მირაჟი (თავი 2)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეორე თავის თემა

II – The Sheep

.

.

 -*-*-*-*-*-*-*-

ერთბაშად გამოეღვიძა ლეილას.

ჯერ ვერც კი მიხვდა, თუ სად იყო. თვალებგადმოკარკლული იწვა მუცელზე, ქშინავდა. მარჯვენა მკლავი ტანქვეშ მოჰყოლოდა, ვერცხლის ძეწკვი ყელში აჭერდა და გრძნობდა, თუ როგორ გადახლართულიყო მის ფეხებში ზეწარი.

ოფლი იგრძნო შუბლზე, როცა სახეზე მიწებებული გაწეწილი თმა ათრთოლებული ხელით გადაიწია უკან.

ისევ რაღაც დაესიზმრა, ოღონდ აღარ ახსოვდა, რა. აშკარად რაღაც არასასიამოვნო.

გაჭირვებით წამოიწია, აბურდული ზეწარი ძლივს მოიგლიჯა ფეხებიდან. თავი ისე დამძიმებოდა, რომ უსკდებოდა, კედლის საათის ჩვეულებისამებრ ჩუმი ტიკტიკი უროსავით სცემდა თავის ქალაზე.

რვას აკლდა ათი წუთი.

დიდხანს ეძინა.

ცოტა ხანი იჯდა, სულს ითქვამდა, სახეს ისრესდა, ცდილობდა სიზმარი გაეხსენებინა.

არაფერი გამოუვიდა.

სასტუმრო ოთახის ღია ფანჯრებიდან დილის მჭახე, გრილი ჰაერი შემოდიოდა, რომელსაც უკვე დაჰკრავდა მომავალი, ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღის სიცხის ოქროსფერი ელფერი. გადაგლესილ, ლურჯ ოკეანეს წააგავდა ცა, რომლის ერთ კიდეზეც, აღმოსავლეთით, თითქოს ოქროსფერი ქვიშით დაფარული ნაპირი გადაჭიმულიყო. კაშკაშებდა ივნისის მზის ნარინჯისფერი დისკო და მის მოპირდაპირედ, ცის კამარაზე ნახევრად სავსე იყო მთვარე. კვლავ გაბმით ყიოდა მამალი, ჭინჭრაქები ჭიკჭიკებდნენ და ცხვრები ბღაოდნენ სადღაც, შორს, ლურჯამთის იალაღებზე.

თბილმა ნიავმა წამოუბერა, გადაწეული გაყვითლებული მაქმანის ფარდები შეათრთოლა, ააშარიშურა.

მძიმედ წამოდგა ლეილა. ნელა, ზოზინით გამოიცვალა, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა. სააბაზანოში საქმე რომ მოითავა, სარეცხის ტაშტი აავსო ცხელი წყლით და თან წაიყოლა.

ეზოში ფეხშიშველმა გააბიჯა, მთქნარებით.

სახლის კუთხეში, უხეშად გალესილ ბეტონის ნიჟარაში, რომელშიც ზოგადად ტალახიან ფეხებსა და ბოსტნეულს რეცხავდნენ, ჩადგა ტაშტი ლეილამ. ცხელ წყალში იქვე მიგდებულ საპნის ნატეხს ჩაუძახა, მერე კი საქათმეს მიაშურა.

ქათმებს სიმინდი დაუყარა, ახლადდადებული კვერცხები წამოკრიფა. თივა მიუთრია მათ ძროხას, ნაზიბროლას, წყალი დაუდგა.

კვერცხები მომცრო, თივიან ვედროში შეინახა, რომელიც სამზარეულოში დააბინავა, მერე კი ნელ-ნელა, გულმოდგინედ შეუდგა სარეცხის რეცხვას.

სახელოები და შარვლის ტოტები აეკეცა, ნიჟარასთან ჩაყუნცულსა და სამფეხა ტაბურეტზე მოკალათებულს ფეხებშუა მოექცია ტაშტი და უხეშ ხის დაფაზე ხეხავდა გასაპნულ საცვლებს.

სარეცხი მანქანაც გაუფუჭდათ კარგა ხნის წინ და ჯართში ჩააბარა თამილამ. ახლის ყიდვის სახსრები კი აღარ ჰქონდათ.

ბიცოლამისი სახლში არ იყო, აშკარად. ალბათ ბაზარში წასულიყო რაღაც-რაღაცების მოსატანად.

ანდა იფლიჰემში. წინა დღეებში ლობიანები დააცხო.

თუმცა არა. შემოსასვლელში რომ გამოვიდა, ბუნდოვნად მოჰკრა თვალი სამზარეულოში შეფუთულ ლობიანებს.

მაშინ ბესარიონთან, ღვინოს დასალევად.

ანდა კუზიანი ფოტინეს მოსანახულებლად.

ანდა თავართქილაძეებში საჭორაოდ.

რა მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველთვის მოიძებნებოდა მიზეზი.

უფრო მაგრად დასრისა საცვალი ლეილამ, რომ ლაქა მოეცილებინა.

არ უყვარდა სახლში სარეცხის რეცხვა, ხარისწყალზე ჩასვლას და იქ, სიწყნარეში რეცხვას ამჯობინებდა. მაგრამ ამ დროს ყინულივით ცივი იყო მდინარის წყალი, ნაშუადღევზე კი ვეღარ მოიცლიდა, ჭარხლის დასათესად უნდა წასულიყო ყანაში.

მზე ცაზე მიცოცავდა, და დათბა ნელ-ნელა, ქათქათა ღრუბელთა ნაგლეჯებიდან გამოჭრილი სხივთა სვეტები ჩამოდგნენ მიწაზე.

ივნისის მეორე კვირა იწურებოდა, და უკვე თითქმის მივიწყებოდათ ზრეაში მურკას მკვლელობა.

კოჭლი ბესარიონი ყოველ საღამოს ხმამაღლა მოთქვამდა თავის ეზოში, ღვინოს ყლაპავდა, ჭიქაში მორჩენილ წვეთებს კი საყვარელი კატის საფლავზე აპკურებდა, თან მეზობლებს გასძახოდა, მოდით, მურკა დამილოცეთო. თავიდან რამდენიმე მეზობელი წამსვე გამორბოდა მის დაძახებაზე, განსაკუთრებით ბესარიონის ხუთი წლის წინ დაწურულ ღვინოზე დახარბებულნი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისინიც კი ფეხს ითრევდნენ. უკვირდა კიდეც ლეილას, რომ ქელეხი არ მოაწყო ბესარიონმა.

გასაკვირი კიდევ ის გახლდათ, რომ ლოთი ზურაბ ყარალაშვილი კვლავ გამოჩნდა, საწყალ ბესარიონს დასცინა, მერე კი ღვინო მოსთხოვა, მურკა დაგილოცოო და ბოლოს, შეზარხოშებულმა ვალზეც გადაუკრა სიტყვა, რის გამოც იგემა გაავებული ბესარიონის განუყრელი ყავარჯენი ფერდში.

იმის მერე აღარ გამოჩენილიყო. ალბათ ხანდახან სწორედ ერთი გემოზე წამორტყმა სჭირებოდათ მისნაირებს.

ანდა რაღაცას გეგმავდა. გამოფხიზლებისას მაინც უნდა გაეჭაჭანებინა მის გონებაში აზრს, რომ რას ქვია ვიღაც ბებრუცუნამ მე, ზრეას მთავარ პოლიციელს, ჯოხი შემომცხოო.

ანდა არა. არ გამოჩნდებოდა.

ანდა გამოჩნდებოდა და კვლავ ვალებზე დაუწყებდა ბესარიონს ღრიალს, ჩემი ორასი ლარი დამიბრუნეო.

და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ადრე.

მურკა ბესარიონსაც მიავიწყდებოდა, ყველაფერი ისე ჩადგებოდა კალაპოტში, როგორც ხარისწყალი მძიმე წვიმების მერე.

უფრო მაგრად დაუსვა გაცვეთილი შარვლის ტოტი სახეხ დაფას ლეილამ, შეეცადა ზედ შემხმარი, ყავისფერი ტალახის ლაქა მოეცილებინა.

მერე კი მოესმა.

მსუბუქი ნაბიჯები, რომლებიც მოხრეშილ გზაზე მოიწევდნენ მათი სახლისაკენ.

შეყოვნდა. მაგრად გადაგრიხა შარვალი, გაწურა, გაფაციცებით გაჰყურებდა გზას, მიაყურადა.

მისი აზრის მიუხედავად, რომ ყველაფერი აუცილებლად თავის ჩვეულ დღის წესრიგს უნდა დაბრუნებოდა, მაინც ფრთხილობდა. თითქოს რაღაცას ელოდა, ამიტომ გამალებით ადევნებდა ყოველ გამვლელს თვალს, ვისზეც მზერა მოუხვდებოდა.

არც კი იცოდა რატომ.

ალბათ იმიტომ რომ ლოთი პოლიციელის მობრუნებასა და ერთი ამბის ატეხვას ელოდა.

ანდა იმ ვიღაცის, ვინც მურკა გამოფატრა.

მოახლოვდნენ ნაბიჯები, ღობეში ფარფატა სარაფანი და წითური თმა დალანდა ლეილამ.

ცაცამ შემოაღო დაღრეცილი ჭიშკარი, და აჭრიჭინდნენ აცახცახებული, ჩაჟანგებული ანჯამები.

ამოიხვნეშა ლეილამ, თავი გადააქნია. გული სწრაფად უცემდა.

ცაცამ წამსვე ჰკიდა თვალი და მისკენ გამოემართა. პატარა ჩანთა ეჭირა, მომწვანო სარაფანზე თხელი ჟაკეტი მოეცვა. წითურ თმაზე ამომავალი მზის ნარინჯისფერი შუქი ადგა, ოქროსფრად უპრიალებდა.

-სად იყავი? – ჰკითხა მან, კედელთან მიდგმული მეორე ტაბურეტი მოითრია და მის გვერდით მოკალათდა. – მეგონა ადრე გამოივლიდი.

-ხომ ხედავ სად ვიყავი. – წარბები აზიდა ლეილამ. – საქმე მქონდა.

-რა იყო, რა სახე გაქვს? – მოიღუშა ცაცა, თვალები მოჭუტა, ინტერესით დააცქერდა. – მოხდა რამე? დაიღალე?

-არა, არაფერი. ყველაფერი რიგზეა.

– აჰა, კარგი. – ცაცამ ტუჩები გაბუსხა, გამხდარ მუხლებზე გადაფენილი სარაფანი გაისწორა და ცნობისმოყვარეობით მიმოიხედა. – თამილა ბიცოლა სად არის?

-არ ვიცი, სადღაც წავიდა. ალბათ თავართქილაძეებში. ანდა იქ, ზემოთ… კუზიან ფოტინესთან.

-თავართქილაძეებში წავიდოდა, ნაირ-ნაირების სანახავად. – განაცხადა ცაცამ. – ვიღაც იფლიჰემელი ქალი ჩამოსულა მაგათთან და ათას ხარახურას ყიდის. დედაჩემიც იქ გაშპა წამსვე, როგორც კი მოუტანა ამბავი ჩიტმა.

-რა გინდა, წავიდეს მერე.

-წავიდეს, ხომ არ ვაბამ? მარა ერთი ეს გამაგებინა, რა ვერ დაიღალა ამდენი რამის ყიდვით? 

-კარგი რა, ცაცა. – თავი გადააქნია ლეილამ, ონკანიდან წყალი მოუშვა და ტაშტი კვლავ ნიჟარაში ჩადგა, ცივ წყალში დაიწყო გარეცხილი ნივთების გავლება. – დაანებე თავი, თავისი გასჭირვებია. დედაშენი მაინც არ იყოს.

-დედაჩემი რომაა, იმას არ ნიშნავს რომ უტვინო არაა.

თვალები გადაატრიალა ლეილამ და ტაშტიდან საპნიანი წყალი გადმოღვარა, ნიჟარაში ჩააპირქვავა, მერე კი ტაშტი ამოიღლიავა, ქშენით წამოიწია ფეხზე.

-დედაშენი ერთი დაუცველი, საცოდავი, ცოტა ტვინგამორეცხილი ქალია და მეტი არაფერი. – თქვა მან ბოლოს, მერე კი ეზოს მეორე ბოლოსაკენ გაემართა. ცაცა წამსვე აედევნა უკან.

-ჰოდა არ მომწონს ეგეთი რომაა. – დაიწუწუნა ცაცამ. – რა იქნება რომ ერთ დღეს მოვიდეს, გვითხრას, რომ შვილებო, მორჩა, გათავდა, ჩაალაგეთ ბარგი, აქედან მივდივართ. მაგრამ არა. უნდა შეეგუოს იმას, რაც აქვს. სასურველის უქონლობას კიდევ.

ლეილას არაფერი უპასუხია, უფრო უკეთ მოისვა თეძოზე ტაშტი.

კოჭლი ბესარიონისა და მათი ეზოების გამყოფ ღობეს მიუახლოვდნენ. ხმამაღლა კრიახებდნენ მავთულბადით შემოღობილ საქათმეში ქათმები, საჩეხეში ნაზიბროლა ზმუოდა. შეფოთლილ ხეებში ქათქათა ღრუბლის მიღმა შებურული მზის სინათლე იჭყიტებოდა. თბილმა ნიავმა წამოუბერა, აშარიშურდნენ ღობესთან აყვავებული ქრიზანთემების ბუჩქები, ვაშლისა და ბიის ხეების მზის შუქზე ალაპლაპებული ფოთლები და შეცახცახდა მსხლის ხის ტოტზე ჩამოკიდებული ხის სარჭების აცმა.

