-*-*-*-*-*-1
სკოლის დერეფანში წყნარი ღრუტუნი ისმოდა. გურამმა ხის თხელი ტოტის დარტყმით გარეკა წინ გოჭები და ცხვირზე ხელმოჭერილი, აფხუკუნებული გაედევნა უკან. მის უკან მომავალი დაჩი შეკავებული სიცილისაგან ხროტინებდა, თან ამაყად მოჰყავდა ხელში რუდუნებით აყვანილი ორი ქათამი, რომლებიც კისრებს იგრძელებდნენ და ხმადაბალი კრიახით უერთდებოდნენ გოჭების ღრუტუნს.
-არ ესმით ახლა ამათ? მეგონა მასწავლებლები გამოგვივარდებოდნენ… – ჩურჩულით შეეკითხა დაჩი გურამს, რაზეც მისმა მეგობარმა წარბები აწკიპა და ჯოხი შხუილით მოუქნია გოჭებს, რომლებიც თვინიერად მიგოგმანებდნენ წინ.
-ალბათ არ ესმით… დაიცადე,ზარი დაირეკება და გაიგონებენ. – წარბები ამაყად შეათამაშა გურამმა.
-ბიძაშენი მოგკლავს, ხომ იცი. – დაუსისინა დაჩიმ. – ესენი მასთან უნდა მიგეყვანა, შენ კი რას აკეთებ…
-მაცადე ერთი. – ხელი აიქნია გაბადრულმა გურამმა. – თორნიკე არაფერსაც არ მეტყვის. ცოტა ხანი გავერთობით და მერე მივუყვანთ…
-კარგი, ვნახოთ… – სკეპტიკურად გადახედა დაჩიმ, მერე კი ქათმები ბავშვებივით დაარწია, როცა მათ ჩვეულებრივზე მაღალი კრიახი ატეხეს. – გეფიცები, თუ ამის გამო მე დამსჯიან…
-ჩემზეა-თქო, ხომ გითხარი? – ამაყად გაიღიმა გურამმა. -რაც უნდათ, ის მიყონ…
მერე კი საათზე დაიხედა. ათს თხუთმეტი წუთი აკლდა.
-ჰე ახლა, დასვი, ზარი დაირეკება. – დაუსისინა მან დაჩის. მეგობარმა წამსვე დასვა ძირს ქათმები, რომლებიც ხმადაბალი კაკანით მიმოტრიალდნენ, რამდენჯერმე დასცხეს ნისკარტები იატაკს საჭმლის ძებნაში, მერე კი გოჭებს გაედევნენ.
მერე კი ზარიც დაირეკა. ხმამაღალი ხმისაგან დაფეთებული გოჭები და ქათმები დაფრთხნენ და ხმამაღალი ღრუტუნითა და კრიახით გაცვივდნენ დერეფანში. კარები ბათქაბუთქით იღებოდა, გარეთ ბავშვები გამოცვივდნენ, ორიოდე წამში ცხოველთა ხმებს ბიჭების ხმამაღალი ხარხარი და გოგოების დაფეთებული კივილი შეემატა. გურამი და დაჩი ხორხოცებდნენ, დერეფანში დატრიალებულ ორომტრიალს, ღრიანცელს, მტვრის კორიანტელსა და ქათმის ბუმბულების ბუქს გაბადრულები მიშტერებოდნენ. გოჭები და ქათმები კი ღრუტუნითა და კრიახით მიიწევდნენ წინ. რამდენიმე დაფეთებული გოგონა ჩამოიშორეს გზიდან, მერე კი ვიღაც უბედურ ბიჭს გაეხლართნენ ფეხებში. ბიჭი ქვემოთ დაენარცხა, რაზეც დერეფანში ხელახლა იფეთქა სიცილმა. ცხოველები ამაზე უფრო დაიბნენ, ხმამაღალი ღრუტუნით გაიქცნენ კიბეებისაკენ.
გურამმა ცრემლმომდგარ თვალებზე თითები მოისვა და მტკივან მუცელზე იტაცა ხელი. ყველა ხმამაღლა იცინოდა, მასწავლებლები გაოცებულები გამოლაგებულიყვნენ დერეფანში და ვერ გაეგოთ, თუ რა მოხდა.
გურამის აზრით, ეს მისი საუკეთესო მაიმუნობა იყო. ალბათ საკმარისად მოხვდებოდა მასწავლებლებისგან ამის შემდეგ, და ბიძამისიც არ დააკლებდა მისი ძვირფასი გოჭებისა და ქათმების გამო, მაგრამ…
-საჯაია! ზიბზიბაძე! -გაისმა კივილი დერეფნის ბოლოდან და გურამს მოულოდნელად ენა მიეკრა სასაზე. ხატია დაშნიანი მოაბოტებდა მისი უკან მოქანავე, გრძელი ნაწნავითა და ჩაჩაჩული შარვლით, იღლიაში აკრიახებული ქათამი ამოეჩარა. დაჩი ადგილს მიეყინა მის გვერდით.
-რა არის ეს? – იყვირა ხატიამ და წარბები აზიდა, ბრაზით მოავლო თვალები დერეფანში გამოფენილ ახორხოცებულ ხალხს, რომლებმაც სასწრაფოდ აარიდეს თვალი. – მთელ სკოლაში ბუმბულები ყრია!
-ჩვენთან რა გინდა მერე, ქათმები ყრიან ბუმბულებს… – ამოიკნავლა დაჩიმ, და ხატიამ მისკენ მიატრიალა გაფართოებული თვალები. ტუჩები მოეკუმა და უსიტყვოდ მიშტერებოდა, თვალებით ბურღავდა.
-თუ, – ხმადაბლა დაიწყო მან, – ნახევარ საათში არ დაიჭერთ იმ ქათმებსა და გოჭებს და არ აკრეფთ ყველა ბუმბულს ამ სკოლაში, გეფიცებით, ჩემი ხელით დაგაპუტავთ თმას და იმასაც აგაკრეფინებთ. დამატებით სამუშაოზე რომ არაფერი ვთქვათ. – განაცხადა მან და ქათამი გურამს ესროლა. -თქვენ რაღაც უყურებთ? – მიმოიხედა მან და ხელი აიქნია. – დაიშალეთ! არაფერია აქ სანახავი, გასაგებია? თქვენს საქმეს მიხედეთ!
ბევრმა სტყორცნა უკმაყოფილო მზერა მისკენ, მაგრამ მალევე დაიშალნენ, ჩვეულებრივი ხმაური, ხმადაბალი ლაპარაკი და სიცილი ატყდა დერეფანში. ხატია თეძოებზე ხელებჩამოდებული იდგა და ორივეს უბღვერდა. ეტყობოდა, რომ ცოტაც და თავის გაუთავებელ ლექციას დაიწყებდა.
-აქ რა ხდება? -გურამმა სწრაფად მოაბრუნა თავი მეგობრის ხმის გაგონებისას და წამსვე შვებით ამოისუნთქა. ახლა ლაშა-გიორგი გამოაძვრენდათ აქედან…
-ბაბლუანი. – ტუჩი აიბზუა ხატიამ.
-დაშნიანო… – დაიწყო ლაშა-გიორგიმ.
-ზიბზიბაძე! – ჩაურთო დაჩიმ, მაგრამ ტუჩები მოკუმა, როცა ორივეს სერიოზული მზერა მისკენ მოიმართა.
-უკან მიბრძანდი, ბაბლუანი. – ხელი გაუქნია ხატიამ. – ამათ პირველი მე დავადექი თავზე და მე თვითონ მივხედავ…
-რამდენი წლის ხარ, ოთხის? -ცივად მიუგო ბიჭმა. – მერე რა რომ პირველი ხარ. როგორც მოგეხსენება, მეც ვარ კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი და ჩემი უფლებების რეალიზებას მოვითხოვ.
-საქმის კურსში არ ბრძანდები. – უხეშად მიახალა გოგონამ. – წადი, წაბრძანდი, ამაზე როგორ შეწუხდები? პლუს, აქ ობიექტური მიდგომაა საჭირო, და რაკი ამ ორ სუბიექტთან მეგობრული ურთიერთობა გაქვს…
-ობიექტურად არც შენ უდგები საქმეს, რადგან ამ ორ სუბიექტთან მტრული დამოკიდებულება გაქვს. – მიუბრუნა ლაშა-გიორგიმ. – საქმის კურსში ჩემი ჩაყენება კი უფრო მოკლე ვადას მოითხოვს, ვიდრე შენი ლექციები.
-მაგაში რატომღაც ეჭვი მეპარება, – თვალები დაუწვრილდა ხატიას, ცხვირზე წამოსკუპული სათვალე შეისწორა. – შენი ტვინის სიმდორეს თუ გავითვალისწინებთ.
ლაშა-გიორგის ნაკვთები შეუტოკდა, მერე კი მათ მოუბრუნდა. დაჩი და გურამი პირდაღებულები მიშტერებოდნენ ხან ერთს, ხან მეორეს.
-… ქათამი რად გინდა? – ნელა იკითხა ლაშა-გიორგიმ, მარჯვენა წარბი ზემოთ აზიდა.
-ისააააა… – დაიწყო გურამმა და უხერხულად გაიცინა, მკლავში ამოჩრილ მოკაკანე ქათამს დახედა. – ბიძაჩემმა დამავალა, მოუარეო…? რამდენიმე გოჭიც იყო კიდევ… – ფრთხილად მიუგო მან.
ლაშა-გიორგი ცივი სახით მიშტერებოდა,თავი ოდნავ გადააქნია.
-დაიჭირეთ ყველა. ბუმბულები აკრიფეთ. დერეფანი მოგავეთ. – მან დერეფანში გაფანტული ბუმბულებისაკენ მიუთითა. – და თავისუფლები იქნებით.
-არავითარ შემთხვევაში! – ხმას აუწია ხატიამ და ორივეს თითი მოუშვირა. – ასე არ შეიძლება, თავს გაუვიდათ უკვე… სკოლის შემდეგ მთელი ეზო მოგავონ. და კიდევ დაწერონ ესე თემაზე…
-ეს გააკეთეთ და თავისუფლები იქნებით. – ცივად განაცხადა ლაშა-გიორგიმ და თითები გაატკაცუნა, თავი დერეფნისაკენ აიქნია. – დროზე, სანამ დირექტორამდე მისულა ეს ამბავი.
-რაო? – ატყდა ხატია, მაგრამ დაჩი და გურამი უკვე გარბოდნენ, გზა-და-გზა ბუმბულებს კრეფდნენ. – რაებს ჩმახავ?! ეს რა უპასუხისმგებლობაა! რა უსაქციელობა! უნდა დაისაჯონ! ჩემი ფეხით მივალ დირექტორთან!
ლაშა-გიორგიმ რაღაც უთხრა საპასუხოდ, ხმადაბლა და მონოტონურად, მაგრამ გურამს აღარ გაუგონია. ხატია კიდევ რაღაცას ეუბნებოდა ბრაზით, მაგრამ ორივენი კუთხეს მოეფარნენ.
-კიდევ კარგი, რომ გამოვძვერით. – ამოიხვნეშა დაჩიმ.
-ამას გამოძრომას არ დავუძახებდი. – დაიქშინა გურამმა და ქათამის შორს გაწევა სცადა, როცა მან კინაღამ თვალში ჩაუნისკარტა. – მაინც მოგვიწევს აქაურობის მილაგება…
-ეზოს მოგვას და ესეს წერას ეს მირჩევნია. – ამოიხვნეშა დაჩიმ და ფრთხილად მიეპარა კუთხეში მოკაკანე ქათამს.
.
.
-*-*-*-*-
სკოლის კომიტეტის კრებაზე წლის დასასრულს, გამოსაშვებ საღამოსა და საბოლოო ნიშნებს განიხილავდნენ. ხატია მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე და სწრაფად იწერდა ყველაფერს, რაც მის ყურადღებას მიიქცევდა.
გოგონამ თვალები გადაატრიალა, როცა ბაბლუანი წამოდგა ფეხზე. ლაშა, ან, როგორც სკოლაში მეტსახელად ეძახდნენ, „ლაშა-გიორგი“, ყველაფრის განსახიერება იყო, რასაც ვერ იტანდა. მისი ცივი ქცევა, წარმოუდგენელი სიჯიუტე, შეუგნებლობა და რაც მთავარი იყო, ხატიასადმი მწვავე კონკურენცია თითქოს აძალებდა გოგონას, რომ მის თითოეულ სიტყვაზე გაღიზიანებულიყო.
არც კი ახსოვდა, თუ საიდან დაიწყო მათ შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ერთმანეთს ვერ იტანდნენ.
-გამოსაშვები საღამო თხუთმეტი ივნისიდან ოც ივნისამდე უნდა დაიგეგმოს. – დაიწყო მან. – აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ ჩამოვიშოროთ გამოსაშვები საღამო, რათა გამოცდებზე გავამახვილოთ ყურადღება…
-ჩემი აზრით, გამოსაშვებ საღამოს მაშინ აქვს აზრი, როცა გამოცდები არ გველოდება წინ. – ჩაერთო ხატია. ბაბლუანმა გადმოხედა, თვალებით თითქოს ნემსებს უყრიდა სხეულში. გოგონამ მოღრეცილი ღიმილი სტყორცნა. – და რაკი გამოცდების შემდეგ არ მოხერხდება, სჯობს, რომ ცოტა უფრო ადრე…
-სასკოლო დრო დავუთმოთ გართობას? – მოიღუშა ბაბლუანი და მკლავები გადააჯვარედინა. მაგიდის თავში მჯდარმა დირექტორმა ამოიხვნეშა. – ასეთი ქცევა გაუმართლებელი იქნება.
-წინა წლის ჩანაწერებსა და გამოკითხვას თუ გავითვალისწინებთ, – ხატიამ თავისი რვეული გადაშალა და ნაწერს ჩაუკირკიტა. – ბოლო ერთი კვირა, განსაკუთრებით აბიტურიენტებისათვის, სასკოლო დროს არ ითვალისწინებს. გაცდენების რაოდენობა ამ დროს ყველაზე მეტია. თითქმის ყველა ემზადება პრივატულ რეპეტიტორთან. ამიტომ უფრო მიზანშეწონილი იქნება გამოსაშვები საღამო დავგეგმოთ თორმეტ ან თერთმეტ ივნისს…
-თორმეტ და თერთმეტ ივნისს გამოცხადებულია ღრუბლიანობა და წვიმა. – ცივად მიმართა ბაბლუანმა. -და არა მგონია, რომ ვინმეს სურდეს ასეთი ამინდი…
-საკმარისია. – განაცხადა დირექტორმა, ბატონმა ნოდარმა, სახეს ისრესდა. – ხატია, ლაშა, მგონი ჯობია წახვიდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვაგვარებთ ამ საქმეს. მოწყობას, დეკორაციასა და ბიუჯეტის გადანაწილებაზე რომ მივა საქმე, აუცილებლად ჩაგრთავთ საქმის კურსში…
-კი მაგრამ, ბატონო… – დაიწყო ხატიამ და მუდარით სავსე სახით შეაშტერდა კაცს, მაგრამ მან მხოლოდ ხელი ასწია შეჩერებით ნიშნად.
-არა, ხატია. დიდი მადლობა, ვიცი, რომ დახმარება გსურთ, მაგრამ… – დირექტორმა წარბები ასწია და კარისაკენ მიუთითა.
გოგონამ კომიტეტის წევრებს მოავლო თვალი, მაგრამ მასწავლებლებმა მხოლოდ ჩაახველეს და თვალები აარიდეს. რამდენიმე ჩუმად იცინოდა კიდეც. ხატიამ თავისი რვეულები ჩანთაში ჩატენა და ოთახიდან გამავალ ბაბლუანს მიჰყვა.
-სულ შენი ბრალია, რომ გამოგვაგდეს იქედან. – დაუსისინა მან ბიჭს, როცა კარი მათ უკან მიიხურა. ბაბლუანმა ცივად გადმოხედა. – არ შემოგეთავაზებინა ის სულელური იდეები და…
-შენ შემაწყვეტინე. – უპასუხა ბაბლუანმა და ჩანთა უკეთესად მოიგდო ზურგზე, ნაბიჯს აუჩქარა. – შენი საკუთარი იდეები უნდა შეგენახა შენთვის.
-როგორ…! – წამოიყვირა ხატიამ, მაგრამ ბაბლუანი უკვე კიბეებს უახლოვდებოდა სწრაფი ტემპით. გოგონამ ტუჩები გაბუსხა და მუშტები მაგრად შეკრა.
ეს ბიჭი აბსოლუტურად აუტანელი იყო. არც კი ესმოდა, თუ როგორ შეეძლოთ მის ნაცნობებსა და მშობლებს მასთან ყოფნა. ისიც ვერ გაეგო, თუ როგორ ჰყავდა ამ უჟმურ ადამიანს მეგობრები.
„ალბათ იმიტომ, რომ თავისი უჟმური ხასიათით აძალებს.“ გაიფიქრა მან. „აშანტაჟებს. არც კი გამიკვირდება.“
მერე კი თვითონაც სწრაფი ნაბიჯით გაემართა კიბეებისაკენ. დღეს მისი ბიძაშვილი ჩამოდიოდა მათთან ცოტა ხნით სტუმრად, და ავტობუსის გაჩერებასთან უნდა დახვედროდა, მერე კი სახლში უნდა მიეყვანა, სადაც დედამისი და მამამისი მთელი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ გოგონას დასახვედრად. ანანო მისი ასაკის იყო, და ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ამიტომ იოლი იქნებოდა მასთან ურთიერთობის აწყობა.
მთელი გზა, სანამ ავტობუსში რიხინებდა და ცდილობდა ვინმესთვის ფეხზე არ დაებიჯებინა, მომავალ გამოსაშვებ საღამოზე ფიქრობდა. ორგანიზატორობა ძალიან სურდა, უნდოდა, რომ ყველანაირად კარგი გაეხადა მისი კლასისათვის ბოლო სასკოლო გამოცდილება, მაგრამ ამავდროულად ძალიანაც არ სურდა რომ ზედ გამოჩენილიყო. იცოდა, რომ ასე მოქცევა მის კლასელებს უფრო მეტ მიზეზს მისცემდა, რათა აეთვალწუნებინათ, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა უკვე. პლუს, არ სურდა, რომ ბაბლუანისათვის შეეხედა კიდევ ერთხელ და თავისი ბოლო დღე ჩაემწარებინა. ჯობდა სულ არ მისულიყო.
გაჩერებაზე რომ ჩამოაბიჯა, წამსვე მიიხედ-მოიხედა. უამრავი ხალხი ირეოდა, ჰაერი მტვრითა და ივნისის სიცხით ავსებულიყო. აქეთ-იქით დაგრიალებდნენ მანქანები, სუნთქვა ჭირდა, შიგადაშიგ უბერავდა ცხელი ნიავი.
ანანო ათიოდე წუთის შემდეგ ჩამოვიდა. რიხინით ჩამოათრია თავისი ჩემოდანი და თავზე დასკუპებული ჩალის, ლურჯბანტიანი ქუდი შეისწორა. თხელი, ჰაეროვანი ცისფერი კაბა ეცვა და გრძელი ქერა თმა ჩამოჰყროდა ზურგზე.
„ისე გამოიყურება, თითქოს ეს სიცხე საერთოდ არ აწუხებს,“, კეთილი შურით გაიფიქრა ხატიამ და მოახლოებული ბიძაშვილისაკენ გადადგა ნაბიჯები.
ანანომ ყურებამდე გაუღიმა და მაგრად ჩაეხუტა.
-როგორა ხარ? – წამოიძახა მან, მერე კი შეწუხებულმა შეხედა. – პირდაპირ სკოლიდან წამოხვედი? კი მაგრამ, ჭამე რამე?
-ჰო, სკოლიდან წამოვედი, ანანო… – გაეცინა ხატიას, როცა მისი ბიძაშვილი გაკრთა და წამსვე მკერდზე გადაკიდებული პაწაწინა ჩანთისაკენ წაიღო ხელი.
-ეგ როგორ შეიძლება, – ბურდღუნებდა ის, სანამ ჩანთიდან კოხტად გამოხვეული ბუტერბროდი ამოაძვრინა. – ასეთ სიცხეში უჭმელი? თან მთელი დღე…
-მადლობა, ანანო, – საჭმელი ჩამოართვა ხატიამ. იცოდა, რომ ბიძაშვილთან უარი არ გავიდოდა ასეთ თემაზე, ანანო პირდაპირ დამხმარე ანგელოზი იყო. – ბიძია და ბიცოლა როგორ არიან?
-ოჰ, მშვენივრად! – ხელი აუქნია ანანომ და ტკბილად გაუღიმა. – ძალიან კარგად, მართლა, ოღონდ როგორ აიტანენ ახლა, ორივე შვილი რომ სხვაგან ჰყავთ, – დაიკისკისა მან. – ალბათ უფრო ხშირად წავლენ პაემნებზე… შენ ის მითხარი, ჩემი ბიძია და ბიცოლა როგორ არიან? რატი?
-რატი მუშაობს. ბიძიაც მუშაობს და ბიცოლაც. – გაიცინა ხატიამ. – ყველანი მუშაობენ, ერთი მე ვარ უსაქმური. ველოდები ახლა, სანამ მამაჩემი დამიწყებს, როდის დაიწყებ მუშაობასო.
-ოჰ კარგი ერთი რა. – ხელი აიქნია ანანომ. – მამაშენზე საყვარელი კაცი არ არსებობს. დაგიწყებს არა ისა კიდევ. და უსაქმური როგორ ხარ? არ გრცხვენია? შენზე მეტად არავინ არ სწავლობს და ცდილობს, ხომ იცი.
-ოჰ კარგი რა… -გაიცინა ხატიამ. – ხომ იცი, რომ არაა მაგ სწორი.
-იმ ბიჭზე ხომ არ უნიშნებ ახლა? – მხარი გაჰკრა ანანომ. -ჰა? ჰა? ვინაა… ლაშა-გიორგის რომ ეძახიან?
-ლაშა-გიორგი კი არა, ლაშა-ნეხვია. – ტუჩი აიბზუა ხატიამ. არ მესმის, თუ როგორ შეიძლება ასეთი შტერი იყოს ადამიანი…
-გავიგე, რომ მამამისივით ყოფილა. – წარბები აწკიპა ანანომ. – იცოდი? კაცს ყინულის ლოდს ეძახდნენ თურმე. არადა ცოლზე გიჟდება.
-შენ საიდან იცი ასეთები? – ეჭვნარევად გადახედა ხატიამ. – არ მითხრა, რომ ჭორაობ.
-ლაპარაკობს ხალხი და რა ვუყო მე? – მორცხვად გაიცინა ანანომ. -ვერაფერსაც ვერ ვიზამ.
-მოვრჩეთ მაგ ბიჭზე, ძალიან გთხოვ. – ხელი ასწია ხატიამ, ჩამომდგარ ავტობუსს მიაქცია ყურადღება და ანანოს წინ გაძრომაში, მერე კი ჩემოდნის ათრევაში დაეხმარა. ძლივს გაძვრნენ ჩემოდანთან ერთად წინ, მაგრამ ჭედვა გახლდათ, დაჯდომაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
ხატიამ ავტობუსის ფანჯარა გამოსწია, სასიამოვნო ნიავი მოელამუნა სახეზე. ანანოს ისეთი სახე ჰქონდა, რომ სურდა ბაბლუანზე ეკითხა, რაც ხატიას ახლა ნამდვილად არ უნდოდა. რაღაც უნდა ეღონა, სხვა რამეზე უნდა გადაეტანა მისი ყურადღება…
-ვიღაც ბიჭზე რომ მიყვებოდი? -წარბები აათამაშა მან. ანანო გაიბუსხა და გაწითლდა. -ჰა? შენც ცეკვის ჯგუფში… კიდევ მოგწონს?
-არა, აღარ… -თავი გააქნია გოგონამ. – რა ვიცი, შორიდან უკეთესი ჩანდა, მივედი და გამოველაპარაკე და … – ანანომ სახე მოჭმუხნა, მხრები აიჩეჩა. – არ იყო ისეთი, როგორიც მეგონა.
-დებილი იყო, ხომ? – წამოსცდა ხატიას და ანანო შეკრთა, პირზე იტაცა ხელი.
-არა! არა, არ… ჰო კარგი, იყო. – წაიბუზღუნა ბოლოს. – მაგრამ არ არის კარგი, ასე რომ ამბობ!
-ჰო, ჰო, ვიცი. – ხელი აუქნია ხატიამ, მაგრამ იღიმებოდა. იცოდა, რომ ანანოს სტუმრობა ძალიან საინტერესო იქნებოდა.
.
.
-*-*-*-*-
-ძლივს ჩამოხვედი! – გაისმა ნატას წივილი, როგორც კი ბინაში შეაბიჯეს. ანანომ თვალები ჭყიტა, ხატიამ კი დაიგმინა, იცოდა, რომ დედამისი წამი-წამზე გამოვარდებოდა.
-ნატა. – გაისმა ცოტნეს ხმა. – ნატა, მოიცა, ბავშვს დააფრთხობ… – მაგრამ ნატას გაჩერება არ იქნებოდა, ის ელვის სისწრაფით გამოვარდა შემოსასვლელში და ანანოს დანახვაზე ლოყებზე იტაცა ხელი.
-ამას ვის ვხედავ! – დაიღმუვლა მან. – მოდი აქ, ჩემო პატარა ანგელოზო… აქამდე რატომ არ მოხვედი? რატომ არ გვესტუმრე? ხომ იცი, რომ ძალიან მოგვანატრე თავი? ოჰ, თუმცა ეს ამდენი თინეიჯერული ამბავი და საზრუნავი, არა? მეც მინდოდა ჩამოსვლა, გენაცვალე, მაგრამ რას ვიზამთ, დროს მოითხოვს სამსახური, თან ძალიან ბევრ დროს, რა გინდა რომ გააკეთო… ცოტნე, შეხედე, ხომაა ანგელოზი? როგორ უხდება ეს კაბა… ხატია, დედი, რა იქნება რომ შენც ჩაიცვა ერთხელ ასეთი, – მიერეკებოდა ნატა, თან მაგრად იხუტებდა ახითხითებულ ანანოს.
ხატიას არც კი ესმოდა, თუ როგორ უძლებდა დედას ამდენი ხნის განმავლობაში.
ცოტნეს მკლავები გადაეჯვარედინებინა, კედელს მიჰყუდებოდა და ღიმილით შეჰყურებდა აჟიტირებულ ცოლს.
-ნატა, მოახრჩობ ეგრე. – უთხრა მან, და ნატამ სასწრაფოდ დაიწია უკან. – ძალიან უხდება კაბა. და ხომ იცი, რომ ხატია თავის დღეში არ ჩაიცვამს ასეთს?
-გამარჯობა, ცოტნე ბიძია, – ბიძას მიეხუტა ანანო, მერე კი ღიმილით ახედა ორივეს. ნატას თეძოებზე შემოედო ხელები და წარბაწეული მიშტერებოდა ცოტნეს.
-რას ქვია, არ ჩაიცვამს? გამოსაშვებ საღამოზე ხომ უნდა ჩაიცვას, არა? ამაზე კიდევ დაგელაპარაკები, ქალბატონო! – მოუბრუნდა ის ხატიას, მერე კი, ხმადათაფლულმა, ანანოს გადახვია ხელი. – მოდი ახლა, გენაცვალე, ვჭამოთ და ვილაპარაკოთ, მომიყევი ყველაფერი, კარგი?
ცოტნე და ხატია ჩამორჩნენ, ერთმანეთს გადახედეს.
-ვაცადოთ? – იკითხა ხატიამ.
-ვაცადოთ. – თავი დაუქნია მამამ და ნელა გაემართნენ სასტუმრო ოთახისაკენ, სადაც ნატა ალბათ მალე მთლიანად გამოწურავდა ანანოს.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, რასაც ნატას ხმადაბალი საუბარი არღვევდა მხოლოდ.
-არ აპირებ ხომ გამოსაშვებზე წასვლას? – ხატიასკენ გადმოიწია ცოტნე.
-არა. არავითარ შემთხვევაში. – თავი გააქნია გოგონამ, დედას და ბიძაშვილს გაუღიმა, როცა ტახტზე დასხდნენ. ანანო გაცხარებით უყვებოდა რაღაცას ნატას, და ქალი საპასუხოდ ენთუზიაზმით ერთვებოდა მის საუბარში.
-აი, ვიცოდი. დედაშენმა ასი ლარი უნდა მომცეს. – თქვა ცოტნემ და კმაყოფილი სახით გადაწვა უკან.
-რაო? – მამას გადახედა ხატიამ. – ფული დადეთ ამაზე?
-აბა ისე როგორ. დედაშენი დარწმუნებულია, რომ წახვალ. კაბაც გიყიდა უკვე.
-არავითარ შემთხვევაში. – თავი გადააქნია ხატიამ და გაიბუსხა.
-ხომ იცი, რომ ნატა არ მოგეშვება? – წარბები ასწია ცოტნემ.
ხატიამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ უნდოდა, რომ გამოსაშვებ საღამოს კარგად ჩაევლო, მის გარეშე. შეიძლებოდა, დასწრებოდა, უბრალოდ რომ დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო. საჯაია და ზიბზიბაძე ალბათ ისევ იმაიმუნებდნენ რაღაცას, ვიღაც ზედმეტს დალევდა, რამე შეიძლებოდა ცუდად წასულიყო. მისი ყოფნა იქ ალბათ აუცილებელიც კი გახლდათ.
ხატია ფიქრობდა, მოღუშული, მის მოპირდაპირედ კი ნატა და ანანო გაცხარებულები საუბრობდნენ.
ცოტნემ წარბების აწევით მოავლო თვალი სამივეს, მერე კი ნებივრად გადაწვა უკან.
.
.
-*-*-*-*-*-2
ხატიამ არც კი იცოდა, რომ ასეთი დაღლილობა შესაძლებელი იყო. ორი კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელად აქეთ-იქით დარბოდა, უკვეთავდა რესტორანს, აგვარებდა საჭმლის, დეკორაციის, ბიუჯეტის განაწილების, ბენდის, მოსაწვევების, ფოტოგრაფის, მანქანების ამბავს და კიდევ ათას დეტალს, ისეთი გასავათებული იყო, რომ დარწმუნებული გახლდათ, ახლა რომ ლოგინზე დაშვებულიყო, ზედ დაცემამდე ჩაეძინებოდა. ყველაფერი ტეხდა და მწარედ ამოიგმინა, როცა საფეთქელში უსიამოვნოდ დაუწყო ფეთქვა ძარღვმა. ანანო რაღაცას აწკაპუნებდა თავის ლეპტოპზე, ელეგანტურ თეთრ შარვალსა და მწვანე მაისურში გამოწყობილი, წარბი ასწია და გადმოხედა.
-მორჩი? – სიცილით ჰკითხა მან. – მკვდარს ჰგავხარ, დაისვენე ცოტა.
-კი არ ვგავარ, ვარ კიდეც. – დაიგმინა ხატიამ და ტახტზე გაიზმორა, გვერდზე გადმობრუნდა და თავქვეშ ბალიში ამოიდო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქუთუთოებზე გირები ეკიდა. – დამიკრიფეთ ხელები და გამასვენეთ, რა იქნება. მაშინ მაინც მოვისვენებ.
-გაჩერდი ერთი. – გადაიკისკისა ანანომ. -აი, ჩაივლის ხვალ ყველაფერი და გათავდება. მერე გამოცდები… შენ ახლა არ გაგიჭირდება გამოცდების ჩაბარება და ეგ იქნება. მერე კი ზაფხული!
-ზაფხული? – ხატიამ ტუჩი აიბზუა. – რომელი ზაფხული? მთელი ორი თვე ნერვიულობა მომიწევს, სად მოვხვდი, როგორ დავწერე და ასე შემდეგ. მაგას მირჩევნია საერთოდ არ იყოს დასვენება და პირდაპირ უნივერსიტეტში შეგვაგდონ.
-ნუ ხარ ასეთი პესიმისტი. – ტუჩები გაბუსხა ანანომ. – ისე, მიდიხარ ხვალ? დაესწრები, როგორც ორგანიზატორი? წადი, გაერთე. მოეშვები ცოტას.
ხატიამ მხრები აიჩეჩა, ნერწყვი გადაყლაპა. ნატა იმდენჯერ ეჩიჩინა დასწრებაზე, რომ თვლა არ აუდიოდა მათ არგუმენტებს. ცოტნე კი, როგორც ჭეშმარიტად ნეიტრალური პიროვნება, განზე იდგა და სეირს უყურებდა. ხატიამ უკმაყოფილოდ გამობურცა ტუჩები. არადა მართლაც გამოსადეგი იქნებოდა მისი დასწრება. ბენდი დროზე უნდა მოსულიყო, უნდა დაელაგებინა ადგილი, შეემოწმებინა განათება და მიკროფონები, რესტორნის დაცვა უნდა შეემოწმებინა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. დირექტორმაც გადაუკრა სიტყვა, რომ აუცილებელიც კი იყო მისი დასწრება.
„ვითომ ლაშა-ნეხვი არ ეყოფოდათ?“ გაიფიქრა გოგონამ მწარედ და თავი გადააქნია. მარტო წასვლა ნამდვილად არ სურდა. იცოდა, რომ ნატა კაბის გარეშე არ გაუშვებდა, ეს ცალკე იყო კატასტროფა, მაგრამ ასევე არ სურდა, რომ კაბიანი მარტო მისულიყო საღამოზე. სასწრაფო მორალური მხარდაჭერა დასჭირდებოდა აუცილებლად.
-ალბათ წავალ. – წაიბუზღუნა მან. – მაგრამ მარტო არ მინდა.
-რატომ? – წამოიწია ანანო, ინტერესით მიშტერებოდა. – გრცხვენია?
-კი, აბა. – გაეცინა ხატიას. – უბრალოდ… მინდა რომ ვინმე წამომყვეს. – მან ანანოს სტყორცნა მზერა და იდაყვზე წამოიწია. – შენ წამომყვები?
-მეე? – თვალები ჭყიტა გოგონამ. – მე რატომ?
-სხვას ვერავის ვთხოვ და… – გაეცინა ხატიას.
ანანომ ცოტა ხანი გაოცებით უყურა, მერე კი თავი დაუქნია.
-კარგი, წამოვალ, ოღონდ დიდხანს არ მინდა რომ დავრჩე. – მორცხვად თქვა მან. – არ მიყვარს დიდი ხნით ხალხში ყოფნა.
-მალე წამოვალთ. – დაამთქნარა ხატიამ და გვერდი იცვალა, ტახტის საზურგეს მიეკრო. – არც მე მინდა კარგა ხანი გავჩერდე…
ანანომ რაღაც უთხრა უკნიდან, მერე ისევ კლავიატურის წკაპუნი გაისმა, მაგრამ ხატიას აღარაფერი გაუგონია. მშობლების მოსვლამდე გაუნძრევლად ეძინა.
.
.
-*-*-*-*-
-არ მჯერა, რომ ამაში ჩამტენეთ. – ამოიხვნეშა ხატიამ და სავარძლის საზურგეს მიეყუდა, სახე მანქანის ღია ფანჯრიდან შემომავალ გრილ ჰაერს მიუშვირა. – ასე მგონია, რომ კუპატივით ვარ.
-არაფერიც! – წინა სავარძლიდან მოუტრიალდა ნატა, ქმრის „ნატა, გზას გახედე“-სათვის ყურადღება არ მიუქცევია. – ძალიანაც გიხდება, გენაცვალე. გამოზომილი მყავხარ, გეგონა, შენთვის ვერ ავარჩევდი მე კაბას? მე? არაფერი შეგეშალოს, ძვირფასო. იცი, მაგ კაბაში რამდენი მივეცი? და რამდენი ვარჩიე? მამაშენმა…
-მართლა ძალიან გიხდება. – ჩაერია ცოტნე და აწეული წარბით გადმოხედა. – სულაც არ ხარ კუპატი. სად გაქვს მაგდენი ხორცი.
ხატიას გვერდით კოხტად წამოსკუპულმა ანანომ კისკისი ატეხა. ხატია მჟავე სახით მიუბრუნდა ბიძაშვილს.
-რა გაცინებს? – შეუტია მან. – შენ რა გენაღვლება, ისე… და ჰო, თქვენ რატომ მომყვებით საღამოზე? – მოღუშულმა გადახედა მშობლებს. – თქვენი დასწრება არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, მაგრამ მშობლები ცოტა უფრო გვიან არიან დაბარებულები…
-ჩვენ ორგანიზატორის მშობლები ვართ, უფლება გვაქვს. – ამაყად განაცხადა ნატამ. – შენ დაწყნარდი, დედი, არავინ გცემს ჩვენი გულისათვის.
-იმედი მაქვს. – წაიბუზღუნა ხატიამ და ფანჯარაში გადაიხედა. გრილი ნიავი ქროდა, ცა ღია ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ. ალბათ მოწვიმდა კიდეც საღამოს.
კარგი იქნებოდა კიდეც. გაგრილდებოდა ამდენი ხნის მანძილზე სიცხით განაწამები ქალაქი.
რესტორანს რომ მიადგნენ, უკვე ხუთი საათი სრულდებოდა. საღამო ოთხ საათზე იწყებოდა, მაგრამ ხუთ საათამდე დაქირავებული ფოტოგრაფი უნდა მოსულიყო, რასაც ხატია ცოცხალი თავით არ დაესწრებოდა. სულაც არ სურდა თავისი კაბით სურათებზე გამოჩენილიყო.
ანანო პირველი გადაძვრა მანქანიდან. მას სწრაფი ნაბიჯით გადაჰყვა ხატია, ზედმეტად გრძელი კაბა მომუშტა და შეეცადა, რომ ანანოს არ ჩამორჩენოდა, რომელიც ოსტატურად მიბაკუნებდა თავის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე.
-რესტორნის უკან მიმდინარეობს ფოტოსესია… – ჩაიბურტყუნა ხატიამ და ხელჩანთიდან ტელეფონი ამოიღო. მართლაც, რესტორნის ბაღიდან ხმამაღალი ღრიანცელი და ხმაური ისმოდა. – დროზე, კარში უნდა დავდგეთ, რომ მოსაწვევები ავიღოთ, – მიუბრუნდა ის ანანოს, რომელმაც ენთუზიაზმით დაუქნია თავი. -დედა, მამა, თქვენ მომეცით მოსაწვევები და შედით, მარჯვენა კედელთან რომ მაგიდაა, იქ დაჯექით… – ინსტრუქციებს იძლეოდა ხატია და მოკირწყლულ ფილაქანზე მიიჩქაროდა, როგორც შეეძლო თავისი მოუხერხებელი ფეხსაცმელით. რესტორნის შესასვლელი სათანადოდ მოერთოთ, შიგნით წითელი ხალიჩა გაეფინათ. ნაზად ციმციმებდნენ გზასთან ახლოს ჩამწკრივებულ დეკორატიულ ხეებზე შემოხვეული ფერადი სინათლეები. ჰაერში სასიამოვნო სურნელი და სიგრილე იდგა, აშკარა იყო, რომ რესტორნის მზარეულები ირჯებოდნენ.
სადღაც კალია ჭრიჭინებდა ეზოში. რესტორნის უკნიდან სიცილმა იფეთქა, როცა შესასვლელს მიაღწიეს. რესტორნის ბოლოში, ამაღლებულ სცენაზე, ბენდი ემზადებოდა, მთელი დარბაზი მორთული, მოწყობილი და განათებული იყო. ხატიამ სწრაფად მოავლო ყველაფერს თვალი და კმაყოფილებით დააქნია თავი, ნატა და ცოტნე სასწრაფოდ გაემართნენ მარჯვენა მაგიდისაკენ. ანანო და ხატია კი კარში გამაგრდნენ. სულაც არ სურდა ხატიას, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები შემოეშვა აქ.
ხუთიოდე წუთში პროცესიაც გამოჩნდა. ხმამაღლა მოაბოტებდნენ, და ყველამ ათვალწუნებით გადმოხედა ხატიასა და ანანოს, როცა მათ მოსაწვევები მოითხოვეს, მაგრამ საბედნიეროდ, პროცესი შეუფერხებლად დაიწყო.
-მოსაწვევი, თუ შეიძლება… მოსაწვევი… დიდი მადლობა, იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ… მოსაწვევი… – ითხოვდა ხატია და გამწარებით იტენიდა დაკეცილ სქელ ფურცლებს ჩანთაში. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ათასჯერ ჰქონდა გაზომილ-გამოზომილი, წამიერად შეეშინდა, რომ ადგილები არ ეყოფოდათ. სამი მაგიდა ნელ-ნელა ივსებოდა.
-მოსაწვევი, თუ შეიძ… – წამოიწყო ხატიამ, მაგრამ პირი მაგრად მოკუმა, როცა მის წინ მდგარი მეტოქე დაინახა. ბიჭი ცივად მოშტერებოდა, მოსაწვევი გამოეწვდინა. მხრებთან გადაჭრილი, მუქი კოსტიუმი ეცვა, და კოხტად გაბანტული შავი ბაფთა ეკეთა ყელზე. „თავზე ალბათ მთელი კილო გელი წაუსვეს,“ გაიფიქრა მოღუშულმა ხატიამ, როცა მის მბზინავ, უკან გადაწეულ თმას ჰკიდა თვალი. ბაბლუანს მოსაწვევი წაჰგლიჯა და სანამ სხვას მიუბრუნდებოდა, ანანოსკენ გაექცა მზერა.
გაექცა და შედგა, ადგილს მიეყინა.
ანანოს წინ ის უსირცხვილო მაიმუნი საჯაია იდგა. მისი ბიძაშვილი ერთიანად აწითლებულიყო, და ხატია ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ასეთ უცნაურ გამომეტყველებას ნახავდა საჯაიას მუდამ მოცინარ, უაზრო სახეზე. უსირცხვილო მაიმუნი თვალმოუშორებლივ უყურებდა ანანოს და ერთიანად გაბადრულიყო.
ხატიას მარჯვენა თვალის ქუთუთოები შეუტოკდა. არც კი აქცევდა ყურადღებას შესასვლელთან უკმაყოფილო ხალხის მიერ ატეხილ ყაყანს.
„ო არა, ო არა, არა, არა მეთქი, არავითარ შემთხვევაში…“ გაიფიქრა კბილების ღრეჭით. საკმარისი ბანალური მელოდრამები ჰქონდა ნანახი იმისათვის, რომ მიმხვდარიყო, თუ რა ხდებოდა აქ. ამას არ დაუშვებდა, გამორიცხული იყო. საჯაია მაიმუნობის მეტს არაფერს აკეთებდა, უსირცხვილო, შეუსმენელი და უტვინო იყო, ბაბლუანს არაფრით ჩამოუვარდებოდა. არ მისცემდა მას ანანოს კორუმპირების უფლებას…
-ანანო! – ხმამაღლა დაისისინა მან და ბიძაშვილს დაუბღვირა, როცა გოგონამ მისკენ მიატრიალა გაფართოებული თვალები. – რას აკეთებ? მოდი აქ!
ანანომ, როგორც ჩანდა, იგრძნო, რომ ხატია რატომღაც გაღიზიანებული იყო, საჯაიას სტყორცნა ერთი მზერა, მოსაწვევი გამოართვა და წამსვე ხატიასკენ გადმოდგა ნაბიჯი. გოგონამ დაინახა, თუ როგორ შეეხნენ მათი თითები ერთმანეთს მოსაწვევის გამორთმევის დროს და საჯაიას მისკენ მომართული მზერა თვალებით გაბურღა.
-გაიარე! – დაუყეფა მან. – დროზე! მოსაწვევი! გაიარეთ! – ელვის სისწრაფით აგროვებდა მოსაწვევებს და მის უკან მდგომ ანანოს ატენიდა მათ. ერთი სული ჰქონდა, სანამ ამას მოამთავრებდა და ანანოს სათანადოდ დაელაპარაკებოდა.
როცა ბოლო მოსაწვევი გამოართვა კართან ატუზულ, თაგვივით მორცხვ გოგონას, რომელიც დაფეთებული გაიქცა ხატიას მოღუშული სახის დანახვისას, გოგონა სასწრაფოდ მოუბრუნდა ბიძაშვილს.
-რა იყო ახლა ეს? – ბრაზით დაუჩურჩულა მან. ანანო გაოცებული მიაშტერდა.
-ის ბიჭი… – დაიწყო ხატიამ, მაგრამ თავზარდაცემული შედგა, როცა ანანო ჭარხალივით გაწითლდა.
-იცნობ? – მორცხვად ჰკითხა გოგონამ და ხატიას ერჩივნა, რომ მიწა გამოსცლოდა ფეხქვეშ. – რა ჰქვია? რა საყვარელია…
-ო არა. არა, არა არა. საყვარელი არ არის. – წარბები აზიდა ხატიამ. – საჯაია უსირცხვილო მაიმუნია, რომელმაც სკოლაში დანაგვიანების, მასწავლებლების გაბრაზებისა და დერეფნებში გოჭების გაშვების მეტი არაფერი იცის…
-დერეფანში გოჭები გაუშვა? მართლა? – თვალები გაუბრწყინდა ანანოს, მერე კი ხმადაბალი კისკისი აუვარდა. – ასეთი საყვარელი და სიმპათიური… და რა ჰქვია? – ამოიხვნეშა მან.
ხატიამ თავზარდაცემული მზერა მიატრიალა დარბაზისაკენ, სადაც, შუა მაგიდაზე საჯაია წამოსკუპულიყო, გვერდზე ბაბლუანი ეჯდა, რომელიც წარბშეკრული ელაპარაკებოდა მეგობარს რაღაცაზე. მაგრამ აშკარა იყო, რომ საჯაიას არაფერი ესმოდა, თვალებმინაბულს ანანოსკენ მოეტრიალებინა თავი.
ხატია რატომღაც გრძნობდა, რომ მისი მცდელობები კრახით დასრულდებოდა. ამიტომ ჯობდა ანანო სასწრაფოდ გაერიდებინა აქაურობას. რაც შეიძლებოდა დროზე წაეყვანა სახლში, ნატას გამომცხვარი ტორტი მთლიანად შეესანსლათ და საერთოდ დაევიწყებინათ ეს შემთხვევა.
დიახ. დიახ. ზუსტად. მშვენიერი იდეა იყო.
-წავედით, ანანო. – ბიძაშვილს მაჯაში სტაცა ხატიამ ხელი და სასწრაფოდ წაათრია მშობლების მაგიდისაკენ. ნატა და ცოტნე გვერდიგვერდ ისხდნენ, ნატა გატაცებით ელაპარაკებოდა მის გვერდით მჯდარ ვიღაც კულულთმიან, შავგვრემან ქალს.
-დედა… მამა, – მათკენ გადაიხარა ხატია და კინაღამ დაიჭყანა, როცა ორივემ გაკვირვებული მზერა სტყორცნა. – მგონი ჯობია ჩვენ სახლში წავიდეთ. თქვენ დარჩით, თუ გინდათ, ჩვენ ავტობუსით…
-რატომ? – წარბები ასწია ცოტნემ. – ჯერ რა დროსია, ხატია..
-რას ქვია, სახლში მიდიხართ? – დაუბღვირა ნატამ. – ახლავე დაბრძანდით, ახალგაზრდა ქალბატონო! ანანო, გენაცვალე, შენ გინდა წასვლა? – დათაფლული ხმით მიმართა მან ანანოს.
-არა, არა, ჯერ არ მინდა, ცოტა ხანი ვიქნები. – სასწრაფოდ უპასუხა გოგონამ და ხატია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სახე ბოლომდე, გამოუსწორებლად ჰქონდა მონგრეული. ძარღვი საეჭვოდ შეუტოკდა შუბლში და ნესტოები ცოფიანი ხარივით დაებერა.
-ესენი თქვენები არიან? – მოულოდნელად იკითხა კულულთმიანმა ქალმა და მომღიმარი სახე მომართა მათკენ.
-ეს ჩვენი ქალიშვილია, ეს კი ჩემი ძმისშვილი. – უპასუხა ცოტნემ. – ხატია, ანანო, ესენი კი ელენე და დემეტრე…
-ჰო, ჰო, ძალიან სასიამოვნოა. – ნაძალადევად გაიღიმა ხატიამ. იცოდა, რომ უხეშად იქცეოდა, მაგრამ მოუთმენლობა კლავდა. სასწრაფოდ უნდა წასულიყვნენ აქედან.
– დაბრძანდით, გოგონებო, ბოლო საღამოა თქვენი გამოშვებისათვის, ისიამოვნეთ. – თქვა კულულთმიანმა ქალმა და მის გვერდით მჯდარ, ცივსახა კაცს გადახედა. ხატიას რატომღაც მოეჩვენა, თითქოს ეს კაცი სადღაც ენახა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
-დედა… – დაიწყო მან, მაგრამ ნატამ ისეთი მზერა სტყორცნა, რომ მიხვდა, ჯობდა წამსვე დაეხურა პირი.
-ცოტა ხანი წადი, დაჯექი და ვნახოთ. – თქვა ქალმა და ოდნავი თავის აქნევით მიუთითა შუა მაგიდისაკენ.
ანანომ წამსვე მოქაჩა და წაათრია. ხატია ჩუმად, ფეხისთრევით მიჰყვებოდა და არ ესმოდა, თუ რა დააშავა ასეთი. მხოლოდ მაშინღა იგრძნო ცოტაოდენი შვება, როცა თავისუფალი ორი ადგილი საკმაოდ შორს აღმოჩნდა საჯაიადან.
ანანო მაინც არ ჩერდებოდა. ბიჭისაკენ იყურებოდა და ხატია ხედავდა, თუ როგორი თვალებით მოშტერებოდა უსირცხვილო მაიმუნი საპასუხოდ. არც კი ესმოდა, თუ როგორ შეიძლებოდა ერთი დანახვის შემდეგ ერთმანეთის მიმართ ასეთი ქცევა…
-ხატია, რა ჰქვია, მითხარი, რა იქნება? – შეეხვეწა ანანო, გაფართოებული თვალებითა და გამოწეული ქვედა ტუჩით მოშტერებოდა. ხატიამ თვალები გადაატრიალა.
-რა ჰქვია და ჟორა. – მშრალად მიუგო მან.
-ჟორა… რა უცხო სახელია, რა ძალიან უხდება… – წაილუღლუღა ანანომ და ხატიამ თვალები დახუჭა. სურდა, რომ სახეში ეტკიცა ხელი, მაგრამ იცოდა, რომ არაფერში დაეხმარებოდა ახლა. საჭირო იყო სწრაფი ქმედება, სწრაფი და გადამწყვეტი, რომელიც ამოძირკვავდა ანანოს სულელურ აკვიატებას…
-შეიძლება ვიცეკვოთ? – მოესმა გვერდიდან და თვალები ჭყიტა. აზრზე მოსვლა ვერც კი მოასწრო, რომ ანანო ფეხზე დგებოდა, რომ ლოყებაწითლებულ საჯაიას ამოსდგომოდა გვერდით და ხმადაბალი „კი, როგორ არ შეიძლება“-ს ჩურჩულით გაჰყოლოდა სცენის წინ, სადაც რამდენიმე წყვილი ტრიალებდა უკვე.
-ანანო! ანანო! – დაისისინა ხატიამ და მისკენ მომართულ, კლასელთა გაოცებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია, სკამიდან გადაძვრა და კინაღამ საკუთარი კაბა გამოებლანდა ფეხებში. ანანოს აშკარად არ ესმოდა, საჯაიას მიჰკვროდა მკერდზე და ნელა ტრიალებდნენ, ერთმანეთს ჩუმად ელაპარაკებოდნენ.
მერე კი ხატიამ დაინახა. ბაბლუანი ვიღაც გოგოსთან ერთად, თავისი ჩვეული მოჟამული სახით ირწეოდა აქეთ-იქით. გოგო აშკარა ენთუზიაზმით შეჰყურებდა, ბაბლუანს კი ეტყობოდა, რომ ძალით გამოათრიეს საცეკვაოდ.
ხატიას ნახევარი წამი დასჭირდა იმისათვის, რომ გადაეწყვიტა. ჯიქურ გაემართა ბაბლუანისაკენ და ყალბად გაუღიმა მისკენ მობრუნებულ, გაკვირვებულ გოგოს.
-იქით გაიწიე. – მიუგო ხატიამ და მაგიდისაკენ გააქნია თავი.
-და შენ ვინ ხარ? – შემოუტია გოგომ.
-მე ძალიან გაღიზიანებული ვინმე ვარ, რომელსაც შენთვის დრო არა აქვს. ახლა კი აცხა! – მკვახედ მიახალა ხატიამ და ბაბლუანს ხელი სტაცა, გოგოს კიდევ ერთი მოღუშული მზერა სტყორცნა. გოგო ცოტა ხანი სახედაკრუნჩხული იდგა და აშკარად გაბრაზებული, გაოცებით უყურებდა, მერე კი ფრუტუნით, ამრეზილი შებრუნდა.
-არ მეგონა, ასე ძალიან თუ გინდოდა ცეკვა. -მოიღუშა ბაბლუანი და აწეული წარბით დახედა მის მაჯაზე შემოხვეულ ხატიას ხელს. – ბოდიში, მაგრამ შენთან ცეკვას მირჩევნია ფეხები მომჭრან. და მკლავები მიაყოლონ ზედ.
-ჰეჰეჰეჰე, რა სასაცილოა. – სარკასტულად უკბინა ხატიამ, ზიზღით შეუშვა ხელი და თავი ანანოსა და უსირცხვილო მაიმუნისაკენ აიქნია. – იმათ ხედავ? რაც აკეთებენ უყურებ?
-რას აკეთებენ და ცეკვავენ. – მშრალად მოუჭრა ლაშა-ნეხვმა და ხატია აღშფოთებისაგან გაიბერა. – თვალები დაგეფსო თუ რა ხდება? ვეღარ ხედავ?
-მაგას არ ვგულისხმობ და ეს შენ თვითონაც კარგად იცი. – დაუსისინა გოგონამ. – შენი უქნარა, გაფიჟვინებული მეგობარი ჩემს ბიძაშვილს არ იმსახურებს…
ბაბლუანმა წარბები აზიდა.
-და ამას მე რატომ მეუბნები? – ცივად იკითხა მან და საჯაიას მხარეს გადაიხედა. – თუ ვინმესთან გინდა ლაპარაკი, წადი და იმათ ელაპარაკე. ეს საქმე მე არ მეხება.
-რას ნიშნავს არ გეხება? – დაუსისინა ხატიამ. – ის შენი მეგობარი ხომაა? ხოდა უთხარი რამე… უთხარი, რომ… რომ არ არის ანანოს ღირსი და მორჩა!
ბაბლუანმა ისეთი სახით გადმოხედა, თითქოს მეორე თავი გამობმოდა ხატიას, მერე კი მკვეთრი მოძრაობით ჩაუარა.
-ოე! ბაბლუანი! – ხმადაბლა მიაძახა კბილებდაკრეჭილმა ხატიამ, ცდილობდა ზედმეტი ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მიხვდა, რომ გარშემო ყველა მას მიშტერებოდა, ამიტომ ტუჩზე იკბინა და თავი შეიკავა. ისღა დარჩენოდა, რომ თავისი ადგილისაკენ გაძურწულიყო და იქ ეცადა, დაგეშილი ნაგაზივით კბილებალესილს, თუ როდის მოამთავრებდნენ საჯაია და ანანო ცეკვას. სულაც არ სურდა სცენა მოეწყო მათთვის, შუა გამოსაშვებ საღამოზე.
ნახევარი საათი იჯდა, და მოღუშული უყურებდა, თუ როგორ ტრიალებდნენ საჯაია და ანანო, ერთმანეთს უღიმოდნენ და არც კი ესმოდათ, თუ რამოდენა შეცდომას უშვებდნენ. ხანდახან ხატია თავისი მშობლებისაკენ იხედებოდა, მოუთმენლად ელოდა, თუ როდის წამოდგებოდნენ, მაგრამ ისინი მათ გვერდით მჯდარ წყვილს ესაუბრებოდნენ გაცხარებით.
მაგრამ ხატიას მოთმინებამ მაინც თავისი გაიტანა: ნატა და ცოტნე ფეხზე წამოდგნენ. მამამისი ღამის ცვლაზე უნდა წასულიყო და ცოტა დასვენება არ აწყენდათ.
ხატია არასოდეს ყოფილა ღამის ცვლის ასეთი მადლობელი.
წამსვე ფეხზე წამოხტა და ჯიქურ გაემართა საცეკვაო მოედნისაკენ, სადაც ერთმანეთს მიხუტებოდნენ უსირცხვილო მაიმუნი და ანანო.
-ანანო, წავედით. – რაც შეიძლება თავაზიანად დაიწყო მან და მისკენ მომართულ, თვალებგაფართოებულ საჯაიას დაუბღვირა.
-კი მაგრამ… – საცოდავად დაიწყო ანანომ და მის გვერდით მდგარ ბიჭს გადახედა.
-ჩემი მშობლები მიდიან, უნდა წავიდეთ. – ხატიამ ყალბად გაუღიმა საჯაიას. – ბოდიში, რომეო, მაგრამ ახლავე, აქვე, ამ წამსვე მთავრდება თქვენი ტრაგედია.
