ცოცხალი ჟანგი (თავი 4)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეოთხე თავის თემა

IV – The Beginning

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ოდნავ ციმციმებდა მქრქალი ლურჯი სინათლე, ძლივს ბჟუტავდა, გამალებით ებრძოდა მასზე დაწოლილ, სულშემხუთავ წყვდიადს და ძლივს უმკლავდებოდა. ნარას პირისპირ დაჩოქილი კაცის ჩაფხუტს, შენიღბულ სახესა და მხრებს ეფინებოდა, მკრთალად ანათებდა მაღაროს კედლების უხეშ, ოღრო-ჩოღრო რელიეფს. ციმციმებდა შუქი და ფანტავდა გაუსაძლის კუნაპეტს, მაგრამ მაინც ვერ გაეფანტა ნარას გონებაში ჩამოწოლილი წყვდიადი, რომელიც უამრავ სიბნელეში შებურულ, გაუგებარ, მაგრამ მაინც შემზარავ აზრს იტევდა.

შიშინებდა გამოქვაბულში გამსკდარი ჭერიდან მომავალი წყლის ჭავლი და საკუთარი გულისცემა ესმოდა ყურებში ნარას, გული ისე მძლავრად უფეთქავდა, რომ თითისწვერებშიც კი გრძნობდა პულსს.

ამ კაცმა იქედან გამოათრია. გამოათრია და გაარიდა გარდაუვალ დახრჩობას.

მისი სახელი იცოდა. და საკუთარი სახელი უთხრა.

სორენი.

ძლივს გადაიტანა ნერწყვი ყელში ნარამ. პირში ჯერ კიდევ ჭუჭყიანი წყლის გულისამრევ, მლაშე გემოს გრძნობდა.

ყველაზე გასაკვირი მაინც ის გახლდათ, თუ რამდენად ძლიერი იყო შეგრძნება, რომ ეს კაცი აქამდეც ენახა. მისი ხმა ეცნო.

ღრმა, და ძალიან მშვიდი ხმა ჰქონდა. თითქმის ჩურჩულებდა, მაგრამ ამავდროულად თითქოს თავში ურტყამდა ნარას თითოეული მისი სიტყვა.

-ჩემი სახელი საიდან იცი? – ამოილუღლუღა მან. ეს ერთადერთი აზრი იყო, რომელსაც მის გონების წყვდიადში აფუთფუთებული ფიქრებიდან გამოეხეთქა.

-შენ მითხარი. – თქვა სორენმა.

გაშეშდა ნარა. თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა. ცდილობდა რამე დაენახა ჩაფხუტის ქვეშ გამეფებული სიბნელის მიღმა, რომელშიც შემალულიყო სორენის მზერა, მის ჩაფხუტზე მიმაგრებული ფარნის მიუხედავად.

ვერაფერი გაარჩია. მხოლოდ სორენის ნიღბით დაფარულ ყბასა და ცხვირის მოხაზულობას ხედავდა.

-მე გითხარი? – გაიმეორა ინსტინქტურად, გაოგნებულმა.

-ჰო, შენ მითხარი. – მიუგო სორენმა.

-გეშლება რაღაც. – ჩაილაპარაკა ნარამ. ხელები დაუბუჟდა, კუნთები უთრთოდა. – მე შენ არ გიცნობ.

-არა? – თქვა სორენმა.

სიჩუმე ჩამოვარდა. სიჩუმე, რომელსაც უწყალოდ ხლეჩდა ნარას ყურებში აზრიალებული გულისცემის, წყლის შიშინისა და ანაზდად ატეხილი, შორეული ჩოჩქოლის ხმა.

ვიღაცები მოდიოდნენ აქეთ ალბათ.  

გაკრთა ნარა, როცა ხელი ასწია სორენმა, თითი საფეთქელთან მიიტანა.

და ხმა მოესმა ნარას, ხმა, რომელიც მხოლოდ მის თავში იყო, ისეთი მკაფიო, როგორც არასდროს, თითოეული ასო მშვენივრად ესმოდა, თითქოს ყურში უჩურჩულებდნენ.

მაგრამ არ უჩურჩულებდნენ. საკუთარ გონებაში მოესმა.

‘მიცნობ’.

მოწყვეტით, ხროტინით შეისუნთქა ნარამ. სული მოეხუთა ნიღბის მიღმა, უნდოდა მოეგლიჯა, მაგრამ ვერ ინძრეოდა, ადგილს მიეყინა. თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა მის წინ მჯდარ კაცს და ვერც კი გაეგო, თუ რა ხდებოდა.

‘ვიცი, რომ გესმის’.

მისი ტუჩების მქრქალ სილუეტს ხედავდა ნიღბის მიღმა ნარა, და არ იძვროდნენ ისინი.

-კი, მესმის. – წაილუღლუღა მან. იჯდა, გაქვავებული და სორენის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. – ანუ… შენ…

-კი, მე. – თქვა სორენმა. ხმაში ოდნავი ღიმილი ეტყობოდა და გული მოეწურა ნარას. – მე ვიყავი. არ გაგიჟებულხარ.

მისი ხმა ესმოდა. ამიტომ ეცნო. ხმა, რომელიც ეკითხებოდა, ესმოდა თუ არა. შეგრძნება, რომ ვიღაც იყო მასთან ახლოს, იქვე, ყურისძირში, ვიღაც რომელსაც ვერ ხედავდა.

არა, არა. სიგიჟე გახლდათ ეს, აბსოლუტური სიგიჟე.

შეუძლებელი იყო. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ?

აშკარად უბრალოდ გააფრინა. და ხმები ესმოდა.

‘არ გჯერა?’ ჩაესმა თავში ანაზდად და წამსვე ასწია მზერა, გაფაციცებით შეჰყურებდა კაცს. ‘აქ იმიტომ მოვედი, რომ მეძახდი’.

თავი გადააქნია ნარამ. გაოგნებული შესცქეროდა.

-არ გეძახდი. – ძლივს წაიბუტბუტა მან. ნაწილობრივ ეშინოდა კიდეც, რომ მის გონებაში გაგონილი სიტყვების საპასუხოდ რამე ეთქვა ხმამაღლა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა. სხვანაირად ვერ გაიგებდა.

-მეძახდი. – თქვა სორენმა. – მეძახდი, და გავიგონე. ვიცოდი, რომ აქ იყავი და ვგრძნობდი, როგორ გეშინოდა.

შიშინებდა გამოქვაბულში გადმომსკდარი ჩანჩქერი, ხმამაღალი შხაპუნით ეხლებოდა წყალი კედლებს, გუგუნებდა მიწა და ნელ-ნელა ახლოვდებოდა შახტის შორეული მხრიდან ხმამაღალი ჩოჩქოლი.

წამოდგა ანაზდად სორენი და მთელი სხეულით შეცბა ნარა, მოიბუზა. ისე წამომართულიყო მის თავზე სორენი, როგორც გიგანტური, საძირკველგამოთხრილი ცათამბჯენი, რომელიც თითქოს წამი-წამზე ჩამოიშლებოდა მის თავზე.

ხელები უკან დაიბჯინა და მთელი ძალით დაძაბა გაშეშებული, გაყინული კუნთები, ეცადა წამომდგარიყო.

მიბრუნდა სორენი და წამსვე ჩანავლდა ლურჯი შუქი, რომელშიც გამოქვაბულიდან ამოხეთქილი წყლის წვეთები ციმციმებდნენ. ვერტიკალური გვირაბის კიდესთან დამაგრებული, მეტალის პალოსავით რაღაცას ხელი მოავლო, მიწიდან ამოაძრო, მერე კი ზედ მიმაგრებული თოკი ელვის სისწრაფით დაახვია, წელზე მიიმაგრა.

რის ვაივაგლახით წამოდგა ნარა, ქშინავდა. ისე მიჰქროდნენ მისი ფიქრები აზრიალებულ თავში, როგორც ლიანდაგზე მორახრახე მატარებელი, თვალსაც ვერ აწვდენდა, ყველაფერი ერთმანეთში აღრეულ, აყვირებულ, წყვდიადში შებურულ მასად იქცა.

მუხლები უთრთოდა, გამალებით შესცქეროდა მის წინაშე აღმართულ კაცს.

მერე კი მისკენ წამოიწია სორენი და კანკალით შეისუნთქა ნარამ, სუნთქვა ყელში გაეხირა, რატომღაც ეგონა რომ კაცი ხელს სტაცებდა.

მაგრამ გვერდით ჩაუარა სორენმა, სულ ახლოს. მლაშე წყლის სუნი ასდიოდა.

და ფრთხილი ნაბიჯით დაუყვა შახტას. ხმასაც კი არ გამოსცემდნენ მისი ნაბიჯები.

მოტრიალდა ნარა. მისი მხრებისა და თავის სილუეტს შეაცქერდა, რომელთაც თითქოს წყვდიადში გალღობისაგან იცავდა ოდნავი, მქრქალი ლურჯი სინათლე.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სორენმა, მერე კი მისკენ მოტრიალდა. მოტრიალდა და კვლავ ვერაფრით არჩევდა მის თვალებს ნარა.

-წამოდი. – უთხრა სორენმა, ჩურჩულებდა და მახვილი სმენის მიუხედავად, ძლივს ესმოდა მისი ხმა ნარას შორეული ყაყანისა და წყლის შიშინის გამო. – გავიდეთ აქედან.

წამიერად არ გაინძრა ნარა. ვეღარაფერს ფიქრობდა უკვე, თითქოს ავტოპილოტზე მუშაობდა მისი სხეული.

მერე კი გადადგა ნაბიჯი.

მეორეც.

და უკან მიჰყვა სორენს, რომელიც ფრთხილი, ჩუმი, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით დაჰყოლოდა შახტას.

ცარიელი წყვდიადი ჩამოწოლილიყო, რომელსაც სორენის ფარნის ოდნავი ლურჯი სინათლე ფანტავდა, მიტოვებულ წერაქვებს, ჭერზე გადახლართულ სადენებსა და ვერცხლისფრად აციმციმებულ, ურანის მადნით მოჭედილ კედლებს ეფინებოდა.

მიდიოდნენ და აშკარად გზა დაემახსოვრებინა სორენს, დაკლაკნილი დერეფნების შესახვევებში სწორად უხვევდა, კედელს მიუყვებოდა, ერთხელაც კი არ შემდგარა, ყოყმანის ნატამალიც კი არ ეტყობოდა მის სიარულს.

ნელ-ნელა ინავლებოდა წყლის შიშინი მათ უკან და ახლოვდებოდა ყაყანი, მაზიდების რიხინი და წერაქვების ხათქუნის ხმა, რომელიც თავიდან შახტაში ჩამოწოლილი წყვდიადის მიღმა მიმალულიყო, მაგრამ მალევე, გვირაბის ბოლოს, კუთხის იქით კუნაპეტი ცისფერმა სინათლემ შეცვალა, რომელიც მათკენ იღვრებოდა.

შედგა ანაზდად სორენი, ფარანი გამორთო და ინსტინქტურად შეყოვნდა ნარა. ახლაღა მიხვდა, რომ სიარულის დროს ერთხელაც კი არ მოეშორებინა მისთვის თვალი.

არც კი იცოდა, რატომ.

მოუტრიალდა სორენი და ორი ნაბიჯში იდგა მისგან ნარა, უსიტყვოდ შეჰყურებდა. გვერდიდან ეფინებოდათ ცისფერი სინათლე და კვლავ დაჟინებული იყო სორენის მზერა, იმის მიუხედავად რომ ვერაფრით არჩევდა მის თვალებს ნარა.

-მე აქ არ ვყოფილვარ. – უთხრა სორენმა. – უთხარი, რომ კიბით ამოძვერი, მერე კი კიბე მოწყდა.

-რატომ? – ძლივს ამოღერღა ნარამ.

თუმცა იცოდა, რატომაც. აქ მაღაროელების, მცველებისა და მათი ზედამხედველების გარდა არავის უშვებდნენ.

-იმიტომ რომ აქ ყოფნის უფლება არ მაქვს. – თქვა სორენმა.

ახლოვდებოდა ჩოჩქოლი. დერეფნის ბოლოში ესმოდა მაღაროელების ყაყანი ნარას, აჩქარებული ნაბიჯების ხმაც კი მოესმა. აწრიალდა, თვალები გააფაციცა.

სორენი აქ არ უნდა დაენახათ.

და თითქოს მისი ფიქრები ესმისო, გატრიალდა სორენი და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა დერეფნიდან მარჯვნივ გაჭრილ შესახვევს, რომელიც წყვდიადს მოეცვა.

სხვა გზით აპირებდა აქედან გაპარვას.

-მოიცადე. – ისე აღმოხდა ნარას, რომც ვერც კი მიხვდა, სანამ სიტყვა წასკდა პირიდან. წამსვე ინანა, როცა შედგა სორენი, მისკენ მოტრიალდა, დააცქერდა, და მოლოდინით აღსავსე იყო მისი მზერა.

პირი გააღო და დახურა ნარამ. კანკალებდა სველ ტანსაცმელში, მაღაროს დახუთული ჰაერის მიუხედავად და სულ ახლოს ისმოდა მაღაროელების ყაყანი. 

-და რატომ… – ხელი ინსტინქტურად აუმოძრავდა, საფეთქლის ზოგადი მიმართულებით. – როგორ… რატომ მესმის?

სორენს ხმა არ გაუღია. ფარანი ჩააქრო და ისე გადნა მისი ფიგურა წყვდიადში, რომ გაჭირვებით ხედავდა მის სილუეტს ნარა.

