მზესუმზირები (ნაწილი 2)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

ნაწილის თემა

.

.

III – ASTRUP

-*-*-*-*-*-*-*-

– 23.01.2025 –

თვალები გაახილა ლევანმა.

კაბინეტის ჭერიდან მომავალმა თეთრმა სინათლემ მოსჭრა თვალი. წინა ღამის მორიგეობისაგან გადაღლილს, წამდაუწუმ თვალები ეხუჭებოდა.

პულმონოლოგთა კაბინეტში იჯდა. კედელთან ორივე მხარეს ჩაერიგებინათ მერხები, ზედ მოზრდილი მონიტორები იდგა, კედელზე სასუნთქი სისტემის ანატომიის ამსახველი, ჩარჩოში კოხტად ჩასმული პლაკატები ეკიდა. მაგიდებსა და მასიური ხის ზორბა თაროებზე ქაღალდებით გამოტენილი ფოლდერები აეკოკოლავებინათ, ოთახის კუთხეში ტელეფონზე გაცხარებით ელაპარაკებოდნენ ვიღაცას, მეორე კუთხეში ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა. გარეთ ქარბუქი მძვინვარებდა, ვეებერთელა ფანჯრების მინა ერთიანად შეჭირხლულიყო.

-რისთვის გამომიძახეთ, ბატონო… – ლევანმა რეზიდენტის ხალათზე საიდენტიფიკაციო ბარათს გადახედა. – გიორგი?

რეზიდენტი დამფრთხალი აჰყურებდა.

-ნახეთ პაციენტი? – შეაპარა მან.

-ვნახე. მერე?

რეზიდენტი თვალებს ახამხამებდა, ეტყობოდა რომ სიტყვებს ეძებდა.

ლევანმა ამოიხვნეშა, სახე მოისრისა. ამ საცოდავს რაღას ერჩოდა? არ სჩვეოდა ასეთი საქციელი.

უკვე ერთ კვირა გავიდა იმ ღამის შემდეგ, რომლის სინამდვილეშიც ხანდახან ეჭვიც კი ეპარებოდა. ქეთი ღვინიაშვილი, რაღაც იმპულსური იდეის განსახორციელებლად, ბოტანიკურ ბაღში წაიყვანა, მერე კი მასთან დარჩენა მოითხოვა ქალმა. მისი ლოგინზე ჩამომჯდარი, ლამპის ნარინჯისფერ სინათლესა და ბინის ცივ სიცივეში აღრეული ფიგურა თვალწინ ედგა ლევანს, აქამდე გრძნობდა მის სხეულის სითბოსა და მისი ზამთრის სურნელს.

დილით დასვენებულმა გაიღვიძა. ბოლოს არც კი ახსოვდა, თუ როდის ეგრძნო ასე თავი, ალბათ სადღაც წელიწადზე მეტის წინ.

გარეთ გარიჟრაჟის იისფერი მოსდებოდა ცას, მისი ლოგინი კი ცარიელი იყო. სწრაფად წამოჯდა საწოლში და ისიც კი იფიქრა, ხომ არ დამესიზმრაო, მაგრამ მის ბალიშს ჯერ კიდევ შერჩენოდა ქეთის სურნელი.

ბინაც ცარიელი იყო.

ლევანმა ქეთის დაურეკა და მისწერა. რამდენჯერმე. პასუხი არ მიუღია. ეზოში ერთადერთხელ მოჰკრა თვალი, მესამე დღეს, როცა ქეთი სადღაც მიდიოდა. თითქმის ჩაფრინდა კიბეებზე და სირბილით დაუყვა ტროტუარს, თუმცა ქალი თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, ვერსად იპოვა.

ერთი-ორჯერ ქეთის კორპუსთან შეყოვნდა. დაელოდა.

მაგრამ უშედეგოდ.

ხომ არაფერი დავაშავეო, ფიქრობდა. რამდენადაც ახსოვდა, არაფერი გაეკეთებინა ისეთი, რაც შეიძლებოდა ზედმეტად მიეჩნიათ. ალბათ.

მაგრამ შეიძლება რომ ქეთი არ ფიქრობდა ასე.

ანდა უბრალოდ გული აუცრუვდა. თვითონ აღიარა ფაქტიურად, რომ მუდამ რაღაც ახალს, სტიმულს, ფიქრებში ხელისშემშლელ ფაქტორს ეძებდა. იქნებ მის თვალში ლევანმა ამოწურა საკუთარი პოტენციალი და ამიტომ აღარაფერში სჭირდებოდა. იქნებ ახალგაზრდა კაცის თითოეული მესიჯი მისთვის მხოლოდ შემაწუხებლის სტატუსს ატარებდა, მეტს არაფერს.

ბოლო ორი დღე ის ფიქრი აეკვიატა, ხომ არაფერი დაემართაო ქეთის. მათი კლინიკა ქალაქში ყველაზე დიდი იყო, რომ რამე მომხდარიყო, მათთან მოიყვანდნენ. თან, ჰანაჰაკიანი პაციენტი რომ ემერჯენსში მოეყვანათ, ემერჯენსის ექიმები ჯერ თავს მოიქექავდნენ, საგონებელში ჩავარდნილნი, მერე კი ერთად გამოიძახებდნენ ყველა განყოფილების კონსულტანტს. ისედაც პოპულარული იყო ასეთი იშვიათი დაავადების ამბავი, პაციენტის ემერჯენსში გამოჩენას ალბათ ფურორი მოჰყვებოდა, რასაც აუცილებლად გაიგებდა.

ერთი კვირა იყო, რაც კონცენტრირება უჭირდა. ყველაფერი ავიწყდებოდა. ვერ პოულობდა ადგილს. იცოდა, რომ რამე უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ვერ გაეგო, რა.  

ისევ დაერეკა? ბინასთან დალოდებოდა?

-ბატონო ლევან?

ანაზდად გამოერკვა ახალგაზრდა კაცი. თვალებდაჭყეტილ რეზიდენტს გადახედა, რომელიც ხელს უქნევდა. – მოხდა რამე?

-არა… არა. ვფიქრობდი. – უპასუხა ლევანმა, ეცადა გონება მოეკრიბა, ყელი ჩაიწმინდა.

-პირველ რიგში, ამ პაციენტს ეხო სჭირდება გულზე, კონკრეტულად ტრანსეზოფაგური, ვნახოთ, აქვს იქ რამე თუ არა. ხვალისთვის თავისუფალი დრო უნდა იყოს, დაჯავშნეთ. – თქვა მან. – ანტიკოაგულანტად ამ ეტაპზე ენოქსაპარინს დავუნიშნავდი, დოზირებისას თირკმლის უკმარისობა უნდა გაითვალისწინოთ, კონცენტრაციის შემოწმება არ დაგავიწყდეთ. ანემია რის გამოა?

გიორგიმ გაცხარებული წერა შეწყვიტა.

-არ ვიცი. – წაიბურდღუნა მან. – ვიკვლევთ.

-დროზე გამოიკვლიეთ. – თქვა ლევანმა. – თუ სისხლდენა აქვს, მაშინ ვერაფერსაც ვერ გავხდებით აქ.

ოთახის მინის, რკინისანჯამებიანმა კარმა გაიტკაცუნა, ვიღაცამ შემოაბიჯა.

ლევანი ელვის სისწრაფით მოტრიალდა, მომავალ ეკასა და განყოფილების გამგეს ჰკიდა თვალი.

ეკამ აშკარად შეამჩნია, მაგრამ არც კი მისალმებია. განყოფილების გამგეს ორი სიტყვა უთხრა, მიტრიალდა და გაალაჯა, ოთახის შორეულ კუთხეში მიუჯდა მონიტორს.

-და… ენოქსაპარინის დოზა? – შეაპარა კითხვა რეზიდენტმა.

-ეგ თქვენ ხელმძღვანელს ჰკითხეთ. დანარჩენს რაც საჭიროა, ისტორიაში დავწერ. – თქვა ლევანმა და წამოდგა, ჯიქურ მიაშურა ეკას მერხს, რეზიდენტის მიერ დაძახებული მადლობისათვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია.

ეკამ ირიბად გამოხედა.

-არ დამიწყო ახლა სისულელეები. – თქვა მან, როცა ლევანი მიუახლოვდა. – რა გნებავთ, ბატონო უვარგისო კონსულტანტო? კონსილიუმის ამბავზე აღარ შემიწუხებიხარ, როგორც მახსოვს.

-მაგაზე არ მოვსულვარ. – უპასუხა ლევანმა.

ეკა მოტრიალდა, გამომცდელად დააშტერდა.

-აბა?

-ჰანაჰაკიანი პაციენტი როგორ არის? – ჰკითხა ლევანმა. – ზედმეტი ინფორმაცია არ მჭირდება, ის მითხარი კარგადაა თუ ცუდად.

ეკამ წარბი ასწია. უკმაყოფილოდ ასცქეროდა.

-რა გჭირს შენ? – დაუსისინა მან. – რანაირ უადგილო კითხვებს სვამ, თუ ხვდები?

-მეტყვი თუ არა?

-ძალიან ცუდადაა. კმაყოფილი ხარ? წადი ახლა.

ლევანს სახის ნაკვთები აუთრთოლდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც მძიმე ჩაუდგა მკერდში.

-ძალიან ცუდადაა? – ძლივს ამოთქვა მან. ეკა გაოცებით უყურებდა.

-არ ვიცოდი თუ ასე ძალიან ნერვიულობდი იმ გოგოზე. – იჭვნეულად წაიბურტყუნა მან. – დაჯექი, დაჯექი, ფერი მთლად წაგივიდა. გებრალება ხო ეგ საცოდავი? ძლივს დავითანხმე რო ორი დღით მაინც მოსულიყო საავადმყოფოში. იმდენი სისხლი ახველა რომ 78 ჰქონდა ჰემოგლობინი, წარმოგიდგენია? რა გასაკვირია რო არაფრის ტრაკი არა აქვს. არტერიულში ჟანგბადი 70… ეგრევე ჟანგბადი ვატაკე ნიღბით. რკინას ვუსხამ ახლა. დაჯექი-თქო ლევან!

ლევანი მძიმედ დაეშვა სკამზე.

-აჰა. – ამოღერღა ბოლოს. განყოფილებაში ყოფნისას ისე ჩურჩულებდა აქეთ-იქით ყველა, რომ უნდა მიმხვდარიყო.

ეკა უსიტყვოდ მიშტერებოდა. მისი მხრის მიღმა ჰკიდა რაღაცას თვალი და ოდნავ წამოიწია.

-ბატონო გიორგი, რას იჭიმებით მანდ? – დაუყეფა რეზიდენტს, რომელიც ალბათ ძალიან ცდილობდა მათი საუბრისათვის ყური ეგდო. – აბა დროზე საქმეს მიხედეთ!

ლევანს თავში რაღაც უწუოდა. ერთიანად დამძიმდა, პირი გამოუშრა.

-არამკითხე-მოამბე ეს. გუშინ დავაწვინე განყოფილებაში ეგ უბედური გოგო და უკვე ერთი ამბავი შექნეს. – დაიწუწუნა ეკამ. – დღეს ის იდიოტი გივი ნოზაძე მოვიდა, ვითომ პროფესორი ეგა, ვერაა ხო იცი? სტუდენტებს უნდა ვაჩვენოო. მეთქი არ გამოვა. რა უნდა აჩვენოს? უნდა გამოვიდესო. მეთქი არ გამოვა! მეტი არ მინდა კიდევ ერთხელ მობლაყუნდეს აქ. მერე გაგოშიძე მოეთრა, წარმოგიდგენია? საიდან გაიგო, აზრზე არ ვარ. აშკარად რომელიმე ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ ატარტარა ენა. სიდამპლე ხალხი.

-არ შეუშვა მასთან მერე. – თქვა ლევანმა.

-გაგოშიძე მაგას დამანებებს? – ატყდა ეკა. – ხომ ვერ დავაბამ? შევა ინტენსიურში, ვითომ სხვა პაციენტს ნახულობს და ამასობაში ინტერესისგან სკდება, ისე უნდა თვალი მოჰკრას. თავს ძაან კი იკატუნებს, ვითომ ცალ ცერზე ეკიდოს. ერთი ანესთეზიოლოგიც მოეთრა, მაგრამ მოვახერხე და უკან გავაბრუნე, ძაან რო აინტერესებდათ ჩემი გოგოს ამბავი.

ნესტოები დაებერა ლევანს. ხელები დაეჭიმა მუხლებზე.

-მინდა ვნახო. – თქვა მან.

ეკამ თვალები მოჭუტა.

-ნახო? რა ხდება აქ? – იკითხა მან. – რამე უნდა ვიცოდე, ლევან?

-არაფერი ხდება. რა უნდა ხდებოდეს? – მიუგო ლევანმა. – უბრალოდ…

-გაინტერესებს? – წარბები აწკიპა ეკამ. – რაკი ის გამოკვლევა ჩაუტარე და პირველ კონსილიუმს დაესწარი, გეცოდება?

-ალბათ. არ ვიცი.

-კარგი, ნახე მაშინ. – ეკამ თითი მიუშვირა. – ოღონდ დიდი ხნით არა! დღეს კატეგორიულად მოითხოვა სახლში წასვლა და რაკი თოკით ვერ დავაბამ, არ მინდა რომ ზედმეტად დაისტრესოს და მერე ისევ ცუდად გახდეს.  

თავი დაუქნია ლევანმა და წამოდგა, წამსვე მიაშურა სტაციონარს.

ინტენსიურ პალატაში შესვლისთანავე ეცა მძაფრი, სისხლისა და ვარდების სურნელი. პალატის შორეული კუთხიდან ისმოდა ხმამაღალი ხველა, ისეთი, რომ აშკარა იყო, პაციენტი ღებინების პირზე გახლდათ მისული. საექთნო პოსტთან მიმჯდარი ექთნები და სანიტრები ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, ლევანის დანახვისას წამსვე ჩაჩუმდნენ.

მათ თავი დაუქნია ლევანმა და წამსვე მიაშურა პალატის შორეულ კუთხეს. ფარდები ჩამოეფარებინათ ქეთის გარშემო, მის მკრთალ სილუეტს ხედავდა მხოლოდ ლევანი. გული მძლავრად უცემდა, გუგუნი ედგა ყურებში.

როცა ფარდები გადასწია ახალგაზრდა კაცმა, ქეთი ფეხებმოკეცილი იჯდა საწოლზე, სულს ითქვამდა. ხელში სისხლით მოსვრილი, ვარდებით პირამდე სავსე პარკი ჩაებღუჯა, ქოშინებდა. ცხვირში ჟანგბადის კანულა ეკეთა, ხმამაღლა ბუყბუყებდა კედელზე მიერთებული ჟანგბადის წყლის ბოთლი. პაციენტის ლურჯი, ვეებერთელა ხალათი ეცვა ქეთის, რომელშიც გამხდარი მკლავები მოუჩანდა, მარჯვენა წინამკლავზე შეხვეული კანულა წვეთოვანზე შეეერთებინათ. ლოყები ერთიანად ალეწოდა ახალგაზრდა ქალს და უკან, ვეებერთელა ფანჯრიდან შემომავალ, ნაცრისფერ ღრუბელთა საფარისაგან გამოპარულ, მკრთალ თეთრ სინათლეზე დაფერილი თმა შემორკალოდა მის სახეს.

