მზესუმზირები (ნაწილი 8 – ეპილოგი)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მერვე ნაწილის თემა

IX – PTP

-*-*-*-*-*-*-*-

– 22.05.2025 –

15:14.

პირველი რეანიმაციული განყოფილების მეორე მხარეს ხმამაღლა, გულისგამაწვრილებლად წრიპინებდა მონიტორი. ვიღაც ახლადმოყვანილი, აშკარად მთვრალი პაციენტი ღრიალებდა, ლოგინიდან გადმოძრომას ცდილობდა და ცხრასართულიანი გინებით ამკობდა ყველა გარშემომყოფს, ძლივს აკავებდა ორი ჩაფსკვნილი დაცვის თანამშრომელი.

ქეთიმ კიდევ ერთხელ ჩაბერა აბუყბუყებულ ბოთლში, თან ინტერესით ადევნებდა თვალს, თუ როგორ გაუკეთეს კაცს კუნთში დამამშვიდებელი.

ერთ-ორ წუთში დაწყნარდებოდა ალბათ.

-ქეთი, გენაცვალე, აქეთ მოიხედე, გეთაყვა! – დღეს უკვე მეოთხმოცედ ჩაესმა პირველი რეანიმაციული განყოფილების, ქეთის მოკრძალებული აზრით, თითქმის ზედმეტად გულმოდგინე ფიზიოთერაპევტის ხმა. – ხომ გახსოვს, ვარჯიშების დროს როგორ უნდა იჯდე?

-მახსოვს, სალომე, მახსოვს. – ამოიხვნეშა ქეთიმ, დოინჯშემორტყმულ სალომეს მოუბრუნდა, წელსა და მხრებში გაიმართა, გულმოდგინედ ჩაბერა ბოთლში, რომელმაც უფრო ხმამაღალი ბუყბუყი ამოუშვა.  

იჯდა ქეთი ლოგინის კიდეზე, თავის განუყრელ მოცისფრო ხალათში გამოწყობილი, თმა ცხენის კუდად შეეკრა კეფაზე და ფეხებს აქანავებდა.

დღეში ხუთჯერ აკეთებდა ათ-ათ ჩაბერვას სასუნთქი გზების სავარჯიშოდ. არც ერთი დღე არ გაეცდინა. მთელი თვის მანძილზე უკვე.

თუმცა არც უნდა გაჰკვირვებოდა, რადგან მთელი ცხოვრება, ექიმის იქნებოდა ეს თუ პაციენტის, კლინიკაში საკმაოდ მკაცრ, ორგანიზებულ რუტინას წარმოადგენდა.

დილით ექვს საათზე აღვიძებდნენ, რომ ანალიზები აეღოთ. დღეში ოთხჯერ კვებავდნენ, სანიტარი ოლგა მონდომებით ატენიდა საავადმყოფოს სამზარეულოში შეთითხნილ უგემურ ფაფებსა და სუპებს ბოლო ლუკმამდე. ინტენსიური ფიზიოთერაპია ჰქონდა დანიშნული ქეთის, თავიდან მხოლოდ ბოთლში ჩაბერვისა და ლოგინში მცირეოდენი ვარჯიშების გაკეთების თავი ჰქონდა, თავისი საშინლად დასუსტებული კუნთების გამო, მაგრამ სალომეს მზრუნველი და მომთხოვნი ხელის ქვეშ იმდენი მოახერხა, რომ ფეხზეც შეძლო გავლა ერთი კვირის წინ.

ნარკოზიდან გამოყვანის შემდგომი ერთი კვირა ბუნდოვნად ახსოვდა ქეთის. თითქოს სასიამოვნო, ღრმა ძილიდან გამოცურდა, რომლის დატოვება არაფრით უნდოდა. უკან ჩამოიტოვა ბნელი, კომფორტული სიცარიელე, სადაც მხოლოდ უმასო სივრცის პაწაწინა ნაწილაკი იყო და იძულებული გახდა მისი ახალი რეალობისათვის თვალი გაესწორებინა.

პირველი მის თავზე გადმოხრილი ეკა ექიმის სახე ახსოვდა, რომელიც დაყვავებით ამცნობდა, რომ ახლა საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომ დიდი ხნის მანძილზე ეძინა, რომ პირველი მაისი იყო იმ დღეს.

რომ ოპერაცია გაუკეთეს. ფილტვები გადაუნერგეს.

დაჯერება გაუჭირდა ქეთის.

ადრე ღრმად სჯეროდა იმისა, თითოეული თავისი უჯრედით, რომ დონორს ვერ ეღირსებოდა. დარწმუნებული იყო იმაში, რომ მალე მორჩებოდა მისი ცხოვრება.

თავიდან ეშინოდა. მერე კი, იმის მიუხედავად, რომ შიში არსად გამქრალიყო, მაინც შეეგუა ამ აზრს.

თუმცა, გამოღვიძებისთანავე უნდა მიმხვდარიყო.

რადგან სადღაც გამქრალიყო ის აუტანელი სიმძიმე, ის შინაგანი, საშინელი ტკივილი, რომელიც მუდამ სწიწკნიდა, თითოეულ ამოსუნთქვას ხელს უშლიდა.

მაგრამ მაინც ვერ დაიჯერა თავიდან.

მხოლოდ გამოღვიძებიდან რამდენიმე საათში, როცა მის გულმკერდზე მოხვეული საფენები უნდა გამოეცვალათ, ჭრილობის დანახვისას დაიჯერა.

მკერდის ქვეშ, ერთი გვერდიდან მეორემდე გადაჭიმვოდა უშველებელი, კიდეებშეწითლებული, გასიებული ჭრილობა.

საშინელი სანახავი იყო.

და საშინლად სტკიოდა.

განძრევასაც კი ვერ ბედავდა, სანამ კვლავ არ შეუხვიეს.

ყელზეც ჰქონდა ჭრილობა, სადაც, ეკა ექიმის თქმით, სასუნთქი მილი ჰქონდა ჩადგმული. კუნთები ისე დასუსტებოდა, რომ განძრევაც კი უჭირდა. კიდურები ერთიანად დალილავებოდა.

მისი სახე დაანახეს სარკეში სანიტრებმა, როცა მწოლიარეს გაზიპულ თავს  შეძლებისდაგვარად ბანდნენ, და საკუთარი თავი შეეზარა ქეთის.

საშინლად გაფითრებული, თავის ქალაზე მჭიდროდ გადაკრული, გამშრალი, აქერცლილი კანი. ჩაცვენილი, ამოშავებული უპეები. საშინლად გამოკვეთილი ყვრიმალები და ყბის ძვლები.

უშნოდ ამოჩრილი მხრების სახსრების ბურთები, ლავიწის ძვლები, ნეკნები და თითოეული კუნთის თვალსაჩინო მოძრაობა მის გაწვრილებულ ყელში.

შემზარავი სანახავი გახლდათ.

მაგრამ სუნთქვა შეეძლო.

აღარ ახველებდა სისხლსა და ლურჯ ვარდებს.

აღარ ჰქონდა ჰანაჰაკის დაავადება. თითქოს კოშმარიდან გამოიღვიძა. 

მისი ახალი ფილტვები სუნთქავდნენ. მხოლოდ ორიოდე ლიტრი ჟანგბადი სჭირდებოდა ბოლო კვირის მანძილზე, ეკა ექიმი იმედოვნებდა რომ მალე ჟანგბადის გარეშეც შეძლებდა ყოფნას.

თავიდან რამდენიმე დღე უბრალოდ იწვა. ცდილობდა იმ აზრს შეგუებოდა, რომ ვიღაც, ეკა ექიმის თქმით, ახალგაზრდა გარდაცვლილი გოგოს ჯანმრთელი ფილტვებით სუნთქავდა.

მაგრამ რთული იყო.

ვიღაც უნდა გარდაცვლილიყო იმისათვის, რომ მისთვის ფილტვები გადაენერგათ.

ეკა ექიმი ამაზეც დაელაპარაკა. უთხრა, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო ის გოგონა, ახლობლებს გადაეწყვიტათ, რომ დონაცია გაეკეთებინათ და ამის მადლობელი უნდა ყოფილიყო.

იყო კიდეც.

-ქეთი, მგონი იყო უკვე ათი. – ჩაესმა უცებ და თვალები დაახამხამა, გამოფხიზლდა, ბოთლის მილი მოიშორა ტუჩებიდან.

-კი, იყო. – თქვა მან და ხვნეშით გადადო ბოთლი ლოგინისპირა მაგიდაზე. სალომე ძალიან კმაყოფილი შეჰყურებდა, უკვე მოეგორებინა ლოგინთან ახლოს მაღალი როლატორი.

-მზად ხარ? – ჰკითხა მან.

საპასუხოდ გაუღიმა ქეთიმ. ყოველთვის სიამოვნებდა ის ცოტაოდენი სიარული, რის ნებასაც რთავდნენ. მისი აზრით, უკვე შეიძლებოდა ნახევარ საათზე მეტი ევლო დღის მანძილზე, მაგრამ სალომე მუდმივად იმას ჩასჩიჩინებდა,  ნელი და ფრთხილი პროგრესია უნდა ჰქონდეს ფიზიოთერაპიასო.

ლოგინიდან ნელა, ფრთხილად გადმოცოცდა. ფლოსტები აითრია, გაფაფხული ხალათი გაისწორა და როლატორს დაეყრდნო მკლავებით, წამსვე ნელი ნაბიჯებით გაემართა პირველი რეანიმაციული განყოფილების გასასვლელისაკენ.

სალომეს უკვე მიეერთებინა მისი ჟანგბადის კანულის მილი კონცენტრატორზე, რომელსაც უკან მოარიხინებდა.

დერეფანში გავიდნენ. რახრახებდნენ კონცენტრატორის ბორბლები და ხმამაღლა სისინებდა ჟანგბადის დანადგარი, რასაც სალომეს ნაბიჯები და ქეთის ფლოსტების ფრატუნი ერთვოდა. თბილოდა, და ნაშუადღევის მზის ოქროსფერი სინათლე დაღვრილიყო დერეფანში, ვეებერთელა ფანჯრებში ქათქათა ღრუბლებით გადაპენტილი, უსასრულოდ ღრმა, ლურჯი ცა მოჩანდა. დერეფნის ბოლოს ერთი ფანჯარა გამოეღოთ, და ბუნდოვნად, შორიდან ესმოდა ქეთის დატვირთული ქუჩის აურზაური, რომელსაც ქარში დაზნექილი ჭადრის ხეთა ფოთლების შრიალი ემატებოდა.

დერეფნის ბოლომდე ჩაიარა, მერე კი შემობრუნდა, ხელახლა დაუყვა.

-ძალიან კარგი, ქეთი. – ამხნევებდა კმაყოფილი სალომე. – მარჯვენა, მარცხენა… ყოჩაღ, მშვენიერია.

-როლატორის გარეშე ვცდი რა? – მიუტრიალდა მას ქეთი, სალომეს იჭვნეულად მოჭუტულ თვალებზე გაეცინა. – რამდენიმე წუთით მაინც.

სალომე გამომცდელად შესცქეროდა, მერე კი მძიმედ ამოიხვნეშა.

-კარგი, ვცადოთ. – თქვა მან და გაეღიმა ქეთის, კმაყოფილებით აღვსილს. როლატორი გვერდით გადააგორეს და რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადადგა ქეთიმ ძალღონის მოსასინჯად, მერე კი უფრო თამამად განაგრძო სიარული.

-ძალიან კარგი. – კონცენტრატორის რახრახით მოსდევდა სალომე. – მუხლის ცოტა უფრო მაღლა აწევა და მხრებში გასწორება არ დაგავიწყდეს.

მითითებები შეასრულა ქეთიმ, თან ფანჯარაში გაჰყურებდა ნაშუადღევის მზის შუქით  მოცულ ჭადრის ხეებსა და ნაძვებს, რომელთა ნიავქარში მოქანავე ტოტებს შორის მალ-მალე გამომსკდარიყვნენ კაშკაშა, თვალისმომჭრელი სხივები.

მაისის თბილი, მშვენიერი დღე იდგა.

თვალები გაუშტერდა ახალგაზრდა ქალს. მზის სინათლეში გალღვნენ, გაიცრიცნენ ჭადრის ფოთლები და ქათქათა ღრუბლების ნაგლეჯებით დაფარული ცა, სანამ ნათელ ცისფერ და მწვანე ლაქებს არ ხედავდა ქეთი.

მისთვის მალე ზაფხული დადგებოდა.

ბოტანიკური ბაღის გალავანზე გამოსახული მთები და თითქოსდა ტბაზე არეკლილ სინათლეში დარწეული ველური ყვავილები წარმოუდგა თვალწინ. თოვლში დატოვებული ნაფეხურები, სადაც თვითონ უნდა დაედგა ფეხი და მის წინ აღმართული, მაღალი, თვალისმომჭრელად ქათქათა თოვლისა და მის გარშემო შემოჯარული, დაზნექილი ნაძვების ფონზე გამოკვართული მამაკაცის სილუეტი.

თვალები დაახამხამა. მზერა დაეწმინდა.

რომ გამოიღვიძა, ელოდა რომ ლევანი იქ იქნებოდა.

ნარკოზიდან გამოსვლის პირველ დღეს სანახევროდ ძილბურანში იყო და ცდილობდა ის ყველაფრის გადამატრიალებელი ინფორმაცია გაეთავისებინა, რომ ფილტვები გადაუნერგეს.

და გადარჩა.

მეორე დღეს დაიწყო გადაღლილი თვალებით პირველ რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პერსონალში ლევანის ძებნა. ეგონა, რომ მოვიდოდა.

მაგრამ ლევანი არ მოვიდა.

ერთმა დღემ გაიარა.

ორმა.

მერე ერთმა კვირამ, სამმა, შეუჩერებლად დნებოდნენ ერთმანეთში დღეები.

დრო გადიოდა, ეკა ექიმს კი არაფერი უთქვამს. არც უკითხავს ქეთის. არც არავინ ეუბნებოდა არაფერს. არადა უნდოდა ეკითხა, რამდენჯერ მოადგნენ ენაზე სიტყვები, მაგრამ უკან გადაყლაპა, მიჩქმალა ისინი.

რაღაცას ნიშნავდა ის, რომ არ გამოჩენილიყო. და არ იყო დარწმუნებული ქეთი, რომ სურდა მისი აქ არყოფნის მიზეზი სცოდნოდა.

ლევანს ალბათ თავი მოაბეზრა ბოლოს და ბოლოს თავისი ქცევით. ეს ყველაზე ლოგიკური რამ გახლდათ. იცოდა, რომ ასე ძალიან არ უნდა შეეწუხებინა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.

არასოდეს დაავიწყდებოდა ყოველ ძარღვსა და ნერვში გამჯდარი შოკი, გაციებული კიდურები და ერთბაშად გამომშრალი პირი, როცა ექოკარდიოგრაფიის კაბინეტში შეაბიჯა, კარდიოლოგი დაინახა, ვისაც მისთვის გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა და მასში ის, წლების წინ, მისი პირველი ეპილეფსიური კრუნჩხვის შედეგად გამოძახებული ახალგაზრდა სასწრაფოს ექიმი ამოიცნო.

არ დავიწყებოდა ის ექიმი. ხშირად ეფიქრებოდა მასზე, ხშირად ეძებდა ხალხში მას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ქუჩას. წარმოიდგენდა, თუ როგორი იყო სინამდვილეში, ცდილობდა სრულფასოვანი ადამიანი აეწყო იმ თითქოსდა სიზმარში ნანახი ზმანებიდან, მერე კი მასზე ოცნებობდა.

ერთი-ორჯერ თითქოს მიამგვანა ვიღაც უცხოს.

მაგრამ არა. ის არ აღმოჩნდა.

რვა წელი ვერსად დაენახა.

ნელ-ნელა შეეგუა იმ აზრს, რომ ამოდენა ქალაქში ვერასოდეს ნახავდა.

მერე კი ჰანაჰაკის დაავადება დაეწყო.

და შეხვდა კიდეც.

მერე კი თითქოს ყველგან ხედავდა.

საავადმყოფოში, იქვე შორიახლოს მდებარე პარკში, მისი დის საპირისპირო კორპუსთან.

და თავი ვერ შეიკავა ქეთიმ.

იცოდა, რომ ეს კაცი უცხო გახლდათ. იცოდა რომ ის, ვინც რვა წლის წინ დაინახა, ვიზეც ამდენი ხანი ფიქრობდა და მის გონებაში უკვე ნამდვილ პიროვნებად ქცეულიყო, სულ სხვა ვინმე იყო.

მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს.

ჰანაჰაკის დაავადების ფატალურობის გათვალისწინებით შემოძარცვოდა სიფრთხილეს ყველანაირი მნიშვნელობა.

ამიტომ გამოელაპარაკა პარკში. ამიტომ მიიღო მისი შემოთავაზება რომ მისი მანქანით სახლში წასულიყო. ამიტომ ადიოდა მასთან ბინაში.

მართლაც სულ სხვანაირი იყო ლევანი, ვიდრე მის გონებაში ხორცშესხმული ექიმი. ერთიანად აზვირთებული, ავდრიანი, გაყინული ზღვის მაგვარ ცხოვრებაში, ქეთი რომ შიგნით იხრჩობოდა, მწვანედ მოღაღანე კუნძულს ჩამოჰგავდა.

და მასთან ყოფნა უნდოდა ქეთის. არ იცოდა, თუ რატომ იტანდა მის აშკარა აბეზარა კამპანიას ლევანი, რასაც მისთვის პრობლემების გარდა არაფერი მოეტანა, მაგრამ არც აპირებდა რომ მიზეზები გამოეკვლია.

ადრე ისე ცოცხლად და ხალასად ახსოვდა რვა წლის წინანდელი შემთხვევა, თითქოს რამდენიმე დღის წინ მომხდარიყო. ადრე კარგად ახსოვდა იმ ახალგაზრდა კაცის ნაკვთები, გარუჯული კანი და მისი გამომეტყველება, როცა ის ქეთის დასცქეროდა.

ფილტვების გადანერგვის შემდეგ კი დაავიწყდა თითქოს.

ბურანს მოეცვა ის შემთხვევა. ახსოვდა რაღაც უცნაური, გაურკვეველი, მის თავზე აღმართული მზის სინათლით შემოჯარული სილუეტი, ახსოვდა თუ როგორ დაკარგა გონება, ახსოვდა თუ როგორ აიყვანეს ხელში და საკაცეზე დააკრეს, ახსოვდა საავადმყოფოში მისვლა.

მაგრამ სასწრაფოს ექიმის სახე, მისი ნაკვთები, რამდენიც არ უნდა ეფიქრა, თითქოს გამქრალიყო მისი გონებიდან.

