მზესუმზირები (ნაწილი 5)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეხუთე ნაწილის თემა

VI – ROSC

-*-*-*-*-*-*-*-*-

-18.02.2025 –

18:57.

ცა ჩანჩქერად ჩამოსულიყო მიწაზე.

კოკისპირული წვიმა ბოლომდე დადნობას უქადდა ლილოჭრელს, ქუჩებში დგაფუნით მიქროდა ნიაღვარი, თან მიჰქონდა ტროტუარებთან მიყინული თოვლის ნატეხები, თითქოსდა ზამთრისაგან რეცხავდა ქალაქს. ძლიერ ქარს ხეთა გაშიშვლებული ჩონჩხები დაეზნიქა, საავადმყოფოს შემორტყმულ ასწლოვან ჭადრებსაც კი აჭრიალებდა.

ელვა იკლაკნებოდა რუხ, დაგრაგნილ ღრუბლებში, რომელთაც ერთიანად დაეფარათ ცის კამარა, რასაც გულისგამგმირავი გრუხუნი დაჰყვებოდა. 

თრთოდნენ საავადმყოფოს კედლები, ვერ შეეკავებინათ გარედან მომავალი ქარბუქი და ჭექა-ქუხილი.

თუმცა ცის გრგვინვა ერთიანად იცრიცებოდა ემერჯენსის დერეფანში გაგორებული საწოლის რახრახთან, რომელიც ლევანს თითქოს უროს სცემდა მტკივან თავში. თათია რიგვავა მიერეკებოდა ქეთის საწოლს, თან სანიტრებს უყვიროდა, გამოადგითო ფეხი, მათ გარშემო კი, დერეფანში, ცნობისმოყვარე მედ-პერსონალი გამოფენილიყო, რომლებიც ინტერესით აცეცებდნენ თვალებს ლევანსა და ქეთის შორის, თან ხმამაღლა ჩურჩულებდნენ.

მაგრამ მხოლოდ ქეთის ხედავდა ლევანი.

მორახრახე ლოგინს წამოეწია, ქეთის თავთან. ქეთი ისევ ისეთი, დამფრთხალი, დიდრონი თვალებით შემოჰყურებდა, ხმამაღლა ქშინავდა, თითოეულ მის თბილ სუნთქვას ამოყოლებულ ნისლს დაებურა მის ცხვირსა და პირზე მორგებული ჟანგბადის ნიღაბი. საბნიდან ამოჩრილი, გამხდარი მხრები უთრთოდა.

-ნუ გეშინია. – ხმადაბლა უთხრა ლევანმა, მის თავზე გადაიხარა. იცოდა, რომ თათია რიგვავაც და იქვე მყოფი ექთან-სანიტრებიც ყურებდაცქვეტილნი უსმენდნენ, მაგრამ ეს ახლა სულაც არ აინტერესებდა. – ამ ნიღბიდან ჟანგბადი მოდის, სისხლს გადაგისხამენ, ახლა კი კომპიუტერულს გადაგიღებენ. არ ინერვიულო.

-ძაან ცუდადაა საქმე? კარგა ხანი უნდა ვიყო აქ, ხომ? – ამოიხრიალა ქეთიმ. თვალები უფრო გაუფართოვდა, წარბები აეჭმუხნა. ეტყობოდა, რომ კითხვაზე პასუხი იცოდა, მაგრამ მაინც სურდა ამის გაგონება.

სახე გაუქვავდა ლევანს.

-ალბათ. – თქვა ბოლოს.

ქეთიმ თავი უკან გადააგდო, თვალები აუწყლიანდა. ნიკაპი და ტუჩები, ძლივს რომ მოჩანდნენ ნიღაბში, უთრთოდა.

-ქეთი… – დაიწყო ლევანმა, მისკენ დაიხარა. უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც ისეთი, რაც ამ სიტუაციას ცოტას გამოასწორებდა.

თუმცა ვერაფერი გამოასწორებდა ამ ყველაფერს.

არ დასცალდა ლევანს რამის მოფიქრება, რადგან მიილია დერეფანი, და საწოლი მარჯვნივ მოქაჩა თათია რიგვავამ, რიხინით შეათრიეს ემერჯენსის რადიოლოგიურ კაბინეტში.

კარი ზუზუნით დაიხურა მათ უკან.

მოყვითალო შუქჩრდილი ეფინებოდა გარემოს კაბინეტის ბოლოში, სქელი მინის მიღმა მყოფი პაწაწინა ოთახიდან, სადაც რადიოლოგი და ტექნიკოსები მოკალათებულიყვნენ, აშკარად მათ მოლოდინში.

-შენ აქ რატომ ხარ, მოსიძე? – იკითხა უცებ თათია რიგვავამ, საწოლი კომპიუტერულ ტომოგრაფთან მიათრია. – შეგიძლია წახვიდე, გგონია რამეში გვჭირდები?

-ვრჩები. – თქვა ლევანმა, საწოლის სახელური ჩხაკუნით ჩასწია ქვემოთ და ლოგინი აპარატის მოძრავ მაგიდას მიადგა, მერე კი შემოუარა, ქეთის დასახმარებლად ხელი გაუწოდა. ექთნები და სანიტრები დაფაცურდნენ, მონიტორი და ჟანგბადის ბალონი ლოგინიდან გადმოათრიეს, სანამ ქეთიმ ხელი ჩასჭიდა ლევანს და ნელა გადაცოცდა მოძრავ მაგიდაზე. ერთიანად აძიგძიგებულიყო, როცა მაგარ მაგიდაზე გაწვა, კუნთები უხტოდა და მაგრად ამოუკეცა გვერდებში თხელი საბანი ლევანმა.

-რავიცი, შენ ჭკვიანური გგონია აქ ყოფნა? – ჰკითხა რიგვავამ, მათ გარშემო მოხვეულ ჯგუფს გადახედა, წარბებაზიდულმა. ყველანი გაისუსნენ.

არაფერი უპასუხა ლევანმა, მხოლოდ ახედა, მწყრალად, მზერა გაუსწორა. თვალებში ჩამოშლოდა გალუმპული თმა, ყბებში კუნთები დაეძაბა.

-შენ მგონი პირველ რიგში პაციენტზე უნდა ფიქრობდე. – მოუჭრა ლევანმა, ქეთის მასზე ჩაბღაუჭებულ თითებს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.

რიგვავას გაეცინა, ხელები აღმართა ზავის ნიშნად.

უკნიდან კარის ფრთხილი ჩხაკუნი გაისმა, და რადიოლოგის მომცრო კაბინეტიდან ტექნიკოსმა შემოჰყო თავი.

-უკაცრავად… მზად ხართ? – იკითხა მან მორიდებით, გაფაციცებული იყურებოდა აქეთ-იქით.  

-მზად ვართ. – განაცხადა რიგვავამ და წამსვე მისკენ გაალაჯა, ექთანი და სანიტრები უკან მიჰყვნენ.

ხელი შეუშვა ლევანს ქეთიმ, ქშენით ააშტერდა ჭერს. წამსვე მის გვერდით გაჩნდა ტექნიკოსი, წვეთოვანის პერფუზორში კონტრასტის შპრიცი ჩაკეტა, ახალგაზრდა ქალს მკლავები თავსზემოთ გადააწევინა, თან აჩქარებით უხსნიდა გამოკვლევის წესებს.

რომ მორჩა, რადიოლოგის კაბინეტს მიაშურა ტექნიკოსმა და უკან მიჰყვა მას ლევანი, თან მალ-მალე ქეთის შეავლებდა თვალს.

ახალგაზრდა ქალი ისევ ქშინავდა. ჭერს შეჰყურებდა, არც კი ახამხამებდა აწყლიანებულ თვალებს.

მინით გადატიხრული კაბინეტის კარი ტკაცუნით დაიხურა.

იქვე, კედელს მიეყუდა ლევანი. სველი თმა კვლავ გადაიწია უკან, წვერმოდებული ყბა მოისრისა, განერვიულებულმა. ხელები უკანკალებდა, ცახცახის დასაფარად მკერდზე გადააჯვარედინა მკლავები. მხრებზე თითქოს ვეებერთელა ლოდი შემოეგდოთ მისთვის, პირი ისე გამოშრობოდა, რომ ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი.

არაფერი მომხდარიყო ისეთი, რასაც შეეძლო მისი ასე ფიზიკურად გამოფიტვა, მაგრამ გამოძრავების ყოველგვარი სურვილი ჩაშრეტილიყო მასში. იდგა, ღრმად სუნთქავდა და მინაში გაჰყურებდა მოყვითალო შუქჩრდილსა და მონიტორის წითელ სინათლეში გამოხვეულ ქეთის ფიგურას, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფის მოძრავ მაგიდასთან ერთად აპარატის ღია ხახაში მიცურავდა. ტექნიკოსი მიკროფონში მითითებებს აძლევდა ქეთის, რიგვავა კი რადიოლოგს თავზე წამოსდგომოდა და ხმამაღლა ემუსაიფებოდა, მკვახედ. მათი საუბრის თითოეული სიტყვა თითქოს დაფის აპკზე ფხოჭნიდა ლევანს, მერე კი თავში უზრიალებდა, სწვავდა მისკენ მომართული, კაბინეტში შეჯგუფულთა გამბურღველი მზერა.

მაგრამ არ აინტერესებდა არანაირად არც მათი საუბარი, არც მათი ინტერესი და არც საკუთარი, ყოვლისმომცველი დაღლილობა.

ქეთიმ ფაქტიურად მთელი თავისი სისხლის ორი მესამედი დაკარგა. ნელ-ნელა წოვდა მის ორგანიზმს ძალას ჰანაჰაკის დაავადება, ფესვები, ეკლები და ღეროები მის ფილტვებში უფრო და უფრო ღრმად გამჯდარიყვნენ, აცამტვერებდნენ ბრონქიოლებს, ცივი, შეუცნობელი სისასტიკით გლეჯდნენ სისხლძარღვებსა და ლორწოვანს. და ქეთის, მის გულმკერდში ფესვგადგმული, მის ფილტვებზე დამყნილი ვეებერთელა, სარეველა ვარდის მიუხედავად ჯერ კიდევ შეეძლო, რომ ფეხზე მდგარიყო, ჰქონდა ძალა იმისათვის, რომ საკუთარი ფეხით მოსულიყო საავადმყოფოში.

ჰქონდა იმის ნებისყოფა, რომ ასე უდრტვინველად ეთქვა უარი მკურნალობაზე, სანამ უკიდურესობამდე არ მივიდა საქმე.

ოცდათხუთმეტი ჰქონდა ჰემოგლობინი.

ერთი-ორი დღე რომ მოეცადა, შეიძლებოდა ვერც მოესწრო მოსვლა.

არა. არა, არა. ასე არ უნდა ეფიქრა. ჰიპოთეტური წარსული არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ ქეთის ფილტვებში მუდმივად პროგრესირებადი ჰანაჰაკის დაავადება, რომელიც სისხლსა და სასუნთქ ჰაერს აკარგვინებდა მას.

გასწორდა ლევანი, კედელს მოშორდა. კომპიუტერული ტომოგრაფი ყურისწამღებად ზუზუნებდა, მას თან ერთვოდა მონიტორის ხმამაღალი წრიპინი.

რადიოლოგი, გიორგი ალავიძე, და თათია რიგვავა უსიტყვოდ დაშტერებოდნენ მონიტორს, სადაც ნელ-ნელა ისახებოდა ქეთის ფილტვების თითოეული შრე.

ისევ დამტვერილ მინას ჰგავდნენ ფილტვები, ისევ ალაგ-ალაგ მინიდან გამომსკდარი ნაპერწკლებივით ღვიოდნენ ვარდის კაკლები და წამახული ეკლები. ბრონქიოლებსა და პარენქიმაში ასწლოვანი ხესავით გამჯდარიყვნენ ფესვები, გულს შემოვლებოდნენ და ტრაქეაში რაღაც ნაცრისფერი მოსდებოდა ლორწოვანს.

სისხლი.

უფრო უარესი იყო, ვიდრე ლევანს ახსოვდა.

ასქროლა გიორგი ალავიძემ. კონტრასტით გაკაშკაშებული ფილტვების არტერიები გადარკალულიყვნენ, რომელთა მომცრო ტოტებში, ალაგ-ალაგ სანათურებს რაღაც მუქი ნაცრისფერი ახშობდა.

-წინა გამოკვლევასთან შედარებით უარყოფითი დინამიკაა, უფრო გაუვრცელდა. პერიკარდამდე ფესვები ვერ აღწევენ, მაგრამ ძალიან ახლოსაა. – თქვა ალავიძემ. – ორივე მხარეს არამასიური ემბოლიზმი. მარჯვნივ შესაძლოა პნევმონიაც, მაგრამ ასეთი დაზიანების ფონზე რავიცი, შეიძლება არც იყოს.

ხელები უარესად გაუცივდა ლევანს.

-ჰა! – წამოიძახა რიგვავამ. – ჩემი საყვარელი კომბინაცია, სისხლდენა პლუს თრომბოზი. არ მეთანხმები, მოსიძე? მოუწევთ ანესთეზიოლოგებს ტვინი გაანძრიონ…

არაფერი უპასუხია ლევანს.

რიგვავამ ჩაიფრუტუნა, ტელეფონი ამოაძრო ჯიბიდან და გადარეკა.

ადგილს მილურსმულიყო ლევანი, ტუჩები მოეკუმა, აკანკალებული ხელები კვლავ მკერდზე გადაეჯვარედინებინა. დაძაბული გაჰყურებდა ქეთის.

რეანიმაციული განყოფილება დასჭირდებოდა, რასაკვირველია.

შეწყდა ტომოგრაფის ზუზუნი. ქეთის ფიგურა, მოძრავ მაგიდასთან ერთად, გამოცურდა აპარატის ხახიდან.

კარი გამოაღო ლევანმა, ქეთის მიუახლოვდა. ისევ ქშინავდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა სხეული აღარ უცახცახებდა, ალისფერი სისხლის რამდენიმე წვეთი აჰკვროდა შიგნიდან მისი თბილი სუნთქვით დანისლულ ნიღაბს.

თავზემოთ აღმართული მკლავები ჩამოაწევინა ლევანმა. თითქოს ყინულიდან გამოეკვეთათ ქეთის ხელები, გაფითრებოდა კანი, ფრჩხილის საწოლები გალურჯებოდა.

მონიტორს გადახედა ლევანმა, სანამ მათ გარშემო ექთანი და სანიტრები დაფაცურდნენ, ქეთის ლოგინზე გადაცოცებაში მიეხმარა.

წნევა 102/67.

პულსი 120.

სატურაცია 89%.

-პირველ რეანიმაციაში მივდივართ! – განაცხადა რიგვავამ, ხალათის ფრიალით მოუახლოვდა მათ და როგორც კი ლევანმა მონიტორი ქეთის ფეხებთან გადმოათრია, მაშინვე დერეფნისაკენ გააგორა საწოლი.

ემერჯენსის განყოფილებას დაუყვნენ, ლიფტს მიაშურეს. დერეფნიდან თითქმის ყველა აორთქლებულიყო, ერთი-ორი ცნობისმოყვარე ყელყელაობდა ტრიაჟიდან, რომ რამე დაენახათ.

