ცოცხალი ჟანგი (თავი 14)

XIV – Two sides

-*-*-*-*-*-*-

სახეს სწვავდა მაღაროებიდან მონაბერი ქარი.

არ ესმოდა, მაგრამ გრძნობდა ცეცხლნარევი ქარის ღრიალსა და მაღაროების გუგუნს, ჟრუანტელად გასდგომოდა სხეულში.

ქუთუთოების მიღმა წითლად ქცეულიყო სამყარო, ნარინჯისფერი ელფერი დასდებოდა ალისფერს და ციალებდნენ მოტკარცალე ალები. თრთოდა განცდილით დამფრთხალი მიწა და მწარე კვამლის  სურნელი სწვავდა ნესტოებს.

მაგრამ არაფერს ნიშნავდა ეს ყველაფერი. მთრთოლვარე მიწა, მხრჩოლავი ალი და ცეცხლში გახვეული მაღაროები შორს იყვნენ მისგან, ძალიან შორს, მიუწვდომელი გამხდარიყო მათთვის, როცა სორენი მოჰხვეოდა გარშემო.

მაგრად ჩაჰფრენოდა კაცს ნარა, მისი სხეულის სითბოს, მათი კავშირის სიჩუმეს, მის გულისცემას გრძნობდა, მის ტუჩების შეხება ცხელ დაღად შერჩენოდა ჯერ კიდევ კანზე და აღარაფერი იყო გარშემო, არც კვამლის მწველი სურნელი, არც მის ხელებზე შერჩენილი სისხლი, არც მისი ფიქრების ზვირთი და არც ცეცხლი, რომლის ციალი მზის მქრქალ შუქად ქცეულიყო მისი ქუთუთოების ქვეშ.

თითქოს შორს იყო. სადღაც შორს აქედან.

‘წავიდეთ სადმე, შორს.“

თვალები დაახამხამა ნარამ, კანკალით ამოისუნთქა. ისეთი ძალით მოჰხვეოდნენ სორენის მკლავები რომ ვერც კი იძვროდა, მხოლოდ სუნთქვა შეეძლო და ალბათ ახლა არც სჭირდებოდა აღარაფერი მეტი. სორენს ახედა, მის მზერას წააწყდა და ისევ მზეზე მწველი იყო სორენის თვალები, ისეთივე თბილი, როგორც სასიამოვნო მოგონება და ისეთივე ცეცხლით აღსავსე, რომლის ალებიც ცეკვავდნენ მის სახეზე. გააჟრჟოლა ნარას, მაგრამ აღარ იყო ეს ცივი ჟრუანტელი, თითქოს რაღაც ცხელი გასკდა შიგნით და გამოავსო, გაათბო შიგნიდან.

მაგრად ეჭირა სორენს, ყველაფრისგან იფარავდა, თითქოსდა ისეთივე უდრეკი, როგორც იგაზან-ლას გარშემო შემოვლებული გალავანი, მაგრამ მისი გაფითრებული სახე და ტუჩზე ჩამოდენილი სისხლი უარყოფდნენ მის შეუვალობას.

მაგრად მობღუჯა მის ზურგზე ტანსაცმელი ნარამ და ნეკნები იგრძნო, ოდნავ გამობურცული მალების სიმაგრე, კუნთების მოძრაობა და იმ უტყუარი სიკვდილის დაპირება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მერითის ბინაში იხილა, სორენის სხეულზე აღბეჭდილი.

‘ნუ წახვალ.’ თქვა ბოლოს.

‘არ წავალ.’ უპასუხა სორენმა. ‘ვერ წავალ.’

‘თუ წახვალ, მეც წამიყვანე.’

სორენს ცოტა ხანი ხმა არ გაუღია.

‘წავიდეთ სადმე, შორს.’ თქვა ბოლოს.

მის მკერდში მიაბრუნა თავი ნარამ. სორენის სითბოს სურნელი იგრძნო, მეტალის, კვამლის, ჩამოფშვნილი თაბაშირისა და ახლადგაწურული სარეცხის სურნელი, რომელიც სახლში იდგა მუდამ. უხეში იყო მის საფეთქელსა და ლოყაზე სამოსის მატერია.

კვლავ იძრა მიწა მათ ფეხქვეშ, ათრთოლდა.

არ უნდოდა, მაგრამ თვალები გაახილა, მოიხედა.

ცეცხლი ამოსდიოდათ ხახიდან შახტების დაბჩენილ პირებს. ყველაფერი ბურუსში გახვეულიყო გარშემო, თვალები დასწვა კვამლმა.

მაგრამ თბილოდა. აღარ ჰგლეჯდა სითბოს ბოლო ნატამალს იგაზან-ლას სუსხიანი ქარი.

სწვავდა ყველაფერს ცეცხლი, ანადგურებდა, თან ათბობდა შემოგარენს.

რამდენის სხეულს ეკიდა ახლა შახტებში ალი? რამდენის სისხლი აეორთქლებინა და ძვლები შეეხრა ცეცხლს „ხრამში“?

მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ასე ისურვა. რამდენი შეეწირა მის სურვილს, რომ ან სხვები გადაერჩინა, ან საკუთარი თავი?

დაუგვიანდა ჰელმარს მისი მოკვლის მცდელობა. აქამდე უნდა მოეცილებინა თავიდან.

და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

სისხლში მოთხვრილი ხელები აუკანკალდა ნარას. წამიერად მოუნდა, რომ ჩამოერეცხა წამსვე სისხლი, გადაყვლეფამდე ეხეხა ხელები, კანი მოეგლიჯა და გადაეგდო, ანდა მიენდო ცეცხლისათვის, რომ შეენთქა, როგორც მისი კოჟრები. 

‘სახლში წავიდეთ.’ ამოთქვა ბოლოს. სუნთქვა უჭირდა, კვამლმა მოუწამლა ფილტვები. ‘წავიდეთ აქედან…’

სორენისათვის ხელი არ გაუშვია, მაგრად ჩაბღაუჭებოდა ტანსაცმელზე, მხარში შეუდგა. რის ვაივაგლახით წამოიწივნენ, ძალიან მძიმე იყო სორენი, გამხდარიცა და გამოფიტულიც კი, მის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა ნარა და ყველაფერი ასტკივდა ანაზდად, ყველაზე მეტად სადღაც შიგნით, ღრმად, თითქოს ვიღაცას მოეკუჭა მუჭში მისი გულმკერდი, ნეკნების ჩამსხვრევას უქადდა.

ფეხები უთრთოდა ნარას, მუხლები ეკეცებოდა და იქნებ არ გრძნობდა მხოლოდ სორენის სიმძიმეს, იქნებ მის სხეულზე აღბეჭდილი სიკვდილი და მისი თანმხლები პარალიზებადი შიში, საკუთარი ქმედებები და მწარე სინანულიც ტვირთად აჰკიდებოდა ზურგზე?

კიდევ ერთხელ იძრა მიწა, ამაღლდნენ ალები მათ უკან და თვალისმომჭრელ მეწამულად ღვიოდა სისხლი სორენის ტუჩზე. გუგები დაწვრილებოდა და აალებული მაღაროს ანარეკლს თვით ცეცხლად ექცია მისი თვალები, გაფაციცებით გაჰყურებდა რაღაცას აქეთ-იქით. ყბა დასჭიმვოდა, მაგრად მოეკუმა ტუჩები და აღელვება იგრძნო ნარამ, ისეთი, რომ თვითონ არ ეკუთვნოდა.

უკან დაიხია სორენმა, თან უფრო მაგრად მოხვია მკლავები, ქშინავდა, ნესტოები ებერებოდა.

თითები ისეთი ძალით ჩაახვია მის ტანსაცმელში ნარამ, რომ სახსრები ასტკივდა.

მოიხედა.

ხალხი შემოხვეოდათ გარშემო. მთელი ჯგრო, ზოგს დაეჩოქა და გაფაციცებით შეჰყურებდა. თვალისმომჭრელად ღვიოდა ცეცხლის შუქი და თითქოსდა ალი წაჰკიდებოდა მათ სილუეტებს. ხალხის ტუჩების მოძრაობას დააშტერდა ნარა, მათ დაღებულ პირებს, ხახადაღებულ მაღაროს შესასვლელს რომ ჩამოჰგავდნენ.

ანაზდად გაწყდა კავშირი და ელვის სისწრაფით შემოიჭრა მის გონებაში გამაყრუებელი ხმაური, მაღაროების წიაღიდან გამომავალი გუგუნი და ცეცხლის დაუდგრომელი ტკარცალი, ქარის სტვენა და ბრბოს მკერდიდან ამოხეთქილი ყვირილი.

რეტი დაესხა ნარას, წამიერად სორენის მკერდში მიაბრუნა თავი. მისი ქოშინი ესმოდა და თითქოს დამძიმდა კიდევ უფრო მასზე დაყრდნობილი სხეული.

-ცეცხლის ქალია! ცეცხლის ქალი მოვიდა! – გაჰკიოდა ერთი და დანარჩენებს მხარი აებათ. – ცეცხლის ქალი მოვიდა და მაღარო გადაწვა! ცეცხლის ქალმა მაღარო მოსპო!

ერთი მაღაროელი, ისეთი გაძვალტყავებული, რომ ტანსაცმელი ზედ ეკიდა, მუხლებზე დაეშვა და ფორთხვით გამოეშურა მათკენ, ნარას ქურთუკის კალთას წაეპოტინა.

მთელი ძალით გაქაჩა უკან სორენმა, გამალებით ქშინავდა.

-უკან! – იბღავლა მან და მოტრიალდა, ნარას ჩამოეფარა. – უკან მეთქი!

-ცეცხლის ქალი! – გაჰკიოდნენ ერთი მაღაროელი. – ცეცხლის ქალმა შენობები გაანადგურა, „ხრამი“ მოსპო და მაღაროც გადაწვა! ცეცხლის ქალი გაგვათავისუფლებს! გაგვათავისუფლე! გვიშველე! გვიშველე!

-გვიშველე! – აჰყვნენ სხვებიც. – გაგვათავისუფლე! გადაგვარჩინე!

-გადაგვარჩინე!

-სად წავიდეთ? გვითხარი, რა გავაკეთოთ!

-რა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ?!

-გაგვიძეხი, ცეცხლის ქალო, ბინგემზე წავიდეთ! გზა გვაჩვენე!

სუნთქვა ყელში გაეხირა ნარას, კინაღამ გაიგუდა. გაფაციცებით შეჰყურებდა მათკენ მოწეულ ბრბოს და იმასღა ფიქრობდა, რომ არავის გადარჩენა არ შეეძლო, ვერც გზას გაუკვლევდა ვერავის, რომ თვითონაც არ იცოდა, თუ რას აკეთებდა, რა გზას უნდა გაჰყოლოდა და საერთოდაც, სად აღმოჩნდებოდა ამ ყველაფრის ბოლოს.

-უკან! – ბღაოდა სორენი, უკან დაიხია, წაიფორხილა და წამიერად კინაღამ მუხლები მოეკეცა ნარას, სისხლი შუბლში მოაწვა მისი სიმძიმისაგან, ძლივძლივობით იჭერდა. ფეხზე ძლივს იდგა სორენი, მაგრამ ცეცხლივით აბრიალებული თვალები შეშლოდა, ნიკაპზე ჩამოეღვარა ნესტოებიდან მოთქრიალე სისხლი. – არ მოხვიდეთ-მეთქი! უკან!

მერე კი მობრუნდა, მკლავი მაგრად მოხვია ნარას მხრებზე და სწრაფი ნაბიჯით, ნახევრად ბარბაცით მიუახლოვდა მოტოციკლს, რომელსაც უკვე მაღაროელები დასეოდნენ. ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინათ დაქოქვა.

-რას აკეთებთ! წაეთრიეთ ახლავე! – იღრიალა სორენმა და ისინიც დაფეთებულები გახტნენ უკან. ხელი შეუშვა სორენმა და ელვის სისწრაფით დაახურა ჩაფხუტი, მერე კი ელვის სისწრაფით დაქოქა მოტოციკლეტი.

მის უკან მოთავსდა ნარა, მაგრად მოხვია წელზე მკლავები და გაფაციცებით შეჰყურებდა ბრბოს, გამეხებულნი რომ შეჰყურებდნენ მათ. გაოგნება, სასოწარკვეთა და მრისხანება გულისამრევ, სულშემხუთავ ზვირთად დაასკდა თავზე, ცოტაც და შიგნით ჩაიხრჩობოდა.

არ იყო ის, ვინც მათ ეგონათ.

არ იყო ის, ვინც მათ სჭირდებოდათ.

-ცეცხლის ქალი მიდის! ცეცხლის ქალი წაიყვანა! – გაჰკიოდნენ ისინი.

