ცოცხალი ჟანგი (თავი 11)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

XI – Illusion of choice

.

.

-*-*-*-*-*-*-

უზარმაზარი იყო ზღვა, მიუწვდომელი, უძირო, მთელი სამყარო ეტეოდა შიგნით.

შიგნით კაცი იდგა. და არ უნდოდა კაცს, რომ ვინმეს დაენახა.

მიტრიალდა და უთხრა, რომ არ უნდოდა ვინმეს დაენახა.

თვალს სჭრიდა ოთახები. ვეებერთელა ოთახები და სისხლით მტირალი თეთრად შეფეთქილი კედლები. ყველაფერი ტრიალებდა და სახვევებში მეწამულ ლაქებს გამოეჟონათ. გალავანს უნდა დაეკავებინა, მაგრამ ვერ შეძლო, ნაპრალებში გამოეხეთქა, შიგნით პირამდე სავსე იყო სიცარიელით, რომელსაც ყოველ კუთხე-კუნჭულში შეეღწია, გამჯდარიყო და არსად აპირებდა წასვლას. 

ვიღაც გაჰყვიროდა რაღაცას, შორს, მკერდიდან ამოხეთქილი სასოწარკვეთით. მერე კი ლურჯი სტრიქონებით იყო აღსავსე ეკრანი. მიჰქროდნენ სიტყვები, ეკრანს გასცდნენ და მქრქალი ცისფერით მოჭედეს ცის კამარა, მერე კი ღამე ჩამოიღვარა მათ შორის, ბლანტი კუპრივით გადაფარა თითქმის ყველა მოციალე წერტილი, სანამ ხახადაღებული კუნაპეტი არ დარჩა მხოლოდ.

ლულის სიღრმე იყო მის წინაშე. ცივი და ულმობელი, მერე კი მწველმა სიცხემ შეცვალა,  ისეთმა მწველმა, რომ კანი მისხალ-მისხალ შემოაძარცვა. ცათამბჯენები ამოზიდულიყვნენ ღრუბლებიდან, დაბზარული მინებიდან სისინით ტკარცალებდნენ ცეცხლის ალები.

მერე კი მიწაზე ეგდო, მძიმე, თითქოსდა მთელი სამყაროს ტკივილით აღვსილი. სახვევებსა და კედლის ნაპრალებში სისხლმა გამოხეთქა, ნესტოები ამოუვსო, ახლაღა მიხვდა რომ თვითონ გაჰკიოდა, თვალებზე გადაკრულ მეწამულ კუნაპეტში და მიჰქროდა ქვემოთ, ქვემოთ, ქვემოთ…

მთელი სხეულით შეხტა ნარა. მკლავი უხერხულად მოჰყოლოდა ტანქვეშ, რეტი ესხმოდა. აქოშინებული წამოიწია.

სიბნელე ჩამოწოლილიყო გარშემო, რომელსაც კედლებს შორის გაჭიმული დაგრეხილი სადენების მიღმა, ჩამტვრეული ფანჯრებიდან შემოღვრილი მქრქალი სინათლე ჰკვეთდა. დარბაზში შემოჭრილი სიო გულითადად ხვეტდა ნაცრისფერ მტვერს და დამდგარმა ბდღვირმა მოუხუთა სული.

ცხელი ოფლით დაცვარული შუბლი ათრთოლებული ხელის ზურგით მოიწმინდა, ბეტონის სვეტს მიეყუდა.

ქშინავდა, მისი სუნთქვა თეთრ ქულებად ქცეულიყო სუსხიან ჰაერში. ჯერ ბნელ ჭერს ასცქეროდა, მერე კი ფანჯარაზე გაუშტერდა თვალები. ჩამოწოლილ ღამეს შებჯენილი ცათამბჯენთა წვერები ცისფერ ნისლში გაცრეცილიყვნენ.  

ვერც კი გაიგო, როგორ ჩაეძინა. ქრონო-X-ს ბრალი იქნებოდა.

რამდენიმე საათი დაეთრეოდა აქეთ-იქით. როცა გადაიღალა, ბინგემთან ახლოს ერთ-ერთ მიტოვებულ კორპუსში შემოიპარა, მერე კი ცარიელი დარბაზის ბნელ კუთხეში მიიმალა და თავი მარტო დაიგულა, სანამ ქრონო-X-ს გადაყლაპავდა.

მერე კი ბუნდოვნადღა ახსოვდა ქრონო-X-ის ხალასი ფერებითა და რეალობის არარსებობით აღსავსე ზემოქმედება.

სახვევები გადაიწია მაჯაზე ნარამ, ციფერბლატის მჭახე სინათლეზე თვალები მოჭუტა.

172, 239; 04:16.

კრედიტების შესამოწმებლად რამდენჯერმე მოუწია მოტრიალე მონეტაზე თითის დაჭერა. აღარ მუშაობდა წესიერად ციფერბლატის ეკრანი.

57 კრედიტიღა დარჩენოდა.

ფეხები მკერდთან აიკეცა ნარამ, ხელები სახეზე აიფარა. ჭრიჭინი გაიღო მის ქვეშ ბრეზენტმა.

მალე გათენდებოდა ახალი დღე.

და ორი კვირა გასულიყო ცეცხლის კაცის დაბადებიდან.

კვირაზე მეტი, რაც სორენის ბინაში ცხოვრობდა. მის საჭმელს ჭამდა, მის ლოგინში ეძინა.

მისი ტანსაცმელი ეცვა, მის ჰაერს სუნთქავდა და როცა სორენის გვერდით ეძინა, მისი სხეულის სითბოში იწვა.

ღამღამობით მიდიოდა კაცი. ხანდახან დღისითაც. ისეთივე ქაოტური და გაუგებარი იყო მისი სამუშაო გრაფიკი, როგორც მისი ქმედებები. მოდიოდა, ნარას სახვევებს უცვლიდა და დაბანაში ეხმარებოდა. კარზეც დაარეგისტრირა მისი ციფერბლატი, რომ შესძლებოდა თავისუფლად მიმოსვლა.

მოდიოდა და მოჰქონდა ღამისა და სუსხის სურნელი.

პირველი ორი დღე ბინაში იჯდა ნარა. ეძინა და ჭამდა მხოლოდ.

ვეზუვის ბიბლიოთეკის ქვეშ მყოფი სამალავი და ჰელმარის ნათქვამი უტრიალებდა თავში.

მერე კი ვეღარ გაჩერდა. ვეღარ იტევდა მის ფიქრებს ბინა. თითქოს წამლავდა სორენთან ახლოს ყოფნა, მისი სივრცის გაზიარება, უნდოდა განრიდებოდა ყველაფერს, მის ლოგინს, სითბოსა და საზრდოს. რაც უფრო დიდხანს იჯდა მის ბინაში, მით უფრო უჭერდა მკერდში გახლართული კვანძი, სანამ სული არ მოეხუთებოდა.

ალბათ შეჩვეული იყო მარტოობას. სამარა და რეჯინალდი კი ჰყავდა ახლოს, მაგრამ თანაცხოვრება სულ სხვა რამე გახლდათ.

თანაც, წესით სულ მარტო უნდა დარჩენილიყო მათი სიკვდილის მერე.

საათობით დაეხეტებოდა გარეთ. ალიონიც დაენახა დამტვრეული ვიტრინების მიღმა შემალულს და მზის ჩასვლაც შენობის სახურავიდან. ბნელ გასასვლელებში დაძვრებოდა, კლუბებში იპარებოდა და დალეწილი ვიტრინების მიღმა ჩხრეკდა გაპარტახებულ დახლებს.

რამდენჯერმე საჭმლის პაკეტები იპოვა და სორენის ბინაში მიიტანა, მის მარაგს მიუმატა.

ვეზუვში აღარ მიბრუნებულა.

განვლილ დროს ულსტერის წინაშე გაჩენილი პანიკური შიში ამოეგლიჯა მისგან. იცოდა, რომ თუ ულსტერს რამე ეცოდინებოდა, უკვე კარგა ხნის წინ ამოყოფდა მათ სატუსაღოში თავს, ამჯერად კი ვერ გამოაღწევდა იქედან. ის, რომ ულსტერის კლანჭებიდან გამოძვრა, ანდა უფრო სწორად, გამოუშვეს, მისთვის გაურკვეველი და სასწაულთან მიახლოებული მოვლენა გახლდათ. მეორედ ასე აღარ გაუმართლებდა.

შიშის მაგივრად პარანოია შეუჩნდა. სულ ეგონა, რომ უთვალთვალებდნენ, იმის მიუხედავად რომ მასზე ადევნებული ჯერ ვერავინ შეემჩნია. ხელები მუდამ ჯიბეებში ჩაემალა და ან ძალიან ხალხმრავალ ქუჩებში დაძვრებოდა, ანდა უკაცრიელ, ნაგვით სავსე გასასვლელებში.

მაგრამ მაინც დაჰყვებოდნენ თან თითქოს მისკენ მომართული თვალები. ერთი-ორჯერ დაინახა კიდეც, რომ მაწანწალები დაშტერებოდნენ შორიდან, მაგრამ ეს სულაც არ გახლდათ ახალი რამ.

როცა სორენის ბინისაკენ მიმავალი გამბურღველ მზერას გრძნობდა ზურგზე, სხვაგან გაუხვევდა და ჩაიმალებოდა ცოტა ხნით ნაგვის ბუნკერების უკან. ანდა სხვა კორპუსის კიბეზე ადიოდა და იჯდა სახურავზე.

იქნებ ჰელმარი ადევნებდა თვალს. სულაც არ იყო გასაკვირი რომ არ უპირებდა ხელიდან გაშვებას.

ჯერ კიდევ ჯიბეში ჰქონდა მის მიერ მოცემული რადიო ნარას და აქამდე არ დაეპირებინა მისი გამოყენება. 

არც ის იცოდა, გამოიყენებდა ოდესმე თუ არა.

ბინგემზე ყოველ მეორე დღეს მართავდნენ აქციებს. იზრდებოდა დემონსტრანტთა მასა, მათი მრისხანებით აღსავსე ღრიალი შთანთქავდა მოედანს. მომიტინგეთა რიგებს აღარ შეერთებია ნარა, ხან ახლომახლო ქუჩიდან უთვალთვალებდა მომხდარს, ნაგვის ბუნკერის უკან ჩამალული, ხან რომელიმე მიტოვებული კორპუსის ზედა სართულიდან. უყურებდა, თუ როგორ ფანტავდნენ ავტომატებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ულსტერის მებრძოლები აქციას. ამჯერად მასიურად აღარ დაუხვრეტიათ ხალხი, მაგრამ რამდენიმეს მაინც დააჭედეს ტყვია და ბევრი გემოზე მიბეგვეს კიდეც.

მოტოციკლეტთა გუგუნის ნაცვლად ფურგონებში გამოკეტილ დაპატიმრებულთა ღრიალი მოსდებოდა ბინგემს, როცა ულსტერი აქციის მონაწილეებს წარმატებით დაიფრენდა. მიდიოდნენ ფურგონები და უძირო ღამეში იკარგებოდა პატიმართა სასოწარკვეთა, რომელიც ისეთი უმნიშვნელო იყო, ისეთივე უსასოობით აღსავსე და წარმავალი, როგორც ყოველთვის.

იკარგებოდა მათი უმნიშვნელო სასოწარკვეთა და შორიდან უყურებდა ნარა.

უყურებდა, ტუჩები მოეკუმა და თავისდაუნებურად მუშტებად ჰკრავდა დამწვარ ხელებს.

რამდენჯერმე უშედეგოდ აედევნა ფურგონს. იმას მიხვდა მხოლოდ რომ გალავნის მხარეს მიდიოდნენ.

ულსტერის ქმედებების მიუხედავად, არ წყდებოდა ხალხის დენა, ბინგემიდან ძვლების რაიონის ქუჩებზე გამოეჟონა საერთო აღელვებასა და დაძაბულობას.

ცეცხლის კაცზე ჩურჩულებდნენ გამვლელები, შეფარვით, თავდახრილნი, შიში და გაოგნება გამოსჭვიოდა მათი სიტყვებიდან. დამწვარი ხორცის ამაზრზენი სუნი, მხრჩოლავი კვამლი და რეჯინალდის ხმის ექო ჯერ კიდევ მძიმედ დასწოლოდა ქუჩებს და ეჭვიც არ ეპარებოდა ნარას, რომ ჯერ არსად აპირებდა წასვლას.  

ახალ ამბებში კრინტსაც არ ძრავდნენ რეჯინალდზე. აშკარად ხვდებოდნენ, თუ რა გამოიწვია ცეცხლის კაცის სიტყვებმა.

დუმდნენ მომავალში სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად.

რაც ძალიან კარგად მოქმედებდა ადრე. მყიფე გახლდათ ძვლების რაიონის მეხსიერება და ნელ-ნელა ილექებოდა შემზარავი აწმყო ხახადაღებულ, ბნელ წარსულში, იქ, საიდანაც აღარაფერი რჩებოდა, მწარე გაკვეთილების შედეგად ნასწავლი მორჩილების გარდა.

