მირაჟი (თავი 6)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეექვსე თავის თემა

VI – Water and Stone

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ბნელოდა.

თუმცა არა, არ ბნელოდა. არც სინათლე იყო, არც სიბნელე, არც დღე, არც ღამე, არც არაფერი. მხოლოდ უმასო სიცარიელე, რომელშიც ერთიანად გაცრეცილიყო ყველაფერი, დაღვენთილიყო, როგორც უცნაური, უმასო, ბლანტი სიცარიელე, რომელიც სულს უხუთავდა, გუდავდა, არარსებულ ყელში უჭერდა არარსებულ ხელს.

მერე კი გაიბზარა სიცარიელე. გაიბზარა, უჩუმრად დასკდა და ცნობიერების რამდენიმე მომცრო სხივმა შემოჟონა მის არარსებულ სხეულში, სანამ ერთბაშად ერთიანად არ დაიფშვნა, დაიფანტა, თითქოს არც არსებულიყო აქამდე. მერე კი იყო შორიდან მომავალი, გაურკვეველი, ყურისწამღები გუგუნი, სიცხე, სიცივე, მეტალის გემო და გაუსაძლისი, აუტანელი სიმძიმე.

მხოლოდ სიბნელეს ხედავდა და უფრო იმატ გუგუნმა, სანამ ყურები არ აუზრიალდა უსიამოვნოდ. საშინლად დამძიმებოდა სხეული, თითქოს ტყვია ესხა ძარღვებში, თითქოს დედამიწა თავის შავბნელ, ვეებერთელა დაღებულ ხახაში შთანთქავდა.

სისველე იგრძნო ნიკაპსა და პირზე და მთელი ძალით გაიბრძოლა, რომ ქუთუთოები ერთმანეთს დაეშორებინა.

ვიღაცები ყურისწამღებად ყაყანებდნენ. მის თვალთახედვაში ნელ-ნელა  მუქი იისფერი ცა, მასზე მიმობნეულ ვარსკვლავთა ჩახჩახი და გვერდიდან მომავალი ოდნავი, მქრქალი ნარინჯისფერი შემოიღვარა.

ნარინჯისფერი, რომელსაც ოქროსფრად აეპრიალებინა მუქი კულულები, შუბლზე რომ ჩამოჰყროდა რატი ყარალაშვილს.

ყარალაშვილი დაჰყურებდა. მიწაზე დაეჩოქა, და მის კალთაში იწვა ლეილა. ზურგქვეშ გრძნობდა ყარალაშვილის ბარძაყებს, მარჯვენა გვერდით მკერდზე მიჰკვროდა. მის მკლავსა და მხარზე მიეყუდებინა თავი ლეილას და მის სახეზე, ყელსა და გულმკერდზე ჩამოღვრილი ბლანტი სისხლის უსიამოვნო, მოტკბო სუნს შერეოდა ყარალაშვილის სურნელი.

დახუთული გვალვის, ცხელი მიწის, ხორბლის ყანებისა და იხულას მთიდან მონაბერი გრილი ქარის სურნელი.

კოცონის შუქი მოჰფენოდა ყარალაშვილის სახეს და ორ აბრიალებულ ნაკვერჩხალს წააგავდა მისი თვალები, მათში არეკლილ ცეცხლს ვეღარ გაუსწორა მზერა ლეილამ.

სხეული ჯერ კიდევ საშინლად დამძიმებოდა, თითქოს ერთიანად შეშუპებოდა კიდურები, ძლივს ამოძრავებდა თითებს.

-ლეილა! ლეილა, გესმის? – გაჰკიოდა ვიღაც.   

ცაცას ხმა იცნო ლეილამ.

ყარალაშვილს თვალი აარიდა, მიმოიხედა, დარეტიანებულმა.

მის გვერდით იჯდა ცაცა, შეწუხებული დაჰყურებდა, წითურ თმაზე შარავანდედად შემოვლებოდა კოცონის შუქის მონარინჯისფრო-ოქროსფერი ზოლი. გაფითრებულიყო, ნიკაპი უკანკალებდა.

ვიღაცები გულისგამაწვრილებლად ყაყანებდნენ, გაჰკიოდნენ, ეს რა ქნაო.

-კარგად ვარ… – ძლივს მოატრიალა ენა პირში ლეილამ. მოჭმუხნულმა მოილოკა გამომშრალი ტუჩები, სისხლის გემო იგრძნო.

-სისხლი წამოგივიდა ცხვირიდან. – უთხრა ყარალაშვილმა. – მერე გონი დაკარგე.

თავის ოდნავ დაქნევაღა შეძლო ლეილამ, იისფერ ცას ახედა.

ჯერ კიდევ აუტანლად უზრიალებდა თავში გარშემომყოფების ყაყანი.

იისფერი ცა, მასზე მიმობნეული მარგალიტებივით ვარსკვლავები და თითქოსდა თაკარა მზისაგან გამოჩორკნილი, ვერცხლისფერი, ნამგალა მთვარე.

ხერეშის მთის ვეებერთელა, ბუმბერაზი, კლდოვანი ქედი.

წმინდა გიორგის ეკლესიის ოქროსფრად დაფერილი ფანჯრები.

და ეკლესიასთან, სალი კლდის ქარაფზე მდგარი სილუეტი, რომელსაც ოქროსფერი სინათლე ეღვრებოდა უკნიდან.

ღრიალი. ჰაერში დატრიალებული ფიგურა და შემზარავი ხათქუნი, რომელიც კლდეზე გადმოჩეხილი ცალთვალა რეზოს სხეულმა გაიღო, როცა ხერეშის მთის ძირში ჩაენარცხა.

ცალთვალა რეზო კლდეზე გადმოხტა.

ცალთვალა რეზო კლდეზე გადმოხტა.

ცალთვალა რეზო კლდეზე…

-ლეილა! – საიდანღაც შორიდან ჩაესმა ლეილას და ისე ანაზდად გამოსტაცეს ფიქრებს, რომ რეტი დაესხა. პირდაღებული სუნთქავდა, გრძნობდა, თუ როგორ გადმოკარკვლოდა თვალები.

-ლეილა! ლეილა! – გაჰკიოდა ცაცა. – რა დაგემართა? გესმის ჩემი?

-მესმის. – ამოილუღლუღა ლეილამ. ენა საშინლად გასქელებოდა. თვალები მაგრად დახუჭა, ეცადა გამოფხიზლებულიყო, გრძნობდა, თუ როგორ გაცხელებოდა ყარალაშვილის სხეულზე აკრული ზურგი და გვერდი. ყარალაშვილს მკლავებში ეჭირა მაგრად და ჯერ კიდევ გრძნობდა მის მწველ მზერას ლეილა.

ვეღარ აიტანა მის გარშემო მყოფი, ყარალაშვილის კანის სიმხურვალე, წამოწევა სცადა. ცაცამ მკლავზე მოხვია თითები, ხელი შეაშველა ყარალაშვილმა და ნელა წამოჯდა ლეილა. დახეთქილი, ხეშეში ბალახით დაფარული მიწა უხეში იყო მისი ხელისგულის ქვეშ, რეტი ესხმოდა, გრძნობდა, თუ როგორ მიჰკვროდა გულმკერდზე სისხლისაგან სველი გულისპირი.

ცალთვალა რეზო ხერეშის მთაზე გადმოხტა.

და სალ კლდეზე გადმოიჩეხა.

გადმოიჩეხა. თავი მოიკლა.

ზუსტად ისე, როგორც ცხვედიანების გოგომ.

ცხვედიანების გოგო იმიტომ გადმოხტა, რომ ვეღარ აიტანა სიცოცხლე.

ალბათ ცალთვალა რეზოსაც ჰქონდა მიზეზი.

უნდა ჰქონოდა. ისეთი მიზეზი, რომელმაც ქარაფის პირიდან უბიძგა და სალ კლდეზე გადმოაგდო.

თავი გადააქნია ლეილამ. ამის თავი აღარ ჰქონდა.

წამოდგომა სცადა, მუხლები ეკეცებოდა. წელზე მოავლო ხელი ყარალაშვილმა, წამოაყენა, და მხარში შეუდგა ლეილას ცაცა.

ხელი შეუშვა ყარალაშვილმა, მაგრამ მისი შეხების სითბო ჯერ კიდევ დაღად დარჩენოდა წელზე ლეილას.

-წადით. – უთხრა ყარალაშვილმა, თავი ხარისწყალის მიმართულებით აუქნია.

-რეზო…? – ამოიხრიალა ლეილამ, ეცადა მიტრიალებულიყო და ხერეშის მთის მიმართულებით გაეხედა, საიდანაც ყურისწამღები ყაყანი ისმოდა, მაგრამ ყარალაშვილი კედელივით გადაუდგა წინ.

მის თავს ზემოთ ხერეშის მთის სალ კლდეს, ეკლესიასა და მუქ იისფერ ცას ხედავდა ლეილა.

ცარიელი იყო ქარაფის კიდე.

თითქოს არაფერი მომხდარიყო.

კვლავ შეუცვლელად იდგა ბუმბერაზი ხერეშის მთა, ოქროსფრად ციალებდნენ ეკლესიის ფანჯრები და სალი კლდის ნაპრალებში გამოხეთქილ, გამხმარ ბუჩქნარს აშრიალებდა ქარი.

არაფერი შეცვლილიყო.

თუმცა ამ ბოლო დროს სულ ასე გახლდათ. არაფერი იცვლებოდა, და ამავდროულად ყველაფერი ისე ვერასოდეს იქნებოდა, როგორც ადრე.

-რეზოს აღარაფერი ეშველება. – უთხრა ყარალაშვილმა. – წადით.

მაგრად მოქაჩა ცაცამ და პირი იბრუნა ლეილამ, აცახცახებულ მუხლებზე ძლივს იკავებდა თავს.

ნელ-ნელა წალასლასდნენ. ჯერ კიდევ ბრიალებდა კოცონი, მაგრამ აღარავინ დარჩენილიყო შორიახლოს.

ქშინავდა ლეილა, მძიმედ ეყრდნობოდა ცაცას, მაგრად მოეხვია მის მხრებზე მარცხენა მკლავი. თავისუფალი ხელით პირი და ნიკაპი მოიწმინდა, ცეცხლზე ალაპლაპებულ, ბლანტ სისხლს დახედა, მის აცახცახებულ თითებს რომ ღებავდა ალისფრად.

ხელი ტილოს კაბის კალთაზე შეიწმინდა, რომლიც გულისპირი ერთიანად დაეჟიებინა სისხლს, რამდენიმე წვეთს მის მუცლამდეც კი მიეღწია.

-თავბრუ გეხვევა? – ჩაეკითხა ლეილა, როცა კოცონს ჩაუარეს და ხარისწყალის დაშრეტილ კალაპოტზე გადებული ხიდისაკენ აიღეს გეზი. – იმდენი სისხლი მოგდიოდა, შემეშინდა…

-მეხვევა. – თქვა ლეილამ. ყველაფერი ტრიალებდა გარშემო, გული აერია.

-კინაღამ მიწას დაასკდი, მარა ყარალაშვილმა დაგიჭირა. – უთხრა ცაცამ. – ცხვირზე მოგიჭირა ხელი. ძლივს შეგიწყდა სისხლდენა…

-მესმის. – თქვა ლეილამ. ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.

-რა გჭირს? – ჩაეკითხა ცაცა. – რატომ მოგდის ხოლმე სისხლი?

-არ ვიცი. – თავი გააქნია ლეილამ და წამსვე ინანა, რადგან უარესად დაესხა რეტი, წაიფორხილა. თითქმის მთელი სიმძიმით ეყრდნობოდა ცაცას და უფრო მაგრად დაიჭირა მისი მკლავი ცაცამ, ქოშინით დაუყვნენ ხიდს.

ხარისწყალის დამშრალი ჩონჩხის ზედაპირზე აქეთ-იქით შემორჩენილი მინის ნამტვრევები და ათასი მეტალის ხარახურა ბრწყინავდა, მთვარის შუქი მოსდებოდა გამომშრალ შლამსა და გაფშეკილ წყალმცენარეებს. მათ წინაშე ნელ-ნელა წამოიმართა იხულას მთის ფერდზე შეფენილი ზრეა, მასზე მოფენილ მუქი ნაცრისფერ-მოვერცხლისფრო სუდარიდან ალაგ-ალაგ სახლთა ფანჯრებიდან გადმოღვრილი ნარინჯისფერი ლაქები გამოსჭვიოდნენ. უკვე ჩასვენებულიყო მზე, და მუქ ლურჯად იღებებოდა ლელესის ტბის თავზე იისფერი ცა.

მინავლდა უკნიდან მომავალი მოქეიფეთა ყაყანი.

ხიდი გადაჭრეს, მათ ფეხქვეშ აჭრიჭინებული ფიცრების ხმა კვლავ ქვა-ღორღის ხრაშახრუშმა შეცვალა.

თვალები მაგრად დახუჭა ლეილამ. საშინლად აწუხებდა სისხლით სველი გულისპირი, მკერდზე რომ მიჰკვროდა. გრძნობდა, როგორ ახმებოდა ნიკაპზე, ყელსა და თითებზე სისხლი, განუწყვეტლივ გრძნობდა სისხლის საშინელ, მოტკბო, თითქოსდა გახურებული მეტალის სურნელს.

ნელ-ნელა გაუარა თავბრუსხვევამ. თითქოსდა დაიცალა მის ძარღვებში ჩასხმული ტყვიისაგან, მაგრამ კვლავ აუტანლად შეშუპებოდა კიდურები, რის ვაივაგლახით მიათრევდა ფეხებს.

ჩახჩახებდა ვერცხლისფერი მთვარე, და თამილას სახლისაკენ მიმავალ აღმართს აუყვნენ.

-არც კი მჯერა რომ გადმოხტა. – ამოიქშინა ანაზდად ცაცამ. – მთლად გაგიჟდა ალბათ.

-შეიძლება. მაგრამ არა მგონია. – თქვა ლეილამ. – რაღაც მიზეზი ექნებოდა.

წამიერად გაჩუმდა, ფიქრობდა.

-ანდა არ ჰქონდა. – თქვა ბოლოს.

