მირაჟი (თავი 3)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მესამე თავის თემა

III – The Woman

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

მზე ინავლებოდა.

ოდნავადღა მოჩანდა შორს, მთათა შორის მისი დაღვენთილი წითელი დისკოს წვერი. სულს ღაფავდა მზის შუქი, და გოროზად გადმოჰყურებდა მას მუქ იისფრად დაფერილი ცის კამარა, რომელზეც ისე აკიაფებულიყვნენ ვარსკვლავები, თითქოსდა მუქ ბარხატზე მარგალიტები მიმოუბნევიათო. თითქმის გავსებულიყო კენწეროებზე შემომჯდარი ვერცხლისფერი მთვარე, რომლის შუქზეც ღიად იცრიცებოდა მის გარშემო ცის უძირო იისფერი. გაგრილებულიყო ქარი, და თითქოსდა ძალა შეჰმატაო მას მოწოლილმა ღამემ, გუგუნით მიჰქროდა იხულას მთის უღრან ტყეში, ასწლოვან ნაძვებსა და ფიჭვებს აჭრიალებდა, ბუჩქებს გლეჯდა და რუხ ღრუბლებს მოერეკებოდა დასავლეთიდან.

და თითქმის ვერ გრძნობდა მოძალული ქარის სიგრილეს ლეილა, რადგან იმდენად ცხელი იყო მის ზურგზე აკრული რატი ყარალაშვილის სხეული, თითქოსდა მასში ჩაღვრილიყო მთათა შორის მინავლებული მზე.

მიერეკებოდა ცხენს ყარალაშვილი, მალ-მალე შემოჰკრავდა ქუსლებს ფერდებზე, დაჰკივლებდა და ისარივით მიჰქროდა საცალფეხო ბილიკზე ქურანი. ელვის სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს ხეების მუქი იისფერი ჩრდილი და მომაკვდავი მზის მოწითალო შუქი, სანამ თვალები არ აუჭრელდა ლეილას.

მხრები აეწურა, თითქოს ცდილობდა დაპატარავებულიყო, მაგრამ მაინც გრძნობდა ორივე მხარეს მკლავებზე რატი ყარალაშვილის ტილოს პერანგის უხეშ მატერიასა და მისი კანის მხურვალებას.

კუზიანი ფოტინეს შემზარავად ცივი, ცვილივით კანი წარმოუდგა თვალწინ. მისი მიჭყლეტილი, აფორაჯებული სახე, გადმოკარკლული თვალები და მის ქვეშ დამდგარი კუპრივით მუქი სისხლის გუბე.

ვის უნდა მოეკლა ზრეას კიდეზე მცხოვრები ბებრუცუნა? ბოლო წლების მანძილზე, თვითონ როგორც გაეგონა, კუზიან ფოტინეზე ხალხს მხოლოდ სიბრალული ალაპარაკებდა. თამილა მუდამ შეიცხადებდა ხოლმე, საცოდავი რომ დააჩაჩანაკა სიბერემ, ყველამ მიატოვაო.

თუმცა, ყოფილი მაჭანკალი გახლდათ ფოტინე.

შერყეულ ბებერ შოთა ლასარეიშვილს მან გამოუძებნა ვიღაც იფლიჰემელი გოგო, თინა ნარიმანიძე.

გაგა თავართქილაძეს ჭანტურიების გოგო, მედეა გაურიგა.

ჩიტო ადამია ნინო გასვიანს შეახვედრა.

და კიდევ უამრავი. უამრავი წარმატებული თუ წარუმატებელი გარიგება.

ლეილას ფრიად მოკრძალებული აზრით, უმთავრესად წარუმატებელი.

თამილა იმასაც გაიძახოდა, ცალთვალა რეზოს საცოდავი ცოლი მაგან დაღუპა, იმ მხეცს რომ შეახვედრაო.

და რასაკვირველია, კუზიანი ფოტინე გახლდათ ის მაჭანკალი, გენადი დუდავას რომ ურიგებდა თევზაძეებისა და ცხვედიანების გოგოებს.

გააცია ლეილას. ხელები უფრო მაგრად მოუჭირა უნაგირის კეხს, სანამ არ იგრძნო, თუ როგორ ჩააჭირეს ფრჩხილებმა ხელისგულებში.

კუზიანი ფოტინე იყო შუამავალი გენადი დუდავასა და თევზაძეებს შორის.

მერე კი გენადი დუდავამ საწყალი გოგო გააუპატიურა, რის გამოც რამდენიმე თვით იფლიჰემის ციხეში ამოჰყო თავი. გოგო გადაიხვეწა, კუზიანმა ფოტინემ კი მაჭანკლობას თავი მიანება და ზრეას კიდეზე დასახლდა.

იქნებ თავის ნამოქმედარს მაჭანკალს აბრალებდა გენადი დუდავა? იქნებ ის მიაჩნდა დამნაშავედ იმაში, რომ ციხეში აყურყუტეს?

მაგრამ არა. რატომ უნდა მოეკლა გენადი დუდავას კოჭლი ბესარიონის კატა და ლურჯამთის ცხვრები?

იქნებ იმისათვის, რომ ხელი გაეწაფა ანდა თავგზა აებნია გამოძიებისათვის?

არა, არა. გენადი დუდავა ფრიად ცალტვინა ვინმე ბრძანდებოდა. ასეთ რაღაცას თვითონ ვერ მოიფიქრებდა.

ანდა იქნებ მურკასა და ცხვრების მკვლელობა საერთოდ არ იყო კავშირში კუზიან ფოტინესთან? იქნებ მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევა გახლდათ ის, რომ გასული თვის მანძილზე ერთმანეთის მიყოლებით გამოფატრეს მურკაც, ცხვრებიც და კუზიანი ფოტინეც?

თვალებგადმოკარკლული გაჰყურებდა რაღაცას შორს ლეილა, მზერა გაშტერებოდა, გამალებით ეხლებოდნენ ერთმანეთს მის თავში უთავბოლო ფიქრები, სანამ ყველაფერი ერთ გაუგებარ მასად არ იქცა. მხოლოდ ბუნდოვან, ერთმანეთში აღრეულ ფერთა ლაქად ხედავდა მწუხრის იისფერსა და მზის წითელ შუქს.

მერე კი რაღაც იგრძნო. გაიგონა, შორიდან, დაგუდულად.

რატი ყარალაშვილი რაღაცას ეუბნებოდა.

წამსვე გამოფხიზლდა ფიქრებიდან ლეილა, თვალები დაახამხამა, რომ მზერა დაეწმინდა.

კორომიდან გამოეღწიათ და შეენელებინა მწყემსს, ჩორთით მიუძღოდა ცხენს ზრეის მთავარი გზისკენ მიმავალ დაღმართზე. მათ თვალწინ გადაშლილიყო იხულას მთის ფერდზე შეფენილი ზრეა, მთავარი გზიდან გამოყოფილი საცეცებივით მიიკლაკნებოდნენ ბილიკები, რომლებიც სახლებისა და მწვანედ შეფოთლილი ხეების მიღმა იკარგებოდნენ, და სულთმობრძავი მზის უკანასკნელ სხივებზე ლაპლაპებდნენ სახურავები. უკვე მოსწოლოდა საღამო ზრეას, ალაგ-ალაგ იღვრებოდა მოყვითალო-ნარინჯისფერი სინათლე ფანჯრებიდან, სადღაც ვიღაცები გიტარას უკრავდნენ და დაამღერებდნენ, აშარიშურებულ მაღალ ბალახში კი ნებივრად ჭრიჭინებდნენ კუტკალიები.

-გაიგონე? – ჰკითხა უცებ რატი ყარალაშვილმა და გაკრთა ლეილა, უსიამოვნოდ გასცრა ტანში, როცა მის მკერდში გამჯდარი ხმის გუგუნი იგრძნო ზურგზე.

-არა. – თქვა სწრაფად. – ვფიქრობდი. რა გინდა?

-ფეხშიშველი რატომ დადიხარ-მეთქი.

-მომწონს ხანდახან.

-რა მოგწონს, ამ ქვა-ღორღში სიარული? – სარკასტულად ჩაეკითხა ყარალაშვილი, თითქმის იგრძნო მისი ირონიული ღიმილი ლეილამ. – ანდა სისხლში რომ აბიჯებ?

უსიამოვნოდ მოიჭმუხნა ლეილა. არც კი იცოდა, რამე მიეხალა საპასუხოდ, თუ გაჩუმებულიყო.

გაჩუმება არჩია. არც კი იცოდა, თუ რა სურდა ყარალაშვილს.

იქნებ აქედანვე იწყებოდა დაკითხვა? რატი ყარალაშვილი ალბათ ცდილობდა რომ ამ უმიზნო, უაზრო რეპლიკებით მოეთაფლა, იმედოვნებდა რომ ასე გააბამდნენ საუბარს და რამე მისთვის გამოსადეგი დასცდებოდა ლეილას.

ალბათ მართლაც დამნაშავედ თვლიდა. და სწორედ ამიტომ მიათრევდა ახლა პოლიციის პუნქტში.

გაქვავდა ლეილა, ტუჩები მაგრად მოკუმა. არ აპირებდა გაერისკა სისულელეების თქმით.

ყარალაშვილიც ჩაჩუმდა. ლაგამი მოსწია, აფრუტუნებული ქურანი მთავარი გზიდან გადაიყვანა და საცალფეხო, ქვა-ღორღით მოფენილ ბილიკს დაუყვნენ, რომელიც არჭამის ხეობის ძირში გადაფენილ დაღრეცილ სახლებსა და ქოხებს შორის მიიკლაკნებოდა. ვეებერთელა ელექტროგადამცემი კოშკები აღმართულიყვნენ მდინარის პირას, და შორს, ძალიან შორს, ლელესის ტბამდე გადაჭიმულიყო მათი მწკრივი. კოშკებს შორის გაბმული სადენები ოდნავ ირწეოდნენ ქარში და მათი ოდნავი ზუზუნი არხევდა ჰაერს.

კენჭებზე წკარუნებდნენ ფლოქვები, გუგუნებდა მოახლოებული ხარისწყალი და გრძნობდა ლეილა, თუ როგორ გადმოჰყურებდა მათ სახლებიდან სანახაობას დახარბებული ხალხი. ნარინჯისფრად აღუებულ ფანჯრებთან ატუზულიყვნენ რუხი სილუეტები და მისკენ იშვერდნენ თითს.

თვალი აარიდა მათ ლეილამ.

ჩაათავეს ბილიკი, და მწვანედ აბიბინებული მდელო გადაიშალა მათ თვალწინ. ნიავქარში ნებივრად ქანქარებდნენ მოღაღანე ველური ყვავილები, გარშემო აღმართული ალვისა და ჭადრის ხეები აშრიალებულიყვნენ. მდელოს მიღმა გაწოლილიყო ხარისწყალის ზორბა, მჩქეფარე რუხი სხეული, რომლის ტალღებსაც ალაგ-ალაგ ჩამავალი მზის შუქზე მქრქალი ლაპლაპი გაუდიოდა, წყალი შხაპუნით ეხეთქებოდა მოკენჭილ ნაპირს. ხარისწყალზე ალბათ უკვე ათწლეულების წინ აშენებული, მორყეული ხის ხიდი გაედოთ, ხიდის გასამაგრებლად ხარისწყალში ჩადგმული სამი ხის სვეტიდან ერთი ორიოდე წლის წინ მოეგლიჯა ადიდებულ მდინარეს, რომლის ადგილზეც რამდენიმე ზორბა ფიცარი შეეყუდებინათ.

ხიდზე გადასვლას მუდამ ერიდებოდა ლეილა. მდინარის მიღმა მხოლოდ პოლიციის პუნქტი, ორიოდე კომლი, დაუმუშავებელი ყანები და მაღლა, ჩუმშიდის უღელტეხილის კიდეზე, უღრანი ტყის პირას ცალთვალა რეზოს მიწური ქოხი გახლდათ.

ქოხს ახედა ლეილამ, მინდვრის, სარეველებით გადავლილი ყანებისა და ჩაფეხვილი სახლების მიღმა. ყვითელი შუქი მოსწოლოდა ქოხის ფანჯრებს, მაგრამ ამჯერად არსად მოჩანდა ცალთვალა რეზოს სილუეტი.

პირი იბრუნა ლეილამ. კვლავ ბილიკს მიადევნა თვალი და მაგრად ჩაეჭიდა უნაგირის კეხს, როცა ცხენი ხიდზე შეაგდო რატი ყარალაშვილმა.

ისე აუტანლად ჭრიალებდნენ დამპალი ფიცრები ქურანის ფლოქვთა ქვეშ, რომ ხარისწყალის გუგუნიც კი ვერ ფარავდა, მაგრამ მაინც არ უმტყუნა მათ ათწლეულების მანძილზე გამოწრთობილმა ხიდმა. მშვიდობიანად გადაიარეს და ფერდებზე ქუსლების შემოკვრით ააჩქარა ქურანი ყარალაშვილმა, პოლიციის პუნქტისაკენ მიმავალ შარაგზას დაუყვნენ.

ჩანავლდა მზე. მიიმალა მისი დაღვენთილი დისკო, და თან წაიღო აქამდე შემორჩენილი სითბო, მხოლოდ ოდნავი მოწითალო, გრილი სინათლე მოჰფენოდა შემოგარენს. უღრანი ტყიდან აფრთხიალდნენ ფრინველები, ხმამაღლა ჩამოსჩხავლეს მათ, და უძირო ჩანდა უამრავი ვარსკვლავით მოჭედილი მუქი იისფერი ცა.

ხარისწყალის ნაპირთან ახლოს, ტირიფისა და არყის ხეების შორის შემალულიყო პოლიციის პაწაწინა შენობა. ოდესღაც თეთრად შეფეთქილი ქვის კედლები განვლილ წლებსა და ჩამოწოლილ შუქჩრდილს რუხად გაემურა, კართან მიმაგრებული აბრა, რომელზეც „პოლიცია“ ამოეტვიფრათ, ერთიანად მოღრეცილიყო, მის ჩამოვარდნას არაფერი უკლდა.  დამტვერილი ფანჯრებიდან ნარინჯისფერი სინათლე იღვრებოდა, რომელიც ოდნავ ანათებდა შარაგზასა და შენობის გარშემო ამობიბინებულ მაღალ ბალახს.

იქვე, არყის ხესთან შეაჩერა ქურანი რატი ყარალაშვილმა, ელვის სისწრაფით ჩამოხდა და წამსვე შემოჰკრა მის მიერ გახურებულ ზურგზე გრილმა საღამოს ქარმა ლეილას. ფრთხილად ჩამოსრიალდა ცხენიდან, უნაგირზე ჩაბღაუჭებული, და წელზე ხელები შეაშველა ყარალაშვილმა, მერე კი, სანამ ლეილა გვერდზე გადგომას მოასწრებდა, ხელი უშვა და მიბრუნდა, შენობისაკენ გაემართა.

მის რუხ სილუეტს, პოლიციის პუნქტის ფანჯრებიდან მომავალ ნარინჯისფერსა და ჩამავალი მზის მოწითალო იისფერში რომ გამოხვეულიყო, წამიერად უბრალოდ შესცქეროდა ლეილა.

მერე კი უკან აედევნა.