მაგრამ ამჯერად ასე არ გახლდათ. ჯერ კიდევ ღვიოდა რეჯინალდის მიერ დანთებული ცეცხლი, ჰელმარი და მისი მომხრეები ნავთს ასხამდნენ მხრჩოლავ მუგუზლებს.

მაგრამ დიდხანს ვერ გაძლებდა ჰელმარი.  ან მას დაიჭერდნენ, ან მის რომელიმე მსხვილ მომხრეს და სამალავსაც აღმოაჩენდნენ. აქამდე ვეზუვიც შეუმჩნეველი გახლდათ და მხოლოდ იმის გამო, რომ მის არსებობას ხალხში არანაირი შედეგი არ მოჰყოლოდა.

ამიტომ გამოელაპარაკა ნარას და ასაფეთქებელი მოწყობილობების ინსტრუქციები მოსთხოვა.  

გარედან გუგუნი გაისმა ანაზდად, რასაც კედლების თრთოლა მოჰყვა და ელვის სისწრაფით აიხედა ნარამ, ფანჯარასთან მიფოფხდა. ირეოდა გზაჯვარედინზე ხალხი. გრგვინავდა ბრბო და გზაში გაჭედილი ვიღაც მოტოციკლეტისტი გამალებით ასიგნალებდა.

ბინგემისაკენ მიიჩქაროდნენ. 

და კვლავ იქნებოდა მათი ფუჭი მოთხოვნები, ჰაერში კვამლივით დაკარგული ყვირილი, ავტომატების ჭექა და პატიმრებით გაძეძგილი ფურგონები.

მორიგი იმედგაცრუება. და მორიგი მთელი რიგი სიკვდილი. 

ნარას თბილი სუნთქვა მოედო აცახცახებულ, შეჭირხლულ მინას, სანამ ხალხის ნაკადი ბუნდოვან, რუხ მასად არ იქცა, საავდრო ღრუბლებით დაფარულ ცის კამარას რომ ჩამოჰგავდა.

მალე მოვიდოდა ჭექა-ქუხილიც.

ხელები გაჰყინვოდა ნარას. გაიპარა მისი მეხსიერებიდან სიზმარი და თან წაიღო შუბლზე მოწოლილი ოფლის სიცხე.

სორენის ბინას ფეხით მიაშურა. ნელ-ნელა იტოვებდა უკან ბინგემზე გამართულ ღრიანცელსა და ხალხით გაძეძგილ ტროტუარს, შემეჩხერდა გამვლელთა ტალღა, მაგრამ მაინც ცისფერი ნისლით, კუთხეებში მიჩქმალული ჩურჩულითა და გაუბედავი მოლოდინით აღვსილიყო თითოეული ქუჩა.

მათ თვალებში რეჯინალდის სხეულზე მოკიდებული ცეცხლის ანარეკლს ხედავდა ნარა და საშინელი წინათგრძნობის ჟრუანტელი უვლიდა ზურგში.

ანდა უბრალოდ იმას ხედავდა, რაც სურდა დაენახა, იმას, რასაც მის გონებაში გაედგა ფესვი.

ხუთი სრულდებოდა და გალავნის თავზე, აღმოსავლეთით ოდნავ გაცრეცილიყო მელნისფერი ცა, როცა ბინის კარს მიადგა ნარა. შიგნით თბილოდა, ფანჯრიდან შემოღვრილ ლურჯ ღამეს ჯერ კიდევ ვერ მორეოდა გარიჟრაჟი.

ტანსაცმელი გაიძრო და ლოგინში შეწვა. კედლისაკენ ზურგშექცევით იწვა, მოკუნტული, ლოყა ღრმად ჩაერგო ბალიშში, რომელსაც მუდამ სუსხის, ოდნავი შმორისა და კიდევ რაღაცის სურნელი ასდიოდა, ჯერ კიდევ რომ ვერ გაეგო.

მალევე ჩათბა. გუგუნებდა ბინის კუთხეში გამათბობელი და მისი ნათურის მქრქალი წითელი შუქი შერეოდა დილაბნელის სილურჯეს.

ჩათვლიმა. სხეული თითქოს დაუდნა და ძილის კუნაპეტი შეენაცვლა ლურჯ ღამეს. გაიფანტნენ ფიქრები, ზოგი გასივდა, ზოგი უსასრულოდ გაიწელა, ზოგი კი უცნაურ, არამიწიერ ზმანებად იქცა.

მერე კი შრაშუნი ჩაესმა და თითქოსდა კლანჭები შეუშვა უსასრულო სიღრმეებში ჩამთრევმა ძილმა.

ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები ნარამ.

სორენის სილუეტი იდგა მოშორებით, ნიჟარასთან ახლოს. მისკენ ზურგი მოექცია, მაისურს იძრობდა.

ლურჯი სინათლე დაეფინა ფერმკრთალ ზურგზე ალაგ-ალაგ მიმოფანტულ ხალებსა და წელთან ახლოს მოზრდილ, მოლურჯო და მოყვითალო-მომწვანო ლაქებს. მქრქალი ჩრდილი იწვა მისი ნეკნების ქვეშ.

შეჰყურებდა ნარა და წამიერად მხოლოდ ის მოუვიდა თავში, რომ სორენის სხეული არასოდეს დაენახა.

-სორენ? – დაიჩურჩულა მან.

კაცი ისე ელვის სისწრაფით მოტრიალდა, თითქოს რაღაც შემოარტყესო. ნაკვთები გაჰყინვოდა და შეჭირხლულ მინას ჩამოჰგავდნენ მისი მოელვარე, გაფართოებული თვალები. მაისური ელვის სისწრაფით გადაიცვა და კვლავ იბრუნა პირი, წყალი მოუშვა.

შესცქეროდა ნარა და თვალებში ამოსწვოდა მისი გამომეტყველება. არასოდეს დაენახა სორენში აქამდე შიში, რომელიც, აქამდე როგორც ეგონა, იგაზან-ლას ყოველდღიურობასა და განვლილ წლებს დაემარხათ.

აშკარად ცდებოდა. 

წყლის შიშინი და გამათბობელის გუგუნი წამსვე ჩაიძირა სიწყნარეში.

‘მეგონა გეძინა.’ თქვა სორენმა. ‘არ მინდოდა შენი გაღვიძება.’

‘გამომეღვიძა, რომ მოხვედი.’ თქვა გაფაციცებით შეჰყურებდა სორენის ზურგს და თითქმის ხედავდა მის კანზე მუქ ლაქებს.

როგორც მოწმენდილ, ნაცრისფერ ცაზე გაფანტულ საავდრო ღრუბლებს.

‘გცემეს?’ ჰკითხა ბოლოს.

‘შეიძლება ეგრეც ითქვას.’ იქვე ჩამოკიდებულ ტილოზე შეიწმინდა ხელები სორენმა,  ლოგინზე ჩამოჯდა, მისკენ ზურგშექცევით და იგრძნო ნარამ, თუ როგორ გმინვით დაიზნიქნენ ზამბარები. ‘აქციაზე ვიყავი. მომხვდა ერთი-ორჯერ.’

‘ბევრი ხალხია?’

‘საკმაოდ.’

‘ულსტერიც მეტი იქნება.’

‘არიან.  მაგრამ ხალხის რაოდენობას ვეღარ გაუტოლდებიან. რამდენიმე რაიონის ულსტერი იქნება მალე საჭირო.’

‘ხალხს არა აქვს უსასრულო რესურსი.’ თქვა ნარამ, ლოგინზე წამოიწია.‘ულსტერი ერთ დღესაც ვეღარ გაავსებს ფურგონებს.’

‘მაგდენს ვერასოდეს დაიჭერენ.’ თქვა სორენმა. ‘ხუთ მილიონს ციხეში ვერ შეყრიან.’

‘არა.’ მიუგო ნარამ. ‘მოკლავენ. მკვდარს შენახვა არ სჭირდება.’

სორენი დადუმდა წამიერად.

‘შენ დადიხარ?’ ჰკითხა მან. ‘აქციებზე.’

‘არა. მოედანზე აღარ ვყოფილვარ, შორიდან ვუყურებ.’

‘და რატომ?’

სორენის კეფაზე, მის დაუდევრად, აშკარა გულგრილობით შეკრეჭილ თმაზე გაუშტერდა მზერა ნარას.

ის მომვლელი წარმოუდგა თვალწინ, თავებს რომ პარსავდა ბავშვებს.

მართლაც რატომ? რატომ უყურებდა ამ ყველაფერს შორიდან?

ადრე ხანდახან გადიოდა ხოლმე. ხშირად დროს იხელთებდა კიდეც რომ სადმე შემძვრალიყო და რამე მოეპარა.

ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მისი სახლი, მისი სამუშაო, მის გარშემო მყოფი ადამიანები.

ალბათ თვითონაც.

ყველაფერი იცვლებოდა. ჩვეულებრივი გახლდათ მის ჩვეულებათა ცვლილებაც.

ბინგემი წარმოუდგა თვალწინ, ხალხით გაძეძგილი. ბრბოს გრგვინვა და ნებივრად ატკარცალებული ალები, სუსხითა და ხალხის განცვიფრებით დამძიმებულ ჰაერს რომ ლოკავდნენ. ქალისა და მამაკაცის მგლოვიარე ქანდაკებები, რუხ ნისლში შებურულნი, მწუხარებით რომ გადმოჰყურებდნენ თითქოს მათ ფეხებთან აალებულ მსხვერპლს.

თვალები დახუჭა ნარამ, მაგრამ ჩვეული სიბნელის ნაცვლად კვლავ მწველი ცეცხლი ღუოდა მისი ქუთუთოების მიღმა.

‘ახლოს ვერ მივალ.’ თქვა ბოლოს. არ იცოდა სხვა რა ეთქვა.

სიკვდილის არ ეშინოდა. პირისპირ აღმოჩნდა მის შავბნელ სუნთქვასთან იქ, მაღაროს გამოქვაბულში, როცა ოკეანემ თავის ყინულოვან მუშტში მოიმწყვდია. ახსოვდა შემზარავი შიში, რომელიც სიკვდილის გარდაუვლობის მიღებამ შეცვალა.

და როგორც იმ გამოქვაბულის სიბნელე, არასოდეს ამოუვიდოდა თავიდან საკუთარი წარმავლობის გაცნობიერება.

ბინგემზე მდგარი წითელ-ნარინჯისფრად აბრიალებული სიკვდილი არ წარმოადგენდა დაბრკოლებას.

მაშინ რატომ?

‘გგონია გამოვა რამე?’ ჰკითხა უცებ სორენმა. ‘აქციებზე.’

‘არ ვიცი.’

‘შეიარაღდნენ.’ თქვა სორენმა. ‘რკინის მილები მოათრიეს საიდანღაც და არიგებენ.’

რკინის მილები არ იქნებოდა საკმარისი.

რაც მშვენივრად იცოდა ჰელმარმა.

ისიც იცოდა, რომ ხალხის, განსაკუთრებით მისი მომხრეების რესურსი ამოწურვადი იყო.

და ბევრად უფრო მწირი გახლდათ დარჩენილი დრო. ისეთივე არაპროგნოზირებადი გახლდათ ულსტერის შესაძლო, ბევრად უფრო ძალმომრეობითი რეაქცია, როგორც ძვლების რაიონის მერყევი სადგურები, დაფეხვილი კორპუსები და მაღაროების ჯურღმულების გამოქვაბულები, ოკეანე ძირის გამოთხრას რომ უქადდათ.

და ანაზდად გაუელვა ფიქრმა თავში ნარას, რომ ჰელმარს უნდა ეცრუა. ძალიან კარგად იცოდა ამბოხების თავიკაცმა, თუ რა ელოდა და არც ეშინოდა ამის, მაშასადამე დასაკარგიც არაფერი ჰქონდა.

არ აიტანდა მის წინაშე ნარას სახით აღმართულ დაბრკოლებას, რადგან დიდი ხნის წინ აეღო უკვე დანებებაზე ხელი.

ამიტომ უნდა ეცრუა, როცა უთხრა, ულსტერი არ ვარო.

გააცია ნარას, უფრო მოიკუნტა, მაგრად მომუშტა ხელები.

რკინის მილები კი, რაც არ უნდა უმნიშვნელონი ყოფილიყვნენ ულსტერის ძალაუფლების წინაშე, დასაწყისი გახლდათ. ჰელმარის პირველი ხმამაღალი ნაბიჯი.

სორენს ახედა. გაქვავებულიყო კაცი, თითქმის შეუმჩნევლად აუდიოდ-ჩაუდიოდა მხრები. მისგან ტალღებად გადმოღვრილ სითბოსა და ოდნავ მომლაშო, ზღვის სურნელს გრძნობდა ნარა და წამსვე წარმოუდგა თვალწინ აციმციმებული ზღვის თავზე მოლივლივე მზის დისკო.  

ენის წვერზე მოადგა სიტყვები. უნდოდა მოეყოლა, ჰელმარზე, მის სამალავსა და გეგმებზე. აშკარად რაღაცას ხვდებოდა სორენი.

