ცოცხალი ჟანგი (თავი 7)

მეშვიდე თავის თემა

VII – Fire

.

.

.

-*-*-*-*-*-

თოვდა.

ფარფატით ეშვებოდნენ ქვემოთ თოვლის ფანტელები და ციმციმებდა „ორმოს“ თავზე გაიას ვარსკვლავი. ნელ-ნელა ღვივდებოდა სინათლე „ორმოს“ ფანჯრებში და მქრქალი ნარინჯისფერი სინათლე ეცემოდა ნაგვის მთას, მაგრამ ვერ მიეღწია შუა ნაგავში გაწოლილი სამარას ჩამქრალ თვალებამდე, ერთიანად შთანთქავდა მის სითბოს სორენის მოტოციკლეტის ფარის ცისფერი სინათლე.

ქშინავდა ნარა, ფილტვები თითოეული შესუნთქვისას ეწვოდა, უწყალოდ ეფინებოდა დასუსხულ სახის კანზე მყრალი, სიკვდილის სიცივით აღსავსე სიო.

წამოიმართა, მუხლები უკანკალებდა. პირი იბრუნა, სამარას გვამს ვეღარ გაუსწორებდა მზერას. ოფლმა დაასხა, უსიამოვნოდ მიჰკვროდა მკერდსა და ზურგზე ნოტიო ტანსაცმელი, მაგრამ ერთიანად გაჰყინვოდა ხელ-ფეხი. გული გამალებით უცემდა, ყელში ამოსჯდომოდა.   

თავში ჩამოწოლილი სიცარიელე ერთადერთმა ფიქრმა, სორენის სიტყვებმა გაჰკვეთა.

„გვიანია. ვეღარ უშველი“.

ვერ უშველიდა. ნუთუ მართლა ვეღარა?

მაგრამ მაინც სჭირდებოდა შველა სამარას. კარგა ხანი იწვა იქ უკვე, ყინვაში, ღია ცის ქვეშ. იწვა, მოგრეხილი, მუცელი ალბათ უსიამოვნოდ მიჭყლეტოდა ნაგავზე, შემხმარი სისხლი სწიწკნიდა კანს. იწვა და გაჰყინვოდა მთელი სხეული, სუსხი მოსდებოდა სისხლძარღვებში შედედებულ სისხლს.

შორს გრუხუნი მოესმა. მატარებელი მიჰქროდა ლიანდაგზე.

-ნარა… – დაიწყო სორენმა, მისი მიმართულებით გამოწვდილი ხელის ჩრდილი დაინახა თვალის კუთხიდან ნარამ და შედრკა, მის გვერდით წამომდგარ კაცს ახედა.

ხელი დაუშვა სორენმა. დიდრონი, ცისფერ სინათლეში ალაპლაპებული, ცივი თვალები ჰქონდა.

მიტრიალდა ნარა და კიბისაკენ გაემართა.  

რეჯინალდი უნდა მოეძებნა. რეჯინალდს უნდა გაეგო. უნდა გაეგო და მოსულიყო, რომ სამარას დახმარებოდა.

უმატა ქარმა. „ორმოს“ ქვეშ, გასასვლელებში სტვენდა და სახეში შეაყარა ფანტელები ნარას.

აიხედა. „ორმოს“ თავზე გაცრეცილიყო ცის მრგვალი ნაგლეჯი, რომელზეც გაიას ვარსკვლავი ციმციმებდა. ნარინჯისფრად დაკოპლილიყო კორპუსი და რამდენიმე ადამიანი მოცოცავდა უკვე კიბეებზე.

ხელთათმანი გადაიწია მაჯიდან ნარამ და წებოვანი, მყრალი ლაფი მოეცხო კანზე.

ციფერბლატი ციმციმებდა.

150, 245; 05:02.

აგვიანებდა. რეჯინალდი უნდა ჩამოსულიყო ამ დროს, მაგრამ არ ჩამოვიდა. წასული იქნებოდა უკვე.

ალბათ წავიდა. და მერე გადმოხტა სამარა.

მიტრიალდა და ელვის სისწრაფით გაემართა გასასვლელისაკენ.

სორენი ნაგვის გროვასთან ახლოს იდგა, შეჰყურებდა. მისი მოტოციკლისაკენ გაატრიალა მზერა ნარამ, რომ სამარა არ დაენახა.

და წამსვე გასწიწკნა სინდისმა.

სამარა იწვა იქ, მარტოდმარტო, გაყინული. რას იფიქრებდა? რას იფიქრებდა ნარაზე, რომელსაც მისთვის ზედ შეხედვაც კი არ შეეძლო?

სორენს ჩაუარა და თვალი მოსჭრა მოტოციკლეტის სინათლემ ნარას.

და ჩანავლდა ანაზდად ქარის სტვენა, მატარებლის გრუხუნი და მის თავში აკივლებული, შემზარავი ფიქრების ორომტრიალი.

‘სადაც არ უნდა მიდიოდე, წაგიყვან.’ უთხრა სორენმა და შედგა ნარა, მოტრიალდა. მზერა აემღვრა, გარკვევით ვეღარაფერს ხედავდა, ნარინჯისფრად ანთებული ფანჯრები, ნაგვის მთა, მასში ნახევრად ჩამარხული სამარას სხეული და ახლომახლოს მდგარი სორენი გალღვნენ, გაიცრიცნენ, გარშემო ჩამოწოლილმა გარიჟრაჟმა შთანთქა, ჩაიხვია მკერდში.

თვალები დახუჭა, მაგრად.

‘რეჯინალდი.’ თქვა მან. ‘უნდა მოვძებნო.’

სიჩუმე ჩამოვარდა და თვალები დაახამხამა ნარამ. სორენი უსიტყვოდ შეჰყურებდა.

‘იმ ქალის… ნაცნობია?’ თქვა ბოლოს მან და ეხამუშა ნარას სამარას „იმ ქალად“ ხსენება.

ბევრად მეტი იყო სამარა, ვიდრე უბრალოდ „ის ქალი“.

‘ჰო. ერთად ცხოვრობდნენ. უნდა ვნახო, უნდა გავაგებინო.’

‘გვიანია უკვე.’

‘უნდა ვნახო.’

‘რატომ? გგონია გადმოაგდო?’

გააკანკალა ნარას. შეზარა აზრმაც კი.

‘არა.’ მოჭრა მან. ‘უნდა იცოდეს.’

‘და რას იზამს?’

‘იქედან ჩამოიყვანს. არ მინდა იქ დარჩეს.’

სორენი უცნაურად შესცქეროდა. მქრქალმა სიბრალულმა დაუარა ცხელ ტალღად სხეულში ნარას.

‘სადაა რეჯინალდი?’ ჰკითხა სორენმა.

‘ალბათ მაღაროებში წავიდა უკვე.’

‘ახლა წავიდა?’

‘უნდა წასულიყო.’

‘ერთად არ ცხოვრობდნენ? არ დახვდა, კიბეზე ჩამოვიდა და ვერ დაინახა?’

შედრკა ნარა.

რასაკვირველია. სამარას ეტყობოდა, რომ კარგა ხანი იწვა იქ. ღამის სმენაზე იყო ალბათ რეჯინალდი. სახლში რომ ყოფილიყო, სამარა ახლა იქ არ იწვებოდა. სამარა ბინაში იქნებოდა, თბილ ლოგინზე წამოწოლილი, წამოზრდილ მუცელზე  მოისვამდა ზრუნვით აღსავსე გამომეტყველებით ხელს, მერე კი თვალები გაუშტერდებოდა სადღაც, შორს, ალბათ თავის თხუთმეტ ორსულობასა და რვა ბავშვზე ფიქრობდა.

ანდა რეჯინალდზე. როდის მოვიდოდა სახლში და როდის გაუქარწყლებდა მარტოობას.

ფიქრობდა თავის ბინაში გამომწყვდეულ, ოთხკუთხა, ნაცრისფერ და მელანქოლიურ ცხოვრებაზე. იფლიჰემის მიუღწეველ, მუდამ შორეულ, რძისფერი გუმბათის მიღმა მიმალულ თავისუფლებაზე.

წიგნებზე. უზრუნველ ცხოვრებაზე. იმ არარსებულ სიცოცხლეზე, რომელიც წარსულს ჩაეყლაპა თავის უსასრულო ხახაში და მომავალზე, რომელიც არასოდეს მოვიდოდა.

რეჯინალდი რომ არ წასულიყო… რეჯინალდი რომ სახლში ყოფილიყო, სამარა არ იქნებოდა აქ.

თუმცა არა. არ ფიქრობდა სამარა წიგნებზე, იფლიჰემსა და თავისუფლებაზე.

სხვა ფიქრები გაუჩნდა. ფიქრები იმაზე, რომ აღარ უნდოდა ასე ცხოვრება. აღარ უნდოდა ასე ეარსება.

აზრები, რომლებმაც აიძულა ოცდამეათე სართულიდან გადმოხტომა გაებედა.

დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა ეს ფიქრები. არ ამბობდა. ნარა რომ მათთან იყო, უღიმოდა, აჭმევდა და ჰკითხავდა, თუ როგორ იყო.

იტყუებოდა.

რეჯინალდი რომ სახლში ყოფილიყო, ნაგვის გროვაში არ ეგდებოდა სამარა. მაგრამ რეჯინალდის იქ ყოფნა არ გააქარწყლებდა იმ ტყუილს, რომელიც ყოველდღე აეკრა ყალბ ნიღაბად სახეზე სამარას.   

‘ღამის სმენაზე იქნებოდა.’ თქვა ბოლოს.

‘ესე იგი მალე მოვა.’

‘ჰო, მოვა. უნდა მოვიდეს.’

მოტრიალდა და ისეთი ძალით შეეჯახა ანაზდად უკნიდან მონაბერი ქარი, რომ ოდნავ წააბარბაცა. ბარდნიდა, სქელი ფანტელები წამახულ მახათებად ქცეულიყვნენ ქარში და ნაცრისფერ ლაქებად მოსდებოდნენ ფიფქები მის მხრებსა და თავზე მოგდებულ კაპიუშონს.

გაუნძრევლად იდგა კაცი, მოტოციკლეტის სინათლეში ცისფერ ნაპერწკლებად ქცეულიყვნენ მის გარშემო შემოჯარული ფიფქები და შემოჰყურებდა. გვერდიდან მოჰფენოდა შუქი და ძლივსღა არჩევდა მისი შავი კეპის ქვეშ დაბურულ მზერას ნარა, მაგრამ გრძნობდა, რომ ისეთივე ცივი ჰქონდა თვალები, როგორც ადრე.

მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა ნარამ, ფეხები უკანკალებდა.

მერე კი იქვე, კიბისაგან ოდნავ მოშორებით, კორპუსის ერთ-ერთი საბჯენი სვეტის გვერდით ჩაემხო.

ჩაჯდა, მუხლები მკერდთან აიკეცა და მაგრად მოიხვია ფეხებზე მკლავები. იჯდა, ძვლებში გასჯდომოდა ასფალტისა და სვეტის რკინაბეტონის სუსხი, შლეგ ქარში ძლივსღა გრძნობდა მყრალ ლაფში ამოგანგლული ტანსაცმლის სურნელს და ამღვრეული მზერით აჰყურებდა ნაგვის გროვაში დაღვენთილ, სამარას სხეულის ლაქას.

და სახეს სწვავდა სორენის მზერა. მისკენ არ იყურებოდა ნარა, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ თვალისდაუხამხამებლად შეჰყურებდა სორენი და მხოლოდღა მისი აჩქარებული, ზედაპირული, სუსხში გაცრეცილი სუნთქვის ქათქათა ქულები უფარავდნენ მისი დაჟინებული მზერის წინაშე სახეს.

იჯდა და მათ შორის გაწელილი ბმის სიჩუმეს უსმენდა, სიჩუმეს, რომელიც მატარებლის გრუხუნს, ქარის წუილს, ქუჩაში ატეხილ ღრიანცელსა და საკუთარი ფიქრების  აურზაურს შთანთქავდა ერთიანად.

მოფრინავდნენ ფანტელები, ნაცრისფერ ბურუსში გამოეხვიათ შემოგარენი და იჯდა ნარა.

მიღოღავდნენ წუთები, კაშკაშებდა მოტოციკლეტის ფარის ცისფერი სინათლე და გაუნძრევლად იწვა სამარა.

თენდებოდა. გაიცრიცა „ორმოს“ თავზე წამომართული ცის ნაგლეჯი, ნაცრისფერი გარიჟრაჟი გადაეფარა გაიას ვარსკვლავს და ისეთი აუტანელი იყო ლოდინი, როგორც არასდროს.

თენდებოდა „ორმოს“ ფანჯრებშიც. კიბეებზე მოცოცავდნენ უკვე დაგვიანებული მაღაროელები, ერთ ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერას მიაბჯენდნენ სორენსა და მის მოტოციკლეტს, მერე კი ქრებოდნენ გასასვლელში.

გადიოდნენ წუთები და უფრო მაგრად მოიხვია ფეხებზე მკლავები ნარამ. მისი თბილი სუნთქვისაგან სინოტივე შეჰპარვოდა ნიღაბს, ჯერ კიდევ უსიამოვნოდ მიჰკვროდა სხეულზე ოფლისაგან ნოტიო ტანსაცმელი. სციოდა, გაყინული ხელ-ფეხიდან ზურგსა და მუცელში გაეჟონა სუსხს.

ალბათ საშინლად სციოდა სამარას. გაყინულიყო, სასტიკად, ტილოს კაბის ამარა. შიშველ კანზე ასობდა შლეგი ქარი ფიფქებს.

