მირაჟი (თავი 7)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეშვიდე თავის თემა

VII – Wood and Water

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

თვალები გაახილა ლეილამ.

ციოდა.

გააჟრჟოლა. ტუჩები უთრთოდა.

რუხ, დაგორგლილ ღრუბლებს მოერეკებოდა ქარი იხულას მთიდან. არსად ჩანდა ცის უძირო სილურჯე, გარიჟრაჟის წითელი მზე და სადღაც გადაკარგულიყო აშრიალებული ხეების ფოთლებს შორის გადახლართული ნარინჯისფერი სინათლე. კუშტი ნაცრისფერი მოსდებოდა შემოგარენს, ერთიანად გაცრეცილიყო ბუჩქნარის, ხეხილის, ბალახის სიმწვანე და თამილას სახლის აგურის კედლების სიწითლე.

თმა ყალყზე ედგა ლეილას. თვალი აარიდა ცის კამარაზე უხვად შეკრებილ ღრუბლებს, ლურჯამთის იალაღზე შეფენილ ცხვრის ფარას რომ ჩამოჰგავდნენ და ჩაქინდრა თავი, თავის ჭუჭყიან ფეხებს, დამტვერილ კაბასა და გაქექილი ქურთუკის კალთებს დააცქერდა. შუბლზე ჩამოშლოდა გაწეწილი კულულები, გრძნობდა, თუ როგორ შრებოდა ცივი ოფლი მის კისერში ჩაფენილი სქელი თმის ქვეშ.  

გარეთ იჯდა. იჯდა და სციოდა.

სციოდა, ფრჩხილის საწოლები გალურჯებოდა. ალაგ-ალაგ ერთიანად გაცრეცოდა ხელებსა და ფეხებზე კანი, ალაგ-ალაგ კი მოწითალო-მოლურჯო ელფერი ედო. გაფითრებულ მარჯვენა შუათითზე კიდევ უფრო მჭახე ჩანდა ოქროს, მოციმციმე მომწვანო-მოვარდისფროქვიანი ბეჭედი.

ტუჩები მაგრად მოკუმა ლეილამ, ისე ძლიერად დაუარა ჟრჟოლამ ზურგში, რომ გააცახცახა.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი იწვა უკვე გარეთ.

სახლში უნდა შესულიყო. უნდა შესულიყო და წყალი გაეცხელებინა, უნდა დაებანა და თბილ საწოლში შეწოლილიყო. პირი გამოშრობოდა, უსიამოვნოდ უღრუოდა მუცელიც.

იცოდა, რომ უნდა წამომდგარიყო.

იცოდა, მაგრამ ვერაფრით ინძრეოდა.

იმდენად გამჯდარიყო მის გამომშრალ ძვლებში, დაღვენთილ ტყვიად ქცეულ კუნთებსა და დაწყვეტილ მყესებში დაღლილობა, რომ ვერაფრით იძვროდა ადგილიდან.

ამიტომ იჯდა ლეილა. იჯდა მსხლის ხის ძირში, უბრალოდ იჯდა და ქარის ყოველ წამობერვაზე უთრთოდა სხეული.

უნდოდა რამეზე ეფიქრა.

თავის სიზმარზე.

იმაზე, თუ როგორ მოეთრა ლუკა თუხარელი.

და გენადი დუდავა.

როგორ სცადა ცაცას წათრევა თუხარელმა და როგორ გვარიანად მოაფრიალა ლეილა, როცა მისთვის ხელის შეშლა სცადა.

როგორ წამოადგა თავზე გენადი დუდავა, როცა მიწაზე ეგდო თვითონ.

და როგორი საშინელი, საზარელი ჭახანით ეხეთქებოდა ლუკა თუხარელის ფარატინა კუნთებსა და ძვლებს მის ხელში ჩაბღუჯული მოზრდილი ქვა.

იმაზე უნდოდა ეფიქრა, რომ აქედან უნდა წასულიყო ცაცა.

რადგან ვერაფრით მოისვენებდნენ ლუკა თუხარელის დამქაშები.

ბიძამისისათვის უნდა მიეწვდინა ხმა ცაცას.

ზრეადან ოთხიოდე კილომეტრში, ლელესის ტბის იქით გადიოდა იფლიჰემისაკენ მატარებელი.

იქნებ თამილასთან ერთად წასულიყო. თამილამ იცოდა იფლიჰემის ასავალ-დასავალი.

თამილამ ბევრი რამე იცოდა.

ბევრი რამე.

თუმცა ფულზე ვერაფერი დააცდენინა ლეილამ. ფულზე, რომელიც წესით მისი უნდა ყოფილიყო.

არა. არა არა. მისი ფული არ არსებობდა. ხაჭაპურებისა და ლობიანების გაყიდვით არჩენდა მათ თამილა.

ანდა არა.

აბრიალებული ნაღვერდლები წარმოუდგა თვალწინ ლეილას. მათი დამდაგავი, თვალისმომჭრელი სიცხე და ამავდროულად მათი ფერფლის შემზარავი, შავბნელი, უძირო ოკეანის მსგავსი სიცივე.

მის თავზე აღმართული გენადი დუდავა წარმოუდგა თვალწინ.

წესიერად აღარც ახსოვდა. ახსოვდა როგორც გაურკვეველი ფორმის სილუეტი, რომელიც ღრიალებდა და ლეილას მისკენ მითრევას ცდილობდა, თან ზედ უხათქუნებდა მის ვეებერთელა ტორებს.

თვალები გადმოეკარკლა ლეილას, სუნთქვა აუჩქარდა. ადგილზე აწრიალდა, მოულოდნელი, შემზარავი, მოუსვენარი შიშით აღსავსე.

მძლავრად წამოუბერა ქარმა, სახეში ჩამოყრილი კულულები მხრებზე გადაუგდო ლეილას და უფრო ხმამაღლა აშრიალდნენ ფოთლები. შორს, ხერეშის მთის თავზე ელვამ გაწიწკნა რუხ ღრუბელთა შორის ჩამოწოლილი კუშტი სიბნელე, რასაც შორეული გრგვინვა მოჰყვა.

მერე კი წკაპუნით დაეცა იქვე, ქრიზანთემების ბუჩქის ჩამომჭკნარ ყვავილს პაწაწინა წყლის წვეთი.

გამხმარ ბალახის ღეროზე დაგორდა მეორე წვეთი და იქვე მინაბულ კუტკალიას დაურღვია სიმშვიდე.

წკაპაწკუპით წამოვიდა წვიმა, ფოთლებს, გამომშრალ ბალახს, მიწასა და სახურავს ეხეთქებოდნენ მსხვილი წვეთები. კუტკალიებმა ჭრიჭინი ატეხეს, რასაც ქათმების კრიახი და ნაზიბროლას ბღავილი მოჰყვა.

თავი აღმართა ლეილამ, ლოყაზე დაეცა წვიმის წვეთი, ყელზე ჩამოუგორდა.

მერე კი, თითქოსდა სათლიდან გადმოასხესო, კოკისპირულად წამოვიდა წვიმა.

მსხლის ხის ძირში იჯდა ლეილა, მაგრამ ხის ფარატინა, გამომშრალი ვარჯი ვერაფრით იკავებდა ღრუბლებიდან გადმოხეთქილი წვიმის ვეებერთელა, მძიმე სხეულს, ფოთლებს შორის მიჰქროდნენ წვეთები, ტოტებს ზნექდნენ და მიექანებოდნენ მიწისაკენ. ქურთუკის მხრები და თავი წამსვე ერთიანად დაუჟივდა ლეილას, გრძნობდა, თუ როგორ მიცოცავდნენ ცივი წვეთები მისი მკერდისა და წელისაკენ, სანამ მისი გაფხრეწილი კაბა არ მიეკრა სხეულზე უსიამოვნოდ.

შიშინებდა წვიმა, ეხლებოდა სახლების სახურავებს, ხეებს, ბუჩქებს, გაუწყლოვანებულ, გამომშრალ მიწას, რასაც დროდადრო შორეული, გამაყრუებელი ქუხილის ხმა ერთვოდა, ისეთი ძლიერი, რომ მთას აზანზარებდა.

და მსხლის ხის ძირში იჯდა გაუნძრევლად ლეილა.

არც კი იცოდა, თუ რამდენი ხანი იჯდა. არც ის, თუ რაზე ფიქრობდა. თითქოს ერთდროულად ფიქრობდა ყველაფერსა და არაფერზე. ანდა ყველაფერი ქცეულიყო ერთმანეთში აღრეულ, გაურკვეველ ხმაურში ჩაკარგულ არაფრად, რომელსაც არც თავი ჰქონდა და არც ბოლო, იმიტომ რომ არც არსებობდა.

იჯდა ლეილა, თმა ყალყზე ედგა და ერთიანად კანკალებდა, ტუჩები უთრთოდა, კბილები უკაწკაწებდა.

არ ნელდებოდა წვიმა და უფრო ჟრუანტელისმომგვრელი იყო შორეული ჭექა-ქუხილი.

მერე კი გაიგონა.

გრგვინვასა და წვიმის შიშინს გარეთ, მთავარ გზაზე ღორღის ხრაშახრუშისა და ხმამაღალი საუბრის ხმა დაემატა.

თუმცა ამას საუბარი არ ეთქმოდა. ვიღაც ქალი ხმამაღლა გაჰკიოდა.

ჯერ ვერ გაარჩია წვიმის შიშინში სიტყვები ლეილამ.

მაგრამ ახლოს მოიწევდა ის ვიღაცა, მის კივილს სხვა ქალისა და კაცის აჩქარებული, ხმამაღალი ლაპარაკი ერთვოდა თან.

მათი რუხი ფიგურები ღობის ფიცრებს შორის დაინახა ლეილამ.

მერე კი სიტყვებიც გაარჩია.

-მოვკლავ! – გაჰკიოდა ის ქალი. – ჩემი საწყალი ბიჭი! ჩემი ერთადერთი, ჩემი საცოდავი, უბედური…

მერე კი ჭიშკარს მოადგნენ.

ექვსიოდე ადამიანი.

კოკისპირულ წვიმაში ჯერ თამილა გაარჩია ლეილამ. მისი თალხები, შუბლზე წაკრული თავშალი და პატარა, გაქექილი ხელჩანთა, რომელსაც მუდამ თან დაათრევდა.

ხელჩანთას იქნევდა თამილა, გაიძახოდა, რასაა რომ ამბობო.

მერე კი ლუკა თუხარელის დედა, ზეინაბ ფაღავა და მამა, ნარიმან თუხარელი იცნო ლეილამ. მათ უკან კი აშკარად თუხარელის ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ, გამაყრუებელი ყაყანი აეტეხათ.

ზეინაბ ფაღავას გამომეტყველებას გაჭირვებით არჩევდა, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ გადაფითრებულიყო ქალი. წვიმის წყალი ღვარად სდიოდა სახეზე, ერთიანად დაჟიებული საშინაო, ყვავილებიანი ხალათი ეცვა, ტანზე მიჰკვროდა. ნარიმან თუხარელი რაღაცას ბურტყუნებდა, მის დამშვიდებას ცდილობდა, ნახევრად გამელოტებული თავი ულაპლაპებდა წვიმაში.

-შენ რა, გადაირიე?! – თამილას მიუბრუნდა ზეინაბ ფაღავა. – რას ქვია რასაა რომ ვამბობ?! გაიგონე რა გითხარი? ჩემი საცოდავი ბიჭი, ჩემი უბედური ლუკა!

-რა, ქალო, რა მოკლა, თავი ხო არ მიარტყი რამეს, ა? – არ შეეპუა თამილა, ჭიშკარი შემოაღო და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა ეზოში. – აბა ახლა დაიკარგენით აქედან! წაეთრიეთ!

მერე კი ჭიშკრის მიკეტვა სცადა, მაგრამ ზეინაბ ფაღავა აშკარად არ აპირებდა აქედან წათრევას.

ფეხდაფეხ მიჰყვა თამილას და მოაწვა ჭიშკარს, მერე კი ვეებერთელა რეზინის ჩექმების ტყაპუნით შემოაბიჯა ეზოში.

-გაგიჟდი, ქალო?! – აკივლდა ერთიანად აფოფრილი თამილა, უკან დაიხია და ისე მაგრად ჩაიხუტა ხელჩანთა, თითქოს ხელიდან წაგლეჯას უპირებდა ვინმე. – მე რა გითხარი?! ყარალაშვილებს კარგად ვიცნობ მე! დავაჭერინებ შენ თავს! ყველას დავაჭერინებ!

თამილას კივილის მიუხედავად ზეინაბ ფაღავას ფეხდაფეხ მოჰყვა მისი ამალა. ნარიმან თუხარელს დანებების ნიშნად აეშვირა ხელები და გაიძახოდა, მოდით ძალიან არ ავნერვიულდეთო, რაზეც ერთ-ერთმა თავწაკრულმა ქალმა, ალბათ თუხარელის ბებიამ, ქოქოლა დააყარა, რასაა რომ ბჟოტიალობო, ცოლმა კი საერთოდ მოუყრუა.

უკან გახოხება სცადა ლეილამ, რომ მსხლის ხის ზროს მიღმა დამალულიყო, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ. ზეინაბ ფაღავამ გადმოკარკლული თვალები, რომელთაც ქორივით აცეცებდა აქეთ-იქით, მისკენ მოატრიალა.

წამსვე მოენგრა სახე. თითქოსდა ის თავშეკავების  ფარატინა, ცივი ნიღაბი, რომელიც წვიმასა და შვილზე დარდს ვერ ჩამოერეცხა, ლეილას დანახვისას ანაზდად ჩამოეფშვნა. ნაკვთები მოეღრიჭა ზეინაბ ფაღავას, ერთიანად აცახცახდა, მუშტები შეკრა, მერე კი ელვის სისწრაფით გამოექანა მისკენ.

ადამიანისსახა ირემი მოეჩვენა ანაზდად ლეილას. თავისი დაფჩენილი ხახით, აბლაბუდებით შემკული ვეებერთელა ქორბუდა რქებითა და თითქოსდა მყესებდაწყვეტილი, აქეთ-იქით მოქანავე კიდურებით.

მაგრამ არა. ზეინაბ ფაღავას სახე მას არ ჰქონდა.

ელვის სისწრაფით წამოიჭრა ლეილა, თითქოს ცეცხლი შეუნთესო და მოდებულმა ალმა სახელდახელოდ შეაკოწიწა, შეჰკრა მისი ჩამოშლილი სხეული. უკან წაბარბაცდა, კინაღამ გაუსტა ფეხი სველ ბალახზე,  მაგრამ თავი შეიკავა. საქათმის მავთულბადის ღობეზე აყუდებულ თოხს სტაცა და ზეინაბ ფაღავას მოუღირა.

-შენ! შენ! შე უნამუსო გოგო! კახპა, ღორის გაგდებულო, ბილწო ნაშიერი შენა! – გაჰკიოდა ზეინაბ ფაღავა, მისკენ მოიწევდა. თამილა და ის ვიღაც ქალი, ალბათ თუხარელის ბებია ხმამაღლა გაჰკიოდნენ, შეშფოთებული ნარიმან თუხარელი ფეხდაფეხ ადევნებოდა ცოლს. – მე შენ გიჩვენებ!

მაგრად მოუჭირა თოხის სახელურს ხელები ლეილამ. ბეჭდის რგოლი უსიამოვნოდ ჩაეჭირა თითში. ელვის სისწრაფით მოიწმინდა იდაყვით შუბლი, ისე, რომ მოახლოებული აფოფრილი ზეინაბ ფაღავასთვის თვალი არ მოუშორებია.

მაგრამ არ დასცალდა თოხის გამოყენება, რადგან ნარიმან თუხარელი წამოეწია ცოლს და ხელი სტაცა, უკან გაათრია, რაზეც უფრო ხმამაღლა აკივლდა ზეინაბიც და მისი ამალაც.

