ცოცხალი ჟანგი (თავი 10)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეათე თავის თემა

X- Meteor Shower

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ვეებერთელა მეტალის კარს მარჯვნიდან მოჰფენოდა ჩამავალი მზის მონარინჯისფრო შუქი. ქროდა გრილი სიო და თავი საშინლად დამძიმებოდა ნარას, ჯიბეებში ჩაჩურთული ხელები ეწვოდა.

კარზე ოთხჯერ დააკაკუნა მის გვერდით მდგარმა სორენმა. მეორე და მესამე კაკუნს შორის დატოვებული მოზრდილი პაუზა მძიმედ გამოკიდებულიყო კარს მომდგარი დაისის შუქჩრდილში.

ექიმთან მოვიდნენ.

კარგა ხანს იდგნენ უსიტყვოდ გზატკეცილზე, ზრეას რომ გადაჰყურებდა და კარგა ხანს ეჭირა სორენს ხელში მცენარე, მზის მქრქალ სითბოს მიფიცხებოდნენ სამივენი. ხელები მოაჯირზე გადაეგდო ნარას, ხელისგულები ამოეტრიალებინა, სხეული უთრთოდა და თვალები მიელულა, მზის მქრქალი დისკოს სუსხიან, ყინულოვან ჰაერში გაცრეცილ სითბოსა და შუქს ეფიცხებოდა.

იდგნენ, სანამ ხელების წვა გაყინული ხორცის უგრძნობლობამ არ შეცვალა.    

მერე კი მცენარე ჩანთაში ჩაჩურთეს და მოტოციკლეტის ძრავის გუგუნმა გაჰკვეთა კვლავ ცათამბჯენებს შორის გამეფებული ბინდნარევი სიჩუმე, დაღვენთილი, გადამავალი მზის სუსხიან სითბოს რომ დაეფერა.

ლერვიქენში რომ დაბრუნდნენ, მეთხუთმეტე ქუჩის მიმართულებით არ გაუხვევია სორენს. გალავანს მიჰყვებოდა შორიახლოს, ექიმთან მივდივართო, განუცხადა.

და არაფერი უთქვამს საპასუხოდ ნარას.

ჩანთა უფრო მაგრად მობღუჯა, გვერდზე მიიხუტა. სორენისაკენ გააპარა თვალი, რომელიც დაჟინებით შეჰყურებდა კარს.

დაიღრჭიალა ანაზდად კარმა და სისინით გასრიალდა გვერდზე, ბინიდან თვალისმომჭრელი ცისფერი შუქი გამოიჭრა.

ზღურბლზე მერითი იდგა. იდგა და ისე მოავლო ორივეს მზერა, ვითომ აქაც არაფერიო.

გაოცების ცივმა ტალღამ დაუარა ნარას, გააკანკალა.

გვერდზე გადგა მერითი. შემოდითო, ანიშნა და როგორც კი გაუბედავად მიჰყვა სორენს ნარა, სისინით დაიხურა მათ უკან კარი.

მოზრდილი იყო ბინა. საკმაოდ მაღალი ჭერი ჰქონდა, გალესილი, შეღებილი კედლები, მოლაპლაპე დანადგარები, სუფთა ლოგინი და შორეულ კუთხეში მინის კედლებით შემოსაზღვრული სააბაზანოც კი. ყველაფერი ახალი ჩანდა, სუფთა ფანჯრებში გალავანი, ჩამავალი მზე და ცათამბჯენთა წვერები მოჩანდა, ალაგ-ალაგ რომ მოსდებოდა თოვლი.

მერითმა კედლის თაროები გამოაღო, სახვევები, პლასტირი და პლასტმასის იარლიყიანი ბოთლები გადმოალაგა მაგიდაზე. მთელი ინვენტარი ჰქონდა შიგნით.

-დაჯექი. – თქვა მან, ისე რომ მათკენ არ გამოუხედავს.

მაგიდას ფრთხილად მიუჯდა ნარა. ჩანთა ფეხებშორის მოიქცია, არ უნდოდა რამე დაესვარა. იჯდა და სორენსა და მერითს შორის აცეცებდა თვალებს.

და ჩაიკარგა შორს მერითის ბოთლების რაკუნი.

‘ერთმანეთს იცნობთ.’ უთხრა ნარამ.

გადმოხედა სორენმა. ჭერიდან მომავალ, გრძელი სანათის მოცისფრო შუქზე თვალები გასციებოდა.

‘ვიცნობთ.’ უპასუხა მან. ‘უკვე კარგა ხანია.’

მერითისკენ გააპარა მზერა ნარამ, რომელიც მის გვერდით მიუჯდა მაგიდას, ხელებზე ხელთათმანები მოირგო.

‘მაღაროელი ექიმისთვის ცალკე მიღებები არ დაიშვება.’ თქვა მან. ‘რომ გაიგონ, დასჯიან.’

‘იცის.’

მერითი მოუტრიალდა. რაღაცას ეუბნებოდა და წამსვე გაწყვიტა კავშირი ნარამ.

-ხელები მაჩვენე. – ამბობდა მერითი.

ხელები მაგიდაზე დაასვენა ნარამ. ჯერ კიდევ სუსხის მიერ მოგვრილ უგრძნობლობას მოეცვა მისი თითოეული ნერვი, მაგრამ იცოდა, რომ მალევე აეწვებოდა სისხლით გაჯირჯვული ხორცი. გააკანკალა, ცივმა ჟრუანტელმა ჩაურბინა ხერხემლიდან ფეხებში.  

ბინძურ სახვევებს ნელ-ნელა ხსნიდა მერითი. 

და კვლავ წითელი იყო ხორცი. ალაგ-ალაგ გამოჟონილ წებოვან ჩირქზე მისწებებოდა დოლბანდი, რუდუნებით მოაცილა მერითმა.

-ინფექციაა. – თქვა მან.  – სუფთად უნდა შეგენახა სახვევები.

მოიღუშა ნარა, ანაზდად აასხა თავში სისხლმა.

-ქუჩასა და ხრამში ხელები სუფთა ვერ გექნება. –  მიუგო მან.

მერითს არაფერი უთქვამს. პირი მოეკუმა და მოწკურული თვალებით დაჰყურებდა მის ხელებს.

გაუსუფთავა. მწველი იყო ანტისეპტიკური საშუალების შეხება.

ჯერ სუსტად, თითქოს სადღაც შორიდან გრძნობდა წვას.  

ნელ-ნელა იმატა. ზრეას სუსხში ჩაკარგული მზის სითბო რეჯინალდის სხეულზე წაკიდებულ კოცონად იქცა.

ოფლი მოაწვა შუბლსა და ზურგზე ნარას, ყოველი კუნთი დაეძაბა, მაგრად მოჭყლიტა ფეხებს შორის ჩანთა. ტუჩი მოილოკა, ცხელი სიმლაშე იგრძნო.

მალამო წასცხო გახურებულ ხორცზე მერითმა. მერე კი კვლავ გადაუხვია სუფთად და ცოტა დაუამდა წვა ნარას. კანკალებდა.

წამოდგა მერითი და თაროებიდან მომცრო თეთრი პაკეტი, სახვევები და პატარა პლასტმასის ტუბი გადმოიღო.

-აქ ტაბლეტებია. – უთხრა მან, პაკეტი ნარას წინ დაუდო. – ანტიბიოტიკი. დილა-საღამოს უნდა დალიო, ჭამის მერე თითო ტაბლეტი. ხუთი დღე სვი. სახვევები გამოიცვალე და მალამოც წაისვი.

ნივთები წამსვე აიტაცა სორენმა, ჯიბეში ჩაიჩურთა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ფანჯარაში გაიხედა ნარამ, ჯერ ცათამბჯენებზე გაუშტერდა მზერა, მერე კი ფანჯრის რაფაზე, მოლაპლაპე ოთხკუთხა მოწყობილობაზე, რომლიდანაც რამდენიმე მეტალის წვერი ამოჩრილიყო.

ასეთი რამ არასოდეს ენახა. ახლებური ტექნოლოგია უნდა ყოფილიყო. არც უნდა გაჰკვირვებოდა ალბათ, მერითს რომ ჰქონდა ბინაში.

-წავედით. – თქვა სორენმა და ნელა წამოიწია ნარა. ჩანთა აართვა სორენმა, მხარზე მოიგდო.  

მერითი შეჰყურებდა. მერე კი სორენისაკენ მიატრიალა მზერა, რომელიც საპასუხოდ შეაცქერდა. წარბები აზიდა და თავი ოდნავ აუქნია, თითქოს ანიშნებდა, მითხარიო. 

-მოიფიქრე. – უთხრა ანაზდად მერითმა.

თავი გადააქნია სორენმა.

-არა.

-და რატომ?

-არა ღირს.

-მერე აღარ გამოვა.

-არც ახლა გამოვა. – თქვა სორენმა. – იცი შენ ეს.

მერითმა არაფერი უპასუხა. მიტრიალდა და პლასტმასის ბოთლების თაროებში შელაგება დაიწყო.

-წავიდეთ. – თქვა სორენმა, კარისაკენ გაემართა.

უკან მიჰყვა ნარა, მერითისაკენ გააპარა კარში გასვლამდე ბოლო მზერა.

მერითს არ მოუხედავს.

კარი სისინით დაიხურა.

მიტრიალდა ნარა, ნაბიჯს აუჩქარა და ხვდებოდა, რომ ისეთ საუბარს შეესწრო, რასაც ალბათ არც უნდა შესწრებოდა.

სორენის შავი კაპიუშონით დაფარულ თავს ახედა და წარმოიდგინა მათ შორის გაჭიმული ხიდი.

‘საიდან იცნობ? ერთ თავშესაფარში იყავით?’ ჰკითხა მან.

‘ჰო.’ თქვა სორენმა.

‘და საიდან გაიგე რომ აქ გადმოიყვანეს?’

‘ჩვენი ექიმი იყო.’

სიჩუმე ჩამოვარდა. ხვეულ კიბეს მიჰყვებოდნენ ქვემოთ და გვერდზე გაიხედა ნარამ, მაღალი მოაჯირის გისოსებს შორის გადმოღვრილ მოყვითალო მზის შუქს გაუსწორა მზერა. მქრქალად მოციალე მზის დისკოს მალევე ჩაყლაპვას უქადდნენ გალავნის თავზე ნებივრად გადაჭიმული რუხი ღრუბლები და აღმოსავლეთიდან ცის კამარაზე გადაკრული ნაცრისფერი ღამე. აქედან იფლიჰემის რძისფერი გუმბათიც კარგად მოჩანდა და ლერვიქენის ქუჩების ცისფრად ანთებული სიღრმეებიც, ნელ-ნელა რომ ერეოდა დღის მოყვითალო შუქს.

‘რაღაც მნიშვნელოვანი იყო.’ თქვა ნარამ.

‘რა?’

‘რაზეც ლაპარაკობდით.’

‘შეიძლება იყო. ახლა აღარ არის მნიშვნელოვანი.’

‘იმას ეხება? რაც მაჩვენე.’

‘არ ეხება.’

‘აბა?’

‘აღარაფერს ეხება.’ თქვა სორენმა. ‘ჩაიარა.’

იჭვნეულად გახედა მის დახრილ თავს ნარამ.

რატომღაც გრძნობდა, რომ არც არაფერს ჩაეარა. სუნთქვა გაუხშირდა, თითქოს ყველაფერი აუწრიალდა შიგნით.

‘ისევ იტყუები.’ თქვა ბოლოს. ‘რატომ?’

სორენს არ უპასუხია.

‘რამე უნდა მოხდეს? რას აპირებ?’

‘არაფერს არ ვაპირებ.’

‘სორენ…’

‘რა?’

‘ეგრე გგონია, რომ არაფერს არ აპირებ. არაფერს არ აკეთებ. ცდები. ან მე მატყუებ, ან საკუთარ თავს.’

‘თუ ეგრე ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ რომ ასე ჯობია.’

