მირაჟი (თავი 10 -ეპილოგი)

მეათე თავის თემა

X- Everything and Nothing

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

მილასლასებდა ბილიკზე ლეილა.

ძლიერად აცხუნებდა ლელესის ტბის თავზე ამოწვერილი მზე, მის მძიმე, ტოტებს შორის ჩამოღვრილ სულშემხუთავ სხეულს სუდარასავით დაჰფენოდა ნამგალა მთვარის ვერცხლისფერი შუქი. ირწეოდნენ ხეები იხულას მთიდან მონაბერ ნიავქარში, შრიალებდნენ ფოთლები და ხეთა წვერებზე შემოსკუპებულიყვნენ ყვავები, დროდადრო რომ ჩამოსჩხაოდნენ თავზე.

მილასლასებდა ბილიკზე ლეილა. თავი უსკდებოდა.

ვერც კი გაეგო, თუ რა უნდა ეფიქრა.

ეფიქრა თუ არა საერთოდ, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი თავის სამტვრევად.

ალბათ არა.

ალბათ უბრალოდ უნდა მითრეულიყო ბიცოლამისის სახლში, მოკუნტულიყო ტახტზე და უბრალოდ მოესმინა, თუ როგორ ტიკტიკებდა საათი, როგორ მიცოცავდნენ იატაკზე დაღვრილი, ფანჯრიდან შემოჭრილი მზის შუქის ლაქები და როგორ იტოვებდა ყველაფერს უკან დრო.

მისი წყეული მოგონებების გარდა.

ბიცოლამისის სახლში აღარავინ ელოდა.

თამილა მოკლეს. მოკლეს, დაჩეხეს და დამარხეს.

ცაცა კი გაიქცა. იფლიჰემში გაიქცა, ფული თან წაიღო და უკან აღარ დაბრუნდებოდა.

სახე მთელი ძალით მოისრისა ლეილამ. მოზრდილ კენჭს წამოჰკრა ფეხი და წაიბორძიკა, კინაღამ ბილიკის გარშემო აბიბინებულ ბალახში ჩაენარცხა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.

ჩახჩახებდა ვერცხლისფერი, ნამგალა მთვარე და ძალიან აცხუნებდა თაკარა მზე.

მიჩანჩალებდა ლეილა, და ნელ-ნელა იზრდებოდა, იკლაკნებოდა და შორეული არარსებობის უფსკრულში ემხობოდა ის გზა, რომელიც რატი ყარალაშვილის სახლამდე მიდიოდა.

რატი იყო.

გაახსენდა ლეილას.

ზაქარია ლორთქიფანიძის გვერდით იდგა თვითონ.

მისი გვამის გვერდით.

ზემოთ კი, გამომტვრეულ ფანჯარაში, საიდანაც ზაქარია ლორთქიფანიძე გადმოეგდოთ, იდგა ყარალაშვილი.

იცოდა ლეილამ, რომ ყარალაშვილი იყო.

ისევ ისეთი ტილოს პერანგი და მომწვანო, გაქექილი შარვალი ეცვა. იდგა და დაჰყურებდა.

ყარალაშვილი იყო მთი გამგებლის მკვლელობის ღამეს ლორთქიფანიძეების სახლში. იყო და გამომტვრეული ფანჯრიდან დაჰყურებდა ზემოდან ზაქარია ლორთქიფანიძის გვამსა და მის გვერდით ატუზულ ლეილას, უდრტვინველად რომ ასცქეროდა მას.

აქამდე არ ახსოვდა. დაავიწყდა, მოგონება მისი გონების შორეულ კუთხე-კუნჭულში ჩადნა, როგორც ძველი, უმნიშვნელო სიზმარი.

ყარალაშვილმა გადმოაგდო ფანჯრიდან ზაქარია ლორთქიფანიძე.

ნაბიჯს აუჩქარა ლეილამ, თითქმის გაიქცა. მირბოდა და მიაქანავებდა რეზინის ჩექმებს.

ყარალაშვილის სახლში, კართან მიწყობილი იყო ჩექმები.

შეეზარა რეზინის ღრიჭინი ლეილას. მაგრამ შემოიქნია და ბალახში მოისროლა მთელი ძალით ჩექმები.

ბილიკის ბოლოს მურკა იყო. მურკა იყო და უჩვენებდა, თუ საით უნდა წასულიყო.

ხარისწყალისაკენ.

არა, არა. ხარისწყალის იქით. ხარისწყალის იქით მიაქანავებდა გრძელ, ფუმფულა, წითურ კუდს მურკა.

მილასლასებდა ლეილა, თავი საშინლად სტკიოდა. ტეხდა სხეულის თითოეული ნაწილი.

პაპანაქება ჩამოდგა, აუტანელი პაპანაქება, მაგრამ ზედ დასდევდა პაპანაქებას ნამგალა მთვარის ვერცხლისფერი, გრილი სინათლე, და ორივენი იცრიცებოდნენ, იმქვლეოდნენ ერთმანეთში, სანამ სული არ მოეხუთა ლეილას. სცხელოდა, ოფლით დაცვაროდა შუბლი და ზურგი, მაგრამ ამავდროულად ერთიანად გაჰყინვოდა კიდურები.

აუჩქარეს ხეებმა ფეხს. აუჩქარეს, ჯერ ჩორთით მიშრიალებდნენ მის გარშემო, მერე კი მიჰქროდნენ, ისე, რომ მხოლოდღა მომწვანო-მოყავისფრო ლაქებად ქცეულიყვნენ ცის ლურჯ კამარაზე. მიქროდა გზა და მასთან მიექანებოდა ლეილა, მაგრამ ვერაფრით ეწეოდა ბილიკის ბოლოში მურკას.

იცოდა, რომ ვერც ვერასოდეს დაეწეოდა, რადგან მურკა სხვაგან იყო, სულ სხვაგან, ვეღარასოდეს შეძლებდა მასზე წაპოტინებას.

სტკიოდა ყველაფერი, აცხუნებდნენ დაუოკებლად მზე და მთვარე და მიქროდნენ ხეები, მათ მომცრო მწვანე ლაქებადღა ქცეული ბუჩქები, მაღალი ბალახი და გამხმარი ყვავილები ენაცვლებოდნენ, სანამ ხარისწყალის გუგუნში არ დაინთქა ყველაფერი.

ხრშიალებდა ქვა-ღორღი ლეილას შიშველ ფეხებს ქვეშ, უბერავდა ნიავქარი და მიჰქონდა თან ცის კამარაზე უსასრულოდ გადაჭიმული მონაცრისფრო ღრუბლები, თან იყოლებდა თაკარა მზის სულშემხუთავ სიცხესა და მთვარის ვერცხლისფერ სიგრილეს, მიწაზე დაღვრილი ოქროსფერი შუქიც თან მიჰქონდა, სანამ მთელი დღე არ წაიღო, ჯერ მთელი დღე, მერე კი მთელი ღამე, მწვანე ლაქებად ქცეული ხეები, ბუჩქები და ბალახი, მიწაზე დაყრილი ღორღი და ხარისწყალის გამაყრუებელი გუგუნი.

მტვერივით ახვეტა ყველაფერი ნიავქარმა და თან წაიღო.

წაიღო, მაგრამ მურკას ვერაფრით სწვდა.

რადგან სხვაგან იყო მურკა. გზის ბოლოში, ტირიფისა და არყის ხეებს შორის წამოსკუპებულიყო, ყვითელი თვალებით შესცქეროდა და აქეთ-იქით აქანავებდა ფუმფულა კუდს.

იქვე აღმართულ პოლიციის პუნქტს გახედა ლეილამ. ციმციმებდნენ მთვარის ვერცხლისფერ სინათლეში თეთრად შეფეთქილი კედლები და ფანჯრები თვალისმომჭრელად აელაპლაპებინა მზის შუქს.

ნაბიჯს აუჩქარა ლეილამ, ქშინავდა.

მერე კი გაიქცა.

წაწვეტებულგვერდიანი კენჭები ესობოდნენ ფეხისგულებში და გრძნობდა, თუ როგორ ჩამოუგორდა ოფლის წვეთი საფეთქლიდან ლოყაზე.

კარი შეაღო და ელვის სისწრაფით შევარდა შიგნით.

ქანაობდა ჭერზე ჩამოკონწიალებული მბჟუტავი, გაბზარული ნათურა და ჭრიალებდნენ მის ფეხქვეშ დახეთქილი ფიცრები.

სკამში გადაწოლილიყო ლოთი ზურაბ ყარალაშვილი, ხელები მუცელზე დაეკრიფა და ხმამაღლა ხვრინავდა. მის მოპირდაპირედ სკამში გამოჭიმულიყო ვანო დვალი, რომელიც თვალებგადმოკარკლული შეჰყურებდა კარში გაჩხერილ ლეილას.

მაგიდაზე უამრავი ქაღალდები, ფოტოები და რვეულები აეკოკოლავებინათ. ერთ-ერთი რვეული ვანო დვალს გადაეშალა, აშკარად კითხულობდა, სანამ სიმშვიდეს დაუფრთხობდა ლეილა.

-რატი ყარალაშვილმა მოკლა ზაქარია ლორთქიფანიძე. – ამოიქშინა ლეილამ.