‘იმიტომ რომ ჩემი სულწყვილი ხარ.’ მოესმა ანაზდად და ისეთივე ღრმა და მშვიდი იყო სორენის ხმა მის თავში, როგორც საუბრისას.

მერე კი გაიცრიცა მისი სილუეტი კუნაპეტში და მარტოდმარტო დარჩა საკუთარ ფიქრებთან ნარა.

მაგრამ არ დასცალდა ფიქრი. არ დასცალდა ეფიქრა იმაზე, თუ რა უთხრა სორენმა.

მოახლოვდა ყაყანი და თავი გაატრიალა ნარამ, მისკენ ღრიანცელით მომავალ ბრბოს გადახედა.

მაღაროელები და მცველები ერთად მოიწევდნენ მისკენ, მიწისქვეშა ქსელის ზედამხედველთან ერთად, ფარნები ეჭირათ, რომელთა მჭახე ცისფერი სინათლე წამსვე სვეტებად მოეფინა შემოგარენს. გამაყრუებლად ყაყანებდნენ, მაგრამ ყველაზე მკაფიო და მჭახე მათი ზედამხედველის ხმა გახლდათ, რომელიც ყვირილით საყვედურობდა ყველასა და ყველაფერს, მცველებს წყევლიდა და ალბათ თვითონაც იწყევლიდა თავ-ბედს, გაიძახოდა, ეს როგორ მოხდა, ესღა გვაკლდაო.

ბრბოდან რამდენიმე იცნო კიდეც ნარამ.

დამპალი ფელიქსი, რომელიც ყველა არზაურში აუცილებლად უნდა გარეულიყო. ბრუნო, ატლასი, ლაზარე, ხელოსნები, რომელთანაც ახლოს ემუშავა რამდენჯერმე ნარას და რომლებმაც აშკარად წამსვე იცნეს.

-ერთი ცოცხალია! – აყვირდნენ მაღაროელები. – ერთი გადარჩა!

რამდენიმე მცველიც კი იცნო ნარამ, რომლებიც გამოქვაბულში იყვნენ მასთან ერთად. იცნო და მათი, მისი დანახვისას გადმოკარკლული თვალების დანახვისას უცნაური, ზიზღითა და მრისხანებით მოწამლული კმაყოფილება გაუღვივდა მკერდში.

მათი ზედამხედველი, მუდამ გატკიცინებულ, ღია ცისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ზეფირი მოღუშულიყო, ლურჯი, ლაპლაპა ჩაფხუტის ქვეშიდან იცქირებოდა კუშტად.

ადგილს მიელურსმა ნარა, როცა მას მოაბჯინა ზედამხედველმა მზერა.

-შენ! – იღრიალა ზეფირმა, სწრაფი ნაბიჯებით მოუახლოვდა ჯიქურ. პირდაპირ სახეში მიანათა ფარანი, თვალი მოსჭრა შუქმა ნარას და კინაღამ ყურებზე აიფარა ხელები, როცა ზედამხედველს კუდში ადევნებული აღრიალებული მაღაროელები წამსვე მოეხვივნენ გარშემო. – იქ, რომ დაიტბორა, შენც იყავი?

დატბორვას არ დაარქმევდა ნარა იმას, რაც გამოქვაბულში მოხდა, მაგრამ ამის თქმას ნამდვილად არ აპირებდა.

-ვიყავი. – მიუგო მან. მცველების მზერა იგრძნო მასზე და ფარნების სინათლეზე დალანდა, თუ როგორ მოემარჯვებინათ შაშხანები.

-აბა ყველა დაწყდაო?! – აყვირდა ზედამხედველი და აყაყანდნენ მაღაროელები. – აბა ყველა მაშინვე გაიგუდაო?! აბა ვერ მოასწრესო? რა მოხდა, გამაგებინეთ! – ღრიალებდა ის.

მცველებისაკენ გააპარა მზერა ნარამ. ერთი მზერით ბურღავდა, დანარჩენები კი ისე აცეცებდნენ თვალებს, როგორც ულსტერის წინაშე არასწორ დროს გაჩხერილი მაწანწალები.

და ხვდებოდა ნარა, რომ შეიძლებოდა ეს კარგად არ დასრულებულიყო მისთვის.

-მე ამოვძვერი! – წამოიძახა მან. – კიბეზე… ყველაზე ბოლო მე ვიყავი.

-დანარჩენები? – აყვირდა ზეფირი. – დანარჩენები სად არიან?

-ყველა დაიხრჩო. – თქვა ნარამ.

უფრო ხმამაღლა აყაყანდნენ მაღაროელები. ზეფირმა მკლავში სტაცა ხელი ნარას და წაათრია, ბრბო კი უკან მიჰყვა მათ.

-ესაა საქმე?! ესაა საქმე?! – გაჰკიოდა ზეფირი. – რა იქნება, რომ ამ დაწყევლილ ადგილას ერთმა დღემ მაინც რომ ჩაიაროს წესიერად, გამაგებინეთ? რა იყო, ცოტა ჩამოწუნწკურდა წყალი და ამდენმა ხალხმა იმდენი ვერ მოახერხეთ რომ რამენაირად შეგეკეთებინათ? ჰა? ამდენი წელია ამ მაღაროში აგდიხართ და ვერაფერი ისწავლეთ?! სულ ცალ ფეხზე გკიდიათ ეს მაღაროც, თქვენი უფროსებიც, კრედიტებიც და ლერვიქენიც, ხომ? იგაზან-ლა იხდის ამ მაღაროსთვის კრედიტებს, იცით ეს თქვენ? იცით? ვინ გადაიხდის იმ მუშებისა და შეკეთების კრედიტებს, თქვენ?! მიყოლოდით იმათ უკან!

შეიცხადეს მაღაროელებმა, მათ მცველებიც აჰყვნენ. როგორ გეკადრებათ, ბატონო ზედამხედველო, არა, ბატონო ზედამხედველო, ძალიან ბევრი წყალი იყო იქ, ბატონო ზედამხედველო, ვერ მოვერეოდით, მაღაროელები ატყდნენ, პანიკაში იყვნენ და ხელი შეგვიშალეს, ბატონო ზედამხედველო, მაღარო უნდა გადაგვერჩინა, ბატონო ზედამხედველო, ყველაფერი ვცადეთ მაგრამ არ გამოგვივიდა, ბატონო ზედამხედველო…

ძლივს მიათრევდა ფეხებს ნარა, ჭყლაპუნებდა ყოველი მძიმე ნაბიჯისას მისი სველი ფეხსაცმელი და მისი გაყინული სხეულის მიუხედავად ცეცხლი მოჰკიდებოდა მკერდზე.

არ უკვირდა. არც არასოდეს გაუკვირდებოდა, რომ მაღაროელთა და მცველებთა უმრავლესობა სისასტიკის განსახიერება იყო, საკუთარ თავზე მეტი რომ არავინ აინტერესებდათ. ძალიან კარგად ხვდებოდა ამ ყველაფერს.

მაგრამ ალბათ მაღაროში გამეფებული უდრტვინველი რუტინა მალავდა ამას. ისიც იცოდა ნარამ, რომ წყნარი ყოველდღიურობაც კი ისეთი ნაძალადევი, ჩვეულებრივობას ამოფარებული სისასტიკისა და უსამართლობის განსახიერება იყო.

მათი სამუშაო საათები. გაუმართავი  მაგრამ როგორც ყველა, ამას შეგუებოდა. ბევრად უფრო რთული იქნებოდა მისი ცხოვრება და სასოწარკვეთილებამდე მიიყვანდა, ერთიანად დაჭამდა უსასოობის შეგრძნება, რომელიც უკვე იშვიათად ერეოდა ხოლმე, ყველაფერს რომ არ შეგუებოდა.

მაგრამ ხანდახან თითქოს შეახსენებდა თავს ამ სისასტიკის არსებობა და მის ჩამქრალ, შეგუების ზღვაში ჩაფერფლილ გონებას კვლავ მოედებოდა ცეცხლი.

მცველებს გადახედა, რომლებიც ბღავილით იმართლებდნენ თვალს, მისკენ აპარებდნენ ზიზღითა და სიძულვილით აღსავსე მზერას.

უნდა მომკვდარიყო. მცველებისათვის ასე ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მიიწევდა წინ გამძვინვარებული ზეფირი, ფარანს მიაქნევდა, ხმამაღლა წუწუნებდა და მოსდებოდა კედლებს აქეთ-იქით მოქანავე ცისფერი სინათლე.

სანამ შუქში არ აციმციმდნენ გვირაბიდან ამოშხეფილი წვეთები და წყლის გუგუნმა არ გადაფარა მაღაროელების ყაყანი.

ნარას ხელი უშვა ზეფირმა, ფრთხილად მიუახლოვდა გვირაბის კიდეს და ასევე ფრთხილად მიჰყვა უკან მისი ამალა.

წარმოიდგინა ნარამ, თუ რას ხედავდნენ. იმას, რაც ალბათ არასოდეს დაენახათ ასე ახლოდან. წყლის დაუძლეველი, კუპრივით მასის დაუდგრომელი სხეული, რომელიც მასში ჩათრევასა და დახრჩობას უქადდა ნებისმიერს, რომელსაც ხელს მოსდებდა.

შავბნელ, ყინულოვან სიკვდილს, რომელსაც ვერავინ მოერეოდა.

და ვერც მორეოდნენ. ჯერ კიდევ უზრიალებდა თავში მაღაროელების ყვირილი, მათი ცივი სხეულები შავბნელ მორევს ჩაეკრა ყინულოვან, მძიმე მკერდში.

გული მოეწურა ნარას და წამსვე აარიდა თვალი გვირაბს.

უკან დაიხია ზეფირმა და მასზე მოხვეულ ბრბოში, ელდანაცემები რომ განიხილავდნენ გამოქვაბულის მდგომარეობას, ძლივს გაარჩია ზედამხედველის გადმოკარკლულ თვალებში შიში ნარამ.

-ამოქოლეთ ეს ადგილი! – იჭექა ზეფირმა. – ამოქოლეთ სასწრაფოდ! ეს გვირაბიც ამოქოლეთ! ბოძებითა და მავთულბადით გაამაგრეთ, ბეტონი დაასხით, რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ ეს წყალი აქედან არ უნდა გადმოვიდეს, გასაგებია?

წამსვე აყაყანდნენ საპასუხოდ, დიახ, ბატონო ზედამხედველო, ახლავე მივხედავთ საქმესო.

მცველებს დაუყეფა ზედამხედველმა, აქ ამათ მიხედეთო, მერე კი ნარას გადმოხედა, მოღუშულმა.

-შენ კიდევ წამომყევი. – განუცხადა მან. – უნდა დავილაპარაკოთ.

უსიტყვოდ დაუქნია თავი ნარამ და ზეფირს, რომელიც წამსვე ჯიქურ, ფეხების ბაკუნით დაუყვა შახტას, მიჰყვა უკან.

გონება არეოდა ერთიანად. მილასლასებდა, მაგრამ იძულებული გახლდათ აჩქარებულიყო, რომ ზედამხედველს არ ჩამორჩენოდა. ძაგძაგებდა, გაყინული და აუტანელი იყო მის სხეულზე მიკრული ცივი, სველი ტანსაცმელი, რომელსაც ზღვის სურნელი ასდიოდა.

მლაშე, უსიამოვნო, თითქოსდა ჭუჭყიანი სურნელი ჰქონდა ზღვას.

ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი ნარამ, პირი გამოშრობოდა. ფეხებს მიათრევდა და მხოლოდ ის სურდა, რომ აქედან წასულიყო.

მაგრამ არ ეღირსებოდა, რასაკვირველია. ზედამხედველს აშკარად მომხდარის გამორკვევა სურდა.

თუმცა აღარაფერი გახლდათ გამოსარკვევი. თავისი ნათქვამის შეცვლას არ აპირებდა ნარა.

და ეს არ იყო ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი.

გადარჩა.

წყლიდან ამოათრია იმ კაცმა.

სორენმა.

გაიგო, თუ რა ხდებოდა მის თავს. მეძახდიო, უთხრა.

ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში ნარას.

რაღაც უხილავი, მისთვის გაურკვეველი ბმა იყო მათ შორის, რომელიც საშუალებას აძლევდა სორენის ხმა საკუთარ თავში გაეგონა. შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობისათვის უნდა გაესწორებინა თვალი ნარას, უნდა მიეღო ყველა მტკიცებულება ისე, როგორც იყო.

სორენს მასთან ტელეპათიური კავშირი ჰქონდა.

ტელეპათიაზე რომელიღაც წიგნში წაეკითხა რამდენიმე წლის წინ ნარას, მაგრამ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს მითი გახლდათ, შეუძლებელი რამ, რისთვისაც ჯერ კიდევ ვერ მიეღწიათ ადამიანებს და ვერც ვერასოდეს მიაღწევდნენ, მათი შესაძლებლობების საზღვრებს თუ გაითვალისწინებდა.

მაგრამ ეს არ ცვლიდა იმას, რომ მკაფიოდ მოესმა გონებაში სორენის ხმა. ხან ესაუბრებოდა სორენი, ხან მათ ბმას იყენებდა, ისე, რომ წესით ოდნავი ეჭვიც კი არ დარჩენოდა ნარას.

მისი ბოლო სიტყვები წამოუტივტივდა თავში.

„იმიტომ რომ ჩემი სულწყვილი ხარ.“

სულწყვილი.

