს საერთოდ ამომაცლიდა… – ლაშამ ჩაიცინა, მაგრამ გრძნობდა, როგორ აწვებოდა ცრემლები.
-ძალიან მტკიოდა. – თქვა მან უბრალოდ. – მერე ხელი წამავლო და წიხლი მკრა, ანთებული ბუხრისაკენ. დაწვას მიპირებდა ეგ ნაბი*ვარი… – დაისისინა ლაშამ. – რომ დავეცი, მკლავით პიდაპირ ნაკვერცხლებში ჩავვარდი. კიდევ კარგი, მარტო მკლავი მივაწვი… – გაიცინა მან.
-საავადმყოფოში მიმიყვანეს. – გააგრძელა ლაშამ. ყელში ბურთი მოაწვა. ხმა უთრთოდა. – მეგი მოვიდა… ყველაფერი მოუყევი. უბრალოდ ვერ დავუმალე, არ შემეძლო. მითხრა, რომ მაპატიებდა… რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა… – ლაშას მზერა აემღვრა. თვალები ზემოთ ასწია, რომ ცრემლები არ ჩამოგორებოდა სახეზე და კბილები მაგრად დააჭირა ერთმენეთს, წამიერად. – მერე კი… გამსინჯეს… თვენახევრის მერე გამომიშვეს, სახვევები მომხსნეს. – მან მწარედ გაიცინა. თავი არ აუწევია, არ უნდოდა სალომეს მისი თვალები დაენახა. – იმ დროისთვის უკვე ვიცოდი, რომ ცალი თვალით ბრმა ვიქნებოდი, და ეს დაწყევლილი ნაიარევები დამრჩებოდა. – თქვა მან. – მაგრამ მეგმა დაინახა თუ არა ჩემი სახე…
ლაშამ ტუჩები მოკუმა, გაგრძელება ვეღარ შეძლო. თვალები მაგრად დახუჭა, ზედ სწრაფად აიფარა ხელი. ხელზე მაშინვე იგრძნო სველი სიმხურვალე.
კრთომა აღმოხდა, როცა იგრძნო, როგორ გადასწიეს მის თავზე წამოხურებული კაპიუშონი. ცრემლები სწრაფად აიწმინდა ხელით და თავი ასწია.
სალომემ კაპიუშონი ბოლომდე გადაუწია, მერე კი ხელები მხრებზე დაადო. სახე მოკრუნჩხოდა და თვალები ავსებოდა ცრემლებით.
მან ცრემლიანად გაიცინა, თვალი მოისრისა.
-მაპატიე… – თქვა მან და ხელები დასწია. – უბრალოდ… რაც შენ გააკეთე, არ იყო სწორი… მაგრამ რაც მან გააკეთა… – სალომეს ჩახშული ქვითინი აღმოხდა. კიდევ ერთხელ მოისრისა თვალი და ლაშას სახეში შეხედა. ნელა გაუღიმა. – რაც მან გააკეთა, კიდევ უარესი იყო.
ბიჭი იჯდა, სახეგამოჩენილი, და სალომეს მისჩერებოდა.
სალომემ კიდევ ერთხელ, ცრემლიანად გაუცინა.
ლაშამ გაიღიმა და თვალები დახუჭა.
ნამდვილად.
სალომეს ხმა ნამდვილად ჰგავდა ზარების რეკვას.
-*-*-*-*-*-13
ლაშა იჯდა, ხელები ერთმანეთისათვის გადაეჭდო, და სალომეს უღიმოდა.
არასოდეს ეგონა, რომ ოდესმე მოახერხებდს სხვა ადამიანთან ახლოს დაჯდომას და მიმი სახის ისე გამოჩენას, რომ საკუთარი ნაკლი დავიწყებოდა.
ამწუთას, რა თქმა უნდა, ქვეცნობიერად შეგნებული ჰქონდა, რომ მისი ნაიარევები ღიად ჩანდნენ, მაგრამ სალომეს მომღიმარ სახეში რომ ჩახედა, მიხვდა, რომ ეს ამწუთას დიდად არ ანაღვლებდა.
ამის გამო ცოტათი შეშინდა.
ორი წელი საზოგადოებიდან თითქმის მოწყვეტილმა გაატარა. თმა მოიზარდა და ყოველდღე კაპიუშონს ატარებდა, რომ თავისი ნაკლი დაემალა. დაემალა არა მარტო სხვებისაგან, არამედ საკუთარი თავისაგან.
ახლა კი  თავისუფლად გრძნობდა თავს.
ეს კი სალომეს დამსახურება იყო.
უნდოდა მადლობა გადაეხადა, რამე ეთქვა.
გოგონას ახედა.
სალომემ კიდევ ერთხელ გაუღიმა. თვალები ოდნავ ჩასწითლებოდა და ლაშას გული შეეკუმშა.
„ჩემი გულისათვის იტირა…“ გაიფიქრა მან და მკერდში თბილი გრძნობა ჩაეღვარა.
სალომემ ამოიხვნეშა და ხელები მუხლებზე დაიწყო. ნელა წამოდგა. ლაშა ინსტინქტურად ფეხზე წამოიჭრა.
-მე წავალ. – უთხრა უცებ გოგონამ და თავი დახარა. – დღეს დავიღალე. – მან წელზე ხელი მოიდო და მოცინარი თვალებით ახედა უფროსს. – ზურგი მტეხავს და ფეხები მტკივა… არა რა, ამდენი ხანი არ უნდა მეხეხა კიბეები… თან ასე წახრილს…
ლაშა ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა, მერე კი გიჟურმა აზრმა წამოუარა. „ფეხები და ზურგი სტკივა…“ გაიფიქრა მან და დაუფიქრებლად დაიხარა, ცალი მკლავი სალომეს ფეხებშუა გამოჰკრა, ისე რომ გოგონას შეყვირება აღმოხდა და სხეული უკან გადმოუქანდა. ლაშამ იოლად დაიჭირა იგი და სწრაფად ასწია ზემოთ.
სალომე პირდაღებული ჩასჭიდებოდა მხრებზე და აჩქარებულ სუნთქვაზე ეტყობოდა, რომ მოულოდნელობამ და იმ ფაქტმა, რომ კინაღამ დაეცა, გააშეშა. მაგრამ მალევე გამოერკვა. სახე აუწითლდა.
-რას შვრები… – ამოილუღლუღა მან. – დამსვი!
-შენ არ მითხარი, ფეხები მტკივაო? – უპასუხა ბიჭმა , სწრაფად შემოტრიალდა და შემოსასვლელში გავიდა სწრაფი ნაბიჯით. სალომეს შეკრთომა აღმოხდა, თვალები გაფართოებოდა და მას მიშტერებოდა.
-მასე ძალიანაც არ მტკივა… – ამოილუღლუღა მან და ბიჭს თვალი აარიდა, თუმცა მისი მკლავებიდან არც კი შენძრეულა, არც გათავისუფლება უცდია. – მართლა არ მჭირდება, დამსვი ძირს…
ლაშამ უსიტყვოდ გააქნია თავი.
-არააა… – წაიმღერა მან. – არ გამოვა. ახლა ზემოთ აგიყვან და ოთახამდე მიგაცილებ. – მან გოგონას უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი, როცა კიბეებზე შედგა და ზემოთ ასვლა დაიწყო.
სალომემ ფეხები ოდნავ გააქნია, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ლოყები აწითლებოდა. მის მხრებზე ჩაჭიდებული ხელები ოდნავ შეანძრია, მერე კი ლაშას გასაკვირად, ნელა გააცურა წინ, ისე რომ მკლავები ლაშას კისერზე შემოეხვივნენ.
ბიჭი კინაღამ კიბეზე შედგა, შეკრთომა აღმოხდა, მაგრამ გზა გააგრძელა. კიბეები უკვე აათავა და დერეფანში გავიდა.
ნაბიჯს შეუნელა.
სალომემ თავი გადასწია და საფეთქელი თმაზე მიაბჯინა, ისე რომ მისი მხრის იქით იყურებოდა. ბოლოებაპრეხილი, უწესრიგოდ შეჭრილი თმა მხრებზე დაჰყროდა და ლაშამ სურნელი იგრძნო.
იასამანი.
ნესტოები აუთრთოლდა. სალომეს თმასა და მის კისერზე შემოხვეულ მკლავებს იასამნის სურნელი ასდიოდათ.
სუნი თავში აუვარდა და ცოტათი გაბრუვდა.
სალომეს კარს მიადგა და შეჩერდა. არ უნდოდა გოგონა დაესვა. მისი სიმძიმის მკლავებში შეგრძნება, მის თავზე მიყუდებული საფეთქელი და კისერზე მაგრად შემოხვეული მკლავები გონებას ურევდა.
თავი ოდნავ გვერდზე გასწია, და ცოტათი ქვემოთ დახარა. ცხვირის წვერით გოგონას ლოყაზე შეეხო. სალომე შეკრთა.
ოდნავ შეაჟრჟოლა, მისი მკლავები უფრო დაიჭიმა ლაშას კისერზე. ბიჭმა ოდნავ ჩაიღიმა და თვალები დახუჭა, მერე კი ნელა ჩააყოლა ცხვირის წვერი სალომეს ლოყაზე და მის ყბას მისწვდა. ნელა ამოისუნთქა. ჰაერის ცხელი ნაკადი გოგონას მხარზე მოელამუნა და ზედ გადადებული თმა აუშრიალა.
სალომეს სხეული მთლად დაეძაბა, მაგრამ არ განძრეულა. ლაშამ მისი ღრმა, ცოტათი აჩქარებული სუნთქვა გაიგონა და ჩაიცინა.
თავი ზემოთ ასწია, ისე, რომ ცხვირის წვერით ისევ ლოყაზე აჰყვა და გოგონას ყურთან გაჩერდა. ნიკაპი ცოტათი წინ წასწია და ლოყის თბილ კანს ტუჩებით შეეხო.
სალომეს მკლავები აუთრთოლდა, მისი ჟაკეტი მაგრად მობღუჯა ზურგზე.
ჟაკეტის მოქაჩვა რომ იგრძნო, ლაშა თითქოს გამოფხიზლდა.
თავი სწრაფად დასწია უკან და გვერდზე გაიხედა.
იგრძნო, თუ როგორი აჩქარებით უცემდა გული, და ინატრა, რომ მის მკერდზე გულმკერდით აკრულ სალომეს ეს არ ეგრძნო.
ისევ მეგი დაუტრიალდა თავში. მისი გამოხედვა, ღიმილი, სახე, საწოლზე გადაშლილი ღია ფერის თმა… გული მოეკუმშა.
კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მთლად გახევდა.
„რა ჯანდაბას ვაკეთებ…“ გაუელვა თავში. „რა სისულელეს ვშვები…“
სალომემ იგრძნო მისი გაშეშება, ნელა დაიწია უკან, ისე რომ ხელები ბიჭის მხრებზე ეწყო და სახეში სეჰყურებდა.
ლაშამ არაფერი თქვა, სალომეს თვალს არიდებდა და დაჟინებით შეჰყურებდა სანთლის შუქით განათებულ კედელს.
უეცრად გოგონამ ფეხები გაასწორა და ლაშას მკლავებიდან ჩამოუცურდა. სალომე გასწორდა და ბიჭს უსიტყვოდ ახედა. თმა აბურძგნოდა, ხელები ზურგსუკან წაეღო.
-მე შევალ. – წაილუღლუღა მან, სწრაფად შებრუნდა, კარის სახელური დასწია და შიგნით ელვის სისწრაფით შესრიალდა.
კარი წყნარი ტკაცუნით დაიკეტა.
ლაშა იდგა, და მოღუშული მისჩერებოდა მოკეტილ კარს.
თავი უსიამოვნოდ უბჟუოდა და ხელი ასწია, რომ შუბლი მოესრისა.
ამოიხვნეშა, კარს კიდევ ერთხელ შეხედა და დერეფანს დაუყვა.
-*-*-*-*-
სალომე როგორც კი შევარდა ოთახში, მაშინვე კარი დაკეტა ზურგს უკან, მერე კი წინ წავიდა და ლოგინზე წაწვა. ცოტა ხანი გაყუჩული იწვა.
მერე კი ნელა წამოდგა, ტანსაცმელი გაიხადა, დაკეცა და საწოლის ბოლოსთან დადებულ უზურგო ტახტზე დააწყო.
სახლში ცხელოდა, იმის მიუხედავად, რომ გარეთ უკვე საკმაოდ სიცივე იყო და ღამე სალომეს ფანჯრები იჭირხლებოდა კიდეც.
გოგონამ ნაჭრის შორტები და განიერი, გაფაფხული მაისური ჩაიცვა, და ლოგინში შეგორდა.
მერეღა შეუდგა ფიქრს.
თვითონ ვერც კი გაეგო, რა მოხდა.
თითქოს სამზარეულოში ლაშას წინ ეჯდა, გული მკერდში ეკუმშებოდა და ლაშას ყოფილ საცოლეს გონებაში წყევლიდა, ბიჭს თავიდან კაპიუშონს ხდიდა, რადგან მისი სახის დანახვა უნდოდა…
და მეორე წამს ლაშას კისერზე შემოხვეული ჰქონდა მკლავები, და საფეთქელი მის თავზე მიეყუდებინა. ბიჭს კი იგი კიბეებზე აჰყავდა, თავისი ოთახისაკენ.
რომ ეთქვა, რომ ეს არ ესიამოვნა და ნატრობდა, რომ ლაშას ძირს დაესვა, იცოდა, რომ საზიზღრად მოიტყუებდა.
პირიქით.
სხვა ადამიანის, მითუმეტეს ძლიერი მამაკაცის სხეულთან ახუტებამ ცოტათი თავბრუ დაახვია. ასეთი რაღაც არასოდეს მოსვლია.
„რა თქმა უნდა,“ გაიფიქრა სალომემ და ამოიხვნეშა. „ვითომ ყოველდღე დამატარებენ ხელით…“
მერე კი ლაშამ ცხვირის წვერი შეახო ლოყაზე, ჯერ ქვემოთ დაუსვა, მერე კი ზემოთ ასწია. კანი თბილი და საოცრად რბილი ჰქონდა. სალომეს გააახსენდა ცხელი სუნთქვის შეგრძნება მხარსა და თმაზე, როგორმა ჟრჟოლამ დაუარა ტანში…
თითქოს ერთბაშად გაცხელდა.
ზურგში ჟრუანტელმა დაუარა.
სალომე მოიკრუნჩხა, ფეხები მოკეცა, მუხლები მკერდთან ახლოს მიიტანა.
სხეული ჯერ კიდევ უხურდა და ლაშას ხელების ანაბეჭდს გრძნობდა ზურგსა და მუხლებთან.
ღრმად ამოიხვნეშა, დაღლილობისაგან სხული სტკიოდა, მაგრამ თვალები არ ეხუჭებოდა.
გატრუნული იწვა.
ცოტა ხანი წაეძინა.
თითქოს მალევე გამოფხიზლდა მსუბუქი ბურანიდან, თითქოს რაღაც ხმა მოესმა. სალომე ლოგინზე წამოჯდა, თვალები მოისრისა და საწოლისპირა ეტაჟერზე საათს გადახედა. ფარდები გადაწეული იყო და მთვარის რძისფერი შუქი შემოდიოდა. ფანჯრის მინებს ძირში ლამაზად მოდებოდა ჭირხლი.
ღამის სამის ოცი წუთი იყო. გოგონამ ამოიგმინა და ბალიშზე გადაწვა. რამ გამოაღვიძა? მხოლოდ სამი საათი ეძინა…
მერე კი იგრძნო, როგორ დაჰბურძგლა გამოჩენილ, საბნის ზემოთ ამოწეულ მკლავებზე და სწრაფად გადმობრუნდა.
კარი ჭრიალით გაიღო.
სალომე ლოგინზე წამოიჭრა და საბანი ნიკაპამდე აიფარა. დალანდულ, მაღალ ფიგურას თვალებგაფართოებული და დაფეთებული შეჰყურებდა, სანამ ფიგურა ოდნავ წინ და გვერდზე არ გაიწია.
-ვაი… – ამოიქშინა სალომემ და იგრძნო, როგორ დაუარა შვების ცხელმა ტალღამ სხეულში. – შემაშინე… – ძლივს ამოილუღლუღა მან.
ლაშა შემოვიდა, თავდახრილი და კარი მის უკან მიკეტა. მერე შემოტრიალდა და თავი ასწია. სალომეს დააშტერდა.
ლაშას კაპიუშონი არ ეხურა და თმა უკან გადაეწია. იდგა ხელებჩამოყრილი კართან, ოდნავ ირწეოდა ადგილზე და ლოგინზე წამომჯდარ მოსამსახურეს დაჟინებით დაჰყურებდა. ბიჭს თვალები უცნაურად ამღვრეოდა და ნელა ახამხამებდა მათ.
მერე მოულოდნელად გაიცინა და ჟაკეტი წაიძრო.
წაიძრო და კუთხეში მოისროლა.
სალომემ თვალებგაფართოებულმა გააყოლა მოსაცმელს მზერა, სანამ იგი ოთახის სიღრმის სიბნელეში არ დაიკარგა და ყრუ ბათქით არ დაეცა. მერე კი ელვის სისწრაფით მიატრიალა თვალები, რომ ბიჭისათვის შეეხედა.
მას თვალები ეხუჭებოდა, და უაზროდ იცინოდა.
-შენ… – ძლივს ამოილუღლუღა სალომემ. – მთვრალი ხარ..?
ლაშამ ახლა ფეხსაცმელი გაიძრო, გაიცინა და ცალს ფეხი ჰკრა, ისე რომ ფეხსაცმელი იატაკზე გადაგორდა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ლოგინისაკენ.
სალომეს კინაღამ თვალები გადმოსცვივდა.გულში შიში ჩაუდგა და ხელისგულებზე ცივმა ოფლმა გამოჟონა. უფრო მაგრად ჩაბღუჯა საბანი და ცოტათი უკან დაიწია.
-მოიცადე… – გოგონამ ხელი უკან დასწია და საწოლის კიდე მოძებნა,  დაფეთებული თვალები კი ბიჭისაგან არ მოუშორებია, რომელიც უკვე ცალი მუხლით დაბჯენოდა ლოგინს და მეორეს დებდა ზედ.
„რა გავაკეთო…“ მანტრა უვლიდა თავში სალომეს და შიშს მოეცვა მისი სხეული. შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა.
ხელისგულები დაეცვარა…
მერე კი ლაშა შეტრიალდა და ზურგით დავარდა ლოგინზე, ისე რომ მისი თავი პირდაპირ ბალიშში ჩაეფლო, სალომეს ბალიშის გვერდით.
გოგონა გაკრთა, ყურებში გულის ბაგაბუგი მოესმა და იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ცხელმა ტალღამ. ღრმად სუნთქავდა და თვალის სახამხამებაც კი ვერ გაებედა, ისე მიშტერებოდა ბიჭის სახეს. განძრევის ეშინოდა. ეგონა, რომ თუ გაკრთებოდა, მაშინვე წამოვარდებოდა ლაშა…
-ვერ ვიძინებდი. – წაილუღლუღა უცებ ბიჭმა და სალომემ ინსტინქტურად საბანი ცოტა ძირს დასწია. – აი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი… – ლაშამ შუბლი შეიჭმუხნა და თავი გადააქნია. – ჰოდა ავდექი… კარადაში… ცოტა სასმელი ვიპოვე…
სულ უფრო ნელ-ნელა ლაპარაკობდა, სუნთქვა უფრო ღრმა გაუხდა. სალომეც ცოტა დამშვიდდა, გულისცემის სიჩქარემ უკლო, მაგრამ მის გვერდით გადაწოლილ ბიჭს თვალს ვერ აშორებდა.
-მერე დავლიე… – დაიჩურჩულა ბიჭმა და უცებ გვერდზე გადმობრუნდა, და სალომეს წელზე მკლავი გადაადო, თავი კი საბნის ქვეშ დამალულ თეძოს მიაბჯინა. ღრმად ამოიხვნეშა.
სალომე გაშეშდა. უაზროდ დაჰყურებდა ლაშას თავს, გრძელ შავ თმასა და გაპობილ, მოწითალო ტუჩებს.
ბიჭი უკვე ღრმად, გამოზომილად სუნთქავდა, სახეზე სიწყნარე გადაჰფენოდა. მისი მკლავი სიმხურვალეს გზავნიდა გოგონას სხეულში.
სალომემ ღრმად, კანკალით ამოისუნთქა. ხელები უთრთოდა. ბალიში ზემოთ ასწია და დაწვა. ლაშა არ განძრეულა, ისევ წყნარად სუნთქავდა და ეტყობოდა, რომ მალევე ღრმა ძილში ჩაეშვებოდა.
სალომემ ცალი მკლავი ასწია და ბალიშის ქვეშ ამოსდო, მერე კი თავი ბალიშზე მიასვენა. არ სჯეროდა რა ხდებოდა…
ზედმეტი ფიქრით საფეთქლები სტკივდებოდა და თავი გააქნია, რომ უაზრო ფიქრები გონებიდან გამოეყარა.
შეეცადა, მოდუნებულიყო და დასძინებოდა.
გაწყვეტილმა ძილმა და მის გვერდით აკრული ადამიანის სითბომ მალევე ბურანი მოჰგვარა.
-*-*-*-*-*-
სალომემ ჩვარი ვედროში ჩაწურა, და გულმოდგინედ მოწმინდა იატაკი შემოსასვლელში. მერე კი მოღუშულმა გაიხედა სამზარეულოს ოდნავ მოხურული კარისაკენ, სადაც გვანცა და ლაშა ისხდნენ მაგიდასთან და ჩაის სვამდნენ. მერე კი მის გამომცხვარ ნამცხვარს აყოლებდნენ.
ოთხი დღის წინ გამოიღვიძა სალომემ, სულ მარტომ ლოგინში იმ ღამის მერე. ოთახში იმის ნიშანიც კი არ იყო, რომ ბიჭი მთვრალი შემოვიდა მასთან. ლაშას ჟაკეტი და ფეხსაცმელები არსად ჩანდა.
მხოლოდ სალომეს ეძინა იმაზე უფრო მაღლა ლოგინზე, ვიდრე ჩვეულებრივ.
ნუთუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ლაშა არც კი შემოსულა ოთახში? ნუთუ ყველაფერი მოეჩვენა ან დაესიზმრა?
სალომემ თავი ბრაზით გააქნია. იმის შემდეგ, მისი უფროსი თავს არიდებდა და თითქმის საერთოდ არ ელაპარაკებოდა.
„რატომ?“ გაიფიქრა სალომემ და ჩვარი ჭყლაპუნით ჩააგდო წყლიან ვედროში. „რა დავაშავე?“ მან ტუჩები მაგრად მოკუმა, როცა სამზარეულოდან სიცილი გაიგონა.
ცოტა ხანში გვანცაც გამოვიდა, მაგრამ სალომეს ზემოთ არ აუხედია. ჩვარი მაგრად მოუსვა ძირს და უსიტყვოდ გააყოლა თვალი ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, რომლებიც კიბეზე აუჩქარებლად აკაკუნდნენ.
სალომემ წარბები შეკრა და გასწორდა. ლაშაც მალე გამოვიდოდა…
მართლაც, ბიჭმა შუქი გააქრო სამზარეულოში და კარები გამოკეტა.
გოგონამ შეატყო, რომ ლაშა მისკენ გამოხედვასაც არ აპირებდა, ისე ჩაუვლიდა გვერდით.
გულში რაღაცამ გაბწკნა და გულმკერდი არაკომფორტულად დაეჭიმა.
-მე მეგონა მეგი გიყვარდა. – თქვა მან უცებ და მაშინვე ტუჩზე იკბინა.
საკუთარ ნათქვამზე თითქოს გული მოეკუმშა.
„ჯანდაბა.“ გაიფიქრა მან, როცა დაინახა, როგორ დაიძაბა ლაშა და როგორ გასწორდა ბეჭებში.
-როგორ? – ჩაეკითხა იგი, მერე კი კაპიუშონი გადაიძრო და სალომეს მოღუშულმა შეხედა. გოგონამ ნერწყვი გადაყლაპა.
-უბრალოდ… გვანცას ეკურკურები და… – სალომე კინაღამ შეჩერდა, როცა ლაშას სახეზე გაოცებისა და მრისხანების გამომეტყველება დაინახა. – მე მეგონა რომ…
-და შენ გეკითხება რამე? – დაუსისინა ლაშამ და წინ წამოიწია.
სალომეს ეწყინა.
ლაშამ თვითონ არ მოუთხრო ყველაფერი? ახლა რაღა სჭირდა?
-აბა რა ვიცი! – მკვახედ დაუბრუნა მან. – ყოველ შემთხვევაში, მე როგორც გავიგე, შენ მეგი გიყვარს და არ მესმის, რატომ…
-გვანცა მეგს ძალიან ჰგავს. – დაუღრინა ლაშამ, თვალებში ცეცხლი ენთო.
-რა? – თვალები გაიფართოვდა სალომეს. – ეგ… უფროსო, გესმის რას აკეთებ? მხოლოდ იმიტომ რომ შენს ყოფილ საცოლეს ამსგავსებ… ეგ ხომ სრული სისულელეა… გვანცა მეგი არ არის… – სალომემ თავი გაუქნია და შეწუხებული მიაშტერდა. – უაზრობაა…
-გიმეორებ, ვინმე გეკითხება? – იფეთქა ლაშამ და ცოტათი წინ წამოიწია. სალომემ კბილები ერთმანეთს დააჭირა და ბიჭს თვალი გაუსწორა. – შენ… – ბიჭმა თითი მიუშვირა, – მე მგონია რომ დაგავიწყდა აქ რაცა ხარ, და გაგახსენებ. შენ აქ მოსამსახურე ხარ, გასაგებია? მეტი არაფერი! – დაიღრიალა მან. – ერთი სულსწრაფი, მოუთმენელი, ჩლუნგი გომბიო ხარ, და ამ სახლში არაფერი გეკითხება! საერთოდ, ღირსი ხარ აქედან წიხლით გაგაბრძანოს ადამიანმა!
ლაშას გრიალმა გრუხუნივით გადაუარა ჰოლს.
სალომე იდგა, იატაკს ჩაშტერებოდა.
ხელები უკანკალებდა.
ლაშამ დაიღმუვლა, ძლიერად ჰკრა წიხლი გვერდზე დადებულ ვედროს და ამოაყირავა. ჭუჭყიანი წყალი ახლადმოწმენდილ იატაკზე დაიღვარა, ვედრო კი ზრიალით გაგორდა სადღაც.
-ეს აწმინდე. – დაბალი ხმით უბრძანა ლაშამ.
მერე კი შეტრიალდა და კიბეს აუყვა.
სალომე ისევ იდგა.
გულმკერდი ასტკივდა და თვალები აეწვა.
აკანკალებულ ხელში ისევ მაგრად ჩაებღუჯა ჩვარი.
ჰოლში გამაყრუებელი სიჩუმე სუფევდა.
-*-*-*-*-*-14
ტუჩებათრთოლებულმა და მთლად აკანკალებულმა სალომემ ძლივს მოახერხა იატაკზე დაღვრილი წყლის აწმენდა. ჩვარი ბოლოჯერ ჩაწურა ვედროში, ვედრო გარეთ გაიტანა და წყალი გადააქცია, მერე კი საწყობში შეინახა.
კიბეებზე ნელა ავიდა და თავისი ოთახისაკენ გაეშურა. პირსახოცები და პიჟამა აიღო და სააბაზანოში შევიდა.
შხაპს რომ იღებდა, მაშინღა ვეღარ მოითმინა.
გულმკერდი უსიამოვნო ტკივილს მოეცვა, რომელიც ცრემლებად და ქვითინად წასკდა.
გრძნობდა, რომ ლაშა მართალი იყო, როცა მოუთმენელი, და სულსწრაფი უწოდა, და ეს გულს უფრო უკლავდა.
„რატომ?“ გაიფიქრა მან. „რატომ უნდა ვიყო ასეთი სულელი? იმას ვეძახდი იდიოტს, სინამდვილეში კი მე თვითონ ვყოფილვარ…“ იგი ჩაჯდა, ერთიანად მოიკრუნჩხა და სახეზე ხელები აიფარა.
ზურგზე ყრუ ბათქით ეხეთქებოდა თბილი წყალი და თმა ლოყებზე მიკვროდა.
სალომემ ამოიხვნეშა, სახე მოიწმინდა და კედელს მიაშტერდა.
ძალიან დაიღალა.
ხელებზე დაიხედა.
ჩვარი, რომლითაც იატაკი მოწმინდა, უხეში იყო. თითები ოდნავ გადატყავებოდა. ხელახლა დასველებული იატაკის მოწმენდამ კიდევ უფრო დაუზიანა კანი. ხელები მუხლებზე დაიწყო და ოდნავ გვერდზე გადაიხარა, რომ მხრით შხაპის ცივ კედელს მიყუდებოდა. ცოტა შეაჟრჟოლა, მაგრამ ამისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
ლაშას სიტყვები გაახსენდა.
„ღირსი ხარ, აქედან წიხლით გაგაბრძანოს ადამიანმა!“
გაახსენდა მისი სითბო და სიცილი, ცხელი სუნთქვა, რომელიც თმასა და მხარზე მოელამუნა, მის წელზე გადაგდებული სქელი მკლავი და თეძოზე მიბჯენილი შუბლი.
ეს ყველაფერი არაფრისათვის. არაფერს ნიშნავდა.
ისევ ტირილი აუვარდა. ცრემლები შხაპიდან მომავალ წყალს ერწყმოდნენ და ქვემოთ შეუმჩნევლად მიჰყვებოდნენ დინებას.
იცოდა, რომ ლაშა არ იქცეოდა სწორად. მას ისევ მეგი უყვარდა, და გვანცასთან იმიტომ ცდილობდა დაახლოებას და მას კარგად მხოლოდ იმიტომ ექცეოდა, რომ იგი მეგს წააგავდა. მაგრამ ის შეცდომა დაუშვა, რომ დროზე ვერ მიხვდა, რომ ლაშა ვის როგორ მოექცეოდა, ეს მისი საქმე არ იყო.
მართლა იდიოტურად მოიქცა და საქმე სულ გააფუჭა. არ იცოდა, ეს როგორ გამოესწორებინა.
უცებ საოცრად დაღლილად იგრძნო თავი და მოუნდა აქ ყოფნის ნაცვლად საკუთარ პატარა, ცივ ბინაში ყოფილიყო, თავზე ქუდი ჰქონოდა ჩამოფხატული, დივანზე მჯდარიყო, საბანში გამოხვეული, და ხვალინდელ დღეზე ეფიქრა.
ირინა მართალი გამოდგა. აქ მხოლოდ ერთი თვე გაატარა და უკვე სულიერად დაიღალა. მეტი აღარ უნდოდა.
სალომე სწრაფად გასწორდა. ნუთუ ისევ სულსწრაფად იქცეოდა? ერთხელ უკვე გადაწყვიტა აქედან წასვლა, მაგრამ ავად გახდომამ შეუშალა ხელი… ნუთუ ისევ არასწორ გადაწყვეტილებას აკეთებდა?
მაგრამ მაშინ უბრალოდ ძალიან იყო გაბრაზებული და ნაწყენი. ცხელ გულზე ფიქრობდა სახლიდან წასვლას. ახლა კი პირიქით. შიგნით თითქოს მთლიანად დაცლილიყო და აღარაფრის გაკეთება არ უნდოდა. გულმკერდი გაუცივდა და გასწორდა, რომ თბილი წყალი მთელ ტანზე დაგორებოდა.
უბრალოდ სახლში უნდოდა წასვლა.
აქ ძალიან საჭირო არ იყო.
ლაშას მალევე უპოვიდნენ ახალ მოსამსახურეს, იქამდე კი რაღაცას მოახერხებდა. ბოლოს და ბოლოს, ოცდაცხრა მოახლე გამოიცვალა, ოცდამეათეს გამოცვლაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.
