ცოცხალი ჟანგი (თავი 8)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მერვე თავის თემა

VIII – You Should Not Be Here

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ნელ-ნელა მინავლდა აგიზგიზებული ცეცხლი. შემოაჭამა მის საზრდოს ტანსაცმელი, კანი და ხორცი, თვალის ფოსოები ამოუბუგა, თმა შემოატრუსა და სახე აღარ ჰქონდა რეჯინალდს, მხოლოდ და მხოლოდ გაშიშვლებული ძვლებისა და გაჭვარტლული ხორცის გროვაღა დარჩენილიყო მისგან, ალაგ-ალაგ მხრჩოლავ მუგუზლებს რომ წააგავდა.

სტვენდა ქარი, მოაქროლებდა ფიფქებს და ცეცხლის წართმევას ლამობდა რეჯინალდის სხეულიდან, მაგრამ არ ეპუებოდნენ მოგიზგიზე ენები, ხარბად გაედგათ ფესვები მოშიშხინე ქონში.  

კვამლისაგან ამწვარი თვალები დაახამხამა ნარამ. ყურები დაგუბებოდა, ყველაფერი უცურავდა თვალწინ, და მალ-მალე ფარავდა რუხ მარმარილოზე არეკლილ ცივ ცისფერ სინათლესა და მის გამაცამტვერებელ, არხეინად მოცეკვავე ცეცხლის ნარინჯისფერ შუქს მის გარშემო მოჯგუფებულთა ჯოგის ჩრდილი. ბუნდოვნად ესმოდა, ძლივს ატანდა მის გარშემო ჩამოწოლილ ბურუსში გარშემომყოფთა ბღავილი.

გვერდიდან წამოუბერა ქარმა, შემოაგლიჯა სულშემხუთავი კვამლი და თითქოსდა ცივი წყალი შეასხესო, მზერა დაეწმინდა ანაზდად. კვლავ გაჰკვეთა ჰაერი ბინგემზე ატეხილმა, გაოგნებით აღსავსე გამაყრუებელმა ყვირილმა და აუტანელმა ტკივილმა გასწიწკნა ზურგსა და ხელებში.

დაუნდობელი იყო ჯოგი. ფეხებსა და ფერდებზე გადაუარეს და ამოიგმინა ნარამ, ძლივს იხელთა დრო რომ სწრაფად წამომდგარიყო, სანამ მთლად მიასრესდნენ მიწას. ქაოსსა და ჭყლეტაში გაძვრა, ძლივს გაარღვია მოქუჩებული ხალხის მჭიდრო რიგები და სამშვიდობოზე გავიდა, აქოშინებული.

გავიდა და თითქოსდა ყინულოვან წყალში უკრესო თავი, შემოაძარცვა ქარმა მასზე მოხვეული ცეცხლის აუტანელი სიცხე და ხალხის თბილი სუნთქვა, ტანსაცმლის თითოეულ პაწაწინა ნაკერში შეუძვრა, შემოჰყინა. დამძიმებოდა გულმკერდი, თითქოს გული და ფილტვები მოეჭყლიტათ მუშტში, სული ეხუთებოდა და საშინლად სტკიოდა დაცემისაგან აშკარად გვარიანად დაჟეჟილი წელი.

მაგრამ მთელი სხეულიდან ვერ წარეტაცა ყინვას ცეცხლის სიცხე.

ხელები უთრთოდა და ისე ძალიან ეწვოდა, თითქოს ნერვებზე მოჰკიდებოდა ალი.

ათრთოლებული ხელები ასწია ნარამ, ხელისგულებს დააცქერდა.

გამოეჭამა ხელთათმანების შიდა მხარე ცეცხლს, მხოლოდ რამდენიმე გამძლე, შეტრუსული ძაფი გადარჩენოდა ალს, სახელოების ბოლოებიც დამწვარიყო. ციფერბლატის ერთი მხარე დაეზიანებინა ცეცხლს, ჩამქრალიყო რამდენიმე პიქსელი. ბინგემის ცივ ცისფერ სინათლეშიც კი გარკვევით მოჩანდა, თუ როგორ გასწითლებოდა და მოყვლეფოდა  ხელისგულებსა და მაჯებზე კანი, მოყვითალო ლიმფა ჟონავდა ალაგ-ალაგ.

რამდენიმე ფიფქი დაეცა ხელისგულებზე ნარას და თითქოს ნემსები დაარჭესო, უარესად მოეკიდა ზედ ცეცხლი.

გმინვით დაუშვა ხელები ქვემოთ, ფრთხილად მომუშტა, მონაბერი ქარი რომ არ შეხებოდა გადაქლესილ, შიშველ ხორცს. ყინავდა, გააჟრჟოლა ნარას, მაგრამ ცხელ ოფლს გამოეჟონა შუბლზე.

მოიხედა. 

ბუნდოვნადღა ჩანდა კვარცხლბეკზე გაჩაღებული ცეცხლის ნარინჯისფერი შუქი აღრიალებული ხროვის თავსზემოთ. იძალა ლურჯმა ღამემ, თითქოს ჩაისუნთქა კვამლი და გაიბერა,  წყვდიადით ამოევსო მკერდი და წამოწვა ბინგემზე, სანამ ოდნავადღა ბჟუტავდა ცეცხლი.

მიტრიალდა ნარა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მოედანზე ალყასავით შემორტყმულ ცათამბჯენებს. მეზობელი ქუჩებიდან გამორბოდა ცნობისმოყვარე ხალხი და იზრდებოდა უკნიდან მომავალი ბრბოს გრგვინვის ხმა.

მორბენალ ხალხს სხარტად აუარა გვერდი ნარამ და შუკაში გაძვრა, პარალელურ ქუჩაზე გავიდა, მერე კი ტროტუარს დაუყვა.

მიდიოდა, სწრაფი ნაბიჯით, და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ სად მიდიოდა. მიდიოდა და მჭახე ცისფერი სინათლე მოჰფენოდა შემოგარენს, ხალხი აქეთ-იქით მიიჩქაროდა და გუგუნებდა შორს მატარებელი. ელექტრონულ მუსიკასა და ახალი ამბების დაგუდულ ხმას დაემძიმებინა ჰაერი და ღამის მოღრუბლულ, რუხ ცას სერავდნენ ელექტროგადამცემი ანძების სადენები და ლიანდაგები, როცა ზემოთ აიხედა ნარამ.

მიდიოდა ნარა და ისე ჩაიბჟუტა მის ზურგსუკან ბინგემის მოედანის ღრიანცელი, როგორც კვარცხლბეკზე გაჩაღებული კოცონი ზედ დაწოლილი ღამის ქვეშ. მიდიოდა და სუდარად მოსდებოდა შემოგარენს ლურჯი, გაყინული სინათლე, რომლის მუდმივობაც მხოლოდ წამიერად გაეხლიჩა ცეცხლის თვალისმომჭრელ, ნარინჯისფერ შუქს.

თუმცა, მხოლოდ ცეცხლს არა.

ვერც კი იჯერებდა ნარა, თუ რისი თქმა გაბედა რეჯინალდმა. ჯერ კიდევ ყურებში რეკდნენ მისი სიტყვები და თუმცაღა უკვე შორს ჩაკარგულიყო მხრჩოლავი კვამლი და ალების დამდაგავი სიცხე, მისი სიტყვები, გონებაში რომ ამოსწვოდა ნარას, არასოდეს არსად წავიდოდნენ.

„სადაა იფლიჰემი?! რად გვინდა ის წყეული გუმბათი, რად გვინდა იგაზან-ლას დროშა, რად გვინდა ქრონო-X, რად გვინდა ეს ჩამყაყებული ცხოვრება?! რად გვინდა შენი მონობა?“

„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“

ცივმა ჟრჟოლამ დაურბინა ზურგში ნარას, გააძაგძაგა. ცხელი ოფლი ყინულოვან ნამად ექცია ქარს მის შუბლზე, და აუტანლად სწვავდა სუსხი ხელებს.

ვიღაც გაჰკიოდა შენობებს შორის გასასვლელში. მაწანწალები მიეხეტებოდნენ მოზრდილ ჯგუფად, რაღაც დაჟანგულ, ალბათ ნაგვის ბუნკერიდან ამოთრეულ დანადგარს მიათრევდნენ. ასიგნალებდნენ მძღოლები და დროდადრო ვერცხლისფრად ფერავდა ფარების მჭახე თეთრი შუქი ქარში განბნეულ ფიფქებს.

აღარ იყო რეჯინალდი.

და აღარ იყო სამარა.

გაიყინა სამარა. გადმოხტა, უჩუმრად, ღამისა და მისი ტყუილების საფარველში გახვეული, ისე რომ ვერავის დაენახა. გადმოხტა და გაიყინა „ორმოს“ ნაგვის გროვაში.

რეჯინალდმა კი არ მოინდომა მის გარეშე ცხოვრება.

ცეცხლმა შენთქა მისი ხორცი და სუნთქვისაგან დაშრიტა მისი სხეული.

აღარ უნდოდა რეჯინალდს სიცოცხლე. სამარას სიკვდილი კმაროდა იმისათვის, რომ უპატიებელი ღალატი ჩაედინა იგაზან-ლასა და გულაამის წინაშე, შუა ბინგემზე, მერე კი ცეცხლისათვის მიეცა საკუთარი თავი.

ნარამ კი ვერაფერი გააკეთა. ვერაფერი შეძლო.

თუმცა არა. არაფერი გააკეთა.

რაღაც უნდა ეღონა. უნდა მიმხვდარიყო. უნდა მიმხვდარიყო, რომ სამარას რაღაც სჭირდა.

სორენის სიტყვები წამოუტივტივდა თავში.

„ვერაფერს შეცვლიდი.“

ტუჩები მოკუმა ნარამ, უფრო მაგრად მომუშტა ხელები და გააკანკალა, როცა მწველმა ტკივილმა ელექტროშოკივით აურბინა ორივე მკლავში.

რეჯინალდი უნდა შეეჩერებინა. იგრძნო, რომ კარგს არაფერს აპირებდა.

უნდა შეეჩერებინა. უნდა გაქცეულიყო, უფრო ხმამაღლა დაეყვირა, როცა რეჯინალდი ბინგემზე გამოდიოდა. ანდა ვაგონში სწვდომოდა ქურთუკში და ეკითხა, თუ რა ჯანდაბას აპირებდა.

არ მიეცა უფლება, რომ სამარა დაეტოვებინა.

უნდა მიმხვდარიყო.

მაგრამ ვერა.

უბრალოდ ვერასოდეს წარმოედგინა ასეთი რამ.

იქნებ საერთოდ არ იცნობდა არცერთს.

გვერდზე ზუზუნით ჩაუქროლა მოტოციკლეტმა და ანაზდად გამოფხიზლდა ნარა. ქშინავდა, ანაზდად მოსწოლოდა დაღლილობა, ფეხებს ძლივს მიათრევდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი მიდიოდა.

უნდა დამჯდარიყო სადმე.

გვერდით გაუხვია და ერთ ჩაბნელებულ, დამტვრეულ ვიტრინაში გადაძვრა ელვის სისწრაფით. იქვე, დახლის მიღმა, იატაკზე მიმოყრილ ათას ხარახურასა და ჩამოწოლილ წყვდიადში მოეკვეთა მუხლები. იქვე ჩაჯდა, დახლზე მიყუდებული, და ძლივს შეიკავა თავი, დამწვარი ხელები რომ არ შეეშველებინა.