მაგრამ კარგად ახსოვდა ლევანის სილუეტი და თბილ ქურთუკში გამოკვართული განიერი მხრები, როცა იგი ბოტანიკურ ბაღში მურალისაკენ მიუძღოდა. მისი გამომეტყველება, როცა მთაწითელაზე თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქანდაკების ქვეშ, კიბეების ძირში იდგა, ქარბუქში გაწეწილი თმით, სანამ მის უკან გადაშლილი ღამეული ქალაქი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის უძირო კამარა ციმციმებდნენ. მისი დაბნეული სახე, როცა საავადმყოფოს გარეთ მჯდომი დაინახა აუტანელ ყინვაში და მისი წითლად დაფერილი, გადაღლილი სახე, როცა ბარში ისხდნენ ერთად.

მისი მუქი თვალები, როცა ლევანის ბინაში სამზარეულოს მბჟუტავი ნათურის ქვეშ იდგა და ეუბნებოდა, ხომ არ გინდა ჟურნალისტებს ელაპარაკოო. მისი თბილი ხელები, რომლებითაც მაგრად მოეხვია და გადაავიწყა მის ქვეშ სააბაზანოს დაბზარული ფილების სიცივე და მის მკერდში გავრცელებული აუტანელი სისხლიანი ტკივილი. მისი ფრთხილი შეხება, როცა საბანი გვერდში ამოუკეცა და მისი გარიჟრაჟის იისფერ სინათლეში მოპრიალე თვალები, როცა უთხრა, რომ სამსახურში უნდა წასულიყო.

მისი ერთიანად, მყესების დაწყვეტამდე დაჭიმული, გაოგნებული სახე, მხრებზე კოკისპირული წვიმისაგან დაჟიებული ლურჯი უნიფორმა, შუბლზე მიკრული თმა და გაკლაკნილი ელვის შუქზე თვალშისაცემი, მის ყელსა და ქეთისაკენ გამოწვდილ მკლავებზე შეშხეფებული ალისფერი სისხლი. მისი შეშლილი, მაგრამ მტკიცე გამომეტყველება, როცა ემერჯენსში ბრძანებებს იძლეოდა, ქეთის ჟანგბადის ნიღაბს არგებდა სახეზე და მისი მაჯიდან სისხლის ანალიზს იღებდა.

მისი ქეთის ლოგინის გვერდით, სკამში მომჩვარული ფიგურა, იშვიათად რომ თვლემდა ქეთის უძილარი ღამეების მანძილზე.

სუნთქვა გაეჩხირა ყელში ქეთის.

იცოდა, რომ რაღაც მოხდა. იცოდა, რომ გული გაუჩერდა და რეანიმაცია დასჭირდა. იცოდა, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო და ყველაფრის მიუხედავად, ფილტვები მაინც გადაუნერგეს.

მაგრამ არავინ სიტყვას არ სძრავდა ლევანსა და მინდობილობაზე, რომელიც, წესით ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, თუ ეკა ექიმს დაუჯერებდა.

-ქეთი! – დაუძახა სალომემ და წამსვე წაჰგლიჯა ფიქრებს.

ახლაღა გააცნობიერა ქეთიმ, რომ დერეფნის ბოლოს შეჩერებულიყო და ფანჯარაში გაჰყურებდა რაღაცას, შორს, ერთიანად მოჭმუხნული.

თავი მოაბრუნა. სალომე შეწუხებული შესქეროდა.

– რა იყო გენაცვალე? მოხდა რამე? – ჰკითხა მან.

-არაფერი. – სწრაფად უპასუხა ქეთიმ და მოტრიალდა. – წავიდეთ უკან.

და შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯით გაემართა პირველი რეანიმაციული განყოფილების შესასვლელისაკენ.

ისე მიბრუნდნენ უკან, რომ სალომეს სიტყვა არ დაუძრავს. აშკარად მიხვდა, რომ ქეთის საუბარი არ სურდა.

კვლავ კედელზე, ჟანგბადის ბოთლზე მიამაგრეს ქეთის კანულა. ფლოსტები გაიძრო ახალგაზრდა ქალმა, ლოგინზე აცოცდა და საბანი გადაიფარა.

სალომემ გამამხნევებლად გაუღიმა, უთხრა, ხვალ კიდევ ვივარჯიშებთო და გაეცალა, კონცენტრატორის რიხრიხით.

ცოტა ხანი იწვა ქეთი. სადილი მოუტანეს და რამდენიმე ულუფა შეჭამა მხოლოდ. მეტის თავი არ ჰქონდა, ფრიად მონდომებული სანიტარი ოლგას მცდელობების მიუხედავად. მერე ისევ მიწვა, ცოტა ხანი ტელეფონზე სქროლავდა უაზროდ.

ლევანისათვის უნდოდა მიეწერა. რამდენიმე მესიჯი დაწერა კიდეც ორიოდე კვირის წინ, მოკლე და ლაკონური. ეკითხებოდა, თუ როგორ იყო. მაგრამ ვერაფრით გააგზავნა.

ტელეფონი გადადო და გვერდი იბრუნა ქეთიმ. მისი საწოლის გვერდით ჩამოფარებულ ნარინჯისფერ ფარდაზე გაუშტერდა მზერა. დაუსრულებლად წრიპინებდნენ მონიტორები, დანა-ჩანგლის წკრიალი ისმოდა და განყოფილების მეორე მხარეს მყოფ, დამამშვიდებლის კომიდან გამოფხიზლებულ პაციენტს ხელახლა წამოეწყო ღრიალი, როცა განყოფილების რკინის კარი სისინით გაიღო და ეკა ექიმმა შემოაბიჯა.

გაეღიმა ქეთის მისი დანახვისას, სასწრაფოდ წამოჯდა ლოგინზე.

ეკა ექიმი სწრაფი ნაბიჯით მოუახლოვდა, საპასუხოდ გაუღიმა.

-როგორ ხარ, ქეთი? – ჰკითხა მან, კისერზე მოხვეული სტეტოსკოპი მოიხსნა, მოიმარჯვა. – როგორ ჩაიარა ფიზიოთერაპიამ?

-არამიშავს, ფიზიოთერაპიასაც არაუშავდა დღეს. – უთხრა ქეთიმ. ჩვეულებისამებრ ზურგი მიაქცია, ხალათი აიწია ზემოთ. ღრმად სუნთქავდა, სანამ ეკა ექიმი ფილტვებს უსმენდა.

-ყველაფერი რიგზეა. – უთხრა მან, სტეტოსკოპი კვლავ კისერზე გადაიდო, მერე კი ეშმაკურად გამოხედა, სანამ ქეთიმ ხალათი ჩამოიწია და საბნის ქვეშ შეძვრა. – სალომემ მითხრა, რომ როლატორის გარეშეც გაგივლია.

-მინდოდა მეცადა. – უთხრა ქეთიმ. ეკა ექიმი ძალიან კმაყოფილი, გაბადრული შეჰყურებდა.

ღიმილი ნელ-ნელა სახეზე შეაცივდა ქეთის. ხმა ჩაიწმინდა, საკუთარ თითებს დააცქერდა, კალთაში რომ გადაეჭდო ერთმანეთზე.

უხერხულად შეიშმუშნა.

უნდოდა ეკითხა.

ჯერ კიდევ აუტანელი ფიქრების ალიაქოთი უტრიალებდა თავში, რისთვისაც ვერაფერი მოეხერხებინა.

ლევანის აჩქარებული, უტყუარი გულისცემა, როცა მკერდზე თავი დაადო ქეთიმ და გვერდში მაგრად მიეკრა. მისი სხეულის სიცხე, რომელმაც ქეთის თითოეულ ძარღვში, კუნთში, ნერვში შემოაღწია, ცივ ძვლებში გაუჯდა, სანამ არ იგრძნო ქეთიმ, თუ როგორ უბრაგუნებდა გული მკერდში.

სანამ ისეთმა ღრმა, დამამშვიდებელმა ძილმა მოიცვა, რომელიც აქარწყლებდა თვეების მანძილზე გადაჭიმულ, დაუსრულებელ უძილობას.

ადრე ერიდებოდა ლევანზე ფიქრს. მაგრამ თითქოს გამოხეთქეს მისი გონების გადარაზული კუნჭულიდან მოგონებებმა, წალეკეს ყოველგვარი წინაღობა თუ ეჭვით აღსავსე ფიქრი და უძლური გახლდათ ქეთი მათი სიმძლავრის წინაშე.

ეკა ექიმისაკენ ააპარა მზერა, რომელიც წარბებაბზეკილი დასცქეროდა.

-რამე მოხდა? – ჰკითხა ეკამ, სკამი მოითრია და მასთან ახლოს დაჯდა, ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა.

ალბათ სახეზე ეწერა ქეთის ყველაფერი.

-შეგიძლია მომიყვე. – ჩაეძია ეკა.

თვალი გაუსწორა ქეთიმ.

გული მძლავრად უცემდა მკერდში. პირი რამდენჯერმე გააღო და დახურა.

იმ სიცხეს, ლევანის სხეულის სიცხეს გრძნობდა, მქრქალ მოგონებად.

და არანაირად არ ჰყოფნიდა.

-ლევანი წავიდა? – იკითხა მან, თითქოს გამოსკდნენო მისი პირიდან სიტყვები, ბოლო მარცვალზე ხმა წაუვიდა.

ეკა ექიმს თვალები დაუმრგვალდა. უკან გადაიწია, წარბები შეკრა. ტუჩები მოკუმა, მერე კი სევდამ მოიცვა მისი გამომეტყველება.

დაჟინებით შესცქეროდა ქეთი, ცდილობდა პასუხი ამოეკითხა მის სახეზე.

-წავიდა. – თქვა ეკამ. – სხვაგან წავიდა.

-სად?

-არ ვიცი, ქეთი. მართლა არ ვიცი. – ეკა ექიმს სახე ოდნავ მოეღრუბლა, მკლავები გადააჯვარედინა. – რატომ მეკითხები?

-მაინტერესებს. – მოუჭრა ქეთიმ. უფრო მაგრად მოუჭირა ხელები საბანს, გული მკერდში უბრაგუნებდა. – მინდობილობა ხომ ჰქონდა? ჩემზე პასუხისმგებელი ხომ იყო? ჰოდა რატომ წავიდა?

-რაც მინდობილობამინიჭებულ ადამიანს უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი გააკეთა ლევანმა. – უთხრა ეკა ექიმმა.

თვალები დაახამხამა ქეთიმ, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.

-ყველაფერი? – ჩაეძია ბოლოს. – რას ნიშნავს ყველაფერი?

ეკა ექიმი უცნაურად შეჰყურებდა. ეტყობოდა, რომ ჭოჭმანობდა, ეთქვა თუ არა და გული მკერდში მოეწურა ქეთის.

-გული რომ გაგიჩერდა, ლევანმა გაგიკეთა მასაჟი. – თქვა ბოლოს ეკამ. – და ლევანმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ფილტვები უნდა გადაენერგათ შენთვის.

უსიტყვოდ შესცქეროდა ქეთი.

საშინლად გაიწელა მის გონებაში მათ შორის ჩამოწოლილი რამდენიმეწამიანი სიჩუმე, თავში ეკა ექიმის სიტყვები აუზრიალდა, რომელთაც ვერაფრით ფარავდა მონიტორების წრიპინი და იმ ახალი პაციენტის ღრიალიც კი.

-მან გამიკეთა მასაჟი. – გაიმეორა გამტკნარებულმა. – და მან გადაწყვიტა. 

-განხილვა გვქონდა. – განაგრძო ეკა ექიმმა. – ძალიან მძიმე მდგომარეობაში როცა იყავი და ანესთეზიოლოგებს აღარ ჰქონდათ დონორის დროზე გამოჩენის იმედი… ანუ… მკურნალობის შეჩერება უნდოდათ, ქეთი. – დაიჩურჩულა მან, თითქოს საიდუმლოს ანდობსო. –  და ლევანმა არ დაანება. ის რომ არა… ეკმოდან მოგხსნიდნენ. და არც ფილტვებს გადაგინერგავდნენ.

ხმა წაერთვა თითქოს ქეთის.

გაშრა, გაქვავდა. მთელი ძალით ეხეთქებოდა მკერდის ძვალზე გული, თითქოსდა გამომტვრევას ლამობსო, შიგნით, ღრმად, თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდა, მაგრამ სხეული გაუცივდა. გრძნობდა, როგორ ჩამოერეცხა სახიდან სისხლი.

გული გაუჩერდა, და ლევანმა გაუკეთა მასაჟი.

უნდოდათ სასუნთქი აპარატიდან მოეხსნათ. და არ დაანება ლევანმა.

ქეთის პირი გამოუშრა. ტუჩები აუთრთოლდა. თითები ისეთი ძალით გადაეჭდო ერთმანეთზე, რომ კინაღამ გადაიმტვრია.

სჯეროდა, რომ სწორ, ლოგიკურ, რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა ლევანი.

ის კი, ეკა ექიმს თუ დაუჯერებდა, მისი გარშემომყოფების საღ აზრს აღუდგა წინ.  

-რატომ არ მითხარით? – ამოთქვა ძლივს ბოლოს. ეკა ექიმი სევდიანად შეჰყურებდა.

-არ გიკითხავს. – თქვა მან. – მეგონა არც დაგაინტერესებდა. ფილტვები ხომ ამოგაჭრეს.  

„ჰანაჰაკის დაავადებით დაზიანებული ორგანოების ამოკვეთისას ცალმხრივი სიყვარული იკურნება.“

ზარებივით რეკდნენ ქეთის გონებაში ის სიტყვები, რომლებიც ამდენჯერ გადაეკითხა სტატიებში.

ეკა ექიმს ახედა.

-და რატომ წავიდა?

-აღარ უნდოდა აქ ყოფნა. – უთხრა ეკამ.

ადგილზე აწრიალდა ქეთი. გაუგებარი, აღრიალებული ფიქრების კაკაფონია უტრიალებდა თავში.

ამდენი რამ გააკეთა ლევანმა.

მაგრამ მაინც წავიდა.

და რა თქმა უნდა წავიდა. რა თქმა უნდა აღარ უნდოდა აქ ყოფნა.

თავიდანვე არ უნდოდა მინდობილობა. მოვალეობა მოიხადა და იფიქრა, საკმარისიაო. ქეთის არაფერი მოეტანა მის ცხოვრებაში, პრობლემების გარდა.

-ქეთი. – თქვა ეკა ექიმმა, გამომცდელად შესცქეროდა. – რამის თქმა ხომ გინდა ჩემთვის?

უსიტყვოდ შესცქეროდა ქეთი. არც კი იცოდა, რა ეპასუხა.

გული უსიამოვნოდ, მძლავრად ფეთქავდა მკერდში. ცეცხლი ჩაუნავლდა, და აღარაფერი დარჩა მის ადგილას, მხრჩოლავი, სულშემხუთავი რუხი კვამლის გარდა.

მოვალეობა მოიხადა ლევანმა, და წავიდა. აღარ უნდოდა ამ ყველაფრის ატანა.

და გასაგებიც იყო.

საპასუხოდ მხრები აიჩეჩა ბოლოს. მუხლები მკერდამდე აიწია, ზედ მოხვია მკლავები.

ეკა ექიმი სევდიანად შეჰყურებდა.

-კარგი, დაგტოვებ ახლა. – უთხრა მან. – ახლა მარტო გამოკეთებაზე უნდა იფიქრო, კარგი?

თავი უსიტყვოდ დაუქნია ქეთიმ. საკუთარ თითებს ჩასჩერებოდა, ეკა ექიმი მზერით აღარ გაუცილებია.

კვლავ წრიპინებდნენ მონიტორები. კვლავ გაისმოდა ექთნების ჩოჩქოლი და კვლავ აჯახჯახებდა ლოგინს ის მთვრალი პაციენტი.

მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა ქეთის, თითქოს ყველაფერი შეცვლილიყო. არაფერი იყო ისეთი, როგორც ადრე.

არ უნდა ეკითხა. და არ უნდა გაეგო.

საბანში გაეხვია და თვალები მაგრად დახუჭა.

მკერდში მტკივნეული გული უცემდა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

– 15.06.2025 –

ცაზე თავდაყირა იდგა ქეთი.

მის ფეხქვეშ მიცოცავდნენ ღრუბლები, როგორც ზორბა მატლები. ოქროსფერი სხივები, მზის მცხუნვარე ზედაპირიდან ვეებერთელა სვეტებად გამომსკდარნი, მიექანებოდნენ მიწისაკენ და ყველგან მძვინვარე ცეცხლის კვალს ტოვებდნენ. ხრჩოლავდნენ ასწლოვანი ხეები და იდაგებოდა ყველა სულიერი.

წამლების ბღუჯა ტრიალებდა მის გარშემო. ერთს მისწვდა, გადაყლაპა ქეთიმ და გამოხსნეს ციდან, ელვის სისწრაფით დაეშვა მიწისაკენ, განაცრულ მინდორში ჩაენარცხა. ტანზე ცეცხლი მოეკიდა, იწვა გულაღმა და ცას შეჰყურებდა.

მზეს უკან გაეხმო სხივები, და დაბნელდა ანაზდად, ცას გაყინული ოკეანე გადაჰკვროდა, რომლის წიაღიდან ვერცხლისფერი, ნამგალა მთვარე და ციმციმა ვარსკვლავები გამოსჭვიოდნენ.

მთვარე რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ არ ესმოდა ქეთის.

ოხშივარადენილი ხელი გაიშვირა, ცის გადაყინულ კამარაზე დააკაკუნა.

მისი აალებული ხელის შეხებაზე დაიბზარა კამარა, დაიხლიჩა ნაწილებად და აზვირთებული ოკეანე დაასკდა ჭვარტლითა და ნაცრით გადავლილ, ახრჩოლებულ მიწას. ვარსკვლავები ხათქუნით ეჯახებოდნენ ტრიალ მინდორზე და თოვლივით დნებოდნენ მასში, მათი გამდნარი სხეულების ადგილას მწვანე ბალახი ამობიბინდა.

აზვირთებულ ტალღებში გახვეული მთვარე უახლოვდებოდა ქეთის. გაივსო, ელვის სისწრაფით მოჰქროდა მისკენ, სანამ მთელი თვალთახედვა არ გადაფარა და სანამ თითოეულ კრატერს, ქვასა და ქვიშის ნაწილაკს არ არჩევდა ქეთი.

მერე კი, ანაზდად ვერცხლისფერმა შუქმა გამოხეთქა მთვარის წიაღიდან, სანამ გრგვინავდა გარშემო ყველაფერი, გამოასხივა, ერთიანად დადაგა.

მერე კი შთანთქა და კაშკაშა ვერცხლისფერმა შუქმა მოიცვა ყველაფერი.

თვალები გაახილა ქეთიმ.

ჯერ ვერც კი გაიგო, თუ რა ხდებოდა.

სწრაფად, ზედაპირულად სუნთქავდა, შუბლი ოფლით დაცვაროდა.

ტახტზე იწვა, თავი მაგარ ბალიშზე ედო. ძლივს წამოიწია, გმინვით. ზურგზე მიჰკვროდა მაისური, მხრებზე გადაფარებული, ფეხებში ახლართული ზეწარი წელამდე ჩამოუცურდა.

