მირაჟი (თავი 5)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეხუთე თავის თემა

V – Fire and Men

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

სახლი ცარიელი გახლდათ. თუმცა მთლად ცარიელი არა, კედლები იყვნენ შიგნით. კედლები და თვითონ. მიწა არ იყო, ოდნავ დაბურულ მინაზე იდგა, რომლის ქვეშ თვალუწვდენელი ცა და ღრუბლები მოჩანდნენ. კედლებზე წყალი წურწურებდა და ნელ-ნელა ივსებოდა სახლი, სანამ წელამდე არ მისწვდა და მაშინღა მოიფიქრა ლეილამ, რომ კარი უნდა გაეღო, თუმცა აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან გარედან შემოხეთქეს ზღვის ტალღებმა, იმ თვალუწვდენელი ზღვის, რომელიც სახლს ყოველი მხრიდან შემორტყმოდა. რეზინის კედლები გაიჭიმნენ და გაიბერა ბუშტივით სახლი, ვეღარ იტევდა წყალს. ფეხი დაჰკრა მინას ლეილამ, გაამტვრია და უსასრულო სივრცეში გაექანა.

სივრცე კანკალებდა, თითქოს სუნთქავდა, მის გარშემო იზრდებოდნენ და იკუმშებოდნენ ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები და მთელი კოსმოსი, ამავდროულად იცოდა, რომ პაწაწინა ყუთში იყო გამოკეტილი და იგუდებოდა. გულმკერდში ჩაიყო ხელი, ნეკნებს მიღმა გააძვრინა თითები და დახვდა ის ბლანტი, ღრმა სიცარიელე, რომელშიც მხოლოდ მატლები დაფუთფუთებდნენ. რამდენიმე მატლი მობღუჯა და გამოაძვრინა ლეილამ, რომლებიც წამსვე მიადგნენ ყუთის კუთხეს, გამოღრღნეს. ისევ გულმკერდში ჩაიყო ხელი, ნეკნები გადაამსხვრია და ერთიანად შენთქა შიგნით მყოფი ბლანტი სიცარიელე, სანამ თვითონაც პაწაწინა მატლად არ იქცა, და გამოღრღნილ კუთხეში გაძვრა.

მატარებელში იყო. თვითონ ერთ ბოლოში, მეორეში კი იცოდა, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი ქალი უნდა ყოფილიყო. ნელა მიუყვებოდა ვაგონებს, სანამ იმ ქალს არ გადაეყარა. ქალს თეთრი თვალები და სახეზე სქელ ბალნად ამოსული თმა ჰქონდა. თმა მომაცილეო, უთხრა მან, მაგრამ ლეილამ იცოდა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. ამიტომ თავი მიანება და მდინარეში გადაეშვა, რომელშიც ის ქალი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა, ისე სწრაფად, რომ მთელი წყალი თან მიჰქონდა, ვეებერთელა მძვინვარე ტალღები აჰყვნენ მის ხელებს, თმას, და მდინარე ამოატრიალა ქალმა, სანამ შიშველ კალაპოტში არ იდგა ლეილა. კალაპოტში, რომელშიც კენჭების მაგივრად პაწაწინა, მინიატურული ცხოველები დაფუთფუთებდნენ. კუებს, აწრიპინებულ ჟირაფებსა და ქათმებს შორის მურკა გაარჩია ლეილამ, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა, იზრდებოდა, იზრდებოდა, სანამ ადამიანისხელად არ იქცა, იჯდა და ყვითელი თვალებით შეჰყურებდა ლეილას, მერე კი კლანჭით ვერცხლის ძეწკვი ჩამოგლიჯა ყელიდან, რომელიც ხმამაღალი ხრიგინით დაეცა მიწაზე, რადგან ქვების აცმა იყო.

პირი დააღო მურკამ და მის ხახაში შორეული ტყე დაინახა ლეილამ, რომლის პირას ადამიანისსახა ქორბუდა ირემი იდგა ორ ფეხზე. ჩლიქების ნაცვლად ხელები და ფეხები გამოზრდოდა. უზარმაზარი რქები ჰქონდა, რომელთა შორის ვერცხლისფერი აბლაბუდა გაბმულიყო ალაგ-ალაგ და ვეებერთელა, შავბნელი, დაფჩენილი ხახა. უფრო ახლოს იდგა, ვიდრე ადრე, მის თეთრ თვალებს არჩევდა ლეილა და ხვდებოდა, რომ იცოდა, ვინც იყო, მაგრამ ამავდროულად არა.

ადამიანისსახიანმა ირემმა შემზარავი ბღავილი ამოუშვა და მისკენ გამოიქცა, ისე ქანაობდნენ ჰაერში მისი მკლავები, თითქოს სახსრებიდან მოწყდებაო.

და გაქცევა უნდოდა ლეილას, მაგრამ ვერაფრით გაინძრა, ქვემოთ რომ დაიხედა, ფეხები აღარ ჰქონდა.

მერე კი გამოეღვიძა.

ქშინავდა. წამსვე იგრძნო, თუ როგორ დაცვაროდა ცივი ოფლით ზურგი.

იატაკზე იწვა, ზეწარში გამოხვეული. თბილმა ნიავმა შემოუბერა ღია ფანჯრიდან, ფარდა ააშრიალა და გააკანკალა ლეილას.

ნელ-ნელა წამოიწია, წამოჯდა. თავი უსკდებოდა. თვალი ძლივს შეაჩვია ფანჯრიდან შემოღვრილი გარიჟრაჟის მქრქალ სინათლეს. ჭიკჭიკებდნენ ჭინჭრაქები, უბერავდა ქარი და მუქ იისფერ ცაზე მუქ ლაქებად დაღვენთილიყო ფრინველთა მწკრივი, რომელიც მალევე მიიმალა თვალთახედვიდან.

შუბლი მოისრისა აცახცახებული ხელით ლეილამ. გვერდი საშინლად დაბუჟებოდა იატაკზე წოლისაგან, რის ვაივაგლახით აძვრა ტახტზე და ხვნეშით წამოგორდა, ფანჯარას ზურგი შეაქცია.

მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული საათი არხეინად ტიკტიკებდა და თვალები გაუშტერდა ლეილას.

ისევ მურკა დაესიზმრა.

მურკა, სხვა დანარჩენი მინიატურული ცხოველების ზღვაში.

ის ბალნიანი ქალი, მდინარე რომ თან მიჰქონდა.

და ადამიანისსახა ირემი.

მოიღუშა ლეილა, თვალები მაგრად დახუჭა. სიზმარში იცოდა, რომ ეცნობოდა იმ ადამიანის სახე, მაგრამ ახლა ვეღარაფრით გაიხსენა. თითქოს იმ უღრან, ბნელ ტყეში ჩადნა და გაიცრიცა ადამიანისსახა ირემის თითოეული ნაკვთი, მხოლოდ ჩლიქების ნაცვლად გამოზრდილი ხელ-ფეხი, თეთრი თვალები, შავბნელი ხახა და რქებზე გაბმული აბლაბუდა ახსოვდა.

უსიამოვნოდ გასცრა ტანში ლეილას.

აშკარად ბორგავდა ძილში, მაგრამ რატომღაც იატაკზე დაბერტყებამაც კი ვერ გამოაღვიძა.

ამ ბოლო დროს ძალიან მალე იღლებოდა. აუტანელმა გვალვამ, თითქმის ყოველდღე ამოდენა გზაზე წყლის თრევამ და უამრავმა საქმემ მთლად გააცალა ქანცი.

თუმცა, ცოტა მინელებულიყო გვალვა. ზრეაში ხმა დარხეულიყო, ელამ ლამარას არეთა თავართქილაძისათვის ჭიაკოკონობის მერე დიდი წყალი უწინასწარმეტყველებიაო და ყველანი გამალებით ელოდნენ წვიმას.

მალევე იქნებოდა ჭიაკოკონობა.

მალე მიილეოდა ზაფხული.

გასრულდებოდა ეს გვალვა.

და შემოდგომის ცეცხლი მოეკიდებოდა იხულას მთას.

და ესღა იყო ამჯერად მთელი ზრეას საზრუნავი. გვალვა, ლასარეიშვილებისა და თავართქილაძეების დაუსრულებელი კინკლაობა და იმაზე ფიქრი, ბაბუნაშვილები როდის აამუშავებდნენ ბოლოს და ბოლოს წისქვილს.

ერთი-ორჯერ გაეგონა ლეილას, თუ როგორ ლაპარაკობდნენ ცალთვალა რეზოზე, რომელიც ჯერ კიდევ პოლიციის პუნქტში გამოეკეტათ, თავისი ბედის მომლოდინე, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ მალე ივიწყებდა ზრეა მის ნამოქმედარს.

ანდა უნდოდა დაევიწყებინა.

მაგრამ თვითონ არ ავიწყდებოდა. არც ბიცოლამისს. არც ცაცას.

არც კოჭლ ბესარიონს. საწყალი მოხუცი მთლად გატყდა, სახლიდან აღარც გამოდიოდა, იჯდა და მურკას დასტიროდა. ლეილას მიჰქონდა მისთვის ცოტა საჭმელი და წყალი, რამდენჯერმე ეცადა ენუგეშებინა, მაგრამ უშედეგოდ, ბესარიონს მხოლოდ შავ ჩარჩოში ჩასმული მურკას ფოტო აინტერესებდა.

არ ავიწყდებოდა და არც არასოდეს დაავიწყდებოდა.

არც რატი ყარალაშვილს ავიწყდებოდა. აჩრდილივით დაძრწოდა ზრეაში.

ამ ბოლო დროს, სადაც არ უნდა გაეხედა ლეილას, შარაგზაზე, ლურჯამთაზე, დამშრალი ხარისწყალის პირზე თუ ყანებში, სულ ყარალაშვილი ეჩხირებოდა თვალში.

ყარალაშვილი აქეთ-იქით დაეხეტებოდა თავისი ქურანით, რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა თითქოს.

ღამითაც კი გაეგონა ლეილას, თუ როგორ წკარუნებდნენ კენჭებზე ცხენის ფლოქვები, როცა ყარალაშვილი შარაგზაზე ჩაივლიდა.

თუმცა, ალბათ გასაგები იყო ეს ყველაფერი.

რატი ყარალაშვილს ეგონა, რომ ცალთვალა რეზო უდანაშაულო გახლდათ. ალბათ პოტენციურ ეჭვმიტანილს ეძებდა, იმედოვნებდა რომ სადმე იპოვიდა.

იმის მიუხედავად, რომ საცოდავი კუზიანი ფოტინეს მკვლელი უკვე პოლიციის პუნქტის საკანში გახლდათ გამოკეტილი.

რატომ ეპარებოდა ეჭვი მის ბრალეულობაში რატი ყარალაშვილს? ლეილას აზრით ყველა არსებული სამხილი ცალთვალა რეზოზე მიუთითებდა.

ნუთუ რამე გამორჩა ლეილას? ნუთუ იყო ისეთი რამ, რაც ყარალაშვილმა იცოდა და თვითონ ვერ ხვდებოდა?

ეს იყო ერთადერთი რამ, რითაც შეეძლო გაემართლებინა რატი ყარალაშვილის გიჟური საქციელი.

კანკალით ამოიხვნეშა ლეილამ, გულმკერდი ამოაყოლა სუნთქვას. დაძაბული ფიქრების მიუხედავად ცოტა დამშვიდდა, სიზმრიდან გამოყოლილი შიში დაუცხრა.

იჯდა ტახტზე, ზეწარი მაგრად შემოეხვია სხეულზე და ცას გაჰყურებდა, რომელსაც ნელ-ნელა ჩამოერეცხა მუქი იისფერი, რომელიც აღმოსავლეთით წითლად დაფერილმა ცისფერმა შეცვალა.

საკმაოდ თბილოდა. აუტანელი სიცხე იქნებოდა დღესაც, გვალვას ჯერ კიდევ ღრმად გაედგა თავისი ფესვები ზრეას მიწაში.

ხალვათი, რეცხვისაგან გალეული ტილოს კაბა გადაიცვა ლეილამ. უცებ მოითავა სააბაზანოში თავისი საქმე და უჩუმრად ჩაიპარა პირველ სართულზე, არ უნდოდა თამილა გაეღვიძებინა, რეზინის კალოშები აითრია და ეზოში გაფლატუნდა.

შორს, აციმციმებული ლელესის ტბის თავზე იდგა ნარინჯისფერი მზე, გარიჟრაჟის ნებიერ ქარს დაებერა იხულას მთიდან, წუილით მიჰქროდა, ხეებსა და ბუჩქნარს აშრიალებდა. ჭიკჭიკებდნენ გულწითელები და შორიდან ცხვრების გამწარებული ბღავილი ისმოდა, რასაც მათ მაღალ, გადამხმარ ბალახში კუტკალიების სიმღერა ერთვოდა. კრიახებდნენ ქათმები და ხმამაღლა ტკარცალებდნენ ქარში სარეცხის თოკზე გადაფენილი ზეწრები.

შეისუნთქა ლეილამ. ქარს ზაფხულის სიცხის, მტვრის, გადამწიფებული გულაბი მსხლისა და ქრიზანთემების სურნელი დასდევდა.

კალოშები გაიძრო ლეილამ, სამზარეულოდან სიმინდის ტომსიკა გამოჩხრიკა, გამთბარი წყლით სავსე სათლი ამოიღლიავა და ეზოში გავიდა სწრაფი ნაბიჯით. ქათმებს სიმინდი დაუყარა, ნაზიბროლას თივა, მერე კი წყალი დაუსხა, რასაც ელვის სისწრაფით დაესივნენ ქათმები და აბღავლებული ნაზიბროლა. მერე კი ფეხშიშველამ გადაჭრა გადამხმარი სარეველებითა და ყვავილებით გადავლილი მინდორი.

გახუნებული მზისა და ცხელი ღამის სურნელი დაჰკრავდათ სარეცხის თოკზე გაბმულ ზეწრებს. ვაშლის ხის ზროზე მიყუდებული ტაშტი გადმოატრიალა ლეილამ და ნელ-ნელა ჩამოხსნა გალეული ზეწრები, დალაქავებული საცვლები, ტილოს შარვლები და გაწელილი პერანგები.

ერთი პერანგი ხმარებისაგან რამდენიმე ადგილას გაფხრეწილიყო. უნდა შეეკეთებინა, აქამდე ვერაფრით გამოეძებნა ამისათვის დრო.

სახლთან, ჩრდილში მიათრია ტაშტი, სამზარეულოს თაროებიდან სამკერვალო ნივთებით სავსე თუნუქის ყუთი გადმოიღო და შემოსასვლელში ჩამოჯდა თბილ ქვაზე. მხარზე ჩამოფხრეწილი პერანგი კალთაში ჩაიდო და ნელ-ნელა შეუდგა მის ამოკემსვას.

ეს და რამდენიმე ზეწარი უნდა შეეკეთებინა.  პერანგი ძალიან დალაქავებულიყო, რამე ახალი უნდა მოეფიქრებინა ამ ლაქების ამოსაყვანად.

ბოსტანი უნდა მოერწყა. გარჩეული სიმინდი უთავდებოდათ, ტაროები უნდა გამოეძებნა საკუჭნაოდან და გაერჩია. სასწაულებრივად გადარჩენილი ჭარხლის ნერგები უნდა მოერწყო. სააბაზანოში ტაშტი სავსე გახლდათ, ისიც მისახედი იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სარეცხისათვის გაემეტებინა მხოლოდ ამჯერად წყალი. გვალვა რომ ჩაივლიდა, მერე დარეცხავდა დანარჩენს.

