მზესუმზირები (ნაწილი 1)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ავტორის ნებართვის გარეშე ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა არ შეიძლება.

ნაწილის თემა

I – CT

-05.11.2024 –

ოთახში ბნელოდა, სინათლის წყარო მხოლოდ მონიტორი იყო, რომელზეც კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა გაეხსნათ. მაგიდასთან მიმჯდარი რადიოლოგი ნელა სქროლავდა, და მის გარშემო მდგომნი დაჟინებით დაშტერებოდნენ მონიტორზე გამოსახულ ფილტვებთა თითოეულ შრეს. ფილტვებში თითქოს ხეს გაედგა ფესვები, ბრონქიოლებსა და პარენქიმაში გადახლართულიყვნენ, ჩვეულებისამებრ მუქ ფილტვების პარენქიმას კი ნათელი, წერტილოვანი მონაცრისფრო, დაბურული მინის გამოსახულება მიეღო, თითქოსდა დამტვერილაო. ტრაქეის გატოტვის ადგილას და პირველად ბრონქებში კი ბუნდოვანი კიდეებით, გაურკვეველი სახის შიგთავსი მოსდებოდა ლორწოვანს.

-ეკა, არც კი ვიცი რა გითხრა. – თქვა რადიოლოგმა, ბექა სულიკაშვილმა. – შენ თვითონაც ხედავ… ორივე ბრონქში ფესვებია, ტრაქეაში დიდი ალბათობით ყვავილის ფურცლები. მარჯვნივ პლევრაშიც აქვს შეზრდილი, ესენი კი, – ნათელ წერტილებზე მიუთითა მან, – ალბათ კაკლებია. ინფორმაცია კი ძალიან მწირია, მაგრამ მართალი ხარ, ეს წესით ტიპიური ჰანაჰაკი უნდა იყოს. მაგრამ… სხვა პაციენტთა კვლევებიც დავათვალიერე და ეს მგონი მათთან შედარებით უარესია, თუმცა ჯერ დიაფრაგმაში გაზრდილი არ არის.  წარმოდგენა არ მაქვს, ეს შენი გოგო როგორ სუნთქავს საერთოდ.

პულმონოლოგს, ეკა მიქაბერიძეს, წარბებს შორის ღარი გასჩენოდა.

-პრობლემა სწორედ მაგაშია, რომ წესიერად ვერ სუნთქავს. – მკვახედ მიუგო მან. – პროცენტულად?

-ალბათ ნახევარია ორივეში დაზიანებული. მარჯვენაში ცოტა მეტი. მარჯვენა ბრონქში 40% ობსტრუქცია, მარცხენაში 25%. ჰო, პერიკარდთან ძალიან ახლოსაა რამდენიმე ფესვი.

-ლევან… – მის გვერდით მდგომ ახალგაზრდა კაცს, ექიმ-კარდიოლოგს მიუბრუნდა ეკა.

-მოიცა რა, თავიდან დაიწყე. – მიუგო ლევანმა, მონიტორზე გამოსახულ გულს და მასზე შემოვლებულ დაკლაკნილ, ნათელ ხაზებს დაჰყურებდა. წამით გამოსახულების გვერდით პაციენტის ინფორმაციას შეავლო თვალი.

27 წლის ქალი.

-მოკლედ… – უკმაყოფილო მზერა სტყორცნა ეკამ. – ორი კვირის წინ მოვიდა ჩემთან, ფასიანზე იყო ჩაწერილი. ექვსი თვეა რაც სისხლს ახველებს. ბოლო თვის მანძილზე ყვავილების ფურცლები იყო სისხლთან ერთად ნახველში. ღამღამობით სუნთქვა უჭირს. სირბილი უჭირს. ქრონიკული დაავადებებიდან ეპილეფსია, კარბამაზეპინზეა. ანალიზებში მცირე ანემია, ლეიკოციტოზი, ცე-რეაქტიული 30. სპიროგრაფიაზე გაქანებული ობსტრუქცია. ჩემ ვიზიტზე რამდენიმე ვარდი ამოახველა. აი გეფიცები, კინაღამ თვალები გადმომცვივდა. ემერჯენსში არ მოინდომა წასვლა, რომ სასწრაფოდ გადამეღო კომპიუტერული, მაგრამ ყვავილები რომ დავინახე, მაშინვე ჰანაჰაკი მომაფიქრდა.

-ასეთი ფილტვებით ემერჯენსი კიარა, სტაციონარში უნდა იწვეს. – თქვა ბექამ. – და ვაბშე, ასეთი დაავადებით სადმე დიდ ცენტრშია ევროპაში გადასაყვანი.

-ევროპა. – სარკასტულად ჩაილაპარაკა ეკამ. – სადა აქვს მაგ საცოდავს ევროპის ფული.

-ბოლოს ჰანაჰაკიზე ალბათ მეოთხე კურსზე წავიკითხე, – ჩაილაპარაკა ლევანმა. – საქართველოში მგონი არც არასოდეს დაუსვიათ ასეთი დიაგნოზი.

-შენ რა, ვერ გაიგე, რა ვთქვი? – შეუტია ეკამ. – გოგო სისხლიან ყვავილებს ახველებს!

-გავიგე რაც თქვი. – მიუგო ლევანმა. – უბრალოდ მიკვირს. სტაციონარში არ უნდა აიყვანო?

-სტაციონარში დაწოლა არ უნდა. გამოკვლევებზეც კი ძლივს დავითანხმე. – ჩაიბუტბუტა ეკამ. – როჩესტერის კლინიკაში მკურნალობის კრიტერიუმები ჰქონიათ, თუ ჩაჯდება, მაშინ ექნება ქირურგიულ ჩარევას აზრი, თუ არადა პალიაცია. ამიტომ მჭირდება რომ დღესვე ექო გადაუღო. ერთ-ერთი კრიტერიუმია შუასაყარის მდგომარეობა.

-დღესვე? – მოუბრუნდა ლევანი. – პაციენტი აქ არის?

-კი, გარეთ ზის. -თქვა ეკამ. – ვიცი, რომ 5 წუთით გთხოვე აქ შემოსვლა, მაგრამ… ძალიან გთხოვ, ლევან. მჭირდება და უნდა გადახედო. მთელ ინფორმაციას რომ მოვაგროვებ, კრიტერიუმებს გადავხედავ და მერე შემეძლება ქირურგები შევაწუხო.

-კარგი. – ამოიხვნეშა ლევანმა. – ათ წუთში შემოუშვი ჩემთან.

შეტრიალდა და კარს მიაშურა.

-ქირურგი რად გინდა, ეკა? – მოესმა ბექას ხმა უკნიდან, როცა კარი გამოაღო. – ისეა ფილტვები დაზიანებული, რომ აზრი არა აქვს.

ეკას პასუხს არ დალოდებია, კარი გამოხურა.

-*-*-*-*-*-*-

კაბინეტის კედლები ბაც, მოყვითალო ფერად შეეღებათ. ჟალუზები დახურული იყო, თუმცაღა ჭერთან ახლოს თითო ოროლა პაწაწინა ჭრილიდან მაინც მოჩანდა ნაცრისფერი ღრუბლებით დაფარული ცა. ჭერიდან თვალისმომჭრელად ანათებდა თეთრი სინათლე, გაპრიალებული ექოკარდიოგრაფიის აპარატის ეკრანზე ირეკლებოდა. კედელზე მოწიკწიკე საათი ნაშუადღევის სამის ნახევარს აჩვენებდა. თეთრ მაგიდას მისჯდომოდა ლევანი, მის გვერდით სკამზე მოუთმენლად ცმუკავდა მისი რეზიდენტი. სიჩუმეს მხოლოდ მაუსის წკაპუნი არღვევდა, ლევანი დაჟინებით დასცქეროდა მონიტორს, გამალებით კითხულობდა პაბმედზე გამოქვეყნებულ სტატიას ჰანაჰაკის დაავადებასა და გულის დაზიანებაზე.

-ჰანაჰაკის დაავადებაზე რამე გაგიგია, გვანცა? – იკითხა ლევანმა, ისე რომ ეკრანისათვის თვალი არ მოუშორებია.

-კი! – გვანცა ენთუზიაზმით აღვსილიყო, სკამზე ადგილს ვერ პოულობდა. – ცალმხრივი სიყვარულის დაავადება. ხასიათდება ყვავილების ზრდით ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. სუპერიშვიათი და ფატალურია. ახლა რომ მოვა,  მართლა ჰანაჰაკი აქვს?

-პულმონოლოგს თუ დავუჯერებთ, ყვავილებს ახველებს. – მიუგო ლევანმა, წვერიან ყბას ნერვიულად ისრესდა. – სხვა ვერაფერი იქნება. კომპიუტერულზე ორივე ფილტვი დაზიანებულია…

-სტატიას დაწერთ? – შეაწყვეტინა გვანცამ. – ანდა შეიძლება მე დავწერო?

ლევანი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.

-არა. – მიუგო მან. – მე მხოლოდ გამოკვლევას ვატარებ. პაციენტის ექიმი ეკა მიქაბერიძეა და მისი გადასაწყვეტია, სტატიას დაწერს თუ არა.

გვანცამ ცხვირი აჭმუხნა, ეტყობოდა რომ არ ესიამოვნა, და სანამ პირს გააღებდა კომენტარის სათქმელად, კარი შემოაღეს.

ახალგაზრდა ქალმა შემოაბიჯა ოთახში. მუქი თმა და თვალები ჰქონდა, მკლავზე ჟაკეტი გადაეკიდებინა, მხარზე ზურგჩანთა ჰქონდა მოგდებული. გაფართოებული თვალები ჯერ ლევანს მიმართა, მერე კი გვანცასკენ გააცეცა. დამფრთხალი ჩანდა, გაფითრებულიყო. ზურგსუკან კარი მიკეტა და კვლავ ლევანს მიმართა მზერა, სარივით გასწორებული, შებოჭილი იდგა. ლევანმა სისტემა გახსნა, პაციენტის ინფორმაციას თვალი გადაავლო.

-ქეთი ღვინიაშვილი? – ჰკითხა მან.

ქალი თვალებდაჭყეტილი, გაშეშებული მიშტერებოდა. თავი ნელა დაუქნია.

-მე კარდიოლოგი ლევან მოსიძე ვარ. მობრძანდით თუ შეიძლება. – ექოკარდიოგრაფიის აპარატის გვერდით, საწოლზე მიანიშნა მან. – ქალბატონმა ეკამ გითხრათ, რა სახის გამოკვლევას ჩავატარებთ?

-კი, ამიხსნა. – თქვა ქალმა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს, ჟაკეტი გადადო და ჩამოჯდა, კალთაში ხელებდაკრეფილი.

-ეს კარდიოლოგიის რეზიდენტია, გვანცა შეყილაძე. – გვანცაზე მიუთითა ლევანმა. – წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ გამოკვლევა მან ჩაატაროს? მე რასაკვირველია გამოკვლევის დროს ყველაფერს გავაკონტროლებ.

-არ ვიქნები წინააღმდეგი. – თქვა ქალმა.

– მაისური გაიხადეთ და ბიუსტჰალტერიც მოიხსენით, გეთაყვა, – ჩაერთო გვანცა, აპარატთან სკამით მიგორდა და სწრაფად ჩართო, ტრანსდუსერი და გელი მოიმარჯვა. – მერე კი მარცხენა გვერდზე დაწექით.

ქალმა მითითებები შეასრულა, საწოლზე წამოწვა. ხელები უთრთოდა, თვალები ექოკარდიოგრაფიის აპარატის ეკრანზე გაუშტერდა, როცა გვანცამ ტრანსდუსერი მკერდზე დაადო. ლევანი აპარატის გვერდით იდგა, გამოსახულებას დაჰყურებდა.

სწრაფად ფეთქავდა ქალის გული. სარქველების ფუნქცია კარგი იყო. გვანცამ დოპლერი ჩართო, გულის საკნები გაზომა, მერე კი პერიკარდს შემოხვეულ ფესვებს დააკვირდა ინტერესით. პერიკარდში ფესვების ჩაზრდა პაციენტს არ ჰქონდა, გულის ფუნქცია ჯერჯერობით კარგი იყო, თუმცა ფესვების რაოდენობის გათვალისწინებით გულის დაზიანებაც დროის საკითხი გახლდათ.

გვანცამ ტრანსდუსერი უხმოდ გადადო, ქალს გულმკერდის მოსაწმენდად ხელსახოცები მიაწოდა. ქალმა სწრაფად მოიწმინდა ტრანსდუსერის მიერ დატოვებული გელი და ჩაიცვა, ლევანს გაფაციცებით აჰყურებდა.

-იყო რამე? – ხმადაბლა იკითხა მან. ლევანი მაგიდას მიუჯდა, ქალს მიუბრუნდა.

-გული კარგ მდგომარეობაში გაქვთ. – უპასუხა ლევანმა. – ჩვენი მხრიდან ყველაფერი რიგზეა, თუმცა გაკონტროლება დაგჭირდებათ ალბათ რამდენიმე თვეში.

ქალი უსიტყვოდ მიშტერებოდა. თავი დაუქნია.

-შეგიძლიათ ეკა ექიმთან მიბრძანდეთ. – უთხრა ლევანმა. – გამოკვლევის პასუხი ათიოდე წუთში მივა მასთან, დაწვრილებით შეგეძლებათ მას ჰკითხოთ.

ქალს აღარაფერი უთქვამს. ჟაკეტი და ზურგჩანთა მოკრიფა და სწრაფად გავიდა, კარი მოიკეტა.

-ეს რა იყო? – კარის დახურვისთანავე ატყდა გვანცა. – დაინახეთ? ის ფესვები იყო ხომ?

-ფესვები იყო. – უპასუხა ლევანმა, პასუხის აკრეფა დაიწყო.

-საცოდავი, ნეტა ვიზეა ასე ძალიან შეყვარებული? – განაგრძო გვანცამ, ვითომ აქაც არაფერიო. – როგორ არ გაუმართლა! ცალმხრივი სიყვარული ხო გადასარევი ამბავია, ახლა კიდევ ეს!

ლევანს აღარაფერი უთქვამს.

-*-*-*-*-*-*-*-

– 15.11.2024 –

„ჰანაჰაკის დაავადება (ინგ. „Hanahaki Disease“) იდიოპათიური დაავადებაა, რომლის დროსაც ცალმხრივი სიყვარულის (რომანტიული სახის სიყვარულის) ემოციურ ფონზე ხდება ორგანიზმში (უმთავრესად ფილტვებში) ყვავილთა თესლის, ფესვებისა და ფურცლების გავრცელება. დაავადება ხასიათდება ქრონიკული ხველით, ნახველში პაციენტებს აღენიშნებათ ყვავილების ფურცლები, სისხლი, იშვიათად ფოთლები და ეკლებიც (ეკლების ყოფნა დამოკიდებულია ყვავილის სახეობაზე). ტიპიური სიმპტომებია ასევე (დამოკიდებულია ყვავილთა გავრცელების ადგილმდებარეობაზე):  სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, წონაში დაკლება, გულმკერდის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, სკლერათა და კანის სიყვითლე, ოლიგურია/ანურია, ა.შ.“

„მსოფლიოში მხოლოდ 500-მდე შემთხვევაა აღწერილი. კვლევების რაოდენობა მცირეა, თუმცა ამ დროისათვის ჩვენი ცენტრის გამოცდილების მიხედვით ემოციური ფონის სიძლიერე დაავადების სიმძიმეს არ განაპირობებს და მისი მიხედვით დაავადების პროგნოზირება არ შეიძლება. ნახველში ყვავილების ფურცლების მდებარეობა პათოგნომონურია. დიაგნოზის დასმის შემთხვევაში პაციენტებს სჭირდებათ სრული დიაგნოსტიკური გამოკვლევა – მთელი სხეულის (საჭიროების შემთხვევაში ასევე თავის ტვინის) კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნეტრეზონანსული ტომოგრაფია ან პოზიტრონემისიური ტომოგრაფია ყვავილთა ფესვებისა და თესლის ადგილმდებარეობისა და დაავადების სიმძიმის დასადგენად.“

„როჩესტერის კრიტერიუმები:

-პაციენტს აღენიშნება დაავადება მხოლოდ ერთ ფილტვში; ფილტვის კარის, შუასაყარისა და დიდი არტერიების დაზიანება არ არის;

– ან პაციენტს აღენიშნება დაავადება ორივე ფილტვში, თითოეული ფილტვის დაზიანება <50%. ფილტვის კარის, შუასაყარის, დიდი არტერიებისა და პირველადი ბრონქების დაზიანება არ აღენიშნება.“

„თუ პაციენტის მდგომარეობა და დაავადების სიმძიმე შეესაბამება როჩესტერის კრიტერიუმებს, რეკომენდაციას ვუწევთ ქირურგიულ ჩარევას. ეს შეიძლება იყოს: ლობექტომია, ფილტვის ამოკვეთა, და ფილტვების პრანსპლანტაცია (ქირურგიული ჩარევის არჩევანი უნდა გაკეთდეს დაავადების სიმძიმისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალიზებული). მედიკამენტოზური მკურნალობიდან რეკომენდირებულია ბრონქოდილატატორები, ტკივილგამაყუჩებლები. პაციენტის ემოციური ფონის გაზიარების (მისი სასურველი პიროვნების მხრიდან) შემთხვევაში ხდება დაავადების გაუმჯობესება და განკურნებაც კი, თუმცა აღნიშნული განკურნების ალბათობა ძალიან მცირეა.

ზოგადად, ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას პაციენტის სასურველი პიროვნების ინფორმირებას პაციენტის ემოციური ფონის შესახებ, რადგან მისი მხრიდან უარყოფა, ქვეცნობიერი და სუბიექტურიც კი, დაავადების გამწვავებას და ხშირ შემთხვევაში მწვავე დამძიმებასა და ფატალურ შედეგს იწვევს. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ პარადოქსულად ჰანაჰაკის დაავადების მიერ დაზიანებული ორგანოების (უმთავრესად ფილტვების) ამოკვეთა პაციენტში ცალმხრივი სიყვარულის ე.წ. „განკურნებას“ იწვევს.“

„ჰანაჰაკის დაავადება ფილტვების გადანერგვის გარეშე 99% ფატალურია, დიაგნოზის შემთხვევაში ფილტვების გადანერგვის გარეშე საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოზიდან სიკვდილამდე სამიდან ექვს თვემდე მერყეობს.“

-ლევან!

ლევანი სწრაფად გადაიწია უკან. კარში გაჩხერილ, შუბლშეკრულ ეკას მიაპყრო თვალი.

-რა გინდა? – ჰკითხა მან, თვალები მოისრისა. რაც ჩამოვლებს მორჩა, ნახევარი საათი სტატიებს კითხულობდა, დრო ისე გავიდა ვერც კი შეამჩნია.

-კონსილიუმზე გიწვევ, უნდა წამოხვიდე. – უთხრა ეკამ. – ჰანაჰაკიან გოგოს განვიხილავთ. კარდიოლოგი მჭირდება იქ.

-მე რა შუაში ვარ? ლელა წაიყვანე.

-და ლელა რა შუაშია? შენ ხარ ჩვენი კონსულტანტი და იმიტომ. პლუს გოგო ნანახი გყავს.

ლევანი მოიღუშა, სტატია ჩაკეცა, ფეხზე წამოდგა.

-ძაან გაგიმართლა, რომ შესვენება მაქვს და სტაციონარში ყველა სტაბილურია. – თქვა მან. – გუშინ უნდა გეთქვა, კონსილიუმს თუ აპირებდი.

-საერთოდ არ მაინტერესებს ეგ მე, და ძალიან კარგად ეს იცი შენ. – განუცხადა ეკამ, სწრაფი ნაბიჯით დაუყვა დერეფანს, ლევანი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გვერდით. – ქირურგებს დღესვე მოუნდათ კონსილიუმი, რომ დროზე მომიშორონ თავიდან.

-ეგრე შეაწუხე? – გაიღიმა ლევანმა.

-მე არავის ვაწუხებ, ლევან! – მკვახედ მოუბრუნდა ეკა. – მე ჩემი ვენტოლინითა და ბრონქოსკოპიით იმ გოგოს დაგლეჯილ ფილტვებს ვერაფერს ვუზამ!

ლევანი შეცბუნდა, წარბები ასწია, თუმცა აღარაფერი უთქვამს. ფეხდაფეხ მიჰყვა ეკას, რომელმაც დერეფნის ბოლოში კარი შეაღო და ჯიქურ შეაბიჯა.

აუდიტორიაში ბნელოდა, მხოლოდღა პროექტორის სუსტი სინათლე ანათებდა იქაურობას. თეთრ კედელზე ქეთი ღვინიაშვილის კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი გამოსახულიყო, ფილტვებში გაბნეული კაკლები თითქოსდა ციმციმებდნენ, როცა მონიტორს მიმჯდარი ბექა სულიკაშვილი სქროლავდა სხვადასხვა შრეთა სანახავად. პირველ რიგში სამი მამაკაცი იჯდა, ერთმანეთს ხმამაღლა ემუსაიფებოდნენ. სამივე იცნო. კლინიკაში ყველაზე პოპულარული ექიმი, გულმკერდის ქირურგი შოთა გაგოშიძე, ვიღაც ანესთეზიოლოგი და ტრანსპლანტაციის განყოფილების გამგე. აუდიტორიის ბოლოს, სიბნელეში, რეზიდენტების მთელი ჯგრო მოკალათებულიყო, აშკარად გამალებით განიხილავდნენ ამ უჩვეულო შემთხვევას. მათ შემოსვლაზე გაისუსნენ.

ლევანმა პირველ რიგში, იქვე მსხდარი სამი მამაკაცისაგან ცოტა მოშორებით დაიკავა ადგილი.

-მადლობა რომ მობრძანდით, ბატონებო. – განაცხადა ეკამ, გამოსახულების გვერდით – დღეს განვიხილავთ 27 წლის პაციენტის უჩვეულო…

-შესავლები არ გვინდა, ეკა. – შეაწყვეტინა გაგოშიძემ, რომელიც სკამზე გადაწოლილიყო, თვალები მოეჭუტა. – ჩვენ ასე თუ ისე უკვე ვნახეთ. რა თქმა უნდა ასეთი ოპერაციის გამოცდილება არ გაგვაჩნია, სამაგიეროდ სურვილი გვაქვს. მაგრამ… კრიტერიუმებში არანაირად არ ჯდება. აქ ჩარევა არანაირ შედეგს არ მოგვცემს.

