Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.
ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
IV – SpO2
-*-*-*-*-*-*-*-*-
– 30.01.2025 –
ზურგსუკან კარის გაჯახუნების ხმა ჯერ კიდევ თავში უზრიალებდა ლევანს. უჩვეულოდ მჭახე იყო ჭერიდან მომავალი თეთრი სინათლე, თვალს სჭრიდა.
დერეფანს დაუყვა სწრაფი ნაბიჯით. აქედან უნდა წასულიყო. ამისთვის მოაცდინეს? პოლიკლინიკაში ახლა უკმაყოფილო პაციენტების რიგი იქნებოდა.
მაჯის საათს დახედა.
12:46.
ხუთი წუთით დააგვიანა უკვე.
თუმცა არა. ეს არ იყო ახლა მთავარი.
ალბათ იმ ბარმენმა გადაუღო მათ, საეჭვოდ რომ დაშტერებოდა. ალბათ დაინახა თუ როგორ ახველებდა ქეთი ყვავილებს, ანდა ადრეც დაენახა, და შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. და რასაკვირველია, მაშინ იხელთა დრო, როცა ქეთი ლევანთან ერთად იყო, რადგან ჰანაჰაკიანი გოგოს ვიღაცა კაცთან ერთად დაფიქსირება მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.
აქამდეც გარეული იყო ამ საქმეში ლევანი, მაგრამ მისი ჩარევის არეალი მხოლოდ ქეთით შემოისაზღვრებოდა. ახლა ამ ყველაფერს საავადმყოფო, მისი დირექტურა, თანამშრომლები და მასმედია დაემატა.
უკან კარის გაჯახუნება მოესმა და დირექტორის კაბინეტში კვლავ დაგუდული ყვირილი ატეხეს.
ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი ლევანმა. უკნიდან მოახლოებული მკვირცხლი ნაბიჯების ხმა ესმოდა და წამიერად ინატრა, რომ ლიფტი მალე მოსულიყო.
ეკამ არ დააყოვნა, გვერდით ამოუდგა.
-ლევან… – დაიწყო მან.
-თავი დამანებე, ეკა.
-ანუ… რა გამოდის, რომ აქამდე არ იცნობდი და მართლა შემთხვევით ნახე?
-ბევრი რამე შეიძლება მოხდეს შემთხვევით.
-და რა, ბევრი რამე მოხდა თუ?
-მგონი იმ კაბინეტში რა დაკითხვაც მომიწყვეს, საკმარისია. – მოუჭრა ლევანმა. – მარაზმი. რაც დირექტორს ვუთხარი, იგივეს გეტყვი. არავის საქმე არაა მე რას ვაკეთებ ჩემ თავისუფალ დროს, მათ შორის არც შენი.
-ეგ ვიცი და გეთანხმები კიდეც. – მკვახედ მიუგო ეკამ. – მაგაში ჩარევას არც ვაპირებ. უბრალოდ… რა გინდა ქეთი ღვინიაშვილთან?
-არაფერი მინდა. – თქვა ლევანმა. – ხომ არ გგონია, რომ ზედმეტი მოგდის? ჩვენი ნაცნობობა შემთხვევითობების მთელი რიგია და მეტი არაფერი.
-მართლა? – ჩაეკითხა ეკა. – და რა მაინტერესებს, ქეთი ღვინიაშვილიც ეგრე ფიქრობს?
-არ ვიცი რას ფიქრობს.
-არც გაინტერესებს?
ლევანმა ყბები ერთმანეთს დააჭირა, იგრძნო, თუ როგორ გაიღრჭიალეს უსიამოვნოდ მისმა კბილებმა. საფეთქელში ძარღვი უფეთქავდა.
ეკას გამბურღველ მზერას გრძნობდა გვერდიდან.
-მოგწონს? – ეკამ ხმას დაუწია, იმის მიუხედავად, რომ გარშემო არავინ ჭაჭანებდა და სიჩუმე ჩამოწოლილიყო, დირექტორის კაბინეტის მომავალ დაგუდულ, ხმამაღალ ლაპარაკს თუ არ ჩათვლიდნენ. – გიყვარს?
-არა.- მოუჭრა ლევანმა. – ახლა თავს დამანებებ?
ლიფტის ზარმა გაიწკარუნა. კარი რიხინით გაიღო და შიგნით შეაბიჯა ლევანმა, ფეხდაფეხ მიჰყვა ეკა.
ეკა ორი წამი ხმას არ იღებდა, სანამ კარი დაიხურა.
-მაშინ კი ძაან გაინტერესებდა, როგორ იყო. – წაიბუტბუტა მან.
-ყველას აინტერესებს. – მოუჭრა ლევანმა. – ეკა, მოვრჩეთ….
-ნერვიულობდი. თუ თავს იკატუნებდი?
-უბრალოდ გამიკვირდა. – კბილებში გამოსცრა ლევანმა. – რომ ასე მალე დამძიმდა…
-აი მე კი მართლა ძალიან ვნერვიულობ. – გააწყვეტინა ეკამ. – ქეთიზე.
ლევანმა არაფერი უპასუხა.
-რომ ისტრესება, მერე უარესად ხდება. ჰანაჰაკის ახასიათებს ეგრე.
-ჰანაჰაკი ისედაც გაუარესდება, გინდ ინერვიულოს და გინდ არა. – თქვა ლევანმა. გაქვავებული იდგა, ხელები მკერდში გადაეჯვარედინებინა და ლიფტის მოპრიალე, ნაცრისფერ კარს შეჰყურებდა თვალის დაუხამხამებლად.
-მე იმას ვცდილობ, რომ იქამდე იცოცხლოს, სანამ ახალი ფილტვები მოუვა. ულმს უნდა მივწერო ხელახლა.
ლევანმა გადახედა. ეკა დაბღვერილი შესცქეროდა.
-კარგი. – თქვა ახალგაზრდა კაცმა.
-ეგაა შენი პასუხი? კარგი?
-მიწერე. იმედია რამე გამოსადეგს გეტყვიან. ჩემთან რა გინდა?
ეკა წარბშეკრული, ამრეზით შეჰყურებდა. ლევანს რაღაცამ გასწიწკნა მკერდში.
-ვერაფერი გავიგე, ლევან. – თქვა ეკამ. – არ ვიცი რას ფიქრობ, რა გააკეთე და რას აკეთებ, მაგრამ ჯობია იმ საცოდავ გოგოს თავი დაანებო. შენ არაფერში ჭირდები და ნუ აეკიდები უაზროდ.
-რა სისულელეებს ამბობ, შენ თვითონაც არ იცი. მე არავის ავკიდებივარ.
-რატომღაც მეეჭვება ეგ.
პირველ სართულზე შეჩერდნენ, ლიფტის კარი რიხინით გაიღო. წამსვე სწრაფი ნაბიჯით გააბიჯა დერეფანში ლევანმა, ისე რომ ძლივს მოასწრეს ლიფტის მომლოდინეებმა გზიდან ჩამოცლა.
-ესე იგი დაანებებ თავს? – სისინით აეკიდა უკან ეკა. გარშემო რამდენიმე ადამიანის ყურადღება მიიქციეს უკვე.
ლევანი შედგა, ეკას მოუბრუნდა.
-მე სათქმელი რაც მქონდა, ვთქვი. – კბილებში გამოსცრა მან და შებრუნდა, ხალათის ფრიალით, იქვე მსხდარი, მასზე მოშტერებული პაციენტები აინუნშიც არ ჩაუგდია. ელვის სისწრაფით შევიდა კაბინეტში და კარი ზურგსუკან მოიხურა.
ექთანი ნინო თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა. ლევანი სკამში ჩაეხეთქა, სახეში ჩამოშლილი თმა გადაიწია. მძიმე გული სწრაფად უცემდა მკერდში, სცხელოდა, შუბლი ოფლით დაცვაროდა, ამავდროულად გაჰყინვოდა ხელები.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ იმოქმედა მასზე ასე ძალიან დირექტორის უაზრო ბღავილმა და ეკას უთავბოლო დაკითხვამ.
-რამე მოხდა, ბატონო ლევან? – ჩურჩულით წაულაპარაკა ნინომ.
წამიერად გადახედა მას ლევანმა, მერე კი შეეცადა თავი ხელში აეყვანა და საქმეზე კონცენტრირებულიყო. ამაზე შეეძლო მოგვიანებითაც ეფიქრა, კარს უკან მყოფი პაციენტები კი არსად მიდიოდნენ.
-არაფერი, ნინო. – თქვა მან. – ყველაფერი რიგზეა. შემოიყვანე შემდეგი.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-
– 02.02.2025 –
-ყველას გამოგვიცდია სიყვარული. სიყვარულისათვის ადამიანები ცოცხლობენ და კვდებიან, მაგრამ ალბათ არასოდეს გსმენიათ, რომ სიყვარულს, როგორც დაავადებას, ვინმე სარეცელს მიეჯაჭვოს და სიკვდილი გამოეწვიოს. ამ ჩვეულებისამებრ ულამაზეს, სათუთ გრძნობას ამწარებს მისი ცალმხრივობა, და დარწმუნებული ვარ რომ ბევრს გამოგვიცდია ცალმხრივი გრძნობების წარმოუდგენელი სისასტიკე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ცალმხრივი სიყვარული შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს უზომოდ შეყვარებული მსხვერპლისათვის.
ყვავილები ფილტვებში: უიშვიათესი, აქამდე ჩვენთვის უცნობი ავადმყოფობა, რომლითაც მსოფლიოში მხოლოდ ორასამდე ადამიანია დაავადებული, საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. ეგრეთწოდებული ჰანაჰაკის დაავადების დროს ცალმხრივი, განწირული სიყვარულით შეპყრობილი ადამიანის ფილტვებში ზრდას იწყებენ ყვავილები, თავიანთი ეკლებითა და ფესვებით, დაავადებულ ადამიანს წამსვე ემართება აუტანელი, უწყვეტი ხველა, რომლითაც სისხლით გაჟღენთილი ყვავილები ამოაქვს სასუნთქი გზებიდან. ეს ქრონიკული დაავადება მუდმივ პროგრესირებას განიცდის, უფრო ძლიერად იდგამენ ფესვებს ყვავილები ფილტვებში, სასუნთქ გზებს ავსებენ, იზრდებიან სხვა ორგანოებში, მათ შორის გულში, ღვიძლში, გულმკერდის კუნთებში და საბოლოოდ, ცალმხრივი სიყვარულით შეპყრობილ მსხვერპლს… გუდავენ.
„ახალი ხედვის“ წამყვანმა დააპაუზა. დაჟინებით დაშტერებოდა კამერას, ხელში სამდივნო დაფა ჩაებღუჯა. აშკარად აცდიდა მსმენელებს რომ ბოლომდე გაეაზრებინათ მისი ნათქვამი. დარბაზში გაოცების წამოძახილები აღმოხდათ.
-ალბათ შეძრწუნდით. ალბათ დაგაინტერესათ, იკურნება თუ არა ჰანაჰაკის დაავადება.
დღევანდელი მედიცინა, მისი ბოლოდროინდელი უდიდესი განვითარების მიუხედავად, უმეტესწილად უძლურია ჰანაჰაკის დაავადებასთან. მისი განკურნება ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან საჭიროა დაავადების ყველა ფესვის, ყველა ყვავილის, ყველა ეკალის სხეულიდან ამოძირკვა – მაშასადამე საჭიროა უმძიმესი ჩარევა: დაავადებული ფილტვების სხეულიდან ამოგლეჯა და ახალი ფილტვების გადანერგვა. მეორე შესაძლებლობა, რომელიც ბევრად უფრო რთული და ხელმიუწვდომელია, სასურველი ადამიანის მხრიდან სიყვარულის გაზიარებაა.
ამ დაავადების გამო განწირული, უიმედოდ შეყვარებული ავადმყოფი ქართველი, 27 წლის გოგონა, ქეთი ღვინიაშვილია. გოგონას სახის დანახვისას შეიძლება იფიქროთ, რომ იგი უბრალო და ჩვეულებრივია, და ალბათ ასეც არის, ქეთი ღვინიაშვილს, გვერდით რომ ჩაგიაროთ, ალბათ ვერაფრით გამოარჩევთ.
ეკრანზე ქეთის სურათი გამოესახათ. აშკარად ძველი. ქეთი ოდნავი ღიმილით იყურებოდა შორს, გაწეწილი თმა ქარში უფრიალებდა, სახე დაკენკოდა და სიცივისაგან აწითლებოდა. მის ძველებურ, მხრებზე მოცვეთილ პალტოს მკერდზე გადასჭიმვოდა ბალთიანი ჩანთის სალტე.