ვანო დვალი კვლავ თვალებგადმოკარკლული შეჰყურებდა, გაოგნებული. პირი გააღო და დახურა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

-დავინახე. – განაგრძო ლეილამ, გული ყელში მობჯენოდა, ვეღარ სუნთქავდა. – იქ იყო. ახლა გამახსენდა… ფანჯარაში იდგა. ზაქარია მოკლა და ფანჯრიდან გადმოაგდო, გესმის?

-ბატონი რატი ახლავე მოვა… – წაიბურტყუნა ვანო დვალმა.

თვალი აუთამაშდა ლეილას, მოიღუშა.

-შენ რა, დაყრუვდი? – წამოიძახა მან, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას, ვანო დვალს ზემოდან დააცქერდა. – გამიგონე რა ვთქვი? დავინახე მეთქი! რატი იმ ღამეს იქ იყო! აზრზე არ ვარ რატომ, მაგრამ ზაქარია მოკლა, ფანჯრიდან გადმოაგდო და ამას შევესწარი, გამიგონე?

ვანო დვალი თავს აქნევდა, გაოგნებული შეჰყურებდა.

ხმამაღლა ამოიხვრინა ლოთმა ზურაბ ყარალაშვილმა.

-ყველა სამხილი ბატონ რეზოზე მიუთითებს! – განაცხადა მან.

-რა სამხილი? – აყვირდა ლეილა. – რომელი სამხილი? რას იტყუები, რა გგონია, არ ვიცი თუ რა! რეზო აქ იჯდა, ზაქარია რომ მოკლეს, შე დეგენერატო!

-ყველა სამხილი ბატონ რეზოზე მიუთითებს! – გაიმეორა ჯიუტად ვანო დვალმა. – ისაა ყველაფერში დამნაშავე!

-ყარალაშვილმა მითხრა, ცალთვალა რეზოს ფოტინე უყვარდაო! – მოუჭრა ლეილამ. – ფოტინე არ მოუკლავსო რეზოს, ასე არ თქვა? ზაქარია რომ მოკვდა, აქ იყო გამოკეტილი! ასეთი უტვინო როგორ უნდა იყო?

-ბატონი რეზოა ყველაფერში დამნაშავე! – განუცხადა ვანო დვალმა. – შენ კი მთლად გაგიჟდი!

-დავინახე მეთქი! – აკივლდა ლეილა. – დავინახე, გამიგონე?!

ვანო დვალმა არაფერი უპასუხა. თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა, მერე კი მზერა აარიდა, კვლავ მის წინ გადაშლილ რვეულს ჩააშტერდა.

ყელში ამოუვიდა ლეილას, გასკდომამდე მტკივან თავსა და მკერდზე ცეცხლი წაეკიდა, მწველი მრისხანებისაგან ადუღებულმა სისხლმა აასხა თავში.

წინ წაიწია და ვანო დვალს რვეული წაჰგლიჯა.

-შენ რა, ტვინი გამოგირეცხეს თუ რა გჭირს? – იფეთქა მან. – არ გესმის რას გეუბნები? რატი ყარალაშვილმა ზაქარია ლორთქიფანიძე გამოფატრა და შენ კიდევ რეზო გგონია დამნაშავე?

ვანო დვალს არაფერი უპასუხია. თვალებგადმოკარკლული, დამფრთხალი იჯდა.

ერთიანად კანკალებდა ლეილა. მოტრიალდა და ლოთი ყარალაშვილის სკამის ფეხს გვარიანი წიხლი უთავაზა, მაგრამ ძვრაც კი ვერ უყო. ყარალაშვილი კი არხეინად განაგრძობდა ხვრინვას, ვითომ აქაც არაფერიო.

ღრმად სუნთქავდა ლეილა, ადუღებული სისხლი მოსწოლოდა შუბლში, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საფეთქლებზე დაბერილი ძარღვები გაუსკდებოდა და შადრევანივით გადმოხეთქავდა სისხლი.

-ავადმყოფები ხართ ყველა! – ამოიხრიალა მან, კიდევ ერთი წიხლი ჰკრა ლოთი ყარალაშვილის სკამის ფეხს და მიბრუნდა, ჯიქურ გაალაჯა გარეთ, მაგრად მოიჯახუნა ზურგსუკან კარი.

მძიმე ნაბიჯებით დაუყვა შარაგზას, ფეხები და თავი საშინლად სტკიოდა და თითქოს ერთბაშად ჩამოეფშვნა მის მკერდში აგორებული ყველაფრის წამლეკავი მრისხანება.

დაიცალა, დაიშრიტა. აღარაფერი დარჩა, მის ორიოდე წუთის წინ ცეცხლმოკიდებულ მკერდს მხოლოდ მჭვარტლავი, შავბნელი კვამლი ასდიოდა.

მუხლებმა უმტყუნეს და იქვე ჩაეშვა, გამხმარ ბალახში.

ცოტა ხანი იჯდა, სულს ითქვამდა, თან ფიქრობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ წამდაუწუმ უთავბოლოდ გაფარფატებოდნენ მისი ცნობიერებიდან ფიქრები, როგორც მზის შუქში მოცურავე, თავგზააბნეული მტვრის ნაწილაკები და ვეღარც ეპოტინებოდა მათ ლეილა მისი არაქათგამოცლილი გონებით.

იჯდა და ქშინავდა, სანამ არ დაწყნარდა.

დუმდა პოლიციის პუნქტი. დუმდნენ ხეები, დუმდა ქარი და მხოლოდ ხარისწყალის გუგუნი ათრთოლებდა სულშემხუთავ ჰაერს.

დაიხედა ლეილამ.

ხელში ჯერ კიდევ ის რვეული ჩაებღუჯა, რომელსაც ასე დაჟინებით ჩაჰყურებდა ვანო დვალი.

კალთაში ჩაიდო ყდებმოქლექილი რვეული ლეილამ, ნელ-ნელა გადაფურცლა, თვალი გადაავლო ცალთვალა რეზოს წაქცეული ნაწერით სავსე გვერდებს.

ცხრა იანვარი, ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წელი.

ოცდაექვსი მაისი, ორიათას ერთი წელი.

თერთმეტი იანვარი, ორიათას ორი წელი.

თხუთმეტი დეკემბერი, ორიათას სამი წელი.

ოცდათერთმეტი მარტი, ორიათას ოთხი წელი.

სახლი, სახლი, ბოსტანი, ცოლი, ავადმყოფი, წყეული ავადმყოფი, ვერ ვიტან, მძულს, დავიღალე, სახლი, ბაბუნაშვილები, ფოტინე, ფოტინეს ქოხი, ბეჭედი, ბაბუნაშვილები, ძალიან დავიღალე, მოკვდა, ძლივს მოკვდა, უნდა მომკვდარიყო, წისქვილი, მოსავალი, გზა ლელესის ტბასთან, თოვლი, ბევრი თოვლი, გაკვალვა აღარ შემიძლია, ფოტინე, ფოტინე, ფოტინე, მიჭირს, წისქვილი, წყალი, წყალი არ მაქვს, წავიდა, ყველაფერი წავიდა, სახლი, დამპალი ზრეა, ლეილა, სახლი, ფოტინე, ფოტინე…

შეყოვნდა ლეილა, ხელები უთრთოდა. უკან გადაფურცლა.

თვრამეტი ივლისი, ორიათას ექვსი წელი.

„ღამ-ღამობით ვერ ვიძინებ. ჭოტები ყვირიან და ვერაფრით ვიძინებ. ვეღარც ვუმიზნებ წესიერად ამ წყეული თვალის გადამკიდე. თან ცხელა, ძალიან ცხელა. რაც არ უნდა ციოდეს, ამ წყეულ სახლში სულ მცხელა, სულს ვერ ვითქვამ. გარეთ დგომა ცოტა შველის მაინც, ღამღამობით ჯერ კიდევ გრილა.

ნემსაძეების გოგოა ლეილა. აღარც მახსოვს აქ ვახსენე თუ არა. ავადმყოფმა დედამისმა რომ უბედური მამამისი ჩაცხრილა, ეგეთივე ავადმყოფი იქნება ის გოგოც, მალე წამოეწევა ბედი, ჩემი წყეული ცოლის არ იყოს.

იქნებ უკვე ავადმყოფია. ღამღამობით სულ სადღაც დაეთრევა. ფანჯარასთან დგას, მერე გადმოცოცდება და სადღაც მიეთრევა. ხან ზემოთკენ, ტყეში, ხან ქვემოთკენ. ვერ გამიგია, სად უნდა დაძრწოდეს შუაღამეზე. ხან აქეთაა, ხან იქით. ერთხელ ლურჯამთაზეც დავინახე, იდგა და საღაცა იყურებოდა, გამოშტერებულივით. ბიცოლამისს ჯერ მგონი ვერც შეუმჩნევია, თორე ააწიოკებდა ალბათ.“

ხელები უარესად აუცახცახდა ლეილას, მზერა აემღვრა, თვალებში ჩამოუბნელდა.

არა, არა. რაღაც მოეჩვენა ალბათ ცალთვალა რეზოს. რაღაც აუცილებლად ეჩვენებოდა.

რადგან სისულელე იყო ეს ყველაფერი.

ღამღამობით ეძინა ლეილას. არსად მიდიოდა.

ყველაფერი, რასაც ცალთვალა რეზო წერდა, სისულელე გახლდათ, წმინდა წყლის სისულელე და მეტი არაფერი, სხვანაირად ვერც იქნებოდა.

თუმცა არა.

ყარალაშვილი ახსოვდა.