ჟრუანტელმა დაუარა ზურგში ნარას, თვალები გაუშტერდა. თითქოს ყინვამ ჭირხლი მოსდო თითოეულ კუნთზე, მყესსა და ძარღვზე, ვეღარ ინძრეოდა, ზამბარასავით დასჭიმვოდა სხეული.

‘ნარა.’ ჩაესმა ანაზდად და გაკრთა, ელვის სისწრაფით მოსწყვიტა სამარას მზერა.

სორენი კვლავ შეჰყურებდა. მისი მხრები და კაპიუშონი ნაცრისფრად გადაეპენტა თოვლს.

მოიბუზა ნარა. ნიკაპი უთრთოდა. შეეცადა ძალ-ღონე მოეკრიბა.

‘რა?’ ჰკითხა ბოლოს.

‘ადექი. ჩამოვიყვანოთ.’

‘მე ვერ მივწვდი. არ შემიძლია.’

‘მე მივწვდები.’ თქვა სორენმა. ‘ადექი.’  

წამიერად არაფერი უთქვამს ნარას. უბრალოდ სიჩუმეს უსმენდა.

მერე კი გაქრა სიჩუმე. გაწყდა ბმა და მისი ჩამოშლილი ჯებირიდან გადმოსკდა თითქოს შემოგარენის აუტანელი კაკაფონია. გრუხუნებდა მატარებელი, სტვენდა ქარი, ღრიანცელს აღევსო მეზობელი ქუჩა, რასაც შორეული გუგუნი ემატებოდა. 

წამოიწია ნელ-ნელა. ისე იფეთქა ტკივილმა გაშეშებულ კუნთებში, გასწიწკნა, როგორც საავდრო ღრუბლებში ელვამ, ამოიგმინა. ძლივს გასწორდა და ლასლასით გაემართა ნაგვის გორისაკენ.

ბრწყინავდნენ მოტოციკლეტის ცისფერ სინათლეზე სორენის მხრებზე დაფენილი ფანტელები, მალ-მალე იტაცებდა მათ ქარი და ციბრუტივით ატრიალებდა, მიაქროლებდა სადღაც, შორს.

ნაგვის გორაზე შეაბიჯა სორენმა. დაიღრჭიალა მის ფეხქვეშ უსიამოვნოდ რკინამ და აზელილი ლაფის აუტანელი, სველი ხმა მისწვდა ნარას, მაგრამ არ დასრიალებულა სორენი, მყარად ადგამდა თითოეულ ნაბიჯს და ზემოთ მიძვრებოდა.

მკლავი გაიწვდინა და გვერდზე უსიცოცხლოდ გადმოგდებულ სამარას მკლავს მოსჭიდა ხელი, მერე კი მისი ჩამოთრევა სცადა.

კვლავ გაიღო ღრჭიალი მეტალმა, დაცურდა სამარას სხეულის ქვეშ ხარახურა და ხმამაღალი ზათქით დაენარცხა დათოვლილ ბეტონს.

ადგილს მიეყინა ნარა, თვალები გაუშტერდა. ერთიანად გაშეშებულიყო სამარა, ადამიანის ხორცის მოქნილობა და სილბო ჩაექრო მის სხეულზე მოდებულ ცივ სიკვდილს, მანეკენივით მისრიალებდა ქვემოთ.

გალურჯებული, ორსული მუცლით, კიდურებმოტეხილი მანეკენივით.

ისე აუმოძრავდა ნარას ფეხები, რომ ვერც კი მიხვდა, რას აკეთებდა. მეორე მკლავში ჩაავლო ხელი სამარას სორენმა და ფრთხილად ჩამოათრია ქვემოთ, მისი სუნთქვის ნისლი ცისფერ სინათლეში იცრიცებოდა და ოდნავ ბურუსად მოსდებოდა ნარასკენ მოტრიალებულ სამარას სახესა და ჩამქრალ თვალებს.

სამარას ფეხებს მისწვდა ნარა და ამაზრზენად ცივი და გაყინული ტყავის მსგავსი იყო ქალის კანი მის ხელქვეშ.

ბევრი მკვდარი ენახა. ძალიან ბევრი.

მაგრამ ერიდებოდა შეხებას.

აღარაფერი აღარ დარჩენილიყო სამარასგან, გაშეშებული კუნთებისა და ცარიელი მზერის გარდა, რომელსაც მალევე შენთქავდა ლპობის აქტიური პროცესი, სანამ მხოლოდ გამშრალი ძვლები არ დარჩებოდნენ.

წავიდა სამარა. და აღარაფერი დარჩა მისგან, გაშეშებული გვამის, „ორმოში“ მისი პაწაწინა კუთხისა და მოგონებების გარდა.

ძვლები გაძლებდნენ ყველაზე დიდხანს, უსარგებლო, გამომშრალი ძვლები, მათ მტვერს წაიტაცებდა ქარი და იგაზან-ლაში იცხოვრებდა სამარა, მაშინაც კი, როცა წლების მერე აღარავის ემახსოვრებოდა.

გააჟრჟოლა ნარას. სუნთქვა მოკლე ნაწყვეტებად სწყდებოდა მის პირს.

მიწაზე ჩამოათრიეს სამარა. იწვა, ლოყა და მუცელი ამჟამად მიწაზე მიჭყლეტოდა. ლაფში ამოსვროდა კაბა და გაყინული კანი და ახლაღა შეამჩნია ნარამ, რომ ფეხებს შორის სისხლი ეცხო.

პირი იბრუნა. წამიერად მოუნდა, რომ გადმოებრუნებინა სამარა, მაგრამ იცოდა, რომ ამაო იქნებოდა მათი მცდელობა.

სორენი წამიერად გაუნძრევლად იდგა.

მერე კი ანაზდად შემოიძრო ქურთუკი და წამიერად დააბრმავა ნარა მისი დათოვლილი მხრებიდან დაფანტული ფიფქების ტალღამ.

დაიხარა სორენი და სხეულზე მოაფარა სამარას ქურთუკი.

უსიტყვოდ იდგნენ. სამარას ქურთუკიდან გამოჩრილი ფეხები და ქერა თმაღა მოუჩანდა.   

არადა უთხრა სორენმა, ვეღარ უშველიო. რატომ ჩამოიყვანა იქედან სამარა? რატომ მოაფარა თავისი თბილი ტანსაცმელი? სამარასთვის აღარ ჰქონდა აღარაფერს მნიშვნელობა.

გულმა რეჩხი უყო ნარას. 

კვლავ გრძნობდა სორენის დაჟინებულ მზერას.

თოვდა. ოდნავი მოწითალო-მოვარდისფრო ელფერი მოსდებოდა შემოგარენს, ჯერ კიდევ სტვენდა ქარი და შორეული, ალბათ მაღაროების გუგუნი ჰკვეთდა ჰაერს. მათ ჩრდილებს შორის გაწოლილიყო სამარა, ცისფერ სინათლეზე ბრწყინავდა მისი თმა.

ნაბიჯების ხმა ჩაესმა ანაზდად. ვიღაც მოიჩქაროდა შემოსასვლელში.

ნარას არ გაუხედავს. სამარას ქერა თმის კულულებს დაჰყურებდა, ნელ-ნელა რომ ფარავდა მოციმციმე თოვლის ნაცრისფერი ფენა.

სანამ ჩრდილი არ გაწვა მათ შორის.

-რეჯინალდი ხარ? – თქვა სორენმა.

შორიახლოს შედგნენ ნაბიჯები.

მოიხედა ნარამ და თვალები მოჭუტა, მოტოციკლეტის ფარის შუქმა მოსჭრა მზერა.

რეჯინალდი იდგა. ჭაღარა თმა გამოსჩროდა ქუდიდან, მის თვალებს ვერ არჩევდა კარგად მის თავზე მოხვეული სუნთქვის ნისლში ნარა.

მაგრამ გრძნობდა მზერას, რომელიც სამარასკენ მიმართულიყო.

-ნარა, რა ხდება? – იკითხა მან. ხმა ჩახლეჩოდა.

წამიერად არაფერი უპასუხა ნარამ. არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეთქვა.

რა იყო აქ სათქმელი? ყველაფერი გასაგები გახლდათ.

მკერდში მტკივნეულად უცემდა გული.

-გადმოხტა. – თქვა მან. – ახლა ვიპოვეთ. ჩამოვიყვანეთ.

-გადმოხტა. – გაიმეორა რეჯინალდმა. შეყოყმანდა წამიერად. – გუშინ რომ ვნახე… გუშინ ვნახე. კარგად იყო.

-არ იყო კარგად. – უთხრა ნარამ. უთხრა და წამსვე ინანა.

ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა მათ რეჯინალდი და დაიხარა, ფრთხილად ასწია ქურთუკის კიდე. კვლავ გამოჩნდა სამარას მოგრეხილი, გასისხლიანებული ყბა და გამომშრალი თვალები. 

გამაყრუებლად გაიგრუხუნა ლიანდაგზე შორიახლოს მატარებელმა, მიწა შეარყია. თრთოლა იგრძნო ხერხემალში ნარამ, ჭიანჭველებმა აურბინეს ფეხებში.  

კვლავ დაუშვა ქურთუკი რეჯინალდმა, ფეხზე წამოდგა.

მერე კი მიტრიალდა და კიბისაკენ გაემართა.

არაფერი უთქვამს.

უფრო მოკაკვული ჰქონდა მხრები, ვიდრე ადრე. დაპატარავებულიყო თითქოს, შეიკუმშა და გამოიშიგნა, დაცარიელდა. 

გაცრეცილიყო მისი სილუეტის გარშემო წყვდიადი. გარიჟრაჟის თეთრი და „ორმოს“ ფანჯრებიდან გადმოღვრილი ნარინჯისფერი შუქი მოტოციკლეტის ცისფერ სინათლეს შერეოდნენ.

ისეთი შეგრძნება გაუჩნდა ნარას, თითქოს სამარა შეჰყურებდა ქვემოდან. მისი თვალები წარმოუდგა თვალწინ, მხოლოდ და მხოლოდ სულთმობრძავი ქსოვილების გროვა, რომელთა მიღმა სიცარიელე სუფევდა.

აღარ იყო სამარა.

მიტრიალდა და გალასლასდა გასასლელისაკენ.

ქუჩაში გავიდა და ტროტუარს დაუყვა.

ყინავდა, ჰოლოგრამებისა და ნეონის ნიშნების მჭახე ცისფერი სინათლე მოჰფენოდა იქაურობას. გადატვირთულიყო ქუჩა, ხალხი აქეთ-იქით მიიჩქაროდა, და მაწანწალები ღრიალებდნენ სადღაც ნაგვის ბუნკერების მიღმა.

მკლავები მაგრად მოიხვია სხეულზე ნარამ. თვალები ეწვოდა, გამშრალი ტუჩები მთელი ძალით მოეკუმა.

არც კი იცოდა, სად მიდიოდა. სადგურის მიმართულებით მიჰყვებოდა ინსტინქტურად გზას, მაგრამ არ აპირებდა სამსახურში წასვლას.

მაღაროში თუ წავიდოდა, მთელი თორმეტი საათის მანძილზე წერაქვი უნდა ექნია, ჩაქუჩი ერტყა ბელტებზე ურანის მადნის გამოსაცალკევებლად და მაზიდები დაეტვირთა. გაფაციცებული ყოფილიყო, რომ ფელიქსსა და მისნაირ ნაბიჭვრებს არ გამოეჭირათ, მოესმინა, თუ როგორ ზრიალებდა მთელი მაღარო და ცდილიყო, რომ ზედამხედველს არ მოსვლოდა ცუდად თვალში.  

ისეთი შეგრძნება ჰქონდა ნარას, რომ სული ამოხდებოდა, ახლა მაღაროში რომ წასულიყო.  

ჭახჭახებდნენ ნეონის სანათები, თვალს სჭრიდნენ და ძლივსღა არჩევდა მის თავზე, ლიანდაგებსა და ცათამბჯენთა შორის დაგლეჯილ, ნაცრისფერ ცას, ოდნავი მოწითალო ელფერი რომ მოსდებოდა.

სული მოეხუთა ანაზდად. ვეღარ სუნთქავდა, მკერდში გასწიწკნა, თითქოს თავზე ჩამოემხო ძვლების რაიონი, გაწოლილიყო ნანგრევებში, წყვდიადსა და სულშემხუთავ მტვერში, თვალებში ჩამოუბნელდა.

მუხლები მოეკვეთა და წაბარბაცდა, ზურგით კედელს მიეყრდნო, აქოშინებული. თვალები გადმოკარკლოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, აუტანელი წუილი ესმოდა ყურებში, რასაც გარშემო ატეხილი აურზაური, მაღაროების გუგუნი და მის თავზე ლიანდაგზე გარიხინებული მატარებლის გრგვინვა დაემატა.

წავიდა სამარა.

მხრები აეწურა, ფეხები უთრთოდა და მთელი ძალით მოეხვია მკლავები მკერდზე, მყესები დაწყვეტამდე დასჭიმვოდა თითებში. ქშინავდა, თავდახრილი, ნელ-ნელა დაცურდა მიწამდე.

წავიდა სამარა, წავიდა, წავიდა…

-სად მიდიხარ? – მოესმა ანაზდად.

ისე სწრაფად ასწია თავი შემცბარმა ნარამ, რომ ზათქით მიარტყა კეფა კედელს, ტკივილისაგან მოიჭმუხნა. თვალები დაახამხამა, რომ მზერა დაეწმინდა, ქუჩას მიაშტერდა.

სორენს გაეჩერებინა მის გვერდით მოტოციკლეტი. ნიღბის ზემოდან დაჰყურებდნენ მისი ცისფრად დაფერილი, მუქი თვალები და ფიფქები ეფინებოდნენ მოკლედ შეღიჯნილ თმაზე.