ლიფტი გამოიძახა რიგვავამ, და როგორც კი კარი გაიღო, საწოლი მოქაჩა, რახრახით გადაათრია ლიფტის ზღურბლზე.

კარი მათ უკან სისინით დაიხურა.

ქეთის თავთან დაიხარა ლევანი, ცხვირზე ოდნავ ჩამოცურებული ნიღაბი გაუსწორა. ქეთი ზემოთ იყურებოდა, სადღაც შორს, გაშტერებოდა მზერა და ტუჩები მაგრად მოკუმა ლევანმა.

-მე იქ ამ ყველაფრის მოყოლას არ დავიწყებ, მოსიძე. – თქვა უცებ რიგვავამ. ლიფტის კედელს მიჰყურებოდა, გამომცდელად დასცქეროდა. – რაკი დარჩენა მოინდომე, შენ ილაპარაკე.

-ვილაპარაკებ. – თქვა ლევანმა. გასწორდა, ქეთის თავთან საწოლის მოაჯირს მაგრად მოსჭიდა ხელი და მოქაჩა, როცა ლიფტის კარი ხრიგინით გაიღო მესამე სართულზე.

დერეფნის ერთ მხარეს რეანიმაციული განყოფილების შესასვლელი, მეორე მხარეს კი ვეებერთელა ფანჯრები ჩაერიგებინათ, რომელთა მინებზე ხმამაღლა შხაპუნებდა წვიმა. გაიელვა, მჭახე თეთრი სინათლე წამიერად მოეფინა ქეთის გაცრეცილ სახეს, მის ღია თაფლისფერ თვალებს, რომლებიც ისეთი გაციებულნი ჩანდნენ, როგორც არასდროს.

-ისედაც ჩემზე მეტი გეცოდინება. – განაგრძო რიგვავამ. ხმაში ოდნავი, თვითკმაყოფილი ღიმილი ეტყობოდა. – ამ საქმის… ინტიმური დეტალებიც.

ყურისწამღებად დაიგრგვინა. ფანჯრები შეცახცახდნენ.

ემერჯენსის შესასვლელი კარი ბარათით გააღო ლევანმა, რიგვავას ხმა არ გასცა, თუმცა შიგნით ყველაფერი უდუღდა. კარში სწრაფად შეაბიჯეს, ლოგინის რიხინით, რასაც განყოფილებაში მონიტორთა გამაყრუებელი წრიპინი, ტელეფონის ზარის ხმა და მათ მოლოდინში ატეხილი ჩოჩქოლი ერთვოდა. საექთნო პოსტს მორიგე ექიმი-ანესთეზიოლოგი, შალვა წიკლაური მიჰყუდებოდა და გულგრილი გამომეტყველებით ელოდა მათ.

-ანგარიშს ვინ ჩამაბარებს? – იკითხა მან, მერე კი ლევანისაკენ მოაბრუნა ცივი თვალები, ახედ-დახედა. – ალბათ თქვენ, არა?

მორიგე ექიმთან შეყოვნდა ლევანი, სანამ რეანიმაციულის ექთნებმა წამსვე ითავეს ქეთის საქმე. რიგვავასა და მის თავის ამალას უკვე პირი ებრუნა, გასასვლელისაკენ მიალაჯებდნენ. გაფაციცებით შეჰყურებდა ლევანი, თუ როგორ ელვის სისწრაფით გადაიყვანეს ქეთი სხვა ლოგინზე, დაუდგეს წვეთოვანი და შეუმოწმეს მონიტორინგი.

-27 წლის პაციენტი. – თქვა ბოლოს, შალვა წიკლაურს გადახედა, რომელიც ოლიმპიური სიმშვიდით ელოდა, მასაც ქეთისაკენ მიემართა მზერა. – ჰანაჰაკის დაავადება. ფილტვების ტრანსპლანტაციის სიაშია. დაავადების გართულებად ქრონიკული სისხლდენა და სუნთქვის უკმარისობა. ჰემოდინამიურად სტაბილურია. ოთხმოცდაერთი პროცენტი ჰქონდა სატურაცია. ჰემოგლობინი ოცდათხუთმეტი. კომპიუტერულზე ორმხრივი ემბოლიზმი, შესაძლოა პნევმონიაც. 

-სისხლი რამდენი შეუკვეთეთ?

-სამი.

-ენოქსაპარინი გაუკეთეთ? ანტიბიოტიკი?

-ემერჯენსში ვერ მოვასწარით, კომპიუტერიდან პირდაპირ აქ წამოვედით.

წიკლაური გამომცდელად შეჰყურებდა ცივი თვალებით.

– შეგიძლიათ აქ დარჩეთ, ბატონო ლევან, და როცა მის მდგომარეობას დავასტაბილურებთ, დაელაპარაკოთ. – თქვა მან და ვითომ აქაც არაფერიო, ზურგი აქცია, ქეთის საწოლს მიაშურა.

სასწრაფოდ გასინჯა ახალგაზრდა ქალი წიკლაურმა, მისი ბრძანებით სასუნთქი აპარატი მოარბენინეს. ვეებერთელა კანულა მიამაგრეს ქეთის ცხვირთან, საიდანაც შიშინით მიჰქროდა ჟანგბადი მის სასუნთქ გზებში. კანულა ჩაუდგეს არტერიაში, ანალიზები აუღეს, გადასხმა დაუდგეს და გაცრეცილ მუცელზე გაუკეთეს სისხლის გამათხელებლის ნემსი, მერე კი სველი ტანსაცმელი გამოუცვალეს, პაციენტის ვეებერთელა, მოცისფრო ხალათი გადააცვეს.

სარკმლის ქვეშ იწვა ქეთი, რომელშიც მხოლოდ დაგორგლილი რუხი ღრუბლები და საავადმყოფოს გარშემო შემოვლებული ნაძვთა წვერები მოჩანდნენ, რომელთაც დროდადრო ღრუბლებიდან გამოხეთქილი ელვა ანათებდა. ავდრიანი საღამოს სიბნელე ვერ მისწვდენოდა ქეთის, რეანიმაციული განყოფილების მჭახე, ცივი თეთრი სინათლე ეფინებოდა მხოლოდ და დაფქულ ცარცს მიუგავდა კანი, შემზარავად მყიფე, მტვრევადი ჩანდა მისი საბანზე დასვენებული გამხდარი მკლავები და ლოყებჩაცვენილი სახე. მისი სახე და ყელი სისხლისაგან გაესუფთავებინათ, დახეთქილი ტუჩები გაცრეცოდა.

არაფერი უთქვამს ქეთის, უდრტვინველად ასრულებდა თითოეულ მითითებას. აღარ ქოშინებდა, ხველა ჩაუყუჩდა. უბრალოდ იწვა და გაშტერებული მზერით აჰყურებდა ჭერს.

სხვა პაციენტის სანახავად წავიდა შალვა წიკლაური, როცა ყველაფერი დასტაბილურდა, ექთნები გაიკრიფნენ, თუმცა მაინც ყურადღებით ადევნებდნენ ქეთის საექთნო პოსტიდან თვალს, ფარდები ბოლომდე ღია დაეტოვებინათ. ჩაწყნარდა ახალი პაციენტის, განსაკუთრებით კი ჰანაჰაკის დაავადების მქონე პაციენტის მიღებით ატეხილი ქაოსი, მხოლოდ მონიტორების წუილი და ექთანთა ჩუმი ლაპარაკის ხმა არღვევდა რეანიმაციული განყოფილების სიმშვიდეს.

სველი ფორმა თითქმის შეაშრა ტანზე ლევანს. ხელებსა და ყელზე შემხმარი ქეთის სისხლი კანს სწიწკნიდა, არსად მიდიოდა მის მკერდში აუტანელ სიმძიმედ ჩამოწოლილი ლოდი.

კედლის საათის ისრები უხმოდ მიიწევდნენ წინ.

20:16.

ძლივს წამოიწია ლევანი, გაჭირვებით აათრია არაქათგამოცლილი სხეული. ქეთის მიუახლოვდა, მისი საწოლის გვერდით მიადგა სკამი და ჩამოჯდა, მძიმედ.

ქეთი ჭერს აჰყურებდა. კაშკაშა თეთრ სინათლეზე თბილი ქარვისფერი უჩანდა თვალები, მაგრამ ერთიანად გასციებოდა ისინი. ღრმად სუნთქავდა, მკერდი ნელა აუდიოდ-ჩაუდიოდა.

უსიტყვოდ შესცქეროდა ლევანი. ზურგში მოხრილიყო, იდაყვებით ბარძაყებს დაბჯენოდა. ათრთოლებული ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო. აუტანელ პულსაციას გრძნობდა საფეთქლებში.

ქეთიმ მზერა დახარა, მისი ქარვისფერი თვალები მიმართა ლევანს.

-უკეთ ხარ? – ხმადაბლა ჰკითხა ლევანმა. საექთნო პოსტი საკმაოდ მოშორებით იყო, მათ საუბარს მონიტორების წრიპინი და ექთანთა ლაპარაკი გადაფარავდა, მაგრამ მაინც არ სურდა რომ გაერისკა. – ხომ არ გტკივა?

-არა. – მიუგო ქეთიმ. – გამიარა.

მერე კი თავი ლევანისაკენ მოატრიალა, თვალებგაფართოებული მიაჩერდა.

-რანაირად მიყურებ. – თქვა მან.

-არანაირად არ გიყურებ. უბრალოდ გიყურებ.

-ვიცი რასაც ფიქრობ. სახეზე გაწერია.

ოდნავ გასწორდა ლევანი, სკამის ზურგს მიეყუდა.

-რა მაწერია? – ჰკითხა მან.

-იმას ფიქრობ, რომ დავაგვიანე. რომ რატომ არ მოგისმინე, რომ სულელურად მოვიქეცი. არა?

-არა. – თქვა ლევანმა. – ის ვიფიქრე, რომ სწორ დროს მოხვედი. კარგია რომ მოხვედი.

ქეთიმ თვალი აარიდა.

-ვიცი, რომ მეძებდი. – თქვა უცებ.

-გეძებდი.

ქეთის გამომეტყველება უცნაურად შეეცვალა. თვალები აემღვრა.

-ვიფიქრე რომ საკმარისად შეგაწუხე. – თქვა მან. მისი გაცრეცილი ხელები ასწია, მუცელზე დაიწყო, მერე კი თითებს ჩააშტერდა. – აღარ მინდოდა ამ ყველაფერში შენი გარევა.

-ქეთი, შენ მე არ მაწუხებ. – უთხრა ლევანმა. – არც არასოდეს შეგიწუხებივარ, გესმის? და ამ ყველაფერში მე უკვე გარეული ვარ, მინდა თუ არა.

-ხო მაგრამ არ გინდოდა.

-არა აქვს მნიშვნელობა, მე რა მინდოდა. მთავარია ახლა რა ხდება.

ქეთიმ ისევ გაუსწორა მზერა, ამოიხვნეშა.

-ახლა რა იქნება? – ჰკითხა მან. – აქ უნდა ვიყო სულ?

-როცა გაუმჯობესდები შეიძლება სხვა განყოფილებაში გადაგიყვანონ.

-როცა? – ქეთიმ წარბები აზიდა, დიდრონი თვალები უფრო გაუცივდა. – ანუ რა, არსებობს შანსი?

-შანსი და იმედი ყოველთვის არსებობს. – უთხრა ლევანმა. – ტრანსპლანტაციის სიაში ხარ…

-გეყოფა, ლევან. – მოუჭრა ქეთიმ. თვალები აუწყლიანდა და ხელები სახეზე აიფარა. – სიის ბოლოში ვარ, მაგას ჯობია საერთოდ არ ვიყო ზედ. აღარაფერი აღარ გაუმჯობესდება. მორჩა, გათავდა. ისე მიდის ყველაფერი, როგორც იმ სტატიებში წერია. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. დავიღალე.

უფრო დაუმძიმდა ლოდი ლევანს. სუნთქვა გაუჭირდა, უფრო ძლიერად დასცა პულსმა საფეთქლებში.

არაფერი უთქვამს.

ქეთი კანკალებდა. ხელები ჩამოიცურა სახიდან, ისევ მუცელზე დაიწყო. ცარიელი თვალებით სადღაც გვერდით, შორს იყურებოდა.

-არაფერი არ მორჩა, ქეთი. – თქვა უცებ ლევანმა.

ქეთის რამდენიმე წამი არაფერი უპასუხია.

-მგონი მორჩა. – თქვა ბოლოს. – შენ თვითონ ხომ თქვი, არსად მიდის ეს ჰანაჰაკი. მერევა ნელ-ნელა, ვგრძნობ. ამდენი სისხლი, ამდენი ვარდები, ამდენი ხველა… ყელში ამომივიდა. ის წურბელა ჟურნალისტები კიდევ. აქაც ხომ არ შემოვარდებიან?

მის ცივ, შორს მომზირალ თვალებს შეჰყურებდა ლევანი.

სალაპარაკო თემის შეცვლას ცდილობდა ქეთი.

-არა. – თქვა ბოლოს.  – საავადმყოფოში არ დაიშვებიან. თუ ძალიან მოინდომეს, დაცვა გვაქვს და ელექტრონული კარებებიც. აქამდე არავინ მოუშვებს.

-ძალიანაც კარგი. – თქვა ქეთიმ. – ტვინი წაიღეს. როგორ მინდოდა გამომელანძღა, მაგრამ თავი არ მქონდა.

-ახლა ვეღარ შეგაწუხებენ. – უთხრა ლევანმა.

ქეთის გაეცინა, თავი გადააქნია.

-მე ვეღარა. – თქვა მან, მერე კი ლევანს გადმოხედა, აათვალიერა. – უკეთ ვარ, წადი. ძაან დაღლილი ჩანხარ.

მერე კი თავი ისევ მიაბრუნა, თვალები დახუჭა. ეტყობოდა, რომ ბოლო რამდენიმე საათში მომხდარმა მთლად გამოაცალა ქანცი.

ანდა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მომხდარმა. ყველაფერმა ერთად.

ლევანი უსიტყვოდ შეაცქერდა, მერე კი ნელა წამოდგა ფეხზე.

-ხვალ ისევ მოვალ. – უთხრა მან. ქეთიმ თავი დაუქნია, მაგრამ თვალები აღარ გაუხელია.

სკამი გვერდით გადადგა ლევანმა. ბოლო მზერა შეავლო ქეთის გამხდარ სახეს, მის ამოსიებულ უპეებს, დახეთქილ ტუჩების რკალსა და მის სახეზე შემოვლებულ მუქ, ჯერ კიდევ ოდნავ სველ თმას.

მერე კი პირი იბრუნა და ნელა გააბიჯა რეანიმაციული განყოფილებიდან, ზურგზე პერსონალის მწველ მზერას გრძნობდა.

ფეხით ჩალასლასდა მიწისქვეშა სართულამდე. აუტანელი სიჩუმით აღვსილი გამოსაცვლელი ოთახის ვეებერთელა სარკეში წამიერად შეავლო საკუთარ თავს თვალი. თვალები ჩასისხლიანებოდა, აწეწილი თმა შუბლზე მიჰკვროდა. სისხლით მოსვროდა ყელი და ხელები, რამდენიმე პაწაწინა ალისფერი ლაქა ლოყაზეც კი აჩნდა, მისი მოჭმუჭნილი ფორმაც სისხლით მოთხვრილიყო.