კარი შეაღო მწყემსმა, ზღურბლზე შეყოვნდა.

მისი მხრები თითქმის ავსებდნენ თითქოს კარის ჩარჩოს, და ოდნავ გვერდზე გადაიხარა ლეილა, რომ შიგნით შეეჭყიტა.

პაწაწინა გახლდათ პოლიციის პუნქტი. ისეთივე უღიმღამო და გამურული ჩანდა შიგნიდან, როგორც გარედან გახლდათ. კედლებზე ალაგ-ალაგ აქერცლილიყო გაცრეცილი ლურჯი საღებავი, კუთხეებში აბლაბუდებს დაედოთ ბინა. კედლებზე ოციოდე მოღრეცილი თარო მიეჭედებინათ, რომლებზეც ათასი ხარახურა ეყარა. სუსტად კიაფობდა ჭერზე ჩამოკონწიალებული გაბზარული ნათურა, მის შუქზე კედლებზე გაკრული გახუნებული პლაკატები ოდნავ ლაპლაპებდნენ. ოთახის ბოლოში ორი კარი იყო, ერთზე გაკრული აბრა ამცნობდა, რომ იქ დასაკითხი ოთახი იმყოფებოდა. მარჯვნივ, კედელთან მიდგმულ მაგიდაზე ვეებერთელა, ძველი მონიტორი და მაგიდის ტელეფონი იდო, მათ გარშემო ვეებერთელა, გამოტენილი საქაღალდეები აეკოკოლავებინათ.

იქვე, სკამში გადაწოლილიყო ზურაბ ყარალაშვილი, თავი უკან გადაეგდო და ხმამაღლა ხვრინავდა, ხელები მუცელზე დაეკრიფა. მეორე სკამში, მის მოპირდაპირედ ჩამომჯდარიყო ახლადგამომცხვარი გამომძიებელი ვანო დვალი, რომელიც თვალებგადმოკარკლული შეჰყურებდა ზღურბლზე გაქვავებულ რატი ყარალაშვილს, თითქოს რაღაცაში გამოიჭირესო.

ალბათ გამოიჭირეს კიდეც.

ბოლოს და ბოლოს, ზრეაში მკვლელობა მოხდა, პოლიციელები კი აქ ისხდნენ.

წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ლოთი ზურაბ ყარალაშვილის ხმამაღალი ხვრინვა არღვევდა.

-იფლიჰემში დავრეკე. – წამოიხავლა ბოლოს ვანო დვალმა, ლარივით დაჭიმული შესცქეროდა რატი ყარალაშვილს. ყარალაშვილის გამომეტყველებას ვერ ხედავდა ლეილა, მაგრამ ხვდებოდა, რომ არც ისე კარგად იყო საქმე. – ექსპერტები მოდიან, მაგრამ ლელესის ტბასთან ხიდი ჩავარდნილა, აკეთებენ და ცოტა დააგვიანდებათ…

-და დანაშაულის ადგილს გამომძიებლის მიერ დათვალიერება და მინიმუმ ლენტით შემოსაზღვრა რომ უნდა? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

ვანო დვალმა პირი გააღო და დახურა, სიტყვებს ეძებდა. შუბლზე აშკარად სიმწრის ოფლი მოსწოლოდა, სახე ისე წამოუფორაჯდა, თითქოს ყელამდე შეკრული პერანგის საყელო ახრჩობსო.

თავი გადააქნია რატი ყარალაშვილმა, მერე კი ორი ზორბა ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას და მამამისის სკამის ფეხს ჰკრა წიხლი, რაზეც ლოთმა პოლიციელმა ხროტინი ამოუშვა, შეტორტმანდა და კინაღამ სკამიანად დაეხეთქა ძირს. ხელები ააფართხალა და გასწორდა, მობლეტილი თვალებით მიმოიხედა.

რატი ყარალაშვილი უკმაყოფილოდ დაჰყურებდა, თვალები გასციებოდა.

-გვამი რომაა იხულას მთაზე, დაგავიწყდა? – თქვა მან. – წადით ახლა.

-რაო? – წამოიზმუვლა საპასუხოდ მამამისმა.

-გვამი! – ხმას ოდნავ აუწია რატი ყარალაშვილმა. – იხულას მთაზე. კუზიანი ფოტინე, არ გახსოვს? უნდა წახვიდე!

ზურაბ ყარალაშვილმა ზმუილი ამოუშვა, რაღაც ცხრასართულიანი გინების მსგავსი წაიბურტყუნა და ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე. ვანო დვალი უკვე წამოვარდნილიყო სკამიდან, სარივით გაჭიმული იდგა.

ტორტმანით გამოემართა კარისაკენ ზურაბ ყარალაშვილი და წამსვე განზე გახტა ლეილა, მისგან შორს. ალმაცერად ახედ-დახედა ლოთმა პოლიციელმა, მაგრამ გამტყვრალ გონებაში სულაც არ მოეჩვენა უჩვეულოდ მისი აქ ყოფნა. რაღაც გაურკვეველი წაილუღლუღა და მუცლის ფხანით გააბიჯა კარში.

დვალი წამსვე მისკენ გაეშურა, მაგრამ წამსვე ადგილზევე გააშეშა რატი ყარალაშვილის ერთმა თითების გატკაცუნებამ. ყარალაშვილმა ერთ-ერთი თაროსაკენ მიუთითა, რომელზეც, სხვადასხვა ახორიალებული ხარახურასთან ერთად, პოლიციის ლენტი, ნიტრილის ხელთათმანების შეკვრა და რამდენიმე ელექტრონული ფარანი მიეგდოთ.

ფაცაფუცით აიტაცა ისინი დვალმა და ისე, რომ მათკენ არც კი შემოუხედავს, უკანმოუხედავად გაიქცა. კარი ზურგსუკან ისეთი ძალით მოიჯახუნა, რომ შეთრთოლდნენ კუთხეებში გაბმული აბლაბუდები და ჭერზე ჩამოკიდებული ნათურა აქანავდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ფანჯარა ღია იყო, გარედან ხარისწყალის დაგუდული გუგუნი, კუტკალიების გაბმული ჭრიჭინი და ბილიკზე ხრაშა-ხრუშით მიმავალი ნაბიჯების ხმა იღვრებოდა.

რატი ყარალაშვილმა ერთი გადმოხედა და მაგიდისაკენ მიუთითა, თვითონ მძიმედ ჩამოჯდა ერთ-ერთ სკამზე.

-დაჯექი. – უთხრა მან, და სანამ ლეილა ნელა, ყოყმანით დაიკავებდა მის საპირისპიროდ ადგილს, საიდანღაც სუფთა ქაღალდი გამოათრია, მაგიდის უჯრიდან კი პაწარა თუნუქის კოლოფი ამოიღო, რომელშიც მელნისმაგვარი რაღაც ესხა. – ანაბეჭდები უნდა აგიღო.

იმ მელნისმაგვარ რაღაცაში უნდა ჩაეწო თითები ლეილას, მერე კი ფურცელზე გადაეტანა. როგორც კი მორჩა, მაშინვე სუფთა ხელსახოცი მიაწოდა ყარალაშვილმა.

გულმოდგინედ მოიწმინდა თითები ლეილამ.

ყარალაშვილმა საქაღალდეებიდან სუფთა ფურცელი გამოაძრო და იქვე მიგორებული კალამი მოიმარჯვა, მერე კი ლეილას გადმოხედა. 

მბჟუტავი ნათურის შუქი ვერც აღწევდა მის მუქ თვალებამდე, შუბლზე ჩამოყრილი შავი კულულების ჩრდილში შებურვოდა ისინი. ძალიან გამომცდელი, გამჭოლი მზერა ჰქონდა, თითქოს არაფერი გამოეპარებოდა.

-გისმენ. – უთხრა მან. – დაიწყე აბა თავიდან.

მისი დაჟინებული მზერის ქვეშ უხერხულად შეიშმუშნა ლეილა. ხელსახოცი მაგიდაზე გადადო, კალთაში დაიკრიფა ხელები და ხელისგულზე გაჩენილი კოჟრები დაისრისა ნერვიულად.

-თავიდან საიდან? – იკითხა ბოლოს.

-რას აკეთებდი იქამდე, სანამ ფოტინესთან ახვიდოდი.

-საქათმის გამოსუფთავება მინდოდა. მივათრიე ურიკით ფორცხი…

-მერე?

-მერე ბიცოლაჩემის ყვირილი გავიგონე.

-რას ყვიროდა? – ჩაეკითხა ყარალაშვილი. შესცქეროდა და მალ-მალე წერდა, შესაშური სისწრაფით.

-მე რა ვიცი. ვაიმეო. – მოუჭრა ლეილამ. -ჭიშკარში რომ შემოვარდა, ვკითხე, რა მოხდა მეთქი. საწყალი ფოტინეო და სისხლიო, გაიძახოდა. ვერაფერი გავიგე, ვუთხარი, პოლიციაში დარეკე და უთხარი, რეანიმობილიც გამოაგზავნონ მეთქი. მერე კეტი ავიღე…

-რატომ?

-სისხლიო და. მეთქი რამე ხომ არ მოხდა-თქო. თან ბიცოლაჩემი სულ მაფრთხილებს, ტყეში საშიშიაო, ჰოდა წავაყოლე ხელს.

-რა არის საშიში? – წარბები აზიდა ყარალაშვილმა. ლეილამ უხერხულად აიჩეჩა ცალი მხარი.

-მირჟანის ეშინია ბიცოლაჩემს. – თქვა ბოლოს, ყოყმანით.

რატი ყარალაშვილს არაფერი უთქვამს. მზერა დახარა, წერას განაგრძობდა.

-ჰოდა წავედი კეტით. – ფრთხილად განაგრძო ლეილამ. – არავინ იყო იქ. როგორც კი ქოხში შევიხედე…

-გზა საიდან იცოდი? – ისე ჰკითხა რატი ყარალაშვილმა, რომ ფურცლიდან არც აუხედავს და სიტყვა ენაზე შეაცივდა ლეილას.

-საიდან და ნამყოფი ვარ ადრე. – მიუგო მან. – ბიცოლაჩემს დავყავდი ხოლმე. ეგონა თვალი მეცა. კუზიანი ფოტინე გამომილოცავდა, მიმკითხავებდა.

ყარალაშვილმა ახედა.

-მერე? – ჰკითხა მან. ლეილა უსიამოვნოდ მოიჭმუხნა.

-მერე რა ვიცი, კარგი არაფერი უწინასწარმეტყველია… – დაიწყო მან.

-ეგ არა. – რატი ყარალაშვილს უცნაურად შეუთრთოლდა სახის ნაკვთები. – ქოხში რომ შეიხედე, მერე?

უფრო მაგრად დაისრისა ხელისგულზე კოჟრები ლეილამ.

-მერე დავინახე. – თქვა მან. – პირდაღმა ეგდო. ხელები გადაშლილი ჰქონდა, თავი ღუმელისკენ, ფეხები საწოლისკენ. სისხლის გუბე ედგა ქვეშ.

ის წამოუტივტივდა თავში, თუ როგორ დაემგვანა მის ჩრდილში კუპრს უკვე გაციებული სისხლი და ჟრუანტელმა აურბინა ზურგში, ცივმა ოფლმა დაასხა.

-პულსი გავუსინჯე. – წამოილუღლუღა ბოლოს. – არ ჰქონდა. მერე ზურგზე გადავატრიალე. გაშეშებული იყო სულ.

-რატომ გადაატრიალე?

-არ ვიცი. ალბათ არ მინდოდა რომ ისე, პირდაღმა დარჩენილიყო. მთლად მიჭყლეტილი კი ჰქონდა უკვე სახე.

-რამე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევია?

-არა… – ლეილა ოდნავ შეყოყმანდა, რატი ყარალაშვილს, მას რომ დაჟინებით დაჰყურებდა, გაუსწორა მზერა. – ბეჭედი არ ჰქონდა.

-ბეჭედი? რანაირი ბეჭედი?

-ოქროსი. პატარა ქვით. ადრე ეკეთა, ახლა ვეღარ შევამჩნიე. – თქვა ლეილამ. – არადა სხვა სამკაულობა ყველა ადგილზე იყო.

ალბათ მკვლელმა წაიღო.

მაგრამ სხვა სამკაულობა ადგილზე დატოვა.

რატომ უნდა წაეღო მხოლოდ ის ერთი ბეჭედი?

რატი ყარალაშვილი გადაიხარა, სკამის ზურგს მიეყუდა. თვალის დაუხამხამებლად დაჰყურებდა.

-ბეჭედი საიდან ჰქონდა?

-არ ვიცი.

-ახლომახლოს დანა, სხვა მჭრელი ნივთი?

-არა.

-მტრები ჰყავდა?

-მაჭანკალი იყო. ბევრს არც არავის მოსწონდა, მაგრამ მაინც აჰქონდათ მისთვის ყველაფერი, რაც სჭირდებოდა.

-ვის?

-ბიცოლაჩემს, მაგალითად. ყველაზე ხშირად ეგ დადიოდა მგონი. ლასარეიშვილებიც ადიან ხოლმე, მგონი ენათესავებიან. სხვა არ ვიცი, ბიცოლაჩემს უნდა ჰკითხო.

-ვინ ემტერებოდა?

-ვინც გინდა. თავართქილაძეები. ჩიტო ადამიას ქვრივი. გენადი დუდავა.

ხელი გაუქვავდა რატი ყარალაშვილს.

ეჭვიც არ ეპარებოდა ლეილას, რომ ყველამ იცოდა თევზაძეებისა და ცხვედიანების გოგოების ამბავი. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ  განსაკუთრებით ყარალაშვილმა იცოდა მშვენივრად, თუ რა ჩაიდინა გენადი დუდავამ.

დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. გარედან კვლავ ნებივრად დაამღერებდნენ კუტკალიები, ქარმა წამოუბერა და ბალახის შრიალი შეემატა ხარისწყალის გუგუნს.

-სხვა საეჭვო რამე ამ ბოლო დროს ხომ არ შეგიმჩნევია? – ჰკითხა ბოლოს ყარალაშვილმა. – რამე ისეთი. უჩვეულო. იმ კატისა და ცხვრების მკვლელობის გარდა.

მხრები აიწურა საპასუხოდ ლეილამ. ყარალაშვილის დაჟინებულ მზერას თითქოს ვეღარ უძლებდა, მბჟუტავ, ოდნავ მოქანავე ნათურას ახედა.

-ალბათ ცალთვალა რეზო. – ჩაილაპარაკა ბოლოს.

-და რას აკეთებს უჩვეულოს?

-დგას იქ ღამღამობით. – თქვა ლეილამ. – თავის ქოხთან. ერთი-ორჯერ დავინახე, ტყეში როგორ შედიოდა. სხვა არაფერი მახსენდება ახლა.

-და შენ რას აკეთებდი გუშინ ღამით?

-მეძინა.

-მთელი ღამე სახლში იყავი? – ჰკითხა ყარალაშვილმა და წარბები შეკრა ლეილამ.

-ხომ გითხარი, რომ მეძინა. – მიუგო მან. – ბიცოლაჩემიც სახლში იყო და მას ჰკითხე თუ გინდა. და რა, რატომ მეკითხები? მართლა გგონია რომ მე მოვკალი?