კანკალით ამოისუნთქა ნარამ. გულმკერდი ეწვოდა.

-რა გინდა? –  უპასუხა ბოლოს.

– სად მიდიხარ? – გაუმეორა სორენმა. თითქმის ნთქავდა მის სიტყვებს გარშემო ატეხილი აურზაური.

არაფერი უპასუხა ნარამ, თვალი აარიდა. ქუჩის ბოლოში, ნაგვის ბუნკერზე გაუშტერდა თვალი, რომლის წინაც ჩხუბი აეტეხათ. გემოზე სცემდა მაწანწალა წიხლებს მიწაზე გაშხლართულ, მწვანეუნიფორმიან ფიგურას.

-წადი, სორენ. – უთხრა ბოლოს, ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე. მათ შორის შეუჩერებლად მიმავალი ადამიანთა ბნელ სილუეტთა შორის შეჰყურებდა სორენს. – მე წავალ სადმე.    

სორენს გამომეტყველება არ შესცვლია. კვლავ უსიტყვოდ შეჰყურებდა, ოდნავ შეუტოკდა წარბები.

-სად სადმე? – ჰკითხა ბოლოს.

-არ ვიცი. სადმე სხვაგან. იქ ვერ დავრჩები, არ შემიძლია.

ქუჩის ბოლოში კვლავ ღრიანცელი აეტეხათ და შეუჩერებლად სცემდნენ იმ მწვანეუნიფორმიანს. შორიახლოს, კლუბიდან ვიღაცა გამოაგდეს, ხმამაღლა ღრიალებდა დაცვა, წაეთრიეო აქედან. 

მიტრიალდა და ქუჩას დაუყვა.

-ხალხი ყოველდღე კვდება. – თქვა ანაზდად უკნიდან სორენმა. – რა, აქამდე არ გინახავს?

გაქვავდა ნარა, ადგილს მიეყინა.

-მინახავს. – თქვა მან, სორენისაკენ მიატრიალა მზერა. სულაც არ სურდა ამაზე ლაპარაკი. – წადი მეთქი.

წამოუბერა ნაზმა სიომ და გააკანკალა ნარას. ზურგზე, იღლიებში, მკერდსა და ფეხებზეც კი უსიამოვნოდ მიჰკვროდა ტანსაცმელი.

სორენი კვლავ შეჰყურებდა. რაღაცის თქმა უნდოდა და უცებ შეზარა ყველაფერმა ნარას, სორენის მზერამ, მის კანზე მოლამუნებულმა სიომ, ქუჩის ბოლოში ატეხილმა ღრიანცელმა, მაღაროების გუგუნმა და ძვლების რაიონის მდორე სიცოცხლემ.

იგაზან-ლას უიმედობამ. მიუღწეველმა ოცნებამ იფლიჰემზე. და ცხოვრებამ, რომელსაც არასოდეს არანაირი დანიშნულება არ ექნებოდა.

აქედან უნდა წასულიყო. სადმე. სხვაგან. 

-ჩემთან წამოდი. – თქვა უცებ სორენმა.

და ჩაყლაპეს მისმა უცნაურმა სიტყვებმა მის გარშემო ჩამოწოლილი, აუტანელი კაკაფონია.  

გაშრა ნარა, გაოგნებული შესცქეროდა. 

ძალიან უცნაური, ცივი თვალები ჰქონდა სორენს.

-რა? – ძლივს ამოთქვა ბოლოს.

-სადმე ხომ გინდა წასვლა. ჩემთან წამოდი.

პირი დააღო ნარამ. და ისევ დახურა.

-რატომ? – ჰკითხა მან.

-და რატომ არა. აუცილებელია რაიმე მიზეზი?

გაჩუმდა ნარა. არ იცოდა, რა ეპასუხა.

ვეღარ აზროვნებდა თითქოს.

არც დასცალდა მოფიქრება.

საბურავების ღრჭიალმა გაჰკვეთა ჰაერი. შესახვევიდან გამოიჭრა დანჯღრეული, მორიხინე ფურგონი და რის ვაივაგლახით დაამუხრუჭა მძღოლმა, პირდაპირ სორენის მოტოციკლეტის უკან.   

სირენამ გახეთქა ხალხის ღრიანცელი, ცათამბჯენთა მინები შეაზანზარა.

-ოე! – დაიყვირა ფანჯარაში თავგამოყოფილმა მძღოლმა, გაბმით ასიგნალებდა. – აქ რას გახერილხარ? წაეთრიე!

სორენმა აინუნშიც არ ჩააგდო, კვლავ ნარას შეჰყურებდა. პასუხს ელოდა.

-წამოხვალ? – ჰკითხა ბოლოს.

აფორიაქდა ნარა. კიდურები გაჰყინვოდა, მაგრამ სახეზე წამოახურა, გული მკერდში უბრაგუნებდა.

-შენ რა, დაყრუვდი?! – ბღაოდა უკნიდან მძღოლი და ყურები ასტკივდა ნარას. – გაეთრიე მეთქი! მანდ არ მომიყვანო!

სორენი არ ინძრეოდა. უბრალოდ შესცქეროდა, დაჟინებით.

-გაეთრიე მეთქი! ფუ, ეს დეგენერატი ხალხი! გინდა გაგიტანო?! – ღრიალებდა მძღოლი.

-ნარა, მოდი. – უთხრა სორენმა, ხელი გამოუწოდა. ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.

და დაიძრა ნარა. ინსტინქტურად აუმოძრავდა ფეხები, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა სორენს, მისი გამოწვდილი ჩაფხუტი ელვის სისწრაფით მოირგო თავზე. წამიერად შეყოყმანდა მხოლოდ, მერე კი მარჯვედ მოკალათდა სორენის უკან და მაგრად მოხვია წელზე მკლავები.

და როგორც ყოველთვის, ისეთივე თბილი იყო სორენი, როგორც მიუწვდომელი მზის შუქი გალავნის თავზე.

ადგილს მოსწყდა მოტოციკლეტი და ტალღად შემოჰკრა გვერდებზე ნარას გაყინული ჰაერის ტალღამ, მაგრამ ვერ გააღწია იმ სითბოში, გარშემო რომ შემოხვეოდა.

მაგრამ იცოდა ნარამ, რომ დროებითი იყო ეს სითბო, ისეთივე მწირი და წარმავალი, როგორც მზის შუქი, იშვიათად რომ ჩამოაღწევდა ძვლების რაიონის ჯურღმულებში.

შემოგარენი მაინც ლურჯი, დათრთვილული, მელანქოლიით, სიკვდილითა და ქაოსით აღსავსე გახლდათ და სორენი ამას ვერ შეცვლიდა.

მიიკლაკნებოდნენ ბნელი, უკვე აზელილი თოვლით დაფარული, ცისფრად მოციმციმე ქუჩები, ცა დაესერა მათ თავზე ლიანდაგებს, ავისმომასწავებელი გრუხუნით რომ მიჰქროდნენ ზედ მატარებლები და ბარდნიდა შეუჩერებლად.

სორენის სითბო კანში გაუჯდა ნარას, მის მუცელზე მოხვეულ ხელებში, მკლავებში, ბარძაყებსა და მის ზურგზე აკრულ გულმკერდში, გაჟონა სითბომ, გავრცელდა დაუდგრომელ ტალღად, მუცელსა და ფეხებში დაუარა, თითოეული სისხლძარღვი გამოავსო და აუწვა თითქოს.  

სორენის სუნთქვას გრძნობდა.

და თვალწინ ედგა, თუ როგორ უმოძრაოდ ეგდო სამარა, ისევე უმოძრაოდ და უსიცოცხლოდ, როგორც მის გარშემო ახორიალებული, მკვდარი, ჟანგით დაფარული ხარახურა. 

თვალები დახუჭა ნარამ.

ვერაფრით გამოეგდო თავიდან სამარას გამომშრალი, ცარიელი მზერა.

და რეჯინალდის დაპატარავებული, თითქოს შეკუმშული სხეული.

მიქროდნენ შეუჩერებლად და უწყალო იყო მასზე მონაბერი ცივი ქარისა და ფიქრების ტალღა.   

მისი ქუთუთოების მიღმა სიბნელე სუფევდა, რომელსაც დროდადრო ჰკვეთდა აშკარად ნეონის ნიშნებიდან მომავალი ცისფერი სინათლე.

სანამ არ გალღვა სიბნელე, ნელ-ნელა შეეპარა მოწითალო-ნარინჯისფერი, გაიცრიცა, კაშკაშა ყვითლად იქცა.

ფრთხილად გაახილა თვალები ნარამ, სწრაფ-სწრაფად დაახამხამა რომ მზერა დაეწმინდა. თვალები დასწვა კაშკაშა, ყვითელმა შუქმა.  

გზატკეცილზე მიქროდნენ, რომელიც ბოძებზე დაშენებული ლიანდაგის გვერდით გაჭიმულიყო. მაღლა მიიწევდა გზატკეცილი, თითქმის მეათე სართულის სიმაღლეზე აიჭრნენ, მათ ფეხქვეშ ცახცახებდა მიწა და საეჭვოდ გმინავდნენ ბოძები. გაიხედა ნარამ და თვალისმომჭრელი იყვნენ მათ გარშემო აღმართული, მოყვითალოდ ალაპლაპებული ფანჯრებით შემკული ცათამბჯენები, რომელთაც თეთრ, მზის შუქში აციმციმებულ მოსასხამად მოხვეოდა ფიფქების კორიანტელი.  

და შორს, შორს, გალავნის იქით ამოწვერილი, მზის გაცრეცილი დისკო სჭრიდა თვალს, ღრუბლების საფარში რომ გამომძვრალიყო.

სანამ არ მოუხვია გზატკეცილმა და ცათამბჯენთა მიღმა არ დაინთქა მზე.

თავი მიაბრუნა ნარამ, სორენს მხარზე მიაყრდნო. გალავანთან შორიახლოს მიქროდნენ და ბუნდოვნად ხედავდა გალავნის მუქი ნაცრისფერი, მოჟანგული ფასადის მიღმა ზრეას ცათამბჯენთა მოლაპლაპე წვერებს.

შეუხვია სორენმა. გადაიხარა მოტოციკლეტი და გზატკეცილიდან წვრილ, მოყანყალე გზაზე გავიდნენ, რომელიც ვეებერთელა, მოგრძო კორპუსს ერტყმოდა გარშემო.

კორპუსის კედლის რკინაბეტონში გამოჭრილ შესასვლელში შეუხვია სორენმა. მათ წინ გრძელი დერეფანი გადაიჭიმა, რომლის მარცხენა მხარეს კორპუსის კედელი აღმართულიყო, მარჯვენა მხარეს კი კედელი მოერღვიათ, ისე რომ ცალ მხარეს მოშიშვლებულ, წვრილ დერეფანში მიქროდნენ.

ღმუოდა მოტოციკლეტი და თვალს სჭრიდა მეზობელი კორპუსის ფანჯრებიდან არეკლილი, მსუბუქ ნისლში გაბნეული მზის შუქი.

ზემოთ აიხედა ნარამ. უმისამართოდ მიქროდნენ და ციბრუტივით ტრიალებდნენ ფიფქები და მიინავლა ნაცრისფერ ღრუბლებზე მოდებული მოყვითალო სინათლე.

ანაზდად შეაყენა მოტოციკლეტი სორენმა.

-მოვედით. – თქვა მან.

წამიერად არ გაინძრა ნარა. უბრალოდ იჯდა, სორენის წელზე მაგრად მოეხვია მკლავები და მის სუნთქვას უსმენდა.

ბოლოს შეუშვა ხელები. უკან გაჩოჩდა და მოტოციკლეტიდან გადაძვრა, ჩაფხუტი მოიხსნა.

და გაქრა მისი სისხლძარღვებიდან ყველაფრის მომცველი სითბო, ისე მყისიერად, თითქოს ყინულოვანი წყლის ტალღა დასკდომოდა თავზე. თითქოს ვერც კი შეემჩნია, თუ როგორ გამხდარიყო სორენის სხეულის სითბო მისი ნაწილი.

გული აერია. 

წამოდგა სორენიც, ჩაფხუტი ჩამოართვა, ზღუდარებთან მიამაგრა.

ნარა დაჟინებით, თვალმოუშორებლად შეჰყურებდა, თუ როგორ წაათრია მოტოციკლეტი და იქვე, ანჯამებჩაჟანგულ კარში შეათრია, ციფერბლატით ჩაკეტა.

მერე კი დერეფანს დაუყვა სწრაფი ნაბიჯით.

ჩანჩალით მიჰყვა უკან ნარა. ფეხებს ძლივს მიათრევდა.

სორენის სილუეტს შეჰყურებდა, მის შავ ტანსაცმელს, გადაშლილ მხრებსა და მუქ თმას. მის თავზე წამომართულ, ვეებერთელა კორპუსს, უთვალავი ნაცრისფერი სართულების მწკრივად რომ აჭრილიყო ცაში და მასზე გაფენილ ღრუბლების საბანს. 

დერეფნის ბოლოს მიუახლოვდნენ, სადაც ხვეული, უმოაჯირო კიბე დაჰყვებოდა მთელ სიგრძეზე კორპუსს.

საფეხურებს აუყვა სორენი.

ყინავდა, გაუსაძლისად. 

ზემოთ მიიწევდნენ და რამდენჯერმე შეჩერდა ნარა, რომ სული მოეთქვა. მომხდარმა მთლად გააცალა არაქათი, შეუჩერებლად წრეზე სიარულმა კი რეტი დაასხა, გული უარესად აერია.

მიიწევდნენ ზემოთ და მცირდებოდა მათ თავზე წამომართული სართულთა მწკრივი, უფრო უწყალოდ უბერავდა ქარი და სქელდებოდა ნისლი.