სასწრაფოდ გაიძრო ფორმა ლევანმა, მერე კი ცხელი შხაპის ჭავლის ქვეშ შეაბიჯა. იმედოვნებდა, რომ ცხელი წყალი ცოტა გამოაფხიზლებდა, დაღლილობის ბურანსა და სიმძიმეს ააცილებდა მის გონებასა და სხეულს, მაგრამ პირიქით, უფრო მეტად გაუწყდა ქანცი, მოუდუნდა კიდურები.

შეიმშრალა და სუფთა ფორმა ჩაიცვა, მერე კი ლიფტით ავიდა კარდიოლოგიის განყოფილებამდე. სახლში წასვლის თავი აღარ ჰქონდა.

განყოფილების ბოლოში, შემოსასვლელისაგან შორს გასაშლელი ლოგინი ჰქონდათ. ქვეშაგები გაიწყო ლევანმა, შუქი ჩააქრო და საბანში გაეხვია.

გარეთ ისევ ქუხდა, წვიმა შხაპუნით ეხეთქებოდა განყოფილების ვეებერთელა ფანჯრების მინებს. ჩამოწოლილ სიბნელეს მხოლოდ იატაკთან ახლოს წითლად მოციმციმე, კედელზე მიკრული საგანგებო გასასვლელის ნიშანი ფანტავდა.

მალევე წაართვა ძილმა ლევანს თავი, მაგრამ როგორც წესი იყო ამ ბოლო დროს, დიდხანს ძილი არ ეწერა.

ღამე რამდენჯერმე გამოეღვიძა. ვერ მოისვენა, ბორგავდა. სიზმრები არ ახსოვდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ რაღაც უსიამოვნო დაესიზმრა. იწვა, გარეთ აბობოქრებულ წვიმის დგაფუნსა და ჭექა-ქუხილს უსმენდა, სანამ კვლავ არ მოერეოდა ბურანი.

ფანჯრებში შემოჭრილ, მქრქალ ვარდისფერ გარიჟრაჟს დაეფერა კარდიოლოგიის განყოფილების კედლები, როცა საბოლოოდ გაუტყდა ძილი. ცოტა ხანი იწვა, კედლებზე ნათელ ლაქებად დაღვრილ მოვარდისფრო-ატმისფერი სინათლის ნახლეჩებს შეჰყურებდა, სანამ ისინი ჩვეული, ადრეული გაზაფხულის ავდრის ღრუბლების ჩრდილმა არ შეცვალეს.

ისევ იწვიმებდა დღეს.

ფეხზე ძლივს წამოიზლაზნა. თავი საშინლად დამძიმებოდა, გრძნობდა რომ იოტისოდენადაც ვერ დაესვენა.

06:54.

ალბათ ეძინა ქეთის.

იმედოვნებდა მაინც ლევანი, რომ ეძინა.

ლოგინი აალაგა, ცოტა მოწესრიგდა სააბაზანოში, ჯერ განყოფილებაში შეიარა, მისი ასეთი ადრე ნახვით გაკვირვებულ მორიგე ექთნებს ტკივილგამაყუჩებელი სთხოვა, მერე კი პირველ სართულზე ჩავიდა ფეხით. კაფეტერია ჯერ დახურული გახლდათ, ამიტომაც საავადმყოფოს ვეებერთელა ფოიეში განთავსებული სავაჭრო აპარატიდან მოზრდილი ბუტერბროდი და პატარა ბოთლი ლიმონათი შეიძინა, მერე კი ფოიეს ბოლოში, კედლებთან ჩაყოლებულ, ზორბა ქვის ქოთნებში ჩარგულ მცენარეთა უკან, სავარძელში მოთავსდა.

იჯდა და ილუკმებოდა. წინა დღის ნაშუადღევიდან არაფერი ეჭამა.

შიმშილი რომ დაიოკა, მერე ლიმონათის ბოთლი მოიყუდა და ერთი სუნთქვით გამოცალა თითქმის ნახევარი.

საჭმელ-სასმელმა და ტკივილგამაყუჩებელმა თავის ტკივილი დაუამა. ცოტა ხანი იჯდა, მინის კედელში საავადმყოფოს გარშემო შემოჯარულ, ქარისაგან დაზნექილი ნაძვებისა და გაშიშვლებული ჭადრების დაჩრდილულ კორომს გაჰყურებდა, რომლის თავზე ავდრის რუხი ღრუბლები დაგორგლილიყვნენ.

ქეთი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. უკვე ხუთი თვე გასულიყო, რაც მას ჰანაჰაკის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

„დიაგნოზის შემთხვევაში ფილტვების გადანერგვის გარეშე საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოზიდან სიკვდილამდე სამიდან ექვს თვემდე მერყეობს.“

იწურებოდა დრო. არავის ელოდებოდა, არაფერს ითვალისწინებდა, არავის უთმენდა. გულგრილად, უდრტვინველად მიიწევდნენ წინ საათის ისრები.

ვერც გამოვიდოდა ქეთი რეანიმაციული განყოფილებიდან. ასეთი იყო ჰანაჰაკის დაავადების სასტიკი, ბუნებრივი პროგრესია, რომელსაც ვერაფერი აღუდგებოდა წინ.

ფილტვების გადანერგვის გარდა.

ლევანს თვალები გაუშტერდა. გაქვავებული იჯდა, თითოეული გადაღლილი კუნთი დასჭიმვოდა.

იღვიძებდა საავადმყოფო, ფოიეს აფთიაქის ვეებერთელა რკინის კარის ხრიგინი და რეგისტრატურიდან მომავალი, დღის პირველ პაციენტთა ნაბიჯების ხმა მოეფინა ავდრიანი დილის შუქჩრდილში ჩაძირულ გარემოს, როცა ფეხზე წამოდგა ლევანი, და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა პირველ რეანიმაციულ განყოფილებას.

სრული ქაოსი იდგა, შიგნით რომ შეაბიჯა. ექთნები აქეთ-იქით დარბოდნენ, ანალიზებს იღებდნენ, წვეთოვანს დგამდნენ. განყოფილების მეორე მხარეს ანესთეზიოლოგთა ჯგრო იდგა, ალბათ ჩამოვლების შემდეგ პაციენტებს განიხილავდნენ. ყურისწამღები გახლდათ ატეხილი გნიასი, პაციენტთა გმინვა და მონიტორების წრიპინი.

წამსვე ქეთიზე შეაჩერა მზერა ლევანმა. თვალებდახუჭული იწვა ახალგაზრდა ქალი, მაგრამ ეტყობოდა, რომ არ ეძინა. სასუნთქი აპარატის კანულა კვლავ მის ცხვირთან მიემაგრებინათ, წყნარად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი.

წნევა 122/84.

პულსი 90.

სატურაცია 95%.

მისკენ გაიწია ლევანმა.

-ისვენებს, თავი დაანებე. – ჩაესმა გვერდიდან უცებ, შეყოვნდა, წამსვე მოტრიალდა.

ეკა მიქაბერიძე იდგა იქვე, საექთნო პოსტთან. მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა, დაჟინებით შეჰყურებდა. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მისკენ, მოუახლოვდა.

ალბათ იმიტომ რომ ხმადაბლა შესძლებოდათ საუბარი.

-ამ აურზაურში როგორ ისვენებს? – ჰკითხა ლევანმა.

მხრები აიჩეჩა ეკამ.

-გავიგე რაც მოხდა. – თქვა მან. – შალვა წიკლაურმა დამირეკა ექვს საათზე და კინაღამ გული გამისკდა. მაშინვე გამოვვარდი.

-რაც მთავარია დროზე მოვიდა. – უთხრა ლევანმა.

-ალბათ. – თქვა ეკამ. წარბშეკრული შესცქეროდა ქეთის. – თავიდან საშინლად გავბრაზდი. მეთქი, აქამდე რომ მოსულიყო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა თქო, მაგრამ გადავიფიქრე, მაინც მოხდებოდა. ნეტავ დაერეკა ჩემთვის.

-შენ ვერაფერს შეცვლიდი.

-უფრო დაჟინებით უნდა მომეთხოვა, რომ სტაციონარში მოსულიყო.

-დაივიწყე, ეკა. შენ ისედაც ბევრი რამ გააკეთე.

ეკა ოდნავ მობრუნდა, გამომცდელად ამოხედა.

-ისე, გუშინდელი ლაივი ყველგანაა მოდებული. – თქვა მან.

წარბები შეკრა ლევანმა.

-ლაივი? – გაიმეორა დაბნეულმა.

-გუშინ საღამოს რაც მოხდა, ყველაფრის პირდაპირი ტრანსლაცია იყო მეცამეტე არხზე და „ახალ ხედვაში“ კიდევ. წეღან ვნახე ვიდეოები. ქეთის რომ მოყვებოდნენ ქუჩაში, იქედან მოყოლებული, მერე კიდევ ჩვენ ეზოში რომ მოკიდე ხელი და საავადმყოფოში შეარბენინე, იმით დამთავრებული. ყველა თქვენზე ლაპარაკობს, მთლად გადარიეთ ბრბო.

სახე მოექუფრა ლევანს, თავი გადააქნია.

-ილაპარაკონ. – თქვა მან.

-ითხოვენ, რომ ფილტვები გადავუნერგოთ.

-მოითხოვონ. კარგია რომ ითხოვენ.

-კიდევ იმას განიხილავენ, შეყვარებული ხარ მისი თუ ისევ ის დეგენერატი ექიმი.

-არ მაინტერესებს, ეკა. ეგ მნიშვნელოვანია ახლა?

-რატომ მიეხმარე, ლევან?

-იმიტომ რომ ექიმი ვარ. აბა რა გამეკეთებინა, ვმდგარიყავი იქ და სხვებივით ხელი არ გამენძრია? რანაირ კითხვებს მისვამ?

ეკა წარბშეკრული შესცქეროდა.

-კარგი. – თქვა ბოლოს.

მათ შორის ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. პერსონალიდან რამდენიმეს უკვე შეემჩნია ლევანი და ყურადღებით ადევნებდნენ თვალს.

-მალე ისევ გვექნება კონსილიუმი. – თქვა ეკამ. – რაკი დამძიმდა.

-მე რატომ მეუბნები მერე?

-იმიტომ რომ შენზე აქვს ქეთის გაფორმებული მინდობილობა. რა, არ გითხრა?

-მითხრა.

-და კონკრეტულად შენ რატომ, ისიც ხომ არ გითხრა?

-არ ვიცი, ეკა. მინდობილობა რა შუაშია ახლა?

-იმიტომ რომ ალბათ მართვითი სუნთქვა დასჭირდება მალე. – თქვა ეკამ. – ის მცირე გაუმჯობესება, თავიდან რომ ჰქონდა, უკვე აღარაფერს ნიშნავს. მერე შენ იქნები ერთადერთი, ვინც გადაწყვეტს, რა და როგორ. რატომღაც შენ. მაინცდამაინც შენ.

ისევ აუკანკალდა ლევანს ხელები, ფორმის ჯიბეებში ჩაიტენა ისინი სასწრაფოდ, ტუჩები მოკუმა.

-არ შეაწუხო. – უთხრა ეკამ. – ძალიან გადაიღალა. დასვენება სჭირდება.

აღარაფერი უპასუხია ლევანს. ცოტა ხანი გრძნობდა ეკას გამბურღველ მზერას, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს, ქეთის გაჰყურებდა. ისე გაცრეცილიყო ახალგაზრდა ქალის სხეული, განყოფილების ფერმკრთალ სინათლესა და ქათქათა თეთრეულში ჩაძირული, რომ მისი გულმკერდის მოძრაობა რომ არა, მიცვალებულს ემგვანებოდა.

მიბრუნდა და ნელი ნაბიჯით დატოვა რეანიმაციული განყოფილება.

 -*-*-*-*-*-*-*-

-29.02.2025 –

08:45.

საკონფერენციო დარბაზის პროექტორი ზუზუნებდა.

მის სინათლეში უამრავი, მბრწყინავი მტვრის ნაწილაკი დაფრინავდა უმისამართოდ, მკრთალად მოლაპლაპე ლინოლეუმს ეფინებოდნენ. ცივი, მოლურჯო შუქი იდგა დარბაზში, რომელიც კედელზე არეკლილი კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოკვლევიდან მოჰფენოდა შემოგარენს.

პირველ რიგში, კიდეზე იჯდა ლევანი. მისგან ორიოდე სკამის იქით ეკა მიქაბერიძე წამოჭიმულიყო, მოშორებით კი ტრანსპლანტაციის განყოფილების გამგე, გაგოშიძე და შალვა წიკლაური გაჯგიმულიყვნენ. გიორგი ალავიძე იჯდა მონიტორთან, კონსილიუმის წამყვანი რადიოლოგის რანგში.

სხვების აქ ყოფნა გასაგები იყო.

მაგრამ საკუთარ როლს ვერ ხვდებოდა ლევანი.

დილით რეანიმაციულ განყოფილებაში შეიარა, ქეთის მონახულება უნდოდა. ეკა მიქაბერიძე გადაეღობა კართან, კონსილიუმზე მოგითხოვა დირექტორმა და ახლავე აუცილებლად უნდა წამოხვიდეო.

წამოჰყვა ლევანი, არაფერი უკითხავს.

ცოტნე აფციაურს იმ საღამოს მერე აღარც გამოეძახა თავის კაბინეტში, მისგან არაფერი სმენოდა ლევანს. ის მუქარა, ქეთის ჰოსპიტალიზაციის დღეს რომ მოხდა, თითქოს ჰაერში აორთქლდა, ვერ მოასწრო ხორცშესხმა.

უკვე თითქმის ორი კვირა არ წყდებოდა მასმედიის შტურმი. ჰანაჰაკის დაავადების ცოცხალი მაგალითის პირდაპირმა კადრებმა, ქეთის მკვდარივით გადაფითრებულმა სახემ, მისმა ხველამ, პირიდან გადმოხეთქილმა ვარდებისა და სისხლის ჩანჩქერმა საზოგადოება ერთიანად შეაძრწუნა. ლუკა ასათიანის სახელობის კლინიკისა და ქეთის მკურნალი ექიმების კრიტიკამ პიკს მიაღწია. საიდანღაც ვიღაც ყოფილი პულმონოლოგი გამოეძებნათ ექსპერტად, რომელიც ძალიან თვითკმაყოფილი სახით აცხადებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფილტვების ტრანსპლანტაცია იყო გამოსავალი, რაც ყველა საინფორმაციო წყაროს აეტაცებინა, მოითხოვდნენ რომ ექიმებს თავიანთი საქმე გაეკეთებინათ, ქეთის ნუ კლავდნენ და მისთვის ფილტვები გადაენერგათ.

ლევანზე აზრები უფრო გაყოფილი და აღრეული იყო, ვიდრე ადრე. ვიდეოს ნაწყვეტები, თუ როგორ ჩაჩოქილიყო ერთიანად გალუმპული ქეთის წინ, როგორ შეეშხეფა გაოგნებულს ქეთის სისხლი და როგორ აიტაცა ახალგაზრდა ქალი, რომ საავადმყოფოში შეეყვანა. ადრე უმრავლესობა გაჰკიოდა რომ მოძალადე და ჯალათი იყო, ახლაც იგივე აზრზე იყო ბევრი, მაგრამ ზოგიერთი იცავდა ლევანს, ამბობდა რომ იგი აშკარად უბრალოდ ექიმი იყო, რომელიც პაციენტზე ზრუნავდა და უსამართლოდ გარიეს ამ ყველაფერში.