ანანომ ყოყმანით გაუშვა ბიჭს ხელი, ჩუმად გამოემშვიდობა და სანამ ხატია მას გასასვლელისაკენ მიათრევდა, ხელს უქნევდა საჯაიას.
-დედი, წავედით, ხომ? – გაუღიმა ნატამ მოახლოებულ ხატიას და ეშმაკური ღიმილით გადახედა ანანოს. – აბა ძვირფასო? ვინ იყო ის სიმპათიური ახალგაზრდა? ხატია, იცნობ შენ?
-ის „სიმპათიური ახალგაზრდა“, – თითქმის გადმოაფურთხა ხატიამ სიტყვები, – უმაქნისი იდიოტია.
-რას ამბობ! – გაკრთა ანანო. – გუკა სულაც არ არის უსაქმური! ან იდიოტი!
-ეს რა მესმის! – წამოიძახა ცოტნემ, როცა მანქანაში ჯდებოდნენ და ხატია ქშენით ცდილობდა თავისი კაბის გრძელი კუდის შიგნით შეთრევას. – ხატია, შენ რა, ის ბიჭი მოგწონს?
-რაო? – პირი დააღო ხატიამ. – რა ამბობ, მამა? როდის იყო, მე უსაქმური იდიოტები მომწონდა?
-არ არის უსაქმური იდიოტი. – წაიბუზღუნა აშკარად ნაწყენმა ანანომ და ფანჯარაში გაიხედა, ხატიას თვალი აარიდა.
გოგონამ ამოიხვნეშა და შუბლი მოისრისა.
-სად შემიძლია ამდენი. – წაილუღლუღა მან. – ჯერ ეს, მერე ის, აქეთ-იქით სირბილი, დაუსრულებელი ზარები, ახლა კიდევ ეს! – ხელები ააქნია მან და სახეში ჩამოვარდნილი მომაბეზრებელი კულული უკან გადაიგდო. – რა აბსოლუტური სიგიჟეა!
-ჰოდა სწორედ ამიტომ გაგიმზადეთ სიურპრიზი. – მთელი ენთუზიაზმითა და შემართებით დაიწყო ნატამ და მბრწყინავი თვალებით გადმოხედა მათ. – ერთი თვით მივემგზავრებით დასასვენებლად! საირმეში, მერე ალბათ ქობულეთშიც გავივლით! და ყველაზე კარგი… – განაგრძო მან, სანამ ხატია პირის დაღებას მოასწრებდა. – აი, ის წყვილი, ჩვენ რომ ველაპარაკებოდით… ისინიც მიდიან თურმე საირმეში დასასვენებლად! რა დამთხვევაა, არა? თქვენს კლასელთან ერთად იქნებით, სასტუმრო შევათანხმეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონებათ ორივეს, არა?
-რა საჭირო იყო, ნატა ბიცოლა, ცოტნე ბიძია… – გაკრთა ანანო, მაგრამ ხმაში სიხარული ეტყობოდა. – დიდი მადლობა!
-მოიცა, რომელ კლასელზეა ლაპარაკი? – შუბლი მოისრისა ხატიამ. – ვისი მშობლები იყვნენ?
-ნორმალურად რომ გეცადა ჩვენთვის მათი წარდგენა და ერთი ამბავი არ გაგემართა, ახლა გეცოდინებოდა. – მკაცრად მიმართა ცოტნემ. – მამამისი ბაბლუანია გვარად. მისი შვილი ის არ იყო, შენ რომ ელაპარაკებოდი დღეს? ის მაღალი ბიჭი…
ხატიას ყბა ჩამოუვარდა. ცოტაც და თვალები გადმოსცვივდებოდა.
-და მინიმუმ თვე, შეიძლება თვენახევარი დავისვენებთ! – სიცილით განაცხადა ნატამ.
თვენახევარი მის მეტოქესთან. რომელიც ალბათ თავის საუკეთესო მეგობარსაც წამოიყოლებდა.
და ანანოც იქნებოდა იქ.
ხატია საზურგეზე გადაწვა, გაბერილი, თვალებგადმოკარკლული მიშტერებოდა რაღაცას წინ.
„ფუ შენი.“
.
.
.
-*-*-*-*-*-3
ანანო მთელი დილა მოუსვენრობისა და აღტაცებისაგან ხტოდა, აქეთ-იქით დარბოდა და წამდაუწუმ რაღაცის ჩადება ავიწყდებოდა ბარგში. ხატია კი გაუსვენებელი მიცვალებულივით გრძნობდა თავს, მეტადრე როცა ასეთი ენთუზიაზმით სავსე ოჯახის წევრებს უყურებდა. ბარგის ჩალაგება ძლივს მოახერხა, იმდენად გათიშული იყო. ვერ წარმოედგინა ერთი თვის თავის მოძულებულ კონკურენტთან გატარება.
თავი გადაიკლა წიგნებზე. გამოცდები ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, და მთელი ორი კვირა ლარივით იყო დაჭიმული, ვერ იტანდა მასთან მოახლოებულ სულიერს და ღამურასავით მთელი ღამე ბუტბუტით იჯდა წიგნებთან, გამწარებული იწერდა რვეულში მნიშვნელოვან დეტალებს და ცდილობდა, რომ ყველანაირად მომზადებული ყოფილიყო. ეს ორი კვირა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი იყო, რაც კი ახსოვდა მის ცხოვრებაში.
მაგრამ არაფერი შეედრებოდა მომავალ ერთ თვეს. ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა, ხატია ძვლებში გრძნობდა ამას.
„აშკარად მესიზმრება.“ გაიფიქრა მან, როცა სარაფნებს ტენიდა ჩემოდანში. „დიახ. დიახ, აუცილებლად. სხვანაირად არ გამოვა… ანდა რაღაც მაქვს დაშავებული და კარმა მომეწია, გამოსასყიდი მაქვს რაღაც…“
-ხატია, დედი, მზად ხარ? – გაისმა მეზობელი ოთახიდან ნატას ხმა. – მალე გავდივართ, გამოიტანე ჩემოდანი, რომ ჩადოს მამაშენმა!
ხატიამ რაღაც წაიბურტყუნა და თავი მოისრისა. უკან გადაგდებული ნაწნავი წარმოუდგენლად მძიმე ეჩვენებოდა და წამოწოლის მეტი არაფერი სურდა, მაგრამ საკუთარ თავს დააძალა რომ წამომდგარიყო, გაჭირვებით შეეკრა ჩემოდანი და გვერდით ოთახში გაეთრია.
ცოტნემ წარბები ასწია და სკეპტიკური მზერა სტყორცნა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჩემოდანი აიღო და ოთახიდან გავიდა, სანამ ნატამ თავისი პაწაწინა ხელჩანთა დაკეტა და მაშინვე ხატიასკენ გამოფოფინდა.
-რა გჭირს მთელი დილა? – მოიღუშა ქალი და თვალებმოჭუტული დააშტერდა შვილს. – რა საქციელია ახლა ეს? ჩვენ დასასვენებლად მივდივართ, ასეთი მოჟამული სახე რაში მჭირდება?
-დამტოვეთ მერე სახლში. – წაიბუზღუნა ხატიამ, მაგრამ წამსვე ანანო გაახსენდა. ანანო, რომელიც საჯაიას კამპანიაში იქნებოდა მარტო. მთელი თვე. – ანდა არა. არ დამტოვოთ. იცი რა? ჯანდაბას, მე და ანანო დაგვტოვეთ…
-დედი, რა გჭირს? – თეძოებზე ხელი შემოიტყა ნატამ და წარბები შეკრა, მბზინავი წითური თმა უკან გადაიგდო. – რატომ არ გინდა წამოსვლა?
-იმიტომ რომ ლაშა-ნეხვი იქნება იქ… – წაიბუზღუნა ხატიამ და ქვემოთ დაიხედა, თავის გაქექილ ჯინსის შარვალს დაუწყო წვალება. ნატამ ხმამაღლა შეისუნთქა.
-ეს რა მესმის! – ხმას აუწია მან. – სიტყვები შეარჩიეთ, ქალბატონო! ეს ვისზეა ლაპარაკი, იმ ბიჭზე, გუშინ რომ ელაპარაკებოდი? მშვენიერი ახალგაზრდა ჩანს, გასაგებია? მისი შეურაცხყოფა არ იყოს! შენგან წესიერად მოქცევას ველოდები!
-რომ ვერ ვიტან? – გაჯიუტდა ხატია. იცოდა, რომ ხუთი წლის ბავშვივით წუწუნებდა, მაგრამ თავს ვერაფრით ერეოდა. უნდა გაეგო დედამისს, რომ ლაშა-გიორგის დასანახად ვერ იტანდა და არ სურდა მასთან ერთად ერთი თვის გატარება. მით უმეტეს, თუ ანანოსა და საჯაიას ურთიერთობისათვის უნდა მიეხედა და ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, იმ უსირცხვილო მაიმუნის დამაკორუმპირებელი გავლენა ჩამოეცილებინა თავისი ბიძაშვილისათვის.
ასეთი მოქცევა აუცილებელი იყო, მხოლოდ თვითონ მოახერხებდა ამის გაკეთებას.
-რა არის ასეთი აუტანელი მაგ ბიჭში? – გაოცდა ნატა. – მშობლები ლაპარაკობდნენ, ყველა ამბობს რომ ჭკვიანი ახალგაზრდაა, წყნარი, კომიტეტშიც ყოფილა შენთან ერთად… რატომ არ მიყვებოდი ადრე მასზე?
-წყნარია, კიი. – ნესტოები დაებერა ხატიას. – ნამდვილი ქვაა, აბა რა იქნება. დევს და არის. იმ ტვინში კიდევ ემოციის ნატამალი არა აქვს, მარტო ცივი ინფორმაცია უყრია. კომპიუტერივითაა, რა.
-აჰა. – წარბები ასწია ნატამ. – ესე იგი იმიტომ არ მოგწონს, რომ ცოტა თავისებურია? ძალიან გთხოვ. მაინც შეეცადე, რომ სივილურად მოიქცე. სულაც არ მინდა რომ თქვენმა კინკლაობამ ეს წვალებით მოპოვებული დასვენება ჩამიშხამოს.
-ნატა ბიცოლა! ხატია! – გაისმა მძიმე ნაბიჯების ხმა შემოსასვლელიდან და ოთახში ანანომ შემოყო თავი. თავისი ჩალის პატარა ქუდი მოეგდო თავზე, ფერადი ბაფთით, აღტაცებისაგან თვალები უბრწყინავდა. – მოდიხართ? ცოტნე ბიძიამ ჩაალაგა უკვე ჩემოდნები.
-მოვდივართ, გენაცვალე, აბა რა. – დაუყვავა ნატამ და ხატიას გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა, ანანოს გაჰყვა უკან. ერთიანად განადგურებულმა გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა და მაისური მაგრად ჩამოიქაჩა თეძოებზე, ზემოთ უსწორმასწოროდ აწეულ თმას მექანიკურად შეავლო ხელი და ფეხის თრევით მიჰყვა დედას.
მგზავრობა ხანგრძლივი, მოსაწყენი და ცხელი იყო. ანანოს ოფლიანობის ნატამალი არ ეტყობოდა, სიამოვნებით უშვერდა სახეს ფანჯარაში მომავალ ჰაერის ჭავლს, ვითომ აქაც არაფერიო, ხატია კი მისავათებული მიყუდებოდა სავარძლის საზურგეს. დილით გამოვიდნენ სახლიდან, და ნაშუადღევი იქნებოდა, როცა საირმეში ჩავიდნენ, მაშინ, როცა მზე ზენიტში იდგა და ყველაფერი იწვოდა.
-დღეს მდინარეზე გავალთ, თუ ძალიან დაღლილები არ ვიქენით! – განაცხადა ნატამ, როცა მანქანიდან გადმოძვრა. ხატიას არაფრის გაგონება არ სურდა. მაშინღა იგრძნო მოსვენებულად თავი, როცა თეთრ ზეწარზე წამოგორდა, მათ ოთახში. მგზავრობამ, რეგისტრაციის გავლამ და ოთახებში ბარგის ამოზიდვამ ისე დაღალა, რომ არაფრის გაკეთება აღარ სურდა. მხოლოდ უნდოდა რომ ცოტა წაეძინა და ყველას თავი დაენებებინა მისთვის.
ანანო მის მოპირდაპირედ მდგარ საწოლზე წამოგორდა, მეზობელი ოთახიდან ბუნდოვნად ისმოდა ნატას გაუჩერებელი დუდუნი. ხატიამ დაამთქნარა და გვერდზე გადაგორებას აპირებდა, როცა შეამჩნია, თუ რა უცნაური მზერით უყურებდა ბიძაშვილი.
თითქოს რაღაცის კითხვა სურდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
-რა იყო? – წაილუღლუღა გოგონამ და მაგრად გაიზმორა, სიამოვნებით იგრძნო, თუ როგორ გაიტკაცუნეს მისმა მალებმა. – რამის თქმა ხომ არ გინდოდა?
ანანო ლოგინზე წამოჯდა, კალთაში დაიკრიფა ხელები.
-გუკაზე რა იცი? – მინაბული თვალებით გამოისუნთქა მან. ხატიას სახე მოენგრა და უსიტყვოდ გადაბრუნდა.
აქამდე ამ კითხვას ერიდებოდა და იცოდა, რომ ანანოც ერიდებოდა ამ კითხვის დასმას. ხატია დაკავებული იყო, თან ძალიან, ასეთი ამბების თავი არ ჰქონდა. მაგრამ ჩანდა, რომ ანანომ როგორც კი ხატიას ერთადერთი მოსვენებული მომენტი დაინახა, გადაწყვიტა, რომ ახლა უნდა ეხელთა დრო.
-არაფერიც არ ვიცი. – დაიზმუვლა ხატიამ ბალიშში და შეეცადა, რომ მაგრად დაეხუჭა თვალები. იქნებ ანანოს ჰგონებოდა, რომ ეძინებოდა. – არ ვიცნობ მაგ ბიჭს. შენც გირჩევ, რომ მიანებო თავი.
-რატომ? – ხმადაბლა იკითხა ანანომ. – თუ არ იცნობ, რატომ მითხარი, უსაქმური იდიოტიაო? იქნებ არ არის…
-გამიგია მასზე ამბები. – მოუჭრა ხატიამ. – ეგ ბიჭი შენ არ გამოგადგება. არაფერს არ აკეთებს. ყველას აწვალებს. ანცი და ცანცარაა. ეგ არის. მეტი არაფრის ცოდნა არ გჭირდება შენ მაგ ბიჭზე.
-კი მაგრამ… – წამოიწყო ანანომ.
-არ მინდა ახლა. – ხმას აუწია ხატიამ. – მითუმეტეს წესების დამრღვევ უსირცხვილო იდიოტებზე.
ანანო გაჩუმდა, ნაწყენი, შეწუხებული მზერა სტყორცნა ხატიას და ზურგი შეაქცია, ლოგინზე წამოწვა. ხატიამ ნერწყვი გადაყლაპა და თვითონაც ზურგზე გადაწვა.
აღარ იყო დასვენების ხასიათზე.
მეზობელ ოთახში ცოტნე ტელევიზორს უყურებდა ალბათ, ნატა რაღაცას ბურჭალობდა, როგორც ყოველთვის. ხატია ცოტა ხანი ტელევიზორს ხმადაბალ დუდუნსა და დედის დაგუდულ ლაპარაკს უსმენდა, სანამ მონოტონური ხმების ფონზე არ ჩაეძინა.
.
.
-*-*-*-*-
შვიდი საათი სრულდებოდა, როცა ნატამ შეანჯღრია გასაღვიძებლად. თავბრუდახვეული ძლივს წამოჯდა, წამიერად ვერც კი მიხვდა, თუ სად იყო, რა დრო იყო და რატომ იყო ოთახი ასე დაბურული.
-ვახშამზე უნდა ჩავიდეთ, დედი. – უთხრა ნატამ და გაბრუნდა, რაღაცაზე ხმამაღლა დაუწყო ლაპარაკი ცოტნეს, ალბათ აჩქარებდა ტელევიზორის წინ მოკალათებულ ქმარს. ხატია ძლივს წამოჯდა, ანანოს გადახედა, რომელიც შორიახლო დაძრწოდა ჩუმად, ჩუმი და მოღუშული. აშკარად ჯერ კიდევ ვერ იყო ხასიათზე ხატიას კომენტარების შემდეგ.
„რა სიცხემ მოაწონა ეს იდიოტი ასე?“ გაიფიქრა გამწარებულმა გოგონამ. „ამისთანა არაფერი მინახავს ადრე… ნუთუ შეუყვარდა? ასე, ერთი დანახვით? რა სისულელეა…“
-მოდიხარ, მამი? – მხარზე ხელი მოჰკიდა ცოტნემ და ხატია გაკრთა, ფიქრებიდან გამოფხიზლდა. თავი დაუქნია და უსიტყვოდ გაჰყვა უკან მამას, როცა ნომრიდან გავიდნენ და კარი გამოიკეტეს.
ხატია თითქმის დარწმუნებული იყო იმაში, რომ აუცილებლად სადმე შეეჩეხებოდნენ საჯაიასა და ბაბლუანს, მის საცოდავ იღბალს თუ გაითვალისწინებდა. ამიტომაც, სანამ ლიფტით ჩადიოდნენ ქვემოთ, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ეღონა, რაც კი შეეძლო, ოღონდ ანანოსათვის აეცილებინა ეს საშინელი კატასტროფა. სწრაფად უნდა დამჯდარიყვნენ, და რაც შეიძლება სასწრაფოდ დაეწყოთ ჭამა, მერე აღარ შეაწუხებდნენ ბაბლუანები, თუ იქნებოდნენ სასადილო დარბაზში ამ დროს…
-ელენე, რა სასიამოვნო სიურპრიზია! – წამოიძახა უცებ ნატამ და ხატიამ იგრძნო, თუ როგორ ჩასწყდა გული. მოღუშული, ტუჩებგაბუსხული მიაშტერდა იმ კულულთმიან ქალსა და ცივსახა კაცს, რომელთაც გვერდით ლაშა-გიორგი და საჯაია ამოსდგომოდნენ. ბაბლუანი თავისი ჩვეული სერიოზული, ცარიელი გამომეტყველებით იდგა, საჯაიას კი ეტყობოდა, რომ ცოტაც და აფეთქდებოდა, ისე წრიალებდა ადგილზე. აღტაცებული მიშტერებოდა ანანოს, აშკარად არ იცოდა, რომ გოგონა აქ იქნებოდა.
ხატიას არც კი სურდა, რომ ანანოსკენ გაეხედა. იცოდა, რომ მისი გამომეტყველების დანახვა უფრო მეტად აუშლიდა ნერვებს.
-ნატა, ცოტნე, გამარჯობა! – გაცისკროვნებული ღიმილი შემოანათა ქალმა, ელენემ. ხატიასა და ანანოსკენ გამოიხედა, აშკარად ბედნიერმა. ხატიამ დაჭიმული, ღიმილის საცოდავი პროვოკაცია ესროლა. – როდის ჩამოხვედით? ჩვენ ნახევარი საათია, რაც აქ ვართ, ამათ წამსვე მოინდომეს ჭამა…
-ნაშუადღევს ჩამოვედით ჩვენ. – თქვა ცოტნემ. – და ვისვენებდით, გაუსაძლისი იყო მგზავრობა ამ სიცხეში.
-ვაიმე, არ თქვა. – შეიცხადა ნატამ და ხატიამ ჩუმად ამოიგმინა, იცოდა, რომ დედამისი ახლა თავის ჩვეულ ლექციას დაიწყებდა. – ამისთანა არაფერი მინახავს. ბებიაჩემი ყოველთვის ამბობდა…
-რომ მშიერ კუჭზე არაფერი ვარგა! – სასწრაფოდ ჩაერთო ხატია და გარშემო მიმოიხედა. ძალიან იმედოვნებდა, რომ სასიამოვნო ღიმილი ეკერა სახეზე. – არ მეთანხმებით? დედა, არ დავჯდეთ? მშია. ახლავე. ამ წამსვე. მუცელი მიყურყურებს.
-ხატია, რაებს ამბობ… – ხმადაბლა დაუსისინა დედამ, მერე კი სიცილით გადახედა ცოტა შეცბუნებულ ბაბლუანებს. გურამი კი აინუნში არ აგდებდა მათ, ანანოს მიშტერებოდა, გატრუნული, რომელსაც ისევ ის მორცხვი ღიმილი შეჰყინვოდა სახეზე. – ჰო, დავჯდეთ, არა? დიდი მაგიდა არ არის, სადაც ყველანი დავეტევით? – მიმოიხედა მან.
ხატიამ პანიკით მოავლო უშველებელ სასადილო დარბაზს თვალი. ოფიციანტები აქეთ-იქით დარბოდნენ, ოსტატურად დაატარებდნენ უშველებელ თეფშებს და წრიალით გაჰქონდათ ჭუჭყიანი ჭურჭელი. ვიღაც ხმამაღლა ქშინავდა მეზობელ მაგიდასთან, დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა, ხმადაბალი ბზუილი ისმოდა მათი შეჯამებული, ხმადაბალი თუ ხმამაღალი საუბრისა და სიცილისაგან. ბევრი პატარა, ოთხკაციანი მაგიდა იყო ცარიელი.
-ვაიმეე, რა სამწუხაროა, მგონი არც ერთი დიდი მაგიდა არაა თავისუფალი… – დათაფლული ტონით დაიწყო ხატიამ.
-აი, იქეთ! – წამოიყვირა საჯაიამ და გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ამ მომენტში არავინ ამ უსირცხვილო იდიოტზე მეტად არ სძულდა. სიამოვნებით მოუგრეხდა იმ გაფიჩინებულ კისერს. საჯაიას კეფაში თვალებით ხვრელები გაბურღა და ცხვირი აიბზუა. – ვიღაცები დგებიან.
მართლაც, კუთხესთან მიმდგარი ერთ-ერთი ათკაციანი მაგიდა თავისუფლდებოდა. ხატია წარბშეკრული, ამრეზით უყურებდა, თუ როგორ გადაკრა ერთ-ერთმა მესუფრემ ღვინით სავსე ჭიქა და ძლივს, ბარბაცით წამოდგა ფეხზე. ტუჩებდაპრუწული უყურებდა, თუ როგორ მიათრევდნენ მას თავისი ძმაკაცები და როგორ გაიტანეს დარბაზიდან. მაგიდას წამსვე შეესივნენ ოფიციანტები, ელვის სისწრაფით აალაგეს ჭურჭელი და ახალი მოიტანეს, მაგიდის ზედაპირი გადაწმინდეს. ხატიას ეს უდანაშაულო, საოცრად კომპეტენტური და მარჯვე ოფიციანტებიც სძულდა. ის გამტყვრალი მესუფრეც სძულდა. საერთოდ ყველა სძულდა ახლა.
ფეხისთრევით გაჰყვა თავისი ოჯახის წევრებსა და ბაბლუანებს, თან შეეცადა ყურადღება არ მიექცია საჯაიასათვის, რომელიც წამსვე აეტუზა გვერდით ანანოს. ბიძაშვილს მაჯაში ჩასჭიდა ხელი და გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა, რაზეც ანანო მოიბუზა და ტუჩები გაბუსხა, მერე კი ისევ ჯიუტად გადახედა თავის „გუკას“.
ხატიამ ტუჩი აიბზუა. დასხდომისას იმდენი იფხაკურა, სანამ საჯაიასა და ანანოს შორის არ ჩაეკვეხა მეცამეტე გოჭივით. ძალიან კმაყოფილი იჯდა და გემრიელად შეექცეოდა მოტანილ კატლეტს, თან მაგიდის თავთან მოკალათებულ ლაშა-გიორგის ყურადღებას არ აქცევდა. ისიც მამამისივით ცივსახა გახლდათ. არც კი იყო გასაკვირი.
ნატა თავისას მიერეკებოდა, და საოცარი იყო, მაგრამ კულულთმიანი ქალი, ელენე, ინტერესით უსმენდა. მხოლოდ გასაოცარი კი არა, გინესის რეკორდების წიგნში იყო შესატანი ეს შემთხვევა, რადგან ჩვეულებისამებრ, ბევრს მაშინვე ბეზრდებოდა ნატას რატრატი.
როგორც ჩანდა, დედამისი ახალ მეგობარს შეიძენდა.
რასაც, რასაკვირველია, ხატიაზე ვერ იტყოდით. მთელი ძალით უბღვერდა საჯაიას, რომელიც წამდაუწუმ ანანოსკენ აპარებდა მზერას. ცალი თვალით მას უბღვერდა, ცალი თვალით ლაშა-გიორგის ამოწმებდა, რომელიც ქვასავით იდო და მათკენ ერთხელაც არ გამოუხედავს.
წამიერად ხატიამ ინატრა კიდეც, რომ ლაშა-გიორგის მსგავსად ქვა სდებოდა თავსა და მკერდში. უფრო იოლი იქნებოდა ამ საშინელი სიტუაციის ატანა.
ხვნეშა-ხვნეშითა და წამებით ჩაამთავრა ვახშამი. კატლეტი გემრიელი ჩანდა, თევზიც და გარნირიც, მაგრამ გემო ვერაფერს ჩაატანა. მაშინღა მოვიდა გონზე, როცა ანანო ფეხზე წამოდგა და თავის ნომერში გასვლა მოითხოვა.
-ცოტა თავი მტკივა. – მოიმიზეზა გოგონამ, საფეთქელზე მოიდო ხელი. – წავალ, წამოვწვები.
ხატია იჭვნეულად მიაშტერდა მის მიმავალ ფიგურას. დაძაბული იჯდა და კბილებალესილი ელოდა, თუ როდის წამოდგებოდა საჯაია, რათა უკან გაჰკიდებოდა მის ბიძაშვილს, მაგრამ მისდა გასაკვირად, უსირცხვილო მაიმუნი არც კი განძრეულა. ვახშამი ისე დაამთავრეს და ისე წამოიშალნენ, რომ საჯაიას არც კი უცდია ჩუმად გამძვრალიყო.
ხატიამ მკლავები გადააჯვარედინა, როცა სასადილო დარბაზიდან გამოვიდნენ. იცოდა, რომ რაღაცას მოიმოქმედებდა საჯაია, რაღაცას აუცილებლად იმაიმუნებდა. მაგრამ ის იყო პრობლემა, თუ რას, როდის, სად და რაც მთავარია, რა შეეძლო ხატიას ამ რაღაცის შესაჩერებლად გაეკეთებინა.
ფიქრებიდან გამოერკვა, როცა მხარზე მოჰკიდეს ხელი. მკვეთრად მობრუნდა და მოიღუშა, როცა ცივსახა ქვას მიაბჯინა მზერა.
-რა გინდა? – მკვახედ იკითხა მან და წარბშეკრულმა აათვალიერა მის წინ მდგარი ბიჭი. -ის არაა საკმარისი, რომ შენს მოჟამულ სახეს ვუყურე მთელი ვახშამი?
-ისე ამბობ, ვითომ მე მსიამოვნებს შენი სახის დანახვა. – ცივად მიუგო ლაშა-გიორგიმ. – კინაღამ გული ამერია და დავანთხიე ვახშამი თეფშზე.
-რატომ, შენს გამოსახულებას უყურებდი კოვზში? – მიახალა გოგონამ და უკან დაიწია, აქეთ-იქით მიმოიხედა. – რა გინდა? – გაიმეორა მან და მკლავები გადააჯვარედინა.
-შენ რა გინდა? – მშრალად მიუგო ბიჭმა. – ან შენს ბიძაშვილთან რა გინდა, ან გურამთან?
-შენ ვინ გეკითხება? – გაღიზიანდა ხატია. როგორ ბედავდა ეს ცივსახა ქვა, რომ ასე ჩამძვრალიყო მის საქმეში…
-შენ ვინღა გეკითხება მაშინ? – შეუბრუნა ლაშა-გიორგიმ. – შენი ბიძაშვილი გამოჩერჩეტებულია და ვერ აზროვნებს შენს გარეშე თუ რა ხდება?
-გამოჩერჩეტებული შენი მეგობარია, ვერაფერს რომ ვერ ხვდება. – ჯიუტად წამოისროლა ხატიამ. – ანანოს შესაფერისი არ არის…
-ეგ ანანომ უნდა გადაწყვიტოს და არა შენ. – თქვა ბაბლუანმა ფინალური ტონით, ცივად და ამრეზით შეხედა. – ამდენი თუ არ გესმის…
-იცი რა, არც კი ვიცი, რატომ გელაპარაკები ან რატომ გისმენ. – ხელი ბრაზით აუქნია ხატიამ და გატრიალდა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა ლიფტისაკენ. არც კი სჯეროდა, რომ ლაშა-გიორგიმ ასეთი რაღაცები წამოროშა მასთან.
რასაკვირველია, ეხებოდა ანანოს ამბავი. ანანო ახლა გონებადაბნეული იყო, საკმარისად არ ფიქრობდა ამ ამბის სერიოზულობაზე. სჭირდებოდა ვინმე, ვინც სწორ გზაზე დააყენებდა.
დიახაც. სწორედ ასე იყო. „მე მეხება, აბა რა, შე ვირო. ძროხა. ჯორი. საქონელი ეს.“ ბრაზით ფიქრობდა ხატია, სანამ ლიფტით ზემოთ ადიოდა, მერე კი ჯიქურ გაემართა ნომრისაკენ, რომ სასწრაფოდ დალაპარაკებოდა ანანოს და ამოეძირკვა ეს ამბავი. დაენთხია ყველაფერი, რაც უსირცხვილო მაიმუნ საჯაიაზე იცოდა.
ნომრის კარი შეაღო, მაგრამ დაღებული პირი გაუშრა და სიტყვები ენაზე შეაცივდა.
მათი ოთახის კარი, რომელიც აივანზე გადიოდა, ღია იყო. ნაზად ირხეოდნენ წითელი, თხელი ფარდები, შემომავალი ნიავი ოთახს აგრილებდა. გარეთ მყუდროდ მოღრუბლულიყო ცა.
მაგრამ ხატია ამ ყველაფერს არ უყურებდა. ადგილზე მიყინული მიშტერებოდა, თუ როგორ ეხვეოდნენ ერთმანეთს ანანო და მისი… მისი „გუკა“. საჯაია რაღაცას უჩურჩულებდა გოგონას, და თვალათამაშებული ხატია უყურებდა, თუ როგორ უჩურჩულა რაღაც ანანომ საპასუხოდ და უფრო მაგრად მოხვია ბიჭს კისერზე მკლავები.
მის უკან ნაბიჯები, ნატას „ანანო?!“ და ცოტნეს „ეს რა ხდება?“ გაისმა, მაგრამ ხატია შეჩერებას არ აპირებდა. საჯაიას თავი აეწია, წარბები შეეკრა და ანანო მაგრად მიეკრა გულზე, თითქოს ხატია მათთვის რამე საფრთხეს წარმოადგენდა, თითქოს, ალბათ თავისი პაწაწინა ტვინით ფიქრობდა, რომ გოგონას იცავდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ? – დაიყეფა ხატიამ. – ახლავე მოშორდი აქედან! – მზად იყო ძალა ეხმარა და ფიზიკურად მოეცილებინა „გუკა“ ანანოდან, მაგრამ საჯაია გაინძრა, ნელა, ყოყმანით შეუშვა მის ბიძაშვილს ხელები და წამდაუწუმ ანანოსკენ ყურებით, რომელიც გატრუნული მიშტერებოდა, ხატიას გულის გასახეთქად, მოაჯირზე გადაძვრა, მალე კი ქვემოდან ბათქის ხმა და ბალახის შარიშური გაისმა.
ხატია ლოყებაწითლებულ, თვალებმინაბულ ანანოს მიუბრუნდა, მერე კი თვალებით დახმარება სთხოვა მშობლებს, რომლებიც ადგილს მიყინულები იდგნენ და აშკარად არ იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ.
-კარგი… – სიტყვა გააგრძელა ცოტნემ და უხერხულად მიიხედ-მოიხედა. ნატა, მგონი ცხოვრებაში პირველად, უხმოდ, უსიტყვოდ იდგა და თვალები დაეჭყიტა. – მგონი ჯობია ეს მამაშენს არ ვუთხრათ. – ფრთხილად მიმართა მან ანანოს, რომელიც ასევე გაუნძრევლად იდგა და ეტყობოდა, რომ არც კი უსმენდა.
ხატიამ კბილები დაკრიჭა. ბევრად უფრო ძნელი იქნებოდა ეს ყველაფერი.
.
.
-*-*-*-*-
-წარმოუდგენელია პირდაპირ. – ჩაიფრუტუნა ლაშა-გიორგიმ. – ამდენი გოგოდან, გამოჩერჩეტებულები რომ გაშტერდებიან, მაინც და მაინც ის გინდოდა?
გურამმა დაუბღვირა. საწოლზე გულაღმა იწვა და მთელი საღამო იყო, რაც იმ ანანო დაშნიანზე ოხრავდა. ლაშა-გიორგის, დაინტერესებული რომ ყოფილიყო მისი მეგობრის ასეთ უაზრო თავგადასავლებში, ყელში ექნებოდა ამოსული მისი საქციელი, მაგრამ საბედნიეროდ, სულაც არ აინტერესებდა. უბრალოდ, მართლაც წარმოუდგენელი იყო, რომ მაინც და მაინც ხატია დაშნიანის, როგორც გურამი უწოდებდა, „ეშვებიანი ჰარპიის“ ბიძაშვილი უნდა მოსწონებოდა. მისი მეგობარი ბევრ სისულელეს აკეთებდა მისი სიცანცარის გამო, მაგრამ ეს ყველანაირ ზღვარს აბიჯებდა.
-„მაინც და მაინც“ არა, მეფეო. – ამოიხვნეშა გურამმა. – შენ არ გესმის, ხომ? აი, რომ დავინახე…
ლაშა-გიორგიმ ცივი მზერა სტყორცნა და თავი გვერდით გადაატრიალა. გურამი გაჩუმდა, როგორც ჩანდა, ბოლოს და ბოლოს ისწავლა, რომ ლაშა-გიორგის არ აინტერესებდა ასეთი…
-სიტყვებს ვერ ვპოულობ. – გააგრძელა გურამმა და ამოიხვნეშა. – ისეთი საყვარელია. ლოყები რომ უწითლდება და მორცხვობს… ხელი რომ შემახო, კინაღამ გული ამომივარდა ყელში…
-გურამ. – კბილებში გამოსცრა ლაშა-გიორგიმ. არ სჯეროდა, რომ ამას ისმენდა. – სულაც არ მაინტერესებს…
-კარგი, რა, მეფეო. – დაიწუწუნა გურამმა. – არ გინდა, რომ დამეხმარო?
-არა. – მოუჭრა ლაშა-გიორგიმ. გურამმა თვალები ჭყიტა.
-რაო? – პირი დააღო მან. – კი მაგრამ…
-არა მეთქი.
-მომისმინე, რა იქნება! – ხმას აუწია გურამმა. – ვიცი, რომ არ გაინტერესებს, მაგრამ… მართლა მომწონს ანანო, კარგი?
-გილოცავ. – უპასუხა ლაშა-გიორგიმ და ლოგინზე უკეთესად მოეწყო, ფანჯრისაკენ გააპარა თვალი.
-არა, მომისმინე. უნდა დამეხმარო. ხომ დაინახე, ის… ის გველი როგორ ეჩრება ჩვენს საქმეში? ჰა? ხომ ნახე? ყველაფერს მიფუჭებს. აი, რა იქნება, რომ ცოტა ხნით… გაართო?
-გურამ. ერთი კვირა რომ მქონდეს, ვერ ამოვწურავდი ყველა მიზეზს, რომლებიც გვეუბნებიან, თუ რატომაა შენი იდეა აბსოლუტური სისულელე. დაგავიწყდა, ჩვენს ურთიერთობას რა სახე აქვს? – ცივად მიუგო ლაშა-გიორგიმ და დაიფრუტუნა, მკლავი თავქვეშ ამოიდო. ოთახში სიგრილე იდგა, ღია ფანჯრიდან შემოდიოდა სუსტი ნიავი.
-ვიცი, ვიცი, რა სახეც აქვს. – საპასუხოდ დაუსისინა გურამმა და ნაწყენი ბავშვივით გაბუსხულმა გაიხედა გვერდით. – ამიტომ გეუბნები. წარმოგიდგენია, რა მოხდება, ერთხელ მეგობრულად რომ დაელაპარაკო, ყვირილის და შენი უსაზღვრო სარკაზმის გარეშე? ჰა? წარმოგიდგენია, რა სახე ექნება? პლუს ოდესმე ბიჭთან დაგინახავს? მეგობრებიც არ ჰყავს, ხალხი ვერ იტანს. თავის თავში ჩაკეტილი და რეპრესირებულია. წარმოგიდგენია, რა მოუვა? გამოშტერდება.
-და მერე? სად მივყავართ ამ შენს ბრწყინვალე იდეას? რომ ამასობაში შენ და ის გოგო დაავიწყდებით? – წარბები შეკრა ლაშა-გიორგიმ. ეს ყველაფერი ძალიან არ მოსწონდა. თითქმის ვერ იტანდა ასეთ იდეებს, გურამის ვითომდა „ბრწყინვალე“ იდეებს, რომლებიც სულ კრახით მთავრდებოდნენ.
მაგალითად, იმ გოჭებისა და ქათმების ამბავი, დერეფანში.
-აუ, ლაშა-გიორგი… მეფეო, მიდი რა! – შეეხვეწა გურამი და დიდი თვალებით მიაშტერდა. – აი, ნახავ, რომ გამოგივა. შენი რა მიდის? პლუს, რამენაირად გაერთობი. არ გინდა შენი მოსისხლე კონკურენტი შენს ნებაზე ატარო?
ლაშა-გიორგიმ წარბი ასწია. ამ იდეისაკენ ასეთი მიდგომა დამაკმაყოფილებელი იყო. შედარებით. ხატია დაშნიანი მართლაც მისი ყველაზე მწვავე კონკურენტი იყო, ყველაფერში, გოგო ყველგან ეჩრებოდა და ცდილობდა, რომ ყველაფერში მასზე უკეთესი ყოფილიყო, თითქოს სისხლში ჰქონდა გამჯდარი. მათი კონკურენცია, წლები რომ გაგრძელებულიყო, მაინც არ ჩაცხრებოდა, მაგრამ ლაშა-გიორგი ახლაღა ხვდებოდა. პრობლემას მხოლოდ ერთი მხრიდან უდგებოდა, ეგონა, რომ ჩვეულებრივი ხერხები იქნებოდა საკმარისი მისი კონკურენტის დასამარცხებლად, მაგრამ გოგო ყოველთვის მხარ-და-მხარ მოჰყვებოდა და არაფერში არ უთმობდა.
მაგრამ სხვა გზებიც არსებობდა. უფრო ბინძური გზები, მაგრამ ლაშა-გიორგის მთელი ზაფხული აქ გამოკეტილს უნდა გაეტარებინა, ყველანაირი საინტერესოს გარეშე.
-გააკეთებ? – ცნობისმოყვარედ, მოლოდინით მოშტერებოდა გურამი. – ხომ დამეხმარები?
-ჰმ. ვნახოთ. – მიუგო ლაშა-გიორგიმ, მისკენ არ გაუხედავს.
-ჰა! ვიცოდი, რომ გული გქონდა, ძმაო, აი, ვიცოდი! – ხმამაღლა წამოიძახა გურამმა და ბალიშებში გადავარდა. აშკარად ისევ იმ გოგოზე დაიწყებდა ახლა ფიქრს.
ლაშა-გიორგიმ კი ფანჯარაში გაიხედა. ნიავი უფრო გაძლიერდა, ცა მუქი ღრუბლებით დაიფარა.
„ხვალ იწვიმებს.“ გაიფიქრა მან. „ძალიანაც კარგი.“
.
.
.
-*-*-*-*-*-4
დილიდან ცა მოღრუბლულიყო. სქელ, ღია ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ, რაც, ირონიულად, სარკესავით ირეკლავდა ხატიას გუნებას. ანანო მთელი დილა ოხრავდა, წამდაუწუმ „გუკაზე“ და მის უნაკლო ბუნებაზე, სახეზე, რაინდულ საქციელზე ლაპარაკობდა, რის გაგონებაზეც ხატია მზად იყო ღერა-ღერა დაეცალა საკუთარი თმა, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაესაჯა იმისათვის, რომ ამის შეჩერება ვერაფრით ვერ შეძლო.
-დედი, – ფრთხილად მიმართა ნატამ, როცა ხატიამ მეხუთედ გამოთქვა ხმამაღალი უკმაყოფილება ანანოს „საშიშ“ ურთიერთობაზე გურამ საჯაიასთან. – იქნებ დაგენებებინა თავი? ჰმ? ცუდი ბიჭი არ ჩანს, და არა მგონია ცუდად მოექცეს ანანოს. და თუ თვითონ ანანოს მოსწონს, შენ რატომ უნდა…
-ანანომ არ იცის! – ატყდა ხატია და გაბუსხულმა გახედა თავის ბიძაშვილს, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა მათ და აივანისაკენ იყურებოდა, სახეზე ღიმილი ეხატა. – ხედავ? შეხედე! უყურებ? რანაირად იყურება… ასე ხომ გამოდებილდა, დედა? მაგან არ იცის, ვინაა საჯაია, მე კარგად ვიცნობ მაგ ბიჭს და ვამბობ, და არ შეიძლება ანანოსთვის მასთან ყოფნა, არაფრად გამოადგება ეგ ცანცარა მაიმუნი… მე მასზე უფროსი ვარ, მე უფრო ვიცი.
-ერთი წლით უფროსობა ბევრ რამეს ნიშნავს? – წარბი ასწია ცოტნემ, რომელიც ნეიტრალურ მხარეს იკავებდა და ეტყობოდა, რომ არ სურდა, რომ ამ საქმეში ჩარეულიყო. – იქნებ აცადო ბავშვებს, რომ გამოარკვიონ თავიანთი ურთიერთობა. იქნებ, ანანო რომ უფრო კარგად გაიცნობს, მიხვდება, რომ არ მოსწონს…
-სანამ ეგ მოხდება, ტვინს გამოურეცხავს ანანოს და ეგ იქნება. – მკლავები ჯიუტად გადააჯვარედინა ხატიამ. – არ მინდა, რომ ეს ჩემს თვალწინ მოხდეს…
-ხატია. – გააწყვეტინა ცოტნემ და მკაცრად შეხედა. – ხომ არ გგონია, რომ ცოტა ზედმეტი მოგდის? არაფერი ეგეთი არ მოხდება. არაფერს აშავებს ეგ ბიჭი.
-ჯერჯერობით! – ხელები ზემოთ აისროლა ხატიამ. – ჯერჯერობით არაფერს აშავებს! როცა მიეცემა საშუალება, დააშავებს კი არა, გადააშავებს…
-იცი რა? – შეაწყვეტინა ნატამ და ნაძალადევად გაუღიმა. – მგონი ჯობს ცოტა განვიტვირთოთ. მდინარეზე ჩავიდეთ, კარგი?
-მდინარეზე? – თავი წამოყო ანანომ, გაბრწყინებული თვალებით მიაშტერდა მათ. – წავიდეთ, გავგრილდებით და დავისვენებთ ცოტას…
-ახლა? – წაიზუზუნა ხატიამ. – ისედაც სიგრილეა… პლუს, მალე მოწვიმს.
-არ იწვიმებს, დედი. – ხელი აუქნია ნატამ ფრუტუნით და ფეხზე წამოდგა. – თუ მოწვიმს, წამოვალთ, არც ისე შორს არის აქედან მდინარე. ცოტას გაიჭყუმპალავებთ.
ხატიამ ბუზღუნი ატეხა, მაგრამ მაინც იკადრა, რომ საცურაო კოსტიუმი ჩაეცვა და ზედ სარაფანი გადაეცვა, ჩანთაში კი ორი ჟაკეტი და გრძელი შარვალი ჩაეტენა, სანამ ცოტნე, ნატა და ანანო ენთუზიაზმით სავსენი ტრიალებდნენ და ემზადებოდნენ.
მდინარემდე გრძელი მინდორი უნდა გაევლოთ, რომელიც სავსე იყო მობიბინე ბალახით, სადაც ათასი ჭიანჭველა და ჭრიჭინა დაძვრებოდა. ხატიამ კივილი ატეხა, როცა ერთი კალია პირდაპირ მხარზე დაახტა, და კიდევ კარგა ხანს განაგრძობდა კივილს, მის ხმას რომ არ დაეფეთებინა კალია. ამასობაში დანარჩენები სიცილით კვდებოდნენ.
-არ იყო ეს სასაცილო. – უკმაყოფილოდ გამოაცხადა ხატიამ, როცა შედარებით მოკლე, ნაპირთან ამწვანებულ ბალახში აფენდნენ უშველებელ პირსახოცს. – უცებ გამოხტა.
-ჰოოო, შენც უცებ დაიწყე კივილი. – ღიმილით გამოხედა ცოტნემ და სიცილი აუტყდა, როცა ხატიამ თვალები დააწვრილა და დაუბღვირა.
-დედი, წყნარად. ჩვენ დაგიცავთ იმ საზიზღარი კალიასაგან. – დათაფლული ხმით დაუყვავა ნატამ, მერე კი ანანოსა და ცოტნესთან ერთად ფხუკუნი ატეხა.
-სახელს ნუ ამბობ. – მკლავები გადააჯვარედინა ხატიამ და ხმამაღალი ქშენით დაებერტყა პირსახოცზე, მერე კი ეჭვით მოათვალიერა ბალახები. – თორემ მაჟრჟოლებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს ტანზე დაფუთფუთებს. ყველგან.
-დარწმუნებული ვარ, რომ გაგივლის… ოჰ, ელენე! აქეთ! აქეთ! – მკლავი ჰაერში დაიქნია ნატამ და ხატიას მომენტალურად მოეგრიხა სახე. ანანოს გაკრთომა გაიგონა მის გვერდით, და თითქმის არ სურდა, რომ მოეხედა და ეს კატასტროფა დაენახა, მაგრამ მოტრიალდა.
ელენე, მისი ქმარი, ცივსახა და საჯაია მოაბიჯებდნენ. ხატიას იმდენად ჩასწყდა გული, რომ კოჭებში ჩაუვარდა. ელენე სწრაფი ნაბიჯითა და ღიმილით უახლოვდებოდათ, და მთელი ძალით შეეცადა, რომ სასიამოვნო თუ არა, დამაკმაყოფილებელი სახე მაინც მიეღო, მაგრამ მხოლოდ სახის მომანჭვა გამოუვიდა. კოპები შეეკრა და უსიტყვოდ აშტერებოდა ლაშა-გიორგის, რომელიც ისე მოდიოდა, ვითომ აქაც არაფერიო, იღლიაში დახვეული ჭილოფი ამოეჩარა, ხელში კი დიდი კალათა ეჭირა. მოკლე, მუხლებამდე შორტები და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, რომელიც მკერდზე გადაჭიმვოდა.
ხატიამ მას დაუბღვირა, თვალი აარიდა და საჯაიას გადახედა, რომელიც, რასაკვირველია, ანანოს მიშტერებოდა. ხატია სასწრაფოდ წამოიწია, სხეულით გადაეფარა ბიძაშვილს. საჯაიამ კოპები შეკრა, უცნაური მზერა სტყორცნა და ლაშა-გიორგის გადახედა.
-ხატია! – დაუძახა ნატამ და ყალბად სასიამოვნო მზერა სტყორცნა, თავი ელენესაკენ აიქნია, რომელიც მათ თავზე დასდგომოდათ და თავის ქმართან ერთად ჭილოფს აფენდა მათი პირსახოცის გვერდით. „მიესალმე!“ ტუჩების მოძრაობით დაუსისინა დედამ.
-გამარჯობა… – ხატია შეყოყმანდა, არ იცოდა, თუ რა დაეძახა მათთვის, როცა მათ მისი ხმის გაგონებაზე მოიხედეს. ქალბატონო და ბატონო ზედმეტად ფორმალური ჩანდა, არც ის სურდა, რომ მხოლოდ სახელები დაეძახა მათთვის. – დეიდა ელენე და ბიძია დემეტრე… – ისე წამოსცდა, რომ ზედმეტი არც კი უფიქრია. ქალმა გაუღიმა, კაცმა კი თავი დაუქნია. როცა გატრიალდნენ, ხატია მაშინღა დაიჭყანა უხერხულობისაგან. ნატამ გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა. ცოტნეს არ ეცალა, მთელი მონდომებით მიირთმევდა ატამს და მდინარისაკენ იყურებოდა.
-იცი ლეგენდა ამ მდინარეზე? – ხატია მოულოდნელობისაგან შეხტა, როცა მასთან ახლოს, ჭილოფზე ჩამომჯდარმა ლაშა-გიორგიმ ხმა ამოიღო. ბიჭისაკენ მიატრიალა თავი და დაუბღვირა.
-რა ბზიკმა გიკბინა? – მკვახედ, მაგრამ ხმადაბლა მიახალა მან, არ სურდა, რომ მათ მშობლებს გაეგონათ. – როდის აქეთ მელაპარაკები?
-საქმე არაფერი მაქვს და იმიტომ გელაპარაკები. – მშრალად მიუგო ბიჭმა, თითქოს ეს აშკარა იყო და ხატია იმდენად შტერი იყო, რომ ამას ვერ ხვდებოდა. – შენ გამართობ.
-გაგართობ? – წარბები შუბლზე აუვიდა გოგონას და იგრძნო, თუ როგორ იპყრობდა გაღიზიანება. – მე რა, მასხარა ვარ შენი?
ლაშა-გიორგიმ თავი უკან გადააგდო, თვალები მოჭუტა. ეტყობოდა, რომ ფიქრობდა.
-…ჰო. – მცირე პაუზის შემდეგ განაცხადა მან. – რაღაც ეგეთი.
-მე არავის მასხარა არა ვარ. – დაისრუტუნა ხატიამ და ცხვირი აბზიკა. – მით უმეტეს, შენი. წადი და კალიებს ეთამაშე. ნათესაურად ახლოს ხარ მაგათთან.
ლაშა-გიორგიმ ცივად დაიფრუტუნა. ხატიაც გაჩუმდა, საკუთარ ხელებს ჩაშტერებოდა, კალთაში რომ ეწყო. უცნაური ატმოსფერო ჩამოვარდა. სიჩუმესთან ერთად. კალიები ჭრიჭინებდნენ, ბალახის შარიშური ისმოდა, გრილი სიო უბერავდა. უკან, მათი მშობლები საუბრობდნენ ხმადაბალი, გაუგებარი დუდუნით, და წყლის შხაპუნი ისმოდა.
-რა ლეგენდაზე ლაპარაკობდი? – მიუბრუნდა მოღუშული ხატია. ლაშა-გიორგიმ წარბი ასწია და სკეპტიკურად გადმოხედა.
-ამ მდინარის შესახებ ცნობილი ლეგენდაა. – თქვა მან. – შენ რა, არ იცი?
ხატიამ თვალები დაავიწროვა. არ უყვარდა, როცა რამე არ იცოდა, და მით უმეტეს, როცა ასეთ რამეს მისი კონკურენტი ამჩნევდა. ამიტომ თავი ასწია და შეეცადა, რომ არ შეემჩნია.
-როგორ არა. – ამაყად განაცხადა მან. – უბრალოდ შეხსენება მჭირდება.
ლაშა-გიორგიმ თვალები გადაატრიალა, აშკარად არ სჯეროდა მისი, მაგრამ არაფერი უთქვამს ამაზე.
-აქ თურმე ვიღაც ლამაზი ქალი ჩამოდიოდა. – დაიწყო მან და ხატიამ თვალები დაახამხამა, თავისდაუნებურად ყურადღებით უსმენდა, მიუხედავად იმისა, რომ ცივსახიანი უყვებოდა ამას. სისუსტე ჰქონდა საინტერესო ამბების, ლეგენდების, მითების მიმართ. – კოჭებამდე თმა ჰქონდა, გიშრისფერი და მდინარეში იბანდა ხოლმე. მის სოფელში მეორე ქალი ცხოვრობდა, რომელსაც შურდა მისი. ერთ საღამოსაც, როცა ქალი ჩვეულებისამებრ იბანდა მდინარეში, მიეპარა და მთელი თმა მოაჭრა, ის კი წყალში გადააგდო და მდინარეს გაატანა. თმა თვითონ მიიბა თავზე და საღამოს ამაყად ჩავიდა დასაბანად წყალში. მაგრამ ბოროტება არ შერჩა. თმისგან მხოლოდ პატარ-პატარა ქვები დარჩნენ. ამბობენ, აქ რომ მოძებნო, იპოვი. თმასავით ზოლები აქვთ და პრიალებენ.
ლაშა-გიორგი გაჩუმდა და ხატიამ თვალები დაახამხამა მოულოდნელობისაგან. ისეთი ყურადღებით უსმენდა, რომ უცაბედმა სიჩუმემ გააოგნა. წარბშეკრულმა გადახედა ლაშა-გიორგის. მათ უკან ისევ დუდუნებდნენ მათი მშობლები, ბალახი ისევ შარიშურობდა, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა ამ ყველაფერს. ხატია აწრიალდა.
-იმ ქალს რაღა დაემართა? – იკითხა მან. ხელები გაასავსავა. – აი იმას… მეორეს.
-ის? – ლაშა-გიორგიმ მხრები აიჩეჩა. – ის თევზებმა შეჭამეს.
-ოჰ. – აღმოხდა ხატიას უნებურად. – მაგას აღარ ველოდი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ხატია ისევ თავის ხელებს ჩააშტერდა.
-რა მოაბოდიალე ახლა შენ? – აგდებით გადახედა მან მის ახლოს მჯდარ ბიჭს. – თევზებმა შეჭამეს არა ვირის კომპოტი, აი.
ლაშა-გიორგიმ სერიოზულად გადმოხედა და წარბი ასწია. მერე კი, ხატიას განსაცვიფრებლად, ცალყბად, სანახევროდ გაიღიმა.
„ამას რას ვხედავ. იღიმის. თუმცა, გაღიმებაც არ ჰქვია ამას, უფრო ტუჩის კუთხის აწევაა.“ გაიფიქრა ხატიამ იჭვნეულად. რაღაც ვერ იყო აქ რიგზე.
-შენ რა გეგონა, რომ სიმართლეს ვამბობდი? – თქვა ბოლოს ლაშა-გიორგიმ. – რა გულუბრიყვილო ყოფილხარ. არავითარი ლეგენდა არ არსებობს ამ მდინარეზე.
-შენ ისე მოყევი, რომ სიმართლე მეგონა. – ტუჩები გაბუსხა ხატიამ. – მაგ ყველაფერი შენ მოიფიქრე, ისე?
-ჰო. – მხრები აიჩეჩა ლაშა-გიორგიმ, ვითომ აქაც არაფერიო, და ისევ გაჩუმდა. ხატიაც ჩაყუჩდა, ფეხები გაჭიმა პირსახოცზე და ზურგზე წამოწვა.
რა უცნაური იყო. აქამდე ალბათ ყველა, ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი მათი საუბარი კინკლაობით სრულდებოდა, მაგრამ დღეს არა. ჯერ კიდევ არ ჩხუბობდნენ და არ შეურაცხყოფდნენ ერთმანეთს.
„ჰმ. ვინ წარმოიდგენდა.“ გაიფიქრა ხატიამ და თვალები გაახილა, ცას შეაშტერდა. მუქი ნაცრისფერი ღრუბლები წვიმას მოასწავებდნენ. „ეს ყველაფერი ადგილზე მოიფიქრა ამ ცივსახიანმა? მთლად უტვინო არ ყოფილა. ჰქონია ცოტაოდენი ფანტაზია.“
ნატამ რაღაცაზე გაიცინა ხმამაღლა, რასაც ელენეს მაღალი ხმა შეუერთდა. მერე კი ქალმა რაღაც დაიძახა. ხატიამ, იმის მიუხედავად, რომ ზურგზე ნებივრობდა, გრილი ნიავით ტკბებოდა და სულაც არ სურდა განძრევა, მაინც ცქვიტა ყურები, რომ მათი საუბარი გაეგონა.
-გურამ, შვილო, ფრთხილად! – იძახდა ელენე. – ან შენ, ან ანანომ არ მოიმტვრიოთ კისერი, გესმის? ფრთხილად!
-ღრმად არ შეხვიდეთ! – გაისმა ცოტნეს ხმა. – ანანო, ხომ არ დაგვიწყებია, რომ ცურვა არ იცი? თან მდინარე ადიდებულია…
-გუკამ იცის! – გამოსძახა ანანომ, წყლის შხაპუნი ისმოდა. – თუ რამე, დამიჭერს!
-არ სცივათ იმ ყინულივით წყალში? – ჩაიბურტყუნა ნატამ. – ალბათ გასაკაჟებლადაა კარგი…
ხატია წამოვარდა. თვალები ჭყიტა და სახემოგრეხილი შეაშტერდა მდინარეს, სადაც მკლავებზე ერთმანეთს მაგრად ჩასჭიდებოდნენ ანანო და საჯაია.
