ცივი სითბო (ნაწილი 2/2)

.

.

-*-*-*-*-*-*-*-17
თითქოს ცურავდა ბარბარე. რაღაც თხევადში, მაგრამ ამავდროულად მსუბუქში.
ძლივს იყურებოდა, თითქოს მილულვოდა თვალები, მაგრამ ვერ გრძნობდა მათ, ვერც საკუთარ სხეულს გრძნობდა. თითქოს რაღაც უმასო ქმნილებად გარდაქმნილიყო და სადღაც, ნათელ უსასრულობაში მიცურავდა.
მზე ამოიწვერა.
მერე მეორე, მესამე, მეოთხე.
გარშემო ყველაფერი გაბრწყინდა, იმის მიუხედავად, რომ თვალწინ უვარვარებდა უამრავი მზე ბარბარეს, თვალები არ სტკიოდა, არც ეხუჭებოდა. მხოლოდ და მხოლოდ მზის წვის აუტანელ, ყურისწამღებ ხმაურს, შიშინსა და ტკაცუნს უსმენდა.
საოცარი მელოდია იყო.
მერე კი გადიდდა ერთი მზე. გაიზარდა, ხმამაღლა გუგუნებდა, სხვა მზეები ჩაყლაპა, და თითქოს ჩამობნელდა გარშემო, მხოლოდ ეს ერთი, უზარმაზარი მზე ციალებდა ბარბარეს წინ, რომლის თავსა და ბოლოს ვერ არჩევდა გოგონა, იმდენად დიდი იყო.
მზეს გული ჰქონდა. ვარვარე, მხურვალე გული, საიდანაც ბუნდოვნად ისმოდა გაძლიერებული შიშინისა და გუგუნის ხმა.
გულთან აღმოჩნდა ბარბარე. ფეთქავდა, და მის თვალწინ შეიცვალა მან ფორმა. ერთიანად დაიკლაკნა, გაიწელა და შეიკუმშა.
ადამიანის ფორმა მიიღო.
მამაკაცის ფორმა.
სახე არ უჩანდა მამაკაცს, მხოლოდ იდგა ბარბარეს წინ, და ანათებდა, მზესავით. იქ, სადაც თვალები უნდა ყოფილიყვნენ, მიშტერებოდა ბარბარე.
მერე კი რაღაცამ გასწიწკნა გოგონას მკერდში.
მკერდში, რომელიც არ ჰქონდა, თითქოს სიბნელემ წამოსწია თავი, გარშემომყოფმა, მისი მზის გარშემო შემოხვეულმა ბურანმა გადაფარა ყველაფერი, თითქოს ორად გაიგლიჯა და ორი სილუეტი წარმოშვა. ორი უშველებელი, მასზე ბევრად მაღალი, და მასზე კოშკივით წამოყუდებული სილუეტი.
წითელი თვალები გაახილეს, გვერდიდან ყვითელი სინათლე ეფინებოდათ. პირები გააღეს, უშველებელი ენები გადმოსავსავდნენ, ჰაერში ყელყელაობდნენ.
შეზარა ბარბარეს. ზიზღი, და პანიკა მოაწვა. გაქცევა სურდა, მაგრამ ვერ მირბოდა. ვერ მირბოდა, რადგან სხეული არ ჰქონდა.
არარსებულ ხელებში სტაცეს მარწუხები. უშველებელი მარწუხები ჰქონდათ, ისეთი, რომ ალბათ იოლად მოჭყლეტდნენ ბარბარეს.
ზემოდან დაჰყურებდნენ ნიშნისმოგებით, და ხარხარებდნენ, საშინელი, ღრჭიალა ხმებით.
ყვირილი მოესმა ბარბარეს. შემზარავი, სასოწარკვეთილი ყვირილი.
ვიღაცამ ხელი სტაცა, მარწუხების ძალას დაემატა მისი ძალა და უფო გაძლიერდა ყვირილი, უფრო მეტად აფართხალდა გოგონა.
სილუეტებმა ხელები გაუშვეს. აღრიალებული ეცემოდა, წუილით მიქროდა ქვემოთ, კუნაპეტ სიბნელეში, ზემოდან მოსავსავებდნენ სილუეტები, ენები გამოეშვირათ მის დასაჭერად.
ბარბარემ დაიყვირა.
და ძირს დაენარცხა.
მთელი სხეული შეუხტა ადგილზე. თვალები ფართოდ გაახილა, იმ შეხებას გაუძალიანდა, რომელიც მარწუხებს აგონებდა.
ყვიროდა. მისი ყელიდან ამოდიოდა საშინელი ხმა.
-დაწყნარდი! – ღრიალებდა ვიღაც მისი გვერდიდან. მაგრად ჰკიდებდა ხელს, მისი მოქანავე, მოფართხალე სხეულისა და კიდურების შეკავებას ლამობდა საკუთარ მკლავებში, მაგრად ხვევდა ხელებს და მის შეკვრას ცდილობდა თითქოს. – აუ ამის დედაც მოვტყან… გამოფხიზლდი! – დაიყვირა მან კიდევ ერთხელ, მაგრად შეანჯღრია ბარბარე.
სუნთქვა შეუკავდა ყელში გოგონას, წამსვე შეწყვიტა ყვირილი, გაშტერებული იყურებოდა, თითქოს ახლა მოვიდა აზრზე. მზერა არ დაბინდვოდა, უბრალოდ ვერ ან არ აცნობიერებდა, რომ ხედავდა.
შუქი არ ენთო. სიბნელე ჩამოწოლილიყო ოთახში, რომელსაც მხოლოდ კედლის გვერდზე გაყოლებული, მანათობელი წითელი ზოლი აშუქებდა.
ძლივს გაარჩია შემოგარენი ბარბარემ.
შერვაშიძის ოთახში იყო. კაზინოში.
ერთიანად კანკალებდა, ახლაღა იგრძნო, თუ როგორ ცურავდა ოფლში. კუნთები უთრთოდა, და ეწვოდა ფილტვები, მთელი ძალით ქოშინებდა.
საბანში აბურდული ფეხები მოემჩვარა. ოდნავ წამოეჯინათ, და მთელი ძალით ეხვეოდნენ მკლავები სხეულზე, მის დასაკავებლად.
ნიკოლოზი ეჯდა გვერდით. ლოგინზე ჩაჩოქილიყო. წეღან უყვიროდა, მის გამოღვიძებას ცდილობდა.
-ნუ გეშინია. – ხმადაბლა თქვა ახალგაზრდა კაცმა, მისი ოდნავ აჩქარებული, მძიმე სუნთქვა იგრძნო ბარბარემ თმაზე. ნიკოლოზის მკერდზე ედო თავი, ცალი ხელი ნიკაპთან ახლოს, მეორე კი გვერდზე მიეჭყუნათ ახალგაზრდა კაცის მკლავებს. კანკალებდა ბარბარე, იმის მიუხედავად, რომ სცხელოდა.
-არ მეშინია. – ძლივს ამოიხრიალა მან. ხმა ჩახლეწოდა ყვირილისგან. თვალწინ საკუთარი სიზმარი ედგა, ჯერ ის მზის გულიდან წამოქმნილი, მზის კაცი, და შემდეგ ორად გახლეჩილი, საშინელი სილუეტი, რომელთა დაღებული პირები უსასრულო, სატანჯველ უფსკრულს უმზადებდნენ. შეზარა, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. – არ მეშინია, არა… მძულს, მძულს, მძულს…. – ძლივს ჩაყლაპა ჰაერი ბარბარემ, მკერდი უღელავდა, გაფითრებულს. – აქამდე რაც არ მძულებია, სულ მძულს, მთლიანად, მინდა რომ მოკვდნენ, მინდა რომ აღარ ვიფიქრო მათზე, მძულს…
ნიკოლოზმა ხმა არ გაიღო.
მაგრამ იცოდა ბარბარემ, თუ რას ფიქრობდა იგი.
„თუ გეშინია, უნდა გძულდეს კიდეც.“ წამოუტივტივდა ნიკოლოზის სიტყვები გონებაში.
არ უნდოდა, რომ მათი შიში ჰქონოდა. უნდოდა მხოლოდ სძულებოდა, შიშის გარეშე, რადგან იცოდა, რომ შიში უფრო საშინელი იყო, ვიდრე სიძულვილი. სიძულვილი არ წარმოჰქმნიდა კოშმარებს. არ მოახედებდა ტროტუარზე სიარულისას უკან, არ გაუჯდებოდა მთელ სხეულში შავბნელ ფესვებად, რომ სწიწკნიდნენ და არ წარმოჰქმნიდა პარანოიას.
-არ უნდა გეშინოდეს. – თქვა მოულოდნელად შერვაშიძემ და შეცბა ბარბარე. კანკალებდა, კუნთები უხტოდა, მაგრამ სუნთქვა შეიკრა. თითქოს საკუთარ გონებაში იკარგებოდა, და გამოაფხიზლა ნიკოლოზმა. – შიშს იმსახურებენ. თუ გეშინია, ესე იგი საშიშნი არიან. უფრო ძლიერები. უფრო ჭკვიანები. ეგენი კი უბრალო ლაჩარი სირები არიან, ქუჩის ვირთხები. – ნიკოლოზი წამიერად შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა. -შენს შიშს არ იმსახურებენ.
თვალები დახუჭა ბარბარემ. ახლაღა შეამჩნია, რომ მის თავქვეშ შიშველი იყო ნიკოლოზის მკერდი.
-მართლა გინდა, რომ მოკვდნენ? – ჩაილაპარაკა უცებ შერვაშიძემ.
ბარბარემ თვალები გაახილა. ნესტოები დაებერა.
-მძულს. – ყრუდ ჩაილაპარაკა მან. – მძულს რაც გააკეთეს, რაც გამიკეთეს. ახლა ისე ვარ, რომ ჩემივე ხელით მოვგუდავდი, ვნახავდი, როგორ მოკვდებოდა.
შეყოვნდა ბარბარე. სიჩუმე ჩამოვარდა კიდევ ერთხელ ოთახში.
ნეტავ რომელი საათი იყო?
გამოერკვა.
იცოდა, რომ საკუთარ სიტყვებს უწევდა წინააღმდეგობას. იმ სიტვებს, რომლებითაც შერვაშიძეს შეელაპარაკა წინა დღეს.
„შენთვის ექვივალენტი რას უდრის? ფულის მალვის გულისათვის კაცის მოკვლას თუ ეცდები, სადამდე აღწევს შენი ამორალურობა?“
ახლა კი თითქოს გადმოტრიალდა. სიკვდილს უსურვებდა კაცებს მისი გაუპატიურების მცდელობისათვის.
იმსახურებდნენ, გამწარებული ბარბარეს აზრით. იცოდა, რომ ურთიერთგამომრიცხავს ხდიდა ემოცია მის სიტყვებს, რომ სხვებს კარგად უკითხავდა ლექციებს და ამ დროს თვითონ იგივეს აკეთებდა.
მაგრამ ჰქონდა ამის უფლება. ჰქონდა უფლება, გაიფიქრა ჩამობნელებული გონებით, რომ მისი მოძალადეების სიკვდილი ესურვა.
-მაგრამ ვიცი… – გააგრძელა ხრინწიანი ხმით. – ვიცი, რომ მათი სიკვდილი არაფერს მიშველის. გული მომეფხანება ცოტა ხნით. და მერე? მათი ნამოქმედარი არ შეიცვლება. ისინი მოკვდებიან, მე კიდევ ამ ყველაფრის ცხოვრება მომიწევს, ამ ყველაფრის თრევა… – ნიკაპი აუთრთოლდა, ფართოდ გახელილ თვალებს ახამხამებდა სწრაფად. – ყველაფერი ჩამომიგრიეს თავზე. ასე მეგონა, რომ იმ დღეს შიგნით ყველაფერი ჩამიკვდა. ალბათ ჩამიკვდა კიდეც. დავსუსტდი. მეზიზღება. მძულს. მეშინია მათი, და მეზიზღება საკუთარი თავიც ამის გამო…
-ნუ შეგეზიზღება. – თქვა ნიკოლოზმა. – შიში სულაც არაა სისუსტე.
-აბა რა არის? – ოდნავ მიატრიალა მისი მკერდისაკენ თავი გოგონამ. ყური მოუხვდა ზედ. წამით გახევდა, როცა გულისცემა გაიგონა. წამში ერთი.
ნეტავ რომელი საათი იყო?
-თუ გეშინია, გიღირს ცხოვრება. – უპასუხა შერვაშიძემ. – რაღაც გაქვს, შენთვის ფასეული, რის წართმევასაც ვერ გადაიტან.
-და თუ ცხოვრების მეშინია? – დაიჩურჩულა ბარბარემ. ნიკაპთან ახლოს მოტანილი ხელი უთრთოდა. ოდნავ გვერდზე წამოწოლილს თეძოები გაუშეშდა, ფეხები დაებუჟა, მაგრამ განძრევას არ აპირებდა.
-ესე იგი უკეთესის იმედი გაქვს. – უპასუხა შერვაშიძემ, და გაჩუმდა ბარბარე. ისევ დახუჭა თვალები, და უბრალოდ იყო.
მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა ნიკოლოზს, მშვიდად, ნელა, გამოზომილად. გული წამში ერთხელ ფეთქავდა, თავისთვის, მუშაობდა, სისხლს გზავნიდა სხეულში.
საკუთარი გულისცემაც ესმოდა თითქოს ბარბარეს.
ნიკოლოზის გული მუშაობდა. ჯერჯერობით მშვიდი იყო მისი მუშაობა, უდრტვინველი, უტყუარი.
სუნთქავდა ახალგაზრდა კაცი. გული მუშაობდა, ფილტვები სუნთქავდნენ, კანი თბილი იყო.
გასაოცარი იყო, თითქოს ახლა გააცნობიერა ბარბარემ, ადამიანის ყველაზე ფუნდამენტალური ფუნქციებიც კი.
-შენ არ გეშინია ცხოვრების? – ჰკითხა უცებ ბარბარემ. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ მოუვიდა ეს კითხვა თავში.
-მეშინია იმისა, რასაც მიმზადებს. – უპასუხა შერვაშიძემ. რატომღაც გაეცინა ბარბარეს.
-ცხოვრების გეშინია, სიკვდილის კი არა. – იღიმებოდა გოგონა. – რა უცნაურია.
ნიკოლოზი ხმას არ იღებდა.
-თუმცა, ალბათ ასეც უნდა იყოს. – დაამატა გოგონამ.
სითბო იდგა ოთახში, იმის მიუხედავად, რომ ბარბარემ დაწოლის წინ თავისი ცივი, სველი ტანსაცმელი რადიატორებზე გადაფინა. ახლა მხოლოდ დიდი პირსახოცები მოეხვია სხეულზე.
-რომელი საათია? – იკითხა მან.
ნიკოლოზმა ცალი მკლავი შეუშვა, ლოგინისპირა ტუმბოსაკენ გადაიხარა. სიცივემ შემოჰკრა მის მიერ გავარვარებულ გვერდზე ბარბარეს.
ცივი, ღია ცისფერი სინათლე მოეფინა ნიკოლოზის სახეს, კედლიდან მომავალ წითელს შეერია. ახალგაზრდა კაცი თვალებმოჭუტული დააშტერდა ეკრანს.
-დილის შვიდის ნახევარი. – თქვა მან, ამოიგმინა, თვალები მოისრისა.
გაეცინა ბარბარეს, წამოიწია, მხრებზე მოფარებული პირსახოცი უკეთესად მოიხვია, როცა კინაღამ მკერდზე ჩამოუცურდა. მკლავი მოაშორა ნიკოლოზმა, სახეს ისრესდა, აწეწილ თმაში ისვამდა ხელს.
-როდის ამოხვედი? – ჩუმად ჰკითხა ბარბარემ, როცა მის ამოღამებულ, დასიებულ თვალებს შეავლო მზერა. ნიკოლოზმა ტელეფონს მზერა მოსწყვიტა, მისკენ გამოიხედა. წამწამების ჩრდილი ეტყობოდა წარბებზე, ქვემოდან მომავალი ცივი ცისფერი შუქის გამო.
-სამი ხდებოდა. – თქვა მან. ოდნავ გაეღიმა. – შენ გეძინა, და შემოგიწექი.
ბარბარე უსიტყვოდ უყურებდა. არც გაჰკვირვებია მისი სიტყვები, არც აფრთხობდნენ.
შეიძლება ისევ ბურანში იყო. შეიძლება ისევ ეძინა.
-აღარც მახსოვს როდის დამეძინა. – ამოღერღა მან. – გვიანია, წავალ.
-მე გაგიყვან. – თქვა ნიკოლოზმა. ბარბარემ თავი გადააქნია. შერვაშიძის მობილურის ცივი ცისფერი სინათლე ჩაქრა, ოთახი კვლავ წითელმა სიბნელემ მოიცვა.
-არა, ჩემით წავალ. – მიუგო გოგონამ, მიბრუნდა, გადაძვრა საწოლიდან. გული მძლავრად უცემდა, ისევ ის პაწაწინა მზეები ღვიოდნენ მასში. შეყოვნდა, სანამ წამოდგებოდა. – მადლობა, რომ გამაღვიძე. – ამოღერღა მან.
ნიკოლოზს აღარ უპასუხია.
.
-*-*-*-*-*-*-
სათვალის ზემოდან გადმოიხედა ბედიანიძემ. ინტერესით ჩაჰყურებდა გადაშლილ გაზეთს.
სასიამოვნო იყო საღამოს სუსხი, მითუმეტეს ბუნებაში. თავი ასწია, პარკის სურნელი შეისუნთქა.
-იპოვე ეს ბიჭი? – ჩაეკითხა მის გვერდით მჯდომი ანი. ახალგაზრდა ქალი სურათებს ათვალიერებდა, მოღუშული, თვალებით სწვავდა ბუნდოვნად გამოსახულ ახალგაზრდა კაცს, თითქოს მზერით დააყრევინებდა საიდუმლოებებს.
-სამჯერ გამოიჭირეს ჩემებმა ქალაქში მხოლოდ. – გიორგიმ გაზეთი დაფერთხა, ცერი ნერწყვით დაისველა და გადაფურცლა. – ძნელი სანახავია. ყველგან დაძვრება. კანონიერი ბიზნესი აქვს, ამიტომ ძნელი გასარკვევია… ერთხელ ქალაქგარეთაც ნახეს.
-არაა საკმარისი? – მოუბრუნდა მოღუშული ანი. – შეხედე, აშკარაა, რომ ცუდ ხალხშია ეს ტიპი გარეული!
-რა, ესაა საკმარისი? – წარბები ასწია ბედიანიძემ, ხმამაღლა გადაიხარხარა. – ფურორი უნდა მოვახდინოთ. იმდენი უნდა მივაყაროთ მნახველსა თუ მკითხველს, რომ ეჭვი ვერ შეიტანონ. ამას წვეთ-წვეთად ვერ მიართმევ, ერთბაშად უნდა, რომ შეჩვევა, აზრზე მოსვლა ვერ მოასწრონ. ჯერ არ ვიცი, რაც მაქინაციობს ეგ ბიჭი.
-იქნებ ბანდის წევრია? – გამოხედა ანიმ. – ტონაა ჩვენთან…
-ნახე, რა მანქანით დადის. – მიუთითა ბედიანიძემ. ანი მოიღუშა, სურათებს გამალებით ჩაშტერებოდა.
-ჩვეულებრივი მანქანაა… – ჩაილაპარაკა გოგონამ. – მერე რა?
-მართალი ხარ. – წარბები ასწია კაცმა. – ტოიოტაა. მოძველებული მოდელია უკვე. მაგრამ მუშაა. აი ქუჩის ბანდები კი სულ სხვა მანქანებით მოძრაობენ. – ბედიანიძემ თავი გადახარა, ინტერესით დაჰყურებდა სურათებს. – განათლებულია ეს ტიპი. იცის, რასაც აკეთებს. და ალბათ, კარგადაც აკეთებს, რადგან ვერ გამოვიჭირე ჯერ.
მერე კი ანის გადახედა, რომელიც წარბშეკრული უყურებდა.
-შენ რატომ გაინტერესებს ეს ყველაფერი? – მან სურათებზე დააკაკუნა თითი. – განსაკუთრებით ეს ბიჭი? რამეს მიმალავ, ანი?
-ძალიან კარგი სტატია გამომივა. – თქვა ანიმ. თვალები შორს გაშტერებოდა. – ვიშოვე სადმე სწრაფად სამსახურს. არ გამიჭირდება, რადგან ეს ფურორი მექნება ჩემი ხელწერის ქვეშ.
ბედიანიძემ ჩაიცინა. შრიალით დახურა გაზეთი.
მზე ჩადიოდა. ძალიან ციოდა გარეთ, დეკემბერი იწურებოდა. ნაცრისფერი ღრუბლები მოგორავდნენ ცაზე.
ალბათ თოვლიანი ახალი წელი იქნებოდა.
-ხომ ვხვდები არა, რომ ერთადერთი მიზეზი არ არის ეგ. – განაგრძო ბედიანიძემ. – მითხარი, ანი. გპირდები, არაფერს არ ვიზამ ისეთს, რაზეც შენ არ დამიქნევ თავს.
ანიმ ტუჩები მოკუმა. ძალიან თბილად ეცვა, ლოყები და ცხვირი ასწითლებოდა, მოუთმენლად აბაკუნებდა ფეხებს.
-ჩემი ნაცნობია ერთი. – ამოღეჭილად, ნაძალადევად დაიწყო მან. – ვერ ერკვევა საერთოდ პოლიტიკაში, მაგრამ ოთარ შერვაშიძე დაინახა და გაშტერდა. რომ ვკითხე, რა ხდება თქო, ასე მითხრა იგივე გვარის ბიჭი ამეკიდაო, მაგრამ რაკი ინგლისშია, ის ვერ იქნებაო.
-ოჰო. – გიორგი წამოჯდა, ინტერესი გაღვივებოდა. – ანუ ეს შენი ნაცნობი იცნობს ამ ბიჭს, შენი აზრით?
ანი ტუჩებს იკვნეტდა, რაღაცას მიშტერებოდა, შორს.
-ჰო, მაგას ვეჭვობ. – მოჭრა მოკლედ. – არ იცის ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი, თუ გული არ მოუბრუნდა. მეშინია, რამე არ დაიმართოს ამ სიჩუმით.
-ჰმმ. – ბედიანიძე ფიქრობდა. გაეღიმა.
ჩანთას სწვდა, კიდევ ერთი დასტა ამოაცოცა და ანის გაუწოდა. ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოდ აიტაცა ხელთათმნიანი ხელებით, გამალებით გადაავლო თვალი ძვირფას ქაღალდზე დაბეჭდილ ასოებს, მარჯვენა ზემოთა კუთხეში გამოსახულ ლურჯ ლოგოს.
-პივაროვის პრივატული კლინიკა. – წაიკითხა მან ლოგოს ქვეშ მინაწერი. – ეს რაღაა?
-ეს ქალბატონი შერვაშიძეა. – წარბები აქაჩა ბედიანიძემ. კმაყოფილი იღიმებოდა. – ანუ ჩვენი გასაღები მისი ერთადერთი ვაჟისაკენ.
ანიმ სწრაფად გადაავლო მზერა დოკუმენტებს, თვალებგაფართოებულმა.
-ანუ… რატომ არ მკურნალობს? – ამოღერღა ძლივს.
-მეც მაგას არ ვიძახი? – გაიცინა ბედიანიძემ. – საინტერესო ვინმეა… ექნება მიზეზები.
-იქნებ გაააფრინა ამდენი ხანი ციხეში ყოფნისას საწყალმა. – ამოილუღლუღა ანიმ.
-რაღა ციხე მაგას ჰქვია, ვიაიპი სტუმარია ფაქტიურად. – გაზეთი ხელახლა გაშალა ბედიანიძემ. ორთქლის ქულები იფრქვეოდნენ მათ წინ ჰაერში. – როცა უნდა სეირნობს ბაღში, როცა უნდა ჭამს, სვამს და არის რა… უბრალოდ სიცოცხლე აღარ უნდა, როგორც ჩანს.
ანის ყბა მოენგრა. წარბშეკრული დაჰყურებდა საბუთებს.
ცოტა ხანი ისხდნენ, სანამ მზე არ გადაიწვერა და ძალიან არ აცივდა.
აუცილებლად ექნებოდათ თოვლიანი ახალი წელი.
.
-*-*-*-*-*-
ნაფაზი დაარტყა ნიკოლოზმა. უინტერესოდ გაჰკრა კენჭს ფეხი. იდგა, ეწეოდა და უსმენდა, თუ როგორ დასტრიალებდნენ მისი ბიჭები თავზე ვიღაც ურჩ, ტუჩგახეთქილ კაცს, რომელიც მუხლებზე იდგა ტალახში და გააფთრებული გამომეტყველებით იყურებოდა.
-იტყვი თუ არა, ბიჭო?! – ღრიალებდა ერთი. – თორემ დედას მოგიტყნავთ, გაიგე?!
-აგერ, დამასკდით სი…  – დაიწყო კაცმა, მაგრამ კიდევ ერთი მაგარი მუშტი მოხვდა.
-დროზე მოამთავრეთ! – გასძახა მან. ზურგშექცევით იდგა, თავზე კაპიუშონი წამოეფარებინა. შემაღლებულიდან კარგად ჩანდა ქალაქის ხედი, უკე სინათლეებში ჩაფლული. ოდნავ იჭყიტებოდნენ დასავლეთიდან მილეული მზის სხივები. – თორემ მაგარი ცივა, ეს დედამოტყნული… – ჩაილაპარაკა მან, ძლიერი ნაფაზი დაარტყა, სანამ უკნიდან დარტყმების ხმები ძლიერდებოდა.
მახათელი ცოტა მოშორებით იდგა. ვიღაცას ელაპარაკებოდა, და გაცხარებული იქნევდა ხელებს. ნიკოლოზი წარბაწევით შეაშტერდა თორნიკეს მოღუშულ სახეს.
მახათელმა ერთი მაგრად შეიგინა, მობილური ტელეფონი გამორთო, მერე კი ნიკოლოზს გადმოხედა.
უკან ჯერ კიდევ მიმდინარეობდა კაცის დაკითხვა.
თორნიკე მოუახლოვდა, თვითონაც ამოიღო სიგარეტი, აანთო და გააბოლა. გაფითრებული მიშტერებოდა რაღაცას შორს.
-დედაშენზე მოვიდა ამბავი. – თქვა მან უცებ. ადგილს მიეყინა შერვაშიძე. გონებაში უსიამოვნო წუილი დაწყო.
-ისევ გაქცევა მოუნდა? – იკითხა მან. – თუ რომელიმე მცველს ჟიმავს?
-არა, არა… – თავი გადააქნია მახათელმა. – კიბო ჰქონია, ტო.
ნიკოლოზი შედრკა. თითებს შორის დაკავებული სიგარეტი ჩამოიფერფლა, ისეთი ძალით შეუკანკალდა ხელი.
-ბიჭო, ვინმე არ გვიტყუებდეს. – თქვა მან. ყელი გამოშრობოდა. – დედას მოვუტყნავ, თუ ეგრეა… ვინ გვყავს იქ?
-გოშა, ტოო. – თქვა მახათელმა. – კაი ვინმეა. ერთი მცდარი სიტყვა არ მოუწოდებია ჯერ.
ნიკოლოზი იდგა. გაშტერებული მისჩერებოდა რაღაცას.
-აქამდე რატომ არ გავიგე მე ეს? – დაიღმუვლა მან. – ეგ გოშა ყლეა თუ რა სჭირს?
-ახლა დაუსვიათ დიაგნოზი. – თქვა მახათელმა. – სამი კვირის წინ წაუყვანიათ საავადმყოფოში, ცუდად გამხდარა.
ნიკოლოზმა ჩაიფრუტუნა, ირონიული ღიმილი გამოესახა, მერე კი სახე ერთიანად მოენგრა.
მოწყვეტით ჩაჯდა ქვემოთ, თავი ჩახარა, მუხლებზე გადაიდო მკლავები. ძირამდე დაარტყა ნაფაზი და მთლიანად შეისუნთქა მოტბო ბოლი, ნამწვი შორს მოისროლა.
-ბოლომდე შემცა ამ გამოყლევებულმა ქალმა. – წაილაპარაკა მან. ხმა წაუვიდა, ჩახლეწოდა ერთიანად. ღრმად სუნთქავდა. – ერთი მხრიდან არ მეყოფოდა ხომ კიბო…
-არ მკურნალობს, ბიჭო, დედაშენი. – თქვა უცებ მახათელმა და სწრაფად ამოატრიალა თავი შერვაშიძემ. – უარი უთქვამს ქიმიაზე, არ მინდაო.
ნიკოლოზი თვალებგაფართოებული უყურებდა, ფეხზე წამოიჭრა, გადააფურთხა, გამწარებულმა.
-აუ რა ბინძური ქალია, ჩემი… – დაიღმუვლა მან, მოიხარა, თავში იატაცა ხელები. – აუ რა საშინელი ქალია, რა დამპალი სირია, ღმერთო…
-ბიჭო, გამოშტერდი შენ მთლად? – შეუტია წარბშეკრულმა მახათელმა. – ახლა რა გინდა?
-ვერ ხვდები? – ღრიალით მოუბრუნდა ნიკოლოზი. – ბოლომდე ჩემი გამწარება უნდა, გაიგე, ტოო? სიკვდილამდე მაწამებს ეგ დამპალი ქალი, რა მანიპულატორია, ჩემი…
თორნიკე მიშტერებოდა და აღარ იცოდა, რა ეთქვა. გიჟს ჰგავდა შერვაშიძე, გაცოფებული თვალებით, მხრებში მოხრილი, მოგრეხილი ნაკვთებით.
-უნდა ვნახო. – თქვა უცებ ნიკოლოზმა. თვალები გაუფართოვდა მახათელს, როცა ელვის სისწრაფით გაემართა შერვაშიძე მანქანისაკენ, სასწრაფოდ გაჰყვა უკან.
-რატო უნდა ნახო? – დაუყვირა მან. – რომ გაცოფდე და უღრიალო? მოიცა რაა… – მან მძღოლის კართან მიასწრო ნიკოლოზს, წინ გადაეღობა. – მე ვატარებ, შენ მიგვამტვრევ სადმე…
შერვაშიძეს კრინტიც კი არ დაუძრავს, ისე გატრიალდა, მანქანის მგზავრის სავარძელში ჩაჯდა, კარი შემოიჯახუნა და წამსვე ჩაიდო პირში კიდევ ერთი სიგარეტი.
-მიაგდეთ ეგ ყლე და წადით! – დაუღრიალა მახათელმა ბიჭებს, რომლებიც გაკვირვებულნი მიშტერებოდნენ. – სხვა დროს მიხედეთ!
მერე კი მანქანაში ჩაჯდა, ძრავი დაქოქა, ხრიგინა, კენჭებიან გზაზე გადაიყვანა.
ციხისკენ მიმავალი გზა არც ისე ახლოს იყო. ქალაქგარეთ გახლდათ, სწორი, გატკიცინებული ტრასა თეთრ, ძვირფას ლამპიონებს გაენათებინათ. ოდნავ ღებავდა დასავლეთს მზის სიწითლე, რომელიც წუთებში ალბათ გაქრებოდა.
უზარმაზარი ნაძვები და ფიჭვები აღმართულიყვნენ ციხისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს. ირწეოდნენ ამოვარდნილ ქარში.
არც ერთი ხმას არ იღებდა. ნიკოლოზი ეწეოდა, სიგარეტს სიგარეტზე, ხელები უთრთოდა და გაფითრებული მიშტერებოდა რაღაცას შორს. სიგარეტის ფერფლს ფანჯრის გარეთ, ტრასაზე ყრიდა.
ოცი წუთი არ გასულიყო, რომ მიუახლოვდნენ ციხეს.
დიდი, თითქმის, თითქოს გრანდიოზული შენობა იყო. ძვირფასი ქვით ნაშენი, ციხესიმაგრესავით აღმართულიყო, უღრან ტყეში ჩაფლული.
გალავანზე სინათლეები ენთო, შესასვლელთან დაცვა გამაგრებულიყო.