მისი ნომერი გამოძებნეს საიდანღაც, დღეში ასჯერ ურეკავდნენ, სანამ ლევანმა ტელეფონის ნომერი არ გამოცვალა.

კვლავ დასდევდნენ ჟურნალისტები, იმის მიუხედავად რომ სახლში თითქმის აღარ მიდიოდა. იმის შემდეგ, რაც ქეთი რეანიმაციულ განყოფილებაში აიყვანეს, ფაქტიურად კლინიკაში ცხოვრობდა. მეორე დღეს მოინახულა თავისი ბინა, რომ ყველაფერი ელექტრონული ამოერთო და პატარა ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაელაგებინა, მერე კი წამსვე საავადმყოფოში მიბრუნდა. გასაშლელ საწოლზე ეძინა, კაფეტერიაში ჭამდა. ერთიანად გამოეფიტა დაღლილობას, გატეხილ ძილს, სამსახურსა და განუწყვეტელ ფიქრებს ყველაფერზე, მთვარეულივით დადიოდა. როგორც კი საქმეს მორჩებოდა, მაშინვე რეანიმაციულ განყოფილებაში გარბოდა, ქეთისთან.

არ უმჯობესდებოდა ქეთის მდგომარეობა. იმის მიუხედავად, რომ ემბოლიზმს სისხლის გამათხელებლითა და პნევმონიას ანტიბიოტიკებით წარმატებით უმკურნალეს, არ შემცირებულიყო მისი ჟანგბადის საჭიროება, პირიქით, იზრდებოდა. ჰანაჰაკის დაავადება ისე მძვინვარებდა მის ფილტვებში, როგორც ადრე, უფრო მძლავრ სასუნთქ აპარატზე გადაეყვანათ მისი სუნთქვის უკმარისობის დასაძლევად. რვა ერთეული სისხლი დასჭირდა ქეთის, მაგრამ ამდენ სისხლს ვერ შეეღება მისი გაცრეცილი კანი, ვერ ავსებდა მის გაძვალტყავებულ კიდურებსა და ჩაცვენილ ლოყებს, სიცოცხლეს ვერ სძენდა მის გაციებულ თაფლისფერ თვალებს.

ყოველდღე მიდიოდა მის მოსანახულებლად ლევანი. ხან დილით ახერხებდა, ხან გვიან საღამოს, ხან ღამით. ბევრი არ ეძინა ქეთის, უმთავრესად იწვა, პასიურად, სადღაც იყურებოდა, შორს. რეანიმაციული განყოფილების ძალიან გულმოდგინე ფიზიოთერაპევტიც კი გაჭირვებით ახერხებდა, რომ ვარჯიშების გაკეთების საჭიროებაში დაერწმუნებინა. ჭამაც აღარ შეეძლო ქეთის, ვინაიდან სასუნთქი აპარატის ნიღბის მოხსნა მომენტალურ სუნთქვის უკმარისობის გამწვავებას იწვევდა, ამიტომ ვენაში კვებავდნენ. უფრო გამხდარიყო, ცხვირსა და ყვრიმალებზე კანი ერთიანად გადაყვლეფოდა ნიღბის ზეწოლის გამო.

მისი ერთადერთი საქმიანობა ინფორმაციულ წყაროთა დაუსრულებელი კითხვა იყო. სხვა ვერაფრით ვერთობიო, ახსენა ერთხელ ლევანთან, თუმცა აშკარად გახლდათ ის, რომ მისთვის ეს ყველაფერი გართობას არ წარმოადგენდა. თითოეულ ახალ სულელურ, სენსაციურ რეპორტაჟსა თუ სტატიაზე ღიზიანდებოდა ქეთი, რასაც ბრაზისაგან გადაღლისას მასმედიაზე ხელის ჩაქნევა მოსდევდა, თუმცა მეორე დღეს კვლავ აგრძელებდა კითხვასა და ყურებას.

ლევანს ყოველი მოსვლისას ლაკონურად ესაუბრებოდა. პასუხობდა მის კითხვებს, თუ როგორ იყო, ხომ არაფერი სტკიოდა, ხომ არაფერი სჭირდებოდა. უპასუხებდა, სხვას არაფერს ამბობდა. ერთს შეხედავდა და ეუბნებოდა, დაღლილი ხარ, წადი, დაისვენეო.

არ იცოდა ლევანმა, მართლა მისი დასვენება უნდოდა ქეთის თუ ის, რომ მარტო დაეტოვებინა.

არ უკითხავს. არ უნდოდა ეკითხა.

და არასოდეს ჩანდა ქეთი უფრო მარტოსული, ვიდრე საავადმყოფოს მოცისფრო, გაცვეთილ ხალათში, გახამებულ ქათქათა ქვეშაგებზე მისვენებული, სასუნთქი აპარატის ნიღბით, სამედიცინო პერსონალით შემოჯარული, რომლებიც ქორებივით ადევნებდნენ თვალს.

მიდიოდა ლევანი. მიდიოდა, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა პირველ რეანიმაციულ განყოფილებაში უკან.

პროექტორის სინათლე ანაზდად კორიდორის მოყვითალო შუქში გაიცრიცა, საკონფერენციო დარბაზში მყოფთა ხმადაბალი ლაპარაკი გადაფარა ვეებერთელა კარის ჭრიალმა.

ცოტნე აფციაურმა შემოაბიჯა, ელვის სისწრაფით მოავლო ყველას თვალი და კარი ზურგსუკან მიხურა, სწრაფი ნაბიჯით დაიკავა ადგილი პირველ რიგში.

-დავიწყოთ. – ხელი დაუდევრად აიქნია მან.

ეკა სწრაფად წამოდგა ფეხზე, ამოღლიავებული ქაღალდების დასტა მოიმარჯვა.

-დღევანდელი კონსილიუმი ეხება 27 წლის ქალ პაციენტს, ქეთი ღვინიაშვილს, ვისაც წინა წლის ოქტომბერში დაუდგინდა ჰანაჰაკის დაავადება. – დაიწყო მან. – პაციენტს აღენიშნება დაავადების უცვლელი პროგრესია, ისე, როგორც მოსალოდნელი იყო ჰანაჰაკის დაავადების დიაგნოზის დასმისას. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა თვრამეტ თებერვალს, ძლიერი სისხლდენისა და სუნთქვის უკმარისობის გამო, დაუდგინდა ორმხრივი ემბოლიზმი და მარჯვენა ფილტვში პნევმონია. მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა მძიმდება, ოთხი დღის წინ გადავიყვანეთ არაინვაზიურ ვენტილაციაზე, რომლითაც სუნთქვის უკმარისობის კონტროლი ამჯერად დამაკმაყოფილებელია.

-რადიოლოგიურად? – იკითხა გაგოშიძემ.

-მარჯვნივ სამოცი პროცენტია დაზიანებული, მარცხნივ სამოცდაათი. შუასაყარი თავისუფალია. – თქვა ალავიძემ, სანამ ქეთის ფილტვების თითოეული შრე ისახებოდა კედელზე. – სისხლდენა ბრონქიოლებსა და ტრაქეაში. პნევმონია და ორმხრივი ემბოლიზმი წინა გამოკვლევასთან შედარებით გაუმჯობესებულია.

-პაციენტი ფილტვების ტრანსპლანტაციის სიაშია. – განაცხადა ეკამ. – მეთხუთმეტე.

-ამ პაციენტამდე კიდევ ორი მეოთხე ჯგუფის სისხლის პაციენტი გვყავს სიაში. – ჩაერთო ტრანსპლანტაციის განყოფილების გამგე. – ერთი წელია თითქმის, რაც ფილტვებს ელიან.

-ვიცი, ვისაც გულისხმობთ, ბატონო, და მაგათ არ მოკლავს კისტური ფიბროზი. აი ამ პაციენტს კი არ აქვს ერთი წელი. – მოჭრა ეკამ. – რაც აქვს არის ერთი თვე. შეიძლება ორი.

პროექტორი აუტანლად ზუზუნებდა. თავი საშინლად ასტკივდა ლევანს, სული მოეხუთა.

-ბატონო შალვა, რას იტყვით? – ანესთეზიოლოგს მიუბრუნდა ეკა. – ნარკოზს გადაიტანს?

-ახალგაზრდაა. – თქვა შალვა წიკლაურმა. – თუ ინტუბირებული და ეკმოზე იქნება, ალბათ გადაიტანს.

-ნარკოზი შეიძლება გადაიტანოს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ შეიძლება ოპერაციიდან ვერ გამოძვრეს. – წამოიწია გაგოშიძე. – რა გინდა, ეკა? ამ ოპერაციის გამკეთებელი მარტო მე ვარ და პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე? რა გგონია, ჰაერიდან მოთხარეს როჩესტერში მკურნალობის კრიტერიუმები? რაც უფრო მცირეა დაზიანება, მით უფრო მეტი შანსი აქვს პაციენტს, რომ ცოცხალი დარჩეს ასეთი ოპერაციის შემდეგ. მთელი გულმკერდი რომ ანთებით აქვს სავსე იცი? ერთი არასწორი მოძრაობა და მორჩა, გათავდა, სისხლისგან შეიძლება ისე დაიცალოს რომ ვერაფერი გავაკეთოთ. საოპერაციო მაგიდაზე რომ მოკვდეს?

-ისედაც მოკვდება. – თქვა ეკამ.

-ნუ გაასენტიმენტალებ, ეკა. – მკვახედ მიუგო გაგოშიძემ. – ვიცი, მესმის, რომ ახალგაზრდაა. ვიცი, რომ საშინელი დაავადებაა. მაგრამ ერთია დაავადება და მეორე მისი ეფექტური მკურნალობა. ძალიან კარგად ვიცი არსებული სტატისტიკა ჰანაჰაკის დაავადებაზე და აი ახლავე გეტყვი, რომ ამ პაციენტისათვის ფილტვების გადანერგვა დონორის ფილტვების ნაგავში გადაყრაა და მეტი არაფერი.

დამსწრეები უხერხულად შეიშმუშნენ. ისეთი ძალით ჩააჭირა ლევანმა ხელები სკამის სახელურებს, რომ სახსრები გადაუთეთრდა.

-მე კიდევ ულმს გავესაუბრე. – თქვა უცებ ეკამ, ქაღალდების დასტიდან ფურცელი შრიალით ამოაძრო. – გუშინ მომივიდა მათი საბოლოო პასუხი… ექსპერიმენტული, გაფართოებული კრიტერიუმების მიხედვით ქეთი ღვინიაშვილს ესაჭიროება ფილტვების გადანერგვა ტრანსპლანტაციის გამოცდილების მქონე ცენტრში. ჩვენი ქირურგები მზად არიან ყველანაირი მხარდაჭერა გაუწიონ ლუკა ასათიანის სახელობის კლინიკას, მათ შორის შესაძლებელია ჩვენი ტრანსპლანტაციის ქირურგთა ჯგუფის წევრის დასწრების ორგანიზება ოპერაციაზე, იმ შემთხვევაში თუ მოიძებნება დონორი.

ეკამ ქაღალდი გადაკეცა, კვლავ დასტაში შეინახა. ლევანი გაოგნებული შეჰყურებდა.

ცოტა ხანი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ეკა ძალიან თვითკმაყოფილი ჩანდა.

-ექსპერიმენტული კრიტერიუმები? – თქვა უცებ გაგოშიძემ. – ანუ რა გამოდის, კვლევას აკეთებენ?

-კი.

-და კვლევაში უნდათ პაციენტად?

-კი.

-დონორია საჭირო მხოლოდ ხომ? – ჩაილაპარაკა ცოტნე აფციაურმა. – და ეგ გერმანელი ქირურგი ჩამოვა აქ ხომ?

-ბატონო დირექტორო, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ დროს მთელი პასუხისმგებლობა ქირურგზე გადმოდის. – კბილებში გამოსცრა გაგოშიძემ. – ექსპერიმენტული კრიტერიუმები მხოლოდ ექსპერიმენტია და მეტი არაფერი.

-ორი ოპერაცია უკვე წარმატებით ჩაატარეს ულმში! – შეუყვირა ეკამ. – შოთა, მომისმინე, ძალიან კარგად ვიცი, რანაირ შანსებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ცოტა დაფიქრდი. ეს პაციენტი ყველა ვარიანტში მოკვდება და რა ვქნათ, არაფერი გავაკეთოთ? არ ემჯობინება ვცადოთ?

-მგონი ისე უნდა ვქნათ რომ მაგიდაზე არ მოკვდეს.

-შენ საკუთარი რეპუტაციის შელახვის გეშინია და მეტის არაფრის!

-მე კარგი ქირურგი ვარ, ეკა! – იფეთქა გაგოშიძემ. – მაგრამ არა ღმერთი!

-რას როშავ, შენ თვითონაც არ გესმის. ფეხებზე გკიდია, მოკვდება თუ არა, ოღონდ შენ არ შეგეწეროს ჩაფლავებული საქმე…

-შენ გენდომებოდა იგივე? ნუ გამომიხვედი აქ განტევების ვაცი…

-თავს ნუ იკატუნებ, რა. ყველამ კარგად ვიცით რომ გინდა ამ ოპერაციის გაკეთება და სიამოვნებით გააკეთებდი კიდეც, ამოდენა აჟიოტაჟი რომ არ იყოს ატეხილი ქეთი ღვინიაშვილის გამო!

-მინდა გაკეთება, მაგრამ არ ის მინდა რომ ტალახში მათრიონ იმის გამო რომ ზედმეტად ავადმყოფია და ვერ გაუძლებს!

-აი, ვიცოდი, რომ…!

-კარგი, საკმარისია. – ჩაერია ცოტნე აფციაური. ეკა და გაგოშიძე წამსვე დადუმდნენ, ერთმანეთს უბღვერდნენ.

დირექტორი თითებს სკამის სახელურზე აკაკუნებდა. გვერდზე მოქცეოდა ძვირფასი ჰალსტუხი.

-და სხვამ რომ აიღოს პასუხისმგებლობა ოპერაციის შესაძლო ტრაგიკულ დასასრულზე? – თქვა მან.

სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს პროექტორის შუქით განათებული მტვრის ნაწილაკებიც კი შეჰყინვოდნენ ჰაერს.

სკამში გასწორდა ლევანი.

აჰა. აი თურმე რისთვის იყო აქ.

მისკენ მოაბრუნა მზერა ცოტნე აფციაურმა.

-თუ ბატონი მოსიძე ჭკუას გამოიჩენს, გათავისუფლებაზე განცხადებას დაწერს, მედიას პრესკონფერენციაზე გაესაუბრება და ყველაფერთან ერთად, იტყვის რომ ტარდება ფილტვების გადანერგვა, რომელიც დაგვიანების გამო, რაც ასევე მის გამო მოხდა, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს, ქეთი ღვინიაშვილს ფილტვების გადანერგვის სიაში პირველს გამოვჭიმავთ.

სხვები სკამებში წამოიწივნენ, გაოგნებულნი. ლევანი ეკას დაჟინებულ მზერას გრძნობდა, სანამ თვალი გაუსწორა ცოტნე აფციაურს.

