მირაჟი (თავი 9)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეცხრე თავის თემა

IX – Sea, Chess and Pomegranate

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

თვალები გაახილა ლეილამ.

კოკისპირული წვიმა შხაპუნებდა გარეთ, სახურავზე რახუნებდნენ სქელი წვეთები და თქრიალით გამოეხეთქა შემოსასვლელთან ახლოს, საწვიმარ მილში წყლის ნაკადს. უკვე გუბეები დამდგარიყო ეზოში, რომელთაც მოყვითალო ელფერი მოსდებოდათ შემოსასვლელიდან გაღვრილ სინათლეზე. რუხი ღრუბლები დაგორგლილიყვნენ ცის კამარაზე და კუნაპეტი ჩამოწოლილიყო, რომელსაც ოდნავ ცრეცდა დროდადრო ღრუბლებში გაკლაკნილი ელვა და მბჟუტავი, მოქანავე ნათურის მონარინჯისფრო შუქი.

თუმცა არა. შავბნელი, შემზარავი კუნაპეტი შემოსასვლელშიც იდგა. სულშემხუთავი, შემაძრწუნებელი კუნაპეტი, რომელსაც ვერანაირი შუქი ვერ გააქარწყლებდა.

ქვემოთ დაიხედა ლეილამ. მზერა უცურავდა, თავი სტკიოდა, გასკდომამდე.

სისხლის გუბეში იჯდა. გულისპირი, ყელი, ხელები და კაბის კალთები მისსა და თამილას ერთმანეთში აღრეულ სისხლს მოეთხვარა. ერთიანად გასისხლიანებულიყო მის მუჭში მოჭმუჭნული ცაცას ცხვირსახოციც.

ცაცა ჩუმად სლუკუნებდა, კედელს მიჰყუდებოდა, მისკენ ზურგშექცეული. აწეწოდა წითური თმა, და მასაც სისხლით დალაქავებოდა კაბა და ხელები.

რომ მოვიდა, თამილა ცოცხალი იყო. დანა ზურგიდან ამოაძრო. დახმარება სცადა.

ამას ეუბნებოდა ცაცა.

მაგრამ ფაქტი ის გახლდათ, რომ დანა მას ეჭირა. და მისი ცხვირსახოცი ჰქონდა პირში ჩატენილი გვამს.

ცაცამ მოკლა თამილა.

შეზარა ამ აზრმა ლეილას, გააკანკალა.

ან არ მოკლა.

თუმცა ყველაფერი ამაზე მიუთითებდა.

ალბათ ყელში ამოუვიდა ყველაფერი. ალბათ ფული სთხოვა ხელახლა.

თუმცა არა.

თვითონ? სად იყო ამ დროს თვითონ?

აღარც ახსოვდა, თუ რა მოხდა. მხოლოდ ბუნდოვნად შერჩენოდა მის გონებას ის, რომ ყანაში გავიდა ჭარხლის მოსათხრელად.

მერე კი აშკარად უკან დაბრუნდა.

ცხვირიდან წასკდა კვლავ სისხლი. ესე იგი რაღაც მომხდარიყო.

იქნებ რაღაც უთხრა თამილამ. იქნებ ისეთი რაღაცები მოროშა, რომ აღელვებისაგან სისხლდენა დაეწყო ლეილას.

მერე კი ალბათ სისხლის დაკარგვის ფონზე გული წაუვიდა.

სხვანაირად ვერ იქნებოდა.

მერე კი ცაცა მოვიდა. დაინახა, თუ როგორ გაშოტილიყო ლეილა, მერე კი ალბათ შელაპარაკება მოუვიდა თამილასთან.

ისედაც ვერ იტანდა. ალბათ ისევ ფული მოსთხოვა, ან რამე ეგეთი.

სხვანაირად ვერ იქნებოდა.

ცაცამ მოკლა თამილა.

ანდა ვიღაცა სხვამ. ვიღაც მოვიდა. ვიღაცამ გადაწყვიტა თამილას გასწორებოდა.

იქნებ ერთი გვარიანად შემოარტყა იმ ვიღაცამ? იქნებ ამიტომ ეგდო გულწასული, იქნებ ამიტომ წასკდა ცხვირიდან სისხლი?

ვიღაც უცხო კაცი. ის მკვლელი, რომელიც ყველას ფატრავდა.

ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში ლეილას, თვალები გადმოეკარკლა. წამსვე მოისვა თეძოებზე ხელი, აკანკალებულმა.

საცვალი ჯერ კიდევ ეცვა. და არაფერი სტკიოდა შიგნით, მხოლოდ გვარიანად დაჟეჟოდა კიდურები.

ალბათ ის ვიღაც მოვიდა.

თუმცა არ ჰქონდა ამ ყველაფერს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის დანა ცაცას ეჭირა.

ახლა კი სადმე წაათრევდნენ. ყარალაშვილი მოვიდოდა, ხელს მოავლებდა ცაცას და ციხეში ჩააყუდებდნენ.

ალბათ თვითონაც დააბრალებდნენ თანამზრახველობას.

ტუჩები უთრთოდა ლეილას, გვამის მიჭყლეტილ, გალურჯებულ სახეს დახედა.

შეეზარა. შეზიზღდა.

აქამდეც ეზიზღებოდა, მაგრამ არაფრის მაქნისი და მკვდარი კიდევ უფრო შეზიზღდა.

-ადექი. – წამოიხრიალა მან, რის ვაი-ვაგლახით წამოიწია ფეხზე, ბლანტ სისხლში ფეხი უსხლტებოდა. – ცაცა, ადექი, ახლავე.

ცაცამ სლუკუნი ძლივს შეწყვიტა, მისკენ მოატრიალა თავი. თვალების უპეები ჩამოსიებოდა, ლოყებსა და ნიკაპზე ყვითლად პრიალებდა ნათურის ნარინჯისფერ შუქზე მისი ცრემლების ნაკვალევი.

-უნდა დავმარხოთ. – ძლივს წამოილუღლუღა ლეილამ. – ადექი.

-დავმარხოთ? – გაიმეორა ცაცამ, თვალები კინაღამ გადმოსცვივდა. – რას ნიშნავს დავმარხოთ? ლეილა, პოლიცია უნდა გამოვიძახოთ! ვიღაცამ მოკლა!

ვიღაცამ.

თვალი აუთამაშდა ლეილას, ბურთი მოაჯდა ყელში. ცაცას სახეს შესცქეროდა და შეეზარა ანაზდად, თითქოს პირველად ხედავდა, თითქოს ნიღბის მეტი არაფერი გახლდათ მისი განადგურებული, ნამტირალევი, გაოგნებული გამომეტყველება.

ვიღაცამ. რა თქმა უნდა ვიღაცამ.

ცაცა ვიღაც სხვა იყო, ვიღაც უცხო, აქამდე არარსებული არსება, რომელმაც ფარატინა ნიღაბი შემოიგლიჯა თითქოს ანაზდად.

გული მოეწურა ლეილას.

-და ვის დავუნახე დანა? – დაუსისინა მან. – გინდა დაგიჭირონ? გინდა ციხეში ჩაგალპონ შენც და მეც?

-ჩვენ არაფერი გვიქნია! – ხმას აუწია ცაცამ, მაგრამ თითქმის ერთიანად შთანთქა, გადაყლაპა მისი სიტყვები გრუხუნმა, ჰაერი რომ გახეთქა და ფანჯრის მინები შეაზანზარა. – გაგიჟდი? იმ მანიაკმა მოკლა, რომ დაეთრევა აქეთ-იქით! კიდევ კარგი შენც არ მოგადგა! რა გინდა, მობრუნდეს და მოათავოს საქმე?

-ის ყოველდღე არ კლავს. – მოუჭრა ლეილამ. – იქამდე გინდა დაგიჭირონ და ჩაგაყუდონ?! ადექი! აქედან ვერ წახვალ, ზრეას ვერ დატოვებ, ეს რომ აქ იპოვონ ახლა, გამიგონე?

-მე რა შუაში ვარ? – ალუღლუღდა ცაცა, თვალებგადმოკარკლული, გაოგნებული შესცქეროდა, უარესად გაფითრდა. – მე კი არ ვყოფილვარ აქ! ეგრე ვიტყვი, რომ არ ვყოფილვარ და მორჩა! რა გგონია, ყარალაშვილი იფიქრებს რომ თამილა მე მოვკალი?

გასწორდა ლეილა. ერთიანად ცახცახებდა. კედელს მიაბჯინა კინაღამ ხელი, რომ რამეს მიყრდნობოდა, მაგრამ თავი შეიკავა, მაგრად მობღუჯა კაბის კალთა.

-ყარალაშვილს დამნაშავე სჭირდება. – თქვა მან. – უნდა დავმარხოთ. ადექი-მეთქი!

-ლეილა, მაშინებ. – წაილუღლუღა ცაცამ. გაშტერებული, ნარინჯისფერ სინათლეში ავადმყოფურ მოყვითალოდ დაფერილი, ჩასისხლიანებული თვალებით შეჰყურებდა. – გეუბნები, მე არ ვყოფილვარ აქ.

უკან გადაიხარა ლეილა. თითქოს ახლა მიხვდა, თუ რისი თქმა უნდოდა ცაცას.

-ანუ მე ვიყავი. – თქვა ბოლოს.

ცაცამ პირი მოხურა. ყბებში კუნთები აუთამაშდა, შიშითა და გაოგნებით აღსავსე თვალებში ისეთი შეუპოვრობა შეეპარა, რომელიც ლეილასთვის ასეთი ნაცნობი გახლდათ.

იჭექა. ქარი გამაყრუებელი ზუზუნით გლეჯდა ფოთლებს.

-შენ იყავი. – თქვა ცაცამ.

ათრთოლებული ტუჩები მაგრად მოკუმა ლეილამ. უსიტყვოდ შეჰყურებდა ცაცას და ვერც კი გაეგო, თუ რა უნდა ეთქვა.