ქეთი რამდენიმე წამი უსიტყვოდ, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა. სისხლი გადმოაფურთხა, ტუჩზე შერჩენილი ვარდის ფურცლის ნაგლეჯი მაჯით მოიწმინდა.

ოდნავ უკან დაიწია ლევანმა, საექთნო პოსტს გადახედა. ხუთიოდე ადამიანი გასუსული, თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა.

-კიდევ ერთი პარკი მოიტანეთ, თუ შეიძლება. – გასძახა ლევანმა.

ერთი სანიტარი დაფაცურდა, წამსვე მოირბინა. სავსე პარკი ჩამოართვა ქეთის ლევანმა, და ახალი მიაწოდა. სავსე სანიტარს გადასცა, რომელიც წამსვე გაქრა იქედან.

პარკი ჩაბღუჯა ქეთიმ. უნდობლად შეჰყურებდა. ფარდა მის უკან დახურა ლევანმა.

-რა გინდა? – ამოიხრიალა ახალგაზრდა ქალმა, რამდენჯერმე წამოახველა. ისეთი სახე ჰქონდა, რომ წამიერად ინანა აქ მოსვლა ლევანმა.

-ნაცნობისგან გავიგე რომ აქ იყავი. – თქვა მან. – გამოგიარე.

-სეირის სანახავად მოხვედი?

-არა.

-არა? რა გგონია, ვერ ვხედავ რა ხდება? ვიღაც-ვიღაცები მოდიან უკვე მეორე დღეა. ლაპარაკობენ. უნდათ დამელაპარაკონ. ათას რაღაცას მეკითხებიან. ჰანაჰაკი, ჰანაჰაკი და კიდე ჰანაჰაკი. გავიგეთ, რომ ჰანაჰაკი მჭირს. – ქეთის თვალებში ბრაზი და სევდა ებრძოდა ერთმანეთს.

ისევ დაეწყო ხველა. მთელი ტანი უხტოდა, ისე ახველებდა, თითქოს ახლა შიგნეული გადმოუცვივდება მკერდიდანო. მისი გაპობილი ტუჩებიდან გაუშლელი და გაშლილი, სისხლით მოთხუპნული, პატარა ლურჯი ვარდები ცვიოდნენ. სისხლი და ყვავილების ფურცლები გადმოაფურთხა ქეთიმ, პირი მოიწმინდა ლევანის მიერ მოწოდებული ხელსახოცით.

სული ძლივს მოითქვა, ბალიშზე გადაწვა.

ცოტა ხანი სიჩუმე იდგა.

-მე შენი კეთილდღეობა მაინტერესებს. – თქვა ბოლოს ლევანმა. – და არა შენი დაავადების სახელი. ამიტომ მოვედი. თუ არ გინდა აქ ვიყო, წავალ.

ქეთი უსიტყვოდ ასცქეროდა. ამოიხვნეშა, თავი გადააქნია.

-არა. იყავი.

კედელთან მიმდგარი ტაბურეტი ახლოს მიითრია ლევანმა, ჩამოჯდა, ქეთის შეჰყურებდა, მის ყოველ ნაკვთს ათვალიერებდა.

-სისხლი გადაუსხიათ. – თქვა მან. – უკეთ ხარ?

ქეთიმ მხრები აიჩეჩა.

-ცოტა. – მერე კი ჟანგბადის კანულაზე მიუთითა. – ეს ძალიან მშველის, მშვენიერი რამეა.

-კარგია რომ საავადმყოფოში მოხვედი.

-ეკა ექიმს დავურეკე. – თქვა ქეთიმ. – ფაქტიურად ძალით მომათრია აქ. – გაიცინა მან.

-აშკარად გჭირდებოდა. ამდენ სისხლს კარგავ. სუნთქვის უკმარისობა გაქვს.

-ვიცი. – ამოიხვნეშა ქეთიმ, უკეთესად მოეწყო, საბანი აიწია მკერდამდე. თვალების ქვეშ უპეები უფრო ჩამუქებოდა, ჭერს აშტერებოდა გამალებით. – ახალ ფილტვებს ველოდები.

მკვეთრად შეისუნთქა ლევანმა.  დაჭიმული სხეული თითქოს ერთიანად მოეშვა.

-ანუ… ტრანსპლანტაციაზე აგიყვანეს? – ამოღერღა მან. ქეთიმ მისკენ მოაბრუნა მზერა.

-ჰო. მაგრამ ვინ იცის, როდის მოვა ჩემი რიგი და თუ მოვა საერთოდ. ბევრი ელოდება.

-ძალიან კარგია რომ აგიყვანეს. რაც არ უნდა პატარა ნაბიჯი იყოს, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. გილოცავ.

-მაშინ მომილოცე, როცა ახალი ფილტვები მექნება.

-მაშინაც მოგილოცავ.

-ხომ მართალია, რომ თუ გადამინერგავენ, აღარ მეყვარება?

-რაც სტატიები მაქვს წაკითხული, ეგრე ამბობენ. ალბათ ეგრეც იქნება.

ქეთიმ ამოიხვნეშა. თვალები აუწყლიანდა.

-ალბათ კარგია. – თქვა ბოლოს. – დავისვენებ მაინც.

-რაც მთავარია, გამოკეთდები.

-კი. ოღონდ ყვავილებმა აღარ მომგუდონ შიგნიდან და აღარ დავეძებ.

მერე კი ლევანს შეაცქერდა, თვალებმოჭუტული.

-არ მკითხავ? – თქვა მან.

-რა უნდა გკითხო?

-აი… – ქეთი ჩურჩულზე გადავიდა, თვალები გააცეცა. – იმის მერე… რომ არ მიპასუხია.

თავი გადააქნია ლევანმა.

-მაგაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. და მგონი აქ არცაა მაგაზე ლაპარაკის ადგილი. მაგრამ თუ რამის თქმა გინდა, მითხარი.

ქეთი წამწამების ქვეშიდან ამოჰყურებდა.

-არა. – თქვა ბოლოს. – იყოს ისე, როგორც არის.

ისევ წამოახველა, რამდენიმე ლურჯი ვარდის ფურცელი მიმოეფინა საბანს.

– ხომ არ იცი, მაინცდამაინც ვარდები რატომ მეზრდება? – თქვა მან.

-არა. ჰანაჰაკის დროს ყვავილის სახეობა რასთანაა დაკავშირებული, ზუსტად არ იციან.

-სხვა ყვავილი მაინც ყოფილიყო. – წარბები აბზიკა ქეთიმ და ფურცლები მომუშტა, პარკში უკრა თავი. – დიდად არ მომწონს ვარდები.

-და რა ყვავილები გიყვარს? – ჰკითხა ლევანმა.

გამომცდელად ახედა ახალგაზრდა ქალმა.

-არ ვიცი. ალბათ მზესუმზირები.

გაეღიმა ლევანს. რატომღაც ქეთი წარმოიდგინა, თავისი დიდრონი თაფლისფერი თვალებითა და ოქროსფრად აბრწყინებული თმით, მზესუმზირებით სავსე მინდორში მდგარი, რომელსაც ჩამავალი, ზაფხულის მზის სინათლე მოჰფენოდა.

-რა იყო? – ჰკითხა ქალმა. უცნაურად აჰყურებდა.

-არაფერი. – თქვა ლევანმა. – რაღაცნაირად… გიხდება ეგ არჩევანი. მზესუმზირები.

ქეთიმ რამდენიმე წამი უყურა, მერე კი საკუთარ თითებს ჩააშტერდა.

-ბებიას ჰქონდა სოფელში. – თქვა მან. – ძალიან ბევრი. პატარა რომ ვიყავი, მეგონა რომ სულ მზესუმზირები იყო, ჰორიზონტამდე. რომ თუ მინდორზე გავიდოდი, ვერასოდეს გამოვაღწევდი უკან. რომ წამოვიზარდე, ბებია გვსვამდა ეზოში და გვეუბნებოდა, აბა უყურეთ, მზესუმზირებს თავები საით აქვთო. ისე გვიხაროდა, რომ ვეუბნებოდით, მზისკენთქო.

ქეთი ოდნავ იღიმებოდა. თვალები გაუშტერდა. მერე ისევ შეეცვალა გამომეტყველება, თითქოს უგრძნობი ნიღაბი აიკრაო სახეზე.

თითქმის ხვდებოდა ლევანი, თუ რას გრძნობდა ის. ალბათ ძველი, უკვე დიდი ხნის წინ წასული, უდარდელი დროის მონატრება მოერია. ანდა არარსებული, უიმედო მომავლის სევდა.

-გენატრება? – ჰკითხა ლევანმა.

-რა?

-მზესუმზირები.

-არ ვიცი. ცოტა. ალბათ.

-სოფელში კარგა ხანია არ ყოფილხარ?

-ბებია აღარ არის. მზესუმზირების მინდორს რამდენი წელია უკვე აღარავინ უვლის, გადამხმარია. იქ აღარ წავალ.

-სხვაგან წახვალ. – თქვა ლევანმა. – მზესუმზირებსაც ნახავ, და სხვა ყველაფერს, რაც გინდა.

ქეთიმ არაფერი უთხრა. წარბშეკრული მისჩერებოდა. ფეხები მოკეცა, მკერდთან მიიტანა და მაგრად მოხვია მუხლებს მკლავები.

-შენ რისი ნახვა გინდა? – ჰკითხა ბოლოს.

-ანუ?

-ანუ რისი ნახვა გინდა. შენ ცხოვრებაში.

ლევანი შეყოვნდა. არც კი ახსოვდა, მოგზაურობასა და დასვენებას ბოლოს როდის დაუფიქრდა. კარგა ხანი იყო, რაც სამსახურმა გამოაცალა თავისუფალი ფიქრისათვის განკუთვნილი ენერგია.

-ალბათ… სალარ-დე-უიუნი. – თქვა მან, რაც პირველი მოუვიდა თავში.

-სალარ… რა?

-სალარ-დე-უიუნი. ბოლივიაში. მარილის დიდი ტბაა. ისეთია, ცას ირეკლავს. სურათები მაქვს ნანახი და რავი, შთამბეჭდავია ძალიან.

-დიდ სარკეს ჰგავს ალბათ. – თქვა ქეთიმ, მუხლებზე ნიკაპი ჩამოსდო, თვალები გაშტერებოდა, შორს იყურებოდა. ალბათ ცდილობდა მარილის ტბა წარმოედგინა. – დაიხედავ და ცას დაინახავ, თითქოს ღრუბლებში მიფრინავდე.

წამიერად შეყოვნდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო.

– ერთი-ორჯერ დამსიზმრებია, როგორ დავფრინავდი. ჩემით. – დაამატა ბოლოს.

-მართლა?

-კი. უმასო ვიყავი, პაწია მწერივით. ქალაქებს გადავუფრენდი თავზე, ტბებს, ტყეებს. ფუმფულა ღრუბლებში ვგორაობდი. მერე შუა ქარიშხალში ვექცეოდი. ელავდა, იქუხებდა. ფრენის ძალას ვკარგავდი და ვვარდებოდი. მერე მეღვიძებოდა.

-საინტერესო სიზმრები გქონია. – თქვა ლევანმა.

ქეთიმ გადმოხედა და იგრძნო ლევანმა, რომ ახალგაზრდა ქალი მის სიზმრებზე დაეკითხებოდა რამეს.

ის იყო, ქეთიმ პირი გააღო, რომ ანაზდად მათ უკან ფარდა ხმამაღალი შხრიალით გადასწიეს.

მათი მშვიდი საუბრის იდილია, თითქოს მყიფე მინას ქვა შეასკდაო, მაშინვე დაიმსხვრა.

ელვის სისწრაფით მობრუნდა ლევანი. წარბები შეკრა, როცა იქვე აზიდულ პროფესორ გივი ნოზაძეს ჰკიდა თვალი, რომელსაც დოინჯი შემოერტყა და მისი ხშირი, თეთრი წარბების ქვეშიდან აცეცებდა მათ შორის თვალებს, აშკარად უკმაყოფილო. მის ქათქათა, ხეშეშ ხალათს ერთი პაწაწინა ნაოჭიც კი არ ეტყობოდა, რომელთანაც საინტერესო კონტრასტს ჰქმნიდა მისი მოღუშული, დაღარული სახე.

-ბატონო ლევან. – თქვა მან. – რა სიურპრიზია. ვშიშობ, რომ უნდა დაგვტოვოთ, პრაქტიკა გვაქვს. ქალბატონო ქეთი, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და სტუდენტები გაგსინჯავენ.

ქეთი გაქვავებული სახით შეჰყურებდა. მკლავები უფრო მაგრად მოიხვია მუხლებზე, ნიკაპი მუხლების უკან ჩამალა, ჩაცვენილი, დიდრონი თვალები გაუშტერდა. 

-არა. არ მინდა. – თქვა მან.

ლევანი ფეხზე წამოდგა. პროფესორის უკან შეჯგუფებულ, ცნობისმოყვარე სტუდენტების მთელ ჯგროს მოავლო თვალი, რომლებიც ფეხისწვერებზე იწეოდნენ, გამალებით ათვალიერებდნენ ქეთის. ოცი მაინც იქნებოდა.

-საუნივერსიტეტო კლინიკაში ბრძანდებით, ახალგაზრდა ქალბატონო… – დათაფლული ხმითა და აშკარად ყალბი ღიმილით განაგრძო ნოზაძემ. – რას ქვია არ გინდათ?

-მგონი უკვე გიპასუხეს, ბატონო გივი. – თქვა ლევანმა და ნოზაძემ წამსვე მისკენ მომართა მისი ყალბი ღიმილი. – საუნივერსიტეტო კლინიკაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ სტუდენტებს უფრო მეტი პრივილეგია აქვთ,  ვიდრე პაციენტებს. ეკა მიქაბერიძეს დაეკითხეთ?

-ქალბატონო ქეთი, ალბათ გესმით, რომ უიშვიათესი დაავადება გაქვთ, რომელზეც ყველას ყველაფერი აინტერესებს. უკვე საკმაოდ პოპულარულიც ბრძანდებით და არა მარტო კლინიკაში! – განაგრძო პროფესორმა, აინუნშიც არ აგდებდა ლევანს. – იმედია არ იქნებით თავკერძა და მისცემთ სტუდენტებს შანსს რომ…

-გეყოფათ, ბატონო გივი. – ყელში ამოუვიდა ლევანს.

-თქვენ არ გელაპარაკებით, ახალგაზრდა ვაჟბატონო… – მკვახედ განაცხადა ნოზაძემ.

-სწორედაც რომ მე მელაპარაკებით. – უპასუხა ლევანმა. – მოგიწევთ სხვაგან ჩაატაროთ პრაქტიკა.

– მომიწევს… რას ქვია… – დაიწყო ნოზაძემ, ერთიანად აფორაჯდა. – გვერდზე გაიწიეთ, ბატონო ლევან. ზედმეტი მოგდით, მგონი, თქვენი საქმე არაა ეს. და თქვენ, ახალგაზრდა ქალბატონო…

-არ მინდა. – გაიმეორა ქეთიმ.

-რას ნიშნავს..!