ეს სიტყვა სადღაც გაეგონა. ბუნდოვნად ახსოვდა. ჩურჩულით ნათქვამი, ღრიანცელით აღსავსე ქუჩის კუთხეებში, მაღაროს შორეულ კუნჭულებში, თავშესაფარში, ჩაკეტილი კარის მიღმა, გაცრეცილი მოგონებების მქრქალ ცისფრად დაფერილი სიტყვა, რომელსაც კარგა ხანი გახლდათ, რაც ნაცრისფერი მტვერი მოსდებოდა.

სულწყვილი უზადო პარტნიორებს ნიშნავდა. ადამიანს, რომელიც სრულყოფილი მეორე ნახევარი უნდა ყოფილიყო.

სხვა სიტყვებიც ამოუტივტივდა თავში ნარას. სიტყვები, რომელთაც გაცვეთილი, თითქმის გამწყდარი ძაფით უკავშირდებოდა მისი მოგონება.

ბედისწერა. იღბალი. იშვიათობა. წარსული და მომავალი, სულის მარადიული მუდმივობა და სულწყვილის სიცოცხლის ხაზები, რომლებიც ხანდახან იკვეთებოდა, ხანდახან არა.

თუმცა, სულწყვილს შორის ტელეპათიურ ბმაზე არაფერი გაეგონა ნარას.

მითი. მითი გახლდათ. ლეგენდა, მეტი არაფერი. ლეგენდა, რომელიც ისეთივე მქრქალი, შეუმჩნეველი და წარმავალი გახლდათ, როგორც ყინვისას მისი ტუჩებიდან თეთრ ქულებად გადმოღვრილი სუნთქვა.

არადა სორენი დარწმუნებული ჩანდა. დარწმუნებული იყო იმაში, რომ არამარტო არსებობდა აქამდე ძლივს შემონახული მითი, არამედ იმაშიც, რომ მისი სულწყვილი იყო ნარა.

სიგიჟე იყო ეს ყველაფერი. გაუგონარი სიგიჟე და მეტი არაფერი.

თავი ასწია ნარამ, ეცადა ფიქრები გონებიდან გამოებერტყა. არ იყო ახლა ამაზე ფიქრის დრო. ნაბიჯს აუჩქარა, რომ ზეფირს დასწეოდა, რომელიც უკვე განათებულ შახტაში მიალაჯებდა.

ხათქუნებდნენ წერაქვები, რახრახებდნენ მაზიდები და დახუთულ, ცხელ ჰაერთან ერთად სწვავდა ნარას მაღაროელთა დაჟინებული მზერა. მუშაობდნენ, თან გამალებით ადევნებდნენ თვალს.

ეჭვიც არ ეპარებოდა ნარას, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა უკვე.

ისე გაიარეს მაღაროს დაუსრულებელი ლაბირინთი, რომ ფეხი არ შეუნელებია ზეფირს და გაუსაძლისი დაღლილობა მოერია ნარას. მოქანცვის მიუხედავად სამუშაოზე ყოფნისას სუფთა ადრენალინზე ახერხებდა მუშაობას მისი ორგანიზმი, მაგრამ ახლა ესეც გამოეცალა. ძლივს მილასლასებდა, თითქოსდა დაწყვეტოდა მყესები და უმალ ძვლებისა და ხორცის გროვად ჩაიშლებოდა მიწაზე.

გასასვლელთან ახლოს მყოფ გამოქვაბულში როცა გავიდნენ, ფეხებს გაჭირვებით იმორჩილებდა ნარა. მარჯვნივ, კედელში გამოჭრილი დერეფნისაკენ გაუხვია ზეფირმა, სადაც ზედამხედველთა კაბინეტები განეთავსებინათ.

ვეებერთელა გასასვლელისაკენ გაიხედა ნარამ. იქვე მცველები გამაგრებულიყვნენ, ერთი კედელს მიჰყუდებოდა და აშკარად თვლემდა, დანარჩენები ქორივით გამჭოლი მზერით იმზირებოდნენ აქეთ-იქით. ერთმა ახედ-დახედა, მაგრამ წამსვე აარიდა თვალი. გარედან ცივი, ღამის კუნაპეტს შერეული ლურჯი სინათლე იღვრებოდა, და გიგანტური სვეტებივით ატყორცნილიყვნენ ცაში ლერვიქენის რაიონის ცისფრად დაკოპლილი, რუხი ცათამბჯენები, რომელთა თავზეც ზორბა ავდრის ღრუბელი წამომართულიყო.

თავი დახარა ნარამ და მიტრიალდა, ზეფირს მიჰყვა.

კაბინეტის გაპრიალებული მეტალის, მოლაპლაპე კარის საკეტი ციფერბლატით გააღო ზეფირმა და ზათქით შეაღო კარი.

-შემოდი! – დაიყეფა მან და წამსვე შეიძურწა შიგნით ნარა. 

კარი ჩხაკუნით დაიხურა მათ უკან.

მიმოიხედა ნარამ. ცივი რუხი კედლები შიშვლად დაეტოვებინათ, ჭერიდან სანათი კონწიალებდა, რომლიდანაც თეთრი სინათლე იფრქვეოდა გარშემო, იატაკზე დადგმულ მაღალ თაროებსა და მათში შეწყობილ ათასნაირ ხარახურას ეფინებოდა. ორი მაგიდა იდგა, ერთი მოზრდილი, ცენტრში ჰოლოგრამის პანელითა და მის მარჯვნივ მომცრო. მომცრო მაგიდასთან ზედამხედველის თანაშემწე წამოჭიმულიყო, და წამსვე გაიჯგიმა, იჭვნეული მზერა მიაპყრო.

კართან შეყოვნდა ნარა. ხელები გადაეხლართა ერთმანეთში და თავის სველ ტანსაცმელში თრთოდა. უსიამოვნოდ მისწებებოდა სახეზე ნიღაბი, კანი ეწვოდა.

ბოლთას სცემდა ზეფირი. მერე კი მოტრიალდა, მზერით გაბურღა ნარა.

-რა მოხდა? – კბილებში გამოსცრა მან. – იდიოტების გროვა რომ დამიყენებია მცველებად, მაგდენს კი ვხვდები! შენ მაინც გამაგებინე წესიერად, ვის უნდა დავაბრალო? რა ჯანდაბა მოხდა?

-ჭერში ნაპრალი გასკდა. – თქვა ნარამ, მაგრად ისრესდა გაყინულ ხელებს. – მეტი არაფერი. მცველებმა გამოაღწიეს. და მე. სხვებმა ვერა.

ზეფირი თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა.

-მეტი არაფერი? – წამოიძახა მან. – როგორ თუ მეტი არაფერი? როგორ თუ გასკდა? ასეთი რამ არც კი მსმენია! – ატყდა ის.

იტყუებოდა. ძალიან კარგად ახსოვდა ნარას, თუ როგორ ჩამოწვა მაღაროს მიწისქვეშა ქსელის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ შორეულ შახტაში ჭერი, ოციოდე მუშა მოიყოლა. ვერავინ გამოიყვანეს.

ორი წელი იქნებოდა იმ შემთხვევიდან გასული. და არც გახლდათ ეს ერთადერთი შემთხვევა.

ჩაფარცხეს, რასაკვირველია. ის ნაწილი ვითომ შეაკეთეს, მერე კი ამოქოლეს, გვარიანი ხარჯიც ჰქონდათ. იქეთ აღარავის უშვებდნენ.

და როგორც ჩანდა, ახლაც იგივე მოხდებოდა. მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლა უფრო ძვირად დაუჯდებოდათ ეს ყველაფერი.

-დაწვრილებით მომიყევი! – აგრძელებდა ზეფირი. – რა გაიგონე? რა დაინახე?

კინაღამ ოხვრა აღმოხდა ნარას, ფეხზე ძლივს იდგა დაღლილობისაგან, უსიამოვნოდ სცემდა პულსი საფეთქლებში. უბრალოდ უნდოდა სახლში წასულიყო, ეს სველი ტანსაცმელი გაეხადა და თავის თბილ ლოგინში მოკაკვულიყო.

-გუგუნი გავიგონე. – ამოილუღლუღა ბოლოს. – ჯერ ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მერე დავინახე, ნაპრალი როგორ გასკდა ჭერზე. ტალახიანმა წყალმა გადმოხეთქა. მალე ისე აივსო იქაურობა, რომ კედელზე ავძვერი რომ არ დავმხრჩვალიყავი.

ზედამხედველის თანაშემწე თვალებდაქაჩული შესცქეროდა.

-მცველები? მცველები რას მიკეთებდნენ? – დაიყეფა ზეფირმა.

-მცველები… – შეყოყმანდა ნარა, იმედი ჰქონდა რომ ეს ყველაფერი ცუდად არ მოუტრიალდებოდა. – მცველებმა თავს უშველეს. კიბეზე ავიდნენ. მერე კი მეც მივყევი, სხვებმა კი ვერ გამოასწრეს. – სწრაფად დაამატა მან.

მკერდზე გადააჯვარედინა მკლავები ზეფირმა. ნიღაბი უფარავდა ცხვირსა და პირს, მაგრამ აშკარა გახლდათ, თუ როგორ მოღმეჭოდა სახე მრისხანებისაგან.

-რამდენი წელია ის გამოქვაბული იქაა და ახლა რაღა ეტაკა? – იფეთქა მან.

-ალბათ ძალიან თხელი იყო შრე ზღვასა და გამოქვაბულს შორის… – ფრთხილად დაიწყო ნარამ.

-ბოდიალობ რაღაცას. – ხელის აქნევით გააწყვეტინა ზეფირმა. – ამდენი წელი არაფერი მომხდარა და რაღა ახლა მოხდებოდა? თან სულ ვამაგრებდით ჭერს, ხომ? ხომ? – თანაშემწეს მიუბრუნდა ის.

-აბა რა, ბატონო ზედამხედველო! – წამსვე კვერი დაუკრა მან. – წინა კვირას შეაკეთეს ჭერი!

არავის არაფერი შეეკეთებინა იქ. მხოლოდ ის უკვირდა ნარას, რომ აქამდე არ მომხდარიყო რამე.

მაგრამ ხმა არ გაუღია.

-რამე სხვა ხომ არ გაგიგონია? – მოუბრუნდა ზეფირი. – ხალხი ხომ არ იყო ზემოთ? რამე გრუხუნი? – ხმას დაუწია მან, თვალები მოჭუტა. – აფეთქება?

უსიტყვოდ შეაჩერდა ნარა.

ვერ დაიჯერებდა, რომ ზედამხედველს იმ სისულელის სჯეროდა, რომელიც ამ წამს წამოროშა. მხოლოდ პასუხისმგებლობის აცილება სურდა აშკარად და მეტი არაფერი. ამისათვის კი ნებისმიერ რამეს შეთხზავდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობები იგაზან-ლაში კანონიერად მხოლოდ ულსტერს ჰქონდა, მაგრამ ძალიან იშვიათად იყენებდნენ. არც კი ახსოვდა ნარას, თუ როდის გაეგონა ბოლოს ულსტერის მხრიდან ასაფეთქებლების გამოყენებაზე.

რაც იმას ნიშნავდა, რომ რაღაც არალეგალურზე მიანიშნებდა ზედამხედველი.

-არა. – თქვა ბოლოს ნარამ. – არ გამიგონია. ნაპრალიდან ისედაც მოდიოდა წყალი. უბრალოდ ვეღარ დაიკავა იმოდენა სიმძიმე.

-დარწმუნებული ხარ? – ზეფირი თვალებმოწკურული შესცქეროდა.

-დიახ. – ამოღერღა ნარამ.

კვლავ ხელი აიქნია ზეფირმა, აშკარად გაბეზრებულმა.

-წადი, მოცილდი! – დაიყეფა მან. – არაფრის მაქნისო გოგო! თქვენ ხო ვერაფერში გენდობათ კაცი… გაეთრიე!

მიტრიალდა ნარა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან, სანამ ზეფირი აზრის შეცვლას მოასწრებდა.

სისინით დაიხურა მის უკან კარი და კანკალით ამოიხვნეშა ნარამ, ბოლო ძალ-ღონე მოიკრიბა გასასვლელისაკენ გაემართა.

დარაჯებმა წამსვე მოაპყრეს მზერა და როცა მიუახლოვდა მათ ნარა, ერთმა შაშხანა ასწია, გზა გადაუკეტა.

-მორჩი საქმეს? – ჰკითხა მან.

-ზედამხედველმა გამომიშვა. – მიუგო ნარამ, კაბინეტისაკენ გაიშვირა ხელი.

დარაჯმა იჭვნეული მზერა მოაპყრო, მაგრამ მაინც დასწია შაშხანა და თავი დაუქნია.  

გასასვლელში გააბიჯა ნარამ და წამსვე შემოჰკრა სხეულზე ლერვიქენის ღამის ყინულოვანმა ჰაერმა, უფრო მეტად აძაგძაგდა. რუხი, ცის კამარაზე დაგრაგნილი ღრუბლების მიღმა შემალულიყო მთვარე და არსად მოჩანდა გაიას ვარსკვლავიც. გარემოს მხოლოდ ალაგ-ალაგ მაღაროდან გამავალ ბილიკთან აღმართული ლამპიონები, ლერვიქენის ცათამბჯენების ფანჯრებიდან გამოღვრილი სინათლე და მაღაროს მიღმა ქუჩაში ნეონის ნიშანთა შუქი ანათებდა.