-არც ტრანსპლანტაცია? – თქვა ეკამ. – აიყვანეთ მაინც სატრანსპლანტაციოდ…

-იმდენად მძიმე დაზიანება აქვს, რომ დიდი ალბათობით მიკროვასკულარული ინვაზიაც ექნება. – თქვა ლევანმა. – ამ შემთხვევაში გადაუნერგავენ?

ეკამ უცნაური მზერა სტყორცნა.

-სისხლის ჯგუფი მეოთხე დადებითია. – ჩაილაპარაკა ტრანსპლანტაციის განყოფილების გამგემ. – სიაში ამჯერად იმდენი პაციენტია, რომ ალბათ ერთ წლამდე მოუწევს ლოდინი.

-ისე ასეთ მძიმე პაციენტს სიის თავში არ სწევთ? – წამოიწია ლევანი.

-ეს პაციენტი ტერმინალურია, ტერმინალურ პაციენტს კი ტრანსპლანტაციაზე ვერ ავიყვანთ. – უპასუხა გაგოშიძემ ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს. – მაქსიმუმ შევეცადოთ ფილტვები გავასუფთავოთ, ფესვები ამოვჭრათ, ბრონქები ამოვრეცხოთ… ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაუარესდება. როგორც ვიცი, ახლა არაუშავს, ხომ?

-ქრონიკულ ობსტრუქციას და ჰემოფთიზს თუ არ ჩავთვლით, კი. – მკლავები გადააჯვარედინა ეკამ.

-ამ პაციენტს მე საოპერაციო მაგიდაზე ვერ დავაწვენ. – თქვა გაგოშიძემ. – შენ თვითონაც ხომ ნახე კრიტერიუმები? მისი მკურნალობა პალიაციაა.

-27 წლისაა ჯერ მხოლოდ. – მიუგო ეკამ. -ვნახე ერთი სტატია, სადაც ახალგაზრდა პაციენტებში უფრო მძიმე ფორმებშიდაც დადებითი შედეგია ნაჩვენები, ნარკოზსაც მშვენივრად გადაიტანს! უბრალოდ ნახეთ პაციენტი…

-რამდენი ხანი იცოცხლებს? – იკითხა გაგოშიძემ.

ეკას ყბა მოენგრა. ლევანისკენ გადმოატრიალა თვალები უეცრად.

-სამიდან ექვს თვემდე. – თქვა ლევანმა.

– ასეთი ოპერაციის შემდეგ 1-2 თვე სტაციონარში უნდა იწვეს.- წამოიწია ანესთეზიოლოგი. – არ შეიძლება ინტრაოპერატიული ფატალური შედეგის გამორიცხვაც. იქნებ ემჯობინება რომ რაც დარჩა, სახლში გაატაროს…

-მოკლედ გეტყვი. – თქვა გაგოშიძემ. – იმის რისკი, რომ მაგიდაზე მოკვდება ეს გოგო, დიდია, ეკა. ტრანსპლანტაცია კიდევ შეიძლება, მაგრამ ტრანსპლანტაციისათვის ზედმეტად გავრცელებულია დაავადება უკვე, შუასაყარშია გაზრდილი. ამ დაავადებას ფილტვების მოშორებით ვეღარ ამოძირკვავ, მთელი გულმკერდი უნდა გამოუშიგნო. 99% ფატალურია ჰანაჰაკი…

-99% ფატალური ფილტვების ტრანსპლანტაციის გარეშე! – ხმას აუწია ეკამ.

-და ახლავე შემიძლია დაგპირდე, – განაგრძო გაგოშიძემ, ვითომ აქაც არაფერიო, – რომ ზუსტად იგივე შანსია იმისა რომ გავხსნით, უარესი იქნება ვიდრე კომპიუტერზე და მოგვიწევს ისევ დავხუროთ. რა სჯობს, ეცადოს ასე თუ ისე კომფორტში იყოს თუ სტაციონარში მოკვდეს?

-ანუ… რა გამოდის, როგორც ასთმას ისე ვუმკურნალო და როცა მწვავე სუნთქვის უკმარისობით მოვა ერთ-ორ თვეში, მაშინ გადაწყვეტთ, რომ ოპერაციას გაუკეთებთ? – იკითხა ეკამ. – ეს გოგო 100% დამძიმდება, არ ემჯობინება რომ თუ პალიატიურ ოპერაციაზე თანხმდებით, ახლა გაუკეთოთ?

გაგოშიძემ მხრები აიჩეჩა, ცივად.

-ხელახლა ჩაუტარე გამოკვლევები ერთ-ორ თვეში. თუ სასწაული მოხდა და გაუმჯობესდა, მაშინ მოდი და კიდევ ვილაპარაკოთ. და ჰო, ჯობია ურჩიო, ვინც უყვარს, იმას შეაყვაროს თავი. – თქვა მან.

აუდიტორიის ბოლოდან რეზიდენტების ჩოჩქოლი ისმოდა.

ლევანმა წარბები აწკიპა, თავი გადააქნია.

ეკას სახე მოენგრა, შებრუნდა, მადლობაო, სარკასტულად მიაძახა ყველას და გავიდა, კარი გამოიხურა.

-*-*-*-*-*-*-

– 28.11.2024 –

ბარდნიდა. უკვე ორი დღის მანძილზე შეუჩერებლად ეფინებოდნენ მიწას მსხვილი ფანტელები, და ჰაერში სუფთა თოვლის მჭახე, ცივი სურნელი იდგა. მუქი ნაცრისფერი, ბინდში გამურული ცა დასწოლოდა ოქროსფრად დაკოპლილ შენობებს. ლამპიონები ყვითლად ჩახჩახებდნენ, თოვლს ავადმყოფური, გაცრეცილი ყვითელი მოსდებოდა. ქუჩაში კანტიკუნტად მოძრაობდა ხალხი, სიჩუმეს მხოლოდ შიგადაშიგ გაშხუილებული მანქანა არღვევდა.

ლუდის ბოთლები ერთმანეთს მიეწკარუნნენ, გაიწკრიალეს პოლიეთილენის პარკში, როცა ქურთუკი ჩამოიფერთხა ლევანმა. საყელო აიწია, ამოიხვნეშა, ფიფქების ორომტრიალში გახვეულ, საკუთარი სუნთქვის თეთრ ქულებს ახედა.

დღეს შედარებით ადრე დაასრულა, ყველაფრის გათვალისწინებით. მთელი დღე აყალ-მაყალითა და პრობლემებით იყო აღსავსე, როგორც ყოველთვის. და რასაკვირველია, მის პაციენტს, მაინცდამაინც პარასკევს, მაინცდამაინც სამის ნახევარზე სეპტიკური შოკი უნდა დამართნოდა. დღეს მორიგე ვიღაც პირველ კურსზე მყოფი, თავიდან ფეხებამდე გაურკვევლობით აღსავსე რეზიდენტი უნდა ყოფილიყო, ამიტომ თვითონ მოუწია მიეხედა.

ეკა მიქაბერიძე დაინახა შორიდან. სურვილი ჰქონდა მისულიყო და ჰანაჰაკიან პაციენტზე ეკითხა, მაგრამ თავი შეიკავა, როცა ეკამ შორიდანვე ტუჩი აუბზუა.

ლევანის ბრალი მგონი არ იყო, რომ პაციენტი როჩესტერის კრიტერიუმებში არ ჯდებოდა და კიდევ ის, რომ გაგოშიძეს ტაქტის ნატამალი არ გააჩნდა.

ლევანმა თავი გადააქნია. არა, საკმარისი იყო. კმაროდა დღეისთვის პაციენტებზე ფიქრი.

მერე კი პერიფერიული მზერით ქუჩის გადაღმა რაღაც შეამჩნია.

წამსვე მობრუნდა, გაფაციცებით დააშტერდა ტროტუარს.

ვიღაც მიდიოდა. ქალი. მუქი თმა ჰქონდა, შიგნით ჩაბნეული თოვლის ფიფქებით, მხარზე ზურგჩანთა მოეგდო.

ლევანს ახსოვდა ის მუქი მწვანე, გაცრეცილი, სტიკერებიანი ზურგჩანთა. მაშინ დაინახა, როცა ჰანაჰაკიანი პაციენტი, ქეთი ღვინიაშვილი შემოვიდა გამოკვლევაზე, კაბინეტში.

ქალი ნელა მიდიოდა ტროტუარზე, თითქოსდა თოვლში სეირნობა განუზრახავსო. სახე არ უჩანდა, საღამოს ბინდში შებურული.

ლევანი წამიერად გაშეშებული იდგა. თვალი აარიდა ქალს, ზურგი შეაქცია, ნაბიჯს აუჩქარა.

რა იყო იმის ალბათობა, რომ ქეთი ღვინიაშვილი იგივე უბანში ცხოვრობდა, სადაც თვითონ?

არა. ალბათ უბრალოდ მიამგვანა. იმნაირი ზურგჩანთა ბევრს ექნებოდა.

რაღაც მოეჩვენა.

ჰანაჰაკის დაავადებაზე იმდენს კითხულობდა და იმ პაციენტის ბედზე იმდენს ფიქრობდა, რომ გადაღლილ ტვინზე რაღაც მოეჩვენა.

აუცილებლად მოეჩვენა.

საკუთარი თავი თითქმის დაარწმუნა, როცა ბინის კიბეებს მიუყვებოდა ზემოთ. ქოშინით გააღო ბინის კარი, სინათლე აანთო და ლუდის ბოთლები მაცივარში შეალაგა.

მერე კი ფანჯარასთან აისვეტა, ხელებს ნერვიულად ისრესდა და ისე გადაჰყურებდა ტროტუარს, სადაც ის ზურგჩანთიანი ქალი დაინახა.

თეორიულად, თუ ჩათვლიდა რომ ის ქალი ქეთი ღვინიაშვილი იყო, რას აკეთებდა იგი ამ ყინვაში გარეთ? ფაქტიურად ჰანაჰაკისაგან გამოწვეული ასთმა ჰქონდა, რაზეც ცივ ჰაერს კარგი ეფექტი არ ექნებოდა. ნუთუ ახლა საკუთარი ჯანმრთელობისათვის არ უნდა მიეხედა?

თუმცა რაღა აზრი ჰქონდა. ჰანაჰაკის მაინც ვერ მოიცილებდა, თუ იმ ვიღაცას, ვის გამოც ასე იტანჯებოდა, არ შეაყვარებდა თავს.

თხუთმეტი წუთი გაუნძრევლად იდგა, ჰანაჰაკის დაავადებაზე ფიქრობდა გამალებით და გულისყურით ათვალიერებდა კორპუსებს შორს, ხრეშით მიმოფენილ მიწას, რომელიც ალაგ-ალაგ, სადაც მანქანა არ იდგა, თოვლის სქელ ფენას დაეფარა. ვიღაც ბავშვებს ეზოს კუთხეში თოვლისაგან დიდი გორა აეგოთ, ჭყივილით სრიალებდნენ ზედ, გუნდაობდნენ, და ვიღაც ქალი დაჰკიოდა მათ ეზოს გადაღმა მდგარი კორპუსიდან, ახლავე ამოდითო. კორპუსის შესასვლელთან ძელსკამებზე კაცები მოკალათებულიყვნენ, ეწეოდნენ და ხმამაღლა ბაასობდნენ. ქუჩაში მანქანამ გაიშხუილა, საბურავებიდან ასხლეტილი, აზელილი, ჭუჭყიანი წყალთოვლი მიაშხეფა ტროტუარსა და ზედ მიმავალ ადამიანს.

ლევანი გახევდა.

ქეთი ღვინიაშვილი მოდიოდა ტროტუარზე. მის სახეს ბუნდოვნად ხედავდა ლევანი, თუმცა მაინც იცნო. შარვალზე შეყრილი ჭუჭყიანი თოვლი ჩამოიფერთხა ქალმა და ეზოში შემოაბიჯა. უფრო ნელა დადიოდა, ვიდრე ადრე.

ალბათ მარკეტში გაიარა და მობრუნდაო, გაუელვა ლევანს.

ბავშვები ისევ გამალებით გუნდაობდნენ, გამყინავი ხმით დაჰკიოდნენ ერთმანეთს.

ეზო გადაჭრა ქეთიმ, გაღმა მდგარ კორპუსს მიუახლოვდა.

გუნდამ გაიშხუილა უეცრად, და პირდაპირ კეფაში მოხვდა ხმამაღალი ბათქით, ხმა დახურულ ფანჯარაშიც კი გაიგონა ლევანმა. ქალმა წაიფორხილა, მუხლებზე დაეცა, ხელი ძლივს მოასწრო, რომ წინ გამოეწვდინა, რათა სახით არ ჩაფლულიყო თოვლში. ზურგჩანთა გვერდზე გადაგორდა, თოვლში ამოგანგლული.

ლევანის ფანჯარას შეეხეთქა მეორე გუნდა.

ბავშვებმა ვერაფერი შეამჩნიეს, ღრიანცელს აგრძელებდნენ.

ფანჯარა გამოგლიჯა ლევანმა.

-რას აკეთებთ? – იღრიალა მან. – აბა ახლა გეყოფათ! ფრთხილად იყავით თორემ დაშავდება ვინმე!

ბავშვები შეყოყმანდნენ, დაფეთებულებმა გადმოხედეს ფანჯარაში აყუდებულ ვიღაც უცხო, დიდ კაცს, მერე კი ერთმანეთისაკენ გააპარეს თვალი. კორპუსის შესასვლელთან მსხდომი მებირჟეებიც მას დაშტერებოდნენ, თუმცა მათ აღარ უყურებდა ლევანი.

ქეთი ღვინიაშვილი ნელ-ნელა წამოიწია. ხელჩანთა აითრია, მობრუნდა, ლევანს მიაბჯინა მზერა. აშკარად იცნო, სახე უცნაურად შეეცვალა.

მერე კი მიბრუნდა, ნაბიჯს აუჩქარა, ხმამაღალი ხველებით შევიდა დერეფანში. მის კვალზე სისხლით დაწინწკლული ლურჯი ვარდები და ვარდის ფურცლების ნაგლეჯები დატოვა. შესასვლელთან მსხდარმა კაცებმა თვალი გააყოლეს, მათ გვერდით ჩაურბინა ქეთიმ და თითქმის სირბილით აიჭრა კიბეებზე.

როგორც კი იგი თვალს მიეფარა, ფანჯარა ხმამაღალი ზათქით მიხურა ლევანმა, სასწრაფოდ ჩამოაფარა ფარდა. შუბლზე ჩამოშლილი თმა ნერვიულად გადაიწია უკან.

ასეთი ამოხეთქვები არ სჩვეოდა. არც კი იცოდა რა დაემართა. სხვა დროს ბავშვთა ასეთ უწყინარ ქმედებებს უყურადღებოდ დატოვებდა, თუმცა ვერ აიტანა, როცა ქეთი ღვინიაშვილი თოვლში ჩაჩოქილი დაინახა.

იქნებ გარეთ უნდა გასულიყო და მიშველებოდა?

არა. არა, არა. ეს მისი საქმე არ იყო.

ეტყობა განვლილი დღის სტრესმა წამოუარა ერთბაშად.

მობრუნდა, ტახტზე დაენარცხა. გული სწრაფად, მძლავრად უცემდა.

ჰანაჰაკის დაავადებაზე ამდენი ფიქრი ზედმეტი იყო.

-*-*-*-*-*-*-

– 24.12.2024 –

-დამძიმდა. – თქვა ეკამ. შუბლს ისრესდა. ლევანს შეეძლო დაეფიცა, რომ რამდენიმე ახალი ნაოჭი ეტყობოდა სახეზე, წარბებშუა ღარი თითქოსდა ჩაღრმავებოდა. – 200 მეტრზე მეტს ვერ გადის შესვენების გარეშე. უნდა დაჯდეს და სული მოითქვას. სამი ინჰალატორი დაცალა თითქმის.

კლინიკის უზარმაზარი კაფეტერია თითქმის სავსე იყო. ჭურჭლის რახუნი და დანა-ჩანგლის წკარუნი გაისმოდა წარა-მარა, ყურისწამღები გნიასი იდგა. გვერდით მაგიდაზე ისე ხორხოცებდნენ, რომ ეკა ლევანს თითქმის ყურში ჩაჰყვიროდა.

ლევანი მოიღუშა. ოხშივარადენილ ყავის ჭიქას თითებს უკაკუნებდა ნერვიულად.

ეკა ლანჩის დროს მოულოდნელად მიუჯდა მის მაგიდას და ქეთი ღვინიაშვილზე დაუწყო ლაპარაკი. აქამდე სიტყვასაც არ სძრავდა მასზე. ეტყობოდა, რომ კონსილიუმის გამო ჯერ კიდევ ნერვებმოშლილი იყო.

გასაგებიც გახლდათ.

-სტაციონარში? – იკითხა ლევანმა. – გადახედავდი, რა მდგომარეობაა. ბრონქოსკოპია რომ გაუკეთო?

-ფესვები როგორ ამოვჭრა მერე იქედან? – თქვა ეკამ. – არცერთი ინსტრუმენტი არ გამოდგება. თან სტაციონარში თვითონაც არ უნდა.

-რატომ?

-მე რა ვიცი რატომ. – მკვახედ მიუგო ეკამ. – არ უნდა და მორჩა. მგონი ასე თუ ისე შეეგუა იდეას რომ ბევრი არ დარჩენია.

– და… ვინც უყვარს, ის? – ჰკითხა ლევანმა.

– ვაიმე, ძალიან გთხოვ რა, ლევან. – მოიჭმუხნა ეკა.

-რა ძალიან გთხოვ. ეგაა მისი განკურნების ერთადერთი შანსი… – დაიწყო ლევანმა.

– შენ თვითონაც ხომ იცი, რომ არ შეიძლება რამის თქმა. – გააწყვეტინა ეკამ. – შეიძლება უარყოფამ ადგილზევე მოკლას. რა ვუყო? სხვა კლინიკებში შევთავაზე წასვლა, მაგრამ არ მოისურვა. აქ უნდა სიარული. 6 კვირა კი გავიდა უკვე.

-შეიძლება ისე დამძიმდეს რომ სასწრაფოთი მოიყვანონ. – თქვა ლევანმა. – იქნებ მერე გააქტიურდნენ ქირურგები. ვიცი, ხო, მისი გაუარესების იმედი არ უნდა გქონდეს. – თქვა მან, როცა ეკას გაღიზიანებულ მზერას შეეჩეხა. – თუმცა… ფაქტია რომ უფრო დამძიმდება.

ერთი კვირის წინ დერეფანში დაინახა, როცა ქეთი ღვინიაშვილი ეკას კაბინეტის გარეთ იცდიდა. კალთაში ხელები გადაეჭდო და იატაკს ჩაჰყურებდა, მოკუნტული, თითქოსდა სურს, რაც შეიძლება შეუმჩნეველი იყოსო. დიდრონი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, როცა აიხედა, ჭერიდან მომავალ მჭახე სინათლეს ასცქეროდა მობეზრებული გამომეტყველებით. თითქოსდა რაღაც მცირე პრობლემით იყო საავადმყოფოში მოსული და თავის ჯერს ელოდა, ერთი სული ჰქონდა სანამ სახლში წავიდოდა.

რამდენჯერმე წამოახველა, თითო ოროლა სისხლით დაწინწკლული ლურჯი ვარდის ფურცელი დაეფინა ხელისგულზე. ასეთ სიტუაციას შეჩვეული ადამიანის სიმარჯვით ამოაძვრინა ჩანთიდან ხელსახოცი, სისხლი მოიწმინდა ტუჩის კუთხიდან და ყვავილის ფურცლები, ხელსახოცთან ერთად პარკში ჩატენა, რომელიც თითქმის პირამდე იყო ლურჯი ვარდებით სავსე.

-არა მგონია ქირურგები გაინძრნენ, მწვავე სუნთქვის უკმარისობითაც რომ მოვიდეს. – თქვა ეკამ. – ულმში გავაგზავნე წერილი, კონსულტაცია ვითხოვე. იქნებ რამე ჭკვიანური მითხრან.

-ახალს რას გეტყვიან? – ჰკითხა ლევანმა. – თუმცა იქნებ გითხრან, რომ ქირურგიული ჩარევაა საჭირო და შეგეძლება მათი აზრი გაგოშიძეს ააფარო სახეში.

ეკამ ნაღვლიანად გაიღიმა.

-რატომღაც მეეჭვება რომ ეგრე იყოს. – თქვა მან. – მეცოდება. – დაამატა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.

ლევანს ქეთი ღვინიაშვილის გაოცებული სახე გაახსენდა, თმაში ჩაბნეული ფიფქები, დიდრონი თვალები, როცა იგი კორპუსის შესასვლელთან იდგა, თოვლში ამოგანგლული.

-ძალიან ახალგაზრდაა. – თქვა მან.

-აბა. ძალიან არ გაუმართლა. – თქვა ეკამ, მორჩენილი ყავა მოყლურწა ერთიანად, წამოდგა და უკანმოუხედავად წავიდა.

ლევანი საკუთარ გაციებულ ყავას იქამდე ჩასჩერებოდა, სანამ ლანჩის დრო არ გაილია.

-*-*-*-*-*-*-*-

– 30.12.2024 –

მწუხრის მოწითალო სინათლე მოსდებოდათ ხეებს, ციოდა. უხვად ბარდნიდა, მიწაზე მუხლამდე დადებულიყო თოვლი.

პარკში ლამპიონები უკვე აენთოთ, მათ სინათლეზე გაკვალული, გატკეპნილი თოვლი ალაგ-ალაგ ლაპლაპებდა. შორს, პარკის მეორე მხრიდან, ძაღლების დაუღალავი ღავღავი ისმოდა.

პარკის პირას, მორყეულ ძელსკამს მიადგა ლევანი. თოვლი გადაფერთხა, მძიმედ ჩამოჯდა ზედ. ღრმად ამოისუნთქა, და წამიერად მისი სუნთქვის თეთრ ქულებში გაეხვია შორს, შენობების მიღმა გადაწურული, წითელი მზე.

ისვენებდა ორ იანვრამდე.