-საკმარისია. – მოუჭრა ლევანმა, ჯიქურ წაიწია მისკენ, ისე სწრაფად, რომ შეცბუნებულმა პროფესორმა წამსვე უკან დაიხია. ლოგინზე მოკუნჭულ, დაპატარავებულ ქეთის გახედა ლევანმა, რომელიც თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა და ფარდა გადასწია, ისე, რომ ნოზაძესა და სტუდენტებს ვეღარ დაენახათ იგი.

-ბატონო ლევან…! – დაიწყო აღშფოთებულმა პროფესორმა.

-ეს გაკვეთილი იყოს თქვენთვის. – სტუდენტებს მიმართა ლევანმა, მკლავები მკერდზე გადააჯვარედინა, მათ დაჰყურებდა. სტუდენტები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ, აშკარად მათ თვალწინ გამართული დრამის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფნი. – უსმინეთ თქვენს პაციენტს. მოუსმინეთ, თუ რას გეუბნებათ. ამაზე კარგ ზოგად რჩევას ვერ მოგცემთ.

-თქვენი ქცევა ყოვლად მიუღებელია, ბატონო ლევან! – ატყდა ნოზაძე. – თქვენი განყოფილების გამგეს ამაზე გავესაუბრები, ეჭვიც არ შეგეპაროთ!

-ძალიან მოხარული ვიქნები თუ გაესაუბრებით. მოკითხვაც გადაეცით. – ყალბი ღიმილით გააშიშვლა კბილები ლევანმა.

აღშფოთებულმა პროფესორმა დაიფრუტუნა და მიტრიალდა, სტუდენტების ჯგროს ნიშანი მისცა, და წამსვე ყველანი ცხვრებივით აედევნნენ უკან, მალ-მალე ლევანს მოხედავდნენ და ერთმანეთს უჩურჩულებდნენ. ლევანი გაუნძრევლად იდგა, სანამ ინტენსიური პალატა არ დატოვეს.

სანიტრებმა და ექთნებმა, რომლებიც ნოზაძის დემონსტრაციულ გასვლას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, წამსვე მასზე გადმოიტანეს ყურადღება.

-სანამ ვინმეს შემოუშვებთ ამ პაციენტთან, მის ექიმს დაელაპარაკეთ. – თქვა ლევანმა, მათ საპასუხოდ თავი დაუქნიეს.

მიბრუნდა ახალგაზრდა კაცი, ოდნავ გადასწია ფარდა, შიგნით შეაბიჯა.

და წამსვე გახევდა.

ქეთი ფეხზე წამომდგარიყო, ფეხშიშველი იდგა ცივ ლინოლეუმზე. ვარდებიანი პარკი ლოგინზე გადაეგდო, ხელებში საკუთარი ხალათი მოებღუჯა ბარძაყებთან, ლევანს აჰყურებდა.

მერე მოუახლოვდა, წელზე ხელები მოუცურა და მაგრად მოეხვია, მკერდზე დაადო თავი.

ლევანი გაშრა, ადგილს მიეყინა. ხელები უძრავად ჩამოჰკიდებოდა გვერდებზე.

სანამ რამეს მოიფიქრებდა, ქეთი, ისევე სწრაფად, როგორც მოეხუტა, მოსცილდა, ლოგინში შეძვრა და საბანი მკერდზე აიწია.

-ნახვამდის, ლევან. – თქვა მან, თვალს არ უსწორებდა.

ლევანს არაფერი უთქვამს, არც კი იცოდა, რა ეპასუხა. მოტრიალდა, და საექთნო პოსტთან შეჯგუფულთა დაჟინებული მზერის ქვეშ დატოვა ინტენსიური პალატა.

.

-*-*-*-*-*-*-*-*-

– 25.01.2025 –

From – ქეთი – 00:30 AM

გღვიძავს?

ეღვიძა ლევანს. სამზარეულოში მაგიდას მიჯდომოდა, მის წინ ქაღალდების მთელი დასტა ეყარა უწესრიგოდ. დოკუმენტები უნდა შეევსო და შეესწორებინა, ლეპტოპში ისტორიებს ბეჭდავდა მაგიდის კუთხეში მდგარი ლამპის ნარინჯისფერ შუქზე, ბინაში გრილი, წყნარი სიბნელე ჩამოწოლილიყო.

მესიჯის მოსვლისთანავე სტაცა ხელი ტელეფონს ლევანმა, ქეთის მონაწერის დანახვაზე გაეღიმა. თვალები მოისრისა და ნელა მოსვა გაციებული ყავა, თან ფანჯრიდან მოპირდაპირე კორპუსის კუთხის ბინას გაჰყურებდა. იქ სიბნელე ჩამოწოლილიყო.

To: ქეთი 00:31 AM

„კი. როგორ ხარ? დაგირეკო?“

მესიჯის გაგზავნიდან რამდენიმე წამში ვიბრაცია ატეხა ტელეფონმა, ქეთის მხრიდან შემოვიდა ზარი. წამსვე ზარის მიღებას დააჭირა თითი ლევანმა, ტელეფონი ყურზე მიიჭირა, სკამზე გასწორდა.

-არამიშავს. – თქვა ქეთიმ, ხმაში დაღლილობა ეწერა, უკნიდან დაგუდული მუსიკა და ხალხის ლაპარაკი ისმოდა. – არ გეძინება?

– არა. შენ?

– არა. ვარ ჩემთვის. რას აკეთებ?

-ვმუშაობ. – თქვა ლევანმა, მაგრამ მაინც განზე გასწია თავისი ლეპტოპი და წინ გადაშლილი ფურცლებიც.

-პარასკევია დღეს. ნუ უკვე შაბათი. რატომ არ ისვენებ? – ჩაეკითხა ქეთი.

-ბევრი საქმე მაქვს მორჩენილი და იმიტომ. სამსახურში ვერ ვასწრებ.

-ხომ უნდა დაისვენო. ხვალ მორიგე ხომ არ ხარ?

-არა. შენ რას აკეთებ?

-სასეირნოდ ვიყავი. ახლა ბარში ვზივარ. – ქეთიმ ამოიხვნეშა. ხალხი ხმამაღლა, თუმცაღა დაგუდულად ლაპარაკობდა მის გარშემო.

-ერთობი? – ჰკითხა მან.

-არა. არ ვიცი. ვერა. – მიუგო ქეთიმ. წამიერად შეყოვნდა, თუმცა გრძნობდა ლევანი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა.

-რა იყო? – ჰკითხა მან. – მითხარი.

-თუ არ გეზარება, მოხვალ? – თქვა ქეთიმ.

ლეპტოპი დახურა და ზურგი შეაქცია თავის დოკუმენტებს ლევანმა, ფეხზე წამოდგა.

-მოვალ. – მიუგო მან. – მომწერე მისამართი და მოვალ მალე.

-კარგი. – თქვა ქეთიმ. – გელოდები.

თბილი ქურთუკი ჩაიცვა ლევანმა, მანქანის გასაღებებს სტაცა ხელი და კიბეებზე ჩაირბინა.

From: ქეთი 00:34

მახარაძის გამზირის 31, ბარი წითელი ღამე.

ისევ ბარდნიდა. ნელა, ზარმაცად. ალაგ-ლაგ ლამპიონის შუშები, როგორც ყოველთვის, ჩაეტეხათ, და მათ ქვეშ ქუჩაში შემოგარენს მხოლოდ ნაცრისფერი ღამის დაჩრდილული საბურველი ედო. მახარაძის გამზირზე ღამის პირველ საათზე მხოლოდ დროდადრო თუ გაიშხუილებდა თითოოროლა მანქანა, უკან აბუქებული თოვლის კორიანტელს ტოვებდა. ფანჯარა ჩამოეწია ოდნავ ლევანს, თმას უწეწავდა ყინულოვანი, სალონში მოშხუილე ქარი. საპარკინგე ადგილი ძლივს იპოვა ახალგაზრდა კაცმა, ტროტუარებთან ჩამწკრივებულ მანქანებს შორის მოახერხა მიეყენებინა მანქანა.

გამზირს დაუყვა, ჩქარი ნაბიჯით. გადაყინულ ფილაქანზე ქათქათა თოვლის სქელი ფენა იდო, რომელსაც ლამპიონების ოქროსფერი და ალაგ-ალაგ, გამზირის ჩაყოლებაზე, ნეონის ფერად-ფერად სინათლეთა იელფერი დაჰკრავდა. რესტორნები და ბარები გადაჭედილიყვნენ, ზოგიერთიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმოდა, ერთი რესტორნიდან რამდენიმე მთვრალი გამობლაყუნდა გარეთ, სიმღერით დაუყვნენ ტროტუარს.

მახარაძის გამზირის 31-თან შეჩერდა ლევანი. თეთრად შეფეთქილ, თუმცაღა უკვე გაჭუჭყიანებულ კედელზე მიკრული ქუჩის ნომრიანი დაფა თითქმის მთლიანად გადაეცრიცა განვლილ დროსა და მოუვლელობას. ბარის დაბურული, მტვრიანი ფანჯრებიდან წითელი სინათლე გამოდიოდა და საცოდავად, გაჭირვებითღა ბჟუტავდა მინის კართა მაღლა მიმაგრებული ნიშანი „წითელი ღამე“.

კარი შეაღო ლევანმა. წამსვე მოეხვია გარშემო ბარის დახუთული, გასქელებული ჰაერი, რომელსაც ალკოჰოლისა და რაღაცნაირი, გახურებული მეტალის სურნელი დაჰკრავდა. ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვავდნენ ცენტრში, გაღმა კედელთან ვეებერთელა თაროები სხვადასხვანაირი ბოთლებით გამოეტენათ. ბარმენი ოსტატურად, ჰაერში ატრიალებდა და აჩხარუნებდა კოქტეილის კონტეინერებს.

მოცეკვავეებში გაიკვალა გზა ლევანმა, ბარს ყურადღებით ათვალიერებდა.

მალე შეამჩნია.

ბარმენთან ახლოს იჯდა ქეთი, მაღალ სკამზე. ჯემპრი ეცვა, მისი პალტო და ჩანთა სკამის ზურგზე ეკიდა. თმა თხელ ნაწნავად გადმოეგდო მხარზე.

სკამის ზურგზე კოხტად დაკეცილი შარფი გადაედო. ის შარფი, ლევანმა ბოტანიკურ ბაღში რომ მოახვია.

ქეთის გვერდით სკამზე ჩამოჯდა ლევანი. წამსვე გამოხედა ქეთიმ, მისი გაქვავებული გამომეტყველება ოდნავმა ღიმილმა შეცვალა. მის წინ, დახლზე გაურკვეველი ფერის სასმელით ნახევრად სავსე ჭიქა იდგა, შიგნით რამდენიმე, მომდნარი ყინულის ნატეხი ცურავდა. წითელი შუქი დასთამაშებდა სახეზე ქეთის, მის დიდრონ თვალებსა და გამოჩრილ ყვრიმალებს. ნაწნავს ყურებთან რამდენიმე კულული გამოჰქცეოდა.

-გამარჯობა. – უთხრა ლევანმა, ქურთუკი შემოიძრო და სკამის ზურგზე გადაჰკიდა.

-გამარჯობა. – მიუგო ქეთიმ, ნიკაპით ჩამოეყრდნო ხელს და თავი გვერდზე გადააგდო. – კარგია რომ მოხვედი.

ბარი მოათვალიერა ლევანმა.

-კარგი ატმოსფეროა. – თქვა მან. – ხშირად შემოდიხარ?

-ხანდახან. – თქვა ქეთიმ, სასმელი მოწრუპა. – ძაან რომ ყინავს ხოლმე, კარგია შემოსვლა, გვერდებს მოვითბობ, რამეს დავლევ და წავალ მერე ხოლმე.

რამდენიმე წამი გაჩუმდა, რაღაცას იხსენებდა.

-ბავშვობაშიც იგივეს ვაკეთებდი. – დაამატა ბოლოს. – გარეთ რომ ვთამაშობდით და ძალიან შემცივდებოდა, გასათბობად ავდიოდი სახლში და მერე ისევ ვაგრძელებდი თამაშს. 

– ის მახსენდება, გიმნაზიაში სწავლისას უშუქობა რომ იყო საერთო საცხოვრებელში. – თქვა ლევანმა. -ზამთარში ძაან ყინავდა, ერთი ჩვენი კურსელის სახლში ვიკრიბებოდით და ვსვამდით სისტემატიურად.

-კარგი სიტუაცია იქნებოდა. – გაიღიმა ქეთიმ.

-არაუშავდა. ბაბუამისი მერე გარეთ გვყრიდა და შეშას გვაჩეხინებდა მინუს 20 ყინვაში.

-საწყლებო… ბუხართან ჯდომისათვის ალბათ ღირდა. თქვენც აგორგოლავებდით ძველ გაზეთებს? – ჰკითხა ქეთიმ, თვალები უბრწყინავდა. – ბუხარში შესაკეთებლად?

-რაც ხელში მოგვხვდებოდა, ყველაფერს ვუკეთებდით. – თქვა ლევანმა, ქეთის დააცქერდა.

ცოტა ხანი გაჩუმდნენ. სიწყნარეს ხმამაღალი ელექტრონული მუსიკა არღვევდა. საფეთქლებში დაეწყო პულსაცია ლევანს.

– იმის მერე იმდენი დრო გავიდა. – თქვა მან. – ხანდახან მგონია რომ წინა ცხოვრებაში იყო. ან რამე ეგეთი.

-აი მე არ მჯერა წინა ცხოვრების. – მხრები აიჩეჩა ქეთიმ, ისევ მოსვა. – შენ?

-არ ვიცი. იმდენი რამეა შეუცნობელი.

-კარგია რომ არ იცი. – უთხრა ქეთიმ. – მგონი ეგრე უკეთესია.

არაფერი უპასუხა ლევანმა. მის თითქმის დაცლილ ჭიქას უყურებდა.

ბარმენს ხელი დაუქნია. ლუდი შეუკვეთა.

ქეთი ეპილეფსიის გამო კარბამაზეპინს სვამდა. თუ სწორად ახსოვდა, ალკოჰოლის მიღება არ იყო ამ წამლის დროს მიზანშეწონილი.

-ბევრს სვამ ხოლმე? – ჰკითხა მან. ქეთიმ თვალები მოჭუტა, ინტერესით დააცქერდა.

-რატომ მეკითხები?

-არაა ჯანმრთელობისთვის კარგი და იმიტომ.

-პფფ. – ხელი ჩაიქნია ქეთიმ. – ვიცი, ჰო, რომ არ უნდა დავლიო. ჩემს წამლებთან არ შეიძლება. მაგრამ… რაღა აზრი აქვს მაგის თქმას.

მერე გაჩუმდა, საწრუპით ურევდა სასმელს და ჭიქას ჩაშტერებოდა.

ხველა დაეწყო ანაზდად. ხელსახოცი შეაშველა ლევანმა, როცა ვარდის კოკორი და ფურცლები გადმოაფურთხა ქეთიმ.

მადლობის ნიშნად დაუქნია თავი ახალგაზრდა ქალმა. ტუჩები აუბზინდა, წითელი სინათლის ფონზე ვერც კი გაიგებდა ვინმე, რომ სისხლი იყო.

პირი სწრაფად მოიწმინდა ქეთიმ.

-რა იფიქრე?- ჰკითხა მან. – რომ ვაგდივარ აქ და ვსვამ?

