მზესუმზირები (ნაწილი 7)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეშვიდე ნაწილის თემა

VIII – CPB

.

-*-*-*-*-*-*-*-

– 30.04.2025 –

01:57.

 მჭახე იყო საოპერაციოს ცივი, მოცისფრო სინათლე, თვალს სჭრიდა ლევანს.

ზუზუნებდა სავენტილაციო სისტემა. შალვა წიკლაური რაღაცას გაჰყვიროდა.

ჩოჩქოლი ამტყდარიყო, აქეთ იქით სანიტრები დარბოდნენ, ექთნები გამალებით, გაუთავებელი წკარუნით აწყობდნენ სტერილურ მაგიდებზე სხვადასხვა ინსტრუმენტებს.

ხერხი. ათასნაირი მაკრატლები. მაშები. სტეპლერები. გამაგანიერებლები.

ცივი, უდრეკი მეტალის ინსტრუმენტები, რომელთაც ქეთის სიფრიფანა გულმკერდი უნდა გაეხლიჩათ შუაზე, მყიფე ძვლები ჩაემსხვრიათ, დათხელებული კუნთები და ფარატინა კანი დაესერათ.

გაგოშიძე მოშორებით იდგა, უკვე სტერილურ ხალათში, ხელთათმანებსა და ნიღაბში გამოწყობილი. თავზე მაგრად წაეკრა ერთჯერადი, ცისფერი ქირურგიული ქუდი, იდაყვები წელში ჩაებჯინა, ხელები აღემართა,  მის გვერდით გაჭიმულ გერმანელ ქირურგს, იურგენ კრუგერს ელაპარაკებოდა.

-The operation of this scope is unprecendented in a small country like ours. – ამბობდა გაგოშიძე.

-And i am honoured to be a part of it.

-It is likely that patient will not survive considering the severity of the disease…

-then we must do our best for her to survive. – დინჯად უპასუხა კრუგერმა.

თვალი მოარიდა მათ ლევანმა.

საოპერაციო ოთახის ცენტრში, ბრტყელ მაგიდაზე იწვა მკლავებგადაშლილი ქეთი. უამრავი წვეთოვანი, სადენი თუ კანულა მიერთებოდა მის სხეულს, ასისტენტი ქირურგი მის გულმკერდს – საოპერაციო ველს გულმოდგინედ ასუფთავებდა. იოდის ლაპლაპა, ნარინჯისფერი წვეთები უდრტვინველად მიუყვებოდნენ ქეთის გამოჩრილ ნეკნებს შორით ღარებს და მის ქვეშ დაფენილ ქათქათა ზეწარს ღებავდნენ ალაგ-ალაგ ყვითლად.

მის გაცრეცილ, გაძვალტყავებულ სახეს ახედა ლევანმა.

ის სიცარიელე, ის სიბნელე, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ ეკასთან საუბრისას ჩაუსახლდა თითოეულ ძარღვში, ისევ აფუთფუთდა, უსიამოვნოდ, შიგნიდან ჭამდა.

„ქეთის ჰანაჰაკი შენს გამო აქვს“.

ვერ აიტანა. მზერა აარიდა.

ეკა მის გვერდით იდგა, თვითონაც სტერილურ ხალათს, ხელთათმანებსა და ნიღაბში გამოწყობილი. მისკენ აპარებდა წამდაუწუმ თვალს, მზერით ბურღავდა.

-ნუ მაშტერდები, ეკა. – უთხრა ბოლოს ლევანმა. ყელში ამოუვიდა.

-აბა რა გავაკეთო?

-არაფერი.

-არ შემიძლია ეგრე. აღარც გიყურო?

-ყურებით ვერაფერს შეცვლი, რაც არის არის. რომ არ გადავუნერგოთ, მოკვდება.

ეკამ არაფერი უპასუხა. წარბები შეეკრა, ქეთისაკენ მიაბრუნა მზერა.

-არ ვიცოდი რომ გიყვარდა. – დაიჩურჩულა ბოლოს. – მეშინოდა, რომ რამეს გაიგებდი და გამწვავების ფონზე ჩამაკვდებოდა ხელში, სანამ დონორი გამოჩნდებოდა. თან თვითონ ამიკრძალა რამის თქმა. კონფიდენციალურობას ვერ დავარღვევდი.

მზერა გაქვავებოდა ლევანს. უსიტყვოდ ახედა კვლავ ქეთის სახეს, მაგრამ თვალები გაუშტერდა, ქეთის ფერმკრთალი და ნაწილობრივ იოდით შეფერილი კანი, რომელიც საოპერაციოს ჭერზე მიმაგრებული ვეებერთელა ლამპების მჭახე თეთრ სინათლეზე უფრო გაფითრებულიყო, თითქოს გალღვა, გარემოს მონაცრისფრო ცისფერს შეერია, ერთ კაშკაშა ლაქად იქცა, რომელიც ცის უსაზღვრო სილურჯეში მცურავ მზის დისკოს წააგავდა.

-ტყუილად ლაპარაკობ. – თქვა ლევანმა. ვერაფერს ხედავდა ქეთის სხეულის კაშკაშა ლაქის გარდა. – მე ვერ განუგეშებ, ეკა. ვერ გეტყვი, არაუშავს თქო. რაც მოხდა, მოხდა. ჩემი ბრალია და მორჩა.

-არაა შენი ბრალი, ლევან. – დაიჩურჩულა ეკამ. – შენ რა იცოდი. სადმე დაგინახა და მოეწონე ალბათ.

-არ ვიცი. – უთხრა ლევანმა. – არც მინდა გავიგო.

არ სურდა გაგება.

თავს იმტვრევდა, მისი ნაცრისფერი ბურუსით დაფარული მოგონებები გადაქექა, ქეთის ეძებდა.

ეძებდა ნაცნობებსა თუ უცნობებში, გამვლელებში, ბარში ნანახ უცხოებში, ქუჩებში, ახლოს თუ შორს, სუპერმარკეტსა და მოლში, სასწრაფოსა და საავადმყოფოში. ზამთარში, ზაფხულზე,  გაზაფხულზე, ზღვაზე და მთებში. ეძებდა მის ქარვისფერ თვალებს, მუქ თმასა და მზერაში ჩამდგარ იმ სუსხს, რომელსაც ვერანაირი დრო ვეღარ წაჰგლეჯდა მისი მეხსიერებიდან.

ვერ იპოვა. არ ახსოვდა.

ამიტომ არ სურდა იმის მოსმენა, თუ როგორ დაინახა სადმე ქეთიმ, ანდა როგორ შეხვდა სადმე, შეიძლება გამოელაპარაკნენ კიდეც ერთმანეთს. არ სურდა გაეგო, თუ როგორ აღმოცენდა ქეთის სხეულში ის გრძნობა, რომლისგანაც აიღო ჰანაჰაკის დაავადებამ დასაბამი.

ეს აღარაფერს შეცვლიდა. მხოლოდ და მხოლოდ გაუძლიერდებოდა სინდისის ქენჯნა.

ამიტომ უსიტყვოდ იდგა ეკას გვერდით, გამტკნარებული, ადგილს მილურსმული.

მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც შალვა წიკლაურის, გაგოშიძის ბრიგადის, ექთნების ჩოჩქოლი, ეკმოს შიშინი და ინსტრუმენტების წკარუნი არღვევდა. საოპერაციო ველის გარშემო სტერილური ქსოვილები მიაფინეს, მაგიდები ახლოს მოაგორეს, თითქმის დაიფარა ქეთის სხეული. გერმანელი ქირურგი და გაგოშიძე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, საოპერაციო მაგიდის ორივე მხარეს.

ღამის ორ საათსა და ხუთ წუთზე დაუსვეს სკალპელი ქეთის სიფრიფანა კანს.

ქირურგთა შორის კანტიკუნტად ხედავდა ყველაფერს ლევანი.

კანი გადასერეს. კუნთები გაჭრეს. ყურისწამღები ზუზუნით მუშაობდა ხერხი, როცა ქეთის ნეკნები გადახერხეს, რათა გულმკერდის ღრუში გამაგანიერებლები ჩაედგათ.

გააშიშვლეს დაავადებული ფილტვები. გაგოშიძის უკან იდგა ლევანი, მისი მხრის ზემოდან უყურებდა.

ერთიანად მოეჭმუჭნათ, გაეხლიჩათ ფილტვების პარენქიმა ყვავილთა ფესვებს, ერთმანეთში გადახლართულიყვნენ, ალაგ-ალაგ ქსოვილში ეკლები გამოჩრილიყვნენ, რამდენიმე ლურჯი ვარდის კვირტი გამოზრდილიყო დაზიანებისაგან სისხლმდენ ზედაპირზე. ეკლიან, რუდუნებით ნაქსოვ ბადეში გამოხვეულს ჰგავდნენ ფილტვები, ჰანაჰაკის დაავადების მჭიდრო გალიაში მომწყვდეულნი.

ანთებისაგან ფილტვები მთელი ძალით მიჰკვროდნენ მკერდის კედლებსა და აორტას.

ორი საათის მანძილზე ცდილობდნენ ქირურგები მათ გამოთავისუფლებას. და ორი საათის მანძილზე თითოეული სანტიმეტრის გამოთავისუფლებისას სისხლი სდიოდა ანთებაში გამოხვეულ ფილტვების ზედაპირს.

ოთხი ლიტრი სისხლი გადაუსხეს ქეთის.

და უყურებდა ლევანი, თუ როგორ გადასხიპეს ფილტვების გულთან შემაერთებელი სისხლძარღვები.

გადაჭრეს ვეებერთელა არტერიები და ვენები.

გადაჭრეს ბრონქები, შიგნიდან გამოათრიეს ლურჯი ვარდების თითოეული რტო და ფურცელი, გულმოდგინედ გამოუსუფთავეს.

შუაზე ხლეჩდნენ სისხლძარღვებს, უთვალავ მკერდის კედელში ჩაზრდილ ფესვს, ნერვებს და გრძნობდა ლევანი, თუ როგორ უსაშველოდ იზრდებოდა მის მკერდში აუტანელი სიმძიმე.

გადაჭრეს ბოლო სისხლძარღვი და ნელა ამოზიდეს დაავადებული ფილტვები გულმკერდიდან.

და ამოიძირკვა ქეთის სხეულიდან მკვლელი სიყვარული, ღრმად გამდგარ ფესვებიანად ამოგლიჯეს.

საშინლად პირდაღებული, სისხლიანი ჩანდა ქეთის გულმკერდი, მხოლოდ გული, აორტა, შუაზე გადასხეპილი ბრონქები, ტრაქეის გატოტება და საყლაპავი დაეტოვებინათ შიგნით.

სპეციალური კონტეინერიდან ამოიღეს დონორის ფილტვები.

ჯანმრთელი, ფერმკრთალი ფილტვები. პრიალა, სუფთა ზედაპირით.

უსიყვარულო, ჰანაჰაკის დაავადებისაგან ხელშეუხებელი ფილტვები.

ჯერ მარჯვენა ფილტვის ბრონქი მიუერთეს ტრაქეის გატოტებას, მერე მარცხენა. გულმოდგინედ ამოკერეს ფილტვის არტერიები ორ რიგად, მერე კი გულის ატრიუმები მიუერთეს ვენებს.

გამალებით დაიწყო ფეთქვა ქეთის გულმა.