-რა არ ჰქონდა? – ჩაეკითხა ცაცა.

-მიზეზი. იმისთვის, რომ ეცოცხლა.

-ხომ გაათავისუფლეს? მეტი რა უნდოდა? ცოტა ხანი საკანში იჯდა და მორჩა. აღარავის სჯეროდა მისი დანაშაული…

-რეზოსთვის ხალხის აზრი მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, განდეგილივით კი არ იცხოვრებდა. – თქვა ლეილამ. – არა. სხვა რამე მოხდა ალბათ.

აღარაფერი უპასუხა ცაცამ, ეტყობოდა რომ ფიქრობდა და დადუმდა ლეილა.

ჭიშკარი გააღეს, და გულისგამაწვრილებელი ჭრიალი გაიღეს ჩაჟანგულმა ანჯამებმა, რაზეც ქათმებმა კრიახი, ნაზიბროლამ კი ღმუილი ატეხა. სწრაფად გადაჭრეს ეზო და სახლში შეაბიჯეს, გაჭირვებით ალასლასდნენ კიბეებზე.

სააბაზანოში შეიყვანა ლეილა ცაცამ, ქოშინით დაუშვა იქვე, ტაბურეტზე. პირსახოცი დაასველა და სისხლის მოწმენდაში დაეხმარა ლეილას, მერე კი სუფთა პერანგი მოუტანა.

გამოიცვალა ლეილამ. მზის სურნელით გაჯერებული პერანგი გადაიცვა და მოისუფთავა სისხლისაგან მოთხუპნული კანი, მაგრამ ჯერ კიდევ გრძნობდა სისხლის საშინელ, მოტკბო, მეტალის სურნელს.

სასტუმრო ოთახს მიაშურეს, და ტახტზე წამოწვა ლეილა. იატაკზე დაწოლას აპირებდა, მაგრამ ცაცამ დაიჟინა, რა დროს შენი იატაკიაო.

წყალი მოუტანა ცაცამ, და ხარბად გამოცალა ლეილამ მთელი ჭიქა.

იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე წამოწვა ცაცა.

ტახტზე იწვა ლეილა. იწვა, ფანჯარაში შემოღვრილ ვერცხლისფერ სინათლესა და ცაზე მიმობნეულ ვარსკვლავებს გაჰყურებდა.

სიჩუმე ჩამომდგარიყო სასტუმრო ოთახში, რომელსაც მხოლოდ ეზოში ბუჩქნარისა და ხეების შრიალი და საათის ტიკტიკი არღვევდა.

კიდურებთან ერთად საშინლად დაუმძიმდა ქუთუთოები ლეილას. ერთიანად გამოაცალა ამ ყველაფერმა ქანცი, სასტიკად ეძინებოდა.

გაიცრიცა ოკეანისმაგვარი, მელნისფერი ცის გადაგლესილი ზედაპირი, და როგორც მანათობელი ყინულის ნატეხები, ნელ-ნელა გალღვნენ, მასში ჩაიძირნენ ჩახჩახა ვარსკვლავები. შორეული, უცნაური გუგუნი, რომელიც ალბათ ხარისწყალის მიღმა ატეხილი ყაყანი გახლდათ, აქამდე მის თავში რომ ზარივით რეკდა, ნელ-ნელა ჩანავლდა, როგორც შეშას მოკლებული ცეცხლი.

და თვითონაც ლღვებოდა ლეილა, ძილბურანის ბურუსში იძირებოდა.

მაგრამ არ დასცალდა.

-იქნებ იმიტომ გადმოხტა, რომ დაიჭირეს. – თქვა უცებ ცაცამ და კვლავ უკითხავად გამოჰგლიჯა იმ სასიამოვნო სიცარიელეს, ფიქრების არარსებობას, რომელიც მუდამ დაჰყვებოდა თან ძილბურანს.

თვალები დაახამხამა ლეილამ, ცოტა გამოფხიზლდა.

-ჩვენი ბრალია მგონი. – დაიჩურჩულა ცაცამ. – იქ რომ არ წავსულიყავით… კუზიანი ფოტინეს ბეჭედი რომ არ გვენახა… არ დაიჭერდნენ.

-მაინც გაჩხრეკდნენ მის სახლს. – წაილუღლუღა ლეილამ, მხარზე უფრო მაგრად მოიხვია ზეწარი, ლოყა ბალიშში ჩარგო. – გაუჩხრეკავს არავინ დატოვებდა. მაინც იპოვიდნენ იმ ბეჭედს.

-ალბათ. – თქვა ცაცამ.

-არაა ჩვენი ბრალი.

-ალბათ.

-კარგი რა, ცაცა. ყველაფერს ნუ დაიბრალებ. მამაშენი, ახლა ცალთვალა რეზო… არაა შენი ბრალი.

-მაინც მგონია და რა ვქნა?

იდაყვზე წამოიწია ლეილა, ცაცას დახედა, რომელიც ზურგზე იწვა, წელზე ზეწარი გადაეფარებინა, მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და თვალის დაუხამხამებლად ასცქეროდა ჭერს.

-ტყუილად გგონია. – თქვა მან. – მამაშენი მოკლეს. ცალთვალა რეზო კი თვითონ გადმოხტა კლდეზე. ვერც მკვლელს შეაჩერებდი და ვერც ცალთვალა რეზოს.

-მეცოდება. – თქვა ცაცამ. – არაფერი დაუშავებია.

-არ ვიცი. შეიძლება. იქნებ სინდისი აწუხებდა. იქნებ მის საცოდავ ცოლს დაუშავა რამე და ვეღარ გაუძლო სინდისის ქენჯნას.

მხრები აიჩეჩა ცაცამ. მის გამომეტყველებასა და მოძრაობას ძლივსღა არჩევდა ლეილა.

უკან დაწვა და პირი იბრუნა. კედელზე მოტიკტიკე საათს შეჰყურებდა.

იქნებ მართლაც არაფერი დაეშავებინა ცალთვალა რეზოს.

რატომ ახლა? რატომ მაინცდამაინც ახლა?

თუმცა, ახლახანს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა.

იქნებ ეშინოდა ცალთვალა რეზოს? იქნებ ეშინოდა, რომ შემდეგი მსხვერპლი თვითონ იქნებოდა?

იქნებ სიკვდილის ეშინოდა?

ალბათ.

ალბათ სწორედ ამიტომ ადიოდა ეკლესიაში და მიათრევდა აუტანელ ტვირთად სიკვდილის შიშს.

კუზიანი ფოტინე ალბათ იმიტომ მოკლეს, რომ ათასი წარუმატებელი და საეჭვო გარიგება ჰქონდა გაკეთებული, ეშმაკმა იცოდა მხოლოდ, თუ რამდენი სინანული და მწუხარება სდევდა თან მისი ხელშეწყობით შექმნილ თუ შეუქმნელ ოჯახებს.

ზაქარია ლორთქიფანიძე ბევრს სძულდა. მისი მკვლელობა სულაც არ გახლდათ გასაკვირი.

ცალთვალა რეზოზე მხოლოდ ის იცოდა ლეილამ, რომ მისი ავადმყოფი ცოლი ცოტა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ხმები დადიოდა, საცოდავი ქალი კუბოში თვითონ ჩააწვინაო.

თუმცა რასაკვირველია, დაწვრილებით არავინ არაფერს ამბობდა.

ან მალავდნენ ანდა როგორც ყოველთვის, რაღაც სისულელე მოეფიქრებინათ, დეტალების შეთითხვნაზე ბევრი დროის დახარჯვის გარეშე.

ისევ იბრუნა გვერდი ლეილამ, კარგად მოეწყო.

არა, არა. ეს არ იყო მისი საქმე. ამაზე მეტად აღარ უნდა ეფიქრა.

ცაცა უკვე მშვიდად ფშვინავდა. ალბათ ისიც ძალიან გადაღალა დღევანდელი დღის საშინელმა ამბავმა.

თვალები დახუჭა ლეილამ.

და კვლავ გალღვა, გაიცრიცა, და რუხ ძილბურანში გაეხვია ყველაფერი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

მზე გადადიოდა.

განელებულიყო გვალვა, მისი დახუთული, ცხელი სუნთქვა თითქოს აეორთქლებინა იხულას მთიდან მონაბერ გრილ ნიავქარს. ცაზე გადაკრულ საღამოს იისფერ საფარველში იცრიცებოდა აუტანელი პაპანაქება და სიგრილის სურნელი ასდიოდა ჰაერს, მაგრამ ჯერ კიდევ სულს ღაფავდა დახეთქილი მიწა, ჯერ კიდევ დამშრალიყო ხარისწყალი და ჯერ კიდევ შრიალებდა ქარში გამხმარი, ხეშეში ბალახი. გადადიოდა მზე, და ზრაჰულის მთათა შორის გაწოლილიყვნენ მუქი იისფერი ღრუბლები, ალაგ-ალაგ დაპენტილი მატყლივით დაქსაქსულნი, ალაგ-ალაგ კი ბამბის ვეებერთელა, ბუმბერაზ გროვებს ჩამოჰგავდნენ, ზემოდან გადმოჰყურებდნენ წითლად ალიცლიცებულ ლელესის ტბას.

წამოუბერა ქარმა, თითქმის ბოლომდე გადამხმარი ქრიზანთემების ბუჩქები ააშრიალა და უფრო ხმამაღლა ამღერდნენ კუტკალიები, ბალახის ერთი გამხმარი ღეროდან მეორეზე გადასკუპდნენ.

წყალი დაუსხა გეჯაში სიცხისაგან გაწამებულ, საჩეხეს კუთხეში წამოწოლილ ნაზიბროლას ლეილამ, რომელიც ზარმაცად იცოხნებოდა, მერე კი სწრაფად გადარაზა კარი. საჩეხეს მიღმა, დაღრეცილ, სახელდახელოდ ტოტებისაგან შეკრულ ღობეში გაიჭვრიტა ლეილამ, მაგრამ ვერსად დალანდა ბესარიონი.

ამ ბოლო დროს აღარ ჩანდა. მხოლოდ დროდადროღა ესმოდა მისი გოდება ლეილას, კვლავ მურკას დასტიროდა უბედური ბერიკაცი.

გადამხმარიყო გვალვისა და მოუვლელობისაგან მისი ოდესღაც მწვანედ მოღაღანე ტალავერი, მის ბეგონიები და ყვითელი ვარდები ჩამომჭკნარიყვნენ, ყურები ჩამოეყარათ.

ისევ ისე განიცდიდა კოჭლი ბესარიონი მურკას სიკვდილს, როგორც ადრე. უბრალოდ ახლა მარტოდმარტო სურდა რომ საკუთარ დარდს გამკლავებოდა.

ანდა უბრალოდ იძულებული იყო რომ მარტოდმარტო ეზიდა ეს ტვირთი.

იმის შემდეგ, რაც ცალთვალა რეზო კლდეზე გადმოხტა, უფრო მეტად დაფრთხა ხალხი. თითქოსდა აქამდე მომხდარმა თითოეულმა მკვლელობამ შეძრა მაცხოვრებელთა სიმშვიდის ფუძე, შეარყია, დახეთქა, მაგრამ ცალთვალა რეზოს თვითმკვლელობამ ერთიანად ჩამოფშვნა იგი. აღარაფერი დარჩენილიყო, შემზარავი, შავბნელი შიშისა და გაუთავებელი ჭორების გარდა.

რას აღარ აბრალებდნენ ცალთვალა რეზოს სიკვდილს. პოლიციის ბრალიაო, უდანაშაულო კაცი გამოკეტეს და მისმა სიამაყემ ვეღარ გაუძლოო. მეორენი ამბობდნენ, მობეზრდა ალბათ მისი უნიათო სიცოცხლე და მაგიტომ გადმოხტაო. მესამენი გაიძახოდნენ, დააშინეს, ალბათ რაღაცა იცოდა და მაგიტომაო. მეოთხენი კი, თამილას თამადობით, გაჰყვიროდნენ, მირჟანის ნამოქმედარია ეს ყველაფერი, მისი დაწყევლილი ხელით მოკვდა ყველაო.

მაგრამ არა. არსად ჩანდა მირჟანი. ჩანდა მხოლოდ დამფრთხალი ხალხის ჯგრო და სულშემხუთავი შიშის საბურველი.

იმის შიში, რომ ვერ იპოვიდნენ მკვლელს და კიდევ იქნებოდა მსხვერპლი.

და რაც მთავარია იმის შიში, რომ თვითონ მოუსწრაფებდათ მკვლელი სიცოცხლეს.

ყარალაშვილი, დვალი და რამდენიმე გლეხი ჯერ კიდევ ყარაულობდნენ ღამღამობით ზრეას, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიეკვლიათ მკვლელისათვის.

ამიტომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ყოფდნენ ცხვირს ზრეას მაცხოვრებლები სახლებიდან. თამილა უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა თავის ხაჭაპურებთან და ლობიანებთან ერთად იფლიჰემში, ზრეაში ყოფნისას კი წამდაუწუმ ლოცულობდა, მარილს ყრიდა შემოსასვლელთან და ვერცხლსა და ვერცხლისფერ ნივთებს ტენიდა თითოეულ კუთხეში, მირჟანი არ შემოიპაროსო.

ხმამაღალი კრიახი ჩაესმა ანაზდად ლეილას და თვალები დაახამხამა,  წამსვე გამოფხიზლდა. იქვე, საქათმეში ცაცა იდგა, დახეთქილ, დამტვერილ მიწაზე აპნევდა სიმინდს, რასაც გულმოდგინედ დასეოდნენ ქათმები.

-დღეს უკვე დავუყარე ისე ორჯერ! – გასძახა ცაცას ლეილამ, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა საქათმეს.

ალმაცერად გადმოხედა ცაცამ.

-ორჯერ არა ისა. – განაცხადა მან. – ძაან შიათ ამ საცოდავებს.

-სიმინდია გასარჩევი. – თქვა ლეილამ. – წყალიც აღარ დაგვრჩა თითქმის.

-ხვალ წავიდეთ?

-წავიდეთ. – უპასუხა ლეილამ და მიბრუნდა ცაცა, ტომსიკაში ჩაჰყო ხელი და კვლავ აშხრიალდნენ სიმინდის მარცვლები.