თან სალომეც აღარ შეუშლიდა ხელს გვანცასთან ურთიერთობაში.
გოგონა ისევ კედელს მიეყუდა და გახურებული ლოყა მიადო გრილ, დაორთქლილ კაფელზე.
გამოუსადეგარ ადამიანად იგრძნო თავი. გაახსენდა ლაშას ბრაზისა და გააფთრებისაგან დაღმეჭილი სახე, გოგონას სახეზე ჩაჭიდებული, დაჟინებით მოშტერებული თვალები. მართალია, რომ მას მარჯვენა თვალში ხედვა არ ჰქონდა, მაგრამ იმ წამს სალომეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იმ რძისფერი თვალით ბურღავდნენ.
ჟრუანტელმა დაუარა ტანში და ახლაღა იგრძნო, რომ წყალი ნელ-ნელა ცივდებოდა.
ონკანი გამორთო და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
ტანი შეიმშრალა, პიჟამა ჩაიცვა და იატაკი მოწმინდა.
ფეხაკრეფით გამოვიდა გარეთ, ოთახში შეცურდა და თავის ლოგინზე ჩამოჯდა. ოთახის კუთხეში მიყუდებულ, ღამეში ძლივს გამოჩენილ ჩემოდნის ბნელ სილუეტს დააშტერდა.
რა გავაკეთო?“ გაიფიქრა მან. სხეული ერთიანად ეწვოდა, ისე უნდოდა საკუთარ ბინაში დაბრუნება. ადრეც, ხანდახან მოუნდებოდა ხოლმე, მაგრამ მალევე გადაუვლიდა. ახლა კი თითქოს რაღაცნაირად ერთიანად მოაწვა ნოსტალგია საკუთარი სახლისადმი.
არა. მოუთმენლობას არ უნდა აყოლილიყო.
ცოტას მოიცდიდა. ნახავდა, ხვალ როგორ იქნებოდა საქმე…
ამას თავის თავს ეუბნებოდა, დასამშვიდებლად და საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად. იცოდა, რომ სახლში ხვალვე წავიდოდა.
მეტს ვეღარ აიტანდა.
„ლაშას მეგი უყვარს.“ გაიფიქრა მან და ხელები ისეთი ძალით გადააჭდო ერთმანეთს, რომ სახსრები გაუთეთრდა, რამდენიმემ ტკაცუნი გაიღო კიდეც. მხრები აიწურა. „და გვანცაც ჰყავს აქ…“
ისევ მოაწვა თვალებში ცრემლები და იგრძნო, როგორ გამოჟონა ერთმა თვალის კუთხეში.
თავი გვერდზე გადასწია და ცრემლები აიწმინდა. გულმკერდი ისევ სტკიოდა და უნდოდა, იქამდე ეტირა, სანამ გულს არ მოიოხებდა და მეტი ცრემლი აღარ დარჩებოდა, სანამ შვებას არ იგრძნობდა, მაგრამ უბრალოდ არ შეეძლო.
ნელა წამოდგა ფეხზე. ჯერ კიდევ ყოყმანობდა, მაგრამ მის გონება მთლიანად მოეცვა აქედან წასვლის სურვილს.
ჩემოდანს მიუახლოვდა და ორჭოფობით სავსე სახით დააცქერდა.
ნელა ასწია ზემოთ, და საწოლის ბოლოში დადებულ უზურგო ტახტზე დადო, ტანსაცმელთან ერთად.
ჩემოდანი გახსნა, ტანსაცმელი სწრაფად მობღუჯა და შიგნით ჩაჰყარა. მერე კი ისევ ამოალაგა და კოხტად დააწყო გვერდზე. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, შუბლშეჭმუხნული დაჰყურებდა ჩემოდანს.
ისევ ჩააწყო ტანსაცმელი, ამჯერად უფრო ნელა და დინჯად.
ისევ ამოალაგა.
წარბები შეკვროდა. გაუნძრევლად იდგა, მაგრამ შიგნით თითქოს ყველაფერი უდუღდა, არა მარტო მისი გონება, არამედ მისი სხეულიც ცდილობდა გადაწყვეტილების მიღებას.
„რა გავაკეთო?“ გაიფიქრა მან, მკლავები სხეულზე შემოიხვია. გული ძლიერად უცემდა, სხეულში ცხელმა ტალღამ რამდენჯერმე დაუარა და უკან სიცივის კვალი დაუტოვა.
შეაჟრჟოლა.
 მერე კი საწოლზე აცოცდა და საბანში გაეხვია. თვალები დახუჭა.
ამაზე ფიქრი აღარ უნდოდა.
-*-*-*-*-*-
ლაშა ძირს რომ ჩავიდა, ჯერ კიდევ ადრე იყო. იატაკი, როგორც მოსამსახურეს უბრძანა, მოწმენდილი დახვდა. ვედრო საწყობში იყო დადებული, იატაკზე, გაწურული ჩვარი კი საწყობში დადგმული მაგიდის უჯრის სახელურზე ჩამოეკიდებინათ.
ლაშა მაშინვე სამზარეულოში გავიდა. შიგნით არავინ იყო. ბიჭმა წყალი გამოიღო მაცივრიდან და ბლომად დალია, თან ხმამაღალი ქშენა ამოუშვა, როცა ცივი სითხის მუცელში ჩაღვრა იგრძნო.
მერე კი მაგიდას მიუჯდა და თეთრ ზედაპირს ჩააშტერდა.
გუშინ ბევრი იფიქრა სალომეზე და საკუთარ საქციელზე. იმდენხანს იფიქრა, რომ კინაღამ ძილი გაუტყდა. ბოლოს მაინც  მოახერხა დაძინება, მაგრამ მაინც ადრე გაეღვიძა, გვიან დაძინების მიუხედავად.
გუშინდელი საღამო საშინელება იყო, მაგრამ ამას არ ნანობდა. პირიქით. როცა სალომეს თავისი შეხედულება შეუყვირა მასზე, თითქოს უფრო მეტად მოეშვა, იმ წუთას თითქოს გათავისუფლდა….
მაგრამ მალევე გულზე ლოდი დააწვა, მაშინვე, როცა კიბეებს აუყვა.
იხსენებდა სალომეს გამომეტყველებას, როცა თვითონ იღრიალა, როგორი ძალით ჩასჭიდებოდა ჩვარს, როგორ უსიტყვოდ ჩაშტერებოდა იატაკს და როგორ უთრთოდა ტუჩები…
საშინლად გრძნობდა თავს, მაგრამ არ სურდა ამის აღიარება.
„სწორად მოვიქეცი,“ გაიფიქრა მან და მოკუმშული მუშტები მაგიდაზე დააწყო. „თავისი ადგილი უნდა გამეხსენებინა, რადგან აშკარად ვერ ხვდებოდა საკუთარ დანიშნულებას ამ სახლში…“
ლაშამ მუშტები მოუშვა, თითქოს მთელი სხეულით მოდუნდა და თავი მაგიდაზე დადო.
საჭმლის თავი არ ჰქონდა. ნელი ნაბიჯით წამოდგა.
მერე კი ოთახში სალომე შემოვიდა.
ლაშას მაშინვე გაახსენდა მისი სულელური სიტყვები: „უბრალოდ… გვანცას ეკურკურები და…“ „უფროსო, გესმის რას აკეთებ? მხოლოდ იმიტომ რომ შენს ყოფილ საცოლეს ამსგავსებ… ეგ ხომ სრული სისულელეა… გვანცა მეგი არ არის…“
ლაშამ იცოდა, რომ სალომე მართალი იყო. გვანცასთან ერთად იმიტომ ცდილობდა ყოფნას, რომ იგი ყველაზე ახლო რაღაც იყო მეგთან, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. მსგავსება ნამდვილად საოცარი იყო. იცოდა, რომ მეგს ვერასოდეს დაიბრუნებდა, იცოდა, რომ გვანცა მხოლოდ არც ისე კარგი შემცვლელი, სუროგატი იქნებოდა თავისი ყოფილი საცოლისათვის, მაგრამ ამაზე ცდილობდა, რომ არ ეფიქრა. ასე გამოსდიოდა კიდეც.
მაგრამ სალომემ,როგორც ყოველთვის, მოახერხა დაეტყუა ეს მისთვის, და მას ის სიმართლე უთხრა, რომელსაც თვითონ საკუთარ თავსაც ვერ ეუბნებოდა.
ეს იყო, რამაც ასე ძალიან გაამწარა.
სიხლმა აასხა თავში ბრაზისაგან და სალომეს შეხედა, რომელსაც მაცივრიდან კვერცხები და ლორის ნაჭერი გამოეღო და უკვე გახურებულ ტაფაზე უპირებდა დადებას.
სწრაფად წამოდგა, სკამი აუტანელი ღრჭიალით გაახოხა იატაკზე. სალომემ თვალებგაფართოებულმა მოიხედა, მოულოდნელობისგან შემკრთლმა, მაგრამ ლაშა ორ ნაბიჯში მის გვერდით იდგა.
სალომე შეკრთა და უკან დაწევა სცადა, მაგრამ ლაშამ ელვის სისწრაფით ააცალა კვერცხი ხელში დაკავებული ორიდან, ხელი ასწია და დაქნია.
ცარიელი სამზარეულო ჭახანის ხმამ აავსო.
სალომეს მეორე კვერცხიც დაუვარდა, რომელმაც კიდევ ერთი ჭახანი გამოსცა აუტანელ სიჩუმეში და იატაკზე გაიშალა.
ერთმანეთში შერეული ცილა და კვერცხის გული ყავისფერ თმაზე ნელა ჩამოცურდა. სალომეს ნესტოები უთრთოდა, თვალები გაშტერებოდა, სადღაც ლაშას მკერდის მიმართულებით იყურებოდა, მთლად გახევებულიყო.
-არ მშია. – დაუსისინა ლაშამ, კვერცხისაგან გაწებოვანებული ხელი შარვალზე შეიწმინდა და უკან დაიხია.
-ეს აწმინდე. ჩემი ოთახი დაწკრიალებული დამხვდეს. შემოსასვლელი ისე იყოს, რომ სარკეში ვიყურებოდე. საჭმელი გაამზადე. – თქვა მან, და სალომესათვის მეორედ არც კი შეუხედავს, ჩაიცინა და შემოსასვლელში გავიდა.
თავის მოახლეზე ფიქრი თავიდან გამოიგდო, და ღრუბლებით დაფარულ ცას ააჩერდა.
პირიდან ორთქლი გამოსდიოდა და ძლიერად გამოისუნთქა.
უაზროდ უყურებდა ჰაერში გაფანტულ ორთქლის ქულებს.
რამდენიმე დღის წინ მოტანილი ხის რამდენიმე მორი ეზოში გადმოაგორა, ნაჯახი მოიმარჯვა და შეშის ჩეხვა დაიწყო.
-*-*-*-*-*-
სალომე ჯერ კიდევ გაუნძრევლად იდგა, როცა კარის გაჯახუნება მოესმა. ხელები უაზროდ მოეკეცა და წინ გამოეშვირა. თვალებგაფართოებული, ნესტოებათრთოლებული იდგა და გრძნობდა, როგორ გადმოეწვეთა ბლანტი სუბსტანცია შუბლზე.
მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა, და სწრაფად შეტრიალდა. უჯრა გამოაღო და შიგნით ჩაწყობილ სუფთა ხელსახოცებს დასწვდა.
სწრაფად ამოაძრო ერთი და შუბლზე გადაისვა, თან იგრძნო, როგორ აემღვრა მზერა და ტუჩები მოკუმა, რომ ქვითინი არ წასკდომოდა. თვალები დაახამხამა, და იგრძნო, როგორ ჩამოსწყდა ცალი თვალიდამ ცრემლი, რომელიც მალევე იატაკზე დაეცა.
სირცხვილისა და დამცირებისაგან შიგნეული ამოუტრიალდა.
„რატომ?“ გაიფიქრა მან და თვალები სწრაფად მოიწმინდა, მაგრამ ისევ ცრემლებით აევსო. „რატომ უნდა მომექცეს ასე ცუდად? ნუთუ ამ დონეზე ვერ მიტანს?“
როგორც შეეძლო, თმა მოიწმინდა და შემდეგ თავზე, მაღლა აიკრა, რომ ძალიან შესამჩნევი არ ყოფილიყო. გულამომჯდარმა გაამზადა საუზმე და ცოტა შეჭამა. გვანცა ჩამოვიდა და რამდენჯერმე იჭვნეულად გადმოხედა, მაგრამ სალომეს არც ხმა გაუცია და შეეცადა, არც კი შეეხედა. იცოდა, ხმას თუ ამოიღებდა, შეიძლებოდა ისევ ტირილი წასკდომოდა.
გვანცა მალევე ავიდა ზემოთ და სალომეც საქმეს შეუდგა.
შემოსასვლელი დაწმინდა, და ლაშას ოთახი დაალაგა. მისი ტანსაცმელი გასარეცხებში ჩაყარა, იმის მიუხეადვად, რომ იცოდა, თვითონ ვეღარ გარეცხავდა მათ.
ალბათ ახალი მოსამსახურე მიხედავდა ჭუჭყიან ტანსაცმელს.
შეეცადა, ეს ყველაფერი ადრე მოეთავებინა, ისე, რომ დრო დარჩენოდა საკუთარი თავისათვის. ჩემოდანი ჩაალაგა და ისევ მიიღო შხაპი.
სანამ საჭმლის გასამზადებლად ჩავიდოდა ქვემოთ, ჩაიცვა. შედარებით თბილი ფეხსაცმელი, რეიტუზი წინდებით, ჯინსის შარვალი და თავისი გაცვეთილი სვიტერი. გარეთ სიცივე იყო, როცა ტრასას მიადგებოდა, კიდევ უფრო სიცივე იქნებოდა, გაყინვას კი არ აპირებდა.
ჩემოდანი ჩამოიტანა და კიბესთან დადო, კიბის სახელურზე კი თავისი ქურთუკი, და ქუდი ჩამოჰკიდა.
მერე კი სამზარეულოში შევიდა და საჭმლის მზადება დაიწყო. წინსაფარაკრული სწრაფად ამატებდა ინგრედიენტებს მოშიშინე ტაფაში.
წინსაფარს ჩვეულებრივ არ ატარებდა, მაგრამ ახლა არ უნდოდა, რომ ტანსაცმელი დაესვარა.
იცოდა, რომ გაცილებით იოლი იქნებოდა უფრო ადრე გასვლა, როცა ლაშა გარეთ იყო, ანდა ღამით, მაგრამ გაპარვა არ უნდოდა. სურდა, ბოლო მითითებები შეესრულებინა და ისე წასულიყო.
თან შეიძლებოდა, რომ ღამეში გზა დაკარგოდა ტყეში და დაკარგულიყო.
თან რაღაცნაირად გრძნობდა, რომ ლაშას უნდა დალოდებოდა და ეთქვა, რომ დათხოვას აპირებდა. ის უფროსი იყო ბოლოს და ბოლოს. უფლება ჰქონდა, სცოდნოდა, თუ სად წავიდა მისი მოახლე.
სალომემ ამოიხვნეშა და ტაფა ხის სადგამზე გადადო. ორი თეფში დადო მაგიდაზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ, როგორც ლაშა და გვანცა ჯდებოდნენ ყოველთვის და ჩანგლები მათში წკრიალით ჩააწყო.
შემოსასვლელის კარების გარებისა და დაკეტვის ხმა მოესმა. არც კი განძრევია სახეში კუნთი, ისე შემოუწყო ხელსახოცები თეფშებს და უკან გადგა.
ლაშა სამზარეულოში შემოვიდა და მაშინვე მაგიდას მიუჯდა.
ტაფა დახარა, სოუსით დამზადებული ხორცი ჩანგლით გადმოათრია ტაფაში და კბილებით მოჯიჯგნა.
-უფროსო. – თქვა უცებ სალომემ, წინსაფარი მოიხსნა და კართან მიჭედებულ კაუჭზე ჩამოჰკიდა.
ლაშას არც კი გამოუხედავს, მაგრამ სალომემ იცოდა, რომ გაიგონა.
არ უნდოდა სათქმელის გადადება, შენიღბვა ან დაყოვნება.
-მინდა რომ დაგეთხოვოთ. – თქვა სალომემ და გაოფლიანებული ხელები ზურგს უკან გადააჭდო ერთმანეთს. – დღესვე მინდა წასვლა.
ლაშამ ისე წასწია თავი, თითქოს ლუკმა გადასცდაო. მსუბუქად ჩაახველა და შემობრუნდა, ჩანგალი კი მაგიდაზე დააგდო. სალომე მის დაჟინებულ მზერას გრძნობდა კაპიუშონის ქვემოდან…
-ვერ გავიგე? – ხმადაბლა დაილაპარაკა მან. გოგონას გასაკვირად, ხმაში გაღიზიანება ან ბრაზი არ ეხატა, თითქოს მშვიდად იყო.
ამ სიმშვიდის უფრო შეეშინდა. ნერწყვი გადაყლაპა. უნდოდა ადგილიდან მომწყდარიყო, მაგრამ ტერფები თითქოს იატაკზე მიეყინა.
-მინდა რომ დაგეთხოვოთ. დღესვე. – გაიმეორა მან და გასწორდა. – სახლში მინდა რომ წავიდე…
ლაშამ ერთი დაიღრინა და მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა.
-წასვლა გინდა ხომ? – დაიღრიალა მან და სალომე ადგილზე შეხტა. უკან დაიწია, კარის ზღურბლზე დადგა. – შენც გინდა, ხომ, აქედან წაეთრე? – ლაშამ მოულოდნელად თეფშს წაავლო ხელი და სალომეს მიმართულებით ისროლა.
გოგონას შეყვირება ამოხდა და გვერდზე გაიწია, მერე კი კიბორჩხალასავით, თვალებგაფართოებულმა გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი.
თეფში შემზარავი ლაწუნით დაიმსხვრა შემოსასვლელში და ნამტვრევები ყველგან მიმოიფანტა.
გოგონას სხეული აუკანკალდა, აქედან გაქცევა უნდოდა…
-ჰოდა, წაეთრიე! – იფეთქა ლაშამ. ტუჩები საზიზღრად დაღმეჭოდა და ერთიანად უთრთოდა. – ჯანდაბაშიც წასულხარ! შენი სახე არ დამანახო!
სალომე მაშინღა შეტრიალდა და გაიქცა. გულისცემა ყურებში უბრაგუნებდა და მთელი სხეული თითქოს შიშს აემოძრავებინა. ჩემოდანი, ქურთუკი და ქუდი აიტაცა და კარში გავარდა.
შიგნიდან ჯერ კიდევ ისმოდა ლაშას ღრიალი და გამაყრუებელი ლაწუნი.
-გაეთრიე! შენი დედაც! აქედან მოწყდი!
მერე კი ხმაური ერთიანად, ერთბაშად შეწყდა.
შიშით აღვსებული სალომე კი მთელი ძალით მირბოდა.
სანამ სახლს კარგა მანძილზე არ გასცდა, არ შეჩერებულა.
-*-*-*-*-*-15
სალომემ ქოშინით ჩაამთავრა კენჭებითა და ქვებით სავსე გზა და ქურთუკი მაგრად შემოიჭირა სხეულზე. ტყიდან რომ გამოაღწია, მზე უკვე ჰორიზონტს მიახლოებოდა. იძულებული გახდა, ფეხი აეჩქარებინა, რომ ტრასამდე მზის ჩასვლამდე ჩაეღწია, თორემ ღამეში გზა დაეკარგებოდა, რადგან ახლო-მახლოს, ტრასამდე ლამპიონები ან სინათლე არსად არ იყო.
სალომემ დააცემინა, ცხვირი მოიწმინდა და ლამპიონთან ახლოს დადგა. რამდენჯერმე ხელი ასწია, რომ მომავალი მანქანა გაეჩერებინა, მაგრამ ყველამ გვერდით ჩაუქროლა და მტვრისა და ცივი ჰაერის კორიანტელი შემოაბუქა. ამიტომ  ყოყმანობდა წინ ფეხის გადგმას და ხელის დაქნევას, მაგრამ იცოდა, რომ არჩევანი არ ჰქონდა, ამიტომ, როცა დიდმა, ფარებანთებულმა ტრაილერმა ზუზუნითა და როხროხით გადმოუხვია გზაზე, სალომე წინ წადგა და ხელი მაღლა ასწია.
მისდა გასაკვირად, ტრაილერმა სვლას უკლო და მისკენ გადმოუხვია.
გოგონამ ორი ნაბიჯი გადადგა უკან და ტრაილერს ააშტერდა. ჩემოდანზე ჩაჭიდებულ ხელში ოფლმა გამოჟონა.
შიგნით რაღაცის რახუნი გაისმა, და კარი ტკაცანით გაიღო. შიგნიდან კი სიმპათიურმა, მოხუცმა კაცმა გადმოყო თავი.
-გაუმარჯოს! – ხმამაღლა, ბოხი ხმით თქვა მან. გაბურძგნული, სქელი ჭაღარა თმა ჰქონდა, ასეთივე ულვაშიც. სალომემ უცებ ვიღაცას მიამგვანა იგი და თავი გვერდზე გადასწია, რომ უკეთესად შეეთვალიერებინა. მოხუცი ზემოდან გამჭოლი თაფლისფერი, მოცინარი თვალებით დაჰყურებდა.
-გამარჯობა… – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ და ფეხი მოინაცვლა. ქარმა დაუბერა და მოულოდნელობისაგან კინაღამ წაბარბაცდა. – უკაცრავად… ქალაქში ხომ ვერ ჩამიყვანთ? – ჰკითხა მან და ჩემოდნის სახელური გაყინულ თითებში უფრო მაგრად ჩაბღუჯა.
– ამოდი, გენაცვალე, სიცივეა გარეთ საშინელი… – თქვა ბერიკაცმა, უკან გადაიწია და სალომეს თვალთახედვიდან დაეკარგა. გოგონამ ყოყმანით ააბიჯა ტრაილერში და ქოშინით აცოცდა თავისი ჩემოდნით. შიგნით თბილოდა, და სალომემ მიმოიხედა, თან მძიმედ ჩაეშვა დიდ და კომფორტულ, წითელი ქსოვილით დაფარულ სავარძელში. ჩემოდანი კალთაში დაიდო და ქუდი მოიძრო.
-კარი მოკეტე, გოგონა! – უთხრა მოხუცმა, სალომე მაშინვე შეკრთა, სირცხვილისაგან გაწითლდა, გადაიწია და კარი მოკეტა. მოხუცმა მანქანა დაქოქა და გზაზე გავიდა.
-აბა, ძვირფასო! – დაიწყო მოხუცმა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია გზისათვის. – ვინა ხარ, ამ შუა ტრასაზე  რა გინდოდა, ამ შუაღამეზე და სად მიგიყვანო?
სალომემ თვალები დაახამხამა და ტუჩის კუთხე ასწია. მოხუცის მომღიმარი და ხუმარა ტონი მოეწონა.
-სალომე ვარ, კიკნაველიძე. – მიუგო მან და გზაზე გაიხედა. სასიამოვნო იყო ასე მაღალზე ჯდომა და სხვა მანქანებზე გადახედვა. მან სწრაფად გაიხედა მოხუცისაკენ. – იქ… აბა როგორ გითხრათ… იქ ავღმოჩნდი და ქალაქში მინდა ჩასვლა.
მოხუცმა წარბაწევით გადმოხედა, მაგრამ მხოლოდ წამიერად. მერე კი სავარძლის ზურგს მიეყუდა და ცალი ხელით დაიწყო მართვა.
-მურმან დაშნიანი. – თქვა მან და მარჯვენა, თავისუფალი ხელი გამოუწოდა. სალომემ გაიღიმა და ხელი ჩამოართვა. მოხუცმა, ხელი რომ გაუშვა, ორივე ხელით ჩაეჭიდა საჭეს. – არ მინდა ზედმეტად ჩაგეძიო, მაგრამ მაინც გეტყვი: იმ ადგილას, სადაც შენ იდექი, უბრალოდ ვერ აღმოჩნდებოდი. ცარიელი ტრასაა, სოფლები არსად არ არის…
მოხუცი უეცრად შედგა, ყბა თითქოს გაეყინა და ყელში მყესები დაეჭიმა. სალომემ თვალები დაახამხამა, გაოცებით მიაშტერდა.
-აჰააა.. – თქვა უცებ მურმანმა. მერე გაჩუმდა.
უხერხული და დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ყოვლად მოულოდნელი და უმიზეზო იყო, გოგონას აზრით. იგი უნებურად შეიშმუშნა. არ სიამოვნებდა მისი თანამგზავრის სიჩუმე.
-მაშ… – თქვა მან და მანქანის სალონი ისევ მოათვალიერა. – რამე… გადაგაქვთ ამით? სადმე კომპანიაში მუშაობთ ალბათ…
მურმანმა ისევ ჩაიცინა და სალომეს შვებამ დაუარა სხეულში.
-ჰო, თუ შეგიძლია მასე თქვა, კი. – უპასუხა მან, თან გოგონას გადმოხედა. – კომპანიაში ვმუშაობ, ნამდვილად. შენ? – ჩაეკითხა იგი. – მუშაობ სადმე?
სალომემ ტუჩები მოკუმა.
-ახლა აღარა… – აღიარა მან. – მაგრამ ჩავალ ქალაქში და იქ ვიშოვი რამეს, დარწმუნებული ვარ.
– ახლა რატომ აღარა? – ჩაეძია მურმანი. – უფროსი გყავდა ცუდი და დაგითხოვა?
-არა… – თავი გააქნია სალომემ. – მე თვითონ დავეთხოვე. მეგონა, კიდევ გავძლებდი იქ, მაგრამ ვერ შევძელი…
გოგონამ უცებ გაოცებით შეამჩნია, როგორ დაეჭიმა მოხუცს ძლიერი, დაძარღვული ხელები საჭეზე.
 ცოტათი აფორიაქდა, გვერდზე ჩაიწია.
ვერ გაეგო, რატომ უნდა ჰქონოდა მურმანს ასეთი რეაქცია მის სიტყვებზე. ნუთუ რამე თქვა არასწორად?
-მჰმმ… – უსიტყვოდ დაეთანხმა მურმანი და ღრმად ამოიხვნეშა. მისი ხელები ისევ მოეშვნენ საჭეზე, მაგრამ თვალები დაჟინებით მიშტერებოდნენ გზას.
სალომეც გაჩუმდა. არ იცოდა, რა ეთქვა, ან რაზე ელაპარაკა. სავარძლის ზურგს მიეყუდა და ხელები კალთაში დადებულ ჩემოდანს ჩასჭიდა. სიარულისაგან ფეხები სტკიოდა და უსიტყვოდ უყურებდა მათ წინ მიმავალი მანქანების ანთებულ, ფერად-ფერად ფარებს.
თავი გვერდზე გადასწია და ფანჯარაში გაიხედა. ლამპიონების შუქზე ჯერ კიდევ მოჩანდა ტრასაზე მობჯენილი ტყის საზღვარი.
სადღაც იქ, ალბათ ლაშა იჯდა თავის სახლში..
„ნეტავ რას აკეთებს ახლა?“ გაიფიქრა სალომემ, მაგრამ თავი გააქნია. ლაშას გამოექცა, ახლა ბამდვილად არ უნდოდა მასზე ეფიქრა. მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა უფროსმა თეფში ესროლა, ღრიალი და ლანძღვა-გინება ატეხა.
კვერცხის თავზე დატეხვა არ დავიწყებოდა ჯერ.
სალომეს რაღაცნაირად ეგონა, რომ ლაშა შეიცვალა. რომ მათ კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, სულ ცოტა მაინც. ვერ გაეგო, რას შეეძლო რომ ლაშა ასე გაებრაზებინა. იმ დონეზე გაებრაზებინა, რომ ბიჭმა თავზე კვერცხი დაახალა და კიდევ უფრო რომ დაემცირებინა, თავისი ავტორიტეტი გამოიყენა და როგორც ყველაზე მდაბალ მსახურს, ისე უბრძანა. გოგონამ თავი გადააქნია და ნაღვლიანად მიაშტერდა დაცვარულ მინას.
გარეთ გაწვიმდა.
წვიმის წვეთები უხმაუროდ ეხეთქებოდნენ მინას და ძირს გორავდნენ.
-უფ, რა ამინდია. – თქვა უცებ მურმანმა. სალომემ სწრაფად გადმოხედა და ცოტათი წამოჯდა.
– აბა. – დაეთანხმა იგი. – დიდი მადლობა… თქვენ რომ არა, ახლა საშინლად დავსველდებოდი…
-არაფრის, არაფრის… – მოხუცი უცნაურად შეტოკდა, პირი გააღო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ დახურა. თვალები ისევ ქვასავით გამაგრებოდა და ტუჩები მაგრად მოეკუმა.
სალომემ თვალები ოდნავ მოჭუტა.
არა, ძალიან ეცნობოდა ეს კაცი… მაგრამ რატომ…
-ოჰ, ჯანდაბას… – თქვა უცებ მურმანმა და სალომე მოულოდნელობისა და გაწყვეტილი ფიქრისაგან შეხტა. კაცმა გამოხედა. წარბები შეეკრა და გაღიზიანებული, ამავდროულად შეწუხებული შეჰყურებდა.
სალომე გაოცებული შეაცქერდა.
მერე კი მურმანმა ისევ გზას გახედა და ამოიხვნეშა.
-მისმინე, შვილო… – დაიწყო მან და ხელები მაგრად მოუჭირა საჭეს. – ვიცი, ახლა ეს კითხვა ძალიან უცნაურად მოგეჩვენება და… – მან რაღაც ჩაიბურტყუნა და მარჯვნივ მოუხვია. – მაგრამ… ლაშა როგორ არის?
სალომეს ყბა ჩამოუვარდა.
თითქოს მეხი დაეცა. ამას ნამდვილად არ ელოდებოდა…
ჯერ ვერ მოატრიალა ენა პირში, რომ ეპასუხა, მაგრამ მალევე გამოერკვა და პირი დახურა.
-ვერ გავიგე… – ძლივს ამოილუღლუღა მან და ჩემოდანი უფრო მაგრად ჩაბღუჯა. – თქვენ საიდან იცით…
-ვიცი, სადაც ცხოვრობს ლაშა. – მიუგო მურმანმა. თვალები ისევ გზისათვის დაეშტერებინა. – ტყიდან რომ გამოხვალ, გზას უნდა დაადგე, რომელიც ამ ტრასასთან ახლოს მოდის. შენც იმ გზასთან ახლოს იდექი. თან, თქვი რომ იქ დარჩენა ვეღარ შეძელი… ღმერთო, რა დამთხვევაა… – მოხუცმა ღიმილით გამოხედა. – მაინცდამაინც ახლა რომ გამოვიარე… თან არც ერთ მის მოხლეს ადრე არ შევხვედრივარ…
-თქვენ… თქვენ… – სალომეს არ სჯეროდა, რომ ეს მამაკაცი ლაშას იცნობდა. თან ისიც, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. მურმანი მართალი იყო, რა დამთხვევა იყო! – საიდან იცნობთ…
მურმანმა გაიცინა.
-ვერ ხვდები? – გადმოხედა მან. – სულ მეუბნებოდნენ, მეც და იმასაც, ერთმანეთს ჰგავხართო.
მთლად განცვიფრებული და ენაჩავარდნილი სალომე ახლაღა მიხვდა, ვის ამსგავსებდა მურმანს. იგივე თაფლისფერი თვალები და ნიკაპი, ყბის მოხაზულობაც კი იგივე ჰქონდა, როგორც ლაშას.
-თქვენ… თქვენ …. მამა ბრძანდებით? – ამოილუღლუღა მან.