-არ მგონია. – თქვა ყარალაშვილმა და როგორც კუზიანი ფოტინეს ქოხთან ნათქვამი არ დაიჯერა ლეილამ, არც ახლა სჯეროდა.

გული მკერდში უბრაგუნებდა.

არაფერი უნდოდა ახლა სახლში წასვლისა და ამ ყველაფრის დავიწყების გარდა.

რატი ყარალაშვილი თავდახრილი წერდა. ფურცლის ბოლოში ხელი მოაწერა, მერე ლეილას გამოუწოდა.

-გადაიკითხე. – უთხრა მან. – თუ რამე აკლია, შეგიძლია დაამატო, მერე კი შენი ხელისმოწერაა საჭირო.

ელვის სისწრაფით გადაავლო მის ნაწერს თვალი ლეილამ. ყველაფერი, რაც თქვა, დაწვრილებით იყო აღწერილი. სხარტად მოაწერა ხელი და ყარალაშვილისაკენ მისწია ფურცელი, მერე კი წამოდგა.

-წავალ ახლა. – თქვა მან და წამსვე ფეხზე წამოიწია რატი ყარალაშვილი.

-გვიანია, გაგიყვან. – უთხრა მან და წამსვე წარმოიდგინა ლეილამ, თუ როგორ შემოსვამდა ისევ მწყემსი თავის ქურანზე, მის წინ. ისევ იგრძნობდა მისი სხეულის სიცხეს, მის მკერდში ხმის გუგუნს.

მოუწევდა მისი რეპლიკები აეტანა.

თავი გადააქნია სასწრაფოდ.

-არ მინდა. – თქვა ბოლოს. – ჩემით გავალ.

-ფოტინე რომ მოკლეს, დაგავიწყდა? – წარბები აწკიპა ყარალაშვილმა. მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ოდნავი ირონიული ღიმილით შეჰყურებდა.

-არ დამვიწყებია. – თქვა ლეილამ. – არაფერი მომივა.

დღეს არავის მოკლავდნენ. მურკასა და ცხვრების მკვლელობებს შორის ორი კვირა შეისვენა მკვლელმა, ცხვრებსა და ფოტინეს შორის კვირანახევარი. ქუჩაში კი არცერთი არ მოეკლათ.

ლეილა ვის და რატომ უნდა მოეკლა?

-რა იცი, ყველაფერია შესაძლებელი. – თქვა რატი ყარალაშვილმა. ისე შეჰყურებდა, თითქოს მის ტვინში შემძვრალიყო და ყოველ მის ფიქრს ხედავდა. – გაგაცილებ.

-არ მინდა. – მოუჭრა ლეილამ. – ცხენზე ჯდომა გულს მირევს.

-არ დაჯდე მაშინ. ისე გაგაცილებ.

ლეილამ წამიერად მზერა გაუსწორა, ფეხი მოინაცვლა. რატი ყარალაშვილი თვალის დაუხამხამებლად დაჰყურებდა, მკლავებგადაჯვარედინებული.

აღარაფერი უთხრა ლეილამ, მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა შეკამათებას.

მიბრუნდა, კარი გააღო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.

ფეხდაფეხ გამოჰყვა მწყემსი, კარი ჩაკეტა ზურგსუკან.

ბილიკს დაუყვნენ. ერთიანად ჩანავლებულიყო დასავლეთით წითელი მზის ნასისხლარი, ცის კამარაზე მწუხრის იისფერი ღამის მელნისფერს ჩაენაცვლებინა. ციმციმებდნენ ვარსკვლავები, ლურჯამთის წვერზე თითქმის სავსე მთვარე შემომჯდარიყო, რომლის ვერცხლისფერი სინათლეში გაცრეცილიყვნენ მწვანედ შეფოთლილი ხეები, სარეველებით გადავლილი ყანები და შორს, მთვარის შუქზე აციმციმებული ხარისწყალის მიღმა, იხულას მთის ფერდზე შეფენილი ზრეა.

სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა ლეილა. შიშველ ფეხებში წამდაუწუმ კენჭები ერჭობოდნენ, გრძნობდა, თუ როგორ მიხმობოდა ტერფზე კუზიანი ფოტინეს სისხლი.

ახლაღა იგრძნო აუტანელი დაღლილობა. ჯერ სირბილმა,  მერე კუზიანი ფოტინეს გვამის ნახვამ, საბოლოოდ კი დაკითხვამ გამოაცალა არაქათი.

რატი ყარალაშვილისაკენ ააპარა მზერა. ყარალაშვილი ზრეას გაჰყურებდა, მთვარის შუქზე თითქოსდა გაფითრებოდა მზემოკიდებული კანი, მოღუშულიყო, მუქი თვალები უპრიალებდა.

ლოთი პოლიციელი და პირტიტველა ვანო დვალი გაახსენდა ლეილას. ფაქტიურად მათ მოვალეობებს ასრულებდა რატი ყარალაშვილი, რაც არც ისე იოლი იქნებოდა.

-რას მიყურებ? – ჰკითხა ანაზდად ყარალაშვილმა, ისე რომ მისკენ არც კი მოეტრიალებინა მზერა. ლეილამ სასწრაფოდ აარიდა თვალი.

-არაფერს. – თქვა მან. – ვფიქრობდი.

-რამდენს ფიქრობ თურმე შენ.

საპასუხოდ დაიფრუტუნა ლეილამ. წამიერად არაფერი უთქვამს საპასუხოდ.

-დაიჭერთ გენადი დუდავას? – ჰკითხა ბოლოს.

-რატომ უნდა დავიჭიროთ? – კითხვითვე უპასუხა ყარალაშვილმა და წარბები შუბლზე აუვიდა ლეილას.

-ალბათ მაგან მოკლა და იმიტომ. – თქვა მან.

-მაგისთვის გამოძიება არსებობს. – განაცხადა ყარალაშვილმა, მერე კი ალმაცერად გადმოხედა. – მოწმესთან კი გამოძიებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ.

-რა გამომძიებელივით ლაპარაკობ.

-როცა საჭიროა, ვლაპარაკობ.

-გენადი დუდავაა მაგის გამკეთებელი. ანდა ცალთვალა რეზო.

რატი ყარალაშვილს აღარაფერი უთქვამს და ჩაჩუმდა ლეილა.

აგუგუნებულ ხარისწყალზე გადებული დაფეხვილი ხიდი გადაიარეს, საცალფეხო ბილიკს აუყვნენ და ისე მიაღწიეს მთავარ გზას, რომ ხმა აღარ გაუღიათ. მიხვდა ლეილა, რომ რატი ყარალაშვილი ზედმეტს არაფერს იტყოდა, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც.

მალევე ვაშლისა და მსხლის ხეების მიღმა ბიცოლამისის სახლის მოწითალო კრამიტი და უშნოდ შეთითხნილი კედლები გამოჩნდა, და მათი ქათმების კრიახი ჩაესმა ლეილას.

-აქედან ჩემით წავალ. – უთხრა მან ყარალაშვილს, ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.

შედგა ყარალაშვილი.

ლეილა არ გაჩერებულა, უკანმოუხედავად მიაბიჯებდა. ელოდა, რომ გატრიალდებოდა და წავიდოდა მწყემსი, მის მიმავალ ნაბიჯებს გაიგონებდა.

მაგრამ არა.

ზურგზე გრძნობდა, თუ როგორ შეჰყურებდა ყარალაშვილი, იქამდე, სანამ ჭიშკარი არ მოიხურა ზურგსუკან.

უკან მაინც არ გაუხედავს.

ეზოში ქათმები დაკრიახებდნენ, საქათმის კარი მოღებული გახლდათ, და იქვე ეგდო ფოცხი, ზუსტად ისე, როგორც ლეილამ დატოვა.

შემოსასვლელში შუქი არ ენთო. ალბათ დასაძინებლად წასულიყო თამილა, ამ ყველაფრისგან გადაღლილი.

ჭიშკარი საგულდაგულოდ გადარაზა ლეილამ. ქათმები ვაი-ვაგლახით შერეკა საქათმეში, საკენკი დაუყარა. ნაზიბროლას წყალი დაუსხა და ძლივს შელასლასდა სახლში, კარი გულმოდგინედ გადაკეტა.

კიბეებზე უჩუმრად აიპარა, ცდილობდა რომ მის ფეხქვეშ არ ეჭრიალათ დაღრეცილ კიბესა და დახეთქილი იატაკის ფიცრებს.

სწრაფად დაიბანა. ცოტა ხანი იდგა და დაჰყურებდა სარკმელიდან შემოღვრილ ვერცხლისფერ შუქჩრდილში აპრიალებულ აბაზანას, რომელშიც მისი ტანიდან ჩამორეცხილი ჭუჭყიანი წყალი მითქრიალებდა.

მოიცილა სხეულიდან მტვერი, ოფლი და კუზიანი ფოტინეს სისხლი.

მაგრამ არსად წავიდოდა დღევანდელი დღის ნაკვალევი. ვერასოდეს ამოიშლიდა გონებიდან კუზიანი ფოტინეს ჭრილობებიდან გადმოხეთქილ სისხლსა და მის გალურჯებულ, მიჭყლეტილ სახეს.

არც მისცემდნენ უფლებას რომ დაევიწყებინა. გამოძიება ახლა იწყებოდა.

ტანსაცმელი ტაშტში მიჰყარა ლეილამ და სუფთა საღამური გადაიცვა.

სასტუმრო ოთახში შეიპარა და ქვეშაგებში გაეხვია.

ცოტა ხანი გასცქეროდა ღია ფანჯარაში შემოღვრილ მთვარის ვერცხლისფერ შუქს.

მერე კი გვერდი იბრუნა, მთვარეს ზურგი შეაქცია.

მალევე კი ძილმა წაართვა თავი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ტყვია კედელში ჩადნა, გალღვა და მეორე მხარეს გამოძვრა, მაგრამ ლეილასთვის ამაზე არაფერი უთქვამთ. მის მიერ მოწყვეტილ ბიაზე ჭიები დაცოცავდნენ და როცა ლეილამ ბია გადახლიჩა, შიგნიდანაც გადმოფუთფუთდნენ. ეს არ აინტერესებდა ლეილას, ბიაში თავი ჩაჰყო, კურკები გვერდზე გასწია და შიგნით გადაეშვა, ყვითელი ვარდებით სავსე მინდორში ჩაენარცხა, მაგრამ თვითონაც ჭიად ქცეულიყო, ამიტომ არაფერი სტკენია. ციდან ჭიებით სავსე ბიები ცვიოდნენ, ერთ-ერთი დაიჭირა ლეილამ და ყვავილების მინდორზე მოხეთქილ ზღვაში შეიტანა, ჭიები ფრთიან ვეშაპებად იქცნენ და ზღვიდან ცაში აფრინდნენ, ცის კამარის ლურჯი, გადაყინული საფარველი გაამტვრიეს და შორს, ღამის ცაში გაიცრიცნენ ღრუბლებად. ანაზდად ღრუბელი იყო თვითონ ლეილა, საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა და ხედავდა, თუ როგორ გამოხეთქეს ქვემოთ, შორეული მიწიდან ელექტრობოძებმა, აწყვეტილი სადენები ნაპერწკლებს აფრქვევდნენ. დატრიალდნენ ბოძები წრეზე, ბრუნავდნენ, ტკარცალებდნენ სადენები და მათ შორის ათას ნაწილაკად დაიფშვნა ცა. თითოეული ნაწილაკიდან წითელი ქრიზანთემები ცვიოდნენ, ერთ-ერთი ვირთხად იქცა და ლეილას გარშემო დარბოდა, სანამ ლეილამ ხელი არ სტაცა. საშინლად ციოდა გარშემო და ქარი, თუ რაღაც სხვა აშარიშურებდა ბუჩქებს.

მაგრად უჭერდა ლეილა ხელს ვირთხას, სანამ ვირთხის თავი არ გახმა ერთიანად. მერე კი მურკა გამოჩნდა, ყვითელი თვალები შემოანათა და ვირთხას გამხმარი თავი მოაჭამა, საპასუხოდ პირი იბრუნა ლეილამ. შორს, უღრანი ტყის პირზე ხედავდა ქორბუდა ირემს, რომელიც ადამიანივით ორ ფეხზე იდგა, ადამიანის სახეც ჰქონდა, პირი დაეღო და ბნელი, შემზარავად ბნელი, უშველებელი და უძირო იყო მისი დაფჩენილი ხახა. თვალებგადმოკარკლული პირდაპირ შემოჰყურებდა, ეცნო კიდეც ლეილას, მაგრამ ვერ გაარჩია, ვინ იყო.

უფრო მეტად მოაღო ხახა ადამიანისსახიანმა ირემმა, სანამ ყბის ძვლები შემზარავი ჭახანით არ ამოუვარდა ბუდეებიდან და მისკენ გამოექანა.

მერე კი გამოეღვიძა.

გვერდზე იწვა, ფანჯრისაკენ ექცია პირი. მკლავი ტანქვეშ მოჰყოლოდა, ზეწარი მისი წელის გარშემო აბურდულიყო. თვალები დაახამხამა რომ მზერა დაეწმინდა, და წამსვე შემოცურდა მის თვალთახედვაში ღია ფანჯარაში შემოჭრილი მქრქალი მთვარის შუქი.

მუცელზე იწვა, გრძნობდა თუ როგორ მძლავრად უცემდა გული.

რაღაც სისულელეები დაესიზმრა. როგორც ყოველთვის.

და მურკა.

თავი გადააქნია ლეილამ, ტახტზე ნელ-ნელა წამოჯდა, სახე მოისრისა. საღამური ტანზე შემოტმასნოდა და სანახევროდ ჩამოშლოდა დაძინებამდე ჩაწნული თმა, ყურებზე გადაიწია სახეში ჩამოყრილი კულულები.

საათი ხუთის ნახევარს აჩვენებდა და უკვე საკმაოდ დამთბარიყო ჰაერი. ნიავი ათრთოლებდა მათ მოქარგულ ფარდებს, და შორს, აღმოსავლეთით ოდნავი მოყვითალო ნარინჯისფერი შერეოდა მელნისფერ ცას.

უკვე ავიწყდებოდა სიზმარი ლეილას. მაგრამ ის მკაფიოდ ახსოვდა, რომ მურკა დაინახა, რომელმაც ვირთხას მოაჭამა თავი.

აქამდე არ დასიზმრებოდა მურკა.

თუმცა რა გასაკვირი გახლდათ, რომ დაესიზმრა. დღე და ღამე მხოლოდ მურკაზე ლაპარაკობდა ბესარიონი.

ორმოცს გეგმავდა. უკვე დაეპატიჟებინა მთელი ზრეა, თავართქილაძეების მხრიდან სუფრა იყო შეპირებული. მის საფლავზე ყოველ დილით სვამდა, ხანდახან საღამოობითაც, თუ გამოძებნიდა ამისათვის დროს, მერე კი ხმამაღლა ამოუშვებდა გოდებას.

კუზიანი ფოტინეც კი არ დაეტირებინათ ისე, ბესარიონმა რომ დაიტირა მურკა.