იქვე, ბალახში ჩამოდგა ტაშტი ლეილამ. მსხლისა და ვაშლის ხეთა შორის გაბმული, ხმარებისაგან გაცრეცილი, ატყავებული სარეცხის თოკი უკვე დიდი ხანია, რაც უნდა გამოეცვალა.

-იმაზე არ გიფიქრია, რომ ეშინია? – გადახედა მან ცაცას, თან შარვალი მაგრად გადაგრიხა რომ ბოლო წვეთები გაეცილებინა, თოკზე გადაჰკიდა. – ხომ იცი, რანაირი ნაძირალაა მამაშენი.

-საკმარისად შორს თუ წავა ვერავინ მიაგნებს. – თქვა ცაცამ და ტაშტიდან მაისური ამოათრია, გაწურა მაგრად დაფერთხა. – მაგრამ არ უნდა.

-ნდომით როგორ არ ენდომება, უბრალოდ ეშინია.

-ეგ კი ვიცი, მაგრამ ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს ზღვარი? – ამოიხვნეშა ცაცამ, მაისური სარჭებით დაამაგრა თოკზე და ტაშტში დაგორგლილ ზეწარს სწვდა. – რა მნიშვნელობა აქვს, მერე მიაკლავს თუ ახლა, ცემაში?

უსიამოვნოდ მოიჭმუხნა ლეილა, საცვალი მაგრად გადაგრიხა.

-მეზიზღებიან. – განაგრძო ცაცამ. – არც ერთი მინდა მყავდეს და არც მეორე.

-არც ეგ აადვილებს საქმეს, დამიჯერე. – თქვა ლეილამ.

ცაცამ ერთი გადმოხედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.

მათ შორის ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ ფოთლებისა და ბუჩქების შარიშური, გადაგრეხილი სარეცხიდან მოწანწკარე წვეთები და ლურჯამთაზე შეფენილი ცხვრის ფარის შორეული ბღავილი არღვევდა. ბოლო ბალიშისპირი სარჭებით დაამაგრეს სარეცხის თოკზე, და უკვე ფრიალებდნენ თბილ ნიავქარში გალეული ზეწრები და მაისურები.

-გშია? – ჰკითხა ლეილამ. თვითონ მუცელი უყურყურებდა.

თავი დაუქნია ცაცამ.

ტაბურეტზე მიუთითა ლეილამ, ჩამოჯექიო, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა. ვეებერთელა გახლდათ შეფუთული ლობიანების გროვა, მაგრამ მისკენ არც კი გაუხედავს ლეილას, იცოდა რომ თამილა სულ ითვლიდა დაცხობილ ხაჭაპურებსა და ლობიანებს, წამსვე მიხვდებოდა, ერთიც რომ აეღო. საუზმის გაკეთების თავიც არ ჰქონდა, ამიტომ მოზრდილ თეფშზე გუშინდელი გამხმარი ჭადის ნატეხები, ჭყინტი ყველის ნაჭრები და რამდენიმე პომიდორი დაახვავა.

ეზოში რომ გამოაბიჯა, მზეს უკან ჩამოეტოვებინა ღრუბელთა ნაგლეჯები, თვალისმომჭრელად კაშკაშებდა მისი ოქროსფერი დისკო. ბალახი უკვე სასიამოვნოდ შემთბარიყო მისი შიშველი ფეხების ქვეშ და კვლავ დაამღერებდნენ არხეინად ჭინჭრაქები.

ტაბურეტზე დადო თეფში ლეილამ, თვითონაც იქვე, ცაცას გვერდით ჩამოჯდა. 

ცოტა ხანი უსიტყვოდ ილუკმებოდნენ. თითქმის ჩაუნავლდა თავის ტკივილი ლეილას.

-ბოდიში, ლეილა. – თქვა უცებ ცაცამ.

გადახედა ლეილამ. ცაცა დამრგვალებული თვალებით შეჰყურებდა, ნიკაპზე ხელის ზურგს ისვამდა, რომ ზედ ჩამოწვეთებული პომიდვრის წვენი მოეწმინდა.

-კარგი რა. რისთვის მებოდიშები?

-იცი რისთვისაც.

-არ გინდა რა, გთხოვ. ვიცი რაც იგულისხმე და არაუშავს. შენნაირ მშობლებს არც მე ვისურვებდი.

მხრები აიჩეჩა ცაცამ. ხელში ჩაბღუჯულ პომიდვრის ყუნწს დაჟინებით ჩაჰყურებდა.

-მთელ ზრეაში მგონი თუხარელს ჰყავს მარტო წესიერი ოჯახი. – წაიბურტყუნა მან. – თავართქილაძეებზეც იგივეს ვიტყოდი, ფულს რომ არ ათეთრებდნენ.

-ხოდა გაყევი თუხარელს და დაისვენე. – გაუღიმა ლეილამ. – ორი წველა ყველი რომ მოგიტანა?

-ზრეაში დარჩენა, თან მწყემსთან? – შეიცხადა ცაცამ. – ღმერთმა დამიფაროს! ეგეც ხომ არ დაგსიზმრებია?

-არა, არა. – თავი გადააქნია ლეილამ. – ნუღა მეკითხები რა ამ ჩემ სიზმრებზე ბიცოლაჩემივით.

ცაცამ პომიდვრის ყუნწი თეფშში ჩააგდო და ჭადის ნატეხი აიტაცა. მოღუშული შეჰყურებდა.

-არ გეკითხები. – წაიბუზღუნა მან. – მარა ისე გამოიყურები, ასე მგონია არც გძინებია წესიერად. ისევ მურკაზე გეფიქრება?

-არ მეფიქრება.

-აბა რაზე?

-არაფერზე არ მეფიქრება, ცაცა. – მიუგო ლეილამ, ღრიჭინა ყველი გემრიელად მოკბიჩა.

-კაი რა. შენ სულ რაღაცაზე გეფიქრება და გენერვიულება.

-ნწ. და არც მინდა რომ მეფიქრებოდეს და მენერვიულებოდეს. სიწყნარე მინდა მე.

-მე კი პირიქით მგონია. – განაცხადა ცაცამ. – ასე მგონია რომ გინდა რაღაცა მოხდეს.

-არ მინდა. ეგ შენ გინდა, მე ნუ მაწერ.

-მე კი მინდა, ჰოდა გულწრფელად ვამბობ კიდეც. შენ იტყუები სულ რაღაცას.

-არ ვიტყუები, ცაცა. – მოუჭრა ლეილამ და წამოდგა, შარვლიდან ნამცეცები გადაიბერტყა. – მორჩი? – თეფშზე მიუთითა მან, რომელზეც ერთი პომიდორი და ცოტა ყველი დარჩენილიყო.

ყველის ერთი ნაჭერი აიტაცა ცაცამ და მოვრჩიო, წამოილუღლუღა, ჭადით პირგამოტენილმა.

ამოიხვნეშა ლეილამ, სამზარეულოში გაიტანა თეფში. უკან მობრუნებისას შემოსასვლელის კედლის კაუჭზე ჩამოკიდებული ჭილის გაქუცული ქუდი აიტაცა, თავზე მოირგო, თასმები ნიკაპქვეშ გადაიკოჭა და თავისი განუყრელი რეზინის კალოშები აითრია. წინა დღეს, რაკი ყანაში წასვლას აპირებდა, უკვე გაემზადებინა ბოხჩა, რომელშიც ჭარხლის თესლი, ნიჩაბი და მოკლე შლანგი გამოეკრა.

ზურგზე წამოიკიდა ბოხჩა ლეილამ, კალოშების ტყაპუნით გააბიჯა ეზოში.

გადაერეკა ღრუბლები ქარს, და ძალიან ლურჯი, ღრმა და მცხუნვარე მზის სინათლით იყო გაცისკროვნებული ცის კამარა, რომელზეც გაჭირვებით არჩევდა ნახევრად სავსე მთვარის ქათქათა წერტილს ლეილა. კუტკალიებს კვლავ აეტეხათ მაღალ ბალახში ჭრიჭინი, და უფრო ხმამაღლა, გაბმით ბღაოდნენ ლურჯამთაზე ცხვრები.

ქუდი შეისწორა ლეილამ, უფრო უკეთ ჩამოიფხატა შუბლზე.

ცაცა ისევ ტაბურეტზე იჯდა. ჟაკეტი გაეხადა და წელზე შემოეკოჭა, მზეს ეფიცხებოდა, განაბული.

-ყანაში მივდივარ. – უთხრა ლეილამ და წამსვე ჭყიტა თვალები ცაცამ. – წამოხვალ?

ცაცა ზოზინით წამოიწია, ხელჩანთა მხარზე შემოიგდო და თავის ღია სანდლებს დახედა. ალბათ ჭოჭმანობდა, ღირდა მათი დასვრა თუ არა.

-ისევ სარეველების მოსათხრელად? – იჭვნეულად გადმოხედა მან. – სათოხნელად? თუ მორჩი უკვე?

-მოვრჩი. – მიუგო ლეილამ, მერე კი ბოხჩაზე მიუთითა. – ჭარხალი უნდა დავრგო.

-წამოვალ მაშინ. – წამოიჩიტა ცაცა.

მიბრუნდა ლეილა, წამოკიდებული ბოხჩა შეისწორა, ჭიშკარს მიაშურა და ფეხდაფეხ აედევნა წამსვე ცაცა.  

მთავარ გზას დაუყვნენ. თბილი ქარი მძლავრად უბერავდა, ალვის ხეებს არწევდა, ფოთლები ხმამაღლა შრიალებდნენ. მათი ყოველი ნაბიჯის ქვეშ გზის პირზე მიმოყრილი ქვა-ღორღი შხრიალებდა, და ბუნდოვნად ესმოდა ლეილას ხარისწყალის გუგუნი, რომელიც წვიმების შემდეგ ადიდებულიყო. გზაზე მხოლოდ რამდენიმე მაწანწალა, გაქუცული ძაღლი დასუნსულებდა აქეთ-იქით და კაციშვილი არ ჭაჭანებდა, სანამ მათ გვერდზე არ გაიქროლა გენადი დუდავას დანჯღრეულმა „ჟიგულმა“, რიხინ-რიხინით.

გენადი დუდავამ, რასაკვირველია დაუსიგნალა გზის პირზე მიმავალ ორ გოგოს, რაღაც მოაძახა მათ, მისთვის ჩვეული ჩლიფინით. სიტყვები ვერ გაარჩია ბოლომდე ლეილამ, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა რომ გენადი დუდავამ, როგორც ყოველთვის, უხამსი რაღაც წამოროშა. ცაცა მიმავალ მანქანას დაეჭყანა, შუათითი აღმართა.

-ფუ, დეგენერატი. – განაცხადა მან, როცა გზიდან ადენილ ბდღვირში შებურულმა „ჟიგულმა“ მოუხვია, კუთხეს მიეფარა. – რამდენ რამეს ბედავს.

-უმაქნისი ლოთი ყარალაშვილი რომ არა, ახლა ციხეში უნდა ლპებოდეს და ვერც ვეღარაფერს ბედავდეს. – თქვა ლეილამ. – ეგ, მისი წუპაკი დედა და ცოლი კიდევ. საერთოდაც, მთელ მაგათ ოჯახს და ყველას, ვინც წაეხმარა, ვირის აბანოში უნდა უკრა თავი.

-თევზაძეების გოგოს გამო რამდენი ხანი იჯდა? – იკითხა ცაცამ.

-რა ვიცი. რამდენიმე თვე, მგონი, მეტი არა. ყველამ ხელი დააფარა და გამოუშვეს.

-ხოდა ყველა მისნაირი დამნაშავეა, ვინც ხელი დააფარა.

ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, რასაც მხოლოდ ქარის სტვენა, ალვის ხეების ფოთლების შრიალი და ცხვრების ბღავილი არღვევდა.

-მე ისიც ვიცი, რომ ცხვედიანების გოგოს ეკურკურებოდა. – წაიბუტბუტა ცაცამ.

-მარტო კურკური არ იყო ეგ. – თქვა ლეილამ. – დამპალი, გარყვნილი სადისტი. ყველამ იცის, რა გააკეთა და მაინც ისე დაიარება აქ, ვითომ აქაც არაფერი.

-ავადმყოფია. – განაცხადა ცაცამ. – მირჟანის კი არ მჯერა, მაგრამ ნეტა გამოეცხადებოდეს და იქვე მიაკლავდეს თავისი წითელი ცულით.

-მახსოვს ცხვედიანების გოგო. – თქვა ლეილამ. – ლამაზი გოგო იყო.

-მეც მახსოვს, ბუნდოვნად. – უთხრა ცაცამ. – მალევე არ წავიდა იფლიჰემში?

ტუჩები მოკუმა ლეილამ, თავი გადააქნია. მოახლოებულ ყანებს გაჰყურებდა, თვალები გაუშტერდა, ტრაქტორების ღმუილი და ხარისწყალის გუგუნი უწუოდა ყურებში.

-არსად წასულა. – თქვა მან. – ხერეშის მთაზე ავიდა, ეკლესიაზე. მერე კი კლდეზე გადმოხტა.

ცაცამ წამსვე გადმოხედა, განცვიფრებულმა.

-რაო? – დაიჩურჩულა მან. – შენ საიდან იცი?

-ბიცოლაჩემმა მითხრა. – თქვა ლეილამ. – დამთვრალა ერთი დღე მამამისი ყარალაშვილებში და მისთვის უთქვამს.

ჭილის ქუდით მოჩრდილული თვალები მოჭუტა ლეილამ. ვეებერთელა ხერეშის მთას, მის წვერთან აღმართულ წმინდა გიორგის ეკლესიასა და მის ქვეშ დაშვებულ, მონაცრისფრო-მოწითალო სალ კლდეს ახედა, მერე კი სასწრაფოდ მოარიდა თვალი.