-მაგრამ ძალიან, ძალიან მძიმე ხვედრი არგუნა მას ბედმა. იგი მხოლოდ 10 წლის იყო, როცა დედ-მამა ტრაგიკულად დაეღუპა, ავტოავარიაში, რომლისთვისაც სათანადოდ არც კი დასჯილა დამნაშავე. ბებიამ შეიკედლა და მარტოდმარტო ზრდიდა დაობლებულ ქეთისა და მის დას, მთებში გაშენებულ, იდილიურ, ყვავილებსა და ხეებში ჩაფლულ სოფელ ბერეხში. წარმოიდგინეთ ბაღში მდგომი, პატარა გოგონა, რომელსაც წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ ერთ დროს ის ყვავილები, ასეთი რუდუნებით რომ უვლის პატარა თითებით, მის ფილტვებში გადმოინაცვლებენ და მის მოკვლას შეეცდებიან.“
ფოტოებზე ბაღში, გადაშლილ ყვავილებთან დახრილი, ყალბად მომღიმარი ქალი გამოესახათ. აშკარად „Shutterstock“-იდან აღებული შაბლონური ფოტო.
-ერთ უბედურებას მეორე დაემატა. ქეთი ღვინიაშვილს გამზრდელი ბებია მოულოდნელად გარდაეცვალა. და, თავიანთი მწირი სახსრებით, ახლა მხოლოდ დის ამარა დარჩენილი ობოლი გოგონა ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. რთული იყო გამზრდელი ბებიის გარდაცვალებასთან შეგუება, უფრო რთული იყო ცხოვრების გაგრძელება, განსაკუთრებით სწავლა. იმისათვის, რომ თავი გაეტანა, ქეთის მოუწია საკუთარი ცხოვრება, საკუთარი მომავალი მიეტოვებინა და ემუშავა საარსებო სახსრებისათვის.
-ალბათ ფიქრობთ, ნუთუ ამ საბრალოს ეს ყველაფერი არ ეყოფოდაო. სამწუხაროდ, ბევრს სდევს უკან უიღბლობის შავი აჩრდილი და ქეთი ღვინიაშვილიც ერთ-ერთი მათგანია. გოგონა წინა წლის ბოლოს დაავადდა ჰანაჰაკის დაავადებით. უკვე რამდენჯერმე მოუწია საავადმყოფოში ყოფნა, რადგან ფილტვებში გაზრდილი ყვავილები გუდავენ, მოსვენებას არ აძლევენ, უკაწრავენ სასუნთქ გზებს, სისხლს ადენენ. უზომო ტანჯვაში ცხოვრობს ქეთი, მხოლოდ იმიტომ, რომ მიუტევებელი დანაშაული ჩაიდინა: შეუყვარდა ის, ვისაც არ უყვარს.
ქეთი ღვინიაშვილი დუმს. რაც, ალბათ, სულაც არაა გასაკვირი. და რასაკვირველია, არ მიგვაჩნია სწორად რომ იგი შევაწუხოთ. ჩვენ დაველოდებით, სანამ მას სურვილი ექნება რომ თავისი ამბავი საკუთარი სიტყვებით მოუთხროს მის გულშემატკივარ საზოგადოებას, გაგვიზიაროს, თუ როგორია ის ტკბილმწარე გრძნობა, რომელმაც ასე დააავადა იგი.
ქეთის გარშემო არც ისე ბევრი ადამიანია, ვინც მასზე რამე იცის. ქეთი ღვინიაშვილი მარტოსულია, ისეთივე მარტოსული, როგორსაც მისი უიშვიათესი დაავადება ხდის. ჩვენ შევძელით გვეპოვა რამდენიმე ადამიანი: მისი მეზობლები და მისი ძველი თანამშრომლები, ვინც მასზე ცოტა რამეს გვეტყოდა, დაახასიათებდა, გაგვიზიარებდა განწირული გოგონას ამბავს, და ინტერვიუც ჩავწერეთ.
ეკრანზე სახედაბურული ქალი გამოჩნდა. ხმაც შეეცვალათ მისთვის. აშკარად ტროტუარზე იდგა, გარშემო მანქანების უწყვეტი სიგნალი ისმოდა.
-ქეთი ღვინიაშვილთან ერთად მუშაობდით. როგორი იყო?
-თავიდან მეგონა, რომ ჩვეულებრივი. აბა რა გითხრა. მოვიდოდა, მუშაობდა, მერე გასართობად მივდიოდით. წინა შემოდგომაზე მთლად შეიცვალა. მორჩებოდა თავის საქმეს და ვაბშე სხვას არაფერს აკეთებდა, მაშინვე სახლში გარბოდა. ვერ ვიგებდი ხოლმე, რამე თუ ვინმე ელოდებოდა სახლში თუ?
-ესე იგი ჩაკეტილი გახდა? შეიცვალა?
-რავი, კი. აღარ უყვარდა ლაპარაკი.
-როდის გაიგეთ, ავად რომ იყო?
-აა, ეგ ნოემბერში. იქამდე ერთი-ორჯერ წამოახველებდა ხოლმე, მაგრამ არაფერი ისეთი, გაციებულს მეც კი მიმუშავია. მარა იმ დღეს სისხლი და ვარდები ახველა. ეგეთი არაფერი მინახავს. საზიზღრობა კი იყო, მე მომიწია აწმენდა, ეგ რომ გაუშვეს.
-დაითხოვეს?
-აბა ავადმყოფი თანამშრომელი ვის რად უნდა?
მსმენელებს ბრაზის გამომხატველი ხმები ამოხდათ. წამყვანი თავს აქნევდა, აშკარად შეწუხებული.
ეკრანზე გამოსახული ქალი გაქრა, ამჯერად სახედაბურული კაცი გამოჩნდა. მის უკან გოგიჩიძის ქუჩის კორპუსები აღმართულიყო.
-ესე იგი დაგინახავთ, თუ როგორ ახველებდა ქალბატონი ქეთი ღვინიაშვილი?
-აბა რა! ბევრჯერ დამინახავს, ყველამ ვიცოდით რომ ცოტა ავად იყო, მაგრამ რას ვიფიქრებდით ასეთი რამე თუ სჭირდა. უბედური ეგა… რამდენჯერმე ვკითხე კიდეც, როგორ ხარ შვილო-თქო, არც მპასუხობდა ხოლმე, ახლა კი ვხვდები რომ არ უნდოდა ამ ყველაფერზე ელაპარაკა…
-როგორ დაახასიათებდით ქეთი ღვინიაშვილს?
-რავიცი აბა შვილო. აჩრდილივით გოგოა, დაძვრება ისე აქეთ-იქით რო ვერაფერს გაუგებ, როდის მიდის, როდის მოდის, სად მიდის, რა უნდა, რას დაეძებს.
ეკრანზე კვლავ წამყვანი გამოჩნდა, რომელიც ამჯერად სავარძელში მოკალათებულიყო და წარბშეკრული უცქერდა კამერას.
-მართლაც, რა სურს ქეთი ღვინიაშვილს? რისკენ ისწრაფვის? პირველ რიგში, იგი მისკენ გამოწვდილ, უანგარო დახმარების ხელს დაეძებს. და ამ დროს, რას აკეთებენ ექიმები? ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი და ცნობილი კლინიკა, სადაც ქვეყანაში, როგორც თვითონ ამბობენ, „საუკეთესო სპეციალისტები“ მუშაობენ, ლუკა ასათიანის სახელობის კლინიკაა, რომელსაც ჩვენი გადაცემის მთავარმა გმირმა საკუთარი სიცოცხლე უდრტვინველად მიანდო, ალბათ იმ ბავშვური გულუბრყვილობით, რომელიც ყველასათვის ნაცნობია და მას ყველანაირად ეპატიება. და როგორ უპასუხეს მის ნდობას? საკუთარი სიცოცხლის ნდობას? არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მხოლოდ ხელის კვრით.
ქეთის სიცოცხლის გადასარჩენად კლინიკას შეუძლია გაუკეთოს ფილტვების გადანერგვა, ახალი სიცოცხლე შეუძლიათ შთაბერონ მის სხეულს. და გინდათ გაიგოთ, თუ რა ბრძანა მისი დაავადების განხილვაზე ერთ-ერთმა ექიმმა? წავიდეს და ვინც უყვარს იმას თავი შეაყვაროსო, ჩვენ ხელსაც არ გავანძრევთო.
დარბაზს გაოცებული შეძახილები აღმოხდა. უკანა რიგებში ვიღაცამ ხმამაღლა შეიგინა.
-ასეთი უმოწყალო განაჩენი გამოუტანეს 27 წლის გოგონას! ეს არის წმინდა წყლის სისასტიკე. ლუკა ასათიანის სახელობის კლინიკაზე, ალბათ გაგახსენდებათ, მისი დირექტურის კორუფციის გამომჟღავნებისათვის „ახალ ხედვაში“ წინა წლის ბოლოს გადაცემა მოვამზადეთ, და რასაკვირველია, ჩვენს ქმედებებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია! ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო, კლინიკაში ადამიანის სიცოცხლე ერთ თეთრადაც კი არ ფასობს.
ლუკა ასათიანის კლინიკასთან ქეთის არამარტო მისი დაავადება აკავშირებს. კლინიკას კიდევ ერთი ბორკილი დაუდია მისთვის: ახალგაზრდა ექიმი-კარდიოლოგი ლ.მ., გაგიკვირდებათ და ერთადერთი მამაკაცია, რომელიც ქეთი ღვინიაშვილის სიახლოვეში დაუფიქსირებიათ განვლილი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ეკრანზე მორიგი სახედაბურული კაცი გამოჩნდა. მის უკან, მახარაძის გამზირზე, ბარი „წითელი ღამის“ კარი ჩანდა.
-ხშირად ხედავდით ქეთი ღვინიაშვილს?
-ბოლო თვეებში უფრო ხშირად შემოდიოდა. ადრე ვიღაც გოგოებთან ერთად დამინახავს, მარა მერე მარტო იყო. ტომ კოლინსს უკვეთავდა, მარგარიტას, მოჰიტოს…
-როგორი იყო?
-რავი ბევრს არც ლაპარაკობდა. შეუკვეთავდა, გადაიხდიდა და ეგაა. არც ცეკვავდა და არც არაფერი. იჯდა თავისთვის.
-შეგიმჩნევიათ მისი ავადმყოფობა?
-ყურადღება მაშინ მივაქციე სწორედ, ხველა რომ დაიწყო. არ მინდოდა ვინმესთვის რამე გადაედო, ხომ ხვდებით რა, შარი არ მინდა აქ! კინაღამ ვუთხარი, წადი-თქო. ისიც დავინახე რამდენჯერმე, ყვავილები რო ამოახველა. მეგონა რომ რაღაცა მეჩვენებოდა უეჭველი, მაგრამ აი ხო ხედავთ, არ მომჩვენებია.
-წეღან ახსენეთ, რომ ვიღაც კაცი დაინახეთ მასთან ერთად. ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევა იყო?
-ოოო კი. იქამდე სულ მარტო იყო. ანდა სხვა გოგოებთან ერთად. ის კაცი პირველად დავინახე. რაღაცებს ეუბნებოდა, მერე ჩაეხუტა, რა ვიცი. მერე კი წავიდნენ, იმის მერე აღარ მინახავს.
-იმ კაცზე რას იტყოდით?
-რავიცი, ჩვეულებრივი, ნორმალური ტიპი ჩანდა.
-იტყოდით, რომ რამე ურთიერთობაში არიან?
-ვერ გეტყვით. ისე კი შეიძლება.
ეკრანზე ისევ პირველი კაცი გამოჩნდა, რომლის მიღმა კვლავ გოგიჩიძის ქუჩის კორპუსები აღმართულიყვნენ.
-ეგ ახალგაზრდა ბიჭი როგორ არ მინახავს! ექიმია როგორც ვიცი. სახლში კია იშვიათად.
-და ქეთი ღვინიაშვილთან დაგინახავთ?
-კი კაცო. ერთხელ მანქანით მოიყვანა და სახლში აყვა, აგერ, აქვე.
-და იქ დარჩა ეს კაცი თუ დაინახეთ როგორ ჩამოვიდა?
-მგონი იქ დარჩა, შვილო.
-იტყოდით, რომ რამე ურთიერთობა აკავშირებთ?
-ეგ აღარ ვიცი.
ეკრანზე კვლავ წამყვანი გამოჩნდა. დარბაზში ჩოჩქოლი ისმოდა.
-ეს კარდიოლოგი, ლ.მ., ის ექიმია, ვინც ქეთი ღვინიაშვილს გამოკვლევები ჩაუტარა. და, არ გამიკვირდება, თუ მან ისარგებლა ახალგაზრდა, განწირული გოგოს მძიმე მდგომარეობით და გადაწყვიტა თავისი ბინძური კლანჭებით ჩაფრენოდა მას. „ახალი ხედვის“ საგამომძიებლო ჯგუფს ასევე გაუჩნდა ეჭვი: ის ერთადერთია, ვისთანაც ქეთი ღვინიაშვილი დაფიქსირდა ამდენი დროის მანძილზე, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას. არის თუ არა აქ ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან ამ მამაკაცთან ყოფნის სურვილის ელემენტიც? ის ხომ, ბოლოსდაბოლოს საკუთარი სიცოცხლის ბოლო, საბედისწერო დღეებს ითვლის. და თუ არის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? იქნებ, სწორედ ზემოთმოხსენებული ლ.მ. არის ქეთი ღვინიაშვილის ჰანაჰაკის დაავადებით შეპყრობის სათავე?