სხეული საშინლად დამძიმებოდა. სწრაფად მოისრისა მიბლეტილი თვალები.

კედლისაკენ გადაბრუნებულიყო ძილში. აივნის ფანჯრებიდან მომავალი ავდრიანი დღის მონაცრისფრო სინათლე შემოღვრილიყო, გაყვითლებულ, ძველებურ ყვავილებიან შპალერს მისი მქრქალი ჩრდილი დაჰფენოდა.

თბილოდა, ძლივს არხევდა დახუთულ ჰაერს ოდნავი სიო და სული მოეხუთა ქეთის.

ზეწარი მოიხვია, ზლაზვნით წამოიწია ფეხზე და ფეხათრევით გადაჭრა სასტუმრო ოთახი, აივნის კარში ჩამოჯდა, პატარა სკამზე.

ცოტა ხანი იჯდა. სულს ითქვამდა, სანამ აჩქარებული გულისცემა არ ჩაუყუჩდა. უფრო უკეთ მოკალათდა სკამზე და თავი მიაყრდნო კარის აქერცლილ ჩარჩოს, გადაღლილმა.

რაღაც დაესიზმრა. მაგრამ უკვე გადაავიწყდა. მხოლოდ უცნაური აფორიაქება დარჩა, რომელიც ნელ-ნელა უნავლდებოდა.

საავდრო ღრუბლებს დაეფარათ ცის კამარა.

მალ-მალე, შორს გამოსკდებოდა გაკლაკნილი ელვა, რასაც გამაყრუებელი გრუხუნი მოსდევდა.

მთელი კვირის მანძილზე საშინლად აჭერდა მზე. სულთამხუთავი სიცხე იდგა, საგრძნობლად დამუხტულიყო ჰაერი, ავდრის მქრქალი სუნი დაჰყოლოდა.

წვიმას ელოდა ხვარტში ამოხუთული ქალაქი და ღრუბლებიდან გამოხეთქილ ელვას შესცქეროდა ქეთი.

უცებ ძალიან მოუნდა, რომ მოეწვიმა.

ეგონა, რომ ვერასოდეს ნახავდა ზაფხულს. სითბო, მცხუნვარე მზე და ხასხასად შეფოთლილი შემოგარენი უნდოდა ენახა. ახლა კი, ზაფხულის შუაგულში წვიმა და ღრუბლები მონატრებოდა.

ალბათ ცის კამარაზე გადაკრული იმ საფარველის ნახვა უნდოდა, უსაფრთხოების შეგრძნებას რომ ჰგვრიდა.

ქუჩებში დადენილი იმ ნაკადულების, ჩუხჩუხით რომ მიჰქროდნენ გოგიჩიძის დაღმართზე.

და თქეშში ალაპლაპებული ქვაფენილის, წითელ-ყვითლად რომ ეღვრებოდა კორპუსების, ლამპიონებისა და შუქნიშნების სინათლე.

თვალები გაუშტერდა ქეთის.

წვიმისაგან დასველებული, შუბლზე მიკრული თმა. ცის კამარაზე გაკლაკნილი ელვის შუქზე აპრიალებული, მისკენ მაცქერალი, გაფართოებული თვალები. მკლავებსა და ყელზე მიშხეფებული სისხლი.

მაგრად დახუჭა თვალები ქეთიმ, თავი გადააქნია.

ამაზე არ უნდა ეფიქრა.

იქუხა. სტვენით დაუბერა ქარმა, მის გვერდით აივნის კარში ჩამოკიდებული ფარდა ააშრიალა და ოფლით დაცვარულ სხეულზე შემოჰკრა ქეთის. შეამცივნა, მაგრად მოიხვია ზეწარი და ფეხები აიკეცა სკამზე.

მოშორებით, უკნიდან, შემოსასვლელის კარის საკეტის ტკაცუნის ხმა მოესმა, რასაც კარის გაჯახუნება და ნაბიჯები მოჰყვა.

თეა მოვიდა სამსახურიდან.

-ადექი? – მოესმა უკნიდან და ოდნავ მოტრიალდა, სასტუმრო ოთახის კარში გაჩხერილ საყიდლებაკიდულ თეას შეავლო თვალი.

-გამეღვიძა.

-გშია?

-არა, არ მშია.

-წამლები ხომ დალიე?

-კარგი რა, თეა. რა თქმა უნდა დავლიე.

-რა იყო, ისე გკითხე. – ტუჩი აუბზუა თეამ, პარკიდან ლოყაწითელა ვაშლი ამოიღო და ესროლა. ძლივს დაიჭირა ვაშლი ჰაერში ქეთიმ. – ჭამე, კარგია.

მერე კი მიბრუნდა, სამზარეულოში გავიდა.

ქეთიმ გვერდი მოსწმინდა ვაშლს და გემრიელად ჩაკბიჩა. სამზარეულოდან ცელოფნის პარკების შარიშური ისმოდა.

კიდევ ერთხელ გამაყრუებლად იქუხა. წამოუბერა გრილმა ქარმა და უფრო მაგრად მოიხვია ზეწარი ქეთიმ.

სიცხე ინატრა. ის ყველანაირად დამდაგავი, მის გვერდით მყოფი სხეულის სიცხე, რომელსაც ვერაფერი შეედრებოდა. მხარზე მოხვეული მკლავი და გამოზომილი, უტყუარი გულისცემა მის მკერდზე დადებული ლოყის ქვეშ.

იცოდა, რომ ამაზე არ უნდა ეფიქრა, მაგრამ ძალიან უჭირდა.

არ შეეძლო.

-ჟურნალისტები ხომ არ დაგხვდნენ სადმე? – გასძახა თეას.

-არა. – მიუგო თეამ, სასტუმრო ოთახში შემოაბიჯა და მძიმედ დაებერტყა ტახტზე. – მგონი დაწყნარდნენ საბოლოოდ. მობეზრდათ ამდენი ლაპარაკი.

-კიდევ კარგი. – ჩაილაპარაკა ქეთიმ. მეორე გვერდი მოაკბიჩა ვაშლს.

რა თქმა უნდა. ყველას ყველაფერი ავიწყდებოდა.

საავადმყოფოდან ერთი კვირის წინ გამოწერეს.

თითქმის ოთხი თვე იყო იქ.

მოკრძალებული ზარ-ზეიმით გააცილა პულმონოლოგიისა და პირველი რეანიმაციული განყოფილების პერსონალმა. ყვავილები მოუტანეს, ბარათები, პატარა ტორტი, დღეგრძელი ცხოვრება უსურვეს და ცოტა წაიტირა საპასუხოდ ქეთიმ, ასეთი ყურადღებისაგან აღელვებულმა. ეკა ექიმმა დოკუმენტების მთელი დასტა მისცა, გამოწერილ წამლებსა და მისი მდგომარეობის გასაკონტროლებლად დანიშნულ ვიზიტებზე ნახევარი საათი ელაპარაკა.

თეა მოვიდა მის წასაყვანად, ტაქსით.

საავადმყოფოს აფთიაქში შეიძინა წამლები ქეთიმ და ერთად წავიდნენ სახლში.

ჟურნალისტები, მისდა საბედნიეროდ, არსად ჩანდნენ. ჩანავლდა მათი ინტერესი, ბოლო რეპორტაჟი ჰანაჰაკის დაავადებასა და ფილტვების გადანერგვაზე უკვე ერთი თვით ადრე გასულიყო. მაგრამ მაინც დაუხვდა თეას ვიღაც ჟურნალისტი ბინასთან ორიოდე კვირის წინ, რომელიც მაშინვე მოიშორა ისტერიული ლანძღვა-გინებით მისმა დამ.

უცხოები სწერდნენ ფეისბუქზე და არავის პასუხობდა ქეთი. ის შეიტყო, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, მისი სახელით შეეგროვებინათ ფული, რომელიც, რასაკვირველია, მისთვის განკუთვნილი არც აღმოჩნდა.

არც უნდოდა.

ერთი კვირის მანძილზე ორ ვიზიტზე წასულიყო უკვე. ეკა ექიმი მუდამ გულითადად ეგებებოდა, როგორც ყოველთვის, ფილტვებს უმოწმებდა და ანალიზებს უღებდა.

ყველაფერი რიგზე იყო და თითქმის უჭირდა ამასთან შეგუება ქეთის.

ყველაფერი ისე გახლდათ, როგორც ადრე. იქამდე, სანამ ჰანაჰაკის დაავადება დაეწყო.

და ამავდროულად, ყველაფერი შეცვლილიყო.

ამას პირველ რიგში ის ვარდისფერი, ჰორიზონტალური ნაწიბური ახსენებდა, რომელსაც ყოველდღე ხედავდა სარკეში, მის ყელზე.

ახსენებდა, როცა ტანსაცმელს იცვლიდა, როცა შხაპის ჭავლის ქვეშ იდგა და მკერდის ქვეშ ერთი გვერდიდან მეორემდე გადაჭიმულ ვეებერთელა ნაიარევს დაჰყურებდა.

უბრალოდ უყურებდა. არ მოსწონდა ნაიარევზე ხელის შეხება.

დაინახავდა და იმაზე დაიწყებდა ფიქრს, რომ ვიღაც, სხვა, უცხო ადამიანის ფილტვებით სუნთქავდა. ვიღაც უნდა მომკვდარიყო იმისათვის რომ თვითონ ეცოცხლა.

თავს იმით ინუგეშებდა, რომ ის ადამიანი გარდაიცვალა, ფილტვები კი ახლა ჩამპალნი იქნებოდნენ სადღაც, ცივ მიწაში, თვითონ რომ არა.

ყოველ დილით და საღამოს სვამდა იმუნოსუპრესიულ წამლებს, რომ ფილტვებს ეცოცხლათ მის გულმკერდში.

სახლში ვარჯიშობდა, შეძლებისდაგვარად. ხანდახან იჯდა საწრუპიანი ბოთლით და შიგნით უბერავდა ფილტვების გასავარჯიშებლად. უკეთ იკვებებოდა, წონაში ცოტა მოიმატა კიდეც. აღარ ჩაცვენოდა იმდენად ლოყები და თვალები, სახეზე ფერი მოუვიდა. აღარ გამოჩროდა ფარატინა კანიდან იმდენად ყვრიმალები, ნეკნები და თეძოს ძვლები.

აღარ ეზარებოდა სარკეში ჩახედვა.

ისევ სუსტად იყო. მალე იღლებოდა. მაგრამ დღითი-დღე ემატებოდა ძალღონე. ცოტა რომ მოძლიერდებოდა, სამსახურის ძებნას დაიწყებდა და შეეცდებოდა გაეგრძელებინა ცხოვრება.

ცდილობდა რაც შეიძლებოდა დაკავებული ყოფილიყო, რომ სხვა რაღაცებზე არ ეფიქრა, მაგრამ  მაინც ეფიქრებოდა.

საღამოობით გაეპარებოდა თვალი გაღმა კორპუსისაკენ. იქ, მის ბინაში სინათლე ენთო.

მაგრამ სულ სხვანაირი სინათლე, რადგან იცოდა ქეთიმ, რომ ის არ იყო იქ. ვიღაც წყვილს ექირავებინა.

ერთი კვირის წინ, დილით, ძილბურანში მყოფმა მისწერა.

მოენატრა.

09.06.2025

To: ლევანი – 07:17 AM;

„გამარჯობა

როგორ ხარ?“

მესიჯი არ მიუვიდა. და ხელახლა აღარც უცდია ქეთის.

ადრე ფიქრობდა, რომ ამად ღირდა ჰანაჰაკის დაავადება. ღირდა მის სანახავად, იმად რომ რვაწლიანი გაუცნობიერებელი მოლოდინის მერე ნახა და გაიცნო.

მაგრამ ახლა აღარ იყო დარწმუნებული.

იქნებ არ უნდა შეხვედროდა, რადგან ახლა უფრო გაუძნელდებოდა ამ ყველაფერთან შეგუება. ანდა, უფრო სწორად, მის არყოფნასთან შეგუება.

ის რვა წელი უბრალოდ ოცნებებით იყო აღსავსე. ოცნებებით, რომელთაც მისთვის კომფორტი მოჰქონდათ და მეტი არაფერი.

ახლა კი აღარ ჰქონდა მხოლოდ ოცნებები. ახლა მოგონებები გააჩნდა, ისეთი მოგონებები, რომელთაც ვერასოდეს ამოიგდებდა თავიდან.

მუქი ნაცრისფერი ღრუბლები გახეთქა ელვამ, ყურისწამღებად დაიგრგვინა. კორპუსებთან მდგარი, ცაში აშოლტილი ალვის ხეები დაზნიქა ქარმა, ფოთლები ააშარიშურა.

გაიელვა, და წკაპა-წკუპით წამოვიდა წვიმა.

მოიკუნჭა ქეთი, დაპატარავდა. ნახევრად შეჭმული ვაშლი მაგრად ჩაბღუჯა. ქარი აივნის კარის ფარდასა და მისი ზეწრის კიდეებს აშრიალებდა.

მალევე წამოვიდა კოკისპირული წვიმა. შიშინით მოჰქროდნენ წვეთები და ეხეთქებოდნენ მიწას, სანამ კორპუსის სახურავიდან ნაკადულივით არ მირაკრაკებდა წვიმის წყალი სადინარში.

უსიტყვოდ გაჰყურებდა თქეშს. თვალები დახუჭა, წვიმის სურნელი ღრმად შეისუნთქა.

ანაზდად ხმამაღალი წკარუნი ატეხა ტელეფონმა და შედრკა ახალგაზრდა ქალი.

თეას ურეკავდნენ.

ამ ბოლო დროს ხშირად ურეკავდნენ შორეული ნაცნობები, განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც ნომერი გამოცვალა ქეთიმ. მისი ამბავი აინტერესებდათ.

და არცერთის მოსმენა არ სურდა ქეთის.

-ციცინო ბიცოლა რეკავს. – თქვა თეამ.

-დარეკოს. – გადმოხედა ქეთიმ. – მე აქ არ ვარ.

-კარგი რა, ქეთი. შენზე წუხს ეს ხალხი.

-ჰო მაგრამ რამდენი ხანია რაც შეწუხებულები არიან უკვე. ამასწინათ არ დარეკეს?

თეამ თვალები გადაატრიალა და ზარს უპასუხა, ხმამაღალზე ჩართო.

-გამარჯობა, ციცინო ბიცოლა! – ჩასძახა მან ტელეფონს.

-შვილო, თეა, შვილო! – საპასუხოდ დაიკივლა მეორე მხრიდან ციცინო ბიცოლამ და უსიამოვნოდ მოიჭმუხნა მის მკივანა ხმაზე ქეთი. – როგორ ხართ?

-არა მიშავს, ციცინო ბიცოლა. – უპასუხა თეამ, ქეთის თვალები დაუბრიალა, ანიშნა აქ მოდიო, რაზეც ქეთიმ სწრაფად გაუქნია თავი. – თქვენ როგორ ხართ?

-ჩვენც კარგად, ჩვენც კარგად, შვილო! აგერ მე და პეტიკო ქალაქში ვართ ჩამოსულები და ვიფიქრე მოვიკითხავთ თქო! ქეთო მანდაა?

-ქეთი… – თეამ კვლავ გადმოხედა თვალების ბრიალით, რაზეც ქეთიმ ჯიუტად გაუქნია თავი. წამოხტა, ზეწარი აითრია და მიბრუნდა, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა სასტუმრო ოთახი.

– ქეთი ექიმთანაა ახლა გასული… – ძლივს ამოღეჭა სიტყვები თეამ.

-უი უი აბა რა, ჩვენი ბებერი თავით ვერც მოვიფიქრეთ ეგი! იმ ბიჭზე უნდა გვეკითხა, შვილო და მაგიტომ გაწუხებთ ახლა!

სასტუმრო ოთახის კარის ზღურბლზე შეყოვნდა ქეთი. ელვის სისწრაფით მოტრიალდა უკან.

თეას წარბები აებზიკა, მას შემოჰყურებდა.

-ვინ ბიჭზე? – ჰკითხა თეამ.

-აი აგი ახალგაზრდა ბიჭი, ტელევიზორში რომ იყო ქეთოსთან, არა, პეტიკო? – გასძახა ვიღაცას ციცინომ. უკნიდან დასტურის გამომხატველი ხმები ისმოდა. – საავადმყოფოში რომ შეარბენინა აი ეგი! ბერეხში ჩასულა, თეკო, გენაცვალე!

გაშრა ქეთი. გრძნობდა, თუ როგორ ჩამოერეცხა სახიდან სისხლი, ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ უჭერდა სასტუმრო ოთახის კარის ჩარჩოს თითებს.

იდგა, პირგამომშრალი, ყურებს არ უჯერებდა.

-ის ექიმი?

-ჰო, ჰო, იქ მუშაობს ექიმად, შვილო! – გაჰკიოდა ციცინო. – ხოდა მეთქი ქეთოს ვკითხავ, რა ხდება თქვა…

თეა საუბარს აგრძელებდა, მაგრამ მისი და ციცინოს ხმა სადღაც ჩაიკარგა, შორს. წუილი ედგა ყურებში ქეთის, გატრიალდა, სამზარეულოში გაბარბაცდა.

ნახევრად შეჭმული ვაშლი სამზარეულოს მაგიდაზე დააგორა და ცივ ტაბურეტზე ჩამოჯდა, მძიმედ. მკერდზე მოხვეულ ზეწარზე ჩაბღაუჭებულ, გაფითრებულ თითებს ჩასცქეროდა. ხელები უთრთოდა.

ლევანი ბერეხში წავიდა.

ბერეხში მუშაობდა ექიმად.

ბერეხში იყო.

იმ მიყრუებულ, მთებს შორის მიმალულ სოფელში.

ექიმად როგორ მუშაობდა, როცა საავადმყოფოც კი არ იყო იქ?

ექიმთან ყველაზე ახლოს მყოფი ბერეხში ალბათ ელამი ექთანი კლარა იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

იქ რა უნდოდა? იქ როგორ მოხვდა?

ალბათ ბერეხზე მაშინ გაიგო, როცა „ახალ ხედვაში“ ის სულელური რეპორტაჟი გაუშვეს.

მასთან ადრე ეხსენებინა  თავისი სოფელი ქეთის. როცა ლურჯ ვარდებს ახველებდა პულმონოლოგიის განყოფილებაში ყოფნისას და ყვავილებზე ჩამოვარდა საუბარი.

მისი საწოლის გვერდით ჩამომჯდარიყო ლევანი. მუქი თვალები ფანჯრიდან შემოღვრილ თეთრ სინათლეზე უპრიალებდა, თმა შუბლზე ჩამოჰყროდა.

ლურჯი უნიფორმა ემოსა, ექიმის თეთრი ხალათი მოეცვა.