ფოტინეს გვამი მისი მკვლელობიდან მეორე დღეს წაიღეს იფლიჰემში ექსპერტებმა, გაკვეთისათვის, მეშვიდე დღეს კი უკან გამოაგზავნეს, ექსპერტის დასკვნასთან ერთად. ლასარეიშვილებმა კი, რაკი ფოტინე შოთა ლასარეიშვილს გარე ბიძაშვილად ერგებოდა, პანაშვიდი გადაუხადეს.

კუბო იაფფასიანი ფიჭვის ხისა გახლდათ, თავი უკვე დაეჭედებინათ, ლასარეიშვილებს აშკარად არ სურდათ დაენახათ კუზიანი ფოტინეს შეშუპებული, გალურჯებული სახე. ლასარეიშვილების სამსართულიანი სახლის ვეებერთელა დარბაზში ესვენა კუბო, რომელსაც გარშემო ყვავილების ზღვა შემოჯარვოდა.

თამილამ წაათრია პანაშვიდზე და წამსვე დამტირებელთა შორის თითქმის ძალით დასვეს ლეილა. შოთა ლასარეიშვილის ცოლი, თინა ყველაზე ხმამაღლა გაჰყვიროდა, სახეს იხოკავდა, რა უდროოდ წახვედი, შე უბედუროო. მას მისი რძალი, ნინო გურგენიძე აჰყოლოდა გულითადად.

ოჯახის თავიკაცი, შერყეული შოთა ლასარეიშვილი კი დარბაზის კარში გაჭედილიყო, თავის ხელჯოხზე დაყრდნობილი და ყოველ სამძიმარზე თავს ოდნავ აკანტურებდა, მალ-მალე გაჰყურებდა კუბოს და უკმაყოფილოდ აცმაცუნებდა ტუჩებს, როცა ვინმე ხელის ჩამორთმევას ანდა გამოლაპარაკებას მოინდომებდა. თოვლივით თეთრი თმა და წვერ-ულვაში ჰქონდა, გაფანჩული წარბები და პატარა, ღრმად ჩამჯდარი, მონაოჭებული თვალები, რომლებითაც ქორივით აკვირდებოდა ნებისმიერ გამვლელს.

ლეილა და თამილა რომ დაინახა, ტუჩი აიბზუა, გველოო, მოაძახა თამილას, რაზეც წამსვე დაშოშმინება დაუწყო შვილმა, ვახტანგ ლასარეიშვილმა, თამილასა და ლეილას უღიმღამო ღიმილი სტყორცნა.

აინუნშიც არ ჩაუგდია ლეილას შოთა ლასარეიშვილის გამოხტომა. შერყეული ბებრუცუნა ყველას ლანძღავდა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ყველა მის, მისი ოჯახის და რასაკვირველია, მისი ცხვრებისა და კომბოსტოს მოსავლის წინააღმდეგ ამხედრებულიყო.

თითქმის მთელი ზრეა მოვიდა პანაშვიდზე. ყარალაშვილები, ლორთქიფანიძეები, თავართქილაძეები, საღამოს გენადი დუდავაც კი გამოჩნდა ვეებერთელა ყვავილების გვირგვინით.

მისი გულისამრევი სახისათვის თვალი არ მოუცილებია ლეილას, გამალებით აკვირდებოდა, მაგრამ გენადი დუდავას გაციებული, უღიმღამო გამომეტყველებიდან ვერც ვერაფერი ამოიკითხა.

ალბათ მხოლოდ მაშინ ეცვლებოდა გენადი დუდავას გამომეტყველება, როცა ახალგაზრდა გოგოებს ხედავდა.

ცალთვალა რეზო გამოაკლდა პანაშვიდს.

მეორე დღეს გაასვენეს კუზიანი ფოტინე. ეკლესიიდან მამა პეტრე, ერისკაცობაში ცოტნე ცხვედიანი ჩამოვიდა, და წესი აუგო. ზრეას თავზე, იხულას მთის წვერთან სასაფლაოს კიდეზე დამარხეს ფოტინე.

და ბოლო არ უჩანდა ჭორებს.

ტურამ დაგლიჯაო. არა, ვინმე უცხო, იფლიჰემიდან ამოთრეული იქნებოდაო. თავართქილაძეები გენადი დუდავას აბრალებდნენ, გენადი დუდავა გიორგი ადამიას, ადამია ბაბუნაშვილებს, ბაბუნაშვილები კი თავართქილაძეებს.

ზოგს ტურა ეგონა, თამილა კი, როგორც ყოველთვის, ირწმუნებოდა, ეს ყველაფერი მირჟანის ნამოქმედარია, გამოცოცხლდა ეგ ავი სულიო. უფრო მეტად დაფეთდა, ნალი და მეორე ვერცხლის ძეწკვი დაჰკიდა შემოსასვლელ კართან, ფანჯრების წინ კი მარილი და ზაფრანა მიმოაბნია, ასე მირჟანი ვერ შემოვაო. ადრე დილით და მოსაღამოებისას ერიდებოდა სახლიდან გასვლას, უფრო ხშირად მიდიოდა იფლიჰემში და ლეილასაც განუწყვეტლივ უკირკიტებდა, გარეთ ნუ დაეთრევიო.

მერე კი, ფოტინეს დასაფლავებიდან ერთი კვირაც კი არ გასულიყო, რომ გენადი დუდავას სახლი გაჩხრიკეს.

ლოთი ზურაბ ყარალაშვილი ყოველთვის ზედმიწევნით აბარებდა ანგარიშს ზრეას გამგებელს ყველაფერზე, წვრილმანზე თუ მსხვილმანზე, რაც არ უნდა მომხდარიყო ზრეაში და რასაკვირველია, ფოტინეს მკვლელობა არ იქნებოდა გამონაკლისი. დამფრთხალი გამგებელი სახლიდან აღარც გამოდიოდა, და აქამდე ზრეაში არნახული მკვლელობის გაუთავებელი განხილვა მიმდინარეობდა ლორთქიფანიძეების სახლში, რასაც ცაცა გამალებით უსმენდა დახურული კარის მიღმა და მოგვიანებით ლეილას უკაკლავდა.

ფოტინეს ქოხის კარზე რამდენიმე ადამიანის თითის ანაბეჭდები ეპოვნათ, მათ შორის ლეილას, თამილას, გენადი დუდავას, თინა ლასარეიშვილის და კიდევ რამდენიმეს ანაბეჭდები.

თვითონ ქოხში კი გენადი დუდავასა და ერთი აქამდე გაურკვეველი პირის ანაბეჭდები გახლდათ მხოლოდ.

გენადი დუდავა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დაკითხეს. თურმე რატი ყარალაშვილი დაკითხვაზე ღრიალებდა, დუდავა კი საპასუხოდ ცრემლებს ყრიდაო, განაცხადა ცაცამ. გენადი დუდავა რასაკვირველია ყველაფერს უარყოფდა, ეგ ქალი ბებიად მეკუთვნის და ქოხში თუ რაღაცები მივუტანე და ერთი მოვეხვიე, ამით არაფერი დაშავებულაო.

ამიტომაც გაჩხრიკეს გენადი დუდავას სახლი, ხელმოსაჭიდი ვერაფერი ეპოვნათ, მაგრამ მთელმა ზრეამ იცოდა, რომ ფოტინეს მკვლელი ეგონათ პოლიციელებს, რის გამოც ამრეზით უცქერდნენ.

შესაძლო იარაღიც იპოვნეს.

ყანებთან, ხარისწყალიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი რუს ნაპირზე ეპოვნა ძველებური ხისტარიანი დანა ერთ გლეხს. წყალს სისხლი და თითის ანაბეჭდები გადაერეცხა, მაგრამ რატი ყარალაშვილისა და ვანო დვალის აზრით, სწორედ იმ დანით მიაყენეს ჭრილობები კუზიან ფოტინეს.

ბევრი დაკითხეს, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ ამჟამად გენადი დუდავა იყო მთავარი ეჭვმიტანილი.

რაც საერთოდ არ გახლდათ გასაკვირი.

მკვლელობის ჩამდენი კი იყო გენადი დუდავა.

ანაზდად ხმამაღლა დაიჭიკჭიკეს ჭინჭრაქებმა ფანჯარასთან და თვალები დაახამხამა ლეილამ, გამოფხიზლდა. მხრებში მოხრილი იჯდა, მუხლებზე მოეჭდო ხელები და იატაკს დაჰყურებდა, რომელზეც გარიჟრაჟის პირველი სხივები დაღვრილიყვნენ.

ნელა წამოიწია ლეილა, ფეხათრევით მიუახლოვდა ფანჯარას, მკერდზე გადმოცურებული ნაწნავი უკან გადაიგდო. რაფას დაეყრდნო და თვალებმოჭუტულმა გადაავლო თვალი ზრეას.

თენდებოდა. მზის თვალისმომჭრელი ყვითელი დისკოს წვერი მოჩანდა შორს, ცას მუქი იისფერი დასდებოდა და გარიჟრაჟის სინათლეში იკარგებოდნენ ვარსკვლავები, რომელსაც მინდვრებზე დაკლაკნილი ხარისწყალი და ლელესის ტბა აეციმციმებინა. უკვე საკმაოდ თბილოდა, პაპანაქება სიცხის სურნელი უდიოდა ჰაერს.

ხარისწყალის მიღმა ჩუმშიდის უღელტეხილის კიდეს გადაავლო თვალი ლეილამ, სადაც უღრანი ტყის წინ ცალთვალა რეზოს ქოხი წამოჭიმულიყო.

არავინ იდგა ქოხთან.

რაც ალბათ არც იყო უჩვეულო.

მაგრამ უჩვეულო ის გახლდათ, რომ ცალთვალა რეზოს სილუეტი დალანდა ანაზდად ლეილამ. სილუეტი, რომელსაც ჩუმშიდის უღელტეხილი გადაეჭრა და ხერეშის მთაზე, სალ კლდეში გამოჭრილ ბილიკს მიუყვებოდა, ნელ-ნალე მიიწევდა ზემოთ.

ცალთვალა რეზო ეკლესიაში ადიოდა.

ამ ფანჯარაში რამდენჯერ გაეხედა ლეილას. წლები იყო, რაც იყურებოდა, დილით და საღამოს, ხანდახან ღამე, გაზაფხულიდან გაზაფხულამდე.

მაგრამ აქამდე არასოდეს ენახა, რომ ცალთვალა რეზო ხერეშის მთაზე ასულიყო. იშვიათად ტყეში შედიოდა ბერიკაცი, ალბათ სანადიროდ.

ახლა კი ხერეშის მთაზე ადიოდა, წმინდა გიორგის ეკლესიაზე.

იქ რა უნდოდა? იქ რატომ მიდიოდა, და რატომ მაინცდამაინც ახლა?

იქნებ საიდანღაც გაიღვიძა მასში რწმენამ და ამიტომაც სურდა ეკლესიაში წასვლა.

არა, არა. ცალთვალა რეზო ერთი ურწმუნო, ავი, მარტოსული კაცი იყო. ცალ თვალში მარილის თოფი ესროლესო, ეუბნებოდა ლეილას თამილა, ჰოდა დაბრმავდაო ახალგაზრდობაში. რაც ცოლი მოუკვდა, განდეგილივით ცხოვრობდა რეზო, თავს ნადირობითა და თავის მომცრო კვალზე ბოსტნეულის მოყვანით ირჩენდა. უკვე წლების მანძილზე არ ჩამოსულიყო ზრეაში.

იქნებ მან მოკლა კუზიანი ფოტინე. მოკლა და ახლა სინდისმა შეაწუხა, უნდოდა აღსარება ჩაებარებინა, პატიება ეთხოვა.

სხვა რა უნდა ნდომებოდა?

გენადი დუდავას ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

ვიღაც ამოუცნობი პირის ანაბეჭდები იყო ფოტინეს ქოხში.

ცალთვალა რეზო კი აქამდე არ დაეკითხათ.

პირი იბრუნა ლეილამ. ფაცაფუცით ჩაიცვა, სააბაზანოში თავისი საქმე მოითავა და ჩუმად ჩაიპარა ქვემოთ. რეზინის კალოშები აითრია, თავზე ჭილის ქუდი მოიგდო და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა მთავარ გზას.

პოლიციის პუნქტში უნდა მისულიყო. ცაცას თქმით, ფაქტიურად სულ იქ ეგდნენ ყარალაშვილები და ვანო დვალი.

განთიადის მზის სხივებში გაცრეცილი შუქჩრდილი იდგა, ლეილას თავზე ჯერ კიდევ გადაჭიმულიყო ღამის ელფერით შემოსილი იისფერი ცა, და დასავლეთისაკენ მკრთალად კიაფობდნენ ვარსკვლავები. გაბმით ყიოდა სადღაც მამალი, კუტკალიები ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ ბალახში და ფოთლებს აშრიალებდა თბილი ნიავქარი.

კაციშვილი არ ჭაჭანებდა, როცა მთავარი გზიდან გადაუხვია ლეილამ და სწრაფად დაუყვა ხარისწყალისაკენ ჩამავალ საცალფეხო ბილიკს, თან გამალებით აჰყურებდა ხერეშის მთას. იკლაკნებოდა სალ კლდეში გამოკვეთილი ბილიკი და მალ-მალე ქვათა შორის ამოხეთქილ ბუჩქნარში იმალებოდა ცალთავალა რეზოს სილუეტი, და ნელ-ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მიიწევდა ის წმინდა გიორგის ეკლესიისაკენ.

ფრთხილად გადაკვეთა ხარისწყალზე გადებული აღრჭიალებული ხიდი ლეილამ და თითქმის სირბილით ჩაათავა პოლიიცის პუნქტამდე მიმავალი შარაგზა.

მზის დისკო მთლიანად ასცდენოდა მთებს, უკვე ჩამომდგარიყო სიცხე და უფრო ძლიერად უბერავდა ონავარი ნიავქარი, როცა პოლიციის პუნქტის კარი შეაღო ლეილამ.

შიგნით შუქი ენთო. მონიტორს ვანო დვალი მისჯდომოდა, რაღაც ათვალიერებდა შიგნით, გამალებით. მის მოპირდაპირედ რატი ყარალაშვილი იჯდა მაგიდასთან, წვივი მუხლზე გადაედო და რაღაც საბუთს კითხულობდა, მათ წინ, მაგიდაზე, უამრავი გადაშლილი საქაღალდე ეყარა.

რატი ყარალაშვილს წარბები შეჰკვროდა, უკვე მოეტრიალებინა მისკენ ამოღამებული თვალები. ვანო დვალი ისევ ისეთი დაფეთებული შეჰყურებდა, თითქოს რაღაცაში გამოიჭირესო, ფაცხაფუცხით ჩაკეცა ის, რასაც კითხულობდა. ყარალაშვილმა საბუთი საქაღალდეში შეაგდო და თავი აუქნია.

-რა გინდა? – ჰკითხა მან.

-ინფორმაცია მაქვს. – ამოიქშინა ლეილამ.

-რა ინფორმაცია?

-ფოტინეს საქმეს ეხება.

-ახლა გაგახსენდა ეგ ინფორმაცია? – წარბები აწკიპა ყარალაშვილმა.

-არა, ახლა დავინახე. – მოუჭრა ლეილამ.

ყარალაშვილმა ამოიხვნეშა და ხელით ანიშნა, განაგრძეო.