თუმცა გრძნობდა, რომ სამდღიანი დასვენება არაფერს უზამდა. ბოლო კვირაში სამმა 24-საათიანმა მორიგეობამ ერთიანად გამოსწურა ენერგია, რაც მორჩენილი ჰქონდა. ყველას ამ დროს უნდოდა დასვენება, რაც გასაგებიც იყო, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ისედაც გადატვირთულ და გადამწვარ პერსონალს უფრო მეტი სამუშაო დაემატა.

მისი ბოლო მორიგეობა სრული კატასტროფა იყო. 76 წლის კაცი, შვილებმა ფაქტიურად ძალით მოათრიეს საავადმყოფოში. კაცი აპროტესტებდა, ცოტათი გული მტკივა, ადრეც მტკიებია, სხვა არაფერიო.

გულის შეტევა. პაციენტმა შუა ემერჯენსში დაკარგა გონი. თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მასიური ინტრაცერებრალური სისხლდენა.

ნეიროქირურგებმა უარი თქვეს, ამას აღარაფერი ეშველებაო. გულის შეტევის მკურნალობას კი სისხლდენის ფონზე ვერ ჩაატარებდნენ.

კაცი კომაში იყო, ვეღარც გამოიღვიძა.

ორ დღეში გარდაიცვალა. ლევანს თითქმის აქამდე ესმოდა მისი შვილის გულისგამგმირავი ყვირილი როცა მამის სიკვდილის ამბავი გაიგო.

ლევანი ასე თუ ისე, ალბათ შეეჩვია სიკვდილს. ყოველ ჯერზე, როცა პაციენტი გარდაიცვლებოდა, გრძნობდა ცივი პროფესიონალიზმის ფონზე ადეკვატურ სიბრალულსა და სინანულს, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, რომ მაინც გულთან ახლოს აღარ მიეტანა. ამით მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებდა.

მერე კი იმაზე ქენჯნიდა სინდისი, რატომ უფრო არ განვიცდიო.

მაგრამ ერთი, რაც არასოდეს იცვლებოდა, იყო ის გაუგებარი, შინაგანი გაუცხოვების შეგრძნება, რომელიც ეუფლებოდა, როცა მის თვალწინ ადამიანის ნაცვლად გვამი იდო. ცივი, უსიცოცხლო, თითოეული უჯრედით მკვდარი, ხორცისა და ძვლების გაუგებარი, ერთმანეთზე უაზროდ ახორიალებული, აქტიურად ლპობადი მასა.

ერთი დღე თვითონაც ასეთი იქნებოდა. მასა და მეტი არაფერი. მკვდარი გონებით, დაუსრულებელ სივრცეში, ცნობიერების გარეშე.

თუმცა მისთვის სიკვდილი მხოლოდ საკუთარი თავისაგან შორს მყოფი, აბსტრაქტული ცნება იყო.

რატომღაც ჰანაჰაკიანი პაციენტი გაახსენდა. ერთი-ორ თვეში წამოეწეოდა მას სიკვდილი. ნეტავ როგორ უმკლავდებოდა ამ აზრს? აზრს რომ ასე მალე მოუწევდა საკუთარ თავსა და ყველაფერ გარშემომყოფს დამშვიდობებოდა?

-შეიძლება? – მოესმა უცებ და შეკრთა, სასწრაფოდ აიხედა ზემოთ.

ქეთი ღვინიაშვილი იდგა. სქელ პალტოში გახვეულიყო, თავზე გაბეწვილი ქუდი ჩამოეფხატა, ქუდის ქვეშ ჩამოშლილი მუქი, გრძელი თმა და სახის მარჯვენა ნაწილი დაისის სინათლეზე მოწითალოდ უპრიალებდა, იდგა და მისი დიდრონი თვალებით შემოჰყურებდა, სერიოზული, მშვიდი გამომეტყველებით.

ლევანს მყისიერად გამოუშრა ყელი.

-კი ბატონო, როგორ არა. დაბრძანდით. – თითქმის ავტომატურად წაიბურტყუნა მან, მის გვერდით ძელსკამზე მიუთითა.

ქეთი ღვინიაშვილმა სქელი, ფუმფულა ხელთათმანებით თოვლი გადაფერთხა და ჩამოჯდა.

ლევანმა თითები კალთაში ერთმანეთს გადააჭდო. ნერწყვი ძლივს გადაიტანა ყელში.

-თქვენობით ნუ მელაპარაკები. – თქვა ქალმა. – მგონი ჩემზე უმცროსი არ ხარ.

-არ ვარ. – სწრაფად უპასუხა ლევანმა. ვერც კი გაეგო, რა ხდებოდა. რატომ ელაპარაკებოდა ეს ქალი…?

-და არც ჩემი ექიმი ხარ. – განაგრძო ქეთი ღვინიაშვილმა.

-არა.

-რომ მითხარი, რამდენიმე თვეში გულზე კონტროლი გჭირდებაო, ეგ იქნება?

ლევანს კუნთი შეუტოკდა ყბაში, ქალს მოუტრიალდა.

ქეთი ღვინიაშვილი ოდნავ მოღუშული მიშტერებოდა.

-იქნება ეგ კონტროლი? – ნელა გაიმეორა მან, თითქოს ბავშვს ელაპარაკებაო. ლევანმა კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.

-ვერ გავიგე რას მეუბნებით. – თქვა მან ბოლოს.

-მაგ კონტროლამდე მივაღწევ თუ ვერა?

-არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. – თქვა ლევანმა. უხერხულად შეიშმუშნა. ვერ გაეგო, რა უნდოდა.

ქალმა თვალები მოჭუტა.

-თქვენობით ნუ მელაპარაკები. – თქვა მან. – და რატომ არ იცი, არ იცი რა მჭირს?

-თქვენი ექიმი არ ვარ. – უპასუხა ლევანმა. გათოშილ ხელებს ნერვიულად ისრესდა. მოუნდა წამომდგარიყო და უბრალოდ აქაურობას გაცლოდა, თუმცა ვერ ინძრეოდა, თითქოს ძელსკამზე მიელურსმა ვინმეს.

ქეთი ღვინიაშვილს დიდრონი თვალები კიდევ უფრო დაუწვრილდა, წარბები შეკრა. ცხვირი უკვე აქამდე ჰქონდა სიცივისაგან გაწითლებული, ახლა ლოყებიც შეეფაკლა, დაბნეულობასთან შეზავებული ბრაზი ეხატა სახეზე.

-თქვენობით ნუ მელაპარაკები. – გაიმეორა ქალმა. ლევანმა უფრო მაგრად დააჭირა ყბები ერთმანეთს, მძიმედ ამოიხვნეშა.

-კარგი. – ამოღეჭა მან.

-იცი რაც მჭირს. – განაგრძო ქეთი ღვინიაშვილმა. ისევ თავისას მიერეკებოდა, ვითომ აქაც არაფერიო. – იცი, რომ ეგ კონტროლი არ მეღირსება.

-თუ ეგრე გგონია, მე რატომღა მეკითხები? – მიუბრუნდა ლევანი.

-იმიტომ რომ ეკა ექიმი პირდაპირ სიმართლეს ერიდება. – თქვა ქალმა, ნიკაპი ასწია, დასავლეთისაკენ იყურებოდა, თვალები გაუშტერდა. – სიტყვა გადამიკრა რამდენჯერმე მხოლოდ. ძალიან ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. მინდა ვინმემ პირდაპირ მითხრას.

ლევანმა თავი მოატრიალა. თოვლს ჩააშტერდა.

-ალბათ ფიქრობ ახლა, პირდაპირ თქმას რა აზრი აქვსო. – თქვა ქეთი ღვინიაშვილმა. – შედეგი ხომ მაინც ერთი და იგივეა.

-არ ვიცი, ჩემგან რა გინდა. – უპასუხა ლევანმა, ქალს თვალი გაუსწორა. -მე მხოლოდ გამოკვლევა ჩაგიტარე, სხვა არაფერი.

ქეთიმ თავი გვერდზე გადააგდო, დაბნეული ჩანდა.

-აჰა. – თქვა მან. – მაგრამ შენ იცი რა მჭირს.

-კარგი, ვიცი. – ამოღერღა ლევანმა, ისე გრძნობდა თავს, თითქოს თითოეულ სიტყვას პირიდან ჰგლეჯენო. – ექოზე ჩანდა გულთან ახლოს ფესვები. ეს გამოკვლევის პასუხში მეწერა, უკვე ნახავდი. სხვა ვერაფერს გეტყვი.

-ინჰალატორების გარდა მართლა არაფერი მიშველის?

-არ ვიცი.

-ინჰალატორების გარდა ჰანაჰაკის დაავადების დროს სხვა მკურნალობა რა არსებობს? -კითხვა მოატრიალა ქალმა.

ლევანმა ყბა მოისრისა. ქეთის თვალდაუხამხამებლად შეჰყურებდა, ცდილობდა მისი გამომეტყველებიდან მისი ნამდვილი ფიქრები ამოეკითხა.

-ასე ძალიან გაინტერესებს? – ჰკითხა მან.

-არ უნდა მაინტერესებდეს?

-კარგი. თეორიულად, სხვა მკურნალობა არსებობს. ოპერაცია და ეგეთები.

-მე შეიძლება გამიკეთონ?

-არ ვიცი. შენს ექიმს უნდა ჰკითხო.

-უკვე ვკითხე. მითხრა, რომ ვნახავთ. ეგ პასუხი საერთოდ არ მომწონს. მინდა ვიცოდე, ვკვდები თუ არა.

-შენს ექიმს უნდა ჰკითხო, მე სხვა არაფერი ვიცი.

-მე მგონია რომ ვკვდები. რაც წავიკითხე, ყველა კვდება.

-ჰანაჰაკის დაავადება ძალიან მძიმე დაავადებაა, მაგრამ ყველა არ კვდება.

-ეგ კი ვიცი, მაგრამ მე… ანუ ვიცი რომ მე ვერ გამოვძვრები აქედან. – თქვა ქეთიმ. დიდრონი თვალები გაუფართოვდა, სახეზე ჩამოფარებული სიცივის ნიღაბი შეუთრთოლდა წამიერად. ლევანს დაჟინებით აჰყურებდა.

-რატომ? – ჰკითხა ლევანმა. ნერწყვი ძლივს გამომშრალ გადაიტანა ყელში.

-უბრალოდ არ გამომივა და მორჩა. – თქვა ქეთიმ, მერე კი იჭვნეულად გამოხედა. – ეგრე რატომ მიყურებ? რა, გეეჭვება? შენ არც კი მიცნობ.

-არ გიცნობ. არც შენ მიცნობ. რატომ მელაპარაკები? თუ სიმართლე გინდა, შენს ექიმს ჰკითხე.

-მე ვისაც მინდა, როცა მინდა, და რაზედაც მინდა, იმაზე დაველაპარაკები. ხომ ხვდები, დარჩენილი დროის მაქსიმალურად გამოყენება, თუ როგორც ამბობენ.

-თუ ეგრე გგონია, შენს ოჯახთან არ უნდა ატარებდე დროს?

-ვატარებ. ჩემ დასთან ვცხოვრობ ახლა. შენ მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს.

-და მე რატომ მეუბნები ამას? უცხო რომ ვარ, არ გეშინია?

-შენი არ მეშინია. და იმიტომ გეუბნები, რომ არ იფიქრო, რომ დაგდევ. უბრალოდ ისე მოხდა, რომ კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას ვიყავი, სადაც შენც იყავი. 100% შემთხვევითობა, რა.

-არც მიფიქრია, რომ დამდევდი. ვიფიქრე, რა უცნაური იქნება, იგივე უბანში რომ ცხოვრობდეს თქო.

-რატომ?

-იმიტომ რომ ეგეთი დამთხვევის შანსი ძალიან მცირეა. რა გამოდის, ისე მოხდა, რომ გამოკვლევაზე გამოგაგზავნეს მაინცდამაინც ჩემთან და მერე ისე აღმოჩნდა, რომ იგივე უბანში ცხოვრობ. თან აქამდე შეგამჩნევდი, აქ რომ გეცხოვრა.

-გამოკვლევას დღეში რამდენს აკეთებ?

-კვირაში სადღაც 8-10.

-და რამდენი ხანია მუშაობ? რამდენიმე წელი იქნება ხომ? ანუ რა გამოდის, ძალიან ბევრი გექნება გაკეთებული.

-ანუ რაკი ბევრი ადამიანი მყავს გამოკვლეული, ასეთი დიდი დამთხვევა არ გამოდის? რა მნიშვნელობა აქვს? მე დროის ფაქტორიც მაქვს თვალთახედვაში.

ქეთი უკან გადაიხარა, ინტერესით შეჰყურებდა.

ისევ გათოვდა, მის გაბეწვილ ქუდსა და გრძელ წაბლისფერ თმას ფიფქები დაეფინნენ.

-რატომ შემამჩნევდი? – იკითხა მან უცებ. -ანუ, შეგამჩნევდი, აქ რომ გეცხოვრაო. რატომ?

-ზოგადად. ასე თუ ისე დამინახავს, ვინ ცხოვრობს ახლომახლო.

-სხვა რამის გამო ხომ არა? – ჩაეძია ქეთი.

-სხვა რამე რა? – ჰკითხა ლევანმა. ბარძაყებზე იდაყვებით დაებჯინა, ხელები ერთმანეთს გადააჭდო, ქეთის თვალებსა და აწითლებულ ლოყებს შეჰყურებდა გამომცდელად.

ქეთი გაიბუსხა, წარბები შეკრა. რაღაცნაირად დასცქეროდა. დიდრონ თვალებში კვლავ დაბნეულობა გამოეხატა.

-არაფერი. – თქვა მან. – სხვა რა უნდა იყოს.

მერე კი წამოდგა, კალთა და მხრები გულითადად ჩამოიფერთხა.

მერე კი უსიტყვოდ შებრუნდა, გაკვალულ ბილიკს დაუყვა.

ლევანი არ განძრეულა, გაშეშებული იჯდა და მის ზურგს მიშტერებოდა. ისე ანაზდად შეწყდა მათი საუბარი, რომ უცნაური გრძნობა დაუტოვა მკერდში. თითქოს მწყურვალს ახლოს მდგომი წყლით სავსე ჭიქა გამოაცალესო ხელიდან.

 ვერც კი გაეგო რა მოხდა. რამ წამოუარა ამ ქალს, რომ მოუნდა მას დალაპარაკებოდა? ნუთუ მართლა რაც პირველი მოუვიდოდა თავში იმას აკეთებდა, რაკი უკვე შეგუებოდა თავისი დიაგნოზის გარდაუვალობას?

საკუთარი თავის გაუკვირდა, რომ მას ასე აჰყვა. თუმცა ასეთი უცნაური რამ არც არასოდეს დამართნოდა. ადრე რომ ვინმეს ეკითხა, ვიღაც უცნობი ადამიანი, რომელსაც ოდესღაც ერთი გამოკვლევა ჩაუტარე, რომ ქუჩაში მოვიდეს და საკუთარ თავზე დაგიწყოს ლაპარაკი, რას იფიქრებდი ან რას იზამდიო, ალბათ ეტყოდა, ხმას არც გავცემდი, გავეცლებოდიო.

თავიდან კი იფიქრა გაცლა, მაგრამ მათი საუბრის დროს ამის სურვილი ისე მყისიერად გაუქრა, რომ ვერც კი შეამჩნია.

ფეიერვერკების ხათქუნი გაისმოდა, ცაზე ფერადი ნაპერწკლები სკდებოდნენ. ათასფერად აელვებულ გაკვალულ ბილიკზე, შორს, ნაძვის ზროზე ხელი მიებჯინა ქეთის. წელში ოდნავ მოხრილიყო, და თუმცაღა ფეიერვერკების ბათქის ფონზე სხვა არაფერი ესმოდა ლევანს, აშკარა იყო, რომ ახველებდა ძლიერად.

წარბები შეეკრა ახალგაზრდა კაცს, ფეხზე წამოდგა.

ქეთი გასწორდა, ალბათ ხველებამ გაუარა და ადგილს შეეყინა ლევანი. ქალი ნელი ნაბიჯით დაუყვა ბილიკს, მალევე მიეფარა თვალს.

ნაძვის გვერდით ქათქათა თოვლი წითლად მოწინწკლულიყო.

II – MRI

-*-*-*-*-*-*-*-

-10.01.2025 –

დღეები წესით უკვე უნდა დაგრძელებულიყვნენ, მაგრამ ლევანი დანამდვილებით იტყოდა, რომ ეს ჯერ ვერ ეგრძნო. სიბნელეში დგებოდა, სამზარეულოს პაწაწინა, ჭერზე მოქანავე ნათურის ფონზე გაიმზადებდა საუზმეს, ფაცაფუცით ჩაალაგებდა ჩანთას და ისე გადიოდა სამსახურში, რომ მხოლოდღა აღმოსავლეთით იისფრად აღუებულ ცას თუ დაინახავდა. საღამოს კი, მთელი დღის მუშაობისაგან გამოფიტული, თუ საკმარისი ენერგია დარჩებოდა, სავარჯიშო დარბაზში ანდა საჭმელზე გაივლიდა, ანდა პირდაპირ სახლში მიდიოდა. სახლში წასვლისას ყოველთვის ან საღამო იდგა, ანდა უკვე გვარიანად დაბნელებულიყო. დღის სინათლეს სამსახურში ვერ ხედავდა, რადგან განყოფილებას ფანჯრები არ გააჩნდა.

არ უყვარდა მუდმივი ღამე. იფიტებოდა, დილით ძლივს დგებოდა, ღამით კი კარგა ხანი ვერ იძინებდა. რთული იყო მუდმივ დაღლილობასთან გამკლავება. პაციენტები და კოლეგებიღა აძლევდნენ მოტივაციას, თუმცა გრძნობდა, გადაწვასთან ახლოს იყო, თუმცა ისიც იცოდა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებდა დატვირთვის შემცირებას. სტაციონარი, მორიგეობა, პოლიკლინიკა და გამოკვლევები დროდადრო ოთხ ფრონტად ეჩვენებოდა, სადაც საბრძოლველად ძალები გაჭირვებით ჰყოფნიდა. შვებულება ნახევარ წელიწადში ჰქონდა დაგეგმილი, მთელი ბოლო ორი კვირა კი ფაქტიურად ყოველდღე ეგდო სამსახურში ექვს საათამდე, მორიგეობებს თუ არ ჩათვლიდა.

გარეთ მუდმივი ღამე იდგა. გაუსაძლისად ყინავდა, დილით მინუს ათი გრადუსი გამოეცხადებინათ. საავადმყოფოს პარკინგზე უკვე აენთოთ ლამპიონები. ბარდნიდა, ყინვას ქარბუქი დამატებოდა, გამყინავი ქარი გამეტებით ახლიდა ფიფქებს აქეთ-იქით. ფანტელები ლამპიონების შუქთა ქვეშ პაწაწინა, ცივ ნაპერწკლებს წააგავდნენ.

ჭირხლი სქლად მოსდებოდა საავადმყოფოს კარს. ლევანმა წამიერად მოათვალიერა ჭირხლის მიერ მოჩუქურთმებული მინა, სანამ ხელთათმანებსა და შარფს ისწორებდა. კარი შეაღო, მჭახე ჰაერი შემოეხვია წამსვე. ჯიბეში მანქანის გასაღებს მოუფათურა ხელი, კიბეებზე ჩაირბინა.

მერე კი იგრძნო.

ვიღაც უყურებდა.

მოტრიალდა. კიბეების მარჯვნივ, საავადმყოფოს გადახურული შემოსასვლელის საყრდენად აღმართულ, თოვლით შებუმბლულ სვეტებს შორის, შემაღლებულ, საღებავშემოფრცქვნილ კიდეზე ჩაყუნცული იჯდა ქეთი. გაბეწვილ ქუდსა და მუხლებზე შემოხვეულ მკლავებზე სქლად ედო თოვლი. სახე მკლავებში ჩაერგო სანახევროდ, ქუდი წარბებამდე ჩამოფხატოდა. ლევანს უცქეროდა მისი დიდრონი თვალებით, რომლებიც თაფლისფერის მაგივრად სვეტებს შორის ჩამოწოლილ ჩრდილში თითქმის შავად დაფერილიყვნენ.

რამდენიმე წამმა სიჩუმეში გაიარა. მხოლოდ ქარბუქის შუილი ისმოდა, გარშემო რომ თოვლს ხვეტდა დაუსვენებლად.

-აქ რა გინდათ? – ამოღერღა ლევანმა. – რას აკეთებთ?

ქეთიმ ხმა არ გასცა, მაგრამ განუწყვეტლივ მიშტერებოდა, თვალის დაუხამხამებლად.

-რა იყოთ, არ გესმით ჩემი? – ჩაეძია ლევანი.

-არა, სანამ თქვენობით მელაპარაკები.

ლევანმა წარბები აზიდა, ამოიხვნეშა.

-კარგი. რას აკეთებ?

-ვზივარ. – მიუგო ქეთიმ. მის ხმას ძლივს არჩევდა ლევანი, მიუახლოვდა. მაღალზე იჯდა ქალი, კიდესთან მდგარი ახალგაზრდა კაცი მის სახეს აჰყურებდა.

-მართლა. ვერც კი შევამჩნიე. – სარკასტულად მიუგო ლევანმა. – და რამდენი ხანია ზიხარ?

ქეთიმ თვალები მოჭუტა.

-არ ვიცი. ალბათ ნახევარი საათია. დრო არ მინახავს, ტელეფონი დამიჯდა.

ლევანმა საათზე დაიხედა. ექვსის ოცი წუთი იყო. რას აკეთებდა ეს გოგო აქ ასე გვიან?

-ექიმთან იყავი?

-კი.

-პოლიკლინიკა ოთხ საათამდეა.

-გამოკვლევაზე ვიყავი. მაგნეტური… თუ რაც ქვია, ის გადამიღეს. ექიმთან მისვლად არ ითვლება?

აჰა. ლევანს გაახსენდა, ეკა სადღაც ერთი კვირის წინ ეუბნებოდა, უფრო დეტალურად უნდა გამოვიკვლიო, ულმიდან მირჩიესო.

-და რას აპირებ?

-რას უნდა ვაპირებდე? ვზივარ, ხომ ხედავ.

-ამ ამინდში აქ ჯდომას აპირებ? – ჩაეძია ლევანი, წარბები აზიდა. – გაიყინები აქ.