‘რა, ჯობია საკუთარ თავს ატყუებდე? ეგრე გირჩევნია?’

სორენს არ უპასუხია და ხმა აღარ გაუღია ნარას. მათ შორის გაჭიმული ხიდი ჩაწყდა, გრგვინვით შემოიჭრა მისი სიჩუმის ადგილზე ახლომახლო გამავალი მატარებლის გუგუნი, მაგრამ არსად წასულიყო ის შეგრძნება, რომ სორენს ბევრი რამ ჰქონდა უთქმელი.

ბევრი რამე ეთქვა უკვე. შეიძლება იმაზე მეტიც, ვიდრე საჭირო გახლდათ. 

იქნებ ამიტომაც აღარ ამბობდა რამეს. 

გადადიოდა მზე. ნელ-ნელა იგუდებოდა რუხი ღრუბლების საფარში, სანამ არ მოკვდა მოყვითალო შუქის ბოლო ციალი და ღამე მოედო ცის კამარას. ყინავდა და კანტიკუნტად მოფარფატებდნენ მიწისაკენ ფანტელები.

კორპუსის ქვეშ ჩამოწოლილი სიბნელის ხახიდან გამოათრია მოტოციკლეტი სორენმა. ჩაფხუტი აიღო და სანამ ნარა შეხვეულ ხელებს გაუწვდიდა, თვითონ მოარგო თავზე.

და ჩაახშო მატარებლის გუგუნი, ჰაერს რომ ათრთოლებდა.

‘წინ დაჯექი.’ უთხრა მან.

‘რატომ?’ ჰკითხა ნარამ.

‘სახვევები სუფთად უნდა შეინახო.’ უთხრა სორენმა. ‘დაჯექი წინ.’

 თვალი გაუსწორა ნარამ. დაჟინებით შეჰყურებდა კაცი, თვალებზე მოწოლილი ღამის მოლურჯო შუქჩრდილი ედო, შუქჩრდილი და დაძაბულობა, თითოეულ დაჭიმულ სხეულის ნაკვთში რომ ეტყობოდა.

მიტრიალდა ნარა და წინა მხარეს მოთავსდა მოტოციკლეტზე.

არ დააყოვნა სორენმა. უკან მიუჯდა. სულ ახლოს.

მერე კი, თითქოსდა მისი სიახლოვე არ ყოფილიყო საკმარისი, მარჯვენა მკლავი მოხვია წელზე და მოქაჩა, მკერდზე მაგრად მიიკრა.

სუნთქვა ყელში გაუკავდა ნარას, პირი გამოუშრა. გაფაციცებით იყურებოდა ქუჩის მიმართულებით, მაგრამ ვერაფერს ხედავდა თითქოს, საერთოდ ვერაფერს, ყველაფერი მის ზურგზე აკრული სორენის სითბოს მიღმა ჩაკარგულიყო. იმ ძალის მიღმა, რომლითაც გულში ჩაეკრა კაცს. არც კი იცოდა, ათრთოლებული ხელები სად წაეღო,

თავისუფალი ხელით მოტოციკლის სახელურს მისწვდა სორენი და დაქოქა ძრავა.

სიჩუმე ჩამოწოლილიყო მათ შორის, რომელიც ვერაფრით მორეოდა მის ყურებში აგუგუნებული გულისცემა.

გზაში ციოდა. ტკაცანით ეხლებოდა ცივი ქარი შემოგარენს და სუსხი მოსდებოდა ლურჯ ღამეს. ციალებდნენ ნეონის სანათები, ნათელ ლურჯ ზოლად გაიელვებდა მათ თავზე მატარებელი, ცათამბჯენებს შორის ჩამოწოლილ სიბნელეს ჰკვეთდა წამიერად. ბინგემთან ახლოს ქუჩებში კვლავ გაისმოდა ხალხის ყვირილი, რასაც შაშხანის ჭექის ხმა ემატებოდა.

თვალები დახუჭა ნარამ. მიტინგისა და მომიტინგეთა გარდაუვალი სასჯელის ხმა მატარებლის გუგუნში, ჩამოწოლილ ყინვაში, ხელების ყრუ წვასა და მის ზურგზე აკრულ უძრავ სითბოში გალღვა, ჩაიკარგა.

აიხედა და უსასრულო, თან ამავდროულად ძალიან მძიმე იყო ცათამბჯენებით, ელექტროგადამცემი კოშკების სადენებითა და ლიანდაგებით დასერილი ღამე, მათ თავზე გაიას ვარსკვლავი ბჟუტავდა.

გულისცემა კვლავ უგუგუნებდა ყურებში, მაგრამ აღარ სწყდებოდა ელვის სისწრაფით სუნთქვა მის გაყინულ, დახეთქილ ტუჩებს.

თავის კორპუსთან რომ გააჩერა სორენმა, უკვე ჩაეკლა მონარჩენი მზის შუქი მოწოლილ ღამესა და ლერვიქენის ქუჩების მჭახე ცისფერ შუქს, მატარებლის გუგუნსა და ქუჩებში ატეხილ ჩვეულ ალიაქოთს ბინგემის მოედნიდან მომავალი ხალხის ყვირილი და შაშხანების ჭახანი ჩაეყლაპა.

ნელა აიარეს წრიული კიბე. გაუსაძლისი ყინვა მოჰყოლოდა ღამეს, ჩაჟანგულ მოაჯირს ალაგ-ალაგ ჭირხლი მოსდებოდა, ბინის მეტალის კარიც კი კუთხეებში მოეხატა თრთვილს.

კარი ციფერბლატით გააღო სორენმა და სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა შიგნით ნარამ.

დაიხურა კარი და მოიტოვეს ზურგსუკან გაყინული ღამე.

შუქი აანთო სორენმა, ფეხზე გაიძრო და ბინაში შეაბიჯა, თან ჩანთას მიათრევდა.

ქურთუკი ფრთხილად გაიხადა ნარამ, ფრთხილობდა რომ სახვევები არ დაესვარა. ყრუდ ეწვოდა ხელები.

შემოსასვლელის პირზე უხერხულად გაჩერდა, წამიერად თავის შელახულ ჩექმებს ჩააცქერდა.

რას აკეთებდა აქ?

სორენს არც უკითხავს. არაფერი უთქვამს, უბრალოდ აქ მოიყვანა.

და რომ არ მოეყვანა? „ხრამში“ ჯერ არ მიესვლებოდა. ამ ყინვაში დიდხანს ვერც გაძლებდა ქუჩაში. კვლავ მაწანწალების თავშესაფარს უნდა შეკედლებოდა სადმე. კრედიტები აღარ ჰქონდა, რომ სადმე კლუბში დარჩენილიყო.

ახლა კი იდგა, თბილ ბინაში და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რატომ.

რატომ მოიყვანა სორენმა?

რატომ მოდიოდა საერთოდ მის დასახმარებლად?

რატომ მიიყვანა ზრეაში, რატომ აჩვენა პიანინო?

სუნთქვა გაუხშირდა ნარას, ხელები მოეკრუნჩხა. ოდესმე მაინც მიიღებდა პასუხებს.

ჩანთა მაგიდაზე დადო სორენმა, ნელა ამოალაგა. ტანსაცმელი იქვე მიაწყო, მცენარიანი ქოთანი კი ფანჯრის რაფაზე დადგა.

სიჩუმე ჩამოწვა.

‘დაინახავენ.’ უთხრა ნარამ.

‘აქ სპეციალური მინაა, შიგნით არ ჩანს.’ უთხრა სორენმა, ნელა მოტრიალდა. ნიღაბი და ქუდი მოიძრო, მაგიდაზე მიაგდო.

ფანჯრის წინ იდგა. გარედან შემომავალ ლურჯ სინათლეს ჭერიდან მომავალი ნარინჯისფერი შუქი ფარავდა, მის მუქ თვალებსა და შეკრულ წარბებს ეფინებოდა და უცნაურმა დისკომფორტმა დაუარა სხეულში ნარას. უხერხულად მოინაცვლა ფეხი.

‘დაგეხმარო?’ ჰკითხა სორენმა, ფეხსაცმელზე მიუთითა.

დაიძაბა ნარა.

‘არა, არა. ჩემით…’

ხელები აღმართა სორენმა, თითები აათამაშა.

‘სახვევები დაგავიწყდა?’ ჰკითხა მან და ნაკვთები მოეღმიჭა ნარას.

‘არა.’ უპასუხა ბოლოს.

ხელები დაუშვა სორენმა, მაგიდას დაეყრდნო. ძალიან სქელი მკლავები ჰქონდა, დაჟინებით შეჰყურებდა და წამიერად შემზარავმა შიშმა, როგორც ღრუბლების გამხეთქავმა ელვამ ხერხემალში აურბინა ნარას, გააშეშა. შეჰყურებდა სორენის მკლავებს, განიერ მხრებს, ფოლადისწვერიან ჩექმებს, ერთიანად შავებში შემოსილ სხეულს, ნაიარევებსა და მოკლედ შეღიჯნილ თმას, საკუთარ შეხვეულ ხელებს დახედა და მხოლოდ იმაზე შეეძლო ფიქრი, თუ რატომ, რატომ, რისთვის, რაში სჭირდებოდა სორენს, რა უნდოდა მასთან, რას ელოდა მისგან?

‘ნარა.’ თქვა ანაზდად სორენმა, ფიქრი გააწყვეტინა. უყურებდა, წარბები აეწკიპა. ‘შენ რა, გეშინია ჩემი?’

‘არ ვიცი.’ თითქმის ინსტინქტურად უპასუხა ნარამ.

‘ვგრძნობ. გეშინია.’

‘არ უნდა მეშინოდეს?’

‘და რატომ უნდა გეშინოდეს?’

თვალი გაუსწორა ნარამ. 

‘შენ გშინებია ოდესმე?’ ჰკითხა მან.

‘ყველას განუცდია შიში.’ თქვა სორენმა.

‘ჩვეულებრივი შიში არა.’ უთხრა ნარამ. ‘წამიერი შიში არა. ისეთი, ყოველდღე რომ გრძნობ. ისეთი, რომლის გამოც გინდა ერთდროულად შეუმჩნეველი იყო, გამჭირვალე, არაფერს წარმოადგენდე და თან ძლიერი, ისეთი ძლიერი იყო ანდა ჩანდე, რომ ვერავინ ვერაფერი გაგიბედოს. ისეთი შიში, წამდაუწუმ უკან რომ მოგდევს ქუჩაში, სიბნელეში იმალება,  სამსახურშიც, სახლშიც, მოსახვევის მიღმა, ფხიზელშიც და ძილშიც, ყველგან და ყოველთვის, რომ არ გასვენებს, სანამ ხორცს არ შემოგაჭამს, სანამ ძვლებში არ გაგიჯდება. ეგეთი შიში იცი?’

თავი გვერდზე გადახარა სორენმა. ყბა მოენგრა.

‘არა.’ თქვა ბოლოს.

‘მე ვიცი.’ თქვა ნარამ.

‘და დიდი ხანია ეგრე აკეთებ?

‘რა?’

‘ცდილობ შეუმჩნეველი იყო. და საშიშიც.’

‘დიდი ხანია.’

‘გამოგდის?’

‘ხანდახან. ხანდახან არა.’

‘არ უნდა გეშინოდეს.’ თქვა სორენმა. ‘როცა გეშინია, ვერ აზროვნებ.’

‘მე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ არ მეშინოდეს.’ მიუგო ნარამ.სორენს თვალი გაუსწორა, გულმკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა, სისხლის პულსაციას გრძნობდა ხელებში.  ‘ჩემნაირები კვდებიან, როცა არ ეშინიათ.’

მხრები დაეძაბა სორენს. ხელები მაგრად მოუჭირა მაგიდას, სახსრები გაუთეთრდა.

გაფაციცებით შეჰყურებდა ნარა.

მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

‘დაგეხმარები.’ თქვა სორენმა, ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა და მის წინ ჩაიჩოქა.

ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ნარამ, მაგრამ არ განძრეულა, გაქვავებული იდგა, კაცის დახრილ თავსა და მომრგვალებულ ზურგს დაჰყურებდა.

თასმები შეუხსნა ჩექმებზე სორენმა და ნელა გააძრო ფეხსაცმელი.

ყელში სპაზმმა დაუარა ნარას, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.

წამოდგა სორენი. კვლავ მაგიდას მიუახლოვდა.

‘გშია?’. ჰკითხა მან.

‘ცოტა’.

საჭმლის პაკეტი გამოიღო სორენმა, გაუმზადა, წყალი ჩამოუსხა ჭიქაში და მერითის მოცემული ანტიბიოტიკიც დაუდო მაგიდაზე.

ფრთხილად მიუახლოვდა მას ნარა და ბეტონის ფილებით მოპირკეთებული იატაკი თბილი იყო მის ფეხქვეშ. ახლაღა შეამჩნია რომ საშხაპესთან ახლოს დამდგარი გენერატორზე ნარინჯისფერი ნათურა ციმციმებდა.  

საჭმელს არაფრის გემო ჰქონდა, როგორც ყოველთვის.

ჩანთიდან ამოღებული ტანსაცმელი თაროებზე მიაწყო სორენმა, ხელები დაიბანა, მერე კი მაგიდას მიუჯდა.    

ჭიქა გამოცალა ნარამ, წამალი დალია. ჯერ ფანჯრის რაფაზე მოთავსებულ ქოთანზე, მერე კი ფანჯარაზე გაუშტერდა მზერა.

ცათამბჯენთა მუქ ლურჯ სილუეტებს, თითქმის რომ იცრიცებოდნენ ცის სიბნელეში, ქუჩებიდან მომავალი ცისფერი ციალი და მოფარფატე ფიფქების წერტილოვანი ნათება ჰკვეთდა მხოლოდ. გალავანი ჩანდა, მასზე აქეთ-იქით მოტრიალე პროჟექტორები და მის მიღმა ზრეას შენობების წვერები.

ღამე იდგა, უსასრულო ღამე და მისი ბნელი სუდარის ქვეშ უსასრულო ზღვა. მათ უძირო წიაღში არსებობდა მხოლოდ გალავნით შემოსაზღვრული იგაზან-ლა, ერთადერთი მბჟუტავი ნაღვერდალი სიკვდილის ნაცრით დაფარულ პლანეტაზე.

‘დაიღალე? გეძინება?’ ჰკითხა სორენმა.  

‘მეძინება.’ უპასუხა ნარამ, მერე კი ლოგინისაკენ გააპარა მზერა, რომელიც შედარებით სუფთა ჩანდა.

მერე კი საკუთარ ბინძურ ტანსაცმელს დახედა. შმორისა და ოფლის სუნი ასდიოდა.

‘ადექი, დაიბანე.’ უთხრა სორენმა.

‘სახვევებს ვერ დავასველებ.’

‘არ დაგჭირდება.’ უთხრა სორენმა. ‘მე დაგეხმარები.’

ელვის სისწრაფით გახედა ნარამ, წარბები აზიდა.

‘დამეხმარები.’ გაიმეორა მან. გულისცემის გუგუნს გრძნობდა საფეთქლებში, ადგილზე აწრიალდა.

სორენი დაჟინებით შეჰყურებდა, ოდნავ მოიღუშა.

‘არაფერს გიპირებ.’ უთხრა მან. ‘შენგან  არაფერი მჭირდება. თუ რამე მჭირდება, შენი სხეული ყველაზე ნაკლებად. არაფერს დაგიშავებ.’

სპაზმმა დაუარა ხელებში ნარას, არც კი იცოდა თუ რა ეფიქრა.

მათ შორის ჩამოწოლილ სიჩუმეზე კონცენტრირდა. სორენს თვალებში ჩაჰყურებდა და მზერით გაბურღა თითქმის.

მისი მხრიდან ვერაფერს გრძნობდა, სიმშვიდის გარდა, რომელშიც სულ მცირე აღელვებამ გამოჟონა. ვერც გაეგო, თვითონ ეკუთვნოდა ეს აღელვება თუ მას.

ნელა წამოიწია ფეხზე. და დაელოდა.

წამოდგა სორენი. მოუახლოვდა, სულ ახლოს იყო, დაჰყურებდა და ცხელი ოფლის ჩხვლეტა იგრძნო ზურგზე ნარამ.

ფრთხილად გააძრო ტანსაცმელი კაცმა. თვითონ სახელოები დაიკაპიწა, წყალი მოუშვა და წამსვე მის მკლავებზე გაუშტერდა მზერა ნარას.

მკლავებზეც უამრავი ნაიარევი ჰქონდა, ნაირნაირი, დაგლეჯილი ხორცისა თუ გასერილი კანის შედეგად ამობურცული ნაწიბურები. უმრავლესობა ძველი იყო, ფერმკრთალი, ზოგიერთს ოდნავი მოვარდისფრო ელფერი ედო ჯერკიდევ.

თვალი აარიდა ნარამ. წყლის პირველი ნაკადი იგრძნო მხრებზე და ძალიან თბილი იყო წყალი, ისეთი თბილი, ალბათ არასდროს რომ არ ეგრძნო.

ხელები წინ გამოიწვდინა, რომ სახვევები არ დასველებოდა, გაუნძრევლად იდგა, ადგილს მილურსმული. ტილო გასაპნა სორენმა, სხეულზე დაუსვა, დაჰყურებდა და ძალიან ცივი, კლინიკური მზერა ჰქონდა. ისეთი, როგორც მერითს, როცა ჭრილობებს უხვევდა.

თავიც დაბანა კაცმა და თვალები დახუჭა ნარამ, როცა შუბლსა და თვალების ქვეშ გადაუსვა თითები სორენმა, მერე კი სველი თმა გადაუწია უკან.

აუზვირთდა კვლავ სისხლი, წინ გაწვდილ, ამწვარ ხელისგულებსა და საფეთქლებში უსიამოვნო პულსაციას გრძნობდა.

მითქრიალებდა წყალი და თან მიჰქონდა „ხრამი“, ზრეას ჯურღმულები, მაწანწალების თავშესაფარი, ნაგვის სიმყრალე, რომელსაც სამარას სხეული ჩაეთრია შიგნით და რეჯინალდზე ადენილი მხრჩოლავი კვამლი.

წყალი გამორთო სორენმა და მშრალი ტილოთი შეამშრალა, მერე კი სუფთა ტანსაცმელი მოუტანა.

ჩაიცვა ნარამ, ლოგინში შეძვრა. სველი თმა უკან გადაიგდო, საბანი ნიკაპამდე აიწია და ჩაყუჩდა, სორენზე გაუშტერდა მზერა.

ტილოები და ნარას ტანსაცმელი თოკზე გადაჰკიდა კაცმა, ცოტა შეჭამა, მცენარეს დაუსხა წყალი.      

შუქი ჩააქრო და ნარას გვერდით წამოწვა.   

მის სახეზე გაუშტერდა მზერა ნარას. საშინელ, გაურკვევლობით აღსავსე მორევად მოაწვა თავში ფიქრები, ვერც აცალკევებდა მათგან ვერაფერს. გული გამალებით უცემდა. 

თვალები დაეხუჭა სორენს, ხელები გულზე დაეკრიფა.

‘რატომ მიყურებ?’ ჰკითხა ანაზდად.

გაკრთა ნარა. საბანი უფრო მეტად ასწია, პირზე მიიფარა.

‘ვფიქრობ.’ უთხრა ბოლოს.

‘რაზე?’

‘არ ვიცი. ყველაფერზე.’

‘მაგალითად?’

‘ქარქს-ნუიადან შენ და მერითი ერთად გადმოგიყვანეს?’

‘ჰო.’

‘კიდევ ბევრი?’

‘საკმაოდ.’

‘და რატომ?’

‘ალბათ მომუშავეები აკლდათ აქ. რა, არ იცი?’

‘ქარქს-ნუიადან ბევრი არ მოჰყავთ.’ თქვა ნარამ.

‘შეიძლება. მერე?’

‘მერითი ესე იგი უკანონო პრაქტიკას ეწევა.’

‘კარგა ხანია უკვე. ბევრი აკეთებს ეგრე.’

‘და შენ რას აკეთებ?’

თვალები გაახილა სორენმა, მისკენ გადმოატრიალა მზერა. უცნაურად შეჰყურებდა, თითქოს მის თვალებში ეძებდა რაღაცას.

‘ანუ?’

‘შენ რას აკეთებ შენი სამსახურის გარდა?’

‘არაფერს.’ უთხრა სორენმა. ‘რასაც მეუბნებიან იმას ვაკეთებ.’

‘და ამდენი რამ საიდან იცი?’

სორენს გაეცინა. შუბლზე და თვალების გარშემო მქრქალი ნაოჭები ჩაუღრმავდა. 

შესცქეროდა ნარა. პირი გამოუშრა.     

‘მე ბევრი არაფერი ვიცი.’ უთხრა სორენმა.

‘როგორ არა. ლატარიაზე იცი. მოღალატეებზე იცოდი. სიკვდილზე…’

‘რომელი გაგიკვირდა მაქედან?’ წარბები ასწია სორენმა, ოდნავმა ღიმილმა დაუბრიცა ტუჩები.

‘და ის საიდან იცოდი, მცენარე რა იყო?’ ჰკითხა ნარამ და უყურებდა, თუ როგორ შეეცვალა სორენს სახე, ღიმილი გაუქრა.

‘ანდა წყალი რომ სჭირდებოდა? ან მზე?’

სორენმა არაფერი უპასუხა. ამოიხვნეშა, მკერდზე ხელები უფრო მაგრად გადააჭდო ერთმანეთს.    

‘ღმერთზე იცი.’ უთხრა ნარამ, გამალებით შესცქეროდა. ‘იგაზან-ლაში ღმერთი არასოდეს არსებობდა.’

სორენს არაფერი უთქვამს. უბრალოდ უყურებდა.

‘არ მეტყვი?’

‘არ ვიცი რა გითხრა. გამიგონია რაღაც-რაღაცები. ზოგი ბევრს ლაპარაკობს.’

‘ვინ?’

სორენი დუმდა. იგრძნო ნარამ, რომ პასუხს ვერ მიიღებდა.

‘გეგონა, რომ მოკვდებოდა იგაზან-ლა. მითხარი, მეგონა მოკვდებოდაო.’ განაგრძო მან. ‘ღალატი ახსენე. და რევოლუცია. რაღაცას აპირებთ ხომ? ანდა აპირებდით. და არ გამოვიდა.’

‘არა.’ მოუჭრა ანაზდად სორენმა. სახის ნაკვთები ერთიანად დასჭიმვოდა.

‘აბა?’

‘ადრე არსებობდნენ… გარკვეული გეგმები. ახლა აღარაფერი აღარ არის.’

‘მაგაზე ლაპარაკობდით მერითთან?’ ჰკითხა ნარამ და თავი გადააქნია სორენმა.

‘არა.’

‘და რა გეგმები?’ დაჟინებით შეჰყურებდა ნარა, მაგრად უჭერდა საბანს თითებს, ხელების წვა აინუნშიც არ ჩაუგდია.

გადმოხედა სორენმა. ტუჩები მოეკუმა.

‘რა გინდა გითხრა?’ თქვა მან. ‘იგაზან-ლას მოსპობა იყო განზრახული თქო?’

ნაკვთები აუთრთოლდა ნარას. გული გამალებით უცემდა.

‘ულსტერს ვერავინ მოერევა.’ თქვა მან, თითქმის ავტომატურად.

‘მართალია. ვერავინ მოერევა. არც არავის უცდია.’ მიუგო სორენმა. 

ხელები დაისრისა, ჭერს ააშტერდა. ძარღვი უფეთქავდა საფეთქელში.

‘ის თუ გაგიგია, იფლიჰემში ერთი სამატარებლო გზა რომ შედის?’ ჰკითხა მან.