მურმანმა ჯერ გაოცებითა და ირონიული ღიმილით გადმოხედა, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ვახ… – თქვა მან სიცილით. – ნუთუ მასე ახალგაზრდად გამოვიყურები, რომ მამად შემრაცხეთ, ახალგაზრდა ქალბატონო… – ჩაიცინა მან და მთლად აწითლებულ თანამგზავრს გადახედა. – არა, არა. მე ლაშას ბაბუა ვარ. მამის მხრიდან, რა თქმა უნდა.
გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
-ისა… ლაშა… – გოგონამ გააცნობიერა, რომ იმ ადამიანის ბაბუას ელაპარაკებოდა, ვისთანაც სამსახური ახლახანს მიატოვა. უხერხულობამ და სირცხვილმა აასხა თავში. – ლაშა… კარგადაა…
-კარგი რა, ახალგაზრდა ქალბატონო… – თქვა მურმანმა და სალომეს გადმოხედა. – მე თვითონაც კარგად ვიცი, რანაირია ჩემი შვილიშვილი. არაფრის არ შეგრცხვეს, გესმის? შენ მერამდენე ხარ? ოცდამეხუთე? ოცდამეშვიდე?
-…ოცდამეათე ვარ. – მიუგო სალომემ და ჩაიღიმა, როცა მურმანმა წარბები ზემოთ აქაჩა და ხმამაღლა შეუსტვინა.
-ვახ…. რა ღლაპია…. – თავი გადააქნია მოხუცმა და მარჯვენა ხელი ასწია, რომ სქელი თმა უკან გადაეწია. – ძალიან ფეთქებადია, ხომ?
-კი… – მიუგო სალომემ. მურმანმა ჩაიფშვიტინა.
-მუშაობს მაინც? – ჩაეკითხა იგი.
-კი, მუშაობს. – მოკლედ უპასუხა გოგონამ. – და უკაცრავად, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ… თქვენ რატომ არ სტუმრობთ ხოლმე?
მურმანმა ჩაიცინა და ირონიულად გადმოხედა გოგონას.
-შენ  მისი თოფი ნახე? – გადმოულაპარაკა მან და გზას გახედა. – მე კი არა, შეიძლება დედამისსაც გაასხმევინოს ტვინი, ახლოს თუ მივალთ. ვერ იტანს ხალხის მიახლოებას, მითუმეტეს ჩვენსას…
სალომემ შეამჩნია, რომ მურმანმა არაფერი თქვა ლაშას ნაიარევების შესახებ. ალბათ ეგონა, რომ სალომემ მათ შესახებ არ იცოდა…
-მე ნანახი მაქვს მისი სახე. – თქვა უცებ სალომემ და მურმანს დაჟინებით ჩააშტერდა მისი რეაქციის დასანახად. მამაკაცი შეტოკდა და თვალები წამიერად გაუფართოვდა.
-ოჰო? – ნელა, ხმადაბლა თქვა მან. – მერე?
– არაფერი. – მხრები აიჩეჩა მან. – უბრალოდ ვიცი, რატომ მალავს საკუთარ თავს ყველასგან, მითუმეტეს, თქვენგან. – გოგონამ შუბლი შეჭმუხნა.
მურმანმა თავი გააქნია.
-უბრალოდ ვერ  ხვდება, რომ ზოგი ადამიანისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ გამოიყურება იგი, – თქვა მან, ოდნავ ნაღვლიანი ტონით. – ის კი იქაა გამოკეტილი და ყველას უბღვერს გამომწყვდეული მგელივით. დაკონტაქტება რა უნდა არავისთან.
სალომეს სევდა დააწვა გულზე, როცა მისი სიტყვები გაიგონა. რატომღაც მოუნდა რომ ისევ უკან დაბრუნებულიყო და ლაშა მოეძებნა, რომელიც ახლა ავეჯს ლეწავდა, და შეეჩერებინა, ეთქვა, რომ მის ნაკლს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ ახლა უკვე ტრაილერში იჯდა და ქალაქისაკენ მიდიოდა, ამიტომ მის სურვილს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა უკვე.
სალომემ ამოიხვნეშა და სავარძლის ზურგში თითქოს ჩადნა. იცოდა, რომ ლაშაზე საუბარი ისევ განახლდებოდა მასა და მურმანს შორის, მაგრამ ამწუთას სურდა თვალები დაეხუჭა და დაესვენა.
თვალებმინაბული იჯდა და ფანჯრის მინაზე დაგორებულ წვიმის წვეთებს შეჰყურებდა.
სადღაც შორს, ცაში ელვა გაიკლაკნა და ღრუბლები გაანათა.
-*-*-*-*-*-
ლაშამ წიხლი ჰკრა მაგიდას, რომელზეც დაწყობილი ტაფა და თეფში გადაბრუნდნენ და იატაკზე ლაწუნით დაენარცხნენ.
ლაშამ კიდევ ერთი ხმამაღალი, მკერდიდან ამოხეთქილი ღრიალი ამოუშვა და იატაკზე მოწყვეტით დაეშვა. ცალი ხელი ძირს დააბჯინა, მეორე კი სახეზე მაგრად მოიჭირა.
„წავიდეს, მაგის დედაც….“ გაიფიქრა მან და კბილები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, რომ ღრჭიალი გაიგონა და სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. „მომშორდეს… მის სიფათს აღარ დავინახავ აქ…“
მკერდი უსიამოვნოდ დაჭიმვოდა და მოკლე სუნთქვებს აკეთებდა ცხვირით. ნესტოები უთრთოდა.
უცებ დაეჯახა იმის გაცნობიერება, რომ სალომე ამ სახლში აღარ იცხოვრებდა.
ზუსტად ისეთი გრძნობა გაუჩნდა მკერდში, როცა მაშინ, ტყეში, როცა სალომეს ეძებდა და ყვირილით ხმას იხლეჩდა. მაგრამ ამჯერად ეს გრძნობა ათასჯერ უფრო ძლიერი იყო და შიგნეულს უწვავდა. ცივმა ოფლმა დაასხა ზურგზე და ხერხემალში ჟრჟოლამ დაუარა.
სალომეს აქ ვეღარ ნახავდა. გოგონა აღარ დახვდებოდა სამზარეულოში, ოხშივარავარდნილ ქვაბთან მოტრიალე, ვეღარ დაინახავდა მის ღიმილსა და შეწუხებულ გამომეტყველებას, სიცილს, ვეღარ იგრძნობდა მისი სხეულის სითბოსა და კანის სინაზეს…
მუშტი ისე ძლიერად შეკრა, რომ ფრჩხილები კანში შეესო.
რატომ აფუჭებდა სულ ყველაფერს? რა საჭირო იყო ამ დილით, რომ ასეთი სადისტი იდიოტის სახე მიეღო? რა ჯანდაბამ წამოუარა მაშინ?
ბრაზმა და გააფთრებამ გადაწონა მაშინ. ესმოდა, რას აკეთებდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ სალომე ამას იმსახურებდა, მისი სიტყვების გამო.
მაგრამ სალომემ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე უთხრა. მაგრამ მისი ნათქვამი არა მხოლოდ სიმართლე, არამედ მწარე სიმართლე გამოდგა, რისი გაგონებაც ნამდვილად არ სურდა. ამის გამო გადაირია.
„არა, სიმართლეა რა…“ მწარედ გაიფიქრა მან. „ახლაღა ვნანობ მე დეგენერატი ყველაფერს… ვერ აფასებს ადამიანი ვერაფერს…“
ფეხზე წამოდგა, უაზროდ მიაშტერდა ფანჯარას. ფარდები გადაწეული იყო და მუქი ფერის ღრუბლები მოჩანდა, რომლებსაც ცა მთლად დაეფარათ. სინათლის მიხედვით შეეძლო ემსჯელა, რომ მზე მალე ჩავიდოდა.
ახლა სალომე ალბათ შუა ტყეში მირბოდა, მთლად დაფეთებული და ლაშას დეგენერატული ამოხეთქვით ეშინებული. ბიჭს გაახსენდა გოგონას განცვიფრებული და დამფრთხალი გამომეტყველება და გული სეეკუმშა.
რა გაეკეთებინა?
დამჯდარიყო და ახალ მოსამსახურეს დალოდებოდა? იქნებ ეცადა სალომე დავიწყებოდა?
მაგრამ იცოდა, გრძნობდა, რომ ეს არ გამოუვიდოდა. ამიტომ უაზროდ მიმოტრიალდა.
ახლა სალომეს ვეღარ გაჰყვებოდა უკან. იოლად დაეწეოდა, მაგრამ გოგონა ისეთ8 დაფეთებული იყო, რომ მას დამშვიდების ნაცვლად უფრო დააფრთხობდა.
სხვა გზა უნდა მოეძებნა…
მერე კი გაახსენდა. გასწორდა და ჯიქურ გაემართა შემოსასვლელისაკენ, მერე კი სწრაფად აუხვია კიბეებზე.
გადაწყვიტა.
ორ წელიწადში პირველად, დედამისს დაურეკავდა და მანქანას გამოაგზავნინებდა.
მერე კი ქალაქში ჩავიდოდა.
-*-*-*-*-*-16
სალომემ ღრმად ამოიხვნეშა, როცა ნაცნობ ბინაში შეაბიჯა და მიმოიხედა, მერე კი კარი ძლიერად მიაჯახუნა ზურგს უკან. მურმანმა თითქმის პირდაპირ ბინასთან მიუყენა მანქანა, მაგრამ სალომემ მოახერხა შორიახლოს გადმოსვლა, მადლობა გადაუხადა და ჩამოვიდა.
იმის მიუხედავად, რომ ეგონა, რომ მათი საუბარი ლაშაზე კიდევ გაგრძელდებოდა, მასზე მეტი აღარ ულაპარაკიათ. სალომე ამით კმაყოფილი დარჩა კიდეც. უნდა ლაშასთან ცხოვრება უკან დაეტოვებინა. სამსახურს დაუბრუნდებოდა, როგორც ადრე, ისე იცხოვრებდა და დროთა განმავლობაში ტყეში ჩადგმულ სახლში გადამხდარ ამბავს საერთოდ დაივიწყებდა.
ასე იმედოვნებდა მაინც.
ღამის თერთმეტი საათი იყო, როცა სახლამდე მიაღწია და ისე დაღლილი იყო, რომ ჩემოდანი არც კი ამოულაგებია, მაშინვე ჩაკეტა კარი და ლოგინში არაქათგამოცლილი გადაგორდა. მორივით გაუნძრევლად ეძინა დილამდე და როცა გაიღვიძა, დასვენებისა და მოშვების ნაცვლად, ფეხებსა და ხელებში საოცრად ტეხდა და ყველაფერი სტკიოდა. მაშინვე ინანა, რომ ფეხით ამდენი იარა, მაგრამ იცოდა, რომ არჩევანი არ ჰქონდა. ნელა, სისინით წამოდგა ლოგინიდან და ქურთუკი გაიძრო, იმის მიუხედავად,რომ პატარა მოძრაობაც კი აუტანელ ტკივილს აყენებდა სხეულზე. ძლივს ამოძვრა ტანსაცმლიდან და შხაპში შევიდა. ხუთი წუთი ცხელ წყალში იდგა თავდახრილი და მთლად ჩაძირულიყო იმ სიამოვნებაში, რომელსაც ცხელი წყალი ანიჭებდა მის დაღლილ და დაჭიმულ კუნთებს. მერე, რა თქმა უნდა, წყალი გაცივდა. აკანკალებული გამოძვრა შხაპიდან, ტანსაცმელი ჩაიცვა და წინდაწინ გამზადებული, პატარა რადიატორზე გადაკიდებული, გამთბარი საბანი წამოიხურა სხეულზე. ცოტა ხანი იწვა და ჭერს ასჩერებოდა, იმედოვნებდა, რომ ცოტა ხანი დასვენება და დაძინება შვებას მოუტანდა.
ცოტა ხანში წამოდგა, ცოტა შეჭამა, მერე კი ისევ წამოწვა.
ისევ გადასახადებზე დაიწყო ფიქრი.
იცოდა, რომ სასწრაფოდ უნდა ეშოვა სამსახური, ანდა ზურაბთან მაინც დაბრუნებულიყო, რომ მას ხელფასი წინდაწინ მიეცა. ეს ერთი თვე აქ არ ცხოვრობდა, მაგრამ იცოდა, რომ ბინის პატრონი მაინც მოსთხოვდა ქირას.
როგორ გამოადგებოდა ახლა იმ ერთი თვის საფასური ხუთი ათასი ლარი!
მაგრამ არ სურდა რომ ეს ფული მიეღო. ჯერ ერთი, არ უნდოდა რომ ისევ ლაშა გახსენებოდა და მასთან სამსახურის მაგიერად გადახდილი ფული სახლში ჰქონოდა. თანაც არ სურდა ირინა ნაკაშიძეს, ლაშას დედას შეხვედროდა. რაღაცნაირად რცხვენოდა ქალთან შეხვედრა. ირინა, როგორც თვითონ გაიგო, საკმაოდ ინტელიგენტური და ცივი ქალი იყო. ალბათ კარგად არ მიიღებდა იმ ფაქტს, რომ სალომე ლაშას სახლიდან გამოიქცა… მართალია, იგი უკვე ოცდამეათე იყო, მაგრამ მაინც…
გოგონამ თავი გააქნია და სახე ბალიშში ჩარგო. თავზე გადახვეულ პირსახოცზე ქუდი ჩამოეფხატა და გატრუნული, მოკრუნჩხული იწვა, თან უსიტყვოდ მიშტერებოდა თავისი პატარა ოთახის ფანჯარას. უცნაურად ეჩვენებოდა ამ პატარა, ჩაბზარულ ფანჯრის მინაზე მიშტერება, რადგან წინა ერთი თვე დიდ, გაპრიალებულ ფანჯარას მისჩერებოდა დაძინების წინ ხოლმე.
სალომემ ამოიხვნეშა და პირი იბრუნა. თვალები უკვე ენაბებოდა და გრძნობდა, როგორ აწვებოდა ძილი და თითქოს ამძიმებდა.
თვალები დახუჭა და ძილს მიეცა.
-*-*-*-*-*-
ლაშამ ტელეფონი ჩართო და შეათვალიერა, მერე კი გახსნა, რომ სიმ-ბარათი ჩაედო შიგნით. უცნაური, და უცხო ეჩვენებოდა ადრე თავისი განუყრელი მობილური ხელში. ინსტინქტებს მიენდო, და სწრაფად მოძებნა დედამისის ნომერი. გადარეკა და მობილური ყურთან მიიდო.
ამის აღიარება არ უნდოდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა. გულისცემა აუჩქარდა და მარცხენა ხელი მუშტად შეკრა, რომ თრთოლა დაეოკებინა. დედამისთან ორი წლის განმავლობაში არ ელაპარაკა და ახლა უცნაური იყო მასთან დარეკვა და მისი ხმის გაგონების მოლოდინი…
ტკაცუნი გაისმა და ყურმილი აიღეს.
-ლაშა? – გაისმა ხმა მობილურში. ბიჭმა თვალები მაგრად დახუჭა, რომ თავი მოეთოკა და ყბები მძლავრად დააჭირა ერთმანეთს. ისევ არ სიამოვნებდა ამ სახელის გაგონება, მაგრამ აღარ სურდა, რომ საკუთარი სახელის გაგონებაზე ასეთი რეაქცია ჰქონოდა.
-ჰო, დედაჩემო. – უთხრა მან და ღრმად ამოისუნთქა. დედამისს ხმა საერთოდ არ სეცვლოდა. ისეთივე ხავერდოვანი და მელოდიური ჰქონდა.
იგრძნო, რომ ამას აქამდე ვერ აცნობიერებდა, მაგრამ მისი ხმა მოენატრა.
-ლაშა… – ძლივს ამოილუღლუღა ქალმა. – ღმერთო, ორი წელი… – ქალს ხმა აუკანკალდა და ლაშამ შუბლი შეიჭმუხნა, არ მოსწონდა დედამისის ხმის ასე გაგონება. – ძლივს… – მან ამოიხვნეშა, აშკარად ცდილობდა, რომ დაწყნარებულიყო. – მისმინე, რამე გჭირდება? ხომ არ გამოგიგზავნო რაიმე? უბრალოდ მითხარი…
-მანქანა გამოაგზავნე. – მიუგო ლაშამ. – მანდ მოვდივარ.
ბიჭმა გაიგონა ხმამაღალი და მკვეთრი შესუნთქვა ხაზზე და იცოდა, რომ დედამისი წამიერად შოკში ჩავარდა, მაგრამ იცოდა, რომ ქალი მალევე გამოერკვეოდა.
-როგორ… ახლა? – ძლივს ამოიხავლა ირინამ. – ახლავე ვაგზავნი… – ქალს ხმაში მოუთმენლობა ეტყობოდა.
-არა. ხვალ. – უპასუხა ლაშამ და ბოლთის ცემა დაიწყო, თან თმაში ხელი გადაისვა. კაპიუშონი ცუდად მოხვდა ხელში და უკან გადაიწია. ჯერ ოთახში მიმოტრიალდა, მერე კი დერეფანში გავიდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა.
-ხვალ…ხვალ… გასაგებია… – ირინას ხმაში შვება ეტყობოდა. – მეც ჩამოვალ და მე თვითონ ჩამოგიყვან ქალაქში…
-არ შეიძლება ვინმე გამოაგზავნო უბრალოდ? – გაღიზიანდა ლაშა და მუშტი შეკრა. ფანჯარასთან გაჩერდა, სწრაფად ინაცვლებდა ფეხს. – მე მგონია, რომ გავიწყდება, რამდენი წლისა ვარ, დედაჩემო…
-არ მავიწყდება. – ხმა აუკანკალდა და გაუმკაცრდა ქალს. – შენ გგონია, მე რამე მავიწყდება? რაც გინდა ის მიწოდე, რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ მე მანდ მოვდივარ და მე თვითონ მომყავხარ, გასაგებია? ორი წელიწადის მერე შენით დამირეკე და სენ რა გგონია, ამ სესაძლებლობას ხელიდან გავუშვებ? იცი რა გადავიტანე, ლაშა?
ბიჭმა კბილები გააღრჭიალა. ზურგში გამყინავმა ჟრუანტელმა დაუარა. გული სწიწკნიდა. სულ არ სურდა ახლა დედამისის სულელური „როგორ მომენატრე“-ების გაგონება. უნდოდა ქალაქში ჩასულიყო და სალომე მოეძებნა…
-არ ვიცი და არც მაინტერესებს. – ცივად მოჭრა მან და წარბები შეკრა. – თუ გინდა შენ ჩამოდი, თუ გინდა სხვა გამოაგზავნე, ჩემთვის სულ ერთია. მთავარია, რომ მანქანა იყოს აქ ხვალ, სხვა ყველაფერი არ მაინტერესებს.
-რატომ ჩამოდიხარ? – შეაწყვეტინა უცებ დედამისმა. ლაშამ მის ხმაში თავისნაირი გამყინავი ტონი გაიგონა. – აშკარად ძალიან არ გიხარია ჩემთან დალაპარაკება… ჰოდა რისთვის ჩამოდიხარ?
ლაშამ პირი მაგრად მოკუმა და მობილური ყურზე მიიჭირა.
-ვიღაც უნდა მოვძებნო. – თქვა მან. – თან რაც შეიძლება მალე…
-ვინ ვიღაც? – ჩაეკითხა დედამისი. მობეზრებულმა ბიჭმა თვალები გადაატრიალა.
-ჩამოვალ და გეტყვი. – თქვა მან მოკლედ და წამსვე დადო ყურმილი. არ სურდა ეს ამწუთას დედამისისათვის აეხსნა.
ცოტა ხანი დერეფანში იდგა. ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდები გადასწია ცალი ხელლით, რომ გარეთ გაეხედა. მინდორს მზის წითელ-ნარინჯისფერი სინათლე მოსდებოდა.
-უკაცრავად? – მოესმა მარჯვნიდან და გაოცებისაგან ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე კი ნელა მოტრიალდა.
გვანცა იდგა, ჩახსნილ აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი, თმაგაშლილი და შეჰყურებდა.
ლაშა უცებ მიხვდა, რომ სინათლე ეღვრებოდა ფანჯრიდან სახეზე და ფარდები სწრაფად გასწია. მაგრამ იცოდა, რომ გვანცას უკვე დანახული ჰქონდა მისი სახე.
კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და სხეული ერთიანად დაეჭიმა. დაჟინებით ჩაშტერებოდა შორიახლოს მდგარ ქალს თვალებში და ცდილობდა, მისი გამომეტყველებიდან ამოეკითხა ფიქრები.
ქალი უცნაურად მიშტერებოდა. თვალებს ახამხამებდა, მაგრამ დახამხამებისას თვალს ბოლომდე არ ხურავდა, თითქოს არ უნდოდა ლაშადან თვალის მოწყვეტა.
ბიჭმა არაფერი უთხრა, კაპიუშონი წამოიგდო თავზე და სწრაფად შებრუნდა, რომ თავისი ოთახისაკენ წასულიყო.
რატომღაც არ აინტერესებდა, რას ფიქრობდა გვანცა მასზე.
სალომე მართალი იყო. გვანცა მეგი არ გახლდათ.
თავი გააქნია და შედგა. მოიხედა.
გვანცა ისევ გაუნძრევლად იდგა და მიშტერებოდა.
-საჭმელი იატაკზე დაგხვდება ქვემოთ, ამიტომ თუ გშია, გირჩევნია შენ თვითონ დაამზადო. ასევე, ხვალ მე აქედან მივდივარ. თუ გინდა, ქალაქში წაგიყვან, თუ არადა როგორც გინდა ისე გააკეთე. – მოკლედ მოჭრა მან, და ოთახისაკენ გაემართა.
გვანცადან ხმა აღარ გაუგონია, როცა ლოგინზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. თმა ისევ უხეშად მოხვდა ხელში და მთელი ძალით გადაიქაჩა უკან.
იატაკს დაჟიინებით ჩაშტერებოდა, ხელები ერთმანეთისათვის გადაეჭდო და სალომეზე ფიქრობდა. ალბათ ხვალვე მიაგნებდა…
მაგრამ მერე? ლაშა წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. მერე რა ეთქვა სალომესათვის? გოგონა წინ რომ ედგომებოდა, რა გაეკეთებინა?
რატომღაც ინსტინქტურად იგრძნო, რომ სიამოვნებით წამოავლებდა ხელს სალომეს და ასე ხელში აყვანილს იქ წაატრევდა, სადაც მოუნდებოდა…
მოიღუშა და თავი გააქნია.
მთელი ღამე ფანჯარასთან იდგა, გარეთ იყურებოდა ანდა ოთახში ბოლთას სცემდა.
მზე რომ ამოიწვერა, გადაწყვიტა სახლიდან გასულიყო და ცოტა გაეარა, თან სურდა დედამისს გზასთან დალოდებოდა.
გზაზე შეყოვნდა და გვანცას ოთახზე დააკაკუნა.
-მე თვითონ წავალ აქედან! – გამოსძახა ქალმა, მის გასაკვირად. – არ შეწუხდეთ!
ლაშამ წარბი ასწია, მაგრამ არაფერი უთქვამს, მაშინვე დატოვა სახლი.
კარი არ ჩაუკეტავს, მაინც არავინ იცოდა სახლის ადგილსამყოფელი. კვირების განმავლობაშიც რომ ჩაეკეტა, მაინც არავინ მოვიდოდა გასაღებად…
ტყის ბილიკს დაუყვა. ნახევარ საათში ჩაათავა და ტყის პირას დაგდებულ ლოდზე დაჯდა. აქეთა მხარეს ხშირად არ გამოდიოდა ხოლმე, მხოლოდ მოპიდაპირე მიმართულებით მიდიოდა, როცა თეოფილე ბაბუასთან აპირებდა წასვლას.
იჯდა და გზას დაჰყურებდა. ტანსაცმელზე დაიხედა და ამოიხვნეშა. წარმოიდგინა, თუ როგორ ამრეზით დახედავდა დედამისი თავის გაცრეცილ ჯინსზე, მოღრეცილ შავ კეტებსა და მკლავებმოხეულ ჟაკეტზე. მაგრამ ტანსაცმლის გამოცვლას არ აპირებდა.
მანქანის გრიხინმა გააწყვეტინა ფიქრი. გაიხედა, მაგრამ ფეხზე არ წამომდგარა. ხელები უფრო მაგრად გადააჭდო ერთმანეთს და მძლავრად გამოისუნთქა. მერე კი ჰაერში გაშვებულ ორთქლის ქულებს გააყოლა თვალი.
მანქანა, შავი, გაპრიალებული რანჯროვერი მის წინ გაჩერდა. „ახალი მანქანა უყიდია,“ გაიფიქრა ლაშამ და მოიღუშა. ელოდებოდა, რომ მძღოლი გდმოვიდოდა და დედამისს კარებს გაუღებდა, ქალი კი ისევ ძველებური სიცივითა და გრაციოზულობით გადმობრძანდებოდა….
მაგრამ მძღოლის კარი გაიღო და ვიღაც უცნობი მამაკაცის ნაცვლად, მისკენ ქალის ფიგურა გამოემართა. გაოცებულმა ლაშამ დედამისს ახედა. ქალი თითქმის სრულიად არ შეცვლილიყო. შავი თმა ისეთივე გრძელი და მოვლილი ჰქონდა, ისევ თბილ ბეწვეულსა და გრძელ ჩექმებში იყო გამოხვეული, ხელებზე კი შავი ტყავის ხელთათმანები წამოეცვა.
მაგრამ ცვლილება იყო მის მიხრა-მოხრაში. ირინა სწრაფად მოიწევდა მისკენ, ჩვეულებრივ გამჭოლად მომზირალი ნაცრისფერი თვალები ამჯერად ოდნავ გაფართოებოდა და გადაგლესოდა, პირდაპირ მას ჩაჰყურებდა.
ლაშა ინსტინქტურად ფეხზე წამოდგა.
დედამისს სახე მოეკრუნჩხა, ხელები გამოიშვირა, დაეჯახა და მაგრად ჩაეხუტა.
-*-*-*-*-*-*-
ირინამ რომ შვილს შემოჰხვია ხელები, უცებ ვერ დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა. ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო, რომ თითქოს ცა დაცემოდა თავზე, ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო. ერთადერთი რაც ესმოდა, იყო მის წინ მდგარი მისი შვილის სხეული, რომელსაც გამწარებული ეჭიდებოდა.
შვილი ორი წელი არ ენახა, მისი ხმა არ გაეგონა და როცა ლაშას უფრო დაბოხებული, ღრმა ხმა გაიგონა მობილურში დაბარბაცდა და კინაღამ ადგილზე ჩაიკეცა. საუბარი რომ დაამთავრეს, სიხარულის ცრემლები წასკდა და იქამდე იტირა, სანამ გული არ მოიოხა და ორი წლის განმავლობაში დაგროვებული ნაღველი არ ამოუშვა.
მაშინვე დაითხოვა თავისი მძღოლი ერთი დღით. ლაშა თვითონ უნდა წამოეყვანა. როგორც კი გათენების პირველი სხივები მოეფინა ქალაქს, მაშინვე გამოიყვანა მანქანა და გიჟივით, სწრაფად გაემართა ქალაქისგარეთა სახლში.
მისი შვილი კი იქ იჯდა, ტყის პირას დაგდებულ ლოდზე.
სხვა დროს ირინა რომ მოგეკლათ, დაიფიცებდა, ამ ლოდზე მჯდარი ადამიანი ჩემი შვილი არ არისო. აქ ჩამომჯდარ მამაკაცს ტყავის ქურთუკის, ანდა ტანზე კოხტად მორგებული კოსტიუმის ნაცვლად მკლავებმოხეული, გაცრეცილი ჟაკეტი ეცვა, ჩასწორებული, მოდური შარვლის ნაცვლად გატყავებული  ჯინსი, ფეხზე კი თავისი გაპრიალებული ფეხსაცმლის ნაცვლად, ნახევრად ძირგამოვარდნილი კეტები.
ლაშას თმა ჩამოზრდოდა, ეტყობოდა რომ ხშირად არ იჭრიდა ამ ორი წლის განმავლობაში, თავზე კაპიუშონი წამოეხურებინა, მუდამ სუფთად გაპარსულ ყბას კი რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი უფარავდა.
ეს არ იყო ლაშა, რომელსაც იცნობდა.
მაგრამ ირინასთვის ამას ამ წუთას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო. უფრო გამაღლებულიყო, შეამჩნია ქალმა, როცა იგი გულში მაგრად ჩაიკრა. ლაშამ ზურგზე დაადო ხელები, მაგრამ მკლავები არ შემოუხვევია დედისათვის. ირინას გული დასწყდა, მაგრამ უკან დაიწია. ხელები აკანკალებოდა და მაგრად მიიჭირა ისინი სახეზე, რომ ცრემლები მოეწმინდა.
-კარგი. – თქვა მან, როცა სული მოითქვა. არჩია არაფერი ეთქვა, თან არ ეთხოვა, რომ შვილის სახე დაენახა, თუმცა სურდა ის დაწყევლილი კაპიუშონი გადაეწია. არ სურდა, რომ ლაშა უარესად გაეღიზიანებინა, ანდა დაეფრთხო.
შვილის დაბრუნების საშუალება ჰქონდა, ამიტომ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.
ლაშას გვერდით ამოუდგა, და მანქანისაკენ წავიდნენ.
-გინდა მანქანა შენ ატარო ქალაქამდე? – ჰკითხა მან და შვილს ახედა. უნდოდა მასთან ახლოს ყოფილიყო. როგორც ადრე, ამისათვის კი ყველაფერს გააკეთებდა, რომ ლაშას თავი კომფორტულად ეგრძნო და ზდმეტი არ ეფიქრა. ზედმეტს თუ იფიქრებდა, შეიძლება დაბრუნება გადაეფიქრებინა. საჭეზე ჯდომა კი მის კონცენტრაციას გზაზე გადაიტანდა.
ლაშას არ უპასუხია, მძღოლის კარი გააღო და დაჯდა. ირინა მგზავრის სავარძელში ჩაჯდა და კარი მოკეტა.
მონატრებითა და შვებით აღსავსე უყურებდა, როგორ გადაავლო ლაშამ თვალი მანქანის სალონს, მერე კი სწრაფად დაქოქა მანქანა. ირინას ნაცნობი ოსტატობით შემოატრიალა მანქანა და ქვიან გზას დაჰყვა.
-არ გინდა რომ კაპიუშონი გადაიწიო? – წამოსცდა ირინას და იმის მიუხედავად, რომ დაინახა, თუ როგორ დაეჭიმა მის შვილს ხელები საჭეზე, არჩია რომ გაეგრძელებინა. – ხელს შეგიშლის გზის დანახვაში…
-არა, არ მინდა. – მოკლედ მოუჭრა შვილმა და მანქანა მკვეთრად მოაბრუნა, რომ მოსახვევში გადასულიყო.
ირინა იჯდა და შვილს მიშტერებოდა. უნდოდა რამე ეთქვა, საუბარი წამოეწყო…
-ვინ უნდა ვიპოვოთ? – იკითხა მან კარგა ხნის სიჩუმის შესახებ.
ლაშამ ჯერ არ უპასუხა.
-სალომე. – უპასუხა მან და ირინა ცოტათი დაბნეული მიაჩერდა. – სალომე კიკნაველიძე.
ქალი უცებ მიხვდა, ვიზე ამბობდა. თვალები გაუფართოვდა.
-როგორ… ოცდამეათე? – ჩაეკითხა იგი.
-ოცდამეათე. – დაეთანხმა ლაშა და მანქანა ტრასაზე გადაიყვანა.
ირინა მას ააშტერდა.
სალომე კიკნაველიძე… ოცდამეათე მოახლე… ნუთუ ისიც გაიქცა?
მაგრამ… რა მოახერხა იმ გოგომ ასეთი, რომ ლაშამ ორი წლის შემდეგ დაურეკა და სალხში დაბრუნება მოსთხოვა?
