მირაჟი (თავი 1 – პროლოგი)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

პირველი თავის თემა

.

.

.

I – The Cat

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

კოჭლი ბესარიონის კატა მოკლეს.

მაისის მზე ნებივრად მისწოლოდა დასავლეთში გაფენილ იისფერ ღრუბლებს და მისი თბილი ნარინჯისფერი სინათლე მოჰფენოდა არჭამას ხეობასთან, ჩუმშიდის უღელტეხილზე შეფენილ და ტყეთი გარშემორტყმულ ზრეას, როცა კოჭლი ბესარიონის ღრიალმა მთელი დაბა შეაზანზარა.

ისე შეაკრთო მოულოდნელმა, სასოწარკვეთილმა ბღავილმა ბოსტანში კვალთან ჩაყუნცული ლეილა, რომ კინაღამ ახლადმოთხრილი ნივრით სავსე გობი გაუვარდა ხელიდან.

ღრიალს გოდება მოჰყვა.

ხმაურზე ქათმები აკრიახდნენ. კუტკალიები უფრო ხმამაღლა აჭრიჭინდნენ მაღალ ბალახში. შორს, შარაგზაზე ურემი ჭრიალებდა, მასში შებმულ აჭიხვინებულ ცხენს დაჰკიოდა მეურმე.

გობი ამოიღლიავა ლეილამ და წამოდგა, გაფაციცებით გაჰყურებდა მათი და ბესარიონის ბოსტნებს შორის გამყოფ მოწნულ, დაზნექილ ღობეს, რომლის მიღმა მხოლოდ ხასხასა მწვანედ შეფოთლილი ვაზით გადახურული ტალავერი, აყვავებული ქრიზანთემები და მსხლის ხეთა ვარჯი მოჩანდა.

გაბმით მოთქვამდა ბესარიონი, ვაიმეო.

ნაბიჯები მოესმა უკნიდან ლეილას. ბიცოლამისი მოდიოდა.

-რა ხდება? რას გაჰკივის აგი კაცი? – წარბშეკრული გაჰყურებდა ღობეს თამილა. შუბლზე წაკრული შავი თავსაფრიდან ლოყებზე წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი, ფქვილიანი ხელები რუხ წინსაფარზე შეიწმინდა სახელდახელოდ.

მთელი დღე ღუმელთან ტრიალებდა, ხაჭაპურებს აცხობდა ხვალისათვის იფლიჰემში ჩასატანად.

-არ ვიცი. – მიუგო ლეილამ, გობი ნაკვეთში ჩადგა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა მოწნულ ღობეში გამოჭრილ, სახელდახელოდ აგებულ ჭიშკარს.

ფეხდაფეხ მიჰყვა თამილა.

ტალავრის ბოლოში იდგა კოჭლი ბესარიონი, ცალ ხელს თავში იშენდა, ცალი ხელით კი თავის განუყრელ ყავარჯენს ეყრდნობოდა.

-ბესარიონ! – დაუყვირა თამილამ. – ბესარიონ, კაცო, რა მოგივიდა?

ვაზის ფოთლებს შორის გამოჭრილმა მზის სინათლემ წამიერად დააბრმავა ლეილა.

ვერც კი შეამჩნია, სანამ ხელის გაწვდენაზე არ მიუახლოვდა მოკაკვულ, აქვითინებულ ბესარიონს.

ქრიზანთემების ვეებერთელა ბუჩქებს შორის, რომელთაც კოჭლი ბესარიონი მუდამ რუდუნებით დაჰკანკალებდა, ვეებერთელა, გადაფურჩქნული ყვითელი ყვავილების ჩრდილქვეშ ეგდო ბესარიონის წითური კატა, მურკა. მზის სინათლეზე მწვანე ბალახში დაღვრილი აგურისფერი სისხლის გუბე პრიალებდა, სანახევროდ უკვე გამშრალიყო.

მურკა გამოეფატრა რაღაცას. ანდა ვიღაცას.  

მოიღუშა ლეილა.

-ეს რა არის? – შეიცხადა თამილამ, უკვე ბესარიონს ამოდგომოდა გვერდში და თვალებგადმოკარკლული დაჰყურებდა მურკას გვამს. – ეს რა მოსვლია ამ საცოდავს!

-მოსვლია კიარა უყვეს, ქალო, უყვეს! – მოუბრუნდა ბესარიონი. – ცოტა ტვინი გაანძრიე! ვაი, ვაი, ვაი, ვაი, შე საცოდაო, შავ ვარსკვლავზე გაჩენილო!

-ვინ გაიმეტა ეს უბედური ასე, კაცო?

-მე რა ვიცი ქალო! – ატყდა ბესარიონი. – რომ ვიცოდე აქ ვიქნებოდი? აგერ ა, ამ ხელით გავაფრთხობინებდი სულს!

უსიტყვოდ უსმენდა მათ ლეილა, თან ბედკრულ მურკას ათვალიერებდა, წარბშეკრული.

გამოიტირა თავისი განუყრელი კატა კოჭლმა ბესარიონმა. სხვა მეზობლები გამოეფინნენ, ღობეებს მოადგნენ, შარაგზაზე მეურმე შეჩერდა, რა ხდებაო და ყველას შესჩივლა თავისი გასაჭირი ბესარიონმა.

ერთი გაიძახოდა, ტურა იქნებოდაო. მეორემ წამსვე დაუცაცხანა, ამ დროს ტურას აქ რა უნდა, თან რაღა კატას ეცემოდა, აშკარად რომელიმე ონავარი ბავშვის ნაცუღლუტარი არისო. მესამე იმას გაიძახდა, ყარალაშვილების ნამოქმედარი იქნება, ლოთ ყარალაშვილს სჩვევია ეგრე მოვალეების გაფრთხილებაო. თამილა კი რატრატში ყველას ჯაბნიდა, ირწმუნებოდა, მირჟანის გარდა არავინ არ იზამდა ამასო.

ლეილა განზე გამდგარიყო, მათ უსმენდა და მალ-მალე უბედურ მურკას მოავლებდა თვალს.

აშკარად დანით გამოეფატრათ, მუცელზე. ცხოველის მიერ დაგლეჯილს არ ჰგავდა.

მალევე მიილია მეზობლებისა და შარაგზაზე გამოფენილ ცნობისმოყვარეთა ჩოჩქოლი. ჩანავლდა მზე და მის მოწითალო სინათლეზე საფლავის გათხრაში მოეხმარნენ ბესარიონს. ქრიზანთემებთან დამარხეს მურკა, წამსვე კოკა ღვინო გამოარბენინა ბესარიონმა. დაილოცეს, ბოლო გზაზე გააცილეს საწყალი კატა.

დაიფიცა ბესარიონმა, ვიპოვი მურკას მკვლელს და ამ ჩემი ყავარჯნით გავაფრთხობინებო სულს.

იცოდა ლეილამ, რომ ფუჭი იყო მისი დაპირებები, მაგრამ არაფერი უთქვამს.

არ იყო მურკა ცუდი კატა. მოსიყვარულე გახლდათ. ყურადღება უყვარდა, ბესარიონს მუდამ კუდში დასდევდა და ფეხებში ებლანდებოდა. როგორც კი მოეფერებოდნენ, კრუტუნებდა. ერთი ნაკლი კი ჰქონდა, ხანდახან, ღამღამობით ხმამაღალი კნავილით იკლებდა გარემოს, მეზობლებს, მათ შორის თამილასაც უკვე რამდენჯერმე დაექედნათ, მივახრჩობთო მაგ კატას.

ალბათ რომელიმე მეზობელმა აასრულა დანაპირები, მურკას კნავილით გულგაწყალებულმა.

ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა ლეილა, როცა იისფერი ცის კამარის ქვეშ, ვარსკვლავებისა და შემოსასვლელის მბჟუტავი ნათურის ყვითელ სინათლეზე, ეზოში რეცხავდა ახლადმოთხრილ ნიორს.

ანდა მართლაც ზრეას ლოთმა პოლიციელმა, ზურაბ ყარალაშვილმა გამოისეირნა აქეთ და მურკას გამოფატვრით იძია შური კოჭლ ბესარიონზე. ისედაც მოდიოდა აქ თვეში ორჯერ მაინც და გზიდან ლანძღავდა ბესარიონს, ჩემი ორასი ლარი დამიბრუნეო.

ანდა დაბის ონავარი ბავშვების ჯგროს მოუნდათ დანის გამოყენება ესწავლათ. რამეზე ხომ უნდა გამოეცადათ.

ანდა მართლაც მირჟანი იყო, ტყეში მცხოვრები ავი სული, რომლის არსებობაში თამილა და ზრეაში მცხოვრები ბევრი სხვაც დარწმუნებული გახლდათ. თამილა გულზე წრეს გამოისახავდა და დაიფიცებდა, ბავშვობაში მირჟანი მინახავსო, ხეებში ზის, პირსისხლიანია, გრძელი შავი თმით აქვს დაფარული სხეული და მრგვალი, თეთრი თვალები აქვსო. შემოსასვლელში მუდამ ეკიდა ცხენის ნალი, მირჟანს არ შემოუშვებსო აქ, ლეილასაც, მისი დაჟინების გამო მუდამ ეკეთა ვერცხლის ძეწკვი. თამილა ირწმუნებოდა, ავი თვალისაგან დაგიცავსო.

ტყეში ბევრჯერ გახლდათ ნამყოფი ლეილა, მაგრამ მირჟანი ვერსად შეემჩნია, რასაკვირველია.