ნიკოლოზის სახელი და გვარი გაიგეს თუ არა, წამსვე პირამდე გააღეს ჭიშკარი, რომ შეეშვათ.
მანქანა სპეციალურ ადგილას უნდა მიყენებულიყო. მახათელი დარჩა შიგნით, შერვაშიძე კი დაცვის წარმომადგენელმა წაიყვანა ციხისაკენ.
სიცივე იყო შიგნით. ოდნავ ნესტიც. მაგრამ ნაძვისა და ფიჭვის სუნად გაჟღენთილიყო.
უამრავ კარში გაატარეს ნიკოლოზი. ყველასთან ცალკე დაცვა იდგა, ყველას ცალკე გასაღები და კოდი ჰქონდა.
თითქოს დედამისს იკავებდა ყველა.
დიდ ოთახში შეიყვანეს. არსად ჩანდა სტანდარტული მინის კედელი, თავისი ყურმილებით.
მხოლოდ მოზრდილი მაგიდა იდგა ცენტრში, ერთმანეთის მოპირდაპირედ მიდგმული ორი სკამით.
გული ყელში მოსწოლოდა შერვაშიძეს.
მაგიდას მიუჯდა. ოთახის კედლებთან გამაგრებულ, ხუთიოდე დაცვის წევრს მოავლო თვალი.
გარედან ოდნავი ჩოჩქოლი ისმოდა. კარი ღრჭიალით შემოაღეს.
კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა შერვაშიძემ. სახე მოექცა, თვალები გაუფართოვდა, ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო.
დედა შემოვიდა. თავაწეული, ამაყი, გოროზი ქალი. კოხტად გადაევარცხნა მუქი თმა, იმის მიუხედავად, რომ გაფითრებულიყო და დაბერებულიყო, მაინც ჩანდა დედა ამ ქალში.
არ სურდა ნიკოლოზს დედის დანახვა. არ სურდა, რომ ეს ქალი მისი დედა ყოფილიყო.
-გამარჯობა, ნიკოლა. – გაიღიმა დედამ.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-18
ნელა მოუახლოვდა დედა მაგიდას. ღიმილი შეჰყინვოდა სახეზე, თვალს არ აცილებდა ნიკოლოზს, მზერით ჭამდა, ისე ათვალიერებდა.
სკამი ღრჭიალით გამოსწია ქალმა, ჩამოჯდა.
ნიკოლოზი მიშტერებოდა. უფრო დანაოჭებული, დათხელებული,  იყო დედა. ნერვიულად დაიწყო თითების დაკაკუნება მაგიდაზე.
მის თვალში დედა მუდამ თავაწეული, მოწესრიგებული და ამაყი ქალი გახლდათ.
ეს ქალი კი, იმის მიუხედავად, რომ ისევ ისეთი გამჭრიახი, გამჭოლი მზერით იყურებოდა, თითქოს აღარ იყო ისეთი. თითქოს ნაპერწკალი აღარ უღვიოდა შიგნით. უფრო პატარა მოჩანდა, დაბერებული, ნაცრისფერი.
სუსტი, უსუსური ჩანდა დედა. ნიკოლოზს შეზარა ამ ცვლილებამ. თითქოს წარმოუდგენელი იყო ახლა მისთვის ამ ქალისა და იმ დედის გაიგივება, ვინც კარსაც კი არ კეტავდა საყვარლებთან სექსის დროს.
-ჩემს შვილთან მარტომ უნდა ვილაპარაკო. – თავი გაატრიალა ანასტასია შერვაშიძემ, კედლებთან დამდგარ მცველებს შეაშტერდა.
ისინი არც კი გაინძრნენ, მოთხოვნისაგან დაბნეულნი ჩანდნენ.
-მეორედ არ გამამეორებინოთ! – ხმას აუწია ქალმა. – კარგადაც მოგეხსენებათ ვინ ვართ მე და ჩემი ქმარი!
მცველებმა ერთმანეთს გადახედეს, ერთმა ნელა დაუქნია მეორეს თავი, კარისაკენ გაემართნენ. უნდობლად გამოხედეს ერთხელ მაგიდასთან მსხდარ დედა-შვილს და კარი გამოიკეტეს.
სიჩუმე ჩამოვარდა. მცველების გარეშე თითქოს გაშიშვლდა ოთახი, დაცარიელდა, უფრო დაიძაბა მდგომარეობა.
ჭერიდან მომავალი თეთრი ნეონის სინათლე ზუზუნებდა, გაბმით, უსიამოვნოდ.
-ხომ იცი, რომ კამერები აყენია აქ? – თითი ასწია და გადააქნია დედამ, მერე კი ჩაიფრუტუნა. – გვისმენენ და გვიყურებენ კიდეც.
ნიკოლოზს არაფერი უპასუხია. დაჟინებით აშტერდებოდა დედას.
-გაზრდილხარ. – გაუღიმა ქალმა, უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, კმაყოფილების, ირონიისა და ბრაზის უცნაური ნაზავი. გამხდარი, სახსრებამოჩრილი ხელები დაეწყო მაგიდაზე, წამდაუწუმ საქორწილო, ოქროს ბეჭედს ატრიალებდა თითზე, რომელიც სძვრებოდა. – დაკაცებულხარ. მამაშენმა გამოგაგზავნა?
-ნუ ატრაკებ. – დედისკენ გადაიხარა ნიკოლოზი, გააფთრებული დააშტერდა. – მამაჩემს მაგრად ჰკიდია, თუ სად ვაგდივარ მე, და ეს შენ ძალიან კარგად იცი.
-თუ არ გამოუგზავნიხარ, სიგარეტი გექნება. – თქვა ანასტასიამ, კოხტად მორკალული წარბები აქაჩა. – მომაწევინე. ჟმოტი ვირია მამაშენი, ერთ ღერს არ მაძლევს წამლად.
-გეყოს, რაც მოწიე. – დაუსისინა ნიკოლოზმა. – გეყო რაც იგულავე! გეყო რაც იჟიმავე, გასაგებია?! გეყო, რაც იცხოვრე ძროხულად! ქალო, სინდისი სად გაქვს, პირველს სიგარეტს რომ მთხოვ?! საერთოდ გამოგაყლევა აქაურობამ?!
ნიკოლოზი უკან გადაიწია, სკამის ზურგს მიეყრდნო. ღრმად სუნთქავდა. ანასტასია მშვიდად მიშტერებოდა, ხმას არ იღებდა.
-კიბო გქონია. – განაგრძო ნიკოლოზმა. ნესტოები დაჰბერვოდა, თვალებით ბურღავდა დედას. – რისი?
-ნაწლავის. – მიუგო ანასტასიამ, სახე თითქოს უფრო ჩამობერებული, უფრო ნაცრისფერი გაუხდა. თავი ოდნავ ჩამოსწია, ყელზე ნაოჭების ოდნავი ნაკეცები გამოუჩნდა.
-ქიმიას რატომ არ იკეთებ? –  ჰკითხა ნიკოლოზმა. – მამაჩემს ტრაკში აქვს შეყოფილი თავი თუ რა ხდება, ფული გამოელია?
-მამაშენის გადასაწყვეტი არაა, მე რას ვიზამ… – წამოენთო უცებ დედა, გამხდარი ხელები შეკრა მუშტებად. ულამაზოდ გამოეჩარა მისთვის უკვე დიდი ოქროს ბეჭედი არათითზე.
-ეგრე რამდენი ხანია უკვე ვიცი. – უპასუხა ნიკოლოზმა. ანასტასია გაღიზიანებით უყურებდა, მაგრამ ღრმად ამოისუნთქა, ხელები მოუშვა. – რატომ არ იკეთებ?
-გინდა გავიკეთო? – წარბები აზიდა ქალმა. – გძულვარ, ნიკოლა. ვიცი მე ეს. მე შენთვის დედა არ ვარ…
-ცდები. – კბილებში გამოსცრა შერვაშიძემ. – დედა ხარ, და ამიტომაც მძულხარ იმისათვის, რაც გამიკეთე. რაც გაგვიკეთე.
ანასტასიამ ტუჩები ააცმაცუნა. თითქოსდა ბებრულმა მოქმედებამ შეზარა ნიკოლოზი.
დედამისი მხოლოდ ორმოცდათხუთმეტი წლის იყო ჯერ.
-რა მნიშვნელობა აქვს. – თქვა ქალმა. – მაინც გძულვარ. ჩემი სიკვდილი არ უნდა გიხაროდეს?
ისევ ის უცნაური ემოციების ნაზავი გამოესახა სახეზე. წამიერად ის შეუბრალებელი, თავნება დედა დაინახა შერვაშიძემ.
რაღაც ცივი მოჩანდა მის თვალებში.
სისხლმა აასხა ნიკოლოზს.
-ვიცი რასაც აკეთებ. – ძლივს ამოღერღა მან. – შენს სიკვდილს მე ნუ მატენი, გაიგე? აუცილებელია, რომ სიკვდილის წინაც ასე ჩამაფურთხო სულში?! მითხარი, აუცილებელია?!
ანასტასია უყურებდა, უსიტყვოდ. კბილები ისეთი ძალით დააჭირა ნიკოლოზმა ერთმანეთს, რომ ღრჭიალის სიძლიერემ ჟრუანტელი ჩაურბინა ხერხემალში.
-მე ჩემი სიკვდილით მინდა მოვკვდე. – თქვა მან. – არ მინდა ქიმიები და ტანჯვები, საავადმყოფოში არ მინდა სიკვდილი.
-თავს იკლავ. – თქვა ნიკოლოზმა. დაჟინებით ჩაშტერებოდა დედას.
-ჩემი სიკვდილით ვკვდები. – გაიმეორა ქალმა.
-სიცოცხლეს არ იხანგრძლივებ, თავს იკლავ. – უპასუხა ნიკოლოზმა. თითქოს დამშვიდებულიყო, იმის მიუხედავად, რომ სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი, სიწითლე მოსწოლოდა სახეზე. ნესტოებიც უთრთოდა, გააფთრებისაგან.
ანასტასიამ ცოტა ხანი უყურა.
-რისთვის ვიცხოვრო, ნიკოლა? ვისთვის? – ჩუმად ჰკითხა მან, ხმა მიუსუსტდა. – მე აქედან ვერასოდეს გავაღწევ. მამაშენი ამის უფლებას არასოდეს არ მომცემს. ამიღო და გამომკეტა აქ ნივთივით…
-კრიმინალი ხარ და ციხეში უნდა იყო. – მოუჭრა ნიკოლოზმა. – ძალიან გასაკვირია შენთვის? ამდენი ხანი უპასუხისმგებლოდ გულაობდი ჰოდა აი! – ხმას აუწია მან. – შენი დროც მოვიდა, გაიგე?!
-დამნაშავეს სამართალმა უნდა მიხედოს, ნიკოლა. – თქვა ანასტასიამ. ისე უყურებდა, სარკასტული ღიმილით, თითქოს თვითონ რაღაც იცოდა, რაღაც ისეთი, რასაც მისი ვაჟიშვილი ვერ ხვდებოდა. – მამაშენი კი სამართალი არ არის.
-დამნაშავეს სამართალი კი არა, მართალი კაცები სჯიანო. – უპასუხა ნიკოლოზმა. ბრაზისაგან გული ეწვოდა. – არ გაგიგია?
-ამ შემთხვევაში არა. – მიუგო დედამ. თვითკმაყოფილი ჩანდა, თითქოს იგებდა ბრძოლაში, რომელიც ბრძოლა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. – მამაშენი მართალი კაცი არასოდეს ყოფილა, ნიკოლა.
ნიკოლოზმა არაფერი უპასუხა. დაჟინებით დაშტერებოდა, იცოდა, რომ მის ნათქვამს ვერ უარყოფდა.
-რას გინდა ამით მიაღწიო? – ჰკითხა ბოლოს. – მე აქ არ უნდა მოვსულიყავი. შენ უნდა ცდილიყავი, რომ დამკავშირებოდი. შენ უნდა გემუდარა, რომ მეპატიებინა შენთვის. შენ უნდა მოსულიყავი მუხლებზე ხოხვით და პატიება გეთხოვა იმისათვის, რაც გააკეთე. შენ კიდევ გარბიხარ. მირბიხარ, როგორც ვიღაც უკანასკნელი მხდალი ვირთხა.
-ნუ მელაპარაკები ეგრე, ნიკოლა. – დაიჩურჩულა დედამ, ცივი, მბრძანებლური ხმით. – ვერც კი წარმოგიდგენია, რა ძნელია ეს ჩემთვის.
-რა არის ძნელი, თავს რომ იკლავ, ქალო? – ხმას აუწია ნიკოლოზმა. – სულ შენს ყაიდაზე იყო მოწყობილი, რაც გინდოდა! სულ თავნება იყავი, სულ ეგოისტი, სულ ნეკა თითზე გყავდა ყველა გადახვეული, არაფერი შენი ბრალი არ იყო! და იმდენს ახერხებ ახლა, რომ მე მტენი შენს სიკვდილს! მე!
ბოლო სიტყვებზე უკვე ღრიალებდა ნიკოლოზი. თვალები გიჟივით უელავდა, მაგიდაზე გადახრილიყო, ძარღვებდაბერილი და გამწარებული.
-გინდა, რომ გაპატიო, ხომ?! ამის მიღწევას ცდილობდი, არა?! ამიტომ ამბობ უარს, ამიტომ იცოდებ თავს, ამიტომ მაბრალებ შენს სიკვდილს, რომ ჩემგან პატიება გინდა, ასე არაა?! – დაიღრიალა მან, გამწარებულმა. – ვერ ეღირსები, ვერა! ასე იოლად არ მოგცემ შენის გატანის უფლებას!
ანასტასიამ ოქროს ბეჭედი დაატრიალა არათითზე.
-მაპატიებდი, ნიკოლა? – თქვა მან, მშვიდად. – რომ მეთხოვა პატიება, მაპატიებდი?
-არა. – მოუჭრა ნიკოლოზმა. სკამში ჩაძირულიყო, მუხლებზე დაწყობილი ხელები უთრთოდა. დედის მომწვანო თვალებმა გაიელვეს.
-ამიტომაც არ გთხოვე. და არც გთხოვ პატიებას. – მშვიდად თქვა მან. – ამას უკვე შევეგუე, რომ ერთი კი არა, ორი შვილი დავკარგე. სიკვდილის წინ არ ვაპირებ ცხოვრების გართულებას.
-შენ იმ ყველაფერს, რაც ცხოვრების მანძილზე გადავიტანე, ცხოვრების გართულებას უწოდებ? – წამოიწია ნიკოლოზი.
-ნუ გამომეკიდები ყოველ სიტყვაზე. – თვალები დაავიწროვა დედამ. – თუმცა… – მან ნაღვლიანად გაიღიმა, საქორწინო ბეჭედზე გაუშტერდა მზერა. – მენანება, რომ ჩემს შვილიშვილს ვერ ვნახავ.
ნიკოლოზს სუნთქვა შეუწყდა წამიერად. გაქვავებული მიშტერებოდა დედას, რომელმაც მისკენ ამოატრიალა მზერა.
-რა იყო, სენტიმენტი გაგიკვირდა? – გადაიხარხარა ანასტასიამ. – ნიკოლა, არ იცი, რომ უკვდავების ერთადერთი შესაძლებელი ხერხი შვილების ყოლაა? მალე კი ვკვდები, მაგრამ კარგი იქნებოდა შენი შვილის დანახვა. – მერე სახე დაუსერიოზულდა, რაღაცნაირად მიაშტერდა. – არ მინდა ისეთი ურთიერთობა გქონდეთ შენ და შენს მეუღლეს, როგორც მე და მამაშენს გვქონდა.
-ეგ არც მე მინდა. – ძლივს მოატრიალა ენა პირში ნიკოლოზმა. – ჩემი მომავალი მეუღლე შენნაირი არასოდეს იქნება.
დედამ გაუღიმა. კმაყოფილი, და ბედნიერი ჩანდა მისი გაცრეცილი, ნაცრისფერი სახე.
ნიკოლოზი წამოდგა. ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი, ბოლთის ცემა დაიწყო ოთახში, დედის გაფითრებულ, მაგრამ მშვიდ სახეს არ აშორებდა თვალს.
გამალებით ფიქრობდა.
მერე კი ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
.
-*-*-*-*-*-*-
სმენა ახლახანს დაეწყო ბარბარეს, როცა ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოვარდა, აქოშინებული. ნიკოლოზის ბანდის წევრი იყო.
და მოითხოვა, რომ ნიკოლოზის დაბარებით უნდა წაეყვანა სადღაც.
ჯერ გაჯიუტდა გოგონა, დაიბნა. არსად წასვლა არ სურდა.
მაგრამ მაინც ჩაუჯდა ბიჭს მანქანაში.
მთელი გზა გაოგნებული იყო. სადღაც მიყრუებულ ქუჩებში ატარა ბიჭმა მანქანა, ბოლოს ქალაქგარეთ გავიდა. ძრწოდა სავარძელში დამფრთხალი ბარბარე. ნანობდა, რომ გაჰყვა, მაგრამ ხმას არ იღებდა.
გასაღებებს მაგრად უჭერდა ხელს ჯიბეში, რომ დასჭირვებოდა.
მაგრამ თვითონ ბიჭიც ისეთი ანერვიულებული და დამფრთხალი ჩანდა, რომ ალბათ მისთვის რამის დაშავებაზე ფიქრსაც კი ვერ გაივლებდა თავში.
ქალაქგარეთ სადღაც აუხვიეს. დაქანებული გზა იყო, რომელიც კლდესავით წამოყუდებულ ბორცვზე ადიოდა. ფარების შუქი ანათებდა მხოლოდ დამტვერილ, ასფალტით კარგად დაგებულ, მაგრამ აშკარად ხშირად გამოუყენებად გზას.
გზა მალევე გასწორდა. კოხტად იყო დახაზული, სწორი, ერთგანაც კი არ უხვევდა. რკინაბეტონის საძირკველი ესხათ გზის ორივე მხარეს ჩარიგებულ ლამპიონებს, რომლებიც თეთრ სინათლეს ასხივებდნენ.
მერე კი, გზის ბოლოს, ნელ-ნელა ამოიწვერა უზარმაზარი, თითქოს სასახლის მსგავსი შენობა. განცვიფრებული მიშტერებოდა ბარბარე მოახლოებულ, უზარმაზარ გალავანს, რომელსაც მავთულხლართი შემოჰყოლოდა ზემოდან. დაცვა გამაგრებულიყო კედელთან, და ადამიანთა სილუეტები ბუნდოვნად მოჩანდნენ გალავანზე დაშენებულ პაწაწინა კოშკებში.
მერე კი გისოსებიან ფანჯრებს მიაქცია გოგონამ ყურადღება.
ციხე.
ციხე იყო ეს.
გალავანს მიუახლოვდნენ. იმოდენა იყო, რომ მის იქით აღმართული შენობა მთლიანად დაეკარგა ბარბარეს თვალთახედვიდან. ფარების შუქზე ხედავდა, თუ როგორ წამოიწია წინ შესასვლელთან მდგარი მცველი.
-აქ სად მომიყვანე… – ძლივს ამოილუღლუღა მან, ბიჭს გადახედა, დაფეთებულმა, რომელმაც ფანჯარა ჩამოსწია, მცველს რაღაც გადაულაპარაკა. – რატომ მომიყვანე აქ? – შესძახა მან, სავარძელს ორივე ხელით ჩაფრენოდა, გაფითრებული, გზას ეძებდა გასაქცევად.
-სტუმრად ხარ აქ უბრალოდ. – მიუგო ბიჭმა, თითქოს გადმოუგდო სიტყვები. გამაყრუებელი ღრჭიალითა და გუგუნით გაიღო შესასვლელი, კოხტად, ქვის ფილებით დაგებული მოედანი გამოჩნდა, რომელიც კლდესავით აღმართულ ციხესთან მიდიოდა.
-რას ნიშნავს სტუმრად? – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ, ყველაფერი უთრთოდა, დამფრთხალს. მანქანა შეაჩერა ბიჭმა, ფარები ჩააქრო, ტკაცუნით გაიღო ბარბარეს მხარეს კარი.
-შედი და ნახავ. – მოუჭრა ბიჭმა, მოუთმენლად შეჰყურებდა. – შედი, გელოდება ნიკო.
ბარბარე გაოგნებული მიაშტერდა.
ვერ გაეგო, თუ რას ნიშავდა ეს ყველაფერი.
რატომ ელოდა აქ ნიკოლოზი? ნუთუ დაიჭირეს?
ცივმა ტალღამ დაუარა ბარბარეს, სხეულში გააკანკალა. გაშტერდა თითქოს, ადგილს მიეყინა.
მარჯვნიდან სინათლე მოეფინა სახეზე, და მინაზე დააკაკუნეს მაგრად. შეხტა ბარბარე მოულოდნელობისაგან, სწრაფად მიტრიალდა.
ბიჭმა ფანჯარა ჩამოსწია და პირდაპირ შეეჩეხა ბარბარე მცველს, რომელიც წელში მოხრილიყო და პატარა ფარანს ანათებდა მანქანაში, პირდაპირ გოგონას სახეში.
-გადმობრძანდით, ქალბატონო. – უთხრა მცველმა, მერე კი, ისე, რომ არც დაუყოვნებია, სახელურს გამოჰკრა ხელი, კარი გამოაღო და გვერდზე გადგა. ფარნის შუქს ბარბარეს არ აცილებდა.
რეტდასხმულივით წამოდგა ბარბარე. თვალებს ჭუტავდა, რომ სინათლისათვის აერიდებინა ისინი. გული ისეთი ძალით უცემდა, ეგონა, რომ ყელიდან ამოუვარდებოდა. ოფლი მოაწვა სხეულზე ნერვიულობისაგან.
-წამობრძანდით, ქალბატონო, უთხრა მცველმა, და წინ გაუძღვა, თვითდაჯერებულად მიაბიჯებდა ქვით მოკირწყლულ მოედანზე, რომელიც გალავნიდან და ციხის ფანჯრებიდან მომავალი თეთრი სინათლით განათებულიყო.
-რატომ მომიყვანეს აქ? – გაბედა და იკითხა გოგონამ გზაში. ხელებს იმტვრევდა, ტანი უთრთოდა.
მცველი ციხის დიდ, რკინის კარს მიადგა, გვერდით მიმაგრებულ პანელზე აკრიბა რაღაც. ხმამაღალი ჭახანით გაიღო კარი, შეკრთა ისედაც დამფრთხალი ბარბარე.
-თქვენი მომავალი მეუღლე გელით. – მოუჭრა კაცმა. განათებულ დერეფანში შევიდა. – შემობრძანდით!
თითქოს რაღაც ჩაარტყეს ბარბარეს თავში. პირი გამოუშვა, ენაჩავარდნილს, დააძალა საკუთარ თავს, რომ ფეხი გადაედგა და უკან გაჰყოლოდა მცველს. იგრძნო, როგორ ჩამოერეცხა სახიდან სისხლი.
-…ვინ? – ძლივს ამოიხრიალა ბოლოს. კაცმა ჩხარუნით გააღო კიდევ ერთი კარი, კიდევ ერთ, იდენტურ დერეფანში გავიდნენ. რკინის კარები ჩაეყოლებინათ გვერდებზე, მცველები გამაგრებულიყვნენ, რომლებიც თვალს აყოლებდნენ ბარბარეს, დაბურული მზერით მიშტერებოდნენ. გააჟრჟოლა, განაგონარით გაოგნებულს.
-ბატონი ნიკოლოზი, რასაკვირველია. – კაცმა კიდეც ერთი კარი გააღო, ამჯერად მარჯვნივ გაუხვიეს. სამარისებური სიჩუმე იდგა დერეფნებში, მხოლოდ უცნაური ზუზუნი ისმოდა ზემოდან. უამრავი მცველის სუნთქვაც კი არ ესმოდა ბარბარეს.
მთლად დარეტიანდა ბარბარე. გაშტერებული, გაფითრებული მისდევდა უკან მცველს და ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა, თუ რა უნდა ეფიქრა ამ ყველაფერზე. გამშრალ ყელში ძლივს გადაიტანა ნერწყვი.
ცოტა ხანი დაატარებდა კიდევ მცველი. დერეფნებში გაჰყავდა, უამრავ კარებებს აღებდა, უამრავ მცველს ჩაუარეს. ბრდღვიალებდნენ ჭერზე დამაგრებული სინათლეები, თვალს სჭრიდნენ აღრიალებული ფიქრებისაგან ისედაც დაბრმავებულს.
ბოლოს მძიმე, ნაცრისფერი კარს მიადგა მცველი. უშველებელი გასაღებების ასხმის ჩხარუნით გააღო და გვერდზე გადგა.
-შებრძანდით. – თქვა მან მოკლედ.
ბარბარემ წამიერად გაუსწორა მზერა, მერე კი ერთიანად აკანკალებულმა შეაბიჯა ოთახში.
პირველად ცივი, თეთრი ლინოლეუმის იატაკი მოხვდა თვალში. მერე კი ნაცრისფერი, შიშველი კედლები.
კარი ხმამაღალი ჯახუნით მოიხურა მის უკან, ისეთი ძალით, რომ კედლები შეზანზარდნენ. შეხტა მოულოდნელობისაგან ბარბარე. გული ყელში ამოუხტა.
გაფართოებული თვალები მიატრიალა ოთახისაკენ.
და ნიკოლოზის სახეს შეეჩეხა. ახალგაზრდა კაცი მასთან ახლოს იდგა, ზემოდან დაჰყურებდა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო.
სუნთქვა აუკანკალდა ბარბარეს.
-შენ ხომ არ გაგიჟდი… – დაიწყო მან, შემზარავი პანიკა ბრაზად ექცა. თითქოს დამშვიდდა. რაციონალურად დაიწყო ფიქრი შერვაშიძის დანახვაზე. გული ისევ ისე, საშინელი სიძლიერით უცემდა.
ნიკოლოზი ელვის სისწრაფით წამოიწია, ცალი ხელი ამოიღო ჯიბიდან და მკლავი მხრებზე მოხვია ბარბარეს, მთელი ძალით მიიკრა მკერდზე.
ფილტვები დაეცალა გოგონას, ისეთი ძალით ამოისუნთქა. თვალებგაფართოებული იყურებოდა, ფეხები ძლივს დაიმორჩილა, რომ არ ჩაკეცოდა.
თითქოს მზემ იფეთქა მასში. ნიკოლოზის სხეულთან თითოეული კონტაქტის წერტილიდან აღმოცენდნენ, გაღვივდნენ, თავიანთი სხივებით გაუხურეს შიგნეული.
მხრებიდან თავზე გადაიტანა ხელი ნიკოლოზმა. თმასა და კისერზე გადაუსვა.
-ცოტა ხნით ჩემი მომავალი მეუღლე უნდა იყო. – დაიჩურჩულა შერვაშიძემ, ისე ხმადაბლა, რომ ბარბარე ალბათ ვერ გაიგონებდა, სუნთქვა რომ არ ჰქონოდა შეკავებული.
სისხლმა გუგუნი დაუწყო ყურებში.
-შენ რა… გაგიჟდი ალბათ… რატომ? – ძლივს ამოილუღლუღა საპასუხოდ. სუნთქვა ეკვროდა, ძლივს ბერავდა მტკივან ფილტვებს. გაფაციცებით იყურებოდა სადღაც, ნიკოლოზის მკერდზე.
-ერთი საათი მომეცი მხოლოდ. – უთხრა ნიკოლოზმა. მერე კი მიბრუნდა, მკლავი მაგრად მოხვია მხრებზე.
-გაიცანი. – ხმამაღლა თქვა მან, წინ იყურებოდა, კუნთი უხტოდა ყბაში. – ეს დედაჩემია.
წამიერად ვერ გააცნობიერა ბარბარემ, თუ რას ეუბნებოდა. გაშტერებული შეჰყურებდა შერვაშიძის პროფილს, მისი ყბის ზოლს, უვარვარებდა მისი მკლავის ქვეშ მოქცეული მხრები.
მერე მიხვდა.
სასწრაფოდ გადაატრიალა თავი.
თეთრი მაგიდა იდგა ცენტრში, ზემოდან ეფინებოდა უზარმაზარი ნეონის სანათურის შუქი. ერთი ოდნავ გამოწეული სკამი იდგა გვერდზე, მეორეზე ქალი იჯდა.
შუახნის ქალი. ძალიან ლამაზი, გრძელი, შავი თმითა და იმ მომწვანო თვალებით, ნიკოლოზს რომ ჰქონდა.
მაგრამ ამასთანავე გაფითრებული. განაცრისფრებული, გამხდარი.
გაახსენდა ბარბარეს, თუ რა უთხრა ნიკოლოზმა.
გაახსენდა, რომ ეს ქალი მოკვდა.
გაახსენდა, თუ რას წარმოადგენდა.
სახე მოენგრა. წარბები მოეჭმუხნა. დაჟინებით დააშტერდა ნიკოლოზის დედას, თვალებით ბურღავდა.
ქალი მშვიდად მიშტერებოდა. მერე კი გაიღიმა, თვალები გამოუცოცხლდა, კმაყოფილებამ აუვსო სახე.
-კარგი გამომეტყველებაა. – ჩაილაპარაკა მან. ოქროს ბეჭედს ატრიალებდა არათითზე, თან თვალებში ჩაჰყურებდა ბარბარეს. – მოგიყოლია ჩემზე. მე ანასტასია შერვაშიძე ვარ. – თავი ოდნავ გვერდზე გადმოატრიალა ქალმა, თითქოს თავს უკრავდა, ყელი მოიღერა.
ბარბარემ ხმა არ გასცა. ყბები შეეკრა, მოღუშული მიშტერებოდა.
საკუთარი დედა ახსენდებოდა ამ ქალის დანახვაზე. სისხლი ეყინებოდა ძარღვებში, როცა შერვაშიძის ნათქვამს იხსენებდა.
-აქ მოდი, ბავშვო. – უთხრა ანასტასიამ, ხელით მოუხმო.
ცოტა ხანი არც ნიკოლოზი გაინძრა, და არც ბარბარე.
მერე კი შერვაშიძემ გადადგა წინ ნაბიჯი, თან გოგონაც წაიყოლა გვერდით. მაგიდას მიუახლოვდნენ, ორივე ზემოდან დაჰყურებდა ანასტასია შერვაშიძემ.
ქალი ღიმილით ათვალიერებდა ორივეს. ერთიანად გაბრწყინებოდა თვალები.
-მზე და მთვარე. – ჩაილაპარაკა მან და გაიცინა, თავი გადააქნია.
მერე კი ოქროს ბეჭედი მოიხსნა თითიდან, ნელა, რუდუნებით. მაგიდაზე დადო.
ბარბარე გაშრა. რაღაცამ გასწიწკნა. აბრწყინებულ, ოქროს, ლამაზად მოჩუქურთმებულ ბეჭედს დაჰყურებდა, ყვითლად აბზინებულს თეთრ სინათლეზე.
მეორე ბეჭედი ამოაცოცა ანასტასიამ ჯიბიდან. თეთრი ოქროსი, უფრო სქელი, მოზრდილი. ოქროს ბეჭდის გვერდით დადო.
-ჩემი და მამაშენის. – თქვა მან, ჩაიფრუტუნა, ირონიული ღიმილით დაჰყურებდა ბეჭდებს. – მისი მაშინ მომცა, აქ რომ დამტოვა.
ბარბარე დაჰყურებდა, ენაჩავარდნილი. ერთმანეთის გვერდით დაწყობილი ბეჭდები ბრწყინავდნენ. გრძნობდა, როგორ სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი შერვაშიძეს.
-გაიკეთეთ. – უთხრა ანასტასიამ. გამხდარი ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო.  – დალოცვილი ბეჭდებია, ხელით გამოჭედილი. ფასი არა აქვს არცერთს. თქვენ მაინც შეასრულებინეთ თავიანთი მისია.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. არ სჯეროდა ბარბარეს იმისა, თუ რაც გაიგონა. პირი დააღო, უნდა ამოეხრიალებინა, რომ ეს აბსოლუტური აბსურდი იყო, რაღაც ხრიკი, რაღაც გაუგებრობა, რომელშიც არასოდეს არ უნდა გარეულიყო თვითონ.