უფრო ძლიერად დაუბერა ქარმა, გადამხმარი ბალახი ააშარიშურა და კვლავ უდარდელად დაირწნენ ქრიზანთემების მომჭკნარი თავები. აგრილებულიყო, მაგრამ კვლავ გამომშრალი გახლდათ მიწა და ჰაერი, უკვე კარგა ხნის წინ წარეტაცა აუტანელ გვალვას წყლის ბოლო წვეთი და მოწმენდილ, იისფერ ცაზე მხოლოდ ჩამავალ, წითელ მზეს მოეფარებინა დაპენტილი რუხი ღრუბლების მოსასხამი. არ ჩქარობდა ამინდი გაწვიმებას, თუმცაღა უკვე ილეოდა აგვისტო.

ირწეოდნენ ქრიზანთემები და ბეგონიები. აქეთ-იქით ხტოდნენ კუტკალიები და შორიდან, ბუნდოვნად ისმოდა ლურჯამთაზე შეფენილი ცხვრების ბღავილი.

რასაც ანაზდად მთავარი ქუჩიდან მომავალი მანქანის რახრახი დაემატა.

ალბათ გენადი დუდავა დაგრიალებდა თავისი „ჟიგულით“ აქეთ-იქით, როგორც ყოველთვის.

ჯერ არ მიაქცია ყურადღება მანქანის ხმას ლეილამ. საქათმის კარს მიჰყუდებოდა, მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და უსიტყვოდ გაჰყურებდა ლელესის ტბის თავზე გაწოლილ, წითელ მზეს, ქარში აშრიალებულ ხეებსა და იისფერ ცას, რომელზეც ალაგ-ალაგ მქრქალად ციმციმებდნენ ვარსკვლავები.

მერე კი ბუღი აიჭრა ჰაერში, წამიერად სულთმობრძავი მზის სიწითლეს გადაეფარა საბურველად, რასაც მათ ჭიშკართან ამორახრახებული, გენადი დუდავას დაჟანგული „ჟიგულის“ საბურავების ღრჭიალი მოჰყვა.

გასწორდა ლეილა. წარბები შეკრა, როცა „ჟიგული“ პირდაპირ ჭიშკართან გაჩერდა.

კარი გაიღო და შიგნიდან ლუკა თუხარელი და გიორგი ადამია გადმოვიდნენ. მძღოლის სავარძელში გენადი დუდავას გაჩეჩილი თავი დალანდა ლეილამ.

-ცაცა… – ინსტინქტურად ცაცასკენ გაიშვირა ხელი ლეილამ, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს, გაფაციცებით შეჰყურებდა თუხარელსა და ადამიას, რომლებმაც ჭიშკარი ხმამაღალი ჭრიალით შემოაღეს და სწრაფი ნაბიჯით გამოემართნენ მათკენ.

ხელები გაუცივდა ლეილას, ფეხები დაუბუჟდა. მაგრად ჩაებღაუჭა საქათმის მავთულბადის კარს, რომ თავი შეემაგრებინა.

-ამას რა ჯანდაბა უნდა? – წამოიძახა ცაცამ, სიმინდის ტომსიკა იქვე მიაგდო და დოინჯი შემოირტყა, გვერდით ამოუდგა ლეილას. – ოე, თუხარელი! რა ჯანდაბა გინდა? წაეთრიე აქედან, ტლუ შენ!

თუხარელს სახე მოენგრა, ნაბიჯს უფრო აუჩქარა და სანამ ლეილა პირის გაღებას მოასწრებდა, ცაცას მიეჭრა და მკლავში სტაცა ხელი.

-წამოდი. – დაუღრინა მან და მაგრად მოქაჩა, ეცადა ჭიშკრისაკენ წაეთრია.

აფართხალდა ცაცა, მკლავი გამოგლიჯა და უკან დაიხია.

-რას აკეთებ? – წამოიძახა მან. – დარეხვილო! სად წამოვიდე, შენთან არსადაც არ წამოვალ!

-გეუბნები, წამოდი მეთქი. – კბილებში გამოსცრა თუხარელმა.

-მე კი გეუბნები, რომ არ წამოვალ, რა, დაყრუვდი?! გაეთრიე!

ცაცას კივილზე კვლავ ხმამაღლა აკრიახდნენ ქათმები და ბღავილი ატეხა ნაზიბროლამ საჩეხეში, რასაც ჯერ კიდევ მოგუგუნე „ჟიგულის“ კარის ჩხაკუნი გენადი დუდავას ეზოში შემობრძანება მოჰყვა.

ცივმა ოფლმა დაასხა ლეილას.

ესღა აკლდათ.

-თუხარელო, შე იდიოტო, ასეთ სისულელეს ნუ ჩაიდენ.  – დაისისინა მან, თუხარელის მოჭუტულ, მძვინვარებით აღვსილ თვალებსა და მონგრეულ ნაკვთებს დაშტერებოდა გამალებით, თან საქათმის გვერდზე მიყუდებული თოხის, შესასვლელთან მიწყობილი ვეებერთელა ქოთნების, მსხლის ხეების ძირში, გამხმარი ხავსით დაფარული ქვებისა და რაც მთავარია, მოახლოებულ გენადი დუდავასკენ გაურბოდა თვალი. – წადი აქედან!

-შენ არავინ გეკითხება! – დაუყეფა თუხარელმა, მხარში ჰკრა ხელი და კვლავ ცაცას წაეპოტინა.

უკან გახტა ცაცა, ჟღრიალით შეეხეთქა საქათმის კარის მავთულბადეს. ყურისწამღებად აკრიახდნენ ქათმები და აბღავლდა ნაზიბროლა.

ბრაზის ცხელი ტალღა აუზვირთდა გულმკერდში ლეილას, კვლავ წინ გადაუდგა აფოფრილ თუხარელს.

-ავადმყოფი რომ ხარ, ნეტა თუ იცი? – უთხრა მან, მერე კი ადამიას გადახედა, რომელიც ისეთი დამფრთხალი აცეცებდა მათ შორის თვალებს, რომ აშკარა გახლდათ, ძალიანაც არ სურდა აქ ყოფნა. – და შენ? რა ჩემ ფეხებს აკეთებ აქ, თავში ტვინი არ გაქვს? გენადი დუდავა და ეს ცხოველები რო არიან, კი ვიცით, მაგრამ შენ რამ გამოგაშტერა?

ადამია ერთიანად აფორაჯდა, თუხარელს კი წამსვე დაებერა ნესტოები.

-რას წიკვინებ, გოგო, აბა ახლა მოუსვი აქედან! – დაუყვირა მან და უფრო მაგრად ჰკრა ხელი. უკან წაბარბაცდა ლეილა, თუხარელმა კი აკივლებულ ცაცას ისე მაგრად გააწნა ალიყური, რომ ნაპერწკლები გააყრევინა თვალებიდან, მერე კი ხელი სტაცა და ჭიშკრისაკენ წაათრია.

საშინელი ბრაზი მოაწვა შუბლში ლეილას, წამოაცხელა. იქვე უსარგებლოდ აყუდებული გიორგი ადამიასთვის სულაც არ მიუქცევია ყურადღება, მოახლოებული გენადი დუდავაც კი არაფრად ჩააგდო, წამსვე გაეკიდა თუხარელს და მაგრად მოქაჩა პერანგში, სცადა უკან გაეთრია.

-ხელი გაუშვი! – აკივლდა ის. – ნადირო! ფუ, რანაირი კაცი ხარ შენ! ხელი გაუშვი მეთქი!

-ავადმყოფო! – გამაყრუებლად გაჰკიოდა ცაცაც. – თავი დამანებე! არსადაც არ წამოვალ, გამიგონე? არ წამოვალ!

ხელი გამოიქნია თუხარელმა, ცალი ხელით ჯერ კიდევ წარმატებით იკავებდა აკივლებულ ცაცას, მაგრამ ვერაფრით მოიცილა მასზე ჩაბღაუჭებული ლეილა.

-გვიშველეთ! – აყვირდა ლეილა. – გვიშველეთ, ხალხო! გვკლავენ, გვიშველეთ!

მერე კი გენადი დუდავამ მოჰკიდა მხარში ხელი და ისეთი ძალით შემოიქნია, რომ თუხარელს მოსწყდა ლეილა და ხმამაღალი ბათქით დაენარცხა მსხლის ხეების ძირში, რიყის ქვასავით მაგარ მიწაზე. დაიგმინა, როცა იგრძნო, თუ როგორ გადაეხლიჩა მის ქვეშ მოყოლილ იდაყვსა და ზურგზე კანი, და როგორ გადაეფხრიწა მისი გაცრეცილი ტილოს კაბა გვერდზე.

ცაცა გამაყრუებლად გაჰკიოდა, მთელი ძალით ფართხალებდა და მაგრად უჭერდა მას მკლავებს თუხარელი, ჭიშკრისაკენ მიათრევდა.

იქვე უსახური, უსარგებლო საფრთხობელასავით აყუდებულიყო გიორგი ადამია.

ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს ლეილამ, რომ კბილებმა უსიამოვნო ღრჭიალი გაიღეს, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ზურგში.

მიწას დააბჯინა გადახლეჩილი იდაყვი, წამოდგომა სცადა.

მაგრამ არ დასცალდა, ადგილს მიეყინა თითქოს, თვალებგადმოკარკლული, როცა გენადი დუდავა წამოადგა თავზე.

-შენ სად მიდიხარ? – მისი მორღვეული პირით გაუღიმა მან. მის ხოჭოსებრ თვალებში მხოლოდ ბნელი სიცარიელე დაინახა ლეილამ და შეზარა. – გგონია გაძვრები?

ტანში გასცრა ლეილას.

ცხვედიანების გოგო გაახსენდა.

და თევზაძეების გოგო.

და ღმერთმა იცის კიდევ, ვინ.

ახლა კი მას დასდგომოდა თავზე გენადი დუდავა.

თვითონ კი მიწაზე ეგდო, კაბა ბარძაყებზე ასცურებოდა, გვერდზე შემოფხრეწოდა და ისეთი დაუცველი იყო, როგორც არადროს.

ყველაფერი დაუბუჟდა ლეილას. შიშითა და აუტანელი მრისხანებით აღვსილმა მისგან შორს გახოხება სცადა.

არ დააცალა გენადი დუდავამ, დაიხარა და ფეხში სტაცა ხელი, რაზეც გამძვინვარებულმა ლეილამ მაგრად ჰკრა ფეხებშუა წიხლი.

ბღავილი ამოუშვა გენადი დუდავამ, მუხლი მოეკვეთა და გვერდზე გადაგორება ბეწვზე მოასწრო ლეილამ, სანამ გამოტენილი ტომარასავით არ დაენარცხებოდა ზედ გენადი დუდავა.

მაგრამ ვერ გაერიდა გენადი დუდავას ხელს, რომელიც მკლავში სტაცა წამსვე კაცმა.

ქშინავდა ლეილა, თვალებგადმოკარკლული, თავზარდაცემული, ტუჩები მოეკუმა, ხმა აღარ ამოსდიოდა კივილისაგან ჩახლეწილი ყელიდან. გაიბრძოლა, ფართხალებდა, მუხლებზე წამოიწია, მთელი ძალით ჩამოპორჭყნა გენადი დუდავას მკლავზე და წიხლები დააყარა გვერდში, მაგრამ არ იძვროდა გენადი დუდავას ძლიერი ხელი.

-მე შენ გიჩვენებ! – ბღაოდა გენადი დუდავა. – გაწრიპულო გოგო, შენ რა გგონია, მე მომერევი?!

მერე კი თმაში სტაცა ხელი და მთელი ძალით მოქაჩა, მისი ყელი გააშიშვლა.

თავში სისხლმა აასხა ლეილას, თვალებში ჩამოუბნელდა.

გრძნობდა, თუ როგორ ამოგლიჯა რამდენიმე თმის ღერი გენადი დუდავას უხეშმა ტორმა, თუ როგორ მოხვეოდნენ მისი მარწუხებივით თითები მკლავზე, მისი მყრალი სუნთქვა, მისი შემზარავი შეხება, აუტანელი ტკივილი, შიში და მძვინვარება, მის სხეულში რომ აგორებულიყო ყველაფრის წამლეკავ ოკეანედ.

თითქოს ვეღარ დაიტია მისმა ცეცხლმოკიდებულმა გულმკერდმა ყველაფერი და გამოამტვრია, გადმოხეთქა, აქამდე გაუგონარი, არაადამიანური, სასოწარკვეთილი კივილი აღმოხდა ჩახლეწილი ყელიდან.

ექოდ ამოსძახეს მისი კივილი იხულას მთის ქედებმა, თითქოს წამიერად გაიყინა ყველაფერი გარშემო, ერთიანად შეძრა, შეაძრწუნა ცა და მიწა.

მერე კი ხელით მოეპოტინა ხის ძირში ხეშეში ხავსით დაფარულ ქვას ლეილა და მთელი ძალით მოიქნია.

ხმამაღალი ბათქით შეეხეთქა ქვა გენადი დუდავას საფეთქელს და ბღავილი ამოუშვა კაცმა, წამსვე უშვა ხელები.

კვლავ ძირს დაეხეთქა და დრო იხელთა წამსვე ლეილამ, ელვის სისწრაფით წამოვარდა, სირბილით მიაშურა ჭიშკარს, სადაც ლუკა თუხარელი ჯერ კიდევ ეძიძგილავებოდა ცაცას. მის მკლავებზე თოკებივით შემოეხვია საკუთარი მკლავები და მაგრად იჭერდა.

ცაცა ფეხებს ისროდა, მკლავების გათავისუფლებას ცდილობდა და გულისგამაწვრილებლად გაჰკიოდა.

ქუჩიდან ჩოჩქოლი ისმოდა, მეზობლები გაჰყვიროდნენ, რა ხდებაო, მაგრამ ყურები დაუგუბდა ლეილას, აუტანელი გუგუნის მეტი აღარაფერი ესმოდა. ყველაფერი უცურავდა თვალწინ, ცეცხლი მოჰკიდებოდა მკერდზე. მის ხელში ჩაბღუჯული ხორკლიანი ქვის გარდა ვეღარაფერს გრძნობდა.