ბდღვირი აუვიდა იატაკს, რომელსაც უკნიდან შემომავალ მქრქალ სინათლეში გაჭირვებით არჩევდა ნარა, ხველა აუვარდა.

გარეთ გამაყრუებელი გრუხუნით გაიქროლა მატარებელმა.

რეჯინალდიც წავიდა.

აღარ იყო რეჯინალდი და ვეღარ წაჰყვებოდა მაღაროში, ვეღარ მოვიდოდა მის მოსავლელად, როცა ავად იყო ნარა, ვეღარ შეძლებდა დახმარებას მაღაროებში. წავიდა რეჯინალდი და დაუტოვა, ზურგზე წამოჰკიდა მას სამარასა და თავისი განუზომელი სევდა, რასაც მისი თავზარდამცემი სიკვდილის ცხელი კვამლის ამაზრზენი სუნი და მისი ბოლო სიტყვების აქამდე უნახავი შემზარავი შემართება დასდევდა.

აღარ იყო რეჯინალდი, აღარ იყო სამარა და სადღაც გაქრა, უგზოუკვლოდ ჩაიკარგა ის მომავალი, რომელზეც არასოდეს ფიქრობდა ნარა, რომელიც აქამდე მისთვის არც არსებობდა.

ახლა მოუწევდა ეფიქრა.

ანაზდად ცივმა ჟრჟოლამ დაუარა, სუნთქვა გაუხშირდა. ქშინავდა, გული ყელში მოსწოლოდა და გაშეშებული, თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა შორეულ, ხახადაღებულ კუნაპეტს.

მუხლები მკერდთან აიკეცა და მოიკუნტა, მკლავები მაგრად მოიხვია ფეხებზე. დამწვარი ხელები ჯერ კიდევ მუშტებად შეეკრა, უთრთოდა.

გარედან მატარებლის ხრიგინი, ძვლების რაიონის ჩვეული ალიაქოთი და ახალი ამბების დუდუნი ისმოდა, მაგრამ ვერ აღწევდა ქუჩაში მჩქეფარე სიცოცხლე ნარამდე. თითქოს გაყინულიყო და ისეთივე უკუნი მოესხა მის გონებას მოსასხამად, როგორიც მის სხეულს მოსდებოდა.

თვალები დახუჭა და მისი ჩვეული, ბნელი სიცარიელე შეენაცვლა უფსკრულივით კუნაპეტს.

ამოისუნთქა, კანკალით. და არ იცოდა თვითონაც, თუ რატომ, მაგრამ თავის გონებაში იმ უკვე ნაცნობ, შორეულ კუთხეს მისწვდა.

კავშირის მყიფე ძაფს მისწვდა და მოქაჩა ფრთხილად, შეეცადა მის მეორე ბოლოზე მიერთებულ გონებამდე მიეღწია, მის თავში ჩამოწოლილ სიჩუმეს დაელოდა.

მაგრამ არ მოვიდა სიჩუმე.

თითქოსდა კედელი აღმართულიყო მის წინაშე, ისეთივე შეუვალი, როგორც იგაზან-ლას გალავანი და მას ვერაფრით გაუმკლავდებოდა.

დახლს მიეყრდნო ნარა. თავი უკან გადააგდო, ერთიანად მოეშვა. აქაც გვარიანად ციოდა, მაგრამ ქარი მაინც არ აგლეჯდა მის სხეულს გაჭირვებით გამომუშავებულ, მწირ სითბოს.

იჯდა ნარა, ქუჩის ალიაქოთსა და საკუთარი გაურკვეველი, აზრიალებული ფიქრებით აღსავსე გონებას უსმენდა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ვერც კი გაიგო, თუ როგორ ჩაეძინა.

და არაფერი იყო მისი ძილი, მჭახე თეთრი სინათლით განათებული, სტერილური ოთახის შიშველი ნაცრისფერი კედლების, მასში დადენილი ალისფერი სისხლისა და მგრგვინავი ცეცხლის წინაშე დაჩოქილი ლურჯი ღამის გარდა. 

თითქოს იდგა, სადღაც, შორს და იქედან შეჰყურებდა შორეულ, უკუნით მოცულ წიაღში აბრიალებულ ცეცხლს. შეჰყურებდა და მისი ხელებიდან მიცოცავდნენ სისხლის საცეცები ალებისაკენ, მასში დანთქმას ლამობდნენ.

იდგა და ეხვეოდა გარშემო ბრბო, მათი მძვინვარებისაგან მომანჭული სახეებისა და მრისხანებით აღვსილი სხეულებიდან ამოხეთქილი, გამაყრუებელი ღრიალის წინაშე აღმართულიყო თვითონ კედლად.  

ერთბაშად გამოეღვიძა.

ცოტა ხანი იჯდა, გაშეშებული, ყველაფერი ტეხდა.

და უარესად ეწვოდა ხელები.

თვალები დაახამხამა, ძლივს გადაეწმინდა ლიბრი. ცხვირის ქვემოთ ოდნავ სისველეს გრძნობდა, სწრაფად მოიწმინდა ნიღბით. პირი ერთიანად გამოშრობოდა და ისე დამძიმებოდა თავი, ჯერ ვერც კი მიხვდა, თუ სად იყო, მაგრამ შეეჩვია თვალი წყვდიადს და მალევე ჩამოიღვარა მის წინაშე გამეფებულ სიბნელეში ოთახის სილუეტი.

კვლავ ციფერბლატს დახედა. მის დაკაწრულ ციფერბლატს, ცალ მხარეს რომ რამდენიმე პიქსელის ნათება აკლდა.

150, 246; 07:05.

დილამდე ეძინა.

საშინლად, აუტანლად ეწვოდა ხელები, თითქოს ცეცხლი მოსდებოდა თითოეულ ნერვულ დაბოლოებას, მწველი ტკივილი იდაყვებამდე სწვდებოდა.

წამოიწია, გმინვით. ხერხემლის მალებმა ხმამაღალი ტკაცუნი გაიღეს.

გარეთ გაიჭვრიტა ნარამ და ისევ თოვდა, თხელი ნაცრისფერი ფენა მოსდებოდა ქუჩას. გარიჟრაჟის ღია ნაცრისფერს გაეჟონა სიბნელეში, მიმოდიოდა ხალხი და უფრო ხმამაღლა გაისმოდა ელექტრონული მუსიკა და ახალი ამბების მონოტონური დუდუნი.

ფრთხილად გადაძვრა ვიტრინიდან.

და ტროტუარს დაუყვა.

 რუხ ღრუბლებს გადაეპენტათ ცა, აღმოსავლეთისაკენ იცრიცებოდნენ, მოყვითალო ელფერი შეჰპარვოდათ, ცივ ცისფერ შუქში გაღვრილიყო ყველაფერი. მოახლოებული მატარებლის გუგუნმა აათრთოლა მიწა.

რატომღაც ბევრი გამვლელი იყურებოდა ზემოთ.

აიხედა ნარამ. ჰოლოგრამებზე გაუშტერდა მზერა, ცათამბჯენების მოლაპლაპე ფანჯრების მინებში რომ ირეკლებოდნენ.

მაგრამ რატომღაც არსად ჩანდნენ ჩვეული სტრიპტიზიორები და ახალი ამბების გამომცხადებელნი.

რეჯინალდის გააფთრებული სახე აერეკლათ ცივ მინებს.

ფეხი აერია ნარას, კინაღამ მუხლები მოეკვეთა. შეყოვნდა წამიერად, გამეხებული.

რეჯინალდის სახე. მოძრაობდნენ მისი ტუჩები, ხელები გადაეშალა, ხელში ჩაქუჩი ჩაებღუჯა. მოტრიალდა მისი ვეებერთელა, ცათამბჯენზე აკრული ლურჯი აჩრდილი, ჩაქუჩი მოიქნია მთელი ძალით და ტანში გასცრა ანაზდად ნარას, თითქოს გამაყრუებელ ლაწუნს გაიღებდა და თავზე ჩამოეფშვნებოდა ჩაქუჩის რკინის მუშტის ქვეშ ჩალეწილი მინები.  

მინავლდა ნელ-ნელა მატარებლის გუგუნი და ძლივს გაარჩია ელექტრონული მუსიკის ხმაურში სიტყვები ნარამ.

რომლებიც რეჯინალდის სიტყვები არ გახლდათ.

გამომცხადებელი ლაპარაკობდა, დაძაბულობა და მრისხანება გაშიშვლებულიყო მის ჩვეულებისამებრ მონოტონურ, განურჩევლობით აღსავსე ხმაში.

-ამა წლის ორასორმოცდამეხუთე დღეს, ცხრამეტ საათსა და ოცდათორმეტ წუთზე, ლერვიქენის ბინგემის მოედანზე ყოვლად მიუღებელი, არეულობის გამომწვევი და უაღრესად პროვოკაციული, ტერორისტული აქტი განახორციელა აქამდე გაურკვეველი ტერორისტული, ანარქისტული დაჯგუფების წევრმა, როცა უტიფრად შეურაცხყო იგაზან-ლა და  გულაამი და იერიში მიიტანა ბინგემის მოედნის თვალსაჩინზე, შრომისა და ერთგულების სიმბოლოზე! განხორციელებულ იქნა ღალატი იგაზან-ლასა და გულაამის წინააღმდეგ! ჩანაწერში გარკვევით ჩანს, თუ როგორი გაუწონასწორებელი გახლავთ ტერორისტი, აფექტის მდგომარეობაში მყოფი ცდილობს ქანდაკების განადგურებას, რის შემდეგაც, აშკარად გაუსაძლისი სინდისის ქენჯნით შეპყრობილს საკუთარი თავისათვის განაჩენი თვითონ გამოაქვს – თავს იწვავს, თანამემამულენო!

ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში ნარას, ერთიანად დაეჭიმა სახის ნაკვთები, ხელები აუკანკალდა.  

-საკუთარი სიტყვებისა და ქმედებებისაგან შეძრწუნებულმა და თავზარდაცემულმა ანარქისტმა თვითონ მოისწრაფა სიცოცხლე და ამისათვის ყველაზე შემზარავი გზა არჩია – ცოცხლად დაიწვა. აირჩია ისეთი სასჯელი, რომელსაც იმსახურებენ იგაზან-ლასა და გულაამის მოღალატეები! 

ალი მოედო რეჯინალდს, ცისფერმა სინათლემ მოსჭრა ნარას თვალი, კინაღამ დააბრმავა. იდგა რეჯინალდი და ლურჯი ცეცხლის სქელი ბურუსი ნთქავდა მის ფიგურას. 

მიმოიხედა ნარამ და იგივეს აჩვენებდა გარშემო უკლებლივ ყველა ჰოლოგრამა.

მერე კი მეორე რაკურსიდან გადაღებული კადრები აირეკლა ცათამბჯენის ფანჯრებში და ჩანდა, თუ როგორ შეჯგუფებულიყო რეჯინალდის გარშემო ბრბო.

რომელშიც თვითონაც ერია.

და შეჰყურებდა ნარა, თუ როგორ წამოიწია წინ მისმა ლურჯმა ფიგურამ, მკლავები აღმართა და რეჯინალდს ფეხებში ჩააფრინდა. ნიღაბი ეკეთა და გიჟურად უპრიალებდა გადმოკარკლული თვალები, ქარში მისი ქუდს გამოქცეული გაწეწილი თმის კულულები ტკარცალებდნენ.