ზუზუნით მოსწყდა ადგილს მოტოციკლეტი და უფრო მაგრად მოეჭიდა სორენს ნარა, იგრძნო მისი გულმკერდისა და მუცლის მოძრაობა, მისი დაწყვეტამდე დაჭიმული კუნთები, მისი შინაგანი, შორეული ტკივილი და ის აუტანელი დაღლილობა, თითოეულ ნერვში რომ გაედგა ფესვი. ძალ-ღონის ბოლო წვეთი მოეკრიბა სორენს, საკუთარი არსების წიაღიდან, თითქოსდა ფიზიკური სხეულის მიღმა მოეძებნა ის მხნეობა, ახლა რომ ასულდგმულებდა და მაგრად ჩაახვია მის ტანსაცმელში თითები ნარამ, თავისთვის ისურვა მისი ტკივილი, დაღლილობა და ის ყველაფერი შავბნელი, რასაც მის არსებაში გრძნობდა, მდუღარე, შავბნელი მორევივით.

ისურვა და შეიგრძნო, მკვეთრად და მწვავედ, სანამ ვეღარც ხვდებოდა, თუ სად იწყებოდა თვითონ და სად მთავრდებოდა სორენი. მისი სხეულის სითბოს გრძნობდა, საკუთარ ხელებსა და მის თეძოებზე შემოჭერილ ბარძაყებს, მაგრამ ყველაფერი ერთიანად აღრეოდა შიგნით.

ჩაფხუტის დაბურულ მინაში გაჭირვებით ბუნდოვნადღა აღწევდა სინათლე, მაგრამ აიხედა ნარამ, იგრძნო, თუ როგორ მალ-მალე ევლებოდა სახეზე შუქი, თვალი მოსჭრა. ზუზუნებდა მოტოციკლეტის ძრავა, ციმციმებდნენ ალაგ-ალაგ ცათამბჯენთა ფანჯრები და ვიღაც გაჰყვიროდა ყოველ ქუჩის კუთხეში რაღაცას. სრული ქაოსი იდგა, ნაგვის ურნები გადმოეყირავებინათ, ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ და პანიკის უსიამოვნო, მყრალი სურნელი სქლად დასწოლოდა შემოგარენს. სანათების ფარები და ჰოლოგრამების გადამცემები ჩაელეწათ, შორიდანღა ისმოდა ახალი ამბების გამომცხადებელთა დაგუდული ხმა. კვამლის სვეტები აღმართულიყვნენ აქეთ-იქით და ბოლი სუდარად მოსდებოდა პირქუშ, მდუმარე, მწუხრ-მოწოლილ ცას.

კვლავ დახარა თავი ნარამ, სორენის მკერდზე გაშალა თითები, მის გულისცემას მიაყურა. საკუთარი გული მტკივნეულად უცემდა, თითოეული სუნთქვა სწიწკნიდა გულმკერდს.

როცა თვალთახედვაში სორენის კორპუსი წამოიჭიმა, მოუნელა სორენმა და ჩაბნელებულ, ცარიელ შუკაში გააჩერა. ქოშინით გადმოძვრა და ყოყმანით შეუშვა მას ხელი ნარამ, სუნთქვა შეეკრა, როცა მათ შორის გაჭიმულ, ტკივილით, გასავათებითა და  აღელვებით აღსავსე ხიდი ჩაწყდა.

მოტოციკლეტი შუკის კუთხეში მიაგდო სორენმა, ჩაფხუტიც მას მიჰყვა. ქუჩიდან მომავალ მქრქალ შუქზე ძლივს არჩევდა მის გაფითრებულ სახეზე და წითლად აღუებულ ცხვირ-პირს. გამოცოცხლებულიყო ოდნავ სორენი, მაგრამ მაინც ქანცგაწყვეტა ეტყობოდა მის თითოეულ მოძრაობას, და კვლავ მხარქვეშ შეუდგა ნარა.

-წავედით, დროზე. – ამოიქშინა სორენმა და სწრაფი ნაბიჯით გააბიჯეს კორპუსისაკენ.

შორიახლოს რაღაც იწვოდა, მძიმე კვამლმა თვალები აუწვა ნარას. რუხი ბინდი ჩამოწოლილიყო და შაშხანების ჭახანმა წამიერად გადაფარა მატარებლის გუგუნი, რასაც ხალხის შემზარავი კივილი დაემატა.

ცივმა ოფლმა დაასხა ნარას, ნაბიჯს აუჩქარა. გაფაციცებით მოათვალიერა შემოგარენი, მაგრამ მაღაროელებისა და მემანქანეების მეტი ვერავინ დალანდა, აქეთ-იქით მიიჩქაროდნენ და არავის ზედაც არ შეუხედავს.

ძლივს აათავეს კიბეები. სორენი გმინავდა, ნარასა და მოაჯირს მაგრად ჩაჰფრენოდა და გული ეწურებოდა ნარას. მეწამულად შეხმობოდა ტუჩსა და ნიკაპზე სისხლი კაცს, რამდენიმე წვეთს მის ოფლით დაცვარულ ყელამდეც ჩაეღწია.

ძლივს ამოისუნთქა ნარამ, კვამლი ფილტვებს სწვავდა.

გაიხედა. ცეცხლის სურნელი სდიოდა ყველაფერს და ათიოდე კვამლის სვეტი აღმართულიყო აქა-იქ, რაიონში ჩამოწოლილი ქაოსის გნიასი შერეოდა ქუჩებიდან მომავალ მქრქალ ცისფერ სინათლეს.

შორს, ცათამბჯენთა მიღმა, კვამლის რუხი საფარველის ქვეშ გაწოლილიყო ჩამავალი მზე და ისეთივე უსუსური მოჩანდა მისი მქრქალი დისკო, როგორც სორენის მძიმე სხეული ნარას გვერდით. ღრუბლები დაგორგლილიყვნენ მათ თავზე, პირქუშნი, მრისხანებით აღსავსენი და თითქოსდა პირი დააღესო, ანაზდად ნაკაწრივით გამოხეთქა მათ ნაცრისფერ სუდარაში ელვამ.

დაიგრგვინა, ისეთი ძალით რომ ფანჯრები შეზანზარდნენ, უფრო ხმამაღლა, სტვენით დაუბერა ქარმა. ქუჩიდან შაშხანამ იჭექა, რასაც კიდევ ერთი გამაყრუებელი გრუხუნი დაერთო.

და შორს, ძალიან შორს, ჰორიზონტზე, გალავანთან ახლოს ნარინჯისფერი ჩრდილი დასდგომოდა ნისლს.

იწვოდა მაღარო. ურანი იწვოდა, მისი მომწამვლელი კვამლი მოედებოდა მალე მთელ იგაზან-ლას.

პირი იბრუნა ნარამ. გრძნობდა, რომ მალე ყველაფერი დამთავრდებოდა.

სახლის კარი მათ უკან ხმამაღალი ზათქით დაიხურა, მაგრამ არსად გამქრალიყო კვამლის მწვავე სურნელი, რომელსაც ტანსაცმლისა და მათი სხეულის თითოეულ კუთხე-კუნჭულში რომ დაედო ბინა.

ხვნეშოდა ნარა. სორენი მძიმედ ქშინავდა, ეტყობოდა რომ ერთიანად გამოეცალა ძალ-ღონე. მძიმედ დაეშვა ლოგინზე და მის წინ მუხლებმა უმტყუნა ნარას.

ცოტა ხანი გარედან მომავალ გრუხუნს, შაშხანების ჭახანსა და მინის წკარუნს მათი სუნთქვა ერთვოდა მხოლოდ.

მერე კი ყველაფერი გაქრა, თითქოს ოკეანის სიღრმეებში ჩაიძირა და თვალები დახუჭა ნარამ.

‘უნდა წახვიდე.’ უთხრა სორენმა.

ელვის სისწრაფით ასწია თავი ნარამ.

‘წავიდე? რას ნიშნავს წავიდე?’

‘თავს არ დაგანებებენ. უკვე ეცოდინებათ, რომ ცეცხლის ქალი გადარჩა.’

სორენი დაჟინებით დაჰყურებდა და მაგრად მომუშტა ხელები ნარამ. გული გამალებით უცემდა.

‘რა გგონია, აქ მოვლენ?’

‘ეჭვი გეპარება?’

რაღაცნაირი, აპათიით აღსავსე იყო მისი სიტყვები და გულმა რეჩხი უყო ნარას.

წამსვე ამოუტივტივდა თავში საკუთარი სიმწრითა და სასოწარკვეთილებით აღსავსე სიტყვები, როცა სორენის მკლავებში ჩაემხო. სინანულით აღსავსე აღიარება.

ახლა ყველაფერი იცოდა სორენმა.

პირი გამოუშრა ნარას.

‘ვერ გითხარი.’ ამოილუღლუღა ბოლოს. ‘ჰელმარი… ვეზუვში იყო. რევოლუცია უნდოდა. იძულებული ვიყავი… არა. გადავწყვიტე დავხმარებოდი. იარაღი მივეცი. ისეთი იარაღი, რომლითაც ყველაფრის განადგურებას შეძლებდა. მე მივეცი საშუალება… და მე… მართლა ვეცადე ხალხიგადამერჩინა, გეფიცები. ხრამისათვის ხელი არ უნდა ეხლოთ. მარტო ბინებს უმიზნებდა. ცარიელ შენობებს, რომ არავინ დაშავებულიყო…მიტინგებზე რკინის მილებს არიგებდა. ხალხს აქეზებდა… უნდოდა… უნდოდა ხალხს დახმარებოდა…’

ნერწყვი ყელში გაეხირა ნარას, სუნთქვა შეეკრა. რაღაცას როშავდა და თვითონაც ხვდებოდა, რომ ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული მისი ნაბოდვარი.

სორენს სახე მოეღრიცა. რაღაც ღიმილისმაგვარმა, ირონიულმა მოუგრიხა ნაკვთები.

‘ხრამი მოსპო. მაღარო გადაწვა.’ ათრთოლებული ხელები შუბლზე შემოიჭდო ნარამ, ხელთათმანზე შემხმარი სისხლის შეგრძნებამ გული აურია. ‘სულ ჩემი ბრალია. უარი უნდა მეთქვა…’

‘ეს ყველაფერი ოდესმე მაინც მოხდებოდა.’ თქვა სორენმა.

გამტკნარებული შეაცქერდა ნარა.

ალბათ მართალი იყო სორენი. ჰელმარი თუ არა, სხვა ვინმე მაინც გამოჩნდებოდა, რომელიც გულაამისადმი სიძულვილს ქმედებად აქცევდა.

არ არსებობდა არანაირი სტაბილურობა, გარშემო ძალადობისა და შიშის მყიფე საფუძველზე შეკოწიწებული წესრიგის ილუზია მეფობდა მხოლოდ.

ეს ყველაფერი ოდესღაც მაინც მოხდებოდა.

‘ალბათ. მაგრამ… ეს ჯობია იმას, რაც იყო?’ დაიჩურჩულა მან. ‘ძვლების რაიონს ურანის გარდა არაფერი გააჩნდა. ახლა რა იქნება?’

‘ქაოსი.’ თქვა სორენმა.

ძლიერად გასწიწკნა მკერდში ნარას, მაგრად მოიხვია სხეულზე მკლავები.

მაღარო აღარ იყო. და ვინც აფეთქებას გადაურჩა, ქუჩაში დარჩებოდა მალე. აღარაფერი ექნებოდათ, სიძულვილის გარდა, და იმასაც ვერ გაიგებდნენ, ვისი მისამართით.

უმისამართო სიძულვილი კი ყველაფრის განადგურებას მოასწავებდა.

ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, გულაამი? ჰელმარი?

თუ თვითონ?

‘ასე არ უნდა მომხდარიყო.’ ამოილუღლუღა ბოლოს. ‘ასე უცებ… ერთადერთი დღე კმაროდა ყველაფრის გასანადგურებლად…’

სორენი უსიტყვოდ შეჰყურებდა.

‘შენთვის ტანჯვის გადავადების აზრი სინანულის თავიდან არიდებაა.’ უთხრა ბოლოს. ‘იმიტომ რომ ხალხი სულ იტანჯებოდა, ნარა, და ცვლილება ვერასოდეს ჩაივლიდა სისხლის გარეშე.’

წამოახურა ნარას. თავი დახარა.

‘მე ვეცადე.’ თქვა მან. ‘ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.’

ამბობდა და გრძნობდა, თუ რა ფუჭი იყო მისი თითოეული სიტყვა.

თუ როგორი ფუჭი, არაფრისმომტანი და გულისამრევი იყო თავის მართლება.

