-:- ლორაზეპამი -:-
-*-*-*-*-*-*-
ძველი მაცივრის გულისგამაწვრილებელი წუილი ისმოდა სამზარეულოდან.
ლიცლიცებდა ჭერზე ჩამოკონწიალებული, დამტვერილი ჭაღი. ძველი, რძისებრად უმჭვირი, ბუზებისაგან დაკენკილი ბროლი მკრთალად ტეხავდა სინათლეს.
მოყვითალო შუქი ეფინებოდა ოთახში მყოფ სამ ადამიანს. უფროსი, დანაოჭებული მამაკაცი იჯდა მაგიდასთან, შეკრული მუშტები დაეწყო წინ, საღამოს გაზეთს ჩაშტერებოდა უაზროდ. წამდაუწუმ ეჭიმებოდა თითებში სახსრები და კუნთები უთამაშებდა ყბებში.
კედელთან მიდგმულ, ძველებურ ტახტს უჯდა უფროსი ქალი. პერგამენტის მსგავსი, მოყვითალო კანი ჰქონდა, ულამაზოდ გადაკრული ძვლებზე. გამხდარი, მაჯებში ძვლებგამოჩრილი ხელი ასწია, ტახტზე გადაწოლილ ახალგაზრდა, პირზე დუჟმომდგარ ქალს გვერდზე გადმოუწია სახე, რომ პირში მომდგარ ქაფს არ დაეხრჩო.
ახალგაზრდა ქალი ტოკავდა, თვალები უკან გადატრიალებოდა. მკლავები მოეხარა, ტერფები აეზნიქა, მყესები დაწყდომამდე დაჭიმულიყვნენ კანქვეშ. ობობის საცეცებივით მოძრაობდნენ მოკრუნჩხული, გათეთრებული, მკერდთან ახლოს მიტანილი თითები.
მწიფე ქლიავისფერს იღებდნენ ახალგაზრდა ქალის ტუჩები ნელ-ნელა, სახის კანი გაეცრიცა. ბუყბუყისა და ხრიალის ხმა ამოდიოდა აქაფებული ნერწყვით სავსე პირიდან.
რიტმულად კუმშავდა ტახტისაკენ ზურგშექცევით მჯდარი მამაკაცი მაგიდაზე დაწყობილ მუშტებს, ერთ წერტილს ჩაშტერებოდა გაზეთში.
ნელ-ნელა ჩაწყნარდა ტოკვა. ხრიალი შეწყვიტა ახალგაზრდა ქალმა, გამალებით, თითქოსდა ინსტინქტურად უმოძრაობდა ყელი, მომდგარ დუჟს ყლაპავდა, მაგრამ უმეტესობა ლოყის ქვეშ დაფენილ პირსახოცზე სდიოდა.
-წყნარად, დედი… – მხარზე მოუსვა ხელი ქალმა. – წყნარად, ყველაფერი რიგზეა…
-უნდა წავიდე… – ძლივს ამოილუღლუღა ახალგაზრდა ქალმა. ატრიალებულმა, მუქმა ირისებმა თავიანთი ადგილი დაიკავეს, მაგრამ თავგზააბნეული იყურებოდა, სწრაფად ახამხამებდა წამწამებს და ლულავდა გაფითრებულ ქუთუთოებს, სისხლძარღვები დაეთვლებოდა მათში. ქლიავისფერ ტუჩებს აცმაცუნებდა მდორედ. – უნდა წავიდე…
-მშვიდად, მშვიდად… – ლაპარაკობდა პერგამენტსახიანი ქალი, დედურ ხელს უსვამდა.
-მე მივდივარ… – ლუღლუღებდა ახალგაზრდა ქალი, ისე გადმოატრიალა თავი, რომ ჭახანი გაიღეს მალებმა კისერში. ჭერს ააშტერდა უაზროდ. – მივდივარ…
ბუტბუტი განაგრძო, უაზროდ.
-ექიმთან უნდა მივიყვანოთ. – თქვა ქალმა, კაცისაკენ მიატრიალა გაყვითლებული სახე.
კაცს ყბა მოექცა. ცერი ნერწყვით დაისველა და გაზეთი გადაფურცლა.
-მერამდენედ? – თქვა მან. თვალს აყოლებდა სტრიქონებს, მაგრამ არაფერი შესდიოდა თავში. – რისთვის, მითხარი? არ ვიცით რა სჭირს თუ წამალი არ გვაქვს?
-მგონი წამლის დოზას უნდა მოვამატებინოთ. – მიუგო ქალმა. წარბები შეეკრა, ღარი გასჩენოდა მათ შორის.
კაცმა ხმა არ გაიღო, კიდევ ერთხელ გადაფურცლა გაზეთი. სახე დაეჭიმა ქალს, გაღიზიანებული მიაშტერდა.
-შენ ფულის გადახდა არ გინდა. – გამოსცრა მან კბილებში. – სულ არ განაღვლებს შენი შვილი!
-რას ქვია, მინდა-არ მინდა? – სკამის ღრჭიალით შემობრუნდა კაცი. ჩამჯდარი, მარტორქა ხოჭოს ზურგივით მუქი თვალები ავისმომასწავებლად უპრიალებდა, ფართო სახე წამოუწითლდა. – რაებს მეუბნები, ქალო? რა უნდა გადავიხადო, რაც არ მაქვს?! ყველაფერი მაგის წამლებში მიდის!
-რანაირად ლაპარაკობ? – წამოიფოფრა ქალი. – ისე ამბობ, თითქოს არ გინდა რომ იხდიდე!
კაცი დაჟინებით ჩააშტერდა მეუღლეს. სახე ცალყბა ღიმილმა დაუღმიჭა, მერე კი ტუჩები აუთრთოლდა, ტახტზე წამოწოლილ, უაზროდ მომზირალ ახალგაზრდა ქალს გადახედა წამიერად.
-მოდი ერთადერთხელ, ამოდენა დედამოტყნულ ცხოვრებაში ერთხელ სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს რაა… – ძლივს ამოღერღა მან, ხოჭოს თვალებს აფაციცებდა აქეთ-იქით. – ორივემ ვიცით, რასაც ვფიქრობთ…
-არ თქვა ეგ! – დაუსისინა ქალმა. თვალები შეშლოდა, მთელი ძალით ჩაევლო სანთელივით თითები კალთაში. – არც კი გაბედო…
-არცერთ მშობელს არ უნდა ავადმყოფი შვილი… – კბილებში გამოსცრა კაცმა, სირცხვილით აელეწა სახე, ქალიშვილს გადახედა, მერე კი წამსვე აარიდა მზერა.
-არ თქვა მეთქი! – გაკაპასდა ქალი. – არ თქვა!
-ჩვენი შვილი სულ ასე იქნება. – განაგრძო კაცმა, სწრაფად, თითქოს ცეცხლი შეუნთესო. – იბორიალებს ღამღამობით ღმერთმა იცის სად, მოეთრევა სახლში, დაგვაჯდება კისერზე, იცხოვრებს იქვე და ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს…
-გაჩუმდი! – იბღავლა ქალმა. გამწარება ედგა თვალებში, ფრჩხილებით ფხრეწდა კალთაში გადაფარებულ გალეულ ჩითს. – ეგ ენა მიგახმეს ძირში! პირში ჩაგილპეს!
-რას მწყევლი, ქალო! – შეუტია კაცმა, განერვიულებულმა მოილოკა დახეთქილი ტუჩები. – რამე ვთქვი ტყუილი?! მითხარი, ერთხელ მაგ შენი პირიდან სიმართლე რომ გამოვიდეს, რა იქნება, გამაგებინე?! სულ მთელი ცხოვრება ეგრე მატყუარა უნდა იყო?!
-აბა რა გავაკეთო სხვა! – მუხლებზე ხელები დაირტყა გამწარებულმა ქალმა. – რა ვქნა, სად გავუშვა, თავისით იცხოვროს? როგორ უნდა იცხოვროს თავისით, გამაგებინე! მე რას მერჩი, მე რა წყალში გადავვარდე, მითხარი!
კაცმა აღარაფერი უპასუხა. რაღაცნაირი კმაყოფილება გამოეხატა ფართო სახეზე.
მერე კი მიბრუნდა, ზურგი შეაქცია ცოლ-შვილს.
საათი ტიკტიკებდა და ხლეჩდა ოთახში ორ ადამიანს სქლად ჩამოწოლილ დაძაბულობას, რომლის ცენტრშიც გაუცნობიერებლად გამოხვეულიყო ტახტზე მწოლიარე ახალგაზრდა ქალი, ახლა რომ უაზროდ ბუტბუტებდა ქლიავისფერი ტუჩების გარშემო და ჩამქრალი თვალებით მისჩერებოდა ჭერს.
.
.
-*-*-*-*-*-
შორენას გამოეღვიძა.
მაგრამ არ სძინებია.
თითქოს რაღაც დრო დაეკარგა, თითქოს ფიქრებს აყოლილი გათიშულიყო.
ესე იგი კიდევ ერთი კრუნჩხვა. ბოლოს მხოლოდ ტახტზე ჯდომა ახსოვდა.
ძლივს წამოიწია. ნერწყვს დაესველებინა ლოყისქვეშ დაფენილი პირსახოცი. შავი თმა გასწეწოდა, შუბლზე ჩამოყრილი კულულები გაისწორა მოკანკალე ხელით. თვალებს ძლივს ახელდა, დისორიენტირებული ძლივს არჩევდა შემოგარენს.
ნელა, გმინვით წამოჯდა შორენა, მაგრამ მაინც იხუვლა სისხლმა მისი თავიდან მიწისაკენ. თვალებში ჩამოუბნელდა და ტახტს ხელი სტაცა, რომ თავი შეემაგრებინა. რომ გამოიხედა, პირსახოცი აიღო, ნელი, მდორე მოძრაობებით და ტუჩები მოიწმინდა.
შეამცივნა. კანკალებდა.
სინათლე ენთო. მამამისი ტელევიზორს უყურებდა, ჭურჭლის რახუნის ხმა ისმოდა სამზარეულოდან.
დაცვარულ შუბლზე აისვა ცივი ხელები შორენამ. კუნთები უხტოდა, საკუთარ მუხლებს ჩააშტერდა.
ბოლოს კრუნჩხვა სამი კვირის წინ ჰქონდა. დოზისათვის უნდა მოემატებინა ალბათ.
დრო გონებაში ჩაინიშნა და ნელა წამოდგა.
ტახტის ჭრაჭუნზე გამოხედა მამამ.
ცოტა ხანი ერთმანეთს გაუსწორეს თვალი. მამის მოწითალო, დანაოჭებულ სახეს უყურებდა შორენა და ყველაფერს ხედავდა მის თვალებში, რისი დანახვაც არ სურდა.
-როგორ ხარ? – ჰკითხა ბოლოს მამამ. ამ სიტყვების უაზრობას ხედავდა ახალგაზრდა ქალი.
-არ უნდა იცოდე, მამა? – მიუგო შორენამ, წარბები აზიდა. მამამისს ყბა მოენგრა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-როგორც ყოველთვის. – თქვა ახალგაზრდა ქალმა, ხვნეშით. საათისაკენ გაექცა თვალი.
ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარი იყო. მოასწრებდა კლუბში გასვლას.
-მიდიხარ? – ჰკითხა მამამ. შორენას მისკენ არ გაუხედავს, ისევ საათს მიშტერებოდა, მისი ისრების უმისამართო, წრიულ მოძრაობას.
-კი. – მიუგო ბოლოს და დაბრეცილი ნაბიჯებით გაემართა კარისაკენ.
-ჭკვიანად იყავი! – გამოსძახა მამამ, უკვე შემოსასვლელში გასულს.
შემოსასვლელის სარკეში ჩაიხედა ახალგაზრდა ქალმა. თაროზე დაწყობილი მწირი პარფიუმერია გადმოიღო, ქუთუთოებზე ფანქარი გადაისვა და აწეწილი თმის გასწორება სცადა. ლოყაზე არაკომფორტულად მიმხმარი ნერწყვი სახელოთი მოიწმინდა და ნელა ჩაიცვა თხელი მოსაცმელი. ზაფხული იდგა, მაგრამ საღამოობით გრილდებოდა ხოლმე. თან ჯერ კიდევ კანკალებდა, ფეხზე ძლივს იდგა.
მაგრამ სახლში ვერაფრით გაჩერდებოდა. ყველაზე მეტად ამ დროს ვერ იტანდა მშობლების შემოხედვას. მაშინ, როცა ჩვეული, ნორმალური და თავდაჭერილი შორენა აღარ იყო.
კიბეებზე ფრთხილად ჩაბიჯა, სახელურს ჩაბღაუჭებოდა. სიგრილემ შემოჰკრა, ქუჩაში რომ გავიდა და მაგრად მოიხვია თხელი ჟაკეტი.
ამ დროს ფეხით სიარული უყვარდა, ასე უფრო მალე მოდიოდა აზრზე.
გზას დაუყვა. მინავლებული მზის სხივები ანათებდნენ მოკენჭილ, კორპუსებშუა მოედანს, შორს ერთმანეთს აყოლილი ძაღლების შეუჩერებელი ღავღავი ისმოდა.
შეიჭმუხნა შორენა. მეზობელი კორპუსის მეშვიდე სართულს ახედა. ცვალებადი ფერის სინათლისა და ყრუ გუგუნის ხმა გამოდიოდა კიდესთან მყოფი ბინიდან.
მეექვსე სართულზე ფანჯარა გაიღო და ჩათქვირებულმა, ხალათში გამოწყობილმა ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა, მერე კი იატაკის ჯოხით დაუხათქუნა მეშვიდე სართულის აივნის დახვეულ რიკულებს.
-გაჩუმდით! – აყვირდა ის. – თქვენ დაწყდით ერთ დღეს, თქვენი სინსილა გაწყდა, თქვენ მოგიკვდათ პატრონი, არ გეძინებათ?!
ილანძღებოდა ქალი. კიდევ რამდენიმე ფანჯარა გაიღო, ადამიანთა ჩოჩქოლი ისმოდა ანთებულ სინათლეთა ფონზე. გაცოცხლდა და გამოძრავდა ქვის კორპუსი.
შორენამ თვალი მოარიდა. გზას დაუყვა.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
ჩვეულებრივი ბავშვი იყო შორენა, როცა დაიბადა.
დედის ნუშისებრი თვალის ჭრილი და მამის მუქი ირისები ჰქონდა, პატარა, გაბუშტული ცხვირითა და თხელი ტუჩებით. ისიც ისევე წიოკობდა და ასავსავებდა უსუსურ კიდურებს, როგორც ნებისმიერი სხვა ახალშობილი.
საყვარელი ბავშვი ეთქმოდა. სქელი შავი თმა და დიდი, ხოჭოსავით მბზინვარე თვალები ამშვენებდა, იხრებოდნენ უფროსები მისკენ, ლოყებზე ჩქმეტდნენ და უაზრო კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ.
ათი წლის რომ იყო შორენა, შუა კლასში, შესვენებისას დაეცა. დაფას სწმენდდა, და ჩვარი ისე გაუვარდა, ვერც კი შეამჩნია. მერე კი, სანამ რამეს გაიფიქრებდა, ელვის სისწრაფით ჩაეკეტა კუნთები და მოწყვეტით დაენარცხა იატაკზე.
ჯერ ხმამაღალი, აქამდე მისი ყელიდან ამოუსვლელი გმინვა აღმოხდა ბავშვს, მერე კი უკონტროლო ტოკვა დაიწყო მისმა სხეულმა.
მისი კლასელები ჯერ გაოგნდნენ. რამდენიმემ ყვირილი წამოიწყო, მასწავლებელს ეძახდნენ. ზოგმა ტირილი ატეხა.
მასწავლებელი შემოვარდა, და მის გვერდით ჩაიმუხლა, თუმცა ხელის ხლება ვერ გაებედა.
ორიოდე წუთის შემდეგ გაუარა შორენას. მხოლოდ გზააბნეული გონება, ნაკბენი ენა, პირში სისხლის მოტკბო გემო და თავზე წამომდგარი დამცირება შერჩა.
ორჯერ დაემართა კიდევ კრუნჩხვა, ერთხელ სკოლაში, მეორედ სახლში. ყოველი ტოკვისას თითქოს ნელ-ნელა სცილდებოდა სამყაროს.
ან სამყარო სცილდებოდა მას. კლასში გაუცხოვდა.
არ განუცდია დიდად. ყველაფერი ნელა მოხდა, დროდადრო. და მაშინ, როცა გააცნობიერა გაუცხოება შორენამ, კლასელებთან კავშირი უკვე აღარ სჭირდებოდა.
ექიმთან მიიყვანეს. ეპილეფსიააო, დასძინა მან, წამლები გამოუწერა და მორჩილად სვამდა მათ შორენა.
წლები გავიდა.
კრუნჩხვები სისტემატიური იყო, მაგრამ ასატანი.
წამოიჩიტა გოგონა.
უყურებდა მისი კლასელი გოგონების ცვალებად სახეებს და ელოდა, თუ როდის გახდებოდა თვითონაც ასეთი ლამაზი.
ერთხელ პარფიუმერია მოიპარა მაღაზიიდან. სააბაზანოში ჩაიკეტა და ყველაფერი წაისვა სახეზე.
ცოტა ხანი უყურა საკუთარ თავს სარკეში და ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ მაკიაჟითაც კი ახლოს ვერ მიდიოდა კლასელების ბუნებრივ სილამაზესთან.
მოიღუშა. ეუცხოვა ეს ცნება და გაუკვირდა კიდეც. ვერ გაიგო, თუ რატომ არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ისინი. ცხვირიც ჰქონდა, ტუჩებიც, თვალებიც და წარბებიც, ისევე, როგორც მათ.
კიდევ დაელოდა.
მაგრამ არ შეეცვალა ნაკვთები. სახე დაეკენკა გამონაყრით. გააცნობიერა, რომ მხოლოდ ტუჩები არ ჰქონდა, ჰქონდა თხელი, გაცრეცილი ტუჩები. მხოლოდ თვალები არა, დაბურული, სქელ წარბებს ქვეშ შემალული თვალები, მუდამ ავად რომ იმზირებოდნენ. მხოლოდ ცხვირი არა, მოკაუჭებული, წინ წამოწეული ცხვირი.
„უშნო შორენა! უშნო შორენა! უშნო შორენა!“
დაჰკიოდნენ კლასელები, როგორც ჰარპიები. მორღვეული პირებით უღიმოდნენ, სიამოვნებდათ საკუთარი აღტკინება ამ თემის მიმართ.
რატომღაც არ ტიროდა შორენა. მხოლოდ თვალს აყოლებდა მათ თითოეულ მოქმედებას, რეტინებზე ამოეწვებოდა თითოეულის სახე და გამომეტყველება.
რატომღაც ახლაღა შეამჩნია, რომ მას „ლამაზ გოგოს“ არ ეძახდნენ. ლამაზებს არასოდეს ეძახდნენ ჭკვიანებს, და პირიქით.
დედა, მისი ჭკუით, ანუგეშებდა. ჩიტები ყველაზე მწიფე და ლამაზ ნაყოფს ჰკენკავენო, ეუბნებოდა.
არ ეუბნებოდა შორენა, რომ არც თვითონ იყო ყველაზე ლამაზი ნაყოფი და არც მისი კლასელები ჩამოჰგავდნენ ჩიტებს.
კლასელების ყვირილი მაშინ შეწყდა, როცა მისი შეეშინდათ. მეცხრე კლასში იყო მაშინ შორენა.
ბარტყი გადმოვარდნილიყო ბუდიდან მათი სკოლის ეზოში. იჯდა გაყვითლებულ, შემოდგომის ფოთლებში და გოგო-ბიჭები ეხვივნენ თავზე.
„რა საყვარელია, მოგინდება მოჭყლიტო!“ ღუღუნებდა ერთი გოგო.
შორენამ მათ გვერდით ჩაიმუხლა, ბარტყს ხელი სტაცა და მოუჭირა მაგრად.
წამსვე ჩაიფშვნენ ფრინველის ფარატინა ძვლები მისი თითების ქვეშ. თვალები გადმოეკარკლა ბარტყს, ჩაესისხლა, ბროწეულმა იფეთქა გოგონას მუშტში.
კლასელმა გოგოებმა შემზარავი კივილი ამოუშვეს.
დატუქსეს შორენა. უთხრეს, რომ დაუცველ არსებებს ასე არ უნდა მოქცეოდა.
დაჰყვიროდნენ მასწავლებლები თავზე, თავიანთ მორღვეულ პირებს ათამაშებდნენ, სველ, გრძელ ენებს ატკაცუნებდნენ, თვალებს უბრიალებდნენ და ერთადერთი კითხვა უტრიალებდა გოგონას გონებაში.
„რატომ? რატომ არ შეიძლება?“
ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი მაინც მოკვდებოდა. თვითონ უბრალოდ მოწყალება გამოიჩინა, სულ ეს იყო.
მაგრამ არაფერი უთქვამს.
იმის შემდეგ უფრთხოდნენ კლასელები. აღარც აჯავრებდნენ „უშნო შორენას“ ძახილით, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაინაცვლეს, ხმასაც აღარ სცემდნენ.
ზომაზე მეტად დაშტერებოდა ერთი ბიჭი. ვერ გაეგო შორენას, ეშინოდა უბრალოდ მისი და ამიტომ აყოლებდა თვალს, თუ უნდობლად იყო მის მიმართ განწყობილი.
მეათე კლასის ბოლოს, გამოცდებზე „შპარგალკა“ შეაპარა მას მერხში შორენამ.
ბიჭი ჩაიჭრა, როცა „შპარგალკა“ უპოვეს. მისი გაცხარებული უარყოფის მიუხედავად, გამოცდაში ჩაჭრეს და კლასი გაამეორებინეს.
ოცნებობდა შორენა, რომ მას გამოცხადებოდა წინ და ეთქვა, რომ თვითონ ჩაიდინა ეს. რომ მისი ნამოქმედარი იყო მის თავს დამტყდარი განსაცდელი.
ძალიან აინტერესებდა მისი გამომეტყველება, მისი თვალები, რომლებიც აქამდე ასე დაჟინებით უმზერდნენ, და მათი უპირობო ცვლილება.
მაგრამ არაფერი უთქვამს.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
კლუბში შეაბიჯა ახალგაზრდა ქალმა. ნაცნობი, სიახლოვის, ალკოჰოლის, მისი თავისუფლების ტკბილმწარე სურნელი შეისუნთქა.
წამსვე ხალხში გაერია. მოძრაობდნენ მოცეკვავეები, ფერადად მოციალე სინათლეზე ბზინავდნენ ღელვამოწოლილი სხეულნი. პულსად ქცეული იატაკი ტანში სჭიდებდა რიტმის საცეცებს, ელექტრონულ, ყურისწამღებად მაღალ მუსიკას გრძნობდა ძარღვებში შორენა.
ნახევრად შიშველი ქალები ტრიალებდნენ ვერცხლისფრად აბზინებულ ბოძებზე, კედლებთან. ვულგარულად აღებდნენ პირს, სავსავებდნენ მათი ენები, ისევე იკლაკნებოდნენ, როგორც გველები, თავიანთ ბუნაგში რომ აცდუნებდნენ მსხვერპლს.
მათზე შემოხვეული მამაკაცები ღრიალებდნენ.
-უხ, რას მოგტყნავდი! – მოესმა შორენას კაცის აღგზნებული ხმა. ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა, სიცხე ჩაუდგა მუცელში.
დახლს მიაღწია. უკვე დამთვრალიყო თითქოს, თავს მუსიკას აყოლებდა, თვალებს ლულავდა, როცა ბარმენს ათლარიანი მიუგდო და რომის მარტინესი შეუკვეთა.
სასმელს ელოდა შორენა, თავისუფალი ხელით ყურის მთელ სიგრძეზე აყოლილ, მრგვალ პირსინგებს იწვალებდა, თან საცეკვაო მოედანზე შექუჩულ ადამიანებს უყურებდა. მუსიკა გრიალებდა კედლებში, თითქოს ტრანსში აყენებდა კლუბში მყოფებს, ნუსხავდა, სხეულებს ერთმანეთისაკენ იზიდავდა, აღრევდა და თქვეფდა ერთ ფერად, მროკავ მასად.
ვიღაც წყვილი იდგა კედელთან. ბიჭს მიეწებებინა ზედ გოგო, თავის თეძოზე მოედო მისი შიშველი ფეხი. ერთმანეთს კოცნიდნენ, ალბათ მალე სექსი ექნებოდათ კლუბის ტუალეტში.
ანდა აქვე.
თავი გვერდზე გადააგდო შორენამ, წყვილს უყურებდა. გოგოს მუქ, ისე მუქ, რომ ლურჯად იფერებოდა, თმასა და ბიჭის ხაკისფერ ქურთუკს იმახსოვრებდა.
-კარგი წყვილია, არა? – მოესმა გვერდიდან, და მისი სასმელი მოუწია ბარმენმა. შორენამ მოყავისფრო-მოოქროსფრო სითხით სავსე ჭიქისაკენ დახარა თავი, შუბლზე ჩამოყრილი თმის ქვეშ შემალა თვალები და მზერა.
ბარმენს ხმა არ გასცა, რომის მარტინესი მოწრუპა წყნარად.
-არ გინდა იცეკვო? – ჰკითხა ბარმენმა.
-არა. – მოუჭრა შორენამ.
-რატომაც არა? – ხმაში ღიმილი ეტყობოდა ბარმენს. – იქნებ შენც იშოვო შეყვარებული და იმ წყვილივით იყოთ, არ გინდა? ცოტა რომ გაგჟიმოს და მოეშვა?
შორენამ რომის მარტინესი მოსვა, კაცს წამიერად გადახედა, მის არაფრისმთქმელ, პროგნოზირებად თვალებში ამოიკითხა, რისი დანახვაც სურდა.
დასანახი არაფერი იყო. მისი ნაკვთები არასოდეს დაამახსოვრდებოდა შორენას. მათ ვერც კი ხედავდა.
-გოგო ღალატობს. – თქვა მან. ბარმენს თვალები გაუფართოვდა, მისკენ გადმოიწია, ინტერესით აღსავსე.