მერე ხელი სტაცეს უკნიდან და ტომარასავით მოისროლეს გვერდით.

და კვლავ რეჯინალდის ცეცხლმოკიდებულმა, გვერდზე წამოქცეულმა ფიგურამ, დაპენტილ ღრუბელსა და მის გარშემო მოხვეულ ნისლს რომ წააგავდა, აავსო ცათამბჯენის კედელი.

თვალი აარიდა ნარამ, ვეღარ უყურებდა. თავი დახარა და აუჩქარა ნაბიჯს.

-არ წყდება ტერორისტების იერიშები იგაზან-ლასა და ჩვენს თავიკაცსა და დამფუძნებელზე, გულაამზე, რამეთუ უმაქნისებსა და ავადმყოფებს სწადიათ ძირი გამოუთხარონ ჩვენს ქვეყანას! ქვეყანას, რომელმაც გვშობა, რომელიც გვაჭმევს და გვასმევს, ქვეყანას, რომელსაც ყველაზე დიადი თავიკაცი უდგას სათავეში! ღალატობენ გულაამს, მთავარსარდალს, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ჩვენზე ზრუნვაა!

ზუზუნებდა ქარი, სხვადასხვა მიმართულებიდან ჰქროდნენ მისი სუსხიანი ენები ერთდროულად და წააბარბაცეს კიდეც ნარა.

-ყველას ვალია, რომ აღვზევდეთ ტერორიზმის წინაშე! აი ამ შეშლილი კაცის მსგავსი ტერორისტებისა და ანარქისტების წინაშე, რომელთაც მხოლოდ შემოგარენისა და საკუთარი თავის ნგრევა შეუძლიათ და მეტი არაფერი. გიხაროდენ, რამეთუ ცოცხლები ხართ, და უმადლოდეთ იგაზან-ლასა და გულაამს!

ქუჩის კუთხეში ვიღაცებმა ღრიალი ატეხეს, მიგრუხუნებდა მატარებელი, სისხლი შხუილით მიჰქროდა მის ყურებში და ამ ყველაფრის მოსმენას ვეღარ იტანდა ნარა.

მთავარი ქუჩიდან გადაუხვია, ვიწრო შუკებს გაუყვა სწრაფი ნაბიჯით. ხელების ტკივილი სიცივისაგან ნელ-ნელა უუარესდებოდა, ფრთხილად ჩაიწყო ჯიბეში.

მაღაროებისაკენ აიღო გეზი ქვეცნობიერად. მატარებელს გაჰყვა, რომელიც მისდა საბედნიეროდ ნახევრად ცარიელი გახლდათ და მონჯღრეულ სკამზე დაჯდომაც კი მოახერხა. იჯდა და გაჰყურებდა ცათამბჯენებს შორის გაცრეცილ ღამესა და ქარში ციბრუტივით დატრიალებულ ფიფქების ნაკადს.  

მაღაროების ხახადაღებულ კრატერში ალაგ-ალაგ ლურჯი შუქი ენთო, რომელიც გაჭირვებით ფანტავდა მის მიღმა აღმართული გალავნის ჩრდილში დაბუდრებულ სიბნელეს, დაკლაკნილი რელსები ცისფრად ლაპლაპებდნენ. მიგრუხუნებდნენ დატვირთული მაზიდები და მტვრის ბუღმა, მაღაროების წიაღიდან რომ გამოდიოდა, სული მოუხუთა ნარას.

მაღაროებისაკენ არ აუღია გეზი. მიტრიალდა და ქუჩას დაუყვა, პაწაწინა, ვეებერთელა რკინაბეტონის ცათამბჯენებს შორის გახერილ პუნქტს მიაშურა, რომლის თავზე მიმაგრებულ პანელიან აბრაზე შეუჩერებლად ტრიალებდა ორმაგი სპირალი, მოცისფრო შუქს აფრქვევდა ქუჩაში ჩამოწოლილ სუსხიან ბურუსში.

კარის წინ გაჩერდა ნარა, კანკალით ამოისუნთქა და წამიერად დაუბურა ნისლად ქცეულმა საკუთარმა სუნთქვამ მზერა.

მერე კი ფრთხილად ამოაძვრინა მარჯვენა ხელი ჯიბიდან, კარის პანელთან მიიტანა და ჩხაკუნით გაიღო საკეტი.

შიგნით შეაბიჯა ნარამ, იდაყვით მიხურა ზურგსუკან კარი.

შიგნით თბილოდა. გენერატორი გუგუნებდა სადღაც, რიტმულად, და თვალისმომჭრელი გახლდათ ჭერიდან მომავალი თეთრი სინათლე.

ულსტერის მიწისქვეშა საპყრობილე გაახსენდა ნარას, ოთხკუთხა, სტერილური ოთახი.

ძალიან ცივი იყო თეთრი შუქი და ასეთივე ცივი გახლდათ მაგიდასთან მიმჯდარი მერითის თვალების სილურჯე.

მერითი უსიტყვოდ შესცქეროდა, ტუჩები მოეკუმა, მაგრად უჭერდა თითებს ხელში მოქცეულ მინის პანელს, რომელიც ოდნავ მოცისფრო სინათლეს აფრქვევდა გარშემო.

არაფერი უთქვამს ნარას, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას და მძიმედ დაეშვა სკამზე. ოდნავ შეთბა, ცხელი სისხლი მოაწვა ყინვისაგან ამწვარ ხელებში და თითქოს შეუშუპდა, გასკდომამდე დაებერა დაზიანებული სისხლძარღვები. ტკივილისაგან გააძაგძაგა, რეტი დაესხა. ტუჩი ისეთი ძალით მოიკვნიტა რომ სისხლის გემო იგრძნო.

-გეძებენ. – უთხრა უცებ მერითმა.

მისკენ ელვის სისწრაფით ასწია მზერა ნარამ, წამიერად ტკივილიც კი გადაავიწყდა.

-ვინ? – ჰკითხა მან.

მერითმა არაფერი უპასუხა. თავი გადააქნია, კვლავ თავის მინის პანელს ჩააშტერდა და რაღაც აკრიფა ზედ. სიტყვები ვერ გაარჩია ნარამ.  

-მაჩვენე. – მიუგო ბოლოს.

თეთრ, ქათქათა მაგიდაზე დააწყო ათრთოლებული ხელები ნარამ. სინათლეში ბევრად უფრო მკაფიოდ ჩანდა მოყვლეფილი კანი, შემხმარი ლიმფა და სისხლი, წითელი ხორცი, ბინძური, გაჭვარტლული ხელთათმანები და სახელოები.

მერითი ორიოდე წამი დასცქეროდა მის ხელებს, მერე კი წამოდგა, თაროებს მიადგა. მოლაპლაპე დაფაზე დააწყო მაკრატელი, პინცეტი, დოლბანდი, პაწაწინა მინის კონტეინერში გადმოასხა თეთრი სითხე. რეზინის ხელთათმანები მოირგო ხელებზე, მაგიდას მიუჯდა და რუდუნებით შეუდგა მის ხელებზე მიკრული, ხელთათმანების ხელისგულებიდან შემორჩენილი ძაფების გაჭრას.

ძალიან ფრთხილად მუშაობდა მერითი, მაგრამ თითოეული ძაფის დამწვარი ხორციდან აგლეჯაზე ყოველი კუნთი და მყესი ეჭიმებოდა ნარას.  

ტკივილს შეჩვეული გახლდათ. ტკივილი აღარაფერი იყო მისთვის, ისეთივე ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახლდათ, როგორც მატარებლით მგზავრობა, მაღაროებში მაზიდების დატვირთვა, ნაგავსაყრელზე ჯართის შეგროვება და ჩხიკერდელაობა თავის ბინაში. ისეთივე ჩვეულებრივი გახლდათ მისი მუდმივობა, როგორც ცის კამარას გამოკერებული გაიას ვარსკვლავი, და როგორც გაიას ვარსკვლავი, თუნდაც შემალული ყოფილიყო ღრუბლების საფარის მიღმა, ყოველთვის იცოდა ნარამ, რომ მოიძრობდა დროებით სუდარას და თავს იჩენდა კვლავ.

მაგრამ ეს ტკივილი სულ სხვანაირი იყო. ცემა-ტყეპა ეგემა ნარას, მაღაროებში იქნებოდა ეს თუ სხვაგან, ყინვისაგანაც დასწვოდა კიდურები და მაღაროებში მუშაობისას მადნის ბელტები, გაუმართავი მაზიდები თუ სხვადასხვა ინსტრუმენტებიც დასცემოდა ზედ, მაგრამ ეს ახალი რამ გახლდათ. ცეცხლი იშვიათად ენახა, ფაქტიურად მხოლოდ მაშინ, როცა ასაფეთქებელ მოწყობილობებს აკეთებდა. მაშინაც კი ცეცხლი მისი კონტროლის ქვეშ იყო, მაშინ მოვიდოდა, როცა თვითონ მოისურვებდა.

ახლა კი მისი ხორცი იგემა ცეცხლმა. ცეცხლმა, რომელსაც რეჯინალდის სხეული ასაზრდოებდა.

და ვერც კი გაუტოლებდა მის ჭრილობებს, დაჟეჟილობებს, მოტეხილობებსა და მოყინვას მწველი ცეცხლისაგან გამოწვეულ ტკივილს.

გააძაგძაგა ნარას. ხელებს ფრთხილად უწმენდდა მერითი, გრილ, თხევად ნივთიერებას უსვამდა ზედ.

-რას ფიქრობდი? – ჰკითხა უცებ მან. – არ იცოდი ცეცხლი რას გიზამდა?

აჰა. ჩანაწერი ნახა დიდი ალბათობით.

-არ მიფიქრია. – თქვა ნარამ. – თუ რას მიზამდა ცეცხლი.

არ უფიქრია. უბრალოდ რეჯინალდის იქედან ჩამოთრევა უნდოდა.

ცეცხლის ჩაქრობა უნდოდა.

არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა და დახრუკული იწვა რეჯინალდი ბინგემის მოედანზე.

მერითი გამჭოლი თვალებით დაჟინებით შეაცქერდა.

-და რას აკეთებდი? – ჰკითხა მან.

მოიღუშა ნარა, უნდობლად შეაცქერდა.

– ვერ დაინახე რას ვაკეთებდი? – თქვა ბოლოს.

-დავინახე. – თქვა მერითმა.

-აბა რატომ მეკითხები?

-რატომ ეხმარებოდი ანარქისტს, იმას გეკითხები.

არაფერი უპასუხა ნარამ, გაუნძრევლად იჯდა. მერითს ასეთი საუბარი არ ახასიათებდა.

თუმცა ეს ფრიად ექსტრაორდინალური შემთხვევა გახლდათ. არ ახსოვდა ნარას, რომ აქამდე ვინმეს თავი დაეწვა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ.

-დიდება იგაზან-ლას. დიდება გულაამს. – წაიდუდუნა ბოლოს. – ცილს ნუ მწამებ. მე არავის დავხმარებივარ.  

თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა მერითი.

მერე კი კვლავ მის ხელებს მიუბრუნდა. სქლად წასცხო მოყვითალო, გრილი მალამო, რომელმაც სასიამოვნოდ დაუამა წვა და დოლბანდით შეხვევას მიჰყო ხელი.