ქვის, შემზარავი, შავბნელი სიძულვილისა და მრისხანების გარდა.

მკლავი მოიქნია ლეილამ.

და ქვა ზურგში, ბეჭებშუა ჩაარტყა ლუკა თუხარელს მთელი ძალით.

დასაკლავი ღორივით აბღავლდა თუხარელი, მაგრამ ვეღარ მოასწრო შემოტრიალება, რადგან კეფაში ჩასცხო ქვა ლეილამ.

ცაცას აშკარად ოდნავ მაინც ხელები უშვა თუხარელმა, რადგან მკლავი გაითავისუფლა ცაცამ და მუშტი მიაგება ყბაში.

წაიფორხილა თუხარელმა. მკლავებიდან გამოუსხლტა ცაცა, ფეხი დაუდო და ძაფებმოწყვეტილი მარიონეტივით დაეშვა თუხარელი, გვერდზე დაენარცხა.

კეფაზე კანი გახეთქოდა, და სისხლმა იფეთქა, კისერზე დაედინა.

გულისგამგმირავი იყო ცაცას სასოწარკვეთილი, შიშით აღსავსე კივილი და გადადიოდა მზე, მის მეწამულ შუქზე ალისფრად ღვიოდა სისხლი.

ვიღაცა ღრიალებდა შორიდან რაღაცას.

წამოუბერა ქარმა, ოფლით დაცვარულ შუბლზე მოელამუნა ლეილას.

გმინავდა თუხარელი, წამოდგომას ცდილობდა.

ყურებში აუტანლად აუზრიალდა ცაცას კივილი ლეილას, თავი გასკდომაზე ჰქონდა.

ორივე ხელით აღმართა ქვა და დაიქნია.

შემზარავი ჭახანით შეეხეთქა ქვა თუხარელის მხარს.

ზურგს.

ბეჭის ფრთას.

მკლავს.

საფეთქელს.

გაიშოტა თუხარელი.

და აღარც განძრეულა.

საკუთარი ქოშინი, ძარღვებში მჩქეფარე, ადუღებული სისხლის გუგუნი და მძლავრი გულისცემაღა ესმოდა ლეილას. ერთიანად შემოჰყინა, ქვა გაუცურდა აცახცახებული ხელებიდან.

-გვიშველეთ! – კიოდა ცაცა. – ბიძია ბესარიონ, გვიშველეთ!

-აიტ, თქვე მაიმუნებო! – ბუნდოვნად ჩაესმა უკნიდან ლეილას ბესარიონის ხმა და უკვე ნაცნობი, ყავარჯნის ზუზუნი, რასაც ყრუ ბათქი და გმინვა მოჰყვა. – რაებს აკეთებთ! სირცხვილი! სირცხვილი! ეს რა სირცხვილია! მეზობლებოოო! მეზობლებო, აქეთ! კლავენ! კლავენ, კლავენ!

მოიხედა ლეილამ, მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა, ქშინავდა, ერთიანად გაჰყინვოდა კიდურები.

ბესარიონი მორბოდა რის ვაივაგლახით, კოჭლ ფეხს მოათრევდა, ყავარჯენს იქნევდა და გზააბნეული ცხვრებივით მოერეკებოდა გენადი დუდავასა და გიორგი ადამიას. მთავარ გზაზე, ქვემოდან ვიღაცები ამორბოდნენ, შორიდან ნინო გასვიანის კივილი ისმოდა, კიდევ ვიღაცას კლავენო.

თუხარელი ჯერ კიდევ გაუნძრევლად იწვა.

ცივი ოფლი მოაწვა ზურგზე ლეილას, სული მოეხუთა, ძლივს ამოისუნთქა. მუხლებმა უმტყუნეს, და მოწყვეტით დაეშვა ძირს, იქვე გაშოტილი თუხარელის ახლოს.

უთავბოლო, ერთიანად აბურდული, უაზრო ფიქრების კორიანტელი იყო მისი გონება, რეტი ესხმოდა.

წამსვე მის გვერდით ჩაიჩოქა ცაცამ, მაგრად მოეხვია და თითქოს მდინარე ჯებირებიდან გადმოსკდაო, აუტყდა გულამომჯდარი ტირილი.

-სირცხვილიიი! – გაჰკიოდა ბესარიონი. – ვაი ვაი ვაი ვაი! ესღა გვაკლდა! ესღა გვაკლდა! შენ გადაშენდი ადრე და მალე, მირჟან, ამდენი სიკვდილი არ იმყოფინე, პატარა გოგოებს რომ არ მიადგე?! მიეწიეთ მირჟანს თქვენც, აი! გენადი დუდავა, ჯოჯოხეთის ცეცხლი გენახოს მალე, მირჟანმა წაგათრიოს იქ! ჩემი საცოდავი მურკა, უბედური ფოტინე და ზაქარია არ გეყო ხო? მკვლელო შენა!

კუდამოძუებული ძაღლებივით გავარდნენ ჭიშკარში გენადი დუდავა და გიორგი ადამია, თუხარელისაკენ არც კი მოუხედავთ, მაგრამ სანამ მანქანაში ჩასხდომას მოასწრებდნენ, ვარაზ თავართქილაძე გადაეღობათ წინ.

-სად მიბრძანდებით, ბიჭებო?! აიტ, მკვლელებო თქვენა! რა გგონიათ, ვარაზ თავართქილაძეს გაეპარებით? – იქუხა მან, ადამიას ქეჩოში, გენადი დუდავას მხარში წაავლო ხელები, მაგრად შეანჯღრია, მერე კი არეთას მიუბრუნდა, რომელსაც უკვე მოესწრო შეცხადება და გამეტებით იტყაპუნებდა მუხლებზე ხელებს, ცაცას, ლეილასა და იქვე გაშოტილი ლუკა თუხარელის შემხედვარე. – ყარალაშვილის ბიჭი გამოიძახე აქა, ქალო! ის უთხარი, მკვლელები ვიპოვეთ თქვა!

დაფაცურდა არეთა, ყარალაშვილის ბიჭი, აბა რაო, წაიბუტბუტა და სასწრაფოდ, სირბილით დაუყვა შარაგზას, ხრაშახრუში აუყენა ქვა-ღორღს.

ნინო გასვიანი კვლავ გაჰკიოდა, ვიღაცას კლავენო, და შორიდან სხვა მეზობლების ჩოჩქოლი გაისმოდა, მთავარ გზაზე გამოფენილიყვნენ, ცნობისმოყვარეობას გადაეწონა მათი შიში.

აცახცახებული ხელი ცაცას ზურგზე მოეხვია ლეილას, და გავეშებული შეჰყურებდა მის გვერდით გაწოლილ თუხარელს.

ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ სტაცა ქვას ხელი. თითქოს ერთიანად მოიცვა მისი არსება აუტანელი მძვინვარებისა და შემზარავი, გონების ერთიანად წამლეკავი შიშის ყინულოვანმა ზვირთმა, ფარატინა ქსოვილივით ჩამოგლიჯა ყველანაირი შემაკავებელი ძალა და მხოლოდ და მხოლოდ ცხოველური ინსტინქტებიღა შეატოვა.

საფეთქელში მაგრად ჩაარტყა ქვა ლეილამ გენადი დუდავას. მერე კი მთელი ძალით ჩასცხო ქვა ლუკა თუხარელს.

რამდენჯერმე. უწყალოდ.

თუმცა თუხარელი ცაცას გატაცებას უპირებდა.

გატაცებასა და გაუპატიურებას.

სწორედ ისე, როგორც გენადი დუდავა მას თვითონ.

თუხარელის ბეჭებს მიაბჯინა მზერა ლეილამ.

ნელ-ნელა იწეოდნენ და ეშვებოდნენ.

ჯერ კიდევ სუნთქავდა.

პირი იბრუნა და მტირალ ცაცას უფრო მაგრად მოხვია ხელი ლეილამ. თვალები გაუშტერდა, გარშემო ატეხილი ღრიანცელი და გადაწურული, გაცრეცილი მზის მონარინჯისფრო-წითელი სინათლე აიმღვრა, განიბნა და გაიცრიცა, თითქოსდა მისი გადაღლილი, გუგუნით აღსავსე გონების მწუხრში ლღვებაო.

არც კი იცოდა, რა ეფიქრა.

ანდა რას ფიქრობდა.

ალბათ არც არაფერს.

აუტანლად ნელა, და ამავდროულად სწრაფად მიიწევდნენ წუთები, თითქოს მის გონებაში წაელეკა მომხდარს დროის ხაზოვანება.

კინაღამ მოიტაცეს ცაცა.

თავს დაესხნენ მასა და ცაცას თუხარელი თავისი დამქაშებით.

გულისამრევი იყო გენადი დუდავას შეხება.

და ძალიან მძიმე, უსაშველოდ მძიმე იყო ხორკლიანი, უხეში ქვა მის ხელში.

ტიროდა ცაცა, გული ძლივს მოიოხა და გაჰყვიროდნენ გარშემო ყველანი, აქ რა მოხდაო.

ლურჯში ჩალღვა ლელესის ტბის თავზე გაფენილ იისფერ ღრუბლებში გაგუდული მოწითალო მზე. მქრქალი მონარინჯისფრო სინათლეღა შერჩა შემოგარენს, საბურველად გადაჰკვროდა ლეილას გაშტერებულ თვალებს.

მერე კი მოესმა.

ცაცას სლუკუნს, ლუკა თუხარელის ჩუმ გმინვასა და გარშემომყოფთა ყურისწამღებ ყაყანს რატი ყარალაშვილის ხმა შეერია.

ჯერ ვერ გაარჩია ლეილამ, თუ რას ამბობდა, ყურები ერთიანად დაგუბებოდა.

ნელ-ნელა შემოიპარნენ მის სმენაში ყარალაშვილის სიტყვები.

ვიღაცას ეუბნებოდა, წადი და სასწრაფოს გამოუძახე, ესენი კი აქედან წაიყვანეო. მერე გაჰყვიროდა, წადითო აქედან ყველანი, რასაც ვარაზ თავართქილაძის ხმამაღალი წუწუნი შეერია, მე დავიჭირე ესენი და რატომ უნდა წავიდეო.

მინავლდა საბოლოოდ ყაყანი. ჰაერი დაიცალა თითქოს, ნიავქარის ზუზუნი, ფოთლების შრიალი და ცაცას სლუკუნი დარჩა მხოლოდ. მზერა დაეწმინდა ლეილას, თვალები დაახამხამა, ნელა-ნელა შემოცურდა მის თვალთახედვაში შორს, მოციმციმე ლელესის ტბის თავზე ზრაჰულის მთების მოხაზულობა, იისფერი ღრუბლები, დაპენტილ მატყლს რომ ჩამოჰგავდნენ, ცაში გამოკიდებული ნამგალა მთვარე, რასაც მის ეზოს მოშრიალე, შეფოთლილი ხეები, მათი დანჯღრეული, მოჟანგული ჭიშკარი და ჭიშკრის მიღმა რამდენიმე ბნელი, ალბათ ცნობისმოყვარეობით აღვსილი ფიგურა დაემატა.

და სილუეტი.

ჭიშკართან ახლოს მდგარი რატი ყარალაშვილის სილუეტი, რომელიც ლუკა თუხარელს დასდგომოდა თავზე.

უსიტყვოდ დაჰყურებდა ყარალაშვილი თუხარელს, თვალები გასციებოდა. ასწეწოდა კულულები, წვერი მოზრდოდა და როგორც ყოველთვის, დაღლილობის დაღი ესვა მის სახეს. მქრქალ ნარინჯისფერ სინათლეში მოყვითალოდ დაფერილიყო მისი პერანგი და გაქუცული მომწვანო შარვალი, მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა.

იქვე გაწოლილი ლუკა თუხარელი ზურგზე გადმოებრუნებინათ. თვალები გაეხილა თუხარელს, აშკარად დარეტიანებული აქეთ-იქით იყურებოდა უაზროდ, საფეთქელსა და ლოყაზე სისხლი ეცხო. მის გვერდით ზრეას თვითმარქვია ექიმბაში, თამარა ღამბაშიძე ჩაჩოქილიყო, იქვე მისი განუყრელი, გადახსნილი პატარა ტყავის ჩემოდანი ედო, რომელშიც ავისმომასწავებლად ლაპლაპებდნენ ათასნაირი მეტალის ინსტრუმენტები. თუხარელს პატარა ფარანს ანათებდა თვალებში თამარა და თან უკმაყოფილოდ აწკლაპუნებდა პირს.

-რამ გადარია ეს ხალხი! – გაიძახოდა ის, თან ალმაცერად აპარებდა ლეილასა და ცაცასკენ მზერას. – რა გაამწარა! ესაა საქმე? დაასახიჩრეს საცოდავი! ასეთი ახალგაზრდა, ლამაზი ბიჭი ლპება ამ უკუღმართ სოფელში, თფუი!

-მართალი ხარ, თამარა. – თქვა ყარალაშვილმა. – აქ კი არა, ციხეში უნდა ლპებოდეს. ამიტომ მიაქციე ყურადღება, იქნება არ მოკვდეს.

თამარამ ამრეზით გადახედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, თუხარელს მიუბრუნდა, ხელში ხელი ჩაჰკიდა და ყურისწამღებად ჩაჰყვირა ყურში, ხელი მომიჭირეო.

სანამ ზრეას ექიმბაში დარეტიანებულ თუხარელს უთანთრაშებდა, ლეილასკენ მოატრიალა თავი ყარალაშვილმა.

მზერა გაუსწორა ლეილამ. ჭიაკოკონობაზე ყარალაშვილის ნაღვერდლებივით აკიაფებულ თვალებში არეკლილი კოცონის ცეცხლი წარმოუდგა თვალწინ.

მინავლებულიყო ის ცეცხლი, მხოლოდღა ლელესის ტბაზე ღვიოდა მკრთალად და მონარინჯისფრო სინათლეს ჰფენდა შემოგარენს, რომელიც ნელ-ნელა იცრიცებოდა მწუხრის მოწითალო იისფერში.

ხმამაღლა სლუკუნებდა ცაცა.

-ადექი და წამოდი. – უთხრა უცებ ყარალაშვილმა ლეილას.