მაგრამ სიტყვები შეაშრა სასაზე, როცა ნელა დაიხარა ნიკოლოზი, მკლავი მოაშორა. თეთრი ოქროს ბეჭედი აიღო და ჩამოიცურა მარჯვენა ხელის არათითზე. ხელი გაშალა, ზედ დაჰყურებდა, თითქოს არ სჯეროდა.
ანასტასიას მწველი მზერა იგრძნო ბარბარემ, ერთიანად ათრთოლებულმა. მისკენ მიატრიალა თავი.
-გაიკეთე, ნახე როგორ გაქვს. – გაუღიმა ქალმა.
ყველაფერი უხტოდა შიგნით ბარბარეს, და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას აკეთებდა.
მაგრამ როგორც ტრანსში მყოფი, ისე გაიწვდინა ბეჭდისაკენ ხელი და თვითონაც გაიკეთა მარჯვენა ხელის არათითზე.
ცივი იყო, ისეთი ცივი, თითქოს არ ჰკეთებოდა არავის.
ოდნავ დიდი ჰქონდა. ათრთოლებულ, თეთრ ხელს დაჰყურებდა.
შერვაშიძის მზერა სწვავდა, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს.
ცოტა ხანი უყურებდა ანასტასია შერვაშიძე მათ, კმაყოფილი. და ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა და ადგილზე თრთოდა ბარბარე, ხმაწართმეული.
მერე ფეხზე წამოდგა, სამარისებურ სიჩუმეში გაიღრჭიალა სკამმა.
-ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე. – თქვა მან და თვალები გაუფართოვდა ბარბარეს, ცივმა ოფლმა დაასხა. – შვილიშვილს ვერ მოვესწრები მაგრამ… – მან ნიკოლოზისაკენ გადაატრიალა მისი გამოცოცხლებული თვალები. – ბედნიერი იქნები. მეტი არაფერი მინდა.
შერვაშიძე ხმას არ იღებდა.
მერე კი ჯიბეში ჩაიყო ხელი, სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოაძვრინა, მაგიდაზე დაყარა.
სიცილი აუვარდა ანასტასია შერვაშიძეს. კოლოფი და სანთებელა აიღო, ორივე ხელში დაიჭირა.
-მე ყოველთვის მიყვარდი და მეყვარები, ნიკოლა. – თქვა მან. უცნაური გამომეტყველება გამოესახა სახეზე, ნაკვთები უცნაურად მოეგრიხა. – ჩემი ერთადერთი შვილი ხარ და ამას ვერ წაგართმევ.
ნიკოლოზმა ხელები ჩაიჩარა შარვლის ჯიბეებში. შედრკა ბარბარე. იგრძნო, რომ კანკალის დასამალად გააკეთა ეს. რაღაც საშინელი სიმძიმით დააწვა მკერდზე.
-მე შენთვის არ მიპატიებია. – თქვა უცებ ნიკოლოზმა, ხმა ჩახრენწოდა.
-არც გჭირდება. – ტუჩის კუთხე ასწია ანასტასიამ. – არ გჭირდება, რომ მე მაპატიო. – ის წამიერად შეყოყმანდა, ოდნავ მიაბრუნა სხეული იქითა კედლისაკენ, სადაც თეთრად გაღებილი კარი გადიოდა.
-მამაშენს შუათითი აჩვენე და დედა შეაგინე ჩემს მაგივრად. – გადაიხარხარა მან.
სულაც არ ეცინებოდა ბარბარეს. მუშტი შეკრა, იგრძნო, როგორ ჩაეჭირა ბეჭედი კანში.
ნიკოლოზი არ ინძრეოდა.
ანასტასია კარისაკენ გაემართა. ოდნავ მოხრილიყო მხრებში, პატარა და სუსტი მოჩანდა, ციხის ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი.
კიდევ ერთხელ შეყოვნდა.
-აქ ჩემთვის აღარ მოხვალ. – თქვა მან, ისე, რომ არ მობრუნებულა. – კარგად იყავი, ნიკოლა.
-აღარ მოვალ. – უთხრა შერვაშიძემ.
რატომღაც ისურვა ბარბარემ, რომ ანასტასია შერვაშიძის გამომეტყველება დაენახა.
მაგრამ ქალი არ მობრუნებულა. კარი გააღო და გავიდა.
ბარბარემ ნიკოლოზს ახედა. ახალგაზრდა კაცს ნესტოები დაჰბერვოდა, სწრაფ-სწრაფად ახამხამებდა თვალებს. კუნთები უხტოდა ყბაში, ერთიანად დაძაბული იდგა.
ფრთხილად ასწია ხელი ბარბარემ. მკლავზე შეეხო.
ოქროს ბეჭედმა გაიბრწყინა მის თითზე.
-ნიკოლოზ, წავიდეთ. – დაიჩურჩულა მან, ქურთუკზე მოქაჩა. – წავიდეთ აქედან.
შერვაშიძემ ისე გადმოხედა, თითქოს ვერ უყურებდა. თვალები ამღვრეოდა. გაფითრებოდა სახე.
გული დაუჭკნა მკერდში ბარბარეს. უფრო მაგრად მოჰკიდა ხელი, კარისაკენ გაქაჩა.
-წავიდეთ. – ჩაილაპარაკა მან, და ნიკოლოზი დაჰყვა, თავისკენ მოიზიდა, მკლავი გადახვია მხრებზე.
კარი ავტომატურად, ღრჭიალით გაიღო მათ წინ.
ისე გაიარეს დერეფნების ლაბირინთი, რომ ვერ გააცნობიერა ბარბარემ. რეტი ესხმოდა, თავბრუდახვეული იყო, უბრალოდ მიაბიჯებდნენ, მცველებს შორის და მათთვის გაღებულ კარებში.
სცხელოდა ბარბარეს. უვარვარებდნენ მზეები შიგნით.
მოედანზე გამოვიდნენ. კარი ზრიალით გაჯახუნდა მათ უკან.
სუსხმა შემოჰკრა ბარბარეს.
თოვლის სუნი იდგა გარშემო, ყინავდა.
მანქანაში ჩასხდნენ.
მალე მიქროდნენ ტრასაზე.
ხმას არ იღებდა ბარბარე. უნდოდა კითხვები დაესვა მისთვის, მაგრამ იცოდა, რომ არ ღირდა.
მარჯვენა ხელი საჭეზე ჩაეჭიდებინა ნიკოლოზს. თეთრი ოქრო უბრწყინავდა არათითზე.
საკუთარ ხელზე გაკეთებულ, ანასტასია შერვაშიძის ბეჭედზე მოხარა თითები ბარბარემ.
-სახლში წაგიყვან. – უთხრა შერვაშიძემ. ხმა ჩაწყვეტოდა, ამღვრეული თვალებით მიშტერებოდა გზას.
ბარბარეს არ უპასუხია.
ოც წუთში შევიდნენ ქალაქში.
მისი სახლისაკენ გადაუხვია შერვაშიძემ.
-ცოტა მოშორებით გამიჩერე. – უთხრა ბარბარემ. – დედაჩემი მიყურებს ხოლმე.
მაგრად მოუჭირა თითები ბეჭედს. ცა თეთრ ღრუბლებს დაეფარათ, სიბნელეში ღია ნაცრისფერნი რომ ჩანდნენ.
დღესავით ღამე იყო. თეთრი ღამე.
ოდნავ მოშორებით გაუჩერა ნიკოლოზმა მანქანა. სამიოდე წუთის სავალზე იქნებოდა მისი კორპუსი.
ქუჩა, როგორც ყოველთვის, ცარიელი გახლდათ. ვიღაცას ლამპიონის შუშა ჩაეტეხა, და მხოლოდ მოშორებით მოჩანდა ყვითელი სინათლის ციალი.
თოვა დაიწყო. ჯერ ნელ-ნელა. მერე უფრო ძლიერად წამოვიდა.
მალე ბარდნიდა.
-წავალ. – ამოღერღა ბარბარემ. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეთქვა. ბეჭედს ხელი შეავლო. – ეს შენ გქონდეს…
-არა. – თქვა ნიკოლოზმა. ბარბარემ გადახედა, თვალებგაფართოებულმა. შერვაშიძე დაჟინებით დაშტერებოდა, ხელზე დახედა. – შენ გქონდეს. ერთი საათი არ გასულა ჯერ.
„ცოტა ხნით ჩემი მომავალი მეუღლე უნდა იყო.“ გაიფიქრა ბარბარემ. ნიკოლოზმა ერთი საათი სთხოვა.
წითლად ანათებდა მანქანის ელექტრონული საათი. ათი წუთი დარჩენილიყო.
-მოდი ჩემთან. – თქვა უცებ ნიკოლოზმა. ბარბარე გაკრთა, შეაშტერდა, გაოცებული.
-რა? – ძლივს ამოღერღა მან. შერვაშიძემ ხელი გამოიწოდა, ბეჭდიანი ხელი, მკლავში მოჰკიდა ბარბარეს და მოქაჩა. შუშისებრი თვალები ამღვრეოდა, დაბურვოდა, წითელი სინათლე არეკვლოდა მათში.
და დაჰყვა ბარბარე. წამოიწია, ბეჭებში მოიდრიკა, რომ თავი მანქანის ზურგისაკენ არ მიერტყა. ცალი მუხლი მის გვერდით დააბჯინა, სავარძელზე.
მერე კი მაგრად მოქაჩა ნიკოლოზმა, წელზე. თავისკენ მიიზიდა, მკლავები მოხვია, მკერდზე აიკრო. მის მხრებზე ედო ბარბარეს თავისი მოკვარჩხული, ათრთოლებული ხელები, მუხლები მის ორივე მხარეს გადაედო, კალთაში ეჯდა და თითქოს საკუთარი სხეულით ფარავდა გარემოსგან. ტუჩები უთრთოდა, თვალებგაფართოებული დაჰყურებდა მის მკერდში ჩარგულ ნიკოლოზის თავს.
სისხლი აუმძვინვარდა, აუხურდა, შხუილით მიქროდა მის სხეულში, თავში აუვარდა. თითქოს ცეცხლი მოჰკიდებოდა ყველგან.
ხელები ასწია, თითქმის თავისდაუნებურად, ნიკოლოზს თავზე გადაუსვა და მაგრად ჩაიკრა გულში.
ის ქალი კვდებოდა.
არ იცოდა ბარბარემ, რა სჭირდა მას, მაგრამ იცოდა, თუ როგორი იყო მშობლის დაკარგვა.
ამოხედა შერვაშიძემ. მისი შუშისებრი თვალების ბზინვას ხედავდა მხოლოდ ბარბარე.
მზერა დახარა ნიკოლოზმა. ქურთუკის საყელო გადაუწია გვერდზე და ტუჩები ყელზე შეახო.
პულსმა ისეთი ძალით დასცა ბარბარეს, რომ თითს წვერებში იგრძნო. გააჟრჟოლა.
კიდევ რამდენჯერმე აკოცა შერვაშიძემ. დიდ, თბილ ხელებს უსვამდა ზურგზე, გულში იკრავდა, მოუთმენლად, და საპასუხოდ მთელი ძალით ეკვროდა მის სითბოს ბარბარე.
მალე მოშორდა. მის მხარზე ჩამოცურებულ, ბარბარეს მარჯვენა ხელს შეავლო საკუთარი მარჯვენა.
ბეჭდების ბრწყინვას დააშტერდა ბარბარე და რაღაც ამოუტრიალდა მუცელში. მკერდი სწიწკნიდა, თითქოს უზარმაზარი ტვირთი ედო ზედ, ვეღარ სუნთქავდა. აზრები უყიოდნენ.
-მზე… და მთვარე. – გაიმეორა ნიკოლოზმა დედამისის სიტყვები. ღიმილი ეტყობოდა ხმაში. – მთვარესავით ფერმკრთალი ხარ, ღამ-ღამობით გამოჩნდები ხოლმე… გზას ანათებ. – ჩაილაპარაკა მან, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. უცნაური ხმა ჰქონდა, მთვრალივით.
გულისცემაჩქარებული უსმენდა ბარბარე, სხეული უხტოდა და ერთიანად კანკალებდა. ვერ გაეგო რას გრძნობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ასეთი რამ არასოდეს ეგრძნო. რაღაც უცნაური, თითქოს ნაზავი, თითქოს არაერთგვაროვანი, ძლიერი და სუსტი, მწვავე და ნაზი, დიდი, მძლავრი, ყველაფრის წამლეკავი, ყველაფრის გამანადგურებელი, მისი ჩათვლით.
ძლივს ამოისუნთქა.
ხელი შეუშვა ნიკოლოზმა. ღრმად სუნთქავდა, მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა, სწრაფად.
-წადი სახლში. – უთხრა მან.
თითქოს გამოერკვა ბარბარე. უფრო მეტად აკანკალდა. კუნთები აღარ ემორჩილებოდნენ, ძლივს გადაძვრა ნიკოლოზის კალთიდან.
-მშვიდობით მიდი. – უთხრა შერვაშიძემ, ხმა ჩახლეწოდა, როცა კარი გააღო და ძლივს გადაძვრა მანქანიდან. – გიყურებ.
მზერა გაუსწორა მის შუშისებრ მომწვანო თვალებს ბარბარემ, ახლა წითელს რომ ირეკლავდნენ.
„მზეკაცი“. გაიფიქრა მან და გააჟრჟოლა.
ღიმილმა ოდნავ შეუკრთო ტუჩები. ნიკოლოზი ამღვრეული, ღია თვალებით მისჩერებოდა.
კარი მიხურა ბარბარემ, დათოვლილ ქუჩაზე გაემართა ნელ-ნელა.
უკან არ მოუხედავს.
თავის კორპუსამდე ისე მიაღწია, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ იარა. არც ახსოვდა. მთლიანად ჩამოეთოვლა მის თავსა და მხრებზე.
ნელა ავიდა ბინამდე. რაღაცნაირად, თითქოს სასიამოვნოდ უბჟუოდა სხეული.
საკეტში გასაღები გადაატრიალა, კარი შეაღო.
შუქი ენთო სასტუმრო ოთახში. დედამისისა და ანის ხმა სწვდა მის ყურებს.
რასაც მამაკაცის ხმა შეემატა, ხმამაღალი სიცილით.
კარი მიხურა ბარბარემ. ფეხზე გაუხდელად გადაკვეთა შემოსასვლელი.
ტახტზე ჩამომჯდარ მამაკაცს ძვირფასი კოსტუმი და შარვალი ეცვა, სათვალე ეკეთა. გვერდზე ანი ეჯდა, მის მოპირდაპირე სავარძელში კი დედა ჩასვენებულიყო.
კაცმა მისკენ მოატრიალა თვალები.
-ბარბი! – სიხარულით წამოიძახა ანიმ. ბარბარემ ხმა არ გასცა. კაცს მიშტერებოდა, წარბშეკრული.
კაცმა სათვალის ზემოდან გადმოხედა და გაუღიმა.
-გამარჯობა, ბარბარე. – ფეხზე წამოდგა ის, კოხტად, მოხერხებულად გაისწორა კოსტუმის ნაოჭები. – მე გიორგი ბედიანიძე ვარ.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-19
უნდობლად მიაჩერდა უცხო კაცს ბარბარე. ჯერ კიდევ სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა სხეულში, ტანი უბჟუოდა, ნიკოლოზის მონარჩენი შეხება და მისი ტუჩების მიერ მოკრული თითქოსდა უთვალავი კოცნა ყელზე საშუალებას არ აძლევდა, რომ წესიერად ეფიქრა.
უსაზღვრო აღელვებასა და ემოციის მოწოლას განიცდიდა.
რასაც ეწინააღმდეგებოდა ამ უცხო კაცის აქ დანახვა.
-გამარჯობა. – მოუჭრა მან საპასუხოდ და ანის გადახედა, გაუღიმა, თავს დააძალა, რომ მის მუცელზე არ დაეხედა. – როგორა ხარ, ანი?
მისი მეგობარი გაბრწყინდა თითქოს, თავი დაუქნია. მოუთმენლად მიშტერებოდა.
-ძალიან კარგად ვარ… მოდი, დაჯექი! – დაუქნია ხელი, ტახტის მოპირდაპირედ დამდგარ მეორე სავარძელზე მიუთითა.
-ბარბარე, შენ სამსახურში არ უნდა იყო? – თქვა დედამ, მისი დანახვით აშკარად დაბნეულმა, ძლივს შეიკავა ბარბარემ თავი, რომ უაზრო სიცილი არ წამოეწყო. – მოხდა რამე?
-დღეს… დასვენებაა. სმენა არ მქონდა და არ გამახსენდა უბრალოდ. – თქვა ბარბარემ მოკლედ. დაიხარა, ოდნავ შებრუნდა, არ სურდა, რომ ვინმეს მისი ოქროს ბეჭედი დაენახა, ახლა რომ უბრწყინავდა არათითზე. მოკანკალე ხელებით გაიძრო ფეხსაცმელი და ქურთუკი გაიხადა, შემოსასვლელის სიბნელეში შემალულმა.
იცოდა, რომ ბეჭედი უნდა მოეძრო, ჯიბეში ჩაედო, სამი წყვილი თვალისაგან გადაემალა.
მაგრამ არ სურდა, რომ მოეძრო, რატომღაც. სხეული ეწვოდა, თითქოს უარს ეუბნებოდა იმაზე, რომ ეს ძვირფასი, მოჩუქურთმებული ოქრო მოეცილებინა თითიდან.
მადლობელი იყო, რომ ასეთი გრძელი სახელოები ჰქონდა მამის სვიტერს, მუდამ რომ ეცვა.
-მოდი, ბარბარე, დაჯექი! – დაუძახა დედამ. ფეხათრევით გავიდა ოთახში გოგონა, სავარძელში ჩაეხეთქა. მოკვარჩხული თითებით იჭერდა სვიტერის სახელოებს. – ამხელა კაცი ჩვენს სანახავად მოვიდა, გოგო, გაიღიმე ცოტა! – შეუტია დედამ, მერე კი ბედიანიძეს შეჰღიმა.
-როგორ გეკადრებათ, ქალბატონო! – გაიცინა ბედიანიძემ, მერე კი ბარბარეს გადმოხედა, თავაზიანი, ზრდილობიანი ღიმილით.
თვალებში არაფერი ეტყობოდა. არავითარი ემოცია. ანის გადახედა სწრაფად ბარბარემ.
-ვინ ბრძანდებით? – იკითხა მან, ბედიანიძეს თვალი გაუყარა თვალში. არ მოსწონდა ეს კაცი, და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას წარმოადგენდა, ან რატომ იყო ანისთან.
-ბარბარე! – შეუტია დედამ, მაგრამ ბედიანიძემ ხელი ასწია, ისევ იმ სახეზე შეყინული თავაზიანი ღიმილით.
-მე დეპუტატ გაბრიელ დარჩიას მდივანი გიორგი ბედიანიძე გახლავართ. – თქვა კაცმა, სათვალის ზემოდან უყურებდა. – და საქმეზე მოვედი აქ.
სახე დაუსერიოზულდა. ანის ანიშნა რაღაც ხელით.
ანიმ სასწრაფოდ გახსნა ჩანთა, თეთრი, სქელი კონვერტი ამოაძვრინა. დაძაბული, მოღუშული შეჰყურებდა ბარბარე მეგობარსა და ბედიანიძეს. ხელები მაგრად მომუშტა, იგრძნო როგორ ჩაეჭირა ბეჭედი თითებში და ღრმად ამოისუნთქა, დამშვიდება სცადა.
-ჩვენთან რა საქმე უნდა გქონდეთ, ბატონო გიორგი? – გადაიკისკისა დედამ, მთელი პირით უღიმოდა ბედიანიძეს.
ბედიანიძემ საპასუხოდ გაუღიმა, ანის კონვერტი გამოართვა, გახსნა და რამდენიმე ფოტო ამოაძრო.
გადმოიხარა, ფოტოები ტახტსა და სავარძლებს შორის დამდგარ მაგიდაზე დააწყო.
ორი სურათი ბუნდოვანი იყო, სწრაფად გადაღებული, თითქოსდა გაქნეული ხელით, მესამეზე კი მკვეთრად ჩანდა მამაკაცის სახე.
ნიკოლოზ შერვაშიძე სადღაც შორს იყურებოდა, წარბები მოეჭმუხნა, პირი დაეღო რაღაცის სათქმელად. ისევ ისეთი გაწეწილი თმა და მოზრდილი წვერი უჩანდა. შებინდებულიყო სურათში, უკანა ფონზე თოვდა.
ახალი გადაღებული იყო ეს სურათი.
გული კოჭებში ჩაუვარდა ბარბარეს. გასცრა, ოფლმა დაასხა. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ აკანკალებულიყო, სახე კონტროლში მოეყვანა, ემოციები არ გაეცა.
-ეს… ეს ბიჭი… – წაილუღლუღა დედამ. სავარძლის სახელურებზე ხელები ჩაეჭირა, დაჟინებით დაჰყურებდა სურათებს.
-ბარბარე, გეცნობათ ეს მამაკაცი? – ჰკითხა ბედიანიძემ. მისკენ ძლივს აატრიალა თვალები გამშრალმა ბარბარემ, ღრმად, მოზომილად სუნთქავდა, ხელები კალთაში გადაეხლართა.
-არა. – მოჭრა მოკლედ და მოიღუშა, სავარძელს მიეყუდა.
-ქალბატონო, თქვენ საიდან იცით? – დედას მიუბრუნდა ბედიანიძე. ბარბარე ძლივს სუნთქავდა, ხვდებოდა, თუ როგორ გააფუჭა დედამისმა სამი წამოყრანტალებული სიტყვით ალბათ ყველაფერი. ანის შეაშტერდა, გამშრალი, რომელიც წარბებაწეული, შეწუხებული მიშტერებოდა.
-რამდენჯერმე დამინახავს ქალაქში. – თქვა დედამ. ეტყობოდა, რომ ხმის შემაგრებას ცდილობდა. – შავი მანქანით დადის.
-ჰმმ, ესე იგი ქალაქში დაგინახავთ. – გაიღიმა ბედიანიძემ, მერე კი გადმოიხარა, თითი დაუკაკუნა სურათს, რომელზეც მკვეთრად გამოსახულიყო ნიკოლოზი, პირდაპირ მის თავზე. შემოჰყინა თითქოს ბარბარეს.
-აი ეს მამაკაცი ნიკოლოზ შერვაშიძეა. – თქვა ბედიანიძემ. – ალბათ გეცოდინებათ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის ოთარ შერვაშიძის ერთადერთი ვაჟი.
-ეგ ბიჭი ინგლისში არ არის სამუშაოდ? – გადახედა ანის ბარბარემ. რატომღაც საშინელი ზიზღი და შიში აუგორდა მკერდში.
ნიკოლოზის შესახებ მიდიოდა გამოძიება. და როგორც ჩანს, წარმატებით.
-ჰო, მაგაშია საქმე, ბარბი! – მისკენ გადმოიხარა ანი, თვალები გაბრწყინებოდა, დაძაბული მიშტერებოდა. – როგორც ჩანს არ არის ინგლისში, სამუშაოდ კი არა, საერთოდ არ წასულა იქ! აქაა და ძალიან ცუდ საქმეებშია გარეული… – ანიმ ტუჩი მოიკვნიტა, ბედიანიძეს გადახედა, დედამისს, მერე კი ბარბარესაკენ მოატრიალა ცისფერი თვალები. – შენ რომ მითხარი… ვიღაც ბიჭი ამეკიდა, შერვაშიძე გვარადო… ეს ხომ არაა?
-ვინ ბიჭი? – ხმას აუწია დედამ, მისი მყივანა სიტყვები საშინლად მოხვდა ბარბარეს ყურის აპკებზე, უსიამოვნოდ მოფხოჭნეს თითქოს ბგერებმა.
მაგრამ დედისაკენ არ გაუხედავს, ანის თვალებში ჩააშტერდა. სახე ერთიანად მოშვებოდა, იცოდა, რომ ყინულივით ცივი მოჩანდა გარედან, დაღლილი, გასავათებული.
მაგრამ ერთიანად დუღდა შიგნით. გული საშინელი სიჩქარით უცემდა, უბრალოდ სურდა წამოვარდნილიყო, ეყვირა, რაღაც მიენარცხებინა კედელზე, ეს ფოტოები დაეხია და მერე ბედიანიძეს წვდომოდა თვალებში.
მაგრამ თავს იკავებდა. ახლა რომ ვერ შეეკავებინა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა მოუვიდოდა მას.
და ნიკოლოზს.
-არ არის ეს. – თქვა მოკლედ. – ამას პირველად ვხედავ. ის შერვაშიძე ქერათმიანი იყო.
-მართლა? – გაუღიმა ბედიანიძემ. – და თქვენი სამუშაო ადგილის ერთ-ერთი მეპატრონე რომ გვარად შერვაშიძეა, ამაზე რას იტყვით?
გაშრა ბარბარე. ბედიანიძეს შეჰყურებდა, ენა სასაზე მიეკრა.
-ჩვენ მეპატრონეები არ გვინახავს. – ძლივს ამოღერღა მან. – პირველად მესმის ეგ… უბრალოდ მივდივარ და ვმუშაობ, მეტი არაფერი.
თითქმის გრძნობდა ბარბარე, როგორ კრთოდა გაცოფებისაგან დედამისი სავარძელში. მისკენ არ იხედებოდა, ერთიანად დაძაბული.
ვერც კი წარმოედგინა, რომ ასე მალე გაქრებოდა ის ნეტარება, ის ძვლებში გამჯდარი სიმშვიდე, რომელსაც შერვაშიძის კალთაში განიცდიდა.
ალბათ სწორედ ამიტომ იყო ეს ყველაფერი ასეთი თავზარდამცემი. მწვერვალის პირიდან გადმოვარდა თითქოს და უფსკრულში ჩაენარცხა.
-ბარბარე, ახლა კარგად მომისმინეთ. – ხელები ერთმანეთს გადააჭდო ბედიანიძემ, დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში. – თუ ნიკოლოზ შერვაშიძესთან რაიმე კონტაქტი გაქვთ და გქონიათ, ძალიან გთხოვთ გულწრფელი იყავით. – მან გაუღიმა, მაგრამ იმდენად აშკარა იყო სიყალბე, რომ თითქოს ფაიფურის ნიღაბს უყურებდა ბარბარე. – ეს მამაკაცი საშიში პიროვნებაა და ნებისმიერი დახმარება ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.
საშიში პიროვნება. ძლივს შეიკავა ბარბარემ თავი, რომ ნერწყვი არ გადაეყლაპა, ნერვიულობა არ გამოეჩინა.
სიმართლეს ეუბნებოდა ბედიანიძე. მაგრამ სასტიკ უარს აცხადებდა ბარბარეს ენა მოტრიალებაზე.
უარს ამბობდა იმაზე, რომ რამე ეთქვა შერვაშიძეზე და გაეცა.
-ბარბი, სერიოზულად გეუბნებით. – წარბები შეეკრა ანის, გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა. წამოჩიტულიყო, უფრო უკეთესად გამოიყურებოდა, გააცნობიერა ბარბარემ. – ეს შერვაშიძე იმდენ რამესთანაა დაკავშირებული, ვერც კი ჩამოგითვლი… ძალიან გთხოვ, თუ იცნობ მას, ახლავე ჩამოშორდი…
-არ ვიცნობ. – მოუჭრა ბარბარემ მეგობარს, ყველანაირად ცდილობდა შეურაცხყოფილი, უმანკო კრავის იერი მიეღო. – მე… მე ასეთ ხალხში არ ვერევი…
-მაგას არ გეუბნები! – ხელები ასწია ანიმ. თვალები გადაეგლისა. „ალბათ ორსულობის ჰორმონები მოაწვა“, გაუელვა თავში ბარბარემ, მაგრამ ისე გაჰყინვოდა შიგნეული, რომ ვერაფერიც ვერ იგრძნო. – იქნებ შემთხვევით მოხვდი იქ, ან თავისით აგეკიდა ეს ბიჭი! მართლა არ იცნობ?
-არა. – ბარბარემ ნიკოლოზის სურათს გადახედა, მის პროფილს, ძგიდესთან ოდნავ მოღუნულ ცხვირს, სწორ წარბებსა და აწეწილ თმას შეავლო თვალი. – არ ვიცნობ. – ანის გადახედა მან.
ბედიანიძემ გაუღიმა, ისევ ისეთი ფაიფურის სიყალბით. ფოტოები წამოკრიფა, კონვერტში ჩააწყო.
-ერთგულება ძალიან კარგი თვისებაა. – თქვა მან ჩუმად. – და ძალიან ვაფასებ. ამიტომაც მიუღებელია ჩემთვის, როცა არასწორი პიროვნებისკენაა მიმართული. დაფიქრდით, ბარბარე, კარგად იფიქრეთ… და იცოდეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ნიკოლოზ შერვაშიძეს პასუხი მოსთხოვონ. ერთი დღეც მოვა, რომ მოგიწევთ მის წინააღმდეგ წახვიდეთ, და რაც მალე იზამთ ამას, მით უკეთესი.
ბარბარეს ყბები დაეძაბა. წარბები შეკრა.
-მოსთხოვეთ. – კბილებში გამოსცრა მან. – რაც გინდათ ის ქენით… მე არაფერ შუაში ვარ და ვერ ავიტან ასეთ ცილისწამებას.
ბედიანიძემ ოდნავ გადასწია გვერდით თავი, წარბები აზიდა და გაიცინა, მერე კი ფეხზე წამოდგა. წამსვე წამოიჭრა ანიც, მაგრამ მისკენ არ იყურებოდა, ბედიანიძეს ბურღავდა მზერით, ვითომდა შეურაცხყოფილი, მაგრამ სინამდვილეში მისდამი შიშითა და ბრაზით აღვსებული.
-გაგაცილებთ. – ფეხზე წამოდგა დედა, სიტყვებს სისინებდა. ბარბარე არ განძრეულა, ბედიანიძეს თვალი აარიდა, ანისაკენ არც კი გაუხედავს, მაგიდას დააშტერდა, სადაც ორიოდე წუთის წინ ის ფოტოები ეწყო. თვალწინ ნიკოლოზის მოღუშული სახე, თმაში ჩავარდნილი ფიფქები და უკანა ფონზე ბინდში გაბნეული თოვლი.
-ნახვამდის, ბარბი, ჭკუით იყავი! – მოაძახა ანიმ, სანამ ის და ბედიანიძე შემოსასვლელში გადიოდნენ დედის წინამძღოლობით.
მისკენ არ გაუხედავს ბარბარეს, არც საპასუხოდ უთქვამს რამე. იჯდა, მაგრად უჭერდა სახელოებს ხელებს და გამალებით ფიქრობდა.
თვალები დახუჭა, როცა ჩუმი ლაპარაკის ხმა მიწყდა შემოსასვლელში და კარი მიაჯახუნეს.
-ბარბარე! – დაუყვირა დედამ და ნესტოები დაებერა გოგონას, სავარძელს მიეყინა. – ეს რა იყო?! ეს რა იყო, მთლად გაგიჟდი, გოგო?!
ხმამაღალი ნაბიჯებით მოუახლოვდა დედა, გვერდზე დაუდგა სავარძელს. ბარბარემ ახედა. ბრაზისაგან სახე მოქცეოდა ქალს.
-ეს რა გავიგონე, გოგო, შენ ავადმყოფი ხარ, შტერი, ყრუ თუ ყველა ერთად?! – გადმოაფურთხა სიტყვები დედამ, გაცოფებული მიშტერებოდა. – მე რა გითხარი?! იმ ბიჭის კაზინოში მუშაობ? საერთოდ გააფრინე?!
-ამ ხალხს რაღაც ეშლება. – მოუჭრა ბარბარემ, ფეხზე წამოდგა, სახე მოისრისა. მუხლები უკანკალებდა, პირი გამოშრობოდა ერთიანად, მოწოლილი სისხლისაგან უხურდა სახე. – წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიტანეს, რომ მაგ ბიჭს ვიცნობ. – იგი სწრაფი ნაბიჯით გაემართა სააბაზანოსაკენ.