-მაღაროს ადმინისტრაცია გეძებს. – უთხრა მან.     

-რატომ? – წამოსცდა ნარას.

არადა მშვენივრად იცოდა, რატომაც.

-ალბათ დაგავიწყდა, მაგრამ სამსახურში არ ყოფილხარ. – თქვა მერითმა.  

ნარას არაფერი უპასუხია.

-ჰოდა გეძებენ. – დაამატა მერითმა. – გიპოვიან.

უხერხულად შეიშმუშნა ნარა.

-ვაპირებდი წასვლას. – წაილაპარაკა ბოლოს.

არ აპირებდა. არც უფიქრია ამაზე.

მერითმა მაჯები გადაუხვია.

-არ ვიცი სად აპირებდი წასვლას, ის კი ვიცი, რომ სამსახურში არა. – თქვა მან და აიხედა, თვალი თვალში გაუყარა ნარას.

მერე კი მისი ცერის შეხება იგრძნო ნარამ ხელის ზურგზე. დანარჩენი თითებით დოლბანდს ასწორებდა მერითი.

ცერა თითი კი ხვეულებს ხაზავდა მის ხელზე.

გახევდა ნარა. წამიერად ვერც კი მიხვდა თუ რა ხდებოდა და ერთიანად დაეჭიმა ყველა კუნთი, მზად იყო ერთი მაგრად შემოერტყა მერითისთვის.

მერე კი მიხვდა.

ექიმი ასოებს ხაზავდა მის ხელზე.

გ.

ა.

ი.

ა.

ს. მ.

ტ. ვ.

ე. რ. ი.

„გაიას მტვერი“.

წარბები შეკრა ნარამ. დაბნეული შეჰყურებდა.

ვეზუვის ბიბლიოთეკის კოდური ფრაზა.

ბიბლიოთეკაზე იცოდა მერითმა.

ბევრი არ დადიოდა ვეზუვში. რეჯინალდმა რომ იქ მიიყვანა, არც კი დასჭირვებია თქმა, თუ როგორი საიდუმლო გახლდათ ბიბლიოთეკის არსებობა. და რა მოხდებოდა, გულაამის წარმომადგენლებსა და ულსტერს რომ გაეგოთ მასზე. 

საიდან იცოდა ქარქს-ნუიადან ჩამოთრეულმა ექიმმა ვეზუვზე? ვინ ენდო და რატომ? 

დოლბანდის ბოლოები მის მაჯებთან ახლოს დაამაგრა პლასტირით მერითმა. ნარა კვლავ დაჟინებით შეჰყურებდა.

რაღაცის თქმა უნდოდა ამით მერითს. ის მაინც იცოდა, რომ ნარაც დადიოდა ბიბლიოთეკაში.

მერითს აღარაფერი უთქვამს. წამოდგა და ნივთების უკან შელაგება დაიწყო.

შეხვეულ ხელებს დააშტერდა ნარა. ქათქათა, თვალისმომჭრელი იყო სქელი დოლბანდი მის გაფითრებულ ხელებზე. მაჯებიც გაეწმინდა მისთვის ჭვარტლისაგან, და თითოეული წვრილი ცისფერი ვენა უჩანდა კანქვეშ.  

ათასი კითხვა უტრიალებდა თავში მაგრამ იცოდა, რომ ვერ მიიღებდა პასუხებს. ახლა მაინც.

-ფრთხილად იყავი. – უთხრა მერითმა, თავისი გამჭოლი ცისფერი თვალებით შესცქეროდა. – ბევრი დრო გავა სანამ დამწვრობები შეგიხორცდება. 

ბევრი დრო გავიდოდა. მაგრამ მხოლოდ მის ხელებამდე არ მიეღწია ბინგემის მოედანზე დანთებულ ცეცხლს.

-რამდენი უნდა გადავიხადო? – ჰკითხა ბოლოს.

-ხომ გადაიხადე უკვე. – მოუტრიალდა მერითი. – თავიც ხომ არ მიარტყი?

უსიტყვოდ შეაცქერდა ნარა. არ ჩაძიებია.

არც ჰქონდა მერითის მაქინაციებზე ფიქრის თავი.

წამოდგა, კარისაკენ მიტრიალდა.

-ცოტა ხანი უნდა მოიცადო. – უთხრა მერითმა, კვლავ მაგიდას მიუჯდა. 

-რატომ? – ჰკითხა ნარამ. გულმა რეჩხი უყო.

-ხომ გითხარი. – თქვა მერითმა. – ადმინისტრაცია გეძებს.

მხრები აიწურა ნარამ.

ნაბიჯების ხმა მოესმა ქუჩიდან.

და კარი შემოგლიჯეს.

რასაკვირველია.

მწვანე უნიფორმაში გამოწყობილი, შაშხანებით შეიარაღებული ოთხი მცველი შემოვარდა საექიმო პუნქტში.

მერითმა გამოიძახა აშკარად. უნდა მიმხვდარიყო ნარა, რომ ასე მოხდებოდა.

იდგა, გაშეშებული, ტუჩები მაგრად მოეკუმა და მუშტებად შეჰკვროდა შეხვეული ხელები.

მცველებმა წამსვე მკლავებში სტაცეს ხელები და კარში გაათრიეს.

კარი ჯახუნით მიიხურა და წამსვე შემოეძარცვა მის ძარღვებს მათში ჩამდგარი სითბო.

სანახევროდ მირბოდა ნარა, ისეთი სისწრაფით მიათრევდნენ მცველები, დათოვლილი კენჭები რაკრაკით გორავდნენ მის ფეხქვეშ.

ქოშინებდა, თავბრუ დაეხვა. გული გამალებით, მძლავრად უცემდა მკერდში. გასასვლელისა და იქვე, ცათამბჯენებს შორის აღმართული სადგურისაკენ გაექცა მზერა, გალავნის ჩრდილს რომ გამოჰპარვოდა და ოდნავ მოსდებოდა გაცრეცილი, ფიფქების ორომტრიალით აღსავსე დღის შუქი.

მაგრამ არ ჰქონდა შეწინააღმდეგების თავი. რომც გასხლტომოდა მათ, ოთხ მცველს შორს ვერ წაუვიდოდა.

მცველებმა კრატერში ჩაათრიეს და სულშემხუთავი, მტვრიანი ნისლივით დააწვა ნარას გალავნის ჩრდილი.

ქშინავდნენ მცველები, მაგრად უჭერდნენ მკლავებზე ხელს.

რიხინებდნენ მაზიდები და თოვდა, შეუჩერებლად.

რეტი დაესხა ნარას.

საადმინისტრაციო შენობაში შეათრიეს მცველებმა და ზედამხედველის კაბინეტის კარში შეაგდეს. ისეთი ძალით, რომ წაბარბაცდა ნარა, კინაღამ იატაკს დაენარცხა.

უცვლელი იყო ცივი რუხი კედლები, ჭერზე ჩამოკონწიალებული სანათი, თეთრ სინათლეს რომ აფრქვევდა გარშემო, თაროებზე ახორიალებული ხარახურა და მომცრო მაგიდა, იქვე მიმჯდარი გაჯგიმული თანაშემწითურთ.  

და უცვლელი იყო ზედამხედველი ზეფირის გამომეტყველებაც, მოღუშული რომ შესცქეროდა, ხელში რკინის ჯოხი ჩაებღუჯა.

-იკადრე ხო გამოჩენა? – იფეთქა მან. – თან დაგვიანებით! თან სამუშაოზე კი არა, ექიმთან! სად დასეირნობ ერთი?!

პირი გააღო საპასუხოდ ნარამ, მაგრამ არ აცადა ზეფირმა.

-ხმა! კრინტი! ტყუილების მოსმენის თავი აქ მაქვს მე! – იფეთქა მან. – ვიცი სადაც ეგდე, ეგ კი არა, მთელმა ლერვიქენმა გაიგო!

პირი მაგრად მოკუმა ნარამ, ზეფირის მოჭუტულ, მრისხანებით აღსავსე თვალებს გაუსწორა მზერა.

-რას აკეთებდი იქ? – განაგრძო ზედამხედველმა. – და ეს რა არის, ახლა როგორღა აპირებ მუშაობას, ჰა? – მისი ხელების ზოგადი მიმართულებით აიქნია ჯოხი მან.

-უცებ შემიხორცდება. – თქვა ნარამ.

-უცებ! უცებო! – სიცილი აღმოხდა ზეფირს, თავის თანაშემწეს მიუბრუნდა, რომელიც მათ შორის აცეცებდა თვალებს. – გესმის? ხელები მიიწვა და თურმე უცებ მოურჩება! გოგო, ის კაცი შეჭამა ცეცხლმა ცოცხლად და შენ როგორ შეგიხორცდება მალე? შენც რომ არ გადმოგედო და არ მოკვდი, სასწაულია, გამიგონე?

მერე კი ბოლთის ცემას შეუდგა კაბინეტში, აქეთ-იქით აქანავებდა ჯოხს, თან მზერას არ აშორებდა ნარას.

-იმ ტიპთან დაეთრეოდი. – შეუღრინა ბოლოს. – იმ ბებერთან. იმ ტერორისტთან. ვიცოდი, რომ არ უნდა დამეტოვებინა ის ბებერი მაღაროში, ვიცოდი!

-იცოდით, ბატონო, ამბობდით… – კვერი დაუკრა თანაშემწემ.      

-გამოქექეს უცებ, ულსტერის ყოვლისშემძლე ხელი დაილოცოს! – წამოიძახა ზეფირმა. – გაიგეს, ვინც იყო და რაც იყო! კიდევ კაი რო ჭკუა ეყო და ჩაკვდა, თორემ…

მზერა ასწია ნარამ, თვალი თვალში გაუყარა ზეფირს.

ზედამხედველი თვალებგადმოკარკლული დასცქეროდა.

-შენ კიდე. რას აკეთებდი იქ? გადამრევს ეს ხალხი, პატიოსნად შრომას ქუჩა-ქუჩა წანწალი ურჩევნიათ! და ტერორისტებთან შეხვედრები. ეს რა თავხედობაა. თავხედობა!

-წავალ. – თქვა ნარამ. – ვიმუშავებ.

არსადაც არ უნდოდა წასვლა. მაგრამ ახლა ყველაფერს იტყოდა, რომ აქედან დაეძვრინა თავი.

-შენ, გოგო, სულ არაფერი იცი? – გაანჩხლდა ზეფირი. – მაგაზე აქამდე უნდა გეფიქრა! ისედაც ცოტა დარჩა ურანი და გინდათ უფრო გააუბედუროთ მაღარო? – ზეფირი აფორაჯდა, უმისამართოდ იქნევდა ჯოხს. – მაგაზე დამკივიან დღე-და ღამე, ურანის პროდუქციას მიხედეო, გინდათ მე გამაუბედუროთ? ღალატია ეგ. იგაზან-ლასა და გულაამის ღალატი! ჰა? თქვი, არაა ღალატი?

ტანში გასცრა ნარას.  იდგა, გაუნძრევლად და თვალისდაუხამხამებლად შესცქეროდა ზეფირს.

-დიდება იგაზან-ლას. დიდება გულაამს. – თქვა მან, როცა ზეფირი დაჟინებით დააცქერდა, თვალებდაქაჩული. – არასოდეს მიფიქრია, გულაამმა შემინდოს, ეგეთ მკრეხელობაზე. მე მუშაობა მინდა, მინდა მოვემსახურო იგაზან-ლას და მეტი არაფერი.