პირსისხლიანი ხალხი კი ბლომად ენახა.

ბოლოჯერ მიუშვირა შლანგი ნიორს ლეილამ, უკანასკნელი მიწის ნაწილაკები გააცალა, მერე კი დაფერთხა, ამოიღლიავებული გობით გაემართა სახლისაკენ. 

ტალახში გათითხნილი რეზინის კალოშები კართან მიაგდო და ფეხშიშველმა შეაბიჯა შიგნით.

უკვე ცხრა საათი სრულდებოდა, ჩუმად ტიკტიკებდა სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებული, გაცრეცილციფერბლატიანი საათი. სამზარეულოში საშინლად დახუთულიყო ჰაერი, იმის მიუხედავად რომ გასანიავებლად ფანჯრები ბოლომდე მოეღო თამილას, მწუხრის გრილი ქარი ოდნავ ათრთოლებდა გახურებული ღუმელისაგან დამდგარ ხვარტს. შორს, ხეობის ბოლოში მთათა ფერდებს შორის მინავლებული მზის ნასისხლარი ეტყობოდა რუხი ღრუბლებით დაფარულ ცას, ნამგალა მთვარისა და ვარსკვლავების შუქზე ციმციმებდა დაკლაკნილი ხარისწყალი და მის მიღმა, მთათა შორის გადაჭიმული ლელესის ტბა.

ბიცოლამისს ფქვილში ამოგანგვლოდა თალხები, ერთმანეთზე დაწყობილ ხაჭაპურებს გულმოდგინედ ფუთავდა.

-წამოხვალ იფლიჰემში, შვილო? – ჰკითხა ლეილას, როცა თვალი ჰკიდა.

გობს ხაჭაპურის მრგვალი დაფა დააფარა ლეილამ და იქვე შედგა, თაროზე. ხვალ მიხედავდა.

-არა. – უპასუხა მან, ხელები წინსაფარზე შეიწმინდა. იცოდა თამილას ტაქტიკები, სინამდვილეში არც სურდა ბიცოლამისს, რომ წაჰყოლოდა. – დავრჩები, ნაკვეთებს გავმარგლავ. თან ბესარიონს ახლა თავი არც ექნება საქონელს მიხედოს.

-ვაი, ეგ საცოდავი! – შეიცხადა თამილამ, მერე კი გამომცდელად გადმოხედა. – ნელა იყავი ხვალ, შვილო, მირჟანს უფრთხილდი, ტყეში არ შეხვიდე…

-ბიცოლა, კარგი რა. – წამსვე შეაწყვეტინა ლეილამ. თამილას დარიგებებისათვის ახლა თავი ნამდვილად არ ჰქონდა, მილიონჯერ მოესმინა უკვე. – ვიცი. ფრთხილად ვიყო. გზას არ გადავუხვიო. უცხოებს არ გამოველაპარაკო. და საერთოდ, ნაცნობებსაც არ გამოველაპარაკო.

-ვიცი, რომ იცი, შვილო. – თამილა საწყლად შეჰყურებდა. ასე იცოდა, ცდილობდა მასში სინდისის ქენჯნა გამოეწვია.

არც ისე ხშირად გამოსდიოდა.

-მშვიდობით იმგზავრე. – უთხრა ლეილამ და ჩაუარა, სწრაფი ნაბიჯით დატოვა სამზარეულო.

იზნიქებოდნენ დაღრეცილი ციცაბო ხის საფეხურები, როცა მეორე სართულამდე აირბინა და მის ფეხქვეშ ჭრიალებდნენ დერეფნის იატაკის დახეთქილი ფიცრები. სააბაზანოში შეაბიჯა ლეილამ და უკან გამოიკეტა კარი.

რუხი შუქჩრდილი მოჰფენოდა სააბაზანოს ალაგ-ალაგ დამსკდარ ლურჯ ფილებს, პაწაწინა აბაზანასა და მონჯღრეულ ნიჟარას, რომლის თავზე გვერდებმოცვეთილი მომცრო სარკე ეკიდა. პატარა, დამტვერილი სარკმელი გამოეჭრათ ჭერთან, საიდანაც ვარსკვლავებისა და ნამგალა მთვარის მქრქალი ვერცხლისფერი შუქი იღვრებოდა.

კარგა ხანი გახლდათ რაც სააბაზანოში სინათლეს ვერ ანთებდნენ. ნათურა გამოცვალეს, მაგრამ არაფერი ეშველა. თვეზე მეტი გასულიყო, რაც ხელოსანი ნოდარი გამოიძახა თამილამ, მაგრამ რასაკვირველია არავის ეხალისებოდა ზრეაში ამოსვლა.

ცხელი წყლით აავსო მოზრდილი ტოლჩა ლეილამ. დალაქავებული წინსაფარი, მაისური და შარვალი იქვე, პირამდე სავსე გაბზარულ ტაშტში ჩაყარა. მალე უნდა გაერეცხა სარეცხი.

მერე კი აბაზანაში ჩაიყუნცა და ტოლჩიდან გადმოსხმული წყლით დაიბანა. ჩქარობდა, რადგან საშინლად დაღლილიყო, თვალები ეხუჭებოდა.

ფეხებიდან ტალახი ჩამოირეცხა, მერე კი შეეცადა სახსრებზე დამსკდარი ხელები  და მუხლები დაეხეხა უხეში ტილოთი. ცოტა ხანი იჯდა, დაკოჟრილ ხელებს ჩაჰყურებდა, სანამ არ შესცივდა.

უცებ შეიმშრალა, პირსახოცი შემოიხვია. ცოტა ხანი კართან იდგა, მიაყურადა და როცა ვერაფერი გაიგონა, სწრაფად გამოიპარა სააბაზანოდან. დერეფნის ბოლოში, ქვემოთა სართულიდან ჯერ კიდევ ამოღვრილიყო ნარინჯისფერი შუქი, ალბათ თამილას ვერ მოემთავრებინა ხაჭაპურების შეფუთვა.

სასტუმრო ოთახში გაიპარა ლეილა. იქ ეძინა, გასაშლელ ტახტზე. საძინებელი თამილას დაეკავებინა, რადგან მისი სახლი იყო ეს ბოლოს და ბოლოს. ლეილა, რაც არ უნდა ახლო ნათესავი ყოფილიყო, მუდამ სტუმარი გამოდიოდა აქ და მეტი არაფერი.

პიჟამა გადაიცვა ლეილამ. მოჭრიჭინე, გაშლილ ტახტზე ჩამოჯდა.

თითქმის მთელი კედელი დაეკავებინათ ფანჯრებს. ზედ მხოლოდ თხელი, გამჭირვალე, გაყვითლებული მაქმანის ფარდა ჩამოეფარებინათ, რომლის ნისლშიც შებურულიყო მთის ფერდზე შეფენილი ზრეა. შორს, სახლებს მიღმა ჩუმშიდის უღელტეხილთან აღმართულიყო თავგადათეთრებული, კლდოვანი ხერეშის მთა, რომლის წვერთან ზრეას წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესია აღმართულიყო. მხოლოდ ციცაბო, კლდეში გამოკვეთილი საცალფეხო ბილიკი ადიოდა ეკლესიამდე. ხერეშის მთას უმშვენებდა გვერდს ლურჯამთა, რომლის კალთიდანაც ხარისწყალი იღებდა სათავეს. ბუნდოვნად ესმოდა ღია ფანჯარაში მდინარის ჩუხჩუხი ლეილას, რუხი ღრუბლები კანტიკუნტად მიცურავდნენ ვარსკვლავებით მოჭედილ ცის კამარაზე, და ვერცხლისფერი სინათლის დისკო შემოჯარვოდა ნამგალა მთვარეს.

ზრეას გადახედა ლეილამ. თითქმის მის კიდეზე, ტყისპირთან ცხოვრობდნენ, აქედან მთელ დაბას ხედავდა.

უყვარდა საღამოობით ძილის წინ ფანჯარაში ყურება. ღამე ყოველთვის უფრო ლამაზი იყო.

წამოდგა ლეილა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფანჯარას. ფარდა ოდნავ გადასწია, მთვარის შუქზე ალაპლაპებულ, ხეობის ფერდზე შეფენილ სახლთა სახურავებს გადახედა. კუტკალიები ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ ეზოში, და ქვემოთ, სახლებს შორის გზაზე ძველი დანჯღრეული „ჟიგული“ მიჯაყჯაყებდა.

მოსახლეობის უმეტესობას უკვე ეძინა. მხოლოდ რამდენიმე სახლში ენთო შუქი.

მათ შორის ტყის პირას, სხვა სახლებისაგან გამოცალკევებულ, ცალთვალა რეზოს მიწურ ქოხში.

თვალები მოჭუტა ლეილამ, მოიღუშა. მკრთალი იყო ვარსკვლავებისა და მთვარის ვერცხლისფერი შუქი და ნაწილობრივ ნაძვების ვეებერთელა ვარჯები ფარავდნენ ქოხს, მაგრამ მაინც გაარჩია მის წინ მდგარი რუხი სილუეტი, რომელსაც უკნიდან ქოხის ფანჯრიდან მომავალი ყვითელი სინათლე მოჰფენოდა.

ალბათ ცალთვალა რეზო იდგა რატომღაც ამ ღამეში და ზრეას გადაჰყურებდა. სხვა ვერავინ იქნებოდა, იქ ასვლას ყველა უფრთხოდა.

ისეთი შეგრძნება გაუჩნდა ანაზდად ლეილას, თითქოს ცალთვალა რეზო მას შეჰყურებდა.