ბოლოს და ბოლოს კიბიდან დერეფანში გადააბიჯა სორენმა, სადღაც ოცდამეათე სართულზე იქნებოდნენ. დერეფანს დაუყვა და ერთ ჩვეულებრივ, საღებავაქერცლილ კართან გაჩერდა.

მაჯა გაიშიშვლა სორენმა, კარს მიუშვირა და მქრქალმა ცისფერმა სინათლემ გაჟონა ჩამოწოლილ ყინვაში.

ჩხაკუნი გაიღო საკეტმა და ანჯამების ღრჭიალით გაიღო კარი.

სორენის მხრის მიღმა ხედავდა ნარა მომცრო, ჩაბნელებულ ბინას, რომელსაც მხოლოდ  ოდნავ მოსდებოდა დამტვერილი ფანჯრიდან შემოღვრილი მოყვითალო სინათლე.

შიგნით შეაბიჯა სორენმა და მოტრიალდა, მოლოდინით შეაცქერდა.

გაუნძრევლად იდგა ნარა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რას აკეთებდა.

წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა.

ალბათ სიზმარი იყო ეს ყველაფერი. სიზმარი უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა ახსნას ვერ მოუძებნიდა სამარას ქმედებას.

ანდა საკუთარ ქმედებას.

რას აკეთებდა აქ? სულწყვილი იმას არ ნიშნავდა, რომ სორენს იცნობდა. არ იცნობდა, უცხო იყო მის წინ მდგარი კაცი, ვიღაც, საიდანღაც მოთრეული უცნობი და მისდამი ერთი წვეთი ნდობაც კი არ უნდა ჰქონოდა.

მაგრამ მაინც იდგა აქ.

და რეალობა გახლდათ ეს ყველაფერი. რეალობაში გაჩხერილიყო, და წამიერად დასწყევლა ნარამ საკუთარი გონება, ტყუილების დაჯერების საშუალებას რომ არ აძლევდა. იქნებ ემჯობინებოდა, რომ ეს სულწყვილის ამბავი და სორენთან გაბმული ტელეპათიური კავშირი არასოდეს არსებულიყო და უბრალოდ გაგიჟებულიყო, როგორც თავიდან ეგონა. იქნებ მაშინ შესძლებოდა მის გონებას სიცრუის დაჯერება.

მაგრამ მკვდარი იყო სამარა და ამას ვერაფრით შეცვლიდა.

იქნებ ასე სჯობდა. სამარას აშკარად ასე ერჩივნა. აღარ უნდოდა ეარსება. სიკვდილი, რომელიც ოდესმე მაინც მოვიდოდა, აირჩია მისი სიცოცხლის მაგივრად. არ იყო მისი ცხოვრება მისთვის საკმარისი.

არ იყო მისი უბრალო, პატარა ოთახში გამომწყვდეული, ოთხკუთხა, ცივი ცხოვრება საკმარისი.

თვალები დაახამხამა ნარამ, აიხედა.

სორენი კვლავ შეჰყურებდა. მოწოლილი დღის შუქზე მისი თვალების თაფლისფერი გაარჩია ნარამ.

ძლივს გადაადგა ნაბიჯი, მერე კი ფეხათრევით შეაბიჯა ბინაში.

მის უკან კარი ხმამაღალი ჩხაკუნით დაიხურა.

შუქი აანთო სორენმა, სწრაფი ნაბიჯით გაეშურა ფანჯრისაკენ.

ნათურის მჭახე, ყვითელი შუქი მოედო ბინას და გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ნარამ, სწრაფად მოათვალიერა იქაურობა.

თითქმის ისეთივე იყო ბინა, როგორც თავისი. კუთხეში მიმდგარი, გაცრეცილი მოყავისფრო ზეწრებით დაფარული საწოლი, საწოლის თავზე გადაჭიმული თოკი და ზედ გაკიდებული ტანსაცმელი, რკინის მაგიდა კუთხეში მიწყობილი საჭმლის პაკეტებითურთ, კედლებზე გაკრული პოსტერები, წყლით სავსე ნიჟარა და ხარახურით გამოტენილი თაროები.

ოთახის მეორე კუთხე კი დაბზარული ნაცრისფერი ფილებით იყო მოპირკეთებული, კედელზე ონკანი მიემაგრებინათ, რომლიდანაც წყალი წვეთავდა. იქვე გენერატორის მსგავსი, მოგუგუნე დანადგარი იდგა, რომელთანაც ჩაეჩოქა სორენს და რაღაცას უჩხიკინებდა.

მის გვერდით კი, შემოსასვლელთან ახლოს, თვალთახედვის პერიფერიაში სარკეს ხედავდა. სარკეში კი მხოლოდ და მხოლოდ გაურკვეველ, მუქ ფიგურას.

იქეთ არ გაუხედავს ნარას. არ უნდოდა საკუთარი თავი დაენახა.

 ამიტომ იდგა და გაჰყურებდა ფანჯარაზე მოწოლილ, ღრუბლების საფარიდან გამოჟონილ, მქრქალ მზის შუქს, მასში განბანილ ძვლების რაიონის ოღროჩოღრო რელიეფსა და შორს, შორს, იფლიჰემის რძისფერი გუმბათის თავზე გაშლილ დროშას, პაწაწინა, გაცრეცილ წერტილად რომ ჩანდა.

ნისლის ბურუსში გაფითრებულიყო იგაზან-ლა.

გასწორდა სორენი. გენერატორზე რამდენიმე პაწაწინა ნათურა წითლად ციმციმებდა.

-გშია? – ჰკითხა მან.

თავი გააქნია ნარამ. ფანჯრისათვის მზერა არ მოუშორებია.

-გინდა დაიბანო? ცოტა თბილი წყალი უნდა იყოს.

ნარას არ უპასუხია.

ალბათ უნდა დაებანა. ლაფში ამოსვროდა ყველაფერი ნაგავში ძრომიალისაგან.

უნდა გაეხადა და ჩამოებანა ჭუჭყი.

ჭუჭყი, რომელიც სამარას იქედან ჩამოთრევის მცდელობიდან შერჩა სხეულზე.

-ტანსაცმელს მოგცემ. – უთხრა სორენმა.

გადახედა ნარამ.

შეჰყურებდა კაცი. მარცხნიდან ეფინებოდა ფანჯრიდან შემომავალი, ნაცრისფერი შუქი. მოციმციმე წვეთებად ქცეულიყვნენ მის თმასა და მხრებზე დაფენილი ფიფქები. 

და ვეღარაფერს გრძნობდა ნარა. თითქოს აუორთქლდა შიგნიდან ყველაფერი, სისხლი გამოსწოვეს, ხორცისა და გამომშრალი ძვლების გროვად იქცა, გაქვავდა. სადღაც გაქრა გაოგნება, ბრაზი და სასოწარკვეთილება, მხოლოდ და მხოლოდ აუტანელი დაღლილობა დარჩა, რომელსაც თითოეულ უჯრედში გაედგა ფესვი.

მიტრიალდა სორენი. ზურგი შეაქცია.

და ქურთუკი გაიძრო ნარამ, რომელიც ჩუმი ტყლაპანით დაეცა მის ფეხებთან, მას ნიღაბი, ქუდი და ხელთათმანები მიჰყვა. სვიტერი. ფეხსაცმელები. შარვალი. უმკლავებო მაისური და საცვლები.

ზურგსა და მკერდზე დაეფინა წელამდე გაწეწილი თმა. 

სორენს ჩაუარა და კუთხეში, ცივ ფილებზე შედგა. კანკალებდა.

ონკანზე ალაგ-ალაგ ჩაჟანგული, მოქნილი რკინის მილი მიეერთებინათ, რომელიც დაუდევრად ჩამოკონწიალებულიყო, წვეთავდა. იქვე, კედელზე მავთულისაგან მოქსოვილი პაწაწინა თარო დაემაგრებინათ ორ ლურსმანზე, რომელზეც საპნის პატარ-პატარა ნაგლეჯები ეყარა.

წყალი მოუშვა ნარამ და საპნის ნატეხი აიღო. თავზემოთ ასწია მილი, სახე შეუშვირა. სწრაფად გაიქაფა თმა და ცხვირპირი, მერე კი სხეულზე მოისვა ხელები.

და დაჰყურებდა, თუ როგორ მითქრიალებდა მის მუცელსა და ფეხებზე წყალი და ქაფი, რომელსაც მოყავისფრო ელფერი დასდებოდა. დაჰყურებდა, თუ როგორ მოუჩანდა წინამკლავებზე თითოეული დაკლაკნილი, ლურჯი ვენა.

აღარც ახსოვდა, ბოლოს ასე როდის დაებანა.

ნელთბილი იყო წყალი. მაგრამ მალევე გაცივდა. მითქრიალებდა და მიჰქონდა წლების მანძილზე დაგროვილი ჭუჭყი, მიჰქონდა მუხლჩაუხრელი მუშაობა, მაღაროების მტვერი, იმედი და სასოწარკვეთილება. თითქოს თან წაიყოლა წყალმა ყველაფერი, რაც იყო ნარა და აღარაფერი შეატოვა, დაღლილობისა და მოგონებების გარდა, რომელთა გახსენება არც სურდა.

მორჩა. და გადაატრიალა ონკანი.

მოტრიალდა და წამსვე შეაჩეჩა ხელში ტანსაცმელი იქვე, მაგიდასთან მჯდარმა სორენმა.

უბრალო მაისური და შარვალი. გაცრეცილი, ნაკერებთან გახევამდე გალეული, ოდნავი შმორის სურნელი დაჰკრავდა.

ჩაიცვა სწრაფად ნარამ, თმა გაიწურა და გადმოაბიჯა ფილებით მოპირკეთებული კუთხიდან. ბეტონის უხეში, მტვრიანი იატაკი უსიამოვნო იყო მისი შიშველი ფეხების ქვეშ.

და წამსვე ლოგინს მიაშურა. ფეხზე ვეღარ იდგა, მუხლები უთრთოდა.

აღარ უნდოდა აღარაფერზე ფიქრი.

სორენისაკენ არც კი გაუხედავს, ლოგინში შეწვა. თხელი გადასაფარებელი მხარზე მოიხვია, კედლისაკენ გადატრიალდა და ერთ წერტილს დააშტერდა გამალებით.      

არ უნდოდა, მაგრამ მაინც წამოუტივტივდნენ თავში ფიქრები.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას აკეთებდა. რატომ იყო აქ. რატომ გადმოხტა იქედან სამარა, რატომ არ იყო სახლში რეჯინალდი.

რატომ ჰქონდა სამარას ასეთი ცხოვრება. რატომ შეიფარეს. რატომ უწილადებდნენ თავიანთ მწირ საჭმლის დანაზოგს. საიდან იცოდა სამარამ წერა-კითხვა ასე კარგად და რატომ იტყუებოდა? რატომ იღიმებოდა სულ და რატომ იტყუებოდა, რომ ვითომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო?

კედელს ააყოლა მზერა ნარამ. ზედ გაკრულ, ლაპლაპა პოსტერებზე გაუშტერდა თვალი.

„შრომა ჯანმრთელობაა! იშრომე და დაამარცხე დაავადებანი!“

„მიწას უყურებდე მუდამ, რადგან მიწაა წყარო სიცოცხლისა! ცაში ყურება უსაქმურთა ბედია!“

„ენდე ულსტერს, ისევე როგორც ენდობი ჩვენს მთავარსარდალს, თავიკაცსა და დამფუძნებელს გულაამს!“

ოდნავ პრიალებდა პოსტერებზე გამოსახულ მაღაროელთა ლამაზი სახეები, აღმართული წერაქვები, ულსტერის მებრძოლთა ჩაფხუტები და მაღაროელის ჩექმის ქვეშ გაჭეჭყილი პაწაწინა კაცის დამპალი, შავი ხორცი. 

თვალები დახუჭა ნარამ.

ასეთ ადგილას ცხოვრება აღარ უნდოდა სამარას.  

იქნებ არც არავის უნდოდა. არც კი იცოდა თვითონ უნდოდა თუ არა.

თუმცა რაც სამარამ ჩაიდინა, ღალატი გახლდათ. გამანაყოფიერებლის თვითმკვლელობა, განსაკუთრებით მშობიარობის პირზე მყოფი გამანაყოფიერებლისა იგაზან-ლას ღალატს ნიშნავდა.

იგაზან-ლას ღალატი კი სიკვდილს უდრიდა.

ჩვეულებრივი გახლდათ სიკვდილი, ძვლების რაიონის თითოეულ კუთხე-კუნჭულში ფესვგამდგარი, თითოეული მაწანწალის, ნოქსით გაჭყეპილისა და ლოთის თვალებში, ულსტერის ჩრდილსა და ჰოლოგრამების სინათლეში ჩასაფრებული. ბოლოს და ბოლოს, ამდენი მკვდარი ეყარა ძვლების რაიონის ქუჩებში, სანამ ნაგვის მანქანა არ წაიღებდა ანდა სანამ დრო არ შემოაჭამდა ხორცს.  

ყველგან იყო სიკვდილი, ისეთივე უტყუარი, როგორც იგაზან-ლას გულში აღმართული იფლიჰემის რძისფერი გუმბათი.   

გულაამი ამბობდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის ნაწილი გახლდათ სიკვდილი.

და ამავდროულად, სიკვდილი იარაღად ქცეულიყო მის ხელში.

ულსტერის ხელში.

და ეს იარაღი შემზარავი უნდა ყოფილიყო,  შემაძრწუნებელი და სასოწარკვეთის მომგვრელი.

მის უკან დაიზნიქა საწოლი ანაზდად.

სორენი წამოწვა.