-არა. – თქვა ლევანმა. – და რომც ეგრე იყოს მგონი ვერავინ დაგადანაშაულებს.

ქეთიმ გამოხედა. მოღუშულიყო.

-მე ხომ ვიცი, რომ ახალი ფილტვები არ მეღირსება. – თქვა მან ბოლოს. – ვიცი, რომ სიის ბოლოში ვარ. ეკა ექიმმა მითხრა.

-ნუ იტყვი ეგრე. – უთხრა ლევანმა. – რა იცი. მთავარია სიაში ხარ.

-რისთვის მაძლევენ იმედს, თუ შანსი მაინც არ მაქვს? – თქვა ქეთიმ. – ტყუილ იმედს მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს.

-იმედი არასოდეს არაა ტყუილი. – მიუგო ლევანმა. – საავადმყოფოში ხშირად ისეთები ხდება, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მაინც ხდება.

ნაღვლიანად შესცქეროდა ქეთი.

-მართლა? – ჰკითხა მან.

-კი. აი მაგალითად, 93 წლის პაციენტი მყავდა. ისეთი ჯანიანი ქალი, საავადმყოფოში რომ არასდროს დასჭირვებია დაწოლა. – თქვა ლევანმა. – ანთებით მოიყვანეს. ფილტვების, გულის, თირკმელის უკმარისობა ჰქონდა. ფაქტიურად კომაში იყო. დარწმუნებული ვიყავი რომ მოკვდებოდა, ოჯახს დავურეკე და შევატყობინე, ვუთხარი მოსულიყვნენ. ორი დღის მერე დაიწყო გამოკეთება. თავისი ფეხით წავიდა სახლში.

-მგონი მე და ეგ პაციენტი ძალიან განვსხვავდებით. – თქვა ქეთიმ.

-ეგ კი, მაგრამ პრინციპი იგივეა. მე არ მქონდა არანაირი იმედი. მაგრამ უნდა მქონოდა.

-ყოველთვის გიმართლდება იმედი? – ჰკითხა ქეთიმ.

ცოტა ხანი უყურა ლევანმა.

-არა. – უპასუხა ბოლოს. – იმედის ქონა შედეგსაც არ ცვლის, მაგრამ… უიმედობა არც არაფერს არ მოგცემს.

-ალბათ. – თქვა ქეთიმ. ჭიქა მოიყუდა, ცოტა მოსვა. – მაგრამ… მზად მაინც ვიქნები. მე ვიცი, რომ იქამდე მოვკვდები.

ყბა მოენგრა ლევანს, თუმცა აღარაფერი უთქვამს.

ელექტრონული მუსიკის ნაცვლად რაღაც ბალადა ჩართეს. საცეკვაო მოედანზე შერჩენილნი ნელა ირწეოდნენ მოთამაშე წითელი სინათლის ფონზე აქეთ-იქით.

ლუდი მოიყუდა ლევანმა.

-პაციენტებს თქვენთან აპიარებენ? – ჰკითხა უცებ ქეთიმ.

წარბები შეკრა ლევანმა, უსიტყვოდ დააცქერდა ახალგაზრდა ქალს.

-რანაირი კითხვაა. – თქვა მან. – არა რა თქმა უნდა.

-მე კი გამაპიარეს. – თქვა ქეთიმ. ტელეფონში რაღაც გახსნა, დახლზე დადო და ახლოს მიუწია ლევანს.

ეკრანს დააცქერდა ახალგაზრდა კაცი.

ფეისბუქზე დაეპოსტა მეცამეტე არხს სტატია. სტატიის ფოტოდ დაფოტოშოპებულ-ყვავილებიანი ფილტვების რენტგენი აერჩიათ.

„ცალმხრივი სიყვარულის დაავადება: ამ უიშვიათესი დაავადების პირველი შემთხვევა  საქართველოში: დაავადებულია უიმედოდ შეყვარებული ახალგაზრდა გოგონა! ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ მეფის უნივერსიტეტის პულმონოლოგიის პროფესორ გივი ნოზაძესთან“.

პოსტს ათი ათასი რეაქცია ჰქონდა. და თითქმის შვიდი ათასი შეარი.

ლევანმა წვერიანი ნიკაპი ნერვიულად მოიქექა, წარბშეკრულმა.

-ეს რა ყლეობაა.- თქვა მან.

-ის კაცია, ხომ? – ჰკითხა ქეთიმ. – მაშინ რომ მოვიდა. სტუდენტებთან ერთად.

-ჰო. არარაობაა. – თქვა ლევანმა.

-ინტერვიუში ჩემზე ლაპარაკობს. – ჩაილაპარაკა ქეთიმ. – დეტალურად. როდის დამეწყო ავადმყოფობა, რის გამო. რომ მალე მოვკვდები. ჩემი ინიციალები გამოიყენა. რეპორტაჟიც გაუშვეს.

კომენტარები ჩამოსქროლა ლევანმა. უმრავლესობა ინტერესს იჩენდა, საბრალო, საცოდავი გოგოო. ზოგი უტვინოს უწოდებდა, მისი ბრალი ყოფილა, რამ შეაყვარა ასე ძალიანო. ზოგი ამბობდა, ეგ გოგო აქ მომეცით, უცებ გამოვაჯანმრთელებო, ზოგმა წაიხუმრა, ყვავილების მაღაზია გახსნას, სანამ მოკვდებაო. ბევრნი ექიმებსა და მათ კლინიკას თათხავდნენ, უვარგისი ჯალათები არიანო. ბევრი იყო ქეთის ვინაობაში დაინტერესებული.

ყბებში კუნთები აუთამაშდა ლევანს. მუშტი შეკრა უნებურად. ინატრა, რომ გივი ნოზაძე ყოფილიყო ახლა აქ.

-ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. – თქვა მან, ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, როცა ქეთის შეწუხებულ, სევდიან გამომეტყველებას წააწყდა.

-მაგრამ მოხდა. – დაიჩურჩულა ქეთიმ.

-მაგრამ მოხდა. – გაიმეორა ლევანმა. – ვწუხვარ.

-დავიღალე. – თქვა ქეთიმ. – ანუ საავადმყოფოშიც აღარ მიმესვლება? აღარ მინდა იქ წასვლა. რომ არ მივსულიყავი, ეგ ნოზაძეც ვერ მოვიდოდა ჩემთან და ამ იდიოტურ ინტერვიუსაც ვერ ჩაწერდა. ამდენი რაღაცა ილაპარაკა ჩემზე.

-შენი სახელი ჯერ არ იციან. ალბათ გაიგებენ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, თუ საავადმყოფოში წასვლაა საჭირო, მაშინ უნდა წახვიდე.

-აღარ მინდა საავადმყოფოში. – გაიმეორა ქეთიმ.

-თუ საჭიროა, მოგიწევს. – უთხრა ლევანმა, ქეთის დახრილ თვალებს დაჰყურებდა, მის თითოეულ ნაკვთს ათვალიერებდა, მისი მზერის დაჭერას ცდილობდა. – ქეთი.

ქეთის ტუჩები აუთრთოლდა. ჭიქა დადო და ხელისგულები თვალებზე აიფარა.

-ბოდიში, ლევან. – თქვა მან. – უბრალოდ… არ ვიცი.

მერე კი ისევ ხველა აუტყდა. მიბრუნდა, ლევანს ზურგი შეაქცია, ბეჭები ხველებისაგან უთრთოდა.

არც კი უფიქრია ლევანს, მაშინვე მხარზე დაადო ხელი, ფრთხილად გადაუსვა ბეჭზე.

ერთი-ორჯერ წამოახველა ქეთიმ და ამოისუნთქა, ღრმად. მობრუნდა, ხელისგულით ტუჩები მოიწმინდა. ხელში რამდენიმე გადაშლილი ვარდი ჩაებღუჯა, რომელიც ხელსახოცში გამოახვია.

ისევ მის მხარზე ედო ხელი ლევანს. უცნაურად ცივი იყო ქეთის სხეული.

-უფრო მეტს ახველებ მგონი. – თქვა მან.

ქეთიმ მხრები აიჩეჩა. სახე მოემანჭა, ტუჩები და ნიკაპი უკანკალებდა. თვალები აუწყლიანდა.

-მეშინია. – თქვა უცებ.

-რისი? – ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.

ქეთიმ არაფერი უპასუხა. მზერა აარიდა. წითელ სინათლეზე ავადმყოფურად უპრიალებდა გაშტერებული, სველი თვალები.

-სიკვდილის? – დაიჩურჩულა ლევანმა. თითქოს ეს უკვე იცოდა, თუმცაღა ამის ხმამაღლა ამოთქვამ ერთიანად ააფორიაქა.

-არ მინდა სიკვდილი. – თქვა ქეთიმ, თითქოს სიტყვებს პირიდან ჰგლეჯენო. თვალები გაუფართოვდა, რაღაც უხილავ წერტილზე გაშტერებოდა. – არ მინდა წავიდე. მეშინია.

ერთიანად დაიძაბა ლევანი. ყბები გაუქვავდა, რაღაც მძიმე ედგა მკერდში, რომელსაც ერთიანად გამოევსო მისი გულმკერდი და გამოხეთქვას ცდილობდა. სუნთქვა გაუხშირდა.

აქამდე რაღაცნაირად შეგუებული იყო ქეთის მხრიდან უდარდელ საუბარს სიკვდილზე, რომელიც მას ამ დაავადების ბოლოში ელოდა. უკვირდა, მაგრამ შეეგუა.

ახალგაზრდა ქალის შიშმა შეაძრწუნა. თითქოს პირდაპირ ჩახედა თვალებში მის გარდაუვალ სიკვდილს.

ხელი ასწია ქეთიმ. ფრთხილად, ნელა, თითქოს ვერ ბედავსო, მის მხარზე დადებულ ლევანის ხელს მოუჭირა გამხდარი, სახსრებამოჩრილი თითები.

მისი ხელის უცნაურმა, ავადმყოფურმა სიგრილემ დაუარა ლევანს ძარღვებში, თითქოს მისი ხელიდან მკლავში აცოცდა, გულმკერდში ჩაეღვარა. ქეთის წყლიან თვალებს შეჰყურებდა და იცოდა, რომ სანუგეშოს ვერაფერს ეტყოდა.

ქეთის სკამს მოჰკიდა ფეხში ხელი და თავისკენ გამოსწია, მთელი სხეულით მიბრუნდა ახალგაზრდა ქალისაკენ.

ქეთი უსიტყვოდ აჰყურებდა, მისი თვალები ლევანის სახის თითოეული ნაკვთის შორის დარბოდნენ, თითქოს უნდა დაიმახსოვროსო.

მისკენ გადაიწია ლევანი. მარჯვენა მკლავი ზურგზე მოხვია, მაგრად, მარცხენათი კი მხარზე მიიყუდა მისი თავი. ქეთი ერთიანად გაშრა, გაქვავდა, სწრაფად სუნთქავდა მხოლოდ.

-ნუ გეშინია. – თქვა ლევანმა, თუმცაღა იცოდა, რომ ალბათ დიდად ვერ ანუგეშებდა ამ სიტყვებით ქეთის, მაინც უნდოდა ეცადა. – არ ინერვიულო. კარგად იქნება ყველაფერი, აი ნახავ.

ქეთიმ კანკალით, ღრმად ამოისუნთქა და ოდნავ მობრუნდა, ლევანს გვერდებზე აუცურა ხელები და ბეჭებზე მობღუჯა მისი სვიტერი. თავი ოდნავ მოატრიალა, მხარზე უკეთესად დაადო.

თავზე გადაუსვა ხელი, და ნაწნავს გამოქცეული კულული გადაუწია ყურზე ლევანმა, მერე კი ყურის ნიჟარაზე გადაუსვა ფრთხილად ცერი. ქეთის სახეს კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ დაუწყნარდა სუნთქვა ახალგაზრდა ქალს, როგორ მოეშვა მისი დაძაბული სხეული, და უფრო მაგრად მოიზიდა, უნდოდა უფრო ახლოს ყოფილიყო მასთან.

ისევ დაანება ფიქრს თავი და ერთიანად ინსტინქტებს მიენდო.

თითქოს ყველაფერი იგივე იყო, რაც ათიოდე წუთის წინ. ბარში უცვლელად ციმციმებდა წითელი სინათლე, კვლავ გაისმოდა ბალადის მელოდია და მოსაუბრეთა დაგუდული ლაპარაკი. კვლავ იდგა მძაფრი, მძიმე, დახუთული და ბლანტი, ალკოჰოლისა და რაღაცნაირი, გახურებული მეტალის სუნი.

მაგრამ ყველაფერი სხვანაირი გახლდათ. ქეთის თითები, მის სვიტრს რომ ჩასჭიდებოდნენ, მისი წყნარი სუნთქვა და მისი მოდუნებული სხეულის მკრთალი, სუსტად მბჟუტავი, ცივი სითბო, რომელიც ნელ-ნელა ცვლიდა ავადმყოფურ სიგრილეს.

სხვანაირი იყო ის შეგრძნება, რომელიც ქეთის სიკვდილის გაფიქრებისას ერეოდა. უფრო მძიმე და აღელვების ბურანში გამოხვეული.

ბოლოს ხელები ჩამოაცურა ქეთიმ, უკან სცადა გაწევა და ხელები შეუშვა ლევანმა. მარცხენა იდაყვით დახლს დაებჯინა, გამალებით დაჰყურებდა ახალგაზრდა ქალის სახეს.

-უკეთ ხარ? – ჰკითხა მან.

ქეთის ტუჩის კუთხეები შეუთრთოლდა.

-ცოტა. – მხრები აიჩეჩა.

-ხომ არ წავიდეთ?

ქეთიმ ახედა, ისე უყურებდა თითქოს რაღაცას ეძებდა მის თვალებში.

-სად წავიდეთ? – ჰკითხა მან, ხმადაბლა, თითქოს ვერ ბედავსო.

– ჩემთან. – უთხრა ლევანმა.

ქეთიმ თვალი აარიდა, კალთაში ჩადებულ საკუთარ თითებს დასცქეროდა.

-არ ვიცი. – ამოღერღა ბოლოს. სასმელი ისევ მოიყუდა, ბოლო წვეთები გამოსცალა. ჭიქა მთელი ძალით ჩაებღუჯა, გამალებით ჩაჰყურებდა წითლად მოპრიალე მინას. 

უსიტყვოდ უყურებდა ლევანი. ტელეფონი ამოიღო დროის შესამოწმებლად.

01:53.

თითქოს დაძაბულობა ჩამოწვა მათ შორის. არაკომფორტული სიჩუმე.

-მატყუებ. – თქვა უცებ ლევანმა.

ქეთის ხელში გაუშეშდა ჭიქა, ელვის სისწრაფით მოუბრუნდა.

-რა?

-მატყუებ, რომ მეუბნები, არ ვიციო. მშვენივრად იცი.

ქეთიმ მხრები აიწურა, თვალები მოჭუტა.

-რა ვიცი? – ჰკითხა მან.

-შენ არ ამბობდი, რასაც მინდა, როცა მინდა ისე ვიტყვიო?

-ყველაფრის თქმა არ შეიძლება. – მიუგო ქეთიმ. – ხანდახან ზედმეტი ლაპარაკით შეიძლება ყველაფერი გააფუჭო.