მოიღუშა ნარა. ასეთი არაფერი გაეგონა, არც დაენახა, რომ იფლიჰემის რძისფერ გუმბათში მატარებელი შესულიყო ოდესმე.

თუმცა ალბათ ლოგიკური გახლდათ. რამე შესასვლელი ხომ უნდა ყოფილიყო და რატომ სამატარებლო არა?

‘არა.’ თქვა მან.

‘არ იცის თითქმის არავინ. მიწისქვეშა გზაა.’ თქვა სორენმა. ‘ჰოდა ერთი იდეა დადიოდა მემანქანეებში, რომ სამატარებლო გზით უნდა შეეღწიათ შიგნით. არ ვიცი რა უნდოდათ, გადატრიალება თუ უბრალოდ იქ ცხოვრება.’

გაფაციცებით შეჰყურებდა ნარა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წყალის საშინელი მასა დაასკდა თავზე, ყურები შეუგუბდა.

‘მერე?’ გაუბედავად დაიჩურჩულა მან.

‘მერე არაფერი. გაიგეს. გაკრიფა ის მემანქანეები ულსტერმა და იმის მერე არც არაფერი ყოფილა.’ თქვა სორენმა. გაშტერებული აჰყურებდა ჭერს.

რაღაცას იხსენებდა. რაღაც ედგა თვალწინ.

‘და შენ რა გინდოდა?’ ჰკითხა ნარამ. ‘გადატრიალება? თუ იფლიჰემში ცხოვრება?’

‘იფლიჰემში ცხოვრება მე არასდროს მდომია.’ თქვა სორენმა.

მერე კი მისკენ გადმოატრიალა კვლავ მზერა, თვალები გამომცდელად მოეწკურა.

‘შენ საიდან იცი მცენარეზე? სად იშოვე?’ ჰკითხა მან.

‘ვიპოვე. შემთხვევით.’

‘და საიდან იცოდი, რა უნდა გექნა?’

ჩაჩუმდა ნარა. ზრეას ჯურღმულები წარმოუდგა თვალწინ. გვირაბების მიღმა ვეებერთელა სათავსო და შიგნით ქსოვილით დაფარული პიანინო.

რევოლუცია. გადატრიალება. ის, რომ ყოველთვის ყველაფერი ასე არ იყო. წარსულის გადმონაშთთა მიუხედავად ახალ სამყაროს აშენებდა აწმყო.

გულაამის მიზანი კი მუდამ უცვლელი იგაზან-ლა გახლდათ. უცვლელი, სტაბილური, პროგნოზირებადი.

მაგრამ ნელ-ნელა ცარიელდებოდნენ ლერვიქენის მაღაროები, ზეფირმა ხმამაღლა განუცხადა, ისედაც მცირე დარჩაო ურანი. იზრდებოდა ქუჩაში მოხეტიალე მაწანწალათა მასა. ბოლო წლებში ელვის სისწრაფით იზრდებოდა  ხშირად იზრდებოდა მომიტინგეთა რიცხვი, და ყოველთვის ყველაფერი ასე არ იქნებოდა.

ერთადერთი უცვლელი რამ ალბათ ცვლილება გახლდათ. მცირე, ყოველდღიურობაში ჩამარხული ცვლილება, როგორც შეუმჩნეველი ტალღები, მაღაროს რომ ნელ-ნელა ძირს უთხრიდნენ.

თვალები დაახამხამა ნარამ, მზერა დაეწმინდა. სორენი ჯერ კიდევ შეჰყურებდა, პასუხს ელოდა.

‘წიგნი რა არის იცი?’ ჰკითხა ნარამ.

გაუნძრევლად იწვა სორენი. წამიერად მოეჩვენა ნარას რომ გაქვავდა თითქოს, თითოეული ნაკვთი გაუშეშდა.

‘ვიცი.’ თქვა მან.

თავი დაუქნია ნარამ, უფრო მაგრად მოიხვია მხარზე საბანი. მუხლები გულმკერდთან აიკეცა, ყველაფერი უთრთოდა. 

რადგან იცოდა, თუ რას ნიშნავდა სორენის „ვიცი“.

სორენს წიგნები ენახა. და დიდი ალბათობით წაეკითხა კიდეც.

იქნებ ვეზუვის ბიბლიოთეკაზეც იცოდა რამე.

თუმცა არა, დიდი ალბათობით. ქარქს-ნუიადან ჩამოსულებს მუდამ ირიბად უყურებდნენ. სორენს იქ არავინ მიიყვანდა.

აქამდე.

სიჩუმე გაჭიმულიყო მათ შორის და ახლაღა იგრძნო ნარამ, რომ სორენის მხრიდან გადმოღვრილ სითბოს გრძნობდა. მის სხეულზე გაუშტერდა მზერა, შავი მაღალყელიანი მაისურით დაფარულ მკერდზე, ნელა რომ იწეოდა და ეშვებოდა.

დაღლილობა მოერია ნარას, თვალები ეხუჭებოდა. ანაზდად წამოუარა სურვილმა, რომ უფრო ახლო მიჩოჩებულიყო კაცის სითბოსთან.

‘ის ხალხი… სამარა და რეჯინალდი.’ დაიწყო ანაზდად სორენმა და თვალები ჭყიტა ელვის სისწრაფით ნარამ. ‘დიდი ხანია იცნობდი?’

‘წლებია. რაც აქ გადმოვედი.’

‘გეხმარებოდნენ.’

‘კი, სამარა მივლიდა. რეჯინალდიც.’ თქვა ნარამ.

კვლავ რეჯინალდის ცეცხლმოკიდებული სხეული წარმოუდგა თვალწინ. მხრჩოლავი კვამლი, დამწვარი ქონის ამაზრზენი სუნი და ბრბოს ყურისწამღები ღრიალი.

თვალები დახუჭა.

‘სამარას გარეშე არ უნდოდა ცხოვრება.’ თქვა ბოლოს.

‘ერთად იყვნენ?’

‘კი, სულ. ერთად ცხოვრობდნენ.’

‘გამანაყოფიერებელთან ცხოვრება არ შეიძლება.’ თქვა სორენმა.

რატომღაც უმისამართო, ანაზდეული ბრაზი მოაწვა შუბლში ნარას. სახეზე წამოახურა, ხელები უსიამოვნოდ უფეთქავდა. 

‘სამარა მარტო გამანაყოფიერებელი არ ყოფილა.’ თქვა მკვახედ.

‘ხმები დადის რეჯინალდის ბოლო სიტყვებზე.’ თქვა სორენმა. ‘ცდილობენ ჩაფარცხონ, მაგრამ… ძალიან ბევრი ხალხი იყო იმ დღეს ბინგემზე.’

‘დადიოდეს. მაინც არაფერი გამოვა.’

‘რა უნდა გამოვიდეს?’

მოუყრუა ნარამ.

‘შენ ეთანხმები? მის სიტყვებს.’

‘რა გგონია, რაკი ამდენი ხალხი შიშსა და სიკვდილს შეაგუე, რომ ერთ დღეს ტვინს არ გაგასხმევინებენ?’ თქვა სორენმა და წამის მეასედიც კი არ დასჭირვებია ნარას, რომ რეჯინალდის სიტყვები ეცნო, გაშეშდა მყისიერად. ‘რამდენი მოკალი, რომ დაგედუმებინა? გატყუებენ, არ არსებობს იფლიჰემი!’

ხმას არ იღებდა ნარა, გაოცებული შესცქეროდა.

‘ვეთანხმები თუ არა არ აქვს მნიშვნელობა.’ თქვა სორენმა.’ მთავარია ხალხი რას ფიქრობს.’

‘ვიცი რას ფიქრობს ხალხი.’ უთხრა ნარამ. ‘მე მაინტერესებს შენ რას ფიქრობ.’

მე ვფიქრობ რომ რეჯინალდი ძალიან ჭკვიანი იყო.’ თქვა სორენმა. ‘სამარას სიკვდილმა ცოტა ჭკუაზე შეარყია, მაგრამ ისეთი რამის გაკეთება მოახერხა, რაც აქ ერთეულებს გამოსვლიათ მარტო.’

‘რისი?’

‘სიკვდილი დასაწყისად აქცია.’ თქვა სორენმა. ‘რამდენი კვდება ყოველდღე და არც არავის აინტერესებს. არც უნდა აინტერესებდეს. აქამდე იგაზან-ლას სიცოცხლეში იყო დამალული სიკვდილი. ეს კი სულ სხვა რამეა. რა არ გამიგია, მაგრამ ამდენი ხალხის წინ ასეთი სიტყვით გამოსვლა არასოდეს.’

ბინგემის მოედანზე ქალის ქანდაკების გაბზარული შავი მარმარილო წარმოუდგა თვალწინ ნარას.

მარტო ქანდაკებისათვის არ მიუყენებია ბზარი რეჯინალდს.

 სამარამ ვერ გაუძლო იგაზან-ლას. რეჯინალდი კი საკუთარი თავგანწირვით იგაზან-ლას წინააღმდეგ წავიდა.

ნიკაპის ქვეშ მაგრად ჩაიხვია საბანი ნარამ. გული გამალებით უცემდა და ძალიან ეწვოდა მომუშტული ხელები.

სორენის მზერა იგრძნო.

და მქრქალი სევდაც, რომელიც საკუთარ მღელვარებას შერეოდა.

რატომღაც სულ არ გრძნობდა სიცივეს, სხეულის გაქვავებასა და შიშს, რომელიც მის ჩვეულ მღელვარებას მუდამ თან დასდევდა. თბილი იყო ეს მღელვარება, ისეთივე თბილი როგორც მის გვერდიდან მომავალი სითბო. 

თვალები გაახილა.

კაცი უყურებდა და მქრქალ ლურჯ სინათლეში ძალიან ღრმა, გადაგლესილ ზღვას მიუგავდა თვალები.

‘თავშესაფარში რომ ვიყავი, ერთი მომვლელი გვყავდა.’ თქვა მან. ‘არ ვიცი რა ერქვა. მგონი სახელიც არ ჰქონდა, კოდი მხოლოდ. გვივლიდა, გვაჭმევდა, რამდენი ჭრილობა გაუკერია ვერც დავთვლი. პატარა გოგოებს თავს პარსავდა, ბიჭები რომ გონებოდათ. საპარსებს შლიდა და გვირიგებდა, თავდასაცავად.’

გაჩუმდა სორენი. თვალები გაუშტერდა.

‘მერე?’ ჰკითხა ნარამ.

‘ტიროდა ხანდახან.’ განაგრძო სორენმა. ‘იქამდე არ მენახა ტირილი. პირველად რომ დავინახე ვერც მივხვდი რა ხდებოდა. შენ გიტირია?’

‘ალბათ ოდესმე.’ თქვა ნარამ. ელვის სისწრაფით გადაქექა მოგონებები. ‘არ მახსოვს.’

‘არც მე. ხშირად ტიროდა, თან ცდილობდა არ შეგვემჩნია. მცველები რომ მოდიოდნენ ზედ ჩამოეკიდებოდა, პატარებს მალავდა. ხანდახან არ გამოსდიოდა და გვერდით ოთახებში მიათრევდნენ მცველები პატარა გოგოებს. რამდენიმე ცოცხალი ვეღარც გამოვიდა იმ ოთახებიდან.’

გაცივდა ნარა, სუნთქვა შეეკრა. გული მძლავრად უცემდა, ლოგინში მოიკუნტა. ძალიან ეწვოდა ხელები.

წარმოედგინა თითქმის. ცივი, სტერილური თავშესაფარი, თავგადაპარსული ბავშვები, ლეიბების ქვეშ შეტენილი საპარსის პირები და კარში შემოსული მცველები, რომელთაც კედელივით ეღობებოდა მომვლელი.

მცველთა ცივი მზერა, რომელსაც მათ წინაშე აღმართული კედლისათვის ძირი გამოეთხარა.

იცოდა. ახსოვდა.