სისხლი შხუილით მიჰქროდა ახლად ერთმანეთზე მიკერებულ, რეციპიენტისა და დონორის ფილტვის არტერიებში, ფილტვების პარენქიმა ავარდისფრდა.

გულმკერდიდან ამოიღეს გამაგანიერებლები.

მავთულებით მიამაგრეს ერთმანეთზე გადახერხილი ნეკნები.

ერთმანეთს მიუსადაგეს გადასერილი კანის კიდეები და რუდუნებით, ხელით დაადო ნაკერი გაგოშიძემ.

გარიჟრაჟი ოდნავ შემოპარულიყო საოპერაციო ოთახის პაწაწინა სარკმელში, როცა დაიხურა ჰანაჰაკის დაავადების უზარმაზარი, შავბნელი, დაფჩენილი ხახა, თითქოს არც არასდროს ყოფილიყო ღია.

07:15.

ეკმო ხმადაბლა შიშინებდა. სტაბილურნი იყვნენ ქეთის სასიცოცხლო ნიშნები.

სტერილურ მაგიდაზე დასვენებული, დაავადებული ფილტვები სადღაც გააგორეს, სანამ საფენებს ადებდნენ ნაკერებს ექთნები. გაგოშიძე, წიკლაური, მათი ბრიგადა და კრუგერი ერთმანეთს გულითადად ულოცავდნენ ოპერაციის წარმატებით დასრულებას, ხელს ართმევდნენ, მხრებზე ხელებს უტყაპუნებდნენ.

ერთიანად შემოუბინტეს ქეთის გულმკერდი, გვერდებში ამოუკეცეს თბილი საბანი, მერე კი, როცა შალვა წიკლაურმა ნებართვა გასცა, საოპერაციო მაგიდიდან თავის საწოლში ფრთხილად გადააცურეს.

პირველი რეანიმაციულისაკენ გააგორეს ლოგინი. გვერდით მიჰყვებოდა ქეთის ლევანი, უკან ეკა მოსდევდათ ფეხდაფეხ.

სიცივე იდგა კლინიკის დერეფნებში, და გრილი სითბო მოეხვია გარშემო ლევანს, როცა ცივი კედლების ჩრდილიდან ვეებერთელა ფანჯრებიდან შემოჭრილ, გარიჟრაჟის თვალისმომჭრელ ნარინჯისფერ შუქში გააბიჯეს. მუქ სვეტებად აჭრილიყვნენ ცაში კლინიკის ეზოს ნაძვები, ჭადრები მწვანედ შეფოთლილიყვნენ. შორს, მთებს შორის ამოდიოდა მზე, დერეფანს, მასში მორახრახე საწოლსა და შიგნით მწოლიარე, მკერდშეხვეულ ახალგაზრდა ქალს ეფინებოდა მისი პირველადი, თბილი ამოსუნთქვა და წამით გაიფიქრა ლევანმა, რომ ყველაფრის დასასრული და ახალი დასაწყისი უნდა ყოფილიყო იმ წამს.

ამოგლიჯეს ქეთის სხეულიდან დაავადებული ფილტვები.

ამით უნდა დასრულებულიყო ჰანაჰაკის დაავადება.

ქეთისათვის დასრულდა. მორჩა, დამთავრდა.

ის სასწაული მოხდა, რომლისაც ყოველთვის სჯეროდა ლევანს.

იმ დღიდანვე, როცა ქეთი გაიცნო, ბრმად სჯეროდა, ყოველგვარი სტატისტიკისა და მის თვალწინ ქეთის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, რომ გამოჯანმრთელდებოდა. ბოლო მომენტშიც კი, როცა უკვე უიმედოდ ეჩვენებოდა ყველას დონორის ლოდინი, გონებაშიც ვერ დაუშვებდა იმას, რომ ქეთი შეიძლებოდა მომკვდარიყო.

სასწაული მოხდა.

გასრულდა ქეთისათვის ჰანაჰაკის დაავადება.

ლევანისათვის კი ისევ გრძელდებოდა. და არც არასოდეს დამთავრდებოდა.

ანდა დამთავრდებოდა. მაგრამ მაგრად ჩაეხვია ლევანის სხეული საკუთარ მუშტში, მისი ბადე ბევრად უფრო გადახლართული, მძიმე და ეკლიანი გახლდათ. დამთავრდებოდა და თან წაიყოლებდა ლევანსაც.

ქეთის დახუჭულ თვალებს შეჰყურებდა ლევანი. ტკბილმწარე ღიმილი უთრთობდა ტუჩებს.

ქეთის საწოლი ფრთხილად შეაგორეს პირველ რეანიმაციულში, თავისი ჩვეული სარკმლის ქვეშ. მონიტორი მისი საწოლის გვერდით დადგეს, კვლავ მიუერთეს წვეთოვნები პერფუზორებს.

შიშინებდა ეკმო.

სარკმლიდან მზის სხივები იღვრებოდნენ.

ქეთის საწოლთან იდგა ლევანი. იდგა გაქვავებული და უყურებდა, თან ვერც ვერაფერს ხედავდა.

ეკა უხმოდ იდგა მის გვერდით.

ნელა იწეოდა და ეშვებოდა ქეთის გადახვეული გულმკერდი.

მისი ჯანმრთელი ფილტვები სუნთქავდნენ.

წნევა 125/84.

პულსი 87.

სატურაცია 99%.

-ალბათ ხვალ-ზეგ მოხსნიან ეკმოდან. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ეკამ.

-ნარკოზიდანაც გამოიყვანენ. – უთხრა ლევანმა.

გამოიყვანდნენ. თვალებს გაახელდა ქეთი. შეძლებდა წესიერად ამოსუნთქვას. აღარ ამოახველებდა წამდაუწუმ ლურჯ ვარდებსა და უამრავ სისხლს.

გამოკეთდებოდა. ქოშინის გარეშე ივლიდა. ისეირნებდა იმდენს, რამდენსაც უნდოდა.

ზაფხულსაც ნახავდა. მცხუნვარე მზის შუქზე ალაპლაპებულ ლურჯ ტალღებს. ველური ბალახითა და ყვავილებით გადავლილ მინდვრებს. თბილ ქარს იგრძნობდა თავის თმაში.

სოფელში წავიდოდა. და აუცილებლად ნახავდა იქ მზესუმზირებს.

გაგრძელდებოდა უსასრულოდ მისი „მერე“, ათწლეულებს დაითვლიდა.

ახლა ყველაფერი ისე დალაგდა მისთვის, როგორც უნდა ყოფილიყო თავიდანვე. ჰანაჰაკის დაავადება არასოდეს არ უნდა მომხდარიყო მისთვის.

ისევ ისეთი იქნებოდა, როგორც ადრე.

მაგრამ ზურგს მოაქცევდა ლევანს.

ჰანაჰაკის ეკლიან გალიასთან ერთად შემოჰგლიჯეს ქეთის სხეულს დაავადების გამომწვევი გრძნობა. ახლა აღარაფერში სჭირდებოდა ლევანი ქეთის.

ალბათ დაადანაშაულებდა. ალბათ ახლა ლოგიკურად შეხედავდა თავის საქციელს, რაც თავიდანვე გაუგებარი გახლდათ ლევანისათვის, მისთვისაც გაუგებარი გახდებოდა.

ქეთის მის გვერდით სიყვარული და ცნობისმოყვარეობა აჩერებდა მხოლოდ.

ახლა აღარაფერი დარჩებოდა, გულგრილობის, ზიზღისა და სიძულვილის გარდა, რადგან ლევანი იყო სწორედ ის, რაც არასოდეს არ უნდა მომხდარიყო ქეთის სიცოცხლეში.

მკერდში გასწიწკნა ლევანს. ყელში რაღაც მოაწვა, ხმამაღლა წამოახველა, ხელისგულზე ამოხველებული სისხლიანი მზესუმზირები სასწრაფოდ გაახვია ნიტრილის ხელთათმანში, პირი მოიწმინდა.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. უფრო გაუშტერდა ლევანს თვალები, გარშემო ყველაფერი ერთ მუქ, გაცრეცილ ლაქად იქცა, ყურებში წუილი ედგა.

-ჯობია რომ წავიდე. – თქვა უცებ. ეკამ გადმოხედა, მოწყვეტით.

-წახვიდე? სად უნდა წახვიდე? – ჰკითხა მან.

ლევანს არაფერი უპასუხია. ცოტა ხანი იდგა, ცდილობდა აღრიალებული ფიქრებისათვის თავი და ბოლო გამოეძებნა, რამენაირად მოეთოკა.

-არ ვიცი. – თქვა ბოლოს. – სხვაგან. არ მესმის, ჩემთან როგორ გაჩერდა.

-უყვარდი, ლევან. – უთხრა ეკამ. – უყვარდი და აინტერესებდი.

თავი გადააქნია ლევანმა. უცაბედი შინაგანი აფორიაქება მოაწვა, თითქოს რაღაც უფუთფუთებდა შიგნით, რაღაც მძლავრი, მწველი და ფეთქებადი, რაც ერთიანად წალეკვას უქადდა.

ვერ გაეგო, ეს სინდისის ქენჯნა იყო თუ რამე სხვა.

ვერ წარმოედგინა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, ქეთის რომ ნარკოზიდან გამოიყვანდნენ. რა უნდა ეთქვა მისთვის. როგორ უნდა ემართლა თავი.

თუმცა აქ არაფერი იყო თავის სამართლებელი.

ვერ გაიხსენა. ვერაფრით გაიხსენა. და ვეღარაფერს შეცვლიდა.

მაგრამ ეს ქეთის აღარ დააინტერესებდა. ალბათ არც ენდომებოდა მისი დანახვა.

პირი იბრუნა ლევანმა. თითქოს ტყვია ჩაესხათ ფეხებში, კინაღამ მუხლები მოეკვეთა, სული მოეხუთა.

ვერ აიტანდა ქეთის თვალებში სიცარიელის დანახვას. წარმოდგენაზეც კი საშინლად სწიწკნიდა მკერდში.

აკანკალებული ხელებით მოისრისა სახე. ცივმა ოფლმა დაასხა, შუბლი დაუცვარა.

-წავალ, ეკა. – თქვა მან. ეკას გაფართოებულ თვალებს გაუსწორა მზერა. – ახლა ყველაფერი რიგზეა. მომწერე რამე თუ შეიცვლება. და ზედმეტი არაფერი უთხრა.

ეკა ნაღვლიანად შეჰყურებდა.

-აღარ მობრუნდები, ლევან? – ჰკითხა მან.

თითქოს იგრძნო ამ ყველაფრის ფინალურობა. ისევე, როგორც ლევანი გრძნობდა.

-ალბათ არა. – უთხრა ლევანმა, ოდნავ მიტრიალდა, გარიჟრაჟის სხივებში გამოხვეულ ქეთის სახეს გადახედა.

მის ვარდისფერ ტუჩებს, სიფრიფანა, ფერმკრთალ კანს.

ჩაცვენილ ლოყებსა და თვალებს, გაწეწილ, დათხელებულ თმას.

ტრაქეოსტომიას, ეკმოს კანულებს, მის კანზე გაჩენილ დალურჯებებს.

მის შეხვეულ გულმკერდს.

კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ახლა რეაბილიტაცია იყო მთავარი.

მაგრამ ამ ყველაფერს ვერ შეხედავდა ლევანი. ქეთის თვალს ვერ გაუსწორებდა.