იქუხა. ქათმებმა გულისგამაწვრილებელი კრიახი ამოუშვეს.

-რასაა რომ აკეთებ, ქალო! – გაჰკიოდა თამილა. – გადაირიე მთლად?!  ნარიმან, გადაგერია ცოლი?!

-რას დგახარ მანდ?! – ლეილასკენ გადმოაფურთხა სიტყვები ზეინაბ ფაღავამ, პირზე დუჟი მოსდებოდა, თვალები შეშლილივით უელვარებდა. საკმაოდ ანგარიშგასაწევ წინააღმდეგობას უწევდა მასზე ბევრად დიდ ქმარს, მისი მკლავებიდან გასხლტომას ცდილობდა. – ამოიღე ხმა! რა, ჩემი საცოდავი, უმწიკვლო შვილი, ჩემი ერთადერთი ბიჭი რომ დაასახიჩრე, ეგ არ გეყო?! მეც უნდა მიმაყოლო ზედ? მეც უნდა მომკლა?

-მე არავინ მომიკლავს! – შეუყვირა ლეილამ. გული ისე მძლავრად უცემდა, რომ თითოეულ გულისცემაზე თითქოს უროს უხათქუნებდნენ საფეთქლებზე. სციოდა, თან წამოაცხელა, სული მოეხუთა. – ეგ თქვენი ვაჟბატონი კი გაუპატიურებას გვიპირებდა!

-ეგ ენა მიგახმეს! – მთლად გადაირია ზეინაბ ფაღავა. – ეგ ენა მიგახმეს ძირში! გაიგონეთ? გაიგონეთ? რაებს ბედავს ეს წაკლა გოგო!

თამილამ ხმამაღლა შეიცხადა,  ჯერ მუხლებში წაიშინა ხელები, მერე კი გულზე იცემდა მჯიღს, ვაი, აქ რა ხდებაო. ნარიმან თუხარელი ამაოდ ცდილობდა ცოლის დაშოშმინებას, დანარჩენი ამალა კი ლეილას უყვიროდა, ხმა ჩაიგდე, რაებს აბრალებ უდანაშაულო ბიჭსო.

კოკისპირულად წვიმდა. თვალისმომჭრელად იელვა, მყისიერად გაანათა ალაპლაპებული ეზო, ჰაერში გამოკიდებული წვიმის წვეთები, ზეინაბ ფაღავას გადარეული და ნარიმან თუხარელის მოჭმუჭნული, კუშტი სახე, თამილას ხელჩანთის გაქექილი, მოლაპლაპე ბალთა.

და თამილას სახლის შესასვლელში ცაცას მოელვარე, მეწამული თმა.  

ერთიანად გაფითრებულიყო ცაცა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ტუჩებმოკუმული. გაცრეცილი საღამური ეცვა, ფეხშიშველი იდგა და მკერდზე ჩამოშლოდა კულულები.  

-უდანაშაულო არა ისა კიდევ! – წამოიძახა მან, თითქმის ჩაყლაპა მისი სიტყვები ქუხილმა. ზღურბლზე გადმოაბიჯა ცაცამ, მათკენ გამოემართა ჯიქურ, წამსვე დაუსველა წვიმამ თმა. – მიმიფურთხებია მაგ თქვენი უმწიკვლო ბიჭისთვის! რაც დაიმსახურა, ის მიიღო!

-შეეენ, შენ, შე გველო! – თითი გაიშვირა მისკენ თვალებგადმოკარკლულმა ზეინაბ ფაღავამ. – სულ შენი ბრალია, სულ შენი, გამიგე?! შენ რო წესიერების წვეთი გქონდეს მაგ ბილწ სხეულში, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა! გამაგებინე, რას ერჩოდი ჩვენ ბიჭს? შენ დაწყევლე ხო? შეულოცე, რაღაცა იმაქინაციე, გადარიე მთლად, ჯერ გინდოდა, მერე აღარ გინდოდა და ახლა ვითომ არაფერ შუაში ხარ…

-შენი მძორი შვილი არც არასოდეს მდომებია. – კბილებში გამოსცრა ცაცამ, ზეინაბ ფაღავასა და ლეილას შორის ჩადგა. – შენ კიდე აბა ერთი ცადე რამე გააკეთო, მაგ დასაფსებ თვალებს ამოგთხრი!

ზიზღისაგან ტუჩები მოებრიცა ზეინაბ ფაღავას. უკან თამილა კვლავ შეცხადების სტადიაში იყო, ხან ხელჩანთას იკრავდა გულში, ხან შუბლში იშენდა ხელს, ლუკა თუხარელის ბებია, ბიძები თუ დეიდები რაღაცას გაჰკიოდნენ.

გაიბრძოლა ზეინაბ ფაღავამ, ქმარს დაუყვირა, გამიშვი, არაფერს ვიზამო, რაზეც ნარიმან თუხარელმა ფრთხილად შეუშვა ხელი, თან ქორივით დასცქეროდა. ლეილამ უფრო უკეთ მოიმარჯვა თოხი, რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია, რომ მოესწრო ერთი ლაზათიანად მოექნია ზეინაბის სიფათში, თუ მას ცაცაზე შემოხტომა მოუვიდოდა აზრად.

მაგრად არ გაინძრა ზეინაბ ფაღავა. იდგა, სახეზე წვიმის წვეთები უგორავდნენ, ერთმანეთზე შეწებებულ წამწამებს მალ-მალე ახამხამებდა. ცახცახებდა, მაგრამ არ სციოდა. არა, არა, სიცივის ნატამალიც კი არ ეცხო, აშკარად აუტანელი მრისხანება მორეოდა მის სხეულს.

-შენ, გოგო… – ლეილასკენ მოატრიალა მან ამოღამებული მზერა, ხმა თითქოს გაუწვრილდა, მაგრამ დამშვიდების ნატამალიც კი არ ეცხო ზედ. – ჩემი ბიჭი რეანიმობილით წაიყვანეს და ახლა იფლიჰემის საავადმყოფოში წევს. წევს და არ იღვიძებს.

-არ მომიკლავს. – წაილაპარაკა ლეილამ და თითქმის ჩაიკარგნენ მისი სიტყვები წვიმის შიშინში, ქათმების კრიახსა და მათ გარშემო ატეხილ ყაყანში.

-არ მოუკლავს. – ტუჩები აუთრთოლდა ზეინაბს. – არ მოუკლავს თურმე, დაასახიჩრა უბრალოდ.

-და მე რას მიპირებდა, ეგ თუ იცი? – შეუყვირა ცაცამ. – იმ დამპალი გენადი დუდავას მანქანაში შეთრევას მიპირებდა!

თამილამ გოდება ატეხა.

იჭექა ელვამ, მერე კი გამაყრუებლად დაიგრგვინა.

-მოდი, ყველანი დავწყნარდეთ… – ყველას დაუყვავა ნარიმან თუხარელმა. – რაღაცა სისულელე გააკეთა ამ ჩვენმა ბიჭმა, ჰოდა მოხვდა ერთი-ორი…

-ერთი-ორი?! – მჭახედ დაიკივლა ზეინაბმა. – სისულელეო?!

-რა გაყვირებს, ქალო! – გაწიწმატდა ბოლოს და ბოლოს ნარიმანი. – რა მოკლავს, გოგოს ხელით მოქნეული რაღაცა კენჭი?! ისეთი გოგრა ადევს სულ რომ ლოდი უბაზუნო არაფერი მოუვა! შენც გადაირევი ხოლმე არაფერზე!

ზეინაბ ფაღავამ მოუყრუა, კვლავ ლეილასკენ გადმოხედა და მისკენ გამოიშვირა თითი.

-რამე რომ მოუვიდეს… – კბილებში გამოსცრა მან. – ჩემი ხელით, აი ამ ხელით მოგახრჩობ, გამიგონე? რატომ არ მოგკლა დედაშენმა თავის დროზე! მის მაგივრად მე დაგახლი ტყვიას!

გაშრა ლეილა. თითქოს ელვის სისწრაფით ჩააქრო მის სხეულზე ჩამოღვრილმა წვიმის წყალმა მის მკერდზე მოკიდებული ცეცხლი, აქამდე რომ ერთად აკავებდა მის არაქათგამოცლილ, ჩამოფშვნილ სხეულს. ხელები მოემჩვარა, კინაღამ გაუცურდა თითებიდან თოხი.

ისეთი ძალით დააჭირა ყბები ერთმანეთს, რომ კბილებმა უსიამოვნოდ გაიღრჭიალეს. საშინლად მძიმე იყო მის ხელში თოხი.

ცაცა რაღაცას ყვიროდა, თამილა ჯერ კიდევ გაჰკიოდა, ვაიმეო. ნარიმანი გაოგნებული სახით ასავსავებდა ხელებს.

თვალებში ჩამოუბნელდა ლეილას, სახეში აასხა სისხლმა, შუბლში მოაწვა.

გამაყრუებლად იქუხა და დასაკლავი ღორივით, შემზარავად აბღავლდა ნაზიბროლა.

და მოუნდა ლეილას, ძალიან მოუნდა რომ მოექნია თოხი და ერთი მაგრად ჩაეზილა მისი წამახული პირი ზეინაბ ფაღავას გამძვინვარებულ სახეში, სანამ გამომშრალი მიწის ბელტებზე ალესილი რკინა არ გააპობდა ფარატინა ქსოვილს, სისხლძარღვებს, ნერვებსა და მყიფე ძვლებს, სანამ სისხლმდენ, აზელილ, გაურკვეველ მასას არ დაემსგავსებოდა მისი პირისახე.

ძალიან ადვილი იქნებოდა. ერთი მძლავრი მოქნევა ეყოფოდა.

თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა ლეილამ. ისეთი ძალით უჭერდა ხელს თოხის სახელურს, რომ თითქმის გაუსერა თითში ჩაჭერილმა ოქროს ბეჭედმა კანი.

-გაეთრიე! – გაჰკიოდა ცაცა. – რა სისულელეს ბოდავ! შენ და შენი მძორი ნაშიერი ერთნაირი ავადმყოფები ხართ, ფუ!

ბოლოჯერ გადმოხედა ლეილას გამძვინვარებულმა ზეინაბ ფაღავამ, ამრეზილმა თვალი თვალში გაუყარა, მერე კი მიბრუნდა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა ჭიშკრისაკენ. უკან დაგეშილი ნაგაზებივით აედევნა მისი ამალა, ლუკა თუხარელის ბებიამ გვარიანი ქოქოლა დააყარა და მოაწყევლა ყველას, სანამ კალოშების ჭყაპა-ჭყუპით გალასლასდებოდა მთავარ გზაზე.

ჭიშკარი ზურგსუკან მიუჯახუნა მათ თამილამ და წამსვე დაუწყო საკეტს ჯაჯგური, რომ გულიანად გადაერაზა.

-წაეთრიეთ! – გადასძახა მან. – თქვე ვირთხებო თქვენა! აიტ! მოუნდათ აქ ხელების პარჭყვა!

კანკალით ამოისუნთქა ლეილამ. მკლავები მოემჩვარა, თოხი ხმამაღალი ტყაპუნით დაუვარდა მიწაზე.

ნელ-ნელა წვიმის ჩაიკარგა წვიმის შიშინში ზეინაბ ფაღავასა და მისი ამალის ყაყანი.

თვალისმომჭრელად იელვა.

და ისე იქუხა, რომ მიწა შეაზანზარა.

-დამპალი ქალი… – სისინებდა ცაცა, გალუმპულ სახეს ხელით იწმენდდა, სულ ამაოდ, მერე კი დაჟიებული თმა გადაიგდო ზურგზე. – სულით ავადმყოფი, ცალტვინა დეგენერატი…

-შვილი ჰყავს ავად. – თქვა ლეილამ. ცახცახმა გაუარა. აღარც სციოდა, თითქოს ყველაფრისგან დაიცალა, დაცარიელდა, დაიშრიტა, ამოსწოვეს სიცივეც, სიცხეც და ძალ-ღონის ბოლო წვეთიც. უბრალოდ იდგა, როგორც გამოშიგნული, რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ფიტული, რომელზეც ფარატინა სამოსი მოეცვათ. – გადაირია მაგიტომ… ჩემი ბრალია…

-შენი ბრალი არა კვახი! – მოუბრუნდა ცაცა. – სულ ავად იყო მისი შვილი და ემკურნალა აქამდე…

მერე კი ახედ-დახედა, მოღუშულმა.

-ეს რა არის კიდე, რას გავხარ? – წამოიძახა მან და უხერხულად შეიშმუშნა ლეილა. – რამდენი ხანია აქ აგდიხარ უკვე?

თუმცა არ დასცალდა ლეილას პასუხის მოფიქრება.

-თქვენ საერთოდ გადაირიეთ?! – მათკენ კივილით გამოემართა თამილა და წამსვე წაუხდა ლეილას გუნება. – რა ჯანდაბა მოხდა აქ, ლეილა, გოგო, ლუკა თუხარელს ქვა ურტყი?

-ვურტყი. – მოუჭრა ლეილამ.

-შენი ცოლად წაყვანა უნდოდა, გოგო? – ცაცას მიუბრუნდა თამილა. ამ სიცივესა და ქარშიც კი წითლად აფორაჯებოდა ლოყები, სახელდახელოდ შეისწორა ცალ ყურზე ჩამოცურებული თავშალი. – მაგისთვის ურტყა ამან?

-მე რა ვიცი, რა უნდოდა! – ატყდა ცაცა. – მე არ მინდოდა წასვლა და ძალით წათრევა მოინდომა!

-აგი ვირთხა, აგი, აი! – განაცხადა თამილამ, მყისიერი ყოყმანის შემდეგ კი თვალი მოჭუტა, ცაცასკენ გადმოიხარა. – ისე, ტვინი რომ გედოს თავში, კი გაჰყვებოდი, ფულიანი ლამაზი ბიჭია ბოლოს და ბოლოს…

ცაცას კუნთი აუთამაშდა ყბაში. თამილასთვის აღარაფერი უთქვამს, ლეილას მკლავში სტაცა ხელი და სახლისაკენ გაათრია.

-შენ ხომ არ გგონია, რომ სულ აქ იცხოვრებ, გოგო? – მოაძახა თამილამ. – ერთი დღეც მოვა, იმედია ადრე და მალე, ჰოდა აქედან უნდა გაქრე, გამიგე?!

მოუყრუა ცაცამ.

როგორც კი ზღურბლზე გადააბიჯეს, წამსვე ჩანავლდა წვიმის აუტანელი შიშინი, მაგრამ ქათმების კრიახს, ნაზიბროლას განწირული ბღავილსა და გამაყრუებელ გრგვინვას ვერ აკავებდნენ სახლის მყიფე კედლები. კიბეებზე აირბინა ცაცამ და დერეფანს დაუყვა, თან ლეილას მიათრევდა, მათ ფეხქვეშ წკაპუნებდა წვიმის წყალი და ჭრიჭინებდნენ დაღრეცილი, დამსკდარი ფიცრები. სასტუმრო ოთახის კარი შეაღო ცაცამ და როგორც კი ლეილა შელასლასდა შიგნით, წამსვე ხმამაღალი ხათქუნით მიხურა კარი.

დახშული წვიმის შიშინი ესმოდა ლეილას, თითქოს ყურებში ჩაგუბებოდა წყალი. მიხურულ ფანჯარაზე რაკუნებდნენ წვეთები, მინაზე მიცოცავდნენ და ფანჯრის რაფას ეხეთქებოდნენ. კრამიტის სახურავს ხმამაღალი გუგუნით ეხლებოდა კოკისპირული წვიმა.