მისკენ გადმოხრილიყო, იდაყვები ბარძაყებზე დაებჯინა. განიერი მხრები და ხშირი, მოკლე წვერი ჰქონდა.  

უცნაურად შემოჰყურებდა, ოდნავი ღიმილით.

სუნთქვა ყელში შეუკავდა ქეთის.

ჰკითხა, რომელი ყვავილი გიყვარსო.

მზესუმზირები უპასუხა ქეთიმ. მერე კი ბებიაზე, მზესუმზირების მინდორსა და ბერეხზე მოუყვა. თვითონაც არ იცოდა, რატომ.

მაგრამ ეს მაინც არაფერს არ ხსნიდა.

ნუთუ გადაავიწყდა ლევანს და უბრალოდ ისე წავიდა ბერეხში? ნუთუ ესეც დამთხვევა გახლდათ?

მათი ხელახლა შეხვედრის შემთხვევითობას დაიჯერებდა ქეთი, რადგან ეს მწარე ბედის ირონია გახლდათ და მეტი არაფერი.

ასეთი შემთხვევითობის დაჯერება კი გაუჭირდებოდა.

იქ უნდა წასულიყო.

იქ უნდა წასულიყო და გაეგო.

თვითონ ჰქონდა მაინც ბერეხში დაბრუნების მიზეზი.

იჯდა, გამშრალი.

შორიდან ჩაესმა აჩქარებული ნაბიჯები.

-სულ რატომ უნდა გაშპე? – ჩაესმა ანაზდად და შეკრთა, გულზე ხელი იტაცა, ელდანაცემმა. თეა თავზე ადგა, დოინჯშემოყრილი შეჰყურებდა. – რა იყო, რას დაფეთდი?

-არაფერს. – სწრაფად უპასუხა ქეთიმ. გული ჯერ კიდევ მძლავრად უბრაგუნებდა მკერდში, არც კი იცოდა, იმის გამო თუ რა შეიტყო ორიოდე წუთის წინ თუ თეას მოულოდნელი გამოჩენისას.

-რა უნდა იმ კაცს იქ? – ატყდა თეა.

-მე რას მეკითხები?

-არ მოუწერია. არ მოუკითხიხარ.

-რა გინდა მერე?

-რა მინდა და მისი ბრალია ყველაფერი. რაც ოპერაცია გაგიკეთეს იმის მერე არ გამოჩენილა და ახლა ბერეხშია?

-ბერეხში ყოფნას გამოჩენას ვერ დავარქმევდი.

-რა უნდა? რატომ არ შეიძლება უბრალოდ გაქრეს?

-გეყოფა, თეა. – მოუჭრა ქეთიმ. ყელში ამოუვიდა. – მერამდენედ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე?

თეამ ტუჩი აუბზუა, სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება აღბეჭდოდა, თავი გადააქნია.

-კარგი, როგორც გინდა. – ამოღეჭა მან და გაბრუნდა, კარში გავიდა.

ქეთი მარტო დარჩა თავის აღრიალებულ, ერთმანეთში აბურდულ ფიქრებთან. 

იჯდა, ზეწარი მაგრად შემოეხვია, თვალები გაშტერებოდა.

თვითონაც არ იცოდა, თუ რას გაჰყურებდა.

იჯდა, და ფიქრობდა გამალებით.

გამაყრუებლად დაიგრუხუნა. სამზარეულოს პატარა, დამტვერილ სარკმელიდან ცაზე გადამსკდარი ელვის შუქი შემოიჭრა წამიერად.

ხმამაღლა შიშინებდა წვიმა, ხმამაღალი რაკუნითა და შხაპუნით მიჰქროდა სახურავის სადინარში წყალი.

ცა ჩამოვიდა იმ დღეს დამსკდარ, დამაშვრალ მიწაზე.

და გეგმა იშვა ქეთის ერთიანად აბურდულ გონებაში.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

– 01.07.2025 –

ცხელოდა.

მზე უკვე გადახრილიყო დასავლეთისაკენ, გარშემო აღმართული ჭადრის ხეების ზროთა შორის გამოჭრილიყვნენ მისი ოქროსფერი სხივები, ტევრს, ბილიკს, შორს გადაჭიმულ ტრიალ მინდორსა და მთის ძირში შეფენილ ბერეხს ეფინებოდნენ.

სიომ წამოუბერა, და ჭილის ქუდი უკვე მეათასედ შეიმაგრა თავზე ქეთიმ.

აქ პირველ საათზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატარებელმა დააგვიანა.

ბოლო გაჩერებაზე მისწერა თეას, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ახლა კი, რასაკვირველია, მისი ტელეფონი აღარც იჭერდა წესიერად.

თხელი სარაფანი და სანდლები ეცვა, მაგრამ მთის ფერდში გამოჭრილ ბილიკზე, მზის გულში სიარულმა მაინც მოუხუთა სული, საშინლად სცხელოდა. უკვე მოეთავებინა სახლიდან წამოღებული ვეებერთელა წყლის ბოთლის ნახევარი. ბილიკზე სიარულისაგან ერთიანად ამტვერებოდა ფეხები, წამდაუწუმ ხრეში და კენჭები უნდა გამოებერტყა სანდლებიდან.

მოზრდილი, მძიმე ზურგჩანთა შეისწორა ქეთიმ, ნაბიჯს აუჩქარა, შეძლებისდაგვარად. ტევრს გასცდა და ტრიალ მინდორში, სამტოტა ღელეს გვერდით გაკლაკნილ ბილიკს გაუყვა.

მზე საშინლად აჭერდა და ოდნავ ათრთოლებდა მინდვრის ყვავილებს სიო.

ბერეხში ბოლოს ათი წლის წინ იყო ქეთი. გაჰყურებდა სოფელს და ფიქრობდა, რომ არც არაფერი შეცვლილიყო. ისევ ისეთი, მყუდრო, პატარა და კოხტა ჩანდა ბერეხი. ისევ ღაღანებდნენ სამტოტა ღელეს მიღმა ყანები და კვლავ გოროზად აღმართულიყო თავგადათეთრებული სებიანის მთა.

აქ გაეტარებინა თავისი ცხოვრების ყველაზე უზრუნველი და ამავდროულად, მძიმე წლები.

მაგრამ მოგონებებისათვის არ მოსულიყო აქ ქეთი.

რამდენი ხანი გახლდათ უკვე, რაც უკან მოეტოვებინა ყველაფერი, რაც ბერეხში დარჩა. არასოდეს უჭირდა წარსულის წარსულში დატოვება.

მაგრამ გამონაკლისებიც არსებობდნენ.

უნდოდა ლევანი ენახა.

ზურგჩანთაში მხოლოდ მცირეოდენი ტანსაცმელი, პირადი ნივთები, წამლები და საჭმელი ედო. ჯერ დანამდვილებით ისიც კი არ იცოდა, ვისთან უნდა დარჩენილიყო ღამით. არც ის იცოდა, თუ რამდენი ხნით აპირებდა აქ დარჩენას და არც ის, თუ რა უნდოდა, კონკრეტულად.

მხოლოდ ის იცოდა, რომ სურდა ლევანის ნახვა.

თან წამდაუწუმ უსიამოვნოდ ღრღნიდა ის ფიქრი, რომ იქნებ უბრალო დამთხვევა გახლდათ ლევანის აქ ჩამოსვლა. იქნებ მართლა დაიღალა ქალაქში თავდაყირა დაყენებული ცხოვრებით, ჟურნალისტების დევნით, მისი ურთულესი სამსახურით, ქეთისთან ახლოს ყოფნით და უბრალოდ გადაწყვიტა სადმე, უფრო წყნარ ადგილას ემუშავა.

თავი გადააქნია ქეთიმ. პირი უშრებოდა, ისევ მოსვა ცოტა წყალი.

იმის მერე, რაც ლევანის ბერეხში ყოფნის ამბავი გაიგო, ნელ-ნელა უფრო მეტს ვარჯიშობდა. სეირნობა დაიწყო, თავის ამტანობას ამოწმებდა. როცა საკმარისად ძლიერად იგრძნო თავი, ბილეთი იყიდა და თეას განუცხადა, ბერეხში მივდივარო.

კინაღამ გადაირია მისი და. სად მიდიხარ, ახალი ნაოპერაციები, ამხელა გზაზე, იქ ტელეფონი წესიერად არც იჭერს, რამე რომ დაგემართოს, მერე რა იქნებაო. ათასჯერ დაჰპირდა ქეთი, რომ ფრთხილად იქნებოდა და შეეცდებოდა რამენაირად ხმა მიეწვდინა მისთვის. თეას სამსახური ჰქონდა, თორემ ალბათ გამოჰყვებოდა ფეხდაფეხ.

თუმცა არ დაანებებდა ამას ქეთი. უნდოდა მარტო ჩამოსულიყო.

მიუყვებოდა შარაგზას. მალ-მალე წამოუბერავდა სებიანის მთიდან ნიავქარი, შრიალებდნენ მისი სარაფნის კალთები და ათრთოლებულიყვნენ ჭილის ქუდის ფარფლები. შორს, ყანებიდან ტრაქტორის ღმუილის ხმა ისმოდა, გლეხები გადასძახოდნენ ერთმანეთს.

უღრუბლო, ღრმა ლურჯი და თვალწარმტაცი იყო ცა.

უფრო ძლიერად წამოუბერა ქარმა. მაღალი ბალახი ააშარიშურა.

სანამ სოფლის ცენტრში მიმავალ შარაგზას დაუდგებოდა, პაწაწინა, აბალახებულ საცალფეხო ბილიკზე გადაუხვია ქეთიმ. საბედნიეროდ გზაზე არავინ დაენახა, და არ აპირებდა საკუთარი თავი შუა სოფელში გამოეჭენებინა, სადაც აუცილებლად იცნობდნენ. მზის სათვალე გაიკეთა და სოფლის პირას, მთის ფერდზე ამავალ ბილიკს აუყვა ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით.

ზაქარიასა და ნანიკოს სახლი კარგად ახსოვდა. როცა საქმე არაფერი ჰქონდა, სულ მათთან გამორბოდა, ინდაურების სანახავად. ნანიკო მუდამ გამოუძებნიდა გემრიელ სასუსნავებს, ზაქარია კი ხისგან მის თვალწინ გამოთლიდა პაწაწინა ცხოველებს, მისთვის საჩუქრად.

თან კარგად იცოდნენ სოფლის ასავალ-დასავალი.

მათ მოინახულებდა. და ჰკითხავდა ლევანზე.

ციცაბო გახლდათ ბილიკი, და რამდენჯერმე შეჩერდა ქეთი, სული მოითქვა. ფერადი, ველური ყვავილებით გადაპენტილი ბუჩქები და ალვის ხეები შემოჯარვოდნენ ღორღით დაფარულ გზას, მარცხნივ, ხეებში ციცაბოზე შეფენილი სახლების სახელდახელოდ შეკოწიწებული ღობეები მოჩანდა.

მზე გადადიოდა. ოქროსფერმა სხივებმა წამიერად თვალი მოჭრეს ქეთის, ერთ-ერთი სახლის მწვანე კრამიტი აალაპლაპეს.

ბილიკზე შედგა ახალგაზრდა ქალი, ოდნავ აიწია ჭილის ქუდი, რომ შუბლზე მოწოლილი ოფლი მოეწმინდა.

მუდამ შელახული ახსოვდა ზაქარიასა და ნანიკოს დანჯღრეული ღობე, მაგრამ უფრო მეტად მოსდებოდათ აქერცლილ, განვლილი წლებისაგან დამსკდარ ფიცრებს ხავსი. რამდენიმე ფიცარი წამოქცეულიყო, და სახელდახელოდ აეჭედებინათ მათ ადგილას დაკოჟრილი ტოტები. ღობის იქით წითელი აგურის სახლი წამოეჭიმათ, რომელსაც დაჟანგული აივანი შემოვლებოდა, რიკულებზე აშკარად ახლად დალიანდაგებული, პრიალა საბნები გადაეფინათ. უფრო გადაეშალათ ვეებერთელა კაკლისა და ვაშლის ხეებს ვარჯები, და ბატები ყიყინებდნენ მავთულხლართით შემოღობილ ეზოს ატალახებულ კუთხეში.

ბუჩქები გაარღვია ქეთიმ. დახავსებული ღობის ერთ-ერთი ფიცარი, მხოლოდ ერთი მორყეული ლურსმნით რომ დაემაგრებინათ, გადასწია, ისევე, როგორც ამდენი ხნის წინ გაეკეთებინა, იმდენჯერ, რომ ვერც კი დათვლიდა. გადასწია და ეზოში გადაძვრა.

ფიცრის ჭრიალსა და ნაბიჯების ხმაზე უფრო ხმამაღალი ყიყინი ატეხეს ბატებმა, რასაც ქათმების ხმამაღალი კრიახი მოჰყვა.

იდგა ქეთი და უბრალოდ ათვალიერებდა შემოგარენს, რომელიც ამდენად ახლობელი და ამავდროულად უცხო იყო მისთვის.

ახალი კრამიტით გადაეხურათ სახლი და სარეველებით გადავლილი მოჩანდა ეზო. ბევრად უფრო ცოტა შეშა აეკოკოლავებინათ ძველი კრამიტით გადახურულ ქოხში, ეზოს კუთხეში კი უფრო გაზრდილიყო დამტვრეული აგურების გროვა, რომლითაც ზაქარია უკვე წლები გახლდათ რაც საღორის აშენებას აპირებდა.

ყურისწამღებად კრიახებდნენ ქათმები.

წუთიც კი არ გასულიყო, რომ წყევლა-კრულვა გაისმა სახლიდან და სწრაფი ნაბიჯით გამობაჯბაჯდა თავწაკრული, ჭყეტელა ყვავილებიან წინსაფარსა და კაბაში გამოწყობილი ნანიკო. აკრიახებულ ქათმებს აყრიდა ქოქოლას.

უფრო დაბერებულიყო. სახე ჩამოჭკნობოდა. თმა ერთიანად გათეთრებოდა.

წამსვე ჰკიდა ქეთის თვალი და გაშტერებული შეაცქერდა, მერე კი მუხლებში წაიშინა ხელები.

-ვაიმე, ვაიმე, ვაიმე! ეს ვინ დაინახეს ჩემმა დასაფსებმა თვალებმა! – შეიცხადა მან და უნებურად გაეღიმა ქეთის. – ქეთო, შვილო, ქეთო! ზაქარია! ზაქარია! გამოეთრიე, ბერიკაცო, ქეთო მოვიდა!

მერე კი ხელებგაშლილი გამოვარდა მისკენ, მაგრად მოეხვია და ჩაკოცნა. საპასუხოდ მოხვია მკლავები ქეთიმ.

-ჩუმად, ჩუმად, ნანიკო ბებო, თორემ ხომ გაიგო ყველამ… – წაულაპარაკა მან, სიცილით.

-კარგი შვილო, კარგი, ქეთო, შენ როგორც გინდა, შვილო… – დაშოშმინება სცადა ნანიკომ და ცრემლებით გაბრწყინებული, შემონაოჭებული თვალები მოაპყრო, მერე კი ხელში ხელი მოავლო, სახლისაკენ გაათრია. – მოდი ქეთო, მოდი, როგორ გამხდარხარ შვილო, შენ მოგიკვდი, ამდენი რამე გადაგიტანია, შენ მოგიკვდეს შენი ნანიკო ბებო…

შიგნით შეუძღვა ნანიკო, პირდაპირ პაწაწინა, ღარიბულ, მაგრამ მოვლილ სამზარეულოში. თავზე ეფოფინებოდა, ზურგჩანთა ჩამოართვა, ჭილის ქუდი წააძრო და იქვე, ფანჯრის რაფაზე მიაწყო, მერე კი გაზეთილი მუშამბით დაფარულ მაგიდასთან დასვა, მონჯღრეულ ტაბურეტზე.

საშინლად დახუთულიყო ჰაერი. მაგიდაზე მოზელილი ჭადის ფქვილით სავსე გობი იდგა. ძველებურ, მოჟანგულ ღუმელში ცეცხლი გიზგიზებდა, ტაფაში გვერდებშეპიწკინებული პატარა ჭადები შიშხინებდნენ.

-ქეთო, რა მოგართვა, ბებო? – დაფათურებდა აქეთ-იქით ნანიკო, სამზარეულოს კუთხეში ხალამს ახადა თავი, ყველის ნატეხი ამოაძვრინა, მერე კი თაროდან პომიდვრებით სავსე თასი ჩამოიღო. – დედა, შვილო, რატომ არ შეგვატყობინე რომ მოდიოდი? მოვემზადებოდით ცოტას, ასე უნიათოდ დაგვხვდით… კაი დედალს დავკლავდი…

-კარგი რა, ნანიკო ბებო. – გაუღიმა ქეთიმ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ისევ ათი წლის იყო, ნანიკოს ჭადების მოლოდინში. თითქოს არაფერი შეცვლილიყო. – უცებ გადავწყვიტე წამოსვლა.

-როგორ ხარ, ქეთო? გამხდარხარ, შვილო, გალეულხარ… – ნანიკოს ისევ აუცრემლიანდა თვალები, ქეთის თავზე გადაუსვა დაძარღვული ხელი. – ისე შევწუხდით შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგეთ, შვილო, ისე…

-გამოვკეთდი. – უთხრა ქეთიმ. – ახლა ყველაფერი რიგზეა, აღარაფერი მაწუხებს. თქვენ როგორ ხართ?

-არაგვიშავს შვილო, მე და ჩემ ბებერ კაცს რა უნდა გვიშავდეს…

ნანიკო შეჰყურებდა, თავს აქნევდა, შეწუხებული, თან ელვის სისწრაფით ჭრიდა ყველსა და პომიდორს.

-იმის ხელები დაილოცოს, ვინაც ოპერაცია გაგიკეთა, შვილო, ახალი სიცოცხლე გაჩუქა, იმის ხელები დაილოცოს, იმას ვენაცვალე… ზაქარია! – ანაზდად გასძახა ისევ ქმარს. – ზაქარია, აეგდე მეთქი, ბერიკაცო! სძინავს მაგ გამტყვრალს, შვილო…

-იყოს თუ სძინავს. – გაუღიმა ქეთიმ. – მერე შემოვირბენ კიდევ.

-მალე მიდიხარ, შვილო? – შეწუხდა ნანიკო.

-არა, არა… – ხელები გაასავსავა ქეთიმ, იმის მიუხედავად რომ არც კი იცოდა, თუ როდის აპირებდა ბერეხიდან წასვლას. ნანიკოს მოწოდებული ყველიანი ჭადი აიღო, მადლობაო, ჩაილაპარაკა და გემრიელად ჩაკბიჩა. ძალიან მოშიებოდა.

-სად რჩები, ქეთო?

-ჯერ არ ვიცი.