ანდა იქნებ უკვე იცოდა კიდეც ყველაფერი. 

‘ვინ არიგებს იმ მილებს?’ ჰკითხა მან.

‘მაწანწალების დაჯგუფებაა.’ თქვა სორენმა. ‘ალბათ ჯართიდან იპარავენ. აქციის დაწყებამდე ჩამოივლიან და არიგებენ.’

‘და ეგ თვითონ მოუვიდათ თავში?’

სორენის ირონიით აღსავსე ღიმილი თითქმის იგრძნო ნარამ.

‘არა მგონია. ვიღაც აქეზებს.’ სორენი დადუმდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.’თუ არ გაჩერდებიან, ბევრი მოკვდება.’ თქვა ბოლოს.

ხელები დაუბუჟდა ნარას. ანაზდად თითქოს იძალა განთიადნარევმა ღამემ, რუხი ბურუსით დაჰფარა მისი მზერა.

‘ბინგემზე აღარ წახვიდე.’ თქვა მან, როცა ფანჯრიდან შემოპარულმა ლურჯმა სინათლემ გახლიჩა ბურუსი.

სიჩუმე ჩამოვარდა. და გაიჭიმა, დაუსრულებლად.

სორენი არ მობრუნებულა. მხრები სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა.

‘არ შემიძლია.’ უპასუხა ბოლოს. ‘იქ არწასვლა ბევრს არაფერს შეცვლის. აქციებით არ დასრულდება ეს ყველაფერი, ბინგემის მიღმა გააღწევს უკმაყოფილება. მაგ დროისთვის უნდა იცოდეს ყველამ, რომელ მხარეს დგას, და უნდა იდგეს კიდეც იქ.’

გულმა რეჩხი უყო ნარას, თვალები გაუშტერდა. მასზე მოხვეული საბნის სითბომაც კი ვერ შეაკავა ცივი ჟრუანტელი, ხერხემალში რომ აურბინა, თმა ყალყზე დაუდგა.

მაღაროელების, მემანქანეების, გამანაყოფიერებლების მხარე, რომელიც ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ითხოვდა. მხარე, რომელსაც არაფერი არ უნდა სცოდნოდა, სრული მორჩილების გარდა.

და გულაამისა და ულსტერის მხარე, ისეთივე შეუვალი და ძლიერი, როგორც იგაზან-ლას გალავანი. მხარე, რომელიც ემსახურებოდა იგაზან-ლას არსებობის მუდმივობას, მათი მარტოობისა და მწირი რესურსების მიუხედავად.

მხარე, რომელიც არასოდეს დაჰყაბულდებოდა სრულ მორჩილებაზე ნაკლებს.

და მიხვდა ნარა, რომ მათ შორის ვერ დარჩებოდა. მუდმივად ვერ დარჩებოდა ზღურბლზე. მუდმივად ვერ შეძლებდა შორიდან ეცქირა, ყოფილიყო ცეცხლის კაცის სიტყვებისა და ამავდროულად გულაამის გამოძახილის ექო, მათ საზღვარზე რომ დაფარფატებდა.

გული ძალუმად უცემდა, ერთიანად გამოშრობოდა ყელი და მქრქალი წვა იგრძნო ხელებში.

ახლოს მიჩოჩდა სორენთან, მის სითბოსა და ზღვის სურნელთან და თითები ფრთხილად შეახო მხარზე.

უეცრად იგრძნო. ტკივილი, სხვისი და ამავდროულად საკუთარი. ისეთი შორეული, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ძველი, მორჩენის პირას მყოფი ჭრილობა და ამავდროულად ახლოს, ძალიან ახლოს, როგორც საკუთარი დამწვარი ხელები. ხელიდან გადმოიღვარა თითქოს მასში, სხეულში გავრცელდა, დაიფანტა და სუნთქვა ყელში გაუკავდა ნარას, გაკრთა.

ისე ამოისუნთქა სორენმა, რომ ტკივილი ამოაყოლა სუნთქვას. გაქვავებულიყო, ბარძაყებზე დაწყობილი ხელები მოემუშტა.

‘გაგიარა?’ ჰკითხა ნარამ.

სორენს არაფერი უთქვამს.ოდნავ გაიწია, ისე, რომ ნარას თითები მის მხარს მოსწყდნენ და კონტაქტის გაწყვეტასთან ერთად გაქრა ტკივილიც.

უსიტყვოდ შესცქეროდა ნარა. ხელი ჰაერში გაშეშებოდა.

‘შეჩვეული ხარ ტკივილს.’ თქვა ბოლოს.

‘შეიძლება.’ თქვა სორენმა. ‘რამდენადაც შეიძლება შეჩვევა. ამ ქვეყანაზე ყველაფერი იცვლება, ტკივილის გარდა.’

მის ხელსა და სორენის მხარს შორის პაწაწინა უფსკრულს დასცქეროდა ნარა.

‘არ გინდა გაგიაროს?’ თქვა მან.

‘გამიარა.’ უპასუხა სორენმა. ‘არ მინდა შენ გტკიოდეს ჩემი ტკივილი.’

არ უპასუხა ნარამ. მის მოხრილ მხრებს შეჰყურებდა და გრძნობდა, თუ როგორ სწრაფად სცემდა ყელში ცხელი პულსი.

მერე კი ნელა წაჩოჩდა წინ. მისმა საბნიდან გამოწვდილმა მკლავებმა მხოლოდ წამიერად იგრძნეს სხეულის სითბოს ნაკლებობა, სანამ მაგრად მოეხვივნენ სორენს ზურგზე. მის მკერდზე, მუცელთან ახლოს ფრთხილად გადააჭდო ხელები ერთმანეთს ნარამ, ლოყით კი კაცის მხარს მიეკრა, თვალები დახუჭა.

მის მკლავებში დამდაგველ მზედ ქცეულიყო სორენი, რომლის წიაღში უკიდეგანო ზღვა ღელავდა, და ტალღებად ქცეულიყო მისი რიტმული სუნთქვა.  

უფრო მაგრად მოეხვია კაცს და თითქოს შორს დარჩა ძვლების რაიონის ამბოხი, ულსტერის სასიკვდილო ტყვია, მტკივნეული წარსული და არაფრისმომცემი მომავალიც.

ლოყის ქვეშ მისი ბეჭის ძვალს გრძნობდა. ისეთივე უდრეკს, როგორც ბინგემის ქალისა და მამაკაცის ქანდაკების მარმარილოს.

ჩაქუჩის გამაყრუებელი ზათქი და კვარცხლბეკის ძირში გაჩენილი ბზარი წამოუტივტივდა თავში.

მერე კი აღარ იყო მასში გადმოღვრილი ტკივილი მწვავე. მოიკუმშა, მხოლოდ შორეულ, ცხელ ფეთქვას ჩამოჰგავდა, სახეში გაწნილი სილა რომ ტოვებდა უკან. 

ანაზდად გვერდზე გაიწია სორენი, ისე, თითქოს სიზმარს გამოსტაცაო საკუთარი თავი და კვლავ ღრუბლების მიღმა მიიმალა მზე.

არ უნდოდა სორენს, რომ სტკიებოდა მისი ტკივილი.

ანდა იქნებ უბრალოდ არ უნდოდა, რომ ნარას მისი ტკივილის სიღრმე ეგრძნო.

ოდნავ უკან დაიხია ნარამ. სანამ ოთახი წარსტაცებდა მკლავებზე შერჩენილ მისი სითბოს ლაქებს, გულში ჩაიკრა ხელები.

არ ეყო.

სიჩუმე ჩამოვარდა. უფსკრულს დაეღო მათ შორის ხახა.

ლოგინის კიდეზე გაჩოჩდა კაცი. ხელები ბარძაყებზე დაეწყო და მხოლოდ სუნთქავდა, ზედაპირულად.

მოშორდა. გაერიდა.

ახლოს უნდა ყოფილიყვნენ. საჭმელს, ჰაერსა და სითბოს იყოფდნენ.

ბინაში ხშირად მოდიოდა სორენი, მის გვერდით იწვა, იჯდა, ეხებოდა კიდეც, როცა სახვევებს უცვლიდა. მისი ხმა თავში ჰქონდა ნარას.

მაგრამ მაინც შორს იყო. მაგრამ უფრო ხშირად მიდიოდა მისგან. მიდიოდა, თითქმის ყოველთვის.

იქნებ ისიც მარტო უნდა ყოფილიყო.

მარტოობა იყო ყველაზე იოლი რამ ამ ქვეყანაზე.

მარტოობას არ ახლდა ორ ადამიანს შორის გაწოლილი უფსკრული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, გადაულახავი გახლდათ.

‘ნარა.’ თქვა უცებ სორენმა.

‘ჰო?’

‘როგორი იყო სამარა რომ მოკვდა? ანდა რეჯინალდი?’

თავი ოდნავ წამოსწია ნარამ.

‘არ ვიცი.’ თქვა მან. ‘როგორი უნდა ყოფილიყო?’

‘აი მაგალითად როგორიც სამარას სიკვდილი იყო რეჯინალდისთვის.’ თქვა სორენმა.

შეჰყურებდა მის ზურგს ნარა. ყელში რაღაც მოაწვა.

‘სიმძიმეს ვგრძნობდი. თან სიცარიელეს.’ თქვა ბოლოს. ‘სამარას თვალებს ვხედავ ხშირად. და რეჯინალდის დამწვარი ხორცის სუნი მცემს. ვინმეს სიკვდილი ეგრე გიტრიალებს ხოლმე თავში? მე არა. აქამდე არასოდეს. რამდენი მკვდარი მინახავს, მაგრამ არასდროს მიფიქრია რომ წავიდნენ. და აღარ მობრუნდებიან. არც არაფერს არ ვფიქრობდი. ტყვიით შუბლგახვრეტილებიც მინახავს, ძვლებიდან ჩამომდნარი დამპალი ხორციც, სიკვდილამდე ნაცემებიც და სადღაც სიბნელესა და ჭუჭყში რომ იგუდებიან, ცარიელი ძვალი და ტყავი. მაგრამ არ ფიქრობ. თითქოს ნაგავი ყრია, უსიამოვნო შესახედია და ყარს, მეტი არაფერი.’

თვალები ეწვოდა ნარას.

აფუთფუთდნენ სიჩუმეში ფიქრები. ჰელმარის შემოთავაზება, რომლის ქვეშიდანაც დიდი ალბათობით მუქარა ადევნებდა ყურადღებით თვალს. ულსტერის თეთრი, ცივი საპყრობილე, „ხრამის“ ქაოსი და შაშხანების ჭექა, ხალხის გამძვინვარებულ ბღავილსა და გულაამის მორჩილების ილუზიას რომ ხეთქავდა.

სამარას გალურჯებულ ფეხებს შორის სისხლი და რეჯინალდის აალებული ნაკვთები.

რეჯინალდის სახე მოუნდა წარმოედგინა ნარას. მისი სახე, როცა სამსახურში წასვლის წინ ჩექმას იცვამდა და ცალ ფეხზე დახტოდა, როცა სამარას შეჰყურებდა ოდნავი ღიმილით, მისი მონაოჭებული თვალების გაელვება, როცა ყბამონგრეულს წერაქვი მოეღირა და ფელიქსს ემუქრებოდა.

ვერ შეძლო.

მხოლოდ მისი ბრაზისაგან მოღმეჭილი ნაკვთები ახსოვდა, მერე კი ცეცხლი. ცეცხლი, რომელსაც აორთქლებული სისხლისა და დადაგული ხორცის გროვად ექცია მისი პირისახე.

არ იმსახურებდა რეჯინალდი ასეთ სიკვდილს. არც სამარა. ისე ცხოვრობდა ორივე, როგორც გულაამისა და იგაზან-ლას ერთგულ მოქალაქეს შეეფერებოდა.

მაგრამ წერა-კითხვა ასწავლა სამარამ, რისთვისაც წესით ულსტერს უნდა დაესაჯა. და ისეთი რამ იბღავლა ყველას გასაგონად ბინგემზე რეჯინალდმა, რაც სიკვდილის ტოლფასი გახლდათ. იქნებ მართალი იყო გულაამი, იქნებ ზედმეტი ცოდნა, ზედმეტი ფიქრი, კანონების უგულვებელყოფა და რაც მთავარია რწმენის ნაკლებობა გულაამის მიმართ წამლავდა გონებას.

არა. არა. სამარა და რეჯინალდი კარგები იყვნენ. ყველაფრის მიუხედავად მათ ცხოვრება იგაზან-ლას მიუძღვნეს.

და მაინც არაფერი გამოუვიდათ. მაინც შორს დარჩა დაპირებული ბედნიერების, ჯანმრთელობისა და იფლიჰემის ზმანება.

‘ესიამოვნებოდათ.’ თქვა სორენმა. ‘რომ მათზე ფიქრობ.’

‘ალბათ. არ ვიცი.’

‘ასე მგონია რომ ყველას ეგ უნდა. სულ მარტო არ იყოს. ვინმეს ახსოვდეს. ვინმეს სტკიოდეს მათი სიკვდილი. არა?’