-როგორ, მართლა? – ამოილუღლუღა მან. – შენ რა იცი?
-ვნახე. – მიუგო მან. – გუშინწინ ვიღაც გოგოსთან ზასაობდა. თან სხვასთან უჟიმავია წინა კვირაში თურმე. – შორენამ სასმელი მოსვა, სასიამოვნო წვაზე შეუტოკდა ტუჩები. – რაებს არ აკეთებენ დღევანდელი გოგოები, წარმოგიდგენია?
-ჰო, მთლად გაფუჭდნენ ეს ბოზები… – ტუჩები მობრიცა ბარმენმა.
მხრები აიჩეჩა შორენამ, ჭიქით ხელში წამოდგა, ხალხში გაერია.
ცოტა ხანი უაზროდ მოძრაობდა, ნებას აძლევდა მუსიკას, რომ თავისი საცეცებით აემოძრავებინა, იქით გაეზიდა ძარღვებით, საითაც მოუნდებოდა. ნელ-ნელა სვამდა და თავდახრილი ირწეოდა ადგილზე, ეცნაურებოდა მასზე შეხებულ სხეულთა სითბოს.
თითქოს დაირღვა, ჩადნა, იმ ფეთქვას, ერთი პულსისა და სუნთქვის მქონე მასას შეერია. იგრძნო რამდენჯერმე უცხოთა ცხელი, ნოტიო, ბილწი, თითქოსდა მოჩვენებითი ხელები სხეულზე, რომლებიც მკლავებზე დაჰყვნენ, თეძოებისა და საჯდომის მრუდზე, ფეხებშუა მისწვდნენ.
შორენამ უბრალოდ თავი ააღირა, ცალი ხელი ჭერისაკენ გაეწვდინა, მეორით ჭიქა მიეტანა ტუჩებთან. ირწეოდა თავისთვის.
ვიღაცამ მაგრად მოხვია უკნიდან შიშველი, ოფლისაგან აბზინებული მკლავები და ცხელი სხეული აეკრო ზურგზე.
-ძაან სექსი ტრაკი გაქვს… – დაუჩურჩულა მამაკაცის ხმამ. არ დაუჯერა მას შორენამ. – გინდა სადმე წავიდეთ?
-წავიდეთ… – უპასუხა ახალგაზრდა ქალმა, დადაბლებული, ვნებით აღსავსე ხმით. ხელი გადასწია უკან, მამაკაცს თმაში სტაცა თითები და მოიზიდა, ყელში ჩაირგო მისი თავი.
და სანამ მამაკაცი ტუჩებით ეფერებოდა ყელზე, მუცელსა და მკერდზე სწვდებოდა თავისი ხელებით, შორენამ ნებივრად მოსვა რომის მარტინესი, და მის წინ მდგომ მამაკაცს საჯდომზე სტაცა თავისუფალი ხელი, მაგრად მოუჭირა.
მერე კი, სანამ ის შემოტრიალდებოდა, შორენა მშვიდად გამოუსხლტა მასზე უსურვაზივით მოხვეულ მამაკაცს და ხალხს შეერია.
-ვის უფათურებ ხელებს, შე პიდარასტო! გამოყლევდი?! – მოსწვდა მის ყურებს ღრიალის ხმა. – დედას მოგიტყნავ, ყლეო!
მერე კი დარტყმის ხმა. ტკივილით აღსავსე გმინვა. კიდევ ერთი დარტყმა და აღშფოთებით აღსავსე გინება.
მათ გასაშველებლად მივარდნილნიც ჩაერთნენ ჩხუბში.
წინ როკვით მიიწევდა შორენა. რომის მარტინესს სვამდა, ცალი ხელი მლოცველივით აღემართა და თვალები დაეხუჭა. ხალხს არღვევდა, ფერადი სინათლე გადასდიოდა თავზე ნელ-ნელა, მოფერებით, მერე კი ტყდებოდა და დაქუცმაცებულ ნაპერწკლებად ეყრებოდა თავზე მის უკან გამართულ ორომტრიალს.
ორგანიზებული ქაოსი, აქამდე რომ საცეკვაო მოედანზე გაშლილიყო, ნელ-ნელა იკვრებოდა, იკუმშებოდა, როგორც ვარსკვლავი, რომელის სუპერნოვისათვის ემზადებოდა.
დაცვამ სცადა მათი გაშველება, მაგრამ ამაოდ. ზვირთად აგორებულიყო ყრუ დარტყმების, ყვირილის, ჭიქების ლეწვისა და ტკივილისაგან გმინვის ხმა.
შორენა კედელს მიეყუდა, კართან ახლოს. მუსიკას აყოლილი თავს აქნევდა, მორჩენილ წვეთებს ლოკავდა ჭიქიდან და მის წინ გამართულ სცენას ადევნებდა თვალს.
რამდენიმეს გამოელაპარაკა. იმ მუქი, ლურჯად დაფერილი გოგოსა და ხაკისფერქურთუკიანი ბიჭის ვინაობა გაიგო.
მერე კი, სულ ცოტა ხანში, მოახლოებულ მამაკაცს წაჰყვა ტუალეტში.
და იქ, მამაკაცის აღტკინებული გმინვით სავსე კაბინაში, შმორის, შარდისა და ცხვირთან მიტანილ ჭიქაში ჩარჩენილი რომის მარტინესის სურნელის ფონზე, ბინძურ უნიტაზზე გადახრილს ჰქონდა სექსი.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
მეთერთმეტე კლასში ერთი გოგოს ტელეფონის ნომერი გაიგო შორენამ. ჩუმად ამოკაწრა რამდენიმე კლასის მერხებზე, ბიჭთა საპირფარეშოს კედლებზე, წარწერით „ცხელი ხაზი ბოზთან.“
სახელი გაუტყდა იმ გოგოს. ისე აიტაცეს ეს ამბავი სკოლაში, როგორც გამხმარმა თივამ ცეცხლი. დადაგა სირცხვილისა და დამცირების ცეცხლმა გოგო, მოშანთა, სიცოცხლე გამოსწოვა. მეძავი ეგონათ, აითვალწუნეს მეგობრებმა, კლასმა, მასწავლებლებმაც კი. პირში არავინ არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ბილწ ჭორებს აზვირთებდნენ მასზე.
უნდოდა შორენას, რომ ყველას სცოდნოდა, თუ როგორ მოაწყო ეს ყველაფერი. რომ ფაქტიურად ხელის განძრევაც არ დასჭირდა იმისათვის, რომ საქმე გაჩარხულიყო. დაუდგებოდა გოგოს წინ, პირში ეტყოდა ყველაფერს და მის გამომეტყველებათა ელვის უსწრაფეს ცვლილებებს უკლებლივ შეისრუტავდა.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ალბათ მეთორმეტე კლასი იყო.
საინტერესო დინამიკა შეამჩნია შორენამ მათ მათემატიკის მასწავლებელსა და მის კლასელს შორის. ერთმანეთისაკენ აპარებდნენ თვალს, უჩუმრად.
დაინტერესდა შორენა. თვალთვალი დაუწყო მათ.
ქორივით, აღუწერელი ინტერესით უმზერდა. სკოლაში აქცევდა ყურადღებას მათ მოქმედებას. რამდენიმე მეორეკლასელს საღეჭი რეზინი მისცა იმისათვის, რომ სკოლის შემდეგ ადევნებოდნენ ორივეს.
თვალთვალის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, დაინახა, თუ როგორ კოცნიდნენ ისინი ერთმანეთს ცარიელ საკლასო ოთახში.
ღრიჭოდან სურათები გადაუღო მათ შორენამ. სასკოლო ელ-ფოსტაზე გაუგზავნა დირექტორს, სასწავლო ნაწილსა და ყველა მასწავლებელს, ქალაქის ცენტრში მყოფი ინტერნეტ-კაფედან.
მეორე დღეს მასწავლებელი აღარ გამოჩენილა.
მისი კლასელიც განადგურებული ჩანდა. ნამტირალევს თვალები ამოსიებოდა. უყურებდა მას შორენა და ჭამდა სურვილი იმისა, რომ ეთქვა მისთვის თუ ვინ დააქცია მათი ურთიერთობა.
მეთორმეტე კლასი გაჭირვებით დაამთავრა, არსად ჩაუბარებია. სწავლის სურვილი არ ჰქონდა.
მშობლებმა დაუწყეს უთავბოლო ყაყანი. სთხოვდნენ, რომ წესიერად მოქცეულიყო, რომ ჭკუაზე მოსულიყო, რომ არ შეერცხვინა მათი სახელი სამეზობლოში.
არ ესმოდა ამ მოთხოვნილებების შორენას. რომელი სახელი? სამეზობლოს ერთმანეთი მხოლოდ ჭორებისათვის აინტერესებდა, სხვა დროს ერთმანეთისათვის მხოლოდ ბანალური, ზომიერად აუტანელი აუცილებლობანი იყვნენ. და რომელი წესიერება? იყო თავისთვის, არავის არაფერს უშავებდა, ნუთუ ეს წესიერი მოქცევა არ იყო?
სახლში ყოფნა მოიძულა.
იმ დროისათვის მიხვდა, რომ ღამღამობით ხეტიალი უყვარდა ქალაქში. დაეთრეოდა აქეთ-იქით, ყველა პატარა შესახვევში ძვრებოდა, ყველა სახლს იზეპირებდა. სიამოვნებდა ღამეული სიწყნარე.
რატომღაც ყოველთვის აზარის თეატრი იზიდავდა თავისი სეირნობების დროს. დიდი შენობა იყო თეატრი, თეთრი ქვისაგან აგებული, რომელიც დროთა სვლას ოქროსფერი გაეხადა, წვიმისა და თოვლის ნაღვენთნი იყვნენ თითქოს ალაგ-ალაგ, მასიურ ქვათა შორის, ან მათზე გაჩენილი ლაქები. მის წინ მარმარილოსაგან გამოკვეთილი, ყალყზე მდგომ ბედაურზე ამხედრებული, რომელიღაც ისტორიული პიროვნების ქანდაკება იწონებდა თავს. როცა მზე გადაიხრებოდა, პირდაპირ შესასვლელთან ეცემოდა ქანდაკების ჩრდილი, თითქოს გზას უკვალავდა, თავისაკენ იხმობდა გამვლელებს.
თეატრის შესასვლელი კი მასიური, ხელით მოჩუქურთმებული ბჭე გახლდათ, მარმარილოთი მოპირკეთებული ტერასის ბოლოს. ტერასაზე ბერძნული სტილის, თლილი კოხტა სვეტები იდგნენ, შებჯენოდნენ თეატრის სახურავს. სვეტები რატომღაც სულ თეთრად ქათქათებდნენ და გამვლელს თვალს სჭრიდნენ. ზორბა აგავები დაედგათ კიბეებთან კოხტად დაგებულ ფილაქანზე, მათ გვერდით აყვავილებული გაზონები იწონებდნენ თავს.
მაგრამ ეს გრანდიოზულობა ვერ მიიქცევდა შორენას ყურადღებას, რადგან თეატრი ღამით აღმოაჩინა.
ქუჩაში ხეტიალისას იპოვა თეატრის უკან მდებარე პაწაწინა, ათასი ხარახურითა და ნაგვის გადავსებულ, საეჭვოდ მოხრიგინე ბუნკერებით ჩახერგილ შუკასთან უკანა შესასვლელი. მორყეული გახლდათ კლიტე, დროთა სვლას შეელახა, მოეჟანგა. ერთი მიწოლით მოგვერდდა კარი და შეიპარა შორენა. ჭრიალა დერეფნებში გაძვრა, კარგა ხანი დაბორიალებდა თეატრის პომპეზურობის უკან მიჩქმალულ დერეფნებში, აყრილ, ძველ პარკეტზე. ზედ გაცრეცილი, ძველი სპარსული სტილის, ჯეჯიმის ხალიჩები ზედ და შელახული, ჩამოსული წყლისაგან დალაქავებული კედლები აღმართულიყვნენ გარშემო.
საკოსტიუმო ოთახს მიაგნო. დამტვერილი სარკმლიდან შემოსულ შუქზე ათვალიერებდა ოთახში დამყარებულ ალიაქოთს, დაკემსილ მანეკენებზე ასხმულ კოსტიუმებს, უთვალავ, მძივების, მუყაოსა და ნაჭრებისაგან შეკოწიწებულ აქსესუარებს, ფარჩას, მაუდსა თუ მდიდრულ ბარხატს.
ყველაფერი უწესრიგოდ ეყარა თითქოს, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს თავისი ადგილი ეკავა.
ლურჯი ბატისტისა და შიფონის კაბა გადაიცვა შორენამ, ღიღინით, თავზე მოგრძო, ფარშევანგის ბუმბულითა და ყალბი ძოწით მორთული ხავერდის ქუდი დაიფარა. შიფონის ქვედაბოლო ქვემოთ დასთრევდა, როცა დერეფანს დაუყვა.
სხვენზე აძვრა, დაჟანგული, პაწაწინა კიბის დახმარებით. მომცრო სარკმელი გაეკეთებინათ კედელში მხოლოდ, რომელიც თეატრის უკანა მხარეს გადაჰყურებდა. მკრთალად მოჩანდა ობობათა აბლაბუდასა და მტვერში ქუჩაში მდგომი ლამპიონების ყვითელი ძეწკვი.
სხვენზე კი ათასი ხარახურა ეყარა, ძველი კოსტიუმებით სავსე სკივრებით დაწყებული, დეკორაციებით დამთავრებული.
ცოტა ხანი სიბნელეში მოკუნტული იჯდა შორენა, სანამ წამოდგებოდა და სხვენის უფრო გულდასმით დათვალიერებას დაიწყებდა.
სხვენის მეორე მხარეს იატაკში ამოეჭრათ პაწაწინა კარი.
ხუთი წუთი ეჯაჯგურა შორენა, რომ გაეღო. ამტვერებულ იატაკზე გადაწვა მუცლით და ღრიჭოში გადაეყუდა.
პირველი, რაც თვალში მოხვდა, მკრთალი სინათლე იყო, რომელიც სცენას დისკოდ ეფინებოდა. ველიურის მძიმე, სამეფო ლურჯი ფარდები ნაკეცებად დაშვებულიყვნენ სცენის ორივე მხარეს, ერთადერთი, მბჟუტავი პროჟექტორი დაეტოვებინათ ჩართული.
მკრთალი სინათლე საკმარისი იყო იმისათვის, რომ დაენახა წითლად დაფერილი სავარძლები, საორკესტრო ჭრილი სცენის წინ, იარუსებსა და ლოჟებს შებჯენილი, მარმარილოს სვეტები, და მისგან ორიოდე მეტრით დაშორებული ქანდარა.
არც კი დაფიქრებულა, მაშინვე ქანდარაში ჩახტა შორენა.
ზათქით დაეცა, და სკამებს შეეხეთქა გვერდით. მტკივან მკლავზე ხელი დაისვა, მერე კი წარბებაზიდულმა გადაავლო თვალი მის წინ, თითქოს ხელისგულზე გადაშლილ თეატრს.
სავარძელში ჩაჯდა, ისევ ფუშფუშა შიფონსა და ბატისტში გამოწყობილი, თავზე ამაყად ჩამოფხატული ხავერდის ქუდით, ჩამოხტომისას ოდნავ რომ მოქცეოდა გვერდზე.
უბრალოდ იჯდა და უყურებდა სცენას, მის ზემოთ ჩართულ მბჟუტავ პროჟექტორს, თეატრის გულივით რომ კიაფობდა სიბნელეში, დილამდე.
კაბა კოსტიუმების ოთახში დატოვა, ქუდი კი თავისთან წამოიღო. ლოგინისპირა ტუმბოზე ედო და ხანდახან იხურავდა ხოლმე, ძილისწინ.
იმ დღის შემდეგ ხშირად სტუმრობდა თეატრს. შეიპარებოდა, სპექტაკლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, დაუყვებოდა ჩვეულ დერეფნებს, მის გარშემო ატეხილ სასამზადისო ორომტრიალსა და გაფაციცებულ პერსონალს არაფრად აგდებდა. ძვრებოდა ქანდარაზე, რომელიც თითქმის ყოველთვის ცარიელი იყო, იმის გამოკლებით, როცა პატარა, ცნობისმოყვარე ბავშვები შემობოდიალდებოდნენ უმისამართოდ.
თვეები გადიოდა. წლები.
შორენა თეატრში დადიოდა, უჩუმრად ესწრებოდა სპექტაკლებს. ადგილი ამოიჩემა ქანდარაზე, ხშირად იჯდა თეატრის სხვენში და ძველ დეკორაციებზე ჩხიკერდელაობდა. ყოველთვის განაბული უსმენდა სპექტაკლს, მონუსხული, ტრანსში ჩავარდნილი, ტუჩებს აცმაცუნებდა, მსახიობთა სიტყვებს იმეორებდა.
მერე კი, დასასრულისას, ხალხის ტალღას მიჰყვებოდა შეუმჩნევლად.
შეამჩნია შორენამ, რომ თეატრი არასოდეს იყო მთლიანად სავსე. თითქოს სამყარო ვერ იტევდა თეატრს.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
სახლში ღამის ხუთზე მივიდა შორენა. უკვე მზე ამოწვერილიყო.
აინუნში არ ჩაუგდია სახლში გამართული სიწყნარე.
ფეხსაცმელები მიჰყარა კუთხეში, მოსაცმელი ჩამოჰკიდა და ხმაურით მოიჯახუნა კარი ზურგსუკან. სასწრაფოდ თავისი ოთახისაკენ გაემართა, კარი გამოიკეტა და ლოგინზე დაეხეთქა.
ფარდები გადაწეული ჰქონდა. მეზობელი კორპუსის მეთერთმეტე სართულიდან პირდაპირ მას უმზერდა ხოლმე ვიღაც კაცი.
თავი უკან გადააგდო შორენამ. ლოგინისპირა ლამპა ჩართო, ოთახს რომ ნაზი, მოლურჯო სინათლე მოჰფენოდა.
ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და შარვალი გაიძრო, მერე კი მაისური აიწია. სიბნელეში შემალული ბოქვენის ძვლის თავზე გამოსახული სამი შეერთებული, რგოლში ჩასმული სპირალის სვირინგი დაიფერა მოლურჯოდ.
შარვალი ლოგინიდან გადააგდო შორენამ, ფეხები გადაშალა. ცალი ხელით ტელეფონი მოიმარჯვა, კამერა ჩართო, მეორეთი კი ფეხებშუა ჩაიცურა თითები.
ვიდეოს ჩაწერის მანიშნებელი წითელი ბურთულა ციმციმებდა ეკრანზე. შორენა კი რიტმულად ამოძრავებდა ხელს, ფეხებსაც შესაფერის დროს ტოკავდა. ერთი-ორჯერ ამოიკვნესა ხმამაღლა და ვიდეოს ჩაწერა შეაჩერა.
რამდენჯერმე თვალი გადაავლო ჩანაწერს.
მერე კი დაფარული ნომრით გაუგზავნა შესაფერის, საგანგებოდ ჩაწერილ ნომერს, მას კი მესიჯი მიაყოლა.
„To: 500-98-41-17 Number: HIDDEN – 05:34 AM
[Video sent – view]“
„To: 500-98-41-17 Number: HIDDEN – 05:35 AM
ნიკუშა, სულ შენზე ვფიქრობ… ჩვენს ადგილას სამშაბათს ათზე?“
კმაყოფილმა ლოგინზე გადააგდო ტელეფონი.
მალე მოისხამდა მისი ნამოქმედარი ნაყოფს. თვითონ ვერ დაინახავდა მათ გამოვლინებას, მაგრამ აუცილებლად აიზვირთებოდა ქალაქში ცნობილი ბანკირისა და მისი მოდელი მეუღლის გაშორების თუ არა, განხეთქილების ამბავი მაინც.
სამწუხარო იყო, რომ თვითონ ვერ დაესწრებოდა ამ ამბავს.
ხვნეშით ასწია ხელები ზემოთ და გაიზმორა, სხეულზე გადაიგდო საბანი.
შემდეგ კვირაში თეატრში ახალი სეზონი იწყებოდა.
.
.
-*-*-*-*-*-*-
ქანდარაზე იჯდა შორენა. თეატრში სინათლე ბრდღვიალებდა, დიდი, ბროლის ჭაღი და პროჟექტორები ენთო. მოხატულ, კიდეებთან მოჩუქურთმებულ ჭერს აშტერდებოდა ახალგაზრდა ქალი, ქანდარის მოაჯირზე გადაწოლილი, მერე კი ქვემოთ ატეხილ ჩოჩქოლს აკვირდებოდა, სულ რომ თან ჰყვებოდა სპექტაკლის დაწყებისწინა პერიოდს.
იარუსებზე ხმაურობდნენ. ლოჟები თითქმის სავსენი იყვნენ, კოხტად ჩაცმული ქალები და გამოწკეპილი მამაკაცები იწონებდნენ მათში თავს.
პარტერში ყველაზე მეტად ხმაურობდნენ, ადგილებს იცვლიდნენ, სხვებს ეკამათებოდნენ ბილეთებზე.
სათეატრო ჯიხურიდან აცინცლულ, მომავალი ორი თვის სრული პროგრამის ამსახველ ბროშურას გადაავლო თვალი შორენამ, იმის მიუხედავად, რომ აქამდე ოთხმოცჯერ გადაეკითხა ესეც და თეატრთან, ქუჩებში გაკრული უთვალავი აფიშებიც.
-„ეკალთა პრინცი“, „შენ“, „კისმეტი“, „მადამ ასპიტი“, „გზა“. – ააცმაცუნა ტუჩები შორენამ.
დღეს „გზა“ იყო წარმოდგენილი. საინტერესო უნდა ყოფილიყო.
ის იყო, ჭერისაკენ მიმართა შორენამ მზერა და მასზე გამოსახული, თითქოს პარტერისაკენ მომზირალი ანგელოზების თვალიერება დაიწყო, რომ ჩოჩქოლის ხმა უფრო გაძლიერდა ქვემოთ.
წარბები აზიდა შორენამ. უფრო მეტად გადაიწია, შემოსასვლელისაკენ გადაიხედა.
ადამიანთა ჯგუფი შემოვიდა. უმთავრესად მამაკაცები იყვნენ, მათ წინ ვიღაც მოუძღოდა.
ვიღაც მაღალი, ქერათმიანი მამაკაცი.
წარბები უფრო მეტად აზიდა შორენამ, მერე კი შეკრა, როცა ბრბოს რეაქცია დაინახა.
მათ გზა დაუთმეს კაცს, მოწიწებით. დისტანციის მიუხედავად, კარგად ხედავდა შორენა, თუ როგორ ეცილებოდნენ მას გზიდან, შეჰღიმოდნენ, თვალებში შესციცინებდნენ. ქალები თმას ისწორებდნენ, შორენამ დაინახა, თუ როგორ გადაისვა პარტერში ვიღაც ახალგაზრდა ქალმა ნაჩქარევად ტუჩებზე წითელი პომადა, მეორე ამობურცულ მკერდს ისწორებდა. კაცები გაიჯგიმნენ, პიჯაკები გაისწორეს.
ქერათმიანი მამაკაცი კი შეუფერხებლად მიიწევდა წინ. რამდენჯერმე გაჩერდა, სხვა კაცებს ხელი ჩამოართვა, ქალებს თავი მოუდრიკა, ხელებზე აკოცა და გამოელაპარაკა. როგორც მოსე წითელ ზღვას, ისე აპობდა ხალხის ტალღას, ისინიც უკან მოჰყვებოდნენ, თითქოს მისით მონუსხულნი.
მართლაც მომნუსხავი იყო ეს მამაკაცი. მოზომილი, გრაციოზული მოძრაობები ჰქონდა, სწორი მხართა ზოლი, კოხტა კოსტიუმში გამოყვანილი, წარმოსადეგი. მაღალი იყო, და როცა თავი მოატრიალა, სიმპათიურიც. თვალთა ფერს ჯერ კარგად ვერ ხედავდა შორენა, მაგრამ ვიღაცას გამოელაპარაკა, ხელი აღმართა და ზემოთ ამოიხედა.
თითქოსდა მანათობელი, ელექტრული, ინტენსიური ზღვისფერი ჰქონდა თვალები.
ინსტინქტურად დაიხარა შორენა, ქანდარის მოაჯირს ამოეფარა. თვალებიღა ამოზიდვოდა ზემოთ, მზერის მოუშორებლად მიშტერებოდა მამაკაცს, რომელიც ღიმილით მიშტერებოდა რუდუნებით მოხატულ ჭერს, მასზე გამოსახულ დეკორაციებს.
მის მაგალითს მიბაძეს ადამიანებმა, როგორც მწყემსის ნაბიჯს აყოლილმა ცხვრებმა. გაუელვა გონებაში შორენას, რომ ამდენი ჭერისაკენ მომზირალი, ხელით მოხატულ დეკორაციათა დამფასებელი ადამიანი ამ თეატრში ჯერ არ ენახა.
შუა პარტერში შეაბიჯა მამაკაცმა. ქერა თმაზე ხელი გადაისვა და თავისი ადგილი დაიკავა. წამსვე გვერდით შემოუსხდნენ მასზე აყოლილი ამალის წევრები, თითქმის მთელი რიგი დაიკავეს.
თვალებმოჭუტული შეჰყურებდა შორენა. შეჰყურებდა მისი თმის ოქროსფრად ბზინვას, იხსენებდა რეტინებში ამომწვარ, აღელვებულ ზღვისფერს.
რაღაცით მიიქცია ამ კაცმა მისი ყურადღება. ისევე მიიქცია, როგორც ნებისმიერი სხვისა.
მოიღუშა შორენა. არ ესიამოვნა.
შუქი ჩაქრა, ხალხი ჩაწყნარდა, ფარდა აღიმართა. შორენა კი ისევ ქერათმიან მამაკაცს უყურებდა.
-რა ჩაგიდენია, ყველაზე გმირული? – ეკითხებოდა ერთი მსახიობი მეორეს.
-ამ დილით რომ ავდექი. – მთელი დრამატული პათოსით პასუხობდა მეორე, მაგრამ შორენა სანახევროდ უსმენდა.