-ჩვენთან დარჩი, შვილო! რავა, დასაწოლი არ გვაქ თუ ასადგომი? ჩემმა ბერიკაცმა აბანოც შეაკეთა ცოტა… ქათამიც მაქვს, ხილიც და ბოსტნეულიც…

სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა გულში ქეთის. ამდენი რამ შეცვლილიყო, მაგრამ ბერეხის სითბო არასოდეს შეიცვლებოდა.

-მადლობა, ნანიკო ბებო. – უთხრა მან. – გადავწყვიტავ დღეს, სად დავრჩები.

ნანიკო გაბადრული შეჰყურებდა, მარილს აპნევდა დაჭრილ პომიდორს.

ნახევარი ჭადი მოათავა ქეთიმ, მორჩენილი კი ნანიკოს მოწოდებულ, გაბზარულ თეფშზე გადადო.

ჯერ კიდევ არ შეეძლო ერთ ჯერზე ბევრი ეჭამა.

არც ჰქონდა მადა.

-ნანიკო ბებო. – დაიწყო მან. დაიწყო და შეყოვნდა.

სიტყვებს ეძებდა.

-ჰო, შვილო? – ჰკითხა ნანიკომ, მონდომებით აჭრიდა ცოცხალ რეჰანს პომიდვრის სალათს.

-ის ექიმი… ლევან მოსიძე. მართლა აქ არის?

მწვანილის დაჭრა შეწყვიტა ნანიკომ. გადმოხედა, თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა.

-გითხრეს, ქეთო, შვილო? – ჰკითხა მან.

-ციცინო ბიცოლამ დარეკა.

-ეგ ხო ვერ მორჩა ენის ტარტარს! – ატყდა უცებ ნანიკო. – დოყლაპია დედაკაცი!

-ესე იგი აქ არის. – თქვა ქეთიმ.

იცოდა, რომ ბერეხში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთიანად დაუარა სხეულში ცხელმა ტალღამ იმის გაცნობიერებაზე, რომ სადღაც აქვე, ახლოს უნდა ყოფილიყო ლევანი.

ნანიკომ მწვანილი გვერდზე გადადო და მძიმედ დაეშვა ტაბურეტზე. ქეთის უცნაურად, ნაღვლიანად შეჰყურებდა.

-აქაა, შვილო, აქა. – თქვა მან. – კლარას ძველ ბუტკაში მუშაობს, ქეთო, შვილო. კარგი ბიჭია, აგერ, გიორგის გოგო გადაარჩინა, ოპერაცია გაუკეთეს იმ საცოდავს მუცელზე…

-სად ცხოვრობს?

-აი, იქეთ, ზემოთკენ, იმ ბებრუცუნა ბესარიონის ქოხში. ხო გახსოვს, შვილო, ცხონებულმა ბებიაშენმა მოაწყობინა.

-მახსოვს. – თქვა ქეთიმ. მართლაც ბუნდოვნად ამოტივტივდა მის გონებაში ვეებერთელა მუხის ქვეშ ხასხასა წითლად შეღებილი კაბინა. ბებერი ბესარიონი მუდამ ღობეს დაჰკანკალებდა და ახლო-მახლოში მოთამაშე აბეზარ ბავშვებს აფრთხობდა კეტით.

-ჰოდა იქაა, შვილო. მეცოდება ეგ ბიჭი, ვაი, ვაი, ისე მეცოდება… – მუხლებზე დაიტყაპუნა ხელები ნანიკომ.

-რატომ, ნანიკო ბებო?

ნანიკო შეწუხებული შესცქეროდა.

-არ იცოდი, ქეთო, შვილო? – შეიცხადა მან. – ავადაა, ძალიან ავად…

უეცრად თითქოს შემოეძარცვა სამზარეულოში ჩამოწოლილი საშინელი სიცხე ქეთის. გაშტერებული შესცქეროდა ნანიკოს.

-ავად? რას ნიშნავს ავად? – ძლივს ამოთქვა მან.

ნანიკომ თვალები გააცეცა, მერე კი ამოიხვნეშა.

-რაც შენ გჭირდა, ქეთო, შვილო… – წაუბუტბუტა მან. – ეგ ჰანო.. ეგ ყვავილებიანი ავადმყოფობა, ეგ მოისპოს ადრე და მალე, ეგ შეეყარა მაგ ბიჭსაც.

ქეთი უსიტყვოდ შეჰყურებდა. წამიერად ვერც კი გაიგო, თუ რას ეუბნებოდა ნანიკო.

-მე რაც მჭირდა. – გაიმეორა ავტომატურად. გულისცემა აუჩქარდა. – ჰანაჰაკის დაავადება.

-ჰო, შვილო, ეგი. ყვავილებს ახველებს ეგ უბედური ბიჭი, აგერ პეტიკოს დაუნახია თურმე, შემოწმებაზე რომ მივიდა, მზესუმზირები ამოახველაო…

-მზესუმზირები ამოახველა. – თქვა ქეთიმ, პირგამომშრალმა.

-კი, კი, დაინახა, შვილო. მეც მოვკარი თვალი, საწყალი ბიჭი, თვალსა და ხელს შუა ჩამოხმა, გაყვითლდა, საცოდავი ეგ, უბედური…

თვალები გადმოეკარკლა ქეთის.

გაშრა, გაქვავდა.

სადღაც შორს ჩაიკარგა, გალღვა და გაიცრიცა ნანიკოს შეცხადება, ჭადების შიშხინი, აუტანელი ხვარტი და ფანჯრიდან შემოღვრილი ნარინჯისფერი მზის სინათლე.

ხელები აუკანკალდა ქეთის, გაოგნებულს, ერთიანად შემოჰყინა, თითქოს ჭიანჭველები უვლიდნენ გაციებულ ხელებში, მკლავები ერთიანად დაუბუჟდა. გული მძლავრად უბრაგუნებდა მკერდში და აბურდული, გაურკვეველი, აღრეული ფიქრების მასად ქცეულიყო მისი გონება.

ჰანაჰაკის დაავადება.

ლევანს ჰქონდა ჰანაჰაკის დაავადება.

არა, არა. როგორ?

როგორ შეიძლებოდა ლევანს ჰქონოდა?

ეს არ უნდა ყოფილიყო რეალური.

ის საშინელი, აუტანელი ტკივილი წამოუდგა თვალწინ, ვერანაირი წამალი რომ ვერ შველოდა. ის სულთმობრძავი შეგრძნება, როცა პირიდან სისხლს აფურთხებდა და ყელში გაჭედილი ვარდები, უწყალოდ რომ გუდავდნენ და ლორწოვანს უსერავდნენ. ის სასოწარკვეთილება, როცა ჰანაჰაკის დაავადების ფატალურობაზე ფიქრობდა, და სულშემხუთავი პანიკის შეტევები, რომელთაც მარტოდმარტო ებრძოდა, თეას ბნელ, ცივ ბინაში, საბნის ქვეშ მოხვეული.

ჰანაჰაკის დაავადება, რომელმაც ერთიანად დალეწა, გონებრივად და ფიზიკურად და კინაღამ გაანადგურა.

ლევანს ჰქონდა ჰანაჰაკის დაავადება.

ლევანს ჰქონდა ჰანაჰაკის დაავადება.

ლევანს ჰქონდა ჰანაჰაკის…

ფეხზე წამობარბაცდა ქეთი. ბუნდოვნად, შორიდან გაიგონა, თუ ეძახდა რაღაცას ნანიკო შეშფოთებული ტონით, ხელს აშველებდა. 

-ქეთო, შვილო! – ჩასძახოდა ის. – ქეთო, დაჯექი გენაცვალე, სულ წაგივიდა ფერი!

გაზინთულ მუშამბაზე დაებჯინა ხელი ქეთის, რომ თავი შეემაგრებინა. სწრაფად, ზედაპირულად სუნთქავდა, ნესტოები ებერებოდა, თვალებგადმოკარკლული იდგა და ისე უკანკალებდა მუხლები, რომ წამი-წამზე ჩაიკეცებოდა თითქოს.

ძლივს დაეწმინდა მზერა. საშინლად უბჟუოდა ხელები.

-სად არის? – ისე წასკდნენ მის ტუჩებს სიტყვები, რომ სანახევროდ ვერც კი გააცნობიერა. თვალები ნანიკოსკენ აატრიალა, რომელიც შეწუხებული შესცქეროდა. – ლევანი სადაა?

-რატო, ქეთო, ასე სად უნდა წახვიდე? ფეხზე ძლივს დგახარ, დაჯექი…

-ნანიკო ბებო, ძალიან გთხოვ. – მოუჭრა ქეთიმ. სუნთქვა გაუჭირდა, ჯერ კიდევ უთრთოდა ხელები. – სად არის?

ნანიკოს ნიკაპი აუკანკალდა, აწყლიანებოდა მონაოჭებული თვალები.

-ამ დროს ან იმ ქოხშია, ანდა სამტოტაზე. – უთხრა მან.

-უნდა წავიდე. უნდა ვნახო. ბოდიში, ნანიკო ბებო, მერე მოვალ… – ძლივს ამოთქვა ქეთიმ, ელვის სისწრაფით გადასწვდა თავის ჭილის ქუდს და თავზე მოირგო. ძალა მოიკრიბა, ეცადა არ ჩაკეცილიყო პირველივე ნაბიჯის გადადგმისას, მერე კი სასწრაფოდ მიაშურა კარს.

-ნელა იარე, შვილო! – მოაძახა უკნიდან ნანიკომ, მაგრამ აღარ უსმენდა ქეთი.

გასკდომამდე აღვსებოდა ყურისწამღები ზრიალით თავი და მხოლოდღა ერთი აზრი რეკდა ზარივით მისი ფიქრების გამაყრუებელ ალიაქოთში.  

რომ ლევანი უნდა მოეძებნა.

სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ეზო და სირბილით აუყვა ბესარიონის ქოხისაკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკს.

უბერავდა ქარი, რომელსაც მომავალი საღამოს სიგრილის სურნელი დასდებოდა, ხმამაღლა შრიალებდნენ მუხის ფოთლები. ჯერ კიდევ აჭერდა დასავლეთს მიახლოებული მზე და მოწითალო ნარინჯისფერი მოსდებოდა შემოგარენს. ველური ყვავილები ნიავქარში ირწეოდნენ, უდრტვინველად.

ქშინავდა ქეთი, ბილიკზე არბოდა.

ლევანს ჰქონდა ჰანაჰაკის დაავადება.

რატომ?

მას რატომ უნდა ჰქონოდა?

ჰანაჰაკის დაავადება. ცალმხრივი სიყვარული.

ვიღაც ცალმხრივად უყვარდა ლევანს.

გულმკერდში მაგრად მოუჭირა რაღაცამ ქეთის, თითქოს გული მოუწურეს.

ვინ?

ქოშინებდა. იგრძნო, თუ როგორ მოაწვა ზურგზე ოფლი.

ნელ-ნელა, მდელოს თავზე ამოიწვერა ბესარიონის ქოხის თავზე აღმართული მუხის ვეებერთელა ვარჯი, ფოთლები ჩამავალი მზის შუქზე ლაპლაპებდნენ.

ქოხის ხის კედლების ოდესღაც ხასხასა წითელი საღებავი ერთიანად გაცრეცილიყო.

კარს მივარდა ქეთი, დააკაკუნა, გულამოვარდნილმა.

-ლევან! – დაიძახა მან. – ლევან!

პასუხი ვერ მიიღო.

ქოხს შემოუარა, ფანჯარაში შეიჭყიტა.

არავინ ჩანდა. ცარიელი იყო.

სული მოეხუთა.

მისკენ მომართული მუქი თვალები, „წითელი ღამის“ სინათლეზე რომ პრიალებდნენ. ძლიერი მკლავები და ზურგზე მოხვეული თბილი ხელები. შეშლილი გამომეტყველება და ყელზე მიშხეფებული სისხლი. ცხელი შეხება, ის ერთადერთი რამ, რასაც შეეძლო აუტანელი ტკივილისა და გაგუდვის შეგრძნების გაქარწყლება.

იმ თვეების მანძილზე თითქმის ყოველდღე იყო მასთან ლევანი.

სხვაგან არ მიდიოდა.

თვითონ?

ნუთუ თვითონ?

ანაზდეული გაცნობიერების შოკი გაუჯდა თითოეულ ძარღვში, გაშრა ერთიანად, თითქოს სისხლი აუორთქლდა შიგნით, ძვლები აუცახცახდა. ქოხის კედელს მიეყუდა, თვალებგადმოკარკლული.

ალბათ თვითონ.

არა. არა. თვითონ… თვითონ როგორ?

ვერ იქნებოდა.

მხოლოდ თავს აბეზრებდა ლევანს.

ეგონა, რომ მხოლოდ თავს აბეზრებდა.

ლევანმა კი საკუთარი სახლის კარი გაუღო. მასზე ზრუნავდა. ღამეებს უთევდა.

გული რომ გაუჩერდა, სიცოცხლე აჩუქა.

და მან გადაწყვიტა, რომ ქეთისთვის ფილტვები გადაენერგათ.

ოპერაცია გაუკეთეს. და მაშინვე წავიდა ლევანი.

მზესუმზირებს ახველებდა. მის საყვარელ ყვავილს. და ბერეხში წამოვიდა.

„საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ პარადოქსულად ჰანაჰაკის დაავადების მიერ დაზიანებული ორგანოების (უმთავრესად ფილტვების) ამოკვეთა პაციენტში ცალმხრივი სიყვარულის ე.წ. „განკურნებას“ იწვევს.“

უნდა განკურნებოდა ქეთის ცალმხრივი სიყვარული.

ალბათ ამიტომ წავიდა ლევანი. ამიტომ მოიტოვა უკან ყველაფერი.

„აქ ვარ. არ მივდივარ არსად“.

მაგრამ წავიდა.

იმიტომ რომ მასაც დაემართა ჰანაჰაკის დაავადება.

ძლივს მოითქვა სული ქეთიმ. პირზე თითები მოეჭდო, გაოგნებული ჩაჰყურებდა ქოხის კედლებთან გრილ სიოში უდრტვინველად მოქანქარე იისფერ ყვავილებს. იდგა, გახევებული და ერთიმეორის მიყოლებით მოძალულ ფიქრებს ებრძოდა, ცდილობდა რაღაც წესრიგის მსგავსი დაემყარებინა მის აურზაურით აღსავსე გონებაში, მაგრამ არაფრით არ გამოსდიოდა.

და არც გამოუვიდოდა.

ცოტა ხანი იდგა. ერთიანად კანკალებდა.

მერე კი შებრუნდა, ქოხს ზურგი შეაქცია და სწრაფად დაეშვა ბილიკზე.

მდელო ჩაირბინა. ზაქარიასა და ნანიკოს სახლს ჩაუარა, სოფლის შარაგზაზე გავიდა.

შორიდან ბავშვების ჟივილ-ხივილი ესმოდა, ბუნდოვნად. ალბათ კაკლის ხის ძირში თამაშობდნენ.

მზე გადადიოდა, შეუნელებლად, უფრო მკვეთრი, ინტენსიური ნარინჯისფერი შერეოდა მის დისკოსა და ბერეხს მოფენილ სინათლეს.

სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა ქეთი. მიუყვებოდა ამტვერებულ შარაგზას, გაშტერებული თვალებით გაჰყურებდა სამტოტას გვერდით გადაჭიმულ მინდვრებს.

დაჯერებაც კი უჭირდა.

ლევანს ჰანაჰაკის დაავადება ჰქონდა.

და წავიდა.

წავიდა, იმიტომ რომ დაავადებული ფილტვების ამოცლით უნდა დაკარგულიყო ის გრძნობა, რომელიც ქეთის გააჩნდა.

ფილტვები ამოაგლიჯეს სხეულიდან.

მასთან ერთად ჰანაჰაკის დაავადებაც.

და ის სასწრაფოს ექიმიც.

მაგრამ ლევანი ვერა.

ალბათ ვერც ვერასოდეს, ვერც ვერაფერი ვერ ამოაგლეჯდა მას.

ტუჩები აუთრთოლდა ქეთის. თვალები აუწყლიანდა, ანაზდად გალღვა, გაიცრიცა მთებს შორის ჩამავალი წითელი დისკო, გაქრნენ მთებზე აღმართული ვეებერთელა ხები და სამტოტა ღელეს მიღმა გადაჭიმული, მწვანედ და ოქროსფრად დაფერილი ყანები.

თვალები სწრაფად მოიწმინდა. ხელები გასციებოდა, ერთიანად უთრთოდა.

სოფლის შესასვლელს გასცდა. გრძნობდა, როგორ მოსდებოდა მუხლებამდე შარაგზაზე ადენილი ოქროსფერი ბდღვირი.

შარაგზის მარჯვნივ ტრიალი მინდორი გადაჭიმულიყო, რომლის მიღმა სამტოტა ღელე მიჩუხჩუხებდა.

კაშკაშებდნენ მზის სხივები და ჭილის ქუდით მოიჩრდილა თვალები ქეთიმ.

ნაზმა ქარმა წამოუბერა კვლავ, გამხმარ ბალახს აშარიშურებდა და თვალისმომჭრელად ციმციმებდა სამტოტა ღელე, როცა მის გამოღმა ნაპირზე, პირდაპირ გამხმარ ბალახში ჩამჯდარი მამაკაცი დაინახა ქეთიმ.

ნაბიჯს შეუნელა. გული ამოვარდნამდე უბრაგუნებდა მკერდში.

შედგა.

მის სილუეტს ყველგან იცნობდა.

გახუნებული ნაცრისფერი მაისური და რუხი შარვალი ეცვა კაცს. მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა, კისერზე ჩამოზრდილი, მზეზე ღია წაბლისფრად ულაპლაპებდა.

ყველაფერი უთრთოდა ქეთის. ისეთი ძალით უჭერდა ხელჩანთის სახელურს თითებს, რომ ფრჩხილები ჩაესო ხელისგულში. ტუჩები მოიკვნიტა, კანკალით შეისუნთქა ჰაერი.

გზიდან გადააბიჯა, აშარიშურებულ, ქარისაგან დაზნექილი მაღალი ბალახით გადავლილ მინდორს დაუყვა.

გამოიხედა კაცმა.

ალბათ მისი ნაბიჯების ხმა გაიგონა.

ლევანის სახე დაინახა ქეთიმ და თითქოს თვალებში ჩამოუბნელდა.

შედგა, გამეხებული.

შეჰყურებდა.

მერე კი ფეხზე წამოვარდა ლევანი, მისკენ მოტრიალდა.

იდგა, თვალებგაფართოებული შესცქეროდა და საპასუხოდ დაშტერებოდა მას ქეთი.

ფეხები დაბუჟებოდა. ასე ეგონა მუხლები მოეკვეთებოდა და ჩაიშლებოდა იქვე, ათას ნაწილად დაფშვნილი.

მაგრამ არა.

იდგა, თითქმის აუტანელი, საშინელი, გაყინული ტალღასავით ერთიანად წამლეკავი გრძნობით აღსავსე, რომლის სიმწარეც ფარავდა ლევანის ნახვისაგან მოგვრილ, თეთრ, უმასო შვებას.