მათი ყანისაკენ გადაუხვიეს. თავართქილაძეებისა და ლასარეიშვილების ყანებში ტრაქტორები აეგუგუნებინათ, გლეხები რაღაცას გადასძახებდნენ ერთმანეთს. შეამჩნიეს, მაგრამ ზედაც არ შემოუხედავთ.

-ესე იგი მღვდელმა მამამისმა ვერ აიტანა თვითმკვლელი შვილი რომ ჰყავდა? – თქვა ცაცამ. – და მოიტყუა, იფლიჰემში წავიდაო?

-ანდა უნდოდა არავის განესაჯა მისი შვილი. – მიუგო ლეილამ. – ხომ იცი აქაურების ამბავი. იმ საწყალს უფრო მიაწყევლიდნენ, ვიდრე სულით ავადმყოფ გენადი დუდავას.

ცაცამ აღარაფერი უპასუხა და არაფერი უთქვამს ლეილასაც. ისედაც ცუდ გუნებაზე იყო, ახლა მთლად წაუხდა.

კარგად ახსოვდა ცხვედიანების საწყალი გოგო. მართლა ძალიან ლამაზი იყო, ქერათმიანი, მუქთვალება, ცქვიტი.

სიცოცხლით სავსე.

და რასაკვირველია, გენადი დუდავამ ჰკიდა თვალი.

ზოგს უბრალოდ არ უმართლებდა.

მაგრად დახუჭა თვალები ლეილამ, თავი გადააქნია, ცდილობდა ფიქრები გამოებერტყა თავიდან, მაგრამ იცოდა, რომ არ გამოუვიდოდა.

ბოხჩა მოიხსნა. ცაცას კაკლით სავსე ტომსიკა მიაწოდა, თვითონ კი ნიჩბით დაუყვა ყანას.

პატარა ორმოებს თხრიდა, რომლებშიც ცაცა აგდებდა რამდენიმე კაკალს, მერე კი მიწას აყრიდნენ თავზე. ძალიან დაცხა, მზე ნელ-ნელა მიცოცავდა ზენიტამდე და ნელ-ნელა მოკლდებოდა ყანის გარშემო აღმართულ ხეთა ჩრდილი, სანამ მხოლოდ შიგადაშიგ მონაბერი თბილი ქარი აგრილებდათ. ტრაქტორების მიერ ადენილი ბდღვირი სულს უხუთავდა ლეილას, საშინლად დააჭირა მზემ და როცა მისმა მწველმა სხივებმა წვივებსა და მკლავებზე დაჩხვლიტეს, თავისი ჭილის ქუდი ცაცას მისცა, რომ მას შიშველი მხრები არ დასწვოდა.

როცა ჭარხლის კაკლის დათესვას მორჩნენ, არაქათგამოცლილი ცაცა წამსვე ტირიფის ძირში მიესვენა წუწუნით, დავიღალეო, ლეილამ კი ბოხჩიდან შლანგი გამოათრია, რუდან გადმოყვანილ ონკანზე მიუერთა. ჯერ თვითონ დალიეს ბლომად წყალი, ლეილამ თავსა და მხრებზეც კი შეისხურა, გასაგრილებლად, მერე კი ყანის მორწყვას შეუდგა ნელ-ნელა.

შხაპუნებდა შლანგიდან სისინით გადმოხეთქილი წყალი. მზე ნელ-ნელა გადასცდა ზენიტს, და მალ-მალე ნიავქარის მიერ მონაბერი ქათქათა ღრუბლების ნაგლეჯები მიცურავდნენ უძიროდ ლურჯ ცის კამარაზე. ადუღებულ ჰაერში ტკარცალებდა ლეილას სველი თმა და ძლიერმა ქარმა კინაღამ თავები წააგლიჯა ოქროსფერ თავთავებს, როცა ლურჯამთის ფერდზე შეფენილ, აბღავლებულ ცხვრებს ძაღლები აჰყვნენ ღავღავით.

თავიდან ყურიც არ შეიბერტყა ლეილამ. სულაც არ სურდა რომ ორი კვირის წინანდელი შემთხვევა განმეორებულიყო. ალბათ ისევ რომელიმე ცხვარი მშობიარობდა.

მაგრამ მალევე დაემატა ლურჯამთის ფერდზე ატეხილ ალიაქოთს ჩოჩქოლი ყანებში. გაიხედა ლეილამ, და წამსვე ჰკიდა თვალი, თუ როგორ შეჯგუფულიყვნენ ნაძვთა კორომთან მწყემსები და როგორ მიიჩქაროდნენ გლეხები საჩეხემდე ამავალ საცალფეხო ბილიკზე.

მოიღუშა ლეილა.

ალბათ რაღაც მოხდა. ხმამაღლა გაჰყვიროდნენ რაღაცას მწყემსები, მაგრამ ქარის სტვენაში, ცხვრების ბღავილსა და ნაგაზთა ყეფაში, რომელსაც გლეხთა აურზაური ერთვოდა თან, ვერაფერს არჩევდა.

-დაინახე? – გამოსძახა ცაცამ. მისკენ არ გაუხედავს ლეილას, გაფაციცებით გაჰყურებდა ლურჯამთას, მაგრამ ესმოდა, თუ როგორ უახლოვდებოდა სწრაფი ნაბიჯით ცაცა. – ხედავ? რაღაც მოხდა!

-ვხედავ. – თქვა ლეილამ, თვალი აარიდა ლურჯამთას, შლანგის პირს მაგრად დააჭირა თითი და შიშხინით მიმოაფრქვია ნაკვეთს წყალი.

არ იყო ეს მისი საქმე.

საშინელი წინათგრძნობა უწიწკნიდა შიგნეულს, ჩამოწოლილი პაპანაქების მიუხედავად ცივმა ოფლმა დაასხა ზურგზე, გააკანკალა. იცოდა, რამე მნიშვნელოვანი რომ არ მომხდარიყო, გლეხები თავიანთ სამუშაოს ასე იოლად არ მიატოვებდნენ. ხვდებოდა, რომ არ იყო ეს მხოლოდ ერთი ცხვრის მშობიარობა, ვერაფრით იქნებოდა.

მაგრამ არ უნდოდა გაეგო. არ ღირდა. არ უნდოდა თვალი გაესწორებინა იმისათვის, რომ კიდევ რაღაც მოხდა.

ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ლეილამ, და აუტანლად გაიღრჭიალეს მისმა კბილებმა.

ანდა სულ ტყუილად ეფიქრებოდა ასეთი სისულელეები. იქნებ უბრალოდ მწყემსებმა იმაიმუნეს რაღაც, იქნებ ჩხუბობდნენ და სეირის სანახავად მიდიოდნენ გლეხები.

ეს უფრო შესაძლო გახლდათ.

-რას დგახარ? – ცაცა გვერდში ამოუდგა და წამსვე გამოფხიზლდა ფიქრებისაგან ლეილა, გაშტერებული თვალები დაახამხამა. ცაცამ მკლავში მოავლო ხელი და მაგრად მოქაჩა. – წავიდეთ!

-სად წავიდეთ, ვერ ხედავ რამდენი ხალხი მიდის? ჩვენ რა გვინდა იქ?

-რა და ვნახოთ, რა ხდება, არ გაინტერესებს?

ლეილამ სწრაფად გადააქნია თავი.

-მეცამეტე გოჭივით გამოვეჭიმოთ ახლა იქ? – ჰკითხა მან. – საღამოსთვის მაინც ყველაფერს გავიგებთ…

-ერთი არ ბოდიალობდე რა, გამოადგი ფეხი! – განუცხადა ცაცამ, შლანგი ხელიდან გამოსტაცა და იქვე, ნაკვეთში მიაგდო, მერე კი მკლავში მოჰკიდა ხელი და შარაგზისაკენ წაათრია.

საცალფეხო ბილიკზე გლეხები მიიჩქაროდნენ, რამდენიმეს უკვე მოეყარა საჩეხესთან თავი. ცხენები ჭიხვინებდნენ, და ყურისწამღებად ღავღავებდნენ ნაგაზები.

ფეხს ითრევდა ლეილა, მაგრამ მაგრად ექაჩებოდა ცაცა, ლურჯამთის ფერდს აუყვნენ სწრაფი ნაბიჯით.

სულშემხუთავი ხვარტი იდგა, მზე მკლავებსა და შიშველ წვივებს უწვავდა ლეილას. კაშკაშა სინათლე თვალს სჭრიდა და თავისუფალი ხელით მოიჩრდილა, ქარში დაზნექილ ნაძვთა კორომსა და მასთან შეჯგუფულ ცხენოსნებს შეჰყურებდა.

მწყემსებიდან გიორგი ადამია, დავით ჩხეიძე, ლუკა თუხარელი და რატი ყარალაშვილი იცნო. შავ ულაყზე ამხედრებული ლუკა თუხარელი ყველაზე ხმამაღლა გაჰყვიროდა რაღაცას მის ცხვრებსა და უნამუსო თავართქილაძეებზე, როგორ გამიბედესო, ქერა თმა ქარში გასწეწოდა და მკლავებს მონდომებით იქნევდა. მის გვერდით აღმართულიყო აჭიხვინებულ ქურანზე რატი ყარალაშვილი და აშკარად მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა მალევე ჩამოქვეითდა, კორომში შეაბიჯა და იქვე ჩაიჩოქა, მას ადამია და ჩხეიძე შეუერთდნენ. ვერაფრით არჩევდა ლეილა, თუ რა ხდებოდა, ცხენები ეფარებოდნენ.

ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ საჩეხეს და წამსვე იქვე შეკრებილ გლეხებში გაერია ცაცა, რა ხდებაო, იკითხა.

-ვიღაცას ცხვრები მოუკლავს, შვილო! – წამსვე განუცხადა ერთ-ერთმა. – აი აგრე, სცემია, გამოუფატრავს და დაუყრია! ვაი, ვაი, საცოდავები აგენი!

აჟიტირებულმა ცაცამ წამსვე დააყარა დამატებითი კითხვები და საპასუხოდ აყალ-მაყალი ატეხეს გლეხებმა, მაგრამ მათ აღარ უსმენდა ლეილა. წარბშეკრული გაჰყურებდა კორომს.

ცხვრები გამოფატრესო.

როგორც მურკა.

არა, არა.

იქნებ ეშლებოდა ამ გლეხს რამე.

იქნებ უბრალოდ ცხოველმა დაგლიჯა ცხვრები?

მურკას კნავილზე იძია რომელიმე მეზობელმა შური, ეს ცხვრები კი ალბათ უბრალოდ ტურებმა დაგლიჯეს.

ლოგიკური ახსნა მოეძებნებოდა ამ ყველაფერს.

მაგრამ არა.

ძალიან კარგად იცოდა ლეილამ, რომ შუა ზაფხულში არანაირი ცხოველი არ ჩამოდიოდა აქ ცხვრების მოსატაცებლად.

ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ დაიძრა, კორომს მიაშურა. აუტანლად სცემდა პულსი საფეთქლებში.

ყურისწამღებად სტვენდა ქარი და ღავღავებდნენ ნაგაზები, ყველას უღრენდნენ, ვინც კორომს მოუახლოვდებოდა, მაგრამ მათკენ არც კი გაუხედავს ლეილას.

ცხენოსნებს შემოუარა და შედგა.

მეჩხერი გახლდათ კორომი. თითოეული ვეებერთელა, მკლავებგადაშლილი ნაძვის ვარჯის ქვეშ, ქარში აშარიშურებულ ბუჩქებს შორის მოწითალო ნეშომპალასა და მზეზე ალაპლაპებულ ჩამოცვენილ წიწვებს მოავლო თვალი ლეილამ.

იქვე, კორომის კიდესთან, ბუჩქების ძირში ეგდო ორი ქათქათა ცხვარი. ერთ-ერთს თვალები ღია დარჩენოდა, სამუდამოდ გაჰყინვოდა ჩამქრალი მზერა და მისი გრძელი, გალურჯებული ენა ეგდო წიწვებში. მუცელზე კი, ოდნავ გამურულ მატყლში გრძელი, ალისფერი ჭრილობა მოჩანდა, საიდანაც შიგნეული და სისხლი გადმოღვრილიყო მიწაზე.

სიგრძეზე გამოეფატრათ. ისევე როგორც მურკა.

ცდებოდა თუხარელი. ვერ იქნებოდა ეს თავართქილაძეების ნამოქმედარი.

ისევ საშინლად ასტკივდა თავი ლეილას.

რატი ყარალაშვილს ჩაემუხლა იქვე, ჩხეიძესა და ადამიას გვერდით, წარბშეკრული ათვალიერებდა ცხვრებს და ჩუმად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ ლეილა.

მაშინღა შეამჩნიეს მწყემსებმა, აყვირდნენ, ლუკა თუხარელი გაჰკიოდა, შენ ვინ ხარ, აქედან წადიო.

ყვირილზე თავი მოაბრუნა რატი ყარალაშვილმა, და პირდაპირ მის მზერას შეეჩეხა ლეილა.

მისგან ორიოდე ნაბიჯში შედგა. ცხვრებს გადახედა.

თავი საშინლად უზრიალებდა, ოფლისაგან გაწებილი ხელები მომუშტა და გაშალა, ანერვიულებულმა.

-მურკაც ასე გამოფატრეს. – თქვა მან, თითქმის ჩაყლაპეს მისი სიტყვები აღრიალებულმა ქარმა და მათ უკან ატეხილმა ალიაქოთმა.

-ოე, გესმის შენ ჩემი? – ღრიალებდა თუხარელი და საშინლად ზრიალებდა მისი ხმა ლეილას მტკივან თავში. – გამოდი მაქედან!