მისგან გადმოღვრილი სითბო იგრძნო ნარამ.

კიდურები გაუცივდა ანაზდად, რეტი დაესხა. წარმოიდგინა, თუ როგორ გადმოტრიალდებოდა მასზე სორენი და ჩამოაგლეჯდა თეძოებიდან მის მიერ მოცემულ შარვალს, ფეხებს გააშლევინებდა და მერე იქნებოდა მხოლოდ მწველი, აუტანელი ტკივილი, რომელიც თითოეულ ნერვს მოედებოდა, დაფუფქავდა და ფერფლად აქცევდა მის გონებას, სანამ აღარ იყო თვითონ, აღარ იყო საკუთარ სხეულში, სანამ სადღაც დაცურავდა მისი ცნობიერება, სადღაც მოშორებით, და შორს რჩებოდა ის სულისშემძვრელი ტკივილი, რომელიც ერთიანად შთანთქავდა მის სხეულს, უყურებდა, უყურებდა, და ეფინებოდა მჭახე ცისფერი სინათლე, თვალს სჭრიდა, და ჰაერი გაუსაძლისად გაესქელებინა სულშემხუთავ მტვერს, ნაგვის სიმყრალესა და საზიზღარ ტკივილს…

-იმ ქალს იცნობდი.

გაკრთა მთელი სხეულით ნარა, თვალები დაახამხამა. ვერც კი შეემჩნია, თუ როგორ მოეხუთა სული, ზედაპირულად, სწრაფად სუნთქავდა. ცივ ოფლს გამოეჟონა ზურგზე.

გახლიჩეს სორენის სიტყვებმა თავზე მოხვეული ფიქრების მძიმე ბურუსი, კვლავ შემოიპარა მის ცნობიერებაში გენერატორის გუგუნი, მის ზურგზე მოღვრილი სითბოს ტალღა და გარედან ქარის ზუზუნი, რომელიც ოდნავ აწკარუნებდა ფანჯრის ჩარჩოში მინებს.

ჯერ არაფერი უპასუხა ნარამ. ტუჩები უთრთოდა.

-კი, ვიცნობდი. – თქვა ბოლოს.

-რა ერქვა?

-სამარა.

სორენს წამიერად არაფერი უთქვამს. მის გამოზომილ, ნელ სუნთქვას უსმენდა ნარა.

– ვინ იყო?

-ორმოში ცხოვრობდა. გამანაყოფიერებელი იყო.

 -მხოლოდ გამანაყოფიერებელი არ იქნებოდა. – თქვა სორენმა. – არა?

არა. არ იყო.

მაგრამ რაში აინტერესებდა ეს ყველაფერი სორენს?

-და რატომ?

-რა რატომ? – ჰკითხა სორენმა.

-რატომ მეკითხები?

-იქნებ მინდა რომ გავიგო.

-რა?

-რას ფიქრობ.   

თვალები გაუშტერდა ნარას, უფრო მაგრად მოიკუნტა.

მერე კი მისწვდა მისი ბნელი, ერთიანად აღრეული გონების კუთხეში იმ პაწაწინა ძაფს, რომელიც სულ ახლოს იყო, ისე ახლოს რომ სულაც არ გასჭირვებია მისი ხელში მოგდება.

გაქრა გენერატორის გუგუნი და ქარის წუილი.

 ‘ჩემ თავზე ცხოვრობდა.’ თქვა ნარამ. ‘მაშინ გავიცანი, აქ რომ გადმომიყვანეს. რაც თავი მახსოვს, გამანაყოფიერებელი იყო.’

‘გამანაყოფიერებლისათვის დიდხანს უცოცხლია.’ თქვა სორენმა.

ეხამუშა მისი ნათქვამი ნარას, უხერხულად შეიშმუშნა.

‘ახლაც ორსულად იყო.’ მიუგო ბოლოს.

‘შევამჩნიე.’ უპასუხა სორენმა. ‘იცოდი რომ თავის მოკვლა უნდოდა?’

‘არა. არ უთქვამს არაფერი.  ვერც კი წარმომედგინა, რომ თავს მოიკლავდა.’

‘ეგრეა ხანდახან. კარგად მალავენ.’

‘უნდა მიმხვდარიყავი. ხშირად ვსტუმრობდი. უნდა დამენახა, რომ ყველაფერი არ იყო რიგზე.’

წამიერად არაფერი უთქვამს სორენს.        

‘ვერაფერს შეცვლიდი.’ თქვა ბოლოს.

‘რატომ. იქნებ უბრალოდ სჭირდებოდა ვინმეს დალაპარაკებოდა. იქნებ გადაეფიქრებინა…’

‘მის ცხოვრებას ვერ შეცვლიდი. ვერც შენ და ვერც ვერავინ.’

 უფრო მაგრად მოიკუნჭა ნარა, თავი დახარა და გადასაფარებელი ჩაიხვია მკერდთან.

‘შეიძლება.’ უპასუხა ბოლოს. ‘სხვანაირი ცხოვრება რომ ჰქონოდა… ასე არ მოხდებოდა.’

დადუმდნენ. სორენთან გაბმული კავშირის სიჩუმე ესმოდა ნარას, რომელშიც მხოლოდ ოდნავ შეეღწია საკუთარი გულისცემის გუგუნს, საფეთქლებში რომ სცემდა.

‘კარგი ქალი იყო.’ თქვა ბოლოს. ‘მაჭმევდა. ადრე მაღაროებში რომ მიმბერტყავდნენ, მივლიდა.  ღამეები გაუთენებია, ავად რომ ვიყავი. ამბებს მიყვებოდა. კითხვა მასწავლა. და წერა.’

თქვა და წამსვე ინანა.

რატომღაც ბევრად უფრო იოლი იყო ყველაფრის გულწრფელად, ღიად თქმა, როცა სორენს ამ უცნაური კავშირით ელაპარაკებოდა. უფრო იოლი იყო თქმა, როცა სიტყვების გაგონება არ უწევდა.

თითქოს არ არსებობდა ეს საუბარი, როცა მის თავში ხდებოდა.

მაგრამ მაინც, წერა-კითხვაზე არ უნდა ეთქვა.

‘რა ამბებს?’ ჰკითხა სორენმა.

 ‘რა ვიცი. ამბებს. რაც ენახა. რაც გაეგონა. აი მაგალითად… სულწყვილზე იცოდა.’

‘ვიღაც მოუყვა ალბათ.’ თქვა სორენმა. ‘ვინც წერა-კითხვა ასწავლა.’

‘არ ვიცი.’

‘ის ხომ იცი, რომ წერის ცოდნა იგაზან-ლასა და გულაამის ღალატია? და კითხვისაც, თუ მინიმუმზე მეტს კითხულობ.’

გაშრა ნარა, ტუჩები მაგრად მოიკვნიტა. თვალები გაშტერებოდა.

უემოციო იყო სორენის სიტყვები. მონოტონური.

თითქოს დაზეპირებულ ტექსტს კითხულობსო.

შიშის ცივი ტალღა აუგორდა ნარას მკერდში. წამიერი, მხოლოდ და მხოლოდ წამიერი, რომელიც წამსვე ჩაანავლა დაღლილობამ და მას მოყოლილმა განურჩევლობამ.

და რატომღაც მოაწვა უჩვეულო შეგრძნება, რომ ეს მუქარა არ გახლდათ. არც გაფრთხილება. 

და რატომღაც იცოდა, რომ ეს ასე იყო. და ისეთივე ინსტინქტური, ქვეცნობიერი იყო ეს ცოდნა, როგორც მის კანტიკუნტ სიზმრებში, როცა რაღაც უცნაური ესიზმრებოდა. 

‘რომც იყოს ეგრე. მერე რას იზამ?’ ჰკითხა მან. ‘ულსტერს ჩამაბარებ?’

‘არა.’

‘აბა რატომ მეკითხები ხომ იციო. მშვენივრად ვიცი.’

‘იცი, მაგრამ მაინც ისწავლე. რატომ?’

ნარამ მოუყრუა.

‘სორენ… ღმერთის გჯერა?’ ჰკითხა ბოლოს.

‘რისი?’

‘ღმერთის. არ იცი რა არის ღმერთი?’

‘გამიგონია.’ თქვა სორენმა.

‘ჰოდა გჯერა?’

‘თუ ღმერთი არსებობს, გულაამია ჩვენი ღმერთი.’

‘ცდები.’

‘არ ვცდები. შენ გჯერა?’

‘რომც მჯეროდეს, რომც არსებობდეს, ღმერთი უკვე კარგა ხანია რაც აქ აღარ არის.’

სორენმა არაფერი უპასუხა.

‘და რატომ მკითხე?’ ჰკითხა ბოლოს.

‘იმიტომ რომ თუ ღმერთი არსებობსთუ ამ ყველაფრის გარდა რამე არსებობს, იქნებ სამარაც არის სადმე ახლა.’

‘სამარას სძინავს.’ თქვა სორენმა. ‘უბრალოდ სძინავს და სხვა არაფერი. მეტი არაფერია სიკვდილი.’ 

კედელს შესცქეროდა ჯერ კიდევ ნარა და გუგუნებდა გულისცემა საფეთქლებში.

ზურგზე გადატრიალდა ნელა. ძლივს ეტეოდნენ პატარა ლოგინზე.

და სორენისაკენ მიაბრუნა თავი.

გაკრთა.

რადგან ნიღაბი მოეხსნა სორენს. ზურგზე იწვა, ხელები გულზე გადაეჭდო და ჭერს აჰყურებდა, თვალის დაუხამხამებლად. ფანჯრიდან შემოღვრილი, დღის ნაცრისფერი სინათლე ეფინებოდა მის სწორ ცხვირს, დახეთქილ ტუჩებს, მოკლე წვერსა და ათამდე ნაიარევს მაინც. ყველაზე გრძელი, ელვასავით დაკლაკნილი ნაჭრილობევი მარცხენა ყბაზე ჰქონდა, რომელიც ნაწილობრივ ყვრიმალზე გადადიოდა.

ნაიარევს შეაცქერდა ნარა. თითქოს გახლეჩოდა ჭრილობის მიყენებისას კანი და უსწორმასწოროდ გაეკერათ.

და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ სხვანაირი წარმოედგინა სულ.

მაგრამ რასაკვირველია. ევგენიკა. სუფთა ხაზები. ლამაზი, ძლიერი და ჯანმრთელი შთამომავლობა.

სორენმა მისკენ გადმოატრიალა მზერა. პირდაპირ დაეცა დღის შუქი სახეზე, გუგები წერტილებივით გაუხდა და ისეთივე თბილი და მუქი ოქროსფერი ჰქონდა თვალები, როგორც მაშინ, გალავანზე, როცა ზღვას გადაჰყურებდნენ.

გააჟრჟოლა ნარას. სორენის სხეულის სითბოს მისი თვალების მწველი სიცხე შეერია და თითქოს გაუჯდა კანში, სისხლძარღვები გამოუვსო და თავში აუვარდა.

გააჟრჟოლა, კიდურები დაუბუჟდა და ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში.

შეჰყურებდა სორენს და ასეთი რამ არასოდეს ეგრძნო.

‘იფლიჰემში წახვიდოდი?’ ჰკითხა ანაზდად სორენმა.

თვალები დაახამხამა ნარამ. წამიერად არც კი იცოდა თუ რა უნდა ეპასუხა.

‘შენ არ მითხარი, იფლიჰემში ვერავინ წავაო?’

‘რომ შეგეძლოს. წახვიდოდი?’

სორენი დაჟინებით შეჰყურებდა და მკერდზე მოიხვია მკლავები ნარამ.  

‘არ ვიცი.’ თქვა ბოლოს. ‘არ მიფიქრია ამაზე.’

‘და რანაირია შენი აზრით? იფლიჰემი.’

‘ალბათ მწვანე.’ თქვა ნარამ. ეს პირველი იყო, რაც თავში მოუვიდა.

იფლიჰემი მისთვის იგაზან-ლას საპირისპიროს წარმოადგენდა. გარემოს სიბინძურის, ტანჯვის, სისხლისა და სიკვდილისაგან რძისფერი გუმბათით დაცულ, ხელშეუხებელ სივრცეს. ლატარიის გამარჯვებულები მუდამ გაიძახოდნენ, რომ იფლიჰემი ყველაფერი იყო, რაც წარმოედგინათ და მეტიც, რომ საუცხოო იყო საცხოვრებელიც, გარემოც, მომსახურებაც.

მაგრამ კონკრეტულად არავინ არასოდეს აღწერდა იფლიჰემს.

იქნებ მწვანე ბაღებით აღსავსე სივრცე იყო, მწვანე ბუჩქებში ალაგ-ალაგ სოკოებივით წამოჭიმული პაწაწინა სახლები იქნებოდნენ. ხეები იშრიალებდნენ ქარში, და უსაშველოდ ლურჯი, ვარსკვლავებით მოჭედილი იქნებოდა გუმბათის ცა.

 ‘მწვანე.’ გაიმეორა სორენმა. ‘რა, იგაზან-ლას გერბი რომ ხეა, იმის გამო?’

‘რამე ისეთი უნდა იყოს, რაც სხვაგან არ არის.’ თქვა ნარამ. ‘არა? თორემ რაღა აზრი აქვს.’

‘ის უნდა იყოს, რაც იგაზან-ლას ხალხს უნდა.’ თქვა სორენმა. ‘რა გგონია, ბუნება მოეწონებათ? ის მოეწონებათ, ის უნდათ რაც არასოდეს უნახავთ?’

‘რატომაც არა?’  შეუბრუნა ნარამ.

‘ვერ მოინდომებ იმას, რისი არსებობაც არ იცი.’