გაიელვა. მჭახე სინათლემ გაანათა წამიერად მაქმანის გაყვითლებული ფარდები, ლეილასა და ცაცას აბურდული ქვეშაგები და დამტვერილი იატაკი.

მერე კი იჭექა და ძვლებში დაუარა ჟრუანტელმა ლეილას.

იდგა. თვალწინ ყველაფერი უცურავდა, აუტანელი დაღლილობისა და დასვენების სურვილის მეტი აღარაფერი შერჩენოდა მის გონებას.

იცოდა, რომ უნდა დაებანა ცხელი წყლით. ეჭამა რამე, წყალი დაელია, მერე კი ჩამთბარიყო.

უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი.  

მაგრამ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. უბრალოდ უნდოდა წამოწოლილიყო და დაესვენა.

-არ გეწყინოს, მაგრამ ბიცოლაშენსაც ჩავანათებდი ერთი გვარიანად. – განაცხადა ანაზდად ცაცამ. კარადას მიუახლოვდა სწრაფი ნაბიჯით და ღრჭიალით გამოაღო, მერე კი ახალი საღამური გადმოათრია თაროდან, თან ალმაცერად შეჰყურებდა ლეილას.

-არ მწყინს. – მიუგო ლეილამ.

-ის ზეინაბა კი აშკარად ავადმყოფია. – მიუგო ცაცამ და საღამური ესროლა, რომელიც ძლივს დაიჭირა ჰაერში ლეილამ. – მოეთრა აქ და იმუქრება რაღაცას! საქონელი ეგ.  

– არ გაჩერდებიან. -თქვა ლეილამ, ცაცას ზურგი შეაქცია, გალუმპული ქურთუკი და კაბა გადაიძრო, იქვე მიაგდო, მერე კი ელვის სისწრაფით გადაიცვა მშრალი საღამური, რომელიც წამსვე დაუსველა ზურგზე სველმა თმამ. – თავს არ დაგვანებებენ. შენ უფრო.

-მე? – ჩაეკითხა ცაცა. – მგონი მე არ ვურტყი მაგათ შვილს ქვა, არა?

მხრები აიჩეჩა ლეილამ, აღარაფერი უპასუხა. ლასლასით მიუახლოვდა იატაკზე გაფენილ ქვეშაგებს და წამოგორდა, პლედი მაგრად მოიხვია მხარზე და თვალები დახუჭა. ყურებში აუტანელი ზუზუნი ედგა, რეტი დაესხა, თითქოს ყველაფერი ტრიალებდა გარშემო.

ანდა თვითონ ტრიალებდა. დაცურავდა, რაღაცნაირ ბლანტ, უსიამოვნო მასაში, სული ეხუთებოდა. საშინლად, შემზარავად პაწაწინა და ამავდროულად უზარმაზარი ეჩვენებოდა საკუთარი სხეული.

გვერდიდან შრიალი და ტახტის ჭრაჭუნი მოესმა. ალბათ ცაცაც წამოწვა.

-გარეთ რა გინდოდა? – დაიჩურჩულა მან უცებ და თვალები გაახილა ლეილამ.

გაქრა სიბნელე, გაქრა თავბრუსხვევა და ის ბლანტი მასა, რომელშიც იგუდებოდა. ტახტის კიდეზე გადმოფარებულ, გაცრეცილ მოყავისფრო გადასაფარებელსა და დამტვერილ იატაკს დააშტერდა.

 -სუფთა ჰაერზე გავედი. – თქვა მან. – მერე მოვიდნენ.

-ავადმყოფები არიან. – უთხრა ცაცამ. – მთელი ოჯახი.

-არიან.

-ეს რაები გითხრა, წარმოგიდგენია? – დაუსისინა ცაცამ. – რა უფლება ჰქონდა?

-ჰო თქვი, ავადმყოფიაო. როდის იყო ავადმყოფები უფლებებზე ფიქრობდნენ?

-აქ უმრავლესობა ავადმყოფია.

-ალბათ.

-ალბათ, არა, ლეილა. – ზამბარების ჭრიჭინით გადმოიხარა ტახტის კიდეზე ცაცა და მას ახედა ლეილამ. წითური თმა უკან გადაეწია და კეფაზე დაეგორგლა ცაცას, პირი მოეკუმა, ნიკაპი უთრთოდა. – ნამდვილად.

-არ ვიცი.

-ძალიან ბევრს პატიობ აქ ყველას. რომელია ნორმალური, მითხარი? თუხარელები? ელამი ლამარა? ლასარეიშვილებიდან რომელიმე? თუ ვინ? დედაჩემიც და ბიცოლაშენიც დარეხვილები არიან.

-ჩვენ ვართ მარტო ნორმალურები. – ირონიულად მიუგო ლეილამ.

-დიახაც! – განუცხადა ცაცამ. – ეგრეა და მორჩა, გამიგონე?

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

ბლანტი, მძიმე სიცარიელე მოერია ლეილას, თავბრუსხვევა გაუქრა, თვალები ეხუჭებოდა.

-ნეტა თუხარელი მოკვდეს. – დაიჩურჩულა ცაცამ.

-რომ მოკვდეს, დაისვენებ? – ჰკითხა ლეილამ.

-ალბათ არა. მისნაირები ყრია აქ და იმიტომ. მაგრამ მაგას მოვიშორებდი მაინც. კარგი ქენი, რომ ურახუნე.

-კარგი რა, ცაცა. იმიტომ კი არ დამირტყია მისთვის, რომ მისი სიკვდილი მინდოდა.

-არ ვიცი რა გინდოდა, მაგრამ მომაშორე და ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი. – უთხრა ცაცამ. – შენ რომ არა…

-ნუ დაიწყებ ახლა სისულელეებს. – მოუჭრა ლეილამ, თვალები დახუჭა, პლედი უფრო მაგრად მოიხვია მხარზე და მუხლები მკერდამდე აიკეცა, მოიკუნჭა, დაპატარავდა. მთელი სხეული გაჰყინვოდა, მაგრამ ამავდროულად წამოახურა თითქოს. – დამასვენე.

აღარაფერი უთხრა ცაცამ და კვლავ ჭრიჭინი ატეხეს ტახტის ზამბარებმა. ალბათ გვერდი იცვალა, ზურგი შეაქცია.

და ერთიანად მოიცვა ლეილას გონება ბლანტმა, შავბნელმა სიცარიელემ.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

გადაეკარა.

დაპენტილ, ვეებერთელა რუხ ღრუბლებს შორის ალაგ-ალაგ მოჩანდნენ ლურჯი ცის ნაგლეჯები. ჯერ კიდევ დასდევდა გვალვიდან მონარჩენი დახუთულობა ჰაერს, რასაც იხულას მთიდან მონაბერი ქარი და წვიმით ახლახან გამაძღარი მიწის სიგრილე აქარწყლებდა. ზუზუნებდა სიო და თითქოს სიხასხასე უნდა შემატებოდა წვიმით მორწყულ თითოეულ ფოთოლს, ყვავილსა თუ ბალახის ღეროს, მაგრამ გვალვას ბოლომდე ამოეწოვა მათთვის სიცოცხლე. ალაგ-ალაგ ფოთლებს უკვე სიყვითლე შეჰპარვოდათ და შემოდგომის ქარის სუნთქვაში ცახცახებდნენ.

მისი მუხლების გარშემო ტკარცალებდნენ ლეილას ტილოს კაბის კალთები, ქარში მოფრიალე თმა ასწეწოდა. თავართქილაძეების სახლის ზღურბლზე მდგარს ორპირი ქარი უბერავდა ზურგში.

გრილოდა, ლურჯამთაზე შეფენილ ცხვართა ბღავილი ერთვოდა ფოთლების შრიალს, ღობის მიღმა, ყანაში ტრაქტორის რახრახსა და შორეულ, კოკისპირული წვიმის შემდგომ ხარისწყალის კალაპოტში მომსკდარი წყლის გუგუნს. ატალახებულ ეზოში კისრისტეხით დაქროდნენ თავართქილაძეების ორი ბიჭი და ერთი გოგო, ერთმანეთს წვივებში უტყაპუნებდნენ წკეპლებს.

თვალი აარიდა მათ ლეილამ, თავართქილაძეების სასტუმრო ოთახისაკენ გადაიხედა.

ალაგ-ალაგ გაბზარული კაფელი დაეგოთ შემოსასვლელში, რომელსაც სასტუმრო ოთახის ძველებური, ოდესღაც გალაქული პარკეტი ენაცვლებოდა. კედლებზე უამრავი კაუჭი მიემაგრებინათ, სადაც ათასნაირი ხარახურა ეკიდა – ქურთუკები, ფოცხი, ნივრის აცმა, თოხი და რამდენიმე გაწელილი, ხელით ნაქსოვი ქუდი. სასტუმრო ოთახის კედლებზე გაცრეცილი, ყვავილებიანი შპალერი გაეკრათ, ერთ კედელზე გაქუცული ხალიჩა ეკიდა, აქეთ-იქით კი ფერად-ფერადი, ჩარჩოში ჩასმული ბავშვების ფოტოები იწონებდნენ თავს. ტახტზე ბალიშები და მუთაქები დაეხვავებინათ, ვარაზ თავართქილაძე ალბათ ბევრ დროს ატარებდა აქ, რადგან ახლაც კი ზედ წამოგორებულიყო, მუცელი ზემოთ აეშვირა და პირდაღებული ხვრინავდა. მის ფეხებთან ჩამომჯდარი არეთა თავართქილაძე ვითომ თხილს არჩევდა, მაგრამ აშკარა გახლდათ რომ ყურებდაცქვეტილი და კისერწაგრძელებული ცდილობდა გაეგონა, თუ რას ლაპარაკობდა ცაცა.

ტახტის მოპირდაპირედ, კედელთან იდგა ცაცა. მხრები აეწურა, მაგრად მიეჭირა ყურზე კედელზე აკრული, ძველებური სახლის ტელეფონის ყურმილი, ჩუმად ბუტბუტებდა რაღაცას.

როგორც იქნა, ნახევარსაათიანი რეკვის მერე აიღო ყურმილი ბიძამისმა. და უკვე ათი წუთის მანძილზე ბურტყუნებდნენ რაღაცას.

შალი უკეთ მოიხვია მხრებზე ლეილამ, შემცივნული ხელები დაისრისა. მარჯვენა ხელის შუათითზე მორგებულ ბეჭედს გადაუსვა თითები, ოქროს რგოლი თითზე დაიტრიალა, მერე კი თავის კალოშებში წაყოფილ ფეხებს დააშტერდა.

სიმინდი უნდა გაერჩია. დილით მოასწრო ყანაში გასვლა და ცოტა გადაბარვა, ხუთიოდე ჭარხლის ნერგის გადარჩენა მოეხერხებინა მხოლოდ. მერე ბოსტანი გათოხნა, სტაფილო, ბოლოკი და რამდენიმე მოზრდილი თალგამი მოთხარა, გარეცხა და დააბინავა. თამილას ხორცი მოეტანა მაღაზიიდან, და ისიც ჩაადგა მოსახარშად, რომ ამ სიცივეში თბილი საკვები ჰქონოდათ, რადგან თამილას ხაჭაპურებიდან და ლობიანებიდან თითქმის ყველა იფლიჰემში მიჰქონდა, სხვა საჭმლის გაკეთება კი, ლეილას მოკრძალებული აზრით, დავიწყებოდა თითქმის.

საღამოს სიმინდი უნდა გაერჩია. უკვე გადმოიღო დილით ორი ვარცლი და ოციოდე ტარო.

მერე სარეცხი უნდა დაერეცხა. რამდენიმე სათლში შეეგროვებინათ უკვე წვიმის წყალი.

საკუთარ ხელებს დააცქერდა. აქლექილ, მყიფე ფრჩხილებს, გაუხეშებულ კანს, კოჟრებს, რომლებზეც ძლივს მორჩენოდა ნაკაწრები, მხოლოდ ღია ვარდისფერი, გრძელი ნაწიბურები აჩნდა აქა-იქ.

ერთადერთი ლამაზი რამ, რაც მის ხელებში გახლდათ, მის მარჯვენა შუათითზე მორგებული ბეჭედი იყო.

მძლავრად დაუბერა ქარმა, შავი კულულები თვალებში ჩამოუყარა და სწრაფად გადაიწია თმა ყურს უკან ლეილამ.

მერე კი შალში შემალა ხელები და მაგრად მოიხვია მკლავები ტანზე.  

ჩხაკუნი მოესმა გვერდიდან.

ცაცამ ყურმილი დაკიდა.

სასწრაფოდ გაიხედა სასტუმრო ოთახისაკენ ლეილამ. 

მხრებაწურული იდგა ცაცა, თვალები გაშტერებოდა, ერთიანად დასჭიმვოდა სახის ნაკვთები.

მერე კი, თითქოს ფიქრებიდან გამოფხიზლდაო, ღიმილი სტყორცნა არეთა თავართქილაძეს, რომელიც ელვის სისწრაფით წამოიჭრა ფეხზე.

-ასე უცებ, გენაცვალე? – დაუყვავა მან. – რაო, რა გითხრა?

-არაფერი ისეთი. – მიუგო ცაცამ. – უბრალოდ… მოვიკითხე. დიდი ხანია არ გვილაპარაკია.

-უიმე შვილო ამდენი ხანი ლაპარაკობდით და ასე უცებ მორჩით? – შეიცხადა არეთა თავართქილაძემ, წამსვე დოინჯი შემოირტყა და ისეთი გამომეტყველებით ასწია წარბები, რომ აშკარა გახლდათ, პასუხს ელოდებოდა.

-ჰო, ეგრე გამოვიდა. – მიუგო ცაცამ. – ახლა წავალთ! დიდი მადლობა რომ დაგვარეკინეთ!

-სადილზე არ დარჩებით, შვილო? – თვალები გააცეცა არეთა თავართქილაძემ. – დაგვეწვიეთ, აგერ, ნახევარ საათში გავშლი! კაი ჭადებს დავაპიწკინებ, მშვენიერი ღვინოც გვაქვს…

-არა, არეთა დეიდა, დიდი მადლობა. საქმე გვაქვს, წავალთ ახლა. – განუცხადა ცაცამ, თან ელვის სისწრაფით გამოემართა კარისაკენ, გარეთ გაძვრა და წაიყოლა თან ლეილა, არეთა თავართქილაძის პროტესტს, სტუმრები ასე როგორ გაგიშვათო, მოუყრუა.

სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ ეზოდან, გაიღრჭიალა მათ უკან ჭიშკარმა და უკან მოიტოვეს თავართქილაძეების ბავშვების წივილი.

შარაგზას დაუყვნენ. ხრშიალებდა მათ ფეხქვეშ ახლადგამშრალი ქვა-ღორღი, ვეებერთელა ალვისა და ჭადრის ხეები, ტოტები რომ გზაზე გადმოჰკიდებოდათ, იხულას მთიდან მონაბერ ნიავქარში შრიალებდნენ. რამდენიმე მოყვითალო ფოთოლი მოგლიჯა ჭადარს ქარმა, ტრიალ-ტრიალით გააქანა სადღაც, შორს.

-რა გითხრა? – სიჩუმე დაარღვია ლეილამ.

ცაცას გადახედა, რომელსაც ქურთუკი მაგრად მოეხვია სხეულზე, ტუჩები მოეკუმა, წარბშეკრული გაჰყურებდა რაღაცას, თვალები გაშტერებოდა.

-ჩავარდნილია. – თქვა ცაცამ და მოიღუშა ლეილა. – ინსულტი ჰქონდა… მომვლელი ჰყავს თურმე მარტო, სხვა არავინ.

-ცუდია.

-ცუდია, კი. შემომთავაზა, ჩამოდიო. მისამართიც მითხრა. იფლიჰემის გარეუბანში ცხოვრობს. კარგი ადგილია. იქვე მეტროა, მაღაზიები… სამუშაოც იშოვება.

