მზესუმზირები (ნაწილი 4)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეოთხე ნაწილის თემა

V – HGB

-*-*-*-*-*-*-*-

– 08.02.2025 –

მზე გადაწურულიყო, ძლიერ ქარს დასავლეთით ღრუბლები ოდნავ გაეფანტა და იისფრად დაფერილიყო ცის კამარა, რომელსაც მთებს შორს, ჰორიზონტზე მზის გარშემო დაღვრილი ნარინჯისფრად დაფერილი წითელი ენაცვლებოდა. ოდნავ მინავლებულიყო ყინვა, და ქუჩებში დადებული სქელი თოვლი ზედაპირზე მომდნარიყო, ლამპიონებისა და შუქნიშნების სინათლეზე მოყვითალოდ ბზინავდა გზა.

წვრილად თოვდა, თუმცა ვერ მიეღწიათ დადებული თოვლის გაყინულ სხეულამდე ფიფქებს, მიწის სველ საფარველში დნებოდნენ და უერთდებოდნენ ქუჩის კუთხეებში დადენილ, ჭუჭყიან ნაკადულს.

რიხინით გადაუხვია ტრასიდან ჟანგმოდებულმა, ძველმა შავმა ტოიოტამ, ტროტუარს ბორბლებიდან ასხლეტილი ჭუჭყიანი თოვლჭყაპი მიაშხეფა და ნელა აუყვა გოგიჩიძის ქუჩის აღმართს.

საჭის გვერდით, საათზე წითლად აციმციმებულ რიცხვებს გადახედა ლევანმა.

20:58.

ამოიგმინა ახალგაზრდა კაცმა, სახე მოისრისა.

როგორც გადამხმარ თივას ცეცხლი, ისე მოედო მთელ საავადმყოფოს „ახალ ხედვაში“ გასული რეპორტაჟის ამბავი. და რასაკვირველია, მისი სრული სახელის ნაცვლად ინიციალების გამოყენება არაფერს ნიშნავდა, ყველამ კარგად იცოდა, თუ ვინ იყო გადაცემაში ნახსენები ლ.მ., ლუკა ასათიანის სახელობის კლინიკაში მომუშავე ახალგაზრდა ექიმი-კარდიოლოგი, რომელსაც ათასი ნაგავი შეაწერეს. ყველამ იცოდა, და მაშასადამე ყველას გააჩნდა საკუთარი აზრი.

აუდიტორიის აზრი ერთი იყო. ლევანი არ აპირებდა რომ რამენაირად შეხება ჰქონოდა მასმედიასთან ანდა საზოგადოებასთან ამ ყველაფრის შესახებ, თან სამსახურის გარეთ ჯერჯერობით იცავდა ის მწირი ანონიმურობა, რომელიც მას სრული სახელის დაფარვით მიანიჭეს. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისი ვინაობის ამბავი მალე გაჟონავდა, თუ უკვე არ გაეჟონა და მისი ფოტოების ფრიალსაც დაიწყებდნენ აქეთ-იქით, მაგრამ დროებით აპირებდა ამაზე უაზრო ფიქრი გადაედო, რადგან თვითონ ვერაფრით გააკონტროლებდა ამ პროცესს, უნდოდა ეს თუ არა.

მაგრამ რასაკვირველია, საავადმყოფოშიც ისეთივე ჭრელი საზოგადოება გახლდათ, როგორც საავადმყოფოს გარეთ. და აშკარა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა კომენტარის გაკეთებიდან თავს იკავებდა, მაინც გააჩნდათ ამ ამბის საკუთარი ვერსია, რომლის მიხედვითაც აპირებდნენ ლევანთან მოქცევას.

ერთი-ორი მოვიდა მასთან, შორიდან რომ იცნობდნენ. უთხრეს რომ არ მოესმინა ჟურნალისტებისათვის და უბრალოდ ფეხზე დაეკიდებინა ეს ყველაფერი.

იოლი იყო იმის თქმა, ფეხზე დაიკიდეო, როცა თვითონ არ იყვნენ გახლართულნი ამ ქსელში და როცა ამ ამბის განვითარებაზე პირდაპირი მნიშვნელობით ლევანის მომავლის ზორბა ნაწილი იყო დამოკიდებული.

ლევანმა მხოლოდ დაძაბული ღიმილით შეძლო ეპასუხა, სასწრაფოდ გაეცალა მათ. არ სჭირდებოდა მათი მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ ზედმეტ ყურადღებას ნიშნავდა და მეტს არაფერს.

მაგრამ რასაკვირველია, ყალბი მხარდაჭერა უმრავლესობას სულაც არ მოსვლია აზრად. უმრავლესობა მისდამი მინიმუმ სკეპტიკურად და მაქსიმუმ უარყოფითად იყო განწყობილი. დერეფანში გავლისას აშტერდებოდნენ, თვალს აყოლებდნენ და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, რამდენიმემ ზიზღნარევი მზერაც დააყოლა. საკუთარ განყოფილებაშიც კი ექთნები და სანიტრები შეფარვით, ამრეზით დაშტერებოდნენ, როცა ჩამოვლებს აკეთებდა.

კონსულტაციებზე მის კოლეგებს იძახებდნენ, იმ განყოფილებებიდანაც კი, სადაც თვითონ იყო გამწესებული კონსულტანტად. ემერჯენსში მისი მორიგეობისას ნებისმიერ სისულელეზე ურეკავდნენ, დროს აფლანგვინებდნენ და უაზროდ არბენინებდნენ აქეთ-იქით ყოველ წვრილმანზე, რაც აქამდე არასოდეს მომხდარიყო.

კოლეგები მის გარშემო სიჩუმეს ამჯობინებდნენ, იმდენად ღიად აღარ განიხილებოდა ნებისმიერი თემა ექიმთა ოთახში, როგორც ადრე.

გრძნობდა ლევანი, რომ ასე თუ ისე, ყველას აეთვალწუნებინა. „წითელ ღამეში“ გადაღებული ის ფოტო და „ახალი ხედვის“ მიერ გაშვებული რეპორტაჟი საკმარისი აღმოჩნდა.

ეკა მიქაბერიძეს რამდენჯერმე ჰკიდა თვალი დერეფანში. ქალმა ცხვირი აიბზუა, მწყრალად გამოხედა და ზურგი აქცია.

დირექტორის კაბინეტში აღარ დაუბარებიათ, მაგრამ იცოდა, რომ იქაც ისევე დაძაბულიყო მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ. ბატონ გურამს დღეში ერთხელ მაინც იძახებდნენ დირექტორთან, და ეჭვიც არ ეპარებოდა ლევანს, რომ იქ ყვირილის მეტი არაფერი ესმოდა მათი განყოფილების გამგეს. ყვირილისა და გაუთავებელი კითხვების, თუ რას აკეთებდა ლევანი, ისევ ხვდებოდა თუ არა ქეთის, რომ მისი გაშვება იყო დღის წესრიგში ჩასაყენებელი ამ წამსვე და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვა არ უთქვამს პროფესიული თემის გარეთ ლევანს სხვებისათვის. არც ადრე გამოირჩეოდა ბევრი საუბრით ისეთ თემებზე, რაც პირდაპირ სამსახურთან არ იყო კავშირში, მაგრამ ახლა ზუსტად იმდენს ამბობდა, რამდენიც საჭირო იყო, არც მეტს და არც ნაკლებს. აუტანელი დატვირთვისა და დამთრგუნველი უარყოფითი მოპყრობის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს, რადგან ესეც მხოლოდ დამატებით პრობლემებს მოუტანდა და მეტს არაფერს. არავის აინტერესებდა, თუ რა ელოდა მას, და ეს არასოდეს ყოფილიყო იმაზე აშკარა, ვიდრე ახლა.

სამსახურის დაკარგვა დროის საკითხი იყო.

არადა მისი მწირი დანაზოგი რამდენიმე თვეზე გასწვდებოდა მხოლოდ. ისიც მაშინ, თუ გაიჭირვებდა.

მონაბერმა ქარმა ფანტელები შემოაფრქვია საქარე მინას.

დაღლილი თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა ლევანმა, რომ მზერა დაეწმინდა. გოგიჩიძის ქუჩის მოლიპულ აღმართზე მირიხინებდა მანქანა, ტროტუარებზე, ხეების ქვეშ აკოკოლავებულ თოვლს ლამპიონებიდან მონარინჯისფრო-ატმისფერი სინათლის დისკოები ეღვრებოდა. ქუჩის კიდეებზე თოვლჭყაპი იდგა, და რიყის ქვით მოკირწყლული გზის უსწორმასწორო ზედაპირი ტროტუარებიდან მომავალ სინათლეზე თვალისმომჭრელად ციმციმებდა.

აზელილ ჭყაპსა და ტალახში გასრიალდნენ საბურავები, როცა კორპუსების შესასვლელთან შეუხვია ლევანმა. შეუნელა, მაგრამ დაგვიანებით შეამჩნია ეზოში, ქეთის კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოსთან გამაგრებულ ადამიანთა ურდო. რამდენიმე სამარშუტო მანქანა იდგა, მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტები ერთმანეთს გაცხარებით ესაუბრებოდნენ. რამდენიმე კაცს ხელში კამერა და სხვადასხვა აღჭურვილობა ეჭირა.

ეზოში მებირჟავეების გარდა ცნობისმოყვარე ბავშვები და რამდენიმე ხანშიშესული ქალი გამოფენილიყო, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ ჟურნალისტთა ჯგუფს თვალს.

-ფუ შენი. – ჩაილაპარაკა ლევანმა. ერთიანად დაიძაბა, ტუჩები მოკუმა. იგრძნო, როგორ გაუძლიერდა თავის ტკივილი. საფეთქლები აეწვა, ღრმად შეისუნთქა რომ ფილტვები ამოევსო და შეიმაგრა თავი.  

უკვე ეზოში შეეყვანა მანქანა, ახლა უკან დაბრუნებას ნამდვილად არ აპირებდა. ისე იყო დღევანდელი მორიგეობისაგან გამოფიტული, რომ უბრალოდ უნდოდა დაწოლილიყო და დაესვენა.

დაინახა, რომ ყურადღება მიაქციეს ეზოში ახლადშემოსულს, და ინტერესით იგრძელებდნენ კისერს, რომ ბნელ სალონში მისი სახე გაერჩიათ.

აშკარად იცოდნენ, რომ ექიმი-კარდიოლოგი ლევან მოსიძე აქვე ცხოვრობდა.

რა იქნებოდა, რომ ვერ დაენახათ მისი სახე. რა იქნებოდა, რომ შესძლებოდა მშვიდად ასულიყო თავის ბინაში.

რა იქნებოდა, რომ აქ არ მოსულიყვნენ.

რომ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი.

თვითონაც არ იცოდა ლევანმა, თუ რა იგულისხმებოდა ყველაფერში.

მანქანა ფაქტიურად სადარბაზოს პირთან მიაყენა ახალგაზრდა კაცმა, შუბლზე ქუდი ჩამოიფხატა, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და კარი მიკეტა.

კორპუსის გვერდით მდგარი ლამპიონის ჩაფშვნილი შუშა გამოეცვალათ, ნარინჯისფერი შუქი ეღვრებოდა მას, მანქანასა და სადარბაზოს შესასვლელს.

ესღა აკლდა, რომ კარგად დაენახათ.

ქეთის კორპუსს ზურგი აქცია ლევანმა და მაშინვე მიაშურა სადარბაზოს.

უკნიდან ჩოჩქოლი მოესმა და ნაბიჯს აუჩქარა, თუმცა უკვე გვიანი იყო. რამდენიმე საფეხური აერბინა მხოლოდ, როცა სადარბაზოში პირველი მიკროფონიანი ჟურნალისტი შემოვარდა. მზერა სასწრაფოდ მოარიდა ლევანმა, მაგრამ ის დაგეშილი ძაღლივით მიჰყვა ფეხდაფეხ.

-ბატონო ლევან! ბატონო ლევან!

კბილები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს ლევანმა, რომ უსიამოვნო, აუტანელი ღრჭიალი გაიღეს, რომელიც წამსვე აუზრიალდა მტკივან თავში. გული მკერდში სწრაფად უცემდა, ძალა მოიკრიბა და კიბეზე ელვის სისწრაფით ავარდა.

-ლევან მოსიძე ხარ ხო?

-თქვენ ხართ ხომ ის ექიმი? ქეთი ღვინიაშვილის ექიმი?

-რამდენიმე წუთი დაგვითმეთ, ბატონო ლევან!

-ორი სიტყვით გვითხარით, რა ურთიერთობა გაქვთ ქალბატონ ქეთისთან!

კიბეებზე ამოცვივდნენ ჟურნალისტები, მათმა მძიმე ნაბიჯებმა და ხმამაღალმა, გამჭოლმა ყვირილმა დაფეხვილი კორპუსის კედლები შეაზანზარა. ფანჯრებში ჩასმული, ალაგ-ალაგ გაბზარული მინები აცახცახდნენ, მტვერი და ქვითკირის ნატეხები შხრიალით მოსწყდა სახელდახელოდ შელესილ, დახეთქილ ჭერს.

-თქვენ დამართეთ ჰანაჰაკის დაავადება?!

-აქეთ მოიხედეთ, ლევან! აქეთ მოიხედეთ რა!

მთელი ჯგრო აჰკიდებოდა ლევანს. უკნიდან ჭახჭახებდნენ კამერის ნათურები, მათი მჭახე სინათლე და ახალგაზრდა კაცის ბნელი ჩრდილი მოეფინა სადარბაზოს, ფანჯრები თვალისმომჭრელად ალაპლაპდნენ. პირველი კიბე აათავა ლევანმა, როცა რომელიღაც ზედმეტად მკვირცხლი ჟურნალისტი წამოეწია, ქურთუკის ბოლოში სტაცეს ქვემოდან ხელი, მთელი ძალით მოქაჩეს. ოდნავ წაიფორხილა ლევანმა, თავის შესამაგრებლად მოაჯირს სტაცა მაგრად ერთიანად გაყინული ხელი, რომელზეც უკვე გამოეჟონა ცივ ოფლს.

გვერდიდან რამდენიმე კამერის მოზუზუნე, მწველი შუქი მიანათეს პირდაპირ სახეში და თვალებზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა ლევანს. ათი მიკროფონი მაინც ყელყელაობდა კამერათა სინათლეში და დრო იხელთეს რომ შემოხვეოდნენ გარშემო, მატლებივით იხლართებოდნენ, ყველა ცდილობდა რომ რაც შეიძლებოდა ახლოს მოძურწულიყო, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ხელს ჰკრავდნენ, თან ყურისწამღებად გაჰყვიროდნენ.

-ორი სიტყვა გვითხარი, კაცო!

-რატომ კლავთ იმ გოგოს, ბატონო ლევან!

-რატომ აუპატიურებთ იმ გოგოს?

-უნდა გრცხვენოდეს! უნდა გრცხვენოდეს!