სხეულზე მოიხვია მკლავები ნარამ, ზემოთ აიხედა. ჭყლაპუნებდა მისი ფეხსაცმელი და ისეთი მძიმე იყო მის მხრებზე დაწოლილი უნიფორმა, როგორც არასდროს.

ძლივს მილასლასებდა. ბდღვირი ასდიოდა მისი თითოეული ნაბიჯისას მიწას და მტვერი მოსდებოდა სველ შარვალზე.

ძლივს, სვენებ-სვენებით აათავა ბილიკი და დაუყვა ქუჩას, მერე კი გაჭირვებით აძვრა სადგურზე.

თითქმის ცარიელი იყო მატარებლის ვაგონი და ნარას სუნთქვას დაეორთქლა ჭუჭყიანი ფანჯრის მინა. ვიღაც კაცი საკუთარ თავს ებუტბუტებოდა ვაგონის კუთხეში, მირახრახებდა მატარებელი და მობუზულიყო კართან ახლოს, პაწაწინა სკამზე ნარა.

თვალები ეხუჭებოდა. რამდენიმეჯერ ჩასთვლიმა კიდეც. მერე კი გამოახელდა თვალებს და მიმოიხედავდა, ვაგონის სანახევროდ ჩამოფხრეწილი პოსტერებით დაფარულ კედლებს ათვალიერებდა, გამოფხიზლებას ლამობდა.

„შრომა ჯანმრთელობაა! იშრომე და დაამარცხე დაავადებანი!“

„იგაზან-ლასა და გულაამის გამარჯვება გარდაუვალია!“

„უსაქმურობა იგაზან-ლას ღალატია!“

„ვინ იქნება პირველი დილით პირველი მაღაროში? იშრომე და მიიღე ჯილდო!“

ხოტბას ასხამდნენ გულაამსა და იგაზან-ლას. ლატარიაში მონაწილეობას მოუწოდებდნენ. რაღაც დღესასწაულზე ლაპარაკობდნენ, რომელიც ას მესამოცე დღეს უნდა ჩატარებულიყო.

შრომა, შრომა და შრომა.

პირი იბრუნა ნარამ. ვეღარაფერს ფიქრობდა, თითქოს ბამბით გამოტენოდა თავი. უაზროდ შეჰყურებდა დაორთქლილი მინის მიღმა ძვლების რაიონის რუხ, მომწვანო და ლურჯ ლაქებად ქცეულ ხედს.

მერე კი ანაზდად დაუგუბდა ყურები.

იგრძნო, რომ მარტო არ იყო.

წამოჯდა ელვის სისწრაფით, თვალები გააცეცა.

მამაკაცის შორეული ხმა მოესმა თავში.

‘დაგკითხეს?’

დაიძაბა ნარა, თვალები გაუშტერდა.

უნდოდა ეპასუხა. რამენაირად უნდა ეპასუხა.

ერთიანად დაიძაბა, ეცადა იმ შეგრძნებაზე კონცენტრირებულიყო, რომელიც მისი გონების შორეულ კუნჭულში აღმოცენებულიყო, საიდანაც სორენის ხმა ესმოდა. შეეცადა გვერდზე გადაეგდო ყველაფერი, მისი დისკომფორტი, მატარებლის გრუხუნი, ვაგონის ქანაობა, იმ კაცის ბუტბუტი და საკუთარი გულისცემაც კი.

‘კი’. გაიფიქრა მან, ეცადა რაც შეიძლებოდა მკაფიო ყოფილიყო მისი განაფიქრი.

და სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს, ისეთი ძალით დაისრისა ხელები, რომ კინაღამ გადაიმტვრია.

‘რა გკითხეს? გამოგიშვეს?’

ხელები უკანკალებდა ნარას, თითები ნიღბით დაფარულ პირზე აიფარა. არც კი სჯეროდა, რომ ეს მის თავს ხდებოდა.

წელში გასწორდა და კიდევ ერთხელ სცადა კონცენტრირება.

‘გამომიშვეს. მკითხეს, რა როგორ მოხდა.’

მერე კი შეყოვნდა, თვალები მაგრად დახუჭა. ახლაც რეკავდა მის თავში მაღაროელთა ღრიალი და შაშხანის გამაყრუებელი ჭექა. ყინულოვანი წყალი და ის სულშემხუთველი სიმძიმე, რომელიც გულმკერდის შელეწვას უქადდა.

სორენმა კი იქედან ამოიყვანა. 

ხელები მაგრად მომუჭა ნარამ.

‘მადლობა.’ გაიფიქრა მან. ‘რომ გამომიყვანე’.

‘მადლობა არ არის საჭირო’. თქვა სორენმა. ‘იქ არ დაგტოვებდი.’

გაყინულ, შიშითა და დაძაბულობით აღსავსე მკერდში უცნაური გრძნობა გაუღვივდა ნარას, თბილი და უცხო, ისეთი უცხო, რომ სუნთქვა შეეკრა.

თუმცა ეს არ უნდა ეთქვა სორენს. ერთმანეთს არ იცნობდნენ. მხოლოდ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ სორენის აზრით სულწყვილი იყვნენ და ამასთან იყო დაკავშირებული მათი ბმა.

ტკბილმწარე იყო ეს აზრი.

-კარგია, რომ არ დამტოვე. – თავისთვის ჩაიჩურჩულა მან. იმედი ჰქონდა, რომ სორენი ამას ვერ გაიგონებდა.

‘როგორ ხარ?’ ჰკითხა სორენმა.

‘ცოცხალი ვარ’. მიუგო ნარამ. ‘შენ? გააღწიე?’

‘კი.’

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ვაგონში მყოფი კაცის ბუტბუტი და მატარებლის რიხინი არღვევდა. მაგრამ არსად დაკარგულიყო ის შეგრძნება, რომ ვიღაც იყო ნარასთან სულ ახლოს, რომ მარტო არ გახლდათ.

არც კი იცოდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფრის მიუხედავად უცხო იყო სორენი. უცხო და მეტი არაფერი.

უცხო, რომელმაც გამოქვაბულიდან ამოათრია.

‘ნარა?’ ჩაესმა და მაგრად დახუჭა თვალები, თავი გადააქნია.

და როგორც ანაზდად მოვიდა ის შეგრძნება, ისევე გაქრა.

და ყინულოვანი სიცივის მეტი არაფერი დარჩა მის გარშემო.

გრძელი იყო გზა მის კორპუსამდე და უფრო გრძელი გახლდათ კიბე, რომელსაც აუყვა საკუთარ ბინამდე ასასვლელად. მძლავრი და უწყალო იყო იგაზან-ლას ლურჯი ქარი, რომელიც მათი კორპუსის ნაგვის გროვის მყრალ სურნელს მიაქროლებდა და თან მოჰქონდა მომავალი ავდრისა და ახალი დღის სურნელი, რომელსაც იმედისა და შიშის ტკბილმწარე გემო დასდევდა. ქროდა ქარი და ტანსაცმელი ზედ შეახმა თითქოს კიბეზე ჩაბღაუჭებულ ნარას, ჰაერში გაჩხერილს, როგორც ცაზე გამოკიდებულ გაიას ვარსკვლავს.

ძლივს გადაძვრა მოაჯირზე. ჩაიარა დერეფანი. და ჩხაკუნით დაიკეტა მის უკან ბინის კარი.

შემოსასვლელში იდგა, ქშინავდა. ფანჯრიდან ლურჯი სინათლე იღვრებოდა და ავდრის ღრუბლები დასწოლოდნენ იფლიჰემის უცვლელ, რძისფრად მოკიაფე გუმბათს.

ტანსაცმელი და ნიღაბი მოიძრო ნარამ, იქვე მიჰყარა, სიცივისაგან აბუზულიყო. მხრები აეწურა, მუშტები მაგრად შეჰკვროდა, თმა ყალყზე ედგა და ძალიან ცივი, უხეში იყო ბეტონის იატაკი მის ფეხქვეშ. მხოლოდ სიცივეს გრძნობდა, სხეულზე შემშრალ მლაშე წყალს, რომელიც თითქოს კანს უწვავდა და აუტანელ დაღლილობას, რომელიც ვეებერთელა ლოდად დასწოლოდა ზურგზე.

წყალი დალია, მერე კი, როცა ჭიქა დადო, წამიერად საკუთარ თითებსა და მაჯაზე მოუხვდა მზერა.

ფერმკრთალი, ჭორფლებითა და ხალებით დაკოპლილი კანი და თითოეული ლურჯი ვენა, რომელიც ზედმეტად ახლოს ფეთქავდა კანის ზედაპირთან, თითქოს გამოსკდომას ლამობდა. ალაგ-ალაგ მიმოფენილი დალურჯებები, როგორც იგაზან-ლას ლურჯი სინათლით დაკოპლილი ცათამბჯენები და ძვლები, რომელთა სილუეტიც მშვენივრად მოუჩანდა. მაჯებზე, იდაყვთან, მკერდის ქვეშ, თეძოებზე, მუხლებზე.

თვალები დახუჭა ნარამ, სახე მოისრისა, სახესა და მკერდზე გადმოყრილი თმა უკან გადაიწია. ამიტომ არ ჰქონდა სარკე და არც არასოდეს ექნებოდა.

ბოლოს საკუთარი თავი ალბათ თავშესაფრის სარკეში ენახა, ათ წელიწადზე მეტის წინ. იცოდა, რომ წვრილი სახე, მუდამ ამოღამებული, ცივი თვალები, მათზე გადმოყუდებული, შეკრული წარბები და დაჭორფლილი კანი ჰქონდა, რომელსაც მუქი ყავისფერი თმა შემორკალოდა გარშემო ფარდად.

იმის მერე გაკვრით დაენახა საკუთარი თავი. რეჯინალდისა და სამარას ბინის სარკეში, ცათამბჯენების ფანჯრებში, ვიტრინებსა და ფურგონების ალაპლაპებულ მეტალის კორპუსებში, ისეთივე მქრქალი, წარმავალი და გაცრეცილი, როგორც ძველი მოგონება, როგორც მოჩვენება, რომელსაც გაქრობამდე აღარაფერი უკლდა.

ხანდახან ასე გრძნობდა კიდეც თავს. როგორც მოჩვენება, რომელსაც გაქრობამდე აღარაფერი უკლდა.

შეიძლება ასეც გახლდათ.

იატაკზე მიმოყრილ ბატარეებს, მილებს, სადენებსა და რამდენიმე ქოთანს გადააბიჯა, რომ სააბაზანო კუთხემდე მიეღწია. იმ დღიდან, რაც ბინაში შემოიჭრა ულსტერი, ვერ მოაბა თავი ყველაფრის ალაგებას, ენერგია არ ჰქონდა.

ტუალეტზე საქმე მოითავა. მერე კი ნიჟარაში მოგროვებული წყალში დაასველა ჩვარი, შეძლებისდაგვარად მოიწმინდა სხეული, რომ ცოტათი მაინც მოეშორებინა მასზე შემშრალი მლაშე წყლის წვა.

თაროებს მიუახლოვდა. ტანსაცმლისაკენ გაიწვდინა ხელი.

მერე კი დაინახა.

მისი ხელის ჩრდილის გვერდით, თაროზე წამოჭიმულ, მეტალის ქოთანში დალანდა რაღაც.

რაღაც, რაც აქამდე არ ენახა.

თვალები დაახამხამა ნარამ. მყისიერად მოგვრილმა გაოცებამ თითქმის მთლიანად წარიტაცა მის გონებას მოგვრილი ძილ-ბურანი.

ქოთანში, შავი მიწის პატარა ბელტებს შორის პაწაწინა რაღაც ამოწვერილიყო.

ყლორტი. ლურჯი შუქჩრდილით დაფარული, ისეთი, როგორიც მხოლოდ წიგნებში ენახა.

დაიხარა ნარა, უფრო ახლოდან დააკვირდა. პაწაწინა რტო და ორი აქეთ-იქით გაშვერილი ფოთოლი ჰქონდა ყლორტს და იმის მიუხედავად, რომ ხელის შეხებაც კი ეშინოდა მასზე ნარას, ამოზიდულიყო, გაუნძრევლად და ისეთივე მყარი ჩანდა, ძლიერი და უშიშარი, როგორც იგაზან-ლას ცათამბჯენები.

ტუჩები აუთრთოლდა ნარას. ვეზუვის ბიბლიოთეკაში წიგნებთან ერთად სხვადასხვანაირი მსხვილმანი თუ წვრილმანი მოჰქონდათ, და ფაიფურის ყუამოტეხილ ჭიქებს, ძველებურ ტელეფონებს, ფუნჯებს, ყვავილებიან თეთრეულს, ხის სარჭებს, ტილოებსა და მინის ბოთლებს შორის კაკლებით სავსე პატარა პარკუჭი იპოვა, რომელზეც ძაფით ამოექარგათ წითელი ნაყოფი.

ბროწეული.

და წლების მანძილზე ეზიდებოდა ძვლების რაიონის სხვადასხვა ადგილიდან მიწას ნარა, და სათითაოდ იყენებდა კაკლებს, ადგილს უცვლიდა ქოთანს და ცვლიდა თვით ქოთანს, მეტალის ძირებს უხვრეტდა, სცადა წვიმის წყალი, გაფილტრული წყალი, და ყველაფრის სხვადასხვა კომბინაცია, მაგრამ არასოდეს მიეღწია იმისათვის, რაც პაწაწინა კაკალმა შეძლო.

ცოტა ხანი ქოთნის წინ ჩაიყუნცა ნარა, ყლორტს შეჰყურებდა. კინაღამ გადაავიწყდა სიცივე, მაგრამ მალევე შეახსენა თავი მისმა გაყინულმა სხეულმა, როცა მოკეცილი ფეხები დაუბუჟდა.

