მირაჟი (თავი 8)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მერვე თავის თემა

VIII – Darkness and Blood

.

.

.

*-*-*-*-*-*-

გაიელვა.

მხოლოდ ოდნავ, მქრქალად შემოიჭრა ელვის თეთრი, ცივი სინათლე ფანჯარაში, რომელიც სანახევროდ დაეფარა გაცრეცილ, მოყვითალო მაქმანის ფარდას. შემოიჭრა, მაგრამ ვერ მოერია ოთახის სითბოს და ლამპის მოყვითალო-ნარინჯისფერ სინათლეში გალღვა, გაიცრიცა და გაქრა, უკვალოდ.

ტკაცუნებდა, შიშინებდა ბუხარში შეშა. საკვამურში აზუზუნდა ქარი და უფრო ძლიერად დასცხო კოკისპირულმა წვიმამ ფანჯრის მინას.

თითები დაისრისა ლეილამ. მარჯვენა შუათითზე ბეჭედს წაღმა-უკუღმა ატრიალებდა.

რატი ყარალაშვილი უსიტყვოდ შესცქეროდა. ოდნავ ღიმილს მიეღწია მის ტუჩების კუთხეებამდე, თვალებსაც მოსდებოდა. რამდენიმე თითქმის შეუმჩნეველი ნაოჭი ჰქონდა მაღალ შუბლზე, მოკლე წვერის ქვეშ, მარჯვენა ლოყაზე პატარა ჩაღრმავება უჩანდა, რომელიც აქამდე ვერ შეემჩნია ლეილას.

-ლამაზებია. – დაიწყო ლეილამ. საშინელი დაღლილობა მორეოდა, ყველაფერი სტკიოდა, სხვა დროს ალბათ მხოლოდ ძილზე შეძლებდა ფიქრს, მაგრამ უბრალოდ უნდოდა რაღაც ეთქვა, არც კი იცოდა, რატომ. – მელიები ძალიან მომწონს. მადლობა რომ ერთი მაჩუქე.

რატის ოდნავადაც კი არ შესცვლია გამომეტყველება, ისევ ღიმილით შესცქეროდა. უსიტყვოდ დაუქნია თავი.

-დანარჩენები… – განაგრძო ლეილამ. – ის ფიგურები… ის კუზიანი… ფოტინეა?

-ფოტინეა. – თქვა რატიმ.

-ის მეორე გოგო ცაცა. – განაგრძო ლეილამ. – და ის ქუდიანი მამაშენია ხომ?

-კი.

ახლაღა გაახსენდა მამამისი ლეილას და წამოიწია, დაიძაბა, სწრაფად მიმოიხედა.

-და მამაშენი…?

-მორიგეა. – თქვა რატიმ. – ანუ პოლიციის პუნქტში სძინავს. ხვალამდე არ მოეთრევა და ეგეც საკითხავია.

-სადღაც წავა დასალევად? – ჩაეკითხა ლეილა.

-ჰო. აქ რაც ჰქონდა შენახული, ყველაფერი გადავუყარე რომ არ დაელია.

-უშედეგოდ ალბათ.

-ეგრეა. – თქვა რატიმ. – დაეხეტება აქეთ-იქით და ხან ვისთან სვამს, ხან ვისთან. ხანდახან მინდა რომ უბრალოდ მოკვდეს.

-კარგი რა. – უსიამოვნოდ მოიჭმუხნა ლეილა.

-ანდა მე წავიდე აქედან.

-მიდიხარ ხომ?

-საქმეს რომ მოვრჩები, კი. ცოტა ფულს მოვაგროვებ და წავალ.

-აღარ მობრუნდები? – ჰკითხა ლეილამ. უფრო სწრაფად დაატრიალა ბეჭედი თითზე წაღმა-უკუღმა.

ყარალაშვილი უცნაურად შეჰყურებდა.

-რატომ მეკითხები?

-რავიცი. ისე. მაინტერესებს.

-არ ვიცი. – თქვა ყარალაშვილმა. – შეიძლება.

მერე ალმაცერად გადმოხედა.

-და შენ? არ აპირებ აქედან წასვლას?

-ნეტა ყველა მაგას არ მეკითხებოდეს. – ოდნავ გაეღიმა ლეილას. ყარალაშვილმა წარბები აზიდა.

-ყველაო. – დაიფრუტუნა მან. – ვინ გეუბნება კიდევ? ცაცა ხომ?

-ჰო.

-ჰო აბა სხვა ვინ გეტყოდა. ბიცოლაშენს ხომ ტვინი არ უდევს თავში.

თავი გადააქნია ლეილამ. ბიცოლამისზე ფიქრი აღარ უნდოდა.

-ცაცას უნდა რომ ბიძასთან წავიდეს იფლიჰემში. – თქვა მან. – და უნდა რომ მეც წავიდე.

-მერე? გინდა?

-არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს მე რა მინდა. ბიძამისმა მაინც უარი უთხრა ჩემზე.

-როგორ არა აქვს მნიშვნელობა. სხვა ნათესავი არ გყავს ვინმე?

ტუჩები დაუწვრილდა ლეილას, ყარალაშვილს უსიტყვოდ შეაცქერდა.

ასევე უსიტყვოდ შეჰყურებდა ყარალაშვილი, და მის თვალებზე, ცეცხლისმაგვარი ნარინჯისფერი რომ მოსდებოდათ, გაუშტერდა მზერა ლეილას.

თავი საშინლად ასტკივდა, უფეთქავდა შიგნიდან თითქოს.

-იცი რომ არ მყავს. – თქვა ბოლოს.

-მაშინ ჩემთან ერთად წამოდი. – თქვა უცებ რატიმ.

თვალები დაახამხამა ლეილამ, ხელები გაუქვავდა. წამიერად ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ მომეყურაო.

-შენთან ერთად? – წამოილუღლუღა მან. – სად?

-იფლიჰემში. – თქვა რატიმ. – მგონი იქ უკეთესი იქნება შენთვის. არა?

-არ ვიცი. – თქვა ლეილამ. ერთიანად აუზრიალდა თავი, ფიქრების კორიანტელი დაატყდა ერთბაშად თავს, რომელსაც არც თავი ჰქონდა და არც ბოლო, მათ ერთმანეთში აღრეულ, მძიმე სხეულში, საფეთქლებზე რომ თავის გასკდომამდე აწვებოდა, ვერანაირ დეტალს ვერ არჩევდა.

-მოიფიქრე. – უთხრა რატიმ. – სანამ ამ საქმეს არ მოვრჩები, აქ ვიქნები.

მერე კი ახედ-დახედა. ლეილა გაფაციცებით, გაშტერებული შესცქეროდა მის თითოეულ პაწაწინა მოძრაობას, სახის ნაკვთების ცვლილებასა და მისკენ მაცქერალ თვალებს, თითქოს ცდილობდა რატის ტვინში შემძვრალიყო და მისი ფიქრები ამოეკითხა.

-სადმე სხვაგან ხომ არ გაქვს ჭრილობა შესახვევი? – ჰკითხა რატიმ.

-არა.

-გშია? წყალი ხომ არ გინდა?

უსიტყვოდ, ნელა გადააქნია თავი ლეილამ. ფიქრების ზვირთიდან ნელ-ნელა ამოუტივტივდა რაღაც, რომელიც არც მოგონება გახლდათ, არც ეჭვით აღსავსე კითხვები და არც ის განცვიფრება, რომელიც  ჯერ კიდევ არ განელებოდა.

არა. ის რაღაც მქრქალი, გაკვრით ნანახი, სიზმარივით დაბურული ზმანება იყო, რომელიც შეეთხზა მის გონებას. სადღაც, იფლიჰემის გარეუბანში, ვეებერთელა კაკლის ხის ქვეშ, მიწიდან ამობურცული ფესვებიდან დახეთქილ ტროტუარზე იდგა, ყარალაშვილის გვერდით. უბრალოდ იდგა, საკუთარს და რატის გამომეტყველებას ვერ არჩევდა, სახის ნაკვთებსაც ვერ ხედავდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ რატი ყარალაშვილის გვერდით იდგა, მწვანედ შეფოთლილი კაკლის ხის ქვეშ, დახეთქილ ტროტუარზე.

ოდნავ ჩაუნავლდა საფეთქლებში ტკივილი და ის ალიაქოთი, ზრიალით რომ ეხეთქებოდა მის თავის ქალას.

და კვლავ შემოცურდნენ მის სმენაში საკუთარი გულისცემისა და სუნთქვის ხმა.

და ისევ იგრძნო რატის სხეულიდან მომავალი სითბო.

თვალები დაახამხამა ლეილამ.

რატი ისევ შეჰყურებდა.

რაღაცნაირად. გამომცდელად. თითქოს ახლავე ელოდა პასუხს.

მაგრამ არაფერი უთქვამს. ხელები დაიბჯინა ანაზდად მუხლებზე და ნელა წამოდგა.

მზერა ააყოლა ლეილამ.

-მიდი, შუქი ჩააქრე და დაწექი. – უთხრა რატიმ. – თუ არ შეგაწუხებ, აქვე გავიშლი ლოგინს. ტახტზე დავწვებოდი, მაგრამ შუქში ვერ დავიძინებ.  

-არა, რა თქმა უნდა. – ძლივს მოაბრუნა ენა პირში ლეილამ. – სადაც გინდა იქ დაწექი.

-სადაც მინდა? – ოდნავ შეურხია ტუჩის კუთხები ირონიამ რატის.

ლეილამ დაუბღვირა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. ზურგი შეაქცია და ლოგინის თავზე აძვრა, საბანი გადააძრო საწოლს და წამსვე შეცურდა მის ქვეშ.