რამდენიმე ბოთლი წყალი დარჩათ მხოლოდ, რომელიც ორიოდე დღე თუ გასტანდა. უნდოდა თუ არა, მოუწევდა ისევ გაძეძგილი ბადე-ტომარას თრევა ოთხ კილომეტრზე.

იმ დღის მერე, რაც რატი ყარალაშვილი ლელესის ტბაში დაინახა, ტბისაკენ არც კი იხედებოდა, როცა იქ ჩადიოდა. უბრალოდ ფაცაფუცით ავსებდა ბოთლებს და უკან მოდიოდა. ორჯერ გადაეყარა ყარალაშვილს შარაგზაზე შემთხვევით და ორჯერვე შესთავაზა მეცხვარემ, ქურანს ავკიდოთო ბადე-ტომარა, მაგრამ წამსვე იუარა ლეილამ.

რატი ყარალაშვილის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. არაფერში სჭირდებოდა მისი დახმარება, და არც ის სურდა ლეილას, რომ რამენაირად უკეთ გაეცნო იგი, რადგან გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში გარევა კარგს არაფერს მოუტანდა. სჯობდა ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ადრე.

თუმცა, ამავდროულად ხვდებოდა, რომ არაფერი, ვერაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე. თითქოს ჩაიარა მურკას, ცხვრებისა და კუზიანი ფოტინეს მკვლელობამ, თითქოს დაისაჯა ზრეაში აქამდე გაუგონარი არეულობის შემომტანი ცალთვალა რეზო, მალე მიილეოდა აუტანელი გვალვაც და თითქოს ისე დადგებოდა შემოდგომა, ვითომც არაფერი მომხდარიყო.

გადამხმარ, გადამწვარ მიწას წამსვე მოალბობდა წვიმის გრილი კოცნა, გადაყვითლებული ბალახის ადგილას სიმწვანე ამობიბინდებოდა, კვლავ შეისხამდა ხორცს ხარისწყალის ცარიელი, გამომშრალი ჩონჩხი და უკვალოდ გაქრებოდა გვალვა, მაგრამ ვერანაირი წყალი ვერ გადარეცხავდა ზრეას მეხსიერებაში ამომწვარ მოგონებებს.

თვალები გაუშტერდა ლეილას. ცალთვალა რეზოს ქოხი, ფოტინეს ბეჭდის ნახევრად ვარდისფრად, ნახევრად მწვანედ აციმციმებული ძვირფასი ქვა, თოფის ლაპლაპი და ლულის სიბნელე წარმოუდგა თვალწინ.

სიბნელე, რომელიც უკვე მეორედ იხილა.

ხელი აუთრთოლდა ლეილას და შეხტა, როცა თითში ნემსის ჩხვლეტა იგრძნო.

წამსვე გააგდო ხელიდან ნემსი. პაწაწინა სისხლის წვეთს გამოეჟონა არათითზე.

წამსვე პირში იტუცა თითი ლეილამ. მეტალის უსიამოვნო გემო იგრძნო ენაზე.

ესღა აკლდა. ისედაც გაუხეშებული და დაკაწრული ჰქონდა ხელები მუშაობისაგან.

იჯდა ცოტა ხანი. ნაჩხვლეტზე მაგრად დაეჭირა თითი, ქარში მოშრიალე ხეებს, ქრიზანთემებს, აქეთ-იქით მოხტუნავე კუტკალიებსა და ცას გაჰყურებდა, რომლის აღმოსავლეთით უკვე იღვენთებოდა გარიჟრაჟის წითელი სინათლე მონარინჯისფრო ცისფერში.

სისხლდენა რომ შეუწყდა, ნელ-ნელა განაგრძო პერანგის ამოკერვა ლეილამ. კბილებით გაწყვიტა ძაფი, როცა მორჩა, ნემსი ძაფის გორგალში გაუყარა, მერე კი ნელ-ნელა შეუდგა სარეცხის დაკეცვას.

ის იყო, ბოლო ზეწარს მიადგა და მოშრიალე ფოთლებში გადმოღვრილმა, ცის კამარაზე მცოცავი მზის სხივებმა თვალი მოსჭრეს, რომ ჩოჩქოლი ჩაესმა ლეილას.

შარაგზიდან მოდიოდა. სამეზობლოში რაღაც გაურკვეველი გადასძახეს ერთმანეთს, რასაც ვიღაც ქალის ხმამაღალი შეცხადება მოჰყვა, ვაი, რას მელაპარაკებიო, გაჰყვიროდა.

ტანში გასცრა ლეილას. გვერდზე გადადო სასწრაფოდ ტაშტი და წამოდგა, ფეხშიშველამ ელვის სისწრაფით მიაშურა ჭიშკარს. მთავარ გზაზე რამდენიმე მისი მეზობელი გარბოდა, და მაშინვე შეუერთდა მათ.

ყოველ ნაბიჯზე თითქოს უფრო გამალებით ხლეჩდა ჰაერს ლორთქიფანიძეების შესახვევში ატეხილი ღრიანცელი, სადაც ხალხი მოგროვებულიყო, ქალები მუხლებზე ხელებს იტყაპუნებდნენ, კაცებს მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინათ და მჭმუნვარე გამომეტყველებით აქნევდნენ თავებს.

მათ რიგებს შეუერთდა ლეილა. გაფაციცებული გაჰყურებდა ლორთქიფანიძეების ფართოდ მოღებულ, მწვანედ შეღებილ ჭიშკარს, რომლის მიღმა ვიღაც კაცები ყაყანებდნენ, რასაც მართა პაპიაშვილის ლეილასათვის უკვე ნაცნობი გაბმული, სასოწარკვეთილი ტირილი ერთვოდა.

გულმა რეჩხი უყო ლეილას.

ლორთქიფანიძეებში რაღაც მოხდა.

რა უნდა მომხდარიყო?

იქნებ ცუდად იყო ვინმე?

იქნებ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა?

არა, არა. ცალთვალა რეზო საკანში იყო გამომწყვდეული. მისი დაკავებით უნდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი.

თვალები გააცეცა, მაგრამ ახლო-მახლოში ვერსად დალანდა ცაცა.

აჩოჩქოლებულ ხალხში გაძვრა, ჭიშკარში შეკრებილ კაცებს გვერდი აუარა და ელვის სისწრაფით მიაშურა ლორთქიფანიძეების სახლს.

თითქოს ყველაფერი ისეთი იყო, როგორც ადრე, არც არაფერი შეცვლილიყო. კვლავ თეთრად ქათქათებდა ლორთქიფანიძეების ვეებერთელა სახლის გადაღებილი კედლები, თვალისმომჭრელად ლაპლაპებდნენ გაპრიალებული ფანჯრები, მწვანე სახურავი და უდრტვინველად შრიალებდა სახლზე შემორტყმული ხეხილი.

მაგრამ სახლის მარცხენა მხარეს, კუთხესთან ახლოს, ძირს გაშხლართული, უძრავი სხეული ეგდო, რომელსაც ოთხი კაცი შემოხვეოდა. ხმამაღლა გაჰყვიროდნენ რაღაცას, ვახტანგ ლასარეიშვილი, ვარაზ თავართქილაძე, ვანო დვალი და ლოთი ზურაბ ყარალაშვილი იცნო ლეილამ. იქვე, მიწაზე მართა პაპიაშვილი დამხობილიყო, წითური თმა ერთიანად გასწეწოდა და ხმამაღლა ტიროდა, ვაიმე, რა მეშველებაო. იქვე, კაცებთან ახლოს იდგა ცაცა, რომელსაც თომა შემოხვეოდა წელზე, ორივენი უსიტყვოდ დაჰყურებდნენ გვამს.

ნაბიჯს აუჩქარა ლეილამ, თითქმის გაიქცა.

ზაქარია ლორთქიფანიძის მეტი ვერავინ იქნებოდა.

ცაცას თვალები გაშტერებოდა. არც კი შეინძრა, როცა გვერდში ამოუდგა ლეილა, გვამს დაჰყურებდა, მაგრამ აშკარად ვერაფერს ხედავდა. 

მწვანედ მოხასხასე ბალახსა და მზის შუქზე აციმციმებულ მინის ნამსხვრევებში გულაღმა იწვა ზაქარია ლორთქიფანიძე. წელზევით შიშველი იყო, დახეთქილი ტუჩები გალურჯებოდა. ფეხები გადაეჩაჩხა, წითელი საცვალი ეცვა მხოლოდ. პირი დაეღო და მისი ცარიელი, გამშრალი თვალები იყურებოდნენ სადღაც, უმისამართოდ. სისხლით მოთხუპნულ, ხშირი ბალნით დაფარულ ვეებერთელა მუცელზე, ჭიპთან ახლოს ჭრილობა მოჩანდა, რომლის კიდეებზე უკვე შემხმარიყო აგურისფერი სისხლი და ზედ არხეინად მოეკალათებინათ მწვანედ მოლაპლაპე ბუზებს. ცვილისმაგვარი იყო მისი გაფითრებული კანი, ზუსტად ისეთი, როგორიც კუზიან ფოტინეს ჰქონდა და ჯერ კიდევ მშვენივრად იცოდა ლეილამ, თუ როგორი ცივი, შემზარავი იქნებოდა, ახლა რომ შეხებოდა მის სხეულს.

ზემოთ აიხედა. მეორე სართულზე ფანჯრის მინა გამომტვრეული იყო.

ალბათ ჯერ დაჭრეს, მერე კი იქედან გადმოაგდეს ზაქარია ლორთქიფანიძე.

ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში ლეილას.

ესე იგი ჯერ კიდევ არ დამთავრებულიყო ეს ამბავი.

მურკა. ცხვრები. კუზიანი ფოტინე.

ახლა კი ზაქარია ლორთქიფანიძე.

პირი გამოუშრა ლეილას. ტანში გასცრა, გული გამალებით უბრაგუნებდა მკერდში. კაცების ყაყანი და მართა პაპიაშვილის სასოწარკვეთილი ტირილი მის უთავბოლო ფიქრებში ისე აღრეულიყო, რომ არც კი იცოდა, რა უნდა ეფიქრა.

მკლავზე ფრთხილად შეეხო ცაცას. ცაცამ ოდნავ მოატრიალა საპასუხოდ თავი, მაგრამ თვალები მაინც ისევ იმ გაურკვეველ წერტილზე გაშტერებოდა, სადღაც, სიცარიელეში.

-ცაცა… – დაუჩურჩულა ლეილამ და ფრთხილად მოჰქაჩა მკლავზე, თომას დახედა, რომელიც მაგრად ეხვეოდა წელზე დას. ხმას არ იღებდა თომა, მაგრამ ცრემლების ნაკვალევი აჩნდა ლოყებზე და გული მოეწურა ლეილას. – ცაცა, წამოდი, წავიდეთ აქედან…

-ახლა რა გავაკეთო? ახლა რა გავაკეთო?! – გაჰყვიროდა მართა პაპიაშვილი, შეშლილი თვალებით შესცქეროდა ქმრის გვამს. – რაღა ახლა დაგამიწეს! რაღა შენ გაგიყარეს დანა!

-ეს რა ხდება, კაცო! – ხელებს იქნევდა აშკარად გვარიანად შეშფოთებული ვარაზ თავართქილაძე. – ზურაბა, ბიჭო, ესაა საქმე? ესაა საქმე? გაგვაგებინე, რა ხდება ბოლოს და ბოლოს!

-რა გინდა, კაცო? – ძლივს ამოიბლუკუნა ლოთმა პოლიციელმა, აშკარად დილით უკვე რამდენიმე ბოთლის გადაკვრა მოესწრო. – მე რისთვის მომადექი?  

ვანო დვალმა ისეთი მოჟამული სახით გადახედა მას, აშკარა გახლდათ რომ ყელში ჰქონდა უკვე ამოსული ზურაბ ყარალაშვილის შტერული გამოხტომები. 

-აბა ვის მივადგეთ? – თვალებს აბრიალებდა ვახტანგ ლასარეიშვილი. – აბა ვის მოვთხოვოთ პასუხი? რა ჩემ ფეხებს მიკეთებთ? შენი შვილი სად აგდია კიდე!

-ბატონი რატი მალე მოვა… – წაიბურტყუნა ვანო დვალმა, მაგრამ მას ყური არავინ ათხოვა, ვახტანგ ლასარეიშვილი ისევ თავისას მიერეკებოდა.

-ეს რა ხდება? რა ხდება? – ბღაოდა ის. – აბა ცალთვალა რეზოო? გამაგებინე კაცო, როგორ კლავს ხალხს აგი კაცი, თუ საკანში გყავთ გამოკეტილი? გამაგებინე, თქვენ ხართ უმაქნისები თუ აგი კაცია უდანაშაულო?

-ყველა სამხილი ბატონ რეზოზე მიუთითებს! – წამოიფოფრა ვანო დვალი, აშკარად არ ესიამოვნა რომ მათში ეჭვი შეიტანეს.

აჰა. ესე იგი ყველას არ უმხელდა თავის ეჭვებს რატი ყარალაშვილი. ვანო დვალისათვის რომ ეთქვა, ცალთვალა რეზო უდანაშაულო მგონიაო, დვალი ალბათ წამსვე გაათავისუფლებდა ცალთვალა რეზოს, ბოდიშსაც მოუხდიდა და თვითონ გააცილებდა სახლის გზაზე.

-რას მიუთითებს, სად მიუთითებს, შვილო? – ატყდა ვარაზ თავართქილაძე. – აბა იმას თუ მეტყვი, გამოკეტილი კაცი რო ხალხს კლავს, ეგ რას ნიშნავს?

-რომ თანამზრახველი ჰყავს! – წამოიძახა ვანო დვალმა, მაგრამ წამსვე მოიბუზა, როცა ვარაზ თავართქილაძემ თვალები დაუბრიალა.

-მაგ განდეგილს ისე ყავს ზრეაში თანამშრომელი, როგორც შენ გიდევს ტვინი თავში! – აყვირდა ის. – რატი სადაა?  იმას გოგრა მაინც არ ადევს მხრებზე! უტვინოებო თქვენ!

ყაყანი ატეხეს კვლავ, გაგულისებული ზურაბ ყარალაშვილი უყვიროდა, რაებს მიბედავო, და ვანო დვალი უბამდა მას გულითადად მხარს.

მოუყრუა ლეილამ. ცაცას გაშტერებული თვალების დანახვისას მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მისი აქედან წათრევის მცდელობას. ზაქარია ლორთქიფანიძის გაშხლართულ გვამს გადახედა და იქვე ჩაიჩოქა ფრთხილად, მის მუცელზე მიყენებულ მოგრძო, გამშრალ ჭრილობას დააცქერდა, რომლის ღია, წითელ ხახაში გადახლეჩილი კუნთები, აგურისფერი სისხლი და გამშრალი, ყვითელი კანქვეშა ცხიმის ფენა მოჩანდა.

შეეზარა ლეილას, თმა ყალყზე დაუდგა, ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში.

თომამ სლუკუნი ატეხა, მართა პაპიაშვილი კვლავ გაჰკიოდა, რაღა ახლა მიგაკლესო. ვარაზ თავართქილაძე და ვახტანგ ლასარეიშვილი ზურაბ ყარალაშვილს უყვიროდნენ, მართა პაპიაშვილი გაჰკიოდა და ყაყანებდა ჭიშკართან შეჯგუფული ხალხი. იხულას მთიდან მონაბერ ქარში ხეხილის შრიალი, ყურისწამღები ჩოჩქოლი და შემზარავი დანაშაულის მიერ მოგვრილი, ძვლებში გამჯდარი ცივი შიში ფატრავდა ზაფხულის ამ მშვენიერი დილის სიმშვიდეს, როცა ალიაქოთს ცხენის ჭიხვინისა და მძიმე ნაბიჯების ხმა დაემატა.

ჭიშკრისაკენ გაიხედა ლეილამ.