სწრაფად გადასწია ფარდა. უკან დაიხია, ტახტზე მიწვა და ზეწარში მაგრად გაეხვია. თბილოდა, მაგრამ მაინც გააკანკალა ლეილას.

მურკაზე ფიქრობდა.

ზრეაში უკვე დიდი ხნის მანძილზე ასეთი არაფერი მომხდარიყო.

თამილა დროდადრო იხსენებდა ოციოდე წლის წინ მომხდარ ამბავს, როცა ცალთვალა რეზომ თავართქილაძეების რძალი, მაია ისე სცემა, რომ დაასახიჩრა. საქმე გამოუჩნდაო იმ დროს წლების მანძილზე პირველად ზურაბ ყარალაშვილს, ამატებდა თამილა, სანამ გალოთდებოდაო.

მაგრამ იმის მერე არაფერი მნიშვნელოვანი აღარ მომხდარიყო, ჩვეულებრივი მეზობლური აყალ-მაყალისა და უმნიშვნელო კინკლაობის გარდა.

დღეს კი მურკა გამოფატრეს. უხერხულად შეიშმუშნა ლეილა, გვერდი იბრუნა და უფრო მაგრად გაეხვია ზეწარში. სასტუმრო ოთახის მიხურულ კარს შეჰყურებდა და ფიქრობდა, გამალებით.

ჩუმშიდის უღელტეხილისა და არჭამას ხეობის გასაყარზე შეფენილი, ტყით გარშემორტყმული ზრეა მუდამ სიმშვიდეში ჩაძირულიყო, ცხვარს მწყემსავდნენ, ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი და კომბოსტო მოჰყავდათ. ზამთარში ხშირად ირთვებოდა დენი, თოვლის მოსვლისას გზაც ხშირად იკეტებოდა, მდინარესა და მთასთან სიახლოვის გამო კი ზაფხულობით იფლიჰემიდან ჩამოდიოდნენ დასასვენებლად.

მეტი არაფერი უნდა მომხდარიყო აქ.

თითქმის თხუთმეტი წელი გახლდათ, რაც ლეილა ზრეაში ცხოვრობდა, ბიცოლასთან.

და თხუთმეტი წლის მანძილზე რუტინის მეტს არაფერს წარმოადგენდა მისი ცხოვრება.

ბოსტანსა და პატარა ყანას უვლიდა. ქათმებსა და მათ ორ ძროხას აპურებდა. საჭმელს აკეთებდა, ხანდახან იფლიჰემში მიჰყვებოდა თამილას რომ რაღაც-რაღაცები გაეყიდათ. ბიცოლამისის, მისი საუკეთესო მეგობრის, ცაცასა და ერთი-ორი მეზობლის გარდა ფაქტიურად არავის ელაპარაკებოდა. მეტი არაფერი გახლდათ მისი ცხოვრება.

ასე სჯობდა, როცა ყოველდღე იცოდა, თუ რა ელოდა წინ. დარწმუნებული იყო, თუ რა მოხდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, სად უნდა წასულიყო. დღეები ილეოდნენ, მისი ცხოვრება კი ისე ნელა, გამოზომილად მიიწევდა წინ, როგორც მომართული საათი.

ახლა კი მურკა გამოფატრეს.

და თითქოს წამიერად გაჩერდა საათი.

არა, არა. ალბათ ბავშვებმა იმაიმუნეს. ანდა მართლაც მეზობლებმა დაადუმეს საბოლოოდ მომაბეზრებელი კატა.

ასე უნდა ყოფილიყო. მეტი ვერაფერი იქნებოდა.

თვალები დახუჭა ლეილამ, ნიკაპი მკერდში ჩარგო და ფეხები აიკეცა, მოიკუნჭა. სასტუმრო ოთახის რუხ შუქჩრდილში გაცრეცილ კარს შეჰყურებდა.

ძლივს დაიძინა. ძილში შფოთავდა. წითური კატები, ნამგალა მთვარე და სისხლი ესიზმრებოდა. რამდენჯერმე შეიღვიძა და ძილბურანში გახვეული, კუტკალიების ჭრიჭინს უსმენდა, სანამ არ ჩაეძინა.

როცა გაეღვიძა, გარიჟრაჟის პირველი სხივები შემოჭრილიყვნენ ფანჯრებიდან, ნარინჯისფერი სინათლე ლაქებად დაღვრილიყო სასტუმრო ოთახის კედლებზე. გრილოდა, გულწითელები და ჭინჭრაქები არხეინად ჭიკჭიკებდნენ და საიდანღაც, შორიდან მამლის გაბმული ყივილი ისმოდა.

ძლივს წამოიწია. მშფოთვარე ძილისაგან თავი საშინლად დამძიმებოდა. ცოტა ხანი იჯდა, ცდილობდა აწეწილი თმა და ძილში ბორგვისაგან ტანზე შემოტმასნილი პიჟამა გაესწორებინა.

გაცრეცილი ჯინსის შარვალი და მაისური გადაიცვა ლეილამ, თმა კეფაზე აიკეცა. როცა საძინებლიდან გამოიპარა, სახლში სიჩუმე იდგა, თამილას აშკარად ჯერ კიდევ ეძინა.

ეზოში გავიდა, გრილი ჰაერი შეისუნთქა ღრმად.

მზე ამოდიოდა. შორს, მთებს შორის მოჩანდა მისი ნარინჯისფერი დისკო, და მისი სხივები ხარისწყალის ზედაპირზე ირეკლებოდნენ. ქათქათა ღრუბლების ნაგლეჯები მიცურავდნენ ცაზე, და გრილი ქარი აშარიშურებდა მათ ეზოში ფოთლებს. მამალი კვლავ გაბმულად ყიოდა სადღაც, ტოტებზე შემოსკუპებული ჭინჭრაქები ხმამაღლა დაამღერებდნენ.

მურკას კნავილი აკლდა ადრიანი დილის ხმაურს.

რეზინის კალოშები აითრია ლეილამ. მის მიახლოებაზე აკრიახებულ ქათმებს საკენკი დაუყარა, ძროხებს თივა და წყალი მიუთრია. მერე კი ცარიელი ტომარა, ტომსიკაში გამოკრული კიტრის თესლი აიკიდა ზურგზე, თოხი ამოიღლიავა და ნელი ნაბიჯით დაუყვა შარაგზას.

გრილოდა, მაგრამ თბილი იყო გზის განთიადის მზის სხივებთა შეხება, გზის გარშემო აღმართული ალვის ხეების ვეებერთელა ვარჯის მიღმა გამოპარული. გაცვეთილი ასფალტის დამსკდარ კიდეებთან ამოხეთქილ ბუჩქებსა და ველურ ყვავილებს ნიავქარი არწევდა, მამლის შორეული ყივილი მიილია. მთავარ გზაზე არავინ ჭაჭანებდა, მაგრამ უკვე ესმოდა ლეილას, თუ როგორ იღვიძებდა ზრეა, ქვემოთ, ლურჯამთის ფერდის ძირში, ყანებში უკვე ფუსფუსებდნენ გლეხები, დროდადრო ერთმანეთს გადასძახებდნენ.

თოხი მხარზე შემოიგდო ლეილამ და გზიდან გადაუხვია, საცალფეხო ბილიკს დაუყვა.

ლორთქიფანიძეების სამსართულიანი სახლი მთავარ გზასთან ათიოდე მეტრში წამოჭიმულიყო. ზაქარია ლორთქიფანიძე საკმაოდ უმაქნისი გამგებელი გახლდათ, კარგად მხოლოდ ზურაბ ყარალაშვილთან და ზრეას სხვა ლოთებთან ქეიფი და ცოლის ცემა გამოსდიოდა.

მის ეზოში ფეხს არასოდეს დგამდა ლეილა.

მწვანედ შეღებილ, მოჩუქურთმებულ რკინის ღობეში გაიჭყიტა.

როგორც ყოველთვის, ლამაზად მოეკრიჭათ გაზონი. ღობეს ვეებერთელა ბუჩქები და მოღაღანე ყვავილები მიუყვებოდნენ, ვეებერთელა ვაშლის, მსხლისა და ბლის ხეები ამშვენებდნენ ეზოს, და ნაწილობრივ სახლის უკან შეფარულიყო წითლად შეღებილი სათბური. დახვეული კიბე ადიოდა მეორე სართულამდე და ლამაზმოაჯირიანი აივანი შემოჰკვროდა სახლს.

და როგორც ყოველთვის გარიჟრაჟისას, აივანზე, სავარძელში იჯდა ცაცა. ფეხები აეკეცა და წიგნს კითხულობდა.

ტომარა დააგდო ლეილამ და მკლავი აღმართა, დაიქნია, რომ მისი ყურადღება მიექცია.

წამსვე ჰკიდა თვალი ცაცამ და წამოხტა, წიგნი სავარძელში მიაგდო. კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა, აჩქარებული ნაბიჯით გადმოჭრა გაზონი.

წითური თმა ჰქონდა ცაცას, დილის ნარინჯისფერ სინათლეზე თავზე თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდა, მწვანე სარაფნის კალთები ნიავქარში უფრიალებდა.

ჭიშკარი ჭრიალით გამოაღო მან და ზურგსუკან მოიკეტა.

-ყანაში მიდიხარ? – აათვალიერა მან.

-ხო, უნდა გავმარგლო. – მიუგო ლეილამ. – წამოხვალ?