უსიამოვნოდ გასწიწკნა რაღაცამ ნარას მკერდში.

‘არ ვიცი.’ გაიმეორა მან.

‘ჩვენი სიკვდილი ეტკინება ვინმეს?’ თქვა უცებ სორენმა. ‘დაგვიტირებენ?’[AB1] 

გაშრა ნარა.

იცოდა რას ნიშნავდა დატირება. ვინმე რომ მოკვდებოდა, ისე განიცდიდნენ, რომ ტიროდნენ.

ვერც კი წარმოედგინა.

მათ არავინ დაიტირებდა. ტირილი მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ იგაზან-ლაში.

და რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინმეს ეტკინებოდა მისი სიკვდილი თუ არა? მისთვის სულერთი იქნებოდა უკვე.

სორენს აღარაფერი უთქვამს. თენდებოდა, გარიჟრაჟის მქრქალი, ლურჯშერეული სინათლე ლოკავდა დაფეხვილ, პირქუშ კედლებს.

ჩაწყდა მათ შორის ხიდი და გამათბობლის გუგუნი ჩაესმა უსიამოვნოდ, თითქოს ყურის დაფის აპკებზე ფხოჭნიდნენ.

მისკენ მოტრიალდა სორენი, ლოგინზე ცალი ფეხი აიკეცა. ტუჩები მოეკუმა, კვლავ გადაჭირხლულ მინას მიუგავდა მზერა და დაღლილობის ჩრდილი გაწოლილიყო მისი თვალებისა და ყვრიმალების ქვეშ.

შესცქეროდა ნარა. ცოტა ხნის წინ შეემჩნია, რომ მარჯვენა ყბაზე ხუთიოდე პაწაწინა ხალი ჰქონდა, სორენს, ყელზე გადადიოდა და ძალიან ჩამოჰგავდა თანავარსკვლავედს.

სორენს თვალი არ გაუსწორებია მისთვის. მოხსნა სახვევები და დამწვრობები შეუმოწმა. ნელ-ნელა ენაცვლებოდა წყლულებს ვარდისფერი ხორცი, მაღაროების მიერ დანატოვარი კოჟრები ცეცხლს გადაეყვლიფა.

სორენი დაჟინებით დასცქეროდა ხელისგულებზე. მაგიდიდან მერითის გამოტანებული მალამოს ტუბი გადმოათრია, წასცხო.

შეჰყურებდა ნარა, მის თვალებს ეძებდა, მაგრამ ამაოდ.

ხელები შეუხვია სორენმა, მერე კი მისგან ზურგშექცევით წამოწვა.

ნელა მიწვა ნარაც.

უსმენდა გამათბობლის გუგუნს და შეჰყურებდა, თუ როგორ გამოიკვეთა კედლებზე სინათლე, ცათამბჯენებს რომ დაეფლითათ ზოლებად.

და აზრი წამოუტივტივდა თავში. სიმართლე, რომელსაც უთქმელს ვერ დატოვებდა.

-მე მეტკინებოდა შენი სიკვდილი. – დაიჩურჩულა ბოლოს.

სორენს არ უპასუხია. მხრები მშვიდად, ნელ-ნელა აუდიოდ-ჩაუდიოდა.

საბანი მოიხვია ნარამ, თვალები დახუჭა.

და მალე შეენაცვლა მისი ქუთუთოების მიღმა განთიადის შუქს ძილის წყვდიადი.

.

.

-*-*-*-*-*-*-

„შრომა ჯანმრთელობაა! იშრომე და დაამარცხე დაავადებანი!“

ვაგონის დაჟანგულ კედელზე მიწებებული პოსტერი სანახევროდ ჩამოეგლიჯათ. მხოლოდ წარწერა და ფოლადისწვერიანი ჩექმების ქვეშ მიჭეჭყილი პაწაწინა კაცის გამოსახულება გადარჩენილიყო.

კაცის ჩაცვენილი თვალები პირდაპირ შეჰყურებდნენ ნარას, თითქოსდა ახლად აღმოცენებული მოლოდინით აღსავსენი.

თან მოეჩვენა, რომ რაღაცაში ადანაშაულებდნენ ეს თვალები.

მზერა დახარა ნარამ, შეფარვით მიმოიხედა.

ვაგონის ერთადერთი ნათურა გადამწვარიყო, ჩამოფხრეწილ პოსტერებს, დაღრეცილ კედლებსა და დაჟანგულ მილებს ფანჯრებიდან ეღვრებოდა ლერვიქენის ლურჯი ღამის შუქი. ცისფრად დაწინწკლულიყვნენ ცათამბჯენები, ჰოლოგრამების შუქი დათოვლილ ტროტუარებზე ირეკლებოდა და თითქოს ლურჯად ტიროდნენ თოვლჭყაპით გადავლილი, ალაპლაპებული ქუჩები. ვაგონში მასთან ახლოს რამდენიმე კაცი იდგა კიდევ, აშკარად ახალგაზრდა მაღაროელები, ზედმეტად ადრე რომ მიიჩქაროდნენ სამსახურში.

ციფერბლატი შეამოწმა ნარამ.

175, 239; 03:38.

ოთხი გაჩერებაღა დარჩენოდა.

ბოლო ორი ღამე თითქმის არ ეძინა. თვითონაც ვერ გაეგო რატომ. იწვა თვალგახელილი და ჭერს შეჰყურებდა, ანდა აქეთ-იქით დაეხეტებოდა ძვლების რაიონში. სორენი ყოველღამე გასული იყო, განთიადზე მოდიოდა რამდენიმე საათით, ეძინა, მერე კი ისევ მიდიოდა.

მთელი დღე დაეხეტებოდა აქეთ-იქით. ქრონო-X-სთვის კრედიტები აღარ ჰყოფნიდა, ამიტომ კვლავ მიტოვებულ ადგილებში ეძებდა გამალებით საჭმელსა და წამლებს.

საჭმელი იპოვა. წამლები ვერა.

ოთხი პაკეტი საგულდაგულოდ შეენახა ქურთუკის შიდა ჯიბეში.

კლუბებთან იჯდა, ხმამაღალ მუსიკას უსმენდა, სანამ არ გამოაგდეს. თორმეტი იქნებოდა, როცა სორენის ბინისაკენ აიღო გეზი, მაგრამ ქუჩაში გამოღვრილმა მაღაროელთა ნაკადმა და აღრიალებული ბრბოს მიღმა, ქუჩის ბოლოში ულსტერის უნიფორმამ აურია გეგმები. მოპირდაპირე მიმართულებით გაიქცა, გაუვალ შუკებში მიძვრებოდა და ნაგვის ბუნკერების გვერდით იმალებოდა, სანამ ბრბოს ხმა არ ჩაკვდა ზურგსუკან.

რაც იმას ნიშნავდა, რომ ძვლების რაიონის მეორე მხარეს ამოჰყო თავი, მაღაროებთან ახლოს და სორენის ბინისაგან ძალიან შორს.

ცოტა ხანი მაღაროებთან დაძრწოდა. შორიდან, კორპუსის კუთხეს მოფარებული შეჰყურებდა დატვირთული მაზიდების ძაგძაგს და მაღაროელთა გადაძახილებს უსმენდა.

შეჰყურებდა იმას, რასაც ვერასოდეს დაუბრუნდებოდა.

მერე კი ლასლასით გაბრუნდა უკან.

გზის ნახევარიც კი არ გაევლო, რომ აუტანელი დაღლილობა მოერია. განურჩევლობითა და უძილობით აღსავსე დაღლილობა, ისეთი რომ ხელის განძრევაც კი უჭირდა.

ტროტუართან ჩაჯდა და უბრალოდ შეჰყურებდა გამვლელებს, მოფარფატე ფანტელებსა და ცათამბჯენთა დამტვრეულ ფანჯრებზე არეკლილ ჰოლოგრამებს, სადაც კვლავ  იდეალური სიმეტრიით დამშვენებული გამომცხადებლები მოჩანდნენ.

მორიგ ტერორისტულ დაჯგუფებაზე გაიძახოდნენ რაღაცას. გასაკვირი ის გახლდათ, რომ ზრეას შესახებ იყო გადაცემა. სხვა რაიონებზე ინფორმაციას იშვიათად გამოსცემდნენ.

უკვე შარვალში გაეჟონა მომდნარ თოვლს და სახე ასწვოდა ყინვისაგან, როცა ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე ნარა. ძილი ისე მოერია, თვალები ეხუჭებოდა.

ყველაზე ახლომდებარე სადგურს მიაშურა. თითქმის ცარიელი იყო მატარებელი, როცა ჩაჯდა.

ნელა გამოფხიზლდა. ცოტათი გაუარა აუტანელმა დაღლილობამ.  

თვალები დაახამხამა, როცა მატარებელი მოწყვეტით გაჩერდა მორიგ გაჩერებასთან. წაიბორძიკა, ძლივს შეიმაგრა თავი.

კარებმა რიხინით გაიწიეს გვერდზე და ვიღაც მაღალმა კაცმა შემოაბიჯა, გამჭოლი მზერით მიმოიხედა.

სასწრაფოდ აარიდა თვალი ნარამ. გაუნძრევლად იდგა, თვალები ფანჯარაზე გაშტერებოდა.

სულ ცოტაც. სულ ცოტაც დარჩა. სამი სადგური.

მიქროდა მატარებელი და მიჰყურებოდა ჭერზე მიდუღაბებულ ჟანგიან მილს ნარა. გაჩერდა მატარებელი, შემოლაგდა რამდენიმე მაღაროელი.

ორი სადგური.

მზერა იგრძნო. ის მაღალი კაცი დაჟინებით შეჰყურებდა გვერდიდან და თმა ყალყზე დაუდგა ნარას, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს. იმედი ჰქონდა რომ მის, თუნდაც საკმაოდ შელახული, მაღაროელის უნიფორმას დაინახავდნენ და არ შეაწუხებდნენ.

ამაოდ.

პერიფერიული მზერით დაინახა, თუ როგორ მოუახლოვდა კაცი. მატარებლის გუგუნშიც კი ისმოდა მისი მძიმე ნაბიჯები.

-შენ! – დაიძახა მან, გვერდით აეტუზა. მოღუშული დაჰყურებდა. – ციფერბლატი მაჩვენე ერთი!

ცივმა ოფლმა დაასხა ნარას, თვალები გააცეცა. შეფარვით შესცქეროდნენ ახლომახლოს მდგარი ახალგაზრდა მაღაროელები.

-საით იყურები? – შეუტია კაცმა. – ციფერბლატი მაჩვენე მეთქი!

ძალიან კარგად იცოდა ნარამ, რომ ფეხის თრევის დრო არ იყო. მარჯვენა ხელი ამოაძვრინა ჯიბიდან, კაცისაკენ გაიწვდინა. გარედან შემოღვრილი ცისფერი სინათლე დაეფინა მის გაწეწილ სახვევებს.

კაცმა ხელი სტაცა და ახლადმოშუშებულ, ნორჩ ხორცში ელექტროობივით დაუარა ტკივილმა ნარას.

შავი მეტალის დანადგარი ამოაძვრინა ჯიბიდან კაცმა. ზუსტად ისეთი, „ხრამში“ რომ ჰქონდათ.

და მის ციფერბლატზე გადაატარა.

შავი ქურთუკის სახელოს ქვეშ, მაჯაზე მოწითალო, გაცრეცილი ნაჭრის ზოლი ჰქონდა, მის მცველის სტატუსზე რომ მიუთითებდა.

დანადგარმა ხმამაღალი წრიპინი ატეხა და უფრო მოიქუფრა კაცი.

ხელს არ უშვებდა და აშკარა გახლდათ რომ არც გაუშვებდა. კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს ნარამ, გაქვავდა, რომ ტკივილი არ დასტყობოდა.

-წამოეთრიე. – დაუღრინა მცველმა. – რა გეგონა, ძველ უნიფორმას ჩავიცვამ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს? სულ წავიდნენ ესენი ხელიდან! გულაამის უპატივცემულობა არ შეგრჩება, გამიგონე?

და კარისაკენ გაათრია. მატარებელი ჯერ კიდევ მთელი სისწრაფით მიქროდა მოყანყალე ლიანდაგებზე.

წამიერად იფიქრა ნარამ, რომ დანებდებოდა. ამ კაცს ვერ გაუმკლავდებოდა თვითონ. წესები დაარღვია, ამისათვის კი ყველა პასუხს აგებდა, ყოველთვის, მისი ჩათვლით.

ქუჩაში მოისროდნენ. და იქ დამთავრდებოდა ეს ამბავი. ფეხით წავიდოდა სორენის ბინამდე.

მაგრამ ტკივილი იყო აუტანელი. ძვლების ღრჭიალი იგრძნო ხელის მტევანში ნარამ, გააკანკალა, ცხელმა ოფლმა დაასხა. ისე დაუბუჟდა ფეხები, რომ ვეღარ გრძნობდა მატარებლის მოჯაყჯაყე იატაკს ფეხქვეშ.

უკან გაიწია. გაუძალიანდა.