-ვიყავი. გულწასული. – ამოღეჭა ბოლოს.

-რა, მკვლელმა შენ დაგტოვა და თამილას მიადგა? იქამდე რა მოხდა, ლეილა? – ჩაეკითხა ცაცა. ნელ-ნელა წამოიწია, და ზანტად, მდორედ წვეთავდა მისი დაჟიებული კაბის კალთებიდან სისხლი.

-ყანაში ვიყავი. – თქვა ლეილამ. გული მძლავრად უცემდა, თითოეულ გულისცემას საფეთქლებში გრძნობდა.

საშინლად სტკიოდა თავი.

-მერე? მერე სად იყავი?

-აქ ამოვედი აშკარად. მეტი აღარ მახსოვს. შენ სად იყავი? – შეუბრუნა კითხვა ლეილამ.

ცაცამ ცხვირი აჭმუხნა. დაჟინებით, თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა.

-თავართქილაძეებში. ბიძაჩემს დავურეკე. მოვდივარ-თქო ვუთხარი.

-მიდიხარ? – წარბები აზიდა ლეილამ. – და როგორ მიდიხარ?

-რამენაირად მივდივარ.

-უფულოდ ვერ წახვალ.

-ბიცოლაშენს ფული აღარ დასჭირდება. – მოუჭრა ცაცამ. – სადმე ექნება გადანახული.

გაკრთა ლეილა. კიდურები გაუცივდა თითქოს ერთიანად, კანკალებდა.

-პოლიციას გინდა შეატყობინო რომ მოკლეს და თან გაძარცვას უპირებ? – ჩაეკითხა ბოლოს. – მთლად გადაირიე შენ?

ცაცამ მზერა აარიდა. სადღაც გაიცრიცა, ჩამოლღვა მისი შეუპოვარი გამომეტყველება, კვლავ ყველაფრის მომცველი შიში ჩაუდგა თვალებში.

ძლივს გადაიტანა ნერწყვი გამომშრალ ყელში ლეილამ. ცაცას შეჰყურებდა და ვერაფრით გაეგო, ვერაფრით დაელაგებინა საშინლად მტკივან თავში ის არეული ფიქრები, რომლებიც ყურისწამღები წუილით ეხეთქებოდნენ მის თავის ქალას შიგნიდან. მხოლოდ ერთადერთი მოეგდო მათგან ხელში, ფიქრი იმაზე, რომ გვამი უნდა დაემარხათ.

მარტო ვერ შეძლებდა.

ხმამაღლა აზუზუნდა ხეებში ქარი, ფოთლებს გლეჯდა, ტოტებს აჭრიალებდა. ელვის სისწრაფით, დგაფუნით მიჰქროდა სადინარში წვიმის წყალი, შხაპუნით ეხეთქებოდა ატალახებულ მიწას შემოსასვლელთან. ელვამ გაწიწკნა ცაში დაგორგლილი რუხი ღრუბლები და გამაყრუებლად იქუხა, კედლები შეაზანზარა, კიდევ უფრო აქანავდა ჭერზე ჩამოკონწიალებული ნათურა. 

-ჯერ საფლავი ამოვთხაროთ. – თქვა ლეილამ. – მიწა რბილია. მერე შიგნით ჩავაგდოთ. წვიმა დატკეპნის…

-ლეილა, მთლად გაგიჟდი მგონი… – გააწყვეტინა ცაცამ.

-მითხარი, გინდა ციხეში ჩაგაყუდონ? – დაუსისინა ლეილამ, სისხლი აუდუღდა, შუილით მიჰქროდა მის ძარღვებში, იგრძნო, თუ როგორ გამოებურცა დაჭიმულ ყელზე ვენები. – და ვისთვის? ბიცოლაჩემის გულისათვის? ეგ გინდა? გინდა ციხიდან ვეღარ გამოხვიდე? ნუ სულელობ რაღაცას და გამოადგი ფეხი!

მერე კი მიბრუნდა. ცხვირსახოცი შეუმჩნევლად ჩაიკუჭა კაბის ჯიბეში და შემოსასვლელის ნათურის ამომრთველს მხარი გაჰკრა, რომ სინათლე ჩაექრო.

და შემზარავი რუხი შუქჩრდილი გადაეფინა სუდარად იქაურობას, მისმა შავბნელმა წიაღმა, არარსებობას რომ ჩამოჰგავდა, თითქოს ერთიანად შთანთქა, ჩაითრია მათ შორის გაწოლილი გვამი, ბლანტი სისხლის გუბე და მასთან ერთად ის შემაძრწუნებელი რეალობა, ჰაერში გამოკიდებული, უთქმელი სიტყვებითურთ, რომელიც ყველაფრის წალეკვას ლამობდა.

ლეილას ცხოვრების წალეკვას.

ცაცას ცხოვრების წალეკვას.

მაგრამ დაიფარა იგი. შუქჩრდილმა და მათ შორის ჩამოწოლილმა სიჩუმემ დაფარა, ჩაყლაპა, მიჩურთა სადღაც.

გააკანკალა ლეილას.

ნელა გააბიჯა გარეთ, თან გამალებით აცეცებდა სიბნელეს შეუჩვეველ თვალებს აქეთ-იქით, სანამ რუხ ღრუბლებში გაკლაკნილმა ელვამ არ გაანათა წამიერად შემოგარენი.

კოკისპირულად წვიმდა. წვიმის შხაპუნს ქარის ზუზუნი და ნაზიბროლას ყრუ ბღავილი ერთვოდა.

შეუჩერებლად მოჩქეფდა სადინარში წყალი და სწრაფად გადაიბანა შემხმარი სისხლით მოთხვრილი ხელები ლეილამ, მერე კი კედელ-კედელ გაემართა ბოსტნისაკენ.

წამსვე დაუსველა თმა და მხრები წვიმამ, მუცელსა და ფეხებზე მიცოცავდნენ წვეთები. ტკარცალებდა ქარი, ზუზუნით მიჰქროდა ხეებში, ფოთლებს გლეჯდა და ლეილას სველ, გაწეწილ კულულებს ჰაერში ატრიალებდა.

უკნიდან ბუნდოვნად ესმოდა ნაბიჯების ხმა. ცაცა მოდიოდა.

ნელ-ნელა შეეჩვია თვალი სიბნელეს და როგორც ბლანტი, შავბნელი, ავდრიანი ოკეანიდან, ისე გამოცურდა კუნაპეტიდან მათი ეზოს, საჩეხეს, ბოსტნისა და რუხი ღრუბლების ფონზე დაზნექილი ხეების მოხაზულობა. ღობის მიღმა, ხეებსა და ტალავერს იქით მქრქალად კიაფობდა კოჭლი ბესარიონის სახლის ფანჯრებიდან გამომავალი მოყვითალო სინათლე, თუმცა ვერ გაებედა ჩამოწოლილ რუხ ავდართან შეჭიდება.

მზერა გააცეცა ლეილამ, ყურადღებით მიმოიხედა აქეთ-იქით. ჭიშკრის მიღმა, მთავარ გზაზე არავინ ჩანდა, სახლი, აშოლტილი ხეები და ღობესთან აშრიალებული ვეებერთელა ბუჩქები შემოჯარულიყვნენ გარშემო, ცნობისმოყვარე თვალისაგან იცავდნენ მათ. კოჭლი ბესარიონი კი, ფანჯარაშიც რომ გამოეხედა, ვერაფერს გაარჩევდა სიბნელესა და თქეშში.

საქათმეს მიუახლოვდა ლეილა. ხელის ფათურით მიაგნო იქვე აყუდებულ ბარსა და თოხს, მაგრად მოსჭიდა ტარში ხელი ბარს და პირი მოუსინჯა, მერე კი ქშენით გაემართა საჩეხისკენ.

განწირული ხმით ბღაოდა ნაზიბროლა და კრიახებდნენ ქათმები.

შეაჟრჟოლა ლეილას. მისი რეზინის ჩექმების ქვეშ იზილებოდა ატალახებული მიწა.

საჩეხეს მიუახლოვდა. იქვე დახვავებულ, თასმით შეკრულ თივის შეკვრებს ხელი სტაცა, ხვნეშით გადაათრია გვერდზე, რბილი მიწა ხელით მოსინჯა.

აქ დამარხავდა.

მერე კი თივას დაახვავებდა ზედ.

ვერავინ შეამჩნევდა.

ტყაპუნებდა მის უკან ლაფი და მობრუნდა ლეილა.

ცაცა იდგა იქვე. იდგა, როგორც ბნელი, აცახცახებული სილუეტი, რომელსაც წურწურით გასდიოდა წყალი კაბის კალთებიდან და თმიდან, რომელიც დაგრეხილი, სქელი თოკებივით ჩამოჰკიდებოდა. მის გამომეტყველებას ვერ არჩევდა ლეილა, მაგრამ ალბათ არც გახლდათ საჭირო.

გაიელვა. ელვის დაკლაკნილმა სხეულმა გახეთქა ჩამოწოლილი სიბნელე, წამიერად მოეფინა შემოგარენსა და ცაცას გაფითრებულ, გაოგნებულ სახეს. თვალები ვეებერთელა გახდომოდა და პირდაპირ ლეილას შეჰყურებდა.

მერე კი კვლავ გაქრა ყველაფერი.

თვალი აარიდა ცაცას სილუეტს ლეილამ და ბარის პირი მიწაში ჩაარჭო ერთი ძლიერი დაქნევით, მერე კი ჩექმის ქუსლი დასცხო მის კიდეს.

გამაყრუებლად იქუხა და ღრმად ჩაეფლო ბარი რბილ, სველ მიწაში.

ტარს დააწვა და მიწიდან ამოხეთქილი ბელტები გვერდზე გადაყარა ლეილამ.