სახე მოენგრა ლევანს. შიგნით ყველაფერი ეწვოდა, საშინლად დასცხა, პირი გამოუშრა. თავში ერთიანად ჩამკვდარიყო ნებისმიერი ფიქრი, მხოლოდ ბნელი სიცარიელე სუფევდა შიგნით, რომელსაც მალიმალ ეხლებოდა მის გარშემო ატეხილი აურზაურის ურო.

პირი იბრუნა და ერთი მძლავრი მოძრაობით ჩამოიშორა მის ქურთუკზე ჩაბღაუჭებული ხელი, ერთ-ორ ჟურნალისტს უგვერდა და ძალით გაარღვია მათი წინაღობა.

მერე კი დრო იხელთა და სირბილით დაუყვა დერეფანს, სანამ მის უკან მყოფ ბრბოში ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ რომ პირველებს აეთავებინათ კიბე. გასაღები მზად ჰქონდა და ელვის სისწრაფით მოარგო მოახლოებული კამერის სინათლეებზე აპრიალებულ საკეტს.

-ბატონო ლევან! მოიცადეთ, ბატონო ლევან!

-რა გაქვთ საერთო იმ ჰანაჰაკიან გოგოსთან?

-ბევრს არ შეგაწუხებთ, ერთი კომენტარი მხოლოდ!

-რატომ არ უნერგავთ ფილტვებს? მისი მოკვლა გინდათ ხომ? ეგ გინდათ ხომ?

კარი ღრიჭოდ გააღო ლევანმა და შიგნით შესრიალდა ელვის სისწრაფით. ერთ კამერას თავისი მიკროფონითურთ ხელი ჰკრა, ძალით გასწია უკან და თვალები აუწვა ისევ პირდაპირ სახეში მონათებულმა სინათლემ, სანამ კარის ღრიჭოსთან შეჯგუფული ჟურნალისტების მოღებული პირებიდან ამოხეთქილი, ნაყვირალი სიტყვები ერთ აღრეულ, ამაზრზენ, გაურკვეველ კაკაფონიად არ იქცა.

მთელი ძალით მიაჯახუნა კარი.

და საიმედოდ გადარაზა.

ჟურნალისტების ღრიალი გვარიანად ჩაახშო რკინის სქელმა კარმა, მაგრამ მაინც თავში უზრიალებდა მათი კივილი ლევანს. ათიოდე წამი შეუპოვრად გაჰკიოდნენ, კარზე აბრახუნებდნენ, გაღებას სთხოვდნენ.

ერთ-ერთის ბღავილში ბექა გობეჯიშვილის ხმა ამოიცნო ლევანმა.

ალბათ მისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.

ჩაწყნარდა ბრბო, როცა საბოლოოდ მიხვდნენ რომ ლევანი კარის გაღებას არ აპირებდა. ცხრასართულიანი გინება მოუძღვნა რამდენიმემ დერეფნიდან, კამერა რამდენჯერმე გააჩხაკუნეს, ალბათ მისი ბინის კარის დასაფიქსირებლად, სანამ მათი ჩოჩქოლი და საუბარი მძიმე, მიმავალმა ნაბიჯებმა შეცვალა.

ჭუჭრუტანაში გაიხედა ლევანმა, თვალი გააყოლა მათ, სანამ კიბეებზე მოუხვიეს და თვალს მოეფარნენ. გაილია მათი კამერების თეთრი სინათლე და ისევ კუნაპეტმა ჩაყლაპა დერეფანი.

მერე კი უკან დაიხია ახალგაზრდა კაცმა. სიბნელეში იდგა, უკნიდან მხოლოდ კორპუსის გვერდით მდგარი ლამპიონის ფანჯარაში, ფარდებს შორის გამოჟონილი შუქი ეღვრებოდა.

სინათლე აანთო, და სასწრაფოდ დახურა ფარდები. არ სურდა რამენაირად გაერისკა. იცოდა, რომ დიდი ალბათობით მის ბინას ეზოდანაც გადაუღებდნენ რამდენიმე სურათს და სულაც არ უნდოდა რომ თვითონაც დაეფიქსირებინათ ფანჯრიდან.

არც ის უნდოდა, რომ აჩოჩქოლებულ, სანახაობით დაინტერესებულ ცნობისმოყვარე მეზობლებს, რომლებიც ალბათ ამ აურზაურის გაგონებისას აივნებზე გამოფენილიყვნენ, მოხვედროდა თვალში.

ის არ იყო საკმარისი რომ კიბეებზე გამოიჭირეს და გადაღება მოახერხეს. ახლა ამ კადრებს დაატრიალებდნენ ყველგან, თან ზედ დააყოლებდნენ, ჯალათმა ექიმმა ჩვენთან საუბარი არ მოინდომაო.

ტახტზე დაეხეთქა ლევანი. ტუჩები მოეკუმა, ჟურნალისტების შემოტევის დროს მის გონებაში დამდგარი სიცივე სადღაც აორთქლებულიყო, მისი ადგილი გაურკვეველი, უთავბოლო ფიქრების ალიაქოთს დაეკავებინა. იჯდა და არც კი იცოდა, პირველად რაზე ეფიქრა, რისი გაანალიზება ეცადა.

ჟურნალისტების შტურმი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდებოდა.

ის ნაბიჭვარი ბექა გობეჯიშვილი, რომელიც შეუჩნდა და არ აპირებდა მოსვენებას.

მისი სამსახური. ანდა მალე, სამსახურის არარსებობა.

და სამსახურის არარსებობას დაყოლებული, ცოტნე აფციაურის მიერ შეთითხნილი ჭორები, რომლებიც ალბათ მის მორალურ პერსონასთან ერთად, მის პროფესიულ შესაძლებლობებსაც დააყენებდნენ ეჭვის ქვეშ.

მისი მწირი დანაზოგი.

მისი ბინა. მთელი მისი ცხოვრება.

და ქეთი.

გადაიხარა ლევანი, მოიკაკვა, იდაყვებით გადაშლილ, მომჩვარულ ბარძაყებს დაებჯინა. იატაკს დაშტერებოდა ამოღამებული თვალებით, მაგრად მოისრისა სახე.

ქეთი.

ქეთი ამოუტივტივდა თვალწინ, მისი გაცრეცილი, თითქოსდა თოვლის ფიფქებისაგან გამოკვართული სახე, თაფლისფერი, ამოღამებული თვალები და მუდამ მოკრუნჩხული სხეული. მთაწითელას ძეგლთან, კიბეებზე მჯდარი მისი მომცრო ფიგურა, რომელსაც კიდევ უფრო აპატარავებდა გარემოცვის უსასრულო სივრცე, მთის გრანდიოზულობა და ცის უსაზღვრო კამარა, მის სხეულს რომ დასწოლოდა, ერთიანად შთანთქამდა.

ქეთი ყურებზე გადაწეული სველი თმით, მისი სააბაზანოს კარში მდგარი, მისი გამომეტყველება, როცა ამბობდა, რომ ლევანის სამზარეულოს მორყეულ სკამზე ჯდომა და მასთან საუბარი იყო მთელი მისი ცხოვრება. მისი ლოყის ქვეშ ამოდებული ხელი, როცა იგი ლევანის საბანში ეხვეოდა და გაოგნებული სახე ბოტანიკური ბაღის გალავანზე გამოსახული გრაფიტის დანახვისას. მისი გამხდარი, გალეული ხელები, ზედ მორგებული ოქსიმეტრი და მასზე აციმციმებული რიცხვები.

89-90%.

ექოკარდიოგრაფიაზე გულზე შარავანდედად შემოვლებული ფესვები.

ქეთის ხველებისაგან წამოწითლებული სახე, მისი ტუჩებიდან გადმომსკდარი ლურჯი ვარდების ტალღა და თეთრ თოვლზე დაწინწკლული ალისფერი სისხლი.

შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია ლევანმა. იჯდა, ხელები თმაში შეეცურებინა და გამტკნარებული დაჰყურებდა იატაკს.

ჩაჩუმდა ფიქრების ალიაქოთი. გონების უკანა კუთხეში მიიკუნჭნენ, თავისთვის ფუთფუთებდნენ, მიჩენილ კუთხეს ხრავდნენ.

ქეთის გაცრეცილი, გატანჯული სახე, როცა ის ლოგინის პირზე გადახრილიყო, პეშვად შეკრული ხელები და მათში დაგროვილი, გასისხლული ლურჯი ვარდები გადაფარებოდა ყველა დანარჩენ ფიქრს.

დაიგმინა ლევანმა, ფეხზე წამოდგა. იქვე გაიძრო ფეხსაცმელი და ტახტზე მიაგდო ქურთუკი ქუდთან ერთად, მერე კი ჩაბნელებულ საძინებელს მიაშურა. გაუხდელად შეწვა, ძალაგამოცლილი, აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.

რას აკეთებდა? როგორ შეიძლებოდა რომ ასეთ ამბავში გახვეულიყო?

თუმცა ის, თუ როგორ გაეხვა, ძალიანაც აშკარა გახლდათ. იქ იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, იმ დროს, როცა არ უნდა ყოფილიყო. შეხვდა მას, ვისაც არასოდეს არ უნდა შეხვედროდა.  

ანდა უნდა შეხვედროდა.

არა. ემჯობინებოდა, რომ არასოდეს ენახა. ახლა ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ადრე.

გვერდი იბრუნა ლევანმა, მერე კი ზურგზე გადაგორდა. ჭერს აშტერებოდა, სიჩუმეს მხოლოდ სასტუმრო ოთახიდან მომავალი საათის ტიკტიკი და მისი მძლავრი გულისცემა არღვევდა, ყურებში რომ უგუგუნებდა.

ხელები ისევ გაჰყინვოდა, როცა თვალებზე მიიჭირა ხელისგულები, სანამ ყველაფერი არ აუჭრელდა თვალწინ.

მკერდში რაღაც დაეჭიმა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც გაუწყდებოდა შიგნით. გულზე ხელი მოიჭირა და გადაბრუნდა, ფანჯარას ზურგი აქცია.

უკეთესი კითხვა ალბათ ის იქნებოდა, თუ  რას აკეთებდა ქეთი.

ნელ-ნელა ერეოდა ქეთის ორგანიზმს ჰანაჰაკის დაავადება. სასურველი პიროვნების მხრიდან გრძნობების გაზიარება იყო საჭირო. ქეთი კი ამბობდა, რომ უკვე სცადა და არ გამოუვიდა, ესე იგი ვეღარაფერი შეაჩერებდა მის ფილტვებში ფესვებისა და ყვავილების ზრდას.

თუ ფილტვების ტრანსპლანტაციის სიის თავში არ წამოსწევდნენ, ქეთის ალბათ ორიოდე თვე ჰქონდა დარჩენილი.

მეტი არა, და ეს ყველაფერი ქეთიმ ძალიან კარგად იცოდა.

იცოდა, მაგრამ მაინც აკეთებდა ისეთ რაღაცებს, რაც გაურკვეველი იყო. დროს იმაში ფლანგავდა, რომ ლევანს სტუმრობდა, ქუჩებში დაეხეტებოდა და საკუთარ თავს საფრთხეში აგდებდა.

მეტს არაფერს.

ალბათ უკვე ფეხებზე ეკიდა ყველაფერი. უკვე შეგუებულიყო იმას, რომ მალე დალევდა სულს. და არაფერსაც აღარ აკეთებდა. ანდა იმას აკეთებდა, რაც ეხალისებოდა.

თუმცა არა. ქეთის სიკვდილის ეშინოდა.

თავი გადააქნია ლევანმა. ყელში რაღაც მოაწვა, ისევ სიმძიმე ჩამოაწვა მკერდზე, სული შეუხუთა. ისევ იბრუნა გვერდი.

საკუთარი მძლავრი გულისცემის გუგუნისა და აზვირთებული ფიქრების ხმაზე ჩათვლიმა ქანცგაწყვეტილს.

-*-*-*-*-*-*-*-

სადგურზე იდგა.

ყოველ წამში გაიქროლებდა ელვის სისწრაფით მატარებელი, ისე, რომ თვალსაც კი ვერ აწვდენდა, ყურისწამღები შხუილი ესმოდა მხოლოდ. ხელში ჩემოდანი ეჭირა, რომელიც მატლებით იყო სავსე. ჩემოდანი ანაზდად გადაიხსნა და მატლები დაიკლაკნენ, მერე კი ვირთხებად იქცნენ, აქეთ-იქით გაფხარკალდნენ. ერთი კუდით დაიჭირა ლევანმა, მერე ბაქანზე გაჩერებული მატარებლის გამცილებელს მიუგდო საფასურად, მატარებელში შეაბიჯა.

მატარებელში ოღროჩოღრო ასფალტი ეგო, რომელზეც რელსები გაეყვანათ. ცისფრად ლიცლიცებდა შორეული ზღვა, და ტალღამ წაიყოლა ლევანი, როცა მან ზედ ფეხი შედგა, მერე კი ფეხქვეშ გამოეცალა. ქვემოთ მიფრინავდა ახალგაზრდა კაცი, და ცა იყო ზღვა, ღრუბლებში მიჰქროდა, მის გარშემო როკავდნენ ვარსკვლავები.

სისხლისფერი იყო მიწა, და ციცაბო იყო ცაში გამოკიდებულ ტრასაზე მიბჯენილი საცალფეხო ბილიკი, როცა ლევანი მას აუყვა. ცაზე ავდრის ღრუბლები გამოფენილიყვნენ, თითოეულს მზისა და მთვარის შუქის სვეტი ედგა ზედ.

მანქანამ გაიწუილა, გზაზე ჩამოვარდნილ ვარსკვლავს წამოედო და რამდენჯერმე გადატრიალდა, გზის კიდეზე მიელეწა. ხმა არ გაუგონია ლევანს, უბრალოდ შესცქეროდა აბოლებულ მანქანას, როცა ბილიკი აათავა და გზას დაუყვა მისკენ.

მანქანა წითელი სითხის გუბეში ეგდო და იცოდა ლევანმა, რომ სისხლისაგან იცლებოდა. სალონში შეიხედა, და ჭერზე მიკრული ადამიანი გამოათრია, მერე კი მიბრუნდა, ტრასიდან ისკუპა, გრძნობდა, თუ როგორ მოჰყვებოდა ის ადამიანი ფეხდაფეხ.

მინდორში ჩაეშვა. გიგანტური ყვავილები ხარობდნენ, თითოეულს მზე ება თავად, მერე კი სწყდებოდნენ ყვავილებს მზეები, ზემოთ მიცურავდნენ და ზღვა-ცაში იდებდნენ ბუდეს. ადამიანი იდგა ყვავილთა ზღვაში, სახეს ვერ ხედავდა ლევანი, რადგან მზის სხივები იყო მისი სახე.

ადამიანი მოუახლოვდა, მზის სხივიანი თვალებით ამოუდაგა თვალები, მერე კი მთელი ძალით მოუქნია ხელში დაჭერილი, სქელი ყავარჯენი, რომელიც ხმამაღალი ბრახუნით შეეხეთქა მის თავის ქალას.

თვალი გაახილა ლევანმა.