ასეთი არასოდეს დამართნოდა. მამაკაცის ოქროსფრად აბზინებული კეფა უფრო აინტერესებდა, ვიდრე სცენაზე გამართული დრამატული დადგმა.
არ ესმოდა, რატომ. ნუთუ უფრო მიმზიდველი, უფრო საინტერესო იყო ეს მამაკაცი? რატომ აგრძნობინებდა თავს ასე? მისნაირები ნუთუ არ ენახა აქამდე?
ფრჩხილებს ისეთი ძალით აჭერდა მოაჯირს, რომ ძირები ეტკინა. ტუჩებს იჭამდა, ნესტოებდაბერილი, წარბშეკრული მიშტერებოდა მამაკაცს.
სპექტაკლი დამთავრდა. ბისზე გამოვიდნენ მსახიობები, მაგრამ ტაშს არ უკრავდა შორენა.
არც აქამდე დაეკრა არასდროს. არ აპირებდა მსახიობთა პიროვნულობის აღიარებას. ტაშის დაკვრა იმის ნიშანი გახლდათ მხოლოდ, რომ მოსაწონი იყო ადამიანთა მიერ ორი საათი თავის მოკატუნება. თვითონ კი ეს არ სურდა.
ქერათმიანი მამაკაციც წამოდგა. ისევ უდრტვინველად მიაპობდა ხალხს, თავის ამალასთან ერთად.
წამოვარდა შორენა, ქანდარიდან გავარდა და კიბეებზე ჩაირბინა. ხალხის ტალღას მიჰყვა, თაგვივით მიძვრებოდა ადამიანთა შორის, ძლივს გაეტია დერეფნებში, უხეშად არღვევდა მასზე შემოჭდობილ ადამიანთა რკალებს.
გაჭირვებით გააღწია შემოსასვლელში. ფეხისწვერებზე აწეული ათვალიერებდა გარშემო ყველას, აფორიაქებული ქერა თმას ეძებდა, მაგრამ არ იყო ძალიან მაღალი, მითუმეტეს ამოდენა, აღრიალებული და აზვირთებული ბრბოთი გარშემორტყმული.
გარეთ ძლივს გავარდა, ისე, როგორც დანჯღრეული ბოთლიდან საცობი. ერთბაშად აევსო ფილტვები ზაფხულის საღამოს მოგრილო, მაგრამ მაინც მხუთავი ჰაერით, უკვე ანთებული ლამპიონებითა და ცის უსასრულო სილურჯით.
მაშინღა მოჰკრა თვალი ქერათმიან მამაკაცს. იგი იქვე იდგა, ათიოდე მეტრში, ჯგუფი შემოხვეოდა. ვიღაც ახალგაზრდა, ლამაზ ქალს ელაპარაკებოდა.
მათ მიუახლოვდა შორენა. მერე კი მობრუნდა, თეატრის სვეტს მიეყუდა, თავი დახარა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.
გარშემო ხალხის ლაპარაკი და ჩოჩქოლი ისმოდა, მაგრამ მაინც გასაგები იყო ქერათმიანი მამაკაცისა და მისი კომპანიონის საუბარი შორენასათვის.
-აუცილებლად უნდა გვეწვიო სადილზე, ვიქტორ. – ამბობდა ახალგაზრდა ქალი, ნაზი, მაღალი ხმით. – დედამ და მამამ მოგისაკლისეს. მამას რამდენიმე ახალი შემოთავაზების განხილვა სურს შენთან…
-აუცილებლად დაგეწვევით, როგორც კი მოვიცლი. – უპასუხა ღრმა, მდიდრულმა ხმამ. ქერათმიანის სახეს ვერ ხედავდა შორენა, მაგრამ ისე დნებოდა თითქოს ამ მამაკაცის გარეგნობა და მომნუსხველობა მის ხმაში, რომ არც კი დაეჭვებულა თავისი ვარაუდის სისწორეში. – დიდი პატივი იქნება ჩემთვის კვლავ მამაშენთან გასაუბრება.
ახალგაზრდა ქალმა გადაიკისკისა. სვეტის გვერდზე მოაბრუნა სახე შორენამ, შეფარვით მიაშტერდა, ჩრდილში შემალული, ქერათმიანსა და მის კომპანიონს.
მამაკაცს ქალის ხელი ხელში ეჭირა. დაიხარა, და თითებთან ეამბორა, თან თავისი ელექტრული ზღვისფერი თვალებით მიშტერებოდა. ახალგაზრდა ქალი წამოწითლდა, მეორე ხელი პირთან მიეტანა, აშკარად ბედნიერს.
-შეხვედრამდე, სალომე. – თქვა ქერათმიანმა, როცა ხელი შეუშვა.
-შეხვედრამდე. – უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და თვალმოუშორებლივ მიშტერებოდა, სანამ ქერათმიანი მამაკაცი მანქანისაკენ მიდიოდა.
შორენამაც თვალი გააყოლა, მოღუშულმა.
მამაკაცს მანქანის კარი მისი ამალის ერთ-ერთმა წევრმა გაუღო.
სანამ ჩაჯდებოდა, ყველაზე საკვირველი რამ მოხდა.
ქერათმიანმა მზერა ასწია. მისი მიმართულებით გამოიხედა.
სახე შეუტოკდა შორენას. ტელეფონი უფრო მაგრად ჩაბღუჯა. იცოდა, რომ ჩრდილში იყო შემალული, თავი დახრილი ჰქონდა, შუბლზე ჩამოყრილი თმიდან უყურებდა ყველაფერს.
მისკენ არ იყურებოდა მამაკაცი.
მაგრამ მაინც უცნაური იყო. უცნაური იყო მისი მიმართულებით მოპყრობილი ზღვისფერი მზერა.
მას არ უყურებდნენ. არასოდეს. თვითონ უყურებდა, თვითონ აკვირდებოდა მხოლოდ.
ქერათმიანი ჩაჯდა. მანქანის კარი ჩაიკეტა. ნომერი სასწრაფოდ დაიმახსოვრა შორენამ.
სისხლი ყურებში უშხუოდა. თითქოს ბუკს სცემდნენ მის ძვლებზე, მათი ზანზარი ვიბრირებდა მთელ სხეულში.
ვიქტორი ერქვა ქერათმიანს. შორენას ვარაუდით, სადღაც გვიან ოციანებსა ან ადრეულ ოცდაათიანებში უნდა ყოფილიყო, ას ოთხმოდახუთი სანტიმეტრი სიმაღლეში, ოთხმოცდახუთი კილოგრამი. მდიდარი. კარგად აღზრდილი. კარგი მოსაუბრე. განათლებული.
მის ვინაობას ზუსტად გაარკვევდა შორენა.
სახლში წალასლასდა. მთელი გზა ქერათმიან მამაკაცზე ეფიქრებოდა.
არ ახსოვდა, რომ ოდესმე ასეთი რამ დამართოდა. ამას აბსოლუტურად გამორიცხავდა ახლაც, ფაქტი რომ ცხვირწინ არ დასდგომოდა. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ რომელიმე მამაკაცს ასე დაეკავებინა მისი ყურადღება, ისე ძლიერად გამოეხვია იგი თავის არსებაში, რომ სპექტაკლიც კი დავიწყებოდა.
ათასნაირი კაცი შეხვედროდა: დიდები, პატარები, მამაკაცურები, ბავშვურები, სიმპათიურები და მახინჯებიც.
ქერათმიანი არაფრით იყო გამორჩეული. თითქოს ძალზედ ნაცნობი, გადაღეჭილი ნაწილებისაგან აეწყოთ, სტერეოტიპების განსახიერება გახლდათ.
ნუთუ ეს ხდიდა მას ასეთ სასურველს? აშკარა იყო, რომ ყველანი თავზე ევლებოდნენ.
და შორენასაც დაახვია მან თავბრუ.
მუშტები შეკრა ახალგაზრდა ქალმა. მოკენჭილ გზაზე მიაბიჯებდა.
გრილოდა. შორს ავისმომასწავებლად ისმოდა ძაღლთა ღავღავი.
რაც თავი ახსოვდა, გულზე არ ეხატებოდა ლამაზი ადამიანები. რაღაცნაირად ეშინოდა კიდეც მათი.
ადრე შურდა. მაგრამ არა თეთრი შურით. უნდოდა ის, რაც მათ გაუცნობიერებლად, დაუმსახურებლად ჰქონდათ. უნდოდა სწვდომოდა და თავისათვის მიესაკუთრებინა მათი გარეგნობა.
შური ჭამდა. შური კი დაბალ დონეზე მყოფად აგრძნობინებდა თავს, თითქოს იმისაკენ მიისწრაფვოდა, რაც მასზე მაღლა იდგა და რასაც ვერასოდეს მისწვდებოდა. შურის გადალახვის ერთადერთი გზა კი სიძულვილი იყო. სიძულვილი მთლიანად სხვისაკენ იყო მიმართული, მას არ ეხებოდა. სიძულვილი საშუალებას აძლევდა, რომ მაღლა მდგარიყო.
საშიშნი იყვნენ ლამაზი ადამიანები. მეტადრე ისინი, ვინც იცოდა, რომ ლამაზი იყო. ესენი გველებს ჰგავდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ძვირფას კუდებს, რომელთაც მოშხამვა შეეძლოთ მხოლოდ.
ზოგნი პეპლებს ჩამოჰგავდნენ. ვერ შეიცნობდნენ თავიანთ სილამაზესა და მის წარმავლობას.
პეპლები უფრო აღიზიანებდნენ შორენას.
სახლამდე ძლივს მიაღწია, დაუძლურებულმა.
იმ საღამოს კიდევ ერთი კრუნჩხვა ჰქონდა.
ღამით კი ბუკისა და ნაღარას ცემა, გამაყრუებელი ღრიალი და სიბნელეში მარტო მდგომი საკუთარი თავი დაესიზმრა.
.
.
-*-*-*-*-*-*-
გაუსაძლისი, შუა ივლისის ტიპიური სიცხე იდგა.
ხვარტი ასდიოდა იატაკს შენობაშიც კი. ისე გაცხელებულიყო შორენას გვერდით მდგომი, სიძველისაგან საცოდავად აღმუვლებული პროცესორი, რომ მასზე ადენილი ჰაერი სინათლეზე კანკალებდა, მასში გახედვისას ბურავდა, ათრთოლებდა, ღვენთავდა გამოსახულებას.
ინტერნეტკაფის კარი ღია იყო, კუთხეებში რამდენიმე დანჯღრეული, ძველი ვენტილატორი ჯახირობდა, რომ გაეგრილებინა აქაურობა, მაგრამ მხოლოდ ცხელი ჰაერის სუსტად ამოძრავებასა და დანადგარის ყურისწამღებ წუილს ახერხებდა. რამდენიმე რიგის იქით შეჯგუფებული, რომელიღაც ონლაინ თამაშზე აღრიალებული ბიჭების გამაყრუებელი ხმაური და ძველი, საცოდავი პროცესორების გუგუნი ერწყმოდა ერთმანეთს.
ჩამოშლილი თმის ქვეშ ოფლი მოსწოლოდა შორენას. იღლიებსა და ზურგზე უკვე მუქი ლაქები აჩნდა, გრძნობდა, თუ როგორ უგორდებოდნენ წვეთები დეკოლტიდან მუცელზე.
-ვიქტორ სახელაშვილი, ვიქტორ ბარბაქაძე, ვიქტორ ქურასბედიანი… – ჩურჩულებდა ის, ისე ხმადაბლა, რომ თვითონაც არ ესმოდა. სწრაფად აყოლებდა თვალს სახელთან გამოსახულ მოკლე ინფორმაციასა და სურათს სახელმწიფო რეესტრის სიაში.
ქერათმიან მამაკაცს ეძებდა. დილით მთელი საათი იმუშავა იმისათვის, რომ რეესტრის კოდი გაეტეხა და შეეღწია შიგნით.
-ვიქტორ შეყილაძე, ვიქტორ კალანდაძე, ვიქტორ ჯაყელი…
თვითონაც ვერ გაეგო, თუ რა ამოძრავებდა ამისაკენ. რა ამოძრავებდა ისეთი, რომ დილის ათიდან ნაშუადღევის პირველ საათამდე ამომწვარიყო ინტერნეტკაფეში, მშიერი, მწყურვალი და აფორიაქებული, ქერათმიანის საძებნელად.
-ვიქტორ გელაშვილი, ვიქტორ ვოროჩენკო, ვიქტორ ამირეჯიბი…
შედგა შორენა. ბოლო სახელის გვერდით გამოსახულ ქერათმიანის სახეს დააცქერდა, მერე კი მის სახელსა და გვარზე გადაიტანა კურსორი, სწრაფად გადაიკითხა მწირი ინფორმაცია.
„ვიქტორ ონისე სოლომონის ძე ამირეჯიბი. დაბ. 1988 4 მაისი.“
მისი სახელი და დაბადების რიცხვი დამატებით, ჯვარედინად გადაამოწმა შორენამ.
უმაღლეს შეფასებებზე ჰქონდა დამთავრებული თამარ მეფის უნივერსიტეტი. საოჯახო კომპანიაში მუშაობდა მამაკაცი, ორი წელი იყო, რაც უძღვებოდა ყველაფერს, მამის გარდაცვალების შემდეგ. ღვინო მოჰყავდა. ქველმოქმედებას ეწეოდა.
რამდენიმე გაზეთისა თუ ჟურნალის გარეკანსაც ჰკიდა თვალი შორენამ. მათზე გამოწკეპილი ქერათმიანი გამოესახათ, წარწერებით:
„მისი ცხოვრება, მისი კარიერა, მისი პირადული: ყველაფერი „ოქროს ბიჭზე““
„ქვეყნის ყველაზე სასურველი სასიძოს უსკანდალო ცხოვრება: როგორ ახერხებს ამას?“
„ექსკლუზივი! ინტერვიუ „ოქროს ბიჭ“ ვიქტორ ონისე ამირეჯიბთან“
„ვიქტორ ონისე ამირეჯიბის თავადობით ღვინო „იშხნელი“ საერთაშორისო ბაზარზე გადის“
უკან გადაიხარა შორენა. დაჟირებით უცქერდა ქერათმიანის ფოტოს ეკრანზე.
ამ ამტვერებულ, ბინძურ მონიტორზეც კი ასხივებდნენ ქერათმიანის ზღვისფერი თვალები.
ტელეფონი მოიმარჯვა ახალგაზრდა ქალმა.
სწრაფად გამოთიშა უამრავი გახსნილი გვერდი და მეხსიერება მოშალა. მერე კი, სანამ წამოდგებოდა, შიდა ქსელში შეერთებული კომპიუტერებიდან ერთ-ერთი, ორი რიგით წინ მდებარე ამორთო.
უფრო ხმამაღლა აღრიალდნენ ბიჭები. მეპატრონეს დაუწყეს ძახილი, ილანძღებოდნენ, თამაშის შუაში გაწყვეტით უკმაყოფილონი.
მათკენ არც კი გაუხედავს შორენას, გარეთ გააბიჯა ჩქარი ნაბიჯით.
მზე თითქოს სახეში დაეცა, როცა ოხშივარადენილ ფილაქანზე დაადგა ფეხი. სიოც კი არ იძროდა, მხოლოდ სასამომწვარ, ამტვერებულ ასფალტზე გაქროლებული მანქანები აყენებდნენ ცხელი ჰაერის ბუქს.
გამვლელებს მოერიდა შორენა. კაფის ახლოს მიეყუდა კედელს და მესიჯი გააგზავნა.
„To: Matryoshka – 01:17 PM
ვიქტორ ონისე ამირეჯიბი. 29 წლის. ყველაფერი გამიგე.“
ცოტა ხანი ელოდა. „მატრიოშკა“ არასოდეს აგვიანებდა.
პასუხმაც არ დააყოვნა.
„From: Matryoshka – 01:23 PM
Eg tipii yvelam icis raaa… ra iyo gevasa?“
შორენა მოიღუშა, თვალები გადაატრიალა.
„To: Matryoshka – 01:24 PM
არა. შენნაირი არ ვარ. დღეს ველი შედეგებს, სასწრაფოდ.“
„From: Matryoshka – 01:25 PM
Ra gamixure raa.. chemi sakme ar mkofnis??”
“To: Matryoshka – 01:27 PM
რაც წინა საქმეზე მარბენინე, მგონი ამ კითხვებს არ უნდა მისვამდე.”
“From: Matryoshka – 01:28 PM
Kai kai nu atrakavdi“
“From: Matryoshka – 01:29 PM
Arc ise dzneli saqme iyo eg ise, dagenzria, gagegzavna, vso“
“To: Matryoshka – 01:31 PM
შენ კომპიუტერთან ზიხარ სულ და არ გეცოდინება.“
“From: Matryoshka – 01:33 PM
Komputertanac sheizleba danzreva daia”
ამოიხვნეშა და ტელეფონი ჩაიჯიბა შორენამ.
რამდენიმე საათი მოანდომებდა „მატრიოშკა“ ყველაფრის სრულად შეგროვებასა და ყალბი ამბების გაფილტვრას.
მთელი დღე ადგილზე ცმუკავდა, ვერაფრით მოისვენა. შეუჩერებლად დაეხეტებოდა ქუჩებში, ორ საათში ქალაქის ერთი მხრიდან მეორეში გავიდა.
ორთქლი ასდიოდა მიწას. ერთი ღრუბლის ნაგლეჯიც კი არ ჭაჭანებდა თაკარა, მზით გავარვარებულ ცაზე, თითქოს მცხუნვარებას აეორთქლებინა. ჩრდილშიც კი სასტიკი სიცხე იყო, უარესად გადაიღალა და გაიოფლა შორენა.
მაღაზიაში წყალი იყიდა ახალგაზრდა ქალმა და შორიახლო პარკს მიაშურა. შედარებით წყნარ, მოყუჩებულ ადგილას ჩამოჯდა და ცოტა ხანი შეისვენა.
საათი შეამოწმა. ოთხის ოცი წუთი იყო.
ესე იგი დრო მოვიდა.
წინა კვირაში მოჩვეული ძაღლი მიუქსია ეზოში მოთამაშე, ჭორიკანა მეზობლის ბავშვს შორენამ. ორ თვეში ორი საჩივარი ჰქონდა უკვე შეტანილი.
თანაც, დღეს სამეზობლო ეზოში ძაღლთა ერთადერთი დამპურებელი და დამცველი მიდიოდა სოფელში. ამ დროისათვის უკვე გამგზავრებული იქნებოდა.
მეორე ტელეფონი მოიმარჯვა შორენამ და ასცამეტი აკრიფა.
-გამარჯობათ, საგანგებო საქმეთა სამსახური გისმენთ… – დაიწყო ქალის სასიამოვნო ხმამ.
-ამ მაწანწალა ძაღლების მომსამაგისებელთან გადამამისამართე რაა, შენი ჭირიმე! – წამოიძახა შორენამ, ბოხი, გაკაპასებული ხმით. – გასკდა თავი!
-ახლავე, ქალბატონო. – თქვა ზარის მიმღებმა და წკაპუნი მოესმა შორენას. მომიოხედა, მშვიდად მოსვა წყალი.
-ცხოველების კონტროლისა და დარეგულირების… – გაისმა ყურმილში მამაკაცის ხმა.
-ძლივს! – დაისისინა შორენამ. – რანაირი მომსახურეობაა ეს? რანაირად გვექცევით ამ პატიოსან ხალხს?! ხომ არ გავიწყდებათ, თქვენი ხელფასი ჩვენი ჯიბიდან რომ მოდის?!
-მაპატიეთ, ქალბატონო. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-დამეხმაროთ? ჰმ! რა თავხედობაა! თქვენ ხალხს ვერ ეხმარებით და ამ უპატრონოებს მიხედავთ?! აგერ ორი დღის წინ ბავშვი კინაღამ დაგლიჯა ერთმა ტილიანმა ძაღლმა ეზოში, ამდენი ხალხის თვალწინ, და მითხარით ერთი, რეაგირება სადაა? რეაგირება ნული! თქვენ ხართ ხალხი?! მესამედ შემოიტანეს ამ მოსასპობ ძაღლებზე თქვენთან საჩივარი, ამ ბოლო დროს სულ გაველურდნენ, მორიჯგვინდებიან ვიღაც თავსივა იდიოტები და არც კი ნახულობენ ძაღლებს! რომელიმეს ცოფი რომ გაუჩნდეს და ვინმეს გადმოდოს მერე სად ჭირში მიძვრებით?
-სად იმყოფებიან ეს ძაღლები, ქალბატონო?
-სად და კეთილაძის თორმეტში!
-ახლავე შევამოწმებ…
-შეამოწმეთ, შეამოწმეთ, მეტს თქვენ არაფერს აკეთებთ და…
-დიახ, საჩივრები შემოსულია და პერიმეტრი შემოწმებულია… მაგრამ არაფერი აღმოჩნდა საეჭვო და თავდებიც ჰყავთ ძაღლებს…
-არაფერი საეჭვო?! ბავშვი კინაღამ დაგლიჯა თქო, რომ გეუბნებით, არ გესმით? შეუშვით ყურებში და გააგზავნეთ ვინმე, სანამ ყველა ჭკუაზე გადავსულვართ და ძაღლებზე კი არა, თქვენზე შემოგვიტანია საჩივარი! თფუი!
-კარგით, ქალბატონო. ბრიგადას გავაგზავნით. ნახევარ საათში ადგილზე იქნება.
-ძალიანაც კარგი.
კბილებში გამოსცრა ბოლო სიტყვები შორენამ და კავშირი გათიშა, მერე კი ბოთლი მოიყუდა.
ეს საქმეც გაიჩარხა.
დახვდებოდა ის ჭორიკანა მეზობელი ბრიგადას და ათას ზღაპრებს მოროშავდა.
და ძაღლებსაც წაიყვანდნენ.
ოდნავ წამოუბერა. ხეებზე ფოთლები აშარიშურდნენ, ამოძრავდნენ, მზის სინათლის ნაპერწკლები დაეყარა შორენას სხეულზე, თავი მიუშვირა ნაზ სიოს.
მშვიდად იჯდა მარტოდმარტო ძელსკამზე.
დაიწკარუნა მისმა ტელეფონმა და სასწრაფოდ შეამოწმა შორენამ.
კმაყოფილს ტუჩები შეუტოკდა.
“From: Matryoshka – 04:01 PM
Ar vici es tipi rad ginda, mara aha: magalze cxovrobs, mteli xoxma sasaxle qonia mag upatronos, lashxis 18. Ori welia mushaobs, samrewvelo firmis patronia. Plus megvineoba mounda da ishxnels yidis bazarze, tveshi 100000 shemoudis mag yles, fulit ixocavs albat traks”
“From: Matryoshka – 04:04 PM
Tipi wmindania, chemi daiko movtyan… qalebshi ar dadis, sigaretic dedacvatire, plansac ki ar eweva, marto tavis gvinoebs svams es chemisa da yvelafershi pirvelia, tooo… midida daudeqi am dedamotynul mozvers”
“To: Matryoshka – 04:05 PM
სულ ესაა?“
„From: Matryoshka – 04:06 PM
Shen chuchyi tu ginda, mitxari vaaa… mara ara mgonia am wmindanze rame vipovo”
„From: Matryoshka – 04:06
ar gamitraka??”
“To: Matryoshka – 04:07 PM
ამჯერად საკმარისია. კარგად იმუშავე.“
შორენამ ტელეფონი ჩაიჯიბა და ფეხზე წამოდგა, პარკს დაუყვა.
იცოდა ლაშხის თვრამეტი. რამდენჯერმე გაევლო იმ ქუჩაზე.
პარკი უკვე ქალაქის მდიდრულ ნაწილში იმყოფებოდა. თხუთმეტიოდე წუთი დასჭირდა ლაშხის ქუჩამდე ასვლას.
მიდიოდა შორენა. ჯიბეებში ჩაეყო ხელები, ორივე ტელეფონი ჩაებღუჯა და ფლოსტებს მიაფლატუნებდა. შორტის განიერი ტოტები ეხეთქებოდნენ ყოველი ნაბიჯისას ფეხებზე.
რიყის ქვებით მოეკირწყლათ ქუჩა, კანტიკუნტად გაირახრახებდნენ ძვირფასი მანქანები. ფილაქანი მოგვილი, კოხტად დაგებული და ავარვარებული იყო მის ფეხქვეშ, გამვლელებით დამძიმებულ ქუჩას ყოველ ორ ნაბიჯზე დიდ, გამოკვეთილ ლოდებში ჩარგული ყვავილნარი ამშვენებდა.
დაქროდნენ გამვლელები. უმთავრესად ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილნი, შლაპებითა და ფოჩიანი სატინის ქოლგებით მორთული ქალები, უზარმაზარი მაჯის საათებითა და მოდური სათვალეებით გამოჯგიმული მამაკაცები.
ზედ არ უყურებდნენ. ვერც ამჩნევდნენ.
არავისათვის არ მიუქცევია ყურადღება შორენას. ყველას სახე წამიერი და წარმავალი იყო, ისე, როგორც მისი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი. მხოლოდ და მხოლოდ ქერათმიანზე ეფიქრებოდა.
ლაშხის თვრამეტთანაც არ შეუნელებია შორენას ნაბიჯი. ქუჩის გადაღმიდან, შეფარვით შეათვალიერა ქერათმიანის სახლი.
როგორც „მატრიოშკამ“ თქვა, სახლი კი არა, სასახლე იყო. ოთხი კორპუსი რომ მიეყენებინათ გვერდიგვერდ, იმოდენა სიგანის ნაკვეთი ეკავა ლაშხის თვრამეტს.
ასპიდური ფიქლებითა და კირქვით აეგოთ გალავნის ძირი, მასზე მოხვეული, ერთმანეთში უსურვაზივით ჩასკვნილი გისოსები აღმართულიყვნენ, წამახული ისრების მსგავსად იჭრებოდნენ ზემოთ. გალავნის იქით მოკრეჭილი, ხასხასა მწვანე გაზონი ღაღანებდა, ღვიის, ტუიასა და კიპარისის კოხტად შეკრეჭილი ბუჩქებით მორთული. ალბათ საგანგებოდ შერჩეული, თეთრი და ჩალისფერი კენჭებით მოეკირწყლათ სახლისაკენ მიმავალი მთავარი და მისსაგან ფოთლის ძარღვებისმაგვარად გვერდებზე გახლეჩილი მომცრო ბილიკები.