იქ იყო. დაინახა. ახსოვდა, როგორ ჭახჭახებდნენ მელიები, როგორ დაცურავდნენ მათ გარშემო, როგორ ხლეჩდა ნამგალა მთვარე მისი წაწვეტებული ვერცხლისფერი წვერით ღრუბლებს, როგორი იყო მწვანეში გაწოლილი ხორცისფერი კაცი და ზემოთ, ზემოთ, იმ გამომტვრეულ კედელში, რომელიც კედელი არ გახლდათ, მდგარი რატი, რომელიც უსიტყვოდ დაჰყურებდა.

და არ ახსოვდა მისი გამომეტყველება ლეილას.

იცოდა, რომ რატი იყო.

მაგრამ არ ახსოვდა მისი სახე.

თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა ლეილამ.

იქნებ მოეჩვენა. ალბათ მოეჩვენა. დაესიზმრა. სიზმარი იქნებოდა ის ყველაფერი, ისეთი სიზმარი, როგორიც ცალთვალა რეზოს მიერ შეთხზული ზღაპრები გახლდათ.

ისე ძლიერად, მძლავრი მოქნევით გადაფურცლა ლეილამ, რომ კინაღამ გადაფხრიწა ფურცლები.

ბოლო რამდენიმე გვერდი ცარიელი იყო.

ბოლო ჩანაწერი რამდენიმე პატარა პარაგრაფს წარმოადგენდა ოღონდ.

ორიათას ექვსი წლის ორი აგვისტო.

„ეკლესიაში ავედი. მომიწია ისევ იქ ასვლა. სახლში ვეღარ ვისვენებ, სული მეხუთება, ღამე სულ ფოტინეს ვხედავ. ბეჭდის გადაგდება მინდოდა, იმ წყეული ბეჭდის, მაგრამ ვერ ველევი. ღამე მოდის და მელაპარაკება, მელაპარაკება და აღარ ჩერდება, ვიცი რატომაც მოდის. მელოდება, უნდა რომ გზაზე წამოვეწიო, მაგრამ ჯერ არ მინდა.

ეკლესიაში ავედი. იქ ვერ მწვდება ფოტინე. იმ უტვინო ცხვედიანს აღსარება ჩავაბარე. მოინანიეო, მითხრა.

რა მოვინანიო? ფოტინეს ღალატი მოვინანიო? მისი უარი მოვინანიო? ეგრეც ვუთხარი ცხვედიანს, მაგრამ არა, უნდა მოინანიოო მაინცო, მითხრა. სისხლია შენს ხელებზეო, მითხრა.

ეკლესიაში სიწყნარეა მაინც. ფიქრები აღარ მაწუხებენ. იქ ფოტინეც არ მაწუხებს. ცოტა ადრეა. მაგრამ ისიც გავიგე, რომ აქ დიდხანს ვერ დავრჩები, მელოდება. მელოდება და დიდხანს ვეღარ ვალოდინებ.“

მელანს მოეთხუპნა ბოლო სიტყვა.

და ცარიელი იყო მორჩენილი გვერდები.

წამოდგა ლეილა.

რაღა თქმა უნდა.

ზუსტად ისე იყო, როგორც თვითონ ეგონა.

სინდისის ქენჯნა. აღსარება. სისხლი ხელებზე.

ყველაფერი გასაგები გახლდათ.

ახლა ყველაფერი გასაგები იყო.

რვეული მოისროლა ლეილამ, მარცხენა შუათითზე მორგებულ ბეჭედს დახედა, რომელიც ერთი მხრიდან მომწვანოდ, მეორე მხრიდან კი მოვარდისფროდ ციმციმებდა.

პოლიციის პუნქტს გადახედა.

ის ისევ იდგა, იდგა და დუმდა, ცარიელი იყო, ცარიელი და ჩუმი.

იქვე, არყისა და ტირიფის ხეების გვერდით ფუმფულა კუდს აქანავებდა მურკა, ყვითელი თვალებით შემოჰყურებდა.

მიტრიალდა ლეილა და ლასლასით დაუყვა ბილიკს.

.

.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

ერთბაშად გამოეღვიძა.

თვალებგადმოკარკლული იწვა მუცელზე, ქშინავდა. მარჯვენა მკლავი ტანქვეშ მოჰყოლოდა, ვერცხლის ძეწკვი ყელში აჭერდა და გრძნობდა, თუ როგორ გადახლართულიყო მის ფეხებში ზეწარი. მუშტი შეეკრა მაგრად და გრძნობდა, თუ როგორ აწვებოდა მაგრად თითში ოქროს ბეჭედი.

რაღაც მოხდა.

მაგრამ აღარც ახსოვდა, რა მოხდა.

და არც იყო იმაში დარწმუნებული, რომ უნდოდა გაეხსენებინა.

 მაგრამ მაინც წამოუტივტივდნენ გონებაში მოგონებები.

შემოსასვლელში დამხობილი ბიცოლამისი, რომელმაც ანაზდად საჩეხეს გვერდით, ხახადაღებულ ორმოში გადაინაცვლა.

დამფრთხალი ცაცა და მისი უგზო-უკვლოდ გაქრობა.

ზრეას მატარებლის სადგურთან გადაჭიმული, ზღვაში ჩაკარგული რელსები.

ერთმანეთის მოსაკლავად გამზადებული თეთრი და შავი დედოფალი და რატი ყარალაშვილის ხელიდან დადენილი ბროწეულის წითელი წვენი.

ის მოგონება, რომელიც არც უნდა გახსენებოდა.

ზაქარია ლორთქიფანიძე და გამომტვრეულ ფანჯარაში მდგარი რატი ყარალაშვილი.

და ვანო დვალი, რომელსაც რატომღაც ძალიან სურდა ყოვლად უსარგებლო და უტვინო ყოფილიყო.

არც კი ახსოვდა, თუ როდის მოხდა ეს ყველაფერი. წინა დღეს თუ უკვე კვირების წინ.

აღარც ჰქონდა ამ ყველაფერს მნიშვნელობა.

გმინვით წამოიწია, სახიდან გადაიგდო აწეწილი თმა, ცივი ოფლით დაცვარულ შუბლსა და კისერზე მოისვა ხელი.

კინაღამ იდაყვის ქვეშ მოჰყვა წელამდე დაფენილი კულულები.

ცივი იყო ბიცოლამისის აბურდული ლოგინი. ცივი და მაგარი, ისეთი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ისეთი, რომელსაც ბიცოლამისი არასოდეს შეეგუებოდა.

ზეწარი გადაიძრო ლეილამ და შიშველ ბარძაყებზე ჩამოიქაჩა ზემოთ აცოცებული ტილოს კაბა.

მერე კი თავი ასწია, ღია ფანჯარაში გაიხედა.

ვეებერთელა იყო ფანჯარა, ფარდები ბოლომდე გადაეწია ბიცოლამისს. იისფერი მწუხრი იღვრებოდა ოთახში, ალაპლაპებულ იატაკს, გადაქოთებულ კამოდსა და იატაკზე მიმოყრილ ტანსაცმელს ეფინებოდა. ნამგალა, ბრდღვიალა მთვარე, აციმციმებული ვარსკვლავები და დაპენტილი მუქი ლურჯი ღრუბლები მოჩანდნენ მუქ იისფერ ცაზე და არხეინად დაამღერებდნენ კუტკალიები.

რასაც ფოთლების შრიალი, ჟინჟლის ჩუმი წკაპა-წკუპი, შორს, ძალიან შორს, ხალხის ყვირილი და გასასვლელ კარზე ბრახუნი ერთვოდა.  

ფეხზე წამოვარდა ლეილა, მიაყურადა. წამსვე გული ამოუჯდა ყელში.

არ წყდებოდა კარზე ბრახუნი.

-ლეილა! – დაიძახა უცებ ვიღაცამ და მიხურული კარის მიღმა ყრუ, დაგუდულ ხმაში კოჭლი ბესარიონი ამოიცნო ლეილამ.

წამსვე შვების გრილმა ტალღამ დაუარა სხეულში ლეილას.

რომელიც წამიერი აღმოჩნდა მხოლოდ.

კოჭლ ბესარიონს აქამდე არასოდეს დაებრახუნებინა ასე კარზე. თუ გადმოდიოდა, ყოველთვის ზრდილობიანად აკაკუნებდა.

რაღაც მოხდა. ალბათ.

-ლეილა! – გაჰყვიროდა კოჭლი ბესარიონი, ჯერ კიდევ მთელი ძალით აბრახუნებდა კარზე – კარი გააღე!

დერეფანში გაბარბაცდა ლეილა, ძლივს შეაჩვია თვალი ანაზდად ჩამოწოლილ სიბნელეს, რომელსაც მქრქალადღა ანათებდა  ბიცოლამისის ოთახიდან გადმოღვრილი მწუხრის იისფერი, რომელსაც მთვარის მკრთალი ვერცხლისფერი სინათლე შერეოდა.

ფრთხილად ჩაიარა კიბეებზე და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა კარს, გასაღები გადაატრიალა და ერთი მძლავრი მოქნევით გამოაღო.

და პირდაპირ შეეჩეხა ხეების თავზე შემომჯდარ ცივ, უშველებელ ნამგალა მთვარეს, რომელიც თავისი წაწვეტებული წვერით აპობდა მასზე მონაბერ ღრუბლებს, თვალი მოსჭრა.