ხელი ასწია თუხარელის დასაშოშმინებლად რატი ყარალაშვილმა, წამოიწია, წარბშეკრული შესცქეროდა ლეილას. წამსვე ჩაჩუმდა თუხარელი, მაგრამ მაინც ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ერთმანეთში მწყემსები, მათ უკან გლეხები გაჰყვიროდნენ და გაბმით სტვენდა ქარი ნაძვებში, ტოტებს უწყალოდ აჭრიალებდა, მოგლეჯას უქადდა.

-მურკა? – იკითხა რატი ყარალაშვილმა.

-კოჭლი ბესარიონის კატა. მურკა. – თქვა ლეილამ. – ისიც ასე გამოფატრეს. და ბუჩქის ძირში მიაგდეს. ორი კვირის წინ.

-ეგ კატა თქვენი სამეზობლოდან არ მოახრჩო ვინმემ? – ჰკითხა ყარალაშვილმა.

-არა. – თქვა ლეილამ. ცხვრების ქათქათა მატყლის ფონზე შემზარავ ალისფერ, აპრიალებულ შიგნეულსა და აგურისფერ სისხლის გუბეს შეჰყურებდა, რომელთაც უკვე წიწვები მოჰფენოდნენ.

ცხვრები გამოფატრეს.

და ეჭვიც კი არ ეპარებოდა ლეილას, რომ სწორედ იმან გამოფატრა ისინი, ვინც მურკას დაესხა თავს.

იმ შფოთვას, რომელსაც განიცდიდა, თითქოს მიზეზი გამოუჩნდა. თითქოს რაღაცას გრძნობდა ადრე, მაგრამ ლოგიკის საბურველში უნდოდა რომ გამოეხვია ისეთი უჩვეულო რამ, როგორიც ზრეაში კატის მკვლელობა გახლდათ.

ახლა კი, ლურჯამთის იალაღზე ისეთი რამ მომხდარიყო, რასაც ერთიანად ჩამოეფხრიწა მის მიერ შეკოწიწებული, ლოგიკის ფარატინა საფარველი.

თავი უსკდებოდა, გრძნობდა, თუ როგორ წამოწითლდა სახეზე. ცივი ოფლი ასხამდა, ხელები უთრთოდა.

თვალები გაუშტერდა ლეილას. მცხუნვარე მზის კაშკაშა სინათლეში გახვეული რატი ყარალაშვილის სილუეტი, ვეებერთელა ნაძვები, ბუჩქების ძირში მიყრილი გამოფატრული ქათქათა ცხვრები და მათი აგურისფერი სისხლი თითქოს განიბნა, გალღვა, გაიცრიცა, სანამ გაურკვეველ, ერთმანეთში არეულ ფერების მასას ხედავდა მხოლოდ. აღარც რამე ესმოდა, ყურებში აგუგუნებული სისხლის გარდა.

რაღაც ბლანტი იგრძნო ზედა ტუჩზე.

და მეტალის გემო პირში.

თითები მოისვა ტუჩზე, როცა ბლანტი სითხე ქვედა ტუჩსა და ნიკაპზე ჩამოეღვარა, შეეცადა მოეწმინდა, მაგრამ ყელზე ჩამოუგორდნენ მაინც წვეთები.

რეტი დაესხა ლეილას. თვალები დაახამხამა, მზერის დაწმენდა სცადა, როცა ხელი სახესთან ახლოს მიიტანა და მის თვალთახედვაში გაცრეცილ ფერებს მკვეთრი ალისფერი შეემატა. ბლანტი სითხე გულისპირზე ჩამოეწუწა.

-სისხლი მოგდის. – შორიდან, დაგუდულად ჩაესმა სიტყვები და კინაღამ შეხტა, როცა ცხვირზე ხელი მოჰკიდეს, მაგრად მოუჭირეს, მერე კი კეფაზე ფრთხილად მოდებულმა ხელმა თავი დაახრევინა.

ქშინავდა ლეილა, თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა.

წამსვე დაეწმინდა მზერა.

მწვანე, ხასხასა ბალახს, საკუთარ კალოშებს, მის წინ მდგარი რატი ყარალაშვილის გაცრეცილ, დალაქავებულ მომწვანო შარვალსა და ტალახში ამოსვრილ რეზინის ჩექმებს ხედავდა.

ათრთოლებული ხელი აწეული დარჩენოდა, და მზის შუქზე ალაპლაპებულიყო თითებსა და ხელის ზურგზე მოცხებული ალისფერი ლაქები.

ისევ ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი.

ბოლოს წლების წინ ჰქონდა.

და რატი ყარალაშვილი უჭერდა ცხვირზე თითებს სისხლდენის შესაჩერებლად.

ძალიან უხეში კანი ჰქონდა.

-მიდი, შენ თვითონ. – უთხრა უცებ ყარალაშვილმა, ხელი შეუშვა და სასწრაფოდ იტაცა ცხვირზე სუფთა ხელი ლეილამ, მისკენ აატრიალა მზერა. ყარალაშვილი წარბშეკრული დაჰყურებდა. – ცუდად ხარ? – ჰკითხა მან.

სასწრაფოდ გააქნია თავი ლეილამ, დაჟინებით ასცქეროდა.

-მურკაც ასე მოკლეს. – დაგუდული ხმით, ჩუმად დაუსისინა მან. ყარალაშვილს სახე გაუქვავდა, ოდნავ უკან დაიწია. თვალისმომჭრელი მზის სინათლის ფონზეც კი თვალები ისევ ისეთი მუქი ჰქონდა, როგორც ადრე შეემჩნია ლეილას.

-გავიგე. – თქვა ბოლოს ყარალაშვილმა, ვითომ აქაც არაფერიო.

თითქოს არ სჯეროდა.

აუტანელი ხვარტი იდგა და გრძნობდა ლეილა, თუ როგორ გახურებოდა კისერი ზურგზე ჩამოშლილი თმის ქვეშ. ფეხები უკანკალებდა, მარჯვენა ხელი სასწრაფოდ შეიწმინდა შარვალზე, რომ სისხლი მოეცილებინა. ყურისწამღებად ყეფდნენ ნაგაზები და არ წყდებოდა გლეხებისა და მწყემსების ჩოჩქოლი.

-მართლა ასე მოკლეს. – უთხრა ლეილამ.

-მართლა გავიგე. – მიუგო ყარალაშვილმა.

მაგრად მოკუმა ტუჩები ლეილამ, კვლავ სისხლის უსიამოვნო, მოტკბო მეტალის გემო იგრძნო. ყარალაშვილს აჰყურებდა, მის სახეში ისეთ რამეს ეძებდა, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ გასაგები იყო მისთვის მურკასა და ცხვრებს შორის გაბმული, ლეილასთვის საკმაოდ აშკარა ძაფი.

მაგრამ უჭირდა ამის პოვნა. ყარალაშვილი შეუვალი, გაურკვევლად მშვიდი გამომეტყველებით შეჰყურებდა.

-რამე უნდა გააკეთოს მამაშენმა, სანამ კიდევ მოხდა ასეთი რამ. – თქვა ბოლოს ლეილამ. ყარალაშვილს უცნაურად შეუკრთა ნაკვთები, ტუჩის კუთხეები ოდნავმა ირონიულმა ღიმილმა შეუთრთოლა.

ახლა კი თითქმის ხვდებოდა ლეილა, თუ რამ გაუელვა გონებაში. ალბათ იმას ფიქრობდა, მამაჩემი რისი გამკეთებელიაო.

ანდა იმას ფიქრობდა, ეს ვინაა, ჭკუას რომ მასწავლისო.

რა მნიშვნელობა ჰქონდა. თვითონ კი თქვა, რისი თქმაც უნდოდა და რისი თქმაც საჭირო გახლდათ.

ამიტომ, სანამ ყარალაშვილი რამის თქმას მოიფიქრებდა, ბოლო მზერა შეავლო ლეილამ ბუჩქების ძირში მიყრილ საცოდავ ცხვრებს და მიბრუნდა, ზურგი შეაქცია ამ ყველაფერს, სწრაფი ნაბიჯით გაეშურა ბილიკისაკენ. ჯერ კიდევ ესხმოდა რეტი, მაგრად მოეჭირა ცხვირზე თითები. ხედავდა, თუ როგორ დაშტერებოდნენ გლეხები, უკნიდან მწყემსების დაჟინებულ მზერას გრძნობდა.

შორიახლოს მდგარი ცაცა, რომელიც ალბათ მთელი გულისყურით ადევნებდა მომხდარს თვალს, მისკენ გამოიქცა.

-ვაიმე, რას გავხარ! – წამოიძახა მან და ხელი შეაშველა, როცა წაიფორხილა ლეილამ, თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა. – კიდევ ხომ არ მოგდის?

-არ ვიცი. – ძლივს ამოილუღლუღა ლეილამ. წამიერად ხელი შეუშვა ცხვირს, მაგრამ მაშინვე გახლდა იძულებული კვლავ მოეჭირა, რადგან წამსვე სისხლი ჩამოუგორდა ტუჩზე.  – ესაა საქმე? რამდენი ხანია არ მქონია.

ლურჯამთის ფერდზე დაეშვნენ, და მათ უკან კვლავ ყვირილი ატეხეს კორომთან შეჯგუფულმა მწყემსებმა, იმაზე კინკლაობდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა მოკლულ ცხვართა ხორცი. ქარმა უკნიდან წამოუბერა, ძლიერად, და სახეზე ჩამოეშალა აწეწილი თმა ლეილას.

-ცხვრები დაინახე? – ჩაეკითხა ცაცა. – აჰა, გამოფატრეს! ხომ გითხარი, მურკას მკვლელობა რაღაცას ნიშნავს თქო?

-მივხვდი უკვე მაგდენს. – მძიმედ ამოიხვნეშა ლეილამ. თავი საშინლად სტკიოდა. უბრალოდ უნდოდა წამოწოლილიყო და დაესვენა.

-ის ძაღლები რისთვის ჰყავთ? – ატყდა ცაცა. – ვიღაცამ აისეირნა, ორი ცხვარი მიაკლა, დაყარა და ამათმა ახლა გაიგეს? ამდენი მწყემსი რისთვის აგდია იქ?

-ყოველთვის ადგილზე არ არიან მგონი. – თქვა ლეილამ. – და ალბათ მთლად უცხოც არ იყო ის, ვინც იქ ავიდა, თორემ ძაღლები გამოენთებოდნენ.

ცაცამ დაიფრუტუნა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.

შარაგზიდან გადაუხვიეს და ტირიფის ქვეშ, ჩრდილში ჩამოჯდა მძიმედ ლეილა. ფრთხილად შეუშვა კიდევ ერთხელ ცხვირს ხელი. საბედნიეროდ შეჩერებულიყო სისხლდენა, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ ხმებოდა ამ პაპანაქება სიცხეში მის ნიკაპსა და ყელზე ჩამოღვრილი სისხლი. გულისპირიც მოითვალიერა, რომელიც ერთიანად მოთხვროდა, თავისი ვერცხლის ძეწკვის ჩათვლით, რამდენიმე წვეთი მის შარვალზეც კი მოშხეფილიყო.

ესღა აკლდა. მთლად წაუხდა გუნება.

ცაცამ ხელჩანთიდან პაწაწინა მოქარგული ყვავილებით მორთული ცხვირსახოცი ამოაძვრინა, შლანგიდან მომავალ წყალში დაასველა და სასწრაფოდ მოურბენინა. მადლობაო, წაიბურტყუნა ლეილამ და ფრთხილად შეუდგა პირისახის მოწმენდას.

მის გვერდით დაეშვა ცაცა, ცდილობდა წვივებიდან მტვერი მოეწმინდა.

-ყარალაშვილმა რაო? – ჰკითხა მან, სანდლები გაიძრო და ერთმანეთს დაუხათქუნა, რომ გაებერტყა. – იმდენს ხმაურობდნენ, რომ ვერ გავიგე რას ბურტყუნებდით.

-არაფერს. – თქვა ლეილამ, ყელზე მოისვა გასისხლიანებული ხელსახოცი. – ვუთხარი, რომ მურკაც ისე გამოფატრეს, როგორც ის ცხვრები.

-მერე? – მოუტრიალდა ცაცა.

-მერე არაფერი. გავიგეო.

-გავიგეო? მერე რას იზამს, წამოაგდებს ლოთ მამამისს რომ გამოიძიოს რამე?

-ეგ აღარ უთქვამს.

-თუმცა რას წამოაგდებს, გუშინ ლასარეიშვილებში ქეიფი იყო. – წაიბუტბუტა ცაცამ. – ისე გამტყვრალა მამამისი, ნიშადურიც ვეღარ უშველის მაგას.

არაფერი უპასუხია ლეილას. ცხვირსახოცი გადაკეცა, ხელების წმენდას შეუდგა.

-ვინ უნდა იყოს? – იკითხა უცებ ცაცამ. წარბები შეჰკვროდა, ტირიფის ვარჯში ჩამოღვრილი თითოოროლა მზის სხივი უპრიალებდა ცეცხლივით წითურ თმას. – ამ საცოდავ ცხოველებს რას ერჩის?

-არ ვიცი. – თქვა ლეილამ. სისხლის ბოლო კვალი მოეშორებინა ხელებიდან და ნერვიულად გრეხდა ცხვირსახოცს. – თუხარელს თავართქილაძეები ეგონა.

-თუხარელი უტვინოა, თავართქილაძეებიდან არცერთს არ აქვს ამის ტრაკი, მე თუ მკითხავ. – განაცხადა ცაცამ. – თან, ერთი უკანონო საქმე ეყოფათ მგონი. ისე, რატომ მაინცდამაინც მურკა ანდა ის ცხვრები?

