ცოცხალი ჟანგი (თავი 9)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეცხრე თავის თემა

IX – In Your Eyes

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

კარგა ხანი იჯდა ნაგვის ბუნკერის გვერდით ნარა, სანამ მის აზვირთებულ, წამლეკავ ფიქრებს მასზე დაფენილი თოვლისა და ჩამოწოლილი ღამის სიმძიმე არ დაემატა.

გამალებით უსმენდა, ყურებდაცქვეტილი, ქუჩაში თითოეულ გაფაჩუნებას, მაგრამ ლერვიქენის ჩვეული ჩოჩქოლის, ახალი ამბების დუდუნისა და ელექტრონული მუსიკის მეტი არაფერი ისმოდა. შორს ჩაკარგულიყო ულსტერის ფურგონის ძრავის გუგუნი და იმ ბარმენის სასოწარკვეთილი ხმა, შველას რომ ითხოვდა. 

და თითქოსდა თან გაეყოლებინა ყველაფერი, რაც იმ ბარმენს აკავშირებდა კლუბთან.

რადგან არაფერი შეცვლილიყო. წაიყვანეს ბარმენი და ჰაერში გაიცრიცა მისი სასოწარკვეთილი ხმაც და მისი არსებობაც.

თითქოს არც არასოდეს ყოფილიყო აქ.

და უამრავი ასეთი შემთხვევა ახსენდებოდა ნარას.

თავშესაფარში, როცა ჯერ ერთი ზედამხედველი წაათრიეს შუაღამეს, მერე კი მის გვერდით გაშლილი ლეიბიდან აიტაცეს ვიღაც პატარა გოგო.

კიდევ ბევრი ბავშვი წაიყვანეს და წარმოდგენა არ ჰქონდა ნარას, თუ სად მიჰყავდათ.

ანდა როგორ ირჩევდნენ მათ.

მაღაროდან იშვიათად, მაგრამ მაინც მიჰყავდა ულსტერს მაღაროელები, მცველები თუ ზედამხედველები.

მერითის წინამორბედი, ელნური ერთ დღესაც უგზო-უკვლოდ გაქრა. არავის ეპარებოდა ეჭვი მაღაროში, რომ ამაში ულსტერის ხელი ერია.

სასწრაფოდ გამოძებნეს მერითი და აღარავის დაუსვამს ზედმეტი კითხვები ელნურზე.

ერთ დღეს მატარებელი გააჩერა კიდეც ულსტერმა რომ მეზობელი ვაგონიდან ვიღაც აფართხალებული ქალი წაეყვანა.

მიტინგების თავიკაცებზე, გიდეონზე, ასტრიდსა და ვულფზე დღემდე ჩურჩულებდნენ მაღაროში.

მიჰყავდა ულსტერს ხალხი და უკან არ აბრუნებდა.

მიდიოდა ხალხი და ხანდახან ულსტერიც არ გახლდათ საჭირო იმისათვის, რომ უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ.

სამარა და რეჯინალდი. სულ რაღაც რამდენიმე წამი დასჭირდა იმას, რომ აღარ ყოფილიყვნენ, ჩამდნარიყვნენ არარსებული წარსულის გაუვალ ბურუსში, რომელშიც ბუნდოვნადღა ჩანდნენ გახუნებული მოგონებები.  

და ისე გრძელდებოდა ცხოვრება, როგორც ადრე.

თუმცა არა. უბრალოდ აგრძელებდნენ ცხოვრებას, როგორც ადრე. გამქრალ ადამიანთა ცარიელ ადგილას გაჟონავდა თითქმის შეუმჩნევლად სხვების სახეები, სხვების ჯაფა, სხვებთან გაჩენილი მოგონებები და ისე ივსებოდა ის ადგილი, თითქოს არც არასოდეს ყოფილიყო ცარიელი. 

ნუთუ ამასღა ნიშნავდა არსებობა? ნუთუ მისი, როგორც ინდივიდის არსებობა არაფერს ნიშნავდა და მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად და ადვილად შეძლებდნენ მისი ადგილის შევსებას?

რადგან აღარაფერს ნიშნავდა საბოლოოდ იმ ბარმენის ცხოვრება, ულსტერმა რომ სულ ცოტა ხნის წინ წაათრია. ჰაერში მოფარფატე, მყიფე ფიფქი გახლდათ, რომელიც მიწაზე დაშვებისთანავე გალღვა, ქუჩის ტალახს შეერია.

იმით განისაზღვრებოდა არსებობის მნიშვნელობა, თუ რამდენად დაირღვეოდა ადამიანის გარეშე მის გარშემომყოფთა ცხოვრება.

არა. ეგოიზმი იყო ეს მხოლოდ და მეტი არაფერი.

ტანში გასცრა ნარას. ასეთი აზრებისათვის ადგილზე მიახვრეტდა ულსტერი. 

„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“

იგაზან-ლაში ერთადერთი ასეთი ადამიანი, ვისი სიკვდილისას გადატრიალება მოხდებოდა, ალბათ გულაამი გახლდათ.

რაიონებისა და ულსტერის თავიკაცების, სოგდალის, ქარქს-ნუიასა და ჰოლმის გაქსუებული მდიდრების არსებობაც ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ.

მაგრამ გულაამს, იფლიჰემში მოკალათებულ გულაამს ვერავინ გაუტოლდებოდა.

გულაამი, რომელიც მუდამ უცვლელი, იგაზან-ლას დამაარსებელი თავიკაცი გახლდათ.

მისი სახე წარმოუდგა თვალწინ ნარას, მისი უნაკლო, უაღრესად სიმეტრიული სახე და ცივი ცისფერი თვალები, მისი მოღმეჭილი ნაკვთები, როცა სადარუთის რაიონის მოღალატეებს, აქედან გაქცევისათვის რომ ნავს აგებდნენ, სიკვდილით სჯიდა სულ ცოტა ხნის წინ იფლიჰემთან.

 თვალები გადმოეკარკლა, თითოეული კუნთი გაუშეშდა. უფრო მაგრად მოუჭირა მკლავები მუხლებს.

რაც თავი ახსოვდა, გულაამის სახე არასოდეს იცვლებოდა. ყოველთვის ისეთივე უაღრესად სიმეტრიული ნაკვთები, ცივი და გოროზი გამომეტყველება ეკერა სახეზე. მუდამ ერთნაირად ეცვა, როცა ახალ ამბებში ჩნდებოდა.   

უნდა ეკითხა სამარასა და რეჯინალდისათვის, მათ დროსას იგივე იყო თუ არა. 

რადგან ეს გულაამი დამაარსებელი ვერ იქნებოდა. ორ საუკუნეზე მეტი იყო უკვე, რაც არსებობდა იგაზან-ლა.

ანდა იქნებ უკვდავებასაც დაებუდრებინა იფლიჰემის რძისფერი გუმბათის მიღმა.  

რატომღაც ამაზე არასოდეს ეფიქრა. მუდამ არსებობდა გულაამი, იგაზან-ლას თავიკაცი და დამფუძნებელი, გამუდმებით რომ მათ კეთილდღეობაზე ფიქრობდა და ის ერთადერთი, ვისაც შეეძლო იგაზან-ლაზე ეზრუნა. ისეთივე უცილობელი გახლდათ მისი მუდმივობა, როგორც იგაზან-ლას ქუჩებში გამეფებული სიკვდილი.

„გულაამი იგაზან-ლას სიბინძურისაგან ათავისუფლებს!“

„იგაზან-ლასა და გულაამის გამარჯვება გარდაუვალია!“

„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“

ჩვეულებრივი რამ იყო იგაზან-ლაში სიკვდილი, მაგრამ გულაამს ვერ მორეოდა აქამდე.

იქნებ მართლაც უკვდავი იყო.

ანდა ბევრჯერ შეიცვალა. იქნებ ათასჯერ გამოეცვალა უკვე იგაზან-ლას თავისი თავიკაცი, ისე, რომ ვერავის შეემჩნია. მისი სიკვდილი ანდა გადაცვლა არაფერს ნიშნავდა. 

გააჟრჟოლა ნარას, ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში.

რადგან გულაამი კაცი ალბათ არც გახლდათ. ის იდეა იყო, წოდება, იგაზან-ლას უცვლელი კანონებისა და მიზნების სიმბოლო. ის კაცი კი, თავისი იდეალურად სიმეტრიული ნაკვთებითა და ცივი ცისფერი თვალებით უბრალოდ ილუზია გახლდათ, ილუზია გულაამის სიცოცხლის, და მაშასადამე იგაზან-ლას არსებობის მუდმივობისა.

თავი გადააქნია ნარამ. ამ აზრებისთვისაც მიახვრიტავდნენ წამსვე.

სორენის სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში ანაზდად.

„აქ ინდივიდები არ არსებობენ, ნარა, ერთი ბინძური, მსუნთქავი ორგანიზმია იგაზან-ლა და მეტი არაფერი, უკვე საუკუნეა რომაა რაც სულს ღაფავს და ვერ მოკვდა.“

სულ ეს იყო. და მეტი არაფერი. იგაზან-ლას დანიშნულება არასოდეს გახლდათ ინდივიდების ბედნიერება, არამედ იმ ერთი მსუნთქავი ორგანიზმის გადარჩენა, რომელიც სულს ღაფავდა და ვერაფრით მომკვდარიყო აქამდე.

არაფერს ნიშნავდა ნარას ცხოვრება. არც მაშინ, როცა მაღაროებში მუშაობდა და არც ახლა, როცა მხოლოდ და მხოლოდ მაწანწალობა დარჩენილიყო მის გზაზე.

სწრაფად, ზედაპირულად სუნთქავდა ნარა.

მერე კი სორენი წარმოუდგა თვალწინ. მის თვალებში არეკლილი მზის შუქი და ნარას გვერდით გაწოლილი სხეულის სითბო. თოვლისა და კვამლის სურნელი. 

სიახლოვის შეგრძნება. მათი კავშირის სიჩუმე, იგაზან-ლას მუდმივ ხმაურს რომ აქარწყლებდა და სორენის ხმამაღალი ქშენა, როცა მაღაროს დატბორილ გამოქვაბულში კიბისაკენ მიათრევდა.

მისი მუდმივი სიმშვიდე.

ანდა განურჩევლობა.

სულწყვილი.

გაქვავდა ნარა. სული მოეხუთა.

რა სისულელე იყო.

სამარა და რეჯინალდი დაკარგა. რასაც მისი სამსახური და ბინაც მიჰყვა.

სორენი დარჩა. და მოგონებები, რომლითაც საზრდოობდნენ რეჯინალდი, სამარა და მის ბინაში დარჩენილი  მწირი ავლადიდება.

სხვა აღარაფერი დარჩენილიყო მისი ცხოვრებიდან და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ადრე.

ალბათ ამიტომ გადმოხტა სამარა. ალბათ ასეთ სიცარიელეს გრძნობდა შიგნით. გულგრილობას იგაზან-ლას გაჭირვებით მფეთქავი ორგანიზმის მხრიდან.

რა უნდოდა თვითონ? ნუთუ სურდა რომ ხახადაღებული, სიბნელით აღსავსე უფსკრული დაეტოვებინა უკან, როცა ეს მყიფე ცხოვრებაც გამოეცლებოდა ხელიდან?

რომც შესძლებოდა დატოვება, ახლა სორენის გარდა ვერავის დაუტოვებდა.

იქნებ ასე სჯობდა. იქნებ ასე უჩუმრად უნდა გალეულიყო მისი არსებობა, რადგან აქ ყველაფერი წარმავალი გახლდათ.

ასეთი იყო იგაზან-ლას რეალობა.

ხანდახან იმაზე ფიქრობდა ნარა, თუ მართლა ყოველთვის ასე იყო. და თუ ყოველთვის ასე იქნებოდა. 

წიგნებში მუდამ იცვლებოდა რეალობა. სხვადასხვა ქვეყნები. სხვადასხვანაირი ადამიანები. სხვადასხვანაირი პირობები და ცხოვრება. სხვა მიზნები და მისწრაფებები.

ერთი წიგნი, წლების წინ წაკითხული, დღემდე ახსოვდა ნარას. მოხუცი, მაგრამ ალბათ იმდროინდელი სტანდარტებით შუახნის ქალი, რომელიც სასაფლაოს მომვლელი გახლდათ. ქმარი ჰყავდა. და ერთი შვილი.

ხალხს მარხავდნენ, ხის კუბოებში, მიწაში, და მათი ოჯახის წევრები – დღემდე საინტერესო გახლდათ ნარასთვის ოჯახის იდეა – მოდიოდნენ და ყვავილებს ტოვებდნენ საფლავზე გარდაცვლილისათვის.

და მხოლოდ ერთხელ არა. ბევრჯერ.   

ყვავილები იყო სასაფლაოზე. ხეები. დიდი, ადამიანთა ხელით დარგული, შეფოთლილი ვარჯით შემკული ხეები. პატარა ცხოველები არსებობდნენ – კატები, ბეწვიანი სხეულებითა და კუდებით, სახლში ჰყავდა სასაფლაოს მეპატრონეს. მაღაზიები, სადაც ათასი ხარახურა იყიდებოდა. სხვადასხვანაირი საჭმელი, რომელიც რამდენიმე ინგრედიენტისაგან უნდა აეწყოთ და სასმელები. გარდაცვლილთა მოგონებები, მათ საფლავებზე მოსულ ადამიანებს რომ შემოენახათ.

ლამაზი, მოკირწყლული ქუჩები. ფერად-ფერადი მანქანები და სულ სხვანაირი დარდი და მწუხარება. იცინოდნენ, ამბებს ჰყვებოდნენ, გლოვობდნენ, კლავდნენ და კვდებოდნენ.

სიხარული იყო. სევდა. ბედნიერებაც.

და რაღაცნაირი, ყოველდღიური განცდებისაგან გახუნებული მელანქოლია, გამოუვალობისა და ამავდროულად სიმშვიდის ელფერი რომ დაჰკრავდა.

ეფიქრა კიდეც ნარას, რომ უნდოდა ასეთი ცხოვრება ჰქონოდა.

მერე კი დაფიქრდებოდა, არსებობდა თუ არა ყველაფერი, რაც წიგნში იყო აღწერილი. მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო თუ უკვე არარსებულ წარსულს ეცნობოდა.  

სასაფლაოზე წარმოიდგინა თავი ნარამ. როგორც იმ ქალს, წითელი კაბა ეცვა, ზემოდან ნაცრისფერი მოსასხამით, ხელში ყვავილებიანი კალათა ეჭირა და კაშკაშა მზის შუქით განათებულ სიმწვანესა და მასში ამოწვერილ საფლავებს გადაჰყურებდა.   

მოახლოებული ნაბიჯების ხმამ გაჟონა ანაზდად მის აბურდულ ფიქრებში და გამოფხიზლდა, თვალები დაახამხამა.

ელვის სისწრაფით მიატრიალა თავი ქუჩისაკენ და  მთელი სხეულით დაიძაბა.

ვიღაც უახლოვდებოდა ბუნკერს, ქშენით.

მერე კი რაღაც მძიმე მოისროლეს შიგნით.

კაცი იყო, გაცვეთილი, მაგრამ სუფთა ლურჯი უნიფორმა ეცვა და ნიღაბი ეკეთა. ნარა დალანდა და აშკარა გახლდათ, ქუჩის მქრქალ ცისფერ შუქშიც კი, თუ როგორ მოიქუფრა.

დაიძაბა ნარა. სულაც არ სურდა გაეგონა, თუ როგორ გამოლანძღავდა კაცი, ბინძურო მაწანწალა, აქედან გაეთრიეო.

არც ზედმეტი ყურადღების მიქცევა სურდა.

მაგრამ სანამ მოასწრებდა ფეხზე წამოვარდნას, თვალი აარიდა კაცმა და მიტრიალდა, სწრაფი ნაბიჯით გააბიჯა ქუჩაში.

მიშტერებოდა მას ნარა, სანამ მისი ფიგურა კუთხეს მოეფარებოდა.

თვალები დაახამხამა, ძლივს გამოფხიზლდა. თითქოს მოწოლილ ფიქრებს თან წაეღოთ გარემოს აღქმის საშუალება.

კვლავ ქროდა სუსხიანი ქარი და ბარდნიდა, ლურჯ ნაპერწკლებს დამგვანებოდნენ ჰოლოგრამების ლურჯ შუქში ფიფქები. ჯერ კიდევ ანარქისტებსა და ტერორიზმზე ლაპარაკობდნენ ახალი ამბები და თავი დახარა ნარამ, რომ ქუჩაში აღმართულ ცათამბჯენის გვერდზე არეკლილი რეჯინალდი არ დაენახა.

ერთიანად გაშეშებოდა ჩამუხლულს კიდურები, ფეხები გაჰყინვოდა. ვეღარ გრძნობდა ფეხებზე მოხვეულ დამწვარ ხელებს. სისველე სდიოდა ცხვირიდან, დანოტივებოდა ნიღაბი და ეწვოდა თვალები.

სადმე უნდა ეპოვა თავშესაფარი. სადმე, სადაც სითბო იქნებოდა.

შეეძლო მატარებელში ასულიყო. მაგრამ კარგა ხანი იქ ვერ დარჩებოდა. მაწანწალები მატარებელში არ დაიშვებოდნენ, და თუნდაც არ ყოფილიყო მაწანწალა, მაღაროელებისათვისაც აკრძალული გახლდათ ერთ წრეზე მეტხანს დარჩენა ვაგონში, მატარებლით სეირნობა ზარმაცობა და იგაზან-ლას ღალატიაო, ამბობდნენ. მცველები იყვნენ გამწესებულნი მატარებელში, სხვებისათვის შეუმჩნევლად, რომ მაწანწალებს არ დასძინებოდათ შიგნით.

უნდა განძრეულიყო, წასულიყო სადმე, სანამ გაიყინებოდა აქ.

მაგრამ ვერ ინძრეოდა, არ ჰქონდა წამოდგომის თავი. 

კიდევ კარგა ხანი იჯდა, სანამ არ გასქელდა მის გარშემო ტალახზე დაფენილი თოვლის ფენა და ჩამოწოლილი ბურუსი. კედელს დაშტერებოდა და კანკალებდა.

მერე კი კვლავ მოესმა ნაბიჯების ხმა და გაიხედა ნარამ.

ამჯერად მთელი ჯგუფი უახლოვდებოდა.

მაწანწალები.

ჩვეულებისამებრ თვალს არიდებდა მათ ნარა. ახლა კი თვალის დაუხამხამებლად დააშტერდა.

მათ რიგებს მიეკუთვნებოდა ახლა ბოლოს და ბოლოს.

ათიოდე იქნებოდა ჯგუფში, მოფხრეწილი, ჭუჭყიანი, შავი ტანსაცმელი ეცვათ, მოზრდილ ჩანთებს მოათრევდნენ. რამდენიმეს ნიღაბიც არ ეკეთა და მათ დაღარულ, დაკენკილ სახეებს, ჩაცვენილ თვალებსა და გამოჩრილ ყბებს  დააცქერდა ნარა.

ერთს ღრმა წყლული ჰქონდა ლოყაზე, შიშველ ძვლამდე იყო გამოჭმული ხორცი. კბილები მოუჩანდა და საზარელი ღიმილი შეშრობოდა თითქოს სახეზე.