-რაც არ უნდა თქვა, ვერაფერს გააფუჭებ. – თქვა ლევანმა.

უცნაურად უყურებდა ქეთი. თვალები დახარა, კვლავ თავის ცარიელ ჭიქას მიუბრუნდა.

ბარში ელექტრონული მუსიკა აეგუგუნებინათ, ხმამაღალი საუბარი და სიცილი განახლებულიყო გარშემო.

ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო გვერდიდან ლევანმა, სწრაფად მიაბრუნა თავი.

ბარმენი იდგა შორიახლოს, დახლს ჩვრით სწმენდდა. მათ შეჰყურებდა.

ჯერ ქეთისკენ გადაატრიალა თვალები, მის მუშტში ჩაბღუჯული, ვარდებიანი ხელსახოცი მოათვალიერა, მერე ისევ ლევანს გაუსწორა მზერა.

მოიღუშა ლევანი. იდაყვებით დაებჯინა დახლს, ბარმენს თვალებით ბურღავდა.

-გინდა რამე? – ჰკითხა მან.

ბარმენმა ხელები აღმართა, ირონიული ღიმილი გადაეფინა სახეზე.

-არაფერი, ძმაო. რა უნდა მინდოდეს. – უპასუხა მან, მერე კი გატრიალდა, სხვა კლიენტებს გაუბა მაშინვე ლაპარაკი.

ისევ ქეთის გახედა ლევანმა. ახალგაზრდა ქალი უკვე მას შეჰყურებდა.

-წავიდეთ? – უთხრა ქეთიმ. პასუხს არ დალოდებია, სკამიდან ჩამოცურდა, პალტო მოიცვა და ხელსახოცში გამოხვეული ვარდები ღრმად ჩატენა ჩანთაში. ბოლოს შარფი მოიხვია, სანამ ლევანი ქურთუკს იცვამდა.

წამიერად შეყოვნდა ლევანი, როცა ხელთათმანებს იკეთებდა. ქეთის დააცქერდა.

მას ელოდა ახალგაზრდა ქალი. ცალ ხელში მხარზე მოგდებული ჩანთის სალტე ჩაებღუჯა მაგრად, მეორე კი, პატარა მუშტად შეკრული, მის გვერდზე დაშვებულიყო. საცეკვაო მოედანზე შეჯგუფებულებს გასცქეროდა, მერე კი ყურადღებით ათვალიერებდა დახლის მიღმა, თაროებზე აკოკოლავებულ ბოთლებს.

ბოლოს ლევანს ახედა. მშვიდად შესცქეროდა, მოლოდინით.

ხელი გაიწვდინა ლევანმა, ქეთის მუშტს სწვდა და წამსვე გაშალა ახალგაზრდა ქალმა თითები. ხელი მაგრად ჩაჰკიდა ლევანმა. მიტრიალდა, მოცეკვავეებში იკვლევდა გზას, ქეთის ხელი მასთან ახლოს ეჭირა.

გაიღრჭიალეს „წითელი ღამის“ კარის ჩაჟანგულმა ანჯამებმა, საკეტმა ტკაცუნი გაიღო მათ უკან და უკან დარჩა ბარის მძიმე, ჩახუთული ჰაერი. მჭახე, კანის ამწველი სუსხი შემოეხვიათ მხოლოდ, რომელიც სუდარასავით უძრავად დაჰფენოდა შემოგარენს, მცირედი ნიავიც კი არ იძვროდა გარშემო. ცარიელი იყო გამზირი, როცა გადათოვლილ ტროტუარს დაუყვნენ, მხოლოდ შორს ისმოდა ასფალტზე გადახოხებული საბურავების ღრჭიალი და ძაღლთა ღავღავი, ერთმანეთს რომ აჰყოლოდნენ. ცა გადაწმენდილიყო, მუქ ლურჯ, გადაგლესილ ტბას წააგავდა, რომელზეც ალაგ-ალაგ მკრთალად ციმციმებდნენ თითქოს ზედ შეყინული ვარსკვლავები. ნამგალა მთვარე ეკიდა ცაში აჭრილი ალვის ხეების შიშველი ტოტების თავზე.

ქეთის ხელი მაგრად ეჭირა ლევანს, გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ და ერთმანეთს ერეოდა მათი სუნთქვის კვალად დატოვებული ქათქათა ორთქლის ქულები.

მანქანაში ჩასხდნენ. ტრასის ლამპიონების ყვითელ შუქზე უფრო გაიცრიცნენ ვარსკვლავები, სანამ შორს მხოლოდ მთაზე შეფენილი მათი ოქროსფრად დაკოპლილი უბანი, მის მიღმა აღმართული უძირო, მუქი ლურჯი ცა და მასზე შერჩენილი რამდენიმე რუხი ღრუბლის ნაგლეჯი დარჩა. ხმას არ იღებდნენ, თითქოსდა თითოეულის მკერდიდან მთელ სხეულში გამჯდარიყო ყინულოვანი, უძრავი ჰაერი, და არ სურდათ ჩამოწოლილი სიმშვიდის დარღვევა.

მათ ეზოში შეუხვია ლევანმა, მანქანა გააჩერა. შორიახლოს ლამპიონების ნათურა ისევ ჩაეტეხათ, ეზოს კორპუსთა ჩრდილი და მთვარის მკრთალი სინათლე მოჰფენოდა. ძრავა არც კი გამოერთო ახალგაზრდა კაცს, როცა კარი გამოაღო ქეთიმ და გადაძვრა, ხელში ჩანთა ჩაებღუჯა.

მანქანა ჩაკეტა ლევანმა, და მანქანის მეორე მხარეს მდგარ ქეთის გაუსწორა მზერა.

ცხვირი და ლოყები ყინვისაგან ალეწოდა ქეთის, ტუჩები გასწითლებოდა. გაბეწვილი ქუდი გვერდზე მოქცეოდა, ლევანის შარფის ფარფლები გადმოჰკიდებოდა პალტოს მკერდზე. ქათქათა თოვლი, მჭახე სუსხი და მთვარის შუქი შემოვლებოდა მას, შეჰყურებდა ლევანი და რატომღაც გონებაში გაუელვა, რომ სითბოს წყარო გარშემო მხოლოდ ქეთის ავარდისფერებული სახე, მისი ლოყები და მისი ტუჩები იყო.

-მადლობა. – უთხრა ქეთიმ. ისევ უდარდელი გამომეტყველება ედო ნიღბად. – რომ მოხვედი.

მერე კი შებრუნდა, აბუზული, თავის კორპუსს მიაშურა.

არ უპასუხია ლევანს. ცოტა ხანი იდგა, სანამ არ დაინახა, თუ როგორ დაფარა ქეთი კორპუსის სიბნელემ.

მერე მიბრუნდა, თავისი ბინისაკენ აუყვა კიბეებს.  

-*-*-*-*-*-*-*-

-28.01.2025 –

20:32.

კედლის საათი წყნარად წიკწიკებდა. სამზარეულოში სუსტი ოქროსფერი სინათლე იდგა, ქურაზე შემომდგარი გვერდებშემოცვეთილი ჩაიდანი სტვენდა, მისი პირიდან ქათქათა ქულები იფრქვეოდა გარშემო. ზედა მეზობლებს აშკარად წვეულება ჰქონდათ,  დაგუდული საუბრისა და ხმამაღალი მუსიკის ხმა ჩამოდიოდა.

ჩაიდანი გადმოდგა ქურიდან ლევანმა, თვალები მოისრისა. საფეთქლებში უსიამოვნოდ უცემდა პულსი. ორი საათი იყო, რაც სამსახურიდან სახლში მოაღწია და ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა ცოტა მოესვენა. პაციენტების ისტორიების წერა უნდა გაეგრძელებინა, რომ თვის ბოლოსთვის მოესწრო.

ჭიქაში გადმოასხა მდუღარე წყალი, ყავის პაკეტი გაფხრიწა და შიგნით ჩააპირქვავა. მაგიდას მიუჯდა, ყავის სურნელი შეისუნთქა და თვალები დახუჭა. ტკივილგამაყუჩებელი უნდა დაელია.

სამსახურში მძიმე დღე ჰქონდა, როგორც ყოველთვის. მთელი დღე სტაციონარს, პოლიკლინიკასა და კვლევებს შორის დარბოდა.

მაგრამ ეს ჩვეულებრივი იყო. ყოველდღიური სიმძიმე.

რომელსაც სხვა რამ დაემატა.

ადრე კლინიკაში ბევრმა, მაგრამ მაინც უშუალოდ ქეთის გამოკვლევასა და მკურნალობაში გარეულმა პერსონალმა იცოდა მისი ამბავი.

ახლა კი ყველამ გაიგო.

რაც ის სტატია დაიწერა და გივი ნოზაძის ინტერვიუ მეცამეტე არხზე გავიდა, რასაც სხვა არხების მიერ რეპორტაჟების გაკეთება მოჰყვა ჰანაჰაკის დაავადების შესახებ, ქეთისა და ჰანაჰაკიზე მეტი სალაპარაკო თითქოს აღარავის დარჩა. ყველა გამალებით განიხილავდა ამ იშვიათ ფენომენს და ცდილობდა გამოეკვლია, თუ ვინ იყო ჰანაჰაკიანი პაციენტი და რას წარმოადგენდა იგი, რომელიც, მისი დაავადების სიმძიმის მიუხედავად, მხოლოდ ორიოდე დღით თუ იყო კლინიკაში ნამყოფი. ისიც გამოერკვიათ, რომ პაციენტი ფილტვების ტრანსპლანტაციის სიაში იყო აყვანილი და ამასაც ზომიერი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა, ზოგი ლაპარაკობდა, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ასეთი ქმედება, ზოგი კი იმას გაიძახოდა, ასეთი დაავადების გამო სიის თავში უნდა გადმოსწიონო.

ეჭვიც არ ეპარებოდა ლევანს, რომ იმ დღეს პულმონოლოგიის განყოფილების ინტენსიურ პალატაში მყოფ ექთნებსა და სანიტრებს, ალბათ სტუდენტებსა და გივი ნოზაძესაც კი მისთვისაც გაეკრათ კბილი, რამდენიმე თანამშრომლისგან უცნაური მზერა მიიღო უკვე, მაგრამ პირდაპირ ჯერ არავის არაფერი ეთქვა. ალბათ რამდენიმე სხვა ექიმზე, მათ შორის გაგოშიძეზეც ლაპარაკობდნენ, რადგან იგი იმ ორი დღის განმავლობაში ორჯერ სწვეოდა ინტენსიურ პალატას, იმის იმედით რომ ჰანაჰაკიან პაციენტს ნახავდა.

დილით, ჩამოვლების ბოლოს, როცა პაციენტებს განიხილავდნენ, განყოფილების გამგემ, ბატონმა გურამმა სიტყვა გადაუკრათ კლინიკის დირექტორის უკმაყოფილებაზე, რომ პაციენტის კონფიდენციალურობა ასე უხეშად დაირღვა. არც საზოგადოების გამოხმაურება იყო სახარბიელო, რადგან ბევრი კლინიკასა და ექიმებს ლანძღავდა, ძველი საქმეები ამოექექათ და სოციალურ მედიაში განიხილავდნენ. ბატონმა გურამმა მოკლედ განუცხადა მათ, რომ პაციენტების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე არსად ელაპარაკათ და ამ არეულობაში ცხვირი აღარ ჩაეყოთ.

მე მივხედავ ყველაფერს, თუ რამე მოხდებაო, ამბობდა ის.

გივი ნოზაძის კაბინეტს კინაღამ მიაკითხა ლევანმა, სანამ შეიტყო, რომ გასაგები მიზეზების გამო პროფესორი დროებით სამსახურში არ ბრძანდებოდა.

4 დღე გასულიყო უკვე იმ ბარში ქეთის ნახვიდან. რამდენიმე მესიჯი მისწერეს ერთმანეთს. ქეთი ძალიან ლაკონურად, ერთი-ორი სიტყვით პასუხობდა.

შუბლი მოისრისა ლევანმა, თვალებში გადმოკიდებული თმა უკან გადაიწია. მის ყავას სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა, მაგრამ რატომღაც ერთიანად გაუქრა სურვილი, რომ დაელია.

ცოტა ხანი მაგიდასა და ყავის ჭიქას ჩაშტერებოდა, არ უნელდებოდა თავის ტკივილი.

ტკივილგამაყუჩებლის ასაღებად წამოდგა.

და ანაზდად ზარის ხმა გაისმა მის კარზე.

ლევანი წამიერად შედგა, ხომ არ მომეყურაო. აღარც ახსოვდა, მის კარზე ბოლოს როდის დარეკეს. ალბათ მაშინ, საჭმელს რომ უკვეთავდა.

კარს მიუახლოვდა და ჭუჭრუტანაში გაიხედა.

ქეთი იდგა.

საკეტი ელვის სისწრაფით გადაატრიალა და კარი გამოგლიჯა ლევანმა.

კორპუსის დერეფნის ყვითელი სინათლე დაჰფენოდა ქეთის, მაგრამ მაინც ვერ შეეფერა მისი გალურჯებული ტუჩები. ლოყები და ცხვირი თურაშაული ვაშლივით გასწითლებოდა, გაბეწვილი ქუდის ბუსუსებზე, პალტოსა და შარფზე თრთვილი ედო. ერთიანად კანკალებდა ახალგაზრდა ქალი, ხელები იღლიებში ამოეჩარა.

-გამარჯობა. – უთხრა მან, სანამ ელვის სისწრაფით აათვალიერა ლევანმა. კბილები უკაწკაწებდა. – შეიძლება?

წამსვე გვერდზე გაიწია ახალგაზრდა კაცი. ფეხები დაიბერტყა ქეთიმ და შემოაბიჯა, მაშინვე შემოიძრო პალტო, მის სახელოში ჩატენა შარფი, ხელთათმანები და ქუდი, კაუჭზე ჩამოჰკიდა, მერე კი დათოვლილი ფეხსაცმელი გაიძრო. ფეხსაცმელში აშკარად თოვლს გაეჟონა, წინდები დასველებოდა. ოფლით დასველებოდა ჯემპრიც მხრებს შორის, როცა მის მობუზულ ზურგს შეავლო თვალი ლევანმა.

-მოდი. – უთხრა ლევანმა, სასტუმრო ოთახში შეუძღვა. რუხი ტახტის გვერდით მდგარი მაღალი ლამპიდან ნარინჯისფერი სინათლე მოჰფენოდა იქაურობას. ფარდები გადაწეული იყო, გარეთ ალაგ-ალაგ ოქროსფრად დაკოპლილი მოპირდაპირე კორპუსი მოჩანდა, ფანტელები ზანტად ეშვებოდნენ მიწაზე.

ტახტზე ჩამოჯდა ქეთი, ხელები ბარძაყების ქვეშ დაიდო, გასათბობად. ტახტის სახელურზე გადაკიდებული ჭროღა გადასაფარებელი გაშალა ლევანმა, ქეთის წინ ჩაჯდა და მხრებზე მოახვია ახალგაზრდა ქალს.

ტუჩები მოეკუმა ქეთის, საკუთარ მუხლებს ჩაშტერებოდა, აწეწილი თმა ჩამოშლოდა უწესრიგოდ ყურებსა და მკერდზე. დაძაბული იჯდა და მხოლოდ დროდადრო უთრთოდა სხეული, თითქოსდა ცდილობს კანკალი შეიკავოსო.