-ზატო საავადმყოფო აქვეა, თუ რამე. – თქვა ქეთიმ, თვალების კუთხეებში პაწაწინა ნაოჭები გაუჩნდა, აშკარა იყო რომ იღიმებოდა.

-გვიანია, შუაღამემდე აქედან არავინ გამოვა და რაღა აზრი აქვს საავადმყოფოსთან ჯდომას? შენი დაავადებისთვის ასეთი ცივი ჰაერი საერთოდ არაა მგონი კარგი. გაიყინები.

-იქნებ მინდა გავიყინო. კარგი ისედაც აღარაფერია ჩემთვის.

ლევანი უსიტყვოდ ააშტერდა წამიერად. ყურებში ქარბუქი უწიოდა, გრძნობდა, როგორ მოესუსხა კანი. ვერც კი წარმოედგინა ამ ამინდში ნახევარი საათი გარეთ ყოფნა.

და არც კი იცოდა, ქეთის სიტყვებზე რა ეფიქრა. ეხამუშა ის, რომ ასეთი შეგუებული ჩანდა თავის ბედთან ეს ახალგაზრდა ქალი.

არჩია დაეიგნორებინა.

-სახლში წადი. – თქვა მან.

ქეთი თვალებში უყურებდა.

-მეზარება. – ამოიხვნეშა მან. – დავიღალე. არ მინდა მაგდენი სიარული.

-შენ რა, გოგიჩიძედან აქამდე ფეხით დადიხარ? ერთი საათი არაა ფეხით?

-ნელ-ნელა დავდივარ. ხშირად ვისვენებ. სიარული თუ აღარ შემიძლია, აზრი?

-შეგიძლია. მაგრამ ასეთი მანძილის ფეხით გავლას ამ ქარბუქში მაინც არ გირჩევდი.

ქეთი უყურებდა. მკლავები ჩამოაცურა მუხლებიდან, უხეშად შელესილ ბეტონის კიდეს დაეყრდნო თავისი ფუმფულა ხელთათმანებით. ლოყები და ცხვირი წითლად აღვივებოდა, ტუჩებზე კი უკვე მოლურჯო ფერი ედო. ფეხები ნელ-ნელა გაასწორა, კიდეზე ჩამოცურდა.

წელზე ხელები შეაშველა ჩამოხტომისას ლევანმა.

სწრაფად გაეცალა და წელში გასწორდა ქეთი, ჭიშკრისაკენ გაალაჯა. მუქ თმას ლამპიონების შუქზე ოქროსფერი დასდებოდა.

-მეტროთი წახვალ? – გვერდით ამოუდგა ლევანი.

-არ მინდა მეტროთი. ნელა ვივლი.

ლევანმა თავი გადააქნია, ფრთხილად მოჰკიდა პალტოს სახელოზე ხელი. ქეთი წამსვე შედგა, ჯერ მის ხელს დააცქერდა, მერე კი გაოცებულმა ახედა.

-სადმე ნამქერში დაგმარხავს ეს ამინდი, მთლად გალურჯებული ხარ. – უთხრა ლევანმა. – შენ დასთან რჩები ახლა ხომ? მე გაგიყვან სახლში, მაინც იქეთ მივდივარ.

ქეთიმ თვალები გააცეცა, თითქოს გასაქცევ გზას ეძებსო. უკან დაიხია ლევანმა, ხელი უშვა და ჯიბეში ჩაიდო, როცა მიხვდა, თუ რა შეიძლებოდა ეფიქრა ახალგაზრდა ქალს.

-თუარადა ტაქსს გამოგიძახებ. – თქვა მან. – ოღონდ ასე სახლში ნუ წახვალ, რა.

ქეთიმ მკლავები მოიხვია წელზე, იჭვნეულად აჰყურებდა.

-კარგი. – თქვა მან ბოლოს. – გამიყვანე მაშინ.

ქარი ისევ გლეჯდა შემოგარენს. ციბრუტივით ტრიალებდნენ თავგზააბნეული, ოქროსფრად დაფერილი ფიფქები, საპარკინგო მოედანის კუთხეში მიყენებულ ძველ ლურჯ ჰონდას ეხლებოდნენ ზედ, რომელსაც უკვე ბოხოხად ედგა სახურავზე თოვლი. კარი გააღო ლევანმა, მანქანა დაქოქა და გათბობას ბოლომდე აუწია, მერე კი, სანამ ქეთი გაბლიკულ მანქანაში იჯდა, თვითონ თითქმის უშედეგოდ, რამდენადაც შეეძლო ფხეკდა საქარე მინაზე შეყინულ თოვლს.

როცა შედეგით დაკმაყოფილდა, მანქანაში ჩაჯდა, საფხეკი უკანა სავარძელზე გადააგდო. ღვედი შეიკრა, მანქანა მოედნიდან გამოიყვანა.

ოქროსფრად განათებულ მთავარ ქუჩას დაადგნენ.

მანქანაში სიჩუმე ჩამოწოლილიყო, ქარბუქის წუილს ფანჯრები ახშობდნენ. ჩართული გათბობის მიუხედავად სასტიკად ყინავდა.

ლევანმა ქეთის გადახედა წამიერად. ხელები იღლიებში შეერგო ქალს,  ნიკაპი ოდნავ უკანკალებდა.

ყელი უხერხულად ჩაიწმინდა ლევანმა.

-მუსიკა გინდა? – ჰკითხა მან.

-კი. – სწრაფად უპასუხა ქეთიმ.

რადიო ჩართო ლევანმა. რაღაც შაბლონური, თითქოს აქამდე ათასჯერ მოსმენილი პოპ-სიმღერის დანჯღრეული ნოტები გადმოიფრქვა სალონში.

ტრასაზე მიქროდნენ. ჰაერში მოფარფატე, ნაპერწკლებად ანთებული ფანტელებისა და მუდმივი ღამის ჩრდილი დასდებოდათ, სანამ მანქანას ლამპიონების თბილი ნარინჯისფერი სინათლის ზოლი არ გადაუვლიდა. ქუდის ქვეშ ქეთის მუქად შებურული თვალები არაფრისმეტყველად იმზირებოდნენ.

უხერხულ სიჩუმეს ვერასოდეს იტანდა ლევანი.

-შენ დასთან გადახვედი საცხოვრებლად? – ჰკითხა მან.

-ჰო.

-და რატომ?

-მარტო არ მინდოდა და იმიტომ.

მათ შორის კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. რადიოდან ვიღაც ცუდად მომღერალი თავისას გაჰკიოდა გამალებით.

-შენს ინჰალატორს იყენებ? – ჰკითხა ლევანმა და წამსვე დასწყევლა საკუთარი თავი, ასეთ იდიოტობებს რომ ეკითხებოდა, რაც მისი საქმე საერთოდ არ იყო. საკუთარ ენას ვეღარ აკონტროლებდა თითქოს.

-კი, ყოველდღე. ჩემმა ექიმმა გითხრა, გააკონტროლეო თუ რა?

-არა რა თქმა უნდა. ისე გკითხე.

-სადღაც გერმანიაში მართლა გააგზავნა წერილი ჩემზე?

-თუ გითხრა, რომ გააგზავნა ესე იგი გააგზავნა. იქ ჰანაჰაკის შემთხვევებში გამოცდილი კლინიკაა.

-და რატომ გააგზავნა? ხომ იცის რომ არაფერი მიშველის.

ლევანს რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. მუსიკას უსმენდა და ფიქრობდა, რა ეპასუხა.

-არ ვიცი. ვწუხვარ. – თქვა ბოლოს.

-შენ რატომ წუხხარ. დაივიწყე.

-რატომ არ უნდა ვწუხდე?

-იმიტომ რომ არ მიცნობ. რა, იმის გამო წუხხარ ამწუთას ვიღაც სადღაც რომ კვდება?

-შენ ვიღაც არ ხარ. და არ კვდები.

-ეგ ჯერჯერობით.

ტუჩი მოიკვნიტა ლევანმა. ქეთის გადახედა, რომელიც ცივად ასცქეროდა. სალონის ჩრდილსა და ლამპიონების მოყვითალო, ავადმყოფური სინათლის ფონზე ლოყები ჩაცვენილი უჩანდა, თვალების ქვეშ უპეები ჩამუქებოდა.

-ბევრი პაციენტი გარდაგცვლია შენ?

-საკმაოდ.

-მერე რაო, სიკვდილის წინ რას შვებიან?

-ზოგადად ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ არც არაფერს.

-არ გეუბნებიან მაინც, რა უნდოდათ ან რა უნდათ?

-ახლობლების ნახვა უნდათ ყველაზე ხშირად.

-აჰა. აი მე კიდევ მეგონა, რაღაცნაირ „ბაქეთ ლისტს“ გავაკეთებდი. აი სიკვდილის წინ რომ სურვილების ასრულება უნდათ და ათასნაირ სისულელეებს აკეთებენ. – თქვა ქალმა, თვალი აარიდა. -მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს. რაც მინდოდა, ყველაფერი გადამავიწყდა. არც გეგმები მაქვს და არც არაფერი. არც ჭამა მინდა, არც სმა. ღამე არ მძინავს და არც მინდა ძილი. მინდა ვიჯდე და არაფერი ვაკეთო მაგრამ ეგრეც არ შემიძლია.

ლევანს არაფერი უთქვამს. რატომღაც იგრძნო, რომ მისი ნებისმიერი კომენტარი აქ უადგილო იქნებოდა.

-იმაზე ვფიქრობ, მერე რა იქნება. საერთოდ არ მომწონს მაგაზე ფიქრი მაგრამ მეფიქრება და რა ვქნა? ჩემი და კი მეუბნება, ვინმესთან მიდი და დაელაპარაკეო, ანუ… მეუფეო, ფსიქოლოგიო, მაგრამ აზრი? სანამ შემეძლება ვიქნები ჩემთვის. მარტო მირჩევნია ვიყო.

წამიერად გაჩუმდა ქეთი, მერე კი მთელი სხეულით მოუტრიალდა, ინტერესით აღსავსე თვალები მიაპყრო.

-თქვენს კლინიკაში ვინმე რომ კვდება, მორფს უკეთებთ?

-ვუკეთებთ. რომ კომფორტულად იყვნენ.

-კარგია, მაშინ თქვენთან მოვალ. არ მინდა რამე გავიგო, მინდა მშვიდად მოვკვდე.

-კარგი რა.

-რა კარგი რა. შენ რა იცი? არც არაფერი გაგეგება. ნახევრად მკვდრებს რომ მკურნალობ, იმას კი არ ნიშნავს რომ იცი, რაზე ფიქრობენ. ვერც კი წარმოგიდგენია. ალბათ არც გაინტერესებს.

-კარგი. არ ვიცი.

ქეთი გაჩუმდა. ღრმად, მძიმედ სუნთქავდა.

ტრასიდან გადაუხვია ლევანმა. შორს მათი უბნის მაღალ-მაღალი, ოქროსფრად დაკოპლილი შენობები მოჩანდა.

-მაპატიე. – თქვა უცებ ქეთიმ. გაოცებით გადმოხედა ლევანმა.

-რისთვის?

-რაღაცამ წამომიარა. არ უნდა მეთქვა, რაც ვთქვი. დარწმუნებული ვარ რომ კარგი ექიმი ხარ. 

-შენ არ ამბობდი, როცა მინდა, რასაც მინდა, იმას ვიტყვიო?

ქეთიმ არაფერი უპასუხა. პაწაწინა ღიმილმა შეუტოკა ტუჩის კუთხეები. საპასუხოდ გაუღიმა ლევანმა.

ხელები იმდენად აღარ ეყინებოდა საჭეზე.

-გათბი? – ჰკითხა მან.

-კი. ახლა აქედან დამეზარება განძრევა. – გაიბუსხა ქეთი. ლევანს ისევ გაეღიმა, თავი გადააქნია.

გოგიჩიძის ქუჩაზე შეუხვიეს, აღმართს რახრახით შეუდგა მანქანა. მათ თვალწინ აისვეტნენ თითქოს ცაში აწვდენილი ვეებერთელა კორპუსები.

ეზოში შეიყვანა მანქანა ლევანმა, ქეთის კორპუსის შესასვლელთან ახლოს მიაყენა. ძრავი გამორთო. წამსვე გაქრა რადიოდან მომავალი მომღერლის კივილი, სიჩუმე ჩამოწვა.

ქეთის თავი მიეტრიალებინა, კორპუსის შემოსასვლელს უყურებდა.

თავიანთ ძელსკამებზე, ქარბუქის მიუხედავად, მებირჟავეებს მოეკალათებინათ. ერთი გამალებით ცდილობდა, თუმცაღა უშედეგოდ, სიგარეტზე მოეკიდებინა. დანარჩენები კი, ხუთიოდე კაცი, მათ შემოჰყურებდნენ. ეტყობა დააინტერესათ, ვინ მოვიდაო, ვისთან ერთად მოვიდაო.

ქეთიმ მათ თვალი მოარიდა. ღვედი შეიხსნა.

-ბინამდე აგაცილებ. – თქვა უცებ ლევანმა. – თუ გინდა.

-რატომ?

ლევანმა კაცებზე მიუთითა, რომლებიც ჯერ კიდევ დაჟინებით დაშტერებოდნენ. აშკარად ცდილობდნენ გაერკვიათ, ჩაბნელებულ სალონში ვინ იჯდა.

-მაგათმა ჭორიკნობის მეტი არაფერი იციან. ილაპარაკებენ.

-მერე რა? ილაპარაკონ რამდენიც უნდათ. მე და შენ არაფერი დაგვაკლდება.

ქეთიმ გამოხედა, მხრები აიჩეჩა რაღაცნაირი, ირონიული გამომეტყველებით, მერე კი მანქანის კარი გააღო.

გადავიდა და იქვე აიტუზა, სანამ ლევანი მანქანას ჩაკეტავდა.

კორპუსისაკენ ერთად გაემართნენ. ქეთი ოდნავ უკან და გვერდით მიჰყვებოდა, თითქოს მის მხარს ეფარებაო. ბნელოდა, გარემოს მხოლოდ კანტიკუნტად კორპუსთა ფანჯრებიდან გადმოღვრილი სინათლე ანათებდა. მობირჟავეებიდან ერთ-ერთი თვალის დაუხამხამებლად დასცქეროდა ქეთის. უფრო გადაეფარა ქალს ლევანი და დაჟინებით დააცქერდა კაცს, სანამ ის უხერხულად არ შეიშმუშნა და პირი იბრუნა.

სადარბაზოს შესასვლელში სწრაფად გაიარეს, ქეთის გზა დაუთმო ლევანმა, კიბეებზე აჰყვა.

კორპუსებში ლიფტი არ ჰქონდათ. კიბეებზე რამდენჯერმე შედგა ქეთი, სული მოითქვა.

მესამე სართულზე შეჩერდნენ, ძველ, რკინის კართან, რომელზეც ოქროსფრად მბზინვარე ციფრი 7 მიეწებებინათ. კედლებზე ძველი მომწვანო საღებავი ჩამოქლექილიყო, კუთხეში ათასნაირი ნაგავი ეყარა. მათ თავზემოთ პაწაწინა ნათურა ძლივს ბჟუტავდა.

-ვსო, მოვედით. – თქვა ქეთიმ. ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო, ლევანს ასცქეროდა თავისი დიდრონი თვალებით. ტუჩებზე მოლურჯო ფერი აღარ ედო, ვარდისფრად აღუებოდა, ოღონდ ყინვისაგან ჰქონდა დახეთქილი. – მადლობა რომ გამომიყვანე.

-რისი მადლობა. ეცადე ასეთ ყინვაში გარეთ არ გაჩერდე რა.

-ისევ მოხვალ რომ გავჩერდე? – ირონიულად ჰკითხა ქეთიმ.

წარბები აზიდა ლევანმა. ამ კითხვას რაღაცნაირი სიმძიმე დასდევდა.

-თუ ისე მოხდება, რომ მაგ დროს გამოვდივარ სამსახურიდან, კი. – თქვა ბოლოს. ქეთიმ უხერხულად გაიღიმა, თავი დაუქნია.

-კარგი, ახლა შენ წადი სახლში. – თქვა ქალმა.

მათ უკან ძველი, ანჯამებში ჩაჟანგული კარი გაჭრიალდა და გაიღო, სანამ ლევანი რამეს უპასუხებდა. ზღურბლზე ახალგაზრდა, შავგვრემანი ქალი გამოჩნდა, რომელმაც ჯერ ქეთის მიაბჯინა მზერა, მერე ლევანს ახედ-ახედა იჭვნეულად.

-ლაპარაკი გავიგე. – თქვა მან. – ვინ ხარ? რა გინდა? – შეუტია ლევანს.

-ყველგან ნუ ძვრები შენ, არაა საჭირო ყველაფერი იცოდე! – თქვა ქეთიმ, ქალს ხელი ოდნავ უბიძგა, ლევანს უცნაური, დამფრთხალი გამომეტყველებით გამოხედა და შიგნით შეაბიჯა.

სანამ კარი მიიხურებოდა, წინ გადაიწია ლევანი.

-მოიცადე ორი წამით. – თქვა მან. ადგილს მიეყინა ქეთი, ის შავგვრემანი ქალი, რომელიც აშკარად მისი და იყო, უნდობლად დააშტერდა.

წამიერად გაიფიქრა ლევანმა, ტელეფონს ვთხოვო, მაგრამ როცა ქეთის გაოცებულ დიდრონ თვალებს წააწყდა, მაშინვე გადაიფიქრა. ჯიბეები მოიჩხრიკა, გულისჯიბიდან ამოაცურა მისი განუყრელი ბლოკნოტი, ზედ მიმაგრებული პაწაწინა კალმით. თავისი ტელეფონის ნომერი დაწერა ცარიელ ფურცელზე და ამოგლიჯა, ქეთის გაუწოდა.

-ყოველი შემთხვევისათვის. – თქვა მან. – თუ არასწორ დროს გამოვალ სამსახურიდან. მოკლედ… რამე თუ დაგჭირდა, დამირეკე.

ქეთი უცნაურად უყურებდა. ფურცელი უსიტყვოდ გამოართვა, მიბრუნდა და კარი მოიხურა. შიგნიდან წამსვე ხმამაღალი ლაპარაკის ხმა მოესმა ლევანს, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია.

მობრუნდა და სირბილით დაეშვა კიბეებზე.

წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ გააკეთა ის, რაც ახლა გააკეთა. ასეთ სისულელეებს არ სჩადიოდა, განსაკუთრებით ვიღაც უცხო ქალისათვის. ისევ რაღაცამ წამოუარა, თითქოს საკუთარ თავს ვერც აკონტროლებდა.

მებირჟავეებს გვერდით ჩაუქროლა, მათი დაჟინებული მზერისათვის ყურადღება არ მიუქცევია. ქარბუქის სუსხი ვერც კი იგრძნო, ისე გადაჭრა ეზო და თავისი კორპუსის კიბეებზე აიჭრა.

ან ეს ტელეფონის ნომრის ამბავი რა იყო? ალბათ მთლად დააფრთხო ქეთი.

უკვე ნანობდა თავის იდიოტურ საქციელს. რა იქნებოდა, რომ საავადმყოფოდან გამოსვლისას უკან არ მოეხედა და პირდაპირ სახლში წამოსულიყო.

არა, არა არა. ქეთი იქ კარგა ხანი იჯდა, მარტო. ერთიანად გალურჯებული. შეიძლებოდა მთლად გაყინულიყო. აშკარად ტანმა უგრძნო ლევანს. კარგი იყო, უკან რომ მოიხედა. 

-*-*-*-*-*-*-*-*-

– 18.01.2025 –

ლევანის მაცივარი რატომღაც გამოაცარიელეს და გამოწმინდეს, მაგრამ მას ამისათვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია. სახლში არც პური იყო და არც მარილი, მხოლოდ კედლები. სახლს არც იატაკი ჰქონდა, გაბზარული მინა დაეგოთ, რომელშიც ლევანი თავისუფლად ხედავდა, თუ რა ხდებოდა ქვემოთ. თუმცა ქვემოთ არც იყურებოდა, ის უფრო აინტერესებდა ეზოში მშენებარე სასახლეს როდის დაამთავრებდნენ. იდგა ლევანი და უყურებდა. ჰაერში ვეებერთელა მწერები დაფრინავდნენ, ქვებს მიათრევდნენ და ერთმანეთზე აწყობდნენ, თუ ქვები არ ჰყოფნიდათ, თვითონ იქცეოდნენ ქვებად, სანამ ქვის კოშკები არ აიჭრნენ ცაში. ერთ-ერთ კოშკურაში ლევანი ქალს ხედავდა, ლამაზ, მუქთმიან ქალს, მერე კი მიხვდა, რომ ქალის თვალებიდან ხედავდა საკუთარ თავს მიწაზე, მისი თვალებიდან დანახვა ყოველთვის შეეძლებოდა. მისი სხეული კი, სანამ ქალის თვალებიდან იყურებოდა, მომწვანო მასად იქცა და მიწაში ჩადნა, იგივე ადგილიდან მწერები ამოფრინდნენ თავიანთი ქვებით, მერე კი მაღალი ბალახი ამობიბინდა.

სარდაფში აღმოჩნდა. ბნელოდა, სიპი ქვა იყო მხოლოდ გარშემო. ისეთი შეგრძნება დარჩა, რომ ეს სარდაფი პირიქით, სადღაც ზემოთ, სასახლის კოშკურაში იყო. ფანჯარას მიაგნო და ზედ გადებულ წვრილ ღერძზე გადაიარა, სანამ ექთნები ურეკავდნენ, სად ხართ, მოდითო. გადახტა და ქვემოთ ჩაფრინდა, ოფისის მსგავს დერეფანში აღმოჩნდა, სადაც სხვა ხალხის ყურისწამღებ ორომტრიალში ის მუქთმიანი ქალი დაინახა, და რატომღაც იცოდა, რომ მას საიდანღაც იცნობდა. მივიდა და გამოელაპარაკა.

-თქვენ თამთა ხართ თუ სალომე?

-მე ტყუპი ვარ. – უპასუხა ქალმა. ლევანმა საპასუხოდ გაუღიმა.