რატიმ თვალი მიაყოლა. ისევ ის ოდნავი ირონიული ღიმილი მორეოდა მის გამომეტყველებას. აქედან უფრო უკეთ მოჰფენოდა მის სახეს ლამპის ნარინჯისფერი სინათლე, ოქროსფრად დაეფერა მისი მზემოკიდებული კანი, წაბლისფრად მოლაპლაპე თმა და თვალები, ცეცხლმოკიდებული თვალები.

უკვე მაშინ, როცა ცხენზე შემოისვა ყარალაშვილმა კუზიანი ფოტინეს ქოხთან და პოლიციის პუნქტში წაიყვანა, როცა მის ზურგზე აკრული ყარალაშვილის სიცხე იგრძნო, ფიქრობდა ლეილა რომ ჩამავალი მზე ჩაღვრილიყო მის სხეულში თითქოს.

ახლაც იგივეს ფიქრობდა.

თვალი აარიდა რატიმ. მიბრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.

ლამპა გამორთო ლეილამ და წამსვე გაქრა ნარინჯისფერი შუქი, სიბნელე ჩამოწვა, რომელიც ოდნავ გაცრიცა, გაჰკვეთა ფანჯრიდან შემოჭრილმა, ელვის თეთრმა, ცივმა სინათლემ.

ჩაყუჩდა ლეილა, გვერდზე გადაბრუნდა, კარს ზურგი შეაქცია და ბალიშში ჩარგო ლოყა. ლეიბი სასიამოვნოდ რბილი იყო მისი დაჟეჟილი, მტკივანი სხეულის ქვეშ, თეთრეულს სუფთა, საპნისა და მზეზე გამშრალის სურნელი ასდიოდა. ოთახში თბილოდა, გარეთ კი მიწას აზანზარებდა ჭექა-ქუხილი.

ფანჯრის მინასა და სახურავზე რაკუნებდა წვიმა.

და არ ახსოვდა ლეილას, თუ როდის ეგრძნო ბოლოს თავი ასე კომფორტულად.

სასტუმრო ოთახში რაღაცას აშარიშურებდა რატი, რაც მალე მისი ნაბიჯების ხმა შეენაცვლა. მოიკუნტა ლეილა, უფრო ჩაიმალა საბნის ქვეშ, როცა საძინებელში შემოაბიჯა რატიმ, მერე კი ისევ შრიალი აუყენა რაღაცას.

საწოლის გვერდით შლიდა ლოგინს.

არ გადატრიალებულა ლეილა. იცოდა, რომ მძინარედ თავის მოკატუნებას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ სიბნელეში რატომღაც არ სურდა რომ რატის გამოლაპარაკებოდა.

მალევე დაწვა რატი. მშვიდად სუნთქავდა.

გაიელვა. მჭახე თეთრი სინათლე შემოიჭრა ოთახში და წამიერად გაანათა მოპირდაპირე კედელი, ზედ აკრული მუქი მომწვანო შპალერითურთ, იქვე მიმდგარი მაგიდა და ზედ წამოსკუპებული, ხიდან გამოჩორკნილი ფიგურები.

მერე კი გაქრა ყველაფერი კვლავ, სიბნელეში გალღვა, თითქოს ბლანტ კუპრში ჩაიძირაო.

ანდა თითქოს რაღაც უშველებელმა მოაღო პირი და მის დაბჩენილ ხახაში დაინთქა ყველაფერი.

ხარისწყალის აზვირთებული სხეულიდან ამოზრდილი რქები, ბუჩქების გაფაჩუნება, საკუთარი სიზმრები და მირჟანი გაახსენდა ლეილას.

თითქოს მასაც უმიზნებდა ის ვეებერთელა, დაბჩენილი ხახა.

სული მოეხუთა ლეილას, თვალები მაგრად დახუჭა, უფრო მაგრად მოიკუნჭა.

იქუხა, და ფანჯრის მინა შეზანზარდა ჩარჩოში.

-დაიძინე. – თქვა ანაზდად რატიმ და წამსვე თვალები ჭყიტა ლეილამ, სიბნელეში გააცეცა. – დაისვენე ცოტა.  

არაფერი უპასუხა ლეილამ.

მაგრამ ხვდებოდა, რომ ერთიანად მიმოფანტა რატის ხმამ მის წინაშე წამომართული სიბნელე.

აქ იწვა, რატის საწოლში, ახლადდაბანილი, თბილ საბანში გამოხვეული. გარეთ ქარიშხალი მძვინვარებდა, ხარისწყალი გრიალით ასკდებოდა ხევის კიდეებს, გამაყრუებლად ქუხდა და ჯერ კიდევ ვიღაც უცხო დაეხეტებოდა აქეთ-იქით ხალხის მოსაკლავად, მაგრამ იცოდა ლეილამ, რომ მაგრამ ამ პატარა სახლის კედლები ყველაფერს გაუძლებდნენ.

მის უკან, იქვე იწვა რატი ყარალაშვილი.

რომელმაც ხარისწყალის ხევიდან ამოათრია და იფლიჰემში მასთან ერთად წასვლა შესთავაზა.

აქ საფრთხე არ ემუქრებოდა. მირჟანი აქ ვერ მოსწვდებოდა.

თვალები დახუჭა ლეილამ.

ვერც კი გაიგო, თუ როგორ ჩაეძინა. თუ როგორ მოერია ის ცარიელი სიბნელე, რომელიც შიშის მაგივრად კომფორტს ჰგვრიდა.

არაფერი დასიზმრებია. ანდა ამჯერად არ დაამახსოვრდა.

მხოლოდ დაცურავდა, არსებობდა მის გარშემო შემოხვეულ ბლანტ, თბილ, წამიერ სიცარიელეში.

და როგორც ძილის სუდარით მისი სხეულის დაფარვა ვერ გაიგო ლეილამ, ისიც ვერ გაიგო, თუ როგორ შემოაძარცვეს კომფორტული სიბნელე.

მაშინღა გაიგო, როცა თვალები უკვე გახელილი ჰქონდა.

ჯერ ყველაფერი უცურავდა თვალწინ, მხოლოდ დაბურულ, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებს ხედავდა, რომლებიც ალაგ-ალაგ ოქროსფრად ციმციმებდნენ.

თვალები დაახამხამა. მზერა ნელ-ნელა დაეწმინდა.

მოწითალო ოქროსფერი სინათლე მოსდებოდა ოთახს. მოპირდაპირე კედელთან მიმდგარ მაგიდაზე გალაქული ხის ფიგურები და კაქტუსების ქოთნები ლაპლაპებდნენ. კედელზე სარკე ეკიდა, რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა, ალაგ-ალაგ ჩამომდგარიყვნენ კედლებზე მასზე ასხლეტილი შუქის სვეტები. თბილოდა, და  უდარდელად დაცურავდნენ აქეთ-იქით მტვრის ნაწილაკები, მზის შუქში პაწაწინა, ახლად აღვივებულ ნაპერწკლებს რომ ჰგავდნენ.  

ყველაფერი ჯერ კიდევ სტკიოდა ლეილას, მაგრამ ტკივილი ყრუ, ოდნავ ფეთქვაში იზრდებოდა ნელ-ნელა. კიდურები საშინლად დამძიმებოდა, თითოეული კუნთი შეშუპებოდა თითქოს, როცა გაჭირვებით წამოიწია, ლოგინში წამოჯდა. თვალები მოჭუტა და ხმამაღალი მთქნარებით გადაიხარა გვერდზე, როცა სარკეზე არეკლილმა სხივებმა თვალებში შეუჭყიტინეს.

ფანჯარაზე სანახევროდ ჩამოეფარებინათ გაცრეცილი, გაყვითლებული ფარდა, რომელსაც ვერაფრით დაეკავებინა მინაში შემოჭრილი მზის სხივები. ქარი ზუზუნებდა ბუხარში და ხედავდა ლეილა, ფანჯარაში, შორს, თუ როგორ იზნიქებოდნენ ოქროსფერ სინათლეში განბანული, ალაგ-ალაგ ფოთლებშემოგლეჯილი ალვის ხეები.

სითბოს, სიმყუდროვისა და ახლადგამომცხვარი თბილი პურის სურნელს გრძნობდა.

თვალები დახუჭა ლეილამ. ძილიდან მორჩენილი სასიამოვნო ბურუსი მოსდებოდა მის გონებას.

ნელ-ნელა გამოფხიზლდა.

მიხვდა, რომ მის ქვეშ ლოგინი ძალიან რბილი იყო.

და არც ხედი ეცნობოდა ფანჯრიდან.

ზეინაბ ფაღავას მუქარა.

ცაცას ბიძა.

თამილას ყვირილი.

სიცივე, აუტანელი სიცივე და მის ზურგისა და ხელების ქვეშ ხეშეში სილა.

ბურუსით მოცული შემოგარენი და ხარისწყალის აზვირთებული სხეულიდან ამოზიდული რქები.

თვალები გადმოეკარკლა ლეილას, ანაზდად გაუქრა სხეულში შემორჩენილი ძილის ბლანტი სითბო.

მერე კი ბილიკის ბოლოში აღმართული რატი. მისი ხელების შეხება, როცა წამოსწია და ტომარასავით გადაიკიდა მხარზე. მისი თვალები, როცა ჭრილობას უხვევდა.

სასწრაფოდ აიწია სახელო და მარჯვენა წინამკლავზე დაიხედა.

სუფთა ბინტით ჰქონდა გადახვეული, რომლის ბოლოებიც გადაეკოჭათ.

აქ მოიყვანა რატიმ. აქ მოიყვანა, და მასზე იზრუნა.

თვალები გააცეცა ლეილამ, ელვის სისწრაფით მოავლო ოთახს თვალი.

რატის ეძებდა.

ჯერ კიდევ გაეშალათ ლოგინის გვერდით ქვეშაგები, საბანი ერთიანად აბურდულიყო. ღრიჭოდ დაეტოვებინათ საძინებლის კარი და მასში გაიჭვრიტა ლეილამ, მაგრამ აგიზგიზებული ბუხრის მეტი ვერაფერი დაინახა.