დარბაზში უფრო ახმაურდნენ, ხმამაღლა განიხილავდნენ ამ შესაძლებლობას.
-წარმოგიდგენიათ ასეთი სისასტიკე, რომ იცოდე, თუ როგორ იტანჯება ადამიანი შენდამი ცალმხრივი სიყვარულით, ისე, რომ სიკვდილის პირზეა, თან ასეთი მშვენიერი, ახალგაზრდა გოგონა, და მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გაგაჩნდეს? და თან სადღაც ხვდებოდე მას? დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეხვედრები ქეთი ღვინიაშვილისათვის სიკვდილის ტოლფასია, რადგან ხედავს იმას, რაც მასთან ასე ახლოსაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან, ძალიან შორს. ამას ჰქვია მანიაკალური სისასტიკე, ძვირფასო მაყურებლებო, მანიაკალური სისასტიკე და შეუწყნარებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც ფსიქოპათები აკეთებენ. და ასე რომც არ იყოს, რატომ მიჰყავს ქეთი ღვინიაშვილის ექიმს ის ბარში? ეს ხომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა! ეს არის პაციენტის უფლებების უხეში დარღვევა! არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მამაკაცი ქეთი ღვინიაშვილს გამოკვლევებს უტარებდა, მაშასადამე მის მკურნალობაშიც იყო ჩარეული, ესე იგი მანაც კვერი დაუკრა იმ უმოწყალო განაჩენს, რომელიც ამ საბრალო გოგონას გამოუტანეს!“
ყურსაცვამები თავიდან მოიგლიჯა ლევანმა. ვიდეო გამორთო, ტელეფონი დაბლოკა და მის გვერდით, ტახტზე გადააგდო, ანერვიულებულმა.
ალბათ არ იყო ფეისბუქის გადმოწერა და ჰანაჰაკიან პაციენტზე გაკეთებული რეპორტაჟების მოძებნა ყველაზე ჭკვიანური აზრი.
კარდიოლოგიის განყოფილების ექიმთა საერთო ოთახი ცარიელი იყო, სხვები ლანჩზე ერთად წასულიყვნენ. კორიდორიდან წყნარი ნაბიჯები ისმოდა, რომელიც მალევე მიწყდა. მოშორებით ვიღაცის მაგიდის ტელეფონი გამალებით, ტყუილად რეკავდა, ზარის ხმა თავში უზრიალებდა ლევანს.
არც კი უკვირდა, რომ ასეთი დონის ტყუილებს ჩმახავდნენ. მაგრამ მაინც აღიზიანებდა ის, რომ ამ ხალხს თავიანთი ნამდვილი მოტივაციები ლამაზ-ლამაზ სიტყვებსა და დახმარების სურვილის უკან შეეფარა. ქეთის ამბავი მხოლოდ და მხოლოდ ხელსაყრელი შემთხვევა გახლდათ მათთვის და მეტი არაფერი, თვითონ ქეთი ამ ხალხს არაფერში აინტერესებდა. მათი კლინიკის ბინძური, კორუმპირებული დირექტურის მხილება სურდათ ალბათ, და ერთ-ორ ექიმსაც მიაყოლებდნენ ზედ.
მუხლებს დაებჯინა ლევანი, შუბლზე ჩამოყრილი თმა ორივე ხელით გადაიწია უკან. თვალები გაუშტერდა, მტკივან საფეთქლებს ისრესდა.
დაველოდებით, სანამ სურვილი ექნება გაგვესაუბროსო. ირონიული ფრუტუნი აღმოხდა ლევანს. არადა ერთი სურვილი ჰქონდათ, სანამ ქეთის ხელში მოიგდებდნენ, რომ რამდენიმე სიტყვა მაინც დაეცდენინებინათ მისთვის. ქეთის აქამდე მოეხერხებინა მისი მოცილება, მაგრამ როდემდე შეძლებდა ამას? არ მოასვენებდნენ.
არც ის იცოდნენ, თუ როგორ ძვრებოდა ნემსის ყუნწში ეკა მიქაბერიძე იმისათვის რომ რამე გაეკეთებინა ქეთისათვის. ანდა იცოდნენ, უბრალოდ ფეხებზე ეკიდათ.
ისე რატომ არ ეცოდინებოდათ, ბოლოსდაბოლოს ლევანის სახელიც გამოჩხრიკეს.
ლევანს ჩაეცინა. გადაცემაში მისი ინიციალები გამოიყენეს.
მაგრამ მისი კონფიდენციალურობის დასაცავად არა. ვის რაში აინტერესებდა მისი კონფიდენციალურობა, როცა ქეთი არ დაინდეს. ის ხომ მოწმეც არ იყო ამ ამბისა, როგორც ის ხალხი, ინტერვიუები რომ ჩამოართვეს. იმ ბარმენის, ქეთის მეზობლისა და მისი ყოფილი თანამშრომლის პირადი ინფორმაციის გასაიდუმლოება უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ გადაცემის გამკეთებლებისათვის, ვიდრე სხვა რამ. მისი ინიციალების გამოყენება გაფრთხილება იყო. გაფრთხილება, ანდა ის კოზირი, რომელიც ჟურნალისტებს გააჩნდათ და რომლის გასაჯაროებისათვის შესაფერის დროს ელოდნენ.
ის კიდევ, ვითომ ლევანის გამო დამართნოდა ქეთის ჰანაჰაკის დაავადება. ამაზე თითიდან გამოწოვილი სისულელე არც არასოდეს გაეგონა ალბათ ლევანს. უბრალოდ კარგად ჟღერდა. სენსაციურად. იოლი იყო მასზე ამის მიწერა, რომ თავიანთი სიუჟეტები უფრო მძაფრი, უფრო დრამატული გაეხადათ, მეტი არაფერი.
არა, ქეთის ვიღაც სხვა უყვარდა. ვიღაც უსახო კაცი, რომელის მის გრძნობებს არ იზიარებდა.
ნეტავ როგორი იყო? იქნებ ძველი მეგობარი? ყოფილი? კაცი, რომელსაც უკვე პარტნიორი ჰყავდა?
უკან გადაიწია ლევანი, ტახტის ზურგს მიეყუდა. ფეხები გადაეშალა, მოშვებული ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო კალთაში და გაჰყურებდა რაღაცას, შორს, თვალი გაუშტერდა.
დაიტკაცუნა ოთახის კარმა.
მზერა ასწია ლევანმა, ოთახში შემოსულ, განყოფილების გამგეს, გურამ ჯანაშიას გაუსწორა თვალი.
ბატონმა გურამმა ელვის სისწრაფით მიათვალიერა მის გვერდით მიგდებული ყურსასმენები და ტელეფონი.
-ნახე? – ჰკითხა მან, კარი ზურგსუკან მოიკეტა. – „ახალ ხედვაში“… ის გადაცემა.
-ვნახე.
-არ უნდა გენახა. – თქვა ბატონმა გურამმა, თავის კაბინეტს მიაშურა. – მოდი ორი წუთით, დავილაპარაკოთ.
წამოდგა ლევანი, ბატონ გურამს კაბინეტში შეჰყვა და კარი ზურგსუკან მოიხურა.
გურამი თავის მერხთან, ტყავის სკამში ჩაეშვა. მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა ლევანი.
განყოფილების გამგემ მერხზე დაწყობილი დოკუმენტები მიასწორ-მოასწორა, მერე კი ყელი ჩაიწმინდა. ლევანს მზერას არ უსწორებდა, ეტყობოდა რომ სიტყვებს ეძებდა.
-ალბათ ბევრი პრობლემა შეგიქმენით. – თქვა ლევანმა.
გურამს ხელი გაუშეშდა. ღრმად ამოიხვნეშა, თითქოს ამას უკვე ელოდა.
-იცი, თუ როგორ გაფასებ, ლევან. – თქვა მან ბოლოს, დაღარული სახე ან ბოლო კვირის მანძილზე თითქოს უფრო დაუნაოჭდაო, გაიფიქრა ლევანმა. – საკუთარი შვილივით მყავხარ, ვიცი თუ რამდენს მუშაობ, რამხელა ენერგიას დებ სამსახურში, სისულელეებს არ ჩადიხარ, კარგი კადრი ხარ მოკლედ. და ძალიან მიკვირს ეს… ყველაფერი.
-მეც მიკვირს, ბატონო გურამ. – უპასუხა ლევანმა.
-მე შენი მჯერა, ლევან. მჯერა, რომ ის გოგო აქამდე არ გინახავს. ერთი ეს მითხარი, ხვდებით ერთმანეთს?
-არა.
-არც აპირებ?
-არა. – მოუჭრა ლევანმა. დასჭიმვოდა კალთაში ერთმანეთს გადაჭდობილი ხელები.
გურამმა თითები მოისრისა. დაჟინებით შეჰყურებდა.
-დირექტორს შენი გათავისუფლება უნდოდა. – თქვა მან.
ხელში სპაზმმა დაუარა ლევანს. შეეცადა გარეგნული სიმშვიდე მაინც შეენარჩუნებინა. ამაზე უკვე ეფიქრა, იცოდა რომ დიდი ალბათობით ასეც იქნებოდა, მაგრამ ისე იყო სამსახურსა და სხვა რამეებში ჩაფლული რომ არც ჰქონდა დრო, რომ საკმარისად გაეცნობიერებინა, თუ რას ნიშნავდა მისთვის ახლა სამუშაო ადგილის დაკარგვა.
-უნდოდა ჩუმად გაეშვი და მერე რამე მოემიზეზებინა. – განაგრძო გურამმა.
-გასაგებიცაა. – თქვა ლევანმა. – ახლა პრობლემის მეტს არაფერს წარმოვადგენ.
-არაფერი არაა აქ გასაგები. – წარბები შეკრა გურამმა. – ვიღაც გადამთიელების სიტყვების სჯერათ და ცილს გწამებენ.
-ის ბარში გადაღებული ფოტო ხომ აქვთ. – თქვა ლევანმა, ოდნავმა ღიმილმა დაუგრიხა ნაკვთები. – ეგ საკმარისია.
წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა.
-ახლა რომ გამიშვან, წამსვე გამოირკვევა და მერე იმას იტყვიან, აი, გაათავისუფლეს სამსახურიდან, ესე იგი მართლები ვიყავითო. – თქვა ლევანმა.
-მაგდენი სად ესმით. ეგ ვუთხარი კიდეც. შენი კონტრაქტი არ აძლევთ უფლებას რომ ასე უცებ გაგიშვან. მაგრამ კონტრაქტი იქით იყოს, სანამ ეს ყველაფერი არ ჩაწყნარდება, შენი გათავისუფლების უფლებას არ მივცემ.
-არ ჩაწყნარდება, ბატონო გურამ.
-ჩაწყნარდება. ყველას ყველაფერი ავიწყდება. ეს რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? ეგ გოგო მოკვდება, ლევან, ერთ ამბავს კი ატეხავენ, მაგრამ მერე დაშოშმინდებიან. რამდენჯერ მომხდარა ასეთი რამ.
ლევანს კუნთები დაეძაბა ყბებში. გამომცდელად შეჰყურებდა განყოფილების გამგეს.
-ალბათ. – თქვა ბოლოს.
-ალბათ არა. ნამდვილად. ეგ გოგო ძალიან ცოდოა, ლევან, ცუდად არ გამიგო. მაგრამ შენ რატომ უნდა შეეწირო ამ გაუგებრობას?
-არ ვეწირები, ბატონო გურამ.
-ცოტნე აფციაურმა შენზე ამბების შეთითხნა თუ დაიწყო, ჩათვალე რომ ეწირები. ეწირები შენც და შენი კარიერაც. რანაირად ლაპარაკობ? არ გინდა აქ მუშაობის გაგრძელება ანდა ზოგადად ექიმად მუშაობა თუ რა?
-ეგ არ მითქვამს.
-ჰოდა მაშინ დამაცადე საქმე ბოლომდე გავაკეთო. ყველას ყველაფერი დაავიწყდება, არცერთი ამბავი არ გამოეკერება ცას და არც უნდა გამოეკეროს. შენ ამ ამბიდან უბრალოდ უნდა გაქრე. მეტი შეხება აღარ უნდა გქონდეს. არ მისცე ამ სვავებს საბაბი, თორემ მეც მაქვს ჩემი ზღვარი, ლევან, იმის იქით ვეღარ შევძლებ რამე გავაკეთო.