გაკრთა ლეილა. უფრო მაგრად მოხვია ცაცას მკლავი, რომელიც გულმოდგინედ იწმენდდა ხელის ზურგით ცრემლებით გალუმპულ სახეს.

-სად? – ძლივს ამოთქვა მან. – ახლა?

-არა, ხვალ ამ დროს. – ირონიულად ასწია წარბები ყარალაშვილმა. – ჰო, ახლა. ახლავე.

-მე რატომ? – ხმას აუწია ლეილამ. – მე არაფერ შუაში ვარ!

-და ეს რა არის მაშინ? – თუხარელზე მიუთითა ყარალაშვილმა.

-ცაცა კინაღამ მოიტაცა! – შეუყვირა ლეილამ. – რა უნდა მექნა, არაფერი გამეკეთებინა? დამენებებინა?

-არ უნდა დაგენებებინა. – თქვა ყარალაშვილმა. – თავდაცვაში ჩაგეთვლება, მაგრამ მინიმუმ მოწმედ უნდა წამოხვიდე. – თვალები უფრო ცივი და გამჭოლი გაუხდა, დაჟინებით დასცქეროდა. – უკვე მეორედ.

ლეილამ ცაცას გადახედა, რომელიც მის გვერდით იჯდა და გაშტერებული დაჰყურებდა მიწას, არაფრისმთქმელი მზერით. ეტყობოდა, რომ არც არაფერი ესმოდა.

-ცაცას ვერ დავტოვებ. – თქვა ბოლოს. – ხვალ მოვალ.

-არა, ახლა.

-კინაღამ მოიტაცეს და გინდა მარტო დავტოვო?!

-ვინც კინაღამ მოიტაცა, ვეღარაფერს იზამს. – თქვა ყარალაშვილმა, მერე კი აიხედა, გამაყრუებლად დაუსტვინა. – ბესარიონ! გამოდი მაქედან, გხედავ!

უკან გაიხედა ლეილამ. დაიჭრიალა მათი და ბესარიონის ეზოების გამყოფმა კუტკარმა და ბესარიონი შემოიპარა ფეხაკრეფით.

-რატი, შვილო… – დაყვავებით დაიწყო მან. – კი თქვი წადითო მარა სად წავსულიყავი, კინაღამ მიაკლეს აგი ბავშვები…

-ცაცასთან დარჩები ცოტა ხნით. – უთხრა ყარალაშვილმა, მერე კი კვლავ ლეილასკენ მოატრიალა მზერა. – ადექი, ლეილა.

ტანში გასცრა ლეილას. მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა ჯიუტობას. კოჭლ ბესარიონს გადახედა, რომელიც მათკენ მოცუქცუქებდა და ძალა მოიკრიბა, დაბუჟებულ ფეხებს დაებჯინა და ეცადა წამომდგარიყო, თან ცაცა აეთრია.

ბესარიონი წაეხმარა, მხარში შეუდგა ცაცას, რომელიც კვლავ გაშტერებული, გადმოკარკლული თვალებით გასცქეროდა რაღაცას, პირს აცმაცუნებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა.

-წამოდი შვილო, წამოდი, შენ მოგიკვდი, ჯერ საცოდავი მამაშენი, ახლა კიდე კინაღამ შენ მოგკლეს იმ დამპლებმა, ვაი, ვაი, ვაი, რა დღეები დაგვიდგა, შვილო, ვაიიი… – ბუტბუტებდა ბესარიონი, თან შესასვლელისაკენ მიჰყავდა ცაცა.

-მოჰკლეს აბა! -ატყდა თამარა, ხვნეშით ატრიალებდა თუხარელს გვერდზე, რომელსაც ხელახლა წასვლოდა გული და ცარიელი ტიკივით ეგდო მიწაზე. – რა ატყვია მაგას კინაღამ მოკლულის! აგერ ამ ბიჭს გადახედე, ბესარიონ!

-მკვლელებს არ ვწყალობ მე! – დასჩხავლა ბესარიონმა, შესასვლელთან ახლოს დასვა ცაცა, რომელიც მაშინვე მოიკრუნჩხა, ხელებში ჩარგო სახე. – ცემაში უნდა გახეთქო ეგა და მერე ისწავლის ჭკუას! ვაი, ვაი, ვაი, მურკა, მოგიკვდი, შენ მოგიკვდი მეეე!

-თლა გამოგაბენტერა ასაკმა, უტვინო ბერიკაცო! – შეუყვირა თამარამ.

-შენ რო თავიდანვე ბენტერა იყავი, შენ რა გეშველება ნეტა, შე უბედურო! – შეუბრუნა ბესარიონმა, რაზეც თამარამ წამსვე ქოქოლა დააყარა.

თვალი აარიდა მათ ლეილამ, ყარალაშვილს გადახედა, რომელიც უკვე შეჰყურებდა. თავი მთავარი გზისაკენ ააქნია ყარალაშვილმა და შებრუნდა, ჭიშკარს მიაშურა.

საშინლად ტეხდა ყველაფერი ცაცას. ფეხები დაბუჟებოდა მაგარ მიწაზე ჯდომისაგან, მტკივნეულად უფეთქავდა იდაყვი და გვერდი, სადაც აშკარად გვარიანად გადატყავებოდა კანი, როცა მიწაზე დაეხეთქა. მკლავებიც სტკიოდა, თავიც და საერთოდაც აუტანელ დაღლილობას მოეცვა მთელი მისი სხეული.

კანკალით ამოისუნთქა და უკან აედევნა ყარალაშვილს, რომელიც უკვე დაჰყოლოდა მთავარ გზას.

მილასლასებდა ლეილა, ცდილობდა ყარალაშვილს დასწეოდა და გრძნობდა, თუ როგორ სწვავდა ზურგს გზის ნაპირზე ჩამწკრივებული სახლებიდან მეზობლების მზერა.

ისევ იჭორავებდა ხალხი. ისევ დაკითხავდა ყარალაშვილი. ისევ მოუწევდა პოლიციის პუნქტში კარგა ხანი ჯდომა.

როგორღაც ახერხებდა რომ წამდაუწუმ სხვადასხვა ხათაბალაში გახლართულიყო.

მზერა ასწია ლეილამ.

ლელესის ტბის თავზე, ზრაჰულის მთებს შორის მეწამულიღა შერჩენოდა ცას. ნებივრად გაწოლილიყვნენ მუქი იასამნისფერი ღრუბლები, თითქოს დნებოდნენ მოლურჯო იისფერ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში. ვარსკვლავებისა და მათ თავზე გამოკიდებული ნამგალა მთვარის ვერცხლისფერი და ჩასვენებული მზის წითელი სინათლე ებრძოდა ერთმანეთს და მოძლიერებულიყო იხულას მთიდან მონაბერი გრილი ქარი, გვერდზე გაფხრეწილ კაბასა და გაშლილ თმაში უძვრებოდა ლეილას, ცივ ოფლს აშრობდა სხეულზე.

წამიერად გამოხედა ყარალაშვილმა. მწუხრის მოწითალო იისფერს დაებურა მისი ნაკვთები, მეწამულად ალაპლაპებოდა მუქი კულულები და ისევ ისეთი, გაურკვეველი, ცივი, გადაღლილი გამომეტყველება ედო სახეზე.

თვალი აარიდა ყარალაშვილმა, მიბრუნდა და მის მხრებს დააშტერდა ლეილა, მკლავები მაგრად შემოიხვია გულმკერდზე, შემცივნულმა.

უსიტყვოდ, ქვა-ღორღის ხრაშახრუშით მიუყვებოდნენ შარაგზას. ხარისწყალისაკენ გადაუხვიეს და ბუღი აუვიდა მათ ფეხქვეშ დამტვერილ გზას, გამხმარი შლამის სურნელით გაჟღენთილიყო იქაურობა.

ხარისწყალის გამომშრალ კალაპოტზე გადებულ ხიდზე გადაიარეს, ჭრიჭინებდნენ ფიცრები და ხმამაღლა აშრიალებდა გამხმარ, მაღალ ბალახს ქარი.

შრიალებდნენ ვეებერთელა ბუჩქები, ცივ, შავბნელ მწუხრს დაესადგურებინა მათში.

რაღაცამ გაიფაჩუნა, თითქოს ბუჩქებში მიძვრებოდა რაღაც არსება და გააჟრჟოლა ლეილას, ნაბიჯს აუჩქარა რომ ყარალაშვილს მიახლოებოდა.

შორს, ხარისწყალის კალაპოტის გვერდით აზიდული, გამხმარი ფოთლებით შემკული ტირიფის ხეთა გვერდით პოლიციის პუნქტი ამოიწვერა, რომლის ფანჯრებიდან გამოღვრილი ყვითელი სინათლე ფანტავდა ბინდბუნდის იისფერს. ოქროსფერ ხაზად შემორკალოდა შუქი რატი ყარალაშვილის სხეულს, თითქოს ცეცხლისაკენ მიაბიჯებსო.

მიუახლოვდნენ პოლიციის პუნქტს.

და დაგუდული ყვირილი მოესმა ლეილას.

გენადი დუდავას ხმა იყო, რაღაც გაურკვეველს გაჰყვიროდა. ალბათ წეღან მოათრიეს აქ.

თავი გადააქნია ყარალაშვილმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. კარი გააღო და შეაბიჯა, ლეილას ანიშნა, შემოდიო.

და როცა ლეილა შიგნით შეიძურწა, მის ზურგსუკან მიხურა კარი.

მიხურა, ლეილას ჩაუარა და მძიმედ დაეშვა იქვე, ათასი ხარახურითა და ფურცლებით გადატენილ მაგიდასთან, მის მოპირდაპირედ მდგომ თავისუფალ სკამზე მიუთითა.

ჩამოჯდა ლეილა.

უფრო არეული იყო პოლიციის პუნქტი, ვიდრე ახსოვდა. დამტვერილი ფანჯრები გაეღოთ, გრილ ქარს გვარიანად შემოეყარა შიგნით ქინქლების ჯგრო, რომელიც უდრტვინველად შესეოდა ჭერიდან ჩამოკონწიალებულ, მბჟუტავ ნათურას. მაგიდასა და მომცრო თაროებზე ზედახორა იდგა, ერთმანეთზე ახორიალებულ ფურცლებს, კალმებს, ხელით დახაზულ რუკებს, რამდენიმე კიდეებმოცვეთილი რვეულის, წიგნებსა და ათას წვრილმანში კუზიანი ფოტინეს ოქროს ბეჭედი ლაპლაპებდა. კედლებზე უამრავი ფოტოები, დოკუმენტები და სხვადასხვა წარწერებით სავსე ფურცლები გაეკრათ. ფოტინესა და ზაქარია ლორთქიფანიძის გვამების, ცალთვალა რეზოს სახლიდან გადაღებული ზრეას ხედის, თვით ცალთვალა რეზოს, გენადი დუდავას, ცხვრებისა და ლორთქიფანიძეების სახლის გამომტვრეული ფანჯრის ფოტოები დალანდა ლეილამ. იჯდა, მოკრუნჩხული, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და წამდაუწუმ აპარებდა მზერას უკანა ოთახის კარისაკენ, სადაც აშკარად საკანი უნდა ყოფილიყო და საიდანაც გენადი დუდავას უკმაყოფილო ღრიალი და გიორგი ადამიას დაგუდული, აჩქარებული საუბარი გამოდიოდა.

-დვალია იქ. – თქვა ყარალაშვილმა და სასწრაფოდ მოაბრუნა მისკენ თავი ლეილამ. ყარალაშვილმა მაგიდაზე ახორიალებული დასტიდან სუფთა ფურცელი გამოაძვრინა შრიალით, საიდანღაც წვერმოქექილი ფანქარი გამოძებნა და ლეილას წინ დაუდო.

-გაუმკლავდება გენადი დუდავას მერე? – ჰკითხა ლეილამ.

-გენადი დუდავამ მარტო ყვირილი იცის. – თქვა ყარალაშვილმა. – და ქალებთან დიდგულობა.

მერე კი იდაყვებით დაებჯინა მაგიდას, ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მზერა გაუსწორა ლეილას.

მუქი თვალები ჰქონდა, ისეთივე ბნელი, როგორიც ოკეანის ღრმა სიბნელე წარმოედგინა ლეილას.

ანდა უვარსკვლავო, უმთვარო ღამის ცა.

დაჟინებით შეჰყურებდა ყარალაშვილი, ტუჩები მოეკუმა.

დაიძაბა ლეილა. ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი.

-სამნი მოვიდნენ. – თქვა უცებ ყარალაშვილმა.

ნელა დაუქნია თავი ლეილამ.

-თქვეს რამე?

-თუხარელმა უთხრა ცაცას, წამოდიო. და მისი წათრევა სცადა. მეტი არაფერი უთქვამს.

-და რატომ უნდოდა მისი წაყვანა, შენი აზრით?

-იმიტომ რომ დეგენერატია.

-ლეილა… – დაიწყო ყარალაშვილმა და იგრძნო ლეილამ, რომ ჯერ კიდევ ეხამუშებოდა მის მიერ ნათქვამი საკუთარი სახელი.

-ხომ იცი და რატომ მეკითხები? – გააწყვეტინა მან.

-იმიტომ რომ ოფიციალური დაკითხვა მიმდინარეობს ახლა და უნდა მითხრა.

მოიღუშა ლეილა.

-იმიტომ რომ თუხარელს ცაცა მოსწონს რამდენი ხანია. – თქვა ბოლოს. – ორი წველა ყველი აჩუქა ამასწინათ, მაგრამ ცაცამ მისი ყველი უკან მიუგდო და ტლუ დაუძახა. თუხარელი გადაირია და ლორთქიფანიძეებთან მოეთრა. მერე შენ მოხვედი და წაათრიე, რომ აგინებდა იქ ყველას.

-რაღაც გავიწყდება. – თქვა ყარალაშვილმა.

-მავიწყდება? რა მავიწყდება?

-ტლუ მერე დაუძახა ცაცამ. მურკას ორმოცზე.

-რა მნიშვნელობა აქვს, როდის დაუძახა. – გაგულისდა ლეილა.