ირინამ მუშტები შეკრა და შვილს გადახედა.
არ იცოდა, თუ რა გააკეთა, ან რა მოახერხა იმ გოგომ, მაგრამ იპოვიდა.
რადაც არ უნდა დასჯდომოდა, იპოვიდა.
-*-*-*-*-*-*-17
ლაშა შხაპიდან გამოვიდა, წელზე პირსახოცი მოიხვია და როგორც წესი, საკუთარ თავს დააცქერდა სარკეში. ხელი ასწია და ნაიარევებზე ხელი ჩამოისვა, მერე კი თავის მარჯვენა თვალს ჩააშტერდა. თავი წინ გადასწია და შუბლზე ჩამოყრილ გრძელ, შავ თმის ღერებს შეაჩერდა.
გასწორდა, ტანი შეიმშრალა და ტანსაცმელი ჩაიცვა. სახლიდან არაფერი არ წამოუღია, მაგრამ ბედად დედამისმა თავისი ოთახი ხელუხლებელი დაახვედრა.
თავის ოთახში რომ შეაბიჯა, ნოსტალგია დაეჯახა. უყურებდა გასწორებულ, დიდ საწოლს, სქელმინიან ფანჯარას, რომელიც თითქმის მთელ კედელს იკავებდა და სახლის უკანა მხარეს გადაჰყურებდა. მისი კარადაც სავსე იყო თავისი ძველი ტანსაცმელით და უსიამოვნოდ მოიღუშა, როცა თავისი მოდური, სწორი შარვლები, კოსტუმები, მაისურები დაინახა. ერთ მუქი მწვანე ფერის, კაპიუშონიან ჟაკეტს სწვდა, და თხელი შავი ჯინსის შარვალი, და ასევე შავი მაისური გადმოიღო. საწოლისპირა ეტაჟერზე ხელხულებლად იდო მისი საფულე, რომელსაც ხელი დასტაცა და ჯიბეში ჩაიდო.
რომ ჩაიცვა და კაპიუშონი გაისწორა, ქვემოთ ჩავიდა, სადაც დედამისი მაგიდას აწყობდა, სასადილო ოთახში. ქალმა ამოხედა.
-მოდი, ჭამე. – უთხრა მან და გასწორდა. თავი გვერდზე გადასწია და გაუღიმა.
-არ მშია. – მოუჭრა ლაშამ და სასტუმრო ოთახში გავიდა, სადაც ტახტზე დაებერტყა და ჩართულ ტელევიზორს მიაჩერდა. ტელევიზორი რამდენი ხანია, რაც არ ეყურებინა…
ყველაფერი უცნაური და უცხო ეჩვენებოდა. იცოდა, რომ აქ თუ ცოტა ხანს დარჩებოდა, მალევე შეეეჩვეოდა აქ ყოფნას, მაგრამ რაღაცნაირად უხერხულად გრძნობდა თავს. ამ ადგილას ოცდაორი წელი ცხოვრობდა, მაგრამ იმისი შეგნება, რომ ორმა წელმა მისი შეხედულება ასე შეცვალა, ეხამუშებოდა და მოშვების, გონებრივად დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა.
ერთადერთ რამეზე ფიქრობდა. სალომე უნდა მოეძებნა.
იცოდა, რომ დედამისი ამას მოაგვარებდა და მის ოცდამეათე მოახლის წამში მოძებნას მოახერხებდა, მაგრამ მერე არ ესმოდა, რა გაეკეთებინა. უბრალოდ უნდოდა რომ სალომე ენახა. ამწუთას ვერაფერი ვერ მოიფიქრა, ამიტომ ალბათ ადგილზე მოახერხებდა რამეს…
-კარგით… გასაგებია… – ლაშამ დედამისის ხმა გაიგონა და მკვეთრად შემოტრიალდა. ქალი სასტუმრო ოთახში შემოვიდა და ტახტის გვერდით დადგმულ სავარძელში ჩამოჯდა. მობილური ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას გაფაციცებით უსმენდა.
მერე კი მობილური ყურიდან მოიშორა და გვერდზე გადადო.
-მოძებნეს. -მოკლედ თქვა მან. – გარეუბანში ცხოვრობს, კეთილაძის ქუჩაზე, ოცდამეთოთხმეტე კორპუსი, მესამე სადარბაზო, მეშვიდე ბინა. ნაქირავები აქვს. – თქვა ქალმა და შვილს მიაჩერდა. – გინდა ახლავე წახვიდე?
-კი. – მიუგო ლაშამ და ფეხზე წამოდგა. – მოტოციკლის გასაღები მომეცი.
-მანქანას არ წაიყვან? – წარბი ასწია ქალმა დათვითონაც წამოდგა. – ხელუხლებელია, დასუფთავებული და…
-არა, ჩემი მოტოციკლი მინდა. – მოუჭრა ლაშამ და ხელი გაუშვირა. – გასაღები მომეცი.
ირინა შეყოყმანდა, მაგრამ  ამოიხვნეშა, კარადას მიუახლოვდა და გამოაღო. სიღრმეში ხელი გადაჰყო და იქედან პატარა ყუთი გამოაძვრინა. ყუთი გახსნა და იქედან მოტოციკლის გასაღები წკარუნით ამოიღო.
-აჰა… – გაუწოდა ქალმა და ხელში გასაღები მისცა. – ფრთხილად იარე…
-ვივლი. – მიუგო ბიჭმა და შეტრიალდა, რომ გასულიყო და მოტოციკლი გამოეყვანა გარაჟიდან.
-მის წამოყვანას აპირებ? – დაეწია დედამისის კითხვა. ლაშა შედგა, მაგრამ არ შემოტრიალებულა. – აქ მოიყვან? იმიტომ რომ შეგიძლია აქ წამოიყვანო…
-არ ვიცი. – მოუჭრა ლაშამ. – ვნახოთ. – მერე კი რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა კარისაკენ.
-გიყვარს? – უცებ ჰკითხა ირინამ. ლაშა ინსტინქტურად, მკვეთრად შემოტრიალდა და დედამისს თვალებგაფართოებული დააცქერდა.
თითქოს ადგილს მიეყინა.
-გიყვარს, ხომ? – ჩაეძია ირინა, მკლავები გადააჯვარედინა. სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა. – იმიტომ რომ მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ…
ლაშა გაუნძრევლად იდგა, ღრმად სუნთქავდა და დედამისს უსიტყვოდ მისჩერებოდა.
ირინამ უცებ გაიცინა და გვერდზე გაიხედა.
-არ ვიცი, ვინ არის ეგ გოგო, ლაშა… – დაიწყო მან.
ბიჭს უცებ სისხლი მოაწვა თვალებში. „ეგ გოგო?“ გაიფიქრა მან და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
-სალომე ჰქვია. – დაისისინა მან. ირინამ წარბები ასწია და თვალები დაახამხამა.
-ყოველ შემთხვევაში…- ხელი ააქნია მან. –  არ ვიცი, ვინაა სალომე… – თქვა ქალმა და სიტყვა „სალომეს“ ხაზი გაუსვა, თან შვილს გამომცდელად ჩააშტერდა. – მაგრამ ერთადერთი რამ მესმის, ლაშა. შენ იმ გოგომ აქ ჩამოგიყვანა. არ ვიცი რა გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ერთ თვეში მოახერხა, რომ ორი წლის ჩამოუსვლელობის მერე მის საძებნელად ჩამოსულიყავი…
-კარგ საჭმელს ამზადებდა. – ხმადაბლა უპასუხა ლაშამ. იცოდა, რა ბავშვურად და იდიოტურად ჟღერდა მისი სიტყვები, მაგრამ ახლა მისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ტანში ერთიანად ჟრუანტელი უვლიდა და მუშტები მაგრად შეეკრა. იცოდა, რომ მიზეზებს ეძებდა, და უცებ ვერ გაიგო, რატომ.
– ოჰ კარგი ერთი… – დედამისმა თვალები გადაატრიალა და თავი გააქნია. – მართლა? დავიჯერო, დანარჩენი ოცდაცხრა ნაგავს გიყრიდა თეფშში საჭმლის ნაცვლად?
სიჩუმე ჩამოვარდა. ლაშა დედას თვალებგაფართოებული უყურებდა.
-თავიდანვე შევამჩნიე, რომ განსხვავებული იყო ყველასაგან. – თქვა ირინამ. – უფრო გამბედავი იყო, უფრო გულწრფელი… ის მითხრა, რასაც ფიქრობდა. შენი ოცდაცხრავე მოახლე წამოსვლის დღესვე დამიკავშირდა და მაშინვე ანაზღაურება მომთხოვეს. სალომე არის ერთადერთი, რომელსაც გადასახადი არ მოუთხოვია, და რატომღაც მჯერა, რომ არც მოითხოვს. – ირინამ თავი ასწია. მკერდზე გადმოყრილი შავი თმა აუელვარდა. – უბრალოდ მინდა გითხრა რომ თუ გიყვარს, მე წინააღმდეგი არა ვარ. მისი წინააღმდეგი არა ვარ.
ლაშა სერიოზულად მისჩერებოდა, მაგრამ სიგნით ყველაფერი აუდუღდა. დედამისის სიტყვები თითქოს ერთ მთლიან, ფერად მასად გადაიქცა და უაზროდ უტრიალებდა თავში.
მაგრამ ქვეცნობიერად ხვდებოდა, რომ ირინას სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავდა. ბევრს ნიშნავდა ის, რომ ქალი
-შენი საქმე არ არის. – დაუღრინა ბიჭმა და გასასვლელისაკენ გაემართა. ამკჯერად დედამისის ხმას არ შეუჩრებია.
საკუთარი ფიქრები კი თავში უზრიალებდა.
თავისი მოტოციკლი გამოიყვანა, დაჯდა და თავზე ჩაფხუტი დაიფარა. დამტვრევა ნამდვილად არ უნდოდა, ასევე არ სურდა ვინმეს მისი სახე დაენახა.
მოტოციკლი დაქოქა და ცოტათი ადგილზე შეყანყალდა, მაგრამ მალევე დაძლია მოტოციკლზე დაჯდომის სიუცხოვე და გასწორდა. მერე კი ნელა მოსწყდა ადგილს, ჭიშკარში გავიდა, მოუხვია და ტრასაზე წუილით გაქანდა.
გრძნობდა, როგორ უფრიალებდა ჟაკეტი და ცივმა ჰაერმა სხეულზე დასუსხა, მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია. მთლად ინსტინქტებს ენდობოდა და მკვირცხლად მიძვრებოდა მანქანების შუა, გვერდზე იხრებოდა, უხვევდა, ძირს წვებოდა და ჰორიზონტალურად მისრიალებდა…
თავისუფლად იგრძნო თავი. მოკანკალე სუნთქვა აღმოხდა და მარჯვნივ, გარეუბნისაკენ შეუხვია, მარდად აუარა მომავალ მანქანას გვერდი და სალომეს ბინისაკენ დაიძრა.
კორპუსს რომ მიუახლოვდა, სიჩქარეს შეუნელა. არ იცოდა, ეს ადრენალინისაგან იყო თუ მოტოციკლზე ჯდომით გამოწვეული დაძაბვისაგან, მაგრამ გული ჩაქუჩივით უცემდა მკერდში. ეზოში შეგორდა, მოტოციკლი გააჩერა და გადმოვიდა.
გასაღები ჯიბეში ჩაიდო და ჩაფხუტი თავის ადგილას დაამაგრა. მერე კი სადარბაზოები აათვალიერა.
მესამე სადარბაზოსაკენ გაემართა უყოყმანოდ.
სწრაფად მიიწევდა ზემოთ, მესამე სართულისაკენ.
მალევე ავიდა და მაშინვე შეამჩნია მის მარჯვნივ, ხის ატყავებულ კარზე მიკრული მბზინავი ციფრი შვიდი.
ნელა მიუახლოვდა და ხელი ასწია დასაკაკუნებლად.
იგრძნო, როგორ უჩქარდებოდა გულისცემა და შეყოყმანდა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თავს გაუჯავრდა.
ხელისგულებში თბილი სისველე იგრძნო, როცა მუშტი დასაკაკუნებლად შეკრა და კიდევ ერთხელ შედგა. გამშრალი ტუჩები მოილოკა და ხელი ისევ დასწია.
რატომ ნერვიულობდა ასე ძალიან? სალომე ხომ მხოლოდ მისი მოსამსახურე იყო, მეტი არაფერი…
მოსამსახურე, რომელმაც გაუწია მეგობრობა, რომელიც გვერდში დაუდგა, რომელიც მყარად იდგა და კბილებით იცავდა თავის სიმართლეს. გოგონა, რომელსაც მისი სახე ნანახი ჰქონდა, თუმცა ნაიარევებისა და ბრმა თვალის დანახვას მასზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
მან უდრტვინველად მიიღო ის, რასაც ლაშა საკუთარი თავის შესახებ ყველაზე მეტად ვერ იტანდა. მიიღო, ვითომ აქაც არაფერიაო. მისთვის ბიჭის გარეგნობა არაფერს ნიშნავდა.
ლაშას გაახსენდა ის გრძნობდა, რომელიც მკერდში აუბუყბუყდებოდა, როცა სალომეს შეხედავდა, გრძნობა, რომელმაც წამიერად გული გაუჩერა, როცა გააცნობიერა, რომ გოგონა გაიქცა, გრძნობა, რომლითაც ფიქრობდა საკუთარ მოსამსახურეზე…
მიხვდა, რომ დედამისი მართალი იყო.
ხელი ასწია, უკვე დაკაკუნებას აპირებდა…
მერე კი რა თქმა უნდა, კიბეებზე აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაიგონა. სწრაფად მოიხედა. ვიღაც მრგვალი, დაბალი, მოჩაჩულ ყვავილებიან კაბაში გამოეყობილი ქალი ქოშინით მოიჩქაროდა და თვალები სალომეს ბინისაკენ გაეშტერებინა. მან ლაშას ახედ-დახედა და დაუბღვირა, მერე კი წინ წაიწია, აშკარად კარზე დაბრახუნებას აპირებდა, მაგრამ იქვე მდგარი ლაშას ფიგურა გადაეღობა.
-გაიწიეთ, ახალგაზრდავ! – შეუტია ქალმა და შეეცადა მის გარშემო შემოეარა. – თუ ჩემს მდგმურთან რამე საქმე გაქვთ, გირჩევნიათ ქუჩაში მოაგვაროთ, იმიტომ რომ ყელში ამოვიდა უკვე! იქეთ გაიწიეთ! – ქალი შეეცადა რომ გვერდზე გაეწია ლაშა და მკლავში ხელი ჩაავლო, მაგრამ ბიჭმა მკვეთრად გაიქნია ხელი, ისე რომ შემოტრიალდა და კარისაკენ ზურგით დადგა. ქალი მოიღუშა და ერთიანად აწითლდა, თმა უცნაურად აეფხორა.
-უკაცრავად? – ატყდა იგი. – რაიმე გნებავთ? შემიშვით ჩემს მდგმურთან…
ლაშამ ზემოდან დახედა და წარბი შეკრა. ალბათ ეს ქალი იყო ბინის პატრონი…
სალომე ერთი თვე მასთან ცხოვრობდა. ალბათ ქირის გადახდა ვერ მოახერხა…
-რამდენია ქირა? – არც კი შეყოყმანებულა, ისე იკითხა მან ხმამაღლა, ავტორიტეტული ტონით. ქალს თვალები გაუფართოვდა და პირი დააღო.
-ვერ გავიგე…? – ძლივს ამოილუღლუღა მან. ლაშას მის სულელურ გამომეტყველებაზე გაღიზიანება მოაწვა სახეში.
-დაყრუვდი? – დაისისინა მან. – გეუბნები, ქირა რამდენია მეთქი? – მან ხელი ჯიბეში ჩაიყო და საფულე ამოიღო. იცოდა, რომ საფულე ორი წელი იყო, რაც არ გამოეყენებინა, მაგრამ იქამდე საკმაო რაოდენობის ფულს ყოველთვის დაატარებდა, ათას სისულელეში დასახარჯად. იცოდა, რომ ახლაც ექნებოდა ფული.
-აჰა… ესე იგი თქვენ გადაიხდით… მაშინ… შვიდასი ლარი… – ამოიბლუკუნა ქალმა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მზერა წამდაუწუმ ლაშას საფულესკენ გაურბოდა.
ლაშამ თვალები მოჭუტა და კბილები დააღრჭიალა. ეს ბებერი, შეღებილი ძროხა ასე იოლად აპირებდა მის მოტყუებას…
-შენ რა გგონია, მასე გამაცურებ? – გესლიანად დაისისინა მან და გასწორდა, რომ ზემოდან, თავისი კაპიუშონიდან გამოეხედა მატყუარა ქალბატონისათვის, რომელსაც შიში გამოეხატა თვალებში. – აბა? რამდენია ქირა?
-კარგი, კარგი! – ხელები ასწია ქალმა და დაუბღვირა, მაგრამ თვალებში ჯერ კიდევ შიში ეხატა. – ხუთასი ლარია…
ლაშამ ჩაიფრუტუნა, მაგრამ საფულე გახსნა. შიგნით ფულის დასტა იდო. ხუთასი ლარი ამოაძრო და მის წინ მდგარ ქალს გადაუგდო. მან ხარბად სტაცა ხელი და მაშინვე გადათვალა.
-აღარ შეაწუხებ, გასაგებია? – ლაშამ თავი აიქნია კარისაკენ.
ქალმა თავი დაუქნია და სწრაფი ნაბიჯებით, უკან მოუხედავად გავარდა კიბეებზე.
ლაშა კი შეტრიალდა. მიხვდა, რომ სალომესთვის რაღაც კარგი გააკეთა, მას დაეხმარა და სხეულში სითბოსა და სიამაყის შეგრძნება ჩაეღვარა.
ხელი ასწია და ამჯერად კარზე უყოყმანოდ დააკაკუნა.
-*-*-*-*-*-
სალომე შეინძრა და წარბები შეკრა. რაღაც მომაბეზრებელი ხმა ესმოდა, რომელიც ძილში ხელს უშლიდა. თვალები გაახილა, საბნიდან ცალი ხელი ამოაძრო და თვალები მოისრისა. სხეული ჯერ კიდევ ტეხდა, როცა საწოლზე წამოიწია და ზედ ცალი ხელით დაებჯინა. ძილ-ბურანში მიხვდა, რომ კარებზე უკაკუნებდნენ.
-არა, რა…. – აღმოხდა ხმამაღლა. „ნუთუ ასე მალე მომაკითხა ქალბატონმა კაპანაძემ?“ გაიფიქრა მან და წამოიზლაზნა, საბანი დაითრია და სხეულზე მაგრად შემოიხვია. შიშველი ფეხები ცივ იატაკზე დააბჯინა და სხეულში ჟრჟოლამ დაუარა. „საიდან გაიგო რომ ჩამოვედი… რა ჯანდაბა მივცე, ისევ ქირას რომ მომთხოვს?“ თვალები ძლიერად დახუჭა, რომ თავბრუსხვევა გაექარწყლებინა, მერე კი ისევ ლოგინზე ჩამოჯდა.
„ხმა რომ არ გავიღო, იქნებ წავიდეს…“ გაუელვა თავში და გაყუჩდა. ცოტა ხანი ასე იჯდა.
კაკუნი არ შეწყდა, პირიქით, უფრო ხმამაღალი და ინტენსიური გახდა.
„ოჰ, კარგი რა…“ გონებაში დაიზუზუნა სალომემ და ძლივს წამოდგა ფეხზე. საბანი უფრო მოხერხებულად დაიკავა და ნელა გაემართა კარებისაკენ. ხელი ასწია და თავზე შემოხვეულ პირსახოცზე დახურული ქუდი შეისწორა. „არ ვარ სახლში, ნუთუ ვერ ხვდები?“ გაიფიქრა მან, მაგრამ მაინც მიუახლოვდა კარს. შიგნით გაჩრილი გასაღები მაგრად გამოქაჩა ჯერ წინ, მერე კი გვერდზე გადასწია და კარი სწრაფად გამოაღო. უნდოდა ქალბატონი კაპანაძე რაც შეიძლება მალე მოეშორებინა და ისევ ძილი გაეგრძელებინა.
სალომემ პირი დააღო, რომ რამე ეთქვა, რომ თავის მართლება დაეწყო, მაგრამ სიტყვები პირში შეაცივდა. თავისი ბურანით ავსებული გონებითაც კი მიხვდა, რომ ზღურბლზე მდგარი მაღალი, განიერი ფიგურა ქალბატონი მედეა კაპანაძე ვერ იქნებოდა.
ზღურბლზე მდგომმა ლაშამ ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ოდნავ დაირწა ადგილზე.
სალომე განცვიფრებული და შეძრწუნების პირზე მისული აშტერებოდა. ჯერ კიდევ კარის სახელურზე ჩაჭერილი ხელი გაუცივდა და იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა.
ინსტინქტურად კარი მოიქნია, რომ მაგრად მოეჯახუნებინა, ჩაეკეტა და ზედ ზურგით მიყუდებულიყო, რომ ლაშა თვალთახედვიდან მოეშორებინა…
მაგრამ ბიჭის ხელი ხმამაღალი ლაწუნით მიეხეთქა კარზე და მისი მოძრაობა წამსვე შეაჩერა. სალომეს გული ყელში ამოუხტა და ჩაქუჩივით დაუწყო ბაგაბუგი.
თითქოს გამოერკვა. შეკრთომა აღმოხდა, კარს ხელი ცივად გაუშვა, უკან სწრაფად დაიწია და კედელს შეეხეთქა, თუმცა ლაშას თვალს არ აცილებდა.
-აქ… შენ… – საბანი მაგრად ჩაბღუჯა, ტანიდან უცურდებოდა. – აქ რა გინდა…?
ლაშამ არ უპასუხა. ხელი ისევ კარზე მიებჯინა. მეორე ხელიც ამოიღო ჯიბიდან, შემოვიდა და კარი მიხურა.
სალომეს მთელი სხეული ერთიანად დაეძაბა, დაჭიმული მიშტერებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს და გაქცევისათვის მომზადებულიყო.
-არ გესმის? – ძალა მოიკრიბა და შეუყვირა მან, მერე კი საბანი მაგრად ჩაბღუჯა.
-რა გაყვირებს? – ხმადაბლა უპასუხა ლაშამ და კაპიუშონი გადაიწია. სალომემ წარბები ასწია და ისე მიაშტერდა. ლაშამ მბზინვარე შავ თმაზე ხელი გადაისვა, რომ თმა უკან გადაეწია.
-უბრალოდ გესტუმრე. – ცალყბად გაიცინა მან და წინ წამოიწია.
სალომეს უცნაური ხმა აღმოხდა, სწრაფად გაიწია მარჯვნივ და შემოსასვლელთან მიერთებულ სასტუმრო ოთახში გავიდა.
ლაშა შედგა.
მოიღუშა.
-რა იყო? – დაისისინა მან. – აუცილებელია, რომ ჩემგან ასე შორს იდგე? რას ვაკეთებ ცუდს?
სალომემ თვალები დაახამხამა.
-გაგიჟდი? – წარბები შეკრა მან. – მთელი ერთი თვე მაწვალებ, მტანჯავ, როგორც ძაღლს, ისე მექცევი, და ახლა, როცა ბოლოს და ბოლოს წამოვედი, მოდიხარ და მეუბნები, გესტუმრეო? – სალომეს სახეზე აღშფოთება გამოეხატა. – წადი! არავის მოუწვევიხარ აქ!
-ოჰო… – ჩაიცინა ბიჭმა, თუმცა გოგონამ შეამჩნია ამ ღიმილის სიმწარე. – შენ გგონია, რომ აქ მოსასვლელად მოსაწვევი მჭირდება? ამ… – ლაშამ ამრეზით მოავლო ბინას თვალი.
-არ თქვა! – შეუყვირა სალომემ. არ სურდა ვინმეს მისი საცხოვრებელი ადგილისათვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, მითუმეტეს ლაშას, რომელიც იმხელა სახლში ცხოვრობდა და ამას საერთოდ ვერ აფასებდა. – ვიცი, რომ ეს ბინა ბევრი არაფერია, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ და ამიტომ გთხოვ, პატივისცემა გამოიჩინო! ახლა კი წადი! – მან კარისაკენ გაიშვირა თითი.
ლაშას სახის ნაკვთები ერთიანად დაეჭიმა და ხელები ჯიბეებში ჩარგო.
-არ მკითხავ მაინც, რისთვის მოვედი? – ხმადაბლა ჰკითხა მან.
სალომემ ღრმად ამოისუნთქა. ელოდებოდა, რომ ლაშა ისევ იფეთქებდა, მაგრამ მან პირიქით, სიმშვიდე შეინარჩუნა. გოგონამ თავი გვერდზე გადასწია და ბიჭს უნდობლად მიაჩერდა.
-კარგი. – ამოიხვნეშა მან. ცოტათი დამშვიდდა, მაგრამ მაინც ეჭვით მიაშტერდა ლაშას. – რისთვის მოხვედი? – ჩაეკითხა იგი.
ლაშას თვალებში რაღაცამ გაჰკრა. ყბა დაეჭიმა.
-მე… ბოდიშის მოსახდელად მოვედი. – სწრაფად თქვა მან.
სალომემ თვალები დააჭყიტა. უნდოდა ამ აბსურდულ წინადადებაზე გაეცინა.
მაგრამ ლაშას სახეში ჩააშტერდა და სერიოზული გამომეტყველება და დაძაბული ნაკვთები რომ დაინახა, სახეზე გამოსახატავად მომზადებული ღიმილი სახეზე შეახმა.
-როგორ? – დაიჩურჩულა მან. უბრალოდ არ სჯეროდა.
-ბოდიშს გიხდი. – თითქოს ძალით ათქმევინესო, ისე უპასუხა ლაშამ. – ეს ერთი თვე… სულელურად ვიქცეოდი, ვაღიარებ. ბოდიშს გიხდი და მინდა რომ ხელახლა დავიწყოთ.
ლაშამ ხელი გამოუწოდა, სალომე მოულოდნელობისაგან შეხტა და ოდნავ უკან დაიწია. ჯერ კიდევ გაოგნებული იყო და ვერ ხვდებოდა, რა გაეკეთებინა, ეს ყველაფერი სერიოზულად მიეღო თუ არა…
ლაშას სახე დაეჭიმა, გამოწვდილი ხელი მაგრად მომუჭა, და ძირს დაუშვა. ოდნავ ასწია შეკრული მუშტი, მერე კი ისევ დაუშვა. სახეზე ელვის სისწრაფით ეცვლებოდა გამომეტყველებები. აშკარა იყო, რომ საკუთარ თავს ებრძოდა.
-კარგი. – თქვა მან ბოლოს. სახე დაუწყნარდა და სალომეს უცნაურად დასჩერებოდა.
მერე კი გაიღიმა.
-მაშ… – მან ხელები დაისრისა და თავი დააქნია. სალომეს რამდენჯერმე ახედ-დახედა, თვალს არ აცილებდა. გოგონა ცოტათი აწითლდა და თვითონაც დაუქნია თავი. საოცრად უხერხულად გრძნობდა თავს, თითქოს ერთიანად ახურდა…
-მე წავალ. – უთხრა ლაშამ და უკანსვლით გადაადგა რამდენიმე ნაბიჯი, მერე კი შეტრიალდა და კარისაკენ გაემართა. სალომემ ინსტინქტურად რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა, მერე კი შედგა.
ლაშა შეყოვნდა და შემოტრიალდა.
-გესტუმრები კიდევ. – უთხრა მან, კიდევ ერთი ღიმილი ესროლა და ოთახიდან გავიდა.
კარი მოიხურა.
რამდენიმე წამი რომ გავიდა, სალომე მაშინღა მიხვდა, რომ თვითონაც იღიმებოდა.
-*-*-*-*-*-18
სალომე მეორე დილით გავიდა სახლიდან, რომ ზურაბთან გასულიყო და სამსახურში დაბრუნებულიყო. თავის მეორე სამსახურშიც აპირებდა გასვლას, რომ იქაც ეთხოვა ადგილზე დაბრუნება. მიდა გასაკვირად, ორივეგან მიიღეს. ზურაბისაგან არ გაჰკვირვებია, მაგრამ მაღაზიის პატრონი, მუდამ ბუზღუნა, მკაცრი და მომაბეზრებელი გიორგი რომ სივილურად და ხელგაშლილად შეხვდა, უკვე გამაოგნებელი იყო.
სალომემ თავი გააქნია და კაფეში კუთხის მაგიდასთან მჯდომი წყვილის შეკვეთა ჩაიწერა. საათს ახედა. მალე მარიამი უნდა მოსულიყო თავისი სმენისათვის…
კარი გაიღო და სალომემ სწრაფად აიხედა. მარიამი გრიგალივით შემოვარდა, უშველებელი ჩანთა გადაეკიდა და თავზე ქუდი მოღრეცოდა. სალომეს ჰკიდა თვალი, პირი დააღო, კარი სწრაფად მიაჯახუნა ზურგს უკან და მისკენ წამოვიდა.
გოგონამ წარბი ასწია, შეკვეთების ბლოკნოტი წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო და მაგიდიდან ცოტა გვერდზე გაიწია.
-შენ… – მივარდა მარიამი და თითი სახეში მიუშვირა. თვალები გაფართოებოდა და აღტაცებით ავსებოდა. – რას აკეთებდი ეს ერთი თვე?
სალომემ თვალები დაჭყიტა.
-რატომ მეკითხები? – უხერხულად შეიშმუშნა ის და ფეხი მოიცვალა. – სამსახურში ვიყავი სხვაგან… მერე კი დავეთხოვე, რა მნიშვნელობა აქვს ამას?
მარიამმა პირი დააღო და თვალები მოჭუტა. მერე კი სალომეს ხელი ჩაავლო მკლავში და დახლისაკენ წაათრია. სწრაფად მოიძრო ჩანთა და კედელთან მიაყუდა, მერე კი ქურთუკი ჩამოჰკიდა სამზარეულოს კარზე. მერე კი სალომეს მოუბრუნდა.
-იცი, აქ ვინ მოვიდა გუშინ? იცი? – ჩაეკითხა იგი, ქუდი მოიძრო და გოგონას სახეში მიუშვირა. მერე კი მთლად აწითლდა და ოხვრით დაემხო დახლთან მდგარ სკამზე.
სალომე უსიტყვოდ მიაჩერდა. თითქოს იცოდა პასუხი, მაგრამ არ სურდა, რომ დაეჯერებინა.
გონებაში კორიანტელად უტრიალებდა ფიქრები. „ვინ უნდა მოსულიყო? ნუთუ… ნუთუ ლაშა მოვიდა? მაგრამ რატომ?“
-ვინ იყო და ვიღაც მაღალი, კაპიუშონიანი, მოტოციკლიანი ახალგაზრდა მამაკაცი! – მოუბრუნდა მარიამი. სალომეს თვალები გაუფართოვდა. სუნთქვა ყელში გაეჩხირა და იგრძნო, როგორ აუჩქარდა გულისცემა. მარიამს არ შეუნიშნავს, გაცხოველებულ ლაპარაკს აგრძელებდა. – აქ შემოვიდა და პატრონი მოითხოვა. უარს როგორ ვეტყოდი? ზურაბთან შევაგზავნე და კარებზე ტკიპასავით ვიყავი აკრული, რომ რამე გამეგო. და იცი, რა უთხრა ზურაბს?
-რა? – წამოსცდა სალომეს. ინტერესით მიშტერებოდა თანამშრომელს.
-რა და სთხოვა, რომ სამსახურში დაებრუნებინე, აქ თუ მოხვიდოდი! – ატყდა მარიამი. მერე კი, როცა მიხვდა რომ ხმამაღლა მოუვიდა, პირზე ხელები აიფარა და მიმოიხედა. სალომე გაშტერებული და გაოგნებული მისჩერებოდა.