თვით სახლი უზარმაზარი იყო. წითელი ქვით გახლდათ ნაგები, სამსართულიანი, სამ ფრთას მოიცავდა. წინა მხარეს თაღივით აღმართულიყო ვერანდებით, ტერასებითა და ფრანგული ფანჯრებით დამშვენებული ფლიგელი, მას პირველ აივანზე ორი მოხვეული, მოჩუქურთმებულ მოაჯირიანი კიბე უერთდებოდა. ლაპლაპებდა კოხტა, წითელი კრამიტით დაფარული სახურავი.
ქერათმიანი ნამდვილად მდიდარი იყო.
წარბიც არ შესტოკებია შორენას, ისე აარიდა თვალი და წინ გაიხედა, როგორც კი იგრძნო, რომ დროზე მეტად უგრძელდებოდა თვალიერება.
თავდაპირველი დაზვერვა წარმატებით დაასრულა. ამას აუცილებლად გაიმეორებდა მომავალში.
.
.
-:- კარბამაზეპინი -:-
-*-*-*-*-*-
„დღე-ღამ ბატონსა დაუდგრომელსა,
მახვილ-ნაკრტენი დამაშვრავს, ჩუმი,
მისი მჭირსნება მაქვს მოახლესა,
და რა სწადია მას?
რაჰათლუხუმი!“
ხელები ზემოთ აისროლეს სცენაზე. მხიარულად შესძახოდნენ, დუდუკისა და ნაქარეჰის მელოდია იღვრებოდა.
„ვუჭვრეტ მე როცა ბატონის სულთქმას,
და გულში წყვდიადი არს პირაშკმული,
მისი ნება მაქვს მის მოახლესა,
და რა ნებავს მას?
რაჰათლუხუმი!“
ბზინავდა, შხუილით ფრიალებდა ფარჩა და შიფონი, ბრწყინავდნენ ყალბი გიშრები და ძოწები. როკვაში ჩაბმულიყვნენ ფერები.
„იგრძნო სურნელი,
უბრუნებს თავსა,
ქალისა მკლავებს მიაპყრო გული,
ორ ეწაფება ნიჭ-საბოძვარსა
და ბაგეს დნება
რაჰათლუხუმი!“
ტამტამს დასცხეს. რიტმად ქცეულიყო თეატრი.
ქანდარაზე გადაყუდებულიყო შორენა. სანახევროდ უსმენდა „კისმეტს“, მოაჯირზე ლოყადაყრდნობილი, მაგრამ გულისყური პარტერის შუაგულისაკენ ჰქონდა მიმართული.
ქერათმიანი ისევ იქ იჯდა. ისევ მზესავით თმა ესხა თავზე, ისევ სწორი ჰქონდა მხართა ხაზი, ისევ ატარებდა „ოქროს ბიჭის“ აურას.
გული ეგრიხებოდა შორენას. წარბშეკრული შეშტერებოდა.
ორი კვირა იყო, რაც უთვალთვალებდა. რამდენჯერმე დაზვერა ლაშხის თვრამეტი, დამატებითი ინფორმაცია მოიძია მასზე.
შესასვლელთან სათვალთვალო კამერები დაეყენებინათ, მთელი სახლი სიგნალიზაციით იყო დაცული. ქერათმიანი შესასვლელად სპეციალურ კოდსა და ბარათს იყენებდა, რომელიც ყოველთვის თან ჰქონდა.
კვირაში ორჯერ მაინც წვულებებს მართავდა. დიდი, გრანდიოზული პომპეზურობის განსახიერებანი იყვნენ ეს წვეულებები, გამოწკეპილი, მდიდარი, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ხალხთა სამყოფელნი. ღამით შორიახლო მიიმალებოდა შორენა, და უყურებდა, თუ როგორ აჩერებდნენ უთვალავ ძვირფას მანქანებს ლაშხის თვრამეტის გალავანთან, როგორ გადმობრძანდებოდნენ სიმდიდრე ასხმული ადამიანები და როგორ წარუდგენდნენ მოსაწვევებს დაცვას.
ტიპიური თავმომწონე ხალხის ამპარტავნობის გამოვლინების ერთ-ერთი ხერხი იყო ეს და მეტი არაფერი.
უფრო მეტად შეეზიზღა ქერათმიანი, ამ ამბიციით აღსავსე, მაგრამ ბანალური დადგმების დანახვის შემდეგ.
ყბები დაეძაბა შორენას. მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს და ქერათმიანი მამაკაცის თავს დააშტერდა.
დარბაზში ტაშმა იქუხა. სინათლე აინთო.
ჯერ არც კი შეინძრა შორენა. მერე კი, როგორც კი დაინახა, რომ ქერათმიანი წამოდგა, თვითონაც წამოიჭრა, ქანდარიდან გავარდა.
ხალხის ტალღა ჯერ არც ისე ძლიერი იყო. ჯერ კიდევ ტაშს უკრავდნენ დარბაზში, მხოლოდ სულსწრაფები ტოვებდნენ ამ დროს თეატრს.
გასასვლელის გვერდით, ჩრდილში შეიმალა შორენა.
ნელ-ნელა გამოაღწია ხალხმა. მათი ჩოჩქოლისა და აურზაურის კაკაფონია უსიამოვნოდ ხვდებოდა შორენას ყურში.
მერე კი ქერათმიანი მამაკაციც გამოჩნდა.
უფრო დაიხარა შორენა, კუთხესთან მდგარ მარმარილოს სვეტს ამოეფარა. სვეტის სიგრილე თითებს უწვავდა, მაგრამ რაღაცნაირი ცეცხლი ენთო შიგნით, ამ მამაკაცისაგან მომავალი.
წინ მოიწევდა ქერათმიანი. ახლოდან უფრო ლურჯი, უფრო ზღვისფერი, რაღაცნაირად მაგიური უჩანდა თვალები. გუგები დავიწროებოდა შესასვლელში დაკიდული ჭაღის სინათლეზე, უფრო გადიდებულიყვნენ, გაცისკროვნებულიყვნენ ირისები.
ძარღვი არ შესტოკებია შორენას. არც კი ინძრეოდა, მაგრამ პულსს გრძნობდა საფეთქლებში, უსიამოვნოდ.
გარეთ გავიდა ქერათმიანი მამაკაცი, და მის შემდეგ იხუვლა ხალხის ტალღამ, რომელსაც შორენაც შეერია.
კინაღამ გაჭყლიტეს, მაგრამ გააღწია გარეთ.
გაფაციცებული უცქერდა ბრბოდან ქერათმიანს შორენა.
და ზუსტად ისე, როგორც მისი პირველად დანახვის დროს, ქერათმიანმა მზერა ასწია, მისი მიმართულებით გამოიხედა.
ხალხში შემალულიყო შორენა. იცოდა, რომ მას არ უყურებდა ქერათმიანი მამაკაცი, მათი თვალები ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, და ვერც გაეგო თუ რას უცქერდა, ან რატომ.
ნუთუ უბრალოდ თეატრს ემშვიდობებოდა? მზერით პატივს სცემდა?
ქუთუთოებმა დაფარეს ზღვისფერი. მზერა გაქრა, და უყურებდა შორენა, თუ როგორ ჩაჯდა ის მანქანაში.
და მოულოდნელად, ამდენი ადამიანით გარშემორტყმულს, ერთ ადგილზე გახერილს რომ წამდაუწუმ ეხეთქებოდნენ, ავისმომასწავლებლად დაბურული ცის ქვეშ, მოუნდა, რომ უკან გაჰყოლოდა.
იმპულსური ქმედებები არ სჩვეოდა შორენას. ყველაფრის გათვლა უყვარდა, ყველაფრის სათანადოდ დაგეგმვა.
მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო.
შავი ფორდის კარი დაიკეტა. ქერათმიანი თავი მასში შეიმალა.
და იმ წამსვე მოსწყდა ადგილს ახალგაზრდა ქალი, სირბილით გაემართა, ბეჭებში ოდნავ მოხრილი. თეატრის გვერდით, ფილაქანში ჩამაგრებულ მოგრძო სპირალს მიუახლოვდა, რომელზეც ველოსიპედები დაემაგრებინათ.
ერთ-ერთი ველოსიპედის ბოქლომს სწვდა შორენა. მშვიდად ამოიღო ჯიბიდან მსუბუქი, პლასტმასის გასაღები. მთელი ძალით დააწვა, კლიტეში შეაცურა, მერე კი მაგრად გადასწია.
გაიჩხაკუნა საკეტმა. მშვიდად მოხსნა ბოქლომი შორენამ მიწაში ჩამაგრებულ მილს, და სახელურებთან მიმაგრებულ კალათში ჩააგდო.
წამსვე მოაჯდა ველოსიპედს და პედლებს დააწვა, ღრჭიალით მოაბრუნა და მოედანზე გაიჭრა.
იმის მიუხედავად, რომ სპექტაკლის დაწყებისას, ნაშუადღევის ხუთი საათისათვის ხვარტი იდგა, ახლა ცა ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ.
არც იყო გასაკვირი. ერთი კოკისპირული წვიმა უნდა მოსულიყო ამდენი სიცხის შემდეგ.
შორს დაიგრუხუნა. წამიერმა გაელვებამ გააშუქა შორენას გაფითრებული სახე.
უხეშ ასფალტზე მირახრახებდნენ ველოსიპედის ბორბლები. მწვანეზე გაიქროლა შორენამ, მთელი ძალით აწვებოდა ველოსიპედს, სახელურებზე გაწოლილი, და გაფაციცებით მიშტერებოდა ქერათმიანი მამაკაცის შავ ფორდს, რომელიც ორმოცდაათიოდე მეტრში მიქროდა.
მანქანათა წითელი ფარები და შუქნიშნის მწვანე სინათლენი ციმციმებდნენ. ვიღაცამ გაიქროლა მოტოციკლის ღმუილით.
მოუთმენლად დაუსიგნალეს გვერდიდან, მაგრამ შორენას მისკენ არც კი გაუხედავს, ისე აუწია შუათითი და მოატრიალა ველოსიპედი, ტროტუარს მიუახლოვდა, ოსტატურად აუქცია გვერდი რამდენიმე წვიმის სადინარს.
ნელ-ნელა ქერათმიანი მამაკაცის მანქანას უახლოვდებოდა.
ქარმა ჩამოუბერა წუილით, შრიალით გაიჭრა ხეთა ფოთლებში და ასწლოვანი ტოტები ააღრჭიალა.
კიდევ ერთხელ იქუხა. გაწეწილ, მის უკან მოტკარცალე თმასა და ხელებზე დაეცა შორენას რამდენიმე წვეთი.
გამაყრუებლად დაიგრუხუნა, ელვამ გაჰკვეთა მოლურჯო ცა და კოკისპირულად წამოვიდა წვიმა.
თვალები მოჭუტა ახალგაზრდა ქალმა. ცალი ხელით ჟაკეტის კაპიუშონი მოიგდო თავზე, თასმები მოჭიმა. ნემსებივით ესობოდა თითოეული წვიმის წვეთი, ყურებში მოგრიალე გრილმა ქარმა დასუსხა, სახე აუწვა. წამსვე დაუსველდა თავ-პირი, შუბლზე ჩამოყრილი თმა მიეკრო კანზე.
მოჭუტული ქუთუთოებიდან ძლივს არჩევდა ქერათმიანის სანომრე ნიშანს, მაგრამ სულ ახლოს მიჰყვებოდა, სულ ახლოს…
მარჯვნივ გაუქროლა მანქანამ. უკვე დაყენებული გუბურიდან წყალი შეასხა შორენას.
მზერა დაებინდა. გაიღრჭიალეს ველოსიპედის ბორბლებმა. პედლიდან დაუსტა ფეხი ახალგაზრდა ქალს და სახელურმა ჭრიალით გადაიწია გვერდით.
მოსრიალდა ველოსიპედი. ჟრუანტელის მომგვრელი ღრჭიალით წაეხახუნა სახელური გვერდითი მანქანის კარს. სალონიდან ყურისწამღები სიგნალის ხმა მოისმა.
ძლივს მოქაჩა შორენამ ველოსიპედი, გადაიხარა, მერე კი გვერდით მიმართა ბორბლები.
უკნიდან დამუხრუჭების ხმამ კინაღამ გადაფარა გამაყრუებელი გრუხუნი. ფართა შუქი დაეცა შორენას უკნიდან, გადატყდა მის სილუეტზე, წვიმისაგან აბზინებულ, ახორკლილ ასფალტზე დაეცა ნაპერწკლებად. წინიდან მომავალი, შუქნიშნისა და მანქანათა ფარების წითელი შუქი დაეცა, დასწვა. დრო შენელდა თითქოს, მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდა ის შორენას, მხოლოდ იმასღა ხვდებოდა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა, ახლა მანქანა შეასკდებოდა მალე.
მერე კი ამოძრავდა ყველაფერი. მასზე დაცემული ფართა შუქი ელვის სისწრაფით გაქრა, საბურავების ღრჭიალი მოესმა ახალგაზრდა ქალს, ველოსიპედის წინა ბორბალი კი წვიმის სადინარში ჩავარდა, ამაღლებულ ფილაქანს მიეხეთქა და ლაწუნით დაეცა.
უკან კი ხმამაღალი ბრახვანით შეასკდა ერთი მანქანა მეორეს.
მის გვერდით დაამუხრუჭეს, და გმინვით წამოიწია შორენა. ცალი ფეხი ველოსიპედის ქვეშ მოჰყოლოდა, დაჟეჟოდა მარცხენა გვერდი და გადატყაული ჰქონდა იდაყვი.
სასტიკად ეხვეოდა თავბრუ.
ძლივს გაიხედა გვერდით, კისერი მოეღრიცა, ოხვრით წამოიწია დაბინძურებულ და დაფხოჭნილ ხელისგულებზე.
მსუბუქი ავარია იყო. მუქ ბალახისფრად ალაპლაპებული სედანი შეხეთქებოდა წითლად ანთებულ შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანას.
ქერათმიანის შავ ფორდს.
გამაყრუებლად იქუხა. ელვამ გასწიწკნა ცა და წამიერად მოეფინა მოღებული კარიდან გადმომავალ ქერათმიან მამაკაცს.
შეშფოთებოდა სახე. ელავდნენ მისი დაბურული, ზღვისფერი თვალები.
-ახლავე სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეთ! – მიუბრუნდა ის მასზე გადმოყოლილ მის ამალას, ალბათ დაცვის წევრებს. ელვის სისწრაფით შეუდგნენ ისინიც მისი ბრძანების შესრულებას.
მოძრაობა შეწყდა. ზოგი მანქანა გაჩერდა, ზოგმა შემთხვევის ადგილს შემოუხვია და ტრასაზე გავარდა წუილით. ფართა სინათლე მოეფინა ალაპლაპებულ ასფალტს, ცნობისმოყვარეობით აღსავსე გადაძახილებს ისროდნენ სველ ჰაერში.
ბალახისფერი სედანიდან გადმოვიდა კაცი, გაანჩხლებული აქნევდა ხელებს, გაცოფებული თვალები მოაპყრო შორენას, უმალ მიეჭრა.
-სად მიეთრევი, რომ მიეთრევი! – დაუყვირა მან, მერე კი მოახლოებულ ქერათმიანს მიუბრუნდა. – ამან გადამიჭრა ძმაო, ძაან დიდი ბოდიში მომითხოვია, ტარება არ იცის ალბათ ამ შობელძაღლმა… გოგო, თუ ტარება არ იცი, რას დაგლიშინებ ერთი აქეთ-იქით?!
ადგილს მიყინულიყო შორენა. თავი დაეხარა, კაცის გადაპარსულ თავს, ფართო პირსა და შელახულ ტანსაცმელს ათვალიერებდა თმისა და კაპიუშონის საფარიდან.
-დამშვიდდით, ბატონო, ყველაფერი რიგზეა. – ჩაერია ქერათმიანი მამაკაცი. – ხომ კარგად ხართ?
-კი, ძმაო… – თავი გადააქნია კაცმა, შეპარვით, შეწუხებული უყურებდა. – ზიანისთვის ფულს რაც შეეხება…
-ანაზღაურება არ იქნება საჭირო. – თქვა ქერათმიანმა. წვიმას ერთიანად დაესველებინა მისი თმა და მხრები, შუქნიშნის წითელმა აუციმციმა ერთმანეთზე შეწებებული წამწამები. – აქ დაზარალებული თქვენც ბრძანდებით…
სიტყვა წაუვიდა თითქოს. მერე კი შორენასკენ მოატრიალა თავი.
გული მოეგრიხა ახალგაზრდა ქალს მკერდში.
-ხომ არ დაშავდით? – ქერათმიანი თავისი გრძელი ფეხებით ორ ნაბიჯში მოუახლოვდა, წარბები შეეკრა, შეწუხებული დაშტერებოდა, მერე კი შორიახლოს დაეშვა მუხლებზე, ველოსიპედის აწევა სცადა.
უკან ქერათმიანის ამალა ესაუბრებოდა გარშემო შეჯგუფულ ცნობისმოყვარე ხალხსა და მწვანე სედანის მძღოლს. შეუჩერებლად შხაპუნებდა წვიმა.
შეკანკალდა შორენა. თითქოს მათ შორის ყოველი სანტიმეტრის დაფარვისას ექსპონენტიურად იზრდებოდა შიში, მრისხანება, გონებაში ჩასხმული ყინული და მუცელში გაღვივებული სიცხე.
ველოსიპედი ასწია ქერათმიანმა. გვერდით გადაათრია, ტუჩები მოეკუმა, წვიმა სდიოდა ზედ, ჩვეულებრივ უკან გადაწეული თმა ჩამუქებოდა, შუბლზე ჩამოჰკიდებოდა.
არაორდინალური იყო მისი ასე დანახვა.
იქუხა. ქერათმიანის გუგებმა ვერ მოასწრეს დაწვრილება წამიერი გაელვებისას, მაგრამ მაინც დაინახა თვალების სილურჯე შორენამ. ქერათმიანი მამაკაცი მზერას უსწორებდა, ისევ ისეთი შეწუხებული გამომეტყველება ეწერა სახეზე.
შეზარა შორენას. ძლივს აამოძრავა სველი, გაყინული კიდურები, უკან გაბობღდა. წვიმის სადინარში ღვარად მომავალი წყალი შხაპუნებდა, დაუსველდა სხეული. ფეხზე წამოდგომა სცადა, გავეშებული დაებჯინა ტროტუარის ამაღლებულ ფილაქანს.
მკლავში ფრთხილად მოჰკიდეს ხელი და შეხტა შორენა, მთელი სხეული ქერათმიანი მამაკაცისაგან შორს მიუწევდა, თავი დახარა, თვალებგაფართოებული, წარბშეკრული იყურებოდა, ძლივს სუნთქავდა.
მეორე ხელი ამოსდო მკლავის ქვეშ, ბეჭზე ქერათმიანმა და ფრთხილად ასწია, ფეხზე წამოაყენა.
-ფეხზე დგომა შეგიძლიათ? – ჰკითხა მან და მისი ღრმა, მისი პიროვნებისათვის წარმოუდგენლად შესაფერისი ხმა ჩაეღვარა ახალგაზრდა ქალს შიგნით. სცხელოდა ქერათმიანის შეხება, ვერ იტანდა მის ძლიერ ხელებს, ასე ფრთხილად რომ ასწიეს.
მხარი მთელი ძალით გაიქნია შორენამ. ძლიერი ბიძგით მოიშორა ქერათმიანის შეხება, უკან წაბარბაცდა, კინაღამ ფილაქანს წამოედო.
ქერათმიანი მამაკაცი უსიტყვოდ უყურებდა. იცოდა შორენამ, რომ არ უჩანდა სახე წესიერად, სველ თმას, დაბურულ ცასა და კაპიუშონის ჩრდილს დაემალა, მაგრამ მამაკაცი თითქოს პირდაპირ ხვრეტდა, თვალებიდან პირდაპირ მის გონებაში გადადიოდა და ხელით სწვდებოდა ტვინს.
ქერათმიანმა ხელები ასწია, ალბათ ზავის, დანებების, უიარაღობის, კეთილი ზრახვების აღსანიშნავად. მისკენ მიემართა დაუცველი ხელისგულები. წვიმა სცემდა მხრებსა და სახეზე, მოღმუილე ქარი უწეწავდა თმას.
ვერ აიტანა შორენამ.
შებრუნდა და გაიქცა, კოჭლობით მიბარბაცებდა, ცალი ფეხი აუტანლად ეწვოდა.
გრუხუნებდა. ელვა ცას კაწრავდა, კანტიკუნტად უნათებდა გზას.
მირბოდა შორენა, ქოშინით, ერთიანად სველი, პირდაღებული.
ქერათმიანსა და მის გვერდით აღმოცენებულ საკუთარ თავს გაურბოდა.
.
.
-*-*-*-*-*-*-
იმ საღამოს, სველი ტანსაცმელი შუა ოთახში დაყარა შორენამ, შიშველი, სველი, ერთიანად გაყინული და აკანკალებული შეწვა ლოგინში. ისე ძლიერად მოიკუნტა, სანამ ზურგი და ფეხები არ ასტკივდა.
იწვა, გარინდული, სველი თმა უყინავდა სახესა და კისერს, მოლურჯო სინათლეში გამოხვეული.
ტელეფონს გადასწვდა, მესიჯი გაუგზავნა „მატრიოშკას“.
„To: Matryoshka – 09:12 PM
ვიქტორ ონისე ამირეჯიბი სად დადის, გამიგე. დეტალურად.“
ტელეფონი ხელში მობღუჯა, მკერდთან ახლოს მიიტანა. წარბშეკრული უმზერდა პაწაწინა ლამპას, რომელიც ლურჯ სინათლეს აფრქვევდა ოთახს.
მალევე დაიწკარუნა ტელეფონმა.
„From: Matryoshka – 09:23 PM
Mag tipis gajimva tu ginda, daiviwye raa”
“From: Matryoshka – 09:24 PM
Tavis yurznebs utantrashebs, samsaxurshi daetreva, kafe-restornebshi da sayidlebze”
“From: Matryoshka – 09:25 PM
Qalebshi ar dadis es dedamoxatuli???”
“From: Matryoshka – 09:26 PM
Tipi vajishvilia mgoni”
„To: Matryoshka – 09:27 PM
მაინც სად დადის სისტემატიურად?“
“From: Matryoshka – 09:29 PM
Importuli gvinoebi da sachmelebi uyvars mag chemisas”
“From: Matryoshka – 09:29 PM
Magaziaa egeti, ucxour ragaceebs yidian, rahati qvia, yovel shabats mand midis, sami saatistvis, xelit archevs yvelafers”
“From: Matryoshka – 09:30 PM
Auuu suratebi nanaxi gaq? Ra traki aq chemiiiiii“
ტელეფონი გამოთიშა და გადადო შორენამ.
მაშასადამე „რაჰათს“ ესტუმრებოდა შაბათს.
.
.
-*-*-*-*-*-
როგორც მოსალოდნელი იყო, ეგზოტიკური პროდუქტის მაღაზია „რაჰათი“ ქალაქის მდიდრულ ნაწილში მდებარეობდა და ასეთივე კლიენტურასაც იზიდავდა. თუმცა არ იყო გასაკვირი, პროდუქციის სასტიკი ფასებისა და შორენაზე მომართული, კოხტად ჩაცმული კონსულტანტების უკმაყოფილებით აღსავსე მზერით.
სამს ხუთი წუთი აკლდა. ბოლო ხუთი წუთი იყო, რაც შორენამ შეაბიჯა „რაჰათში“ და მაღაზიის დათვალიერება დაიწყო.
ვიტრინები ლაპლაპებდნენ, ისევე როგორც ძვირფასი, მოჩუქურთმებული ფილებით დაგებული იატაკი. წითელი, თითქოსდა ოქროსძარღვებიანი შპალერი აეკრათ კედლებზე, კედლიდან კედლამდე კი ეგზოტიკური ტკბილეულითა და ღვინოებით დახუნძლული ტაბლა სწვდებოდა.
საუცხოო არომატს აფრქვევდა საცხობიდან ახლად გამოტანილი, ოქროსფრად დაფერილ სიროფში ოხშივარადენილი გულაბ ჯამუნი, ტულუმბა წითელ სიროფში და ნუშით დაფარული ბასბუსა.
უმზერდა საჭმელს შორენა. მაგრამ მადა არ მოსდიოდა პირში, ისიც ვერ გაეგო, თუ რატომ იყო ამწუთას აქ, რისთვის მოვიდა, რა იყო მისი მისია.
გუშინდელი იმპულსური ქმედება ხომ ფიასკოთი დამთავრდა. ნუთუ ახლაც იგივე უნდა მომხდარიყო?
ტაბლას შემოუარა შორენამ. თითქოსდა დაბურულ, შაქრის პუდრით დაფარულ ფერად- ფერად შაქარყინულზე მოუხვდა მზერა.
რაჰათლუხუმი.
„კისმეტი“ ამოუტივტივდა თავში ქალს. „კისმეტი“, ისეთივე ფერადი და მომნუსხველი, როგორც მის წინ დაწყობილი რაჰათლუხუმი.
„დღე-ღამ ბატონსა დაუდგრომელსა,
მახვილ-ნაკრტენი დამაშვრავს, ჩუმი,
მისი მჭირსნება მაქვს მოახლესა,
და რა სწადსა მას?
რაჰათლუხუმი!“
ერთ პაწაწინა კუბს სწვდა შორენა და დააგემოვნა.
მკვრივი, მაგრამ დამყოლი იყო ტკბილეული. მაგრამ ტკბილი არ ეთქმოდა, თითქოს ვარდის სურნელს მიირთმევდა შორენა.
მოეწონა. კიდევ ერთი კუბი აიღო და საათზე დაიხედა.