მერე კი ისევ ჩაარჭო ბარის პირი მიწაში.

კვლავ მიჰყარა გვერდით ბელტები.

ისევ.

ისევ და ისევ.

-ლეილა… – თქვა ცაცამ. თითქმის ჩაყლაპა მისი ხმა ქარის ზუზუნმა.

მერე კი აღარაფერი უთქვამს.

-რა? – ჰკითხა ქშენით ლეილამ, როცა ძალიან დიდხანს გაგრძელდა დუმილი.

-წავიდეთ ყარალაშვილთან. – ხმა უთრთოდა ცაცას. – გემუდარები, წავიდეთ…

-დაივიწყე. – ამოიქშინა ლეილამ, მაგრად დაჰკრა ბარის კიდეს ჩექმა. – ცხოვრების დანგრევა გინდა? გამაგებინე, გინდა?

-ამან რომ დამინგრიოს ცხოვრება?

-ამით შანსი მაინც გაქვს, რომ არაფერი მოხდება.

-რომ მოიკითხონ? – ამოილუღლუღა ცაცამ.

-მოიკითხონ რა, მაინც ვერავინ ამჩნევს, იფლიჰემში როდის მიეხეტება და როდის არა. – დაუსისინა ლეილამ. – ერთი ფოტინესთან დადიოდა ხშირად და ისიც მოკვდა. წისქვილში, ყანაში და საჭმელზე ისედაც სულ მე დავეთრევი.

-მაინც მოიკითხავენ.

-კარგი. მოიკითხონ.

-მერე რას იზამ, რომ მოიკითხავენ?

-ვიტყვი, წაეთრა იფლიჰემში თქო.

-იქ რომ ვერ იპოვიან?

-ეგ მე უკვე აღარ მეხება.

-გეხება! -უარესად აუთრთოლდა ხმა ცაცას. – ორივეს გვეხება!

-ხმას დაუწიე. – კბილებში გამოსცრა ლეილამ, გაფაციცებით მიმოიხედა აქეთ-იქით. საბედნიეროდ ისეთივე ცარიელი და შავბნელი იყო იქაურობა, როგორც ყოველთვის. – გინდა დაგიჭირონ? მითხარი, გინდა დაგიჭირონ?

ცაცა ხმას არ იღებდა.

-იმიტომ რომ დაგიჭერენ. – თქვა ლეილამ. ერთიანად კანკალებდა, თუმცა უწყვეტი ბარვისაგან უკვე ცხელი სისხლი მოსწოლოდა გაყინულ კიდურებში. – დაგიჭერენ და იცი რა? სხვა მკვლელობებსაც შენ მოგაწერენ.

-მე არაფერ შუაში ვარ. – თქვა ცაცამ. – მე მოვედი და ისე დამხვდა ყველაფერი, როგორც გითხარი.

სისხლმა აასხა სახეში ლეილას, შუბლში მოაწვა.

-და რატომ უნდა დაგიჯერო? – თქვა მან, ქშენით მიჰყარა გვერდით ბელტები. – მესმის. გავიგე. რაღაც მოხდა. შელაპარაკება გქონდათ და შემოგაკვდა.

-არა! – ისტერიის ელფერი მოედო ცაცას ხმას. – გაგიჟდი? მთლად შეიშალე შენ?

-ჩუმად მეთქი! – დაუსისინა ლეილამ.

-და შენ რატომ უნდა დაგიჯერო? – ხმა გაუწვრილდა ცაცას, ძლივს გაარჩია მისი სიტყვები ლეილამ  რა მოხდა, ლეილა? რა, მკვლელი მოვიდა, შემოგარტყა და ყველაფერი დაგავიწყდა? იქნებ შენ შემოგაკვდა და აღარ გახსოვს?

აიხედა ლეილამ. იმ შავბნელ ადგილს გაუსწორა მზერა ცაცას სილუეტში, სადაც მისი სახე უნდა ყოფილიყო, თვალებით გაბურღა.

მაგრამ აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ კიდევ ერთხელ მაგრად დასცხო ბარი მიწას.

ქუხდა. ქარი გლეჯდა ფოთლებს, ხეებს ზნექდა, აღრჭიალებდა, და ხმამაღლა ეხეთქებოდა წვიმა შემოგარენს, დგაფუნით მიჰქროდა სადინარში. მიფრინავდნენ გვერდზე ბელტები და ნელ-ნელა ღრმავდებოდა, ფართოვდებოდა ლეილას ფეხის ქვეშ ვეებერთელა, ხახადაღებული ორმო, რომელსაც აღარც ძირი უჩანდა, როცა ზედ დაჰყურებდა ლეილა, და აღარც კიდე. მხოლოდ შავბნელი, შემზარავი, თითქოსდა უძირო უფსკრული გახლდათ, რომელიც მის შიგნით ჩათრევას ლამობდა მხოლოდ.

თხრიდა უძირო ორმოს ლეილა, ღამის სიბნელეში გამოხვეული, როგორც მესაფლავე, იქვე კი სიკვდილის აჩრდილივით აღმართულიყო ცაცას სილუეტი.

არც კი იცოდა ლეილამ, თუ რამდენი ხანი თხრიდა. თხრიდა, სანამ ცხელი ოფლი არ მოაწვა კანზე და კუნთები არ აეწვა.

ორმოს გვერდით, ერთი ძლიერი დარტყმით ჩაფლა ბარის წვერი მიწაში და ტარს დაეყრდნო, აქოშინებული.

ცაცას მკლავები მოეხვია სხეულზე, კანკალებდა.

დაიხარა ლეილა, ორმოს მოუფათურა ხელი.

საკმარისად ღრმა და განიერი ჩანდა.

ბარს ხელი უშვა ლეილამ, სახლისაკენ გაემართა. ჭყაპუნებდა, იზილებოდა მის ფეხქვეშ ალაფებული მიწა, ალაგ-ალაგ მოზრდილი გუბეები დამდგარიყვნენ.

ჩუმად მოსდევდა ცაცა.

შემოსასვლელს გაუსწორდა ლეილა.

ელვამ გაწიწკნა ცა, წამიერად მოეფინა ლეილას უკნიდან და გაანათა შემოგარენი, იატაკზე დაღვრილი, მეწამული კუპრივით სისხლის გუბე, გვამის ჩამქრალი თვალები და სისხლით მოთხვრილი ჭაღარა თმა აალაპლაპა. გრძელი, და შემზარავი იყო მისი ჩრდილი, რომელიც ყელამდე ჰფარავდა გვამს.

გაქრნენ გვამის ჩამქრალი თვალები, გაქრა ალაპლაპებული გუბე, მხოლოდ იატაკზე გადაშლილი, დაღვენთილი ცვილივით გაურკვეველი სილუეტი დარჩა.

ფრთხილად დაიხარა ლეილა, ხელები გააფათურა, წამსვე იგრძნო გახურებულ, შეშუპებულ ხელებზე გვამის ყინულივით ცივი კანი. მაგრად მოსჭიდა კოჭებში ხელები და მოქაჩა.

ძვრაც ვერ უყო. მძიმე იყო ბიცოლამისი.

გაიხედა ლეილამ.

იქვე იდგა ცაცა. მისი დაგრეხილი თოკებივით კულულებს წეწავდა ქარი.

-მომეხმარე. – ამოიქშინა ლეილამ. – მძიმეა.

კანკალებდა ცაცა.

არაფერი უთქვამს. უბრალოდ მოუახლოვდა და მის გვერდით დაიხარა, კოჭში ჩაავლო გვამს ხელები.

-ერთი, ორი, სამი… – დაითვალა ლეილამ და მთელი ძალით მოქაჩა, ზღურბლს მიაბჯინა ჩექმები.

და დაიძრა ბიცოლამისის გვამი. დაიძრა და წამსვე გადმოათრიეს ზღურბლზე, სველ ბალახზე, გუბეებში.

მერე კი ეზოს ბოლოსკენ წაათრიეს.

ღრმად სუნთქავდა ლეილა, მალ-მალე ახამხამებდა წვიმით გალუმპულ წამწამებს, ნესტოები დაჰბერვოდა და გაწამებული ქშინავდა მის გვერდით ცაცა.

ბღაოდა ნაზიბროლა და კრიახებდნენ ქათმები.

გაიელვა, ალაპლაპდნენ გუბეები და ძალიან თეთრი იყო გვამის წვივი, ბარძაყი და საცვალი, რომელიც ზემოთ აცურებულ კაბაში მოუჩანდა.

თვალები დახუჭა ლეილამ.

გამაყრუებლად იქუხა. საჩეხეს მიუახლოვდნენ და ქუსლქვეშ სიცარიელე იგრძნო ანაზდად ლეილამ, კინაღამ დაუსხლტა ლაფში ფეხი და ორმოში ჩაენარცხა.

-მოიცადე… – ამოიქშინა მან და შედგა წამსვე ცაცაც. – ორმოა…

გვერდიდან შემოუარეს გათხრილ საფლავს და გვამი შიგნით გადაათრიეს.

ხმაურით ჩაენარცხა ატალახებულ მიწაში ბიცოლამისი, ფეხები ორმოში გაფშეკოდა, ხელების სილუეტს კი გაჭირვებით არჩევდა ლეილა, ორმოს თავზე ამოშვერილს.

ლაფში დაიჩოქა და ხელები გააფათურა, მკლავები მოუკეცა გვამს და ხვნეშით ეცადა ორმოში კარგად ჩაეტენა.

მერე კი გასწორდა, ქშენით. ხელები დაბუჟებოდა, თითოეული ნერვი საშინლად ეწვოდა.

ბღაოდა ნაზიბროლა და ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ლეილამ. წარმოიდგინა, თუ როგორ ჩასცხებდა ბარის ალესილ პირს ნაზიბროლას, სანამ გადახლეჩილი ძარღვებიდან ამოშხეფილი სისხლი არ მორწყავდა მთელ საჩეხეს.