წამოდგა, გაჭირვებით და ფრთხილად მოსინჯა ყლორტის გარშემო მიწა. მშრალი იყო, და რუდუნებით მოასხა ცოტა წყალი ჭიქიდან ნარამ, სანამ საკმარისად არ მოლბა მიწა.

გამოუვიდა. მოახერხა.

ტანსაცმელი ისე გადაიცვა ნარამ, რომ პაწაწინა ყლორტისათვის თვალი არ მოუშორებია.

ძაგძაგებდა, როცა ლოგინში შეწვა, ტანსაცმელი და საბანი გადაიფარა.

მალევე შეთბა.

ქოთანს და მასზე მოდებულ, ფანჯრიდან შემოღვრილ ლურჯ სინათლეს შეჰყურებდა.

სადღაც ორ საათში ხელახლა უნდა წამომდგარიყო მაღაროში წასასვლელად, თუმცა ეს აღარ აწუხებდა.

იწვა, და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ იბრძოდა ქოთანში ჩარგული პაწაწინა კაკალი სიცოცხლისათვის.

იმაზე არ ფიქრობდა, თუ რა გადახდა რამდენიმე საათის წინ. არც სორენზე ფიქრობდა. არც იმაზე, რომ მისი სულწყვილი უნდა ყოფილიყო. ამაზე არ ფიქრობდა. სულ არა.

თვალები დახუჭა ნარამ.

და მალევე ლოგინის თბილ წყვდიადში ჩაუდნა სხეული.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

„სამწუხაროდ, შეყვარებულობის პერიოდის მარადიულობა მითია და არა ფაქტი. ექიმ-ფსიქოლოგმა დოროთი ტენოვმა, რომელსაც გრძელვადიანი კვლევები აქვს ჩატარებული სიყვარულის ფენომენზე, მრავალი წყვილის შესწავლისას დაასკვნა რომ რომანტიკული აკვიატების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა…“

წიგნი ჩუმი ბათქით დახურა ნარამ და გვერდზე მიაგდო, წამსვე შეუერთა ასევე მიგდებული, ერთმანეთზე ახორიალებული წიგნების გროვას.

ესეც არ იყო ის, რაც სჭირდებოდა.

ამოიხვნეშა ნარამ, მიმოიხედა. ვეზუვის ბიბლიოთეკაში ჩამოწოლილი ყვითელი სინათლე ციმციმებდა, მის გვერდით, გვირაბის გრძელ კედელთან აღმართულ უთვალავ თაროებს, წიგნებსა და ამტვერილ მიწას ეფინებოდა. ციოდა, ძალიან ციოდა და უფრო მაგრად მოიკუნჭა ნარა, ხელები დაისრისა, რომლებიც ხელთათმანების მიუხედავად გაჰყინვოდა. ფეხის თითებსაც გაჭირვებით ამოძრავებდა უკვე.

რამდენიმე საათი იჯდა აქ. და როცა გამთენიისას ჩამოვიდა აქ, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თავისუფალი დღე სულწყვილზე მეტი ინფორმაციის მოძიებისათვის გამოეყენებინა.

უშედეგოდ. რასაკვირველია არც კი იცოდა რას ეძებდა, მაგრამ ეძებდა წიგნებს, რომლებიც ურთიერთობასა და სიყვარულზე იყვნენ, რამდენიმე მითოლოგიის წიგნიც კი გამოქექა საიდანღაც. ოცდაათიოდე წიგნს გადახედა, სარჩევს გადაავლებდა თვალს და კითხულობდა ალაგ-ალაგ, მაგრამ ვერსად მიაგნო ინფორმაციას სულწყვილზე.

ამჯერად მთელი ინფორმაცია, რაც ჰქონდა, მის არასანდო, გაცვეთილი მოგონებებიდან აღმოცენებულიყო.

აქამდე არ უნდოდა ამაზე ფიქრი ნარას. უკვე ექვსი დღე გასულიყო იქედან, რაც კინაღამ ჩაყლაპა მორევმა, ექვსი დღე გასულიყო იქედან, რაც სორენმა იქედან ამოათრია, და ხუთი დღე, რაც ბოლოს გაეგონა მისი ხმა.

სორენი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. მაგრამ არ უპასუხია მისთვის ნარას. რატომღაც ვერ შეძლო. ანდა არ უნდოდა.

ალბათ არ უნდოდა ამ ყველაფრისათვის თვალის გასწორება. ისე მიღება, როგორც იყო. ისედაც საკმარისად ჰქონდა პრობლემები.

მაღაროში ხმები გავრცელდა, რევოლუციონერების ბრალია, გამოქვაბულში რომ ჭერი ჩამოწვაო. ჩურჩულებდნენ, საიდანღაც ასაფეთქებელი მოწყობილობები ხელთ იგდესო. თურმე მათი ზედამხედველი ხმამაღლა გაიძახოდა, ჩვენს რიგებში ტერორისტები და სეპარატისტები არიანო.

და ნარას, როგორც ერთადერთ გადარჩენილ მაღაროელს, ზოგ-ზოგიერთები ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ეს ყველაზე ნაკლებად უნდოდა. უბრალოდ სურდა მოსულიყო, ემუშავა, საჭმლის პაკეტები მიეღო – რომელთაც ახლაც კი ძალიან ცოტას აძლევდნენ, სოგდალის რაიონში ქარხნების „რემონტის“ გამო, და სახლში წასულიყო.

მაგრამ რასაკვირველია, აღარ ჰქონდა ამის სიამოვნება.

ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ქორივით ადევნებდნენ თვალს და იცოდა ნარამ, რომ განსაკუთრებით ის დამპალი ფელიქსი გახლდათ განრისხებული – სხვა მუშებთან ერთად ორი დღე მოუწია ემუშავა გამოქვაბულთან იმისათვის რომ წყალს არ დაეტბორა შახტა. შორიდან დაუბღვერდა, რამდენჯერმე მოვიდა კიდეც და უშვერი სიტყვებით გამოლანძღა. გამანაყოფიერებლებთან რომ წათრეულიყავი, ეს არ მოხდებოდაო.

არ შეეპუა ნარა, ერთი-ორმა მხარი აუბა კიდეც და ვერაფრის გაკეთება ამიტომ ვერ გაებედა ფელიქსს. ნარაც ყურადღებით ადევნებდა მას და მის დამქაშებს, მათ, ვისთანაც ერთად ამდენი ხანი მოუწია გამოქვაბულის პრობლემის ლიკვიდაცია – ბრუნოს, ატლასსა და ლაზარეს. ფრთხილობდა, ცდილობდა მარტო არასოდეს ყოფილიყო, ხალხთან ერთად გადიოდა და მოდიოდა.

ეს ვერაფერს შეცვლიდა რასაკვირველია, ფელიქსს რომ რამის ჩადენა მონდომებოდა, მაგრამ ცდიდა მაინც.

თვალები დახუჭა ნარამ. ამაზე ფიქრი აღარ უნდოდა.

სორენი მეორე დღეს დაუკავშირდა. ჰკითხა, როგორ იყო.

მაგრამ მაზიდის დატვირთვაში იყო გაქაფული ნარა, პასუხის გაცემას კი იმოდენა კონცენტრაცია დასჭირვებოდა წინა ჯერზე, რომ თავი არ ჰქონდა.

იმის შემდეგ აღარ გაეგონა სორენის ხმა.

მაგრამ ხანდახან რაღაც-რაღაცებს გრძნობდა. რაღაცებს, რაც მისი გრძნობა არ უნდა ყოფილიყო.

ცვლის ბოლოს, საშინლად გადაღლილს, ფეხზე რომ ძლივს იდგა, წამიერად მოუვლიდა ძალ-ღონის ნაპერწკალი, რომელიც თითქოს არ იყო მისი. ღამე ეღვიძებოდა, ხშირად და უძილობის მიუხედავად, სიფხიზლე აიტანდა ნახევარი საათის მანძილზე, ვერ იძინებდა. და წამოუვლიდა უცნაური, ცივი ნაღველი და მრისხანება, რომელიც არანაირად არ იყო დაკავშირებული თითქოს იმასთან, რაც მის გარშემო ხდებოდა და რასაც წამის წინ განიცდიდა.

ალბათ სორენის ემოციები უნდა ყოფილიყო.

თან ლოგიკურად მიაჩნდა ეს ამბავი ნარას, თან არ უნდოდა რომ სიმართლე ყოფილიყო. სორენის მადლობელი გახლდათ, რასაკვირველია, მაგრამ თუ სიმართლე გახლდათ ის, რაც სორენმა უთხრა, ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლიდა. და ფიქრიც არ უნდოდა ნარას, თუ რამდენი რამის შეცვლა შეეძლო.

და იმის გათვალისწინებით, რომ იგაზან-ლაში მონოგამიას გმობდნენ, ალბათ ესეც არაკანონიერი იქნებოდა.

მაგრამ ცნობისმოყვარეობა ჭამდა. ამიტომ გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში მოსვლა და სულწყვილზე წიგნების გამოძებნა.

ვერაფერს მიაგნო და იჯდა, გაწბილებული.

იქნებ სორენისთვის ეკითხა. მან აშკარად უფრო მეტი იცოდა, ვიდრე თვითონ.

და ამის გაფიქრებისთანავე ცივმა ოფლმა დაასხა ნარას. ხელები მაგრად მომუშტა და გაშალა, გული ძალუმად აუძგერდა მკერდში. მღელვარებამ შეიპყრო.

შეეძლო ეცადა მაინც. აქამდე სორენს თვითონ არ დაკავშირებოდა, შეიძლებოდა არც გამოსვლოდა.

ისიც შესაძლებელი გახლდათ, რომ სორენი არ უპასუხებდა.

არ იცოდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი.

გასწორდა ნარა, დაიძაბა, თვალები დახუჭა. მისი ფიქრების მორევით აღსავსე გონებაში შეეცადა მოეძებნა მის შეგრძნება, ის შორეული, თითქმის მიუწვდომელი კუთხე, საიდანაც სორენის ხმა გაეგონა და წამიერად მოეფინა სიმშვიდე, ის დარწმუნებულობა, რომ ამას შეძლებდა. შეეცადა მისწვდენოდა იმ ძაფს და მიაგნო, მიაგნო მისი უკიდეგანო გონების კიდეზე, იქ, სადაც მის შავბნელ ფიქრებს ვერ მიეღწიათ, იქ, სადაც სინათლე იყო გვირაბის ბოლოს და მიხვდა, რომ ისეთივე ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი, როგორც სუნთქვა.

იგრძნო. მარტო არ გახლდათ. თითქოს მის გვერდით ჩამომჯდარიყო ვიღაც.

‘სორენ…?’ ფრთხილად გაიფიქრა მან.

მერე კი დაელოდა.

‘გისმენ, ნარა.’ მოესმა საპასუხოდ, თითქოს ძალიან შორიდან მომავალი, მაგრამ მაინც გასაგები ხმა და ოდნავი ხვნეშა აღმოხდა. თვალები გაახილა, მაგრამ განძრევასაც კი ვერ ბედავდა, რომ კონცენტრაციაში ხელი არ შეშლოდა, რომ ხელიდან არ გასხლტომოდა მათი ბმის ძაფი, ისეთი მყიფე და გაცვეთილი, რომ ცოტაღა უკლდა გაწყდომას.

მერე კი მიხვდა, რომ არც კი მოეფიქრებინა, თუ რა უნდა ეთქვა. თუ როგორ უნდა დაეწყო, ან რა უნდა ეკითხა. ყველაფერი მოექავა, უნდოდა ადგილზე აწრიალებულიყო, მაგრამ ვერ ბედავდა.

‘სულწყვილზე საიდან იცი?’ ჰკითხა ბოლოს.

და საუკუნედ მოეჩვენა მეორე მხარეს გამეფებული პაუზა.

‘ერთმა აღმზრდელმა მომიყვა.’ თქვა ბოლოს სორენმა. ‘დიდი ხნის წინ.’

‘ამიტომ შეგვიძლია ასე ლაპარაკი?’

‘კი.’

ამოიქშინა ნარამ. მაგიდაზე დადებული, ერთმანეთში გადახლართული ხელები მაგრად მოუჭირა ერთმანეთს.

‘და… როგორ მიხვდი რომ ასე შეგვეძლო?’

წამიერად არაფერი უპასუხა სორენმა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა ნარას, თითქოს ჭოჭმანობდა.

‘ას ოცდამეოთხე დღე გახსოვს?’ ჰკითხა მან. ‘აქცია ბინგემზე. ულსტერმა რომ მემანქანე ჩაცხრილა’.

რა დაავიწყებდა იმ დღეს ნარას. ასაფეთქებელის გამოყენება, საჭმლის პაკეტების მოპარვა, მასზე შემოჯარული ბრბო, კინაღამ რომ გაჭყლიტეს და ის აუტანელი ტკივილი.

‘მახსოვს’. მიუგო მან.

‘ტკივილიც გემახსოვრება.’ თქვა სორენმა. ‘ყველაფერი რომ გეწვის, თითქოს ხორცი მოგაგლიჯეს ძვლებიდან. ისეთი ტკივილი, სიკვდილს რომ მოგანდომებს.’

წარბები შუბლზე აუვიდა ნარას. იცოდა, რომ უცნაური იყო ის ტკივილი, მაგრამ ახსნა ვერ მოეძებნა.