-წავიდეთ. – უთხრა მან, ხელი მოჰკიდა, ლიფტში შევიდნენ. ლევანი მას ზურგზე მაგრად მოეხვია, მისი ნაზი კისერი ტუჩებზე შეიგრძნო. ძალიან თბილი იყო ქალის სხეული, მისი ჩახუტება კი ყველაზე კომფორტული რამ, რაც კი ოდესმე განეცადა. ხელი ჩაჰკიდა ქალს, და ლიფტიდან მაღალ მობიბინე ბალახში გავიდნენ. ფრთიანი ვეშაპები დაცურავდნენ ხეებს შორის, მათთვის ცალთვალა მეკობრეებს მოედოთ ლაგამი, დასჭყიოდნენ. ქალის თმას ყოველ მოძრაობაზე პაწაწინა ბრწყინვალები, თითქოს ნაპერწკლები სცვიოდა, რომლებიც ციცინათელებად იქცნენ და ბალახში გაერივნენ, და ლევანი ისევ ქალის თვალებიდან ხედავდა საკუთარ თავს, მის გვერდით აღმართულს.

მერე ხელი გაიწვდინა, უნდოდა ქალი დაეხატა. ქალის ტილო მის წინაშე ანაზდად გაიდღლაბნა, ფერები ერთმანეთში აირივნენ და გალაქტიკებით სავსე კოსმოსის სახე მიიღეს, რომელიც გაფართოვდა, გაფართოვდა, გაფართოვდა, სანამ მთელი ცა არ გაავსო. თავის ხელს დახედა ლევანმა, რომელიც ასევე კოსმოსად ქცეულიყო, თითქოს მისით საზრდოობდნენ ვარსკვლავური სუპერნოვები. ქალს მისთვის ხელი ჩაეკიდა, მეორე მკლავი ზემოთ აეზიდა და სხვადასხვა გალაქტიკებს აჩვენებდა, სანამ მათ თავზე ნაპერწკლების წვიმა ცვიოდა ციდან, თუმცა მას ლევანი ვერც კი გრძნობდა. ქალის თვალებს და მათში არეკლილ გალაქტიკებს უყურებდა მხოლოდ, და მათ გარშემო ქაოსურად ტრიალებდა და გრგვინავდა კოსმოსი, სანამ ქალის თბილი, პატარა ხელი არ გადნა და მისი სხეული მიწაში არ ჩაიღვარა.

მთაზე თოვლი იდო ლილოჭრელივით, მიწა თბილი იყო, მაგრამ თოვლს არ ადნობდა, რადგან თოვლიც თბილი იყო. მთის თავზე იდგა მარტო ლევანი, და ხედავდა, როგორ მიედინებოდნენ ნაკადულები მთის თავიდან ქვემოთ. ნაკადულებზე ხალხი სრიალებდა. თვითონაც ჩაჰყვა ნაკადულს ლევანი, და წითელ ტბაში შეცურა, რომელსაც ოხშივარი ასდიოდა, მერე კი მინდორზე რამდენიმე პიროვნება შენიშნა. მათ შორის ერთ-ერთი ის ქალი იყო, რომელიც მისი დანახვისას სასწრაფოდ მისკენ გამოეშურა.

-სად იყავი? – ჰკითხა ლევანმა. ქალმა თავი გვერდზე გადააგდო, ინტერესით უყურებდა.

-მთელი დღე აქ ვიყავი. – თქვა მან, მაგრამ მისი თვალებიდან საკუთარ თავს უყურებდა ლევანი და მიხვდა, რომ ეჭვი ეპარებოდა რომ თვითონ აქ არ იყო, ამიტომ სასწრაფოდ გაეცალა, დაყვინთა და გაცურა.

ოხშივარადენილი ტბის ზედაპირის ქვეშ კოშკურებს აშენებდნენ ვეშაპები.

თვალები ანაზდად გაახილა ლევანმა.

ზურგზე იწვა. ოთახში ბნელოდა. მხოლოდ საათის ჩუმი ტიკტიკი და საკუთარი მძლავრი, სწრაფი გულისცემა უგუგუნებდა ყურებში.

წამსვე წამოიწია, ლოგინის თავს მიეყუდა, სახე მოისრისა. ძილისწინ ფანჯარაზე ფარდები ჩამოეფარებინა, მათ შორის დარჩენილი მომცრო ჭრილიდან მუქი იისფერი ცა, ზედ გაბნეული თითოოროლა ვარსკვლავი, და მარჯვნიდან მომავალი მკრთალი, ლამპიონის ნარინჯისფერი შუქი ჩანდა. შორს, ეზოს პირზე ხეებს გლეჯდა ქარი, ოდნავი ზუზუნი გაისმოდა სავენტილაციო სისტემიდან.

ტელეფონს სწვდა ლევანი და ჩართო, უცაბედ სინათლეზე მოჭუტა თვალები.

05:17.

კიდევ კარგი შაბათი იყო. და მორიგეობა არ ჰქონდა.

ტელეფონი გვერდით გადააგდო და ღმუილით წამოწვა. ჯერ გვერდზე გადატრიალდა. მერე ისევ ზურგზე, თვალებზე მაგრად მიიჭირა ხელისგულები.

უცნაური, გაუგებარი სიზმრები სულ ჰქონდა, რაც თავი ახსოვდა. მაგრამ ეს რაღას ნიშნავდა? რაღაცას ცდილობდა გამკლავებოდა მისი ტვინი, უნდოდა ინფორმაცია დაელაგებინა, მაგრამ რა და როგორ, ვერ გაეგო და ვერც ვერაფერს გაიგებდა.

ისეთი ცოცხალი და რეალური იყო სიზმარი, რომ ახლაც კი, თვალები რომ დაეხუჭა, დეტალურად ხედავდა თითოეულ მომენტს. ცაში გადაშლილი, გადღლაბნილი ტილო, რომლისაგანაც კოსმოსი წარმოიშვა, მის ხელთან შეერთებული, წითელი ტბის გოგირდოვანი სურნელი, და უმასობის შეგრძნება, როცა იმ წვრილი ღერძიდან ქვემოთ მიფრინავდა.

მაგრამ ყველაზე ცოცხლად ის ქალი ახსოვდა. მისი კანის სინაზე, მისი თბილი, პატარა ხელი. თვალებიდან დანახული საკუთარი თავი, და ის ემოცია, რომელიც იცოდა, რომ ქალისა იყო და არა თავისი.

ქეთი იყო ის ქალი.

-ამის დედაც ვატირე. – ჩაილაპარაკა ლევანმა. – ფუ შენი. კატასტროფა.

მისი ბოლო ურთიერთობიდან რამდენიმე წელი გავიდა. სამსახურის, საჭმლის მომზადებისა და ვარჯიშის გარდა არაფრისთვის აღარ რჩებოდა დრო, ისედაც გადაწვის პირზე გრძნობდა მუდმივად თავს. ურთიერთობის არც დრო ჰქონდა და არც არანაირი მოტივაცია.

ისეთი სასოწარკვეთის დონეზე იყო ალბათ, რომ ვიღაც უცნობი ქალი ესიზმრებოდა.

ვიღაც უცნობი ქალი.

რატომღაც ეხამუშა ქეთის ასე გახსენება. უცნობ ქალად.

გმინვით წამოიწია. წოლას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ დაიძინებდა ასეთი სიზმრის შემდეგ.

მაისური გადაიცვა და სამზარეულოში გავიდა. გამწოვის თეთრი სინათლის ქვეშ აავსო ცივი წყლით ჭიქა და გემრიელად დალია. სანამ სვამდა, თვალი მოპირდაპირე კორპუსზე გაუშტერდა.

მესამე სართულზე, კუთხის ბინაში შუქი ენთო. სხვა მეზობელ ბინებშიც უკვე კიაფობდა სინათლე, მაგრამ ლევანი კუთხის ბინას უყურებდა მხოლოდ.

ბინა ნომერი 7 უნდა ყოფილიყო, წესით.

ფარდები ჩამოეფარებინათ, მაგრამ, როცა ფანჯარას მიუახლოვდა ლევანი, ხედავდა, თუ როგორ დადიოდა შიგნით ვიღაც.

ცოტა ხანი იდგა, უყურებდა, თუ როგორ გაიარა სილუეტმა, რამდენჯერმე ფანჯრის წინ შეყოვნდა.

ალბათ ქეთი.

ანდა მისი და.

ანდა ღმერთმა იცის, ვინ.

პირი იბრუნა ლევანმა, საძინებელში გაბრუნდა, ლოგინზე დაეშვა ოხვრით.

მუხლებზე დაეყრდნო იდაყვებით, ცოტა ხანი იჯდა, გული ისევ მძლავრად, სწრაფად უცემდა მკერდში.

ტელეფონმა გაიწკარუნა.

მესიჯი მოუვიდა.

From: +590145682   05:45

„გღვიძავს?“

ლევანი მოიღუშა. ნომერი შეეშალა აშკარად ვიღაცას.

To: +590145682   05:45

„?? ალბათ ნომერი შეგეშალათ“

From: +590145682   05:46

„ფანჯარაში დაგინახე“

ლევანმა წარბები აზიდა, წამსვე ფეხზე წამოიჭრა. ჯიქურ მივარდა ფანჯარას, ფარდები გადასწია.

მოპირდაპირე კორპუსის მესამე სართულზე, კუთხის ბინის ფანჯარაში მუქი სილუეტი იდგა. სილუეტი ფანჯრის რაფაზე დაეყრდნო, სახეზე მობილური ტელეფონის მოცისფრო და ეზოს ლამპიონების მოყვითალო შუქი ეცემოდა.

ლევანმა გამშრალი ტუჩები მოილოკა. სილუეტის სახეს კარგად ვერ არჩევდა მანძილის გამო, მაგრამ აშკარად ქეთი იყო.

To: +590145682   05:47

“გინდოდა რამე? “

From: +590145682   05:47

„არა. უბრალოდ საქმე არაფერი მაქვს და ვცდილობ თავი შევიქციო“

ლევანს გაეღიმა, თავი გადააქნია.

To: +590145682   05:47

„მე გასართობი ცენტრის როლს ვერ შევასრულებ“

From: +590145682   05:48

„არც მინდა, ესეც მყოფნის“

„რატო გღვიძავს?“

To: ქეთი  05:49

„გამეღვიძა და აღარ დამეძინა. შენ?“

From: ქეთი  05:50

„მე არ მეძინა“

ბოლო მესიჯს უყურა ცოტა ხნით ლევანმა, რამდენჯერმე მოპირდაპირე კორპუსში, ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილ სილუეტს ახედა.

ჯერ კიდევ არ განელებოდა ის გრძნობა, სიზმარში რომ დაეუფლა. უცნაური, ცოცხალი შეგრძნება, ის შინაგანი სითბო, რომელმაც ერთიანად მოიცვა მისი ფიქრები. მის თვალწინ მცურავი გალაქტიკები, უმასობა, მგრგვინავი ქაოსი და მის ცენტრში თვითონ, იმ მუქთმიან ქალთან ერთად.

არც კი უფიქრია, ისე დააჭირა მესიჯების ველის ზემოთ გამოსახულ ყურმილს თითი, ტელეფონი ყურზე მიიჭირა, დაჟინებით გაჰყურებდა სილუეტს.

სილუეტი არ ინძრეოდა, სახეზე კვლავ მობილურის მოცისფრო სინათლე გამოსახვოდა.

ხუთიოდე ძალიან გრძელი წამი გავიდა, და ლევანი თითქმის ნანობდა თავის იმპულსურ საქციელს, სანამ ყურმილი აიღეს.

-მეზარებოდა მესიჯობა. – სწრაფად თქვა ლევანმა. ნერვიულად მიმოტრიალდა, თმაში გადაისვა ხელი.

-არაუშავს. – გაისმა მეორე მხრიდან ქეთის ხმა. – არც მე მეხალისებოდა.

-აბა გართობა მინდაო?

-ხო მაგრამ ლაპარაკი მაინც უფრო იოლია.

გადაღლილი, უხეში ხმა ჰქონდა ქეთის.

-მართლა არ გიძინია? – ჰკითხა ლევანმა.

-ჰო, ხომ გითხარი. არის ღამეები, რომ უბრალოდ არ მეძინება.

-ხომ იცი, რომ არ შეიძლება ეგრე. უნდა დაიძინო, დაისვენო.

ქეთიმ საპასუხოდ გაიცინა.

-ნუ მეექიმები ახლა. – ირონიულად, ღიმილნარევი ხმით მიუგო მან. – ეგ კი ვიცი, რომ უნდა დავისვენო. უბრალოდ ვერ ვიძინებ ხანდახან და ეგაა. შენ რა, არ გქონია ინსომნიის პერიოდები?

-კი, მაგრამ უკვე კარგა ხნის წინ. უნივერსიტეტის დროს. ახლა ძილის მეტი არაფერი მინდა ხოლმე.

– აი მეც ეგრე ვფიქრობდი თავიდან და ძალიანაც მაწუხებდა, რომ ვერ ვიძინებდი. მაგრამ ხო იცი, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. ძაანაც თავისუფლად ვარ. როცა მინდა, მაშინ მძინავს.

-და რომ არ გძინავს, რას აკეთებ ხოლმე?

ქეთიმ ამოიხვნეშა. ცოტა ხანი ფიქრობდა. მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა ლევანი.

-არც არაფერს. – ამოღერღა ბოლოს ქეთიმ. -მართლა ოღონდ. ვწევარ. ვჭამ. წამლებს ვყლაპავ. ყვავილებს ვახველებ… ვერც კი წარმოიდგენ რამდენი მიგროვდება. კიდევ დავდივარ აქეთ-იქით, რამდენადაც შემიძლია. ადრე ვმუშაობდი.

-სად?

-მარკეტში. კონსულტანტად.

-წამოხვედი?

-გაგიკვირდება და არა. შუა მაღაზიაში სისხლი რომ ვახველე მთელი კლიენტურის, თანამშრომლების და მენეჯერის წინ, დამითხოვეს.

ლევანი მოიღუშა.

-რა იდიოტობაა. დამპალი მენეჯმენტი ჰქონიათ, საშინლად მოქცეულან. გეტყოდი, გეჩივლა-თქო მაგრამ…

-არა უშავს. – თქვა ქეთიმ. ხმაზე ეტყობოდა, რომ დიდად არც დარდობდა. – ამ ყველაფრის გამო მაინც ვეღარ გავქაჩავდი. ჰოდა გადმოვედი ჩემ დასთან.

ქეთიმ წამიერად დააპაუზა.

-შენ მარტო ცხოვრობ? – ჰკითხა უცებ. ლევანს რატომღაც გაეღიმა, სილუეტს თვალმოუშორებლად გაჰყურებდა.

-არ ინერვიულო, არავინ გვისმენს.

-მაგაზე არც მიფიქრია.

-კი, მარტო ვარ. – უთხრა ლევანმა რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ.

-და რატომ?

– აბა რა ვიცი. უბრალოდ ვარ.

-ვინმე არ გყავს?

-შეყვარებული არ მყავს, თუ მაგას გულისხმობ. მშობლები შორს ცხოვრობენ. დედისერთა ვარ.

-ანუ სულ მარტო ხარ?

ქეთის ხმა უცნაური, უფრო რბილი იყო, სიბრალულის ელფერი დაჰკრავდა.

-არა, რატომ.

-შენი პაციენტები არ ითვლებიან.

ლევანს გაეღიმა.

-შენი მარტოობა როგორია? – ჰკითხა ქეთიმ.

ლევანმა წარბები აზიდა, მიმოტრიალდა.

-არ ვიცი. ალბათ, რანაირიც უნდა იყოს მარტოობა, ისეთი. მე ვერც კი ვგრძნობ. ალბათ შევეჩვიე.

-ცუდია. – თქვა ქეთიმ. – არ შეიძლება შეჩვევა. მერე ვეღარ გადაეჩვევი.

-ამიტომ ცხოვრობ შენ დასთან? – ჰკითხა ლევანმა.

-ჩემი მარტოობა არაა ყველაზე კარგი. შენი კომფორტული ჩანს. ჩემი არაფრად ვარგა. ადრე კიდევ შემეძლო გამკლავება, ასე თუ ისე, ახლა ვეღარა.

-შენ არავინ გყავს? – თქვა ლევანმა. ქეთის გაეცინა. ლევანი ხედავდა, თუ როგორ გატრიალდა ფანჯრისგან მისი სილუეტი. ოთახში შუქი ჩაქრა, სიბნელე ჩამოწვა, მხოლოდ ფარდებს დაჰკრავდათ ოდნავი მოყვითალო სინათლე.

-რანაირი კითხვაა. – ამოიხვნეშა ქეთიმ. – დაგავიწყდა, რა მჭირს?

-აბა რა ვიცი. – სწრაფად უპასუხა ლევანმა. – ისეთები ხდება, რომ… დაივიწყე. უბრალოდ დამაინტერესა.

-არავინ მყავს.

-და რატომ?

-რატომ უნდა მყავდეს?

-რატომაც არა? კარგი პიროვნება ჩანხარ.

ქეთიმ ისევ ამოიხვნეშა, მერე გაიცინა.

-მადლობა. – თქვა მან.

-და ის? – წამოსცდა ლევანს. ტელეფონიდან შრიალი გაისმა. ქეთი აშკარად ლოგინში წვებოდა.

-ვინ ის? – ჰკითხა ქალმა, მერე ჩუმი მთქნარება გაიგონა ლევანმა.

-ვის გამოც გჭირს ჰანაჰაკი.

ქეთიმ არაფერი უპასუხა. ისევ დაამთქნარა, მერე კვლავ თეთრეულის შრიალი მოესმა ლევანს. წარმოიდგინა, თუ როგორ ტრიალდებოდა საწოლში ქეთი.

-ხომ იცი, რომ… – ლევანი სიტყვებს ეძებდა. იმედი ჰქონდა, რომ ძალიან არ შეტოპა თავისი ნათქვამით. – რომ განიკურნო, ორმხრივი უნდა იყოს გრძნობა.

-კი, როგორ არ ვიცი. – თქვა ქეთიმ. – უკვე ვცადე. არაფერი გამოვიდა და არც არაფერი გამოვა. ასე მგონია რომ ისედაც ძალიან გვიანია.

ლევანმა უკან დაიხია, ლოგინზე მძიმედ ჩამოჯდა. იმდენად დარწმუნებული იყო ქეთის ხმა, რომ შიგნით რაღაც უცნაურად გაუცივდა თითქოს, სიმძიმე ჩაუდგა მკერდში. აღარც კი იცოდა რაღა ეთქვა.

-კარგი, რა იყო. – თქვა ქეთიმ, ხმაში ღიმილი ჩაუდგა. – ეგრე ძალიანაც ნუ შემიცოდებ, რა… მომაკვდავი კი არ ვარ.

ყელი ჩაიწმინდა ლევანმა.

-კი მითხარი, არანაირი გეგმები არ მაქვსო, მაგრამ… მართლა არცერთი სურვილი არ გაქვს? – ჰკითხა მან.

ქეთი ათიოდე წამით გაჩუმდა, მშვიდად სუნთქავდა.

-ზაფხულის კიდევ ერთხელ ნახვა იქნებოდა ძალიან კარგი. – წაილუღლუღა ბოლოს. – ზამთარი კი მიყვარს, მაგრამ… ზაფხული ჯობია. ზღვაზე წავიდოდი. ანდა მთაში.

-ზღვა თუ მთა? – ჰკითხა ლევანმა. საკუთარ კითხვაზე ეღიმებოდა.

-ოოო ეს ბანალური კითხვები. – წაილუღლუღა ქეთიმ. ეტყობოდა რომ სიტყვებს ვეღარ აბამდა ერთმანეთს, ისე ეძინებოდა. – ალბათ უფრო მთა. მედუზები მაინც არ დაგსუსხავენ.

გაეცინა ლევანს. მოპირდაპირე კორპუსის კუთხის ბინის ბნელ ფანჯარას გაჰყურებდა.

-მიდი, დაიძინე. – თქვა მან. ლოგინზე გადაწვა.

-არ წახვიდე. – უპასუხა ქეთიმ. ლევანი გაშრა, ადგილს შეეყინა.

-რატომ? – ძლივს ამოილუღლუღა მან. ყელი გამოშრობოდა.

-რავი. რამე მომიყევი.

-რა მოგიყვე?

-აი… რავიცი. მაგალითად… ექიმობა რომ ინანე, ის ამბავი მომიყევი.

-ეგ საიდანღა მოგაფიქრდა. რა იცი, რომ ვინანე?

-რავი, მომაფიქრდა. ყველა არ ნანობს რაღაც მომენტში?

ლევანმა პირი გააღო და დახურა. ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ.

-კარგი. – თქვა ბოლოს.

ცოტა ხანი გამალებით ფიქრობდა.

– კარგა ხნის წინ იყო ეს ამბავი, მაგრამ არც არასოდეს დამავიწყდება. – დაიწყო მან. – 60 წლის პაციენტი მყავდა მორიგეობისას. გულის შეტევით მოიყვანეს სასწრაფოთი. ყველანაირი ჩარევის ეშინოდა ტიპს. როგორ მახსოვს, მეუბნებოდა, არ ღირს, სახლში გამიშვი, ბევრი ნაცნობი მომიკვდა საავადმყოფოშიო. ნახევარი საათი ვუხსნიდი, რომ თუ გულის სისხლძარღვებს არ გავხსნიდით, მოკვდებოდა. მერე ცოლს დაურეკა, დამალაპარაკა.

ლევანი წამიერად გაჩუმდა.

-ცოლი იქედან უყვიროდა, დაუჯერე და ის გააკეთე, რასაც გეუბნებიანო. ანგიოგრაფიაში წავიყვანეთ მაშინვე და სტენტს ვუდგამდით, გული რომ გაუჩერდა. ერთი საათი ვეცადეთ. არაფერი გამოვიდა.

ისევ დადუმდა ლევანი. გუნება წაუხდა, წამსვე ინანა მოყოლილი. ქეთის ახლა არ სჭირდებოდა ასეთი დეპრესიული ამბის მოსმენა. სუნთქვა შეიკავა, გამალებით უსმენდა, იმედოვნებდა, იქნებ უკვე დაეძინა და ვერაფერი გაიგონაო.

-ვწუხვარ, ლევან. – დაიჩურჩულა უცებ ქეთიმ. – მთავარია რომ ეცადე.

-რას ვიზამთ. – სწრაფად უპასუხა ლევანმა.

ორივენი გაჩუმდნენ.

-ნახე. – წაილუღლუღა ქეთიმ. – მზე ამოდის.