ახლა უკვე ძალიან გვიანი იყო. ახლა უკვე უკან მოეტოვებინა ყველა ის მომენტი, როცა შეეძლო რამე შეეცვალა. ასაფეთქებლები რომ არასოდეს აეწყო, ჰელმარისათვის რომ უარი ეთქვა, ვეზუვში აღარ მისულიყო და უბრალოდ გაეგრძელებინა მუშაობა, შეიცვლებოდა რამე?

ასეთი სისასტიკით მაინც ვერ შეძლებდა ჰელმარი ძვლების რაიონის განადგურებას.

და ჰქონდა კი ნარას მონანიების უფლება, როცა ყოველ ჯერზე არასწორი გზა აერჩია, ზედაპირული მიზეზებისა და იმ ყალბი წინაპირობის გამო, რომ არჩევანი ილუზია გახლდათ?

‘რა გინდა გითხრა?’ ჰკითხა სორენმა. ‘რა კეთილშობილურად მოქცეულხარ-თქო? არაფერი დაგიშავებია-თქო?’

ძალიან სტკიოდა ნარას, შიგნით, ღრმად. სისხლი ცხლად მოაწვა შუბლში, ადგილს მიელურსმა.

‘არა.’ ამოღერღა მან.

სორენი თვალის დაუხამხამებლად დაჰყურებდა. მერე კი თვალი აარიდა. ყბებში კუნთები დაეჭიმა და უფრო გამოეკვეთა დაჩრდილულ სახეზე ყვრიმალები.

‘რაც არ უნდა ჩაიდინო…’ დაიწყო მან და მისი ხორხის ნელ, მძიმე მოძრაობაზე გაუქვავდა მზერა ნარას. ‘მე უარესი გამიკეთებია. თავს ნუ გაიმართლებ ჩემთან.’

ჟრუანტელმა დაუარა ზურგში ნარას. რა ჩაედინა ასეთი სორენს, რაც ნარას აღსარებაზე უარესი გახლდათ? რასაც შეეძლო გადაეწონა „ხრამისა“ და მაღაროების განადგურება?

ცივმა ოფლმა დაასხა, ხელები უთრთოდა.

‘რა… რა…’ ამოღერღა ძლივს.

‘რაც დღეს მოხდა, ყველაფერი დაივიწყე.’ გააწყვეტინა სორენმა. ‘უნდა წახვიდე.’

‘მოიცადე…’

‘ჩანთა აიღე.’ უთხრა სორენმა. ‘ჩაალაგე. და წადი.’

‘მომისმინე, რასაც გეუბნები… ვერაფერი გავიგე. რას…’

‘აქ მოვლენ. ალბათ მალე. რა ვერ გაიგე?’

ხელები მთელი ძალით მომუშტა ნარამ, ტუჩები მოკუმა.

იცოდა, რომ პასუხებს ვერ მიიღებდა. იმ კითხვებზე მაინც ვერა, თვითონ რომ უნდოდა.

‘იქნებ არ მოვიდნენ.’

‘ხუთი კაცი მოგიგზავნეს მოსაკლავად, ყველა მკვდარია, შენ ცოცხალი, მაღარო იწვის, ყველამ დაგინახა შესასვლელთან და გგონია თავს დაგანებებენ?’

‘ჰელმარს ჩემთვის არ ეცლება.’

‘ვის დაჯერებას ცდილობ, ჩემსას თუ საკუთარი თავისას? და სულ ოდნავადაც რომ ცდებოდე, რა გამოვა?’

ცივი, ბნელი თვალები ჰქონდა სორენს, ყოყმანის ნატამალიც კი არ ეტყობოდა მის მოქუფრულ მზერას. ტუჩებზე შემხმარი სისხლი შავბნელ ჩრდილს ჰგავდა, გაფითრებულ ცაზე გადაკრულ რუხ ღრუბელს ჩაბნელებულ ოთახში და გასცრა ნარას, თვალები დახუჭა.

‘მეუბნები, წადიო.’ თქვა ბოლოს. ‘აქ თუ მოვლენ… შენ რას აპირებ?’

‘არაფერს ვაპირებ.’

‘რა არაფერს… აქ რჩები?’

‘მე ვერ წამოგყვები. მერითი დაგხვდება მეოცე და ოცდამეთხუთმეტე ქუჩის გასაყარზე, თავშესაფარში წაგიყვანს.’

‘რატომ? რატომ ვერ წამოხვალ?’

‘ვერ წამოვალ.’

‘შენ რა, გაგიჟდი?’ სული მოეხუთა ნარას, გაფაციცებით შეჰყურებდა, ხელახლა ასტკივდა გულმკერდი. არ სჯეროდა, რომ ეს ესმოდა. ‘აბა სად მიდიხარ? ოღონდ არ მითხრა, სამსახურშიო. ვერ ხედავ რა ხდება? ყველაფერი იწვის!’

‘არა.’

‘აბა? ბინგემზე?’

‘გადაუდებელი საქმე მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი.’ თქვა სორენმა. შეჰყურებდა და მუდარის კვალი იგრძნო დაინახა მის თვალებში ნარამ.  

რატომ? მართლა რამე გადაუდებელი ჰქონდა თუ უბრალოდ არ სურდა ნარას კითხვები დაესვა?

‘არ შემიძლია.’ თქვა მან, ძლივს წამობარბაცდა ფეხზე. ‘მთლად გაგიჟებულხარ. აქ როგორ დაგტოვო? ასე როგორ დაგტოვო?’

‘უკეთ ვარ.’ თქვა სორენმა.

‘არ ხარ.’

‘უკეთ ვარ.’

‘ჰელმარი მოგკლავს.’

‘მაგას ცეცხლის ქალი სჭირდება, მე კი არა. ამიტომ უნდა წახვიდე.’

‘ჰელმარს მომხრეები სჭირდება მხოლოდ. სხვა არავინ აინტერესებს და არ სჭირდება.’ თქვა ნარამ და ტანში გასცრა, რადგან ახლაღა გააცნობიერა მისი ნათქვამის სიმართლე. ‘შენზე იცოდა. მაშანტაჟებდა, შენი მოკვლით დამემუქრა. თუ ვერ გამოგიყენებს, მოგკლავს.’

‘ვერ მომკლავს.’ თქვა სორენმა.

სისხლმა წამოასხა შუბლში ნარას, ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო.

’სულ ეგრე ამბობ.’

’იმიტომ რომ სიმართლეა.’

’სორენ…’

სიტყვები ყელში გაეხირა ნარას,დადუმდა წამიერად. დარჩა კი რამე სათქმელი? სორენს დაჰყურებდა, მის მოღრეცილ სახეს, ყვრიმალზე გამობურცულ ნაწიბურსა და იმ ირონიული ღიმილის მიღმა დამალულ სევდას, რომელიც ასე მწვავედ არასოდეს ეგრძნო.

და უცებ რაღაც წამოუტივტივდა თავში. თვალისმომჭრელი სინათლე მერითის ოთახში, ნეკნებსშორის ჩადგმული მილი, რომელიც წამსვე აევსო სისხლს და ის თითქოსდა არაფრისმთქმელი, პატარა ყავისფერი ლაქა მის ზურგზე.

ლაქა, რომელსაც უკვე გაედგა მის სხეულში ფესვები, რომელიც უკვე გავრცელებულიყო, რომელსაც აღარაფერი ეშველებოდა.

’ვერ მოგკლავს, რადგან უკვე კვდები.’ თქვა ბოლოს და შეზარა საკუთარმა სიტყვებმა, თითქოს ანაზდად უფრო რეალური, თითქმის ხელშესახები გახდა სორენის გარდაუვალობად ქცეული სიკვდილი. ’რადგან გგონია, რომ იქამდე მოგერევა შენი დაავადება.’

სწორედ ამაზე იყო მათი უცნაური საუბარი მერითთან.

„-მერე აღარ გამოვა.

-არც ახლა გამოვა. იცი შენ ეს.“

მერითი ალბათ მკურნალობას სთავაზობდა. სორენმა კი უარი უთხრა.

სორენს არაფერი უთქვამს. მთელი სახე მოეშვა, მხოლოდ ტუჩები შეუთრთოლდა. დაცარიელდა თითქოს, იჯდა გამოფიტული და მაგრად გადაეჭდო ერთმანეთზე ხელები. თვალს ვერ უსწორებდა.

რეტი დაესხა ნარას. გული ისეთი ძალით უცემდა რომ მალე ამოუვარდებოდა მკერდიდან.

‘როდის გაიგე?’ ამოღერღა მან.

სორენს ცოტა ხანი ხმა არ გაუღია. რაღაცას დაჰყურებდა იატაკზე, უმისამართოდ.

წელიწადი იქნება.’ თქვა ბოლოს. ’სწრაფად გავრცელდა.’

მერე კი ახედა. კვლავ შეუთრთოლა ტუჩები იმ ირონიულმა ღიმილმა.

’არ მინდოდა გცოდნოდა.’

’რატომ?’

’იმდენი რამ მოხდა… იმდენი რამ ხდებოდა. არ მინდოდა ამაზეც გეფიქრა.’

’მერითი წამალს გთავაზობდა.’

‘მე წამლები ვეღარ მიშველიდნენ. თან რომ დამეწყო მკურნალობა, სამსახურში ვეღარ ვივლიდი. და ძალიან კარგად იცი რაც ემართებათ უმუშევრებს.’

‘ქარქს-ნუიაში რომ დაბრუნებულიყავი? იქ უკეთესი ექიმები არ არიან?’

‘მე აქ ვარ გამწესებული. ვერ დავბრუნდები.’

‘იფლიჰემი… იფლიჰემში უნდა წავიდეთ.’

‘იფლიჰემში არაფერია.’ სორენს თვალები გაუშტერდა. ‘მე არაფერი მეშველება.’

გავეშებული დაჰყურებდა მას ნარა.

‘საიდან იცი?’ აყვირდა ბოლოს. ‘იქნებ არის, საიდან იცი?!’

‘ვიცი. არაფერია იქ. ის გუმბათი იფლიჰემის დაცვას კი არა, ტყუილის დამალვას ემსახურება. და რომც იყოს, მე ვეღარაფერი მიშველის. გვიანია უკვე.’

კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს ნარამ, გამწარებულმა. ფიქრები ელვასავით მყისიერად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ მისი გონებიდან, და თითოეული გამაყრუებელ გრუხუნს ტოვებდა უკან, სანამ გაურკვეველი გუგუნით აღვსებოდა თავი, საფეთქლებში მოაწვა მფეთქავი ტკივილი.

‘უნდა გეთქვა.’ თქვა მან. შიგნით ყველაფერი ეწვოდა. ღიმილი სახეზე შეეყინა სორენს.

‘რამე შეიცვლებოდა რომ მეთქვა?’

კბილებმა ღრჭიალი გაიღეს. აუტანელი იყო შუბლში მოწოლილი მფეთქავი ტკივილი და ყოველი ამოსუნთქვისას მდუღარე მრისხანება სწვავდა გულმკერდს.

რა აზრი ჰქონდა სიცოცხლეს, თუ სიმართლე რეალობას ვერ ცვლიდა? რა აზრი ჰქონდა არჩევნის ილუზიაში გახერილ ცხოვრებას?

‘არ მომატყუებდი.’ ამოღერღა ბოლოს.

‘როდის მოგატყუე?’

‘სულ მატყუებ. მერითისგან რომ წამოვედი, გკითხე, რაზე ლაპარაკობდით. არ მიპასუხე. მითხარი რომ არაფერს ეხებოდა, რომ ჩაიარა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი. ეს არაა მნიშვნელოვანი? ამან ჩაიარა?’

თითქმის კიოდა გონებაში ნარა. ხელები მუშტებად შეჰკვროდა და უსიამოვნოდ ესობოდნენ ახალ ხორცში ფრჩხილები.

‘რომ გეთქვა… იქნებ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო.’ წაიდუდუნა ბოლოს. ‘იქნებ… იქნებ ახლა აქ არ ვყოფილიყავით.’

წარბები შეკრა სორენმა.

‘აბა სად?’

‘სხვაგან. სადმე, შორს. არა ერთად.’

სორენი უსიტყვოდ, დაჟინებით შეაცქერდა.

‘რომ მეთქვა, ვკვდებიო, წახვიდოდი?’ ჰკითხა მან. ‘მიმატოვებდი?’

გამომცდელი მზერა ჰქონდა და არაფრისმთქმელი გამომეტყველება გადაჰკვროდა სახეზე, მაგრამ იგრძნო მისი აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა ნარამ, დაძაბულობა მის მხრებში, შიში, დაბნეულობა და ალბათ ყველაზე მწარე, შეგუება, თითქოს აქამდე ჰქონდა მოლოდინი იმისა, თუ რაც მოხდებოდა.

‘რომ მცოდნოდა, იქნებ ასე შორს არ შეგვეტოპა.’ დაიჩურჩულა ნარამ.