ფრთხილად, ჩუმად გადაიძრო საბანი. ლოგინიდან გადმოცოცდა, ეცადა სხეულზე მოტმასნილი, მოღრეცილი ტანსაცმელი და აწეწილი თმა შეძლებისდაგვარად გაესწორებინა, მერე კი ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს, შიგნით გაიჭყიტა.

ბუხრისა და ფანჯრიდან შემომავალი მოყვითალო სინათლე მოჰფენოდა ოთახს, თბილოდა და ხმამაღლა თუხთუხებდა ცეცხლზე ვეებერთელა, თუჯის გვერდებმოჭვარტლული ჩაიდანი. ფანჯარაზე ფარდები გადაეწიათ, და აქედან უკეთ ჩანდა, თუ როგორ გლეჯდა ალვისა და ჭადრის ხეებს ქარი და როგორ მიექანებოდნენ ცის კამარაზე რუხი, დაგლეჯილი ღრუბლები.

ბუხრის წინ აშკარად სახელდახელოდ აწყობილი, ხის საშრობი იდგა, რომელზეც ისე ეკიდა ლეილას კაბა და საცვალი, ვითომ აქაც არაფერიო.

სახე მოენგრა ლეილას, მოჭმუხნული შეაცქერდა ტანსაცმელს.

არ უყვარდა, როცა მის ნივთებს ხელს ჰკიდებდნენ. განსაკუთრებით საცვლებს.

თუმცა არა. რატი უბრალოდ კარგი მასპინძელი გახლდათ. აბაზანის კიდეზე გადაკიდებული ტანსაცმელი კარგა ხანი მოუნდებოდა გაშრობას.

თვალი აარიდა საშრობს ლეილამ, რატის გადახედა.

ბუხრის გვერდით, მაგიდასთან იდგა რატი. თმა აჩეჩოდა, კვლავ ის პერანგი და გაცრეცილი შარვალი ეცვა, იდგა და აშკარად ახლადგამომცხვარ პურს აგლეჯდა ყუას.

ცხელი ოხშივარი ასდიოდა პურს, თეფშებზე ყველის ნატეხები და დაჭრილი კიტრი ეწყო, რასაც მინის ძველებური სამარილე და ორი ცარიელი ჭიქა უმშვენებდა გვერდს. იქვე კი დაცვარული, ტუჩმოტეხილი მომცრო სურა იდგა, რომელშიც ალბათ წყალი ესხა.

და იმის მიუხედავად, რომ გაუნძრევლად იდგა ლეილა, თითქოს მისი იქ ყოფნა იგრძნოო რატიმ, წამსვე მოტრიალდა, თვალები მოაბჯინა, რომლებიც ჯერ კიდევ იმ ზაფხულის უვარსკვლავო ღამეს ჰგავდნენ, რომელსაც ოდნავ შეჰპარვოდა გარიჟრაჟის მოოქროსფრო ელფერი.

ფეხი მოინაცვლა ლეილამ, თვალები გააცეცა.

-კარგად გეძინა? – ჰკითხა რატიმ და თავი დაუქნია ლეილამ. – გშია? მოდი, ჭამე.

ოდნავ შეყოყმანდა ლეილა, მერე კი ისე ნელა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა მაგიდას, თითქოს ხაფანგში უტვინო ცხოველების მისაზიდად დატოვებული საჭმელი ყოფილიყო მის წინაშე.

შეიძლება იყო კიდეც.

ღრჭიალით გამოსწია ტაბურეტი რატიმ და მიუთითა, დაჯექიო.

და როცა სკამზე მოეწყო ლეილა, გვერდით მიუჯდა.

ცხელი პურს გვერდი მოაგლიჯა ლეილამ და ყველი დაადო ზედ მერე კი გემრიელად ჩაკბიჩა. ვერც კი მიმხვდარიყო აქამდე, რომ ძალიან მოშიებოდა. იმის მიუხედავად, რომ კარგად ეძინა, მაინც ებლიტებოდა თვალები და ლოგინში შეძრომაც კი ინატრა,  მაგარ ტაბურეტზე მჯდარს უსიამოვნოდ დაუწყეს დაჟეჟილობებმა ფეთქვა.

მაგრამ იცოდა, რომ აქ დიდი ხნით ვეღარ გაჩერდებოდა. უნდა წასულიყო. ალბათ წუთი-წუთზე მოვიდოდა ლოთი ყარალაშვილი, და სულაც არ სურდა რომ მას აქ დახვედროდა.

ტანსაცმელზე დაიხედა, მერე კი კვლავ საშრობისაკენ გააპარა თვალი. საბედნიეროდ, კაბაც და საცვალიც მშრალი ჩანდა.

-უკვე წასვლა გინდა? – ჰკითხა ანაზდად რატიმ, ისე, რომ მისკენ არც კი მოუხედავს, პურს ოხშივარადენილ რბილობს აგლეჯდა.

წამსვე მიაბრუნა თავი ლეილამ, თავის პურს ჩააცქერდა.

-ცოტა. – თქვა მან. იცოდა, რომ რატისთან ტყუილებს აზრი არ ჰქონდა.

მისი კითხვაც ცოტა უადგილო გახლდათ, რადგან უკვე ხვდებოდა, თუ რა უნდოდა ლეილას.

მაგრამ მაინც ეკითხებოდა.

რატომღაც.

-ჭამე წესიერად და მერე წადი. – უთხრა რატიმ, მერე კი სურას ყელში მოავლო ხელი. – წყალი გინდა?

-მინდა.

ცივი წყალი ჩამოუსხა რატიმ, მერე კი ახლოს მიუწია ჭიქა. მადლობაო, წაიბუტბუტა ლეილამ და სიამოვნებით მოიყუდა, იგრძნო, თუ როგორ გაუარა ცივმა წყალმა ყელი, საყლაპავი და სასიამოვნოდ ჩაეღვარა მუცელში.

გააჟრჟოლა. ხარისწყალის ყინულივით ტალღები გაახსენდა.

-ბიცოლაშენი რამე სისულელეს თუ კიდევ გეტყვის, მითხარი. – თქვა უცებ რატიმ და ძლივს გადაყლაპა ბოლო ყლუპი წყალი ლეილამ.

-რა სისულელეს?

-ნებისმიერს. და რამე თუ მოხდა კიდევ, რამეს დაინახავ ანდა შეესწრები, ჩემთან მოდი. შენით არაფერი გააკეთო.

ლეილა თვალებგაფართოებული შესცქეროდა, რატი კი ისე ღეჭავდა თავის ლუკმას, კიტრსა და ყველზე კონცენტრირებული, ვითომ აქაც არაფერიო.

-მაგალითად? – წამოილუღლუღა ბოლოს ლეილამ.

-აი მდინარეში ის რაღაც რომ დაინახე. – თქვა რატიმ. – იქნებ კიდევ მოგეჩვენოს.

-მერე შენთან რატომ უნდა მოვიდე? – ჩაეკითხა ლეილა. ხვდებოდა, რომ რატის სიტყვების მიღმა რაღაც უცნაური, შეფარული იყო, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა, თუ რა.

რატიმ გადმოხედა. მზერა გაუსწორა. ყველანაირი გამომეტყველება ჩამორეცხოდა სახიდან, თვალები გასციებოდა.

-ხელების ფათური გიყვარს ყველაფერში და იმიტომ. – თქვა ბოლოს.

-ხელების ფათური? – წამოიძახა ლეილამ.

-ფოტინე აბა მე გადავაბრუნე? – ჰკითხა რატიმ. – და თუხარელს მე ვურტყი?

ლეილამ იგრძნო, თუ როგორ წამოუფორაჯდა სახე.

-მგონი ეგენი უკვე გავიარეთ. – წაიბუტბუტა მან.

-თუხარელი ძაან ცუდად რომაა იცოდი? – ჰკითხა რატიმ.

გაღიზიანება მოაწვა შუბლში ლეილას, თავი ასტკივდა.

-ძალიანაც კარგი. – მიახალა მან. – იმსახურებს!

-როგორც ფოტინე იმსახურებდა? – ჰკითხა უცებ ყარალაშვილმა უცნაური, გაუგებარი, ცივი ირონია, ისეთი, როგორიც ლეილას არასოდეს ენახა აქამდე, გადაეფინა სახეზე. – როგორც ზაქარია იმსახურებდა? ანდა რეზო?

ერთიანად გადაცივდა ლეილა. გაოგნებული შეჰყურებდა.

-რას მეუბნები? – წამოიძახა მან, საკუთარმა მჭახე, მყივანა ხმამ და მასში გარეულმა, განცვიფრებით აღსავსე შიშმა შეზარა, ტაბურეტით უკან გახოხება სცადა. – ვერ გავიგე, რას მეუბნები?

-სიკვდილს ბევრი არ იმსახურებს, ლეილა. – თქვა უცებ ყარალაშვილმა. – არ მეთანხმები?

ლეილამ პირი გააღო და დახურა. თითები მოეკრუნჩხა, გული ისე მძლავრად უფეთქავდა მკერდში, რომ ყელში მოაწვა, გული აერია. თავი გასკდომამდე სტკიოდა.

-წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკები. – ამოილუღლუღა ბოლოს, ძლივს მოატრიალა პირში ენა.

-ვიცი რომ არ გაქვს. – თქვა ყარალაშვილმა, ნიკაპი ასწია, ისევ ისეთი ყინულოვანი ირონია გადაჰფენოდა სახეზე, თვალები ისე გასციებოდა, როგორც თვალუწვდენელი, შავბნელი უფსკრული. – ანუ რა, არ მეთანხმები?