და მისი სინათლე ეფინებოდა უკნიდან ზღურბლზე მდგარ კოჭლ ბესარიონს, რომელიც დაფეთებული შეჰყურებდა.

-სად ხარ? – დაუცაცხანა მან. – გავსკდი კაცი ყვირილით!

აქედან უფრო უკეთ ისმოდა კუტკალიების ჭრიჭინი, გადაყვითლებული, გამხმარი ფოთლების შრიალი და შორეული ყვირილი, რომელიც თითქოს ნელ-ნელა ახლოვდებოდა.

-რა გინდა? – ჰკითხა ლეილამ.

-უნდა წახვიდე აქედან, შვილო. – დაუსისინა ბესარიონმა. – ახლავე, ამწამსვე!

აფორიაქდა ლეილა. მთავარი გზისაკენ გაიხედა, საიდანაც ხალხის შორეული ჩოჩქოლი ისმოდა, მწუხრის მუქ იისფერსა და მთვარის ვერცხლისფერს ოდნავი ოქროსფერი შეჰპარვოდა სადღაც, შორს, ხეებს იქით.  

ბესარიონის შეშფოთებული სახისაკენ გადმოატრიალა თვალები ლეილამ.

-რატომ? – ჰკითხა მან.

-ის ბიჭი წავიდა საბოლოოდ მარილზე, შვილო! – ატყდა ბესარიონი.

მოიღუშა ლეილა, მოქუფრული შესცქეროდა ბესარიონს.

-ვინ ბიჭი?

-აქ რომ მოეთრა, შვილო! კინაღამ რომ მოგკლა, აგი! დამპალი თუხარელების გადმონაშთი! – აყვირდა ბესარიონი, თვალები გააცეცა, მთავარ გზას გადახედა, თვალებგადმოკარკლულმა.

თითქოს რაღაც საშინლად მძიმე ჩასცხეს თავში ლეილას, თავზარი დაეცა და კინაღამ მუხლები მოეკვეთა, მთელი ძალით მოუჭირა კარის სახელურს ხელი. მყისიერად გამოუშრა პირი და გამაყრუებელი წუილი ჩაუდგა ყურებში.

ლუკა თუხარელი მოკვდა.

ლუკა თუხარელი მოკვდა.

ლუკა თუხარელი…

-რა? – ამოიხრიალა ლეილამ. – თუხარელი…

-აპარატზე იყო შვილო, სულ მოკვდებოდა ეგ მომპალი, ბრიყვი მკვლელი, ეგა! – მოუჭრა ბესარიონმა, მაგრად დააკაკუნა ზღურბლზე ხელჯოხი. – ჩაკვდა ძლივს! მარა ავადმყოფი დედამისი და მამამისი მთლად შეიშალნენ, ხალხი მოაქუჩეს და აქეთ მოდიან, გამიგე შვილო? წადი, გაიქეცი!

წამიერად ვერც კი გაინძრა ლეილა, თითქოს ტყვია ჩაღვროდა მუხლებში, ადგილზე მილურსმულიყო.

ლუკა თუხარელი მოკვდა.

ლეილამ თავში ურტყა ქვა, და თუხარელი მოკვდა.

მოკვდა, ხორცისა და ძვლების გროვად იქცა.

ახლა კი შურის საძიებლად მოდიოდნენ ალბათ მისი მშობლები თავიანთი ამალით.

კიდურები დაუბუჟდა ლეილას. ვეღარც სუნთქავდა, ხროტინითღა აივსო ფილტვები ჰაერით.

რის ვაივაგლახით მოიკრიბა ძალა და ბესარიონს ჩაუარა, ჭიშკარს მიაშურა.

უზარმაზარი იყო ნამგალა მთვარე და ქარის ზღვაში მიცურავდნენ ლურჯი ღრუბლები.

ჭახჭახებდნენ ვარსკვლავები, ისე ხმამაღლა რომ ყურები დაუგუბდა ლეილას.

ჭიშკარი გააღო და შარაგზაზე გავიდა.

დაბლობზე გადაჭიმულიყო ზრეადან გამავალი მთავარი გზა. მოიისფრო მუქი ნაცრისფერი დასდებოდა შემოგარენს, ჭრიალებდნენ და ოხრავდნენ ხეები, რომლებისთვისაც ფოთლები წარეტაცა ქარს, და ისეთივე ცივი იყო ჰაერი, როგორც ცაში გამოკიდებული ვერცხლისფერი, თითქოსდა გადაყინული მთვარე.

თუმცა ქვემოთ, შორს, ხეებს შორის, მთავარ გზაზე ყინულს ალხობდა აბდღვიალებული ცეცხლისფერი.

ბრბო მოიწევდა ზემოთ. ცეცხლწაკიდებული, აბრიალებული ჩირაღდნები აღემართათ, ოციოდე კაცი მაინც იქნებოდა.

ცეცხლის შუქი მოჰფენოდა მათ თავში მდგომ ზეინაბ ფაღავას. გოდებდა ქალი, ლოყებს იხოკავდა, მკერდში მჯიღს იცემდა. მის გვერდით გამშრალი სახით მოაბიჯებდა ნარიმან თუხარელი.

ნინო გასვიანი, ელამი ლამარა, თავართქილაძეები, ლასარეიშვილები, კახი ტურავა და ვანო დვალი იცნო ლეილამ.

უკან ზურაბ ლასარეიშვილის მოლაპლაპე ქუდიც დალანდა.

-გველი! – გაჰკიოდა შოთა ლასარეიშვილი. – გველი, გველი, გველები, ხომ ვამბობდი!

ყველაფერი გაუცივდა ლეილას, გაიყინა, ერთიანად გაქვავდა.

-გიჟია! – მხარს უბამდა ვანო დვალი. – მართლა გაგიჟებულა!

-შვილოოო! – გაჰკიოდა ზეინაბ ფაღავა. – ჩემო საცოდავო, ჩემო ერთადერთო, ჩემო საცოდავო შვილოოო! რატომ უბედური დედაშენი არ წაიყვანა ღმერთმა! მე წაგეყვანე, ღმერთო, ჩემს საწყალ ბიჭს რას ერჩოდი, რას?! მობრუნდი, ბიჭო, მობრუნდი, სად წახვედი, რატომ მიგვატოვე, რა გვეშველება ახლა მე და მამაშენს? რაღა შენ გადაეყარე იმ ბინძურ გოგოს?!

მერე კი ყვირილშერეული, ისტერიული ტირილი ამოუშვა.

მისმა გულგამგმირავმა ხმამ ერთიანად შეზარა ლეილა.

-გველი! – კვლავ აკივლდა შოთა ლასარეიშვილი.

გაკრთა ლეილა.

თვალები დაეჭყიტა შოთა ლასარეიშვილს, თეთრი, გაწეწილი წვერი უთრთოდა, ხელი პირდაპირ მისკენ გამოეშვირა.

-გველი! გველი! – გაჰყვიროდა ის.

უფრო აჩოჩქოლდა ხალხი. აზიდეს ჩირაღდნები, ზეინაბ ფაღავას ერთიანად მოენგრა და წამოუფორაჯდა სახე, თითქოს ცეცხლი მოეკიდა ჩირაღდნის შუქზე.

-შენ! – დაიჭყავლა მან. – ეშმაკმა დაგწყევლოს შენ! დამპალო გოგო!

და აუჩქარა ნაბიჯს ბრბომ.

წაბარბაცდა ლეილა, უკან დაიხია.

ზეინაბ ფაღავა, როგორც შვილმკვდარი, გამწარებული დედა უკან არასოდეს დაიხევდა. 

ალბათ ლინჩის წესით უპირებდა გასამართლებას ბრბო.

მიხვდა, რომ მთავარი გზით ზრეადან ვეღარ გააღწევდა.

გაყინულ სხეულში შიშის გამყინავმა ტალღამ დაუარა ლეილას, სისხლი აუდუღდა, გულისცემა თითისწვერებში იგრძნო.

და მიბრუნდა, კისრისტეხით დაეშვა ბილიკზე ხარისწყალისაკენ.

უკან მყოფნი წამსვე აბღავლდნენ.

-გარბის! გარბის, დაიჭირეთ! – გაჰკიოდა შოთა ლასარეიშვილი. – წყეული, შხამიანი გველი, კოცონზე დავწვათ!

-ისე მიგიჩეჩქვავ თავს, როგორც ჩემი საწყალი ბიჭი გაიმეტე! – ბღაოდა ზეინაბ ფაღავა. – მოეთრიე! აქ მოეთრიე!

-დანაშაულს ვერსად გაექცევით, ქალბატონო ლეილა! – მხარი აუბა მათ ვანო დვალმა.

ყველას მოუყრუა ლეილამ. გაჭირვებით ესმოდა ყველაფერი, ბრბოს ღრიალი, ხეების ჭრიალი და ბუჩქების შრიალი მის ყურებში ჩამდგარ აუტანელ ზუზუნს გადაეფარა.

გაქრა, უკან დარჩა ჩირაღდნების მოგიზგიზე ცეცხლი, რომელიც ისეთივე ცივი იყო, როგორიც ლეილას სხეულში ფესვგადგმული, ერთიანად წამლეკავი, ყინულოვანი შიში.