-ცალთვალა რეზო დავინახე. – თქვა ლეილამ. – ეკლესიაში ადიოდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. რატი ყარალაშვილი უსიტყვოდ შესცქეროდა, წარბშეკრული.

ვანო დვალს ნერვიული სიცილი აღმოხდა.

-კაცი ეკლესიაში რომ ადის, მერე რა? – წაიბურტყუნა მან.

-როდის დაინახე? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-ახლა. მალე ავა ეკლესიამდე.

-აქამდე არ დაგინახავს.

-არა.

-კარგი. – რატი ყარალაშვილმა სახე მოისრისა. საშინლად დაღლილი ჩანდა, ეტყობოდა რომ მთელი ღამე არ ეძინა. – გასაგებია.

-იქნებ ეკლესიაში ასულიყავით? – თქვა ლეილამ და ელვის სისწრაფით ამოხედა ყარალაშვილმა, მზერა ისეთივე გამჭოლი გაუხდა, როგორც მაშინ, როცა დაკითხვაზე მოიყვანა ლეილა. – რა იცით, რას აპირებს იქ.

-რას უნდა აკეთებდეს ეკლესიაში? – წამოიძახა ვანო დვალმა. – გავაკონტროლოთ, როგორ ანთებს სანთლებს თუ რა?

-დვალი, გეყოს. – უთხრა ყარალაშვილმა, რაზეც წამსვე ჩაჩუმდა ახლადგამომცხვარი გამომძიებელი, მერე კი კვლავ ლეილას მიაბჯინა მზერა. – სახლში წადი, ლეილა.

საკუთარი სახელი არასოდეს გაეგონა ლეილას რატი ყარალაშვილის პირიდან. უცნაურად მოხვდა ყურში, ფეხი მოინაცვლა უხერხულად.

-იქნებ მამა პეტრეს მოკვლას აპირებს? – თქვა ბოლოს. – ანდა აპირებს აღსარება ჩააბაროს და ყველაფერი აღიაროს? იქ არ უნდა იყოთ?

ყარალაშვილი დაჟინებით შესცქეროდა, მოღუშული. ვანო დვალი ადგილზე ცმუკავდა, ხან ერთს გადახედავდა, ხან მეორეს.

-სახლში წადი. – გაიმეორა ყარალაშვილმა.

ლეილას სისხლმა აასხა სახეში, მუშტები მაგრად შეკრა. აშკარად აინუნში არ აგდებდნენ ესენი მის მიერ დანახულს.

-აქამდე არასოდეს ასულა იქ.

-გავიგე. – თქვა ყარალაშვილმა.

-ალბათ სინდისი ქენჯნის. ხანდახან ტყეში შედიოდა. იქნებ ფოტინესთან მიდიოდა?

რატი ყარალაშვილმა არაფერი უპასუხა. დაჟინებით აჰყურებდა.

-შეიძლება მაგან მოკლა ფოტინე. – თქვა ბოლოს ლეილამ.

-შეიძლება. ანდა შეიძლება ლასარეიშვილებმა. ადამიებმა. ანდა თავართქილაძეებმა. ბიცოლაშენმა. – რატი ყარალაშვილმა ახედ-დახედა. – ანდა შენ.

ლეილამ ტუჩები მოკუმა, იგრძნო, როგორ წამოუფორაჯდა სახე.

-ვიცოდი, რომ იტყუებოდი. – თქვა ბოლოს.

-ვიტყუებოდი? მე არასოდეს ვიტყუები.

-რომ მითხარი, არა მგონია შენ მოგეკლაო.

-მე რომ არ მგონია, იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია. – თქვა ყარალაშვილმა. – გაგიკვირდება და ადამიანები ხანდახან ისეთები არ არიან, როგორებიც წარმოგვიდგენია.

ლეილა უსიტყვოდ შესცქეროდა და საპასუხოდ თვალის დაუხამხამებლად უყურებდა რატი ყარალაშვილი, ერთიანად დაძაბული იჯდა.

სულ ტყუილად იყო აქ ლეილა.

აქედან არაფერი გამოვიდოდა.

აღარაფერი უპასუხია ლეილას. თავი გადააქნია და მიბრუნდა, პოლიციის შენობიდან გავიდა და მაგრად მოიჯახუნა ზურგსუკან კარი.

ბილიკს დაუყვა. მისი რეზინის კალოშების ქვეშ ხრშიალებდნენ კენჭები. მზე ნელ-ნელა მიცოცავდა ზემოთ და მოცისფრო იისფრად გაცრეცილ ცის კამარაზე, დასავლეთით გარიჟრაჟზე შემორჩენილ ვარსკვლავებსაც კი ებრუნათ პირი, მზის შუქში იღვენთებოდა მათი მქრქალი, მბჟუტავი კიაფი.

მიაბიჯებდა ლეილა, ჭილის ქუდი ხელით ეჭირა, რომ მოწოლილ ნიავქარს არ წაეღო, რომელიც მიჰქროდა არყის ხეებში და ხმამაღლა აშარიშურებდა ფოთლებს.

აზრი არ ჰქონდა ამას. აქ არ უნდა მოსულიყო. მას არავინ დაუჯერებდა, არავის აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდა თვითონ. ალბათ ყარალაშვილი და დვალი იმას ფიქრობდნენ, რატომ მოეთრა თავისი სისულელეებითო აქ.

ბოლოს და ბოლოს, ყველას ჰქონდა ეკლესიაში ასვლის უფლება.

იქნებ მართლა არაფერი ჩაედინა ცალთვალა რეზოს? იქნებ უბრალოდ თვითონ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი უჩვეულოდ? იქნებ ცალთვალა რეზომ კუზიანი ფოტინეს ამბავი გაიგო, და როგორც ზრეას კიდეზე მცხოვრები განდეგილი, მარტოსული ბერიკაცი, დაფეთდა, მეც არ მომადგნენო. იქნებ ეკლესიაში თავშესაფარსა და დახმარებას ეძებდა?

ბილიკზე შედგა, ხერეშის მთას ახედა, რომლის წვერთან, მზის შუქზე ნარინჯისფრად დაფერილი სალი კლდის თავზე წამომართულიყო წმინდა გიორგის ეკლესია. თითქოს შარავანდედი ადგა თეთრ ქვასა და მზის შუქზე თვალისმომჭრელად ალაპლაპებულ გუმბათს.

ბილიკი და ეკლესიის შემოგარენი მოათვალიერა ლეილამ, მაგრამ ვერსად დაინახა ცალთვალა რეზოს სილუეტი.

თვალი აარიდა ხერეშის მთას და სწრაფი ნაბიჯით, ხრაშა-ხრუშით დაუყვა ბილიკს.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ცხელოდა.

საშინელ პაპანაქებას აეთრთოლებინა ჰაერი. მთავარი გზის დაკერილი ასფალტი ალაგ-ალაგ მოღვენთილიყო, გამვლელთა ფეხქვეშ იზნიქებოდა, გარშემო ერთიანად დამსკდარიყო გამხმარი მიწა. საშინელი ხუთვა იდგა, და ოდნავადღა ათრთოლებდა გადამხმარი ბალახის გაფიჩხებულ ღერებს სულთმობრძავი, აუტანელი ხვარტისაგან გადაღლილი სიო. თვალისმომჭრელად ბრდღვიალებდა ზენიტიდან ახლახანს გადაცოცებული ივლისის მზე, და უწყალოდ წარეტაცა არჭამას ხეობის ძირში, ხარისწყალთან შემორჩენილი სიგრილეც კი.

საჩეხეს კარი მოაღო ლეილამ. წყლით სავსე ვეებერთელა სათლი შეათრია ხვნეშით შიგნით, ხელის ზურგით მოიწმინდა შუბლზე მოწოლილი ოფლი. საჩეხეს კუთხეში წამოწოლილიყო ნაზიბროლა, აშკარად სიცხისაგან გაწამებული ზმუოდა, მას საქათმიდან კრიახით აჰყოლოდნენ ქათმები.

-ვიცი, ვიცი, მეც მცხელა… – წაიბურტყუნა ლეილამ და სათლი მორისაგან გამოჩორკნილ მომცრო გეჯაში ჩააპირქვავა. ნაზიბროლა წყლის შხაპუნზე ისე ცქვიტად წამოხტა, ვითომ აქაც არაფერიო და წამსვე დაეწაფა სავსე გეჯას.  

საჩეხეს კუთხეში მიგდებული თივის გადაკოჭილი შეკვრა გამოხსნა და დაუყარა ლეილამ, მერე კი ზურგსუკან გამოიხურა კარი, რომ მზის შუქს არ შეეღწია შიგნით.

იქვე, მსხლის ხის ჩრდილში ჩამოჯდა მძიმედ. ცოტა ხანი სულს მოითქვამდა.

გარიჟრაჟს ჯერ კიდევ არ დაეფერა ცა, როცა ყანაში წავიდა ჭარხლის მოსარწყავად. ივლისის სიცხე ნელ-ნელა აშრობდა ხარისწყალს და სარწყავად გადმოყვანილ რუებში, იმის შემდეგ, რაც დილით გლეხები საქმეს შეუდგებოდნენ, გაჭირვებით მოწანწკარებდა წყალი. რამდენჯერმე ხახამშრალი დარჩენილიყო ლეილა ამის გამო, და სულაც არ დაანებებდა ივლისის მზეს მის მიერ ნალოლიავები ჭარხლის გადახმობას. ისეთი პირი უჩანდა ამ სიცხეს, რომ მოძალულ გვალვას შეიძლებოდა ხარისწყალი მთლიანად დაეშრო და სასმელი წყლის მოსათრევად ლელესის ტბაზე მოუწევდა სიარული.

გაოფლილ კისერში ჩამოშლილი რამდენიმე კულული სწრაფად აიწია ლეილამ, კეფაზე დაგორგლილ ნაწნავში ჩაამაგრა სარჭით და თავი უკან გადააგდო, მსხლის ხის ზროზე მიაყუდა. ფოთლებს შორის დროდადრო იჭყიტებოდნენ მზის სხივები, თვალს სჭრიდნენ.

ხალვათი პერანგი და მოკლე ტილოს შარვალი ეცვა, შიშველი ფეხები თავის კალოშებში წაეყო, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩრდილშიც კი ასწვოდა კანი აუტანელი სიცხისაგან.

ძლივს ამოისუნთქა. ისე დამძიმებულიყო ხვარტისაგან ჰაერი, რომ სული ეხუთებოდა.

ყველაფერი გარინდულიყო თითქოს გარშემო. მაცხოვრებლები სახლებში შეყუჟულიყვნენ, გლეხებიც კი ერიდებოდნენ ამ პაპანაქებაში მუშაობას, გარეთ მხოლოდ გარიჟრაჟზე ანდა შეღამებისას გამოდიოდნენ.

თუმცა არა. ლურჯამთაზე კვლავ შეფენილიყო ცხვრების ფარა, მწყემსებითა და ნაგაზებითურთ, მაგრამ ისინიც კი ხშირად აფარებდნენ თავს საჩეხესა და კორომთა ჩრდილს.

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კოჭლი ბესარიონის გოდებაც კი აღარ გაეგონა ლეილას. მხოლოდ საღამოობით მოჰკრა ერთი-ორჯერ თვალი, როცა ბესარიონი ჩვეულებისამებრ გამოტყვრა მურკას საფლავზე.

ბესარიონი ისევ თვრებოდა, ისევ დასტიროდა მურკას.

ლუკა თუხარელი ისევ ილანძღებოდა თავისი გამოფატრული ცხვრების გამო.

შერყეული შოთა ლასარეიშვილის ცოლი, თინა ნარიმანიძე კი დღემდე იხოკავდა სახეს, უბედური ფოტინე რა ნაადრევად წაგვართვესო.

და ისევ მიმდინარეობდა გამოძიება.

გენადი დუდავა ჯერ არ დაეკავებინათ, მაგრამ დადიოდა ხმები, ბრალის წაყენებას უპირებენო.

ცალთვალა რეზოზე კი ჩამიჩუმი არ ისმოდა.

კიდევ რამდენჯერმე დაენახა მისი ხერეშის მთაზე მიმავალი სილუეტი ლეილას. ზრეაში კი უკვე გაეგოთ, რომ ეკლესიაში დადიოდა და ერთი ამბავი აეტეხათ, ეს განდეგილი კაცი რას აკეთებსო.

რამდენიმე დღის წინ თავართქილაძეებში ჩამოსულიყო მამა პეტრე, მათი ახალი საქათმის დასალოცად და წამსვე გული გაუწყალეს კაცს, ცალთვალა რეზოს ეკლესიაში რა უნდოდაო. მღვდელი იმ დღეს, ყველას გასაკვირად, არ დამთვრალა, და ერთი სიტყვაც კი ვერ დააცდენინეს.

და რასაკვირველია, როგორც ივლისის აუტანელი პაპანაქების სულშემხუთველი ხვარტი, ისე დასწოლოდა ზრეას კუზიანი ფოტინეს მკვლელობის მერე შიში. შიში უცქერდათ იხულას მთის უღრანი ტყიდან, ხორბლის ხშირი, ქარში მღელვარე ყანებიდან, ხერეშის მთის სალი კლდიდან, გზის პირზე თუ საკუთარ ეზოში შეფოთლილი აშარიშურებული ბუჩქნარიდან და გზაში შემხვედრ მეზობელთა თვალებიდანაც კი.

თუმცა, თითოეულ ძარღვში გამჯდარი შიშის მიუხედავად, მაინც წინ მიიწევდნენ დღეები. მაინც ენაცვლებოდნენ მთვარე და ვარსკვლავები მზეს. მაინც მუშაობდნენ გლეხები და მწყემსები, მაინც დაქროდა თავისი დამტვრეული „ჟიგულით“ გენადი დუდავა და მაინც აცხობდა დაუსრულებლად ხაჭაპურებს თამილა.

მაინც დილიდან დაღამებამდე საქმეში ჩაფლულიყო ლეილა.

ხორბალი უნდა წაეღო წისქვილში. სარეცხი უნდა წაეთრია ხარისწყალზე დასარეცხად. ბოსტანში კიტრები დამწიფებულიყვნენ, უნდა ჩამოეკრიფა, ხახვიც უნდა მოეთხარა. მოგვიანებით, როცა თამილა ხაჭაპურების გამოცხობას მორჩებოდა, ჭურჭელი უნდა დაერეცხა.

მაგრამ არ ჰქონდა ახლა ამის თავი.

საფეთქლები მოისრისა ლეილამ, ფოთლებს შორის გამოჭრილ, თვალისმომჭრელ მზის სხივებს აჰყურებდა, თვალები მოეჭუტა. მაჯები აწეულ, მოხრილ მუხლებზე გადაეგდო და უბრალოდ იჯდა, პირგამომშრალი.

პაპანაქებაში მთელი დღე აქეთ-იქით სირბილს ისე გაეცალა მისთვის არაქათი, რომ ადგომაც კი ვერ წარმოედგინა ახლა. ცოტას კიდევ დაისვენებდა.

სიცხისაგან მოთენთილი უკვე თვლემის პირზე მისულიყო, რომ მთავარ გზაზე, მათ ჭიშკართან სულ ახლოს კენჭების ხრაშა-ხრუში ჩაესმა.

წამსვე გამოფხიზლდა ლეილა, წამოჯდა, მოღუშულმა გადახედა ღობეს.