-სად მიდიხარ, სად მიდიხარ?! გგონია ხელიდან გამისხლტები?! – იღრიალა მცველმა, ვაგონის კართან მიათრია.

იქამდე დაუარა შემაძრწუნებელმა წინათგრძნობამ ყინულოვან ტალღად ნარას, სანამ მცველი კარების გვერდით, სანახევროდ ჩაჟანგულ ბერკეტს მისწვდებოდა.

დაიღრჭიალა ბერკეტმა, ხრიგინით გაიღო კარი. განთიადისა და შიშის სუსხით გაჯერებული ქარი შემოიჭრა შიგნით, ფიფქები შემოხვეტა და ცათამბჯენთა მინებზე არეკლილმა ჰოლოგრამებმა თვალი მოსჭრა წამიერად ნარას.

ქვემოთ კი, შვიდიოდე სართულის მიღმა ხახადაღებული, ბნელი სიკვდილი იწვა.

და ყურისწამღებ კივილად გადმოხეთქა ნარას მკერდიდან თავზარმა, რომელიც წამსვე დაიფანტა რელსების გამაყრუებელ ღრჭიალსა და ქარის წუილში. სისხლმა თავში აასხა, მის ყურებსშორის ხმამაღალი გუგუნით რეკდა შემზარავი, განცვიფრებანარევი შიში.

რასაც ელვის სისწრაფით მოერია მრისხანება, მზერა დაუბნელა.

მოქაჩა მცველმა, ფეხსაცმელებმა ხმამაღლა გაიღრიჭინეს იატაკზე და თავისუფალი მუშტი მთელი ძალით მოიქნია ნარამ, რომელიც ზათქით შეენარცხა კაცის ყელს.

ხროტინი აღმოხდა მცველს, რასაც გაოგნებით აღსავსე შეყვირებაც დაემატა, როცა წიხლი უთავაზა მუხლში ნარამ.

წამიერად შეუშვა კაცმა ხელი.

და ჩაქრა ანაზდად ჰოლოგრამათა ცისფერი შუქი, მკვეთრად გაუხვია მატარებელმა. უკან გადაქანდა ნარა და ხმამაღალი ბათქით დაენარცხა იატაკს, რასაც გვერდიდან მისკენ მომავალი მძიმე ნაბიჯების ხმა დაემატა. ტკივილისა და მასზე მოულოდნელად, კუპრივით დაწოლილი კუნაპეტისაგან სუნთქვა გაუკავდა მკერდში, ინსტინქტურად უკან გახოხდა, თან გამალებით აცეცებდა თვალებს, უსარგებლოდ რომ ექცია მყისიერ სიბნელეს.

ბღავილი ჩაესმა, შიშით აღსავსე და შუაში უდროოდ გაწყვეტილი, რასაც ძიძგილაობისა და დარტყმის ხმა მოჰყვა.

მერე კი კვლავ გაუხვია მატარებელმა, ინერციამ გვარიანად გადაახოხა იატაკზე და კვლავ შემოიჭრა ცათამბჯენთა ცისფერი შუქი მის თვალთახედვაში, მოეფინა დაჟანგულ კედლებსა და დამტვერილ ფანჯრებს.

და ვაგონის ღია კარში მდგარ ახალგაზრდა მაღაროელებს.

და წამიერად მცველის ღია, გაოგნებით აღსავსე თვალებს, სანამ მატარებლის ქვეშ დაინთქებოდნენ, იმ ხახადაღებულ სივრცეში, სადაც უეჭველი, მუდამ მომლოდინე სიკვდილი იწვა.

ძლივს, ხროტინით ამოისუნთქა ნარამ, გაოგნებულმა. ხვნეშით წამოვარდა ფეხზე, მატარებლის რწევამ კინაღამ მიანარცხა კედელს, მილს ჩაებღაუჭა მთელი ძალით. ღრჭიალებდნენ რელსები, მქრქალი ცისფერი შუქში განბნეულიყვნენ ნაპერწკლებად ფიფქები და შორს, ცათამბჯენთა შორის გაწოლილიყო ნაცრისფერი ღრუბლებით შებურული ღამე.

თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.

ერთ-ერთმა მაღაროელმა ბერკეტი გადასწია. კარი ხრიგინით ჩაიკეტა და ჩაყლაპა ქარის წუილიც, ფიფქებიც და თითქოსდა მის მიღმა ჩამარხული ახალთახალი სიკვდილიც.

ქშინავდა ნარა, ნესტოები ებერებოდა, ძლივს იდგა დაბუჟებულ ფეხებზე. მისი სუნთქვის თბილი ნისლი წამსვე მიმოფანტა გარშემო ქარმა.

კართან დარჩნენ ახალგაზრდა მაღაროელები. მარჯვნივ მდგომი მოტრიალდა, ნარას შესცქერდა.

უფრო სწორად, მის შეხვეულ ხელებს.

და მიხვდა ნარა, რომ იცნეს. იცოდნენ, თუ ვინც იყო.

-პასუხს ელოდება. – უთხრა მაღაროელმა.

შეაცქერდა ნარა. ტუჩები მაგრად მოეკუმა, კანკალებდა. არაფერი უპასუხია.

-აქ აღარ ამოხვიდე. – დაამატა მაღაროელმა.  

მერე კი მოუნელა მატარებელმა. რელსების ღრჭიალითა და ლიანდაგის საეჭვო ყანყალით გაჩერდა სადგურზე. ღამის ჩრდილი მოენაცვლა ცათამბჯენთა გვერდებზე არეკლილ შუქს.

ჩავიდნენ მაღაროელები. კარი დაიკეტა და ადგილს მოსწყდა მატარებელი.

ერთი სადგური.

კანკალით ამოისუნთქა ნარამ, თვალები მაგრად დახუჭა. რეტი ესხმოდა, ჩასრიალდა და კედელს მიეყუდა.

წამსვე ჯიბეებში ჩამალა ხელები.

ვაგონიდან მოისროლეს მცველი.

ჯერ კინაღამ თვითონ აფრინეს აქედან, მერე კი ის მცველი დაინთქა ძვლების რაიონის ჯურღმულებში.

მის გამო მოკლეს. რომ არ ასულიყო მატარებელში, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

ნაწლავები გადაეხლართა შიგნით თითქოს, გული აერია. მისი ქუთუთოების მიღმა ცისფერი შუქი და ღამის ჩრდილი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

თუმცა ალბათ მცველი ვინმე სხვას ამოიღებდა მიზანში და მოისვრიდა ვაგონიდან. რამდენჯერ მომხდარიყო ასეთი რამ  ისე, რომ ან ვერავის დაენახა, ანდა

გამომშრალი ტუჩები გაილოკა ნარამ, ზედა ტუჩზე ოფლის მლაშე გემო იგრძნო.

მიჰქროდა მატარებელი და გამაყრუებლად ღრჭიალებდნენ რელსები.

ძლივს წამოდგა ფეხზე, როცა სადგურზე ჩამოდგა მატარებელი, რის ვაივაგლახით ჩაცოცდა კიბეზე.

და ნელა, ფეხისთრევით გაემართა სორენის ბინის მიმართულებით.

ვერც კი გაიგო, თუ როგორ მოვარდნენ ახალგაზრდა მაღაროელები. ვერასოდეს წარმოიდგენდა ასეთ რამეს.

ისე მოისროლეს ვაგონიდან მცველი, ვითომ აქაც არაფერიო. და არც არავის მოუქცევია ყურადღება. ეგონა, ყვირილს ატეხდნენ, მცველი მოკლესო და წამსვე ულსტერი დაადგებოდათ თავზე.

ასეთი რამ აქამდე არასოდეს ენახა. მზარდი აქციები და ხალხის წინააღმდეგობა ერთი რამ გახლდათ, მაგრამ თითქოს აქამდე ეს ყველაფერი შეიძლებოდა რაღაც პერფორმატულ სანახაობად ჩათვლილიყო, რომელიც მისი მიზნების მიუხედავად მაინც არ გამოიღებდა ნაყოფს.

მაგრამ ბინგემის გარეთ ასეთი წინააღმდეგობა არასოდეს ენახა. მცველებს თითქმის არასოდეს უძალიანდებოდნენ, და თუ ოდესმე უძალიანდებოდნენ, მაშინ ამაოდ.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ, გარშემომყოფებმა არ დააიგნორეს მათ თვალწინ მომხდარი.

რამდენად დიდი იყო ჰელმარის წვდომა? მისი ძალაუფლება, თუ გააჩნდა საერთოდ, აქამდე ნარას თვალში მხოლოდ მიწისქვეშეთში, მაწანწალებითა და მოპარული ავტომატებით შეკოწიწებულ, დაფეხვილ, წამოქცევის პირას მყოფ თავშესაფარს წარმოადგენდა.

მაგრამ ცდებოდა აშკარად. პირველად დაინახა ნიშანი იმისა, რომ ხალხი მზად იყო ბინგემის გარეთ გაეწია წინააღმდეგობა გულაამისათვის.

იქნებ სწორედ ეს იყო, რაც რეჯინალდს უნდოდა. იქნებ მისი ცეცხლით დაგვირგვინებულ, ანაზდეულად ამოხეთქილ მრისხანებას სწორედ ეს უნდა გამოეწვია.

იქნებ ეს აკლდა სამარას. იქნებ მიზანმიმართულად ასწავლიდა წერა-კითხვას. სჯეროდა, რომ ნარას ეს დასჭირდებოდა, უნდოდა სცოდნოდა ის, რაც იგაზან-ლას ჩვეულებრივობაში მიუღებელი გახლდათ.

იქნებ ამიტომ მიიყვანეს ვეზუვში.

იქნებ ბევრი სხვა ნარა იყო ძვლების მოედანში და საერთოდ იგაზან-ლაში, ბევრი სხვა რეჯინალდი და სამარა, ბევრი ჰელმარი, გიდეონი, ასტრიდი, ვულფი და ბევრი მიტოვებულ კორპუსებს შეფარებული მაწანწალები, რომელთა სწრაფვები მხოლოდ და მხოლოდ სავსე მუცლითა და თბილი საწოლით არ შემოისაზღვრებოდა.

ნაბიჯს მოუნელა ნარამ. ერთი მოსახვევიღა დარჩენოდა სორენის ბინამდე.

იქნებ არ ყოფილიყო ფუჭი მათი მცდელობა.

სხვაგვარად არ ექნებოდა რეჯინალდისა და სამარას სიკვდილს, ბინგემზე გამოფენილ ხალხს, მის მიერ რუდუნებით გამოზრდილ მცენარეს, ზრეას ჯურღმულებში მიმალულ პიანინოს, ჰელმარის ძალისხმევასა და მატარებელში იმ ახალგაზრდა მაღაროელების საქციელს აზრი.

თვალები გაუშტერდა ნარას. გული გამალებით უცემდა.

მიტრიალდა, კორპუსთა შორის წვრილ, ჩაბნელებულ გასასვლელს მიაშურა. აქაურობა ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი და იცოდა, რომ კამერები ახლომახლოს არ იყო, მაგრამ მაინც მიმოიხედა გამალებით. არსად ჩანდნენ, წვრილ ქუჩაში კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ გაივლიდა, ისიც დროდადრო.

ახლა არავინ ჩანდა.  

თავი რომ უსაფრთხოდ დაიგულა, ჯიბიდან ფრთხილად ამოაძვრინა რადიო. კედელთან ჩაიყუნცა, ქუჩას ზურგი შეაქცია და ციფერბლატის მქრქალ შუქზე მიმოათვალიერა მოწყობილობის შელახული, ზედა მხარეს დასვრეტილი კორპუსი, თავზე ჩარიგებული ღილაკები, წვრილი სადენი და ყურში ჩასადები ნაწილიც. ერთ-ერთ ღილაკს ციფრები ეწერა, ერთიდან ოთხამდე.

მეოთხეზე დააყენეო, უთხრა ჰელმარმა.

მარჯვენა ყურში ჩაიმაგრა სადენზე ჩამოკონწიალებული ნაწილი ნარამ, მერე კი ფრთხილად მოატრიალა ღილაკი ციფრ ოთხამდე.

შიშინი მოესმა და იმდენად უჩვეულო იყო მხოლოდ ცალ ყურში ხმაური, რომ კინაღამ მოიძრო თავიდან.

მაგრამ არ  განძრეულა. იჯდა, ყურები დაეცქვიტა, თან შიშინს უსმენდა, თან ქუჩას ადევნებდა ყურადღებას, ვინმე რომ არ გამომტყვრალიყო უდროო დროს.

მერე კი მიჩუმდა შიშინი.

და ხმა გაიგონა ცალ ყურში ნარამ.

„გისმენ.“ უთხრა თითქოს ძალიან შორიდან მომავალმა, დაწყვეტილმა, მაგრამ მაინც გასაგებმა ხმამ.

ჰელმარი იყო.

ტუჩები მოიკვნიტა ნარამ. არც კი მოეფიქრებინა, თუ რა უნდა ეთქვა.

„უნდა ვილაპარაკოთ.“ დაიჩურჩულა მან.