‘ანუ დამევიწყებინა ეს კავშირი.’ ჰკითხა სორენმა. ხელები მოეკუმშა, გაშალა და მუშტად შეკრა, მერე კი მაგრად მოიჭდო მუხლებზე. ‘წავსულიყავი და ჩემი ცხოვრება მეცხოვრა, როცა ვიცოდი რომ შენ არსებობდი? გესმის რა აბსურდს მეუბნები?’

ნაკვთები შეუთრთოლდა ნარას, თვალები აეწვა. მართლაც რას იზამდა, სორენს რომ თავიდანვე ეთქვა?

ის იცოდა, რომ ვერ აიტანდა ამდენ სიკვდილს. სამარას, რეჯინალდის, აილას და კიდევ უამრავის სიკვდილს, მას რომ აწვა მხრებზე, ახლა სორენის სიკვდილიც დაემატებოდა.

ახლა უკვე ძალიან გვიანი იყო უკან დასახევად. იცოდა ნარამ, რომ ვეღარსად წავიდოდა. ვეღარ შეაქცევდა ზურგს. ვეღარ მიატოვებდა.

სიკვდილი ჩვეულებრივი რამ იყო. გარდაუვალი. ძვლების რაიონის ყველა კუთხე-კუნჭულში დაებუდრებინა, ყოველი ჩრდილიდან იმზირებოდა ჩასისხლული თვალებით, ქუჩებში დახეტიალებდა და ჰაერში იდგა სულშემხუთავ მტვრად. რა იყო სიკვდილი, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ წამიერი გარდანაცვლება, გაჩერებული გული, ჩატეხილი თავის ქალა, შიგნიდან შეჭმული ორგანიზმი და გამომშრალი სისხლძარღვები? როგორი იყო, თუ არა ისეთივე გამყინავი, როგორც იგაზან-ლაში გამეფებული ცისფერი სინათლე?

და თუ ასეთი ნაცნობი იყო სიკვდილი, რატომ იყო ის ყველაზე შემზარავი ახლა, მის თვალწინ ცოცხლად მდგომი? როცა ბნელი, ცივი თვალებით შეჰყურებდა, იმ თვალებით, რომლებშიც სულ ცოტა ხნის წინ მოგიზგიზე ცეცხლი ენახა?

გამალებით ცემდა გული და ვეღარ გაეგო ნარას, მას ეკუთვნოდა ეს გულისცემა თუ სორენს.

ნაბიჯი გადადგა კაცისაკენ, მხარზე ოდნავ შეეხო თითებით და მყისიერად ერთიანად ჩაილეწა სორენის სახეზე გადაკრული, არაფრისმთქმელი ნიღაბი, ნაკვთები მოეღრიცა. თეძოებზე სტაცა ხელები კაცმა, ახლოს მოიზიდა და მის მუცელში ჩარგო თავი. სწრაფად სუნთქავდა, მხრები უთრთოდა.

გაოგნებული დააცქერდა მის დახრილ თავს ნარა. ძალიან თბილი იყო სორენი, მაგრად მოეჭდო ხელები მის თეძოებზე და ვერ წარმოედგინა ნარას, ვერაფრით წარმოედგინა, რომ ოდესმე შეიძლებოდა ეს სითბო, მიწაზე ჩამოსულ მზეს რომ ჰგავდა, დაკარგულიყო. ეს ძალა, რომლითაც სორენი ჩაჰფრენოდა, უბრალოდ განბნეულიყო სადღაც, არარსებობაში.

და ამ სითბოს არსებობის ერთადერთი სამხილი მის წარსულზე დასმული დაღი იქნებოდა.

რაში სჭირდებოდა წარსული? რაში სჭირდებოდა წყეული მოგონებები? რად უნდოდა მის მეხსიერებაში გამოკეტილი სითბო, რომელსაც ვეღარასოდეს იგრძნობდა?

და ჰქონდა თუ არა უფლება, რომ სორენის უარყოფაზე ეფიქრა, თუნდაც ახლა, როცა მის დაავადებაზე იცოდა, როცა თვითონ გარია კაცი საფრთხეში, როცა თვითონ იყო დამაკავშირებელი რგოლი მასა და ჰელმარს შორის?

თავი ჩაქინდრა ნარამ და კეფაზე დაუსვა სორენს ხელები. თავი საშინლად სტკიოდა.

‘ნუ დამტოვებ.’ თქვა ანაზდად სორენმა, ხმა გაებზარა.

გული მოეწურა ნარას. პირიქით უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, თვითონ უნდა ეთქვა სორენისათვის, რომ არ მიეტოვებინა. მუხლებზე უნდა მდგარიყო, უნდა ემუდარა…

‘არ დაგტოვებ.’  თქვა ბოლოს.

‘არც ახლა და არც მერე. რაც არ უნდა მოხდეს. გამიგონე?’

‘არ დაგტოვებ.’

‘წავალთ. სადმე, შორს.’  თქვა სორენმა.

სორენს ჯერ კიდევ მაგრად ეჭირა, მის ცხელ სუნთქვას მუცელზე გრძნობდა ნარა.

‘მოვლენ.’ ამოიხრიალა სორენმა, და ჯერ მისი ცხვირის, მერე კი ტუჩების შეხება იგრძნო მუცელზე ნარამ, სუნთქვა შეუკავდა ყელში. ამოხედა სორენმა, ტუჩები გაპობოდა, თვალები ისეთივე ცოცხალი ჰქონდა, როგორც ადრე. ‘უნდა წახვიდე, მალე.’

‘არ დაგტოვებ-მეთქი.’ უთხრა ნარამ. ‘ახლა არ მითხარი, არ წახვიდეო?’

ყბა შეჰკრა სორენმა. დაჟინებით შეჰყურებდა.

‘შენთან ყოველთვის მოვალ.’  თქვა მან. ‘ცოტა დრო მომეცი.’

გაფაციცებით დასცქეროდა ნარა და გადაწყვეტილების სიმტკიცის მეტს ვერაფერს ხედავდა სორენის ბნელ თვალებში.

ანდა უბრალოდ საკუთარი თვითგადარჩენის ინსტინქტის ანარეკლს.

ცხელმა ტალღამ დაუარა თხემიდან ტერფამდე.

ხელი შეუშვა ანაზდად სორენმა, უკან გადაიხარა და ისეთი მოულოდნელი იყო მისი სითბოს დაკარგვა, რომ ჟრუანტელმა დაუარა ნარას, გააძაგძაგა.

მუშტები შეკრა. ამის დრო ახლა არ იყო.

თაროებიდან თავისი ჩანთა გადმოათრია. ტანსაცმელი ჩატენა შიგნით, მაგიდაზე მიგდებულ ქუდსა და ნიღაბს მისწვდა.

და გახევდა ანაზდად.

მაგიდის კუთხეში ქოთანი იდგა.

იქ, სადაც დატოვა. და სადაც დაავიწყდა.

აღარსად ჩანდა მის შუაგულში სიმწვანე, მცენარის ექვსიოდე პაწაწინა ფოთოლი ჩამომხმარიყო, მათ მოლურჯო-მოყავისფრო ელფერი შემოგარენს დაესაკუთრებინა უკვე, ისე, რომ ძლივს შეამჩნია.

‘ვრწყავდი.’ თქვა სორენმა. ‘მაინც გახმა.’

არაფერი უთქვამს ნარას. ჩამომჭკნარ ფოთლებსა და თითქმის შუაზე გადატეხილ ღერს დასცქეროდა.

რას იმედოვნებდა? რომ ნამდვილი ხის გაზრდას შეძლებდა? რომ სადმე, ძვლების რაიონის ბერწ მიწაში გაიდგამდა ხე ფესვებს?

‘მაინც გახმებოდა.’ თქვა მან და სწვდა მცენარეს, ამოგლიჯა და მუშტში მოფშვნა გამომხმარი ფოთლები.

რა მნიშვნელობა ჰქონდა, ახლა თუ ოდესმე, არარსებულ მომავალში?

სორენის მზერა სწვავდა და ფოთლების ნაფშვენები ათრთოლებული ხელებიდან ჩამოიბერტყა ნარამ.

გარედან რუხ ნისლის საფარველიდან გამოეჟონა მქრქალ ცისფერ სინათლეს. კვამლის სვეტები აჭრილიყვნენ მაღლა, ცათამბჯენების წვერები დაებურათ. იწვოდა ძვლების რაიონი, იწვოდა და ვეღარაფერი შეაჩერებდა ამ ყველაფერს.

‘გახსოვს რაც გითხარი?’ ჰკითხა სორენმა.

‘მეოცესა და ოცდამეთხუთმეტეს გასაყარზე.’ თქვა ნარამ, ჩანთა ზურგზე მოიგდო. ‘მერითი რატომ დამხვდება?’

‘თავშესაფარში მიგიყვანს.’ მიუგო სორენმა. ‘რომ გახვალ, მარჯვნივ წადი. დიდი კიბით არ ჩახვიდე.“

ნიღაბი გაიკეთა ნარამ, კაპიუშონი წამოიხურა და ეცადა ხელების კანკალი დაეოკებინა.

კართან შეყოვნდა, სორენს გამოხედა.

კაცი უყურებდა. ოდნავ ანათებდა მის ნაკვთებს მქრქალი ცისფერი სინათლე. იჯდა,  შორეულ სევდას მოედრიკა მხრებში, ტუჩებზე სისხლი შეხმობოდა და წამიერად არაფერი უნდოდა ნარას, მასთან დარჩენის გარდა.

‘დაგელოდები. არ დააგვიანო.’ უთხრა ბოლოს.

გატრიალდა. კარი გაიღო და ხმამაღალი ზათქით დაიხურა მის უკან, რასაც მატარებლის გუგუნი და შაშხანების ჭახანი დაემატა.

მარჯვნივ გაუხვია, დერეფნის ბოლოს დაჟანგულ რკინის კიბეს ჩაუყვა.

აღარ სტკიოდა ხელები, როცა საფეხურებს ეჭიდებოდა და ინატრა ის ტკივილი. იქნებ დამწვარ ხორცს გადაეფარა მასში გამეფებული, ადუღებული მორევი, ყოველ სუნთქვისას რომ სწვავდა.

ჩამოწოლილიყო ღამე, ახლო-მახლოში სანათები ჩაემსხვრიათ და რუხ ნისლნარევ წყვდიადს ზემოდან მომავალი მქრქალი ცისფერი სინათლე ფანტავდა მხოლოდ. არ ჩანდა აქედან სულთმობრძავი მზე, მუქი კვამლისა და ღრუბელთა სუდარაღა შემორჩენოდა ცის კამარას.

გაიას ვარსკვლავი არსად ჩანდა.

დაუყვა ქუჩას ნარა. კედელ-კედელ მიბარბაცებდა, ძლივს სწევდა მტკივნეულ თავს.

მეთხუთმეტე ქუჩაზე, სადაც მატარებლის სადგურიც იყო, გამაყრუებელი გნიასი იდგა. კლუბების ვიტრინები ჩაემსხვრიათ და აღარ ისმოდა გამაყრუებელი მუსიკა, ყველგან ნაგავი ეყარა და მაწანწალების გროვას გამეტებით დაეშინა რკინის მილები მანქანისათვის, რომელიც კედელს შესკდომოდა და ბოლი ასდიოდა უკან. შორიდან ისმოდა ახალი ამბების გამომცხადებელთა დაგუდული ხმა, ჰელმარს აშკარად მოეხერხებინა ახალი ამბების სადენების ჩაჭრა. ხალხი მიმორბოდა, უმისამართოდ, კედლებთან მოზრდილი მწკრივები გაჭიმულიყვნენ და აშკარად ქრონო-X-ის გავლენის ქვეშ მყოფნი ატრიალებდნენ აქეთ-იქით ჩასისხლიანებულ თვალებს.

ვიღაც კაცს კი შუა ქუჩაში მკლავები აღემართა და ცას შეჰღაღადებდა.

-აღსასრული ახლოსაა! – გაჰკიოდა ის. – აღსასრული მოვა! წყეულო მოკვდავებო, არ გესმით? აღსასრული სულ ახლოსაა, სულ მალე მოგიგრეხთ ყველას კისერს! ყველა ამოიბუგებით! ვერავინ გადაურჩებით ცეცხლში ამოწვას! გატყუებენ, იგაზან-ლა ტყუილია!

ვიღაცამ უკნიდან ხელკეტი გაუქანა თავში და სიტყვები ენაზე შეახმა კაცს, ტომარასავით დაებერტყა ძირს. რკინის მილებით შეიარაღებული ჯგუფი წამოადგა თავზე და გვარიანად ჩაწიხლეს.

გულმა რეჩხი უყო ნარას, სასწრაფოდ აარიდა მზერა, ნაბიჯს აუჩქარა.