-რა მოხდა? – ჰკითხა ლევანმა. ჯერ კიდევ მის წინ ჩაეჩოქა.

-გარეთ ვიყავი.

-მაგას მივხვდი. რამდენი ხანი იყავი?

ქეთიმ თვალები მოჭუტა, ბარძაყის ქვეშიდან გამოაძვრინა ცალი, ყინვისაგან გაფითრებული ხელი და შალი უკეთ მოიხვია მხრებზე.

-საათნახევარი. შეიძლება მეტიც. – თქვა მან.

უსიტყვოდ შეაცქერდა ლევანი და მისკენ ააპარა მზერა ქეთიმ.

-არ მინდოდა ჟურნალისტებს გამოვეჭირე და იმიტომ. – განაგრძო მან. – მომაგნეს.  

მოიღუშა ლევანი, ერთიანად დაიძაბა. ქეთის ისევ მოეკუმა გალურჯებული ტუჩები, კანკალებდა.

არ იყო ახლა გარემოებების გამორკვევის დრო.

-კარგი. – თქვა ბოლოს ლევანმა. – ასე შენი ჯდომა არ შეიძლება, ფილტვების ანთებას აიკიდებ. გინდა ცხელი წყალი გადაივლო?

ქეთი უსიტყვოდ შეაცქერდა, ოდნავ შეჰკვროდა წარბები, თითქოს რაღაცას ეძებდა ლევანის გამომეტყველებაში. სუნთქვა გაუხშირდა.

-მინდა. – თქვა ბოლოს.

წამოდგა ლევანი. საძინებლის კარადიდან გადმოაწყო მაისური, შარვალი, წინდები, სუფთა პირსახოცები. ქეთის მიუტანა, და როცა ახალგაზრდა ქალმა ყველაფერი გულზე მიიხუტა, სააბაზანოსკენ გაუძღვა მას. სათადარიგო სუფთა კბილის ჯაგრისი გამოუჩხრიკა ლევანმა და დასაბანად საჭირო ნივთები აჩვენა.

მადლობაო, უთხრა ახალგაზრდა ქალმა და კარი მოხურა, საკეტი გადაატრიალა.

სამზარეულოს სკამზე მძიმედ დაეშვა ლევანი, თავი ხელებში ჩარგო.

საფეთქლების უსიამოვნო პულსაცია თითქოს მთელ თავში გადასულიყო.

ქეთის სახელი გაიგეს. რასაკვირველია გაიგებდნენ.

არ მინდა ჟურნალისტებმა გამომიჭირონო, უთხრა ქეთიმ. ანუ მედია აედევნა უკვე კუდში.

მერე კი ქეთიმ გადაწყვიტა გაურკვეველი დროის მანძილზე მჯდარიყო გარეთ, საბოლოოდ კი, ერთიანად გათოშილი, ლევანის კარს მოსდგომოდა.

თავი გადააქნია ლევანმა.

ჩაიდანი აავსო. ქეთის ახლა ცხელი სასმელი არ აწყენდა. მერე მაცივარში შეიხედა, სადაც ორიოდე დღის წინ გამზადებული, მთელი ქვაბი სოუსიანი მაკარონის, კარაქის, ძეხვისა და სხვადასხვა სახის ბოთლების გარდა არაფერი ჭაჭანებდა. ამ დღეებში ვერ გამოძებნა საჭმლის გასაკეთებლად დრო. სადღაც თაროში პური და რამდენიმე ვაშლი ეგულებოდა მაინც.

სანამ ქურას რთავდა, კვლავ მუდმივი კითხვა ამოუტივტივდა გონებაში.

რას აკეთებდა?

სააბაზანოდან წყლის შხაპუნის ხმა გამოდიოდა. ქეთი იდგა ახლა მის შხაპში, ცხელი ჭავლის ქვეშ, ზამთრის მიერ დატოვებულ სუსხს იშორებდა სხეულიდან.

ასეთი იყო ამჟამინდელი, აქამდე წარმოუდგენელი და არეულობის მომტანი რეალობა. გაურკვეველი იყო იგი და იმაზე ბევრად უფრო დიდი, რაც ჩვეულებრივად შეიძლებოდა მიეჩნია ადამიანს, იმიტომ რომ ქეთის აქ ყოფნის რეალობას თან სდევდა ლევანის სამსახურის, მასმედიის, კლინიკის გაუთავებელი პრობლემების, ჰანაჰაკის დაავადების სკანდალის და თვითონ ჰანაჰაკის დაავადების რეალობა, მისი პროგნოზის ჩათვლით.

თუმცა პროგნოზი ხმამაღალი ნათქვამი იყო. ამას პროგნოზის არარსებობა უფრო ერქვა.

ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა ლევანს, თუ რა წაიკითხა სტატიებში. თუ რამდენი ხანი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰანაჰაკის დროს.

ქეთის დიაგნოზი უკვე სამი თვის წინ დაუსვეს.

პირი იბრუნა ლევანმა, თითქოს ამ ფიქრებს ასე ზურგს შეაქცევდა.

წყალი ხმამაღლა თუხთუხებდა ჩაიდანში, როცა სააბაზანოდან მომავალი შხაპუნის ხმა შეწყდა.

მდუღარე წყალი ჩამოასხა ჭიქაში ლევანმა, თაროდან ჩაის პაკეტები და შაქარი გადმოიღო.

საათი წიკწიკებდა, თითოეული წამის განვლისას თითქოს ჩაქუჩს სცემდნენ საფეთქლებში ახალგაზრდა კაცს. ზემოთა მეზობლებს ჯერ კიდევ არ შეეწყვიტათ გართობა, მათი ბრაგუნისა და მუსიკის ხმა უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე ადრე.

გაიღრჭიალა სააბაზანოს კარმა და წამსვე იქეთ გაიხედა ლევანმა.

ქეთი გამოიპარა, ფრთხილად. მკერდზე პირსახოცები და თავისი ტანსაცმლის ბღუჯა აეხუტებინა, შარვლის ტოტები იატაკზე დასთრევდა. თითებამდე სწვდებოდა სახელოები, სველი თმა ყურებზე გადაეწია და, რაც მთავარია, მთლიანად გადასხვაფერებოდა სახე. ლოყები ახლა ცხელი წყლისაგან ასწითლებოდა, გამქრალიყო ტუჩების მოლურჯო ფერი. უფრო ცოცხალი, მახვილი იყო მისი მზერა.

-ესენი სად ჩამოვკიდო? – ჰკითხა მან და მის მკლავებში მოქცეულ გროვაზე მიუთითა.

-მოდი შენ, დაჯექი. – უთხრა ლევანმა. – ტანსაცმელს გაგირეცხავ, თუ გინდა.

თავი დააქნია ქეთიმ, ყველაფერი გამოუწოდა.

პირსახოცები ჩამოართვა და რადიატორებზე გადაფინა ლევანმა, ქეთის ტანსაცმელი კი სარეცხ მანქანაში შეაგდო, სანამ ქეთი სამზარეულოს მაგიდასთან მოეწყო. ჭროღა შალი აიღო ტახტიდან,  ზურგზე მოხვია ახალგაზრდა ქალს. სკამზე ფეხები აიკეცა ქეთიმ, მაგრად შემოიხვია შალი.

ქურას მიეყუდა ლევანი. მას შეჰყურებდა ქეთი, უსიტყვოდ.

-ჩაი გინდა? შავი ჩაი მაქვს. – უთხრა ლევანმა. თავი დაუქნია ქეთიმ. – გშია?

-არა, მადლობა. არ მშია. ჩაიში სამი კოვზი შაქარი, თუ შეიძლება.

ჩაის პაკეტი ჩადო ჭიქაში ლევანმა, სამი კოვზი შაქარი დაამატა და ლამბაქიანად დაუდგა წინ ქეთის, მერე კი თვითონაც მიუჯდა პატარა მაგიდას.

ქეთიმ შალში გამოხვეული ხელებით ასწია ჭიქა, ჩაის სურნელი შეისუნთქა.

ლევანის ყავა, იქვე დატოვებული, უკვე გაციებულიყო.

-ჟურნალისტებმა მოგაგნეს ესე იგი. – თქვა ლევანმა.

-ქუჩაზე ამოვდიოდი, ჩემმა დამ რომ მომწერა. – თქვა ქეთიმ, ფრთხილად მოწრუპა ცხელი სითხე, სიამოვნებით ამოიხვნეშა. – ალბათ ჯერ ჩემ ძველ ნაქირავებში გაიარეს და იქ რომ არ დავხვდი, ჩემ დას მიადგნენ. მე მიკითხეს. იმდენი მოტვინა, რომ უთხრა, აქ არ ცხოვრობსო. ეზოში რომ შემოვიჭყიტე, მანქანა ეყენათ ჩვენ სადარბაზოსთან. მელოდებოდნენ. ხუთი კაცი მაინც იქნებოდა მგონი.

-მერე დაიმალე? – ჰკითხა ლევანმა.

-ეზოში შემოსასვლელთან რომაა, იმ ძელსკამზე დავჯექი. ვიხედებოდი ხოლმე რომ გამეგო იქ იყვნენ თუ არა. რომ წავიდნენ, მაშინღა შემოვიპარე ეზოში.

-ამდენი ხანი იმათ წასვლას ელოდებოდი? ცოტა ადრე მაინც მოსულიყავი ჩემთან. ისე იყავი შეფუთული, ვინ გიცნობდა.

-არ მინდოდა გამერისკა. – თქვა ქეთიმ. – ერთხელ თუ შემამჩნიეს აქ ალბათ აღარ მომეშვებიან. ველოდებოდი სანამ წავიდოდნენ.

-ეგენი ისედაც არ მოგეშვებიან. – თქვა ლევანმა. – ყველა შენზე ლაპარაკობს.

-ვნახე რეპორტაჟები. ერთი გამაგებინა რატომ ქმნიან ასეთ აჟიოტაჟს. საავადმყოფოშიც?

-კი. რა თქმა უნდა.

-მეტი საქმე არა აქვთ? ავადმყოფი არ უნახიათ? – მოიღუშა ქეთი და ოდნავ შეუკრთა ტუჩის კუთხეები ლევანს.

-იშვიათი დაავადება გაქვს და იმიტომ. თან უპრეცენდენტოა, რომ უნივერსიტეტის პროფესორმა ასე უხეშად დაარღვია პაციენტის უფლებები.

-უქნეს მაგ პროფესორს, თუ ვინცაა, რამე?

-ჯერჯერობით სამსახურში არ უშვებენ. მერე არ ვიცი რას უპირებენ. ალბათ არც არაფერს.  

ქეთიმ თავი დაუქნია, ჩაი მოსვა.

-ახლა რაც უნდათ, ის უქნიათ. – თქვა მან. – თუნდაც დატოვონ. უკვე მოასწრო ყველაფრის გაფუჭება. გამოჩიჩქნეს ჩემზე ინფორმაცია და დამსდევენ ახლა.

-ერთი ვარიანტი ისაა, რომ ინტერვიუ გააკეთო და იმედოვნო, რომ თავს დაგანებებენ.

ქეთიმ ცხვირი აჭმუხნა, დაიჭყანა. გაეცინა ლევანს.

-არაა კარგი იდეა, ხომ? – თქვა მან.

-არ მინდა ამდენ ხალხთან ლაპარაკი. – უთხრა ქეთიმ. – მინდა ჩემთვის ვიყო. ხელი რომ არავინ შემიშალოს. აი ვიჯექი ჩემთვის საათნახევარი ქუჩაში და თოვას ვუყურებდი. მაგას მერე ვინმე დამანებებს? ალბათ სახლში მომიწევს გამოკეტვა.

თავისი სიტყვების მიუხედავად, ეღიმებოდა ქეთის.

-ისე, ასეთ ყინვაში ცუდად რომ არ გახდი, მიკვირს. – უთხრა ლევანმა და წარბები ასწია, როცა ქეთის უდარდელი ღიმილი უხერხულში გადაიზარდა. – რა, გახდი?

-ოთხჯერ მაინც მომიწია ვენტოლინის გამოყენება. – უპასუხა ქეთიმ. – ვეღარ ვსუნთქავდი. ვახველე კიდეც. სუნთქვა კიდევ ცოტა მიჭირდა, აქ რომ ამოვედი. ცხელმა ორთქლმა მიშველა.

თავი გააქნია ლევანმა, ქეთის თვალების დასცქეროდა, გამომცდელად.

-რამეს დაიმართებ. – თქვა მან. – სადმე მარკეტში მაინც შესულიყავი. გასათბობად.

-მეთქი აი ახლა წავლენ, აი ახლა წავლენ და კი გავიდა დრო. ძაან დაღლილი ვიყავი, სიარული მეზარებოდა. დასვენება მინდოდა მარტო.

-მაშინ დაგერეკა ჩემთვის. რამეს მოვიფიქრებდით.

ქეთიმ ახედა. გაეღიმა, დიდრონი თვალების კუთხეებში პაწაწინა ნაოჭები გამოეკვეთა.

-ალბათ. – თქვა ბოლოს. – რო რამე… შეიძლება აქ ამოვიდე ხოლმე?

-ხოლმე ხომ ამოხვედი უკვე. – გაუღიმა ლევანმა.

ქეთიმ მხრები აიჩეჩა. კვლავ დააცქერდა ჩაის.

-ცუდად გამომივიდა ისე, თავზე რომ დაგადექი. – თქვა მან. – მაპატიე, შეგაწუხე ძალიან.

-არ შეგიწუხებივარ, მაგრამ მომწერე ხოლმე სანამ ამოხვალ. – თქვა ლევანმა. – ხანდახან შეიძლება არ ვიყო სახლში.

ქეთიმ თავი დაუქნია.

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ზედა სართულიდან ჩამოსული, დაგუდული ღრეობის ხმა და სააბაზანოდან სარეცხი მანქანის წყნარი გუგუნი არღვევდა. ქეთიმ ჩაის ნახევარი გამოცალა, სახე უფრო წამოწითლებოდა სიცხისაგან. ყლუპს რომ დალევდა, თბილ ჭიქას გულზე იხუტებდა, აშკარად კმაყოფილი.

-აქ რატომ ამოხვედი? – ჰკითხა უცებ ლევანმა.

ქეთის კინაღამ ჩაი გადასცდა, წამოახველა და გადმოხედა თვალებდაჭყეტილმა. პირი დააღო, თითქოს სიტყვებს ეძებსო.

-არ ვიცი. – თქვა ბოლოს. – რომ წავიდნენ, ეზოში შემოვედი, ცოტა ხანი კიდევ იქ ვიდექი, კორპუსებს ვუყურებდი. ვფიქრობდი, მაგრამ აღარც მახსოვს რას და რაზე. თან მცხელოდა, თან ვიყინებოდი, თან ვეღარც ვსუნთქავდი, ძაან ცუდად ვიყავი. და ანუ… აქ ამოვედი. ალბათ აქ მერჩივნა.

არაფერი უპასუხია ლევანს. უსიტყვოდ უყურებდნენ ერთმანეთს, სანამ ქეთიმ ჭიქა დადგა, ოდნავ მოიწია მისკენ. იდაყვები მაგიდაზე შემოაწყო და ხელებს დაეყრდნო ნიკაპით, ინტერესით აღსავსე მზერით შეაცქერდა.