-მესმის, ბატონო გურამ.
განყოფილების გამგე რამდენიმე წამით დაღვრემილი გამომეტყველებით შესცქეროდა, მერე ისევ ღრმად ამოიხვნეშა, ხელი აუქნია.
-წადი ახლა.
წამოდგა ლევანი და უხმოდ დატოვა კაბინეტი.
სტაციონარში იმდენი საქმე ჰქონდა, რომ ექვს საათამდე მოუწია საავადმყოფოში ყოფნა. ბოლო ერთი საათი ფაქტიურად ავტოპილოტზე მუშაობდა, პაციენტებთან დარბოდა, ანალიზებსა და გამოკვლევებს უკვეთავდა და ისტორიებს წერდა. ექიმთა ოთახი უკვე კარგა ხნის დაცარიელებული იყო, როცა თავისი ნივთები მოხიკა, შუქი გამორთო და კარი ზურგსუკან გამოიხურა.
გამოსაცვლელი ოთახის საშხაპეში, ცხელი ჭავლის ქვეშ კარგა ხნით იდგა ლევანი. ლურჯ-მწვანე კაფელზე მგორავ წვეთებს ადევნებდა თვალს.
სწრაფად შეიმშრალა და ჩაიცვა. გამოსაცვლელ ოთახში, ძელსკამზე ჩამოჯდა. ხელებს ისრესდა და იატაკს ჩაჰყურებდა, სველი თმა ჩამოჰყროდა თვალებში. თავში ფიქრების კორიანტელი უტრიალებდა, მაგრამ არაფრით შეეძლო ერთ კონკრეტულ აზრზე კონცენტრირებულიყო. არც უნდოდა რომ ეფიქრა, უფრო უნდოდა მჯდარიყო და ცოტა ხნით ეარსება, დაესვენა.
მისი მაჯის საათი წიკწიკებდა.
18:46.
ოთახის ნაცრისფერ, მეტალის კარადებს ჭერიდან მომავალი მჭახე თეთრი სინათლე მოჰფენოდათ. იატაკზე ალაგ-ალაგ ჭუჭყიანი გუბეები იდგა, ვიღაცას შიგნით დაებერტყა ფეხსაცმლიდან თოვლი. გამოსაცვლელი ოთახები მიწისქვეშა სართულზე იყო მოწყობილი და ჭერთან ახლოს გამოჭრილი სარკმელი თითქმის მთლიანად დაეფარა თოვლს. ბუნდოვნად მოჩანდა ქუჩიდან მომავალი წითელ-ყვითელი სინათლე, მაგრამ იცოდა ლევანმა, რომ უკვე სიბნელე ჩამოწოლილიყო.
უნდოდა ამდგარიყო, წასულიყო აქედან და ლოგინში შეწოლილიყო უბრალოდ. ბინა ცივი კი იქნებოდა ახლა, რადგან მორიგეობის გამო წინა დღეს გათბობა გამორთო, მაგრამ რას იზამდა.
უნდოდა წასვლა, ამავდროულად ვერაფრით დგებოდა. დაღლილი სხეული არ ემორჩილებოდა თითქოს.
ტელეფონმა დაიწყო ვიბრირება.
From: ქეთი – 18:48
„გცალია?“
ცოტა ხანი ტელეფონი ხელში ეჭირა ლევანს, ქეთის გამოგზავნილ მესიჯს ჩაჰყურებდა, იხსენებდა დღეს ნანახ გადაცემას, ბატონი გურამის სიტყვებს და ყველაფერი უქვავდებოდა შიგნით.
To: ქეთი – 18:51
„მცალია.“
From: ქეთი – 18:51
„ლამაზი ხედის ნახვა გინდა?“
To: ქეთი – 18:52
„სად ხარ?“
From: ქეთი – 18:52
„მთაწითელაზე ძეგლი როა, იქ. მოხვალ?“
To: ქეთი – 18:53
„ამოვალ.“
წამოდგა ლევანი. სველ თმაზე ქუდი ჩამოიფხატა, ქურთუკი მოიცვა და ჩანთა ზურგზე მოიგდო, სწრაფი ნაბიჯით მოიტოვა დატოვა გამოსასვლელი ოთახი.
გარეთ ისევ ბარდნიდა, ყველაფერს ფაფუკი თოვლის სქელი ფენა ედო. ალაგ-ალაგ ქარი წამოუბერავდა, წამოხვეტავდა ჯერ კიდევ მიწას შეუყინველ ფანტელებს და ლამპიონების ნარინჯისფერ შუქზე ნაპერწკლებივით მიმოაფანტავდა შემოგარენს. გადათეთრებულიყო ტრასა, ზედ მოდებული ყინული უკვე დაეფარა მოტკეპნილ თოვლს და მქრქალი, მთების ძირში ჩაგუბებული ნისლი ჩამოწოლილიყო შორს. თითქოს ცას სწვდებოდა ქალაქგარე, ჩრდილოეთით მიმავალი ტრასის ბოლოში მდებარე მთაწითელა, რომლის წვერზეც წამომდგარი მუქი ქანდაკებათა ჩრდილი გაცრეცილ, ნაცრისფერ ცაზეც კი გარკვევით მოჩანდა.
დაბრეცილიყო ფერდობზე შეფენილი, მიხვეულ-მოხვეული გზა, გზისპირზე გორაკებად აეკოკოლავებინათ გადაკვალული თოვლი, რომლის მიღმა, თითქოს თოვლში ჩაუმარხიათო, წამომართულიყვნენ ვეებერთელა ხეთა ვარჯები, რომელთა ტოტებზე შეყინული თოვლი ქათქათა თაღად გადმოჰკიდებოდა ტრასას. გზაზე ლამპიონების შუქი არ იყო, და ბუნდოვნად ხედავდა ლევანი საქარე მინიდან, თუ როგორ იმზირებოდნენ ჩრდილოეთისაკენ, გამსკდარი ღრუბლის საფარიდან, ხეების ტოტთა შორის ვარსკვლავები.
ბოლო მოსახვევზე გაჭირვებით ავიდა მანქანა და აღმართის ძირში მიაყენა ლევანმა, მერე კი ფეხით აუყვა დათოვლილ გზას.
დათოვლილი ხეების თაღის მიღმა მალევე გამოჩნდა აღმართზე ამავალი, განიერი ქვის კიბეები, რომლებიც ერთიანად დაეფარა თოვლს, გარშემო თეთრად შებუმბლული ბუჩქები შემოჯარვოდნენ. ასიოდე მეტრზე აჭიმულიყვნენ საფეხურები, და ნისლს დაებინდა მის თავში გადაშლილი, ვეებერთელა ქვის მოედანი. მის კიდეებზე, ერთმანეთის საპირისპიროდ აღმართულიყვნენ თამარ მეფისა და დავით სოსლანის შავი მარმარილოსაგან გამოკვეთილი ქანდაკებები, რომლებიც თითქოს ცას ებჯინებოდნენ. ვეებერთელა თოვლის საფარი ედო მიწამდე დაშვებულ მოსასხამსა და მის წინ დაბჯენილი მახვილის ვადაზე დავით სოსლანს, და აბრწყინებული ვეებერთელა ლოლოები ჩამოჰკიდებოდა თამარ მეფის მარჯვნივ გადაშლილ მკლავს. ყველაფერს ნისლი ჰბურავდა, თუმცა კიბეების გვერდებზე აყოლებული თეთრი ლამპები ოდნავ ფანტავდნენ ბურუსს.
კიბეებთან წამიერად შეჩერდა ლევანი.
ათიოდე მეტრში, საფეხურის შუაში, თოვლზე იჯდა ქეთი.
ახალგაზრდა ქალი ოდნავი, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით შეჰყურებდა, პირს ხელის ზურგით იწმენდდა. გვერდზე მოქცეოდა მისი განუყრელი გაბეწვილი ქუდი, ყელსა და ნიკაპზე შარფი მოეხვია. უფრო სქელი პალტო ეცვა, და რეზინის ჩექმები, რომლებშიც სქელი შარვლის ტოტები ჩაეტენა.
სახე ისევ ისეთი ჰქონდა, ფერმკრთალი, რომელსაც კიდევ უფრო უცრეცდა დათოვლილი შემოგარენი, თეთრი ლამპების სინათლე და ჩამოწოლილი მქრქალი ბურუსი. თვალები ავადმყოფურად უპრიალებდა, თითქოს სიცხიანიაო, გაწითლებოდა ცხვირი და დახეთქილი ტუჩები, რომელთა მარჯვენა კუთხეშიც ალისფერი სისხლი შრებოდა.
რეზინის ჩექმებთან და ქვედა საფეხურზეც, ქათქათა თოვლზე ეფინა დაჭმუჭნული, გაფურჩქნული ლურჯი ვარდები, კოკრები და დაფლეთილი ფურცლები, თოვლი ალაგ-ალაგ ალისფერ სისხლს გაედნო. აქეთ-იქით მოშხეფილიყვნენ პაწაწინა წითელი წვეთებიც.
ლევანი უსიტყვოდ აჰყურებდა. მერე დაიძრა, კიბეებს აუყვა და მძიმედ დაეშვა ქეთის გვერდით.
მთელი ქალაქი მოჩანდა აქედან. მოციმციმე ლამპიონები, საცობში გაჭედილი მანქანების მწკრივი და ოქროსფრად დაკოპლილი კორპუსები.
გვერდიდან წამოუბერა, ფანტელები შემოეყარათ. რამდენიმე ვარდის ფურცელი აიტაცა ქარმა და წაიღო, გადაშლილი ვარდები ქვედა საფეხურზე გადახვეტა.
მის ფეხებთან მორჩენილ ყვავილებსა და თოვლში გამდნარ სისხლის წვეთებს ჩაჰყურებდა ლევანი.
-როდის მოხვედი? – ჰკითხა მან.
ქეთიმ თავისი ვეებერთელა, ნაქსოვი ხელთათმანებით მოისრისა მუხლები, მერე კი ლევანს გადმოხედა ჩაცვენილი, ლამპების თეთრ სინათლეზე ღია თაფლისფრად დაფერილი თვალებით. უძილარი და ქანცგაწყვეტილი ჩანდა, მხრებში მოხრილიყო, ჩასისხლიანებული თვალების ქვეშ უპეები ჩამუქებოდა.
-არც ისე დიდი ხანია. – თქვა მან, მერე კი გაეცინა. – ჟურნალისტებს გამოვექეცი. თუმცა გამოქცევა რა, სირბილი არ შემიძლია. სწრაფად გამოვეპარე.
ლევანმა წარბები ასწია.
-რა, ისევ ბინასთან გელოდებოდნენ?
-არა. – თავი ისე სწრაფად გააქნია ქეთიმ, რომ რამდენიმე ფანტელი მოსწყდა მის პალტოზე გადმოფენილ მუქ თმას. – ცენტრთან ახლოს ქუჩებზე დავეხეტებოდი. აზარის თეატრთან წერდნენ რაღაც რეპორტაჟს.
-მერე გამოგეკიდნენ? – ჩაეკითხა ლევანი.
-თან როგორ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიცნო და მიკროფონგამოწვდილი გამოვარდა, საცოდავი, მერე სხვებმაც შემამჩნიეს და აყვნენ. მანქანებმა შეუშალეს ხელი, კიდევ კარგი.
-და რა, დაიმალე?
-არა, გამიმართლა. ტაქსი დავიჭირე. – ქეთის ისევ გაეღიმა, აშკარად ამხიარულებდა ჟურნალისტთა შტურმის მარცხით დასრულება. – ჩავჯექი და ვუთხარი ჩქარა, ჩემი გიჟი ყოფილი მომდევს-თქო. შეწუხდა კაცი, მგონი ორჯერ გაიარა წითელზე, თან სულ უკან იყურებოდა, არიქა ვინმე ხომ არ მოდისო.
ქეთის გაეცინა, თვალები გაუბრწყინდა, მათ კუთხეებში პაწაწინა ნაოჭები გამოეკვეთა, სწორი, თეთრი კბილები გამოუჩნდა.
ლევანი უსიტყვოდ შეჰყურებდა და თითქმის ვერ გრძნობდა ზურგზე მოწოლილი ქარბუქის ტალღას.
-მინდოდა სადმე შორს წამოვსულიყავი. – განაგრძო ქეთიმ. – პირველი ეს ადგილი მომივიდა თავში. აქ ხარ ნამყოფი?
ოდნავ მოტრიალდა ლევანი, თამარ მეფისა და დავით სოსლანის გრანდიოზულ ქანდაკებებს ახედა, შეუდრეკელად რომ იდგნენ, ქარბუქის საბურველში გამოხვეულნი.
-არა, არ ვყოფილვარ. – თქვა მან.
-აწი გეცოდინება. – უთხრა ქეთიმ. – ზაფხულში უფრო ლამაზია.