ცოტა უნდა გამოფხიზლებულიყო. თითქოს შოკში იყო ჩავარდნილი, ერთი მდგომარეობიდან მეორე, მთლიანად მოწინააღმდეგე მდგომარეობაში გადასროლილად გრძნობდა თავს. ჯერ კიდევ ძვლებში გასჯდომოდა საშინელი შეგრძნება.
დედაც ფეხდაფეხ მოჰყვებოდა.
-იცნობ! – იხავლა მან, როცა ბარბარემ წყალი მოუშვა, ნიჟარაზე გადაეყუდა. – იცნობ შენ მაგ ბიჭს! იმ დღეს უნდა გამეგდო, აქ რომ მომითრიე ეგ ნაგავი!
ხელები მაგრად მოუჭირა ნიჟარის კიდეებს ბარბარემ. მოთხლაშუნე წყალს ჩაჰყურებდა, თვალები მაგრად დახუჭა, თავი გადააქნია.
-იქ აღარ წახვალ! – იბღავლა დედამ. – იქ წათრეული არ დაგინახო, თორემ არ ვიცი რას ვიზამ, იცოდე! მე არ მოგცემ ამის უფლებას!
რაღაც ამობუყბუყდა ბარბარეში. სახე უარესად გაუწითლდა, თითქოს ყელში ამოასხა განცდილმა შიშმა და მრისხანებამ.
-სულ ფეხებზე მკიდია! – დაიყვირა მან, დედისაკენ მოატრიალა გააფთრებული, მომანჭული სახე. ქალი გაოგნებული შეაშტერდა. – მე იქ სამსახური მაქვს და არ ვაპირებ შენ სულელურ ბრძანებებს დავუჯერო! ვთქვი, არ ვიცნობ, ესე იგი არ ვიცნობ!
-და რატომ იცრუე, რატომ უთხარი, არ მინახავსო? – უღრიალა დედამ, თითქოს გონზე მოვიდა და ხელახლა დაიწყო ცეცხლის ფრქვევა. – რატომ თქვი, რომ ქერათმიანი არისო?! რას ქვია გადაგეკიდა!
ტუჩები მოკუმა ბარბარემ, მიბრუნდა, მარცხენა ხელით შეისხა წყალი სახეზე.
-არ წახვალ იქ! რა გითხარი მე?! შხამია ეგ ბიჭი, შხამი! ცივსისხლიანი ეშმაკია! მოგშხამა ალბათ კიდეც! წარმოდგენა არ გაქვს რას ბოდავ! – უყვირა დედამ. იმოდენა ცოფი ეწერა ხმაში, რომ ტანში გასცრა ბარბარეს, მაგრამ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. არავითარ შემთხვევაში არ დაიხევდა ამის გამო უკან.
-სადაც მინდა იქ წავალ. – კბილებში გამოსცრა მან, საკუთარ სველ, გადაწითლებულ სახეს დააშტერდა სარკეში. ლოყები უღუოდა ვარდისფრად, ჩასისხლიანებოდა თვალები, წარბებს შორის ღარი გასჩენოდა.
უცებ კი ვეღარ დაინახა.
მომენტალურად გაქრა ეს გამოსახულება.
შუქი ჩაქრა, სიბნელემ მოიცვა იქაურობა, მერე კი კარის ხმამაღალი ჯახუნისა და საკეტის ჩხაკუნის ხმა მოსწვდა ბარბარეს ყურებს.
წყალი ჯერ კიდევ შხაპუნით მოდიოდა ონკანიდან.
-სანამ არ დაჭკვიანდები და არ დამპირდები, რომ იმ ბიჭთან აღარ წაეთრევი, აქედან ფეხსაც ვერ გაადგამ! – დაიღრიალა გარედან დედის ხმამ. – უჯიშო გოგო! ასეთი არ გამიზრდიხარ და მოგიყვან მე შენ ჭკუაზე!
სახიდან სისხლი ჩამოერეცხა ბარბარეს. უარესად აუკანკალდა ფეხები.
-შენ რა გაგიჟდი? – საპასუხოდ შეუყვირა მან, კარისაკენ გააფათურა ხელები და რომ იპოვა, მთელი ძალით დააბრახუნა ზედ. – რა ჯანდაბას აკეთებ?! გამომიშვი ახლავე!
-სანამ არ დამპირდები, რომ იმ ბიჭთან აღარ მიხვალ… – გამაფრთხილებელი ხმით დაიწყო დედამ.
-არა! – დაუყვირა გამწარებულმა ბარბარემ. სიბნელეში თვალებს აფაციცებდა აქეთ-იქით, კიდევ ერთხელ მთელი ძალით დასცა კარს მუშტები. – არა! არა არა არა არა-მეთქი!
-ჰოდა იყავი მანდ. – დაუსისინა დედის ყრუ ხმამ, მერე კი ნაბიჯების ხმა მოესმა ბარბარეს.
-დედა! – იყვირა მან. ისეთი განრისხება წამოუბუყბუყდა თავში, რომ სხეული აუთრთოლდა, შიგნით ვეღარ იკავებდა ამოდენა აგრესიას, ორივე მუშტი დასცხო კარს, რომელიც შეზანზარდა. – ახლავე გამიღე! ახლავე! დედა! გამიღე მეთქი!
დედამ ხმა არ გასცა. ბუნდოვნად, სამზარეულოში რაღაცის ჩხაკუნის ხმა მოსწვდა ბარბარეს.
ყვიროდა, და მთელი ძალით უბრახუნებდა მუშტებს ხელებს, სანამ მთლად არ მოიქანცა. დაოსებულმა, ოფლდასხმულმა შეწყვიტა, იატაკზე დაცურდა, კარზე მიყუდებული. ცოტა ხანი ქოშინებდა, სულს ითქვამდა.
კუნაპეტი იდგა სააბაზანოში. სარკმელიც კი არ გადიოდა გარეთ.
მობილური ტელეფონი ჩართო ბარბარემ, რომ ცოტა სინათლე ჰქონოდა, მაგრამ მალევე გამორთო, რომ ბატარეა არ დამჯდარიყო უდროოდ.
იჯდა, კარზე მიყუდებული, თვალებგაფართოებული და მიშტერებოდა სიბნელეს. იჯდა, და არ სჯეროდა, რომ დედამისმა სააბაზანოში ჩაკეტა.
რატომ ეწინააღმდეგებოდა დედა ასე ძალიან? რატომ?
„შხამი. ცივსისხლიანი ეშმაკი.“ გაიფიქრა ბარბარემ, მწარედ გაეცინა. გაიხსენა, თუ როგორ გადაუწია ქურთუკის საყელო ნიკოლოზმა, როგორ შეეხო ცხელი ხელებით, როგორ აკოცა.
თავი გადააქნია სასწრაფოდ. ფიქრები თავიდან გამოიგდო, ფეხები მოკეცა, ზედ მოიხვია მკლავები. ცივი იყო სააბაზანოში დაგებული ფილები.
უბრალოდ იჯდა. იჯდა და ელოდა, თუ როდის მობეზრდებოდა დედამისს აქ მისი ჩაკეტვა, როდის მოვიდოდა კარის გასაღებად.
ტელეფონს ამოწმებდა.
ნახევარი საათი გავიდა. ერთი. ორი.
პანიკამ შეიპყრო ბარბარე. სიბნელე დააწვა, სული შეუხუთა.
ისევ დაუშინა კარს მუშტები, ისევ დაიწყო ყვირილი.
დედამისი კი არ მოვიდა.
გაოგნებული იჯდა მთელი ღამე ბარბარე სააბაზანოს ჩახუთულ სიბნელეში. პერიოდულად უშენდა მუშტებს კარს, ბღაოდა, დედას უყვიროდა, განრისხებული, რომ გაემოშვა ამ ოთახიდან, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.
გათენდა. მაგრამ ბარბარესათვის არ ამოვიდა მზე, ისევ სიბნელეში იყო გამოკეტილი. ოდნავი სინათლე იპარებოდა კარქვეშ მხოლოდ.
ხმა ჩაეხლიჩა, იმდენი იყვირა, დალურჯებული ჰქონდა ხელები კარზე ბრახუნისაგან.
თორმეტი საათი შესრულდა, სამი, ექვსი.
გარედან ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა.
ალბათ სადღაც გასულიყო დედა.
ანის გადაურეკა რამდენჯერმე, გაწამებულმა. ანიმ არც ერთხელ არ უპასუხა.
მოსაღამოვდა. ბარბარეს სმენა უნდა დაწყებულიყო კაზინოში.
მაგრამ ვერსადაც ვერ მიდიოდა, დაღლილობისაგან იატაკზე გაფენილ პირსახოცზე ჩამოწოლილი, უჭმელობისაგან გამოფიტული და ქანცგაწყვეტილი.
იტირებდა, მაგრამ თითქოს გამომშრალი იყო, შოკში ჩავარდნილი. თვალები დაეხუჭა, ასე შეეძლო თავი მოეკატუნებინა, რომ ამ სულისშემხუთველ სიბნელეში არ იყო ჩაძირული.
თვალებს რომ ახელდა, თითქოს თვალებში აწვებოდა კუნაპეტი, და იგუდებოდა.
ეგდო ცივ ფილებზე, ყველაფერი გაჰყინვოდა. ძლივს მოიკრიბა ენერგია, რომ წამოწეულიყო, კიდევ ერთხელ დაებრახუნებინა კარზე, ხმაჩახლეჩილს.
მერე კი ყურისწამღები წკარუნი გაისმა სააბაზანოში. ცისფერი სინათლე მოეფინა მისი ტელეფონის ეკრანიდან სააბაზანოს კედლებს.
უცხო ნომერი იყო.
წამსვე სწვდა ბარბარე ტელეფონს. თითქმის დამჯდარი იყო უკვე ბატარეა.
-ალო? ალო! – ჩაილაპარაკა მან ტელეფონში, დაფეთებული თვალები კარისაკენ მიატრიალა, ეშინოდა, რომ დედამისს არ გაეგონა.
-მითხარი რომ დროზე მოხვალ, თორემ ნიკო დასაბმელი გახდება უკვე, – გაისმა ტელეფონში თორნიკეს სიცილი, უკანა ფონზე ნიკოლოზი ლაპარაკობდა რაღაცას.
იმოდენა შვება მოეფინა ბარბარეს, რომ მთელი მკერდით ამოისუნთქა. თითქოს უშველებელი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან და იმედი აუკიაფდა გონებაში.
-თორნიკე, ვერ წარმოიდგენ… – ძლივს ამოიხრიალა მან, მთელი სხეული უთრთოდა, მაგრად მიიჭირა ტელეფონი ყურზე. – მისმინე, ვერ მოვალ, სახლში ვყავარ დედაჩემს გამოკეტილი, სააბაზანოში, ოცდაოთხი საათი გავიდა უკვე…
-რაა, ტოო? – გაისმა მახათელის განცვიფრებული ტონი. – მართლა? გაიგონე, ბიჭო? – ყრუდ გაისმა მისი ხმა, თითქოს გატრიალდა თორნიკე, რასაც ნიკოლოზის ხმამაღალი ლაპარაკი მოჰყვა. გაფაციცებით უსმენდა ბარბარე, მაგრამ ვერაფრით გაარჩია სიტყვებს. – დედამისმა მთელი დღე ტუალეტში გამოკეტა თურმე, ტოოო….
ბრახვანი გაისმა ტელეფონში, და შეცბა ბარბარე, უარესად აუკანკალდა გაციებული, ქანცგაწყვეტილი კუნთები, თითქოს უხტოდნენ.
მერე კი ნიკოლოზის ღრიალი გაისმა, რასაც ხმამაღალი ნაბიჯების ხმა მოჰყვა. ვიღაც მირბოდა.
-გამოვარდა. – გადაიხარხარა ყურმილში მახათელმა. – შენ მანდ დაეტიე, სუსი არ გაიღო, და კარის მტვრევას რომ გაიგებ, მოემზადე… ნიკო მოგიტაცებს და მაგრად-
კავშირი გაწყდა, და შეკრთა ბარბარე მოულოდნელობისაგან. ტელეფონის ეკრანი ჩაქრა და სააბაზანო ისევ სიბნელეში ჩაიძირა.
ძლივს ამოისუნთქა ბარბარემ, ტელეფონი გვერდზე გადააგდო და კარს მიეყუდა, გასავათებული.
ნიკოლოზი ამოვიდოდა. ახლაც ყურში ედგა მისი ღრიალი და სირბილის ხმა ბარბარეს.
ისე ნელა მიიზლაზნებოდა დრო, როგორც არასდროს.
მალე ამოვიდოდა ნიკოლოზი. წინაზე რვა წუთში ამოაღწია ქალაქიდან.
თითქოს საუკუნე გავიდა.
მერე კი შემოსასვლელის კარზე ყრუ, მაგრამ ხმამაღალი, მოუთმენელი ბრახუნის ხმა მოსწვდა ბარბარეს. ერთიანად ქანცგაწყვეტილს სიმწრის სიცილი წასკდა, ძლივს რომ იკავებდა ათრთოლებული ხელით, ძლივს წამოიწია ფეხზე.
აჩქარებული ნაბიჯები გაიგონა. დედამისი შესასვლელში გადიოდა.
საშინელი ზიზღი და მრისხანება მოაწვა, წითელი გამოესახა თითქოს კუნაპეტ სიბნელეში, გამწარებულს.
უნდოდა, კედელზე მიენარცხებინა მთელი ძალით დედა, ყელში სწვდომოდა, მერე კი აქ ჩაეკეტა მთელი კვირით, რომ მიმხვდარიყო ქალი, თუ რა საშინელება განიცადა მისმა ქალიშვილმა.
ქალიშვილმა, რომელიც ამისათვის გაიმეტა დედამ.
სიმწრისაგან კბილებმა ღრჭიალი გაიღეს, ცივმა ჟრუანტელმა ჩაურბინა ზურგში.
იცოდა, რომ სათვალთვალო ღრიჭოში იყურებოდა დედა. იცოდა, რომ კარს არ გაუღებდა ნიკოლოზს.
უფრო გაძლიერდა კაკუნი, მერე კი მის სმენას ნიკოლოზის „გააღეთ!“ მოსწვდა.
მუხლებში თითქოს ტყვია ჩაეღვარა, ძლივს შეიკავა თავი, ნიჟარას დაებჯინა, რომ არ დაცემულიყო.
მერე კი შემოსასვლელის კარს დაეჯახნენ მთელი ძალით. დედამისმა შეჰყვირა შემოსასვლელში, მისი აჩქარებული ნაბიჯების ხმა მოესმა ბარბარეს.
მეორედ დაეჯახნენ. მესამედ. მეოთხედ.
მეხუთე დაჯახებაზე ყურისწამღები ღრჭიალი გაიღო კარმა, რასაც დამტვრეული ფიცრის ლაწანი მოჰყვა. დედამ გაბმული ყვირილი ატეხა.
მძიმე ნაბიჯებით მორბოდა ვიღაც.
-მოკეტე! – დაიღრიალა ნიკოლოზმა, სააბაზანოსთან სულ ახლოს, და საკეტის ჩხაკუნის ხმა მოსწვდა გოგონას ყურებს.
კარი გამოგლიჯა ნიკოლოზმა. სიბნელეს შეჩვეული თვალები მოჭუტა ბარბარემ, ისე ძალიან ატკინა მათი პატარა ნათურის შუქმა, მაგრამ მაინც გაარჩია ნიკოლოზის სილუეტი და მის ფონად ყვითელი სინათლე.
ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ გადაადგა მისკენ ნაბიჯი და მკლავები გაიშვირა, ენაწართმეულმა.
ნიკოლოზი ორი დიდი ნაბიჯით მოუახლოვდა, მისი გაფართოებული თვალები, გაფითრებული სახე და მოკანკალე ნაკვთები შემოცურდნენ ბარბარეს მზერაში.
მერე კი ხელები სტაცა ნიკოლოზმა,  ისეთი ძალით მიიკრა მკერდზე, რომ ვეღარ ამოისუნთქა წესიერად ბარბარემ, მაგრამ ეს დიდად აღარც ანაღვლებდა. კისერზე მოხვია მკლავები, მთელი ძალით ჩაეჭიდა მას. თითქოს მისთვის იმაგრებდა ფეხზე თავს, მუხლებმა უმტყუნეს, და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაცემულიყო.
ნიკოლოზის ყელთან ჩარგო თავი, მისი ოფლის, სუსხის, თოვლისა და ტყიური სურნელი შეისუნთქა, გაბრუებულმა. გრძნობდა, თუ რა სიძლიერითა და სისწრაფით სცემდა ახალგაზრდა კაცის ყელში საძილე არტერია და გააკანკალა, გასავათებულს.
მაგრად მოსჭიდა წელზე ცალი მკლავი ნიკოლოზმა, ღრმად, აჩქარებულად სუნთქავდა, მეორე ხელი კი, „მარჯვენა ხელი,“ გაუელვა ბარბარეს თავში, კეფაზე მოჰკიდა და მისი თავი მიიკრა ყელთან, თავი ოდნავ გადმოატრიალა, რომ გოგონას თმაზე ჩამოედო ლოყა, ოდნავ დაირწა ადგილზე, აქოშინებული.
მის მკლავებში ჩადნა ბარბარე, ასე უეცრად რომ შეუთბეს გაყინული სხეული. ტანი ისევ აუბჟუვდა, ჭიანჭველები დაუძვრებოდნენ თითქოს ყველგან. გონება თითქოს ჰაერში უფარფატებდა, ყველანაირი ტვირთისაგან გათავისუფლებული, მკრთალი, თეთრი და უმასო.
უფრო მაგრად მოეხვია შერვაშიძეს და საპასუხოდ ზურგზე ისეთი ძალით მოხვია მკლავები ახალგაზრდა კაცმა, რომ მალები გაუტკაცუნდა ხერხემალში ბარბარეს.
-როგორ ბედავ… უჯიშო, წაკლა გომბიო! – აყვირდა უცებ დედა. ძლივს წამოსწია თავი ბარბარემ, სასტიკად არ სურდა დედის დანახვა, იმ შეგრძნების გაქრობა, რომელშიც ნიკოლოზთან ერთად ჩაძირულიყო. ახალგაზრდა კაცი დაიძაბა მის გვერდით, წაბშეკრულმა, გაღიზიანებულმა გადახედა დედამისს. – აბა არ ვიცნობო? ეს არის არ ვიცნობო?! ეს არის?! მე შენ რა გაგაფრთხილე?!
-ჩუმად! – იღრიალა ნიკოლოზმა და დედა გაფითრდა, ოდნავ უკან წაბარბაცდა, თითქოს ახლაღა გააცნობიერა, რომ მხოლოდ ბარბარე არ ედგა წინ. საზიზღარი თვითკმაყოფილება აუბუყბუყდა გოგონას, როცა ქალის შიშისაგან ფერწასულს სახეს შეხედა.
-წავიდეთ აქედან. – თქვა ნიკოლოზმა, და მკლავები ჩამოაცურა მისი ყელიდან ბარბარემ, გვერდში ამოუდგა, მაგრად მოხვია წელზე მკლავი ნიკოლოზმა, კარისაკენ წაათრია, თითქმის, ისე უჭირდა ბარბარეს ქანცგაწყვეტილი ფეხების გადადგმა.
მთლიანად ჩალეწილი, ანჯამებიდან მოგლეჯილი იყო მათი შემოსასვლელის კარი.
მაგრამ ნაღველი არც კი მიჰკარებია ბარბარეს სხეულს.
კიბეებზე ჩაიარეს.
ამ კიბეებზე უკვე მეორედ იყვნენ.
ამჯერად ნიკოლოზი შედგომოდა მხარში და ის იჭერდა დასუსტებულ ბარბარეს.
ჩაბნელებულიყო გარეთ. ბარდნიდა.
სუსხი ძვლებში შეუძვრა ბარბარეს, გააკანკალა, და უფრო მაგრად მოიკრა გვერდზე ნიკოლოზმა.
მანქანაში ჩასხდნენ. ჯერ კიდევ ცოტაოდენი სითბო შემორჩენილიყო შიგნით.
ძლივს შეიკრა აკანკალებული ხელებით ღვედი ბარბარემ. სითბოს აუწია შერვაშიძემ, გაზს მთელი ძალით დააჭირა ფეხი და ქუჩაში გავარდა.
ლამპიონების მოყვითალო შუქში მიქროდნენ ფანტელები, საქარე მინის წინ თითქოსდა გვირაბი იქმნებოდა.
სავარძლის ზურგს მიეყუდა ბარბარე. ნიკოლოზს გადახედა, თითები მარჯვენა არათითზე გაკეთებულ ბეჭედს გადაუსვა ფრთხილად.
ახალგაზრდა კაცი დაძაბული მიშტერებოდა გზას. ბზინავდა მის არათითზე გაკეთებული თეთრი ოქრო.
არც მას მოეხსნა.
რაღაც დაეძაბა ბარბარეს მკერდში. გასწიწკნა, დაუსერა ერთიანად, სუნთქვა შეუკრა.
წამიერად გადმოხედა ნიკოლოზმა, მის მზერას შეეჩეხა. თვალი თვალში გაუყარა, თითქოს დაწვა მზერით, მერე კი ისევ გზას გახედა.
ქალაქის სინათლეები აციმციმდნენ. სიცოცხლე დაეტყო ქუჩებს.
-სად მივდივართ? – იკითხა გოგონამ, ჩაწყვეტილი ხმით, როცა კაზინოს მხარეს არ გაუხვია შერვაშიძემ. კორპუსებსა და ძველ სახლებს შორის მიქროდნენ.
ბარდნიდა. თეთრად დათოვლილიყო ყველაფერი, და ყვითელი ლამპიონების შუქზე ოქროსფერი დასდებოდა შემოგარენს.
-ჩემთან სახლში. – თქვა ნიკოლოზმა, სადღაც გადაუხვია. პატარა ქუჩა იყო, ოდნავ ჩამცხრალიყო მოძრაობა, მაგრამ მაინც მიმოდიოდნენ მანქანები, სქელ ტანსაცმელში გამოფუთნული ხალხი მიმოდიოდა ტროტუარზე.
რომელიღაც კორპუსის გვერდზე შეიყვანა ნიკოლოზმა მანქანა. თოვლი გაეკვალათ, მაგრამ პაწაწინა ეზო მაინც დაეფარათ ფანტელებს. ავტომატურად გაიღო ერთ-ერთი ავტოფარეხი, და შიგნით შეაყენა შერვაშიძემ მანქანა, ძრავი გამორთო და ჩხაკუნით გააღო კარი.
გადაძვრა ბარბარე. სიცივემ წამსვე შემოჰკრა, მაგრად მოიხვია ქურთუკი. გასასვლელისაკენ გააბიჯა, ჩამობნელებულ ავტოფარეხში ყოფნას ვერ იტანდა.
მშვიდად თოვდა. თავი ოდნავ უკან გადახარა ბარბარემ, უყურებდა, დაღლილი თვალებით, თუ როგორ ტრიალებდნენ და ეცემოდნენ ფიფქები. ცა ღია ნაცრისფერი ღრუბლებით იყო დაფარული, ყრუდ ისმოდა მანქანების ხმა ქუჩაში.
მის წინ აღმართული კორპუსი ნარინჯისფრად დაკოპლილიყო.
უკნიდან იგრძნო შერვაშიძის მოახლოება ბარბარემ, მისკენ გაიხედა. ფიფქები ჩაჰყროდა თმაში, მხრებზე ათოვლავდა. თვალებში უცქეროდა თავისი მომწვანო, შუშისებრი თვალებით ნიკოლოზი.
-აქამდე არც კი მიფიქრია, რომ შენ სახლი გექნებოდა. – ამოღერღა ბარბარემ. ნიკოლოზმა წამიერად შეხედა, მერე კი პაწაწინა ნაოჭები გაუჩნდა თვალებთან, გაეღიმა.
ძალაუნებურად გაეცინა ბარბარეს, სხეული შეუკანკალდა.
-გეგონა, კაზინოში ვცხოვრობდი? – თქვა ნიკოლოზმა, ბარბარეს ჩაუარა, კორპუსისაკენ გაემართა. გოგონას გაეღიმა, ნაკვთები უხტოდა, უკან აედევნა მას.
-ჰო, ალბათ… – ჩაილაპარაკა მან, როცა კიბეებზე ადიოდნენ. თითქოს გამოცოცხლდა, ენერგია მოემატა. ნიკოლოზს ახედა, ვისი ფიგურაც მიუძღოდა კიბეებზე. – საერთოდ ხარ ხოლმე აქ?
-ხანდახან. – თქვა ნიკოლოზმა. – არც ისე ხშირად.
მესამე მართულამდე ააღწიეს. მერვე ბინას მიუახლოვდა ნიკოლოზი. ჩხარუნით ამოიღო გასაღებები, დიდი, რკინის კარის საკეტს მოარგო, ტკაცუნით გადაატრიალა და შეაღო, მერე კი ბარბარეს გადმოხედა.
გოგონა მიუახლოვდა, ფეხები გაიწმინდა და შიგნით შეაბიჯა.
შემოსასვლელში შუქი აანთო ნიკოლოზმა, ბარბარეს შემოჰყვა და კარი მოიკეტა უკან.
იდგა ბარბარე, და ათვალიერებდა. ცარიელი მოჩანდა შემოსასვლელი. საკიდი იდგა მხოლოდ, გვერდზე კამოდი იდგა, ორი წყვილი ფეხსაცმელი ეწყო იატაკზე.
შერვაშიძემ ფეხზე გაიძრო, ქურთუკი ჩამოჰკიდა, ბარბარეს გადმოხედა. უხერხულად დაიხარა გოგონა, ფეხსაცმელი მიალაგა გვერდით და თვითონაც გაიხადა ქურთუკი, ნიკოლოზის ქურთუკის გვერდით ჩამოჰკიდა საკიდზე.
-მოდი. – უთხრა ნიკოლოზმა, უცნაურად უყურებდა შუშისებრი თვალებით. გვერდითა ოთახში შეაბიჯეს.
ფარდები გადაეწიათ, მაგრამ სითბო იდგა ოთახში. ტახტი იდგა, ტანსაცმელი ეყარა ზედ. მის წინ ცარიელი თუ სავსე ლუდის ბოთლებით დაეფარათ ჟურნალის მაგიდა. მთელ ოთახში ეფინა მუქი ფერის ფარდაგი, ტახტის მოპირდაპირე კედელზე პლაზმური ტელევიზორი ეკიდა.
მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო.
დიდი მინის კარი ჩაესვათ ერთ კედელში, რომელიც აივანზე გადიოდა. ჩანდა, თუ როგორ ბარდნიდა, თუ როგორ ანათებდნენ ქუჩაში ლამპიონები, მანქანათა გაქროლებისას სინათლე შემოდიოდა ოთახში და მოძრაობდა კედელზე.
მისკენ გააბიჯა ბარბარემ. კარის მინასთან ახლოს დადგა, ისე, რომ ზურგზე ოთახის სითბოს, სახეზე კი მინიდან მომავალ სიცივეს გრძნობდა. ქუჩაში გადაიხედა. სითეთრეს მოეცვა გარემო, შორიახლოს კორპუსები აზიდულიყვნენ მშვიდად.
შრიალი მოესმა უკნიდან ბარბარეს. თავი მოატრიალა, ნიკოლოზისაკენ გაიხედა.
ახალგაზრდა კაცი ტახტთან იდგა, მისკენ ზურგშექცეული. ღილებიანი პერანგი გაეხადა, ახლა კი მაისურს იძრობდა სხეულიდან.
გვერდზე მიაგდო, დაუდევრად. სხვა მაისურს სწვდა, ტახტზე დაგდებულს.
მის ზურგს შეაშტერდა ბარბარე. მისთვის უკნიდან არ შეეხედა ჯერ.
შერვაშიძეს ბეჭებზე სვირინგი ჰქონდა. ვერძის თავი ჰქონდა გამოსახული, გეომეტრიული ფორმებით, უამრავი ხაზებითა და წერტილებით იყო გამოსახულება შეკრული. უდიდესი დეტალი იყო ჩადებული დახვეულ რქებში, რომლებიც ბეჭთა ფრთებზე გადასულიყო. რქათა ქვეშ წაგრძელებული ყვავილები მოჩანდნენ.
ცოტა ხანი მიაშტერდა ბარბარე, სანამ ნიკოლოზი მაისურს ჩაიცვამდა. მერე კი თვალი აარიდა, ისევ ქუჩისაკენ გადაიხედა.
რატომღაც არ ერიდებოდა მისი.
-აივანზე შეიძლება? – იკითხა მან. წამით შეწყდა შრიალი, მერე კი ნაბიჯები მოუახლოვდნენ.
უკან ამოუდგა შერვაშიძე, მისი სუნთქვა იგრძნო კისერზე ბარბარემ. ნიკოლოზმა ზემოთ აატრიალა სახელური, მერე კი საკეტი გადაატრიალა ქვემოთ. ღრჭიალით გაიღო კარი.
-სხვანაირად არ იღება. – თქვა ნიკოლოზმა. ხმაში ღიმილი ეტყობოდა. ბარბარესაც ჩაეღიმა. ფეხებზე შემოჰკრა შემოსულმა სუსხმა.
-დავიმახსოვრებ როგორც უნდა. – თქვა მან, რატომღაც გული მოაწვა ყელში ამ სიტყვების თქმისას.
აივანზე გააბიჯა. ციოდა, მაგრამ საბედნიეროდ ქარი არ უბერავდა. თმაში წამსვე ჩაეფინნენ ფანტელები.
ღია, განათებულ სივრცეს, თეთრ ღამეს გადაავლო თვალი ბარბარემ. მოაჯირზე დააწყო თითები.
ნიკოლოზი მოუახლოვდა უკნიდან, ზურგზე აეკრო, მისი თითების გვერდით დააწყო ხელები. ინსტინქტურად, თითქოს ყველაზე ბუნებრივი ქმედება ყოფილიყო, თავი გადასწია ბარბარემ, ყბაზე მიაყრდნო.
სახე ჩამოსწია ნიკოლოზმა. მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა გოგონა ლოყაზე.
მათ ბეჭდებს გადახედა ბარბარემ, თეთრ და ყვითელ ოქროს, თეთრ ღამეში რომ ბზინავდნენ. გული ისეთი ძალით უცემდა, ისე გაუდიდდა და აევსო მკერდში, რომ ცოტაც დავეღარ დაეტეოდა შიგნით.
ვეღარ მოითმინა. თითები გააცოცა, საკუთარი ცივი, მუდამ გაყინული ხელი შეახო შერვაშიძის სითბოს. ხელი გადმოატრიალა ნიკოლოზმა და თითები შეუცურა თითებს შორის. მისი ბეჭედი შეეხო ბარბარეს კანზე.
თითქოს წამოიწია შერვაშიძე მისკენ. მზესავით ავარვარდა, მის ზურგზე მიკრული.
-რატომ მომიყვანე აქ? – წამოუტივტივდა მოულოდნელად ბარბარეს თავში. გადაჰყურებდა ნიკოლოზის ბინიდან ხედს და უბრალოდ ტკბებოდა სანახაობით. არ ახსოვდა, ბოლოს როდის მომხდარიყო ეს.
-მინდოდა, რომ გცოდნოდა. – თქვა ნიკოლოზმა.
ცოტა ხანი გაჩუმდნენ.
ენაწართმეული უყურებდა ბარბარე ხედს, იმის მიუხედავად, რომ სუსხი იდგა ჰაერში, მთელი სხეული გახურებოდა შერვაშიძის სითბოთი.
როგორც მთვარე ირეკლავდა მზის სინათლეს.
-რა ლამაზია. – ძლივს ამოღერღა ბარბარემ.
ნიკოლოზმა არაფერი უპასუხა. თითქოს უფრო მაგრად მოეხვია, საკუთარი მხურვალებით დაფარა ყოველი მხრიდან.
იდგნენ ორივენი აივანზე, და უყურებდნენ, თუ როგორ ეცემოდნენ ფანტელები.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-20
მზე ენთო ბარბარეს სხეულში. ზუსტად ისეთი, უკნიდან რომ ათბობდა.