თითქმის ყველგან დააბოტებდნენ შეიარაღებული ჯგუფები. მაღაროელთა ანდა მემანქანეთა დაფხრეწილ, ბინძურ უნიფორმებში გამოწყობილი მაწანწალები, რომლებიც რკინის მილებს მუქარით უტრიალებდნენ ცხვირწინ გამვლელებს, საჭმელსა და ქრონო-X-ს სძალავდნენ. ერთი ჯგუფი აეკიდა, და ძლივს მოახერხა ნარამ მათი უკან ჩამოტოვება.

მეოცე ქუჩაში გასასვლელად პატარა შუკაში გაუხვია. ბნელოდა, აქა-იქ ზორბა გროვებად აეხორიალებინათ ნაგავი. გაუსაძლისად ყარდა და ხელი პირზე აიფარა ნარამ, თან კედელს ეყრდნობოდა, ნაგავში რომ არ წაქცეულიყო. ქშენით მიიწევდა წინ და ნელ-ნელა ეფინებოდა სახეზე ქუჩიდან მომავალი ცისფერი სინათლე, რომელსაც მონაბერი ქარის სიცივე სდევდა თან.

რაღაც რბილს წამოედო ანაზდად და შეხტა, დამდუღრულივით, კედელს მიეკრო. თვალებდაჭყეტილი დაჰყურებდა წყვდიადში შებურულ ნაგავს მის ფეხქვეშ და გამალებით აცეცებდა მზერას, რომ რამე დაენახა. 

ჯერ მოგრეხილი თითები გაარჩია. წამოუბერა ქარმა და გმინვას ჰგავდა მისი ხმადაბალი სისინი, დაფხრეწილი პოსტერების ნაგლეჯები აზიდა, ციბრუტივით დაატრიალა და ამჯერად ქალის სახე გამოცურდა წყვდიადიდან, თვალღია და დროში გაყინული შიშისა და მწუხარების გადმონაშთით აღსავსე. პირიც ღია დარჩენოდა ქალს, ეგდო და ცარიელი მზერით თითქოს პირდაპირ ნარას შეჰყურებდა.

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ, წელში მოიკაკვა. 

გვერდზე მოქცეული ყბა.

ქონის შიშხინი.

მწველი კვამლით აღსავსე ფილტვები და მინაზე ჭირხლად ქცეული ადამიანის სილუეტი.

გატრიალდა ნარა, ორივე ხელით მოეჭიდა კედელს, ფეხებს გაჭირვებით მიათრევდა. ქშინავდა, მაგრამ ვეღარც გრძნობდა მის გარშემო ადენილ სიმყრალეს.

კიდევ რამდენჯერმე წამოედო რაღაც რბილს მაგრამ ქვემოთ აღარ დაუხედავს.

მეოცე და ოცდამეთხუთმეტე ქუჩის გასაყარზე უხვად მიმოდიოდა ხალხი. ერთი მოზრდილი ტალღა ბინგემის მიმართულებით მიედინებოდა, დანარჩენები ნაგვის ყუთებში იქექებოდნენ და რკინის კეტების ტრიალით მიმოდიოდნენ აქეთ-იქით. კედელთან ჩაცურდა ნარა, მაწანწალების ჯგუფთან ახლომახლო და მოიკრუნჩხა, გამალებით მოათვალიერა მიდამო.

სანათები თითქმის უკლებლივ ჩაემსხვრიათ, ჩამოწყვეტილი სადენები ალაგ-ალაგ ქანაობდნენ ქარში და ნარინჯისფერ ნაპერწკლებს ისროდნენ, რომელთა წამიერი სინათლე ელვას ჩამოჰგავდა. ქუჩის კუთხეში ახალი ამბების ჰოლოგრამა შემორჩენილიყო, გამომცხადებლის იდეალური სახე, ცივ ცისფერ შუქს რომ აფრქვევდა, უჩვეულოდ მოეღმიჭა ბრაზს. გუგუნებდა გამომცხადებლის ხმა, მაგრამ აღარავინ უგდებდა თითქოს ყურს, აღარავინ იდგა მათ მოსასმენად, აღარავის აინტერესებდა მათი აზრი, ხალხის ნაბიჯების, დაწყვეტილი სადენების ტკაცუნისა და შაშხანების ქუხილში იცრიცებოდა.

-მოღალატეები! ანარქია! გულაამისა და იგაზან-ლას მოღალატეები, მშვიდობისა და წესრიგის დამრღვევლები, ლერვიქენის დამანგრეველნი! მკვლელები, მოღალატეები! მოინანიეთ, მოღალატეებო! გამოდით ბინგემზე, ჩაბარდით ულსტერს და გულაამი, დიადი და კეთილშობილი, მოგიტევებთ! თუ არ მოინანიებთ, თუ არ დაყრით იარაღს, თუ პატიებას არ ითხოვთ, დაისჯებით!

მოუყრუა ნარამ, მაგრად მოიხვია მუხლებზე მკლავები.

ზუზუნებდა ქარი, გაჰყვიროდნენ ბინგემის მიმართულებით მიმავალნი და შაშხანების ჭახანის ექო ეხლებოდა კვამლში გახვეულ ცათამბჯენებს. გაიელვა, წამიერად ცივი თეთრი სინათლე მოეფინა შემოგარენს და დაიგრუხუნა, ფანჯრები შეაზანზარა.

და მყისიერად კოკისპირული წვიმა წამოვიდა.

აფხარკალდნენ შორიახლოს წამოგორებულნი, რამდენიმემ მოკურცხლა თავშესაფარის მოსაძებნად. გაფხრიწეს წვიმის წვეთებმა რუხი ნისლი, აბრწყინდა ოღროჩოღრო ასფალტი და მოლოდინის, შიშისა და ამავდროულად შემართების სურნელი სდიოდა ჰაერს.  

მერე კი, ქუჩის მეორე მხრიდან, წვიმის ფერფლისფერ ფარდაში რუხი სილუეტი გამოიკვეთა, რომელსაც წვიმის წვეთებში განბნეული ნათელი სინათლის სვეტები ახლდა. ტრიალებდნენ სვეტები, სილუეტს გზას უნათებდნენ და თვალები მოჭუტა ნარამ, უფრო მეტად მოიკრუნჩხა, კედელს აეკრო. ხერხემლის თითოეულ მალაში გრძნობდა მძიმე ნაბიჯების ქვეშ ქუჩის თრთოლას.

ერთ სილუეტს მეორე შეემატა.

მერე მესამე.

მერე მეხუთე, მეათე, და მაღაროელთა უნიფორმები გამოიკვეთა დაბურულ სილუეტებში. ლაპლაპებდნენ რკინის კეტები, თვალს სჭრიდა ფანრების შუქი და მხნედ მიაბიჯებდა მაღაროელთა ტალღა ბინგემის მიმართულებით.

მიდიოდნენ. ალბათ არაფერი გამოუვიდოდათ. არაფერი შეიცვლებოდა. რაც უნდა მომხდარიყო, მოხდებოდა, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მაინც მიდიოდნენ. მიდიოდნენ საკუთარი თავებისა და სხვების დასაცავად, თავიანთი სიცოცხლის ფასად, მიდიოდნენ და რაღაც მწველი და მდუღარე მოედო შიგნიდან ნარას, გააჟრჟოლა, სახეში მოაწვა, თავი გასკდომამდე სტკიოდა.

ნუთუ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყო მათთვის თავისუფლება? რა აზრი ჰქონდა თავისუფლებას, როცა შუკაში ლპობად ნაგვად ქცეულიყვნენ მათი სხეულები?

ხალხის ნაბიჯების გუგუნს უსმენდა ნარა, შაშხანების ჭახანს, ყვირილს, სადენების ტკაცუნს და ახლა მიხვდა, უფრო მკაფიოდ, ვიდრე ადრე, რომ მალე დაიმარხებოდა ცეცხლსა და ფერფლში ძვლების რაიონი. და უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ჰელმარის ხელით მოხდებოდა ეს თუ გულაამის.

იკმარებდა ძვლების რაიონის ცეცხლში გახვევა, ყველაფრის მიწასთან გასწორება იმისათვის, რომ რამე შეცვლილიყო?

იქნებ უნდა განადგურებულიყო ძვლების მოედანი. უნდა განადგურებულიყო, მას კი სხვა რაიონებიც უნდა მიჰყოლოდნენ, იქნებ მხოლოდ ასე, ყველაფრის გადაწვით მოხერხდებოდა სიახლის დანერგვა. როგორც სამარა წერდა მაგიდაზე მიმოყრილ საჭმლის ფხვნილში სიტყვებს, ისე დაიწერებოდა ახალი რეალობა იგაზან-ლას ფერფლში. იქნებ ყველაფრის, გულაამის, რაიონების, ყველა დამპლის, ავადმყოფისა და მოძალადის ცეცხლზე დაწვით მოისპებოდა ეს მომწამვლელი ჰაერი.

თვალები დაახამხამა ნარამ, სახის ნაკვთები აუთრთოლდა, ხელები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს, ისე, რომ სახსრები ასტკივდა.

რაზე ფიქრობდა? ასეთი ავადმყოფური აზრები საიდან გაუჩნდა?

გამტკნარებული შეჰყურებდა ხალხის ტალღას, რომელიც უდრტვინველად მიიწევდა ბინგემისაკენ.

მერე კი პერიფერიული მზერით რაღაც დალანდა.

ფიგურა გამოეყო მის წინაშე მიმავალ ბრბოს. გამოეყო, მისი მიმართულებით გამოალაჯა და ნაცნობი იყო მუქი ნიღბის ზემოდან მაცქერალი გამჭოლი, ცისფერი თვალები.

ხელით ანიშნა მერითმა და ელვის სისწრაფით წამოიჭრა ფეხზე ნარა, რეტი დაესხა წამიერად, თვალებში დაუბნელდა. კედელს მიეყრდნო, მერე კი ბარბაცით გაჰყვა მერითს უკან.

სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა მერითი და სირბილზე გადავიდა ნარა, რომ არ ჩამორჩენოდა. ოსტატურად უქცევდა მხარს გამვლელებს კაცი, ბნელ გასასვლელებში გადიოდა, იმდენჯერ მიუხვ-მოუხვია, რომ თავგზა აებნა ნარას. იმასღა ხვდებოდა, რომ სადღაც მაღაროს შორიახლოს იყვნენ. რუხი ნისლი იწვა ქუჩებში, დამწვარი მიწისა და კვამლის მძაფრი სურნელი, ცხელი მეტალის გემოს რომ უტოვებდა ენაზე, მძიმედ აწვა სველ ასფალტს. ალაგ-ალაგღა კიაფობდნენ მქრქალი ცისფერი შუქები, ცათამბჯენთა ფანჯრებზე არეკლილნი, და უსასრულო წყვდიადით აღსავსე იყო პირქუში ცა, ერთიანად მოეცვა ღამეს. წვიმდა, გადაუღებლად, მისი ხშირი საფარი გადმოჰფარებოდა ნაცრისფერ ბურუსს, და არასოდეს ყოფილიყვნენ ასეთი დაბურულნი ძვლების რაიონის ქუჩები.

მოახლოებულიყო სიკვდილი, ყინულივით ცივ, მლაშე, წყვდიადით აღსავსე წყალს ჰგავდა, რომელიც ნელ-ნელა იწეოდა, წელამდე, მკერდამდე, ნიკაპამდე და სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, კედლებზე მობღაუჭებისა და უმისამართო იმედის გარდა.

გამაყრუებლად იქუხა. უფრო მეტად ასტკივდა საფეთქლები ნარას, კანკალებდა ერთიანად დაჟიებულ ტანსაცმელში, ქშინავდა და უკვე გაუსაძლისი იყო ყოველი მწველი სუნთქვა.

წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი ხანი მიდიოდნენ, როცა უკან ჩაიკარგა ხალხის ღრიანცელი, ლიანდაგის ღრჭიალი და შორეული გუგუნი. მყისიერად მოუხვია თითქმის დაცარიელებულ ქუჩაში მერითმა, ჩაბნელებულ შუკაში გაძვრა.

ხელის ცეცებით მიჰყვა მას ნარა. ჩიხი იყო, დამპალი ნაგვისაგან ყარდა იქაურობა. საკმაოდ კარგად ხედავდა სიბნელეში ნარა, მაგრამ მერითი აშკარად სჯაბნიდა. ისე მიაბიჯებდა, ვითომ აქაც არაფერიო.

რაღაც მოზრდილ ჩრდილთან შეჩერდა მერითი, რომელიც ნაგვის ბუნკერი უნდა ყოფილიყო, ხელი სტაცა და ხმამაღალი ღრჭიალით, რომელიც საბედნიეროდ წვიმის შიშინმა გადაყლაპა, გადაახოხა გვერდით.