-გეთანხმები. – ამოთქვა ბოლოს ლეილამ. რეტი დაესხა, თვალებგადმოკარკლული შეჰყურებდა ყარალაშვილს. მოეჩვენა, რომ ყარალაშვილს სახის ნაკვთები ჩამოულღვა, სახე ჰქონდა, მაგრამ ისეთი ვეღარა, რომელსაც სცნობდა ლეილა. თითქოს ის ადამიანისსახა ირემი ედგა თვალწინ, ხედავდა მის სახეს, მაგრამ ვერ გაეგო, თუ ვინ იყო ის.

ყველაფერი გაეყინა ლეილას. ხელები აუთრთოლდა.

-ჩაიცვი და წადი თუ გინდა. – თქვა ანაზდად რატიმ და ისე მიუბრუნდა საჭმელს, ვითომ აქაც არაფერიო. – ანდა გრილა, მაგ ტანსაცმლით წადი. კართან ჩექმები დაგიტოვე.

გაიხედა ლეილამ. შემოსასვლელ კართან რეზინის ჩექმები მიეწყოთ, მათი მაღალი ყელის კიდეზე მუქი წინდები გადაეკიდებინათ.

აღარაფერი უთქვამს ლეილას. თავის ტკივილი ოდნავ გაუნელდა, მაგრამ მაინც ნელა წამოდგა, რატის უსიტყვოდ შესცქეროდა.

ელოდა რომ კიდევ რამეს იტყოდა. რომ კიდევ რამე სისულელეს წამოროშავდა.

რომ კვლავ რამეს დააბრალებდა.

მაგრამ რატის აღარაფერი უთქვამს, გემრიელად ილუკმებოდა.

ბუხრისაკენ გაეშურა ლეილა, თან მალ-მალე აპარებდა რატისაკენ თვალს, მისთვის ზურგის შექცევას დიდი ხნით რატომღაც ვერ ბედავდა.

საშრობიდან ტანსაცმელი აიტაცა და სწრაფი ნაბიჯით შებრუნდა საძინებელში, კარი ჩუმი ჩხაკუნით მოიხურა ზურგს უკან.

რატის მიერ მოცემული ტანსაცმელი გადაიძრო და ელვის სისწრაფით ჩაიცვა. ლოგინი გაასწორა, პერანგი და შარვალი დაკეცა და იქვე მიალაგა.

მერე კი კარი გააღო და უჩუმრად გაიპარა სასტუმრო ოთახში. რატი ისევ იქ იჯდა, ილუკმებოდა და ცივ წყალს აყოლებდა ზედ.

მისკენ არ გამოუხედავს.

თვალი არ მოუშორებია მისთვის ლეილას, ისე მიაღწია გასასვლელ კარამდე. წინდები ამოიცვა და საკმაოდ მოზრდილ ჩექმებს წაეპოტინა.

-მირჟანი ნამდვილი გგონია? – ჰკითხა უცებ ყარალაშვილმა და მოულოდნელობისაგან შეხტა ლეილა, წამსვე მისკენ მიაბრუნა მზერა.

ყარალაშვილი გაუნძრევლად იჯდა, იდაყვებით მაგიდას ეყრდნობოდა. მხოლოდ მის ოდნავ მოხრილ ზურგსა და წაბლისფრად ალაპლაპებულ კულულებს ხედავდა ლეილა.

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ბუხარში შეშის ტკაცუნი არღვევდა. გული მძლავრად უცემდა ლეილას, წამოახურა.

-არ ვიცი. – თქვა ბოლოს.  – არ მეგონა, მაგრამ…

-მე მგონია რომ არ არსებობს. – თქვა ყარალაშვილმა. – ოღონდ ისეთი არაა, ჩვენ რომ გვგონია. რა გგონია, მართლა რქებიანი, თეთრთვალება, ბალნიანი, კლანჭებიანი არსებაა? არა, არა. გეშლება. მე მგონია რომ ადამიანია მირჟანი, ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ რამე თუ მოგეჩვენა, არ მიაქციო ყურადღება.

-და ვინ გგონია? – ამოილუღლუღა ლეილამ.

-არ ვიცი. – თქვა ყარალაშვილმა. – ყველა მითს აქვს საფუძველი. იყო ალბათ ვინმე. და არც კი იცოდა, რომ ზრეას მეხსიერებაში მირჟანად დარჩებოდა მუდამ.

წარბები შეკრა ლეილამ. ჩექმები ამოიცვა, ფეხზე საკმაოდ დიდი ჰქონდა. ფრთხილად მოსჭიდა სახელურს ხელი, ცალი თვალი კარისაკენ ჰქონდა.

მაგრამ ასევე სურდა უფრო მეტი გაეგო.

-ვინმე კონკრეტული გახსენდება? – ჩაეკითხა ბოლოს.

-ნუ ჩამეძიები. – თქვა ყარალაშვილმა. – ნუ სვამ ისეთ კითხვებს, რაზეც პასუხი არ გინდა გაიგო.

-იქნებ მინდა?

-ძალიან კარგად იცი პასუხი. და როგორც მახსოვს, არ გიყვარს ამაზე ლაპარაკი.

-რაზე? – ხმას აუწია ლეილამ, მოქუფრული შესცქეროდა ყარალაშვილის ზურგს. – თქვი, რისი თქმაც გინდა, ბოლოს და ბოლოს!

-კარგი, ვიტყვი. – თქვა ყარალაშვილმა. ლაპარაკობდა, მაგრამ ისე გაუნძრევლად იჯდა, თითქოს გაქვავებოდა თითოეული კუნთი, მის ქანდაკებად ქცეულ სხეულს ბუხრისა და ფანჯრიდან შემოღვრილი შუქი დასთამაშებდა. – მე მახსოვს დედაშენი, ლეილა.

ხროტინით შეისუნთქა ლეილამ. თვალები გადმოეკარკლა, პირი გამოუშრა ანაზდად. გაოგნებული შეჰყურებდა ყარალაშვილის ზურგს.

მახსოვსო.

იცოდა ლეილამ, რომ ბევრს გაეგონა დედამისის ამბავი. ჭორები ძალიან ადვილად ვრცელდებოდა ზრეაში.

მაგრამ ეს სულ სხვა რაღაც გახლდათ. რაღაც უცნაურის ელფერი დასდევდა ყარალაშვილის ნათქვამს.

-რა გახსოვს? – ჰკითხა ლეილამ. საკუთარ ხმას ვეღარ სცნობდა, ისე გაწვრილებოდა, თითქმის ჩურჩულებდა.  

რეტი დაესხა, სახელურს მთელი ძალით უჭერდა ხელს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ აქედან გაქცევა სურდა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ათრთოლებოდა მუხლები. 

-მაშინ აკადემიაში ვსწავლობდი. – თქვა ყარალაშვილმა. – იფლიჰემში ვიყავი გამწესებული. დედაშენის საქმესთან მე არავინ მიმიშვებდა, მაგრამ მთელი განყოფილება მაგაზე ლაპარაკობდა. დედაშენზე, საწყალ მამაშენზე. და პატარა ბავშვზე, რომელმაც ყველაფერი დაინახა…

-ახლა რატომ მეუბნები ამას? – გააწყვეტინა ლეილამ.

-ხომ მკითხე. – თქვა ყარალაშვილმა. – მირჟანი მოგეჩვენა. დედაშენსაც თურმე ეჩვენებოდა რაღაცები.  

-ანუ… ანუ… შენ რა…

-მე არაფერი. – გააწყვეტინა ყარალაშვილმა. – გაინტერესებდა, და გითხარი. იმას ვგულისხმობ, რომ ხანდახან საკუთარ თავს ვერ ენდობი.

ტუჩები მაგრად მოკუმა ლეილამ, ფეხი მოინაცვლა. არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეთქვა.

ამიტომ აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ ღრჭიალით ჩამოსწია სახელური და ზღურბლზე გადააბიჯა, კარი გამოიხურა.

გრილოდა, მაგრამ მზის სიცივენარევ სითბოს გრძნობდა კანზე ლეილა. ნიავქარი აშრიალებდა სიყვითლეშეპარულ ხეებს, აქა-იქ ფოთლებზე შემორჩენილი წვიმის წვეთები დილის შუქში ბრწყინავდნენ. ლელესის ტბის თავზე ამოწვერილიყო მზე, და წვიმის სურნელი იდგა გრილ ჰაერში.

ბილიკს დაუყვა ლეილა. ალაგ-ალაგ მოზრდილი გუბეები იდგა, და წამსვე ამოისვარნენ ლაფში მისი მოჭყაპუნე ჩექმები. ხარისწყალის გრიალი ისმოდა შორიდან და ნელ-ნელა ახლოვდებოდა ხევი.

კარგად ეძინა. დილით ჭამა, წყალი დალია.

მაგრამ ისეთი დაღლილი იყო, როგორც არასდროს.

მკლავებსა და ბარძაყებზე დაიხედა. მზემოკიდებულ, ხორბლისფერ კანზე მჭახე კონტრასტს ქმნიდნენ მისი მოლურჯო-მოიისფრო დაჟეჟილობები.

რამდენიმეს დააჭირა თითი ლეილამ. ჯერ კიდევ ძალიან სტკიოდა.

ახალი დღე გათენდა. ჩანავლდა ქარიშხალი და აზვირთებული ხარისწყალი, მზის სინათლეს გაებრწყინებინა იქაურობა.

მაგრამ არსად გამქრალიყო გუშინდელი, შავბნელი დღე. სხეულზე აჩნდა, თვალებში ამოსწვოდა. არასოდეს დაავიწყდებოდა ხარისწყალის მღვრიე ტალღებიდან ამოზიდული ვეებერთელა, ქორბუდა რქები.

თითქოს დღევანდელ, მზით აღსავსე დღეში გადმოღვრილიყო გუშინ მომხდარის ბლანტი, შავბნელი მასა.

და ყარალაშვილი.

არა, რატი.

ვერაფერი გაეგო ლეილას.

რატი თითქოს აფრთხილებდა. მაგრამ მხოლოდ გაფრთხილება არ იქნებოდა ეს ყველაფერი.