გარბოდა. შხრიალი გაუდიოდა ქვა-ღორღს, მის ფეხქვეშ ასხლეტილი რამდენიმე კენჭი ზურგშიც კი მოხვდა. გამხმარი ბალახი და წამახულპირიანი ქვები უსერავდნენ უწყალოდ ფეხისგულებს, მაგრამ ვეღარ გრძნობდა ამას, გარბოდა თავქუდმოგლეჯილი და ვეებერთელა იყო მისკენ მომავალი ნამგალა მთვარე, იზრდებოდა ხერეშის კლდოვანი მთა და ახლოვდებოდა ხარისწყალის დაუდგრომელი გუგუნი.

ჭახჭახებდნენ ვარსკვლავები და გაუსაძლისად ლამაზი იყო მუქი იისფერი ცა, ლელესის ტბის თავზე რომ ოდნავღა შემორჩენოდა ოდნავი მოწითალო სინათლის ზოლი, როგორც ჩამავალი მზის ნასისხლარი.

ხიდს შეუდგა ლეილა, აქოშინებული. ყურისწამღებად ღრჭიალებდნენ მის ფეხქვეშ დამპალი ფიცრები.

ზურგი ეწვოდა, ისე ახლოს ეჩვენებოდა გამგელებული ბრბოს ბღავილი, რომ შოთა ლასარეიშვილის ცხელი, მყრალი სუნთქვა იგრძნო თითქოს კეფაზე.

ხიდი გადაირბინა და მკვეთრად შეუხვია. ხიდის გვერდით, ხარისწყალის ნაპირზე გამოეწვდინა ტყეს თითები და შიგნით შევარდა ლეილა, მერე კი აღმართს აუყვა. ჩამოწოლილ სიბნელეში ძლივს იკვლევდა გზას, კუნაპეტს შეუჩვეველ თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით.

შორს, ზემოთ, აღმართის თავში, ტყისპირას ცალთვალა რეზოს ჩამქრალი სახლის ფანჯრები მთვარის ვერცხლისფერ შუქზე ლაპლაპებდნენ.

ტყის პირთან ახლოს, ბუჩქებში შეძვრა ხვნეშით ლეილა, მოიკუნტა, ჩაყუჩდა. პირი მოკუმა, რომ ხმამაღალი ქოშინი დაეოკებინა, ნესტოები ებერებოდა, სულშეხუთულს. ისეთი ძალით უცემდა მკერდში გული, რომ ცოტაც და ამოუვარდებოდა.

საშინლად სცხელოდა, თითოეული კუთხე-კუნჭული მის სხეულში გულისცემად ქცეულიყო, ყველაფერი უკანკალებდა. დახეთქილი ტუჩები მოილოკა და უფრო მოიკუნჭა, როცა მოახლოებული ბრბოს ბღავილი ჩაესმა.

ნელ-ნელა შემოიპარნენ მის თვალთახედვაში მარჯვნიდან ოქროსფერი, მოციმციმე შუქები, რომლებიც დაუოკებლად ებრძოდნენ მწუხრის იისფერსა და ტყის სიბნელეს, რომელიც საკუთარი შავბნელი სხეულით გადაჰფარებოდა ლეილას.

მინდორზე, ხიდის თავში ვანო დვალი, ზეინაბ ფაღავა და ნარიმან თუხარელი გამოჩნდნენ, რომელთაც ნელ-ნელა შეუერთდნენ სხვები.

ძლივს ხედავდა მათ გარშემო აღმართულ ვეებერთელა ხეებში ლეილა.

მაინც მოსჭრეს ჩირაღდნებმა თვალი.

მაგრამ ვერაფერი შეედრებოდა ვეებერთელა ნამგალა მთვარეს, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა, უახლოვდებოდა, თითქოს ზედიზედ, ნელ-ნელა ყლაპავდა ვარსკვლავებს.

-შორს ვერ წავიდოდა! – დასჭექა ვახტანგ ლასარეიშვილმა. – ხელიდან ვერ წაგვივა, აქ იქნება სადმე!

მერე კი დაიქსაქსნენ.

თუმცაღა ვანო დვალი, ნინო გასვიანი და კიდევ ერთი-ორი დამქაში მაინც დატოვეს ჩირაღდნებით ხიდის თავში, რამდენიმემ ხიდი გადაირბინა და ზრეასკენ აიღო გეზი.

ალბათ ზრეაშიც დააყენებდნენ გუშაგებს. რომ ტყის გავლით არ გასულიყო მთავარ გზაზე ლეილა.

სხვანაირად ზრეადან ვერ გააღწევდა.

მაგრად დახუჭა თვალები ლეილამ, მუხლები აიკეცა და მათში ჩარგო შუბლი.

ქშინავდა, გამწარებული.

ესღა აკლდა. ესღა აკლდა მხოლოდ და მხოლოდ.

ჩალპა თუხარელის სხეული მის დამპალ სულთან ერთად და ახლა ლინჩის წესით გასამართლებას უპირებდა ეს ამაზრზენი ბრბო.

გააჟრჟოლა ლეილას.

მაგრამ არაფერი. ესეც არაფერი. მოკვდა თუხარელი, და გადაირივნენ ესენიც. ჭკუას მოეგებოდნენ ალბათ, იქამდე კი ცოტა ხნით დარჩებოდა ტყეში თვითონ.

დაელოდებოდა. მობეზრდებოდათ მისი ძებნა და უკან წავიდოდნენ.

იქამდე კი მოიცდიდა.

კარგად ეხერხებოდა ლოდინი.

შრიალებდნენ ბუჩქები. გამყინავი, ძალიან ცივი იყო იხულას მთიდან მონაბერი შუქი და გადაერეცხა მზის ნასისხლარი ლელესის ტბის თავზე მოძალულ ღამეს.

ნელ-ნელა ჩაუნავლდა ყურებში აუტანელი გუგუნი ლეილას. შორიდან ბრბოს წევრები რაღაცას გაჰკიოდნენ და ძალიან ბნელი იყო მის წინაშე აღმართული ხეების ზროები.

-არსად წავლენ. – ჩაესმა ანაზდად გვერდიდან.

მთელი სხეულით შეხტა ლეილა, ძლივს შეიკავა კივილი, რომელიც ძალუმად ცდილობდა მისი ყელიდან ამოხეთქვას, ხროტინიღა ამოუვიდა ხახიდან. ელვის სისწრაფით მიატრიალა თავი, თან გვერდზე გადაფოფხდა, დაფეთებული.

იქვე, ახლოს, ხის ზროს მიჰყუდებოდა რატი ყარალაშვილი. მის სახესა და გამომეტყველებას ძლივძლივობით არჩევდა ჩამოწოლილ იისფერ მწუხრში ლეილა, მაგრამ ყველგან იცნობდა. იდგა ყარალაშვილი, ტილოს პერანგი და შარვალი ეცვა და პირდაპირ მას შეჰყურებდა.

მხოლოდ ოდნავ მოსდებოდა ოდნავი მოიისფრო-მოვერცხლისფრო შუქი მარცხენა ყვრიმალსა და ყბის ხაზზე, დანარჩენი ნაკვთები ტყის ბნელ სუდარას დაებურა. თვალებსაც ვერ ხედავდა ლეილა, თითქოსდა მისი წარბების ქვეშ შემალულ, უფსკრულივით თვალებს.

-რა გინდა? – დაუსისინა ლეილამ, ცივმა ოფლმა დაასხა. გრძნობდა, თუ როგორ გადაეყვლიფა გვერდზე გახოხებისაგან უხეშ ნეშომპალას იდაყვი.

-არსად წავლენ, გეუბნები. – თქვა ყარალაშვილმა.

-წავლენ. სულ ხომ არ იქნებიან აქ?

-შენ ზეინაბ ფაღავას არ იცნობ. არ მოისვენებს, სანამ არ გიპოვის.

პირი მაგრად მოკუმა ლეილამ. ყარალაშვილს მზერა აარიდა, დაჟინებით დააშტერდა რაღაცას, შორს.

უზარმაზარი იყო ნამგალა მთვარე. დაცურავდნენ ღრუბლები და მათთან ერთად დაცურავდნენ აქეთ-იქით ვარსკვლავები.

აღმართულიყო ბუმბერაზი ხერეშის კლდოვანი მთა და ოქროსფრად ენთო ეკლესიის ფანჯრები.

-რა გინდა? – გაუმეორა ლეილამ. -რისთვის მოხვედი? რას იზამ, წამათრევ და იმათ ჩამაბარებ?

-არა. – თქვა ყარალაშვილმა. – შენ რა გგონია, ბრბოს ნაწილი ვარ?

-არ ვიცი.

-იცი, ძალიან კარგადაც იცი.

-არ ვიცი, რატი.

-ცდები. ეგრე რომ გეგონოს, ახლა უკვე გაქცეული იქნებოდი აქედან.

-აბა რა გინდა? – დაუსისინა ლეილამ, კვლავ მისკენ მიატრიალა თავი.

ოდნავმა ღიმილმა შეურხია ყარალაშვილს ნაკვთები. ჯერ კიდევ უძირო უფსკრული იყო იქ, სადაც თვალები უნდა ყოფილიყვნენ.

-დრო მოვიდა, ლეილა. – თქვა მან.  

-რისი დრო?

-უნდა წავიდეთ.

ტანში გასცრა ლეილას, საშინელმა წინათგრძნობამ შეიპყრო.

-სად? – წამოილუღლუღა მან.

-დაგავიწყდა? – უფრო მეტად გაიღიმა ყარალაშვილმა და თვალებგადმოკარკლული შეჰყურებდა ლეილა, თუ როგორ მოუნგრია არაბუნებრივად ღიმილმა ნაკვთები, სახე მოეღმიჭა. – იფლიჰემში.