-ცხოველები არაფერ შუაშია. – ჩაილაპარაკა ლეილამ. – ბესარიონსა და მწყემსებს ეხებათ ეს საქმე. ანდა მთელ ზრეას.

– ეგ აღარ ვიცი. – განაცხადა ცაცამ. – მარა ის კი ვიცი, რომ ჩემი ოთახის კარს მაგრად ჩავკეტავ აწი.

ძალაუნებურად გაეღიმა ლეილას.

ტრაქტორები დადუმებულიყვნენ, ყანებზე დამდგარი ბდღვირი ქარს გადაერეკა და კვლავ აუტანლად აჭერდა მზე, სულს უხუთავდა ყველა სულიერს. ლურჯამთაზე კვლავ კინკლაობდნენ მწყემსები, ალბათ ისევ განიხილავდნენ, ვის ეკუთვნოდა მოკლული ცხვრების ხორცი.

თვალი აარიდა ლურჯამთას ლეილამ.

ხელში ჩაბღუჯულ, საკუთარი სისხლით მოსვრილ მოქარგულ ცხვირსახოცს ჩაშტერებოდა და ცდილობდა, ამ ყველაფერზე აღარ ეფიქრა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

მზე იწურებოდა.

იისფრად დაფერილიყო ცის კამარა, რომელიც დასავლეთისაკენ მთათა ქედებს შორის ჩაცურებულ, მზის წითელ დისკოზე შემოჯარულ ნარინჯისფერში იღვენთებოდა. ძლიერი ქარი, რომელიც მთელი დღე ხეებს გლეჯდა, ჩამდგარიყო, ერთი ფოთოლიც კი არ იძვროდა. გამალებით აეტეხათ კუტკალიებს მაღალ ბალახში ჭრიჭინი, საჩეხეში ნაზიბროლა ზმუოდა გაბმით და თუ კარგად მიაყურადებდა ლეილა, ხარისწყალის გუგუნსაც კი გაიგონებდა.

საჩეხეს პაწაწინა სარკმლიდან შემოეხეთქა მზის მოწითალო-ნარინჯისფერ, თბილ შუქს. ჯერ კიდევ გაუსაძლისად ცხელოდა, და მხრებამდე აიხვია მოკლემკლავიანი მაისურის სახელოები ლეილამ, კეფაზე აიწია და მაგრად გადაიკოჭა თმა, არ უნდოდა რომ ხელი შეეშალა რამეში.

მათ მორყეულ, გაბზარულ და ალაგ-ალაგ საღებავშემოფრცქვნილ ურიკაში, ერთი ვაი-ვაგლახით რომ ამოეთრია ატალახებული მიწიდან, რიხინით ჩააგდო ფოცხი და მეტალის სათლი ლეილამ, მერე კი ხვნეშით გამოახოხა საჩეხედან.

საქათმე უნდა გამოესუფთავებინა.

ძალიან რბილი და უჩვეულოდ გრილი იყო ბალახი მისი შიშველი ტერფების ქვეშ, სანამ ურიკას საქათმემდე მიაგორებდა. ალაგ-ალაგ მისი მოახლოვებისას შორს გადასკუპდებოდნენ დამფრთხალი კუტკალიები, ღობესთან მოღაღანე ქრიზანთემებს, ბეგონიებსა და ყვითელ ვარდებს კი პეპლებისა და ფუტკრების ამალა დასტრიალებდა.

ჩახჩახებდა ჩამავალი მზე, იისფერ ცის კამარაზე ნელ-ნელა დღის სინათლის მინავლებული საფარველიდან გამოეხეთქათ მოციმციმე ვარსკვლავებს და ბესარიონის მიერ ნალოლიავები ხმალა ყვავილების სასიამოვნო სურნელს გაეჯერებინა ჰაერი. სადღაც, შორიახლოს, სამეზობლოში ქეიფობდნენ, გიტარის ხმა და შეზარხოშებული კაცების სიმღერა ესმოდა ლეილას.

თითქმის იდილიური იყო ეს ყველაფერი.

მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად.

ერთი კვირა ისე გასულიყო ცხვრების მკვლელობიდან, რომ სხვა არაფერი მომხდარიყო საეჭვო. ყველა ცხვრების გამოფატვრაზე ლაპარაკობდა, მურკას სიკვდილშიც ხელახლა დაინტერესებულიყო ბევრნი, რაც ძალიან სიამოვნებდა კოჭლ ბესარიონს, ამ ბოლო დღეებში იმასაც გაიძახოდა, მურკას წესიერი ორმოცი უნდა მოვუწყო, როგორც საჭიროა, ისე გავამგზავრო მისი სულიო, რაზეც მისი ღვინით შეზარხოშებული მეზობლები კვერს უკრავდნენ.

ისევ ჩვეულებისამებრ მუშაობდა ლეილა. ცაცას ელაპარაკებოდა, ქათმებსა და ნაზიბროლას აპურებდა, ხარისწყალზე სარეცხს რეცხავდა, ყანაში მიდიოდა და თან წამდაუწუმ ლურჯამთისაკენ გაურბოდა თვალი. გამალებით ათვალიერებდა შემოგარენს, თითქმის ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ცდილობდა რამე უჩვეულო დაენახა და ღამით, სანამ დაიძინებდა, რამდენიმე საათის მანძილზე ფანჯარაში გადაყუდებულიყო. ყურებდაცქვეტილი უსმენდა და მოჭუტული თვალებით გადაჰყურებდა შემოგარენს, აქაოდა ვის არ სძინავსო.

ყველაზე ხშირად ცალთვალა რეზოს არ ეძინა. მის ქოხში მუდამ ენთო შუქი, ხანდახან მასაც დალანდავდა იქვე ლეილა.

უმეტესად უბრალოდ იდგა ცალთვალა რეზოს სილუეტი. ერთი-ორჯერ მოჰკრა თვალი ლეილამ, თუ როგორ შებრუნდა იგი და როგორ შეერია უღრან ტყეს.

უჩვეულო ალბათ მხოლოდ ის გახლდათ, რომ რამდენიმე დღის წინ ყარალაშვილები გამოცხადდნენ ბესარიონთან.

ამჯერად ფხიზელი იყო ზურაბ ყარალაშვილი, პოლიციელის უნიფორმა ეცვა და ქუდიც არ დავიწყებოდა. მან და რატი ყარალაშვილმა ბესარიონი დაკითხეს, სანამ ლეილა ღობის ქვეშ, ქრიზანთემების ბუჩქებში შეყუჟული უსმენდა გამალებით. მურკას სიკვდილზე გამოჰკითხეს, რა როგორ მოხდაო, ვინმე საეჭვო ხომ არ დაგინახავთო. ბოლოს ის ჰკითხეს, ვინმე ხომ არ გემუქრებოდათო, რაზეც კოჭლმა ბესარიონმა წამსვე უპასუხა ზურაბ ყარალაშვილს, შენ მემუქრებოდიო და ზურაბმაც არ დააყოვნა, ჰოდა ჩემი ორასი ლარი დამიბრუნეო. საბოლოოდ რატი ყარალაშვილს მოუწია მათი გაშველება, როცა ბესარიონმა კვლავ თავისი ყავარჯენი მოუღირა პოლიციელს, მერე კი სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

ხმები დადიოდა, რომ თავართქილაძეები, ადამიები და ლასარეიშვილები დაკითხეს ზრეის პაწაწინა პოლიციის პუნქტში. თამილა ორიოდე დღის წინ მთელი საღამო რატრატებდა, გაგა თავართქილაძეს რომ ზურაბ ყარალაშვილმა მოაკითხა პოლიციის პუნქტში წასაყვანად, დედამისს, დარეჯანს კინაღამ გულმა დაარტყა და იფლიჰემიდან რეანიმობილის გამოძახება მოუწიათო. ისიც ზედმიწევნით გაეგო თამილას, თუ რა გამოჰკითხეს მათ პოლიციის პუნქტში, თუმცა ლეილასთვისაც კი აშკარა გახლდათ, რომ არანაირი შედეგი არ გამოეწვია ამ დაკითხვებს.

ჯერ კიდევ ისეთივე გაურკვეველი გახლდათ მურკასა და ცხვრების მკვლელობა, როგორც ადრე.

და შფოთავდა ლეილა. თითქოს მშვიდად იყო, თამილა რომ ეკითხებოდა, ხომ არ გეშინიაო, გულწრფელად ეუბნებოდა, არაო, მაგრამ მაინც დაძაბული გახლდათ. ვერ ისვენებდა, წესიერად აღარ ეძინა, სულ რაღაც სურდა გაეკეთებინა, ყოველი ნერვი და კუნთი ზამბარასავით დასჭიმვოდა.

თითქოს შეგუებოდა ამ ყველაფერს. ყოველი დღე ნელა, ზანტად მიიწევდა წინ და არსად გამქრალიყო საქმე, ისევ ელოდებოდნენ ქათმები, ნაზიბროლა და ყანა, როგორც ყოველთვის.

მაგრამ ხვდებოდა ლეილა, რომ ეს მხოლოდ დროებითი, ზედაპირული, მოჩვენებითი რუტინა გახლდათ, როგორც ოკეანის გადაგლესილი ზედაპირი, რომელიც ნიღბავდა სიღრმეებში შებურულ, აზვირთებულ წყალსა და მასში ჩაბუდებულ, მათთვის ჯერ კიდევ შეუცნობელ, უცხო სულიერს.

ანდა სულიერს არც არა. თამილას აზრით, ყველაფერი მირჟანისა და მისი წითელი ცულის ნამოქმედარი გახლდათ.

მზე ინავლებოდა, და ბიის ხის ფოთლებში გამოღწეულმა სხივმა თვალებში შეუჭყიტინა ლეილას, ანაზდად გამოაფხიზლა ფიქრებიდან.

თავი გადააქნია, საქათმესთან მიაყენა ურიკა.

საქმისთვის უნდა მიეხედა. როგორც კი ახსენა, საქათმეა გამოსასუფთავებელიო, თამილამ წამსვე განაცხადა რომ კუზიანი ფოტინესათვის უნდა დაეხედა ისევ. ფაცხა-ფუცხით გამოკრა სუფთა ტილოში ლობიანები, კალათში ხილი ჩაალაგა და ჭიშკარში გავარდა, სანამ ლეილა ტალახში ჩაჭედილ ურიკას ეჯაჯგურებოდა საჩეხეში.

საქათმის მავთულბადის კარი ფართოდ გამოაღო ლეილამ და აქშაო, შეუძახა ქათმებს, რომელთაც სულაც არ დასჭირვებიათ მეტი, წამსვე ეზოში გაიჭრნენ კრიახით.

ფოცხი აათრია ურიკიდან ლეილამ, მოიმარჯვა და ის იყო, საქათმის მოფარცხვას უნდა შედგომოდა, რომ გზიდან ღორღის შხრიალის ხმა მოესმა.

ვიღაც თავქუდმოგლეჯილი მორბოდა. ერთი-ორჯერ შეჰკივლა, ვაიო.

თამილა იყო.

მოიღუშა ლეილა. იქვე ააყუდა ფოცხი და სირბილით გადაჭრა ეზო, ჭიშკრიდან გახედა აღმართზე ამავალ შარაგზას, რომელიც ზრეას კიდემდე მიიკლაკნებოდა, იყოფოდა და ვეებერთელა ნაძვისა და ჭადრის ხეებს შორის იკარგებოდა.  

თამილა მორბოდა, კისრისტეხით. ხელებს ასავსავებდა, შუბლიდან თავისი განუყრელი შავი თავსაფარი წაეგლიჯა, რომელსაც გამწარებული მოაქნევდა, მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულს. გასწეწოდა ჭაღარა თმა და ერთიანად გაფითრებულიყო, თვალები შეშლოდა.

გიჟს ჰგავდა.

წარბები აზიდა ლეილამ, განცვიფრებული შესცქეროდა. ჭიშკარი ჭრიალით გამოაღო და ელვის სისწრაფით შემოვარდა თამილა, წამსვე თავში წაიშინა ხელები.

-ვაი, ვაი, ვაი, ვაი, ვაი! – ძლივს ამოიხრიალა მან. – ვაი, ვაი!

-ბიცოლა! – შესძახა ლეილამ, გაფაციცებული შეჰყურებდა. თამილა ასე არასოდეს ენახა. – ბიცოლა, რა იყო, რა მოხდა?

-ვაიმე, შვილო, რა არ მოხდა, ვაი, ვაი, ვაი, საწყალო ფოტინეე! – კივილი გააბა თამილამ, სახე ჩამოიხოკა. – ვაი შვილო, ეს რა ნახეს ჩემმა დასაფსებმა თვალებმა!

-რა მოხდა? ფოტინეს რამე მოუვიდა? – ჩაეკითხა ლეილა.

-საწყალო, საწყალო, უბედურო, ვაი, ვაი, ვაი! – გაჰკიოდა თამილა.

-ბიცოლა! – დაუყვირა ლეილამ, მკლავში ხელი ჩაავლო და ოდნავ შეანჯღრია. – ბიცოლა, რა მოუვიდა ფოტინეს?

მოტრიალდა თამილა, გადმოკარკლული, შიშითა და მწუხარებით აღსავსე თვალები მოაპყრო.

-სულ სისხლიანი დამხვდა, შვილო, სისხლში ცურავდა ეგ უბედური, ეგ შავ დღეზე გაჩენილი! – ამოიხავლა მან.

-სისხლიანი? – თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ლეილა. – რას ნიშნავს სისხლიანი?

-რასაც ვამბობ, იმას, შვილო, სისხლის გუბეში ეგდო ეგ საცოდავი, ვაი, ვაი, ვაი, ვაი, ეს რა დღე გაგვითენდა!

-ბიცოლა, დაჭრილი იყო?