ბაზალიომა. სამედიცინო ენციკლოპედიის ატლასში ენახა რაღაც მსგავსი ნარას.

მაწანწალებმა ერთი ახედ-დახედეს, მაგრამ დიდი ყურადღება არც მიუქცევიათ, ბუნკერს მიადგნენ. 

გვერდზე გაფოფხდა ინსტინქტურად ნარა. მისმა გაშეშებულმა კუნთებმა ხმამაღლა განაცხადეს პროტესტი, ამოძრავებული სისხლით გაუჯირჯვდა კიდურები.

ორი მაწანწალა გადაძვრა ბუნკერში. ძირფესვიანად ამოქექეს, რაღაც-რაღაცები ამოათრიეს იქედან.

სადენები. მოზრდილი ბატარეები. დამტვრეული ნეონის სანათი.

და გულმოდგინედ ჩაჩურთეს ჩანთებში.   

მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაეშურნენ ქუჩისაკენ.

ცოტა ხანი გაუნძრევლად იჯდა ნარა.

სადენები წაიღეს. ბატარეები.

გაახსენდა, თუ როგორ დაინახა ამასწინათ, რომ მოზრდილ გენერატორს მიათრევდნენ სადღაც.

რაში სჭირდებოდათ? ჯართის ნაგავსაყრელზე მიტანაში არავინ იძლეოდა კრედიტებს.

ფეხზე წამოიჭრა ნარა. წამსვე თავბრუ დაესხა და თვალებში ჩამოუბნელდა, მაგრამ არ შეყოვნებულა, სანახევროდ კედელზე მიყუდებული გალასლასდა ქუჩაზე.

წამსვე დალანდა მაწანწალების ჯგუფი და უკან აედევნა.

ჩამოწოლილიყო ღამე და სქელ, ლურჯ ნისლში ასიოდე მეტრზე უკვე ჭირდა რამის გარჩევა. ჭახჭახებდნენ ნეონის სანათები და იკლაკნებოდნენ ჰოლოგრამები, ახალი ამბების გამომცხადებლებს კლუბების თავზე სტრიპტიზიორები და ქრონო-X-ს რეკლამები შერეოდნენ.

შეუჩერებლად მიუყვებოდნენ ბინგემის მიმართულებით დაკლაკნილ ქუჩებს მაწანწალები და სწრაფი ნაბიჯით მისდევდა მათ ნარა.

რამდენჯერმე უკან გამოიხედეს. კუთხის მიღმა, ვიტრინებში და ხალხის უკან დაიმალა ნარა.

ალბათ ნახევარი საათი იარეს და უკვე გვარიანად მოჰყინვოდა ნარას კიდურებთან ერთად სახეც, როცა ერთი ცათამბჯენის უკან, პაწაწინა შუკაში შეძვრნენ მაწანწალები. იქაურობა დაზვერეს და შესასვლელში შელაგდნენ ელვის სისწრაფით. 

ქშინავდა ნარა, კანკალებდა. ცივ ბეტონის კედელზე აკრულმა სწრაფად აათვალიერა შენობა.

ძველი ცათამბჯენი იყო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არემარეში, ასსართულიანი მაინც, კარგა ხნის წინ შეერთებოდა ბინგემის მოედნის გარშემო მიტოვებულ ნაგებობათა რიგს. დაბზარულიყო დაფეხვილი ბეტონის საფუძველი, ოდესღაც მინის კარი იყო შესასვლელში, რომელიც ჩაელეწათ, ფანჯრების უმრავლესობაც დაბალ სართულებზე ჩამსხვრეული იყო. კედლებზე ძველი, უმთავრესად ჩამოფხრეწილი პლაკატებიღა შემორჩენილიყვნენ, რომელთა აქერცლილ კიდეებს გლეჯდა უწყალო ქარი.

ერთ პლაკატზე გაუშტერდა თვალი ნარას, საიდანაც გულაამის გაცრეცილი ცივი ცისფერი თვალები შემოჰყურებდნენ.

თოვდა და გულაამის თვალებს ჩამოჰგავდნენ ფანტელები.

გაყინული ტუჩები მოიკვნიტა ნარამ, მაღლა აიხედა.

ცათამბჯენის ზედა, ცისფრად დაფერილი ფანჯრები შეათვალიერა.

და მაღლა, ალბათ სადღაც მეოცე სართულზე ფანჯარაში მქრქალი ნარინჯისფერი სინათლე დალანდა.  

კანკალებდა ერთიანად. დამწვარი ხელები მოიხვია მაგრად სხეულზე და სწრაფი ნაბიჯით გაემართა შესასვლელისაკენ.

სუნთქვა შეიკრა და გაფაციცებით მიმოიხედა, როცა შიგნით შეაბიჯა. სულაც არ უნდოდა რომ უდროო დროს ვინმეს თვალში მოხვედროდა.

ბნელოდა შიგნით და ჩამოწოლილი წყვდიადის წინაშე ზღურბლზევე ღაფავდა სულს გარედან მომავალი მქრქალი შუქი. თვალები დაახამხამა ნარამ, სწრაფად შეეჩვივნენ მისი თვალები წყვდიადს. ცარიელი გახლდათ ვეებერთელა შემოსასვლელი, ვეებერთელა ბეტონის ბოძთა ზურგზე იწვა მეორე სართული და ხვეული, ზორბა კიბე მიიკლაკნებოდა ზემოთ.

დაიხედა ნარამ და მის ფეხებშუა გამძვრალ სინათლეში კიაფობდნენ აშკარად ჭერიდან ჩამოვარდნილ ბათქაშში, პლაკატების ნახევებსა და სხვა ხარახურაში მიმობნეული მინის ნამსხვრევები.

ყინავდა, მაგრამ ქარი მაინც არ აგლეჯდა მის გაყინულ სხეულს სითბოს ბოლო წვეთს.

კიბისაკენ გაემართა ნარა. ფრთხილად აბიჯებდა, რომ ხმა არ გამოეცა.

საფეხურებს ნელა აუყვა.

გაფაციცებით იყურებოდა ზემოთ, ყოველი ათიოდე საფეხურის მერე შეყოვნდებოდა და მიაყურადებდა, აქეთ ხომ არ მოდის ვინმეო.

მხოლოდ დაგუდული ჩოჩქოლი ისმოდა ქუჩიდან.

თავბრუ დაესხა ნარას.

სორენის კორპუსის ხვეული კიბე წარმოუდგა ანაზდად თვალწინ. სორენის ბინის კართან სიბნელეში გაჟონილი ციფერბლატის ცისფერი შუქი, შხაპში ნელთბილი წყალი, მის სხეულზე მითქრიალე მოყავისფრო ქაფი და ზურგსუკან დაზნექილი საწოლი, როცა სორენი წამოწვა ზედ.

ამობურცული ნაიარევი, ყვრიმალზე რომ გადადიოდა.

და მისკენ მოტრიალებული მზერა, როცა მზის შუქი პირდაპირ დაეცა სორენს, დაწვრილებული გუგები და ანაზდად მინავლებული ფიქრების კაკაფონია, მათი კავშირის სიჩუმეში რომ ჩაიმარხა.

ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთზე ნარამ, რომ ღრჭიალი გაიღეს კბილებმა. გული გამალებით უცემდა მკერდში.

ისეთი რეტი დაესხა რომ წაიფორხილა, სანახევროდ ფორთხვით მიიწევდა წინ. ტუჩები მაგრად მოეკუმა, რომ ქშენა არ წასკდომოდა, ებერებოდა ნესტოები. 

თითქოს განიბნა წყვდიადში, ჩაიკარგა, ჩალღვა, ვეღარაფერს არჩევდა გარშემო, უსასრულო სივრცეში დაცურავდა უგზოუკვლოდ. 

მალ-მალე იხედებოდა ზემოთ და ალბათ სადღაც ათიოდე სართული გაევლო, როცა ოდნავმა მონარინჯისფრო კიაფმა გააპო მის გარშემო ჩამოწოლილი კუნაპეტი, ისე გამოანათა, როგორც გაიას ვარსკვლავმა „ორმოს“ თავზე.

 ზემოდან რაღაც ხმა ჩამოდიოდა. ალბათ მაწანწალები ლაპარაკობდნენ.

შეუნელა ნარამ.

და ნელ-ნელა ახლოვდებოდა სინათლე.

კიბესთან ახლოს, კედელში გამოჭრილი თაღიდან გამოდიოდა.

შორიახლოს შეჩერდა ნარა, შეისვენა. იდგა, აკანკალებული, ადგილზე ტორტმანებდა. ელოდებოდა, სანამ ცოტათი მაინც გადაუვლიდა თავბრუსხვევა.

მერე კი გააბიჯა თაღისაკენ. ფრთხილობდა რომ კენჭებსა და ჩამომტვრეულ ბათქაშს შხრიალი არ გაეღოთ მის ფეხქვეშ.

იქვე მოეფარა კედელს და თაღის კიდეზე ფრთხილად გადაიჭყიტა, ელვის სისწრაფით მოათვალიერა იქაურობა.

ვეებერთელა სივრცე იშლებოდა მის თვალწინ. ათასი ხარახურა, ძველი გენერატორები, სადენები, რკინაბეტონის ბლოკები, ჯართი და ნაგავი ეყარა ყველგან, ნარინჯისფერი სინათლე მოჰფენოდა ზედ, რასაც დარბაზის ბოლოში რამდენიმე მოქმედი, მოგუგუნე გენერატორის მოციმციმე წითელი შუქი ემატებოდა. ვეებერთელა სვეტები შეჰყუდებოდნენ ჭერს და ნაწილობრივ მალავდნენ თვალთახედვიდან ოცდაათიოდე მეტრში ერთი მოზრდილი სვეტის გვერდით წრეზე მსხდარ მაწანწალათა ჯგუფს.

საკმაოდ თბილოდა და იგრძნო ნარამ, თუ როგორ აუზვირთდა სისხლი, თუ როგორ გამოავსო მისი გაყინული კიდურები.

საკმაოდ კარგი გამათბობლები ჰქონდათ აშკარად. შორიახლოს იყო ელექტროგადამცემი კოშკი, იქედან იპარავდნენ ალბათ ელექტროენერგიას.

ჩაიყუნცა ნარა და სანახევროდ იდაყვებზე ფოფხვით შეძვრა კარში, იქვე სვეტს ამოეფარა, თან გაფაციცებით შეჰყურებდა მაწანწალებს.

გაცვეთილი, ჭუჭყიანი, შავი ტანსაცმელი ეცვათ, უმრავლესობას ნიღაბი ეკეთა და თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდნენ ერთ-ერთს, სვეტთან ახლოს მჯდარს.

ალბათ ლიდერი იყო. ან რაღაც მსგავსი.

ლაპარაკობდა ლიდერი და დრო იხელთა ნარამ, შემოსასვლელისაგან მოშორებით გაფოფხდა, მეორე სვეტს ამოეფარა, ყურებდაცქვეტილი, რომ უკეთესად გაეგონა.

-ცეცხლის კაცი მოვიდა, ცეცხლის კაცი დავინახეთ! – განაცხადა მან. ქალი იყო, ჩახრენწილი ხმა ჰქონდა. – სიმართლე გვაცნობა ცეცხლის კაცმა, ის სიმართლე, რომელსაც არ გვეუბნებოდნენ და არც გვეტყვიან…

მერე კი დადუმდა.

ცეცხლის კაცი.

ალბათ რეჯინალდს გულისხმობდა.

არ უნდა გაჰკვირვებოდა ნარას. ალბათ მთელი ლერვიქენი ლაპარაკობდა ახლა მასზე.

გაფაციცებით შეჰყურებდა ლიდერს.

-ისიც გამოჩნდება, ისიც… – განაგრძო ლიდერმა. – გამოჩნდება და კვლავ გაიდგამს ფესვებს ხე… იფლიჰემი გველის, იფლიჰემი!

სხვა მაწანწალები მონდომებით აკანტურებდნენ თავებს.

მოიღუშა ნარა. გაგიჟებულანო, გაუელვა წამიერად თავში.

-ვიქნებით იქ. – განაგრძო ლიდერმა. – სულ მალე, ხალხნო! იფლიჰემი გველის! 

მერე კი წინ გადაიხარა, ჯგუფის შუაში რაღაცას მისწვდა.

ჯერ ვერ გაარჩია ნარამ, მერე კი მიხვდა რომ საჭმელი ჰქონდათ გამზადებული, როცა ნაცრისფერი სითხით სავსე ბოთლი მიიტანა ტუჩებთან ლიდერმა.

სხვებიც წამსვე შეუდგნენ ჭამას და მხოლოდ პირის წკლაპუნი და გენერატორების გუგუნი ისმოდა ცოტა ხნით.

იჯდა ნარა. კანკალებდა.

აზვირთებულმა სისხლმა გაუჯირჯვლა აქამდე გაყინული ხელ-ფეხი, საშინლად ასტკივდა. ტუჩები მაგრად მოეკუმა, ყბებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს, რომ გმინვა არ დასცდენოდა.

კარგა ხანი გახლდათ, რაც ასე ძალიან მოჰყინვოდა კიდურები.

ხელებზე კვლავ ცეცხლი წაჰკიდებოდა.

-მალე წავალთ? – იკითხა ანაზდად ერთ-ერთმა და ტკივილის ყოვლისმომცველი ბურუსიდან გამოაფხიზლა ნარა, კვლავ გაფაციცებით შეაცქერდა შეჯგუფებულებს.

-როცა ინებებენ, მაშინ. – განუცხადა ლიდერმა.

-ისინი მოვლენ? – ჰკითხა მეორემ, ხელი აღმართა და უცნაური ჟესტი გამოსახა ჰაერში.

ძალიან ბავშვური ხმა ჰქონდა.

-მოვლენ, აბა სად წავლენ.

-გაიგეს საიდან მოდიან?

-გავიგებთ. მუშაობენ.

-და რომც გავიგოთ, მერე? – იკითხა მესამემ.

უხეში ხმა ჰქონდა და აქედანაც კი ხედავდა ნარა მის ბაზალიომისაგან გამოჭმულ ლოყას.

-მერე იქნება რამე.

-არ იქნება. – თქვა მესამემ. – ხომ ხვდებით.

-გეყოს. – განუცხადა  ლიდერმა. – რა ლისივით დაიწყე…

-ეყო ლისს. – გააწყვეტინა მესამემ. – ისედაც წაიყვანეს.

ლიდერი გაჩუმდა წამიერად.

-იფლიჰემისთვის ღირს. – თქვა ბოლოს.

-არ მოვა აქ იფლიჰემი.

-მოვა, ერთი დღეს იქნება და ხე გაიდგამს…

-იქამდე დაწვავენ ძვლებს. – თქვა მესამემ.

-თუ საჭიროა რომ ფერფლში ამოვიდეს ხე…

-და მარტო დარჩეს?

-არასოდეს იქნება მარტო.  

-ხემ რომ ყველგან იცოცხლოს, მარტო უნდა იყოს.

ლიდერმა არაფერი უპასუხა, კვლავ მიიტანა ბოთლი ტუჩებთან.

ჩაჩუმდა ჯგუფი, აღარაფერი უთქვამთ.

ცოტა ხანი იჯდა ნარა, მათ საუბარზე ფიქრობდა.

ვერ გაეგო, თუ რაზე ლაპარაკობდნენ. ალბათ რაღაც საკუთარი კოდის მსგავსი ჰქონდათ.

მერე კი უკეთ ამოეფარა სვეტს, ზედ მიეყუდა. იჯდა, კბილებდაკრეჭილი, სანამ არ ჩაუნავლდა მფეთქავი ტკივილი ხელ-ფეხში და მხოლოდ ყრუ წვაღა დარჩა.     

მუცელი უყურყურებდა და ერთბაშად მოაწვა შიმშილიცა და წყურვილიც.

მიიზლაზნებოდნენ წუთები და ნელ-ნელა უფრო უძლიერდებოდა შიმშილი.

თითქოს შემოიძრო  სამარასა და რეჯინალდის სიკვდილისაგან მიღებული შოკი მისმა ორგანიზმმა და არსებობისათვის საჭირო მცირედი მოითხოვა.

სასტიკად დაღლილი იყო ნარა. ცოტა ხნით ჩასთვლიმა, მოქანცულს. 

რეალობასა და ძილს შორის ცურავდა და მათ ზღურბლზე გაჩხერილს აღრიალებული ხალხით გადავსებული ბინგემის მოედანი ეჩვენებოდა.

არც კი იცოდა, თუ რამდენი ხანი იჯდა, ხელები კალთაში ეწყო, ფეხები წინ გამოეშვირა და თვლემდა.

ნელ-ნელა გამოფხიზლდა, თვალებმობლეტილი, როცა გენერატორების ჩუმ გუგუნს გარედან მომავალი, დახშული ყვირილი დაემატა.

მოტრიალდა, რის ვაი-ვაგლახით, ყველაფერი დაბუჟებოდა. გვერდზე გაფორთხდა და ფრთხილად გაიჭყიტა სვეტის მიღმა.

სანამ თვლემდა, ჯგუფის უმრავლესობა იქედან გაკრეფილიყო. სინათლეც ჩაექროთ. ის ლოყაგამოჭმული კაცი წამოწოლილიყო ნახევრად დაცლილი ბოთლების გროვასთან, გენერატორთან ახლოს და გემრიელად ხვრინავდა, ზედ მოჰფენოდა ვეებერთელა ფანჯრებიდან შემოღვრილი კაშკაშა ცისფერი შუქი. 

გარედან კვლავ ისმოდა დაგუდული ყვირილი.

ფრთხილად წამოიწია ნარა, კაცს თვალს არ აშორებდა. ფეხაკრეფით, ნელ-ნელა გაეშურა ფანჯრისაკენ.

მძინარე მაწანწალასა და იქვე მიწყობილ ბოთლებს რომ გაუსწორდა, ისევ შეახსენა თავი შიმშილმა. გვარიანად სტკიოდა მუცელი.

ამიტომ დაიხარა და მძინარე ლოყაგამოჭმულისაგან თვალის მოუშორებლად აიტაცა გროვის კიდეზე ბოთლი.

მოიყუდა და ერთი ამოსუნთქვით დაიყვანა თითქმის ბოლომდე.

მერე კი წყლიანი ბოთლი აწაპნა და გამოცალა.   

ბოთლები ფრთხილად მიაწყო უკან და ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფანჯარას.

მაწანწალა ხმამაღლა ხვრინავდა და თვალი მოსწყვიტა მას ნარამ, ფანჯარაში გადაიხედა გაფაციცებით.

აღარ თოვდა და პირდაპირ ჩანდა აქედან ბინგემის მოედანი. კვლავ ჰოლოგრამების, რომლებიც სტრიპტიზიორებისა და გამომცხადებელთა ფიგურებს გამოსახავდნენ, ცისფერი შუქი მოჰფენოდა ლურჯად ალაპლაპებულ ქალისა და კაცის ქანდაკებებს, ბინგემზე შეჯგუფებულ ხალხსა და ულსტერის მოპრიალე ჩაფხუტებს, ხალხს რომ შემორტყმოდნენ გარშემო.    

აქცია იყო. და იმაზე მეტი ხალხი მოსულიყო, ვიდრე ოდესმე ენახა ნარას. მთელი მოედანი გაძეძგილიყო მომიტინგეებით, რომლებიც შეუჩერებლად გაჰყვიროდნენ.