მერე კი დაიქუხა. ღრუბლებში გაიელვა და ისეთი ძალით დაიგრუხუნა, რომ ხატიამ ძვლებში იგრძნო. წამიც კი არ იყო გასული, და წვიმა დაიწყო, რომელიც მომენტალურად ძლიერდებოდა. ცოტაც და კოკისპირულად დასცხებდა.
-ანანო, გუკა, ამოდით! – გასძახა ნატამ, რომელიც სასწრაფოდ ტენიდა ამოლაგებულ საჭმელსა და წიგნს ჩანთაში, თან ცდილობდა ჟაკეტში გამოხვეულიყო. – დროზე, წვიმას დაიწყებს!
-ისედაც სველები ვართ და რა მნიშვნელობა აქვს? – სიცილით დაიძახა საჯაიამ და ხატია წამსვე წამოხტა ფეხზე. დაინახა, თუ როგორ ახვევდა დედამისი პირსახოცს და ესმოდა, თუ როგორ ებურტყუნებოდა ელენე თავის ქმარს, რაზეც ის რაღაც გაუგებარს პასუხობდა.
-გამოხვალთ თუ არა? – დაიყვირა მან ბრაზით და ჯიქურ გაალაჯა წყლისაკენ. – გამოდით!
-ხატია… – გაისმა უკნიდან ნატას სისინი, მაგრამ ხატიას ყურადღება არც კი მიუქცევია, საფარანი სასწრაფოდ გადაიძრო და წყალში შეალაჯა. საჯაია ხმამაღლა იცინოდა, ანანოც მასთან ერთად კისკისებდა. უკან მათი მშობლები აჩქარებით ალაგებდნენ ბარგს და მათი მიმართულებით საყვედურებს ისროდნენ.
ხატია წელამდე შევიდა წყალში, თან სიცივისაგან სისინებდა, ტანზე დახორკლა და შეაჟრჟოლა. ანანოს მისწვდა და მაგრად მოქაჩა, ნაპირისაკენ ჰკრა ხელი, მერე კი იდგა და აქოშინებული, წარბშეკრული უყურებდა, თუ როგორი ყოყმანითა და ფეხისთრევით მიდიოდა ანანო ნაპირამდე. მის ახლოს მდგომ საჯაიას გადახედა, კოპებშეკრულმა, და საჯაიამ თვალი აარიდა, გალახული ლეკვივით გაიძურწა, ანანოს უკან გაჰყვა.
ხატიამ ძლივს ამოიხვნეშა, ადგილზე ძლივს იდგა. შეგრძნება ჰქონდა, რომ მდინარის დინება ნელ-ნელა უფრო ძლიერდებოდა, წვიმაც იმატებდა, თითქმის აღარ ისმოდა შხაპუნში დედამისის ყვირილი.
სასიამოვნოც კი იყო წვიმის შეგრძნება. თმა და მხრები დაუსველდა, საცურაო კოსტიუმის ზემოთა ნაწილიც უსიამოვნოდ დაუჟივდა.
ქოშინით დაიწყო ნაპირისაკენ წყლის გარღვევა.
მერე კი გვერდიდან ძლიერად შეეჯახა ტალღა. რომელიღაც სლიპინა ქვაზე, რომელსაც მოგვიანებით ალბათ მაგრად მიაწყევლიდა, ფეხი დაუსტა და გვერდულად ჩავარდა წყალში. ტკივილისაგან დაიკლაკნა, როცა ცოტა წყალი ცხვირში აუვარდა, და სიცივემ მომენტალურად გააშეშა, ბუყბუყის გარდა არაფერი ესმოდა.
ძლივს მოიკრიბა ძალა და ამოყვინთა, მკლავებს აფართხალებდა, იმის მიუხედავად, რომ კარგად იცოდა ცურვა. ვერაფრით მოსდო ფეხები მიწას, როგორც ჩანდა, მდინარის კალაპოტი ერთბაშად ღრმავდებოდა.
მერე კი ღრმად ჩაისუნთქა. არა, პანიკა ახლა არ იყო საჭირო. ნატას კივილი და ცოტნეს ღრიალი ესმოდა შორიდან, რომელთაც ანანოს ხმამაღალი ტირილი უერთდებოდა. წყალზე მკლავები გაშალა და სასწრაფოდ მოავლო თვალი რამეს, ნაპირთან, რასაც შეიძლებოდა მოსჭიდებოდა.
მერე კი დაინახა. ნაპირი მაღლდებოდა, და ერთგან ზედ პატარა ხე ამოზრდილიყო.
„სულ ცოტაც,“ გაიფიქრა მან, ფეხები ტეხდა, მაგრამ მთელი ტანით მოემზადა, სახეში ჩამოყრილი, შუბლზე მიკრული სველი თმა ხელს უშლიდა. „სულ ცოტაც და…“
მერე კი უკნიდან დგაფუნი გაისმა და მხარში ხელი სტაცეს. მოულოდნელობისაგან ხატია გაშეშდა და ხეს მოეპოტინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ხე უკან დარჩა, ისინი კი ჯერ კიდევ მდინარეს მიჰქონდათ.
ხატია მობრუნდა, როგორც შეეძლო, თან გამწარებული ამოძრავებდა კიდურებს, რომ თავი წყლის ზემოთ დარჩენოდა. წამსვე ლაშა-გიორგის სველ სახეს შეეჩეხა, რომელსაც ისევ მხარზე მოეჭიდებინა მისთვის ხელი და რომელიც წარბშეკრული იყურებოდა წინ, თითქოს ისევ თავის ჭილოფზე იჯდა და არა აქ, ადიდებულ მდინარეში.
-შე დეგენერატო! – დაიკივლა ხატიამ და მკლავში ხელი სტაცა ბიჭს. – აქ რა ჯანდაბა გინდოდა?! ჰა?! სად ეჩრებოდი… მივწვდებოდი იმ ხეს და…
-მოკეტე! – საპასუხოდ დაუყვირა ლაშა-გიორგიმ და მკლავზე მოჰკიდა მაგრად ხელი. – ახლა ფეხები მოხარე, კალაპოტი მაღლდება…
ხატიას უნდოდა, რომ მეტი ეყვირა, საყვედურები დაერქვია ამ ცივსახა იდიოტზე, მაგრამ ფეხები მაინც მოხარა, რამდენიმე წამში კი მდინარის აწეულ, ქვიან ძირს შეეჯახა მუხლებით. ტალღამ ორივე ზედ გადაახოხა, სილაში ჩაეფლნენ და ხატიამ ძლივს წამოსწია ტანი, თან ლაშა-გიორგის მაისურში ჩაავლო ხელი და მთელი ძალით აქაჩა ზემოთ. ძლივს წამოდგნენ, ერთმანეთს მიათრევდნენ ნაპირამდე. ხატია ძლივს სუნთქავდა, მდინარის წყალს ყლაპავდა, მუხლები ეწვოდა და ყველაფერი ტეხდა, მაგრამ მაგრად მოეხვია ლაშა-გიორგის სველ მაისურზე ხელი, საკუთარ თავსაც და მასაც მიუძღოდა წინ. ბიჭიც ფეხდაფეხ მისდევდა და გოგონა გრძნობდა, რომ ისიც ისევე მიათრევდა ხატიას, როგორც თვითონ მას.
ნატას კივილი პირველი იყო. ქალი წარმოუდგენელი სისწრაფით მოქროდა მათკენ, ხელში გაშლილ პირსახოცს მოაფრიალებდა. მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ ცოტნე, ელენე და დემეტრე, სულ უკან კი ანანო მორბოდა ხმამაღალი ტირილით, რომლის დამშვიდებასაც საჯაია ცდილობდა.
-დედი! – დაეჯახა ნატა და მთელი ძალით მიეხუტა მას, პირსახოცი შემოხვია ტანზე და ხატია მიხვდა, თუ როგორ ზედმეტად აცნობიერებდა იმას, რომ მისი ხელები ლაშა-გიორგის სხეულს მოშორდნენ. თავი გადააქნია და დედას კისერში ჩარგო სახე, მერე კი მამას მიეყუდა, როცა კაცი გვერდიდან მოეხუტა. ანანო ხმამაღლა ტიროდა, და არავინ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ თავით ფეხამდე ჟივდებოდნენ. ლაშა-გიორგის დედამისი, მამამისი და საჯაია შემოხვეოდნენ, დედა თვალებგადაგლესილი ეუბნებოდა რაღაცას, მამამისს კი მთელი ძალით მოეჭდო მხარზე ხელი. საჯაია კი ისე იდგა, თითქოს ვერც კი გაეგო, თუ რა ხდებოდა.
-დედა, შენ მოგიკვდი… – ბურტყუნებდა ნატა და საცოდავი გამომეტყველებით დაჰყურებდა მის მუხლებს. – ძალიან გტკივა? ძალიან გეტკინება, აბა რა იქნება, ამდენი გახოხა ამ დაწყევლილმა მდინარემ.. ეს რა იყო, რა უცებ მოვარდა ნიაღვარივით, აზრზე მოსვლა ვერც კი მოვასწარით… ხომ გითხარი, დროზე გამოდი მეთქი?!
-სულ ჩემი ბრალია… – ამოისლუკუნა ანანომ და დაწითლებული თვალებით შეხედა. – ამოვსულიყავი დროზე და…
-ძალიან გთხოვ, რა… – თავი გაატრიალა ხატიამ და ერთიანად გასავათებულმა, კოჭლობით გადადგა ნაბიჯი. – წავიდეთ.
-წავიდეთ, წავიდეთ… – ჩაიბურტყუნა ცოტნემ და იჭვნეულად დახედა. – ფეხები გიკანკალებს. ხომ არ აგიყვანო…?
-მამა, ვერ ამწევ. – გაეცინა ხატიას, მშობლებს დაეყრდნო და ნელა დაიწყეს სასტუმროსაკენ სიარული.
-ჰო, დედი, ეგრე… ნელა დაადგი ფეხი… ჩემი სიკვდილი რატომ არ არის… ელენე! როგორაა ლაშა? -გასძახა მან ქალს, რომელიც ფეხდაფეხ მოსდევდათ.
-ცოტა მუხლები აქვს დაკაწრული. – საპასუხოდ მიუგო ელენემ, სახე ისე დამანჭვოდა, თითქოს თვითონ ჰქონოდა მუხლები ნატკენი თავისი შვილის მაგივრად. ლაშა-გიორგი კი მოღუშული მოაბიჯებდა, მუდამ გადაწეული, თითქოს ყოველთვის თავის ადგილას მდგარი თითოეული თმის ღერი შუბლზე მიჰკვროდა, მისი მზერა კი ხატიას მოუტრიალდა მოულოდნელად. ხატიამ წარბები შეკრა, დაუბღვირა და თავი მოატრიალა. სიამოვნებით გამოლანძღავდა იმის გამო, რომ ხელი შეუშალა, მაგრამ ამის თავი არ ჰქონდა.
არც იმაზე აპირებდა ფიქრს, თუ რამ აფიქრებინა ცივსახა დეგენერატს, მისთვის ჩამომხტარიყო წყალში.
„ალბათ მასხარა აღარ ეყოლებოდა და…“ გაიფიქრა გოგონამ.
მუხლები სტკიოდა, წვიმა კოკისპირულად ასხამდა და მხრებზე მოხვეულ პირსახოცს უსველებდა. ხატიას გააკანკალა.
ერთი სული ჰქონდა, სანამ სასტუმროს თბილ და მყუდრო გარემოცვაში იქნებოდა.
.
.
-*-*-*-*-
იმ ღამეს დედამისმა მკაცრად დატუქსა, მამამისმაც ერთი-ორი მწარე სიტყვა დააყოლა. ხატიას სურდა, რომ მათ ნათქვამზე გაბრაზებულიყო, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ ორივეს ძალიან შეეშინდა. ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ენა გადაეყლაპა.
ანანოც ხმას არ იღებდა, მაგრამ მთელი მონდომებით დაუმუშავა მუხლებზე, ფეხებსა და მკლავებზე გაჩენილი პატარა თუ დიდი ნაკაწრები და დაჟეჟილობები. რამდენიმე ადგილას სისხლი ჩაექცა, სადაც ქვას შეეჯახა, ანდა კალაპოტის ამაღლებისას გახოხდა. უსიამოვნო მუქ იასამნისფრად მოუჩანდა ჩვეულებისამებრ ხორბლისფერ კანზე.
ნატამ საბანში გამოფუთნა, ცოტნემ კი ვახშამი ამოუტანა, ცხელი ჩაით. რომ ჭამა, დალია, და დაისვენა, როცა ყველას ეძინა უკვე და აღარ დაჰფოფინებდნენ თავზე, მაშინღა მოახერხა ფიქრი.
ლაშა-გიორგის ვერ იტანდა. ისიც ვერ იტანდა. ვერ იტანდნენ ერთმანეთს, სულ ასე იყო და იქნებოდა კიდეც. უბრალო ცნება გახლდათ, იოლად გასაგები. ხატიას ზედმეტი არაფერი უგრძვნია ცივსახიანის მიმართ.
მაგრამ სწორედ ეს იყო ამჟამად საქმე. მისთვის გაუგებარი გახლდათ ლაშა-გიორგის დღევანდელი ქცევა. გამოელაპარაკა, თან ისე, რომ მათი საუბარი კინკლაობით არ დასრულებულა. მერე კი, მდინარეში ჩახტა, რაც, ალბათ მისი ჭკუით გადასარევი იდეა იყო.
ხატიას სულაც არ მოსწონდა ეს იდეა. ოოო, სულაც არა. იმ სულელურმა იდეამ მდინარიდან ადრე ამოსვლის შანსი გამოსტაცა ხელიდან, ახლა კი საგონებელში ჩააგდო. თვითონ რომ არ ჩახტებოდა ლაშა-გიორგის დასახმარებლად, ეს დარწმუნებით იცოდა. ეგონა, რომ ბიჭსაც ასეთი წარმოდგენა ჰქონდა მასზე.
მაგრამ, როგორც ჩანდა, არა.
ხატია მოიღუშა, მოიკუნტა, უფრო მაგრად გაეხვია საბანში.
გარეთ ქარი უბერავდა, და წვიმის წვეთებს არახუნებდა აივნის ფანჯარაზე.
.
.
.
-*-*-*-*-*-5
ხატიამ დილით რომ გაიღვიძა, ყველაფერი ტეხდა. თითქოს გუშინ შოკში იყო, სხეული დაბრუშებოდა და იმდენად ვერ გრძნობდა ვერაფერს, ახლა კი უფრო მეტად ეწვოდა გახეხილი მუხლები და დაბეჟილი გვერდები.
ძლივს წამოიწია ლოგინში და გმინვით მიმოიხედა. წვიმა ჯერ კიდევ ურახუნებდა წვეთებს აივნის ფანჯარაზე, მის თავთან ახლოს, ბინდბუნდი იდგა. ალბათ მალე გათენდებოდა კიდეც. ფანჯრიდან ჩანდა, თუ როგორ ძლიერად ირწეოდნენ სასტუმროსთან მდგარი ეული ფიჭვები.
ხატიამ ანანოსაკენ გააპარა თვალი. გოგონას ეძინა, კედლისაკენ გადაბრუნებულიყო, საბანში მაგრად გამოხვეული, მხარი გამოზომილად იწეოდა და ეშვებოდა.
ხატია ლოგინზე წამოჯდა და საბანი უფრო მაგრად შემოიხვია. იცოდა, რომ ახლა აღარ დაეძინებოდა, მით უმეტეს როცა ტკივილს თითქმის მთელ სხეულში გრძნობდა. ამიტომ ფრთხილად წამოდგა, შიშველი ფეხებით გატყაპუნდა იატაკზე და კარი გააღო, ფრთხილად გასრიალდა გარეთ და ზურგს უკან ასევე ჩუმად მიკეტა.
დერეფანში არავინ ჩანდა, ბნელოდა და სიწყნარე იდგა, ამიტომ ხატია ჩუმად დაუყვა ხალიჩით მოფენილ გზას დიდ შემოსასვლელ ოთახამდე, სადაც დივნები, დიდი ტელევიზორი და ჟურნალის მაგიდები იდგა და საიდანაც მათი თანამცხოვრებლების ხორხოცი ისმოდა საღამოთი. ოთახი ცარიელი იყო, ხატია ფეხაკრეფით მიუახლოვდა ერთ-ერთ ტახტს და ზედ ფეხები აიკეცა, მყუდროდ მოეწყო და დიდ, ფრანგულ ფანჯარაში გაიხედა, რომელზეც განუწყვეტლივ გორავდნენ წვიმის წვეთები.
სულ ცოტაც უნდა მოეთმინა. ერთი თვე არაფერი იყო. თორმეტი წელი გაძლო სკოლაში და ამასაც გაუძლებდა. ისევე, როგორც მეოთხე კლასში ლაშა-გიორგის გვერდით მთელი წლით დაჯდომა აიტანა, ასევე ის დაწყევლილი დღე, როცა ბიჭი კომიტეტში დაასახელეს, და ის შემთხვევებიც, როცა ხატიამ წლის ბოლოს გამოცდებზე მასზე დაბალი ქულები მიიღო.
ერთი ან ორი ქულით დაბალი, რასაკვირველია. პლუს, ხატიას დიდად არ ეხერხებოდა ფიზიკა.
მაგრამ მაინც. ფსიქოლოგიური ტრავმა იყო მისთვის და მაინც შეძლო გადატანა. ამიტომაც ამასაც გაუძლებდა, ბოლოს და ბოლოს, ამის შემდეგ ვეღარც ნახავდა ლაშა-გიორგის. ვერც გურამ ცანცარა საჯაიას. ვერც მის თავგასულ მეგობარ დაჩი ზიბზიბაძეს.
ბოლოს და ბოლოს მოისვენებდა. მხოლოდ და მხოლოდ სწავლაზე გადაიტანდა ყურადღებას უნივერსიტეტში და ზედმეტ ვალდებულებებსაც არ აიღებდა საკუთარ თავზე. მხოლოდ და მხოლოდ სწავლა. დიახ, დიახ. ერთადერთი რამ იყო ეს ახლა, რითაც საკუთარი თავის დამშვიდება შეეძლო.
ხატიამ ტახტის სახელურზე ჩამოსდო თავი და უფრო მყუდროდ მოკალათდა, ხმამაღლა დაამთქნარა. ცოტათი ეძინებოდა. იქნებ ჯობდა რომ საერთოდ არ გამოსულიყო…
-აქ რა გინდა? – მოესმა მოულოდნელად გვერდიდან და მოულოდნელობისაგან შეხტა, ელვის უსწრაფესად მოაბრუნა თავი. ლაშა-გიორგი იდგა, მკერდზე გადაეჯვარედინებინა მკლავები და აწეული წარბით მოშტერებოდა.
დიახაც. ჯობდა საერთოდ არ გამოსულიყო აქ.
-მე პირველი მოვედი. – წამოისროლა მან და წარბშეკრულმა ახედ-დახედა ბიჭს. მას ნაცრისფერი შარვალი და მუქი ლურჯი მაისური ეცვა, ასევე ფეხშიშველი იდგა. ხატიას რატომღაც ნერწყვი გაეჭედა კისერში. უცნაური იყო ლაშა-გიორგის ასე… შინაურულად დანახვა. რაღაც გაუტოკდა მკერდში.
-ვინ გეუბნება მერე, რომ მეორე მოხვედიო. – ლაშა-გიორგი მის გვერდით მძიმედ დაეშვა, ტახტზე, და ხატიამ ინსტინქტურად უფრო მაგრად, უფრო ახლოს შეიკეცა ფეხები.
ლაშა-გიორგიმ მისი მოძრაობა შეამჩნია და ოდნავ გაეღიმა, სახეზე ჩრდილი ედგა და თვალებს ჩვეულებრივზე უფრო მუქს ხდიდა.
-რა იყო, ჩემი გეშინია? – ირონიულად მიუგო მან და აშკარა კმაყოფილებით აღსავსე სახით გადმოხედა. ხატიამ საპასუხოდ დაუბღვირა, თან შეეცადა, რომ მისი უჩვეულო ქცევისათვის ყურადღება არ მიექცია. ყურადღება რომ გაემახვილებინა, ლაშა-გიორგი აშკარად რაღაც სისულელეს იტყოდა იმაზე, რომ ხატია მას თვაყურს ადევნებდა, ამიტომ არ სურდა, რომ მის ხაფანგზე წამოგებულიყო.
-შენი ვის უნდა ეშინოდეს. – ამაყად დაიფრუტუნა ხატიამ და თავი ფრანგული ფანჯრისაკენ მიატრიალა. – საშიში არ ხარ, უბრალოდ საზიზღარი. აი, იმ… უნიჟარო ლოკოკინებივით, ლორწოს რომ ტოვებენ ყველგან.
-ჯერ ჭრიჭინების ნათესავი ხარო, ახლა ლოკოკინა ვარ. ხვალ რაღას მოიფიქრებ? – გაისმა უკნიდან ლაშა-გიორგის ხმა. ხატიამ თვალები მოჭუტა. არ ეგონა, რომ თავის გუშინდელ ნათქვამს მოახლიდნენ უკან.
-ვარიანტები არასოდეს გამომელევა. – თქვა ბოლოს, მცირე პაუზის შემდეგ.
-იცი რა, მეც მაქვს შენთვის ერთი ვარიანტი. – თქვა უცებ ლაშა-გიორგიმ და ხატია სასწრაფოდ შემობრუნდა, ეჭვნარევი ინტერესით მიაჩერდა.
-მართლა? – იკითხა მან და ბიჭს მიაჩერდა, რომელიც უცნაური, თითქოს ალმაცერი გამომეტყველებით მიშტერებოდა. ლაშა-გიორგიმ თავი დაუქნია. – აბა რა?
-რა და კატა. – წარბები ასწია ბიჭმა და მოულოდნელად წამოიწია. გაოცებულმა ხატიამ პირის დაღებაც კი ვერ მოასწრო, რომ ლაშა-გიორგის ერთი ხელი სახელურზე, მეორე კი საზურგის თავზე მოექცა, თან ისე, რომ ბაბლუანი თითქმის ზემოდან დაჰყურებდა.
-რა ჯანდაბას… -დაიწყო აღშფოთებულმა, როცა სუნთქვა მოიკრიბა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ლაშა-გიორგი მოცდად არ აპირებდა.
-კატას ჰგავხარ, შენი პატარა კლანჭებით და ეშვებით. პატარა ეშმაკი, რომელიც ყველას გაუქნევს ხოლმე თათებს, თითქოს შესატევად, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ თავს იცავს, იმიტომ რომ სუსტია. – მოულოდნელად დაუსისინა ლაშა-გიორგიმ და ხატია გაშტერდა. გაოცებული მისჩერებოდა, პირი გააღო, მაგრამ თითქოს ენა წაერთვა, ერთი სიტყვაც კი ვერ ამოთქვა. უბრალოდ არ იცოდა, თუ რანაირი რეაგირება უნდა ჰქონოდა ასეთ ნათქვამზე.
სიჩუმე ჩამოვარდა. ლაშა-გიორგი ნიშნისმოგებით დაჰყურებდა, და ხატია მთელი ძალით შეეცადა, რომ თავი ხელში აეყვანა. ახლა დაბნევის დრო ნამდვილად არ იყო.
გაოცება ბრაზად შეიცვალა.
-ახლავე მომშორდი! – ხმას აუწია გოგონამ და საბნიდან გამოაძვრინა ხელი, მკერდში ჰკრა ლაშა-გიორგის, რომელიც, ისევ ტრიუმფატორული ღიმილით სახეზე, დაჰყვა, უკან დაიწია და მეორე სახელურს მიეყუდა. – რა სისულელეებს ბოდავ… ამდენი ფსევდო-ფილოსოფოსობა ჩემს დღეში არ მსმენია…
-ხომ ხვდები, რომ სიმართლეს ვამბობ. – მიუგო ჩუმად ლაშა-გიორგიმ და ფანჯარაში გაიხედა. მინა მის თვალებში აირეკლა. – გეტყობა. წამსვე დაცვაზე გადახვედი.
ხატიამ ტუჩი მოიკვნიტა, გულისცემა აჩქარებოდა და უფრო მეტად დაუბღვირა ბაბლუანს. არ ესმოდა, თუ რისი მიღწევა სურდა მას. ასეთი საუბარი არასოდეს ჰქონიათ, და ვერ გაეგო, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
-იცი რა არ მესმის? – ვეღარ მოითმინა და ლაშა-გიორგის მიუბრუნდა. ბიჭმა ინტერესით გადმოხედა. – რატომ ჩამოხტი მდინარეში? რა გინდოდა? მე იქედან ჩემით ამოვიდოდი, ხეს მოვეჭიდებოდი და ამოვიდოდი, შენ კი ხელი შემიშალე.
-ხელი შეგიშალე? – წარბები ასწია ბიჭმა და თავი გადააქნია ოდნავი ღიმილით. – მე მინიმუმ მადლობას ველოდი.
-მადლობას ვერ მიიღებ. – მიახალა გოგონამ. – მე არ დამიძალებია შენთვის იქ ჩამოსვლა. აბა? რატომ ჩამოხვედი, არ მეტყვი?
ლაშა-გიორგი ოდნავ მოიღუშა, ოდნავ აიჩეჩა მხრები.
-ადამიანი იხრჩობოდა. – უბრალოდ თქვა მან და თავი ოდნავ გვერდით გადასწია. ხატიამ თვალები დაახამხამა, გაგრძელებას ელოდა. – რას მეუბნები, რომ არ უნდა ჩამოვსულიყავი, როცა განსაცდელში მყოფი პიროვნება დავინახე?
-მე… მე მეგონა, რომ შენ უკანასკნელი ადამიანი იქნებოდი, რომელიც ადიდებულ მდინარეში ჩახტებოდა ჩემი გულისათვის. – მიუგო ხატიამ.
-ნუ გეშინია, ძვირფასო, მასეთი უგულოც არა ვარ. – მიუგო მშრალად ლაშა-გიორგიმ და ხატიამ ტუჩები გაბუსხა, ვერ მიმხვდარიყო, სერიოზულად ამბობდა ამას ბაბლუანი თუ სარკასტულად. ერჩია, არაფერი ეთქვა, რომ სულელივით არ გამოჩენილიყო.
-შენ ჩემი გულისათვის არ ჩამოხვიდოდი? – უცებ ჰკითხა ლაშა-გიორგიმ და ხატიამ თვალები ჭყიტა.
-არა. რა თქმა უნდა, რანაირი კითხვაა… – წამოაყრანტალა მან სასწრაფოდ, თან ბაბლუანს დაუბღვირა.
-ძალიან სწრაფად მიპასუხე. – თავი გვერდზე გადააგდო ლაშა-გიორგიმ და კიდევ ერთხელ, ოდნავ გაიღიმა. ხატიას თვალი შეუტოკდა. ამდენი ღიმილი ამ ბიჭისგან წლების განმავლობაში არ ენახა. – ესე იგი იტყუები. ასეა წესი.
-სწრაფად იმიტომ გიპასუხე, რომ პასუხში დარწმუნებული ვარ. – ხმადაბლა მიუგო ხატიამ და ფანჯრისაკენ გაიხედა, ამით საუბრის დასრულებას აუწყებდა ბიჭს.
სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ წვიმის შხაპუნი ისმოდა ფანჯრის მინაზე, ქარის შხუილი და ლაშა-გიორგის ნაცნობი, რაღაცნაირად კომფორტული, ღრმა სუნთქვა.
-წვიმს. – ჩაიბუტბუტა ხატიამ.
-ჰოო? რას ამბობ. – მოესმა უკნიდან სარკაზმით აღსავსე, მაგრამ ამავდროულად, ისეთი ტონი, თითქოს ლაშა-გიორგი იღიმებოდა და უჭირდა სიცილის შეკავება.
გოგონამ ყურადღება არ მიაქცია.
ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ხატიას თვალები მოებლიტა, როგორ ეძინებოდა…
-გურამთან რა პრობლემა გაქვს? – იკითხა ლაშა-გიორგიმ და ხატია წამსვე გამოფხიზლდა, მკვეთრად გადმოხედა.
-რას ქვია… – დაიქშინა მან. – როგორ არ უნდა მქონდეს პრობლემა? რაც თავი მახსოვს, ეგ ბიჭი გაკვეთილზე ღმუილის, ექვსიანების მიღების, დანაგვიანებისა და ფლირტის მეტს არაფერს აკეთებდა! ნამდვილი მურმანის ეკალია, რა, ჩემს იდილიურ ცხოვრებაში… ახლა კი ჩემს ბიძაშვილს დასდევს, როგორ არ უნდა მქონდეს პრობლემა?
-ვიცი, რომ გურამი ცოტა თავისებურია… – წამოიწყო ლაშა-გიორგიმ.
-თავისებური? თავისებური?! – ატყდა ხატია. – უტვინო, ცანცარა და გაუზრდელია. მორჩა საქმე.
-მე შენზე უკეთესად ვიცნობ. – ისე განაცხადა ბაბლუანმა, თითქოს ხატია მის საუბარში ორიოდე წამის წინ არ ჩაჩრილიყო. – და არ ვიცი, რა დაემართა, როცა მაინცდამაინც შენი ბიძაშვილი მოეწონა, ვითომ სხვა არ არსებობდა, მაგრამ რატომღაც ვამჩნევ, რომ ეს გატაცება სერიოზულია და შეიძლება კიდევ უფრო სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდოს. – ისე ჩამოაყალიბა ლაშა-გიორგიმ, თითქოს გაზეთის სტატიას კითხულობდა, თან უაღრესად პროფესიონალური, სერიოზული გამოხედვით მიშტერებოდა ხატიას.
-მე რასაც ვხედავ, იმაზე ვაგებ ჩემს დასკვნებს. – თითი მიუშვირა საპასუხოდ ხატიამ. – რამდენიც გინდა, უწმინდე ნამუსი, მისი მაინც არ მჯერა. რაო, მოგაქსია, რომ მოგეთაფლე?
-გააჩნია. მოქმედებს მოთაფლვა? – წარბი ასწია ლაშა-გიორგიმ და ხატიამ თვალები ჭყიტა. სანამ გააცნობიერებდა, რომ პირდაღებულ თევზს ჰგავდა, ბიჭმა ისევ ოდნავ გაიღიმა.
-გურამს რომც მოენდომებინა, ვერავისთანაც ვერ მომიქსევდა. – თქვა მან. – ბოლოს და ბოლოს, მეფეს მეძახის.
-ოუფ. – დაიფრუტუნა ხატიამ. – დიდი ამბავი.
-იმის თქმა მინდა, რომ გურამი სერიოზულად უყურებს შენს ბიძაშვილს. – განაგრძო ბაბლუანმა. – სულ ესაა.
ხატიამ აღარაფერი უპასუხა. თითქოს შინაგანად დაიცალა.
-იცი რა? – ამოიხვნეშა მან. – უბრალოდ დავიღალე. ვიცი, ახლა რასაც ცდილობ და დამიჯერე, რომ არ გამოგივა. შენი აზრით, მე რა მდგომარეობაში ვარ? მარცხენა მხარეს შენი უტვინო მეგობარი მყავს, რომელსაც ამდენი წელია, რაც გამაღიზიანებელ პატარა არამზადად ვიცნობ, რომელიც ყველა ახალგაზრდა სულიერს, ვისაც მდედრობითი უწერია პასპორტში, დასდევდა. მარჯვენა მხარეს კი ჩემი საკუთარი ბიძაშვილი, რომელიც დასავით მიყვარს, და რომელიც საოცრად გულუბრიყვილო და დამჯერია. იცი, ორი წლის წინ რომ კინაღამ გაიტაცეს? ვიღაცები დახვდნენ ქუჩაში და დაარწმუნეს, რომ მისმა მშობლებმა გამოგზავნეს. უბრალოდ უთხრეს, ეს კი პირდაპირ გაჰყვა. კიდევ კარგი, ერთმა მისმა ნაცნობმა დაინახა და შეაჩერა ის ხალხი, თორემ ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა. ყველას ენდობა, ძალიან მგრძნობიარეა… და რას მეუბნები, რომ მარცხენა მხარეს მყოფს ყველანაირად ვენდო?
ხატიამ ძლივს ამოისუნთქა, სუნთქვაშეკრული მიაშტერდა ლაშა-გიორგის. დარწმუნებული იყო, რომ პათეტიკური გამომეტყველება ეკერა სახეზე, მაგრამ რატომღაც ეს არ ანაღვლებდა.
ბიჭი უსიტყვოდ, ისევ იმ პროფესიონალური გამომეტყველებით მიშტერებოდა.
-მე არ ვამბობ, რომ ყველანაირად ენდო. – მიუგო მან. – იმას ვამბობ, რომ იქნებ შანსი უნდა მისცე. სულ ესაა.
ხატიამ თავი გადააქნია, თავი სახელურზე დადო.
ცოტა ხანში ტახტის ჭრიალი და მიმავალი ნაბიჯების ხმა გაისმა, რასაც ნომრის კარის გაღებისა და მიხურვის წყნარი ხმა მოჰყვა.
ხატია უფრო მოიკრუნჩხა ტახტზე. იმის მიუხედავად, რომ წვიმა ისევ არახუნებდა მინაზე, რატომღაც მოეჩვენა, რომ სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს ლაშა-გიორგის სუნთქვის ხმა აკლდა.
„რაღაცები მეჩვენება.“ თავი გააქნია გოგონამ და უფრო კომფორტულად მოეწყო. ჩაძინებამდე, მისდა გასაკვირად, ლაშა-გიორგის სიტყვებზე ფიქრობდა.
.
.
-*-*-*-*-
დილით გადარეულმა ნატამ წამოაგდო. ქალი ხმადაბლა უსისინებდა და ძალიან აინტერესებდა, თუ რას აკეთებდა ხატია მათი ნომრის გარეთ, მხოლოდ ერთ საბანში გამოხვეული, არაკომფორტულ ტახტზე, მისი გახეხილი მუხლებით. „ჩემი გულის გახეთქვა გინდა? გინდა მოგცხოთ? ჰა? რას ფიქრობდი, აქ რომ გამოდიოდი? შენი საწოლი არ გეყო? ასეთი რამ მეტჯერ აღარ გააკეთო, ქალბატონო!“ რატრატებდა ნატა მთელი დილა. ხატიამ ძლივს ჩაიცვა დალილავებულ ტანზე ტანსაცმელი, სანამ ანანო და ნატა მეზობელ ოთახში კინკლაობდნენ.
-რა მოხდება, რომ ტყეში წავიდეთ? – უტევდა ანანო.
-მთელი ღამე წვიმდა, ბიცოლა გენაცვალოს, იქ ახლა არ გაივლება, ატალახებული იქნება ყველაფერი… – მის მოთაფვლას ცდილობდა ნატა.
-მაგრამ… მაგრამ… მე რომ გეგმა მქონდა ჩამოწერილი…? მეორე დღეს აუცილებლად ტყეში? პლუს, სოკოები ამოვიდოდნენ! – უკან არ დაიხია ანანომ. ხატიას ბუნდოვნად ესმოდა ცოტნეს ფხუკუნი.
-იცი მერე სოკოების ცნობა? – ხმას აუწია ნატამ. – გენაცვა, მთელი და საღსალამათი ჩაგვაბარეს შენმა მშობლებმა და რამე რომ მოგივიდეს, ჩვენ გამოგვტენიან შხამიანი სოკოებით და კოცონზე შეგვბრაწავენ.
-…მაგას არ იზამენ. – წაიბუზღუნა ანანომ.
-გინდა გავიგოთ, იზამენ თუ არა? – შეუბრუნა ნატამ. – ამიტომ არავითარი ტყე. ცოტა მოვიცადოთ, მოშრეს მიწა და მერე წავიდეთ, ჩემო პუფუნფულა… – მიეფერა ის ანანოს.
-კიდევ კარგი, რომ მე არ მეძახის პუფუნფულას. საერთოდ რა სიტყვაა პუფუნფულა? – ამოიქშინა ხატიამ და მამას გადახედა, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს.
-გეძახდა, ხომ იცი. – ყველა კბილით გაუღიმა ცოტნემ. – პატარა როცა იყავი.
-ფუუუფ… – ტუჩი აიბზუა ხატიამ და სასწრაფოდ დაადო თავი კარისაკენ. – კიდევ კარგი, რომ ახლა აღარ მეძახის…
დედამისი, როცა ანანოს დარიგებას და მოთაფვლას მორჩა, ძალიან კმაყოფილი იჯდა თითქმის მთელი დღე სასტუმროს პატარა ტერასაზე, ყავას წრუპავდა, წიგნს კითხულობდა ქმართან ერთად, თან მთელი ძალით ცდილობდა, რომ ანანო და ხატია ადგილზე დაეკავებინა. მხოლოდ საუზმისა და სადილისათვის გაინძრნენ ადგილიდან, მერე კი, როცა მზე ჩასვლისაკენ გადაიხარა, ისევ გაისეირნეს მინდორზე. ხატიას საბედნიეროდ, ბაბლუანები არ გამოჩენილან. ეს დღე თითქმის იდეალური იყო, მხოლოდ და მხოლოდ ვახშმისა და საღამოს გადაგორება რჩებოდა. ტერასაზე რომ დაბრუნდნენ, უკვე ბინდდებოდა.
-ჩვენ მაგიდას დავიკავებთ ვახშმისათვის, თქვენ კი აქ იყავით, კარგი? – ტერასაზე მიუთითა ცოტნემ. – ცოტა ხანი ყავას დავლევთ, მერე კი გამოგხედავთ მე. ჭკვიანად იყავით. – დაარიგა მან და მეუღლესთან ერთად სასტუმროში შეაბიჯა.
ხატიამ ამოიხვნეშა და მძიმედ ჩაეშვა სკამში. მის მოპირდაპირედ, მაგიდის გადაღმა, ანანო ჩამომჯდარიყო, გატრუნული.
მზე ჩადიოდა, ცოტაც და დაბნელდებოდა კიდეც. სასიამოვნოდ მოჩანდა სასტუმროს ეზოში კოხტად მოკრეჭილი ბალახი და შორს ამოზრდილი გორები. სასიამოვნო სურნელი მოჰქონდა ქარს.
ხატიამ თვალები დახუჭა, ჟაკეტი უფრო მაგრად შემოიხვია. ძალიან ეძინებოდა. დილით ასე ადრე გაღვიძებამ და არაკომფორტულ ტახტზე წოლამ ძალიან მოთენთა. როგორ ჩათვლიმა, ვერც კი გაიგო.
თვალები რომ მძიმედ გაახილა, მზე უკვე ჩასულიყო, ბინდი ჩამოსწოლოდა მიდამოს. ახლაღა იგრძნო, რომ შიოდა.
-ანანო, რას იტყვი, არ შევიდეთ…? – იკითხა მან მთქნარებით და მიიხედა, თავისი ბიძაშვილისაკენ მიატრიალა თავი.
ბიძაშვილისაკენ, რომელიც იქ არ იჯდა.
ხატიამ თვალები ჭყიტა, წამსვე წამოვარდა. წამიერად გული ამოუვარდა. ანანო მის გარეშე სასტუმროში არ შევიდოდა, მარტო არ დატოვებდა. ცოტნე კი რომ გამოსულიყო, აუცილებლად გააღვიძებდა.
ანუ ანანო სადღაც გაიპარა.
ხატიამ ტუჩი მოიკვნიტა. ძალიან კარგადაც იცოდა, სად, და ვისთანაც.
ტყეში. ალბათ იმ საჯაიასთან.
ხატია წამსვე ფეხზე წამოვარდა, სირბილით გავარდა სასტუმროს ბოლოსაკენ, რომელიც ტყეს ემიჯნებოდა. ქოშინით მიქროდა და გონებაში ელვის სისწრაფით უწუოდნენ ფიქრები.
ანანო გაჯიუტდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ოდესმე ენახა, როცა ანანომ უფროსის სიტყვას არ დაუჯერა. საჯაიას კორუმპირების აშკარა ნიშანი იყო.
ხატიამ კბილები დააღრჭიალა. როგორც ჩანდა, დააგვიანა.
უნდა ეპოვა ანანო, უნდა გამოეთრია ტყიდან და ეს ყველაფერი იქამდე უნდა გაეკეთებინა, სანამ მისი მშობლები რამეს გაიგებდნენ…
ხატიამ კუთხესთან მოუხვია და ელვის სისწრაფით შედგა.
ლაშა-გიორგი მოდიოდა. ტელეფონზე რაღაცას აწკაპუნებდა, თავდახრილი და ცალი ხელი ჯიბეში ჩაეყო, ნელა, ზანტად მოსეირნობდა.
ხმაურზე თავი ასწია და წარბებაწეული პირდაპირ მიაშტერდა ხატიას. გოგონას ისევ რაღაც გაუტოკდა გულში.
-შენ! – დაიყვირა მან სასწრაფოდ, რომ მკერდში გაჩენილი უცნაური გრძნობისათვის ყურადღება აღარ მიექცია. – ბაბლუანი! საჯაია სად არის?
ლაშა-გიორგი შედგა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სერიოზულად მიაშტერდა.
-არ ვიცი. – თქვა ბოლოს. – რაშია საქმე? რატომ ეძებ?
-შენ რას აკეთებ აქ? – მისი კითხვა დააიგნორა ხატიამ.
-ჩემი კითხვები უფრო პრიორიტეტულია. – განაცხადა ბაბლუანმა.
-სერიოზულად? – დაუღრინა ხატიამ. – მართლა? რას აკეთებ ახლა, უფრო მაღალფარდოვანი სიტყვებით მახლი „მე პირველად გკითხეს?“
-…ჰო. – ნელა გაიღიმა ბიჭმა და ხატიამ თვალები გადაატრიალა.
-ბავშვური გამოხტომები შენთვის შეინახე, ძალიან გთხოვ. – ხელები ასწია მან. – ამის თავი არ ჰქონდა. – აქ რას აკეთებ-მეთქი?
-რას უნდა ვაკეთებდე? ვსეირნობ. – ხელები ისე გაშალა ბაბლუანმა, თითქოს ეს აშკარა იყო.
ალბათ იყო კიდეც აშკარა. უბრალოდ ლაშა-გიორგის ყოველი მოქმედება, რაც არ უნდა უბრალო ყოფილიყო, ხატიაში ეჭვს იწვევდა.
არ იყო ეს ნორმალური.
-შენმა საჯაიამ ანანო ტყეში წაიყვანა. – ხმამაღლა განაცხადა გოგონამ. – ნუ, ტექნიკურად, ანანოს ტყეში უნდოდა წასვლა, ამიტომ საჯაია წაჰყვებოდა, მაგრამ მოდი ამას ნუ ჩავუღრმავდებით…
-მერე მე რატომ მეხება ეს ამბავი? – მშრალად იკითხა ლაშა-გიორგიმ.
-როგორ არ გეხება. – დაიფრუტუნა ხატიამ და ჯიქურ გაემართა მისკენ, მაჯაში ხელი ჩაავლო და ტყისკენ გაქაჩა.
ბაბლუანი გაუნძრევლად იდგა, თითქოს ხატიას ძალა მასზე საერთოდ არ მოქმედებდა. „ალბათ არ მოქმედებს კიდეც,“ მწარედ გაიფიქრა ხატიამ და უფრო მაგრად მოქაჩა. „არა რა, სავარჯიშო დარბაზში უნდა ვიარო.“
-შენი მეგობარია საჯაია, ამიტომ უნდა მომაძებნინო! – შესძახა გოგონამ და კიდევ ერთხელ, ამაოდ მოქაჩა, მერე კი ხელი შეუშვა და დოინჯი შემოირტყა. – გინდა თუ არა, ხარ ამაში გარეული. გაინძერი და მომეხმარე.
ლაშა-გიორგი ინტერესით მიაშტერდა, მერე კი მომენტალურად ტყისკენ დაადო თავი.
-კარგი. წამოგყვები. – განაცხადა მან. – მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ალბათ დათვები შეგჭამენ შენ იქ. ანდა შენ შეჭამ დათვებს და ძვალი კისერში გაგეჩხირება. რა ვიცი.
-ჰოჰოჰოჰო, რა სასაცილოა. – მოიღუშა ხატია და ფეხდაფეხ აედევნა.
.
.
-*-*-*-*-
ტყე უფრო ბნელი გახლდათ, ვიდრე შორიდან ჩანდა. ლაშა-გიორგიმ ფარანი ჩართო ტელეფონზე, რომ უკეთესად დაენახათ, ხატია კი ხმას იხლეჩდა კივილით.
-ანანო! – ბღაოდა ის. – ანანო, ხმა გამეცი! ანანო, შენს მშობლებს ვურეკავ იცოდე! ანანოოო!
-დარწმუნებული ხარ, რომ აქაა? – იჭვნეულად მიმოიხედა აქეთ-იქით ლაშა-გიორგიმ და ხის ამოწეულ ფესვს გადააბიჯა. – და თუ დარწმუნებული ხარ, შენს მშობლებს რატომ არ დაუძახე?
-რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ! – მიახალა ხატიამ და ოსტატურად აუქცია წვრილ ფიჭვს გვერდი. – და მშობლებისათვის რომ დამეძახა, ალბათ არც კი დამიჯერებდნენ. ანდა დამტუქსავდნენ, იმიტომ რომ მის გვერდით ვიჯექი და ყურადღება ვერ მივაქციე.
-მის გვერდით იჯექი და ისე გამოიპარა? – იმის მიუხედავად, რომ ხატია წინ იყურებოდა, თითქმის გრძნობდა, თუ როგორ სწევდა წარბებს ლაშა-გიორგი. – ყოჩაღ. პერიფერიული მზერა საერთოდ არა გაქვს?
-ჩამთვლიმა! – მიუგო ხატიამ. – სულ ორიოდე წუთით, მაშინ იხელთა დრო. ვიცოდი, რომ ეს შენი მეგობარი ცუდი გავლენა იქნებოდა ანანოზე, აი ვიცოდი!
-შენს ბიძაშვილს თუ ამ სიბნელეში ტყეში ხეტიალი მოუნდა, რა გურამის ბრალია. – შეუბრუნა ლაშა-გიორგიმ.
-წააქეზებდა ალბათ. – წაიბუზღუნა ხატიამ. – კვერს დაუკრავდა და წაჰყვებოდა.
სიჩუმე ჩამოვარდა, ქარი ხეებში ზუზუნებდა. ცოტა ხანი უმისამართოდ დადიოდნენ აქეთ-იქით. ხანდახან ხატია „კვალს“ დაინახავდა უთავბოლო, ატალახებულმიწაში, იმას მიჰყვებოდნენ, მერე კი გოგონა მიხვდებოდა, რომ არავითარი ნაფეხური არ იყო ეს და სხვა მიმართულებას იღებდნენ.
ოციოდე წუთი რომ იარეს, ლაშა-გიორგი შედგა.
-რა ხდება? – მოუტრიალდა ხატია, როცა სინათლე ჩაქრა და მათ გარშემო კუნაპეტი ჩამოწვა. – რატომ ჩააქრე?
-ბატარეა დაჯდა. – მიუგო ბიჭმა და ხმამაღლა ამოიხვნეშა. – დამავიწყდა დილით დატენვა.
-უშუქოდ სად ვიპოვოთ? რომ დაიკარგნონ ამხელა ტყეში და ვეღარ გამოვიდნენ? ჰმ? გინდა გული გამისკდეს ახლა? – ხმას აუწია ხატიამ. ლაშა-გიორგის ბუნდოვან სილუეტს ხედავდა მხოლოდ და ამან გულისცემა აუჩქარა შიშით.
-მგონი მათზე კი არა, საკუთარ თავზე უფრო უნდა ნერვიულობდე. – თქვა ლაშა-გიორგიმ. – და ჩემზე. მგონი დავიკარგეთ.
-რა სისულელეა… – დაიფრუტუნა ხატიამ. – რას ქვია დავიკარგეთ?
-ახლა შეამჩნიე? – გოგონამ თვალები მოჭუტა, ძლივს დაინახა, თუ როგორ გაშალა მკლავები ლაშა-გიორგიმ. – მეგონა, იცოდი. ისინი ასე შორს არ შემოვიდოდნენ. ამდენი ხანია იძახი, გაგაგონებდნენ აუცილებლად.
-მერე რატომ არ მითხარი? – იკითხა ხატიამ და სუნთქვა შეეკრა. იგრძნო, თუ როგორ მოაწვა შუბლზე ოფლი. – ახლა რაღა გავაკეთოთ?
ბიჭმა ამოიხვნეშა.
-შეგვიძლია კიდევ ვიაროთ, გასასვლელი ვეძებოთ ამ კუნაპეტში და კიდევ უფრო დავიკარგოთ, ანდა სადმე დავჯდეთ და დავიცადოთ დილამდე. მზის შუქზე უფრო იოლი იქნება გზის გაგნება. – ისე მშვიდად თქვა მან, ვითომ ააც არაფერიო.
-რატომ ხარ ასე წყნარად? – შეუყვირა ხატიამ და მაგრად შემოიხვია სხეულზე ჟაკეტი. თითქოს ახლაღა იგრძნო სიცივე. – არ გესმის? დავიკარგეთ!
-ადრეც დავკარგულვარ. – მიუგო ლაშა-გიორგიმ და მიმოიხედა, ახლოს აღმართულ სქელ ფიჭვს მიუახლოვდა. – ტყეში. სურამში ვიყავით, პატარა ვიყავი იმ დროს. დედაჩემს გავეპარე და ტყეში ავედი. იქამდე ვიარე, სანამ არ მოვიქანცე.
-მერე გიპოვეს ხომ? – იკითხა ხატიამ გულუბრიყვილოდ და წამსვე ტუჩზე იკბინა. ლაშა-გიორგის მშრალ მზერას გრძნობდა.
-რა თქმა უნდა. – თქვა მან და გოგონას გასაკვირად, პირდაპირ ხის ძირში ჩამოჯდა, ზურგით მიეყუდა ხის ტანს. – აბა აქ როგორ ვიქნებოდი. შენ არასოდეს დაკარგულხარ?
-არა. – მიუგო ხატიამ. უხერხულად გრძნობდა თავს, როცა თვითონ იდგა, ამიტომ ნელი ნაბიჯით, ხელის ცეცებით მიუახლოვდა ლაშა-გიორგის. – ჩემი მშობლები ჩაფრენილები იყვნენ ჩემზე. ჩემი ძმა იყო ონავარი, მე არა.
ხატიას სუნთქვა შეუკრთა, როცა ლაშა-გიორგიმ ხელი სტაცა და მისკენ მოქაჩა. ბიჭის გვერდით დაეშვა, მოულოდნელად რბილ, ალბათ ჩამოცვენილი წიწვებით დაფარულ მიწაზე.
-დაჯექი, ნუ აფართხალებ აქეთ-იქით ხელებს. – უთხრა ლაშა-გიორგიმ და ხელი შეუშვა. – მალე უფრო აცივდება.
ხატიას უნდოდა მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. ეთქვა, რომ მას არ ჰქონდა ხატიას შეხების უფლება და ასე მოულოდნელად არ უნდა ეტაცა ხელი.
მაგრამ გაჩუმდა. ახლოს ისხდნენ. გრძნობდა ლაშა-გიორგის გვერდიდან მომავალ სითბოს.
-ცივა. – თქვა მან. რატომღაც უხერხულად გრძნობდა თავს ჩამოწოლილი სიჩუმის ფონზე. სიბნელე იდგა, მაგრამ რატომღაც უცნაურად მშვიდად იყო. ხის ტანს მიეყუდა დაოდნავ შეეხო ლაშა-გიორგის მხარს.
წამსვე გაიყინა. მაგრამ არ განძრეულა.
-ვიცი, შევამჩნიე. – თქვა ბიჭმა ხმადაბლა. მკლავები აწეულ მუხლებზე შემოეხვია და ხატიას ახლაღა გაახსენდა, რომ მას მოკლემკლავიანი მაისური ეცვა ამ სიცივეში.
თვითონ კი დიდ ჟაკეტსა და მაჯებამდე მაისურში გამოწყობილიყო.
ტუჩი მოიკვნიტა. ახლაღა მიხვდა თითქოს, რომ ბაბლუანი რომ ჩავარდნილიყო იმ მდინარეში მის მაგივრად, გადახტებოდა მაინც. განსაცდელში მყოფ ადამიანს აუცილებლად დაეხმარებოდა, თუნდაც ეს მისი მწვავე მეტოქე ყოფილიყო.
-ჩემი ჟაკეტი გინდა? – ჰკითხა ჩუმად და პასუხს არ დაელოდა, წამსვე გაიძრო. – აჰა, აიღე.
-არ მინდა. – მიუგო ლაშა-გიორგიმ. – არ მცივა.
-არც მე მინდა. – გაჯიუტდა ხატია. – აიღე მეთქი. მე ისედაც გრძელმკლავიანი მაცვია, არ შემცივდება.
ლაშა-გიორგი ცოტა ხანი უყურებდა, ხატიამ ჯიქურ გაუსწორა მზერა. მერე კი ბიჭმა ოდნავ გაიღიმა.
-კარგი მაშინ. – უპასუხა მან, ჟაკეტი მხრებზე მოიხურა, მერე კი ხატიას მკლავი მოხვია და გვერდით მიიხუტა, ჟაკეტის ნახევარი მას მოაფარა მხარზე.
გოგონა გაშეშდა, გაოცებული იყურებოდა წინ და თვალებს ახამხამებდა, ხმა ვერ გაეღო.
-ასე უკეთესია. – თქვა ლაშა-გიორგიმ, და მისი ხმა ისე ახლოს იყო გოგონას ყურთან, რომ ხატია კინაღამ შეხტა. თვალებგაფართოებულმა იგრძნო, თუ როგორ მძლავრად უცემდა მკერდში გული და როგორ ყოველი მხრიდან შემოხვეოდა სხვისი, მით უმეტეს მისი მეტოქის, მაგრამ ძალიან კომფორტული სითბო.
-უფრო აცივდება. – დაამატა ბიჭმა, მაგრამ გოგონასთვის მის სიტყვებს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. სადღაც ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ, ნიავი ისევ უბერავდა და ხეებს აშრიალებდა, ცა ღრუბლებს დაეფარათ. სიბნელე იდგა.
ხატიამ თვალები დახუჭა. ვერც სიბნელეს გრძნობდა, ვერც სიცივეს და ვერც შიშს.
„ამ ერთხელ.“ დაჰპირდა საკუთარ თავს და ლაშა-გიორგის სულ ოდნავ, ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად მიეყუდა, თან თავის თავს ჰპირდებოდა, რომ ეს არაფერი იყო.
აღარ სციოდა, ის კომფორტული, გამოზომილი, ღრმა სუნთქვა კი სულ ახლოდან ესმოდა.
.
.
-*-*-*-*-*-6
რაღაც შარიშურობდა, შორს. ხატია მთლად არ იყო დარწმუნებული, თუ რისთვის მიეწერა ხმა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ეს ხმა მისი ყურადღების ღირსი არ გახლდათ, იმდენად არ უნდოდა თვალების გახელა. „ალბათ ქარი უბერავს და იმიტომ,“ გაიფიქრა ჯიუტად და უფრო მეტად მოიკრუნჩხა, მერე კი დააცემინა.
მაგრამ შარიშური არ შეწყდა, პირიქით, უფრო ძლიერად აუგუგუნდა ყურებში. გოგონამ წარბები შეკრა და გაბეზრებულმა, თვალები გაახილა. ტყეში არაფერიც არ ჩანდა ამომავალი მზის ოქროსფერ, მოვარდისფრო შუქზე, შორიახლოს ნიავი აშარიშურებდა ჩამოცვენილი წიწვების გროვას.
„ვიცოდი.“ გაიფიქრა გოგონამ და კვლავ დახუჭა თვალები. „რისთვის გამოვიღვიძე…“
მერე კი გაახსენდა და ელვის სისწრაფით გაახილა თვალები. ხის ძირში მოკრუნჩხულიყო, მის გვერდით ლაშა-გიორგი იჯდა. ხელებს ვერ გრძნობდა, ტანი კი ისე დამძიმებოდა, რო დარწმუნებული იყო, ვერც მოახერხებდა ადგომას. გმინვით დაებჯინა მიწას და დაისისინა, როცა გაყინული, ერთიანად გადაფითრებული თითები უხეშ წიწვებს შეეხნენ, მერე კი, ხის ტანზე მიყუდებულმა, ძლივს წამოსწია საკუთარი თავი. ფეხები უკანკალებდა და ყველაფერი ტეხდა. მხრებზე მოხვეულ, და კაპიუშონის თასმებით ყელზე შეკრულ ჟაკეტზე მოაფათურა ხელები და ერთიანად გადაფითრებულმა, მარჯვნივ გადაიხედა, სადაც ლაშა-გიორგი ჩამომჯდარიყო.