ის ბავშვები, რომ მიჰყავდათ. ახლაღა გამოჟონა მისი გონების გადარაზული კარების მიღმა მოგონებებმა. ყოველთვის შორს არ მიჰყავდათ. ხანდახან სულ ცოტა ხნით წაიყვანდნენ და აბრუნებდნენ.

ახსოვდა მის თავზე წამომართული მელოტი, ცისფერთვალება კაცი. რომელსაც საბედნიეროდ ვერ მოეხერხებინა ძალიან ახლოს მოსვლა.

მაგრად მომუშტა ამწვარი ხელები, შუბლში მოსწოლოდა სისხლი. ამაზე არ ფიქრობდა. არ უნდა ეფიქრა.   

‘რა მოუვიდა?’ ჰკითხა ბოლოს.

‘გამოცვალეს.’ თქვა სორენმა. ‘წაიყვანეს და ვიღაც სხვა მოიყვანეს. ახალი არ ტიროდა. არც გოგოებს პარსავდა თავებს.’

‘გამოცვალეს.’ გაიმეორა ნარამ. მკერდში მტკივნეული გული უცემდა. ‘არაფერია ადამიანი.’

‘მათთვის არაფერი იყო.’ თქვა სორენმა. ‘მაგრამ ჩვენ ვიგრძენით უმისობა. არ მენატრებოდა, არ ვიცოდი რა იყო მონატრება. მაგრამ ვგრძნობდი რომ რაღაც ისე არ იყო. და არც არასოდეს იქნებოდა.’

‘იცვლება ყველაფერი.’ თავისთვის ჩაილაპარაკა ნარამ.

სორენი უყურებდა, მაგრამ ვერ ხედავდა აშკარად. ალბათ კვლავ იმ ოთახში იყო, იმ ცივ, სტერილურ ოთახში, გრძნობდა მცველების მზერის სიცივესა და ხელისგულში ჩამალული საპარსის პირების ჩხვლეტას.

გაუბედავად გააპარა მისკენ ხელი, ამოსუნთქვაც კი ვერ გაებედა.

მკლავზე შეახო თითები და თვალები დაახამხამა სორენმა, და დაინახა ნარამ რომ მისმა შეხებამ გამოათრია იმ ოთახიდან.

‘იქ ნუ წახვალ.’ უთხრა მან.

‘არ წავალ.’ თქვა სორენმა. ‘კარგა ხანია არ წავსულვარ. ვიცი რომ არ ღირს.’

არ უპასუხა ნარამ, მაგრამ ხელი არ მოუშორებია მისთვის.

სორენი შეჰყურებდა.

‘გტკივა.’ თქვა უცებ.

მართლაც სტკიოდა ხელები ნარას. ხელები სტკიოდა, გადაღლილი კიდურებიც და თითოეული სევდით აღსავსე გულისცემაც.

‘ცოტა.’ უპასუხა მან.

ანაზდად კი, ისე რომ ვერც კი გაიგო რა ხდებოდა, ჩანავლდა ხელების უსიამოვნო, მწველი ფეთქვა. ჯერ ძლივს შესამჩნევი იყო სხვაობა, მერე კი ნელ-ნელა გაიკრიფა ტკივილი, ისეთი ყრუ და შეუმჩნეველი გახდა, თითქოს წყლის მძიმე, ბნელი საფარველის ქვეშ დანთქმულიყო.

გაფაციცებით გახედა სორენს ნარამ, რომელიც ჭერს აჰყურებდა. 

‘რა ქენი?’ ჰკითხა მან. 

‘არაფერი მიქნია.’ თქვა კაცმა. ‘უბრალოდ ასე გამოვიდა.’

სიჩუმე იდგა. და არსად იყო ტკივილი. გაიკრიფნენ ფიქრებიც.

თვალები დახუჭა ნარამ. ხელი უფრო უკეთ მოხვია სორენს მკლავზე და კანქვეშ არტერიის ფეთქვა იგრძნო.

და მალევე ძილმა მოსტაცა თავი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

სულშემხუთავი იყო გარშემო ადენილი ბდღვირი.

შახტის ოღროჩოღრო კედლებს, მიწაში გამოჩრილ დაწყვეტილ სადენებსა და წიგნებით დახუნძლულ თაროებს ჭერზე ჩამოკონწიალებული ნათურების მოყვითალო შუქი ანათებდა მხოლოდ. ყინავდა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები ნარამ, მხრები აიწურა. შორს, თაროთა რიგების მიღმა რამდენიმე ადამიანის სილუეტი ჩანდა.

თაროებზე გაუშტერდა მზერა ნარას.

წინა ღამე ღრმად, მკვდარივით ეძინა, გაღვიძებისას კარგა ხანი ვერ გაიგო, თუ სად იყო. რაღაც დაესიზმრა, ნაწყვეტები ახსოვდა მხოლოდ. თეთრად შეფეთქილი ოთახები, მჭახე თეთრი სინათლე, გადახვეული ფეხი, მეწამული ლაქები, რომელიც ნელ-ნელა გალღვა, ყინულოვან ღამეში გაიცრიცა, რომლის ცენტრშიც ცეცხლმოკიდებულ, მიწაზე ჩამოსული მზესავით  მოკაშკაშე სილუეტი იყო, გარშემო კი შავბნელ კუნაპეტად შემოხვეოდა მხრჩოლავი კვამლი.

მერე კი მხოლოდ ყველაფრის მომცველი მრისხანება ახსოვდა. მრისხანება და საშინელი, დაუძლეველი სევდა.

ოფლში გაღვრილს გამოეღვიძა. პირველად იმას მიხვდა, ლოგინში მწოლიარე და აქოშინებული, რომ მარტო იყო.

სორენი წასულიყო ღამე.

თითქმის მთელი დღე იწვა ნარა. წამლები დალია, მცენარეს წყალი დაუსხა და ჭამა, მერე კი ფანჯარაში გაჰყურებდა ნაცრისფერი ღრუბლებით დაფარულ ცის კამარას და მოფარფატე ფანტელებს, ნელ-ნელა რომ ასქელებდა მოწოლილი ღამის სუსხი.

ჩამქრალიყო მზის მქრქალი დისკო გალავნის მიღმა ჩამოწოლილ მწუხრში, როცა სორენი მოვიდა. მოვიდა და მოიტანა თან ღამისა და ყინვის სურნელი.

უყურებდა ნარა, სანამ ხელები დაიბანა და შეჭამა სორენმა. მერე კი უთხრა რომ უნდოდა რაღაც ეჩვენებინა. 

იგრძნო, რომ დრო იყო. ყველაფრის მერე, რაც მოხდა, სორენს უნდა სცოდნოდა ბიბლიოთეკის არსებობა. წიგნებზე იცოდა, დიდი ალბათობით წაეკითხა კიდეც, წიგნი თუ არა, რაღაც მსგავსი მაინც. 

უნდოდა ეჩვენებინა. რეჯინალდმა მათი გაცნობის შემდეგ მალევე მოიყვანა  ბიბლიოთეკაში.

ისიც უთხრა, რომ არსად კრინტი არ დაეძრა ამაზე, მაგრამ დარწმუნებული იყო ნარა, რომ სორენს აუცილებლად ეტყოდა.

არ უკითხავს კაცს, თუ რის ჩვენებას აპირებდა.

არც თავიდან და არც მაშინ, როცა კლუბის ცალკე ოთახში შევიდნენ. 

ხმა არ გაუღია, როცა ხალიჩა გადაათრია გვერდზე ნარამ და იატაკში ამოჭრილ პაწაწინა კარში ჩაძვრა, კიბეებს ჩაუყვა. და არც მაშინ, როცა მის გვერდით ჩამოხტა დერეფანში და წიგნის თაროებს შეავლო თვალი.

იქნებ იცოდა.

თუმცა არა, რომ სცოდნოდა, იტყოდა რამეს.

თვალები დაახამხამა ნარამ. იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა შორიდან.

როგორც კი გაიხედა, წამსვე მიაბრუნა სილუეტმა თავი.

ნიღაბი გაისწორა ნარამ, ქუდი უკეთ ჩამოიფხატა თავზე და სორენს მიუახლოვდა, წიგნის თაროს მოეფარა.

სორენი ყურადღებით ათვალიერებდა თაროებზე ჩარიგებული წიგნების ყდებს.

‘ეს ვეზუვია.’ უთხრა ნარამ. ‘ვეზუვის ბიბლიოთეკა.’

‘წიგნი მინახავს.’ თქვა სორენმა, დახეთქილ ყდებს გადაუსვა თითები. ‘ამდენი ერთად არასოდეს. აქაურობა როგორ იპოვე?’   

‘რეჯინალდმა მომიყვანა.’ უთხრა ნარამ.

’გასაგებია.’ თქვა სორენმა, ერთი წიგნი გადმოიღო. გადაშალა, გაყვითლებულ ფურცლებს ჩააცქერდა და ყდაზე მიმობნეული ვარსკვლავები და „ასტრონომია“ მოხვდა თვალში ნარას.

‘ათასობით წიგნი იქნება აქ.’ თქვა მან.

‘კი, ძალიან ბევრია. შახტა იქეთ კიდევ იტოტება, ბოლომდე არც მინახავს მგონი.’

სორენს არაფერი უპასუხია, წიგნს ჩაჰყურებდა.

მერე კი დაკეცა და ელვის სისწრაფით შეინახა გულისპირში, ვითომ აქაც არაფერიო.

თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა ნარა.

‘რას აკეთებ?’ ატყდა ის. ‘წიგნი გინდა გაიტანო?’

‘ჰო, რატომაც არა?’ დაუდევრად აიჩეჩა მხრები სორენმა. ‘რა, აქაცაა წესები და კანონები?’

‘არა, მაგრამ…’ დაიბნა ნარა. ‘წიგნი რომ ყველამ გაიტანოს რაღა გამოვიდა? რომ იპოვონ ბინაში?’

‘ვერ იპოვიან.’ თქვა სორენმა.

მაგრად დააჭირა ყბები ერთმანეთს ნარამ, გაფაციცებით მიმოიხედა. ახლომახლოს არავინ ჩანდა, ცოტა მოშორებით მათგან ზურგშექცევით იჯდა ვიღაც მაგიდასთან და კითხულობდა.

‘რატომ ხარ სულ ასეთი დარწმუნებული?’ დაისისინა მან. ‘არ იპოვიან, ვერ დაინახავენ, ვერ მოგვაგნებენ…’

‘იმიტომ რომ თუ რამე მოხდება აქ, მოხდება მოულოდნელად და ისე მალე, რომ ვერც კი იფიქრებ რომ შეიძლება მოხდეს.’ თქვა სორენმა. ‘მართლა გგონია რომ მე პირველი ვარ ვინც აქედან წიგნს გაიტანს? შენ არაფერი გაგიტანია?’

‘არა.’ წამსვე მოუჭრა ნარამ.

ძალიან კარგად ახსოვდა წიგნიდან ამოხეული ფურცლები, თავისი ინსტრუქციებით, რომელთა შეჭმაც მოუწია.

სორენმა წარბი აზიდა, მერე კი კვლავ თაროს მიუბრუნდა, სხვა წიგნი გადმოიღო.

ნარა მიტრიალდა. დერეფანს დაუყვა.

თაროებს შორის შეძვრა, ხელთათმანები გაიძრო და უაზროდ აარჩია რომელიღაც წიგნი, ისე რომ სათაურისათვის არც კი შეუხედავს. ცივ ბეტონზე ჩამოჯდა, წიგნი გადაფურცლა.

ბოლოს „დროის მოკლე ისტორიას“ კითხულობდა.

მაშინ კითხულობდა, როცა პირველად დაელაპარაკა სორენს მათი კავშირის დახმარებით. 

ვეღარასოდეს წაიკითხავდა იმ წიგნს. ვეღარ მიაგნებდა.

იჯდა გაუნძრევლად. რამდენიმე გვერდი ისე ჩაიკითხა, რომ ვერც კი გაიგო. არც დაამახსოვრდა რამე. იჯდა და უაზროდ აყოლებდა თვალს სიტყვებს.