ნიკოლოზმა ხელი მოუჭირა თითებზე. მათი გადაჭდობილი ხელები ასწია, გულმკერდთან მიუკრა ბარბარეს, მეორე მკლავი მაგრად მოხვია წელზე. საკუთარი გულის გამალებულ, აჩქარებულ ფეთქვას გრძნობდა გოგონა შერვაშიძის ხელის ზურგზე.
მთელი ძალით მიიკრა სხეულზე ნიკოლოზმა, თითქოს ყველგან იყო, ყოველი მხრიდან მოქცეოდა ბარბარეს და მისი შეერთება, საკუთარ თავში შესრუტვა სურდა. თავი დასწია ახალგაზრდა კაცმა, ყელში ჩაურგო სახე, ცხლად, ღრმად სუნთქავდა.
თვალები მიელულა ბარბარეს. თითქოს მოემჩვარა ყელის კუნთები, თავი შერვაშიძის მხარზე გადაუვარდა, სადღაც გაუფრინდა გონება. თრთოლა იგრძნო მუხლებში.
ყელზე ტუჩები შეახო შერვაშიძემ. პირი გააღო, ცხელი სუნთქვა შეაფრქვია, მერე კი კბილები გადაუხოხა კანზე ნაზად.
სხეული მოეკრუნჩხა ბარბარეს. წელზე შემოხვეულ მკლავზე სტაცა ხელი, მაგრად მოუჭირა თითები.
ნიკოლოზისაკენ გადაატრიალა თავი, პირდაპირ მის სახეს შეეჩეხა. დაბურული, აპრიალებული შუშისებრი თვალებით უყურებდა შერვაშიძე. ლოყაზე შეეხო ცხვირით, და უყურებდა გოგონა, თუ როგორ დაიმალნენ მომწვანო შუშისებრი თვალები ქუთუთოებს იქით.
რაღაც უფეთქავდა შიგნით. რაღაც ძლიერი, ცხელი და ფეთქებადი.
თითქოსდა საშიშიც.
თვალები გაახილა ნიკოლოზმა. წელზე მოხვეული ხელი დაუსვა ფერდზე.
ცოტა ხანი ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში. უყურებდა ბარბარე, და იმახსოვრებდა. შერვაშიძის თითოეულ ნაკვთსა და იმ შეგრძნებას იმსახურებდა, რასაც ახლა განიცდიდა.
უთრთოდა, უხურდა მთელი სხეული. მტკივნეულად გამოვსებოდა თითქოს მკერდი, სისხლი უგუგუნებდა ყურებში.
მერე კი ოდნავ უკან დაიწია ნიკოლოზმა. ისევ მათ წინ აღმართულ ქალაქსა და ღია სივრცეს მიშტერებოდა. თვალს აყოლებდა მოფარფატე, სქელ ფანტელებს.
-დედაშენმა რატომ ჩაგკეტა იქ? – ჰკითხა მან, ხმა ჩახლეჩოდა რატომღაც. გააკანკალა ბარბარეს და უფრო ახლოს მიიწია მასთან, და ნიკოლოზის გულის ფეთქვა იგრძნო ბუნდოვნად ზურგზე.
სწრაფი იყო. მაგრამ ისეთივე გამოზომილი და უტყუარი, როგორიც ახსოვდა.
-არ მოსწონს, შენთან რომ ვარ. – თქვა ბარბარემ. – შხამი გიწოდა. მითხრა, რომ მომშხამავ.
-მხოლოდ დოზაა შხამი. – უპასუხა ნიკოლოზმა. – იქნებ წამალი ვარ. – ღიმილი შეეტყო ხმაში.
-არა. – თქვა ბარბარემ. ნარინჯისფრად აკიაფებულ ფანჯრებს შეჰყურებდა. იქ მცხოვრები ხალხის უბრალო, ჩვეულებრივ ყოფაზე ფიქრობდა. რატომღაც ყელში მოაწვა ბურთი. – შენ მე… ხანდახან მგონია, რომ მართლა მომშხამე. მომშხამე, მომწამლე, და ვეღარაფრით გცილდები.
ნიკოლოზმა ჩაიცინა. აღარაფერი უთქვამს.
უცებ აფორიაქდა ბარბარე. დედის ღრიალი, ბედიანიძის ფაიფურის სახე და ანის გაბრწყინებული თვალები გაახსენდა, კარგს რომ არაფერს უქადდნენ.
მაგრამ თვითონ? თუ შერვაშიძეს?
-ვიღაც კაცი მოვიდა ჩვენთან. – თქვა მან, ხმადაბლა. ოდნავ გადმოხარა მისკენ ნიკოლოზმა თავი, იგრძნო ბარბარემ, რომ დაიძაბა ოდნავ, ყურადღებით უსმენდა, იმის მიუხედავად, რომ თოვის სიჩუმეში ყველაფერს გაიგონებდა მკაფიოდ. – გიორგი ბედიანიძე. დეპუტატ გაბრიელ დარჩიას მდივანია.
-პოლიტიკოსს რა უნდოდა თქვენთან? – იკითხა ნიკოლოზმა. თითქმის ხედავდა ბარბარე მის მოღუშულ სახეს გონებაში.
-საქმეზე მოვიდა. – ბარბარეს ფოტოები გაახსენდა, ნიკოლოზის პროფილი, მის თმაში გაბნეული თოვლი. – შენი ფოტოები ჰქონდა. შენი სახელი იცოდა… მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პასუხი მოგთხოვონ და რომ საშიში პიროვნება ხარ. – ძლივს ამოისუნთქა გოგონამ, როცა მთელი ძალით მოუჭირა ახალგაზრდა კაცმა მკლავები.
-შენ რა უთხარი? – ჩაიჩურჩულა ნიკოლოზმა, მის ყურთან ახლოს.
-ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, ვინ იყავი. – ხმადაბლა მიუგო ბარბარემ. – მაგრამ არ დაიჯერა. მგონი იცის. იცის, რომ შენ კაზინოს მეწილე ხარ.
შერვაშიძე ღრმად სუნთქავდა, დაძაბული. მისი სუნთქვა ორთქლად იქცეოდა ჰაერში.
-ჩემს ყლეს იზამს. – თქვა მან უცებ. – ფეხებსაც ვერ მომჭამს ეგ დედამოტყნული, გავიგებ ვინცაა…
-მერე რას იზამ? – ჩაეკითხა ბარბარე. გული გამალებით უცემდა მკერდში. შეეშინდა უცებ რატომღაც.
-ისე ვიზამ, რომ ტრაკი ვეღარ გაანძრიოს. – უპასუხა შერვაშიძემ. – ვუჩვენებ როგორც უნდა. მომიცილებია მაგისთანები.
-რა უნდა? – დაიჩურჩულა ბარბარემ. თავი მოატრიალა, ნიკოლოზის პროფილს ახედა. წარბები შეეკრა ახალგაზრდა კაცს, მის ფონზე ბარდნიდა.
ის სურათი გაახსენდა ბარბარეს, ბედიანიძემ რომ მოუტანა, შერვაშიძის გამოსახულებას თავზე რომ დაჰკრა თითი.
ტანში გააცია.
-ხომ იცი, მამაჩემი ვინცაა? – თქვა ნიკოლოზმა. თავი ოდნავ დაუქნია ბარბარემ. – გაქნილი ვინმეა. მტრები ჰყავს. პარტიის ლიდერია… ყველაფერს იზამენ, ეს სირები ყველგან გაძვრებიან, რომ ჩამოაგდონ. ჰოდა გამრიეს ამ სიბინძურეში… ჩემზე და დედაჩემზე თუ გაიგეს და გამოაჭენეს პრესაში ამბავი, ხელისუფლებაში გარანტირებულია გადატრიალება. მე კიდევ მაგრად მკიდია ეს ყველაფერი და არ მინდა მომნახონ ამ დედამოტყნულებმა.
-მითხრეს, რომ უამრავ ცუდ რამეში ხარ გარეული. – ანის სიტყვები წამოუტივტივდა გონებაში ბარბარეს. მაგრად მოუჭირა ნიკოლოზს მარჯვენა ხელზე თითები, როცა იგრძნო, თუ როგორ დაიძაბა ახალგაზრდა კაცი. – ვიცი, რომ ძარცვავ ხალხს. ნარკოტიკებიც შემოგაქვს…
-შემომქონდა. – თქვა ნიკოლოზმა. – ადრე. ისეთი, რომ დაგაგდებდა, თან ძალიან ბევრი. ახლა აღარა.
-არ გეშინოდა? რომ დაგიჭერდნენ? – ჰკითხა ბარბარემ. გამალებით ფიქრობდა. ეს ყველაფერი უკვე იცოდა ნიკოლოზზე, მაგრამ მაინც სხვა იყო მისი პირიდან ამის გაგონება, მისთვის კიტხვების დასმის საშუალება. თითქოს ფურცელი გადაშალა შერვაშიძის ცხოვრების წიგნში და კითხულობდა გაშიშვლებულ სიტყვებს.
-არ მქონდა შიშის დრო. – მიუგო შერვაშიძემ. სიცივე ჩასდგომოდა ხმაში. – არც უფლება მქონდა. მე იმ საქმეზე ვიყავი დამოკიდებული, და სხვები ჩემთან ერთად.
ცოტა ხანი გაჩუმდა, ღრმად სუნთქავდა. მას უსმენდა ბარბარე, გრძნობდა, რომ არ დაემთავრებინა სათქმელი და სიტყვებს კრეფდა თითქოს.
-ვიცი, რომ ერთ დღესაც დამიჭერენ. – თქვა შერვაშიძემ. კუნთები დაეძაბა ყბაში. -დედაჩემს მოვატყუე, აღარ მოვალ ციხეში მეთქი. მივალ. და ალბათ ისე გამომკეტავენ იქ, როგორც მას. ოღონდ მასზე დიდხანს ვიქნები იქ. ალბათ ამომალპობენ კიდეც საკანში.
-და ეგუები მაგას? – ჰკითხა ბარბარემ. მუცელზე მოხვეული ხელის მაჯაზე მაგრად მოუჭირა თითები. წარმოიდგინა, თუ როგორ გამოჰკეტავდნენ ნიკოლოზს ციხეში, ძალიან, ძალიან დიდი ხნით, სანამ ეს ძლიერი, გამოზომილი გულისცემა არ მისუსტდებოდა, სანამ სიცხე არ მოაკლდებოდა მის შეხებას.
მზის, ახლა რომ უვარვარებდა მუცელში, კვდომა წარმოიდგინა. შეაჟრჟოლა, მომენტალურად გადაფითრებულს.
-არა. – თქვა ნიკოლოზმა. – ვერა. მაგრამ ვეღარაფერს ვეღარ შევცვლი. შორს შევტოპე და ვეღარ გამოვალ. ამიტომ ველოდები.
ბარბარემ აღარაფერი უპასუხა. წარბშეკრული გაჰყურებდა ხედს.
ბურანი გადაეფარა თითქოს თვალებზე, მზერა აემღვრა.
-შემცივდა. – თქვა მან, იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ სციოდა. – შევიდეთ სახლში.
შერვაშიძემ მაგრად მოუჭირა მკლავები, მისი ცხელი სუნთქვა მოედო ყელზე ბარბარეს.
მერე კი მოშორდა, უკან დაიწია. ისე სწრაფად იგრძნო სუსხი ბარბარემ, რომ მთელი სხეული შეუხტა კანკალისაგან. სწრაფად მიჰყვა ნიკოლოზს უკან, როცა მან ოთახში შეაბიჯა, ზურგსუკან მოიკეტა კარი.
ქუჩაში გაქროლებული მანქანისა სინათლე გადაუვიდა შერვაშიძეს სახეზე, როცა ბარბარეს მოუბრუნდა.
-ვჭამოთ რამე. – თქვა მან და გაიღიმა, როცა ბარბარემ თავი დაუქნია.
გოგონა შეჰყურებდა, მის ღიმილს იმახსოვრებდა. დღეს ალბათ პირველად ნახა ნამდვილი, თვალებს მიწვდენილი ღიმილი ნიკოლოზისაგან.
სამზარეულოსაკენ გაუძღვა ნიკოლოზი. შუქი აანთო, ყველანაირად მოწყობილ სამზარეულოში შეაბიჯა. ინტერესით მოათვალიერა ბარბარემ იქაურობა, სანამ ნიკოლოზი რაღაც კონსერვებს აწყობდა თაროებიდან. მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი და მარმარილოს დახლი, ყველაფერი ახალი და მოვლილი მოჩანდა.
ანდა უხმარი. ხშირად ხომ არ იმყოფებოდა ნიკოლოზი აქ.
საკუთარი გაცვეთილი, მაგრამ მის მიერ მუდამ დაწმენდილი სამზარეულო გაახსენდა ბარბარეს, სადაც მუდამ ეწყო ჭურჭელი, ჩაის ჭიქები, გაზზე ქვაბები, კუთხეში ხახვებისა და ნივრების აცმა.
ეს სამზარეულო მდიდრული ჩანდა. მაგრამ ცარიელი, უპერსონო, თითქოს არავინ ცხოვრობდა აქ.
შემოსასვლელიც ასეთივე იყო.
შერვაშიძეს მიაშტერდა ბარბარე. გული მოეწურა მკერდში.
მიკროტალღურ ღურმელში გააცხელა რამდენიმე კონსერვი ნიკოლოზმა, მაგიდაზე თეფშები დააწყო, ბარბარეს ამოხედა, როცა კონსერვები გახსნა. გოგონამ თვალი გაუსწორა, აზიდულ წარბებსა და შუშისებრ თვალებში ჩახედა, ახლა რომ ასეთი ცნობისმოყვარეობით მიშტერებოდნენ, სანამ მისი ხელები ბარბარესათვის თეფშში აპირქვავებდნენ კონსერვს.
რატომღაც გაეღიმა. სითბო გაუღვივდა მკერდში, მაგიდას მიუჯდა, შერვაშიძის მოწოდებული კოვზი ამოურია რაღაც სქელ, უცნაურ სუფში, ბრინჯი, ცოტა მწვანილი და ხორცის ნაგლეჯები რომ დაცურავდა შიგნით.
თუმცა ამწუთას მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას მისთვის. გემრიელად მოხვრიპა, დღე-ღამის დამშეულმა.
გვერდით მიუჯდა ნიკოლოზი, თვითონაც გასინჯა.
-აუ, ეს რა ყლეობაა, ტოოო…. – წასცდა მას და ძალაუნებურად სიცილი აუტყდა ბარბარეს. მართლაც საზიზღრობა იყო ეს დაკონსერვებული სუფი. – მაგას როგორ ჭამ, გაფიცებ რა… სხვა რამე მაინც მქონდეს…
-ამაზე გემრიელი არაფერი მიჭამია ჯერ, – თქვა ბარბარემ, კიდევ ერთი კოვზი შეჭამა და ნიკოლოზს გადახედა, მის მოღუშულ სახესა და შეკრულ წარბებზე ხელახლა აუტყდა ისტერიული სიცილი, ძლივს ამოისუნთქა.
-ოცდაოთხი საათი რომ არაფერს ჭამ, ყველაფერი უგემრიელესია. – ჩაიღიმა მან. საშინელება იყო სუფი, მაგრამ გამომხმარ კუჭს უვსებდა ბარბარეს, ამწუთას კი ამის მეტი აღარაფერი უნდოდა.
სიჩუმეში, სწრაფად მორჩა თავის წილს, დამშეული.
ის იყო, კოვზი გადადო და ტუჩები მოილოკა, რომ ცარიელი თეფში აართვა ნიკოლოზმა, საკუთარი წილი მიუწია მას. ბარბარემ გადახედა, გაკვირვებით, მერე კი გაეღიმა.
-აღარ გინდა ამ საზიზღრობის ჭამა? – თქვა მან. ნიკოლოზს ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა, რაღაცნაირად, დაჟინებით ჩაშტერებოდა, თავი გადააქნია.
-ჭამე. – თქვა მან, თეფშზე მიუთითა. – მთლიანად.
ბარბარეს ცხვირიდან წასკდა ქშენა, ტუჩი მოიკვნიტა. ხმა წაერთვა, გული უბრაგუნებდა მკერდში და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეთქვა.
მალევე მორჩა მეორე ულუფასაც და ხვნეშით გადაიხარა უკან, დანაყრებული.
მაცივრიდან წყლის პატარა ბოთლი გამოუღო ნიკოლოზმა და სანამ ბარბარემ ხარბად მოათავა თითქმის ნახევარი, თეფშები ჩაალაგა ნიჟარაში.
მერე კი იდგა იქ, დახლზე ხელებით დაყრდნობილი, თეთრი ოქრო უბრწყინავდა არათითზე, სანამ ბარბარემ სული მოითქვა, სველი პირი სახელოთი მოიწმინდა.
-გინდა დაიბანო? – ჰკითხა მან. წამიერად მიაშტერდა ბარბარე სამზარეულოს თეთრ სინათლეზე მოპრიალე შუშისებრ თვალებში და უყოყმანოდ დაუქნია თავი.
რაღაცამ გასცრა თითქოს. მართლაც სულაც არ ერიდებოდა შერვაშიძის. არ გრძნობდა აქ ჩვეულებრივ სტუმრად თავს.
უცნაური, გაუგებარი გრძნობა იყო.
თითქოს უარი უნდა ეთქვა ასეთ რამეზე, წესითა და რიგით. გულშიც არ უნდა გაევლო ალბათ.
მაგრამ მაინც აძლევდა ამდენის უფლებას საკუთარ თავს. წამიერად პანიკამ გაუელვა, სანამ შერვაშიძეს მიშტერებოდა. მაგრამ მხოლოდ წამიერი იყო ეს.
სააბაზანოსაკენ გაუძღვა შერვაშიძე.
პირდაპირ საწოლ ოთახს უერთდებოდა. წამიერად ჰქონდა მხოლოდ ბარბარეს საშუალება, რომ ნიკოლოზის მუქი ზეწრებით დაფარული ლოგინისათვის შეევლო თვალი, ფანჯრიდან მომავალი სინათლე რომ ეღვრებოდა.
შარვალი, მაისური და სუფთა პირსახოცები მისცა შერვაშიძემ.
სააბაზანოს კარი არ ჩაუკეტავს ბარბარეს, როცა ტანსაცმელი გაიძრო და ცხელ შხაპში შეაბიჯა. არც კი მოსვლია აზრად.
სწრაფად დაიბანა. საშინლად ეძინებოდა.
შერვაშიძის შამპუნი და საპონი გამოიყენა. ახალგაზრდა კაცის ტყიური სურნელი დატრიალდა მის გარშემო, და ისეთი სიძლიერით აუვარდა თავში, რომ ბარბარეს ცხელი წყლისათვის უნდა შეეყუდებინა სახე გამოსაფხიზლებლად.
მალე მორჩა, აჩქარებით გაიმშრალა. ნიკოლოზის შარვალი და მაისური ჩაიცვა.
ოქროს ბეჭედი გაიკეთა არათითზე. გრძელ სახელოებს დააშტერდა, თითქმის რომ უფარავდა თითებს.
ორთქლი დამდგარიყო სააბაზანოში. ბარბარემ დიდი, ყოველი გვერდიდან განათებული სარკე გადაწმინდა. საკუთარ თავს დააცქერდა.
ლოყები შესწითლებოდა მის ანარეკლს. ცოცხალი თვალებით იყურებოდა, სიცხისაგან ტუჩები უღუოდა ვარდისფრად.
სულ სხვანაირი იყო. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა ბარბარეს.
სააბაზანოდან რომ გამოაბიჯა, ნიკოლოზი საწოლზე ჩამომჯდარიყო, ხელში პირსახოცები ეჭირა. წამსვე ახედ-დახედა ახალგაზრდა კაცმა, ფეხზე წამოდგა.
ერთმანეთს უყურებდნენ. სააბაზანოდან მომავალი შუქი ეფინებოდა შერვაშიძეს, მომწვანო თვალებში სინათლე ჩაუდგა თითქოს.
რაღაც დამძიმდა ოთახში, რაღაც ჩამოწვა, მძიმე, სუნთქვის შემკვრელი, მაგრამ ამავდროულად უმასო.
ძლივს, კანკალით ამოისუნთქა ბარბარემ. გული უბრაგუნებდა მკერდში.
-მეც გადავივლებ. – თქვა უცებ შერვაშიძემ, თვალი აარიდა, ლოგინისაკენ გადაიხედა. – დაწექი შენ და ტელევიზორს უყურე, თუ გინდა.
თავი დაუქნია ბარბარემ. ერთმანეთს ჩაუარეს, გოგონა სასწრაფოდ აცოცდა ლოგინზე, სააბაზანოსთან მიახლოებულ შერვაშიძეს გადახედა, სუნთქვააჩქარებულმა.
-დაგელოდები. – თქვა მან, კინაღამ წაუვიდა ბოლო მარცვალზე ხმა. შერვაშიძე წამიერად შეყოვნდა, შეყანყალდა ადგილზე. სუნთქვა შეეკრა ბარბარეს.
მერე კი სააბაზანოში შევიდა ნიკოლოზი, კარი მოიკეტა.
საწოლის ზურგს მიეყუდა ბარბარე. ბალიში ამოიდო ზურგში, საბანი გადაიფარა და ტუმბოზე გადადებულ გადამრთველს სწვდა.
თითქოს არ ნერვიულობდა. თითქოს არც აღელვებდა არაფერი, მაგრამ ხელები უკანკალებდა.
ტელევიზორი ჩართო. ფერადი სინათლე და ხმადაბალი ლაპარაკი მოეფინა ოთახს.
მალევე გაიგონა სააბაზანოდან წყლის შხაპუნიც.
უაზროდ უყურებდა რაღაც უაზრო გადაცემას.
ვერაფერზე ვერ ფიქრობდა, იმდენად არეოდა გონება. მხოლოდ და მხოლოდ ის ესმოდა, რომ ახლა ამ ფაქტიურად უცხო კაცის ბინაში იყო, მის ლოგინში, მისი საჭმელი მიირთვა, მისი ტანსაცმელი ეცვა.
მაგრამ ყველაზე საშინელი და დამაფრთხობელი ის იყო, რომ მას ელოდა. გული ყელში შეუკავდა ბარბარეს, თვალებგაფართოებულს.
დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი.
სააბაზანოდან გამოაბიჯა ნიკოლოზმა. მკლავებზე მოჭრილი მაისური და შარვალი ეცვა. სველი თავი შეიბერტყა ძაღლივით და საწოლზე წამოგორდა, ბარბარეს გვერდით.
გოგონა უყურებდა, სანამ მან ტუმბოზე გადადო მობილური ტელეფონი. მის ბეჭებს მიაშტერდა, რომლებზეც გამოსახული სვირინგის, ვერძის რქათა ნაწილი მოჩანდა მაისურში.
-ვერძის თავი რატომ? – ჰკითხა ბარბარემ. ნიკოლოზი მოტრიალდა, წარბებაწეული დააშტერდა, ტელევიზორის სინათლე აუთამაშდა სახეზე. ჩაიფრუტუნა, ოდნავ გაეცინა.
-ჰოროსკოპით ვერძი ვარ. – თქვა მან, ხვნეშით მიეყუდა საწოლის ზურგს. – ექვსი წლის წინ გავიკეთე, სანამ… – თვალები გაუშტერდა, გაუცივდა, რაღაცას მიშტერებოდა უაზროდ, თითქოს იხსენებდა. – სანამ იმ ნაბიჭვრებს დავდებდი სულზე.
-ვერძი ძლიერია. – თქვა ბარბარემ.
-ჰო, ეგრეა. – მიუგო ნიკოლოზმა, ფეხები საბნის ქვეშ შეჰყო, მისკენ გადმობრუნდა, ახლოს მოჩოჩდა. – სიძლიერის, ინიციატივისა და ლიდერობის სიმბოლოა. – მან გაიცინა. – მეგონა, ეს ტატუ გამბედაობას, სიძლიერეს მომცემდა. მეგონა, რომ რაღაც დიდ, სიმბოლურ საქმეს ვაკეთებდი ამის გაკეთებით.
-არ აკეთებდი? – ჰკითხა ბარბარემ. ნიკოლოზმა ამოხედა, ოდნავ მოეჭმუხნა სახე.
-არ ვიცი. – თქვა მან. – ახლა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ერთ დროს ისეთი ვიყავი. რომ ნიშნების მჯეროდა. რომ საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული. იმის ნიშანია, რომ აღარ განმეორდება ის ყველაფერი.
-ძლიერი არ გეგონა საკუთარი თავი? – იკითხა ბარბარემ. საბანში მაგრად ჩაახვია თითები.
-არ მეგონა. – თქვა ნიკოლოზმა.
-სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ სისუსტეთა კარგი შენიღბვაა. – ჩაილაპარაკა ბარბარემ. – შენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ, ნიკოლოზ. – თითქმის ჩურჩულით თქვა ბოლო სიტყვები.
არაფერი უთხრა ნიკოლოზმა. ახლოს მოიწია მისკენ, ბარბარე ქვემოთ დაქაჩა, კისრის ქვეშ შეუცურა მკლავი. სუნთქვა შეუკრთა ბარბარეს, როცა კეფაზე მოჰკიდა ხელი ნიკოლოზმა, მერე კი მოტრიალდა, ზემოდან მოექცა.
კარგად ვერ ხედავდა ბარბარე მის სახეს, მაგრამ ხედავდა, თუ როგორ უელავდა მას შუშისებრი თვალები. რაღაც მოაწვა მუცელში, ისევ გაღვივდნენ მასში მზეები.
ნიკოლოზი დაიხარა, მის სხეულზე ამოცურდა თითქოს, ყელში ჩაურგო სახე, ჯერ მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო აკანკალებულმა ბარბარემ, მერე კი მისი ტუჩების შეხება და ბოლოს კბილებით ჩააფრინდა შერვაშიძე.
გაუცნობიერებლად მხრებზე სტაცა ბარბარემ ხელი. თვალებგაფართოებული, პირდაღებული ღრმად სუნთქავდა და ვერ გაეგო, ხელი ეკრა მისთვის თუ უფრო ახლოს მოეზიდა.
ყელზე სველი პირით აკოცა შერვაშიძემ, მაისური ჩამოუქაჩა, ცხელი ენა გადაუსვა ლავიწის ძვალზე. სუნთქვა გაუხშირდა ბარბარეს, რაღაცამ იფეთქა მასში, თითქოს პაწაწინა სუპერნოვები განეცადათ მის მზეებს, მთელი ძალით მოჰქაჩა შერვაშიძის მაისური.
-აუ ჩემი… – ძლივს ამოისუნთქა ნიკოლოზმა, ხმა ჩახლეჩოდა, დაჟინებით ჩაჰყურებდა თვალებში. – რა ლამაზი ხარ, რა ლამაზი ხარ… რა ლამაზი იქნები, რომ გაგ-
სიტყვა შეუწყდა შერვაშიძეს, თითქოს რაღაც გაახსენდა, თითქოს თავს იკავებდა. მაგრამ მიხვდა მის სიტყვებს ბარბარე და თვალები გაუფართოვდა, მთელ სხეულში დაუარა ჟრუანტელმა.
კვნესა აღმოხდა, თავისდაუნებურად, როცა ბარძაყი შემოუცურა ფეხებშუა ნიკოლოზმა, და სწრაფად წამოიწია შერვაშიძე, ხელები სტაცა მაჯებში და ლოგინზე მიაკრა.
ბარბარეს სუნთქვა შეუკრთა. მის თავზე წამოყუდებულ სილუეტს ახედა, თვალებგაფართოებულმა.
ხმამაღლა ხვნეშოდა შერვაშიძე, ხედავდა ბარბარე, ტელევიზორიდან მომავალ შუქზე, თუ როგორ აუდიოდ-ჩაუდიოდა მას მხრების ზოლი.
ძალიან არ უნდოდა მოსჩვენებოდა.
მაგრამ მაინც მოეჩვენა, მაინც იგრძნო ტატოსა და ვაკოს ხელები. სხეული გაუშეშდა და დაეძაბა, თვალები გაუფართოვდა, თითქოს სიბნელე ჩამოუწვა მათში, თითქოს ისევ იმ მანქანის უკანა სავარძელზე იწვა, პირზე ხელს აფარებდნენ და მთელი ძალით ცდილობდა ეკივლა, გაკავებულს.
გაქვავდა ბარბარე. შიგნით გამოუშრა ყველაფერი. მზეები ჩაუკვდა.
თითქოს ჰაერში იგრძნო ცვლილება ნიკოლოზმა. ელვის სისწრაფით შეუშვა ბარბარეს ხელები, მოშორდა, ლოგინის მოპირდაპირე მხარეს გადაძვრა.
იწვა ბარბარე და ჭერს უყურებდა. ნიკოლოზის აჩქარებულ სუნთქვას უსმენდა და რაღაც უსიამოვნოდ წეწავდა მკერდში.
ძლივს გამოფხიზლდა.
შეკრთა, როცა მკვეთრი, ხმამაღალი რეპორტიორის ხმამ მომენტალურად შეცვალა ტელევიზორიდან მომავალი ხმადაბალი ლაპარაკი.
-და საგანგებო სიახლეების გამოშვება გატყობინებთ, რომ დღეს საკუთარი სახლიდან, თავართქილაძის ქუჩა თორმეტში, გაიტაცეს ოცდაერთი წლის ბარბარე ვარდოსანიძე… – იუწყებოდა რეპორტიორი. ბარბარე გაცივდა, გაშტერებული წამოვარდა, განცვიფრებული შეაშტერდა ეკრანს, რომელზეც მისი ფოტო გამოსახულიყო, ლამაზი, ქერათმიანი რეპორტიორის გვერდით, რომელიც ერთობ შეწუხებული სახით აუწყებდა მაყურებლებს ამ სიახლეს. – თვითმხილველის, გატაცებულის დედის თქმით, გამტაცებელი ერთი მამაკაცია, რომლის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია…
ეკრანზე ნიკოლოზის სურათი გამოისახა. მაგრამ ბუნდოვანი, სადაც თითქმის საერთოდ არ ჩანდა მისი სახე. სხეული აუკანკალდა ბარბარეს, პირი გამოუშრა.
-თვითმხილველთა თქმით, გამტაცებელი ატარებს შავ ტოიოტას, რომლის ნომერი ჯერ კიდევ უცნობია… გატაცებული გოგონას ოჯახი გამტაცებელზე ინფორმაციის მომწოდებელს დააჯილდოვებს…
-ეს რა ყლეობაა… – მოესმა ბარბარეს და ნიკოლოზისაკენ მიატრიალა გაფართოებული თვალები. ახალგაზრდა კაცი იჯდა, ერთიანად დაძაბული მიშტერებოდა ეკრანს. სახე მოეკრუნჩხა, ყბები დაეჭიმა. -იმ სირმა პოლიტიკოსმა ხომ? – მოუბრუნდა ბარბარეს. – ბედიანიძეა თუ ვიღაც ყლეა?!
-სხვა ვერავინ იქნებოდა… – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ. – საგანგებო გააშვებინა…
-ასე უცებ… ხვალაც გააშვებინებს… ფუ, ამის დედაც მოვტყან! იფეთქა უცებ ნიკოლოზმა. ნაკვთები მოენგრა. – ამის დედას შევეცი!
ქერათმიანი რეპორტიორი მაყურებლებს ემშვიდობებოდა.
-ეს მეორე გაფრთხილება იყო. – ამოთქვა ბარბარემ. – პირველი რომ არ მივიღე, მეორედ გვაფრთხილებს. – თავზარი დაეცა. – მესამედ ვინ იცის, რას იზამს.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. ტელევიზორში ისევ უაზრო გადაცემა გადიოდა.
.
-*-*-*-*-*-
დიდ, ოფისივით ოთახში შეაბიჯა გიორგი ბედიანიძემ. შეუჩერებლად მომუშავე პერსონალს გადაავლო თვალი, კმაყოფილმა.
-როგორაა საქმე? – დაიძახა მან. მომუშავეებმა კომპიუტერებიდან ასწიეს მზერა, მას შეაშტერდნენ.
-მიდის, ბატონო გიორგი! – წამოიძახა ერთმა, მობრუნდა, ყურსაცვამები მოიხსნა, ამობეჭდილი საბუთების დასტაზე მიუთითა ბედიანიძეს, დაუდევრად რომ მიეყარა მერხზე.