სამი სრულდებოდა.
კარს ზემოთ დაკიდებულმა ზარმა ჟღარუნი გაიგო და კონსულტანტთა ჩოჩქოლი მოესმა ახალგაზრდა ქალს. კარისაკენ ზურგშექცევით იდგა, მაგრამ დაიძაბა, რაჰათლუხუმი ხელში შეეყინა. იგრძნო, თუ როგორ შემოვიდა ქერათმიანი მამაკაცი, იგრძნო მისი ლურჯი მზერა და მის გარშემო ყველასა და ყველაფრის მომცველი პიროვნულობა.
-ბატონო ვიქტორ! – ყრუდ მოესმა შორენას კონსულტანტთა დაშაქრული ტონი. – დღეს რას ინებებთ?
-ნინო, ეკატერინე, სალამი. – მიესალმა ქერათმიანი. ღიმილი ესმოდა მის ხმაში ახალგაზრდა ქალს.
მერე კი წამიერად გაჩუმდა მამაკაცი. და ზურგი აეწვა შორენას.
-დღეისათვის რაჰათლუხუმს ვნახავ. – თქვა ქერათმიანმა. – მადლობა, ქალბატონებო.
-რისი მადლობა! – კისკისი ატეხეს კონსულტანტებმა. – თუ რამე დაგჭირდებათ, აქვე ვართ, ბატონო ვიქტორ!
მაგრამ მათი კისკისი აღარ ესმოდა შორენას. ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ მოახლოებულ ნაბიჯებზე ჰქონდა გადატანილი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ქერათმიანის უნდა ყოფილიყვნენ.
ერთი სუნთქვა. ორი. სამი.
შაქრის ჭიქურას ფენა დადნა რაჰათლუხუმის ზედაპირზე.
გვერდით ამოუდგა ქერათმიანი მამაკაცი.
პირში იტაცა წამსვე კუბი შორენამ. პერიფერიული მზერით ხედავდა მის გვერდით ამოყენებულ მამაკაცს, მის იდაყვებამდე აკეცილ მოცისფრო პერანგს, ქერა, თხელი ღინღლით დაფარულ მკლავსა და ჩალისფერ შარვალს, კოხტად გაუთოებულს, წინ ნაკეცით.
-არ იცით, რომ პროდუქტის ყიდვამდე ჭამა არ შეიძლება? – მისკენ გადმოიხარა ქერათმიანი, ჩურჩულით.
გაშრა შორენა, მაგრამ ღეჭვა არ შეუწყვეტია. პირიქით, კიდევ ერთ ნაჭერს სტაცა ხელი და პირში შეიგდო. ქერათმიანს ხმადაბლა გაეცინა.
-ველოსიპედისტი გოგონა თქვენ ბრძანდებით, არა? – უთხრა უცებ მან. – ორშაბათს მახარაძის გამზირზე მსუბუქი შეჯახება რომ მოხდა…
-გინდა რამე? – დაუსისინა შორენამ, მისკენ აატრიალა თავი, თვალებში ჩამოყრილი თმიდან დაუბღვირა. ყველაფერი გაჰყინვოდა, იცოდა, რომ უნდა გაქცეულიყო, ქერათმიანის ღია სახესა და მისკენ უკვე მეორედ მომართულ, ზღვისფერ მზერას უნდა გასცლოდა, მაგრამ რაფრით ინძრეოდა. მხოლოდ შეეძლო მდგარიყო და თავდაცვის პათეტიკური იმიტაცია გაეკეთებინა.
-მაინტერესებდა, ხომ არ დაშავდით. – უთხრა ქერათმიანმა. გამჭოლი ელექტრული ზღვისფერით უმზერდა. – თქვენი ველოსიპედი გადარჩა, მხოლოდ ჯაჭვი…
-არ მაინტერესებს ველოსიპედი. – კიდევ ერთი ნაჭერი შეჭამა შორენამ. თვალს არ აცილებდა ქერათმიანს. – მაინც ჯართი იყო.
ქერათმიანმა წარბები აზიდა. გაეცინა.
ტაბლაზე დამაგრებულ მოყავისფრო პაკეტებიდან ერთ-ერთი მოხია, მერე კი იქვე, კაუჭზე ჩამოკიდებული, ვერცხლისფრად აპრიალებული მაშები აიღო.
-რა გქვიათ? – იკითხა მან, შორენას გადმოხედა, თან რაჰათლუხუმის ზურმუხტისფერი ნაჭერი აიღო მაშებით, პაკეტში ჩაუძახა.
-რაში გაინტერესებს? – უკბინა შორენამ. რაჰათლუხუმს აგრესიულად ღეჭავდა.
-მაპატიეთ. – ირონია გამოეხატა სახეზე ქერათმიანს, ღიმილს ებრძოდა. მარგალიტებივით ჩარიგებული, ქათქათა კბილები გამოუჩნდა სავსე ვარდისფერი ტუჩების მიღმა. – ჯერ ჩემი თავი უნდა წარმედგინა. ვიქტორ ონისე ამირეჯიბი გახლავართ.
-ვიცი, ვინც ხარ. – მიუგო შორენამ. კიდევ ერთი ნაჭერი აიღო, იმის მიუხედავად, რომ უკვე ტკბილეულისაგან დანაყრებას გრძნობდა, სახლიდან წამოსვლამდეც ბლომად ჭამა.
-ცოტა უსამართლოა, თქვენ რომ იცით ჩემი ვინაობა და მე თქვენი არა, არ დამეთანხმებით? – თავი მისკენ მოიდრიკა ქერათმიანმა. ვარდისფერი ტუჩები გაპობოდა, ქვედაზე მოსდებოდა სისველე, თითქოს ახლახანს მოილოკაო.
-თინა. – მიუგო შორენამ, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა. წამსვე ინანა, როცა მამაკაცის სახეზე გადაფენილი კმაყოფილება დაინახა.
-თინათინი. – თქვა ქერათმიანმა, გაეღიმა, ისევ უმზერდა. – „მოციმციმე სხივი“, არა? ლამაზი სახელია.
-არ ვიცი რას ნიშნავს. – მიუგო შორენამ. სახე გაუქვავდა, ვეღარც იმას გრძნობდა, თუ როგორ ღეჭავდა რაჰათლუხუმს, ის შეგრძნებაღა დარჩენოდა, რომ ვარდის ფურცლები უწეწავდნენ შიგნეულს. – მოციმციმე სხივი ნამდვილად არა ვარ… შტერობაა ეგენი.
-ჰმმ. – დაიფრუტუნა ქერათმიანმა. ირონიულად აზიდა წარბები.
რატომღაც განერვიულდა შორენა. იოლად არ ეშლებოდა ნერვები და არ ღიზიანდებოდა, მაგრამ უსიამოვნოდ იგრძნო თავი. თითქოს მატლები უფუთფუთებდნენ შიგნით.
წამში გადაწყვიტა, რომ მთელი ეს აბსურდული შარადა მოჰბეზრდა. მთელი ბღუჯა რაჰათლუხუმი მოჭყლიტა მუშტში და ელვის სისწრაფით ჩაიჯიბა, მერე კი მობრუნდა, კარისაკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-თინათინ, მოიცადეთ. – დაუძახა ქერათმიანმა და როგორც გაწვრთნილი ნაგაზი, ისე შედგა შორენა, წარბშეკრული, რაღაცნაირად აღშფოთებული.
ხმა ვერ გაიღო. გრძნობდა, როგორ უყურებდნენ კონსულტანტები. ქერათმიანის გვერდით დგომა და ჩუმად ლაპარაკი ერთი იყო, და სულ სხვა საქმე გახლდათ ახლა დაგუბებული ყვირილის ამოშვება, ასე ძლიერად რომ სურდა.
-დამელოდეთ. – უთხრა ქერათმიანმა, სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა, დახლს მიუახლოვდა.
რაჰათლუხუმი აუწონეს, ფული გადასცა მამაკაცმა.
-ხურდა დაიტოვეთ. დიდი მადლობა, ქალბატონებო. – თქვა მან და მობრუნდა, ადგილზე
მიყინულ შორენას მიუახლოვდა.
კონსულტანტები მოღუშულნი უყურებდნენ. გასცრა ახალგაზრდა ქალს, ოდნავ დახარა თავი, კეპი უკეთესად ჩამოიფხატა.
-აი, აიღეთ. საჩუქარი ჩემგან. – უთხრა მან. გაოგნებული, წარბშეკრული მიაშტერდა შორენა.
-შენ დებილი ხარ? – ჰკითხა მან. გაფაციცებით უთვალიერებდა ქერათმიანს ზღვისფერ მზერას, მისკენ მომართულს, სიგიჟის ნაპერწკალს ეძებდა, რომელიც უდავოდ უნდა ყოფილიყო იქ. – რა ჯანდაბას აკეთებ?
-რაჰათლუხუმს გჩუქნით, თინათინ. – მიუგო ქერათმიანმა. ტუჩიც კუთხეები უხტოდა, თვალები გაუბრწყინდა. – ისე გემრიელად მიირთმევდით, დანაშაული იქნებოდა, რომ არ მომერთმია თქვენთვის… და რაც შეჭამეთ და აიღეთ, იმის ფულიც გადავიხადე, ამიტომ ნუ იღელვებთ.
-რა სიგიჟეს აკეთებ, ხომ ხვდები? – დაუსისინა შორენამ. აფორიაქებულმა გაატრიალა მზერა გვერდით, როცა კონსულტანტების ეჭვნარევი ჩურჩული მოესმა მაღაზიის მეორე მხრიდან. ალბათ ფიქრობდნენ, თუ რას აკეთებდა მათი „ოქროს ბიჭი“, რატომ იდგა ამ რიგით, მდიდრულ მაღაზიაში უადგილოდ შემოთრეულ, ბინძურ ქალთან.
ტუჩი აიბზუა შორენამ, ქერათმიანს ჩაუარა სწრაფი ნაბიჯით, კარი გამოგლიჯა, და ადუღებულ ჰაერში გააბიჯა.
ნაზი ნიავი უბერავდა, ახასხასებულ ფოთლებს აშრიალებდა, მაგრამ სულის მომხუთავი სიცხე იდგა. ისედაც შეჰკვროდა სუნთქვა შორენას.
ჩაირბინა კიბეები და ტროტუარს დაუყვა.
არ უნდა მოსულიყო აქ. ერთიანად აირია, ამ მამაკაცმა არია, და ვერ იტანდა ამისათვის შორენა საკუთარ თავს.
გრძნობდა, როგორ დნებოდა რაჰათლუხუმის შაქრის ჭიქურა მის ჯიბეში.
ათი ნაბიჯი არ გადაედგა, რომ მხარში სტაცეს ხელი და შემოაბრუნეს.
ხელში შეაჩეჩა რაჰათლუხუმით სავსე პაკეტი ქერათმიანმა და მოულოდნელობისაგან გაშეშებულმა შორენამ ძალაუნებურად შეაშველა ხელი.
მამაკაცს ხელი არ აუღია მისი მხრიდან. ცხელოდა, ოხშივარი ასდიოდა ჰაერს, მაგრამ სულ სხვანაირი, უფრო მწველი, დამდაგავი იყო მისი შეხება. ქერათმიანის თვალების გამჭოლი, ცივი ლურჯი ფერის მიუხედავად, ცეცხლს უნთებდა მისი მზერა მუცელში.
-ნუ ითაკილებთ საჩუქრის მიღებას, თინათინ. – უთხრა მან, მერე კი გაუღიმა, მოელვარე თეთრი კბილები გამოაჩინა. – იმედია ბაგეს დაგიტკბობთ რაჰათლუხუმი.
ისე შეუტოკდა ხელი შორენას, რომ შეკვრა მოეჭმუჭნა თითებში. გამვლელები სწრაფი ნაბიჯით ჩაუქროლებდნენ გვერდით, მაგრამ მაინც გრძნობდა მათ განმგმირავ მზერას ახალგაზრდა ქალი. ქალაქის ამ ნაწილში ალბათ შეჩვეულნი იყვნენ ქერათმიანის დანახვას, მაგრამ არა მისნაირ კამპანიასთან ერთად.
უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, მამაკაცს ახედა.
-ეგ რას ნიშნავს? – ჩაილაპარაკა მან. – დამიტკბობს რა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით?
გულითადი ხარხარი ამოუშვა ქერათმიანმა. თვალები გაუბრწყინდა.
-თქვენ რომელიც გნებავთ. – მიუგო მან, თავი გვერდზე გადახარა, ინტერესით ათვალიერებდა, ოდნავი ღიმილით.
-თქვენობით ნუ მელაპარაკები. – კბილებში გამოსცრა შორენამ. მომენტალურად გაცოფდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ. – გულს მირევს.
-არ გიცნობთ, თინათინ, შენობით როგორ მოგმართოთ? – თვალები ულაპლაპებდა ქერათმიანს. მზის შუქზე დაწვრილებოდა გუგები, ოდნავ მოჭუტული ქუთუთოების მიღმა უფრო ელექტრული მოუჩანდა ისინი.
-რა ვიცი ერთი, საჭმელი კარგად მიყიდე! – მიახალა შორენამ, მოკუჭული პაკეტი უფრო მეტად მოჭმუჭნა ხელებში. – ვინ ყიდულობს უცხო ხალხს ძვირფას ტკბილეულს? დებილი ხარ, ვიღაცა ხარ…
-როგორც ჩანს, მე ვყიდულობ. – მიუგო ქერათმიანმა. – ისიამოვნეთ, თინათინ. კარგად ბრძანდებოდეთ…
სიტყვა თითქოს შეუწყდა. მერე კი მზერა ასწია, ელვის სისწრაფით. თვალები გაუშტერდა.
ყრუდ მოესმა უკან კამერის ჩხაკუნი შორენას. გაიყინა, ბეჭებში მოიხარა, თავი უფრო დასწია, კეპისა და თმის ქვეშ შეიმალა.
ჩხაკუნი შეწყდა. ისევ გამვლელთა ნაბიჯების ხმამ, ქუჩის ჩოჩქოლმა და მანქანათა ხრიგინმა გადაფარა ყურთასმენა.
-შენ ხომ პაპარაცები გყავს. – თქვა შორენამ, გაღიზიანდა, ხელები მოეკრუნჩხა.
ქერათმიანს გაეცინა. თვალები დაეხარა, პერანგის გახსნილ საღილეზე ჩამოკიდებულ სათვალე მოიხსნა. ცოტა ხანი თითებს უსვამდა სათვალის პრიალა, მეტალის ჩარჩოზე კოხტად ამოტვიფრულ საფირმო ნიშანს, მერე კი გაიკეთა.
-„პაპარაცები“ ხმამაღალი ნათქვამია. – გაიღიმა მან, ხელები ჯიბეებში ჩაიყო. სქელი წინამკლავები და მაჯები ჰქონდა, ხორბლისფერი კანით დაფარული, მისი თმის შესაბამისად. შესაბამისობის განსახიერება გახლდათ თითქოს. – უკაცრავად თქვენთან და აბეზარი ჟურნალისტებიც არსებობენ. მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირების ნაცვლად, მე დამდევენ, ad infinitum (მარადისობამდე).
შორენამ არაფერი უპასუხა. უსიამოვნება გუდავდა. სურათების გადაღებას ვერ იტანდა, საკუთარი სურათები არც კი ეკიდათ სახლში. ზურგზე გადაუღეს მხოლოდ, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხერხემალი გამოჰგლიჯეს.
-ნუ იღელვებთ, თინათინ. – მისკენ გადმოიხარა ქერათმიანი, წარბები აეზიდა. – თქვენი სახე არ დაუნახავს, თქვენს პიროვნებას საფრთხე არ დაემუქრება. ასეთ ამბებს ყოველ კვირას ბეჭდავენ ჩემზე.
-ჩემი სახე… – დაიფრუტუნა ახალგაზრდა ქალმა. – რა გგონია, ამ ფოტოებს დასჯერდება მარტო? წავა და გაიკითხავს, გამვლელებს ნახავს, იმ გამყიდველებს დაელაპარაკება…
-არც ის გამყიდველები და არც გამვლელები არაფერს იტყვიან. – მიუგო ქერათმიანმა. – ეგ ჟურნალისტი კი პატარა გაზეთიდანაა, „კედლიდან“. ყურადღებას არავინ მიაქცევს.
რაჰათლუხუმი უდნებოდა ჯიბეში შორენას. გაწებოვანებული ექნებოდა შარვალი.
კეპი უფრო ჩამოიქაჩა ახალგაზრდა ქალმა. უკან დაიწია. სასწრაფოდ უნდა გასცლოდა აქაურობას, ზღვარს გადადიოდა უკვე.
მერე კი, მოულოდნელად, აწეულ ხელზე სწვდა ქერათმიანი.
-ნება მიბოძეთ. – თქვა მან. სიცხის მიუხედავად გაყინულ, გაცრეცილ თითებზე მოსჭიდა და თავისაკენ მიიზიდა, ცხელი ტუჩებით ეამბორა ხელის ზურგზე.
ნერწყვი კისერში გაეხირა შორენას. წარბთა შორის ღარი გაუჩნდა, მოულოდნელობისა და უცხო შეხებისაგან ელდანაცემი შეკრთა.
სასწრაფოდ გამოსტაცა ხელი, და გადააქნია გამწარებულმა, თითქოს ცდილობდა იმ სიცხის მოშორებას, ქერათმიანმა რომ დაუტოვა ზედ.
შეცბუნებული ჩანდა მამაკაცი, წარბები აეზიდა, მაგრამ ღიმილმა მოიცვა მისი სახე. იმის მიუხედავად, რომ მის თვალებს ვერ ხედავდა შორენა, კმაყოფილი და ბედნიერი ჩანდა.
შებრუნდა შორენა. ჯიქური ნაბიჯით დაუყვა ქუჩას.
რამდენიმე მეტრში შედგა, ქერათმიანს მოუბრუნდა, რომელიც არც კი განძრეულიყო. იდგა იქ, კვლავ ჯიბეებში ჩაეწყო ხელები, ის ხელი, ასე უტიფრად რომ სტაცა და იღიმოდნენ ტუჩები, რომელთა ანაბეჭდიც დარჩენოდა ხელზე.
შეეზიზღა მოულოდნელად. მისი ქცევა, მისი პერსონა, მისი ღიმილი, მისი სიმდიდრე, მისი უზრუნველი ცხოვრება.
-Barba tenus sapientes, (ისეთივე ბრძენი, როგორიც მისი წვერის სიგრძეა), ვიქტორ. – თქვა მან.
ქერათმიანს მომღიმარ ბაგეთა კუთხეები შეუთრთოლდა. წარბები აეზიდა. მის თვალებს ვერ ხედავდა შორენა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ გაოცებით იყურებოდა.
ნელ-ნელა აუჩქარა ნაბიჯს. გული მკერდში უყანყალებდა თითქოს, ისეთი ძალით უცემდა. რაღაც სწვავდა.
გაიქცა. გამწარებული მირბოდა, რაჰათლუხუმის შეკვრა მიეხუტებინა ცალი ხელით გულზე.
იქამდე ირბინა, სანამ ქანცი არ გაუწყდა.
ის საღამო ინტერნეტკაფეში გაატარა, ათასი ფასტ-ფუდის გახსნილი შეკვრით გარემოცულმა. ფეხები სავარძელზე აეკრიფა, ზურგში მოხრილიყო და იმ ჟურნალისტს ეძებდა.
მალე მიაგნო. „კედელს“ წვრილმანური სკანდალების, განდიდების მანიით შეპყრობილი, მცირე პოპულარობით აღჭურვილი „ვარსკვლავებისა“ და ოთხად ოთხი ჟურნალისტის მეტი არაფერი ჰქონდა. და მათგან მხოლოდ ერთი წერდა სტატიებს ქერათმიანზე.
-ბინგო. – ჩაილაპარაკა მან, კიდევ ერთი კარტოფილი ფრი შეიგდო პირში და ტუჩზე მოწოლილი ოფლი მოიწმინდა.
ჟურნალისტს რამდენიმე მუქარის წერილი გაუგზავნა. გააფრთხილა, რომ არაფერი დაებეჭდა ვიქტორ ონისე ამირეჯიბზე, რაზეც მალევე მოუვიდა ცინიკური პასუხი.
მერე კი, გაზეთი „კედლის“ მყიფე დაცვა გაარღვია შორენამ და საიტი გეი პორნოგრაფიით აავსო.
.
.
-*-*-*-*-*-*-
ქოშინებდა შორენა.
მთელი ორი კვირა თითქოს რაღაც აწუხებდა. შიგნიდან მომავალ დაღლილობასა და მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდა.
თითქოს ჩაიკეტა. ჭამის, ინტერნეტში ძრომიალისა და ქალაქში ხეტიალის მეტს არაფერს აკეთებდა, თეატრშიც კი არ წასულა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ, თუმცა ალბათ საკუთარ თავსაც კი უმალავდა ნამდვილ მიზეზს.
მიზეზს, რომელიც ქერათმიანი იყო, ზღვისფერი თვალებით, რაჰათლუხუმი აჩუქა და ხელზე აკოცა.
მიზეზს, რომელსაც შორენა ვერ იტანდა.
გული ეთანაღრებოდა, როცა ქერათმიან მამაკაცზე დაიწყებდა ფიქრს. სძულდა ის, ვერ იტანდა, ეზიზღებოდა. ყველაფერი, რასაც ეს მამაკაცი წარმოადგენდა, მიუღებელი იყო მისთვის – მისი სოციალური სტატუსი, მისი განათლება, მისი სამსახური, მისი პიროვნება…
ყველაფერი იდეალური ჩანდა. ქერათმიანის თითოეული ნაწილი სრულყოფილი იყო.
მაგრამ არ არსებობდნენ ასეთი სრულყოფილი ადამიანები. ნუთუ ქერათმიანი გამონაკლისი გახლდათ?
სულაც არ სურდა შორენას, რომ გამონაკლისი ყოფილიყო, განსხვავებული ყოფილიყო მისგან ასე ძალიან, მისი აბსოლუტური ანტონიმი განესახიერებინა თავიდან ბოლომდე.
ყოველთვის მიაჩნდა, რომ “Opposites attract” ერთი საფუძველს მოკლებული, უსაბუთო ნაბოდვარი იყო. არ სურდა, რომ თვითონ გამხდარიყო მისი ცოცხალი მაგალითი. საკუთარ პრინციპებს თვითონვე ვერ დაუპირისპირდებოდა.
რაღაც სხვა უნდა მდგარიყო ქერათმიანის იდეალურობის მიღმა. სხვანაირად ვერ ახსნიდა მისდამი გაჩენილ, ავადმყოფურ აკვიატებას.
„მატრიოშკას“ ყველაფერი მოაძებნინა, რაც კი შეიძლებოდა ქერათმიანზე მოძიებულიყო. რამდენიმე მზვერავთან გადარეკა, სამაგიერო საქმის საფასურად მოითხოვა, რომ ქერათმიანისათვის ეთვალთვალათ. თვითონაც ორ დღეში ერთხელ, ღამით იპარებოდა ლაშხის თვრამეტში და ზვერავდა იქაურობას.
ქერათმიანი ვერ ნახა.
ახლა კი, ორი კვირის შესვენების შემდეგ, კიბეებზე მიძვრებოდა, სხვენისაკენ.
მალე უნდა დაწყებულიყო სპექტაკლი.
კიბეები აათავა შორენამ. გადაღლილი ხვნეშოდა. ამტვერებული, ადუღებული სხვენი გადაჭრა, ქუჩაში გაუსაძლისი სიცხისა და სასპექტაკლო სამზადისისაგან დაყენებული ბუღისაგან ღვარად სდიოდა ოფლი.
შუბლი მოიწმინდა, ოფლის წვეთებით დაფარულ მკერდზე დაიქნია მაისური, და ქშენით დასწვდა იატაკში ამოჭრილ კარს.
ხმადაბალი ჭრიალით გააღო. ტრადიციულად, ჯერ მხოლოდ სცენა გაენათებინათ, რომლის შუქიც ეფრქვეოდა დარბაზს.
ხვნეშით ჩამოჯდა შორენა, ღია კარი დაიჭირა და ჭრილის კიდეზე ჩამოეკიდა, მერე კი ჩახტა, მსუბუქად.
ზემოთ კარი ხმადაბალი ზათქით დაიხურა.
შორენა კი გასწორდა, დამტვერილი ტანსაცმელი უგულოდ ჩაიფერთხა, სცენას გადაჰყურებდა.
-სალამი, თინათინ. – მოესმა უცებ გვერდიდან.
ადგილს მიეყინა ახალგაზრდა ქალი.
თვალი გაშტერებოდა სცენაზე, აქეთ-იქით დადგმულ დეკორაციებსა და წითელი სინათლის დისკოზე, სცენის შუაგულში რომ იდგა. მერე კი მობრუნდა, ქანდარიდან გასასვლელისაკენ იბრუნა პირი.
კარის პატარა ჩარჩოში ძლივს ეტეოდა ქერათმიანის მაღალი ფიგურა. მხარით მიჰყუდებოდა, გადაკეცილი კოსტიუმი მკლავზე გადაეკიდებინა, იდაყვებამდე კოხტად აეკეცა პერანგის სახელოები.
რაღაც გადაეკვანძა შიგნით შორენას. მხრები აეწია, მოიკუნტა, წარბები შეკრა, თითქოს თავდაცვის პოზიცია მიიღო.
-სალამს სალმით პასუხობენ, თინათინ. – დაბურულ დარბაზშიც კი აშკარა იყო მისი თვალების სილურჯე. – ფუნდამენტალური ეტიკეტი არ გესწავლებათ.
-შენ აქ რა გინდა? – დაიჩურჩულა ახალგაზრდა ქალმა, გაღიზიანება ერეოდა ხმასა და სხეულში.
-ჯერ კიდევ კვირების წინ ვკიდე თვალი ახალგაზრდა მანდილოსანს აქ. – თქვა ქერათმიანმა. – და აი, თურმე თქვენ ბრძანდებით, თინათინ. ბედისწერაა, არ დამეთანხმებით?