რადგან ავად იყო ლევანი. 

რადგან ძალიან შეეცვალა ჰანაჰაკის დაავადებას.

ორი თვე გასულიყო, რაც არ ენახა ქეთის.

ჩამომხმარიყო ერთიანად, ტანსაცმელი სხეულზე ეკიდა, თვალები ჩაცვენოდა. ავადმყოფურად გაყვითლებოდა კანი. მოზრდოდა მოკლე წვერი და ყვრიმალებს გასცდენოდა მისი თმა.

გული მოეწურა ქეთის, დაუჭკნა ერთიანად შიგნით.

მძვინვარებდა ლევანის სხეულში ჰანაჰაკის დაავადება.

ბევრად უფრო დაძარღვული უჩანდა ხელები.

ამოღამებული ჰქონდა თვალები.

და დაღლილობის ტვირთი ედოთ თითქოს მის ოდნავ მოხრილ მხრებს.

ისეთი ძალით უფრთხიალებდა გული მკერდის გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ქეთის, თითქოს ახლავე გამოამტვრევსო ნეკნებს.

ნუთუ მართლა მისი ბრალი იყო? ნუთუ თვითონ გამოიწვია ეს ყველაფერი, ისე, რომ ვერაფერს მიხვდა?

ძლივს გააღო გამომშრალი პირი.

-გამარჯობა, ლევან. – თქვა ბოლოს.  

-*-*-*-*-*-*-*-*-

მზე ინავლებოდა.

ცოტაც და ჩაიკარგებოდნენ მთათა ფერდის ქვეშ მზის მოწითალო სხივები და უფრო მეტად დაუბერა სებიანის მთიდან სიგრილით გაჯერებულმა ქარმა.

ნებივრად მიჩუხჩუხებდა ღელე.

იწურებოდა დასიცხული დღე.

და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა ქეთის ლევანი.

არც კი იცოდა, რას ფიქრობდა, რამეს ფიქრობდა თუ არა საერთოდ, ერთ უაზრო, აბურდულ, აზრიალებულ ალიაქოთად ქცეულიყო ყველაფერი და უფუთფუთებდა შიგნით.

ქეთი ისევ იდგა, რამდენიმე მეტრის მოშორებით. თბილი ქარვისფერი თვალებით შეჰყურებდა, წარბშეკრული. ტუჩები ოდნავ უთრთოდა.

-გამარჯობა. – ძლივს ამოიხრიალა საპასუხოდ ლევანმა.

ქეთიმ ხმა არ გასცა.

მერე კი გაუბედავად, თითქოს ბალახიც კი არ უნდა გააშარიშუროსო, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მისკენ.

ვერც კი ინძრეოდა ლევანი. თითქოს მიწაზე მიელურსმათ მისთვის ფეხები, თვალმოუშორებლივ დაჰყურებდა ქეთის, რომელიც სულ ახლოს, მკლავის გაწვდენაზე იდგა.

ასეთი თბილი არასოდეს ჰქონოდა ქარვისფერი თვალები. ღაწვები ოდნავ ავარდისფერებოდა, ყინვისაგან დახეთქილი აღარ ჰქონდა ტუჩები.

უნდოდა თვითონაც გადაედგა წინ ნაბიჯი.

მაგრამ ვერ შეძლო.

იმიტომ რომ განიკურნა ქეთი.

რატომ მოვიდა? რა უნდოდა?

ალბათ თავის სოფელს სტუმრობდა.

მაგრამ მასთან რატომ მოვიდა? რატომ გადმოჭრა მისი დანახვისას მინდორი, რატომ მოესალმა, რატომ შემოჰყურებდა ასეთი თვალებით?

-მადლობა, ლევან. – თქვა უცებ ქეთიმ.

შედრკა ახალგაზრდა კაცი, ისე ანაზდად გამოგლიჯეს ქეთის სიტყვებმა საკუთარ ფიქრებს.

ქეთი შეჰყურებდა. ტუჩებს იკვნეტდა, აშკარად პასუხს ელოდა.

-რისთვის? – ამოიხრიალა ბოლოს ლევანმა.

-ყველაფრისთვის. რაც გააკეთე.

-არაფერი გამიკეთებია.

-როგორ არა. შენ რომ არა, მე არ ვიქნებოდი. ეკა ექიმმა მითხრა.

საშინელი გრძნობა წამოუყელყელავდა გულმკერდში ლევანს, მაგრად მოუჭირა, თითქოს მუშტში მოჭყლიტა მისი ფილტვები.

ის სიმძიმე იგრძნო, რომელსაც ხშირად მოჰყვებოდა ნეკნების ჩალეწვის პირამდე მისული ხველა. აქედან უნდა წასულიყო.

-მე რომ არა, არც არაფერი დაგემართებოდა. – ამოთქვა უცებ.

ქეთის სახე შეეცვალა, თვალები დაუსევდიანდა. თავი გადააქნია, მერე კი ასევ ახედ-დახედა.

უხერხულად შეიშმუშნა ლევანი. იცოდა, თუ როგორ გამოიყურებოდა.

აწრიალდა.

სისულელე იყო ახლა აქ დგომა და საუბარი. კარგს არაფერს მოუტანდა არცერთს.

ქეთი უბრალოდ მადლობის სათქმელად მოვიდა, და მეტი არაფერი.

საშინლად დაუმძიმდა შიგნით ყველაფერი, თითქოს ერთბაშად გაუვრცელდნენ ყველა ძარღვში, კუნთსა და ძვალში მზესუმზირები, ფესვები გაიდგეს, მთელი ძალით ებღაუჭებოდნენ თითოეულ ნერვზე, სული მოუხუთეს.

ნაკვთები დაეჭიმა ლევანს, შეუთრთოლდა. ქეთის ქარვისფერ თვალებს მზერას ვეღარ უსწორებდა.

-ნახვამდის, ქეთი. – თქვა ბოლოს, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა მას, მინდორი გადაჭრა და დაუყვა შარაგზას.

მზე გადაიწურა. იისფერი ღრუბლების ნაგლეჯები იფანტებოდნენ ცის კამარაზე და გაცრეცილი წითელი სინათლე მოსდებოდა არემარეს.

შარაგზაზე მილასლასებდა ლევანი. ძლივს მიათრევდა ფეხებს.

კარგა ხანი გახლდათ რაც ასე სწრაფად არ ევლო. ვეღარ იტანდა, სული ეხუთებოდა.

მაგრამ ახლა უნდა ევლო. უნდა წასულიყო, ქეთის უნდა გასცილებოდა.

მაგრამ ვერა.

ნაბიჯების ხმა ესმოდა უკნიდან.

ქეთი აედევნა.  

იქნებ სოფელში მიდიოდა უბრალოდ. უკვე მოსაღამოვდა. სადმე ხომ უნდა დარჩენილიყო.

უნდოდა ეკითხა, თუ სად რჩებოდა.

უნდოდა ეკითხა, თუ როგორ იყო. როგორ ჩაიარა რეაბილიტაციამ. როდის გამოუშვეს საავადმყოფოდან. ძალიან გაუჭირდა თუ არა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

უნდოდა ეკითხა თუ რატომ ჩამოვიდა.

რატომ გამოელაპარაკა. რატომ გადაუხადა მადლობა. რატომ ვერ დაინახა მის მზერაში გულგრილობა და სიძულვილი ლევანმა.

ალბათ გულგრილობა და სიძულვილი რუდუნებით გამოჭედილი ნიღბის ქვეშ იმალებოდნენ. მაგრამ ვერ წარმოედგინა ეს ნიღაბი ქეთის სახეზე ლევანს.

სოფელი გადაჭრა. სებიანის მთის ფერდზე მიმავალ ბილიკს აუყვა.

მალე ამოიწვერა ბილიკის გარშემო აშოლტილი ჭადრის ხეების მიღმა ვეებერთელა მუხის ვარჯი.

ხმამაღლა შრიალებდნენ მწუხრის მოიისფრო წითელ შუქში გამოხვეული ფოთლები.

ქეთი კი კვლავ უკან მოსდევდა, უსიტყვოდ.

ქოშინებდა ლევანი. სწრაფმა სიარულმა ერთიანად გამოაცალა არაქათი. საშინლად სტკიოდა მარჯვენა ფერდი.

ისევ უნდა დაელია ტკივილგამაყუჩებლები.

მავთულხლართებიან ღობეს შემოუარა, მდელო გადაჭრა.

უდრტვინველად ირხეოდნენ კაბინის გარშემო აღაღანებული ველური ყვავილები, კუტკალიების ჭრიჭინი შერეოდა ქარში აფრთხიალებული ფოთლებისა და ბალახის შარიშურს. მოიისფრო ლურჯი იყო ცის კამარა, და ნელ-ნელა დღის მოსასხამს იძრობდნენ ვარსკვლავები.

კარს მიუახლოვდა ლევანი, ტკაცუნით გადაატრიალა საკეტში გასაღები, ოთახში შეაბიჯა.

კარი ზურგს უკან ღია დატოვა.

შეაბიჯა და იქვე მიაგდო გასაღები, მერე კი ლოგინისპირა ტუმბოს დაებჯინა, ქანცგაწყვეტილი, ქშინავდა. მარჯვენა ფერდზე მოიჭდო ხელი, თითქოს ასე შეძლებდა ტკივილის გაქარწყლებას.

ფანჯრიდან სულთმობრძავი მზის სუსტი წითელი სინათლე იღვრებოდა, მქრქალად დაჰფენოდა საწოლს, პატარა მაგიდასა და კედლებს.

ფრთხილი ნაბიჯები ესმოდა ლევანს, რომელთა ქვეშ მაინც გაიჭრაჭუნეს კაბინის ძველი იატაკის ფიცრებმა.

კარი ჩხაკუნით მიიხურა.

სამარისებური, სულშემხუთავი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ლევანის მძიმე სუნთქვა არღვევდა. მძლავრად უცემდა ყელსა და საფეთქლებში მძიმე პულსი.

-ლევან… – დაიწყო ანაზდად ქეთიმ.

მერე კი გაჩუმდა. თითქმის ესმოდა მისი ყოყმანი ლევანს.

-გისმენ. – თქვა მან. სიჩუმეს ვერ იტანდა.

-არაა შენი ბრალი. – თქვა ქეთიმ.

-რა არ არის ჩემი ბრალი?

-მე რომ ჰანაჰაკი მქონდა. არაა შენი ბრალი, მართლა.

-ადრე როდის მნახე?

-რვა წლის წინ. გამოძახებაზე იყავი. ეპილეფსიური კრუნჩხვა მქონდა და საავადმყოფოში წამიყვანე.

თვალები გააფაციცა ლევანმა. უკვე ჩვეული, გავარჯიშებული სისწრაფით გადაქექა მოგონებები.

მაინც არ ახსოვდა.

-მივხვდი რომ არ გახსოვდა. – თქვა ქეთიმ. – არაუშავს. მილიონი გამოძახება გექნებოდა. ერთი… ვიღაცა საიდან დაგამახსოვრდებოდა…

-არ ხარ შენ ვიღაცა. – მოუჭრა ლევანმა. ხელი უთრთოდა, როცა წვერით დაფარული ყბა მოისრისა. – უნდა მივმხვდარიყავი.

თვალსა და ხელს შუა ილეოდა მზის მოწითალო სინათლე. იცრიცებოდა, იისფერში დნებოდა და მზის წითელი დისკოს მილეული წვერი ჩანდა მხოლოდ მთების მიღმა. ფანჯარა ღრიჭოდ დაეტოვებინა ლევანს, გახუნებულ ფარდებს აშრიალებდა გრილი ნიავი და კუტკალიები ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ მდელოზე.

-უკეთ ხარ. – თქვა ლევანმა.

-კი. ბევრად. მადლობა, ლევან.

– მე არაფერ შუაში ვარ. კარგია რომ უკეთ ხარ.

ქეთიმ არაფერი უპასუხა.

საშინლად, გასკდომამდე ასტკივდა თავი ლევანს. გული მკერდში უბრაგუნებდა.

-ბერეხში მოხვედი. – თქვა ბოლოს.

-ჰო. გავიგე რომ აქ იყავი. და მოვედი.

-ჩემს სანახავად?

-ჰო.  

-რა გინდა, ქეთი? – თქვა ლევანმა, მისკენ მიბრუნდა.

ქეთის ჭილის ქუდი მოეხსნა, ფარფლები ხელებში მოეჭმუჭნა. აწეწილი თმა ყურებსა და მხრებზე ჩამოშლოდა, მქრქალ წითელ შუქზე პრიალებდნენ თავზე შემოვლებული თმის ღერები და მისი ქარვისფერი თვალები.

-აქ მინდა ვიყო. – თქვა მან.

-სად აქ? ამ კაბინაში? ბერეხში? მერე იყავი. ჩემთან რა გინდა?

-შენთან მინდა.

გაშრა ლევანი. პირი დააღო, გაოგნებულმა.

ხელი გააფაციცა, საწოლის რკინის თავს დაებჯინა, მერე კი მძიმედ დაეშვა ლოგინზე. ღრჭიალი ამოუშვეს საწოლის ჩაჟანგულმა ზამბარებმა.

-რა? – ძლივს ამოთქვა, პულსი მძლავრად სცემდა საფეთქლებში. გაფაციცებით შესცქეროდა ქეთის, ცდილობდა მისი ფიქრები ამოეკითხა.

მაგრამ ვერ ახერხებდა.

მხოლოდ მის აღელვებულ გამომეტყველებას, ოდნავ აბზეკილ წარბებს, მუქი წამწამებით შემოჯარულ ქარვისფერ თვალებს, გრძელ მუქ თმას, მოიისფრო სარაფანში აწურულ გამხდარ მხრებსა და ჭილის ქუდის ფარფლებზე მაგრად ჩაჭერილ თითებს ხედავდა.

-შენთან მინდა. – თქვა ქეთიმ. ჭილის ქუდს ხელებში გრეხდა.

ნერვიულობდა.

უსიტყვოდ შეაცქერდა წამიერად ლევანი.

-მაშაყირებ ხო? – უთხრა მან.

-არა.

-აბა რას აკეთებ?

-ხომ გითხარი. შენთან მინდა ვიყო.

ლევანს სისხლმა აასხა თავში. არც კი სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ესმოდა.

იტყუებოდა ქეთი.

სხვა ახსნას ვერ მოუძებნიდა ამ უთავბოლო არეულობას ლევანი.

-რა გგონია, არ ვიცი ჰანაჰაკის ამოკვეთის მერე რა ხდება?

-ვიცი რომ იცი. მეც წამიკითხავს სტატიები.

-მერე?

-მერე რა. სტატიების მიხედვით კი უნდა მოვმკვდარიყავი.

-არა, რაღაც შანსი იყო. ყოველთვის იყო, და შენ ყოველთვის უნდა გამოჯანმრთელებულიყავი. მე ვიცოდი, რომ გამოკეთდებოდი. გრძნობების მოცილება კი უნივერსალურია.

ხელები უთრთოდა ლევანს.

ქეთი ოდნავ მოიღუშა, ჯიუტად შესცქეროდა.

-არ მაინტერესებს სტატიებში რა წერია.

-ქეთი, რაღაც გეშლება.

-არ მეშლება.

-ანუ რა გამოდის? რას მეუბნები?

-იმას, რომ ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. – თქვა ქეთიმ. ჭილის ქუდის გრეხა შეწყვიტა, ქვემოთ დაუშვა, გადაღლილი და ანერვიულებული ჩანდა, ტუჩები უკანკალებდა. – წლების წინ რომ საავადმყოფოში წამიყვანე, იქედან მოყოლებული შენი სახე ძალიან კარგად მახსოვდა. ახლა ვეღარ ვიხსენებ. სხვა არაფერი შეცვლილა.

თვალები გადაეგლისა ქეთის. შუქჩრდილი ჩამოწვა კაბინაში, მზის მოწითალო სინათლე ნელ-ნელა მოვარდისფრო იისფერში ჩადნა, და ვეღარ ხედავდა გარკვევით მის ნაკვთებს ლევანი.

პირი გამოუშრა. ცოტაც და თითქოს გამოუმტვრევდა მკერდის ძვალს გული. ადგილზე აწრიალდა, ხელები არც კი იცოდა თუ სად წაეღო, მომუჭა და გაშალა, მერე კი მაგრად მოიჭდო მუხლებზე.

ყურებში კვლავ ესმოდა ზრიალი, თითქოს ზარები რეკდნენ.

არც კი სჯეროდა რომ ეს ყველაფერი ესმოდა.

-ესე იგი სხვა არაფერი შეცვლილა. – თქვა ბოლოს. ქეთიმ სწრაფად გადააქნია თავი.

-მე მეგონა… – დაიწყო მან და შეყოვნდა, თვალი აარიდა. ჭოჭმანობდა. – მეგონა რომ გაწუხებდი.

-ხომ გითხარი. შენ მე არ მაწუხებ. არც არასოდეს შეგიწუხებივარ.

-მივხვდი.

ქეთიმ ფეხი მოინაცვლა. რაღაცას გაჰყურებდა ფანჯარაში, შორს, მერე კი ხელებში ჩაბღუჯულ ჭილის ქუდს დახედა.

ლევანი შეჰყურებდა, ცდილობდა თითოეული მისი ნაკვთი დაემახსოვრებინა.

-ნანიკომ მითხრა. – წაიბუტბუტა ქეთიმ.

-რა?

-რომ ავად ხარ.

-მგონი აშკარაა ეგ.

-ვიცი რომ ჰანაჰაკი გაქვს, ლევან. – თქვა ქეთიმ.

დაიძაბა ლევანი. უფრო მაგრად მოუჭირა მუხლებს ხელები.

რა თქმა უნდა. ბერეხში ყველამ იცოდა მისი ავადმყოფობის ამბავი. რა გასაკვირი გახლდათ რომ წამსვე გაიგებდა ქეთი.

არაფერი უპასუხა.

ტუმბოზე გადადო ჭილის ქუდი ქეთიმ, იქვე მიაგდო ხელჩანთა. სარაფნის ნაკეცებზე დაისვა ხელები წელზე, ნერვიულად, მერე კი ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა.

ყოველ მის ნაბიჯზე თითქოს უძლიერდებოდა თავში ზრიალი ლევანს. სუნთქვა გაუხშირდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გაჭირვებით იმორჩილებდა კუნთებს.

ქეთი მის გვერდით ჩამოჯდა. კვლავ გაიჭრიჭინეს ჩაჟანგულმა ზამბარებმა.

ერთმანეთს ეხებოდნენ მათი ბარძაყები. ხელები კალთაში დაეკრიფა ქეთის.

მის სითბოს გრძნობდა ლევანი და განძრევასაც კი ვერ ბედავდა.

-მაპატიე, ლევან. – თქვა უცებ ქეთიმ. – ალბათ უნდა მეთქვა. ეს ყველაფერი აღარ მოხდებოდა.