შხაპუნებდა წვიმა, სახეზე სდიოდა და გრძნობდა ლეილა, თუ როგორ რეცხავდა ნელ-ნელა მისი ცხვირის ქვეშ და ნიკაპზე შემხმარ სისხლს.

-ახლა რა ვქნათ? – თქვა უცებ ცაცამ.

აღარ უკანკალებდა ხმა. მხოლოდ განურჩევლობის მსგავსი ყინულოვანი სიცივე ჩასდგომოდა მასში.

-მიწა უნდა მივაყაროთ. – უთხრა ლეილამ, იქვე, საჩეხეს კედელზე აყუდებულ ბარს მოუფათურა ხელი, ტარს მოავლო დაბუჟებული თითები. – თოხი მოიტანე.

საქათმისაკენ გაბრუნდა წამსვე ცაცა.

ბარის ტარი მოიმარჯვა ლეილამ და ბელტები ზედ მოაყარა გვამს.

თოხი მოათრია ცაცამ.

და ნელ-ნელა აივსო ატალახებული ბელტებით ორმო.

და არ წყდებოდა კოკისპირული წვიმა.

მოტკეპნეს მიწა. მონარჩენი ბელტების ნაწილი საჩეხეში, ნაწილი კი ბუჩქების ძირში მიმოჰყარა ლეილამ.

თივის შეკვრები გადაათრიეს ახლადმოტკეპნილ საფლავზე.

ბარი და თოხი სადინრის ქვეშ გარეცხეს და მიალაგეს.

ტილოებით მოწმინდეს დასისხლიანებული შემოსასვლელი, სანამ აღარაფერი ჩანდა სველ იატაკზე, როცა რუხი ღრუბლები გახეთქა გაკლაკნილი ელვის მჭახე სინათლემ.

არაფერი უთქვამს ცაცას.

და არაფერს ამბობდა ლეილა.

ლასლასით აუყვნენ კიბეებს. ხმამაღლა წკაპუნებდა იატაკზე მათი სხეულიდან წურწურით დადენილი წყალი.

პირდაპირ სასტუმრო ოთახში შევიდა ცაცა, გაშლილ ტახტზე მოიკუნტა.

ქუხდა. გრგვინვა უწყალოდ აზანზარებდა ფანჯრებს.

და კანტიკუნტად გაკლაკნილი ელვა წამიერად ანათებდა მხოლოდ დაბზარულ სარკეში ლეილას გაფითრებულ, დაძაბულ სახეს, გადმოკარკლულ, ამოღამებულ თვალებსა და საფეთქელზე ვეებერთელა, იისფერ სისხლჩაქცევას.

ანათებდა აჭრიჭინებულ, დაღრეცილ, სველი ნაფეხურებით დაფარულ იატაკს და ფანჯარაზე ჩამოფარებულ მაქმანის ფარდას, რომელიც ოდნავ თრთოდა, როცა კედლებს აზანზარებდა გამაყრუებელი გრგვინვა.

ანათებდა ცაცას ბნელ სილუეტს, ლოგინზე მოკვარჩხულს.

მაგრამ ვერ შეეღწია ლეილას შავბნელ, აბურდული ფიქრებით აღსავსე, გასკდომამდე მტკივან თავის ქალაში.

სველი კაბა გადაიძრო ლეილამ, თბილი საღამური ჩაიცვა.

და დაწვა.

წამიერად ბალიშის ქვეშ შეჰყო ხელი, რომ ხის მელია მოემუშტა.

ძილში ეხმარებოდა ხანდახან.

ვერ ჰკიდა ხელი. ალბათ სადმე გადაუვარდა.

სახურავზე რაკუნებდა წვიმა.

და რაკუნით, ძალუმად ეხეთქებოდა გაურკვეველი აზრით აღსავსე თითოეული ფიქრი მის საფეთქლებს.

ისღა იცოდა, რომ აქედან უნდა წასულიყო.

მალე. რაც შეიძლებოდა მალე.

თვალები დახუჭა ლეილამ.

და არარსებობის ცარიელმა სიბნელემ მოიცვა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

არ ეძინა.

იდგა.

იწვა.

დაცურავდა.

დაცურავდა, ბლანტ, წყნარ, ჩუმ ოკეანეში.

და ისეთი სიმშვიდეს ჰგვრიდა ეს ოკეანე, როგორც სხვა არაფერი.

მაგრამ ანაზდად დაიშრიტა ოკეანე. დაიშრიტა, შიშინით შეისრუტა მიწამ და მოწყვეტით გაექანა მისი ფსკერისაკენ, როგორც ხახადაღებული უფსკრულისაკენ ლეილა.

ისეთი ძალით დაეხეთქა, რომ სული მოეხუთა, თითქოს მიწამ შეკრა პირი მის თავზე.

თვალები გაახილა ლეილამ. გული მკერდში უბრაგუნებდა.

ზურგზე იწვა, თეთრად შეფეთქილ ჭერს შეჰყურებდა, რომელზეც ოდნავი, მოყვითალო სინათლის ზოლი გაწოლილიყო.

საათი ტიკტიკებდა და წყნარად გაისმოდა ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთების წკაპა-წკუპი.

თვალები დაახამხამა ლეილამ. გრძნობდა, თუ როგორ ძალუმად სცემდა მისი გული, თითისწვერებში გრძნობდა პულსს.

ნელა წამოიწია, გმინვით. თავის ტკივილი განელებოდა, მაგრამ საშინლად სტკიოდა კიდურები.

ხელისგულებზე დაიხედა. ერთიანად გადაყვლეფოდა, გადაყვლეფილი კანის ქვეშ ვარდისფერი, პატარა წყლულები გასჩენოდა.

ხელები მომუშტა ლეილამ, სახეზე ჩამოფენილი, გაწეწილი თმა გადაიწია უკან.

ტახტს გახედა.

ტახტს, რომელიც ცარიელი იყო.

ვერაფერი დაინახა, აბურდული ზეწრებისა და საბნის გარდა.

ტახტის კიდეს დაებჯინა ლეილა, ფრთხილად წამოიწია.

გარიჟრაჟის სინათლის მოყვითალო ლაქები დაღვრილიყვნენ ჭერსა და კედლებზე. გვარიანად გრილოდა, მაგრამ აშკარად გადაეკარა, აღარ მიჰქროდა ფანჯრის მინაზე ნიაღვარი. მზე ამოდიოდა ლელესის ტბაზე, და სიყვითლეშეპარული მწვანე ფოთლები კანტიკუნტად შერჩენოდნენ ხის წვერებს.

საათი ტიკტიკებდა.

და ცარიელი იყო ოთახი.

-ცაცა? – დაუძახა ლეილამ, მკლავები მაგრად მოიხვია შემცივნულ სხეულზე და კარს მიაშურა, ნელა გააბიჯა დერეფანში.

რომელიც ასევე ცარიელი გახლდათ.

გამშრალიყო იატაკი, აღარსად ჩანდა სველი ნაფეხურები.

წამოუბერა. ქვემოთ მიმავალი კიბეების მიღმა მოღებულ შემოსასვლელის კარს ხედავდა ლეილა და შემოჰკრა გარედან მომავალმა, სახლში თავისუფლად მოპარპაშე ქარმა.

არადა კარი გამოიკეტა.

ალბათ.

დერეფანს გახედა ლეილამ.

ღრიჭოდ იყო დარჩენილი საძინებლის კარი.

არადა თამილა ყოველთვის საგულდაგულოდ დაკეტილს ტოვებდა.

გულმა რეჩხი უყო ლეილას.

ნელა გაეშურა საძინებლისაკენ. ჭრიჭინებდნენ მის ფეხქვეშ დაღრეცილი, ძველისძველი ფიცრები და უკნიდან მონაბერი ქარი უკრთობდა ზურგზე ჩამოშლილ კულულებს.

მასიური ხის, ლაპლაპა ნარინჯისფერი, გალაქული იყო კარი.

და მის მიღმა არასოდეს ენახა ლეილას. თამილას არ უყვარდა, როცა მის პირადულ სივრცეში იჭრებოდნენ.  

ღრიჭოდან ნარინჯისფერი, ნათელი შუქი იღვრებოდა, წამიერად თვალი მოსჭრა ლეილას.

მერე კი კარი შეაღო და შეაბიჯა.

პირველი რაც დაინახა, ვეებერთელა ფანჯარა იყო, რომელზეც ბაცი მოყვითალო ფარდები ჩამოეფარებინათ, დილის სინათლე უხვად იღვრებოდა მოლაპლაპე მინებიდან, ფანჯარასთან თავით მიდგმულ საწოლსა და ლოგინისპირა ტუმბოზე იღვრებოდა. ფუმფულა, კარგად მოვლილი, მოზრდილი ფარდაგი დაეგოთ ლოგინის ქვეშ, მოპირდაპირე კედელთან სარკიანი მაგიდა იდგა, მის გვერდით კი ზორბა კარადა იწონებდა თავს. კედელზე მომწვანო, გაცრეცილი შპალერი გაეკრათ და ვეებერთელა, ბროლის ჭაღი ციმციმებდა ჭერზე, და ბროლში გადატეხილი მზის შუქი დაღვენთილი ცისარტყელას ლაქებივით მოსდებოდა ალაგ-ალაგ მთელ ოთახს.

თუმცა ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.

საწოლი გაუსწორებელი იყო, აქეთ-იქით მიმოეყარათ ფუმფულა ბალიშები, საბანი და ზეწარი, ლეიბი გვერდზე მოექციათ, იატაკამდე ჩამოცურებულიყო. ტუმბოს უჯრები, კარადის კარები გამოეღოთ, აშკარად ყველაფერი გამოეყარათ შიგნიდან, ბიცოლამისის თალხები, ქურთუკები, ფეხსაცმელი, ქაღალდები და ათასი ხარახურა იატაკზე ეგდო.