-კარგია მერე. ხომ მიდიხარ?

-ვუთხარი, მოვიფიქრებ და დაგირეკავ-მეთქი. – ცაცა ოდნავ შეყოყმანდა, ლეილას გადმოხედა. – შენზეც ვუთხარი.

-ჩემზე? – წამოიძახა ლეილამ, ცაცას მიუბრუნდა. – ჩემზე რა უთხარი?

-რომ ჩემი დასავით ხარ. – თქვა ცაცამ. – რომ შენც გჭირდება აქედან წასვლა.

-მერე?

-მერე არაფერი. მოზრდილი ბინა კი აქვს, მაგრამ ორს ვერ შევინახავო, მითხრა. პენსიაზეა ახლა.

-აბა რას ელოდი? –  ჰკითხა ლეილამ. – რომ გეტყოდა, შენც ჩამოდი, ეგ შენი მეგობარიც ჩამოიყვანე და კიდე ვინც გინდა თქო?

-იმედი მქონდა რომ შენც წამოხვიდოდი.

-რომც ეთქვა ბიძაშენს, ჩამოვიდესო, მაინც ვერ წამოვიდოდი.

-და რატომ ვერა?

-იმიტომ რომ არ მინდა. სად წავიდე? იფლიჰემში რა გავაკეთო?

-და მე რის გაკეთებას ვაპირებ, შენი აზრით? – ჰკითხა ცაცამ.

მერე კი შედგა.  

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ლეილამ, მაგრამ შეყოვნდა, როცა მიხვდა, რომ ცაცა აღარ მოჰყვებოდა.

წამსვე მოიხედა უკან.

დაბღვერილი უცქერდა ცაცა.

ქარი ხმამაღლა აშრიალებდა ფოთლებს. აღარსად მოჩანდნენ ლურჯი ნაგლეჯები დაპენტილ ღრუბლებს შორს, რუხი სუდარა გადაჰკვროდა ცის კამარას. მათ მარჯვნივ, შორს, ყანების მიღმა ლურჯამთა აღმართულიყო, ზედ შეფენილი ცხვრის ფარით, რომელიც მთის ქედებს შორის ჩამომდგარ ნისლში იცრიცებოდა.

მქრქალი ნისლის, რუხი ღრუბლებისა და კარზე მომდგარი შემოდგომის ნაცრისფერი დასდებოდა ყველაფერს.

ცაცას წითური თმის გარდა.

-არ ვიცი რის გაკეთებას აპირებ. – თქვა ბოლოს ლეილამ.

-იფლიჰემში სამუშაოს რა გამოლევს? – მხრები აიჩეჩა ცაცამ. – რამეს ვიშოვი. იქნებ სკოლაც დავამთავრო.

-ჰოდა კარგია. საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, ცაცა.

-მე კი ვფიქრობ, ამიტომ ვაპირებ აქედან წასვლას. შენც შეგიძლია იგივე გააკეთო.

-რა მნიშვნელობა აქვს? დაგავიწყდა უკვე რა გითხრა ბიძაშენმა?

ცაცა შეყოყმანდა, მიმოიხედა, მერე კი ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა ლეილას.

-ფული გაქვს? – ჩურჩულით ჰკითხა მან. თითქოს ვინმე გაიგონებდა მათ საუბარს ფოთლების შრიალსა და ქარის ზუზუნში.

თუმცა არაფერი გახლდათ გამორიცხული. იქვე, ღობის მიღმა ნინო გასვიანის ხის სახლი აღმართულიყო, ღია ფანჯრებში კოხტა, გახამებული ფარდები ფრიალებდნენ.

ნინო გასვიანი წარმოუდგა ლეილას თვალწინ. იქვე, ფანჯარასთან ატუზული, ყურებდაცქვეტილი, იმის იმედით, რომ რამე საინტერესოს გაიგონებდა.

თვალი აარიდა სახლს.

-იცი, რომ არ მაქვს. – თქვა ბოლოს, მერე კი ხრაშა-ხრუშით, სწრაფი ნაბიჯით დაუყვა შარაგზას. ცაცა ფეხდაფეხ აედევნა.

-გავიგე, რომ თუ ობოლი ხარ, სახელმწიფო რაღაცას გიხდის. – დაუსისინა მან და მოწყვეტით გადახედა ლეილამ. – ჰოდა არ გიხდიან თუ რა ხდება?

-ეგ შენ საიდან გაიგე?

-რა მნიშვნელობა აქვს? გავიგე.

-არ მაქვს მეთქი ფული.

-ბიცოლაშენს? იქნებ ბიცოლაშენს აქვს? გამოართვი და წამოდი. ფული თუ გექნება, ბიძაჩემი უარს არ იტყვის.

-რაღაცას ბოდიალობ, ცაცა. – მოუჭრა ლეილამ. – გამიგონე, არსად არაა ეგ ფული.

-რა იცი? იქნებ არის და შენ არ იცი?

-კარგი რა. ხომ ხედავ რამდენს მუშაობს ბიცოლაჩემი?

-არ მომწონს ბიცოლაშენი. სულ ფეხებზე კიდიხარ. მუშახელი რომ ხარ მისთვის, ხომ ხვდები?

-გეყოს. არაფერია იმაში ცუდი, რომ ვეხმარები.

-დახმარებაზე არც არავინ გეუბნება რამეს. – გაწიწმატდა ცაცა. – გიყენებს ბიცოლაშენი.

-კარგი რა. ბოლოს და ბოლოს მაგან გამზარდა.

-გაგზარდა? და როგორ გაგზარდა? რაც თავი მახსოვს, სულ შენ აკეთებდი ყველაფერს იმ სახლში!

-ცაცა, გეყოს. – მოუჭრა ლეილამ. ამაზე ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. – გეყოფა ჩემზე ფიქრი.

-ვინმემ ხომ უნდა იფიქროს? გეფიცები, ასე მგონია და ვიცი კიდეც რომ ბიცოლაშენს იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე წარმოგიდგენია…

-ჰქონდეს.

-ლეილა…

-ჰქონდეს მეთქი.

-შენი ფულია ეგ. – სისინებდა ცაცა.

-ჩემი ფული არ არსებობს.

-ბიცოლაშენმა ტვინი გამოგირეცხა, ხომ? – ხმას აუწია ცაცამ.

-რა გჭირს? – ჰკითხა ლეილამ. – ახლა რამ გადაგრია, გამაგებინე? იმაზე უნდა იფიქრო, რომ აქედან მიდიხარ, ამდენი ხანი მაგაზე ლაპარაკობ და…

-მე იმაზეც ვლაპარაკობ რომ შენ აქ არ უნდა იყო, მაგრამ ჩემი არ გესმის. – განუცხადა ცაცამ. – გამიგონე, როცა გეუბნები, რომ ბიცოლაშენს შენთვის კარგი არ უნდა.

-შენ კიდევ გამიგონე, როცა გეუბნები რომ მაგან გამზარდა.

-ჰო, აბა. – სარკასტულად მიუგო ცაცამ. – გაზარდა ახლა. რაღა ეგ და რაღა ავადმყოფი დედაშენი.

გაცივდა ლეილა. მაგრად მოუჭირა თითები შალს, სახის ნაკვთები აუთრთოლდა, ძლივს შეიკავა თავი, რომ ერთიანად არ მონგრეოდა სახე. არაფერი უთქვამს, გაშტერებული გაჰყურებდა მოკენჭილ შარაგზას.

ცაცას ხმა არ გაუღია. უსიტყვოდ მიაბიჯებდა მის გვერდით.

-ბოდიში, ლეილა. – თქვა ბოლოს. – არ მინდოდა ეგრე მეთქვა.

-არა აქვს მნიშვნელობა როგორ გინდოდა. – წამოილუღლუღა ლეილამ. საშინლად გამოშრობოდა პირი.

-კარგი რა.

-რა კარგი რა? გეყოს უკვე.

-როგორ უნდა მეყოს როცა თავს იღუპავ? – ისევ ატყდა ცაცა.

თავი გადააქნია ლეილამ, ღრმად, კანკალით ამოისუნთქა. ჟრუანტელი უვლიდა ხერხემალში, ცივმა ოფლმა დაასხა.

აღარ ჰქონდა ამის თავი.

ხმა აღარ გაუღია.

ცაცაც უსიტყვოდ, აშკარად გაბუტული მოაბოტებდა მის გვერდით.

ჩუმად ჩაათავეს შარაგზა და მთავარ გზას დაუყვნენ.

წამოწინწკლა. უფრო მძლავრად დაუბერა ქარმა, ვეებეერთელა ალვის ხეების ზორბა ტოტები დაზნიქა, გამშრალი ქვა-ღორღიდან ახვეტილი მტვერი და მოგლეჯილი ფოთლები ციბრუტივით დაატრიალა. იხულას მთის თავზე რუხი, დაგრაგნილი ღრუბლები წამომართულიყვნენ, მათთან შედარებით ზრეას გარშემო აღმართული მთები პაწაწინა, თეთრბოხოხიან ქონდრისკაცებს ჰგავდნენ. დროდადრო ღრუბლებში ელვა კრთოდა, შორეული გრუხუნი ათრთოლებდა ჰაერს.

რამდენიმე ცივი წვიმის წვეთი დაეცა კისერზე ლეილას, გააჟრჟოლა.

თამილას სახლამდე ხმაამოუღებლად იარეს,  მაგრამ უთქმელ სიტყვებს დაემძიმებინათ მათ შორის ჰაერი.

უსიტყვოდ შეაღო ჭიშკარი ლეილამ.

და უსიტყვოდ გადარაზა ცაცამ.

უსიტყვოდ შეაბიჯეს შიგნით და ცაცამ უკანმოუხედავად აირბინა კიბეებზე, მერე კი სასტუმრო ოთახის კარის ჭრიალი მოესმა შემოსასვლელში დარჩენილ ლეილას.

თვალი მოარიდა კიბეებს, სამზარეულოში შეაბიჯა.

ალბათ ასე სჯობდა. მძიმე სიტყვების ჰაერში ჩამოკიდება სჯობდა, რადგან მათი თქმა ქვების სროლას უდრიდა.

ალბათ.

გულიანად თუხთუხებდა ღუმელზე შემოდგმული ქვაბი, სამზარეულოში მოხარშული ხორცისა და ხმელი ქინძის სურნელი იდგა. მათ დანჯღრეულ მაგიდასთან თამილა იდგა, სახე ერთიანად აფორაჯებოდა და გამალებით ზელდა ვეებერთელა ვარცლში ცომს.

-სად იყავით? – დაუყეფა მან. – შემატოვე ეს ხორცი და წახვედი! ჩემი საქმე რომ მაქვს, ვერ ხედავ?

-ბარემ აქ იყავი. – უთხრა ლეილამ, შალი შემოიხსნა და იქვე, სკამის ზურგზე გადაჰკიდა.

ქვაბზე ადენილი ორთქლისაგან მქრქალი, სულშემხუთავი ნისლი იდგა სამზარეულოში. ჩამჩა აიღო ლეილამ, მდუღარეში მოთუხთუხე ხორცს მოურია.

-ბარემ აქ იყავიო. – წამოიძახა თამილამ. – ასეთი დაკავებული ვარ და ეს კიდევ მიმატებს საქმეს!

-არაფერი მომხდარა. – თქვა ლეილამ, ჩამჩა გვერდზე გადადო, მერე კი მაგიდას მიუბრუნდა, ზედ მიდებულ ჯამს მისწვდა, ახლოს მოითრია.

დილით კარტოფილი გათალა, მწვანილი გარეცხა წვნიანის სამზადისში.

დაჭრა და ქვაბში ჩამატებაღა აკლდა.

სულ ცოტა აკლდა.

სულ ცოტა.

ცხელი წვნიანი. სიმინდის გარჩევა. სარეცხის დარეცხვა.

ძილი. დილით ყანაში წასვლა. ეზოს მოფორცხვა.  

კვლავ ძილი.

ძილი, და დასვენება.

სულ ცოტა აკლდა.

-რომც რამე მომხდარიყო, ხელს არ გავანძრევდი. – განუცხადა თამილამ. – შენი საქმეა ეგ და იმიტომ.

-კარგი. – თქვა ლეილამ.

წკრიალი გაიღო დანა-ჩანგალმა, როცა უჯრა გამოაღო. დანა მოიმარჯვა და მწვანილი დაფერთხა, საჭრელ დაფაზე გადმოათრია.

-დამღალეთ. – განაგრძო თამილამ, უფრო გამეტებით ჩაზილა ცომი. – შენც დამღალე და იმ გოგომაც.

-იმ გოგოს ცაცა ქვია.

-ძაან კარგად ვიცი რაც ქვია.

-ვიცი რომ იცი. – თქვა ლეილამ. მისი დანის ქვეშ ხრაშუნებდა მწვანილი.

-როდის მიდის? დროა რომ საცოდავ დედამისთან მიბრუნდეს. გადარეულია ქალი. 

-დედამისთან აღარასოდეს წავა.

-და რატომ? – შეიცხადა თამილამ. – ვაი, ვაი, უბედური ქალი!

-იქ რატომ უნდა მიბრუნდეს? და წავა, არ ინერვიულო. იფლიჰემში წავა.

-ახლა იფლიჰემი. იფლიჰემი მოუნდა გოგოს. და როგორ წავა იქ? ეგრე ჰარიჰარალოზე უბილეთოდ მატარებელზე არავინ აუშვებს! და იფლიჰემში რა, ქუჩაში ხეტიალს დაიწყებს და ღმერთმა იცის კიდევ რას!

-ჰოდა მიეცი ფული. – თქვა ლეილამ, მწვანილი გვერდზე გადახიკა და კარტოფილი გასხიპა შუაზე. – ცოტა ფული ეყოფა ბილეთისთვის და ავტობუსისთვის.

-ფულიო? – შეიცხადა თამილამ. – სად მაქვს მაგისთვის ფული? ფული ახლა!

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ხორცის თუხთუხი და თამილას ქშენა არღვევდა. კარტოფილის დაჭრას მორჩა ლეილა და გადახედა ბიცოლას.

-ვიცი რომ გაქვს ფული. – თქვა მან. – ჰოდა მიეცი.

დაიფრუტუნა თამილამ, თვალი აარიდა.

არასოდეს ეხერხებოდა ტყუილის თქმა.

-ისიც ვიცი, რომ ეგ ფული მე მეკუთვნის. – თქვა ლეილამ. – რასაც გიხდის სახელმწიფო. შენს ხაჭაპურებს და ლობიანებს დიდი ფასი არ ადევთ, არა?

ერთიანად აფორაჯდა თამილა, თითქოს ადგილს მიეყინა, მერე კი ცომი მძლავრი მოქნევით ჩაანარცხა ჯამში.

ჯამი ადგილზე დაბზრიალდა, წკრიალით და დანის ტარს მაგრად მოუჭირა ხელი ლეილამ.

-ასეთი თავგასული ლაპარაკი ჩემ დღეში არ მსმენია. – დაისისინა მან. – მე შენ რა გითხარი? შენი ფული არ არსებობს. რამე ფულს თუ მიხდიან, ეგ შენი საქმე არაა, გამიგონე? იმიტომ რომ ეგ ჩემი ხელფასი, ჩემი! შენი გაზრდისათვის ანაზღაურებას თუ მიხდიან, ეგ საშენი საქმე არაა და გამოიგდე ეგ თავიდან. ისედაც საკმარისი ავიტანე დედაშენისა და მამაშენის გამო, სულ ნერვიულობა, სულ ერთი ამბავი, სულ თავის ტკივილი…

-ეგ მე არ მეხება. – თქვა ლეილამ. თითქოს გაცივდა ერთიანად, შემოეძარცვა გარშემო ჩამოწოლილი სითბო.