რატი ყარალაშვილი მოაბიჯებდა, გაქვავებული სახით. ელვის სისწრაფით გადმოჭრა მინდორი, ზაქარია ლორთქიფანიძის გვამს მიუახლოვდა, შემოუარა და დააცქერდა, წარბშეკრული.

ლოთი პოლიციელი, ვანო დვალი, ვარაზ თავართქილაძე და ვახტანგ ლასარეიშვილი წამსვე გაისუსნენ, მართა პაპიაშვილი მოთქვამდა მხოლოდ გაბმით. უკან დაიხია ლეილამ, სულაც არ უნდოდა რატი ყარალაშვილს თვალში გაჩხეროდა.

ზემოთ აიხედა ყარალაშვილმა, ჩაფშვნილი ფანჯარა მოათვალიერა.

-ბატონო რატი… – წამოიკნავლა ვანო დვალმა.

-ყველა, ვინც მოწმე, პოლიციელი ან გამომძიებელი არ არის, ახლავე წადით აქედან! – დაიყეფა ყარალაშვილმა.

ლეილას შეავლო მზერა, მაგრამ არაფერი უთქვამს, წამსვე ბრძანებების გაცემას მიუბრუნდა.

დაფაცურდა ვანო დვალი და ბურტყუნით გაეცალნენ ნელ-ნელა იქაურობას ვარაზ თავართქილაძე და ვახტანგ ლასარეიშვილი, მართა პაპიაშვილი ტომარასავით ასწიეს და ხელით გაიყვანეს ეზოდან. უბედურ ქვრივს გაბმით კივილი უკვე შეეწყვიტა, და ისეთი სახე ჰქონდა, რომ აშკარად გული მისდიოდა. თომამ ხელი უშვა დას და სლუკუნით აედევნა დედამისს, ლეილამ კი მაგრად ჩაავლო ცაცას მკლავში ხელი და მოქაჩა, იქედან წაათრია.

თან ცაცას ექაჩებოდა, თან მალ-მალე გაჰყურებდა ყარალაშვილს, რომელმაც ზაქარია ლორთქიფანიძის გვამის გვერდში ჩაიჩოქა, მერე კი გასწორდა, სახლის კუთხეს შემოუარა და ელვის სისწრაფით ავარდა აივანზე.

ალბათ ის ოთახი უნდა ენახა, რომლიდანაც ზაქარია ლორთქიფანიძე გადმოაგდეს.

თვალი აარიდა ბოლოს ლეილამ, გაშტერებულ ცაცას გადახედა, რომელიც მის გვერდით მოფრატუნებდა.

-ცაცა… – დაუჩურჩულა მან. ჭიშკართან ერთი ამბავი აეტეხათ, გულწასულ მართა პაპიაშვილს უნიავებდნენ, ვიღაცა გაჰკიოდა, ნიშადური მოიტანეთო, ქალები ხმამაღლა ატირებულ  თომას ამშვიდებდნენ და რამდენიმე ცაცასაც მოადგა, შენ მოგიკვდით, შვილოო.

ხმა არ გასცა მათ ცაცამ, ლეილას მოუბრუნდა, ცარიელი თვალები მოაპყრო. ისეთივე შორეული მზერა დაინახა მათში ლეილამ, როგორიც ზაქარია ლორთქიფანიძისა და კუზიანი ფოტინეს არაფრისმთქმელ თვალებში.

ტანში გააცია.

-წავიდეთ აქედან. – უთხრა ცაცამ, მის გარშემო შემოხვეულ ქალებსა და მათ შემოთავაზებებს, ჩვენთან წამოდი შვილოო, ყური არ უგდო. – შენთან რომ დავრჩე ხომ შეიძლება?

უსიტყვოდ დაუქნია თავი ლეილამ, თვალი თომასა და მართა პაპიაშვილის მიმართულებით გააპარა.

-ლასარეიშვილები მიხედავენ. – უთხრა ცაცამ და მიბრუნდა, მათზე შემოხვეული, აყაყანებული ქალების რკალი გაარღვია და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა შარაგზას, ცნობისმოყვარე ჯგროს კითხვებს აინუნშიც კი არ აგდებდა. ფეხდაფეხ აედევნა მას ლეილა.

მთავარ გზაზე გაუხვიეს, აღმართს აუყვნენ.

უკვე ცხელოდა. ზრაჰულის მთის თავზე შემოსკუპებულიყო თაკარა მზე, ოხშივარი ასდიოდა თითქოს დახეთქილ მიწას და იხულას მთიდან მონაბერი ქარი ათრთოლებდა დახუთულ ჰაერს. შრიალებდნენ ფოთლები, არ ცხრებოდა მათ უკან, ლორთქიფანიძეების მოსახვევში ატეხილი ყაყანი და მათ ფეხქვეშ შხრიალებდნენ კენჭები.

შიშველ წვივებზე კანი ასწვოდა ლეილას, მისი მუხლების გარშემო ფრიალებდნენ ტილოს კაბის კალთები. მონაბერ ქარში თრთოდა ცაცას ღია მწვანე სარაფანი და მისი წითური თმა, მზის შუქში ცეცხლმოკიდებულს რომ ჰგავდა.

მის ზურგს შესცქეროდა ლეილა, უკან მისდევდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეთქვა.

თუმცა ახლა ალბათ არ ჰქონდა არაფრის თქმას აზრი.

მამამისი ყოველთვის სძულდა ცაცას. სძულდა, იმიტომ რომ ზაქარია ლორთქიფანიძე ყოველთვის თავის მუშტებს იყენებდა სახლში წესრიგის დასამყარებლად. სძულდა, პირველ რიგში იმიტომ რომ უვარგისი მამა იყო, სძულდა ისევე, როგორც ტვინგამორეცხილი დედამისი.

თუმცა, რაც არ უნდა უმაქნისი მამა და გამგებელი ყოფილიყო, ფული მაინც შემოჰქონდა. მართა პაპიაშვილს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ხელი არ გაენძრია.

არც ცაცას. ცაცა ყოველთვის ეხმარებოდა და მუშაობისათვის მზად იყო, მაგრამ არასოდეს დაჰყვებოდა მის გარჯას მუდმივი მუშაობის საჭიროებისაგან უკვე კარგა ხნის წინანდელი, ძვლებში გამჯდარი გადაღლილობის ელფერი. ის სიმსუბუქე დასდევდა, რომელიც მხოლოდ უზრუნველობაში გამოზრდილ ადამიანს შეეძლო ჰქონოდა. მისთვის ყანასა და ბოსტანში მუშაობა, მუხლჩაუხრელად თოხნა და ბარვა, რწყვა და გამარგვლა მხოლოდ დროის გასაყვანი საშუალება იყო და მეტი არაფერი, რაც შეეძლო სახლში წასვლისას დაევიწყებინა.

არა. ასე არ უნდა ეფიქრა. წარმოდგენაც არ ჰქონდა ლეილას, თუ რას ფიქრობდა ახლა ცაცა.

ამიტომ ხმას არ იღებდა, უბრალოდ უკან მისდევდა ცაცას.

თამილას სახლის ჭიშკარში შეუხვია ცაცამ. წაიფორხილა და შემოსასვლელთან დაეშვა, დაკეცილი ზეწრებითა და ტანსაცმლით სავსე ტაშტის გვერდით.

მძიმედ ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.

ფრთხილად მიუჯდა გვერდით ლეილა. ტილოს კაბის კალთები მაგრად გადაიჭიმა მუხლებზე, ფეხები მკერდთან ახლოს აიკეცა. მზე თვალებსა და კანს სწვავდა, და გრძნობდა, თუ როგორი ნოტიო იყო მისი კანი კისერზე, ნაწნავის ქვეშ.

თავი ჩაქინდრა, თავის დამტვერილ ტერფებს დააცქერდა. წვივებზე მზე მოჰკიდებოდა, ჭორფლი დაჰყროდა კოჭებთან და ძალიან ფერმკრთალი მოჩანდა მის გვერდით ჩამომჯდარი ცაცას ფეხები მის კანთან შედარებით.

დაკაწრული, გაუხეშებული ხელები დაისრისა ლეილამ. მათ მაღალ ბუჩქნარში ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები, ჯერ კიდევ კარგად ესმოდა ლორთქიფანიძეების სახლთან ატეხილი, ოდნავ მინავლებული ჩოჩქოლი, რომელსაც ურმის ჭრიჭინი და ცხენის ფლოქვების წკარუნი ერთვოდა.

-ვერაფერი გავიგონე. – თქვა უცებ ცაცამ. – დაჭრეს, იყვირებდა ალბათ. მერე ფანჯრიდან გადააგდეს. მე კი ვერაფერი გავიგონე.

-შენ მოშორებით გძინავს. – თქვა ლეილამ. – რას გაიგონებდი.

-დედაჩემი სულ კეტავს კარებს. – თქვა ცაცამ და მისკენ მიატრიალა თავი ლეილამ. გაშტერებული იყურებოდა ცაცა, ფრჩხილებს იკვნეტდა, ერთიანად გაფითრებულიყო. – ის ვიღაცა შემოვიდა. რაღაცნაირად შემოაღწია და ისე მოკლა მამაჩემი, რომ ვერაფერი გავიგე.

-რომ გაგეგო, რას იზამდი? – ჩაეკითხა ლეილა. – შეაჩერებდი?

-რამეს ვიზამდი! – აყვირდა ანაზდად ცაცა. – არაფერს ემჯობინებოდა, გამიგე?

წამიერად ხმა არ გასცა ლეილამ. ცაცას გაშტერებულ, ცივ მოცისფრო-მომწვანო თვალებს შეჰყურებდა.

-ის ცივსისხლიანი ვიღაცა შენც მოგკლავდა. – თქვა ბოლოს. – მამაშენს კი ვერაფერს უშველიდი. კარგია რომ ვერაფერი გაიგე.

მოიღუშა ცაცა, პირი იბრუნა. თვალებს სწრაფ-სწრაფად ახამხამებდა.

-ცაცა… – დაიწყო ლეილამ. – ძალიან ვწუხვარ…

-არა, არა. შენ ვერ ხვდები. – წაიბურტყუნა ცაცამ. – მამაჩემის სიკვდილი ახლა ჩემთვის თავისუფლებაა.

-მერე რას აპირებ?

-არ ვიცი. არც კი ვიცი ახლა რა იქნება.

-ჯერ არაფერი არ იქნება. – თქვა ლეილამ. – ის იქნება, რაც უნდა იყოს, როცა ვინმე კვდება.

-არ მინდა. – თქვა ცაცამ. – დავიღალე. ნეტავ უბრალოდ დამარხოს დედაჩემმა.

არაფერი უპასუხია ლეილას. არც კი იცოდა, თუ რა ეთქვა.

-ესე იგი… ცალთვალა რეზო არაფერ შუაშია? – თქვა უცებ ცაცამ.

-როგორ იქნება. – თქვა ლეილამ. – იქ იყო გამოკეტილი.

-ანუ… შევცდით? – გადმოხედა ცაცამ.

-აშკარად. – თქვა ლეილამ. ხელებს ისრესდა, თითქმის გადაიმტვრია თითები. – არც კი ვიცი როგორ… ყველაზე ლოგიკური ეგ იყო. ბეჭედი სხვანაირად როგორ აღმოჩნდებოდა იქ?

-იქნებ მოიპარა. ტყეში ხომ დაეთრეოდა.

-ყარალაშვილი ხვდებოდა. – თქვა ლეილამ. – მითხრა.

-რა, ის ლოთი? რა გითხრა?

-არა, არა. რატი ყარალაშვილმა. ეგონა რომ ცალთვალა რეზო უდანაშაულო იყო.

-და საიდან იცოდა?

-რა ვიცი. ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოო. შეიძლება არ იცოდა, უბრალოდ იფიქრა. დარწმუნებული კი ჩანდა.

-რა მნიშვნელობა აქვს? – წამოიძახა ცაცამ. – რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობს და რას არა? ვიღაც ცივსისხლიანი ჯერ კიდევ აქეთ-იქით დაძრწის და ხალხს კლავს! ეგ კი რამეს ფიქრობს?

-კარგი რა, ცაცა. მისი ბრალი კი არაა…

-დამნაშავე რომ დაეჭირა, ეს აღარ მოხდებოდა.

-აბა მამაჩემის სიკვდილი ჩემთვის თავისუფლებააო?

-არ ვიცი. – თავი გააქნია ცაცამ. ხელები უთრთოდა, სახე მოისრისა. ძალიან გაფითრებულიყო. – არ ვიცი. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.

-გინდა წამოწვე? – ჰკითხა ლეილამ, ნელა წამოიწია ფეხზე. – დაისვენე ცოტა.

-თქვენთან? – ამოხედა ცაცამ.

-აბა იქ გინდა რომ მიბრუნდე?

-არა. ბიცოლაშენი რას იტყვის მერე?

-რა უნდა თქვას? ხო იცი როგორ გელაქუცება.

ცაცამ თვალები გადაატრიალა, დაიფრუტუნა.

-ეგ იმიტომ რომ გამგებლის შვილი ვარ. – თქვა მან. – ვიყავი. ახლა კიდე ღმერთმა იცის, რას იტყვის და რას იფიქრებს.

-რაც უნდა ის თქვას. – წამოენთო ლეილა. – ვერ გაგაგდებს.

რამდენიმე წამი არაფერი თქვა ცაცამ, მხრები აიჩეჩა მხოლოდ, მერე კი ხელი გამოუწოდა.

ხელი ჩასჭიდა ლეილამ და წამოაყენა, მერე კი სახლში შეუძღვა.

შესასვლელთან გაიძრო თავისი სანდლები ცაცამ, იქვე მიაწყო. ჩუმად აირბინეს ჭრიჭინა კიბეებზე და ჩაიარეს დერეფანი. სასტუმრო ოთახის კარი შეაღო კარი ლეილამ, ტახტზე მიუთითა ცაცას.

-მიდი. – უთხრა მან. – საჭმელს ამოგიტან. ჭადი და ყველი გინდა? გამხმარი კია ჭადი.

-მინდა. – უთხრა ცაცამ, ტახტზე მძიმედ ჩამოჯდა, საკუთარ მუხლებს ჩაჰყურებდა.

წამიერად არ გაინძრა ლეილა. იცოდა, რომ საშინლად უვარგისი იყო ახლა თვითონ, იცოდა, რომ საკუთარი წარსულის მიუხედავად, ვერასოდეს გაიგებდა, თუ რას ფიქრობდა ცაცა.

ამიტომ მიტრიალდა და ჩუმად გამოიხურა ზურგსუკან კარი.

კიბეებისაკენ მიბრუნდა და კინაღამ ადგილზე შეხტა, როცა იქვე ატუზული, თეძოებზე დოინჯშემორტყმული თამილა შემოეფეთა, რომელიც მოწკურული თვალებით შემოსცქეროდა.

-რა ხდება, გოგო? – დაუყეფა მან. – ეს რა ხმები ისმის? ცაციკოს ხმა მომესმა კიდე, რატო ამოიყვანე?

-ზაქარია ლორთქიფანიძე მოკლეს. – თქვა ლეილამ.

თამილამ თვალები ჭყიტა. ერთიანად გადაფითრდა, ხელები წამსვე წაიშინა მუხლებში.

-ვაი, ვაი, ვაი, ვაი! – შეიცხადა მან ხმამაღლა და წამსვე მოიქუფრა ლეილა. ცაცას ახლა სიმშვიდე სჭირდებოდა, და არა თამილას დატირება. – ეს რა მესმის! ეგ რეზო გამოიქცა? ცხრაკლიტულში უნდა ჩაესვათ ეგ გიჟი ეგა!

-არა, ცალთვალა რეზოს არ უქნია.