-კი, რატომაც არა. – უდარდელად აიჩეჩა მხრები ცაცამ და გვერდით ამოუდგა, აბალახებულ ბილიკს დაუყვნენ.

-გაიგე მურკაზე? – ჰკითხა ლეილამ.

-ბესარიონი ისე ბღაოდა, მე კი არა, იფლიჰემშიც გაიგებდნენ. – გაეცინა ცაცას. – საწყალი, მართლა მოკლეს?

-კი, მოკლეს.

-როგორ მოკლეს?

-ვაიმე, შენ რაში გაინტერესებს? – ჩაეკითხა ლეილა.

ისევ აყივლდა შორს მამალი. ბილიკი ჩაათავეს და გზას დაუყვნენ, მათი ნაბიჯების ქვეშ ასფალტზე მიმოყრილი ქვა-ღორღი შხრიალებდა.

-როგორ არ მაინტერესებს. აბა სხვა რა უნდა მაინტერესებდეს, თავართქილაძეები რომ მარკეტში ფულს ათეთრებენ?

-ეგ ძველი ამბავია. – თქვა ლეილამ.

-ჰოდა სწორედ მაგას ვიძახი. როგორ მოკლეს?

-დანით ალბათ.

-საწყალი. ვინ მოკლა? – ჩაეძია ცაცა.

-მე რა ვიცი? ალბათ რომელიმე ჩვენმა მეზობელმა. სულ აწუხებდათ მურკას კნავილი.

-კარგი რა. აქედან ვის ექნებოდა კატის მოკვლის ტრაკი, ელამ ლამარას? ალბათ ცალთვალა რეზო ჩამობრძანდა თავისი ქოხიდან.

-რა, კატის მოსაკლავად? – წარბები აზიდა ლეილამ.

-ისე ხო. – ცაცა თვალებმოჭუტული გაჰყურებდა ამომავალ მზეს. – მირჟანის არსებობას უფრო დავიჯერებ ვიდრე ცალთვალა რეზოს დაბაში ჩამოსვლას.

-კარგი, მოვრჩეთ მურკაზე. – ამოიხვნეშა ლეილამ. – არ მინდა რამე ვიცოდე.

-რა იყო. საინტერესოა.

-არაფერი საინტერესო არაა ერთ კატაში. უბრალოდ ცოდოა.

-ჰო მაგრამ მაინც. სხვა არაფერი გვაქვს საქმე.

-ეგ შენ არ გაქვს საქმე.

-ლორთქიფანიძე რომ ვარ ეგ უკვე საქმეა. – განაცხადა ცაცამ. ლეილამ თვალები გადაატრიალა.

-კარგი, ჰო. – თქვა მან.

ჩაჩუმდა ცაცა.

გზა ჩაათავეს, შემეჩხერდნენ მათ გარშემო აღმართული ალვის ხეები. ყანებისაკენ მიმავალ, მოხრეშილ შარაგზაზე გადაუხვიეს, რომელსაც დაღრეცილი დაბალი ღობეები დაჰყვებოდა ორივე მხარეს. სადღაც, შორს, ტრაქტორი გუგუნებდა, ყანების მიღმა კი, ლურჯამთის ფერდზე მწვანე ხავერდზე დაპენტილი ბამბასავით შეფენილიყო ცხვრის ვეებერთელა ფარა, რომელსაც რამდენიმე ნაგაზი და ცხენზე ამხედრებული მწყემსები შემოხვეოდნენ. იქვე, ნაძვის ხეთა კორომთან პაწაწინა, შემოღობილი საჩეხე წამოეჭიმათ. ხერეშის მთის წვერთან ახლოს აღმართული წმინდა გიორგის ეკლესიის სახურავი ლაპლაპებდა, მის ქვეშ სალი კლდე ეშვებოდა, იალაღებამდე.

-თამილა ბიცოლა რას აკეთებს? – ჰკითხა ცაცამ. – გამოიტირა მურკა?

-გამოიტირა. – თქვა ლეილამ. – დღეს იფლიჰემში მიდის ხაჭაპურების გასაყიდად.

-წაყოლოდი. – ტუჩი აუბზუა ცაცამ. – შენ შეგიძლია მაინც აქაურობის დატოვება. და საერთოდაც, იფლიჰემში უნდა დარჩე საცხოვრებლად.

-კარგი რა, ცაცა. არც ისე ცუდია აქაურობა.

-არა, არა, სულ არაა ცუდი. – განაცხადა ცაცამ. – თუ მილიონჯერ გინდა „მთვარის მოტაცების“ წაკითხვა, ბებიასთან ერთად სერიალების ყურება და ქეიფებზე მოსამსახურედ ყოფნა კიდევ.

-სიმშვიდეა მაინც. სიწყნარე. უსაფრთხოა. – თქვა ლეილამ.

თითოეული ნაბიჯით უახლოვდებოდნენ ბუმბერაზ ლურჯამთას, და უფრო მაგრად უბერავდა გრილი ქარი, მასში ირწეოდა ოქროსფერი თავთავების ზღვა. მზე მაღლა იწევდა, ნელ-ნელა ყვითლდებოდა მისი ნარინჯისფერი დისკო და უფრო გამთბარიყვნენ მისი სხივები, ლეილას თვალებში რომ უჭყიტინებდნენ.

-ჰო, უსაფრთხოა. – სარკასტულად წამოიძახა ცაცამ. – ოღონდ კატებისთვის არა.

-მორჩი მურკაზე. – მოუბრუნდა ლეილა. – ჩვეულებრივი მაიმუნობა იყო და მეტი არაფერი.

-ეგ მაიმუნობა იყო, შენ რასაც აკეთებ კიდევ სირაქლემობაა. – ცაცამ თითი დაუქნია, რაზეც უკმაყოფილოდ გადახედა ლეილამ.

-კარგი, ვიყო სირაქლემა.

-იყავი. აი მე კი ვიცი, რომ მურკას მკვლელობა რაღაცას ნიშნავს.

ლეილას არ უპასუხია და ცოტა ხანი ჩაჩუმდა ცაცა. შარაგზაზე კენჭს წაჰკრავდა ფეხს და მიაგორებდა.

თამილას ყანისაკენ გადაუხვიეს. თამილას არც დრო ჰქონდა და არც მოტივაცია რომ იქაურობისათვის მიეხედა, ნაკვეთები ერთიანად დაეხეთქა მცხუნვარე მზეს და მიწა სარეველებით გახლდათ გადავლილი.

წამიერად შედგა ლეილა, ამოიხვნეშა, როცა ყანას გადახედა. ბევრი საქმის გაკეთება მოუწევდა.  გამარგვლას რამდენიმე დღე მაინც დასჭირდებოდა.

იქვე მიაგდო ცარიელი ტომარა და კიტრის თესლით სავსე ტომსიკა, მერე კი თოხი მოიმარჯვა, მაგრად მოუქნია დახეთქილ მიწას.

-ლუკა ისევ მოვიდა. – თქვა უცებ ცაცამ. გათოხნილ ბელტებს შორის ამოძირკვულ სარეველას მოჰკიდა ხელი და ფესვებიანად ამოგლიჯა, მერე კი ტომარაში ჩაუძახა.

-ლუკა რომელი? თუხარელი? ჩხეიძე?

-თუხარელი.

-რაო, რა მინდაო?

-მამაჩემმა ვერ დააფრთხო ალბათ საკმარისად. – მხრები აიჩეჩა ცაცამ. – ჭიშკართან მობრძანდა თავისი ცხენით და ყველი დამიტოვა. თხის რძის. ორი წველა თან.

ლეილამ წარბები აზიდა, გაეცინა, კიდევ ერთხელ მოიქნია თოხი.

თუხარელი ზრეაში ერთ-ერთი შეძლებული ოჯახის დედისერთა ბიჭი იყო. ყველას მოსწონდა. ის კი ცაცას დასდევდა.

-კარგია ყველი. – თქვა მან.

-რა დედაჩემივით ლაპარაკობ. – თქვა ცაცამ, ტომარას მაგრად ჩაავლო ხელი და ახლოს მოათრია, კიდევ ერთი სარეველა შეაგდო შიგნით. – კარგი ღვინოც რომ მოეტანა თუხარელს, ალბათ მაშინვე გამატანდა.

-ყველი და ღვინო. ფულიც აქვს. ქერათმიანიცაა და ცისფერთვალებაც. მეტი რად გინდა თუხარელისაგან ბედნიერებისათვის?

-რავიცი. აი მაგალითად, ცხვრის სუნი რომ არ ასდიოდეს? ანდა ნორმალური რომ იყოს.

სიცილით გადააქნია თავი ლეილამ.

-ეგ და მისი მწყემსების ჯგრო მართლა ვერ არიან. – თქვა მან.

ცაცას არაფერი უპასუხია, სარეველებით ავსებდა ტომარას.

მუხლჩაუხრელად, უსიტყვოდ იმუშავეს, სანამ მოკრიალებულ ცის კამარაზე მცოცავმა მზემ ზენიტს არ მიაღწია. დათბა ქარი, და ჩამოწოლილ სიცხეში მოეხუთა სული ლეილას.

ცოტა ხანი შეისვენეს. მათი და თავართქილაძეების ყანის შორის ხარისწყალიდან გადმოყვანილი პატარა რუ მიჩუხჩუხებდა, რომლის პირას ვეებერთელა ტირიფი აღმართულიყო, თითქმის მიწამდე მისწვდენოდა მწვანედ შეფოთლილი ტოტები. მის ქვეშ, რუს ნაპირის გაყოლებაზე წითელ-ვარდისფერი ველური მიხაკები ყვაოდნენ, და რბილი იყო დაბალი, ქარისაგან დაზნექილი ხასხასა ბალახი.