-მერე ამოვალ ხოლმე. – თქვა ლევანმა.
თქვა და მაშინვე იგრძნო სიმძიმე მკერდში. რას ნიშნავდა „მერე“? ხვალ, ზეგ, ორი კვირის შემდეგ, გაისად, ხუთი წლის შემდეგ? უსასრულო იყო მისი „მერე“, ათწლეულებს ითვლიდა, განუზომელი და აბსტრაქტული ცნება. ქეთისათვის კი ალბათ არც კი არსებობდა.
ახალგაზრდა ქალს არაფერი უპასუხია.
-ისევ ძალიან ახველებ? – ჰკითხა ლევანმა.
-მგონი უფრო მეტი ვარდები მეზრდება. – თქვა ქეთიმ. ხელები მუხლებზე გადაედო და მშვიდად გაჰყურებდა შორეულ ქალაქს. ყბის ძვლები გამოჩროდა გამხდარ სახეზე. – მთელი დღე ხველების მარათონია. ღამე ორიოდე საათი მძინავს მარტო.
-ექიმთან ბოლოს როდის იყავი?
-26-ში.
-ანალიზები გაგიკეთა?
ქეთის უცნაურად შეუტოკდა სახის ნაკვთები, შეიშმუშნა.
-რა თქმა უნდა.
-მერე?
-ჰემოგლობინი მქონდა ისევ დაბალი. – თქვა ქეთიმ. – მაგრამ საავადმყოფოში არ მინდოდა.
უსიტყვოდ შეჰყურებდა ლევანი. ხელები ნერვიულად მოისრისა, მთელი სხეულით დაძაბულმა.
-ქეთი, არ შეიძლება ეგრე.
-სადამდეც შეიძლება, შეიძლება. ალბათ. – თქვა ქეთიმ. – არც ის შეიძლებოდა, რომ მაინდამაინც მე და მაინცდამაინც ახლა დამმართნოდა ეს წყეული ჰანაჰაკი, მაგრამ რას იზამ.
-ეგ არაფერ შუაშია. – თქვა ლევანმა.
-თავშია, მე თუ მკითხავ.
ამოიხვნეშა ქეთიმ. თეთრ ქულებად გაიშალა მისი სუნთქვა, შორეულ, იისფერ ცას შეერია თითქოს.
-მაპატიე. ტყუილად ვლაპარაკობ. – თქვა ბოლოს. – უკვე შევეგუე, რომ რაც მოხდა, მოხდა. ასეთი რაღაცები ხომ ხდება. ბედისწერა, კოსმოსის კანონზომიერება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ეგეთები.
-ასეთ რამეებს არასოდეს აქვთ მიზეზი. – თქვა ლევანმა. – და არც აზრი. აქ არც კოსმოსის კანონზომიერებაა და არც ბედისწერა. მომავალი არ არსებობს, სანამ არ დადგება. არსებობს უბრალოდ ძალიან, ძალიან უაზრო შემთხვევითობა და სხვა არაფერი.
-ეგ მგონი უარესია. – ტუჩის კუთხეები შეუტოკდა ქეთის, მაგრამ თვალები ისევ ისეთი დიდრონი, ჩაცვენილი და წყლიანი დაურჩა. – მირჩევნია მეგონოს, რომ ასე უნდა ყოფილიყო, რომ რამე მიზეზი არსებობს.
სიჩუმე ჩამოვარდა. არც კი იცოდა ლევანმა, თუ რა უნდა ეთქვა.
-წინა სიცოცხლეების არსებობაზე ვფიქრობდი. – განაგრძო ქეთიმ. მუხლები ნიკაპის ქვეშ შეიწყო, მოიკაკვა, წარბშეკრული გაჰყურებდა მოციმციმე ქალაქს. – ჰოდა გადავიფიქრე, მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს.
-წინა სიცოცხლე? – ჩაეკითხა ლევანი, გაეღიმა. – რა იყო, რამე გაგახსენდა?
ქეთიმ გადმოხედა. თვალებში აჰყურებდა, წამიერად მისივე სუნთქვის ბურუსში გაიცრიცა მისი ფერმკრთალი კანი, დიდრონი თვალები და დახეთქილი ტუჩების სიწითლე.
-არ ვიცი. – თქვა მან. – რატომ არ უნდა არსებობდეს? ჩემნაირი მხოლოდ მე ხომ არ ვარ ამ ქვეყანაზე? რატომ არ შეიძლება რომ ოდესმე, სადღაც, იყო კიდევ ერთი მე. აი წარმოიდგინე, მე, ოღონდ ძველებურ ჯვალო კაბაში, მუხლებამდე ნაწნავით, მიწური ქოხიდან გამოვდივარ, სადაც ახლახანს ბუხარში ცეცხლი შევუკეთე, დიდ თუჯის ქვაბში ირმის ხორცი ჩავყარე მოსახარშად და თოვლიან მთას მივუყვები რომ შორეულ გალავნიან ქალაქს გადავხედო. ხომ შეიძლება ასეთი რამე მომხდარიყო?
წარმოიდგინა ლევანმა. წარმოიდგინა, რომ სადღაც, ოდესღაც არსებობდა კიდევ ერთი თვითონ, რომელიც თოვლიან მთაზე იდგა იმ ქეთის ახლოს.
-რატომაც არა. – თქვა მან. – ეგ ჯობია იმას, რაც ახლა გვაქვს.
-რა გვაქვს?
-გარანტირებული სამუდამო არარსებობა. – თქვა ლევანმა.
ქეთის შეჰყურებდა, რომელიც წარბშეკრული გაჰყურებდა ქალაქს.
-არარსებობა. – წაიბუტბუტა ახალგაზრდა ქალმა. – არარსებობა, სანამ სამყარო ცხოვრებას აგრძელებს. არა, მირჩევნია ვიფიქრო რომ ოდესმე ვყოფილვარ ცოცხალი და კიდევ ვიცოცხლებ. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ეს ყველაფერი აღარ მემახსოვრება.
-ალბათ შენ მთლად შენ ვერ იქნები, შენი ცხოვრება რომ არ გქონდეს გამოვლილი. – თქვა ლევანმა. – შეიძლება რაღაც მსგავსი, მაგრამ ზუსტად შენ ვერასოდეს.
ქეთის ოდნავ გაეღიმა, გადმოხედა.
-ისე მართალია. – თქვა მან. ისევ ავადმყოფურად, სიცხიანივით უპრიალებდა ჩასისხლიანებული, დაღლილი თვალები, ლევანს გაუსწორა მზერა. – რა მნიშვნელობა აქვს ინკარნაცია ხარ თუ არა, წინა ცხოვრება გქონდა თუ არა, როცა პატარა მომენტებია მთელი ცხოვრება.
მერე უკან გადაიწია, საფეხურებზე გადაწვა. ხელები გულზე დაეკრიფა და აჰყურებდა ცას.
ზემოთ აიხედა ლევანმა.
თითქოს ღრუბლის საფარველი გადაეძრო ქარს, მელნისფრად დაფერილი, უძირო სილურჯე გადაჭიმულიყო მათ თავზე. მკრთალად მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილიყო ცის თაღი, თითქოს ვინმემ კალთიდან ფანტელები გადაბერტყა და ცაზე მიმოაბნიაო.
-რამდენი ხანია წესიერად არ მინახავს ვარსკვლავები. – თქვა ქეთიმ. – რა იქნება ახლა ერთი მაინც ჩამოვარდეს. სურვილს ჩავიფიქრებდი.
რამდენიმე წამი ორივენი ჩუმად ასცქეროდნენ ცას, თითქოს ვარსკვლავის ჩამოვარდნას ელოდებიანო.
ვარსკვლავები ისევ უძრავად ციმციმებდნენ, ცის თაღზე შეყინულნი.
-რა სურვილს ჩაიფიქრებდი? – ჰკითხა ლევანმა.
ქეთის ქარის მიერ მონაბერი რამდენიმე ფანტელი დაეფინა ლოყაზე. აშკარად ისე ცივი ჰქონდა კანი, რომ უდრტვინველად, გადნობის გარეშე ისხდნენ ზედ ფიფქები.
-შენ რა, არ იცი რომ სურვილის გამხელა არ შეიძლება? – თქვა მან. – აღარ ახდება მერე.
-ვარსკვლავი მაინც არ ჩამოვარდება. – უთხრა ლევანმა.
-მაშინ… არაფერს.
-ჰანაჰაკის გაქრობას არა?
ქეთის ისევ უცნაური გამომეტყველება გადაეფინა სახეზე, დაბნეულობისა და სევდის ნაზავი.
-არა. – თქვა უცებ.
-რატომ?
-გრძელი ამბავია. არ დავიწყებ მოყოლას. – მოჭრა ქეთიმ, მერე კი ნელა წამოიწია იდაყვებზე, გამომცდელი მზერა მიაბჯინა. – შენ რას ჩაიფიქრებდი?
თვალი აარიდა ლევანმა, კვლავ გახედა შორეულ ქალაქს, რომელსაც ნელ-ნელა ჰბურავდა მთიდან მცოცავი ნისლი.
-არ ვიცი. – თქვა ბოლოს.
-რა, ყველაფერი გაქვს, რაც გინდა?
-არა. – თქვა ლევანმა. – იმას ვფიქრობ, რომელი სურვილის ასრულების შესაძლებლობა არსებობს.
ქეთიმ დაიფრუტუნა, მერე კი გაეცინა.
-შეუძლებლის ჩაფიქრებაა ჩამოვარდნილ ვარსკვლავზე სურვილის აზრი. – თქვა მან. – აბა თბილი ლოგინი რომ ვისურვო, მაგას რაღა აზრი აქვს?
ცოტა ხანი ვარსკვლავებს უყურებდა ლევანი.
-წავიდეთ. – თქვა ბოლოს, ფეხზე წამოდგა, შარვალი და მხრები ჩამოიბერტყა. მერე კი ქეთის მიუბრუნდა, რომელიც გაუნძრევლად იწვა, საფეხურებზე გაშოტილი და შეჰყურებდა ჩასისხლიანებული თვალებით.
-ძალიან ყინავს. და გეძინება. – განაგრძო მან, როცა ქეთი უსიტყვოდ უყურებდა მხოლოდ.
ბოლოს მკლავი გაუშვირა ახალგაზრდა ქალმა და მაგრად მოსჭიდა საპასუხოდ ხელი ლევანმა, ფეხზე წამოაყენა. ხელი არ გაუშვია, ისე დაუყვნენ კიბეებსა და დათოვლილ გზას.
ოციოდე ნაბიჯი არ გაევლო ქეთის, რომ უნდა შეჩერებულიყო, რათა სული მოეთქვა. ნელა დადიოდა, ეტყობოდა რომ სწრაფად იღლებოდა, თან აშკარად ცდილობდა, რომ სისუსტე დაეჯაბნა. არც კი იცოდა ლევანმა, მის წინაშე იკატუნებდა თავს თუ საკუთარ თავთან არ უნდოდა თავისი მდგომარეობის სიმძიმის აღიარება, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ქეთი ცდილობდა ფეხდაფეხ მოჰყოლოდა და იმის მიუხედავად, რომ ლევანი ძალიან ნელა მიუყვებოდა დაღმართს, ესეც კი უჭირდა.
ბოლოს ახლოს მოიზიდა ქეთი ლევანმა, წელზე ხელი მოხვია, სცადა საკუთარ თავზე გადმოეტანა მისი სიმძიმე და მის მოძრაობას დაჰყვა ქეთი. მათ წინ გაწოლილი ჩრდილები, მუქი იისფერი, ერთმანეთს შეერწყნენ და ნელ-ნელა, როცა კიბეებს მოშორდნენ, თეთრ თოვლსა და გადმოხრილი ხეების ნაცრისფერ საბურველს შეერივნენ, სანამ ვეღარც არჩევდა მათ ფიგურებს ლევანი.
ქეთი ქოშინებდა, მალ-მალე იფრქვეოდა მათ წინ მისი სუნთქვის ქათქათა ქულები, რომლებიც თითქოს ჰაერში იყინებოდნენ, სანამ მათ შემოჯარული უსაზღვრო სივრცე სჯაბნიდათ. სასტიკ ყინვაში უდრეკად, გაუნძრევლად იდგნენ გზის კიდეებზე აღმართული, დათრთვილული ხეები, და, კიბეების სინათლეებისაგან შორს, უფრო მკვეთრად კაშკაშებდნენ მუქ ლურჯ ცაზე ვარსკვლავები.
მანქანას ოდნავ აჭირხლოდა ფანჯრების ქვემოთა მხარე, როცა კარი გააღო ლევანმა. ქეთის იქამდე იჭერდა, სანამ ახალგაზრდა ქალი სავარძელში არ ჩაეშვა. თვითონაც ჩაჯდა, სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და ბოლომდე აუწია გათბობას.