თამილამ კიდევ უფრო დაქაჩა თვალები.

-ხო ვამბობდი! ხომ ვამბობდი! – აბღავლდა ის და უსიამოვნოდ მოიჭმუხნა ლეილა. – მირჟანია! წყეული მირჟანი! სხვა ვერავინ იქნება! დაიწყევლოს მისი სახელი, ჩამოეთრა და შემოეჩვია სისხლის გემოს!

-ბიცოლა… – დაიწყო ლეილამ.

-არ უნდა ბიცოლა მაგას! – დაუცაცხანა თამილამ. – აბა ვინ დაძვრება ასე აჩრდილივით რომ აქამდე ვერ დაიჭირეს, ჰა? გამაგებინე, ვინ? გეუბნები, ნამდვილია მირჟანი და აგერ, დაძრწის აქეთ-იქით! ჩვეულებრივი კაცი რო ყოფილიყო, აქამდე დაიჭერდნენ!

უნდოდა ეთქვა ლეილას, რატი ყარალაშვილი ეძებს მარტო მკვლელს და მაგასაც კეფაზე არ აბია თვალებიო, მაგრამ იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა გაცეცხლებულ თამილასთან ლაპარაკს, ამიტომ არჩია ენაზე კბილი დაეჭირა.

 -ეგ ძეწკვი არასოდეს მოიხსნა, გამიგონე? – თითი დაუქნია თამილამ და ინსტინქტურად შეავლო ლეილამ ხელი მის ყელზე ჩამოკიდებულ ვერცხლის ძეწკვს. – ეგ დაგიცავს, გესმის? მირჟანს თვალებს ამოსწვავს!

-ვიცი, ბიცოლა. – თქვა ლეილამ. – ისედაც არასოდეს ვიხსნი.

-ცაციკოსაც უთხარი, რამე ვერცხლის გამოძებნოს და გაიკეთოს… – დაიწყო თამილამ, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო, შეყოვნდა ანაზდად, ლეილასკენ გადმოიხარა, თვალებმოწკურული. – მამამისი მოკვდა და აქ რატომაა?

-აბა მამამისის გვამს უნდა უყუროს? – კბილებში გამოსცრა ლეილამ.  

-საცოდავ დედამისთან არ უნდა იყოს ახლა? – თვალები დაუბრიალა თამილამ.

-სადაც უნდა, იქ იქნება.

-და რა გამოდის, აქ უნდა დარჩეს? – ხელები ერთმანეთზე შემოჰკრა უკმაყოფილო სახით თამილამ. – ესაა საქმე? ეგეც უნდა ვარჩინო?

და წამსვე წამოუტივტივდა თავში ლეილას, თუ როგორ იჯდა რატი ყარალაშვილის გვერდით ბესარიონის ეზოში, ძელსკამზე. 

როცა მის ფულზე ჰკითხა ყარალაშვილმა.

სისხლმა აასხა ანაზდად თავში, თვალებში წამიერად ჩამოუბნელდა.

-მგონი ჩემი ფული ყველას ეყოფა. – დაუსისინა მან. – არა?

თამილამ ისე დაიხია უკან, თითქოს სახეში შემოარტყესო. გაღიზიანებისაგან აფორაჯებული სახიდან ელვის სისწრაფით ჩამოერეცხა სისხლი, ერთიანად გაფითრდა, ნიკაპი აუკანკალდა.

-შენი ფული არ არსებობს! – წამოიყვირა ანაზდად. – მე გარჩენდი და მე გარჩენ, გამიგონე, გოგო?

ტუჩები მაგრად მოკუმა ლეილამ. მოღუშული შეჰყურებდა.

პასუხს არ დაელოდა ბიცოლამისი, თვალი აარიდა და მიბრუნდა, მძიმე ნაბიჯებით ჩაირბინა კიბე.

ღრმად სუნთქავდა ლეილა, მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა. ყბები ისეთი ძალით დაეჭირა ერთმანეთზე, რომ გრძნობდა, როგორ უსიამოვნოდ გაიღრჭიალეს კბილებმა, ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.

რასაკვირველია. თამილა არასოდეს არაფერს აღიარებდა. როგორც ყოველთვის.

მაგრამ ლეილას არაფერი ავიწყდებოდა. ყველაფერს იმახსოვრებდა, რაც საჭირო იყო.

ნელა დაუყვა კიბეებს, თან გამალებით, ფრთხილად აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს, მაგრამ თამილა არსად ჩანდა. ალბათ ბრბოსაგან ჭორების გასაგებად გავარდა ლორთქიფანიძეებთან.

სამზარეულოში შეიპარა ლეილა. თეფშზე გამხმარი ჭადის ნატეხები, წათხიდან ამოღებული ჭყინტი ყველის ნაჭერი და გადამწიფებული პომიდორი დააწყო, ბოთლიდან გამთბარი წყალი ჩამოასხა ჭიქაში და მიბრუნდა, კიბეებზე აირბინა.

სასტუმრო ოთახის კარის სახელური იდაყვით ჩამოსწია და ფრთხილად შეაბიჯა შიგნით.

ცაცა ტახტზე იწვა, ფანჯრისაკენ ექცია პირი. სიცხის მიუხედავად ზეწარი გადაეფარებინა და მოკუნტულიყო, მუხლები გულმკერდთან ახლოს აეკეცა. ნიავი ოდნავ ათრთოლებდა მაქმანის ფარდას, თაკარა მზის სხივები შემოჭრილიყვნენ ფანჯარაში და ანაზდად სული მოეხუთა ლეილას, ძლივს ამოისუნთქა, თითქოს საშინელი სიმძიმე აწვა მკერდზე, ხელები აუთრთოლდა.

ძლივს მოითქვა სული, რეტი ესხმოდა. იმის მიუხედავად, რომ ახლახანს გაიღვიძა, საშინელ დაღლილობას გრძნობდა, ერთიანად გამოეფიტა მომხდარს. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ლოგინს ფანჯრისპირა მხრიდან და იქვე, პაწაწინა ტაბურეტზე დააწყო სასმელ-საჭმელი.

ცაცას თითქოს ეძინა, მაგრამ თეფშის წკრიალზე გაახილა თვალები.

-დაისვენე. – უთხრა ლეილამ.

წამიერად არაფერი უპასუხა ცაცამ, ზეწარი უფრო მაგრად მოიხვია მხარზე.

-ბიცოლაშენი ყვიროდა. – თქვა ბოლოს.  

-იყვიროს. მოიოხებს გულს და დაწყნარდება.

-თუ რამე, მე დაველაპარაკები.

-შენ რა უნდა ელაპარაკო? ხო იცი რანაირია.

-ვიცი და მაგიტო ვამბობ.

-მგონი მაგაზე არ უნდა იფიქრო.

-მარტო მამაჩემის მკვლელობაზე ვიფიქრო აბა? გავგიჟდები ეგრე. – ამოხედა ცაცამ. თვალები საშინლად გასციებოდა, დაცარიელებოდა. უყურებდა, მაგრამ თითქოს ვერ ხედავდა და გული მოეწურა ლეილას. ცაცას გვერდით იყო, თავისი საწოლი დაუთმო და საჭმელ-სასმელი ამოუტანა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ბევრს არაფერს ნიშნავდა ეს ყველაფერი. საჭმელი მუყაოდ ქცეულიყო თითქოს, რბილი ტახტი ორიოდე მაგარ ფიცრად, თვითონ კი ცარიელი იყო, უბრალო ფიტული, უსულო მანეკენი ცაცას გონებაში აზვირთებული, უთავბოლო გრძნობების წინაშე.

ამიტომ არ იცოდა რა ეპასუხა.

-არაფერზე არ იფიქრო. – უთხრა ბოლოს, გაღიმება სცადა.

ცაცამ თავი დაუქნია, უფრო მოიკუნტა და თვალები დახუჭა.

ოთახიდან ჩუმად გაიპარა ლეილა და კარი გამოიხურა.

ნელი ნაბიჯით ჩავიდა კიბეებზე და შემოსასვლელთან ჩამოჯდა, სარეცხით სავსე ტაშტი კალთაში აითრია. შორიდან ჯერ კიდევ ისმოდა ჩოჩქოლი, შარაგზაზე რამდენიმე ზედა მეზობელმა ჩაირბინა, აშკარად ამბის გასაგებად მიიჩქაროდნენ.

ესე იგი ცალთვალა რეზო არ იყო დამნაშავე.

რაც იმას ნიშნავდა, რომ ზრეაში ჯერ კიდევ დაძრწოდა მკვლელი.

და ახლა თითქმის დარწმუნებული იყო ლეილა იმაში, რომ მურკასა და ცხვრების გამოფატვრა მხოლოდ და მხოლოდ ხელის გაწაფვა გახლდათ, რასაც სოფლის კიდეზე მცხოვრები, დაუცველი, ერთი საცოდავი ბებრუცუნას მკვლელობა მოჰყვა. ახლა კი, შუა ზრეაში გამგებელი საკუთარ სახლში მოკლეს.

ზაქარია ლორთქიფანიძე მუდამ უვარგისი იყო ყველაფერში, რასაც აკეთებდა, და რასაკვირველია, გამგებლობაც არ იქნებოდა გამონაკლისი. დადუნაშვილები კარგა ხანი ითხოვდნენ ფულს თავიანთი წისქვილის შესაკეთებლად, თავართქილაძეებს მაღაზიასთან გამავალი გზისა და წყლის მილების შეკეთება სურდათ, შერყეული ბებერი შოთა ლასარეიშვილი კი წლები იყო, რაც თეატრის გაკეთებას ითხოვდა.

და რასაკვირველია, ზაქარია ლორთქიფანიძე არცერთ მოთხოვნას არ ასრულებდა. თუმცა, ვინ ჩიოდა მოთხოვნებს, როცა ზრეასთვის საჭირო და აუცილებელ საქმეებზეც კი ცხვირს იბზუებდა და ყველაფერს მასავით უმაქნის მოადგილეს, გახა ბარდაველიძის უსარგებლო მეთვალყურეობის ქვეშ ტოვებდა. გახა ბარდაველიძე კი, როგორც კი ოღრო-ჩოღრო გზებზე, ზამთარში მილების გაყინვაზე, ზაფხულში წყლის ნაკლებობაზე რამეს უხსენებდნენ, სათვალეს შეისწორებდა და მხრების აჩეჩვით განაცხადებდა, მე რა ვიცი, გამგებელი კი არ ვარო.

და გაუკეთებელი რჩებოდა ყველაფერი.

ამისთვის მოკლეს ზაქარია ლორთქიფანიძე ალბათ.

მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ძალიან ბევრს უნდოდა მისი თავიდან მოშორება.

და მის მკვლელს რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა კუზიან ფოტინესთან და ცალთვალა რეზოსთან.

იქნებ მაინც გენადი დუდავა? უტვინო კი გახლდათ, მაგრამ იმდენი ძალა ალბათ ჰქონდა, რომ ზაქარია ლორთქიფანიძეს მორეოდა. იქნებ გამგებელს აბრალებდა იმას, რომ ცხვედიანების გოგოს გაუპატიურების მერე ციხეში ჩასვეს?

ანდა ლუკა თუხარელი? ბოლოს და ბოლოს ორიოდე კვირის წინ ერთი ამბავი ატეხა ლორთქიფანიძეებში და გვარიანად აგინა ცაცასაც და ზაქარია ლორთქიფანიძესთან.

თუმცა არა. ლუკა თუხარელს მხოლოდ გინებისა და ღრიალის თავი ჰქონდა. თან, ზაქარია ლორთქიფანიძის მკვლელობაზე თუ წავიდა, იმ ღამესვე ცაცასაც გაიტაცებდა. ალბათ.

თავი გადააქნია ლეილამ. აღარც იცოდა რა ეფიქრა.

მნიშვნელოვანი ალბათ ის გახლდათ, რომ კვლავ შიშის ბნელი, ბლანტი სუდარა დაეფინებოდა ზრეას.

და რატომღაც ეგონა ლეილას, რომ ამ მკვლელს ვერ დაიჭერდნენ.

და რა მოხდებოდა? ნუთუ მკვლელი იმას აპირებდა, რომ ყველა, ვინც გულზე არ ეხატებოდა, მოეკლა?

ზაქარია ლორთქიფანიძის ვეებერთელა მუცელზე მიყენებული წითელი ჭრილობა, მის წითელ საცვალს რომ ეხამებოდა, მის გარშემო ბალახში აციმციმებული მინის ნამტვრევები და შუშისებრი, არაფრისმთქმელი, ცარიელი თვალები წარმოუდგა თვალწინ ლეილას.

ტანში გასცრა, აცახცახებული ხელებით მოისრისა სახე. გულწითელები ხმამაღლა დაამღერებდნენ ხეებიდან, იხულას მთიდან მონაბერი ნიავქარი აშრიალებდა გადაფიჩხებულ ბუჩქნარს და კანი ასწვოდა უკვე პაპანაქება სიცხეში.

ამაზე აღარ უნდა ეფიქრა.

ზლაზვნით წამოიწია, ტაშტი აიტაცა და ლასლასით შეაბიჯა ბიცოლამისის სახლის ცხელ ჩრდილში.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ბნელოდა.

ბნელოდა, მაგრამ არ ეძინა ლეილას.

იატაკზე მწოლიარეს უფრო შემზარავად ეჩვენებოდა ოთახში ჩამოწოლილი სიბნელე. ოდნავ შრიალებდა მაქმანის ფარდა, გარეთ კუტკალიები ჭრიჭინებდნენ და ფანჯრიდან ცაზე გამოკიდებული ნამგალა მთვარის ოდნავი, სულთმობრძავი ვერცხლისფერი სინათლე იღვრებოდა, რომელსაც ოთახში ჩამოწოლილი სიბნელე ფატრავდა უწყალოდ.

თვალები ფართოდ გაეხილა ლეილას. ოთახის შორეულ კუთხეში ძველი სავარძელი იდგა, რომელიც რასაკვირველია ცარიელი გახლდათ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს უყურებდა, უფრო მეტად ეჩვენებოდა სავარძლის თავზე ბუნდოვნად გამოკვართული, მქრქალ ვერცხლისფერ სინათლესა და შავბნელში გაცრეცილი უცნაური სილუეტი.

თითქოს რაღაც იჯდა იქ და უყურებდა.  

თვალები მაგრად დახუჭა ლეილა, მაგრამ ღამის სიბნელე მისი ქუთუთოების მიღმა ჩამოწოლილმა კუნაპეტმა შეცვალა მხოლოდ.

მოიკუნტა. იატაკზე დაფენილ ლეიბზე იწვა, თხელი ზეწარი ფარავდა მხოლოდ. გვერდი იბრუნა, ბალიში უფრო მოხერხებულად ამოიდო თავქვეშ და გალეული, გრძელი ტილოს პერანგი, წელზე რომ აცურებოდა, გამალებით ჩამოიქაჩა ბარძაყებზე.

არ ეძინებოდა.

ამ ბოლო დროს ძილიც უჭირდა და ფხიზლად ყოფნაც. დღე ისე იყო დაღლილი, რომ გაჭირვებით უმკლავდებოდა სახლის საქმეს, ღამე კი აღარ ეძინებოდა. თუ ეძინებოდა, სულ უცნაური რაღაცები ესიზმრებოდა.

ასე ფიქრობდა მაინც. რადგან გაღვიძებისთანავე ავიწყდებოდა სიზმრების უმეტესობა.

მაგრამ ყოველთვის გადმოჰყვებოდა ის უსიამოვნო შეგრძნება, ის უცნაური, თითქოსდა მშვიდი შიში, რომელსაც გაურკვევლობის ელფერი დაჰკრავდა. გადმოჰყვებოდა და მოუწამლავდა მთელ დღეს.