პაუზა მძიმედ გამოეკიდა ჰაერში.

„მეწამული ღამე.“ უთხრა უცებ ჰელმარმა.

და კვლავ შიშინი შეენაცვლა მის ხმას.

თვალები დაახამხამა ნარამ. დაჟინებით ჩასცქეროდა რადიოს.

მერე კი აშიშინებული მოწყობილობა გამოიძრო ყურიდან, სასწრაფოდ ჩაიჩურთა ჯიბეში.

იქაურობა კიდევ ერთხელ დაზვერა და როცა მარტოდ დაიგულა თავი, სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას.

იცოდა „მეწამული ღამე“.

ოფიციალური სახელი არ გახლდათ, რასაკვირველია. ძვლების რაიონში ოფიციალური სახელი არც არაფერს ჰქონდა.

მეცხრე ქუჩაზე ეძახდნენ ერთ-ერთ კლუბს.

წლების წინ წამლების არალეგალურად გასაღებისათვის დაარბია კლუბი ულსტერმა. ორმოცდაათი ადამიანი ჩაცხრილეს. კედლებს აქამდე ეტყობოდათ სისხლის ნაშხეფები, რომლებიც მკვდარ ჟანგისფრად ექცია წლებს.

ამიტომ შეარქვეს „მეწამული ღამე“.

იქამდე თხუთმეტიოდე წუთი იქნებოდა მხოლოდ.

ცარიელ ქუჩას ხალხით გადატვირთული ტროტუარი შეენაცვლა, უკაცრიელობის სიჩუმეს კი ბრბოს ალიაქოთი, თავზე მოგუგუნე მატარებლის ქვეშ რელსების ღრჭიალი და შორიახლოს დილის ახალი ამბების გამომცხადებელთა მონოტონური ხმა. თენდებოდა, და სამსახურში მიიჩქაროდა ბრბო.

აიხედა ნარამ. გაიქროლა მის ზემოთ მატარებლის ბოლო ვაგონმა და იისფერშეპარული ალიონი იწვა შიშველი ლიანდაგისა და მის თავზე აღმართული, ცისფრად დაფერილი ცათამბჯენის თავზე.

თავი დახარა ნარამ. ნაბიჯს მოუმატა.

„მიწას უყურებდე მუდამ, რადგან მიწაა წყარო სიცოცხლისა! ცაში ყურება უსაქმურთა ბედია!“

კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ნარამ, წამიერად საშინელი წვა იგრძნო ხელებში.

მეცხრე ქუჩაზე გადაუხვია.

გადაუხვია და კინაღამ წამოედო ტროტუარზე გაწოლილ სხეულს, ბოლო წამს აუქცია გვერდი. ნეონის სანათების ლურჯი შუქი ვერ მორეოდა გვამის ჩამქრალ თვალებში ჩამოწოლილ სიბნელეს.

მზერა აარიდა ნარამ. მისი სუნთქვის ცისფერი ბურუსი, თვალებზე რომ გადაჰკვროდა, ქუჩის მარცხენა მხარეს წამოჭიმული „მეწამული ღამის“ იისფერმა სინათლემ გახლიჩა. კლუბიდან გამომავალ მუსიკას შესასვლელში გაჩხერილი ხალხის გამაყრუებელი ყაყანი ერთვოდა, შიგნით შესვლაზე პაექრობდნენ გულიანად, ერთი-ორი აშკარად შეზარხოშებული პანღურით გამოაგდეს ბრბოდან.

აშკარა იყო, რომ შიგნით ვერ შეაღწევდა. თან შესვლის საფასური ორასი კრედიტი მაინც გახლდათ.

ამიტომ აყაყანებულ ბრბოს გვერდი აუარა ნარამ და კლუბის შენობის გვერდით გაძვრა. გასასვლელში დაყენებული კამერები, კმაყოფილებით შენიშნა, კვლავ დაემტვრიათ. იქვე, ბუნკერების გვერდზე რამდენიმე, უნიფორმით თუ იმსჯელებდა, მაღაროელი ჩაჩოქილიყო, რაღაცას ეწეოდნენ, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქცია ნარამ, მაღლა აიხედა.

თოვლი დაჰფენოდა შენობას შემოვლებულ, დაჟანგულ მილებს, ვეებერთელა რკინის სამაგრები რომ იჭერდნენ. ალაგ-ალაგ ლოლოებიც ჩამოზრდილიყვნენ, რომლებიც იისფრად ლაპლაპებდნენ მილების ზემოთ, მომცრო სარკმელიდან გამომავალ სინათლეზე.

ნაგვის ბუნკერზე აძვრა ნარა.

მერე კი ძალ-ღონე მოიკრიბა და ისკუპა, მილს მოეჭიდა.

გმინვა აღმოხდათ რკინის ჩაჟანგულ სამაგრებს და ცეცხლივით აურბინა ტკივილმა ხელებიდან მხრებამდე, ღრჭიალით დააჭირა ერთმანეთს კბილები ნარამ. მარჯვენა ფეხი მოსიპულ კედელზე წამიერად აუსრიალდა, მაგრამ შეიკავა თავი.

მერე კი რის ვაივაგლახით აზიდა სხეული, სარკმელის კიდეს მოეჭიდა და ერთი მძლავრი ბიძგით შეაღო ფანჯარა.

გვარიანად მოიკრუნჩხა და ბოლომდე გამოისუნთქა ჰაერი, მაგრამ სარკმელის კიდეებმა მაინც ჩასჭიდეს წამახული კბილები მხრებზე, ტანსაცმელზე მოებღაუჭნენ.

იძალა ნარამ, კბილები გააღრჭიალა და იგრძნო, თუ როგორ გადაუყვლიფა ბეჭებზე სარკმელის რკინის ჩარჩომ კანი.

ანაზდად გადასრიალდა შიგნით, დასვრეტილ რკინის თაროზე დაეშვა ხმამაღალი ბათქით.

მხრები გადააგორა ნარამ. საშინლად ეწვოდა ხელის მტევნები, მისი მკლავები მწველ ფეთქვად ქცეულიყო.

„ამ ქვეყანაზე ყველაფერი იცვლება, ტკივილის გარდა.“

ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ. არ იყო ამაზე ფიქრის დრო.

მიმოიხედა. „მეწამული ღამის“ სათავსო ოთახი ბევრად არ შეცვლილიყო. კარის ქვეშ დარჩენილი ღრიჭოდან იისფერ სინათლეს გამოეჟონა, ოთახში ჩამოწოლილ სიბნელეს ნთქავდა და თითქმის თვალი მოსჭრა ოთახის მოპირდაპირე მხარეს რკინის თაროზე ჩაყუნცულ ნარას. გარშემო ათასნაირი ხარახურა აეხორიალებინათ, ყველაფერს უყურადღებობისა და დიდი ხნის წინ მივიწყების ელფერი დაჰკრავდა.

კუთხეში აყუდებული, პლასტმასის ცოცხი აქანდაზით. სათლი და თაროებზე შეყრილი აურაცხელი ბოთლები. საგულდაგულოდ ჩაკეტილი ყუთები, ალბათ წლების მანძილზე რომ ხელი არ ეხლო არავის და კუთხეებში გაკრული პლაკატები, რომლებზეც დაწოლილი სიბნელე რომ ვერ გაეპო იისფერ სინათლეს.

დავიწყების უსიამოვნო, შმორის მაგვარი სურნელი ასდიოდა იქაურობას. განრიდებოდა თითქოს ყველაფერს, რაც კარის მიღმა ხდებოდა – მუსიკას, სინათლეს, ხმაურს და საკუთარ, შემოგარენისაგან დამოუკიდებელ, ბნელ სიჩუმეში ჩაძირულიყო. თითქოს მოჩვენებებად ქცეულიყო თითოეული ნივთი, მოჩვენებად, რომელიც იძულებული იყო აქ გაეტარებინა ის, რაც მისი არსებობიდან მორჩენილიყო.

არა, ეს არ იყო არსებობა. ეს უსასრულო არარსებობას უდრიდა.

ალბათ დავიწყება იყო სიკვდილი.

‘ჩვენი სიკვდილი ეტკინება ვინმეს? დაგვიტირებენ?’

თავი დახარა ნარამ. თვალები გაუშტერდა. სიბნელე შემოაწვა ყველა მხრიდან, მდარე, მძიმე და ლორწოვანი, თითოეულ კუთხე-კუნჭულში აღწევდა, ყელში გაეხირა. ზღვის სუნმა აუწვა ნესტოები და ყურებში აზვირთებული ტალღების გრგვინვად იქცა სისხლის ღრიალი.

საკუთარი სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა შორიდან, ბუნდოვნად ესმოდა ნარას, როგორც ოკეანის ზვირთში გაფანტული ქარის წუილი.

და არაფერი იყო თვითონ, არაფერი, ზღვას შერჩენილი, ტალღების მოწყალებას მინდობილი ნაფოტის გარდა.

და იქნებ ყოველთვის ასეთი იყო.

მერე კი თითქოს გაჰკვეთა კუნაპეტი მჭახე, ცისფერმა სინათლემ. სვეტად ამოიზიდა მდარე ბნელიდან, გახლიჩა ტალღების გრგვინვა, მასზე დაწოლილი სიმძიმე და ფილტვებში ჩაუბრუნა სუნთქვა, აქამდე რომ შორეულ ქარს წაჰყოლოდა.

ამოისუნთქა ნარამ. შუბლი ცივი ოფლით დაცვაროდა. იჯდა, გამოშიგნული, ცარიელი.

ცისფერი სინათლე იისფერში ჩადნა, ჩაიბჟუტა, კარქვეშა ღრიჭოსაკენ გაიძურწა.

თავი ასწია ნარამ.

იისფერი. სათავსო ოთახი. „მეწამული ღამე“.

ჰელმარი. მის ჯიბეში უძრავ, თითქმის აუტანელ სიმძიმედ ქცეული რადიო, ასაფეთქებლების გრუხუნი და ცეცხლის კაცი.

მაჯა გადმოატრიალა ნარამ. ხელები უთრთოდა.

ციფერბლატის ცისფერი სინათლე იმდენად აღარ სჭრიდა თვალს, როგორც აქამდე. რამდენიმე პიქსელი შემატებოდა გაჭირვებით მბჟუტავ, მოციმციმე მეზობლებს.

175, 239; 05:05.

ოდნავ გაცრეცილიყო სარკმლიდან შემომავალი ღამე.

თაროდან გადმოძვრა ნარა, მიწაზე დაეშვა. ძლივს მიათრევდა კიდურებს, თავი ტვირთად ქცეოდა მხრებზე.

კარი შეაღო და წამიერად მოედო იისფერი სინათლე ოთახს, ისევე, როგორც გულის უკანასკნელი, უიმედო ფეთქვა.

კარი მოიხურა ნარამ და დერეფანში გაძვრა.

იატაკი პულსად ქცეულიყო მის ფეხქვეშ. დერეფანს ჭერზე იისფერი ნეონის სადენები დაჰყვებოდნენ ზოლებად, ჰაერში მოტკბო ბურუსი იდგა, აქეთ-იქით ხალხი ირეოდა.

თავი დახარა ნარამ, სწრაფად გაერიდა მათ და დერეფნის ბოლოში გაუხვია.

და სწორედ ისე, როგორც ახსოვდა, კუთხის მიღმა მოზრდილი აივანი გადაჭიმულიყო, რომელიც მთელ დარბაზს შემოვლებოდა თავზე. აივნის ქვეშ იისფერ ტალღად ქცეულიყო მროკავი ხალხის მასა, ყურისწამღებ მუსიკას აყოლილი.

შეფარვით მიმოიხედა ნარამ და დარბაზის კიბეს მიაშურა.

სანამ საფეხურებს მიუყვებოდა, შეფარვით მიმოიხედა აქეთ-იქით. თუმცა მუქ მწვანე უნიფორმასა და ჟღალ თმა-წვერს, როცა ყველა ფერი იისფერში ჩამდნარიყო, ვერ დაინახავდა.

ბოლო საფეხურზე შედგა, კედელს მიეყუდა.

ცოტა ხანი იდგა და უბრალოდ შეჰყურებდა იისფერ სინათლეში გაღვრილ, მჩქეფარე სიცოცხლეს. გამაყრუებელ მუსიკას, მოტკბო, სინათლეში განბნეულ ნისლს, გაყინულ ჰაერში გამოკიდებულ თბილი სუნთქვის ქულებს რომ წააგავდა, მაღლა აღმართულ ხელებს, შენიღბულ თუ შეუნიღბავ სახეებს, მილულულ თვალებსა და რაღაც ღიმილისმაგვარს, ნაკვთებზე რომ აღბეჭდვოდათ.

რაოდენ წარმავალი იყო ეს ყველაფერი. არაფერს ნიშნავდა. მხოლოდ წამიერ შვებას, დავიწყების ბურუსში გამოხვეული ოთახებისა თუ ქუჩებისაგან განრიდებულს. რამდენიმე საათში გაქრებოდა, ეს სიცოცხლე, და აღარაფერი დარჩებოდა, ყველაფრის მომცველი, ბნელი სიჩუმის გარდა.