დაღრეცილ ჭიშკარში ქათქათა სარაფანს, წითურ, თითქოსდა ცეცხლმოკიდებულ თმასა და განიერფარფლიან ქუდს ჰკიდა თვალი.

რასაკვირველია. ცაცას მეტი ვინ იქნებოდა.

ჭიშკარი შემოაღო ცაცამ, ჩაჟანგებული ანჯამების ჭრიალზე დაიჭყანა. როგორც კი დალანდა მსხლის ხის ძირში ლეილა, წამსვე ცქვიტად გამოიქცა მისკენ.

-ადექი! – დაუსისინა მან, როცა თავზე წამოადგა, მოუსვენრად ცმუკავდა ადგილზე. – წავიდეთ!

ლეილამ წარბები შეკრა, დაბნეულმა.

-წავიდეთ? – იკითხა მან. – სად? სადმე უნდა წავსულიყავით?

-არა, არა! – დაუცაცხანა ცაცამ. – წამოდი, ცალთვალა რეზოსთან უნდა ავიდეთ!

ლეილას წარბები შუბლზე აუვიდა.  

-ცალთვალა რეზოს ქოხში? – თქვა მან. – იქ რა გვინდა?

-რა და დაკითხვაზე წაიყვანეს ახლა. – განუცხადა ცაცამ.

-მერე?

-მერე ცარიელია მისი ქოხი! ხომ გგონია, რომ ამ ყველაფერშია გარეული?

-ჰო, მაგრამ…

-ჰოდა წამო, დავათვალიეროთ. – გააწყვეტინა ცაცამ. -იქნებ მივაგნოთ რამეს…

-ცაცა, ძალიან გთხოვ. – მოუჭრა ლეილამ. – ეგ რამ მოგაფიქრა? რას ეძებ იქ?

-შენ არ გაიძახოდი, ეგ იქნებაო? – გაჯავრდა ცაცა. – ახლა რაღა გჭირს?

-მე ის ვთქვი, რომ ძალიან უცნაურად იქცევა მეთქი.

-გეყოფა ახლა. წამოხვალ?

-ცაცა, კარგი რა…

ცაცა აფორაჯდა, მკლავები გადააჯვარედინა მკერდზე.

– შენ თუ არ წამოხვალ, მე წავალ მარტო. – თქვა მან.

მერე კი იქვე ჩამოჯდა, გაბუსხული და მოლოდინით შეაცქერდა.

თავი გადააქნია ლეილამ, ამოიგმინა, გაღიზიანებულმა.

ასეთი რაღაცები იშვიათად მოსდიოდა თავში ცაცას, მაგრამ რაც მოსდიოდა, სულ კრახით სრულდებოდა. მისი ექვსიოდე წლის წინანდელი მორიგი იდეა არასოდეს დაავიწყდებოდა ლეილას. ცაცამ დაიჟინა, გინდა თუ არა ლასარეიშვილების საწყობში ავიდეთო. ხმები დადიოდა, რომ შერყეულ შოთა ლასარეიშვილს ავი სული მირჟანი ჰყავდა გამომწყვდეული თავის საწყობში, რაც აშკარად ვიღაც ონავარი ბავშვების მიერ შეთითხნილი სისულელე გახლდათ.

ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ლეილას საწყობში გველმა უკბინა.

ძალიან გაუმართლა, რომ გველი შხამიანი არ აღმოჩნდა.

თუმცა კუზიანი ფოტინეს მკვლელობა ბევრად უფრო უარესი გახლდათ, ვიდრე გველის ნაკბენი. და სულაც არ უნდოდა ლეილას რომ ამ ყველაფერში უარესად გახლართულიყო, აქამდე ყოველი მცდელობა ცუდად დაუცდა.

ცაცას გადახედა. ცაცა თვალებმოჭუტული, გამომცდელად შესცქეროდა.

-მართლა მარტო წახვალ? – ჰკითხა ლეილამ.

-წავალ.

-სისულელეა იქ ასვლა, ხომ ხვდები.

-შეიძლება, მაგრამ მე მაინტერესებს.

ამოიხვნეშა ლეილამ.

იცოდა, რომ მარტო ვერ მიატოვებდა ცაცას.

ნელა წამოიზლაზნა ფეხზე. სახე გაუბრწყინდა ცაცას, ელვის სისწრაფით წამოვარდა.

-კარგი, წამოვალ. – ამოიხვნეშა ლეილამ.

სანამ ცაცა შეკუნტრუშებას მოასწრებდა, მძიმე ნაბიჯების ხმამ მიიქცია მათი ყურადღება და ერთიანად დაიძაბა ლეილა.

თავწაკრული, ოფლში გაღვრილი თამილა გამოვარდა შემოსასვლელის კარში. თალხები ერთიანად ამოგანგლოდა ფქვილში, ცომში ამოთხვრილი ხელით შუბლი მოიჩრდილა, თვალებმოჭუტული დააშტერდა მათ.

-ცაცა, შენ ხარ, გოგო? – წამოიძახა მან, ხელები სასწრაფოდ დაიბერტყა წინსაფარზე და მათკენ გამოეშურა. – მეთქი ეს ვინ ლაპარაკობს თქო!

-კი, მე ვარ, თამილა ბიცოლა. – მიუგო ცაცამ.

-შემოდი შვილო, შემოდი, ამწუთას დავაპიწკინე ცხელ-ცხელი ხაჭაპური!

რა თქმა უნდა. საერთოდ თავის ნალოლიავებ ხაჭაპურებს თამილა მხოლოდ იფლიჰემში წასაღებად აცხობდა, მაგრამ რასაკვირველია, რომ გამგებლის შვილი გამონაკლისი გახლდათ.

ლეილამ პირი იბრუნა საქათმისაკენ, თვალები ისე გადაატრიალა, რომ თამილას არ დაენახა.

-არა, არა, მადლობა, თამილა ბიცოლა. – ნაძალადევმა ღიმილმა მოუგრიხა სახის ნაკვთები ცაცას.

-მართლა არ გინდა, შვილო? არ მოგერიდოს! კაი თანთქალები გამოვიდა, კარაქიც მოვუსვი…

-წეღან ვჭამე, თამილა ბიცოლა. – მოუჭრა ცაცამ.

უკმაყოფილება შეეტყო მობრეცილ სახის ნაკვთებში თამილას, თუმცა იცოდა ლეილამ, რომ გამგებლის შვილთან ყვირილს არ ატეხდა.

ალბათ.

-კარგი შვილო, როგორც გინდა ისე იყოს! – ხელები მოისრისა თამილამ, ხელსახოცით გაოფლილი სახე მოიწმინდა, მერე კი თვალები მოჭუტა, ცაცასკენ გადაიხარა.

იცოდა მისი ეს გამომეტყველება ლეილამ. თამილა სულ ასე მონდომებით იფშვნეტდა ხელებს და კარგი მესაიდუმლესავით ახლოს მიუჩოჩდებოდა ვინმეს, როცა ჭორების გაგება სურდა.

-იმ დუდავას ბიჭზე რა ისმის, შვილო? – დაუჩურჩულა თამილამ ცაცას. – იჭერენ? არ მიწყინო, მე ბებერს, სხვა არაფერი ხდება ახლა, რომ იცი შენც!

-არ ვიცი, ბიცოლა. – მიუგო ცაცამ. – ალბათ დაიჭერენ.

არადა ძალიან კარგადაც იცოდა.

-ეგ ისედაც დასაჭერია. – მკლავები მკერდზე გადააჯვარედინა ლეილამ. – მარტო ცხვედიანების გოგოს გამო უნდა ლპებოდეს ციხეში.

-ცხვედიანების გოგო? – წამოიძახა თვალებგადმოკარკლულმა თამილამ. – რასაა რომ გაიძახი?

-ცოტნე ცხვედიანმა რაც მოგიყვა, არ მითხარი? – წარბები აზიდა ლეილამ.

-რასაა რომ ბოდიალობ შენ!  მამა პეტრეს არაფერი უთქვამს, ხმა ჩაიგდე! – დაუცაცხანა თამილამ, თვალები გააცეცა, თვალებდაჭყეტილმა ელვის სისწრაფით გადახედა ცაცას, რომელიც ისე უდრტვინველად აფახურებდა თვალებს, თითქოს არაფერი იცისო.

არ უპასუხია ლეილას. მხრები აიჩეჩა.

კამათს არ ჰქონდა აზრი.

თამილა წამსვე ცაცას მიუბრუნდა.

– ცაცა, შვილო, რისთვის მოხვედი? – დაუყვავა მან. – რამე გინდოდა, გენაცვალე?

-ყანაში უნდა წავიდეთ ახლა, ბიცოლა. – თქვა ცაცამ, ლეილას მკლავში მოავლო ხელი და ოდნავ მოქაჩა. – ხომ არ გეწყინებათ?  

თამილამ ლეილასკენ მოატრიალა თავისი გამომცდელი მზერა.

-ჭარხალს მივუგდებ წყალს. – თქვა ლეილამ. – ამ პაპანაქებაში ერთი მორწყვა არ ეყოფა.

თამილამ რაღაცა ჩაილაპარაკა. კარგად ვერ გაარჩია მისი სიტყვები ლეილამ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ბიცოლამისი იმას ბურტყუნებდა, ნეტა ეს გოგო სულ გარეთ რატომ დაეთრევაო.

-წადით, ხო. – ფქვილიანი ხელი აუქნიათ ორივეს ბოლოს თამილამ. – მაგრამ დროზე მოდით!

-მოვალთ, მოვალთ. – დააშოშმინა ცაცამ, ლეილას მკლავში მოქაჩა და წაათრია.

ჭიშკარი ზურგსუკან ჭრიჭინით მოიხურეს და მთავარ გზას დაუყვნენ.

თვალისმომჭრელად კაშკაშებდა მზე. ერთი ღრუბელიც კი არ ჭაჭანებდა თაკარა ცის თაღზე, თითქოს აუტანელ პაპანაქებას აეორთქლებინა ერთიანად. ოდნავადღა სძრავდა ზანტი სიო გზის გარშემო აშოლტილ ალვის ხეებს, გადამხმარ ბალახს, ბუჩქნარს და სქელძირიან რეზინის კალოშებშიც კი გრძნობდა ადუღებულ ასფალტს ლეილა.

როცა ბიცოლამისის სახლი თვალს მიეფარა, მთავარი გზიდან ხარისწყალისაკენ გადაუხვიეს.  

აბალახებულ საცალფეხო ბილიკზე ალაგ-ალაგ ამოსული გამხმარი სარეველები შარიშურობდნენ მათ ფეხქვეშ. გამომშრალ ქვიშასა და ქვა-ღორღს ბდღვირი ასდიოდა ყოველი ნაბიჯისას, საშინელ ხვარტს ერეოდა და უარესად უხუთავდა სულს ლეილას. აუტანლად აჭერდა მზე, კანს სწვავდა, და გრძნობდა ლეილა, თუ როგორ გახურებოდა თავი, ყელსა და ზურგზე ბეჭთა ფრთებს შორის ოფლის წვეთები ჩამოუგორდა. წამდაუწუმ უნდა მოეჩრდილა შუბლი ხელით, რადგან მოკაშკაშე, ზენიტში მყოფი მზე და ცის უსასრულო სილურჯე თვალს სჭრიდა. რეზინის კალოშები ისე გაუცხელდა, რომ თითქმის სურდა გაეხადა, მაგრამ ფეხშიშველი ასეთ პაპანაქებაში გახურებულ კენჭებზე ვერაფრით შეძლებდა გავლას.

ბილიკს მიუყვებოდნენ სწრაფი ნაბიჯით, სანამ მათ თვალწინ ალაგ-ალაგ გადაყვითლებული ბალახითა და მომხმარი ყვავილებით დაფარული მდელო არ გადაიშალა, რომლის მიღმა მდორედ მიწანწკარებდა ხარისწყალი. მათ თავზე, ალაპლაპებულ ელექტროგადამცემ კოშკებს შორის გადაჭიმულიყვნენ ზორბა სადენები, და მხოლოდ მათი მწირი ჩრდილიღა მოჰფენოდა მზის გულზე გადაშლილ მდელოს.  მდინარის ზორბა, მჩქეფარე სხეული დაეჯაბნა ივლისის პაპანაქებას, კალაპოტის კიდეები გაშიშვლებულიყვნენ, მზეზე შრებოდნენ ოდესღაც მდინარის სხეულის ქვეშ ჩამალული ფერად-ფერადი ქვები და რუხი ქვიშა. მინავლებულიყო მზის შუქზე ალაპლაპებული ხარისწყალი და ზანტად, ჩუმი შხაპუნით მიგუგუნებდა ხარისწყალი ლეილასა და ცაცას ფეხქვეშ, როცა ხიდი გადაკვეთეს.

მთის ფერდს აუყვნენ, ზემოთ, უღრანი ტყის პირას ცალთვალა რეზოს ქოხი წამოჭიმულიყო. წამიერად შედგა ლეილა, შორს, ხარისწყალის გაშიშვლებული კალაპოტის გვერდით არყის ხეებში შემალულ პოლიციის პუნქტს გადახედა.

იქ იყო ახლა ცალთვალა რეზო, დაკითხვაზე.

გზაზე არავინ ჭაჭანებდა.

პირი იბრუნა ლეილამ, ნაბიჯს აუჩქარა, სცადა ცაცას დასწეოდა, რომელიც მაღალ, გამხმარ ბალახს მიარღვევდა. ყურისწამღებად ჭრიჭინებდნენ კუტკალიები და ყოველი ნაბიჯისას მალ-მალე გადასკუპდებოდნენ მათგან შორს.

მიიწევდნენ წინ და ნელ-ნელა უფრო იზრდებოდნენ, თითქოს წელში სწორდებოდნენ ჩუმშიდის უღელტეხილზე გადაფენილი უღრანი ტყის ვეებერთელა ნაძვები, რომელთა წინ ცალთვალა რეზოს ქოხი აღმართულიყო.

ერთმანეთზე დაწყობილი მორებისაგან აეგოთ მომცრო ქოხი. კრამიტი ერთიანად დაეფარა ალაგ-ალაგ ოქროსფრად დაფერილ, ალაგ-ალაგ მწვანედ მოღაღანე ხავსს, პრიალა თუნუქის საკვამური ოდნავ შეჭვარტლულიყო. პაწაწინა ფანჯრები გამოეჭრათ კედელში, მინები თვალისმომჭრელად ლაპლაპებდნენ მზეზე. ქოხს გარშემო პატარა, დაღრეცილი, ხის ტოტებისაგან შეკრული ღობე შემორტყმოდა, ერთ-ერთ მიწაში ჩარჭობილ ტოტზე ყურით ჩამოეცვათ ტუჩმოტეხილი კოკა, იქვე, ღობის ძირში კი რამდენიმე დამტვერილი ჩაფი იწონებდა თავს. ქოხის უკან პატარა, სავსე საშეშე და ახლად გადაბარული და მორწყული ნაკვეთი მოჩანდა, პრასისა და პომიდვრის ნერგები მწვანედ ხასხასებდნენ.

ქოხიდან ათიოდე ნაბიჯში შედგა ლეილა, უკან მოიხედა.