-სულ ჩემზე ისე რატომ ვლაპარაკობთ. შენ როგორ ხარ? – თქვა მან.

-ნორმალურად ალბათ. ვიღლები.

-შვებულება არ გიწევს? – ჩაეკითხა ქეთი.

-შვებულება ზაფხულში მექნება. – უთხრა ლევანმა.

-და როგორ ისვენებ ხოლმე?

-არ ვისვენებ. ძილი თუ დასვენებაში ითვლება, მაშინ ძილის დროს ვისვენებ.

-ცუდია. – ქეთი მოღუშული შეჰყურებდა.

-ვიცი, უბრალოდ… არ მაქვს დრო.

-შენ თვითონ უნდა გამოყო ეგ დრო, თორემ საქმე არც არასდროს გამოილევა.

-რთულია შესასრულებლად. საქმე არასოდეს გამოილევა, მაგრამ ყველაფერს თავისი ვადა აქვს. დროზე თუ არ მოვრჩი, მერე ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ბევრად უფრო რთულია.

-ანუ რა გამოდის, ამოსუნთქვის საშუალება არ გაქვს? – ჰკითხა ქეთიმ. – სულ იმაზე ფიქრობ, თუ რა გაქვს გასაკეთებელი დღეს, ხვალ და ზეგ? ეგ რანაირი სიცოცხლეა.

ქეთი უკან გადაიხარა, სკამის ზურგს მიეყუდა, შალი უკეთესად მოიფუთნა ნიკაპის ქვეშ, წარბშეკრული შეჰყურებდა.

მზერა გაუსწორა ლევანმა.

ალბათ მართალიც იყო ქეთი. ეს წლები, რაც ახსოვდა, სულ იმაზე ფიქრობდა, თუ რა ჰქონდა გაუკეთებელი, შემდეგ დღეს რა უნდა მოეგვარებინა, სად წასულიყო, როგორ გაენაწილებინა მაქსიმალურად ეფექტურად მისი მწირი დრო. რამდენჯერ ეფიქრა, რომ დღეში ოცდაოთხ საათზე მეტი უნდა ყოფილიყო ანდა უფრო ნელა გასულიყო დრო. მისი ფიქრები მხოლოდ დღევანდელი, ხვალინდელი, შემდეგი კვირის თუ კიდევ უფრო შორეული მომავლის გეგმებს დასტრიალებდნენ მუდამ.

მაგრამ ახლა არა.

სადღაც, შორს, ისე რომ ვერც კი შეემჩნია, გაიცრიცნენ შემაწუხებელი, რუტინული ფიქრები, სამსახური, პაციენტების ისტორიები, მასმედია, ჰანაჰაკის დაავადება, მისი პროგნოზი თუ პროგნოზის არარსებობა. თითქოსდა შეიკუმშა ლევანის ყველაფრის მომცველი რეალობა, მოიკრუნჩხა, დაპატარავდა, და ახლა მის წინ იჯდა, სკამზე ფეხებაკეცილი, შემოჰყურებდა დიდრონი თვალებით და უფრო მაგრად იხვევდა მის ჭროღა შალს.

თავის ტკივილი ცოტა განელებოდა ლევანს, მაგრამ რაღაც მძიმე ჩაუდგა თითქოს მკერდში. სკამზე ადგილი მოინაცვლა ოდნავ, აფორიაქდა.

-რას ვიზამთ. – თქვა მან. – ხანდახან ცხოვრება ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.

-ცხოვრება საქმე არ არის. – მიუგო ქეთიმ.

-ბევრისთვის არის. – უთხრა ლევანმა.

ქეთიმ მორჩენილი ჩაი მოსვა, ჭიქას ჩააცქერდა.

-ჩემთვის არ არის. – თქვა მან. – ჩემთვის ცხოვრება სითბოა. ცხოვრება სეირნობაა, რომ ბარდნის, მხრებზე რომ მათოვლავს, მწუხრიც და გარიჟრაჟიც. დღის სუსხი და ღამის სიცხე. შორიდან რომ ღამის ქალაქს ვხედავ, უპატრონო ძაღლების ყეფა და გუბეებში არეკლილი ლამპიონების შუქი. ცხელი საჭმლის სურნელი, რადიატორზე გამთბარი წინდები და დენის წასვლისას ანთებული სანთლები. კიდევ თბილი ქარი რომ მიშრობს თმას, აყვავებული ტყემლის ხის სუნი, კლდეზე ველური ყვავილები და გამხმარი, ხეშეში ბალახი. კიდევ… კიდევ ის, აქ რომ ვზივარ ახლა და შენ რომ გელაპარაკები. ესაა მთელი ცხოვრება ჩემთვის.

ბოლო მარცვალზე ხმა წაუვიდა ქეთის. ღრმად ამოისუნთქა.

აღელვებისაგან გაფართოებულ, თაფლისფერ თვალებში უყურებდა მას ლევანი.

-ვიცი რასაც ფიქრობ. ეს ახლა რა სისულელეებს როშავსო. – განაგრძო უცებ ქეთიმ. – მე რა მენაღვლება, არა? დავდივარ აქეთ-იქით, ჩემი საქმე არ მაქვს და ნათესავის შემოსავლით ვცხოვრობ.

-ეგრე არ ვფიქრობ. – თქვა ლევანმა.

-ცოტათი მაინც ხო ფიქრობ. – მიუგო ქეთიმ.

-არ ვფიქრობ. – გაიმეორა ლევანმა.

ქეთი რამდენიმე წამი უსიტყვოდ შესცქეროდა.

-რომ იფიქრო, ალბათ სწორიც იქნებოდა. – თქვა მან ბოლოს. – ლამაზი შეგრძნებებით ვერ იარსებებ.

-კარგი კი იქნებოდა ალბათ. – თქვა ლევანმა. – ადამიანს გააჩნია.

-შენი საქმე მოგწონს?

-მომწონს. ვცდილობ არ შემძულდეს.

-იმედია გამოგივა. – თქვა ქეთიმ.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. ოდნავ მინავლდა ზემოდან მომავალი მუსიკის ხმა, საათი წიკწიკებდა.

-შენი მეზობლები სულ ასე ხმაურობენ? – ჰკითხა ქეთიმ.

-ხშირად. – უთხრა ლევანმა. – სხვა ოთახებში რატომღაც იმდენად არ ისმის, საბედნიეროდ.

-მეძინება. – თქვა უცებ ქეთიმ.

-მეგონა გიჭირდა დაძინება. – თქვა ლევანმა.

-დავიღალე ძალიან. ვინერვიულე, ვახველე, გავიყინე. მერე უცებ გავთბი. მეძინება.

-წამოდი. – უთხრა ლევანმა, საძინებლისაკენ გაუძღვა. კარის გაღებისას ლაპლაპა პარკეტს, გასწორებულ ლოგინსა და გადაწეული, სქელი ფარდების ნაკეცებს ლამპის ნარინჯისფერი შუქი მოეფინა. კედლებზე მუქი მომწვანო დეტალებით დაფარული შპალერი გაეკრათ. გრილოდა ოთახში, ვეებერთელა ფანჯრიდან ზამთრის ღამისა და გვერდითი კორპუსის ბინების სინათლე იღვრებოდა.

შუქი არ აუნთია ლევანს. გათბობას აუწია და ლოგინს საბანი გადააძრო, რომლიც ქვეშაც წამსვე შეძვრა ქეთი. ბალიშს მიეყუდა ახალგაზრდა ქალი, საბანი მხრებამდე აიწია.

მერე კი ლევანს ახედა.

-შენ არ დაწვები? – ჰკითხა მან.

ფეხი მოინაცვლა ლევანმა. ჯერ კიდევ გრძნობდა მკერდში ჩამდგარ სიმძიმეს.

-ცოტა ვიმუშავებ კიდევ. – თქვა მან. – დაისვენე შენ. კარი გამოვკეტო?

ქეთი უფრო კარგად მოეწყო. საბნის ზემოდან მხოლოდ სახე მოუჩანდა, ალეწილი ლოყებითა და დიდრონი თვალებით, რომლებიც ნარინჯისფერი სინათლის ფონზე ავადმყოფურად უპრიალებდა.

-გამოხურე ცოტათი. – თქვა მან, გადაბრუნდა, საბანი მხარზე მოიხვია მაგრად.

კარი ღრიჭოდ დატოვა ლევანმა, ისე, რომ ლოგინის გვერდით ტუმბოსა და ხალიჩას მოჰფენოდა სინათლის ზოლი.

ისევ სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა და უღიმღამოდ მოსვა თავისი გაციებული ყავა. საფეთქლებში ისევ გრძნობდა ოდნავ პულსაციას.

ლეპტოპი გახსნა და პაციენტის ისტორიის წერას შეუდგა, მაგრამ ათიოდე წუთში მიხვდა, რომ სასტიკად ეზარებოდა. საკუთარ თავს დააძალა, რომ მოემთავრებინა, მერე კი დახურული ლეპტოპი მისწია მისგან შორს.

ცოტა ხანი იჯდა. ტვინი ერთიანად დასცლოდა ფიქრებისაგან, არც კი იცოდა, ახლა რაღა გაეკეთებინა.

ჭიქები ნიჟარაში ჩააპირქვავა, ეცადა იქაურობა ცოტა მიელაგებინა. ქეთის გარეცხილი ტანსაცმელი საშრობზე გადაფინა, რადიატორთან ახლოს მიდგა. ალბათ ვერ გაშრებოდა დილისათვის.

მერე კი ტახტზე ჩამოჯდა.

სიჩუმე ჩამოწოლილიყო. აღარ ისმოდა ზემოდან ღრეობის ხმა. მხოლოდ საათი წიკწიკებდა წყნარად და ქარი ზუზუნებდა სავენტილაციო შახტაში.

გარეთ ბარდნიდა. ფანტელები გასქელებულიყვნენ, მათ ნისლში თითქმის აღარ ჩანდა მოპირდაპირე კორპუსი.

არ იცოდა ლევანმა, თუ რამდენი ხნით იჯდა. ალბათ ჩათვლიმა კიდეც ისე, რომ თვითონ ვერ შეემჩნია, გადაღლილს.

ხველებამ გამოაფხიზლა.

ქეთი ახველებდა, ხველების ტალღათა შორს ხროტინებდა, ძლივს ახერხებდა ჰაერის შესუნთქვას.

ელვის სისწრაფით წამოიჭრა ლევანი, ორ ნაბიჯში გაჩნდა საძინებელთან და კარი შეაღო.

საწოლის კიდეზე გადმოხრილიყო ქეთი, ხელები, თითქოს წყაროდან პეშვით იღებს წყალსო, პირთან ახლოს მიეტანა, ზედ ლურჯი ვარდების ბღუჯა ეყარა. თითებს შორის ჟონავდა ბლანტი, ალისფერი სისხლი, ლოგინისპირა ხალიჩაზე დაცემულიყო რამდენიმე წვეთი.

ქეთიმ გამოხედა, სახეზე წამოწითლებულიყო, თვალები გადმოკარკლოდა.

-ბოდიში, დავსვარე… – ამოიხრიალა მან, მერე კი ისევ აიტანა ხველამ. მთელი სხეულით კანკალებდა, სისხლიანი ვარდის ფურცლები ცვიოდნენ მის ხელებში.

გამობრუნდა ლევანი. სამზარეულოში მოზრდილი ცელოფნის პარკი და ხელსახოცები გამოძებნა, სირბილით შებრუნდა საძინებელში. ქეთის პარკი მიაჩეჩა, და ბეჭებს შორის დაჰკრა რამდენჯერმე ხელი.

ქეთიმ რამდენიმე მოზრდილი ვარდი და ბლომად სისხლი ამოახველა პარკში. თვალებში მოსწოლოდა ცრემლები, შუბლი დაცვაროდა. მის მოკანკალე, ღრმა სუნთქვას გრძნობდა ლევანი, როცა მოხრილ ზურგზე ხელი დაუსვა, წარბშეკრულმა.

-მგონი ჯობია საავადმყოფოში წავიდეთ. – თქვა მან.

-არა… – ამოილუღლუღა ქეთიმ, მოწოდებული ხელსახოცებით მოიწმინდა ტუჩები. – არ მინდა. ვსო, გამიარა.

-და დღეში რამდენჯერ გაქვს ასეთები? – ჰკითხა ლევანმა.

ქეთიმ არ უპასუხა. თითებს იწმენდდა.

-ამას კიდევ არა უშავდა. – ამოღერღა ბოლოს. – ამ ბოლო დროს გადაბმულად ვახველებ ათი წუთი.

-მითუმეტეს.

-საავადმყოფოში რომ ვიყო, რას გამიკეთებენ? – მოუბრუნდა ქეთი. წარბები აეჭმუხნა, ღრმად სუნთქავდა. – მე ფილტვების გადანერგვა არ მეღირსება!

-საავადმყოფოს აზრი ახლა ის კი არაა, რომ გაგკურნოს, არამედ ის, რომ შენი მკურნალობა გადაიხედოს, და თუ რამე მოხდება, ახლოს იყოს დამხმარე პერსონალი. – უთხრა ლევანმა.

თავი გადააქნია ქეთიმ, თმა ყურებზე ჩამოეშალა. ცალი ხელი პატარა მუშტად შეჰკვროდა, ტუჩებმოკუმული გაჰყურებდა რაღაცას.

-მართლა უკეთ ვარ ახლა. – თქვა ბოლოს. – რაც მქონდა ამოვახველე უკვე.

მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ალბათ სისხლიც და ლოგინზე გადაწვა, ჭერს აჰყურებდა უფოკუსო მზერით.

არაფერი უთქვამს ლევანს. ცოტა ხანი იჯდა, ხელებში სისხლითა და ვარდებით სავსე პატარა პარკი ეჭირა, ქეთის დაწყნარებულ სუნთქვას უსმენდა.

მერე წამოდგა, პარკს თავი მოუკოჭა და გასასვლელ კართან მიაგდო. კარი გადარაზა და სინათლე გამორთო, ისე რომ ბინას მხოლოდ ფანჯრიდან შემოღვრილი, თოვლისა და მთვარის თეთრი შუქი მოსდებოდა.

საძინებელში რომ დაბრუნდა, ქეთის უკვე თითქმის თავზე გადაეფარებინა საბანი, ერთიანად გამოხვეული იწვა. მისკენ ზურგშექცევით გამოიცვალა ლევანმა და ლოგინში შეწვა.

მკერდში მძიმე გული უცემდა. ძილბურანში გახვეულიყო უკვე, როცა ქეთის ხელი შეეხო ზურგზე, ფრთხილად, მერე კი მისი შუბლის მოყრდნობა იგრძნო ბეჭებსშორის ლევანმა. კიდურები ტყვიასავით დამძიმებოდა, და ერთბაშად მოედო ყველაფერს რუხი ბურუსი.

-*-*-*-*-*-*-*-

– 30.01.2025 –

ყველაფერი არეულიყო.

სხვანაირად ვერ აფასებდა ამ სიტუაციას ლევანი.  