„აქ ვარ. არ მივდივარ არსად.“

საკუთარი სიტყვები აუფუთფუთდნენ უსიამოვნოდ ტვინში, აუტანელი გახდა ყურებში ატეხილი წუილი.

საშინლად უნდოდა დახველება, სახეზე წამოწითლდა თავშეკავებისაგან. ახრჩობდნენ მზესუმზირები.

აქედან უნდა წასულიყო.

საბოლოოდ შეავლო ქეთის თვალი.

კარგად იქნებოდა. აქ მოუვლიდნენ.

ლევანი კი აღარაფერში სჭირდებოდა.

ზურგი შეაქცია ლევანმა ახალი, ცინცხალი გარიჟრაჟის სინათლით აღსავსე სივრცეს, ჰანაჰაკის დაავადების დასასრულსა და დასაწყისს და ნელი ნაბიჯით დატოვა პირველი რეანიმაციული განყოფილება.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

– 22.05.2025 –

უღრუბლო, უსასრულოდ ლურჯი იყო ცა.

თვალები ხელით მოიჩრდილა ლევანმა. მწვანედ შეფოთლილი, თბილი ქარისაგან დაზნექილი ხეების კენწეროებს ასცდენოდა ზენიტში მყოფი მზე, თვალს სჭრიდა.

მთის გვერდში გაეჭრათ წვრილი, ოქროსფერი ხრეშით დაფარული, ბერეხისაკენ ამავალი საცალფეხო, ციცაბო ბილიკი. კენჭებს შორის ალაგ-ალაგ ხასხასა სარეველებსა და ბაბუაწვერებს წამოეყოთ თავები, ბილიკის გვერდიდან მთის ქედი ეშვებოდა ვეებერთელა ჭალაში, სადაც ხმამაღალი ჩქაფუნით მიქროდა აქაფებული ღელე.

ქოშინებდა ლევანი. მარჯვნივ, მთის მწვანედ შებუმბლული ქედიდან გამოზრდილი, ვეებერთელა ბუჩქის ჩრდილში კენჭების შხრიალით შეათრია ჩემოდანი და წამიერად შედგა, რომ შეესვენა.

ერთიანად გახვითქულიყო. გრძნობდა თუ როგორ მიჰკვროდა ოფლისაგან სველი მაისური ზურგზე.

თვალები მოჭუტა. ჩემოდანს ეყრდნობოდა და უსიტყვოდ გადაჰყურებდა შორეულ, ცაში ატყორცნილ მთებსა და მათ ფერდობზე შეფენილ, ხეთა სიმწვანეში ამოჩრილ ფერად-ფერად სახურავებს, ხავსიდან თავამოყოფილ სოკოებს რომ წააგავდნენ.

ძალა მოიკრიბა. მხარზე მოგდებული ზურგჩანთა შეისწორა, ჩემოდანი აითრია და ისევ ქოშინით აუყვა ბილიკს.

ბერეხში მიდიოდა.

იმ სოფელში, სადაც ქეთი იზრდებოდა. სადაც მზესუმზირების მინდორი იყო ადრე.

სათვალავი არეოდა უკვე ვაკანსიების თვალიერებისას, როცა ბერეხს გადააწყდა. სოფლის პაწაწინა მედპუნქტისათვის ეძებდნენ ექიმს.

ხელფასი მიზერული იყო. მაგრამ ასეთივე მიზერულ ქირად სთავაზობდნენ კანდიდატს სოფლის კიდეზე პაწაწინა, ერთსართულიან სახლს საცხოვრებლად.

არც კი იცოდა ლევანმა, თუ რატომ დარეკა იქვე მითითებულ ნომერზე. რატომ დათანხმდა ამ მიყრუებული, პატარა სოფლის მედპუნქტში მუშაობას.

თითქოს უნდოდა ყველაფერი დაევიწყებინა. ყველაფრისათვის ზურგი ექცია. საკუთარი თავი დაეცვა იმდენად, რამდენადაც შეეძლო.

ქეთის ოპერაციიდან მეორე დღესვე შეიტანა გათავისუფლების განცხადება. მისი განყოფილების გამგეს არაფერი უთქვამს, ჩუმად მიიღო ლევანის სურვილი. ისიც კი უთხრა, ყოველთვის შეგიძლია მობრუნდეო აქ.

კლინიკიდან ზორბა ანაზღაურება მისცეს. ბატონმა გურამმა სიტყვა გადაუკრა, რომ ეს იმისათვის, რომ ენის ტარტარი არ დაეწყო, თუმცა ფეხებზე ეკიდა ლევანს.

ჟურნალისტები რამდენჯერმე აეკიდნენ. იურგენ კრუგერისა და შოთა გაგოშიძის გმირობაზე ეკითხებოდნენ, აინტერესებდათ თუ რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ ვითომდა მისი სურვილების მიუხედავად, ქეთის მაინც გადაუნერგეს ფილტვები.

ვერ გაეგოთ, რომ ჰანაჰაკის დაავადება სჭირდა ლევანს.

და ერთი სიტყვა არ დაუძრავს მათთან ახალგაზრდა კაცს.

ბინა სასწრაფოდ გააქირავა. რაც არ სჭირდებოდა, ყველაფერი გაყიდა, მთელი მისი აუცილებელი ნივთები და ავლადიდება ერთ პატარა ჩემოდანსა და ზურგჩანთაში ჩაეტია.

მერე კი მატარებლის ბილეთი იყიდა, რომელიც ბერეხამდე მოიყვანდა.

აღარ უნდოდა სამსახური, რომელიც სულს სწოვდა, რომელსაც ერთიანად მოეცვა ყოველი მისი თავისუფალი მომენტი.

აღარ უნდოდა საკუთარ ბინაში ყოფნა.

აღარ უნდოდა ქალაქის ქუჩებში ევლო.

ყველაფერი ქეთის ახსენებდა.

ახსენებდა, მერე კი იწყებდა გამალებით ფიქრს. ისევ ეძებდა თავის მოგონებებში ქეთის, ვერ პოულობდა და კვლავ სინდისი დაუწყებდა წიწკნას.

ქეთის ქარვისფერი, დიდრონი თვალები ახსენდებოდა. მისი გამომეტყველებები. მისი პატარა ხელებისა და სხეულის სიცივე.

მისი მსუბუქი სიმძიმე, როცა მთაწითელადან ჩამოსვლისას გვერდში მიეხუტებინა და მისი მკლავები, როცა ყელზე მოეხვია ქეთი.

მისი გარიჟრაჟის იისფერში ავადმყოფურად აპრიალებული, თითქოსდა სიცხიანი თვალები.

მისი ისტერიული ტირილი, ლურჯი ვარდების უზარმაზარი გროვა და ჟურნალისტთა კამერების მჭახე სინათლეზე ალაპლაპებული ალისფერი სისხლი, რომელიც ნელ-ნელა ერეოდა ქვაფენილზე მოშხაპუნე წვიმას.

მისი ნეკნების ჭახანი ლევანის ხელების ქვეშ, გალურჯებული ტუჩები და მონიტორზე გამოსახული ასისტოლია.

თვალები გაუშტერდა ლევანს. 

აუტანელი სინდისის ქენჯნა და გამომშიგვნელი შიში.

ქეთის თვალებში დანახული სიცარიელის შიში.

ეკამ რამდენჯერმე მოსწერა. უთხრა, რომ კარგად მიმდინარეობდა რეაბილიტაცია.

რომ ქეთიმ გაიღვიძა.

რომ ეკმოდან მოხსნეს.

რომ ტრაქეოსტომია დაუხურეს. თავისით სუნთქავდა, ჭამდა.

ცოტა მოიმატაო. ამბობდა ბოლო მესიჯში. ფაქტიურად ახლიდან სწავლობსო სიარულს.

სხვას არაფერს ეუბნებოდა.

არაფერი უპასუხია ლევანს.

ეს ყველაფერი უკან უნდა მოეტოვებინა. ქეთიც, მის თვალებში ლევანისადმი გამოსახული სიცარიელეც, ჰანაჰაკის დაავადებაც. იმის გაცნობიერებაც, რომ თვითონ უსარგებლო იყო ქეთისათვის. უკან უნდა მოეტოვებინა და ეცადა საკუთარი მორჩენილი ცხოვრება შედარებით სიმშვიდეში გაეტარებინა, რამდენადაც შესაძლებელი იყო ეს.

მაგრამ თითქოს ყველაფერი ქეთის, ჰანაჰაკის დაავადებასა და მზესუმზირებს უბრუნდებოდა უკან.

შუბლზე მოწოლილი ოფლი მოიწმინდა ლევანმა. ყბები მაგრად შეკრა, მოწოლილი ფიქრების გამობერტყვა სცადა გონებიდან, მაგრამ მხოლოდ მათი დროებით გვერდზე გადადება მოახერხა.

ამ ფიქრებს ვერც ვერასოდეს მოიშორებდა.

გაივაკა ციცაბო ბილიკმა, როცა მთის წვერს მიუახლოვდა ლევანი, იკლაკნებოდა, პაწაწინა ტევრსა და მის მიღმა გადაფენილ უზარმაზარ ტრიალ მინდორს აპობდა შუაზე. მთის ფერდზე შეფენილი ვეებერთელა ბუჩქები შემეჩხერდნენ, მათი ადგილი მინდორსა და ტევრში ამობიბინებულმა ხასხასა ბალახმა დაიკავა. ფერად-ფერად მინდვრის ყვავილებს გადაეპენტათ მინდორი, და შორს, ყვავილებში, ხეებსა და ბუჩქებში ჩაძირული მოზრდილი სოფელი მოჩანდა. ნიავში ოდნავ ირხეოდნენ მზეზე მოლაპლაპე ელექტროგადამცემ კოშკთა სქელი სადენები, ზანზალაკების წკრიალი ისმოდა შორიდან. მინდორში უდარდელად ძოვდნენ ძროხები და შორს, პრიალა სახურავების მიღმა ვეებერთელა, თავგადათეთრებული მთა გადმოჰყურებდა სოფელს.

ბილიკს დაუყვა ლევანი. უსიამოვნოდ შხრიალებდნენ კენჭები ჩემოდნის ბორბალთა ქვეშ.

იქვე ღელე მიჩუხჩუხებდა. ისე სუფთა იყო წყალი, რომ თითოეულ ჭრელ ლოდსა და ქვას ხედავდა კალაპოტში ლევანი.

ცოტა ხანი შეისვენა, იმის მიუხედავად, რომ ტრიალ მინდორზე მზე საშინლად აჭერდა. კვლავ მოაწვა ხველება, რომელიც ამ ბოლო დროს უფრო და უფრო უძლიერდებოდა, სულს უხუთავდა.

ამოახველა სისხლიანი მზესუმზირები, სული მოითქვა. ღელეს ნაპირზე ჩამოჯდა, ალისფრად მოთხუპნული ხელები დაიბანა, ცივი წყალი დალია პეშვით და წამოღებული ბუტერბროდი შეჭამა.

მერე კი ისევ დაუყვა ბილიკს.

სოფელში ფეხის შედგმისთანავე იგრძნო, თუ როგორ დაშტერებოდნენ ინტერესით. ურემზე მჯდარი კაცი, რომელიც ხმამაღლა დასჭყიოდა ურემში შებმულ ცხენს, ვეებერთელა კაკლის ხის ჩრდილში მსხდარი მებირჟავეები და გაქუცული ბურთით მოთამაშე ბავშვები.