‘ეგეც მახსოვს’. თქვა მან. ‘მეგონა ვკვდებოდი. მაგრამ მალევე გამიარა’.

‘ეგეთია სულწყვილის პირველი ფიზიკური კონტაქტი.’ თქვა სორენმა. ‘კავშირის დამყარება ძალიან მტკივნეულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგრეა. რანაირი ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ ეგ სულ სხვა იყო. მერე კი გიგრძენი. ახლოს იყავი. და მაშინვე მივხვდი.’

ხელები კინაღამ გადაიმტვრია ნარამ, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა რაღაცას, შორს, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ისე მოხდა, რომ მასთან ერთად ასობით ადამიანში იმყოფებოდა სორენიც და ბრბომ ერთმანეთს მიაჭყლიტა ისინი, რამაც ფიზიკური კონტაქტი გამოიწვია.

ახლა ყველაფრის ჩონჩხი ასე თუ ისე გასაგები გახლდათ. მაგრამ დეტალებიც უნდა გაერკვია.

‘ჩემ სხვა ფიქრებს კითხულობ?’ ჰკითხა მან.

‘კი, ნარა, თან ყველას’. თქვა სორენმა და თვალები კინაღამ გადმოსცვივდა ნარას.

‘იტყუები ხომ?’ უპასუხა სასწრაფოდ.

‘როგორ მიხვდი?’ უპასუხა სორენმა, მის ხმას ოდნავი ირონიული ელფერი გასდევდა. ალბათ ძალიან სახალისოდ მიაჩნდა ეს ყველაფერი.

თვითონ სულაც არ მიაჩნდა ეს ყველაფერი სახალისოდ.

‘კითხულობ თუ ვერა?’ ჰკითხა ბოლოს.

‘ვერა.’ თქვა სორენმა. ირონიის ნატამალიც კი არ დარჩენილიყო მის ხმაში. ‘თუ ძალიან ძლიერი ან ჩემდამი მომართული არაა ფიქრები, მაშინ არ მესმის.’

ძალიან ძლიერი. ალბათ ამაში ის იგულისხმებოდა, რაც ნარამ გადაიტანა ექვსი დღის წინ. სასოწარკვეთა და ყოვლისმომცველი შიში, რომელმაც მისი გონების ყველა კუთხე-კუნჭულში გაჟონა და გაუაზრებლად გახსნა ის ბმა, რომლის დახმარებითაც შეიტყო ყველაფერი სორენმა.

‘და ჩემი სახელი…?’ თქვა ნარამ.

‘ორიოდე კვირის წინ მგონი ავად იყავი.’ თქვა სორენმა. ‘ბოდავდი და უცნაური რაღაცები გესიზმრებოდა. იქედან.’

მხრები აიწურა ნარამ, მოიღუშა. მშვენიერი გახლდათ, უკეთესი ვერც იქნებოდა. სორენმა მისი ბოდვა და უაზრო სიზმრები გაიგო.

‘როცა მაღაროში ვიყავით… უკეთ მესმოდა.’ თქვა ბოლოს.

‘კავშირი უფრო ძლიერია, როცა ახლოს ვართ.’ თქვა სორენმა. ‘წესით დროის განმავლობაში ნელ-ნელა უნდა გაძლიერდეს. ისიც გამიგია, რომ თუ კავშირი საკმარისად ძლიერია, ერთი იმას ხედავს და ის ესმის, რაც მეორეს, მაგრამ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა.’

‘სულწყვილის თუ გჯერა…’ წამოიწყო ნარამ.

‘მე რეალობის მჯერა.’ მიუგო სორენმა. ‘სხვანაირად ამ ყველაფერს ვერ ახსნი.’

წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა.

‘შენ არ გჯერა?’ ჰკითხა სორენმა.

‘მჯერა.’ მიუგო ნარამ. ‘და სულ ასე იქნება?’ სწრაფად დაამატა მან.

‘ასე როგორ?’

‘ანუ სულ შევძლებთ ასე ლაპარაკს?’

‘მე და შენ სულწყვილი ვართ, ნარა.’ თქვა სორენმა. ‘თუ ყველაფერი ისეა, როგორც მახსოვს, მაშინ ყოველთვის შეგვეძლება ასე ლაპარაკი.’

 ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში ნერწყვი ნარამ. თითქოს ნელ-ნელა აცნობიერებდა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი და მათი კავშირის მიღმა მიჩქმალული მნიშვნელობის სიდიდე ზარავდა.

ბუნდოვნად ჩაესმა გვერდიდან ნაბიჯები, ვიღაცის ხმა ჩაესმა და შეცბა, გაიხედა, ელვის სისწრაფით.

და წამსვე გაუსხლტა ხელიდან მათი ბმის ძაფი.

გვერდით ვიღაც კაცი იდგა. რაღაცას ეკითხებოდა, მაგრამ ყურები დაგუბებოდა ნარას, ძლივს გამოერკვა.

თვალი გაუსწორა კაცს, რომელიც ცივი ცისფერი თვალებით შემოჰყურებდა. კვლავ მუქი მწვანე უნიფორმა ეცვა და ნიღაბი ეკეთა, მაგრამ წამსვე იცნო ნარამ.

ჰელმარი იყო. მემანქანე, რომელმაც რევოლუციის ორგანიზება სურდა.

-რა გინდა? – ჰკითხა ნარამ.

-ხომ არ გაგხსენებია რამე? – კითხვა შეუბრუნა ჰელმარმა.

-შენ სულ აქ ხარ? დამსდევ?

-ხომ არ გაგხსენებია რამე-მეთქი?

-არა.

-არა? ცრუობ.

-არ ვცრუობ.

-მომეცი რაც მჭირდება. დავიჯერო ასეთი ერთგული ხარ?

-მე არ მაქვს რაც გჭირდება. – მოუჭრა ნარამ. – თავი დამანებე.

არ იტყუებოდა. ის ფურცლები შეჭამა, ესე იგი აღარ ჰქონდა.

-ვერც კი წარმოგიდგენია, თუ რა გველის წინ. – მისკენ დაიხარა ანაზდად ჰელმარი. – ვის მხარეს გინდა იყო?

-თავიდან მომწყდი. – დაუსისინა ნარამ, ფეხზე წამოიწია და ხელი გააცეცა, მაგიდაზე დახვავებული გროვიდან სქელყდიან წიგნს მოებღაუჭა. მზად იყო ჰელმარის სახეში ჩაეზილა მაგრად.  

ჰელმარი გასწორდა, უკან დაიწია და ზიზღი ეწერა ცივ ცისფერ თვალებში.

აღარაფერი უთქვამს, მიტრიალდა და წავიდა, დერეფანს დაუყვა.

წიგნი გვერდზე მიაგდო ნარამ. გუნება წაუხდა.

რაღაც სისულელეებს როშავდა ჰელმარი. მთლად გააფრინა აშკარად.

რას გულისხმობდა? რა ელოდათ წინ ისეთი, რომ ვერ წარმოედგინა ნარას?

არა, არა, ძალიანაც კარგადაც წარმოედგინა. აჯანყებას ანდა რაიმე მსგავსს აპირებდა ჰელმარი, თუმცა ლერვიქენში ეს ვერ წარმოედგინა ნარას.

ზოგიერთ მემანქანეს რაიონებს შორის მოძრაობის უფლება ჰქონდა. იქნებ მათ მეზობელ რაიონებში ხდებოდა ისეთი რამ, რაც აქამდე ვერ გაეგოთ?

თავი გადააქნია ნარამ. არ ჰქონდა ამ ყველაფერს მნიშვნელობა. იგაზან-ლას, გულაამსა და ულსტერს ვერავინ დაუპირისპირდებოდა.

წყეული ჰელმარი. მოეთრა და ხელი შეუშალა.

თავი გადააქნია ნარამ, მკლავები მოიხვია შემცივნულ სხეულზე და გასავალი კიბისაკენ მიმავალ დერეფანს დაუყვა, უკან მოიტოვა ჰელმარის უცნაური სიტყვები, საკუთარი იმედგაცრუება და მაგიდაზე დახვავებული წიგნების გროვა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ციოდა მაღაროს გასასვლელთან, მაგრამ ბოლო ორი საათის მანძილზე მაზიდების დატვირთვისაგან ცხელ ოფლში გახვითქულიყო ნარა. უბერავდა ცივი ქარი, მაგრამ ჯერ ვერ ჩაექრო მის სხეულზე მოკიდებული ცეცხლი.

უფრო მაგრად ამოიჩარა იღლიაში წერაქვი ნარამ. საჭმლის დისპენსერთან იდგა, თავისი ციფერბლატი გაეტარებინა პანელთან და ელოდა, მოთმინებით, თუ როდის მიიღებდა თავის საჭმელს.

დისპენსერი ხმამაღლა გუგუნებდა. მისგან მოშორებით რომელიღაც მაღაროელმა რამდენიმე პაკეტი ამოაძვრინა უჯრიდან და წამსვე სწრაფი ნაბიჯით გასცილდა იქაურობას.  

ამოიქშინა ნარამ, მარჯვედ გადაიწია მაჯაზე ხელთათმანი.

144, 239; 05:01.

წესით ერთი საათის წინ უნდა გამოსულიყო ღამის სმენიდან, მაგრამ სანამ მაზიდების დატვირთვას არ მორჩნენ, არავინ გამოუშვა, რასაკვირველია.

მიმოიხედა, გაფაციცებულმა. გარშემო ხალხი რუზრუზებდა, ფელიქსი და მისი დამქაშები საბედნიეროდ არსად ჩანდნენ, მაგრამ ალბათ წამი წამზე გამობრძანდებოდნენ მაღაროდან. წამსვე მიტრიალდა, უნიფორმის საყელო აიწია და უფრო მეტად ჩამოიფხატა ქუდი შუბლზე.

უფრო ხმამაღლა არიხინდა დისპენსერი, შეძაგძაგდა და ღრჭიალით გაიღო მის წინ უჯრა, რომელშიც მხოლოდ ორი საჭმლის პაკეტი ეგდო.

ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ნარამ. სახლში მხოლოდ ერთი ცალი დარჩენოდა. მოუწევდა გამოეზოგა.

ელვის სისწრაფით სტაცა პაკეტებს ხელი და ჯიბეში ჩაიკუჭა, უჯრა მიაჯახუნა, მერე კი აჩქარებული ნაბიჯით გაემართა გასასვლელისაკენ.

ყინავდა გარეთ. ცივი ქარი უბერავდა და ჯერ კიდევ ჩამოწოლილიყო რუხი შუქჩრდილი, რომელსაც მოახლოებული ალიონის ოდნავი იისფერი ელფერი მოსდებოდა. ციმციმებდნენ ალაგ-ალაგ ლამპიონები და ლურჯ სინათლეს ჰფენდნენ გადათხრილ მაღაროს, ხმამაღლა რიხინებდნენ ლიანდაგებზე მაზიდები და მუშების ყვირილი ისმოდა აქეთ-იქით. აიხედა ნარამ, რუხი ღრუბლები მიცურავდნენ ცაში და უსასრულო, ბნელი ზღვიდან ამოწვერილს ჰგავდა გაიას ვარსკვლავი. გალავნის თავზე ოდნავ გაცრეცილიყო ღამის სიბნელე და ნელ-ნელა მოიწევდა გარიჟრაჟი.

საწყობში შეიარა ნარამ, თავისი ხელსაწყოები კარადაში შეინახა საგულდაგულოდ.

მერე კი მაღაროდან გასასვლელ ბილიკს დაუყვა.

ყინავდა, და მალე შემოაძარცვა უწყალო ქარმა მუშაობისაგან სასიამოვნო საფარველად შემორჩენილი სიცხე. კანს უწვავდა, მოჭუტული თვალები რამდენჯერმე აუცრემლიანდა ნარას.

რამდენიმე მაღაროელს ჩაუარა, რომლებიც ასევე სახლისაკენ მიიჩქაროდნენ აშკარად. შორს მატარებლის გუგუნი და სტვენა ესმოდა, მალე უნდა მოსულიყვნენ დღის ცვლის მაღაროელებით დატვირთული ვაგონები.

ხელები ჯიბეებში ჩაიყო ნარამ, საჭმლის პაკეტები უფრო ღრმად ჩაიკუჭა. თავი ასწია, რომ კვლავ შეეხედა ცაში მცურავი ღრუბლებისათვის და წამსვე ჩაუძვრა საყელოში ცივი ქარი, გააძაგძაგა.

მერე კი იგრძნო.

შორს ჩაიკარგა მატარებლის გუგუნი, ბურღვის ხმა და შორიახლოს მიმავალი მაღაროელების დაუსრულებელი ქაქანი.

‘გამარჯობა, ნარა’. მოესმა ორიოდე წამში.

კინაღამ შედგა ნარა.

მაგრამ ვერ გაჩერდებოდა. მაღაროდან უნდა გასულიყო, ყურადღების მიქცევა სულაც არ უნდოდა.

ნაბიჯს ოდნავ მოუნელა, თან ეცადა კონცენტრირებულიყო.

გული გამალებით უცემდა მკერდში, ძლივს გადაყლაპა ნერწყვ. ხელები ისეთი ძალით მოუჭირა საჭმლის პაკეტებს, დაწყვეტამდე დაეჭიმა სახსრებში მყესები, თითები ასტკივდა.

‘გამარჯობა.’ მიუგო საპასუხოდ. წინა დღის შემდეგ, როცა ჰელმარმა გააწყვეტინათ საუბარი, არ ელაპარაკათ. ‘რა იყო?’