-როგორ არა აქვს. – მიუგო ყარალაშვილმა. – რა როდის ხდება და როგორი თანმიმდევრობით, ყოველთვის მნიშვნელოვანია. 

-მოკლედ… – მოუყრუა ლეილამ. – ისე გადარია თუხარელი უარმა, რომ მისი ცალტვინა დამქაშებით მოვიდა.

-მერე?

-მერე რა? მოავლო ცაცას ხელი და მისი წათრევა უნდოდა. მე უკან გავეკიდე და გენადი დუდავამ მომაფრიალა გვარიანად. – მობრუნდა ლეილა, თავისი გადაყვლეფილი იდაყვი და გახეული კაბა აჩვენა ყარალაშვილს. ნახევში ნეკნები, თეძოს ძვალი და გახეხილი კანი უჩანდა, რომელზეც უკვე შემხმარიყო სისხლი.

თვალები გადაავლო მის დაზიანებებს ყარალაშვილმა, მერე კი ისევ გაუსწორა მზერა.

მიტრიალდა ლეილა რომ კაბის ნაფხრეწი დაეფარა,  მკლავები მოიხვია მკერდზე.

სციოდა, ხელები უთრთოდა, მაგრამ სისხლმა აასხა სახეში, იგრძნო თუ როგორ წამოწითლდა.

არც კი იცოდა, რატომ.

-მერე კი ქვა აიღე. – თქვა ყარალაშვილმა.  

-ავიღე. – მიუგო ლეილამ. – გენადი დუდავა რასაც აპირებდა, ალბათ მიხვდებოდი. ჰოდა თავში ჩავარტყი. მერე თუხარელს ჩავარტყი ერთი-ორგან რომ ცაცასთვის ხელი გაეშვა.

-თავში ჩაარტყი უმთავრესად. – თქვა ყარალაშვილმა.

მძიმედ მიეყუდა სკამის ზურგს ლეილა.

-კი, ჩავცხე. – თქვა მან. – ღირსი იყო.  

-რატომ ზურგში არა? ანდა მუცელში. ფეხში.

-არ ვიცი. მინდოდა ცაცას მოშორებოდა.

-იმიტომ რომ მაქსიმალურად მეტი დაზიანების მიყენება გინდოდა. – თქვა ყარალაშვილმა, წარბები აზიდა. – ხომ ასეა?

-მინდოდა ცაცას მოშორებოდა. – გაიმეორა ლეილამ, ჯიუტად ასწია ნიკაპი. გული მძლავრად უცემდა, გრძნობდა, თუ როგორ უთრთოდა ხელები. ნერვიულად უცახცახებდა ფეხი და ვეღარ გაეგო, ამ დაკითხვის გამო გახლდათ ეს ყველაფერი თუ იმის გამო, რომ ზურგში უბერავდა ცივი ნიავქარი.

რეტი ესხმოდა, თავი გასკდომამდე ასტკივდა.

-ძალიან კარგად იცი, რა გინდოდა. – თქვა ყარალაშვილმა. – უბრალოდ არ მეუბნები.

-სიმართლეს გეუბნები.

-იტყუები.

-არ ვიტყუები.

-ლეილა… – დაიწყო ყარალაშვილმა და ანაზდად ყელში ამოუვიდა ლეილას, მკერდზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა.

-ნუ მეძახი ლეილას. – დაისისინა მან, რაზეც წარბები აზიდა ყარალაშვილმა.

-სხვა რამე გქვია? – ჰკითხა მან, ირონიულმა ღიმილმა დაუბრიცა ტუჩები.

-შეიძლება წავიდე? – კითხვა შეუბრუნა ლეილამ.

-არ ვიცოდი შენი სახელი თუ არ მოგწონდა. – ისე თქვა ყარალაშვილმა, თითქოს აქაც არაფერიო.

-შენ რა, არ გესმის? შეიძლება წავიდე?

-„შენ“ არა. რატი.

-მკიდია. გამცემ პასუხს?

-არა.

-რატომ?

-იმიტომ რომ არ დაგვიმთავრებია. – თქვა ყარალაშვილმა, სახეზე გადაკრული ოდნავი ირონია მყისიერად ჩამოერეცხა. უკან გადაიხარა, სკამის ზურგს მიეყუდა და კვლავ უსიტყვოდ დააცქერდა მისი ცივი თვალებით.

კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს ლეილამ. მხრები აიწურა, მზერა აარიდა. დაჟინებით დააშტერდა დამტვერილი, დახეთქილი ხის იატაკის ნაპრალებს.

უბრალოდ უნდოდა აქედან წასულიყო.

ზუზუნებდნენ მბჟუტავ ნათურაზე შემოხვეული ქინქლები, შრიალებდნენ ტირიფის ფოთლები და ჯერ კიდევ გამოდიოდა გენადი დუდავას დაგუდული ყვირილი უკანა ოთახიდან.

მერე კი ხმამაღალი ღრჭიალით გაახოხა სკამი უკან ყარალაშვილმა, ფეხზე წამოდგა და გაკრთა ლეილა, მაგრამ მისკენ არ აუხედავს, გაფაციცებით დაშტერებოდა ხის იატაკს. თვალი გააპარა, როცა იქვე, თაროების ქვეშ მიგდებულ, გაცვეთილ სკივრს მიადგა ყარალაშვილი, ღრჭიალით ახადა თავი და შიგნიდან ძველებური, გაცრეცილი, მომწვანო ქურთუკივით რაღაც ამოათრია, ამწყდარი ღილებითა და დალაქავებული გვერდით შემკული.

გადააქნია ქურთუკი ყარალაშვილმა, გაფერთხა.

მერე კი მობრუნდა და ელვის სისწრაფით, სანამ ლეილა გაშტერებული აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს, მხრებზე შემოაცვა.

თვალები გადმოეკარკლა ლეილას, სუნთქვა შეუკავდა ყელში. ცხელმა ჟრუანტელმა ჩაურბინა ხერხემალში, თმა ყალყზე დაუდგა.

წამსვე ახედა ყარალაშვილს, რომელიც თვალმოუშორებლად შეჰყურებდა და ისე ჩამოჯდა მის მოპირდაპირედ, ვითომ აქაც არაფერიო.

მძიმე იყო ქურთუკი და ნაფტალინის, მტვრისა და მოხუცთა სახლების მსგავსი უცნაური სურნელი ასდიოდა.

მაგრამ იფარავდა ლეილას გრილი ქარისაგან, ზურგში რომ უბერავდა.

მობუზული იჯდა, აშკარად ეტყობოდა, რომ სციოდა.. ყარალაშვილმა კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ შესაფერისი ზომები უნდა მიეღო.

რატომ?

მზერა გაუსწორა ყარალაშვილს ლეილამ.

-გციოდა. – თქვა ყარალაშვილმა.

თითქოს მის თავში იჯდა და მის აზრებს კითხულობდა.

მოიღუშა ლეილა, მაგრამ უფრო უკეთ მოიხვია ქურთუკი. სითბოზე უარს არასოდეს იტყოდა.

არაფერი უპასუხია.

კვლავ გადაიჯვარედინა მკერდზე მკლავები ყარალაშვილმა.

-მძიმე დღე გქონდა. – თქვა უცებ.

-მე სულ მძიმე დღეები მაქვს. – წამოილუღლუღა ლეილამ. ის წამოისროლა, რაც ენაზე პირველად მოადგა.

-ზოგს უბრალოდ ეგეთი ბედი აქვს. – თქვა ყარალაშვილმა. – მძიმე. რთული. წარსულიც, აწმყოც და მომავალიც.

კვლავ თვალმოუშორებლად შეჰყურებდა და მოიბუზა ლეილა, ნიკაპამდე აიწია ქურთუკის საყელო. არც კი იცოდა, რისი თქმა უნდოდა ყარალაშვილს ანდა რა უნდა ეპასუხა თვითონ.

-ზრეადან როდის აპირებ წასვლას? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-არ ვაპირებ.

-რატომ? გინდა ყანაში ეგდო და ყოველდღე წელებზე იდგამდე ფეხს? არ გინდა აქაურობას მოშორდე და საშენო ადგილას წახვიდე?

სწრაფად ახედა ლეილამ. ირონიის ნატამალიც არ ეწერა ყარალაშვილს სახეზე. ტუჩები დაწვრილებოდა, მოღუშულიყო. უკმაყოფილო, მოქუფრული გამომეტყველება თითქოსდა უფრო თვალსაჩინოს ხდიდა მის გადაღლილ სახესა და უძილობისაგან ამოსიებულ უპეებს.

-საჩემო ადგილას? – გაიმეორა მან.

-არაა ზრეა საშენო ადგილი.

-ვითომ რატომ?

-ასე მგონია.

-რატომ გგონია? იქნებ მე მომწონს აქ.

-არ მოგწონს. – თქვა ყარალაშვილმა. – აქ სტუმარი ხარ.

უკან გადაიხარა ლეილა, იგრძნო, როგორ შეუთრთოლდა სახის ნაკვთები, ტუჩები დაებრიცა, უფრო მაგრად ჩაებღაუჭა თითებით ქურთუკს.

ყარალაშვილმა იცოდა, რომ ყოველთვის ზრეაში არ უცხოვრია.

მისი სულ პირველი მოგონების გამოკლებით, რაც თავი ახსოვდა ლეილას, ზრეაში ცხოვრობდა.

თუმცა იცოდნენ. ბევრმა იცოდა, რომ ლეილა აქ იფლიჰემიდან გამოაგზავნეს საცხოვრებლად.

თავი გადააქნია ლეილამ. არ უნდოდა ამაზე ფიქრი.

-შენ არავინ გეკითხება, მე რა მინდა და რა არა. – წაიბურტყუნა ბოლოს.

-მე მგონია, რომ აქაურობას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს შენთვის.

-და შენი რა საქმეა, მე ცუდს მომიტანს თუ კარგს?

-მაინტერესებ.

-გაინტერესებ? – წარბები აზიდა ლეილამ.

-ჰო. – თქვა ყარალაშვილმა. ნიკაპი აზიდა, ზემოდან დაჰყურებდა მისი გაურკვეველი, ცივი მზერით.

პირი გამოუშრა ლეილას, უხერხულად შეიშმუშნა. არც კი იცოდა, თუ რა ეფიქრა.

ყარალაშვილი რატომღაც ხშირად ახერხებდა ისეთი უაზრო და გაუგებარი რაღაცების წამოროშვას, რაზეც პასუხს ვერ პოულობდა ლეილა.

-და შენ? – წამოილუღლუღა ბოლოს.

-რა მე?

-შენ არ აპირებ აქედან წასვლას?

-ეგეც დაგავიწყდა. გითხარი, ვაპირებ მეთქი.

ის ღამე გაახსენდა ლეილას, როცა თამილას სახლის ღობის ძირში, ლოდზე იჯდა, ყარალაშვილის გვერდით. ხიდან გამოჩორკნილი მელია გაახსენდა, რომელიც ჯერ კიდევ მისი ბალიშის ქვეშ იყო მიჩქმალული.

-არ დამვიწყებია. მითხარი, რომ მაგაზე ფიქრობდი.

-ახლაც ვფიქრობ. – თქვა ყარალაშვილმა. – საქმეს რომ გავხსნი, წავალ.

-ცალთვალა რეზო უდანაშაულო რატომ გეგონა? – ჰკითხა ლეილამ.

-იმიტომ რომ იყო. მე ასეთ რაღაცებში არ ვცდები.

-ყველაფერი მასზე მიუთითებდა.

-არ მიუთითებდა.

-და ბეჭედი? – ჰკითხა ლეილამ და მზერა გააპარა იქვე, მოჭმუჭნულ ქაღალდებში მიგდებული ბეჭდისაკენ.

მის მზერას გააყოლა თვალი ყარალაშვილმა, ბეჭედი აიღო და თითებში დაატრიალა, უსიტყვოდ დასცქეროდა.

ცალი მხრიდან მოვარდისფროდ, მეორე მხრიდან კი მომწვანოდ ციმციმებდა ძვირფასი ქვა.

-ლამაზი ბეჭედია. – თქვა უცებ ყარალაშვილმა, მერე კი ლეილას გაუსწორა მზერა. – არ მეთანხმები?

-რავიცი. ალბათ. – მხრები აიჩეჩა ლეილამ.

ხელი გამოიწვდინა ყარალაშვილმა.

და წინ დაუდო ლეილას ბეჭედი.

მერე კი უკან გადაიხარა, ხელები ერთმანეთს გადააჭდო.

თვალები დაახამხამა ლეილამ. ბეჭედსა და ყარალაშვილს შორის გააცეცა მზერა.

-აიღე. – უთხრა ყარალაშვილმა.

-რატომ? – ძლივს მოატრიალა პირში ენა ლეილამ. თითქოს ყველაფერი გამოშრობოდა შიგნით, თავბრუ დაეხვა.

-შეგეფერება. – თქვა ყარალაშვილმა, სახის ნაკვთები შეუკრთა, უცნაურმა ნაპერწკალმა გაჰკრა მუქ თვალებში.

და თვითონაც არ იცოდა ლეილამ, თუ რატომ, მაგრამ ქურთუკის ქვეშიდან გამოაძვრინა ხელი და ფრთხილად აიღო ბეჭედი. ჯერ კიდევ შერჩენოდა ოქროს ყარალაშვილის ხელების სითბო.

მარჯვენა ხელის შუათითზე გაიკეთა ბეჭედი ლეილამ. სახსრები გასქელებოდა კოჟრებისაგან, ცოტა გაუჭირდა ზედ ჩამოტევა.

თითები გაშალა, მის თითზე მოვარდისფრო მომწვანოდ მოციმციმე ქვას დახედა.

მართლაც ლამაზი იყო.

მერე კი სასწრაფოდ მომუშტა ხელი, კვლავ ქურთუკში შემალა, მერე კი ყარალაშვილს ახედა.

-სამხილს რატომ მაძლევ? – ჰკითხა მან.

-ეგ სამხილი აღარ არის. – თქვა ყარალაშვილმა.

-ცალთვალა რეზომ არ წაიღო კუზიანი ფოტინეს სახლიდან? – ჩაეკითხა ლეილა.