ფანჯარაში გაიხედა ლევანმა. ღია იისფერი გამხდარიყო ცა, ქარბუქს ღრუბლები გადაერეკა, თითო ოროლა ნაგლეჯიღა ცურავდა შენობების მიღმა, დასავლეთისაკენ ლურჯდებოდა ყველაფერი. აღმოსავლეთი მისი კორპუსის უკან იყო, ამიტომ მზის ამოსვლას თავისი ბინიდან ვერასოდეს ხედავდა.

-ლამაზია? – ჰკითხა მან. 

ქეთიმ აღარაფერი უპასუხა. მისი მშვიდი სუნთქვის ხმაღა ესმოდა ლევანს.

-ქეთი? – დაიჩურჩულა მან.

ჩაეძინა.

-ლამაზია. – ჩაილაპარაკა ლევანმა. თვალები ეხუჭებოდა. ცოტა ხნით იჯდა, ტელეფონი ყურზე მიეჭირა და უყურებდა, თუ როგორ იფერებოდა იისფერი ცა ვარდისფრად.

ბოლოს ზარი გათიშა.

06:15.

ლოგინზე გადავარდა, საბანში გაეხვია. უცნაური სიმშვიდე და მის მიერ მოტანილი გაუსაძლისი დაღლილობა მორეოდა.

მალევე მოვიდა ძილი.

-*-*-*-*-*-*-*-

– 24.01.2025 –

-რაღაცა გჭირს.

ლევანმა ცხელი ყავა მოსვა, თვალები ეკასკენ გადაატრიალა, რომელიც თვალებმოჭუტული მიშტერებოდა, დაჟინებით.

მორიგეობა ჰქონდა ორივეს.

უკვე მოსაღამოვებულიყო, კაფეტერიაში რამდენიმე ადამიანი იჯდა მხოლოდ, რადგან კაფეტერიას ყველაზე კარგი ყავის მანქანა ჰქონდა.

ძვირი სიამოვნება კი გახლდათ, მაგრამ ლევანი 36 საათიან მორიგეობასთან გასამკლავებლად ყველაფერზე თანახმა იყო. ეკაც ყავაზე მოვიდა, და როგორც სჩვეოდა, შენიშნა და მიზანში ამოიღო, ჯიქურ მას მიაშურა.

ეკა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როგორც კი სადმე შეამჩნევდა, სურდა ჰანაჰაკიზე ელაპარაკა. აქამდე ლევანი ყოველთვის ახერხებდა რომ თავი ოსტატურად დაეძვრინა, პულმონოლოგიაში ყოფნისას კონსულტაციას და სხვაგან ყოფნისას მორიგეობას, გამოკვლევებს, სტაციონარში საქმეს იმიზეზებდა. ხშირად მომიზეზება არც სჭირდებოდა, იმდენი რამ იყო მოსაგვარებელი, რომ მართლა იხრჩობოდნენ, საქმე იქამდე მისულიყო, რომ ლანჩს განყოფილებაში უკვეთავდნენ, კაფეტერიაში სიარულის დროც კი აღარ ჰქონდათ. ეგ კი არა, ლევანს ხანდახან წყლის დალევაც ავიწყდებოდა დღის განმავლობაში.

ამჯერად, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათი დასვენების მომენტში წაასწრო ეკამ. ექთნები მაინცდამაინც ახლა არ ურეკავდნენ განყოფილებიდან რომ მოემიზეზებინა რამე.

-რა მჭირს? – ჰკითხა ლევანმა. წარბაწეული უყურებდა, იჭვნეულად.

-არ ვიცი, მაგრამ რაღაც გჭირს. ცოტა გამობენტერებული ჩანხარ.

-რატომ?

-ერთი შენი პაციენტი ავიყვანე ახლა პულმონოლოგიაში. – თქვა ეკამ.

-ეგ რა შუაშია ანდა მერე მე რა ვქნა? ადგილები აღარ მაქვს. – უპასუხა ლევანმა.

-ეს პაციენტი სტაციონარში უნდა მოსულიყო წინა კვირას. ის დრო არ აწყობდა. ახალი ბრონირება გაუკეთეს, მაგრამ ვიღაცამ დრო არ შეატყობინა. – წარბები აწკიპა ეკამ.

ლევანი უსიტყვოდ მიაშტერდა. დაიგმინა, სახე მოისრისა.

-მგონი ვიცი ვიზეც ამბობ. დავურეკე და არ აიღო ყურმილი. ხელახლა უნდა დამერეკა. – თქვა მან. – მაგრამ იმდენი საქმე იყო, ვერ მოვასწარი.

-რამდენი საქმეც არ უნდა იყოს, შენ ყოველთვის ასწრებ. – განაცხადა ეკამ. – ამიტომ გეუბნები, რაღაცა გჭირს. გადაიწვი თუ რა? შენ ხომ სამსახურში თავს იკლავ.

-რა ვქნა, უარი ვთქვა? ისედაც ცოტანი ვართ. თან რამეს თუ ვიტყვი, შენ კი იცი, რასაც იზამენ. თქვენ რა გიჭირთ.

-რა ჩემი ბრალია, პულმონოლოგები თუ უფრო საჭიროდ მიაჩნია კლინიკას? – თქვა ეკამ, ლევანის უკმაყოფილო გამოხედვაზე კი მხრები აიჩეჩა. –  მერამდენე მორიგეობაზე ხარ?

-მეექვსე.

-ნუ კიდევ არა უშავს. მოკლედ… რა გჭირს?

-არაფერი მჭირს, ეკა. – უთხრა ლევანმა. – კარგად ვარ. უბრალოდ… გულზე გადამვარდა. ძალიან ვწუხვარ.

-ჰმმ. – ეკა გამომცდელად უყურებდა, თვალებმოჭუტული, მერე კი მისკენ გადმოიწია.

-იცი, კაი ფსიქოლოგი გვყავს. – თქვა მან.

-ვიცი, რომ გვყავს. უბრალოდ დაღლილი ვარ, ახლა არ მჭირდება.  

-საჭიროება სულ არის. – მიუგო ეკამ. – მე ხო იცი, რომ მთლად გადამრიეს ამათმა.  

-შენ რაღა გჭირს? – ირონიულად ჰკითხა ლევანმა.

-რა და ნერვოზი. – უპასუხა ეკამ, სკამის ზურგს მიეყუდა და მკლავები გადააჯვარედინა.

-და ვინ დაგანერვოზა?

-ქირურგებმა პირველ რიგში. მაგნეტის რიგებმა. აქაური კრუასანის ფასებმა. პაციენტებმა ხომ საერთოდ.

ლევანმა ამოიხვნეშა. უბრალოდ უნდოდა რომ სიმშვიდეში დაელია ყავა.

-ცუდია. – თქვა მან ბოლოს.

-არა, მართლა ძაან გირჩევ ფსიქოლოგს დაელაპარაკო. – ისევ გაუტია ეკამ. – მე ცოტა ხნით ანტიდეპრესანტებზეც ვიყავი და ძალიან მიშველა.

-კარგია. – უთხრა ლევანმა.

-ჰანაჰაკიან პაციენტზე ახალ კონსილიუმს ვაწყობთ. – თქვა უცებ ეკამ.

ლევანი გაშრა, ტუჩებთან მიტანილი ჭიქა ხელში გაუქვავდა.

– ისევ დამჭირდება კარდიოლოგი. – აგრძელებდა ეკა. – მაგნეტმა მცირედი გაუმჯობესება აჩვენა. ხვალ ვნახავთ ფილტვ-

-არა. – გააწყვეტინა ლევანმა. ეკამ წარბები აზიდა, გაკვირვებით დააშტერდა.

-რა არა?

-კონსილიუმზე ვერ მოვალ, ეკა.

-რაო? ანუ კონსილიუმზე არ გინდა? ვითომ რატომ?

-არ მინდა.

-რას ამბობ, ლევან? რას ქვია არ გინდა? ერთ კონსილიუმს ხო უკვე დაესწარი კარდიოლოგად? ჰანაჰაკის დაავადებაზეა საუბარი! არ გინდა ისტორიის ნაწილი იყო?

ლევანი უხერხულად შეიშმუშნა.

იმ ღამის შემდეგ, როცა ქეთი დაესიზმრა, მერე კი დაელაპარაკა, დღე არ გავიდოდა, ქალზე რომ არ ეფიქრა. არც კი იცოდა, რა სჭირდა.

ჯერ ეს ერთი, სურვილი არ ჰქონდა, მისი მკურნალობის გეგმებსა და მისი დაავადების პროგრესირებაზე რამე გაეგო. არც ის მიაჩნდა სწორად, რომ რამე სცოდნოდა.

-ლელა სულ თავისუფალია. სანდროც. ანდა გურამი წაიყვანე. განყოფილების გამგე არ სჯობს?

-ბატონი გურამი საქმის კურსში არ არის.

-მგონი ამ საავადმყოფოში უკლებლივ ყველამ იცის, რომ ჰანაჰაკიანი პაციენტი გყავს, ეკა, მათ შორის გურამმაც. გამოკვლევის შედეგებს კი ნახავს და გჭირდება კიდევ რამე? დაველაპარაკები მე თვითონ, თუ გინდა.

ეკა წარბშეკრული უყურებდა.

-შენ რატომ არ გინდა რომ ჩაერიო? – ჰკითხა მან.

-არ მაქვს არც სურვილი და არც დრო.

-ადრე რომ გქონდა?

-ადრე ასეთი დატვირთული არ ვიყავი.

-და სურვილი სად წავიდა?

-წავიდა, ეკა.

-ნუ რაკი შენ ამბობ ეგრე… – თქვა ეკამ. ლევანი მოიღუშა.

-არ ვაპირებ ამის განხილვას. – თქვა ბოლოს. – დაველაპარაკები გურამს. კონსილიუმი როდის გაქვს?

-მოგწერ. – თქვა ეკამ, სწრაფად წამოდგა, თუმცა ეტყობოდა რომ ყოყმანობდა, ცნობისმოყვარეობით დაჰყურებდა. – მაინც მიკვირს, რატომ არ გინდა.

-უკვე გითხარი, რომ არ ვაპირებ ამის განხილვას. – მოუჭრა ლევანმა.

ეკა რამდენიმე წამი იჭვნეულად დაშტერებოდა.

მერე მიბრუნდა, ფეხსაცმლის ბაკუნით გაალაჯა კაფეტერიიდან, აშკარად გაღიზიანებულმა, თუმცა ლევანი აღარ აქცევდა ყურადღებას.

თავი გააქნია, მორჩენილი ყავა მოსვა და ზლაზვნით წამოიწია ფეხზე.

მთელი დღე სტაციონარში იჯდა, მერე გამოკვლევებზე, მერე კი კონსულტაციებზე დარბოდა სხვა განყოფილებებში, თან ძალიან ცდილობდა

მთელი ღამე განყოფილებაში დარბოდა აქეთ-იქეთ, როგორც ყოველთვის. ორ პაციენტს დელირიუმი დაეწყო ინტენსიურში და ღამის სამ საათამდე ორივე ერთმანეთს გაუჩერებლად და შესაშური შეუპოვრობით შეჰკიოდა, სანამ დიაზეპამის განმეორებითმა დოზებმა შედეგი არ გამოიღეს. ერთი ტერმინალური პაციენტი გარდაიცვალა. ოთხ საათზე მოახერხა ლევანმა განყოფილებიდან გამოსვლა და ექიმთა ოთახში წვრილ, მაგარ ტახტზე მიგდება, მაგრამ აუტანელი დაღლილობის მიუხედავად ვერაფრით დაიძინა. თუმცა კიდევ კარგი, რომ არ დაიძინა, რადგან ნახევარი საათის შემდეგ  ემერჯენსიდან შემომავალმა ზარმა წამოაყენა ფეხზე. კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე 3 კვირა იყო ავად და გადაწყვიტა ღამის 4 საათზე მოსულიყო. იმიტომ რომ რატომაც არა. და ემერჯენსის ექიმებმა გადაწყვიტეს ყველანაირი გამოკვლევებისა და ანალიზების გარეშე უკვე ყოველი შემთხვევისათვის დაერეკათ. იმიტომ რომ რატომაც არა.

დილით სწრაფად მორჩა ჩამოვლებს ლევანი, ცვლა შემდეგ მორიგეს გადააბარა და პოლიკლინიკაში გაიქცა.

ქალბატონ თინიკო მდივანს აშკარად სიბრალულის ნასახიც კი არ გააჩნდა მის მიმართ, მორიგეობას რომ პოლიკლინიკის წინ უსვამდა. რამდენჯერ სთხოვა, რომ ასე არ გაეკეთებინა. თან არავის უნდოდა მორიგეობის დღის გადაცვლა.

ოთხზე მორჩა. მის ექთანს, ნინოს, ფაქტიურად ბოლო პაციენტის გასვლისთანავე ცალი ფეხი კარში ჰქონდა. თვითონ კი ხუთის ნახევრამდე იჯდა, რადგან ისტორიები და რეფერალები დაეწერა და ანალიზების პასუხებზე შეევლო თვალი, რადგან რამე სერიოზული არ ყოფილიყო.

ხუთს 25 წუთი აკლდა, როცა დოკუმენტები ამოიღლიავა, ჩანთა აითრია და კაბინეტის კარი ზურგსუკან გამოიკეტა.

უკვე თითქმის 40 საათი იყო, რაც თვალი არ მოეხუჭა, ამიტომ, როცა შემობრუნდა და კაბინეტის კარის გვერდით ქეთი დაინახა, წამიერად დარწმუნებული იყო, რომ ჰალუცინაციები დაეწყო.

ქეთი კედელს მიჰყუდებოდა, მისი დანახვისას გასწორდა, ტელეფონი ჩაიჯიბა. გაბეწვილი ქუდი ხელში ჩაებღუჯა. მოკლე ქურთუკი ეცვა, მუქი თმა კეფაზე ჰქონდა ცხენის კუდად შეკრული. ყვრიმალები გამოჩროდა, ლოყები ოდნავ უფრო ჩაცვენილი უჩანდა, თუმცა მისი მზერა ზუსტად ისეთი ცოცხალი იყო, როგორც ადრე.

ისევ ისეთი, დიდრონი, მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ოდნავ აბზეკილი წარბები, ვარდისფერი, დახეთქილი, ფერმკრთალი ტუჩები. საავადმყოფოს ცივი თეთრი სინათლის ფონზე უფრო გაფითრებულიყო.

-გამარჯობა. – თქვა ქალმა.

ლევანი წამიერად ლენჩივით მიშტერებოდა. ძლივს გააცნობიერა, რომ არ ეჩვენებოდა.

-…გამარჯობა. – წაილუღლუღა მან. ენა აღარ ემორჩილებოდა, თითქმის ვეღარ აზროვნებდა უკვე. შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია, თან ცდილობდა, რომ ქაღალდები არ დასცვენოდა. ვერც კი წარმოედგინა, ახლა როგორ გამოიყურებოდა, ასეთი უძილარი და სასტიკად გადაღლილი. – ქეთი… აქ რა გინდა?

-გამოკვლევებზე ვიყავი. – მიუგო ქეთიმ. – ჰოდა გამოვიარე.

-და რა იცოდი, რომ აქ ვიქნებოდი? – ჰკითხა ლევანმა.

ქეთიმ თვალები დაახამხამა, მერე კი მისი კაბინეტის გვერდით გაკრულ დაფაზე მიუკაკუნა თითი.

ზედ, სხვა კარდიოლოგების სახელებთან ერთად, გარკვევით ეწერა ლევანის სახელი და გვარი, მიღების დროებთან ერთად.

-აჰა. – ენა პირში ძლივს მოატრიალა ლევანმა, თვალები ქეთისა და დაფას შორის გაურბოდა, ასეთი იდიოტური კითხვის გამო წყევლიდა საკუთარ თავს. – ჰო. ეგ ვეღარ მოვიფიქრე. დიდი ხანია მელო-… კიარადა… იცდი?

-ნწ. – თავი გააქნია ქეთიმ. – წეღან მოვედი.

მერე თავი გვერდზე გადააგდო, ინტერესით დააცქერდა.

-ძაან დაღლილი ჩანხარ. – თქვა მან.

-მორიგე ვიყავი. – სწრაფად უპასუხა ლევანმა. – შენ როგორ ხარ?

-არამიშავს. – მხრები აიჩეჩა ქეთიმ. – ვარ ჩემთვის. სპიროგრაფიაზე ბევრი არაფერი შემცვლია. ინჰალატორებს ვაგრძელებ.

-გშველიან? – ჰკითხა ლევანმა.

ქეთიმ თვალები მოჭუტა, თავი აქეთ-იქით გადააქნია.

-კი, ცოტათი. თუ წყნარად ვარ, სუნთქვაც არ მიჭირს.

ორივენი გაჩუმდნენ. ქეთი ისევ ისეთი, უდარდელი გამომეტყველებით ასცქეროდა და ლევანი საპასუხოდ დაჰყურებდა, თვალმოუშორებლივ.

ძლივს გამოერკვა, რომ ხუთი საათი შესრულდებოდა მალე, გარეთ უკვე მოსაღამოვებულიყო და თან ისევ თოვდა, ქეთი ალბათ ფეხით ამოვიდა საავადმყოფომდე და ფეხით აპირებდა გოგიჩიძეზე გასვლას, და თვითონ 40 საათის უძილარი, მკერდზე ათასქაღალდაკრული და ისევ მოჭმუჭნულ საექიმო ფორმაში ჩაცმული იდგა საკუთარი კაბინეტის წინ.

-ხომ არ გაგიყვანო სახლში? – ჰკითხა ლევანმა.

-გამიყვანე. – მიუგო ქეთიმ.

-კარგი… ხუთი წუთი დამელოდე რა, გასასვლელთან შევხვდეთ. გამოვიცვლი და მოვალ.

ქეთიმ თავი დაუქნია, გაუღიმა და მიბრუნდა, დერეფანს დაუყვა.

ლევანმა საათი სასწრაფოდ შეამოწმა და როგორც კი ქეთი კუთხეს მოეფარა, შებრუნდა და გამალებით მიაშურა გარდერობს. რეკორდული სისწრაფით გამოიცვალა, დოკუმენტები ჩანთაში ჩაკუჭა, თავისი სტეტოსკოპი და სხვა ხარახურა კარადაში შეაგდო დაუდევრად.

ბოლო წუთი სარკეში ყურებას შეალია. თვალები ჩასისხლიანებოდა, დაღლილობისაგან კანი თითქოს მობერებოდა. ცივი წყალი შეისხა სახეზე გამოსაფხიზლებლად, თმა უკან გადაიწია, რომ ცოტათი მაინც გამოესწორებინა სიტუაცია.

ისე, რატომ ფიქრობდა სიტუაციის გამოსწორებაზე? ქეთი უბრალოდ მისი ნაცნობი და ფაქტიურად მეზობელი იყო, რომელსაც, ასეთი მძიმე დაავადების მიუხედავად, რატომღაც უყვარდა, რომ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდო ასეთ ყინვაში აქეთ-იქით სიარულით. თვითონ უბრალოდ კეთილ საქმეს აკეთებდა, ეს იყო და ეს.

პალტო მოიცვა და ჩანთა წამოიკიდა, მერე კი სირბილით აუყვა კიბეებს შემოსასვლელის კარამდე.

ქეთი კართან იდგა, გარეთ იყურებოდა. ნაბიჯები რომ გაიგონა, მობრუნდა, ლევანს გაუღიმა. ლევანს საპასუხოდ ტუჩის კუთხეები შეუკრთა.

-წავიდეთ? – ჰკითხა მან.

– წავიდეთ. – უპასუხა ქეთიმ.

ტრასაზე მიქროდნენ მალევე. დღეები გრძელდებოდნენ, მაგრამ დღეს ცა მუქ ღრუბლებს დაეფარათ, უკვე მოსაღამოვებულიყო. მხოლოდ დასავლეთისაკენ გაეფანტა ქარს ოდნავ ღრუბლები, დახეთქილი საფარიდან ალაგ-ალაგ მზის მოყვითალო სინათლე იპარებოდა.

-ისევ ფეხით დადიხარ? – სიჩუმე დაარღვია ლევანმა, ქეთის გადახედა.

ქეთი უკვე უყურებდა.

-ვცდილობ აღარ ვიარო. – თქვა მან მოკლედ.

-გამოგდის? – ჰკითხა ლევანმა. ქეთიმ მხრები აიჩეჩა.

-მთავარია სცადო, არა? – თქვა მან.

-ჰო, ალბათ.

-დეჟავუ მაქვს. – თქვა უცებ ქეთიმ. ფანჯრიდან გაჰყურებდა შორეულ დასავლეთს, მთებს შორის ჩაწოლილ, ოდნავ ყვითლად დაფერილ საავდრო ღრუბლებს. თვალები ღია, ოქროსფრად დაფერილი თაფლისფერი გახდომოდა.

წამიერად მხოლოდ უყურა ლევანმა.

-მესმის. – თქვა ბოლოს. – მაგრამ ახლა მაინც სხვანაირია რაღაცნაირად.

ქეთი მობრუნდა, ინტერესით დააცქერდა. მზერა მოარიდა ლევანმა.

-რატომ? – იკითხა ქალმა.

– არ ვიცი. უბრალოდ არის.

-სხვანაირია თუ შენ გრძნობ თავს სხვანაირად? – მისკენ გადმოიწია ქეთი. წამიერად გადახედა ლევანმა, ქალს სახეზე ისევ ისეთი უზრუნველი, მშვიდი გამომეტყველება გამოხატვოდა, როგორც ადრე.

-ჰო, 40 საათი რომ უძილარი ხარ, კი იგრძნობ თავს სხვანაირად. – გაიცინა მან.

ქეთის არ უპასუხია.

ლევანიც გაჩუმდა, უსიტყვოდ გაჰყურებდა გზას. არ იყო დარწმუნებული, რომ ახლა მანქანის მართვა კარგი იდეა იყო, მაგრამ ჯერჯერობით საკმარისი გონი შერჩენოდა ამისათვის, რომ სახლამდე გაეძლო. ტრასა გადატკეპნილ, ღრიჭინა თოვლს დაეფარა, შეუჩერებლად ბარდნიდა, ლამპიონებს თავზე თოვლის კოშკები ედგათ.