ქეთი ტუჩებმოკუმული იჯდა, თვალები დაეხუჭა. მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა. ნესტოებიდან ამოსუნთქული ორთქლი იცრიცებოდა მანქანის სალონის გაყინულ ჰაერში.
მის კალთაში მუშტებად შეკრულ ხელებს უყურებდა ლევანი.
ქეთის ხელს სწვდა, ხელთათმანი გადაუწია და მაჯაზე მოაჭდო თითები. ქეთის შეკრთომისა და წუწუნისათვის, ცივი გაქვსო ხელი, დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაჯის საათს ჩასჩერებოდა და ითვლიდა, გამალებით.
110 ჰქონდა პულსი ქეთის. მის გაცრეცილ, თვალებგაფართოებულ სახეს ახედა ლევანმა.
მერე კი ხელი შეუშვა, უკანა სავარძლიდან თავისი ჩანთა გადმოათრია. შუა ჯიბეში ყოველთვის ჰქონდა პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთები, ყოველი შემთხვევისათვის.
პულს-ოქსიმეტრი ამოაძვრინა, ქეთის ხელთათმანი გააძრო და შეეცადა ცოტათი გაეთბო მისი თითები. სქელ ხელთათმანს ყინვისაგან დაეცვა, მაგრამ მაინც გრილი ჰქონდა კანი.
ცოტა ხანი ხელისგულებში მოექცია ლევანს მისი თითები. ძრავა მშვიდად გუგუნებდა მათ ქვემოთ.
ქეთი გატრუნული იჯდა, ხან ლევანს ახედავდა, ხან გარეთ იყურებოდა და შემოგარენს ათვალიერებდა ინტერესით.
ბოლოს, ხელი რომ ცოტა შეუთბა, ოქსიმეტრი მოარგო თითისწვერზე ლევანმა.
პულსი 120. სატურაცია 89-90%.
ქეთის ახედა ლევანმა. ახალგაზრდა ქალი ოქსიმეტრზე წითლად მოციმციმე ციფრებს დაჰყურებდა. სალონის ჭერიდან მომავალ მოყვითალო სინათლეზე უფრო მეტად ჩამუქებოდა თვალების ქვეშ უპეები.
ქეთიმ მზერა გაუსწორა, მის თვალებში ეძებდა რაღაცას.
-ალბათ იცი, რას ნიშნავს ეს რიცხვები. – თქვა ლევანმა.
-ვიცი.
-სატურაცია გაქვს დაბალი.
-ვიცი, მივხვდი. ეკა ექიმმა, დიდი ალბათობით სულ დაგჭირდება ჟანგბადიო.
-ახლავე გჭირდება.
-არ მინდა, ლევან.
-ქეთი, მესმის რომ საერთოდ არ გინდა საავადმყოფოსკენ გაიხედო. პრობლემების მეტი არაფერი შეგქმნია იქ და მარტო შენ დაავადებაზე გელაპარაკებიან. ვიცი, მართლა მესმის შენი. – ლევანი დაჟინებით ჩაჰყურებდა ქეთის ამოღამებულ, დაღლილობით აღსავსე თვალებს. – მაგრამ გინდა თუ არა, ეს პრობლემა გაქვს და მკურნალობა უნდა გააგრძელო. ასე არ შეიძლება.
-სახლში მინდა. შენთან წამიყვანე.
უკან გადაიწია ლევანი, ღრმად ამოისუნთქა. მკერდში რაღაც წიწკნიდა, წარბშეკრული შეჰყურებდა ქეთის და ცდილობდა მის დაღლილ სახეზე ნამდვილი ფიქრები ამოეკითხა.
-სახლში არ მაქვს ჟანგბადი. – თქვა მან. – ქეთი…
-არც ჟანგბადი მინდა და არც საავადმყოფო. – გააწყვეტინა ქეთიმ, მერე კი ოქსიმეტრს დააცქერდა. – ხედავ, მოიმატა! ოთხმოცდათორმეტი ხომ საკმარისია? ახლა შეიძლება წავიდეთ?
ოქსიმეტრს დახედა ლევანმა. მართლაც 92 ციმციმებდა წითლად, რომელსაც დროდადრო ენაცვლებოდა 91.
აპარატი მოიძრო თითისწვერიდან ქეთიმ და ლევანს მიაჩეჩა, მერე კი ღვედი შეიკრა და ზურგით მიეყუდა სავარძელს. მოიკრუნჩხა, თავი გვერდზე გადააგდო და თვალები დახუჭა, აშკარად ძალიან ეძინებოდა.
ცოტა ხანი შეჰყურებდა ლევანი, გამომცდელად. ყოველი შემთხვევისთვის ოქსიმეტრი თვითონაც გაიკეთა, გასაკონტროლებლად.
99-100%.
ქეთი ისევ ისე იჯდა, უხმოდ, თვალდახუჭული. წყნარად სუნთქავდა.
მანქანა დაძრა ლევანმა, გზას დაუყვა.
გადაეკარა. აღარ თოვდა, მაგრამ ყველაფერს თოვლის, ყინვისა და ნისლის მჭახე, გაყინული საბურველი გადაჰკვროდა. თითქმის გავსებულიყო ღრუბელთა საფარიდან გამოპარული მთვარე, და მისი ვერცხლისფერი სინათლე აღრეულიყო ლამპიონთა ოქროსფერ შუქში. კანტიკუნტად თუ გაიქროლებდა რამდენიმე მანქანა გზაზე, როცა ტრასას მიუახლოვდნენ, ყვითლად მოციმციმე ქალაქს დასწოლოდა მდუმარე, ყინულოვანი ღამე, და თითქოსდა მის მოსვლას უფრთხოდაო, ქარიც კი არ იძვროდა, თოვლით გადავლილი მარტოსული ქუჩები მიიკლაკნებოდნენ საბურავების ქვეშ მხოლოდ.
რამდენჯერმე გადახედა ქეთის ლევანმა. სიწყნარე ჩამოწოლილიყო სალონში, რომელსაც მხოლოდ ძრავის გუგუნი და ქეთის წყნარი სუნთქვა არღვევდა, შიგადაშიგ ემატებოდა მანქანის რიხინი, როცა უსწორმასწორო ასფალტზე მიქროდნენ. ფარები ენთო ლევანს, და მკრთალ ბურუსში დნებოდა მათი მოყვითალო სინათლე.
ჩასძინებოდა ქეთის. თავი მკერდზე გადმოჰკიდებოდა, სავარძელში ოდნავ ჩაცურებულიყო, მოშვებული ხელები კალთაში ეწყო. დახეთქილი, კუთხეში სისხლშემშრალი ტუჩები გაპობოდა, უფრო გვერდზე მოქცეოდა მისი გაბეწვილი ქუდი. მისი თვალების უპეებში, ცხვირისა და ყვრიმალების ქვეშ ღრმად გამჯდარიყო ნაცრისფერი ჩრდილი.
მათი კორპუსების შესასვლელთან მიახლოებისას მოუნელა ლევანმა, ყურადღებით მოათვალიერა დათოვლილი ეზო. საბედნიეროდ ცარიელი ჩანდა, მებირჟავეებსაც კი აეკრიფათ გუდა-ნაბადი.
ეზოს ბოლოში მიაყენა მანქანა ლევანმა და ძრავა გამორთო. აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა.
ქეთის გახედა ისევ ახალგაზრდა კაცმა. სიმძიმე ედგა მკერდში.
მანქანიდან გადავიდა, შემოუარა. ქეთის მხარეს გააღო კარი და მისკენ დაიხარა ღვედის შესახსნელად. ქეთი არც კი შეინძრა, არაქათგამოლეულს ღრმად ეძინა.
ქეთის ზურგსა და მუხლების ქვეშ შეუცურა ხელები, დაიხარა და სავარძლიდან აიტაცა, ნელა დაიწია უკან, სულაც არ უნდოდა რომ ქეთის სადმე თავი მიერტყა. მაგრად დაიჭირა მკლავებში და ფეხით მიხურა მანქანის კარი.
მის მხარზე ედო თავი ქეთის, ჩაცვენილ ლოყებზე წამწამების ჩრდილი ეფინა. იმის მიუხედავად, რომ აშკარად ტანსაცმლის რამდენიმე ფენა ეცვა გასათბობად, მაინც მსუბუქი იყო ქეთი, ზედმეტად მსუბუქი, სქელ პალტოშიც კი მისი ხერხემლის მალებსა და ნეკნებს გრძნობდა თითების ქვეშ ოდნავ ლევანი.
მიტრიალდა ახალგაზრდა კაცი, სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა სადარბაზოში და კიბეებს აუყვა.
როცა ბინის კარს მიადგა და ცდილობდა ქეთი მაგრად სჭეროდა წელზე შემოხვეული მკლავით, რომ კარი გაეღო, შეიღვიძა ახალგაზრდა ქალმა. დერეფნის სიბნელეში მის წინ ვერაფერს ხედავდა ლევანი, მითუმეტეს ქეთის სახეს, მაგრამ გაიგონა, თუ როგორ შეეცვალა ქეთის სუნთქვა და როგორ შეინძრა მისი სხეული.
მერე კი, სანამ გასაღებს ატრიალებდა, მკლავები წამოსწია ქეთიმ და კისერზე მოხვია, ნიკაპი მხარზე გადაადო. ცივი ჰქონდა ხელები, ძალიან ცივი და წამიერად გაქვავდა ლევანი, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა სიბნელეს, რომელსაც ოდნავ ჰკვეთდა შეღებულ კარში, ბინის ფანჯრიდან შემოღვრილი ნაცრისფერი სინათლის ზოლი. შეჰყურებდა და გრძნობდა, თუ როგორ მაგრად მოხვეოდა მას ყელზე ქეთი, გრძნობდა მის წყნარ სუნთქვას, მისი სხეულის მუდმივ სიცივეს და იმასაც, თუ როგორ გამოუშრა ყველაფერი შიგნით.
ბინაში შეაბიჯა და კარი ზურგსუკან მიიხურა ბოლოს. წამსვე მიაშურა საძინებელს, და მთვარის ვერცხლისფერ შუქში გახვეულ საწოლზე დაუშვა ქეთი. თვალები ოდნავ გაეხილა ახალგაზრდა ქალს, პირდაპირ მის თავზე დახრილ ლევანს აჰყურებდა, როცა ახალგაზრდა კაცის ყელიდან ჩამოაცურა ხელები, მაგრამ მალევე კვლავ დახუჭა ისინი.
პალტო ფრთხილად, უსიტყვოდ შემოაძრო ლევანმა, მერე ქუდი, ხელთათმანები, ბოლოს კი მისი რეზინის ჩექმები. საბანი გადააფარა და გვერდში ამოუკეცა, სანამ ქეთი გემრიელად ამთქნარებდა. გვერდი იცვალა ახალგაზრდა ქალმა, ფანჯარასა და მთვარის სინათლეს ზურგი აქცია, ხელი ამოიდო ლოყის ქვეშ.
ის იყო, ოთახი უნდა დაეტოვებინა ლევანს, რომ ისევ გაახილა თვალები ქეთიმ. მზერა ამღვრეოდა, ძილ-ბურანში მყოფს.
-ლევან. – დაიჩურჩულა მან, პირი გააწკლაპუნა, ეტყობოდა რომ გამოშრობოდა.
ლოგინის გვერდით ჩაიმუხლა ლევანმა.
-ჰო?
ნიკაპის ქვეშ ჩაიხვია საბანი ქეთიმ.
-არ წახვიდე. – წაილუღლუღა მან.
ლევანი უსიტყვოდ შეაჩერდა. სიბნელეს ნელ-ნელა ეჩვეოდა მისი თვალი, თითქოს ბურუსიდან გამოცურდნენ ქეთის სახის ნაკვთები, უკეთ ხედავდა მუქ ნაცრისფერ ჩრდილში მის ოდნავ მოპრიალე თვალებს, ტუჩების მოხაზულობასა და შეკრულ წარბებს. პაწაწინა, თეთრი ნაპერწკლებივით დაცურავდნენ მთვარის ვერცხლისფერ სინათლეზე მტვრის ნაწილაკები მათ შორის.
რაღაც უსიამოვნოდ აუფუთფუთდა შიგნით, მძიმე და მწველი, მკერდში ისე მოუჭირა, თითქოს ქვა უდევსო შიგნით. ცივმა ოფლმა დაასხა ლევანს, ხელები გაუცივდა.
ესმოდა მაინც ქეთის, თუ რას სთხოვდა ვიღაც უცხო კაცს?
-არ წახვიდე. – გაიმეორა ქეთიმ.
-აქ ვარ. – თქვა ბოლოს ლევანმა. ეს სიტყვები იმდენად მძიმე ეჩვენა პირში, რომ ძლივს მოატრიალა ენა. – არ მივდივარ არსად.