-მერე? – დაუყეფა განერვიულებულმა შორენამ. უფრო მეტად მოაწვა ოფლი, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ გაუფითრდა სახე. ქერათმიანის მომღიმარ სახეს, მოელვარე თვალებს უყურებდა და ვერ გაეგო, თუ როგორ გაეშიფრა ეს ამბავი.
-მერე დღეს გეწვევით ქანდარაზე. – ცალი მხარი აიჩეჩა მამაკაცმა. – მარტოსულობის დუხჭირს შეგიმსუბუქებთ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რასაკვირველია.
-მარტოსულობის… – სუნთქვა შეეკრა შორენას აღშფოთებისაგან. – რაებს ბოდავ? – გადმოაფურთხა მან სიტყვები და შებრუნდა, მამაკაცის დანახვას ვეღარ იტანდა. სკამში ჩაეხეთქა და ხელები მაგრად ჩააჭირა ქანდარის მოპირკეთებულ მოაჯირს. – დიახაც, წინააღმდეგი ვარ! აქედან გაეთრიე!
გაეცინა ქერათმიანს. მისი ნაბიჯების ხმამ ჩაქუჩივით დასცხო შორენას საფეთქლებში.
მის გვერდით ჩამოჯდა ქერათმიანი მამაკაცი, და დაიძაბა შორენა, ნესტოები დაებერა, მოპირდაპირე მხარეს მიიკუნჭა სკამის კუთხეში.
-Fortiter in re, suaviter in modo, (ქცევით სასიამოვნო, საქმით ძლიერი), თინათინ. – თქვა კაცმა. მისი გვერდიდან სიცხე მოდიოდა, მისი სუნამოს სურნელი მოსწვდა შორენას და სუნთქვა შეიკრა, პირით დაიწყო სუნთქვა. – უნდა მომიტევოთ.
-Humilitas occidit superbiam, (თავმდაბლობა მეფობს სიამაყეზე), ვიქტორ. – კბილებში გამოსცრა შორენამ. – ხანდახან ჩვეულებრივ ადამიანადაც უნდა მოიკატუნო თავი, არა?
-გულს მიკლავთ ასეთი მოსაზრებებით, თინათინ. – უპასუხა ქერათმიანმა, ისე, რომ წამითაც კი არ შეყოყმანებულა. თითქოს პასუხების ულევი, დაუძლეველი რაოდენობა ჰქონდა, და უბრალოდ ყველას ისროდა შორენას წინააღმდეგ. – თქვენ მართლა ეგრე თვლით? მე ამაყი კაცი გგონივართ?
-ყველანაირი მგონიხარ. – მიუგო შორენამ. ინსტინქტურადღა ლაპარაკობდა, ისეთი უცხო და ახლებური იყო ეს ყველაფერი მისთვის. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასეთი სახის საუბარი ექნებოდა ვინმესთან და ცივი ოფლი ასხამდა, შფოთავდა.
-ასეთი განათლებული ბრძანდებით, თინათინ… – დაიწყო ქერათმიანმა.
-ლათინური ფრაზების დაზეპირება განათლებას არ ნიშნავს. – მისკენ გადაატრიალა თავი შორენამ. – შენნაირად უნივერსიტეტებში ნათრევი არა ვარ.
ქერათმიანი უყურებდა. თავისუფლად მოთავსებულიყო სავარძელში, სახელურებზე გადაეგდო მაჯები. იჯდა ამ ქანდარაზე, მთელი თეატრი გადაშლოდა წინ, როგორც სამეფო, და იჯდა, როგორც ხელმწიფე.
შორენა კი უადგილოდ გამოჭიმული მასხარას მაგვარად ატუზულიყო.
-მართალი ბრძანდებით, არ ნიშნავს განათლებას. – გაუღიმა ქერათმიანმა. – მაგრამ საზრიანი ბრძანდებით, თინათინ. საზრიანობა პროფესიონალურ განათლებას არ საჭიროებს, და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
-მგონი აშკარაა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. – მოუჭრა ახალგაზრდა ქალმა. დაჟინებით ჩაშტერებოდა თვალებში, თითქოსდა ასეთი სიახლოვით აგრძნობინებდა მათ შორის უფსკრულს, რომელსაც თვალი ვერ გადაუწვდებოდა. – აქედან მოშორდი, არ მინდა აქ იყო.
-უნდა მომიტევოთ, თინათინ. – უთხრა ქერათმიანმა. თვალს არ აცილებდა. – მაგრამ სამწუხაროდ პარტერში ჯდომა დისკომფორტის მომტანია მხოლოდ ჩემთვის. ასევე ტემპერატურა აქ შედარებით უკეთესია. ასე არ არის?
შორენა უყურებდა. თხელ, გაფითრებულ ტუჩებს კუმავდა. გრძნობდა იმ წითელ ელფერს, სცენაზე დამდგარი დისკოდან რომ ეფინებოდა ორივეს, წითელ ათინათს უჩენდა ქერათმიანის ირისთა სილურჯეს.
-რა გინდა, ვიქტორ? – ჰკითხა ბოლოს.
-შენ. – თქვა ქერათმიანმა. გაეღიმა, მოელვარე კბილები გამოუჩნდა.
გაშრა შორენა. წამსვე დაუნოტივდა ხელები.
-რაო? – ძლივს ამოილუღლუღა მან. განცვიფრებული მიშტერებოდა და წამიერად გაუელვა მხოლოდ იმ აზრმა, რომ გაესწორებინა სახე, რომ ზედმეტ ემოციას გრძნობდა, რომ თავი ხელში აეყვანა.
ვერ შეძლო გაოცების დაძლევა.
-შენ, თინათინ. – დაამატა მამაკაცმა, თავი გვერდზე გადააგდო. – დღევანდელი სპექტაკლი, კაროლინ კეპნესის „შენ“. მსურს აქედან დავიტკბო თვალი. გადაგავიწყდათ? არა უშავს.
გაოგნებული მიაშტერდა შორენა.
-რას მეთამაშები? – დაისისინა მან. – რას ბოდიალობ საერთოდ? რა გგონია, მე ვერ ვხვდები შენს სისულელეებს?
-ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს ხვდებით, თინათინ. – თვალები უციმციმებდა ქერათმიანს.
სახე მოეღმიჭა შორენას. წამოხტა, სკამს შემოუარა.
მკლავში სტაცა ელვის სისწრაფით ხელი ქერათმიანმა, და რომ გახედა გაცოფებულმა ახალგაზრდა ქალმა, ფეხზე წამოიწია, მისკენ მობრუნდა.
-ხელი გამიშვი! – შეუყვირა გამწარებულმა შორენამ. სუნთქვა აწვებოდა, სახეზე ეფრქვეოდა თეატრის ისედაც თბილ ჰაერში. ბედნიერი იყო, რომ დარბაზში დაბურული სინათლე იდგა და ვერ ხედავდა მას ქერათმიანი, მის მონგრეულ, დაკენკილ ნაკვთებს, ოფლით დაფარულ მაისურსა და ჩასისხლიანებულ, ავად მომზირალ თვალებს.
მაგრამ მამაკაცი ისე უმზერდა, თითქოს თითოეულ დეტალს ხედავდა.
-წასვლა არ გესაჭიროებათ, თინათინ. – იღიმებოდა ის. – უნდა მომიტევოთ, თქვენთან ბოდიში მომითხოვია და უტიფარი გახლავართ გარკვეულ სიტუაციებში. დაბრძანდით, თუ შეიძლება.
ხელი მაგრად გააქნია და გამოსტაცა შორენამ.
-შენ გეჩვენება რაღაცები, ხომ? – მიახალა მან. – რა გგონია, ასე იოლად გაგიჩერდები?
ქერათმიანმა თავი გადააგდო გვერდზე. მერე მოიდრიკა, ჩაეცინა.
-არა, რასაკვირველია. – თქვა მან. – მომიტევეთ.
მერე კი თვალები ასწია, თავისი ელექტრული, ზღვისფერი მზერა გაუსწორა, შორენას უკან მყოფი შემოსასვლელიდან შემოღვრილდაბურულ სინათლეზეც რომ ღელავდა თითქოს.
-სადილზე დამეწვიეთ, თინათინ. – თქვა უცებ.
-რა ვქნა? – ხმას აუწია შორენამ. წუილი დაეწყო ყურებში, განცვიფრება, ამ ყველაფრის აბსურდულობა შიგნეულს უწვავდა. კანი გაუცივდა, ცივმა ოფლმა დაასხა, აუკანკალდა სხეული.
-სადილზე დამეწვიეთ. – გაიმეორა ქერათმიანმა, ისევ იღიმებოდა. – ამა კვირის პარასკევს, საღამოს თავისუფალი ბრძანდებით? რესტორანს დავჯავშნი. თუ გნებავთ, მთელ რესტორანსაც, თქვენს პიროვნებას გასაჯაროვების საფრთხე რომ არ დაემუქროს. “La Seduzione” ბრწყინვალე ხარისხისა და კონფიდენციალურობის მქონე იტალიური რესტორანია, გპირდებით, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ…
ვერც კი გააცნობიერა შორენამ, თუ როგორ მოიქნია ხელი მთელი ძალით. წუილით გაჰკვეთეს ჰაერი მისმა თითებმა, მერე კი ლაწუნით შეენარცხნენ ქერათმიანის ხორბლისფერ, სიცოცხლით აღსავსე ლოყას, რომელიც წამსვე აღუვდა ვარდისფრად.
თავი გვერდზე მხოლოდ ოდნავ გადაეწია ქერათმიანს, შორენას დარტყმის სიძლიერის მიუხედავად, მაგრამ თვალები არ მოუცილებია. ზღვისფერი მზერით ჩაეჭიდა კლანჭები, ტუჩის კუთხეები ისევ ღიმილში აზიდვოდა, ლოყა შეუსაბამოდ წამოუწითლდა.
ამწვარი, მტკივანი ხელი მომუჭა და გვერდზე დაუშვა შორენამ. კანკალებდა.
ზედა ტუჩი აზიდა ქერათმიანმა, თავი ასწია, ხელებით სკამის ზურგს დაეყრდნო.
-ახლა კი დაჟინებით უნდა გთხოვოთ სადილზე დაწვევა. – თქვა მან. ხმა დაუდაბლდა, უფრო ხავერდოვანი, უფრო შესაბამისი, უფრო სრულყოფილი გაუხდა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. – ამ პარასკევს, თინათინ. საღამოს შვიდზე. “La Seduzione”. მთელი რესტორანი ჩვენს განკარგულებაში იქნება. დაგელოდებით სანამ მოხვალთ.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს, თუ რას აკეთებ. – კბილებში გამოსცრა შორენამ. – Dulce bellum inexpertis (ომი გამოუცდელთათვის ტკბილია), ვიქტორ. არ გსმენია? ცუდად დაასრულებ.
-Dulce et decorum est pro patria mori, (ტკბილია სამშობლოსათვის სიკვდილი), თინათინ. – იღიმებოდა ქერათმიანი. ირონია ეხატა სახეზე, ლურჯი თვალები უციმციმებდა.
-მე აქ ირონიის მიზეზს ვერ ვხედავ. – მიაფურთხა შორენამ. – ამით შენს ჭკუასუსტობას ავლენ მხოლოდ! ნებიერი მდიდარი ბიჭი ხარ!
-პარასკევს შვიდ საათზე გელით „La Seduzione”-ს ზღურბლზე. – თქვა ქერათმიანმა, გამომეტყველების შეუცვლელად. თითთა მკრთალი ანაბეჭდები ღუოდა მის ლოყაზე. – რესტორნის პერსონალი გაფრთხილებული იქნება. ჩემი და თქვენი სახელი ახსენეთ და წამსვე სათანადო ადგილას მოგაბრძანებენ.
ტუჩი აიბზუა შორენამ. ყველაფერი სძულდა, ყველაფერი გაეყინა.
შებრუნდა, გასასვლელისაკენ გაალაჯა. სასწრაფოდ სუფთა ჰაერზე უნდა გასულიყო.
-თქვენს ხელზე ამბორის სიამოვნების მოუნიჭებლად დამტოვებთ? – დაეწია ზურგში ქერათმიანის სიტყვები, განგმირა თითოეულმა, გამოშიგნა, მათმა შხამით წამახულმა პირებმა მოწამლეს.
პასუხი არ გაუცია შორენას. გასასვლელში გავიდა.
კიბეებზე ჩაიკეცა, ამტვერილ, ადუღებულ იატაკზე დაემხო.
თხუთმეტი წუთი ითქვამდა სულს, სანამ სპექტაკლზე დამსწრეთა ჩოჩქოლი არ გაძლიერდა ქვემოდან.
.
.
-:- ფენიტოინი -:-
-*-*-*-*-*-
To: Matryoshka – 04:05 AM
ვიქტორ ონისე ამირეჯიბი უნაკლოა, ხომ?
From: Matryoshka – 04:08 AM
Me veraferi vupove, daia
From: Matryoshka – 04:09 AM
Tipi qvelmoqmedebas eweva da ori sabavshvo tavshesafari aashena or weliwadshi, umaglesi xarisxis, saavadmyofoebs sasurvel aparaturas chuqnis da qarxanashi tona xalxs asaqmebs
From: Matryoshka – 04:09 AM
Chveulebrivi angelozia
To: Matryoshka – 04:10 AM
ეგ შეუძლებელია მერე, არ მეთანხმები? უნაკლო ადამიანები არ არსებობენ.
From: Matryoshka – 04:11 AM
Iqneb mivagenit asetsac, daia
To: Matryoshka – 04:12 AM
მე არ მჯერა. სისულელე იქნება ამის დაჯერება.
From: Matryoshka – 04:12 AM
Ras atrakavdi? Gevaseba eg tipi? Tu geshinia ar dagevasos?
To: Matryoshka – 04:13 AM
ნუ სულელობ.
From: Matryoshka – 04:13 AM
Shen rogorc ityvi daia
…
.
.
-*-*-*-*-*-
ვერ მოისვენა შორენამ. ძილი გაუტყდა, კანკალი და გონებაგაფანტულობა დასჩემდა.
პარასკევი უახლოვდებოდა, და თითოეული გასული წამი ახალ ნემსს უყრიდა სხეულში. ვერ გაეგო, რა გაეკეთებინა, როგორ გაეგო ეს ყველაფერი, ქერათმიანის არაამქვეყნიური ქცევა და და ახირება.
ალბათ აშაყირებდა მამაკაცი. რაღაცას უნამუსოდ ატყუებდა, მის ნერვებსა და პიროვნებაზე თამაშობდა.
რესტორნის „La Seduzione” ინტერნეტ-საიტზე შეძვრა ეჭვისაგან გათანგული შორენა. ჯავშნები დაათვალიერა.
და მართლაც, პარასკევის ხუთი საათიდან მხოლოდ ერთი ჯავშანი ედო რესტორანს.
სიგიჟე იყო ეს ყველაფერი. გაუგონარი სიგიჟე.
იმ ღამით ისევ კლუბში წავიდა შორენა. ისევ იპოვა ვიღაც კაცი და ისევ საპირფარეშოში ჰქონდა მასთან სექსი, კედელზე აყუდებულს, მამაკაცის გმინვა და ცხელი კვნესა მობჯენოდა მის ოფლით დაცვარულ ყელში.
ოთხშაბათს მეზობელ კოსპუსში გამართულ წვეულების ხმაურზე შეიტანა საჩივარი, მერე კი რამდენიმე მაწანწალა ბავშვი მოისყიდა ცოტაოდენი ფულით, რომ მათ აბეზარი ხმაურით აღსავსე ბინის ფანჯრები ჩაეტეხათ.
უყურებდა სანახაობას საკუთარი ოთახის ფანჯრიდან, უყურებდა, თუ როგორ ილანძღებოდნენ მეზობელი კორპუსის ჩამტვრეული მინებიდან, და უნდოდა სიმართლე მიეხალა მათთვის პირში, გამოელანძღა, გადმოენთხია ის ბრაზი, რომელიც წლების მანძილზე დაუგროვდა სამეზობლოს.
ხუთშაბათს სახლში გამოიკეტა. არაფერი უჭამია, იჯდა, ლოგინზე ირწეოდა და ფრჩხილებს იჭამდა.
პარასკევს, საღამოს, რესტორანი „La Seduzione”-ს გზას დაუყვა.
თვითონაც კი არ იცოდა, თუ რატომ მიდიოდა, როცა ერთი მეორის შემდეგ ადგამდა ნაბიჯებს. რამდენჯერმე შეყოყმანდა, შუა ქუჩაში გაჩერდა, თვალებგადმოკარკლული, თავისი გაცრეცილი ლურჯი კეპისა და კაპიუშონის ქვეშ შემალული, მაგრამ მაინც განაგრძო გზა.
რესტორანში უკანა მხრიდან შეიპარა, ღობეზე გადაძვრა. არ სურდა, რომ წინა მხრიდან შესული დაენახა ვინმეს.
მოიღუშა მის დანახვაზე კართან გამაგრებული, ჯმუხი და ხელებგადაჯვარედინებული დაცვა.
-ვიქტორ ონისე ამირეჯიბი. – უყოყმანოდ უთხრა შორენამ.
-და მერე? – მშვიდად მიაჩერდა დაცვა, რაღაცნაირი ნიშნისმოგებით. ისე გამოიყურებოდა, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში ალბათ გაათრევდა პერიმეტრიდან თმით.
-თინათინი. – მიუგო ახალგაზრდა ქალმა. შიგნით გაეღიმა, როცა რაღაცნაირად შეუკრთა წარბი დაცვას, მიმოიხედა გაფაციცებით, მერე კი წამსვე გაუღო კარი.
შევიდა შორენა. კარი მის უკან მიიკეტა ჯახუნით.
პატარა ჰოლში იდგა. გვერდით პალტოს ჩამოსაკიდებელი, ბრინჯაოსფრად მოლაპლაპე ლომისთავა კაუჭები ჩაერიგებინათ, თბილი ნარინჯისფერი სინათლე ედო ძვირფასშპალერიან კედლებსა და ძირს დაგებულ მეწამულ, ოქროსფერი ძაფით მორთულ ხალიჩას.
ნაბიჯების ხმა მოესმა შორენას, და ორი ახალგაზრდა ქალი გამოვარდა ჰოლში. გახამებული, ქათქათა თეთრი პერანგები ეცვათ, შავი შარვლითა და წელზე შემორტყმული წითელი წინსაფრებით, სახელები ეწერათ მკერდზე მიმაგრებულ იარლიყზე, რომელთაც ელვის სისწრაფით მოავლო თვალები შორენამ.
მის დანახვაზე შეყოყმანდნენ ქალები, შემკრთალნი, ერთმანეთს გადახედეს.
-ჭირი გეცათ? – დაიყეფა შორენამ, ისე მოულოდნელად, რომ ოფიციანტები შეცბნენ, მისკენ მოტრიალდნენ. – რა იყოთ, ადამიანი არ გინახავთ? თუ არ მკადრულობთ? რანაირი ადამიანები ხართ ახლა თქვენ?
-უკაცრავად, ქალბატონო… – ამოილუღლუღა ერთმა, მოუახლოვდა. – ძალიან დიდი ბოდიში… თქვენს ქურთუკს ავიღებ…
ქურთუკი ნაკლებად ეთქმოდა შორენას ნაკერმორღვეულ, დალაქავებულ და ჩამოწელილ იასამნისფერ ჟაკეტს, მაგრამ წამსვე მოიძრო შორენამ და ოფიციანტს მიუგდო.
-აქეთ მობრძანდით, ქალბატონო… – გაუძღვა მეორე. დაფეთებული შეჰყურებდა, ჰოლის ბოლოსაკენ გაუძღვა.
დიდ დარბაზში გავიდნენ, სადაც ათიოდე ბროლის, უზარმაზარი ჭაღი ეკიდა, ისეთი ძალით ანათებდნენ იქაურობას, რომ კეპი უფრო ჩამოიფხატა შორენამ მტკივან თვალებზე. დარბაზი ცარიელი იყო, სიჩუმე იდგა მარმარილოს სვეტებსა და ქათქათა აბრეშუმით დაფარულ მაგიდებს შორის. ხავერდოვანი, მეწამული კედლები აღმართულიყვნენ გარშემო და მათი ნაბიჯების ხმა ექოს გამოსცემდა წითელი ხალიჩით დაფარულ, ნიგვზის ხის პარკეტზე.
დარბაზის ბოლოში აშკარად გამოყოფილი სივრცე იყო. ფანჯარასთან ახლოს იდგა თეთრი აბრეშუმით დაფარული მრგვალი მაგიდა, ორად ორი სავარძელი ედგა აქეთ-იქით. დიდი, ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი ეკიდა მაგიდის თავზე, ზედ ძაფის მრთველი ახალგაზრდა ქალი ჩანდა, რომლის ფანჯარაში ახალგაზრდა მამაკაცი იმზირებოდა.
მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი ფეხზე წამოდგა. გამოწკეპილი იყო ქერათმიანი, თავის ძვირფას კოსტიუმსა და გაპრიალებულ ფეხსაცმელში გამოწყობილი.
ხელში წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული ეჭირა.
დაიძაბა შორენა. ქერათმიანის ღიმილიანი სახისა და მისი მანათობელი ირისების დანახვაზე რაღაც შეუქანდა შიგნით. თითქოს სხვა ადგილიდან უყურებდა მომხდარს, გული აერია.
ოფიციანტმა მამაკაცთან მიაცილა და ჩუმი ნაბიჯებით გაქრა ადგილიდან.
იდგა შორენა, თავის ძველ, შუბლზე ჩამოფხატულ კეპსა და დაძონძილ ტანსაცმელში გამოწყობილი და მის წინ აღმართულ „ოქროს ბიჭს“ უყურებდა, რომელმაც ვარდების თაიგული გამოუწოდა.
-სალამი, თინათინ. – გაუღიმა ქერათმიანმა. – ნება მომეცით, ეს მცირე ძღვენი გიბოძოთ…
ვარდები გამოსტაცა შორენამ. ისეთი მძიმე და მოზრდილი იყო თაიგული, რომ ორივე მკლავით უნდა დაეჭირა. ვარდები მკერდზე აეკვრნენ, და ცხვირთან მოელამუნა მათი ნაზი ფურცლები.
სურნელი ეცა. რაჰათლუხუმის ვარდის გემო გაახსენდა.
ქერათმიანისათვის არ მოუცილებია თვალები შორენას, ისე გააპო ტუჩები და ისე მოჭამა ვარდს თავი.
მამაკაცს ტუჩის კუთხე შეუტოკდა. წარბები აზიდა.
დაღეჭა და გადაყლაპა, მერე კი მეორე ვარდს მოაჭამა თავი შორენამ. მომწარო, მოტკბო, რაჰათლუხუმის გემო დაჰკრავდათ ვარდებს.
მოეწონა.
-მომყმარი ბრძანდებით, თინათინ? – გაიღიმა ქერათმიანმა. თვალები უბრწყინავდა, სავარძელი გამოუწია. – დაბრძანდით, თუ შეიძლება, ახლავე მოგვიტანენ მენიუს.
-არ მშიოდა. – მიუგო შორენამ, და სკამში ჩაეხეთქა, მესამე ვარდს მოსჭამა თავი, და თაიგული გვერდით გადააგდო, იატაკზე, გამალებით ღეჭავდა არომატულ ფურცლებს. – მაინტერესებდა.
ქერათმიანმა ჩაიცინა. გაბრწყინებული თვალებით მიშტერებოდა.
ოფიციანტი მოვარდა, ორივეს წინ დაუწყო შავ ტყავში გამოხვეული მენიუ. შორენამ უგულოდ გადაშალა, იტალიურად ჩამოწერილ კერძთა სახელებსა და მათ გასწვრივ დაწერილ სამციფრა ფასებს დააცქერდა.
-დროზე შეუკვეთე. – უთხრა მან ქერათმიანს, რომელიც მას მოშტერებოდა.
მამაკაცს გაეღიმა, მენიუ დახურა და ოფიციანტს მიუბრუნდა.
-Vorrei ordinare insalata caprese per antipasto, per il primo corso brodo di pollo, per il secondo corso osso buco, per il contorno acciugata di renato. Lo stesso per lei. Non voglio che i piatti siano troppo pesanti.
ოფიციანტი სწრაფად იწერდა მის ნათქვამს.
-Quale vino ti piacerebbe?
-Mosnel Franciacorta Satèn, Chardonnay. Grazie mille.
-Sei il benvenuto, signore.
ოფიციანტი გაქრა. ქერათმიანი შორენას მოუბრუნდა. თითები ერთმანეთზე გადაეჭდო, თვალებში უყურებდა.
-იმედია დღევანდელი მცირე ნადიმით ისიამოვნებთ, თინათინ. – ღიმილით მიუგო მან. – აქ გამორჩეულად ბრწყინვალე მომსახურება და…
-რაღაც გინდა. – თქვა შორენამ. – რაღაც უნდა გინდოდეს, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები რა.
-მინდა მშვიდად ვისადილოთ. At bene placito. (თქვენი სიამოვნებისათვის). – უპასუხა ქერათმიანმა. ზღვისფერი თვალები უციმციმებდა.
-არა. – თავი გააქნია ახალგაზრდა ქალმა. – ზღაპრების არ მჯერა. ჩემნაირ ქალთან არ დაჯდებოდი საჭმელად, რამე რომ არ გინდოდეს. რა გინდა, პირდაპირ მითხარი.
-თქვენნაირ ქალთან? – წარბები აზიდა მამაკაცმა. – თქვენნაირში რას გულისხმობთ?
-ვითომ ვერ ხვდება… – ჩაიფრუტუნა შორენამ, სავარძელში გადაწვა. – თანთრაში არ მჭირდება, სარკე მაქვს და ვიცი, რანაირიც ვარ…
სახე შეეცვალა ქერათმიანს. წარბები შეკრა, თითქოს რაღაც გასაოცარი გაიგოო.
-მომხიბვლელი ქალი ბრძანდებით. – თქვა მან და ოფლმა დაასხა შორენას. – გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, თინათინ?