ტკაცუნი მოესმა ნარას. მერე კარის ანჯამების ჭრიჭინი.

მერე კი მერითის ციფერბლატის მქრქალ შუქზე გამოიკვეთა ბუნკერის გვერდით ღიობის ბნელი ხახა, რომლიდანაც წამახული კბილებივით ამოჩრილიყვნენ საფეხურები. დაბალი იყო კარი, ისე, რომ მერითს შუაზე მოხრა მოუწია ქვემოთ ჩასასვლელად.

გული გამალებით უცემდა ნარას. ნელი ნაბიჯით მიჰყვა უკან.

ნესტის სუნი იდგა, აქა-იქ წვეთავდა. წვიმის შიშინი შორეულ გუგუნად იქცა.

ტუჩები მოეკუმა ნარას, ხელი კედელზე მიებჯინა და ნელ-ნელა მიჰყვებოდა საფეხურებს. ფეხქვეშ ხრშიალებდნენ კენჭები და მერითის ბნელი სილუეტის მიღმა ოდნავ ანათებდა გვირაბის დანამულ კედლებს ციფერბლატის ცისფერი შუქი.

და თითქოსდა საუკუნის მერე, საფეხურების ძირში შეჩერდა მერითი. დერეფნის ბოლოს მოზრდილ, ჟანგმოდებულ რკინის კარს ალაგ-ალაგ ჭირხლი მოსდებოდა.

კარის შუაში მიმაგრებულ საკეტსა და სახელურზე გაუშტერდა მზერა ნარას, რომელშიც მერითმა ჯიბიდან ამოძვრენილი გასაღები გაუყარა. ასეთი საკეტი აქამდე არასოდეს ენახა.

ხმამაღალი ღრჭიალით გაიღო მძიმე კარი. დანამულმა ქვებმა ექოდ ამოსძახეს მისი ხმა, აცახცახდნენ.

შიგნით შეაბიჯა მერითმა და კარის გვერდით რაღაცას დაუწყო ჩხიკერდელაობა.

ზღურბლზე შეჩერდა ნარა.

თითქოს ახლა გამოფხიზლდა.

მერითს კარგად არ იცნობდა. სადღაც გაურკვეველ ადგილას წამოჰყვა. იდგა ამ ძველ სამალავში, წყვდიადში და აქ უნდა დარჩენილიყო.

მაგრამ არ ეშინოდა. იოტისოდენადაც კი.

რადგან სორენმა გამოაგზავნა.

კარი ჩხაკუნით გაიღო, მძიმედ აკვნესდნენ ჩაჟანგული ანჯამები და თვალები მოჭუტა ნარამ, როცა მქრქალი წითელი სინათლე მოეფინა სახეზე.

პატარა ოთახი იყო, მეტი არაფერი. შორეულ კედელზე სანათი მიემაგრებინათ, რომელზეც ადამიანის ფიგურა გამოსახულიყო. ბჟუტავდა წითლად, თითქმის შეუპოვრად და იგრძნო ნარამ, რომ დიდი ხანი იყო, რაც ენთო, ძალიან დიდი ხანი, წლები, დეკადები, ენთო ეს წითელი სინათლე, ღვიოდა ცივ ცისფერში გაღვრილ იგაზან-ლას წიაღში.

მაღაროს დაღებული ხახიდან ამოდენილი ალისფერი კოცონი წარმოუდგა თვალწინ. იმ სინათლესაც უნდა ეცოცხლა, გამხდარიყო კიდევ ერთი ჩაუმქრალი კერა, ნაღვერდალი, რომელიც უკიდეგანო ლურჯ ღამეს გააპობდა.

შიშველ კედლებზე ქაღალდები გაეკრათ. მაგრამ არა პოსტერები, მხოლოდ შენობათა და მატარებლის ფოტოები დალანდა ნარამ. პატარა მაგიდა იდგა და ზედ ზორბა სათლში დაეხვავებინათ ბლომად საჭმლის პაკეტები. გვერდით კუთხეში ძველებური, გაბზარული უნიტაზი იდგა.

-შედი. – უთხრა მერითმა და შეაბიჯა ნარამ. ნესტით აღსავსე ჰაერმა სული მოუხუთა.

-ამ ადგილზე საიდან იცი? – ჰკითხა მან, სანამ მერითი კვლავ რაღაცას ეჯაჯგურებოდა კართან. მქრქალ წითელ შუქზე მის ხელებში გასაღებების აცმა დალანდა და უსიტყვოდ მიაშტერდა. გასაღებები აქამდე ერთი-ორჯერ თუ ენახა, ისიც წლების წინ, თავშესაფარში.

-როცა რამე ძალიან გჭირდება, მიაგნებ. – მიუგო მერითმა. მისი თვალების ცივი ცისფერი ალისფერს გადაეყლაპა.

-შენ… თქვენ რატომ უნდა დაგჭირვებოდათ?

მერითს თვალები მოუნაოჭდა. ეტყობოდა, რომ იღიმებოდა.

-მხოლოდ ერთ წამალს არ უნდა მიეძალო. – უთხრა ბოლოს. – მოგკლავს.

დადუმდა ნარა. სიჩუმეს იატაკზე წვეთების წკაპუნი, წვიმის შორეული გუგუნი და გასაღებების აცმის ჩხარუნი ჰკვეთდა.

-იცი ვინც ვარ. – თქვა ბოლოს, მერითს მზერა გაუსწორა.

ღიმილი გაუქრა თვალებიდან კაცს. დადუმდა გასაღებების აცმა და უფრო დამძიმდა ნარას სველ მხრებზე დაწოლილი ჰაერი.

-ვიცი. – თქვა მერითმა.

-ჰოდა რატომ ხარ აქ?

-იმიტომ რომ ასეა საჭირო.

-მის გამო? რაკი გთხოვა.

-არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო. – მიუგო მერითმა.

-რატომ?

-აქვს მნიშვნელობა, რატომ გახდი ის, ვინც ხარ? – კითხვა შეუბრუნა მერითმა.

ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ.

-ალბათ იმედი მქონდა, რომ უკეთ იქნებოდა რამე. სიკვდილის მეშინოდა.

-სიკვდილი არსად წავა. რაც არ უნდა გააკეთო, სულ ახლოს მოდის.

-დაჩქარება არ მინდოდა. – თქვა ნარამ.

ძალიან აცივდა ანაზდად. სველ ტანსაცმელში, დახუთულ ჰაერსა და მერითის თვალებში შეცურდა სუსხი, ფესვები გაიდგა და ჩაყუჩდა. წასვლას არსად აპირებდა.  

-ბევრი რამ იცით. – განაგრძო ნარამ. – საიდან?

-საჭიროა იცოდე? – ჰკითხა მერითმა.

-ალბათ არა. ორივე მხარესთან მუშაობთ?

წარბები ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად აზიდა მერითმა.

-ჩვენ იგაზან-ლას ვემსახურებით. – თქვა ბოლოს. – იმ მოღალატეებისაგან განსხვავებით.

-იგაზან-ლას ღალატობენ? – იკითხა ჩურჩულით.

-შეიძლება არც ღალატობენ. – თქვა მერითმა. -მაგრამ პირველ რიგში საკუთარ სურვილებს ემსახურებიან. კლავენ, აავადმყოფებენ, თავშესაფარსა და შემოსავალს უსპობენ, წამალზე აჯენენ…

ძალიან მძიმე იყო პულსი ნარას საფეთქლებში. სველი ტანსაცმლის თითოეულ ნაოჭს გრძნობდა სხეულზე, გაუსაძლისად ცივ თითებად. ენა ძლივს მოატრიალა გამომშრალ პირში.

-არ იცოდი? – ჰკითხა მერითმა. – ქრონო-X-სა და ნოქსის დისტრიბუცია მაგათ ხელშია. კლუბებიც. მატარებლებშიც ეგენი არიან. „ხრამი“ და მაღარო აღარ არსებობს. გამანაყოფიერებელთა ცენტრებში რას აკეთებენ, არ იცი?

ხმა არ გაუღია ნარას, მისი აჩქარებული სუნთქვის მოწითალო ქულები იცრიცებოდნენ ჰაერში, თვალთახედვას უბურავდნენ. წამიერად ჩამოუბნელდა კიდეც თვალებში, თვალები მაგრად დახუჭა.

-არ იცოდი. – თქვა მერითმა. – ხარ, ვინც ხარ და არ იცოდი, რა ხდებოდა.

-არ ვიცოდი. – ამოიხრიალა ნარამ. გაუსაძლისი გახლდათ საფეთქლებში პულსი, თავის ქალაზე აწვებოდა შიგნიდან, გასკდომას უქადდა. -არ უთქვამთ…

რატომ იყო ასეთი გაოგნებული? რატომ გამოშრობოდა ანაზდეულად ყველაფერი შიგნით, რატომ მილურსმოდა იატაკს? ნუთუ იმის ცოდნა, რომ ჰელმარი ძვლების რაიონის განადგურების გზას ადგა, საკმარისი არ იყო? რა გასაკვირი გახლდათ, რომ მატარებლებს, ნარკოტიკების დისტრიბუციასა და გამანაყოფიერებელთა ცენტრებს დაეპატრონნენ?

მერითმა გადაიხარხარა. მისი ჟღერადი ხმა ჩაქუჩივით მიეხალა კედლებს, ყურები აუზრიალდა ნარას.

-ვინმე რამეს გეტყვის გგონია? – ჰკითხა მან. – აქ ყურები რომ უნდა გამოიფხიკო და თვალები ფართოდ გაახილო, არც ეგ იცოდი? ჰა! მაგდენი თუ არ იცოდი, არც არაფერი გცოდნია. შენი სტატუსი არც არაფერს ნიშნავს მაშინ. საბრალო გგონია საკუთარი თავი, მსხვერპლი ხარ და წუმპეში ცხოვრობდი მთელი ცხოვრება? გეგონა უფლება ჰქონდა რამე უკეთესი მოგეთხოვა, როცა შენი უცოდინრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ან რაღაც ყოველთვის გიცავდა, რომ ნაგავში არ ჩამხრჩვალიყავი?

მუშტები მაგრად შეჰკრა ნარამ. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ენა ვერ მოატრიალა პირში.

წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა.

როგორ შეიძლებოდა მერითის ნათქვამი სიმართლე ყოფილიყო? თუ სიმართლე იყო, მაშინ გულაამი და იგაზან-ლას ყოველი წეს-კანონიც სიმართლეც ღაღადებდა. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო, როცა

-საკუთარ თავს შეხედე. – თქვა მერითმა. წარბები შეჰკვროდა, ალისფერი იყო მისი მზერა. – სად დგახარ და რატომ, ჰკითხე საკუთარ თავს.

-მეგონა მიზეზებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. – მიახალა ნარამ. კუნთებს ვეღარ იოკებდა, კანკალი მოერია.

მერითმა კვლავ გაიღიმა.

-ალბათ არა. – თქვა მან. – მაგრამ ეგ მიზეზები ერთადერთია, რის გამოც კისერი ვერ მოგიგრიხეს აქამდე.

მერე კი უკან დაიხია და კარი მოიჯახუნა, მონაბერმა ცივმა ჰაერმა შიშის ჟრუანტელად დაუარა ზურგში ნარას.

ჩვეულებრივი შიში არ იყო ეს. შიმშილისა და საფრთხის არ ეშინოდა.

არა. ეს შიში გაუგებარი იყო, საკუთარი თავისაკენ მიმართული, მერითის სიტყვებმა თითქოს საბოლოოდ დაფშვნა ყველაფერი, აქამდე გაბზარული წარმოდგენა საკუთარ თავზე.

კარი ხმამაღალი ჩხაკუნით ჩაიკეტა.

მაგიდას დაებჯინა ნარა. გული აერია, გამშრალ პირში მწარე ტალრად მოაწვა ნერწყვი. იდგა და პირდაღებული ქშინავდა, თვალები გადმოეკარკლა.

რადგან მისი დანაშაული საკუთარი ცოდნის ზღვრებს სცდებოდა. ისე აურია და დააშავა, რომ ვერც კი მიხვდა.

და სხვას ვერავის დაადანაშაულებდა საკუთარ არხეინ უვიცობაში, თავისი თავის გარდა.

გასქელდა ჰაერი, ჩამოცხა ანაზდად, ნესტს ცეცხლისა და კვამლის სურნელი მოენაცვლა.

ზუზუნებდა სანათი, წითლად ავარვარდა, სანამ თვალისმომჭრელი არ იყო მისი სინათლე, მაღაროს ცეცხლმოკიდებულ წიაღს წააგავდა.

კანკალებდა ნარა, გაოგნებული შესცქეროდა.

გასქელდა კვამლი, წითელი იყო, კანსა და სასას სწვავდა, თვალები აუწყლიანდა. ცხელი იყო მაგიდის ზედაპირი მის ქვეშ, ხელები სასტიკად ეწვოდა.