რაღაც გამოძრავდა ახლოს, მასზე მოხვეული იისფერი ბურუსი დაარღვია.

თვალები დაახამხამა ნარამ.

ვიღაც კაცი აეტუზა წინ. ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

-წამოდი. – უთხრა მან. – გელოდება.

და მიტრიალდა, ხალხს შეერია.

წამიერად მის ზურგს შეაცქერდა ნარა, მალევე რომ დაჰფარა გარშემო გაჩაღებულმა როკვამ.

მერე კი უკან აედევნა.

დიდი ალბათობით ჰელმარს ბევრი ჰყავდა სადარაჯოზე.

ბარს მიუახლოვდა მისი მეგზური და მისი თავის მიღმა დალანდა ნარამ ბარის ბოლოსკენ ეულად მჯდომი მამაკაცი, რომელსაც თავი ოდნავ მოეტრიალებინა და იქაურობას ათვალიერებდა.

ასიმეტრიული პირი. დაღარული სახე. ოდნავ გამოწეული შუბლის ძვალი და მის ქვეშ შემალული ღია თვალები, რომლებიც „მეწამული ღამის“ სინათლეს იისფრად დაეფერა.

გამჭოლი მზერა ჰქონდა ჰელმარს. თითქოს ყველაფერს ხედავდა. ყველაფერი იცოდა.

მის შორიახლოს ბარის სკამზე შესრიალდა ნარა.

ჰელმარს ყურიც არ შეუბერტყავს. სასმელი აიღო და პირთან მიიტანა.

-გადაწყვიტე? – ჰკითხა მან, ისე ხმადაბლა, რომ მუსიკისა და ხალხის გნიასში ძლივს გაიგონა ნარამ.

არაფერი უპასუხა ნარამ. თითქოს ენა დაება, არ იცოდა რა ეთქვა.

-ვიცოდი რომ მოხვიდოდი. – განაგრძო ჰელმარმა, ისე რომ ჭიქა ტუჩიდან არ მოუშორებია.

-საიდან?

-საიდან და დაინახე რაც მოხდა. და იცნობდი.

იცოდა ნარამ, ვისაც გულისხმობდა.

ძვლებიდან ჩამომდნარი სახე. გულისგამგმირავი ყვირილი და ძირში გაბზარული შავი მარმარილო.

და იქედან მოყოლებული მარმარილოსავით გაბზარული ხალხის მორჩილება. რეჯინალდის ჩაქუჩი ჯერ კიდევ აღმართულიყო, უჩუმრად მიცოცავდნენ ბზარები და უფრო და უფრო ფართოვდებოდა მარმარილოში გაჩენილი ნახეთქი.

-რა გინდა? – ჰკითხა ნარამ.

ჰელმარმა გამოხედა, თვალი გაუსწორა. ძალიან გამჭოლი მზერა ჰქონდა.

მერე კი ფაქტიურად დაიჩურჩულა სიტყვა, ისე რომ მისი ტუჩებიდან შეძლო მხოლოდ ამოკითხვა ნარამ.

„თავისუფლება.“

თავი მიაბრუნა ნარამ. იგრძნო, თუ როგორ გადმოიხარა მისკენ ჰელმარი.

-შენ? – ჰკითხა მან.

ნარა მოუტრიალდა. უნდა ეკითხა, იცოდა თუ არა ჰელმარმა რომ ცოცხალი ვერ დარჩებოდა ამ ყველაფრის მერე.

ჰელმარს პირი მოღრეცოდა და ანაზდად მისი სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში ნარას.

„მე დიდი ხანია მკვდარი ვარ, ნარა. არასოდეს მიცხოვრია.“

არ სჭირდებოდა სიცოცხლის მსხვერპლად გაღება მკვდარს.

სიტყვები ყელში გაეხირა ნარას, ნერწყვი ენაზე შეახმა.

უნდოდა თვითონ თავისუფლება?

-ყველას უნდა. – თქვა უცებ ჰელმარმა და ჭიქა მოიყუდა. – თუ არ უნდათ ესე იგი არ იციან რას ნიშნავს.

-და შენ იცი? – ჰკითხა ნარამ. – ან ვინმემ იცის აქ საერთოდ?

ჰელმარმა გაიღიმა.

-ალბათ არა. – თქვა ბოლოს. – ალბათ ერთადერთი რამაა რაც საერთო გვაქვს იმ გაქსუებულ მდიდრებთან.

-და რა უნდა გააკეთო?

-მოვიპოვებ რასაც მინდა. ძალით.

-ხომ იცი რომ არ გამოგივა.

-შეიძლება. უნდა ვცადო. ვინმემ ხომ უნდა სცადოს.

-რა, არავის უცდია?

გულაამის ცივი, უაღრესად სიმეტრიული სახე და უძრავი ნაკვთები. ეკრანზე დაჩოქილი, თვალახვეული პატიმრები და შაშხანების გამაყრუებელი ჭექა.

„დიდება იგაზან-ლას! დიდება გულაამს!“

-მე არ მიცდია. – თქვა ჰელმარმა.

-სხვებმა იციან რა ელით?

-რამე განსაკუთრებული ელით? – ჰკითხა ჰელმარმა.

-უარესი არ გამოილევა. – თქვა ნარამ.

ჰელმარი დაჟინებით შეჰყურებდა.

-რომ თქვი, ულსტერი არ ვარო. – განაგრძო ნარამ, თვალი გაუსწორა. – იტყუებოდი ხომ?

ჰელმარს ტუჩები გაუკრთა. ოდნავ უკან გადაიხარა, იისფერ სინათლეზე აუპრიალდა თვალები.

-სისასტიკესა და შემწყნარებლობას შორის განსხვავება მოთმინებაა. – თქვა მან. –  მე კი ულევი მოთმინება არ მაქვს.

მიტრიალდა, სასმელი მოიყუდა.

-მოდი, ჩაგვაბარე რაც წაიღე და წადი. ძალიან კარგად ვიცი, რომ გახსოვს. და ისიც ვიცი, რომ გამოგიყენებია. იმან იცის რას აკეთებდი?

გახევდა ნარა. უსიტყვოდ შესცქეროდა ჰელმარს, ენაჩავარდნილი.

რასაკვირველია. ჰელმარი უთვალთვალებდა. და საკუთარი მცდელობების მიუხედავად, ვერ განარიდა ჰელმარის ყურადღება სორენს.

-შენი საქმე არ არის. – გამოსცრა ბოლოს კბილებში.

-აი მანდ კი ცდები. – თითი მოუშვირა ჰელმარმა. – შენ რაც გეხება, ჩემი საქმეა.

უცებ გააკანკალა ნარას. შემზარავი იყო ჰელმარის მხრიდან მომავალი, შეფარული მუქარის სიცივე.

მაგრამ არა მის მიმართ, არა, არა, ჰელმარი ასეთი იდიოტი არ იყო, რომ ეგეთი რამ გაეკეთებინა.

სორენის მიმართ.

სისხლის მოწოლა იგრძნო სახეში. ხელისგულებში ჩაჭერილმა ფრჩხილებმა უფრო მეტად აუწვა ხელები.

-რაებს იძახი?- დაუსისინა ბოლოს. -ჩემი ნებით მოვედი აქ.

-ჰო, მოხვედი. – თქვა ჰელმარმა. -მაგრამ ვხედავ რანაირიც ხარ. „დიდება იგაზან-ლას, დიდება გულაამს!“ – ხმას აუწია მან, გაიღიმა, მაგრამ მხოლოდ ტუჩის კუთხეების აზიდვა იყო მისი ღიმილი და მეტი არაფერი, ისეთივე ცივი, როგორც მის ზურგზე დანთქმული, მძიმე ზღვა. – ყველაზე მეტად შენნაირები მეზიზღება. როცა იმდენი გონი შეგრჩენია რომ იცი რაც ხდება. მიუწვდომელი ოცნებები გახრჩობენ. შენს თვალწინ მიჰყავთ ან საკუთარი ნებით მიდის ყველა, ერთი გზით თუ მეორით, მნიშვნელობა არ აქვს, მიდიან და რატომღაც ვერ მიაქვთ თან ყველაფერი, რაც გვაზარალებს. არ მიაქვთ, იმიტომ რომ დარჩენილები ებღაუჭებიან მთელი ძალით. ცვლილებაა უდიდესი მტერი, იცი შენ? უდიდესი მოღალატე, როგორცაა ისე უნდა იყოს ყოველთვის, აქამდე ხომ სულ ასე ხდებოდა, მერე რა? ჰოდა აი მეზიზღებიან შენნაირები.

ჰელმარმა სასმელი მოყლურწა. გაშტერებული მზერის პერიფერიაში ფერადი სინათლე აუთამაშდა ნარას.

მუსიკის პულსს გრძნობდა ფეხებში.

-რა გგონია, ვერ ვხედავ რას ფიქრობ? – განაგრძო ჰელმარმა.- ულსტერი არ ვარ, მაგრამ ვიქნები, თუ ეს შენ გადაწყვეტილების სიმძიმეს აგარიდებს. გადაწყვეტილების სიმძიმესაც და იმასაც, რომ გამართლება შეგეძლოს საკუთარი ამაზრზენი საქციელის. რა საჭიროა პასუხისმგებლობა? მხოლოდ ტანჯვას მოგიტანს და მეტს არაფერს.

შორს იყო მისი ხმა, მიუწვდომლად შორს, მაგრამ ამავდროულად თითოეული სიტყვა თითქოს ჩაქუჩივით სცემდა თავში ნარას. ხელებზე წაკიდებული ცეცხლი აცოცდა, მხრებზე, მკერდსა და სახეზე მოეკიდა.

-გელოდები. იცი სადაც უნდა მოხვიდე და რაც უნდა გააკეთო. – უთხრა ჰელმარმა.

ჭიქა დადგა და თვალის დახამხამებაში გაქრა.

იჯდა ნარა, სანამ ჰელმარის სიტყვების ექო, „მეწამული ღამის“ მუსიკაში ჩაქსოვილ, იისფერ სინათლესა და მასში ჩამოწოლილ ტკბილ, თავბრუდამხვევ, მდარე ბურუსში არ გაიცრიცა.  

ისეთივე ბურუსით აღვსილიყო ის ღამე. ნისლს წაელეკა სორენის ფანჯარაში შენობები და მხოლოდ გალავნის პროჟექტორების მჭახე სინათლე აღწევდა მათში, როცა ბინაში შეაბიჯა ნარამ.

მძიმედ დაიხურა მის უკან კარი.

და ისეთივე მძიმე, გაუვალ ნისლს დაეფარა სორენის მზერა.

იჯდა ლოგინზე და შეჰყურებდა. მოლოდინი ეხატა თითოეულ ნაკვთში, მოხრილ მხრებსა და მუხლებზე დაბჯენილ, ერთმანეთზე გადაჭდობილ ხელებში.

მასაც სულ ელოდა ნარა.

ელოდა.

ელოდა დაღამებას. გარეთ გასვლასა და სახლში დაბრუნებას.

ელოდა ულსტერს, მასზე ადევნებულ მაწანწალებსა და მზის ამოსვლას.

რამე ახალს. ცვლილებას.

უბრალოდ ელოდა. ალბათ ფუჭი მოლოდინის მეტი არაფერი იყო ცხოვრება.

სორენის ხმა წარმოიდგინა მის თავში და ჩაწყდა კუთხიდან მომავალი გამათბობელის გუგუნი.

‘ოდესმე გაგიკეთებია ისეთი რამ, რაც იცოდი რომ არ უნდა გაგეკეთებინა?’

სორენი შეჰყურებდა. რაღაცას ეძებდა მის მზერაში.

‘როგორ არა.’ უპასუხა მან. ‘ასე მგონია რომ სულ ვაკეთებ იმას, რაც არ უნდა გავაკეთო. ახლაც კი.’

‘ბმას გულისხმობ?’

ძალიან ცივი თვალები ჰქონდა სორენს. ფანჯრიდან მომავალმა სინათლემ ჩრდილებით დაუღარა სახე. არ უპასუხია.

‘არჩევანი რომ გქონდეს, არ გააკეთებდი?’ ჰკითხა ნარამ.

‘არჩევანი ყოველთვის მქონდა.’ უპასუხა სორენმა.

‘არ გქონია.’ ცეცხლივით მოულოდნელად აღმოცენებული ბრაზის ცხელი მოწოლა იგრძნო სახეში ნარამ. ‘როგორ შეიძლება აქ არჩევანი გქონდეს? თუ იმას გულისხმობ, რომ შეგიძლია გადაწყვიტო ქუჩაში მარჯვნივ წახვალ თუ მარცხნივ?’

‘თუნდაც.’

‘მაინც იგივე ადგილას აღმოჩნდები, საითაც არ უნდა წახვიდე.’

‘შეიძლება. მაგრამ იქამდე გზა სხვადასხვანაირი იქნება.’

‘შედეგს ვერც შეცვლი.’