-ყველა ანიჭებს. – თქვა შორენამ. ანერვიულდა, თითქოს გავარვარებულ მახათებზე დასვეს. თითებზე იქლექდა კანს. – მე უბრალოდ რეალობას ვუსწორებ თვალს. შენ რა, ვერ აცნობიერებ ამას? მითხარი ერთი, მთელი სამყარო რომ ბრმა ყოფილიყო, ვისზე მოახდენდი შთაბეჭდილებას?
ქერათმიანმა ცხვირიდან გამოუშვა ჰაერი. გაეცინა.
– თქვენ ვისზე მოახდენდით, თინათინ? – წარბები აეზიდა მას.
შორენამ გვერდზე გაიხედა, ნაკვთები მოექცა. არაფერი უპასუხა.
საჭმელი მოიტანეს. სალათი იყო, დაჭრილი, ხლეჩადი ყველით, არომატული პომიდვრითა და შაშკვლავით.
ნელა დაიწყო ჭამა შორენამ. უფასო საჭმელზე არასოდეს იტყოდა უარს.
ცოტა ხანი მხოლოდ დანა-ჩანგლისა და ჭურჭლის წკრიალი ისმოდა.
შუბლზე გრძნობდა ქერათმიანის დაჟინებულ მზერას შორენა. თითქოს კაცის მზერა ატანდა მის კეპში, თმასა და ტანსაცმელში, მის ტყავს ფლეთდა და მზერით გადაატკაცუნებდა თავის ქალის ძვლებს, რომ შიგნით ჩაეხედა.
შეაჟრჟოლა შორენას. ჩანგალი ხელში გაუქვავდა. თავს დააძალა გამოფხიზლებულიყო, რომ ნერწყვი არ ჩამოჰკიდებოდა.
-თავი გონჯი გგონიათ? – ჰკითხა უცებ ქერათმიანმა.
-ვჭამ. – მოუჭრა პირგამოტენილმა ახალგაზრდა ქალმა.
-გონჯი არავინ არ არის, თინათინ. თუ თქვენ სტანდარტული, სტერეოტიპული სილამაზისაკენ ისწრაფვით?
თვალები ასწია შორენამ. დანა-ჩანგალი დაეწყო მამაკაცს თეფშზე და ხელები ერთმანეთისათვის გადაეჭდო. მისი კოხტა კოსტუმით, ჟილეტითა და ლურჯი პერანგით დაფარული მკერდისაკენ ააპარა ახალგაზრდა ქალმა თვალები.
-მებოდიალები რაღაცას. – ამოღერღა ბოლოს. – ერთი გაქუცული ქალი ვარ, ძალიან კარგად ვიცი, როგორ გამოვიყურები და რას წარმოვადგენ.
-ყველაფერი გამოსწორებადია, თინათინ. – თქვა ქერათმიანმა. – თუ მართლაც ასეთ აზრზე ხართ, რატომ არ ისწრაფვით გამოსწორებისაკენ?
-შენი გადმოსახედიდან ყველაფერი იოლია. – გადმოაფურთხა შორენამ. – გადი გააჯვი.
ქერათმიანმა გადაიხარხარა.
-მართლა იოლი მგონია, თინათინ. – იცინოდა ის. – და იცით, კიდევ რა მგონია? ამ ქვეყანაზე ტკივილი ასპარეზადაა ქცეული. თქვენ გამოსწორება შეგიძლიათ, მაგრამ თქვენი ტკივილისა და ბრაზის კომფორტს ვერ ელევით. სხვანაირად ვერ ჩაებმებით იმ შეჯიბრში, სადაც ყველაზე საცოდავი იმარჯვებს. საცოდაობას კი ის პრივილეგია აქვს, რომ თქვენ არასოდეს ბრძანდებით პასუხისმგებელი.
გაშრა შორენა. პირთან მიტანილი ჩანგალი გაჰქვავებოდა.
-Anguis in herba. (გველი ბალახებში) – დაისისინა მან.
-Hoc est verum et nihili nisi verum. (ეს სიმართლეა და არაფერი სიმართლის გარდა). – უპასუხა ქერათმიანმა.
-ამის უფლება არ გაქვს. – ჩანგალი ლაწანით გადააგდო გვერდით შორენამ და ზათქით დასცხო ხელები მაგიდას. თვალები ეწვოდა ქერათმიანის მზერისაგან, მაგრამ არ აცილებდა. – შენ ვერც კი წარმოგიდგენია…
-როგორ არ მაქვს უფლება. – იღიმებოდა მამაკაცი, გულწრფელად. – მე ყველაფრის უფლება მაქვს, რასაც მოვისურვებ, რადგან უდიერი სურვილი არასოდეს მქონია. სიმართლეს კი ვერ შევნიღბავ, თინათინ. უნდა მომიტევოთ.
შორენამ ცოტა ხანი უყურა.
მერე კი ფეხზე წამოდგა.
წამსვე წამოიჭრა ქერათმიანიც. გაკვირვება გამოეხატა სახეზე.
-მტოვებთ, თინათინ? – ჰკითხა მან.
-არც არასოდეს მოვსულვარ მე აქ. – მიუგდო შორენამ და კარისაკენ დაიძრა, სწრაფი ნაბიჯით. მისკენ გამოიწია ქერათმიანი, მკლავზე მოეპოტინა, მაგრამ ელოდა მის ამ ჟესტს ახალგაზრდა ქალი, ამიტომ დაუსხლტა, კარისაკენ გაემართა. – და ნუ მელაპარაკები თქვენობით, მეზიზღება.
შემოგებებული, შეშფოთებული ოფიციანტებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ჟაკეტი აიტაცა და გარეთ გავარდა. სასიამოვნოდ შემოეფინა საღამოს სიგრილე სხეულზე.
კიბეებზე ჩაირბინა. ოდნავ შებინდებულიყო, მაგრამ მაინც შემორჩენოდა მზის სითბო ცას. რესტორნის გარშემო შემოტყმულ ეზოში სიწყნარე სუფევდა, მხოლოდ მანქანათა შხუილის ხმა ისმოდა ქუჩაში.
უკნიდან ქერათმიანის ნაბიჯები მოსდევდნენ.
-ორი წამით მომიცადეთ, თინათინ… – თქვა მამაკაცმა. მუშტები შეკრა ახალგაზრდა ქალმა, სახე მოეღმიჭა.
-იცი რა არის? – ხმას აუწია მან, მობრუნდა, მოულოდნელად მის წინ ასვეტილ ქერათმიანს ახედა. – დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი. დავრწმუნდი, რომ სილამაზე ცოდვაა, და ალბათ ერთადერთი ცოდვა, რომელსაც არასოდეს არავინ ინანიებს. – ქალმა თვალები აზიდა, ქერათმიანს ჩახედა დასერიოზულებულ გამომეტყველებაში. – შენი ჩათვლით.
ტუჩის კუთხე თითქოსდა უნებურად აეწია ქერათმიანს. თავი დახარა, გაიცინა.
-საოცარი ქალი ბრძანდებით, თინათინ. – იღიმებოდა ის.
გაცოფდა შორენა. სიწითლე მოაწვა თვალებში.
ის იყო, ყვირილი უნდა წამოეწყო, რომ კოხტად მოკირწყლულ, რესტორნის შესასვლელისაკენ მიმავალ ქვაფენილზე ქუსლთა ბაკუნის ხმა მოესმა.
გაქვავდა შორენა. ადგილს მიეყინა.
-ვიქტორ, რა ბედნიერებაა, რომ გნახეთ… – მოესმა ქალის ნაზი ხმა უკნიდან.
-სალამი, სალომე. – თქვა ქერათმიანმა. ისევ იღიმებოდა, სულაც არ ეტყობოდა შეცბუნება. – რა დამთხვევაა თქვენი აქ ნახვა…
-დედათქვენმა მითხრა, რომ აქ იქნებოდით. – უპასუხა ქალმა. გაღმერთების ნაპერწკალი ეტყობოდა ტონში. – თქვენი კომპანიონი ვინაა, ვიქტორ?
სანამ ქერათმიანი პასუხის გაცემას მოახერხებდა, შორენა მოტრიალდა, ქალს დააშტერდა.
ლამაზი იყო. კულულა წითელთმიანი, მჭიდროდ შემოხვეულ, მაგრამ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი. წუნს ვერ უპოვიდი.
-გამეცანით, გეთაყვა. – იღიმებოდა ქალი. კარგად ნიღბავდა თვალებში მოწოლილ ცოფს, მაგრამ მაინც ყველაფერს გადაშლილი წიგნივით ხედავდა შორენა. ამჩნევდა, თუ როგორ ხარბად ცდილობდა ქალი მისი ყოველი დეტალის შესწავლას, მისი სახის კარგად დანახვას. – ვიქტორის ნებისმიერი კომპანიონი ჩემი კეთილმსურ…
ხელი მოიქნია და სახეში გაარტყა ქალს შორენამ, არც კი შეყოყმანებულა.
ქალი ოდნავ უკან წაბარბაცდა, და უყურებდა შორენა, თუ როგორ ჩავარდა მომენტალურად შოკში.
მას ჩაუქროლა, რესტორნის დაბალ გალავანზე გადაძვრა.
ქუჩას რომ დაუყვა, ჯიბეებში ხელჩაყოფილი, უკნიდან ქალის შოკით აღსავსე მოთქმა და ქერათმიანის დაყვავება ესმოდა.
.
.
-*-*-*-*-*-
To: Matryoshka – 09:47 PM
რაღაცის დაზუსტება მინდა იმ ისტერიჩკაზე, ქმარი რომ ღალატობს
From: Matryoshka – 09:49 PM
Egeni shen ufro ar ici?? Lenka gagua da is dabrexvebuli esmeralda ar gyavs??
„To: Matryoshka – 09:52 PM
ლენკა შეურიგდა, ესმერალდა კი ეგეთი ცნობილიც არ არის. მე მაკუნა მინდა.
From: Matryoshka – 09:52 PM
Is meotxe siri makunas galatobs tooo? Shansi araaaaaa”
“From: Matryoshka – 09:52 PM
Makunasnairi sqeli momca da tynaurshi amomxdeboda suli
To: Matryoshka – 09:53 PM
მაკუნას ოთხივე ქმარიც ეგრე ფიქრობდა. მოკლედ მაინტერესებს, იცის თუ არა.
From: Matryoshka – 09:54 PM
Xarasho, cherez padrugebshi gaval da vnaxot
From: Matryoshka – 09: 58 PM
Padrugebi da tvitonac namiokebs urtyamen feisze, Mokled sachxubrad ichecheba gogo
To: Matryoshka – 09:59 PM
ბარემ მიუგდე ახალკაცის 21, მე მეზარება. შენი ქმრის საყვარელი აქ არის და ორსულად თქო.
From: Matryoshka – 10:01 PM
Rom vgijdebi shenze mitqvams????
From: Matryoshka – 10:02 PM
Morcha. Gadaafrens da isterikebs moawyobs, miuvardeba uechveli
From: Matryoshka – 10:02 PM
Vis sheunte, ise?
To: Matryoshka – 10:03 PM
ციციშვილს.
From: Matryoshka – 10:03 PM
Shen xo ar anzrev, gogoooo?????? Chem nashas????
ტელეფონი გამოთიშა შორენამ და გვერდზე გადააგდო, ლოგინზე გაიშხლართა.
იოლი იყო იმ წითელთმიანი გოგოს პოვნა. უაღრესად დეტალური ფეისბუქ-გვერდი ჰქონდა, დღეში საშუალოდ ცამეტი პოსტითა და დაზუსტებული ადგილსამყოფელით. ამ საღამოს მეგობრებთან ერთად კლუბ „წითელ ღამეში“ იყო, ახალკაცის ოცდაერთში.
თავისი დანჯღრეული ლეპტოპი ახლოს მოითრია ახალგაზრდა ქალმა. ლოგინისპირა ტუმბოზე მოლურჯო სინათლე ენთო, შიშველ სხეულზე ეფინებოდა.
ზურგზე წამოწვა შორენა და კალთაში ამოითრია ლეპტოპი. ლეპტოპის სინათლეზე ლურჯად დაიფერა მის ბოქვენის ძვალზე ამოსვირინგებული სპირალები.
ცოტა ხანი პორნოგრაფიას უყურებდა. იწვა, ხელები მკერდზე დაეკრიფა და თვალებმილულული დაშტერებოდა ეკრანს.
ნახევარი საათის შემდეგ, ისევ გადაამოწმა ფეისბუქი.
და როგორც ელოდა, უკვე დამთავრებული ლაივი დახვდა, წითელთმიანის მეგობრის გვერდზე, სადაც მისი დაგებული ხაფანგი ხორციელდებოდა.
ლაივი მოქანავე ხედით დაიწყო, რომელიც მალევე გასწორდა. ბარი „წითელი ღამის“ წითლად დაფერილი ინტერიერი ჩანდა, მაგრამ მთავარი ფოკუსი მაგიდის გასწვრივ მსხდომ ქალებზე იყო.
სალომე ციციშვილი გაბრაზებული ელაპარაკებოდა მის თავზე წამოყუდებულ, აყვირებულ მაკუნას. მაკუნა ყვიროდა, წითელთმიანს ბოზსა და „შემტენს“ უწოდებდა, მერე კი მიახალა, რომ ციციშვილის აქამდე გაკეთებულ აბორტებს რომ კიდევ ერთი შეჰმატოდა, არ იქნებოდა საგანგაშო.
ციციშვილი თმაში სწვდა, მაკუნა არ შეეპუა და თმით ითრიეს ერთმანეთი დალეწილი კოქტეილის ჭიქებით აბრწყინებულ იატაკზე, აჟიტირებული ბრბოთი გარშემორტყმულებმა.
ლაივი დამთავრდა. შორენა კმაყოფილი დარჩა.
ნეტავ მისულიყო და დასწრებოდა. განეცადა ის აღტკინება, როგორიც სიმართლის თქმა იყო. ეყურებინა სინანულისა და თავზარდაცემისათვის ამ ორი ქალის სახეზე.
მაგრამ ამჯერად ამით დაკმაყოფილება მოუწევდა.
-*-*-*-*-*-
ლაივი ისე გავრცელდა, როგორც გადამხმარ ტყეში ცეცხლი. წამსვე დაიწერა სტატიები, ბლოგერებმა და თხუთმეტწუთიან წარმატებას მოწყურებულმა ჟურნალისტებმა ამბავი აიტაცეს და გაბერეს.
საღეჭ რეზინს უქნევდა ყბას შორენა, თან თავის ტელეფონს ჩასჩერებოდა. შავებში იყო ჩაცმული, ეკრანის მკრთალი მოლურჯო სინათლე ერეკლებოდა თვალებში.
-„ციციშვილი და რიგვავა ხელჩართულ ბრძოლაში“, – წაიკითხა მან მორიგი სტატიის სათაური.
თავი გადააქნია, ტელეფონი გამოთიშა და ჩაიჯიბა.
ლაშხის თვრამეტის გადაღმა იდგა, შენობებს შორის პაწაწინა, ჩაბნელებულ შუკაში, ნაგვის ბუნკერის იქით შემალული. თავს აწევდა თუ არა, წამსვე ლაშხის თვრამეტის სინათლენი ხვდებოდა თვალში.
უკვე ღამის პირველი სრულდებოდა. წვეულება ორი საათის წინ დამთავრებულიყო, მაგრამ მაინც ელოდა შორენა.
ტელეფონი ამოიღო და კიდევ ერთხელ გადახედა ლაშხის თვამეტის შუქპირს. ყველაფერი კარგად ჰქონდა დამახსოვრებული, მაგრამ დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფერი სათანადოდ ჩაივლიდა.
საათს უყურებდა წამდაუწუმ.
როგორ კი ორის ათი წუთი შესრულდა, სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა შუკიდან შორენა და გზას დაუყვა, ღამის სიბნელესა და შენობათა ჩრდილში შემალული. ერიდებოდა ლამპიონებსა და ისეთ ადგილებს, საითაც ლაშხის თვრამეტზე იყო დაყენებული კამერები.
რამდენიმე შენობას ჩაუარა, მერე კი შემოუხვია, ლაშხის თვრამეტისაკენ გაემართა.
გალავანზე ბრმა წერტილი იყო, სადაც, მისი გამოთვლებით, კამერათა ხედვა არ სწვდებოდა, და რომელიც გალავანთან ახლოს მდგომი მაღალი ტუიას ბუჩქებით იყო შებურული.
ნაშუადღევს მაწანწალა ბავშვებს ჩაამტვრევინა შორენამ ბურთით ბალახში ჩარჭობილი რამდენიმე პატარა ლამპიონი, რომ უფრო დაეჩრდილა ის ადგილი, სადაც შეპარვას აპირებდა.
უყოყმანოდ მიადგა ორმეტრიან გალავანს სათანადო ადგილას. ხელები მოსჭიდა და სწრაფად გადაძვრა.
შრიალით ჩაეშვა კოხტად მოკრეჭილ ბალახში, მერე კი სახლისაკენ გახოხდა.
გრილოდა, მაგრამ მიწა და კენჭები ფრთხილი იყო. შესასვლელთან მცველს ხედავდა შორენა.
მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სახლს როგორც კი მიაღწია, წამსვე კედელზე აეკრო, მერე კი ხელები მოუფათურა სავენტილაციო სისტემის დაფარულ შესასვლელს.
მაგარი, რკინისაგან იყო აგებული ოთხკუთხედი, პარალელური ფირფიტებით აწყობილი საფარი ჩარჩო.
შორენამ ჩარჩო გამოაძრო და მილში შეძვრა, ჩარჩო ზურგსუკან დაამაგრა საკუთარ ადგილას.
მტვრით სავსე, და მხრები კედლებს ეხებოდნენ, ისეთი ვიწრო იყო მილი. მალევე ბუღი დადგა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა შორენა.
-მარჯვნივ ათი მეტრი. – თავისთვის ბურტყუნებდა ის. – წინ ოცი. მარცხნივ ცამეტი.
სადღაც ვენტილაცია ჩართეს. მტვრიანი, ცივი ჰაერი შემოებუქა შორენას გვერდიდან.
ისე ბნელოდა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი. მხოლოდ მკრთალი, დანადგარის ღმუილი და ჰაერის წყნარი შუილი სწვდებოდა ყურთასმენას.
-მარჯვნივ ორი მეტრი… მარცხნივ შვიდი… – ბურტყუნებდა შორენა.
ოდნავი ბრახუნის ხმა მოესმა ქვემოდან.
შეჩერდა, მიაყურადა.
არადა ყველაზე დიდი საძინებლიდან საკმაოდ შორს იყო. ახლა სასტუმრო საძინებლების ზემოთ იმყოფებოდა.
წინ გაიწია შორენა, ხმას გაჰყვა. ბრახუნი უფრო ძლიერდებოდა, რიტმული, გამოზომილი ჩანდა, რასაც ქალის მოგუდული ხმა ჰყვებოდა თან.
მალევე სავენტილაციო ნიშას მოუფათურა ხელი შორენამ. ნიშის ქვემოთ ბნელოდა.
საძინებლის გარდერობის ზემოთ უნდა ყოფილიყო.
წამსვე ამოაძრო საფარი ჩარჩო შორენამ, გვერდზე გადადო.
მისი ვარაუდი გამართლდა. გარდერობში იყურებოდა, რომელსაც საძინებელში გამავალი, ღრიჭოდ დატოვებული კარიდან ეფინებოდა მონარინჯისფრო შუქი.
ჩრდილში ძლივს გაირჩეოდა კედლებთან ჩარიგებული, ხის თაროებს ქვეშ გადებული ხარიხები და მათზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი. იატაკი მეწამული იყო, შორენადან ორი მეტრითა და ნახევრით დაცილებული.
ქალის მოგუდული ხმა, რიტმული ბრახუნი უფრო უკეთესად ესმოდა შორენას.
რასაც ზედ მამაკაცის შეკავებული გმინვა ემატებოდა.
ქერათმიანის.
შარვლის ჯიბეზე მოიფათურა ხელი შორენამ, ტელეფონის შესამოწმებლად.
მერე კი გახოხდა, კიდეზე ჩაცურდა და ჩამოეკიდა, ფეხები გააწვდინა, სადამდეც შეეძლო.
როგორც ქანდარაზე ხტებოდა, იგივე იყო ესეც. ჩახტა, როგორც კი ფეხები იატაკს შეეხო, წამსვე მოიხარა, მოხრილი დაეცა, ხელები იატაკს დააბჯინა. მიაყურადა ცოტა ხნით.
ხმები არ იცვლებოდა. ვერ გაიგონეს.
ჩრდილში შემალულმა წაიწია კარისაკენ, მოეფარა და ტელეფონი მოიმარჯვა, მერე კი ფრთხილად გაიხედა ღრიჭოში.
პირველი, რაც თვალში მოხვდა, წითელი იყო. დიდი გახლდათ ოთახი, მეწამული შპალერითა და ძირს დაგებული შავი ხალიჩით.
მეორე, რაც დაინახა და რამაც საბოლოოდ დაიჭირა მისი ყურადღება, საწოლი გახლდათ. თავით მიედგათ კედელთან, და გვერდიდან უყურებდა მას შორენა.
წითელი აბრეშუმით დაეფარათ ლოგინი, რომელზეც ქალი იწვა, პირაღმა. ფეხები გადაეშალა, და მოგუდული ხმით კვნესოდა. მისი კვნესა ძლივს აღწევდა იმ ძლიერი ხელის მიღმა, პირზე რომ შემოხვეოდა.
მის თავზე აღმართულიყო ქერათმიანი. ჩვეულებისამებრ გადავარცხნილი თმა ოფლისაგან დასველებოდა, ჩამოჰყროდა შუბლზე. მთელი შიშველი სხეული უბზინავდა ოფლისაგან, მის თეძოთა თითოეულ, ძლიერ, თითქმის აგრესიულ მოძრაობას კი ლოგინის ბრახუნი მოჰყვებოდა კედელზე.
კედელს მიაშტერდა შორენა. შპალერი აშკარად შეზნექილიყო იქ, სადაც ლოგინის მასიური ხის, მოჩუქურთმებული თავი სცემდა ყოველ ჯერზე.
ლოგინზე, პირაღმა მწოლიარე ქალის გვერდით, მეორე იწვა. მკერდით აბრეშუმის ზეწრებს აკრობოდა, მაგრამ მუხლებზე იდგა. ქერათმიანი მას აპრიალებულ ზურგის მრუდზე უსვამდა ხელს, მერე კი ფეხებშუა ჩაუცურა. ქალს გმინვა აღმოხდა.
მათ იქით კი, ტუმბოსთან, მესამე შიშველი ქალი იდგა.
იცნო შორენამ. რაჰათში მომუშავე კონსულტანტი იყო.
ქალი ტუმბოს ზედაპირზე ამზადებდა თეთრ ფხვნილს.
აჰა. კოკაინი.
სიცხე ჩაუგროვდა შორენას მუცელში. ქერათმიან მამაკაცს აჰყურებდა, მის აპრიალებულ, ოქროსფერ კანს, გაპობილ, აღუებულ ტუჩებსა და გაფართოებულ სილურჯეს მის თვალებში.
აღტკინება იგრძნო. პირი დააღო, ღიმილმა მოუგრიხა სახე. ბედნიერებისაგან თრთოდა, სასწრაფოდ კამერა ჩართო და მიუშვირა სცენას.
ქერათმიანი იღიმებოდა. ალეწოდა სახე, თავისი ნებისმიერი მოძრაობით მონადირეს ჰგავდა, რომელსაც საკუთარი მსხვერპლი მოეგდო ქვეშ.
-მომიტანე. – კბილებში გამოსცრა მან და ტუმბოსთან მდგარი ქალი დაფაცურდა, გამოიქცა, ფირფიტაზე დაყრილი თეთრი ფხვნილით ხელში. მკერდი უხტოდა ყოველი მოძრაობისას.
პირდაპირ გულზე დააყარა ქერათმიანმა ფხვნილი მის ქვეშ მწოლიარე ქალს, მისი ფეხები უკეთ შემოიდო თეძოებზე და ხმამაღალი სუნთქვის ხმით დააკვდა მკერდზე. კოკაინი შეისრუტა.
უყურებდა შორენა და არ სჯეროდა, ისეთი ბედნიერი იყო. პირი ხელზე აეფარებინა, ტელეფონი ოდნავ უხტოდა ხელში. ჩანაწერისაკენ გააპარა თვალი, წითლად მოციმციმე ნათურა შეამოწმა, მერე კი სწრაფად გამოთიშა, კარს უკან შეიმალა და ვიდეო საგულდაგულოდ შეინახა რამდენიმეგან.
საკმარისი იყო. ძალზე კმაყოფილი დარჩა.
ქერათმიანმა ხმამაღლა დაიგმინა, მერე კი მისი ქშენისა და ლოგინის ოდნავი ჭრიალის ხმა მოსწვდა შორენას ყურებს. ფრთხილად გაიხედა, უყურებდა, თუ როგორ წამოდგა ქერათმიანი და როგორ მიუახლოვდა ლოგინისპირა ტუმბოს, რომელზეც თეთრი პირსახოცი, ვარდისფერი სითხით აღსავსე ბოთლი და ბროლის სასმისები დაეწყოთ.
-გადით. – თქვა მან და პირსახოცით სახეზე, მერე კი ფეხებშუა მოისვა. – მოემზადეთ, მოვალ მალე.
ქალები წამსვე გაიძურწნენ ოთახიდან.
ქერათმიანმა გაავსო სასმისი მუქი ვარდისფერი სითხით. ცოტა მოსვა, კედელს უყურებდა.
ხარბად ათვალიერებდა მის სხეულს შორენა.
მერე კი მოტრიალდა ქერათმიანი. პირდაპირ ღრიჭოსაკენ გამოიხედა, სასმისი ასწია.
-დამეწვევით, თინათინ? – ჰკითხა მან.
ისეთმა სპაზმმა დაუარა თითებში ახალგაზრდა ქალს, რომ ცოტაც და ტელეფონი ჩაატყდებოდა ხელში. თვალები გადმოეკარკლა.
ქერათმიანმა წარბები აზიდა, გაეღიმა. წამოწითლებული, შუბლზე თმაჩამოყრილი და მთლიანად შიშველიც ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც თავიდან ფეხებამდე გამოწკეპილი.