გვერდზე იწვა, ერთიანად მოკაკვულიყო. შუბლზე მოსწოლოდა ოფლი და გრძნობდა, თუ როგორ მიჰკვროდა სველი მაისური დაცვარულ ზურგზე.

კარზე ხმამაღლა, დაჟინებით აკაკუნებდნენ.

თითოეული დაკაკუნება ჩაქუჩივით სცემდა ლევანს მტკივან საფეთქლებში. სხეული ისე დამძიმებოდა, თითქოს ტყვია ჩაეღვარათ შიგნით, გაჭირვებით წამოიწია.

კაკუნი რამდენიმე წამით შეწყდა, მერე ისევ დაიწყეს.

-ამის დედა ვატირე. – ჩაილაპარაკა ლევანმა, საბანი გადაიხადა. წამსვე შემოჰკრა ოფლით ნოტიო სხეულზე ბინის გრილმა ჰაერმა, გააჟრჟოლა.

სასტუმრო ოთახში გალასლასდა, მოტიკტიკე საათს შეავლო თვალი.

23:09.

ორი საათი ეძინა მხოლოდ. უძილობისა და დაღლილობისაგან მზერა დაბურვოდა, თავი კი თითქოს ბამბით გამოეტენათ მისთვის, გასკდომამდე. გრძნობდა, რომ ვეღარც აზროვნებდა წესიერად.

ხვალ დილით ისევ უნდა წათრეულიყო სამსახურში. ღამის სმენაც ჰქონდა.

ამოიგმინა ლევანმა.

ნუთუ ჟურნალისტებს მოუნდათ მობრუნება? არ გაუკვირდებოდა, კარს უკან რომ ბექა გობეჯიშვილი ყოფილიყო.

ანდა… ქეთი.

თუმცა ასე გვიან არ მოდიოდა ხოლმე.

ჭუჭრუტანაში გაიხედა ლევანმა.

დერეფანში შუქი არ ენთო, ალბათ ისევ გაფუჭდა ამომრთველი, რომელიც მხოლოდ წინა კვირას შეაკეთეს. ერთადერთი სინათლის წყარო ტელეფონის ცივი ცისფერი სინათლე იყო, რომელიც ქვემოდან ეფინებოდა ქეთის მოღუშულ სახეს. ტელეფონს დაჰყურებდა ახალგაზრდა ქალი, მერე კი ისევ კარისაკენ მოატრიალა მზერა, ხელი ასწია დასაკაკუნებლად.

კარი სწრაფად გამოაღო ლევანმა.

ქეთის სახეზე დაფენილი ცისფერი სინათლე ბინის თბილმა ნარინჯისფერმა შუქმა შეცვალა, მისი მოღრუბლული გამომეტყველება კი ოდნავ ღიმილში დაიღვენთა.

მკერდში რაღაც მოეწურა ლევანს.

ლოყები და ცხვირი სიცივისაგან ოდნავ ასწითლებოდა ახალგაზრდა ქალს, გვერდზე მოქცეული გაბეწვილი ქუდის ქვეშიდან კი გრძელი, აწეწილი მუქი თმა გადმოჰფენოდა პალტოზე. ხელში პატარა ცელოფნის პარკი ეჭირა, რომელშიც რაღაც ნამცხვრის მსგავსი გორავდა.

მის გულისპირზე რამდენიმე მოწითალო, მუქი ლაქა შეამჩნია ლევანმა.

აშკარად ისევ ახველა სისხლი. ჩვეულებისამებრ.

-გაგაღვიძე? – ჰკითხა ქეთიმ, ცხვირი აჭმუხნა, ნარინჯისფერ შუქზე აციმციმებული თვალებით წარბშეკრული შეაცქერდა. შედარებით დასვენებული ჩანდა, მაგრამ ისევ ისე გაფითრებოდა სახე, როგორც ადრე, ტუჩები დახეთქოდა ყინვისაგან, სწრაფად მოილოკა. – ბოდიში, არ მინდოდა. ასე ადრე არ იძინებ ხოლმე.

-დღეს მძიმე დღე მქონდა. – თქვა ლევანმა, გვერდზე გაიწია. – შემოდი.

ქეთიმ წამსვე მკვირცხლად შემოაბიჯა, რეზინის ჩექმები იქვე მიაწყო, ქუდი, შარფი და პალტო კედელზე აჰკიდა, მერე კი პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა.

უკან მიჰყვა ლევანი, მძიმედ ჩამოჯდა სკამზე, სანამ ქეთიმ ჯამი გამოძებნა თაროდან და ცელოფნის პარკი შიგნით ჩააპირქვავა.

-კაკლის ნამცხვარია. – თქვა მან, მრგვალი ტკბილეულით სავსე ჯამი მაგიდაზე დადგა და პაწაწინა მაგიდას მეორე მხარეს მიუჯდა. ლევანს შეჰყურებდა, სახეს უთვალიერებდა. – რა მოხდა?

ნამცხვარი გასინჯა ლევანმა. ძალიან ტკბილი იყო.

-რა უნდა მომხდარიყო? – თქვა მან.

-მძიმე დღე მქონდაო. სახეზე გაწერია. ჰოდა რა მოხდა?

-სამსახურის ამბები.

ქეთიმ ისე აიღო ნამცხვარი, რომ მისთვის მზერა არ მოუცილებია. მისი ამოღამებული თვალები ბევრად უფრო ცოცხლად იყურებოდნენ, ვიდრე ადრე.

ალბათ იმის გამო იყო, რომ ამ ბოლო დროს ლევანთან ყოფნისას წესიერად ჭამდა და ეძინა.

მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა.

მის გულმკერდში ფესვგადგმულ დაავადებას არ ცვლიდა.

-უფრო მეტად იტვირთები? – ჰკითხა ქეთიმ, ინტერესით, ისევ შეწუხებული გამომეტყველებით შესცქეროდა.

არა, არა. ეს არ იყო სწორი. რატომ წუხდებოდა ქეთი, რატომ და როგორ წუხდებოდა ნებისმიერ სხვა რამეზე, როცა ასეთი გადაუჭრელი, სასიკვდილო პრობლემა ჰქონდა თვითონ?

-არაფერია. – თქვა ლევანმა. – უბრალოდ ბევრი საქმეა. როგორც ყოველთვის.

არ აპირებდა მისთვის მოეყოლა ის ყველაფერი, რაც სამსახურში ხდებოდა. არ სჭირდებოდა ქეთის ამის ცოდნა და ზედმეტი ნერვიულობა.

ქეთი ღია, დიდრონი თაფლისფერი თვალებით შესცქეროდა, თვალმოუშორებლად და ხედავდა ლევანი, რომ არაფერი იყო მის მზერაში გამომცდელი, ანდა დაჟინებული.

მხოლოდ და მხოლოდ უცნაური, უცხო, გაურკვეველი სევდის სუსხი.

აღარაფერი უთქვამს ქეთის საპასუხოდ, ალბათ მიხვდა რომ ლევანი არ აპირებდა ამ თემაზე ლაპარაკს.

-ჟურნალისტები მოვიდნენ. – თქვა ახალგაზრდა კაცმა.

ქეთის სახე გამოუცოცხლდა.

-ვიცი. – თქვა მან, მერე კი თავი ფანჯრებისკენ გაიქნია. – ახლაც ეზოში დგანან. ფუ, დარტყმულები. არ ეძინებათ?

-ახლაც? – წარბები აზიდა ლევანმა და თავი ენთუზიაზმით დაუქნია ქეთიმ. – და როგორ ამოაღწიე? ვერ დაგინახეს?

-ისევ გამიმართლა. – თქვა ახალგაზრდა ქალმა. – ეზოში რომ ამდენი მანქანაა, კი ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ შენ კორპუსთან მთელ სიგრძეზე მანქანები იყო ჩაყოლებული და მაგათ ამოვეფარე, მერე კი სადარბაზოში ისე შემოვძვერი, რომ ვერ შემამჩნიეს.

გაიღიმა, აშკარად თავისი თავით ძალიან კმაყოფილმა.

იმის მიუხედავად, რომ თავში თითქოს უროს ურტყამდნენ და სხეული საშინლად დამძიმებოდა, ოდნავი ღიმილი ვერ შეიკავა ლევანმა.

რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. საათი შეუჩერებლად ტიკტიკებდა, და სასტუმრო ოთახის ლამპის შუქი ავადმყოფურ, მოყვითალო ფერს სდებდა ქეთის გაცრეცილ პირისახეს.

ანაზდად შეეცვალა ახალგაზრდა ქალს გამომეტყველება. დასერიოზულდა.

-რაღაც უნდა გთხოვო, ლევან. – თქვა მან. – კიარადა… უნდა გითხრა.

სკამზე ოდნავ წამოიწია ლევანი. წარბები შეკრა, იგრძნო რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა ქეთის.

მხრები აეწურა ახალგაზრდა ქალს, თვალი მოარიდა. თითებს ჩასჩერებოდა, ფრჩხილით კანს იქლექდა ზედ.

-ეკა ექიმს ველაპარაკე. – ჩაიდუდღუნა მან. – იმაზე თუ რა იქნება… თუ რა დამემართება, თუ რა იქნება მერე. ბოლოს. ანუ… ჰანაჰაკის ბოლო სტადიაში.

ყბები მაგრად შეკრა ლევანმა. იდაყვებზე დაყრდნობილი მკლავები ერთიანად დაეჭიმა.

-ბოლო სტადიაში. – გაიმეორა გამშრალმა.

-ჰო. – თქვა ქეთიმ, ისევ თავის თითებს ჩაშტერებოდა. – მელაპარაკა… DNR ბრძანებაზე. ჰოსპისზე. კომფორტულად ყოფნაზე. მკითხა, თუ რა მინდა. მინდობილობაზეც. ანუ… ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, როცა მე აღარ შემეძლება. აი ვენტილატორზე თუ ვიქნები დამოკიდებული, კომაში და გადასაწყვეტი იქნება რა უნდა გაკეთდეს…

-ვიცი რასაც გულისხმობ. – გააწყვეტინა ლევანმა. გული გამალებით უცემდა. – რისი თქმა გინდა, პირდაპირ მითხარი.

ქეთიმ მზერა ასწია. პირი რამდენჯერმე გააღო და დახურა, ეტყობოდა რომ სიტყვებს ეძებდა.

-მინდა რომ შენ მიიღო ის გადაწყვეტილებები. – თქვა ბოლოს.

გაქვავდა ლევანი. მყისიერად ჩამოეცალა მის გონებას დაღლილობის, უძილობისა და სტრესის ბურანი. სკამის ზურგს მიეყუდა, გამტკნარებული, უსიტყვოდ შესცქეროდა ქეთის, მერე კი გაეცინა, მწარედ.

-მეხუმრები? – თქვა მან.

ქეთი მოიღუშა, ტუჩები გაბუსხა.

-არა. – თქვა მან.

-მე რატომ? შენი და?

-ჩემმა დამ არ იცის. – თქვა ქეთიმ. – შენ ექიმი ხარ. შენ გესმის, რა იქნება საჭირო და ლოგიკური და რა არა.

-ქეთი, შენი სურვილები შეგიძლია გააფორმო. – უთხრა ლევანმა. მკერდი აუტანლად ეწვოდა, სუნთქვა გაუჭირდა. გულისცემა უგუგუნებდა ყურებში. – და იმის მიხედვით მოიქცევა ყველა. რა გინდა შენ, კონკრეტულად?

-არ ვიცი რა მინდა. არ შემიძლია ეგეთი გადაწყვეტილების მიღება. – თქვა ქეთიმ. ტუჩები მოეკუმა, წარბები შეჰკვროდა, სახე, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო, უფრო მეტად გაუფითრდა. – მეშინია. არ მინდა ვიწვალო, არ მინდა უბრალოდ ვიარსებო. არ მინდა უაზროდ ვიწვე, ყველანაირ აპარატურაზე მიერთებული, კვირების მანძილზე და ველოდო იმას, რაც არ მოხდება. მაგრამ მეშინია. არ მინდა სიკვდილი. არ შემიძლია, გესმის? არ ვიცი სად გადის ზღვარი. ხან ერთს ვფიქრობ, რომ ყველაფერი ფუჭი და უაზროა უკვე და ამას უნდა შევეგუო, ანდა მაშინ როცა ნახევარი საათი გაუჩერებლად ვახველებ, უბრალოდ მინდა მოვკვდე და დავისვენო, მეორე წამს კიდევ პანიკა მეწყება, როცა იმ გარანტირებულ არარსებობაზე ვფიქრობ.

დიდრონი თვალები გაფართოებოდა ქეთის, სახეში შეჰყურებდა ლევანს, მაგრამ ხვდებოდა ახალგაზრდა კაცი, რომ მას საერთოდ ვეღარ ხედავდა, სადღაც, შორს გაშტერებოდა მზერა. ტუჩები აუთრთოლდა, ფრჩხილთან კანს ისეთი ძალით იფხაჭნიდა, რომ სისხლმა გამოჟონა.

ხელზე ხელი სტაცა ლევანმა, თითებზე მოაჭდო და თითქოს კოშმარიდან გამოაფხიზლესო, ადგილზე შეხტა ქეთი. გაქვავდა ერთიანად, მისი მზერა ამჯერად კვლავ ლევანის თვალებისკენ მიმართულიყო.

ხელი მაშინვე შეუშვა ლევანმა, ისევ უკან გადაიწია. თითები მოეკრუნჩხა, მუშტი შეკრა მაგრად.

-ასე მგონია რომ შენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, რაც არ უნდა მოხდეს. – განაგრძო ქეთიმ. – ლოგიკურს.

-შენი აზრით მე შენთან მიმართებაში ლოგიკურად ვიქცევი? – მისკენ წაიწია ანაზდად ლევანი, ხელი გაიქნია მათ შორის. გრძნობდა როგორ ჩამოერეცხა სახიდან სისხლი, მაგრამ შიგნით ერთიანად დუღდა, ვერ გაეგო თუ რატომ სურდა ქეთის ასეთი აბსურდული, გაუგებარი რამ და ვერც ვერასოდეს ჩასწვდებოდა ალბათ. მის მიერ მოყვანილი მიზეზები საკმარისი არ გახლდათ მისი საქციელისათვის. – ეს ყველაფერი ლოგიკურია?

ქეთის სახე შეეცვალა, სახის ნაკვთები ერთიანად შეუთრთოლდა თითქოს, ნიღაბი გადაეკრა ზედ.

-არ ვიცი. მგონი კი. – თქვა მან.

ლევანი უსიტყვოდ დასცქეროდა. გული გამალებით უცემდა, ნერწყვი ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში.

-ქეთი, გამიგონე, როცა გეუბნები, ეგეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე. – გაჭირვებით ამოთქვა მან ბოლოს. – არ შემიძლია. არ მაქვს უფლება, როცა შენი დედმამიშვილი არსებობს. ის ზრუნავს ყველაზე მეტად შენზე.

-მაგან არ იცის, რა მინდა.

-შენ თვითონაც რომ არ იცი? დაელაპარაკე და აუხსენი.

-ვერ გაიგებს, რაც არ უნდა ავუხსნა.