აფრთხილებდა.

და იმაზეც გადაუკრა სიტყვა, რომ ჰალუცინაციები ჰქონდა.

ალბათ ჰქონდა კიდეც.

უნდა მოსჩვენებოდა ის რქები. სხვა ახსნას ამ ამბავს ვერ მოუძებნიდა.

მაგრამ რატომ ელაპარაკებოდა რატი ასეთი ქარაგმებითა და შეფარული აზრებით?

ერთიანად აერია მტკივან თავში ყველაფერი ლეილას. არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეფიქრა.

ალბათ არც უნდა ეფიქრა ამ ყველაფერზე.

არ ღირდა.

რატი ყარალაშვილი რაღაც სისულელეებს როშავდა.

რატომღაც ფიქრობდა ლეილა, რომ ყარალაშვილს მოსწონდა. აშკარად შეეშალა. რაღაც არასწორად გაიგო. ის მელია და ბეჭედი, რომლებიც ყარალაშვილმა აჩუქა, არაფერს ნიშნავდა, უბრალოდ ისე მისცა. ლელესის ტბასთან, ლასარეიშვილების წინააღმდეგ რომ დადგა ლეილას გამო, უბრალო კეთილი საქციელი გახლდათ და მეტი არაფერი. ახლაც კი, ის, რომ რატი ყარალაშვილმა ხევიდან ამოათრია, საკუთარ სახლში მოიყვანა და მასზე იზრუნა, არაფერს ნიშნავდა. ეს ისეთი რამ იყო, რასაც ნებისმიერი წესიერი პიროვნება გააკეთებდა.

ალბათ.

მაგრამ ამით ვერაფრით ახსნიდა ლეილა რატის მიერ გაკეთებულ შემოთავაზებას.

რომ მასთან ერთად წასულიყო იფლიჰემში.

თავი გადააქნია, მკლავები უფრო მაგრად მოიხვია სხეულზე.

ერთადერთი ის იცოდა, რომ რაღაც გადაუბრუნდა ტვინში რატი ყარალაშვილს.

და ისიც ისეთივე გახლდათ, როგორც ნებისმიერი სხვა.

მზე მიცოცავდა ცის კამარაზე, ფოთლებს შორის გამოხეთქილი ლაქები ოქროსფერ ლაქებად დაღვრილიყვნენ ხასხასა, აბრწყინებულ ბალახზე.

ხეებს აშრიალებდა ნიავქარი, გუგუნებდა ხარისწყალი და ლასლასით მიუყვებოდა ატალახებულ ბილიკს ლეილა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

რაღაც მოხდა.

რაღაც უცნაური.

მაგრამ აღარ ახსოვდა.

თოხმა ხმამაღალი ბათქით გახეთქა მშრალი მიწა, ბელტები აქეთ-იქით გაიფანტნენ.

ქშინავდა ლეილა. შუბლზე მოწოლილი ოფლი მოიწმინდა და კიდევ ერთხელ მაგრად მოიქნია თოხი.

გრილოდა. ცის კამარაზე დაპენტილი, ნაცრისფერი ღრუბლები გადაჭიმულიყვნენ, ალაგ-ალაგ მათ შორის ჩამავალი მზის მქრქალი მოწითალო შუქი იღვრებოდა. უბერავდა ქარი, მოყვითალო ფოთლებს აშრიალებდა, დამსკდარი მიწიდან მტვერს ხვეტდა და ფანტავდა აქეთ-იქით.

დაგორავდნენ ბელტები. ფესვები ცისკენ მიეშვირათ სარეველებს. და მოიისფრო წითლად ღვიოდა ჭარხალი, როცა შემთხვევით შუაზე გახლიჩა თოხის ძლიერი მოქნევით ლეილამ.

-ფუ შენი. – წამოსცდა ლეილას.

ჭარხლის წითელი წვენის შხეფებს მოესვარა ახლადგადათხრილი ბელტები.

გახლეჩილი ჭარხალი მოთხარა ლეილამ და იქვე, პატარა მოწნულ კალათში მიაგდო, სადაც უკვე გორავდნენ მრგვალი ჭარხლის თავები.

მალე მოწვიმდა ისევ. იხულას მთიდან მობერილ ქარს წვიმის სურნელი დაჰკრავდა.

გაიხედა ლეილამ, ჩამავალი მზის მეწამულ დისკოს გახედა, რომლის ქვედა ნაწილს ხედავდა მხოლოდ ლელესის ტბის თავზე შეჯგუფებული, მოლურჯო იისფერი ღრუბლების მიღმა.

თითქოს სისხლჩაქცევებზე დაღვრილიყო სისხლი.

თვალი აარიდა მზეს ლეილამ, თოხს დაებჯინა და თვალი მიმოავლო შემოგარენს. შუბლი და ზედა ტუჩი მოიწმინდა.

საშინლად სტკიოდა თავი.

მწუხრის შუქჩრდილი დასწოლოდა ყანას, მინდვრებს, ხეებსა და ანც ნიავქარს. იძალა ქარმა, იისფერი ღრუბლების საბურველი მოაფარა მზის წითელ დისკოს და უფრო ჩამობნელდა, გაიცრიცა, მთებს შორის ჩალღვა მოწითალო სინათლე. ზემოთ, იხულას მთის ფერდზე მოლურჯოდ დაფერილიყო ზრეა, რომელსაც ალაგ-ალაგ სახლების ფანჯრებიდან გადმოღვრილი ოქროსფერი ანათებდა, თითქოს ღამის მუქი ლურჯი ცის ზედაპირზე მიმოებნიათ მოციმციმე ვარსკვლავები.

ლურჯამთაზე ცხვრები ბღაოდნენ. იქეთ გახედვას ვერ ბედავდა ლეილა, არ უნდოდა ხერეშის მთის კლდოვანი ფერდი, წმინდა გიორგის ეკლესია და მის გვერდით, კლდეზე გადმოშვერილი ქარაფი დაენახა.

ბილიკი ცარიელი იყო. არავინ ჩანდა.

თვალები მოისრისა ლეილამ.

თვალებიც კი სტკიოდა.

რაღაც მოხდა.

მაგრამ აღარ ახსოვდა, რა.

რაღაც მოხდა.

უნდა გაეხსენებინა.

ქვა-ღორღის ხრშიალი ჩაესმა და სწრაფად ასწია თავი.

შოთა ლასარეიშვილი იდგა მოშორებით, მათი ყანის დაფეხვილი ღობის მიღმა. თავის განუყრელ ყავარჯენს ეყრდნობოდა და შემოჰყურებდა გაფანჩული წარბების ქვეშ მიმალული თვალებით. თავზე ქეჩის ქუდი მოეგდო, ვერცხლისფერ ძაფებს წააგავდნენ მისი გაწეწილი წვერის თმის ღერები მწუხრის სინათლეში.

ფეხი მოინაცვლა ლეილამ, უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი თოხს. წამოუბერა, და მუხლებზე მოეხვივნენ ტილოს კაბის კალთები, ტკარცალით გაიშალნენ მის უკან ქარში.

-გინდა რამე? – მიაძახა ლასარეიშვილს.

ლასარეიშვილი არ განძრეულა. თითქოს არც კი სუნთქავდა, მისი მხრების მოძრაობას ვერ ხედავდა ლეილა. უბრალოდ იდგა და უყურებდა.

მერე კი პირი დააღო, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო. ზედმეტად დიდი უჩანდა ხახა, თითქოს ტუჩის კუთხეები გარღვეოდა.

თვალი აარიდა ლეილამ, მიმოიხედა. შოთა ლასარეიშვილი ზოგადად მარტო არსად დაეთრეოდა.

მაგრამ არსად მოჩანდა არც ვახტანგ ლასარეიშვილი და არც მათი ლაქია, კახი ტურავა.

მხოლოდ მწუხრი ჩამოწოლილიყო გარშემო და ხეებს აჭრიალებდა ნიავქარი.

ქვემოთ დაიხედა ლეილამ.  პირი დაეღოთ გამხმარ მიწაში ორმოებს, საიდანაც ჭარხლის თავები ამოეთხარა.

მერე კი კვლავ ზემოთ ასწია მზერა.

შოთა ლასარეიშვილი ისევ უყურებდა.

უფრო ახლოს იყო. ღობის აქეთ იდგა, ჭიშკარი კი მის უკან დახურული გახლდათ, ოდნავ ღრჭიალებდა და რახუნებდა ქარში. პირი ისევ დაეღო, და კვლავ გარღვეული უჩანდა ტუჩის კუთხეები, ხახა კი, მისი ვერცხლისფერი წვერით შემოჯარული, ჯერ კიდევ შავბნელი და ძალიან ღრმა ჩანდა.

-რა გინდა? – შეუყვირა ლეილამ. – წადი! სახლში წადი!

შოთა ლასარეიშვილმა მისი ნათქვამი ყურადაც კი არ იღო. იდგა, და არ იძვროდა მისი თმა-წვერი მონაბერ ქარში.

მერე კი ფეხი მოინაცვლა, მხრებში ოდნავ მოიხარა და აღმართა თოფი.

ლეილა არ განძრეულა. იდგა და თოფის შავბნელ ლულას შეჰყურებდა.

თითქმის ისეთივე შავბნელი იყო, როგორც მის მიღმა მდგარი გენადი დუდავას ხახა.

ისევ ისეთი, ხოჭოსავით თვალები ჰქონდა გენადი დუდავას. იდგა და თოფი მოეშვირა.

-წადი! – დაუყვირა ლეილამ. – წადი! თავი გამანებე, გაიგე?!

გენადი დუდავას არაფერი უთქვამს. იდგა, და ვეღარ ხედავდა მის თვალებს ლეილა. თითქოს ჩამოუბნელდა, აღარ უჩანდა მისი შუბლზე აკრული თმის ქვეშ.