მაგრამ „ჩამომჯდარიყო“ სწორი სიტყვა არ გახლდათ სიტუაციის აღსაწერად, ეს ხატიას უდაბნოსავით გადამშრალ გონებასაც კი ესმოდა. ლაშა-გიორგის უსიცოცხლოდ გადავარდნოდა თავი გვერდით, ფეხები წინ გამოშლილიყვნენ და მთელი ზედა სხეულით მიჰყუდებოდა ხის ტანს. მკლავები გაუნძრევლად ჩამოჰყროდა წიწვებზე, ჩვეულებრივ მუქი კანი ერთიანად გადაფითრებოდა.
-ლაშ… – წამოიწყო ხატიამ, მაგრამ ხმა გაუწყდა, სიტყვა ვერ აღმოთქვა, ისე გამოშრობოდა ყელი. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ყელი აუტანლად სტკიოდა. – ლაშა-გიორგი… – დაიჩურჩულა მან და გმინვით დაიხარა, მხარზე მოჰკიდა ხელი ბიჭს.
მაისური ყინულივით ცივი იყო.
-ლაშა-გიორგი! – ხმას აუწია გოგონამ და მის გვერდით მუხლებზე დაიჩოქა, შეეცადა, რომ ბიჭი წამოეწია, ოდნავ მაინც. მხრებზე მოხვია ხელები და წამოსწია, მაგრამ სიმძიმეს ვერ უმკლავდებოდა, კუნთები სტკიოდა, პლუს უგონო თუ მძინარე ლაშა-გიორგი მსუბუქი ნამდვილად არ იყო. ნახევრად პანიკაში ჩავარდნილმა გადაწყვიტა უბრალოდ წამოეწვინა, თან გამწარებული ცდილობდა, რომ ჰიპოთერმიული ადამიანის მოვლის წესები გაეხსენებინა, თან სასწრაფოდ.
“შეიყვანეთ სითბოში… დაალევინეთ თბილი სასმელი, შეეცადეთ, რომ მუდმივად თბილად ამყოფოთ…“ გაიხსენა გოგონამ და წამიერად შეჩერდა, რომ აზრები მოეკრიბა. ვეღარ ფიქრობდა, გაშტერებული დასცქეროდა ლაშა-გიორგის, რომელსაც თვალები დაეხუჭა და მიტკალივით გაფითრებულიყო. თითქმის ინსტინქტურად დაიხარა, რომ მის მკერდზე დაედო თავი და გულისცემა გაეგონა, რომელიც გამოზომილად, რიტმულად ისმოდა მის ყურში.
„კარგი… ესე იგი მთელი ღამე აქ ვიყავით… ამას გონი აქვს დაკარგული, მგონი… დილაა, მზე იქედან ანათებს…“ ხატიამ მკლავი ასწია და მარცხნიდან მომავალ, ხეებს შორის გამოჭრილ მზის შუქს გაუსწორა. მზე სასტუმროს წინიდან ამოდიოდა, სასტუმრო კი ტყის წინ იდგა. „ესე იგი იქეთ,“ გაიფიქრა კმაყოფილმა და შეეცადა ფეხზე წამომდგარიყო. ლაშა-გიორგის წამოიყვანდა, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ მის თრევას ვერ შეძლებდა, უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ მარტო მიაღწევდა სასტუმრომდე, მერე კი ვინმეს მოიყვანდა ლაშა-გიორგის წამოსაყვანად. „დიახ, დიახ. ასეც მოვიქცევი. მზის მიმართულებით ვივლი და მივაგნებ. ყველაფერი კარგად იქნება.“ დარწმუნებით გაიფიქრა მან და ძლივს წამოდგა ფეხზე. მუხლები უკანკალებდა და ტეხდა, ალბათ იმის გამო, რომ მთელი ღამე გაყინული იჯდა ხის ძირში, არაკომფორტულ პოზაში.
სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამდა მზისაკენ, ლაშა-გიორგის გადახედა, რომელიც ისევ იქ იწვა, თითქოს დაპატარავებული და გაცრეცილი. მხრებზე მოხვეულ ჟაკეტს, რომელიც თასმებით იყო დამაგრებული მის ყელზე, ხელი შეავლო და რატომღაც გული ეტკინა. წარმოიდგინა, თუ როგორ შემოიხსნა ლაშა-გიორგიმ ღამე ჟაკეტი, რომ მისთვის მოეხვია, რომ ხატია არ გაყინულიყო.
სასაცილო იყო პირდაპირ. ხატია სკოლის „მეფესთან“ იყო ვალში. ცხოვრებაში პირველად. წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი პირდაპირ.
სასწრაფოდ მოიძრო ჟაკეტი მხრებიდან და ლაშა-გიორგის მკერდზე გადააფარა, სახელოები გვერდით ამოუკეცა, მერე კი ცხვირთან მიუტანა ხელი, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო იმაში, რომ ნამდვილად სუნთქავდა. ტუჩზე იკბინა, შვებით აღვსილმა, როცა ხელის ზურგზე მონაბერი თბილი ჰაერი იგრძნო, მერე კი, მიწაზე გაწოლილ სხეულზე ერთი გადახედვის შემდეგ, ხეებს შორის დაიწყო გზის გაკვლევა.
ცდილობდა ზოგიერთი ხე დაემახსოვრებინა, რომ უკან დაბრუნებულიყო. ქარი უბერავდა და ისედაც გაყინულ კანს უწვავდა, მზე კი სამწუხაროდ არ ათბობდა დიდად. მაჯის საათი ათის ნახევარს უჩვენებდა, და ხატიამ ნაბიჯს აუჩქარა. ალბათ მთელი ღამე ეძებდნენ მასა და ლაშა-გიორგის. წარბები შეკრა, როცა წარმოიდგინა, თუ როგორი განერვიულებულნი იქნებოდნენ ყველანი. არც კი უნდოდა, წარმოედგინა, თუ რა რეაქცია ექნებოდათ მის დანახვისას…
მოულოდნელად შეამჩნია, რომ ხეები შემეჩხერდნენ. წიწვების გროვები აღარ ეფინა მიწაზე, გადაყინული, მოკლე ბალახი მოჩანდა, საცოდავად ამოწვერილი. „ხუთი წუთის სავალზე ვყოფილვართ,“ მწარედ გაიფიქრა გოგონამ და ნაბიჯს აუჩქარა, ხეების იქეთ მოჩანდა სასტუმროს წითლად შეღებული ფასადი.
სირბილით გავიდა ტყიდან სასტუმროს უკანა ეზოში და ქოშინით გაიქცა შესასვლელისაკენ. გული გამალებით უცემდა მკერდში და წამიერად დაავიწყდა ამწვარი კანი და ის, რომ ყელი აუტანლად სტკიოდა, როცა მამამისის აწეული ხმა მოესმა, სულ ახლოდან.
-როგორ თუ ვერ იპოვეთ, სად უნდა წასულიყვნენ აბა, ამიხსენით? რისი თქმა გინდათ, რომ ჩემი შვილი თქვენს შვილს გაჰყვა? სად, გამაგებინეთ, სად? – ღრიალებდა ცოტნე, და ხატიამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, როცა კუთხეს შემოურბინა მამის ზურგი დაინახა. მის იქით კიდევ ვიღაცები იდგნენ, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, იმის მიუხედავად რომ მამამისის წინ მდგარმა კაცმა სასწრაფოდ მისკენ გამოიხედა, და ოდნავ დაუწვრილდა თვალები.
-მამა! – ძლივს ამოიხრიალა ხატიამ, ყელი ეწვოდა. ცოტნე ელვის სისწრაფით მობრუნდა, გაფართოებული თვალებით მიაშტერდა, მერე კი თითქოს მთელი სხეულით მოეშვა. მისკენ გამოალაჯა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ხატია მთელი ძალით ჩაეჭიდა მამას, მის მხარში ჩარგო სახე საოცარი შვება იგრძნო ამდენი დაძაბულობის შემდეგ. თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდან.
მამა აქ იყო. ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-ყინულივით ცივი ხარ… – ლაპარაკობდა ცოტნე, მაგრად უსვამდა ხელებს მხრებზე. – სად იყავი? იმ… იმ ლაშასთან თუ რა ჰქვია, იმასთან იყავი? არ მითხრა, რომ მთელი ღამე გარეთ იყავით! – ხმას აუწია მან.
-ტყეში გავისეირნეთ და გზა დაგვებნა. – ძლივს ამოიხრიალა საპასუხოდ ხატიამ. – და მოგვიწია იქ დარჩენა, არ გვინდოდა რომ უარესად აგვრეოდა გზა… მაგრამ თურმე ხუთი წუთის სავალზე ვიყავით, მაპატიე მამა… – გამომშრალ თვალებში მოაწვა ცრემლები ხატიას. – არ უნდა წავსულიყავით იმ ტყეში მაგრამ მაინც წავედით და ჩემი ბრალი იყო, არ ვაპირებდი იქ დარჩენას…
-კარგი, დაწყნარდი, მერე დავილაპარაკებთ ამაზე, გასაგებია? – სასწრაფოდ დაუყვავა ცოტნემ, შეატყო, რომ მისი ქალიშვილი ტირილის პირას იყო. – ის ბიჭი… ლაშა სადაა? ისევ იქ არის?
-ჰო, დავტოვე, გულწასულია მგონი, ერთიანად გაყინული იყო… – ხატიას ხმა გაუტყდა, დიდი ხნის შეკავებული ცრემლები გადმოსცვივდა. – სასტუმროს უკანა მხარეს არის, წამოდი, წამოვიყვანოთ…
-გესმით? – შეტრიალდა ცოტნე და ვიღაცებს დაუყვირა. – სასტუმროს უკან, ხუთი წუთის სავალზეა! აქამდე როგორ ვერ მიაგენით?
ხატიამ წამიერად აიხედა, რომ ტყისაკენ სწრაფად მიმავალი, ნარინჯისფერ უნიფორმაში ჩაცმული გუნდი დაენახა, რომელთაც სხვა ვიღაცები მისდევდნენ. მაშინვე რაღაცამ გაუარა მკერდში.
-მე წავყვები… – მათკენ გაიწია მან, მაგრამ ცოტნემ შეაკავა. – მამა! რომ ვერ იპოვონ? რომ ვერ ნახონ? ერთიანად გაყინული იყო, გადაფითრებული…
-ნახავენ! – დაუყეფა ცოტნემ და მკაცრად დახედა. – არსადაც არ მიჰყვები ამათ, გასაგებია? მოიყვანენ იმ ბიჭს! შენც გაყინული და გადაფითრებული ხარ! – მან სწრაფად შემოიძრო თბილი, სქელი ქურთუკი და გოგონას მხრებზე მოხვია. – ასე შეიძლება? კინაღამ ინფარქტი დამემართა, დილით რომ გამოვედი და არსად იყავი! მერე იმ ბიჭის დედა შემხვდა და მეუბნება, ჩემი შვილიც არსად არისო! ახლავე ავდივართ ნომერში. – ცოტნემ ხატიას მოქაჩა და შესასვლელისაკენ წაიყვანა. ხატიამ ნერწყვი გადაყლაპა, რომ ამწვარი ყელი ცოტათი მაინც დაეამებინა, არ გაძალიანებია მამას, მხოლოდ ბოლო, შეწუხებული მზერა გადაავლო ნარინჯისფერ უნიფორმიან გუნდს, რომლებიც უკვე ტყეს უახლოვდებოდნენ.
იმ სითბოზე უკეთესი, რომელიც მთელ ტანზე შემოეხვია სასტუმროში შესვლისას, არაფერი არ იყო. ხატია ჯერ კიდევ კანკალებდა, ტუჩები გალურჯებოდა. მის ფრჩხილებს ჩვეულებრივი ვარდისფერის ნაცვლად, იისფერი ელფერი დასდებოდათ.
ნომერში როგორ ავიდნენ, ვერც კი გაიგო. პირველი, რაც დაინახა შესვლისას, ანანო იყო, რომელიც ლოგინზე წამომჯდარიყო და გემრიელად ამთქნარებდა.
ანანომ მათკენ მოატრიალა თავი და წარბები ასწია, თვალები გაუფართოვდა.
-ხატია? – იკითხა მან და ფეხზე წამოდგა, ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალები ცოტნესაკენ მიაბრუნა. – რა მოხდა?
-რა მოხდა და ის, რომ შენი ბიძაშვილმა გააფრინა. – სერიოზულად უპასუხა ცოტნემ და ხატიას მხრებიდან შემოხსნა თავისი ქურთუკი. – ახლავე მიდი და ცხელი შხაპი მიიღე. მერე დაწვები და მთელი დღე არ გაინძრევი.
-რა მოხდა? – ანანო სასწრაფოდ მივარდა კარადას და ხატიას პირსახოცები გამოიღო, თან მათ თვალს არ აშორებდა, სანამ ხატიამ უჯრიდან თავისი ტანსაცმელი ამოიღო.
-შენი ბიძაშვილი მთელი ღამე გარეთ იყო. – მკლავები გადააჯვარედინა ცოტნემ და ხატიამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-ვაიმე! – პირზე ხელი იტაცა ანანომ. – ხატია… მართლა? რატომ?
ხატიამ საპასუხოდ დაუბღვირა. იცოდა, რომ თავისი წინდაუხედაობის გამო მოუვიდა ის, რაც მოუვიდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ მოხდა ეს, რომ ანანო ეგონა ტყეში. ბიძაშვილს პირსახოცები გამოსტაცა და სასწრაფოდ ჩაიკეტა სააბაზანოში.
გარედან მამამისისა და ანანოს ხმები ისმოდა, რომელთაც მალე ნატას ხმა შეერია. ნატა რაღაცას გაჰყვიროდა, მაგრამ ხატიამ კარგად ვერ გაიგონა. გაყინულ, ნელ-ნელა შემთბარ სხეულზე ხელებს ისვამდა და ცდილობდა, რომ სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღედგინა. ცხელ ჭავლს მიუშვირა თავი, ცოტა ხანი უბრალოდ იდგა და სუნთქავდა.
„ნეტავ ლაშა-გიორგი თუ იპოვეს?“ გაიფიქრა მან და ისევ მოუარა შიშმა, რომ ლაშა-გიორგის ვერ მიაგნეს და ის ისევ იქ იწვა, გულწასული, ერთიანად გაცრეცილი და დილის სიცივისაგან დაუცველი. ტუჩები დაიკვნიტა, მთელი ძალით შეეცადა, რომ ამ ფიქრებს მორეოდა. „ყველაფერი კარგად იქნება, იპოვიან, აბა რა.“ ჯიუტად გაიფიქრა მან, როცა ტანს იმშრალებდა იცვამდა. თმა მაგრად შეიხვია და ფრთხილად გამოაბიჯა გარეთ.
პირველი, რასაც შეეჩეხა, მისდა საუბედუროდ დედამისი იყო. ნატა აფოფრილი, თვალებმოჭუტული და თეძოებზე ხელებჩამოდებული შეშტერებოდა. ხატია წამსვე დაიჭყანა, იცოდა, რომ დედისგან ტუქსვის ცუნამი დაატყდებოდა თავს.
-აბა, ამიხსენი, რას ფიქრობდი, ახალგაზრდა ქალბატონო! – დაიწყო ნატამ. – მოიცა, მე ვიცი… საერთოდაც არ ფიქრობდი, აი! მე მეგონა, რომ შენ ანანოსთან იყავი, მეთქი გვიან ამოვლენ მეთქი… მაინცდამაინც დღეს დავიძინეთ ადრე მე და მამაშენმა! კარის გაღების ხმა გავიგონე მერე და ვიფიქრე, ამოვიდნენ მეთქი, ეს კიდევ თურმე გარეთ, ტყეში დაყიალობს! ვიღაცასთან ერთად! აბა ამიხსენი, ახლავე!
-დედა… – ფრთხილად შეაპარა ხატიამ.
-დედა ვარ მე ოცი წელიწადია, ახალგაზრდა ქალბატონო, მაგაზე უკეთესი მოიფიქრე! რა გინდოდა ტყეში? შენც ანანოსავით აიჩემე? ოღონდ, შენსგან განსხვავებით, შენი ბიძაშვილი შენსავით მოუთმენელი და ჯიუტი კი არ არის! ანანო, ანგელოზი ხარ, შვილო, ამასთან შედარებით…
-დედა, მოიცა… – სცადა ხატიამ.
-არა! ხომ შეიძლებოდა გაყინულიყავი? ღმერთმა იცის, როდის გვეპოვე ტყეში ლოლოს სახით, ეს გინდოდა? და იმ საცოდავ ბიჭს რაღას ერჩოდი? და როცა დაიკარგეთ, რატომ არ დაგვირეკე?
-მეგონა, რომ ანანო იყო ტყეში იმ ლაშა-გიორგის მეგობართან ერთად და ამიტომ შევედით შიგნით, ფარანი არ გვქონდა, ლაშა-გიორგის ტელეფონი დაუჯდა, მე არ მქონდა წამოღებული, გვერჩივნა დილამდე მოგვეცადა, რომ უფრო მეტად არ დავკარგულიყავით და არ მეგონა, რომ ასეთი სიცივე იქნებოდა. – ერთი სუნთქვით ამოუშვა ხატიამ და კანკალით ამოიხვნეშა. – მაპატიე, დედა. არ მინდოდა, რომ მთელი ღამე ტყეში დავრჩენილიყავი მარტო, გეფიცები.
ნატა თვალებდაქაჩული მიშტერებოდა, მერე კი ამოიხვნეშა, მისკენ წაიწია და მაგრად ჩაიხუტა.
-ჩემი ბუსუნა. – წაილუღლუღა მან. – კიდევ კარგი, რომ აქ ხარ. აქამდე რომ გამეგო, ღერა-ღერა დაგაცლიდი თმას. ჩემო პატარა ბუსუნა.
-რას ნიშნავს, გეგონა, რომ ანანო იყო ტყეში? – იკითხა ცოტნემ, აშკარად დაბნეული იდგა, ეჭვით გადახედა მის გვერდით მდგარ ანანოს.
-ანანოს ძალიან უნდოდა ტყეში. – მიუგო ხატიამ. – შემოსასვლელთან ვიჯექით, ცოტა ხნით ჩამთვლიმა, გამოვიხედე და აღარ იყო! ვიფიქრე ალბათ იქ წავიდა მეთქი…
-უბრალოდ მომშივდა და საჭმელად შევედი. გეძინა და აღარ გაგაღვიძე. – შეწუხებული მიაშტერდა ანანო.
-კარგი, არა უშავს. – ძალდატანებით გაუღიმა ხატიამ. – ცოტათი გავიყინე, სხვა არაფერი.
-რაღაცნაირად ხრიალებ. – ეჭვით შეხედა ნატამ. – სტრეპსილსი მოგცე?
-მომეცი. – მიუგო ხატიამ და სქელი სვიტერით დაფარულ ყელზე ხელი მოისვა. – სასწაული იქნება, თუ არ გავცივდი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ნატასა და ცოტნეს სახეზე ღარები გამოუჩნდათ, ნაოჭები, რომლებიც ხატიას თითქოს არასდროს ენახა. ანანო დაზაფრული, თვალებდაწითლებული უყურებდა.
-ლაშა-გიორგი მოიყვანეს? – იკითხა ხატიამ, ერთიანად დაჭიმულიყო, დაძაბული თვალები მიაპყრო მამას. ცოტნე დაჟინებით შეაშტერდა, ოდნავ მოღუშული, მერე კი ამოიხვნეშა.
-ჰო. – ამოღეჭა ბოლოს. – მოიყვანეს, სანამ შენ სააბაზანოში იყავი, ასე ოცი წუთის წინ. ერთი ამბავი იყო ატეხილი დერეფანში.
-შეიძლება… წავალ და ვნახავ. – გადაწყვიტა ხატიამ და კარისაკენ გაიწია.
-სად მიდიხარ? – გადაეღობა ნატა. – ჯერ თმა გაიშრე და ჭამე. შენ ნუ ნერვიულობ, კარგად იქნება ის, მიხედავენ, საკუთარ თავზე იფიქრე ცოტა, ბოლოს და ბოლოს მთელი ღამე იყინებოდი გარეთ…
-მერე ისიც იქ იყო! – მოულოდნელად წამოსცდა ხატიას, დედას გაფართოებული თვალები მიაბჯინა. გამალებით უცემდა გული. – ისიც იქ იყო და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოთხოვნით. არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მე შევუჩნდი! მე რომ არა, ის წუხელ ტყეში არ მოხვდებოდა, კარგი? და მე თუ გაყინული გეგონეთ, ის უნდა გენახათ, დედა! ჟაკეტი მე მომახვია და თვითონ მოკლემკლავიანი მაისურით იყო ჩაყუნცული მთელი ღამე… დილით კი გულწასული დამხვდა… და მეუბნები, რომ არ ვნახო?
-ხატია. – დაუყვავა ცოტნემ. – მაგას არავინ გეუბნება. უბრალოდ თმა გაიშრე, ცოტა მოსულიერდი და მერე წადი.
ხატია ცოტა ხნით დაჟინებული მიაშტერდა მამას. დედამისის შვილი არ იქნებოდა, თუ ცოტა ვირულ სიჯიუტეს არ გამოიჩენდა, მაგრამ ბოლოს დანებდა.
სასწრაფოდ გაიშრო თმა. წითური კულულები ოდნავ გაეჩეჩა და ცეცხლივით დაეფინა მხრებზე, არც კი დაუყოვნებია, რომ ჩვეულებისამებრ დაეწნა თმა. ანანოს ამოტანილი სუპი და მაკარონი მიირთვა, მერე კი ნატას მოთხოვნით სტრეპსილსის წუწვნა დაიწყო.
მერე კი, მისდა საუბედუროდ, როცა დერეფანში აპირებდა გასვლას ბაბლუანების ნომერში, ყველა გარშემომყოფმა დაიჟინა, რომ გაყოლა აუცილებელი იყო.
-უცებ ცუდად რომ გახდე? – წარბები აუწია ცოტნემ, როცა წარბშეკრულ ხატიას გვერდით მიჰყვებოდა.
-დედი, ახლა გავიცანით ეს ხალხი. სირცხვილია! – დაამატა ნატამ და მათ კარზე მიაკაკუნა.
ხატია მთელი სხეულით დაიჭიმა, როცა კარი გაიღიმა ლაშა-გიორგის მამა გამოჩნდა. კაცი ცივი თვალებით დააცქერდა.
-დიახ? – იკითხა მან.
ხატია თვალებდაჭყეტილი აშტერებოდა.
-უკაცრავად… – მოისმა უკნიდან ანანოს მორცხვი ხმა. – ჩვენ… ლაშა-გიორგის სანახავად მოვედით. ხომ კარგადაა?
-ანანო? – გაისმაოთახის სიღრმიდან, და საჯაია გამოვარდა, ლაშა-გიორგის მამისაკენ სტყორცნა მზერა, მერე კი მათ გადმოხედა. – წევს ახლა.
-შემოდით. – თქვა დემეტრემ და გვერდზე გაიწია. ხატია ფრთხილად შეიძურწა ოთახში.
ნომერი ზუსტად მათნაირი იყო. გვერდით ორი საწოლი იდგა, ერთმანეთის მოპირდაპირედ. კედლებზე ბანალური სურათები ეკიდა, გამჭირვალე ფარდები ეკიდა აივანზე გამავალ კარზე.
მაგრამ ხატია დაჟინებით დააშტერდა ლაშა-გიორგის ფიგურას, რომელიც საბანში გამოეხვიათ, ფანჯარასთან მიდგმულ საწოლზე. სახე ისევ ისეთი გაცრეცილი ჰქონდა, მაგრამ ტუჩები ოდნავ ავარდისფერებოდა, აღარც ისეთი უსიცოცხლო უჩანდა ნაკვთები. საწოლის გვერდით დედამისი იჯდა, რომელიც ინტერესით იყურებოდა მათკენ.
-გაიღვიძა? – იკითხა გოგონამ, ისე, რომ თვითონაც ვერ გააცნობიერა, თუ რა იკითხა.
-კი, ცოტა ხნით. – უპასუხა ელენემ. – თბილად ჩაიცვა, ცოტა ჭამა და დაიძინა. – ქალმა ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. – არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მოეყოლა, თუ რა მოხდა. თქვენ ხომ არ გაგვანათლებთ?
-მე მოგიყვებით ყველაფერს. – განაცხადა ნატამ. – ჩემი შვილიც დაღლილია, არაფრის თავი არა აქვს.
-კარგით… შეიძლება, რომ გარეთ დავილაპარაკოთ? – ელენემ ხმას დაუწია. – არ მინდა, რომ გაეღვიძოს…
-კი, კი, რა თქმა უნდა, აბა როგორ შეიძლება, რომ გავაღვიძოთ… აბა გავედით! – მიუგო ნატამ, თან ენერგიულად გაემართა კარისაკენ.
-მე რომ დავრჩე, შეიძლება? – სასწრაფოდ იკითხა ხატიამ.
ყველა შედგა, მას მიაშტერდნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ნატა და ცოტნე წარბშეკრულნი მიშტერებოდნენ თავიანთ ქალიშვილს, ანანოსა და საჯაიას გაუგებრობა ეხატათ თვალებში, ელენე კი წარბებაწეული მისჩერებოდა. მხოლოდ დემეტრე იყურებოდა ცივად.
-როგორ არ შეიძლება. – თქვა ბოლოს ელენემ და უხერხულად გაიცინა. – წამოდით, წამოდით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ… – მან ცხვრებივით გარეკა დანარჩენები ოთახიდან, ხატიას ერთი უცნაური მზერა სტყორცნა და კარი გამოხურა.
ხატიამ ძლივს ამოისუნთქა, აჩეჩილ და გაფუყულ თმაზე ხელები გადაისვა. თითქოს ყველაფერი ელვის სისწრაფით მირბოდა მის გარშემო, და თვითონ ვერ ახრხებდა სიტუაციასთან დაწევას, რასაც არ იყო ჩვეული. თავი რამენაირად ხელში უნდა აეყვანა და ამ გაუგებრობაში გარკვეულიყო.
ლაშა-გიორგისკენ გააპარა თვალი, არც კი იყო დარწმუნებული, თუ რატომ დარჩა აქ. თუ რამ წამოუარა…
ხატიას აზრი გაუწყდა, როცა ლაშა-გიორგის მისკენ მომართული მზერა დაიჭირა.
-გღვიძავს? – წამოსცდა მას.
ლაშა-გიორგიმ საპასუხოდ წარბი ასწია და ოდნავ წამოახველა.
-ჰო, კარგი, სულელური შეკითხვა იყო. რეტორიკულიც, ხომ ხვდები, არა… – წამოილუღლუღა ხატიამ.
-ვინ შემოგიშვა შენ აქ? – იკითხა ლაშა-გიორგიმ. ხმა ჩახრენწოდა.
-ოფ. – დოინჯი შემოირტყა გოგონამ. – მეგონა, მთლად მინავლებული იყო ამჯერად მტარვალი, მაგრამ არ ყოფილა თურმე. – გოგონამ თვალები გადაატრიალა ლაშა-გიორგის დაჟინებულ მზერაზე. – მამაშენმა შემოგვიშვა. რა იყო, რატომაც არა? თუ შენი თანხმობა იყო საჭირო.
ბიჭმა არ უპასუხა. თავი გვერდზე გადაატრიალა. ხატიამ ტუჩი მოიკვნიტა.
რატომღაც დამნაშავედ იგრძნო თავი.
-რატომ მომეცი ჟაკეტი მთლიანად? – ჩუმად ჰკითხა მან. ბიჭმა სწრაფად გადმოატრიალა მისკენ თავი.
-რაო? – ჩაეკითხა ის.
-ჰო, ნუ იკატუნებ თავს, რა… – წარბები შეკრა გოგონამ. – მე მქონდა მოხვეული ჩემი ჟაკეტი. კაპიუშონის თასმების შეკრული მქონდა ყელზე. მე კი მეგონა, რომ ორივენი ვიყოფდით.
-შენი იყო, ჰოდა დაგიბრუნე. შენი ტილები არაფერში მჭირდება. – დამცინავად გაუღიმა ლაშა-გიორგიმ.
ხატია აიფოფრა. როგორ ახერხებდა მისი მეტოქე, რომ მწოლიარე, დასუსტებულ მდგომარეობაშიც ასეთი მწარე ენის პატრონი ყოფილიყო? სასაცილო გახლდათ პირდაპირ…
-ტილები არ მყავს მე, და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ! -დაემუქრა ის.
-არ გყავს? – წარბები აქაჩა ლაშა-გიორგიმ. – დარწმუნებული ხარ? მაგ უშველებელ გროვაში რა იმალება, ღმერთმა იცის.
-უშველებელი გროვა? – ხატიამ წამსვე იტაცა ხელი თმაზე. – ჰო, აბა რა, უშველებელია, მაგრამ სამწუხაროდ შენს ეგოს მაინც არ დაიტევს! – მიახალა მან და მკლავები გადააჯვარედინა.
რაღაც ენამახვილ და მკბენარე პასუხს ელოდებოდა, მთელი სხეულით შეემზადა საპასუხო დარტყმისათვის, მაგრამ არ დასცალდა.
ლაშა-გიორგის ჩაიფხუკუნა. მერე კი სიცილი დაიწყო.
ხატია თვალებგაფართოებული მიშტერებოდა. არ ახსოვდა, თუ როდის დაინახა ბოლოს სკოლის „მეფის“ სიცილი. ლაშა-გიორგის პაწაწინა ნაოჭები გაუჩნდა ლოყებსა და თვალებთან, თეთრი, სწორი კბილები გამოუჩნდა, კანი თითქოს შეეფერა და გამოუცოცხლდა. გასაოცარი იყო. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ამას როდესმე შეესწრებოდა. მის მოსისხლე მეტოქეს მის ნათქვამზე გაეცინა.
-როგორ გეკადრება. – ღიმილით მიუგო ლაშა-გიორგიმ. – ჩემი ეგო მაგხელა არ არის. აი შენი კი… ახლა აშკარაა, თუ სად იმალება. – თმისკენ მიანიშნა მან.
ხატია ჯერ კიდევ თვალებდაჭყეტილი მიშტერებოდა.
მაშინღა შეამჩნია, რომ პასუხი უნდა გაეცა, როცა სიჩუმე ჩამოვარდა და ლაშა-გიორგიმ ცალყბად გაიცინა.
ასე არ უნდა დაბნეულიყო.
-სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ მეთქი. – სასწრაფოდ დაუბრუნდა მთავარ თემას. იქედან არ უნდა გადაეხვია თავიდანვე. – რატომ მომეცი ჟაკეტი? შტერი ხარ. ორივეს გვეყოფოდა, და შენ ასე არ გაიყინებოდი…
-შენ რა, ჩემზე ზრუნავ? – წარბი ასწია ბიჭმა.
-არა! – დაუყვირა ხატიამ და თვითონვე შეკრთა საკუთარი ხმის სიმაღლეზე. ლაშა-გიორგის სახე უემოციო გაუხდა. ისევ ტიპიური, „ნორმალური“ გაომეტყველება გადაეფინა სახეზე.
-უბრალოდ არ მინდა, რომ შენთან ვალში ვიყო. სულ ესაა. – თქვა ხატიამ და ჯიუტად გაიხედა გვერდზე.
-ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ორმაგად ხარ ჩემთან ვალში. ერთხელ, როცა მდინარიდან ამოგათრიე, და მეორედ ახლა. – დამცინავად გაუღიმა ლაშა-გიორგიმ. – ახლა გადი, თუ სხვა სათქმელი არაფერი გაქვს. მეძინება.
ხატიამ ნერწყვი გადაყლაპა. გულისცემა ყურებში უგუგუნებდა. იგრძნო, თუ როგორ აუწითლდა სახე, მაგრამ ვერ გაეგო, რის გამო.
სასწრაფოდ შემობრუნდა, და ელვის სისწრაფით გავარდა ოთახიდან, კარი ზურგს უკან გამოიხურა, სასწრაფოდ შევარდა თავის ნომერში. საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა. ისევ ის უცნაური გრძნობა სწიწკნიდა გულმკერდს.
ერთიც იქნებოდა, გაიგებდა, თუ რა იყო.
.
.
-*-*-*-*-*-7
ხატიამ ვერაფრით მოისვენა, მთელი ღამე ბორგავდა. გადატრიალ-გადმოტრიალდებოდა, კომფორტულ ადგილს ვერ პოულობდა, მერე ანანოს წყნარ ფშვინვას უსმენდა და უფრო ეშლებოდა ნერვები. მერე კი მეტადრე ვეღარ იძინებდა და ძალაუნებურად მიეცემოდა ფიქრებს.
ლაშა-გიორგი ბაბლუანსა და მის უჩვეულო საქციელზე ფიქრობდა. თითქოს რაღაც შეიცვალა მათ შორის. აქამდე აბსოლუტურად უგრძნობი დამოკიდებულება ჰქონდათ გაჭიმული მათ შორის, რომელსაც თან ხატიას მხრიდან ზიზღი და ლაშა-გიორგის მხრიდან განურჩევლობა ერთვოდა. მაგრამ ასეთ ურთიერთობას თუ გაითვალისწინებდა, ლაშა-გიორგის ის არ უნდა გაეკეთებინა, რაც გააკეთა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. არ უნდა გადამხტარიყო მდინარეში და მითუმეტეს, საკუთარი თავი არ უნდა გაერისკა ყინულოვან ღამეში ჟაკეტის შემოხსნით.
მეტადრე ჟაკეტის შემოხსნა აშფოთებდა. მდინარეში ჩახტომა შეიძლებოდა უბრალოდ იმით აეხსნა, რომ ლაშა-გიორგის, როგორც „მეფეს“, გმირობის სინდრომი აწუხებდა და ამ სინდრომმა არასათანადო დროს შემოუტია. მაგრამ ჟაკეტის მასზე მოხვევა თითქმის… თითქმის ზრუნვის გამოხატულება იყო.
ხატია დაიჭყანა, ზურგში ჟრუანტელმა დაუარა და კედლისაკენ მიბრუნდა. პატარა ბავშვივით მოიკუნჭა ლოგინზე, მაგრად შემოიხვია საბანი. ლაშა-გიორგის მადლობელი იყო, მაგრამ მისი საქციელი ვერ გაეგო და ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ მის ვალში იყო.
ხატიამ თვალები ჭყიტა, ელვის სისწრაფით წამოიწია ლოგინზე, თმაგაბურძგნილი თავი კედელს მიაყუდა. ამაზე ჯერ არ დაფიქრებულა საკმარისად, არც კი ჰქონდა გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი პრემისი, როგორიც მისი ვალი იყო ლაშა-გიორგის წინაშე. იმის მიუხედავად, რომ ჯიუტად აწვებოდა მდინარიდან თავისით ამოსვლის ასპროცენტიან შესაძლებლობას, ვერ უარყოფდა, რომ ლაშა-გიორგი მას დაეხმარა და ეს იმას ნიშნავდა, რომ სიცოცხლისხელა ვალი ჰქონდა.
ხატიამ მთელი ძალით დააკრაჭუნა კბილები. მადლობის გადახდა პატარაობიდანვე ჩაუბეჭდეს გონებაში, ამიტომ ამ ამბავს ასე იოლად ვერ დაივიწყებდა. თანაც მადლობის თქმაც არ იყო საკმარისი, უფრო მეტი იყო საჭირო ასეთი საქციელისათვის.
ამას ხვდებოდა ხატია, თვალებგადმოკარკლული, თმაგაჩეჩილი, საფრთხობელასავით დაღმეჭილი სახით წამომჯდარიყო ლოგინზე და უკნიდან ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ეფინებოდა.
ტუმბოზე დადებული სათვალე გაიკეთა სასწრაფოდ და საათს დახედა. ხუთის ნახევარი იყო, მალე ინათებდა, ხატია კი ღამურასავით წამომჯდარიყო.
არა, ასე ვერ დაიძინებდა. ვერ დაიძინებდა, სანამ არ გამოარკვევდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. ჯერ უნდა გაერკვია, თუ რას ფიქრობდა ლაშა-გიორგი, ან რამ გადმოუბრუნა ტვინი, მერე კი უნდა მოეფიქრებინა, თუ რა გაეკეთებინა იმისათვის, რომ მეტოქისადმი უზარმაზარი ვალი მოეშორებინა.
ხატიას ზედმეტი არც უფიქრია, ისე გადმოძვრა ლოგინიდან, და კარს ფრთხილად მიუახლოვდა. ანანოს გადმოხედა, რომელიც ისევ წყნარად ფშვინავდა, მერე კი მშობლების ოთახის დაკეტილი კარისაკენ გააპარა თვალი. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ხატიამ ფრთხილად გადაატრიალა გასაღები და ოთახიდან სუნთქვაშეკრული გაიპარა.
კარი ზურგსუკან მიხურა და არც კი დაუყოვნებია, ბაბლუანების ოთახის კარს მიადგა. წამიერად გაიფიქრა, რომ სისულელეს აკეთებდა და აქ არ უნდა მოსულიყო, მაგრამ უკვე ხელი ჰქონდა აწეული და აკაკუნებდა. ამ ფიქრს მოჰყვა ის მოსაზრება, რომ შეიძლება არც არავინ გამოსულიყო, რადგან ეძინათ.
სიჩუმე ჩამოვარდა ცოტა ხნით, ხატიას მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა. ის იყო, თითქმის გადაწყვიტა, რომ შებრუნდებოდა და გაიძურწებოდა თავის ოთახში, რომ კარის უკან ნაბიჯების ხმა მოესმა.
ხატია მთელი სხეულით დაიძაბა. რატომღაც პიჟამის ბოლო ჩაბღუჯა.
კარი ხმადაბალი ჭრიალით გაიღო და ლაშა-გიორგი გამოჩნდა. თვალები მოეჭუტა, უმკლავებო მაისური და პიჟამა შარვალი ეცვა, შეცბუნებული იყურებოდა. ხატიას ერთი წამი ჰქონდა იმის გაფიქრებისათვის, რომ ასე ლაშა-გიორგი არასოდეს ენახა, რომ მისი მეტოქე მიხვდა, თუ ვინ იდგა მის წინ და წარბები შეკრა.
-შენ, რა გაგიჟდი? – ხმადაბლა თქვა მან. ხატიამ მისი მხრის იქით გადახედა ლოგინში გაგორებულ საჯაიას. – მაგაზე ნუ ინერვიულებ, კუნძივით სძინავს… – თქვა ლაშა-გიორგიმ, თვალები მოისრისა და მის წინ აყუდებულ ხატიას ახედა.
-ჯანდაბას შენი თავი. – გამოსცრა მან ბოლოს და მკლავში ხელი ჩაავლო, უკან გასწია და ოთახიდან გამოვიდა, უკან გამოიკეტა კარი. ხატია წამიერად მასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა, ისე ახლოს, რომ მისი სითბო და შეიგრძნო.
თითქოს გაბრუვდა, მაგრამ თავის დაჭერა შეძლო.
-რა გინდა? – ხმადაბლა ჰკითხა ლაშა-გიორგიმ და ხელი შეუშვა. – რომელი საათია საერთოდ, ხვდები?
-ვხვდები. – ჯიუტად მიუგო ხატიამ და შეუპოვრად ახედა მუქ თვალებში. – ვერ დავიძინე და კითხვებზე პასუხები მჭირდებოდა.
-რატომ ფიქრობ, რომ შენი კითხვები ჩემი ძილის გატეხვად ღირს? – მკლავები გადააჯვარედინა ლაშა-გიორგიმ. – რა იცი საერთოდ, რომ პასუხებს გაგცემ?
-ღირს. – ხელი გაუქნია ხატიამ. – აი ნახავ. და ვიცი, რომ გამცემ, იმიტომ რომ შენც გაინტერესებს.
ბიჭმა წარბები ასწია, კარს მიეყუდა.
-აბა გისმენ. – თქვა მან. – შენთვის ჯობია, რომ კარგი კითხვები იყოს.
-ჩემგან ცუდი და სულელური კითხვა მოგისმენია ოდესმე? – უკბინა ხატიამ. – მოკლედ. მინდოდა მეკითხა, თუ რა შეიცვალა.
ლაშა-გიორგი მოიღუშა.
-ანუ რა შეიცვალა ჩვენს შორის! – სასწრაფოდ ჩაამატა ხატიამ. – ვერ გავიგე, თუ რატომ ჩამოხვედი ჩემთვის იმ მდინარეში და რატომ მომეცი ის ჟაკეტი.
ლაშა-გიორგის ნესტოები დაებერა, დაჟინებით დააშტერდა.
-აბა სულელურ და ცუდ კითხვებს არ ვსვამო? მაგისათვის გამაღვიძე? – წარბები შეკრა მან.
-ჰო. – ჯიუტად დააშტერდა ხატია. უკან დახევას არ აპირებდა, სანამ პასუხებს არ მიიღებდა. – მიპასუხე და წავალ.
ლაშა-გიორგი ისე მისჩერებოდა, თითქოს მეორე თავი გამოზრდოდა ხატიას. ამოიხვნეშა და სახე მოისრისა.
-კარგი. მდინარიდან იმიტომ ამოგათრიე, რომ ადამიანი იხრჩობოდა და გვერდზე ვერ გავიხედავდი, როცა დახმარება შემეძლო. – თქვა მან, თან დაჟინებით მიშტერებოდა. – ჟაკეტი იმიტომ მოგაფარე, რომ შენი იყო, ჩემზე ტანით უფრო პატარა ხარ და შენ უფრო გჭირდებოდა. სულ ესაა. კმაყოფილი ხარ?
-არაა საკმარისი! – წინ წამოიწია გახელებულმა ხატიამ, ფეხისწვერებზეც კი აიწია, რომ ეცადა მაინც ბიჭის სიმაღლეს გატოლებოდა. – აი…აი ასეთს არ გიცნობ და საერთოდაც არ მომწონხარ ასე! შენ საერთოდაც არ უნდა გაინტერესებდეს, მე ვიხრჩობი თუ ვიყინები, გასაგებია? სულაც არ მინდა შენს ვალში ვიყო!
ლაშა-გიორგის წარბები აეწია, გაკვირვებული მისჩერებოდა, მერე კი ტუჩები ოდნავმა ღიმილმა შეურხია. ხატიამ მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო სახეზე და უკან წაბარბაცდა, თვალები გაუფართოვდა. „ეს რაები წამოვროშე…“ გაიფიქრა სასოწარკვეთილმა.
-ასეთი არ მოგწონვარ… ანუ ისეთი მოგწონდი? – გაიღიმა უცებ ლაშა-გიორგიმ, მისკენ წამოიწია და ხატიას თითქოს მეხი დაეცა, თვალები კინაღამ გადმოსცვივდა. უკან დაიწია სასწრაფოდ, მაგრამ ლაშა-გიორგის ნაბიჯი არ შეუნელებია.
-არც ისეთი არ მომწონდი, პირიქით, მეზიზღებოდი… – გამოსცრა კბილებში ხატიამ, სახეზე ცეცხლი ეკიდა. – უბრალოდ ახლა…
-ანუ ახლა აღარ გეზიზღები? – შეაწყვეტინა ლაშა-გიორგიმ და კიდევ ერთი ნაბიჯით ხატია კედელთან მიიმწყვდია. გოგონა განცვიფრებული ააშტერდა, წამიერად ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ მძინავსო, რადგან მის წინ აყუდებული, ჩრდილში დაბურული ლაშა-გიორგი და მისი მოქმედება წარმოუდგენელი იყო პირდაპირ.
-რას აკეთებ? – დაისისინა მან, შეეცადა თავი ხელში აეყვანა. ბეჭებში გასწორდა, თავი ასწია. სიტუაციაზე კონტროლი უნდა დაემყარებინა. – ახლაც მეზიზღები და ვერ გიტან. უბრალოდ ძალიან მაეჭვიანებს შენი საქციელი. არ არის რაღაც ეს სიტუაცია მთლად აუთენტური და გავიგებ მე, რა ხდება, გასაგებია? – ხმას აუწია მან.
ლაშა-გიორგის წარბი აეწია და ოდნავი, ძლივს შესამჩნევი ღიმილით დაჰყურებდა. ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა.
-რა სასაცილო ხარ როცა იჭიმები. – თქვა მან და ხატია წამსვე აიფოფრა. – გგონია, რაღაც საიდუმლო მარხია აქ და შენი პატარა ტვინით ცდი ამოხსნას, არა? – ბიჭმა თავი გადააქნია. – ძალიან ბევრ სათავგადასავლო წიგნებს კითხულობ ალბათ. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა. – მან ხელები გაშალა. – ახლა კმაყოფილი ხარ?
-…არა. – გაიმეორა ხატიამ. – არ ვარ კმაყოფილი. მოვუბრუნდებით ჩვენ ამ თემას, შენს განგებ შერჩეულ აგდებულ სიტყვებს მე არ ავყვები. თუ გგონია, რომ ასე იოლად მომიცილებ, ცდები… და ახლა მეორე კითხვა მაქვს კიდევ. რა გინდა რომ გავაკეთო?
ლაშა-გიორგის წარბები შუბლზე აუვიდა.
-ვიცი, რომ იცი, ამიტომ თავს ნუ იკატუნებ. – კბილებში გამოსცრა ხატიამ იმის მიუხედავად, რომ სახის წვა მთელ სხეულზე გადაუვიდა. ახლა ფეხებიც კი გაწითლებული ექნებოდა, ისე იყო განერვიულებული, და შუბლზე ოფლის მოწოლას გრძნობდა. – მე ვალი მაქვს შენი. მითხარი, რა გინდა, რომ მოვიცილო ეს ვალი და აღარ ვიფიქრო ამაზე.
-თუ გგონია, რომ რამე იოლს გეტყვი და ასე იოლად მორჩება ეს, ძალიანაც ცდები. – თქვა ლაშა-გიორგი, სახე ისევ ცივი გაუხდა. – ნუ ინაღვლებ, ისეთს რამეს დაგავალებ, რომ ძალიან გაგიჭირდეს.
-დამავალებ რა, მსახური კი არა ვარ შენი… – ყალყზე დადგა ფიქრია. – და რასაკვირველია, ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რაც არ მომეწონება…
-მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ვალის გადახდას? – წარბები ასწია ლაშა-გიორგიმ და უკან დაიწია, ოთახისაკენ შებრუნდა. – მგონი აქ დავამთავრეთ. – მან კარი გააღო და ზურგსუკან ხმადაბალი ჩხაკუნით მოიხურა.
ხატიამ სუნთქვა ამოუშვა, რომელსაც ვერც კი შეამჩნია, რომ იკავებდა. პირდაპირ სასაცილო იყო. თუმცა სასაცილო კი არა, შემაშფოთებელი გახლდათ. პასუხები ვერ მიიღო და ისეთი აფორიაქებული იყო, როგორც არასდროს. სულ ტყუილად გამოვიდა აქ და სულ ტყუილად სცადა ქვისთავიან ლაშა-გიორგისთან დალაპარაკება. უნდა სცოდნოდა, რომ მისგან პასუხებს ვერ მიიღებდა და საკუთარ თავზე მოუწევდა დაყრდნობა.
ამიტომ ხატია შეიძურწა თავის ოთახში, გაციებულ ლოგინში დაწვა და ნახევარი საათი კიდევ თვალებგადმოკარკლული იჯდა, სანამ ძილმა და დაღლილობამ არ წაართვა თავი.
.
.
-*-*-*-*-
თავდამძიმებულს გამოეღვიძა დილით. საბანი თავზე გადაიფარა ზმუილით, როცა ნატასა და ანანოს ხმამაღალი, ენერგიით სავსე საუბარი გაიგონა.
-ხატია, ადექი! – გულიანად შეანჯღრია ნატამ. – წამოდი, დღეს სასტუმროს პატრონის დაბადების დღე ყოფილა და უფასო სასმელები და ალაფურშეტია!
-არ მინდა ალაფურშეტი. – დაიზმუვლა ხატიამ, მაგრამ იცოდა, რომ ნატა არ მოეშვებოდა, ამიტომ ძლივს წამოიზლაზნა. – არ მინდა სასმელები… არაფერი არ მინდა…
-მე მინდა სამაგიეროდ და მომყვები, გესმის, ქალბატონო? – ფეხში სტაცა ხელი ნატამ და ძალით გადმოათრია ლოგინიდან. – ჩაიცვი და გაემზადე, რას გავხარ… რას ამოგსივებია თვალები ერთი, არ გეძინა კარგად?
-რა ვიცი… – წაიბურდღუნა ხატიამ და ძლივს წამოიზლაზნა ლოგინიდან, თავი დამძიმებოდა.
ძლივს ჩაიცვა და ზლაზვნით ჩაჰყვა ოჯახის წევრებს ქვემოთ. დიდი სასადილო დარბაზი ცენტრში მაგიდებისაგან გაეცალათ, კედლებთან შვედური მაგიდა იყო გაწყობილი. გამოწკეპილი ოფიციანტები დაყელყელაობდნენ აქეთ-იქით, ლანგრებზე სავსე შამპანურის ჭიქები შემოეწყოთ. ხატიამ ხალხის გროვაში ლაშა-გიორგის ჰკიდა თვალი და წამსვე გამვლელ ოფიციანტს შამპანურის ჭიქა აართვა. ანანო წარბებაწეული უყურებდა, თუ როგორ დაცალა ხატიამ ერთი მოსმით შამპანური.
-ხატია, ცუდად ხომ არა ხარ? – ჩაეკითხა ბიძაშვილი. – რაღაც არ მახსოვს, ასე დაგელიოს…
-ოჰ, ჯერ სად ხარ. – მწარედ გაუღიმა ხატიამ და მეორე ჭიქა აიტაცა. – თუ ოდესმე უნდა დავიწყო მძიმედ დალევა, ახლაა ყველაზე შესაფერისი მომენტი. – მან თვალი ჰკიდა, თუ როგორ თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა საჯაია ანანოს და სახე მოეღმიჭა. – დიახაც, ახლა არის, და დავლევ, თუ მომინდება.
ანანო შეწუხებული მიშტერებოდა.
-ცუდად ხომ არ ხარ? – ჩაეკითხა ის. – გუშინდელის მერე…
-ჰოდა მითუმეტეს, უნდა დავლიო ცოტა. – თქვა ხატიამ და შამპანური ყელში გადაისხა, აფუშფუშებული სითხე სასიამოვნოდ მჟავე იყო. – ჩვენ ვისვენებთ, არა? ჰოდა ასე დასვენებასაც ვაპირებ.
-შენ არ ხუმრობ, ხომ? – ანანომ გვერდით მიმოიხედა, პანიკით. – შენმა მშობლებმა რომ დაგინახონ…
-მამას გაუხარდება კიდეც. – დაიფრუტუნა ხატიამ. – დედას კი მამა დაარწმუნებს, რომ არაფერი დაშავდება, თუ ერთხელ დავლევ. – მან კიდეც ერთი ჭიქა აიტაცა ლანგრიდან.
ხატიამ ექვსი ჭიქა ისე გამოცალა, ვერც გაიგო. მუცელი უსიამოვნოდ უყურყურებდა, არც არაფერი ეჭამა. ოთახის კუთხეში სკამზე ჩამოჯდა, თავგზააბნეული. დარბაზი ტრიალებდა და ხატიას დაძინების მეტი არაფერი უნდოდა.
ანანო სადღა გაშპა? ხატია მოიღუშა და ზარმაცად მიმოიხედა. „ჯობია იმ საჯაიასთან არ იყოს,“ გაიფიქრა მან და თითი დაუქნია წარმოსახვაში მყოფ ანანოს. „არ ვარგა ეგ ბიჭი…“
თავი ნელა ასწია და დარბაზის გასასვლელს დააშტერდა. ახლა ადგებოდა, ამ გასასვლელში გავიდოდა და ჰოპ! მალე საკუთარ ლოგინში აღმოჩნდებოდა. დიახ, დიახ, ახლა ლოგინზე მნიშვნელოვანი არაფერი იყო.
ხატიას ლოგინზე ნეტარებით ფიქრი არ დასცალდა, როცა კარში გამავალ ნაცნობ ფიგურას ჰკიდა თვალი.
ლაშა-გიორგი.
გოგონა მოიღუშა, მთელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოიზლაზნა. ოთახი კიდევ ერთხელ დატრიალდა, მაგრამ ხატია ჯიუტად მიიწევდა კედელ-კედელ წინ და წამდაუწუმ ვიღაცას ეჯახებოდა. ნაბიჯს ცოტა აუჩქარა, რომ კარში გასულ ლაშა-გიორგის დასწეოდა, იმის მიუხედავად, რომ ფეხი ებლანდებოდა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა.
„გავიგებ მე შენ სად დაეთრევი, შე საქონელო,“ გაიფიქრა ღვარძლიანად. „დიახაც… გავიგებ, თუ რამ ამოგიტრიალა ტვინი…“
ბარბაცით გავიდა კარში და თვალები მოჭუტა, როცა ეზოში მიმავალი ლაშა-გიორგი დაინახა, რომელიც ბალახს მიარღვევდა. წამსვე წელში მოიხარა და მოკუნტული, თვალებმოჭუტული აედევნა.
ლაშა-გიორგი ნელა მიიწევდა წინ, თითქოს უმიზნოდ მისეირნობდა, მაგრამ ხატიამ იცოდა მისი საიდუმლო და გამოარკვევდა კიდეც მალე, თუ რა ჯანდაბას აკეთებდა და რას აპირებდა მისი მეტოქე. დიახაც! ხატია რისი დაშნიანი იყო, თუ არ გამოარკვევდა. ამიტომ დაგეშილი, ენაგადმოგდებული მაძებარი ძაღლივით მიძუნძულებდა, წელში მოხრილი, ლაშა-გიორგის უკან.
თხუთმეტიოდე წუთი იარეს, ისე, რომ ლაშა-გიორგის უკან არ მოუხედავს. ხატიას თითქმის მობეზრდა. ჯაშუშად ყოფნა საინტერესო ეგონა, მაგრამ ეს მონოტონური დევნა უკვე ერთფეროვანი ხდებოდა. პლუს, გარეთ საკმაოდ სიცივე იყო და საერთოდაც, უსიამოვნო გახლდათ ეს მოღუშული ამინდი.
ხატია გასწორდა, ბარბაცით მოტრიალდა, შორს სასტუმრო მოჩანდა, მისი წითელი ფასადით. მერე ისევ ლაშა-გიორგის ფიგურას დააშტერდა, რომელიც ტყის პირას მდგომ წითელ სახლს უახლოვდებოდა.
-ოე! – დაუყვირა ხატიამ და წამსვე მოიჭმუხნა, საკუთარი დღავილი ტყვიის გავარდნისავით ესმოდა. – ქვისთავიანო! ბაბლუანი! – გოგონა ბარბაცით, სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისკენ. ასე იოლად არ გაუშვებდა.
ლაშა-გიორგი მობრუნდა, მოღუშულიყო.
-ახლა რაღა გინდა? – თქვა მან, აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ ეს ხატიას ახლა დიდად არც აინტერესებდა. – რას დამსდევ უკან?
-შენი ბრალია, რომ ასეთი უტვინო ხარ და ვერ შემამჩნიე. – მხრები აიჩეჩა ხატიამ და გაუღიმა. – ანდა უბრალოდ კარგი ჯაშუში ვარ მე. ყოველ შემთხვევაში, მე მაგარი ვარ, შენ კიდევ უტვინო.
ლაშა-გიორგიმ წარბები ასწია.
-შენ რა, მთვრალი ხარ? – თქვა მან, ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა, თითქოს ღიმილს ებრძოდა.
-როგორ… – ხატიამ წამოასლოკინა, მკერდზე ხელი მიიდო. – როგორ გეკადრება! მე, ამხელა დარბაისელი ქალი, მთვრალი? პფფფფ, რა უტვინო ხარ.
ლაშა-გიორგი ისე უყურებდა, თითქოს ცოტაც და თავს ვეღარ შეიკავებდა, მაგრამ თავი გააქნია მხოლოდ და ზემოთ აიხედა.
-წადი სასტუმროში, იწვიმებს მალე. – თქვა მან. – რა ჯანდაბამ გამოგიყვანა აქ?
-შენ მე კარგად არ მიცნობ! – თითი მიუშვირა ხატიამ. – არ მიცნობ, თუ გგონია, რომ ასე იოლად დავანებებ ასეთ მნიშვნელოვან რამეებს თავს, გას… – მან წამოასლოკინა, მაგრამ სასწრაფოდ მიიღო აღშფოთებული გამომეტყველება. – გასაგებია?!
ამის თქმა იყო და მაშინვე ხატიას თავზე ორი მძიმე წვიმის წვეთი დაეცა. წვიმაზე აღშფოთება ვერ მოასწრო, რადგან წამსვე, თითქოს ვედროდან გადმოასხესო, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ლაშა-გიორგიმ კაპიუშონი წამოიფარა თავზე და ელვის სისწრაფით მიაშურა იმ პატარა წითელ სახლს, სანამ ხატია გაშტერებული იდგა და ვერ გაეგო, რა გაეკეთებინა. როცა თმა მთლიანად დაუსველდა და მაისურის მხრები დაუჟივდა, მაშინღა იკადრა, რომ უკან ნელა და ბარბაცით გაჰკიდებოდა ლაშა-გიორგის, რომელსაც კარი ეჭირა. ხატია შიგნით შევარდა, ძლივს ამოისუნთქა, როცა ლაშა-გიორგიმ მის უკან კარი ხმამაღალი ღრჭიალით მიხურა.