მათთვის ყურადღება არ მიუქცევია ლევანს. სოფლის შარაგზას დაუყვა ჩემოდნის რახრახით.

მიდიოდა, ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით.

შემაღლებულზე, სოფლის კიდეზე წამოეჭიმათ პაწაწინა, მართკუთხა ფორმის, სახელდახელოდ შელესილი მედპუნქტი, რომლის თეთრი საღებავი გაეყვითლებინა წლებს. კედლები ალაგ-ალაგ დამსკდარიყვნენ, სურო მოსდებოდათ, ანჯამებმორყეულ კარზე აკრული ნიშანიც ერთიანად გაცრეცილიყო.

შედგა ლევანი.

იქვე, კედელზე მიჭედებულ ძელსკამზე თეთრწვერა ბერიკაცი იჯდა. ყავარჯნის თავზე დაებჯინა დანაოჭებული ხელები, ამოღამებული თვალებით შეჰყურებდა ლევანს.

-ექიმი? – მკვახე, ჟღერადი ხმით გადმოსძახა მან.

თავი დაუქნია ლევანმა და ფეხზე წამოდგა ბერიკაცი, ხელი დაუქნია.

-მოდი, შვილო, მოდი. – უთხრა მან, გაცვეთილი შარვლის ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოაცოცა და კარი ტკაცუნით გააღო.

ხმამაღლა დაიღრჭიალეს ჩაჟანგულმა ანჯამებმა. ბერიკაცმა აცმა ლევანს გადმოუგდო, მერე კი ლასლასით შეაბიჯა შიგნით.

გასაღებები ჩაიჯიბა ლევანმა, ბერიკაცს შეჰყვა.

თეთრად შეფეთქილი იყო კედლები. ცალ მხარეს მერხი იდგა, ზედ უამრავი დოკუმენტები აეხორიალებინათ, კუთხეში მაგიდის ტელეფონი იდო. იქვე პატარა სკამი და კედელთან მიმდგარი ქათქათა ზეწრით დაფარული საწოლი გახლდათ, ოთახის მეორე მხარეს კი აშკარად სახელდახელოდ აწყობილი თაროები მიეჭედებინათ კედელზე, რომლებიც მწვანე ნაჭრებით, ბინტის ხვეულებით, წამლების ყუთებითა და სხვა ათასნაირი ხარახურით იყო სავსე, მათ ქვეშ კი გაბზარული ნიჟარა იყო, იქვე ჩამოკიდებული ხელსახოცითა და თხევადი საპნის კონტეინერით, ხელის დასაბანად. მოჭრაჭუნე იატაკი აშკარად ახლახანს მოეწმინდათ გულმოდგინედ და მზის ოქროსფერი შუქი იღვრებოდა გაბზარული ფანჯრიდან.

-ესაა, შვილო. – უთხრა ბერიკაცმა.

თავი დაუქნია ლევანმა. გამალებით ათვალიერებდა მედპუნქტის მწირ აღჭურვილობას. წარმოუდგენელი დისონანსი უჩნდებოდა, როცა ლუკა ასათიანის კლინიკას აქაურობას ადარებდა.

მაგრამ ალბათ კარგიც იყო ეს. არ ღირდა შედარება.

-კარგია რომ მოხვედი. – განაგრძო ბერიკაცმა. – კაი ხანია ექიმი არ გვყოლია ბერეხში. არც ველოდით რომ ვინმეს ენდომებოდა.

-ვინმე ყოველთვის არსებობს სადმე. – უთხრა ლევანმა. – არც მე მეგონა, რომ მენდომებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ.

ბერიკაცი გამჭოლი მზერით ასცქეროდა.

-შენ იმ დიდ საავადმყოფოში მუშაობდი. – განაცხადა უცებ მან.

-ვმუშაობდი. – თქვა ლევანმა.

ბერიკაცმა თავი დააქნია. გამომცდელად შეჰყურებდა.

-ქეთოს გამო წამოხვედი ხომ? – ჰკითხა უცებ.

ჯერ წარბები აზიდა გაოცებისაგან ლევანმა, მერე მოიღუშა. გახევდა, არც კი იცოდა რა ეთქვა.

როხროხი ატეხა მისი გამომეტყველების დანახვაზე ბერიკაცმა.

-რავა, გგონია მთაში ახალი ამბები არ მოდის? – ჰკითხა მან. – აგერ, ჩემ მეზობელ პეტიკოს თეფშიც აქ, ტელევიზორიც აქ და ვუყურებთ ხოლმე.

არაფერი უპასუხა ლევანმა. თეთრ კედელზე დაღვრილ მზის ოქროსფერ ლაქებს დაშტერებოდა. სული მოეხუთა, სუნთქვა გაუჭირდა.

-შენც კი იყავი ტელევიზორში. – თითი მოუშვირა ბერიკაცმა. – ქეთოსთან იყავი.

-ვიყავი.

-იმოდენა საავადმყოფო რამ დაგატოვებინა, შვილო? – ჰკითხა ბერიკაცმა.

ლევანს გაღიზიანება მოაწვა შუბლში.

-აღარ მინდოდა იქ მუშაობა. – მოუჭრა მან.

ბერიკაცმა თავი დააკანტურა, მოწკურული თვალებით შეჰყურებდა.

მერე კი ანაზდად აიქნია ყავარჯენი და კარს მიაშურა, თითქოს არც არაფერი ეთქვა, თან ლევანს ხელით ანიშნა, გამომყევიო.

ჩემოდანი ხელში აიტაცა ლევანმა, უკან მიჰყვა.

მედპუნქტისაგან ოდნავ მაღლა, ბალახით გადავლილ ბილიკს შეუდგა ბერიკაცი. აშკარა იყო, რომ აქ ხშირად არავინ დადიოდა. ნელა მიაბიჯებდა ბერიკაცი და მათ მარჯვნივ, ტრიალ მინდორზე, ხეებსა და ყვავილებში ჩაფენილ ბერეხს გადაჰყურებდა ლევანი.

მზეს გადახრილიყო. საშინლად ცხელოდა, მხოლოდ დროდადრო წამოუბერავდა სუსტი, თბილი სიო, რომელიც ნელა აშრიალებდა ველურ ყვავილებს, ბალახს და საამურად ეფინებოდა ლევანის გადახურებულ სხეულს. ალაგ-ალაგ ბილიკის პირას ვეებერთელა ჭადრები აღმართულიყვნენ, რომელთა ჩრდილი ოდნავ მაინც ამსუბუქებდა სულშემხუთავ ხვარტს.

ათიოდე წუთი მაინც მიაბიჯებდა ნელ-ნელა, ტაატით ბერიკაცი.

და ბოლოს, ბილიკის მარცხნივ, დაბალი, მორყეული მავთულბადის ღობის მიღმა, მწვანედ აბიბინებულ მდელოზე წამომართული ვეებერთელა მუხა გამოჩნდა. მისი განიერი, გადაშლილი ვარჯი ხასხასა მუქ მწვანედ შეფოთლილიყო, ზროსთან კი პატარა სახლი წამოეჭიმათ.

თუმცა ამას სახლი არ ეთქმოდა. არც მიწური ქოხი. უფრო პაწაწინა კაბინას წააგავდა. მოყავისფრო, უკვე გახუნებულ წითლად შეეღებათ, კრამიტით გადაეხურათ. მომწვანო-მოყავისფრო ხავსი მოსდებოდა სახურავზე, ფიცრებისაგან აწყობილი კედლები ალაგ-ალაგ დამსკდარიყვნენ. ორი მოზრდილი, პრიალა ფანჯრის ქვეშ იისფერი ყვავილები ხარობდნენ, უდარდელად ირწეოდნენ მუხის ჩრდილში. მუხასა და იქვე, ნორჩ წაბლის ხეს შორის თოკი გაებათ, აშკარად სარეცხის გადასაფენად.

ცოტა ხანი უბრალოდ იდგნენ უსიტყვოდ. კალიები ჭრიჭინებდნენ მაღალ ბალახში, თბილმა სიომ წამოუბერა, ფოთლები ააშრიალა და რატომღაც სიმშვიდე შეიგრძნო ლევანმა.

-ნანიკომ მიალაგა. დასაწოლიცა გაქ და საჭმლის გასაკეთებელიც. – უთხრა ბერიკაცმა. – თუ რამე დაგჭირდა, შვილო, აგერ ა… – ფერდობისაკენ, მწვანე კრამიტით გადახურულ სახლზე მიუთითა, რომელსაც ძლივს არჩევდა ლევანი შემოჯარულ ხეებში. – იქა ვართ მე და ნანიკო, არ მოგერიდოს.

-მადლობა, ბატონო…

-ზაქარია, შვილო. – უთხრა ბერიკაცმა, ხელი გამოუწოდა, მაგრად ჩამოართვა და მიტრიალდა, ყავარჯენზე დაყრდნობილი ლასლასით დაუყვა ბილიკს.

თვალი აარიდა ლევანმა. მდელოს აუყვა.

ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო, ერთ-ერთი მოარგო კარს. გულისგამაწვრილებელი ჭრიალი ამოუშვეს ანჯამებმა, როცა შიგნით შეაბიჯა.

ზღურბლზე გადაათრია ჩემოდანი, ზედ ზურგჩანთა მიაგდო და კარი მოიკეტა.

კაბინაში ცხელოდა. ფანჯრები შეაღო ლევანმა, რომ ჰაერს ცოტათი ემოძრავა მაინც. ფანჯრის ქვეშ, რკინისკარკასიან საწოლზე ჩამოჯდა. ლოგინის ზამბარებმა ხმადაბლა დაიჭრიჭინეს.

ლოგინზე სუფთა, მოცისფრო ზეწრები გადაეფარებინათ. იქვე პატარა კომოდი იდგა, რომელზეც ყუამოტეხილი, თიხის ლარნაკი და მასში ჩაწყობილი ველური ყვავილების თაიგული იწონებდნენ თავს. კომოდის თავზე ხის თარო მიეჭედებინათ, რომელზეც ათიოდე გაცვეთილყდიანი წიგნი იდო. საწოლის ბოლოსთან პატარა, მრგვალი ხის მაგიდა იდგა, მასთან ორი მაღალი ტაბურეტი მიედგათ. ლოგინის მოპირდაპირედ პაწაწინა სამზარეულო იყო, მარცხნივ კი, ღრიჭოდ დატოვებულ კარში პაწაწინა ტუალეტი მოჩანდა.

დაძველებულიყო კედლების თეთრი საღებავი, მოყვითალო ელფერი დასდებოდა. გახუნებულიყვნენ ფანჯრებზე ჩამოკიდებული, ყვავილებიანი ფარდები.

ცოტა ხანი გაუნძრევლად, გამტკნარებული იჯდა ლევანი.

თითქოს ახლა გააცნობიერა, თუ რა გააკეთა. თუ რამოდენა ცვლილება განიცადა მისმა ჩვეულებრივმა, რუტინულმა, დატვირთულმა ცხოვრებამ.

ყველაფერი, რაც ჰქონდა და რაც უნდა ჰქონოდა, ერთ თვეში გამოეცალა ხელიდან.

თუმცა არა. ზოგიერთი რამ თვითონ დატოვა. იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

მაგრამ რაც იყო იყო. ვერაფერს შეცვლიდა. ყველაფერი, რისი შეცვლის ძალაც გააჩნდა, უკვე წარსულში დარჩა, გაიცრიცა, გაილია, სადღაც სიცარიელეში ჩაიკარგა და ვეღარ მისწვდებოდა.