ვიღაცამ გადააქოთა ოთახი.

რაღაცას ეძებდა.

თუმცა, რა ვიღაცა.

ძალიან კარგად იცოდა ლეილამ, თუ ვისი ნამოქმედარი იყო ეს ყველაფერი.

მაგრამ რატომ?

ნელა შეაბიჯა ოთახში, იქაურობასა და აქეთ-იქით მიმოყრილ ნივთებს ათვალიერებდა, რომელიც აღარასოდეს აღარავის დასჭირდებოდა.

მაგიდას მიუახლოვდა. ზედ ერთი-ორი ბრჭყვიალა გულსაბნევი, აშკარად ხელოვნური მარგალიტების ყელსაბამი, პასპორტი, პირადობის მოწმობა, რამდენიმე გადაკეცილი ქაღალდი და გადმოპირქვავებული მოზრდილი ზარდახშა ეყარა.

ზარდახშას სწვდა და გადმოატრიალა ლეილამ.

და რამდენიმე ვერცხლისფერი თეთრი გაგორდა წკრიალით მაგიდაზე.

ფული.

ფული ჰქონდა გადანახული ამ ზარდახშაში ბიცოლამისს.

აშკარად სიჩქარეში მობღუჯა ვიღაცამ და წაიღო, ვერ მოასწრო ყველა ხურდის ჩაჯიბვა.

არა, არა.

ვიღაცამ არა.

ცაცამ.

სხვა ვერავინ იქნებოდა. ცაცა ადგა ღამე, როცა ლეილას ეძინა. დარწმუნებული იყო, რომ თამილას ფული ჰქონდა, ამიტომ გადააქოთა მისი ოთახი, და იპოვა კიდეც.

ბიძამისთანაც დარეკილი ჰქონდა უკვე.

უბრალოდ საჭირო გახლდათ რომ იფლიჰემში წასულიყო, მეტი არაფერი. გაძარცვა თამილა და წავიდა.

თუმცა არა.

თამილა არა, თამილას ეს ფული აღარაფერში სჭირდებოდა.

ლეილა გაძარცვა.

ერთიანად აკანკალდა ლეილა. ყრუ, თითქმის უგრძნობ ფეთქვაში გადაეზარდა გადაღლილი კიდურების ტკივილი მრისხანებისაგან.

მიბრუნდა, სწრაფად ჩაათავა კიბეები. შემოსასვლელი ცარიელი იყო, მხოლოდ იქვე, ზღურბლთან გუბეში ეყარა მისი რეზინის ჩექმები, რომლებიც წამსვე აითრია ლეილამ. შიგნით სველი კი იყო, მაგრამ ეს აღარ ადარდებდა.

ღია ჭიშკარში გავარდა და კისრისტეხით დაეშვა მთავარ გზაზე ლეილა.

ციოდა. დაუდგრომლად უბერავდა სიო, ტოტებს აღრჭიალებდა, შრიალებდნენ გადაყვითლებული ფოთლები და ციმციმებდნენ ლელესის ტბაზე ამოწვერილი მზის სინათლეში ნაწვიმარი ხეები, ბუჩქები და გადამხმარი ბალახი. ლაპლაპებდა თითოეული პაწაწინა კენჭი მთავარ გზაზე და ღორღი შხრიალებდა ლეილას თითოეული ნაბიჯის ქვეშ.

ქშენით, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ლეილა, ქარში ტკარცალებდა მისი თმა და ტანზე შემოტმასნილი საღამური, ყოველ ჯერზე, როცა ფეხს დაჰკრავდა მიწას, ჭყაპუნებდნენ მისი ჩექმები.

ამოდიოდა მზე, და მის ოქროსფერ დისკოს ნარინჯისფრად დაეფერა ცის კამარის ნაგლეჯი ლელესის ტბის თავზე. უბერავდა ქარი და ნელა, ზანტად მიგორავდნენ ალაგ-ალაგ დაგლეჯილი და თავმომრგვალებული ვეებერთელა ნაცრისფერი ღრუბლები ხის წვერებზე. ცარიელი იყო გზა, ზედმეტად ცარიელი, მარტო იყო ზედ ლეილა, მხოლოდ აცახცახებული ბუჩქები, აშრიალებული ხეები და ტოტებში გადახლართული ნიავქარი მიაცილებდნენ გზაზე.

ზრეას მთავარი გზა ჩაათავა ლეილამ და შარაგზაზე გადაუხვია, რომელიც ლელესის ტბასთან უხვევდა და ლიანდაგამდე უნდა მისულიყო.

ბუნდოვნად ახსოვდა სადგური ლეილას.

მირბოდა, შეუსვენებლად, სანამ ფილტვები არ აეწვა და თითოეული ნერვი გაწყვეტაზე არ ჰქონდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გაჯირჯვებოდა თითოეული უჯრედი, ერთიანად შეშუპებოდა, სული მოეხუთა.

მოუნელა ნაბიჯს, აქოშინებულმა. გაჭირვებით, ხროტინით სუნთქავდა.

 და ფეხათრევით, სწრაფად დაუყვა შარაგზას.

ამოდიოდა მზე, და თითქოსდა ფართოვდებოდა მისი თვალისმომჭრელი, ოქროსფერი დისკო. ციოდა, მაგრამ ალაგ-ალაგ თბილი, დახუთული ჰაერის ტალღა მოედებოდა ლეილას, სუნთქვა ეკვროდა. მიიკლაკნებოდა შარაგზა და სადღაც ჩაიკარგნენ მის გარშემო აღმართული, ვეებერთელა ალვისა და ჭადრის ხეები, აშრიალებული ბუჩქები და მაღალი, ველური ყვავილებით სავსე ბალახი, მათ გადამხმარი ბალახით სავსე მინდვრები და შორეული ზრაჰულის მთა შეენაცვლა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა თითქოს, წამოიმართა, გაიზმორა, ძილი შემოიბერტყა და ღრუბლების მოსასხამი შემოიგდო სხეულზე. მიდიოდა ლეილა, და კანტიკუნტადღა ჩანდნენ გადამხმარი ხეები  შარაგზის გარშემო შემოჯარულ ტრიალ მინდორზე, რომელსაც ბოლო არ უჩანდა.

მერე კი შეამჩნია.

მონაცრისფრო წაბლისფერი, ლაპლაპა გველებივით გაწოლილიყვნენ გზის ბოლოს რელსები, მიიკლაკნებოდნენ და ზრაჰულის მთის მიღმა იკარგებოდნენ, მათ მიღმა კი აღარაფერი ჩანდა, საერთოდ აღარაფერი, თითქოს ნისლი დასწოლოდა ჰორიზონტს.

ოფლით დაცვარული შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა ლეილამ და აუჩქარა ნაბიჯს, თითქმის გაიქცა, იმის მიუხედავად, რომ აუტანლად ეწვოდა ფილტვები.

პატარა სადგურამდე მიდიოდა შარაგზა. ლიანდაგის რელსებს შორის და გარშემო დაყრილ ღორღში ამოეხეთქა ბალახსა და სარეველებს, და გადამხმარ ბალახში, დახეთქილი ბეტონის ოთხკუთხა პლატფორმაზე, ორიოდე გამხმარი, ყვითელი ფოთლებით შემკულ ხეს შორის მომცრო, კრამიტით გადახურული პაწაწინა კაბინა წამოეჭიმათ. ოდესღაც ლურჯად იყო შეღებილი კაბინა, მაგრამ ერთიანად გაეხუნებინა და აექერცლა საღებავი მზის სინათლეს. იქვე, ბეტონში გრძელი, დაჟანგული რკინის ბოძი ჩაესვათ, რომელზეც აბრა ეკიდა.

ვერ გაარჩია აბრაზე დაწერილი ლეილამ.

ყველაფერი მოუვლელი ჩანდა. ბილიკიც აბალახებულიყო.

თითქოს არავინ დადიოდა აქ ხშირად.

ბეტონის ოთხკუთხედზე შედგა ხვნეშით ფეხი ლეილამ, თვალები გააცეცა.

უსასრულობამდე გადაჭიმულიყო ორივე მხარეს ლიანდაგი, ზრაჰულის მთის უკან მიიკლაკნებოდა. აჭერდა მზე, მიგორავდნენ ცაზე ღრუბლები და თვალისმომჭრელად ლაპლაპებდნენ რელსები.

არაფერი ჩანდა მათ მიღმა. მხოლოდ გადამხმარი ბალახით გადავლილი, ტრიალი მინდორი.

და დაგრაგნილ ღრუბლებს შორის, მოიისფრო ცაზე ნამგალა მთვარე.

ქარიც კი არ იძვროდა აქ.

მატარებელი არსად ჩანდა.

მოიხედა ლეილამ, კაბინას შეავლო თვალი.

დაეხეთქა მზესა და ავდარს ხავსით დაფარული კრამიტი, სახელდახელოდ შელესილი ქვის კედლებიც გვარიანად დამსკდარიყვნენ. კედლებზე ნალები, ვერცხლის ძეწკვები ეკიდა და პატარა ფანჯარა ჰქონდა, დამტვერილი.

ფანჯარა, რომელშიც ანაზდად თეთრწვერა კაცის დაღარული სახე დალანდა ლეილამ და შეცბა მოულოდნელობისაგან.

-ვინ ხარ? – მკვახედ გამოსძახა კაცმა, წარბშეკრული შეჰყურებდა მისი მონაოჭებული, დაღლილი თვალებით. – რა გინდა?

ფეხი მოიცვალა ლეილამ. ჯერ კიდევ მძიმედ სუნთქავდა, გული მკერდში უბრაგუნებდა.

ვერ იცნო ეს კაცი.

-აქ ახალგაზრდა გოგო ხომ არ გინახავთ? – გასძახა საპასუხოდ.