ბედიანიძემ სათვალე გაიკეთა, თვალი გადაავლო დოკუმენტებს, მოჭუტული, გამჭოლი თვალებით კითხულობდა.
-მოკლედ, „წითელი ღამის“ შემოსავალ-გასავალი ვნახე… – თქვა კაცმა. – სერვერში შევძვერი, და როგორც ველოდი, უზუსტობები ჰქონდათ… ძალიან საეჭვოდ ეწყოთ ფული, არ ემთხვეოდა არც ხალხის სიხშირეს, არც თამაშის სეზონს, არც არაფერს… ბევრი ფული ჰქონდათ შემოსავალი, მაგრამ არც ისე ბევრი, რომ ვინმეს ეჭვი აეღო. სხვა ორ კაზინოშიც იგივე… – კაცმა ცერი დაინერწყვა, საბუთები გადაფურცლა, რაღაცას ეძებდა. – და ბატონო გიორგი, გახსოვთ ის დიდი ნარკოტიკების საქმე, სამი წლის წინ რომ ჩაგვივარდა? – მომუშავემ ამაყი, კმაყოფილი სახით აღმართა ხელები, დოკუმენტებზე მიუთითა. – ერთგან ფული თითქოს ჩაუვარდათ… არ იდო საკმარისი. ამოღებული ნარკოტიკების საფასური ბაზარზე პროპორციულად ემთხვევა ჩავარდნილ თანხას.
ბედიანიძემ თავი დააქნია. გაიღიმა, კმაყოფილმა.
-ესაა. – თქვა მან, საბუთები ხელში შეათამაშა, დაჟინებით დაჰყურებდა ზედ. – სულ ცოტაც, სულ ცოტაც და ჩემი დროც მოვა.
მომუშავე გაიბადრა, კმაყოფილი, და სასწრაფოდ მიუბრუნდა კომპიუტერს.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-21
შეძრწუნებული წამომჯდარიყო ლოგინზე ბარბარე.
თვალებგაფართოებული მიშტერებოდა ნიკოლოზს, რომელიც მთელი სხეულით დაძაბულიყო, ტელევიზორს მიშტერებოდა, სადაც ათიოდე წამის წინ გადიოდა ბარბარე ვარდოსანიძის გატაცების ამბავი.
-ნიკოლოზ… – დაიჩურჩულა გოგონამ. რაღაც მძიმე და საშინელი სწიწკნიდა მკერდში, თვალწინ ჯერ კიდევ იმ ქერათმიანი რეპორტიორის სახე, მისი ფოტო და ნიკოლოზის ბუნდოვანი სურათი ედგა. გამალებით ფიქრობდა, სუნთქვააჩქარებული, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
მაგრამ ხვდებოდა, რომ კარგს არაფერს მოასწავებდა და ეს შიგნეულს უყინავდა, სუნთქვას უკავებდა ყელში.
ახალგაზრდა კაცმა სასწრაფოდ მისკენ მოატრიალა თავი, კანი გაფითრებოდა, თვალები უელავდა გიჟივით.
მერე კი ფეხზე წამოვარდა, ტუმბოზე გადადებულ ტელეფონს მისწვდა.
გული ყელში მოსწოლოდა ბარბარეს, გამალებული ფიქრებისაგან თავი უზუზუნებდა, სისხლი უგრიალებდა ყურებში. მაგრად ჩასჭიდებოდა გვერდზე დაფენილ საბანს, თითებმოკრუნჩხული.
-კრისა, ბიჭო… – თქვა ნიკოლოზმა ტელეფონში, ბოლთის დაცემა დაიწყო. – ნახე ეგ ყლეობა?
ბუნდოვანი, აჩქარებული ლაპარაკი მოესმა მთელი სხეულით დაძაბულ, აკანკალებულ ბარბარეს ყურმილიდან.
-სირი გგონივარ, ბიჭო? – იფეთქა ნიკოლოზმა, ისეთი ძალით, რომ ადგილზე შეკრთა ბარბარე, თვალებგაფართოებული მიაშტერდა. – რა მოვიტაცე, თან თვითმხილველთა წინ, ეგეთი დედამოტყნული ყლე  კი არ ვარ! ჩემი ქალია და თავისით წამომყვა, გაიგე?! რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ეგ რეპორტაჟი აღარ უნდა გავიდეს, გასაგებად ვლაპარაკობ?!
ნიკოლოზი შეყოვნდა წამიერად, დაძაბული, წარბშეკრული უსმენდა და თითქოს თვითონაც მაშინ შეძლო ამოსუნთქვა ბარბარემ. ფანჯრიდან შემომავალი თეთრი ღამის შუქი ეფინებოდა ახალგაზრდა კაცს სხეულზე და თვალებგაფართოებული, წარბშეკრული მიშტერებოდა გოგონა, არ სურდა მისი ნებისმიერი მოძრაობა გამოჰპარვოდა თითქოს.
-გასაგებად ვლაპარაკობ?! -დაიღრიალა მან და ტანში გასცრა ბარბარეს, მოიჭმუხნა, მაგრად დააჭირა ერთმანეთს ყბები. – მიშკას გადაურეკე და იგივე უთხარი!
ტელეფონი ყურიდან მოიცილა, ცისფერი სინათლე მოეფინა მის ნაკვთებდაჭიმულ, გაფითრებულ სახეს. ხელახლა გადარეკა სადღაც, ბარბარეს გადმოხედა, თვალი თვალში გაუყარა.
სუნთქვა შეეკრა გოგონას, უფრო მეტად ჩააჭირა თითები საბანში.
-როგორა ხარ, ტოო… – დაიწყო მან, ფანჯრისაკენ შებრუნდა. გაიცინა, ისე რადიკალურად შეეცვალა ტონი, თითქოს არც კი ღრიალებდა სულ ცოტა ხნის წინ. – მანქანამ გამიჭედა და მაგრად მინდა ახალი, დაბურულმინებიანი… – ნიკოლოზმა წამიერად მოუსმინა, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა. – მეღადავები, ტოო? რაც შეიძლება მალე… მადლობა, ძმაო…
ხმამაღლა ამოიხვნეშა ნიკოლოზმა, როცა კავშირი გათიშა, ლოგინზე ჩამოჯდა. მესამედ გადარეკა სადღაც. ოდნავ გადახრილიყო წინ, მაისურში უკეთესად გამოსჩენოდა სვირინგის რქები და მათ ქვეშ აყვავებული გრძელი ყვავილები.
მისკენ, თითქმის ქვეცნობიერად გადაჩოჩდა ბარბარე, მთელი სხეულით დაძაბულიყო და უსმენდა.
-ბიჭო, ვიღაცაზე უნდა გამიგო. – თქვა მან ტელეფონში, წინ გადაიხარა, თმაში გადაისვა ხელი. თეთრი ოქრო აუბრწყინდა არათითზე. – დეპუტატის მდივანია, გიორგი ბედიანიძე. ყველაფერი მოფხიკე… ერთი მაგარი ყლეა, უნდა დავძირო, მაგის დედაც მოვტყან… – ნიკოლოზმა დაიფრუტუნა, თავი გადააქნია და გული ჩასწყდა ბარბარეს შეშფოთებისაგან. – კაი, ბიჭო…
მან კავშირი გათიშა. ტელეფონი ტუმბოზე გადადო, იდაყვებით დაებჯინა მუხლებს და სახე მოისრისა.
უყურებდა ბარბარე, თუ როგორ აუდიოდ-ჩაუდიოდა ახალგაზრდა კაცს, თუ როგორ იჯდა, ბეჭებში მოხრილი, მთელი სხეულით დაძაბული, განერვიულებული.
საშინლად სწიწკნიდა რაღაც მკერდში.
სინდისი ქენჯნიდა რატომღაც, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, არ იყო ეს სიტუაცია მისი ბრალი.
თუმცა ალბათ იყო კიდეც. მის გატაცებაზე იყო აწყობილი მთელი საქმე. დედამისისათვის რომ უბრალოდ ეთქვა, მოეტყუებინა, რომ ნიკოლოზს აღარ შეხვდებოდა, ახლა არ იქნებოდა ამ სიტუაციაში, აღარ გამოჰკეტავდა დედა სააბაზანოში და აღარ მოუწევდა ნიკოლოზს, რომ მისთვის მოსულიყო.
და მისი გატაცების ეს ამბავი არ შეითხზებოდა.
თითოეული კუნთი ქვასავით გამაგრებოდა ბარბარეს, ძლივს სუნთქავდა, პატარა, ზედაპირული სუნთქვებით. ხვდებოდა, თუ რამდენად სერიოზული იყო ეს საქმე.
ბედიანიძეს სულაც არ აინტერესებდა მისი გატაცება. მან ნიკოლოზის მკვეთრი ფოტოც კი არ მიაწოდა მედიას, რომელიც ბარბარემ წინა ღამეს ნახა. მას უბრალოდ სურდა, რომ ეჩვენებინა მათთვის, თუ რისი გამკეთებელი იყო, თუ რა შეეძლო და რაზე წავიდოდა.
გონებაში ამოუტივტივდა მისი სიტყვები.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ნიკოლოზ შერვაშიძეს პასუხი მოსთხოვონ. ერთი დღეც მოვა, რომ მოგიწევთ მის წინააღმდეგ წახვიდეთ, და რაც მალე იზამთ ამას, მით უკეთესი.“
ნიკოლოზს გადახედა გოგონამ. უყურებდა მის მოხრილ, დაჭიმულ სხეულს, ჩარგულ თავს და იმის მიუხედავად, რომ რაღაც ხმა უყიოდა პროტესტის ნიშნად სადღაც, გონების კუნჭულში, ვერ წარმოედგინა მის წინააღმდეგ წასვლა. ვერ წარმოედგინა ამ ახალგაზრდა კაცის უარყოფა, მისთვის ხელის კვრა.
გააჟრჟოლა ბარბარეს, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
ალბათ მართლა გაგიჟდა. შეაშინა წამიერად საკუთარმა ფიქრებმა, ამ კაცის მიმართ გაჩენილმა ფიქრებმა, საკუთარმა აღელვებულმა მკერდმა.
არ უნდა ეფიქრა ასე. თითქოს ამას ებრძოდა ამდენი ხანი, თითქოს ამ უცნაურ შეგრძნებებს უარყოფდა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც შერვაშიძეს იცნობდა, მაგრამ ამ ერთ ღამეში, იმ წამიდან, როცა ნიკოლოზის ღრიალი გაიგონა ტელეფონში, თითქოს რაღაც მოხდა. რაღაცამ იცვალა პოზიცია, რაღაც გადატრიალდა მასში, რაღაცამ სული შეუბერა ნაპერწკალს და გააცოცხლა, ააგიზგიზა, სანამ მის ცეცხლში წვას არ გრძნობდა ბარბარე.
მაგრამ გადატრიალება აქამდეც მზადდებოდა. იქამდეც იყო იქ, ჩუმი, პატარა და ვითომდა უმნიშვნელო, მაგრამ უზარმაზარი პოტენციალით.
სწორედ ეს იყო საშიში. სწორედ ეს ზარავდა ბარბარეს.
ნერწყვი გადაყლაპა, ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში. უფრო ახლოს მიუჩოჩდა ნიკოლოზს, ფრთხილად, ყოყმანით შეახო ზურგზე ხელი, მხარზე გადაუსვა. კუნთები შეუთრთოლდა შერვაშიძეს, თითებზე სტაცა საკუთარი ხელი, მაგრად მოუჭირა.
-ნიკოლოზ… – ჩაილაპარაკა ბარბარემ, ხმა ჩახლეჩოდა. მისი ხელის ასეთ სწრაფ, თითქოსდა მოუთმენელ, სასოწარკვეთილ შეხებაზე აინთო და გაღვივდა კიდევ ერთი მზე მასში, მისმა სითბომ მოიცვა, სიცივით გათანგული. – ახლა რა გავაკეთოთ? – ძლივს ამოილუღლუღა მან.
შერვაშიძემ ოდნავ მოაბრუნა თავი, მერე კი მთელი სხეულით მოტრიალდა, პირდაპირ ბარბარეს წინ აღმოჩნდა. შუშისებრ თვალებში გაფაციცებით ჩახედა ბარბარემ, იქ ეძებდა პასუხებს.
-რა უნდა გავაკეთოთ? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ნიკოლოზმა. ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა მისთვის, გვერდიდან ტელევიზორიდან მომავალი ფერადი შუქი ეღვრებოდა და თვალებს უპრიალებდა.
-არ ვიცი. – ამოღერღა ბარბარემ. მოელვარე თვალებში ჩაჰყურებდა, მისი ჩვეულ, მომწვანო შუშისებრ მზერას უყურებდა და გამალებით უცემდა გული მკერდში. – ვიცი, რაც უნდა… უნდა, რომ გამომიტყუოს აქედან… ასე მგონია, რომ უფრო და უფრო აგრესიულ მეთოდებზე გადავა, თუ იმას არ მიიღებს, რაც უნდა… მითხრა, რომ დრო მოვა და მის წინააღმდეგ წასვლა მოგიწევსო. მაგრამ კიდევ ერთი დანაშაული…
-ეს არაფერია. – თქვა ნიკოლოზმა. სიმწრის ღიმილი გამოეხატა სახეზე. – მე საკმარისი მაქვს გაკეთებული იმისათვის, რომ სამუდამო მომცენ. გატაცება დაემატება თუ არა, აზრი არა აქვს… ეგ სირი თუ ყველაფერს გამოძებნის, ამის გარეშეც იოლად ამომალპობს ციხეში.
ბარბარეს ყელში კუნთები დაეჭიმა. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, მთელი ტანით აკანკალდა, თვითონაც კი ვერ გაეგო, რისგან. წარბშეკრული, ერთიანად არეული მიშტერებოდა ნიკოლოზს და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეთქვა, რა უნდა ეგრძნო. დაუოკებელი ზღვა უღელავდა თითქოს შიგნით და ყოველ ახალ აგორებულ ტალღასთან ცალკე ემოცია მოჰქონდა, რომლებიც ბოლოს ისე ერეოდნენ ერთმანეთს, რომ ვერ გაეგო ბარბარეს, მრისხანება იყო ეს, ზიზღი თუ სასოწარკვეთილება.
ნიკოლოზს სახე მოულბა. მომენტალურად მოეშვა თითქოს ნაკვთები, წამიერად ყველაფერს შეგუებულ პიროვნებას დაემგვანა და ამან შეაშინა ბარბარე.
-მე რომ კარგი პიროვნება ვიყო… – დაიწყო შერვაშიძემ, ღრმად ამოისუნთქა, ტუჩის კუთხე შეუკრთა. – ახლავე გაგიშვებდი სახლში. გაგიშვებდი, აღარც გამოვიხედავდი შენსკენ. ნანახი გაქვს, რა წუმპეშიც ვარ, რა ყლეც ვარ… – მან ღრმად ამოისუნთქა, გოგონას მეორე ხელი გამოუწოდა.
არც კი დაფიქრებულა ბარბარე, ისე გაიწვდინა ხელი და გამოწვდილ ხელისგულში ჩაუდო ნიკოლოზს, მაგრად მოუჭირა გამხდარი, ფერმკრთალი თითები. ცერი ხელის ზუგზე გადაუსვა შერვაშიძემ, მისი სითბო თითქოს ხელში ჩაეჭიდა, აცოცდა ნელ-ნელა, წინამკლავსა და მკლავზე, სხეულში ჩაეღვარა.
ოქროს ბეჭედზე გადაუსვა შერვაშიძემ ცერი, გაფართოებულ თვალებში, ერთიანად დაჭიმულ სახეში ჩახედა.
– მაგრამ ახლა თუ გაგიშვი, ვეღარც გნახავ. ამას კი… – შერვაშიძე შეყოყმანდა, სახე მოემანჭა. – ამას კი ვერ ავიტან.
მკერდში გული უბრაგუნებდა ბარბარეს. თითქოს პირიდან გლეჯდნენ ნიკოლოზს ამ სიტყვებს ნიკოლოზს. ხედავდა, თუ როგორ უჭირდა მათი თქმა და გული ეწურებოდა.
უცებ თვალები აუპრიალდა შერვაშიძეს. ოდნავ გაეღიმა.
-მე კი არა, შენ ყოფილხარ შხამი. – თქვა მან, ღიმილით. – მომშხამე, მომწამლე, და ვეღარაფრით გცილდები.
თავისდაუნებურად სიცილი წასკდა ბარბარეს, როცა საკუთარი სიტყვები გაიგონა ნიკოლოზის პირიდან.
ალბათ სიმართლეც იყო.
სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ მათი სუნთქვა, საკუთარი გულისცემა და სისხლის ძარღვებში შხუილი ესმოდა ბარბარეს, საკუთარ პაწაწინა სამყაროში მოქცეულიყვნენ თითქოს. ტელევიზორის შორეული ბუტბუტი თითქოს ასი კილომეტრის იქით იყო.
-ამ ბოლო დროს… – განაგრძო ნიკოლოზმა, სახე შეეცვალა. – უფრო ხშირად მესიზმრება, როგორ მკლავენ. როგორ მახლიან თავში ტყვიას.
გაშრა ბარბარე. ყინულივით ჟრუანტელმა დაუარა ზურგში, თითქოს გაუქვავდა შიგნეული.
შეზარა ნიკოლოზის სიტყვებმა. წარმოდგენა არ სურდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, არ ემორჩილებოდა გონება.
წარმოიდგინა, თუ როგორ გაიშვერდნენ ლულის სიბნელეს ნიკოლოზის თავისაკენ. როგორ დაახლიდნენ ტყვიას შუბლში, როგორ ჩაქრებოდნენ ახალგაზრდა კაცის შუშისებრი თვალები, როგორ გადმოუგორდებოდა ნატყვიარიდან სისხლი და როგორ მოემჩვარებოდა მთელი სხეული.
როგორ გაუჩერდებოდა გულის ის გამოზომილი, უტყუარი ცემა, როგორ სასტიკად ხელყოფდნენ იმ პულსს, რომელსაც მის მაჯაში გრძნობდა გოგონა.
გააჟრჟოლა. გაცივდა.
-ხომ გითხარი… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – შენი გარემოცვის და სტრესის ბრალია…
შერვაშიძე უყურებდა, წარბშეკრული, კუნთები უტოკავდა ყბებში. იცოდა ბარბარემ, რომ არ ეთანხმებოდა ახალგაზრდა კაცი მის სიტყვებს, მაგრამ არ იცოდა, თუ სხვა რა ეთქვა. უკეთეს ახსნას ვერ ჰპოვებდა ამ შემაძრწუნებელი სიზმრებისათვის.
-ფეხებზე მეკიდა მაგრად.  ხომ გითხარი, არ მეშინია, რადგან ვიცი, რანაირადაც იქნება, მე მზად ვარ. მაგრამ… – ღრმად ამოისუნთქა შერვაშიძემ, დაჟინებით მიშტერებოდა ბარბარეს. მისი მზესავით მოვარვარე ხელებიდან ტალღად გადადიოდა სითბო ბარბარეს გაციებულ სხეულში. – სიკვდილი არ მინდა.
ისე ხმადაბლა თქვა შერვაშიძემ სამი ბოლო სიტყვა, ასე ახლოს რომ არ მჯდარიყო ბარბარე, ვერაფერს გაიგონებდა. დაიძაბა გოგონა, გაოგნებული მიაშტერდა.
-რა თქმა უნდა არ მოკვდები… – ძლივს ამოილუღლუღა მან, როცა ბოლოს და ბოლოს იპოვა მუცელში ჩავარდნილი ხმა. თვალებში დაჟინებით ჩაჰყურებდა ნიკოლოზს, ცდილობდა საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული გამოჩენილიყო. – უბრალოდ სიზმრებია ეგენი…
-შენ რა, მპირდები? – გაეცინა შერვაშიძეს.
-ჰო, გპირდები, აბა რა. – ამოიხავლა ბარბარემ, გაღიმება სცადა, მაგრამ იცოდა, რომ სახე მოემანჭა მხოლოდ. – გპირდები, რომ არ მოკვდები…
რაღაც წამოუტივტივდა მკერდში, ერთიანად გაუვსო, გაუბერა, ვეღარ სუნთქავდა, ცოტაც და გასკდებოდა თითქოს. თვალები აემღვრა, ნიკოლოზის შუშისებრი მზერა ბუნდოვანი გახდა. ცალი ხელი ასწია, მის მხარზე ააცურა. კისერზე მოუსვა თითები პაწაწინა თმებს და ახლოს მოიზიდა შერვაშიძის გაწეწილთმიანი თავი.
წამსვე დაჰყვა ნიკოლოზი, ყელში ჩაურგო თავი და მაგრად მოხვია მკლავები.
მზეები გაღვივდნენ, გაცოცხლდნენ, ამოისუნთქეს. თითქოს დამშვიდდა ბარბარე. დაეხუჭა ამღვრეული თვალები მაგრად, უბრალოდ საკუთარ და მის მკერდზე აკრულ შერვაშიძის გულისცემას უსმენდა და გრძნობდა.
მოჰქაჩა ნიკოლოზმა, და მასთან ერთად წამოწვა ლოგინში ბარბარე. მკლავი გამოიწვდინა შერვაშიძემ, და მის მხართან დადო თავი გოგონამ, გვერდში მიეკრო ახალგაზრდა კაცს. თითქოს ახლა იგრძნო გადამხდარისა და ემოციური მღელვარებისაგან გასავათება, ძლივს მოითრია საბანი ახლოს და მათ სხეულებზე გადააგდო.
საბნიდან ამოსწია მკლავი ნიკოლოზმა, გვერდში ამოუკეცა ბარბარეს. თავზე შეახო ცხვირი, მისი თმის სურნელი შეისუნთქა.
უცებ შეთბა ბარბარე. ამღვრეული თვალები გაახილა, მის გვერდით ნიკოლოზის მკერდს გადახედა, გამოზომილად რომ იწეოდა და ეცემოდა, ტელევიზორის სინათლით მოცული.
ჩუმად იწვნენ ცოტა ხანი. უაზრო გადაცემის ჩუმი ბუტბუტი ისმოდა უკანა ფონზე.
-გამოვრთო ტელევიზორი? – ჰკითხა ჩუმად ნიკოლოზმა. მისი ხმის გუგუნი იგრძნო ბარბარემ მისი მკერდიდან. ჟრუანტელმა დაუარა.
-არა, იყოს. – საპასუხოდ გადაუჩურჩულა მან, მისკენ მიბრუნდა, შერვაშიძის მკერდში ჩარგო თავი.
ნიკოლოზმა მკლავი შემოხვია მხრებზე.
ტელევიზორის ჩუმი ბუტბუტისა და შერვაშიძის გულისცემაზე მოემჩვარა სხეული ბარბარეს.
ნაზად, თბილად ღუოდა მზე მასში.
-*-*-*-*-*-*-
დიდ, ოფისის მსგავს ოთახში ცოფებს ყრიდა ბედიანიძე.
-რას ქვია, ვერ გაუშვებს?! – ჩაჰყვირა მან ტელეფონში. – წნაღის ტელევიზიას მივაკითხო აბა? ღამე გაუშვას, ოღონდ გაუშვას!
კავშირი გათიშა ბედიანიძემ, სკამში ჩაეშვა მძიმედ. გამალებით ფიქრობდა, გამწარებული.
მზერა ასწია, როცა მომუშავეთა თვალები იგრძნო. მომუშავეებს ეკრანებიდან აეწიათ თავები, წარბებაწეულნი, გაკვირვებულნი შეჰყურებდნენ.
ღრმად ამოისუნთქა კბილებდაკრეჭილმა ბედიანიძემ. ასე არ უნდა დაეკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, სახესაც დაკარგავდა და რეპუტაციასაც.
-საქმეს მიხედეთ! – დაიყვირა მან, მკაცრად გადახედა დარბაზს. მომუშავეებმა წამსვე დახარეს თავები, თავიანთ კომპიუტერებს მიუბრუნდნენ.
ბედიანიძე კი წამოდგა, ბოლთას სცემდა, ნიკაპზე მიეჭირა თითები, და გამალებით ფიქრობდა.
ნიკოლოზ შერვაშიძე იმაზე რესურსიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. რეპორტაჟის გაშვებიდან რამდენიმე საათში შეატყობინეს, რომ ვეღარ გაუშვებდნენ, რომ უბრალო გატაცების საქმე, რომელიც ჯერ დამტკიცებულიც კი არ იყო, პოლიციას უნდა გადასცემოდა და არა მედიას. ისე მოაჩვენეს თავი, თითქოს ყალბ ამბებს ვერ გაუშვებდნენ.
მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ  ბინძური ტყუილი იყო, ხვდებოდა ამას ბედიანიძე. მხოლოდ და მხოლოდ იმის შენიღბვა, რომ კიდევ ვიღაც ფარცხავდა ამ საქმეს, ვიღაც ცდილობდა, რომ დაემალა.
და ეს ვიღაცა ნიკოლოზ შერვაშიძეზე მეტი ვერავინ იქნებოდა.
ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ ანასტასია შერვაშიძის ციხეში ყოფნა, შერვაშიძის კაზინოს მიერ ნარკოტიკების ფულის გათეთრება და კიდევ რამდენიმე მსხვილი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდო საქმე ჰქონდა დაკავშირებული შერვაშიძესთან. ეს კი საკმარისი არ გახლდათ, მეტი იყო საჭირო, მეტი ფურორი, მეტი გადატრიალების პოტენციალი.
კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ბედიანიძემ, ფანჯარას მიადგა, გარეთ გადახედა თეთრად გადაბარდნილ გარემოს.
ძალიან უნდოდა, რომ ეს საქმე მოეგო.
ნიკოლოზ შერვაშიძე კრიმინალური ბანდის მმართველი, ფულის გამთეთრებელი და ნარკოდილერი იყო, მინიმუმ. და სურდა ბედიანიძეს, რომ იგი გისოსებს მიღმა ენახა.
მაგრამ ასევე ეს ამბავი პერსონალური გახდა უკვე. ყველაზე დიდ ტელევიზიებში მისი საგანგებო რეპორტაჟის არგაშვებით უშუალოდ მას დაუპირისპირდა შერვაშიძე.
ამ საქმის გამოძიება და მთავარი პარტიის გადაგდება უზომოდ აამაღლებდა. საინტერესო იყო უკანა ფონიდან მუშაობა, მაგრამ მთელი მისი ნამუშევარი, მთელი მისი ნაწვალევი მის უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურ უფროსს ეთვლებოდა. უკვე მომაბეზრებელი გახლდათ.
გიორგი ბედიანიძე იმსახურებდა იმას, რომ ყველას დაენახა მისი პოტენციალი. სურდა მისი უნაკლო ნამუშევარი მხოლოდ და მხოლოდ მას მისწეროდა და სხვას არავის.
კაზინოსთან მიაჩინა რამდენიმე მზვერავი ბედიანიძემ უკვე ორი დღის წინ. დავალება მისცა, რომ ყველგან გაჰყოლოდნენ შემომავალ და გამომავალ, პოტენციურ ბანდის წევრებს.
მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა. ნიკოლოზ შერვაშიძის შავი ტოიოტა, ადრე რომ რამდენჯერმე მოხვდათ თვალში ქალაქში დაყენებულ კამერებს, შერვაშიძესთან ერთად, არსად ჩანდა.
არც იყო გასაკვირი.
არ უნდა მიეცა ბარბარე ვარდოსანიძის გადარეული დედისათვის განცხადების მიცემის უფლება.
პლუს, ამ გატაცების ამბის გამოცხადებით იმედოვნებდა, რომ იმ გაწრიპულ გოგოს დააშინებდა. იმედოვნებდა, რომ ჭკუაზე მოეგებოდა ბარბარე ვარდოსანიძე, მიხვდებოდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე ორივე მხარეს და უკეთეს მხარეს მოაშურებდა.
მაგრამ მეოთხე დღე იწურებოდა, ბარბარე ვარდოსანიძე კი არსად ჩანდა.
ეს ცალკე ჭკუაზე შლიდა ბედიანიძეს. ამ გოგოს შეუსმენლობა და სიჯიუტე აცოფებდა. იმედოვნებდა, რომ ამ გოგოდან კიდევ შეიტყობდა რამეს.
ეს უკვე ზედმეტი იყო. ბარბარე ვარდოსანიძე თავისი ნებით იყო ნიკოლოზ შერვაშიძესთან, ეს აშკარა გახლდათ, რაც მიუღებელი იყო ბედიანიძისათვის.
„მე შენ გიჩვენებ.“ გაიფიქრა მან, დაჟინებით მიშტერებოდა მოფარფატე, სქელ ფანტელებს გარეთ. „მე მე არ ვიყო, შენ თუ არ გაჩვენო, რანაირი ცხოველია ეგ კაცი. მე მე არ ვიყო, თუ არ გაღალატებინო…“
მერე კი ვარდოსანიძის დედის სახე გაახსენდა. მისი გამომეტყველება და თვალები, როცა მან ნიკოლოზ შერვაშიძის სურათი დაინახა.
„ეს… ეს ბიჭი…“ დაუტრიალდა ქალის ამოლუღლუღებული სიტყვები გონებაში.
გონაბაგახსნილი მიბრუნდა, პირველივე მერხს მიაშურა, მომუშავეს დაადგა თავზე.
-ბარბარე ვარდოსანიძე და მის ოჯახი მომიძებნე. ოცდაერთი წლისაა. თავართქილაძის თორმეტში ცხოვრობს. – ბედიანიძე მერხს დაეყრდნო, ტუჩები მოილოკა და ეკრანს დააშტერდა, გამალებით, როცა თანამშრომელმა თავი დაუქნია და კლავიატურაზე ააწკაპუნა თითები.
-ყველაფერი მომიძებნე. – ჩაილაპარაკა მან.
ხელჩასაჭიდი იპოვა. და ასე იოლად არ გაუშვებდა ხელს.
.
-*-*-*-*-*-*-
გაზაფხულის თბილი ღამე იდგა. ლამპიონების ყვითელი შუქი მოჰფენოდა გზას, საიდანღაც აყვავებული ბლის ყვავილის სურნელი მოჰქონდა სუსტ ნიავს.
ცივი ოფლით დაცვაროდა ახალგაზრდა კაცს სახე. ძლივს ჩერდებოდა ფეხზე, ისე თრთოდა.
ფული სასწრაფოდ გადაუთვალა მის წინ მდგარ გაღრეჭილ წვეროსანს. გამოსტაცა გადახვეული, პატარა თეთრი შეკვრა და მანქანისაკენ გაემართა, არეული ნაბიჯით.
შიგნით ძლივს ჩაჯდა. წვეროსანი წამსვე გაქრა ბნელ შესახვევში, დაცარიელებულ ქუჩაზე, მაგრამ მას ყურადღებას აღარ აქცევდა ახალგაზრდა კაცი.
მძღოლის სავარძელში მჯდარი მეორე ახალგაზრდა კაცი კბილს კბილზე აჭერდა, ისეთი ძალით უხტოდა კუნთები. ერთიანად გაფითრებულიყო, ცისფერი თვალები ჩასისხლიანებოდა.
-წადი, დროზე… – ძლივს ამოღერღა პირველმა. სიცხიანივით უპრიალებდა თვალები, შეკვრა მოკრუნჩხულ თითებში ჩაეჭირა მთელი ძალით. გამშრალი ტუჩები დახეთქოდა.
-ბიჭო, მაგარი ლომკაში ვარ… – მეორეს ხელები უთრთოდა, ძლივს გადაატრიალა გასაღები, მანქანა ნელა დაძრა. – რამდენი დააგვიანა ამ დედამოტყნულმა… – ლაპარაკი უჭირდა, ძლივს ატრიალებდა ენას პირში.
-იარე, შე ყლეო, დროზე მივიდეთ, აღარ შემიძლია მეტი… – ძლივს ამოიქოშინა პირველმა.
გაზს დააჭირა ფეხი მეორემ, წინ გააგდო მანქანა.
ხუთიოდე წუთი იარეს.
ორივე კანკალებდა სავარძელში, საშინლად გრძნობდნენ თავს. თითქოს კოვზით უღებდათ ვიღაც შიგნეულს, თავში ჩაქუჩები სცემდათ, თავბრუ ეხვეოდათ, ეწვოდათ ძარღვები.