ერთი-ორი სიზმარი დაამახსოვრდა. მურკა ახსოვდა და ის ადამიანისსახა ირემი, რომელსაც თითქოს იცნობდა, მაგრამ ვერასოდეს მიმხვდარიყო, თუ ვინ გახლდათ.

ალბათ ზრეაში მომხდარი მკვლელობები მოქმედებდა ასე ძალიან. სხვა ვერაფერი იქნებოდა.

ზაქარია ლორთქიფანიძე წინა დღეს დამარხეს. ცერემონია მოაწყო მართა პაპიაშვილმა, ზარ-ზეიმით გააცილა ბოლო გზაზე ქმარი, თან მთელი დღე გაბმით მოთქვამდა, გული ვერაფრით მოიოხა. რაც ფული ჰქონდა მოყუჩებული, ალბათ ამაზე გაფლანგაო, გადაუჩურჩულა ცაცამ ლეილას, როცა ქელეხზე იფლიჰემიდან ჩამოყვანილმა მუსიკოსებმა დაუკრეს ზაქარია ლორთქიფანიძის საყვარელი სიმღერები.

მაგრამ აღარავის აინტერესებდა ზაქარია ლორთქიფანიძე. მის მოვალეობებს დროებით მაინც გახა ბარდაველიძე შეასრულებდა, მისი ოჯახის ბედი, რაზეც გაბმით მოთქვამდა მართა პაპიაშვილი, აღარავის აინტერესებდა. ჩამკვდარიყო ცალთვალა რეზოს დაკავებით ჩამოწოლილი სიმშვიდე, ისე წარეტაცა ნიავქარს, როგორც ახლად ჩამქრალ სანთელზე ადენილი ნაცრისფერი კვამლი და მხოლოდღა შიში გამეფებულიყო ზრეაში, ყოველი ბნელი კუთხიდან მომზირალი.

ხალხი გარეთ აღარ გამოდიოდა შეღამებისას, თუ გამოვიდოდნენ, ისიც ჯგუფ-ჯგუფად. გლეხებს ხელკეტები და სანადირო თოფები გადმოეღოთ, ბაბუნაშვილები და გასვიანები საერთოდაც დროებით იფლიჰემში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, აქ დახოცვას ვერ გადავურჩებითო. ღამღამობით ყარალაშვილები, ვანო დვალი და რამდენიმე შეიარაღებული, გამბედავი გლეხი დაძრწოდა ზრეაში საგუშაგოდ.

ცალთვალა რეზო გამოუშვეს. რატი ყარალაშვილმა განაცხადა, საკმარისი სამხილები არ გვაქვს, რომ ბრალი წავუყენოთო, რასაც ცალკე ალიაქოთი მოჰყვა. პოლიცია უკვე ყოველდღიურ სალანძღავ თემად ქცეულიყო, ყარალაშვილები და ვანო დვალი ერთიანად აითვალწუნეს, არაფრის მაქნისები არიან, სამ კაცს ამ მომცრო დასახლებაში ერთი ცინგლიანი მკვლელი ვერ დაუჭერიაო.

ხმები დარხეულიყო, ხელი ჩაუქნევიათ და აღარც იციან, ვის ეძებენო.

ყოფილი ეჭვმიტანილი, ცალთვალა რეზო კი კვლავ დაბრუნებოდა თავის დაფეხვილ ქოხს. ახლა უფრო ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ღამღამობით მხოლოდ იქღა დალანდავდა მას ლეილა. ბერიკაცი ეკლესიის ეზოში იდგა, სალი კლდის თავზე და რაღაცას გაჰყურებდა, შორს.

ალბათ გაშლილი სივრცე მონატრებოდა საკანში კვირების მანძილზე გამომწყვდეულს. ანდა ყოველდღე მამა პეტრეს აბარებდა აღსარებას.

ახლა თავისუფალი კაცი გახლდათ და რასაც უნდოდა, იმას იზამდა.

თუმცა, ციხის გარეთ ყოფნა ალბათ არ ნიშნავდა თავისუფლებას.

მაჯებზე მორგებული ბორკილების არარსებობა არ ნიშნავდა თავისუფლებას.

საკანში არასოდეს გამოემწყვდიათ, მაგრამ თავისუფლად არასოდეს ეგრძნო თავი ლეილას.

და ის თავისუფლება, მტარვალი მამამისის სიკვდილად რომ მოევლინა ცაცას, მოჩვენებითი აღმოჩნდა, ისე გაიცრიცა და აორთქლდა, როგორც ზრეას დახეთქილი მიწიდან უკანასკნელი წყლის წვეთი მტარვალ გვალვაში.

სახლში აღარ დაბრუნებულა ცაცა. ალბათ არც არასოდეს იყო ის ადგილი მისი სახლი.

მართა პაპიაშვილი ორჯერ მოვიდა, კივილით. მეორე ჯერზე თომაც კი მოათრია. თმაგაწეწილს სახე შეშლოდა, თამილას მიერ საგულდაგულოდ გადარაზულ ჭიშკარს ანჯღრევდა და გაჰკიოდა, ცაცა, სახლში წამოეთრიეო.

ცაცა საპასუხოდ უყვიროდა მეორე სართულიდან, არსადაც არ მოვდივარო.

რასაც თამილას ყვირილი ერთვოდა, აბა აქ ხომ არ აპირებ სულ ცხოვრებასო.

რაზეც, რასაკვირველია, სამეზობლოში არამკითხე მოამბეების მთელი ჯგრო გამოეფინებოდა, რა ხდებაო, მერე კი წამსვე ჯაჯღანს იწყებდნენ, უმრავლესობა მართა პაპიაშვილს ემხრობოდა, ცაცას დაჰკიოდნენ, წადი აქედანო.

თამილას ყელში ამოუვიდა, და ერთ დღესაც, როცა ლეილამ ცაცა წაიყოლა ყანაში, ჭიშკარი გადაუკეტა და შიგნიდან უყვიროდა ცაცას, სახლში წადიო.

ლეილა არაფერს ეუბნებოდა ბიცოლას. იცოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევით მხოლოდ მისი ჭიჭყინის გაუარესებას გამოიწვევდა.

ამიტომ იმ დღესაც უბრალოდ ღობეზე გადაძვრნენ და ისე შეაღწიეს სახლში.

ცაცა არსად წასვლას არ აპირებდა.

მისთვის რომ გეკითხათ, იმ სახლში აღარასოდეს მიბრუნდებოდა.

აღარ მიბრუნდებოდა, რადგან კარგი არაფერი ახსოვდა იმ სახლიდან, და კარგი არაფერი ელოდა.

დედაჩემი გათხოვებას მიპირებსო, გაანდო ლეილას ერთ საღამოს, ტახტზე მოკუნტულმა, სანამ ლეილა ლეიბს აგებდა იატაკზე. ლუკა თუხარელს უნდოდა რომ გავყოლოდი, მაგრამ ალბათ ახლა ნებისმიერ გადამთიელს გამატანსო. უკვე რამდენიმე წელია, ჩემი რჩენა აღარ უნდოდაო.

ზაქარია ლორთქიფანიძე კვირაში ერთხელ მაინც მიდიოდა ადრე იფლიჰემში. იქ კი თურმე ფულს ღმერთმა იცის, რაში ანიავებდა. ცაცას მოკრძალებული აზრით, ბოზებსა და კაზინოებში, თანაც ფულის დაბანდებაში არ სწყალობდა თურმე ბედი.

რაც, რასაკვირველია, იმას ნიშნავდა, რომ ზრეას გამგებელს ბლომად ვალები ჰქონდა, ისეთი ვალები, რასაც მართა პაპიაშვილი ვერასოდეს გადაიხდიდა. ალბათ ამიტომ სურდა ასე ძალიან ცაცას გათხოვება, განსაკუთრებით ისე შეძლებულ ოჯახში, როგორც ლუკა თუხარელის ოჯახი გახლდათ.

ცაცამ კი განაცხადა, რომ საკუთარი თვალების ამოჩიჩქნა ერჩივნა ლუკა თუხარელზე გათხოვებას. ანდა საერთოდ, დედამისის მიერ არჩეულ ნებისმიერ ყაზილარზე გათხოვებას.

რამე უნდა მოეფიქრებინათ. თამილას კეთილგანწყობა ბეწვზე ეკიდა, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ჭიშკარი ჩაუკეტა და მაინც შეიპარნენ სახლში.

იქნებ იფლიჰემში წასულიყო. იქ შორეული ნათესავები უნდა ჰყოლოდა წესით.

თვალები გაახილა ლეილამ.

ალბათ არ ჰქონდა ამაზე ფიქრს ახლა აზრი.

უფრო მეტად მოიკუნტა, ზეწარი მაგრად ჩაიხვია ნიკაპთან და შეეცადა კუთხეში აღარ გაეხედა, რადგან ის რაღაც არ მოსჩვენებოდა, სავარძელზე შემოსკუპებული.

მერე კი მოესმა.

ღია ფანჯარაში შემოღვრილ, ბუჩქნარის შრიალსა და კუტკალიების ჭრიჭინს ოდნავი წკარუნი დაემატა.

დაჭედილი ფლოქვების წკარუნი შარაგზის კენჭებზე, რომელიც უკვე ბევრჯერ გაეგონა.

ელოდა, რომ ცხენი ჩაივლიდა და მიწყდებოდა ხმა, როგორც ყოველთვის.

მაგრამ არა.

ანაზდად სახლთან ახლოს შეჩერდა ცხენი.

და ფრუტუნი ჩაესმა ლეილას, რასაც კენჭების ხმამაღალი შხრიალი, მერე კი დაგუდული ხრაშა-ხრუში მოჰყვა.

მხედარი ჩამოქვეითდა, გზაზე გაიარა და შეჩერდა სადღაც.

და რასაკვირველია, რატი ყარალაშვილის მეტი ვერავინ იქნებოდა.

ცოტა ხანი გაუნძრევლად იწვა ლეილა. ტიკტიკებდა მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული საათი და ილეოდნენ ნელ-ნელა წუთები, მაგრამ სხვა აღარაფერი ესმოდა.

თამილას სახლთან ახლოს ჩამოქვეითდა რატი ყარალაშვილი. დროდადრო კვლავ ისმოდა ცხენის ფრუტუნი, მაგრამ აღარც ნაბიჯები ესმოდა ლეილას და აღარც სხვა რამე, რაც იმას ნიშნავდა, რომ რატი ყარალაშვილი ჯერ კიდევ იქვე, ახლომახლოში გახლდათ.

რატომ?

გუშაგები ყოველთვის უბრალოდ ჩაივლიდნენ ხოლმე, არავინ გაჩერებულა, მათ შორის რატი ყარალაშვილიც.

ანდა უბრალოდ აქამდე ვერ გაეგო ლეილას. ამ დროს ჩვეულებისამებრ ეძინა.

ნამგალა მთვარის ვერცხლისფერ სინათლეში გაცრეცილ ჭერს აჰყურებდა. იქვე წყნარად ფშვინავდა ცაცა, ღრმად ეძინა.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა ლეილას, თითქოს საუკუნე გავიდა ლოდინში, სანამ ყურებდაცქვეტილი, დაძაბული იწვა, მაგრამ ათიოდე წუთი გასულიყო ალბათ მხოლოდ.

ნელ-ნელა წამოიწია ბოლოს. ზეწარი გადაიძრო და წამოიზლაზნა, წელში მოკაკვული მიუახლოვდა ფანჯარას და ფრთხილად გადაიხედა გარეთ.

ოთახისგან განსხვავებით, ხეებს, ბუჩქნარსა და სახლებს შორის ჩამოწოლილ სიბნელეს ვერ დაეჯაბნა ნამგალა მთვარისა და მუქი ლურჯი ბარხატივით ცაზე მიმობნეული ვარსკვლავების ვერცხლისფერი შუქი. იხულას მთიდან მონაბერი ქარი არხევდა ეზოში აღმართულ, ახალგაზრდა კაკლის ხეს, რომლის მიღმა ბნელი ბუჩქნარი და მათი ეზოს დაღრეცილი ღობე მოჩანდა.

მაღალ ღობესა და ბუჩქნარში ძლივს გაარჩია ლეილამ შარაგზის მიღმა ცხენი, რომელიც უდარდელად იცოხნებოდა.

მისი პატრონი კი არსად ჩანდა.

კისერი წაიგრძელა ლეილამ, ნელ-ნელა წამოიმართა.

მაინც ვერავინ დაინახა შარაგზაზე.

და არც კი იცოდა ლეილამ, რატომ, მაგრამ რაფაზე აცოცდა და ფანჯარაში გადაძვრა. კედლიდან გამოწეულ, წლების მანძილზე გაქექილ აგურებს დაებჯინა და კედელზე ჩაცოცდა, მერე კი საწვიმარ მილზე ჩასრიალდა მიწამდე.

გვალვაში გადამხმარი ბალახი ხეშეში და უსიამოვნო იყო ლეილას შიშველი ფეხების ქვეშ, ოდნავ შრაშუნებდა, რასაც ნიავქარში დაზნექილი კაკლის ხის ფოთლების შრიალი ფარავდა. ჩახჩახებდნენ ვარსკვლავები, კუტკალიები ჭრიჭინით ხტოდნენ ბალახის ღეროდან ღეროზე და თმა ყალყზე დაუდგა ლეილას, როცა ღობის მიღმა უცნაური ტკაცუნის ხმა ჩაესმა.

ფრთხილად მიეპარა ღობეს და კისერი წაიგრძელა, შარაგზაზე გადაიხედა.

და კინაღამ შეხტა, როცა ორიოდე მეტრში, ღობის  ძირში მოზრდილ ლოდზე კაცის სილუეტი დალანდა.

რატი ყარალაშვილი იჯდა. ვერცხლისფერი შუქისა და ღამის ბინდბუნდის ქვეშ ავადმყოფური, მოლურჯო-მონაცრისფრო ელფერი ედო მის სახეს. კულულებიანი თავი დაეხარა, და თავიდან ვერ გაარჩია ლეილამ, თუ რა ეჭირა ხელში, სანამ პაწაწინა დანის პირი თვალისმომჭრელად არ აციმციმდა მთვარის შუქზე.

იჯდა ყარალაშვილი, იდაყვები ბარძაყებზე დაებჯინა და ხის ნაჭერს ჩორკნიდა დანით.

აჰა. ესე იგი წეღან ხის ტკაცუნი გაიგონა ლეილას.

აქ რა უნდოდა რატი ყარალაშვილს? რას აკეთებდა?

შესუნთქვაც კი ვერ გაებედა ლეილას, გამალებით ფიქრობდა, ახლა რაღა ექნა. ეთქვა რამე თუ უბრალოდ გამქრალიყო აქედან, სანამ ყარალაშვილი შეამჩნევდა?

მაგრამ არ დასცალდა ჭოჭმანი.

ჩორკნა შეწყვიტა ყარალაშვილმა და პირდაპირ მისკენ გამოიხედა. კულულებისა და ღამის ჩრდილში შებურვოდა თვალები, გაჭირვებით არჩევდა მის გამომეტყველებას ლეილა.

ანდა გამომეტყველების ნაკლებობას. ისევ ისეთი ცივი და არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა ყარალაშვილს, როგორც ყოველთვის, ქანდაკებას ჰგავდა.

მათ შორის ჩამოვარდნილ სიჩუმეს მხოლოდ კუტკალიების ჭრიჭინი, ფოთლების შრიალი და ქურანის ფრუტუნი არღვევდა.

-რატომ არ გძინავს? – ჰკითხა უცებ ყარალაშვილმა.

-არ მეძინებოდა. – წაიბურტყუნა ლეილამ. – შენ?

-ვგუშაგობ და იმიტომ.