აქ არასოდეს ამოსულიყო აქამდე. ქვემოთ დამშრალ ხარისწყალს ხედავდა, რომელიც მიიკლაკნებოდა შორს, მზეზე აციმციმებულ, გადაგლესილ ლელესის ტბამდე. საოცრად ღრმა და უსაზღვრო იყო აქედან მათ თავზე გადაჭიმული ლურჯი ცის თაღი, მზის მოყვითალო თეთრი დისკო რომ ამშვენებდა მხოლოდ, და მთლიანად ჩანდა არჭამას ხეობასა და იხულას მთის ფერზე შეფენილი, მწვანედ შეფოთლილ ხეებსა და ბუჩქნარში ჩაფლული ზრეა.

ბიცოლამისის სახლიც კი გაარჩია ლეილამ და ის მოღებული ფანჯრები, საიდანაც ცალთვალა რეზოს უთვალთვალებდა თვითონ.

აქვე იდგა ცალთვალა რეზო. და გაახსენდა ლეილას, თუ როგორ მოეჩვენა რამდენჯერმე, რომ ბერიკაცი პირდაპირ მისკენ იყურებოდა.

უსიამოვნოდ გასცრა ტანში, პირი იბრუნა.

ქოხს ნელა, ფეხაკრეფით მიჰპარვოდა ცაცა. კარის სახელურს მოავლო ხელი და ჩამოსწია, ჭრიჭინით.

კარი ღია აღმოჩნდა და გამარჯვებული, კმაყოფილი ღიმილი სტყორცნა ლეილას ცაცამ, მერე კი შიგნით შეიპარა.

მიმოიხედა ლეილამ, დარწმუნდა, რომ არავინ მოემართებოდა პოლიიცის პუნქტიდან მათკენ.

უკან მიჰყვა ცაცას და სწრაფად მოათვალიერა ცალთვალა რეზოს ქოხი.

მისდა გასაკვირად, შიგნით საკმაოდ გრილოდა. მოპირდაპირე კედელზე ვეებერთელა, ოდნავ გახუნებული სპარსული ხალიჩა ჩამოეფარებინათ, აქეთ-იქით კედლებზე ჩარჩოში ჩასმულ პატარა ნატურმორტებს შორის ირმის, მელიისა და სხვა პატარ-პატარა ცხოველების ტყავები ეკიდა. კუთხეში მომცრო, ერთიანად გამურული აგურის ბუხარი აეგოთ, რომლის გვერდით კარტოფილით, ჭარხლით და ხორბლით სავსე ტომრები მიეწყოთ, იქვე კი სანადირო თოფი აეყუდებინათ კედელზე. სახელდახელოდ, აშკარად ხელით გამოჩორკნილი და წიგნებით დახუნძლული თარო მიეჭედებინათ კედელზე, რომლის ქვეშ, მარცხნივ, გაუსწორებელი საწოლი იდგა. ლოგინის გვერდზე პატარა ტაბურეტი მიედგათ, რომელზეც რვეულები, კალამი და პატარა ქოთნის ყვავილი იდო. ერთი წვრილი დერეფანი გასდევდა ქოხს, რომლის ბოლოშიც პაწაწინა სამზარეულო და აშკარად უკანა ეზოში გამავალი კარი დალანდა ლეილამ. მარჯვნივ, ფანჯრების ქვეშ კი პატარა ხის მაგიდა იდგა, რომელზეც ათასნაირი ხარახურა ეყარა: ძველი, გაყვითლებულ ქაღალდზე შესრულებული დამთავრებული თუ დაუმთავრებელი ნახატები, საღებავით მოთხვრილი ფუნჯები და შერეული საღებავებით დაფარული პატარა ხის დაფა, სამკაულები, რამდენიმე გაბზარული ჭიქა, ჩაქუჩი, ხისგან გამოჩორკნილი პატარა მელია, დანა და კედლის სიგრძეზე გამწკრივებული ქოთნის ყვავილები.

-ეე, ამას გახედე! – წამოიძახა ცაცამ და წამსვე მისკენ იბრუნა პირი ლეილამ. ლოგინისპირა ტუმბოდან ერთ-ერთი სქელი რვეული აეწაპნა და გამალებით ფურცლავდა. – დღიურს წერდა თურმე, წარმოგიდგენია?

-წარმომიდგენია. – ჩაილაპარაკა ლეილამ, კედლებზე ჩამოკიდებულ ნატურმორტებს ათვალიერებდა. ცალთვალა რეზო ლოყაწითელა ვაშლებს, პომიდვრებს, ქოთნის ყვავილებსა და სამკაულებს ხატავდა.

-ნახე, ნახე, რა უწერია: ცხრა დეკემბერი, ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წელი. ისევ გაუსაძლისად ცივა, შეშის დაჩეხვას ვეღარ ავუდივარ. ისე მოთოვა, რომ ზრეადან გასასვლელი ისევ ჩაკეტილია…

ლეილამ მოუყრუა. მაგიდას მიუახლოვდა დასათვალიერებლად, სანახევროდ დამთავრებულ ნახატებს გადაავლო თვალი.

იხულას მთაზე შეფენილი ზრეას, უღრანი ტყისა და ღამის ცაში სავსე მთვარის დახატვა გადაეწყვიტა ცალთვალა რეზოს.

მერე კი შეამჩნია.

მაგიდაზე დახვავებული, ვერცხლისა და ოქროს ძეწკვებს, მედალიონებსა და სამაჯურებს შორის პატარა ბეჭედი.

ოქროს ბეჭედი, რომელშიც პატარა ქვა ჩაესვათ.

-თოთხმეტი მაისი, ორიათასი წელი. – თავისას მიერეკებოდა ცაცა. – ფაქტიურად ვშიმშილობთ. წისქვილში ბორბალი გაფუჭდა, ბაბუნაშვილები კი შეკეთებას არ ჩქარობენ. რა ენაღვლებათ, იფლიჰემში კი ჰყავთ ნაცნობები…

ხელი გაიწვდინა ლეილამ და ფრთხილად აიღო ბეჭედი. პატარა ქვა მზის შუქზე ერთი მხრიდან ვარდისფრად, მეორე მხრიდან კი მწვანედ ციმციმებდა.

იცნობდა ამ ბეჭედს ლეილა.

კუზიანი ფოტინეს ხელზე ენახა რამდენჯერმე.

ახლა კი ბეჭედი ცალთვალა რეზოს ქოხში, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად ეგდო.

გამტკნარებული დაჰყურებდა ბეჭედს და იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

იქამდე, სანამ ბიცოლამისი კუზიანი ფოტინეს მოსანახულებლად ავიდოდა, ქოხში ცალთვალა რეზო იმყოფებოდა. მან ააწაპნა ფოტინეს ეს ბეჭედი.

ცალთვალა რეზომ მოკლა ფოტინე.

ერთიანად გაქვავდა ლეილა, ადგილზე მილურსმული დაჰყურებდა ბეჭედს.

-ოცდაორი ნოემბერი, ორიათასი წელი. ჩემი უბედური ცოლი სულ წუწუნებს, ვითომ…

-მოიცადე ერთი წუთით. – გააწყვეტინა ლეილამ, ცაცას გადახედა, ბეჭედი ასწია. – ამას გახედე. ფოტინეს ეკეთა.

ცაცამ თვალები ჭყიტა, რვეული იქვე მიაგდო და წამსვე გამოეშურა მისკენ, ინტერესით აათვალიერა ბეჭედი.

-ფოტინესია? – წამოიძახა მან. – დარწმუნებული ხარ?

-კი, მისია. რაც მახსოვს, სულ ეკეთა.

-ანუ რა გამოდის, ცალთვალა რეზომ მოკლა და ბეჭედი მოპარა? – ცაცა თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა.

-ჰო, მაგრამ… მარტო ეს მოიპარა. ფოტინეს თავისი გულსაბნევი, სამაჯური და ეგეთები ეკეთა, რომ ვნახე.

ბეჭედი გადმოატრიალა ლეილამ, ყველა კუთხიდან დაათვალიერა. ერთი უბრალო ოქროს ბეჭედი იყო პატარა ქვით, ზედ არაფერი ამოეტვიფრათ.

-შენც კიდევ რა, მკვლელებს რას გაუგებ? – თქვა ცაცამ. – ალბათ სამახსოვროდ უნდოდა რამე წამოეღო და მაგაზე მოუხვდა თვალი. სერიული მკვლელები ეგრე არ შვებიან?

-არ ვიცი. ალბათ. – მიუგო ლეილამ.

აფორიაქდა, თითქოს რაღაც მოუსვენარი უფუთფუთებდა შიგნით, სწრაფად დააბრუნა თავის ადგილას ბეჭედი.

-უნდა წავიდეთ აქედან. – თქვა მან.

-მოიცადე რა, იქნება და კიდევ ვიპოვოთ კიდევ რამე? – იკითხა ცაცამ.

-მაგალითად?

-რავიცი, ქილაში შენახული მოჭრილი თითი ან რამე ეგეთი.

-ცაცა… – ამოიხვნეშა ლეილამ.

-კარგი, ხო. – წაიბუზღუნა ცაცამ. – წავიდეთ მაშინ.

ფანჯარაში გაიხედა ლეილამ, არჭამას ხეობას, ხარისწყალსა და მდინარის პირას აშოლტილ არყის ხეებს გადაავლო თვალი.

მერე კი დაინახა.

ვიღაც ამოდიოდა მთის ფერდზე, ქოხის მიმართულებით. შავებში გამოწყობილი კაცი.

ცალთვალა რეზო მოიწევდა თავისი ქოხისაკენ.

ცალთვალა რეზო, რომელმაც საცოდავი კუზიანი ფოტინე დანით მოკლა.

ჟრუანტელმა აურბინა ზურგში ლეილას, ხელები გაუცივდა. აუტანელი ზუზუნი ესმოდა ყურებში და ბუნდოვნად, შორიდან გაიგონა, თუ როგორ წამოიძახა მის გვერდით ცაცამ, ვაიმეო.

მკვლელი მოიწევდა მათკენ და თუ ახლავე რამეს არ მოიმოქმედებდნენ, დაინახავდა, თუ როგორ შეპარულიყო ორი უცხო გოგო მის სახლში, მერე კი ღმერთმა იცის, თუ რას იზამდა.

ღრიჭოდ დატოვებულ კარს ეცა ლეილა, სასწრაფოდ მიხურა. მერე კი ცაცას სტაცა ხელი და პირი იბრუნა, სირბილით დაუყვნენ დერეფანს. საბედნიეროდ უკანა ეზოში გამავალი კარიც ღია იყო, და წამსვე გაიჭრნენ გარეთ, ლეილამ კარი ზურგსუკან ჩუმად მოიხურა, ცაცას ქოხის უკან აღმართული გიგანტური ნაძვებისაკენ მიანიშნა, იქეთ წადიო. ცალთვალა რეზოს ბოსტანს გვერდი აუარეს, ღობეში გაძვრნენ და ელვის სისწრაფით შეიჭრნენ ტყეში, მერე კი ნაძვების ზორბა ზროების მიღმა, ბუჩქნარში ჩაიმალნენ.

აქედან ვეღარ ხედავდა ლეილა მთის ფერდსა და ცალთვალა რეზოს. ჩაეცუცქა, გაფაციცებული იყურებოდა ბუჩქის ფოთლებში, გული ყელში მოსწოლოდა. ხელები ერთიანად გაჰყინვოდა, როცა მუხლებზე მოიჭდო ისინი.

მის გვერდით ჩაყუნცულიყო ცაცა, ერთიანად მოკუნჭული, ხელებს იმტვრევდა, გაფითრებულიყო.

-რატომ არ იყურებოდი გარეთ? – შეუტია მან. – აქამდე უნდა დაგენახა!

-მე უნდა დამენახა? – კბილებში გამოსცრა ლეილამ. – და შენ რას მიკეთებდი?

-შენ იდექი ფანჯარასთან ხოდა გაგეხედა ადრე! – ატყდა ცაცა.

– მე საერთოდ არ მინდოდა აქ ამოსვლა, დაგავიწყდა?

-მერე რა, ხომ ამოხვედი? – არ შეეპუა ცაცა.

-აზრი არა აქვს ახლა აქ კინკლაობას. – დაუსისინა ლეილამ. – ჩუმად იყავი და ეგ ქუდი მოიხადე კიდე, ბუჩქებში არ გამოჩნდეს…

ცაცამ თავისი განიერფარფლიანი ქუდი წამსვე წაიძრო და გულზე მიიხუტა, გაბუსხულმა.

-ისე ხო ხედავ, მართლები ვიყავით. – თქვა მან. – საწყალი ფოტინე, მიაკლა ამ ცალთვალა ბებრუცუნამ…

არაფერი უპასუხია ლეილას, დაჟინებით გაჰყურებდა ქოხს.

მერე კი, თითქოსდა საუკუნის მერე, ცალთვალა რეზოს ფიგურა ამოიწვერა მაღალი ბალახის მიღმა. ღრმად სუნთქავდა აღმართზე სიარულისაგან მოქანცული ბერიკაცი, ნელა მილასლასდა ქოხთან, კარი გააღო და შიგნით შეაბიჯა.

-წავიდეთ, ჩქარა. – წამსვე დაუჩურჩულა ცაცას ლეილამ. ბუჩქნარიდან გამოძვრნენ, ტყის პირს დაუყვნენ სირბილით, მერე კი შორიდან შემოუარეს ქოხს.

ქშინავდა ლეილა, გარბოდა, თან წამდაუწუმ უკან იყურებოდა. იმის იმედიღა ჰქონდა, რომ ცალთვალა რეზოს მხედველობასთან ერთად ყურსაც აკლდა და რომ უჩვეულოს ვერ შეამჩნევდა ვერაფერს სახლში.

მაგრამ არ დასცალდა იმედი.

ლაწანით გაიღო ქოხის კარი და თოფმომარჯვებული რეზო გამოვარდა. გიჟს დამგვანებოდა, გაცხოველებულმა წამსვე ჰკიდა მათ თვალი.

-აიტ, თქვე ღორისგაგდებულებო! – დაიღრიალა მან. – თქვენი დედა ვატირე, რა გინდათ?! რა გინდოდათ?! კაია სხვის სახლში წოწიალი ხო?! დაგმარხავთ ორივეს!

მერე კი თოფი გამოიშვირა, მხარზე მიიბჯინა კონდახი.

თაკარა მზის შუქზე ლაპლაპებდა თოფი, მაგრამ შემზარავად ცივი იყო მათკენ მოშვერილი ლულის სიბნელე.

ერთიანად გაცივდა ლეილა. მხოლოდ ინსტინქტურადღა ამოძრავებდა სხეულს, სახეში სისხლმა აასხა, თვალებში წამიერად ჩამოუბნელდა. თითოეულ ნერვსა და კუნთზე ცეცხლი მოეკიდა.

ყურისწამღებად აკივლდა იქვე, ახლოს ცაცა.

კისრისტეხით დაეშვნენ დაღმართზე და გამაყრუებლად იჭექა თოფმა.

ტყვიამ ზუზუნით გადაიარა სადღაც, ზემოთ, მათ თავზე და ექო ამოსძახეს გარშემო მთებმა.