-რატომ?

-დრო მოვიდა.

-რისი?

-ფოტინეს და ზაქარიას მკვლელობას ვერავინ დაგიმტკიცებს, ლეილა. – თქვა ანაზდად ყარალაშვილმა.

კანკალებდა ლეილა. ცივმა ოფლმა დაასხა, გაოგნებულს.

-…რაო? – ძლივს ამოღერღა მან.

-ცაცა სადაა? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-მე…

-თამილა სად წავიდა?

-იფლიჰემში.

-იფლიჰემიდან არ ბრუნდებიან.

-იფლიჰემშია მეთქი.

-საჩეხეს გვერდით რომ გავთხაროთ, რას ვიპოვით? – თქვა ყარალაშვილმა.

სისხლი ჩამოერეცხა სახიდან ლეილას, ერთიანად გადაფითრდა. კინაღამ თვალები გადმოსცვივდა, გული ყელში ამოუჯდა, თმა ყალყზე დაუდგა.

წამიერად ვეღარაფერი უპასუხა, პირი მყისიერად გამოუშრა. კვლავ გამაყრუებელი წუილი ჩაუდგა ყურებში, წუილი ესმოდა და ყარალაშვილის სიტყვების ექო.

საჩეხეს გვერდით რომ გავთხაროთ, რას ვიპოვით?

ყარალაშვილი ისევ ისეთი, მონგრეული ნაკვთებითა და უფსკრულივით თვალებით შეჰყურებდა.

და საზარელი იყო იგი, ისეთი საზარელი, რომ ყოველი კუნთი და ნერვი დაეჭიმა დასაქცევად ლეილას.

მაგრამ ვერ იძვროდა.

-ვერაფერს იპოვით. – ამოილუღლუღა ბოლოს. – რა უნდა იპოვოთ?

-მე კი მგონია რომ თამილას ვიპოვით. – თქვა ყარალაშვილმა. – არ დამეთანხმები? მაგრამ ეგეც შეიძლება არ დაგიმტკიცდეს. სამხილები არ იქნება საკმარისი.

კვლავ ჩამოვარდა სიჩუმე. ჭრიალებდნენ ხეები და რაღაცას გაჰყვიროდა შორიდან ზეინაბ ფაღავა.

და კვლავ ყურისწამღები წუილი ედგა მტკივან თავში ლეილას.

-ფოტინეს, ზაქარიასა და თამილას მკვლელობები თავიდან აიცილე, ლეილა. – თქვა ყარალაშვილმა, ნელი ტაში შემოჰკრა. კვლავ იღიმებოდა. – მაგრამ ლუკა თუხარელს ვერსად გაექცევი. იფლიჰემს ვერსად გაექცევი.

-ცდები! – ამოსკდა მკერდიდან ლეილას. – შენ რა, გაგიჟდი? რაებს მეუბნები! მე ვიცი!

-რა იცი?

-მართალი ვიყავი. – დაუსისინა ლეილამ, გადაყვლეფილ იდაყვს დაებჯინა და ძლივძლივობით წამოდგა, ყველაფერი ტეხდა. – ფოტინე რეზომ მოკლა. შენ კი ზაქარია გადმოაგდე ფანჯრიდან!

-და რა, ეგენი დაინახე? – ჰკითხა ყარალაშვილმა, მერე კი თავი გადააქნია, ისე ჩაქრა მისი ღიმილი, როგორც გარიჟრაჟის შუქში ნელ-ნელა გაცრეცილი ვარსკვლავები. – შენი თავი ვინ გგონია, ლეილა?

ვეღარაფერი უპასუხა ლეილამ, გაოგნებული შეჰყურებდა.

არც კი იცოდა, რა უნდა ეპასუხა.

-საკუთარ თავს ვერ სცნობ? – გასწორდა ყარალაშვილი და უზარმაზარი ჩანდა მისი სხეული, ბუმბერაზი, თავზე წამოჰყუდებოდა თითქოს ლეილას, სულს უხუთავდა. – ცივსისხლიანი მკვლელი შუა ტყეში, სანამ მაცხოვრებლები მასზე ნადირობენ… არ გეცნობა?

წამოუბერა. აშრიალდნენ ბუჩქები და ქარმა დაზნიქა ტოტები, მაგრამ ოდნავადაც ვერ შეურხია კულულები ყარალაშვილს.

ენა ჩავარდნოდა ლეილას. ისე მიჰქროდნენ მის თავში ფიქრები, რომ ერთის დაჭერასაც კი ვერ შესძლებდა.

-მირჟანი შენ ხარ, ლეილა. – თქვა ყარალაშვილმა და კვლავ მოუგრიხა მისმა აუტანელმა ღიმილმა სახე. – შენ ხარ ის რქებიანი არსება, სულ რომ გეჩვენება. მირჟანი ხარ შენ და სხვა არავინ.

და დაინახა ლეილამ.

მისი სურვილის  მიუხედავად წამოუტივტივდა გონებაში მისი საზარელი სიზმრები.

მურკა, მდინარე, ვიღაც ქალი, დაფშვნილი ცა და ადამიანისსახა ირემი.

ტყის პირას აღმართული ქორბუდა ირემი, რომელიც უკანა ფეხებზე იდგა და ადამიანის სახე ჰქონდა.

იცნო.

საკუთარი ცისფერი, შემზარავად ღია ცისფერი თვალები შემოჰყურებდნენ მისი სახიდან.

თვითონ.

ერთიანად აკანკალდა ლეილა. პირი დააღო, განცვიფრებამ და თავზარდაცემამ ისე გადაუარა, როგორც ყინულოვანი ოკეანის ტალღამ, მოგუდა.

არა, არა. ეს რაღაც წარმოუდგენელი, წმინდა წყლის სიცრუე გახლდათ. აუტანელი, შეთხზული, სისასტიკე.

არა. ყარალაშვილი მის გაცურებას ცდილობდა.

ცალთვალა რეზომ კუზიანი ფოტინე მოკლა.

რატი ყარალაშვილმა კი ზაქარია ლორთქიფანიძე.

ბიცოლამისი კი ცაცამ.

მეტი არაფერი.

სხვა ვერაფერი იქნებოდა.

-მირჟანს ვერსად გაექცევი, ლეილა. – ამბობდა ყარალაშვილი. – ვერც მირჟანს და ვერც მე. შენი სვლა გეგონა, მაგრამ შეცდი.

არაფერი უპასუხა ლეილამ, თავი გადააქნია.

ამას ვერასოდეს დაიჯერებდა.

მიბრუნდა და გაიქცა.

უნდა მოშორებოდა აქაურობას.

უნდა მოშორებოდა ყარალაშვილს.

ამ შემზარავ ტყეს, სიბნელეს, ბრალდებას, მირჟანსა და საკუთარ სიზმრებს.

უზარმაზარი იყო მთვარე, ვარსკვლავებს ყლაპავდა და უფრო იზრდებოდა, ქვედა წვერი ხერეშის მთის კლდოვან ქარაფებზე მიებჯინა, მეორე წვერი კი ზემოთ, ზემოთ, ცაში აჭრილიყო. მიცურავდნენ ღრუბლები და დაქროდნენ მელიები, ჭახჭახებდნენ, გამსკდარიყო ცა და ყვითლად ციალებდნენ ვარსკვლავები. გადაყვითლებული მინდორი მატლებით გავსებულიყო და იცოდა ლეილამ, რომ ფეხდაფეხ მოსდევდა ვირთხების მთელი ჯგრო.

ზემოთ, ქარაფზე, ეკლესიასთან ახლოს წამოსკუპულიყო მურკა.

ძალა მოიკრიბა ლეილამ, კისრისტეხით გარბოდა.

გარბოდა გამწარებული და ღრიალით მოსდევდა ვირთხებისა და მატლების ჯგრო.

მიჰქროდა მინდორი. მიჰქროდა უკანმოუხედავად, მიჰქროდა ბალახი, მიჰქროდა კლდე, ბილიკი, დამსკდარი კლდის ნაპრალებში ამოხეთქილი ბუჩქები და უფრო მეტად გუგუნებდა ნამგალა მთვარე, ჭახჭახებდნენ მელიები და ღრიალებდნენ ვირთხები.

გასკდა ცა. გასკდა, ყველაფერი მოიცვა გარშემო, უზარმაზარი გახლდათ ცაც და მასში გამოკიდებული მთვარეც, მთვარეც, რომელიც იქვე, ახლოს, ქარაფის პირას იდგა და ელოდა.

მურკაც ელოდა, ყვითელი თვალებით შემოჰყურებდა და აქეთ-იქით აქანავებდა ფუმფულა, წითურ კუდს.

-ლეილა! – ღრიალებდა ვიღაც. – ლეილა! ყველაფერი დამთავრდა, დრო გავიდა, აღარაფერი დარჩა!

აღარაფერი დარჩა.

ქარაფის პირიდან ისკუპა მურკამ, მთვარის წვერზე გადახტა და კოხტად მოკალათდა, თათები აილოკა.

მიცურავდნენ ღრუბლები და ცეცხლივით მწველი იყო მთვარის ვერცხლისფერი შუქი.

გაექანა ლეილა. გაექანა და ისკუპა მთვარის წვერზე.