ძლივს გამოარჩია ყრუ გრგვინვაში სიტყვები ნარამ.

-ცეცხლის კაცი! ცეცხლის კაცი! ცეცხლის კაცი!

და რაღაცამ გასწიწკნა მკერდში ნარას.

რეჯინალდის გამო გამოსულიყო ამდენი ხალხი გარეთ. ალბათ მისი სხეულის შემნთქავი ცეცხლივით მოედო მისი საქციელისა და რაც ალბათ უფრო მთავარი გახლდათ, მისი სიტყვების ამბავი მთელ რაიონს.

გაიგეს და მოვიდნენ.

რაც მხოლოდ იმას ნიშნავდა, ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა რეჯინალდმა.

ამწვარი ხელები უთრთოდა ნარას. იდგა, გამეხებული და გადაჰყურებდა ბრბოს.

და ბრბოს კიდეზე მოხვეულ ულსტერის მებრძოლებს, რომელთაც ლურჯად ალაპლაპებული შაშხანები მოეღირებინათ ხალხისათვის.

წამიერად წარმოუდგა თვალწინ, თუ როგორ იდგა ბინგემზე, ყურისწამღები ღრიალისაგან დაგუბებოდა ყურები და ხალხის გამძვინვარებული სახეები ალყად შემორტყმოდნენ გარშემო.

არ იხევდა უკან ბრბო. წინ მიიწევდა, გრგვინავდა და ბუნდოვნად დაინახა კიდეც ნარამ, თუ როგორ მოეპოტინა რამდენიმე ადამიანი მებრძოლებს.

და წამსვე აღმართა შაშხანა ულსტერმა.

გაისროლა.

შაშხანების ჭახანმა შეათრთოლა მთელი ბრბო, ფანჯრები შეაზანზარა.

ღრიალებდა ხალხი. რამდენიმე მომიტინგე ძირს დაენარცხა და წამსვე გადაუარეს, ზოგი უკან დახევას ლამობდა, ზოგი კი იწევდა ულსტერისაკენ.

გულმა რეჩხი უყო ნარას.

და არ დააყოვნეს შაშხანებმა.

მიჰქროდნენ ტყვიები და ეცემოდა ხალხი.

შაშხანების გასროლისას ოქროსფერი გაელვება ხლეჩდა ჩამოწოლილ ცისფერ შუქს და ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში.

შეჰყურებდა, გამტკნარებული, თუ როგორ უსწორდებოდა ულსტერი ყველას, ვინც გულაამის წინააღმდეგ გაბედავდა ყოფნას.

ყველას, ვინც რეჯინალდის სიტყვებს იზიარებდა.

ულსტერს აქამდეც მოეკლა აქციაზე ხალხი, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არასოდეს ენახა ნარას. არ ენახა, რომ ასე ღიად, ასე მასიურად ჩაეხოცათ მომიტინგეები.

მასიურ ტალღად იწევდა უკან ბრბო, მაგრამ არ აპირებდა შეჩერებას ულსტერი.

რადგან გულაამისა და იგაზან-ლას ღალატი სიკვდილს უდრიდა.

იდგა ნარა, პირგამომშრალი და უსმენდა გარეთ გამეფებულ, მოღალატეთა გუგუნს და მათ ჯალათთა იარაღის ჭექას.

მერე კი რაღაცამ მოსჭრა წამიერად თვალი. თითქოს ნაპერწკალი გაღვივდაო ჰაერში.

წუილი მოესმა და ძლივს მოასწრო ინსტინქტურად დახრა.

ფანჯრის მინა ყურისწამღები ზათქით გასკდა მისგან ორიოდე მეტრის მოშორებით და ნამსხვრევები წკრიალით მოეფინნენ იატაკს.

ალბათ ასხლეტილი ტყვია მოხვდა ფანჯარას.

და ტყვიასავით მყისიერად შემოიჭრა გამსკდარ ფანჯარაში ბრბოს გამაყრუებელი გრგვინვა, განწირული ყვირილი და შაშხანების ქუხილი.

თმა ყალყზე დაუდგა ნარას, გასასვლელისაკენ მიტრიალდა.

აქედან უნდა გაქცეულიყო, სანამ მორიგი ასხლეტილი ტყვია გაუხეთქავდა თავს.

და გაშეშდა წამსვე.

რადგან ამოდენა ორომტრიალში გაღვიძებოდა ლოყაამოჭმულს. თავი წამოეყო და უყურებდა, თვალებდაქაჩული.

რასაკვირველია.

-ვინ ხარ! – აღრიალდა ის. – რას აკეთებ!

არც აცია და არც აცხელა ნარამ, ელვის სისწრაფით წამოხტა და კარისაკენ გაიქცა.

მაგრამ საკმაოდ ცქვიტი გახლდათ ლოყაგამოჭმული.

გზაზე ერთ-ერთ გენერატორს გადაახტა ნარა, და შუა ნახტომში მაწანწალამ ფეხში სტაცა ხელი.

მუცელი გადაუცივდა ნარას და ძლივს მოახერხა მკლავები მოეკეცა, ხმამაღალი ზათქით დაენარცხა იდაყვებზე და ნიკაპი გვარიანად დაჰკრა ბეტონის იატაკს. ხრიალი აღმოხდა ტკივილისაგან, წამიერად თვალებში ჩამოუბნელდა.

მაგრამ არ ჰქონდა ტკივილის დრო.

გადმოტრიალდა, ელვის სისწრაფით და თავზე წამომდგარ მაწანწალას წვივში ჰკრა მთელი ძალით წიხლი, მერე კი ფეხებშუა უმიზნა.

ლოყაგამოჭმულმა დაიღმუვლა, მაგრამ მოახერხა ფეხში ეტაცა ხელი.

და ბეტონზე გადაათრია.

-მე შენ გიჩვენებ! – ღმუოდა ის და ძლივს არჩევდა მის სიტყვებს გარედან შემომავალ, ბრბოს შემზარავ, სასოწარკვეთილ ბღავილსა და შაშხანების ჭახანში ნარა. – ვინ ხარ მეთქი?! რა გინდა?!

 პაწაწინა კენჭებსა და ბეტონის ნატეხებზე გადაახოხა მაწანწალამ და იგრძნო ნარამ, თუ როგორ გადაეფხრიწა თეძოსთან ქურთუკის გალეული მატერია.

არ გაჩერდებოდა ეს ნაბიჭვარი.

სისხლმა თვალებში აასხა და შუბლში მოაწვა ანაზდად. ხელები გააფათურა, გმინავდა,  კბილებდაკრეჭილი და როგორც კი მოზრდილი ბეტონის ნატეხი მოხვდა ხელში, მაშინვე მაგრად მოხვია ზედ თითები.

აუტანელი ტკივილისათვის, ხელსა და წინამკლავში რომ ელექტროშოკივით დაუარა, ყურადღება არ მიუქცევია.

მერე კი მთელი ძალით მოიქნია.

ნატეხი პირდაპირ შუბლში მიეხეთქა მაწანწალას, რომელსაც ღრიალი აღმოხდა და წამსვე უშვა ხელი.

ელვის სისწრაფით გადაბრუნდა ნარა, წამოხტა და კარისაკენ გაიქცა.

თავქუდმოგლეჯილი ჩაჰყვა კიბეებს და მაშინღა შეუნელა ნაბიჯს, როცა ჩანავლდა ზემოდან მომავალი ცისფერი შუქი და კუნაპეტი შემოეხვია გარშემო. ხელისცეცებით მიუყვებოდა საფეხურებს, ფართოდ დაეჭყიტა თვალები და კუპრივით დაღვროდა მათში სიბნელე, მის სიმძიმეში ვერაფერს არჩევდა.

კიბის შუაში, სვეტს დაყრდნობილმა ძლივს ჩააღწია ქვემოთ, ქშინავდა. და როგორც კი გარედან მომავალი შუქი დაიღვარა მის ფეხქვეშ ცისფერ ხალიჩად საფეხურებზე, მაშინვე კისრისტეხით ჩაათავა კიბე და გარეთ გაიქცა.

ჩამოწოლილიყო ცათამბჯენებზე ღამე, მაგრამ მისი სიმშვიდე ერთიანად დაეფლითა ბინგემის მოედნიდან მომავალ მომიტინგეებთა გოდებასა და შაშხანების ქუხილს. ჯერ კიდევ არ შეეწყვიტათ სროლა და უფრო შემზარავი იყო ხალხის სასოწარკვეთილი ყვირილი.

და უდრტვინველად ციმციმებდნენ მათ თავზე სტრიპტიზიორთა ჰოლოგრამები.

გამორბოდა ზოგი, თავქუდმოგლეჯილი და შორს, ცათამბჯენთაშორისი გასასვლელის ბოლოში ულსტერის მებრძოლის შავი სილუეტი დალანდა ნარამ.

ხელები ჯიბეებში ჩამალა და მიტრიალდა, უკანმოუხედავად გაიქცა.

გარბოდა ცოტა ხანი, აქეთ-იქით მიძვრებოდა გასასვლელებში, იქ, სადაც იცოდა რომ კამერები არ იყო, იმის იმედით რომ ვერავინ გამოჰყვებოდა.

მაგრამ მაინც არ უნელდებოდა შეგრძნება, რომ ვიღაც უთვალთვალებდა.

ბოლოს მოქანცულს რომელიღაც კლუბთან ახლოს მოეკვეთა მუხლები.

კედელთან ჩაჯდა, აკანკალებული. სხეულში გამჯდარ შოკს ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა მაწანწალათა მოპარული გენერატორების სითბო და მოიკრუნჩხა ნარა, დაპატარავდა, მაგრად აეკრო ზურგით კედელს.

კლუბიდან ელექტრონული მუსიკა გამოდიოდა, გუგუნებდნენ კედლები, თრთოდა მის ფეხქვეშ მიწა და ბინგემის მოედანზე თავზარდაცემული ხალხის ბღავილი და შაშხანების ქუხილი ღამის ლურჯ ყინვაში გაცრეცილიყო.

რა თქმა უნდა. დროის ამბავი გახლდათ რეჯინალდის სიკვდილის შემდგომ ხალხის გამძვინვარება და ულსტერის რეაქციაც.

ჩახოცეს ხალხი.

მაგრამ ისინი იგაზან-ლას წესიერი მოქალაქეები არ იყვნენ. მათ მოღალატეები ერქვათ, რადგან ცეცხლის კაცის სახელს გაჰყვიროდნენ და მაშასადამე მის აზრს იზიარებდნენ.

და სათანადოდაც დაისაჯნენ.

ნიკაპი აუკანკალდა ნარას, მთრთოლავი სუნთქვა მოსწყდა მის ნიღაბს. დაჟინებით, თვალის დაუხამხამებლად დაშტერებოდა შუა ქუჩაში ცისფრად ალიცლიცებულ, ალაგ-ალაგ ამომტვრეულ ასფალტს, რომელსაც მალ-მალე სწრაფი ნაბიჯით მიმავალ გამვლელთა მუქი ლურჯი სილუეტები ფარავდნენ.  

ახლა ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. ვეღარ გაბედავდნენ გარეთ ცხვირის გამოყოფასაც კი.

ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ, კანკალებდა.

რატომღაც იცოდა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდებოდა.

არადა უნდა დამთავრებულიყო. უნდა მიმხვდარიყო ყველა და საკუთარ თავზე ეწვნია, თუ რას ნიშნავდა იგაზან-ლასა და გულაამის ღალატი. რას ნიშნავდა ცეცხლის კაცის ბოლო სიტყვების გამეორება.

არავის არასოდეს აპატიებდა ულსტერი.  

ნარამდეც მოაღწევდნენ. უკვირდა კიდეც რომ აქამდე არ მოსულიყვნენ მის ფურგონში შესაგდებად და სადღაც წასათრევად.  ამჯერად დაკითხვით ვერ გამოძვრებოდა.

ის, რომ წინა ჯერზე უბრალოდ გამოუშვეს მხოლოდ და მხოლოდ წარმოუდგენელი გამართლება გახლდათ და მეტი არაფერი.

თუ არსებობდა საერთოდ გამართლება.

იჯდა, გამვლელების სიტყვებს უსმენდა, ძლივძლივობით რომ გამოქცეოდნენ მაღაროს გუგუნისა და კლუბიდან გამომავალი მუსიკის საპყრობილეს.

ბინგემის მოედანზე შეიკრიბა ხალხიო. წყეულმა ცეცხლის კაცმა მთლად დააშტერა ყველანი, რას ბოდიალობდა შუა ბინგემის მოედანზე რაღაცებს, თუ თავის მოკვლა უნდოდა, სადმე სხვაგან წათრეულიყო, აშკარად დარტყმული იყოო.

ზოგი მთლად გადაირია და ულსტერის მებრძოლებზე გაიწია, ერთ-ორს ჩაფხუტიც კი მოაგლიჯესო. საპასუხოდ ულსტერმა კი გვარიანად ჩაცხრილა ბევრი, ორასი კაცი მაინც იქნებაო მკვდარი. 

და უნდოდა ნარას რომ ისეთი წარმავალი ყოფილიყო მათი ნათქვამის მნიშვნელობა და სიმძიმე, როგორც ლურჯ ღამეში გაცრეცილი მათი სიტყვები.

აღარც მოსმენა სურდა და აღარც რამე ახალის გაგება.

მალევე შემოეძარცვა მაწანწალათა მოპარული ელექტროობისაგან მიღებული სითბო. მისი დაკაწრული ციფერბლატი შუაღამეს აჩვენებდა.

არ შიოდა მაინც.

საკუთარი ბინა ინატრა. მისი ლოგინის სითბო.

ბიბლიოთეკა. „დროის მოკლე ისტორია“ ჯერ არ დაესრულებინა.

მაგრამ იცოდა, რომ ახლა ვერ მივიდოდა იქ.

შეიძლება ვერც ვერასოდეს მისულიყო.

თვალები მაგრად დახუჭა.

სორენის ლოგინის სითბო ინატრა. მისი სხეულის სიმძიმე იგრძნო თითქმის, როცა გვერდით მიუწვა სორენი და დაზნიქა საწოლი. მისი მშვიდი ხმა, თბილი თვალები და მარცხენა ყვრიმალზე გადასული ნაიარევი, კანქვეშ ჩაზრდილ ფესვს რომ ჰგავდა.

სორენი მოვიდა. იგრძნო, დაინახა და გაიგონა ყველაფერი, რასაც ნარა ხედავდა ქრონო-X-ს მიღების შემდეგ.

და იქ დატოვა ნარამ.

უნდა დაეტოვებინა, რადგან არ უნდა მოსულიყო საერთოდ სორენი.

ტუჩები აუთრთოლდა ნარას, მაგრად მოკუმა პირი. თვალები გაახილა და აქეთ-იქით გააცეცა, მოძალულმა ჰოლოგრამების ცისფერმა სინათლემ აუჭრელა თვალთახედვა.

შეეცადა მისწვდენოდა სორენს. იმ უხილავ ძაფს, რომელიც მისი გონების კარიბჭესთან მიიყვანდა.

მაგრამ შეუვალი იყო კარიბჭე.

შიში იგრძნო ნარამ. შიშისა და მრისხანების ზვირთი, რომელიც წამსვე ჩაუნავლდა.

არ ეცალა სორენს. მუშაობდა.

ანდა აღარ უნდოდა ლაპარაკი.

რაც არც იქნებოდა გასაკვირი. 

რომ შემეჩხერდა გამვლელების ტალღა და გვარიანად მოეყინა გვერდები, მაშინღა იკადრა ფეხზე წამოდგომა ნარამ.

ქუჩას დაუყვა.

„ხრამში“ უნდა მისულიყო. იქ მაწანწალებს აჭმევდნენ, ცოტა გათბებოდა და იქნებ ღამის გასათევისათვისაც გამოეკრა ხელი.   

„ხრამი“ ძვლების რაიონის დასავლეთ კიდეზე, ზრეასთან ახლოს მდებარეობდა. იქამდე ორიოდე კილომეტრი იქნებოდა მაინც.

მატარებლით ალბათ ოც წუთში იქნებოდა ადგილზე.

სწრაფად მიდიოდა ნარა, გაიქცეოდა, მერე კი კვლავ შეუნელებდა ნაბიჯს. ნელ-ნელა გათბა, ამოძრავებულ კუნთებში გახურებული სისხლი მუცელში მოაწვა, ცხელმა ოფლმა დაასხა მკერდსა და ზურგზე. კიდურები კვლავ გაჰყინვოდა, ჯიბეებში ჩაჩურთული ხელები ეწვოდა და ვერაფრით იფარავდა ნიღაბი მის დასუსხულ სახეს, მაგრამ აღარ აძაგძაგებდა მაინც.

მირბოდა, თან გაფაციცებით ათვალიერებდა შემოგარენს, როგორც კი საიდანმე მანქანის ხმას გაიგონებდა ანდა ულსტერის უნიფორმიანი სილუეტის მსგავს რამეს დალანდავდა, წამსვე ძვრებოდა კუთხეების მიღმა თუ ნაგვის ბუნკერების უკან.

და აიზიდა მის თავზე ნელ-ნელა ცათამბჯენების მიღმა წამომდგარი გალავანი. ტრიალებდნენ მასზე დამონტაჟებული პროჟექტორები და უწყალოდ ხლეჩდა მათი მჭახე თეთრი შუქი ცივი სილურჯით გაჯერებულ ღამეს. 

გალავანს თვალი მოარიდა ნარამ და გაუხვია, ვიწრო გასასვლელში გაძვრა და მოზრდილ ქუჩაზე გავიდა, რომელზეც ორივე მხარეს კლუბები ჩაემწკრივებინათ, ბოლოში კი „ხრამის“ ვეებერთელა, ათსართულიანი, ბეტონის შენობა წამოჭიმულიყო.

ხალხი ირეოდა გარშემო, ნეონის სანათებისა და ჰოლოგრამების ცისფერ სინათლეს ვერ მიჰკარებოდა ცათამბჯენთა მიღმა მიმალული პროჟექტორთა შუქი. ყოველი მიმართულებიდან ყურისწამღები ელექტრონული მუსიკა იღვრებოდა და მალევე აუზრიალდა უსიამოვნოდ თავი ნარას, ყურებში წუილი ჩაუდგა.

ნაბიჯს აუჩქარა.

„ხრამის“ თითქმის ყველა ფანჯარაში სინათლე ენთო და შესასვლელ კარში მოზრდილი ბრბო ირეოდა.

ღრიალებდა რამდენიმე, დროზე შემომიშვით, მშიაო.

ბრბოს შეერია ნარა, ფეხისწვერებზე შემდგარმა გულდასმით მოათვალიერა „ხრამის“ შიდა დარბაზი.

შიგნით ჩამომდგარ მქრქალ ცისფერ სინათლეზე ოდნავ ალაპლაპებულიყვნენ შიშველი, დაჭედილი რკინის კედლები. ორ რიგად იყოფოდა შესასვლელში გაჭედილი ბრბო და აქეთ-იქით გაჯგიმული მცველები, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი, იცავდნენ წესრიგს, წამდაუწუმ უყვიროდნენ ვიღაცებს, წინ ნუ მიძვრებითო. დარბაზის ბოლოში კედელში დახლი გამოეჭრათ, მის მიღმა მიმოჰქონდათ საჭმლით სავსე ჭიქები და სათითაოდ ურიგებდნენ ყველას. როგორც კი რიგითი მაწანწალა საჭმელს მიიღებდა, მაშინვე ხელკეტს მოუღირებდა მცველი და რიგის ბოლოსაკენ მიანიშნებდა, აბა ახლა აქედან დაიკარგეო.