პატარა სახლი საკმაოდ მაღალჭერიანი იყო, და გარკვევით ისმოდა წვიმის მონოტონური რახუნი კრამიტზე. ორი დიდი ფანჯარა გადაჰყურებდა მინდორს, რომლებსაც წვიმის წვეთები ეხეთქებოდნენ და ელვის სისწრაფით გორავდნენ ქვემოთ.
ხატია წამსვე ჩაჯდა, კედელს მიეყუდა. რატომღაც გული აერია. პლუს, შეამცივნა.
-მითხარი რა და მოვრჩეთ… – წაიზუზუნა მან. – და საერთოდ, სად ვართ? სად მომათრიე?
-მე მოგათრიე? – დაუსისინა ლაშა-გიორგიმ. – შენ რომ უკან გამომყევი კუდივით, ეს მოთრევა იყო?
ხატიამ თვალები გადაატრიალა. ამის თავი არ ჰქონდა. პლუს, თავი სტკივდებოდა, როცა თვალებს ატრიალებდა.
-სად ვართ მაშინ? – გაიმეორა მან და მიმოიხედა. სახლი უფრო დიდი მოჩანდა შიგნიდან, ვიდრე გარედან. უამრავი მუყაოს ყუთი დაეწყოთ კედლებთან, თითქმის მთლიანად დაფარულიყო იატაკი, რამდენიმე მატრასი აეყუდებინათ ფანჯარასთან ახლოს. მაგრამ ყველა გასაკვირი ის გახლდათ, რომ კედლებზე აკრულ თაროებსა და ჭერზე ჩამოკიდებულ ხარიხებზე უთვალავი ყვავილი გაფურჩქნილიყო.
-საყვავილეა და საწყობი, როგორც ჩანს. – თქვა ლაშა-გიორგიმ, კაპიუშონი თავიდან გადაიგდო და თმა უკან გადაიწია. წინ ცოტათი დასველებოდა და შუბლზე ჩამოჰყროდა. თხელი, ოდნავ კეხიანი ცხვირის ქვემოთ წვიმისაგან დასველებული მოვარდისფრო ტუჩები მოუჩანდა. ხატია დარეტიანებულივით მიშტერებოდა მის სახეს. ბიჭმა ერთ-ერთი მუყაოს ყუთი გადახსნა და შიგნით ჩაიხედა. – ჭურჭელი და რაღაცები აწყვია. – თქვა მან და მეორე ყუთს სწვდა.
ხატიამ ძლივს მოსწყვიტა თვალი, ფანჯარაში გაიხედა.
-როდის გადაიღებს? – ჩუმად წაიწუწუნა მან. – რა ვაკეთოთ?
-ცოტა აზრზე რომ მოხვალ, მაშინ გადაიღებს. – აგდებულად გადმოხედა ლაშა-გიორგიმ. – იჯექი ახლა და იღმუვლე. სულ შენი ბრალია, რომ ცხვარივით წამომყევი უკან, თან მთვრალი.
-ცხვარი არა ისა… – ტუჩი აიბზუა ხატიამ. – ნუ მადარებ მაგ უტვინო ცხოველს. სულ შენი ბრალია მერე, აქ რომ წამოხვედი. არ წამოსულიყავი და მორჩებოდა! თან, მადლობელი არ უნდა იყო?
მისმა მეტოქემ წარბები შეკრა, მკლავები გადააჯვარედინა. ზემოდან გოროზად დაჰყურებდა. – რატომ უნდა ვიყო მადლობელი აბა?
-მე რომ არა, აქ მარტო იქნებოდი, აი რატომ. – დაისრუტუნა ხატიამ. – კომპანიონი არ გინდა, ამ მიყრუებულ ადგილას რომ იქნები მარტო გაჭედილი, ჰა? ჰოდა ხომ იცი, რა უხვი და გულისხმიერი ვარ. შენისთანა პრეტენზიულ „მეფეს“ ვეხმარები.
-კომპანიონი… – ჩაიფრუტუნა ლაშა-გიორგიმ, რაღაცნაირად გაიღიმა უცებ. – ისე, მე რომ მეძახი პრეტენზიულს იმის გამო, რომ მეფეს მეძახიან… ვერ ხვდები, რომ შენ დედოფალი გამოდიხარ?
ხატიამ თვალები გადმოკარკლა, ყბა კინაღამ ჩამოუვარდა.
-რაო? რა გინდა? – იჭყავლა მან. – ღმერთმა დამიფაროს, ეგეთი უტვინო, ფიქციური, არაფრისმომცემი და პრეტენზიული ტიტული მერგოს! მაგას მირჩევნია სკოლის ეზო მოვგავო ასჯერ!
-გამოდიხარ. – წარბები ასწია ლაშა-გიორგიმ. – ჩემი მეტოქე ხარ, ერთადერთი გოგო, რომელიც მისწორდება და იმიტომ.
ხატია პირდაღებული, თვალებმოჭუტული უყურებდა.
-რაებს ბოდავ… – ჩაილაპარაკა თავისთვის. – მეც ალბათ მეჩვენება ეს ყველაფერი. გადი, გადი, მომშორდი, გესმის? რას შემიჩნდი, გადი, თავი დამანებე! დედოფალი არა ვირის კომპოტი! მაგას ჯობია, რამე დასაწოლი მიშოვო, ტრაკი გამიბრტყელდა!
ლაშა-გიორგის ფხუკუნი წასკდა. შებრუნდა და პირზე ხელი აიფარა.
-ახლა კი დამცინი. – წარბები შეკრა გოგონამ და დაიფრუტუნა, გვერდზე გატრიალდა. – გათავდა, აღარ გელაპარაკები.
ლაშა-გიორგი თავს აქნევდა, მერე კი ფანჯარას მიუახლოვდა, მასთან მიყუდებული მატრასი ძირს ჩამოათრია.
-აჰა, მოდი, დაწექი. – თქვა მან და მატრასზე მიუთითა. – გაკმაყოფილებს?
ხატია ძლივს წამობანცალდა ფეხზე, მატრასს მიუახლოვდა და სკეპტიკურად დააცქერდა.
-ამაზე უნდა დავწვე? – წაიბუზღუნა მან. ლაშა-გიორგიმ თვალები გადაატრიალა, გაიცინა და თავი გადააქნია.
-მოგიწევს. – მხრები აიჩეჩა მან. – მიდი ახლა, ტვინგადმობრუნებული ხარ, არა მგონია დასვენებამ გიშველოს, მაგრამ ვცადოთ მაინც.
ხატიას პასუხი აღარც გაუცია, ისეთი დაღლილი იყო. მატრასზე გაგორდა, მის თავთან აყუდებულ ლაშა-გიორგის ახედა.
-ნუ მაჩერდები, რა იქნება. – წაილუღლუღა მან და გვერდზე გადაბრუნდა, თვალები ეხუჭებოდა, ოთახი სასიამოვნოდ ირწეოდა. – მერე ვწითლდები. შენი შტერული სახის ბრალია.
ლაშა-გიორგის რეაქცია არ შეუნიშნავს, რადგან ძილმა წაართვა თავი.
.
.
.
-*-*-*-*-*-8
წვიმის გახელებული გრიალი ესმოდა სახურავის კრამიტებზე, როცა ბურანიდან გამოცურდა, და წარბები შეჭმუხნა. სულაც არ სურდა, რომ წვიმის თხლაშანს გაეღვიძებინა, მითუმეტეს მაშინ, როცა თავი სტკიოდა, სციოდა და თითქოს მთელი სხეული ტეხდა. გმინვით გაახილა თვალები და დაბურული მზერით მიმოიხედა.
-გამოიღვიძე ძლივს. – მოესმა გვერდიდან ხმა და ელვის სისწრაფით იქეთ გაიხედა. მის გვერდით მატრასზე ლაშა-გიორგი იჯდა, უკმაყოფილო გამომეტყველებით დაშტერებოდა. – მეგონა მოკვდი.
-იოცნებე მაგაზე. – ძლივს წაილუღლუღა ხატიამ და წამოწევა სცადა, მაგრამ თავი საშინლად დამძიმებოდა. ისევ უკან დაეშვა, გმინვით. – რამდენი ხანი მეძინა? საერთოდ სად ვართ?
-საათნახევარი გათიშული იყავი. – მიუგო ლაშა-გიორგიმ და ფეხზე წამოდგა. – ადექი, მალე შეწყვეტს წვიმას და უნდა გავიდეთ აქედან.
-შეწყვეტს? – გაიმეორა ხატიამ და წამოიწია, იდაყვებს დაეყრდნო, მერე კი სკეპტიკურად მიაყურადა სახურავზე წვიმის გრიალს. – შენ რა იცი, როდის გაჩერდება, არ გესმის, როგორ ჩამოაქვს?
-საათნახევარი ვაკვირდებოდი. – მიუგო ბიჭმა და ხელი გამოუწოდა. – ადექი და გამოფხიზლდი ცოტა.
ხატიამ გამოწვდილ ხელს დაუბღვირა და ტუჩი აიბზუა.
-შენი დახმარება არ მჭირდება. – თქვა მან და თავისით სცადა ფეხზე წამომდგარიყო. ძლივს წამოიწია, ფეხები უკანკალებდა და მუხლებში თითქოს ტყვია ესხა, თავი კი ორ ფუთს იწონიდა მის მხრებზე. თავბრუ დაესხა და ალბათ ისევ დაებერტყებოდა მატრასზე, ლაშა-გიორგის რომ მკლავებქვეშ არ ეტაცა ხელები და არ წამოეწია პატარა ბავშვივით.
-დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს არ უკბინოო, არ გაგიგონია? – ხმადაბლა უთხრა ლაშა-გიორგიმ. იმდენად ახლოს იყო, რომ მისი სუნთქვა კისერზე იგრძნო ხატიამ და წამსვე აუფორაჯდა კანი.
-გააჩნია ხელს… – წაიბურტყუნა მან და სასწრაფოდ წაბორძიკდა, ლაშა-გიორგის მოშორდა. სულაც არ სურდა, რომ ბიჭი კიდევ ერთხელ დახმარებოდა რამეში. – თავი გამანებე. მაგას ჯობია შენს მეტეროლოგიურ პროგნოზს მიხედო.
ლაშა-გიორგიმ ხმამაღლა გადაიხარხარა. ხატია შეხტა და შემობრუნდა, ისეთი მოულოდნელი იყო ეს ქმედება, რომ პირდაღებული დააშტერდა ბიჭს, რომელიც ხმამაღლა იცინოდა.
-არაფერი გეშველება შენ. – თქვა ლაშა-გიორგიმ, როცა სული მოითქვა, თვალები უბრწყინავდა, სიცილის ნაოჭები გამოეკვეთა ლოყებზე და თვალებთან. მოელვარე კბილები გამოუჩნდა. – იქნები სულ ასეთი გამწარებული და დაბოღმილი რაღაცაზე.
ხატია სასწრაფოდ აიფოფრა.
-გეშლება. – მიახალა მან. – მე მხოლოდ შენზე ვარ გამწარებული და დაბოღმილი, იმიტომ რომ საშინელი პიროვნება ხარ. სხვა არაფერთან მაქვს პრობლემა.
-დარწმუნებული ხარ მაგაში? – ჰკითხა ბიჭმა, მკლავები გადააჯვარედინა და თავი გვერდით გადააგდო. – რაღაც მეეჭვება. აბა გურამზე რას იტყვი?
-გურამიც შტერია და მორჩა. – უკბინა ხატიამ. – მორჩა, დაიხურა საქმე. მე ვერ ვხედავ გაგრძელების აზრს. პლუს მეგონა, რომ ამაზე საუბარს მოვრჩით უკვე.
ლაშა-გიორგის აღარაფერი უთქვამს, გარეთ გაიხედა. ხატიაც ძალაუნებურად გაჩუმდა და გაოცებულმა შეამჩნია, რომ სახურავზე წვიმის შხაპუნი აღარ ისმოდა. ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთები ჩუმად გორავდნენ, მუქ ღრუბლებს დაეფარათ ცა, მაგრამ აღარ წვიმდა.
ხატიას გულწრფელად გაუკვირდა, ლაშა-გიორგის ნათქვამი რომ სწორი აღმოჩნდა, მაგრამ სულაც არ აპირებდა ეს შეემჩნია. მეტოქის ნიშნისმოგება სულაც არ მიაჩნდა კარგ პერსპექტივად.
-წავიდეთ აქედან სანამ ისევ დაიწყო წვიმა. – სასწრაფოდ გაიჭიმა ის. ლაშა-გიორგი მობრუნდა, კმაყოფილი ღიმილით დააჩერდა. – რას მიშტერებიხარ? – წარბები შეკრა გოგონამ.
-ხომ გითხარი, მალე მორჩება მეთქი. – უთხრა მან და აფორაჯებულ ხატიას სიტყვის თქმა აღარ აცადა, კარისაკენ გაალაჯა. ღია კარიდან სიცივე შემოიჭრა და გოგონას ჟრჟოლამ დაუარა ზურგში, იგრძნო, თუ როგორ დაუდგა კანი ყალყზე. ლაშა-გიორგიმ გარეთ გააბიჯა, და ხატიას სახე მოეჭყანა, როცა ტალახის ჭყლაპუნი მოესმა.
-ტალახიანია? – გასძახა მან ბიჭს, რომელმაც გაკვირვებით გადმოხედა.
-ჰო, აბა რა იქნება? – ჰკითხა მან. – ამდენი ხანი წვიმდა, აზელილია მიწა.
ხატიამ ტუჩი მოიკვნიტა. თხელძირიანი, მსუბუქი სანდლები ეცვა, ნამდვილი ტყავით გაფორმებული. ძალიან არ უნდოდა, რომ ტალახში ამოსვროდა ისინი.
-შენ წადი. – ხელი გაუქნია ლაშა-გიორგის და ეცადა ბუნებრივად მოქცეულიყო. – მე მერე წამოვალ, დავათვალიერებ აქაურობას.
ბიჭმა წარბები ასწია, მერე კი ფეხებზე დახედა.
-რაო, ფეხსაცმლის დასვრის გეშინია? – გაიცინა მან. ხატიამ ტუჩები მოკუმა. იცოდა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც უხერხული იყო, რადგან ალბათ ახლა მისი მეტოქე იმაზე ფიქრობდა, თუ როგორი უკარება გოგო იყო, რომელსაც ტალახთან შეხება ეზარებოდა. რაც ნაწილობრივ მართალიც იყო, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ სანდლების გაფუჭება არ სურდა.
-რა იყო, არ შეიძლება ფეხსაცმლის გაფუჭების მეშინოდეს? – მიახალა მან. – სულაც არ აპირებდა აეტანა ლაშა-გიორგის დაცინვა.
-ტალახი როგორ გაგიფუჭებს, რანაირი ვიღაცა ხარ. – ტუჩის კუთხე ასწია ბიჭმა. – გაფუჭება არა ისა კიდევ. უბრალოდ ქალაქელი ხარ და ვერ იტან, როცა რამე ბინძური გეხება, სულ ესაა.
ხატიას სახე გადაუწითლდა. ეს ბიჭი აუტანელი იყო, და რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დაუმტკიცებდა, რომ ისეთი არ იყო, როგორიც მას ეგონა. ამიტომ სასწრაფოდ დაიხარა, სანდლები გაიძრო, და სანამ გაშტერებული ლაშა-გიორგი რამის თქმას მოახერხებდა, პირდაპირ ტალახში გააბიჯა.
-ახლა რაღას იტყვი? – გამოსძახა ბიჭს, როცა ხშირ, რბილ ბალახში შეაბიჯა. რაღაცნაირად სასიამოვნოც კი იყო გრილ, რბილ ტალახში ფეხის ჩადგმა, ჰაერს წვიმის სურნელი ასდიოდა და რაღაცნაირ თავისუფლების შეგრძნებას აძლევდა. -ჰა? ქალაქელო ბიჭო? ახლა შემედარე!
ლაშა-გიორგი სირბილით წამოიწია, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ, ფეხი რომ რამეზე გაიჭრა, რაღაც შვები მერე? – დაუსისინა მან.
-ოდითგანვე ხალხს ფეხსაცმელი არ ჰქონდა, მაგრამ ძლებდნენ რამენაირად, დღეების მანძილზე დასდევდნენ მსხვერპლს და არ კვდებოდნენ. მგონი დროა, რომ წინაპართა ფესვებს დავუბრუნდე. – თვითკმაყოფილი ღიმილით მიუგო ხატიამ. ძალიან დაკმაყოფილებული იყო საკუთარი საქციელით.
ლაშა-გიორგი ისე უყურებდა, თითქოს შუბლზე დამატებითი თვალი გამოზრდოდა ხატიას. რამდენიმე წამი თვალებში უყურა დაჟინებით.
ხატიას თითქოს ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა, სასწრაფოდ აარიდა თვალი.
-პლუს, სასიამოვნოა რაღაცნაირად. – თქვა მან და ფეხის თითები აამოძრავა. ტალახის რბილი, გრილი, სქელი კონსისტენცია მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო მის გახურებულ ტერფებზე.
ბიჭს აღარაფერი უთქვამს, გვერდით მოჰყვებოდა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.
ისე მიაღწიეს სასტუმროს, რომ არცერთს არაფერი უთქვამს, რაც, ხატიას აზრით, ძალიან უცნაური და საინტერესო ფენომენი იყო. როგორ გააწიეს ჩხუბის გარეშე მთელი თხუთმეტი წუთი, არ ესმოდა, მაგრამ რაღაცნაირად მოხდა. ალბათ ლაშა-გიორგი ისე დაშოკილი იყო მისი მოქმედებით, რომ სიტყვები სასაზე შეახმა.
„ძალიანაც კარგი.“ გაიფიქრა ხატიამ და სწრაფად აირბინა სასტუმროს შესასვლელ კიბეებზე. ჰოლში დიდი წითელი ხალიჩა ეფინა, რომელიც კიბეებთან მიდიოდა. ხატია შეყოყმანდა, თითქოსდა ახლა გაახსენდა, რომ ტალახიანი ფეხებით მოსვრიდა იატაკს.
ის იყო, იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ ბალახზე შეძლებისდაგვარად გაიწმენდდა ფეხებს, რომ მის გვერდით მდგომი ლაშა-გიორგი მოუბრუნდა, დაიხარა და ხელში აიტაცა. ხატია მოულოდნელობისაგან გაფხაკურდა, უცნაური ხმა ამოუშვა და წონასწორობის შესაკავებლად ბიჭს მხრებზე მოჰკიდა ხელები.
ლაშა-გიორგიმ დაიგმინა, ხმა ჩაიწმინდა და ხატია ისე შეაბურთავა ხელებში, თითქოს საუკეთესო პოზიციას ეძებდა მის დასაჭერად, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა კიბეებისაკენ. გამვლელები გაოცებულ მზერას აყოლებდნენ მათ.
-რატომ ამიყვანე? – ხმადაბლა დაუსისინა ხატიამ, სულაც არ სურდა ზედმეტი ყუარდღება მიექცია. – რა გინდა?
-აბა მოგეთხვარა მთელი იატაკი? გინდა ეგ? – წარბი აუწია და გადმოხედა ბიჭმა, თვალებში დააშტერდა, სერიოზული გამომეტყველებით. ხატია ჯიუტად მიაშტერდა უკან, თვალდაუხამხამებლად, ყბა ჯიუტად გამოსწია წინ, მაგრამ არაფერი უთქვამს. – ჯობია ერთი წყვილი ტალახიანი ნაფეხური იყოს, ვიდრე ორი. – დაამატა ლაშა-გიორგიმ და კიბეებზე დაიწყო ასვლა. მესამე სართულზე ცხოვრობდნენ, რაც, ხატიას აზრით, ძალიან ადვილი არ იქნებოდა მისი მეტოქისათვის. ნაწილობრივ, ეს სიამოვნებას ანიჭებდა კიდეც, როცა მეორე სართულზე უკვე შეატყო ლაშა-გიორგის ცოტაოდენი დაღლილობა. მას სახე ოდნავ აუვარდისფრდა, საფეთქელზე ოფლის წვეთი ჩამოუგორდა, მესამე სართულისაკენ მიმავალ კიბეზე შედგა სულის მოსათქმელად.
-რა იყო, ასე მალე დაიღალე? – წარბები ასწია და თვალები დააფახურა გოგონამ. ლაშა-გიორგიმ ბინძური მზერით გადმოხედა.
-ასეთი მძიმე ძნელი სათრევი ხარ, აბა რა. – უკბინა მან. ხატიამ ტუჩები მოპრუწა.
-ნორმალური სიმძიმის ვარ მე. – თავი ასწია მან და მაგრად მოეჭიდა ბიჭს მხრებზე, როცა მან წამიერად წონასწორობა დაკარგა. – ფრთხილად ცოტა! ძალიან გინდა კიბეებზე დავგორდეთ?
-სიმძიმის ცენტრი დავკარგე, მაცადე ორი წამი. – მიუგო ბიჭმა და საბოლოოდ ბოლო საფეხურზე ააბიჯა, მერე კი შვებით ამოისუნთქა და მათი ოთახებისაკენ გაემართა.
-მიუკაკუნე ერთი. – უთხრა მან, როცა დაშნიანების ნომერს მიადგნენ და თავი აიქნია, თვალებში ჩამოჰყროდა სველი თმა.
ხატიას ბევრი არ უფიქრია. მოგვიანებით კი ალბათ გეტყოდათ, რომ საერთოდ არ დაატანა ტვინს ძალა, როცა გადაწყვიტა ლაშა-გიორგის სველი თმა უკან გადაეწია. თითქოს თავისდაუნებური ქმედება იყო, რომლის გაკეთება მისმა ხელმა გადაწყვიტა, რომელზეც არავითარი კონტროლი არ ჰქონდა ხატიას იმ ნაწილს, რომელიც წამდაუწუმ იმას გაიძახოდა, რომ ლაშა-გიორგი ჯიუტი, უტვინო და აუტანელი ნეხვის გროვა გახლდათ.
რა სისწრაფითაც მოვიდა ეს უცნაური გრძნობა, იგივე სისწრაფით გადაუარა გოგონას. ხელი დამდუღრულივით გასწია უკან და კარზე მიაკაკუნა, გული გამალებით უცემდა. გრძნობდა ლაშა-გიორგის დაჟინებულ, ალბათ განცვიფრებულ მზერას მის კეფაზე, მაგრამ არ აპირებდა მისკენ გაეხედა.
კარი ნატამ გააღო და წამსვე წარბები აქაჩა. მისი მხრის უკან თვალებგადმოკარკლული ანანო მოჩანდა.
-დედი, სად იყავი? – წამოიძახა ნატამ და ლაშა-გიორგის სწრაფად გადახედა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცას იკავებდა მთელი ძალით. -ვიფიქრე, გაისეირნა მეთქი… ფეხები რას გიგავს? – შეიცხადა მან, როგორც ხატიას ტალახიან ფეხებს ჰკიდა თვალი. – სად იარე?
-გარეთ წვიმდა, ფეხსაცმლის გაფუჭება არ მინდოდა… – ძლივს ამოიბლუკუნა ხატიამ. – დამსვი ახლა! -შეუტია ლაშა-გიორგის, რომელიც ჭოკივით გაუნძრევლად იდგა.
-ხატია მოვიდა? – გაისმა ცოტნემ ხმა და ხატიამ თვალები ჭყიტა, ლაშა-გიორგის მკლავებში დაიკლაკნა. მაგრამ გვიანი იყო, მამამისი ზღურბლზე გამოჩნდა და მათ დანახვაზე თვალები დაავიწროვა.
-რა ხდება? ხატია, სად იყავით? – ეჭვით აღსავსე ხმით დაიწყო მან. ხატია ჯერ კიდევ თვალებგადმოკარკლულ ანანოს დაშტერებოდა.
-ამ უტვინოს ტალახში უვლია, ნახე ფეხები რას უგავს! მოკიდე კაცო ხელი და შეიყვანე სააბაზანოში, თორემ მოთხვრის აქაურობას! – ხელი გაჰკრა ქმარს ნატამ. ცოტნეს არ დაუყოვნებია, სასწრაფოდ აართვა ხატია ლაშა-გიორგის და სააბაზანოსაკენ წაიყვანა. ხატიას ხმა ყელში გაჩხეროდა, რატომღაც მოუნდა, რომ მადლობა ეთქვა მეტოქისათვის, მაგრამ ხმა არ გაიღო. მამამ პირდაპირ აბაზანაში ჩასვა და ისე გადმოხედა ოთახიდან გასვლის წინ, რომ აშკარა იყო, ამ ყველაფრის ახსნა მოუწევდა.
ხატიამ ხმამაღლა, მთელი მკერდით ამოიხვნეშა, და გამალებით დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ ახსნიდა ამ ყველაფერს, სანამ ტალახს ფეხებიდან იშორებდა.
შეეძლო ეთქვა, რომ გაისეირნა, იმ წითელ სახლში მოხვდა, მერე წვიმა დაიწყო და იქ გაიჭედა. ჰო, და სრულიად შემთხვევით, იქ ლაშა-გიორგიც აღმოჩნდა. დიახ, დიახ, აბსოლუტური დამთხვევა იყო, მეტი არაფერი.
„ასე ავუხსნი და მორჩება საქმე.“ ფიქრობდა ის, როცა სააბაზანოს იატაკზე გადმოაბიჯა და კარში გავიდა. „მე ხომ არაფერი დამიშავებია…“
-ხატია, ახლა რაღა მოხდა? – ნატამ დაჯდომა არ აცადა, ისე დააცხრა თავზე. ხატია ლოგინზე დაეხეთქა და ღმუილი ამოუშვა. – სად იყავი, დედი? ვიფიქრე, ან სიერნობს, ან ქვემოთ არის მეთქი… სავარჯიშო დარბაზში ხომ არ იყავი? ცოტნე! რას დგახარ? იმ ბიჭმაც არაფერი თქვა, რანაირები ხართ პირდაპირ… აბა, რას იტყვი ახალგაზრდა ქალბატონო? ტალახში რატომ იარე ფეხშიშველმა?
-არაფერიც არ მოხდა! – სასწრაფოდ წამოჯდა ხატია, გაწეწილი თმა სახიდან გადაიწია და თავზე დამდგარ მშობლებს გადახედა. -უბრალოდ გავისეირნე, მერე წვიმა დაიწყო და აქვე მინდორში რომ საწყობია, იმას შევეფარე. ის შტერიც იქ იყო. მერე იქ ვიცდიდით, ცა ჩამოვიდა ქვემოთ და ვეღარ წამოვედით. ტალახიანი იყო მიწა, წვიმამ რომ გადაიღო. სანდლების გაფუჭება არ მინდოდა, გავიხადე და ისე წამოვედი. არაფერი არ შემრჭობია. მერე კიდევ ბაბლუანმა თავისით ამიყვანა ხელში, მე ვუთხარი, დამსვი მეთქი! – ხმას აუწია მან და იგრძნო, თუ როგორ გაუწითლდა სახე. მშობლები და ბიძაშვილი გაშტერებულები მისჩერებოდნენ. – ჰოდა ამომათრია აქ, რომ არ მომესვარა იატაკი. მორჩა!
ცოტნემ სახე მოისრისა, უცნაური გამომეტყველებით დაჰყურებდა. ნატას ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა სანამ რამეს იტყოდა, მაგრამ როგორც ჩანს აგროვებდა სათქმელს.
-ხატია, შენ ეგ ბიჭი მოგწონს? – იკითხა უცებ ანანომ და ხატიამ მისკენ ნელა მიატრიალა თავი.
-რა მითხარი? – დაიჩურჩულა მან.
-მგონი ეგ ბიჭი მოგწონს, ხატია. – თქვა ცოტნემ და მკლავები გადააჯვარედინა. – რას აღარ მოესწრები ადამიანი.
-ასეთი სისულელე პირველად მესმის! – დაისისინა გოგონამ და მუშტები ისე მაგრად შეკრა, რომ მტკივნეულად ჩაესო ფრჩხილები ხელისგულებში. – თქვენ რა, არ გესმოდათ ამდენი წელი როგორ ვლანძღავდი? მთელი ჩემი გულით ვერ ვიტან და თქვენ რაზე მელაპარაკებით! რა სიგიჟეა!
-ხატია, დედი… – ჩუმად შეაპარა ნატამ. – მთელი გულით ვერ ვიტანო და… იქნებ გრძნობა გეშლება? ანუ… მთელი გულით მოგწონს?
-არავითარ შემთხვევაში! – თითქმის იბღავლა ხატიამ, მიმწყვდეული ცხოველივით გრძნობდა თავს. – აბსურდია! აბსოლუტური აბსურდი! ახლავე დაივიწყეთ! ამ წამსვე! – მან სასწრაფოდ გადაიფარა თავზე საბანი. მეტი არაფრის გაგონება არ სურდა. ამდენი სიბრიყვის მოსმენა ლოყებს უწვავდა და არ ესმოდა, თუ როგორ მიდიოდნენ მისი ოჯახის წევრები ამ დასკვნებამდე.
ამიტომ ბიძაშვილისა და მშობლების ხმადაბალი ლაპარაკი დააიგნორა და შეეცადა ცოტა დაესვენა.
.
.
-*-*-*-*-
ორი დღე ისე გავიდა, რომ ხატიას ლაშა-გიორგი არ უნახავს. თუმცა, ტექნიკურად, ნახულობდა საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს, მაგრამ ყველანაირად აიგნორებდა. მისკენ არ გაუხედავს, თვალებში არ ჩაუხედია, და ცდილობდა მასზე არ ეფიქრა. მისი ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ფრთხილად, თითქოს კვერცხებზე დადიოდნენ მის გარშემო, და ამას ვერ იტანდა. იცოდა, რომ ისინი ფრთხილობდნენ რადგან ეგონათ, რომ გოგონას ლაშა-გიორგი მოსწონდა, რაც წარმოუდგენელი აბსურდი იყო პირდაპირ, ამაზე დიდ სისულელეს ვერ მოიფიქრებდნენ. რაც ხატიას თავი ახსოვდა, არასოდეს შეჰპარვია ეჭვი თავის გრძნობებში ბაბლუანის მიმართ, რომლებიც ზიზღით და ნაწილობრივ სიძულვილითაც კი შემოიფაგლებოდა. მეტი არაფერი.
-ახლა გაიგე? – დღეში მეოთხედ გაუმეორა ხატიამ ანანოს, მაინც, რომ არ დავიწყებოდა მის ბიძაშვილს. ანანომ ამოიხვნეშა და გაწამებული გამომეტყველებით გადმოხედა.
-გავიგე, ჰო. – მოიღუშა ის. – მაცადე ახლა, რა იქნება, მაყურებინე თამაში.
-რომელი თამაში? – წარბები ასწია ხატიამ და სკეპტიკურად გადახედა კალათბურთის მოედანზე მორბენალ მშობლებს. ნატა ოსტატურად ხტოდა და დაატარებდა ბურთს, ცოტნე კი დაუღალავად დასდევდა უკან. დილის სიგრილე იყო, ხატიასა და ანანოს ჟაკეტები შემოეხვიათ და მოედნის გარეთ, ძელსკამზე ისხდნენ.
-რა სიწყნარეა. – კმაყოფილი ტონით ამოიხვნეშა ანანომ. – რა სიმშვიდე. რა ბედნიერებაა პირდაპირ.
ხატიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თვალები მილულა. დილის სიმშვიდეს მხოლოდ ბურთის რიტმული ბათქი და შორს ჩიტების ჭიკჭიკის ხმა არღვევდა. აი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო დილა.
და რასაკვირველია, მაშინვე უნდა დარღვეულიყო მისი იდილია.
უკნიდან მძიმე ნაბიჯები გაისმა, მას ხმამაღალი სიცილი და ლაპარაკი დაერთო. ხატია ელვის სისწრაფით მობრუნდა, რომ ბინძური მზერით გაეხევებინა მომავალი უსირცხვილოები, მაგრამ გამომეტყველება სახეზე შეაცივდა. რამდენიმე ახალგაზრდა კაცი მოიწევდა, რომელთა რიგებში ლაშა-გიორგი გამოჭიმულიყო, მათ უკან ხუთიოდე გოგო მოჰყვებოდათ. ხატია სასწრაფოდ მობრუნდა და ინატრა, რომ კაპიუშონი ჰქონოდა. თავის გამცემ წითელ თმას დაიმალავდა მაინც.
საბედნიეროდ, ლაშა-გიორგის არაფერი უთქვამს მისთვის, პირდაპირ მოედანზე გავიდა. ცოტნე და ნატა შეეგებნენ, ცოტნემ ხელი ჩამოართვა, ცოტა ზედმეტად მაგრად, ხატიამ შეატყო და კმაყოფილებამ დაუარა.
სანამ ანანოსკენ მიტრიალებას და დაუპატიჟებელ შემოჩხერილ სტუმრებზე ლაქლაქს დაიწყებდა, მისი ყურადღება მის გვერდით მოულოდნელად მიმჯდარმა უცნობმა გოგომ მიიქცია.
გოგო ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ბიჭებს ამალად მოჰყვებოდა უკან. დანარჩენები სხვა ძელსკამებზე განაწილებულიყვნენ.
-უკაცრავად! – მუჯლუგუნი ჰკრა უცებ გოგომ და ხატია გვერდზე გადაიწია, გოგოს გაღიზიანებულმა გადახედა.
-რა გნებავთ? – უკბინა მან. გოგოს არც კი შეუმჩნევია მისი ცუდი განწყობა, პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
-ის ბიჭი ხომ არ იცით, ვინაა? – თქვა მან და პირდაპირ ლაშა-გიორგიზე მიუთითა, რომელიც ბურთს დაატარებდა აქეთ-იქით, ხატიას ობიექტური აზრით, დაბრუსიალებული თხასავით.
-თქვენ რაში გაინტერესებთ? – გესლიანად იკითხა მან. ამ გოგოს მოლიცლიცე თვალებზე ეტყობოდა, თუ რა ხილიც იყო.
ხილში ქლიავი იგულისხმებოდა, რასაკვირველია.
-რას ქვია რაში მაინტერესებს, შეხედეთ უბრალოდ!- წამოიძახა გოგომ და ნიკაპი ხელს დააყრდნო ხმამაღალი ხვნეშით. – რა სიმპათიურია. ამის სახელი და გვარი როგორ არ უნდა ვიცოდე?
-ეგაა სიმპათიური? ეგ? აი, წითელი მაისური რომ აცვია? – სახე მოეჭყანა ხატიას. თითქმის არ სჯეროდა, თუ რა ესმოდა. გოგომ უცნაურად გადმოხედა.
-ჰო, წითელმაისურიანი. – ფრთხილად თქვა მან.
-სიმპათიური კი არა გადაღეჭილ და გადმოფურთხებულ ზღარბს ჰგავს. – ტუჩი აიბზუა ხატიამ. -სიმპათიურის არაფერი სცხია.
გოგო განცვიფრებული მიშტერებოდა.
-რას მელაპარაკები… – ამოიბლუკუნა მან. – სად იყურები საერთოდ შენ? შეხედე, რა თვალები აქვს, რა ცხვირი, რა ნაკვთები… სიამოვნებით შევჭამდი…
-ყელზე დაგადგებოდა. – თვალის დაუხამხამებლად მიუგო ხატიამ, მერე კი გაღიზიანებულმა გადახედა ლაშა-გიორგის, თვალები მოჭუტა და დააშტერდა. რა აბსურდი იყო, რა ნაკვთები არა ვირის კომპოტი…
ლაშა-გიორგის ოდნავ აწითლებოდა სახე, საფეთქლებსა და შუბლზე ოფლის წვეთები ჩამოუგორდა, სწორედ ისე, როცა ხატიას მიათრევდა მესამე სართულზე და გოგონას რაღაცნაირმა გრძნობამ გაჰკრა მუცელში. ჩვეულებრივ წყნარი, სერიოზული თვალები ანთებოდა და უდიდესი ინტენსიურობით უელავდა, ჩვეულებრივზე უფრო შეფერადებოდა ტუჩებიც. როცა ბურთის ჩასაგდებად აიწია, მისი თხელი, მაგრამ ძლიერი სხეული თითქოს გადიდდა, უფრო მეტი ადგილი დაიკავა, სანამ ხატია მის მეტს ვერავის ხედავდა.
გოგონა ენაჩავარდნილი მიშტერებოდა და ხმა ვერც კი ამოეღო. არც კი იცოდა, თუ რა ეფიქრა ამაზე, და ალბათ თუ იფიქრებდა, უფრო გაართულებდა საქმეს.
უბრალოდ, საქმე იმაში იყო, რომ აქამდე ვერ შეამჩნია.
წლების მანძილზე ვერ შეამჩნია ის ცვლილება, რომელიც პატარა, პირველკლასელმა, მოღუშულმა და ტუჩებგაბუსხულმა ბიჭმა განიცადა.
ვერ შეამჩნია, თუ როგორი მიმზიდველი გახდა იგი.
ხატიამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. როგორ გამორჩა ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი? გამორჩა თუ უბრალოდ იქამდე დააიგნორა, სანამ საერთოდ არ შენიღბა მის გონებაში ლაშა-გიორგის ყველა გარეგანი დეტალი?
მაგრამ როგორც იყო, ასე იყო. ლაშა-გიორგი მამაკაცთა მშვენიერი წარმომადგენელი იყო.
ხატია წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა მოედანს. ანანო გამოეკიდა, ეძახდა, მაგრამ ხატიამ არაფერი უპასუხა. ტუჩებდაკვნეტილი, კბილებდაკრეჭილი მიიწევდა წინ.
წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი.
მაგრამ ხდებოდა, და ხატიასთვის უფრო შემაშფოთებელი არაფერი არსებობდა ამ ქვეყანაზე, რადგან ცხოვრებაში პირველად გრძნობდა, რომ ლაშა-გიორგისთან პაექრობაში აგებდა.
.
.
.
-*-*-*-*-*-9
ხატია მიცვალებულივით გაუნძრევლად იწვა მთელი საღამო. ჭერს გაშტერებული მისჩერებოდა, და ვერ გაეგო, თუ რაზე ეფიქრა, როგორ დაეცალა გონება იმ აგრიალებული ქაოსისაგან, რომელიც ლაშა-გიორგიზე ფიქრი იყო.
ლაშა-გიორგი მიმზიდველი იყო. მიმზიდველი. ლაშა-გიორგი.
წარმოუდგენელი იყო ასეთი სიტუაცია. ხატიას ყოველთვის ეგონა, რომ ლაშა-გიორგის „ისე“ არ შეხედავდა, ასეთი აზრი გონებაში არასოდეს გაევლო კიდეც, მაგრამ მოხდა. მოხდა და გოგონას ვერ წარმოედგინა, თუ როგორ უნდა შესჭიდებოდა ამ საქმეს.
ანანო მთელი საღამო მორიდებით ეჯდა გვერდით, უგულოდ კითხულობდა წიგნს და თვალს ხატიასკენ აპარებდა. აშკარა იყო, რომ აინტერესებდა, თუ რას სჭირდა ხატიას, მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა.
ხატიამ ამოიხვნეშა, ბიძაშვილისკენ გადაიხედა. ანანო მასზე გამოცდილი იყო, ბუნებით რომანტიკოსი, პლუს ყურებამდე შეყვარებული გახლდათ. იქნებ მას ჰქონოდა პასუხები.
-ანანო. – დაიწყო მან. ანანომ ყურები ცქვიტა, მისკენ შემობრუნდა.
-რა იყო? – წამოიწია ის.
-მისმინე… – წამოჯდა ხატია, ცალი თვალი მშობლების ოთახისაკენ გააპარა. ტელევიზორის ხმა ისმოდა იქედან, მისი მშობლები გართული იყვნენ. ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ ექნებოდა. – მოკლედ, რაღაც შევამჩნიე დღეს.
-რა შეამჩნიე? – წარბები აწკიპა ანანომ.
-უფრო სწორად, მე კი არ შევამჩნიე, ვიღაცამ მითხრა და მერე გავაცნობიერე. – ხატიამ ამოიხვნეშა, სახე მოისრისა. არ სჯეროდა, რომ ამას ამბობდა, მაგრამ საჭირო იყო, სხვისი ობიექტური აზრი სჭირდებოდა.
-ის გოგო, დღეს ბაბლუანს და სხვებს რომ მოჰყვებოდა და გვერდით რომ წამომისკუპდა ხომ გახსოვს? – ჩაეკითხა ის. ანანომ თავი დაუქნია. – ჰოდა მითხრა, ბაბლუანი სიმპათიური არისო. გესმის? სიმპათიურიო. ჯერ ვიუარე, რა სიმპათიური მეთქი, წარმოგიდგენია? ლაშა-გიორგი და სიმპათიური? მაგრამ მერე თითქოს ახალი პერსპექტივით შევხედე და… – ხატიამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, ზურგში ჟრუანტელმა დაუარა, როცა ლაშა-გიორგი გაიხსენა კალათბურთის მოედანზე. მისი მოძრაობები, სხეული და ინტენსიური თვალები ხატიასათვის უჩვეულო და გასაოცარიც კი იყო.
-…და? – ჩაეკითხა ანანო, როცა ორიოდე წამი ხატიამ ხმა აღარ გაიღო. – შენ რა, მოგეწონა?
ხატიამ თვალები მოჭუტა, გაღიზიანებულმა გადახედა ბიძაშვილს.
-შესახედავად ანუ! შესახედავად! – ხელები ასწია ანანომ დანებების ნიშნად. -სხვა არაფერი მიგულისხმია… ანუ შეხედე და მიხვდი, რომ სიმპათიურია?
-ძვალთა წყობა აქვს კარგი. – ამოღეჭა ხატიამ.
-ეგ მართალია, ჰო. – თვალები მოჭუტა ანანომ და ნიკაპზე თითები მიიდო. – კარგი ძვლები აქვს. მეტადრე ყბები. ჰო, ჰო, კარგი ყბები აქვს. ყვრიმალებიც. თავის ფორმაც. ხელებიც…
-კარგი, ჰო! – შეაწყვეტინა ხატიამ, გული გამალებით უძგერდა და გრძნობდა, თუ როგორ გაუწითლდა სახე. ამ ყველაფერმა ლაშა-გიორგის ანატომიაზე დააწყებინა ფიქრი, რაც სულაც არ გახლდათ სახარბიელო. – ახლა რაღა გავაკეთო?
ანანო გაშტერდა.
-რამე უნდა გააკეთო? – იკითხა დაბნეულმა.
-შენ რა, გაგიჟდი? – დაუსისინა ხატიამ. – დაგავიწყდა, რომ ეგ ბიჭი ჩემი მოსისხლე მტერია? და მე ვიფიქრო, რომ კარგი ძვალთა წყობა აქვს? და… და ყვრიმალები? ყვრიმალები?! ეგ როგორ დამთავრდება, ვერ ხვდები?
-ჰო, მაგრამ… – ანანო გაოცებული მიშტერებოდა. – ვიზუალურად რომ მოგწონს, იმას არ ნიშნავს, რომ ისეც მოგეწონება. თუ… თუ გგონია, რომ შეგიყვარდება და ამიტომ ხარ ასეთი ანერვიულებული? – გაიღიმა მან.
-არა! არა! არავითარ შემთხვევაში! – ატყდა ხატია. – არა! უბრალოდ ვიცი, რომ რამენაირად გაიგებს. – დაისისინა მან. – ხვდება ეგ ასეთ რაღაცეებს… აი მაგალითად ორი დღის წინ იცი რა მიქნა? კედელთან მიმიწყვდია მაგ… მაგ ცხოველმა!
-რაო? – თვალები ჭყიტა ანანომ. – ეგ როდის, მის ოთახში რომ იყავი? ავადმყოფი რომ იყო და რომ იწვა?
ხატიამ ტუჩზე იკბინა. ეს არ უნდა ეთქვა. მაგრამ იმხელა ცნობისმიყვარეობით უყურებდა ანანო, რომ უკვე აზრი აღარ ჰქონდა დამალვას.
-არა. – გამოსცრა მან. – იმ ღამეს ვერ დავიძინე. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ასე შეიცვალა მისი დამოკიდებულება ორ დღეში. ვიცი, რომ რაღაც მოხდა, დარწმუნებული ვარ. ამდენს ადრე არ მელაპარაკებოდა, უცნაურად იქცევა, მე მაგას ვიცნობ. მინდოდა კონფრონტაცია მომეწყო და ბოლოს და ბოლოს დამესრულებინა ეს ცირკი. მსურდა ეთქვა ჩემთვის, თუ რა მოხდა და რატომ მექცეოდა ასე.
-ანუ… ჰკითხე, რატომ გადმოხდა მდინარეში ჩავარდნილი ადამიანის გადასარჩენად? და რატომ მოგხვია შენივე ჟაკეტი? – წარბები აწკიპა ანანომ. – ხომ იცი,რომ ეგ ბიჭი მთლად უგულო არ არის? ხომ იცი, რომ ადამიანია?
-ჰო, მაგრამ ჩემს მიმართ არ არის! – ხელები გაშალა ხატიამ. იცოდა, რომ ეს უცნაურად ჟღერდა, მაგრამ სხვანაირად ვერ ხსნიდა ამ სიტუაციას.
-კარგი, კარგი… მერე რა მოხდა? რას ქვია, კედელთან მიგიმწყვდია? – წინ მოიწია ცნობისმიყვარეობით აღსავსე ანანო.
-რა და… ვლაპარაკობდით, წინ და წინ მოდიოდა, მეც უკან ვიწევდი, არ მინდოდა, რომ მაგ დეგენერატთან ახლოს ვყოფილიყავი, სულ ეს იყო. სანამ გავაცნობიერებდი, თუ რა მოხდა, კედელს შევეჯახე და აჰა! დრო იხელთა და წამსვე მიმიმწყვდია მაგ საქონელმა… – კბილები გააღრჭიალა გამძვინვარებულმა ხატიამ.
ანანომ ტუჩები მოწრუპა, თავი დაუქნია.
-კარგი, გასაგებია… – ნელა თქვა მან. – და მერე?
-მერე? მერე რა? მაგას მე უნდა გეკითხებოდე! – თვალები ჭყიტა ხატიამ.
-ჩემთან რა გინდა, მე როგორ უნდა დაგეხმარო? – წარბები ასწია ანანომ და გვერდზე გადაიწია. – მე არ ვარ კარგად ჩახედული მაგ სიტუაციაში, პლუს, რამე რომ გითხრა, უარყოფ და რა მნიშვნელობა აქვს?
-არ ვუარყოფ, მითხარი. – ჩაეძია ხატია. ანანომ გადმოხედა, ამოიხვნეშა, ცოტა გაბეზრებული ჩანდა.
-ჩემი პერსონალური აზრით… – დაიწყო მან, ბოლო სიტყვაზე აქცენტი დაადო და ხატიას დაჟინებით დააშტერდა. – შენ ეგ ბიჭი მოგწონს და უბრალოდ ვერ ხვდები.
-არა! არა მეთქი, გამორიცხულია ეგ! – იფეთქა ხატიამ.
-აი, რომ ხედავ? – ხელები ზემოთ აისროლა ანანომ. – გეუბნები, რასაც ვფიქრობ და უარყოფ, მე რაღა მოგიხერხო? იცი რა, მგონი ეს შენი გასარკვევია და მხოლოდ შენი. იფიქრე, ყველაფერს ასე უცებ ნუ გამორიცხავ. მე ვიძინებ.
ანანო გადაბრუნდა, საბანი მხარზე გადაიფარა, და ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ საუბარი დასრულებული იყო. ხატიამ თითქმის პირი გააღო ყველაფრის კიდევ ერთხელ უარსაყოფად, მაგრამ თავი შეიკავა და დაწვა.
აფორიაქებულს ჩაეძინა, მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ ხვალინდელი დღე უფრო იოლი ყოფილიყო.
.
.
-*-*-*-*-*-
-ქალბატონებო და ბატონებო! – მიკროფონში ისეთი მჭახე ხმით იჭყავლა შუა ვახშმისას სასადილო დარბაზის ცენტრში მდგომმა ვიღაც ქერათმიანმა ქალმა, რომ ხატიამ ყურებში თითები დაიცო. წინა სამი დღის განმავლობაში არაფერი მომხდარიყო, სიტუაცია უნაკლოდ ჩუმი და თითქმის იდეალური გახლდათ: არავითარი საჯაია, არავითარი ლაშა-გიორგი, მხოლოდ და მხოლოდ მისი ოჯახი, ბუნებაში ყოფნა და იდილიური სიწყნარე.
ახლა კი ეს ქერათმიანი ჰარპია ამას აფუჭებდა.
-როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „სამეფოს“ ადმინისტრაციის გართობის დეპარტამენტმა შემოგთავაზათ ლატარია! – დაიხავლა მან.
-ლატარია? – ანანოსკენ გადაიწია ხატია. – ეგ რომელი ლატარიაა?
ანანომ ღიმილით გადმოხედა.
-აცადე, იტყვის, – საპასუხოდ უჩურჩულა მან.
-როგორც იცით, ლატარიის გამარჯვებული მიიღებს ორ უფასო დღე-ღამეს, დიახ, დიახ, სრულ ორმოცდარვა საათს, – ხაზგასმით წარმოთქვა სახეგაბრწყინებულმა ორატორმა, ხატიას აზრით, ცოტაც და ყველა კბილი ერთად გამოუჩნდებოდა. – „სამეფო“ სასტუმროს ერთადერთ სამეფო ნომერში! საოცარია, არა? რა დიდი სიურპრიზია ჩვენი ადმინისტრაციისაგან! ტაში!
დარბაზში ტაშმა გამოწერილივით იგრიალა. ხატიამ თვალები გადაატრიალა, და ნიკაპით ხელს დაეყრდნო.
-გასული კვირის განმავლობაში ჩვენ გავეცით ბილეთები და ჩვენმა ყველა სტუმარმა საკუთარი სახელი და გვარი დაწერა მათზე, და ჩაყარა ჩვენს მინის ბორბალში! – ორატორმა ძალიან თეატრალურად მიანიშნა შემოსასვლელზე, რომლის ზღურბლზე ფეხებზე დამდგარი მინის ბორბალი შემოაგორეს.
-და აი ახლა, – ხმადაბლა, იდუმალებით სავსე ტონით დაიწყო ქალმა, და ხატიამ კიდევ ერთხელ გადაატრიალა თვალები. – დადგა ჭეშმარიტების ჟამი. – მან ბორბალი დაატრიალა, და დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. ბილეთები ერთმანეთში აირ-დაირივნენ.
-ანანო, – გადაიწია ბიძაშვილისკენ ხატია. – ამაში ჩემი სახელი ხომ არ არის?
ანანომ ეშმაკურად გადმოხედა.
-რასაკვირველია არის. – ყოყლოჩინად მიუგო მან. – თან ბევრი.
-როგორ თუ ბევრი… – დაისისინა დაფეთებულმა ხატიამ, მაგრამ ბოლომდე გაბრაზება არ დასცალდა.
-და აი, დროა გამარჯვებული გამოვავლინოთ! – იჭყავლა ორატორმა, მინის ბორბალში ხელი დურთა და ერთი ბილეთი ამოაძრო. – ვინც ამ ბილეთზე წერია, სამეფო ნომრის დროებითი რეზიდენტი გახდება! -სახე კმაყოფილებით ულიცლიცებდა. – და გამარჯვებულია… ხატია დაშნიანი!
ხატიამ თვალები გადმოკარკლა, დარბაზში ზრდილობიანი ტაში ატყდა. ხატიამ გასაპროტესტებლად პირის გაღება ვერ მოასწრო, რომ ორატორმა თვალები ჭყიტა.
-და… და ლაშა-გიორგი ბაბლუანი…? – ამოილუღლუღა მან. – რატომ წერია ორი სახელი აქ?
ხატიამ ისეთი ძალით შემოატრიალა სხეული, რომ სკამი იატაკზე გახოხდა. ანანო უმანკო კრავივით აფახურებდა თვალებს, ვიღაც კაცი მივარდა და გაცხარებული ელაპარაკებოდა ქერათმიან ორატორს. დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა.
-ანანო, რა გააკეთე? – დაუსისინა ხატიამ ბიძაშვილს. – რა გააკეთე?
-არაფერი. – თვალები დაახამხამა გოგონამ. – წაგეხმარე ცოტა. მადლობა უნდა მითხრა.
-რას ქვია, მადლობა… – კინაღამ ძმარმა ამოასხა ყელში განრისხებისაგან ხატიას. – ლატარიაში ჩემი და იმისი სახელები ჩაყარე? ერთ ბილეთზე? რას ფიქრობდი?
-რომ ცოტა დახმარება არ გაწყენდათ! – საზეიმოდ განაცხადა ანანომ. – სულ ესაა!
-სულ ესაა… სულ ესაა? – ატყდა ხატია და მშობლებს გადახედა, რომლებიც გაქვავებულები ისხდნენ და გასუსულნი უსმენდნენ მათ კამათს. – უთხარით რამე! ხედავთ? როგორ ეჩრება ჩემს საქმეში? პლუს, რა იცი, რომ ლატარიას გაყალბებულად არ გამოაცხადებენ და ახალ ბილეთს არ ამოიღებენ?
-ყურადღება! – საზეიმო ხმით მიიქცია ყურადღება ქერათმიანმა ორატორმა. – სპეციალური გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ, პირველად ხუთი წლის ტრადიციის მანძილზე გვყავს ორი გამარჯვებული! რაც მეტი, მით უკეთესი, არა? – მისმა ოცდათორმეტივე კბილმა დამაბრმავებლად გაიბრწყინა. – დიახ, პირველად ხუთი წლის მანძილზე, სასტუმრო „სამეფოს“ ერთადერთ სამეფო ნომერს ორმოცდარვა საათით წყვილი დაეპატრონება! მივულოცოთ! ხატია და ლაშა-გიორგი, გამობრძანდით, თუ შეიძლება და აიღეთ სასტუმრო „სამეფოს“ ერთადერთი სამეფო ნომრის გასაღები!
ხატიას სახე მოენგრა. ისე ქაოსურად გრიალებდნენ ფიქრები მის გონებაში, რომ ვერც კი გაუძალიანდა, როცა ნატამ ზურგში ჰკრა ხელი, ანანომ კი მაჯით წაათრია ქერათმიანი ორატორისაკენ. დარბაზის მეორე მხრიდან თვალათამაშებული ლაშა-გიორგი მოაბიჯებდა.
-ხატია! – უდიდესი ენთუზიაზმით შეეგება ქალი. – ლაშა-გიორგი! – მიელაციცა იგი ბაბლუანს. – აი, თქვენი გასაღები! – მან გასაღები ხატიას ხელში ჩაუტენა. – რა კარგი წყვილი ხართ პირდაპირ! – ამოიხვნეშა თვალებმინაბულმა. ანანო გაბრწყინებული იდგა, ხატიას კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ცოტაც უფრო რომ გაბერილიყო, აუცილებლად გასკდებოდა.
-აქეთ, აქეთ! – მიერეკებოდა ქალი და მისი ამალა ხატიასა და ლაშა-გიორგის ცხვრებივით.
-ხატია, გილოცავ, დედი! – მოაძახა უკნიდან ნატამ.
-მოგაკითხავთ ხვალ! – ჩაურთო ცოტნემ.
ქერათმიან ორატორს აინუნში არ ჩაუგდია ისინი. ხატია და ლაშა-გიორგი ჯერ შესასვლელში გაიყვანეს, მერე ლიფტში შეაგდეს, თან ორატორი მთელი გზა გაუჩერებლად ლაქლაქებდა.
-სასტუმრო „სამეფოს“ ერთადერთი სამეფო ნომერი აღჭურვილია უახლესი პლაზმური ტელევიზორით, სამეფო ზომის ლოგინით, სპარსული ხალიჩებითა და მარმარილოს სააბაზანოთი. არ ინანებთ იქ დარჩენას! აი ნახავთ, იქ დარჩენით შემდეგ ყველა სხვა სასტუმროს, აი, ნებისმიერი სასტუმროს ნომერი საცოდავ ქოხად მოგეჩვენებათ! დიახ! ოხოხოხოხო! მოგემსახურებათ სასტუმროს პერსონალი ორმოცდარვავე საათის განმავლობაში, გსურთ რამე? უბრალოდ დარეკეთ და ყველაფერს ამოგიტანენ! ეგვიპტური ბამბის ზეწრები გსურთ? ამოგირბენინებთ ორ წამში! სხვადასხვა ტანსაცმელი, ბამბის სვიტრები, ქურთუკები, პიჟამები გსურთ? გვაქვს! უკურკო ნესვი გსურთ? გვაქვს! უმაღლესი ხარისხის პრეზერვატივები გსურთ? გვაქვს!
ხატიას ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა. ლაშა-გიორგი ფიცარივით გაშეშებული იდგა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიცილს ვერ იკავებდა.