-მაშინ ჩამოწერე, რა გინდა, რა არ გინდა და ეკა მიქაბერიძეს მიეცი. ეგ ისეთია რომ არასოდეს გადავა პაციენტის სიტყვას.

-ეგრე გაფორმებული არ მინდა. ეგრე ძალიან ფინალური მგონია და მეშინია.

სახე მაგრად მოისრისა ლევანმა. არ იყო ასეთი საუბრისათვის მზად.

-ქეთი, არ მიცნობ. – თქვა ბოლოს.

ქეთი წამოწითლდა, ნიკაპი აუკანკალდა.

-როგორ არ გიცნობ, გიცნობ! – ხმას აუწია მან. მერე კი, ისევე ანაზდად, როგორც ამოხეთქა, მაშინვე ჩაჩუმდა, მხრები აიწურა, თითქოს ჩაიმალა საკუთარ თავში, ისევ იმ ნიღბის უკან.

ლევანს ყბა მოენგრა. მუშტს შლიდა და ისევ ჰკრავდა.

-რამდენიმე თვის ნაცნობობა არაფრად ითვლება, როცა ასეთ სერიოზულ თემაზეა საუბარი. – მოჭრა მან.

ქეთის თვალები დაუმრგვალდა. კუნთები შეუკრთა, თითები ლამის გადაიმტვრია. ეტყობოდა, რომ რაღაც გრძნობას ებრძოდა. ლევანს ისევ აეწვა საფეთქლები, ხელები გაუცივდა. რაღაც უსიამოვნოდ, მძიმედ აწვა გულზე.

-ისე ამ ლაპარაკს რა აზრი აქვს? – განაგრძო მან, როცა ქეთი კრინტსაც არ ძრავდა. – რაღაც უნდა გითხრაო. ანუ უკვე გააფორმე ჩემზე მინდობილობა?

ქეთიმ ისევ აარიდა მზერა, თავი დახარა. უხილავი მტვერი გადაფერთხა მაგიდიდან.

-მაპატიე, ლევან. – თქვა მან. – სხვანაირად ვერ გავაკეთე.

თვალები ასწია, უსიტყვოდ შეაცქერდა.

-მე შენ გენდობი. – თქვა ბოლოს. – რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, სწორი იქნება.

-და რომ არ იყოს?

-მაშინ ალბათ მე ვეღარც გავიგებ, რა იქნება. მაგრამ მჯერა რომ სწორი იქნება და ჩემთვის ეგაა ახლა მთავარი.

სკამში გადაწოლილიყო ლევანი, ერთიანად მოშვებოდა სხეული დაღლილობისაგან, მაგრამ შიგნეულზე ცეცხლი მოჰკიდებოდა თითქოს.

ათასი კითხვა ჰქონდა და ცდილობდა ქეთის სახეზე ეპოვა მათზე პასუხები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

რატომ აკეთებდა ქეთი ამ ყველაფერს?

არც გამოუვიდოდა ქეთის გაცრეცილ სახეზე პასუხების ამოკითხვა. არც ის იცოდა, მართლა სურდა თავის კითხვებზე პასუხის გაგება თუ არა.

-კარგი. – თქვა ბოლოს, კიდევ ერთი კაკლის ნამცხვარს სწვდა. – რაც არის, არის. მესმის.

ნამცხვარი შეჭამა, ტკბილეულმა გამომშრალი ყელი ერთიანად ჩაუფხაჭნა, ძლივს გადაყლაპა. ფეხზე წამოდგა, გრძნობდა, თუ როგორ აყოლებდა მის ნებისმიერ მოძრაობას თვალს ქეთი, მაგრამ არაფერი უთქვამს. წყალი დაისხა და ტკივილგამაყუჩებელი დალია, მერე კი ქეთის მოუბრუნდა, რომელიც ასცქეროდა, სკამზე აწურული, კალთაში ერთმანეთზე მაგრად გადაეჭდო ხელები.

-წავიდე? – ხმადაბლა იკითხა ახალგაზრდა ქალმა.

თითქოს ვერ ბედავდა კითხვას. თითქოს ეგონა რომ აღარ უნდოდა ლევანს მისი აქ ნახვა.

ამოიხვნეშა ახალგაზრდა კაცმა.

არადა სხვაგან ვერ წარმოედგინა ახლა ქეთი. სწორედ აქ წარმოედგინა, მის სამზარეულოში მორყეულ სკამზე მჯდარი.  

გული ყელში მოსწოლოდა, საფეთქლებში გრძნობდა აჩქარებულ პულსს.

-სად უნდა წახვიდე? ჟურნალისტებს გინდა ელაპარაკო? – თქვა მან.

ქეთი მთელი სხეულით მოეშვა. მზერა აარიდა.

-არ მინდა. – წაიბურტყუნა ბოლოს.

-მაშინ დაისვენე. მე გადავივლებ. შენ დაწექი თუ გინდა.

ქეთიმ თავი დაუქნია და აღარაფერი უთქვამს ლევანს, საძინებელს მიაშურა. პიჟამა და პირსახოცი გამოიღო კარადიდან, სააბაზანოში შეაბიჯა. შესვლისას პერიფერიული მზერით შეამჩნია რომ ქეთი ისევ იქ იჯდა, სკამზე, გაუნძრევლად.

ცხელი წყალი მალე თავდებოდა, ამიტომ სწრაფად დაიბანა ლევანმა. უცებ შეიმშრალა და ჩაიცვა, მერე კი, სანამ ნელ-ნელა იცრიცებოდა სააბაზანოში თბილი ორთქლისაგან დამდგარი ბურუსი, სარკე გადაწმინდა, რომ უკეთ დაენახა საკუთარი თავი.

მუქი თმა ყურებზე ჩამოზრდოდა, ყვრიმალებამდე ჩამოჰყროდა უკვე, კარგა ხანი გახლდათ, რაც აღარ შეეჭრა. თვალები ამოსიებოდა უძილობისაგან, ერთიანად ქანცგაწყვეტილი ჰქონდა სახე. დაღლილობა მხრების მოშვებულ ხაზშიც ეტყობოდა.

მაგრამ გასაგებიც იყო. კარგა ხანი ასეთი სტრესი არ ჰქონოდა.

ანდა არც არასოდეს ჰქონოდა.

სამსახურის პრობლემებს კიდევ გაუძლებდა. ხდებოდა ასეთი რაღაცები, სისულელეების გამო აითვალწუნებდნენ ახალ კადრებს და იმდენს იზამდნენ, რომ თანამშრომელი თვითონ წერდა გათავისუფლებაზე განცხადებას. რაკი მისი გაშვება მხოლოდ დროის  საკითხი იყო, რომ დაითხოვდნენ, ცოტას მოიცდიდა და რამეს მოიფიქრებდა, შეეცდებოდა სადმე ეშოვა სამსახური.

ჟურნალისტებსაც აიტანდა ალბათ. ცოტა უნდა მოეთმინა, და ისინიც დაწყნარდებოდნენ.

მაგრამ ქეთი.

ქეთი, ამ აურზაურის ეპიცენტრი, ალბათ ერთადერთი რამ იყო, რასაც ვერ გაუმკლავდებოდა.

ერთიანად აერია გონება ლევანს. თვითონაც ვერ გაეგო, რას ფიქრობდა, და რაზე.

სააბაზანოდან რომ გამოაბიჯა, ქეთის უკვე გაექრო ბინაში შუქი. ფარდების კიდესთან, პაწაწინა ჭრილიდან შემოჭრილიყო მოყვითალო სინათლე, მქრქალი შუქი ანათებდა ფანჯრის მომიჯნავე კედელს მხოლოდ და ისეთი კუნაპეტი ჩამოწოლილიყო, რომ ბუნდოვნად ხედავდა ლევანი საძინებელი ოთახის კარის დაღებულ ბნელ ხახას.

ფრთხილად გადაჭრა სასტუმრო ოთახი და ხელისცეცებით შევიდა საძინებელში. ქეთის, შეიძლება უკვე ეძინა, ამიტომ არ უნდოდა რამეს დაჯახებოდა და მისი ძილი დაეფრთხო.

ქეთი ლოგინის მარჯვენა მხარეს იწვა ხოლმე, უყვარდა ფანჯრისაკენ ზურგის მიქცევა.

საწოლს მარცხენა მხრიდან ნელა შემოუარა ლევანმა, საბანი ფრთხილად ასწია და შიგნით შეგორდა. ზურგზე დაწვა, საბანი გულზე გადაიფარა.

ცოტა ხანი აჰყურებდა ჭერს, ანდა, იქ იყურებოდა სადაც ჭერი უნდა ყოფილიყო, უსასრულო სიბნელეში. მხოლოდ  საკუთარი გულისცემა ესმოდა.

ცოტა ხანში დამშვიდდა. ცხელმა შხაპმა და ტკივილგამაყუჩებელმა იმოქმედეს, თავის ტკივილი ჩაუყუჩდა. თვალები ეხუჭებოდა, გულისცემა შეუნელდა.

და ქეთის მხრიდან სუნთქვა მოესმა.

არ ეძინა ჯერ.

სუნთქვაზე შეატყო ლევანმა.

-გღვიძავს? – დაიჩურჩულა მაინც.

წამიერად შეყოვნდა ქეთის სუნთქვა, მერე კი საბნის შრიალი მოესმა ლევანს და ლეიბი ოდნავ დაიწია მასთან ახლოს. ალბათ ახალგაზრდა ქალი მისკენ გადმობრუნდა.

-კი. – ჩურჩულითვე უპასუხა ქეთიმ.

სიჩუმე ჩამოვარდა. რატომღაც მოეჩვენა ლევანს, რომ ქეთის მხრიდან სიცივე მოდიოდა და გააჟრჟოლა ოდნავ.

-ის გადაცემა ვნახე დღეს. – თქვა უცებ ქეთიმ. ისე ჩუმად და ფრთხილად ლაპარაკობდა, თითქოს არ უნდოდა ეთქვა ის, რასაც ამბობდა. – „ახალ ხედვაში“.

-მეც ვნახე.

-დეგენერატები არიან. ოღონდ რეიტინგული გამოუვიდეთ და ყველაფერს იტყვიან.

-ეგრეა, კი.

-მაგიტომ გქონდა მძიმე დღე? გაიგეს საავადმყოფოში ხომ?

ლევანმა მკერდზე გადაიჭდო ხელები, ღრმად ამოიხვნეშა.

-გაიგეს. მაინც გაიგებდნენ, ადრე თუ გვიან. არაუშავს.

-როგორ თუ არაუშავს. – თქვა ქეთიმ, ხმაში დაეტყო გაწიწმატება. – ეგენიც დეგენერატები არიან. დაიჯერეს სისულელეები.

-ხალხს რასაც ეუბნებიან, იმის სჯერათ. გასაგებიცაა, როცა სხვა არაფერი იცი.

-ანდა არ გინდა იცოდე. შეუძლიათ გაიგონ, მაგრამ არ უნდათ.

ლევანს არაფერი უპასუხია.

-სულ ჩემი ბრალია. – თქვა უცებ ქეთიმ. – მაპატიე. არ მინდოდა ასე გამოსულიყო.

-კარგი რა, ქეთი. არაა შენი ბრალი. – უთხრა ლევანმა.

-მე რომ არა, არაფერი მოხდებოდა.

-ალბათ არა. – თქვა ლევანმა. – მაგრამ მაინც არაა შენი ბრალი.

ქეთი ჩაჩუმდა და მისკენ გადაატრიალა თავი ლევანმა. კუნაპეტში ვერაფერს ხედავდა, მაგრამ გრძნობდა დაახლოებით, თუ სად უნდა ყოფილიყო ის. წარმოიდგინა, რომ სიბნელეში ხელს გაიწვდიდა და შეხებით დაინახავდა ქეთის სახეს.

ისევ აშრიალდა საბანი. ქეთიმ ალბათ პირი იბრუნა.

-ძილი ნებისა, ლევან. – თქვა მან, ჩურჩულით.

-ძილი ნებისა. – უთხრა ლევანმა, თვითონაც გადაბრუნდა.

გასავათებულს მალევე ჩაეძინა.

არაფერი დასიზმრებია ლევანს. რაღაც გაურკვეველ, უმასო თეთრ ბურანში ცურავდა მისი გონება. ერთიანად მოშვებულიყო, ძილით იკვებებოდა არაქათგამოცლილი სხეული.

მაგრამ დიდხანს ძილი არ ეწერა.

ანაზდად გამოეღვიძა.

თვალწინ კვლავ კუნაპეტი სიბნელე იდგა და წამიერად ვერც მიხვდა, თუ რამ გააღვიძა, ასეთი გადაღლილი.

მერე კი გაიგონა.

დაგუდული, შორიდან მომავალი, მაგრამ მაინც აშკარა ხველის ხმა.

ინსტინქტურად წამოიწია ლევანი. თავბრუ დაეხვა სწრაფი წამოდგომისაგან, კედელს უნდა მიყრდნობოდა წამიერად, მაგრამ მაინც აჩქარებული ნაბიჯით გაალაჯა სასტუმრო ოთახში.

ნარინჯისფერ, წვრილ ზოლებად იდგა მიხურული სააბაზანოს კარის ღრიჭოებიდან გამომავალი შუქი და მისკენ გაემართა ლევანი. ძილ-ბურანი მომენტალურად გაუქრა, გონება, ორიოდე წამის წინ რომ უმასო თეთრ ბურანში დაცურავდა, დაეწმინდა.

კარი გამოგლიჯა.

კედლის სანათიდან მომავალმა მჭახე სინათლემ მოსჭრა წამიერად თვალი.

სააბაზანოს იატაკის დაბზარულ თეთრ ფილებზე ლურჯი ვარდების დაჭმუჭნული ფურცლები და რამდენიმე კოკორი ეგდო. იქვე მოშხეფილიყო სისხლის წვეთები, ერთგან ალისფერი, მოგრძო ლაქა ეცხო, თითქოს ვიღაცას ფეხი გაუსრიალდაო სისხლში.

ქეთი გადახრილიყო უნიტაზთან, და ისეთი ძალით ახველებდა, რომ წამიერად გონებაში გაუელვა ლევანს, ახლა ნეკნები ჩაუტყდებაო. სახეზე ჩამოშლოდა აწეწილი თმა, იატაკზე დაყრდნობილი გასისხლიანებული ხელები ისე ძლიერად შეჰკვროდა მუშტებად, რომ სახსრები ერთიანად გადათეთრებოდა. მისი სახელოები, ბარძაყებთან შარვალი და ცალი ტერფი სისხლში მოსვრილიყვნენ.

ორ ნაბიჯში მასთან გაჩნდა ლევანი, მის გვერდით დაიჩოქა და შუბლზე აუცურა ხელი, თმა უკან გადაუწია. რამდენიმე გაწეწილი კულულის ბოლოზეც მოსცხებოდა სისხლი.

ქეთის ერთიანად ალეწოდა ხველისაგან სახე, სახეზე ცრემლების მოპრიალე კვალი აჩნდა, თვალები ჩასისხლიანებოდა. ეტყობოდა, რომ გულიც ერეოდა, წამდაუწუმ ღებინებისაგან თრთოდა და იხლართებოდა მისი სხეული, მაგრამ არაფერი ამოსდიოდა ზემოთ ვარდებისა და სისხლის გარდა.