მეორე რიგი აშკარად სააბაზანოებისაკენ მიდიოდა. იქ ცალკე ღრიანცელი იდგა, მცველები კარებზე აბრახუნებდნენ ხელკეტებს, დროზე გამოეთრიეთო.

დარბაზის ბოლოში კი მარჯვნივ კარი გადიოდა, რომელთანაც მცველები იდგნენ სადარაჯოზე, რამდენიმე მაწანწალა იქვე ატუზულიყო, რაღაცას ემუდარებოდნენ მათ.

ნელ-ნელა მიიწევდა წინ ბრბო და დალანდა ნარამ რომ სანამ ორ რიგად გაიყოფოდნენ, გზაჯვარედინზე მცველები იდგნენ და ყველას უმოწმებდნენ ციფერბლატებს.  

ანაზდად მოერია აუტანელი დაღლილობა ნარას. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. უბრალოდ უნდოდა სადმე სითბოში წამოწოლილიყო და დაეძინა.

ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მარჯვენა მაჯა გაიშიშვლა, შეეცადა მარცხენა სახელოთი შეძლებისდაგვარად დაეფარა შეხვეული მტევანი.

მცველს ზედაც არ შეუხედავს, რაღაც დანადგარი გადაატარა მის ციფერბლატზე და როცა დანადგარმა ხმამაღალი წრიპინი ამოუშვა, მიანიშნა, რიგში ჩადექიო.

-ღამის გათევა მინდა.  – უთხრა ნარამ.

მცველმა იჭვნეულად გამოხედა, გაფანჩული წარბები შეკრა, მერე კი კვლავ თავის დანადგარს ჩააცქერდა.  

-კვირაში ერთხელ. – განუცხადა მან. – რაკი პირველად ხარ, დღეს გეკუთვნის. მიდი ახლა!

ჯიბეებში ჩაიყო კვლავ ხელები ნარამ და გატრიალდა, ტუალეტებამდე გაჭიმულ რიგს შეუერთდა.

იდგა და ხალხის ღრიანცელი, ხელკეტების რახუნი და მცველების ღრიალი მის გარშემო ერთმანეთში აღრეულ კაკაფონიად ქცეულიყო.

მოკლდებოდა რიგი და რის ვაი-ვაგლახით მიიწევდა წინ ნარა. ნელ-ნელა შეაშრა სხეულზე მოწოლილი ოფლი და ცხელმა სისხლმა მის სახესა და კიდურებშიც გაჟონა.

ჯერ კიდევ ეწვოდა ხელები, თვალები ეხუჭებოდა.

ნახევარ საათში მოაღწია მისმა ჯერმა.  

როგორც კი წინა მაწანწალა ფაქტიურად გამოაგდო მცველმა, ხელკეტით უბიძგა ნარას და შიგნით შეაგდო. დროზე ქენიო, მოაძახა მან, და კარი ხმამაღალი ზათქით გაჯახუნდა მის უკან.

და წამსვე ჩაიბჟუტა გარეთ ატეხილი ალიაქოთი, მხოლოდ დახშული საუბარი ესმოდა ნარას. 

ბჟუტავდა ჭერზე მოქანავე ნათურა, ცივ ცისფერ სინათლეს ჰფენდა რკინის კედლებს, კუთხეში ბინძურ უნიტაზს, ტალახიან იატაკს, კიდეჩამოტეხილ ნიჟარას, რომლიდანაც წყალი წვეთავდა. 

და ნიჟარის თავზე, სანახევროდ ჩამსხვრეულ მომცრო სარკეს. 

საკუთარ ანარეკლზე მოუხვდა უნებურად თვალი ნარას.

და ვეღარც მოაცილა მზერა.

გვერდზე მოქცეოდა თავზე ჩამოფხატული ქუდი, გაწეწილი თმა ალაგ-ალაგ გამოჩროდა ქუდიდან. ერთიანად მოსვროდა ტანსაცმელი და თოვლს დაეჟიებინა ქურთუკის მხრები.

ძალიან კაფანდარა იყო. თითქოს მისი თავი ზედმეტად დიდი გახლდათ სხეულისათვის, ძლივს იკავებდა. ტანსაცმელის რამდენიმე ფენა კი თურმე ვერც ნიღბავდა სათანადოდ მის გაძვალტყავებულ ფიგურას. მხრები აეწურა, ყოველი კუნთით დაძაბულიყო თითქოს.  

ნიღბის ზემოდან კი მისი ჩაცვენილი, ამოღამებული თვალები იცქირებოდნენ.

ნელა მიუახლოვდა სარკეს ნარა, სანამ თითქმის გაავსო მისმა ანარეკლმა დაბზარული ზედაპირი. დაიქსაქსნენ უფრო მისი ნაკვთები, დამსხვრეულიყო მისი სახე, და ერთის მაგივრად, ათი საკუთარი თავი შემოჰყურებდა თითოეული ნამსხვრევიდან. თითქოს მთელი ძალით უთავაზეს ყბაში მუშტი და დაიფშვნა, ერთმანეთზე შეკოწიწებულ პაწაწინა ნამსხვრევებად იქცა.

მბჟუტავ ლურჯ სინათლეში გაფართოებულ გუგებს გარშემო შემორტყმოდა ცისფერი დისკო,  წამწამები და წარბები უფრო მეჩხერი ახსოვდა ბავშვობიდან. სკლერასა და კანს ოდნავ მოყვითალო, ავადმყოფური ფერი ედო, თვალები ჩასისხლიანებოდა. 

ხელები ასწია ნარამ, ჭუჭყიანი, დასისხლიანებული სახვევებისათვის ყურადღება არ მიუქცევია.

 და ფრთხილად ჩამოიწია ნიღაბი.

ჩაცვენილი ლოყები. ადრე უფრო მეტი ქონი ჰქონდა ძვლებზე. დახეთქილი, ფერმკრთალი ტუჩები. წაწვეტებული, გვარიანად დალილავებული ნიკაპი, რომელზეც მოზრდილი ნაკაწრები ჰქონდა, შემხმარი სისხლით, რომელიც ყელზეც ჩაღვროდა ნაკადულებად.

და ნაიარევები.

ისეთი არა, სორენს რომ ჰქონდა, მაგრამ მაინც. ცხვირზე, ნიკაპზე, ერთი ზედა ტუჩსაც კი ჰკვეთდა კუთხესთან ახლოს.

ნესტოები დაებერა ნარას, თვალები გადაეგლისა.

მყისიერად შეეზარა საკუთარი ანარეკლი, ვერც იცნო. თითქოს თვითონ სხვა იყო, უბრალოდ ცნობიერება, მისი ანარეკლიდან განყენებული, სარკეში იმ მაწანწალებიდან ერთ-ერთს შეჰყურებდა, ქუჩაში რომ დაეთრეოდნენ და სულ რომ არიდებდა აქამდე თვალს.

მაგრამ მოვიდა დრო რომ შეეხედა. ბინძური, ლოყაგამოჭმული, უსახლკარობის, უფულობისა და სნეულებისაგან გაუბედურებული ადამიანებისათვის.

პოსტერებზე გამოსახული, კოხტა, სუფთა ლურჯ უნიფორმაში გამოწყობილი მაღაროელი უნდა ყოფილიყო, პატარა სნეული კაცი რომ მიეჭეჭყა ჩექმის ქვეშ.

მაგრამ თურმე მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღე განასხვავებდა იმ კოხტა მაღაროელსა და მის ქვეშ გაშოტილ სნეულ მაწანწალას.  

დრო იყო რომ დაენახა სხვებიც და საკუთარი თავიც.

კარზე დააბრახუნეს ანაზდად. შეცბა ნარა, და გაკრთა მისი დამსხვრეული ანარეკლი საპასუხოდ.

-დროზე! – გააფრთხილეს გარედან.

მზერა აარიდა საკუთარ ჩასისხლიანებულ თვალებს ნარამ, გატრიალდა.

მერე კი თავისი საქმე მოითავა, უნიტაზზე გადაჩაჩხულს ბარძაყები უკანკალებდა, რომ არ შეხებოდა ბინძურ ზედაპირს. წყალი მოუშვა ონკანში და შეძლებისდაგვარად მოიწმინდა ნიკაპზე შემხმარი სისხლი, ბოლოს კი მოშვებული სახვევები უფრო მაგრად მოიხვია ხელებზე, ტკივილისაგან კბილებდაკრეჭილმა.

და სანამ მცველი ხელკეტს უბრახუნებდა კარზე, კარი გააღო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.

-წადი, წადი, თავისუფალი ხარ! – ხელკეტი მოუღირა მცველმა.

წამსვე გაერიდა ნარა, მარჯვნივ, დახურული კარისაკენ გაიხედა. იქ უნდა ყოფილიყო წესით ღამის გასათევი.

და უყურებდა, თუ როგორ შემოარტყა ხელკეტი კართან მდგარმა ერთ-ერთმა მცველმა იქვე აწურულ მაწანწალას.

-ლარს, შე ნაძირალა, რას გეუბნები ყოველდღე? – დააყოლა მან. – არ არის თქო შენი რიგი, რა ვერ გაიგე?! წაეთრიე ახლა!

ლარსმა მათკენ გადააფურთხა და გაიძურწა, აწურული.  

თვალი გააყოლა ნარამ, მერე კი დრო იხელთა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მცველებს.

რომლებმაც წამსვე ჰკიდეს თვალი, ხელკეტები მოიმარჯვეს.

-ღამის გათევა მინდა. – უთხრა ნარამ.

თვალები მოწკურა ერთმა, ახედ-დახედა. მეორე აშკარად გაბეზრებული გამომეტყველებით შესცქეროდა.

-ახალი ხარ შენ ხო? – უპასუხა პირველმა. – აქამდე არ ყოფილხარ აქ. 

არ უპასუხა ნარამ, არც კი იცოდა, თუ რა ეპასუხა. მოუთმენლად შეჰყურებდა, პასუხს ელოდა.

უბრალოდ უნდოდა დაწოლილიყო და დაესვენა.

-ხო, ამ ბომჟებს არ გავს. – თქვა მეორემ.

-ეგ ჯერ. – განაცხადა პირველმა.

ნაკვთიც კი არ გასტოკებია საპასუხოდ ნარას, მაგრამ უსიამოვნოდ გასცრა ტანში.

ვერაფერს იზამდა. სიმართლეს ამბობდნენ.

-ღამისთევის სანაცვლოდ რას გვთავაზობ? – მოუტრიალდა უცებ მეორე და კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ნარამ.

-არაფერს. მეკუთვნის. – თქვა ბოლოს.

მცველმა წარბი აწკიპა, მერე კი მიტრიალდა, კარი გაუღო.

-მიდი, სადაც გინდა იქ დაწექი და ზედმეტი ლაპარაკი არ გავიგონო. – უთხრა მან.

მათ შორის გაძვრა ნარა და წამსვე მოუხურეს ზურგსუკან კარი.

ქვემოთ მიმავალი კიბის პირზე დარჩა მარტო.

კანკალით ამოისუნთქა, სწრაფად მიმოიხედა.

ფანჯრები არ იყო. დაღრეცილ საფეხურებიან კიბეს კი მხოლოდ ქვემოდან მომავალი მქრქალი ცისფერი სინათლე მოჰფენოდა.

ფრთხილად ჩაჰყვა კიბეს ნარა, დერეფანში გააბიჯა.

ჭერს მთელ სიგრძეზე დაჰყვებოდა გრძელი სანათები, რომლებიც ალაგ-ალაგ ბჟუტავდნენ. რკინის კედლებს მოზრდილი ნაკაწრები დაჰყვებოდათ იატაკთან ახლოს, ალაგ-ალაგ აშკარად ძლიერი დარტყმის შედეგად დაღლარჭულიყო ფირფიტა.

დერეფნის ბოლოში რამდენიმე მაწანწალა მიწოლილიყო, ხმამაღლა ხვრინავდნენ.

მარცხნივ კი კარები ჩაემწკრივებინათ. რკინის კარები, რომელთაც პატარა სარკმელი ჰქონდათ შიგნით შესაჭვრეტად.      

ფეხაკრეფით დაიძრა ნარა. არ უნდოდა ვინმე გაეღვიძებინა.

ფეხისწვერებზე შედგა და პირველი კარის სარკმელში შეიჭყიტა.

მომცრო ფანჯრიდან შემომავალ ლურჯ შუქს გაენათებინა ოთახი. იატაკზე ლეიბები გაეფინათ, ზედ კი ერთ დიდ, ერთმანეთში აზელილ გროვად ეძინათ მაწანწალებს.

პირველი სამი კარის მიღმა ოთახები ერთიანად გაძეძგილიყო.

მეოთხეში შემეჩხერებულიყო ხალხი. ერთი კუთხე კი სასწაულებრივ თავისუფალი დაეტოვებინათ.

თუმცა ალბათ იმიტომ რომ პირდაპირ იქ დაღვრილიყო ფანჯრიდან მომავალი შუქი.

კარი ფრთხილად შეაღო ნარამ და შიგნით შეიძურწა, კარი ზურგსუკან ჩხაკუნით მოიხურა. თბილოდა, მქრქალმა, ოფლის, სიბინძურისა და შარდის სურნელმა აუწვა ნესტოები. ფანჯრის მინები ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ მხოლოდ შუქიღა აღწევდა ოთახში, შორეული ცათამბჯენები მუქ ლაქებად ქცეულიყვნენ.

წამსვე მიაშურა კუთხეს, გზაზე რამდენიმე მძინარეს გადააბიჯა ფრთხილად.

მერე კი წამოწვა, მკლავი თავქვეშ ამოიდო და მოიკუნტა.

ძირს გაფენილი ლეიბი უკვე გაცვეთილი და გაზინთული გახლდათ, მაგრამ შიშველ, ცივ იატაკს მაინც სჯობდა.

უკან გაჩოჩდა ნარა, ზურგით კედელს მიეყრდნო. ნიკაპი მკერდისკენ ჩასწია და მუცელთან მიიტანა მუხლები. შემთბარსა და ნაჭამს ძილი მოერია, დაჭიმული სხეული ისე ანაზდეულად ჩაუდნა ლეიბში, როგორც ტალახის გროვაში ლღვებოდნენ პირველივე შეხებისთანავე ფიფქები.

თვალები გაუშტერდა მოპირდაპირე კედელზე, რომელსაც ლურჯი ჩრდილი მოსდებოდა. წამიერად საკუთარი ბინა წარმოუდგა თვალწინ, მისი გაცრეცილი ქვეშაგები, მუდამ მტვრიანი ბეტონის იატაკი და თაროებზე შემოწყობილი ათასი ხარახურა.

და ანაზდად მოეჩვენა. თითქოს ბინაში იყო, ლოგინზე იჯდა და შეჰყურებდა მის მიერ შეკოწიწებულ წყლის ფილტრსა და გაბზარულ, ამომშრალ ნიჟარას.

თავი გადააქნია და უფრო მაგრად მოიკუნტა. თვალები ეხუჭებოდა.

მერე კი, ანაზდად, ოდნავი მოძრაობა დალანდა მარჯვნივ.

წამსვე გაიხედა ნარამ, ელვის სისწრაფით წამოსწია თავი.

ბავშვი იყო. ჭუჭყიანი, მოფხრეწილი ტანსაცმლის გროვიდან ამოეყო თავი. მრგვალი ლოყები ჰქონდა, დიდი, დაჩრდილული თვალები და აჩეჩილი ქერა თმა. თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა.

ოდნავ მოეშვა ნარა, მაგრამ მზერა არ მოუცილებია.

ბავშვები წესით მხოლოდ თავშესაფრებში უნდა ყოფილიყვნენ.

-ახალი ხარ. – თქვა ბავშვმა. ასაკის გამოცნობით ვერ დაიკვეხნიდა ნარა, მაგრამ შვიდზე მეტის არ უნდა ყოფილიყო.

-გინდა რამე? – დაუჩურჩულა მან, თან გაფაციცებით მიმოიხედა. არ უნდოდა რომ ვინმე გაეღვიძებინა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ერთს მაინც ამ ოთახში მოესურვებოდა მისი გვარიანად მიბეგვა.

-გამოგაგდეს ხომ? – ჰკითხა ბავშვმა, თავი გვერდზე გადააგდო. – ვინც ახალია აქ ყველა მაგას გაიძახის, სამსახურიდან გამომაგდესო.

-ესე იგი მეც გამომაგდეს. – თქვა ნარამ.

-მე AZZ01042541290. აილას მეძახიან. – თქვა ბავშვმა. – შენ?

მაგრად მოკუმა ტუჩები ნარამ. უნდოდა ეთქვა, რომ არც არავინ იყო.

-და აქ რას აკეთებ? – წაიდუდუნა ბოლოს. – თავშესაფარში უნდა იყო.

-ვმუშაობ. არ მეტყვი ვინ ხარ?

-არა. და რას აკეთებ?

-საჭმელს ვარიგებ. – განაცხადა აილამ. ძალიან კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავით.

მერე კი მისკენ გამოჩოჩდა ოდნავ.

-გარეთ რანაირია? – ჰკითხა ბოლოს.

-ცივა. – თქვა ნარამ. თავი კვლავ ლეიბზე მიდო, კომფორტულად მოეწყო. – ყინავს.

-თოვს?

-თოვდა.

-და თოვლი რანაირია?

-შენ რა, გარეთ არ ყოფილხარ? – ჰკითხა ნარამ.

-ალბათ კი მარა არ მახსოვს. მაგრამ ვინც აქ დადის მიყვებიან ხოლმე. გალავნის იქით მართლა ზღვაა?

-კი, ზღვაა.

-გალავანზე ყოფილხარ?

-არა.

-მაღაროელი ხარ? მემანქანე? გამყიდველი?

-აღარაფერი აღარ ვარ.

-ბომჟი ხარ. – განაცხადა აილამ.

-ეგ იმას ნიშნავს რომ აღარაფერი აღარ ვარ.  

-მაღაროელი იქნები, მაქედან ხსნიან ბევრს. და მაღარო რანაირია?

-არანაირი.

აილამ წარბები შეკრა, იჭვნეულად შეაცქერდა.

-ეგ რაღას ნიშნავს? – ჰკითხა მან.

ამოიხვნეშა ნარამ. დაიღალა. ძილის მეტი არაფერი უნდოდა.

-ბევრი შახტაა, ქვაში გამოღრუტნული დერეფნების ქსელით. ურანის მადანს მოიპოვებენ და მაზიდებით…

-ბინგემზე მართლა მოკლეს ხალხი? – გააწყვეტინა აილამ.

პირი მოხურა ნარამ, უცნაურად მოეგრიხა შიგნით ყველაფერი.

-და შენ ვინ გითხრა? – ჰკითხა მან.

-ყველა მაგაზე ლაპარაკობს.

-ჰო, მოკლეს. – თქვა ნარამ.