-რანაირი გუშაგობაა აქ ჯდომა?

-ყველაფერი, რისი დანახვაც მჭირდება აქედან ჩანს.

ვარსკვლავებისა და ნამგალა მთვარის ვერცხლისფერ სინათლეში განბანულ, იხულას მთის ფერდზე გადაფენილ ზრეას გადახედა წამიერად ლეილამ.

მართლაც თითქმის მთელი ზრეა ჩანდა აქედან.

მაგრამ ეჭვობდა ლეილა, რომ ყარალაშვილი ასე ერთ ადგილზე ჯდომით მკვლელს ვერ მიაგნებდა.  

-რატომ არ გეძინება? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-არ ვიცი. უბრალოდ არ მეძინება.

-რამე დაგესიზმრა?

მოიღუშა ლეილა, უხერხულად შეიშმუშნა. დაკითხვას ჰგავდა ეს ყველაფერი.

-არა. – მოჭრა მოკლედ.

ყარალაშვილს სახე ოდნავ შეეცვალა, ტუჩის კუთხეები ირონიულმა ღიმილმა შეუთრთოლა.

-კარგი ბატონო. – თქვა ბოლოს.

-რას აკეთებ? – მისი ხელებისაკენ ააქნია თავი ლეილამ.

-დრო გამყავს. – ხის ნაჭერი ასწია ყარალაშვილმა და ინტერესით მოჭუტა თვალები ლეილამ.

-ეგ რა არის?

-დაგაინტერესა? მოდი და ნახე.

მოიღუშა ლეილა, გამომცდელად დააცქერდა ყარალაშვილს, სასწრაფოდ გადაიწია თვალებში ჩამოყრილი თმა. ყარალაშვილი უსიტყვოდ უცქერდა, მერე კი თავი დახარა, კვლავ ხის ნაჭრის ჩორკნას შეუდგა.

ცოტა ხანი იდგა ლეილა, გალეული ტილოს პერანგი მოებღუჯა ბარძაყებთან და გრძნობდა, როგორ ელამუნებოდა სხეულზე მის ყურში მოზუზუნე თბილი ქარი.

მერე კი ღობეს ხელი მოსჭიდა და ზედ გადაძვრა.

უკვე გადარაზული ჭიშკრის აჭრიალებას არ აპირებდა. თამილას ზოგადად ფხიზლად ეძინა თორემ გამოვარდებოდა და ერთ ამბავს ატეხდა.

თბილ ქვა-ღორღში მსუბუქი ბათქით დაეშვა ლეილა, წამსვე გაისწორა პერანგი.

ყარალაშვილს ყურიც არ შეებერტყა, გამალებით თლიდა ხის ნაჭერს და მალ-მალე ლაპლაპებდა პატარა დანა მთვარის შუქზე.

ფრთხილად, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ყარალაშვილს ლეილა, თითქოს ეპარებაო. მასთან ახლოს, ლოდზე ჩამოჯდა, სწრაფად ჩამოიქაჩა მუხლებზე პერანგი და შეეცადა მისი დამტვერილი ფეხები სადმე შეემალა.

ყარალაშვილმა ლეილასთვის ჯერ კიდევ გაურკვეველ ხის ფიგურას პაწაწინა ნაჭერი აათალა, გადმოატრიალა და გამოუწოდა.

პატარა მელია იყო. ორი აცქვეტილი ყური, გრძელი, წაწვეტებული დრუნჩი და ოთხი გაფარჩხული, მომცრო ფეხი ჰქონდა. ყარალაშვილს იმდენი მოეხერხებინა, რომ კუდი რაღაცნაირად ისეთივე ფუმფულა ჩანდა, როგორიც უნდა ყოფილიყო.

ჩამოართვა პაწაწინა ფიგურა ყარალაშვილს ლეილამ, ინტერესით დასცქეროდა, წარბებაბზეკილი.

-ლამაზია. – თქვა მან.

-მადლობა. – უპასუხა ყარალაშვილმა.

-ასეთებს აკეთებ?

-ჰო. თავის შესაქცევად.

-კარგად გამოგდის. – ახედა ლეილამ. ყარალაშვილი დაჟინებით შესცქეროდა, მარჯვენა ხელში მის პაწაწინა დანას ატრიალებდა.

-რავიცი, არაუშავს. – თქვა ბოლოს. – გქონდეს, თუ გინდა.

მის ხელისგულზე დასკუპებულ მელიას დახედა ლეილამ. თითები ოდნავ უთრთოდა.

-დავიტოვებ მაშინ. – თქვა ბოლოს, კვლავ ახედა ყარალაშვილს.

რომელიც ამჯერად ხელებზე დაჰყურებდა.

იცოდა ლეილამ, რომ არც ისე ლამაზი ხელები ჰქონდა. მისი ფეხებისგან განსხვავებით, მათ ვერსად გადამალავდა.

მერე კი, ისეთი სისწრაფით, რომ თვალი ვერც კი მიაწვდინა ლეილამ, დანა მარცხენა ხელში გადაიტანა ყარალაშვილმა და ლეილას მაჯაზე მოჰკიდა ხელი.

ისე შეკრთა ლეილა, რომ კინაღამ დაუვარდა ხის მელია, მაგრამ მოასწრო მაგრად მოებღუჯა მუშტში.

მისი ხელი ნელა, ფრთხილად გადმოატრიალა ყარალაშვილმა. აშკარად ძლივს მოშუშებულ ნაკაწრებს დაჰყურებდა.

ღრმად შეისუნთქა ლეილამ, შეეცადა ისე მოეთქვა სული, რომ არ დამჩნეოდა შეცბუნება.

-ესენი საიდან გაქვს? – ჰკითხა ყარალაშვილმა.  

-ყანაში ვმუშაობ. გამხმარ ბალახს ვთხრი. ქათმები მკორტნიან ხანდახან. – თქვა ლეილამ.

ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ გაუხეშებული კანი, კოჟრები და პატარ-პატარა ჭრილობები მის ყოველდღიურობაში. ხელებსა და ფეხებზე იმდენი პაწაწინა ნაიარევი ჰქონდა, რომ ვერც დაითვლიდა ალბათ.  

ყარალაშვილმა კიდევ ერთხელ გადმოატრიალა მისი ხელი. თბილი და ძალიან უხეში კანი ჰქონდა.

მერე კი ხელი შეუშვა.

უფრო მაგრად მობღუჯა ხის მელია ლეილამ, ხელები კალთაში დაიწყო. პირი გამოშრობოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეფიქრა.

-ყველაფერს შენ აკეთებ? – ჰკითხა ბოლოს ყარალაშვილმა.

-რას ყველაფერს? – კითხვა შეუბრუნა ლეილამ.

-რისი გაკეთებაც საჭიროა. სახლში თუ სახლს გარეთ.

-აბა სხვა ვინ გააკეთებს?

-ბიცოლაშენი. ჩავარდნილი ხომ არაა?

-არა. რანაირი კითხვაა…

-მერე?

-რა მერე?

-შენ რატომ აკეთებ ყველაფერს?

წამიერად არაფერი უპასუხა ლეილამ. წარბშეკრული შეჰყურებდა ყარალაშვილს, არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეპასუხა, ანდა საერთოდაც, რანაირ პასუხს ელოდა მისგან ყარალაშვილი.

-ყველაფერს არ ვაკეთებ.

-მე მგონია რომ აკეთებ.

-და შენი რა საქმეა?

-მაინტერესებს. – ისე აიჩეჩა მხრები ყარალაშვილმა, ვითომ აქაც არაფერიო.

-ყველაფერს არ ვაკეთებ. ბიცოლაჩემი რაღაცებს აცხობს და იფლიჰემში დადის.

-და რა, მართლა გგონია რომ ხაჭაპურების გაყიდვით გარჩენთ? – წარბები აზიდა ყარალაშვილმა. თვალები ჯერ კიდევ მისი კულულებისა და ღამის ჩრდილში ჰქონდა შებურული.

არაფერი უპასუხა ლეილამ, თვალი აარიდა და პირი იბრუნა. ტუჩები მაგრად მოკუმა, გული გამალებით უძგერდა მკერდში, თვითონაც არ იცოდა, რატომ. მხოლოდ ის იცოდა, რომ უთავბოლო ფიქრების კორიანტელი უზრიალებდა თავში.

-არ ვიცი. – თქვა ბოლოს.

-არ გეწყინოს. უბრალოდ… ყველაფერი შენ კისერზე არ უნდა იყოს.

მისკენ მიაბრუნა კვლავ მზერა ლეილამ. დანას აღარ ატრიალებდა ყარალაშვილი, მუხლზე გადაგდებულ, მოშვებულ ხელში ეჭირა. პრიალებდნენ მთვარის შუქზე მისი აწეწილი კულულები და ოდნავ მორღვეოდა ნაკერი მხარზე მის პერანგს.

დაიძაბა ლეილა. ყარალაშვილის მხრების ზოლზე გაუშტერდა თვალები. უფრო მაგრად გადაიჭიმა მუხლებზე პერანგი, თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ ამ ფაქტიურად უცხო კაცთან ერთად იჯდა გარეთ შუაღამეზე.

-და მაინც, შენ რაში გაინტერესებს? – ჰკითხა ბოლოს.   

ყარალაშვილმა არაფერი უპასუხა. უბრალოდ უყურებდა, გამომცდელად, დაჟინებით.

-არ ვიცი. – თქვა ბოლოს. – ალბათ მეც ეგრე ვარ და იმიტომ.

-რა? ყველაფერს შენ აკეთებ?

-აბა მამაჩემი გააკეთებს? – სარკასტულად მიუგო ყარალაშვილმა და უხერხულად აიწურა ლეილა.

-მართალია. – წაიბუტბუტა მან. – არაფრის მაქნისია მამაშენი.

სიჩუმე ჩამოვარდა. გაბმით, ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ კუტკალიები. ჯერ კიდევ მუქ ლურჯ ბარხატს წააგავდა ცა მოჩახჩახე ვარსკვლავებით, როგორც მასზე მიმობნეული მარგალიტებით, მაგრამ ლელესის ტბის თავზე ოდნავ ფატრავდა ღამის ვერცხლისფერ სიბნელეს მუქი იისფერი გარიჟრაჟი.

უფრო ძლიერად წამოუბერა თბილმა ქარმა, მკერდზე გადმოუცურდა თმა ლეილას და შეცახცახდნენ ყარალაშვილის აწეწილი კულულები.

-და ზრეადან რატომ არ მიდიხარ? – ჰკითხა ლეილამ და გადმოხედა ყარალაშვილმა.

-სად უნდა წავიდე? – კითხვა შეუბრუნა მან.

-ზრეას ყველა სხვა ადგილი ემჯობინებოდა ალბათ. – თქვა ლეილამ. – ლოთი მამაშენი, მეცხვარეობა, პოლიციელობა, ახლა კი ეს მკვლელობა. ყველაფერს შენ უნდა მიხედო. პოლიციელი მაინც იყო.

-სხვათა შორის ვარ კიდეც. პოლიციის აკადემია მაქვს დამთავრებული. – თქვა ყარალაშვილმა.

გაოცებისაგან თვალები ჭყიტა ლეილამ.

ამას აღარ ელოდა. რატი ყარალაშვილზე არაფერი იცოდა, მაგრამ რატომღაც ეგონა, რომ მას ზრეადან ფეხი არასოდეს ჰქონდა გადგმული.

თუმცა საკვირველი სულაც არ გახლდათ, რომ ასე ეგონა. ზრეაში მცხოვრებთა უმრავლესობას მართლაც არასოდეს გაეყო ცხვირი დასახლებიდან.

ყარალაშვილმა ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ამჯერად ღიმილს ირონიის ნატამალიც კი არ შერჩენოდა.

-მაგიტომ მითხარი, მოწმის წაყვანა-წამოყვანის უფლება მაქვსო? – წამოიძახა ლეილამ. – როცა საჭიროაო?

-მე ტყუილი არ მჩვევია. – უთხრა ყარალაშვილმა. – მართლა მაქვს უფლება.

-მერე აქ რას აკეთებ? – მისკენ მიტრიალდა ლეილა. – სადმე სხვაგან პოლიციელები არ სჭირდებათ?

-სჭირდებათ ალბათ. აქაც სჭირდებათ.

-აქ დვალი მაინცაა. მამაშენზე არაფერს ვიტყვი.

-მამაჩემი ისედაც გასაგებია. დვალმა კი ჯერ არაფერი იცის.

-შენი ვალდებულება არაა, რომ რამე ასწავლო.

-რაღაცნაირად გახდა ჩემი ვალდებულება. – თქვა ყარალაშვილმა.

-შეგიძლია უარი თქვა.

-ვიტყოდი, მაგრამ… აქაურები მეცოდებიან.

-შენ კიდევ არავის ეცოდები. – თქვა ლეილამ. – ახლა მაინც. გლანძღავენ.

-ყველა არ მლანძღავს. -მიუგო ყარალაშვილმა. – მაგალითად შენ.

-მე ერთი ადამიანი ვარ.

-მერე რა. რას გულისხმობ, ესე იგი უმნიშვნელო ხარ?

-ჰო.

-ეგრე ყველა ერთი ადამიანი ვართ. – თქვა ყარალაშვილმა, მერე კი მზერა გაუსწორა. – სულაც არ ხარ უმნიშვნელო.

თვალი აარიდა ლეილამ,

თითქოს აუორთქლდა სხეულიდან საშინელი დაძაბულობა.

-ვიფიქრე, ამ მკვლელობებს რომ გავხსნი, წავალ მეთქი. – თქვა უცებ ყარალაშვილმა და ელვის სისწრაფით ახედა მას ლეილამ.

-წახვალ? – გაიმეორა მან.

-ჰო. ბელთათინში დავამთავრე აკადემია. იფლიჰემშიც მოვახერხებდი სამსახურის შოვნას ალბათ.

-კარგია მერე. – თქვა ლეილამ. – და საქმე რომ ვერ გახსნა?

-გავხსნი. – თქვა ყარალაშვილმა.

-რა იცი? ეჭვმიტანილი გყავთ?

-არ გვყავს. – თქვა ყარალაშვილმა, წამიერად სადღაც, შორს გაუშტერდა თვალები, მერე კი კვლავ გადმოხედა ლეილას. – შენ არ გინდა აქედან წასვლა? სადმე ვინმე ნათესავი ან რამე არ გყავს?

-ბიცოლაჩემის მეტი არავინ მყავს მგონი. – თქვა ლეილამ.

კვლავ საკუთარ კალთაში დაკრეფილ ხელებს ჩააცქერდა, მარჯვენა მუშტი გაშალა.

ხელისგულიდან პაწაწინა მელია უმზერდა. მის წაწვეტებულ დრუნჩსა და აცქვეტილ ყურებს გადაუსვა თითი ლეილამ. სადღაც აორთქლდა დაძაბულობა და თითქოს თან წარიტაცა უძილობაც, სხეული დაუმძიმდა, თვალები ეხუჭებოდა.

-წადი. – უთხრა ყარალაშვილმა. – ახლა მაინც დაიძინე ცოტა.

თავი დაუქნია ლეილამ, ფეხზე წამოიზლაზნა.

-შენც წადი. – წაიბუტბუტა მან ისე, რომ ყარალაშვილისაკენ არც კი გაუხედავს.

არაფერი უპასუხა ყარალაშვილმა და მიბრუნდა ლეილა, სწრაფად გადაძვრა ღობეზე.

ერთბაშად მოწოლილი საშინელი დაღლილობის მიუხედავად მკვირცხლად გადაჭრა ეზო და კედელზე აცოცდა, მერე კი რაფაზე გადაძვრა. ცაცას გვერდი ეცვალა, ჯერ კიდევ მშვიდად ფშვინავდა და ოდნავ გაცრეცილიყო ოთახში ჩამოწოლილი სიბნელე.