-წაიღო. – მიუგო ყარალაშვილმა. – მაგრამ მკვლელობასთან არაა კავშირში.

-რატომ?

-იმიტომ რომ სხვა მიზეზით წაიღო.

-და რა მიზეზით?

-რეზოს ფოტინე უყვარდა. – თქვა ყარალაშვილმა.

წარბები შუბლზე აუვიდა ლეილას, თვალები კინაღამ გადმოსცვივდა. პირი დააღო, განცვიფრებულმა.

-ანუ… – წამოილუღლუღა მან.

-ამიტომ დადიოდა რეზო ტყეში. ფოტინეს სტუმრობდა. პირველმა მან ნახა მკვდარი და ბეჭედი წაიღო სამახსოვროდ. – თქვა ყარალაშვილმა.

მერე კი დოკუმენტების დასტაზე მიგდებულ კიდეებმოქექილ რვეულს სწვდა და მაგიდაზე გადმოაგდო, ზედ მიუთითა.

ახლაღა იცნო რვეულები ლეილამ. ცალთვალა რეზოს ქოხში დაენახა.

დღიურები.

აჰა. ნუთუ მართლა რაღაც უაზრო სიყვარულის გამო დაეთრეოდა ცალთვალა რეზო კუზიან ფოტინესთან?

უხერხულად შეიშმუშნა ლეილა.

-ეგ ყველაფერი დღიურში ეწერა? – ჰკითხა ბოლოს.

-ეწერა. და კიდევ ბევრი რამე. – თქვა ყარალაშვილმა.

-და გჯერა? – ირონიული ღიმილი მოაწვა ლეილას.

-რატომ არ უნდა მჯეროდეს? – კითხვა შეუბრუნა ყარალაშვილმა.

-არც კი იცნობ. გიჟია აშკარად. უკვე რამდენი ხანია მარტო ცხოვრობს…

-ცხოვრობდა. – შეუსწორა ყარალაშვილმა.

კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ლეილამ, ყარალაშვილს თვალი აარიდა.

ერთიანად აუზრიალდა თავში ცალთვალა რეზოს სხეულის აუტანელი ხათქუნის ხმა ხერეშის მთის კლდოვან ფერდზე.

-ჰო. ცხოვრობდა. – ჩაილაპარაკა ბოლოს. სხეული ოდნავ შეუთბა, მაგრამ მაინც უთრთოდა ხელები.

მერე კი ყარალაშვილს ახედა.

-ეჭვმიტანილი გყავს? – ჰკითხა მან.

-მყავს. – თქვა ყარალაშვილმა და სკამში წამოიწია ლეილა.

-ვინაა?

-ვერ გეტყვი.

-გენადი დუდავაა ხომ?

-ვერ გეტყვი.

-თუხარელი? ეგ იქნება. ზაქარია ლორთქიფანიძეს ეგ წაეჩხუბა…

-ყოჩაღ. დავხუროთ ბარემ საქმე. – სარკასტულად მიუგო ყარალაშვილმა.

ტუჩები უკმაყოფილოდ მოებრიცა ლეილას, ყარალაშვილს დაუბღვირა, მერე კი ცალთვალა რეზოს დღიურს გადახედა.

-ეს შეიძლება წავიკითხო?

ყარალაშვილმა წამსვე გადააქნია თავი.

-რატომ? – ჩაეკითხა ლეილა. – ასეთი რა უწერია იქ?

-სამხილია. – თქვა ყარალაშვილმა. – არ შეიძლება.

მერე კი დღიურს სწვდა და დოკუმენტების დასტაზე შეაგდო.

თვალი გააყოლა დღიურს ლეილამ, მაგრამ არაფერი უთქვამს.

დადუმდნენ. ვანო დვალს ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა გენადი დუდავას მიჩუმება, მის ღრიალს ნათურის ზუზუნი და ნიავქარში ფოთლების შრიალი ერთვოდა. ქინქლები კვლავ უდრტვინველად დაფარფატებდნენ აქეთ-იქით.

უკანა ოთახიდან გენადი დუდავას ღრიალი და დვალის წივილი გაისმა, რასაც ხმამაღალი ხათქუნი მოჰყვა. გიორგი ადამია ხმამაღლა გაჰკიოდა, გამიყვანეთო აქედან.

-მგონი ვერ უმკლავდება დვალი გენადი დუდავას. – თქვა ლეილამ.

ყარალაშვილს არაფერი უთქვამს, თვალმოუშორებლივ უყურებდა. სკამის ზურგს მიჰყუდებოდა, ერთიანად მოშვებულიყო, რატომღაც უფრო ამოღამებული უჩანდა თვალები ვიდრე ადრე.

მხრები აიწურა ლეილამ.

ისევ ისეთი ცივი თვალები ჰქონდა ყარალაშვილს, გადაგლესილი, ბნელი ოკეანის სიღრმეების მსგავსი.

მზერა აარიდა ლეილამ. ვეღარ უყურებდა ყარალაშვილს, მის თვალებში თავისთვის გაურკვეველ გრძნობას თუ უგრძნობელობას ხედავდა, რისთვისაც სულაც არ უნდოდა თვალის გასწორება.

-ახლა შეიძლება წავიდე? – ჰკითხა ბოლოს.

ზუზუნებდა ნათურა, უფრო ხმამაღლა დაუბერა ქარმა და თვალებში ჩამოუყარა რამდენიმე კულული ლეილას.  

-კარგი. წადი. – თქვა ყარალაშვილმა.  

ნელა წამოიწია ლეილა და წამოდგა ყარალაშვილიც.

-მე თვითონ წავალ. – უთხრა ლეილამ. მაგრად მოიხვია ქურთუკი, ყარალაშვილის მიმართულებით არც აუხედავს, სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა გვერდით. თვალის კუთხეში დაინახა, თუ როგორ წამოიწია მისკენ ელვის სისწრაფით ყარალაშვილმა, პირდაპირ გვერდში ამოუდგა და გაჭიმული სიმებივით დაეძაბა თითოეული ამწვარი ნერვი და სისხლძარღვი ლეილას, ნაბიჯი აერია და კართან შედგა, კედელს მიეყრდნო, რომ არ დანარცხებოდა იატაკს.

არ უნდოდა, რომ ყარალაშვილი გამოჰყოლოდა. არ უნდოდა მასთან იმდენად ახლოს ყოფნა, რომ მისი მშვიდი სუნთქვა გაეგონა და მისი სხეულიდან თბილ ტალღად მომავალი სიცხე ეგრძნო.

თავი დაეხარა, თავის გაჭუჭყიანებულ ფეხებს დაჰყურებდა, მაგრად მოებღუჯა ნაფტალინის სურნელით გაჯერებული ქურთუკი და ისე მძლავრად უცემდა გული, თითქოს მალევე გამოუმტვრევდა მკერდის ძვალს.

ის იყო, ძლივს მოატრიალა პირში გამომშრალი ენა, რომ უკანა ოთახიდან გამაყრუებელი ლაწანი გაისმა, რასაც ვანო დვალის განწირული წივილი და გენადი დუდავას ღრიალი მოჰყვა.

-მგონი იმათ უნდა დახედო. – წაილუღლუღა ლეილამ, ბოლო სიტყვაზე თითქმის წაუვიდა ხმა, ნაწილობრივ ჩაიკარგნენ მისი სიტყვები გენადი დუდავას, გიორგი ადამიასა და ვანო დვალის მიერ ატეხილ ღრიანცელში.

ყარალაშვილის პასუხს არ დალოდებია, ელვის სისწრაფით მოეპოტინა სახელურს, კარი გააღო და გარეთ გახტა, კარი ზურგსუკან მოაჯახუნა.

მერე კი სირბილით დაუყვა შარაგზას.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ მირბოდა.

ალბათ იმის გამო, რომ მასა და ცაცას თავს დაესხნენ.

რომ კინაღამ გაიტაცეს ცაცა და სასწრაფოდ უნდოდა მასთან მიბრუნებულიყო.

რომ კინაღამ გააუპატიურეს თვითონ.

რომ აქ წამოათრია ყარალაშვილმა ამ უაზრო დაკითხვისათვის.

რომ ეს ყველაფერი შეიტყო ცალთვალა რეზოზე.

ანდა ყარალაშვილის გამო.

იმის გამო, რომ ხის მელია აჩუქა. ცხენზე შემოსვა თავისი წყლის ბოთლებიანად და თამილას სახლში მიიყვანა.

ორჯერ შეუჩერა ცხვირიდან სისხლდენა. დაიჭირა, სანამ მიწაზე დაენარცხებოდა ლეილა.

ქურთუკი შემოაცვა მხრებზე და კუზიანი ფოტინეს ბეჭედი მისცა.

იმის გამო, რომ მუქი, თითქოსდა შავბნელი თვალები ჰქონდა. იმის გამო, რომ მუდამ ისე ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცას მალავსო, შეფარვით. იმის გამო, რომ ვერ გაეგო ლეილას, რა უნდოდა ყარალაშვილს. რაზე ფიქრობდა. რისკენ ისწრაფვოდა.

და ფუჭი იყო მისთვის ყარალაშვილის ფიქრების გამოცნობის მცდელობა.

ქოშინებდა ლეილა. ქურთუკის კალთები და მისი თმა ფრიალებდა იხულას მთიდან მონაბერ ცივ ქარში. ვერცხლისფრად კაშკაშებდა ხერეშის მთაზე შემომჯდარი ნამგალა მთვარე და მუქ იისფერ, ბარხატივით ცაზე ციმციმებდნენ ვარსკვლავები, როგორც ხარისწყალის გამშრალ კალაპოტში მიმობნეული ფერად-ფერადი მინის ნატეხები.

გარბოდა ლეილა.

რუხი, შემზარავი სიბნელე უცქერდა თითოეული ბუჩქნარიდან, ხის ვარჯიდან, ღობეების მიღმა შემალული. აშრიალებდა ფოთლებს ქარი და ირხეოდნენ ბუჩქები, თითქოს რაღაც ფათურობსო მათში.

მირჟანი გაახსენდა ლეილას. მირჟანი და თამილას აკანკალებული ხმა, როცა ამბობდა, გამოცოცხლდა ეგ ავი სულიო.

თითქოს მოეჩვენა მირჟანის თეთრი თვალები და გრძელი კიდურები აცახცახებულ ბუჩქებში.

და სულშემხუთველი შიშის ტალღამ გადაუარა თითქოს, სული შეუხუთა.

პირი იბრუნა ლეილამ, სიმწრის ოფლმა დაასხა, გრძნობდა, როგორ ჩამოერეცხა სახიდან სისხლი, გაუსაძლისად შესცივდა. დასჭიმვოდა თითოეული კუნთი და ყოველი ამოსუნთქვა აუტანლად სწვავდა ფილტვებს, გრძნობდა, როგორ ერჭობოდნენ წამახულგვერდიანი კენჭები ფეხებში.

მაგრამ მაინც გარბოდა, ქოშინებდა და გარბოდა.

თამილას სახლთან, ეზოში აღარავინ დარჩენილიყო, როცა ჭიშკარს მიასკდა ლეილა, ჭრიალით გააღო და ზურგსუკან მიიხურა, მერე კი მუხლები მოეკვეთა, ერთიანად გახვითქულს და ხეშეშ ბალახში ჩაემხო.

ცოტა ხანი დამსკდარ, რიყის ქვასავით მაგარ მიწაზე იჯდა, ჭიშკრის ძირში მიყუჟული, სულს ითქვამდა.

ძლიერად უბერავდა ქარი, და სხეულზე გამოჟონილ ცივ ოფლზე მოედო ლეილას, გააჟრჟოლა.

ცარიელი გახლდათ ეზო.

ჩუმად კრიახებდნენ საქათმეში ქათმები.

იქვე, ჭიშკართან ახლოს მოზრდილი ქვა ეგდო.

ქარს ერთიანად დაეზნიქა დამჭკნარი ქრიზანთემები, მუქი ნაცრისფერი რომ დასდებოდათ ეზოს კუთხეში ჩამოწოლილ შუქჩრდილსა და მთვარის ვერცხლისფერ სინათლეში.

ღობის მიღმა, კოჭლი ბესარიონის სახლის ფანჯრებიდან ყვითელი სინათლე იღვრებოდა.

ძალა მოიკრიბა ლეილამ, წამოიწია, არაქათგამოცლილი.

ძლივს შელასლასდა სახლში, კიბეებს ნელა, ქოშინით აუყვა. თითქოს თითოეული მყესი გადაესერათ მისთვის და მხოლოდღა მისი ფარატინა კანი იკავებდა ერთად მის გამომშრალ ძვლებს.

ქურთუკი უფრო მაგრად მოიხვია ლეილამ, ერთიანად კანკალებდა.

სასტუმრო ოთახის კარი ჩუმად შეაღო და ნელა შეაბიჯა.

ცაცა იჯდა ტახტზე. გვერდიდან ეღვრებოდა ფანჯრიდან, თხელი მაქმანის ფარდაში შემოღვრილი მთვარისა და ვარსკვლავების შუქი. ერთიანად ასწეწოდა ღამის შუქჩრდილში გაცრეცილ მეწამულად დაფერილი თმა, მუხლები მკერდთან აეკეცა და მაგრად მოეხვია ზედ მკლავები. ცარიელი, არაფრისმთქმელი თვალებით გაჰყურებდა მოპირდაპირე კედელს.

თავისთვის ტიკტიკებდა საათი და შარიშურობდნენ ეზოში ფოთლები.

ნელა მიუახლოვდა ცაცას ლეილა. იქვე ჩამოჯდა, იატაკზე გაფენილ ლეიბზე.

-ცაცა… – დაიწყო მან.

მისკენ მოატრიალა თავი ცაცამ. ერთიანად შეშუპებოდა ქუთუთოები, თვალები ჩასისხლიანებოდა.

-ბესარიონი მალე წავიდა? – ჰკითხა ლეილამ.

-კი. იქამდე დარჩა, სანამ თუხარელი არ წაათრიეს. – ამოილუღლუღა ცაცამ, თვალები მოისრისა და მთელი გულმკერდით ამოიგმინა. მკლავებზე ლუკა თუხარელთან ძიძგილაობიდან შემორჩენილი, მუქი იისფერი ჩალურჯებები ეტყობოდა, ლოყა, რომელზეც სილა გააწნა თუხარელმა, გვარიანად შესიებოდა.