-მკვდარი იყო, შვილო, მკვდარი! – აბღავლდა თამილა.

ტანში გასცრა ლეილას, ცივმა ჟრუანტელმა ჩაურბინა ხერხემალში, ერთიანად გააკანკალა.

-დარწმუნებული ხარ, რომ მკვდარი იყო? – ჩაეძია თამილას, რომელიც წელში მოხრილიყო და ამჯერად მუხლებში იშენდა ხელებს.

-ცოცხალსა და მკვდარს ვერ ვარჩევ მე, ლეილა?! – დაუცაცხანა თამილამ. – ისეთი მკვდარი იყო, როგორც მამაჩემის მამა, მაგას მიაკვდეს ძაღლი სულში!

-და იქნებ გულწასული იყო? – შეუტია ლეილამ.

-გულწასული არა და მარილზე წასული კი იქნებოდა, შვილო, ვაიიი! – ისევ გააბა კივილი ბიცოლამისმა.

ყბები მაგრად შეკრა ლეილამ, სახე მოისრისა აკანკალებული ხელებით. ასე ვერაფერს გაიგებდა.

-ბიცოლა! – დაუყვირა მან, რომ აბღავლებული თამილას ყურადღება მიექცია. – ბიცოლა, ახლავე მიდი და პოლიციაში დარეკე, გესმის? უთხარი რეანიმობილიც გამოაგზავნონ!

-პოლიცია, ხო, ხო, პოლიცია… – ხელები გაასავსავა თამილამ, თვალებგადმოკარკლულმა გადმოხედა ლეილას. – ვაი შვილო, რას უშველის პოლიცია მაგ უბედურს!

-ბიცოლა, მიდი და დარეკე ახლავე! – სახლისაკენ უბიძგა ლეილამ.

-ვაი, ვაი, ვაი! დავრეკავ შვილო, ახლავე დავრეკავ, მარა ამით რა ეშველება მაგ უბედურს, ვაი ფოტინეე!

სახლისაკენ წატორტმანდა თამილა, თან თავში იშენდა ხელებს.

მიადევნა თვალი ლეილამ, სანამ ბიცოლამისი კარში გაუჩინარდებოდა, მერე კი წამსვე სირბილით მიაშურა ჭიშკარს. იქვე მიყუდებული კეტი აიტაცა, ყოველი შემთხვევისათვის, მერე კი შარაგზაზე გავარდა.

იწურებოდა მზე, და ნელ-ნელა ინავლებოდა მისი მოწითალო ნარინჯისფერი სინათლე, ჭადრისა და ალვის ხეების ფოთლები ლაპლაპებდნენ. ფრთხილად, შეპარვით წამოუბერა სიომ, შარაგზის გარშემო ამობიბინებული მაღალი ბალახი და ველური ყვავილები დაზნიქა, ააშარიშურა. ხმამაღლა ხრაშუნებდა ლეილას შიშველი ფეხების ქვეშ ოქროსფერი ხრეში და ჰაერში ჯერ კიდევ გაისმოდა უკვე შორიდან, ბუნდოვნად თამილას სასოწარკვეთილი შეცხადება, რომელსაც მეზობელთა გადაძახილი მოჰყვა კანტიკუნტად, ალბათ მოესმათ მისი კივილი და ეკითხებოდნენ, რა მოხდაო.

აღმართზე არბოდა ლეილა, კეტი იღლიაში ამოეჩარა და ქშინავდა.

შემეჩხერდნენ შარაგზის გარშემო აღმართული სახლები და სადღაც უკან ჩაიკარგა თამილას გოდებით გამოცოცხლებული სამეზობლოს ხმა. უფრო გაძლიერდა ხარისწყალის გუგუნი და მარჯვნივ გადაუხვია ლეილამ, მეჩხერ კორომში შეიჭრა, აბალახებულ საცალფეხო ბილიკზე.

არჭამას ხეობის მარჯვნივ აღმართული იხულას მთის კალთაზე, ყველაზე მაღლა ცხოვრობდა კუზიანი ფოტინე, უღრანი ტყის პირზე, მეჩხერ კორომთა შორის შემალულიყო მისი სახლი. ოთხმოცისა შესრულებულიყო წინა წელს ზრეას ცნობილი მაჭანკალი, და დაბაში აღარც ჩამოდიოდა, მაცხოვრებლები უზიდავდნენ შეშასა და საკვებს.

მათ შორის თამილა ყველაზე ხშირად.

უფრო ძლიერად დაუბერა ფიჭვისა და ნაძვის სურნელით გაჯერებულმა ნიავქარმა, ბილიკის ორივე მხარეს აღმართული ბუმბერაზი, თითქოსდა ცაზე თავმიბჯენილი ფიჭვისა და ალვის ხეთა კენწეროები დაარწია, ხმამაღალი შიშინით მიჰქროდა ფოთლებსა და წიწვებში. მარცხნივ, დასავლეთით, მთებს შუა მინავლებული, მზის წითელი დისკო მოჩანდა, და მისი ხეებს შორის გამომსკდარი სინათლე ლაქებად ეღვრებოდა აბალახებულ ბილიკს. შიშინებდა ქარი, გუგუნებდა სადღაც, ქვემოთ ხარისწყალი და მხოლოდ ლეილას ქშენა არღვევდა არჭამის ხეობის ჩვეულ სიმშვიდეს.

გარბოდა ლეილა, ხეებსა და ბუჩქებს შორის გაკლაკნილ ბილიკს მიჰყვებოდა. ფეხები სტკიოდა, აუტანლად აეწვა ფილტვები, და გულამოვარდნილს უნდა შეესვენა კიდეც, როცა მის თვალთახედვაში კორომის შუაგულში, პაწაწინა მდელოზე კუზიანი ფოტინეს მიწური ქოხი ამოიწვერა.

შედგა ლეილა.

პაწაწინა, ერთსართულიანი იყო ქოხი. ჩამავალი მზის მოწითალო სინათლეზე ლაპლაპებდნენ ხის ჩარჩოში ჩასმული, დაბზარული ფანჯრები, მოწითალო თიხის კრამიტზე ხავსსა და ათასგვარ სარეველას დაედო ბინა. ალაგ-ალაგ მომტვრეულიყო ხის კედლებიდან მომპალი ფიცრის ნაწილი და ქოხის მიღმა იხულას მთის უღრანი ტყე იშლებოდა, რომელშიც ჩამოწოლილ ცივ სიბნელეს ვერაფერს აკლებდა სულთმობრძავი მზის შუქი.

ღრიჭოდ დაეტოვებინათ ქოხის კარი, შიგნით სინათლე ენთო, ერთადერთი ნათურის მბჟუტავი შუქი ჩამავალი მზის მოწითალო სხივებში იცრიცებოდა.

ალბათ თამილამ დატოვა სიჩქარეში.

კეტი მოიმარჯვა ლეილამ. გული ყელში მოსწოლოდა, ქშინავდა, სწრაფად აიწმინდა ოფლით დაფარული შუბლი. ფრთხილად, ფეხაკრეფით მიუახლოვდა ქოხს, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რამე ან ვინმე არ გამოხტესო.

კარს მიეპარა და გამოაღო, ძალიან ფრთხილად, თუმცა მაინც აუტანლად დაიჭრიჭინეს ანჯამებმა. კეტი მოიღერა ლეილამ, შიგნით შეიჭყიტა.

მოპირდაპირე კედელთან პატარა, დაჟანგული ღუმელი იდგა, რომელზეც ათასი ხარახურა ეწყო. მარცხნივ, კედელთან კიდეებმოფხრეწილი მუშამბა ეფარა პატარა მაგიდაზე, რომელთანაც რამდენიმე ტაბურეტი მიედგათ. მარჯვნივ გაცრეცილი რუხი პლედით დაფარული ლოგინი იდგა.

ლოგინთან ახლოს, იატაკზე კი პირდაღმა ეგდო კუზიანი ფოტინე. თავი ღუმელისაკენ დარჩენოდა, ხელები განზე ეგდო. მის ქვეშ გამოეჟონა მუქ წითელ სისხლს, რომელიც ზორბა გუბედ იდგა, ლოგინის გვერდზე დაფენილი პაწაწინა ხალიჩა ერთიანად გაჟღენთილიყო.

თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ლეილა. ნელა შეიპარა, ოთახი გადაჭრა, კეტი ჯერ კიდევ მოეღერებინა. უკნიდან ეფინებოდა ჩამავალი მზისა და მბჟუტავი ნათურის სინათლე და ისე ჩამუქდა მის ჩრდილში სისხლი, რომ კუპრის გუბეს ჩამოჰგავდა.

პირი ერთიანად გამოშრობოდა ლეილას. ფოტინეს მიუახლოვდა, შეეცადა სისხლში ფეხი არ ჩაედგა.

პირდაღმა იწვა ფოტინე და მისი მოკუზული ზურგის მოძრაობას ვერ არჩევდა ლეილა. ახლაღა შეამჩნია, რომ ფოტინეს გარშემო, გამურულ კედელზე, ღუმელსა და რუხ პლედზეც მოშხეფილიყო სისხლი.

კეტი გვერდზე დაუშვა ლეილამ, ფოტინეს გვერდით ჩაიჩოქა. გვერდზე გადაშლილ, დანაოჭებულ ხელზე შეახო ფრთხილად ხელი და მაჯაში ჩააჭირა თითები, რომ პულსი ეპოვნა.

ვერაფერი იგრძნო.

გარდაცვლილი იყო კუზიანი ფოტინე.

ცოტა ხანი იჯდა ლეილა, ჩაყუნცული. თვალებგადმოკარკლული შესცქეროდა ფოტინეს გვამს, გული მკერდში უბრაგუნებდა.

კეტი იქვე ააყუდა, კედელზე, მერე კი მხარში ჩაავლო ხელი ფოტინეს, მისი გადაბრუნება სცადა.

ერთიანად გაშეშებულიყო გვამი და ყინულივით ცივი, ცვილისმაგვარი გამხდარიყო კანი, როცა მკლავზე მოსჭიდა ორივე ხელი ლეილამ და რის ვაივაგლახით გადაატრიალა. ხათქუნით დაეცა ფოტინე ზურგზე, ლეილამ კი წაიფორხილა, ცალი ფეხი გაუსტა და შემთხვევით ჩააბიჯა გუბეში.

შეზარა წებოვანი სისხლის მის კანზე შეგრძნებამ ლეილა, წამსვე უკან დაიხია. საშინლად ცივი და ბლანტი იყო ფოტინეს სისხლი.

მერე კი ფოტინეს გადახედა.

თვალები გადმოკარკვლოდა ქალს, ერთიანად ჩასისხლიანებოდა. იატაკზე პირდაღმა წოლისაგან იისფრად აფორაჯებოდა სახის კანი, ცალი ლოყა და ცხვირი მიჭყლეტოდა და ჩამქრალი თვალებით იყურებოდა ჭერისაკენ. სისხლს მისი ყელი და მკლავებიც კი მოეთხვარა, მაგრამ ჭრილობები აშკარად მუცელზე ჰქონდა, სადაც მისი თალხები ერთიანად გაჟღენთილიყო სისხლით. ცალ ტერფზე ეცვა მხოლოდ ფლოსტი, შუბლზე წაკრული გაცრეცილი რუხი თავსაფარი მოღრეცოდა. მკერდზე მომცრო, წითელი ქვებით მოჭედილი ოქროს გულსაბნევი ჰქონდა მიმაგრებული, მაჯებზე სამაჯურები ეკეთა. ბეჭედი აკლდა მხოლოდ.

მოკლეს ფოტინე.

ხმამაღლა ქშინავდა ლეილა, აუტანელი ზუზუნი ედგა ყურებში.

თვითონ კი აქ იდგა, ფაქტიურად შუა ტყეში, მარტო.

წამსვე კეტს სტაცა ხელი ლეილამ, მოიმარჯვა. პირი საშინლად გამოშრობოდა და ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი, ხელები უთრთოდა, ცივმა ოფლმა დაასხა.

კუზიანი ფოტინე მოკლეს.

აქ, რაც თავი ახსოვდა, აქამდე არავინ მოეკლათ.

ახლა კი, ჯერ მურკა, მერე კი ცხვრები, რაც ადამიანის მკვლელობით დაგვირგვინდა.

მკვლელი დადიოდა ზრეაში.

ათრთოლებული ხელით გადაიწია სახეში ჩამოყრილი თმა ლეილამ, თვალებგადმოკარკლული დასცქეროდა ფოტინეს გვამს.

მერე კი მოესმა.

ფლოქვების თქარუნი, რომელსაც თან დაჰყოლოდა მთის მიერ გამოძახილი ექო და ქარში მოტორტმანე ხეების შრიალი.

ვიღაც აქეთ მოაგელვებდა ცხენს.

ელვის სისწრაფით დაიხია უკან ლეილამ, ქოხიდან გახტა და კუთხეს მოეფარა, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. გაფაციცებული გაჰყურებდა ბილიკს.

ორიოდე წამში, მწუხრის მოიისფრო წითელ სინათლეზე დაფერილ ხეებსა და ბუჩქებს შორის ქურანზე ამხედრებული მამაკაცი გამოჩნდა და წამსვე იცნო მისი ტილოს პერანგი და შავი კულულები ლეილამ.

რატი ყარალაშვილი იყო.

რაღა თქმა უნდა. პოლიციაში უნდა დაერეკა თამილას, და როგორც ჩანდა, მოახერხა.

ზრეას ლოთი პოლიციელი და მისნაირადვე უმაქნისი, ახლადგამომცხვარი გამომძიებელი, პირტიტველა ვანო დვალი ასე სწრაფად აქამდე ვერაფრით ამოაღწევდნენ.

და რასაკვირველია, შვილი გამოაგზავნა ზურაბ ყარალაშვილმა.