უნიტაზში გადაფურჩქნული ყვავილები და კოკრები ცურავდნენ.

თავზარდაცემული ჩაჰყურებდა ლევანი სისხლის რაოდენობას, რომელსაც ერთიანად მოეთხვარა თეთრი ფაიფური, ალისფერი წვეთები ქვემოთ მიგორავდნენ და გადაწითლებულ წყალს უერთდებოდნენ.

ამდენი სისხლი ერთად არასოდეს ამოეხველებინა ქეთის.

ანდა ლევანს არ ენახა.

უეცრად ახროტინდა ქეთი. ერთიანად დაეძაბა სხეული, ოდნავ წამოიწია, წელში გასწორდა. სახე კიდევ უფრო წამოუწითლდა, ჩასისხლიანებული თვალები გადმოეკარკლა, გაფითრებული, ათრთოლებული ხელი ყელთან მიიტანა, მოიფხაჭნა კანი.

გაოგნებული შესცქეროდა ლევანი.

-ქეთი! – დაუყვირა მან, უფრო ახლოს მიიწია მასთან, შეანჯღრია, მერე კი ბეჭებშუა დაჰკრა ხელი.  – ქეთი, დაახველე!

ქეთი ისევ ხროტინებდა. ტუჩები გაულურჯდა.

კიდევ რამდენჯერმე დაჰკრა ლევანმა ბეჭებშუა ხელი, ისე ძლიერად, რომ ქეთის წინ გადაუვარდა სხეული.

მერე კი ერთი ძლიერი დახველებით მოზრდილი, სისხლში მოსვრილი, დაჭმუჭნილი ლურჯი ვარდი ამოიღო, რომელიც ჩუმი ბათქით დაეცა იატაკზე. სისხლის შხეფებმა აქეთ-იქით მოწუწეს თეთრი ფილები.

ქეთიმ ხმამაღლა, მძლავრად შეისუნთქა ჰაერი, მის ყოველ გატოკებას სასოწარკვეთა ეწერა ზედ, ერთიანად აცახცახებულიყო.

მერე კი, თითქოს მარიონეტს ძაფები გადაუჭრესო, ერთიანად მოემჩვარა სხეული და ალბათ იქვე, ცივ ფილებზე დაეხეთქებოდა, ლევანს რომ არ დაეჭირა.

ახლოს მიიკრა ქეთი ახალგაზრდა კაცმა, გაფაციცებით დაჰყურებდა მის სახეს. მკლავი მაგრად მოხვია წელზე და წამოსვა, ყელზე მფეთქავი საძილე არტერია მოუსინჯა, რომ პულსი შეემოწმებინა. თვალები ღია ჰქონდა ქეთის, თუმცა მიელულა, რაღაცას გაჰყურებდა, შორს, უფოკუსოდ. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა, ქვედა ტუჩზე, ნიკაპსა და ლოყაზე სისხლი ეცხო.

მისი თავი მხარზე მიიყუდა ლევანმა. ფეხებგადაშლილი იჯდა ცივ, მაგარ ფილებზე, მკერდზე აეკრო ქეთის ერთიანად მოშვებული სხეული.

ყურისწამღები სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, რომელსაც მხოლოდ ქეთის ქშინვა, ლევანის აჩქარებული სუნთქვა და ზემოდან მომავალი ნეონის სანათის ზუზუნი არღვევდა.

ოდნავ აიწია ლევანი, ნიჟარის გვერდით, კედელზე მიმაგრებული საკიდიდან პირსახოცი ჩამოგლიჯა.

-ვსო, მორჩა. – ჩაილაპარაკა მან, ქეთის სახიდან ფრთხილად მოსწმინდა სისხლი და ცრემლები. გულისცემა ყურებში უგუგუნებდა, გრძნობდა თუ როგორ მოსწოლოდა სხეულზე ცივი ოფლი. – ჩაიარა. გათავდა.

ქეთი კანკალებდა. ორიოდე წუთის წინ წამოწითლებული სახე გაუფითრდა, ოდნავ დაეწმინდა მზერა.

პირი იბრუნა პირსახოცისაგან, რომლითაც ლევანი მისი ლოყიდან ცდილობდა სისხლის მოშორებას და ახალგაზრდა კაცის მხარში ჩარგო სახე.

-არ გათავდა. – ამოიხრიალა მან. ყელი აშკარად ერთიანად ჩახეოდა ხველისაგან. – აღარ მორჩა. ნეტავ მორჩეს.

შეტოკდა ლევანი, გული თითქოს მუცლის ძირში ჩაუვარდა, გამშრალს. ქეთის თავზე გადაუსვა ხელი, მაგრად იკრავდა და კედელზე დახეთქილ ფილებს შეჰყურებდა, გაშტერებული, არც კი იცოდა რა ეთქვა.

ალბათ იმიტომ რომ არც არაფერი იყო აქ სათქმელი.

მერე კი ტირილი აუვარდა ქეთის.

ხმამაღალი, გულამომჯდარი, ისტერიული ტირილი. ისეთი სასოწარკვეთილი ტირილი, რომ ძვლებშიც კი ატანდა.

იჯდა ლევანის ფეხებს შორის, ხელები უმოძრაოდ ეყარა საკუთარ კალთაში, ნიკაპი ახალგაზრდა კაცის მხარზე გადაედო და გულამოსკვნილი ტიროდა.

ყბები ისეთი ძალით შეკრა ლევანმა, რომ კბილებმა გაიღრჭიალეს. მაგრად მოხვია ქეთის ორივე მკლავი, მკერდზე მიიკრა, თმასა და ზურგზე უსვამდა თბილ ხელს, ოდნავ დაირწა ადგილზე. კრიჭა შეჰკვროდა, იცოდა, რომ ვერც ერთი სიტყვა ვერ ანუგეშებდა ახლა ქეთის.

და ვერ იტანდა ამას.

იგრძნო, როგორ გაულუმპეს ახალგაზრდა ქალის ცრემლებმა მაისური მხარზე.

ძლივს დამშვიდდა ქეთი. გასავათებულმა თავი მოატრიალა და მკერდზე დაადო ლევანს, ცივი შუბლი ყელზე მიაყრდნო. სრუტუნებდა, რამდენჯერმე მსუბუქად წამოახველა. კიდურები ერთიანად გაჰყინვოდა, როცა მკლავზე ხელი დაუსვა ლევანმა.

იატაკიდან მომავალი სიცივე ძვლებში უჯდებოდა უკვე ახალგაზრდა კაცს.

ქეთის მუხლებქვეშ შეუცურა მარჯვენა ხელი, მარცხენა მაგრად მოხვია ზურგზე და კალთაში აათრია, მერე კი ქშენით წამოიწია ფეხზე. ქეთი არც კი გაინძრა, ისევ ყელზე მოეყრდნო მისთვის შუბლი, ხელები მის სხეულსა და ლევანის მკერდს შორის მიჭყუნულიყვნენ.

ბევრად უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე ლევანს ახსოვდა.

სააბაზანოს კარი ფეხით ბოლომდე გააღო ლევანმა, კედლის სანათის თეთრი სინათლე მკრთალად მოჰფენოდა სასტუმრო ოთახსა და საძინებლის კარს, როცა შიგნით შეაბიჯა. საძინებელში შუქი ჩართო ამომრთველზე იდაყვის მიჭერით, მერე კი საწოლზე ჩამოსვა ქეთი, ზურგსუკან ბალიში ამოუდო.

საბანი გადაიფარა ქეთიმ. იჯდა, გასისხლიანებულ ხელებს ჩაჰყურებდა და მძიმედ ყლაპავდა ნერწყვს. ლოყაზე შეხმობოდა ალისფერი სისხლი. თვალები ტირილისა და ხველებისაგან ჩასისხლიანებოდა, ქუთუთოები შეშუპებოდა. თვალების შეშუპება კიდევ უფრო აშკარას ხდიდა მის სახეზე გამოჩრილ ყვრიმალებსა და ყბის ძვლებს.

შეჰყურებდა ლევანი და გულის ნაცვლად თითქოს ლოდი ჩაედოთ მისთვის მკერდში.

სამზარეულოში გავიდა, სუფთა ტილო დაასველა თბილი წყლით, ნელთბილი წყალი ჩამოსხა ჭიქაში, მერე კი თაროებიდან თაფლის ნაკლული ქილა გამოძებნა თავისივე კოვზით.

წამიერად კედლის საათს გახედა.

05:49.

თენდებოდა.

საძინებელში რომ დაბრუნდა ჩქარი ნაბიჯით, ქეთი არც კი განძრეულიყო. იჯდა, ლოგინის თავზე მიყუდებული და სადღაც იყურებოდა ამღვრეული მზერით.

-დალიე. – უთხრა ლევანმა, ხელში შეაჩეჩა ჭიქა, მერე კი, როცა ქეთიმ ნახევარი ჭიქა მოათავა და უკან დაუბრუნა, თაფლის ქილა მიაწოდა. – რამდენიმე კოვზი შეჭამე, ყელზე მოგიხდება.

ქეთიმ მორჩილად შეჭამა ორი კოვზი თაფლი და ლოგინისპირა ტუმბოზე გადადო ქილა.

იქვე მიდგა წყლის ჭიქა ლევანმა და ქეთის ხელებს სწვდა, ფრთხილად დაუწყო სისხლშემშრალი თითების სველი ტილოთი მოწმენდა.

ხელებიც ისეთივე ფერმკრთალი ჰქონდა ქეთის, როგორც სახე. გამხდარ მაჯაზე სიფრიფანა, გამჭირვალე კანქვეშ თითოეული ლურჯი ვენა მკაფიოდ მოუჩანდა. ფრჩხილები მყიფე ჰქონდა, მტვრევადი, ფრჩხილის საწოლი გაცრეცოდა.

მის გაფითრებულ სახეს ახედა ლევანმა.

ქეთი მას შესცქეროდა, უსიტყვოდ.

-საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო, ქეთი. – უთხრა ლევანმა. – ახლავე.

სახის ნაკვთები შეუთრთოლდა ქეთის. თვალები გაუქვავდა.

-არა. – თქვა მან.

-რამდენი სისხლი იყო იქ, დაინახე? არ ვიცი ჰემოგლობინი რამდენი გქონდა, მაგრამ ახლა უფრო დაბალი გექნება. გადასხმა გჭირდება. თუ საკმარის სისხლს დაკარგავ, შეიძლება გული გაგიჩერდეს. ვერ სუნთქავდი, ქეთი!

-არა. – გაიმეორა ქეთიმ, ლევანს ხელები და ტილო გამოსტაცა, თვითონ დაიწყო თითების წმენდა.

მთელი სხეულით დაძაბულიყო ლევანი, დაჟინებით შეჰყურებდა, მისი მზერის დაჭერას ცდილობდა.

-ახლა არაა ჯიუტობის დრო. – თქვა მან. – ხომ მითხარი, შენ გადაწყვეტილებებს ვენდობიო?

-მაშინ, როცა აღარ შემეძლება, რომ მე თვითონ გადავწყვიტო. – თქვა ქეთიმ, მერე კი ლოყაზე მოისვა ტილო სისხლის მოსაწმენდად, ალბათ იგრძნო, თუ როგორ შეახმა.

-ქეთი, საკმარისია.

-არ მინდა. არ წამოვალ.

-უცებ მივალთ. ანალიზებს მაინც გაგიკეთებენ. იქნებ ვცდები და არ გჭირდება.

-არ მინდა.

-რატომ ჯიუტობ?

-არ ვჯიუტობ. შენ ჩამაცივდი.

-იმიტომ ჩაგაცივდი, რომ არსად მიდის ეს ჰანაჰაკი, ამის დედაც ვატირე. – მოუჭრა ლევანმა, მერე კი განერვიულებულმა თმაში გადაისვა ხელი.

ქეთიმ მზერა ასწია, თვალი გაუსწორა. თითქოს ხველასა და ტირილს ამოაყოლა ყველა ემოცია, ახლა სახეზე სიცარიელისა და დაღლილობის მეტი არაფერი ეწერა.

-ძალითაც რომ წამიყვანო, იქ რომ მივალთ მაინც ყველაფერზე უარს ვიტყვი. – თქვა მან.

გაშრა ლევანი, უკან გადაიწია.

სიჩუმე ჩამოვარდა. ქეთიმ მზერა აარიდა, ტილო დაკეცა და ტუმბოზე გადადო.

-რას აკეთებ, ქეთი? – ჰკითხა ლევანმა. გული სწრაფად უცემდა, ხელები გაუცივდა. თითქოს მკერდიდან ამოხეთქეს სიტყვებმა.

ქეთი საკუთარ თითებს ჩაშტერებოდა ისევ.

-რას უნდა ვაკეთებდე? – ჩაილაპარაკა მან.

-აი, აქ რას აკეთებ? ჩემგან რა გინდა?

-უკვე გითხარი, რაც მინდა.

-ჰო, მინდობილობა. მარტო მაგიტომ ხარ აქ?

ქეთიმ მხრები აიჩეჩა, წამიერად შეავლო მზერა, მერე კი ისევ აარიდა.

-კარგია აქ. – თქვა ბოლოს.

ტუჩები მაგრად მოკუმა ლევანმა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სიტყვაძუნწ პაციენტს ჰგლეჯდა პირიდან პასუხებს.

-ჰო, მაგრამ მე ვერაფრით გეხმარები. – უთხრა მან. – რა გგონია, იოლია ჩემთვის რომ ვიჯდე, გიყურებდე და ვერაფერს ვაკეთებდე? ვერაფერი გავიგე. გინდა შენ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მე მივიღო, ასეთ ელემენტარულ რამეებზე კი უარს მეუბნები.

-ლევან…

-ვერაფერს ვაკეთებ, ქეთი, და არ მსიამოვნებს ეს. – გააწყვეტინა ლევანმა. ტუჩები მოილოკა, ეცადა სული მოეთქვა, მერე კი ისევ გამომცდელად ჩააშტერდა ქეთის თვალებში. – და იმან… ვის გამოც ჰანაჰაკი დაგემართა. იცის?

ქეთი მოიღუშა. თვალები გაუცივდა.

-არა. – მოკლედ მოჭრა მან. – და ვერც გაიგებს.

-რატომ? იქნებ…

-იმიტომ რომ თუ რამეს ვეტყვი და მისგან იმწამსვე „მიყვარხარ“-ს ვერ მივიღებ, შეიძლება ადგილზევე ამომხდეს სული! – ანაზდად შეუყვირა ქეთიმ. წამოიწია, აფორაჯებული, სახის ნაკვთები ერთიანად დასჭიმვოდა, გაფართოებულ თვალებში ცეცხლი ენთო. – სტატიები, რაც ეკა ექიმმა მომცა, წავიკითხე და ყველგან ერთნაირად წერია: მწვავე, ფატალური სუნთქვის უკმარისობა. არაფერს ვეუბნები, იმიტომ რომ დანამდვილებით ვიცი, ჩემ გრძნობებს არ იზიარებს და მორჩა. არ ვეტყვი. არ მინდა. ვერ დამეხმარება.