ტირიფის ქვეშ ჩამოსხდნენ. სახელოთი მოიწმინდა შუბლზე ოფლი ლეილამ, შეეცადა სული მოეთქვა. ცაცა მის გვერდით იჯდა, ფეხებმოკეცილი, მათ შორის კი სარეველებით ნახევრად სავსე ტომარა ეგდო.

-შენ როგორ ხარ? – ჰკითხა ცაცამ. ლეილამ მისკენ თვალი გააპარა, გაოცებულმა.

-რატომ მეკითხები? – კითხვა შეუბრუნა მან.

-აი, შენი სიზმრები.

-როგორც იყო, ისეა ახლაც. ოღონდ იმდენად ხშირად აღარ მახსოვს.

-ვინმე ხომ არ დაგსიზმრებია ისევ?

-არა. – მოუჭრა ლეილამ. – ნუღა მკითხავ.

-როგორ არ გკითხო? იქნებ მამაჩემი ნახო და დავისვენოთ ყველამ.

თავი გადააქნია ლეილამ.

ადრე, ექვსიოდე წლის წინ, სიზმარში ნახა, თუ როგორ მოფრინავდა სალ კლდეზე ჩიტო ადამია. და თამილას უთხრა, ისე, უბრალოდ. თამილამ კი, რასაკვირველია, მთელ დაბას მოსდო.

რამდენიმე დღის მერე მართლა გარდაიცვალა ჩიტო ადამია.

მეორედ, სამიოდე წლის წინ, ეთერი იმნაძე დაესიზმრა. და მალევე ეთერი იმნაძეც გარდაიცვალა.

არავის აინტერესებდა, რომ ჩიტო ადამია გულის შეტევით გარდაიცვალა, ეთერი იმნაძეს კი ოთხმოცდაჩვიდმეტი წელი შესრულებოდა და უკვე კარგა ხნის მანძილზე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მოსახლეობისათვის მისი სიზმრები საკმარისი იყო იმისათვის, რომ წინასწარმეტყველისა და გრძნეულის იარლიყი მიეკერებინათ მისთვის. ამიტომ არიდებდა ბევრი თავს.

მაგრამ არაუშავდა, რადგან თვითონაც ერიდებოდა მათ.

თამილა კი, იმის მერე, ყოველ ჯერზე, როცა თავის სიზმარზე რამეს იტყოდა, თუნდაც ყველაზე იდილიური რამ ენახა, ჩაეძიებოდა, ვინმე ხომ არ გინახავსო. მერე კი მოჰყვებოდა, ბებიაშენი ელეონორა წინასწარმეტყველი იყო, ყოველთვის იცოდა, ვის რა დაემართებოდაო.

ყოველთვის თავს უკანტურებდა ლეილა, მოუყრუებდა. ბებია ელეონორა რომ ცოტა შეშლილი იყო, ამაზე სიტყვას არ ძრავდა, რასაკვირველია.

თავის სიზმრებზე უკვე ორი წელი გახლდათ, რაც არაფერს ეუბნებოდა თამილას.

-არ დამსიზმრებია მამაშენი. – თქვა მან ბოლოს. – ხანდახან აღარც მინდა რამე დამესიზმროს.

-კარგი, კარგი, ხო. – ხელი აუქნია ცაცამ. –  ბიბლიოთეკაში წამომყვები?

-კარგი, წამოგყვები. – უთხრა ლეილამ. – ისე, მეგონა რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაჭამე უკვე.

-იქნებ მოხდა სასწაული და ახალი წიგნები მოიტანეს. – მხრები აიჩეჩა ცაცამ, თავი უკან გადაეგდო. თვითონაც აიხედა ლეილამ, ტირიფის ფოთოლთა შორის აკაშკაშებულ მზესა და ლურჯი ცის ნაგლეჯებს შეაცქერდა.

-ცხელი ზაფხული მოვა. – თქვა ლეილამ.

ცაცას არაფერი უპასუხია.

-ალბათ გვალვაც იქნება. – დაამატა ლეილამ.

ბოლოს ხუთიოდე წლის წინ იყო გვალვა. ისე დაშრა ხარისწყალი, რომ ყანებისაგან მხოლოდ გადამხმარი, ხრიოკი მიწა დატოვა. სამი კილომეტრის მანძილზე უნდა ევლო ლეილას, რომ სასმელი წყალი ამოეზიდა და სახლში წყურვილით არ დახოცილიყვნენ.

თვალები გაუშტერდა ლეილას, ტირიფის ტოტებს შორის ლურჯამთას ქედზე შეფენილ ცხვრის ფარას გაჰყურებდა.

მერე კი დაინახა.

თვალი ჰკიდა, თუ როგორ მოაგელვებდა ერთ-ერთი მწყემსი ცხენს იალაღიდან ყანებამდე მომავალ საცალფეხო ბილიკზე. ჩამოაღწია ცხენოსანმა, შარაგზა ააბდღვირა.

თვალები მოჭუტა ლეილამ, შეეცადა მისი სახე გაერჩია.

შავი თმა ჰქონდა ცხენოსანს, ტილოს მაისური და ხაკისფერი შარვალი ეცვა, ყავისფერ ულაყზე ამხედრებულიყო. ისე ამტვერილიყო ცხენის ფლოქვების ქვეშ ჰაერი, რომ ოციოდე მეტრში როცა მოუახლოვდათ, მაშინღა იცნო ლეილამ.

რატი ყარალაშვილი გახლდათ.

ყარალაშვილს არც მოუხედავს, ალბათ ვერც შეამჩნია ისინი გზისპირზე ტირიფის ტოტების მიღმა.  ხმამაღლა დაჰკიოდა და წკნელით მიერეკებოდა ულაყს.

ლეილამ და ცაცამ თვალი გააყოლეს, როცა ყარალაშვილი მთავარ გზაზე გავიდა, ალვის ხეების ვარჯის მიღმა მიიმალა.

-ამ შუადღეზე სად მიდიოდა ნეტავ? – იკითხა ცაცამ. – სულ თავის ცხვრებს არ უთანთრაშებს?

-როცა ცხვრებს არ უთანთრაშებს, ლოთი მამამისის საქმეს აკეთებს. – თქვა ლეილამ.

-რა, გგონია რამე მოხდა?

-არა, რა უნდა მომხდარიყო. ალბათ ისევ ზედმეტი დალია ჩვენმა უმაქნისმა პოლიციელმა.

-ჰოდა მისმა შვილმა ნიშადური უნდა აყნოსვინოს ისევ, რომ მოასულიეროს. – განაცხადა ცაცამ და სიცილი აუტყდა.

-ცოდოა. – თქვა ლეილამ.

-შენ რა, რატი ყარალაშვილი გეცოდება? – მოუბრუნდა ცაცა. – კაი რა. რა გაცოდებს?

-რა და ლოთი მამამისი.

-რა ყველაფერი გეცოდება ერთი შენც. დაიკიდე ეგეც და ლოთი ზურაბაც. – თქვა ცაცამ. – მურკა ხომ არ გგონია ეგენი. ეგრე ყველა საცოდავია ამ უკუღმართ ადგილას.

მძიმედ ამოიხვნეშა ლეილამ.

-მე მაინც მგონია რომ იმ შენ ბიძაშენს უნდა დაუკავშირდე და წახვიდე აქედან. – თქვა მან.

-ოჰ, კაი ერთი. – სარკასტულად მიუგო ცაცამ. – და რა გგონია, მამაჩემი მაგას დამანებებს?

-იქნება დაგიკიდოს, რომ წახვალ. რაკი წავიდა, ჩემი შვილი აღარ არისო და ეგეთები. ხო იცი რა ნაბიჭვარია, არც გამიკვირდება მისგან.

-არაა. ყველა ქვას გადააბრუნებს და მაინც მომძებნის. – მწარედ იღიმებოდა ცაცა. – იქნებ დაგესიზმროს, ჰა?

-ცაცა, სიზმრებს ვერ შევუკვეთავ ჩემ თავს. – თქვა ლეილამ. – და არც არაფერს ნიშნავს ჩემი სიზმრები, რაც იყო, დამთხვევა იყო მხოლოდ და მეტი არაფერი.

-ვიცი, ვიცი. დამაცადე ოცნება. – ამოიქშინა ცაცამ. – ისე, ხანდახან ვფიქრობ რომ ერთად უნდა წავიდეთ აქედან.

-რატომ? სად? – ჩაეკითხა ლეილა.

-რა რატომ, გინდა აქ ჩალპე? – მოუბრუნდა ცაცა. – არ მომწონს ეს ადგილი.

-რატომ?

-მობეზრებული მაქვს და იმიტომ. შენ არა?

-არა.

-გაქვს, ვიცი. არ გინდა რომ აღიარო.

-არ მაქვს. მომწონს მე ზრეა.

-მეც მომწონს. წელიწადში ერთი კვირით, დასასვენებლად.

გუნება ერთიანად წაუხდა ლეილას, თვალები გადაატრიალა. რამდენი ხანი გახლდათ, რაც ერთსა და იმავეს უჩიჩინებდა ცაცა, მის მუდამ უარყოფით პასუხს კი არაფრად აგდებდა.

არადა დიდად არ მოსწონდა ზრეა ლეილას. მისი სიმშვიდე და რუტინა ერჩივნა, მაგრამ რატომღაც ამას უცნაური, ჯერ კიდევ მისთვის გაუგებარი შფოთვა ედო ფონად. თითქოს რაღაცას ელოდებოდა, მაგრამ ვერ გარკვია, რას.