საბანი ასწია ახალგაზრდა ქალმა, მოლოდინით აჰყურებდა, ძილბურანში გამოხვეული.
წამოიწია ლევანი, გაიძრო ფეხსაცმელი და ქურთუკი, იქვე მიჰყარა, მერე კი ქეთის მიუწვა გვერდით. მკერდზე გადაიფარა საბანი და მკლავი ქეთის მოხვია ზურგზე, ახლოს მოიზიდა. ცივი იყო ახალგაზრდა ქალის ტანსაცმელი და მისი ლოყაც, რომელიც მან მკერდზე დაადო ლევანს.
-გული რა სწრაფად გიცემს. – თქვა ქეთიმ.
ლევანს არაფერი უპასუხია. მაგრად ხვევდა მკლავს ქეთის და ზურგზე უსვამდა თბილ ხელს.
-მაპატიე, ლევან. – თქვა უცებ ქეთიმ.
-რისთვის?
ქეთი უკეთესად მოეწყო, უფრო მეტად მოეკრა გვერდში.
-არ ვიცი. – წაილუღლუღა მან.
არადა აშკარად იცოდა. უბრალოდ არ უნდოდა თქმა.
-გეყოფა ფიქრი. – უთხრა ლევანმა. – დაიძინე.
ქეთი თითქოს ლოგინში ჩადნა. მალევე შეთბა მისი სხეული და წყნარი, ღრმა ძილში ჩაძირული ადამიანის სუნთქვა მოესმა ლევანს.
თვითონ კი პირდაპირ სახეში შეჰყურებდა ფანჯრიდან ლურჯ ცაზე გამოკიდებული მთვარე. იწვა, ქეთის გამთბარ სხეულს გრძნობდა და ვერც კი გაეგო, თუ რატომ უცივდებოდა ყველაფერი შიგნით.
კარგა ხანი არ მიეკარა ძილი.
.
-*-*-*-*-*-*-
-05.02.2025 –
კიდევ უფრო გაცრეცილიყვნენ კაბინეტის ბაცი, მოყვითალო კედლები იმის შემდეგ, რაც ჭერის ერთ-ერთი მბჟუტავი სინათლე შეაკეთეს. დახურული ჟალუზებიდან ოდნავ მოჩანდა საავადმყოფოს ეზოში მორთული ნაძვის ხეების ციმციმი და გარეთ ატეხილი ქარბუქის გამო შიშინებდა სავენტილაციო სისტემა, სანამ კაბინეტში ექთანი ნინოს კლავიატურის ხმადაბალი წკაპუნი აჰყოლოდა ლევანისა და მისი პაციენტის საუბარს.
-როცა ანალიზებისა და გამოკვლევების პასუხები იქნება, მაშინ დაგირეკავთ. – უთხრა პაციენტს, შუახნის ქალს ლევანმა.
-მადლობა, ექიმო. – უთხრა ქალმა, ჩანთა ამოიღლიავა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი.
ნინომ თვალი გააყოლა და როგორც კი კარი მოიხურა ქალის ზურგს უკან, მაშინვე ლევანს მოუბრუნდა.
-იმას ხომ არაფერი სჭირდა, ბატონო ლევან?
ლევანმა თავი გადააქნია, სისტემაში სხვადასხვა კარდიოლოგების მიერ ჩატარებულ გამოკვლევებსა და ანალიზებს ათვალიერებდა.
-დიდი ალბათობით არა. – თქვა მან. – სანათესაოში აქვს გულის უკმარისობა და დადის ასე ფასიან მიღებებზე. ეშინია.
-ამდენ ფულს არაფერში ყრის. – ჩაილაპარაკა ნინომ.
-მისი გადასაწყვეტია. – თქვა ლევანმა, თან შეეცადა პაციენტზე ჩანაწერი მოემთავრებინა. -მე ხომ ვერ ვეტყვი, ამაში ფული არ დახარჯო თქო.
საკუთარ ფასიან მიღებას წამსვე გააუქმებდა ლევანი, კონტრაქტში რომ არ ჰქონოდა.
-ჰო მაგრამ ხომ უნდა მიხვდეს რომ ექიმის გამოცვლით არ შეიცვლება მისი მდგომარეობა? – მოიღუშა ნინო. – რა აზრი აქვს ამდენ გამოკვლევებს.
-ის აზრი აქვს მისთვის რომ მშვიდდება. – თქვა ლევანმა. – დროებით მაინც. რას ვიზამთ. – ამოიხვნეშა და ჩანაწერი შეინახა, მერე კი საათს გადახედა.
14:37.
კიდევ ორი პაციენტი იყო ჩაწერილი დღეს მასთან.
ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა მიღებას.
იმის მერე, რაც სამიოდე დღის წინ ქეთი მთაწითელადან თავის ბინაში მიიყვანა, ახალგაზრდა ქალს გადაეწყვიტა, რომ თითქმის ყოველდღე სტუმრებოდა მას. მეორე დღეს, როცა ლევანი სახლში მოვიდა, ქეთი საკუთარ ტახტზე დაუხვდა, მისი თქმით ისევ ჟურნალისტები გამაგრებულიყვნენ დილით მის ბინასთან, რის გამოც ვერ გაებედა გარეთ გასვლა.
გარეთ გადიოდა, ანდა თავის დასთან, როცა უნდოდა და როცა ახლომახლოს ჟურნალისტებს ვერ ამჩნევდა. საღამოს ან ღამით ისევ ამოვიდოდა, უკვე იცოდა, თუ სად ედო ლევანს სათადარიგო გასაღები. ჭამდა და ისვენებდა, მერე კი ლევანის ლოგინში ეძინა.
ვერც კი გაეგო ლევანს, რატომ.
დღესაც მოვიდოდა ქეთი. ალბათ.
ფიქრებიდან უეცრად გამოერკვა ლევანი, როცა ქარბუქმა ისევ ააწუილა სავენტილაცო სისტემა. ეკრანს გადახედა, გრძნობდა თუ როგორ გამომცდელად შეჰყურებდა ექთანი. ალბათ ფიქრობდა, რამ გამოაშტერაო.
სკამში უკეთესად მოეწყო და შემდეგი დარეგისტრირებული პაციენტის ინფორმაციას გადაავლო თვალი.
35 წლის ბექა გობეჯიშვილი. ისტორია ფაქტიურად ცარიელი იყო, რამდენიმე უმნიშვნელო ტრავმა მხოლოდ.
-შემდეგი შემოვიყვანოთ, ნინო. – უთხრა ლევანმა.
ნინომ რამდენჯერმე დააწკაპუნა ეკრანზე. წესით ახლა კაბინეტის თავზე განთავსებულ ტაბლოზე პაციენტის ნომერი უნდა გამოსახულიყო.
ხუთიოდე წამიც კი არ გასულიყო, როცა კარზე ჯერ დააკაკუნეს, მერე კი ფრთხილად შემოაღეს. ახალგაზრდა მამაკაცმა შემოიხედა, ხელში ჩანთა და თავისი ნომრის ამსახველი პატარა ფურცელი ჩაებღუჯა.
-შემობრძანდით, თუ შეიძლება. – უთხრა ლევანმა, მერე კი მის მერხთან ახლოს, კედელთან მიმდგარ სკამზე მიუთითა. – დაბრძანდით.
პაციენტმა შემოაბიჯა, კარი მიხურა და წამსვე დაიკავა მითითებულ სკამზე ადგილი, კალთაში დაიტოვა ჩანთა.
-მე კარდიოლოგი ლევან მოსიძე ვარ. – თქვა ლევანმა და კლავიატურა გაასწორა, ჩანაწერის გასაკეთებლად მოემზადა. – გისმენთ, ბატონო ბექა. რა ჩივილები გაქვთ?
-ისა… გული მაწუხებს. – თქვა პაციენტმა.
-კარგი. – თქვა ლევანმა, უკვე გრძნობდა, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა. – და კონკრეტულად რა გაწუხებთ? ტკივილი გულის არეში? სუნთქვის უკმარისობა? სწრაფი გულისცემა? სხვა?
-ჰო, ეგ ყველაფერი. – ბექა გობეჯიშვილი ინტერესით შესცქეროდა.
-ბატონო ბექა, ცოტა უფრო კონკრეტულად, თუ შეიძლება. რამდენი ხანია ასეთი ჩივილები გაქვთ?
– ასე მგონია, რომ ჰანაჰაკის დაავადება მაქვს. – თქვა უცებ პაციენტმა.
ლევანი გაშეშდა. მობრუნდა, პაციენტს დააცქერდა.
-გგონიათ? – გაიმეორა მან.
ნინოს თვალები გაფართოებოდა, წარბები აეზიდა.
-ვიცი, რომ ერთი ეგეთი პაციენტი გყავთ კიდევ. – თქვა ბექა გობეჯიშვილმა. -ქალბატონი ქეთი ღვინიაშვილი.
გაჩუმდა, აშკარად პასუხს ელოდა.
წარბები შეკრა ლევანმა. ვერ გაეგო, რისი მიღწევა უნდოდა ამ კაცს.
-რაღაც გეშლებათ. – თქვა ბოლოს. – ჰანაჰაკის დაავადება პირველ რიგში ფილტვების დაავადებაა, რის გამოც ის პაციენტიც, ვინც ახლა იგულისხმეთ და ალბათ, თქვენც, პულმონოლოგის ჩარევას საჭიროებს.
-სიტყვის ბანზე აგდება კარგად გეხერხებათ, არა? – უთხრა უცებ პაციენტმა.
ლევანს კლავიატურასთან მიტანილი თითები გაუქვავდა.
აქ რაღაც არ იყო რიგზე.
-ის მითხარით, იმ გოგოს რა ეშველება? მერე მეც მეცოდინება, გადავრჩები თუ არა. – თქვა ბექა გობეჯიშვილმა, ვითომ აქაც არაფერიო.
-ბატონო ბექა, მე მირჩევნია კონკრეტულად თქვენზე ვილაპარაკოთ ჯერჯერობით. – თქვა ლევანმა. – ხომ ამისთვის მოხვედით. რატომ გგონიათ რომ ჰანაჰაკის დაავადება გაქვთ?
-იმიტომ რომ… სიმპტომები მაქვს ეგეთი.
-კონკრეტულად რა სიმპტომები?
-აი, ქეთი ღვინიაშვილს რომ ჰქონდა. იცნობთ ხომ?
-ბატონო ბექა, გთხოვთ თქვენს ჯანმრთელობაზე კონცენტრირდეთ. ესე იგი რამდენი ხანი…
-ვიცი რომ იცნობთ, სახეზე გაწერიათ.
-ბატონო ბექა, ცდებით. მე…
-რატომ გიყვართ ასე ძალიან ტყუილები? სულელი კი არ ვარ.
-ბატონო ბექა, ასე ვერანაირად ვერ გავიგებ, თუ როგორ დაგეხმაროთ…
-მისი ექიმი თქვენ ბრძანდებით და ნუ მაყრით თვალებში ნაცარს, რა. – სარკასტულად მიმართა უცებ პაციენტმა. – გააკეთებთ რამეს იმისთვის რომ დაეხმაროთ თუ არა? კვდება ეგ გოგო! ჯალათი რომ ხართ თქვენც და ყველაც ვინც ამ საქმეშია გარეული, ვერ ხვდებით? კარგა ხანია რაც ვიკვლევ ამ საქმეს და ვერაფრით გამაცურებთ! გეგონათ ვერავინ მოგთხოვდათ პასუხს, არა?
ბექა გობეჯიშვილი ფაქტიურად ყვიროდა, სახე წამოუწითლდა. როგორც კი გაჩუმდა, მაშინვე მძიმე, დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა, ყველას რომ სულს უხუთავდა.
ერთიანად გაშრა ლევანი.
ხელი ჩანთაში ჰქონდა ბექა გობეჯიშვილს შეტენილი, ახლაღა შეამჩნია ახალგაზრდა კაცმა.
ჟურნალისტი იყო. ალბათ ამ საუბარს იწერდა.
მუშტი შეკრა ლევანმა, ნინოს გადახედა, რომელიც გაოცებული აცეცებდა მათ შორის მზერას.
-ნინო, დაცვას დაურეკე. – თქვა მან.
-ააა, ესე იგი არ მოგწონთ როცა ასეთ ლეგიტიმურ კითხვას გისვამენ, ბატონო ექიმო? – სახე უფრო აუფორაჯდა გობეჯიშვილს. -მიპასუხებთ თუ არა? მითხარით, სისხლის სამართლის დანაშაულს რომ სჩადიხართ, რატომ არავინ არაფერს აკეთებს?
-არ ვიცი, რა გინდათ ჩემგან, მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტია უკვე. – კბილებში გამოსცრა ლევანმა. – ზღვარს გადახვედით. ახლავე მიბრძანდით აქედან.