გუგუნებდა გარშემო ყველაფერი, რკინაბეტონის ნახლეჩები გრუხუნით მოგორავდნენ ქვემოთ.

კედლებს ცეცხლი ეკიდათ. ვეღარ სუნთქავდა ნარა, ხროტინი აღმოხდა ყელიდან. მკერდზე მოიფხოჭნა ტანსაცმელი, ნიღაბი და კაპიუშონი შემოიძრო, თითოეული სისხლძარღვი და ნერვი ცეცხლს აევსო თითქოს.

წითელი სინათლე აერეკლათ დაცარიელებულ თვალებს, ბზინავდა ძვლებიდან ჩამომდნარი ქონი.

ტკივილმა დაუარა მუხლებში. ქვებს მოეჭიდა, კვამლში თვალთახედვა გადაეფარა და მის სუნთქვასაც მისწვდომოდა.

კივილი ესმოდა ნარას, გულისგამგმირავი კივილი, ცეცხლსა და ბოლში გახვეული. ხახადაღებული სიკვდილის ხმა, რომელიც საკუთარ ქმედებათა ექო გახლდათ.

მაგრად დახუჭა თვალები.

მაგრამ ვერსად გაექცეოდა ცეცხლის მხრჩოლავ ალს.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

’დაგელოდები. არ დააგვიანო.’

ლურჯი იყო ჩამოწოლილი სიბნელე, ნარას ბოლო სიტყვებისა და კარის გამოხურვის ექო ჯერ კიდევ ჩამოწოლილიყო კუთხეებში, იჯდა და არსად წავიდოდა, სანამ არ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.

თვალები გაახილა კაცმა.

აღარ გადაუვლიდა ლურჯ ჩრდილში ჩამოწოლილ ოთახს პროჟექტორის მჭახე სინათლე. გამათბობელი კარგა ხნის წინ გამოერთო, მისი ინდიკატორის ციმციმა შუქიც აღარ ჰკვეთდა წყვდიადს.

არ სჭირდებოდა.

ხელი ამოატრიალა, ციფერბლატის ცისფერმა სინათლემ თვალი მოსჭრა.

226, 239; 00:57.

წამოდგა. ტკივილი არსად წასულიყო, ყოველთვის იქნებოდა მასთან, მაგრამ მისი სიმწვავე ამოაცალა ნარას შეხებამ. ჩაყუჩებულიყო, შიგნით, ღრმად, ყრუდ ქცეული.

როგორც მიქცევა ცუნამის წინ.

წამოდგა. ახლად პირშეკრულმა ჭრილობამ გვერდში ოდნავ გასწიწკნა.

საწოლქვეშ ქვის ფილა ისეთივე ძნელი ამოსაღები იყო, როგორც ყოველთვის.

რადგან უკიდურესი საჭიროებისათვის შეინახა იარაღი იქ.

წყვდიადში ხელი მოაფათურა ფილის ქვეშ. მტვერი დასდებოდა პისტოლეტს, მაგრამ ისეთივე გლუვი იყო მისი ზედაპირი, როგორც ყოველთვის, ათი ტყვიის სიმძიმეც უცვლელი გახლდათ.

ხელში შეათამაშა პისტოლეტი სორენმა, მერე კი ქამარში გაიყარა.

ფილის ქვეშიდან რკინის კეტიც ამოათრია.

მოიმარჯვა და კვლავ ლოგინზე დაეხეთქა.

აღარც ახსოვდა, როდის დასჭირდა ბოლოს პისტოლეტი ან კეტი. მაგრამ არასოდეს შეჰპარვია ეჭვი, რომ ოდესმე დადგებოდა ეს დღე.

ცოტა სხვანაირად წარმოედგინა.

ნელა მიიზლაზნებოდნენ წუთები.

226, 239; 01:20.

ნარა ალბათ საჭირო ადგილს უახლოვდებოდა. მერითიც მალე იქ უნდა ყოფილიყო.

არც ისინი დააყოვნებდნენ.

226, 239, 01:38.

226, 239, 01:56.

შრაშუნი გაისმა კართან.

მერე კი რაღაც მძიმე დასცხეს საკეტს.

კეტს მაგრად მოუჭირა ხელები სორენმა, ნიღაბი აიწია ცხვირზე.

კიდევ ერთხელ დასცხეს რაღაც და საკეტმა ხმამაღალი ღრჭიალი გაიღო, რასაც კარის შიშინი მოჰყვა.

ცივმა ქარმა შემოუბერა. ზღურბლზე ექვსი კაცი იდგა. ორი მაღაროელის უნიფორმით, სხვებს ბინძური შავი ტანსაცმელი ეცვათ. ყველა საკმაოდ მომცრო იყო.

ჰელმარი არსად ჩანდა. ასეთ საქმეებზე რევოლუციის თავიკაცი ხელებს არ გაისვრიდა.

მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც ნარას ხელით ხუთი მისი ქვეშევრდომი მოკვდა.

უფრო სწორად, მისი ხელით, მაგრამ ამას ვერასოდეს გაიგებდნენ.

რკინის მილები ეჭირათ და სწრაფად გადმოაბიჯეს ზღურბლს.

მრისხანება ეტყობოდათ თვალებსა და თითოეულ მოძრაობაში.

-ხომ გითხარით, აქ იქნება თქო! – თქვა პირველმა, რომელიც აშკარად ლიდერის როლს ითავსებდა, აქეთ-იქით გაფაციცებით მიმოიხედა. – გოგო სად არის?

-ვინ გოგო? – ჰკითხა სორენმა.

-ვინ გოგო? – ჩაერთო მეორე, მერე კი ახლოს მოალაჯა, მილი ცხვირწინ აუტრიალა. – ნახე, გვეთამაშება ეს თავისი ჭკუით. ვინ და ცეცხლის ქალი, ბიჭო!

-ცეცხლის ქალი აქ არ არის. – თქვა სორენმა.

-ჭკუასაც გვასწავლის! – აყვირდა პირველი. – აქ არ არისო! გგონია მოგვატყუებ? ვიცით რომ აქ დაეთრევა!

სორენს არ უპასუხია. მის მუშტში ნელ-ნელა ხურდებოდა რკინის კეტი.

-გეცოდინება, სადაა. – მუშტი მოუღირა მეორემ. – გვითხარი და წავალთ.

-და რატომ ეძებთ?

-ეს მთლად შტერი ყოფილა! – ახარხარდა პირველი. – რატომ ეძებთო! არ იცი რა გააკეთა?! ყველაფერი გადაწვა! ყველაფერი მოსპო! ხრამი მიწასთანაა გასწორებული, მაღაროს ცეცხლი უკიდია… რა, არაფერი გაგიგია?

-მერე?

-მერე ვიპოვით, – გაიკრიჭა მეორე. – და ფეხებით ჩამოვკიდებთ. შენით იტყვი სადაა თუ გათქმევინოთ?

-მათქმევინოთ? – წარბები შეჰკრა სორენმა, დაჟინებით ასცქეროდა მათ. – თქვენ რა უნდა მათქმევინოთ?

-რა, რაკი ამხელა ტიპი ხარ გგონია ვერ მოგერევით?

არ უპასუხა სორენს, მხოლოდ კისერი გადაატრიალა და ხმამაღალი ტკაცანი გაიღეს მალებმა. პირველს მყისიერად მოენგრა სახე, დანარჩენებმა მილები მოიმარჯვეს.

-ამოღერღე, საკმარისია. – ჩაერთო მეორე. – ეგ ქალი წყალში ჩაგვიყრის ყველაფერს. არ გინდა შემოგვიერთდე და უკეთესად იცხოვრო?

-მაგას სიკვდილი მირჩევნია. – თქვა სორენმა. ხელს სწვავდა გახურებული რკინა.

მრისხანებამ გაიელვა პირველის თვალებში.

მილი აიქნია.

და ელვის სისწრაფით წამოვარდა სორენი.

ყელში ჰკრა პირველს მუშტი, მილი ხათქუნით დაენარცხა ბეტონის იატაკს, კაცს თვალები გადმოეკარკლა, ხროტინით გაბარბაცდა უკან. ფეხი გამოჰკრა მეორეს და კეტის რამდენიმე დარტყმით საფეთქელი ჩაულეწა მესამეს. დანარჩენები ღრიალით დაესივნენ, მხარსა და სახის დასაფარად აღმართულ მკლავზე რამდენჯერმე მოხვდა მილი, მაგრამ აშკარა იყო, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რას აკეთებდნენ.

ეს არ იყო ჯარი, ხელჩართული ბრძოლისათვის გაწვრთნის არაფერი ეცხოთ, მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთილი, შურისძიებასა და გადარჩენას მოწყურებული ადამიანები იყვნენ, ამ დამპალ წუმპეში გამოზრდილნი, მაგრამ მაინც საკმარისად შერჩენოდათ ჰელმარის მისიებში ჩასართავად საჭირო გულუბრყვილობა.

გულუბრყვილობა, რომელსაც ამჯერად ვეღარ დაიმალებოდა იღბალისა და რკინით შეიარაღებული ძალადობის მიღმა.

ამიტომ მუშტი მოიქნია სორენმა. ყბამ ჭახანი გაიღო, სისხლმა იფეთქა, რამდენიმე კბილმა გაიბზინა ლურჯ ჩრდილში. ელენთა გასკდა და მკერდის ძვალი გაიბზარა მის მიერ მოქნეული კეტის ქვეშ. ნეკნები ჩაფშვნა სორენმა და თავის ქალა ისე ჩალეწა, რომ კედელზე აეშხეფა სისხლი.

ბოლოს კი, როც ოთახში მხოლოდ მისი სუნთქვა და პირველის სასოწარკვეთილი კვნესა ისმოდა, მუხლი ჩაუმტვრია პირველს სორენმა, ქეჩოში ჩაავლო ხელი და იატაკზე, თავის თანამებრძოლეთა სისხლსა და გვამებზე გადაათრია, კედელთან მიაგდო.

ბღავილი აღმოხდა კაცს, რაც მიყრუებულ წკმუტუნში გადაიზარდა.

გაიტკაცუნა პისტოლეტმა და კაცის გადმოცვენამდე მისულ თვალებთან გაიბზინა ავისმომასწავებლად.

-შენ… შენ… ვინ ხარ? – ამოიგმინა კაცმა, გაოგნებული აჰყურებდა.

-კითხვებს მე დაგისვამ. – თქვა სორენმა, შორიახლოს ჩაიმუხლა. დაჟინებით შეჰყურებდა კაცს, მის გასისხლიანებულ სახესა და უკვე გვარიანად შესიებულ თვალს. – თუ წესიერ პასუხებს მივიღებ, გაგიშვებ. თუ არ მიპასუხებ, სხვებივით ტვინს გაგასხმევინებ, გასაგებია?

კაცი კანკალებდა. თავი ოდნავ დაუქნია.

-შემდეგი დარტყმა სად იქნება?

-მე… მე… ზუსტად… ზუსტად არ ვიცი…

-სად იქნება? – ხმას აუწია სორენმა.

– ამბობენ… ამბობენ ზრეას მხარეს გალავანი უნდა ააფეთქონო. მე არ ვიცი… მე არავინ მეუბნება…

-როდის?

-არ ვიცი…

-სამალავში რამდენი კაცი გყავთ?

-ასე ათასი? ათასხუთასი?

-დანაკარგი ყოველდღე?

-არ ვიცი… არ ვიცი…

-ქრონო-X-ს და ნოქსის გაყიდვების შემოსავალი სად მიდის?

-მე… არ… – კაცს ხმა უთრთოდა.

-კიდევ ვის ჰგონია რომ ცეცხლის ქალი აქაა?

-ჰელმარმა გვითხრა! სხვა არაფერი ვიცი, აქ გამოგვაგზავნა… 

-თქვენ არ დასდევდით?

-არა… არა…

-თქვენ გარდა გამოაგზავნეს კიდევ ვინმე?

-მგონი არა… სხვა არაფერი ვიცი, გეფიცები, გამიშვი, გემუდარები…

გასწორდა სორენი. უსიტყვოდ დაჰყურებდა. კაცი შარვალზე მოებღაუჭა.

-გამიშვი! ხომ გიპასუხე, გამიშვი!

-მიპასუხე, მაგრამ ახალი არაფერი გითქვამს. – თქვა სორენმა.

კაცმა პირი დააღო, განცვიფრებით შეჰყურებდა, შარვალზე ჩაბღაუჭებული ხელები უკანკალებდა.

-გამიშვი! – აყვირდა ის. – ჰელმარს გადავცემ, ყველაფერს ვეტყვი, ცეცხლის ქალს აღარ გამოვეკიდებით, გეფიცები, ყველაფერს ვიზამ რომ აღარავინ გამოაგზავნონ, გემუდარები, გამიშვი…

ჩახმახს გამოჰკრა სორენმა.