ზენიტს გადასცდა მზე. საშინლად აჭერდა, სულშემხუთავი პაპანაქება იდგა, ჩრდილშიც კი იგრძნობოდა. ჩაჩუმებულიყვნენ ჩიტები, გლეხები და ტრაქტორიც, მხოლოდ კუტკალიები დაამღერებდნენ ხორბლის მღელვარე ზღვაში.

კიდევ ერთხელ მოიწმინდა სახელოთი ოფლი ლეილამ.

-კარგი, ადექი. გვეყოფა ლაპარაკი. – თქვა მან, თოხს დაებჯინა, მძიმედ წამოიწია ფეხზე.

ცაცას უკმაყოფილოდ გაებუსხა ტუჩები, მაგრამ მაინც წამოდგა, ტომარას სტაცა ხელი და ყანისაკენ გაალაჯა.

მას ფეხდაფეხ მიჰყვა ლეილა.

და ნაშუადღევის მცხუნვარე მზის ქვეშ განაგრძეს ყანის გამარგვლა.

.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

მოღრუბლულიყო და ივნისისათვის შეუფერებელი სიგრილე იდგა ჰაერში.

გარიჟრაჟის მზის ყვითელ პირველ სხივებს ჯერ კიდევ ვერ მოეღწიათ მიწამდე, რადგან რუხ, საავდრო ღრუბლებს დაეფარათ აღმოსავლეთით ცა. ქარი უბერავდა, და იზნიქებოდა ავდრის მომასწავებელ, გარიჟრაჟის შუქჩრდილში გაცრეცილი ხორბლის აღელვებული ზღვა. მამალი გაჰყიოდა, და ლურჯამთაზე შეფენილი ცხვრები ხმამაღლა ბღაოდნენ, მათ რამდენიმე ძაღლი და ერთი ცხენოსანი ყარაულობდა, რომლებიც თითქმის მთლიანად შეებურა ნისლს.

დაიხარა ლეილა, სარეველა ტომარაში ჩააგდო. გათოხნილ ნაკვეთს გადახედა, ოფლში გაწურულმა.

ოთხი დღე დასჭირდა მთელი ყანის გათოხნასა და გასუფთავებას. ალბათ ერთ კვირამდე დასჭირდებოდა კიდეც, ცაცა რომ არ დახმარებოდა.

დღეს არ დაუხვდა აივანზე ცაცა. ალბათ სახლში ჰქონდა საქმე.

ტომარას თავი მოუკრა ლეილამ. ქოშინით მიათრია ტირიფამდე, იქვე მიაგდო. მერე წაიღებდა სახლში. ცას ახედა, დოინჯშემორტყმულმა.

რუხი ღრუბლები მოიწევდნენ აღმოსავლეთიდან. სიგრილისა და წვიმის სუნი იდგა ჰაერში.

ყანის მორწყვა არ მოუწევდა. წვიმას დაელოდებოდა, მერე კი დაიწყებდა დარგვას.

ცოტა ხანი უბრალოდ იდგა. ცივ ქარს გრძნობდა თმაში და გაოფლილ, გახურებულ კანზე, ხერეშის მთაზე წმინდა გიორგის ეკლესიის ალაპლაპებულ სახურავსა და მის ქვეშ დაშვებულ სალ კლდეს გაჰყურებდა.

ის იყო, თოხი უნდა ამოეღლიავებინა და ტომარა მოეკიდებინა ზურგზე, რომ ძაღლების ხმამაღალმა ღავღავმა შეაკრთო. ლურჯამთაზე შეფენილ ცხვრის ფარას შემორტყმული ძაღლები ხმამაღლა ყეფდნენ, და ჩამოწოლილ ნისლში ძლივს გაარჩია ლეილამ, თუ როგორ ჩამოქვეითებულიყო მწყემსი, ერთ-ერთ ცხვართან ჩაეჩოქა.

ალბათ მოხდა რამე.

ცოტა ხანი ჭოჭმანობდა ლეილა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია. სახლში თამილას მეტი არავინ ელოდა.

ტირიფის ზროსთან მიაწყო სარეველებით გამოტენილი ტომარა და თოხი. ასე ალბათ ვერავინ შეამჩნევდა, მერე კი ლურჯამთისაკენ ამავალ საცალფეხო ბილიკს დაუყვა.

მთის ფერდს რომ შეუდგა, თითქოს უფრო მძლავრად შემოუბერა გაციებულმა ქარმა და გასქელდა ნისლი. გაჭირვებით არჩევდა მინდორზე შეფენილ ცხვრებს, მოღავღავე ძაღლებსა და მწყემსს, რომელიც ცხვარს მომცრო საჩეხესკენ მიათრევდა.

მათ თავზე მიწევდნენ რუხი ღრუბლები. სადღაც, შორს, გაიელვა, რასაც გამაყრუებელი ქუხილი მოჰყვა.

უფრო ხმამაღლა ატეხეს მისი მოახლოებისას ძაღლებმა ყეფა, მაგრამ არ მიაქცია ნაგაზებს ყურადღება ლეილამ, იცოდა რომ არაფერს დაუშავებდნენ, პირდაპირ მწყემსისა და იმ ცხვრისაკენ აიღო გეზი.

ნაძვთა მომცრო კორომთან იდგა ძალიან პატარა და აშკარად სახელდახელოდ აგებული საჩეხე. კედლებში ფიცრები დამსკდარიყვნენ, ხავსი მოსდებოდა დაბზარულ კრამიტს. მოღრეცილიყო კარი, რომელიც ისე თრთოდა და ჭრიალებდა ანჯამებში ქარის თითოეული წამობერვისას, თითქოს ახლა მოსწყდებაო. შიგნით თივა გაეფინათ, შემოღობილშიც რამდენიმე მოზრდილი, ოქროსფერი ზვინი ეგდო.

ღობესთან შეყოვნდა ლეილა.

რატი ყარალაშვილი ეჯაჯგურებოდა ცხვარს. ცდილობდა ადგილზე გაეკავებინა, და მის კუდამდე მიეწვდინა ხელი, მაგრამ ხმამაღლა ბღაოდა ცხვარი, წამდაუწუმ ხელიდან უსხლტებოდა.

მშობიარობდა ცხვარი აშკარად. ვეებერთელა მუცელი და სავსე ჯიქანი ჰქონდა, მისი საშოდან გამოჩრილ პატარა ჩლიქს ხედავდა ლეილა.

რატი ყარალაშვილს თავი აეზიდა და პირდაპირ მას შეჰყურებდა, წარბშეკრული, თან ცდილობდა ცხვარი შეეკავებინა.

უხერხულად შეიშმუშნა ლეილა, ფეხი მოინაცვლა.

უფრო ძლიერად წამოუბერა ქარმა, გაწოლილი ბალახი ააშარიშურა, ნაძვის ხეების ზროები დაზნიქა და წვივები შეათრთოლა. ძაღლები ხმამაღლა ღავღავებდნენ, რასაც საავდრო ღრუბლებში წამიერი გაელვება და გამაყრუებელი ქუხილი დაემატა.

ყარალაშვილი თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა.

-ხმა გავიგონე და ამოვედი. – თქვა უცებ ლეილამ, სიჩუმე ვეღარ აიტანა.

-აჰა. – თქვა ყარალაშვილმა, ისევ ისე, გამომცდელად დაშტერებოდა, ახედ-დახედა, თითქოს პირველად ხედავსო.

გასაგებიც გახლდათ. მხოლოდ შორიდან იცოდა ლეილამ, თუ ვინ იყვნენ ყარალაშვილები, რატი ყარალაშვილს ალბათ წლების წინ თუ გამოლაპარაკებოდა, ისიც გაკვრით.

ყურისწამღებად ბღაოდა ცხვარი და მას ყეფით აჰყოლოდნენ ძაღლები.

-მე ლეილა ვარ. – თქვა ბოლოს ლეილამ. – ნემსაძე. აი… ბიცოლაჩემი თამილაა, ალავიძე…

-ვიცი ვინც ხარ. – გააწყვეტინა რატი ყარალაშვილმა.

წამიერად არაფერი უპასუხა ლეილამ, ცხვრისკენ აიქნია თავი.

-უჭირს?

-უჭირს. – მიუგო ყარალაშვილმა. – გაგეგება რამე?

-ასე თუ ისე. – თქვა ლეილამ. – ჩვენს ძროხას შარშან მძიმე მშობიარობა ჰქონდა…

-მოდი მაშინ. – თქვა ყარალაშვილმა. – დამეხმარე. მე გავაკავებ.

სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ლეილა. ცხვრის გვერდით დაიჩოქა რატი ყარალაშვილმა, მთელი ძალით მოეხვია მკლავები, განძრევის საშუალებას არ აძლევდა. სახელოები დაიკაპიწა ლეილამ და საშოდან გამოჩრილ სველ, სისხლიან ჩლიქს ხელი მაგრად ჩაავლო, ფრთხილად დაქაჩა.

მეორე ჩლიქიც გამოჩნდა მალე. ხან ერთს ეწეოდა ლეილა, ხან მეორეს, და გამწარებული ბღაოდა ცხვარი, სანამ სისხლში მოსვრილი, პაწაწინა ბატკანი არ დაეხეთქა რბილ, გატკეპნილ ბალახზე.