-კაბინეტი კი კარგი გაქვთ და სკამიც თბილია, არა? ვის რაში აინტერესებს ის საცოდავი გოგო რომ კვდება? ოღონდ ფული არ დაგეხარჯოთ და ყველაფერზე წამსვლელები ხართ! – გობეჯიშვილი მზერით ბურღავდა.
ლევანი გრძნობდა, როგორ ჩამოერეცხა სისხლი სახიდან. გაღიზიანება მოერია, შუბლში მოაწვა და ფიქრები აურია ერთიანად. ცდილობდა სიმშვიდე და პროფესიონალიზმი შეენარჩუნებინა, მაგრამ ამაოდ.
ალბათ ამ ჟურნალისტსაც ეს უნდოდა. რეაქცია.
-ისიც ვიცი, რომ თქვენი ბრალია, ჰანაჰაკი რომ სჭირს. – განაცხადა გობეჯიშვილმა. – რამდენი არ ვიკვლიეთ, მაგრამ ქალბატონი ქეთი ვერ დავაფიქსირეთ სხვა კაცთან. ამიტომ აკეთებთ, ხომ, რასაც აკეთებთ. სულ თქვენი ბრალია, ავად რომაა, აღიარეთ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.
-ნინო, დაცვა! – დაუყეფა ლევანმა. ნინო, აქამდე თვალებდაჭყეტილი რომ შეჰყურებდა მათ, წამსვე ეცა ტელეფონს.
-გინდათ თავიდან მოიშოროთ. – უკან გადაიხარა გობეჯიშვილი, ამპარტავნულად შეჰყურებდა, აშკარად საკუთარ თავში დარწმუნებული. – ცოცხალი საბუთია იმისა, რომ სოციოპათი ხართ და ამიტომ გინდათ მისი თავიდან მოშორება. სულ ფეხებზე გკიდიათ, გადარჩება თუ არა, ამიტომ უარს ამბობთ რომ ფილტვები გადაუნერგოთ. ხომ ასეა? თქვით, აღიარეთ რომ ეგაა თქვენი მიზანი. ხომ შეიძლება მისთვის ფილტვების გადანერგვა? შეიძლება და ამით გადარჩება კიდეც, მაგრამ მაგის გაკეთება არ გინდათ.
მერე ნინოს მიუბრუნდა.
-იცით, რომ ჯალათთან ერთად მუშაობთ, ქალბატონო? – თქვა მან. – აი ეს კაცი, ხალხს სიკვდილისთვის წირავს! თქვენ კლავთ, ბატონო ლევან, იმ გოგოს და სხვა არავინ.
ლევანი ფეხზე წამოდგა. კუნთები დასჭიმვოდა ერთიანად ყბებში, გრძნობდა, თუ როგორ გაფითრებოდა სახე. აუტანელი წუილი ესმოდა ყურებში.
-გაეთრიეთ აქედან. – კბილებში გამოსცრა მან. – ნინო, დაცვა მეთქი!
-არ პასუხობენ, ბატონო ლევან!
-ისიც გამიგია, თქვენთან რომ ამოდის. – მისკენ წამოიწია გობეჯიშვილი. – რაო, რა ტყუილებს ეუბნებით? რას აკეთებს თქვენ ბინაში აბა? რა მიზეზი უნდა ჰქონდეს იმ საბრალო გოგოს, რომ თქვენნაირ ბინძურ კაცთან დადიოდეს? სექსუალურ დაკმაყოფილებას ითხოვთ მისგან, სძალავთ, ხომ? მისი მკვლელიც ხართ და მოძალადეც! პასუხი მოგეთხოვებათ… თუ რა, თვითონ გიწვებათ?
მკერდზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა ლევანს, თვალებში ჩამოუბნელდა. ისე წაიწია ბექა გობეჯიშვილისაკენ, რომ ვერც კი გააცნობიერა, საყელოში სტაცა ხელი და ელვის სისწრაფით წამოსწია, თითქოს სავსე ტომარა ყოფილიყო. გობეჯიშვილს ხროტინი აღმოხდა, თვალები გადმოეკარკლა, გაოგნებული აჰყურებდა. ჩანთაში ხელი ჩაჰყო და წაჰგლიჯა ხმის ჩამწერი ლევანმა, მერე კი ხელის ერთი ძლიერი მოქნევით დაალეწა იატაკს.
შხრიალით გაიფანტნენ აქეთ-იქით ჩამწერის ნაწილები.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა კაბინეტში.
-სიტყვებს დაუკვირდი. – კბილებში გამოსცრა ლევანმა. საფეთქლებსა და ყელზე ერთიანად დაჰბერვოდა ძარღვები, შიგნით ყველაფერი ეწვოდა, დაჟინებით ჩაჰყურებდა ბექა გობეჯიშვილის გადმოკარკლულ თვალებს. – თორემ შემდეგ ჯერზე ჩამწერის მაგივრად ძვლებს გადაგიმტვრევ. გაეთრიე მეთქი. მეტჯერ აღარ გავიმეორებ.
მერე კი ზიზღით შეუშვა ხელი.
გობეჯიშვილმა ჩანთა ჩაბღუჯა, კარისაკენ დამდუღრულივით გავარდა.
-ავადმყოფო! შენი დედაც მოვტყან… – მოაძახა მან, სანამ კარს გაიჯახუნებდა.
ღრმად სუნთქავდა ლევანი. სახის ნაკვთები ერთიანად მოგრეხოდა, აუტანელი, მწველი რისხვა გრიგალივით უტრიალებდა შიგნით.
ნინოს მზერა იგრძნო, მაგრამ თავი არ ჰქონდა რამე ეთქვა. სკამში ჩაეხეთქა, საზურგეს მიეყუდა მძიმედ.
არ სჯეროდა, რომ ვიღაც დამპალმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ფასიან მიღებაზე მოთრევა და მისი პროვოკაცია კარგი იდეა იყო.
თუმცა ალბათ იყო.
ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნა სიმშვიდე.
ვერც შეინარჩუნებდა, როცა ასეთ საზიზღარ, უტიფარ ტყუილებს უსმენდა. ასე არასოდეს მოქცეულიყო სამსახურში, საერთოდ არ ახასიათებდა ასეთი უცაბედი ამოხეთქვა. ალბათ არ იყო ყველაზე ჭკვიანური ქმედება, ბექა გობეჯიშვილს რომ სწვდა, ხმის ჩამწერი დაუმტვრია და დაემუქრა, მაგრამ ახლა ამას არც კი ნანობდა.
„მისი მკვლელიც ხართ და მოძალადეც!“
ისე ძალით შეკრა მუშტი, რომ სახსრები გადაუთეთრდა.
თვალწინ ქეთი წარმოუდგა, მისი გამხდარი, უძილობისა და ავადმყოფობისაგან გამოფიტული სახე, ჩაცვენილი, დიდრონი თვალები, მისი შემთბარი სხეული, როცა ლევანის გვერდით იწვა და მის მხარზე ედო თავი.
მკერდში რაღაც მოეწურა. ბრაზი, რომელიც ცეცხლს უკიდებდა შიგნეულზე, ერთბაშად ჩაუნავლდა და თითქოს ერთიანად წაიღო თან მორჩენილი ენერგია.
-ბატონო ლევან, კარგად ხართ? – ჰკითხა უცებ ნინომ.
გადახედა ლევანმა. ექთანი შეწუხებული მოსჩერებოდა.
-ნუ მოუსმენთ მის როშვას. – განაგრძო ნინომ. – თვითონაც არ იციან, რა სისულელეს ლაპარაკობენ. უნდა გამეგდო აქედან მაგრამ… დაცვამ ყურმილი არ აიღო, ბოდიში.
– არაუშავს. – თქვა ლევანმა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ყელი გამოშრობოდა. -განვაგრძოთ. ამ ამბავს მერე მივხედავ.
სკამში გასწორდა, კონცენტრირება სცადა, მაგრამ ამაოდ.
მკერდში სიმძიმე დამდგარიყო და მტკივნეულად სცემდა პულსი საფეთქლებში.
ტიპიური გამაღიზიანებელი ჟურნალისტები… ძაან შემეცოდა ლევანი, ქეთიზე აღარაფერს ვამბობ…
ერთი სული მაქვს ეს ბურუსი როდის გაიფანტება. არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ქეთი მასზეა შეყვარებული. ჰო ცოტა არარეალურად ჟღერს, მაგრამ სხვა რა ვიფიქრო აღარ ვიცი. 🙈 სუმოუთქმელად გელოდები ხოლმე 💜
LikeLike
მეც ერთი სული მაქვს სანამ გაგრძელებას შემოგთავაზებთ, დღეს ღამე პირველ საათამდე ვფიქრობდი თუ როგორ განვითარდება მოვლენები 🥰 უღრმესი მადლობა მზარდაჭერისათვის! 🤩🌻💛
LikeLiked by 1 person
ვაიიიჰ კიდევ თუ ჩემნაირად ფიქრობდა ვინმეეეე😁
რატომღაც მეც ეგრე მგონია როგორ არვიცი მაგრამ ქეთის ლევანის გამო ხომ არ აქვს ჰანაჰაკიიი
ვაიი სად გავიჭერიიიი😁🙈❤❤
LikeLiked by 1 person
სამარე ვარ ხმას არ ვიღებ 🫣🫣🤐🤐🤐 გაირკვევა აუცილებლად ვის გამო და როგორ მოხდა 💛 უღრმესი მადლობა რომ წაიკითხე და დრო გამოყავი დაკომენტარებისათვის, ავფანცქვალდი ერთიანად ისე გამიხარდა 💛💛
LikeLike
ჰო მეც მაგ აზრმა გამიელვა. თუმცა ასეთი პლატონური გრძნობით მივიდოდა ფატალურ შემთხვევამდე?
LikeLike
ჰანაჰაკის დაავადებისთვის საჭიროა რომანტიული სიყვარული, მაგრამ გრძნობის სიძლიერე არ განსაზღვრავს ჰანაჰაკის დაავადების სიმძიმეს (პირველ თავში მიწერია აღწერაში). მოკლედ ვნახოთ ვნახოთ 🫣🫣🫣😁😁😁😁😁
LikeLiked by 1 person
მთავარი დეტალი გამომრჩენია🙈 ვნახოთ, ვნახოთ💜
LikeLike
რას ამბობ გენაცვა, იმდენი ინფორმაცია მქონდა ერთბაშად ჩაყრილი რო ეგ არაფერი 🥰 ვწერ გამალებით და ერთი სული მაქვს სამ მეოთხეს დავდებ 💛 დიდი მადლობა 💛
LikeLiked by 1 person
მადლობა შენ! სასიამოვნო წერის პროცესს გისურვებ💛
LikeLike
რაც დაიდო ეს თავი მას მერე ძლივს გამოვნახე დრო რომ წავიკითხო ისეთი ემოციური თავი იყო… ჰო ეს ჟურნალისტები ნამდვილად გამაღიზიანებელი არსებები არიან. სამწუხაროდ არ შემიძლია მათზე კარგად ვისაუბრო. ბევრი მაგალითი გვაქვს ამის. ბექა გობეჯიშვილი კი ერთ-ერთი ნამუსგაწყვეტილი არსებაა რომელააც რეიტინგი აინტერესებს და არა ადამიანის სულიერი ან ფიზიკური მდგომარეობა.
ქეთი და ლევანი ამ თავში ძალიან შემებრალა. უფრო ლევანი უცნაურად გაეხვა ამ სიტუაციაში.
💚❤️
LikeLike
კი, მინდოდა ჟურნალისტიკის სხვა მხარეც წარმომეჩინა, შეიძლება ასეც ხდებოდეს სამწუხაროდ. მეც ძალიან მეცოდებიან ბასასუნები და ვნახოთ რა იქნება! ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე 🥰🤩🌻💛
LikeLiked by 1 person
ვაიმე, გული მომიკვდა 😢 რაღაცნაირად, სევდიანი თავი იყო… როგორაა ასეთი მარტოსული ორივე, ლევანს საყვარელი საქმე მაინც აქვს და ქეთო ძალიან მეცოდება, მშობლების, მეგობრის, სამსახურის გარეშე. რამდენს უძლებს და მაინც როგორ ღირსეულად ❤️ ველოდები შემდეგ თავებს და ძალიან მაინტერესებს ვინ შეუყვარდა ამ გოგოს, ასე რომ წაიქცია თავი 🙂 ლევანი მგონია მეც, მაგრამ ხან არც მგონია და რავიცი, ვიციი, არ ვიციი 🤷♀️
LikeLike
არ შემიძლია არ დაგეთანხმო – ორივე უზომოდ მარტოსულია და დიდი ხანია უკვე თან. ნელ-ნელა ყველაფერი გამოჩნდება 🥰💛 ძალიან ძალიან დიდი მადლობა რომ მკითხულობ და კომენტარისათვის დრო გამონახე 🤩🥰🌻💛
LikeLike
momewona dzalian
LikeLike