ფიქრობდა. დასცქეროდა დროისაგან გაცვეთილ სტრიქონებს.

თვალები გაუშტერდა. ფურცლები გალღვნენ თითქოს, მათი მოყვითალო ლაქა გარშემო ჩამოწოლილ, მქრქალად განათებულ სიბნელეს შეერია, მასზე მოხვეულ მძიმე ნისლად იქცა.  

სამარას დალეწილი სხეული და ცარიელი თვალები წარმოუდგა თვალწინ. ისეთი ცარიელი და გაცრეცილი,  როგორც ფურცლები მის წინაშე.

ჟრუანტელმა დაუარა ზურგში, გააცია.

ალბათ არასოდეს ამოუვიდოდა თავიდან სამარას ცივი, უსიცოცხლო თვალები, სისხლი მის ფეხებშუა, რეჯინალდის აშიშხინებული ქონის სურნელი და მისი სულისშემძვრელი ყვირილი, სანამ ცეცხლმა შენთქა მისი ხმა.

იქნებ უნდა დაევიწყებინა. იქნებ უკეთესი იქნებოდა რომ სამარასა და რეჯინალდზე აღარასოდეს ეფიქრა, მათი შემზარავი დასასრული ამოეგდო თავიდან.

მაგრამ იცოდა, რომ ვერ შეძლებდა. სამარასა და რეჯინალდის მზრუნველობა შეიძლება დავიწყებოდა, მაგრამ მათი სიკვდილი ვერა.

ყველაზე უარესი ის გახლდათ, რომ მათი სიკვდილი გადაფარავდა მათთან ერთად გატარებულ დროს.

შეიძლება უკვე გადაეფარა კიდეც. რაღა აზრი ჰქონდა მათ სიცოცხლეს, ყველაფერს, რაც გაეკეთებინათ, თუ მხოლოდ საკუთარ სიკვდილს მოიტოვებდნენ უკან.

თვალები დაახამხამა ნარამ, მზერა დაეწმინდა. აღარ უნდოდა ამაზე ფიქრი, შეეცადა წიგნზე კონცენტრირებულიყო.

არც კი იცოდა, თუ რამდენი ხანი იჯდა, ადგილს მილურსმული, წიგნს ჩაჰყურებდა უაზროდ, სანამ გვერდიდან მომავალ სინათლეს ჩრდილი არ შეეპარა.

გაკრთა ნარა. ელვის სისწრაფით აიხედა.

პირველი რაც დაინახა, მის თავზე წამომდგარი ლანდის გვერდზე მიბჯენილი, ავტომატი იყო. ლულა მიწისკენ მიეშვირათ.

გაშრა ნარა. გაწყდა კავშირი და ისეთი ძალით შემოიჭრა შორეული გუგუნი მის სმენაში, რომ ყურები ასტკივდა.

ლანდის სახისაკენ ააპარა თვალი.

ჭუჭყიანი ნიღაბი ეკეთა კაცს. მქრქალ სინათლეში მუქი, გაფანჩული წარბების ქვეშ მიმალული თვალები ჰქონდა.

-გინდა რამე? – მოჭრა მან, კაცს დაჟინებით ასცქეროდა.

ესღა აკლდა. ხანდახან მოდიოდნენ მასთან ვეზუვში სხვა მკითხველები, ბოლოს ის შერყეული ჰელმარი მოეთრა მასთან.

მაგრამ ეს კაცი უბრალო მკითხველი არ იყო. ავტომატი ჰქონდა, ავტომატი კი მხოლოდ ულსტერზე ენახა. ეს კაცი კი ულსტერი ვერ იქნებოდა. მომცრო აღნაგობის იყო, მოჩაჩული, გაცვეთილი შავი ტანსაცმლის რამდენიმე ფენაშიც კი ძალიან გამხდარი ჩანდა. კიდემორღვეული ქუდი ჩამოეფხატა თავზე.

საიდან უნდა ჰქონოდა ავტომატი?

-ის ხარ ხომ? – ჰკითხა ანაზდად კაცმა და მაგრად მოუჭირა ინსტინქტურად წიგნს ხელები ნარამ.

-ვინ? – ჰკითხა მან.

-ის ქალი. -კაცმა ხმას დაუწია, მისკენ დაიხარა, ინტერესით დასცქეროდა. – ცეცხლის კაცთან იყავი. ბინგემზე.

-არა. – იუარა ნარამ.

-დამწვარი გაქვს. – ხელებზე მიუთითა კაცმა. – ცეცხლის კაცის გამო.

-არ მაქვს დამწვარი, ვიჩხუბე.

კაცი გასწორდა. ჩაცვენილ თვალებში დაბნეულობა გამოეხატა.

-შენ ხარ. – დაიჟინა მან და არ გამოჰპარვია ნარას, თუ როგორ მოსჭიდა ავტომატს ხელი. ლულა საბედნიეროდ კვლავ მიწისაკენ მიეშვირა. – არ მეშლება. წამომყევი.

-სად?

-წამომყევი, რაღაცა უნდა გაჩვენო.

-არსადაც არ წამოვალ. – მკვახედ მიუგო ნარამ, ყელში ამოუვიდა. ყურადღებით ადევნებდა კაცის თვალებსა და ავტომატს თვალს, ნელა წამოიწია ფეხზე და კმაყოფილებით შენიშნა რომ მასზე ცოტა მაღალი იყო, შეძლებდა ერთ-ორჯერ შემოერტყა მაინც თუ რამე სისულელეს დააპირებდა.

-წამოხვალ. – თქვა კაცმა. – თორემ აი იმას… ვისთანაც ერთად მოხვედი, ტვინს გავასხმევინებთ.

შიგნეული ამოუბრუნდა თითქოს ნარას, კიდურები დაეჭიმა. სორენს აქედან ვერ ხედავდა, მაგრამ წიგნებს შორის დატოვებულ ნაპრალებში წამსვე ჰკიდა თვალი მაგიდასთან მიმჯდარ სილუეტსა და მის კალთაში მოყვითალო სინათლეზე აპრიალებულ მომცრო პისტოლეტს.

კაცი კვლავ დაჟინებით შეჰყურებდა.

-არ ვიცნობ იმ კაცს. – თქვა ნარამ. – ისე დაემთხვა რომ ერთად მოვედით. არც კი დავლაპარაკებივარ.

-მაშინ შენ გაგასხმევინებ ტვინს თუ არ წამოხვალ. – დაუსისინა კაცმა.

ყბები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს ნარამ, კბილებმა გაიღრჭიალეს. სისხლი მოაწვა შუბლში.

-და რა უნდა მაჩვენო ასეთი? – ჰკითხა მან.

-ცეცხლის კაცის დანატოვარი. – თქვა კაცმა. სახე შეეცვალა, ჩაცვენილ ფოსოებში ჩამჯდარი თვალები ბრაზით აღარ უპრიალებდა. – წამოდი. გვჭირდები.

წიგნი დაკეცა ნარამ, თაროზე დააბრუნა.

ცეცხლის კაცის დანატოვარი.

არ შეჰპარვია იმაში ეჭვი, რომ რეჯინალდის სიტყვები ხალხში გავრცელდებოდა.

მაგრამ ჰელმარის ადრინდელი სიტყვები, რაღაც სასწაულით ამ კაცის ხელში მოხვედრილი ავტომატი და რეჯინალდის თავგანწირვა, რომელსაც უფრო მასიური აქციები და უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა, სულ სხვა რამეს ნიშნავდა.

გული ძალუმად უცემდა ნარას, საფეთქლები ასტკივდა. ცხელმა ოფლმა დაუცვარა ზურგი.

-წავიდეთ. – უთხრა კაცმა, თავი შახტის სიღრმის მიმართულებით აიქნია, ავტომატი მოიმარჯვა.

ხმა არ გაუღია ნარას, მითითება შეასრულა, სწრაფი ნაბიჯით დაუყვა შახტას. გზაჯვარედინს რომ მიუახლოვდნენ, სადაც შახტა სამად იტოტებოდა, მარცხნივ გაუხვიეო, მიანიშნა კაცმა.

მარცხნივ დაუყვნენ დერეფანს. ჯერ კიდევ აზიდულიყო გარშემო წიგნების თაროები, რომლებიც იქამდე გადაჭიმულიყვნენ, სადამდეც თვალი მიუწვდებოდა ნარას.

გვერდით გვირაბში გაუხვიეს. მერე კიდევ ერთხელ. გაქრნენ წიგნების თაროები, შემეჩხერდნენ ჭერზე გაჭიმული ნათურები, გაიცრიცა სინათლე და ვიწრო, სულშემხუთავ ლაბირინთად იქცა შახტა, უსასრულოდ იკლაკნებოდა. 

ყურადღებით იმახსოვრებდა თითოეულ მოსახვევს ნარა.

საკმარისად რომ გაერიდნენ მათ პირვანდელ ადგილსამყოფელს, სორენს გონებაში მისწვდა, და წამსვე გაწვა მათ გარშემო სიჩუმეში ჩაძირული ხიდი.

‘წადი.’ უთხრა მან. ‘ცოტა ხანი ვიქნები და წამოვალ.’

მერე კი, სანამ სორენი პასუხს გასცემდა, კავშირი გაწყვიტა.

სულაც არ აპირებდა რომ სორენი ამ ყველაფერში გაერია. ეჭვიც არ ეპარებოდა რომ საჭიროების შემთხვევაში ესენი ადგილზე მიახვრიტავდნენ.

ნახევარი საათი მაინც მიდიოდნენ.

ბოლოს კაცი შახტის ოღროჩოღრო რელიეფსა და მქრქალი ნათურის შუქში ჩამალულ, წვრილ რკინის კართან გაჩერდა. უჩვეულო, აშკარად ძველებური საკეტი ჰქონდა კარს, ციფერბლატით არ გაიღებოდა.

მაგრად დააბრახუნა ზედ კაცმა. ხუთჯერ მიყოლებით.

-გაიას მტვერი მოვა? – დაგუდული ხმა გაისმა კარის მეორე მხრიდან.

-წვიმა მოვა. – უპასუხა კაცმა.

დაიჭრიჭინეს ანჯამებმა და ღრჭიალით გაიღო კარი.

შედიო, ანიშნა კაცმა და ფრთხილად შეაბიჯა შიგნით ნარამ.

იქვე, კარის უკან სკამზე იჯდა მომცრო ფიგურა. ქვემოთ კი აშკარად კლდეში სახელდახელოდ გამოჭრილი საფეხურები მიიკლაკნებოდნენ, სწრაფი ნაბიჯით ჩაუყვა მათ ნარა. საფეხურთა ბოლოში კიდევ ერთი რკინის კარი აღმართულიყო.

-გააღე. – უთხრა კაცმა.

მძიმე, რუხ შუქჩრდილში ძლივს გაარჩია სახელური ნარამ, მთელი ძალით დააწვა და კარი ფრთხილად შეაღო.

მჭახე სინათლემ მოსჭრა წამიერად თვალი, მერე კი უზარმაზარი დარბაზი გადაიშალა მის თვალწინ. მომრგვალებული, გუმბათივით ჭერი, ოღროჩოღრო კედლები და ნაწილობრივ იატაკიც კი ვერცხლისფრად ალაპლაპებულიყო ჭერიდან ჩამოკონწიალებული ცისფრად მოკაშკაშე ნათურების შუქზე. დარბაზი რამდენიმე ნაწილად გაეტიხრათ აშკარად ხელით შედუღაბებული ფოლადის ფირფიტებით, ტიხრებთან ქაღალდებით, მინის ბოთლებით, ათასნაირი ხარახურითა და დანადგარებით გაძეძგილი მაგიდები ჩაერიგებინათ. იატაკზე სადენები, ბატარეები, დაფხრეწილი ქსოვილი და სხვადასხვანაირი ნაგავი ეყარა, ამ დომხალში კი ნაირნაირ უნიფორმებში გამოწყობილი ხალხი ირეოდა, გამაყრუებელი გნიასი იდგა.