ლევანი უსიტყვოდ შესცქეროდა. ქეთიმ კანკალით ამოიხვნეშა, ბალიშს მიეყუდა და თავი უკან გადააგდო, ჭერს მიაშტერდა.

-მე ვცდილობ დაგეხმარო. – თქვა ლევანმა. – და არამარტო მე.

ქეთიმ ოდნავ გაიღიმა. თვალები ისე დახარა, თავი არ დაუწევია. გამხდარ ყელში ხორხის თითოეული პაწაწინა ნაწილი მოუჩანდა.

-შენ უკვე დამეხმარე. – თქვა ბოლოს.

-საკმარისად ვერა. – თქვა ლევანმა. – ქეთი…

-მადლობა. – გააწყვეტინა ქეთიმ. – მართლა ძალიან მადლობელი ვარ. ყველაფრისათვის.

მერე თავი დახარა, ლოგინში ჩაცურდა, ბალიში ამოიდო თავქვეშ. შესიებული, ჩასისხლიანებული თვალებით შესცქეროდა ლევანს.

ლევანი გაუნძრევლად იჯდა, ლოგინს მილურსმულიყო. ერთმანეთს შეჰყურებდნენ, და ჭერიდან მომავალ, მბჟუტავი ნათურის ყვითელ შუქს ცრეცდა ფარდების ჭრილიდან შემომავალი, გარიჟრაჟის მოიისფრო შუქი.

-უკეთ ვარ. მართლა. – აუტანელი სიჩუმე დაარღვია ქეთიმ ბოლოს. – დღეს ექიმთან უნდა მივიდე ისედაც.

-მე გაგიყვან. – უთხრა ლევანმა, მაგრამ თავი გააქნია ქეთიმ.

-არა, გვიან მაქვს. – თქვა მან. – იქამდე ვიძინებ ცოტას.

-ტაქსით გადი. – უთხრა ლევანმა.

-კარგი, გავალ.

-და უთხარი ანალიზები გაგიკეთონ.

-ვეტყვი.

ლევანი ცოტა ხანი უსიტყვოდ შესცქეროდა. თვალები ებლიტებოდა ქეთის. ეტყობოდა, რომ მომხდარმა მთლად გამოაცალა არაქათი.

-დაიძინე. – უთხრა ლევანმა, ფეხზე წამოდგა და შუქი გამორთო.

სიბნელე ჩამოწვა, რომელსაც ფარდებიდან შემოჭრილი მკრთალი იისფერი შუქი და ლევანის უკნიდან, სააბაზანოდან მომავალი თეთრი სინათლე დაჰფენოდა.

-შენ არ დაწვები? – იდაყვზე ოდნავ წამოიწია ქეთი. თვალები მოიისფრო შუქზე უპრიალებდა.

-არა. ახლა აღარ დამეძინება. – უთხრა ლევანმა. – სამსახურში წავალ. ასე ოთხისთვის უნდა მოვიდე.

ქეთიმ თავი დაუქნია, მერე კი ისევ მიწვა, თვალები დახუჭა, საბანი ჩაიხვია ნიკაპის ქვეშ.

ტანსაცმელი გამოიღო კარადიდან ლევანმა და ჩუმად გამოიხურა კარი.

-*-*-*-*-*-*-*-

-18.02.2025 –

16:30.

მოღრუბლულიყო.

ზამთრის ცის თეთრი საფარველი ადრეული გაზაფხულის რუხ ღრუბლებს შეეცვალათ. თოვლი თითქმის მთლიანად დამდნარიყო, მხოლოდ ალაგ-ალაგ იდო ლილოჭრელი, რომელსაც მალ-მალე რეცხავდა გაზაფხულის წვიმა.

წინა კვირაში უკვე სამჯერ მოვიდა წვიმა, ქუჩებში ნიაღვარი დიოდა. ცაზე დაგორგლილი მუქი ღრუბლები კვლავ თქეშს მოასწავებდნენ.

ქარმა დაუბერა. სავენტილაციო მილებში გამაყრუებლად სტვენდა.

ფანჯარაში მუქი ნაცრისფერი ღრუბლები, ქარის მიერ დაზნექილი, გაშიშვლებულ ხეთა კენწეროები და შორს, შორს, ისე რომ თვალი ვერ სწვდებოდა, ნისლსა და მოღწეული საღამოს ბინდში გახვეული მთაწითელა მოჩანდა, რომლის წვერიც თეთრად გაანათა ღრუბლებში დაკლაკნილმა ელვამ.

დაიგრგვინა გარეთ, ისე ძლიერად, რომ შენობაშიც კი გაიგონა ლევანმა.

კოკისპირული წვიმა წამოვიდა.  

თვალი აარიდა ახალგაზრდა კაცმა ფანჯარას.

დირექტორის კაბინეტის გარეთ იჯდა, დერეფანში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევანის სადარბაზოში გადაღებული ფოტოები ელვის სისწრაფით გავრცელდა, მისი სახე ყველგან გამოფინეს, სადაც შესაძლებელი იყო. მასმედია შეუპოვრად ლანძღავდა, ჟურნალისტთა შტურმის დროს ლევანის დუმილს დანაშაულის ფუჭ უარყოფასა და თავგასულობას მიაწერდნენ. ამ საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვდნენ. ითხოვდნენ გამოერკვიათ, თუ რა დააშავა ლევან მოსიძემ კონკრეტულად ჰანაჰაკიან პაციენტთან მიმართებაში და იმასაც, რომ სათანადოდ დასჯილიყო.

კიდევ ორჯერ გამოიჭირეს სადარბაზოში ლევანი. კვლავ მოუწია მათი წინაღობის გარღვევა ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ თავისი მანქანისათვის მიეღწია. მაშინაც წინ გადაუდგნენ, ფანჯარაში ცდილობდნენ კამერების შემოტენას, ღრიალებდნენ და კარგა ხნის მერე მოიფიქრეს გვერდზე გაწევა, სანამ ლევანი ოლიმპიური მოთმინებით ელოდა.

უკვე მეორედ გამოიძახა ცოტნე აფციაურმა ამ კვირაში. ზედიზედ. უყვირა, გამოლანძღა. ეუბნებოდა, სამსახურიდან წადიო. კიდევ იმას მოითხოვდა, რომ საჯაროდ გამოსულიყო ლევანი განცხადების დაწერის შემდეგ, ყველაფერი ეღიარებინა, ეთქვა რომ თვითონ უდგებოდა ფილტვების ტრანსპლანტაციას წინ და რომ ახლა უკვე გვიანი იყო, რომ ნამდვილად ბოროტად ისარგებლა ქეთი ღვინიაშვილის მდგომარეობით, რომ მხოლოდ თვითონ იყო ყველაფერში დამნაშავე და ბოდიში მოეხადა.

ეტყობა არ უნდოდა დირექტურას ამ ამბით ხელები უარესად დაებინძურებინა და ლევანის გამოყენება სურდათ სარჩელის თავიდან ასაცილებლად. ბევრად უფრო იოლი იყო მათთვის, რომ ლევანს თვითონ დაეწერა განცხადება, წასულიყო, თან მასზე ხელები შეეხოცათ. მერე იტყოდნენ, აი ხედავთ, ყველაფერი მისი ბრალი იყო და თანაც ჩვენთან აღარ მუშაობს, ამიტომ ეგ ჩვენი პრობლემა აღარ არისო.

განყოფილების გამგე, ბატონი გურამი აღარ ერეოდა. ლევანს თვალს არიდებდა. ეტყობოდა რომ მანაც დაიჯერა ყველაფრის, რასაც ამბობდნენ.

ერთსა და იმავე პასუხს სცემდა ცოტნე აფციაურს ლევანი. რომ არანაირი განცხადების გაკეთებას არ აპირებდა და გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, რაზეც დირექტორს სისხლი ასხამდა სახეში და უფრო ხმამაღლა იწყებდა ყვირილს.

უკვე სხვა ვაკანსიების დათვალიერება დაიწყო ლევანმა.

თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ იყო ის, რაშიც საკუთარი დროის უმრავლესობას ხარჯავდა.

ქეთი.

ქეთი იმ დღეს, როცა საქმეს მორჩა და სახლში მიბრუნდა, აღარ დაუხვდა. მისი იქ ყოფნის საბუთი მხოლოდ სამზარეულოს მაგიდაზე, ჯამში მყოფი რამდენიმე კაკლის ნამცხვარი იყო. სააბაზანო იმ დილით აეწმინდა ლევანს.

ჯერ იფიქრა ახალგაზრდა კაცმა, ალბათ თავის დასთან წავიდაო. საღამოს მესიჯი მისწერა. ჰკითხა, თუ როგორ იყო, როგორ ჩაიარა ვიზიტმა ექიმთან.

ქეთიმ პასუხი არ გასცა. იმ დღეს არ გამოჩენილა.

მერე კი არც მეორე დღეს. არც მესამეს. კვირაზე მეტი ისე გავიდა რომ უკან აღარ დაბრუნებულა.

მეორე დღეს დაურეკა ლევანმა.

„აბონენტი დროებით მიუწვდომელია.“

მესიჯებიც აღარ იგზავნებოდა მასთან.

ეკა მიქაბერიძეს დაადგა თავზე იმ დღესვე ლევანი. ეკა ისეთი ნერვებმოშლილი ჩანდა, როგორც არასდროს, კარგა ხანი უყურა ამრეზით, სარკასტულად პასუხობდა მის კითხვებს. საბოლოოდ ამოღერღა, რომ ქეთის ვიზიტი ერთი კვირის წინ უნდა ჰქონოდა, სადაც არ გამოჩნდა. ეკა ყოველდღე ურეკავდა, მაგრამ უშედეგოდ.

ქეთიმ იცრუა. მისი მიზანი ლევანის დაჟინებული თხოვნის, რომ საავადმყოფოში წასულიყო, თავიდან აცილება იყო.

„აბონენტი დროებით მიუწვდომელია“.

ის ღამე არ ეძინა ლევანს, გამალებით ელოდა, სანამ ჟურნალისტები გაიკრიფებოდნენ. არ სურდა, რომ ხელახლა გამოეჭირათ, ამჯერად ფოტოგრაფიული სამხილებით, რომ ქეთის კორპუსში იმყოფებოდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა ეს. ღამის ორ საათზე, როცა ყველაფერი მიჩუმდა და ცნობისმოყვარე მეზობლებიც აივნებიდან გაიკრიფნენ, ელვის სისწრაფით გადაირბინა ეზო და ქეთის დის ბინამდე ავარდა.

კარგა ხანი უკაკუნა, სანამ ქეთის და კარს გაუღებდა.

მაშინვე იცნო ქალმა. არაფრის თქმა არ აცადა, გვარიანად გამოლანძღა. უთხრა, რომ ქეთი იქ არ იყო და რომ წათრეულიყო იქედან. გამძვინვარებული არაპროფესიონალიზმსა და ჯალათ ექიმებზე გაჰყვიროდა.

სწრაფად დატოვა იქაურობა ლევანმა, როცა მიხვდა რომ ქეთი იქ არ იყო და მისმა დამ არც იცოდა მისი ადგილსამყოფელი.

„აბონენტი დროებით მიუწვდომელია.“

სამსახურს რომ მორჩებოდა, მაშინვე სახლში გარბოდა. ფანჯარასთან იდგა და გამალებით ათვალიერებდა ეზოსა და გოგიჩიძის ქუჩის დაღმართს, თუმცა ქეთი არ ჩანდა.

სამსახურში, ემერჯენსში რომ გამოიძახებდნენ, გამალებით ათვალიერებდა განყოფილების თითოეულ საწოლს, იქნებ ქეთი მოიყვანესო აქ. სამსახურიდან ფეხით მიდიოდა სახლში და ქუჩებში აშტერდებოდა ყველა გამვლელს.

ბევრმა აშკარად იცნო, თვალი გამოაყოლეს. ერთი-ორმა მოაგინა კიდეც.

მეოთხე დღეს მასმედიაში ხანძარივით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ქუჩაში დაეფიქსირებინათ ქეთი. ახალგაზრდა ქალის ფერმკრთალი, თვალებჩაცვენილი სახე კიდევ უფრო გამხდარი და გაცრეცილი ჩანდა კამერათა მჭახე შუქში, რომელიც მას გარშემო შემოხვეოდა. გაოგნებული, წარბშეკრული აცეცებდა თვალებს, აშკარად გასაქცევს ეძებდა.

კითხვებს ისე გაჰკიოდნენ, რომ ძნელი იყო სიტყვების გარჩევა.

-ქალბატონო ქეთი, როგორია ჰანაჰაკი?

-როგორ უმკლავდებით? ვერ უმკლავდებით?

-კვდებით? ფილტვებს არ გინერგავენ და ამიტომ კვდებით, ხომ?

-იმ კაცზე… ლევან მოსიძეზე რას გვეტყვით? თქვენზე ძალადობდა?

ქეთის ტუჩები უთრთოდა, მასზე მოხვეულ, მომკივან ჟურნალისტებს ხაფანგში გამომწყვდეული ველური ცხოველივით შესცქეროდა.

-თავი დამანებეთ! – შეჰყვირა მან, ძლივს გადაფარეს მისმა სიტყვებმა მასზე შემოჯარული ბრბოს აურზაური. – და იმ კაცსაც თავი დაანებეთ, არაფერ შუაშია!

მერე კი თავი დახარა, სახეზე ხელები აიფარა და მასზე შემოხვეული წრის გარღვევა სცადა.

იქვე წყდებოდა ვიდეო.

მერე იმაზე დაიწყეს სპეკულაცია, თუ ვის გულისხმობდა ქეთი „იმ კაცში“. ამბობდნენ, აშკარად ლევან მოსიძეს გულისხმობდა, იმ ჯალათს რატომ იცავს, ეტყობა შეყვარებულია, აშკარად მან დამართაო ჰანაჰაკის დაავადება. მეორენი ამბობდნენ, იქნებ ის ექიმი მართლა არაა გარეული და ამიტომ უნდა ქეთი ღვინიაშვილს, რომ თავი დაანებონო.

ლევანი კი კრიჭაშეკრული იჯდა და ვერაფერი გაეკეთებინა. ვერაფერი გაეკეთებინა, როგორც ყოველთვის, იმის მერე რაც ეს ალიაქოთი დაიწყო.

ქეთი უნდა ენახა. უნდოდა დალაპარაკებოდა, კიდევ ერთხელ ეკითხა, თუ რას აკეთებდა და ამჯერად სიმართლე გაეგო მისგან.

„აბონენტი დროებით მიუწვდო-

დირექტორის კაბინეტის კარმა ხმამაღალი ხათქუნი გაიღო, სავენტილაციო სისტემაში უფრო ხმამაღლა დაუსტვინა ქარმა. გატოკდა ლევანი, მყისიერად გამოფხიზლდა ფიქრებიდან.