‘ალბათ. მაგრამ იქნებ გაკლია რაღაც. იქნებ არ გყოფნის. იქნებ სწორედ იმის ნაკლებობას განიცდი, რისი არსებობაც არ იცი.’

‘უნდა გყოფნიდეს.’ თქვა სორენმა. ‘უნდა ჰყოფნიდეს ყველას. სხვანაირად ვერ ვიარსებებთ. ისედაც დამპალია ეს სიცოცხლე.’

‘ბევრს არ ჰყოფნის. რა გგონია, ვინმე ბედნიერია აქ?’

‘და შენ რა გგონია, ბედნიერებაა ჩვენი სიცოცხლის აზრი?’

ნაკვთიც კი არ გასტოკებია სორენს, პირი მოეკუმა ოდნავ და დაჟინებით შესცქეროდა, მაგრამ მაინც გრძნობდა მის ხმაში ჩაქსოვილ ირონიას ნარა.

არადა უნდა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, იგაზან-ლაში ოცდაჩვიდმეტი მილიონი უზომოდ ბედნიერი მშრომელი, ჯანმრთელი ადამიანი ცხოვრობდა.

‘ვიცი რომ არ არის.’ უპასუხა ბოლოს.

‘გადარჩენაა ამ ჩვენი დამპალი არსებობის აზრი.’ თქვა სორენმა. ‘აქ ინდივიდები არ არსებობენ, ნარა, ერთი ბინძური, მსუნთქავი ორგანიზმია იგაზან-ლა და მეტი არაფერი, უკვე საუკუნეა რომაა რაც სულს ღაფავს და ვერ მოკვდა.’

‘არც მოკვდება.’ თქვანარამ. ‘და ისე, ეგეთი ლაპარაკისათვის დაგხვრიტავდა ულსტერი.’

სორენს არ უპასუხია, თვალი აარიდა, მათ თავზე გაბმულ თოკსა და ზედ გაკიდებულ სარეცხზე გაუშტერდა მზერა.

ცოტა ხანი მის ნაიარევს შეჰყურებდა ნარა. თითქოს ხის ფესვს ამოებურცა სორენის სახეზე კანი.

‘იქნებ ისეთია იფლიჰემი, როგორიც იგაზან-ლა იყო ოდესღაც.’  თქვა ბოლოს.

‘და რანაირი იყო მერე?’

‘ეგ ვინ იცის.’

‘და გინდა გაიგო?’

‘არ ვიცი.’ თქვა ნარამ. წარმოიდგინა, თუ როგორ იდგა იფლიჰემის რძისფერი გუმბათის წინაშე და მუშტები მაგრად შეკრა, კანკალმა დაუარა. ‘რატომღაც მგონია, რომ არ ღირს.’

‘ისეთი რომ იყოს, როგორიც წარმოგიდგენია?’

‘მე იქ ვერ ვიცხოვრებ.’ თქვა ნარამ. ‘რა, რომელიმე ჩვენთაგანს გამოუვა იქ ცხოვრება? ამ ყველაფრის მერე გამოუვა იქ ბედნიერი ცხოვრება და ყველაფრის დავიწყება?’

‘იქნებ არც უნდა დაივიწყო.’ თქვა სორენმა. ‘არ უნდა დაივიწყო, რომ მერე მადლობელი იყო.’

 წარბები შეკრა ნარამ, თვითონაც აიხედა ზემოთ.

თოკზე ეკიდა სორენის შავი სამოსი. ჭერზე დღის გაფითრებული მოყვითალო შუქი გაწოლილიყო, რომელსაც ნელ-ნელა შეეპარა ნაცრისფერი ჩრდილი. ღრუბელი გადაეფარა ალბათ მზეს.

მკერდზე უფრო მაგრად მობღუჯა გადასაფარებელი ნარამ. გათბა, გაყუჩდა. ნელ-ნელა გაიკრიფნენ ფიქრები მათი კავშირის სიჩუმეში, მისი უფსკრულივით გონების ბნელი მოსასხამი მოირგეს, დადუმდნენ. იცოდა ნარამ, რომ არსად წავიდოდნენ, როგორც ცის კამარაზე გამოკერებული ვარსკვლავები, მაგრამ ახლა შორს იყვნენ, ისე შორს, როგორც არასდროს.

დუმდა სორენიც.

თვალები დახუჭა ნარამ. ნელ-ნელა შემოიპარა მის სმენაში სორენის ჩუმი, გამოზომილი სუნთქვა, გენერატორის ყრუ გუგუნი და მინის წკრიალი.

და დალღვა მალევე ყველაფერი. ერთმანეთს შეერია გაცრეცილი დღის შუქი, ნაცრისფერი ჭერი და მის გვერდით გაწოლილი სორენის სითბო, ბლანტ შავ მასად იქცა, ძვლებსა და ძარღვებში გაუჯდა, ერთიანად მოიცვა.

მერე კი კუნაპეტმა მოხვია მკლავები ნარას და თავის წიაღში შთანთქა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ერთბაშად გამოეღვიძა.

თითქოს მორევიდან ამოათრიესო, მძიმედ სუნთქავდა, სული ეხუთებოდა. თითქოს ძილს გადმოეჟონა მის ცნობიერებაში, სისხლი ახსოვდა, მიწაზე დაღვრილი სისხლი, რომელიც ხმებოდა, კვდებოდა და ჟანგად მოსდებოდა შემოგარენს. გაჰკიოდა შორს ხალხი და შეჰყურებდა ვიღაც ცივი მზერით, რომელიც ძლივსღა ბჟუტავდა, სანამ არ გაქრა.

ჯერ ვერც კი მიხვდა, თუ სად იყო.

გვერდზე იწვა, ფეხები საბანში გახლართვოდა და ერთიანად დაბუჟებოდა ტანქვეშ მოყოლილი მარჯვენა მკლავი. ლოყა საწოლში ჩაერგო და გრძნობდა, თუ როგორ მოსწოლოდა სხეულზე ცხელი ოფლი.

ბნელოდა, სიბნელეს ფანჯრიდან შემოღვრილი მოცისფრო სინათლე ალღობდა მხოლოდ, გამოტენილ თაროებს, მოლაპლაპე ნიჟარასა და ლოგინის თავზე გადაჭიმულ თოკს მოჰფენოდა.

შემოსასვლელის მიმართულებით გაუშტერდა თვალები ნარას. იქამდე ვერ სწვდებოდა სინათლე, და თითქოს ხახადაღებულ, ყინულოვანი კუნაპეტით აღსავსე უფსკრულს შეჰყურებდა.

თვალი აარიდა ნარამ, ძლივძლივობით წამოიწია, ლოგინზე წამოჯდა. თავი უსკდებოდა და მისი ნამძინარევი გონება ვერაფრით უმკლავდებოდა მოგონებების ზვირთს.

სამარა. მისი მონგრეული ყბა და მოგრეხილი კიდურები. ფეხებს შორის სისხლი და ცარიელი მზერა.

რეჯინალდის დაპატარავებული, მოხრილი ფიგურა.

სორენის ქურთუკი სამარას სხეულზე.

მანქანის გამაყრუებელი სიგნალი. ხალხის რუზრუზი და აუტანელი, სულშემხუთავი სიმძიმე, რომელიც თითოეულ უჯრედში გაუჯდა, სული მოუხუთა, თითქოს მუშტში მოჭყლიტეს მისი ფილტვები.

იგაზან-ლაში ჩამოწოლილი ბურუსი. განთიადის მოყვითალო სინათლე, გაფითრებული ნაცრისფერი კორპუსები, მის გვერდით დაზნექილი ლოგინი და სორენის მუქი ოქროსფერი თვალების სიცხე.

თავი გადააქნია ნარამ, თვალები მოისრისა.  

ჯერ კიდევ გუგუნებდა გენერატორი, მისი პაწაწინა ნათურები წითლად ციმციმებდნენ. წვეთავდა ონკანიდან წყალი და ყრუ გუგუნი ისმოდა გარედან, დაფეხვილ კედლებს რომ ათრთოლებდა.

სორენი არსად ჩანდა.

თვალები გაუშტერდა ნარას. წამიერად წარმოიდგინა რომ იმ კუნაპეტით აღსავსე შემოსასვლელში იდგა სორენი და მისი მზერით სწვავდა.

არა, არა. არავინ იყო აქ. სორენი სადღაც წავიდა და მხოლოდ სიბნელე მეფობდა მის გარშემო. 

საბანი მაგრად მოიხვია მხრებზე ნარამ, საწოლის ბოლომდე გადაძვრა და კისერი წაიგრძელა, ფანჯარაში გადაიჭყიტა.

ბარდნიდა, და ცისფრად ანთებულიყო იგაზან-ლა. ლერვიქენისა და ზრეას საზღვრის გალავანზე დამონტაჟებული პროჟექტორები აქეთ-იქით ტრიალებდნენ და თვალები დახუჭა ნარამ, სანამ ფანჯრისაკენ მომართული მჭახე თეთრი სინათლე თვალს მოსჭრიდა. ჩამდგარიყო ქარი, ჩამოწოლილ ღამეში გასქელებულიყო ცათამბჯენთა შორის ჩაბუდრებული ნისლი და მიწისაკენ ზანტად მოფარფატე ცისფერ ნაპერწკლებს ჩამოჰგავდნენ ფიფქები.

კედელს მიეყუდა მხრით ნარა. იჯდა და გაჰყურებდა ღამეში მოკიაფე სინათლეებს, მთელ იგაზან-ლას რომ მოსდებოდნენ ცისფერ ცეცხლად. იწვოდა თითქოს იგაზან-ლა და მხოლოდღა სქელი ბურუსი მოსდებოდა მის შიშველ, ნატანჯ, დამწვარ სხეულს სალბუნად.

თუმცა არა. მხრჩოლავი, მომწამლავი კვამლი გახლდათ ნისლი მხოლოდ.

კედელს ზურგით მიეყუდა ნარა, ღრმად ამოიხვნეშა. ნამძინარევი სხეული სასიამოვნოდ უბჟუოდა.

მაჯა გაიშიშვლა და აკიაფდა ციფერბლატი.

 150, 245; 17:45.

ათ საათზე მეტი ეძინა.

და ისეთი ღრმა და ჩამთრევი იყო ძილი, როგორც არასდროს.

იქნებ სწორედ ეს იყო სიკვდილი. იქნებ სწორედ ასე ეძინა ახლა სამარას, ღრმა ძილით, ისვენებდა, და ბედნიერი იყო რომ აღარ უწევდა მისი ცარიელი ყოველდღიურობის ატანა.

ლოგინიდან გადაძვრა ნარა, საბანი გვერდზე მიაგდო და ძალიან ცივი იყო მის ფეხქვეშ უხეში ბეტონი. წამსვე შემოეძარცვა ლოგინსა და საბანში დაბუდრებული საკუთარი სითბო, ყელსა და ცალ შიშველ მხარზე, მაისურის ყელი რომ ჩამოსცურებოდა ზედ, სიგრილემ შემოჰკრა. შარვლის ტოტები ფეხებში გამოებლანდა, კინაღამ წამოედო.

იქაურობა მოათვალიერა.

გუგუნებდა ჩუმად გენერატორი და ლაპლაპებდნენ კედლებზე გაკრული პლაკატები. მაგიდაზე ცარიელი ჭიქა და საჭმლის პაკეტები ეყარა. მისი ფეხსაცმელები თაროების გვერდით ეწყო, კედლის კაუჭზე ქუდი, ნიღაბი და ხელთათმანები ეკიდა.

ტანსაცმელი კი აღარ ჩანდა იატაკზე.   

ბოლოს შეამჩნია. თოკზე გაეფინა სორენს. წამიერად შემოანათა ფანჯარაში პროჟექტორის მჭახე თეთრმა შუქმა, ჭერს, თაროებსა და შიშველ კედლებს დაეცა და აღარ ჩანდა ლაფის ლაქები მის ქურთუკსა და შარვალზე.

სორენმა გარეცხა. და გასაშრობად გაჰკიდა.

საწოლზე შედგა ნარა და რის ვაივაგლახით ჩამოგლიჯა ტანსაცმელი თოკიდან, ნელა ჩაიცვა. ოდნავ ნოტიო იყო ყველაფერი.

ბოლოჯერ გადახედა მაგიდაზე მიყრილ პაკეტებს. ათი მაინც იქნებოდა.

მერე კი ფეხსაცმელები ამოიცვა, ნიღაბი გაიკეთა და ხელის ფათურით დაინთქა შემოსასვლელის კუნაპეტში. კარის საკეტი საბედნიეროდ სტანდარტული გახლდათ, ციფერბლატი არ იყო საჭირო შიგნიდან გაღებისათვის.

 გარეთ გააბიჯა ნარამ და ხმამაღალი ჩხაკუნით დაიხურა კარი ზურგსუკან.

 ყინავდა და მაგრად ჩამოიქაჩა თვალებზე ქუდი ნარამ, როცა კიბეზე ჩასვლისას ნიავმა ზედ შემოაყარა დიდრონი ფიფქები. გუგუნებდნენ შორს მაღაროები, მიგრუხუნებდა მატარებელი და ხმამაღალი ღრჭიალი ისმოდა გალავნის მხრიდან, ალბათ გაჭირვებით ტრიალებდნენ ჩაჟანგებული პროჟექტორები.

კორპუსის ეზოდან გაძვრა და ქუჩას სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ნარა. ხელები ჯიბეებში ჩაეჩურთა, მხრები აეწურა და ყინვა გამჯდარიყო სულ ცოტა ხნის წინ სასიამოვნოდ გამთბარ სხეულში. მოფარფატებდნენ უდრტვინველად ფიფქები და წამსვე იჭყლიტებოდნენ ხალხით გადავლილ ქუჩებზე.