ცივი იყო, ცივი, ყინულოვანი, წამსვე შემოჰყინა კიდურებზე, გამაყრუებელი გუგუნი ისმოდა და ხმამაღლა ტკარცალებდა მისი თმა. ერთიანად ჩაეფლო ღრუბლებში, რომელთაც წამსვე მოიცვეს მისი თვალთახედვა.

და ყველაფერი გაქრა.

.

.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

თბილოდა.

ძალიან თბილოდა.

თითქოს მზის სინათლე მოსდებოდა ყველა მხრიდან, ათბობდა.

და ისეთივე უმასო, ცარიელი იყო, როგორც ჰაერში მოფარფატე ბუმბული.

რომელიც ვეღარასოდეს მისწვდებოდა მიწას.

ქუთუთოების მიღმა მოოქროსფრო სინათლეს ხედავდა.

თვალები გაახილა.

უსაშველოდ ლურჯი იყო ცა. ლურჯი, ლურჯი, ვეებერთელა, ბუმბერაზი, დაგორგლილი ქათქათა ღრუბლებით. არსად ჩანდა მზის თვალისმომჭრელი დისკო, მაგრამ ერთიანად მოსდებოდა მისი სინათლე შემოგარენს.

თითქოს ცის კამარის მიღმა ეკიდა მზე.

მთვარეს ხედავდა. ღრუბლების გვერდით გამოკიდებულ პაწაწინა, ნამგალა მთვარეს და მის გარშემო მიმობნეულ ვარსკვლავებს.

ზღვაში იწვა, ტივტივებდა. სასიამოვნოდ თბილი იყო წყალი, არც კი იძვროდა.

იმდენად სასიამოვნო იყო, რომ განძრევაც კი არ სურდა, მაგრამ მაინც წამოსწია ოდნავ თავი.

შორიახლოს რელსები ამოზიდულიყვნენ წყლიდან.

გადმოტრიალდა ლეილა, ფეხზე წამოდგა.

წყალი მხოლოდ ბარძაყებამდე სწვდებოდა. არც თმას უსველებდა და არც კაბას.

მხოლოდ ტილოს კაბა ეცვა, თეთრი, ქათქათა. კვლავ წელამდე ჩამოჰყროდა თმა. აღარ ჰქონდა ვერცხლის ძეწკვი და აღარც ბეჭედი.

აღარაფერი.

ორივე მხარეს გადაჭიმულიყო ლიანდაგი, თვალს ვერც კი აწვდენდა.

მოიღუშა.

რაღაც მოხდა, მაგრამ აღარ ახსოვდა, რა.

-რომელიმე მხარეს უნდა წახვიდე. – უთხრა რატი ყარალაშვილმა.

ლიანდაგის მეორე მხარეს იდგა. ქათქათა ტილოს პერანგი და შარვალი ეცვა.

-ვიცი. – უთხრა მან.  

არ იძვროდა ქარი და არსად ჩანდა მზე, მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები.

და თვალუწვდენელი ზღვა. სხვა არაფერი ჩანდა და ღია ცისფრად ციმციმებდა ჰორიზონტი.

-საით წავიდე? – ჰკითხა რატის.

-არ ვიცი.

-შენ სად წახვიდოდი?

-მე იქ წავიდოდი, სადაც შენ. – უთხრა რატიმ, მერე კი მიტრიალდა და ხელი გაიშვირა, შორს აღმართულ მთებსა და მინდორზე მიუთითა. – შეგიძლია იქ წახვიდე.

-არა. იქ არ მინდა. – უხერხულად შეიშმუშნა. – რა მოხდა?

-არ ვიცი. მე იმდენი ვიცი, რამდენიც შენ.

თავი დაუქნია. თითქოს ყველაფერი მოხდა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ამავდროულად არაფერი. ისეთივე ცარიელი იყო ეს ზღვა, როგორც ყველაფერი დანარჩენი.

რატი ყარალაშვილი გაუნძრევლად იდგა. უფსკრულივით მუქი თვალები ჰქონდა.

ოდნავ გაუღიმა. თავი დაუქნია.

მიბრუნდა და ზღვას დაუყვა.

არ იძვროდა წყალი, მხოლოდ მისი ნაბიჯები და წყალზე დაფენილი კაბა ათრთოლებდა მას. დაგორგლილიყვნენ უზარმაზარი თეთრი ღრუბლები, ანათებდა ცის კამარის მიღმა მზე და უძრავად გამოეკიდებინათ ცაში ნამგალა მთვარე. არ იძვროდნენ ვარსკვლავები, არც კი ციმციმებდნენ.

შორეული გუგუნი ჩაესმა უკნიდან.

მოტრიალდა. რატი ყარალაშვილი აღარ ჩანდა, გამქრალიყო.

მერე მოვიდოდა ალბათ.  

შორს მოჩანდა მატარებელი, რომელიც სწრაფად, ჩაქჩაქით მოიწევდა მისკენ.

საბოლოოდ აქედან წავიდოდა.

შედგა და მოთმინებით დაელოდა მატარებელს.

.

.

.

Fin

ცოტა რამ „მირაჟის“ შესახებ:

  1. „მირაჟი“ ერთ-ერთია იმ ნოველებიდან, სადაც სათაური არ არის ნახსენები. მირაჟი განასახიერებს განვითარებულ მოვლენებს, იმას, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს.
  2. ლეილა ე.წ. „unreliable narrator“ ანუ არასანდო მთხრობელს წარმოადგენს. ბევრი რამ ავიწყდება, ბევრ რამეს იტყუება. არაფერია სანდო, რასაც ამბობს და მის მიერ დანახულს/განცდილსაც ვერ ენდობა მკითხველი.
  3. „ლეილა“ ღამეს, ბნელს ნიშნავს.
  4. გარემოს აღწერისას მზე ამოდის და ჩადის ყოველთვის ერთ მხარეს – ლელესის ტბის თავზე. ეს ერთ-ერთი ადრინდელი მინიშნებაა იმაზე, რომ ლეილას ჰალუცინაციები აქვს.
  5. ყვავილები, რომლებიც ისტორიაშია აღწერილი, ქრიზანთემები და ყვითელი ვარდებია. მათ სიმბოლური დატვირთვა აქვთ: უბედურების, სიკვდილის სიმბოლოები არიან.
  6. ვერცხლის ძეწკვი ლეილას თამილამ იმისათვის მისცა, რომ ეშინოდა, დედამისისნაირი არ გამხდარიყო.
  7. ფოტინეს ბეჭედში ალექსანდრიტის ქვაა ჩასმული, რომელიც ძალაუფლების, სიყვარულის სიმბოლოა და ასევე ფიზიკურსა და სულიერ სამყაროებს შორის კავშირს წარმოადგენს.

16 thoughts on “მირაჟი (თავი 10 -ეპილოგი)

  1. რამდენი რამ ვერ შეგვიმჩნევია თურმე…სხვანაირი ისტორია იყო, უბრალო დასასრული არ შეეფერებოდა, ძალიან მომეწონა!
    პ.ს
    თუმცა უნდა ვაღიარო, ცოტა დაბნეული ვარ, მაგრამ ალბათ სწორედ ეს დაბნეულობა უნდა დაეტოვებინა ამ ისტორიას.
    დიდი ხნის პაუზის მერე დაგვიბრუნდი და ორი ისტორია გვაჩუქე ერთმანეთის მიყოლებით, ხელახლა შეგეჩვიეთ, ამიტომ დიდხანს არ დაგვტოვო, გელოდებით ახალი, შენეული ისტორიით! 💘

    Like

    1. უღრმესი მადლობა რომ წაიკითხე! 💛 კიბატონი, ნამდვილად სხვანაირია ვიდრე ჩემი სხვა ნოველები, რანაირი დასასრულიც მიმაჩნდა ლოგიკური, ისე დავამთავრე 💛 კი, ცოტა დაბნეულობა უნდა დაეტოვებინა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ასე თუ ისე მაინც გასაგები იყო თუ რა მოხდა საბოლოოდ 💛
      რაც შეეხება ახალ ისტორიას, იდეა უკვე მაქვს და ვნახოთ, იმედია მალე შევძლებ დაწყებას 🥰💛 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 🥹💛

      Like

  2. ლინდა ზედგინიძე ბოლოს ასეთს ველოდი,კი დაგიწერე გუშინაც კომენტარი, მაგრამ მთელი გულით მინდოდა ასე არ მომხდარიყო, თუმცა ყველა დეტალი და ყველა აღწერა მიუთითებდა მისტიკაზე, ისე დამთავრდა როგორც უნდა დამთავრებულიყო, ჯერ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ,ძალიან მაგარი გოგო ხარ

    Like

  3. ეს ის მომენტია როცა სრულიად დაბნეული ხარ და ვერ ხვდები რა იფიქრო.
    ალბათ ყველაფერი ნათელია თუმცა ჩემთვის ია დარჩა გარკვეული რომ ლეილამ მოკლა ყველა. მათ შორის რატიც, რომელიც მის მიმართ უარყოფითად არ იყო განწყობილი, მაგრამ მისი ყველა გეგმა თავიდანვე გაშიფრა. რაც მეტკინა ისაა რომ შეშლილი დედის გზას გაჰყვა. იქნებ ცაცაც…
    არ ვიცი კიდევ ერთხელ გადავიკითხავ თავიდანვე და ალბათ მერე უფრო მექნება სწორი აზრი.
    შეიძლება ვცედები და ფანტაზია გამექცა მაგრამ…
    ლინდა რა გვიქენი ეს🥺💔