ნელა წამოიწია, ხვნეშით. თავისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები კომოდში ჩაალაგა. საჭმლის მცირე მარაგს სამზარეულოს თაროებზე მიუჩინა ადგილი.

სააბაზანოში, მბჟუტავი ნათურის სინათლეზე, პაწაწინა ნიჟარაში დაიბანა ხელები, ცივი წყალი შეისხა სახესა და ყელზე, რომ ცოტა გამოფხიზლებულიყო. გაოფლილი მაისური გადაიძრო და ნიჟარაშივე გაავლო ხელით.

მკლავებმოჭრილი ზედა ჩაიცვა, სველი მაისური გარეთ, თოკზე გადაჰკიდა.

კაბინის კარი გამოკეტა. ცოტა ხანი მდელოზე იჯდა და შორს, ცის კამარაზე დასავლეთისაკენ მცოცავ მზეს გაჰყურებდა, მერე კი ისევ ბილიკს დაუყვა.

სოფელში გაისეირნა. კვლავ აიგნორებდა ყველას ინტერესით აღვსილ მზერას.

დაიმახსოვრა ვეებერთელა კაკლის ხე, რომელიც ბერეხის ცენტრში იდგა და სადაც მობირჟავეები შეკრებილიყვნენ. დაიმახსოვრა პაწაწინა მაღაზია, რომლის დახლზე კონსერვები, ხილ-ბოსტნეული და ფქვილეული გამოეწყოთ.

მერე კი სოფელს გასცდა, შარაგზას დაუყვა, რომლის გვერდით ღელე მიჩუხჩუხებდა.

რამდენჯერმე შეისვენა. მზე შეუჩერებლად იწურებოდა დასავლეთისაკენ, მაგრამ ნაშუადღევის ხვარტი ვერ კიდევ ვერ შენელებულიყო. სოფლის გარშემო აღმართული ვეებერთელა, კლდოვანი მთები თითქოს ყოველი მისი ნაბიჯისას მაღლდებოდნენ, წამოიმართნენ, როგორც ბუმბერაზი გიგანტები, ზემოდან გადმოჰყურებდნენ გოროზად. ღელეს მეორე მხარეს ყანები გაეშენებინათ, რამდენიმე გლეხი გულმოდგინედ თოხნიდა მიწას, აქა-იქ ნაკვეთებზე ხასხასა მწვანე ფოთლოვანი მცენარეები მოჩანდნენ.

ყანები უკან მოიტოვა ლევანმა და გახშირდა ბილიკის გარშემო შემოჯარულ ხეთა ტევრი, სანამ გახლართულ ბუჩქებსა და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრულ ხეებში არ ჩაიძირა ღელე.  

შხაპუნებდა წყალი, რასაც უკნიდან მომავალი, გლეხთა შეძახილები ერთვოდა.

მალე შორეული გუგუნი ჩაესმა ლევანს, რომელიც ნელ-ნელა, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ძლიერდებოდა, ხმამაღალი შხრიალი დაემატა ზედ.

გაილია ბილიკი, ოქროსფერი, ამტვერებული ხრეში მუქმა ნაცრისფერმა ქვა-ღორღმა შეცვალა. შორს, ხეებს შორის, მზის სხივებზე ალაპლაპებული წყლის ციალმა მოსჭრა თვალი ლევანს.

კლდოვანი მთიდან გადმოეხეთქა ჩანჩქერს, რომელიც ხმამაღალი გუგუნით ეშვებოდა მოზრდილ ტბაში, რომელსაც მოშხაპუნე ღელეც უერთდებოდა. ლივლივებდა მზის შუქზე აციმციმებული წყალი, საშინლად ცივი და სუფთა იყო იგი, როცა ტბის ნაპირზე ჩაიმუხლა ლევანმა და ხელით მოსინჯა.

მზე აჭერდა. ისევ ოფლი მოსწოლოდა სიარულისა და სიცხისაგან ლევანს.

კარგა ხანი ნაპირზე ჩაყუნცულიყო. შესცქეროდა ტბის ციალს, სალი კლდიდან გადმოხეთქილ აქაფებულ ჩანჩქერს, მის წინ წყლის წვეთებში გაბნეულ ცისარტყელას, უსმენდა წყლის გუგუნს, კალიების ჭრიჭინს, და მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ ახლა აქ მარტო არ უნდა ყოფილიყო.

ეს ყველაფერი მარტოს არ უნდა ენახა.

ქეთი უნდა ყოფილიყო მის გვერდით.

თავი გადააქნია ლევანმა. მკერდში და ღვიძლთან საშინლად სწიწკნიდა.

ტკივილგამაყუჩებლები უნდა დაელია.

მერე მიმოიხედა, დარწმუნდა რომ არავინ იყო შორიახლოს.

ტანსაცმელი გაიძრო, იქვე მიალაგა და სისინით შეაბიჯა ტბაში.

ცოტა ხანი აქეთ-იქით ცურავდა. ტბის ცივმა წყალმა ამწვარი კანი დაუამა, ფიქრებისაგან დააცარიელა, შინაგანი სიმძიმე შეუმსუბუქა თითქოს.

ნაპირზე, მზის გულზე გახურებულ ვეებერთელა ლოდზე შეშრა, მერე კი ჩაიცვა, კვლავ სოფლისაკენ მიმავალ შარაგზას დაუყვა.

მზე იწურებოდა. კაშკაშა ნარინჯისფერს ჰფენდა ამტვერილ შარაგზას, ყანებს, მთის ფერდებსა და ბერეხის ალაპლაპებულ სახურავებს.

ერთიანად გაწყვეტოდა ქანცი ლევანს, როცა თავის კაბინამდე მიაღწია.

ტკივილგამაყუჩებლები დალია, ტანსაცმელი გაიძრო და ლოგინზე მიეგდო. მისი მაჯის საათი საღამოს ექვსს ამცნობდა.

ხვალ მედპუნქტში უნდა მისულიყო და პაციენტებს დალოდებოდა.

ფანჯრიდან შემოღვრილი ნარინჯისფერი სინათლე ეფინებოდა მას, საწოლს, მოპირდაპირე კედლებს და თვალები დახუჭა ლევანმა.

მისი დიაგნოზიდან ორი თვე გავიდა.

ბევრი აღარ დარჩენოდა.

მისი მწირი ავლადიდება შერჩა. ეს პაწაწინა კაბინა, მიზერული ხელფასი და ზორბა ანაზღაურება ბანკში, რომელიც აღარაფერში დასჭირდებოდა.

შერჩა მოგონებები, რომლებითაც საზრდოობდა და რომლებმაც უმუხთლეს.

საკუთარმა მეხსიერებამ უღალატა.  

და საკუთარი თავი შერჩა. ოთხიოდე თვის მანძილზე. მეტი არაფერი.

ანდა უფრო ადრე მორჩებოდა ეს ყველაფერი.

პირი იბრუნა ლევანმა, ჩამავალ მზეს ზურგი შეაქცია.

მისი მაჯის საათის წიკწიკი, კალიების ჭრიჭინი და მუხის ფოთლების შრიალი ესმოდა მხოლოდ.

თვალები მაგრად დახუჭა. ლურჯი ვარდების სურნელი და მის მკერდზე მოხუტებული ქეთის თავი გაახსენდა.

სული მოეხუთა. ისევ წამოჰყო თავი მის მკერდში იმ სიმძიმემ, რომელიც ტბაში ცურვისას დაუამდა.

თუმცა არც არსად წასულიყო ეს სიმძიმე და არც არსად წავიდოდა. მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდებოდა.

ქეთის მისკენ მომართული, ქარვისფერი თვალები გაახსენდა.

რას არ მისცემდა, რომ ახლა იგივე დაენახა.

მზე ინავლებოდა, და საკუთარი ფიქრების ღრიანცელში ჩაეძინა ლევანს.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

– 28.06.2025 –

ფანჯრიდან ძროხების გაბმული ბღავილი და ზანზალაკების წკრიალი ისმოდა.

ნაშუადღევის მზე აუტანლად აჭერდა და დამყაყებული, დახუთული ჰაერი იდგა მედპუნქტში. ლევანის მერხთან დადგმული, დანჯღრეული ვენტილატორი ჯახირობდა, რომ იქაურობა ცოტა მაინც გაეგრილებინა, მაგრამ მხოლოდ ცხელი ჰაერის ოდნავ ამოძრავებასა და დანადგარის ყურისწამღებ წუილს ახერხებდა.

საწოლზე ბავშვი იწვა. მაისური მკერდამდე აეწია, სახე გაფითრებოდა, ერთიანად მოჭმუხნულიყო. მასზე დახრილიყო ლევანი, მუცელს უსინჯავდა. იქვე იდგა ბავშვის მამა, შეწუხებული დაჰყურებდა შვილს.

-მაია, აქ გტკივა? – ჰკითხა ლევანმა, თან მუცლის ქვემოთა მხარეს, მარჯვნივ დააჭირა. ოდნავ დაჭერაზეც კი შეხტა მაია, თავი დაუქნია.

-თავიდან აქ გტკიოდა ხომ? – კუჭის მიმდებარე ადგილას გადაინაცვლა ლევანმა. ისევ დაუქნია თავი მაიამ.

-დღეს დილით დაეწყო. – თქვა მამამ. – დედამისმა ბულიონი გაუკეთა მარა ეგეც არ შეჭამა, გული ერეოდა. მერე სიცხეც მისცა.

წნევა გაუზომა მაიას ლევანმა, მერე კი თერმომეტრი ამოუღო იღლიაში.

ოცდათვრამეტი და ორი ხაზი ჰქონდა. წნევა სტაბილური.

-გიორგი, მგონი აპენდიციტი აქვს. – უთხრა ბავშვის მამას ლევანმა, მერე კი მაიას მიუბრუნდა, რომელიც დიდი თვალებით შეჰყურებდა, დაუყვავა. – არ ინერვიულო, მუცელში პატარა ანთება გაქვს, მაგიტომ გტკივა. დიდ ქალაქში გაისეირნებ, იქ სხვა ექიმებმაც უნდა გნახონ.

მაიამ თავი დაუქნია.

პარაცეტამოლი მისცა ლევანმა, შეწუხებულ მამამისს ყველაფერი აუხსნა.

მერე კი უახლოესი კლინიკის მორიგე ქირურგის ნომერი აკრიფა ტელეფონზე.

რეანიმობილი გამოაგზავნეს, რომელიც ბერეხამდე მომავალ გზაზე ვერ ამოვიდა.

მაია საკაცეზე დააკრეს, მის მამასთან და რეანიმობილის ექიმთან ერთად ციცაბო ბილიკზე ჩაიყვანა ლევანმა.

იდგა და უყურებდა, სანამ რეანიმობილი მოსახვევში არ ჩაიკარგა და უკან აბდღვირებული გზა არ დატოვა.

მერე კი ნელა აუყვა მედპუნქტისაკენ გზას.

იჯდა და ფანჯარაში გაჰყურებდა ჩამავალ მზეს.

ნელ-ნელა უკვე შეჩვეოდა ბერეხს. ჯერ კიდევ უჭირდა ყოველგვარი გამოკვლევებისა და ანალიზების გარეშე მუშაობა, მაგრამ ცდილობდა გაეთავისებინა, რომ მისი დანიშნულება ქალაქში გაგზავნის საჭიროების მქონე პაციენტების ამოცნობა გახლდათ.