აშკარად გრძელი ზამთარი იქნებოდა. წინა წელს ნამდვილი გაზაფხული მარტის მიწურულს დაიწყო.

ქეთის სურვილი გაახსენდა ლევანს. ზაფხულის ნახვა უნდოდა.

ქალს გადახედა, რომელიც სავარძლის ზურგს მიჰყუდებოდა, ჩამავალ მზეს გაჰყურებდა. მის ოქროსფრად შეფერილ ღაწვებს, გრძელ წამწამებს, ქურთუკის დაბალ საყელოში გამოჩენილ ყელს უყურებდა.

ალბათ მართლა ვერასოდეს ნახავდა ზაფხულს.

მკერდში რაღაც შეეკუმშა ლევანს. უხერხულად შეიშმუშნა, აფორიაქდა.

საქარე მინაზე, კუთხეებში მიკრულ ფიფქებს უყურებდა.

და, აშკარად უძილობისაგან გამოწვეული წამიერი ეიფორიის მომენტში, იდეა მოუვიდა.

-ბოტანიკურ ბაღში ყოფილხარ? – ჰკითხა ქეთის. ქალის მზერა იგრძნო წამსვე.

-კი. ადრე.

-გინდა წავიდეთ?

-ახლა?

-ჰო. ახლავე. დავათვალიეროთ.

-შენ არ გეძინება?

-არა უშავს, ძილს ყოველთვის მოვასწრებ.

-ხო მაგრამ… ძაან დაღლილი ჩანხარ.

ლევანს გაეცინა.

-თუ არ გინდა, მითხარი. – უთხრა მან. – მე არაფერი მიჭირს.

-ახლა დაკეტილი იქნება.  

-არ იქნება. გინდა?

ქეთი გაჩუმდა. მას გადახედა ლევანმა. ქეთი გამომცდელად აჰყურებდა.

-კარგი. – თქვა ბოლოს. – წავიდეთ.

არცერთს არ ამოუღია ხმა, სანამ ბოტანიკურ ბაღს არ მიაღწიეს.

გარეთ ყინავდა. ბოტანიკური ბაღის ოთხმეტრიანი ქვის გალავანი და მასზე მოდებული სუროს ჩონჩხი, რომელსაც ალაგ-ალაგ გამხმარი მოწითალო ფოთლები შერჩენოდა, ერთიანად შეჭირხლულიყო. აღმართიდან, სადაც ქუჩა ტრასას უერთდებოდა, მანქანების შხუილი ისმოდა. სიბნელე იდგა, გარემოს მხოლოდ გალავანის მიღმა, ბოტანიკურ ბაღში შემავალ ბილიკთან მდგარი ლამპიონები ანათებდნენ. თოვლი აშკარად გაეკვალათ დღის განმავლობაში, მაგრამ ლევანი მაინც კოჭებამდე ჩაეფლო, როცა ბილიკზე შეაბიჯა.

ქეთის ფეხებზე თვალი შეავლო. ახალგაზრდა ქალს შელახული კედები ეცვა.

-იქ დააბიჯე, სადაც მე გავივლი. – უთხრა ლევანმა. – თორემ გაგეყინება ფეხები.

ქეთიმ ხელები იღლიებში ამოიჩარა, ლევანის ნაფეხურებს მიჰყვა.

-როდის ხარ აქ ნამყოფი? – ჰკითხა ლევანმა.

-ადრე. დიდი ხნის წინ. – თქვა ქეთიმ, თითქმის ჩურჩულებდა. – დედაჩემმა მომიყვანა. მახსოვს, დიდი მუხის ქვეშ ვიჯექით, ზაფხული იყო. დედას ყვითელი კაბა ეცვა და ჭკუას მარიგებდა. ისე კარგად მახსოვს, თითქოს გუშინ ყოფილიყოს. არადა ამდენი წელი გავიდა.

-რაც მეტი დრო გადის, უფრო ჩქარა გადის. – უპასუხა ლევანმა. რაღაც იგრძნო. – და დედაშენი…

-გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ. ავად იყო. – თქვა ქეთიმ.

-ვწუხვარ ძალიან.

-არაუშავს. ასე თუ ისე შევეგუე. ცხოვრება გრძელდება, ვერაფერს იზამ.

-მაინც ძალიან რთული იქნებოდა. – თქვა ლევანმა.

-თავიდან ძალიან გამიჭირდა. ახლაც ხანდახან დიდხანს რომ დავფიქრდები და გავიხსენებ, ცუდად ვხდები.

მძიმედ, ღრმად სუნთქავდა ქეთი.

-სევდას ვადა არა აქვს. – თქვა ლევანმა. – მითუმეტეს დედის დაკარგვით გამოწვეულ სევდას.

გარშემო ვეებერთელა ნაძვები აღმართულიყვნენ, ზოგიერთს მიწამდე დაზნექოდა თოვლის სიმძიმისაგან ტოტები, ნიავის თითოეულ წამობერვაზე სცვიოდათ ფიფქების კორიანტელი. ბილიკის ბოლოს მიაღწიეს. გზა ვეება, გადაჭირხლული ტბის გარშემო უხვევდა, პირზე თეთრი, თითქმის თოვლში ჩამარხული ლამპები ჩაემწკრივებინათ. ტბას ბოტანიკური ბაღის გალავანი შემორკალოდა.

შეჩერდა ლევანი.

და წამსვე ზურგზე შეეჯახა ქეთი, უკან გაბარბაცდა.

ელვის სისწრაფით შემობრუნდა ლევანი, მკლავში სტაცა ხელი ქეთის, რომ თოვლში არ ჩანარცხებულიყო ახალგაზრდა ქალი.

პირი დააღო, რომ მოებოდიშებინა, თუმცა ქეთი ყურადღებას უკვე აღარ აქცევდა, შორს გაშტერებოდა თვალები.

გალავანს უყურებდა.

ქვის კედელზე, მთელ სიგრძეზე გრაფიტი გამოესახათ. თეთრად შეფეთქილ შემოგარენში მწვანედ და ლურჯად ღვიოდა კედელზე დახატული უღრუბლო ცა, მთები და მთის ძირში ფერად-ფერადი ყვავილებით სავსე მინდორი.

ქარმა წამოუბერა, და აშკარად გახეთქა დასავლეთით ღრუბელთა საფარი, რადგან მომენტალურად მოეფინა გარემოს ჩამავალი მზის ნარინჯისფერ-მოწითალო შუქი. ტბა ცეცხლმოკიდებულს დაემსგავსა, მასზე არეკლილი მოციმციმე სინათლე კედელზე ცეცხლიდან ასხლეტილი ნაპერწკლებივით ლიცლიცებდა.

ლევანი წამიერად გაჰყურებდა სანახაობას. მზერა უძილობისაგან ემღვრეოდა, მოეჩვენა, რომ ქარში მოძრაობდნენ მინდვრის ყვავილები. მერე ოდნავ მობრუნდა, ქეთის დახედა.

ახალგაზრდა ქალს გაოცება, უცნაური სევდა და აღელვება აღბეჭდვოდა სახეზე. თვალმოუშორებლივ გასცქეროდა კედელზე გამოსახულ, ჩამავალი მზის წითელ სინათლეში გაცოცხლებულ სურათს.

სუნთქვა გახშირებოდა, გამოსუნთქვისას სიმძიმე გაიგონა ლევანმა.

-ქეთი. – თქვა მან, დაჟინებით დააცქერდა, როცა ქეთიმ დიდრონი თვალები მას მიაპყრო. – ინჰალატორი ხომ თან გაქვს?

ქეთის სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი. თვალმოუშორებლად აჰყურებდა. თავი დაუქნია.

-ცუდად ხომ არ ხარ? გინდა წავიდეთ?

ქეთიმ თავი გააქნია, და სანამ ლევანი კიდევ რამეს ეტყოდა, წინ გაალაჯა, სისწრაფით, რომელიც აშკარად არ იყო მიზანშეწონილი მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. უკან გაჰყვა ლევანი.

ქეთი ტბის პირას დამდგარ ძელსკამზე დაეხეთქა მძიმედ, გამალებით ათვალიერებდა კედელზე გამოსახულ სიმწვანეს. მერე ლევანს ახედა,  გამოსუნთქვა აშკარად ძალიან უჭირდა.

გვერდით მიუჯდა ლევანი.

-ქეთი. ინჰალატორი. – თქვა მან.

ქალმა თითქმის ავტომატურად, ისე, რომ მზერა ლევანის სახიდან არ მოუცილებია, ქურთუკის ჯიბიდან ამოაძვრინა ინჰალატორი, ღრმად შეისუნთქა ვენტოლინის დოზა.

ლევანი დაძაბული ელოდა წამლის ეფექტს, ქეთის სახეს დაჰყურებდა გამალებით.

ორიოდე წუთში გაუარა ქალს. კანკალით ამოისუნთქა, თითქოს ადგილზე მოიმჩვარა, ძელსკამის ზურგს მიეყუდა მძიმედ.  

-ცივი ჰაერის ბრალი იქნება. – ჩუმად უთხრა ლევანმა. ჯერ კიდევ არ გაევლო მასში დაძაბულობას. – არ უნდა ამომეყვანე აქ, მაპატიე. უკეთ ხარ?

-უკეთ ვარ. – წამოილუღლუღა ქეთიმ. – და ნუ მებოდიშები რა, რა შენი ბრალია.

აღარაფერი უთხრა ლევანმა. ქეთი ისევ კედელს დააცქერდა.

-ნამდვილს ჰგავს. არც კი ვიცოდი, ასეთი გრაფიტი თუ იყო სადმე.  

-ერთი წლის წინ გააკეთეს. – თქვა ლევანმა. – ძალიან მოუხდა აქაურობას.

-მადლობა, ლევან. – დაიჩურჩულა ქეთიმ. – ზაფხული რომ მანახე.

რაღაც უცნაურად დაეჭიმა მკერდში ლევანს. ის გრძნობა გაახსენდა, იმ სიზმრის მერე რომ დაეუფლა. სახე მოისრისა, თვალები ეხუჭებოდა.

-არაფრის. – თქვა ბოლოს.

ქეთიმ ხელები იღლიებში ამოიჩარა. კანკალებდა.

-ერთადერთი ის მახარებს, რომ ახლა ვერ მხედავს. – თქვა მან.

-ვინ?

-დედაჩემი.

-რატომ ამბობ ეგრე.

-იმიტომ რომ მართალია. გაუხარდებოდა ჩემი ასე დანახვა?

-ყველა ვარიანტში გაუხარდებოდა შენი დანახვა. ალბათ.

ქეთიმ პირი მოკუმა. თვალებში ეტყობოდა განცდა. ლევანმა ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი. არც კი იცოდა, რა ეთქვა.

ქეთი ისევ კანკალებდა, ვერ გაეგო ლევანს, სიცივისა თუ მოწოლილი განცდის გამო. ძალიან დაბალი იყო მისი ქურთუკის საყელო.

შარფი შემოიძრო ლევანმა, ქეთის გაოცებულ გამომეტყველებასა და თვალების სწრაფი ხამხამისათვის ყურადღება შეეცადა რომ არ მიექცია, ყელზე მოხვია, გაუსწორა, რომ შარფის ზედა ნაკეცს ქალის ნიკაპი დაეფარა.

-ხელები მომეცი. – უთხრა ბოლოს.

ქეთი გაფართოებული თვალებით ასცქეროდა. ხელები გამოუწოდა.

ლევანმა ფრთხილად დაიჭირა ისინი, მერე კი ქალი ახლოს მოიზიდა, მისი პატარა, ცივი ხელები საკუთარი პალტოს თბილ ჯიბეში ჩაიდო. ქეთი გვერდზე აეკრა, უცნაური გამომეტყველებით დასცქეროდა თოვლს და თვალებს ახამხამებდა.

-ჯობია ასე? გათბი?  -ჰკითხა ლევანმა. ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი, მერე კი ლოყით მიეყუდა ოდნავ მის მხარს.

უსიტყვოდ ისხდნენ და გასცქეროდნენ მოლიცლიცე მოწითალო სინათლით დაფერილ სიმწვანეს.

მზე გადადიოდა. გაიცრიცა მისი სინათლე, ჩამწვარი სანთელივით, მალევე მხოლოდ რამდენიმე სხივი დასრიალებდა კედელზე, ხუთიოდე წუთში კი ისინიც გაქრნენ. ღრუბლები გადაერეკა ქარს და წითლად დაფერილი იისფერი მოსდებოდა ცას. ყინავდა, მაგრამ ლევანი მის გვერდით ქეთის სხეულს გრძნობდა, მისი გამთბარი პატარა ხელების სითბოს და თავისი უკიდურესად გადაღლილი ტვინი ყინვას აინუნშიც კი არ აგდებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კვლავ იმ სიზმარში იყო, ანდა ახლად გამოღვიძებული, ისევ იმ უცნაურ, სანახევროდ ბურანში შერეულ, თითქოსდა არსაიდან მოსულ აღელვებას განიცდიდა.

ღრმად სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა, იმდენად არ სურდა, რომ ზედმეტად განძრეულიყო და რამე შეეცვალა.

უნდოდა ყველაფერი ზუსტად ისე ყოფილიყო, როგორც ახლა.

-წავიდეთ. – თქვა  უცებ ქეთიმ. მისმა ნათქვამმა ელვის სისწრაფით გამოაფხიზლა ლევანი. ქალი გასწორდა, გვერდზე გაიწია, ხელები გამოაცურა ლევანის პალტოს ჯიბიდან. – დავიღალე.

მისი ნათქვამის მიუხედავად, ათიოდე წამი გაუნძრევლად იჯდა ქეთი. მას გადახედა ლევანმა, მისკენ მიმართულ მზერას გაუსწორა თვალი. ლამპების თეთრი შუქიღა ანათებდა ქეთის სახეს, მის შარფში მოფუთნულ ნიკაპს, დიდრონ მუქ თვალებსა და გვერდზე მოქცეულ, გაბეწვილ ქუდს.

ძლივს დააძალა თავს რომ ქეთისათვის თვალი მოეწყვიტა, ფეხზე წამოდგა, დაელოდა, სანამ ქეთიც წამოდგებოდა, მერე კი კვლავ დაუყვა ბილიკს.

არ იცოდა რატომ, მაგრამ აუტანელმა დაღლილობამ დარია ხელი  ლევანს. ალბათ ფიზიკურმა და გონებრივმა დატვირთვამ საბოლოოდ გამოიღო საკუთარი შედეგი. ასეთი უძილო პერიოდების დროს ყოველთვის ახერხებდა, რომ საჭირო, ფუნდამენტალური ფუნქციები შეენარჩუნებინა საკუთარი თავისათვის, ადრე 48 საათიანი უძილობის დროსაც კი არ ჰქონია ასეთი ყოვლისმომცველი დაღლილობა. თითქოს ის დაძაბულობა, ის ადრენალინი, რომელიც ყოველთვის კვებავდა მის სხეულს ასეთ დროს, ერთიანად გამოეცალა და მხოლოდღა მოთენთვა შერჩა, რომელსაც ვეღარ უსწორდებოდა.

ნელა მიაბიჯებდა, თან წამდაუწუმ ამოწმებდა, ქეთი მოჰყვებოდა თუ არა.

შესასვლელიდან რომ გავიდნენ, იქვე, გალავანთან ჩაცურდა ლევანი, გადატკეპნილი თოვლით დაფარულ საფეხურზე ჩამოჯდა. ქეთის ახედა.

ქალი უცნაური, ოდნავ ნაღვლიანი გამომეტყველებით დაჰყურებდა.

-ძალიან დაიღალე ხომ? – ჰკითხა მან. – შვიდის ნახევარია უკვე.

მანქანას გადახედა ლევანმა. მზერა ემღვრეოდა. მარტო რომ ყოფილიყო, კიდევ წავიდოდა სახლში თვითონ, მაგრამ ქეთისთან ერთად ამას არ გარისკავდა.

-მგონი ახლა საჭეზე დაჯდომა არაა ჩემთვის კარგი აზრი. – წაილუღლუღა მან.

-ვხედავ. – თქვა ქეთიმ. – ტაქსის გამოვიძახებ. – დაამატა მან.

უსიტყვოდ იჯდა ლევანი და მას აჰყურებდა, სანამ ქეთიმ ტაქსი გამოიძახა და მის გვერდით ჩამოჯდა, ხელები კალთაში დაიკრიფა.

თოვდა. სქელი ფანტელები ნელ-ნელა ტრიალებდნენ ჰაერში. ყინავდა, ლამპიონების თეთრი სინათლე მოჰფენოდა შემოგარენს. შორიახლოს ბინიდან ხმამაღალი ლაპარაკი გაისმოდა ყრუდ, შორს ძაღლები ღავღავებდნენ. მუქი ნაცრისფერი ცა ზემოდან დაუსრულებლად მოფარფატე ფანტელებს გაეჭაღარავებინათ. ქარმა წამოუბერა, ცივი ფიფქები და მჭახე სუსხი მოაფრქვია იქაურობას, თუმცა ქეთის ეტყობოდა, რომ დიდად ეს არ ანაღვლებდა, შარფი ჩამოეწია, თავი უკან გადაეგდო და ცას აჰყურებდა, თვალებს სწრაფად ახამხამებდა, მაგრამ მაინც შერჩენოდა წამწამებზე რამდენიმე ფიფქი.

-რა ლამაზია. – თქვა მან. – მეტს უნდა ვიყურებოდეთ ცაში. ნახე როგორ ბარდნის.

ლევანი ქეთის შეჰყურებდა.

-ლამაზია. – გაიმეორა მან.

ქეთიმ მისკენ გადმოატრიალა თვალები და წამსვე მოარიდა ლევანმა მზერა.

-რას აპირებ? – ჰკითხა ქეთიმ. ინტერესით გახედა ლევანმა.

-სახლში წავალ და დავიძინებ. შენ?

-ვფიქრობ რა გავაკეთო. – თქვა ქეთიმ და გაიცინა. – ისე ვამბობ, თითქოს ბევრი მქონდეს საქმე გასაკეთებელი.

-ანდა არაფერი გასაკეთებელი. – ჩაილაპარაკა ლევანმა.

-შენ რომელი გირჩევნია? ბევრი თუ არაფერი? – ჰკითხა ქეთიმ.

-არ ვიცი. ახლა არაფერი.

-მე ბევრი მირჩევნია. – თქვა ქეთიმ. – ადრე ზარმაცი ვიყავი. ყველაფერი მეზარებოდა. არაფრის თავი არ მქონდა, არასოდეს. ახლა კი სულ მინდა დაკავებული ვიყო. რაღაცას ვაკეთებდე.

-ამიტომ სეირნობ ამდენს? – ჰკითხა ლევანმა. ქეთიმ გაიღიმა, მხრები აიჩეჩა.

-მუდმივი მოძრაობა. გარშემო ახალ-ახალი ხედები. ყინვა რომ მაწუხებს. ყველაფერი ახალი სტიმულია. მივდივარ და არ მაქვს თავი რომ იმაზე ვიფიქრო, რაზეც არ მინდა. მინდა ფიქრში ხელი შემეშალოს. ღამე კი მარტო ვწევარ, ყურებში განუწყვეტელი ზუზუნი მესმის, აქეთ იქით დავდივარ, ვტრიალებ, ვფიქრობ და არ მეძინება. მეგონა, თუ მარტო არ ვიცხოვრებდი, ცოტა მეშველებოდა, მაგრამ ღამე მაინც არაფერი მშველის.

ლევანი უსიტყვოდ უყურებდა. თვალები უბრწყინავდა ქეთის, და მისი სხეულის გარშემო ვეებერთელა ციცინათელებივით ციალებდნენ ფანტელები. ყველაფერი დაბურულს, ერთმანეთში ამღვრეულსა და ბურანში გაფანტულს ჰგავდა, ქეთის გარდა.

-იქნებ მე შემიძლია დაგეხმარო. – თქვა მან. ქეთიმ გამოხედა, თავი გვერდზე გადახარა, მისი დიდრონი თვალები ინტერესით შემოსცქეროდნენ.

-როგორ აბა?

-რავიცი. მაგიტომ არ მოხვედი მაშინ იმ პარკში ჩემთან? – ჰკითხა ლევანმა. – რაღაც ახალი. სტიმული. ხელისშემშლელი ფაქტორი. სპონტანური გადაწყვეტილება. რომ არ გეფიქრა.

ქეთი უყურებდა, უსიტყვოდ.

-არ ვიცი. – თქვა მან ბოლოს. – ალბათ მართალიც ხარ. მაგრამ… ანუ… არ მინდა იფიქრო, რომ რამენაირად შენი გამოყენება მინდოდა ან რამე ეგეთი… მაპატიე.

-არაუშავს.

-რატომ? რაკი ავადმყოფი ვარ? არ მინდა ეგრე, ლევან.

-არა… არა. ავადმყოფობის გამო არა.

-ლევან…

– ჰო?

-გინდა დამეხმარო?

ლევანი ქეთისაკენ მიტრიალდა, მის ბურუსსა და ფიფქებში გახვეულ სახეს ათვალიერებდა გამალებით.

-მინდა. – თქვა მან.

ქეთი უცნაურად უყურებდა.

-შეიძლება შენთან დავრჩე დღეს ღამე? – ჰკითხა მან.

ლევანი უსიტყვოდ მიაშტერდა. წამიერად დარწმუნებული იყო, რომ ეს საუბარი ეჩვენებოდა.

-შეიძლება. – წაილაპარაკა მან.

-არც კი დაფიქრებულხარ.

-რატომ უნდა დავფიქრებულიყავი?

-არ მიცნობ. იქნება მანიაკი ვარ და თავს გესხმი?

-მანიაკი ხარ?  

-არა.

-ჰოდა ვსო. – თქვა ლევანმა, მერე კი ქეთის კალთაში დაკრეფილ პატარა ხელებს სწვდა, ხელისგულებში მოიქცია, ქალის მაჯას გადაუსვა ცერა თითი. – და რატომღაც მგონია, რომ რომც მოისურვო, თავდასხმა არ გამოგივა.

ქეთის პაწაწინა ღიმილმა დაუბრიცა ტუჩები. საფეხურზე გაჩოჩდა, ლევანს გვერდზე მიეკრა.

უსიტყვოდ ისხდნენ, ლევანს ქეთის ხელები საკუთარ ხელებში მოექცია გასათბობად.