-მოღალატეები იყვნენ. – თქვა აილამ, პატარა ნიკაპი აღმართა ზემოთ და მისი ასაკისთვის შეუფერებელი, უცნაურად გოროზი გამომეტყველება მოედო სახეზე.

-ჰო, ეგრე ამბობენ.

-რა, არ არიან? – მკვახედ განაცხადა აილამ.

-არიან.

-ცეცხლის კაცი შეშლილი ავადმყოფი იყო. ლერვიქენის დამხობა უნდოდა. გამანაყოფიერებელი მოკლა და ორი პატიოსანი მაღაროელი დაწვა კიდევ.

ყელში რაღაც გაეხირა ნარას. თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა აილას. ესე იგი ამას ამბობდნენ.

არც უნდოდა გაჰკვირვებოდა.

-თურმე მაღაროშიც ერთ ამბავში იყო სულ. – აილა მისკენ გადმოიხარა, თვალები მოეწკურა, თითქოს საიდუმლოს ანდობსო. – ასაფეთქებლები ჰქონდა, საიდან იგდო ხელში არავინ იცის. ერთი გამოქვაბული ააფეთქა და მთელი რიგი პატიოსანი მაღაროელები და მცველები ჩახოცა. ავადმყოფი, ნაძირალა, მოღალატე! მაგ აფეთქებაზე იცოდი?

-გამიგონია. – თქვა ნარამ.

-აქამდე უნდა დაეჭირათ. – განაგრძო აილამ. – მაგრამ შეცდომაში შეიყვანა თურმე, გამოქვაბულის კედელი სუსტი იყოო თუ რაღაც ეგეთი სისულელე. შენ იცნობდი?

-არა.

-ის იცოდი, გამანაყოფიერებელი რო მოკლა და მაღაროელები დაწვა?

-არა.

-რა არაფერი იცი. – წაიწუწუნა აილამ. -აი მე კი ვიცი!

არაფერი უპასუხა ნარამ. ბავშვმა ტუჩები მოწკურა, თხემით ტერფამდე აათვალიერა, მერე კი ნარას მუცელთან მიდებულ ხელზე შეაჩერა მზერა.   

-ხელზე რა გჭირს?

-ვიჩხუბე.

-იტყუები. ნოვას იჩხირავ ალბათ და გძვრება თითები. – თქვა აილამ.

-დაიძინე. – უთხრა ნარამ, თვალები დახუჭა და უფრო მეტად მოიკუნტა. უსიამოვნო, ბლანტი სიმძიმე ჩამოსწოლოდა მკერდზე, სულს უხუთავდა.

სიმძიმე, რომელიც აილას სიტყვებმა მოჰგვარა.

თუმცა არა, არცერთი სიტყვა არ ეკუთვნოდა მისი ნათქვამიდან აილას. არცერთი. აქ მოსიარულე ხალხის ერთმანეთზე შეკოწიწებული აზრების მახინჯ გროვას დაებუდრებინა მასში. ლაპარაკობდა აილა და მისი პირიდან იგაზან-ლას, გულაამისა და ლერვიქენის ხმა გადმოდიოდა.

და საერთოდაც რატომ ამუშავებდნენ აქ ბავშვს? ნუთუ მუშების ნაკლებობა ჰქონდათ?

აილას დაჟინებული მზერა იგრძნო და თვალები გაახილა.

-არ მეძინება. – განაცხადა აილამ, როცა მისი მზერა დაიჭირა.  

-მალე მუშაობა არ გიწევს? დაიძინე.

-სულ ცოტა ძილი მყოფნის. აქსელი სულ მეუბნება რომ კარგად ვმუშაობ.

-აქსელი ვინაა?

-ეგეც არ იცი? – ირონიული ღიმილი მოეფინა აილას სახეს. – „ხრამის“ პატრონია.

-აჰა.

-აქსელი იმასაც მეუბნება რომ კარგი გამანაყოფიერებელი ვიქნები.

ტანში გასცრა ნარას. სამარას უსიცოცხლო მზერა, ნაგავზე დაჭყლეტილი მისი პირისახე და ფეხებშუა დაღვრილი სისხლი წარმოუდგა თვალწინ.  

გააცია, ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში.

კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.

-გინდა იყო? – ამოღეჭა ძლივს ბოლოს.

-აბა რა. გამანაყოფიერებლები ქმნიან მომავალს.

-საკუთარ გენებსაც ხომ არ გთავაზობს აქსელი? – უთხრა ნარამ.

აილამ მხრები აიჩეჩა, ტუჩები მოწკურა.

-ჰო, ეგრე მეუბნება. – უპასუხა ბოლოს, ვითომ აქაც არაფერიო, და ეჭვიც არ ეპარებოდა ნარას რომ არც კი იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

ანდა იცოდა და შეჩვეულიყო უკვე ამ აზრს.

ინტერესით დააცქერდა აილა.

-ზღვა რანაირია? – ჰკითხა მან.

-უკიდეგანო. – ავტომატურად უპასუხა ნარამ. იმ ბავშვებზე ფიქრობდა, ხანდახან რომ მიჰყავდათ თავშესაფრიდან.

აილაც ისეთი იყო. ლამაზი, მრგვალი სახე, სუფთა კანი, პატარა ცხვირი, ქერა თმა.  

-სულ ზღვაა? – ჰკითხა აილამ.

-ჰო. – უპასუხა ნარამ. – წყალი. და მეტი არაფერი.

წყალი იყო. და ვინ იცოდა, თუ რა იმალებოდა იმ წყალში. მერე კი მიწა, კონტინენტები, რომლებშიც კარგა ხნის წინ ჩაკვდა სიცოცხლე. იმის იქით კი სივრცე, უსასრულო სივრცე, პლანეტები, ასტეროიდები, შავი ხვრელები, ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები, კოსმოსი და დრო, უკიდეგანო დრო, რომელიც წინაც იშლებოდა და უკანაც, დრო, რომელსაც შეეძლო ამდენი რამ დაეტია მის უკვე თითქოსდა არარსებულ სხეულში, დაბადება და სიკვდილი, მწუხარება, გლოვა, სადღაც შორს ბედნიერება და მილიონობით, მილიარდობით მისნაირი ადამიანის ცხოვრების თითოეული წამი, დაეტია, გადაეხარშა და გასდგომოდა მომავლის გზას, ვითომ აქაც არაფერი.

და იცოდა ნარამ, რომ ამ უკიდეგანო სივრცისა და დროის მხოლოდ პაწაწინა ნაგლეჯს ნახავდა მხოლოდ. წიგნები და იგაზან-ლას გალავანზე დგომა ვერასოდეს შეძლებდნენ გატოლებოდნენ დროისა და სივრცის უსასრულობას.

და მაინც, რამდენი რამ ეტეოდა ამ ნაგლეჯში.

-რა საოცარია გულაამი, შუა ზღვაში რომ იგაზან-ლა ააშენა! – თქვა ალიამ და გაკრთა ნარა, ფიქრისაგან გამოფხიზლდა. თვალები უბრწყინავდა. – ერთ დღესაც დამაჯილდოვებს, ვიცი რომ იფლიჰემში ცხოვრება მელის!

პირი გააღო ნარამ, რომ ეპასუხა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა რა. ალბათ ის უნდოდა წამოეროშა, იფლიჰემში ცხოვრება არასოდეს გვეღირსებაო არცერთს.

მაგრამ არ დასცალდა.

-ოე, თქვენ მთლად გადაირიეთ?! – მოპირდაპირე კუთხიდან წამოიძახა ვიღაც ქალმა. ძლივს გაარჩია მისი სახე ჩრდილში ნარამ, ქალს თავი წამოეყო და გამძვინვარებული შეჰყურებდა. აქეთ-იქით რამდენიმე დაფხრეწილი ტანსაცმლის გროვა შეირხა, შეიღვიძა აშკარად რამდენიმემ. – რა დროს ლაპარაკია?! ენა ჩაიგდეთ ახლა სანამ მოვედი და ამოგაძრეთ ორივეს!

აილასკენ გაიხედა ნარამ. ბავშვს უკვე ჩაეყო თავი, ვითომ აქაც არაფერიო.  

-ავადმყოფები! დეგენერატები! კვირაში ერთი დღე ძლივს ვარ აქ და ძილსაც არ გაცლიან! – ბობოქრობდა ქალი.

გვერდი იბრუნა ნარამ, ქალის წივილი დააიგნორა. ბოლოს და ბოლოს სხვებმა დააშოშმინეს, მოკეტე თორემ მცველები შემოგვივარდებიანო.

მიჩუმდა ოთახი და არ იძვროდა ნარაზე დაღვრილი ლურჯი შუქი.

თვალები დახუჭა, მკერდში მტკივნეული გული უცემდა.

და ვერც გაიგო, თუ როგორ წაართვა ძილმა თავი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

„ხრამის“ თავზე რამდენიმე ლიანდაგი გადიოდა.

და მათ დაქსაქსულ ხაზებს შორის ჩამოღვენთილიყო დილის სინათლე. ქარს ოდნავ გაერღვია ცათამბჯენებზე ჩამოწოლილი ღრუბლების საფარი და მქრქალ, ძლივს გასარჩევ წერტილად ქცეულიყო გაიას ვარსკვლავი მოლურჯო ნაცრისფერი ცის ნამსხვრევზე.

თვალებში სისველე მოაწვა ნარას. ძალიან მწველი იყო ქარის სუსხი და ალიონის შუქი.

ცოტა ხნის წინ გამოაგდეს.

მოუსვენრად ეძინა, რამდენჯერმე გამოეღვიძა, ცხელ ოფლში გაღვრილს. გარიჟრაჟი უკვე ეპარებოდა ფანჯარას, როცა ესიზმრა, თუ როგორ იდგა თავის ბინაში და ჩანთაში ალაგებდა თავის მწირ ავლადიდებას. ტანსაცმელს, მის ერთ ცალ საჭმლის პაკეტსა და ქოთნებს, მერე კი ფანჯარასთან იდგა, გაჰყურებდა მინის მიღმა მდგარ დილას და ცახცახებდა მის ფეხქვეშ მატარებლის გუგუნისაგან იატაკი.

მერე კი ნელ-ნელა გამოცურდა ძილისაგან.

ძილბურანში მის გარშემო ჩამოწოლილ მსუბუქ სიჩუმეში ხმა გაიგონა.

ეძახდნენ.

‘ნარა.’

მშვიდი, ღრმა ხმა, რომელიც ძილისაგან უძვლო სხეულში გაუჯდა, მოდუნებული სისხლძარღვები გაუჯირჯვლა, მჩქეფარე სისხლით აუვსო.

‘სორენ?’

‘გელოდებოდი.’ უთხრა სორენმა. ‘სად ხარ?’

წამიერად შეყოვნდა ნარა. გაჭირვებით გაიხსენა მომხდარი. მოწოლილმა მოგონებებმა სული მოუხუთეს.

სამარა. რეჯინალდი. ცეცხლის კაცი და შაშხანების გამაყრუებელი ჭახანი ბინგემზე. მაწანწალების საჭმლის გემო და ლოყაგამოჭმული კაცი.

აღარ უნდოდა ეფიქრა.

‘ხრამში.’ უპასუხა ბოლოს.

‘მოვალ.’ თქვა სორენმა. ‘დამელოდე.’

კითხვის დასმა ვერ მოახერხა ნარამ, რომ გაწყდა ბმა და სულშემხუთავი სიჩუმე ჩამოწვა მის გარშემო. იწვა, თვალებდაჭყეტილი და მის თვალთახედვაში ნელ-ნელა შემოცურდა „ხრამის“ საძინებელი ოთახი, მძინარე მაწანწალებითურთ.

მცველებმაც არ დააყოვნეს.

დილის შვიდ საათზე შემოვარდნენ, ხელკეტების კედლებზე რახუნით გააღვიძეს მძინარენი და უკლებლივ ყველა გაყარეს გარეთ, მთელი ერთი კვირა აღარაფერი გესაქმებათო აქ.

აილა არსად ჩანდა ფეხზე წამოყრილთა ბრბოში, ალბათ თავის სამსახურს მიუბრუნდა.

და იჯდა ხრამთან ახლოს, ქუჩის კუთხეში ნარა, ცათამბჯენის ჩრდილში შემალული და აჰყურებდა ლიანდაგის ჩონჩხით დასერილ ცას.

საჭმელი არ მისცეს. მუცელი უსიამოვნოდ უყურყურებდა. არ წყუროდა მაინც, შორიახლოს სუფთა თოვლი მოიხელთა და შეჭამა ბლომად.

თავშესაფარი უნდა ეშოვა სადმე. სამსახურის შოვნის იმედი აღარ იყო, მაგრამ იქნებ სადმე მაწანწალების ჯგუფს შეკედლებოდა, რომელიც სითბოსა და საკვებს გაუნაწილებდა.

თუმცა იმ ლოყაგამოჭმულის რეაქციას თუ გაითვალისწინებდა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო მაწანწალებთან თავშესაფრის პოვნა.

ულსტერიც არ მოვიდა. ნარა მისი ციფერბლატით დაარეგისტრირეს “ხრამში“, ულსტერმა აქამდე მისი ვინაობა თუ გაიგო, ადგილსამყოფელიც უნდა სცოდნოდათ.

მაგრამ არავინ მოდიოდა.

ალბათ მართლა ვერ მოახერხეს მისი იდენტიფიცირება იმ ჩანაწერიდან. ნიღაბი ეკეთა და რამდენიმე წამი ჩანდა მხოლოდ, ისიც ბუნდოვნად.

იქნებ არც აინტერესებდა ულსტერს ვიღაც გოგო.

თუ ულსტერი არ სდევნიდა, იქნებ ვეზუვის ბიბლიოთეკაში წასულიყო. იქ სითბო მაინც იყო, ამ ყინვაში გარეთ ვერ გაძლებდა. 

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ, მოიკუნტა. ჩაყუნცულიყო, კალთაში დაწყობილი, ფეხებს მიღმა მიმალული დამწვარი ხელები ჯერ კიდევ გვარიანად ეწვოდა. სახვევებიც კარგა ხნის გამოსაცვლელი გახლდათ.

ციფერბლატზე დაიხედა.

157, 239; 07:23.

და იგრძნო. მარჯვენა მხრიდან მისკენ მომართული მზერის სიმძიმე.

გაიხედა, თვალები გააცეცა.

გამსკდარიყო ღრუბლების საბანი და ცათამბჯენის ფანჯრებზე არეკლილი მოყვითალო სინათლე მოეფინა ქუჩას, ქუჩაში თოვლჭყაპი აალაპლაპა. აქეთ-იქით გამვლელები მიიჩქაროდნენ და მიგრიხინებდა მათ თავზე მატარებელი.

ქუჩის ბოლოში მოტოციკლეტის ძრავის ხმამაღალი გუგუნი წაუძღვა წინ სორენის გამოჩენას.

წამოდგა ნარა, შეფარვით მიმოიხედა, ჯიბეებში ჩაიჩურთა ხელები. ფეხები უბჟუოდა, მაგრამ როცა დარწმუნდა რომ ზედ არავინ უყურებდა, ქუჩის ბოლოს მიაშურა.

გაძლიერდა გუგუნი, და გარიჟრაჟის მოყვითალო სინათლეს ფარის მჭახე თეთრი შუქი დაემატა, თვალი მოსჭრა წამიერად ნარას.

შეჩერდა მოტოციკლი. ჩაქრა ფარი და როგორც ყოველთვის თხემიდან ტერფამდე შავით შემოსილიყო სორენი, როცა სავარძლიდან გადმოაბიჯა. ჩაფხუტი მოიძრო, მზერა გაუსწორა და იცოდა ნარამ, რომ ქუჩაზე შემოხვევის წამიდანვე არ მოეცილებინა მისთვის თვალი.

აუჩქარა ნაბიჯს. გონებაში მისწვდა სორენს, მათი კავშირის სიწყნარე ისურვა და ისეთივე ადვილი იყო ამჯერად მათ შორის ხიდის აგება, ისეთივე ინსტინქტური, როგორც ნელ-ნელა წვალებით ნასწავლი კითხვა, გაიას ვარსკვლავისათვის თვალის გასწორება და გალავნის კიდეზე ზღვისა და მზის წინაშე გაუნძრევლად დგომა.

და მაინც, აქ არ უნდა ყოფილიყო სორენი.

და არ უნდა მიახლოებოდა მას თვითონ. უნდა გატრიალებულიყო ახლა და წასულიყო სხვაგან, შორს.

მაგრამ ვერ აძალებდა საკუთარ თავს.

ქუჩის კუთხეში, ვიწრო შუკაში შეათრია მოტოციკლი სორენმა და ფეხდაფეხ მიჰყვა მას ნარა.

ცათამბჯენთა ჩრდილში დარჩნენ. მოტოციკლი კედელზე მიაყუდა სორენმა და მოტრიალდა, თვალი გაუსწორა ნარას. ნიღაბი ეკეთა და კაპიუშონი წამოეფარებინა თავზე, მხოლოდ თვალები უჩანდა. 

‘რა გინდოდა?’ ჰკითხა ნარამ.

‘მინდოდა მენახე.’ უპასუხა სორენმა.

გააცია ნარას, უფრო მაგრად მომუშტა მტკივანი ხელები ჯიბეებში.

‘რისთვის?’

‘ბინგემზე იყავი?’

‘არა. შორიდან დავინახე. და პირდაპირ წამოვედი ხრამში. შენ?’

‘ვიყავი.’

‘ხომ დაინახე, რას შვებიან? არავის დაინდობენ. მოგკლავენ, აღარ წახვიდე.’

‘მე ვერ მომკლავენ.’ თქვა სორენმა. ‘ყველას ვერ მოკლავენ.’

‘შეიძლება მოედანზე ვერა.’ მიუგო ნარამ.

თვალწინ ედგა ჯერ კიდევ აღმართული შაშხანების გაელვება და მათი სიკვდილის მომასწავებელი, ავბედითი ქუხილი.

‘სანაგვეა ხრამი.’ თქვა ანაზდად სორენმა.

უნებურად მობრეცილი ღიმილი მოაწვა სახეზე ნარას. სანაგვე იყო „ხრამი“ და ნაგავი იყო ყველა, ვინც იქ დაეთრეოდა.

‘არის. მაგრამ მაჭამეს’. უპასუხა ბოლოს. ‘სითბოში მეძინა.’

‘ჭამისა და ძილის გარდა ბევრი სხვა რამეც ხდება იქ.’ თქვა სორენმა.

ნაკვთები მოეგრიხა ნარას და მადლობელი იყო, რომ ნიღაბი უფარავდა პირისახეს, მაგრამ იცოდა, რომ ვერ მოთოკა თვალებში მოწოლილი მრისხანება.

ძარცვა. ცემა. გაუპატიურება.   

‘არაფერი მომხდარა.’ თქვა ბოლოს.

‘ეგ იმას არ ნიშნავს რომ არაფერი ხდება.’ თქვა სორენმა. ‘ანდა არ მოხდება.’

‘ისე ამბობ ვითომ ვინმეს უნდოდეს იქ წასვლა.’

‘უნდათ თუ არ უნდათ, მაინც საკუთარი ნებით მიდიან. ხრამში არავინ წაგათრევს თუ არ გინდა.’