-როგორ თუ… – ძლივს ამოილუღლუღა მან. მერე კი გაახსენდა, როგორ გახსნილად და ღიმილით შეხვდა გიორგი…
-აი, თურმე რატომ… – ამოილუღლუღა მან, შებრუნდა და მძიმედ ჩამოჯდა მეორე სკამზე.
-თურმე რა? – ჩაეძია მარიამი.
-არა… დილით გიორგის მაღაზიაში მივედი და ხელგაშლილი, ღიმილით შემხვდა… – სალომემ თავი გააქნია შუბლზე ხელი მოისვა. – ალბათ იქაც მივიდა…
-ვინ არის? – მკლავზე ხელი წაჰკრა მარიამმა და ინტერესით შეაჩერდა. – რა ჰქვია?
სალომე წამიერად გაჩუმდა.
-ლაშა. – თქვა მან ბოლოს. – ლაშა ჰქვია.
-გვარი? – ჩაეძია მარიამი. – გვარი არა აქვს?
სალომემ მურმანის გვარი გაიხსენა. ის ხომ ლაშას ბაბუა იყო მამის მხრიდან…
-დაშნიანია. – მიუგო მან. – ლაშა დაშნიანი.
-ვაახ… – აღმოხდა მარიამს. თავი ხელისგულზე დააბჯინა და ამოიხვნეშა. – სახელიც კი მაგარი აქვს…
სალომემ წარბი ასწია და ისე მიაშტერდა.
-შენ არც კი იცნობ. – ჩაიფრუტუნა მან. – ეგ ჩემი ყოფილი უფროსი იყო იქ, სადაც ვმუშაობდი. და დამიჯერე, ველური და უზრდელი იდიოტია…
-რა მნიშვნელობა აქვს? – ხელი აუქნია მარიამმა, თითქოს მომაბეზრებელ ბუზს იშორებსო. თვალები ისევ ჭერისათვის გაეშტერებინა. შეძრწუნებული სალომე პირდაღებული უყურებდა, როგორ დაიხვია მარიამმა კულული თითზე და როგორ დაებინდა თვალები.
-არ მითხრა, რომ მოგწონს. – ამოილუღლუღა მან. მარიამი მოუტრიალდა, აღშფოთებით მიაშტერდა.
– როგორ შეიძლებოდა რომ არ მომწონებოდა, სალომე? – შეუტია მან. – იცი რა მკლავები ჰქონდა? და რა ხელები? პირდაპირ… – მარიამმა ხელები გაასავსავა, ცალი ხელი მკლავთან მიიტანა და ლოყები დაბერა. – აი ასეთი.
სალომე უსიტყვოდ შეაშტერდა, მერე კი იგრძნო, როგორ ევსებოდა ერთბაშად მოწოლილი სისხლით სახე. დიახ, ძალიან კარგად იცოდა მისი ყოფილი უფროსის მკლავები და მათში ჩამალული ძალა…
სალომემ თვალები დაახამხამა.
სასწრაფოდ გარეთ უნდა გასულიყო და ცივი ჰაერი შეესუნთქა.
-კარგი. – სწრაფად წამოდგა ფეხზე და სწრაფად მოიხსნა წინსაფარი, რომელიც მარიამს შეატენა მკლავებში. მერე კი სწრაფად ჩამოხსნა თანამშრომლის ქურთუკის გვერდით ჩამოკიდებული მოსაცმელი და ჩაიცვა, თავზე ქუდი ჩამოიფხატა და სწრაფად აიტაცა დახლის გვერდით დადებული ჩანთა.
-მეჩქარება, გავიქეცი ახლა! – დაიყვირა მან დახლთან მჯდომი გაშტერებული მარიამის გასაგონად და კარში გავარდა.
ჩანთა ზურგზე მოიგდო და თავი ზემოთ ასწია.
გახურებულ სახეზე სიამოვნებით მოხვდა ცივი ჰაერი და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას.
„რატომ მოვიდა ლაშა აქ?“ გაიფიქრა მან. ეს ამბავი ძალიან აწუხებდა და აფორიაქებდა. რისი გულისთვის უნდა ეთხოვა ლაშას მისი სამსახურში აღდგენა? ეს მას თითქოს არაფერში არ აწყობდა…
ნუთუ უბრალოდ სალომესათვის გააკეთა ეს ყველაფერი?
გოგონამ თავი გააქნია. ნაბიჯს აუჩქარა.
ცა ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ და ძალიან ციოდა.
დეკემბერი იდგა, სიცივის მიხედვით, ალბათ მალე თოვლიც მოვიდოდა.
-*-*-*-*-*-
სალომემ ჩაის მოურია და ტახტზე ფეხები აიკეცა. უგემურად მოსვა უკვე შეციებული, უშაქრო სითხე და მოიბუზა. სახლში ელექტროობა აღარ ჰქონდა, გადაუხდელობის გამო გამოერთო. რაც ფული ჰქონდა, იმას საჭმლისათვის იზოგავდა. ერთი სული ჰქონდა, სანამ ხელფასს მიიღებდა, რომ გათბობის ფული გადაეხადა. თორემ მოუწევდა სულ ასე ცივი ჩაის ხვრეპა და გაყინულ ბინაში, საბანში გამოხვეულ ჯდომა და ლოგინში ჩაწოლისას კბილების კაწკაწი…
იცოდა, რომ ამ სიტუაციიდან მალევე გამოძვრებოდა, მაგრამ მაინც ნაღვლიანად გრძნობდა თავს. ჰო, ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა, მერე? მერე რაღა მოხდებოდა? ისევ გამყიდველად და კაფეში მიმტანად იმუშავებდა მთელი თავისი ცხოვრება? ნუთუ ეს იყო მისთვის განკუთვნილი, სხვა არაფერი?
არადა როგორ უნდოდა ექიმი გამოსულიყო. ძალიან იზიდავდა ქიმია და ბიოლოგია, ამ ორ საგანში ყველაზე მაღალი ნიშნები ჰქონდა. ყოველთვის სიამოვნებდა გაკვეთილზე დასწრება და რაღაც ახლის გაგება, მასწავლებელს გამოუჭამდა ხოლმე ტვინს კითხვებით…
სალომემ თავი გააქნია და ამოიხვნეშა. სიცივისაგან ცოტათი გრძნობადაკარგული და გაშეშებული თითები ჭიქას მოუჭირა და ნელა მიიტანა პირთან. ენაზე მჟავე შეგრძნება გაუჩნდა და ასევე ნელა დასწია ჭიქა, რომ მაგიდაზე დაედო, მერე კი საბანი უფრო მაგრად შემოიხვია. იქნებ გასულიყო და ცოტა პროდუქტი ეყიდა მაინც…
ორი დღე გავიდა ლაშას სტუმრობისაგან. სალომე, თავისდა გასაკვირად, ხანდახან ფანჯარასთან დადგებოდა და დაორთქლილ მინას გადაწმენდდა, რომ ქვემოთ გადაეხედა. მერე ხვდებოდა, ვისი დანახვაც უნდოდა და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა. ლაშას ჯერ კიდევ უნდობლად უყურებდა, მაგრამ მაინც, მან ხომ ბოდიში მოუხადა. სალომე არც კი იოცნებებდა იმაზე, რომ ოდესღაც მასთან ლაშა დაშნიანი მოვიდოდა, მის პატარა სახლში, და ბოდიშს მოუხდიდა, თან ხელს გამოუწოდებდა ჩამოსართმევად. ეს სურრეალური და არარეალისტური ეჩვენებოდა.
მაგრამ ახლა…
აფასებდა თავისი ყოფილი უფროსის სენტიმენტსა და ძალისხმევას. იმის მიხედვით, რაც სალომემ ლაშაზე იცოდა, ბიჭისათვის აუტანელად ძნელი უნდა ყოფილიყო აქ მოსვლა და მისთვის თუნდაც ორიოდე სიტყვის თქმა, მითუმეტეს ბოდიშის მოხდა…
ლაშას შეეგუა. მართალია, რომ იგი არ მოსწონდა, მაგრამ მაინც შეეჩვია ადამიანის გვერდით ყოველდღე ყოფნას. უმეტესად, იმ ტყეში დადგმულ სახლში გატარებული დღეები ძნელი და აუტანელიც კი იყო, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო სხვა ადამიანთან ერთ სახლში ცხოვრება.
სალომე უეცრად მოიღუშა და ჩაფიქრდა. სხვა ადამიანის გაფიქრებაზე გაახსენდა გვანცა. ახლა სად იყო ნეტავ? ლაშა ხომ წამოვიდა სახლიდან, ნუთუ გვანცა იქ დატოვა?
გოგონას თვალები გაუფართოვდა. ლაშა ფაქტიურად, უმტკიცებდა, რომ მას მეგი უყვარდა, მისთვის გვანცა და მეგის შემცვლელი იყო. წესით, ლაშა საერთოდ არ უნდა წამოსულიყო იქედან და პირიქით, გვანცასთან მარტო დარჩენა აღენიშნა.
მაგრამ იგი მაინც წამოვიდა. წამოვიდა, რომ თავისი მოსამსახურისათვის, რომელსაც ასე ცუდად ექცეოდა, ბოდიში მოეხადა.
სალომეს ტუჩის კუთხეები შეუთრთოლდა, მაგრამ ცდილობდა რომ არ გაჰღიმებოდა. არ სურდა სულელი გოგოსავით აკისკისებულიყო. იცოდა, რომ ასეც გააკეთებდა, თუ საკუთარ თავს არ მოთოკავდა.
ბოლოს მაინც ოდნავ ჩაიცინა და შეეცადა, რომ საბანში უფრო ღრმად ჩამძვრალიყო.
ფიქრი შეწყვიტა, რომ უბრალოდ მჯდარიყო და დაესვენა.
ბინაში სიჩუმე იდგა.
სალომემ ახლაღა გაიგონა კედელზე ჩამოკიდებული საათის ტაკატუკი და თავი გვერდზე გადასწია, რომ საათისათვის შეეხედა.
უსიტყვოდ მისჩერებოდა საატის მოძრავ ისრებს და მობეზრებულმა ფეხის თითები აათამაშა წინდებში, რომ რამიტ მაინც გაერთო თავი.
საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა.
სალომემ ამოიხვნეშა და თავი მუხლებზე დადო. მაინც რა აუტანელი იყო ეს სიწყნარე, საათის ტაკატუკი…
მერე კი ბინაში დამდგარი სიჩუმე კარზე კაკუნის ხმამ დაარღვია.
სალომე ისე გართულიყო თავის ფიქრებში, რომ მოულოდნელობისაგან შეხტა და კინაღამ იატაკზე გაადინა ბრახვანი. მაგრამ რომ გამოერკვა, სწრაფად გადმოძვრა ტახტიდან და თითქმის სირბილით გაემართა კარისაკენ.
„ალბათ ლაშა მოვიდა…“ გაიფიქრა მან და ხელი ასწია, რომ კარი გაეღო. ხელები სიცივისაგან უკანკალებდა და ცოტათი შეაჟრჟოლა, გაყინულ სახელურს რომ დაადო თითები. მაგრამ უცნაური სითბო უვლიდა სხეულში, როცა გაიფიქრა, რომ ლაშა თავის სიტყვას შეასრულებდა და მის სანახავად მოვიდოდა და ცოტა ხნით მაინც კომპანიონობას გაუწევდა.
სალომემ კანკალით შეისუნთქა, წინდიანი მარჯვენა ტერფი მარცხენა ფეხის წვივზე დაისვა გასათბობად და სახელური მაგრად დასწია.
-*-*-*-*-*-
ლაშამ ორი დღე მოანდომა მომზადებას, რომ სალომესთან კიდევ ერთხელ წასულიყო. კიბეებზე რომ ადიოდა გოგონას ბინისაკენ, ხერხემალსი ჟრუნატელი უვლიდა და გული მძლავრად უცემდა. ვერ კიდევ არ დავიწყებოდა ის გრძნობა, რომელმაც თითქოს ერთიანად შეაქანა, როცა სალომემ კარი გააღო და გაფართოებული მწვანე თვალებით მიაშტერდა. როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა საკუთარი გულდაწყვეტა და მწარე სინანული, როცა გოგონამ ჯერ კარის მიკეტვა სცადა, მერე კი უკან დაიწია, რომ მისგან შორს დამდგარიყო. ასევე მას ხელიც კი არ ჩამოართვა…
მაგრამ ლაშას სჯეროდა, რომ ამ სიტუაციას გამოაკეთებდა. ისე უნდა მოეხერხებინა, რომ სალომეს მისი პატიება შესძლებოდა.
მაგრამ ლაშა ბუნებით მოუთმენელი იყო და ძალიან უნდოდა სალომეს თავის მკლავებში მოქცევა, მისთვის კოცნა და მწვანე თვალებში თავისუფლად ჩახედვა, ისე რომ გოგონას სახეზე შიში და უნდობლობა არ დაენახა. სურდა სალომეს მის დანახვაზე სიხარულითა და აღტაცებით სავსე გამომეტყველება ჰქონოდა, თან ძალიან…
ამიტომ ცოტათი ეშინოდა კიდეც. იცოდა, რომ შესაძლებელი იყო, გოგონასთან თავი ვერ შეეკავებინა და ისეთი რამ ჩაედინა, რასაც მოგვიანებით მწარედ ინანებდა, სალომეს თვალში კი კიდევ უფრო დაიმდაბლებდა თავს…
 მაგრამ ახლა ამისათვის არ ეცალა. ფიქრები თავიდან გამოიგდო, სალომეს ბინის კარის წინ დადგა და ხმამაღლა დააკაკუნა.
ხელები წამსვე შეკრა მუშტებად და მაგრად ჩაიჩარა შარვლის ჯიბეებში, თავი ოდნავ უკან გადასწია, რომ კაპიუშონი უკან გადასწეოდა ცოტათი და მარცხენა თვალით მიაშტერდა კარს.
შიგნიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა მოისმა, რომლებიც კარს მოუახლოვდნენ. ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი სახელური დაიწია და კარი გაიღო.
ლაშამ მძლავრად შეისუნთქა და მთელი სხეულით დაიძაბა.
სალომე ზღურბლზე იდგა და მშვიდად მიშტერებოდა. მხრებზე საბანი ჰქონდა მოხვეული და მხოლოდ სახე, ცოტათი აბურძგნული თმა, და წინდებიანი ტერფები უჩანდა. ცხვირი ოდნავ შესწითლებოდა და ლაშას უცებ მოუნდა, რომ ხელი მოევლო მისთვის და მაგრად მიეხუტებინა ის გაწითლებული ცხვირი თავის კისერში.
სამაგიეროდ კი ყელი ჩაიწმინდა და წინ ნაბიჯი გადადგა.
სალომემ გვერდზე ჩაიწია და თავი ოთახის მიმართულებით გადააქნია. სახეზე მშვიდი გამომეტყველება ეხატა, მაგრამ ბიჭმა მაინც შეამჩნია, თუ როგორ აეწია ტუჩის კუთხე ოდნავ და სახეზე მოწოლილი ღიმილის შეჩერება ვერ შეძლო.
-შემოდი. – უთხრა სალომემ და ლაშამ უყოყმანოდ შეაბიჯა. გოგონა მაშინვე სასტუმრო ოთახში გავიდა. ბიჭმა კარი მიკეტა და უკან მიჰყვა.
სალომემ ტახტზე მიუთითა. ლაშა ჩამოჯდა, და წარბაწეული უყურებდა, როგორ დაჯდა სალომე მის წინ დადგმული მაგიდასთან მდგომ სკამზე, მაგრამ არჩია არაფერი ეთქვა.
-არ მეგონა რომ მოხვიდოდი. – სიჩუმე დაარღვია სალომემ. ლაშა თვალმოუშორებლად უყურებდა, გოგონაც ასევე ჯიუტად ჩააშტერდა.
-და მაინც, მოვედი. – უპასუხა ლაშამ და ტახტის საზურგეს მიეყუდა, მერე კი წარბი შეკრა და იქაურობა მოათვალიერა. – რატომ ცივა აქ ასე ძალიან? – იკითხა მან.
-გათბობა გამოვრთე. – სწრაფად უპასუხა სალომემ. – ბევრს წვავს, თან არც არ საჭირო დიდად…
-საჭირო რომ არ იყოს, ახლა საბანი არ გექნებოდა მოხურებული. – წარბი ასწია ლაშამ და თავის ერთი აქნევით კაპიუშონი თავიდან გადაიგდო. უყვარდა, როცა ამას აკეთებდა, და მისი სახის გამოჩენაზე სალომეს საერთოდ არ ეცვლებოდა გამომეტყველება…
-შუა დეკემბერია. – გააგრძელა მან. – რამ მოგაფიქრებინა საერთოდ გათბობის გამორთვა?  ასე თუ გააგრძელებ, შენს მეზობლებს ლოგინში გაყინული დახვდები.
სალომემ ჩაიცინა.
-პირდაპირ რა პოზიტიური ადამიანი ხარ. – ირონიულად უთხრა მან. – ახლა დაძინების შემეშინდება, რომ ძილში არ გავიყინო.
ლაშამ გაიცინა და გოგონას მიაშტერდა.
-მერე? – ჩაეკითხა იგი. – რას იყინები? – უბრალოდ ჩართე ეს დასაწვავი გათბობა და ეგ არის.
-არა, არა, მართლა ბევრს წვავს. – უპასუხა სალომემ. ლაშამ თავი გვერდზე გადასწია და მოიღუშა. სალომემ თვალები გააცეცა, ზედმეტად სწრაფად ამბობდა ყველაფერს…
მერე კი გაახსენდა.
სალომე ხომ მთელი ერთი თვე მასთან მუშაობდა, და დედამისს თუ დაუჯერებდა, საფასური ჯერ არ მოეთხოვა.
ესე იგი…
-შენ რა… – წყნარად თქვა მან. – გათბობა და დენი გამოგირთეს?
სალომემ თვალები დაჭყიტა.
-არა… – გაიცინა მან. – რა სისულელეა…
-დავალიანების გამო გამოგირთეს, ხომ? – ჩაეკითხა ლაშა და წინ გადმოიწია, მუხლებზე ხელები დაიწყო. დაჟინებით ჩააშტერდა სალომეს გაფართოებულ თვალებში.
თითქოსდა ახლა გააცნობიერა, რამხელა ღირსება ჰქონდა სალომეს და მისდამი პატივისცემა განუახლდა. იგი დავალიანების ამბავს უმალავდა და არ წუწუნებდა, იმის მიუხედავად, რომ ამ ცივ ოთახში იყინებოდა…
-კარგი. – თქვა მან და ისევ საზურგეს მიეყუდა. თვითონ მოაგვარებდა ამ საქმეს, მაგრამ არ უნდოდა, რომ აქ სპექტაკლი მოეწყო, რადგან იცოდა, რომ სალომე კატეგორიულ უარს განაცხადებდა მის შემოთავაზებაზე. ამიტომ გადაწყვიტა, აქ გაჩუმებულიყო და ეს თემა აღარ გაერჩია.
-ახლა სად ცხოვრობ? – ჰკითხა უცებ სალომემ. ლაშამ გამოხედა.
-დედაჩემთან. – მიუგო მან. მერე კი ტახტის ზურგზე მკლავი გადადო და უკეთესად მოეწყო. – რაში გაინტერესებს? – გაიღიმა მან.
სალომემ ჩაიცინა და ღიმილით ამოხედა.
-არა, თუ გინდა, მისამართს მოგცემ. – თქვა ლაშამ და ბინას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. – ამ სიცივეში ყოფნას, იქ გათბები მაინც…
ბიჭმა გოგონას გადახედა, მაგრამ მისდა გასაკვირად, სალომე აღარ იღიმებოდა. მან არაფერი უთხრა, უბრალოდ გვერდზე გაიხედა და კედელს ჩააშტერდა.
ლაშა ახლაღა მიხვდა, რა სისულელე წამოროშა და სურვილმა წამოუარა, რომ კედელზე ეხალა თავი.
ამოიხვნეშა და სახე მოისრისა.
-მისმინე… – დაიწყო მან და სალომეს თვალებში ჩახედა, როცა გოგონამ გამოხედა და უფრო მაგრად სემოიხვია საბანი. ლაშამ დაინახა, თუ როგორ ეხახუნებოდა მისი მარცხენა ტერფი მარჯვენა წვივზე, ალბათ გასათბობად და გული ჩასწყდა.
-აქ მოდი. – უთხრა მან და მარჯვენა ხელი გაუწოდა. სალომეს თვალები გაუფართოვდა და ლაშას წამიერად მოუნდა, რომ გაეცინა მის გაპობილ ტუჩებსა და თვალებდაჭყეტილ გამომეტყველებაზე, მაგრამ თავი სეიკავა.
-რას ამბობ… – ამოილუღლუღა გოგონამ, მისმა მარცხენა ტერფმა მთლად შეწყვიტა მოაძრაობა და ახლა მის მარჯვენა კოჭთან გაჩერებულიყო. თმა უფრო მეტად აბურძგნოდა და ფანჯრიდან შემომავალ სინათლეზე უელვარებდა.
-აქ მოდი. – გაუმეორა ბიჭმა, ხელი არ დაუშვია.
ორი წამი გავიდა.
ლაშას სახე დაეჭიმა და ის იყო, რომ ხელი ისევე უნდა დაეშვა, როგორც ორი დღის წინ, რომ სალომე უეცრად ფეხზე წამოდგა, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი ნელა გადაადგა და გვერდით დაუჯდა. ფეხები ტახტზე აიკეცა. ჯიუტად ჩაშტერებოდა იატაკს და სახეზე ისევე ისეთი მშვიდი გამომეტყველება ეხატა, მაგრამ ლოყებსა და ყურის ოდნავ გამოჩენილ წვერზე ეტყობოდა სიწითლე.
ლაშამ არაფერი თქვა, უბრალოდ მარჯვენა ხელი ზურგზე შემოახვია, მოაბრუნა და მერდზე მიიხუტა. იგრძნო მისი ოდნავი შეკრთომა, მაგრამ ხელი არ გაუშვია, პირიქით, უფრო მაგრად მიიკრა.
სალომეს გაციებული ცხვირი მის მხარში ჩაერგო და გაუნძრევლად იჯდა.
ლაშამ მარცხენა მკლავი ჩამოსწია ტახტის ზურგიდან და ისიც მაგრად შემოხვია ზურგზე. გული მძლავრად უცემდა და მის მკლავებში გამომწყვდეული გოგონას თმის სურნელს ისუნთქავდა.
სურნელი საერთოდ არ შეცვლილიყო.
ისევ იასამანი.
თითქოს იასამნის ბაღებში იჯდა.
სალომე უეცრად მოტრიალდა, უფრო მოხერხებულად დაადო მხარზე თავი და გაოგნებულმა ბიჭმა იგრძნო, თუ როგორ სწრაფად მოეხვია მკერდზე გოგონას თხელი მკლავები.
გაუნძრევლად იჯდა, გატოკებას ვერ ბედავდა.
იცოდა, რომ სალომე მის გულისცემასა და აჩქარებულ სუნთქვას გრძნობდა და არ იცოდა, რა ეფიქრა.
რამე უნდა ეთქვა.
-თუმცა რა საჭიროა ჩემთან მოსვლა. – ხმადაბლა თქვა მან. – იქ გათბობას, მე თვითონ, აქვე გაგათბობ ხოლმე.
სალომეს ოდნავი სიცილი აღმოხდა, მისმა ხელებმა ლაშას მაისური მომუშტეს.
ლაშამ შვებით ამოისუნთქა, და თვითონაც გაიღიმა.
-*-*-*-*-*-19
იმის შემდეგ, რაც ლაშამ სალომე გულში ჩახუტა იქამდე, სანამ გოგონა მთლად არ გათბა და აწითლდა, ბიჭმა ყოყმანით დაიწია უკან და უთხრა, რომ მისი წასვლის დრო იყო. სალომემ არაფერი უთხრა, უბრალოდ საბანი შემოიხვია სხეულზე და თავი დაუქნია.
ლაშა ნელა წამოდგა, და ისე გავიდა ბინიდან უკან არ მოუხედავს. მაგრამ მაინც გრძნობდა სალომეს მზერას მის ზურგზე.
იმის შემდეგ თვე და ერთი კვირა გავიდა. ლაშა ორ-სამ დღეში ერთხელ სტუმრობდა სალომეს. გოგონას ბინიდან წამოსვლის შემდეგ, მეორე დღესვე სცადა რომ მისი დავალიანება გადაეხადა, მაგრამ სალომეს უკვე მიეღო მისი ხელფასი და დაეფარა გადასახადი. მართლაც, არაფერი არ იყო იმაზე სასიამოვნო, როცა ლაშა მასთან მივიდა და ზღურბლზე საბანშემოხვეული და ცხვირაწითლებული სალომეს ნაცვლად მოკლე შარვალსა და მაისურში გამოწყობილი, რაც მთავარია მომღიმარი გოგონა დახვდა.
გრძნობდა, რომ მასში იზრდებოდა თბილი გრძნობდა სალომესადმი, თან ისეთი ზომითა და სისწრაფით, რომ ეშინოდა, არ გადმოეხეთქა, არ აფეთქებულიყო, როცა გოგონასთან ერთად იყო, და სისულელე არ ჩაედინა. მითუმეტეს, სალომე არ აადვილებდა ამ საქმეს. როცა ლაშა ეტყოდა, გვერდში მიუჯდებოდა, მიეხუტებოდა, გაფართოებული თვალებითა და აწითლებული ლოყებით ამოხედავდა. ლაშას ერთხელ კინაღამ მეხი დაეცა, როცა სალომემ კართან მიაცილა, ლოყაზე, ყბასთან ახლოს აკოცა და კარი ხმამაღალი ბრახუნით მოუხურა. ჯერ გაშტერებული იდგა ორიოდე წამით და კარს მიშტერებოდა, მერე კი შებრუნდა და ნელა ჩაიარა კიბეებზე.
ეს სამი კვირა მხოლოდ და მხოლოდ ერთმა შემთხვევამ ჩაუშხამა.
სადღაც მაღაზიაში იყო შესული და აქეთ-იქით დაბორიალებდა, პროდუქტებსა და სხვადასხვა გასაყიდს ათვალიერებდა, როცა ხორცის განყოფილებასთან ის შენიშნა.
მეგის ყოფილი საქმრო, ცოტნე მიქელაძე, მამაკაცი, რომელმაც ლაშას ცალ თვალში ხედვა დააკარგვინა და სხეული დაუმახინჯა, დახლთან იდგა და ღორის ხორცის მოზრდილ პორციას ყიდულობდა. ლაშას სისხლი თვალებში მოაწვა მის დანახვაზე, მაგრამ სწრაფად შებრუნდა. არ სურდა რომ შუა მაღაზიაში უაზრო ჩხუბი წამოეწყო, რომელიც ხლაფორთის და ჩალურჯებული თვალის მეტს არაფერს მიუტანდა. მტრულად მისჩერებოდა ცოტნეს ზურგს და ცდილობდა, რომ შეკრული მუშტები დაემალა და სხეულში აგორებული მრისხანება ჩაეხშო. იცოდა, რომ სულელურად და უცნაურად გამოიყურებოდა, ადგილზე მიყინული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და კაპიუშონწამოხურებული, მაგრამ ახლა ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა, უბრალოდ არ ანაღვლებდა. სურდა წინ გაჭრილიყო და ცოტნესათვის ქეჩოში მოევლო ხელი და მაგრად მიენარცხებინა დახლზე, თავი კი მიეჭეჭყა კედელზე მაგრად, როგორც მაშინ უნდა გაეკეთებინა, ორი წლის წინ…
თუმცა, ეს რომ მაშინ გაეკეთებინა, სალომეს ვეღარ შეხვდებოდა.
ახლა მეგზე იქნებოდა დაქორწინებული. მეგზე, რომელიც მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნავდა, რომელმაც ამისათვის მიატოვა…
ეს, რა თქმა უნდა, არ ეცოდინებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან გაიგებდა მაინც.
უხაროდა, რომ დროზე ადრე გაიგო და სალომეს შეხვდა.
სალომეს გახსენებაზე გამომეტყველება დაურბილდა და შეკრული მუშტები მოუშვა. იგრძნო, როგორ დაუნავლდა მკერდში აბობოქრებული მრისხანება.
ფიქრებიდან გამოერკვა.
ცოტნეს შეხედა.
მიქელაძე იდგა და პირდაპირ მას მიშტერებოდა. სახეზე უცნაური გამომეტყველება ეხატა, ზუსტად ისეთი, როცა ორი წლის წინ, ნომერში შემოუვარდა და მის მკლავებში მეგის ნაცვლად სხვა ქალი დაინახა…
ლაშა არ განძრეულა, უსიტყვოდ მიშტერებოდა. მიქელაძეც ასევე მიაჩერდა, ნესტოები უთრთოდა და მუქ თვალებში ისეთივე უცნაური გამომეტყველება ეხატა, პირი დაეღმიჭა.
მერე კი ლაშას თვალი აარიდა და პირდაპირ დახლს ჩააშტერდა.
ლაშა ორიოდე წამით არგანძრეულა, უსიტყვოდ იდგა და დახლთან მდგომი ახალგაზრდის ზურგს ჩაშტერებოდა.
არ იცოდა, რა ეფიქრა.
მერე კი გამოტრიალდა და გასასვლელისაკენ გამოვიდა.
გრძნობდა, როგორ დაჟინებით დააშტერდა ბეჭებში მზერა და კბილები დააღრჭიალა. ახლა ჩხუბი და დავიდარაბა ნამდვილად არ უნდოდა.
ასევე არ სურდა რომ ცოტნეს ეცნო, და მისი სახე დაენახა. არ სურდა, რომ მის ყოფილ მეტოქეს ეზეიმა მისი დამახინჯებული სახის დანახვაზე.
აქედან უნდა გამქრალიყო.
-*-*-*-*-*-
სალომემ ამოიხვნეშა, გაიღიმა და პატარა კექსი მაგიდაზე დადო, მერე კი სამზარეულოში გაბრუნდა, რომ სადმე პატარა სანთელი მაინც მოეძებნა. უჯრებში ჩხრეკის შემდეგ მიაგნო ერთ თეთრ, ყვითელზოლებიან და ნახევრად ჩამწვარ სანთელს, ხელი დაავლო ასანთის კოლოფს და მაგიდასთან მიბრუნდა.
დღეს ოცი წლის ხდებოდა.
უცნაური იყო, თუ რა ჩქარა გაიარა დრომ. იცოდა, რომ ცოტა კლიშე იყო ამის გაფიქრება, მაგრამ მაინც, თითქოს გუშინ სკოლაში იჯდა და უაზროდ გადაჰყურებდა ეზოში მოთამაშე ბავშვებს.
ახლა კი აქ იჯდა, ამ მაგიდასთან. ზემოდან ნათურის მოყვითალო შუქი ეფრქვეოდა, წინ კექსი, ნახევრად ჩამწვარი სანთელი  და ასანთის კოლოფი ედო.
ცარიელ ბინას თვალი მოავლო და ფანჯარაში გაიხედა. სამსახურიდან ადრე დაეთხოვა და  სამი საათი იყო ჯერ, მაგრამ ცოტათი მობნელებულიყო ღრუბლების გამო, რომელთაც მთელი ცა დაეფარათ.
ალბათ ისევ მოთოვდა.
სალომე ფანჯრის დაორთქლილ მინას ჩააშტერდა და დაფიქრდა.
ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა, რომ ლაშას ახლა აქ ყოფნა მოუნდებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ უნდოდა ის აქ ყოფილიყო და სალომესათვის დაბადების დღე მიელოცა. მაგრამ რატომღაც ეხამუშებოდა ასე ფიქრი. თავის კექსს გახედა და ჩაეცინა. ლაშას ეს ერთი ყბის მოქნევად არ ეყოფოდა…
ვინ იფიქრებდა, რომ ბიჭი ასეთი თბილი იყო.