თვალები დაახამხამა ლეილამ. თოხი მოიმარჯვა.

დაღამდა. ძალიან დაღამდა.

რაღაც მოხდა, მაგრამ არ ახსოვდა, რა.

 ლურჯამთაზე ისევ ბღაოდნენ ცხვრები. ხერეშის მთა ძალიან მაღალი იყო, ძალიან მაღალი, მის წვერზე ნამგალა მთვარე შემოსკუპებულიყო.

გაიხედა ლეილამ.

უფრო ახლოს იდგა მასთან თამილა, რამდენიმე კვალი გადმოეჭრა. იდგა, თავისი დაღებული, ვეებერთელა ხახით და თოფის ლულა მისკენ მოეშვირა.

-სახლში წადი მეთქი, ბიცოლა! – დაუყვირა ლეილამ. – წადი, მე მალე მოვალ თქო, ხომ გითხარი!

თამილა არ სუნთქავდა, უბრალოდ უყურებდა.

და ძალიან მჭახე, შემზარავად მკვეთრი, გამჭოლი იყო დედამისის მონაცრისფრო ცისფერი თვალები.

არ ინძრეოდა დედამისი, უბრალოდ უყურებდა ლეილას. არ ინძრეოდა, და აღემართა თოფი, მისკენ მოეშვირა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე, არაფერი შეცვლილიყო, არც გარშემო ჩამოწოლილი სიბნელე, არც მისი გამჭოლი ცისფერი თვალები და არც მისი შიშმორეული მრისხანებით აღსავსე გამომეტყველება.

ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.

ყურები აუზრიალდა ლეილას. თვალები დახუჭა, უფრო მაგრად მოუჭირა თითები თოხს.

ყვავები აჩხავლდნენ შორიახლოს. ისევ ბღაოდნენ ლურჯამთაზე ცხვრები.

ქვემოთ დაიხედა ლეილამ. ისევ დაეღოთ პირი ამოთხრილ ორმოებს და აქეთ-იქით დაგორავდნენ მის მოწნულ კალათაში ჭარხლები, მათგან ერთ-ერთი საკუთარ სისხლში მოსვრილიყო.

იმედი ჰქონდა ლეილას, რომ ჭარხლის სისხლი არ დაეწვეთებოდა გზაზე.

თუმცა ალბათ ლაფში ჩაიკარგებოდა ყველაფერი მაინც.

ჭყაპუნებდნენ ჩექმები და ლაფში ჩაფლულ კენჭებზე ეხეთქებოდა ალაგ-ალაგ თოხის პირი, წკრიალებდა. არ წვიმდა, მაგრამ იწვიმებდა, ჩასვენებულიყო ლელესის ტბაში მზე.

დედამისი მოჰყვებოდა უკან. არადა უკვე ესროლა. ალბათ კიდევ უნდა ესროლა.

ციოდა, ციოდა, და უფრო მეტად აციებდა გარემოს იხულას მთიდან მონაბერი ქარი. ციოდა, და ერთმანეთს ეხლებოდნენ კალათში ჭარხლები. ლასარეიშვილს გახედა ლეილამ, რომელიც კვლავ უკან იდგა, არ იძვროდა, ხელი აუქნია და მიაძახა, წადიო.

ჭიშკარი გადარაზული იყო და ხელახლა გადარაზა ლეილამ. მაგრამ მაინც შემოაღწევდა შიგნით ლასარეიშვილი, აშკარა გახლდათ. ვერ დააკავებდა ჭიშკარი, ვერც ვერცხლი და ვერც სხვა რამ.

შემოსასვლელში ოქროსფერი სინათლე იღვრებოდა ნათურიდან. შეაბიჯა ლეილამ, თამილას გადახედა.

თამილა მონდომებით ზელდა ცომს. ამოხედა, იჭვნეული თვალით.

-სად იყავი? ყანაში ეგდე ისევ? – დაიღრჭიალა მან.

-ჭარხალი მოვთხარე. – თქვა ლეილამ.

-ცაცა სადაა? – იკითხა გენადი დუდავამ.

-ცაცა სადაა? – თქვა ლეილამ.

-მე რა ვიცი! – განაგრძო ღრჭიალი თამილამ. – ან გარეთ აგდია სადმე შენსავით ანდა შიგნით, სხვაგან სად იქნება!

-ერთი გველი შენ ხარ და ეგეც მეორეა, აი! – განაცხადა ლასარეიშვილმა.

-სახლში წადი! – მიუბრუნდა ლეილა.

შოთა ლასარეიშვილს თვალები არ ჰქონდა. იდგა, ხახადაღებული, ამოჩიჩქნილი, სისხლიანი თვალების ბუდეებით და არ ლაპარაკობდა, მაგრამ ხმა ამოსდიოდა ხორხიდან.

-გველები! გველები! – ამბობდა ის.

-წადი! – გაუმეორა ლეილამ.

-ვის ელაპარაკები? – წამოიყვირა თამილამ. – გოგო! ვის ელაპარაკები?

მობრუნდა ლეილა. თამილა თვალებგადმოკარკლული შემოჰყურებდა.

-არ ველაპარაკები. – თქვა ლეილამ. – მინდა რომ წავიდეს.

-ცაცა სადაა? – იკითხა გენადი დუდავამ. – ჰკითხე, იქნებ იცის.

-ცაცა სადაა? – თქვა ლეილამ.

თამილას არაფერი უპასუხია. ცომი ჩამოიწურა თითებიდან და გაშტერებული შეაცქერდა.

რაღაც მოხდა.

მაგრამ არ ახსოვდა, რა.

-ცაცა სადაა? – იკითხა გენადი დუდავამ, და ლუკა თუხარელის ხმამ ამოსძახა ექოდ. – ცაცა უნდა წაგვეყვანა!

-ცაცა უნდა წაეყვანათ. – თქვა ლეილამ. გვერდით დედამისი ედგა, თოფს უმიზნებდა. – მაგრამ ვერ წაიყვანეს.

-გველები! ორივენი გველები ხართ! – ხრიალებდა შერყეული შოთა ლასარეიშვილი.

-უნდა წავიდეს. აქედან უნდა წავიდეს. – თქვა ლეილამ.

-რატომ არ უშვებს? – ჰკითხა დედამისმა.

-რატომ არ უშვებ? – თქვა ლეილამ.

-გაგიჟდი? – წამოიყვირა თამილამ. – ეს რა არის, გაგიჟდი ხო?!

-არ უშვებს. – ამბობდა დედამისი. – უნდა წავიდეს.

-რატი სადაა? – თქვა შოთა ლასარეიშვილმა. – უტვინო, წუნკალი ბიჭი!

-რატი სადაა? რატი სადაა? – ამბობდა ლეილა.

ტუჩებს ამოძრავებდა თამილა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა. ეტყობოდა, რომ ყვიროდა, მაგრამ არ ყვიროდა. იცოდა ლეილამ, რომ აქედან უნდა წასულიყო.

მიბრუნდა. შემოსასვლელის ზღურბლზე ვერცხლი ეკიდა.

ეზოს ბოლოში, ჭიშკართან ახლოს დედამისი უმიზნებდა თოფს.

არც კი შემკრთალა ლეილა. თავი გასკდომამდე სტკიოდა, ისე აწვებოდა თითოეული გულისცემის წნევა სახეში, რომ ლამის თვალები გადმოცვენოდა ბუდეებიდან. ყველაფერი დაუბუჟდა, კიდურებს ვეღარ გრძნობდა.

-ცაცა სადაა? ცაცა სადაა? – გაჰკიოდა ლასარეიშვილი.

– სახლში წადი! – დაუყვირა ლეილამ. – სახლში წადი!

-გველები! გველები!

-ცაცა სადაა? ცაცა სადაა?

-გველები!

-სახლში წადი! სახლში წადი!

მერე კი ერთმანეთში აირია ხმები, თითოეული სიტყვა განიბნა, და გალღვა, ბლანტ გუგუნში ჩაიძირა, როგორც ლაფში ჩამალული კენჭები. თითოეული სიტყვა ესმოდა ლეილას, მაგრამ ვერცერთს ვერ არჩევდა.

გაიელვეს დედამისის ცისფერმა თვალებმა.

და გამაყრუებლად იჭექა თოფმა.

იჭექა თოფმა და საშინელი ჭახანი მოესმა ლეილას. ძალიან ახლოდან მოდიოდა.

-ცაცა სადაა? ცაცა სადაა?

-გველები! გველები! გველები!

ვიღაც ყვიროდა. ანდა თვითონ.

ჩამობნელდა, მერე კი მზემ იფეთქა ლელესის ტბის თავზე, გააცისკროვნა იქაურობა, თვალი მოჭრა ლეილას, ვეღარაფერს ხედავდა. თითქოს გაიელვა, მაგრამ წამიერად არა, დაკლაკნილი, ერთმანეთს მიყოლილი ელვის ავსებულიყო ცის კამარა.

საფეთქელი საშინლად სტკიოდა.

თითქოს რაღაც შემოსცხეს.

ტუჩებსა და გულისპირზე ცხელი სისხლი იგრძნო, მუცელზე დაეწვეთა.

მერე კი იმასღა ხედავდა, თუ როგორ ელვის სისწრაფით მოიწევდა მისკენ ჩამუქებული მიწა.

და დაყვინთა შიგნით.

წამსვე შემოეხვია შავბნელი, ბლანტი სიცარიელე. ვეღარ და აღარ სუნთქავდა, აღარ სჭირდებოდა სუნთქვა. ცხელ, ცივ, არარსებულ სივრცეში ცურავდა და ვეღარც ხედავდა, არც ესმოდა, ვერ გრძნობდა ვერაფერს. თვითონაც აღარ არსებობდა, ანდა არსებობდა, როგორც პაწაწინა, მზის ჩასვლისას ნაბოლარა სხივივით უსუსური, რომლის არც არსებობა ნიშნავდა რამეს და არც არარსებობა, რომელიც მალევე შთანქავდა, ჩაყლაპავდა ხახადაღებული მწუხრი.