ოდნავ დაუშვა კეტი ლეილამ, ნელ-ნელა გამოაბიჯა თავისი სამალავიდან, ქოხის კარის გვერდზე აიტუზა.

წამსვე ჰკიდა თვალი რატი ყარალაშვილმა, ქურანს მოაგელვებდა. ქოხიდან ათიოდე მეტრში გადმოხტა ცხენიდან, მძიმე ბათქით დაეშვა ბალახში და წამსვე ღია კარისაკენ გამოემართა.

-იქაა… – წაიბუტბუტა ლეილამ, კეტით მიუთითა ლოგინის გვერდით გაშოტილი ფოტინეს გვამისაკენ, თუმცა აშკარად არაფერში გახლდათ საჭირო ამის თქმა.

კარში შეყოვნდა რატი ყარალაშვილი. მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა, ელვის სისწრაფით მოავლო გამჭოლი მზერა მთელ ქოხს, მერე კი ნელა შეაბიჯა, წარბშეკრულმა. ძალიან ფრთხილად, მელასავით დადიოდა, მაგრამ მაინც ოდნავ ჭრიალებდა მისი მძიმე ნაბიჯების ქვეშ იატაკი. ღუმელთან ახლოს შედგა და თხემით ტერფამდე ჩააყოლა თვალი გვამს, მერე კი ლეილას მოაბჯინა მზერა. ჩამავალი მზის შუქზე მუქი თვალები უპრიალებდა.

-შენ გადაატრიალე? – ჰკითხა მან.

თავი დაუქნია ლეილამ, უხერხულად შეიშმუშნა. ახლაღა ხვდებოდა, რომ გვამისათვის პოზიციის შეცვლა არც ისე კარგი იდეა გახლდათ.

ყარალაშვილმა თვალი აარიდა, იატაკზე სისხლიანი ნაფეხურები აათვალიერა, მერე კი ელვის სისწრაფით გადახედა ლეილას სისხლიან ფეხს.

-შემთხვევით მომივიდა. – წამოილუღლუღა ლეილამ. – რომ გადავატრიალე, ჩემდა უნებურად ჩავაბიჯე გუბეში ფეხი…

-და კარიც შენ შემოაღე, ხომ? – წარბები აზიდა ყარალაშვილმა. გამომცდელად შეჰყურებდა და ისე იგრძნო თავი ლეილამ, თითქოს დაკითხვაზე ყოფილიყო.

-ღრიჭოდ იყო დატოვებული და შევაღე. – თქვა ბოლოს. მაგრად ჩაებღუჯა კეტი, ფეხი მოინაცვლა, თვალები გააცეცა. – გაგიჟებული ჩამოვიდა აქედან ბიცოლაჩემი. მინდოდა მენახა, რა სჭირდა ფოტინეს. ვუთხარი პოლიციაში დაერეკა, მე კიდევ გამოვვარდი და აი ეგრე დამხვდა…

-როგორ იწვა? – ჰკითხა ყარალაშვილმა, ჩაიჩოქა, გვამი უფრო ახლოდან მოათვალიერა.

-პირდაღმა. – თქვა ლეილამ. – მკლავები გადაშლილი ჰქონდა.

-დანა? ან რამე სხვა მჭრელი ნივთი?

-არ დამინახავს.

-ვინმე დაინახე ახლომახლოში?

-არა, არა. მაგიტომაც წამოვიღე კეტი. – კეტი ასწია დემონსტრაციულად ლეილამ. – მეშინოდა, ვინმე არ ყოფილიყო. მაგრამ არავინ მინახავს.

რატი ყარალაშვილი რამდენიმე წამი უსიტყვოდ შესცქეროდა, გაურკვევლად მშვიდი გამომეტყველებით, რომელიც, ლეილას აზრით, ძალიან რთული შესანარჩუნებელი უნდა ყოფილიყო ასეთ სიტუაციაში.

გული მკერდში უბრაგუნებდა, თვალები გააცეცა.

აქედან უნდა წასულიყო.

-მე წავალ ახლა, ბიცოლას დავხედავ… – თქვა მან.

-მოიცადე ორი წუთით. – მოუჭრა ყარალაშვილმა. – კიდევ მაქვს კითხვები.

მერე კი გაცრეცილი მომწვანო შარვლის ჯიბიდან ნიტრილის ხელთათმანი ამოაძვრინა, მარჯვედ წამოიცვა ხელზე და გვამზე გადაიხარა, ფრთხილად, ოდნავ გადასწია სისხლით გაჟღენთილი თალხები. და, როცა გაფხრეწილი ნაჭრის მიღმა კიდეებშემხმარი ჭრილობა გამოჩნდა, დააცქერდა, ყურადღებით.

 უსიტყვოდ შესცქეროდა ლეილა, მოღუშული. მოთმინებით ელოდა დამატებით კითხვებს, უნდოდა ეპასუხა, მერე კი აქედან მოეკურცხლა.

მალევე წამოიწია რატი ყარალაშვილი. ხელთათმანი უკუღმა წაიძრო და გულმოდგინედ გადაკოჭა, ჯიბეში ჩაიტენა.

მერე კი სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ქოხიდან, თითები პირში ჩაიდო და გამაყრუებლად დაუსტვინა.

მისმა ქურანმა, აქამდე უდარდელად რომ ძოვდა მდელოზე, წამსვე ცქვიტა ყურები, ჭიხვინით მოირბინა პატრონთან. უნაგირზე მოსჭიდა ხელი რატი ყარალაშვილმა და ელვის სისწრაფით მოექცა ზურგზე.

მზე ინავლებოდა. მოძლიერებულიყო ქარი, შრიალით მიჰქროდა იხულას მთის უსიერ ტყეში. ცეცხლმოკიდებულს ჰგავდა მზის დისკო, და მოწითალო-მოიისფრო შუქჩრდილი მოსდებოდა შემოგარენს, რატი ყარალაშვილის შავ თმასა და მუქ თვალებს ალაპლაპებდა.

თვალებს, რომლებითაც ის ჯერ კიდევ შემოსცქეროდა.

მერე კი ხელი გამოუწოდა.

-წამოდი, წავიდეთ. – თქვა ყარალაშვილმა.  

გაოცებისაგან წარბები აბზიკა ლეილამ, კინაღამ ყბა ჩამოუვარდა.  

-წავიდეთ? – ძლივს ამოღერღა მან. – სად? ამ ცხენით?

-პოლიციის პუნქტში. – რატი ყარალაშვილს ირონიულმა ღიმილმა შეურხია ტუჩები. – მოწმე ხარ. უნდა დაგკითხოთ. და ჰო, ამ ცხენით. იქამდე ფეხით გინდა ჩახვიდე?

-მე რა შუაში ვარ? – შეჰყვირა გაოგნებულმა ლეილამ. – ბიცოლაჩემი ჩემამდე იყო აქ!

-ბიცოლაშენსაც დავკითხავთ. – თქვა ყარალაშვილმა. – მაგრამ შენგან განსხვავებით, გვამისათვის ხელი არ უხლია. არც მისი სისხლი აქვს ზედ. თან შენი თითის ანაბეჭდები კარზეც დაგვხვდება.

-შენ მართლა პოლიციელი ხომ არ გგონია შენი თავი? – წამოიძახა ლეილამ. გული ყელში მოაწვა, ცივმა ოფლმა დაასხა. მაგრად მობღუჯა კეტი, შეუპოვრად, წარბშეკრული აჰყურებდა რატი ყარალაშვილის. – მწყემსი ხარ! მოწმის წაყვანა-წამოყვანის უფლება წესით არც უნდა გქონდეს!

-მაქვს, როცა საჭიროა. – თქვა ყარალაშვილმა.

-ხომ დამკითხე უკვე? მეტი არაფერი ვიცი!

-ოფიციალური ფორმა უნდა შევადგინოთ, რასაც ხელი უნდა მოაწერო.

-და მაინცდამაინც ახლა? ხვალ რომ იყოს? ჩემით მოვალ მაგ თქვენ პუნქტში…

-მკვლელობა არ იცდის. თან ზრეაში. – თქვა ყარალაშვილმა.

ყველაფერზე პასუხი ჰქონდა. რა თქმა უნდა.

ლეილამ მაგრად მოკუმა ტუჩები, რომ არ ათრთოლებოდა. საკუთარ თავს სწყევლიდა. რა უნდოდა, რომ გამოიქცა აქ? ახლა კი ამ ხათაბალაში გაეხვა.

პოლიციის პუნქტში დასვამდნენ სულ მალე. ალბათ ისე მოეპყრობოდნენ, როგორც ეჭვმიტანილს.

-შენ რა, გგონია, მე გავაკეთე? – ძლივს ამოღერღა ბოლოს, დაჟინებით აჰყურებდა რატი ყარალაშვილს, პასუხს მის გამომეტყველებასა და თვალებში ეძებდა. მის ნათქვამს, ყოველ შემთხვევაში ახლა ვერაფრით ენდობოდა.

-არ მგონია. – თქვა ყარალაშვილმა, აფრუტუნებული ქურანის დასაშოშმინებლად მოსწია ლაგამს.

მერე კი ისევ გამოუწოდა ხელი.  

ლეილა გაშტერებული შესცქეროდა. ენა გამომშრალ სასაზე მიეკრა, მთლიანად კანკალებდა.

არ სჯეროდა მისი ნათქვამის.

მაგრამ ამავდროულად იცოდა, რომ ვერსად გაექცეოდა ამ ყველაფერს.

იქვე მიაგდო კეტი, მთელი გულმკერდით ამოიქშინა და მაგრად მოსჭიდა მისკენ გამოწვდილ ხელს ხელი. მაშინვე მძლავრად მოქაჩა ყარალაშვილმა, დაიხარა, წელზე ხელი მოავლო და ასწია, უნაგირზე აათრია, მის წინ. მაშინვე უნაგირის კეხს ჩააფრინდა ლეილა, მაგრამ იცოდა, რომ არ ჩამოვარდებოდა. ზურგზე რატი ყარალაშვილის მკერდსა და მისგან მომავალ, თითქმის აუტანლად მცხუნვარე სითბოს გრძნობდა, ყარალაშვილს კი აქეთ-იქით, მის გვერდებზე გამოეწვდინა მკლავები, ლაგამის დასაჭერად.

თითქოს ჩიხში იყო მომწყვდეული.

მაგრად დახუჭა თვალები ლეილამ.

მერე კი ქურანს შემოჰკრა ქუსლები ყარალაშვილმა, მაგრად დაჰკივლა და ბილიკზე გაიჭრნენ.

გაიჭრნენ და უკან მოიტოვეს კუზიანი ფოტინეს მიწური ქოხი.

20 thoughts on “მირაჟი (თავი 2)

  1. უფალიოუუუ, როგორ ელვისსისწრაფით განვითარდა მოვლენები😍მე რომ მიყვარს ზუსტად ისე😍😍😍 ექშენი, მისტიკა, ცოტა რომანწიკაც… დიახ, რომანწიკა იყო აბა რა იყო ახლა ის, იქ მკტარი ქალი რომ ეგდო და იმან კიდე ცხენზე რომ შეისვა გოგო🥴 ამაშიც კი დავინახე რომანწიკა😂😍😍😍😍 მართლა ძალიან ბევრი კარგი მომენტი იყო და აღარ ვიცი რომელი გამოავრჩიო😍 მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ჯერ ცხოველების მკვლელობები და მეორე უკვე ადამიანიც😵‍💫 ეგრე იწყებენ სერიული მკვლელებიც. ნუ თუ სერიული მკვლელი იქნება საერთოდ… რატის პერსონაჟი მომწონს ძალზე. მოვითხოვ მეტ ლეილას და რატის მომენტს.📣📣📣📣📣‼️‼️‼️ ეს მარიო ჩიმარო კაცი ესა🥴🥴 ლინდუ ტიპიური სოფლური ცხოვრება ისე რეალურად გაქვს აღწერილი, ასე მგონია დილას რომ გავიღვიძებ, რომელიმე მათგანს უნდა გადავძახო😂💛💛💛 სასწაულად გამოგდის სიუჟეტის გაშლა🥰🥰🥰 ერთი სული მაქვს როდის დაიდება მომდევნო თავი და როდის აეხდება რაღაც მცირე დეტალებს მაინც ფარდა😍😍😍😍😍😍😍😍😍😍💅🏻💜💚

    Like

    1. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქალუ 🥰🥰💛💛💛 კიიი, ამ მაიმუნმა ბიჭმა ტუცა ხელი და მოისვა ცხენზე, არც დაეკითხა და კი, მეც მერომანწიკება 🤣🤣 მესამეში ლეილას და რატის მამენწები ბლომადაა და იმედია მოგეწონება 💛💛 ძალიან დიდი მადლობა შენ, გენაცვალე და იმედია მოგეწონება მესამე თავი 🥰💛💛💛

      Like

  2. რაღაც საინტერესო და მეტად ჩახლართულო ხდება რაც არ ვიცით ჯერ, მაგრამ ლეილას წინათგრძნობა არ უნდა გვატყუებდეს. რატი იმაზე მეტად დაინტერესებული ჩანს ლეილათი ვიდრე ჩვენ გვინდა რომ იყოს. ცაცას ბევრი საუბარი უყვარს თუმცა ჯერჯერობით კარგად მიდის სიტუაცია. რატომღაც შიში მაქვს მგონია რომ უნდა უღალატოს მეგობარმა როგორც რეალობაში ხდება ხოლმე ისე ან წიგნებშიც თუნდაც.
    ბოლო ეპიზოდი მომეწონა არადა ლეილა შიძისვან ისე დაზაფრულია რა ერომანტიკება. ვფიქრობ რატის ერიდებოდა აქამდე. და ამას ამჩნევდა რატიც.
    უხ რა წყვილია❤️‍🔥🤌