-ნუ იდარდებთ, თინათინ. – თქვა მან, გაეცინა და დაიხარა, მეორე სასმისიც გაავსო მუქი ვარდისფერი სითხით. – უდიერი რამ არც კი გამივლია თავში… მობრძანდით, დამეწვიეთ, თუ შეიძლება.
ფეხზე ნელა წამოდგა შორენა. მუხლები უკანკალებდა.
კარი შეაღო, წითელ ოთახში შეაბიჯა. შავი ტანსაცმელი სწვავდა, ისე დადაგული ეჩვენებოდა საკუთარი კანი. თითქოს იხრაკებოდა, შიგნიდან.
ქერათმიანის თვალებისათვის არ მოუცილებია მზერა, ისე მიუახლოვდა მას.
მამაკაცი უღიმოდა. გუგები გაფართოებოდა, მხოლოდ წვრილი ზღვისფერი წრე მოუჩანდა მათ გარშემო. სასმისი გამოუწოდა.
ისეთივე გამართული, და მშვიდი იდგა, როგორც ყოველთვის.
გამაგიჟებელი იყო.
-რა არის ეს? – იკითხა შორენამ. მუქი ვარდისფერი სითხე დაატრიალა სასმისში.
-ჯულიეტას ვარდისაგან სპეციალურად დამზადებული ღვინოა, თინათინ. – თქვა ქერათმიანმა, ღვინო მოსვა და ღიმილით დააჩერდა. – გპირდებით, ასეთი არასოდეს არსად გაგისინჯავთ… ბაგეზე შეხებისას დაგათრობთ.
შორენამ მოიყუდა და რამდენიმე ყლუპით გამოსცალა სასმისი.
ტკბილ-მჟავე გემო დაჰკრავდა ღვინოს, ამავდროულად ვარდის ფურცლების სინაზეს გრძნობდა ახალგაზრდა ქალი ყელში.
კიდევ ჩამოუსხა ღვინო ქერათმიანმა.
-ვიდეოჩანაწერს რას უპირებთ, თინათინ? – ჰკითხა მან. შორენამ ღვინო მოსვა, ტუჩები გაილოკა.
-რასაც მინდა. – დაიჩურჩულა მან. – ნუ იღელვებ, ვიქტორ, რისთვისაც საჭიროა, იმისთვის გამოვიყენებ.
-საოცარი ქალი ხართ, თინათინ. – ქერათმიანს თვალები უბრწყინავდა, ქედი მოიდრიკა მის წინაშე. – საოცარი. საუცხოო.
მოიღუშა შორენა. სასმისი მთელი ძალით დაიქნია იატაკისაკენ.
ბროლი ლაწანით შეეხეთქა მიწას, დაიმსხვრა. მუქმა ვარდისფერმა სითხემ გაჟონა ხალიჩაში, წამსვე მასში ჩაიკარგა. ნამსხვრევები შიშველ ფეხებზე გადაეყარნენ ქერათმიანს.
-ნუ მებოდიალები. – დაისისინა მან. – ficta voluptatis causa sint proxima veris (სხვისი სიამოვნებისათვის თქმული თხზულებები სიმართლესთან ახლოს უნდა იყვნენ), ვიქტორ.
-in vino veritas (ღვინოშია სიმართლე), არ დამეთანხმებით? – გაეცინა ქერათმიანს. უფრო გაუფართოვდა გუგები, თვალები ჩაუშავდა. – obscuris vera involvens (სიმართლეს გაუგებარი ფაქტები მალავენ), თინათინ.
არაფერი უპასუხა შორენამ. უკან დაიწია მხოლოდ, ქერათმიანის სხეულიდან მომავალ, გამაგიჟებელ სიცხესა და სურნელს მოშორდა.
-გულს მირევ. – თქვა მან ბოლოს. – ნუ მომმართავ თქვენობით, მეზიზღება.
– Cotidiana vilescunt. (ცნობადობა შობს ზიზღს)- თქვა ქერათმიანმა, ღიმილით.
მერე კი წამოიწია, თითებში სწვდა. შორენას ადგილიდან დაძვრენის საშუალება არ მისცა, ხელზე ეამბორა. უფრო ცხელი ჰქონდა ხელიც და ტუჩებიც. ქვედა ტუჩზე კბილები დაისო შორენამ, დახრილ ქერა თავს დაჰყურებდა.
-მალე გნახავთ, თინათინ. – თქვა მან, ხელი შეუშვა, უკან დაიწია.
შებრუნდა შორენა, ოთახიდან გავიდა, კარი მოიჯახუნა ზურგსუკან.
არ ახსოვდა, თუ როგორ გააღწია სახლიდან.
.
.
-*-*-*-*-*-
ცვილისა და თვალის ფანქრის ნარევი წაისვა შორენამ ტუჩებზე. თავის შავ, ერთადერთ კაბაში გამოეწყო, გაქუცული ჟაკეტი და კედები ასრულებდა მის ჩაცმულობას.
ჩანთაში მოისინჯა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა.
მეტადრე ფლეშ-დრაივი, რომელზეც ორი კვირის წინ გადაღებული ვიდეოჩანაწერი ჰქონდა.
თრთოდა შორენა, როცა თეატრისაკენ მიაბიჯებდა. აღტკინებული იყო, ბედნიერი და კმაყოფილი. ასეთი ეიფორია არასოდეს ეგრძნო.
– Nihil est ab omni parte beatum, (არაფერია ყველა ნაწილით კარგი) – წაილაპარაკა მან თავისთვის, ხვნეშით, როცა ქანდარაზე ჩაძვრა და თეატრში გაიპარა.
მეორე სართულზე თეატრის არტისტებისათვის დათმობილ კედელს ათვალიერებდა ცოტა ხანი.
მერე კი ერთ-ერთის ჩარჩოზე მიამაგრა ფლეშ-დრაივი.
მატრიოშკას მიერ ნაპოვნი, ბინძური საქმის შემსრულებელი შეასრულებდა დანარჩენს. წარმოდგენის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, როცა ყველა მოსაწვევის მქონე ადგილზე იქნებოდა, საპროექციო ოთახში აღმოჩნდებოდა, მერე კი ვიდეოჩანაწერი აისახებოდა სცენის საპროექციო კედელზე.
ქანდარაზე დაბრუნდა შორენა. იჯდა, მოაჯირზე დაყრდნობილი, და ელოდა.
უყურებდა, თუ როგორ აინთო დარბაზში შუქი, როგორ ჩადნა ყვითელში სცენაზე დამდგარი წითელი დისკო. უყურებდა, თუ როგორ ატყდა ადგილებზე ჩოჩქოლი, როგორ წამოიჭიმნენ ლოჟებში, როგორ აივსო იარუსები და როგორ კამათობდნენ პარტერში ადგილებზე.
მალე უფრო აიწია ხმაური. გაძლიერდა, დარბაზის შემოსასვლელიდან შემოხეთქა და ყველა მოიცვა, ჭერამდე ავარდა, სუნთქვა შეუკრა შორენას.
ქერათმიანი შემოვიდა, მისი ბრწყინვალე თავი ყველასგან იტაცებდა ყურადღებას.
წამოვარდა შორენა. ქანდარიდან დაეშვა ქვემოთა სართულებზე, ჯერ კიდევ დარბაზში მომავალ ხალხს იშორებდა უხეშად გზიდან, მათ შორის მიძვრებოდა, მიისწრაფვოდა ქერათმიანისაკენ.
ამას ვერაფრით გამოტოვებდა. შორიდან ვერ დაინახავდა იმ ემოციას, რომელიც გამოისახებოდა მამაკაცის სახეზე.
ასე უშუალოდ, ახლოდან არასოდეს დაენახა შორენას ცვლილება. მაგრამ ახლა სხეულის წეწვა არ მოასვენებდა, აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ეხილა ყველაფერი.
ძლივს გაიკვლია გზა პარტერისაკენ.
ფეხისწვერებზე იწეოდა, გამალებით ათვალიერებდა ქერა თავს. სული ეხუთებოდა ამოდენა, მაგრამ მაინც შეზღუდულ სივრცეში. უამრავი ხალხი ზრიალებდა გარშემო, მათი შავი ტანსაცმელი გუდავდა შორენას, ატეხილი კაკაფონია ყურებს უწვავდა. წამდაუწუმ ვიღაც ედებოდა გვერდში, კინაღამ მოჭყლიტეს.
უსაშველოდ მაღალი ჩანდა აქედან მოჩუქურთმებული, მოხატული ჭერი. თვალს ჭრიდა ჭაღის ბრწყინვალება.
მოტრიალდა შორენა, ფეხისწვერებზე აწეული.
წამსვე ჰკიდა თვალი იქვე ასვეტილ, ოქროსფერითა და ლურჯით მოსილ მამაკაცს.
მომღიმარი ქერათმიანი იდგა და მას უყურებდა.
წამსვე გაქრა გარშემო კაკაფონია. ყველაფერი დალაგდა, სასიამოვნო სიმფონიამ და ცხოველურმა აღტკინებამ აიტანა შორენა. იგრძნო, როგორ წამოწითლდა.
-სალამი, შორენა. – თქვა უცებ ქერათმიანმა. მისმა, ქალთა და კაცთა ამალამ წამსვე მისკენ მოატრიალეს ყურადღება.
გაშრა ახალგაზრდა ქალი.
გაცივდა.
გაოცებული მიაშტერდა ქერათმიანს, მერე კი მოიღუშა, ერთიანად დაძაბული.
-დღეს საუცხოოდ გამოიყურებით, როგორც ყოველთვის. – განაცხადა მამაკაცმა, დაიხარა და მისი გაოგნებისაგან მომჩვარული, გაციებული ხელი მოიგდო საკუთარ ცხელ თითებში, თავი დაუხარა, ხელზე ეამბორა.
თრთოლა აუტყდა მთელ სხეულში ახალგაზრდა ქალს.
-ეს ქალბატონი ვინ არის, ონისე? – იკითხა ამალაში მყოფმა ახალგაზრდა კაცმა, მერე კი ტალახისფერი თვალებით მოუბრუნდა შორენას. – გაგვაცნობთ? – მოელვარე კბილები გამოაჩინა მან.
-ეს ქალბატონი შორენაა. – თქვა ქერათმიანმა, იღიმებოდა.
გამშრალი პირი გააღო შორენამ, მაგრამ ენას ვერ ატრიალებდა შიგნით.
გაღიზიანდა. გაღიზიანება გაცოფებაში გადაეზარდა, მომენტალურად.
მერე კი რაღაც უცნაურმა ღრჭიალმა გაჰკვეთა ჰაერი.
და შუქი ჩააქრეს.
ჩამობნელდა. დაჟინებით უყურებდა შორენა იმ ადგილს, სადაც ქერათმიანის ზღვისფერი თვალები უნდა ყოფილიყვნენ.
მეორე იარუსის თავზე მოთავსებული მინის ღრიჭოდან შუქმა იფეთქა. განათდა გაშიშვლებული, საპროექციო კედელი სცენაზე.
კანკალით შეისუნთქა შორენამ. ღრმად, მთელი მკერდით სუნთქავდა, პირი მთრთოლვარე ღიმილმა გაუპო.
ქერათმიანს ახედა, რომელიც თვალმოუშორებლივ უყურებდა მას, თითქოს პირველად ენახა. მის ყოველ ნაკვთს ათვალიერებდა, გაცხოველებული ინტერესით.
პირი მოერღვა შორენას. წარბებქვეშიდან ახედა მამაკაცს. სახის ნაკვთები უთრთოდა.
-საოცარი ქალი ბრძანდებით, შორენა. – დაიჩურჩულა ქერათმიანმა და მისმა ჩურჩულმა გადაფარა დარბაზში ატეხილი, გაუგებრობითა და ბრაზით აღსავსე ალიაქოთი.
ელოდა ახალგაზრდა ქალი. ელოდა, თუ როდის აირეკლებოდა ქერათმიანის ლურჯ თვალებში ვიდეოჩანაწერის სიწითლე.
მინის ღრიჭოდან მომავალმა სინათლემ კიდევ ერთხელ იფეთქა. ავარვარდა თითქოს, უფრო ინტენსიური გახდა, თვალი მოსჭრა შორენას.
და ლურჯი სინათლე დაეფინა ქერათმიანს სახეზე.
ლურჯად შეეფერა კანი, მოლურჯო ათინათი დაედო მის მბზინვარე თმას და უფრო ხასხასა, კაშკაშა ზღვისფერი გაუხდა თვალები.
შეუსაბამობაზე წარბები შეუკრთა შორენას. ღიმილი ეყინებოდა.
დარბაზში აღრიალდნენ.
სცენისაკენ გაიხედა შორენამ.
გარკვევით ჩანდა ქალის აწეული, ლოგინს დაბჯენილი ფეხები, რომელთა შორის ფერმკრთალი ხელი მოძრაობდა. ყველაფერი გვერდიდან მომავალი ლურჯი სინათლით დაფერილიყო.
რამდენჯერმე გარკვევით გამოჩნდა ბოქვენის ძვალზე ამოსვირინგებული, წრეში ჩასმული სამი სპირალი.
გაქვავებული იდგა ახალგაზრდა ქალი. ერთიანად გაციებული. თითქოს სივრცეში დაცურავდა, თითქოს სხვა ადგილიდან უყურებდა მომხდარს, საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა.
– finis coronat opus. (დასასრული აგვირგვინებს მოგზაურობას) – ყურში ჩასჩურჩულა ქერათმიანმა. ღიმილი, ტრიუმფი ეტყობოდა ხმაში. – mors tua, vita mea (შენი სიკვდილი, ჩემი სიცოცხლე).
დამთავრდა ვიდეჩანაწერი, და ხელახლა დაიწყო. გავეშებულნი ღრიალებდნენ დარბაზში, პირს იბრუნებდნენ, ხმამაღლა ილანძღებოდნენ.
შუქი აინთო. მაგრამ ისევ ტრიალებდა ვიდეოჩანაწერი.
-Ad victoriam. (გამარჯვებისაკენ) – ჩაიჩურჩულა ახალგაზრდა ქალმა. პირი გამოშრობოდა.
ქერათმიანი გამოვიდა ტრიუმფატორი.
თვალები აუტრიალდა შორენას. თითქოს გაუწყდა ტვინში რაღაც.
კუნთები შეიკრნენ და ელვის სისწრაფით დაეცა შავებში გამოწყობილი სხეული, ვიღაცას დაეჯახა, რომელმაც უაღრესად შეურაცხყოფილი ხმით შეჰყვირა.
არაადამიანური ხრიალისა და გმინვის ხმა აღმოხდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ნელ-ნელა იქცევდა ყურადღებას, მერე კი კუნთები შეუტოკდა, მთელი ძალით.
-ვაიმე, სასწრაფოს გამოუძახეთ! – დაიყვირა ვიღაც ქალმა. მეორის კივილმა ჩოჩქოლი გადაფარა, კიდევ ბევრის ყურადღება მიიქცია.
გაიპო ბრბო. პაწაწინა წრე გამოთავისუფლდა, ჭაღის ქვეშ, რომელშიც კრუნჩხვებში ჩავარდნილი სხეული იწვა.
ქერათმიანი მამაკაცი იდგა კიდეზე. უსიტყვოდ დაჰყურებდა მომხდარს.
ვიღაც სასწრაფოში რეკავდა.
-ექიმი არის აქ ვინმე? – ღრიალებდა ვიღაც კაცი. ძლივს გამოათრიეს ვიღაც ექიმი, რომელიც მტოკავი, უკვე ქლიავისფერტუჩებიანი ქალის გვერდით დაეშვა, მის ჩანთაში დაიწყო ფათური.
-ძარცვავთ? – აღრიალდა ვიღაც.
-ეპილეფსიით დაავადებულებს ჩვეულებისამებრ სასწრაფო შემთხვევებისათვის დააქვთ აპარატი… – მიახალა ექიმმა და ფოლგაში გამოხვეული პაწაწინა შეკვრა ამოაძვრინა, სასწრაფოდ გაფხრიწა და პლასტმასის თავი მოხსნა პატარა ტუბს და მკრუნჩხავ ქალს სტაცა ხელი, გვერდზე გადმოაბრუნა.
-გაიხედეთ! – აღრიალდა ის. – გვერდზე გაიხედეთ!
ზოგმა გაიხედა. მაგრამ უმრავლესობა მაინც უყურებდა, თუ როგორ ააფრიალა ქალის კაბა ზემოთ ექიმმა და როგორ ჩასწია შავი რეიტუზი და საცვალი, ცალი დუნდული გადაუწია.
ჭერამდე ადიოდა ბრბოს ყაყანი.
მის გვერდით დაიხარა ქერათმიანი მამაკაცი. ქალის სხეულზე გადაგდებული კაბა ასწია, გადმოაფარა სცენას.
ხსნარი შეუშვა სწორ ნაწლავში ექიმმა, ცარიელი ტუბი გამოაძრო და თავი დაახურა, ისევ ფოლგაში გამოახვია.
ზიზღის ხმები აღმოხდათ ბრბოში. ყელყელაობდნენ უკნიდან, დანახვას ცდილობდნენ, იარუსებიდან იმზირებოდნენ ცნობისმოყვარენი, უყურებდნენ სანახაობას.
ცოტა ხანში ტოკვა შეწყვიტა სხეულმა. ნერწყვის გუბე იდგა ქალის ლოყის ქვეშ, მერე კი შარდის მწვავე სუნმა გაჟღინთა ჰაერი.
ღრიალებდნენ გარშემო. უკან იწევდნენ.
სასწრაფოს ხმა ისმოდა გარედან, მას თან ერწყმოდა უკმაყოფილო, შეშფოთებულ დამსწრეთა კაკაფონია და ჯერ კიდევ, საპროექციო კედელზე გამოსახული ვიდეოჩანაწერიდან მომავალი შარიშური და ქალის ჩუმი, ორად ორი კვნესა.
თითქოს სცენა გადმოსახლებულიყო პარტერში.
თეატრი კი იდგა.
Fin
Start: 04. 05.2017
„დიაზეპამი: ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორია. პრეპარატი დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი ახდენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, მიორელაქსაციურ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას, არ იწვევს ექსტრაპირამიდულ დარღვევას. ხშირად გამოიყენება ეპილეპტიკური სტატუსის დროს სწრაფი მოქმედების გამო.“
-
„შორენა“ ქართული სახელია და ნავარაუდევი მნიშვნელობაა „შორეული“, „ძნელად მისაწვდომი“.
-
„ვიქტორი“ (Victor), ლათინური სახელია და ნიშნავს გამარჯვებულს, დამპყრობელს.
-
ციფრი სამი ბევრგან ფიგურირებს ისტორიაში. ისტორია სამ ნაწილადაა დაყოფილი (ლორაზეპამი, კარბამაზეპინი და ფენიტოინი), შორენას სხეულზე სამსპირალიანი სვირინგია, ვიქტორი სამჯერ ეძახის შორენას ნამდვილ სახელს, შორენა სამჯერ სთხოვს ვიქტორს, რომ თქვენობით არ მიმართოს, და სამჯერ იგემებს ვარდებს (რაჰათლუხუმის, ვიქტორის თაიგულისა და ჯულიეტას ვარდებისაგან დამზადებული ღვინის სახით, სამივეჯერ ვიქტორისაგან მორთმეულს), სამჯერ ეუბნება ვიქტორი შორენას, რომ საუცხოო ქალია (მესამედ უკვე შენობით), და ისტორიის მოქმედების დროს სამჯერ აქვს შორენას ეპილეფსიური კრუნჩხვა.
-
ვიქტორის მეორე სახელი, ონისე (Onise) ბერძნულია და ნიშნავს სარგებლობას, რაღაციდან სარგებლის მიღებას.
-
ისტორიის სამი ნაწილის დასახელებები შეესაბამება ეპილეპტიკური სტატუსის სამხაზოვან მკურნალობას. ეპილეპტიკური სტატუსი (Status epilepticus) მდგომარეობაა, როცა კრუნჩხვა ხუთ წუთზე მეტხანს გრძელდება, რაც მომენტალურ მედიკამენტურ ჩარევას საჭიროებს. ეპილეპტიკური სტატუსის მკურნალობის პირველ ხაზზე ერთ-ერთი მედიკამენტი ლორაზეპამია (დიაზეპამთან ერთად, რომელსაც შორენას გაუკეთებენ ბოლო სცენაში), თუ ამან არ გაამართლა, მაშინ ერთ-ერთი მეორეხაზოვანი მედიკამენტი კარბამაზეპინია, შემდეგ კი უკიდურეს შემთხვევებში ფენიტოინი. მოკლედ, ეს ნელ-ნელა გაუარესებადი სიტუაციის სიმბოლოა.
ისტორიის ბოლოში აღწერილი სცენა – წამლის სწორ ნაწლავში ადმინისტრირება სინამდვილეს შეეხებამება.
-
შორენას უჩნდება ვარდების შეჭმის „ინტერესი“, როგორც თვითონ ამბობს. ყვავილთა ჭამა მუცელში პეპლების ფრენის გამძაფრებულ ვარიანტად გამოიყენება. ყვავილთა ჭამას ასევე სექსუალური ფრუსტრაციისა და სიყვარულის ნიშნად გამოიყენებენ.
-
სექსის დროსაც კი შორენას არ აღენიშნება სიამოვნების მიღება. არც მაშინ, როცა პორნოგრაფიას უყურებს, ის უბრალოდ წევს და უყურებს, უემოციოდ. მისთვის სექსს სექსუალური დატვირთვა არა აქვს და არც სექსუალური გრძნობები უჩნდება, მხოლოდ მანიაკალური მიზიდულობა (მხოლოდ და მხოლოდ ვიქტორის მიმართ).
-
წითელი ვარდები, ყველას მოგეხსენებათ ალბათ, რომ ვიქტორიანული ყვავილების ენით ნიშნავს სიყვარულს. მაგრამ ამავდროულად ნიშნავს წაქეზებას, გამბედაობას, პატივისცემას. მუქი წითელი ვარდები კი „გაუცნობიერებელ სილამაზეს“.
-
რესტორანი „La Seduzione” სახელი იტალიურია და შეცდენას ნიშნავს.
-
რესტორანში, შორენასა და ვიქტორის მაგიდის თავზე, სურათი ჰკიდია: ძაფის მრთველი ქალი, მის ფანჯარაში მომზირალი ახალგაზრდა მამაკაცით. ეს ტილო არსებობს, შესრულებულია უილიამ ადოლფ ბუგეროს მიერ, და „ხელის თხოვნა“ ჰქვია.
-
შორენას მუდამ თან ჰყვება ლურჯი ფერი (მაგ. კლუბში, მის ოთახში), რასაც ვიქტორის თვალის ფერიც ემატება. მაგრამ ვიქტორის ლურჯი თვალების მიუხედავად, მისი ყოველი გამოჩენისას წითელი უფრო ფიგურირებს ნარატივში: მისი სახლი წითელი ქვითაა ნაგები და წითელი კრამიტით დაფარული, მის დანახვაზე თეატრში ქალი წითელ ტუჩსაცხს ისვამს, ვიქტორთან პირველად, მსუბუქ ავარიაში მოხვედრისას გარემო წითლად იფერება, ასევე მეორე შეხვედრისას, თეატრში, როცა სცენა წითლადაა განათებული, ვიქტორის კომპანიონი, სალომე ციციშვილი წითელთმიანია, წითელია რესტორნის ინტერიერიცა და ვიქტორის ვიდეჩანაწერის ფერიც (შორენას ვიდეოჩანაწერის ფერი ლურჯია). წითელისა და ლურჯის საბოლოო გამონათება ბოლო სცენაშია, როცა შორენა წითელს ელის, მაგრამ ლურჯს იღებს.
-
რომის მარტინესი: სასმელი, რომელსაც შორენა უკვეთავს კლუბში, არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკეთებელი კოქტეილია.
-
შორენას ტატუ: სამი სპირალი ტრისკელიონი/ტრისკელეა. ტრისკელიონი მუდმივი მოძრაობისა და წინსვლის სიმბოლოა. მისი წრეში ჩასმა და შეზღუდვა ერთ ადგილზე ტრიალს მიუთითებს, იგივე საწყისში დაბრუნებას, რაც ისტორიაშიც ხდება: როგორი სცენითაც დაიწყო (შორენას კრუნჩხვა), ისევე დამთავრდა.
-
შორენას აკლია კონტროლი ყველაფერზე: ჯანმრთელობაზე, გარეგნობასა და საკუთარ ცხოვრებაზე.
-
მიუზიკლი „კისმეტი“, რომელსაც შორენა ესწრება, სინამდვილეშიც არსებობს. ლექსი რაჰათლუხუმზე, რომელიც ისტორიაში წერია, ნათარგმნია ორიგინალიდან.
-
კორმაკ მაკართის „გზა,“ ელეანორ ჰიბერტის „მადამ ასპიტი“, მარკ ლოურენსის „ეკალთა პრინცი“ და კაროლინ კეპნესის „შენ“ სინამდვილეში წიგნებია. ყველას არც თუ ისე მოსაწონი პროტაგონისტი ჰყავს.
-
ისტორია დაიწერა 20 დღეში, მოიცავს ვორდში 69 გვერდსა და 14,545 სიტყვას.
აქაც დავწერ, რომ ამ ისტორიით უფრო უკეთ გაგიცანი, მძახალო, როგორც ავტორი😄 შენი პირველი რაც წავიკითხე ცივი სითბო იყო, მაგრამ იმდენად სწრაფად ვკითხულობდი, რომ ბევრ რამებს არ ვუღრმავდებოდი (არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ მგონი 30 თავი წავიკითხე ერთ დღეღამეში😂😂) ჰოდა, როცა ამას ჩავუჯექი ძალიან ბევრი რამე დავინახე სხვანაირად😊 აი დალიჰარით კიდე ათასჯერ უკეთ გაგიცანი როგორც მწერალი და როგორც პიროვნება😍😍😍უყვარხარ მძახალს ძალზე😚😚😚 და ელის ზორბეგს😁😁😍😍
LikeLike