-და ბინგემზე რაც მოხდა, ის? – ატყდა გაანჩხლებული ზეფირი. – გეუბნები, ვიცი რომ იმ რეჯინალდთან ერთად დაეთრეოდი! იმას რა ქვია ახლა?

-დიდება იგაზან-ლას… – დაიწყო ნარამ.

-დიდება გულაამს! – იფეთქა ზეფირმა.

მერე კი ორი ნაბიჯით მის პირისპირ აღმოჩნდა, რკინის ჯოხი მოუღირა. სახეზე ისე წამოჭარხლებულიყო, რომ სანათის მჭახე თეთრი სინათლეც კი ვერ ცრეცდა მის სიწითლეს.

-ახლა გაეთრევი და აღარ მოხვალ აქ! – დაუყვირა მან. – კიდე ძაან გაგიმართლა, ულსტერს რო არ გამოვუძახე!

სისხლი მოაწვა ანაზდად შუბლში ნარას.

-გამოიძახეთ. – წაიდუდუნა მან.

შეცბა თანაშემწე.

სიჩუმე ჩამოვარდა. 

ზეფირი გაოგნებული შეჰყურებდა.

-ამასაც გაუფრენია! – წამოიძახა მან, მერე კი მისკენ გადმოიხარა, წამსვე ჩურჩულში დაიღვარა მისი მრისხანებით აღსავსე ყვირილი. – შენც გაგიჟდი, გოგო? რომ გაიგოს ულსტერმა, რომ ტერორისტის თანამზრახველი აქაა, გადაგვივლიან, გამიგონე?

მერე კი მკლავზე შემოარტყა რკინის ჯოხი და ტკივილისაგან დაიკლაკნა ნარა.

უნდოდა ეთქვა, იდიოტი ხარ და ულსტერმა ალბათ უკვე ყველაფერი იცისო, მაგრამ იცოდა, რომ არ იქნებოდა ახლა ხმის ამოღება მიზანშეწონილი.

-წადი ახლა! – კარისაკენ აიქნია თავი ზეფირმა. – არ გინდოდა ხო თბილი სახლი, საჭმელი და კრედიტები? წადი და აქ არ დაგინახო აღარასოდეს!

მიტრიალდა ნარა და უკანმოუხედავად გაიძურწა კარში. იქვე გაჯგიმულმა მცველებმა თვალი გამოაყოლეს, ქირქილით.

შენობიდან გაბარბაცდა და ბილიკს აუყვა კრატერის პირამდე. უფრო ზურგსუკან მაზიდები რიხინებდნენ, მტვრის ბუღსა და ფანტელებს ერთმანეთში ზელდა შლეგი ქარი და გაცრეცილიყო გალავნის ქვეშ ჩამოწოლილი სიბნელე. აიხედა ნარამ და ღია ნაცრისფერი იყო ცა, ალაგ-ალაგ გაგლეჯილი ღრუბლებითა და ნაგლეჯებს შორის მოლურჯო წიაღით.

ქშინავდა და მოლურჯო, დაფიფქულ ნისლად ქცეულიყო მისი სუნთქვა, ბურუსად რომ შემოხვეოდა თავზე.

ვეღარაფერზე ფიქრობდა. თითქოს შორს იყო საკუთარი სხეულისაგან, სადღაც სხვაგან, და ბნელ, მიუწვდომელ უფსკრულად ქცეულიყო მისი გონება.

კრატერის პირს გაუსწორდა, როცა მის ჩამქრალ, ავტოპილოტზე გადასულ გუნებაში გაჩნდა რაღაც, გატოკდა და გახლიჩა სიბნელე, როგორც ღამეში შემოჭრილმა პირველმა მზის სხივმა.

სორენი.

სიმძიმე იგრძნო მკერდში ანაზდად. სიმძიმე და ისეთი წამიერი, განუზომელი სევდა, რომელიც აქამდე არასოდეს ეგრძნო.

არ უპასუხია ნარას. უკუაგდო კავშირის ძაფი.

ნაბიჯს აუჩქარა. დაფიფქულ, სუსხიან ქარს მაგრად მოეხვია მისთვის მკლავები, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე გასჯდომოდა სიცხე ხელებში, ყრუდ ეწვოდა.

სადგურამდე მიაღწია. შეჩერდა ცოტა ხნით და დაფეხვილ ბოძებზე გადაკრულ, ჟანგისაგან გვერდებშემოჭმულ რკინის ფირფიტას ახედა, რომელზეც უკვე იცდიდა რამდენიმე ადამიანი.

მერე კი ჯიბეებში ჩაიჩურთა ხელები და ცათამბჯენთაშორის სიბნელეში დაინთქა.

მიჰყვებოდა ხალხის ტალღას და როგორც ყოველთვის, ატალახებულიყო  ტროტუარი, მაწანწალები იქექებოდნენ ნაგვის ბუნკერებში და გამაყრუებლად გაჰკიოდა შორს, ქუჩის კუთხეში ვიღაც.

კვლავ გამოესახათ ჰოლოგრამებზე რეჯინალდი და გამომცხადებელნი დაუღალავად რატრატებდნენ ტერორისტების შემოტევაზე.

ჰოლოგრამებს თვალს არ უსწორებდა ნარა.

გზაზე კლუბში შეიარა. სტრიპტიზიორებსა და აღრიალებულ ბრბოში გაძვრა, ბარმენს ქრონო-X სთხოვა.

პაწაწინა აბი, კლუბის დაბურულ მოლურჯო სინათლეში რომ გაჭირვებით არჩევდა ნარა, ხელისგულში ჩაუგდო ბარმენმა და სამასი კრედიტი მოსთხოვა.

ორასიოდე კრედიტიღა დარჩა.

აბი გადაყლაპა ნარამ. მერე კი კვლავ ქუჩას დაუყვა.

უბრალოდ მიდიოდა. მხრებში მოხრილიყო, ქშინავდა და მიათრევდა ატალახებულ თოვლში ფეხებს.

მიდიოდა და გაცრეცილი, თოვლიანი ღამის სურნელი უდიოდა ჰაერს.

მიდიოდა და გარიჟრაჟი დაღვრილიყო ცათამბჯენთა წვერებზე.

რამდენჯერმე შეისვენა.

მერე კი კვლავ ქოშინით გაუდგა გზას.

„ორმოს“ ქუჩაზე გადაუხვია, როცა ანაზდად შეუმჩატდა ფეხები. აღარ გრძნობდა მის გამშრალ ძვლებში გამჯდარ აუტანელ დაღლილობას.

თვალები დახუჭა, როცა შესასვლელში შეაბიჯა და კიბისაკენ აიღო გეზი.

მაშინღა გაახილა, როცა კიბეს მიუახლოვდა. აიხედა და „ორმოს“ თავზე ნელა ტრიალებდა ცის ნაცრისფერი დისკო.

ხელებზე დაიხედა ნარამ. სისხლს, ცისფერ სისხლს გამოეჟონა დოლბანდში.

კიბეზე ფეხი შედგა, საფეხურის უკან ამოსდო მაჯა, რომ დამწვარი ხელების გამოყენება არ დასჭირვებოდა და ნელ-ნელა აცოცდა კიბეზე.

ქროდა ქარი და ფიფქების ორომტრიალს ახლიდა სხეულზე, მაგრამ სულაც არ სციოდა ნარას, ხელების წვამ სხეულში გაჟონა, ძარღვებში გაუჯდა, სისხლი შხუილით მიჰქროდა მის ყურებში.

მოაჯირზე გადაძვრა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს.

სახელო გადაიწია და კარის პანელს მიუშვირა ციფერბლატი.

არ გაიღო.

ყურისწამღები, წამიერი კივილი ამოუშვა საკეტმა. მერე კი ცეცხლი მოედო.

არ იღებოდა.

კიდევ ერთხელ სცადა ნარამ, მაგრამ ამაოდ.

არ გაიღო.

დაეჯაჯგურა კარს, წიხლით შეღება სცადა და თითქოს უფსკრულში გადაუვარდა ფეხი, ძლივს გამოძვრა იქედან, იატაკზე დაეხეთქა.

დაეხეთქა, წესით უნდა სტკენოდა, მაგრამ არ ეტკინა. არც სტკიოდა, არც არაფერი.

არ იღებოდა კარი და მის მიღმა დარჩენილიყო ყველაფერი, რაც გაყინული არ გახლდათ.

დაავიწყდა, რომ თვითონ არაფერი ეკუთვნოდა, სულ არაფერი.

სამსახურიდან გაათავისუფლეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბინა აღარ იყო მისი. და ყველაფერი, რაც კარის მიღმა დარჩა, უბრალოდ დარჩა იქ, შორს, მიუღწეველ წიაღში.  

კედლისაკენ გაფოფხდა ნარა, ზედ მიეყუდა ზურგით. იჯდა, მაგრამ ამავდროულად არც იჯდა, გული ერეოდა, რეტი დაესხა და ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ არც იყო. ანდა იყო და ტოტად გამოზრდოდა უზარმაზარი ხის ზროს, რომელსაც ჰაერში აეტყორცნა თავისი ვარჯი.

აეტყორცნა და ვეებერთელა ფიფქები მოსხმოდნენ მას ფოთლებად.

შიგნით უნდა შესულიყო. შიგნით უნდა შეეღწია, მაგრამ ვეღარა, ვერსად გაძვრებოდა, რადგან ხახადაღებული უფსკრული იყო იქ, თვითონ კი მიწაში გაედგა ფესვები.

წინ გაიხედა ნარამ. ხეს მოაჯირი ჰქონდა, იმიტომ რომ რატომაც არა. მაგრამ ტოტებისაგან იყო მოწნული, აქეთ-იქით კი თვალსა და ხელს შორის რამდენიმე პაწაწინა სოკო ამოიწვერა.

ეწვოდა ხელები და ზედ ელამუნებოდა ქარი, რაღაცას უჩურჩულებდა, რაც ბოლომდე ვერც გაეგო. ეძახდა ქარი, მის სახელს უჩურჩულებდა და სცადა ნარამ ეპასუხა, მაგრამ ენა ვერ ატრიალებდა პირში.

„აქ ვარ.“ უთხრა  ბოლოს. ‘აქ.’

მერე ეჭვი შეეპარა. იქნებ არც იყო. იქნებ ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ.

თუმცა არა. არა. ყველაფერს ხედავდა. ხე იყო, მისი ფიფქის ფოთლებით, მის ტოტებში გახლართული მოჩურჩულე ქარი, მის თავზე წამომართული ვარსკვლავთა შუქის სვეტები და კიბე, რომელიც ზემოთ მიუყვებოდა ღრუბლებს, ნისლში. ხასხასა იყო ყველაფერი, თვალებს სწვავდა.

დაიხედა და გადაშლილიყო ყველგან იფლიჰემი, იცოდა რომ მოემტვრიათ მისი რძისფერი გუმბათი და დაღვრილიყო იფლიჰემის სიმწვანე, მთელ კუნძულზე გაეჟონა, და წაელეკა გზაზე ყველაფერი, როგორც ვულკანიდან ამოხეთქილ ლავას. მზის სიცხე იგრძნო სხეულზე და ქარის თბილი სუნთქვა, გარშემო რომ შემოხვეოდა.