‘ჰო, ბავშვების გარდა.’ მოუჭრა ნარამ. ‘და შენ რა, გგონია დამშეულ, ავადმყოფ ბომჟს სხვა გამოსავალი აქვს? რა აირჩიოს, ხრამი თუ გარეთ გაიყინოს? ეგეთი არჩევანი ილუზიაა და მეტი არაფერი.’

‘ყინვა მენჯის ძვალს არ გადაგიმტვრევს.’

‘გადამტვრეული მენჯის ძვალი არ მოგკლავს.’

‘მოგკლავს.’ თქვა სორენმა. ‘ოღონდ ნელა. დიდხანს.’

მხრები აიწურა ნარამ.

‘ეგ სხვანაირი სიკვდილია და ყველგან ხდება. ყველგან. კლუბებში, მაღაროებში, ქარხნებში, შუა ქუჩაში, მატარებელში, სადმე მოფარებულში თუ ყველას დასანახად.’

დაჟინებით შეჰყურებდა სორენი და თითქმის გრძნობდა მის გაურკვეველ, მოზღვავებული ემოციებით აღსავსე გონებას ნარა.

‘მომხდარა?’ ჰკითხა ბოლოს კაცმა.

თვალები გაუშტერდა ნარას, ტუჩები მაგრად მოკუმა.

არაფერი უთქვამს.

სორენის უძრავ, განმგმირავ მზერას თვალი აარიდა.

‘ვიღაც ბომჟს შეიძლება არა, მაგრამ შენ არჩევანი გქონდა.’ თქვა ბოლოს სორენმა.

მოიღუშა ნარა. ხვდებოდა, თუ რასაც გულისხმობდა სორენი, მაგრამ არ უნდოდა ამაზე დაფიქრებულიყო.

ცოტა ხანი უსიტყვოდ იდგნენ.

მერე კი მიტრიალდა სორენი და მოტოციკლის სავარძელზე ღვედით მიბმულ მოგრძო, შავ ჩანთას სწვდა, გამოხსნა.

‘ეს მოგიტანე.’ ჩანთა გამოუწოდა მან.

დაბნეული შეაცქერდა ნარა, მერე კი ფრთხილად ჩამოართვა, შიგნით ჩაიჭყიტა.

ჯერ საკუთარი გალეული ლურჯი უნიფორმა იცნო. რამდენიმე საცვალი. შარვლები.

ხელები გაუქვავდა ნარას, მოწყვეტით ახედა სორენს, რომელიც აღარ დასცქეროდა, ქუჩისაკენ მიეტრიალებინა მზერა.

მისი ბინიდან მოკრიფა სორენმა ნივთები.

ჩანთაში კიდევ ათიოდე საჭმლის პაკეტი იყო, არადა ძალიან კარგად იცოდა ნარამ, რომ მხოლოდ პაკეტნახევარი დარჩენოდა თვითონ. მოზრდილი, სავსე წყლის ბოთლები. მისი გაცრეცილი საბანიც კი ჩაეტენა სორენს შიგნით.

ტანსაცმლის ქვეშ, ჩანთის კუთხეში კი თავდახურული ყუთი მიეჩურთა.

გულმა რეჩხი უყო ნარას. თავი ააძრო ყუთს.

შიგნით ქოთანი მოეთავსებინათ. და მათ თავზე წამომდგარი ცათამბჯენის ჩრდილში, შიგნით რომ დილის მოყვითალო სინათლეს გაეჟონა, მწვანე ყლორტი დაინახა ნარამ.

ექვსი პაწაწინა ფოთოლი ჰქონდა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მომჭკნარი, უწყლოობისაგან მოქანცული, მაგრამ ცოცხალი.

წამსვე დაახურა თავი ყუთს ნარამ და ჩანთა ამოიღლიავა. ხელები უთრთოდა, ზურგზე წამსვე დაასხა ცხელმა ოფლმა და ინატრა, რომ ახლომახლოს კამერები არ ყოფილიყვნენ.

თუმცა კამერებზე ალბათ აქამდე უნდა ეფიქრა.

მცენარე ნახა სორენმა.

რაღაცნაირად შეაღწია მის ბინაში. მოკრიფა ყველაფერი, რაც საჭირო იყო. თაროებზე შემოწყობილი ტანსაცმელი, საბანი, საჭმელი და რაღაცნაირად ყუთში მიმალულ ქოთანსაც მიაგნო.

მათი კავშირის ფარგლებში წარმოთქმულ სიტყვებს არაფრად თვლიდა ნარა. ბოლოს და ბოლოს მათი საუბარი არ არსებობდა, ხმოვანი ხორცშესხმა არასოდეს ეღირსებოდათ სიტყვებს, მათი კვალი მის ფიქრებში იწყებოდა და იკარგებოდა უგზოუკვლოდ.         

მაგრამ ეს მცენარე რეალური იყო. უტყუარი, ხელშეხებადი მტკიცებულება იმისა, რომ არსებობდა ისეთი სამყაროს პოტენციალი, რომლის არსებობა მხოლოდ დაუსრულებელი დაპირებებით შემოისაზღვრებოდა იგაზან-ლაში და რომელიც იფლიჰემში გამოეკეტა გულაამს. ის, რასაც არ უნდა ეარსება და მაშასადამე ეწინააღმდეგებოდა იგაზან-ლას დაუწერელ კანონებს.

ის, რის შექმნისათვის ულსტერი არ აცოცხლებდა.

თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა სორენს ნარა, თვალის დაუხამხამებლად, მთელი სხეული დასჭიმვოდა.

და გამაყრუებელი იყო მათ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე.

‘საჭმელი ცოტა ხანს გეყოფა.’ თქვა სორენმა, ვითომ აქაც არაფერიო.

ნერწყვი ძლივს გადაიტანა ყელში ნარამ.

‘საიდან… როგორ შეხვედი შიგნით?’ ჰკითხა ბოლოს.

‘ფანჯრიდან.’ თქვა სორენმა, პაწაწინა, ძლივს შესამჩნევი ნაოჭები გამოეხატა თვალების კუთხეებში და თვალები კინაღამ გადმოსცვივდა ნარას.

‘რა, კედელზე აძვერი?’

‘ავძვერი. აბა კარს ხომ ვერ შევამტვრევდი.’

‘და რატომ?’

‘ვიფიქრე რომ გენდომებოდა შენი ნივთები.’ თქვა სორენმა. ‘ბეწვზე მოვასწარი, ახალი მაღაროელი შეასახლეს შიგნით უკვე.’

არაფერი უთქვამს ნარას. ჩანთა უფრო მაგრად მიიხუტა გვერდზე, მაგრად მოსჭიდა ჩანთის გვერდში ჩატენილ ოთხკუთხა ყუთის კუთხეს თითები.

სორენი უყურებდა და გამქრალიყვნენ მისი თვალების გარშემო ნაოჭები. მხოლოდ უცნაური, ცარიელი სევდა დარჩენოდა მათში.

მერე კი თვალი აარიდა, მოტოციკლისაკენ მიტრიალდა.

‘წამოდი.’ უთხრა მან და სავარძელზე გადაჯდა, ჩაფხუტი გამოუწოდა. 

გაშეშდა ნარა, ადგილს მიელურსმა. გაყინული მკლავები ტეხდა ჩანთის სიმძიმისაგან, ხელები ეწვოდა.

‘სად?’ ძლივს ამოთქვა ბოლოს. 

‘რაღაც მინდა გაჩვენო.’

ფეხი მოინაცვლა ნარამ, ქუჩისაკენ გააპარა მზერა. გული მკერდში უბრაგუნებდა.

რისი ჩვენება უნდა ნდომოდა სორენს? მის ბინაში უკვე ნამყოფი იყო. ბინგემის მოედნის? რომელიმე კლუბის? თავშესაფრის?

იქნებ ულსტერი ჰქონდა გამოძახებული და პირდაპირ იქ უპირებდა წათრევას?

არა, არა. მისი ულსტერთან დაბეზღება რომ ნდომოდა, მცენარეს ბინიდან არ წამოიღებდა და ჩანთას არ მისცემდა.    

ანდა სწორედ ამიტომ მისცა ჩანთა, რომ სამხილთან ერთად დაეჭირათ.

‘ნარა.’ ჩაესმა ანაზდად და გაკრთა, შემცბარი, თვალებდაქაჩული შეაცქერდა სორენს, რომელიც ისევ ისეთი, ცარიელი თვალებით შეჰყურებდა, კვლავ გამოეწვდინა ჩაფხუტი.

და სევდა იგრძნო ნარამ. სხეულში ჩაეღვარა, შემოჰყინა.

და ხვდებოდა, რომ სულაც არ იყო მისი ეს სევდა.

ნელა მიუახლოვდა სორენს, ჩაფხუტი ჩამოართვა და თავზე მოირგო, მერე კი მის უკან მოთავსდა. ჩანთას თავი მოუკოჭა და მათ შორის ჩატენა, ბარძაყებით დაიჭირა, რომ არ გადმოვარდნოდა, მერე კი მაგრად ჩაებღაუჭა სავარძელზე გადაჭიმულ ღვედს.

გული მძლავრად უცემდა მკერდში და აჩქარებული პულსი საფეთქლებში მოსწოლოდა.

მოტოციკლი დაქოქა სორენმა და ფარიდან გამოჭრილი სინათლე წამსვე აირეკლეს ქუჩის მეორე მხარეს ცათამბჯენის დაბზარულმა ფანჯრებმა, შუქმა თვალი მოსჭრა ნარას.

მერე კი ადგილს მოსწყდა მოტოციკლი. მკვეთრად მოუხვია სორენმა და გუგუნით გაიჭრა ქუჩაში.

ეღვიძა ძვლების რაიონს. სამსახურში მიიჩქაროდნენ მაღაროელები, მემანქანეები და ხმამაღალი მუსიკა გამოდიოდა კლუბებიდან. ვიღაც განწირული ხმით გაჰკიოდა შესახვევში, გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან დასუნსულებდნენ მაწანწალები და აქა-იქ მათ მოზრდილ ჯგუფებს მაღაროელებსა თუ მემანქანეებთან გვარიანი ჩხუბი აეტეხათ. ყინავდა, და დაეჭირხლა მონაბერ ქარს ფანჯრები, დათრთვილულ მინებზე ალაგ-ალაგ ახალი ამბების ცისფერი ჰოლოგრამები ციმციმებდნენ.

ჩანთასა და ღვედს ჩაფრენოდა ნარა, თავი აეღირა და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა მის თავზე, დაკლაკნილი ლიანდაგების მიღმა აღმართულ ცათამბჯენებსა და მათზე მიმოფენილ ჰოლოგრამების ცისფერ შუქს, რომელსაც ვერ მორეოდა გაწეწილი ღრუბლების საფარიდან გამოპარული მოყვითალო სინათლე.

წინა დღის აქციის კადრებს უშვებდნენ. მომიტინგეთა გამძვინვარებული სახეები, მაღლა აღმართული მუშტები და შუა ყვირილში დაღებული, უხმო პირები გამოკიდებულიყვნენ ჰაერში, და გამომცხადებლები ფრიად შეშფოთებული ხმით გამოხატავდნენ გაკვირვებასა და მრისხანებას, როგორ უპირისპირდებიან გულაამის მიერ ნალოლიავები მოქალაქეები იგაზან-ლას დამაარსებელსო.

რეჯინალდი საერთოდ აღარ უხსენებიათ.

არც გახლდათ გასაკვირი. რეჯინალდის ქმედება მხოლოდ მაშინ იყო გაშუქებადი, როცა იზოლირებული გახლდათ. მარტო მდგომი ადამიანი უმნიშვნელო, იგნორირებადი გიჟი იყო, ანარქისტი და მეტი არაფერი, რომელიც სიკვდილის მერე წამსვე დავიწყებას მიეცემოდა. მარტო მდგომი ადამიანი ვერასოდეს იქნებოდა ის, რაც თვითონ სურდა რომ ყოფილიყო და ის, რისიც შეიძლებოდა შინებოდა გულაამს.

მარტო მდგომი ადამიანი ვერასოდეს იქნებოდა წამებული.

ამიტომ რეჯინალდის უკან თავმოყრილი ხალხი, აქციაზე რომ “ცეცხლის კაცს“ გაჰყვიროდა, უნდა გაეცალკევებინათ მისგან. ასე ძალიან იოლი იქნებოდა იმ მარტოსული შეშლილის დავიწყება.

გუგუნებდა მოტოციკლი და მიჰქროდა მათ გარშემო ცათამბჯენებზე არეკლილი, გამომცხადებელთა ხმით შემკული, ღალატად შერაცხული ძვლების რაიონის რისხვა.

გაუხვია სორენმა, მთავარი ქუჩიდან ბინგემზე გაიჭრნენ, გადაიშალა მათ თვალწინ მოედანი და გაქვავდა ნარა, უფრო მაგრად ჩააჭირა მტკივანი ხელები ღვედს.

გვამები ქალისა და მამაკაცის ქანდაკების კვარცხლბეკთან მიეთრიათ, ერთმანეთზე აეკოკოლავებინათ. ასზე მეტი მაინც იქნებოდა. ებრძოდა იგაზან-ლას ცისფერი შუქი ქვაფენილზე დაღვრილი სისხლის სიწითლეს, მაგრამ ამაოდ, ვერ დაეძლია დღის შუქზე ავბედითად მბზინვარე, ნახევრად გამშრალი მეწამული.

კვარცხლბეკიდან რეჯინალდის გვამი უკვე წაეღოთ. ჭვარტლის კვალიც კი არ დაეტოვებინათ, რეჯინალდის ქმედების მოწმე მხოლოდ ქალის ქანდაკების ძირში ჩაქუჩის დარტყმისაგან გაჩენილი ბზარი იყო.

და ეყარა გოროზად აღმართული ქალისა და მამაკაცის ქვეშ უსიცოცხლო ხორცი, ბრბოს გადმონაშთი, რომლის დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ სხვათა გაფრთხილება გახლდათ.

ტუჩი მოიკვნიტა ნარამ, ყბა მოენგრა. პირი იბრუნა, მაღლა აიხედა და უზარმაზარი იყო დაქსაქსული ლიანდაგებით დაუსერავი ცა, ბინგემს რომ გადმოჰყურებდა. გამოეღწია მზეს მონაცრისფრო-მოყვითალო ღრუბლებიდან და მქრქალად კიაფობდა გაიას ვარსკვლავი.

მოედანი გადაკვეთა სორენმა, მოუხვია და გზატკეცილზე გაიჭრა.

მიიწევდნენ მაღლა, ბოძებზე დაეშენებინათ მეათე სართულის სიმაღლეზე გადაჭიმული გზატკეცილი და მიხვდა ნარა, რომ ამ გზით მოვიდნენ სულ ცოტა ხნის წინ სორენის ბინაში. შორს, ძალიან შორს, შენობებს მიღმა სორენის კორპუსიც კი დალანდა.

მაგრამ ამჯერად არ გადაუხვიეს გზატკეცილიდან კორპუსისაკენ.

გზატკეცილის ერთ-ერთი შტო პირდაპირ გალავანს უერთდებოდა და იქეთ აიღეს გეზი.

უკვე სულს ღაფავდა ახლახანს ამოწვერილი მზე. გადაუარეს ღრუბლებმა და მოგუდეს მისი მოყვითალო სინათლე, გაცვეთილი ნაცრისფერი ჩამოწვა გარშემო.

მიქროდა მოტოციკლეტი გზატკეცილზე, ნელ-ნელა წამოიმართა მათ თავზე გალავანი, და ისეთივე ბუმბერაზი და ერთი შეხედვით შეუვალი იყო მისი შავი მეტალის კარკასი, როგორც აქამდე. პროჟექტორები ჩაექროთ, უძრავად შეჰყინვოდნენ გალავნის კიდეს.

ოდნავ გვერდზე გადაიხარა ნარა, სორენის მხრის იქით გადაიჭყიტა გაფაციცებით.

მთავრდებოდა გზატკეცილი და მომცრო რკინის ხიდს უერთდებოდა, რომელიც გალავანზე შეედუღაბებინათ. ძლივს გაარჩია გალავნის ფასადში გამოჭრილი, აშკარად გასაწევი ვეებერთელა კარიბჭე ნარამ. კარიბჭეს ორივე მხარეს მოზრდილი ოთხკუთხა კბილანები ჰქონდა, რომლებიც მჭიდროდ ჩამჯდარიყვნენ ერთმანეთში.

მაღლა, პროჟექტორების მიღმა ვიღაცის, ალბათ მცველის სილუეტი დალანდა ნარამ და წამსვე ჩასწია თავი, მოიკუნტა, სორენის უკან ჩამალვა სცადა.

მოუნელა მოტოციკლმა, რახრახით გადავიდა რკინის ხიდზე და კართან ახლოს შეჩერდა.

კარის გვერდით საკეტი იყო, რომელსაც ციფერბლატი მიუშვირა სორენმა.

დაიგრუხუნა კარიბჭემ. გამაყრუებელი ღრჭიალით დაშორდნენ ერთმანეთს კბილანები და კვლავ ააგუგუნა ძრავი სორენმა, ღრიჭოში შესრიალდა ელვის სისწრაფით.

დანჯღრეულ რკინის გზაზე მიქროდნენ, რომლის გარშემო გალავნის ვეებერთელა შიგნეული გაშიშვლებულიყო. უთვალავი სართული გადაჭიმულიყო მათ თავზე, რომელთა იატაკს მხოლოდ სქელი რკინის ბადე წარმოადგენდა. ბნელოდა, მოაჯირებს, რკინის იატაკსა და მილებს აქა-იქ დამონტაჟებული, მბჟუტავი ნათურების ცისფერი სინათლე და მოტოციკლეტის ფარის მჭახე თეთრი შუქი ანათებდა.

გუგუნებდა მოტოციკლეტის ძრავა და გალავნის შიგნეულიდან ამოძახილ ექოში თრთოდნენ კედლები.

გამაყრუებელი ღრჭიალით გაიღო გასასვლელი კარიბჭე.

გაიღო და წამსვე შთანთქა ისინი ცივმა, მოყვითალო სინათლემ. მოტოციკლი გრიხინით გაიჭრა რკინის ხიდზე, რომელსაც ალაგ-ალაგ ამომტვრეული ბეტონის გზა შეენაცვლა, წუილით მიჰქროდა მათ გარშემო სუსხიანი ქარი.

წამიერად დააბრმავა ანაზდეულმა, გაშიშვლებული ცის შუქმა ნარა.

და გადაიშალა მის წინაშე ზრეა.

აღმართულიყვნენ ცათამბჯენები, რკინაბეტონის კორპუსები, ელექტროგადამცემი კოშკები, ცალფეხა ლიანდაგები და ურანის გადამამუშავებელი ქარხნები, რომელთაც საკვამურებიდან რუხი ქულები მიიწევდნენ ზემოთ, ზემოთ და უერთდებოდნენ დახლეჩილ ღრუბლებს. ბჟუტავდნენ ნეონის ლურჯი სინათლეები, გზატკეცილის ქვემოთ, ქუჩებში მიიჩქაროდა ხალხი და მატარებლის გუგუნშიც კი გაარჩია ნარამ, თუ როგორ გაჰყვიროდა ვიღაც ქვემოთ.

აქედან უფრო კარგად მოჩანდა იფლიჰემის ქათქათა გუმბათი, რომელზეც იგაზან-ლას გერბით შემკული დროშა ფრიალებდა.