წინა დღეს რომ გაიღვიძა, ქეთის ჯერ კიდევ ეძინა. გარეთ კვლავ ბარდნიდა, მოწითალო იისფერი მოსდებოდა ცას. გარიჟრაჟის სუსტ შუქზე აბზინებოდა ახალგაზრდა ქალს მუქი თმა, ლოყა ბალიშში ჩაერგო და მშვიდად ფშვინავდა. თითქოს სადარდელი არაფერი ჰქონდა ამ ქვეყანაზე.

მაგრამ მაინც ეტყობოდა ავადმყოფობა. ჩაცვენილ თვალებში, გამოჩრილ ყვრიმალებში, გამხდარ მაჯებსა და გაცრეცილ კანში.

მისი გაღვიძება არ უნდოდა ლევანს. ჩუმად ჩაიცვა და ჭამა, ქეთის საუზმე და ლოგინისპირა ტუმბოზე ბარათი დაუტოვა, რომ მიდიოდა.

ქეთის საუზმე შეეჭამა, მისი ტანსაცმელი კოხტად დაეკეცა და დაეტოვებინა გასწორებულ ლოგინზე. საწოლისპირა ხალიჩაზე დაწვეთებული სისხლის აწმენდაც მოეხერხებინა. საღამოს მოსწერა. მადლობა გადაუხადა და უთხრა რომ ყველაფერი კარგად იყო.

მაგრამ მაინც არ იყო ყველაფერი კარგად.

ჯერ კიდევ გადიოდა ჰანაჰაკის დაავადებაზე რეპორტაჟები. გივი ნოზაძე ხმას არ იღებდა, მაგრამ ჟურნალისტები მაინც ავრცელებდნენ ჰანაჰაკით დაავადებულ პაციენტზე ყველაფერს, რისთვისაც თავიანთი გამოძიებით მიეკვლიათ. ლევანი ახალ ამბებს არ უყურებდა, მაგრამ ამის მეტი არაფერი ესმოდა. მინავლების ნასახიც კი არ ეტყობოდა საავადმყოფოში ინტერესს, და უფრო მეტად, დაჟინებით შემოჰყურებდნენ ლევანს.

-ლევან.

თავი ასწია ახალგაზრდა კაცმა.

კაბინეტის კარი გაეღო ეკას. მოქუფრული შეჰყურებდა. ლევანი მოიღუშა.

-რა გინდა?

-მეექვსეზე გეძახიან.

-რა? ვინ?

-დირექტორი.

-რას ნიშნავს… პაციენტი მელოდება, ეკა.

-ახლავე უნდა გნახოს.

-და კონკრეტულად რისთვის უნდა მნახოს?

ეკამ მის ექთანს, ნინოს მიმართა მზერა. ნინო მონიტორს მიშტერებოდა, ბაიყუშივით გაყუჩებული.

-გამოდი, ვილაპარაკოთ. – უთხრა ეკამ.

გამომცდელად უცქირა წამიერად ლევანმა, მერე კი ამოიხვნეშა.

-ნინო, არ შემოუშვა არავინ. ცოტა ხნით დამელოდონ. – თქვა მან და წამოდგა, ეკას მიჰყვა და კაბინეტის კარი გამოიკეტა.

ეკას არც კი დაუყოვნებია, მაშინვე დერეფანში გაალაჯა, ლიფტისაკენ.

-რა ხდება, ეკა? – წამოეწია ლევანი, მოიღუშა, როცა ეკას გაქვავებულ სახეს წააწყდა. – და დირექტორი, რა გამოძახება, რას მეუბნები საერთოდ?

ლიფტი გამოიძახა ეკამ, დაელოდა, სანამ ვიღაც პაციენტი ჩაუვლიდათ.

-ლევან, ძალიან დიდ პატივს გცემ. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან. – ამიტომ მართლა მიკვირს, რასაც აკეთებ.

ლევანს ყელში ამოუვიდა.

-და რას ვაკეთებ? ამოღერღე ბოლოს და ბოლოს. – დაისისინა მან.

-ამ დღეებში ქეთი ღვინიაშვილთან ხომ არ იყავი სადმე? – სარკასტულად, ჩურჩულით მიუგო ეკამ. – აი მაგალითად, რომელიმე ბარში?

ლევანი გაშრა. წარბები აზიდა.

-ჰო. – ირონიულად გადმოხედა ეკამ. – ვიღაცამ სურათი გადაიღო და დღეს მთელი დღეა ყველგან ატრიალებენ.

-მერე ატრიალონ. – ძლივს იპოვა ხმა ლევანმა.

-არ დაგიწყებ ამაზე ლაპარაკს. – ხელი ასწია ეკამ მერე კი დაჟინებით დააშტერდა. – ერთი ის მითხარი, აქამდე იცნობდი?

-არა. – თქვა ლევანმა.

ეკამ მხრები აიჩეჩა. კარგაღებულ ლიფტში შეაბიჯა ჯიქურ. ლევანი გვერდით ამოუდგა.

თავი ასტკივდა.

-და დირექტორმა შენ რატომ გამოგაგზავნა? – ჰკითხა მან.

-მე ვარ პაციენტის ექიმი და იმიტომ. – მოუჭრა ეკამ.

ლიფტი ჩუმად გუგუნებდა. რაღაც უწუოდა ლევანს ყურში.

მეექვსე სართულზე გაჩერდნენ. დერეფანში გაუძღვა ეკა, დირექტორის კაბინეტს მიუახლოვდნენ, საიდანაც ხმამაღალი საუბრის ხმა, თითქმის ყვირილი გამოდიოდა. სიტყვები ვერ გაარჩია ლევანმა.

 კარზე მიაკაკუნა და პასუხს არც კი დალოდებია ეკა, ისე შეიჭრა შიგნით.

დირექტორს, ცოტნე აფციაურს, სახე ზიზღისა და ბრაზისაგან აჭმუხნოდა, ოდნავ გევრდზე მოქცეოდა გამხმარ ყელში ჩაჭერილი ჰალსტუხი. იქვე კარდიოლოგიის განყოფილების გამგე, ბატონი გურამი იდგა, აშკარა იყო რომ ახლახანს უკან გახოხებული სკამიდან წამომხტარიყო.

ეკამ ლევანის ზურგს უკან მიხურა კარი.

-პაციენტი მელოდება. – თქვა ლევანმა.

ცოტნე აფციაურმა მაგიდაზე გადაშალა მარჯვენა ხელი და სკამში გადაწვა.

-არ მაინტერესებს, ვინ გელოდებათ. – კბილებში გამოსცრა მან. – ახლავე ამიხსნით, რა ხდება ჰანაჰაკიან პაციენტსა და თქვენს შორის.

-არაფერი ხდება. – თქვა ლევანმა. სახე თითქოს გაქვავებოდა.

-ის მითხარით, ეს მისი დაავადება თქვენი ბრალია? – ჩაეძია დირექტორი.

-პირველად მაშინ ვნახე, როცა ქალბატონმა ეკამ შემოუშვა ჩემთან გამოკვლევაზე. ზუსტი თარიღიც ხომ არ გაინტერესებთ?

-ბატონო ცოტნე. ეს უკვე ზედმეტია… – დაიწყო ბატონმა გურამმა.

-მოიცა რა, ძალიან გთხოვ. – გააწყვეტინა ცოტნე აფციაურმა. – ვცდილობ გავერკვიო. ანუ რას მეუბნები, იმ გოგოსთან, რომელზეც ახლა მთელი ქვეყანა ლაპარაკობს და დიდი ალბათობით, ვის გამოც ზორბა სარჩელსაც ავიკიდებთ, სადღაც ბარში იჯექი.

-წარმოდგენა არ მაქვს თუ როგორაა ეს ყველაფერი რელევანტური. – ყბებში კუნთები აუთამაშდა ლევანს. დირექტორს თვალდაუხამხამებლად შეჰყურებდა. – და ვისი რა საქმეა, თუ მე სად ვზივარ და ჩემ თავისუფალ დროს როგორ ვიყენებ.

დირექტორი ერთიანად აფორაჯდა.

-ბატონო ცოტნე. – ხმას აუწია გურამმა. – ძალიან ზედმეტია ასეთი დაკითხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობითაც შეიძლება აიხსნას.

-არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნათ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, მაგრამ მე ურთიერთობაში არ ვარ იმ პაციენტთან, თუ ეს გაინტერესებთ. – თქვა ლევანმა. – ისე მოხდა, რომ ბარში ერთად მოვხვდით. ერთ უბანში ვცხოვრობთ. ეს საკმარისია ასახსნელად?

-ბატონო ლევან, მგონი თქვენ არ გესმით, ამიტომ აგიხსნით. – წარბები აზიდა დირექტორმა. – ამწუთას ჯერ კიდევ არ იციან, თუ ვინაა ის კაცი ქალბატონ ქეთი ღვინიაშვილთან ფოტოზე, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გეძებენ. თქვენ ჰგონიხართ ყველას კიდევ ის, ვინც ის საწყალი გოგო დაავადმყოფა, რადგან პირველი მამრი ბრძანდებით, ვისთანაც გამოიჭირეს, გასაგებია? იცით მაგ გოგოზე რამდენი ფული გვეხარჯება? ჩვენ გაფართოებასა და რემონტს ვაპირებთ, თუ არ იცით, ბატონო ლევან, და არაფერში მჭირდება ახლა ჰანაჰაკები და შმანაჰაკები, ვაბშე მინდა რომელიმე სხვა კლინიკას გადავაბარო და იქ მოკვდეს, მაგრამ მიწევს ამ უთავბოლო ამბავს თავი და ბოლო გამოვუძებნო. რა გგონიათ, რამდენი საყვედური შემოვიდა ჩვენზე ამ ბოლო კვირის განმავლობაში? ორი წელი რომ არ შემოსულა, იმდენი, ბატონო ლევან! და რას ფიქრობთ, რომ გამოარკვევენ რომ ჯალათი ექიმი ბრძანდებით, რას იფიქრებენ? მასმედიას ოღონდ საშუალება მიეცი და თავზე დაჯმასთან ერთად მიწასთანაც გაგასწორებენ! მაგ გოგომ რომ დრო იხელთოს და გვიჩივლოს, ამ კლინიკამ წესიერად არ მიმკურნალა, მკლავენ და ექიმმა ჩემზე იძალადაო, მერე? რას არ მოიფიქრებენ! წარმოგიდგენიათ, რას იფიქრებენ ჩვენი ინვესტორები?

ბატონი ცოტნე სკამში ფაქტიურად გადავარდა, ზურგს მიეყუდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწოლილიყო კაბინეტში.

-კიდევ ხომ არ დაამატებდით რამეს? – ჰკითხა ლევანმა.

-რაც გინდათ ის ქენით. – თქვა დირექტორმა. – მაგრამ გაფრთხილდით, ბატონო ლევან.

ლევანი მიტრიალდა, ეკას დაღებულ პირსა და ბატონი გურამის მიერ დაძახილ მის სახელს ყური არ უგდო. დირექტორის კაბინეტიდან გავიდა და კარი ზურგსუკან მოიჯახუნა.

.

.

.

ASTRUP – Arterial Blood Gas Test

12 thoughts on “მზესუმზირები (ნაწილი 2)

  1. ოჰოოო,არ ველოდი ასეთ ფინალს.თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ქეთის ლევანი უყვარს,უბრალოდ რამდენად მშვიდად მოგვარდება ყველაფერი,ეგაა მთავარი. ვფიქრობ ახლა უფრო კარგად დაფიქრდება ლევანი მისი და ქეთის ურთიერთობაზე.ვნახოთ… საკმაოდ კარგი და დაძაბული თავი იყო.შემდეგს დაველოდები მოუთმენლად🥰❤️

    Like

    1. უღრმესი მადლობა შეფასებისათვის! ❤ მინდოდა ბოლო სცენა აუცილებლად მომექცია ამ ნაწილში, იმიტომ რომ რაღაც გარდატეხის მომენტს განაპირობებს ალბათ და კომფორტის ზონიდან გამოთრევას უქადის ადამიანს. კიდევ ერთხელ მადლობა რომ დრო გამოყავი და წაიკითხე ❤

      Like

      1. ნამდვილად გამოგივიდა ის რაც ჩაიფიქრე👏 ახლა უკვე ლევანის მხრიდან სიტუაციის გააზრების,სიმართლესთან შეგუების და სწორი გადაწყვეტილების მიღების დრო იწყება.
        პ.ს.ყოველდღე ვამოწმებდი🙈 მოუთმენლად გელოდი🥰❤️

        Liked by 1 person

  2. ლევანს თითქოს უზარმაზარი ლოდი აეკიდა, ისეა ვფიქრობ ლევანმაც არ დაიმართოს ეს ჰანაჰაკი.
    ბევრი რაღაც გამოჩნდა და მაინც მთავარი დარჩა გაურკვევლი მაგრამ არ მინდა ასე მალე გამოირკვეს ყველაფერი.❤️
    რაღაცნაირად იმედიანად შევყურებ მათ ჯერ კიდევ გაურკვეველ ურთიერთობას.🤗
    ეს შენი შედარებები და ის განცდები შენი რომანების პირველი დღიდან შენს ნაწერებზე რომ მემართება ისევ ისეთია❤️როგორ მიხარია ისევ რომ ხარ აქ ჩვენთან🤗🌹🥀

    Like

    1. ხმას არ ვიღებ მომავალ გეგმებზე, სამარე ვარ, მაგრამ მალე ბევრი რამ გამოირკვევა ❤
      უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის! ❤ ❤ ❤

      Like

  3. ძალიან საინტერესო თავი იყო, ნაკლებს არც ველოდი. მკითხველებს შორის გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ ლევანზეა ქეთი შეყვარებული, მაგრამ ეგ ნაკლებად შესაძლებელი მგონია, ყოველშემთხვევში მე ვერ ვხსნი. 😆
    ჯერ ყველაფერი ახლა დაიწყო, დარმწუნებული ვარ, ბევრი სიფსიხე გველოდება😆
    მუსიკის ფონზე კითხვა კი სასიამოვნო აღმოჩნდა, მოუხდა ამ ისტორიას.
    წარმატბები,ჩვენო ძვირფასო ავტორო! 💜💜

    Like

    1. კიბატონი, ეს ყველაფერი ცოტა შესავალი იყო და ცოტა შუანაწილის დასაწყისი, რაც მთავარია ბოლოსკენ დარჩა ❤ მიხარია რომ მუსიკა მოგეწონა!
      ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის! ❤ ❤

      Like

  4. მგონია რომ ქეთიმ თავის დასთან სტუმრობისას შეიყვარა ლევანი,მოვლენების განვითარებას ორნაირად ველოდები ლევანი განკურნავს თავისი სიყვარულით,ან ტრანსპლანტაციას გაიკეთებს და მოუწევს ლევანს თავი შეაყვაროს ♥️♥️♥️

    Like

  5. აუ ძალიან კარგია და იმ საზიზღარ ექიმზე და დირექტორზე ძალიან ნერვები მეშლება..ასევე არ მესმის ბრაზით რატომ მოიხსენიებენ იმას ვინც ქეთის უყვარს🤷რა იმის ბრალია🙃
    აუ როდის გავალ ბოლოში ერთი სული მაქვს❤️❤️

    Like

    1. კი, გეთანხმები რომ გაუგებარია იმ ადამიანის მიმართ ბრაზი მაგრამ რას იზამ ეგეთები არიან ადამიანები 🥲

      Like

დატოვე კომენტარი