პულსი უსიამოვნოდ, სწრაფად სცემდა საფეთქლებში ნარას. გარეთ გათოვდა, დანისლულ ჰაერში მიფარფატებდნენ პროჟექტორების სინათლეზე აციმციმებული ფიფქები.

იმ ღამეს იქ არ უნდა ვყოფილიყავი.’ თქვა სორენმა. ’ლერვიქენის მეორე მხარეს ვიყავი გამწესებული. მაგრამ გადავწყვიტე რომ სხვებს წამოვყოლოდი ბინგემზე, ხალხი სჭირდებოდათ. წამოვყევი და გადავწყვიტე, რომ მოედნის მარჯვენა მხარეს წავსულიყავი. ვიყავი მარჯვენა მხარეს, მერე კი ხალხი გავარღვიე. წინ მივიწევდი.’

მკერდში რაღაცამ გასწიწკნა ნარას.

იმ ღამის აუტანელი ტკივილის ექო იგრძნო ძვლებში.

’შენც გადაწყვიტე იმ ღამეს იქ ყოფნა. გადაწყვიტე იქ ყოფილიყავი, სადაც იყავი. სულ ახლოს მოხვედი.’ სორენი თვალს აღარ უსწორებდა. ’იგაზან-ლა მე უსასრულო მეგონა. ალბათ არის კიდეც. დროც უსასრულოა. რაც იყო და რაც იქნება, კიდე არ უჩანს და არც არასოდეს ექნება. და იქ, ბინგემის ერთმეტრიან ნაგლეჯში, რამდენიმე წამის მანძილზე შენ სულ ახლოს იყავი. სულ ახლოს.’

’შენ დასასრული არ გინახავს ჯერ.’ თქვა ნარამ. საკუთარ ხმას ვერ ცნობდა. ’აქვს კი ამას რამე მნიშვნელობა? რამე შეიცვლება? თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამის გარეშე?’

სორენმა პირი გააღო.

და დახურა.  

უფრო გამოეკვეთა ხელებზე სახსრები, დაწყვეტამდე დაჭიმულ თოკებს დაემსგავსნენ.

‘არჩევანი რომ გქონოდა, იგივეს გააკეთებდი?’ გაუმეორა ნარამ.

სორენმა თავი მიაბრუნა.

‘არ ვიცი.’ თქვა ბოლოს. ‘რაც მოხდა, მოხდა.’

’და რაც მოხდება, მოხდება.’ თქვა ნარამ.

’რადგან გარდაუვალია.’ თქვა სორენმა, მერე კი მზერა გაუსწორა. ’გარდაუვალობის მართლა გჯერა თუ გინდა საკუთარი თავი დაარწმუნო?’

გული მოეწურა ნარას.

კვლავ შემოიჭრა მის სმენაში გამათბობელის გუგუნი.

წამოდგა სორენი, ჩაუარა.

ქურთუკი შემოიცვა და უკანმოუხედავად გავიდა გარეთ.

კარი წყნარი ჩხაკუნით დაიხურა და ცივ სიცარიელეში დარჩა ნარა.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*

შორს, ჰორიზონტზე ულაზათო დარაჯებად აყუდებულიყვნენ გაპარტახებული, მიტოვებული შენობები, მათ შორის გადაჭიმული სადენებიდან რამდენიმე ჩამწყდარიყო, ქარს მინდობილი ქანაობდა აქეთ-იქით. ზვირთად აღმართულიყვნენ მათ თავზე პირქუში ღრუბლები, ავდრის, ნავთობისა და შიშის მწარე სურნელი მოჰქონდა ქარს. მიჰქროდნენ ღრუბლები, მიგორავდნენ, და ნაპრალიდან გამომსკდარ, პირზე დუჟმოდებულ ტალღებს ჩამოჰგავდა ცა.

გაფითრებულიყო ღამე.

და როგორც ყოველთვის, ზემოთ, შორს ბჟუტავდა გაიას ვარსკვლავი.

უსასრულო იყო ცის კამარა, მიუწვდომელი და თითქოსდა შესაძლებლობებით აღსავსე, მაგრამ მხოლოდ სულშემხუთავ სიმძიმეს წარმოადგენდა მისი უძირო სივრცე.

ცხოვრების, მისი წარსულისა და ალბათ არარსებული მომავლის სიმძიმეს.

გვერდიდან რაღაცას ამბობდა ჰელმარი და ავტომატურად მაჯა გადმოატრიალა ნარამ, ციფერბლატზე დაიხედა.

189, 239; 08:05.

სულ ცოტა დარჩა.

წუოდა ყურებში ქარი, მათ წინ ნაგვის ბუნკერების სახურავებს, სახელდახელო ბარიკადებად რომ მოეთრიათ, არახუნებდა. მატარებელი მიგუგუნებდა მათ უკან, ცათამბჯენების მიღმა, ღრჭიალებდნენ ლიანდაგის საყრდენები.

და შორს, შორს, ძვლების რაიონის კიდეზე მყოფ, დაცარიელებულ ნაწილში, რომელიღაც შენობა მალე რუხი ქვის, რკინისა და შუშის გროვად უნდა ქცეულიყო.

ისე უნდა დამსხვრეულიყო, როგორც მათი მორჩილება.

189, 239; 08:09.

მისი მეორე მხრიდან ვიღაც რაღაცას პასუხობდა ჰელმარს. ალბათ ჩარლი. ბრუნო. ანდა რომელიმე იქ მყოფი ათიოდე ადამიანიდან. არც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან მათ აღარ უსმენდა ნარა.

წამიერად მოეჩვენა, რომ არ იძვროდნენ ღრუბლები. იქნებ მიწა დაძრულიყო მის ფეხქვეშ, მიქროდა შეუსვენებლად და მიაქანებდა სადღაც, შორს, სადაც ვერ ნთქავდნენ ღრუბლები მზის გაცრეცილ დისკოს და სადაც არ უდიოდა ქარს შიშის სუნი.

ოღონდ სად? სად?

ოკეანის მეტი არაფერი არსებობდა იგაზან-ლას გარშემო

ჰოდა იქნებ შუა ოკეანეში. ყველასა და ყველაფრისგან შორს.

გააკანკალა. იქ არაფერი დახვდებოდა, სიცივის მეტი.

არც სხვაგან ჯობდა და არც აქ.

თვალები დახუჭა და წარმოიდგინა ის, რაც ერჩივნა ამ ყველაფერს. გაყინულ ჰაერს, შიშით აღსავსე მღელვარებასა და შემზარავ წინათგრძნობას.

წარმოიდგინა, თითქოს არჩევანის საშუალება ჰქონდა.

სითბო. საკუთარი არა, სხვისი, ძვლებში გამჯდარი, რომელიც უკვე მისი ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. გაჭირვებით შეკოწიწებული, მყიფე ნდობა. ის ყრუ ტკივილი, ნელ-ნელა რომ ინავლებოდა და რუხი ღრუბლებივით ლაქები, გაფითრებულ ცაზე რომ გაფანტულიყვნენ თითქოს.

გული მოეწურა, თვალები გაახილა.

189, 239; 08:15.

ჰელმარი ჩურჩულებდა.

-წავედით, წავედით, წავედით… – იმეორებდა ის.

მის გვერდით, ჩარლის მხრიდან დეტონატორის ღილაკმა დაიტკაცუნა და მუცელი გადაუტრიალდა ნარას, უსიამოვნოდ გასწიწკნა მკერდში.

წამიერად არაფერი მოხდა.

მერე კი დაიგრგვინა.

ოღონდ ციდან მომავალ ქუხილს არ ჰგავდა გრგვინვა, მიწიერი იყო, ისეთი რომ ფეხებში იგრძნო ნარამ, ყურები აუზრიალდა, აუკანკალდა ხელები.

შეზანზარდა შორს, შორს, მათ პირდაპირ აღმართული, შედარებით მომცრო ცათამბჯენი. აკანკალდა, როგორც ქარს აყოლილი, უმწეო ფანტელი.

მერე კი დაიბზარა მისი პირქუში პირისახე. ყურისწამღები ლაწანითა და შხრიალით დაექანნენ მიწისაკენ დამსხვრეული მინები, და ატორტმანებული, მთვრალი მაწანწალასავით გადაიხარა ცათამბჯენი, წელში გადატყდა, დასკდნენ კედლები და დაწყდნენ კაბელები.

ცეცხლნარევი, კვამლისა და მტვრის ღრუბელი აიჭრა ზემოთ, გამაყრუებლად გრგვინავდა, ჰორიზონტი გადაფარა და გაიას ვარსკვლავი დააბნელა, ერთიანად მოიცვა იქაურობა.

ჰელმარი რაღაცას გაჰყვიროდა. ლიანდაგების ღრჭიალი და ხალხის ჩოჩქოლი ესმოდა უკნიდან ნარას.

მერე კი ჩაჩუმდა ყველაფერი, ისე ანაზდად რომ საკუთარი სისხლის წუილი ესმოდა მხოლოდ ყურებში.

ხედავდა მის თვალწინ უზარმაზარ, ცეცხლისა და კვამლის მხრჩოლავ ღრუბელს, მისგან მონაბერი ცხელი მტვერი უწვავდა ყელს.

და შორიდანაც ხედავდა. შორს იყო, ძალიან შორს აქედან, სადღაც შენობის თავზე, ალბათ ლერვიქენის მეორე მხარეს. აქედან პაწაწინა იყო ცეცხლიცა და კვამლის  ბუღიც, ღრუბლებიდან ახლახანს გამოცურებულ გაიას ვარსკვლავს წააგავდა. მის გარშემო, გაფითრებულ ცაზე ნებივრად მიცურავდნენ ღრუბლები.

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ.

გაქრა მის თვალწინ აღმართული ვეებერთელა, შენობის დალეწილი სხეულიდან ადენილი კოცონი.

მაგრამ ჯერ კიდევ ნათლად ხედავდა მას საიდანღაც, შორიდან, ალბათ გალავნიდან, იდგა და გაჰყურებდა. გამყინავმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში.

რეტი დაესხა. კიდურები გაეყინა, თითქოს სისხლი შხუილით მიჰქროდა მისი გულისაკენ, ახლა რომ მთელი ძალით ეხეთქებოდა ნეკნებს.

მუხლები მოეკვეთა ნარას და იქვე, ცხელი მტვერით დაფარულ თოვლში ჩაემხო.

3 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 11)

  1. წინა თავი დავიწყებული მქონდა და თავიდან გადავიკითხე😆მერე ესეც რომ მივაბი ისე კარგად წავიდა, თითქოს კარგ მოწყურებულზე ერთი ჭიქა წყალი ამოუსუნთქავად დავლიე🙈მე ისტორიებს ფერებში ვხედავ და ეს ისტორია ჩემთვის ლურჯი და ნაცრისფერია🙈 ძალიან მომწონს მთელი ის ცივი და მელანქოლიური ვაიბი, რაც ამ ისტორიას გასდევს🥰 ნარას და სორენის ქიმია მიყვარს😌 მაგათი დიალოგი რო მთავრდება მცივა ხოლმე. მინდა სულ ვიკითხო და გავთბე😁🤩 ნარა კია ძლიერი გოგო, თავის სიტყვას იტყვის ამ ისტორიაში აშკარად, მაგრამ სორენზე იგივეს ვერ ვფიქრობ. თითქოს იდეალური პიროვნება ჩანს, რაც ასეთ საშინელ სამყაროში იშვიათობაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრ კითხვას აჩენს🤔ან იქნებ სხვა პერსონაჟები არიან იმდენად ცუდი პიროვნებები, რომ სორენი იმათ ფონზე მეჩვენება კარგი? 🤔 არ ვიცი, დაბნეული ვარ😂 შენ კი იდეალურად წერ ლინდუ😍😍 ისტორიაში რომ შეაბიჯებ გამოსვლა აღარ მოგინდება😍😍

    Like

  2. არ შემიძლია.’ უპასუხა ბოლოს. ‘იქ არწასვლა ბევრს არაფერს შეცვლის. აქციებით არ დასრულდება ეს ყველაფერი, ბინგემის მიღმა გააღწევს უკმაყოფილება. მაგ დროისთვის უნდა იცოდეს ყველამ, რომელ მხარეს დგას, და უნდა იდგეს კიდეც იქ.’

    მთელი თავი ზედმეტად პერსონალურად შემეხო თვეზე მეტხანს ქუჩაში გაყინულსა და გაზით რამდენიმეჯერ მოწამლულს,მაგრამ აი ეს კონკრეტული სიტყვები,არ ვიცი,მადლობა რომ ამ პერსონაჟს ეს სიტყვები ათქმევინე.

    Like

  3. ნარას და სორენის წყვილი არის ყველაზე ლამაზი რაც შეიძლება იყოს ამ ისტორიაში. სორენის ქცევა ამ თავში მაფიქრებს არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ რაღაცას მალავს ნარასგან. ეს მაშინებს. ისევ თავიდან უნდა გადავიკითხო რაღაცეები დამავიწყდა მგონი🫣❤️

    Like

Leave a reply to თამილა აბაშიძე კომენტარის გაუქმება