აუტანელი ნდომისაგან გამოშრობოდათ პირი.
-არა, ტოო, მეტი აღარ შემიძლია… – მანქანა გზიდან გადაიყვანა და მუხრუჭს მოწყვეტით დააწვა მეორე. შედარებით მოფარებულ ადგილას გააჩერა, სადაც კარგად არ სწვდებოდა სინათლე. – გავიკეთოთ, მეტს ვეღარ გავუძლებ…
-შენი დედაც მოვტყან, ტოო… ამის დედას შევეცი… – სიმწრით ჩაილაპარაკა პირველმა, მაგრამ მათ შორის ჩააგდო შეკვრა, სტერილურ პაკეტებში გამოხვეული შპრიცები ამოაძვრინა ჯიბიდან.
დიდი კოვზი ამოაძვრინა მეორემ. მხეცებივით ეცნენ თეთრ შეკვრას, გადაფხრიწეს, ტუჩები მოილოკა მეორემ, წამსვე ჩაყარა სანატრელი ფხვნილი კოვზში, ცოტა წყალი დაამატა პატარა ბოთლიდან. მოკანკალე ხელით აანთო სანთებელა პირველმა და ალით შეეხო კოვზის ძირს.
-ერთ ადგილზე გააჩერე, შე სირო, ეგრე არ ადუღდება დროზე… – ამოიხავლა მეორემ.
-შენც გააჩერე ეგ კოვზი, ყლესავით რომ აქანავებ… – კბილებში გამოსცრა გამწარებულმა მეორემ.
მალე დათხევადდა ფხვნილი, ადუღდა, აბუყბუყდა. სურნელი ამოუშვა.
კბილებით გაფხრიწა პირველმა შპრიცის სტერილური შეკვრა, სასწრაფოდ მოხსნა თავი და დათხევადებული სითხე აიტანა მასში, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა წამალს.
მეორემაც გადახია პაკეტი და მორჩენილი სითხე მთლიანად ასრუტა შიგნით.
კოვზი მათ შორის დაეცა, მივიწყებული.
მომზადებული, გადახვეული ცხვირსახოცით გადაიკოჭა გაშიშვლებული მარცხენა მკლავი პირველმა. წამსვე ამობურცულ ვენაში შეიყვანა შპრიცის პირი.
წამიერი, პაწაწინა ჩხვლეტა იგრძნო მხოლოდ, მერე კი როგორ გავრცელდა მის სისხლში წამალი, როგორ აუწვა ძარღვები, როგორ აჰყვა მკლავს, ყელს და როგორ ავარდა ტვინში.
სულ რამდენიმე წამში იგრძნო საოცარი, ენით აუღწერელი ეიფორია.
თვალები გადაუტრიალდა, შპრიცი მომჩვარული თითებიდან გაუცურდა. სავარძლის ზურგზე გადაუვარდა თავი.
-კაიფია, ბიჭო… – ამოილუღლუღა მეორემ. ხმადაბალი სიცილი აუვარდა.
პირველი ეგდო, მკრთალად იღიმებოდა, მანქანის ჭერს მიშტერებოდა, ბედნიერი, კმაყოფილი, საოცარი სიამოვნება უვრცელდებოდა სხეულში.
ღია ფანჯრებიდან ნაზი ნიავი შემოდიოდა, რომელსაც აყვავებული ბლის ყვავილის სურნელი შემოჰქონდა.
წარმოდგენა არ ჰქონდათ ორივეს, თუ რამდენი ხანი ისხდნენ გზის პირას, მანქანაში, მათ შორის წამლის შეკვრა, კოვზი, გამოყენებული შპრიცები ეყარა.
მხოლოდ ის ესმოდათ, რომ მიიღეს, რაც საჭირო იყო, და ახლა შეეძლოთ მოდუნებულიყვნენ ცოტა ხანი.
სიჩუმე, და სიწყნარე სუფევდა გარშემო.
რომელიც უხეშად დაარღვია მოულოდნელმა ხმამ.
-აბა ეს რა გვაქვს აქ, ბიჭებო? – გაისმა გვერდიდან და ძლივს გადაატრიალა პირველმა ფანჯრისაკენ თავი, სადაც ვიღაც კაცს შემოეყო თავი, თავზე მბზინვარე, კეპიანი ქუდი ეხურა, ლურჯი უნიფორმა ჩანდა ბუნდოვნად, კაცების დაბურულ მზერაში.
-სულ არაფერი… – წაილუღლუღა მეორემ, ისევ სიცილი აუტყდა. მარცხენა მკლავი შიშველი ეგდო მის გვერდით. – სულ არაფერი, ოფიცერო…
-ჰო, თქვენ გამოფხიზლდით. – თქვა პოლიციელმა, ქუდი შეისწორა, დამცინავი ღიმილით იყურებოდა. – საქმე მაქვს თქვენთან.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-22
მთელი მკერდით გამოისუნთქა ბარბარემ, პირიდან. მისი ცხელი სუნთქვა სუსხში თეთრ ორთქლად იქცა, თეთრ ღამეს შეერია.
გარშემო სიწყნარე იდგა, რასაც მისი მაჯის საათის წყნარი ტიკტიკი და შორიახლო აქეთ-იქით ბინებიდან გაშვებული ფეიერვერკის ხმები არღვევდა მხოლოდ.
თორმეტს ოცი აკლდა ოცდათერთმეტი დეკემბრის ღამეს.
ახალი წელი მოდიოდა.
კორპუსის წინ პატარა ქუჩაზე კანტიკუნტად თუ გაიელვებდნენ მანქანები, მათი ხმაური მოფარფატე ფიფქებში იკარგებოდა. დღესავით ღამეს ლამპიონები და ნარინჯისფრად დაკოპლილი კორპუსები ანათებდნენ.
ღია ნაცრისფრად დაფერილიყვნენ ღრუბლები, მთელ ცას რომ საფარველად ეხურნენ. რამდენიმე საათის წინ აბობოქრებული ქარბუქი, ხეებს რომ ღუნავდა და სახლის ფანჯრებს ეხეთქებოდა ხმამაღალი ზათქით, უკვალოდ გამქრალიყო, გაყინული თოვლი აეკრიბა, თან წაეღო და მხოლოდ და მხოლოდ სიწყნარე დაეტოვებინა უკან.
ახალი წლისათვის, თითქოს.
მშვიდად თოვდა. აივანზე გამოთრეულ სავარძელში იჯდა ბარბარე, ფეხები აეკეცა, საბანი მოეფარებინა სხეულზე და უყურებდა, როგორ დაფარფატებდნენ ფანტელები.
ერთი კვირა გავიდა იმ ყველაფრის გადამატრიალებელი ღამიდან, როცა დედამისმა სააბაზანოში ჩაკეტა და იმისათვის, რომ ბარბარემდე მოეღწია, კარი ჩალეწა შერვაშიძემ.
ერთი კვირა გავიდა, რაც ნიკოლოზის ბინაში იყო.
თითქოს თვალის დახამხამებაში, ერთ ამოსუნთქვაში გავიდა ეს დრო. მაგრამ ყოველი დღე საკუთარი დაძაბული ნერვებივით იჭიმებოდა და იწელებოდა. თითოეული დღის განმავლობაში გრძნობდა ბარბარე შიშს, საშინელ წინათგრძნობას, იცოდა, რომ რაღაც ელოდა, რაღაც მოხდებოდა.
შიგნით იცოდა ეს, სადღაც ღრმად. ასეთი წინათგრძნობა უტყუარი იყო.
ამასთანავე განიცდიდა ისეთ უცნაურ სიმშვიდეს, რომელიც აქამდე არ განეცადა. იმდენად გაუგებარი და ერთმანეთში აღრეული იყო ეს საპირისპირო ემოციები, რომ ხანდახან უბრალოდ უწევდა, რომ დამჯდარიყო, რაღაცაზე გაშტერებული, და ესუნთქა, რომ თავი ხელში აეყვანა.
არაფერს ეუბნებოდა ამაზე ნიკოლოზი, მაგრამ გრძნობდა ბარბარე, რომ ისიც იგივეს განიცდიდა. გარემოებები აიძულებდა ახალგაზრდა კაცს, რომ მუდამ მოღუშული, ჩახვეული ყოფილიყო, მეტადრე მაშინ, როცა ღამღამობით გადიოდა სახლიდან, ალბათ კაზინოში, თორნიკესთან, და თავის ბანდასთან შესახვედრად. იცოდა ბარბარემ, რომ რაღაც ხდებოდა, როცა შერვაშიძე სახლში მოდიოდა და დაძაბული, მთელი სხეულით დაჭიმული, წარბებს შორის ღარგაჩენილი ჩამოჯდებოდა, ხმამაღალი ხვნეშით.
შფოთავდა ნიკოლოზი. რამდენიმე დღის წინ მობილური ტელეფონი გამოცვალა, ახალი მოუტანა ბარბარესაც, და უთხრა, რომ ყოველთვის თან ჰქონოდა.
ხმაწართმეულმა ჩამოართვა მობილური ტელეფონი.
და იცოდა ბარბარემ, რომ მხდალივით იქცეოდა, როცა არაფერს ეკითხებოდა. სულელური ნაბიჯიც იყო ეს, ყოველთვის სურდა, რომ რაც შეიძლებოდა მეტი სცოდნოდა, მისი სიტუაციისათვის უკეთესი იყო, მაგრამ რაღაც აკავებდა, რაღაც ენას უგდებდა მუცელში.
ალბათ არ სურდა, რომ ის სიმშვიდე დაერღვია, ამ ერთი კვირის მანძილზე რომ დაეუფლა. საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა და არ სურდა, რომ მეტის გაგებით გამართლებულიყო.
ამიტომ მხოლოდ გვერდში მიუჯდებოდა შერვაშიძეს, დაძაბულ მხართა ზოლზე გადაუსვამდა ხელს და თვალებში ჩახედავდა, ცდილობდა ყველაფერი თავისი მზერით ეთქვა და ხმის ამოღება არ დასჭირვებოდა.
ნიკოლოზი უყურებდა, მაგრად გადახვევდა მკლავს და მიიხუტებდა გვერდში. ამოღამებულ თვალებს დახუჭავდა, უბრალოდ ღრმად სუნთქავდა.
მერე კი სიჩუმეში ისხდნენ, ერთმანეთზე მოხვეულნი და ერთბაშად ემჩვარებოდა სხეული ბარბარეს და ეწამლებოდა გონება. შერვაშიძის ყოველ შეხებაზე მისი სიკვდილის წარმოდგენა უვლიდა გონებაში და შიგნით უდუღდა, ძლივს იკავებდა ემოციების ზღვას გადაგლესილ, ცივ, დაჭიმულ სახეში.
ხვდებოდა, რომ იცოდა ნიკოლოზმა, თუ რაზე ფიქრობდა, და თვითონაც ხვდებოდა, თუ რაზე ფიქრობდა იგი. მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ბედიანიძეზე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია შერვაშიძეს, არც იმაზე, თუ სად მიდიოდა საღამოობით და მოდიოდა ღამის ოთხ საათზე, ჯერ კიდევ კუნაპეტ სიბნელეში.
არც იმას ამბობდა ნიკოლოზი, თუ სად გაქრა მისი შავი მანქანა. არ ამბობდა, თუ ამჯერად რატომ ჰყავდა ნაცრისფერი, უფრო ძველი მოდელი, რომელსაც აივანზე გადაყუდებული ბარბარე ხედავდა, მაშინ, როცა ახალგაზრდა კაცი მიდიოდა სახლიდან.
არ ამბობდა, თუ რატომ ურეკავდნენ ასე ხშირად, თუ რაზე ელაპარაკებოდა მათ, ბანკებზე, ფულზე, და ადამიანთა სახელებზე, რომელთა ვინაობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა ბარბარეს.
ამ დროს იჯდა, ნიკოლოზს უყურებდა და ფიქრობდა, იცნობდა თუ არა ამ ადამიანს.
მაგრამ იცოდა, თუ რას ფიქრობდა იგი. ერთი შეხედვით ხვდებოდა, თუ რას გრძნობდა. თითქოს სადღაც ეხებოდა მას, შიგნით.
საპასუხოდ კი შერვაშიძის ერთი გამოხედვა უშიშვლებდა სულს. თითქოს მის მკერდში ჰყოფდა ახალგაზრდა კაცი ხელს და გულზე მუშტს უჭერდა.
ისე ეშინოდა ხანდახან ამ გრძნობის, რომ სუნთქვა ეკვრებოდა, იმ კავშირის ეშინოდა, იმ უცნაური გაგების, რომელიც მასა და ამ ახალგაზრდა კაცს შორის იყო.
ადრე გაიფიქრა, რომ ნიკოლოზი მისთვის პირველი პასუხგაუცემელი კითხვა, იდუმალება, თავგადასავალი იყო.
თითქოს მეორდებოდა ეს, ოღონდ სულ სხვანაირად.
მაგრამ ამასთანავე იცოდა, რომ ვერაფერს მოუხერხებდა, ვერაფრით გაწყვეტდა. ამიტომ ბედს შეგუებული ცდილობდა, რომ ღრმად ამოესუნთქა და უბრალოდ ნორმალურად ეცოცხლა, სანამ შეეძლო.
ყრუ ნაბიჯების ხმამ გამოარკვია ბარბარე. ჭრიალი გაიღო აივნის კარმა, და გარეთ გამოაბიჯა შერვაშიძემ.
მოსაღამოვებულზე გავიდა, და ორიოდე საათის წინ დაბრუნდა.
მას ახედა ბარბარემ. მაისური ეცვა ახალგაზრდა კაცს, თეთრი ღამის ბინდს მოეცვა მისი სახე. აივანზე შემოფრენილი ფიფქები ჩაეფინა გაწეწილ თმასა და მხრებზე.
შუშისებრ თვალებს გაუსწორა მზერა ბარბარემ.
-გინდა დაჯდე? – ჰკითხა გოგონამ, ნელა წამოიწია.
ნიკოლოზს არაფერი უთქვამს, ისე დაიხარა, გოგონა ასწია თავის საბნიანად. სუსხი მოეფინა ჩამთბარ ზურგზე ბარბარეს, მაგრამ შერვაშიძის დაჭიმული მკლავები მის გარშემო და მათი მიახლოებული სახეები, მათ შორის გაბმული დაჟინებული მზერის ძაფი იმდენად ძლიერი იყო, რომ არც კი მიუქცევია სიცივისათვის ყურადღება. მშვიდად ჩააშტერდა ახალგაზრდა კაცს დაბურულ თვალებში, შიგნით მკერდის ძვალს ეხეთქებოდა მისი გული.
მოტრიალდა ნიკოლოზი, მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში, ისე, რომ მზერა არ გაუწყვეტია. ბარბარე მხრით მიეყუდა მკერდზე, მაგრად მოხვია ყელზე მარჯვენა მკლავი. პირი გამოუშრა, იგრძნო, როგორ აასხა სახეში სისხლმა.
მაგრამ არ ნერვიულობდა. თითქოს მშვიდად იყო, იმის მიუხედავად, რომ ვეღარაფერს უხერხებდა საკუთარ სხეულს, მისდა დაუკითხავად მოქმედებდა თითქოს.
ბეჭებზე გადაუსვა თითები შერვაშიძემ, თვალები მილულა და შუბლი მოაყრდნო საფეთქელზე.
უფრო გაძლიერდა ფეიერვერკების ხმა. ერთი პატარა, წითელი სინათლე აიჭრა მათი მოპირდაპირე კორპუსიდან, რამდენიმე სუსტი ტკაცუნით ჩაიკარგა ღამეში.
-გიყვარს ახალი წელი? – ჰკითხა უცებ შერვაშიძემ. თვალები გაეხილა, მის მზერა სწვავდა ბარბარეს, ისევე, როგორც მისი შეხება.
„მზეკაცი“. გაუელვა თავში, მზის მოვარვარე გული გაახსენდა.
-მე ვერ აღვიქვამ დღესასწაულად. – ამოთქვა ბოლოს, ჩურჩულით, ხმა ჩახრენწოდა. – ბავშვობაში მიხაროდა… ალბათ ბავშვობაში ყველას უხარია, და მერე ეკარგება მნიშვნელობა. – მან კიდევ რამდენიმე ფეიერვერკს გააყოლა თვალი, უფრო მოზრდილებს, ხმამაღლა რომ გასკდნენ და ნაპერწკლები გაყარეს. – ყოველ წელს ერთი და იგივეა. ყოველ წელს არაფრით იცვლება ეს დღე, მხოლოდ და მხოლოდ კალენდრით.
სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის. მაჯის საათზე შვიდი წუთი აკლდა თორმეტს.
-სამაგიეროდ ფეიერვერკები ლამაზია. – თქვა ბარბარემ, ოდნავ გაეღიმა, შერვაშიძეს გადახედა. ახალგაზრდა კაცს პაწაწინა ნაოჭები გაუჩნდა თვალებთან, თეთრი კბილები გამოუჩნდა.
ფეიერვერკმა იფეთქა. ფერადი სინათლე მოეფინა შერვაშიძეს სახეზე, კალეიდოსკოპივით აუჭრელდა შუშისებრი თვალები.
-კი, ლამაზია. – თქვა ახალგაზრდა კაცმა. პირდაპირ თვალებში უყურებდა დაჟინებით.
თითქოს სიმები გაბმოდა შიგნით და მათ ხელი დაჰკრესო, ისე აემღვრა შიგნით ყველაფერი. თავში წამოუტივტივდა ბარბარეს მისი ხმა, მისი ქშენა, ყელზე მოკრული მისი სუნთქვა.
„რა ლამაზი ხარ, რა ლამაზი ხარ…“ გაუელვა თავში ელვის სისწრაფით და ყელის კუნთები დაეძაბა, ძლივს ამოისუნთქა. მზე ავარვარდა მასში, ბურანი ჩამოუწვა თითქოს გონებაზე.
ფეიერვერკების ზათქი უფრო გახშირდა. მხიარული შეძახილები ისმოდა აქა-იქ. ქვემოთ, ქუჩაში მთვრალებმა ხმამაღალი, ტონარეული სიმღერა წამოიწყეს.
წამდაუწუმ ფერადი სინათლე ეფინებოდათ, აივანზე გათრეულ სავარძელში მოხვეულებს.
სახე ოდნავ შეეცვალა შერვაშიძეს, ღიმილი ჩაუქრა, თავი ღია სივრცისაკენ მიატრიალა, თვალებგაშტერებულმა.
-ახალი წელი თითქოს სიახლეა. – თქვა მან. – ახალი დასაწყისი. მაგრამ მე უფრო დასასრული მგონია… სულ მეჩვენება, რომ რაღაც სრულდება ან უნდა დასრულდეს, უნდა მოხდეს. უკუღმა ათვლას რომ იწყებენ, თითქოს რაღაც მეცლება ხელიდან, და ვეღარ ვწვდები.
-არ იცი, შენთვის ახალი დასაწყისი რა იქნება და ამიტომ. – თქვა ბარბარემ და ნელა გადმოატრიალა მისკენ თვალები ნიკოლოზმა. მშვიდად სუნთქავდა, მისი ხელი ხურდა გოგონას ბეჭებზე.
ოთხი წუთი აკლდა თორმეტს.
-სულ ვფიქრობდი, რომ ადამიანის წარსულში უნდა ჩაიხედო, რომ მომავალი დაინახო. – განაგრძო ბარბარემ. გული უფრო და უფრო ჩქარა უცემდა, თითქოს აჰყოლოდა ფეიერვერკების უკვე გამაყრუებელ ზათქს. – ალბათ ეგრეა.
-შენ რას ხედავ? – ჰკითხა შერვაშიძემ. ბარბარე დაიძაბა, მოიჭმუხნა, სადღაც, შერვაშიძის მაისურის საყელოზე გაუშტერდა თვალები.
-ვერაფერს. – ამოღერღა ბოლოს. – ვერაფერს ვხედავ. არც ვიცი, რისი დანახვა მინდა.
-მე ვიცი. – უთხრა ნიკოლოზმა, ხმას აუწია, რომ მათი ბინის ქვემოდან ამომავალი ფეიერვერკის წუილი და ხათქუნი გადაეფარა. – ვიცი რაც მინდა, ბედნიერება მინდა და ვხვდები, რომ ამით კანონზომიერებას ვარღვევ. მე არაფერი არ მეკუთვნის. ჩემი წარსული როგორიც იყო, მომავალიც იგივე იქნება, მაგრამ მე დამპალი, ეგოისტი კაცი ვარ და მეტი არაფერი.
-არავითარი კანონზომიერება არ არსებობს. – შერვაშიძეს გადახედა ბარბარემ, მის სახეს შეეჩეხა, მათი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდნენ თითქმის. თვალები აეწვა, დააყრუა ყურებში წარმოქმნილმა გუგუნმა, რომელიც არ იცოდა, ფეიერვერკების გამო იყო თუ საკუთარი სისხლის შხუილის გამო. – არსებობენ გარემოებები და პირობები. რასაც შედეგები მოჰყვება. მეტი არაფერი. ამ ქვეყანაზე ვერსად ვხედავ კანონზომიერებას.
შერვაშიძე უყურებდა. ერთი წუთი დააკლდა თორმეტს, ტიკტიკით, სწრაფად მიიწევდა წინ წამის ისარი.
რაღაც უცნაური გაულღვა მკერდში ბარბარეს. საათის ციფერბლატს დაჰყურებდა, ფეიერვერკების შუქზე განათებულს, რატომღაც მოუთმენლად აწრიალდა. გული გამალებით უცემდა.
-ათი. – დაიწყო უცებ ნიკოლოზმა და სწრაფად გადახედა მას ბარბარემ, უყურებდა, ყელში ბურთმოწოლილი, თვალებგაფართოებული.
-ცხრა. რვა. შვიდი.
თითქოს განურჩეველი იყო აქამდე, მაგრამ შეწუხდა რატომღაც. თითქოს ახლა იგრძნო მომავალი წლის მოახლოება, ის მფხოჭნავი შეგრძნება გაუჩნდა, გონების კუნჭულში რომ ჰქონდა სულ მიკეტილი.
-ექვსი. ხუთი. ოთხი.
რას უქადდათ მათ ახალი წელი? დასასრული იქნებოდა თუ დასაწყისი?
-სამი. ორი. ერთი. – თქვა შერვაშიძემ და წამსვე იფეთქა გარშემო რაღაცამ, თითქოს ყუმბარა გამსკდარიყო ჰაერში, ისეთი ზრიალით იხუვლეს ფეიერვერკებმა, ცაზე გამოსახულმა სინათლემ თვალი მოსჭრა ბარბარეს. თავი მიაბრუნა, ნიკოლოზის ყელში ჩარგო.
თვალებდახუჭული უსმენდა მხოლოდ გამაყრუებელ ზათქებს, ჰაერში გავრცელებულ დამწვრის მოტკბო სურნელს ისუნთქავდა.
შერვაშიძის გულისცემას გრძნობდა და ოდნავ დამშვიდდა.
-ახალ წელს გილოცავ. – წამოილუღლუღა მან.
-ახალ წელს გილოცავ. – გაიმეორა შერვაშიძემ. მაგრად მოხვია მკლავები, გახურებული შუბლი მოადო თავზე, მის სითბოში ერთიანად ჩაიძირა ბარბარე, თითქოს გაიცრიცა, გალღვა და იქცა რაღაც მოფარფატე, უმასო, თეთრ ნაპერწკლად, მზის მოვარვარე გულში რომ იკარგებოდა.
ღრიალი ისმოდა გარშემო. არ წყდებოდა მაშხალებისა და ფეიერვერკების ზათქი, მთვრალების ხმაჩახლეჩილი ხავილი ეზოდან.
ისინი კი აივანზე ისხდნენ.
პირველის თხუთმეტი წუთი იყო, როცა მიწყდნენ ხმები. სადღაც ჩაიკარგა ფეიერვერკების სინათლე, ისევ თეთრი ღამის ბურანმა მოიცვა იქაურობა, ისევ წყნარად ჩამოფარფატდნენ ფიფქები.
ბარბარეს გული კი არ წყნარდებოდა მის მკერდში. მოუსვენრობას შეეპყრო მისი გონება, სახე დაძაბვოდა, წარბები აეჭმუხნა შერვაშიძის მკერდში.
სახლში შევიდნენ. შამპანურის ბოთლი ბათქით გახსნა შერვაშიძემ, აქაფებული სითხე ჩამოასხა ჭიქებში. თითო ჭიქა დალიეს, უაზროდ იცინოდნენ რაღაცაზე, მერე კი მიწვნენ, გადაღლილნი, იმის მიუხედავად, რომ არც არაფერი გაეკეთებინათ თითქოს.
ტელევიზორი ჩართო ნიკოლოზმა. პატარა ტრადიციად იქცა ეს მათთვის. ნაზი ფერადი სინათლე ეფინებოდა ბარბარეს, ჩუმი ბუტბუტი ესმოდა, ტელევიზორიდან მომავალი, თავი ნიკოლოზის მხარზე ედო, გასავათებულს.
მაგრად მომუშტა ხელი ახალგაზრდა კაცის მაისურზე, მერე კი მის მკერდზე გადადებულ მარჯვენა ხელს მისწვდა თითებით. თეთრი ოქრო ბრწყინავდა არათითზე.
თავისი მოჩუქურთმებული ბეჭედი ჯერ კიდევ არ მოეხსნა ბარბარეს.
თითქოს გაგრძელდა, უსასრულოდ გაიწელა ნიკოლოზის მიერ ნათხოვნი ერთი საათი, რომლის დროსაც ანასტასია შერვაშიძის წინაშე უნდა ყოფილიყო მისი ვაჟის მომავალი მეუღლე. გაიწელა, გადიდდა, უსაზღვრო გახდა.
არც ამაზე უხსენებიათ რამე. თითქოს ყოვლად ბუნებრივი რამ იყო, ისეთი, რასაც ახსნა არ სჭირდებოდა.
თვალები მიელულა ბარბარეს. თეთრი ოქროს ბრწყინვალებას უყურებდა და ნიკოლოზის უტყუარ გულისცემას უსმენდა, ადგილზე გაყუჩებული.
რომელსაც შერვაშიძის ტელეფონის წკარუნი დაემატა, მოულოდნელად.
თვალები წამსვე ფართოდ გაახილა ბარბარემ, წამოიწია, როცა ნიკოლოზი ტელეფონს გადასწვდა. ერთიანად, ერთბაშად დაეძაბა სხეული ახალგაზრდა კაცს, როცა მობილური ტელეფონი ყურთან მიიდო და ტანში გასცრა ბარბარეს.
-ჰო. – თქვა ნიკოლოზმა. ცოტა ხანი უსმენდა, უფრო და უფრო ეჭიმებოდა სხეული, უფრო და უფრო ღრმავდებოდა ღარი მის წარბებს შორის.
-რას ქვია საკაზინო გაგვიყინეს… – ძლივს ამოთქვა მან, თმაში გადაისვა ხელი და განცვიფრებული შეაშტერდა ბარბარე. – რაო?! ვინ?! – იფეთქა უცებ ახალგაზრდა კაცმა, კუნთები შეუხტა გოგონას, დაფეთებულმა მიაპყრო თვალები ახალგაზრდა კაცს.
-ყველაფერი გამოიტანე, რაც დანარჩენებზეა. – კბილებში გამოსცრა ნიკოლოზმა. – ყველაფერი, გასაგებია?! რა, ბიჭო, ეგრე იოლად დავკარგოთ ყველაფერი?! ყლე ხომ არ ვარ, გამოიტანე და დადე!
კავშირი გათიშა შერვაშიძემ. ფეხზე წამოვარდა, ბარბარეს მიაშტერდა, აპრიალებული, ბნელი თვალებით.
მიშტერებოდა, ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ფიქრობდა, გამალებით.
გაუყინეს. და დანარჩენებიდან უნდა გამოეტანა ყველაფერი.
აშკარად საბანკო ანგარიშებზე იყო ლაპარაკი. მისი უამრავი საბანკო ბარათი გაახსენდა ბარბარეს.
საკაზინო ანგარიში გაუყინეს.
ესე იგი მოსწვდნენ. მოქმედება დაიწყეს, შეიძლებოდა ცოტაც და…
კანკალი აუტყდა ბარბარეს, სხეული უხტოდა, მომენტალურად შესცივდა, თვალებგაფართოებულს.
შერვაშიძეს ძლივს გაუსწორა მზერა სუნთქვაშეკრულმა გოგონამ.
-წავიდეთ. – თქვა ბოლოს ნიკოლოზმა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა შემოსასვლელისაკენ.
ფეხზე წამოვარდა ბარბარე, გულამოვარდნილი, სირბილით მიჰყვა მას. თვითონაც მოიცვა პალტო და ფეხსაცმელი, თავზე ქუდი ჩამოიფხატა.
შუქი გამორთო ნიკოლოზმა, მათ უკან გამოიხურა და ჩაკეტა კარი.
კიბეებთან რომ მივიდნენ, რკინის კარს მოხედა ბარბარემ, რომელზეც ნომერი რვა ბზინავდა.
ხელები აუთრთოლდა. რაღაც ბნელმა წამოჰყო თავი მის მკერდში, სუნთქვა შეუკრა, ყელში ხელი წაუჭირა თითქოს, სიბნელით მოიცვა მისი გონება.
სწრაფად მიბრუნდა, კიბეებზე მიმავალ შერვაშიძეს მიჰყვა სირბილით.
სუსხი იდგა გარეთ, დამწვარი ფეიერვერკების სუნი. თოვლი ღრიჭინებდა მის ფეხქვეშ, და დახრა მოუნდა ბარბარეს, დაფენილ ფიფქებში თითების გაყრა, მათი სიცივისა და შემდგომ სისველის შეგრძნება ხელებზე.
მთვრალები ისევ ღრიალებდნენ, როცა ნაცრისფერი მანქანა გაიყვანა ავტოფარეხიდან ნიკოლოზმა, და გზაზე გავარდა.
ახალ წელს ზეიმობდა მორთული, ანთებული ქალაქი. სიხარული და ბედნიერება სუფევდა გარშემო.
მაგრამ ნაცრისფერ მანქანაში მყოფნი დაძაბულიყვნენ ერთიანად, თითქოს სიბნელე ჩამოწოლილიყო მათ თავზე. საკუთარ პალტოს ჩასჭიდებოდა ბარბარე, გაშტერებული მისჩერებოდა საქარე მინას, მის იქით ვერ ხედავდა თითქოს.
კაზინოსთან შეაჩერა ნიკოლოზმა. კაპიუშონი გადმოიფარა თავზე, მანქანიდან გადააბიჯა.
მას გადაჰყვა ბარბარე, გვერდში ამოუდგა, ერთად შეაბიჯეს შენობაში.
შიგნით მოათვალიერა სწრაფად, ანერვიულებულმა გოგონამ. ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლები ხალხი იყო, აღარ ისმოდა მონეტების ჩხარუნი და ბერკეტთა ტკაცუნი. სადღაც გამქრალიყო იაფფასიანი ლუდის, დახუთულობისა და ოფლის სუნიც.
ეუცხოვა. მოეხამუშა.
ახლაღა გააცნობიერა, რომ ვერ გაეგო, აქ რატომ იყო. მხოლოდ და მხოლოდ ის ესმოდა, რომ ბრმად დაჰყვა შერვაშიძეს, არც კი ჰკითხა, თუ რატომ მოდიოდნენ აქ.
ისევ შიშმა დაუარა. ვერ წარმოედგინა, რომ ამოდენა ნდობა გააჩნდა ამ ადამიანის მიმართ.
შეუძლებელი იყო.
მას გადახედა ბარბარემ, შეშფოთებულმა. ნიკოლოზი უკვე უყურებდა, ადგილს მიყინული, კაზინოს წითელ სინათლეზეც კი გაფითრებული, შეშფოთებული.
-ახლა მარტო ვერ დაგტოვებდი. – თქვა მან და შეცბა ბარბარე. ისევ ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ნიკოლოზმა მკერდში ჩაუყო ხელი და გულზე წაწერილი სიტყვები წაიკითხა. მის ფიქრებს პასუხობდა თითქოს შერვაშიძე. გონებაში უძვრებოდა. – ცოტა ხანი აქ უნდა დარჩე. მე მალე მოვალ.