-როგორ არ გეხება? – წამოიყვირა თამილამ. – ორი გიჟის სისხლი გაქვს ძარღვებში და როგორ არ გეხება? მთელი ცხოვრება იმის მეშინია რომ დედაშენივით არ გაგიჟდე და არ დაიწყო რაღაც სისულელეები… როგორ გგონია მე მსიამოვნებს ასე ცხოვრება?

თავი ასტკივდა ანაზდად ლეილას. სისხლმა აასხა თავში, თვალებში ჩამოუბნელდა, მუხლები აუთრთოლდა. ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას, რომ იატაკზე არ ჩაკეცილიყო.  

-მე დედაჩემი არ ვარ. – წაილუღლუღა ბოლოს. – და შენ ძალიან კარგად იცი ეს.

-არ ვიცი შვილო, არ ვიცი… – თქვა თამილამ, და ნელ-ნელა შემოცურდა ლეილას თვალთახედვაში მისი დაღმეჭილი, რაღაცნაირი, სიმწრით, სინანულითა და სიბრალულით აღსავსე გამომეტყველება, რომელმაც ერთიანად შეზარა. – ხანდახან რომ გიყურებ მარტო დედაშენს ვხედავ და მეტს ვერაფერს, გესმის?

თავი გადააქნია ლეილამ. გულის თითოეულ, აჩქარებულ შეკუმშვას გრძნობდა მკერდში, სული მოეხუთა.

აღარ უნდოდა ბიცოლამისის მონაჩმახისათვის მოესმინა.

-ამიტომ ერთი სიტყვა აღარ გავიგო ფულზე და ეგეთ სისულელეებზე, გამიგონე? – ხმას აუწია თამილამ. – თუ რამე არ მოგწონს, ეგერაა კარი და გაბრძანდი, ქალბატონო! ეგ შენი მეგობარიც წაეთრეს კიდევ!

მერე კი კვლავ შეუტია თავის ცომს, თან ალმაცერად, ნიშნისმოგებით დაჰყურებდა.

ძლივს, კანკალით ამოისუნთქა ლეილამ. მუხლები უკანკალებდა.

მერე კი საჭრელ დაფაზე წკრიალით მიაგდო დანა და მიბრუნდა, სწრაფი ნაბიჯით დატოვა სამზარეულო. ელვის სისწრაფით გადაჭრა შემოსასვლელი და ჭიშკარს მიაშურა.

-გოგო, სად მიდიხარ? – მოაძახა თამილამ. – აბა ახლავე მობრუნდი!

მაგრამ ყური არ უგდო მას ლეილამ. აღარ აპირებდა მოესმინა.

ალბათ აქამდე უნდა მოშორებოდა თამილას შხამით აღსავსე სიტყვებს. აქამდე უნდა ეღონა რამე.

მაგრამ აღარ ჰქონდა ამას აღარანაირი მნიშვნელობა.

ჭიშკარი გამოგლიჯა ლეილამ და დაუყვა მთავარ გზას.

წამსვე შემოგლიჯა გრილმა ქარმა კანზე შერჩენილი, მქრქალი სითბო, თმა ყალყზე დაუდგა. წინწკლავდა, ცივი წვეთები შუბლზე, შიშველ მხრებსა და წვივებზე ჩამოუგორდნენ.

ნელ-ნელა აუჩქარა ნაბიჯს. აუჩქარა, სანამ არ გარბოდა.

არც კი იცოდა რატომ.

რისკენ გარბოდა, ანდა რას გაურბოდა.

ალბათ უნდოდა ყველაფერი უკან მოეტოვებინა.

სადმე წასულიყო.

ანდა ის მცირეოდენი თავისუფლება შეეგრძნო, რომელიც არასოდეს გააჩნდა.

მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და გარბოდა, თავქუდმოგლეჯილი. ფრიალებდნენ ტილოს კაბის კალთები, წამდაუწუმ ეხლებოდნენ წვიმის წვეთები, ხრშიალებდა მის ფეხქვეშ ქვა-ღორღი და ქარში ტკარცალებდა მისი გაწეწილი თმა.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ საით გარბოდა. ცარიელ, მქრქალ ნისლსა და ახლადმოწეულ მწუხრის რუხ ელფერში გამოხვეულ შარაგზაზე გარბოდა, რამდენჯერმე გაუხვია სადღაც, ღობეებს შორის, სანამ არ შემეჩხერდნენ სახლები და სანამ ზრეას პირზე, კორომში აღმართული ვეებერთელა ალვის ხეები არ წამოიმართნენ მის თავზე.

და გარბოდა, სანამ კუნთები გაუსაძლისად არ აეწვა დაღლილობისაგან და სანამ ცეცხლი არ მოეკიდა თითოეულ ნერვზე.

ძლივს შეჩერდა.

და იქვე ჩაიკეცა, მშრალი ნეშომპალით დაფარულ მიწაზე, ზორბა მუხის ძირში.

პირდაღებული ქშინავდა, ხის ზროს მიეყრდნო ერთიანად მომჩვარული სხეულით. მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა, პირში უსიამოვნო, მეტალის გემოს გრძნობდა. გული ისეთი ძალით უცემდა, რომ მალე ჩაუფშვნიდა ნეკნებს და გამოუმტვრევდა მკერდის ძვალს, ფილტვები ყოველი ამოსუნთქვისას აუტანლად ეწვოდა.

ძლივს მოითქვა სული. ზურგით მიეყრდნო მუხას და ფეხები აიკეცა, მუხლებზე მოიხვია მკლავები.

წვიმდა. წვიმა შიშინით ეხლებოდა კორომში ფოთლებს, მაგრამ ხეების ხშირ ვარჯში მხოლოდ თითო-ოროლა წვეთი თუ გამოაღწევდა, თუმცა ხეები ვერ იფარავდნენ ლეილას ცივი ქარისაგან, რომელიც უდარდელად პარპაშებდა გარშემო, ნეშომპალას ხვეტდა და ფოთლებს ატრიალებდა.

გააჟრჟოლა ლეილას. წამოახურა, აკანკალებული ხელით მოიწმინდა ცხელი ოფლით დაცვარული შუბლი, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ უცივდებოდა ხელები და ცივ ნეშომპალაში ჩარგული ფეხები.

სციოდა, მაგრამ განძრევას არ აპირებდა. არც ჰქონდა ამის თავი.

იქუხა და უფრო იმატა წვიმის შიშინმა. წყლის გუგუნი ათრთოლებდა მიწას, და ხევი უნდა ყოფილიყო ახლომახლოში, სადაც ხარისწყალის ზორბა სხეული ჩქეფდა.

მოიკუნჭა ლეილა, ნიკაპი მუხლებზე ჩამოაყრდნო.

ცოტა ხანი იქნებოდა აქ კიდევ.

ცოტა ხანი.

ძალას მოიკრებდა, მერე კი უკან გაბრუნდებოდა. კვლავ მოუწევდა თამილასთვის თვალის გასწორება და მისი აბდაუბდის მოსმენა.

მოუწევდა წვნიანის მომთავრება და სიმინდის გარჩევა.

სარეცხის დარეცხვა.

იატაკზე გაფენილ ლეიბზე წოლა და ცაცას საყვედურები.

მერე კი ისევ.

ისევ და ისევ.

როგორც ხარისწყალი. თითქოს წინ მიდიოდა, მიქროდა, აზვირთებული მიექანებოდა სადღაც, შორს, შეუჩერებლად, მაგრამ მაინც მუდმივი გახლდათ, არ იძვროდა, ვერ ტოვებდა მისთვის გამოჭრილ კალაპოტს.

არ იძვროდა თვითონაც.

და ვეღარ გაეგო, მოსწონდა ეს თუ არა.

თვალები მაგრად დახუჭა ლეილამ.

ნელ-ნელა შეუნელდა გულისცემა.

და შავბნელი შეენაცვლა რუხ, მქრქალ ნისლში ჩაძირულ შემოგარენს.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

წინ ვეებერთელა წიგნის თარო აღმართულიყო. 

ისეთი მაღალი და განიერი, რომ თვალი ვერ აწვდენდა.

წიგნების მაგივრად, თაროებზე ადგილები ეწყო. მზით განათებული მდელო, ზღვისპირი, მოქუფრული ცის ქვეშ პაწაწინა ხის სახლი და მჩქეფარე მდინარე, რასაც სანიშნად ღრუბლიდან გადმომსკდარი ცისარტყელა ჰქონდა. ხელი ჩაავლო მზით განათებულ მდელოს და შიგნით გადაეშვა.

კოშკში იდგა. შორიდან, თითქოსდა ჭერზე აკრული უყურებდა, თუ როგორ კინკლაობდა ვიღაც წყვილი. ქალს ორი თავი ჰქონდა და კაცსაც, ერთი თავით ერთმანეთს შეჰყურებდნენ, მეორე თავი კი უკან მიბრუნებულიყო, რაღაც უცქერდნენ შორს. მერე კაცი წავიდა, და ოთხი შვილი ჰყავდა ქალს, ლოგინზე იწვა და მისი ოთხი შვილი გარშემო დარბოდნენ, სანამ რაღაცამ ფეხებით არ გაათრია ოთახიდან. არც უყვირიათ. ალბათ იცნობდნენ. და იცოდა, რომ ის ვიღაცა, ვინც გაათრია, ის კაცი არ იყო. ის კაცი ვერასოდეს იქნებოდა, რადგან იმ კაცს ეს ქალი არ მოსწონდა. აღარც მათი შვილები არსებობდნენ.

კომოდს გასაწევი კარი ჰქონდა, რომელიც შესაკეთებელი გახლდათ. კარის უკან მეორე კარი იყო, რომელიც ასევე მოემტვრია ვიღაცას, შიგნით კი ათასი ხარახურა ეყარა. ჯერ კარის შეკეთება და დამტვრეული ხის შეწებება უნდოდა, მაგრამ მიხვდა, რომ კარი თმა იყო. ამიტომ შეუდგა მის დაწნას და იმ ქალსაც აჩვენა, მაგრამ ქალს აღარაფერი უთქვამს იმიტომ რომ ისიც გაათრია იმ რაღაცამ, და თმა მოგლიჯა კომოდს.

მერე კი ჩამოიფშვნა კოშკი. ჩამოიფშვნა და ღრუბლებმა შეისრუტეს მისი ნარჩენები. გასკდა მიწა, გამსკდარი მიწის მიღმა კი, შუა მდელოში წამოსკუპებულიყო მურკა. ერთი მურკა არა, უამრავი პაწაწინა მურკა, ფუტკრის გამჭირვალე ფრთებით. და მათკენ გაეშურა ლეილა, გამსკდარ მიწას გადაბიჯა და მდელოზე დაგორდა.

მერე კი შეჯგუფდა უამრავი მურკა, ერთმანეთს შეერწყნენ, და იცოდა, რომ თვალუწვდენელ ზღვაში იდგა, რომლის ზედაპირზეც ღრუბლები დაგრაგნილიყვნენ. ის ერთი ვეებერთელა მურკა ერთიანად ჩამოხმა, ფრთები და ბეწვი დასცვივდა, ცარიელ ჩონჩხად იქცა, მერე კი თავიდან რქები გამოეზარდა და ჯერ ჩლიქებმა, მერე კი ხელ-ფეხმა ჩაანაცვლა მისი თათები. ადამიანისსახა ირემი იდგა უკანა ფეხებზე შუა ზღვაში, ნისლში ჩაძირული, და შემოჰყურებდა.

და უსიტყვოდ შეჰყურებდა მას ლეილა.

მერე კი, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალაო, ნელ-ნელა ჩაიძირა ზღვაში ადამიანისსახა ირემი.

ჩაიძირა და ჭუჭყიანმა წყალმა გადაუარა მის რქებს.

ძალიან ამღვრეული იყო წყალი.

და ცივი.

ქვემოთ დაიხედა.

თითქოს ყველაფერი უცურავდა თვალწინ, მაგრამ მაინც გაარჩია, რომ შლამში ჩაფლობოდა ფეხები.

გუგუნებდა წყალი და ანაზდად ტალღა მოასკდა გვერდში, ისეთი ძალით, რომ მოკენჭილ, ტალახიან ნაპირზე გადაახოხა, ვეებერთელა ლოდს მიახეთქა. წინამკლავი გაუსერა წამახულმა კენჭმა და დაისისინა ლეილამ, გახლეჩილ კანს დახედა, საიდანაც უკვე მოთქრიალებდა სისხლი.

გააკანკალა. სციოდა, გრძნობდა, თუ როგორ მიჰკვროდა ლოყებზე, კისერსა და ზურგზე სველი თმა. სანახევროდ იწვა, ლოდზე მიკრული, წელსა და ფეხებზე გამალებით ეხეთქებოდა წყალი და ბლანტ, ცივ, აზელილ ტალახს გრძნობდა მხრისა და ხელების ქვეშ.

თვალები დაახამხამა ლეილამ. კოკისპირულად წვიმდა, წამდაუწუმ სდიოდა თვალებში წვიმის წყალი, მაგრამ ხედავდა, თუ როგორ გრიალით მიექანებოდა მის თვალწინ ხარისწყალი. მიჰქროდა მღვრიე წყალი, უამრავ მოგლეჯილ მცენარეს, ზორბა ტოტებს, ტალახსა და ქვებს მიაქანებდა. ხევის დანისლული, კლდოვანი ნაპირი მოჩანდა ხარისწყალის მიღმა, ზედ აღმართული ვეებერთელა, ნაწილობრივ ფოთლებშემოძარცვული ალვის ხეები, ჭადრები და მუხები იზნიქებოდნენ ქარში. რუხი, დაგრაგნილი ღრუბლები გადაჰკვროდნენ ცის კამარას და უფრო ჩამუქებულიყო მწუხრის ნისლი.

ქშინავდა ლეილა. გული გამალებით უცემდა, თვალები გადმოეკარკლა.

ცალი გვერდით ცივ, სიპ ლოდს აჰკვროდა. მეორეზე კი ცივი ტალღები ეხეთქებოდნენ. ფეხები შლამსა და ტალახში ჩაფლობოდა, ვეღარ გრძნობდა თავის კალოშებს. მისი ტილოს კაბა თავიდან ბოლომდე ტალახში ამოგანგლულიყო, მკლავებსა და ხელებზე ტალახი ეცხო, რომელსაც ახლა მისი წინამკლავიდან დადენილი სისხლი შერეოდა.

ხარისწყალის ნაპირზე ეგდო. ხევში.

გაჭირვებით მოტრიალდა ლეილა, გაყინული კიდურები ერთიანად დაბუჟებოდა, გრნობდა, თუ როგორ დაჟეჟოდა სხეული, თითოეული მოძრაობა აუტანელ ტკივილს ჰგვრიდა. მუცელზე გადაბრუნდა, იდაყვს დაებჯინა და ზემოთ აიხედა, მალ-მალე ახამხამებდა თვალებს, რომ თავსხმა წვიმაში რამე გაერჩია.

მის თავზე ხევის კლდოვანი, ციცაბო კიდე აღმართულიყო, მის თავზე მხოლოდ ქარში დარწეული ხეების წვერებსა და რუხ ღრუბლებს ხედავდა. წვიმა გამალებით ეხლებოდა კლდესა და მის ნაპრალებში გამოხეთქილ გამხმარ ხავსსა და სარეველებს.

კიდევ ერთი ტალღა მოასკდა, ლოდს მხრითა და თეძოთი მიანარცხა და გმინვა აღმოხდა ლეილას.

წარმოდგენა არ ჰქონდა, აქ როგორ მოხვდა. არ ახსოვდა აქ ჩამოსვლა.

სახლიდან გამოიქცა. გარბოდა, თვითონაც არ იცოდა, საით. მერე კი კორომში ჩამოჯდა, რომ სული მოეთქვა.