სააბაზანოში გაიპარა ლეილა. პირსახოცი ოდნავ დაასველა, რადგან ზედმეტი წყლის დახარჯვა არ უნდოდა, მერე კი შეძლებისდაგვარად მოისუფთავა დამტვერილი ფეხები.

ისევ სასტუმრო ოთახში შეიპარა და ლეიბზე წამოწვა, ზეწარი გადაიფარა. ცოტა ხანი ხელში ატრიალებდა მელიას პაწაწინა ფიგურას, მინიატურულ ფეხებსა და აცქვეტილ ყურებს უსვამდა გაუხეშებულ თითებს.

მერე კი ბალიშის ქვეშ ამოიდო.

ოთახში ჩამოწოლილი სიბნელე ნელ-ნელა იცრიცებოდა და გარიჟრაჟის იისფერი ჩრდილი დასდებოდათ კედლებს, როცა ძილმა წაართვა თავი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ცხელოდა.

შორს, მთებს მიღმა წითლად შეეღება ცა სულთმობრძავ მზეს. მთათა ქედებს შორის ჩაფენილიყვნენ მუქი ნაცრისფერი ღრუბლები, დაპენტილ მატყლს რომ წააგავდნენ და მათგან გადმოღვრილ დაისის შუქში ციმციმებდა ლელესის ტბა. მეწამული სუდარა მოჰფენოდა დამშრალი ხარისწყალის კალაპოტს, მის ირგვლივ შემოჯარულ მინდვრებს, ზრაჰულის მთის სილუეტს და იხულას მთიდან მონაბერი ნიავქარის სიგრილე ოდნავ აქარწყლებდა ზრეაში ჩამოწოლილი გვალვის ხუთვას. შრიალებდა გამშრალი ბალახი, ტკაცუნებდა შორიახლოს აგიზგიზებული ვეებერთელა კოცონი და ხმამაღლა მღეროდნენ მინდორში კუტკალიები.

ჭიაკოკონობის ღამე დამდგარიყო და როგორც ჩვეულება გახლდათ, ხარისწყალის მიღმა, გადამხმარ მინდორში, კოცონის გარშემო მოგროვებულიყვნენ ზრეას მაცხოვრებლები. ტაბლა გამოეთრიათ საიდანღაც მინდორში, ქალები ზედ სუფრას შლიდნენ, კაცებს ღვინის ჩაფები მოეტანათ და რამდენიმეს უკვე მოესწრო კიდეც გვარიანად შეზარხოშება, ყველა ყურისწამღებად ყაყანებდა. ვახტანგ ლასარეიშვილი მალ-მალე უკეთებდა კოცონში შეშას, თან იქვე, ვეებერთელა მორზე წამოსკუპებულ, დოლმომარჯვებულ პიმენ ტურავას უყვიროდა, დაუკარიო დროზე.

ტკაცუნებდა კოცონი, შიშინებდნენ გამხმარი მორები და ოქროსფერ ნაპერწკლებს, პაწაწინა ციცინათელებს რომ ჩამოჰგავდნენ, ფანტავდა აქეთ-იქით ცეცხლი.

ლოდზე ჩამომჯდარიყო ლეილა. ჯერ კიდევ გრძნობდა მიწაში გამჯდარი მზის სიცხეს, რასაც გვალვის პაპანაქება და კოცონის სულშემხუთავი მხურვალება ერთვოდა. მის გვერდით, დაკოჟრილ კუნძზე წამოსკუპებულიყო ცაცა, დაისისა და კოცონის შუქში ცეცხლმოკიდებულ დაგრაგნილ თოკებს წააგავდა მისი წითური თმა.

დალეული, ასჯერ დაკერილი ტილოს კაბა ეცვა ლეილას, მაგრამ ხალვათი სამოსის მიუხედავად მაინც მოსწოლოდა კისერში ოფლი. გრილი ნიავი გადამხმარ ყვავილებს, ბუჩქნარს, ფოთლებსა და ცაში ატყორცნილ, კოცონის ცეცხლოვან ენებს არხევდა, მაგრამ თითქოს შეხებისთანავე შთანთქავდა მას კოცონი.

წამდაუწუმ სული ეხუთებოდა ლეილას.

იქნებ გამართლებულიყო ელამი ლამარას წინასწარმეტყველება და წვიმა მოსულიყო ზრეაში. აღარ მოუწევდათ გაუსაძლისი გვალვის ატანა.

აღარ მოუწევდა ოთხ კილომეტრზე სიარული და წყლის ბოთლებით გაძეძგილი ბადე-ტომარას თრევა.

აღარ მოუწევდა ყანისა და ბოსტანის წამდაუწუმ მორწყვა.

აღარ მოუწევდა იმაზე ფიქრი, ნაზიბროლასა და ქათმებს ეყოფოდათ წყალი თუ არა. აღარ მოუწევდა თბილი წყლის დალევა, სარეცხის რის ვაი-ვაგლახით რეცხვა და დამტვერილი, ოფლიანი კანის სველი პირსახოცით გასუფთავება.

ცაცა, რაც ბიცოლამისის სახლში იყო, ძალიან უმსუბუქებდა ტვირთს. ყველაფერში ეხმარებოდა, რამდენადაც შეეძლო, მაგრამ მაინც საშინელ დაღლილობას აეტანა ლეილა. ღამითაც კი ვერ ახერხებდა წესიერად დასვენებას, კვლავ ისეთი უცნაური სიზმრები ჰქონდა, რომელთა თავსა და ბოლოს რომ ვერ პოულობდა.

და რასაკვირველია, რამდენიმეს გამოკლებით, ყველა სიზმარი ავიწყდებოდა.

მაგრამ ის ამახსოვრდებოდა, რომ გამუდმებით ადამიანისსახა ირემსა და მურკას ხედავდა.

თავი გადააქნია ლეილამ, თვალები მაგრად მოისრისა.

ჭიაკოკონობის ღამე გახლდათ. დღეს მაინც არ უნდა ეფიქრა სისულელეებზე.

მოიკაკვა, კაბა უფრო მაგრად გადაიქაჩა მუხლებზე და იდაყვებით ბარძაყებს დაებჯინა, შეფარვით ათვალიერებდა შემოგარენს.

ზაქარია თავართქილაძის მკვლელობის შემდეგ ზრეაში ჩამოწოლილი შიშის მიუხედავად, ბევრნი გამოცხადებულიყვნენ ჭიაკოკონობაზე. ბარდაველიძეებს, თავართქილაძეებს, ადამიებს, ტურავებს, კოპაძეებს, ლასარეიშვილებს, ჯაფარიძეებს, თევზაძეებსა და თუხარელებს მოეყარათ თავი. ზურაბ ყარალაშვილი ვანო დვალითურთ დალანდა სადღაც ლეილამ და გენადი დუდავაც დაძრწოდა თურმე აქეთ-იქით.

ლუკა თუხარელს უკვე რამდენიმე ყანწი გამოეცალა და შორიდან, მტრულად, ამრეზილი შესცქეროდა ცაცას.

სხვებიც ცოტა ალმაცერად შემოჰყურებდნენ მათ, აშკარად ყველას ყურამდე მისულიყო ამბავი, რომ ცაცამ სახლი დატოვა და ლორთქიფანიძეების ქვრივის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად იქ დაბრუნებას არ აპირებდა.

ცაცა კი, რასაკვირველია, ყურსაც არ იბერტყავდა. საიდანღაც უკვე მოეხერხებინა ქათმის ბარკლის აწაპვნა და გემრიელად ილუკმებოდა, თან ლუკა თუხარელს საპასუხოდ უბღვერდა და იმუქრებოდა, ამ ძვალს ყანყრატოში ჩავთხრიო.

თავს უქნევდა დასტურის ნიშნად ლეილა, მერე კი კვლავ განაგრძობდა ხალხის შეფარვით თვალიერებას.

მართა პაპიაშვილი ვერსად დაენახა.  

თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი. იმის შემდეგ, რაც მეოთხმოცედ მიიღო თამილას სახლში მოთრეულმა უბედურმა ქვრივმა, ერთი გვარიანად გამოლანძღა ცაცა და მოახსენა, ჩემი შვილი აღარ ხარო, სახლიდან ფაქტიურად აღარ გამოდიოდა.

ალბათ ასე სჯობდა. მართა პაპიაშვილს ცაცა მხოლოდ გათხოვებისათვის უნდოდა.

საბედნიეროდ თამილას ერთი ამბავი აღარ აუტეხავს ცაცას იქ ცხოვრებაზე. ალბათ მოლბა, როცა მიხვდა, რომ დამატებითი მუშახელი ეყოლებოდა.

თამილაც არ იყო იქ. გამთენიას იფლიჰემში წავიდა ლობიანების გასაყიდად.

ლუკა თუხარელი, გენადი დუდავა და ათასი ჭორიკანა კი მობრძანებულიყვნენ, მაგრამ ბიცოლამისის ატანა მაინც არ მოუწევდა ლეილას.

სახე მოისრისა. გრძნობდა, თუ როგორ შეფაკვლოდა კოცონის სიცხისაგან სახე. მკერდზე გადმოცურებული ნაწნავი ზურგზე გადაიგდო და ცაცას გადახედა, რომელიც მისკენ გადმოხრილიყო და ხორცის ბოლო ნაჭერს გლეჯდა ძვლიდან.

-ისევ მიყურებს. – თუხარელის მიმართულებით აიქნია თავი ცაცამ. – ხომაა ღირსი რომ ამ ქათამივით შევბრაწო ცეცხლზე?

-ღირსია. – უთხრა ლეილამ, მერე კი კვლავ თუხარელს გადახედა, რომელიც თვალებმოჭუტული იმზირებოდა ცაცასკენ და ალბათ უკვე რიგით მეოთხე ყანწი მოეყუდებინა. როგორც კი ლეილამ მზერა იგრძნო თუხარელმა, დაიფრუტუნა და თვალი აარიდა მათ, პირი იბრუნა. – ნუღა უყურებ, ვერაფერს იზამს ამდენ ხალხში.

-ხალხი რომც არ იყოს და რამე გაბედოს, მაინც ჩავცხებდი გემოზე მაგ ტლუს! – განაცხადა ამრეზით ცაცამ და ძვალი ცეცხლში შეაგდო.

მერე კი წამოიმართა, სუფრისაკენ გაემართა, ალბათ კიდევ ერთი ბარკლის აწაპვნას აპირებდა.

თვალი გააყოლა ლეილამ, სასწრაფოდ მოძებნა სუფრასთან არუზრუზებულ ჯგროში თუხარელი.

საბედნიეროდ, თუხარელი საკმაოდ მოშორებით იდგა, კოცონისაკენ ზურგით და კვლავ მონდომებით ყლურწავდა ღვინოს.

თვალი აარიდა ლეილამ, კოცონს გადაავლო თვალი.

მერე კი დაინახა.

მის მოპირდაპირედ, კოცონის მიღმა იდგა რატი ყარალაშვილი. მისი განუყრელი ტილოს პერანგი, მომწვანო, მუხლებზე გაქექილი შარვალი და გაცვეთილი ტყავის ფეხსაცმელი ეცვა. მის მზემოკიდებულ კანზე დაღვრილიყო კოცონისა და დაისის მოწითალო-ნარინჯისფერი ათინათი, მუქი კულულები ულაპლაპებდა.

იდგა და ვანო დვალს ელაპარაკებოდა რაღაცას, რომელიც თან გამალებით უსმენდა, თან გემრიელად იცოხნებოდა ოხშივარადენილ ჭადს.

მერე კი, თითქოს მზერა იგრძნოო, ანაზდად თავი პირდაპირ მისკენ მოატრიალა ყარალაშვილმა, თვალი გაუსწორა. მისი თვალები, ბოლოს რომ ღამისა და შუბლზე ჩამოყრილი თმის ჩრდილში შეფარული დაინახა ლეილამ, კოცონისა და დაისის შუქში დაჰფეროდა ოქროსფრად, ავარვარებული ნაღვერდლებივით.  

ხელები ერთმანეთზე მაგრად გადააჭდო ლეილამ, პირი ერთბაშად გამოუშრა თითქოს. თვალის დახამხამებასაც კი ვერ ბედავდა.

თავი დაუქნია მისალმების ნიშნად ყარალაშვილმა, მერე კი წამსვე მიუბრუნდა ვანო დვალს.

სასწრაფოდ თვალი აარიდა მას ლეილამ.

კიდევ ერთი ვეებერთელა მორი შეაგდო კოცონში ვახტანგ ლასარეიშვილმა, აშიშხინდა შეშა, უფრო ხმამაღლა ატკაცუნდა კოცონი და მოუმატეს მოქეიფეებმა ყაყანს, რასაც პიმენ ტურავას დოლის ხმა დაემატა.

-აბა! – დაჰკივლა გახა ბარდაველიძემ, რომელსაც აშკარად რამდენიმე ჭიქა მაინც დაელია უკვე და გვარიანადაც გამომძღარიყო, თუ მის გაზინთულ, მოთხუპნულ პირს გაითვალისწინებდა ლეილა. – აბა ცეკვა! ცეკვის დროა, გაიგონე? გამოეთრიე, ქალო, რას აგდიხარ მანდ, რა დროს ჭადია!

ვახტანგ ლასარეიშვილიც აყვირდა, გამოდითო და ნელ-ნელა გამოეფინნენ კოცონის გარშემო მოცეკვავეები. წრე შეჰკრეს და დატრიალდნენ, ბათქაბუთქი გაუდიოდა პიმენ ტურავას ატყავებულ დოლს, რასაც გახა ბარდაველიძისა და ვახტანგ ლასარეიშვილის შეძახილებისა და მოცეკვავეთა რუზრუზის ხმა ერთვოდა.

ცაცა მოვარდა, შენც წამოდიო, ხელი მოჰკიდა და თითქმის ძალით წაათრია კოცონის გარშემო შემორტყმული წრისაკენ.

ფეხისთრევით მიჰყვა ლეილა.

ხმამაღლა ტკაცუნებდა კოცონი, მთელი ძალით სცემდა პიმენ ტურავა დოლს და მის რიტმს აჰყოლოდნენ მოქეიფეები. უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებდა წრე, უფრო და უფრო ჩქარა როკავდა ხალხი და ერთი მეორეს მიყოლებით ახტებოდნენ კოცონს, რასაც ყოველ ჯერზე აღტკინებული ჟივილ-ხივილი მოჰყვებოდა, გახა ბარდაველიძე გაჰყვიროდა, განვედ, ბოროტო სულოო.

ნინო გასვიანი გადახტა.

მერე ვახტანგ ლასარეიშვილი.

ნინო გასვიანი.

თევდორე თევზაძე.

გიორგი ადამია.

მერე კი ცაცა გაექანა, კოცონს გადაახტა და თითქოს ცეცხლმოკიდებულ თმაში ჩაებნია ნაპერწკლები.

შრიალებდა გამხმარი ბალახი.

სადღაც, შორს ღავღავებდნენ ძაღლები.

ხმამაღლა ტკარცალებდა ცეცხლი.

ნელ-ნელა ინავლებოდა მზე.