‘არაფერი.’ თქვა სორენმა. ‘რა უნდა იყოს? ვიფიქრე, კიდევ ხომ არ აქვს კითხვები თქო.’

ინსტინქტურად აიჩეჩა მხრები ნარამ, სანამ გააცნობიერებდა, რომ სორენი მის ჟესტიკულაციას ვერ ხედავდა. უხერხულობისაგან შეიშმუშნა და ფრთხილად მიმოიხედა, იმედი ჰქონდა რომ ვერავის დაენახა მისი უცნაური ქცევა.

არავინ უყურებდა.

და გრძნობდა, თუ როგორ ეცლებოდა ხელიდან კავშირის ძაფი.

ბილიკი აათავა ნარამ, სადგურს მიუახლოვდა და იქვე გაჩერებულ მაზიდებთან შედგა, მათ ამოეფარა.

‘არა, ჯერ არ მაქვს.’ მიუგო ბოლოს. ‘რომ მქონოდა, გკითხავდი. ამაზე ფიქრობდი ამ შუაღამეზე?’

‘არ მეძინა.’ თქვა სორენმა.

‘და საქმე არაფერი გქონდა?’ ჩაეკითხა ნარა.

‘როგორ არა.’ თქვა სორენმა. ‘მაგრამ მაინც ვფიქრობდი შენზე.’

წარბები აზიდა ნარამ, თვალები გაუფართოვდა, ადგილს მიელურსმა. გულისცემა აუზრიალდა ყურებში, ერთიანად დასჭიმვოდა თითოეული კუნთი.

არც კი იცოდა რა უნდა ეფიქრა. ანდა რა უნდა ეპასუხა.

უფრო მაგრად შემოჰკრა ქარმა და გულმკერდზე მოიხვია მკლავები, თვალები მაღაროზე გაუშტერდა. ციალებდნენ გიგანტურ, ბდღვირადენილ კრატერში საწყობების ფანჯრები და ლამპიონები, ცივ ლურჯ სინათლეს ჰფენდნენ იქაურობას. წამომართულიყო მაღაროს თავზე ვეებერთელა, რუხი მეტალის გალავანი და მის თავზე მქრქალი, მოყვითალო-მოიისფრო შუქის გვირგვინი.

‘მზე ამოდის’. თქვა ბოლოს საპასუხოდ.

პირველი რაც მოუვიდა თავში, ის წამოროშა. არ და ვერ გასცემდა სორენის ნათქვამს პასუხს.

სორენს წამიერად არაფერი უთქვამს.

‘სად ხარ?’ ჰკითხა მან.

‘მაღაროსთან.’ მიუგო ნარამ და წამსვე ინანა. არ უყვარდა, როცა ვინმემ მისი ადგილმდებარეობა იცოდა.

თუმცა ალბათ სორენი „ვინმე“ არ იყო. ისედაც იცოდა, რომ მაღაროში მუშაობდა. თუ რამე, შეეძლო აქედან გამქრალიყო.

‘მაქედან მზის ამოსვლა არ ჩანს.’ თქვა სორენმა.

‘ლერვიქენში არც არსაიდან ჩანს.’ მიუგო ნარამ. ‘ალბათ ცათამბჯენის თავზე უნდა იყო, წესიერად რომ დაინახო.’

არც არასოდეს დაენახა ნარას. ლერვიქენის ქუჩების მუდამ რუხ შუქჩრდილში ჩაძირული ჯურღმულიდან მხოლოდ ცის კამარაზე აზიდული, მზის მქრქალი დისკო ჩანდა. მისი ბინის ფანჯრიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ გადაშლილიყო იგაზან-ლა, მატარებლიდან წამიერად დანახული, ზღვის ნაგლეჯის თავზე დასკუპებული მზე კი ალბათ არც ითვლებოდა.

‘გინდა ნახო? ჰკითხა ანაზდად სორენმა.

‘რა?’ წამოსცდა ნარას.

‘მზის ამოსვლა’.

თვალები გააცეცა ნარამ, მოიღუშა.

‘კი. მინდა.’ თქვა ბოლოს, იმის მიუხედავად რომ არც კი იცოდა, თუ რა მოსდევდა მის პასუხს.

‘მაშინ დამელოდე.’ თქვა ანაზდად სორენმა. ‘მაღაროს შესასვლელთან ხარ?’

‘კი, სადგურთან. მაგრამ…’

‘მანდ დამელოდე.’ უთხრა სორენმა. ‘ათ წუთში ვიქნები. მზის ამოსვლას გაჩვენებ.’

და გაქრა ბმა, სანამ ნარა პასუხის გაცემას მოახერხებდა.

და მოეჩვენა ნარას, რომ მასზე დაწოლილი წყლის მძიმე ზედაპირი გაარღვია, კანკალით ამოისუნთქა. აქამდე თითქოსდა დაბუჟებულ სხეულზე მოეხვია ყინულოვანი ქარი. თვალები დაახამხამა, ძლივს ჩაუნავლდა ყურებში გაბმული წუილი.

ციფერბლატზე დაიხედა.

05:23.

ყოყმანით გახედა ქუჩას. მოშორებით, მაზიდების იქით, სადგურთან უკვე შექუჩულიყო ხალხი, მატარებელს ელოდებოდნენ. მალე მოვიდოდა კიდეც.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რაში გაჰყო თავი. თუ რას აპირებდა სორენი და საერთოდაც, თუ რა ელოდა წინ.

ნუთუ სადმე წაყვანას უპირებდა სორენი? სადმე ცათამბჯენის თავზე?

არა, არა, არა. სისულელე გახლდათ ეს ყველაფერი. ყველაფრის მიუხედავად, სორენი ფაქტიურად უცხო გახლდათ. არსად არ უნდა წაჰყოლოდა. სიგიჟე იქნებოდა და მეტი არაფერი.

ისეთივე სიგიჟე, როგორც სულწყვილის კავშირი.

ფეხი მოინაცვლა ნარამ, დაჟინებით აჰყურებდა სადგურს. თრთოდა ლიანდაგი, და ნელ-ნელა ახლოვდებოდა მატარებლის გუგუნი.

მოასწრებდა კიდევ, ახლა რომ განძრეულიყო.

მაგრამ არ გაინძრა ნარა. გაქვავებულიყო, ყოველი კუნთი გაშეშებოდა.

სადგურს ზურგი შეაქცია, კვლავ მაღაროსკენ იბრუნა პირი. არ უნდოდა მოახლოებული მატარებლის დანახვა.

სისულელე იყო ეს ყველაფერი. ერთი დიდი სისულელე, წამიერი შეშლილობის ეპიზოდი.

მაგრამ მაინც არ იძვროდა ნარა. იდგა, გაქვავებული და თვალის დაუხამხამებლად გაჰყურებდა მაღაროსა და მის მიღმა აღმართულ, იგაზან-ლას გიგანტურ გალავანს, რომლის თავზეც ნელ-ნელა ცრეცდა ღამის ბნელ მოსასხამს გარიჟრაჟი.

მატარებელი გრუხუნით ჩამოდგა. მგზავრები ალიაქოთით შელაგდნენ ვაგონებში. სისინით დაიხურა კარები.

და გუგუნით დაიძრა კვლავ მატარებელი.

ციფერბლატს წამდაუწუმ ამოწმებდა ნარა. ხელები უთრთოდა, ალბათ სიცივისაგან.

ოთხი წუთი გასულიყო.

ექვსი.

შვიდი.

რვა.

მერე კი მოტოციკლის ღმუილი ჩაესმა ნარას.

იგრძნო.

და მოტრიალდა, ფრთხილად გაიჭყიტა მაზიდების მიღმა.

ლიანდაგის ქვეშ გაკლაკნილი, წყვდიადით მოცული, ღამეული თქორისაგან ლურჯად ალაპლაპებული ქუჩიდან გამომსკდარიყო მოტოციკლის ფარის მჭახე ცისფერი სინათლის სვეტი, რომელმაც წამიერად თვალი მოსჭრა. ქუჩიდან მაღაროში ჩასასვლელ ბილიკთან გააჩერა მოტოციკლისტმა, და დაჟინებით, შეფარვით შეჰყურებდა მას ნარა.

შავი უნიფორმა ეცვა, ნიღაბი ეკეთა და თავზე შავი კეპიანი ქუდი მოერგო სორენს. მოტოციკლის ფარისა და მაღაროს ლურჯი სინათლე ეფინებოდა, და ჯერ კიდევ ვერ არჩევდა კეპის ქვეშ ჩამოწოლილ წყვდიადში მის თვალებს ნარა.

არ გამოუვიდა შეფარვით ყურება. რადგან სორენი პირდაპირ მას შეჰყურებდა.

-მოხვალ? – დაუძახა მან.

აკანკალებული ხელები დაუბუჟდა ნარას. წამიერად ვერც კი გაინძრა, გული ისეთი ძალით უცემდა მკერდში, რომ ცოტაც და მკერდის ძვალს გამოუმტვრევდა, კვლავ წუილი ჩაუდგა ყურებში.

მერე კი დაიძრა. მაზიდებს შორის გაძვრა და თითქოს ეპარებაო, ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა სორენს.

რომელიც უკვე წამომდგარიყო მოტოციკლეტიდან და იქვე, ზღუდარებთან მიმაგრებულ ჩაფხუტს ხსნიდა.

-ჰა, აიღე. – თქვა მან, ჩაფხუტი გამოუწოდა. – ყოველი შემთხვევისათვის.

ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ, ფრთხილად გაიწვდინა ხელები და ჩაფხუტი ჩამოართვა, თავზე მოირგო.

-იმედია ძალიან სწრაფად არ ივლი. – ამოილუღლუღა ძლივს.

-აქამდე არ დავმტვრეულვარ. – მიუგო სორენმა და ღიმილის ოდნავი ელფერი დაჰკრავდა მის ჩვეულებისამებრ მშვიდ, უემოციო ხმას. მერე კი ნიკაპთან მიუთითა. – თასმები უნდა შეიკრა. – დაამატა მან.  

ხელები ისე უკანკალებდა ნარას, რომ გაჭირვებით მოახერხა ბალთის შეკვრა.

იდგა, ჩაფხუტს ირგებდა თავზე და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რა ჯანდაბას აკეთებდა.

მერე კი კვლავ აგუგუნებულ მოტოციკლეტზე დაჯდა სორენი, მის უკან, სავარძელზე მიუთითა.

-დაჯექი. – თქვა მან.

სავარძელს დაეყრდნო ნარა, მარცხენა ფეხი ასწია და არასოდეს ეგრძნო ასე მოუხეშავად თავი. კინაღამ დაეცა, მაგრამ თავი შეიკავა, შეძლებისდაგვარად მოთავსდა, ტერფები კი მოტოციკლეტის გვერდებზე, მეტალის კარკასის სამკუთხა, გამოწეულ საფეხურებივით ნაწილზე დააბჯინა, რომელიც, დიდი იმედი ჰქონდა რომ სწორედ ამისათვის იყო განკუთვნილი.

ჩამოჯდა და წამსვე დაიფარა სორენის სხეულმა მონაბერი ქარისაგან, მის წინ აღმართული ზურგი და განიერი მხრები ისე იცავდნენ, როგორც იგაზან-ლას გალავანი იცავდა ძვლების რაიონს ზღვისაგან.

ჩამოჯდა და ძალიან ახლოს, თითქმის ზედმეტად ახლოს იყვნენ მისი გადაშლილი ბარძაყები სორენის თეძოებთან.

-მოგიწევს რამეს მოეჭიდო. – უთხრა სორენმა, მოტოციკლეტის სახელურები დაატრიალა და უფრო ხმამაღლა აგუგუნდა მათ ქვეშ ძრავი. – თუ გინდა, მე მომეჭიდე, თუ არა, ჩვენ შორის ღვედია გადაკრული და იმას მოკიდე ხელი.

ფრთხილად გააფათურა ხელი ნარამ და მის ფეხებს შორის წამსვე იპოვა სქელი ღვედი, რომელიც მაგრად იყო მართლაც სავარძელზე გადაკრული, ორივე ხელით ჩაებღაუჭა.

-მყარად ზიხარ? – ჰკითხა სორენმა.

-მგონი კი. – უპასუხა ნარამ, კინაღამ წაუვიდა ბოლო მარცვალზე ხმა. ყველაფერი უკანკალებდა.

-მაშინ წავიდეთ. – თქვა სორენმა.

და ელვის სისწრაფით, გამაყრუებლად აგუგუნდა მოტოციკლი და ისეთი ძალით მოსწყდნენ ადგილს, რომ ინერციამ უკან გადააგდო კინაღამ ნარა, ინსტინქტურად მთელი სხეული შეკრა, მთელი ძალით ჩაებღაუჭა ბალთას.

რა ჯანდაბას აკეთებდა?

თუმცა უკვე გვიანი იყო. მოტოციკლეტი მოაბრუნა სორენმა და ქუჩაში გაიჭრნენ.

თვალები დახუჭა მოწოლილი, მის გარშემო ელვის სისწრაფით მოზუზუნე ჰაერის გამო ნარამ.

მაგრამ მალევე გაახილა.