ყველაფერი ტრიალებდა. კიბეც, ხეც, ფიფქის ფოთლებიც, ქარიც და სოკოებიც. ტრიალებდა დაუსრულებლად მის გარშემო და ყველაფერს ხედავდა თვითონ, ყველგან იყო, ქარის გემოს შეიგრძნობდა და ესმოდა, თუ როგორი ოქროსფერი და მწვანე იყო შემოგარენი.

ესმოდა, თუ როგორ ჩამოწვა ცა დედამიწაზე და გრგვინავდა ყველაფერი, თვითონ იდგა, უძრავი, როგორც უხილავი ღერძი და გარშემო ყველაფერი ბრუნავდა. იდგა და იყო მარტო, ისე, როგორც ყოველთვის უნდა ყოფილიყო და როგორც ყოველთვის იქნებოდა.

დასცხა ანაზდად, ყველაფერი ეწვოდა, თითოეული კუნთი და სისხლძარღვი, მაგრამ ჭირხლი მოსდებოდა შემოგარენს, ყინავდა და ისევე ჩაკვდა ყველაფერი, როგორც დამპალ, გაყინულ ხორცზე შემხმარი, მკვდარი ჟანგი, ყველა მხრიდან, წყვდიადიდან რომ შემოჰყურებდა. უნდოდა ეყვირა, მაგრამ არ იცოდა როგორ.

და აღარ იყო აღარაფერი. უძლური გახლდათ ქაოსის წინაშე, ამაზრზენი უსასოობა დარჩა მისგან მხოლოდ.

მერე კი დალხვა მის გარშემო გამეფებული, ლურჯი ელფერით შემკული ქაოსი. ჩამოდნა ცა, ბლანტ სითხედ მოცურავდნენ ქვემოთ ღრუბლები, ვარსკვლავები, მზეც და მთვარეც, სანამ აღარაფერი არსებობდა ზემოთ. და მოდიოდა სისხლი, მოედო ცის კამარას, დააწვიმა და მოადნო ტოტებზე მოსხმული ფიფქები, მოდიოდა დაუდგრომელი და ნთქავდა ყველაფერს გზაზე, როგორც ცოცხალი, ბლანტი ჟანგი.
მერე კი ცეცხლი მოეკიდა სისხლს და აგუგუნდა გარშემო ყველაფერი, გაჰკიოდა ქარი და თავზე ჩამოემხო ცათამბჯენები. ნაპერწკლები წვიმად მოექანებოდნენ მიწისაკენ, ნანგრევები, ცეცხლი და სისხლი ერთ ბლანტ, ამაზრზენ მასად იქცა, რომელმაც ჯერ ერთიანად მოიცვა მისი თვალთახედვა, მერე კი ნელ-ნელა გამოიკვეთა მისგან ადამიანის სილუეტი, თავზე რომ ადგა.
ნელ-ნელა მიფარფატებდა ქვემოთ. 

და მას წამოეწია ადამიანის სილუეტი, რომელიც მასთან ერთად მიფარფატებდა ქვემოთ, ხელი გაიწვდინა მისკენ, მოჰკიდა, ახლოს მიიზიდა და მის კუნაპეტით აღსავსე წიაღში ჩაიძირა ნარა.

სითბოს გრძნობდა გარშემო. მერე კი ნელ-ნელა აუტანლად დაუმძიმდა სხეული, მოუდუნდა, და თითქოს ტყვია ჩაღვროდა თითოეულ კუნთში.

შემდეგი ის იგრძნო, რომ თვალები გაეხილა და ზემოთ იყურებოდა. ოღონდ ჯერ ვერ გაიგო, თუ რას შეჰყურებდა.

მერე კი შეხება იგრძნო. თბილი სხეული და მკლავები მის გარშემო.

შავით შემოსილი ადამიანის სახე გამოიკვეთა ნელ-ნელა მის თვალთახედვაში. თვალები დაახამხამა ნარამ და დადნა ანაზდად მასზე მოხვეული ბურუსი, ღრუბლებს შორის მიმალული გაიას ვარსკვლავივით ჩაიბჟუტა შემოგარენის ადრინდელი ფერების სიხასხასე, თითქოს ჩაკვდა ხეც, ბალახიც, სოკოებიცა და ქარის ჩურჩულიც, აღადგინეს იფლიჰემის რძისფერი გუმბათი და მასში გამოეკეტათ სიმწვანე.

იწვა. მაგრამ ცივ, უხეშ რკინაბეტონის იატაკს ვერ გრძნობდა მის ქვეშ. ადამიანის კალთაზე იწვა, მის მკერდზე აკრულიყო და მხარზე ედო თავი. შავი კაპიუშონი ეხურა კაცს, ნიღაბი ეკეთა და ბინდბუნდშიც კი გარკვევით ჩანდნენ მისი თვალები, ზემოდან რომ დაჰყურებდნენ.

და სიჩუმე ესმოდა ნარას. მათი კავშირის სიჩუმე.

ძალ-ღონე მოიკრიბა. საშინლად გამოშრობოდა პირი, ენის მოტრიალებაც კი უჭირდა.

‘სორენ.’ თქვა ბოლოს.

‘ჰო.’

‘სად ვართ?’

‘ორმოში.’ უპასუხა წამიერი პაუზის შემდეგ სორენმა.

ძლივს მიმოატრიალა თვალები ნარამ.

გაახსენდა. აქ მოვიდა.

და ნელ-ნელა გამოიკვეთნენ ბურუსიდან მოგონებები.

სამარა გადმოხტა. რეჯინალდმა თავი დაიწვა ბინგემზე. თვითონ დაინახა ყველაფერი.

მერე კი აქ მობრუნდა. და ბინაში ვერ შეაღწია. 

არა. ამაზე არ უნდა ეფიქრა. საერთოდ არაფერზე არ უნდოდა ფიქრი.

კვლავ სორენისაკენ აატრიალა მზერა, ცოტა ხანი უსიტყვოდ აჰყურებდა.

იცოდა, რომ სხვაგან იყო სულ ცოტა ხნის წინ სორენი, სადღაც შორს, მაგრამ მოვიდა, აქ მოვიდა, საკუთარ კალთაში აეთრია ნარა და მასზე მოეხვია მკლავები. დაჰყურებდა და უცნაური, მისთვის გაუგებარი გრძნობა გამოსახვოდა თვალებში. 

‘მოხვედი.‘ თქვა ნარამ.

‘მოვედი.‘ მიუგო სორენმა. ‘გეძებდი.’

‘არ უნდა მოსულიყავი’.

არა? და რატომ?’

თვალები დაახამხამა ნარამ. თვალწინ ჯერ კიდევ ედგა დალეწილი გუმბათიდან გამოჟონილი სიმწვანე, სისხლში დაღვენთილი ცა და ცეცხლის წვიმა.

ალმოდებული, ნანგრევებისაგან გამოკვართული ადამიანის სილუეტი, ხელი რომ სტაცა და თავისაკენ მოიზიდა.

უცნაური, განუზომელი გრძნობა აუგორდა მკერდში, გული აერია, გააკანკალა.

‘იმიტომ რომ აქ არ უნდა იყო.’ თქვა ბოლოს.

არც იცოდა, რატომ. უბრალოდ არ უნდოდა რომ აქ ყოფილიყო.

არაფერი უპასუხა სორენმა. მზერა აღმართა, რაღაცას გახედა, შორს.

‘არც მე არ უნდა ვიყო აქ.’ თქვა ნარამ. ‘ალბათ არც არავინ.’

‘ნუ გეშინია.’ უთხრა სორენმა. მზერა გაშტერებოდა, დღის გაცრეცილ ნაცრისფერ შუქშიც კი თბილ წაბლისფრად ღვიოდნენ მისი თვალები.

‘არ მეშინია.’

‘მე ვიგრძენი. ჰალუცინაციები გქონდა. და გეშინოდა.’

‘არ უნდა მეშინოდეს?’

‘არა.’ უპასუხა სორენმა, მზერა დახარა და როგორც ბინგემის მოედანზე დანთებული კოცონი, ისე ჩაიბჟუტა სითბო მის თვალებში. ‘რა დაინახე?’

‘იფლიჰემი.’ თქვა ნარამ. ‘გუმბათი დაამტვრიეს. ისეთი მწვანე იყო… მერე ყველაფერი დაიწვა. ყველა ცათამბჯენი ჩამოიშალა. და აღარაფერი დარჩა.’

წამიერად არაფერი უპასუხა სორენმა. წარბები ოდნავ შეჰკვროდა და შეჰყურებდა, დაჟინებით.

‘ის დაინახე, რაც აქამდე დაგინახავს. და რისი დანახვაც გინდოდა.’ თქვა ბოლოს.

‘არა, არა. დავიღალე. აღარ მინდოდა მეფიქრა. დავიწყება მინდოდა…’

‘რისი დავიწყება? რაც მოხდა? ვერ დაივიწყებ. აღარ უნდა არსებობდე, რომ დაივიწყო.

წამიერად არაფერი უპასუხა ნარამ.

‘მარტო სიკვდილი არაა დავიწყება.’ თქვა ბოლოს. ‘ისინი ხომ არიან… ავადმყოფები. ქუჩაში რომ დაეხეტებიან და აღარაფერი ახსოვთ.’

‘ეგეც სიკვდილია.’ უპასუხა სორენმა.

თვალები დახუჭა ნარამ და იმის მიუხედავად, რომ მაგრად მოეხვია მის გარშემო მკლავები სორენს, იგრძნო თუ როგორ ტრიალებდა გარშემო ყველაფერი.

თითქოს საკმარისად ძლიერი არ იყო სორენი, რომ ადგილზე დაეკავებინა.

უნდა წასულიყო. არ უნდა ყოფილიყო აქ.

‘რა დალიე?‘ ჰკითხა მან და თვალები გაახილა ნარამ. ‘ქრონო-X?’

‘ჰო.’

‘ნოქსი ჯობია.’ თქვა სორენმა. ‘თუ ფიქრი აღარ გინდა.’

‘არ ვიცი. ალბათ რამე სასიამოვნოს დანახვა მინდოდა. მე კიდევ ყველაფერი დავინახე. არ მინდოდა ამდენი.‘ დაიჩურჩულა ბოლოს. ‘ყველგან ვიყავი, ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვგრძნობდი. ასე მეგონა რომ სამყარო ბრუნავდა ჩემ გარშემო.’

‘სამყარო ისედაც ბრუნავს შენს გარშემო.’ 

წარბები შეკრა ნარამ. შეეცადა მზერით შეეღწია უფრო ღრმად სორენის გონებაში და მისი ფიქრები ამოეკითხა.

‘რატომ?’

‘ყველასთვის საკუთარი თავის გარშემო ბრუნავს სამყარო. თვითონ არიან ამოსავალი წერტილი. უნდა იყვნენ მაინც. ბევრი ვერც ხვდება ამას.’

‘რა იცი რომ ვერ ხვდება?’

‘იმიტომ რომ სხვას სცემენ თაყვანს.’

‘გულაამს?’

‘თუნდაც.’

‘იქნებ ხვდებიან. მაგრამ არ უნდათ ეგრე.’ თქვა ნარამ. ‘უფრო იოლიცაა. როცა ფიქრობ, რომ წარმავალი და უმნიშვნელო ხარ, არც პასუხისმგებლობა გაქვს და არც შიში.’

ყველა წარმავალია.’ თქვა სორენმა. ‘მხოლოდ ერთიანი ადამიანთა მოდგმა იყო აქამდე მუდმივი და მაგასაც ერთ დღეს მოეღება ბოლო.’