    Like

    1. კი, ყველაფერი იმაზე მოუთითებს რომ ლეილაა მკვლელი. შეიძლება სპეკულაცია მოვახდინოთ რომ იქნებ რატი იტყუება, იქნებ მართლა დაინახა იმ ღამით ლორთქიფანიძეების სახლის ფანჯარაში რატი ლეილამ, იქნებ მართლა მოკლა ფოტინე რეზომ და ვიღაცამ კიდევ თამილა, მაგრამ სპეკულაცია სპეკულაციად დარჩება, რაკი ის ვიცით, რაც ლეილამ, შეზღუდულნი ვართ ასე თუ ისე, როცა რეალობის აღქმაზე მიდის საქმე. რატის რაც შეეხება, რატი ცოცხალია.
      მადლობა უღრმესი რომ წაიკითხე გენაცვალე 🥰💛 და ბოდიში უარყოფითი ემოციები თუ გამოვიწვიე 🥺🥺

      Like

      1. არა უარყოფითი ემოციები კი არა უფრო დავიბენი რაც იშვიათად მემართება. პირიქით მადლობა რომ ჩვენს გვერდით იყავი და გაგავაცანი ეს საოცარი პერსონაჟები🩶
        მიჭირს დამშვიდობება🥺💔

        Like

      2. არა უარყოფითი ემოციები კი არა უფრო დავიბენი რაც იშვიათად მემართება. პირიქით მადლობა რომ ჩვენს გვერდით იყავი და გაგავაცანი ეს საოცარი პერსონაჟები🩶
        მიჭირს დამშვიდობება🥺💔მიხარია რატი ცოცხალი რომაა❤️

        Like

  4. რა თქმა უნდა დაბნეულობა მეც შემეყარა. პირველივე სიტყვიდან ბოლო წერტილამდე დაძაბული და სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. ველოდი მზის სხივს რომელიც ნათელს მოჰფენდა ამ ყველაფერს. თუმცა მაიც ბურუსით მოცული დარჩა რეალობა. ათასი კითხვა დამრჩა პასუხგაუცემელი. თუ კი მართლა ლეილას ნამოქმედარია ეს ყველაფერი, აუცილებლად რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა ავადმყოფობასთან ერთად. რის გამო ამოირჩია ეს ხალხი. რა სიხშირით და რა თანმიმდევრობით გადაწყვიტა მათი დახოცვა. ან კონკრეტულად რის გამო. ასევე თუ კი რატიმ ყველაფერი იცოდა, რატომ გადაწყვიტა მისთვის ხელის დაფარება, რატომ არ დაიჭირა? თუ კი მოინდომებდა მშვენივრად იპოვიდა სამხილებს, ან ფსიქიატრიულში გამოკეტავდა. ამასთანავე არსებობდა კი ქალაქი იფლიჰემი? თუ ლეილამ გამოიგონა?ან სად გაქრა ცაცა, ცოცხალია? მოკვდა?
    იმ შემთხვევაში თუ რატიმ დაგეგმა ყველაფერი რა მიზანი ამოძრავებდა ვერ ვხვდები🤯 მოკლედ რა გითხრა ლინდა. მალე დაბრუნდი ახალი თავსატეხით 💚💙💜🧡

    Like

  5. ნუ ლინდუ სიტყვები არ მყოფნის🙈 თავიდანვე კითხვისას იკარგები და ვერ გებულობ სად რა და რატომ ხდება. საერთოდ რეალური იყო თუ არა ის ყველაფერი, რაც ლეილას თავს ხდებოდა, თუ უბრალოდ ფსიქიატრიულის პაციენტი იყო, რომელმაც ყველაფერი გამოიგონა. ბოლოს მოკვდა და რატი ელანდებოდა, თუ მართლა წავიდან იმ სოფლიდან. ცაცა საერთოდ გადარჩა თუ ლეილამ მიაყოლა ბიცოლანისს და იმ მის გათხრილ საფლავში მიაბარა მიწას, ეგეც საკითხავია😁მოკლედ, ეს ისტორია ერთი დიდი თავსატეხია, თან ძალიან ლამაზად რომ არის აღწერილი ყველაფერი ეგეც საოცარია🥰🥰 თავიდან ვერა, მაგდამ უკვე მეცხრე თავის კითხვისას ვიგრძენი, რომ აქ რადაც შეშლითა კუნძულის ვაიბი ტრიალებდა. 🙈მოკლედ ძალიან ძალიან საინტერესო და კარგი საკითხავი იყო ქალაუ😍თან შენი სტილი, ნიჭი და წერის მანერა ყველა დეტალში სასიამოვნოდ იგრძნობოდა😍😍😍😍❤️‍🔥❤️‍🔥❤️‍🔥❤️‍🔥

    Like

  6. ხოო, უსიტყვოდ ემოციის გარეშე დავრჩი , ალბათ ისეთი არაფერი მოხდა ნებისმიერ მკითხველი დაუშვებდა ამ ვერსიას და ახლა ,რომ ვფიქრობ ის ჯოჯოხეთი ,და სრული ქაოსი რომელიც ხდებოდა სოფელში ამ დროის განმავლობაში სხვანაირი დასასრული ისტორიას ვერ ან არ ექნებოდა.. ქაოსური, ემოციური,შთამბეჭდავი ისტორია იყო,რომელმაც დიდი ემოციური ქაოსი გამოიწვია…ყოველთვის ახერხებ მძაფრი შეგრძნებების და შთაბეჭდილების მოხდენასსს მკითხველში….

    Like

    1. მარჟანი არა მაგრამ მგონია რომ მთვარეული იყო და გამოღვიძებულს აღარ ახსოვდა.თუმცა თვითონ სოფლელებიც ისეთია,მგონი ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო…ოთახში გამოკეტილი ქალის წარმოსახვის ნაყოფი მგონია არანორმალური ხალხი,მოკეტილი სოფელი და ერთი პერსონაჟიც კი არ იყო ნორმალური,თითქოს რატი ს არაუშავდა იმათ ფონზე.და მაინც,ხო თითქოს გავიგე ყველაფერი და მაინც კითხვები მაქვს 😊 მადლობა

      Like

  7. ერთი წელი გავიდა რაც ეს ნოველა დასრულდა, და ერთი წლის შემდეგ, როგორც იქნა ბოლო თავიც დავასრულე, სანამ ეპილოგს წავიკითხავდი უკვე მოსალოდნელი დასასრული არ მინდოდა, მგონი მზად არ ვიყავი და ამიტომ გავწელე ასე, ყველაზე მეტად ბუნების აღწერის კითხვა მიყვარდა, და ისი როგორ ნელნელა ხდებოდა ყველაფერი პირქუში, უფრო და უფრო მიქდებოდა ფერებიც და ატმოსფეროც, ვიცი რომ ამ დასასრულისთვის გვამზადებდი,

    Like

  8. ლეილა მკვლელი რატომ იყო და რატომ შეიძლებოდა მსხვერპლები ასე რენდომ ამოერჩია სრულიად არალოგიკურად,ეგ გავიგე.მაგრამ გული ძალიან მწყდება იმაზე რომ ვერაფრით ამოვხსენი რატის რა დამოკიდებულება ჰქონდა სინამდვილეში მის მიმართ? ისე ზრუნავდა მასზე რომ ცისარტყელებიან და პეპლებიან ჰეფი ენდს არ ველოდი მაგრამ ის მაინც მინდოდა ზუსტად რატი ყოფილიყო ის ადამიანი ვინც ოდნავ მაინც სიყვარულს დაანახებდა მთელ ცხოვრებით უბედურ გოგოს.ბოლო ჯამში ვერ მივხვდი,იფლიჰემში წასვლა თავიდანვე იმიტომ შესთავაზა რომ ციხეში მიეტყუებინა?ყველაფერი თავიდანვე წმინდა წყლის გამოძიება იყო და არც ერთი მისი ყურადღების გამომხატველი ჟესტი არ იყო გლწრფელი?ანდა ბოლოს რა მოხდა?ლეილა ქარაფიდან გადაეშვა ხო? უკანასკნელი სცენა სადაც რატი ელაპარაკება მირაჟი იყო?

    Like

  9. გაოცებული ალბათ მსუბუქი ნათქვამია😱არ კი ვიცი რა უნდა ვთქვა,შემეცოდა ლეილა…თითქოს თავიდანვე ცხადი იყო რომ მთლად ჯანმრთელი ფსიქიკა არ ქონდა მაგრამ მკვლელობების ჯაჭვს ვერ მივყვები,რაც ასევე ბადებს ეჭვს რომ ეს ყველაფერი შეიძლება სულაც არ მომხდარა…
    როგორ დასასრულს ველოდი არ ვიცი მაგრამ მაინც კარგი დასასრული მინდოდა☺️☺️
    არ ვიცი ჯერ ისევ არაფერი და ამ ამბავზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ მგონი…
    საოცრად და ლამაზად რომ წერ ეგ რომ არ ავღნიშნო არ გამოვა ისე❤️❤️იმდენად ყველა დეტალი გაქვს გათვლილი და ყველა აბზაცში აზრი ჩადებული რომ ალბათ ერთხელ მაინც კიდევ გადავიკითხავ რამე ხომ არ გამომრჩა😄

    Like

Leave a reply to თამარი კომენტარის გაუქმება