-ვინა? – ყურთან მიიტანა ხელი კაცმა და თვალებმოჭუტული შეაცქერდა.

-ახალგაზრდა გოგო! – დაუყვირა ლეილამ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ დახუთული, უძრავი ჰაერი ყლაპავდა მის სიტყვებს. – წითური თმით! არ დაგინახავთ?

-მე რა ვიცი! – მკვახედ მიუგო კაცმა, ხელი ჩაიქნია და არხეინად მოისვა გრძელ, თეთრ წვერზე ხელი. – აქ იმდენი გადის რომ მე ვერ მივადევნებ ყველას თვალს, შვილო!

ტუჩები მაგრად მოკუმა ლეილამ, ოფლით დაცვარული საფეთქელი მოისრისა.

თავი სტკივდებოდა.

-და იფლიჰემის მატარებელი როდის მოვა? – გასძახა მან.

-იფლიჰემი? – შეიცხადა კაცმა. – იფლიჰემში რა დაგრჩენია შენ?

-ჩემი ნაცნობი წავიდა, უნდა ვნახო…

-იფლიჰემის ციხეში გინდა მოხვდე?

გაკრთა ლეილა, თვალები დაახამხამა. ტანში გასცრა, ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში.

-ციხეში? – გაიმეორა პირგამომშრალმა.

-დაყრუვდი? – ყვირილი ატეხა კაცმა. სახე არ შეცვლოდა, და მხოლოდ ოდნავ კრთოდა მისი ვეებერთელა წვერ-ულვაში. – სად მიდიხარ, იფლიჰემის ციხეში?

-არა… – ძლივს ამოიხრიალა ლეილამ. – არა, ციხეში არა…

-რაო? – წამოიყვირა კაცმა, ტუჩები ააცმაცუნა, კვლავ ყურთან მიიტანა ხელი.

არაფერი უპასუხა ლეილამ. უსიტყვოდ იდგა, კანკალებდა, პირი იბრუნა, კაბინას ზურგი შეაქცია. არ იძვროდა ჰაერი და ასევე უძრავნი იყვნენ ვეებერთელა, ჰორიზონტიდან ამოზრდილი, ზენიტამდე აჭიმული, ბამბასავით ფუმფულა, თავმომრგვალებული ღრუბლები და მზის ოქროსფერი დისკო, რომელიც თითქოს ნისლს დაებურა, თვალს აღარ სჭრიდა. ლიცლიცებდა ზღვა, რომელშიც დანთქმულიყვნენ რელსები და ღრუბლებს შორის ანათებდა ნამგალა, ვერცხლისფერი მთვარე, და ღელავდა ტრიალ მინდორში გაწოლილი მაღალი ბალახი.

-უკან გაბრუნდი! – დაუყვირა უკნიდან კაცმა. – უკან გაბრუნდი, გამიგონე? არაა ჯერ შენი დრო, არ მოვა ჯერ მატარებელი!

არ იყო ჯერ მისი დრო. არ მოვიდოდა მატარებელი.

წავიდა ცაცა. ბიცოლამისის ფული წაიყოლა და წავიდა.

მატარებელი წავიდა. წავიდა და იმ მოლიცლიცე ზღვაში დაინთქა.

პირი იბრუნა ლეილამ.

ის თეთრწვერა კაციც წასულიყო.

აღარაფერი დარჩენილიყო აქ. მხოლოდ ცარიელი, მზის გულზე აპრიალებული რელსები, გაწოლილი ბალახი, ნამგალა მთვარე და მოლიცლიცე ზღვა.

არსად ჩანდა მატარებელი.

იქვე ჩამოჯდა ლეილა. ცოტა ხანი ლიანდაგს, უძრავ ღრუბლებს, ნამგალა მთვარესა და მოლიცლიცე, ყოველი მხრიდან გარშემორტყმულ ზღვას გაჰყურებდა.

მერე კი წამოდგა, გაბრუნდა. ბეტონის ოთხკუთხედიდან ჩააბიჯა და ნელა დაუყვა შარაგზას.

ნელ-ნელა წამოეწია ქარი. კვლავ აშარიშურდა ბალახი და აშხრიალდა ღორღი მისი ჩექმების ქვეშ.

მზე უწყალოდ აჭერდა, მხოლოდ დროდადრო გადაეფარებოდნენ მის ოქროსფერ, თვალისმომჭრელ დისკოს დაპენტილი ღრუბლები. მიიკლაკნებოდა შარაგზა და ნელ-ნელა ამოიწვერნენ ბილიკის გარშემო ხეები, ჩამოცვენილმა წიწვებმა შეცვალეს მის ფეხქვეშ ქვა-ღორღი და ვეებერთელა ნაძვების ვარჯი ჩამოეფარა მზის შუქს. ჩუხჩუხებდა ხარისწყალი და აქეთ-იქით ირწეოდნენ ფიჭვები.

აიხედა ლეილამ, ცივი ოფლით დაცვარული შუბლი აიწმინდა, სახეში ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.

ბოლავდა საკვამური და ციმციმებდა ნაწვიმარი, დახავსებული კრამიტი. პრიალებდნენ ქვის ფილები და ქარში ირხეოდნენ წინკარში ჩარიგებული ქოთნის მცენარეები. კართან კი რატი იჯდა, პატარა ტაბურეტზე, თეთრი ტილოს პერანგი და შარვალი ეცვა, ხის ნაჭერს ჩორკნიდა.

მაგრამ თავი აეღირა და პირდაპირ ლეილას შემოჰყურებდა.

შედგა ლეილა. თავის მონაცრისფრო საღამურსა და მუქ რეზინის ჩექმებს დახედა.

სახლის წინკართან ახლოს იყო მისი ჩექმები.

მერე კი კვლავ ახედა რატის.

სიჩუმე ჩამოწოლილიყო, რომელსაც მხოლოდ ქარის ზუზუნი და ფოთლების შრიალი არღვევდა.

თვალები დაახამხამა ლეილამ. ნელ-ნელა ჩამოწოლილიყო გარშემო ნისლი.

-მოხდა რამე? – ჰკითხა რატიმ.

არაფერი უთხრა ლეილამ. არც კი იცოდა, თუ რა ეთქვა. არც კი იცოდა, თუ რატომ იყო აქ ანდა საიდან დაეწყო.

დაეწყო თუ არა საერთოდ.

იატაკზე გადადო დანა და ხის ნაჭერი რატიმ და ფეხზე წამოდგა, მხრები გადაშალა. ოდნავ მოექუფრა სახე და კვლავ უვარსკვლავო ღამეს წააგავდნენ მისი თვალები, კულულები და წვერ-ულვაში.

-შემოდი. – უთხრა რატიმ და მიტრიალდა, კარი გამოაღო, შიგნით შეაბიჯა.

ჩექმები გაიძრო ლეილამ, იქვე მიაწყო და წინკარის ფიცრების ჭრაჭუნით გადააბიჯა ზღურბლს.

და შედგა.  

კარი არ მოუკეტავს.

ტკარცალებდა ბუხარში შეშა. ფანჯრებიდან მზის შუქი იღვრებოდა, გაქექილ შპალერსა და ხილით დახუნძლულ მაგიდას ეფინებოდა. მაგიდასთან იდგა რატი და მოზრდილი ბროწეული ეჭირა ხელში, რომელიც წამსვე გადახლიჩა ერთი ძლიერი მოძრაობით.

რამდენიმე მარცვალი ჩუმი წკაპუნით დაგორდა თეფშზე.

-დაჯექი. – უთხრა მან, ისე რომ მისკენ არ მოუხედავს.

ნელა შეაბიჯა ოთახში ლეილამ, სუნთქვაშეკრულმა. ტახტზე ჩამოჯდა.

მაგიდასთან იდგა რატი, ბროწეულს არჩევდა. მისკენ არ იხედებოდა.

მზერა აარიდა ლეილამ, თვალები გააცეცა. თვალი მოავლო ბუხარს, კედელზე ჩამოკიდებულ, ჩარჩოში ჩასმულ პეიზაჟებს, გაქექილ შპალერსა და ღია კარს, რომლის მიღმა საძინებელი მოჩანდა.

საძინებელი, სადაც მუქი საბნით დაფარული საწოლი იდგა. საწოლი, რომელზეც ღრმა, სასიამოვნო ძილით ეძინა ლეილას.

საწოლის იქით, კარადის თავზე ლაპლაპებდა გიტარის გვერდი.

მაგიდის თავზე სარკე ეკიდა, რომელზეც არეკლილი მზის სხივები აქეთ-იქით დაღვრილიყვნენ, ნათელ ლაქებად.

და ჭადრაკის დაფა იდო მაგიდაზე.

რომელზეც ფიგურები ეწყო.

წამოდგა ლეილა. უნდა დაენახა.

რატის არაფერი უთქვამს. ალბათ არც გამოუხედავს.

საძინებელში შეაბიჯა ლეილამ. ნელი, ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას.

გადაესუფთავებინათ. წიგნები, რამდენიმე რვეული ეწყო კუთხეში, შუაში კი ჭადრაკის დაფა წამოეჭიმათ. არსად ჩანდა ხის ნაჭრები, ნაფოტები, საღებავები და დანა.

ფიგურები კოხტად შეეღება რატის.

დაიხარა ლეილა. ფიგურებს დააცქერდა.

ჭადრაკის დაფის გვერდით რამდენიმე ფიგურა ეწყო მხოლოდ. კუდაპრეხილი კატა, რამდენიმე ცხვარი, კუზიანი ფოტინე, თამილა, თვალახვეული კაცი – აშკარად რეზო და ჩაფსკვნილი ზაქარია ლორთქიფანიძე.

მერე კი დაფას გადახედა ლეილამ.