მტკივანი თავი უფრო მეტად ასტკივდა ნარას.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას ელოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არა.

ორასი კაცი მაინც იქნებოდა. ამდენი ერთად მაღაროში ანდა ბინგემზე ენახა. როგორ შემოდიოდნენ? საწოლებს ვერსად ხედავდა, უნიფორმებს თუ გაითვალისწინებდა, ამათგან ნაწილი მაინც მუშაობდა სადმე. კლუბში ამდენი ხალხი ნამდვილად არ დადიოდა, მხოლოდ კლუბიდან რომ ასეთი მასიური მიმოსვლა ყოფილიყო, ულსტერს უკვე აღებული ექნებოდა ეჭვი და თუ აიღებდა, ვეზუვს გაანადგურებდა კიდეც. 

ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ის გახლდათ, თუ როგორ მოახერხა ჰელმარმა ამდენის ერთად შეყრა. ნუთუ ყველა ვეზუვიდან მოკრიბა აქ?

და როგორ მოახერხეს აქამდე ისე, რომ ამ ორასიდან არავის ჩაეკაკლა რამე ულსტერისათვის? ვერ წარმოედგინა ნარას, რომ ერთი მაინც არ დაყაჭავდა ყველაფერს ულსტერთან რამე ჯილდოს იმედით.

და რატომ არ ეშინოდა ამ ყველაფრის შუაში ყოფნის თვითონ?  

-მიდი! – დაუყეფა უკნიდან კაცმა, მსუბუქად ჰკრა ხელი. მწყრალად გახედა ნარამ, მაგრამ მაინც შეაბიჯა დარბაზში.

საბედნიეროდ მათკენ არავის გამოუხედავს. არც არავის შეემჩნია მათი მოსვლა.

დარბაზის შორეულ კუთხეში მიიყვანა კაცმა, მოზრდილ მაგიდასთან, რომელთანაც მსხდომნი გაცხარებით განიხილავდნენ რაღაცას.

-ჰელმარ! – დაიყეფა კაცმა, როცა მათ მიუახლოვდნენ. 

მაგიდასთან მყოფნი წამსვე მოტრიალდნენ, და ერთ-ერთში, მწვანე უნიფორმით შემოსილ და ცისფერთვალება კაცში ჰელმარი ამოიცნო წამსვე ნარამ, ის გიჟი, კარგა ხნის წინ რომ დაადგა თავზე ბიბლიოთეკაში ყოფნისას.

დანარჩენებმა ყურადღებით ახედ-დახედეს, ხელებზე დააშტერდნენ და ძალიან ინანა ნარამ ხელთათმანების გაძრობა.

-გამარჯობა, ნარა. – უთხრა ჰელმარმა. ნიღაბი არ ეკეთა, აწეწილი, ჟღალი წვერ-ულვაში და ასიმეტრიული პირი ჰქონდა. – მოხვედი.

-მომიყვანეს. – თქვა ნარამ, ავტომატისაკენ მიუთითა, მის გამცილებელს რომ ჩაებღუჯა ხელში.

-შენ იყავი ცეცხლის კაცთან. – განაცხადა ჰელმარის გვერდზე მჯდომმა, ახალგაზრდა ქალმა. თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა. – როგორი იყო?

-რა? – ჰკითხა ნარამ.

-ცეცხლი. – თქვა ქალმა.  

არაფერი უპასუხა ნარამ, შეხვეული ხელები ჯიბეში ჩაიწყო. არ უნდოდა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცია.

-ჩარლი, ნუ ეკითხები სისულელეებს. – მიუტრიალდა ჰელმარი.

-მაინტერესებდა. – წაიბურდღუნა ჩარლიმ. – იცნობდი ხომ? – მოაყოლა მან.

-იცნობდა რომელია! – ჩაერთო კიდევ ერთი. – სულ ერთად დადიოდნენ!

მისკენ მოატრიალა მზერა ნარამ. ორიოდე წამი დასჭირდა, რომ ფელიქსის დამქაშებიდან ერთ-ერთი ეცნო. ბრუნო იყო, მაღაროში რომ დასდევდა და კინაღამ წერაქვი რომ დააჭედა.

ხელები მაგრად მომუშტა ნარამ. ოდნავი წვა იგრძნო. ეს ნაბიჭვარი რაღას აკეთებდა აქ? ფელიქსიც გამოტყვრებოდა ალბათ საიდანმე.

-რა გინდა? – მიუბრუნდა ჰელმარს. – რისთვის მომათრიეთ?

-წამოდი. დავილაპარაკოთ. – თქვა ჰელმარმა, ფეხზე წამოდგა.

უკან მიჰყვა ნარა, კინაღამ სადენებს წამოედო. ზურგზე გრძნობდა სხვების მწველ მზერას.

ესღა აკლდა. გასასვლელისაკენ გააპარა თვალი, მაგრამ იცოდა, რომ ვერ მიაღწევდა იქამდე. ახლაღა შეამჩნია, რომ დარბაზში მოხეტიალეთაგან რამდენიმეს მომცრო პისტოლეტი ეჭირა.  

გვერდით ოთახში შეიყვანა ჰელმარმა. კარი მათ უკან მძიმე ბათქით დაიხურა.

ერთი მოზრდილი მაგიდა იდგა შიგნით, რომლის გარშემო სკამები შემოეწყოთ. მარცხნივ ყუთებით სავსე დაჟანგული თაროები იდგა, კედლები, ჭერი და იატაკი კი ვერცხლისფრად ციმციმებდა, ზუსტად ისე, როგორც დარბაზში. მოპირდაპირე კედელზე მომცრო დაფა ეკიდა, იქვე ორი ადამიანი იდგა, რაღაცას ხაზავდნენ ზედ.

მათკენ არ მობრუნებულან.

-დაჯექი. – უთხრა ჰელმარმა, სკამზე მიუთითა.

ნელა ჩამოჯდა ნარა. ხელები მაგრად მოემუშტა ჯიბეებში, გამალებით აცეცებდა დაფას მდგომ სილუეტებს, ჰელმარსა და კარს შორის თვალებს.

-რა გინდა?  – გაიმეორა მან, როცა ჰელმარი მის წინ ჩამოჯდა.

-მინდოდა დაგლაპარაკებოდი. – უთხრა კაცმა.

-მე ვერაფრით დაგეხმარები. ტყუილად მომათრია იმ შენმა ავადმყოფმა იდიოტმა აქ.

-დიდხანს არ დაგაკავებ. – გაუღიმა ჰელმარმა. – ლაზარეს… იმ კაცს, აქ რომ მოგიყვანა, ხანდახან ზედმეტი მოსდის.

-დამემუქრა, ტვინს გაგასხმევინებო. – კბილებში გამოსცრა ნარამ.

ჰელმარს გაეცინა.

-ვერაფერს იზამდა. – თქვა მან. – ჩვენ შორის დარჩეს და ჯერ ტყვიების პრივილეგია არ აქვს.

მოიღუშა ნარა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

ესე იგი ასეთი წესებიც ჰქონდათ.

რად უნდოდათ ავტომატები? საიდან იშოვეს?

წარმოუდგენელი იყო ამის გაფიქრებაც კი, მაგრამ ალბათ მართლაც აპირებდა ჰელმარი გადატრიალების მსგავს რამეს.

-რეჯინალდს იცნობ. – თქვა კაცმა.

-რეჯინალდი მოკვდა. – ჩაილაპარაკა ნარამ, თვალი აარიდა.

-თან როგორ. – თქვა ჰელმარმა, გაუცინა.

ზიზღის აუტანელი ტალღა მოაწვა ნარას.

-ავადმყოფი ხარ. – დაუსისინა მან. – რას აკეთებ? გგონია რამე გამოგივა?

გამომეტყველება შეეცვალა ჰელმარს, ღიმილი ელვის სისწრაფით ჩამოერეცხა სახიდან. ძალიან ცივი ჰქონდა თვალები. 

-უნდა გამოვიდეს. სხვა არჩევანი არ გვაქვს. სულ ასე გინდა ყველაფერი იყოს?

-მე რა მინდა… ვის რა უნდა არა აქვს მნიშვნელობა. – თქვა ნარამ.

-აქვს. – მისკენ წამოიწია ჰელმარი, ნაკვთები მოეგრიხა, ნიკაპი აუთრთოლდა. – აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მხოლოდ ზოგ-ზოგიერთების სურვილებს აქვთ მნიშვნელობა. ეგ ნორმალურია? აქედან ვერავინ რომ ვერ მიაღწევს იფლიჰემამდე და იმ ძირგამომპალ მაღაროებში ამოხდება სული?      

ნარას ხმა არ გაუღია. უკან გადაიწია ჰელმარი, დაჟინებით, ნიშნისმოგებით შესცქეროდა.

-ვიცი რაც გაიტანე აქედან. – უთხრა მან. – მინდა რომ მოგვცე.

უსიტყვოდ შეაცქერდა ნარა. მთელი სხეული დასჭიმვოდა, უსიამოვნოდ სცემდა პულსი საფეთქლებში. გრძნობდა, თუ როგორ მიჰკვროდა ზურგზე ოფლისაგან ნოტიო ტანსაცმელი.

ასაფეთქებელი მოწყობილობები უნდოდა ჰელმარს. და აშკარა გახლდათ რომ ამ მოზრდილ სამალავში აწყობილი ასაფეთქებლების გამოყენებას მხოლოდ საკეტების გამომტვრევისა და წვრილმანი ძარცვისათვის არ აპირებდა. ბევრად უფრო დიდი, გრანდიოზული გეგმები ჰქონდათ აქ.

მთელ ძვლების რაიონს და შეიძლება იგაზან-ლასაც უპირებდნენ დაქცევას.

ალბათ დიდი ხანი გახლდათ, რაც გეგმავდნენ ამ ყველაფერს. რეჯინალდის თვითმკვლელობამ კი ცეცხლი შეუნთო მათ შემართებას.

უაზრო, საფუძველს მოკლებულ შემართებას, რომლის მიღმა მხოლოდ სასჯელი ელოდათ.

ისეთი აბსურდი იყო ეს ყველაფერი, რომ კინაღამ გაეცინა ნარას.

-აღარ მაქვს. – თქვა ბოლოს.

-არა, არა, იტყუები. – მიუგო ჰელმარმა, საფეთქელთა მიიტანა თითი. – აქ გაქვს.

-რაც გაქვს ის არ გყოფნის? – მიუგო ნარამ.

-არ მყოფნის აშკარად. – თქვა ჰელმარმა.

-და უარი რომ გითხრა? – ჰკითხა ნარამ. დაჟინებით შესცქეროდა.

ჰელმარმა ხელები გაშალა, მხრები აიჩეჩა.

-მე ულსტერი არ ვარ. – თქვა მან. – არც ვაპირებ ვიყო. 

-ესე იგი არაფერს იზამ.

-შეიძლება ეგრეც ითქვას. – თქვა ჰელმარმა. სახეზე კვლავ უდარდელი გამომეტყველება გამოეხატა, ოდნავი ღიმილი შეეპარა მის ნაკვთებს. -აბა?

-ვერაფერს მიაღწევ. – უთხრა ნარამ. – ტყუილად ცდილობ. რა გგონია, როგორ დაასრულებ?

-ვიცი როგორც დავასრულებ. – ჩაილაპარაკა ჰელმარმა. – მე დიდი ხანია მკვდარი ვარ, ნარა. არასოდეს მიცხოვრია.

პირი დახურა ნარამ. წამიერად არც კი იცოდა თუ რა ეთქვა.

-და სხვები? – ამოღერღა ბოლოს.

-სხვებს უცხოვრიათ? – ჰკითხა ჰელმარმა.

-როგორც შეგვიძლია, ისე ვცხოვრობთ ყველა. – თქვა ნარამ.