ერთი თვის მანძილზე მხოლოდ ამ ერთხელ დასჭირდა რეანიმობილი.

ისედაც იშვიათად მოდიოდა ხალხი. დღეები ისე გავიდოდნენ, რომ დილიდან საღამომდე იჯდა მედპუნქტში ლევანი და წიგნებს კითხულობდა. ანდა თუ მოვიდოდნენ, მაშინ პაწაწინა პრობლემების გამო, რომელთაც თავისი მწირი აღჭურვილობითაც კი აგვარებდა.

დილით მამლების ყივილის ხმაზე იღვიძებდა. შეეჩვია ზანზალაკების წკარუნს, კუტკალიების დაუსრულებელ ჭრიჭინსა და იშვიათად, საღამოობით ხმამაღალ სიმღერას.

ხალხი გაიცნო. ზაქარიასა და მის მეუღლე ნანიკოს რამდენჯერმე სადილზე დაეწვია.

დღე რომ მინავლდებოდა, მაღაზიაში გაივლიდა. პაწაწინა გაზქურაზე იმზადებდა საჭმელს. დანაყრდებოდა, საღამოს კი ბერეხის შორიახლოს, მთებში სეირნობდა, ანდა ტბაზე მიდიოდა საცურაოდ.

დიდხანს იჯდა ღელეს ნაპირზე და გადაჰყურებდა მეორე მხარეს გაშენებულ ყანას, სადაც მზესუმზირები მოჰყავდათ.

ჯერ არცერთი მზესუმზირა არ გაშლილიყო.

იჯდა ლევანი და ელოდა. მოლოდინში ილეოდნენ დღეები.

შაბათ-კვირას ისვენებდა. ღამე მშვიდად ეძინა.

თითქმის არ იჭერდა მისი ტელეფონი სიგნალს. ეკასგან შეტყობინებები აღარ მოსვლია.

აღარსად იყო დაუსრულებელი სტრესი, ნერვიულობა და უძილობა. არსად იყო საცობები, მუდამ დატვირთული ქალაქის ხმა, მეზობლების ხმაური.

მაგრამ ვერაფერი, მშვიდი ცხოვრებაც კი ვერ შველოდა მასში გაჩენილ, აუტანელ, უმძიმეს სიცარიელეს.

რაღაც აკლდა. რაღაც უნდოდა.

ძალიან უნდოდა. მისთვის საარსებოდ აუცილებელი ის გახლდათ, რამაც დამართა ჰანაჰაკის დაავადება.

ცდილობდა მიზეზზე არ ეფიქრა. რადგან წამსვე დაუწყებდა სინდისი ქენჯნას და უფრო ძლიერად აწვებოდა ხველა, გაგუდვამდე.

დღითიდღე იზრდებოდნენ მასში ღრმად ფესვგადგმული ყვავილები და კარგად გრძნობდა ამას.

უფრო მეტი ტკივილგამაყუჩებლები სჭირდებოდა.

უფრო მეტად ეხუთებოდა სული.

უფრო ხშირად ახველებდა.

იმდენად ხშირად, რომ მედპუნქტში მოსულ პაციენტებს დაენახათ რამდენჯერმე.

ალბათ უკვე მთელმა ბერეხმა იცოდა. აშკარა სიბრალულით შესცქეროდნენ მაგრამ არავინ არაფერს აგრძნობინებდა, არავის არ უთქვამს რამე.

თითქმის ყოველდღე ავსებდა ნაგვის პარკს მზესუმზირებით ლევანი.

გრძნობდა, როგორ ჯაბნიდა ჰანაჰაკის დაავადება. სააბაზანოს კედელზე მიწებებულ, კიდეებმოცვეთილ სარკეში მუდამ ეზარებოდა ჩახედვა, მაგრამ ვერასოდეს გაექცეოდა მის ანარეკლს, რომელსაც მალ-მალე მოჰკრავდა თვალს, უნდოდა ეს თუ არა.

და თითქმის ვეღარ ცნობდა უკვე საკუთარ თავს. ვერსად გაექცეოდა ჩაცვენილ ლოყებსა და თვალებს, ავადმყოფურად მოყვითალო კანსა და ხველებისაგან სისხლჩაქცეულ თვალებს. ვერსად გაექცეოდა იმ ფაქტს, რომ ადრე ტანზე კარგად მორგებული ტანსაცმელი ზედ ჩამოჰკიდებოდა. საკუთარ დაძარღვულ, სახსრებგამოჩრილ ხელებს და იმას, რომ იძულებული გახდა მაჯის საათის სამაჯური უფრო მოეჭირა, ვერაფერს უზამდა.

ნელ-ნელა ცდილობდა შეგუებოდა სიკვდილის, და მაშასადამე გარანტირებული სამუდამო არარსებობის აზრს. ალბათ მართლაც ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი.

„მირჩევნია მეგონოს, რომ ასე უნდა ყოფილიყო, რომ რამე მიზეზი არსებობს.“

იხსენებდა ამ სიტყვებს და ეღიმებოდა, მწარედ.

ალბათ მართლაც არსებობდა რამე მიზეზი. ცას არავინ გამოეკერებოდა. რამდენი ახალგაზრდის სიკვდილი ენახა თვითონ.

ალბათ ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო.

იქამდე იჯდა, სანამ დაისის მოწითალო ნარინჯისფერმა სინათლემ არ შეღება დასავლეთი.

მერე კი მაღაზიაში გაიარა. ყველი, ვაშლები და დამჭკნარი პური იყიდა.

ცელოფნის პარკით ხელში აუყვა ბილიკს.

მთათა ქედებს შორის ჩავარდნილიყო თითქოს წითელი მზე. უამრავი ფერად-ფერადი ყვავილი გადაშლილიყო ზაფხულის სითბოს ქვეშ, უფრო ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ კუტკალიები. უკნიდან ბავშვთა თამაშის ხმა და ჟივილ-ხივილი ისმოდა, როცა აღმართს მიუყვებოდა ლევანი.

ნელა, ლასლასით მიდიოდა.

ბევრად უფრო ჩქარა იღლებოდა ამ ბოლო დროს.

ცოტა ხანი შედგა, შეისვენა.

მარჯვნიდან ხმამაღალი ხათქუნი ისმოდა. ვიღაც ცდილობდა შეშის დაჩეხვას.

იქეთ გაიხედა ლევანმა, თვალი შეავლო მის გვერდით აღმართულ, მწვანეკრამიტიან სახლს.

დახავსებულ ხის ღობის ნაპრალებში ჩანდა, თუ როგორ მოუხეშავად, ფრთხილად უქნევდა თავწაკრული, მზის წითელ შუქზე სახეაპრიალებული ნანიკო ნაჯახს ვეებერთელა კუნძზე შემოდებულ შეშას.

მოუქნია და ააცილა, ნაჯახი კუნძის გვერდში ჩაეფლო. ქოქოლა დააყარა ეგრევე ნანიკომ.

ძალა მოიკრიბა ლევანმა და ღია ჭიშკარში შეაბიჯა.

წამსვე შეამჩნია ქალმა, დანაოჭებული სახე ღიმილმა გაუცისკროვნა.

-მოდი შვილო, ლევან, მოდი! – ხელი დაუქნია მან, ნაჯახი აშკარად ერთიანად გადაავიწყდა. – როგორ გიკითხო, ჭირიმე? რამე ხომ არ დაგჭირდა?

-არა, არაფერი მჭირდება. – უთხრა ლევანმა, იქვე, ხის ძირში დააგორა თავისი ცელოფნის პარკი და მკლავები დაიკაპიწა. – შეშას დაგიჩეხავთ.

-ვაი, შვილო, მაგაზე გაგაცდენ? – ატყდა ნანიკო. – ნუ შეწუხდები!

-არაა შეწუხება. – უთხრა ლევანმა, ნაჯახი კუნძიდან ამოაძრო, ხელში მოსინჯა, ნანიკოს გაბადრულ სახეზე იშვიათმა ღიმილმა შეუთრთოლა ტუჩები.

შეშის ნაფოტი გაასწორა კუნძზე, მაგრად მოუქნია ნაჯახი და შუაზე გააპო.

ნანიკომ რამდენიმე შეშა მოარბენინა მკვირცხლად. ნელ-ნელა ჩეხავდა მოტანილს ლევანი.

ქშინავდა, ოფლი მოაწვა. ნანიკო უცნაურად შეჰყურებდა. ხვდებოდა ალბათ თუ როგორ ღლიდა ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა.

-დაანებე თავი შვილო, საკმარისია. – დაუყვავა მან ბოლოს, როცა შეშის მოზრდილი გროვა ააკოკოლავა კუნძის გვერდით. – მოსაკლავია აგი ჩემი ბერიკაცი, მაინცდამაინც ახლა რომ წაეთრა! ხორცი რო არ მქონდეს მოსახარში…

გაეცინა ლევანს, ნაჯახი კუნძზე დაარჭო და ნანიკოს მიერ მორბენინებულ მორყეულ სამფეხა ტაბურეტზე ჩამოჯდა მძიმედ, მერე კი მისი მოწოდებული ჭიქა წყალი გამოცალა.

-მადლობა. – უთხრა მან. – საქმეზე წავიდოდა ზაქარია ალბათ.

-მაგის საქმე ამ ბოლო დროს სმაა! – განაცხადა ნანიკომ, მერე კი თვითონაც მძიმედ ჩამოჯდა იქვე, მეორე ტაბურეტზე, დალაქავებული წინსაფარი გაისწორა. ცალი თვალი მოჭუტა და შეაცქერდა ლევანს. – უთხარი აღარ დალიოს. ექიმი ხარ შენ და უფრო დაგიჯერებს.

ისევ გაეღიმა ლევანს, თავი დაუქნია.

მზე იწურებოდა. ნელ-ნელა იმალებოდნენ მთათა მიღმა წითელი სხივები.

დასავლეთს გაჰყურებდა ლევანი. ნანიკოს მზერას გრძნობდა.

-როგორ ხარ, შვილო? – ჰკითხა უცებ ქალმა.

წამსვე გადახედა ლევანმა. სევდა ეხატა ნანიკოს დაღარულ სახეზე.

-არამიშავს. – უთხრა ლევანმა.

-ავადა ხარ ხომ?

არაფერი უთხრა ლევანმა. მის ხელში დაცვარულ წყლის ჭიქას ჩაჰყურებდა.

-შეიძლება ეგრეც ითქვას. – თქვა ბოლოს.

ნანიკო თითქმის ადგილზე ცმუკავდა. ეტყობოდა, რომ უნდოდა უფრო დაწვრილებით გამოეკითხა, მაგრამ თავს იკავებდა.

-ახალგაზრდა ხარ შვილო. – უთხრა ბოლოს. – ვერ მოგერევა.

-მერევა. – მიუგო ლევანმა. – აი ხომ ხედავთ თქვენ თვითონ.

ეგონა რომ არ უნდოდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. მაგრამ ახლა გულგრილობის მეტს ვერაფერს გრძნობდა. ალბათ ამას ნიშნავდა შეგუება.

რაღაცნაირად კარგიც იყო ალბათ ამ ყველაფერზე საუბარი.

ნანიკომ ტუჩები ააცმაცუნა. წინსაფრით ლოყები და ნიკაპი მოიწმინდა, ისე რომ ლევანს თვალს არ აცილებდა.