ქოშინით დაიხია უკან ლეილამ. ცხვარი ჩაჩუმდა, განაბული იწვა, სწრაფად ებერებოდა სუნთქვისას მუცელი. ბატკანი ფართხალებდა, თავის წამოწევას ცდილობდა.

წამოიმართა რატი ყარალაშვილი, წელში გასწორდა. გაოფლილიყო, გულსა და მკლავებზე მიჰკვროდა ტილოს მაისური, შავი, მოგრძო კულულები ჩამოჰყროდა შუბლზე, წვერიანი იყო. მუქი, გამჭოლი თვალები ჰქონდა, უცნაურად შემოჰყურებდა.

-მადლობა. – თქვა მან ბოლოს, დაიხარა, ბატკანი ფრთხილად აიყვანა ხელში, შეეცადა საკუთარი სახელოთი მისი დრუნჩი სისხლისა და ლორწოსაგან გაესუფთავებინა.

-არაფრის. – უპასუხა ლეილამ, გაზეპილი ხელები შარვალზე შეიწმინდა, მიმოიხედა. – სხვები სად არიან?

-სხვაგან. – თქვა ყარალაშვილმა.

-მარტო დაგტოვეს?

-რატომ მეკითხები? – კითხვა შეუბრუნა ყარალაშვილმა. წარბები შეეკრა, უნდობლად შეჰყურებდა და ერთიანად მოიჭმუხნა ლეილა.

-რამდენიმე ხართ ხოლმე და იმიტომ. – წაიბუტბუტა ბოლოს.

-ყოველთვის არა. – მიუგო ყარალაშვილმა, აფართხალებული ბატკანი უფრო კარგად დაიჭირა ხელში და მიბრუნდა, საჩეხეს მიაშურა. ძაღლები წკმუტუნითა და ღავღავით აედევნნენ უკან.

კიდევ ერთხელ გამაყრუებლად იქუხა და იგრძნო ლეილამ, თუ როგორ დაეცა თავზე წვიმის წვეთი.

რატი ყარალაშვილს, რომელიც ბატკანს გასათბობად თივაში აბინავებდა, თვალი აარიდა და შეტრიალდა, ლურჯამთიდან ჩამომავალ საცალფეხო ბილიკს დაუყვა.

ჯერ ნელა მიდიოდა. მერე კი ნელ-ნელა აუჩქარა ნაბიჯს, ყანებამდე რომ ჩააღწია, მირბოდა.

ქარი თავთავებს გლეჯდა, ხმამაღლა სტვენდა მის ყურებში და ახლაღა შეამჩნია ლეილამ, თუ როგორ გაციებულიყო მის ზურგზე მიკრული ნოტიო მაისური. გააკანკალა, შემცივნულს.

ქარში ტკარცალებდა მისი აწეწილი თმა, და მალ-მალე წკაპა-წკუპით ეხლებოდნენ ამტვერებულ შარაგზას წვიმის წვეთები, ნელ-ნელა გახშირდნენ, სანამ მხრები და შუბლი ერთიანად არ დაუსველდა ლეილას. შუბლზე ხელები უნდა აეფარებინა, რომ კოკისპირულ წვიმაში რამე დაენახა.

ტირიფამდე რომ ჩაირბინა, უკვე შიშინით ეხეთქებოდა თქორი დამსკდარ, დამშეულ მიწას, თითქოს ცა ჩამოსულიყო მიწაზე. რუხ ღრუბლებს დაეფარათ ცის კამარა, გასქელებულიყო ლურჯამთაზე ჩამოწოლილი ნისლი და წამდაუწუმ ელავდა, რასაც ყურისწამღები გრუხუნი სდევდა თან.

არაქათი გამოლეოდა აქოშინებულ ლეილას, მაგრამ ვერ დაელოდებოდა გადაკარებას, სახლში უნდა მისულიყო.

რა უნდოდა, ლურჯამთაზე რომ ავიდა? ხანდახან უდროო დროს ჯაბნიდა ცნობისმოყვარეობა. უბრალოდ არ უნდა მიექცია ყურადღება ძაღლების ყეფისათვის, ცხენოსნისათვის და სახლში წასულიყო. რატი ყარალაშვილი ასე თუ ისე გამოცდილი მწყემსი გახლდათ, ალბათ მოახერხებდა მარტო გამკლავებოდა ერთი ცხვრის მშობიარობას.

მაგრამ არა. თვითონ უნდა ასულიყო იქ და ენახა რა ხდებოდა, რასაკვირველია. თითქოს საქმე მეტი არაფერი ჰქონდა. მერე კი რაღაც სისულელეები უნდა წამოეროშა.

გამაყრუებლად იქუხა და ფიქრებიდან გამოფხიზლდა ლეილა. ერთიანად კანკალებდა, ტირიფის სქელ ვარჯს გამოპარული თითოოროლა წვიმის წვეთი დაეცა მხრებზე. ტალახში მოსვრილ რეზინის კალოშებში წაყოფილი ფეხები გაჰყინვოდა.

ტომარა თავზე შემოიდო ლეილამ, ცალი ხელით შეიმაგრა, მეორე ხელით კი თოხი ამოიღლიავა.

მერე კი კოკისპირულ წვიმასა და ყურისწამღებ გრუხუნში აუყვა ზრეას მთავარ გზას.

13 thoughts on “მირაჟი (თავი 1 – პროლოგი)

  1. როგორ მიხარია ხოლმე რამე სიახლე როცაა შენგან. რაღაც უცნაური და საინტერესო ჩანს. ჯერჯეროფით წარმოდგენის შექმნა რთულია თუმცა ცაცა დიდი ტიკტიკა უნდა იყოს. ლეილა კიდევ ანდამატივითციზიდავდეს ხიფათს და კიდევ აი ამ ბიჭს ამ თავის ბოლო ნაწილში რომ დაეხმარა.❤️

    Like

    1. უღრმესი მადლობა, გენაცვალე 🤩🤩💛💛 ეს ძალიან პააატარა შესავალია, და ერთი სული მაქვს სანამ უკეთ გაიცნობთ ყველას 🥰🥰💛💛💛

      Like

  2. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი წერის სტილი გაქვს ლინდა ^^ იმდენად შეცვლილი ხარ როგორც მწერალი, რომ არც კი ვიცი რა გითხრა, ბევრად უფრო დახვეწილი ხარ და უფრო და უფრო განსხვავებულ ჟანრს ეჭიდები ❤
    სასიამოვნო იყო ახალი პერსონაჟებისა და გარემოს გაცნობა, ვგრძნობ წინ კარგი რამე-რუმეები მელოდება და ძალიანაც აჟიტირებული ვარ ^^
    მიხარია დეტექტივის ჟანრს, რომ შეეჭიდე, რადგან ვიცი რომ ესეც არაჩვეულებრივად გამოგივა ^^
    შემეცოდა მურკა-კატუნია, თუმცა ალბათ მისი სიკვდილი საჭირო იყო იმისთვის, რომ წინ უფრო საინტერესო ამბებისთვის გაეღო კარები…
    დამაინტერესა ბატონმა რატიმ და ქალბატონმა ლეილამ და მომავალ თავებში უკეთ გავეცნობი მათ ^^
    პ.ს. ცაცა წინასწარმეტყველო, პატივს გცემ, ვნახოთ როგორ გაამართლებენ შენი სიტყვები!
    პ.ს.ს ლინდა, საოცარი გოგონა ხარ, საოცარი წერის სტილით და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არასდროს მიცრუებ იმედებს, ყოველთვის შენს საუკეთესო შედეგს დებ! ამიტომ ათასჯერ და ათიათასჯერ დიდი მოლოდინით ვარ შენი ახალი ისტორიის მიმართ ^^
    მიყვარხარ ლამაზო, პუფუნფულავ და წარმატებები ახალი ისტორიის შექმნაში ^^

    Like

    1. პირველ რიგში უნდა ვთქვა რომ გყვარობ და ვსო რა 🤩🤩💛💛💛 ძალიან ძალიან დიდი მადლობა 🤩🤩💛💛
      ოო, ეს ძაან პაწუა შესავალი იყო, ისეთი ჩახლართულობებია წინ რომ მეც მიჭირს ჯერჯერობით გარკვევა 🤣🤣💛 ვიმედოვნებ ძალიან რომ გამომივა 💛💛
      კიი, ლეილა, რატი და ცაცა ბლომად იქნებიან შემდეგ თავში და იმედია მოგეწონებიენ 🥰💛
      და კიდევ ერთხელ ძალიან ძალიან დიდი მადლობა, საყვარლენკიკი ხარ და მიღვარხარ 🤩💛

      Liked by 1 person

  3. აუუუ ძალიან მომეწონა ლინდუ😍😍 საინტერესოდ დაიწყო ყველაფერი. ულამაზესი გარემო გაქვს შექმნილი, ძალიან მისტიკური და ამავდროულად მყუდრო🥰 თვითონ პერსონაჟებიც მისტიურები არიან. თუნდაც ლეილა და მისი სიზმრები, ან კატის უჩვეულო სიკვდილი. ყველა სოფელს აქვს ერთი ასეთი საშიში ისტორია რაღაც არსებაზე და აქაც რომ შემხვდა ძალზე მომეწონა😍 ცაცაც მომწონს. განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ ისტორიას🥰 თან ბერვი დიალოგებია, რაც სიუჟეტს უფრო შლის და უფრო საინტერესოს ხდის😍 შენ რომ უნიჭიერესი ხარ და განსაკუთრებული წერის სტილი გაქვს ამაზე ორი აზრი არ არსებობს😍 ველოდები მოვლენების მისტიკურად განვითარებას🤗💜💚💜💚