მერე აღარაფერი ახსოვდა. სიზმრის გარდა. კვლავ ის ადამიანისსახა ირემი ნახა, რომელიც ზღვაში ჩაიძირა.

თუმცა არა. ზღვა არ იყო. ხარისწყალი გახლდათ ის, რაც დაინახა.

მოეჩვენა. ყველაფერი მოეჩვენა.

ხვნეშით, რის ვაი-ვაგლახით წამოიწია ლეილა. აკანკალებულ მუხლებს დაეყრდნო, მერე კი კლდოვან კიდეს ჩაებღაუჭა, ძლივძლივობით წამოდგა. წყალი წურწურით ჩამოსდიოდა კაბიდან, და დაიგმინა, როცა თავისი დაკაწრული, დაჟეჟილი ფეხები დაინახა. აქა-იქ სისხლიც კი სდიოდა. ტალახიანი, სველი თმა დაგრაგნილ თოკებად ჩამოჰკიდებოდა სახის გარშემო.

მიმოიხედა, გაფაციცებულმა, ქშინავდა. გამალებით მოათვალიერა კლდოვანი ნაპირი.

კოკისპირულ წვიმას, ხევში ჩაგუბებულ ნისლსა და მოწოლილ მწუხრში ნაცრისფრად იცრიცებოდა შემოგარენი. თითქოს ერთი მთლიანი, ხერეშის მთის სალი კლდე აღმართულიყო ლეილას წინაშე, ვერსად აცოცდებოდა.

ცალთვალა რეზოს სხეულის ხათქუნი გაახსენდა მთის კლდოვან ფერდზე და ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში.

თავი გადააქნია. ახლა ამაზე არ უნდა ეფიქრა, აქედან უნდა გაეღწია.

ხევთან ახლოს ლასარეიშვილები, ნინო გასვიანი და ყარალაშვილები ცხოვრობდნენ. იქნებ ყვირილი აეტეხა და იმის იმედით დარჩენილიყო აქ, რომ ვინმე მოვიდოდა?

მერე კი შენიშნა.

შორიახლოს, ხევის კლდოვან ფერდში გამოჭრილი ციცაბო, მაგრამ ტალახითა და ბალახით დაფარული ბილიკი მიიკლაკნებოდა ზემოთ.

წამსვე მისკენ გაეშურა ლეილა. კუს ნაბიჯით მიიწევდა წინ, ქვებს ებღაუჭებოდა და გაჭირვებით მიათრევდა ფეხებს. ყურისწამღებად ზუზუნებდა ქარი და გრიალით მოჩქეფდა გაავებული ხარისწყალი.

ნელ-ნელა მიუახლოვდა ბილიკს.

გაიელვა. ნიაღვარივით მოედინებოდა ნაკადულად ხევის ზემოდან წყალი, მაგრამ ელვის წამიერ, მჭახე სინათლეში გაარჩია ლეილამ, რომ წვიმას ჯერ კიდევ ვერ გადაერეცხა ბილიკზე ნაფეხურები.

საკუთარი ნაფეხურები. აქედან ჩამოვიდა ნაპირზე.

ანდა ჩამოვარდა. და ამიტომ დაჟეჟოდა ყველაფერი.

ბილიკის გვერდით, ქვიან კიდეს ჩაებღაუჭა ლეილა, წინ გადაიხარა და სხეულის ბილიკზე ათრევა სცადა.

გამაყრუებლად იქუხა. მიწა შეაზანზარა გრგვინვამ და ფეხი დაუსტა ლეილას, სავსე ტიკივით დაენარცხა ძირს და ისეთი ძალით დაჰკრა ნიკაპი მაგარ მიწას, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გასცვივდა თითქოს.

ამოიგმინა. მძლავრმა დახეთქებამ გულმკერდი შეუკუმშა და ერთიანად გამოსწოვა ფილტვებიდან ჰაერი, სული მოეხუთა.

ძლივს წამოიწია ფეხზე, ხვნეშით, რეტი ესხმოდა.

ხელახლა ჩაებღაუჭა ქვებს და ციცაბო ბილიკზე აცოცება სცადა.

რამდენიმე ნაბიჯის ადგმა მოახერხა, სანამ ხელახლა არ დაუსტა ფეხი, მაგრამ ამჯერად იმდენი მოახერხა, რომ ძირს არ დანარცხებულიყო. ქშინავდა, გამწარებული და თვალებმოჭუტული შეჰყურებდა ბილიკის ბოლოს, ხევის თავზე ბალახიანი მიწის კიდეს, რომელიც ისე შორს ეჩვენებოდა, რომ ვერასოდეს მიაღწევდა იქამდე.

ყურისწამღებად გრიალებდა მჩქეფარე ხარისწყალი და მოიხედა ლეილამ.

მერე კი დალანდა.  

ნისლსა და კოკისპირული წვიმის სუდარაში, შორს, ხარისწყალის თითქოსდა ბლანტ, კუპრივით სხეულიდან ამოზიდული, ვეებერთელა, გატოტვილი რქები.

ყველაფერი გაეყინა ლეილას. თვალები გადმოეკარკლა, დაჭიმული ზამბარასავით დაეძაბა შიგნით ყველაფერი.

არ ეჩვენებოდა.

წამიერად თვალებში ჩამოუბნელდა.

აუტანელი წუილი დაეწყო ყურებში, რომელმაც თითქმის გადაფარა ხარისწყალის გუგუნი. თითქოს ადგილს მიელურსმა, ვერც კი იძვროდა. ამოისუნთქა, ხროტინით, მაგრამ რქებისათვის თვალის მოშორებას ვერ ბედავდა.

მოჩქეფდნენ ტალღები, სანახევროდ ფარავდნენ რქებს, მერე კი, თითქოს ის რაღაც ნაპირისაკენ მოდისო, ისევ გამოჩნდებოდნენ.

ის ადამიანისსახა ირემი წარმოიდგინა ლეილამ. სახე, რომელსაც ვერასოდეს არჩევდა, ბუდეებიდან ამოვარდნილი ყბის ძვლები და ვეებერთელა, შავბნელი, დაფჩენილი ხახა.

იქნებ ეს იყო მირჟანი.

თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა.

რაღაც იყო იქ.

რაღაც არსება.

შეზარა ლეილას.

და ანაზდად, ისე, რომ თვითონ ვერც კი გააცნობიერა, არაადამიანური, ცხოველური კივილი აღმოხდა მკერდიდან, ისეთი, რომ წვიმის კოკისპირული წვიმის შხაპუნმა და ხარისწყალის გრიალმა ვერ შეძლო გადაფარვა.

ყურები უზრიალებდა, რეტი ესხმოდა ლეილას, მაგრამ მიბრუნდა და ბილიკზე სცადა აფოფხება, თან გამაყრუებლად გაჰკიოდა, თავზარდაცემული. ზურგი აეწვა, გრძნობდა რომ ის რაღაც უახლოვდებოდა, თითოეული ტალღის ჩქაფუნი მისკენ გადმოდგმულ, შემზარავ ნაბიჯს ნიშნავდა.

ბილიკზე მიფოფხავდა, ტალახსა და თითოეულ ბალახის ღეროს, რაც ხელში მოხვდებოდა, ებღაუჭებოდა გამწარებით, ფრჩხილებით ეჭიდებოდა ქვებს. ფეხი უსხლტებოდა წამდაუწუმ და მუხლებზე დაეცა, ზემოთ აბობღებას ცდილობდა.   

ამაოდ.

მერე კი გაიგონა.

საკუთარ გულისგამგმირავ კივილში, ყურებში ატეხილ აუტანელ წუილსა და ხარისწყალის გუგუნში ვიღაცის ხმა გაარჩია.

ზემოთ აიხედა ლეილამ, გულამოვარდნილმა.

გაიელვა, და მჭახე თეთრი სინათლე მოეფინა ბილიკის ბოლოში, ხევის კიდეზე აღმართულ, ერთიანად გადაფითრებულ რატი ყარალაშვილს. იდგა კოკისპირულ წვიმაში და ქვემოთ, მისკენ იყურებოდა.

-რაღაცაა იქ! – წამოიძახა ლეილამ. – მდინარეში რაღაცა დგას!

ყარალაშვილმა წამსვე გადაიხედა, გაფაციცებულმა, გამალებით მოათვალიერა შემოგარენი.

გამაყრუებლად იქუხა.

-არაფერი არაა იქ! – დაუყვირა ყარალაშვილმა, მერე კი დაიხარა, ქვებს მოეჭიდა და ბილიკზე ჩამოდგა ფეხი ფრთხილად. – დაიცადე, ახლავე ჩამოვალ!

-არა! არ მოხვიდე! არ მოხვიდე მეთქი! არ მოხვიდე, მოგკლავს! – აკივლდა ლეილა. ისეთი ძალით გადმოსკდნენ მისი გულმკერდიდან სიტყვები, რომ სული მოეხუთა, კვლავ თავბრუ დაესხა, ერთიანად ცახცახებდა. კიდურებს ვეღარ გრძნობდა, ყველაფერი უბჟუოდა შიგნით. თვალებგადმოკარკლული აჰყურებდა რატი ყარალაშვილს, ზურგი ეწვოდა და იცოდა, რომ სულ მალე ეცემოდა ის რაღაც ზურგში, ჩაავლებდა ყბებს, გახლეჩდა კანს, კუნთებს, მყესებს და პირწმინდად ამოგლეჯდა ხერხემალს.

ყარალაშვილი კი აშკარად ვერ გრძნობდა ამ საფრთხეს. ტალახში მყარ ფეხის დასადგმელს ეძებდა და ნელ-ნელა მოიწევდა მისკენ.

-წადი! – აღრიალდა ლეილა, ვეღარც სუნთქავდა, ხროტინებდა მხოლოდ. – წადი მეთქი, გეუბნები! მოგკლავს, ვერ ხედავ?! აქეთ მოდის!

მაგრამ ყურს არ უგდებდა ყარალაშვილი, მისკენ მოიწევდა, მოქუფრული დასცქეროდა ზემოდან. კოკისპირულ წვიმას დაესველებინა მისი კულულები, შუბლზე ეკვროდა.

მკლავში მოავლო ანაზდად ხელი ლეილას და ისეთი ძალით მოქაჩა, რომ თითქმის ფეხზე წამოაყენა, მერე კი ბარძაყებზე მოხვია ცალი მკლავი და ასწია, ტომარასავით გადაიგდო მხარზე.

ყურისწამღებად დაიგრგვინა და თვალები მაგრად დახუჭა ლეილამ, ყარალაშვილის ბეჭებზე მიკრულ სველ პერანგს ჩააფრინდა ორივე ხელით. არ უნდოდა დაენახა, თუ როგორ მოდიოდა მათკენ ის რქებიანი რაღაც.

ყარალაშვილი ქშინავდა, ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მიიწევდა ზემოთ.

კიდურები საშინლად უბჟუოდა ლეილას, მხოლოდ ტკივილს, აუტანელ ტკივილსა და ძვლებში გამჯდარ, ყინულოვან, შემზარავ შიშს გრძნობდა. ხროტინებდა, ისე სწრაფად სუნთქავდა, რომ რეტი დაესხა.

მერე კი იგრძნო, რომ სწორ მიწაზე მიდიოდა ყარალაშვილი.

გასცდა ციცაბო ბილიკს.

გასცდა ხევს.

და ჯერ კიდევ არაფერი სცემოდა ზურგში არც მას და არც ლეილას.

თვალები ნელ-ნელა გაახილა ლეილამ, დაახამხამა, რომ მზერა დაეწმინდა. თითქოს გაეხსნა დაგუბებული ყურები, უფრო მკაფიოდ ესმოდა წვიმის შხაპუნი, ხარისწყალის გუგუნი და აზუზუნებული ქარის ხმა, ასწლოვან ხეებს რომ აჭრიალებდა.

უფრო უკეთ ესმოდა ყარალაშვილის სუნთქვა.

და საკუთარ ზურგზე მოდებულ მის ხელს გრძნობდა.

ხევის კიდეს ხედავდა, რომელსაც ნელ-ნელა შორდებოდნენ, მის მიღმა ხარისწყალის მჩქეფარე ტალღებს არჩევდა ბუნდოვნად. გასქელებულიყო ნისლი და უფრო დასწოლოდა საღამო შემოგარენს, გადაღმა ნაპირზე აღმართული ხეები ერთიანად შავბნელ, ერთმანეთში აღრეულ მასად ქცეულიყვნენ.

და არავინ იყო ხევის კიდეზე.

ცარიელი გახლდათ.

-რა დაინახე? – დაუყვირა ყარალაშვილმა ანაზდად და მის გულმკერდში იგრძნო ხმის გუგუნი ლეილამ. – რისი შეგეშინდა?

– რაღაც იდგა მდინარეში. – მიუგო ლეილამ, მისი ჩახლეჩილი ხმა თითქმის ჩაყლაპა აბობოქრებულმა ამინდმა. – რაღაც რქებიანი…

-მოგეჩვენა! – მიუგო ყარალაშვილმა. – ხე მოუგლეჯია ნიაღვარს, ტოტები დაინახე ალბათ!

თვალები გაუფართოვდა ლეილას, პირი გამოუშრა, უფრო მეტად აუთრთოლდა აცახცახებული სხეული. მერე კი, თითქოს მარიონეტს ძაფები დააწყვიტესო, ერთიანად მოეშვა, მოიმჩვარა, მხოლოდღა მისი თითები ჩაბღაუჭებოდნენ მაგრად ყარალაშვილის პერანგს.

არაფერი იყო.

უბრალოდ მოეჩვენა.

სიბნელისა და შიშის გამო ტოტების ადგილას რქები მოეჩვენა.

არაფერი იყო იქ, უბრალოდ მოგლეჯილი ხე. არაფერი გამოხტებოდა სადღაც, ბუჩქებიდან, რომ გამოჰკიდებოდათ.

რომ მათთვის ყბები ჩაევლო და ხერხემალი ამოეგლიჯა.

გაიელვა, რასაც გამაყრუებელი ქუხილი მოჰყვა.

-სად მიგყავარ? – წამოიყვირა ლეილამ. არც კი იცოდა, აინტერესებდა საკუთარ კითხვაზე პასუხი თუ არა, მაგრამ ალბათ უნდოდა რამე ეთქვა.

-ჩემთან! – ასევე ყვირილით მიუგო ყარალაშვილმა.

რა თქმა უნდა. ხევთან ახლოს ცხოვრობდა.

თვალები დახუჭა ლეილამ. მის ბარძაყებზე მოხვეულ ყარალაშვილს მკლავს, ზურგზე მოდებულ ხელსა და საერთოდაც, მის სხეულს მიენდო, საფეთქელი მიაყრდნო თავზე.

არც კი იცოდა, თუ რამდენი ხანი მიდიოდნენ. ისღა იცოდა, რომ არ აპირებდა შენელებას კოკისპირული წვიმა, ხარისწყალის გუგუნი და ხეებში კისრისტეხით მოპარპაშე ქარი. დროდადრო იელვებდა, და მიწას აზანზარებდა ყურისწამღები გრგვინვა.

წვიმა ეხეთქებოდა გამალებით ლეილას, საშინლად სტკიოდა ნაკაწრები და დაჟეჟილობები, გაყინული სხეული უცახცახებდა.  

მაგრამ არა უშავდა.

ალბათ.

თვალები მაშინღა გაახილა, როცა ოდნავი ნარინჯისფერი შეეპარა მისი ქუთუთოების მიღმა ჩამოწოლილ სიბნელეს.