-ეგ უნდათ სწორედ. – თითი მიუშვირა ჰელმარმა. – სადამდე მოვედით ხედავ? ვზივართ ლენჩებივით, სუფთა წყალი და საჭმელი გვენატრება. როცა გშია, გწყურია, გტკივა და იყინები, რა ჯანდაბად გინდა თავისუფლება? მორიგ ლუკმას ელოდები და მეტს არაფერს. იმასაც გკარნახობენ, რა უნდა გინდოდეს. გეუბნებიან, როდის უნდა იყო საკუთარი თავით კმაყოფილი. ფიქტიურ ბედნიერებას გთავაზობენ და უნდა დაკმაყოფილდე. ტყუილია ეს ყველაფერი, გესმის? ხომ გაიგონე ცეცხლის კაცმა რა თქვა?

-ყველაფერი გავიგონე. – ამოღეჭა ნარამ. რეჯინალდის გულისგამგმირავი ბღავილი და ქონის შიშხინი ზარივით რეკდა მის თავში.  

ძვლებიდან ჩამომდნარი სახე. საშინელი, მხრჩოლავი, სულშემხუთავი კვამლი.

რეტი დაესხა. ცივმა ოფლმა გამოჟონა შუბლზე.

-მერე? – ჩაეკითხა ჰელმარი.

არაფერი უპასუხა ნარამ. მაგიდას ჩაჰყურებდა. არც კი იცოდა, თუ რას ელოდა მისგან ჰელმარი.

კაციც დუმდა. თითები მაგიდაზე დააკაკუნა.

მერე კი წამოდგა ანაზდად, სკამმა ხმამაღალი ღრჭიალი გაიღო იატაკზე.

ინსტინქტურად ფეხზე წამოვარდა ნარა, მისი სკამი ხმამაღალი ზათქით დაენარცხა ძირს.

ჰელმარს მისკენ არც კი მოუხედავს. დაფასთან მდგომნიც კი არ იბერტყავდნენ ყურს.

თაროებს მიუახლოვდა კაცი, მერე კი  ყუთიდან რაღაც ამოაძვრინა, ნარას გადმოუგდო. ძლივს დაიჭირა ნივთი ჰაერში ქალმა. მუქი, დეტონატორის მსგავსი მოწყობილობა იყო, რამდენიმე ღილაკით, რასაც წვრილი სადენით უერთდებოდა მომცრო, მომრგვალებული მეტალი.

-პატარა როა, ყურში უნდა ჩაიდო. – უთხრა ჰელმარმა. – მეოთხეზე უნდა დააყენო. თუ გადაიფიქრებ, მითხარი.  

მოიღუშა ნარა. მოწყობილობა წამსვე ჩაიჯიბა.

რადიო იქნებოდა. ამაზე წაეკითხა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ იგაზან-ლაში მსგავსი რამ ჯერ კიდევ არსებობდა.

-ასე ლაპარაკობთ ესე იგი. – თქვა მან.

-გვიწევს. – უთხრა ჰელმარმა, კარისაკენ მიუთითა. – წადი.

ბოლო მზერა შეავლო მასა და კედელზე ჩამოკიდებულ დაფასთან მდგარ ორ სილუეტს ნარამ.

მოეთავებინა იმ ორს დაფაზე ხატვა. ზედ წრე გამოესახათ, დაკლაკნილი ხაზებით დაყოფილი, რომელიც წრის შუაგულში მოხაზულ პაწაწინა წრეწირს უერთდებოდა.

მიტრიალდა, კარი გააღო და ჩხაკუნით მოიხურა ზურგსუკან.

დარბაზი სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა, ფრთხილად მიაბიჯებდა, რომ სადენებს არ წამოდებოდა. ყურადღება, რაც აქამდე მიიქცია ყოვლად საკმარისი გახლდათ.

დარბაზის გამაყრუებელი ყაყანი უკან მოიტოვა, კიბეებზე აირბინა. კიბეების თავში სკამზე მჯდარმა კაცმა თვალი გამოაყოლა, მაგრამ მზერა არ გაუსწორებია მისთვის ნარას.

ძლივს გაიკვლია გზა სამალავამდე გადაჭიმულ ლაბირინთში. რამდენჯერმე უკან მოუწია გაბრუნება და სხვა მიმართულებით წასვლა, როცა გზა აებნა.

მიდიოდა, სწრაფი ნაბიჯით, შუა გზაზე ქოშინი აუტყდა. საშინლად, გასკდომამდე სტკიოდა თავი, ხელებიც ეწვოდა.

ვეზუვის ბიბლიოთეკა მკვირცხლად ჩაიარა, მერე კი კლუბში აძვრა.

თითქმის სირბილით გადაჭრა კლუბი. სული მოეხუთა, ძლივს ამოისუნთქა, როცა გარეთ გააღწია, ხარბად ჩაყლაპა სუსხიანი, ლურჯი ღამით აღსავსე ჰაერი.

რუხი ღრუბლებით დაფარული ცის კამარიდან ნებივრად მოფარფატებდნენ ფანტელები და ტროტუარებზე უამრავი ადამიანი ირეოდა, როგორც ყოველთვის, კლუბიდან გამოსულ დაგუდულ მუსიკას ქუჩის ბოლოში ბუნკერთა ბრახუნისა და ჩხუბის ხმა შერეოდა. ჰოლოგრამები ახალ ამბებს გადმოსცემდნენ, გამომცხადებელთა იდეალურად სიმეტრიული სახეები ცათამბჯენთა შეჭირხლულ მინებზე არეკლილიყო.

რეჯინალდის ფიგურა წარმოუდგა თვალწინ ნარას, მისი ჰოლოგრამების ანარეკლი, გამეტებით რომ ურტყამდა ქანდაკების კვარცხლბეკს ჩაქუჩს.

გააცია. სული მოითქვა, მაგრამ უკვე შემოეძარცვა მისი სხეულის სითბო ყინულოვან ჰაერს, მის ნოტიო ტანსაცმელში გამჯდარიყო.

კლუბის შესასვლელს მოსცილდა ნარა, იქვე მიეყუდა კედელს.

მერე კი შეამჩნია.

მისგან მარჯვნივ, ოციოდე მეტრში შენობის ჩრდილში მიეთრია მოტოციკლეტი სორენს, ზედ იჯდა.

იჯდა და უყურებდა.

სუნთქვა ყელში გაეხირა ნარას.

და ჩაქრა გარშემო ატეხილი გნიასი. გაქრა რეჯინალდის ანარეკლი და საშინელი, სულმომხუთავი დაღლილობა.

სორენი სულ ახლოს იყო. და შესცქეროდა. ელოდა.

‘რატომ არ წახვედი?’ ჰკითხა ნარამ.

‘მინდოდა დაგლოდებოდი.’ უპასუხა სორენმა. ‘რა მოხდა?’

მის ცივ ცისფერ სინათლეზე აპრიალებულ თვალებს შესცქეროდა ნარა. გული მოეწურა, ერთიანად გამოუშრა პირი.

რადიოს მაგრად მოუჭირა ჯიბეში ხელი. თითისწვერებში უსიამოვნო იყო პულსაცია.

‘ჯერ არაფერი.’ ჩაილაპარაკა მან. ‘მაგრამ მოხდება.’

‘რა ნახე?’ ჰკითხა სორენმა.

ორიოდე წამი ხმა არ გაუღია ნარას. გამალებით ფიქრობდა, თუ რა უნდა ეპასუხა.

ეთქვა ყველაფერი თუ არა.

‘ზრეაში რომ მაჩვენე.’ თქვა ბოლოს. ‘რაღაც ეგეთი.’

ოღონდ ვეზუვის ქვემოთ მყოფი წარსულის გადმონაშთი თუ შედეგი ჯერ სუდარით არ დაეფარათ.

ესეც დროის საკითხი გახლდათ ალბათ.

რაც ძალიან კარგად იცოდა ჰელმარმა. იცოდა, თუ რა ელოდათ მოღალატეებს. მაქსიმუმ იმისათვის მიეღწია რომ გულაამის წინაშე დახვრეტდნენ. და ამ ყველაფერს ბევრი შეეწირებოდა, შეიძლება იმაზე მეტიც, რამდენიც ბინგემზე ჩაეცხრილა ულსტერს.

ესეც მშვენივრად იცოდა ჰელმარმა.

მაგრამ მაინც წამოეწყო ეს საქმე. ხალხი მოეყვანა, საიდანღაც იარაღი მოეპარა. ან ულსტერს ჰპარავდა მომარაგებას, ანდა მცველებს. შემდეგი კი ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო.

ალბათ ულსტერის წინააღმდეგ სჭირდებოდა. იქნებ მიაგნო ულსტერის ადგილსამყოფელს, იმ წყეულ საპყრობილეს, სადაც ცოტა ხნით ამოჰყო თავი ნარამ. იქნებ იმ ციხის, და მასთან ერთად ულსტერის მთელი დივიზიის მიწასთან გასწორება უნდოდა.

სიგიჟე, წარმოუდგენელი სიგიჟე.

მაგრამ აშკარად დროის საკითხი იყო ეს ყველაფერი. ოდესღაც უნდა მომხდარიყო. ძირს უთხრიდა შიმშილი და ტანჯვა იგაზან-ლას მუდმივობას.

გადატრიალებას ორი გამოსავალი ექნებოდა მარტო. ან ტრიუმფი, ანდა მარცხი, რომელიც სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი გახლდათ.  

სასიკვდილო განაჩენს კი მხოლოდ თავიკაცებს არ გამოუტანდნენ. რამდენნაირი დანაშაული არ ენახა ახალ ამბებში ნარას, მაგრამ მათ უმრავლესობას ძარცვა და გაქცევის მცდელობები წარმოადგენდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, ულსტერს რომ გაეგო ჰელმარის მიერი მოწყობილი ბუნტის შესახებ, მთელი ლერვიქენი აგებდა პასუხს.  

სორენის მიმართულებით გალასლასდა, შუა გზაში მუხლები მოეკვეთა ნარას, კედელზე ჩაცურდა და ჩაჯდა გაყინულ მიწაზე. თვალები გაშტერებოდა და რაღაცას გაჰყურებდა შორს, უაზროდ.

გარშემო სიჩუმე ჩამოწოლილიყო, რომელსაც მხოლოდ ბუნდოვნად ჰკვეთდა ოდნავი მუსიკის ხმა, მაგრამ მის მტკივან თავში აზვირთებული ფიქრები საშინელი ძალით ეხეთქებოდნენ აქეთ-იქით.

რეჯინალდის ცეცხლმოკიდებულ სხეულს ხედავდა, საშინელი, ამაზრზენი, დამწვარი ყელიდან ამოხეთქილი ბღავილი ესმოდა და მაგრად დახუჭა თვალები, თავი მუხლებში ჩარგო.

ყინავდა, სასტიკად.

მერე კი, ანაზდად,  შეხება იგრძნო მხარზე.

გვერდით მოუჯდა თბილი სხეული და მასში დაიღვენთა აკივლებული ფიქრების კაკაფონია.

თავის ტკივილი გაუნელდა ნარას, ნელა გაახილა თვალები.

სორენი ჩამომჯდარიყო მის გვერდით. მკლავები მუხლებზე გადაეგდო, ნიკაპი აეწია და იჯდა, გაუნძრევლად.

თვალი აარიდა ნარამ, თან გრძნობდა, თუ როგორ ჩაიბჟუტა მასზე მოხვეული მჩხვლეტავი სუსხი.

ჰოლოგრამები ცისფრად ციმციმებდნენ მოშორებით და მათ თავზე უდარდელად მოფარფატებდნენ ნაცრისფერი ფიფქები.   

One thought on “ცოცხალი ჟანგი (თავი 10)

  1. ძალიან საინტერესო თავი იყო, როგორც ყველა წინა თავი. სორენი კი რაღაცას მალავს მაგრამ არამგონია ამან ნარას ზიანი მიაყენოს. არ ვიცი არ მინდა შევცდე.
    ვნახოთ რა მოხდება აბა❤️გელოდი და გამიხარდა რომ ახალი თავი გამოქვეყნე.❤️

    Like

დატოვე კომენტარი