ტივტივებდა, ტივტივებდა და ეძინა.

და როგორც ყოველთვის, წამიერად გაგრძელდა უდრტვინველი არარსებობა მხოლოდ.

მაგარი მიწა იყო მის ქვეშ. საფეთქელი, კეფა და ზურგი საშინლად სტკიოდა.

ცხვირის გარშემო, ნიკაპზე, ყელზე, გულისპირსა და ხელებზე გამოშრობოდა კანი.

ნაცრისფერი იყო ცა. ნელ-ნელა მიცურავდნენ ღრუბლები, ქარი ხლეჩდა მათ და აქეთ-იქით ფანტავდა. მქრქალი მზის სხივები გაჭირვებით ებრძოდნენ ჩამოწოლილი მწუხრის შუქჩრდილს.

ციოდა. გააკანკალა.

ხმამაღლა ზუზუნებდა ქარი, ფოთლებს აშრიალებდა. კრიახებდნენ ქათმები და დასაკლავი ღორივით, განწირული ხმით ზმუოდა ნაზიბროლა.

რასაც შორიახლოდან მომავალი სლუკუნი ემატებოდა.

ტუჩები აუთრთოლდა ლეილას. ძლივს წამოსწია თავი, კიდურები უცახცახებდა, თითოეული კუნთი სტკიოდა, მაგრამ მაინც ნელ-ნელა, ხვნეშით წამოჯდა რბილ ბალახზე.

წამსვე რეტი დაესხა, გული აერია და გადაიხარა, პირდაღებული ხროტინებდა, პირში ნერწყვმომდგარი.

ძლივს მოითქვა სული.

ვიღაც ისევ სლუკუნებდა.

გაიხედა ლეილამ.

ეზოში იწვა, შესასვლელთან ახლოს გაშოტილი. შესასვლელში, ზღურბლთან ახლოს სისხლის მოზრდილი გუბე იდგა, რომელშიც თალხებში გამოწყობილი ფიგურა იწვა, პირდაღმა, ქვედაბოლო მუხლებამდე ასწეოდა და მის თეთრ, დაძარღვულ ფეხებს ხედავდა ლეილა. მარჯვენა ხელი სისხლის გუბეში ეგდო, სისხლით მოსვროდა ჭაღარა თმაც. ქანაობდა ოდნავ აქეთ-იქით შემოსასვლელში ჩამოკიდებული მბჟუტავი ნათურა და ლაპლაპებდა ალისფერი სისხლი, თუმცა მოყვითალო-ნარინჯისფერ სინათლეს ვერაფრით დაეფერა გვამის თავთან დაჩოქილი ცაცას გადაფითრებული სახე.

თვალები გადმოკარკვლოდა ცაცას. სახეში ჩამოშლოდა წითური თმა, ხელები გასისხლიანებოდა და გაოგნებული დასცქეროდა თამილას თავს. ერთიანად ცახცახებდა, სახეზე ნარინჯისფრად აპრიალებულ ზოლებად აჩნდა ცრემლების ნაკვალევი, მის მარჯვენა ხელში ჩაბღუჯული, ვეებერთელა სისხლიანი დანის პირი კი ნათურის მბჟუტავ შუქში შემზარავად პრიალებდა.

თითქოს რაღაც ჩაანარცხესო, კვლავ აუტანელ რეტი დაესხა ლეილას, თვალებში ჩამოუბნელდა, საშინლად უბჟუოდა თითოეული ნერვი.

სუნთქვა გაუხშირდა, ფილტვები აეწვა.

-ცაცა… – წაილუღლუღა მან. გაოგნებული შეჰყურებდა.

მისკენ მოატრიალა თავი ცაცამ. ისე შეჰყურებდა, დაფეთებული, თითქოს თვალები გადმოსცვივდებაო. პირი გააღო და დახურა, ხრიალი აღმოხდა მხოლოდ ყელიდან.

თამილა ეგდო იქ.

თამილა ეგდო სისხლის გუბეში.

დანა ეჭირა ცაცას.

-ეს რა ქენი? – ამოიხრიალა ლეილამ. – ცაცა… ეს რა ქენი?!

ძლივს წამოიწია, ადგილზე ტორტმანებდა. მუხლები უთრთოდა, ისე უბჟუოდა ფეხები, რომ თითქმის ვერც კი გრძნობდა რბილ, სველ ბალახს მათ ქვეშ.

-ვაიმე, ლეილა… – ამოიკვნესა ცაცამ. დანას ისე უჭერდა ხელს, რომ სახსრები გადათეთრებოდა, სისხლი წვეთავდა მდორედ მისი იდაყვიდან.

ზღურბლს გადააბიჯა ლეილამ.

და წამსვე გაუსხლტა სისხლში ფეხი, ხმამაღალი ბათქით დაეხეთქა ძირს, ხელები, იდაყვი და გვერდი წამსვე ამოესვარა სისხლში.

გული აერია, ცივმა ოფლმა დაასხა, ძლივს შეიკავა თავი ღებინებისაგან.

ყველაფერი საშინლად სტკიოდა, რეტი ესხმოდა, ისე უცურავდნენ ფიქრები, თითქოს მისი სხეულიდან გადმოღვენთილიყო მისი გონება და საიდანღაც, შორიდან შეჰყურებდა მომხდარს.

ახლაღა შეამჩნია თამილას ბეჭზე, გაფხრეწილ თალხებში დანით გახეთქილი ხორცი.

-რა ქენი? – ხმას აუწია მან, სუნთქვა გაუხშირდა, ელვის სისწრაფით აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი. – ცაცა, რა გააკეთე?!

-ცოცხალი იყო რომ მოვედი. – წაილუღლუღა ცაცამ. თამილას თავს დაშტერებოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ვერაფერს ხედავდა, გაშტერებოდა გადმოკარკლული თვალები. – გეფიცები… მგონი ცოცხალი იყო. დანა ჰქონდა ზურგში და… ამოვიღე…

ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს ლეილამ, რომ კბილებმა ღრჭიალი გაიღეს.

ცაცას ხელი სტაცა და დანა გამოჰგლიჯა, მერე კი შორს, ეზოში გადააგდო.

შეკრთა ცაცა. უარესად აკანკალდა, წითურ თმაში იტაცა სისხლიანი ხელები.

-იქნებ ცოცხალია? – ლეილასკენ მოატრიალა შეშლილი თვალები. – იქნებ არ მოკვდა?! ნახე, იქნებ არ მოკვდა?

თამილას სახეს გადახედა ლეილამ.

და წამსვე შეზარა ბიცოლამისის ჩამქრალმა მზერამ, მოშვებულმა ნაკვთებმა და გაფითრებულმა კანმა. თითქოს რამდენიმე ათწლეულით მობერებულიყო ერთბაშად თამილა, თვალებში სისხლძარღვები დახეთქოდა, ტუჩები გალურჯებოდა. მისი გამომშრალი თვალები და იატაკზე მიჭყლეტილი, მონაოჭებული ლოყა სისხლს მოესვარა.

ზემოთ მოქცეული ლოყა კი გამობერვოდა. მის გალურჯებულ, გაპობილ ტუჩებში რაღაც თეთრი დალანდა ლეილამ.

რაღაცით გამოეტენა მისთვის პირი მკვლელს.

-მკვდარია. – თქვა ლეილამ.

უარესად აცახცახდა ცაცა. მთელი სხეულით ძიგძიგებდა, კბილები უკაწკაწებდა, სისხლიანი ხელებით ჩამოიხოკა სახე.

მერე კი პირი იბრუნა და ღმუილნარევი ისტერიული ტირილი ამოუშვა.

მოუყრუა ლეილამ. გული ყელში მოსჯდომოდა, ხელები უცახცახებდა, ერთიანად დაუცვარა შუბლი ცივმა ოფლმა.

განწირული ბღაოდა ნაზიბროლა და კრიახებდნენ ქათმები, რასაც ქარის ზუზუნი და ფოთლების შრიალი ერთვოდა.

და წკაპა-წკუპით წამოვიდა წვიმა.

აქეთ-იქით ქანაობდა მბჟუტავი ნათურის მოყვითალო სინათლე, უპრიალებდა ჩამქრალი, გაშტერებული თვალები გვამს.

ნელა გაიშვირა აცახცახებული ხელი ლეილამ, და იმ რაღაც თეთრს ჩაავლო ხელი, რომლითაც გვამის პირი გამოეტენათ. ბიცოლამისის შემზარავი, ყინულივით ტუჩები იგრძნო და ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში, შეძრწუნებულს.

სწრაფად გამოგლიჯა გვამს პირიდან ის რაღაც.

რაღაც ნაჭერი იყო. თეთრი, მაგრამ დალაქავებული.

კუთხეებში პაწაწინა, მოქარგული ყვავილებით.

ცაცას ჰქონდა ასეთი ცხვირსახოცები. მართა ასწავლიდა ქარგვას.

მუჭში მოჭმუჭნა ცხვირსახოცი ლეილამ. თვალები აატრიალა ცაცასკენ, რომელსაც მისკენ ზურგი მოექცია და ღმუოდა.

მკერდში თითქოს ლოდი ჩაანარცხეს, კიდურებში ტყვია ჩაეღვარა. იჯდა, პირგამომშრალი და ფიქრების უთავბოლო კორიანტელი უგუგუნებდა თავში.

ბიცოლამისი მოკლეს.

და რატომღაც ცაცას ცხვირსახოცი ჩაეტენათ მისთვის პირში.

ცაცას ეჭირა დანა.

თვითონ კი იქვე, შემოსასვლელთან ეგდო.

არც კი ახსოვდა, თუ როგორ მოხვდა იქ.

გაიელვა.