მკვეთრად გაუხვია სორენმა, მიწისაკენ დაქანებულ გზაზე დაეშვა მოტოციკლი და მუცელი თითქოს ყელში ამოუჯდა ნარას, კბილები დაკრიჭა და სორენის ქურთუკს ჩააფრინდა ცალი ხელით ინსტინქტურად.

მიჰქროდნენ ქვემოთ და მათ გარშემო დაღებულმა, ჩაბნელებული ცათამბჯენების, ლიანდაგებისა და ნაცრისფერი კვამლით გაჯერებულმა ზრეას ხახამ სული მოუხუთა ნარას. ზემოთ აიხედა და იკუმშებოდა მის თავზე ცა,  თითქოს ახლახანს ამოეხეთქათ მიწიდან შენობებს და მიისწრაფვოდნენ ზემოთ, სანამ მათ შორის ცის მომცრო ნაგლეჯიღა დარჩა. 

ზათქით გადაგორდა გზატკეცილიდან უსწორმასწოროდ მოკირწყლულ, თოვლჭყაპით სავსე ქუჩაში მოტოციკლი, მიჰქროდნენ დაკლაკნილ გზებზე და ძალიან წააგავდნენ ზრეას ნაგვით, ნოქსით გაჭყეპილი მაწანწალებითა და არეულობით აღსავსე ქუჩები ლერვიქენის ჯურღმულებს.

აქ უფრო იგრძნობოდა დაძაბულობა. ალაგ-ალაგ შაშხანებით შეიარაღებული ულსტერის მებრძოლები დალანდა ნარამ, ქუჩებს პატრულირებდნენ აშკარად. ცივი ჟრუანტელი უვლიდა ზურგში მათ დანახვისას, მაგრამ შორიდან შემოუარა მათ სორენმა და ისედაც იკარგებოდა მისი მოტოციკლეტი მანქანებისა და ფურგონების ტალღაში. მოზრდილი ჯგუფები დაიპარებოდნენ აქეთ-იქით, წითელი უნიფორმები ეცვათ, რაც აქამდე არ ენახა ნარას. გაძეძგილ ჩანთებს დაათრევდნენ და დროდადრო ელვის სისწრაფით დაინთქებოდნენ წვრილი შუკების სიბნელეში, როცა მოსახვევში ულსტერის მებრძოლი გამოჩნდებოდა. 

უცვლელი იყო ჰოლოგრამების ცისფერი სინათლე, გამომცხადებელთა ცივი ხმა და ის კადრებიც კი, კვამლით გაჯერებულ, მძიმე ჰაერში რომ გამოკიდებულიყვნენ ცათამბჯენთა შორის.

მაღლა აღმართული მუშტები, ქუჩაში მიმავალი ხალხის ტალღა და მასში გაბნეული ნავებივით დროშები, რომლებზეც იგაზან-ლას გერბი გამოსახულიყო.

გამომცხადებლები ზრეას მაცხოვრებლებს გონზე მოგებისაკენ მოუწოდებდნენ. იგაზან-ლას მოღალატეებს ერთად უნდა დავუპირისპირდეთო. მშვიდი ცხოვრების დაქცევა სურთო ანარქისტებს.

გაქვავებული აჰყურებდა ჰოლოგრამებს ნარა.

ზრეაშიც ღალატი. გულაამისა და იგაზან-ლას ღალატი.

ალბათ ულსტერმა აქაც ჩაცხრილა ბევრი.

თავი დახარა ნარამ და უფრო მაგრად ჩაებღაუჭა სორენის ქურთუკსა და ჩანთას.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი მიდიოდნენ.

ნელ-ნელა ჩაკვდა მათ გარშემო ფურგონების ღმუილი, ხალხის ღრიანცელი და გამომცხადებელთა ყურისწამღები ხმა, ჩაიბჟუტა ნეონის სანათთა ცისფერი სინათლე და ლურჯი ჩრდილი მოეფინა დაცარიელებულ ქუჩებს, რომელთაც მხოლოდ დაგლეჯილი ღრუბლებით შემკული ცა, მიტოვებული ქარხნები და ცათამბჯენთა ჩამსხვრეული ფანჯრები გადმოჰყურებდნენ ზემოდან.

ერთ მომცრო, ორ ცათამბჯენს შორის გაჩხერილ, შენობასთან გააჩერა მოტოციკლი სორენმა, ანიშნა, გადადიო და სწრაფად გადაძვრა სავარძლიდან ნარა, ჩანთას გადმოათრია.

ჩაფხუტი მოიხსნა, სორენს მიაწოდა და გაფაციცებით მოათვალიერა იქაურობა.

კაციშვილი არ ჭაჭანებდა გარშემო. შორიდან ქარხნების გუგუნი ისმოდა და წუილით მიჰქროდა ქუჩაში ქარი, მშრალ თოვლს ხვეტდა და მიაქანებდა შორს.

ჩაბნელებულიყვნენ მათ წინ აღმართული შენობის ჩამტვრეული ფანჯრები. მიტოვებული ჩანდა.

ყველაფერი მიტოვებული ჩანდა ამ ადგილას. ლერვიქენში ასეთი რამ გარეუბნებშიც კი არ ენახა ნარას.

მოტოციკლი შენობაში შეათრია სორენმა და ნელა, ფეხათრევით მიჰყვა უკან ნარა, ზღურბლზე შედგა.

შიგნით ყინავდა. ძლივძლივობით აღწევდა სულთმობრძავი დღის სინათლე გამურულ ფანჯრებში და არაფერი ჩანდა, კედლებისა და გარშემო მიმოყრილი ნაგვის გარდა.

საიდანღაც მოზრდილი ბრეზენტის ნაჭერი გამოათრია სორენმა და გულმოდგინედ დაფარა მოტოციკლი.

დაჟინებით შეაცქერდა მას ნარა.

-აქ რა უნდა მაჩვენო? – ჰკითხა ბოლოს და ექოდ ამოსძახეს მისი სიტყვები შიშველმა კედლებმა.

-მალე ნახავ. – უთხრა სორენმა, გასწორდა და ხელები დაიფერთხა, მერე კი ნარას გამოხედა. იდგა შენობის ჩაბნელებული სიღრმის წინაშე და თითქოს იცრიცებოდა მისი შავით შემოსილი სხეული წყვდიადში, უერთდებოდა უძირო უფსკრულს, რომლისგანაც ხელშეუხებელი მხოლოდ დაჩრდილული თვალები დარჩენოდა.

გატრიალდა სორენი, ზურგი შეაქცია და დაინთქა სიბნელეში.

რამდენიმე ნაბიჯი გაუბედავად გადადგა ნარამ, მერე კი შედგა.

წამიერად მოუნდა რომ აქედან მოეკურცხლა.  

გალავნის გადაკვეთა ლერვიქენის მაღაროელთა და ზოგადად მაცხოვრებელთა უმრავლესობის წესებს ეწინააღმდეგებოდა.

რატომღაც მისდაუნებურად, უკონტროლოდ იზრდებოდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა სია.

თანაც რა უნდა ეჩვენებინა სორენს იგაზან-ლას ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რაიონის გარეუბანში, სადღაც ნანგრევებში?

იქნებ მოკვლას უპირებდა. რომც ხმის წასვლამდე ეყვირა, აქ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და რომც გაეგოთ ალბათ არავინ მოვიდოდა.

შიშმა ცივი ქარის ტალღასავით შემოჰკრა ნარას, გააშეშა. აქ არ უნდა ყოფილიყო.

უფრო მაგრად მობღუჯა ჩანთა და ფრთხილად, ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, თან წყვდიადში ამაოდ ეძებდა თვალებდაჭყეტილი სორენის ფიგურას.

-აქეთ! – დაუძახა ანაზდად სორენმა და გაკრთა ნარა.

მის ხმას მყისიერად მოჰყვა შორს, შენობის შორეულ კუთხეში ანთებული ცისფერი შუქი, რომელმაც კუნაპეტი გადახლიჩა და წამიერად თვალი მოსჭრა ნარას.

სორენი იდგა, ხელში ფარანი ეჭირა და მჭახე ცისფერი შუქი შემოხვეოდა მის სილუეტს გარშემო. იდგა და კედელს უფათურებდა ხელს.

შეჰყურებდა ნარა. რაღაცამ გასწიწკნა შიგნით.

კანკალით ამოისუნთქა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მისკენ.

კუთხესთან ახლოს გააფათურა ხელი სორენმა და კედელს მიაწვა მთელი ძალით.

შეცახცახდა მთელი შენობა. ნაცრისფერ ბეტონში ჯერ ბზარი გაჩნდა, რომელიც ნელ-ნელა, ხმამაღალი ღრჭიალით გაფართოვდა, ნაპრალს დაემსგავსა.

წარბშეკრული, გაოცებით შესცქეროდა კედელში გაჩენილ ნახეთქს ნარა.

საიდუმლო გასასვლელი იყო.

სორენი ელვის სისწრაფით შეცურდა ნაპრალში და ფეხდაფეხ მიჰყვა მას ნარა.

შესასვლელი მათ ზურგსუკან მოიხურა.

და მოეფინა ცისფერი სინათლე ქვის ფილებით მოპირკეთებულ გვირაბს, რომელიც აქეთ-იქით იტოტებოდა. შიგნით შმორის, დაჟანგული მილებისა და ქვის მტვერის სურნელი იდგა, სული მოეხუთა ნარას.

გვირაბს დაუყვნენ და აშკარად ძალიან კარგად იცნობდა აქაურობას სორენი. უამრავი განშტოება ჰქონდა გვირაბს და ერთი ნიშნულიც კი არ იყო სადმე, მაგრამ ერთხელაც კი არ შეყოვნებულა კაცი, განშტოებას განშტოებაზე მისდევდა. ერთ ჩიხში კიდევ ერთი გასასვლელი გახსნა, რომლის მიღმა ვერტიკალურ, წვრილ გვირაბში დაჟანგული რკინის კიბე დაემონტაჟებინათ.  

ბიბლიოთეკაში ჩამავალი კიბე წამოუტივტივდა თავში ნარას, როცა ჩანთა ზურგზე მოიგდო და ფრთხილად ჩაჰყვა სორენს კიბეზე. მიცოცავდა ქვემოთ და გზას საკუთარი ინსტინქტი და ქვემოდან მომავალი სორენის ფარნის შუქი უჩვენებდა.  

ათი სართულის სიმაღლეზე მაინც გადაჭიმულიყო კიბე.

აღარ ისმოდა შორეული გუგუნი. გამაყრუებელ სიჩუმეს მხოლოდ საფეხურების ღრჭიალი და სორენის სუნთქვა არღვევდა.

კიბის ბოლოში უკან მოიტოვეს მათზე მოხვეული პაწაწინა გვირაბი და გაფაციცებით მოათვალიერა ნარამ მათ წინაშე გადაშლილი ვეებერთელა დარბაზი, ფარნის მქრქალი ცისფერი შუქი რომ მოჰფენოდა.

ოთხი სართულის სიმაღლე მაინც ექნებოდა დარბაზს, სქელი ბეტონის სვეტებს დაბჯენოდა ჭერი. გვირაბი დარბაზის კუთხეში გაეჭრათ, სადაც კიბე უერთდებოდა მიწას, იქაურობა ვეებერთელა მეტალის კონტეინერებით, მილებითა და დაჟანგულ მოწყობილობებით იყო სავსე,  ზოგზე ნაცრისფერი ზეწრები გადაეფარებინათ.

საწყობი იყო, საკმაოდ ძველი.

დარბაზის ბოლოსაკენ გაეშურა სორენი და ანიშნა, აქეთ წამოდიო. 

  უკან მიჰყვა ნარა, ათვალიერებდა დაჟანგულ აპარატურასა და კედლებზე გაჩენილ მოქანავე ჩრდილებს.  

აპარატურას ვერ ცნობდა, აქამდე არასოდეს ენახა. უმრავლესობა მაღალი იყო, ნაცრისფერი კორპუსით, აქა-იქ ოთხკუთხა, დაბზარული, შავი მინასავით მოწყობილობები გამოერეოდნენ. ადრინდელი გენერატორები უნდა ყოფილიყო, ბატარეები, ანდა რაღაც მათი მსგავსი.    

მაგრამ სორენს ისინი საერთოდ არ აინტერესებდა. ვეებერთელა მილებსა და კონტეინერებს ზედაც არ შეხედა, დარბაზის ბოლოში, კუთხესთან ახლოს მიჩურთულ, ნაცრისფერი ზეწრით დაფარულ ნივთთან შეჩერდა.

და ხელის ერთი მძლავრი მოქნევით შემოაძრო ქსოვილი.

მტვრის კორიანტელი აიჭრა წამსვე ჰაერში.

და ცისფერ სინათლეში, რომელშიც მტვრის ნაწილაკები ფიფქებივით დაცურავდნენ, დაინახა ნარამ. საკმაოდ მოზრდილი, მუქი, თაროს მსგავსი რაღაც. მოყავისფრო საღებავი აქა-იქ გადაქლექილიყო. კორპუსის  წინა მხარეს ღილაკები ჩაერიგებინათ, თეთრი ენაცვლებოდა შავს, რამდენიმე აკლდა კიდეც, მათ თავზე კი მოლაპლაპე წარწერა იყო -BECHSTEIN.

სორენს გახედა ნარამ. კაცი აშკარად მოლოდინით შესცქეროდა.  

-ესაა? – ჰკითხა მან ჩურჩულით და ისეთივე უსიამოვნო იყო მისი ხმა დარბაზის გამაყრუებელ სიჩუმეში, როგორც ჰაერში დაბუდრებული, სულშემხუთავი მტვერი.

თავი დაუქნია სორენმა, და იგრძნო ნარამ, თუ როგორ მისწვდა მისი გონება საკუთარს და კვლავ გადაიჭიმა მათ შორის უხილავი ხიდი.

‘და… რა არის?’ ჰკითხა მან.

‘პიანინო.’

გაკრთა ნარა, თვალები დაახამხამა.

პიანინოზე რამდენჯერმე წაეკითხა წიგნებში. მაგრამ აღწერა ან ფოტო არსად შეხვედროდა, ის იცოდა მხოლოდ რომ ზედ უკრავდნენ.

პიანინო. იგაზან-ლაში.

იცოდა, რომ მუსიკალური ინსტრუმენტები არსებობდნენ. არსებობდნენ, მაგრამ სადღაც, არარსებული წარსულის ხაფანგში მოქცეულნი, მათგან მტვერიც კი აღარ დარჩენილიყო. მათი ადგილი არ იყო და არასოდეს უნდა ყოფილიყო იგაზან-ლაში.

პიანინოს ფრთხილად მიუახლოვდა ნარა. ერთ-ერთ კიდეზე მყოფ თეთრ ღილაკს დააწვა.

უცნაური ხმა გამოსცა ღილაკმა. მაღალი ტონით. ქარის წუილსა და მინის მსხვრევას წააგავდა.

ხელი გაიწვდინა სორენმა და მეორე კიდეზე დააწვა რამდენიმე ღილაკს ერთად.

ამჯერად შემზარავი ხმა გამოსცა პიანინომ. ჟრუანტელმა დაუარა ზურგში ნარას, თვალები დახუჭა და წარმოუდგა თვალწინ, თუ როგორ გუგუნებდა მატარებელი და ქუხდნენ შაშხანები.

 თითქოს თრთოდნენ კედლები პიანინოს ხმის წინაშე.

თვალები გაახილა ნარამ და კვლავ ჩამოწვა სიჩუმე მის გარშემო.

‘აქ საიდან გაჩნდა?’ ჰკითხა მან, თან პიანინოს შემოუარა, გულდასმით დაათვალიერა მისი კორპუსი.

‘ადრე ქარქს-ნუიაში იყო, სადღაც საწყობში.’ თქვა სორენმა. ‘მერე, იქ რომ მოანგრიეს ძველი შენობები, ერთმა მემანქანემ აქ გადმოიტანა.’

‘და რატომ?’

‘არ უნდოდა დაკარგულიყო.’

‘და რომ დაკარგულიყო, ვითომ რა?’

‘ალბათ უკეთესი იქნებოდა ეგრე. მაგრამ ასე გადაწყვიტა იმ მემანქანემ.’

‘და იქ საიდან?’

‘ვერ გეტყვი. ამბობდნენ, ვიღაც კოლექციონერის იყოო, ანტიკურ ნივთებს აგროვებდაო. მაგრამ შეიძლება ტყუილი იყოს. ვიზეც ამბობდნენ, ის კარგა ხნის წინ მოკლა ულსტერმა.’

‘და შენ საიდან იცი?’

‘მომიყვეს.’

‘ვინ?’

‘ძალიან ადრე. ნაცნობებმა.’ თქვა სორენმა. ‘კარგა ხნის ამბავია.’

‘კიდევ იცის ვინმემ?’

‘რამდენიმემ მარტო.’

‘და რატომ გითხრა ამაზე, ვინც გითხრა?’ ჰკითხა ნარამ. ‘ხომ ხვდები, თუ რას ნიშნავს ამის არსებობა და უარესი, რომ ხალხმა იცის ამაზე?’

‘ვხვდები.’ თქვა სორენმა.

პიანინოს გადაუსვა ხელი ნარამ და ძალიან გლუვი იყო მისი ზედაპირი. ზედა პანელის გვერდზე გადმოწეულ კიდეებს მოსჭიდა თითები, აქაჩა.

და ღრჭიალით, გაჭირვებით აეხადა პიანინოს თავი. ჩაჟანგულიყვნენ ანჯამები.

ფარნის შუქზე შიგნით პატარა ჩაქუჩებისა და ვერტიკალურად გაჭიმული, მჭიდროდ ჩარიგებული მეტალის ძაფების მექანიზმი მოჩანდა.  

ერთ ღილაკს დააჭირა ნარამ, მეტალის ძაფს დასცა ჩაქუჩმა და ათრთოლდა დარტყმის ძალისაგან ძაფი, ხმას გამოსცემდა.

მის ქვეშ კი, მაშინღა დალანდა ნარამ, რომ რაღაც ქაღალდის მსგავსი გახერილიყო.

წიგნი.

უკან დაიხია ნარამ და ელვის სისწრაფით დაახურა თავი პიანინოს.  

‘ეს აქ არ უნდა იყოს.’ თქვა მან, სორენს გადახედა, რომელიც შეჰყურებდა, ცისფერ შუქში ალიცლიცებული თვალებით.

‘ვიცი.’

‘წარსულია.’ თქვა ნარამ. ‘იგაზან-ლაში წარსული არასოდეს არსებობდა და არც უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი გულაამის ღალატია. გულაამის ღალატი კი სიკვდილია.’

‘სიკვდილია. ანდა რევოლუცია.’ თქვა სორენმა.

ტანში გასცრა ნარას. ინსტინქტურად ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. სორენი კვლავ შესცქეროდა, დაჟინებით.

‘რას ამბობ, თუ იცი?’ ჰკითხა ნარამ. წამიერად სუნთქვა გაუჭირდა, მაგრად გასწიწკნა მკერდში.

‘ვიცი.’

‘ორ საუკუნეზე მეტია რაც დგას იგაზან-ლა. შენ ვერ მოკლავ.’

‘მე არც ვაპირებ მის მოკვლას.’ მიუგო სორენმა.

‘იტყუები.’