-არაუშავს. – მიუგო ლევანმა.

-მეშინოდა. – თქვა ქეთიმ. – მეშინოდა, რომ მოვკვდებოდი.   

-ვერ მეტყოდი, მესმის.

ქეთიმ კანკალით ამოისუნთქა.

-შენზე რომ გავიგე, უფრო შემეშინდა. – თქვა ბოლოს.

მერე კი ოდნავ გადმოიხარა მისკენ, მხრით მხარზე შეეხო და სუნთქვა შეეკრა ლევანს.

ქეთიმ თქვა რომ არაფერი შეცვლილიყო. იმ წლების წინანდელი მოგონების გარდა.

ისევ ისეთი უცნაური გრძნობის სუსხი დაინახა მის თვალებში ლევანმა, რომელიც ადრე გაურკვეველი იყო მისთვის.

ისევ ისე იმტვრევდა კალთაში თითებს.

ისევ ისეთი იყო, როგორიც ახსოვდა, როცა მის სამზარეულოში იჯდა, სკამზე ფეხებაკეცილი.

თქვა, რომ არაფერი შეცვლილიყო.

ბერეხში მისთვის ჩამოვიდა. მასთან მოვიდა. და უთხრა, რომ მასთან უნდოდა ყოფნა.

მუხლებს შეუშვა ხელები ლევანმა. ქეთის გადახედა.

ქეთი უკვე შეჰყურებდა, მწუხრის იისფერი სინათლე მოჰფენოდა სახეზე. მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა, მისი სახის ყოველ ნაკვთზე ავლებდა მზერას.

და მკლავი მოხვია მას ლევანმა. მაგრად მოსჭიდა წელზე ხელი და ასწია, კალთაში ჩაისვა, მთელი ძალით მოხვია ზურგზე მკლავები და გულში ჩაიკრა, მის ყელსა და მხარში ჩარგო სახე.

მზის, თბილი ქარის, მინდვრის ყვავილებისა და მზესუმზირების მქრქალი სურნელი ჰქონდა ქეთის და უფრო მაგრად აიკრა გულზე ლევანმა.

მკლავები მოხვია მხრებზე ქეთიმ და ლოყა მოაყრდნო თავზე. მის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა მკერდზე ლევანი.

გაქრნენ მის თავში აბურდული, აზრიალებული ფიქრები. მხოლოდ თეთრი, უმასო სიცარიელე ედგა შიგნით და მთელი სხეულის მომცველი შვება, რომელსაც უცნაური სასოწარკვეთის ელფერი დაჰკრავდა.

მარჯვენა ფერდში ჩაუნავლდა აუტანელი ტკივილი. მის მკერდში ფესვგადგმული საშინელი სიმძიმე, რომელსაც ეგონა რომ ვერასოდეს მოიშორებდა, შემსუბუქდა.

ყოველი უჯრედით გრძნობდა თითქოს ქეთის. მის წელს, მის გულმკერდს, თმას, ყელში აჩქარებით მფეთქავ საძილე არტერიას, მის ბარძაყებზე გადადებულ ფეხებს, მის სუნთქვას, სურნელს, მაგრამ არაფრით არ ჰყოფნიდა.

ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ მოენატრა. თუ როგორ უნდოდა კვლავ ენახა, მასთან ახლოს ყოფილიყო, ხელი გაეწვდინა, შეხებოდა.

-მომენატრე. – ძლივს ამოღერღა ბოლოს. – ძალიან.

-მეც მომენატრე, ლევან. – წაილუღლუღა ქეთიმ, თავზე ხელი გადაუსვა. – რომ გავიღვიძე… გეძებდი. მეგონა იქ იქნებოდი.  

-მინდოდა ვყოფილიყავი. – თქვა ბოლოს ლევანმა.

-ვიცი. ვიცი. აღარ წახვიდე, გთხოვ.

ხმა უთრთოდა ქეთის.

გული მოეწურა ლევანს. უფრო მაგრად მოეხვია, ნაზი კანით დაფარულ მხრებზე დაუსვა ხელები. შიგნით ცეცხლი ეკიდა თითქოს.

გაუჭირდა, მაგრამ მაინც ოდნავ დაიწია უკან ლევანმა, ხელები ისევ ქეთის წელზე შემოეჭდო მაგრად.

თვალები გადაგლესოდა ქეთის. ლოყები ალეწოდა, სახეში ჩამოშლოდა აწეწილი თმა.

მერე კი ცრემლები გადმოუგორდა.

გამშრალი შეჰყურებდა ლევანი. გული დაუჭკნა თითქოს. თმა ყურებზე გადაუწია ქეთის, ფრთხილად გადაუსვა აფორაჯებულ ღაწვზე ცერი, ცრემლები მოსწმინდა.

-აღარ წავალ. – თქვა ბოლოს. – აღარსად მივდივარ. ქეთი…

-შენ რატომ დაგემართა… – წაილუღლუღა ქეთიმ, ხელებით ჩაცვენილ ლოყებზე შეეხო. – თან აქ სულ მარტო იყავი. ვერც კი წარმომიდგენია…

-არაუშავს. – თქვა ლევანმა. ისე მშვიდად გრძნობდა თავს, როგორც არასდროს. – ახლა უკვე არაუშავს.

მართლაც არაუშავდა. იმიტომ რომ ახლა კარგად იქნებოდა ყველაფერი.

ისევ მოხვია მაგრად ქეთის წელზე მკლავები, ახლოს მოიზიდა.

იისფერ, მინავლებულ სინათლეში გამოხვეულიყო ქეთის ალეწილი სახე. ცრემლებისაგან ერთმანეთზე მიჰკვროდა წამწამები, ტუჩები გაპობოდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.

მერე კი მისკენ გადმოიხარა და ფრთხილად შეეხო ტუჩებით ყვრიმალზე ლევანს.

მერე ყბაზე. ლოყაზე. ტუჩის კუთხეში.

თვალები დახუჭა ლევანმა. თავი გაატრიალა, ქეთის აკოცა.

და პაწაწინა მზე იყო მისი ტუჩების სითბო.

ისეთი თბილი, ისეთი მხურვალე და სასიამოვნო, როგორიც აქამდე არასოდეს ეგრძნო ლევანს.

ქეთიმ ყვრიმალებზე გადაუსვა თითები და ოდნავ დაიწია უკან, სახეზე მოეფერა, ტუჩები უთრთოდა, მაგრამ ოდნავ ღიმილს მიეღწია მის თვალებამდე.

უფრო ძლიერად მოსჭიდა ქეთის წელზე ხელები ლევანმა და გადაიხარა, ლოგინზე გადაწვა. დაჰყვა ქეთი, გვერდში მიუწვა, მკერდზე მოხვია ხელი.

თავზე აკოცა ლევანმა, მაგრად იხუტებდა ახლოს.

თითქმის აუტანლად უბრაგუნებდა მკერდში გული.

ამასაც არაუშავდა.

რადგან თითქმის გრძნობდა, თუ როგორ ილეოდა მის სხეულში ჰანაჰაკის დაავადება.

რადგან ქეთი ჰყავდა გვერდით.

გრილი ქარი აშრიალებდა მუხის ფოთლებსა და ფარდებს. ილეოდა იისფერი სინათლე და ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ კუტკალიები.

-დაიღალე? – დაუჩურჩულა ქეთის ლევანმა.

-ძალიან. – უპასუხა ქეთიმ, მერე კი ოდნავ გადმობრუნდა მისკენ, უფრო უკეთ მოეწყო, მის მკერდში ჩარგო სახე. – შენ?

-მეც.

-კარგად იქნები, ლევან. – თქვა ქეთიმ და მკერდზე აკოცა, ხელი მოხვია ზურგზე.

სისხლი ყურებში უგუგუნებდა ლევანს.

-უკვე კარგად ვარ. – ამოღერღა ბოლოს.

ქეთიმ არაფერი უპასუხა. მთელი ძალით ეკვროდა, თითქოს ეშინოდა, არავის მოეგლიჯა.

წელზე მაგრად მოხვია მკლავი ლევანმა.

სადღაც გაფრინდა, გაიცრიცა და დაილია ის სასოწარკვეთა, სინდისის ქენჯნა და ნაღველი, რომელიც განვლილი ოთხი თვის მანძილზე შიგნიდან ჭამდა.

მათი ადგილი ქეთის აქ ყოფნას, მისი სხეულის სითბოსა და მის სიტყვებს დაეკავებინათ.

მოდუნდა ლევანი, თითქოს ლოგინში ჩადნა. არც კი სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა.

იქნებ ესიზმრებოდა. იქნებ გაღვიძებოდა ორიოდე წამში და სულ მარტო იქნებოდა კაბინაში, ამ სიზმრის კლანჭებში.

თუმცა არა.

ქეთის შეხება, პაწაწინა მზეს რომ წააგავდა, არასოდეს იქნებოდა შორეული ზმანება.

-შენ ზაფხული მაჩუქე, ლევან. – წაილუღლუღა უცებ ქეთიმ. – მართლა მეგონა, რომ ვერასოდეს ვნახავდი.

-მე სულ მჯეროდა, რომ ნახავდი. – მიუგო ლევანმა. თვალები ეხუჭებოდა. – ამ ზაფხულსაც და მრავალ სხვასაც.

-შენ კი ზამთარს ნახავ. – თქვა ქეთიმ. – ამ ზამთარსაც და მრავალ სხვასაც.

შიგნით რაღაც შეუთრთოლდა ლევანს.

ჩამუქებულიყო მწუხრის იისფერი. რუხი შუქჩრდილი მოსდებოდა კაბინას.

ლოყაზე მოჰკიდა ხელი ქეთის ლევანმა. მის ნაკვთებს გაჭირვებით არჩევდა, მაგრამ მაინც დაიხარა და კიდევ ერთხელ შეიგრძნო მისი ტუჩების პაწაწინა მზე.

მერე კი მაგრად გამოახვია მკლავებში.

ქეთი აქ იყო. ზედ მიჰკვროდა. არსად წავიდოდა.

და თავისი შეხებით გაენელებინა მასში ფესვგადგმული აუტანელი, სულშემხუთავი ტკივილი.

თვალები დახუჭა ლევანმა.

ოდნავადღა ეტყობოდა დასავლეთს მთათა ქედებს შორის მზის ნასისხლარი. უსასრულოდ ღრმა იყო ცა, მუხის ფოთლებს მიღმა მოჩანდა სავსე მთვარე და ვარსკვლავები ციმციმებდნენ ცის მელნისფერ კამარაზე.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

-10.07.2025 –

თითქმის ზენიტში იყო მზე.

ცხელოდა, საშინელ ხვარტს მხოლოდ თბილი, ზარმაცი ნიავი ანელებდა, მალ-მალე რომ წამოუბერავდა და ააშრიალებდა სიცხისაგან დახეთქილ მიწაზე ამოზრდილ გამხმარ ბალახს. შორიდან ტრაქტორის გუგუნი ისმოდა, რაც თითქმის გადაეფარა სამტოტა ღელეს ხმამაღალ შხაპუნს.

სარაფანი აიწია ქეთიმ. ფრთხილად შეაბიჯა ღელეში, ცივ წყალზე გააჟრჟოლა ერთიანად.

ცოტას გაგრილდებოდა.

დილით ადრე გაიღვიძა ლევანმა და მისი ადგომისას ლოგინის ჭრიალზე გაეღვიძა ქეთის.

ცოტა ისაუზმეს.

მერე კი სასეირნოდ წამოიყვანა ლევანმა.

მასთან რჩებოდა, კაბინაში.

მასთან ერთად იძინებდა, დგებოდა, და უბრალოდ იყო.

და ისე მშვიდად იყო, როგორც არასდროს.

ლევანი უსიტყვოდ შეჰყურებდა. გაუღიმებდა. მოუახლოვდებოდა და მაგრად ჩაიკრავდა გულში, აკოცებდა და წამსვე რეტი ესხმოდა ქეთის.

დღითიდღე უმსუბუქდებოდა სუნთქვა ლევანს. ცოტა ფერიც მოუვიდა.

აღარ ახველებდა სისხლსა და მზესუმზირებს.

ახლა ცოტას გაგრილდებოდნენ ღელეზე. მერე კი ალბათ გაისეირნებდნენ. მერე კი მარკეტში უნდა გაევლოთ.

ზაქარიამ და ნანიკომ სადილზე დაპატიჟეს დღეს.

ბერეხის მთის, მოჩუხჩუხე სამტოტა ღელესა და მინდვრის სურნელი შეისუნთქა ქეთიმ.

ჭილის ქუდი წააძრეს თავიდან მოულოდნელად და უკნიდან მოეხვივნენ მკლავები.

სცხელოდა ქეთის, მაგრამ მთელი სხეულით მიეყუდა ლევანს, მის მხარზე გადააგდო თავი. თვალები მიელულა, გაიღიმა და მობრუნდა, ლევანს მიეხუტა. მკერდზე დაადო თავი, უყვარდა როცა მის გამოზომილ, უტყუარ გულისცემას უსმენდა.

თითქმის გრძნობდა, როგორ ქრებოდნენ ნელ-ნელა ჰანაჰაკის დაავადების დაუძლეველი ფესვები ლევანის სხეულიდან და არაფერი აბედნიერებდა ამაზე მეტად.

ლევანის მის გვერდით ყოფნის გარდა.

-ტბაზე წავიდეთ. – თქვა ლევანმა. მის ზურგზე მაგრად მოეჭდო მკლავები.

თავი მოაბრუნა ქეთიმ, მხარზე დაადო ლოყა ლევანს.

-წავიდეთ. – თქვა ბოლოს. – მერე სადილზე უნდა ავიდეთ ზაქარიასთან და ნანიკოსთან.

-მერე სახლში წავიდეთ. – უპასუხა ლევანმა.

ქეთიმ ჯერ არაფერი უპასუხა. მის გულისცემას უსმენდა, სამტოტა ღელეს მიღმა მზესუმზირების ყანას გადაჰყურებდა და იღიმებოდა.

-სულ რომ გამოკეთდები, მერე იქ წავიდეთ… შენ რომ გინდოდა.

-სად?

– აი ის… მარილის ტბები. სალარ-დე-უიუნი. უნდა ვნახოთ.

გაეცინა ლევანს. მისი ხმის გუგუნი იგრძნო მის მკერდში ქეთიმ და ჟრუანტელმა დაუარა.

-ვნახავთ. – თქვა ლევანმა.

ნახავდნენ. როგორც ღელეს მიღმა გადაჭიმული ვრცელი, თვალმიუწვდენელი მინდვრები, ისე გადაშლილიყო მათ წინაშე მთელი ცხოვრება, მათი „მერე“, რომელიც კვლავ ქცეულიყო დროის მუდმივობაში გაცრეცილ აბსტრაქტულ ცნებად.

თვალები დახუჭა ქეთიმ, უფრო მაგრად მიეკრო ლევანს და საპასუხოდ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები ახალგაზრდა კაცმა.

ზენიტს უახლოვდებოდა მზე.

კუტკალიები დაამღერებდნენ გადამხმარ ბალახში და მათ ფეხქვეშ მიჩუხჩუხებდა სამტოტა ღელე.

გაღმა ნაპირზე კი სებიანის მთიდან მონაბერ ქარში ნებივრად ირწეოდნენ მზესუმზირები.

.

.

.

PTP – Post-Transplant Period

.

.

.

ცოტა რამ “მზესუმზირების” შესახებ:

  1. ეს ნაწერი პირველია თითქმის ოთხწლიანი ჰიატუსის შემდეგ.
  2. დაიწერა სამ თვეში, მოიცავს ვორდში 272 გვერდსა და 67,121 სიტყვას.
  3. ლურჯი ვარდები სიმბოლურია, ნიშნავს იდუმალებას, შეუძლებელის მიღწევასა და ცალმხრივ სიყვარულს.
  4. მზესუმზირებიც სიმბოლურია, ნიშნავს სიმშვიდეს, ერთგულებას, ბედნიერებას.
  5. ქეთისა და ლევანის სახელები შეირჩა ისე, რომ სახელების მნიშვნელობას დატვირთვა არ აქვს.
  6. ქეთის ავადმყოფობის პერიოდში ზამთრის ფონზე თბილი სინათლე/ფერები მხოლოდ ქეთისთან ასოცირდება.

.

.

.

საინსპირაციო სიმღერები, რომელთაც წერის დროს ვუსმენდი:

Kina – get you the moon

Natasha Blume – Black sea

Imagine Dragons – Dream

Ruelle – Carry you

The Cinematic Orchestra – To build a home

Death Cab for Cutie – Transatlanticism

30 thoughts on “მზესუმზირები (ნაწილი 8 – ეპილოგი)

  1. მგონი არითმია მქონდა კითხვის პროცესში🙈 ახლა ცოტა ხანი ტელეფონს გვერდით გადავდებ და მშვიდად ვიფიქრებ სიწყნარეში.ყველაზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი ნაწარმოები იქნება ჩემთვის,აღარც მახსოვს ასე მძაფრად როდის განვიცადე ემოციები კითხვის დროს🥰🥰 სუპერგოგო ხარ სუპერ შესაძლებლობებით.გთხოვ აღარ მოგვანატრო თავი წლობით,ახლა შენც დასვენება გჭირდება ასეთი ემოციური მოთხრობის წერის შემდეგ ალბათ,შვებულებაში გიშვებ,მაგრამ დიდი ხნით არა 😁❤️❤️❤️❤️❤️❤️

    Like

    1. ავყუჩდი 🥺🥺🥺🥺🥺 ძალიან ძალიან დიდი მადლობა! 🤩🤩💛💛💛 შვებულება მშვენივრად ჟღერს ახლა, ნამეტანი მომსპო ემოციურად “მზესუმზირებმა” 😁😁 ახალი ნაშრომის იდეა მაქვს, მაგრამ ვნახოთ ვნახოთ 🤩💛 კიდევ ერთხსლ უღრმესი მადლობა შენ, ძალიან მიხარია რომ მკითხულობ 💛💛💛💛

      Like

  2. რა სასიამოვნოა კითხულობ და გგონია შენც მათთან ერთად განიკურნე, მათასავით დაავადებული იყავი იმ საშინელი დაავადებით და ახლა განიკურნე.
    ისე აღწერდი თითოეულ წინადადებას არ შეიძლებოდა არ გეგრძნო მკითხველს რომანში ჩადებული მთელი ენერგია და აზრი.
    მიყვარს შენი შედარებები, სიზმრები, ის გარემო რაც გქონდა სულ აღწერილი და დამოკიდებულება ადამიანების რომლებიც იყო თბილი. სამწუხაროა მაგრამ ზოგიერთი ექიმის და ჟურნალისტების დამოკიდებულება რეალურადაც არის მაგდაგვარად.
    მინდა სულ წერდე და წერდე. სულ ჩვენთქნ იყო და გვიზიარებდე შენს ნაწერებს❤️🌻
    მიხარია შენ და მარგოს ნაწერებს ერთდროულად გავეცანი და რომ მოგყვებით.