-ჩქარა! ჩქარა! – გაჰკიოდა ლეილა, მთელი ძალით გარბოდა. ქშინავდა, ფილტვები ასწვოდა, მაგრამ აინუნშიც კი არ აგდებდა ამას. დაღმართზე მიჰქროდა, თვალებგადმოკარკლული და ვეღარ გაებედა უკან გახედვა. – ჩქარა, ცაცა!

კისრისტეხით ჩაათავეს დაღმართი და იქვე, ბილიკთან, ქარში აშრიალებულ არყის ხეებს ამოეფარნენ წამსვე.

ქშინავდა ხის ზროზე აკრული ლეილა და მის გვერდით მძიმედ ხვნეშოდა მიწაზე ჩაცურებული, ქანცგაწყვეტილი ცაცა. უფრო ხმამაღლა აჭრიჭინებულიყვნენ მაღალ ბალახში თოფის ხმისაგან დამფრთხალი კუტკალიები და თითქოსდა შეშფოთდნენო, ცხვრების გამწარებული ბღავილი ისმოდა ლურჯამთიდან.

უფრო ძლიერად წამოუბერა ქარმა, ოფლით დაცვარულ კანზე მოელამუნა და თვალები დაახამხამა ლეილამ. გაშტერებული გასცქეროდა მზის შუქზე აციმციმებულ, მოშხაპუნე ხარისწყალს, გული ისე მძლავრად უცემდა, თითქოს მკერდის ძვალს გამოუმტვრევდა, ხელები ერთიანად აკანკალებოდა.

ფრთხილად გაიჭყიტა უკან.

არავინ ჩანდა ცალთვალა რეზოს ქოხთან. კარი მიეხურათ, ქარში შრიალებდა მაღალი ბალახი და გამხმარი ველური ყვავილები, და საშინელი ხვარტი იდგა ჰაერში.

თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.

მაგრამ აქამდე უზრიალებდა თავი ლეილას, აქამდე ესმოდა, თუ როგორ გამაყრუებლად იჭექა თოფმა და როგორ გაიზუზუნა მათ თავზე ტყვიამ.

-იქაა? – ჰკითხა ცაცამ. ერთიანად გაოფლილი, გაწეწილი იჯდა ხის ძირში, ფეხები წინ გამოეშვირა და თვალებგადმოკარკლული ასცქეროდა ლეილას. – მოდის?

-არა. – ამოიქშინა ლეილამ. – მგონი უკან შევიდა.

-გვესროლა იმ ნაბიჭვარმა! – წამოიძახა გაოგნებულმა ცაცამ. – გვესროლა!

-რაც მთავარია აგვაცილა. – ამოიქშინა ლეილამ, მერე კი ათრთოლებული ხელებით სცადა სახეში ჩამოყრილი, გაწეწილი თმა გაესწორებინა.

ცალთვალა რეზომ კუზიანი ფოტინე მოკლა.

მერე კი მათი მოკვლა სცადა, თოფი დაუმიზნა და ესროლა.

არც კი სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა.

ქანცგაწყვეტილი ჩაცურდა არყის ხის ზროზე და ერთი ბოლო, მოკანკალე სუნთქვით აბალახებულ მიწაზე ჩამოჯდა მძიმედ.

ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ კუტკალიები, ლურჯამთის ცხვრები ბღაოდნენ, რომელთაც გაბმით აჰყოლოდნენ ღავღავით ძაღლები.

თვალები მაგრად დახუჭა ლეილამ.

და შორიდან, ბუნდოვნად ჩაესმა ფლოქვების თქარუნი.

16 thoughts on “მირაჟი (თავი 3)

  1. რა კარგი იყო ♥️♥️ ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ და არ გყოფნის ეგეთი თავი იყო 😍😍 ახალ თავს ველოდები სულმოუთქმელად ♥️

    Like

  2. მისტიური იყო დღევანდელი თავი, ბოლო მომენტები განსაკუთრებით დაძაბული იყო და იმდენად დიდი ადრენალინი მქონდა, ალბათ სწორედ ასეთ ადრენალინს განიცდიდნენ ლეილა და ცაცა რეზოსაგან გამოქცევის პერიოდში. ბეჭდის აღმოჩენა საეჭვოა თითქოს, არის რეზო მკვლელი თუ უბრალოდ ვიღაც ძალზედ ხეირობს გავრცელებული ჭორების გამო ?
    მოკლედ, ზრეა ისევ საიდუმლო და მისტიური რჩება, იმის მიუხედავად, რომ აქ ყველა ყველას იცნობს და თითქოს ყველამ ყველაფერი იცის. როგორც წინა თავებში ახსენე აქ ყველა ყველას ხელს აფარებს და თითქოს ბოლომდე არავინ არაფერს ამბობს, ხოოდა მიჩნდება კითხვა იქნებ ვიღაც წარსულიდან ძალიან ძალიან გაბრაზებულია და შურისძიებას ცდილობს და ცხოველების მკვლელობა თავიდან თითქოს “გასახურებლად” იყო…
    ნუ, არ ვიცი… სერიული ფსიქოპატი მკვლელიც დასაშვებია, რომელმაც უბრალოდ მოიწყინა და გადაწყვიტა გაერთოს, თუმცა ზრეასნაირი სოფლები საიდუმლოებებს მალავენ და ვფიქრობ მთავარი წყაროც აქ იმალება… მაგრამ საბოლოო დასკვნებს არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა. ჯერ მხოლოდ მე-3 თავზე ვართ და ყველაფერი ახლა იწყება.
    ლეილას და რატის მომენტები არაჩვეულებრივი იყო და იმის მიუხედავად, რომ დაძაბული საუბრები ქონდათ მომენტებში მეცინებოდა ლეილას დაბნეულობისა და ფაცა-ფუცობის გამო : -საიდან და ნამყოფი ვარ ადრე. – მიუგო მან. – ბიცოლაჩემს დავყავდი ხოლმე. ეგონა თვალი მეცა. კუზიანი ფოტინე გამომილოცავდა, მიმკითხავებდა.

    ყარალაშვილმა ახედა.

    -მერე? – ჰკითხა მან. ლეილა უსიამოვნოდ მოიჭმუხნა.

    -მერე რა ვიცი, კარგი არაფერი უწინასწარმეტყველია… – დაიწყო მან.

    -ეგ არა. – რატი ყარალაშვილს უცნაურად შეუთრთოლდა სახის ნაკვთები. – ქოხში რომ შეიხედე, მერე?” ამ მომენტზე განსაკუთრებით :დდ
    მეტი ვარაუდის გამოთქმა მინდა, თუმცა თავს შევიკავებ, დეტექტივებს მთლად სიჩქარე არ უყვართ, ისე როგორც რატის არ უყვარს ლოთი მამამისი :დ
    შემდეგ თავს ველი ლინდუსი ❤

    Like

    1. არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ბეჭდის აღმოჩენა საეჭვოა ნამეტანი, ნელ-ნელა გავარკვევთ, რა მოხდა და როგორ 🥰💛 ოოო, ძალიან მიხარია რომ იდუმალ ადგილად მიგაჩნია ზრეა და ეგეთი ვაიბი დაყვება 💛 მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მიუხედავად იმისა რომ ყველა ყველას იცნობს, მაინც საკმარისად კარგად არ იცნობენ ერთმანეთს აშკარად.
      რატი ნამეტანი აბნევს ამ ჩვენ გოგოს, რა ქნას ნიუ 🤣🤣🤣
      აუ არადა როგორ მაინტერესებს შენი ვარაუდები💛💛 შემდეგ თავში ცოტა უფრო იშლება სიტუაცია და იმედია მოგეწონება 🥰🥰💛 უღრმესი მადლობა გენაცვალე 🥰🥰🥰🥰💛💛💛

      Like

  3. რატომღაც მგონია რომ დღიურებში შეიძლება იყოს გასაღები ამ ამბის .სუპერ გოგო ხარ,როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა 🥰

    Like

    1. ძალიან მიხარია რომ დღიურის დეტალს მიაქციე ყურადღება 🤭🤭💛💛💛 მეტს არ ვიტყვი, აუცილებლადგამოჩნდება ყველაფერი ნელ-ნელა 🥰💛💛💛

      Like

  4. მომკალი და რაღაც არ მგონია ეს რეზო მე მკვლელი, ნუ შეიძლება რაღაც შუაში იყოს იმ ამბავთან, რამაც ეს მკვლელიბები გამოიწვია, მაგრამ… ნუ არ ვიცი 🤐 ჯერ არც ერთი პერსონაჟის ხასიათი არაა გახსნილი წესიერად, ეს რატიკოც რაღაც საეჭვოდ ხან მწყემსია, ხან დეტექტივი. მღვდელი და მისი ქალიშვილიც მეორედ გაჟღერდა უკვე. და მე თუ მკითხავ, ეს თამილაც რაღაც საეჭვოდ ხშირხშირად აცხობს კაცო ამ ლობიანებს და ხაჭაპურებს 😁😁 და დადის იმ ქალაქში, სახელი რომ ვერ დავიმახსოვრე ჯერ 🤦‍♀️. მეტი რატი და ლეილა გვინდა 😊 შენ კი ხარ გადასარევი გოგო 🫶😇

    Like

    1. ოოო, მარტო არ ხარ, სხვებსაც ეპარებათ ეჭვი რეზიკოს ბრალეულობაში 🤭🤭 ნელ-ნელა უფრო ახლოს გავიცნობთ პერსონაჟებს და შემდეგ თავში ბევრი რატი და ლეილა იქნება აუცილებლად 🥰🥰🥰 უღრმესი მადლობა გენაცვალე 🥰🥰🥰💛💛💛💛

      Like

  5. ძალიან კარგი იყო❤️❤️,მომწონს ლეილას და ცაცას გამოძიება.ცოტა სიფრთხილეს თუ გამოიჩენენ კაი იქნება🥰🥰

    Like

    1. რა ვქნათ, ცაცა ნამეტანი ბუნტისთავია,ლეილა კი ყვება ძალაუნებურად 🤣🤣 დიდი დიდი მადლობა გენაცვალე 🥰💛💛

      Like

  6. შიში იმის რომ ცაცა რაღაც ხათაბალაში გახვევდა გამართლდა, თუმცა ლეილაც არ ჩანს დიდად დაკვირვებული ისეთ საკითხებში, რასაც ანაბეჭდის დატოვება ჰქვია. ფაქტიურად რატის ხელშია ჩავარდნილი და მისი კეთილი ნება იქნება რომ არ დაიჭირონ ორთავე. აი რატომ მეგობრობენ ცაცა და ლეილა. თამილას ინტერესი გაათმაგებულად გადაედოთ ამ ორს. ჯერჯერობით არ მაქვს მკვლელზე ვერსია თუ ვინაა, მაგრამ ვფიქრობ არც უცხოა.
    ძალიან საინტერესო თავი იყო.

    Like

    1. კიბატონი, ცაცაა ამ ორს შორის ბუნტისთავი მაგრამლეილაც კაი ტვინია, ჯერ გვამის გადატრიალება რომმოუნდა და ახლა ეს 😅😅
      ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალე 🥰🥰💛💛 იმედია გაჩნდება ვერსია მკვლელზე, ძალიან მაინტერესებს თუ რომელზე მიიტანთ ეჭვს 🤭💛

      Liked by 1 person

  7. ჯერ იქიდან დავიწყოთ რო ჩემი რეზო რო მკვდარი არაა ამოვისუნთქე მერე იქით გავარძელოთ რო ლეილას თმებს დავაწიწკნი ამ კაცს თავი დაანებოს რას გაიძახის ან რეზო ან დუდავააო იყოს დუდავა რეზოს ნუ ეხება (ძან მიყვარს რეზო და რა გავაკეთო) ლეილას და რატის მომენტებზე ძან მეცინებოდა მიუხედავად იმისა რო დაკითხვა იყო ან რა ინტრიგნული კითხვები იყო ან პასუხები😂😂 ფოტინემ ლეილას რა უწინასწარმეტყველა როგორ მაინტერესებსსს 🤔🤔🤔 მე ძან მაკვირვებს ეს ბეჭედი რა რაღა რეზოსთან იყო კაცო არადა ვიცი ვიღაცამ ან ჩაუდო ან კიდევ სხვა რამის გამო აქ ეგ ბეჭედი ჩემ რეზოს. იმ მომენტზე გამეცინა თოფით რო გამოუდგა და ყვიროდა თვალწინ დამიდგა ცალთვალა კაცი მოხუცი როგორ ყვირის და თან თოფს გიმიზნებს🥲😂😂 იმაზე ხო სულ გავგიჟდიი კაციი ხატავსს მხატვარიაა რაა მკვლელი რის მკვლელი მე მირჟანის არსებობას უფრო დავიჯერებ ვიდრე რეზოს მკვლელობას🥲🥲🥲 იმ დღიურმაა ინტრიგა დატოვააა სასწაულიიი😩 რეზო ძან გულჩათხრობილი კაცი მგონია და მაგის სახლში ცხოვრება მინდარო ყველას ვუყურო ზეიდან ზეიდან😂😂😂 ეკლესიაში რომ დაიწყო სიარული ეგეც მაეჭვებს და ისიც მამაომაც როარ თქვა არაფერი და ლეილას სიზმარიც მაეჭვებს 🙄🙄 ირემი და ადამიანის სახიანი ირემი შტო ტაკოეე 🙄🙄🙄 ძაანნკაი იყოო ყველა დეტალის აღწერაზერო ვგიჟდები და სასწაულად გამოგდიის იცი მარა მაინც დაგიწერრ 🥰🥰🥰🥰 ძლივს მოვიცალე კაი გულიანად ჩასაჯდომად დაა ველიი ახალ თავსს ❤️❤️❤️

    Like

    1. ოოო ჯერ ეს ერთი მიხარია რომ რეზიკოს გულშემატკივრობ 🥰💛 და რა ვქნათ, რაღაცნაირად აღმოჩნდა ის ბეჭედი მის სახლში და 🤣 დაკითხვას რაც შეეხება, სუფთა მაიმუნობა და მაქინაციობა იყო რატის მხრიდან, ვაღიაროთ ახლა 🤣🤣 ოო, ფოტინეს წინასწარმეტყველებაზე შეიძლება გავიგოთ, შეიძლება არა, ჯერ არ ვიცი :დდ
      კიი, რეზიკო სულ სხვანაირია ვიდრე მაგალითად ლეილას ეგონა, მხატვარია, დღიურებს წერს 💛 მარა საეჭვოა აგი ბეჭედიც და აგი ეკლესიაც ნიუ 🤣
      ადამიანისაახიან ირემს კი კიდევ შევხვდებით აუცილებლად 🤭🤭🤭
      უღრმესი უდიდესი მადლობა შენ გენაცვალე, რომ კითხვისთვის და დაკომენტარებისათვის გამოყოფ ხოლმე დროს 🥰💛💛 და მიხარია ძალიან რომ აღწერები მოგწონს! 🤩🤩🥹💛💛

      Like

  8. ისე მაინტერესებს ვინაა მკვლელი და კიდევ თუ იქნება მსხვერპლი,ვინ?
    ძალიან ჩამითრია,არადა დღეში 1თავის წაკითხვას ვფიქრობდი😄 კი არის ზაფხული მაგრამ ჩემთვის არა😅😅

    Like

Leave a reply to თია კომენტარის გაუქმება