სალომემ ჩაიღიმა და გაწითლდა. ორივენაირი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც გულისხმობდა. იმ საღამოს ლაშამ ხელი რომ გამოუშვირა და უთხრა, აქ მოდიო, სალომეს ტვინს მოკლე ჩართვა ჰქონდა. ჯერ კარგად ვერ გაიგო, რას ეკითხებოდა მის წინ მჯდომი მამაკაცი, მაგტრამ რომ მიხვდა, თითქოს სხეული თავისით ამოძრავდა. ფეხზე წამოდგა და ლაშას მიუჯდა გვერდით, ბიჭმა კი იგი გულში ჩაიხუტა. სალომეს ზუსტად ისევე დაეუფლა კომფორტის შეგრძნება, როგორც მაშინ, დერეფანში, მაგრამ გრძნობდა, რომ კომფორტს ამჯერად სხვა რამეც დაემატა. სითბო, რომელიც მასზე ჩახუტებული სხეულიდან იღვრებოდა, განუზომელი იყო და პირდაპირ შეუძლებელი გახლდათ, რომ სალომე უფრო ახლოს არ მიხუტებოდა და ამ სითბოს წყაროზე მკლავები არ შემოეხვია. ლაშას ხელები მის ზურგზე ჰქონდა შემოხვეული და გაცხელებული ხელისგულები მის სხეულში სითბოს ტალღებს გზავნიდნენ, ლაშას მის თავზე ჩამოედო ნიკაპი…
სალომეს სერიოზულად ეგონა, რომ დადნებოდა.
მერე კი ლაშას ვიზიტები უფრო გახშირდა.
დაჯდებოდნენ, დაილაპარაკებდნენ, ჩაის დალევდნენ. ახალ წელს, ღამის ცხრა საათზე ლაშა ჩვეულებრივ მოვიდა, სალომეს საშუალო ზომის კალათა გადასცა, სადაც ათასი ნუგბარი ეწყო, მერე კი, სანამ გოგონა კალათაში იქექებოდა და ბედნიერებისაგან ბრწყინავდა, ტახტის მარცხენა მხარეს დაჯდა, თავის საყვარელ ადგილას. რა სურრეალური იყო იმის ცოდნა, თუ ტახტის რომელი მხარე იყო მისი საყვარელი, არა? მერე კი მაგიდაზე გადადებულ გაზეთს გადასწვდა, რომელშიც მის მოსვლამდე სალომე კროსვორდს ავსებდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და გაშალა. სალომეს იმ დროს უკვე მოემთავრებინა მაგიდის გაშლა და ახლა ყავას ადუღებდა.
-შაქარი რამდენი კოვზი გირჩევნია? – შეეკითხა იგი ტახტზე მჯდომ ლაშას.
– ორი, –  მიუგო ბიჭმა და გაზეთის ზემოდან მოხედა. – გმადლობ. –  გაუღიმა მან. გოგონამ გაუცინა, ორი კოვზი შაქარი ჩაყარა ჭიქაში და ქაფქაფა ყავა დაამატა. თავისთვისაც დაისხა ცხელი სითხე, მერე კი ფინჯნები ლამბაქებზე შემოდო და მაგიდისაკენ წამოვიდა.
მერეღა გააცნობიერა, რას ჰგავდა ეს სცენა.
მამაკაცი მაგიდასთან იჯდა, ფეხი ფეხზე გადადებული, და გაზეთს კითხულობდა. მაგიდა საახალწლოდ იყო გაწყობილი, ქალს კი მისთვისა და თავისთვის ოხშივარადენილი ყავა მოჰქონდა.
ეს ძალიან წააგავდა ოჯახურ სიტუაციას და სალომე ამის გაცნობიერებამ ისე დააფრთხო, რომ კინაღამ ფინჯნები გაუვარდა ხელებიდან. თითქოს ესმოდა ტელევიზორის ხმა, სადაც ახალი ამბები გადიოდა და წამდაუწუმ ახალი წლის მილოცვები მიმდინარეობდა, გაზეთის შრიალი, გარედან, ეზოდან ბავშვების ღრიანცელი, თითქოს ახლა ყავას მაგიდაზე დადებდა, გავიდოდა და ხმამაღლა გადასძახებდა ბიჭებს, რომ და არ გაეწვალებინათ და სახლში მალე შემოსულიყვნენ, თორემ ახალ წელს თოვლში დაჟიებულები შეხვდებოდნენ…
გამოერკვა და პირდაპირ ლაშაზე გაეყინა მზერა. ბიჭს გაზეთი დაეწია, ოდნავ მოეკეცა და წარბაწეული შეჰყურებდა.
-რა გჭირს? – ჰკითხა მან. – თითქოს გაგიშტერდა მზერა… – თქვა მან და თავი გვერდზე გადასწია.
-არა, არაფერი. – მიუგო სალომემ, აჩქარდა და ჭიქები მაგიდაზე დააწყო, მერე კი ლაშას გვერდით მიუჯდა. – უბრალოდ… რაღაც მომეჩვენა და გავშტერდი, არა უშავს. – მიუგო მან და თავი დააქნია, მერე კი ბიჭს გამამხნევებლად გაუღიმა.
-კარგი… – თქვა ლაშამ, მერე კი ყავას გადასწვდა და ცოტა მოსვა. – უჰ… – აღმოხდა მას და შუბლი შეიჭმუხნა. – ღმერთო, მდუღარეა ეს…
სალომემ ჩაიცინა, საკუთარი ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა და სული შეუბერა.
-ცოტა დაელოდე და განელდება. – მიუგო მან და კიდევ ერთხელ შეუბერა სული ოხშირავარდნილ სითხეს.
-ჰმმ…. – თავი დაუქნია ლაშამ, ჯერ კიდევ შეეკრა წარბები, მერე კი გადაკეცილი გაზეთი გაშალა და ნახევრად შევსებულ კროსვორდს ჰკიდა თვალი.
-შევავსოთ? – გამოხედა მან მის გვერდით გოგონას. სალომემ ჩაიცინა, მაგიდაზე დადებულ კალამს გადასწვდა და მოიმარჯვა.
-დავიწყოთ! – თქვა მან, ენთუზიაზმით აღსავსე ხმით და კალამი ახლოს მიიტანა ლაშას კალთაზე გადაფენილ გაზეთთან.
-მაშ კარგი… – ჩაიცინა ბიჭმა და კროსვორდს ინტერესით დააშტერდა. – მაშ ასე, კუნძული ეგეოსის ზღვაში…“
სალომე კიდევ ერთხელ გამოერკვა ფიქრებიდან და თვალები დაახამხამა. ისევ მაგიდასთან იჯდა, ოღონდ ამჯერად მის გვერდით არავინ იჯდა, წინ კი თავისი უბადრუკი კექსი, სანთელი და ასანთი ეწყო.
რას არ მისცემდა, რომ ახლა ლაშა შემოსულიყო და მისთვის დაბადების დღე მიელოცა, მაგრად ჩახუტებოდა, და სალომეს მის კისერში ჩაერგო თავი. ამაზე გაფიქრებაც კი გულმკერდს ერთიანად უჭიმავდა და იმდენად ძლიერად მოქმედებდა მასზე, რომ ხანდახან ამაზე ფიქრიც კი ეშინოდა. იმის გაფიქრებაც, უფრო სწორად, იმის გახსენებაც კი ეშინოდა, რომ ლაშას ისევ თავისი ყოფილი საცოლე უყვარდა. გულისცემა აუჩქარდებოდა და გულმკერდი ასტკივდებოდა, არაკომფორტულად ეჭიმებოდა მთელი სხეული და უნდოდა წელში მოხრილიყო…
რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რაც სჭირდა. ბევრი არაფერი, უბრალოდ ლაშა უყვარდა.
თითქოსდა სულ ეს იყო.
თან სულ ეს არ იყო.
როგორ უნდოდა, რომ ის ჩახუტებები, სხეულზე აკვრა და სითბოს გაზიარება მხოლოდ და მხოლოდ ეს არ ყოფილიყო. ხანდახან უნდოდა თავი აეღირა და ლაშასთვის ყელზე მკლავები შემოეხვია, მაგრად მოსჭიდებოდა და თითებით შეხებოდა მის სახეზე დატოვებულ ნაიარევებს. უნდოდა მის მკლავებზე დატოვებული დამწვრობის დაიარევების სტრუქტურაც ეგრძნო, მერე კი ეთქვა, რომ ეს ბიჭს მის თვალში საერთოდ არ ცვლიდა, რომ ის ისევ ის ადამიანი იყო, რომელმაც ამდენ ხანს გაუწია მეგობრობა, თავიდან ცუდად დაწყების მიუხედავად. ისევ ის ადამიანი იყო, რომელიც მის გვერდით დადგა ამ ხნის განმავლობაში, მახრში ედგა და მაშინ გაათბო, როცა იყინებოდა და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს.
ლაშამ უკეთესი ცხოვრების იმედი მისცა.
სალომე მისდამი უფრო მადლობელი ვერ იქნებოდა.
გოგონამ გაიღიმა, ამოიხვნეშა და მაგიდაზე დადებულ სანთელს დასწვდა, მერე კი კექსის თავზე დაარჭო. ასანთს გაკრა და სანთელს ცეცხლი მოუკიდა. სულელივით გაეცინა, როცა სანთელი ალიცლიცდა და სახეზე თბილი სინათლე აუთამაშდა. ფეხზე წამოდგა, რომ სინათლე ჩაექრო. ჯერ ფარდები ჩამოუშვა, მერე კი შემოსასვლელში გავიდა ჩამრთველ-ამომრთველის ამოსართავად.
ის იყო, რომ ამომრთველის წკაპუნი გაიგონა და ისევ თავის მაგიდასთან უნდა დაბრუნებულიყო, რომ კარზე კაკუნი გაისმა.
სალომე ოდნავ შეკრთა და მოიხედა. ვინ იყო ნეტავ? ჯერ ადრე იყო, ლაშა ცოტათი მოგვიანებით სტუმრობდა ხოლმე…
მაგრამ კაკუნი ლაშას კაკუნს წააგავდა..
სალომემ დაიგმინა და შუბლში იტკიცა ხელი. ნუთუ ყველა შეყვარებული ადამიანი ცნობდა საყვარელი პიროვნების კაკუნს?
თვალები გადაატრიალა, კარს მიუახლოვდა და გააღო.
აშკარად, თვითონ ცნობდა კაკუნს მაინც…
ზღურბლზე ლაშა იდგა, მან კაპიუშონი თავიდან გადაიგდო და ღიმილით დააშტერდა მის წინ მდგარ გოგონას. სალომემ გაიცინა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ერთი ნაბიჯი წინ და ლაშა დაინახავდა მაგიდაზე მდგარ სანთლიან კექსს, მითუმეტეს, როცა შუქი ბინაში ჩამქრალი იყო…
სანამ რამეს მოიფიქრებდა, ლაშა წინ გადმოიწია და ბინაში შეიხედა.
-აბა რა ხდება? – თან იკითხა მან. – რატომ გაქვს შუქი…
ლაშას თვალები გაუფართოვდა, როცა მზერა ჰკიდა მაგიდაზე დადგმულ, თვისთვის მოციმციმე სანთელს, რომელიც კექსში იყო ჩარჭობილი და სიტყვები პირში შეაშრა. სალომეს მოუნდა, რომ თვალები მაგრად დაეხუჭა და თავი ეხალა კედელზე.
-ეს… შენ რა, დაბადების დღე გაქვს? – ჩაეკითხა ლაშა სალომეს, თან თვალებში ჩააშტერდა, პასუხს ეძებდა.
სალომემ თავი დაუქნია და გვერდზე გაიწია, რომ ბიჭი ბინაში შემოეშვა. ლაშა ნელა შემოვიდა, კარი მიხურა და სალომეს გაჰყვა სასტუმრო ოთახისაკენ.
გოგონა მაგიდის წინ დადგა და კექსს დააშტერდა. ბიჭი გვერდით ამოუდგა.
არც ერთი ხმას არ იღებდა.
-მაშ კარგი… – თქვა უცებ ლაშამ და სალომეს ხელი წაავლო მკლავში, ტახტზე დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა, მერე კი კექსი მათკენ მოსწია.
სალომე ნაღვლიანად ჩაშტერებოდა ანთებულ სანთელს. ახლაღა იგრძნო, რომ ეს ამბავი უნდა ეთქვა თავისი მეგობრისათვის…
-რა ლამაზი დღეა… – წამოიწყო უცებ ბიჭმა და სალომემ თვალები დაჭყიტა, მერე კი გაღიმებულმა გადახედა ლაშას, რომელიც თვითონაც უხერხულად იღიმებოდა, და თვალები მოლივლივე ალისათვის გაეშტერებინა. – რა ლამაზი მზეა… – გააგრძელა მან და სალომეს სიცილი წასკდა. ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო. – იმიტომ რომ დღეს სალომეეეეეს…. – გოგონა ორად მოიხარა და პირზე ხელები აიფარა, სხეული უთრთოდა. ლაშამ ერთი მჟავედ გადახედა. – დაბადების დღეა… – დაამთავრა მან და სალომეს ზურგზე ხელი დაადო. – ჰე, მიდი, სურვილი ჩაიფიქრე და სანთელი გააქრე ახლა, მე ჩემი საქმე გავაკეთე.
სალომე გასწორდა და შეეცადა არ გასცინებოდა, ძლივს იკავებდა ღიმილს.
-მაპატიე, მაგრამ საშინლად მღერი. – უთხრა მან. ლაშამ თვალები გადაატრიალა და ისევ მჟავე გამომეტყველებით გამოხედა.
-მიდი, მიდი, შენ გააქრე ეს სანთელი. – უთხრა მან და ხელი აუქნია, მერე კი გამამხნევებლად გაუღიმა.
სალომე შეტრიალდა და დაფიქრდა.
ფიქრობდა, თუ როგორ მოახერხა ლაშამ ამ თითქოსდა არაფრით გამორჩეული, მდუმარე და ნაღვლიანი დღის სულ რაღაც ორ წუთში გადასხვაფერება, როგორ გრძნობდა თავს მის გვერდით…
ახალი წელი გაიხსენა.
თვალები დახუჭა და ინატრა.
იმ ჩვენების ასრულება ინატრა.
იცოდა, რომ თითქმის სეუძლებელი იყო, რომ ეს ნატვრა ასრულებულიყო, მაგრამ სწორედ ეს იყო ნატვრა, არა? ნატვრა იყო ის სურვილი, რომლის ასრულებიც იმედიც ყოველთვის არ არსებობს და თუ არსებობს, მაშინ ძალიან ცოტაა…
სალომეს ტუჩები აუთრთოლდა.
სული შეუბერა და სანთელი გააქრო.
თვალები რომ გაახილა, სიბნელე დაინახა. ცოტა ხანში შეაჩვია თვალი და მოიხედა.
ლაშა ისევ გვერდით უჯდა, ოღონდ წინ იყურებოდა. სალომეც წინ მიაშტერდა კედელს.
ცოტა ხანმა სიჩუმეში გაიარა.
-ოცი წლის ხარ. – დაარღვია სიწყნარე ლაშამ. – გილოცავ. – სალომემ ხმაში ღიმილი შეატყო და თვითონაც გაეღიმა.
-ჰო. – თქვა მან.
-აჰ, არა რა… – თქვა უცებ ბიჭმა. – ეს ხომ მნიშვნელოვანი თარიღია… რამე საჩუქარი უნდა მომეტანა… – დაამატა მან.
-არა, არა უშავს. – სწრაფად უპასუხა გოგონამ და მისკენ მოტრიალდა. – შენ რა იცოდი…
-აბა რა ვიცი… – ლაშამ მხრები აიჩეჩა. – საერთოდ ვამბობ.
ისევ ცოტა ხანი გავიდა.
-კარგი… – სალომემ მუხლებზე ხელები დაიწყო და ოდნავ წამოიწია. – შუქს ავანთებ და მერე მოვათავოთ ეს კექსი…
მისდა გასაკვირად, მკლავში ხელი სწვდა და შეაკავა. სალომემ გაკვირვებით დახედა მის გვერდით მჯდომ ლაშას. სიბნელეში მისი სახის გამომეტყველებას კარგად ვერ ხედავდა.
-არა, არ აანთო. – თქვა ბიჭმა და გოგონას თვალები გაუფართოვდა. – შენთვის საჩუქარი მაქვს.
-ჰოო? – ხმა გაუტყდა სალომეს. მუცელი რაღაცნაიარად ამოუტრიალდა. – მერე?
ლაშა ცოტა ხანი ხმას არ იღებდა.
მერე კი სალომემ იგრძნო, როგორ დაიძრა მის მკლავზე ჩაჭიდებული ხელი და როგორ გადავიდა იგი მხარზე, მერე კი შეკრთა, როცა ხელის შეხება ყელზეც იგრძნო.
ლაშამ ლოყაზე მოჰკიდა ცალი ხელი, მეორე კი მხარზე დაადო. სალომე გაყუჩული იჯდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა. მხოლოდ ხელების სითბოს გრძნობდა, რომელიც მთელ სხეულში უვლიდა და ტანს თითქოსდა უწვავდა.
მერე კი ლაშამ ცალი ხელის ცერი ნიკაპზე მოჰკიდა, და ტუჩებზე მსუბუქად აუსვა. გოგონას სხეული შეუთრთოლდა, ხელები მაგრად ჩაეჭირა თავისი შარვლისათვის.
ბიჭმა წინ წამოიწია, სახე ახლოს მოუტანა. მისი ცხელი სუნთქვა სალომეს ტუჩებზე მოეფრქვია და სალომეს ძლივს ჰქონდა დრო რომ გაეფიქრებინა „რას აკეთებს ღმერთო არ მჯერა…“, რომ ლაშა წინ წამოიწია და მათ შორის დატოვებული მანძილი დაფარა.
სალომეს კრთომა აღმოხდა, როცა ტუჩებზე შეხება იგრძნო, თვალები მაგრად დახუჭა და მის წინ მჯდარი ბიჭის მხრებზე მაგრად მოეჭიდა, თორემ ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ სადღაც გადავარდებოდა… ლაშამ მთელი ძალით წაავლო წელზე ხელები და მკლავები შემოჰხვია, თავი გვერდზე გადასწია და კოცნა უფრო ჩააღრმავა, იმდენად ახლოს მიიხუტა გოგონა, რომ სალომე დარწმუნებული იყო, რომ მათ შორის მანძილი აღარ არსებობდა.
გოგონამ თავი სწრაფად გადასწია უკან და ტუჩები მოსწვიტა კოცნიდან. ერთიანად კანკალებდა და მთლიანად ახურებულიყო, რომ არა მკლავები, რომლებიც იჭერდნენ, ალბათ ახლა უკვე გადავარდნილი იქნებოდა…
-რატომ… – ძლივს ამოილუღლუღა მან. ტუჩები უთრთოდა და სასიამოვნოდ, ოდნავ ჩხვლეტდა. – ვერ… შენ ხომ…
-რატომ? – ჩაეკითხა ლაშა, სალომემ გაფართოებული თვალები მიაპყრო, მის გამომეტყველებას ეძებდა. ბიჭს თვალები გამუქებოდა, ყბა ერთიანად დაჭიმვოდა და ნესტოები უთრთოდა. – შენი აზრით, რატომ გსტუმრობდი, რატომ ვიყავი შენთან, რატომ გაკოცე ახლა? ჰა? მითხარი, სალომე, შენ თვითონ რას ფიქრობ? შენ რა გინდა, რომ მიზეზი იყოს?
-მიყვარხარ, იცი? – თავი ვეღარ შეიკავა სალომემ, მერე კი ლაშას განცვიფრებული სახის დანახვაზე თავი მის მხარში ჩარგო. – იცი?
-ახლა კი… – უპასუხა ბიჭმა, თავზე წაავლო ხელი და მაგრად მიიხუტა. – მეც.. – ამოღერღა მან და სალომემ ტუჩზე იკბინა, რომ არ ეტირა. – ჰო, ჰო, მეც…
ლაშა ოდნავ დაირწა და ცოტა ხანი ასე იჯდნენ.
-სალომე. – თქმა უცებ მან და გოგონას ხელები გაუშვა. – რაღაც უნდა მოგიტანო, გესმის?
სალომემ მკლავები შეუშვა და ოდნავ უკან დაიწია. – რა? – ჩაეკითხა ის.
-რაღაც უნდა მოგიტანო… აქ… აქ დარჩი, გესმის? – უთხრა ლაშამ, შუბლზე მაგრად აკოცა და ფეხზე წამოდგა. – ნამდვილი საჩუქარი უნდა მოგიტანო…
სალომემ ვეღარაფერი უთხრა, გაუნძრევლად იჯდა და ვერ გაეგო, ეცინა თუ ატირებულიყო. თავი დაუქნია.
-კარგი. დაგელოდები. – უთხრა მან. ლაშამ გამოხედა, კარში გავიდა და ზურგს უკან მოიკეტა.
სალომე იჯდა.
სიბნელეში იჯდა და კედელს შეჰყურებდა.
სხეულზე ისევ შემორჩენოდა სითბო. შიგნეული უხურდა.
ტუჩები კი ისევ სასიამოვნოდ, ოდნავ ჩხვლეტდნენ.
-*-*-*-*-20
ლაშა ბინიდან გამოვარდა, კარი გამოკეტა და კიბეებს სწრაფად ჩაჰყვა, მაშინვე გავარდა გარეთ და ახლადდადებულ თოვლში გაიკვლია გზა. ფიფქები გახურებულ სახეზე ეცემოდნენ და მაშინვე დნებოდნენ, თუმცა მათთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. მანქანა გააღო, ჩაჯდა და ეზოდან ტრასაზე გადავიდა, მერე კი მთელი სისწრაფით გასწია ქალაქგარეთ, თავისი სახლისაკენ.
უბრალოდ არ სჯეროდა. მაგრამ სალომემ ისეთი გულწრფელობით უთხრა, რომ შეუძლებელი იყო, ეს სიმართლე არ ყოფილიყო. მაგრამ მისთვის მაინც დაუჯერებელი გახლდათ…
ძლივს, ძლივს მიაღწია იმას, რაც უნდოდა… სალომესაც უყვარდა, ახლა მხოლოდ მისი ჩახუტება და არსად გაშვება იყო საჭირო….
არ იცოდა, რა დაემართა, რატომ წამოვიდა იქედან, მაგრამ სალომესათვის საჩუქარი უნდა მოეტანა. უნდა გაეღო თავის სახლში ის ოთახი და გამოეტანა ერთ-ერთ კარადაში შედებული, ოქროს თხელ ჯაჭვზე დაკიდებული დედამისის ბეჭედი, რომელიც მან ლაშას მისცა. არ იცოდა რატომ, მაგრამ უნდოდა იქ მისულიყო, ბეჭედი წამოეღო თავისი ჯაჭვით, და სალომესათვის მიეცა. ამას რაღაც სიმბოლური დატვირთვა გააჩნდა მისთვის, თითქოს დღევანდელი დღის მონიშვნა იყო ამით საჭირო…
მანქანას მთელი სიჩქარით მიაქანებდა და დაჟინებით უყურებდა უკვე გადათოვლილ გზას. გრძნობდა, როგორ ღრჭიალებდა დათოვლილ გზაზე საბურავები და როგორი სისწრაფით იწმინდებოდა დათოვლილი საქარე მინა, მაგრამ შემდეგ მალევე იფარებოდა თოვლით.
გადასახვევს სულ რაღაც ნახევარ საათში მიაღწია. გზიდან გადაუხვია და თავისი სახლისაკენ გავიდა. როგორც კი გადავიდა, მაშინვე შეამჩნია სარკიდან, თუ როგორ ჩაუწუილა უკან მანქანამ, მაგრამ იმის თავიც კი არ ჰქონდა, რომ გულში შეეკურთხებინა. მანქანა ტყესთან ათ წუთში მიიყვანა, გააჩერა და სირბილით გაუყვა გადათოვლილ ბილიკს. სიცივე იყო და თავისი ტყავის ქურთუკი დიდ სითბოს არ ანიჭებდა, ქარი და თოვლი თვალებში ედებოდა და სიარულს უშლიდა, მაგრამ ამისათვისაც დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ქოშინით მირბოდა და წამდაუწუმ აქეთ-იქით იხედებოდა, რომ ბილიკი არ დაჰკარგოდა.
მერე კი შეამჩნია.
თოვლს ნაკვალევი ეტყობოდა, უკვე ცოტათი დაფარული თოვლით, მაგრამ მაინც ხილვადი. პირველად ლაშას თავში გვანცამ გაუელვა, მაგრამ ნაკვალევი ძალიან დიდი იყო, რომ მისი ყოფილიყო, თანაც რამდენიმე.
ლაშა გაკრთა, გასწორდა და შემოგარენი მოათვალიერა.
ფიფქები თავზე ეცემოდა და მის მხრებზე პატარა გორებს ქმნიდა.
ვიღაცას ეარა აქ. ვიღაც არ ყოფილიყო და ამ ბილიკზე გაეარა.
იქნებ თეოფილე ბაბუა დადიოდა? იქნებ შეწუხდა კაცი, ამდენი ხანი რომ არ ეწვია ლაშა და ესტუმრა?
მაგრამ იცოდა, რომ ამის გაფიქრება სისულელე იყო. მისი მეგობარი ბერიკაცი ტყის მეორე მხარეს ცხოვრობდა.
ნაბიჯს აუჩქარა, და გაიქცა. ნაკვალევი უფრო მკვეთრი და მკაფიო იყო, უკეთესად ჩანდა, მაგრამ სწრაფად იფარებოდა თოვლით. ლაშას თავში განგაშის ზარებმა დაუწყეს რეკვა, თითქოს რაღაც ეუბნებოდა, რომ გაბრუნებულიყო, უკან წასულიყო….
მაგრამ შეუჩერებლად მიიწევდა წინ. თვალწინ სულ ის ძეწკვზე ჩამოკიდებული ბეჭედი ედგა და ძალას ატანდა თავს, რომ წინ წაწეულიყო.
ბოლოს და ბოლო, ტყის შუაში მინდორს მიუახლოვდა. ცოტაც და უკვე გამეჩხრებული ხეივანიდან გავიდოდა. გული სწრაფად უცემდა და არ იცოდა რატომ, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა სხეულს უღრღნიდა. გამბედაობა ერთი შესუნთქვით მოიკრიბა და ტყეს გასცდა.
ტრიალ მინდორში იდგა. ბილიკი სახლისაკენ მიდიოდა. უკვე ბარდნიდა და სახლს შემორტყმული ბაღები თოვლს დაეფარა, სახლიც დათოვლილიყო. ახლა ყველაზე გარკვევით ხედავდა რამდენიმე ნაკვალევს, რომელიც სახლისაკენ მიდიოდა. ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია, იმის მიუხედავად, რომ გრძნობდა ვიღაცის აქ ყოფნას. ეს ვიღაცა მასზე ცოტა ადრე იყო მოსული აქ, ახლა კი ღმერთმა იცის, სად იყო… ალბათ სადმე იყო ჩამალული…
გულისცემა აუჩქარდა. მკერდში ჩაქუჩივით ურტყამდა.
აქედან უნდა წასულიყო, მაგრამ უხილავი ძალა სახლისაკენ მიათრევდა. ხელში უნდა მოეგდო ის ბეჭედი, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უნდა წამოეღო.
სახლისაკენ მიმავალი ბილიკი ჩაიარა, და საფეხურებზე აირბინა. ფეხსაცმელზე მიკრული თოვლი ასვლისას ღრიჭინებდა და თითქოს ერთადერთი ხმა იყო შემოგარენში, თოვლის ნაზი შრაშუნის გარდა.
თუმცა საკუთარი გულისცემაც ურტყამდა ყურებში და საფეთქლებში გზავნიდა პულსს.
ლაშამ კარი შეაღო.
შიგნით სიბნელე იდგა. ნელა შეაბიჯა.
რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა და გაჩერდა.
 არ სურდა ამის აღიარება, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა ღრღნიდა და გრძნობდა, რომ სისულელეს აკეთებდა…
თითქოს უკვე მომზადებული იყო ამისათვის, ამიტომ არც კი შემკრთალა, როცა ხელი წაავლეს გვერდიდან და ოთახში შეაგდეს.
მოულოდნელობისაგან წინ გადავარდა და გაყინულ იატაკზე მკლავით დაეხეთქა, ტუჩებიდან გმინვა აღმოხდა.
კარი დაიხურა.
ლაშა ახლაღა მიხვდა, რა ხდებოდა, გაკრთა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ტკივილისაგან შეიჭმუხნა, როცა იგრძნო, როგორ ჰკრეს ფერდში მაგრად ფეხი.
მერე კი შუქი აინთო.
ლაშა იმდენად მიუჩვეველი იყო შუქის ანთებას შემოსასვლელში, რომ წამიერად თვალთ დაუბნელდა, ვეღარაფერი დაინახა, თეთრის გარდა…
-ვინ ჯანდაბაა აქ? – იღრიალა მან და თვალები მოჭუტა. პირიდან სუნთქვა გაუკრთა, როცა ზურგში მაგრად ჰკრეს ფეხი. ოდნავ დაბარბაცდა და ელვის სისწრაფით შემოტრიალდა.
მერე კი დაინახა.
მის წინ ცოტნე მიქელაძე იდგა და იმ ცალყბა ღიმილით იღიმებოდა. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ მის ხელში დაკავებული, კბილებიანი, პრიალა დანა ლაშას ყელზე ჰქონდა მიბჯენილი.
დანის წვერი ყელზე ეხებოდა და ლაშა უკვე ჩხვლეტას გრძნობდა.
ბიჭი გამოერკვა. მკერდში მრისხანება აუბუყბუყდა.
-რა ჩემი ფეხები გინდა აქ? – იფეთქა მან, ელვის სისწრაფით აიქნია ხელი და ცოტნეს დანა ხელიდან გააგდებინა. დანა წკრიალით დაეხეთქა ძირს და გვერდით გასრიალდა. – გაეთრიე!
მეტოქისაკენ დაძვრაც კი ვერ მოასწრო, რომ ისევ იგრძნო წვეტიანი საგნის შეხება, ამჯერად კისერსა და ზურგზე.
ჟრუანტელმა დაუარა, გაშრა, სხეული ადგილზე მიეყინა, მაგრამ ისევ ცეცხლით ავსებული თვალებით მისჩერებოდა მის წინ მდგარ ცოტნეს, რომელიც ძირს დაიხარა და დაგდებული დანა აიღო.
-გაგიმარჯოს. – თქვა მან და გაუღიმა. ლაშამ ყბები ერთმანეთს დააჭირა და კბილები დააღრჭიალა. იცოდა, ერთი განძრევა და ორივე მხრიდან დაასობდნენ დანებს. ცივმა ოფლმა დაასხა, როცა ზურგზე მობჯენილი დანა მაგრად ჩაეჭირა, ისე რომ ჩხვლეტა ტყავის სქელ ქურთუკშიც კი იგრძნო.
-რა ჯანდაბა გინდა? – დაიღრინა მან, თან შეეცადა, ინსტინქტს არ აჰყოლოდა, ამ ნაბი*ვარისაკენ არ გაჭრილიყო და მისთვის კისერი არ მოეგრიხა. – აქ რას მიგდიხარ?
ცოტნეს ღიმილი შეაშრა. მან თვალები დაავიწროვა და სახეზე ზიზღი გამოეხატა.
-მოკეტე, შე ღორის გაგდებულო. – დაისისინა მან. – ძლივს მოგიგდე ხელში. – გააგრძელა მან და მის წინ გაიარ-გამოიარა, დანას პირს უსინჯავდა. ლაშას გულმა რეჩხი უყო, საკუთარ თავს წყევლიდა, და კიდევ იმას, რომ უკან არ გაბრუნდა და ამ დავიდარაბაში გაჰყო თავი…
-რა გინდა… – ამოიხრიალა მან. – წაიღე რაც გინდა და გაეთრიე ჩემი სახლიდან…
-ოჰ? – გადმოხედა ცოტნემ, მერე კი გაიცინა. – ჩვენ უკვე ყველაფერი წავიღეთ.