არაფერი უთქვამს ლეილას, უსიტყვოდ შესცქეროდა.

-მგონი აქედან უნდა წახვიდე, ცაცა. – თქვა ბოლოს.

თვალების სრესას მორჩა ცაცა, აწეწილი თმა გადაიწია უკან და გადმოხედა ლეილას.

-იფლიჰემში? – წაიბურტყუნა ბოლოს.

-ჰო. ბიძაშენის ტელეფონის ნომერი ხომ გიწერია სადმე?

-მიწერია.

-თავართქილაძეებს აქვთ მერე სახლის ტელეფონი.

-და უარი რომ მითხრას ბიძაჩემმა?

-და რომ არ გითხრას?

-წლებია არც კი დავლაპარაკებივარ. – წაილუღლუღა ცაცამ, სახე ხელებში ჩარგო. – მამაჩემი მიკრძალავდა.

-მერე რა? აუხსენი რაც მოხდა. რა გგონია, იმათ ციხეში ჩასვამენ? – ჰკითხა ლეილამ. – თუხარელიც, დუდავაც და ადამიაც გამოძვრებიან, საბოლოოდ ხომ არაფერი მოხდაო, რაღაც გაუგებრობა იყოო, იტყვიან. ცხვედიანთა და თევზაძეების გოგოების ამბავი ხომ გახსოვს?

-მახსოვს. – თქვა ცაცამ, დაგუდული ჰქონდა ხმა სახეზე აფარებული ხელების მიღმა.

-მე მგონია რომ თუხარელი თავს არ დაგანებებს.

-იქნებ დამანებოს. იქნება შენ გაანძრევინე ტვინი, ქვა რომ ურტყი თავში.

-რაღაც მეეჭვება.

არაფერი უპასუხა ცაცამ, ხელები კვლავ მაგრად მოიხვია მუხლებზე.

სიჩუმე ჩამოვარდა. გარეთ ზუზუნებდა ქარი.

-თუხარელი რეანიმობილით წაიყვანეს. – თქვა უცებ ცაცამ. – იფლიჰემის საავადმყოფოში დააწვენენო, თქვეს.

-გვარიანად კი ვუხათქუნე. – თქვა ლეილამ.

-კიდევ კარგი რომ უხათქუნე. – ჩუმად მიუგო ცაცამ. – თორემ წამათრევდა.

მერე კი გადმოხედა ლეილას.

-მადლობა. – თქვა მან.

-არ გინდა რა.

-როგორ არ მინდა. კიდევ კარგი აქ ვიყავი. სახლში რომ ვყოფილიყავი, დედაჩემი თვითონ ჩამსვამდა გენადი დუდავას დაწყევლილ მანქანაში.

-კაი. – თქვა ლეილამ. – აღარ გვინდა ამაზე. დაისვენო უნდა.

და მიწვა ცაცა. მუხლები აეკეცა, ერთიანად მოკრუნჩხულიყო, მაგრად გადაიფარა სხეულზე ზეწარი.

მიწვა ლეილაც. ქურთუკი არ მოუშორებია, მკერდზე გადაიფარა, ლეიბზე გაშოტილმა.

ალმაცერად შეჰყურებდა ცაცა.

-ეგ მოსაცმელი საიდან? – ჰკითხა მან.

ოდნავ შეყოყმანდა ლეილა. რატომღაც უხერხულად იგრძნო თავი.

-ყარალაშვილმა მომცა. – თქვა ბოლოს და წარბები აზიდა საპასუხოდ ცაცამ.

-რატომ?

-ციოდა იქ და გამოძებნა საიდანღაც. რატომ მეკითხები? დაიძინე რა.

-კაი ხო. – თქვა ცაცამ, უფრო უკეთ მოეწყო ტახტზე და მაგრად ჩაიხვია ნიკაპის ქვეშ ზეწარი, თვალები მილულა. – აღარ გკითხავ.

მართლაც აღარაფერი უკითხავს ცაცას.

და მალევე შეერია საათის ტიკტიკს, მაქმანის ფარდის შრიალსა და ფოთლების შარიშურს მისი წყნარი ფშვინვა.

ჭერს აჰყურებდა ლეილა. ხელები ამოაძვრინა ქურთუკიდან, მარჯვენა მკლავი ზემოთ აღმართა. ვერცხლისფერი სინათლე მოეფინა მის თითებს, დაკოჟრილ სახსრებს, ხელის მტევანსა და მაჯას, რომელზეც ჯერ კიდევ აჩნდა ნაკაწრები. ხელი ოდნავ მოაბრუნა ლეილამ და მქრქალ მოვარდისფრო-მომწვანოდ აციმციმდა მის შუათითზე მორგებული, ოქროში ჩასმული ძვირფასი ქვა.

ცოტა ხანი უსიტყვოდ შეჰყურებდა ქვის ლიცლიცს ლეილა, სანამ ხელი არ გადაეღალა.

მერე კი გვერდი იბრუნა, ფანჯარას ზურგი შეაქცია. ქურთუკი მაგრად მოიხვია მხარზე, ოდნავღა გრძნობდა ქსოვილზე შერჩენილ ნაფტალინის სურნელს.

თვალები დახუჭა.

და მალევე წაართვა ძილმა თავი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ცოცხალი იყო წყალი. ცოცხალი იყო და მისი ნაკადი უდრტვინველად მიუყვებოდა დახეთქილი კოშკურის ნაპრალებს. კოშკურები ბევრი იყო, ერთი, ორი, სამი, ათი, ასი, უამრავი, წყლის შეხებაზე მრავლდებოდნენ, სანამ უზარმაზარი სასახლე არ ამოიწვერა შლამიდან. სასახლეც ცოცხალი იყო, დერეფნებში მრგვალი ქვები დაგორავდნენ, რომელთაც ფეხდაფეხ მიუყვებოდა მურკა. ხანდახან რომელიმეს წამოეწეოდა და კლანჭებს ჩაასობდა, და საპნის ბუშტებივით, ნაპერწკლებად სკდებოდნენ ქვები, ცხელ ნაღვერდლებსა აფრქვევდნენ აქეთ-იქით, სანამ ნაცრისფერმა კვამლმა არ დაახრჩო თითოეული ქვა და წყლის ნაკადი. სარდაფში ფერად-ფერადი ინსტრუმენტები ეკიდა კედელზე და იცოდა ლეილამ, რომ აქ ის ქალი უნდა მოსულიყო, რომელმაც მურკა მიუქსია ქვებს.

მალევე გამოდნა კედელში ქალი, თოფი გადმოიღო და ლეილას დაუმიზნა, მაგრამ ლეილა არ იყო ლეილა, ვიღაც კაცი იყო, რომელიც უსიტყვოდ იდგა და უყურებდა, გამჭოლი ცისფერი თვალებით. პირი გააღო კაცმა რაღაცის სათქმელად, მაგრამ იჭექა თოფმა, და სიბნელე გამოიფრქვა ლულიდან, რომელმაც თითქოს ყველაფერი შეისრუტა შიგნით, ინსტრუმენტები, კედლიდან აგლეჯილი ქვები, თვითონ კედლები და მთელი სარდაფი, სანამ არ ჩამოიფშვნენ ზედ დაშენებული კოშკურები, აორთქლდა წყალი და კუნაპეტში მხოლოდღა შორს მოციმციმე ორი ნაღვერდალი დარჩა, რომლებიც გაიცრიცნენ, გაიფანტა ნარინჯისფერი შუქი და ჩადიოდა მზე. მიფრინავდა ლეილა, ჰორიზონტის მიღმა გადაჰყვა მზეს, უკან ფეხდაფეხ მოსდევდა ცოცხალი წყლის ნაკადი და მურკა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა. უზარმაზარი გახდა მურკა, პირი დააღო რომ დაეკნავლა, მაგრამ მხოლოდ გრგვინვა ამოუვიდა ხახიდან, გრგვინვა, რომელსაც ღრუბლები, ელვა და ქუხილი მოჰყვა, რომლის ხმა ლეილას არ ესმოდა.

მერე კი კლანჭები მოიმარჯვა მურკამ და სახლი, რომელიც ძალიან ჰგავდა თამილას სახლს, მიწას მოაგლიჯა, ვეებერთელა, ცაში ატყორცნილ ხეზე შემოდო. წვრილი და დრეკადი იყო ხე, აქეთ-იქით ქანაობდა და თან მიჰყვებოდა სახლი, მაგრამ არ აპირებდა ჩამოვარდნას. თოფის ლულის სიბნელეში შესრუტული ინსტრუმენტებიდან გამოაძვრინა ლეილამ ნაჯახი და ძირში მოჭრა ხე, მაგრამ არ ჩამოვარდნილა სახლი, სადღაც გაფრინდა, შორს, ღრუბლებში ჩაიკარგა, მის ადგილას კი ხახადაღებული საფუძველი დარჩა, სადაც მხოლოდ მატლები დაფუთფუთებდნენ.

ბოსტანში ტყე აღმართულიყო, მის წინ კი, ქრიზანთემებისა და ყვითელი ვარდებით შემოჯარული, ადამიანისსახა ირემი იდგა. უკანა ორ ფეხზე შემომდგარიყო, თეთრი თვალები და ბუდეებიდან ამოგდებული ყბები ჰქონდა და აბლაბუდით შეემკოთ მისი ქორბუდა რქები ობობებს.

იყურებოდა ადამიანისსახა ირემი, ენა გაასავსავა, რაღაცის თქმა უნდოდა. გადმოთელა ყვითელი ვარდები და გამოიქცა, ელვის სისწრაფით.

თვალები გაახილა ლეილამ.

თვალწინ ყველაფერი უცურავდა, ვერც კი დაინახა შემოგარენი. ერთგვარ, მომწვანო-მოცისფრო ლაქად ქცეულიყო ყველაფერი, რომელსაც ნაცრისფერი ელფერი დაჰკრავდა.

რაღაც ძალიან ხეშეშსა და მაგარზე იწვა, გრძნობდა, თუ როგორ დაჟეჟოდა გვერდი და თეძო. თავი გასკდომამდე სტკიოდა და ისე დამძიმებოდა კიდურები, თითქოს ტყვიისაგან ყოფილიყო გამოჭედილი.

გაჭირვებით წამოიწია ლეილა, თვალები დაახამხამა.

პირველი, რაც დაინახა, მის თავზე, მწვანე ფოთლებს შორის ნაცრისფერი ცის ნაგლეჯი იყო. ძლიერად უბერავდა იხულას მთიდან გრილი ქარი, აშრიალებდა ბუჩქნარს, ხეებს და ცის კამარაზე დაგორგლილ ღრუბლებს მიაგორებდა.

მოიხედა ლეილამ. ღობესთან, ქრიზანთემების ბუჩქის ძირში იწვა. რამდენიმე მომჭკნარი, ქრიზანთემის ყვავილის ვარდისფერი ფურცელი ეგდო მის გარშემო.

ციოდა, და ოდნავი ნაფტალინის, შმორისა და წვიმას მოყოლებული სველი მიწის სურნელი ეცა ლეილას.

ის ქურთუკი ეცვა. ღილებამწყდარი, მომწვანო, გაქლექილი.

და გვერდზე გაფხრეწილი კაბა.

ნელა წამოჯდა ლეილა.

იჯდა და უსიტყვოდ აჰყურებდა ცას.

ღამე ადგა ალბათ და ეზოში გამოვიდა სუფთა ჰაერზე.

და იქვე დაეძინა.

ადამიანისსახა ირემი დაესიზმრა, რომლის სახე ჯერ კიდევ ვერაფრით იცნო.

ყველაფერი სტკიოდა, შეაჟრჟოლა.

თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა.

გრძნობდა.

მალე მოვიდოდა წვიმა.

6 thoughts on “მირაჟი (თავი 6)

  1. ღმერთო არვიცი როგორ შეგიძლია ასე წეროო აღფრთოვანებული ვარ ეს რაღაც საოცრეებაა რომლის კითხვის დროსაც არ ვიღლები და არ მყოფნის მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს❤️

    Like

  2. ძალიან კარგი თავი იყო ბევრი სიახლით და უფრო დამაფიქრა. ლეილას სიზმრები ნელნელა ცხადდება მაგრამ მაინც მგონია რომ მკვლელი სულ სხვაა. დაკითხვის ეპიზოდი ძალიან მერომანტიულა და ბეჭდის გადაცემის ეპიზოდი კიდე.
    იფლიჰემში გზავნის რადგან ეშინია კიდევ რამე არ დაუშავდეს ლეილას😊❤️
    ძალიან საყვარლები არიან🫠

    Like

  3. საინტერესო
    იყო თითქმის ყოველ დღე ველოდებოდი ისე გამიხარდა რო ვნახე 😄 ერთ წუთში დავამთავრე. იმედია ლეილა არაა მკვლელი

    Like

  4. უჰაა.. ყოფის აუტანელი სიმსუბუქე….კომენტარის დაწერას ბოლოს ვაპირებდი მაგრამ…იმდენი მრავალმხრივი ზღვა ემოცია მოიტანე ,გაოცებულიც და გაბრაზებულიც ვარ ცხოვრების ამაოებაზე,ამ ერთ ისტორიაში იმდენი რამ ხდება, ადამიანის იმდენნაირი სახეა ,მკითხველი გულგრილი ვერ დარჩება..არ ვიცი რას წავიკითხავ შემდეგ თავებში მაგრამ ამ ერთ თითქოს დაწყევლილ სოფელში სადაც ყველა ყველაფერს ეგუება და მძიმე ტვირთი აქვთ ლეილასთვის ერთი ნათელი წერტილი ყარალაშვილია ..უჰჰჰ მძიმე და საინტერესო ისტორიაა წასაკითხად…

    Like

  5. და მე ისევ გაურკვევლობაში ვარ😳😳 ვერ ვწყდები კითხვას,ორ წამს ვნახავ და მოვქრი წასაკითხად😄
    პ.ს. ლეილა რამდენი წლისაა?

    Like

Leave a reply to Tamako Misireli კომენტარის გაუქმება