    Like

    1. ოოოო, ლეილას წინათგრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად 🫣🫣 მეც ეგრე მგონია, რომ რატი ბევრად უფრო მეტად არის და იქნება დაინტერესებული ლეილაში, ვიდრე ლეილა მასში 🤔🤔🤔 ვნახოთ ვნახოთ რას იზამენ 💛 ცოტას დაილაპარაკებენ მესამე თავში და ნელ-ნელა გავიცნობთ ორივეს უკეთ 🥰🥰 გვამის დანახვაზე დაფეთდა ჩვენი გოგო, მართლაც რომ რა ერომანტიკებოდა რატის ცხენზე შემოსმულს 🤣🤣🤣 მიხარია რომ მოგწონან და უღრმესი მადლობა შენ! 💛💛💛

      Liked by 1 person

  3. ესეც საინტერესო იყო… აი ხო ვთქვი ადამიანებსაც ხო არ მოუბათ რამეთქო… ძაან ჩაიხლართება ეს ყველაფერი… ველოდები მომდევნო თავს

    Like

  4. რა კარგობაა ❤️ პაწუკა რომნატიკამ ამიჩუყა გული. ლეილას წინათგრძნობის და დავიწყებული სიზმარის ამბავი ძალიან მაინტერესებს . მიუხედავად იმისა , რომ ახალი ჟანრია შენი ძველი ისტორიებიის “ვაიბი”აქვს წყვილის მხრივ და ვერ გეტყვი როგორ მიხარია.ასეთი ქიმია და პაწა-პაწა რომანტიკული მომენტები ძალიან საყვარელია.
    პეიზაჟების აღწერა ცალკე რამაა,ვგიჟდები ბუნების აღწერის ყველა ეპიზოდზე🌞ყველა პერსონაჟი ძალიან საინტერესოა და ცაცას გმირიც რომ არ არის დაჩაგრული ღირსებების მხრივ,ძალიან მომეწონა.
    როგორც ყოველთვის,ძალიან კარგი ხარ და ახალი ჟანრიც შესანიშნავად გამოგდის .უკვე ძალიან ჩამთრევია ყველაფერი ❤️

    Like

    1. აუუუუ მიხარია რომ პაწუკა რომანტიკა, წყვილის ქიმია და პაწა მომენტები მოგეწონა 💛💛💛 ლეილას წინათგრძნობა და სიზმრები საკმაოდ დიდ როლს ითამაშებენ 🤫🤫🤫
      როგორი მოხარული ვარ რომ გარემოს აღწერა მოგწონს 🥹🥹🥹 სულ მეშინია რო ზედმეტი ხომ არ მომდის თქო მარა მომწონს ასე 😂😂🤩🤩
      ძალიან ძალიან ძაააალიან დიდი მადლობა შენ! 😍😍😍😍💛💛💛💛💛

      Like

  5. ლინდუ, იდუმალი და საინტერესო გარემო შექმენი ზრეას სახით შენს ისტორიაში. პერსონაჟებიც კი იმდენად განსხვავებულები არიან, თითქოს გულჩათხრობილები, ისეთები სიტყვის თქმაც კი რომ არ უყვართ (მთავარ პერსონაჟებზე მაქვს საუბარი).
    მომხიბვლელები, იდუმალები და საინტერესონი არიან შენი ლეილა და რატი, მათ გარშემო დატრიალებული აურზაურიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
    ნელ-ნელა ცხოველების მკვლელობიდან ადამიანების მკვლელობაზეც გადავიდა ჩვენი აწ უკვე სერიული მკვლელი და აქ გამიჩნდა კითხვა – რა დააშავეს ზრეას მოსახლეებმა ისეთი, რომ ეს ადამიანი ასე უმოწყალოდ ხოცავს მათ.
    კარგები რომ არ არიან ამას ჩვეულებრივად ყველანი მივხვდით, ჯერ კიდევ იმით იმ სულით ავადმყოფს რომ დააფარეს ხელი. მემგონი ზრეა ანგელოზებისაგან მიტოვებული სოფელია, სადაც კეთილი ადამიანები ძლივსძლივობით იკავებენ თავს (შეიძლება ვაჭარბებ, არ ვიცი) დაველოდები შემდეგ თავს და ვნახავ საით წამიყვანენ შენი თათუკები ❤
    ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ბავშვურობასა და სიკეკლუცეს სძენს ზრეას ცაცაა თავისი ჟღალი თმით და ტკარცალა ენით ❤
    საინტერესო იყო, ჩემო ლინდა და შემდეგ თავსაც დიდი მოლოდინით ველი ^^

    Like

    1. ქალუ 🥹🥹🥹🥹🥹🥹 ცოოტა განგებ არიან ეგრე ლეილა და რატი მაგრამ აუცილებლად გავიცნობთ ორივეს უკეთ 💛💛💛 სერიული მკვლელი ხელს ივარჯიშებდა ალბათ და ძალიან სწორი კითხვა დასვი, დააშავეს ამათმა რამე თუ უბრალოდ ფსიქოპატთან გვაქმს საქმე :დდ
      უღრმესი უღრმესი მადლობა გენაცვალე 😍😍💛💛💛

      Like

  6. ოოჰოო ესს რაკაი თავი იყოო, ისე წავიდა სიტუაციაა თავი რო ჩავყავი სანამ არ დავამთავრე არც ამომიწევია. ძან მაინტერესებსს რაა ხდებააა აქანეე? ეს ლეილას ცხვირიდან სისხლის წადენა დავიჯერო დამთხვევა იყო და სხვა არაფერი? ის ჩემი ცალთვალა რეზო მაფიქრებს და მაფიქრებს რას გამოდგება ხოლმე და იყურება აა? რატი ბატონი მგონი მამამისზე კაი პოლიციელია მაგას ენაცვალოს მთელი ზრეა 😂😂 აი მურკაო მერე ცხვრებიო ახლა კუზიანი ფოტინეო ოჩენ ინტერესნაა ვინაა ან რა არის ვინც კლავს🤔 გოგოო ვგიჟდები პროსტა დეტალები ისე კარგად გაქ აღწერილი აი არვიცი ისე კარგად აღწერ გარემოსაც და მოქმედებებსაც რო მართლა მგონია ვხედავ ყველაფერს ❤️❤️თამილასი არ იყოს მგონი მირჟანის და თავისი წითელი ცულის ამბავს მეც ვიჯერებ 🥲 ოღონდ ამ ყველაფერს ლეილას რატო ვუკავშირებ არვიცი 🥲 ვნახოთ ვნახოთ😌 ძაან საინტერესოა კიდეე, ყველა ვინც მოკვდა დაჭრილი რო იყო ანუუუ რაა ხთებაა?🤔 ცულს ვაწვები მე ისევ😂😂 ძაან მომეწონაა ძაან ✨

    Like

    1. აუ როგორ მიხარია რომ ჩაგითრია 😍😍💛 კარგია რომ ცხვირიდან სისხლდენას მიაქციე ყურადღება, კიდევ რამდენჯერმე შევხვდებით 🤫 ცალთვალა რეზო მესამე თავში გამოჩნდება და უფრო ახლოდან გავიცნობთ *ჩახველება ჩახველება* 🫣🫣🫣 რატი ბატონს მართლა უწევს პოლიციელობა ლოთი მამამისის გამო, რიას ვიზამთ 🤣🤣 ძალიან მიხარია რომ მოგწონს აღწერები 😍😍💛💛 უღრმესი უდიდესი მადლობა შენ! 😍😍💛💛💛💛💛

      Like

  7. სალამი ლინდავ ქალო, აგი რეები ჩაიდინე ჰა? ვაიმე აი, პანიაწია ნე უმეიუ რომელია მკვლელი 🙈 იშვიათად პირველ ორ თავში იყოს ისე გაშლილი სიუჟეტი, რომ ეგ ამოიცნო, ამიტომ წყნარად გავაგრძელებ კითხვას, ეგება და მერე ვინმემ გადმოგვიგდოს მინიშნებები.
    რატიკო ცოტა ძააან თავხედი ხომ არაა?! რას მოიგდო ეს გოგო ცხენზე და გააქროლა, საწყალი ლეილა, ჯერ კიდევ შოკში რომ იყო და მერე ჰოპ და არ ჩაიხუტა გულში ამ უნამუსო კაცმა? 😅😅💙🩷
    მინდა ვთქვა და სადღაც უკვე ვთქვი კიდეც, რომ ცაცა მომწონს ძალიან. ლაღი და გახსნილი გოგოა, ეტყობა მთლად დალაგებულ ოჯახში არ გაზრდილა, მაგრამ ამ მუხტს რომ მაინც ინარჩუნებს, დასაფასებელია. ვფიქრობ, მისი არსებობა ლეილას ცხოვრებაში ჰაერივით საჭიროა. ლეილასაც დაკრავს მისტიური მუხტი, მიუხედავად იმისა რომ თითქოს მისი ყოფა სხვა მაცხოვრებკებისგან არ გამოირჩევა, ხნავს, ბარავს, თესავს, რწყავს, სარეცხს ხელით ხეცხავს და ა.შ. მაინც საკმაოდ ამოუცნობი ხასიათი აქვს ჯერჯერობით ჩემთვის. არც რატია უბრალო მწყემსი ბიჭი. ალბათ ჩვენებური უმრავლესობა ტაქსის მძღოლებისა არ იყოს, მაგასაც ექნება 1-2 უმაღლესის დიპლომი ჯიბეში, ვატყოოობ 🙈😅.
    მკვლელი მართლა ვერ ვხვდები ვინ უნდა იყოს, თუმცა მგონია რომ რაღაც ძველი ცოდვისთვის მოეთხოვა და მოეთხოვებათ კიდე პასუხი მოკლულებს. ცხოველები ან გაფრთხილება იყო, ან ხელი გაავარჯიშა ან ორივე ერთად 🥺. და რაღაც გულის სიღრმეში ცოტა გამწიწკნა მამაოს შვილის ამბავმაც. რავიცი, რავიცი, როგორც იტყოდა ჩემი მეგობარი, რას დეინახავ უაჩკოოთ?!

    მიხარია შენი მალე დაბრუნება, მადლობა საინტერესო, გამართული და ლამაზი ნაწერისთვის ❤️

    Like

    1. ქალუ 🥹🥹🥹🥹🥹 ამაჩუყე 💛💛💛 კიბატონი, ჯერჯერობით დასაწყისია ეს ყველაფერი, ძაან ძაან ბევრი რამე უნდა მოხდეს კიდო 🤩🤩 მინიშნებებს ყველა თავში ჩავაგდებ აუცილებლად და იმედი მაქვს რომ მიხვდებით 💛
      ნამეტანი თავხედი და “ფეხებზე მკიდია” ტიპია რატი 🤣🤣 უნდოდა შემოესკუპებინა და შემოისკუპა კიდეც 🤣🤣🤣
      გეთანხმები ცაცაზე. ძალიან მომწონს, სიცოცხლით სავსეა და მართლაც ძალიან გაუჭირდებოდა ლეილას მის გარეშე, ფაქტიურად მთელ ზრეაში ახლობლად მხოლოდ ბიცოლამისი და ცაცა ჰყამს 🥹 ლეილა კარგად მართლაც არ გაგვიცვნია ჯერ, მაგრამ შემდეგ თავებში უკეთ დავინახავთ მის ხასიათს 💛
      ოოო, მკვლელზე და მის მოტივაციებზე ხმას არ გავიღებ, ვნახოთ რა იქნება 💛
      მიხარია რომ დაინტერესდი, კითხულობ და უღრმესი მადლობა შენი აზრისა და ასეთი უთბილესი სიტყვებისათვის 🤩🤩🤩😍😍💛💛💛💛💛

      Like

  8. Როგორც ყოველთვის ძალიან კარგია ლინდა❤️
    Მიხარია, რომ მალე დაგვიბრუნდი და მისტიკურობის საბურველში გაგვხვიე.
    გთხოვ, აღარ დაგვეკარგო❤️

    Like

    1. ვაიჰჰ 🥹🥹💛💛 დიდი მადლობა გენაცვალე, მიხარია რომ მკითხულობ ამოდენა პაუზის შემდეგაც 🥹💛 ვეცდები აღარ დავიკარგო 💛

      Like

  9. მოკლედ მოუთმენლად ველი გაგრძელებას… რა ხდება აქ კაციშვილმა აღარ იცის… რეზო რეზოო და ეს რეზოც გააგორეს… მართლა მირჟანია მგონი😁😁 რაღაც მგონია რომ.სწორედ ის აღმოჩნდება მკვლელი რომელსაც ყველაზე ნაკლებად ველოდით და სულ განზეა ამ ისტორიაში… რაღაც მისტიური ხდება … იმედია ეს ბუნტურა ლაილა და რატო ცოტა წინ წაიწევენ ურთიერთობაში… და კიდე მინდა ბიცოლამისმა ფული დაუბრუნოს ან გამოფხიზლდეს ას მართლა ბუნტურა და თავისი ქონება დაიბრუნოს და ადამიანურად იცხოვროს

    Like

  10. ოჰოო,კითხვა რომ დავიწყე ამ თავის მაშინვე ვფიქრობდი ბოლოს დამეწერა რომ მკვლელები ჯერ პატარა ცხოველებით იწყებენ ხოლმე და მერე გადადიან დამიანებზეთქო…ასე სწარაფად არ ველოდი ადამიანის სიკვდილს…
    უზომოდ საინტერესო და ჩამთრევია😍😍
    და ასევე ძალიან ბევრს ვიცინი იმ 200ლარზე🤣🤣🤣

    Like

Leave a reply to თამარი კომენტარის გაუქმება