    Like

    1. ძალიან დიდი მადლობა! 💛🥺🥺 ძალიან ბედნიერი ვარ რომ წაიკითხე და მოგეწონა 💛💛💛
      მიხარია რომ შედარებები და სიზმრები მოგეწონა 💛 ამ ბოლო დროს ნამეტანი მაწუხებდნენ სიზმრები და მინდოდა ცოტა გადმომეტანა ნაწერშიც 💛
      კიბატონი, სამწუხაროდ ყველა ექიმი და ჟურნალისტი არაა ისეთი როგორიც უნდა იყოს და სამწუხაროდ ჩვეულებრივი ამბავიცაა ეს 😮‍💨
      კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ ყველაფრისათვის 💛💛

      Liked by 1 person

  3. გემრიელობა ლუკმა იყო ეს ნაწილიც და თავპირისმტვრევით შემომეკითხა ამჯერადაც😁😁მადლობა ლინდა ძვირფასო ამ ლამაზობისთვის❤❤❤მიყვარს შენი საკალელი წყვილიი❤აუ სიზმრებს (და არა მარტო მათ)როგორ აღწერ ვგიჟდები ნუუ😁😊საოცარი უნარი გაქვს გადმოცემის და ვგიჟდები შენზეეე❤❤❤მადლობა რომ არსებობ❤

    Like

    1. მიხარია რომ მოგეწონა💛💛💛 მეც ისე მიღვარს ქეთუშა და ლევანჩო რომ უზომოდ მწყდება გული რომ ვემშვიდობებით, მაგრამ ახლა სადღაც თაბისთვის გააგრძელებენ ტკბილად ცხოვრებას 💛💛 ძალიან დიდი მადლობა! 🤩🤩🤩

      Like

  4. ვაიმე როგორ ვინერვიულე და ბოლოს ისეთი სიმშვიდე დამეუფლა,რომ ვერ აგიღწერ.ძალიან შემიყვარდა ორივე,ვდარდობდი და ახლა ძალიან მიხარია,რომ ასე მშვიდად და იმედიანად დავტოვე(თ) მადლობა ლინდა და აღარ დაგვეკარგო,ველით ბევრ ახალს❤️❤️❤️❤️❤️

    Like

    1. არ მინდოდა მათი დატოვება მაგრამ ვიცი რომ მშვენივრად იქნებიან სულ 🤩🤩🤩💛💛💛💛 უღრმესი მადლობა გენაცვალე, ვეცდები მალე დავბრუნდე 💛

      Like

  5. მივეპარე. გულაჩქარებული ნელ-ნელა ვკითხულობდი. თითოეულ გამოზომილ მშვენიერ და თბილ სიტყვას. საოცარი აღწერის მანერა გაქვს- პეიზაჟებიდან დაწყებული, პერსონაჟების გრძნობებით დამთავრებული ისე ლამაზად, გემოვნებიანად და ,,მადიანად” გაქვს აღწერილი რომ კიგხვას ვერ მოწყდები. თავიდან ვერ ამოიგდებ. ვერ დაივიწყებ.
    ყველაზე ლამაზი თავი იყო ამ 8 თავიდან. სიყვარულით ყველაზე სავსე!❤
    მადლობა ლინდა! 🌻🥀

    Like

    1. პირველ რიგში უუდიდესი და უღრმესი მადლობა, რომ წერის მანძილზე მომყვებოდი, მუდამ ძალიან დიდი სიამოვნება იყო შენი კომენტარების წაკითხვა ❤ მიხარია რომ მოგეწონა, რომ გულთან ახლოს მოვიდა ❤ მეც ყველაზე მეტად მელამაზება ეპილოგი, ყველაზე თბილი და სასიამოვნო გამოვიდა და ძალიან მიხარია რომ ასე გამოვიდა ❤ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ! ❤

      Like

  6. ნაწარმოების ავკარგიანობაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ჩემგან შეფასება გამოიხატება ერთი სიტყვით: იდეალურია. მაგრამ ერთ რამეს ვინატრებდი მოკრძალებულად. სადმე მთაში, აი თუნდაც ბერეხში, მქონდეს რამდენიმე საათი დრო ავტორთან ფინჯან ჩაიზე და მასთან საუბრით “გამაძღო”! ვთვლი რომ ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ…. დიდი პატივისცემა ჩემგან

    Like

    1. ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა! ❤ უდიდესი პატივია ჩემთვის ასეთი შეფასების მოსმენა ❤ სიამოვნებით გაგესაუბრებოდით ბერეხში ფინჯან ჩაიზე ❤

      Like

  7. ძალიან ძალიან მაგარი იყო… ვიცოდი მჯეროდა რომ არ დააშორებდი ამათ… საშინელება იქნებოდა ეს .. მადლობა ამისთვის ლინდა და კიდევ უამრავი ნაწარმოების თვის. ვისურვებდი წიგნსაც გამოგრჩა და უფრო ფართო საზოგადოებამდე მისულიყო ყველა ეს ქმნილება. წინსვლას და წარმატებას გისურვებ .. ველოდებით ახალს

    Like

    1. ვაიჰ ❤ ავჩუყდი, ოღონდ მართლა! ❤ ძალიან დიდი მადლობა! თავიდან კი მქონდა სიმართლე გითხრა დაგეგმილი სხვანაირი, ნუ არც ისე კარგი დასასრული, ქეთი დაივიწყებდა ლევანს, ლევანი კი მარტო რჩებოდა ჰანაჰაკის დაავადებასთან მაგრამ მიხარია რომ აზრი შევიცვალე ❤ წიგნი რა ვიცი, რაღაც არა მგონია მაქამდე მივიდეს ჩემთვის ოდესმე საქმე, მაგრამ რავიცი ვნახოთ ❤ უღრმესი მადლობა!

      Like

  8. მთელი წერის პროცესში მოგყვებოდი და მოვყვებოდი ამ ორ ბანდალა ბატს და მინდა გითხრა რომ ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. აქამდე კი მახასიათებდა მსუყე კომენტარები, მაგრამ ეხლა მადლობის გარდა არც არაფერი მაქვს სათქმელი. ასე ტკბილად და თბილად დაამთავრე, როგორც ქეთოს და ლევანჩოს ეკადრებოდა. ქეთის “შენთან მინდამ” მზესავით გამოანათა მთელი ამ ტანჯვის შემდეგ და გულიც გაათბო.

    მადლობა, მალე შეხვედრამდე ❤️

    Like

  9. არა რა, ეს ბლოგი ვერ მიტანს აშკარად, მერამდენედ წამეშალა კომენტარი ((( მაგრამ არაუშავს, თავიდან მოგახსენებ მადლობას. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რაც მზესუმზიდების წერისას განვიცადე და კიდევ ამ ტკბილი და ღუნღულა სასასრულისთვის. იმსახურებდა ლევანი ქეთის “შენთან მინდას”.
    მადლობა ლინდა, მალე შეხვედრამდე შენს ახალ მისტიკა-დეტექტივში ❤️

    Like

    1. არააა, არ წაშლილა, წინა კომენტარი ისევ ჩანს ❤ უღრმესი მადლობა შენ მსუყე კომენტარებისათვის, ძალიან დიდი სიამოვნება და სტიმული იყო ჩემთვის მათი წაკითხვა, რამდენად დამეხმარე ვერც კი წარმოიდგენ, მართლა ❤ "შენთან მინდა" ალბათ ყველაზე სასიამოვნო ფრაგმენტი იყო, რომელიც მზესუმზირების წერისას დამიწერია და მიხარია რომ აქამდე მივიდა საქმე ❤ შეხვედრამდე, გენაცვა, და კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა! ❤

      Like

  10. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. სასწაულია!!!! და სასწაული ხარ. არ ვიცი მე ესეთი ნაწარმოები დიდი ხანია არც ინგლისურად და მითუმეტეს არც ქართულად არ წამიკითხავს, ქართული თანამედროვე რომანების ვარკვსლავია (დაბეჭდილისაც და დაუბეჭდავებისაც). იდეალურად დაწერილი პერსონაჟები, სამედიცინო კუთხით გამართული, უამრაბი სიმბოლიკით. არ ვიცი მეტი რა გითხრა მადლობა მადლობა მადლობა. ყვეაწლიან ლოდინად ღირდა. ისეთი ნაწარმოებია ბევრჯერ რომ მოუბრუნდები ადამიანი

    Like

    1. ავბღავლდები ახლა რაააა ❤ ძალიან ძალიან მიხარია რომ დაინტერესდი, წაიკითხე და მოგეწონა ❤ და მიხარია რომ ღირდა, მეშინოდა რომ არ გამომივიდოდა ამდენი ხნის მერე 😦 ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის! ❤ ❤

      Like

  11. უძალიანმაგრესია,მომეწონა ისტორიის შინაარსი ძალიან სასიამოვნო საკითხავია,მართლა კარგი იყო…არ მინდოდა ასე უცებ დასრულებულიყო…..თუ არ ეწყინება ავტორს ცოოტა გრამატიკული შეცდომები იყო სიტყვებში..ნუ გამიხტებით ახლა დამცველები,მე პირადად ძალიან მიყვარს ლინდას ისტორიები და როგორც ზოგი ფიქრობს როდესაც ცოტა კრიტიკას ნახავენ,რომ ავტორის ჯინი სჭირს ვინმეს,ჩემ შემთხვევაში ასე არააა,მიყვარს ლინდა მისი ისტორიებით უბრალოდ სიტყვებია ზოგიი გაუმართავი….მაგ..როგორიცაა პალტო კედელზე აკიდა-სწორი იქნებოდა დაკიდა.

    Like

    1. ძალიან ძალიან დიდი მადლობა! ❤ შეცდომებს რაც შეეხება, ხანდახან ჟღერადობით როგორც მომწონს ისე ვატრიალებ სიტყვებს, აწი გავითვალისწინებ აუცილებლად ❤ ❤ ❤

      Like

  12. სასწაული ისტორიაა. ვხვდებოდი ᲗიᲗქოს ქეᲗის რატომ სᲭირდა, და იმასაც ვგრᲫნობდი რა მოხდრბოდა Შემდეგ)) რომ წავიკᲘᲗხე, ხომ ვამბობდი მეᲗქი, ვუᲗხარი ხმამაᲦლა ვიᲦაცას ) ვის, არ ვიცი. ყველა ისტორია წავიკიᲗხე და ვნახე, როგორ იზრდებოდი წლიᲗიწლობიᲗ. ყველა ისტორიის Შინაარსი და სიუᲟეტი მომწონს, მაგრამ ᲗიᲗქოს წინა ისტორიები ბავᲨვურია, ეს ისტორია კი არის სასწაული, საოცარი ნამუᲨევარია. რაᲦაც უზუსტობები ᲨევნიᲨნე ᲗიᲗქოს, ნეტავ ᲩამენიᲨნა. კიდევ გადავხედავ მერე და მოგაწვდი ზუსტად ამბავს) წინა წლებᲗან ᲨედარებიᲗ, გრამატიკული Შეცდომებიც Ძალიან ნაკლებია. რაᲦაცები აქაც ᲨევნიᲨნე, ᲗიᲗქოს სხვა მნიᲨვნელობიᲗ იყენებ ზოგიერᲗ სიტყვას. Თუმცა, არ ᲨემიᲫლია არ აᲦვნიᲨნო, რომ საოცარი სიტყვაᲗა მარაგი გაქვს. ასევე, კარგად ფლობ სამედიცინო ტერმინოლოგიასა და პროცედურებს. ექიმი ხარ?
    ახლა, რაც Შეეხება სიუᲟეტს. საკმაოდ რᲗული, იᲨვიაᲗი და Შეუცნობელი სიუᲟეტებიᲗ წერ. ვგიᲟდები. Ძალიან მომწონს. წარმატებები. ᲨემოქმედებიᲗ წვა-დაგვას, მუზის სიᲫლიერეს და წერის სურვილს გისურვებ. ყოᲩაᲦ ლინდა.❤❤❤

    Like

    1. ქალუ ❤ ძალიან მიხარია რომ ვიპოვე შენი კომენტარი ❤ კი, ყველანაირად ლოგიკური იქნებოდა ის, რომ ქეთის დროის გატარება სწორედ იმასთან უნდოდა, ვინც უყვარდა, მაგრამ რას ვიზამთ, ლევანჩოს თვალებიდან ვუყურებდით ამბებს და არ დაამახსოვრდა ლევანჩოს :დდდდდ ძალიან მიხარია რომ ჩემი ნამუშევრები წაიკითხე! ❤ გეთანხმები, ძაან ადრეული ისტორიები ნამეტანი ბავშვურია, მეც მგონია რომ ბოლო ალბათ 5 ისტორია შედარებით ასე თუ ისეა :დდდდ გრამატიკულ შეცდომებზე შენიშვნებს მივიღებ სიამოვნებით! ქართულს იმდენად აღარ ვიყენებ იმასთან შედარებით, რამდენადაც ვიყენებდი და არ გამიკვირდება თუ რამე გამეპარა ახლაც :დდ და კი ბატონო, ექიმი ვარ. სადღაც 4 წელია მქონდა ჰანაჰაკის დაავადებაზე ისტორიის დაწერის იდეა ჰოოდა გავბედე და შევეჭიდე ახლა :დდ
      ძალიან მიხარია რომ სიუჟეტები მოგწონს! ყველაზე მეტად ეგენი მიჭირს ხოლმე. მაქვს რაღაც იდეა, პატარა ჩონჩხი და გამოტოვებული ნაწილების შევსებას ვცდილობ, ჰოდა სულ მგონია რომ არანაირად არ გამოვივა. მიხარია თუ გამოდის ასე თუ ისე.
      ძალიან ძალიან დიდი მადლობა შეფასებისა და თბილი სიტყვებისათვის! ❤ ❤ ❤

      Like

  13. სასწაული ისტორიაა. ვხვდებოდი ᲗიᲗქოს ქეᲗის რატომ სᲭირდა, და იმასაც ვგრᲫნობდი რა მოხდრბოდა Შემდეგ)) რომ წავიკᲘᲗხე, ხომ ვამბობდი მეᲗქი, ვუᲗხარი ხმამაᲦლა ვიᲦაცას ) ვის, არ ვიცი. ყველა ისტორია წავიკიᲗხე და ვნახე, როგორ იზრდებოდი წლიᲗიწლობიᲗ. ყველა ისტორიის Შინაარსი და სიუᲟეტი მომწონს, მაგრამ ᲗიᲗქოს წინა ისტორიები ბავᲨვურია, ეს ისტორია კი არის სასწაული, საოცარი ნამუᲨევარია. რაᲦაც უზუსტობები ᲨევნიᲨნე ᲗიᲗქოს, ნეტავ ᲩამენიᲨნა. კიდევ გადავხედავ მერე და მოგაწვდი ზუსტად ამბავს) წინა წლებᲗან ᲨედარებიᲗ, გრამატიკული Შეცდომებიც Ძალიან ნაკლებია. რაᲦაცები აქაც ᲨევნიᲨნე, ᲗიᲗქოს სხვა მნიᲨვნელობიᲗ იყენებ ზოგიერᲗ სიტყვას. Თუმცა, არ ᲨემიᲫლია არ აᲦვნიᲨნო, რომ საოცარი სიტყვაᲗა მარაგი გაქვს. ასევე, კარგად ფლობ სამედიცინო ტერმინოლოგიასა და პროცედურებს. ექიმი ხარ?
    ახლა, რაც Შეეხება სიუᲟეტს. საკმაოდ რᲗული, იᲨვიაᲗი და Შეუცნობელი სიუᲟეტებიᲗ წერ. ვგიᲟდები. Ძალიან მომწონს. წარმატებები. ᲨემოქმედებიᲗ წვა-დაგვას, მუზის სიᲫლიერეს და წერის სურვილს გისურვებ. ყოᲩაᲦ ლინდა.❤❤❤

    Like

  14. აი სრული შოკი იყო ეს რომანი.თავიდანვე მივხვდი ლევანი რომ იყო ჰანაჰაკის მიზეზი, მაგრამ სულ მაინტერესებდა რატომ ერქვა მზესუმზირები.ისიც კი ვიფიქრე ალბათ ქეთის რომ მოსწონს მზესუმზირები მაგიტომ თქო, მაგრამ თურმე სად ვარ.მართლა ძალიან კარგი იყო და ბევრი დაკლდა აქამდე რომ ვერ მოვიცალე და წავიკითხე 🧡🧡

    Like

    1. ვაიმე ავჩუყდი 🥹🥹💛💛 ძალიან მიხარია რომ წაიკითხეთ და აზრი გამიზიარეთ 🤩🤩 კი, მგონი ყველა მიხვდა რომ ლევანი იყო ჰანაჰაკის მიზეზი თვითონ ლევანის გარდა 😂 და ის, რომ ქეთის მოსწონდა მზესუმზირები, ამან ნამდვილად იქონია გავლენა 💛 დიიიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ 🌻🌹🌻🌹🌻🌹💛💛

      Like

  15. ამწამს მოვრჩი კითხვას და მინდოდა მთელი ცხოვრება გაგრძელებული.. ასეთი რაღაც ჩემს გულს და გონებას არ დამართნია ❤️ მადლობას გიხდი იმის გამო რომ ეს საოცრება შექმენი და იმის პატივი მერგო რომ წამეკითხა❤️❤️ სიტყვებო არმყოფნის ❤️არვიცი ამდენს რატო ვტირი 😂 თან ვერც ვიტირე ამ ჩემს სამსახურში გამოქაჩული აქვთ თვალები ჩემს თანამშრომლებს 😂 ერთი სული მაქვს როდის მივიდე სახლში და ემოციებისგან დავიცალო🤭 საუკეთესო ისტორიაა რაც ცხოვრებაში წამიკითხავს❤️

    Like

    1. ვაიმე 🥹🥹 როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ 🥰🥰🥰 უღრმესი მადლობა! 💛 მესმის შენი, მეც ვყოფილვარ იგივე მდგომარეობაში, ტირილი რო გინდა და არ შეგიძლია, იმიტო რო ხალხია გარშემო 😂😂 დიდიიიი დიდი დიიიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის! 💛💛💛💛

      Like

  16. უჰ მოვრჩი😍😍😍ლევანს რომ აღმოაჩნდა დაავადება სულ იმას ვფიქრობდი რომ ერთად ყოფნის დროს ქეთის სხვანაირად შეყვარებოდა ლევანი და გადაარჩ3ნდა მერე ლევანსაც❤️❤️მიხარია ჩემი მოლოდინები რომ გამართლდა♥️😳
    საოცრება იყო ნამდვილად და დასასრულიც იდეალური❤️❤️❤️ძალიან მიყვარს უკვე ეს ისტორიაც♥️♥️♥️მოვებრუნდები ალბათ მალევე🧡🧡 მანამდე ახლებს გავაგრძელებ❤️❤️

    Like

Leave a reply to თამარი კომენტარის გაუქმება