და დაინახა, თუ როგორ მოჰფენოდა თბილი, მოყვითალო ნარინჯისფერი სინათლე ხეებს, ალაპლაპებულ ბალახს, ატალახებულ ბილიკსა და ოქროსფერ ნაპერწკლებად ქცეულ წვიმის წვეთებს. შორს მხოლოდ ვეებერთელა, ქარში დაზნექილი ხეები, ცაში დაგრაგნილი რუხი ღრუბლები და სქლად ჩამოწოლილი ნისლი მოჩანდა.

თავის ოდნავ მოატრიალა ლეილამ, რომ სინათლის წყარო დაენახა.

პატარა, წითელი აგურით აგებული სახლი იყო. სამკუთხა, დაქანებული, ხავსით დაფარული სახურავითა და მოგრძო საკვამურით, საიდანაც მომავალი რუხი კვამლი წამსვე იფანტებოდა, ჩამოწოლილ ნისლსა და ღრუბლებს უერთდებოდა. ბრტყელი ლოდები დაეგოთ სახლამდე მიმავალ საცალფეხო ბილიკზე და გადახურულ წინკარში, ბოლომდე მოღებული კარის გვერდით მწვანედ მოხასხასე, მეწამულ თიხის ქოთნებში ჩარგული მცენარეები ჩაერიგებინათ, კარის თავზე დაჟანგული ნალი ეკიდა. ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ, მაგრამ მაინც იღვრებოდა შიგნიდან თბილი ყვითელი სინათლე.

წინკარზე ააბიჯა ყარალაშვილმა, ზღურბლზე შეყოვნდა. ელვის სისწრაფით, ისე რომ ლეილასთვის ხელი არ შეუშვია გაიძრო მისი ტალახში ამოგანგლული რეზინის ჩექმები, მერე კი სახლში შეაბიჯა.

მის ფეხქვეშ ჭრიალებდა იატაკი. აგიზგიზებულ ბუხარს, ძველებურ, გაცრეცილ ტახტს, მოყვითალო, ალაგ-ალაგ სახელდახელოდ შელესილ კედელსა და კუთხეში მიყუდებულ აქანდაზს თავისი ცოცხიანად ძლივს შეავლო თვალი ლეილამ, სანამ გვერდით ოთახში არ გაიყვანა ყარალაშვილმა, სინათლე კედელზე იდაყვის მიკვრით აანთო.

სააბაზანო იყო.

ყარალაშვილმა ოთახის  ბოლოს მიაშურა, პირდაპირ აბაზანაში დაუშვა ფრთხილად და ისეთი შეგრძნება ჰქონდა ლეილას, თითქოს საყრდენი გამოეცალა. მუხლები გაამაგრა, რომ არ დაცემულიყო, ხელი შეუშვა მის პერანგს.

მერე კი უკან დაიხია ყარალაშვილმა, ახედ-დახედა, წაბშეკრულმა.

ერთიანად მოთხვროდა ტალახით მომწვანო, გაქლექილი შარვალი და მისი განუყრელი ტილოს პერანგი, ტანზე ეკვროდა. შავი, შუბლზე მიკრული სველი თმა უპრიალებდა სააბაზანოს სანათის სინათლეში.

-მოვალ. – უთხრა მან და მიბრუნდა, სწრაფი ნაბიჯით გაალაჯა ოთახიდან.

იდგა ლეილა, ხელებით ამჯერად თავის ტალახიან კაბას ჩაბღაუჭებოდა. უხერხულად შეიშმუშნა, ფეხი მოიცვალა და თვალი მოავლო სააბაზანოს.

ალაგ-ალაგ დაბზარულიყვნენ თეთრი ფილები, მაგრამ მაინც სუფთა და მოვლილი ჩანდა. კარზე მიმაგრებულ კაუჭზე სუფთა პირსახოცი ეკიდა, აბაზანის მომიჯნავე კედელზე შხაპის თავი მიემაგრებინათ, იქვე პაწაწინა ტაბურეტი იდგა. ნიჟარაზე რამდენიმე პატარა ბოთლი, კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი იდო პატარა ქილაში და ოდნავ ბჟუტავდა ჭერზე მიმაგრებული სანათი.

მერე კი მის მარჯვნივ, ნიჟარის თავზე დაკიდებულ სარკეზე მოუხვდა თვალი ლეილას, რომელშიც სანახევროდ ხედავდა საკუთარ ანარეკლს.

ნეტავ არ დაენახა.

უზარმაზარი თვალები ჰქონდა. ჩაცვენილი და ამოღამებული, ჯერ კიდევ თავზარდამცემი შიში ეწერა მათში. ერთიანად გაფითრებულიყო, ტუჩები გალურჯებოდა. სახესა და მთელ სხეულზე ტალახი ეცხო, ტალახში ამოგანგლულიყო მისი ოდესღაც თეთრი ტილოს კაბა და ტალახიან, ჭუჭყიან თოკებად ჩამოჰკიდებოდა სახის გარშემო თმა, თავის ქალაზე მიჰკვროდა, თმაში ყურების გაფითრებული წვერები მოუჩანდა. ასევე გატალახიანებულიყო მის ყელზე ჩამოკიდებული ვერცხლის ძეწკვი.

ათრთოლებულ ხელებზე დაიხედა. წინამკლავზე გაჩენილ ჭრილობიდან თითქმის აღარ სდიოდა სისხლი, მაგრამ უამრავი ახალი ნაკაწრი დამატებოდა მისი ახლადმოშუშებული ნაწიბურების რიგს. რამდენიმე ფრჩხილიც აშკარად ტალახში ხოხვის დროს წატყდა.

და, რაც ალბათ ყველაზე გასაკვირი გახლდათ, ჯერ კიდევ შერჩენოდა მარჯვენა არათითზე ბეჭედი.

მკლავები ნელ-ნელა გადმოატრიალა ლეილამ, მერე კი ფეხებზე დაიხედა.

ალაგ-ალაგ, მთელ სხეულზე აჩნდა მოწითალო-მოიასამნისფრო დაჟეჟილობები.

ამოიგმინა ლეილამ, კანკალით ამოისუნთქა.

ალბათ მართლა ჩაგორდა ხევში. რასაც ტალღების მიერ ლოდზე ხათქუნი, მერე კი კვლავ ბილიკზე ფეხის დასხლტომის შედეგად მიწაზე დახეთქება დაემატა.

ვერ მიხვდა. ვერ მიხვდა, თუ როდის დამთავრდა სიზმარი და როდის დაიწყო რეალობა.

გააცია ლეილას. ცივმა ოფლმა დაასხა, უარესად აკანკალდა.

გაუმართლა, რომ აბობოქრებულმა ხარისწყალმა არ წალეკა, სანამ გამოფხიზლდებოდა.

გაიჭრიალა ანაზდად კარმა და სწრაფად ასწია თავი ლეილამ.

ყარალაშვილმა შემოაბიჯა. ხელში პირსახოცები და დაკეცილი ტანსაცმელი ეჭირა, რომელიც იქვე მიაწყო, ტაბურეტზე, მერე კი იქვე, კედელზე მიმაგრებულ ონკანზე მიუთითა, რომელზეც შხაპის თავის მილი მიემაგრებინათ.

-ცხელი წყალი გვაქვს. ონკანი მარჯვნივ უნდა გადაატრიალო რომ წამოვიდეს. – უთხრა მან, მერე კი აბაზანის კიდეზე მიწყობილ პატარა, სანახევროდ ცარიელ ბოთლსა და საპნის ნატეხებზე მიუთითა. – ამით დაიბანე. ეგ კაბა შეგიძლია სადმე დააგდო, მერე მივხედავ. თუ რამე გინდა, დამიძახე.

თვალი გაუსწორა ლეილამ და ისეთივე თვალები ჰქონდა ყარალაშვილს, როგორც ადრე, ყინულოვანი, ბნელი ოკეანის სიღრმეებივით მუქი, მაგრამ ახლა რატომღაც ღამის უმთვარო, უვარსკვლავებო, უკიდეგანო ცა ახსენდებოდა მათი დანახვისას ლეილას.  

მერე კი მიტრიალდა ყარალაშვილი, სააბაზანოდან გავიდა და კარი გამოიხურა.

ჩუმად, გაუნძრევლად იდგა ლეილა. მხოლოდ მბჟუტავი სანათის ზუზუნი, ნიჟარის ონკანიდან წყლის წვეთების წკაპა-წკუპი და სახლის სახურავზე წვიმის გუგუნი ესმოდა.

თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა კარს, თითქოს ელოდა, თუ როგორ შემოვარდებოდა ყარალაშვილი.

მერე კი თავი გადააქნია.

ონკანი ასწია და მარჯვნივ გადაატრიალა, და ცხელმა წყალმა შიშინით იფეთქა შხაპის თავიდან.

დაელოდა ლეილა, სანამ ორთქლი აავსებდა სააბაზანოს.

ელვის სისწრაფით გაიძრო კაბა და საცვალი, იქვე, აბაზანაში მიაგდო, მერე კი წყლის ჭავლის ქვეშ შეაბიჯა. წამსვე დაუამა სიცხემ გადაყინული კანი.

ცოტა ხანი იდგა, მისი სხეულიდან დადენილ ტალახიან წყალს დაჰყურებდა, რომელიც აბაზანაში მითქრიალებდა, მერე კი საპნით დაიბანა თმა და სხეული, ფრთხილად, რუდუნებით გაისუფთავა ნაკაწრები. იისფერი დაჟეჟილობები მის კანზე უფრო შესამჩნევად ღვიოდნენ ტალახის ჩამორეცხვისას.

ჭუჭყიანი კაბა და საცვალი ხელით გარეცხა ლეილამ, მაგრად გაწურა, აბაზანის კიდეზე გადაჰკიდა. საცვალი გამალებით შეჩქმალა კაბის ქვეშ, მერე კი ცოტა ხანი ცხელი წყლის ქვეშ იჯდა ჩაყუნცული.

რამდენი ხანი გახლდათ, რაც შხაპი გაფუჭებულიყო თამილას სახლში.

წყალი რომ გამორთო, უკვე გვარიანად გამთბარიყო, გრძნობდა, როგორ აღუებოდა სიცხისაგან ვარდისფრად სახე, გაცრეცილ ფრჩხილის საწოლებში კვლავ მოსწოლოდა ფერი.

სწრაფად შეიმშრალა. ყარალაშვილს მისთვის მხოლოდ მოზრდილი, რუხი, მკლავებიანი პერანგი და წელში ბაწარგაყრილი შარვალი მოეტანა.

ჩაიცვა ლეილამ, დაკეცილი პირსახოცები იქვე, ტაბურეტზე მიაწყო.

მერე კი ფრთხილად, ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს და გამოაღო, ოდნავი ღრჭიალით.

ყარალაშვილი, რომელიც ბუხარს უკეთებდა, ელვის სისწრაფით შემობრუნდა.

ტანსაცმელი გამოეცვალა, უბრალო, თეთრი ტილოს პერანგი და ძველებური შარვალი ეცვა. სახელოები აეკაპიწებინა და უკან გადაეწია ოდნავ შემშრალი თმა.

თვალი აარიდა ლეილამ, ფანჯარაში გადაიხედა.

ჯერ კიდევ კოკისპირულად ასხამდა წვიმა და შორს, ღრუბლებში კრთოდა ელვა.

-წამოდი. – უთხრა უცებ ყარალაშვილმა და წამსვე გადახედა მას ლეილამ, უკან მიჰყვა, სააბაზანოს გვერდით მდებარე კარისაკენ მიმავალს, ფრთხილად შეიჭყიტა შიგნით.

საძინებელი იყო. ლოგინზე აშკარად ახალი, სუფთა ზეწრები გადაეფარებინათ, მის თავზე, კედელზე მიჭედებულ თაროზე სქელტანიანი წიგნები, რამდენიმე პაწაწინა კაქტუსი და ხისგან გამოჩორკნილი მელია იწონებდა თავს. ლოგინისპირა ტუმბოზე ძველებური ლამპა იდგა, რომელიც სასიამოვნო ნარინჯისფერ სინათლეს ჰფენდა შემოგარენს, კედელზე მუქი, მოყავისფრო შპალერი გაეკრათ, ლოგინის გვერდით კი მოზრდილი ხის კარადა იდგა, ზედ ყუთები, ჩემოდნები და რატომღაც გიტარა შემოედოთ. ლოგინის მოპირდაპირე კედელთან მაგიდა იდგა, რომელზეც ჭადრაკის დაფა, ხის პაწაწინა ფიგურები, საჩორკნი დანა, ხის ნაფოტები, წიგნები, კიდევ რამდენიმე კაქტუსი და სხვა ხარახურა დაეხვავებინათ.

ყარალაშვილი მოუბრუნდა და სასწრაფოდ შეწყვიტა თვალიერება ლეილამ.

-დაწექი. – უთხრა ყარალაშვილმა. – ახლავე მოვალ.

მერე კი კვლავ მარტო დატოვა, სასტუმრო ოთახში გადაჭრა და მოპირდაპირე ოთახში შევიდა, კუთხეს მოეფარა, საიდანაც რაღაცის წკრიალი და რახუნი გაისმა.

თვალი აარიდა ლეილამ სასტუმრო ოთახს, ლოგინს გადაავლო თვალი, რომელიც საკმაოდ კომფორტული ჩანდა მისი უბრალო, ნაცრისფერი ზეწრებითა და ფუმფულა ბალიშით, მერე კი მაგიდას გადახედა, ფრთხილად მიუახლოვდა.

აშკარად ხელით დამზადებული გახლდათ საკმაოდ მოზრდილი ჭადრაკის დაფა. უკვე შეეღებათ, თეთრი და შავი საღებავების ქილები იდგა მაგიდის კიდეზე, მათზე გამხმარი ფუნჯები ეწყო.

მერე პაწაწინა ფიგურებს გადახედა ლეილამ.

რამდენიმე მელია იყო. ზოგი იჯდა, ზოგს თითქოს ეძინა, ზოგი კი იდგა, ფუმფულა კუდი უკან გაეშვირა. ქათმები, ძროხა, ცხენები, კატები და პაწაწინა ცხვრებიც დაინახა ლეილამ.

მაგრამ მხოლოდ ცხოველებს არ თლიდა ხისგან ყარალაშვილი.

ადამიანებიც გამოეჩორკნა.

ერთი აშკარად დედაბერი იყო. მოკუზული, თავზე თავშლით. შესაშური დეტალით გამოეთალა ხისგან ყარალაშვილს მისი სახე, მისი მაღალი შუბლი, ოდნავ მოკაუჭებული ცხვირი და წაწვეტებული ნიკაპი.

ახალგაზრდა გოგო, რომელსაც კოპწია კაბა ეცვა და გრძელი, წელამდე დაშვებული თმა ჰქონდა.

ღიპიანი კაციც იყო, ყანწი აეშვირა, თავზე კი ფარფლიანი ქუდი ეხურა.

ფარფლიანი ქუდი, რომელიც რატომღაც ძალიან ჰგავდა პოლიციელის ქუდს.

და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში გრძელი ჯოხი ეჭირა. კულულები ჰქონდა, და მუხლამდე ჩექმები ეცვა.

და რატი ყარალაშვილი ამოიცნო მასში ლეილამ.

წარბებაბზეკილი ინტერესით ათვალიერებდა მას.

მერე კი ბოლო ფიგურას გადახედა.

ესეც ახალგაზრდა გოგო იყო. ზურგზე გადაგდებული ნაწნავითა და კაბით. ფეხშიშველი იდგა პაწაწინა ხის კვარცხლბეკზე, მისი ტუჩების ხაზი სერიოზულობაზე მიუთითებდა.

თვითონ იყო ეს.

მისი ფიგურა გამოეჩორკნა ხიდან ყარალაშვილს.

წელში გასწორდა ლეილა, თვალებგაფართოებული დაჰყურებდა ფიგურას. პირი გამოუშრა და ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი.

არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეფიქრა.