ასე უნდოდათ დაემთავრებინათ ეს საქმე. არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური. დირექტურას პრესტიჟიც უნდოდა, რომელსაც გერმანელი ქირურგის მათ კლინიკაში ჩამოსვლა გამოიწვევდა, მასმედიის შტურმის დაოკებაც და საკუთარი თავის დაზღვევაც იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია ცუდად დასრულდებოდა.

და რასაკვირველია, ამას ზედ ემატებოდა ლევანის თავიდან მოშორება.

-ბატონო დირექტორო, ძალიან ბოდიში მომითხოვია მაგრამ გაგიჟდით? – წამოიძახა ეკამ.

-მგონი არაა თქვენი შემოთავაზება ძალიან მიზანშეწონილი. – თქვა წარბებაბზეკილმა შალვა წიკლაურმა.

– უკეთეს გამოსავალს ხედავთ ვინმე? – სკამში გადაწვა დირექტორი. – ამით ყველა პრობლემა გვარდება.

-ვერ დაგეთანხმებით, ბატონო ცოტნე. – თქვა შალვა წიკლაურმა. – ეს საქმე პირწმინდად სამედიცინო ასპექტიდან უნდა აიწონ-დაიწონოს…

-სამედიცინო ასპექტები არა კვახი! – წამოიძახა უცებ დირექტორმა, აფორაჯებული წამოიწია. – რა გგონიათ, ვინ გიხდით ამდენი გამოკვლევების, ამდენი ანალიზების, ამდენი ოპერაციების, პროცედურების, და ღმერთმა იცის კიდევ რის, ფულებს? ჰა? ინვესტორები, მეგობრებო, ინვესტორები და სახელმწიფო! რა გგონიათ, მე ამ ერთ გოგოზე ვფიქრობ მარტო? მე იმ ათასობით პაციენტზე ვფიქრობ, რომელთაც დახმარება დასჭირდებათ მომავალში და ვერ მიიღებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ დაფინანსება მოგვაკლდა. რა გინდათ, სარჩელი რომ შეიტანეს, გაიმარჯვონ და შეგველახოს რეპუტაცია, რომლისათვის მე ამდენი წელია ვიბრძვი? ვერ მოგართვით. – მერე ისევ ლევანს მოუბრუნდა, თვალებგადმოკარკლული. – აბა, ბატონო მოსიძე?

გასუსულ დამსწრეთა დაჟინებული მზერა სწვავდა ლევანს.

-როდის იქნება ეს პრესკონფერენცია? – იკითხა მან.

არ შეცვლილა დამსწრეთა მწველი მზერა. მხოლოდ ცოტნე აფციაურს გაებადრა სახე.

-ვიცოდი, რომ გონს მოეგებოდი. – თქვა მან. – რამდენიმე დღეში მოვაგვარებთ ამ საქმეს. ქალბატონი ქეთი ახალ ფილტვებს მიიღებს, ის ქირურგიც ჩამოვა, ყველაფერი შესანიშნავია!

ხელები ერთმანეთს შემოჰკრა, მოისრისა კმაყოფილმა.

სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ლევანი საკუთარ ერთმანეთზე გადაჭდობილ ხელებს ჩასცქეროდა.

ელოდა, რომ ეს ამბავი გაანერვიულებდა. გააღიზიანებდა.

მაგრამ არა.

უკიდეგანო სიცივე და სიმძიმე ჩასდგომოდა მკერდში, რომელიც მისთვის უკვე ჩვეული რამ გამხდარიყო.

წამოდგა და პირველმა დატოვა საკონფერენციო დარბაზი, უკანმოუხედავად.

ეკა აედევნა, ეძახდა, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა ლევანმა, ნაბიჯს აუჩქარა, ფოიეში მიმავალ ხალხის ტალღას შეერია, სანამ უკან არ ჩამოიტოვა. არ უნდოდა მასთან ლაპარაკი.

ავტოპილოტზე მუშაობდა მთელი დღე.

სტაციონარს, პოლიკლინიკასა და გამოკვლევებს შორის დარბოდა.

დარბოდა და ფიქრობდა, რომ მალე აქედან წავიდოდა. უცნაური იყო პაციენტების ნახვა, მათთან საუბარი, მომავალ გამოკვლევებსა და ანალიზების შედეგებზე ლაპარაკი, სანამ იცოდა რომ მალე სხვას მოუწევდა მისი ჩანაცვლება.

არც იქნებოდა პრობლემა მისი ჩანაცვლება. საავადმყოფოს ვეებერთელა ძრავში ერთ-ერთი პაწაწინა ჭანჭიკი იყო, მეტი არაფერი, უცებ გამოძებნიდნენ ახალ ექიმ-კარდიოლოგს კანდიდატთა უსასრულო რიგიდან. არაფერს ნიშნავდა მისი კოლეგებისათვის, გურამ ჯანაშიასათვის, განყოფილებისათვის, საავადმყოფოსათვის მისი აქედან წასვლა. ცხოვრება გაგრძელდებოდა, როგორც ყოველთვის.

ასეც უნდა ყოფილიყო და ეგუებოდა ამ აზრს.

აქამდეც წავიდოდა. ცოტნე აფციაური კი შეთხზავდა მასზე ზღაპრებს, მაგრამ ყოველთვის მოხერხდებოდა რამე.

მაგრამ აქამდე არ უნდოდა აქაურობა დაეტოვებინა.

ახლა კი ყველაფერი შეცვლილიყო.

აქამდე მხოლოდ მცირეოდენი, რეალობის არეალის მიღმა შეკუჭული, მქრქალად მბჟუტავი იმედი არსებობდა იმისა, რომ შეიძლებოდა ქეთის ფილტვებში ამძვინვარებული ჰანაჰაკის დაავადების დაოკება.

ახლა კი ხორცი შეისხა ამ იმედმა. უფრო მძლავრად აკიაფებულიყო.

ექვსის ნახევარზე მორჩა ლევანი სტაციონარში საქმეს.

და მაშინვე გაემართა პირველი რეანიმაციული განყოფილებისაკენ.

შესვლისას უცნაურად, ალმაცერად გადმოხედეს ექთნებმა. განყოფილების ბოლოში, სხვა პაციენტთან მყოფმა მორიგე ექიმმა ყურადღებით გამოაყოლა თვალი.

ქეთის საწოლთან მიითრია სკამი ლევანმა, ჩამოჯდა.

ქეთის ლოგინის ზედა ნაწილი აეწიათ, თითქმის იჯდა ახალგაზრდა ქალი. თმა დაებანათ, ყურებზე გადაევარცხნათ კოხტად. მის ცხვირსა და ლოყებზე, ნიღბის ქვეშ სქელი საფენები დაეკროთ, გადაყვლეფილი კანის დასაცავად.

ქეთი მისი დიდრონი, თაფლისფერი, ცივი თვალებით შეჰყურებდა.

მის მონიტორს გადახედა ლევანმა.

წნევა 112/75.

პულსი 82.

სატურაცია 92%.

-რას აკეთებ? – ჰკითხა უცებ ქეთიმ. მისი ხმა ჩახლეჩილი, დახშული ჩანდა ხმამაღლა მოზუზუნე სასუნთქი აპარატის ნიღბის მიღმა, მისი თითოეული სუნთქვა რომ ნისლად მოჰფენოდა შიგნიდან.

ლევანი სკამის ზურგს მიეყუდა, ხელები ერთმანეთს გადააჭდო.

-არაფერს. – თქვა მან.

-კარგი რა, ლევან. – თავი გადააქნია ქეთიმ. – ყველამ გაიგო უკვე ყველაფერი.

-და რა, კონკრეტულად?

-რომ შენ პრესკონფერენციაზე გამოდიხარ, რაღაცები უნდა მოროშო, მერე კი დაგითხოვენ. რომ მე ტრანსპლანტაციის სიაში ზემოთ ამწევენ.

-ჭორები სწრაფად ვრცელდება.

-ანუ არაა მართალი?

ლევანმა პასუხი არ გასცა. ქეთი უცნაურად შესცქეროდა.

– მემგონი სიმართლეა. – თქვა მან ბოლოს.

-მერე რა? – თქვა ლევანმა.

-ნუ იზამ.

-რას ნუ ვიზამ?

-ნუ იცრუებ.

-არ ვცრუობ, ქეთი.

-გეყოფა, ლევან. მგონი უტვინო გგონივარ.

-არ მგონიხარ. რა, არ გინდა რომ ფილტვების ტრანსპლანტაციის უფრო დიდი შანსი გქონდეს თუ რა?

-ლევან, არ მეღირსება ფილტვები მაინც.

-რატომ?

-იმიტომ რომ ვგრძნობ. არ ვიცი როგორ, არ მკითხო, მაგრამ ვგრძნობ. ასე მგონია მალე მოვკვდები.

-სისულელეს ამბობ.

-არაა სისულელე. არ გინდა, ლევან, ტყუილად ნუ გამოხვალ იქ, ნუ გაიფუჭებ შენ საქმეს. მე არაფერი მეშველება მაინც.

-მგონი ეგ ჩემი გადასაწყვეტია და არა შენი.

ქეთი უსიტყვოდ შესცქეროდა, ისევ ისეთი, შეუცნობელი, უცნაური გრძნობის სუსხი ჩასდგომოდა თვალებში. მის სახეს ათვალიერებდა.

თითქოს რაღაცას ეძებდა. ანდა რაღაცას ელოდა.

რაღაც გაუტოკდა მკერდში ლევანს. უხერხულად შეიშმუშნა.

რაღაც იგრძნო. თითქოს პირველად დაინახა ქეთის ასეთი მზერა.

 არადა ადრეც ენახა.

ენახა იმ ღამეს, როცა მძინარე ქეთი აიყვანა თავის ბინაში და როცა ახალგაზრდა ქალი მისი ლოგინიდან შემოჰყურებდა, ღამის იისფერ ჩრდილში აპრიალებული თვალებით, დაენახა მთაწითელაზე, როცა ქეთის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კამარა გადარკალოდა თავზე, დაენახა მახარაძის გამზირზე, როცა ორივენი ბარის წითელ სინათლეში გამოხვეულიყვნენ.

-ჩემს გამო ხომ არ გჭირს? – წამოროშა უცებ. სანახევროდ ვერც კი გააცნობიერა, რას ამბობდა.

წამსვე ინანა, როცა ქეთიმ წარბები შეკრა.

-რა? – ჰკითხა მან.

-ჰანაჰაკი.

ქეთიმ თვალები დაახამხამა. მოქუფრული შეჰყურებდა.

-რა უაზრობებზე ფიქრობ თურმე. – თქვა ბოლოს. მერე კი ახედ-დახედა იჭვნეულად. – ეგ საიდან მოგაფიქრდა?

ლევანი უსიტყვოდ შეჰყურებდა. გამშრალი პირი გააღო და დახურა, არც კი იცოდა თუ რა ეპასუხა. არც კი იცოდა, ჰქონდა თუ არა ამ კითხვაზე პასუხი.

ქეთიმ საბანი ყელამდე აითრია, თავი მიაბრუნა და თვალები დახუჭა.

-წადი ახლა, დავიღალე, მეძინება. – თქვა მან.

იტყუებოდა.

ძალიან ცოტა ეძინა.

ლევანი ფეხზე წამოდგა, სკამი ხმაურით გადაახოხა გვერდზე.

უსიამოვნოდ, მძიმედ ფეთქავდა გული მკერდში.

არც კი იცოდა, რა სჭირდა.

-მერე მოვალ. – თქვა მან.

ქეთის პასუხს არ დალოდებია, იცოდა რომ ვერ მიიღებდა.

მიბრუნდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა პირველი რეანიმაციული განყოფილება.

-*-*-*-*-*-*-*-

– 17.03.2025 –

02:37.

-ხანდახან ჩვენ ცხოვრებაში მოულოდნელი გადატრიალება ხდება და ჩვენც სხვა არჩევანი არ გვაქვს, იმის გარდა რომ ვეცადოთ დინებას მივყვეთ და ამ გადატრიალების მორევმა შიგნით არ ჩაგვითრიოს. ასეთ მომენტებში ადამიანის გული ძალიან მგრძნობიარეა, მისი გრძნობები ძალიან მყიფე და ცვალებადი. ძნელია, მოულოდნელი გადატრიალების პირისპირ ისევ იმ ადამიანად დარჩე, როგორიც ადრე იყავი, რადგან მასთან გამკლავება უფრო ძლიერ პიროვნებას საჭიროებს. 

„ახალი ხედვის“ წამყვანმა დრამატულად დააპაუზა, აჩურჩულებულ დარბაზს მოავლო თვალი. მის უკან, ვეებერთელა ეკრანზე ლუკა ასათიანის კლინიკის შესასვლელთან გადაღებული ფოტო გამოესახათ, სადაც მუქთმიანი, გალუმპულ ყავისფერ პალტოში გამოწყობილი ქალი წელში მოხრილიყო, მის წინ კი, ფილაქანზე დახვავებული ლურჯი ვარდების გროვასთან, ლურჯფორმიან მამაკაცს დაეჩოქა.

-სწორედ ასეთ, ყველაფრის მომცველ და შემცვლელ გადატრიალებას შეეჩეხა ქეთი ღვინიაშვილი, როცა მას ჰანაჰაკის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მას მოუწია თვალი გაესწორებინა არა მხოლოდ იმისათვის, რომ მის წრფელ, ძლიერ გრძნობებს არ იზიარებდნენ, არამედ იმისათვის, რომ სწორედ ეს მწარე, მაგრამ ამავდროულად მაინც ტკბილი გრძნობები იქნებოდნენ მისთვის საბედისწერონი. მას მოუწია იმ აზრთან შეგუება, რომ მის ცალმხრივ სიყვარულს ემსხვერპლებოდა, რომელსაც ხორცშესხმა არ ეწერა. მას გადაუწურეს იმედები, რომ შეიძლებოდა რამის გაკეთება. უთხრეს, რომ რამდენიმე თვე დარჩენოდა და მოუწევდა ისე ეცხოვრა, როგორც უნდოდა, იმ მწირი, არასაკმარისი დახმარებით, რომელსაც ლუკა ასათიანის სახელობის კლინიკაში უწევდნენ.

დარბაზში დამსწრენი აჩოჩქოლდნენ. ვიღაც ქალი კუთხეში ჩუმად იწმენდდა ხელსახოცით ცრემლებს.

-მაგრამ არა! – წამოიძახა ანაზდად წამყვანმა. – აღმოჩნდა, რომ ასეც არ ყოფილა საქმე. აღმოჩნდა, რომ არსებობს მკურნალობა, თან საკმაოდ ეფექტურიც, რომლითაც შეიძლება ამ საბედისწერო დაავადებისაგან განიკურნო. ამისათვის საჭიროა რომ მთლიანად ამოიძირკვოს ჰანაჰაკის დაავადება და ახალი ფილტვები გადაინერგოს.

ქეთი ღვინიაშვილს ამაზე არც ერთხელ არ გაუკეთებია კომენტარი. აქამდე არ იყო მზად, რომ საზოგადოებისათვის, რომელიც ასე გულშემატკივრობს მას, თავისი გასაჭირი საკუთარი სიტყვებით გაეზიარებინა.

ქეთი ღვინიაშვილი ამჯერად ლუკა ასათიანის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. იგი სასუნთქ აპარატზეა, რადგან საშინლად აზიანებს მის ფილტვებს ჰანაჰაკის დაავადება. იგი ფილტვების ტრანსპლანტაციის სიაშია და მისი სიცოცხლის გადასარჩენად დონორს ელის.