-კარგადა ხარ, გენაცვალე? – ელვის სისწრაფით მივარდა ქალი ხატიას, რომელიც ჯერ კიდევ გულიანად ახველებდა და სასწრაფოდ დაჰკრა ზურგზე ხელი. – უი შენ მოგიკვდი… მიდი, მიდი, დაახველე! ჰო, ხველის საწინააღმდეგო წამალი გსურთ? გვაქვს!
-კარგადა ვარ! – ძლივს ამოიხავლა ხატიამ. – თქვენ კარგად ვერ გაიგეთ…
-მშვენივრად გავიგე! – წამოიძახა ქალმა და გაბრწყინებული თვალები მოაპყრო. – ძალიან საყვარელი წყვილი ხართ! ერთანეთის გარეშე არ მიიღეთ ლატარიაში მონაწილეობა, რა აბსოლუტური საყვარლობაა! ნუ გეშინიათ, გენაცვალე, აქ არავინ შეგაწუხებთ! იმას გააკეთებთ, რაც მოგეპრიანებათ. – მან ეშმაკურად გადმოხედა ორივეს. – ისეთი ლამაზები ხართ, თქვენი ბავშვი რომ სასტუმრო „სამეფოს“ ერთადერთ სამეფო ნომერში ჩაისახოს, ჩვენთვის პრივილეგია იქნება!
ლიფტის კარი გაიღო, და ქალმა წამსვე წინ გაირეკა გახევებული, გადაფითრებული ხატია და ლაშა-გიორგი, კორიდორის ბოლოში კარი გააღო და შიგნით შეაგდო ისინი.
-სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ! – მიაძახა მან და ზურგს უკან კარი მოუკეტა.
ხატია ჯერ კიდევ გახევებული იდგა. დრო სჭირდებოდა ამის გადამუშავებას.
-მგონი კარი ჩაგვიკეტეს. – თქვა ლაშა-გიორგიმ, თან კარის სახელური ჩამოსწია შესამოწმებლად.
-დაკეტილია. – კბილებში გამოსცრა ხატიამ. – მართლა აპირებენ, რომ გვინდა თუ არა, გამოვაყენებინონ ის ორმოცდარვა საათი.
-გააჩნია როგორ გამოვიყენებთ, არა? – თქვა ლაშა-გიორგიმ, მერე კი უცებ სიცილი აუტყდა.
-რა არის აქ სასაცილო? – მოუბრუნდა ხატია, ისე იყო გაწითლებული, რომ თითქმის გრძნობდა თმის აფუებას. – ჰა? ჩაგვკეტეს რაღაც შტერულ ნომერში…
-სასტუმრო „სამეფოს“ ერთადერთ სამეფო ნომერში… – ღიმილით შეაწყვეტინა ლაშა-გიორგიმ.
-შენ ავად ხარ? – შეუტია ხატიამ. – რა ჯანდაბა დაგემართა? ის ქალი რა სისულელეებს როშავდა… წყვილიო! რა წყვილი, რატომ არ თქვი არაფერი?
-შენ რატომ არ თქვი? – მოუბრუნდა ბიჭი.
-იმიტომ რომ შოკში ვიყავი! შენ კიდევ ძალიან მშვიდად გამოიყურებოდი, გეცინებოდა მთელი გზა! მე კი ცეცხლი მეკიდა მძვინვარებისაგან! – იფეთქა ხატიამ.
-კარგი, დაწყნარდი, თორემ მართლა ალი აგეკიდება თმაზე. – გააფრთხილა ბიჭმა და ლოგინს მიუახლოვდა, ხმამაღალი ხვნეშით გადაგორდა ზედ. – და იქნებ… – ის წამოიწია, უცნაურად გადახედა ხატიას.
-იქნებ? – ჩაეძია გოგონა, როცა ბაბლუანმა ხუთიოდე წამი ხმა აღარ გაიღო. – იქნებ რა?
-არაფერი. – თავი გააქნია ბიჭმა და მუცელზე გადაგორდა, ხატიას ზურგი შეაქცია. – დაივიწყე.
სიჩუმე ჩამოვარდა. საათის ტიკტიკი და წვიმის რახუნი ისმოდა ფანჯარაზე.
-ახლა რა გავაკეთოთ? – ჩუმად იკითხა ხატიამ. – დავიძინოთ?
-რაც გინდა, ის გააკეთე. – მიუგო ლაშა-გიორგიმ და წამოდგა, გვერდით ოთახს, ალბათ სააბაზანოს მიაშურა. – არ შემაწუხო.
ხატია ცოტა ხანი ჩუმად იდგა კართან, გამალებით უსმენდა. მხოლოდ მაშინ, როცა შხაპის ხმა გაისმა, გაიქცა ოთახის კუთხეში მდგომი კარადისაკენ.
როგორც იმ ჭყავილა ქალმა ახსენა, უამრავი ტანსაცმელი ელაგა შიგნით. გოგონამ წამსვე მიაგნო მეორე თაროზე კოხტად მილაგებულ პიჟამას, საკუთარი ტანსაცმელი შიგნით შეაწყო და პიჟამა მაისური და შარვალი ჩაიცვა, მერე კი ლოგინში გაგორდა, ხელები და ფეხები გაჩაჩხა. სულაც არ აპირებდა ლაშა-გიორგისათვის დაეთმო საწოლი, ანდა მიეცა უფლება მის გვერდით დაწოლილიყო. აქ ვინმე თუ იატაკზე დაწვებოდა, ეს მისი მეტოქე იქნებოდა, ამაში დარწმუნებული იყო.
დიდი ხანი დალოდება არ დასჭირვებია, ლაშა-გიორგიმ მალევე გამოაბიჯა. წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. ძაღლივით გააქნია თავი და თმა შეიბერტყა.
-აუცილებელია რომ მორწყა აქაურობა? – დაისისინა ხატიამ. გული გამალებით უცემდა მკერდში და უცებ მიხვდა, ახლა რომ გაჩუმებულიყო, ისევ სისულელეებზე დაიწყებდა ფიქრს. აი მაგალითად ისეთ სისულელეზე, როგორიც ლაშა-გიორგის მკერდი იყო.
ბიჭმა მწყრალად გადმოხედა და ღია კარადისაკენ გაემართა. პირსახოცის ქვეშ ამოიცვა შარვალი და მაისური გადაიცვა სასწრაფოდ. ხატიას ცოტათი გული დასწყდა კიდეც.
ბიჭმა პირსახოცი იქვე მდგარ სკამზე გადაჰკიდა და ფანჯარა გააღო. წვიმა, საბედნიეროდ, სხვა მიმართულებით ასხამდა და ცოტა სიგრილე შემოვიდოდა მაინც.
მერე კი ლოგინისაკენ გამოემართა.
-რას გაჩაჩხულხარ? – ჰკითხა მან. – მე მელოდები?
ხატიამ მძვინვარედ შეხედა, ბრაზით მოკუმა ტუჩები.
-შენ თუ გგონია, რომ აქ წვები, ძალიანაც ცდები. – კბილებში გამოსცრა მან, გული ისე ძლირად უცემდა, რომ ცოტაც და მკერდიდან ამოუვარდებოდა.
-და შენ თუ გგონია, რომ შემაჩერებ, ძალიანაც ცდები. – წარბები ასწია ლაშა-გიორგიმ, საბნის ქვეშ შემოძვრა, და ფეხით გადაახოხა ხატია იქით.
-რას აკეთებ, რას აკეთებ! – წამოვარდა გოგონა და შეეცადა მეტოქე ლოგინიდან გადაეგდო. – მე შენს გვერდით არავითარ შემთხვევაში არ დავწვები!
-რაც გინდა ის ქენი მეთქი, რომ გითხარი? – წარბები ასწია ბიჭმა, გვერდზე დაწვა და თავქვეშ ხელი ამოიდო. -მე ნუ შემაწუხებ ოღონდ.
ხატია ერთიანად გასიებული იჯდა ლოგინზე, არ იცოდა, თუ რა გაეკეთებინა, იმდენი ბრაზი უტრიალებდა გონებაში. თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით დასცხო მუშტები ლაშა-გიორგის მხარზე.
-სულ შენი ბრალია, სულ შენი! ურცხვო დეგენერატო! ვერ გიტან! – ლაშა-გიორგი ხვნეშით წამოიწია, ხელები მაჯებში სტაცა. ხატიას მრისხანებისაგან კინაღამ თავის ქალა აეხადა, მთელი სხეულით გაუძალიანდა ამ იდიოტს, რომლის ბრალი იყო ეს ყველაფერი, ეს გაუგებარი სიტუაციაც, ქაოსური ფიქრებიც, ყველაფერი ცუდი, რაც ამ ბოლო დროს ხატიას გადახდა, ყველაფერი ამ ადამიანის ბრალი იყო.
-დაშნიანი! დაშნიანი მეთქი! ახლავე დაწყნარდი! – ლაშა-გიორგიმ კბილები დაკრიჭა, და სრულიად მოულოდნელად, ისე რომ ხატიამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ლოგინზე დასცა და ზედ დააწვა.
-დაწყნარდი მეთქი! – ხმას აუწია მან, და ხატია უცებ მიხვდა, რომ მისი მეტოქე ასე ახლოს არასოდეს ენახა. ლაშა-გიორგის თითოეული ნაკვთი დასჭიმოდა სახეზე, ჯერ კიდევ მაჯებში ჩაევლო მისთვის ხელები. – ამოისუნთქე, ნელა… – თქვა მან და ხატია თავისდაუნებურად დაემორჩილა. გული ისე ძლიერად უცემდა, როგორც არასდროს, გრძნობდა, თუ რა დონეზე, ულამაზად გაწითლებოდა ახლა უკვე სახე.
მერე კი იგრძნო. ლაშა-გიორგის საკუთარი გულისცემა, რომელიც ისეთივე ძლიერი იყო, როგორც თავისი.
ხატია განცვიფრებული ააშტერდა. ბიჭს სახეზე ჩრდილი ედგა, მაგრამ მაინც გარკვევით ჩანდა მისი თვალების ელვარება. შუბლზე ეყარა სველი თმა, და შეფერადებული ტუჩები ოდნავ გაპობოდა და უბზინავდა, თითქოს ორიოდე წამის წინ მოელოკა.
ხატია ერთიანად მოეშვა, თითქოს ჩადნა ლოგინში. თავი უკან გადააგდო, ისე, რომ მეტოქისათვის თვალები არ მოუშორებია. ლაშა-გიორგიმ წამიერად ყელზე დახედა, მერე კი ისევ გაუსწორა მზერა.
-მომცილდი. – ძლივს ამოთქვა ხატიამ. თითქოს მასში ფესვგადგმულმა, ძველმა ინსტინქტმა იმოქმედა, რომელიც ლაშა-გიორგის, როგორც მეტოქეს აღიქვამდა.
ლაშა-გიორგი თითქოს შეკრთა, დამდუღრულივით წაიწია უკან, საკუთარ ბალიშს სტაცა ხელი.
-მე იატაკზე დავწვები. – თქვა მან მოკლედ, ბალიში ლოგინისპირა ტუმბოსთან დააგდო და კარადიდან საბანი გადმოათრია, მერე კი შუქი გააქრო.
სიბნელე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ფანჯრიდან მოსული შუქი ანათებდა მხოლოდ. ლაშა-გიორგის სუნთქვა ისმოდა, სანამ ის იატაკზე მოწყობას ცდილობდა. ხატიას ხელები უკანკალებდა, ძლივს გადაიფარა საბანი.
განძრევის ეშინოდა. ჯერ კიდევ გრძნობდა სხეულზე ლაშა-გიორგის სიმძიმესა და სითბოს.
ანანოს ნათქვამი გაახსენდა, რომ ლაშა-გიორგი უგულო არ იყო, რასაც მისი ბოლო დროს უჩვეულო ნამოქმედარი ამტკიცებდა. მდინარეში გადმოხტომა, ცივილურად ლაპარაკი, ჟაკეტის მოხვევა იმ ღამეს, და ახლა ეს.
იმაზე ფიქრი, რომ თვითონ იგივეს არ გააკეთებდა, ნუთუ იმას ნიშნავდა რომ თვითონ იყო უგულო?
არ იყო გამორიცხული. ხატიას ყველაფრის უარყოფა უყვარდა.
-ნუ დაწვები მანდ. – დაიჩურჩულა მან. ლაშა-გიორგის მხრიდან წამოსული შრიალი შეწყდა, მხოლოდ აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. – სპარსული ხალიჩები კი კარგი აქვთ, მაგრამ… არა მგონია ზურგისათვის კარგი იყოს.
ლაშა-გიორგის ხმადაბლა გაეცინა, ხატიამაც ჩაიღიმა.
ყველაფერი უკანკალებდა.
მერე კი ლაშა-გიორგი ლოგინზე ამოძვრა, საბანში წყნარად გაეხვია.
-ღამე მშვიდობისა. – თქვა ხატიამ.
ბიჭმა აღარაფერი უპასუხა.
ძილი კარგა ხანი ფიქრის შემდეგ ძლივს მოვიდა, სანამ წვიმა ჯერ კიდევ უშხაპუნებდა ფანჯარაზე.
.
.
.
-*-*-*-*-*-10
ხატიამ რომ თვალები გაახილა, უკვე დილა იყო. თეთრი სინათლე შემოდიოდა ოთახში, და გოგონამ თვალები მოჭუტა, გვერდზე გადაბრუნდა, რომ მომაბეზრებელ სინათლეს გაქცეოდა.
მაგრამ რაღაც რიგზე ვერ გახლდათ. ფანჯარა არასწორ მხარეს იყო, თან ოთახში არაბუნებრივად ციოდა. ხატიამ სასწრაფოდ ჭყიტა თვალები და მიმოიხედა, თან სახეზე ხელი მოისვა, რომ ერთმანეთზე შეწებებული თვალის კუთხეები გამოეთავისუფლებინა.
კისერი მოიღრიცა, სინათლის წყაროსაკენ გაიხედა. ფანჯარა ღია იყო, ცა ღრუბლებს დაეფარათ. ზედ ჩამოკიდებულ ნაზ ალუბლისფერ ფარდას ნიავი არწევდა.
მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არ იყო.
მის გვერდით, ლოგინში ლაშა-გიორგი იწვა. თბილად გამოხვეულიყო საბანში, ისე რომ მხოლოდ ცხვირი, თვალები და თმა მოუჩანდა. წარბები ოდნავ შეეჭმუხნა ძილში. ხატიამ ტუჩები მოპრუწა. „ძილშიც კი უკმაყოფილოა,“ გაიფიქრა მან და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, როცა ცივი ჰაერი ყელზე მოედო. სულაც არ სურდა თბილი ლოგინიდან ადგომა, მაგრამ ოდესმე მოუწევდა, ოთახში კი ძალიან ციოდა.
და ვისი ბრალი იყო?
მის გვერდით გაგორებული იდიოტის, აი ვისი.
-ოე, ბაბლუანი! – საბანქვეშ ხელი გააცურა და მკერდზე მიარტყა ხატიამ. – ბაბლუანი! ბაბლუანი მეთქი, გაიღვიძე, დეგენერატო შენ! – ჩაჰყვირა მან მეტოქეს ყურში და კმაყოფილებით გაიღიმა, როცა მან გმინვა ამოუშვა.
-რა ჯანდაბა გინდა? – წაილუღლუღა ბიჭმა, ცალი თვალი გაახილა და ისე ამოხედა. ხატიამ ისევ შეანჯღრია.
-რა ჯანდაბა მინდა და სიცივეა ოთახში! – ხმას აუწია გოგონამ. ეს სიტუაცია აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა. – შენ ხომ გააღე ფანჯარა და დაგვტოვე საყინულეში, ჰოდა შენვე დაკეტე!
-რას ჩამყვირიხარ, გაიწიე იქით! – საბნიდან ხელი ამოყო და გაუქნია ბიჭმა. – თუ გაწუხებს, მიდი და დახურე შენ თვითონ…
-მარტო მე კი არ მაწუხებს, ეს შენი პრობლემაც არის! – აიფოფრა ხატია. – და რაკი შენ შექმენი ეს პრობლემა, შენვე გადაწყვიტე! ადექი! – ფეხი მუცელში ჰკრა მან ლაშა-გიორგის. ბიჭმა ბრაზით ამოხედა, მაგრამ ნელა წამოიზლაზნა, საბანი გადაიხადა, ღია ფანჯრისაკენ გაემართა ნელ-ნელა.
-აუ, მართლა რა სიცივეა, – თქვა მან და თავი მოიქექა, ფანჯარა მიხურა.
მერე კი მობრუნდა, პირდაპირ ხატიას ჩახედა თვალებში.
-აჰა, კმაყოფილი ხარ? – ჰკითხა მან, მაგრამ ხატიამ სანახევროდ ვერც გაიგონა მისი ნათქვამი. თითქოს ბურანში იყო და ვეღარ იყურებოდა კარგად. ლაშა-გიორგის ფიგურას უკნიდან თეთრი სინათლე ეფრქვეოდა, უფრო ააშკარავებდა მის თმას, სახესა და კისერს, მხრების მოხაზულობას.
ხატია გამოლენჩებული დააშტერდა. ძლივს აიყვანა საკუთარი თავი ხელში.
-ჰო. – ძლივს ამოთქვა მან და გაშტერებული დაწვა, ბიჭს ზურგი შეაქცია. – კმაყოფილი ვარ.
-ასე მალე დანებდი? – თქვა ლაშა-გიორგიმ, მისი ნაბიჯების ხმა გაისმა და ლოგინი ოდნავ დაიწია გვერდით. ხატია ერთიანად დაიძაბა. – მეგონა ერთ ამბავს ატეხდი და ათას მოთხოვნას გადმოაფრქვევდი…
-უბრალოდ დავიღალე. – გააწყვეტინა ხატიამ. – და ამ წუთას რაც უდიდესი პრობლემა იყო, მოაგვარე. საწუწუნო არაფერი მაქვს. აუცილებლად შეგატყობინებ, როცა მექნება.
ლაშა-გიორგიმ დაიფრუტუნა, მერე კი ლოგინიდან გადაძვრა.
გადაძვრა და სანამ ხატია გამოფხიზლებას მოასწრებდა, ერთი მოქნევით საბანი გადააძრო.
ხატიას თითქოს ყინული დააყარეს ტანზე. ის ეგონა არაკომფორტული, რომ ყელზე ცივი ჰაერი შეეხო, ახლა კი შიშველ წვივებსა და წინამკლავებზე მოხვდა სიცივე და წამსვე დაჰბურძგლა. გაშეშებულმა ლაშა-გიორგის გადახედა, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს.
-გამოფხიზლდები, არაფერი გიჭირს. – კმაყოფილებით სავსე გამომეტყველებით გაუღიმა ბიჭმა და სააბაზანოსკენ შებრუნდა.
ხატიამ კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს, რომ მათი ღრჭიალი იგრძნო, და უფრო მეტად დაჰბურძგლა სხეულზე. წამსვე ფეხზე წამოხტა და ლოგინიდან ისკუპა. სანამ ლაშა-გიორგი მობრუნებას მოახერხებდა, იქამდე დაახტა ზურგზე, ფეხები და მარცხენა მკლავი მაგრად შემოხვია სხეულზე, მარჯვენა ხელით კი მკერდზე დასცხო.
-რა აუტანელი და დამპალი ადამიანი ხარ! – ყვიროდა ის, სანამ ლაშა-გიორგიმ წაიბორძიკა, თავზე დამტყდარი სიმძიმის ატანა გაუჭირდა, გაოცებისა და მოულოდნელობისაგან გმინვა აღმოხდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ… – ძლივს ამოიხრიალა მან, თან გვერდსა და ხატიას ფეხს შორის დაჭერილი მკლავის გამოთავისუფლება სცადა. – გაგიჟდი?
-შენ ვერ წარმოგიდგენია, თუ როგორ მიშლი ნერვებს! – წამოიყვირა ხატიამ და უფრო მაგრად მოხვია ფეხები სხეულზე. – რას მერჩოდი, რას გადამაძვრე საბანი?
ლაშა-გიორგიმ აღარაფერი უთხრა, მაგრამ ერთი გაქნევით გაითავისუფლა მკლავი, ელვის სისწრაფით შემობრუნდა და ხატია ასწია, ტომარასავით გადაიკიდა მხარზე.
-ახლავე დამიშვი! – გაკაპასდა გოგონა, მთელი ძალით გააქნია ფეხები, თან ხელებით თეძოებზე დაებჯინა ბიჭს, რომ წამოწეულიყო და თავი ჩამოკიდებული არ ჰქონოდა. – ახლავე დამიშვი მეთქი! შე ნადირო!
-იცი რა, მგონი კარგი იქნება აივანზე გავიდეთ, – თქვა ლაშა-გიორგიმ და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა აივნისაკენ მიმავალ კარს. – აშკარად ვერ ხარ ჭკუაზე, ეს ცივი ჰაერი გამოგაფხიზლებს, აი ნახავ.
-არა, არა, არა, მოიცადე… – გააპროტესტა ხატიამ, მაგრამ ვერ მოასწრო. მისმა დამპალმა მეტოქემ კარი გამოაღო და გარეთ გააბიჯა.
გარეთ, სადაც უარესად ციოდა.
-ბაბლუანი, მოგკლავ, გეფიცები… – ძლივს გამოსცრა გოგონამ კბილებში. – მოგკლავ, გესმის? ახლავე დამსვი!
-ამწუთას, ქალბატონო. – მიუგო ბიჭმა და ფრთხილად ჩამოსვა ძირს, მერე კი, სანამ ხატია პირში ენის მოტრიალებას მოასწრებდა, მხრებში ხელები ჩაავლო და მოაჯირისაკენ მიაბრუნა.
ხატიამ თვალები დაახამხამა, წამიერად გაშტერდა. ნაზი სიო უბერავდა, მაგრამ სასტუმროს გადაღმა მყოფ ფიჭვებსა და ნაძვებს თითქოს ქარიშხალი არხევდა. ხეების გადაღმა თოვლით დაფარული მთები ჩანდნენ, მათ უკნიდან კი მუქი ნაცრისფერი ღრუბლები მოიწევდნენ.
-აჰ. – აღმოხდა ხატიას, წამიერად დაავიწყდა, თუ სად იდგა და ოდნავ უკან დაიწია, უკან მდგომი სითბოს წყაროსკენ, რომ სიცივეს გაქცეოდა. წამსვე გამოერკვა და გაშეშდა, ლაშა-გიორგის მკერდზე მიყუდებული.
სუნთქვა შეიკავა და კინაღამ შეკრთა, როცა მეტოქემ მკლავები მოხვია მხრებზე უკნიდან.
ხატია ცოტა ხანი დაძაბული იდგა, ისე გაუნძრევლად, რომ საკუთარ სუნთქვასა და გულისცემას გრძნობდა ყურებში, თან ლაშა-გიორგის წყნარ, აუღელვებელ სუნთქვას უსმენდა. მაგრამ წამები გადიოდა და ხმა არც ერთს არ გაუღია, ამიტომ ხატია მოეშვა, ოდნავ გადასწია უკან თავი. უაღრესად უცნაური იყო ეს სიტუაცია, მაგრამ დაუცველად მაინც არ გრძნობდა თავს, რადგან იცოდა, რომ ლაშა-გიორგიც ისევე უცნაურად იქცეოდა, როგორც თვითონ.
და საერთოდაც, ნაწილობრივ შეეგუა კიდევაც იმას, რომ მისი მეტოქე მიმზიდველი გალხდათ და ფიზიკური კონტაქტი მის თბილ სხეულთან სულაც არ იყო ცუდი. გონებრივი ფაქტორი აფუჭებდა ყველაფერს.
„არა უშავს.“ გაიფიქრა ხატიამ, იმის მიუხედავად, რომ პანიკის ზღვარზე იყო. „ყველაფერი რიგზეა. არა უშავს. ყველაფერი კარგადაა. მთავარია არ მოკვდე, ისუნთქე, ყველაფერი რიგზეა…“
-გახსოვს, გუშინ რა გითხარი? – თქვა უცებ ლაშა-გიორგიმ. ხატია ოდნავ შეკრთა, მთელი სხეული გაუშეშდა. ზურგზე მწველი მოეჩვენა ბიჭის სითბო.
-რა მითხარი? – ჩაეკითხა ის. ახლა გუშინდელი ამბები კი არა, საკუთარი სახელიც კი აღარ ახსოვდა, ისეთ სტადიაში იყო ჩაგდებული. – აღარ მახსოვს.
-შენ რომ გაკაპასდი, წყვილი რომ ვეგონეთ. – გააგრძელა ლაშა-გიორგიმ.
მისი ხმა ზედმეტად ახლოს მოეჩვენა წამიერად ხატიას მის ყურთან და ძლივს შეიკავა თავი, რომ გვერდით არ გამხტარიყო. უბრალოდ იდგა, გახევებული, უამრავ აბობოქრებულ ემოციას ებრძოდა და საკუთარ სუნთქვაზე კონცენტრირებულიყო, რომ არ დამხრჩვალიყო შემთხვევით.
-ჰო, მერე? – ძლივს მოატრიალა ენა პირში.
-მერე მე რომ რაღაცის თქმა მინდოდა, იქნებ მეთქი და რომ აღარ დავამთავრე. – ისე ნელა განაგრძო ლაშა-გიორგიმ, თითქოს ძილისპირულს ჰყვებოდა.
-მერე? რისი თქმა გინდოდა? – ჩაეძია ხატია.
ლაშა-გიორგი ცოტა ხნით გაჩუმდა. უფრო მაგრად მოხვია მკლავები მხრებზე და თავი წინ წამოსწია, ლოყა საფეთქელზე მიადო ხატიას. ისედაც ადგილს მილურსმული ხატია ერთიანად გაქვავდა, სუნთქვისაც კი შეეშინდა წამიერად.
-იმას ვამბობდი, რომ იქნებ არ მინდოდა მათთვის შემესწორებინა. – ჩაილაპარაკა ბიჭმა ხმადაბლა და ხატიას ერთიანად დაჰბურძგლა სხეულზე. – იქნებ მინდოდა ეფიქრათ რომ წყვილი ვართ.
-რაო? – კისერი მოიღრიცა ხატიამ, წარბშეკრულმა გადმოხედა ლაშა-გიორგის, თან შეეცადა, რომ არ შეემჩნია ის გაუგებარი ემოცია, რომელიც მასში ამოტივტივდა, როცა ბიჭის სახეს შეეჩეხა, თან ასე ახლოს. – ვითომ რატომ? ძალიან სასაცილო იყო ვითომ მისი რეპლიკები?
-არა. – მოუჭრა ლაშა-გიორგიმ, ამოიხვნეშა და შორს, ხეებისკენ გაიხედა, მისი თვალები ნერვიულად, აქეთ-იქით დათამაშებდნენ. ხატია მათში არეკლილ ნაცრისფერ პეიზაჟს დააცქერდა და ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
-აბა რა? – იკითხა მან. თითქოს იცოდა პასუხი, მაგრამ მაინც არ სურდა, რომ დაეჯერებინა.
ლაშა-გიორგის ყბა მოენგრა, თავი დასწია და ხატიას თვალებში ჩახედა. გოგონა საპასუხოდ წარბშეკრული მიაშტერდა ჯიუტად.
ქარი ნელ-ნელა ძლიერდებოდა და თმას უწეწავდა ორივეს.
-მინდოდა, რომ სიმართლე ყოფილიყო. – თქვა ლაშა-გიორგიმ უცებ.
ხატიამ თვალები დაახამხამა, გული თითქოს კოჭებში ჩაუვარდა.
-როგორ? – ძლივს ამოთქვა მან. – შენ… შენ… მოიცადე ერთი წუთით! – ხმას აუწია მან და გაიბრძოლა, ლაშა-გიორგის მკლავებიდან გამოუძვრა. – რა სისულელეებს მეუბნები, ხვდები საერთოდ? – დაიყვირა მან. – გული გამალებით უბრაგუნებდა მკერდში. – საიდან მოიტანე ეგ?
ლაშა-გიორგი დაჟინებით უყურებდა, თვალები ოდნავ გაუფართოვდა, უხერხულად იდგა.
-არაფერი, დაივიწყე. – თქვა მან და შებრუნდა, სახლში შეაბიჯა. ხატია ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა, ჯერ კიდევ შოკში იყო. ძლივს გამოერკვა და სირბილით შევარდა ოთახში, ლაშა-გიორგის, რომელიც გასასვლელი კარისაკენ მიდიოდა, მკლავში სწვდა.
-ასე იოლად ვერ გაიქცევი! – შეჰყვირა მან. – ამიხსენი, რა იგულისხმე? საერთოდ გინდოდა მაგის თქმა, თუ მეხუმრე? რა გგონია, ასე იოლად წამოვეგები ანკესზე? – იყვირა სასოწარკვეთილებით აღვსილმა. რატომღაც უდიდეს ემოციურ სტრესს გრძნობდა, რომელიც ტონად აწვებოდა მკერდზე. – გგონია, რომ ასე იოლად გამაცურებ?
ლაშა-გიორგი გახევებული იდგა და დაჰყურებდა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, და ხატია გამძვინვარებული, თვალებგაფართოებული უყურებდა მის ამოძრავებულ ადამის ვაშლს.
-რა მგონია, უკვე წამოეგე. – თქვა მან უცებ თვითკმაყოფილი ღიმილით და ხატიას თითქოს რაღაც გაუწყდა შიგნით. სახე ერთიანად მოეჭმუხნა და მთელი ძალით დაჰკრა მუშტი ბიჭს მკერდზე.
-რა აუტანელი ნაგავი ხარ! ნაგავი ხარ, გესმის! ნაგავი! ასე იოლად არ მოვტყუვდები! – დაიყვირა მან, წამსვე შებრუნდა, შემოსასვლელის კარი გამოაღო და ბრახუნით მოიხურა ზურგს უკან, მერე კი ლიფტისაკენ გაიქცა. მოუთმენლად ელოდა, თვალებდაჭყეტილი. თვითონაც ვერ გაეგო, თუ რას გრძნობდა, მაგრამ ის იცოდა, რომ აუტანლად საშინლად გრძნობდა თავს. სუნთქვა გაუჭირდა, მკერდზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა, მოუსვენრად ტოკავდა ადგილზე, ფეხს აბაკუნებდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
როცა თავის სართულზე ჩავიდა, სირბილით გაემართა ბინისაკენ, თან იმედოვნებდა, რომ ჯერ არ ყოფილიყვნენ ჩასულები სასადილო დარბაზში.
კარი შეგლიჯა და წამსვე ანანოს შეეჩეხა, რომელიც როგორც ყოველთვის მშვენივრად იყო გამოწყობილი და ეტყობოდა, რომ საუზმეზე აპირებდა ჩასვლას.
-ხატია? – იკითხა გაოცებულმა. – აქ რა გინდა? ბიძია და ბიცოლა უკვე ჩავიდნენ საუზმეზე… – ანანოს სიტყვა გაუწყდა, როცა ხატიას დააკვირდა. – რა იყო, მოხდა რამე?
ხატიას სახე ერთიანად მოეჭმუხნა, და ვერც კი შეამჩნია, ისე სწრაფად აევსო თვალები ცრემლებით.
აღარ ახსოვდა, თუ როდის ეტირა ბოლოს.
ახლა კი გამწარებულს ცრემლები შეუჩერებლად ჩამოუგორდა ლოყებზე და ნიკაპთან გამოესკვნა.
-ანანო… – ძლივს ამოილუღლუღა მან, პიჟამის სახელოთი ლოყებზე ცრემლების მოწმენდა სცადა. – იმ დეგენერატმა… იმ დამპალმა…
-კარგი, დაწყნარდი… – ანანომ მაგრად ჩაიხუტა და ხატიაც მაგრად ჩაეჭიდა ბიძაშვილს.
.
.
-*-*-*-*-*-
ხატიამ ძლივს მოიოხა გული. გულმკერდზე, მისდა შესაძრწუნებლად, ცოტათი გამოაყარა კიდეც, რაც ძალიან ინტენსიური ნერვიიულობის მერე ემართებოდა ხოლმე, და რაც საუკუნე იყო, რაც არ მომხდარიყო. გამოცდების დროსაც კი არ მოსვლოდა ეს. ახლა კი იჯდა თავის საწოლში, შეუჩერებლად იწმენდდა ცრემლებსა და ცინგლს და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მივიდა ამ სიტუაციამდე.
-რა მოხდა არ მეტყვი? – მეათასედ ჰკითხა ანანომ. – რა გითხრა ბაბლუანმა?
-არაფერიც არ მითხრა. – გაჯიუტდა ხატია. – შტერია და მეტი არაფერი.
-შტერი სხვა დროსაც კია, – შეუბრუნა ანანომ. – მაგრამ ადრე ასეთი აღელვებული არ მინახავხარ. ეგ რა არის, ბოლოს როდის იტირე, აღარ მახსოვს! რა მოხდა, ხატია? შენ სულელური მიზეზის გამო არ აღრიალდებოდი.
ხატიამ თვალები მოიწმინდა, ოდნავ შეშუპებოდა.
-არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. – განაცხადა მან. – გამოვიცვლი და წავიდეთ, ვჭამოთ.
ანანომ პირი მოკუმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ისე ჩავიდნენ სასადილო დარბაზში, რომ ხმა არ ამოუღია და ეს ხატიას ძალიან უხაროდა კიდეც, მაგრამ წესიერად არც კი დამჯდარიყო მაგიდასთან, რომ მშობლები დააცხრნენ თავზე.
-ხატია, თვალებზე რა გჭირს? – მოიღუშა ცოტნე.
-დედა, შენ მოგიკვდი. – ლოყებზე ხელები შემოირტყა ნატამ. – ეს რა გჭირს? რატო ხარ დასიებული?
-გვიანობამდე მეძინა. ხომ იცი, თვალები მისივდება მერე… – თვალის დაუხამხამებლად იცრუა ხატიამ.
-აბა ჩაწითლებული რატომ გაქვს? – ჩაეძია ცოტნე.
-იმდენი ვისრისე დილით, იმდენი… – ამოიხვნეშა ხატიამ. – სადღაც წავიკითხე, სრესა დასიებას შველისო.
-დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა ცოტნემ. თვალები მოეჭუტა და ეჭვით მიშტერებოდა. – იმ ბიჭმა ხომ არაფერი გააკეთა ისეთი?
ხატიამ ძლივს შეიკავა თავი, რომ ისევ არ ამტყდარიყო და უარესი, კიდევ არ ანერვიულებულიყო. ისევ განურჩევლობის ნიღაბი მიიკერა სახეზე.
-როდის იყო, ეგ დებილი სისულელეებს არ აკეთებდა? – გამოსცრა მან კბილებში, თან გული აჩქარებულად უცემდა. – რანაირი კითხვაა, მამა. მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს, ახლა მაგაზე ვინერვიულო. მაგ კი არა, იატაკზე ეძინა, იმდენი მოვახერხე.
-იატაკზე? – წარბები ასწია ნატამ. – როგორ, დედი, ორი საწოლი არ დგას სამეფო ნომერში?
ხატია გაოცდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
-ჰო… – ამოთქვა მან. – ერთ ოთახში დგას ოღონდ, მე კი კარი ჩავუკეტე. ჰოდა სასტუმრო ოთახში ეძინა. – თქვა თავმომწონე ტონით.
-აჰა. – უკან გადაიხარა ნატა, მხრები აიჩეჩა. – და სამეფო ნომერი როგორი იყო, დედი? მართლა ისეთი საოცარია, როგორც ამბობენ? თუ გააზვიადა იმ ქალმა?
-ლამაზი ხედია, მშვენიერი ოთახი, ძალიან მყუდრო. – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – ცოტა კი გააზვიადეს, მაგრამ ოთახში მომსახურეობა არ გამომიცდია ჯერ. დაიცა, უკურკო ნესვს შევუკვეთავ და…
მშობლებმა უცნაურად გადმოხედეს, ალბათ ფიქრობდნენ, ამან ხომ არ გააფრინაო, მაგრამ არაფერი უთქვამთ. ხატია ძლივს ყლაპავდა ნერწყვს, თვალები უხურდა. არ სიამოვნებდა ასე ტყუილი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ არ ივარგებდა იმის თქმა, რომ იმ ბიჭს გამო ანერვიულდა, თან ისე, რომ ტანზე გამოაყარა და მწარედ იტირა. ეს, ჯერ ერთი, წარმოუდგენელი იყო ალბათ მისი მშობლებისათვის ამის წარმოდგენაც კი, და მეორეც, რომ ხატიამ არ იცოდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ ორივეს. ალბათ დედამისი აიფოფრებოდა, მამას კი „სალაპარაკო“ ექნებოდა ბაბლუანთან.
რაც კარგი ნამდვილად არ იყო.
მერე კი გაახსენდა. რომ საღამოს ისევ ბაბლუანთან უნდა დაბრუნებულიყო იმ დაწყევლილ ოთახში.
-დღეს რომ თქვენთან დავრჩე, ხომ არაფერია? – იკითხა მან ფრთხილად. ანანომ ინტერესით გადმოხედა, მშობლებმა კი გაკვირვებული გამომეტყველებებით.
-ახლა არ გვითხარი, კარგი იყოო? – წარბები ასწია ნატამ, მერე კი ჩანგალი გვერდზე გადადო, მისკენ წამოიწია სერიოზული გამომეტყველებით. – დედი, თუ რამე მოხდა…
-არა, არაფერი, ხომ გითხარით! – თავი სასწრაფოდ გადააქნია ხატიამ. – დღეს საღამომდე დარჩენა ვიგულისხმე! ჩემი ცოტა ტანსაცმელი უნდა წავიღო და რამე… პლუს იქ ბაბლუანთან ყოფნას ვერ ვიტან.
ნატას სახე შეეცვალა, კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა ზედ.
-ჩემი ბუსუნა, მოგენატრეთ ხოომ? – ეშმაკურად გაიღიმა მან და ხატიას ლოყაზე უჩქმიტა. ოთხივეს სიცილი აუტყდა. ხატია გულწრფელად იღიმებოდა.
იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო.
.
.
-*-*-*-*-*-
სადილის შემდეგ, საღამოს, ანანო და ხატია ეზოში გავიდნენ, კალათბურთის მოედანთან მოსაკალათებლად. არავინ არ თამაშობდა, მაგრამ მოედანი ტყესთან ახლოს იყო, პლუს სასიამოვნოდ გრილოდა.
-მეტყვი, ბოლოს და ბოლოს? – მიუბრუნდა ანანო. – დღეს მილიონჯერ გეკითხები. ბიძიას და ბიცოლას არაფერი ვუთხარი, მაგრამ… ხატია, შენ მოიტყუე. ესე იგი მიზეზი გქონდა… რა მოხდა, მითხარი?
ხატიამ არაფერი უპასუხა. ტყეს მისჩერებოდა.
-არ ვიცი რა მოხდა. – თქვა ბოლოს. – ვერც მე გავიგე და შენ რაღა გითხრა? გუშინ რაღაც სისულელეები მითხრა, და მართლა იატაკზე იძინებდა, მაგრამ შემეცოდა. შემეცოდა ეგ დამპალი, გესმის? ერთი საწოლი იყო, დიდი და ვუთხარი, რომ ამოსულიყო.
ანანო თვალებდაჭყეტილი მიშტერებოდა.
-მერე? – დაიჩურჩულა მან. – მოხდა რამე?
ხატიამ სახე აიჭმუხნა.
-რა, ღამე? – პირი დააღო მან. – რა თქმა უნდა არა! მე შტერი ხომ არ გგონივარ? არ მიყვარს ეგ ტიპი.
-მაგრამ მოგწონს. – წარბები ასწია ანანომ.
-გაჩუმდი! – დაუსისინა ხატიამ. – ტყუილია ეგ. მოკლედ, დღეს დილითაც რაღაცები მითხრა და ძალიან ავნერვიულდი. სულ ეგ იყო.
-დარწმუნებული ხარ? – შეწუხებული მისჩერებოდა ანანო. – რა გითხრა ასეთი?
-გამეშაყირა, დამცინა, თავისი ჭკუით. – მოიღუშა ხატია, მერე კი თავი გააქნია. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-კი მაგრამ, ხატია… – მოიღუშა ანანო. – ასე არ შეიძლება. მითხარი, გპირდები, რომ არავის ვეტყვი და არც შენ გეტყვი რამეს, თუ არ მოგინდება.
ხატიას საპასუხოდ ის იყო, პირი უნდა დაეღო, რომ უკნიდან ჭყავილი მოესმათ.
-აქ რა ხდება… აქ რეები ხდება… ოჰ, დღევანდელი ახალგაზრდები! – შეიცხადა ვიღაცამ უკნიდან და ხატიამ მობრუნებაც კი ვერ მოასწრო, რომ გუშინდელი ორატორი ქალი ზედ დააცხრა. – რა მოხდა, გენაცვალე? რატომ არ იყავით ერთად მთელი დღე ნომერში? ხომ გითხარით, რომ უმაღლესი ხარისხის პრეზერვატივები გვაქვს, რატომ არ გამოიყენეთ?
ხატიამ კბილები ერთმანეთს დააჭირა.
-უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ეგენი არ გვჭირდება, რადგან… – დაიწყო მან.
-აჰააა! – წარბები ასწია ქალმა, უცებ გაიბადრა. – ხომ არ დაგავიწყდათ, რა გითხარით? თქვენი ბავშვის აქ ჩასახვა სასტუმროსათვის პრივილეგია იქნება!
-არა, არა, არა, მოიცადეთ… – ამაოდ სცადა ხატიამ მისი შეჩერება, მაგრამ ქალი ისევ თავისას მიერეკებოდა.
-არა, როგორ მოვიცადო, გენაცვალე? უხ, რა ლამაზები ხართ! ერთი თქვენი ბავშვი დამანახა! დარწმუნებული ვარ, რომ უსაყვარლესი ბავშვები გეყოლებათ! აბა როგორ! თან სასტუმრო „სამეფოს“ ერთადერთ სამეფო ნომერში ჩასახული პატარა ულამაზესი იქ-ნე-ბა! არც მეტი, არც ნაკლები! აუცილებლად ამოგიტანთ საღამოს სასუსნავებს, ოთახში დაგხვდებათ, რაც საჭიროა! უმაღლესი ხარისხის ანანასს ამოგიტანთ, შენც შეყვარებულს და შენც ძალიან მოგეწონებათ! – აგრძელებდა ის თავისას.
-არა, არა! არასწორად გაიგეთ, ჩვენ სულ ვჩხუბობთ… – შეეცადა ხატია, რომ სიტყვა ჩაეკვეხებინა.
-ჩხუბობთ? – თვალები ჭყიტა ქალმა. – რამე გაწყენინა, გენაცვალე? ამიტომ არ იყავით დღეს ერთად ნომერში? ნუ გეშინია, გენაცვალე… – მხარზე ხელი მოუთათუნა მან ხატიას. – ნუ გეშინია, ყველაფერს მოვაგვარებ, ყველაფერს… ანანასს ამოგიტანთ… დიახ… – ის თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნით გაფოფინდა და უკან პირდაღებული ხატია და ანანო დატოვა.
-პრეზერვატივიო? – გადაუჩურჩულა ანანომ. – ანანასიო?
-აბა ახლა გაჩუმდი. – შეუტია ხატიამ. – მე კი არ მითხოვია! გიჟია ეგ ქალი…
ანანო მართლაც გაჩუმდა, პირმოკუმული.
-ისე, შენ გუკასთან ყველაფერს მიშლი, შენ თვითონ კი პრეზერვატივებს და ბავშვის ჩასახვას გთავაზობენ… – ეშმაკურად გადაულაპარაკა მან.
-ანანო! – წამოიყვირა ხატიამ, მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა, როცა მისმა ბიძაშვილმა ხმამაღლა კისკისი დაიწყო.
.
.
-*-*-*-*-*-
ხატია დასვენებულად და შედარებით დაწყნარებულად გრძნობდა თავს, როცა ვახშმის შემდეგ თავისი ნომრიდან ცოტა ტანსაცმელი წამოიღო და ლიფტით სამეფო ნომრისაკენ გაემართა. საკუთარ ნომერში სიამოვნებით დარჩებოდა, მაგრამ სულაც არ სურდა, რომ მის მშობლებს რამეზე ეჭვი აეღოთ.
როცა ნომერს მიაღწია, კართან შეჩერდა და მიაყურადა. ალბათ ბაბლუანი ახლა ნომერში იქნებოდა ამოსული…
ჯერ იფიქრა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ აქ შეცდომა შეუძლებელი იყო. ნომრიდან რაღაც რომანტიული, საპაემნო მუსიკის ხმა გამოდიოდა.
„ასეთ მუსიკას უსმენს?“ მოიღუშა გოგონა და მხრები აიჩეჩა, მერე კი თამამად შეაღო კარი. უკეთესად იყო ახლა და უკან დახევას არ აპირებდა.
კარი შეაღო და მაშინვე გაოცებული შედგა ზღურბლზე.
საიდანღაც ოთახში წითელი სინათლე იფრქვეოდა, ყველგან ბუშტები ეკიდა: საწოლზე, ფარდებზე, ლამპების აბაჟურებზეც კი. ყველა კუთხეში ლარნაკებში ჩაწყობილი უამრავი ყვავილი იწონებდა თავს, საწოლზე ყვავილების ფურცლები მიმოებნიათ. და რომანტიული მუსიკა ყურისწამღებად ყიოდა.
მაგრამ ყველაზე საოცარი ალბათ ის იყო, რომ ლაშა-გიორგი ოთახში გახლდათ. ის ტელევიზორის უკან იყურებოდა, მერე კი ჭერისაკენ აიხედა, აშკარად გაწამებული სახით.
-არ ვიცი, რამ მოგაფიქრა რომ ასეთი რაღაცები მომწონს, მაგრამ… – წამოიწყო ხატიამ.
-რა? – ლაშა-გიორგიმ გაფართოებული თვალები მოაპყრო. – მე რა შუაში ვარ? მე მეგონა ეს შენ მოაწყვე!
-მე დებილი ხომ არ გგონივარ? – შეუტია ხატიამ და კარი ზურგს უკან მიკეტა. – გამორთე ეს მუსიკა, რა უბედურებაა! – ხმას აუწია მან.
-ვერ ვიპოვე, სად არის ჩართული, რომ გამოვრთო, ამის დედაც… – კბილებში გამოსცრა ლაშა-გიორგიმ. – ათი წუთია ვეძებ.
ხატია მიმოტრიალდა, კედლებს გაჰყვა, ტუალეტში შეიხედა, ბოლოს კი იატაკზე გაწვა, სანამ ლაშა-გიორგი გზააბნეული კრავივით დაბორიალებდა აქეთ-იქით. ბოლოს და ბოლოს კი ხატიამ საწოლთან შეერთებული ცენტრი იპოვა და წამსვე ამორთო წყაროდან.
-მადლობა ღმერთს… – აღმოხდა ლაშა-გიორგის და საწოლზე დაეშვა, წარბშეკრულმა დაიწყო ყვავილთა ფურცლებს იატაკზე გადმოყრა. – ასეთი კლიშე ოთახი ჯერ არ მინახავს. – თქვა მან და თვალები მოისრისა. – მტკივა, რომ ვუყურებ.
ხატიამ თვალები გადაატრიალა, თვითონაც ლოგინზე ჩამოჯდა.
-უეჭველი ის ქალი იყო. – ჩაილაპარაკა მან.
-ვინ ქალი? – მოუბრუნდა ლაშა-გიორგი.
-ვინ და ის, ორატორი. რომ ვერ იყო ცოტა. – წარბები ასწია გოგონამ, ბიჭს გადახედა.
ლაშა-გიორგის ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა, ოდნავ გაიღიმა და თვალები დახარა. ხატიამ თითქოს ახლა შეამჩნია მისი წამწამების სიგრძე და წარბების სიხშირე.
-რაც ეგ პრეზერვატივებზე გაჰყვიროდა, არ მიკვირს. – თქვა მან.
-დღეს ჩემთან მოვიდა. – თქვა გოგონამ. – დაიწყო ბავშვის ჩასახვაზე ლაპარაკი, ულამაზესი იქნებაო და ეგეთები. მერე ვუთხარი, ვჩხუბობთ მეთქი სულ თქო, მინდოდა ისიც მეთქვა, რომ წყვილი არ ვართ, მაგრამ არ მაცადა, ყველაფერს მოვაგვარებო. ახლა გასაგებია, როგორც უნდოდა მოხმარება. მერე გინდა თუ არა, ანანასს ამოგიტანთო.
ლაშა-გიორგის ჯერ ფხუკუნი, მერე კი ხარხარი წასკდა. ხატიას ჩაეღიმა, სიცილი ძლივს შეიკავა.
-ეს ყვავილები იცანი? – თქვა უცებ ხატიამ, როცა ოთახში მოყვავილე უამრავ ლარნაკს მოავლო თვალი.
-ჰო. იმ წითელი სახლიდან, საწყობად რომ იყო. – მიუგო ბიჭმა. ჯერ კიდევ იღიმებოდა.
-ლამაზებია. – თქვა ხატიამ და ჭერისაკენ აიხედა. – ახლა რა გავაკეთოთ? როდის გაქრება ნეტავ ეს სინათლე…
-ამოსართავი არ მოქმედებს. – მხრები აიჩეჩა ლაშა-გიორგიმ. მერე კი გადმოხედა, ორიოდე წამი თვალებში ჩააშტერდა. – გარეთ გავალ. – თქვა ბოლოს და წამოდგა, აივნისაკენ გაემართა, კარი დაკეტა ზურგს უკან.
ხატია ცოტა ხანი გაუნძრევლად იჯდა. მერე კი რაღაცამ წამოუარა.
ფეხზე წამოიჭრა და თვითონაც გავარდა აივნისაკენ.
-შენ ხომ არ ეწევი? – იკითხა მან, როცა აივანზე გააბიჯა და კარი მოიხურა. გარეთ ციოდა, გოგონამ ჟაკეტი მაგრად შემოიხვია ტანზე.
ლაშა-გიორგიმ გაკვირვებით გადმოხედა.
-არა. – მოუჭრა მან. – გინახავს, რომ ვეწევი?
-არა. – მიუგო გოგონამ. – მაინტერესებდა უბრალოდ.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. აივნის კარი დაბურული მინის იყო და ცოტაოდენი წითელი სინათლე გამოდიოდა გარეთ.
-თმაზე თითქოს ცეცხლი გიკიდია. – თქვა უცებ ლაშა-გიორგიმ. ხატიას ყბა მოეგრიხა, მაგრამ არაფერი უთქვამს. თავი ამაყად შეიბერტყა.
-ცოტა ხანი გაჩუმდი. – თქვა მან. – ძლივს გადაიწმინდა ცა. ვუყუროთ.
ლაშა-გიორგი გაჩუმდა, ცას უყურებდა.
ღრუბლები აღარ ჩანდნენ, მხოლოდ რამდენიმე ნაგლეჯი დაცურავდა აქეთ-იქით.
უამრავი ვარსკვლავი დაჰნათოდათ ზემოდან, ისინი კი იდგნენ.
.
.
.
-*-*-*-*-*-11
იქამდე იდგნენ აივანზე, სანამ ხატიას ყველაფერი არ მოეყინა. გარეთ ციოდა, ნელ-ნელა ღრუბლები იწევდნენ მთების იქედან, და გარემო ჩამობნელდა. კანტიკუნტად გამოჩენილი ვარსკვლავები და მათ ზურგსუკან, კარიდან მომავალი წითელი სინათლე ანათებდნენ იქაურობას მხოლოდ.
-შევიდეთ. – თქვა ბოლოს ხატიამ. – ძალიან აცივდა.
პასუხს არ დალოდებია, ისე შებრუნდა და ოთახში შეაბიჯა. ჯერ კიდევ წითელი სინათლე მოჰფენოდა მათ ნომერს, წითელი სახლიდან მოტანილი ყვავილები ჯერ კიდევ ყვაოდნენ კუთხეებში, მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ოთახის ცენტრში, ლოგინის წინ ბორბლებზე შემდგარი მაგიდა გაეშალათ, რომელზეც საჭმელი და ყინულში ჩადებული შამპანურის ბოთლი იდო.
-ეს რა არის? – იკითხა ლაშა-გიორგის ხმამ, და ხატიამ გაიგონა, თუ როგორ მოკეტა მან აივნის კარი.
-ვერ ხედავ? საჭმელი და სასმელი ამოგვიტანეს. – ხატია მოიღუშა, როცა მარწყვსა და სხვადასხვა დელიკატესებს ჰკიდა თვალი. – როდის მოახერხეს? ვერაფერი გავიგონე.
-გასაღები აქვთ, შემოიპარებოდნენ და გავიდოდნენ, რა გასაკვირია… – დაიფრუტუნა ლაშა-გიორგიმ და მაგიდას მიუახლოვდა, ერთი მარწყვი აიღო და წამსვე პირისაკენ გააქანა. – შამპანურს გავხსნი და დავლევ. – ჩაილაპარაკა ბოლოს.
-რაო? – თვალები გადმოკარკლა ხატიამ. – ახლა? დათრობას აპირებ?
ლაშა-გიორგიმ გაბეზრებული გამომეტყველებით ამოიხედა, თვალებში დააშტერდა. ხატიას სუნთქვა გაეჭედა ყელში. ბიჭი ცოტა ხანი უყურებდა, არცერთს სიტყვა არ დაუძრავს. ბოლოს ლაშა-გიორგიმ თვალი აარიდა, ყელი ხველებით ჩაიწმინდა და ლოგინზე ჩამოჯდა შამპანურის ბოთლით ხელში.
-ამაზე უკეთესი მომენტი დასალევად არ არსებობს. – თქვა მან და სწრაფად შემოაცალა ქაღალდი, მერე კი მავთულის სახურის მოხსნა დაიწყო. – შენ თუ არ გსიამოვნებს, შეგიძლია ტუალეტში გაათიო ღამე.
ხატია აიფოფრა.
-არავითარ შემთხვევაში! – წამოიწია ის. – უბრალოდ არ ვიცოდი, რომ ლოთი იყავი. არსადაც არ ვაპირებ წასვლას, ვინმემ ხომ უნდა გაგაკონტროლოს?
ლაშა-გიორგიმ ცალყბად გაიღიმა და ბოთლიდან კორპის საცობი ხმამაღალი ბათქით ამოაძრო.
-როგორც გინდა. – მხრები აიჩეჩა მან. – სიამოვნებით ჩაგკეტავდი ტუალეტში, მაგრამ რას ვიზამ, ყვირილით ყურებს ჩამომიღებდი.
ხატიამ თვალები გადაატრიალა და მის გვერდით დაებერტყა ლოგინზე, მერე კი აგრესიულად ეცა მარწყვებს. ბრაზიანად ღეჭავდა, თან იჭვნეულ მზერას არ აცილებდა მის მეტოქეს, რომელმაც სასმელი ჩამოისხა ჭიქაში და ახლა თავის გემოზე ყლურწავდა.
-შენ დათრობას ხომ არ აპირებ? – ჩაეკითხა გოგონა, როცა ლაშა-გიორგიმ გამოცალა სასმელი და კიდევ ერთი ჭიქა ჩამოისხა. – იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რომ აყროლებულ მთვრალთან ვიჯდე მთელი ღამე და მერე დილით გუნდრუკი გიკმიო.
ლაშა-გიორგის სიცილი წასკდა, კინაღამ ცხვირიდან გადმოუშვა შამპანური.
-გუნ… გუნდრუკი მიკმიო? – ამოიხროტინა მან. – მაგას ვინ ამბობს საერთოდ?
-ვინ და მე. – წარბები შეკრა ხატიამ. – მე ნაკითხი ვარ.
-თუ ნაკითხი ხარ, ისიც უნდა იცოდე, რომ მაგას არავინ ამბობს. – წარბები ასწია ბიჭმა და შამპანური მოსვა. – რა რეზინასავით ხარ დაჭიმული ერთი, მოდი, დალიე ცოტა. მოეშვი.
-არავითარ შემთხვევაში! – თავი გააქნია ხატიამ. – გინდა რომ დამათრო? არ გამოგივა. იცი საერთოდ, რომ ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმლის გადამუშავებას ღვიძლი ერთი კვირა უნდება? პლუს, შენ ვინღა მოგხედავს მერე?
ლაშა-გიორგი წარბებაწეული მიაჩერდა.
-შენ რა, გინდა რომ მომხედო? – იკითხა მან.
ხატია წამიერად შეყოვნდა, თვალები დაახამხამა. ახლაღა გააცნობიერა, თუ რა გამოექცა პირიდან. „ეს რა ჯანდაბა წამოვროშე?“ გაიფიქრა შეძრწუნებულმა. „უნდა დავფიქრდე და ისე უნდა ვილაპარაკო… ხატია, გამოფხიზლდი!“ შეუძახა მან საკუთარ თავს.
-რასაკვირველია. – ფრთხილად დაიწყო მან და გაოცებისაგან წარბებაწეულ ბიჭს სერიოზულად გადახედა. – შენ ხომ მითხარი, რომ შენს ვალში ვარ? რამენაირად ხომ უნდა გადავიხადო… ჰოდა ვრჩები, ვინიცობაა საკუთარ ნარწყევში გაიგუდო.