ყინავდა. გადაიკარა, ცას კუნაპეტი გადაჰკვროდა, სიბნელეს დაესადგურებინა კორპუსებს შორის, ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ქარიც აღარ იძვროდა, მხოლოდღა ნაცრისფერი, მჭახე ყინვა დასწოლოდა შემოგარენს.

ისხდნენ, სანამ გვერდებმოჟანგული ტაქსი ხრიგინით გაჩერდა ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან.

უკან ჩასხდნენ, ქეთიმ მძღოლს მათი მისამართი უთხრა. საბედნიეროდ, მძღოლი ჩუმი პიროვნება აღმოჩნდა, უსიტყვოდ იჯდა და ზედაც არ უყურებდა მათ, სანამ ტრასაზე მიქროდნენ.

ლევანს სავარძელზე გადაედო თავი, მარცხენა ხელში კვლავ ქეთის ხელი ეჭირა, მალ-მალე ცერს გადაუსვამდა მის ყინვისაგან გაუხეშებულ კანს. ქეთი გაუნძრევლად იჯდა, საფეთქელი ფანჯრის მინაზე მიეყუდებინა, გასცქეროდა ლამპიონების შუქისაგან გადაყვითლებულ ტრასასა და შორეულ,  ყვითელ-თეთრად დაწინწკლულ, მოციმციმე ქალაქს. მის გამოწეულ ყვრიმალებს, ჩაცვენილ ლოყებს, ავადმყოფურად მოპრიალე თვალებსა და ყინვისაგან დახეთქილ ტუჩებს შეჰყურებდა ლევანი და გარშემო მძიმე, ნაცრისფერი ბურუსი ერეოდა ყველაფერს. შორეული სინათლეები წითელ-ყვითელ წრეებად დაცურავდნენ აქეთ-იქით, მანქანის ძრავის ყრუ გუგუნი და ქარის შხუილი ერთვოდა ყველაფერს, ერთმანეთში ირეოდა. თვალები სასტიკად ეხუჭებოდა ლევანს, მაგრამ საკუთარ თავს მთელი ძალით ებრძოდა, უნდოდა კიდევ კარგა ხანი ეფხიზლა.

ნახევარი საათის შემდეგ მათი კორპუსების ეზოში მიაყენა მანქანა ტაქსისტმა. ფული ჩაუთვალა ლევანმა, და ისე, რომ ქეთისათვის ხელი არ გაუშვია, აუყვნენ კიბეებს.

ნელა მიიწევდა ზემოთ ლევანი, უმთავრესად იმის გამო, რომ ქეთი ძალიან არ დაეტვირთა, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ თვითონაც აღარ შეეძლო აუტანელი დაღლილობის გაძლება. თუმცაღა მეორე სართულამდე მისაღწევადაც კი დასჭირდათ რამდენჯერმე გაჩერება, რომ ქეთის სული მოეთქვა. გონებაში მათი კორპუსის დაფეხვილი ლიფტის შეუკეთებლობას შეაგინა ლევანმა.

ბინაში ბნელოდა, როცა კარი გააღო და ქეთი შიგნით შეიპატიჟა ლევანმა. ფარდები გადაწეული დაეტოვებინა, გარედან მკრთალი, ყვითელი სინათლე შემოდიოდა, ქარი ხმამაღლა წუოდა სავენტილაციო შახტაში, და ხმადაბალი, გაურკვეველი ლაპარაკი გამოდიოდა მეზობლის ბინიდან, მხოლოდღა თხელი კედელი აშორებდათ. ბინაში საკმაოდ გრილოდა.  

ქეთიმ კედები გაიძრო და შემოსასვლელში დატოვა, ქურთუკი და ქუდი საკიდის კაუჭზე აჰკიდა, მერე კი სასტუმრო ოთახში შეაბიჯა. ლამპა აანთო ლევანმა, და ბინას ნარინჯისფერი, მკრთალი სინათლე მოეფინა. მაღალი ლამპა მუქი ყავისფერი ტახტის გვერდით იდგა, მოპირდაპირე კედელზე ალაპლაპებული ტელევიზორი ეკიდა, ტახტის ქვეშ სქელი ხალიჩა ეფინა. სინათლე მკრთალად ეფინებოდა ღია სამზარეულოსა და საძინებელში გამავალი, ოდნავ მოხურული კარის მიღმა მდგარ, დიდ საწოლს.

-კეთილი იყოს ჩემი ფეხი. – თქვა ქეთიმ, ინტერესით ათვალიერებდა შემოგარენს. მერე კი, ისე რომ პასუხს არ დალოდებია, პირდაპირ საძინებლისაკენ გაალაჯა. ისე უხმოდ და ფრთხილად დადიოდა, თითქოს მოჩვენება დასრიალებსო, აშკარად დაჩვეული იყო ასეთ სიარულს. კარი შეაღო, წამიერად ზღურბლზე შეყოვნდა, მერე კი ნელა შეაბიჯა, ლოგინზე ჩამოჯდა.

ლევანი ტახტზე დაეშვა. ღია საძინებლის კარში ქეთის შესცქეროდა უსიტყვოდ.

-ჩაი, ყავა, ლუდი, წყალი, სხვა რამე ხომ არ გინდა? – ჰკითხა მან. – საჭმელიც მაქვს. თუ არ გაფუჭებულა.

ქეთიმ ლოგინზე აიკეცა ფეხები.

-არა, იყოს. – თქვა მან. – ნუ შეწუხდები.

-არ ვწუხდები.

-ისეთი სახე გაქვს, რო მგონია წაიქცევი. არ გეძინება?

ლევანი დაჟინებით დააცქერდა.

-ახლა დავიძინო? – იკითხა მან.

-რატომაც არა? – ქეთი უფრო უკეთესად მოკალათდა ლოგინზე და მის გვერდით საბანს დაუტყაპუნა ხელი.

-სტუმართან უხერხული არაა, მასპინძელი დაეგდოს და დაიძინოს? – გაუღიმა ლევანმა.

-მე სტუმარი ვარ? – ცხვირი აჭმუხნა ქეთიმ და დაიფრუტუნა. – სტუმარიო… ასე მგონია, რომ მთლად ვერ ვჯდები მაგ კატეგორიაში.

-მგონი მართალი ხარ. – უპასუხა ლევანმა. – ოღონდ რა კატეგორიაში ჯდები მაშინ, არ ვიცი.

ქეთიმ უდარდელი გამომეტყველებით აიჩეჩა მხრები.

ლევანი წამიერად უსიტყვოდ მიაშტერდა. თვალწინ ყველაფერი უცურავდა, ქეთის ფიგურაც კი დაღლილობის ბურანში ეხვეოდა ნელ-ნელა.

ბოლოს ფეხზე წამოდგა, მხრები უკან გადააგორა და ნელა შეაბიჯა საძინებელში. ქეთი თვალმოუშორებლად შესცქეროდა, სანამ საბანი მისგან მოპირდაპირე მხარეს გადააძრო ლოგინს ლევანმა. ტანსაცმლის გამოცვლაზე არც უფიქრია, ისე დაცლილიყო ენერგიისაგან. ჩაწვა, თავქვეშ მკლავი ამოიდო.

ქეთი ისევ ისე იჯდა, ფეხებმოკეცილი. ტუჩები ოდნავ გაებუსხა, ლევანს შეჰყურებდა. სხარტად მოტრიალდა მისკენ, ნიკაპით ხელებს დაებჯინა. ზურგზე ლამპის ნარინჯისფერი შუქი ეფინებოდა, მის თვალებს თითქმის ვეღარ ხედავდა ლევანი.

-მყუდრო ბინა გაქვს. – თქვა მან. – აი… კომფორტული, ნაცხოვრები, მოვლილი სიმყუდროვე ვიგრძენი.

-მადლობა. – უპასუხა ლევანმა.

-იქეთ ასე არაა. – განაგრძო ქეთიმ, ფანჯარაში იყურებოდა, გაღმა კორპუსის მიმართულებით ააქნია თავი. – არც ჩემ დას აინტერესებს ის ბინა და არც მე.

-რატომ?

-არ გვიყვარს იქაურობა. ჩემ დას იმიტომ რომ მე ვარ იქ, მე იმიტომ, რომ ბევრი არც არაფერი მიყვარს.

-რატომ?

-არ ვიცი. ასე არ ჯობია?

-და ის რომ გიყვარს?

-ვიცი. ხომ ხედავ რა დამმართა სიყვარულმა.

ლევანს თვალები მიელულა, ქეთის შესცქეროდა.

-მოდი ჩემთან. – მკლავი გამოუწოდა მან.

ქეთი გაუნძრევლად იჯდა. მის გამომეტყველებას ვეღარ არჩევდა ლევანი.

-…ანდა არა. – მკლავი ლოგინზე ჩამოუვარდა ლევანს. მოწოლილ ძილბურანშიც კი გადაუარა უხერხულობის ცივმა ტალღამ. – მაპატიე. დაივიწყე. კიდევ ვილაპარაკოთ, თუ გინდა.

ქეთიმ არაფერი უპასუხა.

საბანი გადასწია და ლოგინში შემოძვრა, ლევანის გვერდით მიწვა, საბანი მხარზე შემოიხვია. ზეწარი ცივი იყო, რაზეც სისინი ამოუშვა ქალმა, მოიკუნტა.

-ძაან ცივა. – დაიჩურჩულა მან.

-გათბობა მაქვს გამორთული. – თითქმის ავტომატურად წაილაპარაკა ლევანმა.

ქეთი ახლოს მოუჩოჩდა, ფრთხილად, ნელა მოხვია მკერდზე ხელი.

-დავიძინოთ. – თქვა მან.

ლევანი ცოტა ხანი ვერც კი ინძრეოდა, ეცადა ღრმად არ ესუნთქა. იცოდა, რომ ამაზე გაღვიძებისას ძალიან ბევრს იფიქრებდა, მაგრამ ამწუთას ამის თავი სულაც არ ჰქონდა. ფიქრს თავი დაანება, და იმ შეგრძნებას მიენდო, ზუსტად ისეთს, რომელიც იმ სიზმრის მერე დაეუფლა.

გადატრიალდა, კისრის ქვეშ შეუცურა მარცხენა მკლავი ქეთის, მარჯვენა წელზე მოხვია და თოჯინასავით მოიზიდა, გულში ჩაიკრა. მოულოდნელობისაგან ხმადაბლა, სწრაფად შეისუნთქა ქეთიმ, მაგრამ არაფერი უთქვამს, თავი ყელში ჩაუდო და ხელი მოუსვა ბეჭებს შორის.

-გათბი? – წაილუღლუღა ლევანმა.

-კი. – უთხრა ქეთიმ. მისი თბილი სუნთქვა იგრძნო ყელზე ლევანმა.

-გინდა კიდევ ვილაპარაკოთ?

ქეთიმ თავი გააქნია, უფრო კომფორტულად მოეწყო.

-დაისვენე. – თქვა მან.

თვალები დახუჭა ლევანმა. მომენტალურად მოერია მის ტანს ქეთის სხეულიდან მომავალი სითბო, თითოეულ სისხლძარღვში გაუჯდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს ლოგინში ჩამდნარიყო, ერთგვაროვან მასად ქცეული, მაგრამ ცხოველი სიცხადით გრძნობდა ქეთის თითოეულ შეხებას. თმაზე ხელი გადაუსვა ლევანმა, მისი სურნელი შეიგრძნო, მჭახე ქარის, თოვლისა და აყვავებული ვარდის, რომელსაც თითქოს ოდნავი სისხლის სიმწარე დაჰკრავდა.

ქეთი მშვიდად, გამოზომილად სუნთქავდა, მაგრად მოეხვია მისთვის მკლავი და მხრებზე უსვამდა ხელს.

ქეთის სხეულის სითბო, მისი თმის სურნელი, ლამპის ნარინჯისფერი-მოყვითალო სინათლე ერთმანეთში აირია, გალღვა და ერთიანად მოიცვა ლევანის გონების თითოეული კუთხე-კუნჭული.

ისე ღრმად ჩაეძინა, როგორც არასდროს.

.

.

.

CT – Computer Tomography

28 thoughts on “მზესუმზირები (ნაწილი 1)

      1. სიმართლე გითხრა ამ დაავადების შესახებ პირველად გავიგე. ცოტათი უცნაურია.
        რაც შეეხება პერსონაჟებს და მათ ურთიერთობას მეჩვენება რომ ქეთის ლევანის მიმართ აქვს გრძნობა და მაგიტომაცაა ასე. ლევანის სიზმარიც ალბათ ამას ნიშნავს. ქეთის დის დახვედრაც რაღაცნაირად გამოვიდა და იმ ეზოს წინ მსხდომი მამაკაცების რეაქციაც.

        Like

      2. ძალიან კარგი რომანი გამოდის და იმის მიხედვით რომ დიდი ხანია გელით უზომოდ ბედნიერი ვარ🥰❤️

        Liked by 1 person

      3. ჰანაჰაკის დაავადება ნამდვილი არ არის საბედნიეროდ ^_^ და ვნახოთ, ვნახოთ რა იქნება შემდეგში, კომენტარს არ გავაკეთებ დდ ❤

        Like

      4. უი კიდევ კარგი არ არის ეს დაავადება. 😊
        ჰოოო და მომწონს ეგ ინტრიგააა❤️

        Liked by 1 person

  1. რა კარგია რომ გამოჩნდით. ძალიან, აი ძალიან საინტერესო იყო.ამ დაავადების შესახებ არაფერი გამიგია , წარმოდგენაც არ მაქვს ნამდვილად თუ არსებობს ასეთი რამე, მაგრამ იმდენად დამაკერებლადაა გადმოცემული, დავიჯერე…იმედია ლევანის სითბო და სიყვარული გადაარჩენს ქეთის. მადლობა ასე კარგად რომ წერთ!

    Liked by 1 person

  2. ძალიან ბედნიერი ვარ შენი დაბრუნებით! იმდენად სხვანაირია ეს ისტორია, რომ ვერ აღვწერ. საერთოდ არ მიგვრძნია, რომ დიდი ხანია არ გიწერია, პირიქით, ისე ბუნებრივად და დახვეწილად გამოგდის… აღფთოვანებული ვარ თქვენით, ქალბატონო ლინდა! კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დაბრუნდი ❤

    Like

  3. რაღაცნაირად შემეშინდა,პირველი რაც გავიფიქრე :”უნდა დავგუგლო”😁😁😁,ძალიან საინტერესოა და მიხარია შენი დაბრუნება.წარმატებებიი♥️

    Like

  4. ისე ჩამითრია,თვალს არ ვახამხამებდი სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე.ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა.როგორც გავარკვიე ეს დაავადება არ არსებობს,მაგრამ ისე ლამაზად ყვები,ეჭვიც არ შეგეპარება ადამიანს,რომ არარეალურია.დარწმუნებული ვარ,რომ ქეთის ლევანი უყვარს🤔 დაველოდები შემდეგ თავს,ძალიან მაინტერესებს მათი ურთიერთობის შემდგომი განვითარება🥰

    Like

  5. OMG დაბრუნდა ჩემი IDOL
    miss linda როგორ მომენატრეეთ💜💜💜💜💜არასოდეს არ გამოვირჩეოდი ხოლმე კომენტარების წერით მაგრამ ახლა ისე მიხარია გამორიცხულია რომ არ დავწერო რამეეე ;დდდდ რაც შეეხება ამ მოთხრობას ანუუუ უმაგრესიაა ძაან საინტერესოა და მიდით აბა გააგრძელეეთ ყველაზე ყველაზე მაგარი ხართ💜💜💜💜

    Like

    1. ვაიმე იასამნისფერი გულიიიი 💜💜💜💜💜💜💜💜
      აიდოლიო ვაიმეეე 💜💛💛💛💛უღრმესი მადლობა გენაცვალე 🥰🥰 ძალიან გამახარე! 🤩🤩

      Like

  6. ლინდა ისე გელოდებოდით, როგორ დაგვეკარგეთ? ისეთი ნიჭიერი ხართ, დანაშაულია არ წერდეთ და თქვენი მკითხველი არ გააბედნიეროთ. Რაც კითხვა ვისწავლე იმის შემდეგ წიგნები ხელიდან არ გამიგდია “მანიაკი” მკითხველი ვარ, მაგრამ ხარახურას არასდროს ვკითხულობ. თქვენი ნაწერებიდან ისეთი ემოცია მოდის, ისეთი ანკარა და დახვეწილი ქართულით წერთ, ასე მგონია თქვენს ნაწერს ყველასგან გამოვიცნობ. Აღარ გაბედოთ მკითხველების ასე მიტოვება. Წიგნის გამოქვეყნებასა და დიდ მწერლობაზე იფიქრეთ. სიამოვნებით მექნებოდა ბიბლიოთეკაში თქვნი ნამუშევრები.
    Ამ რომანზე არაფერს ვამბობ, როგორც ყოველთვის გამორჩეული ხართ❤️❤️
    P. S. დალიჰარი აუცილებლად უნდა დაასრულოთ🥰

    Like

    1. ვაიმე არც კი ვიცი რა ვთქვა, ძალიან ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე მხარდაჭერისათვის და თბილი სიტყვებისათვის 💛💛💛 უზომოდ მიხარია რომ მკითხულობ 🥰🤩💛 წიგნის გამოქვეყნებას რაც შეეხება რა ვიცი, რაღაც არა მგონია რომ გამოვიდეს :დ მაგრამ მაინც უღრმესი მადლობა 💛
      დალიჰარს რაც შეეხება, აუცილებლად დავამთავრებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი როდის, ძალიან მეძნელება ამ ეტაპზე 😅💛

      Like

  7. მიხარია რომ გამოჩნდი ლინდა,შემთხვევით წავაწყდი შენს ახალ ისტორიას,შემთხვევით რაა ისევ მომესურვილა მშვიდი ქარიშხლის წაკითხვა და ჰოი საოცრებავ ახალი ისტორიაც დამხვდა😊 ინტერესით დავიწყრ კითხვა და დარწმუნებული ვარ ესეც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს დამიტოვებს…ერთი რამ არ შემიძლია არ გკითხო უბრალოდ აქვე. დალაჰარის გაგრძელების ინტერესი მკლავდა და იქნრბ რაიმე დამაიმედებელი მითხრა?🙏☺️

    Like

    1. მიხარია რომ ხელახლა მოგინდა წაკითხვა და ახლითაც დაინტერესდი, იმედია მოგეწონება 💛 დალიჰარს აუცილებლად დავასრულებ, ოღონდ სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი როდის 🥺🥺💛

      Like

      1. თითქმის ყველა ისტორია რამდენჯერმე მაქვს გადაკითხული და რაღაც პერიოდი რომ გავა,ისევ ხელახლა მივუბრუნდები,იმ ემოციების განსაცდელად,რაც პირველად წაკითხვისას მქონდა😊..ძალინ ვწუხდი რომ არ ჩანდი და ძალიან ძალიან გამახარა შენმა გამოჩენამ🥰🥰..ამ ისტორიებს რაც შეეხება ეხლა დავასრულე და არაჩვეულებრივი იყო ნამდვილად🧡🧡 ..დალაჰარზე კი იმიტომ გავამახვილე ყურადღება,რომ ქართული რეალობისთვის ასეთი უჩვეულო და ეგზოტიკური ნაწერი ალბათ ძალზედ იშვიათობაა.ამიტომ მწყდებოდა გული რომ აღარადა აღარ იდებოდა ახალი თავები,მაგრამ შენმა სიტყვებმა დამაიმედა და ერთი სული მაქვს როდის დაასრულებ რომ ჩავუჯდე გემრიელად🤩🤩..შეიძლება შენ გგონია უბრალოდ წერ, მაგრამ აი მაგალითად მე გეუბნები,რომ რაღაც დიდს ქმნი ვიდრე უბრალოდ წერაა…წარმატებები ჩემო კარგო🥰🥰

        Like

      2. ვაიჰ, დიიიდი მადლობა! ❤ მიხარია რომ გახსოვდი ❤ დალიჰარს რაც შეეხება, ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისა და კომპლიმენტისათვის, ვერც კი წარმოიდგენ რამოდენა სტიმულია ❤

        Like

  8. კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო რაც შენს უკიდეგანო ნიჭიერებაზე მეტყველებს,რომ ისე პროფესიონალურ დონეზე აღწერ შენს ისტორიებში წამოწეულ თემებს,რომ უბრალოდ კითხვა მიჩნდება საიდან ასეთი ღრმა ცოდნა ყველა სფეროსი? თან ამას ერთვის უსაზღვრო ფანტაზიის უნარი,რომელსაც ისე ანვრცობ,რომ უბრალოდ კითხვისა და აღფრთოვანების გარდა აღარაფერი დაგვრჩენია..ერთდროულად თან აბსტრაქტულში და თანაც რეალობაში გვამოგზაურებ მკითხველსებს..მადლობა ამისათვის🙏😍😍

    Like

    1. ავჩუყდი ❤ ნუ მზესუმზირებში სამედიცინო რაღაც-რუღაცების თემა ჩემთვის ახლოა, ამიტომ ასე თუ ისე იოლია ❤ თუ რამე თემა წამოჭრილა სხვაგან ისტორიაში, რაზეც ვგრძნობ რომ საკმარისად არ ვიცი, აუცილებლად ვგუგლავ და ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გავიგო, რომ მაქსიმალურად მომზადებული შევეჭიდო წერას ❤ პირიქით შენ მადლობა! ❤

      Like

  9. ძველები ბევრჯერ მაქვს წაკითხული და ეს ახლები არა,ახლა მივყვები.ზემოთ ძაან დრამა წავიკითხე და იმედია დასასრული კარგი ექნება😍😍

    Like

    1. ვაიმე ქალუ 🥹🥹🥹🥹🥹🥹 ახლა ვნახე შენი კომემტარები და ისე ავჩუყდი რომ ცრემლები მომადგა 🧡 დიდი მადლობა რომ კითხულობ 💛💛 არ დაგასპოილერებ მზესუმზირებზე, იმას გეტყვი რომ რთული სიტუაციაა ისტორიაში ყველანაირად და ძალიან გეტკინება, მაგრამ მე ვთვლი რომ დასასრული ამ ტკივილად ღირს 💛 იმედია ისიამოვნებ და გამაგებინე აზრი როცა დაასრულებ 💛

      Liked by 1 person

Leave a reply to ნანო კომენტარის გაუქმება