ქეთი ღვინიაშვილი იტანჯება, ფიქრობს, განიცდის. ის აქამდე ჩუმად ადევნებდა თვალს მასზე დამწუხრებულ საზოგადოებას, მათ ფიქრებს, მათ ნააზრევს. მაგრამ გუშინ, ღამის პირველ საათზე, ჩვენ საგამომძიებლო ჯგუფს მოუვიდა შეტყობინება, რომ ქეთი ღვინიაშვილმა სოციალურ მედიაში განცხადება გააკეთა. ჩვენმა გადაცემამ გადაამოწმა ამ განცხადების ავთენტურობა, და მინდათ დაგიდასტუროთ, რომ ეს სწორედ ქეთი ღვინიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, პირდაპირ რეანიმაციული განყოფილებიდან! და ასე, ექსკლუზიურად ახალ ხედვაში, წარმოგიდგენთ კომენტარს, რომელიც ქეთი ღვინიაშვილმა გააკეთა!

წამყვანმა დააპაუზა, მოწკურული თვალები მიმოავლო შემოგარენს. მის უკან ეკრანზე ახალი ფოტო გამოისახა.

ფოტოში ახალგაზრდა მუქთმიანი ქალი იყო, რომელიც ქათქათა ზეწრებზე იწვა. პირსა და ცხვირზე ნიღაბი ჰქონდა მორგებული. ფოტო ახლოდან გადაეღოთ, სახის მხოლოდ ნახევარი მოუჩანდა, კამერას შესცქეროდა. ხელი სახესთან აეწია, მის მაჯაზე მკაფიოდ მოჩანდა განიერი სამაჯური, რომელზეც სახელი ამოეტვიფრათ.

„ქეთი ღვინიაშვილი“.

დარბაზში უფრო ხმამაღალი ჩოჩქოლი ატყდა.

წამყვანი სამდივნო დაფაზე გაკრულ ფურცლებს დასცქეროდა.

-ასეთია ის ფოტო, რომელიც ქეთი ღვინიაშვილმა სოციალურ მედიაში განათავსა გუშინ, პირველ მარტს. ზედ თვითონაა აღბეჭდილი, მასზე მორგებული სასუნთქი აპარატის ნიღბითა და პაციენტის სამაჯურით, რომელსაც მისი სახელი აწერია. ამ ფოტოს ასევე თან სდევს ქეთი ღვინიაშვილის კომენტარიც…

„გამარჯობა.

მე წინა წელს დამისვეს ჰანაჰაკის დაავადების დიაგნოზი.

ბევრმა უკვე იცის, რას ნიშნავს ჩემი დაავადება და როგორ გამოიყურება. არაა სასიამოვნო ყოველდღე ყვავილებისა და სისხლის ხველა, მითუმეტეს როცა გრძნობ, რომ უარესდება ყველაფერი.

ვიცი რომ ბევრს აინტერესებს ჩემი ამბავი და მინდა ყველას, ვისაც ჩემზე გული შესტკივა, მადლობა გადავუხადო.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკა ექიმს ჩემზე ზრუნვისათვის. ძალიან ეცადა და ახლაც ცდილობს. ის რომ არა, ალბათ აქამდე მოვკვდებოდი. ახლაც კი, როცა სხვა განყოფილებაში ვარ, მოდის და მნახულობს.

ლევან მოსიძეს რაც შეეხება, ჩემი ექიმი არ ყოფილა, არც ჩემი შეყვარებული და არც ჰანაჰაკი მჭირს მის გამო. არც ჩემთვის ფილტვების გადანერგვა/არგადანერგვის საკითხში მიუღია მონაწილეობა, იქ ცალკე კომისია იყო. ისე მოხდა, რომ მეზობლები ვიყავით ცოტა ხნით და მეტი არაფერი.

რეანიმაციულში ვარ. ცდილობენ დამეხმარონ, ყოფა შემიმსუბუქონ. ეკა ექიმმა იმდენი მოახერხა, რომ ერთი გერმანული კლინიკაც ჩარია ჩემ საქმეში. სასუნთქი აპარატი მაქვს. წამლებს მიკეთებენ. ტრანსპლანტაციის სიაშიც ვარ.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი რამ გარდაუვალია და რაც არ უნდა გაკეთდეს მაინც არაფერი ეშველება. ამიტომ მე უკვე ყველაფერი გავითავისე, ყველაფერს შევეგუე. არ ვაპირებ ბედისწერაზე ვიწუწუნო, კარგს არაფერს მომიტანს. მე ერთი ადამიანი ვარ ამ ქვეყანაზე და მეტი არაფერი.

ამიტომ თავი დამანებეთ, მეც და სხვებსაც, ვინც ამ საქმეში გარიეთ. დაივიწყეთ ეს ყველაფერი, დაივიწყეთ ჰანაჰაკის დაავადება, დამივიწყეთ მე და ჩემი პირადი ცხოვრება, და თქვენი საკუთარი ცხოვრება განაგრძეთ, რადგან ჯერ კიდევ გაქვთ ამის შესაძლებლობა.“

წამყვანმა ღრმად ამოისუნთქა. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდნილიყო.

-ასეთია ქეთი ღვინიაშვილის წერილი, რომელიც მან საზოგადოებას დაუტოვა. უცნაური, ალბათ დამეთანხმებით რომ სასოწარკვეთილი, გადაწურული იმედის ელფერი დასდევს ამ წერილს. მისი დამოკიდებულება პოტენციული სიკვდილის მიმართ არა-

ტელევიზორი გამორთო ლევანმა. გადამრთველი გვერდით გადააგდო.

ტელევიზორის შუქი, წეღან რომ კარდიოლოგიის ექიმთა ოთახს ეფინებოდა, მინავლდა, გარემოს ფანჯრებიდან შემოღვრილი შუაღამის მუქი ლურჯი სიბნელე მოედო, რომელსაც ოდნავ მოჰფენოდა სავსე მთვარის ვერცხლისფერი სინათლე.

არც კი იცოდა, თუ რამდენჯერ წაეკითხა ქეთის მიერ დაწერილი ის სტატუსი. არც კი იცოდა, თუ რატომ უყურებდა ხელახლა „ახალი ხედვის“ მიერ ორი კვირის წინ გაშვებულ იმ რეპორტაჟს.

რომ გაუშვეს, მეორე დილით ნახა.

ნაშუადღევს მივიდა პირველ რეანიმაციულ განყოფილებაში, რომ ქეთის დალაპარაკებოდა. მისგან პასუხები მოეთხოვა.

ქეთი ინტუბირებული დახვდა.

ქეთის სისხლში მოსვროდა ფორმა შალვა წიკლაურს, როცა მოკლედ და ლაკონურად განუცხადა, სუნთქვის უკმარისობა გაუუარესდა, და ინტუბირება მოგვიწიაო.

იწვა ქეთი, პირიდან გამოსჩროდა საინტუბაციო მილი, ხელოვნურად ეძინა, თვალები დაეხუჭათ და ქუთუთოები ერთმანეთზე მიეწებებინათ. მისი თავის გარშემო გადაშლილი გრძელი მუქი თმა რომ არა, მისი გაცრეცილი სახე თითქოსდა ჩადნებოდა იქვე, ქათქათა ბალიშისპირში.

იმ ღამეს მის გვერდით იჯდა ლევანი. დილით ძლივს აათრია სხეული, რომ სამსახურისათვის მიეხედა.

ადრე რამდენჯერმე გასულიყო კლინიკიდან. ახლა საერთოდ აღარ მიდიოდა.

ვეღარ იტანდა საკუთარ დაღლილობისაგან გამოფიტულ სხეულს, ერთიანად არეულ ფიქრებს, მკერდში ჩამოწოლილ საშინელ სიმძიმეს. აღარც მადა ჰქონდა, ჭამას აძალებდა საკუთარ თავს. ფანჯარაში თითქმის არ გაეხედა ამ ორი კვირის მანძილზე.

ჟურნალისტებს აღარ შეეწუხებინათ, ვეღარც შეაწუხებდნენ.

ახალ ამბებზე არაფრის ცოდნა არ სურდა ლევანს. არ უნდოდა გაეგო, რას ლაპარაკობდნენ ქეთისა და მასზე ქეთის კომენტარის შემდეგ.

დაიღალა. არ უნდოდა არაფერი ახალის გაგება. რაც საფიქრალი ჰქონდა ახლა, ისიც საკმარისი იყო.

ეკა შემოაპარებდა ხოლმე რამდენიმე სიტყვას, როცა ერთად აღმოჩნდებოდნენ ქეთის საწოლთან პირველ რეანიმაციულში. ეუბნებოდა, რომ იცავდნენ. რომ ბევრმა დაიჯერა ქეთის ნათქვამი. რომ დირექტორი სულ უკან და უკან სწევდა დაგეგმილ პრესკონფერენციას.

არ აინტერესებდა ლევანს. არ უნდოდა რომ იმაზე მეტი ელაპარაკა ვიდრე საჭირო იყო. არ უნდოდა ვინმეს შეეწუხებინა.

ყოველ დილით პირველ რეანიმაციულში ჩამოვლებს ესწრებოდა. თვითონ გადახედავდა ქეთის მკურნალობას, მის ანალიზებს ადევნებდა თვალს, შალვა წიკლაურთან და ეკასთან ერთად განიხილავდა შემდგომ გეგმებს.

ინტუბირების შემდგომ უფრო გამძვინვარდა ჰანაჰაკის დაავადება. ყოველ მეორე დღეს ბრონქოსკოოპიისას უზარმაზარ ვარდებს ჭრიდა სპეციალური აპარატურით ეკა სასუნთქი გზების გასაწმენდად.

განიხილავდნენ ტრაქეოსტომიას.

ფილტვების ტრანსპლანტაციას.

აქტიური მკურნალობის დასრულებას.

ტრანსპლანტაციის სიაში პირველი იყო ქეთი. შესაფერის დონორს ელოდნენ.

გაგოშიძე რამდენჯერმე მოვიდა, პაციენტი ნახა. ლევანს თვალს არიდებდა.

მზად ვარ ოპერაციისათვისო, უთხრა და არაფერი უპასუხა ლევანმა.

უბრალოდ ელოდნენ.

და ისეთი ნაცრისფერი, გაჭიანურებული და აუტანელი იყო მოლოდინი, როგორც არასდროს.

მოლოდინს მოეცვა ყველაფერი, და ლევანი თან ელოდა ყოველ ახალ დღეს, თან ვერ იტანდა.

იმიტომ რომ ყოველ ახალ დღეს შეიძლებოდა ქეთისთვის ახალი ფილტვები მოეტანა.

და იმიტომ რომ ყოველ ახალ დღეს უფრო შორს ვრცელდებოდა ჰანაჰაკის დაავადება.

წამოდგა. ვეღარც იტანდა საკუთარ ფიქრებს. ვეღარ უმკლავდებოდა აკივლებული ფიქრების ზრიალს, ყოველი გაღვიძებისას რომ საფეთქლებში ეხლებოდნენ სასტიკად.

ექიმთა ოთახი დატოვა, კიბეებს დაუყვა ნელ-ნელა.

ფანჯრებიდან შემოღვრილი, სავსე მთვარის მქრქალი შუქი ეფინა დაჩრდილულ დერეფნებს. ალაგ-ალაგ ბჟუტავდნენ იატაკთან ახლოს საგანგებო გასასვლელის ნიშნები წითლად.

ბარათით გააღო კარი ლევანმა, პირველ რეანიმაციულში შეაბიჯა.

საექთნო პოსტის ლამპიდან მომავალი მოყვითალო სინათლე და მონიტორთა ფერად-ფერადი წერტილოვანი ნათება მოჰფენოდა იქაურობას.

ექთნებმა თვალი გამოაყოლეს. ქეთის საწოლს მიუჯდა ლევანი.

წნევა 100/76.

პულსი 95.

სატურაცია 90%.

მონიტორის მოწითალო სინათლისა და სავსე მთვარის შუქის ნარევი ეღვრებოდა თავზე ქეთის, მის გამოჩრილ ყვრიმალებს უფრო კვეთავდა. ქუთუთოებზე დაწებებული გამჭირვალე წებოვანი ლენტი მკრთალად ლაპლაპებდა.

ვენაში კვებავდნენ მაქსიმალური რაოდენობის კალორიებით, მაგრამ მაინც უფრო გამხდარიყო ქეთი. გაძვალტყავებულიყო, ისე მაგრად გადაჰკვროდა ძვლებსა და დათხელებულ კუნთებზე ფარატინა კანი, თითქოს ჩონჩხს სუდარა გადააფარესო.

ჩუმად შიშინებდა მისი საწოლის გვერდით სასუნთქი აპარატი და რიტმულად იწეოდა და ეშვებოდა ქეთის გულმკერდი.

იჯდა ლევანი და შეჰყურებდა.

გვერდებზე ეწყო ქეთის უმოძრაო ხელები. ფრჩხილები ოდნავ წამოზრდოდა, თითოეული მყესი და სახსარი მკვეთრად მოუჩანდა, მისი თხელი მაჯა საშინლად მყიფე მოჩანდა, თითქოს ხელის შეხებისას ჩაემსხვრეოდა ძვლები.

ბარძაყებს იდაყვებით დაებჯინა ლევანი. თმა უკან გადაიწია, საფეთქლები მოისრისა. საშინლად სტკიოდა.

მერე კი კვლავ უკან გადაიხარა, სკამის ზურგს მიეყუდა, ხელები მკერდზე გადააჯვარედინა. ფეხები გადაეშალა, იჯდა, ერთიანად მოშვებული, ქანცგაწყვეტილი და გამშრალი, ქეთის შეჰყურებდა.

რამდენჯერმე ჩათვლიმა. თავი მკერდზე უვარდებოდა და ეღვიძებოდა.

გაილია მთვარითა და ცას მოფენილი ვარსკვლავებით განათებული მუქი ლურჯი ღამე, გარიჟრაჟის იასამნისფერი შეეპარა სარკმელში, თითქოსდა ჩარჩოში ჩასმულ ცას. მუქი ნაცრისფერი ჩრდილი იისფერში დაიღვენთა პირველ რეანიმაციულში, თითქმის გადაძალა საექთნო პოსტიდან მომავალი ნაზი მოყვითალო სინათლე, როცა ძილბურანიდან გამოცურდა ლევანი.

გულზე ჩამოკიდებული პატარა საათი შეამოწმა.

06:54.

სკამში გასწორდა. მის ხერხემალში მალებმა ტკაცუნი გაიღეს.

ქეთის სახეს, მერე კი მონიტორს გადახედა მიბლეტილი თვალებით.

წნევა 94/55.

პულსი 102.

სატურაცია 89%.

ფეხზე წამოიწია ლევანი. წამსვე ჩამოერეცხა გონებიდან ძილბურანი.

ხელები გაუცივდა.

ქეთის პულსი გაუსინჯა, მერე კი საბანი გადააძრო, სტეტოსკოპით გულზე მოუსმინა.

გული სწრაფად ფეთქავდა, მაგრამ რეგულარულად. შუილი არ ესმოდა ლევანს.

მერე ფილტვებზე გადავიდა.

მარცხენა ფილტვში, მარჯვენასთან შედარებით ოდნავ შესუსტებულიყო სუნთქვითი ხმაური.