ლაშას გულისცემა აუჩქარდა, თვალები გაუფართოვდა. ამას ნამდვილად არ ელოდა, მაგრამ არ სჯეროდა, როგორ უნდა გაეტანათ უკვე ყველაფერი, ალბათ რაღაცას როშავდა მიქელაძე…
-რ..როგორ? – გაიმეორა მან. – რას ნიშნავს უკვე წაიღეთ…
-ოჰ, გვანცამ ყველაფერი გაზიდა. – ცოტნემ წარბი ასწია და ცალყბად გაიღიმა.
ლაშას კინაღამ მეხი დაეცა. შიგნით ყველაფერი უდუღდა, მაგრამ ცდილობდა, რომ სახეზე არ გამოსჩენოდა შინაგანი აფორიაქება. კიდევ კარგი, თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოხურებული…
-შენ მოაგზავნე? – იკითხა მან პირველი, რაც თავში მოუვიდა. – ჰა? მონახე გოგო, რომელიც მეგს ჰგავდა, და იმიტომ მომიგზავნე? რომ გაგექურდე?
მიქელაძეს ჩაეცინა.
-არა, არა… – ხელი ააქნია მან. თითქოს მოეშვა, მაგრამ ლაშა მაინც ხედავდა მის დაჟინებულ მზერას, იცოდა, რომ ცოტნე თვალს ქორივით ადევნებდა, და ვერ ინძრეოდა. ზურგში დაჭერილი დანები თითქოს უფრო მაგრად დაერჭვნენ.
-მე არ მომიგზავნია… – გააგრძელა მიქელაძემ. – საოცარი ვინმეა ეგ გოგო. არ ვიცი საიდან, მაგრამ გაიგო, შენ ვინც იყავი და რამე… მერე თავისი გარეგნობა გამოიყენა და აქ მოვიდა. უნდოდა მოეთაფლე და ყველაფერი შენი აქედან გაეზიდა. რა, გეგონა რომ ამ ოთახებში გამოკეტილ ათას ძვირფას ნივთს ერთი გასაღები დაიცავდა? – ცოტნემ თავი გვერდით გადააგდო, მერე კი გასწორდა.
– ბოდავ… – თავი გააქნია ლაშამ. – რაღაცას როშავ, მიქელაძე. გინდა რომ თავი ამიბნიო…
-ოჰ, არა,  არა, არაფერსაც არ ვბოდავ. – მიუგო მან. – ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ნაცნობია ეგ გოგო რა… იმისთვის მოუყოლია, იმან კიდევ მე მითხრა, იმის შემდეგ, რაც ქალაქში შეგამჩნიე…
ლაშა მთლად გახევებულიყო, ხელები უთრთოდა და არ სჯეროდა, რაც ესმოდა. სულ ეგონა, რომ სალომეს გაფრთხილებები მისი უაზრო ახირება იყო, ახლა კი როგორ ნანობდა იმას, რომ არ დაუჯერა… გვანცამ გაძარცვა და ნაწილობრივ მისი ბრალიც კი იყო, რომ ახლა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა…
ფიქრებიდან სწრაფად გამოერკვა, როცა მოულოდნელად თავი გვერდით გადაუქანდა და ყბა აეწვა.
ჯერ ვერ მიხვდა, რა  ხდებოდა, თვალები გაფართოებოდა და ყბა ეწვოდა.
გასწორდა და მიქელაძეს შეხედა. მას სახეზე აუწერელი ზიზღი და თვითკმაყოფილება ეწერა.
-კარგად მომიმშვენებიხარ. – თქვა მან და ცალყბად გაიცინა. – უკეთესადაც შეიძლებოდა.
შეძრწუნებულმა ლაშამ გააცნობიერა, რომ კაპიუშონი თავიდან გადაცურებოდა და სახე უჩანდა. ჩანდა მისი ხილვადაკარგული მარჯვენა თვალი და ზედ გადასული ნაიარევები…
იცოდა, რომ სისულელე იყო ახლა საკუთარი სახის დაფარვა, ამიტომ არ განძრეულა. ხელები უკანკალებდა და მთელი სხული უყიოდა, რომ წინ წაეწია და ცოტნესათვის ერთი სახეში მაგრად მოედო, მაგრამ იცოდა, რომ ეს საშინლად სულელური შეცდომა იქნებოდა და ამის ნება საკუთარი თავისათვის არ უნდა მიეცა.
-ჰო, არა უშავს… – ჩაისისინა მიქელაძემ და სახეზე აუწერელი მრისხანება გამოეხატა. – და იმ ახალ გოგოს რა ჰქვია? გარეუბანში რომ დაეთრევი ხოლმე, იმას?
ლაშას სუნთქვა ყელში გაეჩხირა, სიტყვა ვეღარ ამოთქვა. თავი უბჟუოდა და გრძნობდა, როოგრ უფეთქავდა საფეთქლები. თავში ნხოლოდ ესღა დაუტრიალდა: „ოღონდ სალომე არა… ოღონდ ის არა….“
-რა შენი ფეხების საქმეა? – დაიღრინა მან, იმის მიუხედავად, რომ შიშისა და აფორიაქების ცხელი ტალღები უვლიდა შიგნეულში. იგრძნო, როგორ გაჭრა ზურგში მოჭერილმა დანამ მისი მაისური და შეაჟრჟოლა, როცა კანზე მწარედ დაეჭირა ცივი მეტალი.
-არაფერი. უბრალოდ შენ დაურეკავ და ეტყვი, რომ აქ მოვიდეს, გასაგებია? – გაიცინა მიქელაძემ. – ჰოდა აქ რომ მოვა, ჩვენ მოვუვლით. შენს თვალწინ. – დაისისინა მან. – სამაგიერო იქნება იმისათვის, რაც ჩაიდინე, გაიგე? ჯერ ის გოგო ზღავს, მერე კი შენ.
ლაშა შედრკა.
იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ცივმა ჟრუანტელმა. თითქოს ერთიანად გაცივდა.
არ სჯეროდა, რაც ესმოდა.
არა, ეს აქ უნდა დამთავრებულიყო…
ძალა მოიკრიბა და ელვის სისწრაფით ამოძრავდა.
ღრიალით გაარტყა ცოტნეს სახეში მუშტი, და ის საზიზღარი ღიმილი მოუშალა სახიდან. მერე შემოტრიალდა და მისკენ წამოსული ერთი მოელვარე დანა აიცილა, მეორეს კი წიხლი ჰკრა, ძირს დააგდო. პირველს ხელი წაავლო საყელოში და მრისხანებით დაბრმავებულმა, იმდენად მაგრად გაარტყა, რომ მისი ყბიდან ჭახანი გაისმა.
მიქელაძის ორივე დამქაში მიწაზე ეგდო, მათი დანები, რომლებიც თავიანთი სიგრძით ხანჯლებს უფრო წააგავდა, შორიახლოს ეყარა.
შემოტრიალება ვერ მოასწრო, რომ თვალთ დაუბნელდა.
უცნაური ხმა მოესმა, და წამი დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ ეს ხმა ქვემოდან მოდიოდა.
ოდნავ დაბარბაცდა და ძირს დაიხედა.
მოკანკალე სუნთქვა აღმოხდა მარჯვენა ფერდში გარჭობილი, პრიალა, მოჩუქურთმებული ხანჯლის ტარის დანახვაზე.
-გითხარი, ზღავ მეთქი… – უკნიდან გაისმა მიქელაძის სისინი, მაგრამ ლაშას მისი მოსმენის თავი არ ჰქონდა. შეძრწუნებული დაჰყურებდა მის ფერდში ტარამდე გარჭობილ ხანჯალს, ოდნავი მოძრაობაც კი აუტანელ წვასა და ტკივილს ანიჭებდა. გამწარებულმა იგრძნო, როგორ გადმოიღვარა ხანჯლის გვერდიდან ბლანტი სუბსტანცია.
მუხლებში ძალა წაერთვა და იატაკზე მოწყვეტით დავარდა, მერე კი უცაბედი მოძრაობისაგან მოყენებული ტკივილისაგან ამოიგმინა. ხელები ხანჯლის აქეთ-იქით მიეჭირა და გრნობდა, როგორ უღებავდა ხელებს საკუთარი სისხლი.
უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგონა და იგრძნო, როგორ ჩაუყვეს ქურთუკის მარცხენა ჯიბეში ხელი და როგორ ამოუცურეს მობილური ტელეფონი.
მიხვდა, მიქელაძე რას აკეთებდა და მთელი ძალით წაიწია უკან, და შეეცადა, რომ მობილური წაერთმია, მაგრამ ვერ მოახერხა.
-ნაბი*ვარი ხარ… – ამოიხრიალა მან და შეეცადა ფეხზე წამომდგარიყო. – არც კი გაბედო, შე ღორო…
-უკვე ვურეკავ. – უთხრა ცოტნემ, და ამ ნა*ირალას კადნიერება ეყო, რომ ლაშას წინ ჩამჯდარიყო და მობილური ტელეფონი ყურთან მიეტანა. ბიჭი შეძრწუნებული ეჰყურებდა, ჯერ კიდევ დისორიენტირებული იყო..
-ჰო, სალომე ბრძანდებით? – თავაზიანად დაიწყო ცოტნემ. – მე მინდა გითხრათ, რომ ლაშა ცუდადაა და ამიტომ გთხოვთ, მის ქალაქგარეთ სახლში მოხვიდეთ…
მეტს ვეღარ აიტანდა.
სალომე აქ მოვიდოდა და…
ლაშა, იმის მიუხედავად, რომ ტკივილი ფერდში უკვე მთელი სხეულის დასუსტებად და სუსტად ფეთქვად ექცა, მაინც წაიწია წინ, მარჯვენა ხელი მოუქნია და ძლიერად გაარტყა გამშრალ ცოტნეს სახეში.
მიქელაძეს მობილური გაუვარდა, თვითონ დარტყმის ძალისაგან უკან გადავარდა.
ლაშამ კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა და მობილურისაკენ გადაიწია.
ვერ მისწვდა და მიწაზე დაეცა, კაფელზე დახეთქებულმა, მის ფერდში გაყრილმა ხანჯლის ტარმა წკრიალი გაიღო.
ტკივილისაგან მოკლე შეყვირება აღმოხდა, მთელი ძალით აიწია და მობილურს მისწვდა, ჯერ კიდევ იატაკზე გართხმულმა მიიდო ყურზე.
-აქ არ მოხვიდე. – მწარედ, ძლივს ამოთქვა მან. – არ გამოადგა მანდედან ფეხი, გაიგე? – უკნიდან ესმოდა ცოტნეს ხვნეშა და მოძრაობის ხმა. – დედაჩემს დაუკავშირდი…
სათქმელის დამთავრება ხელში აკრულმა წიხლმა გააწყვეტინა. ლაშას მობილური დაუვარდა, რომელსაც მაშინვე წაჰკრა ცოტნემ ფეხი და მოპირდაპირე კედელს შეანარცხა.
მერე კი მიქელაძემ ლაშას ძლიერად დასცხო ზურგში ფეხი და მიწას გააკრა. იატაკზე მიბჯენილი ხანჯლის ტარი უფრო მეტად მიებჯინა მიწას და ჭრილობაში ამოძრავდა. ბიჭს ხრიალი აღმოხდა.
ტკივილისაგან თვალთ უბნელდებოდა, ვეღარ უსმენდა და ვეღარც ხედავდა. ყრუდ გრძნობდა დარტყმებს, რომლებთაც მთელ ხეულზე აყრიდნენ, ესმოდა ღრიალი და იგრძნო, როგორ შეემატა ფეხების ერთ წყვილს მეორე, მერე კი მესამე.
ბოლოს კი ყველაფერი შეწყდა.
ასე ეგდო და ტკივილისაგან დაკრუნჩხული, ვერც კი ინძრეოდა. ცოტა თითქოს გონებაზე მოვიდა, მაგრამ ისევ ბურანში დაცურავდა.
არ იცოდა, რამდენი ხნის მერე, მაგრამ უცნაური სურნელი მისწვდა.
ამას კი აუტანელი, საშინელი სიცხე მოჰყვა.
თითქოს მთელი ტანი ერთიანად ეწვოდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ დადნებოდა სიცხისაგან.
ნელ-ნელა გრძნობდა, როგორ სუსტდებოდა, როგორ გროვდებოდა მისი სხეულისქვეშ ბლანტი სუბსტანცია და წამიერად მიხვდა, რომ საკუთარ სისხლში იწვა…
ვეღარაფერს ხედავდა, სმენა უცნაურად უშიშინებდა, წამი და თითქოს ვეღარაფერს გრძნობდა.
მერე კი სადანღაც, თითქოს შორიდან, თოფის ქუხილი გაიგონა.
მერე კი აღარაფერი.
-*-*-*-*-*-21
სალომე ჯერ კიდევ გაუნძრევლად იჯდა ტახტზე ლაშას წასვლიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ვერ ინძრეოდა. პირი ოდნავ დაეღო და ტუჩებზე თბილ ანაბეჭდს გრძნობდა, რომელიც ბიჭის ტუჩებმა დაუტოვეს.
მაგრამ რა მოხდა?
სალომეს არ სჯეროდა, რომ ის ახდა, რაც უნდოდა, თან პირდაპირ მის დაბადების დღეზე. გრძნობდა, რომ ლაშა სიმართლეს ეუბნებოდა, როცა უთხრა, „მეც“, მაგრამ მაინც ოდნავ ეჭვობდა მის სიტყვებში. არადა როგორ სურდა რომ დაეჯერებინა, მიიღო ბოლოს და ბოლოს, რაც უნდოდა…
მაგრამ რატომღაც წამდაუწუმ მეგის სახე უდგებოდა თვალწინ და სხეულში თითქოსდა ცუდი წინათგრძნობის ამაზრზენი ჟრუანტელი დაუტრიალდა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო…
იცოდა, რომ ასეთი ფიქრი და საერთოდაც ასეთი აზროვნება ირრაციონალური და საკმაოდ სულელურიც კი იყო, მაგრამ ამწუთას არ შეეძლო, რომ ასე არ ეფიქრა. სხეული უბჟუოდა და უცებ გააცნობიერა, რომ სინათლე ისევ გამქვრალი იყო ოთახში. ნელა წამოდგა და შემოსასვლელში გავიდა. ჩამრთველ-ამომრთველი დააწკაპუნა და ბინაში შუქი აანთო, მერე კი მზერა კარისაკენ გაექცა. ნელა გადაკეტა გასაღებით და ტახტზე დაბრუნდა. ფეხი მოირთხო და კომფორტულად დაჯდა, რომ ფეხები არ დაბრუშებოდა, და ფანჯარაში დაიწყო ყურება.
თოვდა. დიდი ფანტელები ზანტად ეშვებოდნენ და თითქოსდა სისუფთავის შეგრძნებას ქმნიდნენ. სალომე ნელა წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა, უცებ მოუნდა რომ სუფთა ჰაერი შესუნთქა. ფანჯარა გამოსწია და გამოაღო, მერე კი გადაიხედა. უეცრად შემოვარდნილმა ცივმა ჰაერმა იდაყვებს ქვემოთ, მოკლემკლავებიანი სვიტერისაგან დაუფარავ კანზე მოულამუნა და სალომეს ცოტათი შეაჟრჟოლა, ისევ უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა. უკვე მთელი ეზო დაეფარა თოვლის თხელ ფენას. ასიოდე მეტრში უკვე აღარაფერი ჩანდა, ისე ბარდნიდა. გოგონამ ხელი გადასწია, რომ ხელისგულზე თოვლი შეეგრძნო და უხასიათოდ უყურებდა, როგორ ადნებოდა თითებსა და ხელისგულზე ფიფქები.
ხელი რომ თითქმის მთლიანად დაუსველდა, მკლავი კი დაებუძგა და გაეყინა სიცივისაგან, სალომემ მაშინღა იკადრა ხელის შემოყოფა და ფანჯრის დახურვა. ისევ ტახტზე დაჯდა და უსიტყვოდ შეაშტერდა კედელს. მარცხენა ხელს გაყინულ მარჯვენა მკლავზე ისვამდა და ცდილობდა გამთბარიყო. ინატრა, რომ ლაშა ისევ აქ ყოფილიყო და ისევ თავის ძლიერ მკლავებში მოექცია, და გახურებულ სხეულზე აეკრა.
სალომემ ამოიხვნეშა და წარბები შეჭმუხნა. სად წავიდა ლაშა? ახლა რატომ წავიდა? თქვა, რომ რაღაც ნამდვილი საჩუქარი უნდა მოეტანა, მაგრამ რა? და საერთოდაც, არ იყო ეს მისი ნამდვილი საჩუქარი აუცილებელი, რა საჩუქარიც მისცა ლაშამ, ისიც საკმარისზე მეტი იყო.
იცოდა, რომ ამწუთას ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაც აწუხებდა. წამოდგა და გაიარ-გამოიარა. ცოტა ხანში დამშვიდდა, თავს აჯერებდა, რომ ლაშა კარგად იქნებოდა, მალეც მოვიდოდა ალბათ…
სალომე ისევ დაჯდა და ძირს, ტახტზე წამოწვა.
კარგა ხანი, ალბათ ნახევარი საათი თვალი ვერ მოხუჭა, ჭერს აჰყურებდა და ისევ იმ შემაწუხებელ შეგრძნებაზე ფიქრობდა.
მერე კი ჩაეძინა.
კრთომით გამოეღვიძა. ზურგი უხურდა და გრძნობდა, როგორ დასველებოდა ყვრიმალები და შუბლი ოფლით. სწრაფად წამოჯდა, სუნთქვა არ ჰყოფნიდა, და ჰაერი ხარბად შეისუნთქა. გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, ხმამაღლა ამოისუნთქა და შეწუხებულმა გაიხედა გარეთ. საათი აჩვენებდა, რომ მისი ჩაძინებიდან ალბათ საათი იყო გასული.
სალომემ მიმოიხედა და ფეხები იატაკზე გადმოაწყო. სად იყო ლაშა ამდენ ხანს? ანერვიულდა, სხეული უხურდა და ის შემაწუხებელი გრძნობა უფრო მეტი სიძლიერით დაეტაკა, მთელ სხეულში ჭიანჭველები უვლიდა და იგრძნო, როგორ ჩამოუგორდა საფეთქელზე  ოფლის წვეთი.
რაღაც რიგზე არ იყო.
იცოდა, გუმანით ხვდებოდა, რომ რაღაც კარგად არ იყო, მაგრამ არ ესმოდა, რა არ იყო რიგზე. ლაშა კარგად იქნებოდა, რა თქმა უნდა, ხომ? ის კარგად უნდა ყოფილიყო, ხომ?
ფიქრებიდან კრთომით გამოფხიზლდა, როცა გაიგონა საწოლზე დადებული ჩანთიდან ტელეფონის წკრიალი.
-ლაშა… – რატომღაც აღმოხდა გოგონას, თითქოს გული ყელში ამოუჯდა. სწრაფად მივარდა ჩანთას და გახსნა. ტელეფონი ამოაძრო და ზედ დახედა. ლაშა ურეკავდა მართლაც… მობილური ყურზე მიიჭირა.
-გისმენთ? – ჩასძახა მან. – ხელები აუკანკალდა.
-ჰო, სალომე ბრძანდებით? – გაისმა ტელეფონიდან უცნობი, თავაზიანი ხმა. სალომე მოიღუშა. – დიახ, მე ვარ… უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? – ჩაეკითხა ის. „ვინაა ეს? რატომ სარგებლობს ლაშას ტელეფონით?“ ეჭვი სულსა და გულს უღრღნიდა, ხელი შუბლზე მაგრად მიიჭირა.
-მე მინდა გითხრათ, რომ ლაშა ცუდადაა და ამიტომ გთხოვთ, მის ქალაქგარეთ სახლში მოხვიდეთ… – გაისმა ისევ ხმა და სალომემ გაოცება, შეკრთომა და საპასუხოდ პირის გაღებაც კი ვერ მიასწრო, რომ მობილურში გამაყრუებელი ტკაცუნი, შემდეგ შხუილი და ძირს დალაწუნების ხმა გაისმა. სალომე გაყინული იდგა, ტელეფონზე ხელები მაგრად ჩაეჭირა და ვერ გაეგო რამ გაეკეთებინა. რა ჯანდაბა ხდებოდა მეორე მხარეს? რას ნიშნავდა ლაშას ცუდად ყოფნა? სალომეს საზარელმა აზრებმა გაუფრინეს თავში და მკვეთრად შეისუნთქა.
მერე ყრუ ბათქის ხმა გაისმა და წამში თვალებგაფართოებულ გოგონას ჩახლეწილი და ტკივილით აღსავსე ხმა მოესმა.
-აქ არ მოხვიდე. – ლაშა მწარედ, ძლივს ამოთქვამდა სიტყვებს. – არ გამოადგა მანდედან ფეხი, გაიგე? – სალომემ ბუნდოვნად ნაბიჯების ხმა გაიგონა, მაგრამ ამისათვის არ ეცალა, პარალიზებული იყო და უაზროდ შეშტერებოდა კედელს. – დედაჩემს დაუკავშირდი…
მერე კი გოგონას მოესმა ბათქის ხმა, მერე ტკაცუნი, შხრიალი და სიგნალი გაწყდა.
გოგონამ სუნთქვა ამოუშვა, რომელსაც ვერ გრძნობდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა და მობილური ქვემოთ ჩამოსწია, მერე კი ისე დააჩერდა, თითქოს ამ აპარატიდან ეძებდა პასუხებს…
„დედაჩემს დაუკავშირდიო….“ ერთადერთმა აზრმა გაურბინა თავში და სწრაფად მონახა მობილურში ირინას ნომერი, მერე კი გადარეკა, ხელით კი საწოლი მოძებნა და ზედ დაეხეთქა. ეშინოდა, რომ არ წაქცეულიყო, თითქოსდა ყველაფერი აუკანკალდა.
-მიდით, აიღეთ… აიღეთ, აიღეთ, აიღეთ…. – მანტრად გაიმეორა სალომემ და საწოლზე ოდნავ დაირწა, პირზე კი მუშტი აიფარა, რომ ქვითინი არ წასკდომოდა. პანიკამ და შიშმა ისე სწრაფად მოიცვა, რომ მთელი სხული აუთრთოლდა და შიგნით ცხელმა ტალღებმა დაუარეს.
„რა ხდებოდა…“ გაიფიქრა მან და პირთან მიტანილი მუშტი კიდევ უფრო მაგრად შეკრა. „ნუთუ რამე დაუშავეს… რანაირი ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაც ძალიან სტკივაო..“ მერე ის თავაზიანი, მელოდიური ხმა გაიხსენა, რომელმაც აცნობა, რომ ლაშა ცუდად იყო და მისი მისვლა იყო საჭირო ქალაქგარეთ სახლში…
ხვდებოდა, რომ ის ვიღაც არ ატყუებდა იმის სესახებ, რომ ლაშა ცუდად იყო, მაგრამ მაშინ რატომ უთხრა ბიჭმა ასე კატეგორიულად, რომ სახლიდან არ გამოსულიყო? ნუთუ ისევ სახე ან რამ დაიზიანა და არ სურდა, რომ სალომეს ასე ენახა?
მაგრამ ეს სისულელე გამოდიოდა. მაშინ რაღა იყო ის ტკაცუნის, შხრიალის, ყრუ ბათქისა და ლაწუნის ხმები? სალომე დაიფიცებდა, რომ ასეთი ხმები ჩხუბს შეეფერებოდა, თითქოს იქ ვიღაცები ერთმანეთს ურტყამდნენ…
მერე კი გაახსენდა და თვალები ერთიანად გაუფართოვდა.
ვინ იყო ის, ვინც პასუხი გასცა, და საერთოდ, როგორ იყო ლაშას ქალაქისპირა სახლში?
რამდენადაც სალომემ იცოდა, ლაშა არავის არ ეკონტაქტებოდა, მისი და დედამისის გარდა. ჰოდა ვინღა უნდა ყოფილიყო ის ვიღაცა და საერთოდ, რა უნდოდა ლაშასთან?
გოგონას გამყინავმა ჟრუანტელმა დაუარა. ტელეფონი ჯერ კიდევ რეკავდა.
მერე კი ყურმილი აიღეს.
-გისმენთ? – გაისმა მობილურში.
სალომემ ძლიერად ჩაისუნთქა, რომ მკლანკალე ხმა არ გამოსჩენოდა. არ უნდოდა, რომ ირინა დაეფრთხო და აენერვიულებინა მისი შვილის თაობაზე, იმის მიუხედავად, რომ გრძნობდა, იყო ეს სანერვიულო ამბავი…
-ქალბატონო ირინა… – დაიწყო მან სწრაფად და შეეცადა, რომ არეული ფიქრები დაელაგებინა, რათა უკეთესად გაეგებნებინა ქალისათვის, თუ რა ხდებოდა. ხელისგულები გაოფლიანებოდა, და ხელები ერთიანად უკანკალებდა. – მისმინეთ. ლაშა ახლა ქალაქგარეთა სახლშია…
-იქ რა უნდა? – წამსვე გააწყვეტინა ირინამ. ხმაში გაღიზიანება და ცოტაოდენი აფორიაქება ეტყობოდა. – რა ხდება?
– ჩემთან იყო სტუმრად… – სალომეს უნდოდა, რომ ეთქვა, თუ რა მიზეზით წავიდა ლაშა იქ, მაგრამ შემდეგ ათასი დეტალი უნდა დაეყოლებინა ზედ, რომლებიც ახლა მთლად საჭირო არ იყვნენ. – მერე თქვა, რომ უნდა გასულიყო… საათნახევარი გავიდა მისი გასვლის მერე და მისი ტელეფონიდან ზარი შემოვიდა… – სალომემ ღრმად ამოისუნთქა და წამოდგა, დამჯდარი ვეღარ ჩერდებოდა, გული ამოუჯდა. – მერე ვიღაცამ, უცნობმა მითხრა, რომ ცუდად არის და ახლავე უნდა გამოხვიდეო…
– როგორ თუ ცუდად არის? – ისევ შეაწყვეტინა ირინამ, მაგრამ სალომეს ეს წამი ეყო, რომ ყელი ჩაეწმინდა და გატეხილი ხმა ისევ ნორმალური ტონისათვის დაებრუნებინა.
-მერე კი რაღაც უცნაური ტკაცუნი გაისმა, თითქოს რაღაცას დაარტყეს, მერე კი როგორც ვხვდები, ტელეფონი დავარდა ძირს… – გააგრძელა სალომემ, თან ლაწუნის ხმა გაიხსენა. – მერე კი ლაშამ მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოვსულიყავი სახლიდან, და რომ თქვენ დაგკავშირებოდით… – გოგონას ბიჭის ჩახლეწილი, სიმწრითა და ტკივილით აღსავსე ხმა გაახსენდა და გული ამოუჯდა. მზერა აემღვრა და ტირილი წასკდა. – ხმა არ ჰქონდა ბუნებრივი… – ძლივს ამოთქვა მან. – აშკარა იყო, რომ რაღაც ძალიან სტკიოდა… ალბათ დაშავებულია… გთხოვთ, რამე გააკეთეთ…
სალომემ ახლაღა იგრძნო საკუთარი უძლურება, რომელიც ასი ტონასავით დააწვა მხრებზე. რა პათეტიკური იყო ახლა, ვერაფერს ვერ აკეთებდა საყვარელი ადამიანის დასახმარებლად…
-პოლიციას ვიძახებ. – ირინას ხმა  მტკიცე და გადამწყვეტი იყო, მაგრამ თვალებგაფართოებულმა გოგონამ მაშინვე შეამჩნია, რომ ქალს ხმა ოდნავ უთრთოდა და გული შეეკუმშა. – მურმანს დავურეკავ და ჩვენ ვერტმფრენით გავფრინდებით…
-მეც წამიყვანეთ! – წამოსცდა სალომეს და მაშინვე ტუჩზე იკბინა. – გთხოვთ… მინდა რომ წამოვიდე….
-მე ხომ ვთქვი, ჩვენ-თქო? – ოდნავ გაღიზიანებული და ცივი ტონით თქვა ირინამ, მერე კი მობილური გაითიშა.
სალომემ ტელეფონი ნელა ჩამოსწია, და ლოგინზე დააგდო.
გულისცემა ყურებში ჩაქუჩივით ურტყამდა და გრძნობდა, როგორ ეხურებოდა სასუნთქი მილები.
ამდენი ხნის განმავლობაში შეჩერებული ცრემლები ვეღარ აიტანა და ტირილი აუვარდა, სახეზე ხელები აეფარებინა და თავში  შემზარავი ფიქრები უტრიალებდა, თან მთელი სხეულით თრთოდა.
„რატომ?“ გაიფიქრა მან და ბოლთის ცემა დაიწყო. წინათგრძნობა უფრო გაუძლიერდა, უსიამოვნოდ აჟრიალებდა, თითქოს ტანში ერთიანად აახურა და თვალთ დაუბნელდა. ოდნავ დაბარბაცდა და თავზე ხელი მოიჭირა. სწრაფად და ღრმად დაიწყო სუნთქვა, მაგრამ სული წამდაუწუმ ყელში ეკვრებოდა და უხშობდა ფილტვებისაკენ მიმავალ გზას. აუტანელმა ტკივილმა დაუარა ტანში და იგრძნო, როგორ ეწვოდა მარჯვენა ფერდი…
მაგრამ როგორც სწრაფად მოვიდა ეს შეგრძნება, ისევე გაქრა. სალომე გამოფხიზლდა, და გასწორდა. იატაკზე მოკეცილიყო ორიოდე წამის წინ და ხელები მაგრად მიეჭირა ფერდზე, აუტანელი ტკივილის შეკავებას ცდილობდა და თან თვალწინ ლაშა ედგა. „რაღაც მოუვიდა…“ სალომემ თმაში შეიცურა ხელები და მაგრად მოქაჩა. ისევ ბოლთის ცემა დაიწყო, თხუთმეტი წუთი სულელივით დადიოდა აქეთ-იქით. „რაღაც მოუვიდა… ვიცი… მაგრამ რა… ვინ იყო ის ვიღაც, ხმა რომ გამცა… ნუთუ… ნუთუ იმან… რამე რომ მოუვიდეს….“ სალომე შედგა, გულზე მაგრად მოიჭირა ხელი. „რამე რომ მოუვიდეს…“
თვალი უეცრად ფანჯრისაკენ გაექცა, მისი ყურადღება რაღაც უშველებელმა საგანმა მიიპყრო, რომელმაც მთელი ფანჯარა გადაფარა. გოგონა ფანჯარას მივარდა.
მისი კორპუსის ეზოში ვერტმფრენი ეშვებოდა და გარშემო ფაფუკი თოვლის უშველებელ კორიანტელს აყენებდა.
სალომეს არც კი უყოყმანია, მაშინვე გავარდა, ფეხზე ჩექმები ამოიცვა, ჟაკეტს დაავლო ხელი და ბინის ჩაუკეტავად, კისრისტეხით ჩაირბინა კიბეებზე. თოვლში ქოშინით გავარდა და შენობას შემოურბინა, რომ ვერტმფრენისაკენ გაქცეულიყო. საფრენი აპარატის პროპელერიდან წამოსულმა ჰაერის ნაკადმა დააბარბაცა, მაგრამ მაინც მოახერხა, რომ დაეძლია იგი და ვერტმფრენის კარში შემძვრალიყო, რომელიც თვითონ ირინამ გაუღო.