თავზე დირექტორის კარიდან გამოსული ასისტენტი დაჰყურებდა.

-შედი. – შეუღრინა მან. – გელოდება.

ფეხზე წამოდგა ლევანი, და კაბინეტში შეაბიჯა. ასისტენტმა მის უკან ხმადაბალი ჩხაკუნით მიხურა კარი.

კაბინეტის ვეებერთელა ფანჯრიდან შემოღვრილი შუქ-ჩრდილი ეფინებოდა ცოტნე აფციაურს უკნიდან, მინაზე შეუჩერებლად გორავდნენ წვიმის წვეთები. ოთახს მერხის ლამპის ნარინჯისფერი შუქი მოჰფენოდა, დირექტორი სკამში გადაწოლილიყო და თითებს მოუთმენლად აკაკუნებდა სავარძლის სახელურზე.

სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ქარი შიშინებდა სავენტილაციო სისტემაში, ფანჯრის მინები ოდნავ თრთოდნენ.

-არ წყნარდება ეს ამბავი. – დაიწყო დირექტორმა. – მაგარ შარში ვართ, ხომ შეატყვე?

არაფერი უპასუხა ლევანმა. ცოტნე აფციაურს მისი დუმილი აინუნშიც არ ჩაუგდია, ისევ თავისას მიჰყვებოდა.

-ყველაფერში ჩაგვიჯვეს. ვითომ შენზე და იმ გოგოზე მეტი სალაპარაკო არაფერი იყოს ამ ქვეყანაზე! გავიგე რომ ვიღაც-ვიღაცები სარჩელს ამზადებენ და ქეთი ღვინიაშვილიც უნდათ ჩარიონ ამ ყველაფერში, ნაბიჭვრები. ფული არ გვინდაო, კი გაიძახიან, მაგრამ ვნახავთ.

მერე დაჟინებით გამოხედა ლევანს.

-ეს საავადმყოფო და მისი თანამშრომელები, შენი კოლეგები შენი ოჯახი არაა, ლევან? ჰა? – თვალები მოჭუტა მან, გამომცდელად დაშტერებოდა. – რა გინდა, შემცირებები გინდა? არ ჯობია რომ ცოტა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და აი კაცური კაცივით მოაგვარო ეს ყველაფერი? დაწერე განცხადება, ერთი ინტერვიუც და წადი. რეკომენდაციასაც მოგცემ.

-ტყუილების მოჩმახვას არ ვაპირებ. – თქვა ლევანმა, ძლივს იკავებდა თავს, რომ მწარედ არ გასცინებოდა.

ცოტნე აფციაური გაიბერა, სახე წამოუწითლდა. სკამში წამოიწია, ყელში წაჭერილი ჰალსტუხი კვლავ გვერდზე მოქცეოდა.

-რას მაბოლებ ახლა, რა გგონია, ამდენი სამხილი არსებობს შენ წინააღმდეგ და უარყოფას მოახერხებ?

-რისი სამხილი? – ცივად მიუგო ლევანმა.

დირექტორს თვალები გადმოეკარკლა. მუშტი მაგიდაზე დასცხო. იქვე მიწყობილმა ათასმა ხარახურამ ზრიალი გაიღო.

-ზედმეტი ლაპარაკი არ მინდა. – კბილებში გამოსცრა დირექტორმა.

-არც მე. – მიუგო ლევანმა. – ჩემი პასუხი იგივეა, რაც გუშინ.

იდგა, გაბეზრებული, ერთი სული ჰქონდა სანამ აფციაურს ყვირილი მობეზრდებოდა და აქედან გაუძახებდა.

-ძალიან ცუდად დაამთავრებ. – თითი დაუქნია დირექტორმა. – ასეთი ურჩობა ჩემთან არ გაგივა. იმას იზამ, რასაც გეტყვი და-

სიტყვა მაგიდაზე დადებული ტელეფონის აწკარუნებამ გააწყვეტინა ცოტნე აფციაურს, უკმაყოფილო ბურტყუნით აიღო ყურმილი. ლევანი იდგა, ადგილს მილურსმული და აუტანელი გაღიზიანება მოსწოლოდა შუბლში.

-რა გინდა? – მკვახედ წამოიძახა დირექტორმა. რამდენიმე წამი მოუსმინა, მერე კი წარბები შეკრა, ფეხზე წამოხტა. – სად? აქ?

მერე კი წამსვე ფანჯარას მიაშურა, რაფაზე გადაეყუდა.

-ამის დედაც მოვტყან! – წამოიყვირა მან. – გარეთ დგანან ხო? ეგრეა ხო? ესღა გვაკლდა… დაცვა მობილიზდეს ამწამსვე! საავადმყოფოში ვერ უნდა შემოყონ ფეხი მაგ სვავების გროვამ…

მერე კი ზარი გათიშა, ლევანს მოუბრუნდა, სახეწაშლილი.

-აჰა! – ხელი ფანჯრისაკენ დემონსტრაციულად გაიშვირა მან, გამძვინვარებული, თვალებგადმოკარკლული დაშტერებოდა. – ესეც მე ვარ? სულ შენი და იმ შტერი გოგოს ბრალია ყველაფერი! პირდაპირ აქ მოათრია ჟურნალისტები!

შედრკა ლევანი. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას, გადაიხედა, გაფაციცებულმა.

პირდაპირ საავადმყოფოს შემოსასვლელს გადაჰყურებდა დირექტორის კაბინეტის ფანჯარა.

ჭიშკარი ბოლომდე იყო მოღებული. ვეებერთელა, ბეტონის ფილებით მოპირკეთებული მოედანი შავ, წვიმისაგან აპრიალებულ შავ მართკუთხედად მოჩანდა აქედან, რომელშიც ქუჩიდან მომავალი, ლამპიონებისა და მანქანათა ფარების წითელ-ყვითელი სინათლე ირეკლებოდა სქელ სვეტებად.

მათში კი, თითქოს მოედნის ცენტრში თეთრი ნაპერწკლები გაჰყარესო, შეჯგუფული, უშველებელი, აშკარად ჟურნალისტთა ბრბოდან მომავალი, კამერათა მოციმციმე სინათლეები აღრეულიყო.

გაიელვა. წამიერი, ელვის თეთრი შუქი მიემატა კამერათა სინათლეს, რომელიც ბრბოს შუაში მდგომი ადამიანის ფიგურას ეღვრებოდა

მეექვსე სართულიდან, ასეთ თქეშში კარგად ვერ არჩევდა მის სილუეტს ლევანი.

მაგრამ ქეთი იყო. სხვა ვერავინ იქნებოდა.

იჭექა. ფანჯრის მინები აცახცახდნენ.

პირი იბრუნა ლევანმა. კაბინეტის კარი გამოგლიჯა და დერეფანში გავარდა. დირექტორი უკნიდან გაჰკიოდა, უკან მობრუნდი, ჯერ არ დამიმთავრებიაო.

ლიფტის ლოდინი არ დაუწყია ლევანს. ელვის სისწრაფით ჩაიჭრა კიბეებზე.

პირველ სართულზე გამოვარდა და სირბილით დაუყვა პოლიკლინიკის დერეფანს. გარშემო ჩოჩქოლი აეტეხათ, კაბინეტებიდან გამოდიოდნენ, გასასვლელისაკენ მიიჩქაროდნენ.  

დერეფანი ხუთიოდე წამში ჩაათავა აქოშინებულმა ლევანმა.

შემოსასვლელში კლინიკის ფორმებში გამოწყობილ ადამიანთა ჯგრო გაჭედილიყო, მათში რამდენიმე ცნობისმოყვარე პაციენტიც ერია, უკან კი დაცვის განყოფილების თანამშრომლები გამაგრებულიყვნენ, კისერს იგრძელებდნენ, რომ რამე დაენახათ. მინის კარები ბოლომდე გაწეულიყვნენ, და შეჯგუფული ხალხის ხმამაღალ რუზრუზს ვერ გადაეფარა კოკისპირული წვიმის შხაპუნი, ბრბოს ვერც ის ყინვა შეეკავებინა, ღია კარიდან რომ იღვრებოდა.

ხალხში გაერია ლევანი, მხრებით, ძალით არღვევდა გზას, შეუჩერებლად მიიწევდა წინ. ერთი-ორი მუჯლუგუნის მერე ხმამაღლა გათათხეს, მაგრამ ყურად არ იღო.

საავადმყოფოში ამოსასვლელ კიბეებზე გამოვარდა. ქოშინებდა, ერთიანად აკანკალებოდა ხელები, სისხლზე თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდა.

ელვამ გასწიწკნა ცა, წამიერად გაანათა მოედანზე ერთ ადამიანზე რკალად შემორტყმული ხროვა. თქეშშიც კი ესმოდა ლევანს მათი ყვირილი, კამერების აუტანელი ჩხაკუნი და მათ ქვეშ მიჩქმალული ხველის ხმა. ქუჩიდან ყურისწამღები სიგნალის ხმა ისმოდა, ალაპლაპებულ მოედანზე თეთრი, წითელი და ყვითელი სინათლის ნაღვენთები ღვიოდნენ.

გამაყრუებლად დაიგრუხუნა. ტანში გასცრა ლევანს.

მერე კი კიბეები ჩაირბინა. აჩქარებული ნაბიჯით მიაშურა ჟურნალისტთა გროვას. კოკისპირულმა წვიმამ წამსვე დაუსველა თმა და მხრები, ფორმა ზურგსა და მკერდზე მიეკრო, ფეხსაცმელში წყალმა გაჟონა.

ქეთი იდგა იქ, იმ ბრბოს შუაგულში. საავადმყოფოს შესასვლელთან, სადაც სამედიცინო პერსონალის მთელი გროვა იდგა.

და არავის არაფერი გაეკეთებინა.

თუმცა არა, სამედიცინო პერსონალს ვერ დაარქმევდა მათ. სეირის მაყურებლები იყვნენ ისინი.

-გაიწიეთ! – დაიყვირა მან, როცა მათ მიუახლოვდა. – ექიმი ვარ, გაიწიეთ!

შეამჩნიეს, მიხვდნენ ვინც იყო. მისკენაც მომართეს კამერები, მიკროფონები ატაკეს წამსვე.

ერთი ხელის აქნევით მოიშორა მიკროფონები ლევანმა, ჟურნალისტების ბოლო შრე ძალით გაარღვია.

კამერათა თეთრი სინათლე მჭახედ ეფინებოდა შავ ფილებზე დაყრილ, მოჭმუჭნულ, გასისხლიანებულ ლურჯ ვარდთა გროვას, რომელთაც ნელ-ნელა რეცხავდა წვიმა.

ქეთი იდგა.

ერთიანად გალუმპულიყო მისი განუყრელი პალტო, ბალთიანი ჩანთა იქვე ეგდო, წვიმისაგან დაჟიებული.

წელში მოხრილიყო ქეთი, ხელებით მუხლებს დაბჯენოდა. სველი თმა მუქ თოკებად ჩამოჰკიდებოდა სახის გარშემო, შუბლზე მიჰკვროდა. მთელი ძალით ახველებდა, ტანი უთრთოდა.

მის წინ დაეშვა ლევანი, რომ მისი სახე დაენახა.

ყურისწამღებად ღრიალებდა მათ გარშემო შემოხვეული ბრბო. კამერები დაუსრულებლად ჩხაკუნებდნენ.

საშინლად გაფითრებულიყო ქეთი, მკვდარს ჰგავდა. ქოშინებდა, ტუჩები გალურჯებოდა. ვარდის ფურცელი გადმოაფურთხა, თვალებგაფართოებული, გაოგნებული შესცქეროდა ლევანს. პირი გააღო და დახურა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.

მერე კი ანაზდად ერთიანად დაიკლაკნა და სისხლი აღებინა.

ყელზე, ფორმასა და ქეთისაკენ გაწვდილ ხელებზე მიეშხეფა სისხლი ლევანს. თავზარდაცემული შეჰყურებდა ქეთის, ძარღვებში სისხლი ერთიანად გაუცივდა, შემოჰყინა. ქეთის თვალები გადმოეკარკლა, სახის ნაკვთები ისე დაძაბვოდა, თითქოს ახლა დაუწყდებოდა მყესები, პირიდან კი ბლანტი სისხლი წვეთავდა, ნიკაპზე ჩამოუგორდა.

მათ გარშემო მოხვეულ ბრბოს ზიზღის გამომხატველი შეძახილები აღმოხდა. ალისფერი სისხლის საცეცები წამსვე მისწვდნენ ფილებზე დამდგარ გუბეებს.

გამაყრუებლად იქუხა.

ტუჩები მაგრად მოკუმა ლევანმა, მისმა კბილებმა აუტანელი ღრჭიალი გაიღეს.

ქეთის სტაცა ხელი, ერთი მკლავი ბარძაყებზე მოხვია, მეორე ზურგზე, ელვის სისწრაფით აიტაცა, მერე კი, სანამ ჟურნალისტები გონს მოეგებოდნენ, შესასვლელისაკენ გაიქცა.

-გამატარეთ! – დაიღრიალა მან, როცა კიბეებზე არბოდა. უკან ფეხდაფეხ, კამერების ჩხაკუნითა და კივილით მოსდევდა მთელი ხროვა. – გამატარეთ, ესენი არ შემოუშვათ!

ნანახით გაოცებულთა ჯგუფი წამსვე გაიყო ორად და გამოთავისუფლებულ დერეფანში ელვის სისწრაფით შევარდა ლევანი, მარცხნივ გაუხვია, ემერჯენსისაკენ აიღო გეზი.

ქეთი მხრებზე ჩაბღაუჭებოდა მთელი ძალით. ისევ მწარე ხველა აუტყდა და იგრძნო ლევანმა, თუ როგორ ჩამოეწვეთა ბლანტი სითხე კისერზე.

-ვაიმე, ლევან… – ამოიხრიალა ახალგაზრდა ქალმა. – ძალიან მტკივა…

მკერდზე ცეცხლი მოეკიდა თითქოს ლევანს, ძარღვებში სისხლი აუდუღდა. გრძნობდა, თუ როგორ გაუფითრდა სახე.

-ნუ გეშინია. – ამოიქშინა მან, ძალა მოიკრიბა, სიჩქარეს მოუმატა. – ახლავე მივალთ, ნუ გეშინია…

დერეფანში ყველა გაშტერებული აყოლებდა მათ თვალს.

მარცხნივ გაუხვია ლევანმა, ემერჯენსის განყოფილებაში შეიჭრა. ტრიაჟში მსხდომი ექიმები და ექთნები პირდაღებულები წამოიწივნენ მათ დანახვაზე, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქცია ლევანმა, პირდაპირ ემერჯენსის ინტენსიურ პალატაში შევარდა.

სიმშვიდე იდგა ინტენსიურ პალატაში, ათიდან მხოლოდ ერთი ლოგინი იყო დაკავებული, ზედ წამოწოლილი პაციენტი თვალებდაქაჩული შეშტერებოდა მათ.

-ექთანი მჭირდება, ჩქარა! – იღრიალა ლევანმა. ერთ-ერთ ცარიელ საწოლს მიაშურა და წამსვე გვერდზე დააწვინა ქეთი, რომელიც შეუჩერებლად აფურთხებდა სისხლს.