ლიანდაგის ქვეშ მიჰქროდნენ. სახელურებს მაგრად აწვებოდა სორენი, და მისი მხრებისა და თავის მიღმა იშლებოდა ლერვიქენის ლურჯად ანთებული ქუჩები, ელვის სისწრაფით მიჰქროდნენ მათ გვერდით გარიჟრაჟისას ანთებული მაღაზიები, კლუბები, ნეონის ნიშნები, ჰოლოგრამები, მაცხოვრებლები, მაწანწალები და ღამეული ნაწვიმარის ცივი, ლურჯი სურნელი, სანამ ყველაფერი ერთ ერთმანეთში ჩამდნარ, არეულ, მოლურჯო რუხ ლაქად არ იქცა. უხვევდა სორენი, ოსტატურად ერიდებოდა სხვა მოტოციკლეტებს, შუა ქუჩაში გადმოხეტებულ ადამიანებს, მიძვრებოდა ცათამბჯენების შორის პაწაწინა გასასვლელებში, გვერდს უქცევდა ნაგვის გროვებს, და თითქოს მატარებელს მისდევდა, რომელიც მათ თავზე მიჰქროდა გრუხუნით. ბინგემის მოედანი გადაჭრა სორენმა, ზედ წამომართულ, შავი მარმარილოსაგან გამოქანდაკებულ ქალსა და მამაკაცს ჩაუარეს და ზემოთ აიხედა ნარამ, ცას მიაბჯინა მზერა, რომელზეც ისე სწრაფად მიჰქროდნენ ღრუბლები და გაიას ვარსკლავი, როგორც არასდროს.

გადაჭრეს ბინგემი და კვლავ ცისფრად განათებულ, წვრილ ქუჩებში შეიჭრა სორენი, სანამ მათ თავზე, ცათამბჯენების მიღმა ლერვიქენისა და ზრეას შორის აღმართულ გალავანზე დამონტაჟებულმა თეთრმა სინათლეებმა არ მოსჭრეს თვალი ნარას.

გალავნისაკენ მიდიოდნენ.

და გაოგნებული იყურებოდა ზემოთ ნარა, სანამ ბუმბერაზი, მეტალის კედელი არ წამოიმართა მათ თავზე.

ასიოდე სართულის სიმაღლის მაინც იქნებოდა.

იქვე, მოწყვეტით შეაჩერა მოტოციკლეტი სორენმა, ძრავი ჩააქრო და წამსვე წამოდგა.

-აქ ავდივართ? – ჰკითხა ნარამ. გალავნის ალაგ-ალაგ მოჟანგულ, შავი მეტალის კარკასს აჰყურებდა.

ასე ახლოს არასოდეს ყოფილიყო საზღვართან.

სორენმა თავი დაუქნია და ნელა, ყოყმანით გადმოძვრა მოტოციკლეტიდან ნარა, ჩაფხუტი თავიდან მოიძრო და სორენს გაუწოდა, რომელმაც წამსვე მიამაგრა ზღუდარებზე.

მერე კი გალავნისაკენ გაემართა.

და უკან მიჰყვა ნარა.

ბნელოდა, რომელსაც დროდადრო ანათებდა მათკენ მობრუნებული გალავნის პროჟექტორის სინათლე. მარცხნივ, შორს, ხედავდა ნარა, თუ როგორ უერთდებოდა საზღვარი იგაზან-ლას გალავანს, მარჯვნივ უხვევდა საზღვარი, ლერვიქენს შემორკალოდა, და მას ცათამბჯენები ფარავდნენ.

ნაბიჯს აუჩქარა ნარამ, სორენს წამოეწია.

-აქ ყოფნის უფლება გაქვს? – ჩაეკითხა ის. – არ მინდა რამეში გავერიო…

ისედაც საკმარისში იყო გარეული.

-მემანქანე ვარ. – თქვა სორენმა. – ნუ გეშინია, არაფერში გაგრევ.

მემანქანეები ყოველთვის სხვადასხვა რაიონებში დაეთრეოდნენ, ამიტომ არც გახლდათ გასაკვირი.

მიუახლოვდნენ მეტალის კედელს და მათკენ მოტრიალებულ სინათლეზე ძლივს დალანდა ნარამ კედელთან ახლოს, ბეტონში ამოჭრილი ოთხკუთხა გვირაბი.

იქვე შეჩერდნენ.

კიბე ჩადიოდა.

-აქედან საზღვარში შევალთ. – უთხრა სორენმა.

ელვის სისწრაფით ჩაათავეს კიბე, რომელიც მხოლოდ ხუთიოდე მეტრზე გაჭიმულიყო. კიბის ძირში, შუა რკინაბეტონში ვეებერთელა რკინის პანელიანი კარი ჩაესვათ, რომელიც საკუთარი ციფერბლატით გააღო სორენმა.

მერე კი ძალიან დაბალ, წვრილ დერეფანში გავიდნენ, რომელსაც გაჭირვებით ანათებდა ჭერზე მიმაგრებული, ცისფრად მოციმციმე გრძელი სანათურები. კედლების ყოველი სანტიმეტრი დაჟანგულ მილებს დაეფარა, და ექოს გამოსცემდა თითოეული წყლის წვეთის წკაპუნი, რომელიც აშკარად დაზიანებული მილიდან მოწანწკარებდა.

ისე დაბალი იყო ჭერი, რომ მხრებში მოხრილიყო სორენი, თავი რომ არ აერტყა.

თხუთმეტიოდე წუთი მიდიოდნენ, მიიკლაკნებოდა ცარიელი, ათასჯერ გატოტვილი დერეფანი და იმდენჯერ გაუხვია სადღაც სორენმა, რომ კინაღამ თავგზა აებნა ნარას.

მაგრამ არა. ყველაფერს იმახსოვრებდა. აქედან გამოქცევა რომ დასჭირვებოდა, დარწმუნებული იყო რომ გააგნებდა გზას.

იმ რკინის კარიდან როგორ გააღწევდა ცალკე პრობლემა გახლდათ, თუმცა ამაზე ალბათ მოგვიანებით დაფიქრდებოდა.

მიდიოდნენ, ხმას არ იღებდა სორენი და მოტოცილეტზე ჯდომისა და სანახაობისაგან მიღებული, აღტაცებანარევი სიმშვიდე ნელ-ნელა შიშმა მოუწამლა ნარას.

შიშმა, რომ ატყუებდა სორენი. რომ მოათრია აქ, სადღაც, საზღვარის ჯურღმულში, სადაც ვერავინ იპოვიდა.

უკან მისდევდა სორენს ნარა და დაჟინებით, თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა მის მხრებს, მოციმციმე ცისფერი შუქი რომ ეფინებოდათ.

მერე კი გამოჩნდა.

მეტალის კარი. დერეფნის  ბოლოში და უფრო აუჩქარა ნაბიჯს ნარამ, ოდნავ გაუნელდა შიში.

-მოვედით. – უთხრა სორენმა, როცა კარს მიადგნენ, მერე კი კედელზე მიმაგრებულ პანელს ციფერბლატი მიუშვირა, რაზეც დაიწკაპუნა კარმა, მერე კი სისინით გაიღო.

და თვალები ჭყიტა ნარამ.

ლიფტი იყო.

ლერვიქენში აქამდე ლიფტი არ ენახა. გაეგონა, რასაკვირველია, მაგრამ ძვლების რაიონის კორპუსებში კიბეების გარდა არაფერი გახლდათ.

ფრთხილად შეაბიჯა და ფეხდაფეხ მიჰყვა მას უკან სორენი, კარი კი სისინით დაიხურა მათ უკან.

იქვე, კედელზე პანელი მოეთავსებინათ, რომელზეც ციფრები ციმციმებდნენ.

„92“ აკრიფა სორენმა.

და ღრჭიალით დაიძრა ლიფტი.

გაუნძრევლად იდგა ნარა. ხელები დაეკრიფა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. თვალის კუთხეში ხედავდა მის გვერდით, სულ ახლოს მდგარ სორენს, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს.

რაღაც უნდოდა ეთქვა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უხერხული სიჩუმე დასწოლოდათ ლოდივით.

სორენი ხმას არ იღებდა.

და უდრტვინველად მიიწევდა ლიფტი ზემოთ.

სორენის მწველი მზერა იგრძნო ანაზდად ნარამ და დაიძაბა, სხეული გაუქვავდა, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს.

და თითქოსდა საუკუნის შემდეგ, შედგა ლიფტი.

სისინით გაიღო კარი.

და ლიფტში გამეფებული მქრქალი ლურჯი სინათლე წამსვე გახლიჩა მასში შემოჭრილმა, ნათელმა ყვითელმა სინათლემ, ისეთმა მოულოდნელმა და ძლიერმა, რომ წამიერად თვალები დახუჭა ნარამ.

მაგრამ მაშინვე გაახილა.

ლიფტის კარის მიღმა საზღვარის გალავნის ალაპლაპებული მეტალის ზედაპირი გადაჭიმულიყო, რომელსაც ორივე მხარეს შემოჯარვოდა დაჟანგული რკინის მოაჯირი და რომელიც თითქოს მის მიღმა გადაჭიმულ, წითლად დაფერილ, მოციმციმე ზღვაში დაღვენთილიყო. მეწამული იყო მზის დისკო და მოწითალო-მოიისფრო შარავანდედი შემოვლებოდა გარშემო, რომელიც მის თავზე გადაჭიმულ მოიისფრო-მოყვითალო რუხ ცის კამარაში იცრიცებოდა.

მზე ამოდიოდა.

ტუჩები გაეპო ნარას, თვალები გაფართოებოდა.

ასეთი რამ აქამდე არასოდეს ენახა.

ლიფტიდან გააბიჯა სორენმა. მას შესცქეროდა და ფეხათრევით გალასლასდა გარეთ ნარა.

მიჰყვებოდა მოაჯირს და რაც უფრო უახლოვდებოდა გალავნის კიდეს, მით უფრო იშლებოდა გარშემო ზღვა და ჰორიზონტზე გაწოლილი მზის ნასისხლარი, უფრო ძლიერად უბერავდა ცივი ქარი და მოჰქონდა მლაშე ჰაერი, და იმაზე ბევრად უფრო გრანდიოზული ჩანდა ეს ყველაფერი, რაც კი ოდესმე აქამდე ენახა. წითელი იყო მზე, თბილი წითელი და თვალისმომჭრელი ოქროსფერი ხიდი გაედოთ მის სხივებს ათრთოლებულ ზღვაზე.

-მოგწონს? – ჰკითხა სორენმა და მისკენ მიტრიალდა ნარა.

მის უკან იდგა სორენი. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მზის ნათელი, ყვითელი შუქი მოჰფენოდა ზედ. კეპიანი ქუდი და ნიღაბი უფარავდა უმეტესწილად სახეს, მაგრამ მის თვალებს ხედავდა ნარა, და თბილი, ღია წაბლისფერი ჰქონდა სორენს თვალები.

-მომწონს. – ამოილუღლუღა ნარამ.  

და ისეთივე თბილი იყო სორენის თვალები, როგორც მის ზურგზე მოწოლილი მზის შუქი და ზღვაზე გაწოლილი სხივების ხიდი. როგორც ნარას იშვიათი ტკბილი მოგონებები, მისი ლოგინის ნაცნობი, კომფორტული სითბო, როგორც ცხელი თვეების პირველი სიო და ის გრძნობა, რომელიც მკერდში გაუღვივდა, ტალღად დაუარა და ერთიანად მოიცვა.

შეჰყურებდა სორენი და იმის მიუხედავად, რომ მის სახეს მთლიანად ვერ ხედავდა ნარა, გრძნობდა, რომ ოდნავ იღიმებოდა.

მზე ამოდიოდა.

ისინი კი გალავანზე იდგნენ.

2 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 4)

  1. როცა განუკითხაობა და მორჩილება იმონებს ქვეყანას იქ სიყვარული ბევრად საშიში იარაღია დენთზეც კი. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ ძალიან დიდი და საშინელი განსაცდელი ელით ამ ორს. ნარა და სორენი ორი ნათელი წერტილია ამ ბნელ და უსინათლო ადგილზე.
    ჩრ.კორეის იმიტაციაა ჩემთვის რატომღაც 🫤
    ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი იყო და ის ფელიქსი არ მომწონს ვფიქრობ ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ნარას. მაღაროსთან დაკავშირებული მცველი და ზეხამხედველიც ნარას დაუძინებელი საფრთხეა.
    იმედი მაქვს ჩემს გონებაში წარმოსახული ცუდი ამბები არ მოხდება 🤗

    Like

  2. რა ლამაზი თავი იყო ქალაუუ🙈🙈 ჯერ ძალიან მომწონს ნარას და სორენის ტელეპათიური კავშირი. მათ ურთიერთობას სხვანაირ ლეფერს სძენს😁 მერე თვითონ სორენიც ძაან მისტიური და საინტერესო პერსონაჟი ჩანს😍😍 უნდა ვაღიარო, სხვა შენს კაც პერსონაჟებს შორის, ეს ჯერ-ჯერობით ყველაზე გრინ ფლეგი მეჩვენება😁იმედია მერე რადიკალურად არ შემეცვლება წარმოდგენა🙈თუმცა არც ეგ იქნება პრობლემა😂🥰 ბოლო სცენაც ულამაზესი იყო. ამათი გასეირნება ქალაქში და მზის ამოსვლა😍სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისს მოასწავებს თითქოს🥰🥰 ამ მაღაროელების სიცოცხლეს ხო არც რეალურ სამყაროში და არც გამოგონილში არაფრად აგდებენ ბობოლა ზემდგომები. ეგ მომენტი ყველაზე სწორად გაქვს გადმოცემული❤️‍🔥 ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს ქალაუ, ვგიჟდუ ისე მომწონს დისტოპიური ჟანრი, თან შენი დაწერილი😍😍💚💜

    Like

Leave a reply to თამილა აბაშიძე კომენტარის გაუქმება