და თავი საშინლად აუზრიალდა ლეილას. ხელები აღემართა, როკავდა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა კოცონზე შემორტყმულ, მოტრიალე წრეს. წამდაუწუმ ელვის სისწრაფით ენაცვლებოდა მის თვალთახედვაში ერთმანეთს კოცონის ნარინჯისფერი შუქი, ცეცხლმოკიდებული მორების ვარვარება და მელნისფერი ცა, რომელსაც ლელესის ტბის თავზე დაღვრილი სიწითლე ხლეჩდა დროდადრო. ხმამაღლა ბუბუნებდა დოლი, გაჰკიოდნენ მოცეკვავეები, თითქოს მიწას სძრავდა თითოეული ბათქის ხმა და ერთმანეთში გაიცრიცა ყველაფერი, სანამ მხოლოდ თვალისმომჭრელი, წითლად აღუებული კოცონი და მის თავში ატეხილი გუგუნი არ დარჩა ლეილას. ინსტინქტურადღა ამოძრავებდა ფეხებს, მკლავებს შლიდა, წრეს მიჰყვებოდა და გრძნობდა, თუ როგორ ამტვერებდა მისი თითოეული ნაბიჯი კოცონის გარშემო შემოყრილ ქვა-ღორღს, როგორ ჩამოშლოდა ზურგზე ნაწნავი და როგორ ფრიალებდა მისი თეძოების გარშემო კაბა.

მხარზე ოდნავ უბიძგეს და ბუნდოვნად ჩაესმა ლეილას, როგორ დაუყვირეს გადახტიო.

და გაუსაძლისად უზარმაზარი მოეჩვენა ცეცხლი, სული მოეხუთა, სისხლმა თავში აასხა, გრძნობდა, თუ როგორ სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი.

გაექანა და როგორც კი ყველაფერი დანარჩენი, თითქოს მთელი შემოგარენი შენთქა მის თვალთახედვაში კოცონმა, როცა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცეცხლი მოეკიდებოდა, მიწას დაჰკრა ფეხი და აფრინდა თითქოს.

ცეცხლის წამიერი, გაუსაძლისი სიცხე იგრძნო წვივებსა და ბარძაყებზე, თითქოს მზე ენთო მიწაში და ერთიანად დადაგვას უქადდა.

მერე კი, მყისიერად, გაქრა ცეცხლი, გრილი ნიავქარი მოელამუნა სხეულზე ლეილას და წაიფორხილა ოდნავ. ხმამაღლა გაჰკიოდნენ მოცეკვავეები, ბუბუნებდა დოლი, ტკარცალებდა ცეცხლი და ძლივს ჩაუნავლდა აუტანელი ზრიალი თავში ლეილას, ნელ-ნელა გამოიკვეთნენ ერთმანეთში აღრეული ფერები. მის თვალწინ მიჰქროდნენ მროკავი სხეულები და სული მოეხუთა ანაზდად, კიდურები დაუმძიმდა.

ძალა მოიკრიბა და სასწრაფოდ გაბარბაცდა მოტრიალე წრის მიღმა.

როცა გაქრა მის ზურგზე არეკლილი კოცონის მხურვალება და ოდნავ მინავლდა მოცეკვავეებისა და დოლის ხმა, იქვე ჩაემხო ლეილა, გამხმარ ბალახსა და ბუჩქებს შორის. ცოტა ხანი იჯდა, სულს ითქვამდა. აშკარად აუტანელი სიცხისაგან მოეხუთა სული.

ღრმად სუნთქავდა, ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა. მუხლები მკერდამდე აიწია და ზედ მოიხვია მკლავები.

მის წინ ვეებერთელა, ბუჩქნარით გადავლილი ტრიალი მინდორი გადაშლილიყო, რომლის მიღმა წამომართულიყო ბუმბერაზი ხერეშის მთა. შრიალებდნენ ფოთლები და რაღაცამ გაიფაჩუნა ბუჩქნარში, ალბათ ჭინჭრაქები ხტოდნენ ტოტიდან ტოტზე, და მხოლოდღა დაისის მეწამული შუქი და მის უკნიდან მომავალი ცეცხლის ნარინჯისფერი სინათლე ანათებდა შემოგარენს.

ხერეშის მთას ახედა ლეილამ.

სალი კლდის თავზე აღმართულ წმინდა გიორგის ეკლესიაში შუქი ენთო. მქრქალი ყვითელი სინათლე იღვრებოდა ფანჯრებიდან.

და იქვე, შორიახლოს, ქარაფის პირზე იდგა რუხი ფიგურა.

ათრთოლებული ხელებით აიწმინდა შუბლი ლეილამ, თვალები მოჭუტა და კისერი წაიგრძელა რომ უკეთ დაენახა. აქედან რასაკვირველია ვერ არჩევდა სილუეტის სახეს, მაგრამ ცალთვალა რეზოს მეტი ვერავინ იქნებოდა.

გაოფლილ სხეულზე ცივმა ნიავქარმა შემოჰკრა ლეილას, გააკანკალა, თითქოს მყისიერად აურთქლდა სხეულიდან გვალვისა და კოცონის მიერ მოგვრილი სითბო.

იქვე მაღალ ბალახში ჭრიჭინებდნენ კუტკალიციები, ყაყანებდა ხალხი და თვალმოუშორებლივ, დაჟინებით აჰყურებდა ცალთვალა რეზოს ფიგურას ლეილა.

მერე კი მოესმა.

ნაბიჯები. ვიღაც უახლოვდებოდა.

ელვის სისწრაფით მოატრიალა თავი ლეილამ, უკან გაიხედა.

რატი ყარალაშვილი მოდიოდა მისკენ. კოცონის შუქი მოყვითალო-ნარინჯისფრად ღებავდა მის სილუეტს, კვლავ დაჰბურვოდა აქამდე ნაღვერდლებივით ავარვარებული თვალები და ოქროსფერ ძაფებს ჩამოჰგავდნენ მისი ცეცხლის სინათლეზე აპრიალებული თმის ღერები.

პირი იბრუნა ლეილამ, კვლავ ცალთვალა რეზოსკენ აატრიალა მზერა. უფრო მაგრად მოიჭირა მკლავებზე ხელები.

ყარალაშვილმა მოუნელა. მის გვერდით გაჩერდა.

არ აუხედავს მისკენ ლეილას.

-ცუდად ხარ? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-არა. – მიუგო ლეილამ. – უბრალოდ დამცხა. ახლა უკეთ ვარ.

-კარგი.

წამიერად არაფერი უთქვამს ყარალაშვილს და მისკენ გააპარა მზერა ლეილამ.

ყარალაშვილი ხერეშის მთას აჰყურებდა, წარბშეკრული.

-სულ იქ დგას. – თქვა მან.

-ჰო. ყოველღამე ადის. იქ რა უნდა ნეტა, ეგ გამაგებინა.

-ალბათ ხედი მოსწონს. – თქვა ყარალაშვილმა. ოდნავი ირონიის ელფერი დაჰკრავდა მის ხმას.

არაფერი უპასუხა ლეილამ, კვლავ ცალთვალა რეზოს ახედა.

რაღაც ძალიან ახლოს იდგა ქარაფის პირთან მისი ფიგურა.

რატომღაც ტანში გასცრა ლეილას. თმა ყალყზე დაუდგა, იგრძნო, როგორ გაუცივდა ანაზდად ხელები.

საშინელი, შემზარავი წინათგრძნობა მოერია.

რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ ანაზდად ცალთვალა რეზომ და თვალები გაუფართოვდა ლეილას, ერთიანად  დაიძაბა, ფეხზე წამოიჭრა.

-დაინახე? – მიუბრუნდა ყარალაშვილს. – ახლოს მოვიდა! შენც ხომ დაინახე?

ყარალაშვილი გახევებული იდგა, სახის ნაკვთები ერთიანად დაძაბვოდა.

-რეზო! – დაიღრიალა მან, მისი ხმა ექოდ ამოსძახა სალმა კლდემ და წამსვე შეწყდა უკნიდან დოლის ბათქაბუთქი. – რეზო, უკან გაბრუნდი, გესმის?!

მოქეიფეებმა ჩოჩქოლი ატეხეს და ორიოდე წამში მათი მძიმე ნაბიჯების ხმა ჩაესმა ლეილას.

არ იძვროდა ცალთვალა რეზოს ფიგურა.

სისხლმა სახეში აასხა ლეილას. თითქოს რაღაცამ მაგრად მოუჭირა მკერდში, ვეღარ ამოისუნთქა, თავი კვლავ აუტანლად აუზრიალდა, გასკდომაზე ჰქონდა.

-რეზო მეთქი! – დაიღრიალა ყარალაშვილმა. – უკან გადი!

მერე კი ცალთვალა რეზომ ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ქარაფის პირს.

და სალ კლდეზე გადმოიჩეხა.

ხროტინი აღმოხდა ლეილას. შეჰყურებდა, თავზარდაცემული, თუ როგორ დატრიალდა ცალთვალა რეზოს ფიგურა რამდენჯერმე ჰაერში, ვარდნისას კლდის ქიმებს ეხლებოდა მისი სხეული, ბოლოს კი ხმამაღალი ზათქით ჩაენარცხა კლდის ძირში, აშრიალებულ ხეებს შორის.

უკნიდან ვიღაცები აკივლდნენ. გაჰკიოდნენ, გადმოხტაო.

რეტი დაესხა ლეილას, გული აერია. თავი უსკდებოდა, თვალებში ჩამოუბნელდა ანაზდად და იგრძნო, როგორ ჩამოეღვარა ცხვირიდან სითხე, გაპობილ ტუჩზე დაედინა და მეტალის გემო იგრძნო პირში.

მერე კი ნიკაპზე, ყელსა და მკერდზე მითქრიალებდა ბლანტი სითბო.

ქალების შეცხადება, კაცთა ბღავილი, კოცონის ტკარცალი ერთმანეთში გალღვა და განიბნა, სანამ ყურისწამღები გუგუნის მეტი აღარაფერი ესმოდა ლეილას.

საშინლად დაუმძიმდა კიდურები, მუხლები მოეკვეთა, წაბარბაცდა და ბუნდოვნად, თითქოს შორიდან იგრძნო, თუ როგორ შეაშველეს ხელი.

მერე კი, ერთბაშად მხოლოდ სიმსუბუქეს, მის გაციებულ კანზე ცეცხლივით მხურვალე შეხებასა და პირში ცხელი მეტალის გემოს გრძნობდა.

 თვალისმომჭრელი ცეცხლი, ავარვარებული ნაკვერჩხლები და დაისის მეწამული სინათლეღა ედგა თვალწინ, როცა ათას ნაწილად დაიფშვნა, დაიფანტა და სიბნელემ მოიცვა მისი გონება.  

8 thoughts on “მირაჟი (თავი 5)

  1. აუუ ისე ამერია თავგზა ჩემგან დეტექტივი კი არა დამხმარეც არ გამოვა ნუ ამ ეტაპზე.😁
    ისე ვითარდება სცენარი მეშინია ეს ჩვენი ლეილა მართლა კუდიანი არ აღმოჩნდეს და რატი მკვლელი.😁
    აი ახლა არ მინდა ცაცას და ლეილას მიადგნენ თქვენს გამო მოიკლა თავიო. ისედაც ხომ სულ იქ იდგა უმეტესად, მაგრამ ბრბოს მეტი რა უნდა აზროვნება გვალვამ დაყწვა ეტყობა.🥴
    ძალიან მომეწონა რატის და ლეილას ღამეული დიალოგი❤️ კიდევ კარგი თამილა არ გამოვარდა და არ ჩაუმწარა თავისი წივილით გვრიტებს საღამო.☺️🫶

    Like

  2. იფ რა კარგად ვისიამოვნე ქალაუ🙈 ძალზე დაძაბული და საინტერესო თავი იყო🙈 თან ერთ თავში ორი უცნაური სიკვდილი და ამდენი ინტრიგა ჩაგიდია🙈 კი დაჭირდებოდა ამას ახლა ერთი თვე, აბა რა იქნებოდა😁ცაცა მეცოდებააა🥺 ეს თამილა თავიდან კარგი ტიპი მეგონა. მეთქი ლეილა შეიფარა და გაზარდათქო, მარა როგორც ჩანს ჩვეულებრივი ბოროტი დედინაცვალია😠 რატის და ლეილას მომენტები ყველაზე მეტად მომეწონა🥰 უსაყვარლესობა იყო. ვერ ვძღები ამ წყვილით. მათი ბევრი სცენა მინდა😁 რატი, კაცო, შუაღამისას გოგო შენს სანახავად გამოიპარა სახლიდან და შენ წადი დაიძინე უნდა უთხრა???? რავა ყველაფერზე უნდა უჯიკო ამ ბიჭს🙄😂😂 ნუ ბოლოს ისეთი ლამაზი სცენა იყო, იმ კაცს რო არ ეფრინა კლდიდან ბოლომდე ლამაზი დარჩებოდა😂 ძაან ინტრიგაში ვარ და ძალზე მაინტერებს გაგრძელება ქალაუ🙈🙈 შენს ლამაზ თითებს და ნიჭიერებას, რომ უმაღლეს დონეზე ვაფასებ იცი ალბათ😍😍😍😍😍💚💜💚💜

    Like

  3. ლინდა ძალიან ძალიან საინტერესო და დაძაბული სიტუაციაა უკვე, ინტერესი მკლავს ვინაა მკვლელი, ლეილას წინათგრძნობები აქვს ეტყობა, რატის კი ლეილა უყვარს თუ ებრალება ბიცოლამისის ხელში და ეშინია რაიმე არ მოუვიდეს მასაც? როდის იქნება მომდევნო?

    Like

  4. ლინდუ, ძალიან კარგი, დაძაბული და მისტიური თავი იყო როგორც ყოველთვის. საოცარი გარემო გაქვს შექმნილი, რატის პერსონაჟის უკეთესად გაცნობა მინდა, და არა მარტო მისი. უფრო და უფრო ჩახლართული ხდება სიტუაცია და ვინ არის მკვლელი, ოდნავი მინიშნებაც კი არ მოგიცია ნუ, არა რატის დანის ტრიალს მე მინიშნებად არ ვთვლი (იმედია ყოველშემთხვევაში). აი ლეილას სიზმრები კი ძალზედ საინტერესო გახლავთ, შეიძლება იქაც იმალებოდეს რამე ? ყველა იმდენად იდუმალია, რომ ცოტა დავიბენისავით, მაგრამ ჯერჯერობით ჯერ ისევ ერთი ადამიანის კვალს მივსდევ და ვნახოთ რა იქნება.
    აი თამილა ერთ-ერთი იმ პერსონაჟთაგანია, რომლის სიკვდილიც ალბათ არ მეწყინება. მთლიანად სოფელი იმდენად “უგემურია”, რომ თამილას მირჟანი რომ გამოეცხადოს და ერთ დღესაც აკუწოს არ მეწყინება :დ
    ხო, მირჟანის პერსონაჟიც მესაინტერესოება რატომღაც…
    ხოდა, არ ვიცი ჯერ რა ხდება და რატომ, მაგრამ ბევრი ვინმე მაფიქრებს რაღაც-რუღაცებზე და პლუს დიდი იმედი მაქვს ლეილა ცოტა მოუხაზავს თამილას, თორე არ ვიცი რას ვიზამ :დ
    ლეილასა და რატის ღამეულ მომენტზე უცებ მგელი და ცხვარი გამახსენდა.
    რატი – მგელი, ლეილა კი ცხვარი.
    და რეზოს სიკვდილი მეწყინა, აშკარად აწუხებდა რაღაც და რა იმედია მაგასაც აეხდება ფარდა.
    მოკლედ, შემდეგ თავს ველი… ❤

    Like

  5. ხუთასჯერ გაუმეორა ამ გოგომ შენ მწყემსი ხარ და თავი ვინ გგონიაო და კაცი მართლა პოლიციელი ყოფილა :დდდ

    Like

  6. აი ისეთია რომ ჯერ კიდევ ვერ ვხდები რა ხდება,ეჭვმიტანილიც კი არ მყავს გამოკვეთილი და ვერც ვვარაუდობ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები☺️

    Like

Leave a reply to Ciuri ciuri კომენტარის გაუქმება