ალბათ თავს იქცევდა ყარალაშვილი. უბრალოდ სხვადასხვა ადამიანებს თლიდა ხიდან, მისთვის ეს ალბათ უბრალო პრაქტიკა გახლდათ და მეტი არაფერი.

მაგიდას აარიდა თვალი ლეილამ, უკან დაიხია, ლოგინზე ჩამოჯდა მძიმედ. კალთაში დაკრეფილი ხელები მაგრად დაისრისა, იჯდა და დაჟინებით გაჰყურებდა კარს.

მალევე გამოჩნდა ყარალაშვილი. ცალი ხელით მოზრდილი ტაბურეტი შემოათრია ოთახში, ცალ ხელში კი ბინტი, ბამბა და პაწაწინა, გამჭირვალე სითხით აღსავსე ბოთლი ეჭირა.

იქვე, პირდაპირ ლეილას წინ დადგა ტაბურეტი და ჩამოჯდა.

თითქმის უკან გადაიწია ლეილა, როცა ყარალაშვილის სხეულიდან მომავალი სითბო იგრძნო.

-ხელი მომეცი. – უთხრა ყარალაშვილმა. – სისხლი რომ მოგდიოდა, ის.

მარცხენა მკლავზე სახელო აიწია ლეილამ, საკმაოდ მოზრდილ, მოგრძო, მაგრამ მაინც ზედაპირულ ჭრილობას დააცქერდა.

-აღარ მომდის სისხლი. – წაიბურტყუნა მან, ყარალაშვილს თვალი გაუსწორა. – არაა საჭირო…

ყარალაშვილს ტუჩები დაუწვრილდა, ისეთი მზერა სტყორცნა, რომ მიხვდა ლეილა, უარის თქმას აზრი არ ჰქონდა.

ამიტომ ნელა ასწია ხელი, ყარალაშვილს გაუწოდა.

ბამბაზე ჩამოასხა გამჭირვალე სითხე ყარალაშვილმა, მერე კი ჭრილობა მოსწმინდა ლეილას.

და რასაკვირველია, მის სისინს ყურადღება არ მიაქცია, როცა საშინლად აეწვა ლეილას გახლეჩილი ხორცი.

-იქ რას აკეთებდი? – ჰკითხა ანაზდად მან ისე, რომ ლეილასკენ არ აუხედავს, ბინტს აფენდა ჭრილობაზე.

-საცურაოდ მოვედი. – თქვა ლეილამ.

ყარალაშვილმა უკმაყოფილო მზერა სტყორცნა.

-ჰო, რა თქმა უნდა. – უთხრა მან. – ბარემ ახლავე გეტყვი, რომ ასეთ ამინდში ცურვა დიდად არ მიყვარს, ტყუილად მოხვედი.

იგრძნო ლეილამ, თუ როგორ აუფორაჯდა სახე, ტუჩები მაგრად მოკუმა.

ლელესის ტბაში მოცურავე ყარალაშვილის გახსენება ნამდვილად არ სურდა.

-ეგეთი დარეხვილი არ ხარ რომ ადიდებულ ხარისწყალზე შენით ჩასულიყავი. – უთხრა ყარალაშვილმა, ბინტის ბოლო ორად გაფხრიწა და გადაკოჭა.

მერე კი უკან გადაიხარა, მუხლებზე გადაიდო ხელები და უსიტყვოდ შეაცქერდა.

აშკარად პასუხს ელოდა.

-აქეთ მოვდიოდი. – თქვა ლეილამ. – ფეხი დამისხლტა და ჩავგორდი იქ.

-დაგორებულს კი გავხარ, გვარიანად ხარ დალილავებული. – თქვა ყარალაშვილმა, ოდნავმა ირონიულმა ღიმილმა შეურხია ტუჩები. – სულ შენით მოახერხე დაგორება?

-ისეთი მოსიპული და ტალახიანია მიწა რომ არ გამჭირვებია. – მიუგო ლეილამ.

უყურა ყარალაშვილმა.

მერე კი ოდნავი ირონიული გამომეტყველება მყისიერად ჩამოერეცხა სახიდან.

-აქეთ რატომ მოდიოდი?

-ვსეირნობდი. სახლში ყოფნა არ მინდოდა.

-მოხდა რამე?

-მგონი ზრეაში მოხდა ყველაფერი, რაც მოსახდენი იყო. სხვა არაფერი.

-აბა რატომ არ გინდოდა ამ თავსხმაში სახლში ყოფნა?

-გარეთ ჯობდა და იმიტომ.

ყარალაშვილი თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა. სანახევროდ შემშრალი კულულები ოდნავ გასწეწოდა, მუქ წაბლისფრად ულაპლაპებდა ლამპის ნარინჯისფერ შუქზე.

თვალებშიც არეკვლოდა სინათლე, სიცხიანივით უპრიალებდა.  

ჭიაკოკონობაზე მისი ნაღვერდლებივით თვალები გაახსენდა ლეილას.

თითქმის იგივე იყო ახლა. ისეთივე მწველი, როგორც მაშინ.

წამოახურა. უნდოდა გვერდზე გაეხედა.

-ვინმე სხვა იყო იქ? – ჰკითხა უცებ ყარალაშვილმა და თვალები დაახამხამა მოულოდნელობისაგან ლეილამ.

-ვინ?

-მე რა ვიცი. ტრიფონი. – თქვა ყარალაშვილმა. – ვინმე. ვინც ხელი გკრა.

-არა, არავინ. მარტო ვიყავი. მართლა დავგორდი.

-რატომღაც მგონია რომ მატყუებ. – თქვა ყარალაშვილმა და წამოენთო ლეილა.

-მომისმინე შენ, მე არაფერს ვიტყუები, გეუბნები დავგორდი, ესე იგი დავგორდი.

-„შენ“ არა. – უთხრა ყარალაშვილმა. – რატი.

ღრმად შეისუნთქა ლეილამ. ტუჩები უკანკალებდა.

ყარალაშვილი…

არა, რატი.

რატი უსიტყვოდ შესცქეროდა.

-მართლა გამოვიქეცი სახლიდან. და მართლა ჩავგორდი ხევში. – ჩურჩულით გაიმეორა ლეილამ. – ვეღარ ამოვაღწიე.

-ვიცი. – უთხრა რატიმ. – მჯერა.

-მერე ის რქებიანი რაღაც მომეჩვენა.

-ხე იყო მართლა, მეტი არაფერი. შეგეშინდა და მოგელანდა რაღაცები.

-კი. მომელანდა. – თქვა ლეილამ. – და შენ საიდან მოხვედი? რამე გაიგონე?

-არა. ნინო მოვარდა. გასვიანი. კივილი გაიგონა და დაფრთხა, ეგონა რომ კიდევ კლავდნენ ვიღაცას. ეგ უფრო ახლოს ცხოვრობს, ისეთი თქეში და ქუხილი იყო რომ მე ვერაფერი გავიგონე.

-არაუშავს. რაც მთავარია მოხვედი. – თქვა ლეილამ. ხელები ისე დაისრისა, თითქმის გადაიმტვრია, გამალებით ატრიალებდა თითზე ბეჭედს. – მადლობა.

-არაა საჭირო მადლობა. – თქვა რატიმ.

მის მზერას ვეღარ გაუძლო ლეილამ, თვალები გააფაციცა, გვერდზე გაიხედა.

მაგიდაზე მოუხვდა თვალი.

-ლამაზი ფიგურებია. – წაიბუტბუტა მან. – ძაან კარგად გამოგდის.

-ვცდილობ. ჯერ კიდევ ვსწავლობ.

-ჭადრაკის დაფა რატომ გაქვს? – გადმოხედა ლეილამ.

-იმიტომ რომ რასაც ვთლი ახლა, ჭადრაკის ფიგურები იქნება. – თქვა რატიმ, ლეილას გაფართოებულ თვალებზე გაეღიმა.

-შენ მიგამგვანე ერთი. – წაილუღლუღა ლეილამ.

-ჰო, მე ვარ ერთ-ერთი.

-შენ რა იქნები? მეფე?

რატის სიცილი აუტყდა.

-რა, ყველაზე სუსტი მოთამაშე, რომელსაც სულ დაცვა სჭირდება? ანდა ყველაზე მნიშვნელოვანი? – გაიცინა მან, მერე კი ლეილასკენ გადმოიხარა. – ეგეთი გგონივარ?

ლეილამ პირი გააღო და დახურა, თავი გადააქნია. იგრძნო, როგორ აასხა სისხლმა სახეში.

-არ მგონიხარ. – წაიბურტყუნა ბოლოს, მერე კი იჭვნეულად გადახედა. – აბა რა უნდა იყო?

-არ ვიცი. – მხრები აიჩეჩა რატიმ.

-და მე? – წამოსცდა ლეილას ანაზდად, რატის ანაზდეული ღიმილის შემხედვარემ წამსვე ინანა თავისი კითხვა.

-იცანი შენი თავი? – ჰკითხა რატიმ.

-ვიცანი. – განუცხადა ლეილამ. – აბა? მე რომელი ფიგურა ვარ?

-არც ეგ ვიცი. – თქვა რატიმ. – ჯერ კიდევ ვფიქრობ.

-რომ მოიფიქრებ, მითხარი. – უთხრა ლეილამ. – დამაინტერესა.

-ის ვიცი, რომ პაიკები ქათმები, კატები და ცხვრები იქნებიან. – განაცხადა რატიმ. – შეიძლება ერთი ძროხაც იყოს.

ტუჩები აუთრთოლდა ლეილას, გაეცინა.

რატი ყარალაშვილი იღიმებოდა. ოდნავი ჩაღრმავება უჩანდა მარჯვენა ლოყაზე. მისი თვალები კვლავ ღამის ცას და ამავდროულად მობრიალე ნაკვერჩხლებს წააგავდნენ.

სასტუმრო ოთახიდან ალმოდებული შეშის ტკარცალი ისმოდა. კვლავ გუგუნებდა სახურავზე წვიმა და რაკუნით ეხლებოდნენ წვეთები ფანჯრის მინას, გამაყრუებლად იქუხა.

ცა ჩამოდიოდა მიწაზე.

ლეილა რატის შეჰყურებდა.  

და უსიტყვოდ ისხდნენ.

5 thoughts on “მირაჟი (თავი 7)

  1. ისე რომანტიკული ღამე მოუწყვე ამ ორ დინჯ ადამიანს მირჯანსაც კი შეშურდება😊😁
    ლეილას წარსულს წამდაუწუმ ახსენებენ ცაცაც სულ იცავს მაგრამ ლეილა არ იცავს შესაბამისად თავს. თამილა მაგარი საზიზღარი ქალია, რაღაც ცუდს მალავს. თან ვფიქრობ თამილას ოჯახის უბედურების ამბავში მაგის ხელი ურევია. ახლაც ლეილას შეშლას ცდილობს. რატის საქმიანობა და ჰობი ასევე ლეილას სიზმრები რაღაცნაირად ერთმანეთთან კავშირშია. ჯერ ვერ ვხვდები რა მაგრამ ვატყობ საიდუმლოს გახსნასთან ახლოს ვართ.
    ძალიან კარგი იყო ❤️❤️

    Like

    1. ქალუ 💛💛 პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა 💛💛
      არ შემიძლია არ დაგეთანხმო რომ საკმაოდ რომანწიკული იყო ბოლო ნაწილი და საერთპდაც ამ თავის წერაში ძალიან ძალიან ვისიამოვნე 💛💛 ლეილას ნამდვილად სჭირდება თავდაცვის კურსები, რაღაც აშკარად აბრკოლებს რომ ისე მოიქცეს როგორც საჭიროა თუმცა პაწა პროგრესი არის ^_^ რატის ჰობი, ლეილას სიზმრები და ყველაფერი ნელ-ნელა გაირკვევა 🥰 ძალიან ძალიან დიდი მადლობა! 🤩🤩🥹🥹💛💛💛

      Liked by 1 person

  2. ორი თავი ერთად წავიკითხე🥰 პირველ რიგში მინდა, რომ გენადების და თუხარელების მსგავსი ადამიანები ერთიანად ამოწყდნენ🙂 ნაძირლები🤮 წინა თავში რატის მიბეგვაც მომინდა🙂 გოგომ რამდენი რამე გადაიტანა და გინდა თუ არა ახლა წამოდი დასაკითხადო და მერე როგორ აწვებოდა😑 მეთქი გასცხე ერთი ახლა ამას ყურისძირშითქო. ისე ლეილას ის ქვა ერთი მაგისთვისაც რო შემოერტყა არ იქნებოდა ურიგო😂 ამ თავში თამილას მისიკვდილება მომინდა🥲 ის სერიული მკვლელი ერთი მაგ აქლს დაადგეს რა მოხდება. ნუ თუ თვითონ არაა მკვლელი. როგორი ქალის შთაბეჭდილებად ტოვებს იცი? რუსეთში რო ცხოვრობდა ერთი ქალი სერიული მკვლელი რო იყო, ადამიანებს რო კლავდა და სტუმრებს რო უმასპინძლდებოდა მათი ხორცით🥲იქნებ თამილა იმ ლობიანებში და ხაჭაპურებში რაიმე ეგეთ ურევს🤔😂😂😂 ბოლო ნაწილი განსაკუთრები ესთეტიკური იყო ქალაუ😇😇 იმედია ლეილა ეგრევე არ გამოიქცევა რატის სახლიდან და აცდის ცოტა ორი სიტყვის თქმას იმ კაცს სულ გაქცევაზე რო აქვს თვალი😂😂 ეს ლეილას სიზმრები და ცხვირიდან სისხლდენა რაღაც არ მომწონს. ძაან ცუდმა დაავადებებმა იცის ეგ და იმედია ეს ისედაც ცხოვრებისგან დაჩაგრული გოგო კიდე არ დაიჩაგრება. მინდა ყველა იმ ნაძირალაზე იძიოს შური და ენა მიაგდებინოს, ვინც უსამართლოდ მოექცა😌💅🏻შენ რო ნიჭიერების ზეიმი ხარ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ქალაუუ🥰🥰🥰🥰💚💜💚💜💚💜💚💜

    Like

    1. ქალუ ❤ პირველ რიგში ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ❤ გენადი და თუხარელები ნამეტანი თავგასულები არიან და ძალიან სასიამოვნო გახლდათ როცა გემოზე უხათქუნა ორივეს ქვა ლეილამ :დდ რა ექნა რატი ბატონს, მოწმე სჭირდებოდა :დდ მარა კი მართალი ხარ, ხანდახან ზედმეტი მოსდის და მართლა ძალიან მიაწვა მაგრამ ჰქონდა ამისთვის პაწა მიზეზი 😉 ოოო, თამილაზე ახლა კამენწარს არ გავაკეთებ, ქალბატონს საკმაოდ ბევრი რამ გადახდება შემდეგ თავში :დდდდ ნუ ალბათ :დდდ
      ლეილას და რატის რაც შეეხება, იმას ვიტყვი რომ არ აპირებს იქედან გაქცევას და კიდევ დაილაპარაკებენ პაწას ❤ ლეილას სიზმრები და ცხვირიდან სისხლდენები მალე აიხსნება და იმედია შეიკვრება ყველაფერი ^_^ ❤ უღრმესი მადლობა ქალუ! უზომოდ გაფასებ ❤

      Like

  3. უზომოდ საინტერესოა და ვერაფრით ვწყდები…
    აუ სიზმრები ისე ლამაზად და კარგად გაქვს აღწერილი რომ აღფრთოვანებული ვარ…
    ველოდები მკვლელის გამოჩენას და თან ერთ ადამიანზეც კი არ მაქვს ეჭვი…კომენტარებში ლეილა ახსენეს და არ მინდა ეგ იყოს მკვლელი🥺

    Like

დატოვე კომენტარი