-ქეთო კარგად მახსოვს. – თქვა მან უცებ და გახევდა ლევანი.

უკვე რამდენიმე კვირა იყო, რაც მისი სახელი არც კი გაევლო გონებაში. ეგრევე უარესად ხდებოდა.

-ისეთი დახატული გოგო იყო, ისეთი… კარგი, საქმიანი. საქონელს უვლიდა. ვარდებს ამყნობდა.  ბებიამისი, კოჭლი ლამარა, ღმერთმა აცხონოს, მისდღემჩი კუდში დასდევდა მას და დაიამისს. – უდრტვინველად აგრძელებდა ნანიკო.

წყლის ჭიქა იქვე, დაკოჟრილ კუნძზე დადგა ლევანმა. ყოველი კუნთი დაძაბვოდა. არც კი იცოდა, უნდოდა ამ ყველაფრის მოსმენა თუ არა.

ეცადა არაფერზე ეფიქრა, რომ მოგონებები არ დასტყდომოდნენ თავს შეუბრალებელ, გამგუდველ ტალღად.

– მოვისაკლისეთ ნამეტანი, როცა წავიდნენ აქედან ორივენი. – თქვა ნანიკომ. – სულ ვფიქრობდი, ნეტა როგორაა თქო. კინაღამ გულმა დამარტყა, აგერ ა, პეტიკოს ტელევიზორში რომ დავინახე. ისე შემეცოდა, ისე შემეცოდა…

თავისი მცდელობების მიუხედავად, ქეთის ისტერიული ტირილი და სისხლიანი ლურჯი ვარდების გროვა ამოუტივტივდა გონებაში ლევანს. სული მოეხუთა.

-კარგი გოგოა ქეთო და კარგი ბიჭი ხარ შენ, შვილო. – თქვა უცებ ნანიკომ, ხელი მოუთათუნა მხარზე. – ყველაფერს მოევლება. აგერ, მთის ჰაერზე გამოკეთდები.

-არა მგონია მთის ჰაერმა მიშველოს. – თქვა ლევანმა. ტუჩის კუთხეები უთრთოდა, გრძნობდა, თუ როგორ აუკანკალდა ხელები. – ერთადერთი, რაც შველის არ არსებობს, სამწუხაროდ.

ნანიკო ნაღვლიანად შესცქეროდა.

-მოგიკვდი, შვილო… – თქვა მან. – მაგიტომ წამოხვედი აქეთ?

-ალბათ. – თქვა ლევანმა. სიმძიმე უფრო მეტად მოაწვა მკერდში, ცოტაც და სასუნთქ გზებს აუვსებდნენ მზესუმზირები. გრძნობდა, როგორ მოსწოლოდა ცივი ოფლი. – აღარც ვიცი კონკრეტულად აქ რატომ წამოვედი.

-და რო დაბრუნებულიყავი, შვილო? ანდა დარჩენილიყავი იქ? ქეთო ისეთი მოსიყვარულე გოგოა…

-ეგრე რომ გამეკეთებინა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი ახლა ალბათ. – გააწყვეტინა ლევანმა.

ხველა აწვებოდა. ყელის ჩაწმენდა სცადა, მკერდის ძვალი მოისრისა და სწრაფად წამოდგა ფეხზე. ნანიკო შეწუხებული შესცქეროდა, ხელებს ასავსავებდა უხერხულად.

-მე წავალ. – ძლივს ამოიხრიალა ლევანმა, ჭიშკარს მიაშურა, თავისი ცელოფნის პარკი აიტაცა ხის ძირიდან.

-არ მიწყინო ბებერი დედაკაცის ბჟუტური, შვილო! – მოაძახა ნანიკომ. – ხვალ გამოგვიარე, მამალი უნდა დავკლა!

ხელი ასწია დამშვიდობების ნიშნად ლევანმა. პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა, ყელში მოაწვნენ მზესუმზირები და აუტანელი სიმძიმე ედგა მკერდში, თითქოს ცხელი ტყვია ჩაუღვარეს შიგნით.

როგორც კი კუთხეს მოეფარა და ბილიკს შეუდგა, მაშინვე აუტყდა ხველა.

გამწარებული ახველებდა, პირზე ხელაფარებული. გრძნობდა, როგორ ცვიოდნენ მისი გულმკერდიდან ხელისგულზე ცხელი, ბლანტი სითხით დაფარული მზესუმზირები.

თვალები შეუჩერებელი ხველისაგან აუწყლიანდა, მზერა დაებინდა, გაჭირვებით ხედავდა მწუხრის დაბურულ, მონარინჯისფრო წითელ სინათლეში ბილიკს. გრძნობდა, როგორ დაუკაწრეს ლორწოვანი მზესუმზირების წამახულმა გულებმა.

თავისი კაბინის მდელოს რომ მიაღწია, წაიფორხილა და აბიბინებულ ბალახში ჩაემხო.

საშინლად სტკიოდა შიგნით, ღრმად, თითოეული ამოხველებისას თითქოს დანა ერჭობოდა მკერდში. ხროტინითა და მზესუმზირებით აღვსილიყო მისი თითოეული ამოსუნთქვა.

არც კი იცოდა, რამდენი ხანი ახველებდა. ერთიანად ეწვოდა გულმკერდი და მზესუმზირებისაგან ჩაკაწრული ყელი.

სული ძლივს მოითქვა. დაბინდული მზერითაც კი ხედავდა, თუ რამოდენა იყო მის ქვემოთ მწვანე ბალახით შემოჯარული ოქროსფერი მზესუმზირების გროვა.

პირიდან სისხლი წვეთავდა და გადმოაფურთხა ლევანმა.

ყველაზე უარესი შეტევა იყო, რაც კი აქამდე ჰქონოდა.

-ფუ შენი. – ძლივს ამოიხრიალა მან. – დედავატირე.

ოფლით დაცვარული სახე და სისხლიანი ნიკაპი მაისურით მოიწმინდა. მსეზუმზირების გროვის გვერდით წამოჯდა.

გულმკერდი სტკიოდა ხველებისაგან. ყელი ეწვოდა, პირში კი სისხლის გემო ედგა, ხელები აკანკალებოდა.

უსიამოვნოდ ურტყამდა პულსი საფეთქლებში, თავი გასკდომამდე სტკიოდა, რეტი დაესხა.

მზე უკვე მოფარებოდა მთებს. მისი ნასისხლარი ღებავდა დასავლეთს, და მოიისფრო ლურჯი შეჰპარვოდა ცის კამარას, როცა ზემოთ აიხედა ლევანმა.

და როგორც მწუხრი დღეს, ისე მოერია ლევანს აუტანელი დაღლილობა.

რომელსაც უიმედო სასოწარკვეთილების სიმწარე დასდევდა.

სუნთქვა გაუხშირდა, სახეზე ხელები აიფარა ლევანმა. მაგრად დახუჭა თვალები და სისველე გადმოუგორდა ლოყებზე.

დიაგნოზიდან სამი თვე გასულიყო უკვე, მაგრამ გრძნობდა, რომ მის შემთხვევაში უფრო მძიმე იყო მდგომარეობა.

აღარ დარჩენოდა ბევრი.

ცოტა ხანი იჯდა, სანამ ოფლით დაცვარულ სხეულზე არ შემოჰბერა საღამოს გრილმა სიომ.

მერე კი წამოდგა, ცელოფნის პარკი აათრია და ლასლასით გაემართა კაბინისაკენ, უკან, გადათელილ ბალახში დატოვა სისხლიანი მზესუმზირები.

.

.

-*-*-*-*-*-*-

თვალს სჭრიდა გადაწურული მზე. ცის კამარაზე ალაგ-ალაგ მონაბერი ქარისაგან დახლეჩილი, მოიისფრო ღრუბლები მიცურავდნენ, დაპენტილ მატყლს რომ ჩამოჰგავდნენ, დასავლეთისაკენ კი თითქოს ცეცხლი მოჰკიდებოდათ.

ირწეოდა თბილ ნიავში ბალახი, და ღელეს შხაპუნი, კუტკალიების ჭრიჭინი და ზანზალაკების წკარუნი ჩაესმოდა ლევანს.

ღელეს ნაპირზე იჯდა. მუხლები აეწია, ზედ გადაეგდო ხელები და გაჰყურებდა დაისს.

გადიოდნენ დღეები.

ისე ნელა, და ამავდროულად ისე სწრაფად ილეოდნენ, რომ უკვე სათვალავი ერეოდა.

თუმცა აღარც ჰქონდა განვლილი დღეების რაოდენობას მნიშვნელობა.

ავტოპილოტზე მუშაობდა, მხოლოდ რუტინას მიჰყვებოდა ლევანი. დილით დგებოდა, მედპუნქტში იჯდა საღამომდე, მერე კი სახლში მიდიოდა. ნანიკოსა და ზაქარიასთან დაპატიჟების მიუხედავად აღარ მისულიყო. ცოტას ჭამდა, ისიც ძალით, საერთოდ აღარ შერჩენოდა მადა, მცირეოდენის შეჭმის დროსაც კი აუტანელ სიმძიმეს გრძნობდა მუცელში. უფრო გაუხშირდა ხველების შეტევები და იზრდებოდა სისხლისა და მზესუმზირების რაოდენობაც.

მის ორგანოებს თავის მავთულხლართში აბამდა ჰანაჰაკის დაავადება.

ღამე გაჭირვებით იძინებდა. ტკივილი, რომელიც უკვე მუდმივად იქცა, ყველაზე მეტად ღამე შემოუტევდა, როცა გაუნძრევლად იწვა, სიჩუმეში. ტკივილგამაყუჩებლები ბევრს აღარაფერს აკეთებდნენ.

დაიღალა. გამოიფიტა. აღარანაირი ბრძოლისუნარიანობა აღარ დარჩა.

თავიდან ინტერესით აშტერდებოდნენ ბერეხში,  ამ ბოლო დროს კი თვალს არიდებდნენ.

ალბათ არ სიამოვნებდათ ავადმყოფის ნახვა. მედპუნქტშიც უფრო ნაკლებად მოდიოდნენ მსურველები.

ასე ჯობდა კიდეც. რაც ნაკლებ ხალხს ნახავდა მით უკეთესი.

უფრო ხშირად ჩადიოდა საღამოობით ღელეს პირთან. იჯდა ნარინჯისფრად დაფერილ ბალახში და რაღაცას გაჰყურებდა, უმისამართოდ, შორს.

ნელ-ნელა იშლებოდნენ ღელეს გადაღმა ნაპირზე ყანაში მზესუმზირები.

რანაირი ბედის ირონია გახლდათ. ყანაში იზრდებოდნენ, იფურჩქნებოდნენ მზესუმზირები, ისევე, როგორც ლევანის გულმკერდსა და მუცელში ფესვგადგმული ყვავილები.

და რა ბედის ირონია იყო ის, რომ ყველაფერი ენატრებოდა, რაც განზრახ თუ გაუცნობიერებლად მოიტოვა უკან.

ის გაუცნობიერებელი მნიშვნელობით აღვსილი შეხება ენატრებოდა, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზე ჰქონდა ადრე.

ენატრებოდა ვარდებისა და ზამთრის მჭახე სურნელი, მბჟუტავი ნათურის სინათლეზე აპრიალებული ქარვისფერი. იმ უცნაური გრძნობის სუსხი ენატრებოდა, რომლის მნიშვნელობასაც ვერ ჩაწვდა ადრე.