ინტენსიური პალატის ცენტრში მდგომი პოსტიდან წამსვე წამოიშალნენ, ორი ექთანი, რამდენიმე სანიტარი და მორიგე ექიმი, თათია რიგვავა სირბილით მოუახლოვდნენ მათ.

-რეგისტრატურაში დარეკეთ, რომ ქეთი ღვინიაშვილი დაარეგისტრირონ! კანულა სჭირდება…  ასი მილიგრამი კეტოპროფენი და ერთი გრამი ტრანექსამის მჟავა გაამზადეთ… სისხლის ბანკში დარეკეთ ახლავე, გადასხმისთვის პირველი უარყოფითი მოამზადონ! – ბრძანებებს გასცემდა ლევანი, თან კედელზე მიმაგრებული ყუთიდან სასწრაფოდ გამოგლიჯა, მერე კი ხელებზე წამოიცვა ნიტრილის ხელთათმანები. – ჟანგბადი მიეცით… არტერიულისთვის შპრიცი მინდა!

საწოლის გვერდით მდგარი მონიტორი ჩართო ლევანმა, ოქსიმეტრი მოარგო ქეთის თითზე, პალტო შემოაძრო, გვერდით გადააგდო და მაისური გადაუფხრიწა, ერთ-ერთი ექთნის დახმარებით კარდიომონიტორინგის ელექტროდები მიამაგრა მკერდზე.

ქეთი ქოშინებდა, სისხლს ახველებდა და თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა ლევანს. ტკივილისაგან მოიჭმუხნა, როცა მაჯის არტერიაში სისხლის ასაღებად ნემსი დაარჭო ახალგაზრდა კაცმა.

შპრიცში წამსვე ამოშხეფა ალისფერმა სისხლმა.

ანალიზი სანიტარს მიაწოდა ლევანმა, რომელიც წამსვე გაიქცა. ჟანგბადის კანულა მოარგეს ცხვირზე ქეთის, ვენაში კანულის ჩასადგმელად საჭირო ინვენტარით დატვირთული მაგიდა რიხინით მოაგორეს, საექთნო პოსტიდან ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ სისხლის ბანკს ტელეფონზე, რასაც მონიტორის წრიპინი დაემატა.

თავი ერთიანად აუზრიალდა ლევანს, წამსვე მონიტორისაკენ მიატრიალა თავი.

წნევა 98/54.

პულსი 140.

სატურაცია 81%.

-ჰანაჰაკი ხომ? – იკითხა თათია რიგვავამ, რომელიც იქვე იდგა, ხელებგადაჯვარედინებული და მშვიდად დასცქეროდა მის თვალწინ ატეხილ გნიასს.

ლევანი სწრაფად გადაიხარა, ქეთისათვის მოწოდებული ჟანგბადის ნაკადს მოუმატა.  

-კი. – მოკლედ მოჭრა მან.

-ბევრი სისხლი ახველა?

-კი.

-გასაგებია. ახლა კი უკან გაიწიე, მოსიძე, არ ხარ შენ ისეთ მდგომარეობაში რომ ამ ყველაფერს აკეთებდე ახლა. – თქვა რიგვავამ და მკლავები დაიკაპიწა, ალმაცერად გადახედა. – არ მოკვდება, ნუ გეშინია. დღეს მე ვარ აქ მორიგე ექიმი და ფეხებში ნუ გამებლანდები.

-ლაბორატორიიდან დარეკეს, არტერიულში ოცდათხუთმეტია ჰემოგლობინი! – დაიყვირეს საექთნო პოსტიდან.

ლევანი გაშრა, კიდურები გაუცივდა. ქეთის გაფითრებული სახე თვალწინ უცურავდა, ოდნავ უკან დაიწია ინსტინქტურად, როცა თათია რიგვავა მას წინ გადაუდგა, ქეთის თავზე გადაიხარა.

-ნუ შესანიშნავია. – სარკასტულად გაიღიმა რიგვავამ, ნიტრილის ხელთათმანები კოხტად მოირგო. – და ჟანგბადი?

-ჟანგბადი ორმოცდაჩვიდმეტი!

-სისხლის ბანკიდან 3 პირველი უარყოფითი გამოაგზავნონ სასწრაფოდ. თირკმელი როგორი ჰქონდა ბოლოს, ერთი მინახე. – გასძახა რიგვავამ, მერე კი ოსტატურად აუქცია გვერდი ექთანს, რომელიც ქეთის ვენაში ჩამდგარ კანულაზე წვეთოვანს აერთებდა და სტეტოსკოპი ქეთის გულმკერდის კანში გამოჩრილ ნეკნებზე ააწება, ათიოდე წამი მოუსმინა.

ლევანი კედელს მიჰყუდებოდა, გაქვავებული. ქეთის სახეს ვეღარ ხედავდა, რადგან რიგვავა და გარშემო მოხორიალებული ექთნები ეფარებოდნენ, მხოლოდ მისი ქშენა, მონიტორის ყურისწამღები წრიპინი და გარშემო ატეხილი ჩოჩქოლი ესმოდა.

-რეზერვუარიანი ჟანგბადის ნიღაბი მომიტანეთ! – თქვა რიგვავამ და წამსვე დაფაცურდნენ სანიტრები. – თირკმელი?

-ფილტრაცია ორი კვირის წინ ასთექვსმეტი!

-კომპიუტერში მივდივართ. – განაცხადა რიგვავამ. – ჟანგბადის ბალონი, დროზე! ამ წვეთოვანში იმედია ტრანექსამია, ხო?

-ტრანექსამია, ექიმო!

-სისხლი როცა მოვა სადაც არ უნდა ვიყოთ, იქ მოდით, გასაგებია?

-კიბატონო, ექიმო!

რიგვავამ საწოლის სახელური ხმამაღალი ტკაცუნით ამოსწია, მოწუილე მონიტორი ლოგინის ბოლოში გადმოათრიეს, ჟანგბადის ნიღბის მილი ბალონზე მიაერთეს.

ქეთი ხმამაღლა ქშინავდა, ისევ ლევანს შეჰყურებდა მისი ჩაცვენილი, გაოგნებული თვალებით. სველი თმა კვლავ შუბლზე მიჰკვროდა, მის გამხდარ მხრებზე სახელდახელოდ გადაეგდოთ თხელი პლედი. თითქოს ვერაფერი გაეგო, რაც ხდებოდა და ახსნას სთხოვდა.

ძლივს გადაყლაპა ნერწყვი ლევანმა. მკერდში საშინელი, აუტანელი სიმძიმე ედო, სულს უხუთავდა.

გაღიმება სცადა, ქეთის თავი ოდნავ დაუქნია.

მერე კი საწოლი რიხინით გააგორეს ინტენსიური პალატის შემოსასვლელისაკენ.

პალატაში დარჩენილთა მზერა ლევანისაკენ მომართულიყო. გაოგნებულნი შესცქეროდნენ, ერთიანად გალუმპულსა და სისხლში ამოთხვრილს.

ფანჯრებიდან შემოიჭრა წამიერად ელვის სინათლე, მერე კი იჭექა, კედლები შეაზანზარა.

ხელთათმანები გაიძრო ლევანმა, გადააგდო და  აკანკალებული ხელებით სველი თმა გადაიწია უკან.

მუხლებში თითქოს ტყვია ჩაესხათ მისთვის. გულმკერდში რაღაცამ მოუჭირა, საფეთქლებში მთელი ძალით სცემდა პულსი.

მერე კი უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ჩქარი ნაბიჯით მიჰყვა დერეფანში მორიხინე საწოლს.

10 thoughts on “მზესუმზირები (ნაწილი 4)

  1. ვაიმეე გული გამიჩერდა ვიწვი ამგოგოს საცოდაობით მაგრამ რატომღაც მჯერა რომ რაღაც კარგი მოხდება❤❤

    Like

    1. 🫣🫣🫣 მართლა ძააან დაძაბული გამომივიდა 😫😫 მეცოდებიან ორივენი ძალიან. მაგრამ ხმას არ გავიღებ შემდგომზე, ვნახოთ რა იქნება 💛💛 უღრმესი მადლობა რომ წაიკითხე 🥰💛

      Like

  2. საშინელებაა როცა უიმედო სიტუაციაში ხარ, მაგრამ ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. ასე ლევანსაც ტანჯავს და თავის თავსაც. ლევანისთვის რთული საყურებელია ეს ყველაფერი და ასატანი. იმედია ქეთი ცოტათი მაინც მიეხმარება ლევანს ორივეს მდგომარეობა გამოსწორდეს.❤️

    Like

    1. ის რომ ქეთი თავისი ფეხით მოვიდა საავადმყოფოში წესით პროგრესის ნიშანი უნდა იყოს არადა ფაქტიურად რეგრესი გამოდის 😦 არ ვიცი, არ ვიცი. მოკლედ ვნახოთ რა იქნება 🫣 მადლობა რომ მკითხულობ! 🥰💛💛💛💛

      Like

  3. საშინლად რთული თავი იყო… მაგრმ აი შენ როგორ ხარ ამ ყველაფრის შემდეგ?

    ჯერ ლევანის სიზმარი რა საოცრად აღწერე, მერე კი გული გამიჩერე ქეთის ტანჯვით.
    ვერ გამიგია რომელი უფრო მეტად მეცოდება. თუმცა ლევანს ყველა ასპექტით რომ ცხოვრება ამოუბრუნდა ფაქტია. მართლა არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა ეგ უბედური 🙈

    Like

    1. მე კარგად ვარ, გენაცვა, მადლობა 🥰💛 ცოტა კი დავიძაბე წერისას, რაღაცნაირად ვირეკლავ პერსონაჟების ემოციებს 💛
      და კიიიი ლევანს ყველაფერი დაემხო თავზე, თან ასეთ მოკლე დროში 😦 ქეთისაც არანაკლები გასაჭირი აქვს.
      უღრმესი მადლობა რომ წაიკითხე 🥰💛💛💛💛💛

      Liked by 1 person

  4. ჰაი მეეე, ნეტა იცოდე რამოლოდა კომენტარი არ აიტვირთააა. კაი, მაი აფერი, დავწერ თავიდან. შენ ამხელა თავი დაწერე და მე კომენტარზე დაგზარდეეე?! არამც და არამც!!!!
    მოკლედ, ქალებო და კაცებო, ბიძებო და დეიდებო (მამიდებოც). ბებიებო და ბაბუებო, შვილებო და შვილიშვილებო (და კიდო თუ გინდა იმის შვილებოც), ახლობლებო და არც თუ ისე ახლობლებო, სეკრეტ სანტებო და არასეკრეტნოც, მომკალით თუ გინდათ და აღფრთოვანებული ვარ თქვენი ვიკალით, კიარადა, ქეთუშას გამძლეობით კაცო. აი მართლა რას უძლებს რა. ერთი ინდური შტამის დროს რომ მახველებდა, მაგას ძლივს გავუძელი 7 დღე და ეხლა წარმოიდგინეთ თან ხველა, თან სასუნთქ გზებში გაჩხერილი ამდენი უცხო სხეული, თან მოყოლებული სისხლის კარგვა. აი მართლა ლევანის აბაზანის სცენის მერე მივხვდი როგორ მეცოდება ეს გოგო, სასწაულად, თან მიყვარს ასეთი რომაა და ქვეყანას არ ამადლის თავის თავს. ჩუმად, თავისთვის გადააქვს ამხელა სისხლის შადრევნების ფრქვევები. ლევანი, აი ამის ფონზე ვაააფშე, აი ოდნავადაც ვერ შევიცოდე. კაი აშენებული ბიჭია, ჯანმრთელი, თავისი საქმის პროფესიონალი, სადაც არ უნდა გადააგდო, ქვეყნიერების ნებისმიერ წერტილში დაიწყებს ცხოვრებას თავიდან, თან ისე რომ თვალსაც არ დაახამხამებს. ასეთ გველების ბუდეში, სადაც ის მუშაობს, არც გავჩერდებოდი რა. თავს ამაყად ავწევდი და წამოვიდოდი და კაი ბეძგვერია ბომბსაც შევუგდებდი კიდე წამოსვლისას. არა ბიჭოს!
    ხო, იმ კომენტარში ქე რომ არ აიტვირთა, ისიც მეწერა რომ, საკმაოდ ცოტა ადგილებში ვითარდება მოქმედება, ძირითადად საავადმყოფო-ლევანის ბინა და მიუხედავად ასეთი შევიწროვებული გარემოსი, რამხელა გრძნობით იკითხება მაინც ყველა თავი. ზუსტად ისეა ყველა გრძნობა, არც ძალიან დაგზაფროს და არც ძალიან მოგადუნოს. აი ასე, რაღაც კარგის და რაღაც გაუგონარი სისასტიკის ზღვარს შორის ლივლივებ. მიხარია რომ ასე გაიზარდე, მიხარია რომ მაქვს საშუალება გიკითხო და ისიც მიხარია რომ შენმა ყველა წერტილმა იცის სადაა დასასრული (ხარატიშვილე უთქვამთ, მაგრამ შენც გიხდება). მადლობა, მომავალ თავამდე ❤️

    Like

    1. ვაიმე 🥺🥺🥺🥺🥺🥺🥺 ჯერ ეს ერთი ღამის სამ საათზე გამეღვიძა გეფიცები და ეგრევე ტელეფონი შევამოწმე, ეტყობა ტანმა მიგრძნო 😂 ჰოდა კი წავიტირე ცოტა ჩემი სამსაათიანი ძილის ფონზე 😂 ახლაც ხელახლა გადავიკითხე და აი არც კი ვიცი რა გითხრა 🥺🥺 ჯერ ეს ერთი დიიიდი დიდი მადლობა რომ მკითხულობ და კიდევ დიიდი დიდი მადლობა რომ დრო გამოყავი და ამოდენა კომენტარი დაწერე (თან ორჯერ!!) 💛 მერე მეორე არ შემიძლია არ დაგეთანხმო რომ ქეთი არის აი უზარმაზარი განძლეობის მქონი. ბევრს იტანს ადამიანი, მაგრამ ასეთი განწირული დიაგნოზის იდეასთან თანაცხოვრება რასაც ფიზიკური სტრესი ზედ ემატება, ჩემთვის წარმოუდგენელია. ქეთი კარგად იტანს ამ ყველაფერს, შეიძლება ზედმეტად კარგადაც. ლევანი კიდევ… არ ვიტყვი არაფერს, შემდეგ თავში ცოტა რაღაცები მოხდება კიდევ და მერე ვნახოთ 🤐🤐🤐 ამასწინათ ვფიქრობდი კიდევ რომ ფაქტიურად სულ ბინაში არიან, ხო არ მობეზრდა ხალხს თქო 😂😂😂 მიხარია რომ არაა ეგრე 🥰💛💛💛💛 უუუუუუღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ შენ! 🥰💛💛💛💛💛💛💛💛💛

      Like

Leave a reply to მირანდა სოფრომაძე კომენტარის გაუქმება