და გამაყრუებლად დაიგრგვინა, წამიერად ჩაყლაპა ცაცას ზმუილი და ლეილას თავში ატეხილი კაკაფონია გრუხუნმა.

კოკისპირულად წვიმდა.

ლაფს რეცხავდა მიწად ჩამოსული ცა.

მაგრამ ვერაფერი, ვეღარასოდეს გადარეცხავდა თამილას სისხლს, იატაკის დამსკდარ ფიცრებში, ცაცასა და ლეილას ხელებში რომ გამჯდარიყო და დანას რომ შეხმობოდა.

თვალები დახუჭა ლეილამ.

რაღაც მოხდა.

რაღაც უცნაური.

მაგრამ არ ახსოვდა, რა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

დიდი იყო ნამგალა მთვარე.

ძალიან დიდი.

თუნუქის გაპრიალებული ქილიდან გამოჭრილს ჰგავდა. მოციმციმე, ვერცხლისფერი.

ზედ ცხოვრობდა რეზო.

იცოდა, რომ ზედ ცხოვრობდა რეზო.

რეზოს დიდი თვალი ჰქონდა. ვეებერთელა თვალი, პირდაპირ შუბლზე. ვეებერთელა თვალი და ასეთივე ვეებერთელა წიგნი, სადაც ყველაფერი ეწერა.

ყველა სიბრძნე.

ეძახდა ნამგალა მთვარე, თავისი წამახული წვერით ღრუბლების ტალღებს აპობდა და ეძახდა, ამიტომ მასზე გადავიდა.

გადავიდა და ძალიან მაგარი იყო მისი კლდოვანი ზედაპირი.

მელიები მიცურავდნენ. ბევრი მელია ერთად, ძალიან ბევრი.  

მიფრინავდნენ, თან ჭახჭახებდნენ.

ერთი, ორი. ერთი, ორი. ერთი, ორი, სამი, ოთხი…

იცოდა, რომ რეზოს დიდი თვალი ჰქონდა. ძალიან დიდი თვალი.

იცოდა, რომ სარკეში უნდა ჩაეხედა. იქ ნახავდა ბევრ დიდ თვალს. ბევრს, უამრავს.

ღრუბლებს აპობდა მთვარე.

სარკეში იმიტომ უნდა ჩაეხედა, რომ დედას დაინახავდა.

არა, არა.

მიცურავდა მთვარე. მიცურავდნენ ღრუბლები. მიცურავდნენ ხეები და კენჭები.

სურო შემოხვეოდა ჭიშკარს, მაგრამ იცოდა, რომ არაფერი უშავდა, რადგან სურო არ არსებობდა.

ანდა მალე შეჭამდნენ.

მწვანე იყო ყველაფერი. მწვანე, ლურჯი და მთვარე.

და თეთრი, თეთრი, შორს. თეთრი კედლები, თეთრი კედლები, ციხესიმაგრე.

და ციმციმებდა მინა. ციმციმებდა მინა ბალახში და ციმციმებდა კედელიც.

კედელი, რომელიც კედელი არ იყო. გამოემტვრიათ.

და წითელი ეგდო მწვანეში.

თუმცა არა, არა. ხორცისფერი ეგდო. ხორცისფერი, დიდი კაცი. ოღონდ რეზო არა, რეზოს ერთი თვალი ჰქონდა.

ამ კაცს კი ორივე თვალი ჰქონდა, მაგრამ ამაოდ. აღარაფერში დასჭირდებოდა.

და წითელი ჰქონდა ზედ. წითელი ეცვა.

კედელს ახედა. კედელს, რომელიც კედელი არ იყო, რადგან გამოემტვრიათ.

მეორე კაცი იდგა. ისიც დიდი კაცი. და ისიც არ იყო რეზო.

რატი იყო. რატი იდგა გამომტვრეულ, მოციმციმე კედელში.

იქ არ უნდა ყოფილიყო, იცოდა ეს. მაგრამ მაინც იდგა.

თვითონაც იდგა.

რადგან ეძახდა ნამგალა მთვარე და დაფრინავდნენ აქეთ-იქით მელიები.

13 thoughts on “მირაჟი (თავი 8)

  1. ვაიმეე ხო ვთქვი იქნებ თამილასაც მიაკითხოს მკვლელმათქო😂ისე აგიხდეთ ყველაფერი😂სულ არ მადარდებს ვინ მოკლა, მთავარია ის მიიღო, რაც დაიმსახურა🙂💅🏻 ძალზე მისტიური და დამაფიქრებელი თავი იყო ქალაუ🙈 სულ დავიბენი, მაგრამ მაინც მჯერა რო ცაცა არაფერ შუაშია. ასე მგონია აქ სხვა ვიღაცის ხელი ურევია. 😍😍😍დამაბნეველი, თუნცა ამავდროულად ულამაზესად აღწერილი იყო ყველაფერი, როგორც ყოველთვის😍 შენი ოქროს ხელი ეტყობა ყველა დეტალს ჩემო ნიჭიერო😍😍💚💜

    Like

    1. ვაიმე ქალუ ავჩუყდი 😊🥹💛 თამილასაც წეიყვანეს მარილზე 😂😂😂 და დიახამც, დაიმსახურა ვოტ 😤ცაცას რაც შეეხება, იმას ვიტყვი რომ ხანდახან ისე არ არის რიგორც ჩანს ამიტომ ვნახოთ! 💛 ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენი თბილი სიტყვებისათვის 🥹🥹🥹💛💛💛💛

      Like

  2. ქალო ამ ბოლო ეპიზოდმა ისე დამაბნია ვუი და ვაი. ფაქტიურად მკვლელი სახეზეა თითქოს მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი საკითხი რაც ეჭვებს მიტოვებს რომ მკვლელი სხვაა. არ ვიცი არ ვიცი უკვე ცაცა და ლეილაც თქნ მგონია თან არა. სხვა კონკრეტულად არავინ მეფიქრება თუმცა რატიმ რომ იცის ყველაფერი ეგ ნათელია.

    Like

    1. მიხარია რომ ასე თუ ისე გამოიკვეთა მკვლელი, მაგრამ იმის მიხარია რომ ეჭვები გაქმს ^_^ და კი, მართალი ხარ, რატი ყველაფერში გარკვეულია და ნელ-ნელა გამოაჩენს ალბათ ყველაფერს, რაც იცის. უღრმესი მადლობა გენაცვალე, მხარდაჭერისათვის 🥹🥹💛💛

      Liked by 1 person

  3. უჰ, რა თავი იყო! ყველაფერი ლეილაზე უთითებს, ეს სიზმრები, მეხსიერების დაკარგვები…მახსოვს სულ თავიდან ვთქვი, ლეილა არ იყოს მკვლელი და გაორება არ სჭირდესთქო :დდდ ხომ არ მიხდება ნათქვამი? მაგრამ სულ მცირე იმედს მაინც ვიტოვებ რომ ლეილა არ იქნება და ამ ამბის გახსნის მერე ყველაფერი დაავიწყდებათ და ის და რატი ბედნიერად იცხოვრებენ იფლიჰემში.

    Like

    1. გაორება მშვენიერი იდეაა ქალუ 🤔🤔 ვნახოთ, ასე 1-2 თავში დასრულდება და ვნახავთ რა იქნება 🤩🤩 ძალიან დიდი მადლობა! 🥰🥰💛💛

      Like

  4. აუუ კაი რააა .. რა ჯანდაბები ხდება უკვე დავიბენი… ლეილა თან მგონია თან არა… ვააახხ…

    Like

  5. ეს რა გვიქენი ქალო, ძალიან მრავლის მთქმელი და ამასთანავე უფრო დამაბნეველი თავი იყო, საერთოდ როგორ აღწერ ყველაფერს, ძალიან ლამაზი და მისტიურია. ცოტა მაინც დაგვასპოილერე კომენტარებში ვახ 😀

    Like

    1. უღრმესი მადლობა გენაცვალე 🥹🥹🤩🤩💛💛 ნუუუუ იმას ვიტყვი, რომ ბოლო ეპიზოდი მთლად სიზმარი არ არის, იგივე ეპიზოდი უკვე მოხდა და სხვა თავშია აღწერილი 😇😇💛💛

      Like

  6. ვაუ, დაბნევაც არის და დაბნევაც. ვეღარ გავიგე რა ვიფიქრო🤯 ხანდახან მკვლელი ლეილაც მგონია. ხანდახან რატიც. ლელიას შემთხვევაში მის დანაშაულებს ალბათ ჰალუცინაციებით ავხსნიდი. განსაკუთრებით ბოლოს გაუღვიძა რატიმ ყველანაირი ტკივილი და ტრავმა, რამაც გონება საკმაოდ დაუბინდა. აი რატის რა მოტივი უნდა ჰქონდეს ვერ ვიგებ. თუმცა, რაღაც მომენტებში მგონია, რომ შეუძლია ცივსისხლიანი მკვლელი იყოს.
    რაც შეეხება ცაცას, მისი მთავარი დანიშნულება თითქოს არ ჩანს. იმას თუ არ ჩავთვლით რომ ლეილას ყველაზე ახლო, ნუ ერთადერთი მეგობარი და ოდნავ გამომღვიძებელია. მეტიც არ მინდა ეგ იყოს მკვლელი😄

    Like

  7. ოჰოოო რას გვერჩიი.. დაგვინდე ცოტა, ისეთივე ლაბირინთში ვართ ,როგორც ეს სოფელი ,უკვე იმდენი ეჭვმიტანილია ,მარტო ყარალაშვილი თუ გვიშველის ..და მაინც რა ხდება ამ პატარა სოფელში ….

    Like

  8. ე.ი. თამილა მოკლეს😏 დიდად გული არ დამწყდა🙃🙃
    შემჭამა ინტერესმა😅😅უნდა გავაგრძელო🤣🤣

    Like

Leave a reply to Margarita Loki კომენტარის გაუქმება