‘გგონია მართლა მოკვდება იგაზან-ლა?’

‘მეგონა რომ მოკვდებოდა. ახლა აღარ ვიცი. ანდა აღარ მინდა ვიცოდე.’

მას დაჰყურებდა სორენი, მაგრამ გრძნობდა ნარა, რომ რაღაც სხვას ხედავდა, სადღაც შორს.

ალბათ წარმოედგინა, თუ როგორ კვდებოდა იგაზან-ლა. ნელ-ნელა მოერეოდა შიმშილი, სნეულება და სისასტიკე ხალხს. ჯერ საჭმელი აღარ იქნებოდა, მერე წყალი და ბოლოს ელექტროობა. სიჩუმე ჩამოწვებოდა მთელ იგაზან-ლაში, გამტკნარებულნი იდგებოდნენ ცარიელი, ფანჯრებჩამსხვრეული ცათამბჯენები და ისეთ შავბნელ, წყვდიადით მოცულ ძილში ჩაიძირებოდა ქალაქი, რომლის მუდმივობაშიც ეჭვიც არავის შეეპარებოდა.

და აღარაფერი დარჩებოდა, ნანგრევებისა და ოკეანის გარდა, ძირგამოხრულ გალავანს რომ ეხლებოდა.

ჩაყუჩდა ნარა. თითქოს უფრო მოეშვა, თუ ეს შესაძლებელი გახლდათ საერთოდ, თბილ, ბლანტ მასად იქცა. ყველა მხრიდან მოხვეოდა სორენის სითბო და მიატრიალა თავი, მის მხარში ჩარგო სახე.

თოვლისა და კვამლის სურნელი ასდიოდა კაცს.

‘გშია?’ ჰკითხა მან.  

დაფიქრდა ნარა.

აღარ ახსოვდა, ბოლოს როდის ჭამა. შიმშილსაც კი ვეღარ გრძნობდა.

თავი დააქნია საპასუხოდ.

და წამსვე მოსწყდა მის სხეულს წელზე მოხვეული მკლავი.

მოიჭმუხნა ნარა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კანი ააგლიჯეს.

ჯიბეში ჩაიყო ხელი სორენმა და ორი პატარა ბოთლი ამოაძვრინა. ერთში წყალი ესხა, მეორეში კი აშკარად საჭმელი გახლდათ.

ბოთლს თავი მოხსნა სორენმა და ხელში ჩასჩარა.

ცოტა წყალი დალია ნარამ, მერე კი საჭმელი მიაყოლა.  

მერე კი კვლავ მის მხარში ჩარგო თავი.

ცოტა ხანი იწვა. ფიფქებისა და კვამლის სურნელით გაჯერებულ, ცივ ჰაერს სუნთქავდა, ცდილობდა მასზე მოხვეული სითბო დაემახსოვრებინა და უბრალოდ იყო.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ მოვიდა სორენი.

და საერთოდაც, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა საერთოდ. ერთმანეთში აღრეულიყო თითქოს მისი ქვეცნობიერი შიშები და რეალობა, წამიერად ისურვა რომ გამქრალიყო ზღვარი მის სიზმრებსა და რეალობას შორის. იქნებ მაშინ დაეჯერებინა თავი, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, მისი გლოვის მიერ გამოწვეული ფანტაზიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი.

მაგრამ ვერაფრით მოატყუებდა მეხსიერებას.

‘გარეთ რატომ დარჩი?’ ჰკითხა ანაზდად სორენმა და ფიქრებიდან გამოერკვა ნარა. ‘ვერ მოასწარი შესვლა?’

‘არა. ვცადე, მაგრამ არ გაიღო. ვეღარ შევალ.’

დადუმდა სორენი.

‘გამოგიშვეს.’ თქვა ბოლოს.

‘ჰო. ჩანაწერი ნახეს.’

‘ჩანაწერი ყველამ ნახა.’ თქვა სორენმა.

დაიძაბა ანაზდად ნარა. ზეფირის სიტყვები ამოუტივტივდა თავში.

„რომ გაიგოს ულსტერმა, რომ ტერორისტის თანამზრახველი აქაა, გადაგვივლიან, გამიგონე?“

‘ულსტერმა იცის.’ მიუგო მან.

‘არ იცის.’

‘როგორ თუ არ იცის? რა გგონია, ჩემ იდენტიფიკაციას ვერ შეძლებდნენ?’

‘საიდან, ხუთწამიანი ჩანაწერიდან? წესიერად რომ არც ჩანდი? რომ სცოდნოდათ, უკვე მოვიდოდნენ.’

‘გაიგებენ. და მოვლენ.’

‘არავინ არ მოვა.

‘მოვლენ.’ სუნთქვა გაუხშირდა ნარას, წამოჯდომა სცადა. ‘მოვლენ. წადი აქედან.’

მაგრად დაიჭირა სორენმა, წამოჯდომაში მიეხმარა, სანამ მის გადაშლილ ფეხებს შორის, ცივ ბეტონზე არ იჯდა ნარა.

იჯდა და ქშინავდა. სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი. კუნთები თითქოს მოეკრუნჩხა, ცივმა ჟრჟოლამ დაუარა ხერხემალში და შემოჰყინა, სანამ მის გვერდით მყოფი სხეულის სითბო არ მოერია მას.

ზურგზე მოეხვია მარცხენა მკლავი სორენს, მარჯვენა ხელი კი მის თეძოსთან ახლოს ედო.

და დაღივით იყო მისი შეხება, ცეცხლის ცხელ სუნთქვას წააგავდა.

‘შიგნით დაგრჩა რამე?’ ბინისაკენ აიქნია თავი სორენმა.

‘ცოტა საჭმელი მქონდა. ტანსაცმელი. გენერატორი. ქოთნები.’ თქვა ნარამ. ‘ესე იგი ბევრი არაფერი.’ 

სორენს არაფერი უპასუხია. მის კალთაში დაწყობილ, მომუშტულ ხელებს დახედა.

და ზედ მოჰკიდა ხელი, მუშტები გააშლევინა.

თვითონაც დაიხედა ნარამ. დოლბანდით შეხვეულ, მოშვებულ ხელის მტევნებს დააცქერდა, ხელში რომ ეჭირა სორენს.

ეწვოდა, უზომოდ.

მაგრამ ვერ გადაეწონა ხელების წვა იმ ალების სიცხეს, კანი რომ შემოაყვლიფა და ხორცი გაუშიშვლა.

ხმას არ იღებდა სორენი. ნელა გადმოაბრუნა მისი მარჯვენა ხელი, ხელისგულზე დოლბანდში გამოჟონილ წითელ ლაქას დააცქერდა.

სახის ნაკვთები აუთრთოლდა ნარას. მაგრად მოკუმა ტუჩები.

გული მძიმედ უცემდა მკერდში.

‘რაც მოხდა… გარდაუვალი იყო.’ თქვა ანაზდად სორენმა. ‘შენ ვერაფერს შეცვლიდი.’

წარბები შეკრა ნარამ.

სულაც არ უნდოდა ამის გაგონება.

‘შენ რა იცი.’

‘ვიცი.’

‘არ იცი. რამე უნდა მეღონა. სამარას ვერ მივუსწარი. რეჯინალდი კი თვალწინ მედგა, მაშინ მაინც უნდა გამეკეთებინა რამე.’

‘არ უნდა გაგეკეთებინა.’ თქვა სორენმა და მყისიერად მოაწვა სისხლი თვალებში ნარას.

‘ვითომ რატომ?’ ჰკითხა მან.

‘იმიტომ რომ ასე უნდოდა.’ უთხრა მან. ‘იქნებ ერთადერთი გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში, რაც იძულებით არ მიუღია. იმიტომ რომ სხვებზე პასუხისმგებელი ვერ იქნები და არც უნდა იყო.’

‘როცა სრულ ჭკუაზე არ არიან, არც მაშინ?’

‘სრულ ჭკუაზე არიან თუ არა, შენ რა იცი.’

‘ნაადრევად რომ მიდიან, არც მაშინ?’ ჰკითხა ნარამ, გაფაციცებით შეჰყურებდა სორენის თვალებს, ჩამოწოლილ ნისლში გაცრეცილს.

‘არა. ზოგიერთი რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენი სევდა.’

აღარაფერი უპასუხა ნარამ, თავი მიატრიალა. მოაჯირის იქით გამეფებულ, ნაცრისფერი შუქით აღსავსე დღეს გადახედა. ჯერ კიდევ ქროდა ქარი და მოაქროლებდა ფიფქებს, ალაგ-ალაგ შუქიც კი ენთო „ორმოს“ ფანჯრებში და ყვითელ სინათლეს აფრქვევდა გარშემო.   

შეჰყურებდა ნარინჯისფერ ფანჯრებს და კვლავ ცეცხლი წარმოუდგა თვალწინ, ბინგემზე რომ ენთო.

რასაც მხრჩოლავი კვამლი და აშიშხინებული ქონის ამაზრზენი სუნი დაემატა.  

„საკუთარი სიტყვებისა და ქმედებებისაგან შეძრწუნებულმა და თავზარდაცემულმა ანარქისტმა თვითონ მოისწრაფა სიცოცხლე და ამისათვის ყველაზე შემზარავი გზა არჩია – ცოცხლად დაიწვა. აირჩია ისეთი სასჯელი, რომელსაც იმსახურებენ იგაზან-ლასა და გულაამის მოღალატეები!„

გახევდა ნარა. თვალები გაუშტერდა.

‘აქ არ უნდა იყო.’ გაუმეორა სორენს ისე, რომ მისკენ არ გაუხედავს. ‘წადი.’

სორენმა არაფერი უპასუხა. კვლავ მოეხვია მის ზურგზე მარცხენა მკლავი და კვლავ ეჭირა მისი ხელები.

და კვლავ მზის სხივებს ჰგავდა მისი შეხება.

იგრძნო ნარამ, რომ არ წავიდოდა.

‘მაშინ მე წავალ.’ თქვა მან.

მერე კი გატრიალდა, ხელები გამოსტაცა სორენს და ნელ-ნელა, გაჭირვებით წამოიწია ათრთოლებულ ფეხებზე, წამსვე შემოეძარცვა კაცის სხეულის სითბო და მათი კავშირის სიჩუმის კომფორტი. მოაჯირისაკენ მიტრიალებისთანავე მათრახივით შემოსცხო სახეში ყინულოვანმა ქარმა, ფიფქები შემოაყარა და როგორც ყოველთვის, ქუჩიდან მომავალი ჩოჩქოლისა და მატარებლის გრუხუნის ხმას აღევსო შემოგარენი.

-სად წახვალ? – ჰკითხა უკნიდან სორენმა.

-უბრალოდ წავალ. სადმე. – უპასუხა ნარამ.

მერე კი ფრთხილად გადაძვრა მოაჯირზე, კიბის საფეხურის უკან ამოსდო მაჯები.

და ნელ-ნელა ჩაცოცდა ქვემოთ.

გრძნობდა, რომ კვლავ ზემოთ იჯდა სორენი. და იმასაც გრძნობდა, რომ უკან არ გამოჰყვებოდა.

რამდენჯერმე დაუსხლტა ფეხი, მოუწია დამწვარი ხელისგულებით მოსჭიდებოდა საფეხურს და ყოველ ჯერზე ხრიალი ამოხეთქავდა მისი ყელიდან.