-რა გაქნილი ვინმე ხარ. – ეშმაკურად გაიღიმა ლაშა-გიორგიმ. – როგორ ნიღბავ ყველაფერს, არადა სიმართლე სახეზე გაწერია.
-რა მაწერია? – წარბები შეკრა გოგონამ.
-ის, რომ ზუსტად ის თქვი, რაც უნდა გეთქვა. – ცალყბად გაუღიმა ლაშა-გიორგიმ და ისე მოსვა შამპანური, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია. – გინდა რომ მომხედო. გინდა, რომ ჩემთან დარჩე.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ, ნეტავი საკუთარ თავს უსმენდე. – ზიზღით გადმოაფურთხა სიტყვები ხატიამ და ბიჭს ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა. – მომეცი აქ! ყურები ამეწვა რა… ცოტაც და ჩამომადნება, აი! მასეთი შტერობები აღარ გამაგონო, თორემ დავყრუვდები… – მან სასწრაფოდ ჩამოასხა ცარიელ ბოკალში სასმელი და მოსვა. – შენთან დარჩენა არა ის… – წაიბურტყუნა თავისთვის.
-როგორ, მეუბნები რომ ეს ატმოსფერო შენზე არ მოქმედებს? – გაუღიმა ლაშა-გიორგიმ და ხატიამ თავი ვერ შეიკავა, ფხუკუნი აუტყდა.
-ჰოოო, აბა რა… – ჭერისაკენ აიხედა მან. – წითელ სინათლეს როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ადამიანმა, პირდაპირ არ ვიცი.
ბიჭს ჩაეცინა, ბოთლი ჩამოართვა ხატიას და თავისი ჭიქა შეივსო.
ორივენი გაჩუმდნენ, მხოლოდ დროდადრო ჭიქებისა და ბოთლის ჭახანის, და ყლურწვის ხმები ისმოდა.
შამპანურის ბოთლი ისე დაიცალა, რომ ვერ შეამჩნიეს. ხატიას მზერა სასიამოვნოდ ტრიალებდა, ოთახში სითბო იდგა და წითელი სინათლეც აღარ იყო მთლად აუტანელი. მუცელში სასიამოვნო ჩხვლეტა უვლიდა და ვერაფერი შემაწუხებელი ვერ ეპოვა ამ სიტუაციის შესახებ.
-ნეტავ მუსიკა იყოს. – წაიზუზუნა მან და ფეხზე წამოდგა, აქეთ-იქით დაირწა.
-შენ რა, ის მყივანა სიშტერეს ხომ არ გინდა, რომ მოუსმინო? – ჩაეკითხა თვალებდაწითლებული ლაშა-გიორგი, რომელიც ბოლო ჭიქა შამპანურს სვამდა.
-ნებისმიერი მაწყობს ახლა მე. – მიუგო გოგონამ საპასუხოდ და ღიღინი დაიწყო, აქეთ-იქით მოძრაობდა, ხელებს აქანავებდა.
-რა ჯანდაბა გჭირს? – სიცილი აუტყდა ლაშა-გიორგის. – კრუნჩხვებიან მაიმუნს გავხარ.
ხატია აიფოფრა, წამსვე დაუბღვირა.
-კრუნჩხვებიანი მაიმუნები შენსკენ მოიკითხე. – ცხვირი ასწია მან. – ასეთ შედარებებს სად ნახულობ?
-შამპანურში. – წარბები ასწია ლაშა-გიორგიმ და ისევ მოსვა სასმელი.
ხატია გაუნძრევლად იდგა და უყურებდა. არ იცოდა, ეს გათბობის ბრალი იყო თუ ოთახის წითელი სინათლის, მაგრამ თითქოს სხეულზე ცეცხლი მოეკიდა.
-მცხელა. – განაცხადა მან და ისე, რომ არც კი უფიქრია, სვიტერი გადაიძრო. შიგნით მხოლოდ პატარა მაისური ეცვა. ლაშა-გიორგი წარბებაწეული მიაშტერდა.
-ანუ ვიხდით? – იჭვნეულად იკითხა მან და საპასუხოდ თვითონაც წაიძრო სვიტრი. ღრმად ამოჭრილი, უმკლავებო მაისური ეცვა და ხატია თვალებმოჭუტული დააშტერდა.
-ვიხდით არა ისა. – მიახალა მან და საწოლზე ჩამოჯდა. – უბრალოდ დამცხა და ამიტომ გავიძრე. ეს შარვლის გახდის უფლებას არ გაძლევს.
-არც საცვლის? – მოიღუშა ლაშა-გიორგი და ხატიამ ხმამაღალი სიცილი ატეხა.
-თავი მტკივა, ნუ ჭიხვინებ. – უკმაყოფილოდ მოიღუშა მისი მეტოქე.
ხატიამ სიცილი შეწყვიტა, ხმაური თვითონაც სტკენდა თავს, მაგრამ ამას ლაშა-გიორგის წინ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდა.
-შამპანური აღარ არის? – წაილუღლუღა მან და ლოგინზე გადაწვა. – ნახე, ნახე, ყვავილებში ვცურავ… – წაიკისკისა მან და ხელები გააქნია, ყვავილების ფურცლები სასიამოვნოდ მოიჭმუჭნენ მისი კიდურების ქვეშ.
-აღარ არის, აღარ… – ლაშა-გიორგიმ ფაქტიურად გამოლოკა ჭიქა და გაბრაზებული დაჰყურებდა ზედ. – რაღა ახლა გათავდი, შენი…
-აუ, მოდი, ყვავილებში იცურავე, რა… – მუხლი გაჰკრა ხატიამ.
-აუ, მოდი, ყვავილებში იცურავე… – მაღალი ხმით გასცინა ლაშა-გიორგიმ და მისკენ მოტრიალდა. – რა მთვრალი ხარ… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან.
-არ ვარ მთვრალი. – მოიღუშა ხატია, მერე კი ხელი გაიწვდინა, ლაშა-გიორგის სახელოში ჩაავლო და ნაზად მოქაჩა. – მოდი აქ. სახეზე უნდა შემოგხედო.
ლაშა-გიორგის ისტერიული სიცილი აუტყდა, რომელიც სლოკინში გადაეზარდა. ხატია მოიღუშა. ძალიან უნდოდა, რომ მისი სახე ახლოდან ენახა, ამიტომ უფრო მაგრად მოქაჩა. კიდევ ერთხელ უნდა ენახა. იქნებ სულაც არ იყო ეს ბიჭი სიმპათიური? იქნებ უბრალოდ მოეჩვენა, და ეს რამდენიმე დღე ილუზიით ტვინგამოტენილი დადიოდა? აუცილებლად უნდა შეემოწმებინა, თან ახლავე.
-კარგი, კარგი, ნუ მექაჩები ოღონდ. – თქვა ბიჭმა და მისკენ გადმოიწია, მისი თავის გვერდზე დააბჯინა მკლავი და სახე ახლოს მოუტანა.
-ასე? – იკითხა მან და ხატიამ თავი დააქნია, მერე კი თვალები მოჭუტა, უაღრესი სერიოზულობით დააკვირდა.
-რას აკეთებ? – სიცილით ჰკითხა ბიჭმა.
-ვიმედოვნებ, რომ ილუზიას მოვიშორებ თავიდან. – განაცხადა გოგონამ და თავი გვერდზე გადასწია. – გაჩერდი ახლა, ვერ გაკვირდები.
-რა ილუზიას? – წარბი ასწია ლაშა-გიორგიმ.
-რა ილუზიას და იმას! წარმოუდგენელია რომ შენ სიმპათიური იყო! არ შეიძლება! – ატყდა ხატია და უფრო დაჟინებით დააკვირდა, სანამ ლაშა-გიორგი, რაღაც სასწაულის წყალობით, ჩაჩუმდა. სუსტად მოკიაფე წითელ სინათლეში ძნელი იყო რამის გარჩევა, მითუმეტეს, როცა ყველაფერი ნაზად ირწეოდა, მაგრამ მაინც გასაგები იყო ის, რომ ლაშა-გიორგის ყბის მოხაზულობა, თვალის ჭრილი, გრძელი წამწამები და სავსე ტუჩები მაინც ისეთი რჩებოდა, როგორიც სინამდვილეში იყო.
-აბა რას იტყვი? – იკითხა ბიჭმა. – მოიშორე ილუზიები თუ ვერა?
-ჯერ ვერა. – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – ეგ არაფერი. მალე მოვიშორებ. აი ნახავ.
-რატომ? – თქვა ლაშა-გიორგიმ. – მე არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ლამაზი ხარ.
ხატია განცვიფრებული მიაშტერდა. თავის არეულ გონებაშიც კი ხვდებოდა, რომ ეს რაღაც ძალიან უცნაური იყო. ეპითეტი „ლამაზი“ მხოლოდ საკუთარი ოჯახისაგან გაეგონა, დედამისი სულ ამას უჩიჩინებდა, მამაც იგივეს ამბობდა. მისი ძმა კი სულ მახინჯ ძროხას ეძახდა.
-მე? ლამაზი? – გაიმეორა გაოცებულმა. იცოდა, რომ სკოლაში არ მოსწონდათ. იგნორანტი არ გახლდათ, ყველაფერს ისე იღებდა, როგორც სინამდვილეში იყო, და მისი სკოლელების სკეპტიკური შეხედულება მისდამი აშკარა იყო. არ მოსწონდათ მისი პირდაპირი და უხეში ხასიათი, მისი წესების დაცვის მიდრეკილი პერსონა და ხმამაღალი აზრები.
-ჰო. ხარ. – ლაშა-გიორგიმ გაიღიმა და ხატია ახლა მიხვდა, თუ რა მთვრალი იყო ის. ნასვამი მაინც, ლოყები ოდნავ შეფერადებოდა და თვალები დაბინდოდა. – ეს… წითელი თმა გაქვს. – მან თავისუფალი ხელი გადაუსვა თავზე. – ასეთი წითელი თმა სხვაზე არ მინახავს. გრძელი და… ჩამოშლილი რომ დავინახე, წამსვე გავიფიქრე, რომ თავზე ალი გეკიდა. და ლურჯი თვალები გაქვს. და ჭორფლი.
-რა მთვრალი ხარ. – წაილუღლუღა ხატიამ. – ნეტავ იცოდე რაზე მელაპარაკები.
-ვიცი. – ჩაიბურტყუნა ბიჭმა. – ვიცი რაზეც გელაპარაკები. რაზეც ვფიქრობ, იმაზე გელაპარაკები.
და ხატიამ მართლა შეხედა მას. არ იცოდა, ეს მოჩვენება იყო, თუ სასმლის მიერ გამოწვეული ჰალუცინაცია, თუ თავისი სურვილის მიერ შექმნილი ილუზია, მაგრამ დაინახა მისი მეტოქის უჩვეულოდ თბილ თვალებში მცურავი ემოცია.
ამიტომ, თვითონაც არ იცოდა, თუ რამ უკარნახა, მაგრამ აიწია და ლაშა-გიორგის კისერზე მკლავი მოხვია, მერე კი სწრაფად აკოცა ტუჩებში.
ლაშა-გიორგის თვალები გაუფართოვდა. ხატიას პირველად ენახა ასეთი განცვიფრებული, თითქმის ბავშვური გამომეტყველება მის სახეზე. ძალაუნებურად გაეცინა.
ლაშა-გიორგიმ პირი დააღო, მერე კი დახურა. ისევ დააღო, თითქოს ძალიან ცდილობდა რაღაცის ამოთქმას.
-სისულელეებზე არ დამიწყო ლაპარაკი. – არ აცადა ხატიამ და მისკენ მოიზიდა. ბიჭი დაჰყვა, სახე მის ყელში ჩარგო და მკერდით გულმკერდზე დააწვა.
ხატია თმაზე მოეფერა. ლაშა-გიორგი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ ეს ახლა არ აწუხებდა.
-მოდი, დავიძინოთ. – წაიჩურჩულა მან. თავი დაუმძიმდა, სხეული თითქოს ჩაუდნა საწოლში. თავზე ნაზად უსვამდა ხელს და თითებს ლაშა-გიორგის რბილ თმაში ხლართავდა. წამიერად ისიც კი მისწვდა მის გონებას, თუ რა შამპუნს ხმარობდა მისი მეტოქე.
ლაშა-გიორგიმ ხელი გააცურა, სხეულზე მოხვია და ისე, რომ მისი ყელიდან თავი არ აუწევია, ლოგინზე აათრია, ისე რომ ხატიამ ბალიშზე დადო თავი. გვერდით მიუწვა და კმაყოფილი სუნთქვა ამოუშვა.
ხატიამ იცოდა. იცოდა, რომ ამას ინანებდა დილით, მაგრამ ახლა ზედმეტად კომფორტულად იყო იმისათვის, რომ ისეთი სულელური რამ გაეკეთებინა, როგორიც განძრევა იყო. პლუს, ლაშა-გიორგის ურბილესი თმა ჰქონდა ამ ქვეყანაზე. გოგონას ცოტათი შურდა კიდეც.
-შენ თუ ხვდები ახლა, რა გააკეთე… – წაილუღლუღა ლაშა-გიორგიმ. უცნაურად მიბნედილი ხმა ჰქონდა.
-რა გავაკეთე? – ჩაიბურტყუნა ხატიამ. ამის თავი არ ჰქონდა. თვალებს ვეღარ ახელდა თითქმის და დაძინების მეტი არაფერი სურდა. ლაშა-გიორგი კი, როგორც ყოველთვის აფუჭებდა საქმეს.
-რა გააკეთე და გამომიწვიე. – თქვა ბიჭმა და უფრო მაგრად მოხვია მკლავი ზურგზე. – ეგ არ უნდა გექნა.
-მოკეტე და მომასვენე. – მიუგო გოგონამ საპასუხოდ. ბიჭმა ჩაიცინა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-შენ მართლა ფიქრობ, რომ სიმპათიური ვარ? – იკითხა უცებ ლაშა-გიორგიმ და ხატია თვალებს გადაატრიალებდა, ასეთი უცნაური კითხვა რომ არ ყოფილიყო. – როდის მიხვდი?
-ახლახანს. – მიუგო გოგონამ. – კალათბურთს რომ თამაშობდი, მაშინ. იქამდე ეგეთი რამ ვერც კი წარმომედგინა.
ლაშა-გიორგიმ ჩუმად დაიწყო სიცილი.
-რა მიამიტი ხარ. – თქვა მან. – ვერც კი წარმომედგინაო.
ხატია მოიღუშა, მაგრამ აღარაფერი უთვამს. მისი მეტოქეც ჩაჩუმდა, მალე წითელი სინათლეც ჩანავლდა, სანამ ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი სინათლე ანათებდა.
ისინი კი ძილს მიეცნენ.
.
.
-*-*-*-*-*-
ხატიას რომ გამოეღვიძა, თავი უსიამოვნოდ უბჟუოდა და მზის მჭრელი სინათლე პირდაპირ სახეში უჭყიტინებდა. ვიღაცა კი პირდაპირ შუბლზე ასუნთქავდა ცხელ ჰაერს.
პლუს, ამ ვიღაცის მძიმე მკლავი გადაგდებოდა წელზე.
ხატიამ ძლივს წამოსწია თავი, თვალები დაახამხამა. პირში თითქოს ტონა ბამბა ედო, ყელი ჩაიწმინდა, და ხველება აუტყდა. სასწრაფოდ მოიფშვნიტა თვალები და ზანტად მიმოიხედა.
მისდა თავზარდასაცემად, ლაშა-გიორგის გვერდით იწვა. გვერდით, თან ნახევრად მასზე.
ბიჭს თავქვეშ ამოედო ცალი მკლავი, თავი უკან გადაეწია და პირდაღებულს ეძინა. მაისური წელზე ასწეოდა და მუცელი უჩანდა. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე ცუდი, რადგან ხატიას მაისურიც აჩოჩებულიყო პირდაპირ მისი ბიუსტჰალტერის ქვეშ.
ცუდი ამბები აქ არ თავდებოდა.
ხატიას უყვარდა გვერდზე ძილი, ცალი მოკეცილი ფეხით. ყველაზე კომფოტული პოზა ეს იყო, მისი აზრით. ახლა კი საკუთარ თავს წყევლიდა, რადგან, როგორც ჩანდა, ამ ღამესაც არ მიეტოვებინა თავისი ჩვევა და მისი მარცხენა ფეხი ლაშა-გიორგის თეძოზე იყო შემოხვეული.
„აი ახლა დამეცეს მეხი. აი ახლა დამეცეს მეხი. აი ახლა დამეცეს მეხი…“ დაიწყო მანტრა ხატიამ გონებაში. „აი ახლა, აი ახლა, აი ახლა…“
მერე კი კარი ხმამაღალი ბრახუნით შეამოაღეს, რასაც წივილი მოჰყვა.
-აი! აი! ხომ ვთქვი იმოქმედებს მეთქი, დავით! შენ კი არ მიჯერებდი! ხედავ? ხედავ? გვრიტებს ერთი ხელის კვრა უნდოდათ მხოლოდ! – გაისმა ორატორის ჭყავილი.
„…და მეხი დამეცა.“ გაიფიქრა ხატიამ და წამოწევა სცადა. ლაშა-გიორგის გამოღვიძებოდა და ნელ-ნელა მოდიოდა აზრზე. იქამდე უნდა გაქცეულიყო აქედან, სანამ ჭკუას მოუხმობდა და დღავილს დაიწყებდა.
მის უკან ქალი ისევ თავისას მიერეკებოდა.
-ვიცოდი, რომ ის სიმღერა გაჭრიდა! და წითელ სინათლეზე უკეთესად ატმოსფეროს არაფერი ქმნის! უი თქვე საყვარლებო! შარვლების ჩაცმა როდის მოასწარით? ანიკო, ხედავ, სიყვარულო? ყველაფერი რიგზეა!
ხატიამ თავი მოატრიალა, სახეზე ცეცხლი ეკიდა.
და კიდევ ერთხელ ინატრა მეხის, ოღონდ ამჯერად ნამდვილი მეხის დაცემა. პლუს, თუ მიწაც გაიხსნებოდა და თან ჩაიტანდა, არ იქნებოდა ცუდი.
ქალის ამალასთან ერთად, ანანო იდგა და ტუჩებმოპრუწული, თვალებდაჭყეტილი იყურებოდა.
-ანანო. – ძლივს ამოიკნავლა ხატიამ. – ეს… ეს…
-გააჩუმე, რა, ესენი. – წაიბუზღუნა ლაშა-გიორგიმ და მისკენ წამოიწია, თავი მის მკერდზე ჩარგო და მაგრად მოხვია წელზე მკლავი. – თავი მისკდება.
-ახლავე ხელი გამიშვი. – დაუსისინა ხატიამ და მაგრად დაარტყა მუშტი ზურგზე, მერე კი, სანამ ლაშა-გიორგიმ ტკივილისაგან დაიგმინა და ზურგზე გადაგორდა, სასწრაფოდ გადმოხტა საწოლიდან.
-ახლავე წავედით. – დაუჩურჩულა მან ჯერ კიდევ ადგილზე მილურსმულ, გახევებულ ანანოს, მაჯაში ხელი ჩაავლო და ლიფტისაკენ წაათრია. უკნიდან ისევ ისმოდა ორატორი ქალის დაუშრეტი ენთუზიაზმით აღსავსე ლიტანიები.
-რა საყვარლობა ბავშვია, როგორ შერცხვა! უი მაგას ვენაცვალე! გუშინ როგორ ნერვიულობდა, ვჩხუბობთო! ხომ მოაგვარეთ, სიხარულო? იფ, იფ! რა არის ისე, საბანიც კი არ გადაგიძვრიათ! ასე ძალიან ვერ მოითმინეთ! ოჰ, ეს ახალგაზრდული ლიბიდო!
-ამ ქალს მოვახრჩობ. – კბილებში გამოსცრა ხატიამ. – მოვგუდავ…
-რატომ, რომ მართალია, იმიტომ? – ძლივს ხმა ამოიღო ანანომ. ის წარბაწეული მიშტერებოდა.
ხატიამ თითი კინაღამ მოიტეხა, ისეთი ძალით მიაჭირა ლიფტის ღილაკს, მერე კი ანანოს მოუბრუნდა, გამშრალი.
-რა მართალი! – ატყდა ის. -შამპანური შემოგვიგზავნა ნომერში! ნერვებმოთხრილი ვიყავი და დავლიეთ ორივემ, სულ ესაა! მეტი არაფერი! დამპალი ქალი!
-მეტი არაფერი? – ჩაეკითხა ანანო. – სულ არაფერი?
ხატიამ პირი დააღო, რომ უარეყო ყველაფერი, რასაც ანანო იტყოდა და მეტიც, მაგრამ შეყოყმანდა.
გაახსენდა.
ნაზი კოცნა, რომელიც თვითონ მიაწება ლაშა-გიორგის ტუჩებს.
„მეხი დამეცეს. მეხი დამეცეს, მეხი დამეცეს, მეხი, მეხი მეხი….“
-ხატია! – შეაჯანჯღარა ანანომ. – რა დაგემართა? რა მეხი?
ხატია გამოერკვა. პირი სასწრაფოდ დახურა. ახლა ფიქრებსაც კი ლაპარაკობდა. რა ჯანდაბა იყო მის თავს? რა უნდა გაეკეთებინა, რომ ეს აბსოლუტური აურზაური კონტროლში მოეყვანა?
-რა მეხი და ის მეხი, რომ უნდა დამეცეს და გამაცამტვეროს. – კბილებში გამოსცრა მან.
-რატომ? – ჩააშტერდა ანანო. – მოხდა რამე? – ანანომ ოთახისკენ გაიხედა, საიდანაც ჯერ კიდევ ისმოდა ორატორი ქალის წივილი.
-არ ვიცი რა მოხდა. – ჩაიბურტყუნა ხატიამ და სახეზე ხელები აიფარა. – ვერ წარმომიდგენია პირდაპირ.
-ხატია… – დაიწყო ანანომ, მაგრამ ხატიამ ვეღარ მოითმინა.
-მგონი ლაშა-გიორგის ვაკოცე. – წამოისროლა მან და წამსვე პირზე მოიჭირა ხელები.
ანანოს საცერისოდენა გაუხდა თვალები.
-რა ქენი?! – დაიწივლა მან. – აბა ვერ ვიტანო?
-ჩუმად! – დაუსისინა ხატიამ და ოთახისაკენ გაიხედა. იქნებ არ ახსოვდა ლაშა-გიორგის… მასზე მეტი დალია წინა საღამოს. სულაც არ უნდა რომ გაეგონა და რაღაც საშინელი ბედის ირონიის სახით გახსენებოდა ეს საშინელი ინციდენტი.
გაიხედა და გული კინაღამ კოჭებში ჩაუვარდა.
ლაშა-გიორგიმ ორატორი ქალი გვერდზე გასწია და ამალა გამოარღვია, ხატიას შეხედა და მისკენ გამოიმართა, მოღუშული.
-მოიცა… მოიცა… – ანანო უაღრესად შეწუხებული ჩანდა. – არ მჯერა. დარწმუნებული ხარ?
-ჰო, ჰო… – არც კი მიაქცია ბიძაშვილის შოკს ყურადღება ხატიამ, თვალმოუშორებლად უყურებდა ლაშა-გიორგის, თან ლიფტის ღილაკს გამწარებული აჭერდა თითს, თან გონებაში ცხრასართულიან წყევლას უგზავნიდა ამ ლიფტის გამკეთებელს.
-რა ქენი?! – ისევ დაიწივლა ანანომ, მაგრამ სანამ ხატია რამის თქმას მოახერხებდა, ლაშა-გიორგიმ მათამდე მოაღწია და გოგონას შესაძრწუნებლად, მხრებზე მოხვია მკლავი.
-მე და ჩემს შეყვარებულს ცოტა ხანი მარტო რომ გვინდა რომ ვიყოთ. – ხმამაღლა განუცხადა მან ორატორ ქალსა და მის აურაცხელ ამალას, რომლებიც მიზანდასახული გამომეტყველებებით მოკუსკუსებდნენ მათკენ.
-შენ და შენს ვის?! – ატყდა ანანო.
-უი, რასაკვირველია! – შეიცხადა ორატორმა. – გვრიტებო თქვენ! საყვარლებო! როგორ მიყვარს ხალხს რომ ვეხმარები, მით უმეტეს ლამაზ გვრიტებს სიყვარულის ამბებში! არა, აკაკი? ირაკლი, არ მეთანხმები?
ლიფტის კარი გაიღო და ხატიას არასოდეს არაფერი გახარებოდა ისე, როგორც ლიფტის კაბინის გამოჩენა. ლაშა-გიორგიმ სასწრაფოდ შეათრია შიგნით, უკან მიბნედილი ანანო მიჰყვათ.
კარი, ბოლოს და ბოლოს, დაიკეტა და ქვემოთ დაეშვნენ.
-ხელი გამიშვი. – მეტოქის მკლავი სწრაფი მოძრაობით მოიშორა ხატიამ და განზე გადგა. -რა სისულელე წამოროშე…
-რომ არ მეთქვა, არ მოგვეშვებოდა! – საპასუხოდ მიუგო ლაშა-გიორგიმ. – მაგ ქალს მხოლოდ ის ესმის, რაც უნდა რომ ესმოდეს. ეჭვი გეპარება?
ხატიამ ყბა წამოსწია, ბრაზისაგან გაიბერა. ანანო გაშტერებული მისჩერებოდა ხან ერთს, ხან მეორეს.
-ანუ შეყვარებულები არ ხართ? – იკითხა მან.
-არა. – მიუგო ხატიამ. -რასაკვირველია არა!
-ანუ არც გიკოცნია? – იჭვნეულად ჩაეკითხა ანანო.
ხატია ფიცარივით გაშეშდა, იგრძნო, როგორ გაუფითრდა სახე. თვალი ლაშა-გიორგისაკენ გააპარა, რომელიც გახევებული იდგა და სახეზე არაფერი ეწერა.
-როგორ არა. – თქვა მან უცებ. – მაკოცა და მოეწონა კიდეც.
ხატიამ სახეზე ხელები აიფარა, ლიფტის კუთხეში ჩაჯდა და ღმუილი ამოუშვა.
-მგონი ჩემი ბიძაშვილი გატეხე. – თქვა ანანომ. – შეხედე, მგონი გააფრინა. პირველად ვხედავ ასეთს.
ლაშა-გიორგის ხმა არ გაუღია.
-ვაი, რა გეშველებათ. – თქვა ანანომ.
ხატიას აზრით, მათი სიტუაციისათვის უკეთეს აღწერას ვერაფრით მოიფიქრებდა. აბსოლუტურ აურზაურად ეჩვენებოდა ამ წუთას ყველაფერი.
ამიტომაც განაგრძო ღმუილი კუთხეში.
.
.
.
-*-*-*-*-*-*-12
ხატია მხოლოდ მაშინ გასწორდა, როცა ლიფტის კარი გაიღო და ანანომ მკლავში ხელი მოავლო, რომ წამოეყენებინა. გოგონამ ბინძური მზერა სტყორცნა ლაშა-გიორგის, რომელსაც მკლავები გადაეჯვარედინებინა და ისე იდგა, რომ ვითომ აქაც არაფერიო.
-ხატია? – მოესმა უცებ და შეხტა, სასწრაფოდ მოაბრუნა თავი დერეფნისაკენ, და წამსვე ენა ჩაუვარდა.
რატი იდგა, მოღუშული, რომელიც ჯერ მას შემოჰყურებდა, მერე კი ლაშა-გიორგისაკენ გადაატრიალა ეჭვით აღსავსე თვალები.
ხატიამ ჯერ იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რას აკეთებდა აქ მისი ძმა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები დაატყდა თავზე.
ახლაღა გაახსენდა, რომ ერთიანად გაბურძგნული, ნამძინარევი, გუშინდელი დღის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ფეხშიშველი იდგა, თან თხელი, გამჭირვალე მაისური ეცვა მხოლოდ ბიუსტჰალტერზე. ლაშა-გიორგი კიდევ მასზე უკეთესად არ გამოიყურებოდა.
ნამდვილი კატასტროფა იყო ეს. აბსოლუტური კატასტროფა.
მის მშობლებს რამენაირად აუხსნიდა მაინც, აუცილებლად გაუგებდნენ. აი რატი კი სულ სხვა კატეგორია იყო. ბავშვობიდან ჩხუბისთავი გახლდათ, თავქარიანი და ცოტა უტვინოც, შეუსმენელი იყო, ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებდა. მის ძმას ბევრი კარგი მხარე ჰქონდა, მაგრამ ამდენივე აუტანელი მხარეც. ბევრი რამ მისგან გადმოიღო ხატიამ, ამიტომ იყო ალბათ თვითონაც ასეთი შეუპოვარი და ჯიუტი.
ერთხელ რატიმ მისი სამი კლასელი იმიტომ სცემა, რომ მათ ხატია მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გაწუწეს.
ამიტომ, აქ ტრაგედია რომ არ დატრიალებულიყო და რატის რამე კოლოსალური სისულელე რომ არ მოსვლოდა თავში, საჭირო იყო სიტუაციის განეიტრალება, თანაც სასწრაფოდ.
-ხატია, რას აკეთებ… – წამოიწყო რატიმ.
-რატუშ! – გაიბადრა ხატია და უკვე გონებაში ვედრება დაიწყო იმისათვის, რომ მის ძმას ერთი ამბავი არ აეტეხა. თან სასწრაფოდ მიირბინა ძმასთან და მაგრად ჩაეხუტა. – რატუნა, ჩემო რატიკო! როდის ჩამოხვედი? – თქვა მან, თან სასწრაფოდ მოიხედა უკან.
ანანო და ლაშა-გიორგი გაუნძრევლად და უხმოდ იდგნენ. ანანოს თვალებდაჭყეტილი იდგა, აშკარად ვერ გადაეწყვიტა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, ლაშა-გიორგის კი სახე ერთიანად გაქვავებოდა, რატის დაჰყურებდა დაჟინებით.
-ეს ვინღაა? – იკითხა მან უცებ და რატიმ წარბები აზიდა, ხატია გვერდზე გასწია, მისი პროტესტების მიუხედავად.
-შენ ვინ ხარ? – მიუგო მან საპასუხოდ და ანანოს გადახედა, წამიერად გაუღიმა. ანანომ საპასუხოდ გაუღიმა, მაგრამ ღიმილი აშკარად ხელოვნური და ნაძალადევი იყო.
ლაშა-გიორგი გაქვავებული იდგა, ტუჩები მაგრად მოკუმა.
-მე ხატიას შეყვარებული ვარ. – განაცხადა მან უცებ.
ხატიას ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა. პირდაღებული დააშტერდა ლაშა-გიორგის, რომელმაც წამიერად გადმოხედა, მაგრამ ისევ რატის დააშტერდა, თან თითქოს უფრო გასწორდა, უფრო გაიშალა მხრებში.
-რა თქვი? – მოიღუშა რატი და თვალები საცერისოდენა გაუხდა. – ხატია, რას ამბობს ეს ნაბიჭვარი…
-იტყუება! – დაიყვირა ხატიამ და ლაშა-გიორგის გადახედა, თავი გაუქნია. – რა სისულელეებს ლაპარაკობ… – დაისისინა მან.
-ხატია, ძვირფასო, აღარ არის საჭირო დამალვა. – თქვა ბიჭმა და ხელი გამოუწოდა. – მოდი აქ.
-შენ რა, საერთოდ გააფრინე? – დაიღმუვლა რატიმ, მრისხანებით აევსო სახე. – რას ქვია, შეყვარებული ხარ… მე ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცი? ვინ ჩემი ფეხები ხარ?
-შენ ვინ გეკითხება.. – დაისისინა ლაშა-გიორგიმ, გაღიზიანება ეტყობოდა უკვე და ხატია დაფრთხა. ეს კარგად არ დამთავრდებოდა.
-რატი, იტყუება, რასაკვირველია, გეტყოდი, რომ მყოლოდა შეყვარებული… – თითქმის შეემუდარა ძმას.
მაგრამ რატი არ უსმენდა. მან სასწრაფოდ გაალაჯა წინ და ლაშა-გიორგის საყელოში ჩაავლო ხელი. ლაშა-გიორგი არ შეეპუა, მაგრად ჰკრა ხელი და მაისურში ჩაფრენილი მუშტი გააშვებინა, მერე კი ხელი მოიქნია და ისე, რომ არც კი შემკრთალა, პირდაპირ წარბში ხეთქა რატის.
-ეგ აღარ უნდა გექნა… – ძლივს წაილუღლუღა ხატიამ, მაგრამ სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, რატიმ ერთი დაიღმუვლა და ისეთი ძალით მოსდო ყბაში ლაშა-გიორგის, რომ იგი უკან წაბარბაცდა, მაგრამ ისეთი ცეცხლჩადგმული თვალებით ამოიხედა, რომ დანებებას არ აპირებდა.
-ეს გოგო ჩემია. – კბილებში გამოსცრა მან, რატის მკერდში მაგრად ჰკრა ხელი და ხატიას ერთიანად გააცია ტანში. მის ძმას სახე ერთიანად შეეშალა.
-ჩემი და საგანი არაა, შე ნაბიჭვარო! -დაიღრიალა მან და მუშტი ასწია, მაგრამ სანამ რამის გაკეთებას მოახერხებდა, ხატია გამოერკვა, აწეულ მკლავში ჩაავლო ხელი და ელვის სისწრაფით გადაუგრიხა უკან.
-აუ, აუ, აუ… – დაიგმინა რატიმ. – აუ, ხატია, გამიშვი რა… – დაიწუწუნა მან. გოგონამ მაგრად მოქაჩა მკლავი, მერე კი წიხლი ჰკრა საჯდომში.
-წესიერად! – დაიყვირა მან. – რანაირად იქცევი? ხომ გითხარი, იტყუება მეთქი? შენ ჩემი გჯერა თუ ვიღაც გადამთიელის?
რატი გაღიზიანებული უყურებდა, მაგრამ ამოიხვნეშა და სახე მოისრისა.
-შენ კი რა დაგემართა? – მიუბრუნდა ლაშა-გიორგის. – საერთოდ გააფრინე? რა სისულელეებს როშავ?
ლაშა-გიორგი ისე იდგა, თითქოს ყბა სულაც არ ჰქონდა გაწითლებული და შეშუპებული.
-შენ მართლა ამის და ხარ? – იკითხა მან ხმადაბლა.
-ჰო! – დაიყვირა ხატიამ. – ჰო, გაიცანი, ეს რატია, ჩემი ძმა! – გამწარდა ის. – ვერ გვიყურებ? არ ვგავართ?
-ღმერთმა დამიფაროს, შენ გგავდე. უცხვირპირო ძროხა. – წაიბუზღუნა უკნიდან რატიმ. ხატიამ ბრაზიანი მზერა სტყორცნა.
-აბა რა ესაქმება? – თქვა ლაშა-გიორგიმ. – რა მისი საქმეა, შენ ვისთან ხარ…
რატის სახე ერთიანად გაუწითლდა.
-ხატია, ამას მივანაგავებ. – დაიღმუვლა მან.
-მართალი ხარ, არ ესაქმება, მაგრამ შენ რატომ ცრუობ? – დაიყვირა ხატიამ. – მეთამაშები თუ რა გინდა?
-არ გეთამაშები. – თქვა ბიჭმა და უცნაური გამომეტყველება გამოეხატა სახეზე. ხატია პირდაღებული მიაშტერდა. – მინდა რომ ჩემთან იყო.
-რაო?! – დაიგრგვინა რატიმ.
-რატი, მგონი ჯობია ჩვენ წავიდეთ… – ფრთხილად მიუახლოვდა ბიძაშვილს ანანო. – წამოდი…
-არსადაც არ წავალ! – დაიღრინა რატიმ. – არ მივდივარ, სანამ არ გამაგებინებთ, თუ რა ჯანდაბა ხდება აქ! ხატია, ვინაა ეს?
ხატია ენაჩავარდნილი იდგა, ძმას საერთოდ არ უსმენდა და მეტოქეს შეჰყურებდა თვალებში.
-ლაშა-გიორგი ბაბლუანია, ხატიას კლასელია… – თქვა ანანომ.
-მოიცადეთ, მოიცადეთ… – ხატიამ ხელები ასწია, ამ ხმაურს უკვე ვეღარ იტანდა, გონებაში ერთიანად აერია ყველაფერი. – რა მითხარი?
-მინდა რომ ჩემთან იყო. – გაიმეორა ლაშა-გიორგიმ და ხელი გამოუწოდა. – მოდი ჩემთან.
-ანუ… ანუ… – წაილუღლუღა ხატიამ.
-ჰო. – თქვა ბიჭმა, გამომეტყველება ნაზი გაუხდა, თვალები კი ისეთი თბილი, რომ ხატიას ჯერ არ ენახა. ისე უყურებდა, როგორც არასოდეს სხვას არ შემოეხედა მისთვის.
გოგონამ ნერწყვი გადაყლაპა, შეყოყმანდა. რა სიგიჟე იყო ეს, რა აბსოლუტური სიგიჟე. წარმოუდგენელი იყო მის მოსისხლე მეტოქესთან ერთად ყოფნა, ამაზე არასოდეს უფიქრია…
ანდა უფიქრია. ხატიამ ნერწყვი გადაყლაპა. ლაშა-გიორგის უჩვეულოდ ღია სახეში ჩახედა და ტუჩები მოილოკა. ეს ის პიროვნება იყო, ვის გამოც ორჯერ მეტს მუშაობდა საკუთარ თავზე, ვინც ყოველთვის ფეხდაფეხ მოჰყვებოდა, ვინც მუდამ მის გვერდით იყო, ვინც ამოათრია მდინარიდან და არჩია გაყინულიყო, ვიდრე ხატიასთვის მიეცა გაციების საშუალება, ვინც მუდამ ასე ინტენსიური თვალებით უყურებდა და ვისკენაც ხატიას თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა.
ლაშა-გიორგიმ პირველმა დაყარა ფარ-ხმალი, პირველმა დაიხია უკან მათი ქიშპობის დროს.
-ხატია, შენ რა, ფიქრობ ამაზე? – დაუყვირა რატიმ. ხატიამ ტუჩები დაიკვნიტა.
-რატი, უყვართ ამათ ერთმანეთი. – დაიჩურჩულა ანანომ, მაგრამ ისე ხმადაბლაც არა, რომ ხატიას არ გაეგონა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მკერდიდან ამოუვარდებოდა გული.
ამიტომ წინ წაიწია და ლაშა-გიორგის გამოწვდილ ხელს ხელი ჩაავლო, მის მკლავზე ააცურა და ფეხისწვერებზე აიწია, მაგრად მოხვია ბიჭს კისერზე ხელები. ლაშა-გიორგიმ მკლავები წელზე მოსჭიდა მაგრად და ჰაერში აიტაცა. ხატია მაგრად მიხუტებოდა მას, მის თმაზე მიედო თავი, მის სურნელს ისუნთქავდა და სანახევროდ ვერც გაეგო, თუ რა ხდებოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა.
-არის ეს შენი შეყვარებული თუ არა, ბოლოს და ბოლოს? – თქვა რატიმ. – ვეღარ გავიგე… უნდა ვცემო თუ არა?
ხატიას გაეცინა, ოდნავ უკან დაიწია, ლაშა-გიორგის თვალებში ჩახედა. ბიჭი ოდნავი ღიმილით, ისევ ისეთი თბილი თვალებით უყურებდა. ბოლოს გაიცინა.
-ისე მიყურებ, თითქოს მთვარე ჩამოვკიდე. – თქვა მან. ხატიამ გაიცინა.
-ისე მიყურებ, თითქოს გინდა შემჭამო. – თქვა მან საპასუხოდ და მაშინვე გაწითლდა.
-იქნებ მინდა რომ შეგჭამო. – ცხვირი ცხვირზე შეახო ლაშა-გიორგიმ და ხატიას კისკისი აუტყდა. არ სჯეროდა, რომ ასე იქცეოდა. მაგრამ რატომღაც სწორი ეჩვენებოდა საკუთარი საქციელი. მათი შეჯიბრება გოგონას გამარჯვებით დასრულდა, ამიტომ რატომ უნდა შეეკავებინა თავი?
-აუ, ახლა წავაღებ. – უკნიდან უსიამოვნო ხმებს აკეთებდა რატი. ანანო გაბადრული შეჰყურებდა მათ. – ვეღარ გცნობ, ხატია…
-რატი, აბა ახლა მოკეტე. – მიუსისინა ხატიამ ძმას, ისე, რომ მისი ახალი შეყვარებულისათვის თვალი არ მოუშორებია. – შენ ვერ დამიშლი.
ლაშა-გიორგიმ ჩამოსვა, მერე კი მხარზე მოჰხვია მკლავი.
-ახლა რა გინდა, რომ გავაკეთოთ? – ჰკითხა ხატიამ და წელზე დაადო ხელი. განუზომელ სიხარულსა და ბედნიერებას გრძნობდა, თითქოს ერთიანად გაივსო. ასეთი ჯერ არაფერი ეგრძნო.
-ახლა წავიდეთ, ვჭამოთ. – თქვა ბიჭმა. – მომშივდა.
-მე რომ ფეხზე არ მაცვია? – ფეხზე დაიხედა ხატიამ. – წავალ, ჩავიცვამ ჯერ…
-მე აგიყვან და ისე წაგიყვან. – უთხრა ლაშა-გიორგიმ და ხატია კინაღამ იქვე ჩადნა იატაკში.
-მოიცა, მოიცა, მოიცა… ტაიმ-აუტი! – დიყვირა რატიმ. – ეს რა უბედურებაა… ხატია, როგორ გავიგო ეს?
-რა არის აქ გაუგებარი, – წაიბუზღუნა ანანომ. – უყვართ ერთმანეთი და მორჩა…
-არავითარ შემთხვევაში! – ატყდა რატი. – მე ამის წინააღმდეგი ვარ! – მან წამსვე გამოალაჯა მათკენ, მაგრამ ხატია გადაუდგა წინ და ძმას ნაბიჯის გადადგმის უფლება არ მისცა.
-ბაბლუანთან მისვლა თუ გინდა, ჯერ მე უნდა ჩამომიშორო. – თქვა მან და ძმას მკერდში ატაკა თითი. – და რატიკო, დარწმუნებული ვარ რატომღაც, რომ სულაც არ გინდა მე დამიპირისპირდე…
-როდის აქეთ გახდი ასეთი ლაწირაკი? – მოიღუშა რატი და მწველი თვალები მიატრიალა ლაშა-გიორგის მიმართულებით. – სანამ მე არ დაგრთავ უფლებას, არავითარი…
-რა მითხარი?! – დაიყვირა ხატიამ. – აბა გამიმეორე!
რატის ყბა მოეგრიხა, თვალები გადაატრიალა.
-სანამ მე არ დავრთავ უფლებას, – ფრთხილად და გაჭიანურებით დაიწყო მან, – სანამ მთლიანად არ დავაფრქვევინებ ყველაფერს, ეს ვიღაცა შენი ბოიფრენდი არ იქნება, გასაგებია?
ხატია მოღუშული უყურებდა. ბრაზით აევსო სახე და პირი დააღო, რომ ჭკუა ესწავლებინა მისი უტვინო ძმისათვის, რომელსაც რატომღაც ეგონა, რომ მისი და მისი საკუთრება იყო, მაგრამ შეყოყმანდა, როცა რატის მხრის იქით საჯაიას ჰკიდა თვალი, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიცილი აუვარდებოდა მალე.
-შენ რაღა გინდა? – მიუსისინა მას ხატიამ. – რა გაცინებს?
-მეფეო, – დაიწყო საჯაიამ, ლაშა-გიორგის დაშტერებოდა, თან ფხუკუნებდა. – ვიცი, რომ დახმარება გთხოვე, მაგრამ აი ასე შორს წასვლაც არ იყო საჭირო…
-რაო? – ხატია მობრუნდა, ლაშა-გიორგის დააშტერდა, რომელიც გაქვავებული იდგა და ისე დაჰყურებდა მეგობარს, თითქოს მზერით უპირებდა გაქრობას.
-გურამ, ახლავე გაჩუმდი. – ხმადაბლა თქვა მან, მაგრამ საჯაია გაჩერებას არ აპირებდა.
-არა უშავს, მეფეო, ყველაფერი რიგზეა! ასე ნუ დაიტანჯავ თავს ჩემთვის, რაა… ჩემსა და ანანოს შორის ყველაფერი გადასარევად მიდის! – თითქმის ტაში შემოჰკრა მან. ანანო გაკვირვებული შეჰყურებდა.
-რაებს ბოდავ? – დაუსისინა ხატიამ. – რას გულისხმობ? ანანო, რას გულისხმობს?
-ნუ, შენ თავს არ გვანებებდი, ამიტომ მეფეს ვთხოვე, რომ ცოტათი გაერთე… – დაიწყო საჯაიამ.
-გურამ! – ისეთი ძალით დაიღრიალა ლაშა-გიორგიმ, რომ ერთბაშად ჩამოვარდა ცივი სიჩუმე ოთახში. ხატია ერთიანად გამშრალიყო, ერთ წერტილს მიშტერებული, თითქოს ვერსად იყურებოდა, არსად შეეძლო გახედვა. გამყინავმა ჟრუანტელმა დაუარა ზურგში.
-რაო? – ძლივს დაიჩურჩულა მან, ენა არ ემორჩილებოდა, ლაშა-გიორგის გადახედა, რომელიც ადგილს მილურსმულიყო და თვალებგაფართოებული მიშტერებოდა მას. – რა თქვა?
-მოიცა… არ უნდა მეთქვა? – წამოიკნავლა საჯაიამ. – აუ, არ უნდა მეთქვა… დაივიწყეთ რა!
-გუკა, შენ… ბაბლუანი დაიხმარე ჩემი ბიძაშვილის „გასართობად“, როგორც შენ თქვი, – თითქმის გამოაფურთხა პირიდან სიტყვები ანანომ.
-მე უბრალოდ… – წაილუღლუღა საჯაიამ. ანანო თვალებგაფართოებული, ერთიანად გაფითრებული მიშტერებოდა. ხატია გრძნობდა, თუ როგორ ეცლებოდა სახე სისხლისაგან თვითონაც.
-მართალია ეს? – მოუბრუნდა ხატია, ტუჩები კინაღამ მოიკვნიტა. ლაშა-გიორგიმ სწრაფად დაახამხამა თვალები, ნერწყვი გადაყლაპა.
-მართალია. – თქვა მან. – მაგრამ, ხატია, დამიჯერე, თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო…
-როგორ უნდა დაგიჯერო? – ხმას აუწია ხატიამ, თავისდა შესაძრწუნებლად თვალები ცრემლებით აევსო. – მითხარი, ამწუთას მაქვს იმის მიზეზი, რომ შენი მჯეროდეს?
ლაშა-გიორგი ხმას არ იღებდა, მხოლოდ ინტენსიურად დაშტერებოდა თავისი თვალებით, სახეზე უამრავმა გამომეტყველებამ გადაურბინა ერთად. სათქმელს ეძებდა.
-შენ ხომ მითხარი, რომ ჩემთან იქნებოდი. – დაიჩურჩულა მან. ხატიამ ფრუტუნი ამოუშვა, გაბრუნდა, რომ მისი ცრემლები არავის დაენახა.
-შენ მე მომატყუე. – თქვა მან.
-ნაბიჭვარო! – დაიღრიალა რატიმ. სახეზე აბსოლუტური მრისხანება ეწერა. – შე ნაგავო! ერთი მაგრად უნდა მოგილამაზო მაგ სახე! – დაიღმუვლა მან და ბიჭს საყელოში სტაცა ხელი, მაგრად მიანარცხა კედელს. ლაშა-გიორგი წინააღმდეგობას არ უწევდა, ერთიანად მოდუნებულიყო, ხატიას მიშტერებოდა მხოლოდ. რატიმ მუშტი ასწია დასარტყმელად.
-თავი დაანებე! – დაიყვირა ხატიამ. – არ დაარტყა!
რატი შეყოყმანდა, ხატიას გადმოხედა და უკან დაიწია. მერე კი მაგრად მიიხუტა და. ხატია სისველეს გრძნობდა სახეზე, მზერა დაებინდა, მაგრამ მაინც ბუნდოვნად ხედავდა მისკენ მობრუნებულ ლაშა-გიორგის.
-ხატია, წამოდი, დავილაპარაკოთ. – თქვა მან.
-ახლოს მოხვალ ჩემს დასთან და ფეხებს გადაგილეწავ, ნაძირალა! – დაიყვირა რატიმ. – რომ არ მიგლეწე, მხოლოდ ხატიას დამსახურებაა, გასაგებია? ახლოს მოსული არ გნახო!
ანანო მოუახლოვდათ, ფრთხილად შეეხო ხატიას თმაზე. ხატია ახლა მას ჩაეხუტა, მის მხარში ჩარგო თავი.
-წავიდეთ. – თქვა ანანომ და თავიანთი ნომრისაკენ წაიყვანა.
-ანანო… – დაიწყო საჯაიამ.
-აბა აქედან მოშორდი, მატლო! – მას მიუსისინა რატიმ და საჯაიამ სასწრაფოდ დაიხია უკან.
ხატიამ, სანამ ნომერში შევიდოდნენ, თვალები სასწრაფოდ მოიწმინდა და მოიხედა, წამსვე ლაშა-გიორგის ჰკიდა თვალი. ის იდგა, კედელზე მიყუდებული, ხატიას უყურებდა და ისეთი დაძაბული, უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც გოგონას არასოდეს ენახა.
ლაშა-გიორგი რომ ნორმალური ადამიანი ყოფილიყო, ხატია იფიქრებდა, რომ ეს გულნატკენი, განადგურებული ადამიანის სახე იყო.
მაგრამ ის არ იყო ნორმალური. მან ხატია ისე გაათამაშა, როგორც მარიონეტი, მხოლოდ იმიტომ რომ მის მეგობარს ცოტა დრო ჰქონოდა ანანოსთან. ასეთი სულელური მიზეზის გამო გამოიყენა, უსირცხვილოდ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე.
კარი დაიკეტა, ცოტა ხანში კი ლაშა-გიორგის ღრიალი მოისმა. ის აშკარად საჯაიას უყვიროდა, ამბობდა, რომ მან ყველაფერი გააფუჭა.
სინამდვილეში კი, ხატიას აზრით, თვით ლაშა-გიორგიმ გააფუჭა ყველაფერი.
.
.
.
-*-*-*-*-*-13
ხატია თვალგახელილი იწვა კარგა ხანი გულაღმა და ჭერს მიშტერებოდა, ყველაფერზე დროებით გულაყრილი. მოსულ მშობლებს რამდენჯერმე ნაძალადევად გაუღიმა, რომ მათ ეჭვი არ აეღოთ, მაგრამ ალბათ მალე მიხვდებოდნენ,რადგან მისი ბიძაშვილი საიდუმლოს კარგი შემნახველი არ იყო. განაცხადა, რომ მშიერი არ იყო, რაზეც მშობლებმა წარბები აუწიეს, მაგრამ მაინც ამოუტანეს საჭმელი და სასმელი მათ, ცოტნეს თქმით, „განებივრებულ და ჭირვეულ შვილს.“ ანანო მის გარშემო დაძრწოდა, შეწუხებული, ტუჩებს იკვნეტდა და საცოდავად მიშტერებოდა. მხოლოდ მაშინ, როცა მისი მშობლები საღამოს თავიანთ ოთახში ჩაიკეტნენ, გაბედა ხმის ამოღება.
-ხატია… ძალიან ვწუხვარ. – თქვა მან ხმადაბლა, თვალებდამრგვალებული დაშტერებოდა.
ხატიამ მხრები აიჩეჩა. ამწუთას ისეთი დაცლილი იყო, რომ არაფრის მოსმენა არ სურდა, მითუმეტეს ანანოს საცოდაობით აღსავსე ხმის.
-შენ რაზე წუხხარ. ვინცაა დამნაშავე კი ვიცი. – თქვა მან. – დამპალი ნაბი*ვარი. ესეც მოახერხა. ახლაც გამაცურა. უტვინო თევზივით წამოვეგე. ბევრიც არ უცდია, ერთი თვალები დამიხამხამა, ორი სიტყვა გადმომიგდო და ენაგადმოგდებული ძაღლივით გავეკიდე. თფუი. – სახე აჭმუხნა ხატიამ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც და გული აერეოდა.
ანანომ მძიმედ ამოიხვნეშა.
-იმიტომ ვწუხვარ, რომ… – იგი შეყოყმანდა და თვალები აარიდა. – გუკამ ჩემს გამო სთხოვა მას რომ გაერთე. შენთვის რომ დამეჯერებინა…
-შენ საჯაიას კარგად არ იცნობ, თუ გგონია, რომ ასე იოლად დანებდებოდა. – წარბები ასწია ხატიამ. – ეგ პატარა მურთხი ნამდვილი ტარაკანაა. რამდენჯერაც არ უნდა გაჭყლიტო, ათ წუთში ისევ იხტუნავებს. შენ არაფერ შუაში ხარ.
-ჰო, მაგრამ… – ანანომ თვალები მოისრისა, მძიმედ ჩამოჯდა ლოგინზე. – არ მჯერა… უბრალოდ არ მჯერა, რომ გუკან ასეთი რამე გააკეთა. რომ ლაშა-გიორგის შენი „გართობა“ სთხოვა… ვიცოდი, რომ არ გქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთ… – ანანომ ნერწყვი გადაყლაპა, სიტყვას ეძებდა. – მდაბალ რამეს გააკეთებდა.
-მე გითხარი. – თავი გვერდზე გადაატრიალა ხატიამ. – შენ კი არ დამიჯერე. – იგი შეყოყმანდა, მკერდში ისევ დაუტრიალდა მრისხანება. – და ბაბლუანის სახელი მეორედ აღარ მიხსენო. -გამოსცრა მან კბილებშუა.
-ჰო, მაგაზე უნდა მეთქვა… – ფრთხილად დაიწყო ანანომ. – ასე მგონია რომ იმას მართლა უყვარხარ, ხატია.
ხატიამ ელვის სისწრაფით გადმოატრიალა თავი და ლოგინზე წამოიწია.
-ახლა არ დაიწყო. – გააფრთხილა მან ბიძაშვილი და ფეხებზე წინდები ამოიცვა, მერე კი ფეხსაცმელს სწვდა. – ჰო, აბა რა, ვუყვარვარ, კი. რაც შენმა შეყვარებულმა თქვა, ის არაფერი?
-გუკა ჩემი შეყვარებული არ არის… – წაიბუზღუნა ანანომ, მერე კი ანერვიულებულმა ახედა. – სად მიდიხარ ერთი შენ?
-უნდა გავიდე, აღარ შემიძლია აქ გაჩერება. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ხატიამ.
-სად? ბინდდება უკვე… – ფანჯარაში გაიხედა ანანომ. მზე უკვე თითქმის ჩასულიყო, სიბნელე მოსდებოდა ტყეს. ხატიამ ტუჩი აიბზუა, თავი გადააქნია.
-აი დიდი ამბავი. – დაიფრუტუნა მან. – არ გამომყვე. ცოტა ხანი გავისეირნებ და მოვალ. დედას და მამას უთხარი, რომ საჭმელად ჩავიდა თქო.
-მოვატყუო? – დაისისინა ანანომ. – ხატია…
-ძალიან გთხოვ. – გააწყვეტინა გოგონამ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც და ნერვები დააწყდებოდა. – მალე მოვალ, ტელეფონი მიმაქვს. ნუ ინერვიულებ, კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა ხანი მარტო უნდა ვიყო.
-კარგი… – თავი დაუქნია ანანომ. – ჟაკეტი წაიღე, ცივა. – თქვა მან, და ხატია უსიტყვოდ დაემორჩილა, ჟაკეტი მკლავზე გადაიკიდა და კარს მიუახლოვდა.
-ხატია, მართლა მგონია რომ ლაშას… იმას უყვარხარ. – თქვა უცებ ანანომ და ხატია შეყოვნდა, პირი მაგრად მოკუმა.
-ეგ უკვე მე აღარ მეხება. – თქვა მან და კარი გააღო, სასწრაფოდ გააბიჯა გარეთ, სანამ ანანო კიდევ რამის თქმას მოასწრებდა.
სწრაფად ჩაიარა დერეფანი და მისაღები ოთახი, არ უნდოდა ვინმე ნაცნობს, და მით უმეტეს, ბაბლუანს გადაჰყროდა. მისდა საბედნიეროდ, მხოლოდ ვიღაც მოხუცი ქალები ისხდნენ სავარძლებში, მაგიდის გარშემო კი პატარა ბავშვები დარბოდნენ. ხატიას მათკენ არც კი გაუხედავს, ისე ჩაირბინა კიბე. უნდოდა აქედან დროზე გასულიყო, თითქოს სული ეხუთებოდა.