პაიკების ადგილას სხვადასხვანაირი კატები, ძროხა, ქათმები და თითოოროლა ცხვარი იყო. ცაცას, ბესარიონის, ზურაბ ყარალაშვილის, შოთა ლასარეიშვილის და კიდევ რამდენიმეს აქეთ-იქით მიწყობილი ფიგურები იცნო ლეილამ.

მერე კი თვითონ.

დაფის კიდის ცენტრში იდგა. თეთრად შეეღება მისი ფიგურა რატის.

და რატი.

შავი იყო მისი ფიგურა და პირდაპირ ლეილას მოპირდაპირედ იდგა, დაფის მეორე კიდის ცენტრში.

თვალები გაუშტერდა ლეილას. ზურგსუკან დაკრეფილი ხელები გაუცივდა.

ჭადრაკის ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ორივე ფიგურა დედოფლის ადგილას იდგა.

და ორივეს შეეძლო მეორის აღება.

მხოლოდ ისღა იყო მნიშვნელოვანი, თუ ვისი სვლა გახლდათ.

გასწორდა ლეილა.

თეთრი დედოფალი იყო თვითონ.

ყველაზე ძლიერი ფიგურა.

მის მოპირდაპირედ კი შავი დედოფლის ადგილზე იდგა რატი.

რატომ? რატომ?

გასწორდა ლეილა. ცივი ოფლი მოსწოლოდა შუბლზე, თავი საშინლად ასტკივდა. უკან დაიხია, მოწყვეტით ჩამოჯდა რბილ ლოგინზე.

მერე კი მოიკაკვა, ბარძაყებზე დააბჯინა იდაყვები და თავი ხელებში ჩარგო.

გული ძალუმად უცემდა მკერდში. თვალებგადმოკარკლული უყურებდა მისი ნაცრისფერი საღამურით დაფარულ მუხლებს და ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა.

იქნებ ეძინა. იქნებ ესიზმრებოდა ეს ყველაფერი.

ბიცოლამისი მოკლეს. ცაცა წავიდა. ზღვა იყო ზრეას გარშემო, მხოლოდ ზღვა, რომელშიც იკარგებოდნენ რელსები. იფლიჰემში ციხე იყო, ციხე, და მეტი არაფერი, სხვაგან არსად მიდიოდა მატარებელი.

და ნამგალა მთვარე, რომლის წვერი ღრუბლებს ხლეჩდა.

და რატის საპირისპიროდ იდგა თვითონ.

სახე მოისრისა ლეილამ. ხელები უთრთოდა.

ბუნდოვნად ჩაესმა უკნიდან ნაბიჯები და წამსვე გასწორდა, ისე გადააჭდო ხელები ერთმანეთს, რომ კინაღამ გადაიმტვრია.

რატი წამოადგა თავზე. გვერდიდან დაეფინა მის მზემოკიდებულ კანსა და პრიალა მუქ კულულებს ოქროსფერი სინათლე და ძალიან თბილი მოჩანდა მზის შუქში მისი ტილოს პერანგი.

ხელში თეფში ეჭირა, რომელზეც გახლეჩილი ბროწეული და ბლომად გარჩეული მარცვლები ეწყო.

მის წინ ჩაიმუხლა რატიმ, თეფში გამოუწოდა.

-შეჭამე. – უთხრა მან.

უსიტყვოდ აიღო რამდენიმე მარცვალი ლეილამ და ნელა შეჭამა.

ოდნავ მომჟავო, და მაინც ტკბილი იყო ბროწეული.

კიდევ რამდენიმე მარცვალი აიღო ლეილამ.

რატი თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა, ახედ-დახედა, ელვის სისწრაფით.

-რა მოხდა? – ჰკითხა მან.

-არაფერი. – ძლივს ამოღერღა ლეილამ.

-ყანაში იყავი? – ჰკითხა რატიმ.

-ახლა?

-ჰო. ანდა გუშინ.

-არა. რატომ?

მისი ხელებისაკენ გამოიშვირა თითი რატიმ.

-ფრჩხილები ტალახიანი გაქვს. – თქვა მან.

გასცრა ლეილას, თითები გადაშალა, ხელებზე დაიხედა.

ფრჩხილების ქვეშ მოყავისფრო ტალახი ჰქონდა. და ალბათ შემხმარი სისხლიც.

მოვარდისფრო-მომწვანოდ ლაპლაპებდა მის თითზე მორგებულ ოქროს ბეჭედში ჩასმული ძვირფასი ქვა.

ბროწეულის მარცვლები პირში შეიყარა ლეილამ და მაგრად მომუშტა ხელები, რომ ფრჩხილები დაემალა.

-ბოსტანში ვმუშაობდი. – თქვა მან. – მიწა სველი იყო.

რატის წამიერად არაფერი უთქვამს, მის თვალებში ეძებდა თითქოს რაღაცას.

-რა მოხდა? – გაიმეორა მან.

-ხომ გითხარი. არაფერი.

-დაჟეჟილი გაქვს საფეთქელი.

-მივარტყი რაღაცას.

-ვიცი, რომ რაღაც მოხდა. – თქვა რატიმ და მოულოდნელი გაღიზიანება მოაწვა ანაზდად შუბლში ლეილას.

-რა იცი, რომ რამე მოხდა? – მკვახედ მოუჭრა მან.

-რომ არ მომხდარიყო, არ მოხვიდოდი. – თქვა რატიმ, ოდნავი ირონიული ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე, რომელსაც ოდნავადაც კი არ მიეღწია მის თვალებამდე.

გაიხედა ლეილამ. ფანჯრიდან მზის შუქთან ერთად ნისლსაც შემოეღწია, ნელ-ნელა მოიპარებოდა, ფარატინა სუდარად მოეფინა ოთახს.

-არა. – თქვა ბოლოს.

-რამე დაინახე? – ჰკითხა რატიმ.

-არა.

-გაიგონე?

-არა, არა.

-რამე გააკეთე, ლეილა? – თქვა რატიმ და უცვლელი გახლდათ მისი ოდნავი, ირონიული ღიმილი, რომელსაც ოდნავადაც კი არ მიეღწია მის თვალებამდე.

-არაფერი გამიკეთებია. – თქვა ლეილამ. ნელა გაშალა მუშტი და წითლად ღვიოდნენ მის ხელისგულზე ნაფხაჭნები, ფრჩხილები რომ ჩაეჭირა მაგრად. ბროწეულს სწვდა და კიდევ რამდენიმე მარცვალი შეჭამა.

-არაუშავს, თუ რამე გააკეთე. – თქვა რატიმ. – ხდება ხოლმე.

-რა ხდება?

-არ ვიცი. ნებისმიერი რამ. – თქვა რატიმ. კვლავ ისეთი ცივი გახლდათ მისი თვალები, როგორც ადრე. – არ დამეთანხმები?

-ალბათ. არ ვიცი. – თქვა ლეილამ. ადგილზე აწრიალდა, თითქმის ვეღარ ხედავდა ჩამოწოლილ ნისლში ჭადრაკის დაფას.

-თეთრი დედოფალი რატომ ვარ? – ჰკითხა მან.

თვალი გაუსწორა რატიმ, ნელა წამოიწია, წამოიმართა და ბუმბერაზი იყო, ბუმბერაზი, როგორც მოახლოებული ზრაჰულის მთა.

მერე კი დაიხარა, მის გვერდით ჩამოჯდა, ბროწეული იქვე, ლოგინზე დადო.

მუხლებზე დაწყობილ ხელებსა და მის თითზე მზის შუქში აციმციმებულ ძვირფას ქვას დახედა ლეილამ.

-იმიტომ რომ ხარ. – თქვა მან.

-რატომ?

-იმიტომ რომ ეგრე გხედავ.

-არ მესმის, მე რატომ უნდა ვიყო ყველაზე ძლიერი ფიგურა.

-გესმის თუ არა, იცი თუ არა, გახსოვს თუ არა, ხარ.

-შენ? – ჰკითხა ლეილამ, მისკენ მიატრიალა მზერა.

რატი უკვე უყურებდა. აღარსად ჩანდა ის ირონიული ღიმილი და აღარ ანათებდა მის თვალებს მზის შუქი, მხოლოდ თავზე შემოვლებოდა შარავანდედად.

-მე? – ჰკითხა საპასუხოდ.

-შავი დედოფლის ადგილას შენ ხარ. დავინახე.

-მერე?

-მეორე მხარეს რატომ ხარ?

-ასეა საჭირო.

-არა, არა. არაა საჭირო. რატომ არ შეგიძლია შენც ჩემ მხარეს იყო?

-ჭადრაკის დაფა სინამდვილე კი არაა, ლეილა.

-მატყუებ.

-არაუშავს. – თქვა რატიმ. – ყველა იტყუება.

მერე კი კვლავ შეეპარა ღიმილი მის სახეს.

საშინლად ასტკივდა თავი ლეილას, სისხლმა აასხა სახეში, ყურებში უგუგუნებდა.

-შენც იტყუები. – განაგრძო მან, მერე კი მხრები აიჩეჩა. – ალბათ.

-მე არასოდეს ვიტყუები. – თქვა ლეილამ. კიდურები დაუბუჟდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თვითონ არ ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა ვიღაც სხვა, მის სხეულში მოქცეული, სანამ თვითონ ჭერზე ჩამოკიდებული შეჰყურებდა ყველაფერს.

-ვიცი, რანაირია ტყუილი. – თქვა რატიმ. – ძნელია. შიგნიდან გჭამს. შეგიძლია მე მითხრა სიმართლე, ლეილა, მე არ დაგადანაშაულებ.

-რაში? – ხმას აუწია ლეილამ და თითქოს გვერდიდან გაიგონა, თუ როგორ გაუწვრილდა ხმა.

თითქოს გარშემო შემოეხვია ნისლი, სული მოეხუთა. საშინელი, გამაყრუებელი წუილი ედგა ყურებში, ცივი ოფლი ასხამდა, ერთიანად კანკალებდა.