    Like

    1. ქალუ 🥺🥺🥺🥺 ისე მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა 🥰💛💛
      ოოოო, მიხარია რომ მისტიკურობა დაეტყო უკვე გარემოააც და პერსონაჟებსაც 💛 მინდოდა იდუმალი ყოფილიყო ზრეაც და მისი ბინადრებიც თავიდან, და კარქია თუ ასე თუ ისე გამოვიდა 💛💛
      ცაცა მეც ძალიან მომწონს და ვაპირებ რომ საკმაოდ დიდი როლი ჰქონდეს 🤩🤩💛
      ჩემ თავს დავპირდი რომ დიალოგებზე მეტს ვივარჯიშებ და ვნახოთ, იმედია გამოვა 🥰🥰💛💛💛
      ბოლოში ავჩუყდი 🥺🥺🥺🥺🥺 შენგან რომ მესმის ეგ აი სს გ გგხდჰცცბნნც
      გყვარობ და მიხარიხარ, გენაცვა, დიდი მადლობა! 🥰🥰🥰🥰💛💛💛💛

      Like

  4. გადავფიჩინდი🤣🤣🤣რაც მე ვეძებე სულ დამავიწყდა რა უნდა დამეწერა🤦მერე იმ მკითხველებზე ნერვები მეშლება “იიი ვერ გიპოვეე” რომ წერენ…თუ მინდა ვიპოვო და მოკლედ უფ…
    აუ ეხლა ისტორია,ცალი თვალი ხო აქეთ მქონდა და წინა კბილებით ბავშვს ვუღრენდი…წაიკითხეე…(გაკვეთილი რა თქმა უნდა) შეწუხდა და შენ მანდ უყურე შემეშვიო.
    ჩემო გოგო მე რომვიცი და შენც რომიცი უნიჭიერესიხარ და ეს ჰაერში გაფანტილი სიტყვები არააა რადგან ტყუილს არასდროს ვამბობხოლმე..წლებია ვკითხულობ შენს შემოქმედებას და ჩემთვის ყველა ისტორია ჩვეულებრივი ნიჭის ზეიმია…დედას გეფიცები,რომლითხულობ და ღიმილს ვერ იშორებ სახიდან რადგან ძალიან მაგარ რაღაცას კითხულობ..
    არ ვიცი..მიხარია რომ გვყავხარ და მიხარია რომ საერთოდ აღმოგაჩინე ქლების უკან❤️❤️❤️გეტრფი.
    ჰო ისტორიათქო და გადავუხვიე ისევ…რაღაც კარგი იწყება..საინტერესოა,ზოგადად ვგიჟდები ასეთ თხრობის სტილზე..შესანიშნავად,უნაკლოდ რომ აღწერ გარემოს და კითხვის დროს იცი იქ ხარ..გვერდიდან უყურებ ყველაფერს და თუთქოს შენს თვალწინ ხდება ეს მივლენები.ჯერ ჯერობით ვერაფერს ვიტყვი რადგან პირველი თავია და რომიცია ეს მომწონს..ამას ვგულშემატკივრობ..აუუ ესენი ერთადმინდა🤣🤣🤣🤣აი მაგაზე მფოთლავს ჩვეულებრივად…
    ჰოდა…დაველოდები გავარკვიოთ რა მოკლა კატა…და დარწმუნებული ვარ მარტო კატაზე არ იქნება და წინ ძაან დიდი ამბები გველის..ისე მარგომ იკითხა და მეც დამაინტერესა ეს ადგილები მართლა არსებობს?🤔
    აი აბდაუბდად დავწერე 🤣🤣🤣🤣მაგრამ მერე ნახე ჩემი აზრების ფრქვევა რომ გახურდება ამბები.
    ❤️❤️❤️❤️❤️❤️
    გელოდებიიი…
    და კიდე ერთხელ ჩემი ოქროს გოგოები ხართ შენ და მარგარეტი.

    Like

    1. ვაიმე მოგიკვტი ქალუ 🤣🤣🤣 მესმის შენი, ვორდპრესი ძაან ნამეტნავად ურევს ხოლმე 🤣🤣🤣
      პირველ რიგში უღრმესი მადლობა შენ 💛 მესმის რომ ძალიან დაკავებული ხარ და მიხარია რომ დრო გამონახე 💛💛
      ვიცი რომ ცოტა მეტი დრო დასჭირდება, საკმაოდ ცოტა რამ მოხდა ამ თავში და მინდოდა შესავალი ყოფილიყო მხოლოდ ნიუ 🥰 ნამეტანი ჩახლართული რომ იქნება და თითოეულ დეტალებს რომ ძალიან დიდი დატვირთვა ექნება, მაგას კი ვიტყვი 🤣💛💛
      ადგილები არ არსებობს, ყველა გამოგონილია 💛 სახელების შეთხზვას უფრო მეტი დრო დავახარჯე, ვიდრე სიუჟეტის მოფიქრებას 🤣🤣
      კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა შენ, ქალუ 💛💛💛💛

      Like

  5. ძალიან ლამაზად იკითხება ❤️
    ყველა დეტალი,ფერი,გარემო,ამინდი ისე უხდება ერთმანეთს და იმდენად სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს კითხვისას,ვერ გეტყვი.
    ფისო კი მეცოდება,მაგრამ დავისვენე კითხვისას .არ ვიცი რა მოხდება,მაგრამ პატარა თეარპიის სეანსია ჩემთვის ეს ამბავი.🌞 ლეილას პერსონაჟი უკვე ძალიან მომწონს .შენი ქალი გმირების ძალიან ღირებულ მახასიათებლებს ატარებს,დაუზარელი და ჭკვიანი ადამიანია და თან ისე მაქვს მონატრებული შენი სტილი ,რომელიც მგონია ამ ნაწარმოებში ძალიან იგრძნობა,სულ გაბადრული ვკითხულობდი ❤️

    Like

    1. გენაცვა 💛💛💛 ძალიან მიხარია რომ მოგწონს აღწერები და მიუხედავად ჟანრისა, თერაპიის სეანსად აღიქვამ 🥰🥰 დაძაბული და მძიმე კი იქნება დეტექტიუქი ჟანრიდან გამომდინარე, მაგრამ იმედი მაქვს რომ მაინც დატოვებს სასიამოვნო შეგრძნებას 🥰🥰💛💛 ოო, მიხარია რომ მოგწონს ლეილა, მალე ცოტა უფრო უკეთ გავიცნობთ და ვნახოთ 😏😏🫣🫣😆 უღრმესი მადლობა რომ დაინტერესდი, წაიკითხე და აზრი გამოხატე! 🥰🥰🥰💛💛💛💛

      Like

  6. აი იცი როგორი ისტორიაა აი ბავშობაში მახსოვს რაღაც ესეთ მყუდრო რაღაცნაირად მისტიკურს ფილმებს რო ვუყურებდი ან წიგნებს ვკითხულობდი და ძან დიდი ხანია იგივე შეგრძნებები არ მქონია რაც მაშინ ბავშობაში და ახლა ამ ისტორიით უცებ ისეთი ნოსტალგია მქონდა თითქოს ძან ნაცნობი და საყვარელი აი თავი სახლში რო გგონია ეგეთი ვაიბები წამოიღო ძანნ🥺🥺🥺 ისტორიას რაც შეეხება ცაცაზე გავგიჟდი ძან კაი გოგო ჩანს საინტერესო დაუღალავი რაღაც თბილი მეგობარი ლეილაზე კიდე ვგონებ ძან დიდი ამბები იქნება თავის სიზმრებიან ყველაფრიანად 😍😍 ბატონი რატის პერსონაჟიც ისეაა აღწერილი რო ასე მგონია ეგეც დატოვებს თავის კვალს 😁❤️ ის ცალთვალა რეზოც ისეა გარიყულივით ალბათ ეგეც გამოჩნდება სხვა კუთხით, აი იფლიჰემი ისეთ ადგილს გავს აი ჰარი პოტერში რო ბავშვები მიჰყავდათ ხოლმე სხვაგან ❤️ აუ ძან მომეწონა და ძან ველი❤️❤️❤️

    Like

    1. აუუუუ 🥺🥺💛💛💛 ძალიან მიხარია რომ ეგეთი შეგრძნებები მოიტანა 💛 ძალიან მინდოდა რომ მისტიკური ვაიბები ჰქონოდა და ამიტომ უზომოდ გამახარე! 🥰 ცაცა მართლა ძალიან კარგი გოგოა, მასაც და ლეილასაც მალე ბევრად უკეთ გავიცნობთ, ბატონ რატისაც დიდი როლი ექნება ამ ყველაფერში 🤩🤩💛 ოოოო, ცალთვალა რეზოს რომ მიაქციე ყურადღება კარქია, სწორი მიმართულებით მიდიხარ 😌😌🧐🧐 იფლიჰემზე რაც თქვი აი არ ვიცი, გავთბი მოკლედ ნიუ 🥺🥺🥺💛💛💛 უღრმესი მადლობა შენ წაკითხვისა და ასეთი თბილი სიტყვებისათვის! 🥰🥰🥰💛💛💛💛💛

      Like

  7. ძალიან მომწონს და ისეთი დასაწყისია უსათუოდ ბევრ საინტერესოს რომ პირდება მკითხველს😍😍ცაცა რა საყვარელია – იქნებ დაგესიზმროს,ჰა? 🤣🤣

    Like

Leave a reply to natsumeku კომენტარის გაუქმება