მაგრამ რასაკვირველია, ხატია ყველაზე უიღბლო ადამიანი იყო ამ ქვეყანაზე და მთელი დღე ბედი დაუღალავად ულაწუნებდა სახეში, რადგან ის იყო, რომ დიდ შემოსასვლელ კარში უნდა გამძვრალიყო, რომ აქოშინებულმა ბაბლუანმა შემოაბიჯა შიგნით. თვალი რომ ჰკიდა, ერთბაშად გაქვავდა, ადგილს მიეყინა, თვალები ოდნავ გაუფართოვდა.
ხატია კი მის დანახვაზე უკან წაბარბაცდა. ბაბლუანი კალათბურთის სათამაშოდ იყო გასული, აშკარა გახლდათ, თუ მის სპორტულს ტანსაცმელს, შუბლზე სანახევროდ ოფლისგან მიკრულ თმასა და ღრმა სუნთქვას თუ გაითვალისწინებდა. ხატიამ კბილები დააჭირა ერთმანეთს და ქვემოთ დაიხედა, ბაბლუანის კისერზე დაგორებულ ოფლის წვეთს გააყოლა თვალი. არ სურდა, რომ მისთვის თვალებში შეეხედა.
-უკაცრავად, გამატარეთ. – ჩაიბურდღუნა თავდაღუნულმა და ბაბლუანს გვერდით გაუძვრა, სირბილით ჩაირბინა შემოსასვლელის კიბეები. გვერდი აუქცია გოგოების გუნდს, რომლებიც ალბათ ბაბლუანს მოჰყვებოდნენ სუნზე, და პირდაპირ დაუყვა ბილიკს, რომელიც სასტუმროს კომპლექსის შუაგულისაკენ მიდიოდა. ეს ყველაზე უსაფრთხო გზა იყო, ლამპიონებით განათებული, თან კანტიკუნტად ხალხიც დადიოდა. პლუს, ბაბლუანი აქ სცენის ატეხვას ვერ გაბედავდა, თუ გამოეკიდებოდა უკან.
ალბათ გამოეკიდებოდა.
ბაბლუანი ცივი იყო, მაგრამ ამასთანავე ძალიან ჯიუტი. განებივრებულიც, იმას იღებდა, რაც უნდოდა.
„თუმცა, ახლა აღარ არის საჭირო, რომ დამელაპარაკოს.“ მწარედ გაიფიქრა გოგონამ. „მისია შეასრულა, შეიძლება აღარ ჩათვალოს საჭიროდ ამ სადისტობის გაგრძელება…“
ხატია მთელი სხეულით შეხტა, როცა ფიქრებში გართულს მოულოდნელად მხრებზე მაგრად მოხვიეს მკლავი და წინ გაქაჩეს. დაფეთებულმა გადახედა მის პრივატულ სივრცეში შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმარს და კბილები ისე დააღრჭიალა, რომ ჟრუანტელმა დაურა ზურგში.
-რა ჯანდაბას აკეთებ… – დაუსისინა მან ბაბლუანს და მკლავის ქვეშიდან გამოუძვრა, ბრაზით აღსავსე დააშტერდა მასზე მოშტერებულ თვალებში. – აბა ახლა აქედან მოშორდი…
-არც მე მინდა, და არც შენ, რომ აქ სცენა მოვაწყოთ, ამიტომ მოდი აქ და მოსმისმინე. – ხმადაბლა მიუგო ბაბლუანმა და აქეთ-იქით სწრაფად მიმოიხედა, მერე კი მაგრად ჩაავლო ხატიას მკლავში ხელი და ბილიკის იქით გადაათრია, მინდორზე. ხატია მრისხანებით აღვსილიყო, კბილებდაკრეჭილი, მაგრამ ნაწილობრივ დაემორჩილა და მისი წათრევის უფლება მისცა, რადგან მართლაც არ სურდა აქ ერთი ამბავი აეტეხა. ისედაც ცოტათი ცნობადი სახეები იყვნენ აქ, სამეფო ნომრის ლატარიის მერე. პლუს, ცნობისმოყვარეობა ღრღნიდა. რა სათქმელი უნდა ჰქონოდა ისეთი ბაბლუანს?
-ხატია, – დაიწყო უცებ ბაბლუანმა და ხატიამ თვალები დაახამხამა, გამოერკვა. ბილიკიდან მოშორებით იდგნენ, ფიჭვების პატარა ჯგუფს მოფარებულნი. ცა ჩამობნელებულიყო, მხოლოდ ლამპიონების შუქი და მთვარის სინათლე ანათებდა შემოგარენს.
-რა გინდა, დროზე ამოღერღე. – მიუსისინა ხატიამ და მკლავი გააშვებინა, ამ დომხალში გაწეწილ თმაზე სასწრაფოდ გადაისვა ხელი. – მინდოდა სიმშვიდეში მესეირნა, მერე კი რაღა თქმა უნდა შენ გამომეცხადე…
-შენ გურამის გჯერა? – გააწყვეტინა ბაბლუანმა, წარბშეკრული დაჰყურებდა. – მისი და არა ჩემი?
-საჯაია შტერია. – არ შეეპუა ხატია. – გულწრფელი შტერი. რაც თქვა, სიმართლე თქვა. და რას ნიშნავს, მისი მჯერა და არა შენი? სიმართლის მჯერა მე მხოლოდ. პლუს, წლების გამოცდილებას უნდა მივნდობოდი და არა შენ.
-რა წლების გამოცდილება, რა სისულელეებს როშავ, თუ გესმის? – ბაბლუანმა ზედა ტუჩი ასწია, უფრო და უფრო გაღიზიანებული ჩანდა.
-წლების გამოცდილება მეუბნება, რომ შენ ხარ შეუსმენელი დეგენერატი. – მიუგო ხატიამ, იგრძნო, თუ როგორ მშვიდდებოდა ნელ-ნელა. დიახ, დიახ. ეს ნორმალური იყო. ეს ქიშპობა ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ამას ზედმეტი ფიქრი არ სჭირდებოდა, ყველაფერი ზეპირად იცოდა, შეეძლო მხოლოდ ავტოპილოტზე ემუშავა და არ დაძაბულიყო. სწორედაც ეს სჭირდებოდა ამწუთას და არა სხვა რამ. იქნებ საერთოდ ეს სჭირდებოდა მხოლოდ, როცა საქმე ბაბლუანს ეხებოდა. ინდიფერენტული მოპყრობა ალბათ ყველაზე მისაღები ურთიერთობის ფორმა იყო. – უნდა მიმხვდარიყავი, რომ ორიოდე კვირაში არაფერი შეიცვლებოდა.
ბაბლუანი უსიტყვოდ დაჰყურებდა. სახე მოეღმიჭა, მწარედ გაიცინა და თმაში ხელი გადაისვა.
-მაინცდა მაინც უნდა მათქმევინო? – ამოღერღა ბოლოს. ხატია მოიღუშა.
-რა უნდა გათქმევინო? მგონი აქ მოვრჩით. – თქვა მან. – გამატარე.
ხატია ბილიკისაკენ გაიწია, მაგრამ რასაკვირველია, ბაბლუანი წინ გადაუდგა.
-არსადაც არ წახვალ. – თქვა მან.
-გაბედე და შემაჩერე. – მიუსისინა ხატიამ. – მკლავს მოგიგრეხ.
-გურამმა სიმართლე თქვა. – ამოღეჭა უცებ ბაბლუანმა. ხატიამ ამოიხვნეშა, მკლავები გადააჯვარედინა.
-მერე? – თქვა მან. უნდოდა ეს რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო.
-მერე არაფერი. – უპასუხა ბაბლუანმა. – სულ ეგრე არ იყო. თავიდან კი, მაგრამ შემდეგ… – იგი შედგა, სიტყვებს ეძებდა.
-შემდეგ რა? – კბილებში გამოსცრა ხატიამ და შეეცადა არ შეემჩნია, თუ როგორი ძალით უცემდა გული. წნევას საფეთქლებში გრძნობდა. – მერე რაღაცნაირად, მაგიურად, უცებ შეგიყვარდი?
ბაბლუანი ხმას არ იღებდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. შორიახლოს ხალხი მიმოდიოდა, ისმოდა საუბრის და ხმადაბალი სიცილის ხმა. ნიავმა წამოუბერა, მათ ზემოთ ხის ტოტებს აჭრიალებდა.
გოგონამ ამოიხვნეშა. უაზრო იყო ეს საუბარი.
-საჯაიას და ანანოს თავს დავანებებ. – თქვა მან. – რაც უნდათ ის ქნან.
-შენსას მიაღწიე და რატომ აღარ უნდა დაანებო? – თქვა ბაბლუანმა, უცებ თითქოს გაცივდა, უკან გადაიხარა, ნიკაპი ზემოთ ასწია, ისევ თავისი ცივი ნიღაბი გადაეფარა სახეზე. – თვითონაც კარგად იცი.
-მე არაფრისთვის არ მიმიღწევია. – ტუჩები მოიკვნიტა ხატიამ. – პირიქით. მათ ჰქონდათ ურთიერთობა, როცა მე მინდოდა, რომ არ ჰქონოდათ. მაგრამ ისე მოხდა, როგორც მე ვამბობდი, ანანომ დაინახა, თუ როგორი მატლია ეგ შენი მეგობარი. მეტი არაფერი. ჩემი ბრალი არ არის, რომ მაგან ჩემი გართობა გთხოვა, მერე კი ანანოს წინ წამოაყრანტალა. მე არაფერ შუაში ვარ.
-შენ რომ არ ჩარეულიყავი, არაფერიც არ მოხდებოდა. – მიუგო ბაბლუანმა. ხატიას ძალიან მოუნდა, რომ რამე მძიმე ჩაერტყა მისთვის. – ხანდახან ხალხს თავი უნდა დაანებო და იქ არ უნდა ჩაეკვეხო, სადაც არ გესაქმება.
-შენ ვიზე რას ამბობ? – შეუტია ხატიამ. – რა ჯანდაბა გინდოდა, საჯაიას შემოთავაზებას რომ დათანხმდი?
-სიტუაციას ვაბალანსებდი. – მხრები აიჩეჩა ბაბლუანმა.
-ჰო, ძალიან კარგად დააბალანსე. – თითქმის სახეში მიაფურთხა ხატიამ.
-შენ ახლა მხოლოდ იმიტომ ბრაზობ, რომ მე გავიმარჯვე. მიხვდი, რომ დამარცხდი. ორი კვირა მეყო იმისათვის, რომ ჩემს მხარეს მომექციე. ამიტომ ხარ თავდაცვაზე გადასული. კუთხეში მიმწყვდეული მიღრენ. – ზემოდან ცივად გაუღიმა ბაბლუანმა. ხატიას თვალი აუთამაშდა.
-ყველაფერში რომ ქიშპობას ხედავ, შე დამპალო ნაძირალა… – ხელი ჰკრა ხატიამ მას მხარში და სწრაფი ნაბიჯით გაიწი ბილიკისაკენ. – საერთოდ თავი დამანებე, აქედან გავაღწევ და აღარ გნახავ…
ორი ნაბიჯი არ გადაედგა, რომ ბაბლუანმა მაგრად მოჰკიდა მაჯაში ხელი და მისკენ გასწია. ხატიას მრისხანებით აღსავსე სუნთქვა აღმოხდა.
-ახლა თუ არ დამანებებ თავს… – დაიწყო მუქარა.
-გგონია ასე იოლად მომიშორებ? – დაისისინა ბიჭმა. – გვერდზე ვერ მომისვრი, გასაგებია? ამის უფლებას არ მოგცემ…
-ვინ მოისროლა ვინ გვერდით? – ხმას აუწია ხატიამ. – მითხარი, ვინ? შენ გამიმართე ეს ცირკი,სპექტაკლი დაწერე, დადგი და გაითამაშე! მე არაფერ შუაში ვარ! უბრალოდ მინდა რომ მშვიდად ვიცხოვრო! როგორ მინდოდა წესიერად დამესვენა, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევ! რა გინდა, გამაგებინე?
ბაბლუანი ხმამაღლა სუნთქავდა. ხატიას ყელში მოაწვა სიმწარე.
-სულ ფეხებზე მკიდიხარ. – დაისისინა მან. – ყელში ამომიხვედი. ასე მგონია ყველაფერს გადმოვანთხევ, როცა გიყურებ, ღებინება მინდება. ყველანაირად შევეცდები, რომ აქედან მალე წავიდეთ. ამის მერე კი სწავლა დაიწყება, მე ჩემი ცხოვრება მექნება და შენ შენი. მე საერთოდ არ ვიფიქრებ შენზე, შენ ჩემზე და ამით დამთავრდება ეს ამბავი. გასაგებად ვლაპარაკობ? – ამოფეთქა გოგონამ. – ახლა კი ხელი გამიშვი, შენ არავითარი უფლება არ გაქვს ჩემზე…
ბაბლუანმა მოულოდნელად ელვის სისწრაფით მოქაჩა, და პირდაპირ ეცა. ხატიამ ხმა ვერ გაიღო, ვერც კი მოასწრო, რომ წინააღმდეგობა გაეწია, რომ ბაბლუანმა მაგრად აკოცა, ცხელი ენა აუსვა ტუჩებზე და გაშიშვლებული კბილები გადაუსვა ყბაზე, მერე კი წელზე მოხვია მკლავები, თავი გადააწევინა გვერდზე. ხატია ღრმად სუნტქავდა, გულისცემას გრძნობდა ყურებში, მხოლოდ ლაშა-გიორგის სიცხეს, მისი ხელების სითბოსა და აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა, მის გახშირებული სუნთქვა ესმოდა მხოლოდ. ლაშა-გიორგიმ ჯერ ტუჩები გადაუსვა ყელზე, მერე კი პულსთან ისეთი ძალით მოწოვა და მოსწია კანი კბილებით, რომ ხატიას ნაწილობრივ გაოცებისაგან, ნაწილობრივ მოულოდნელი სიცხისაგან გმინვა აღმოხდა. ძლივს გამოერკვა და უკან დაბარბაცდა, ერთიანად ტვინარეული.
-რას… რას… -წაილუღლუღა მან ყელზე ხელი მოისვა, ვერ გაეგო, უსიამოვნოდ უფეთქავდა თუ სასიამოვნოდ. – რას აკეთებ, ხვდები საერთოდ?
ლაშა-გიორგი ერთიანად დაჭიმული იდგა, უხმოდ, ტუჩები გასწითლებოდა. ხატიამ მეორე ხელი პირზე იტაცა.
-შენ რა… – ჩაილაპარაკა შეძრწუნებულმა. – დამალურჯე?
-დაგნიშნე. – თქვა ლაშა-გიორგიმ.
-მთლად გაგიჟდი. ავად ხარ. – ძლივს ამოისუნთქა ხატიამ, და ჯერ კიდევ კისერზე ხელშემოხვეული, ბარბაცით გაიქცა ბილიკისაკენ, უკან კი ადგილზე გაშეშებული ბაბლუანი დატოვა. თითქოს მასთან დატოვა მთელი თავისი სითბო და ემოცია, ერთიანად დაცლილიყო, სხეულზე მხოლოდ სიცივეს გრძნობდა, ცივი ჟრუანტელი უვლიდა. ძლივს ააღწია თავიანთ ნომრამდე და ბოლო წამს გაისწორა თავისი აფუებული თმა, რომ ყელი გვერდებზე დაეფარა. ასე არ შეამჩნევდნენ მაინც…
ანანომ, რასაკვირველია, მაშინვე შეატყო, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
-რა დაგემართა? – ჰკითხა მან. – ფერი არ გადევს…
ხატიამ ხელი გაუქნია, ლაპარაკი არ სურდა. ფეხები უკანკალებდა და მძიმედ დაეშვა ლოგინზე.
-ხატია? – ჩაეკითხა ანანო.
-მაცადე. – მიუგო გოგონამ. – უნდა ვიფიქრო. ასე არ შემიძლია. ვერ ვფიქრობ.
-რა მოგივიდა? – მოიღუშა ანანო, მერე კი სახე გაუნათდა, სწრაფად წამოიწია. – ლაშა-გიორგი ნახე? რა გითხრა?
ხატია უსიტყვოდ მიაშტერდა. მერე კი, რაღაც იმპულსის შედეგად, თმა გვერდზე გადასწია და ანანოს ყელი დაანახა, რომელზეც ალბათ ახლა ერთი დიდი ჩაწითლება მოუჩანდა. ანანომ პირი დააღო, თვალები გაუფართოვდა.
-ხატია… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – როგორ მოასწარით?
ხატია გაშრა, ერთიანად გადაწითლდა.
-შენც გაგიჟდი? – სასწრაფოდ გადმოიწია მან თმა. – ნადირივით მეცა… ვერაფრით მოვიშორე. რაღაც სისულელეებს მელაყბებოდა, არ ვიცი, რა ჯანდაბა უნდა…
-ჩემი აზრით აშკარაა, თუ რა უნდა… – ფრთხილად დაიწყო ანანომ.
-გაჩუმდი! – მიუსისინა ხატიამ, სახე ერთიანად აალებოდა. -ხმა არ გაიღო.
ანანო გაჩუმდა, ხატია კი ლოგინზე წამოწვა, საბნის კუთხე გადმოიხურა მხარზე. ხელი კისერზე მიედო, მუცელში სიცხე ჩაუგროვდა. გაშტერებული, გაქვავებული იწვა და კედელს მისჩერებოდა.
ბაბლუანს უნდა მოსცილებოდა, თან სასწრაფოდ.
.
.
.
-*-*-*-*-*-*-14
ხატიას არაფრის გაგონება არ სურდა. მხოლოდ უნდოდა გაურკვეველი დროის განმავლობაში წოლილიყო და არაფერი ეკეთებინა. ესღა იყო მისი ცხოვრების აზრი.
რასაკვირველია, ამას თან ერთვოდა ისეთი დაბრკოლებები, როგორიც მისი მშობლები, ძმა და ბიძაშვილი იყვნენ, მაგრამ ხატია ისეთ ხასიათზე იყო რომ ისინი სულაც არ ადარდებდა. მხოლოდ სურდა თავისთვის მიეტოვებინათ, სანამ არ გამოხმებოდა ლოგინში.
სანამ ძმის „იმ ვიღაცა ნაბიჭვარ ტიპზე“ ტირადებს აიგნორებდა, ხატიამ გადაწყვიტა სამოქმედო გეგმა შეედგინა. ამწუთას ეს ყველაზე რეალური გამოსავალი ჩანდა მისი პრედიკამენტიდან, თან დაეხმარებოდა ცოტა ფიქრები მოეკრიბა და აზრზე მოსულიყო.
პირველი. შეეძლო უბრალოდ დაევიწყებინა ეს ამბავი. დაეიგნორებინა ლაშა-გიორგი და მის მოსაგერიებლად მუდამ რატი ჰყოლოდა გვერდით. ანდა ინვესტიცია გაეკეთებინა რამე კარგ მოსაგერიებელ იარაღში. მამამისს მგონი სადღაც თოფები ჰქონდა გადანახული.
მეორე. დაეწყო ხვეწნა და მუდარა, რომ სახლში გაეშვათ. ასე ლაშა-გიორგის ვეღარც ნახავდა კარგა ხნის განმავლობაში.
მესამე. ეთქვა რატისათვის ყველაფერი, უკან გამდგარიყო და სეირისათვის ეყურებინა, თუ როგორ ჩაძუყნიდა მისი ძმა ბაბლუანს.
მეოთხე. უბრალოდ დაევიწყებინა ყველაფერი, მინდობოდა ინსტინქტებს და ლაშა-გიორგის მკლავებში ჩავარდნილიყო.
მეხუთე. ცოცხლად დაემარხა თავი და დალოდებოდა მატლებს.
ხატიას ხუბიექტური აზრით, სანამ იგი თავს უკანტურებდა რატის ღრიალს, აქედან არც-ერთი იდეა არ ვარგოდა, მეტადრე მეოთხე. ლაშა-გიორგის მკლავებში ჩავარდნა, რაც არ უნდა მიმზიდველი იდეა ყოფილიყო, არაფრად ვარგოდა. რაციონალურად უნდა ეფიქრა, და ამ ფიქრის მიხედვით ათი მეტრის რადიუსზე არ უნდა გაკარებოდა ბაბლუანს.
თუმცა მეორე იდეა არ იყო ძალიან ცუდი. მაგრამ მაშინ მოუწევდა აეხსნა, თუ რატომ სურდა საოჯახო არდადეგების ასე მალე მიტოვება, ეს კი ნამდვილად არ გახლდათ სახარბიელო.
ხატიამ თავი დააკანტურა, ლოგინში წამომჯდარიყო, თმა წარმოუდგენლად გაფუებოდა და გამალებით ფიქრობდა. ბუნდოვნად ისმენდა რატის დღავილს და ოლიმპიური სიმშვიდით ელოდა, თუ როდის მორჩებოდა მისი ძმა. მაგრამ რატის დაღლილობის არაფერი ეტყობოდა, გეომეტრიული პროგრესიით იწევდა მისი ხმა. ბოლოს-და-ბოლოს ხატიას გაუწყდა ისედაც დაჭიმული და გასაცოდავებული მოთმინების ძაფი.
-მოკეტე, ვა! – იყვირა მან. რატი შოკისგან თუ სხვა რამისგან, ხატიასთვის სულერთი იყო, წამიერად დადუმდა. გოგონამ მისკენ მიატრიალა ბრაზით აღსავსე თვალები. -გაჩუმდები თუ არა, მეტკინა ტვინი!
-მადლობა ღმერთს… – გვერდიდან ჩაილაპარაკა აშკარად გაწამებულმა ანანომ. რატიმ მახვილი მზერა სტყორცნა და მან სასწრაფოდ ჩახედა თავის ტელეფონს, რომელსაც გამალებით აწკაპუნებდა.
ხატია 90 პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ საჯაიას სწერდა, მაგრამ ახლა ეს არ იყო მნიშვნელოვანი.
-არ მისმენ და რატომ უნდა გავჩუმდე, ხატია? – მის ლოგინთან ისე დაიხარა რატი, თითქოს ხატია ხუთი წლის ღლაპი ყოფილიყო, რომელსაც ნაზად დალაპარაკება სჭირდებოდა. -აბა ბოლო რა გითხარი?
-აზრზე არა ვარ. – ხელი აუქნია ხატიამ. – ვიცი რასაც მეუბნები და იმიტომ. ის ბიჭი ვინაა, ბლა-ბლა, ხომარ უნდა ვცემო, ბლა-ბლა, გამაგებინებ თუ არა ვინაა, ბლა-ბლა, მინდა რომ ვცემო, ბლა-ბლა-ბლა…
-ცდები. – გამარჯვებული სახით წამოიწია რატი. – ეგ არ მითქვამს.
-აბა რა? – დააწვრილა თვალები ხატიამ.
-იმას გეუბნებოდა, რომ ლაშა-გიორგი საცემია. – ჩაერთო ანანო. ხატიამ ენა გაატკაცუნა და ძმას წარბებაწეულმა ახედა.
-აბა ახლა აქედან გადაშენდი. – დაისისინა მან. – შენი ზუზუნის თავი ნამდვილად არა მაქვს. თუ ვინმეს ცემა გინდა, სავარჯიშო დარბაზში წადი და ჩანთებს უბლაყუნე, მაინც იქ ცხოვრობ. – ტუჩი აიბზუა გოგონამ.
რატიმ მკლავები გადააჯვარედინა და მოიღუშა.
-იცი რას ვფიქრობ? – წამოიწყო მან.
-არაფერსაც არ ფიქრობ, ქალები და სიმძიმეების აწევა გიფართხალებს ტვინში. – უკბინა ხატიამ. – და ჰო, „ეგ უნდა ვცემო“ დარახუნობს კიდევ აქეთ-იქით. მეტი არაფერი.
ანანოს ფხუკუნი აუტყდა.
-იმას ვფიქრობ, – ისე გააგრძელა რატიმ, ვითომ აქაც არაფერიაო, – რომ საჭიროა ცოტა აზრზე მოხვიდე. არ ვიცი იმ ტიპმა რა ქნა, მაგრამ სულაც არ არის იმის ღირსი რომ ვიღაც უტვინო თხასავით ეგდო აქ და ცხოვრებაზე უარი თქვა. ამიტომ აეგდე და ნუ იქცევი შტერივით.
ხატია წარბებაწეული და გაოცებული უყურებდა.
-ყოჩაღ, ძმაო. – თქვა მან. – არ მეგონა ასეთი წინადადებების ფორმულირება თუ შეგეძლო საერთოდ.
-აუტანელი ხარ. – დაიყეფა რატიმ.
-მეც მიყვარხარ, ძამიკო. – ხმა დაითაფლა ხატიამ და ფეხზე წამოდგა. ამას რატის პირში არასოდეს ეტყოდა, მაგრამ მისი ძმა მართალი იყო. არ უნდა მიეცა უფლება ლაშა-გიორგისათვის რომ ასე დაეკნინებინა მისი ყოფა, მისი დასვენების პერიოდი და გართობა. დიახაც, ახლა თავს მოიწესრიგებდა, რამე ყელიანს ჩაიცვამდა ყელზე სილურჯის დასაფარად, აფუებულ თმას წესრიგში მოიყვანდა და გაისეირნებდა სადმე.
ყელიანი ჟაკეტი მოიცვა თხელ მაისურზე, თმა ზემოთ აიწია, ძმასა და ბიძაშვილს გადახედა.
-ხომ არ ვჭამოთ რამე? – იკითხა მან.
-გამოფხიზლდი ძლივს! – ბეჭებში დაუბარტყუნა მან ხატიას ხელი. – ვიცოდი რომ ის ლაწირაკი არაფრად ღირდა!
-წაეთრე, რა… – ხელი ჰკრა ხატიამ და კარისაკენ გააგდო, იმის მიუხედავად, რომ ეღიმებოდა.
-ხატია, ორი წუთი შეიძლება დარჩე და რაღაცაში მომეხმარო? – თქვა უცებ ანანომ. ხატიამ ინტერესით გადახედა.
-რაშია საქმე?- მოიღუშა რატი. – ცუდად ხომ არ ხარ? დავრჩე მეც?
-არა, არა… – სასწრაფოდ იუარა ანანომ, მაგრამ რატის სიჯიუტე ერეოდა უკვე.
-ვრჩები! და გეხმარები! რაში გჭირდება დახმარება აბა? – იჭვნეულად ჩაეკითხა ის.
-გოგოების საქმეა ეს, წადი! – წარბები აწკიპა ანანომ. რატიმ პირი დააღო და თავი დააქნია, მერე კი სასწრაფოდ გაიძურწა ოთახიდან.
-რა მოხდა? – შეეკითხა შეწუხებული ხატია ბიძაშვილს.
-ბაბლუანზე უნდა გელაპარაკო. – თქვა ანანომ. ხატიამ დაიგმინა, თვალები გადაატრიალა.
-არა, მომისმინე! – დაიჟინა ანანომ. – ამდენი ხანი ხომ მე ვუსმენდი შენს გაუთავებელ წუწუნს და რაც გითხარი ხომ ყველაფერი სწორი აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ უარყოფდი, ხომ? ამიტომ ცოტა ხნით გაჩუმდი და ერთხელ მომისმინე, გასაგებია?
ხატია გაოცებით შეაშტერდა აღელვებულ ბიძაშვილს, მერე კი ფრთხილად დაუქნია თავი.
-კარგი. – ამოიხვნეშა მან. – მაგრამ გაითვალისწინე, მაგის ბრალია, რომ მთელი ღამე არ მეძინა თითქმის და მთელი დღე ხასიათზე არ ვარ.
-არ ხარ, იმიტომ რომ დეგენერატი ხარ, ხატია. – თქვა ანანომ და გოგონას კინაღამ შუბლზე აუვიდა წარბები. – ვიცი, რომ ღალატს განიცდი. გგონია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და ლაშა-გიორგი მსახიობობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დაებნიე და ჩემი და გუკას ურთიერთობა აღარ გაგხსენებოდა… მაგრამ დაფიქრდი, რა გგონია, ლაშა-გიორგის, ასეთი ცივი და უემოციო ხასიათი რომ აქვს, შეეძლებოდა შეყვარებული კაცის როლის გათამაშება? რას ფიქრობ?
ხატია უსიტყვოდ უყურებდა. ნერწყვი გადაყლაპა.
იმას ვერ უარყოფდა, რომ როგორც კი გუკამ ის სიტყვები ამოიბლუყუნა, თითქოს მუცელი ამოუტრიალდა და გული კოჭებამდე ჩაუვარდა, ერთიანად გაუცივდა ყველაფერი. ვერ წარმოედგინა, რომ ასე მოხდებოდა, ვერ გათვალა. საშინლად უნდობელი იყო და არასოდეს უჭირდა იმის დადგენა, თუ რა მოხდებოდა წინდაწინ, რადგან ყველაზე ცუდი სცენარის დადგმიდან იწყებდა თავის ვარაუდებს. მაგრამ ის, რომ ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, არ ჰქონდა გათვლილი. იმაზე ფიქრობდა, რომ მათი ურთიერთობა კარგა ხანს არ გასტანდა, რომ ლაშა-გიორგისთვის ეს მხოლოდ გატაცება იყო. მაგრამ იმ მომენტიდან, როცა ლაშა-გიორგი რატის ეჩხუბა, ეჭვადაც კი არ გაუვლია თავში, რომ იგი იტყუებოდა.
ალბათ იმიტომ რომ არ იტყუებოდა. ალბათ იმიტომ რომ არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა. ლაშა-გიორგის გეგმაში საჯაიას წამოსროლილი სიტყვები გაუთვლელი იყო, უადგილო და არასწორი. ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდნენ.
ლაშა-გიორგი შეყვარებული აქამდე არასოდეს ენახა. არც კი ფიქრობდა ამაზე, იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო მისთვის. მას სიყვარული არ შეეძლო, თავისი ყოველდღიურობით კმაყოფილდებოდა.
მაგრამ მისი გახსნილი სახე, ცეცხლოვანი, ინტენსიური, ემოციით სავსე თვალები ედგა წინ. მაშინ, როცა ისინი აივანზე იდგნენ და ლაშა-გიორგი ტყისაკენ იყურებოდა, მაშინ, როცა შამპანური გამოცალეს ერთად სამეფო ოთახში, მაშინ, როცა ლაშა-გიორგიმ აღიარა, რომ უნდოდა ხატია მასთან ყოფილიყო.
ხატიამ ბიძაშვილს ახედა.
-ალბათ. – წაიბუზღუნა ბოლოს. -არ ვიცი.
-არ იცი კი არა იცი! – ატყდა ანანო. – უბრალოდ არ გინდა აღიარება და ეგაა. შე რა გგონია, ეგ ისეთ სისულელეში დაეთანხმებოდა გუკას, როგორც შენი ყურადღების სხვაგან გადატანაა? აშკარად რაღაც აკავშირებდა შენთან და მიზეზი უნდოდა! ხომ იცი ეს, არა? და რომც დათანხმებოდა ამ აბსურდულ სისულელეს, და დამიჯერე, შენც კარგად იცი, რომ არ დაეთანხმებოდა, აშკარაა, რომ ახლა მისთვის ყველაფერი შეიცვალა! მაგრამ ამას არ აღიარებ! იმიტომ რომ თუ აღიარებ, შენ უთმობ… იცი რა, მომბეზრდა ეს თქვენი სულელური დათმობები და გამარჯვება და ვინ მოექცევა ზემოდან, გასაგებია?! ყველაზე გამოშტერებულიც კი ხედავს, რომ იმას უყვარხარ და შენც გიყვარს, გაიგე? ჰოდა მიდი და შეურიგდი და იყავით ერთად, გასაგებია? მე მიშლი აქ ყველანაირ ურთიერთობას და შენ ყველანაირად არაკომპეტენტური ხარ ამ დროს საკითხში!
ანანო შეჩერდა, ღრმად სუნთქავდა და წარბებოჭმუხნილი მიშტერებოდა პირდაღებულ ხატიას. მერე კი შეკრთა, პირზე ხელი იტაცა.
-ხ-ხატია, მაპატიე… არ ვიცი რამ წამომიარა… – წაილუღლუღა მან.
-არც მე ვიცი რამ წამოგიარა… – ფრთხილად მიუგო ხატიამ. – მაგრამ კარგია რომ წამოგიარა. ალბათ. -მან ამოიხვნეშა, ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. – მე წავალ ახლა, ცოტას გავივლი.
ანანომ თავი დაუქნია და ხატია სასწრაფოდ გაიქცა ოთახიდან. თავი ანანოს სიტყვებით ჰქონდა, რომლებიც აქეთ-იქით უმისამართოდ დარახუნობდნენ და გონებაში უტივტივდებოდნენ.
ერთი მხრივ, არ სურდა ამის დაჯერება. თუ არ დაიჯერებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ არაფერსაც არ რისკავდა და თუ ლაშა-გიორგი მართლა ატყუებდა მთელი ეს დრო, პირში ჩალაგამოვლებული და დამცირებული არ დარჩებოდა.
მაგრამ თუ არ იტყუებოდა…
ხატიამ თავი გადააქნია. არც კი უნდოდა ამაზე ფიქრი. საერთოდ არ სურდა ამ წუთას ურთიერთობა. ურთიერთობები ძნელი, გაუგებარი, ჩახლართული იყო, დრო და ძალისხმევა სჭირდებოდათ. პლუს, პრობლემებით აღსავსე იქნებოდა მისი ურთიერთობა ლაშა-გიორგისთან, რადგან ასეთი დაძაბული წარსული ჰქონდათ, ამდენი ქიშპობითა და მეტოქეობით აღსავსე. ერთმანეთს არაფერში არ დაუთმობდნენ, მუდამ შეეცდებოდნენ, რომ მეორის წინ ყოფილიყვნენ ყველაფერში.
ხატიამ ნერწყვი გადაყლაპა. არადა ამ ქიშპობამ რამდენს მიაღწევინა. ყოველთვის ძალას ატანდა საკუთარ თავს. არა იმიტომ, რომ სურდა ყველაზე უკეთესი ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ სურდა სპეციფიურად ლაშა-გიორგიზე უკეთესი ყოფილიყო. როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგი თამარ მეფის უნივერსიტეტში აპირებდა აპლიკაციის გაგზავნას, სასწრაფოდ გააგზავნა თვითონაც. როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგიმ მასზე ოთხი ქულით მეტი მიიღო მათემატიკის ოლიმპიადაში, ორჯერ მეტი დრო შესწირა მათემატიკას. როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგი ვიღაც გოგოსთან ერთად პარკში დაინახეს, თვითონაც წაათრია ვიღაც საწყალი კლასელი, და როცა გაიგო, რომ ლაშა-გიორგის გრძელი თმა მოსწონდა გოგოებზე, თვითონაც…
ხატია შედრკა, მთელი სხეული შეუთრთოლდა, თვალებგაფართოებული შეჩერდა. შუა დერეფანში იყო, სიჩუმე სუფევდა. ამწუთას განმარტოება და სიწყნარეში ფიქრი უნდოდა, ამიტომ დივნის უკან შეძვრა, იატაკზე ფეხები მოირთხა და თვალებდაჭყეტილი დააშტერდა კედელს.
უაზრობა იყო ეს. აბსოლუტური უაზრობა იყო იმის გაფიქრება, რომ თმა იმის გამო მოიზარდა, რომ ლაშა-გიორგის მოსწონდა ეს. მისი გულისათვის არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ მის მიუხედავად აკეთებდა ყველაფერს. ამიტომ იყო ეს აბსოლუტური აბსურდი…
მაგრამ ინსტინქტი სულ სხვა რამეს უყვიროდა. ხატიას გააკანკალა.
ლაშა-გიორგის იმიტომ ექიშპებოდა, რომ მისი თანასწორი ყოფილიყო, რომ მის გვერდით მდგარი. მისნაირი არასდროს არავინ ენახა. ბაბლუანი განსაკუთრებული გახლდათ და ხატიას სურდა რომ ნებისმიერ ნაბიჯში მას გატოლებოდა და მის წინ მდგარიყო.
გოგონამ სახეზე აიფარა ხელები.
მის გრძნობებს ეს გააზრებაც დაემატა.
ესღა აკლდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ მანდ? – მოესმა მოულოდნელად ნაცნობი ხმა და ზემოთ აიხედა. ტახტის ზემოდან ლაშა-გიორგის მოღუშული სახე იყურებოდა. ხატიას გული შეუტოკდა მკერდში.
-ბატებს… ბატებს ვმწყემსავ… აბა სხვა… – ხატიას ხმა გაუწყდა, თავი გადააქნია, საკუთარ ფეხებს ჩააშტერდა.
-რა მოგივიდა? – ჩაეკითხა ლაშა-გიორგის ხმა. – ადექი მანდედან, უნდა დავილაპარაკოთ…
-უკვე ვიცი, რასაც მეტყვი. – მოუჭრა ხატიამ და ახედა. ლაშა-გიორგი სერიოზული სახით დასჩერებოდა. – მეტყვი, რომ გურამმა სიმართლე თქვა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, რომ ჩემს მიმართ შეგეცვალა გრძნობები. მაგრამ მითხარი, მე მაქვს იმის საფუძველი, რომ დაგიჯერო? რა გარანტია მაქვს, რომ არ მატყუებ?
-მე რა გარანტია მაქვს? – შეუბრუნა ლაშა-გიორგიმ.
-რაო? – მოიღუშა ხატია.
-მე რა გარანტია მაქვს მეთქი? – წარბები ასწია ბიჭმა. – იქნებ შენც მამაიმუნებ. იქნებ ცდილობ რომ ჩემზე ემოციური კონტროლი დაამყარო და მერე ბოროტად გამოიყენო. შენ რა გგონია, მე ასე არ ვფიქრობ?
ხატია უწყლო თევზივით აღებდა და ხურავდა პირს.
-მე ეგრე არასოდეს არ ვიზამ. – ამოღერღა მან. – ეგეთი არა ვარ… არ მჯერა ადამიანთა ეგეთი მანიპულირების. მე სულაც არ მინდა შენზე კონტროლი მქონდეს, პირიქით! მინდა შენი თავის კაცი იყო, მუდამ უმაღლეს ფორმაში იყო და მუდამ მაქსიმუმს აკეთებდე.
-რატომ გინდა ეგ? – ჩაეკითხა ლაშა-გიორგი. – შენ ხომ ჩემი მეტოქე ხარ, ჩემი წარუმატებლობა და უბედურება არ უნდა გიხაროდეს?
-შენ ძალიან კარგად იცი, რომ ეგეთი მეტოქეები არ ვართ. – დაუბღვირა ხატიამ და ფეხზე წამოდგა, ლაშა-გიორგის თვალებში ჩახედა. ბიჭს ნელა გაეღიმა.
-არ ვართ. – თქვა მან.
ხატია ცოტა ხანი უსიტყვოდ ჩაჰყურებდა მოპრიალე, ცეცხლით აღსავსე მუქ თვალებში, სხეულში ემოციათა ზღვა უტრიალებდა და არ იცოდა, თუ რა ექნა, სად წაეღო ამდენი გრძნობა. სანამ რამეს მოიფიქრებდა, ლაშა-გიორგიმ ხელი ასწია და თავზე გადაუსვა, მეორე ხელით კი ჟაკეტის ელვა-შესაკრავი ჩამოქაჩა, საყელო გვერდზე გადასწია და ჩალურჯებაზე თითი გადაუსვა.
-ისევ აქაა… ჩაილაპარაკა მან და ყურისძირში შეეხო ხატიას თითებით, მერე კი თვალებში დააშტერდა დაჟინებით. – აქაც ხომ არ გინდა?
ხატიამ მაგრად შეკრა ყბები, ემოციების ზღვა ერთ უზარმაზარ ცუნამად იქცა და თავს დაატყდა, და ემოცია ისეთი განუზომელი იყო, რომ თავი ვერ შეიკავა. ლაშა-გიორგის საყელოში სტაცა ხელი, მაგრად მოქაჩა და მხოლოდღა მაშინ ამოიხვნეშა სისამოვნებისა და შვებისაგან, როცა მისი ტუჩები ბიჭის მშრალ, მაგრამ ცხელ, და ხატიასათვის უაღესად ტკბილ ტუჩებს აეკვრნენ.
ლაშა-გიორგიმ დაიგმინა, მოუთმენლად სტაცა ზურგზე ხელები, ისე თითქოს ვერ ითმენდა მის ასე შორს ყოფნას, და მაგრად მოქაჩა, ისე, რომ ხატია იძულებული იყო ტახტის თავზე გადმომძვრალიყო. უაღრესად ძნელი იყო ამის გაკეთება კოცნის გაწყვეტის გარეშე, მაგრამ ორივეს საკმარისად უნდოდა ეს, საოცარი სინქრონით იყვნენ ერთმანეთთან, თითქოსერთმანეთის თავში იყვნენ შემძვრალნი. ხატია ლაშა-გიორგის კალთასა და მკლავებში ჩაუვარდა, თვითონ მაგრად შემოხვია ბიჭს კისერზე ხელები და მოუთმენლად ექაჩებოდა მაისურის საყელოზე. ლაშა-გიორგიმ მისი ქვედა ტუჩი კომფორტულად მოიქცია საკუთარ ტუჩებს შორის, მაგრად მოსწია კბილებით და მოუთმენლად სტაცა თეძოებზე, მერე კი ბარძაყებზე ხელები. ხატია მთელი სხეულით დნებოდა, ვერც კი წარმოედგინა, თუ შესაძლებელი იყო ოდესმე ამოდენა რაოდენობის სითბო ეგრძნო, მითუმეტეს ცივი, უემოციო ბაბლუანისაგან. როცა სულის მოსათქმელად დასცილდნენ ერთმანეთს ხატიამ იგრძნო, რომ სულაც არ სურდა მისთვის ხელის გაშვება და ვერც შეძლო, ისე მაგრად იყვნენ ერთმანეთს აკრულნი. მიბნედილი თვალებით ახედა თავის მეტოქეს, გრძნობდა, როგორ ეწვოდა მთელი სახე მოწოლილი სისხლისაგან.
ლაშა-გიორგი ისეთი დაჟინებით უყურებდა, რომ ხატიას გააკანკალა. ტუჩები ნერწყვისაგან უბზინავდა, სახე მასაც გასწითლებოდა ერთიანად. მან ხატია ტახტის ზურგზე მიაკრო და ზედ დაემხო, თან ღრმად სუნთქავდა.
-იქნებ… მგონი ჯობია… ლაშა-გიორგი, მოიცა… – ამოიკვნესა ხატიამ, საკუთარ თავს ვეღარ ერეოდა, როცა ლაშა-გიორგი დაპირებულს შეუდგა და ყურისძირში ჩააფრინდა კბილებით. – ჯობია რომ აქ შევჩერდეთ…
ბიჭი შედგა, ხელები შეუშვა. წელში გასწორდა და თმაში გადაისვა ხელები. ხატია ენაჩავარდნილი აჰყურებდა და ვერ ხვდებოდა, თუ როგორ ვერ დაინახა, თუ როგორი მიმზიდველი იყო ლაშა-გიორგი აქამდე. მისი ყოველი ნაკვთი, ყოველი ქმედება, ყოველი გამოხედვა ყველანაირად მიმზიდველი იყო.
ხატიამ ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში ნერწყვი.
-კარგი. აქ გავჩერდეთ. – თქვა ლაშა-გიორგიმ, მაგრამ გვერდზე გაწევა არც კი უცდია, ხატიას მხარში ჩარგო თავი. ხატიამ განიერ ბეჭებზე გადაუსვა თითები.
-ახლა რა გავაკეთოთ? – დაიჩურჩულა გოგონამ. – ეს რას ნიშნავს?
-ახლა მაგის დროა? – ჩაილაპარაკა ლაშა-გიორგიმ. – ორი წუთი ჩუმად იჯექი. არაფერიც არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენს ურთიერთობას კიდევ ერთი ასპექტი დაემატა, მეტი არაფერი.
-ჰმმ. – წაილუღლუღა ხატიამ. ოდნავ შეყოყმანდა, მერე კი მის მხარზე მოყუდებულ თავს საფეთქელი დაადო. ლაშა-გიორგის თმა, როგორც ყოველთვის, რბილი, მბზინვარე იყო და მშვენიერი სურნელი ასდიოდა.
-რა შამპუნს ხმარობ, ყველაფერს გაფიცებ? – ცოტა ხანი სიჩუმის მერე ამოთქვა ხატიამ.
ლაშა-გიორგიმ ჩაიფხუკუნა და სიცილი აუვარდა, მხრები შეუთრთოლდა. ხატიამ გაიღიმა, ერთიანად გაიბადრა.
ეს იცოდა ეს ყველაფერი რას ნიშნავდა, მაგრამ კარგი რამ რომ იყო, ყველანაირად გრძნობდა.
.
.
.
-*-*-*-*-*-15
იქამდე ისხდნენ ტახტზე, ერთმანეთს ჩახუტებულნი, სანამ ხატიას ძილი არ მოერია. ამოდენა ნეტარება არასოდეს ეგრძნო და ვერც წარმოედგინა, თუ ამ ნეტარებას ლაშა-გიორგის მკლავებში იგრძნობდა, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. გოგონამ უფრო მაგრად შემოხვია ბიჭს მხრებზე მკლავები და კმაყოფილი ხმა ამოუშვა. ფეხები უხერხული ჯდომისაგან გაშეშებოდა და იცოდა, რომ ძალიან ეტკინებოდა ადგომისას, მაგრამ განძრევას სულაც არ აპირებდა. მაშინ არა, როცა ლაშა-გიორგის ბარძაყებზე ჰქონდა გადადებული მოკეცილი ფეხები და წელზე მის მკლავებს გრძნობდა.
რამდენიმე სასტუმროში მცხოვრებმა ჩაუარეს გვერდით, ზოგს გაეღიმა, ზოგმა სკეპტიკური მერა სტყორცნა. ამწუთას ხატიას სულაც არ აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი. ლაშა-გიორგის თავზე ხელი გადაუსვა და უკეთესად დაადო ზედ თავი.
-ლაშა-გიორგი… – დაიჩურჩულა მან და სახე მოაბრუნა, ფრთხილად დახედა ბიჭს. ის ერთიანად მოშვებულიყო, თვალებდახუჭული, მთელი სხეულით ეყრდნობოდა და გამოზომილად, ღრმად სუნთქავდა. ხატიას თვალები გაუფართოვდა, ძლივს შეიკავა სიცილი.
ბაბლუანს ჩაეძინა.
ათიოდე წუთი იქნებოდნენ აქ ჩახუტებულები, ლაშა-გიორგის კი დაეძინა. ხატიამ ღიმილი ვერ შეიკავა, იჯდა, იღიმებოდა ყურებამდე და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.
მერე კი დერეფანში ანანო გამოჩნდა, რომელიც ალბათ სასადილოდ მიბრძანდებოდა. ჯერ ერთი უინტერესო მზერა სტყორცნა მათ და კიბისაკენ გაიხედა, მერე კი შეჩერდა და პირდაღებულმა მოავლო მათ თვალი.
-ხატი…! – დაიწყო მან ხმამაღლა.
-სსს! – დაუსისინა ხატიამ, ისე ხმადაბლა, როგორც შეეძლო. – სძინავს!
ანანო პირდაღებული, თვალებდამრგვალებული მოუახლოვდათ.
-რა მოხდა? – დაიჩურჩულა მან. – დღეს დილით და გუშინდელი ღამე სულ წყევლიდი და გაქვავებული იყავი მის გამო ახლა კი შენზე სძინავს და მისი გაღვიძება არ გინდა?
-შენს რჩევას მივყევი და აჰა! – ცალი მხარი აიჩეჩა ხატიამ, რომელზეც ლაშა-გიორგის თავი არ ედო. – დაველაპარაკე დღეს და ასე მოხდა…
-დაელაპარაკე… ჰო აბა რა… – იჭვნეული თვალი შეავლო ანანომ. ხატიამ ტუჩები მოილოკა, იგრძნო, როგორ მოაწვა სახეში სიცხე.
-ნუ კარგი, დაველაპარაკე კიდეც. – თქვა მან. – უბრალოდ… ვერც კი გავაცნობიერე, თუ როგორ მოხდა ასე.
-მოგწონს ეგრე ყოფნა? – გაუცინა ანანომ. – ანუ… მასთან?
ხატიამ ჩაიფრუტუნა, ტუჩები მოიკვნიტა.
-მომწონს. – თქვა მან. – ჩემი თავი მომწონს როცა მასთან ვარ. უკეთესი ვარ როცა მასთან ვარ.
ანანო თვალებგაბრწყინებული უყურებდა.
-გილოცავ! – წამოიძახა მან და კისკისი ატეხა, მერე კი პირზე იტაცა ხელები. – ბედნიერებას გისურვებ, ხატია. ერთად ხართ ხომ?
-მაგაზე არ გვილაპარაკია, მაგრამ… – ხატიამ ღიმილით გადააქნია თავი. – არა მგონია დაგვჭირდეს.
-რასაკვირველია ერთად ვართ. – ჩაილაპარაკა ლაშა-გიორგიმ მოულოდნელად და უკმაყოფილო გამომეტყველებით წამოსწია თავი. გოროზად იყურებოდა ზემოდან, იმის მიუხედავად, რომ ტახტზე იყო ჯერ კიდევ მორთხმული და ხატია ფაქტიურად ესვა კალთაში. ანანო შემკრთალი, დაფეთებული უყურებდა, მერე კი ამოიხვნეშა და გაიცინა.
-ნაკლებს არც უნდა ველოდე, არა, ხატია? – გადაიკისკისა მან, მერე კი დამრგვალებული თვალები შემოანათა. – მშობლებს როდის ეუბნები?
ხატიამ მხრები აიჩეჩა. მშობლები აუცილებლად გაუგებდნენ, მითუმეტეს თუ იცოდნენ მათი ურთიერთობის საფუძველი და გრძელი ისტორია. მაგრამ ალბათ მაინც მოიცდიდა ერთი ორი კვირა, რომ თავიდან ბოლომდე გარკვეულიყო საკუთარ სურვილებში…
-რაც შეიძლება მალე. – თქვა ბაბლუანმა. ხატიამ თვალები ჭყიტა. ანანო გაცეცებით იყურებოდა მათ შორის.
-რა ბედნიერებაა! – წამოიღნავლა მან. – გილოცავთ! მე ჩემებს ასი წელი ვერ ვეტყვი მაგას. მამაჩემი გააფრენს…
ხატიამ პირი გააღო, უნდოდა გაეპროტესტებინა ეს გაუგებრობა. სულაც არ სურდა საკუთარი ურთიერთობა გამოეფინა ჯერჯერობით…
-ხატია! – მოესმა უცებ და გონებაში დაიგმინა. ურთიერთობის არგამოფენის შანსი, როგორც ჩანს აღარ ჰქონდა. გაბეზრებულმა გახედა რატის, რომელიც მოღუშული, მთელი სხეულით დაჭიმული მიშტერებოდა.
-ეს რა ამბავია? – დაიყვირა მან. – რა ხდება აქ? ხატია, შენ მთელი ღამე ამ დეგენერატის გამო არ ღნაოდი?
-ჩემს გამო ღნაოდი? – ღიმილით ჩააშტერდა ლაშა-გიორგი ხატიას თვალებში. გოგონამ გაიცინა, მხარზე წაჰკრა ხელი.
-იტყუება! – წაიბუზღუნა მან. -უბრალოდ ვიწექი და არ ვინძრეოდი, არ მიტირია.
ლაშა-გიორგის აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ უყურებდა, თმაზე გადაუსვა ხელი. ხატიამ გაუღიმა, კისერზე პაწაწინა თმებს ეთამაშებოდა თითებით.
-ოე, შეწყვეტთ თუ არა? ხატია, ამიხსენი… – ისევ წამოიწყო რატიმ.
-გაჩუმდები თუ არა? – მკვეთრად გადახედა ხატიამ და ტუჩი აიბზუა. – რამეა აქ გაუგებარი? გაეთრიე ერთი აქედან…
-რატი, წავიდეთ… – მკლავში ჩააფრინდა ბიძაშვილს ანანო. – წამოდი, სანამ ხატია გამოგკიდებია…
-წადი… ძმაო. – უთხრა ლაშა-გიორგიმ და რატის თვალები ისე გადმოეკარკლა, რომ ცოტაც და გადმოსცვივდებოდა. ბაბლუანი ფეხზე წამოდგა, გმინვით დაებჯინა გაშეშებულ მუხლებს. ხატიაც ფრთხილად წამოიზლაზნა, ჭიანჭველები უვლიდა და ძლივს ადგამდა ფეხს. – შენს დას მე მივხედავ ამიერიდან.
რატი ბრაზისაგან გაწითლდა, ენაჩავარდნილი მიშტერებოდა ლაშა-გიორგის, თითქოს ვერ გაეგო, თუ რაზე ელაპარაკებოდა. ხატიას ჯერ ფხუკუნი, მერე კი ხმამაღალი ხარხარი აუვარდა.
-ეს ავადაა? – მოუბრუნდა ხატიას რატი. – თუ უნდა კედელზე ავაწებო?
-რამდენიც გინდა იმდენი იმამლე, მაინც არაფერი გამოგივა. – წარბები ასწია ხატიამ და ბიჭს წელზე შემოხვია ხელი. – აი ამ სანახაობას შეეჩვიე, იმიტომ რომ კიდევ ბევრჯერ ნახავ.
-ალბათ ამაზე ბევრად მეტსაც ნახავ, ამიტომ გაითვალისწინე. – თქვა ლაშა-გიორგიმ და ხატიამ პირი ბოლომდე მოკუმა, რომ ისტერიული სიცილი არ აეტეხა. ანანოს პირზე ეტაცა ხელები და თვალებგაბრწყინებული იყურებოდა მათ შორის.
რატი პირმონგრეული მიშტერებოდა მათ, მერე კი ლაშა-გიორგის თითი გაუშვირა.
-აი ამას ასე არ დავტოვებ, გაიგე? – დაიღმუვლა მან. – აი ნახავ, დაგძნეყვავ ზომაზე, გასაგებია?! – მერე კი ხატიას მოუტრიალდა. – ახლავე ჩვენს მშობლებს ვეტყვი ყველაფერს და ვნახოთ მერე როგორ იპარპაშებ! – კიბისკენ მიბრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაალაჯა.
-ბავშვობა გამახსენდა, სულ რომ მემუქრებოდა, დედას ან მამას ვეტყვიო. – თვალები გადაატრიალა ხატიამ და ლაშა-გიორგის გაუღიმა. – არ მიაქციო ყურადღება.
-იმას რატომ უნდა მივაქციო, როცა შენ აქ ხარ. – უთხრა ბაბლუანმა.
ხატია გაიბადრა, მკერდი სითბოთი აევსო. მერე კი თვალი ჰკიდა, თუ როგორ იწმენდდა ანანო ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს.
-ხატიაა… – დაიღნავლა მან და ამოისლუკუნა. – რა ბედნიერებააა…. გილოცაავთ…
ლაშა-გიორგიმ ამოიხვნეშა, თვალები გადაატრიალა.
-წადი გურამთან. – თქვა ცივად. – ის შენზე მეტს ტირის.
ანანოს თვალები დაუმრგვალდა, სლუკუნი წამსვე შეწყვიტა.
-რა, მართლა? – წამოილუღლუღა მან.
-ჰო. წადი. – მიუგო ლაშა-გიორგიმ, და თავი გადააქნია, როცა ანანო წამსვე გაიქცა კიბისაკენ.
-იმიტომ გააგზავნე, რომ მარტო დავრჩენილიყავით, ხომ? – ეშმაკურად ახედა ხატიამ. ლაშა-გიორგიმ წარბები აზიდა.
-გურამი მართლა ტიროდა. – მოკლედ მოჭრა მან. ხატიამ თვალები გადაატრიალა, მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა. ლაშა-გიორგიმ მომღიმარე ტუჩებზე აკოცა.
-შენები ამოდიან. – თქვა მან, და ხატიას ყურს კიბეზე ბრახუნის ხმა მოსწვდა.
-შენებიც. – მიუგო გოგონამ, როცა მიხვდა, რომ სამზე მეტი ადამიანის ნაბიჯების ხმა ისმოდა.
-ჰოდა დავხვდეთ. – თქვა ლაშა-გიორგიმ, მაგრად მოხვია მხარზე მკლავი და ნიკაპი ასწია, გოროზად იყურებოდა და ელოდა. საჯაია ტყუილად არ ეძახდა მეფეს, მართლაც მეფურობის განსახიერება იყო.
ხატია კი იდგა, აჰყურებდა ლაშა-გიორგის და ვერ ხვდებოდა, თუ როგორ მოვიდნენ აქამდე, მაგრამ ის იცოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
ნაბიჯები უახლოვდებოდნენ, ხატია კი ლაშა-გიორგის აჰკვროდა, მის დინჯ, აუღელვებელ სუნთქვას უსმენდა.
ლაშა-გიორგი ბაბლუანი ყოველთვის მისი მეორე ნახევარი იყო, ყველაფერში. ხატიას უბრალოდ გვერდით უნდა ჰყოლოდა ის, რომ მთლიანი ყოფილიყვნენ.
.
.
არც კი ვიცი მერამდენედ წავიკითხე , უმაგრესი გოგო ხარ.
LikeLike
უსაყვარლესობა💌
LikeLike