‘რატომ უნდა ვიტყუებოდე. მე ულსტერს ვერ მოვერევი. ვერავინ მოერევა. მცდელობა სუიციდია.’

გაღიზიანდა ნარა, გაოგნებული შესცქეროდა.

‘აბა ეს ყველაფერი რა არის?’ ჰკითხა მან. ‘თუ ეგრეა, რატომ არ ივიწყებ ყველაფერს, რაც აქაა დამალული? რატომ მომიყვანე და რატომ ამბობ, ღალატი რევოლუცია არისო?’

‘ვერ დავივიწყებ. წარსული არსად მიდის. თავის კვალს ტოვებს ყველგან.’

‘მიდის. ჩაივლის, აღარაფერი რჩება მისგან და უნდა დაივიწყო.’

‘შეიძლება. მაგრამ ეს პიანინო მაინც აქ დგას.’

‘იმ ვიღაც მემანქანეს რომ არ გადმოეტანა ეს აქ, არაფერი იქნებოდა. ადამიანები ინარჩუნებენ ასეთ წარსულის გადმონაშთებს.’

‘ადამიანებს ახსოვთ.’ თქვა სორენმა. ‘ხანდახან წარსულის კვალი ნივთების მაგივრად ადამიანებია.’

ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ.

‘და რატომ მაჩვენე?’ ჰკითხა მან.

‘მინდოდა გცოდნოდა.’

‘რა?’

‘რომ ყოველთვის ყველაფერი ასე არ იყო.’

დადუმდა ნარა. წამიერად არაფერი უპასუხია.

‘და რომ ყოველთვის ყველაფერი ასე არ იქნება.’ თქვა ბოლოს. ‘და რევოლუცია რატომ ახსენე?’

‘იმიტომ რომ ორნაირად შეიძლება დაასრულოს მოღალატემ. ან დამარცხდება და მოკლავენ, ანდა გაიმარჯვებს.’

შესცქეროდა ნარა. ამაოდ ცდილობდა მათი კავშირის ხიდის ქვეშ აზვირთებული ფიქრების მდინარე დაენახა.

‘რაღაცა ხდება, არა?’ დაიჩურჩულა მან. ‘რაღაც იცი და არ მეუბნები.’

სორენი თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა.

და მიხვდა ნარა, რომ პასუხს ვერ მიიღებდა.

თანაც მართალი იყო სორენი. მცდელობა სუიციდი გახლდათ.

‘ეს რომ ვინმემ გაიგოს…’ დაიწყო მან.

‘ვერავინ გაიგებს.‘ უთხრა სორენმა. ‘ხანდახან კი მიფიქრია, რომ უნდა გაიგონ, მაგრამ ვერ გაიგებენ.’

‘და მაინც, რომ გაიგონ, არ გვაცოცხლებენ.’

‘კი.’

სისხლი მოაწვა შუბლში ნარას, მკერდზე გადაჭიმულ ჩანთის ბალთას მაგრად მოუჭირა ხელები.

აფორიაქდა. აგუგუნდნენ მის გონებაში დაუდგრომელი ფიქრები.

არ უნდა მოეყვანა სორენს აქ.

‘და ღირდა საჩვენებლად?’ თქვა ბოლოს. ‘ამაში რომ გამრიე?’

‘შენ ისედაც გარეული ხარ.’ უთხრა სორენმა, ჩანთისაკენ აუქნია თავი. ‘ამით შენი განაჩენი არ შეიცვლება.’

‘რა, გულაამი განაჩენს გამომიტანს?’

‘გულაამი ყველას გამოუტანს განაჩენს. პირდაპირ თუ ირიბად.’ თქვა სორენმა.

შეჰყურებდა ნარა. მისი დაგლეჯილი მხარი და სახეზე ამობურცული ნაიარევები წარმოუდგა თვალწინ.

‘შენ მგონი უკვე გამოგიტანეს.’ თქვა მან, პირი იბრუნა, პიანინოს ზურგი შეაქცია. ‘აქამდე უბრალოდ გაგიმართლა.’

‘უკვე კარგა ხანია რაც ამ ყველაფერს გამართლებად ვეღარ აღვიქვამ.’ თქვა სორენმა.  

კანკალით შეისუნთქა ნარამ. ტუჩები მოებრიცა.

იმდენი ფიქრი უტრიალებდა თავში რომ არც კი იცოდა თუ რა ეფიქრა.

მთელი დარბაზი, ალბათ როგორც პიანინო, წარსულის რელიქვიას წარმოადგენდა, უტყუარ მტკიცებულებას იმ ცხოვრებისა, რომელზეც არავის არ უნდა სცოდნოდა. რომელიც ოდესღაც არსებობდა იგაზან-ლაში.

ეს პიანინო ხორცს ასხამდა წარსულს.

და რატომღაც სორენმა ამაზე იცოდა.

ასეთი ინფორმაციის ქონა კი უდიდესი ღალატის ტოლფასი იყო, სწორედ ისეთის, როგორც ქოთანში მცენარის გაზრდა იქნებოდა.

ბევრი რამ იცოდა სორენმა. ზედმეტადაც კი.

და საერთოდაც, აზრი ჰქონდა ამ ყველაფრის ცოდნას?

ანდა იქნებ სხვა ქმედებებს ედო საფუძველად ეს ცოდნა.

‘წავიდეთ.’ უთხრა ნარამ, დარბაზის მერე ბოლოსაკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით. გული მძლავრად უძგერდა მკერდში, მტკივნეულად მოსწოლოდა საფეთქლებში პულსი. ‘აღარ მინდა აქ ყოფნა.’

და ბევრად უფრო გრძელი იყო კიბე. ბევრად უფრო სულშემხუთავი იყო შმორისა და დაჟანგული მილების სურნელი გვირაბში და ბევრად უფრო მწველი იყო ქარში დაბუდრებული სუსხი, ქუჩაში გაჭრილ მოტოციკლეტს რომ მოხვეოდა გარშემო.

ყინავდა. უკვე გადადიოდა მზე, დაეფანტა ქარს ღრუბლები და ზრეას ცათამბჯენებზე გაწოლილ მოყვითალო ბურუსად ექცია დღის შუქს ქარხნებიდან მომავალი კვამლი. კვლავ ღრიანცელი ისმოდა ქუჩებში და მიქროდა მოტოციკლი, უკან მოიტოვა ზრეას ჯურღმულები, მიტოვებული გარეუბნები და ლიანდაგებით დასერილი ცა, გზატკეცილზე ავარდა.

მაგრამ პირდაპირ გალავნისკენ არ წავიდა სორენი.

გაუხვია და უფრო მაღლა აიჭრა, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე მოხვეულ გზაზე, ოციოდე სართულის სიმაღლეზე ატყორცნილი ბოძები რომ იკავებდნენ, შეაჩერა ანაზდად მოტოციკლი.  

აქედან მთელი ზრეა და ლერვიქენის ნაწილი გადაშლილიყო მათ თვალწინ. გადასულიყო მზე და მოწითალო ელფერი დასდებოდა მის გარშემო მონაცრისფრო, გაცრეცილ ცისფერ ცას. წუოდა ქარი და მიაქროლებდა აქეთ-იქით ქარხნებიდან მომავალ ნაცრისფერ კვამლს. შუქს ირეკლავდა მათ უკან ცათამბჯენი და წამიერად, როცა გვერდი იბრუნა ქარმა, მზის მქრქალი სითბო იგრძნო სახეზე ნარამ.

სავარძლიდან გადაძვრნენ და გზის პირზე, ბეტონის მოაჯირთან მიათრია მოტოციკლი სორენმა.

მერე კი მოაჯირს დაეყრდნო.

იდგა და მზეს გაჰყურებდა.

გვერდით ამოუდგა ნარა. ჯერ სორენს შეჰყურებდა, მის ყავისფერ თვალებს, ოქროსფერი ელფერი რომ დასდებოდათ მზის შუქზე.

მერე კი თვითონაც დასავლეთისაკენ მიმართა მზერა.

დადუმდნენ და ჩაქრა მათ გარშემო ქარის წუილი.

‘ცოტა ხანი ვიყოთ.’ უთხრა სორენმა.

‘ვიყოთ.’ მიუგო ნარამ.

მერე სად გინდა წასვლა?’

‘არ ვიცი.’

‘სადაც გინდა იქ შეგიძლია წახვიდე.’

‘შეიძლება. მაგრამ ყველგან ერთნაირი ყოფილა.’ თქვა ნარამ. ’ზრეა ძალიან ჰგავს ლერვიქენს. ქარქს-ნუიაც იგივე იქნება. არა?’

‘ფაქტიურად იგივეა.’ თქვა სორენმა.  

არაფერი უთქვამს ნარას. ფიქრობდა. ფიქრობდა იმ ყველაფერზე, რაც არ უნდა სცოდნოდა და რაზეც არ უნდა ეფიქრა.

სორენი მოუტრიალდა ანაზდად.

‘ჩანთა მომეცი.’ უთხრა მან.

იჭვნეულად გახედა ნარამ, მაგრამ მაინც მოიძრო ზურგიდან ჩანთა, მიაწოდა. სწრაფად გადახსნა სორენმა თავზე გადაკოჭილი ბალთები და ყუთი ამოაძვრინა შიგნიდან.

‘რას აკეთებ?’ ჰკითხა ნარამ, გაფაციცებით შესცქეროდა. წარმოიდგინა, თუ როგორ ისვრიდა ამ სიმაღლიდან ქოთანს სორენი, რომელიც ხმამაღალი ზათქით ენარცხებოდა მიწას. ნამტვრევებს კი ალბათ ზრეის მაცხოვრებლები დაესეოდნენ წამსვე.

სორენს არ უპასუხია. ქოთანი ფრთხილად ამოაცოცა ყუთიდან და დაიხარა, მოზრდილი ბღუჯა თოვლი მიმოაყარა მიწას.

მერე კი გასწორდა, ქოთანი გულზე მიიბჯინა და კვლავ დასავლეთისაკენ შეტრიალდა.

‘ვიცი რომ მზე უყვარს.’ თქვა მან. ‘აქ კი ვერავინ დაინახავს.’

აჰყურებდა ნარა და გული გამალებით უცემდა მკერდში. ვეღარ გრძნობდა თითქოს ქარის მწველ, მძიმე სხეულს, აუტანელ ყინვასა და ხელების წვას. აღარ ესმოდა მატარებლის გუგუნი, შაშხანების ქუხილი და მინის მსხვრევა, მხოლოდ მათ შორის ჩამოწოლილ სიჩუმეს მოეცვა მისი გონება.

მცენარეს გადახედა, რომელიც სანახევროდ დაეფარა მონაცრისფრო თოვლს.

და სწორედ ისეთი ოქროსფერში განბანული ხასხასა მწვანე იყო მისი აქეთ-იქით მოქანავე ფოთლები, როგორც იფლიჰემი წარმოედგინა.

თვითონაც მიეყუდა მოაჯირს და თვალები დახუჭა.  

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

ძალიან მჭახე იყო ჭერიდან მომავალი სინათლე.

და ძალიან პატარა იყო ოთახი. თითქოს ყველა მხრიდან აწვებოდნენ თეთრი კედლები, გუდავდნენ.

ბევრი კაცი იდგა გარშემო. ძალიან ბევრი. ბევრიც იჯდა, მოზრდილ სკამებზე და ოთახის შუაში, წრეში მოჩხუბარ ბიჭებს ხორხოცით ადევნებდნენ თვალს.

-მიდი! ერთი კიდევ ჩასცხე, მიდი!  

-აე, ამას შეხედე, ეს რა მხეცია, ნახე შენ!

-ეგ რა არის, ბიჭო, უფრო მაგრად შემოარტყი ერთი!

ძირს სისხლი ესხა. ძალიან აშკარა იყო თეთრ იატაკზე, ზედმეტად აშკარა.

თავის ხელებზეც დაიხედა. იქაც სისხლი იყო. სახსრებზე გადაგლეჯოდა კანი.

ჟანგს წააგავდა. ცოცხალ, ჯერ კიდევ სველ ჟანგს.

წრეში მეთხუთმეტე და მეშვიდე ბიჭი ჩხუბობდნენ. მეოცე, მერვე, მეთორმეტე უკვე გაიტანეს.

და გაუსხლტა სისხლში ფეხი მეთხუთმეტეს, უკან გადაქანდა. მეშვიდემ არ დააყოვნა, წამსვე წიხლი ჰკრა მკერდში და როცა მეთხუთმეტე ძირს დაენარცხა, ზედ შედგა, რამდენიმე მძლავრი წიხლით ჩაულეწა სახის ძვლები.

კიოდნენ. ბევრმა ტაში შემოჰკრა.

მეთხუთმეტეც გაიტანეს. მეშვიდეს ხელები მაღლა აღემართა, სისხლით გათხუპნოდა შიშველი გულმკერდი, საცვლებიც კი მოსვროდა. კმაყოფილი ღიმილით შეჰყურებდა მაყურებლებს.

-შემდეგი ვინ იქნება აბა? – იყვირა ერთმა, რომელიც ჩხუბს უვლიდა გარშემო და მეტოქის არჩევა ევალებოდა. -აბა, ვის უნდა?

პასუხს არ ელოდნენ. ამიტომ თვითონაც დუმდა და მის გარშემო შეჯგუფებული კანდიდატებიც.

თავიდან, როცა დაიწყო ცოტა ხნის წინ, ოცნი იყვნენ. ხუთი დარჩა მხოლოდ.

ის კაცი უყურებდა უკვე. მოუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა.

-პატარა კი ხარ, მარა გამოდგები! – განაცხადა მან, გასინჯა, ყველგან მოუფათურა ხელები. – რა ნომერი ხარ?

მოტეხილობების აღმოსაჩენად ხდებოდა ეს გასინჯვა, მაგრამ არავის აინტერესებდა მოტეხილობები.

-ცხრა.

-კოდი?

-SNR01042070732.

წამოდგა კაცი, ქეჩოში ჩაავლო ხელი და წრეში შეაგდო.

-შემდეგი რაუნდი, ბატონებო! – დასჭექა მან.

მეშვიდეს ძალიან მუქი თვალები ჰქონდა. გვარიანად ჩამოსიებოდა მარჯვენა წარბი. სადღაც გამქრალიყო თვითკმაყოფილი ღიმილი.

მუშტები აღმართა მეცხრემ.

და მთელი ძალით მოიქნია.

6 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 9)

  1. ისე მითრევს ყოველი კითხვისას ვერ ვცილდები. ხანდახან თავიდან გადავიკითხავ წინადადებას და მეშინია, რომ იქნებ, ოდესმე აქამდე მივიდეს ჩვენი ქვეყანაც გამუდმებული თავის დაქნევის და თანხმობის შედეგად. სორენმა თავისი საიდუმლო ანახა ნარას მისიც იცის რა თქმა უნდა. რანაირია არა აკრძალული იყოს სიმწვანის გაშენება და გახარება. ვნახოთ რას უმზადებს მომავალი ნარას სორენს ცალ-ცალკე თუ ერთად?!

    Like

    1. ქალუ 💛💛😭 პირველ რიგში ძალიან ძალიან მიხარია რომ ჩამთრევია 💛 და გეთანხმები, ხანდახან მეც ვფიქრიბ ხოლმე რომ იქნებ ეს იქნება კაცობრიობის მომავალი ანდა რამე მსგავსი. ვიმედოვნებ მაინც რომ არ იქნება. მომავალში სორენსა და ნარას კიდევ ბევრი რამე ელით და ვნახოთ როგორ იქნება 🥹💛💛 დიდი მადლობა შენ! 🥰💛

      Liked by 1 person

  2. როგორ მაგონებს ეს სიტუაცია დღევანდელ ეპოქას🥲 რა თქმა უნდა ამასთან შედარებით ჯერჯერობით მსუბუქი ფორმა გვაქვს რეალობაში, მაგრამ მსუბუქით იწყება ყველაფერი და მერე გადადის დიქტატურაში🥲🥲 ზუსტად ამის გამო ძალიან ემოციური თავი იყო ჩემთვია და შიშის მომგვრელი. 🙈 აილას მინდოდა თავიდან სახეში ჩავხტომოდი მოკეცილი მუხლით, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ბავშვია და ტვინი როგორც გამოურეცხეს, ისე საუბრობს😁ეგეთების მაგალითიც გვაქვს დღევანდელ რეალობაში, თანაც არა ბავშვების, არამედ დიდების და ხანდაზმულებისაც კი🥲 სორენს რაც შეეხება, ხანდახან ძაან მაეჭვებს🤔ძალიან არ მინდა აგენტი ან ჯაშუში იყოს და ბოლოს საქმეში ჩააკუკოს. არადა თან არაფერი ვიცით ამ ბიჭზე. ლინდუ ველი მისი კარტების გახსნასაც🥰🥰როგორც ყოველთვის ფანტასტიური თავი იყო, საინტერესო და ულამაზესი ელფერებით, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები მახინჯ იდეოლოგიას ეწირებიან🥲🥲 ნიჭის დედა ხარ🤌🏻😌💅🏻💚💜

    Like

    1. ქალუ 💛 კი, მეც ეგრე მგონია რომ ესაა ტვინის გამორეცხვის, განათლების ნაკლებობის და წარსულის დავიწყების შედეგი. ცოტა გამიჭირდა ამ თავის წერა ყველაფრის გადამკიდე. კიი, აილა ძაან გამაღიზიანებელია მარა ბავშვია და რაც იცის იმას ლაპარაკობს. სორენი საეჭვო ტიპაჟია კიიი, ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე მისი გაცნობა და ვნახოთ რას შემოგვთავაზებს 😌😌😆 უღრმესი უდიდესი მადლობა ქალუ! 🥰🥰🥰💛💛💛💛💛💛

      Like

  3. ყველაფერ იმის გამო რაც დღეს ჩვენს თავს ხდება,ძალიან ემოციური იყო ამ თავის წაკითხვა.განსაკუთრებით იმ ნაწილის სადაც მომიტინგეების ჩახოცვა იყო აღწერილი (( სორენი სულ უფრო და უფრო მომწონს,ასე მგონია ყველაფერ იმის ხმამაღლა გაჟღერებით რაზეც ნარა შეფარვით ისედაც ხშირად ფიქრობს,ფაქტის წინაშე აყენებს ხოლმე და ეს ძალიან კარგია.რაც მალე მიხვდება ეს გოგო რომ სინამდვილეში თუ ვინმე ღალატობს იგაზან-ლას ეს თავად დამპალი გულაამია,მით მალე გაბრაზდება.და რაც მალე გაბრაზდება მით მალე გაჩნდება მასში პროტესტი.მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

    Like

    1. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე 💛 გეთანხმები, ყველაფრის გამო რაც ხდება გამიჭირდა ამ თავის წერა.
      სორენისა და ნარას სცენების წერა ძალიან მომწონს და მიხარია რომ მოგწონს სორენი. სწორად თქვი, იმას ამბობს და აჩვენებს სორენი, რაზეც უკვე კარგა ხანია ფიქრობს ნარა და მაგ მხრივ ცოტა გარდამტეხი იქნება შემდეგი თავი 😌😌 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ კითხულობ და აზრს მიზიარებ 🥰🥰💛💛💛💛

      Like

Leave a reply to lindazedginidze კომენტარის გაუქმება