მშვიდობიანად ჩააღწია მიწამდე. ნაგვის გროვისაკენ არ გაუხედავს, არ უნდოდა დაენახა. მაშინვე გასასვლელისაკენ გაეშურა.

არც იქვე სვეტების მიღმა მიყენებული სორენის მოტოციკლისაკენ გაუხედავს.

ქუჩას დაუყვა. შეხვეული ხელები ჯიბეებში ჩაეჩურთა, რომ არავის შეემჩნია. ჯერ კიდევ ანარქისტებსა და ტერორიზმზე გაჰკიოდნენ გამომცხადებელნი და იცოდა ნარამ, რომ ერთი თავის აწევა კმაროდა იმისათვის, რომ კვლავ დაენახა ცათამბჯენთა მინებზე არეკლილი, ცეცხლმოკიდებული რეჯინალდი.

თუმცა რაღა მნიშვნელობა ჰქონდა. მალე მოაკითხავდა ულსტერი.

ქუჩებში დაეხეტებოდა, უმიზნოდ, ხელებს ცეცხლი სწვავდა, პირისახეს კი სუსხიანი სიო.

თოვდა და ალაგ-ალაგ ატალახებულიყო უკვე თოვლის სქელი ფენა, ჰოლოგრამებისა და ნეონის სანათების ცისფერი შუქი რომ მოჰფენოდა.

მოიქანცა მალევე. ჩაბნელებულ, წვრილ გასასვლელში, ბუნკერის მიღმა შეძვრა დასასვენებლად.  

იჯდა, ჩაყუნცული, მუხლებზე მკლავები მოეხვია და დაშტერებოდა მის ფეხქვეშ ატალახებულ თოვლს.

არ უნდოდა ეფიქრა, მაგრამ საკუთარი სურვილის მიუხედავად მაინც უტრიალებდა ათასი აზრი მოგუგუნე კაკაფონიად თავში.

სამარა. რეჯინალდი. დახრუკული სხეული და ძვლებიდან ჩამომდნარი სახე.

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ.

ასე არ უნდა მომხდარიყო.

უფრო სწრაფად რომ ემოქმედა, უფრო მეტი ყურადღება რომ მიექცია ყვლაფრისათვის, იქნებ შესძლებოდა ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა.

ახლა კი ვეღარაფერს იზამდა.

სამსახურსა და ბინაში აღარ მიესვლებოდა. სინანულით გადასწვდა მისი ფიქრი მის თაროზე შემორჩენილ ბროწეულის ყლორტს, რომელიც ალბათ უკვე სულს ღაფავდა, ტანსაცმელს, გენერატორსა და ნაგავსაყრელიდან მოტანილ ხარახურას, რომელზეც ჩხიკერდელაობის საშუალება არ მიეცა.

მერითის ნათქვამი „გაიას მტვერი“ ამოუტივტივდა ანაზდად თავში.

რისი თქმა უნდოდა? იქნებ უბრალოდ ანიშნებდა, რომ იცოდა ვეზუვზე და ერთგვარი შანტაჟი იყო?

არა, არა. რისთვის უნდა დასჭირვებოდა მერითს მისი დაშანტაჟება?

იქნებ უნდოდა, რომ ნარა იქ წასულიყო. იქნებ რამე ახალი ხდებოდა ვეზუვში?

ვეზუვში ისეთი ხალხი დაეხეტებოდა, სულაც არ გაუკვირდებოდა ნარას.

მაგალითად ჰელმარი. ჰელმარი და მისი რევოლუციისადმი მისწრაფება.    

უსიამოვნოდ გასცრა ტანში ნარას. გაურკვევლობის ბურუსში ცნობისმოყვარეობამ გამოჟონა.

ახლა რომ ბიბლიოთეკაში წასულიყო, დიდი ალბათობით მასზე ადევნებულ ულსტერს მიიყვანდა იქ პირდაპირ.

იქნებ არ ჰქონდა დამალვას აზრი. იქნებ სჯობდა რომ დამდგარიყო ბინგემზე, თავისი შეხვეული ხელები მაღლა აღემართა და გამოეცხადებინა ხმამაღლა, მე ვცადე დავხმარებოდი ტერორისტს და დამაპატიმრეთო.

ანდა „ხრამისაკენ“ უნდა აეღო გეზი. მაწანწალების რიგს შეუერთდებოდა და ცოტა საჭმელს მაინც მისცემდნენ.

თვალები გაახილა ნარამ. უნდოდა ამდგარიყო, მაგრამ კუნთები არ ემორჩილებოდნენ თითქოს.

მერე კი ანაზდად გაუწყვიტა ფიქრი შორიახლოს ატეხილმა ჩოჩქოლმა. ორომტრიალი ქუჩებში ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, მაგრამ მოახლოებული ფურგონის ძრავის გუგუნი არც ისე ხშირად ესმოდა.

ულსტერი.

გააცია ნარას, უფრო მაგრად მოიხვია მკლავები მუხლებზე, მერე კი ფრთხილად გაიჭყიტა ბუნკერის იქით.

გასასვლელის ბოლოში ქუჩა მოჩანდა, მის გვერდით გაყოლებული დათოვლილი ტროტუარითა და გამვლელებით, აქეთ-იქით რომ გარბოდნენ. იქვე კლუბი იყო, მისი აბრა ნეონის სანათით ლურჯ სინათლეს აფრქვევდა გარშემო, ხმამაღალი ელექტრონული მუსიკა გამოდიოდა შიგნიდან.

და თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო ნარამ, რომ შაშხანებით შეიარაღებული ულსტერის მებრძოლები შემოიჭრნენ მის თვალთახედვაში.

ცივმა ოფლმა დაასხა, ერთიანად გაუქვავდა შიგნით ყველაფერი.

მაგრამ მისკენ არც კი გამოუხედიათ.

კლუბის კარი შელეწეს.  

გამოიჭრა შიგნიდან წამსვე მჭახე ცისფერი სინათლე და მებრძოლთა შავად შემოსილი სილუეტებს მოეხვია.

სული მოეხუთა ნარას, ვეღარ ამოისუნთქა.

ხუთიოდე წამში გამოათრიეს ვიღაც კაცი, ალბათ ბარმენი, რომელიც გამაყრუებლად, სასოწარკვეთილი გაჰკიოდა, შველას ითხოვდა და ემუდარებოდა მებრძოლებს, ფურგონში შეაგდეს.

მერე კი კვლავ აგუგუნდა ძრავი.  

და მალევე ჩაიკარგა მისი ხმა ძვლების რაიონის ალიაქოთში.

კლუბის დალეწილ კარსა და შიგნიდან გამოღვრილ ცისფერი შუქს, რომელსაც დამფრთხალი ხალხის ტალღა დაემატა, თვალი მოარიდა და უკან დაიწია, კედელს მიეყრდნო.

გული გამალებით უცემდა მკერდში.

მისთვის არ მოვიდა ულსტერი. ჯერ კიდევ შერჩენოდა ცოტა თავისუფალი დრო.

თუ თავისუფალი ერქვა ამას საერთოდ.

ჯერ კიდევ თავში უზრიალებდა სორენის სიტყვები.

„იქნებ ერთადერთი გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში, რაც იძულებით არ მიუღია.“

თავისუფლება უნდოდა რეჯინალდს. და სამარასაც.

იმ უბედურ ბარმენსაც, ულსტერმა რომ წაათრია.

საპროტესტო აქციების ლიდერებსაც: გიდეონს, ასტრიდს და ვულფს, სანამ ულსტერი მოკლავდა მათ.

ალბათ თვითონაც.

ამწვარი ხელები მაგრად მომუშტა ნარამ, ნიკაპი უკანკალებდა, ყბა მოენგრა.

იჯდა, გამეხებული და ფიქრობდა.

თავზე კი ზანტად ეფინებოდნენ ფიფქები.

8 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 8)

  1. აქ ნარა ძალიან შემებრალა. ის პაწაწინა იმედი რაც ჰქონდა მისი მეგობრების სახით ორივეს დაღუპვის შემდეგ ჩაიფერფლა ცეცხლში. გამოსავლის ძიებაში იქნებ მიაგნოს იმ გეგმას რითიც თავსაც და სორენსაც გადაარჩენს.

    Like

    1. გეთანხმები ქალუ. ძალიან გარდამტეხი მომენტი იქნება ეს ნარასთვის და ვნახოთ როგორ გაუმკლავდება ამას.

      Like

      1. მე აქ ცხოვრება ვერ მემარტივება! ნარა არის უძლიერესი!👌

        Like

      2. გეთანხმები! ძალიან ძლიერი ფსიქიკა სჭირდება იმას, რაც მის გარშემო ხდება. ის ცალკე საკითხია, ნარას ფსიქიკა რა მდგომარეობაშია მაგრამ მაინც.

        Liked by 1 person

  2. უდიდეს სასოწარკვეთილებაშია ისტორიის ყველა პერსონაჟი😭😭 ამათ ადგილას მე დიდი ხნის წინ გავფშეკდი ფეხებს😭😭 იმედი სჭირდებათ სასწრაფოდ. ან რაღაც იმედის ნაპერწკალი მაინც😩 იმხელა სიბოროტე სუფევს ამ სამყაროში, მინდა პერსონაჟების ნახევარს ბაზუკით გადავუარო🙂😂ჰოდა დამეგლიჯა ნერვები ამასობაში. იმედია რაიმე ისეთი მოხდება, რაც ჯავრს ამომაყრევინებს ამათზე💅🏻😂სორენზე მინდა ვთქვა, რომ რაღაც ბოლო დროს მაეჭვებს ეგ ბიჭი. როცა კი ნარას დასჭირდება, იმწუთსავე იქ ჩნდება, მაგრამ მაინც ბევრი არაფერი ვიცით ამ პერსონაჟზე. იქნება და ვინ არის🤔🤔ვაიდა ნარას ატყუებდეს, მეტიც არ მინდა… ერთი ბაზუკა მაგასაც არ ასცდება ჩემგან🥲 არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად ლამაზი და მისტიურია ის სამყარო, რომელიც შექმენი, ლინდუ😌💅🏻ბარეორ ბესტსელერის ავტორს შეშურდებოდა🥰უდიდესი ფანტაზია და შრომაა ჩადებული😍😍 გაგრძელებას ველი მოუთმენლად, ჩემო ნიჭიერო😍😍😍😍💜💚

    Like

    1. ქალუ 🥹🥹🥹 გეთანხმები, უსასტიკეს გარემოებებში ცხოვრობენ და მეც მეორე დღეს ალბათ მივკვტებოდი 😂 ვაიმე ბაზუკა 😂😂😂😂😂😂😂 მშვენიერი იდეაა, ერთი კაი ბაზუკა დახატავდა გულაამს და მისნაირებს 😂😂 ოოო სორენზე ჯერ არაფერს ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად გავიცნობთ უკეთ 💛
      დიიიდი დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის 🥹 ავჩუყდი 🥹💛💛

      Like

  3. მოვკვდი და დავიფერფლე იმის მოლოდინში რომ სორენი უფრო ახლოს გავიცნოთ :დდ ყველა მათი დიალოგის შემდეგ უფრო მეტად მაინტერესებს ისეთ რამეებს ელაპარაკება ნარას :დ

    Like

Leave a reply to თამილა აბაშიძე კომენტარის გაუქმება