საექთნო პოსტს გადახედა ლევანმა. ერთადერთ ექთანს ეღვიძა, წარბებაწეული მოშტერებოდა, ინტერესით.

-ულტრაბგერითი მომიტანეთ. – უთხრა ლევანმა. – ახლავე. არტერიული სისხლი უნდა აიღოთ. და ანესთეზიოლოგი გააღვიძეთ.

ექთანმა ხმამაღლა ამოიხვნეშა, წამოიზლაზნა.

სავენტილაციო აპარატი შეამოწმა ლევანმა. ყველაფერი მწყობრში ჩანდა.

მაგრამ მაინც, რაღაც არ იყო რიგზე.

მონიტორს გადახედა ისევ.

წნევა 94/55.

პულსი 105.

სატურაცია 90%.

ექთანმა ულტრაბგერითი აპარატი მიუგორა, მერე კი არტერიული კანულიდან სისხლის აღებას შეუდგა.

-ანესთეზიოლოგი? – ჰკითხა ლევანმა, სანამ აპარატს რთავდა.

-დგება. – უთხრა ექთანმა, გვარიანად დაამთქნარა.

აღარაფერი უპასუხა ლევანმა. ტრანსდუსერზე გელი წაუსვა და ქეთის გვერდზე ხალათის თასმები შეუხსნა, რომ მარცხენა ფილტვის დათვალიერება შესძლებოდა.

აპარატის მონიტორზე ნეკნების შავი ჩრდილის შორის, უკან, ფილტვის ღია ნაცრისფერი პარენქიმა მოჩანდა. ფილტვსა და კანს შორის, პლევრის ღრუში სამსანტიმეტრიან, მუქ ზოლს ხედავდა ლევანი, რომელშიც თითქოს მტვრის ნაწილაკები დაცურავდნენ.

სითხე იდგა ფილტვის გარშემო.

შეიძლებოდა ჩვეულებრივი ეფუზია. ან სისხლი.

სისხლს უფრო ჰგავდა.

ექთანმა ანალიზი გაარბენინა. განყოფილების მეორე მხრიდან შალვა წიკლაური გამოჩნდა, ლევანს მოუახლოვდა სწრაფი ნაბიჯით.  

ახლადგაღვიძებულის კვალობაზე ზედმეტად ფხიზელი ჩანდა. ელვის სისწრაფით მოავლო თვალი ქეთის მონიტორსა და ულტრაბგერითის აპარატის ეკრანზე გამოსახულ სურათს.

-ჰემოთორაქსი. – თქვა ლევანმა. ხელები უკანკალებდა და ერთიანად თრთოდა ულტრაბგერითის გამოსახულება. – ალბათ.

-რომელიმე ფესვმა ეტყობა მოზრდილი სისხლძარღვი დაუზიანა. – თქვა წიკლაურმა.

-გაგოშიძე გამოიძახეთ. – უთხრა ლევანმა. – შეიძლება ჩარევა დასჭირდეს.

წიკლაური მიბრუნდა, საექთნო პოსტთან მონიტორს მიუჯდა. მალევე შემოესმა ლევანს მისი აჩქარებული ლაპარაკი.

07:12.

წნევა 90/50.

პულსი 110.

სატურაცია 89%.

მათმა საუბარმა მძინარე პერსონალი შეაღვიძა. ჰემოგლობინი დაუვარდაო, განაცხადა წიკლაურმა, სისხლი და პლაზმა შეუკვეთა, სანიტარი გაიქცა სისხლის ბანკიდან მოსატანად.

ტრანსდუსერი გადადო ლევანმა, ქეთის გვერდით საწოლს დაებჯინა ხელებით. ძლივს, კანკალით ამოისუნთქა, გამალებით შეჰყურებდა ხან ქეთის სახეს, ხან მის მონიტორს.

-გაგოშიძე ნახევარ საათში მოვა. – მოუახლოვდა წიკლაური. – ეკა მიქაბერიძესაც დავურეკე.

ექთნებმა ტრანექსამის მჟავის წვეთოვანი დაუდგეს ქეთის.

ყურისწამღებად წრიპინებდა მონიტორი.

07:17.

შალვა წიკლაურმა სასუნთქი აპარატის პარამეტრები შეამოწმა, რაღაცები შეცვალა.

გარშემო ექთნების საუბარი, მონიტორთა წრიპინი და სასუნთქი აპარატის შიშინი ერთმანეთში აღრეულიყო.

სისხლი დაუდგეს ქეთის.

სატურაცია 87%.

85%.

80%.

განთიადის პირველი სხივები შემოიჭრნენ სარკმლიდან, იატაკსა და ქეთის ლოგინის ბოლოს დაეფინნენ ოქროსფერ ლაქებად, ერთბაშად გაიცრიცა ღამის მიერ დანატოვარი ოდნავი იისფერი ჩრდილი.

07:21.

79%.

77%.

72%.

მერე კი, ანაზდად, გულისგამგმირავი წუილი ატეხა მონიტორმა. ხაზი, რომელსაც გულის წესიერი მუშაობა უნდა ეჩვენებინა, ზემოთ-ქვემოთ მიიკლაკნებოდა.

წამსვე მაჯასა და ყელზე სტაცა ხელი ქეთის ლევანმა.

პულსი ვერ იგრძნო.

-დეფიბრილატორი! – იღრიალა ლევანმა, ელვის სისწრაფით, ქეთის მკერდზე, მარცხნივ გადააჭდო ხელები და გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო. – ახლავე, დეფიბრილატორი!

მონიტორის ყურისწამღებ წრიპინს აჰყოლოდა ექთანთა ჩოჩქოლი, შალვა წიკლაური რაღაცას გაჰყვიროდა, სასუნთქი აპარატის შიშინმა პიკს მიაღწია, რასაც დეფიბრილატორის აპარატურის ხრიგინი დაემატა.

-ფიბრილაცია დაეწყო…

-ადრენალინი! ადრენალინი გაამზადეთ!

-ვინმემ ჩაინიშნეთ დრო!

ექთნებმა ლევანის ხელების გარშემო ქეთის მკერდზე მიმაგრებული სადენები ელვის სისწრაფით მოგლიჯეს. დეფიბრილატორი მონოტონური ხმით იძლეოდა ბრძანებებს, მისი ვეებერთელა, მეტალის ოთხკუთხედი ელექტროდები გარიჟრაჟის შუქზე ალაპლაპდნენ.

-დაიცა, გელს წავუსვამ…

-ორას ჯოულზე დატენეთ!

ქეთის მკერდის ძვლისა და ნეკნების დაზნექას გრძნობდა საკუთარი ხელების ქვეშ ლევანი.

მკერდზე დაადეს ელექტროდები ქეთის. ელვის სისწრაფით დაიწია უკან ლევანმა.

მონიტორზე პარკუჭების ფიბრილაცია.

-შოკი!

ყურისწამღებად დაიწუილა დეფიბრილატორმა, მერე კი მძლავრი, ხმამაღალი ბათქით გაიარა ელექტროდებს შორის შოკმა, ქეთის გულმკერდი აიზნიქა, წამიერად მოშორდა მისი სხეული საწოლს.

როგორც კი ელექტროდები მის გულმკერდს მოსცილდნენ, მაშინვე განაგრძო გულმკერდზე ზეწოლა ლევანმა.

07:25.

ქეთის ერთიანად გალურჯებოდა ტუჩები. მძინარეს ჰგავდა, სახე მის ხელოვნურ ძილში ერთიანად მოშვებოდა.

კბილები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს ლევანმა, რომ აუტანელი ღრჭიალი გაიღეს.

შუბლზე ცივი ოფლი მოსწოლოდა, საკუთარ გადაწითლებულ, მაგრამ საშინლად ცივ ხელებს დაჰყურებდა, ქეთის გულმკერდს რომ აწვებოდნენ, ცდილობდნენ მისი აცახცახებული, ფუნქციადაკარგული გული მკერდის ძვლის უკან მიეჭყლიტათ, მის სისხლძარღვებში აემოძრავებინათ სისხლი.

-პულსი არ არის!

კვლავ ელექტროდები ქეთის მკერდზე. კვლავ დაიწია უკან ლევანმა.

კვლავ ფიბრილაცია.

მეორე შოკი.

ისევ გულის მასაჟი.

ისევ ქეთის გალურჯებული ტუჩები.

ისევ მისი ცარცივით კანი და გაძვალტყავებული სახე, მკვდარს რომ წააგავდა.

07:28.

-პულსი არ არის!

კვლავ ელექტროდები.

მესამე შოკი.

ისევ ის საშინელი, ყურისწამღები წუილი, ლევანს რომ თავში უზრიალებდა.

ისევ გულის მასაჟი.

მისი ხელების ქვეშ აუტანელი ჭახანი გაიღეს ქეთის ნეკნებმა. სული ისე ეხუთებოდა ლევანს, ვეღარც სუნთქავდა.

ვენაში გაკეთებული ადრენალინი.

07:33.

ქეთის ჩამტყდარი ნეკნების საზარელი ღრჭიალი მისი ხელების ქვეშ.

და მონიტორზე გამოსახული სწორი მწვანე ხაზი, რომელსაც მონიტორის გულისგამგმირავი წუილი დაჰყვებოდა.

ასისტოლია.

ისევ ადრენალინი.

07:38.

მის გარშემო ატეხილი საშინელი გნიასი და კაკაფონიას შერეული, საკუთარი მკერდიდან  გაუცნობიერებლად, ინსტინქტურად ამოხეთქილი ხმა.

-სამასი მილიგრამი ამიოდარონი გაამზადეთ!

ისევ ადრენალინი.

ნეკნების ღრჭიალი და გალურჯებული ტუჩები.

მისი დახშული სმენა, და გაწითლებული, ერთიანად გაყინული ხელები.

ადრენალინი ვენაში.

ვიღაც უკნიდან ექაჩებოდა, რაღაცას ჩაჰყვიროდნენ, რაც სანახევროდ ესმოდა ლევანს, მის აზრიალებულ თავსა და გარშემო ატეხილ ალიაქოთში დნებოდა.

ბოლოს ოდნავ გამოიკვეთა სიტყვები.

-გამოიწიეთ!

-გაგოშიძე ნახავს, დრენი ჩადგას თუ არა…

-შეგენაცვლებით, ლევან!

ლევანი თითქმის ძალით მოაგლიჯეს ქეთის საწოლს, უკან გაბარბაცდა.

აცახცახებული ხელები თმაში გადაიხლართა, გამტკნარებული შეჰყურებდა ქეთის, რომელსაც შალვა წიკლაური უკეთებდა გულის მასაჟს.

გვერდიდან ეკა მიქაბერიძე შეშფოთებული ხმით რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ სმენა დახშობოდა თითქოს ლევანს.

გაგოშიძე ელვის სისწრაფით ასუფთავებდა ქეთის გულმკერდის მარცხენა მხარეს.

ისევ ასისტოლია. მონიტორის შემზარავი წუილი.

ადრენალინი შერეოდა ქეთის სისხლს. შალვა წიკლაური წარბშეკრული აგრძელებდა გულის მასაჟს. გაგოშიძეს სკალპელი მოემარჯვებინა.

აისის ოქროსფერი სხივები ქეთის სხეულზე აცოცებულიყვნენ, მზის ოქროსფერი სინათლე ეღვრებოდა მის გულმკერდს ლაქებად.

მაგრამ ისევ ისეთი იყო ქეთის უმოძრაო, გალურჯებული ტუჩები. ისევ ისეთი იყო მისი გაძვალტყავებული სხეული, ფარატინა კანი და მყიფე ძვლები.

ისევ ისეთი იყო მის ფილტვებში ფესვგადგმული ჰანაჰაკი.

ისევ ისეთი იყო მისი უმოძრაო გული და გულმკერდში ჩაქცეული სისხლი.

ქეთიმ უთხრა, რომ მოკვდებოდა.

იცოდა. იგრძნო. და გააფრთხილა.

ლევანმა კი არ დაუჯერა.

არადა რამდენჯერ ენახა, რომ მომაკვდავები გრძნობდნენ სიკვდილის მოახლოებას.

არ დაუჯერა, რადგან არ უნდოდა დაეჯერებინა. რადგან ეგონა, რომ ქეთის ახალგაზრდა ორგანიზმი ამას გაუმკლავდებოდა.

მაგრამ ვერ მოერია ქეთის გული ჰანაჰაკის დაავადებას.

თავზარდაცემული შეჰყურებდა ქეთის ლევანი. შიგნით რაღაც ჩაუკვდა.

არა, არა, არა. ეს არ უნდა მომხდარიყო.

ეს ასე არ უნდა მომხდარიყო.

ეს ასე არ დამთავრდებოდა.

ხელები საშინლად აუცახცახდა. თავი უსკდებოდა, საფეთქლები ერთიანად ასწვოდა. საშინელი სიმძიმე, რომელიც მკერდზე დასწოლოდა, აუტანლად იქცა, თითქოს ტყვია ჩაეღვარათ მისთვის შიგნეულში. ყელში რაღაც გაეჩხირა, თითქმის გაიგუდა.

ხველა მოაწვა.

მწარედ დაახველა, რამდენჯერმე.

მისი მკერდიდან მომავალი, ბლანტი სითხე იგრძნო ყელში, მერე კი რაღაც უცნაური, ნაზი და ამავდროულად უხეში, რომელმაც ლორწოვანი ჩაუფხაჭნა.

დაახველა, პირზე ხელაფარებულმა.

ძლივს, ღრმად სუნთქავდა. პირში სისხლის გემო იგრძნო.

ხელი ოდნავ დასწია ქვემოთ.

მის ხელისგულში პაწაწინა, მოჭმუჭნული, ოქროსფერფურცლებიანი, მზესუმზირისმაგვარი ყვავილი ეგდო, რომელსაც განთიადის თბილი, ოქროსფერი შუქი დაჰფენოდა. თითქმის გამჭირვალე მოჩანდა თითოეული ფურცელი მზის შუქზე, ყვავილს ალაგ-ალაგ ალისფერი სისხლი მოცხებოდა.

კინაღამ მუხლები მოეკვეთა ლევანს.

ადგილს მილურსმული ჩაჰყურებდა პაწაწინა მზესუმზირას.

გარშემო კვლავ ყურისწამღები გნიასი მძვინვარებდა.

-ვაიმე, ლევან… – მის გვერდით ჩაიჩურჩულა ეკამ.

მისკენ არ გაუხედავს ლევანს. გული მკერდში უბრაგუნებდა.

არ იყო ახლა ამაზე ფიქრის დრო.

მაგრად მოჭმუჭნა მის ხელისგულში მყოფი ყვავილი მუშტში, ხელის ზურგით პირი მოიწმინდა. ხელთათმანები გაიძრო ელვის სისწრაფით, გადააგდო და ახლები წამოიცვა, მერე კი ქეთის საწოლს მიაშურა ჯიქურ.

07:45.

შალვა წიკლაურს შეენაცვლა ლევანი.

მთელი ძალით აწვებოდა ქეთის გულს, ისევ იგრძნო მისი ნეკნების უსიამოვნო ღრჭიალი. საშინელი ჟრუანტელი უვლიდა სხეულში.

-ამიოდარონი დაუდგით! – იღრიალა მან.