რუხი, პირქუში ღამე გადაჰკვროდა ცას და არსად ჩანდა გაიას ვარსკვლავი. პროჟექტორის ცათამბჯენთა მიღმა გამოღვრილი შუქი და ლურჯი სინათლე ანათებდა მხოლოდ შემოგარენს.

შორიახლოს სადგური მოძებნა ნარამ, ხალხით გაძეძგილ მატარებელში ძლივს შეძვრა. იჭყლიტებოდა დახუთულ ვაგონში, სანამ მატარებელი ხრიგინით მიძიგძიგებდა დაკლაკნილ ცალფეხა ლიანდაგზე. მტვრით დაფარულ ფანჯრებში, შიგნიდან რომ ვაგონში ჩამოკონწიალებული მბჟუტავი სანათების მოყვითალო სინათლე მოჰფენოდა, ბუნდოვნადღა ჩანდა შემოგარენი.

თავის კორპუსთან შორიახლოს ჩამოვიდა.

და ნელა გაუდგა სახლისაკენ გზას.

 კედელთან ახლოს მიუყვებოდა ტროტუარს, თავდახრილი. აზელილ ლაფად ქცეულიყო ახლადდადებული თოვლი, ხალხის, მაწანწალების, ახალი ამბების ჰოლოგრამებისა და მოტოციკლეტების კაკაფონიას აევსო ძვლების რაიონში ჩამოწოლილი ნისლი და ისეთივე ცივი გახლდათ ცათამბჯენებზე არეკლილი ცისფერი სინათლე, როგორც ყოველთვის.  

კვლავ მოერია დაღლილობა ნარას. ისეთი დაღლილობა, რომელსაც ვერასოდეს მოიცილებდა.

თავისი კორპუსისაკენ გაუხვია და „ორმოს“ შესასვლელთან ჩაკვდა ძვლების რაიონის გამაყრუებელი ორომტრიალი.

რომელიც მის ყურებში ახუვლებული სისხლის კივილმა შეცვალა.

შედგა მოწყვეტით.

ვერ ფარავდა ჩამოწოლილი სუსხი ნაგვის მთის მყრალ, დამპალი ხორცის, სისხლისა და ნავთის სუნს. ქუდად ეხურა „ორმოს“ ეზოს რუხი ღრუბლები და ფანჯრებიდან მომავალი მკრთალი ყვითელი შუქი მოჰფენოდა შემოგარენს.

სამარა ისევ იქ იწვა. თავსა და ზედატანს ქურთუკი უფარავდა, ფეხებს კი თხელი საბანი. სუდარასავით დასწოლოდა ზედ თოვლის საკმაოდ სქელი, ხელშეუხებელი ფენა, და მის თავთან ახლოს ჭიქის სილუეტი გაარჩია ნარამ.

ცოტა ხანი იდგა უსიტყვოდ და უბრალოდ შეჰყურებდა.

გულისცემა ესმოდა ყურებში მხოლოდ, კიდურები საშინლად გასციებოდა და იდგა, აკანკალებული.

მერე კი იგრძნო.

ვიღაც იყო აქ.

მოტრიალდა ანაზდად.

იქვე, კორპუსის ერთ-ერთ ბოძთან ახლოს რეჯინალდი იჯდა, მოზრდილი ბოთლი მოეყუდებინა. იჯდა, იყურებოდა ცარიელი თვალებით, გაწეწილ ჭაღარა თმასა და მხრებზე თოვლი ედო.

დალურჯებოდა ყბა და ცალი თვალი, ხელებზე სახსრები დასისხლიანებოდა.   

ხელები მაგრად მომუშტა ნარამ, ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში.

ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა რეჯინალდს. კაცი პირს იწმენდდა, უსიამოვნოდ მოჭმუხვნოდა სახე.

-ვინ გცემა? – ჰკითხა ნარამ.

რეჯინალდმა უმისამართოდ აიქნია ხელი.

-მოეთრნენ ვიღაცები. – თქვა მან. – დაინახეს და… არ მოეწონათ ხელი რომ შევუშალე.

ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ. მონაბერი სუსხიანი ნიავი თვალებს სწვავდა, ნავთისა და ლპობადი ნაგვის სუნი კი ნესტოებს.

ცოტა ხანი ხმას არ იღებდნენ.

-მითხრა რამდენჯერმე. – თქვა უცებ რეჯინალდმა. – რომ აღარ უნდოდა აღარაფერი. რომ დაიღალა, ყველაფრისგან დაიღალა. ადრე იფლიჰემზე ლაპარაკობდა, ბოლო წლებში კი აღარ უხსენებია.

-მერე? – ჰკითხა ნარამ.

-მერე არაფერი. და რა უნდა ყოფილიყო რომ?

-რავიცი. რაღაც ახალი უნდოდა. სხვანაირი ცხოვრება.

-სხვანაირი ცხოვრება ყველას კი გვინდა, ნარა. – თქვა რეჯინალდმა. – შენ რა გგონია, მე მეხალისება ეს ყველაფერი? ან შენ? ან დანარჩენ მილიონებს ძვლების რაიონში? ყველას იფლიჰემი უნდა. სიმდიდრე და უზრუნველი სიცოცხლე. მაგრამ შეუძლებელია. შენც მშვენივრად იცი.

ნარას ხმა არ გაუღია. ცერად გადმოხედა რეჯინალდმა.

-ამან კიდევ ვერ გაითავისა. – თქვა მან. – ვერ შეეგუა ვერაფრით.

-არა, შეეგუა. – თქვა ნარამ. თითქოს შორიდან ესმოდა საკუთარი ხმა, ხელები უთრთოდა. – და მაგიტომაც გადმოხტა.  

რეჯინალდს ყბა მოენგრა. უცნაურმა გამომეტყველებამ გადაუარა სახეზე, ნაკვთები შეუთრთოლდა, სანამ კვლავ მოეშვა, ცივმა ნიღაბმა დაფარა მისი სახე.

-კარგია რომ მოხვედი. – თქვა ბოლოს. – არ მინდოდა მარტო ყოფნა.

გული მოეწურა ნარას.

-უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი. – თქვა მან.

-არაუშავს. – თქვა რეჯინალდმა. – ამას მაინც აღარაფერი ეშველება.

ცოტა ხანი დადუმდა და სამარას შეჰყურებდა ნარა.

-მისი საყვარელი კაბა და საბანი მოვუტანე. – გახლიჩა ბოლოს სიჩუმე რეჯინალდის ჩახრინწულმა ხმამ. – და ცოტა საჭმელიც. ჰქონდეს.     

-ჰქონდეს. – ყრუდ გაიმეორა ნარამ.

-ახლა რა ვქნა? – იკითხა ანაზდად რეჯინალდმა, მაგრამ იგრძნო ნარამ, რომ მისთვის არ იყო განკუთვნილი ეს სიტყვა. – ახლა რა გავაკეთო, სად წავიდე? ასე დავტოვო?

-იქნებ მანქანა გამოვიძახოთ. – თქვა ნარამ, იმის მიუხედავად, რომ კარგად იცოდა, ამაზე არცერთს მიუწვდებოდა ხელი. – აქ რომ არ დარჩეს.

-მაგის ფული გაქვს შენ? – მწყრალად გამოხედა რეჯინალდმა.

-არა. – თქვა ნარამ.

-არც მე. – თქვა რეჯინალდმა.

-მაღაროებში დავმარხოთ. – თქვა ნარამ.

არც ეს გამოვიდოდა. გვამით არავინ შეუშვებდათ მაღაროებში. ზედამხედველები და მცველები ადგილზევე მიაკლავდნენ რომც ეცადათ.

-გინდა ულსტერმა ჩაგცხრილოს? – ჰკითხა რეჯინალდმა.

ნარამ არაფერი უპასუხა. სისულელე გახლდათ მისი თითოეული იდეა, მაგრამ რატომღაც ოდნავ ჩაუნავლა ყურებში აზვირთებული სისხლის კივილი იმის წარმოდგენამ, რომ სამარას სხეული სადღაც, მაღაროების სიღრმეებში, მიწაში იდო.

ზანტად ეცემოდნენ მოყვითალო ნაპერწკლებად ქცეული ფიფქები სამარას.

პატარა საფლავს ჰგავდა მისი სილუეტი. პატარა, დათოვლილ, გაყინულ საფლავს.

იქნებ ასე სჯობდა. იქნებ ასე უნდა ყოფილიყო. იქ დაეტოვებინათ მისი სხეული, სადაც აღსასრულს შეხვდა სამარა. იქ, სადაც მას უნდოდა ყოფილიყო.

-წავალ მე. – თქვა ანაზდად რეჯინალდმა. სახე ისევ ისეთი, ცივი ნიღბით დაფარული ჰქონდა, რომელსაც დროდადრო ბზარავდა კუნთის თრთოლა მის ყბაში.

-სად? – ჰკითხა ნარამ.  

თავი გააქნია რეჯინალდმა და ფეხზე წამოიჭრა, ფიფქები ნაცრისფერ ტალღად მოსწყდნენ მის მხრებსა და თავს.

და ჯიქურ მიაშურა შემოსასვლელს, ქუჩისაკენ გაუხვია.

ცოტა ხანი უსიტყვოდ შეჰყურებდა ნარა.

მერე კი უკან აედევნა.

კვლავ სიცოცხლით ჩქეფდა ქუჩა, ქარს აედგა ფეხი და ზუზუნით მიჰქროდა შუკებში, ფიფქებს აყრიდა სახეში ნარას. ვიღაცას გადმოეყირავებინა ნაგვის ბუნკერები და მაწანწალები იქექებოდნენ შუქ ქუჩაში ნაგავში, სანამ ვიღაც მძღოლი გამწარებული უსიგნალებდა მათ. კლუბებიდან გამაყრუებელი ელექტრონული მუსიკა ისმოდა და იკლაკნებოდნენ მაღლა, ცათამბჯენთა ფანჯრებში არეკლილი სტრიპტიზიორების ჰოლოგრამები.   

გამვლელებს მარჯვედ უქცევდა გვერდს ნარა და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა შორიახლოს რეჯინალდის მოხრილ მხრებსა და გაწეწილ ჭაღარა თმას, ცისფერი სინათლე რომ ეფინა ზედ.

სადგურისაკენ გაუხვია რეჯინალდმა და ზედ აძვრა, ხალხის ტალღას შეჰყვა ჩამომდგარ მატარებელში.

ძლივს მოასწრო ნარამ, რომ ვაგონში შემძვრალიყო, სანამ კარები რიხინით დაიკეტებოდნენ ზურგსუკან. ვაგონში გამართულ ღრიანცელსა და ჭყლეტაში სული მოეხუთა, ფეხისწვერებზე შემდგარმა ძლივს დალანდა ვაგონის შორეულ კუთხეში რეჯინალდის ჭაღარა.

სად მიდიოდა? ნუთუ სამსახურში? ამ დროს როგორ შეეძლო სადმე წასვლა და სამარას იქ მიტოვება?

მაგრამ სამსახურში არ მიდიოდა რეჯინალდი.

ბინგემის მოედნის სადგურთან გაჩერებისას გაჰყვა გარეთ მიმავალ ტალღას მისი ჭაღარა თავი.

ძლივს გაძვრა გარეთ ნარა, კვლავ უკან აედევნა რეჯინალდს, რომელიც პაწაწინა შუკაში შევიდა, პირდაპირ ბინგემის მოედნისაკენ აიღო გეზი.

იქ რა უნდოდა? რას აპირებდა?

ბინგემის ქვით მოკირწყლულ, ხალხით სავსე მოედანზე გააბიჯა ნარამ, ნაბიჯს აუჩქარა. ზუზუნებდა ქარი და დამდნარ თოვლს აელაპლაპებინა მოედნის ქვათა ამობურცული ზურგები, ალაგ-ალაგ კუნაპეტიდან ამოზრდილ კუნძულებს რომ ჩამოჰგავდნენ. შავ მარმარილოში გამოქანდაკებული ქალი და მამაკაცი გოროზად იცქირებოდნენ ზემოდან, თვალისმომჭრელად ლაპლაპებდნენ მათ გარშემო შემოჯარულ შენობათა მინები, ნისლსა და ფიფქების ორომტრიალში ჩაჰკარგვოდათ ცაში ატყორცნილი თავები ცათამბჯენებს.

რეჯინალდი პირდაპირ ქანდაკებისაკენ მიდიოდა. სისინებდა ქარი და უთრთოლებდა თმას, უფრო უჭაღარავებდა მონაბერი ფიფქებით.

-რეჯინალდ! – დაუძახა ნარამ, თითქოს მისდაუნებურად ამოსკდა მისი მკერდიდან ხმა, გულმა რეჩხი უყო. – რეჯინალდ!

არ იცოდა, გაიგონა თუ არა რეჯინალდმა ხალხით გაძეძგილი მოედნის ღრიანცელში, მაგრამ თუ გაიგონა, ყურიც არ ათხოვა.

ქანდაკებას მიუახლოვდა რეჯინალდი და კვარცხლბეკზე აძვრა.

მერე კი ქურთუკის ჯიბიდან მოზრდილი ჩაქუჩი გამოაძვრინა.

მაღაროელის ინსტუმენტების კომპლექტიდან აეღო აშკარად.  

და მთელი ძალით მოუქნია ქალის ქანდაკების ძირს.

გამაყრუებელი ზათქით შეენარცხა ჩაქუჩი შავ მარმარილოს, და თითქოსდა ერთი ქვისაგან გამოუჭრიათო ქანდაკებაც და ბინგემის მოედანიც, შეცახცახდნენ ქვები, გააჟრიალათ, აგუგუნდნენ.