-არაფერში. – თქვა რატიმ. – ვიცი, რომ არ გახსოვს.

-რა არ მახსოვს? – ხმას აუწია ლეილამ, ყელში გაუკავდა სუნთქვა.

-რაღაც მოხდა. – თქვა ყარალაშვილმა. – რაღაც უცნაური. მაგრამ არ გახსოვს, რა.

წამოვარდა ლეილა, გაოგნებული შეჰყურებდა და თვალი ააყოლა მას ყარალაშვილმა.  

-ცაცა სადაა? – ჰკითხა ანაზდად.

-ცაცა სადაა? – გაიმეორა ოთახის კუთხიდან გენადი დუდავამ. – ჰკითხე, სადაა?

-არ ვიცი. – წაიბუტბუტა ლეილამ. – წავიდა. მგონი წავიდა.

-სად წავიდა?

-იფლიჰემში. არ ვიცი. ალბათ იფლიჰემში.  

-და ბიცოლაშენი სად წავიდა?

სახის ნაკვთები მოენგრა ლეილას, თვალები გადმოეკარკლა, ელვის სისწრაფით გამოუშრა პირი.

-ეგეც იფლიჰემში ალბათ. – წამოილუღლუღა მან.

რატიმ გაუღიმა, თვითონაც ფეხზე წამოდგა. ზემოდან დაჰყურებდა, და კვლავ ხელში ეჭირა გახლეჩილი ბროწეული, რამდენიმე მეწამული წვეთი ჩამოუგორდა ხელის ზურგზე და მოსწყდა, იატაკზე დაეცა ჩუმი წკაპუნით.

-იფლიჰემში უნდა წამოხვიდე ჩემთან ერთად. – თქვა მან.

არაფერი უპასუხა ლეილამ. ჩამოწოლილი ნისლი სულს უხუთავდა, ვეღარაფერს ხედავდა.

მიბრუნდა და რატის ჩაუარა, ელვის სისწრაფით გაემართა კარისაკენ.

სირბილით გადაჭრა სასტუმრო ოთახი და გარეთ გავარდა, წინკარზე მიწყობილ ჩექმებს ხელი სტაცა და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ბილიკს.

თავი უსკდებოდა, კიდურები დაუბუჟდა, რეტი ესხმოდა.

შედგა, რომ სული მოეთქვა, მაგრად დახუჭა და გაახილა თვალები, ყველაფერი უცურავდა თვალწინ.

არ უნდა მობრუნებულიყო.

მაგრამ მაინც მოტრიალდა.

კარში იდგა რატი. კარში იდგა, ხელით ჩარჩოს მიჰყუდებოდა და შეჰყურებდა უსიტყვოდ, ისევ ისეთი ირონიული ღიმილით, რომელიც თვალებს ვერ სწვდებოდა.

ზედ დაჰფენოდა მზისა და ნამგალა მთვარის ვერცხლისფერი შუქი.

და ციმციმებდნენ კარის გვერდით ჩასმული ფანჯრები.

და იცნო. თავი გასკდომამდე სტკიოდა, თვალებში უბნელდებოდა და კინაღამ მუხლები მოეკვეთა, მაგრამ მაინც იცნო.

ნამგალა მთვარე, რომელიც წვერით ხლეჩდა ღრუბლებს.

მიცურავდნენ ღრუბლები, მიცურავდნენ მელიები და ჭახჭახებდნენ გამაყრუებლად.

და მწვანეში ეგდო ხორცისფერი კაცი, რომელსაც წითელი ეცვა.

და გამომტვრეული, აციმციმებული კედელი, რომელიც კედელი არ იყო, სადაც რატი იდგა.

ხორცისფერი კაცი, რომელსაც წითელი ეცვა.

ზაქარია ლორთქიფანიძე ეგდო ბალახში, მისი წითელი საცვლით. ზემოთ კი, გამომტვრეულ კედელში, რომელიც კედელი არ იყო, რადგან ფანჯარა დამსხვრეულიყო, რატი იდგა.

ზაქარია ლორთქიფანიძის გვერდით იდგა ლეილა და ზემოთ იყურებოდა.

და ბუნდოვნად ხედავდა მოციმციმე, გამომტვრეულ კედელში აღმართულ რატის.

გაცივდა ლეილა. უფრო გაძლიერდა სისხლის გუგუნი მის ყურებში, გამაყრუებლად გაჰკიოდნენ მისი აბურდული ფიქრები.

ჩამოწოლილიყო ნისლი და მიცურავდნენ ღრუბლები. შრიალებდნენ ხეები და მთვარის ვერცხლისფერ სინათლეს ფარავდა მზის ოქროსფერი, მჭახე შუქი.

და უძირო უფსკრულს წააგავდნენ რატის თვალები.

მიტრიალდა ლეილა.

და ბარბაცით დაუყვა აბალახებულ ბილიკს.

7 thoughts on “მირაჟი (თავი 9)

  1. ისე ავირდავირიე ვერაფერი გავიგე. თითქოს ყველაფერი ნათელია მაგრამ ჩემთვის ბინდოვანი გახდა. თავიდანვე იკვეთებედო რამოდენიმე ეჭვმიტანილი მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს. ჩემი აზრით ლეილას მძაფრ სანახაობაზე ებინდება გონება და ავტომატურად ებლოკება მეხსიერება. ეს იცის მკვლელმა თუ რათქმაუნდა ლეილა არაა მკვლელი და რაღაც უცნაური გონების დაბინდვის დროს არ ისტუმრებს ხალხს საიქიოს. რატი ყველაზე მეტად მგონია, თვისთავად იცის ყველაფერი ისე ჩანს და ისიც თუ მან არაა მკვლელი მაშინ ის მაინც იცის მკვლელი ვინაა. ჭადრაკის დაფამ საერთოდ ამრია. ამ დაფაზე არ ჩანს ცაცა. თუ ცაცაა მკვლელი მაშინ რატი მასაც იქ დასვამდა, თუმცა ლეილას გონებას ეთამაშება და უფრო აბნევს. ცაცას გაუჩინარებაც მაფიქრებს. ერთი აბსურდული აზრი გამიჩნდა მაგრამ თავს შევიკავებ. ჯობია დაველოდო მოვლენების განვითარებას.

    Like

    1. ესეიგი სულ აბდაუბდა მაქ თავში… უკვე მჯერა როო ლეილაა მკვლელი და რატიმ ეს იცის. შეიძლება გადაარჩინოს კიდეც ციხეს… რავიცი რავიცი… ველოდები გაგრძელებას

      Like

    2. როგორ მიყვარს თქვენ ვარაუდებს რომ ვკითხულობ 🥰💛 ლეილას ბრალეულობაზე თუ უდანაშაულობაზე არაფერს ვიტყვი, მინდა თქვენ გამოიტანოთ თვითონ დასკვნები დასასრულის მერეც. ბუნდოვანი რომ გახდა, გასაგებია და ეგრეც უნდა იყოს, რადგან მინდა ზუსტად ისე იყოს მკითხველი, როგორც ლეილას მდგომარეობაა ამჟამად. ჭადრაკის დაფაზე ისე კი იყო ცაცა 🫣 ბესარიონის, შოთასა და ეგეთების გვერდით იყო ნახსენები. როგორ მაინტერესებს ისე ის აბსურდული აზრი 💛 უღრმესი მადლობა იმისათვის რომ მკითხულობ და აზრს მიზიარებ 🥰🥰💛💛

      Like

  2. “-არაუშავს. – თქვა რატიმ. – ყველა იტყუება.”
    საიდან დავიწყო არ ვიცი, ისეთი თავი იყო ზედ შავი ღღუბლების მსგავსი. მეგონა საშინელებათა და დეტექტიურ ჟანრს ერთდროულად ვკითხულობდი. უფრო და უფრო დაძაბული გახდა ვითარება, პერსონაჟები იმდენად დამაბნეველნი არიან, რომ ვერც ვხვდები რომელს ჩავეჭიდო, თუმცა ის კი ვიცი, რომ ჩემს პირველ ეჭვმიტანილს მაინც ურყევად მივყვები თან.
    რატის საუბარი, მიმიკები, ბროწეული და მისი წვეთები, აუ არ ვიცი ლინდა, ეს თავი მართლა ისეთი იყო რომ სერიოზულად გამაძაგძაგა.
    ჯერ ხომ ყველაფერი კადრებად ამეღბეჭდა თავში, შემდეგ კი ჩემმა გონებამ დაძაბული მუსიკაც დაადო თავისთავად.
    ბოლო თავს ველი, ერთი სული მაქვს როდის გაირკვევა საბოლოო ჯამში ვინ აღმოჩნდება მკვლელი.
    კითხვისას ცხვარი და მგელი გამახსენდა რატომღაც, ოღონდ ცხვრის ტყავში ვინ აღმოჩნდება და მგლის ტყავში ვინ ეს კიდევ გასარკვევია.

    Like

    1. ვაიმე ქალუ 💛
      მიხარია რომ საშინელებათა და დეტექტიური ჟანრი ერთად დაინახე, ეგ იყო ჩემი მიზანიც 🥺💛 ბოლოში ძალიან სწორი შედარება გააკეთე, ცხვარი და მგელი დგანან ერთმანეთის პირისპირ და ვნახოთ ვინ რომელი აღმოჩნდება. ვეცდები მალე იყოს, დიდი ალბათობით შემდეგ კვირაში იქნება 💛 უღრმესი მადლობა რომ მკითხულობ ქალუ 🥰💛

      Liked by 1 person

  3. 😳😳არც კი ვიცი რა ვთქვა🤔🤔კიდევ კარგი ღამე არ წავიკითხე ეს თავი😱😱სასწაულია და გავიქეცი გავარგრძელო☺️

    Like

Leave a reply to თამარი კომენტარის გაუქმება