სლაომე აძვრა და სავარძელზე დაეხეთქა, მერე კი პილოტს გადახედა. მისდა განსაცვიფრებლად, სავარძელში მურმანი იჯდა. მან სერიოზულად გადმოხედა, მერე კი წინ გაიხედა და ვერტმფრენი სწრაფად აიყვანა ჰაერში. დაფეთებული გოგონა სწრაფად ჩაეჭიდა სავარძელს.
პილოტის გვერდით მჯდარი ირინა შემოტრიალდა. ქალს მუდამ მოწესრიგებული თმა ოდნავ აბურძგნოდა, თვალები ჩაწითლებოდა.
-აბა? – იკითხა მან ჩახლეჩილი ხმით. – მოყევი, რა ხდება.
სალომე ჯერ კიდევ წყვეტილად და ღრმად სუნთქავდა, ფერდში ყრუდ გრძნობდა ტკივილს და შეეცადა, ზედ ხელი არ მიეჭირა.
-ლაშა ქალაქგარეთა სახლში წავიდა. – მოკლედ მოჭრა მან. – რაღაცის წამოღება უნდოდა… გთხოვთ, ბატონო მურმან, ცოტა ჩქარა… – შეემუდარა ის. არ უნდოდა თვითონ ასე მჯდარიყო, როცა ლაშას იქ რაღაც სჭირდა… ამის გაფიქრებასაც კი ვერ იტანდა.
-ოც წუთში ვიქნებით. – მოკლედ მოჭრა მურმანმა.
-მერე? – თითქმის შეუყვირა ირინამ, ნესტოები აუთრთოლდა.
-მერე საათნახევრის მერე ზარი შემოვიდა მისგან. მე პასუხი გავეცი. – გააგრძელა სალომემ, ცდილობდა, სახეზე არ გამოსჩენოდა ტკივილი, რომელიც ყრუ ფეთქვად გადაქცეულიყო მის ფერდში. – უცნობმა ხმამ გამცა პასუხი, მამაკაცმა. მკითხა, სალომე თუ ხართო… მერე მითხრა, რომ ლაშა ცუდადაა და მე მაშინვე იქ უნდა მივსულიყავი… – სალომეს მზერა აემღვრა, თვალები გადაეგლისა და სწრაფ-სწრაფად დაიწყო ხამხამი, რომ ცრემლები შეეკავებინა. – მერე ხმები გავიგონე… თითქოს რაღაცას თუ ვიღაცას, არ ვიცი, გაარტყეს, მერე კი ტელეფონი ძირს დაეცა. მერე კი ლაშამ მიპასუხა… – სალომეს ცრემლები წამოუგორდა და პირზე ხელები აიფარა. იცოდა,  პათეტიკურად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა საერთოდ არ აინტერესებდა ეს ფაქტი. – ლაშამ მითხრა… მითხრა, რომ სახლიდან არ გამოვსულიყავი და ფეხი არ გამომედგა… და მითხრა, რომ თქვენ დაგკავშირებოდით… – სალომემ ცალი აკანკალებული ხელი გაიშვირა სადღაც, ირინას მიმართულებით. ვეღარაფერს ხედავდა, ყველაფერი აემღვრა და პირიდან ქვითინი წასკდა. – რაღაც სტკიოდა ძალიან… – ამოთქვა მან და სახე მოიწმინდა, მერე კი შეეცადა, რომ გული ისევ არ ამოჯდომოდა. – მერე კი ლაწანისა და ტკაცუნის ხმა გავიგე, თითქოს ტელეფონი გადააგდეს თუ რაღაც. მერე გაქრა.
ირინა წინ შეტრიალდა, ხმა არ ამოუღია. მურმანი გაჩუმებული იჯდა. ისეთი სიწყნარე სუფევდა ვერტმფრენში, ძრავის ზუზუნს თუ არ ჩავთვლით, რომ სალომეს ხმის გაღებისაც კი ეშინოდა. მოკრუნჩხული იჯდა და ფერდზე ხელები დაეჭირა, ტუჩებზე კი კბილები, რომ კვნესა არ წასკდომოდა. ფერდის ტკივილი თითქოსდა ეზრდებოდა, დიდდებოდა, მთელ სხეულში უვლიდა და შიში უწვავდა შიგნეულს…
თავი გააქნია, ფანჯარაში გადაიხედა. ტუჩები მოიკვნიტა, როცა დაინახა, რომ უკვე ტყეს გადაუფრინეს თავზე. აი, შემეჩხერდა კიდეც ხეები და გამოჩნდა გადათეთრებული სახლი…
თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.
სალომე ვერტმფრენის მინას აეკრო და ხედავდა, როგორ ეშვებოდნენ ძირს. მისდა გასაკვირად, სახლის ეზოში კი არ დაეშვნენ, არამედ ასიოდე მეტრის მოშორებით, ტყეში პატარა მოტიტვლებულ ადგილზე.
კარი როგორც კი გაიღო, სალომე გადახტა და თოვლში წვივებამდე ჩაფლულმა, სახლისაკენ აიღო გეზი.
-მანდ მომიცადე! – გაისმა უკნიდან ირინას ხმა და სალომე წამიერად შედგა. თოვლი ჩექმებში ჩასდიოდა და გრძნობდა, როგორ უჟივდებოდა ფეხები, მაგრამ მთელი სხეული უხურდა და უთრთოდა, სასწრაფოდ იქ უნდა წასულიყო…
ირინა გადმოხტა, მას მურმანი გადმოჰყვა და მისკენ სწრაფი ნაბიჯით გამოემართნენ.
სალომე შეტრიალდა და გაიქცა, ქოშინით მირბოდა და უყურებდა, როგორ იქცეოდა მისი სუნთქვა მის თვალწინ ორთქლად. მის ფეხქვეშ თოვლს ღრაჭაღრუჭი გაუდიოდა, თითოეული ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო უმძიმდებოდა.
როცა ბაღის პირს მიაღწია, შედგა.
ირინა და მურმანი წამოეწივნენ და გვერდით დაუდგნენ.
თოვდა.
სალომემ ბარდნაში ძლივს გაარჩია სამი ფიგურა, რომლებიც სახლთან ახლოს იდგნენ და ხელში ბენზინის ლითონის ჭურჭელი ეჭირათ.
სალომეს კინაღამ მეხი დაეცა.
სახლიდან ახალი გამოსულნი იყვნენ, რადგან ამჯერად ხის უშველებელ კარს შეასხეს სითხე და გოგონა თავზარდაცემული და ენაწართმეული უყურებდა და აცნობიერებდა, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ ისინი…
-ეს რა არის? – იწივლა უცებ ირინამ, მისმა მჭახე ხმამ ცივი ჰაერი გაკვეთა და იოლად მისწვდა კართან მდგარი მამაკაცების ფიგურებს, რომლებიც წამსვე შემოტრიალდნენ. – აქ რა ხდება? გამოეთრიეთ ახლავე მანდედან! – დაიყვირა ქალმა და წინ წაიწია.
-თქვენი რა საქმეა, ქალბატონო? – თქვა ერთმა, წინ წამოიწია და მეორეს დანა გამოართვა. – რამე პრობლემა გაქვთ?
-რას აკეთებთ, ახლაგაზრდებო, ხვდებით? – ჩაერია მურმანი. – სახლის დაწვას აპირებთ, ხომ? და რატომ? ეს ადგილი თქვენი საკუთრებაა თუ დანგრევისათვის გენანებათ?
-შენი რა საქმეა, ბებერო! – შეუტია მეორემ, სახეზე ზიზღი ეხატა და უბღვერდა.
-რა ჩემი საქმეა და მაგ სახლში ჩემი შვილიშვილია ამწუთას. – თქვა მურმანმა. სახე ერთიანად გაქვავებოდა. სალომე მიხვდა, რომ ეს საქმე ძალიან შორს წავიდოდა, ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა და ბევრ დროს წაიღებდა. შიშით გადახედა დანის ბრწყინვას, რომელსაც ძლივს არჩევდა თოვაში, მერე კი ნელა დაიწია უკან, ჯერ ირინას ამოეფარა, მერე კი ხეებს.
მერე კი სირბილით გაჰყვა ტყისპირს.
უკნიდან ესმოდა, როგორ უღრენდნენ და უყვიროდნენ ერთმანეთს ორივე მხრის წარმომადგენელნი და რამდენჯერმე გინება და სიტყვა პოლიციაც კი გაარჩია. მაგრამ ამწუთას არ აინტერესებდა, რაღაც უნდა გაეკეთებინა… რამე უნდა მოეხერხებინა….
სახლს რომ უკან მოექცა, ტყეს გამოსცდა და უკანა მხრისაკენ სირბილით წავიდა. ნაცნობი ბუჩქი თოვლს დაეფარა და სალომემ გადაყინული ხელებით იქამდე ფერთხა მიწა, სანამ სახელოები არ დაუჟივდა და ბალახამდე არ დავიდა. მერე გალურჯებული თითები სამალავის სახურავს ამოსდო და მაგრად ამოსწია. ტყავის ჩანთა ამოიღო, ხელები კარგად შეიმშრალა სვიტრზე და შიგნიდან ვინჩესტერი ამოაძრო. შიგნით ხუთი ვაზნა ჩადო, ისევე როგორც ლაშამ ასწავლა, თოფი ჩაკეტა და მხარზე მიიბჯინა.
გაქვავებული გამომეტყველებით ცისკენ ასწია და ჩახმახს თითი გამოჰკრა.
თოფის ქუხილმა მთელ ტყეს გადაუარა და გაიგონა, თუ როგორ შეჰყვირეს სახლის წინა მხარეს მყოფებმა. მაშინვე წინ დაიძრა, სახლის გვერდის გასწვრივ, თოფის ჩახმახის გვერდით მოთავსებული ბერკეტი ასწია და დაცარიელებული ვაზნა ტკაცუნით ამოაგდო თოვლში, მერე კი კიდევ ერთხელ აიშვირა თოფი ზემოთ და კიდევ  ერთხელ გამოჰკრა ჩახმახს.
გრიალმა კიდევ ერთხელ გაჰკვეთა ჰაერი და სალომემ გაიგონა ხმამაღლა დაძახებული სიტყვა „პოლიცია!“ ბერკეტი ჩამოსწია, თოფი მხარზე მიიბჯინა და სწრაფად მოუხვია კუთხესთან, რომ დაენახა, რა ხდებოდა. თოფი წინ გაეშვირა და მზად იყო, რომელიმე იმ სამიდან ადგილზევე ჩაეკლა. ტყვიას თუ ვერ მიაწევდა, კონდახით დაუტეხავდა თავს…
თოფი პირდაპირ საფეხურებზე მდგარი ბიჭებიდან შუაში მდგარს მიუშვირა. ხელები უკანკალებდა და ღრმად ამოისუნთქა, რომ დაწყნარებულიყო.
სიჩუმე ჩამოვარდა. ის ბიჭი გაფართოებული თვალებით უყურებდა.
-გაეთრიეთ. – თქვა გოგონამ. არ იცოდა, რამ შემატა ამდენი გამბედაობა და ძალა, რამ გააბედვინა ამ სიტყვის თქმა, საერთოდ თოფის აღება და ვინმესათვის მიშვერა… – წადით.
ბიჭმა პირი დააღო რაღაცის სათქმელად, სახეზე გაღიზიანება და გაოცება ეხატა.
-გიმეორებ! – იყვირა სალომემ და წარბები შეკრა, როცა ხმა აუკანკალდა. – ვფიცავ, რომ გესვრი. და იმ ადამიანს ვფიცავ, ახლა შიგნით რომ არის, რომ მოგარტყამ.
ბიჭი შედრკა, მოიღუშა. ვიღაც მეორე, ალბათ მისი დამქაში, ექაჩებოდა და რაღაცას ჩუმად ეუბნებოდა.
 სალომემ ეს სიტყვები იმდენად გულწრფელად წარმოთქვა, რომ მისთვის მეხის დაცემა იყო პირდაპირ. მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი ის იყო, რომ იცოდა, თავის ნათქვამს აასრულებდა. დიახაც, მართლა ესვრიდა ამ სამიდან ნებისმიერს და მოარტყამდა. მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი გზიდან ჩამოსცლოდნენ და სახლში სესვლა, ლაშას ნახვა შესძლებოდა.
მოკლავდა კიდეც…
შეაჟრჟოლა, თოფი უფრო მაგრად ჩაბღუჯა, და გაქვავებული უყურებდა, თუ როგორ ნელა ჩაიარა ვინჩესტერზე მზერამიბჯილმა სამმა ადამიანმა საფეხურები, მერე კი წინ გაიჭრნენ, მურმანსა და ირინას, რომელიც გამწარებული უბღვერდა მათ, შორიდან მოუარეს და ტყეში შევარდნენ.
სალომეს ჯერ კიდევ მათი მიმართულებით დაემიზნებინა თოფი და გაუნძრევლად იდგა. ძირს ნელა დასწია იარაღი, როცა დაინახა, როგორ დაიძრა ირინა, როგორ გამოიქცა და როგორ შევარდა სახლში, მურმანი მას ფეხდაფეხ მიჰყვა.
წამიერად თითქოს სიჩუმე ჩამოვარდა.
სალომემ თოფი დააგდო და მთელი სისწრაფით გაიქცა სახლისაკენ. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მაგრამ ეს ყველა შემზარავ, ამაზრზენ კივილზე უარესი იყო, რადგან გრძნობდა შეყვირებას, გრძნობდა, როგორ ყიოდა მის გარშემო ჰაერი, უბრალოდ არ ესმოდა. არაფერი ესმოდა საკუთარი გულისცემის გარდა, როცა მოღებულ კარში შევარდა.
ჯერ იფიქრა, ლაშას უბრალოდ სძინავსო. მას თვალები დაეხუჭა, სახე ერთიანად გადაფითრებოდა და საოცრად მოსვენებული სახე ჰქონდა…
მერე კი წითელი დაინახა.
მურმანს ძირს დაეჩოქა და თითები შვილიშვილის წელზე გადაედო, რაღაცას უსინჯავდა თითქოს…
მაგრამ რატომ ჰქონდა თითები წითელი?
ირინა ფეხზე იდგა, გატრიალებულიყო და პირი კიბისაკენ ექცია, მაგრამ იოლი შესამჩნევი იყო, როგორ უკანკალებდა მხრები. მან მობილური ამოიღო ჯიბიდან და სალომემ ბუნდოვნად გაიგონა, როგორ ელაპარაკებოდა იგი სასწრაფოს, მისი გატეხილი, აკანკალებული ხმა…
გოგონამ ლაშას დახედა და მის მარჯვენა ფერდში მოპრიალე, ჩუქურთმებიანი რაღაც შეამჩნია. ჯერ ვერ მიხვდა, რა უნდა ყოფილიყო.
საკუთარი ფერდი ცეცხლივით ეწვოდა.
მერე კი გააცნობიერა, წითელი გუბე დაინახა ძირს და თვალთ დაუბნელდა.
ბარბაცით მიეყუდა კარის ჩარჩოს, წინ წავიდა და მუხლებზე დაეცა.
მურმანი რაღაცას ეუბნებოდა, ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ სალომემ ვერაფერი ვერ გაიგონა.
ახსოვდა, რომ გამწარებული ადებდა გაყინულ თითებს ძირს დაწვენილი ბიჭის მაჯაზე, შემდეგ ყელზე, როგორ უჟივდებოდა ცივ კაფელზე დადებული მუხლები სისხლით, როგორ ეძებდა პულსს, ფეთქვას, რამეს და ვერ პულობდა, როგორ საშინლად უკანკალებდა ხელები.
მერე ესმოდა საკუთარი ყელიდან ამომავალი კივილი. სასოწარკვეთილი, გიჟური ხმა, რომელიც შემზარავ ექოდ ისმოდა ცარიელ დერეფანში. როგორ იჭერდა სისხლიან ხელებს პირზე და როცა საკუთარ თბილ სუნთქვას გრძნობდა, როგორ სძულდა საკუთარი თავი…
მერე კი ისევ კივილი, უაზრო და დაუმთავრებელი ფრაზები, ირინას ცრემლიანი თვალები და პოლიციის სირენა.
მერე კი ყველაფერი გაქრა.
-*-*-*-*-*-*-22
სასაფლაო ცივი იყო.
უცნაური, თითქოსდა ტალახის, შმორის, მლაშე სურნელი ასდიოდა მიწას და სალომეს ვერ გაეგო, საით უნდა მიტრიალებულიყო, საით უნდა გაეხედა, რომ ამ სურნელს დამალვოდა.
თუმცა იცოდა, რომ მაინც ვერ გაინძრეოდა, და არა სანახევროდ ტალახში ჩაფლული ფეხების გამო. გაყინული იდგა, ხმას ვერ იღებდა და უაზროდ მიშტერებოდა მიწის გრძელ, ოდნავ ამოზიდულ ბორცვს, რომელსაც ძირს ნიჩბებით ტკეპნიდნენ.
არ თოვდა, უბრალოდ მოღრუბლულიყო, მაგრამ სალომე თოვლის სურნელს გრძნობდა, იცოდა, რომ მოვიდოდა, ამ მიწის ზედაპირამდე მოსწორებულ, ჩატკეპნილ ადგილს დაფარავდა და უცებ მოუნდა რომ სწორედაც, გამქრალიყო ეს ადგილი, ნამქერის ქვეშ ჩამარხულიყო და საერთოდ თვალთახედვიდან დაჰკარგოდა, მერე კი ვეღარასოდეს ეპოვა, აღარასოდეს გახსენებოდა…
ალბათ ასე უკეთესი იქნებოდა.
მაგრამ ახლა, ისევ გამშრალი მიშტერებოდა ამობურცულ საფლავს, რომელიც ნელა იტკეპნებოდა. მის გვერდით იდგა გაქვავებული ირინა და თვალდაუხამხამებლად უყურებდა საფლავს. სალომეს ისევ ცრემლი მოერია მისი სახის დანახვაზე. უნდოდა ეტირა, ამოეშვა ყველაფერი, რაც შიგნით ჰქონდა, გათავისუფლებულიყო რამენაირად, მაგრამ უბრალოდ არ შეეძლო. იცოდა, ახლა თუ ტირილს დაიწყებდა, დიდი იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ვეღარასოდეს გაჩერებულიყო.
ორივენი იდგნენ უხმაუროდ.
მაგრამ ორივეს სიწყნარე განსხვავებული იყო.
სალომეს ამომშრალ თვალებზე ეტყობოდა, რომ ფარხმალი დაეყარა. გოგონამ იცოდა, რომ ასეც იყო. მოშვებულიყო და თავი ოდნავ ზევით აეწია, წყნარად მიშტერებოდა საფლავს და სწრაფად ახამხამებდა თვალებს.
ირინა კი კერპივით იყო გაქვავებული. ტუჩები მოეკუმა და სახის გამომეტყველება მთლიანად გაშრობოდა. სალომემ იცოდა, რომ ირინას ერთხელაც არ ეტირა, ერთხელაც კი არ ამოეშვა ყველაფერი, რაც შიგნით ჰქონდა, და მასში ჩამარხული, მის თავზე დატრიალებული აურა ზარავდა. ქალი უკვე იმდენ ტანჯვასა და წამებას, ნაღველს ასხივებდა, რომ სალომეს ვერ გაეძლო მისთვის თვალებში შეხედვა.
იცოდა, რომ ქალი იტირებდა. ოდესმე მაინც. აი, უცებ დაეტაკებოდა იმის გაცნობიერება, რომ მისი შვილი აღარ იყო და მაშინ ამოუშვებდა ყველაფერს.
თვითონ კი, ალბათ, სახლში რომ მივიდოდა, მაშინ იტირებდა. ყოველთვის, როცა გაახსენდებოდა, მაშინ იტირებდა.
ნელა დაატრიალა ხელში დაკავებული ყვავილების თაიგული.
წითელი მიხაკები, მისი აზრით საუკეთესო არჩევანი იყო. ცივად აარჩია ისინი, შეახვევინა და წამოიღო. მიხაკი ვიქტორიანული ყვავილების ენით ხომ „მონატრებას“ ნიშნავს.
აი, საფლავიც მოიტკეპნა, ეს საქმეც ჩამთავრდა. სალომეს უცებ მოუნდა რომ ყვავილები უბრალოდ დაეწყო ძირს და გაქცეულიყო. გაქცეულიყო და აქ აღარასოდეს მობრუნებულიყო, მაგრამ არ შეეძლო.
ირინას გადახედა, სახეში შეაშტერდა, მაგრამ თვალებში არ აუხედია მისთვის. იცოდა, რომ მათში დანახულ სიცარიელეს ვეღარ გაუძლებდა და გატყდებოდა.
ნელა დაიძრა წინ. საფლავის გვერდით მურმანი იდგა, მან იგრძნო სალომეს მოახლოება, მაგრამ არ განძრეულა, ერთი გადმოხედა, მწარედ, მაგრამ გამამხნევებლად გაუღიმა და ოდნავ გვერდზე დაიწია. სალომემ წინ წადგა ნაბიჯი და ოდნავ ასწია მიხაკების თაიგული.
გათოვდა. ფიფქები ძირს ეცემოდნენ და სალომე უაზროდ დაჰყურებდა, როგორ ნელ-ნელა ფარავდნენ ისინი მიწის ზედაპირს, უყურებდა, როგორ ცვიოდნენ ისინი წითელ მიხაკებზე და რა კონტრასტს ქმნიდნენ.
სისუსტემ დაუარა ძარღვებში, ერთი შეაჟრჟოლა და მოდუნებული თითებიდან თაიგული გაუცურდა, რომელიც ყრუ ხმით დაეცა ძირს. თვითონაც ქვემოთ დაემხო, მუხლებზე, და აზილულ თოვლსა და ტალახში რომ დაუჟივდა მუხლები, გაახსენდა ამდაგვარი სცენა, რომელიც ერთი კვირის წინ მოხდა. ოღონდ იქ სისხლი იყო და მაშინ ჯერ კიდევ რაღაც იმედი ჰქონდა გულში, იმის მიუხედავად, რომ ძლივს მფეთქავი წინ ესვენა.
ვერც კი მიხვდა, როგორ მეორდებოდა ის სცენა. როგორ ტიროდა ხმამაღლა და როგორ ამოსდიოდა ჩახლეწილი ყელიდან ამაზრზენი ხმები, როგორ მაგრად ჩასჭიდებოდა მხარში მურმანის ხელი, აუტანელი დაღლილობა…
-სალომე. – გაიგონა მურმანის ხმა, მაგრამ არა, არ სურდა არაფრის გაგონება, უნდოდა სისტემიდან ამოეშვა ყველაფერი, იქამდე ეტირა, სანამ მეტი აღარ შეეძლებოდა და მოისვენებდა, სანამ მეტი აღარ დარჩებოდა შიგნით და სანამ არ გათავისუფლდებოდა ამ დამთრგუნავი კლანჭებისაგან.
-სალომე… – არ მოეშვა ხმა. – სალომე, გესმის ჩემი? – მის მხარზე დადებულმა ხელმა ნჯღრევა დაუწყო. – სალომე!
გოგონა ერთბაშად გამოფხიზლდა და თვალები დაახამხამა.
ისევ მუხლებზე იდგა, ოღონდ ამჯერად მაგარ ზედაპირზე, ტალახში აღარ ეფლობოდა. თავი გააქნია და თვალები ფართოდ დაჭყიტა.
-რა გჭირს? – გაისმა მისი გვერდიდან ხმა. სალომემ სწრაფად გამოხედა.
მის გვერდით ჩამუხლულმა ლაშამ წარბი აუწია და ზურგზე ხელი ნელა აუსვ-დაუსვა. სახეზე შეწუხებული და ოდნავ მოღუშული გამომეტყველება ეხატა. სალომემ ამოიხვნეშა და გაუცინა.
-არა, არაფერი… – თქვა მან. – უბრალოდ გამოვშტერდი და რაღაც… რაღაც სისულელე მომეჩვენა….
-ისევ? – მაშინვე ჰკითხა ლაშამ და თავი გააქნია. – ხომ გითხარი, ნუ იფიქრებ მაგაზე მეთქი? – მამაკაცმა ხელი მოჰხვია მხრებზე, და ფეხზე წამოაყენა, მერე კი მაგრად ჩაეხუტა. სალომემ საპასუხოდ ხელები შეამოახვია წელზე და თავი მის ყელში ჩარგო. რა სისულელეს კეთებდა მართლაც, რატომ ფიქრობდა იმაზე, რასაც ძლივს დაუძვრა ლაშა… რაში სჭირდებოდა იმის გაფიქრება, რომ მის ქმარს შეიძლებოდა ასე დამართნოდა? რა საჭირო იყო? ქალმა შუბლი მიადო ყელზე მფეთქავ არტერიას და გაიღიმა.
-არც კი გაბედო. – ჩაიბუზღუნა მან. – აი, ამდენი წელი გავიდა და მე ჯერ კიდევ მეშინია ხოლმე ხანდახან. არ გაბედო და მასე მეორედ აღარ დამზაფრო…
-ბოდიშით, ბოდიშით… – გაიცინა ლაშამ, თავი დახარა და ტუჩებში აკოცა, მერე კი მისი მხრის იქით სამზარეულოს გაზქურას გადახედა. – სალომე, ცოდნისათვის, იწვის შენი თაფლი.
-ფუჰ! – აღმოხდა ქალს და სწრაფად შებრუნდა, მერე კი ქვაბში ჩასხმულ თაფლს მოურია. – კინაღამ დამავიწყდა…
-ჰოოო, აბა… – მიუგო ლაშამ და ქვაბის, რომელშიც თაფლი თუხთუხებდა, გვერდით დაორთქლილ ტაფას თავი ახადა. – აჰააა… – თქვა მან და ხორცი სწრაფად გადმოიღო თეფშებზე, ზედ კი სალომეს გამზადებული სოუსი მოასხა. – ესეც გამოვიდა… შენ კიდევ ინდაურს გახედე, ქურაში რომ გაქვს! – გამოსძახა ცოლს და თეფშებიანად სასტუმრო ოთახში გავიდა. – წეღან ისე მიშტერებოდი ქურას, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ ინდაური ისე გინდოდა, რომ ერთი კბილის მოსმით შემოგეჭმებოდა…
-იცოდე, არ მოვიტან ინდაურს, ლაშა! – დაემუქრა სალომე მკაცრი ხმით, იმის მიუხედავად, რომ ძლივს იკავებდა სიცილს.
-შემაშინე… – გაისმა მისი ქმრის ხმა სასტუმრო ოთახიდან. – როცა მაგ ინდაურს წამოიღებ, ყავაც მოაყოლე რა, შენი მოდუღების ჯერია.
სალომემ თვალები გადაატრიალა და გაიცინა. ყავის მოდუღების ჯერი… ამდენი წლის მერე, ისევ შემორჩათ ეს პატარა ოჯახური ტრადიცია…
ქალმა თაფლი დაბალ ცეცხლზე დააყენა და ინდაური შეამოწმა. ჯერ ნახევრადაც არ იყო შემწვარი. იმედია, ახალი წლის დადგომისათვის მოახერხებდა სუფრაზე მიტანას…
სალომემ ყავა მოადუღა, ფინჯნები ხელში დაიკავა და სასტუმრო ოთახში გავიდა ნელი ნაბიჯით.
ტელევიზორი ჩართული იყო და უწყვეტად მიმდინარეობდა ახალი წლის მილოცვები. სალომემ საათს შეხედა, საათნახევარიც და შესრულდებოდა…
ლაშას გაზეთი გაეშალა, ცხვირზე სათვალე შეესკუპებინა და ისე კითხულობდა. მისი ოდნავ შეთხელებული, მაგრამ ჯერ კიდევ საოცრად მუქი, შავი ფერის თმა უკან იყო გადაწეული და ბუხრიდან მომავალ შუქზე ბზინავდა. სალომემ თავი გვერდზე გადააგდო და სიყვარულით შეხედა. მის ქმარს შავი, მწვანე ფერით გაწყობილი, უყელო თბილი სვიტერი ეცვა და ფეხი ფეხზე გადაედო. მის წინ სადღესასწუალოდ გაწყობილი მაგიდა იდგა, რამდენიმე წითელი სანთელი ენთო ზედ.
სალომეს უცებ გაახსენდა, უფრო სწორად, დეჟა-ვიუს გრძნობა გაუჩნდა. გაახსენდა ის საღამო, ოცდასამი წლის წინ, როცა ასეთი რაღაც მოეჩვენა…
როგორ მეორდებოდა მომენტები…
ქალმა ყავა მაგიდასთან მიიტანა, ზედ დააწყო და ქმარს გვერდით ჩამოუჯდა. ლაშამ გადმოხედა სათვალის ზემოდან, გაზეთი დაკეცა და ხელი გადახვია, მაგრად მიიხუტა გვერდში. სალომემ ფეხები აიკეცა და ტელევიზორს მიაშტერდა. გარედან აუტანელი ღრიანცელი ისმოდა.
-ბავშვებს გავხედავ, თორემ დალეწავენ ერთმანეთს… – წამოიწია სალომე.
-კარგი ერთი. – შეაჩერა ლაშამ და ხელი არ აუშვა. – როდის გაგიჩერებია რამის დალეწვისაგან? ერთიც, მეორეც და მესამეც ჩხუბისთავები არიან. გიორგი, ცოტნე, ნინი, თქვენ გენაცვალოთ მამა, სულ ჩემი გენები გამოგყვათ… – მამაკაცმა სიხარულითა და სიამაყით აღსავსე მზერა მიაპყრო მინის დიდ კარს, რომელშიც ჩანდა, როგორ ძიძგილაობდნენ ბიჭები და როგორი სკეპტიკური სახით დაჰყურებდა მათ ნინი, თეძოებზე ხელებჩამოდებული. – დაგენაძლევები, ახლაც რამე აქვთ უკვე გაფუჭებული. – თქვა მან. – ან მოტეხილი. – დაამატა მერე.
სალომემ დაუბღვირა, მერე კი გაიცინა.
-სწორედ მაგიტომ უნდა გავხედო, ლაშა. – უთხრა მან, და ფეხზე წამოდგა. – მიდი, მიდი, იკითხე შენი გაზეთი…
– ჰო, კარგი, მიდი. – უთხრა მამაკაცმა და ისევ გაზეტს ჩააშტერდა, მაგრამ მალევე მოატრიალა თავი და თვალი გააყოლა ცოლის მიმავალ, ჯერ კიდევ ულამაზეს ფიგურას. სულ ცოტა მოეცადა და მერე, ბავშვების დაძინების შემდეგ, თვითონ და სალომე საძინებელში შეიმალებოდნენ…
გარედან ღრიანცელი, დაწყნარების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზარდა. წარბებაწკეპილმა ლაშამ გახედა, თუ როგორ ესროლა გიორგიმ გუნდა ცოტნეს , რომელიც შემთხვევით მოხვდა სალომეს.
მერე კი გაოცებული და სიცილის პირას მისული უყურებდა, როგორ გუნდაობდნენ მისი ცოლი და შვილები.
რამდენიმეჯერ დახედა გაზეთს.
მერე კი სწრაფად დაკეცა, ფეხზე წამოხტა და სირბილით გავიდა გარეთ.
ეზოში გამართულ აურზაურს კიდევ ერთი ხმა შეემატა.
Fin
Start: 2014
End: 2014

4 thoughts on “იასამნის ბაღები

  1. 6წლის წინ 2014 წელს წვიკითხე ეს ჩანახატი და მახსოვს როგორი ემოცია მოჰქონდა თითოეულ სიტყვას. არასდროს დამვიწყებია ეს ჩანახატი და 6წლის შემდეგ ისევ მომინდა მომეძებნა და წამეკითხა. ისევ ისეთი ემოცია იყო ერთი ამოსუნთქვით წაკითხულის,
    მადლობა და წარმატებები.

    Like

  2. მიყვარს ეს ,,დასრულებული იდიოტი,, როგორც სალომე იტყოდა ხოლმე😍😍მერამდენედ ვკითხულობ არც ვიცი🤣🤣

    Like

Leave a reply to ელე კომენტარის გაუქმება