თბილოდა. ნებიერი ნიავქარი ათრთოლებდა ბალახს.

ტუჩის კუთხეები შეუთრთოლდა ლევანს.

კენჭი მოისროლა, რომელიც დგაფუნით ჩავარდა ღელეში.

უკნიდან, შარაგზაზე ნაბიჯებისა და მათ აყოლებული ხრეშის შხრიალის ხმა ისმოდა. ალბათ რომელიმე გლეხი მიდიოდა სოფლიდან ყანებისაკენ.

კიდევ ერთი კენჭი აიღო და ხელში შეათამაშა ლევანმა.

მერე კი, ანაზდად, გზაზე შედგნენ ნაბიჯები.

და ბალახის შარიშური ჩაესმა ლევანს.

ის ვიღაც მისკენ მოდიოდა. რაც საკმაოდ უცნაური გახლდათ, რადგან არავინ უახლოვდებოდა, ზაქარიასა და ნანიკოს გარდა.

გაიხედა ახალგაზრდა კაცმა.

მზე ინავლებოდა, თვალისმომჭრელი, თბილი ნარინჯისფერი მოსდებოდა შემოგარენს. შორს ძაღლებმა ღავღავი ატეხეს, გლეხები გადასძახოდნენ ერთმანეთს რაღაცას.

თავიდან ვერც კი იცნო ლევანმა.

ჯერ ის დაინახა, რომ ვიღაც ქალი იყო. თავზე მორგებული ძველებური, კიდეებმოცვეთილი ჭილის ქუდით, მოიისფრო სარაფნით, პატარა ხელჩანთითა და მზეზე ალაპლაპებული გრძელი, მუქი თმით.

მერე კი მის სახეს გაუსწორა მზერა ლევანმა.

შორიდანაც კი აშკარად ჩანდა მზის შუქზე აპრიალებული ქარვისფერი თვალები. ოდნავ აბზეკილი წარბები და ვარდისფერი ტუჩები.

ქეთი.

ქეთი იდგა და შესცქეროდა. მერე კი ნელა, ფრთხილად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, კიდევ უფრო მოუახლოვდა.

ფეხზე ისე სწრაფად წამოიჭრა ლევანი, რომ რეტი დაესხა, წაიფორხილა, კინაღამ ბალახში ჩაენარცხა. იდგა, თვალებდაჭყეტილი და ქეთის შეჰყურებდა.

წამოუბერა ნიავქარმა და უფრო ხმამაღლა აშარიშურდა გამხმარი ბალახი, მკერდზე გადმოფენილი რამდენიმე კულული გადაუგდო მხარს უკან ქეთის.

სულ სხვანაირი იყო. ისევ გამხდარი, მაგრამ არა გაძვალტყავებული, ლოყები უფრო შევსებოდა. აღარ ეტყობოდა ის ავადმყოფური მიტკლისფერი, მზის სინათლე ღია ხორბლისფერს სძენდა მის კანს. ყელზე ჯერ კიდევ მოუჩანდა ტრაქეოსტომიისაგან დატოვებული, ოდნავ მოვარდისფრო ნაწიბური, და იცოდა ლევანმა, რომ ასეთივე, ბევრად უფრო დიდი ნაიარევი გადაჭიმულიყო მის გულმკერდზე, მაგრამ დასვენებული, ჯანმრთელი და მოღონიერებული ჩანდა.

ძალიან ლამაზი იყო.

წამიერად ისიც კი გაიფიქრა, რომ არ მეჩვენებაო, მაგრამ მისი გამოფიტული გონება ვერაფრით შექმნიდა ასეთ ქეთის.

ისევ ისეთი, გაურკვეველი, თითქოს ოდნავ დაბნევაშერეული, შეწუხებული გამომეტყველება ეხატა სახეზე ახალგაზრდა ქალს. წარბები ნელ-ნელა შეკრა, ახედ-დახედა, თვალებს სწრაფად ახამხამებდა, უცნაურად შეუთრთოლდა ტუჩები.

პირი გამოუშრა ლევანს. მკერდში მაგრად მოუჭირა რაღაცამ, აღარ იცოდა ხელები სად წაეღო.

-გამარჯობა, ლევან. – თქვა ქეთიმ.

.

.

.

CPB – Cardiopulmonary Bypass

14 thoughts on “მზესუმზირები (ნაწილი 7)

  1. აუ ამეტირა ისეთი ეპიზოდი იყო ეს ბოლო.🥹როგორი ლამაზი სიყვარული აქვთ ორივეს და რა სასიამოვნო იყო ქეთის ლევანთან გამოცხადება.
    ისეთი იხილეს ერთმანეთი როგორიც ვერ წარმოედგინა ვერცერთს.
    ეს თავი იყო ლევანის გარშემო თუმცა სულ მის განცდებზე იყო მაგრამ წინა თავებში მისით დანახული სხვისი განცდები იყო ახლა კი მხოლოდ მისი განცდა და ის თავგანწირვა ჩანდა რაც იშვიათია❤️
    ძალიან კარგი იყო ბოლო ეპიზოდი❤️👌

    Like

    1. ვაიმე 🥺🥺🥺🥺 მეც ამეტირა, ისე კარგად აღწერე ეს ნაწილი 💛💛 ამ ნაწილის სხვადასხვა ეპიზოდებში უფრო ნაკლებადაა ნახსენები ქეთი, მიმდოდა მეჩვენებინა როგორ გავლენას ახდენს ლევანზე მისი ხსენებაც კი და მართალი ხარ, მიმდოდა ლევანს ცოტა საკუთარ თავსა და საკუთარ განცდებზე ეფიქრა, რაც ადრე ვერ მოახერხა იმიტომ რომ ქეთის უვლიდა. მიხარია რომ მოგეწონა! ერთი ნაწილი დარჩა მხოლოდ 🥰🥰🥰🌻💝🌹

      Liked by 1 person

  2. ღმერთო ამდენი კითხვისას ბოლოს როდის ვიტირე აღარც მახსოვს 🥹🥹🙈არ ვიცი ქეთის თავს რა ხდებოდა ეს პერიოდი,მაგრამ მასზე ამ ეტაპზე გაბრაზებული ვარ.

    Like

    1. ვაიმე გენაცვა ❤ პირველ რიგში მიხარია რომ გულთან ახლოს მოვიდა, მაგრამ ბოდიში თუ ამდენი გატირა 😦 მართლაც რთული ნაწილი იყო და რომ გადავიკითხე, მეც ამეტირა ცოტა. ქეთის რაც შეეხება, შემდეგ ნაწილში გამოჩნდება, თუ რა მოხდა ამ თვეების მანძილზე ❤ მადლობა რომ წაიკითხე! ❤

      Like

  3. ვაიმე გამიჩერდა გული და მე კი ნამდვილად ათასჯერ მოვკვდი ამათი საცოდაობით… პირველივე სიტყვიდან, მთელი კითხვის პროცესის განმავლობაში ველოდი ქეთის – ეზოში, სახლში, ძველ მივარდნილ საავადმყოფოში, მაღაზიაში, ტბასთან…. ყველგან ველოდი და ბოლოს ახდა… თან როგორი გამოცხადება ჰქონდა. უბრალოდ ზღაპრული… მეც დავინახე ლევანთან ერთად ოქროსფერ სხივებში გახვეული ფარფატა ქეთი….
    არ ვიცი, ყველაფერს ველოდები. თან გაორებული ვარ…არ ვიცი რას აპირებ, რა ჩაიფიქრე, რა გინდა… მაგრამ დარწმუნებული ვარ შენც გული ისევე დაგწყდება ბოლო თავის დაწერისას, როგორც მე მისი წაკითხვისას…
    💜🌻

    Like

    1. ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე 😍💛 მეც ისე მომენატრა ლევანის ბერეხში ყოფნისას ქეთი, როგორც ლევანს, მეც ისე მაკლდა :დდ და ძალიან მესიამოვნა ბოლო ეპიზოდის დაწერა, ერთი სული მაქვს სანამ შემდეგს შემოგთავაზებთ 😍💛 დასასრულს რაც შეეხება, ვნახოთ, ვნახოთ, არაფრის დასპოილერებას არ დავიწყებ, მალე გამოჩნდება 💛💛

      Liked by 1 person

  4. ველოდი ქეთის გამოჩენას,იმედია ეკამ ყველაფერი მოუყვა ქეთის და მასაც აქვს შემორჩენილი გრძნობები ლევანის მიმართ❤️❤️❤️

    Like

  5. -გამარჯობა, ლევან -თქვა ქეთიმ.. უუუჰ, როგორც იქნა გავიგეთ ამ გოგოს ხმა, რაღა მოგვკლავს აწი 😊.

    ზოგადად, მგონია რომ ცოცხალ ადამიანს ყველაფერი ეშველება. ქეთიმაც გამოიარა იგივე, რასაც ეხლა ლევანი გადის და გადარჩა (გადარჩა და ისევ ისეთი ლამაზია). ვერ ვხვდები, ზოგადად საწყის თავებში რატომ მქონდა შეკითხვა იმის თაობაზე, ვინ უყვარდა ქეთის. ხო, წარმოუდგენელია ადამიანი ისე გიყვარდეს რომ ჰანაჰაკი დაგემართოს და სხვასთან ყოფნა გსიამოვნებდეს, სხვის ბინას აფარებდე თავს, სხვას აძლევდე უფლებას შეტევის მერე მოგიაროს, სხვის სამზარეულოში, მანქანაში და მკლავებში ყოფნა გინდოდეს. ჰაიმეე, მეც კაი ბატი ვარ 🤦‍♀️ ამ ორმა გზააბნეულმა იმედია საბოლოოდ იპოვნა ერთმანეთი. ბოლოს და ბოლოს ქეთის ფილტვები ამოაცალეს, გული კიარა (არც ტვინი) ხოდა, არ არის ზმაო ეს ფილტვი რომანტიკული ორგანო და მოკალი ჰა, გულია მთავარი, გული.

    Like

    1. ღმერთოოო…. არ ვიცი რა ვთქვა… “სიყვარულო ძალსა შენსაო”…. იმედია ეშველებათ… იმედია…

      Like

    2. სანამ ლევანის ბერეხში ყოფას აღვწერდი, ერთი სული მქონდა სანამ ქეთის გამოჩენის ეპიზოდამდე მივაღწევდი 💛
      რაც შეეხება ქეთის საქციელს დასაწყისში, შეიძლება ახლა ასე თუისე ლოგიკურია ყველაფერი მაგრამ როცა ლევანის თვალთახედვიდან ვიღაც უცხო ქალი მოდის წამდაუწუმ და აწუხებს, ცოტა რთულია დაიჯერო, ამიტომ მესმის 💛 იმედი მაქვს რომ დღეს დავდებ და ვნახოთ რა იქნება. უღრმესი მადლობა მხარდაჭერისათვის! 🌻💙🌹

      Like

  6. ოჰ ლინდა,მეც ვიტირე,ასეთი უმწეო,ბედს შეგუებული ლევანი ძალიან შემეცოდა.ველოდი ,რომ ჩააკითხავდა ქეთი,მართლაც ფილტვები გადაუნერგეს გული ხომ არა? ლევანის გამოჯანმრთელების დიდი იმედი მაქვს და დაველოდები შემდეგ თავს❤️

    Like

Leave a reply to მაკო კომენტარის გაუქმება