წამიერად მოედო შემოგარენს პისტოლეტის ჭექა, ფანჯრები შეაზანზარა.

მერე კი კვლავ სულშემხუთავი, ლურჯ ჩრდილში განბნეული სიჩუმე ჩამოწვა.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

124, 239; 21:56.

ციფერბლატის მქრქალი სინათლე წამსვე ჩაიკარგა სახელოს ქვეშ, როცა მაჯა გადაატრიალა სორენმა და ხელთათმანი მაგრად ჩამოიქაჩა წინამკლავამდე.

ხრიგინებდა ფურგონი. კენჭები რაკუნით ეხლებოდნენ კედლებს.

წყვდიადში ოდნავღა ჩანდა სხვა მებრძოლთა სილუეტები.

ჩაფხუტი შეისწორა სორენმა და თავი ფურგონის კედელს მიაყრდნო, თვალები დახუჭა.

ისეთი დაღლილობა და ტკივილი გასჯდომოდა სხეულში, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ფიზიკურ შეგრძნებებთან. ასე არასოდეს ეგრძნო თავი, დაუსრულებელი ვარჯიშების, შიმშილობისა და მისიების შემდეგაც კი.

ისეთი სიღრმიდან მოდიოდა ტკივილი, უცნაური, მისთვის შეუცნობელი სიმწარე და სინანული, რომელიც აქამდე არასოდეს ეგრძნო. ვერც კი წარმოედგინა, რომ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გარდა სხვა რამის გრძნობა, ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი სხეულისა და ფიზიკური შესაძლებლობების ზედაპირის მიღმა შეიძლებოდა ყოფილიყო უფსკრული, რომელიც აზვირთებულ მორევად ქცეულიყო, შიგნიდან ხრავდა.

აქამდე არასოდეს დასჭირვებოდა ზედაპირის მიღმა გაეხედა. ანდა აქამდე ვერაფერს აეღელვებინა ზედაპირის მიღმა ოკეანე,

არასოდეს დაავიწყდებოდა მერითის გამომეტყველება და მისი ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები. მის წინაშე მოციმციმე ეკრანზე გამოსახული საკუთარი ორგანიზმი და მასში ფესვგადგმული პარაზიტი.

უნდა გადამხტარიყო. გალავნის თავზე ყინავდა, მაგრამ ძალიან თბილი და მიმზიდველი ჩანდა ოკეანის ბნელ ტალღებზე არეკლილი, თვალისმომჭრელი მზის შუქი. უნდა გადამხტარიყო და დაესრულებინა ეს ყველაფერი.

გამოიძახეს. და ვეღარ მოასწრო გამბედაობა მოეკრიფა.

რადგან იმ მომენტში, იმ წამებში, როცა გალავნის კიდეზე იდგა და თვალებმოჭუტული გაჰყურებდა ოკეანეში ჩასვენების პირას მყოფ მზეს, ჯერ კიდევ ინსტინქტურად ებღაუჭებოდა მისი გონება სიცოცხლეს.

მის წვრთნებს ეს უკვე დიდი ხნის წინ უნდა ამოეძირკვათ.

გადახტებოდა. მოქცევის დროს ავიდოდა ისევ და გადახტებოდა.

ღრჭიალით გაიღო ფურგონის კარი და გამოფხიზლდა ფიქრებიდან.

მძიმედ დაეშვა ოღროჩოღრო გზაზე და მაგრად მოიმარჯვა შაშხანა. ჩაფხუტის დაბურული მინის მიღმა ცისფრად ანთებულიყვნენ სანათები და რაღაცას გაჰყვიროდნენ ახალ ამბებთა გამომცხადებელნი.

დივიზიას თავში ჩაუდგა სორენი და ხელით ანიშნა. ქუჩას დაუყვნენ სწრაფი ნაბიჯით, რამდენიმე გამვლელმა მათ დანახვისას ელვის სისწრაფით მოკურცხლეს.

ბინგემიდან ხალხის გამაყრუებელი რუზრუზი ისმოდა.

რატომღაც გამბედაობა შეჰმატოდა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ხალხს.

და დღეს პირველად მისცეს მათ შაშხანათა გამოყენების უფლება.

მალე დაიფანტებოდნენ.

გუგუნებდა ბინგემი და მოედანზე გასვლისას უსიამოვნო წნევად იქცა სორენის საფეთქლებზე ხალხის გაბმული ღრიალი. აღმართულიყვნენ შავ მარმარილოში გამოკვეთილი, ცისფერ სინათლეში გახვეული ქალისა და მამაკაცის ქანდაკებები, მათ კვარცხლბეკზე ამძვრალიყო რამდენიმე მაღაროელი, მუშტები აღემართათ და რაღაცას გაჰყვიროდნენ. ბრბოს აქეზებდნენ.

-კრედიტები! კრედიტები მოგვიმატეთ! საჭმელი გვინდა! წყალი გვინდა!

ორი დივიზია უკვე ადგილზე იყო. მათ შეუერთდა სორენი და ჯგუფს ანიშნა, გაიშალნენ, რკალად მოეხვივნენ ბრბოს ერთ მხარეს, დაფანტვისაკენ მოუწოდეს.

-უკან! უკან დაიხიეთ!

ხალხი არ შეეპუათ. ცხვირწინ აეტუზნენ, მუშტებს უტრიალებდნენ, რამდენიმედ ზედ შეაფურთხათ.

მაგრად მოიმარჯვა სორენმა შაშხანა.

-კრედიტები! კრედიტები მოგვიმატეთ!

თრთოდა მიწა. გავეშებულ მომიტინგეთა მრისხანებას ცივი ცისფერი შუქი ედო.

მერე კი, სორენისაგან მარჯვნივ, ერთმა მომიტინგემ წინ წამოიწია, მებრძოლს მუშტი მოიქნია.

გულმა რეჩხი უყო სორენს.

და იცოდა, რომ ახლა დაიწყებოდა ყველაფერი.

უკან გადაიხარა მებრძოლი, მუშტი აიცილა და ასწია შაშხანა.

გამაყრუებელმა ჭექამ გადაუარა მოედანს, რიყის ქვასავით დაენარცხა მიწას ის მაღაროელი. კენჭები აცახცახდნენ, ათრთოლდა ცისფერი შუქი და წამიერმა გაოგნებამ გადაუარა ბრბოს მრისხანებას.

-მოკლეს! მოკლეს! – იფეთქა ანაზდად ვიღაცამ.

და გამაყრუებლად აღრიალდა ბრბო.

და მათკენ გაიწიეს.

ქვასავით იდგა სორენი, სანამ მომიტინგეები ზედ ასკდებოდნენ, აწვებოდნენ, ზედ ებღაუჭებოდნენ და ცდილობდნენ უკან გადაეგდოთ. გამაგრებულიყვნენ მის უკან მებრძოლები და კიდევ რამდენჯერმე ხმამაღლა იქუხა შაშხანამ, ფანჯრები ააზანზარა და მრისხანებას სრული ქაოსი ჩაენაცვლა.

ღრიალებდა ბრბო, თრთოდა მიწა და ჰაერი, ცისფერ სინათლეს დაეკოპლა ცათამბჯენები, ლაპლაპებდა შავი მარმარილო და სიცარიელემ გამეფდა ანაზდად შიგნით, სადღაც სიღრმიდან, დაიკარგა სინანული, სიმწარე, ტკივილი და მხოლოდ ზედაპირი დარჩა, ხელშეუხებელი და ბერწი, როგორც მიქცევის მიერ ზურგშექცეული, შიშველი ოკეანის პირი.

ირეოდა ხალხი, ყვიროდა და აღარაფერი ესმოდა სორენს. 

მერე კი თვალი მოჰკრა.

ცივი მრისხანების მორევში ანაზდად შიში დაინახა. მისკენ მომართულ, ცისფერ თვალებში ჩამოწოლილი შიში.

იხუვლა ბრბომ და შიში ახლოს მოაგდეს მასთან.

მკლავზე შეეხო გვერდით.

ჯერ ვერც კი მიხვდა, თუ რას გრძნობდა.

მერე კი ყველაფერს გრძნობდა.

ყურის დაფების აპკების უხეთქავდა ღრიალი. თვალები გადმოეკარკლა, ყველაფერი ისეთი მკაფიო გახდა გარშემო, როგორც არასდროს, კანი მკლავზე ისე აეწვა, თითქოს ცეცხლი მოჰკიდებოდა, მერე კი გავრცელდა ცეცხლი, თითოეულ ნერვსა და სისხლძარღვს მოედო, გულმკერდსა და თავზე მოედო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ გული გაუსკდებოდა.

გვიანღა მიხვდა, რომ თვითონ ყვიროდა. მისი ღრიალი ჩაკარგული ბრბოს ღრიანცელში, მაგრამ ყვიროდა, აქამდე თავისთვის გაუგონარი, სასოწარკვეთილი ხმით. ისეთი ძალით იკბინა ტუჩზე, რომ ცხელი სისხლი იგრძნო და ასჯერ უფრო ძლიერი იყო მისი გახეთქილი ტუჩის ტკივილი, ვიდრე ოდესმე აქამდე.

წაიფორხილა. ხელი შეაშველეს, უკან გაათრიეს და ტანჯვა იყო მათი თითოეული შეხება, გაუსაძლისი, ენით აღუწერელი ტანჯვა.

ზრიალებდა გარშემო ყველაფერი და აქამდე მკვეთრი, მკაფიო სამყარო ერთმანეთში აიზილა, აირია, მოლურჯო-მოწითალო მორევად ექცა. თვალებში სისხლმა იფეთქა თითქოს.

მერე კი გაქრა ტკივილი. ისევე სწრაფად, როგორც მოვიდა და ისეთივე აუტანელი დაბუჟება დატოვა უკან. კიდურებს ვეღარ გრძნობდა, მუხლები მოეკვეთა.

რაღაცას ყვიროდნენ გარშემო, მაგრამ არაფერი ესმოდა.

ჩაიბჟუტა, ჩაქრა.

და ბნელი სიცარიელე მოერია მის გარშემო გამეფებულ მოლურჯო-მოწითალო მორევს.

.

.

.

.

.

.

.

-&-&-&-

დავბრუნდი ძლივს. ბოდიში დაგვიანებისათვის, მომსპო სამსახურმა :დ 28 გვერდი და 7200 სიტყვაა, საკმაოდ მსუყე თავი გამოვიდა. ბოლო ნაწილს რომ ვწერდი – იმედია იცანით, ერთ-ერთი პირველი სცენაა “ცოცხალ ჟანგში”, პირველი თავის ბოლოს, როცა ნარა იმ ძლიერ ტკივილს იგრძნობს, ოღონდ ამჯერად სორენის მხრიდან. რომ ვწერდი, ვიფიქრე რომ რა უცნაური დამთხვევაა, ამ ორ სცენას, ორ პერსპექტივას შორის 400 გვერდი და 2 წელია – პირველი თავი 2023 წლის 15 აგვისტოს დავდე და მაშინვე ეს ყველაფერი ჩაფიქრებული მქონდა, აი ზუსტად ეს სცენა, რაც დავწერე, ოღონდ იმ დროს ნარას ადგილას ვიდექი და სორენს ვუყურებდი, იმ სორენს, რომელსაც 2 წლის მერე გაგაცნობდით. ძალიან ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ, შეიძლება ბევრნი მიხვდით კიდეც, თუ ვინ იყო სინამდვილეში სორენი. ერთი ან მაქსიმუმ ორი თავი დარჩა, მეტი არა, ფინიშამდე ვართ ფაქტიურად მისული, მოკლედ მალე დასრულდება. ყველას დიდი მადლობა ვინც მომყვება, ველი თქვენს აზრებს ❤ თუ კომენტარი არა, ფეისბუქზე შეგიძლიათ მომწეროთ ❤ დიდი მადლობა ❤

2 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 14)

  1. როგორ მიხარია რომ დაბრუნდი☺️ამ ნისლისფერ ქალაქში მხოლოდ სორენის და ნარას გრძნობა აფერადებდა.
    ახლა მხოლოდ ის ეპიზოდი მიტრიალებს გონებაში ორივე ერთად სორენის ბინაში.
    უნდა გადავიკითხო თავიდან თორემ რაღაცები სულ ამომვარდა გონებიდან და ვეღარ ვაკავშირებ ერთმანეთთან.

    Like

    1. ეჰჰ მესმის ქალუ, ეგ კი არა მეც მავიწყდება ხანდახან რა სად დავწერე 😂😂 მიხარია თუ მოგეწონა, დიდი მადლობა 💛💛

      Like

Leave a reply to თამილა აბაშიძე კომენტარის გაუქმება