დრენი ჩაედგა გაგოშიძეს. მილში ალისფერი სისხლი ჩანდა, რომელიც ნელა იღვრებოდა ქეთის სხეულიდან.

ამიოდარონი მიჰქროდა ქეთის ვენებში.

მონიტორი ყურისწამღებად წუოდა.

ისევ და ისევ იჭყლიტებოდა ქეთის უმოძრაო გული ლევანის ხელების ქვეშ.

ექთნები რაღაცას გაჰკიოდნენ.

ეს ასე არ დამთავრდებოდა.

არ უნდა დამთავრებულიყო.

ქეთის სახეზე აცოცდა სარკმლიდან შემომავალი მზის სხივი, ოქროსფრად დაუფერა გაცრეცილი ლოყა.

07:49.

ლამაზი დღე თენდებოდა.

-პულსი! პულსი არის!

ექთანი ყელზე აჭერდა ქეთის ხელს. მერე მაჯაზე გადაინაცვლა.

-პულსი არის!

რამდენჯერმე დააწვა კიდევ ქეთის გულს ლევანი.

მერე კი უკან დაიწია. ხელი მოჰხვია ქეთის მაჯაზე.

თითისწვერებზე იგრძნო მისი პულსი.

სუსტი, მაგრამ წყნარი, გამოზომილი პულსი.

შიგნით თითქოს რაღაც გაუწყდა, რაღაც დაძაბული, და იმოდენა შვების ტალღა მოეფინა ლევანს, რომ ერთიანად შეძრა, თავბრუ დაეხვა.

ელვის სისწრაფით მიაერთეს ქეთის მკერდზე სადენები.

მონიტორზე ჩვეულებრივი, სინუსური რითმის დაკლაკნილი ხაზი გამოჩნდა.

წნევა 90/65.

პულსი 65.

სატურაცია 90%.

ოდნავ შეიფერნენ ქეთის ტუჩები. მის მბზინვარე, ყავისფერ თმაზე იდგა მზის შუქი.

შიშინებდა სასუნთქი აპარატი.

შალვა წიკლაური ბრძანებებს იძლეოდა, ექთნები და სანიტრები მოხორიალებულიყვნენ ქეთის გარშემო. გაგოშიძეს ტრანსდუსერი მოემარჯვებინა, ქეთის ფილტვებსა და გულს ამოწმებდა.

უკან გაბარბაცდა ლევანი. იქვე, კედელს მიეყუდა, მუხლებს დაებჯინა, მერე კი ცივი ოფლისაგან სველი თმა გადაიწია უკან.

ერთიანად კანკალებდა, დაჟინებით შეჰყურებდა ქეთის საწოლს, იმის მიუხედავად რომ მის გარშემო მყოფი ჯგროს გამო ვეღარ ხედავდა მის სახეს.

აღარ იყო უმოძრაო ქეთის გული.

ისევ მუშაობდა. ლევანის ხელების ქვეშ ამუშავდა ისევ, ისევ გზავნიდა სისხლს მის სხეულში.

მუხლებზე დაბჯენილი ხელები მომუშტა ლევანმა.

ჩაიარა. მორჩა.

წამიერად იმძლავრა ქეთის სხეულში ჰანაჰაკის დაავადებამ.

მაგრამ ქეთი ცოცხალი იყო, და გამოკეთდებოდა. სისხლდენას შეუჩერებდნენ, ფილტვებს გადაუნერგავდნენ, და საბოლოოდ მოიშორებდა თავიდან ჰანაჰაკის დაავადებას.

ისევ გაუჩნდებოდა ფერი მის კანს, ისევ შეივსებოდნენ მისი ჩაცვენილი ლოყები. ისევ გაახელდა ქარვისფერ თვალებს. ისევ გადმოხედავდა მის მზერაში ჩადგმული აუხსნელი გრძნობის სუსხით ლევანს.

ქეთის მონიტორიდან რეგულარული გულისცემის წრიპინი ისმოდა და თავის ტკივილი ჩაუნავლდა ლევანს.

ტუჩის კუთხეები უთრთოდა. თვალები გაუშტერდა.

პირში კვლავ შერჩენოდა სისხლის საშინელი გემო.

შიგნით ისევ გრძნობდა აუტანელ სიმძიმეს.

ახლაღა მიხვდა, თუ რატომ.

რადგან მის გულმკერდში იზრდებოდნენ მზესუმზირები.

.

.

ROSC – Return of Spontaneous Circulation

20 thoughts on “მზესუმზირები (ნაწილი 5)

  1. ღმერთო ეს რა იყოო🙈 მთელი თავი შიშით და გულისკანკალით წავიკითხე ,მეგონა რომ ლევანი შესთავაზებდა დონორობას,აი ასეთ დასასრულს კი ნამდვილად არ ველოდი🙈🙈🙈სიურპრიზებით სავსე ხარ ჩემო ძვირფასო ,რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ ჰა 🙈😁😁😁

    Like

    1. ვაიმე 🥺🥺🥺🥺 ბოლო სცენა ერთ-ერთი პირველი იყო რაც დავგეგმე და იმედია მოგეწონა 🤩დონორობას რაც შეეხება, ეჭვიც არ მეპარება რომ ლევანი შესთავაზებდა, მაგრამ ცოცხალი ადამიანიდან ფილტვების გადანერგვა ამ კონკრეტულ სამყაროში არ ხდება, ნამეტანი სარისკოა და იმიტომ 🫣მიხარია ძალიან რომ წაიკითხე! 🤩🤩🥰🥰🥰

      Like

  2. აი თურმე რატომ ჰქვია მზესუმზირები🙈 გული გამიჩერდა, რა დაგიშავა ლევანმა ასეთი ესეც რომ დაუმატე😄 ი.ედია სიარაქლემის პოზიციაში არ დარჩება და მიხვდება ვის გამო დაემართა🙈

    Like

    1. ეჰჰჰ თავიდანვე ასე მქონდა გათვლილი და რას ვიზამთ 🥺🥺 არ დარჩება ნამდვილად, იცის უკვე 💛 უღრმესი მადლობა რომ წაიკითხე! 🤩😍😍😍💛💛💛

      Liked by 1 person

  3. ღმერთო ეს რა იყო🥺
    სულ მეფოქრებოდა უარესი რაღა უნდა იყოს მეთქი და აჰა. რაღაცნაირად ქეთის დაავადებას შევეჩვიე და ახლა ლევანს როცა დაემართა მეტკინა რაღაცნაირად ვერ ვიმეტებ ამ დაავადებისთვის. ისედაც ძელზე გააკრეს და ახლა უარესია ეს. არ იმსახურებდა ყოველშემთხვევაში. გვიან ვნახე პოსტი და სულ კანკალით ჩავედი ბოლომდე მეშინოდა არ მომკვდარიყო ქეთი. იმედია ლევანიც ქეთისავით არ დამალავს ამ დაავადებას და დროულად მიხედავს თავს. ეკას იმედი მაქვს.❤️💔

    Like

    1. ვაიმე 🤩🤩🤩 ძალიან მიხარია რომ წაიკითხე 💛💛💛 რას ვიზამთ, ხანდახან ყველაფერი შეიძლება გაუარესდეს. ერთი სურვილი მაქვს სანამ შემდეგ თავს შემოგთავაზებთ 😍😍

      Like

  4. ღმერთო ჩემო ლინდა,ყველაფრის ასე შემოტრიალებას ნამდვილად არ ველოდი,როგორი ცოდოა ეს ბიჭი,რამდენს უნდა გაუძლოს🤦
    როგორი იმედი მაქვს ,რომ ორივე გამოჯანმრთელდება😞 ისევ ემოციებში ვარ🙈
    პ.ს. აი თურმე რატომ ჰქვია მზესუმზირები,ახლა მივხვდი🌻

    Like

    1. როგორ მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა! 🤩 მართლაც მეცოდება ძაან ლევანი, ჯანმრთელობიდან დაწყებული სხვა დანარჩენით დამთავრებული ყველაფერი ამოუტრიალდა 😦 შემდეგი თავიც საკმაოდ დატვირთულია, ვნახოთ რა იქნება 🥰💛

      Like

  5. მევედი, წევიკითხე, დევიშოკე და დევიცენტრე 🙂 არაა სასაცილოდ საქმე არადა. ამ ბიჭმა ეხლა იმდენი ქნა რომ, თვითონაც წაიქცია თავი. წინა თავში ვთქვი არ მეცოდებათქო და რომ კითხულობდი, ეტყობა გულში მზაკვრულად იღიმოდი და თითებს მაგიდაზე აწკაპუნებდი – მოიცა, ჯერ სად ხარო.

    ძალიან მაგარი იყო ქეთის რეანიმაციის სცენა, აი თვალწინ ჩაიარა კადრებად, იქ ვიყავი მეც, მეც ვუყურე ლევანის გააფთრებულ ბრძოლას. გულის გაჩერება, ასისტოლია, ჰემოთორაქსი – არ იცი როგორ მიხარია რომ ასე პროფესიულ დონეზე წერ, ერკვევი ყველაფერში და არ მატყუებ შენს მკითხველს. ძალიან ცოტას ვიცნობ ასეთ მწერალს და მართლა თითოეულით ვამაყობ. ლამის ქადაგად დავვარდი ერთხელ “ნერწყვის სასულეში გადაგორების” თაობაზე. კაი რა, ჭრაქის შუქზე წერთ? გუგლი აღარ არსებობს? (მაპატიე, გავცხარდი).

    შეუყვარდა გავიგე, მაგრამ ცალმხრივად? აი მაგალითად, ქეთის რომ ლევანი უყვარდეს, ლევანის არ დაემართებოდა ეს ცეცხლი და დუღარე დაავადება? თუ ორივე უნდა გამოტყდნენ გრძნობებში რომ განიკურნონ? შემომეშველე პაწა, ვერ გევიგე, დევიბენი ჭუკივით 🤯🫤

    თუ მიმიხვდი, ამ კომენტარში ძალიან ვეცადე ცოტა შორს დამეხია და ლევანი და ქეთი პერსონაჟებად აღმექვა და არა ვინმე ახლობელ ადამიანებად, თორე ძალიან ძალიან გამიჭირდებოდა მომდევნო თავამდე. ხოდა, სწორედ ამ პრინციპით, ალბათ უკვე ნებისმიერ დასასრულს ველოდები და მივიღებ.
    მადლობა და მომავალ თავამდე ❤️

    Like

    1. პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ წაიკითხე და ამოდენა კომრნტარი დაწერე 🤩💛 ლევანმა ისე შეტოპა თვითონაც ვერ გაიგო სანამ ყელამდე არ შევიდა რა :დ რას ვიზამთ, ხანდახან გაუცნობიერებლად ხდება ბევრი რამ. მზაკვრულად არ მიფიქრია მაგრამ ერთი სული მწონდა სანამ აღმოაჩენდი თუ რა ხდებოდა ამასობაში ლევანის ორგანიზმში 🫣🫣
      ძალიან მიხარია რომ მოგეწონა სხვასხვა სამედიცინო ტერმინები 💛 მეშინოდა ცოტა მეთქი ძაან ზედმეტი ხო არ მომდის თქო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე რომ აუთენტური ყოფილიყო, სხვანაირად მეხამუშებოდა ცოტა, იმიტომ რომ მეც დავსწრებივარ ასეთ სიტუაციებს. გაცხარება მიპატიებია! 😂😂💛
      ჰანაჰაკის დაავადება არის უმთავრესად სუბიექტური. ანუ საკმარისია ადამიანს ეგონოს რომ მის გრძნობებს არ იზიარებენ, ესაა დაავადების საფუძველი.
      უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ შენ! ერთი სული მაქვს სანამ დავდებ მეექვსეს 💛💛💛

      Like

      1. გავიგე ეხლა, ქეთიც ხო სულ იმას უმეორებდა ლევანს, ზუსტად ვიცი არაფერს გრძნობს ჩემს მიმართო 😐😔 ჩემს გრძელ კომენტარში დამავიწყდა თქმა, ლევანი ხო ვითომ ხისტი და ჩუმია, მაგრამ მის ყველა საქციელში რამხელა სიყვარული იკითხება. წვრილმანებში ამჟღავნებს ყველაფერს და მიყვარს ამიტო.. კაქი ბიჭია 🫠💛

        Like

  6. ვაჰ,შენი არცერთი ნაწერი გამომიტოვებია და ეს იყო ერთადერთი,რომელსაც ცოტა ისე ვუყურებდი,”ისე” შენს ისტორიებს რომ არ ვუყურებ ხოლმე ^-^ მაგრამ ამ თავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,პაუზის შემდეგაც რომ ისევ ისეთი კარგი ხარ,როგორიც ყოველთვის იყავი. ძალიან ,ძალიან ლამაზია ყველაფერი.მთელი ნაწერი,როგორც ყოველთვის,ესთეტიკის ზენიტია.
    იმედი მაქვს,ლევანის საყვარელი ყვავილები ლურჯი ვარდებია ❤

    Like

  7. ვაჰ,შენი არცერთი ნაწერი გამომიტოვებია და ეს იყო ერთადერთი,რომელსაც ცოტა ისე ვუყურებდი,”ისე” შენს ისტორიებს რომ არ ვუყურებ ხოლმე ^-^ მაგრამ ამ თავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,პაუზის შემდეგაც რომ ისევ ისეთი კარგი ხარ,როგორიც ყოველთვის იყავი. ძალიან ,ძალიან ლამაზია ყველაფერი.მთელი ნაწერი,როგორც ყოველთვის,ესთეტიკის ზენიტია.
    იმედი მაქვს,ლევანის საყვარელი ყვავილები ლურჯი ვარდებია ❤

    Like

    1. ვაიმე 🥺🥺🥺🥺🥺🥺🥺🥺😭😭😭😭😭😭 ამეტირა ცოტა 🥺🥺 უუუუღრმესი მადლობა! 💛💛💛 ძალიან ვნერვიულობდი რომ ამდენი ხნის მერე ვეღარ შევძლებდი, რო გადამავიწყდა წერა, ჩემ სტილს დავკარგავდი და ა.შ, ამიტომ ვერც კი წარმოიდგენ თუ რამოდენა სტიმულია ჩემთვის შენი ნათქვამი 💛💛💛 მიხარია ძალიან რომ მკითხულობ და მოგეწონა! 🥰💛 ლურჯ ვარდებს რაც შეეხება, უნდა ვთქვა რომ არაა ლევანის საყვარელი ყვავილი, მაგრამ სხვა დატვირთვა აქვს რომელიც გამოჩნდება 💛💛

      Like

      1. ვაჰ,მეგონა საყვარელი ადამიანის ყვავილები ეზრდებოდათ დაავადებულებს.
        ახლა კიდევ უფრო საინტერესოა ყველაფერი მაშინ.
        არაფერი გაქვს სანერვიულო,კიდევ ერთი,ძალიან მაგარი ისტორია შემატე შენს შედევრებს მზესუმზირების სახით❤️

        Like

      2. ნუუუ კონკრეტულად რა სახის ყვავილები ეზრდებათ, მაგას ორი ფაქტორი წყვეტს 💛 ეგეც გამოჩნდება ბოლოსკენ 🥰

        Like

  8. ცა რომ დამეცეს თავზე დღეს ეს უნდა დავამთავრო😭😭გული გამისკდება სადაცაა😭😭

    Like

Leave a reply to ნინა კომენტარის გაუქმება