გაოგნებისაგან შედგა ნარა, ადგილს მიეყინა. თვალებგადმოკარკლული შეჰყურებდა რეჯინალდს, რომელმაც კიდევ ერთხელ, ამჯერად ორივე ხელით მოიქნია ჩაქუჩი და გამგმირავი ჯახანით შეანარცხა ქანდაკებას.

გასკდა დარტყმის ქვეშ შავი მარმარილო, დაიბზარა, დასახიჩრდა.

ყურადღება მიიქცია რეჯინალდმა. შედგნენ შორიახლოს მყოფნი, მისკენ მიტრიალდნენ, გადაულაპარაკეს რაღაცები ერთმანეთს.

მიწაზე მილურსმულიყო ნარა.

-წყეულიმც ყოფილიყავ, გულაამ! – იბღავლა უცებ რეჯინალდმა და ერთბაშად კრთომის ტალღამ გადაუარა გარშემო შეჯგუფებულ ხალხს. – წყეულიმც იყავ! მატყუარა ხარ, ტირანი, ცრუ ღმერთი, მალე ამოგხდება ეგ სული! სადამდე იცოცხლებ? სადამდე იცოცხლებთ შენ და შენი წყეული ტვინგამორეცხილი ხალხი? როდის გამოეთრევი, რომ ტყვია დაგაჭედოს ვინმემ?!

ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ზურგში  ნარას, წამოაცხელა, ოფლმა გამოჟონა შუბლსა და ზურგზე. ვერ ინძრეოდა, მხოლოდ იდგა, გაქვავებული და სისხლის შხუილს უსმენდა ყურებში.

არა, არა. არა, არა, არა, რეჯინალდს ასე არ უნდა ელაპარაკა, ეს ყველაფერი არ უნდა ეთქვა…

„გულაამი იგაზან-ლას სიბინძურისაგან ათავისუფლებს!“

„ენდე ულსტერს, ისევე როგორც ენდობი ჩვენს მთავარსარდალს, თავიკაცსა და დამფუძნებელს გულაამს!“

„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“

-სადაა იფლიჰემი, გულაამ?! – ბღაოდა გამწარებული რეჯინალდი, სახე მომანჭვოდა, ერთიანად აფორაჯებულიყო და მხოლოდღა სასოწარკვეთილება და მრისხანება დარჩენილიყო მის მზერაში. – სადაა იფლიჰემი?! რად გვინდა ის წყეული გუმბათი, რად გვინდა იგაზან-ლას დროშა, რად გვინდა ქრონო-X, რად გვინდა ეს ჩამყაყებული ცხოვრება?! რად გვინდა შენი მონობა? რა გგონია, რაკი ამდენი ხალხი შიშსა და სიკვდილს შეაგუე, რომ ერთ დღეს ტვინს არ გაგასხმევინებენ? რამდენი მოკალი, რომ დაგედუმებინა? ჰა? მაგრამ არ შეგრჩება შენ ხალხის დამონება! გადაგივლის ხალხი! ულსტერი გგონია შენი მონების არმია ხომ? ეგენიც დაგკლავენ, ეგენიც არ შეგიწყალებენ, გაიგონე? ვიცი რომ მისმენ, რა გგონია, ყველას ატყუებ?! ხალხნო, გამიგონეთ! – ხელები აღმართა მან და აჩოჩქოლდა ხალხი. – გატყუებენ, არ არსებობს იფლიჰემი, იმ გუმბათის ქვეშ რა გგონიათ, სამოთხე?! და რომც იყოს, გგონიათ რომ აქედან, ძვლების რაიონიდან, სადმე გაგვიშვებენ? ეგეთი სამოთხეები ქარქს-ნუიას მდიდარი ნაძირლებისაა მარტო, ჩვენ უნდა გავჩნდეთ, წელებზე ფეხები უნდა ვიდგათ და მერე უნდა ამოგვხდეს სული, გესმით?!  

ჩოჩქოლებდა ხალხი, გაოგნებულნი შეჰყურებდნენ რეჯინალდს.

-გატყუებენ, ხალხო! – გაჰკიოდა რეჯინალდი, ჩაქუჩი კიდევ რამდენჯერმე მოიქნია და კვლავ შეათრთოლა მოედანი ყურისწამღებმა ზათქმა, შავი მარმარილოს დამსკდარი ნამტვრევები ასხლტნენ, აქეთ-იქით გაიფანტნენ. – წყეულიმც იყავ, გულაამ, აი ნახავ თუ არ დაისაჯო!

მერე კი ჩაქუჩი ხმამაღალი ზრიალით გააგდო ხელიდან და ჯიბიდან ის მოზრდილი ბოთლი ამოაძვრინა, რომლიდანაც სვამდა.

ახლაღა გაარჩია ბოთლში ჩასხმული სითხის ოდნავი მოყვითალო ფერი ნარამ.

მერე კი ბოთლს თავი მოხსნა რეჯინალდმა და თავზე გადაისხა.

აყვირდა ხალხი. გარშემომყოფთა ღრიალის შემზარავმა კაკაფონიამ ცივ ზვირთად გადაუარა ნარას, ხელები გაუცივდა. პირი გააღო, მაგრამ ხრიალის მეტი არაფერი ამოუვიდა ყელიდან, ხალხში გაძრომა სცადა.

მერე კი პაწაწინა დანადგარი ამოაძვრინა ჯიბიდან რეჯინალდმა.

ჯერ პატარა იყო ცეცხლი. პაწაწინა, მოციმციმე ყვითელი ნაპერწკალი, რომელიც ცისფერ შუქში აბრწყინებულ ფიფქებს ჩამოჰგავდა.

მერე კი გაიზარდა. თითქოს ათასი ენა გამოიჭრა მისი დაღებული პირიდან, გახლიჩა მასზე შემოჯარული ცისფერი სინათლეც, ღამის სიბნელეც და ნისლიც, ყველაფერი ჩაყლაპა, შთანთქა. ფეხებს მოედო. ხელებს. მხრებსა და თავის ქალაზე მიკრულ თმას.

შემზარავად ბღაოდა რეჯინალდი.

უკან იწევდა აკივლებული ხალხი და მათი რიგები ძლივს გაარღვია ნარამ.

რეჯინალდს ფეხებში სწვდა. იქედან უნდა ჩამოეთრია.

წამოიქცა რეჯინალდი, კვარცხლბეკზე დაენარცხა. ყელიდან შემზარავი, მოგუდული ბღავილი ამოსდიოდა. შეტრუსული თმის, აშიშხინებული ქონისა და დამწვარი ტანსაცმლის სუნი მისწვდა ნარას, ცხელმა ჰაერმა თვალები აუწვა. აბრიალდა უფრო ცეცხლი და საშინლად ეწვოდა ხელისგულები.

ვიღაც ზურგში სწვდა. ძლივს მოაგლიჯეს რეჯინალდს, ქვებზე დაენარცხა და ტკივილისაგან დაიკლაკნა.

გრგვინავდა ცეცხლი, ტკარცალებდნენ მონაბერ ქარში ცეცხლის ენები და მხრჩოლავი, შავი კვამლი მოსდებოდა შავ მარმარილოს.

გაჰკიოდა გარშემო ხალხი. მოჯგუფდნენ ახლოს, კინაღამ გადაჯეგეს.

და აღარ იყო რეჯინალდი რეჯინალდი. აღარ ყვიროდა, მხოლოდ იწვა, გაუნძრევლად, ცეცხლში გახვეულიყო მისი სხეული და ვეღარც არჩევდა მის სახეს ნარა.

უბრალოდ აღარ იყო.

წითელი იყო ცეცხლი, წითელი და ნარინჯისფერი, დაუდგრომელი, ბრიალებდა უდრტვინველად, ნთქავდა მის კერად ქცეულ სხეულს და ვეღარაფერი დაუდგებოდა წინ. არ დაისვენებდა, სანამ არ შეხრავდა ერთიანად მის საზრდოს.

საშინლად უცახცახებდა სხეული ნარას, ხელებზე თითქოს ცეცხლი ეკიდა, ძლივსღა სუნთქავდა.

კელაპტრად ენთო ცეცხლმოკიდებული სხეული შავი მარმარილოს ქვეშ და ცამდე ადიოდა შავი კვამლი, ამაზრზენი, დამწვარი ქონის სუნი და ხალხის გამაყრუებელი ჩოჩქოლი, რასაც რეჯინალდის უპატიებელ სიტყვათა ექო დასდევდა.

ცეცხლი ენთო ბინგემის მოედანზე და როგორც რეჯინალდის ჩაქუჩი შავ, ურყევ მარმარილოს, ხეთქავდა მის გარშემო ჩამოწოლილ სიცივესა და ლურჯ სინათლეს.

თვალები დახუჭა ნარამ.

და კვლავ უცვლელად ბნელი იყო ყინულოვანი ღამე.     

4 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 7)

  1. როგორ მიხარია რომ გამოჩნდი და მოგვიტანე ახალი თავი. სამარას და რეჯინალდის სიკვდილი საშინელება იყო. ის ვის გამოც ნარა თავის ცხოვრების აზრს ხედავდა ალბათ ჩამოეცალნენ და დატოვეს მარტო. აი ვნახოთ თავისი სული წყვილი რანაირად დაეხმარება. ან რა მოხდება საერთოდ შემდგომ. ისეთი უსუსურობის და უიმედობის შეგრძნება მაქვს მე და ნარას ხომ წარმოგიდგენიათ. ❤️

    Like

    1. ქალუ 💛 პირველ რიგში დიდი მადლობა შენ მუდმივი მხარდაჭერისა და აზრის გაზიარებისათვის, აი ძალიან ძალიან გაფასებ 💛 გეთანხმები, დიდი საყრდენი გამოეცალა ნარას სრულიად მოულოდნელად და ნამდვილად გაუჭირდება ამ ყველაფრის გადატანა. სორენი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა უკვე და ვნახოთ რას იზამენ 💛 ძალიან სწორად თქვი, უსუსურობის და უიმედობის ქარცეცხლშია ახლა გამოხვეული ნარა. ეს ცოტა გარდამტეხი იყო მისთვის და ყველასთვის, შემდეგ თავში ნელ-ნელა დაიწყება თავდავიწყება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა! 🥹💛💛

      Liked by 1 person

  2. აუუ ძაან მძიმე თავი იყო ლინდუ😭😭😭😭არ ველოდი ორი ასეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის სიკვდილს, თანაც ასე😭😭😭 აი ასეთი მომავლის მეშინია. ერის დამონების მეშინია. კი გვქონდა უახლოეს წარსულში მსგავსი შემთხვევა და კი ვხედავთ დღევანდელ ეპოქაშიც ზოგიერთ ქვეყნებში რას აკეთებენ დიქტატორები. მაგრამ ხალხი ისტორიიდან ვერაფერს ვერ სწავლობს და მუდმივად ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ😢😢განსაკუთრებით საშიშია ის ერი, რომლებსაც ადამიანების გაფეტიშება კარგად გამოსდით. ზუსტად ეგეთები ღუპავენ თავიანთ ქვეყნებს. მთავრობები იმდენს ბედავენ რამდენის უფლებსაც ხალხი აძლევს. აქ კიდე დიქტატორზე მეტი დამნაშავე ხალხია, ამდენს რო აბედინებენ🙂🙂 ნარას და სორენის დიალოგი ძალიან საინტერესო იყო. თითქოს რაღაც ახლის დასაწყისია. შეიძლება გაქცევის ანდაც ბრძოლის, არ ვიცი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო წასაკითხი რომ იყო, ეგ კი ვიცი.🥰 თუმცა ბოლოს რეჯინალდის სცენამ შემზარა. აი ძალიან მძიმე იყო. მაგრამ მაგ კაცმა, მარტო მაგ ერთმა პერსონაჟმა ყველას სათქმელი თქვა და ყველაფერი ამოიღო, რასაც მანდ ყველა ისედაც ფიქრობს, მაგრამ თქმას ვერ ბედავს🙁🙁 როგორც ყოველთვის დიქტატურას სინდისიანი ადამიანები ეწირებიან, აბა უსინდისოები იქაც კარგად ცხოვრობენ და აქაც🥲 აქვე ამ თავის მხატვრული მხარე რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია🤌🏻 ულამაზესი აღწერის მომენტები იყო ქალაუუუ🥰🥰🥰უნიჭიერესი ხარ.😍😍😍😍 ველოდები მოვლენების განვითარებას მოუთმენლად😍😍😍😍💚💜

    Like

    1. პირველ რიგში დიდი მადლობა ქალუ რომ წაიკითხე 🥰🥰💛💛 კი, ნამეტანი მიყოლებით გამოვიდა ორივეს სიკვდილი მაგრამ რატომღაც მგონია რომ რეჯინალდი სწორედ ასე მოიქცეოდა, სამარასთაან ახლოს იყო ამდენი ხანი ბოლოს და ბოლოს 😔 კი,გეთანხმები, ვერაფრით ისეავლა ხალხმა ჭკუა. ისტორია მეორდება, სულ ერთი და იგივე მოვლენები ხდება სხვადასხვა ელფერით, ბევრი კი ვერ ჩასწვდა ამას. რამდენსაც იტან იმდენს იმსახურებო, ეგეთებზეა ნათქვამი.
      მიხარია ძალიან რომ დიალოგი მოგეწონა და სწორად დასვი ვაიბებიც 💛
      რეჯინალდის სცენის დაწერა ცოტა კი გამიჭირდა. და ჰო, ამოასხა ბოლოს და ბოლოს ამ უბედურ კაცს და რაკი უკვე აპირებდა დაეტოვებინა მისი ცხოვრება, გადაწყვიტა ეს საშუალება გამოეყენებინა.
      უღრმესი მადლობა და ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგეწონა! ვეცდები მალე იყოს 🥰💛💛💛

      Like

დატოვე კომენტარი