თავი დაუქნია გოგონამ და მეორე სართულამდე მიიყვანა ნიკოლოზმა.
გამოუმშვიდობებლად წავიდა შერვაშიძე. კიბეზე მიმავალმა ბარბარემ დაინახა, თუ როგორ შეხვდა მას თორნიკე კართან. მახათელმა წამსვე დაუწყო ლაპარაკი, გამწარებული აქნევდა ხელებს.
გარეთ გავიდნენ. მათ უკან მოიხურა მძიმე მეტალის კარი.
ცოტა ხანი იდგა ბარბარე კიბის თავზე. გაშტერებული შეჰყურებდა კარს.
მერე დარბაზს გადაავლო თვალი.
რამდენიმე მამაკაცი იდგა აქეთ-იქით, ხელებდაკრეფილნი. სამი ბართან იჯდა, რამდენიმე სათამაშო აპარატებთან.
ზოგიერთი პირდაპირ ბარბარეს შემოჰყურებდა, ხელებდაკრეფილი.
ნიკოლოზის ბანდის წევრები იცნო გოგონამ.
ძლივს გადაყლაპა ბარბარემ ნერწყვი. მოაჯირთან ცოტა მოშორებით მდგარ ტახტში ჩაეხეთქა, ხელები აიფარა გაციებულ სახეზე. არ სურდა, რომ პირველი სართულიდან ამოეხედათ და დაენახათ.
მარტო უნდა ყოფილიყო.
ცოტა ხანი იჯდა, სულს ითქვამდა.
თავი ასწია, როცა მოახლოებული ნაბიჯები მოსწვდნენ მის ყურებს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა ამოაბიჯა კიბეებზე, წინ წყლიანი ჭიქა დაუდგა გოგონას.
ყელი გამოშრობოდა ბარბარეს, მაგრამ ხელი არ გაუწვდენია ჭიქისაკენ. წამიერად გახედა ბიჭს, მერე კი ჟურნალის გაპრიალებულ მაგიდას ჩააშტერდა, აზრებარეული.
ახლა რა მოხდებოდა? თუ კაზინოს საბანკო ანგარიში გაყინეს, იმას ნიშნავდა, რომ თავის მიზანთან მოახლოებული იყო ბედიანიძე. როგორც ჩანდა, მისთვის არაფერს ნიშნავდა ბარბარეს გატაცების რეპორტაჟის შეჩერება, ამან ალბათ გავლენა საერთოდ ვერ მოახდინა მის პროგრესზე.
ტანში გასცრა ბარბარეს. გამხდარი თითები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს.
-მამათქვენის სიკვდილის ნამდვილი ამბავი გაინტერესებთ? – მოესმა უცებ, ზუზუნით, ყურებში.
ადგილზე გაშრა ბარბარე. კისერი წაიგრძელა, განცვიფრებულმა ბიჭისაკენ აატრიალა სახე, რომელიც თავზე დადგომოდა, ცივი სახით უმზერდა.
-…როგორ? – ძლივს მოძებნა სიტყვები ბარბარემ, ენა სასაზე მიჰკრობოდა, ხმაჩახლეწილს. ბიჭს განურჩეველ თვალებში ჩააშტერდა, გაოგნებული. – ახლა… რა მითხარი?
-მამათქვენის სიკვდილის ნამდვილი ამბავი გაინტერესებთ? – გაუმეორა ბიჭმა, მისკენ დაიხარა. ხმადაბლა საუბრობდა, ალბათ რომ სხვებს არ გაეგონათ.
რაღაც ამოუტრიალდა მუცელში ბარბარეს, ზანზარი გაიღო მისმა გონებამ, თითქოს რაღაც უშველებელი ზათქით ჩამოიშალა მის ტვინში, ავარდნილი მტვრის კორიანტელმა დაბურა მისი ფიქრები. სისხლი ყურებში უგუგუნებდა, ხელები გაუცივდა.
-მამაჩემი… – ძლივს ამოილუღლუღა მან, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა ბიჭს, სიმწარე მოაწვა შუბლში, მოიღუშა, მოულოდნელად მოვარდნილი, ჯერ კიდევ მტკივნეული, გაშიშვლებული იარებიდან აეშალა წვა. – მამაჩემი ოპერაციის დროს გარდაიცვალა, ჩაცხრილეს…
-ჰო, მაგრამ იქამდე არ გაინტერესებთ, რა მოხდა? – წარბები აწკიპა ბიჭმა, ისე ლაპარაკობდა, თითქოს ყოვლად ჩვეულებრივ, ყოველდღიურ თემას ეხებოდნენ და ამან შეზარა ბარბარე.
-ვიცი მე, რაც მოხდა… – ამოღერღა თავზარდაცემულმა, სიტყვებში გაეპარა ის ფაქტი, რომ მათში მთლად დარწმუნებული არ იყო. ისეთი ცივი და სერიოზული ჩანდა ეს ბიჭი, რომ ეჭვმა დაღღნა ბარბარეს ბარიკადები, მის გონებაში შეაღწია და ჩაიღვარა.
-თუ ყველაფერი გაინტერესებს დეტალურად, მახარაძის გამზირზე მოდი, ხვალ, საღამოს ცხრა საათზე. – ბიჭმა წამიერად ხელებზე, ბეჭედზე დახედა, ჩაიფრუტუნა, ბრაზისა და სიმწრისაგან სისხლმა აასხა ბარბარეს, სასწრაფოდ შემალა ხელი სახელოში. ტუჩები მთელი ძალით მოეკუმა, შუბლში მოწოლილი სისხლი უბნელებდა მზერას. – ბატონი გიორგი ბედიანიძე გადმოგცემთ ამ შეტყობინებას.
ბიჭმა გაიღიმა, აშკარად თვითკმაყოფილმა, მიბრუნდა, კიბისაკენ გაემართა, ნელა, აუჩქარებლად ჩააბიჯა საფეხურებზე.
კანკალებდა ბარბარე. ფრჩხილები ხელისგულებში ესობოდა, ისეთი ძალით შეეკრა მუშტები. ქვედა ტუჩზე იკბინა, თვალები ეწვოდა.
მამა გაახსენდა, გამწარებულს. მათი ცხოვრება, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მათი დიდი, მყუდრო ბინა, დედის ოჯახში ფუსფუსი, მამის მიერ მოტანილი საჩუქრები და მშობლების სითბო.
გააჟრჟოლა. ისეთი ძალით დაეძაბა ყელის კუნთები, რომ ვეღარ სუნთქავდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც და დაუწყდებოდა.
თვალები აემღვრა. წითელი ბურანის გარდა ვერაფერს ვერ ხედავდა.
ტახტზე მოიკაკვა, ერთიანად გაციებული.
გაყინულიყო თითქოს, გაშტერებული მისჩერებოდა იატაკს და ვეღარაფერს ხედავდა.
.
-*-*-*-*-*-*-
ოთახი დაბურული იყო, მხოლოდ ერთი მხრიდან მომავალი ლამპის მკრთალი შუქი ანათებდა. ხუთი ახალგაზრდა კაცი გაფანტულიყვნენ აქეთ-იქით. მოდუღებული წამლის მომჟავო-მოტკბო სურნელი და სიგარეტის ნაცრისფერი ბოლი ტრიალებდა ჰაერში.
ფულს ითვლიდა პირველი, პირში აბოლებული სიგარეტი გაერჭო. მომწვანო თვალები უელავდა. ფული ზონრით შეკრა და გვერდზე გადადო, მერე კი ხმამაღალი სიცილით სწვდა მაგიდაზე დაგდებულ თეთრ შეკვრას, ახლოს მოათრია.
მეორეს ფეხებთან ეყარა ჯერ კიდევ დაუთვლელი ფული, მარცხენა, შიშველი მკლავი გადაეგდო მაგიდაზე და ბედნიერი მიშტერებოდა ჭერს.
-რა ყლე ხარ, ჩემი… – სიცილი წასკდა პირველს. ოთახში მყოფებმა სიცილი ატეხეს. – რა დროს კაიფი იყო, შე ჩემისა…
-რაც უნდა, ის გააკეთოს. – მოისმა უცებ კარიდან და პირველი სწრაფად მიბრუნდა, მათ სტუმარს მიაპყრო მზერა. უფროსი კაცი ცალყბად იღიმებოდა, ჯიბეებში ხელები ჩაიყო და შემოაბიჯა.
პირველმა ფულის შეკვრას სტაცა ხელი და გადაუგდო. კაცმა წამსვე დაიჭირა, ცერი ნერწყვით დაისველა, ბანკნოტები გადათვალა.
-არის? – ჰკითხა პირველმა. ჯიბიდან შპრიცის შეკვრა ამოიღო, მაგიდაზე დააგდო. არ იყო ლომკაში, მაგრამ მაინც სურდა წამლის ეიფორია შეეგრძნო.
-არის. – თქვა კაცმა, ფულის დასტა დაიქნია, და ჯიბეში ჩაიდო, კმაყოფილმა. – კაი ბიჭები ხართ…
-ლაქლაქს ჯობია შენ ოჯახთან წაეთრე… – შეუღრინა კუთხეში, ტახტზე გადაწოლილმა ბიჭმა, ნაფაზი დაარტყა, ნაცრისფერ ბოლში შებურვოდა თვალები. ზიზღით შეჰყურებდა.
-ენას ამოგაძრობ. – გაუღიმა კაცმა, სიცივე ეტყობოდა ხმაში. – ჩემს ოჯახზე ხმა არ გაიღო, გასაგებია?! არ დაგავიწყდეს, ვის ელაპარაკები…
-ზნედაცემულ პოლიციელზე უარესი არაფერია. – გაიცინა ბიჭმა, უფრო დიდი ნაფაზი დაარტყა, პირდაპირ იატაკზე დაფერფლა სიგარეტი.
კაცმა თვალები გადაატრიალა, პირველს გადმოხედა და ფულის შეკვრა ჯიბეში ჩაიდო.
-ჭკუით იყავით. – გაუღიმა მან, დამცინავად მიიტანა ხელი შუბლთან და მიბრუნდა, კარი გაიხურა.
-მაგარი სირია ეს დედამოტყნული.. – ჩაილაპარაკა პირველმა, ხორხოცი აუტყდათ ბიჭებს.
კოვზში მოადუღა წამალი ახალგაზრდა კაცმა და შპრიცით შეიყვანა ამობურცულ ვენაში.
დაბნელებულ, მოდუღებული წამლის, სიგარეტისა და მაგარი ალკოჰოლის სუნით გაჯერებულ ოთახში მიაშტერდა ჭერს და ეიფორიას დაელოდა.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-23
ორი საათის განმავლობაში არ გამოჩნდა შერვაშიძე.
და ორი საათი იჯდა კაზინოს მეორე სართულის ტახტში ჩაფლული ბარბარე, ორი საათი იჯდა და გამწარებული ფიქრობდა.
ისე ავსებოდა გონება, რომ ეგონა, ცოტაც და გასკდებოდა, გაიბზარებოდა, როგორც ფარატინა, ფაიფურის მყიფე ფიგურა.
მაგრამ ალბათ უკვე გაბზარული იყო. დამსხვრევას ცოტა უკლდა.
ის ნერვიულობა არ ეყოფოდა, რომელსაც შერვაშიძის საკაზინო ანგარიშების გაყინვის გამო განიცდიდა, ესეც უნდა დამატებოდა ზედ.
„მამათქვენის სიკვდილის ნამდვილი ამბავი გაინტერესებთ?“ ზარებივით რეკდნენ ბიჭის აგდებული, ირონიით აღსავსე სიტყვები მის გონებაში, მთელი ძალით ენარცხებოდნენ თითქოს თავის ქალის კედლებს, უწყალოდ ჩხვლეტდნენ ძარღვებში.
თითქოს ვერ სუნთქავდა და იგუდებოდა. გაშტერებულიყო, გაუნძრევლად ჯდომისაგან თვალებში უბნელდებოდა, ფერადი სინათლე უთამაშებდა მზერაში და ვერ ხედავდა.
წარჩინებული სამართალდამცველი იყო მამამისი. პატივისცემას იმსახურებდა გარშემომყოფებისაგან თავისი კეთილშობილური ქცევით, ბარბარეს ახსოვდა როგორ უაღრესად ზრდილობიანი, სასიამოვნო და საყვარელი პიროვნება იყო მამამისი.
მუდამ უზრუნველი ცხოვრების ვარდისფერ შუქში გამოხვეულს, ყველაფერი, რაც იცოდა და ესმოდა თითქოს შემოეძარცვა, როცა მათთან მოსულმა, ქუდმოხდილმა ახლგაზრდა პოლიციელმა ამცნოთ, რომ მამამისი ერთ-ერთი ოპერაციის დროს გარდაიცვალა, რომ ღირსეულად გარდაიცვალა და ქვეყნის სამსახურს შეეწირა.
დედის სასოწარკვეთილი ბღავილი, არასოდეს დაავიწყდებოდა, მთელ ბინაში რომ გავრცელდა ცივი, მჭხვლეტავი თითებივით რომ დაუარა ხერხემალში.
იმ დღეს ჩაემსხვრა შიგნით რაღაც, იმ დღეს გაცივდა, როგორც ადამიანი, გამოშრა, თითქოს სასიცოცხლო სითხე გამოსწოვეს.
მაგრამ ხუთი წელი გასულიყო უკვე. მალე ექვსიც შესრულდებოდა.
სასტიკად გაუჭირდა, მაგრამ მამის სიკვდილს რამდენი ხანია გახლდათ შეგუებული. ცდილობდა მასზე სევდით არ ეფიქრა, მუდამ კარგი მოგონებები მოხვეოდა მამას მის გონებაში.
მაგრამ ეს კარგი მოგონებები თითქოს ჩამოუხიეს ბარბარეს. ის, რომ ყველაფერს შეეგუა, თითქოს ილუზია იყო, უბრალოდ ჩამოფარებული ფარატინა ფარდა, რომელშიც კარგად მოჩანდა ის გაშიშვლებული იარა, საკუთარ თავს რომ უმალავდა.
ამიტომ იჯდა, გაციებული, სულგაყინული, ჩამობნელებოდა თვალებში.
ვერც კი აცნობიერებდა, ისე აცმაცუნებდა ტუჩებს. ბიჭის მიერ ნათქვამ მისამართს იმეორებდა.
მახარაძის გამზირი, საღამოს ცხრა საათზე.
მახარაძის გამზირი, საღამოს ცხრა საათზე.
მახარაძის გამზირი…
იმეორებდა ამას, შეუწყვეტლივ, სანამ შერვაშიძე არ მობრუნდა.
ნიკოლოზისათვის არაფერი უთქვამს, ისე ჩასხდნენ მანქანაში და ისე წავიდნენ უკან, სახლში. სიტყვა არ დაუძრავს იმაზე, რომ გიორგი ბედიანიძემ შეტყობინების გადმოცემა დაავალა ვიღაც ბიჭს, რომელიც აშკარად ან კაზინოს ხშირი სტუმარი იყო, ანდა ნიკოლოზის ბანდის წევრი.
უნდა ეთქვა. ხვდებოდა, რომ უნდა ეთქვა, მაგრამ კრიჭა შეჰკვროდა, ვერაფრით იღებდა ხმას. წამდაუწუმ ბიჭის დამცინავი ტონი უტრიალებდა გონებაში, და ხვდებოდა, რომ საკუთარ თავს უფლებას აძლევდა ხაფანგში გამოჭერილიყო.
შერვაშიძეს არაფერი უთქვამს. მაგრამ იცოდა ბარბარემ, რომ ხვდებოდა ნიკოლოზი მის მდგომარეობას.
ამიტომ ყველანაირად ცდილობდა თავი შეეკავებინა, წესიერად ესუნთქა და არ გაგუდულიყო. ყველაფერი სწიწკნიდა იმის გამო, ნიკოლოზის წინაშე ასეთი ძალით იკავებდა თავს, რადგან აცნობიერებდა, რომ ახალგაზრდა კაცის არასოდეს მორიდებია. მის წინ ყოველთვის იმას ამბობდა, რაც სიმართლე იყო.
სინდისი ქენჯნიდა, თითქოს ტყუილი იყო მისი უთქმელი სიმართლე.
ნიკოლოზი ხმას არ იღებდა. ისე მიიყვანა სახლში და ისე მიწვნენ, ღამის ოთხ საათზე ლოგინში, ერთიანად გამოფიტულნი, რომ ერთი კრინტი არ დაუძრავს არცერთს.
ესეც მათი ახალი წლის ღამე.
არც დასასრულს წარმოადგენდა და არც დასაწყისს. თუ ყველაფერს, რაც მოხდა ამ ერთ ღამეში, გაითვალისწინებდა ბარბარე, დასასრულის დასაწყისი იყო ეს მხოლოდ.
მასზე მოხვეულ შერვაშიძეს უფრო მაგრად ჩაეჭიდა. ზურგზე შემოეხვია მისთვის ცალი მკლავი, მის სუნთქვასთან ერთად მკერდზე დადებული თავი აუდიოდ-ჩაუდიოდა.
ისე იწვნენ, როგორც ყოველღამე, ოდნავი სინათლე ეფინებოდა ოთახს, ტელევიზორიდან მომავალი, და ჩუმი ბუტბუტი სწვდებოდა ბარბარეს ყურებს.
ეს უნდა ყოფილიყო ერთი ჩვეულებრივი ღამე.
მაგრამ არ გახლდათ. და ორივე გრძნობდა ამას.
იცოდა ბარბარემ, რომ რაღაც მოდიოდა, რაღაც დიდი, შემზარავი და წამლეკავი, იმ სიბნელის მსგავსი, მასში რომ დატოვეს ტატომ და ვაკომ. ამ ჯერ კიდევ მოუსვლელი სიბნელის ეშინოდა, ზარავდა მისი პოტენციური მნიშვნელობა, ერთიანად ყინავდა და უციებდა გულს.
ამიტომ მთელი ძალით მიეკრო შერვაშიძეს, რომელსაც ასევე არ ეძინა და საპასუხოდ უფრო მაგრად მოხვია მკლავი, გულში ჩაიკრა. დიდი, სქელი თითების, ნიკოლოზის თეთრი ოქროს მძიმე შეხებას გრძნობდა ზურგზე.
მათი გადაჭდობილი მარჯვენა ხელები გაახსენდა, როცა პირველად მოიყვანა ნიკოლოზმა ამ ბინაში, როცა მისი აივნიდან ღია სივრცის ხედით ტკბებოდა ბარბარე.
„მზე და მთვარე.“ გაუელვა ანასტასია შერვაშიძის სიტყვებმა გონებაში.
თითქოს მზე ცდილობდა თავისი მოვარვარე ფორმით მთვარის უმასო, თეთრი ნაპერწკლის გაღვივებას.
ძლივს ჩაეძინა გოგონას.
მეორე დღე ჩუმი იყო. გული ყელში მობჯენოდა ბარბარეს, გამალებით ელოდა, თუ როდის მოვიდოდა საღამოს ცხრა საათი.
ხვდებოდა, რომ ბედიანიძეს არავითარი საბაბი არ ჰქონდა იმისათვის, რომ მისთვის რამე ეთქვა მამამისის სიკვდილზე. ეს, დიდი ალბათობით, უბრალოდ მისი გამოსატყუებელი ხრიკი იყო, რომელიც ბედიანიძეს შერვაშიძესთან მიახლოების საშუალებას მისცემდა.
სხვა შესაძლო მიზეზი არ არსებობდა თითქოს ამისათვის.
მის წინ აღმართული, ბედიანიძის მიერ მოგზავნილი ბიჭის აგდებული მზერა და მის ბეჭედზე გადმოფაციცებული თვალები ახსენდებოდა და ზარავდა ბარბარეს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ამ ბიჭმა, და მაშასადამე ბედიანიძემ იცოდა ამ ბეჭდების მნიშვნელობა, ესმოდათ ის, რაშიც თვითონაც კი არ იყო გარკვეული, ხელყოფდნენ იმას, რაც ბარბარეს საკუთარი თავისათვისაც კი არ ემეტებოდა სასაუბროდ, განსახილველად.
არ უნდა წასულიყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წასულიყო ისეთ ხახადაღებულ უფსკრულში, როგორიც ბედიანიძესთან შეხვედრა იყო.
მაგრამ ეჭვი ხრავდა, მატლებივით შესჩენოდა ტვინში, ისედაც მყიფე, დანაწევრებულ გონებას უწამლავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა მორეოდა.
მაგრამ ალბათ დაყოლა იყო მორევა.
ანდა მხოლოდ და მხოლოდ დაყოლა გახლდათ არჩევანი. არჩევანი ხომ ილუზია იყო.
ამიტომ ხმაგაკმენდილი, სუნთქვაშეკრული ელოდა ბარბარე დროის მოახლოებას.
შებინდებისას, რვის ნახევარზე წავიდა ნიკოლოზი. ამჯერად სხვა მიზნით უყურებდა გოგონა აივნიდან მისი ნაცრისფერი მანქანის გაუჩინარებას ქუჩის ბოლოს.
სინდისმა გასწიწკნა, კინაღამ შუაზე გააპო ბარბარე, მაგრამ იფიქრა, რომ მისთვის უკეთესი იყო ნიკოლოზის წასვლა. ახლა მშვიდად შეეძლო სახლიდან გასვლა.
თუ მშვიდად ყოფნა შეეძლო საერთოდ.
მახარაძის გამზირამდე ნახევარი საათი მაინც იქნებოდა სავალი. ცხრის ნახევარზე ჩაიცვა გულამოვარდნილმა ბარბარემ, ნიკოლოზის კეპი და კაპიუშონიანი მოსაცმელი მოიხურა თავის პალტოსთან ერთად. სიბნელე ჩამოწოლილიყო უკვე ქუჩებში, მაგრამ მაინც ფრთხილობდა. არ სურდა, ვინმეს ეცნო.
თავდახრილმა იარა მთელი გზა მახარაძის გამზირამდე. პირველი იანვრის ღამე დატვირთული ჩანდა, დაქროდნენ მანქანები, უამრავი გამვლელი დადიოდა.
ყველას თვალს არიდებდა ბარბარე. უბრალოდ მიიწევდა წინ, გამყინავ სუსხში ეყინებოდა სახე, ყოველი მისი ორთქლად ქცეული სუნთქვა უფრო და უფრო აახლოებდა მახარაძის გამზირთან, სადაც გიორგი ბედიანიძე ელოდა.
თბილი იყო ნიკოლოზის კაპიუშონიანი ზედა, მაგრამ შიგნით გაჰყინვოდა ყველაფერი ბარბარეს. რამდენჯერმე შეყოყმანდა გზაზე, თითქოს გონს მოეგო.
ანდა თითქოს გონი დაკარგა. თვითონაც ვერ გაეგო.
თითქოს სიგიჟე უვლიდა. თითქოს ჭკუაზე იყო გადასული, სხვანაირად ვერ აღწერდა მის მოქმედებას, იმ სისულელეს, რომელსაც ახლა ჩადიოდა.
მაგრამ მამის სიკვდილის ნამდვილ მიზეზზე ჩაციკლულიყო, და ახლა უკან ვეღარაფრით ვერ დაიხევდა.
კანკალებდა, იმის მიუხედავად, რომ არ სციოდა, როცა მახარაძის გამზირზე გავიდა. დაჰყვა გამზირს, მის ფეხქვეშ თოვლი ღრიჭინებდა, უამრავ გამვლელს უქცევდა მხარს.
მერე კი შეამჩნია.
გამზირის გვერდით, ერთ-ერთ გადახურულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო ძვირფას პალტოში გამოხვეული გიორგი ბედიანიძე. ისევ ის სათვალე ეკეთა, ქუჩიდან მომავალი მანქანების შუქზე უპრიალებდა, თვალებს უმალავდა და რაღაცნაირ, არაადამიანურ შეხედულებას აძლევდა მის გამომეტყველებას.
გული ყელში მოაწვა ბარბარეს. მიმოიხედა, სწრაფად, გაფაციცებით, თითქოს ახლაღა გააცნობიერა, რომ ვინმე შეიძლებოდა ჰყოლოდა ბედინიაძეს ახლომახლო, ვინც უცებ ჩაავლებდა ხელს და ისე შეტენიდა მანქანაში, რომ ვერავინ შეუშლიდათ ხელს.
იცოდა, რომ შეეძლო ბედიანიძეს ამის გაკეთება. იცოდა, მაგრამ მაინც იდგა აქ, შერვაშიძის ბინის უსაფრთხოებიდან გამოპარული, ბედიანიძის ნებას დაჰყოლილი და მის ხაფანგში გაბმული.
მაგრამ ვერასოდეს მოისვენებდა, ეს რომ არ გაეკეთებინა. ვერასოდეს მოახერხებდა, რომ თავიდან ამოეგდო ბედიანიძის შეტყობინებაზე ფიქრი. ვალდებულება ჰქონდა, რომ სცოდნოდა მამამისზე აბსოლუტურად ყველაფერი.
მის მიუხედავად, რომ სწრაფი ნაბიჯით იარა და ნახევარსაათიანი გზა ოც წუთში გალია, თითქოს ტყვია ჩაუსხეს მუხლებში. ფეხათრევით მიუახლოვდა კაცს.
ბედიანიძემ ამოხედა, მის გვერდით მიუთითა, ძელსკამზე. ნელა, ძლივს ჩამოჯდა ბარბარე, მუხლები უკანკალებდა.
-რა გინდათ? – ძლივს ამოიხავლა მან. ბედიანიძემ გამოხედა, ოდნავი, ირონიული ღიმილით.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. – უთხრა მან. – ძალიანაც კარგი ქენი, რომ მოხვედი. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაქვს შენთვის სათქმელი…
-რა იცით მამაჩემზე? – ვერ მოითმინა ბარბარემ. ჩურჩულებდა, ძლივს იკავებდა ხმას, გამწარებული, იმის მიუხედავად, რომ გადახურული ძელსკამის ჩრდილი იფარავდათ ნაწილობრივ მაინც, არ სურდა ვინმეს ყურადღება მიექცია. დაჟინებით ჩააშტერდა ბედიანიძეს ხოჭოსებრ თვალებში. – რატომ მეუბნებით ამას?
-ხომ ხვდები, რატომაც გეუბნები? – წარბები აზიდა ბედიანიძემ. თითქოს ფაქტის წინაშე მიაგდო ბარბარე და სახე მოემანჭა გოგონას, ძლივს შეიკავა თავი, რომ ყვირილი არ წამოეწყო და ებღავლა, რომ არ სურდა ის წარმოედგინა, რაც ზარავდა, არ სურდა, რომ მისთვის თვალი გაესწორებინა. უნდოდა, რომ ბედიანიძისათვის გადაებარებინა ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახერხებდა ბედიანიძე მისთვის მტკივნეული იარების აშლას.
-ნიკოლოზს ეხება ეს საქმე. – ძლივს წამოილუღლუღა მან ცოტა ხანი სიჩუმის ბოლოს. წარმოთქმულმა სიტყვებმა თვითონვე შეზარა, თავზარი დასცა, თითქოს რეალურნი გახდნენ, სუსხში ჩაკარგულნი, რეალური გახადეს ის სიმწარე, რომელიც ბუყბუყებდა ბარბარეში.
-ჭკვიანი გოგო ხარ. – გაუღიმა ბედიანიძემ, პალტოს სახელოებში დამალულ ხელებზე დახედა და გაკრთა ბარბარე, იმ ბიჭის აგდებული მზერა გაახსენდა, მის მოჩუქურთმებულ ოქროს ბეჭედზე დაცემული. – შენს… – ბედიანიძეს ტუჩის კუთხე შეუხტა, წარბები ისე აზიდა, თითქოს არ სჯეროდა. – მეუღლეს ეხება.
ენა მუცელში ჩაუვარდა გოგონას, მიაჩერდა, გაშტერებული.
-არ არის ჩემი მეუღლე. – ძლივს ამოღერღა, ბოლოს. – რაღაც გეშლებათ…
ბედიანიძემ გადაიხარხარა და შეცბა გოგონა, ზიზღით მიაშტერდა კაცს. მას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ამბავი, რომელიც გულსა და სულს უტრიალებდა
-რისთვის მომიყვანეთ აქ? – კბილებში გამოსცრა, გამწარებულმა. ბედიანიძემ სიცილი შეწყვიტა, ოდნავ გადააქნია თავი, ირონიულად.
-მამაშენის დროს როგორ ცხოვრობდით? – გაუღიმა კაცმა. – ძალიან კარგად, ხომ? ოთხოთახიანი ბინა გქონდათ… ფუფუნებაში იყავით, ასე არ იყო? ყოველთვის იღებდი იმას, რაც გინდოდა, უთქმელად. სწორია?
გული მთელი ძალით აუძგერდა ბარბარეს. რაღაც იგრძნო, რაღაც დაუტრიალდა გონებაში, მაგრამ თითქოს ვერ ხვდებოდა, თუ რას ნიშნავდა, ვერ სწვდებოდა.
-სწორია… – ძლივს ამოღერღა მან, გაიხსენა მათი დიდი, კოხტად მოწყობილი, განათებული ბინა, მამამ რომ შეიძინა, როცა ჯერ კიდევ თოთხმეტი წლის იყო თვითონ. ძვირფასი ავეჯი, შპალერები და ფარდები, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ გაქრა სადღაც.
გააჟრჟოლა. ტანში გასცრა. მიხვდა თითქოს.
-და რა გგონია, ჩვეულებრივი, რიგითი პოლიციელის ხელფასი ეყოფოდა მაგას? – წარბები აუზიდა ბედიანიძემ. ბარბარეს გაშტერებულ, ნაკვთებმომანჭულ გამომეტყველებაზე გაეცინა. – ოჯახის რჩენა უჭირს ზოგს, მამაშენი კი ათას რამეს ყიდულობდა თავისი მწირი, თვეში ათასი ლარით?
პანიკამ მოიცვა ბარბარე. უცებ მოუნდა, რომ დაეცო ყურები და ეს ყველაფერი აღარ გაეგონა, აღარ ეფიქრა. მაგრამ იჯდა, გაყინული და ისმენდა იმას, რაც თითქოს უნდა გაეაზრებინა ამდენი ხნის განმავლობაში, უნდა მიმხვდარიყო, მაგრამ ვერ შემწვდარიყო თითქოს, ვერც კი დაეკავშირებინა ორი ხაზი ერთმანეთთან.
-მოკლედ, მამაშენი ნარკოდილერებმა მოიტყუეს. – გაუცინა ბედიანიძემ. სიტყვებს წელავდა, თაფლავდა, მაცდური ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაც სასიამოვნოს ამბობდა. – მოქრთამეს. ოჯახის გულისთვის კი მამაშენი ყველაფერს გააკეთებდა… მათ ბინძურ საქმეში გახვიეს მამაშენი. ახლა კი, რაკი ჭკვიანი გოგო ხარ, გამოიცანი, ვინ?
თავზარი დაეცა ბარბარეს. ტანში ისეთი ძალით გააცია, რომ შეუხტა კუნთები, ერთიანად დაიცალა, გამოშრა. მასში მოკიაფე მზემ ერთი იფეთქა, რაღაც საოცარი, აუტანელი ძალით, მთელ სხეულში რომ კანკალი გაუგზავნა, წამიერად ახურებულს, მერე კი ჩაქრა, სიცივემ მოიცვა იქაურობა.
„შემომქონდა. ადრე. ისეთი, რომ დაგაგდებდა, თან ძალიან ბევრი. ახლა აღარა.“
ნიკოლოზის სიტყვები აუყვირდა გონებაში, თითქოს ასწვა მარჯვენა არათითზე გაკეთებულმა ბეჭედმა.
-არ მჯერა შენი. – უცებ წამოისროლა, პირგამომშრალმა. თითქმის თავდაცვის მექანიზმი აუმუშავდა, უარს ამბობდა იმაზე, რომ დაეჯერებინა ეს და უარესად გაენადგურებინა საკუთარი თავი.
-წადი მაშინ. – უთხრა ბედიანიძემ. – ჰკითხე შენს… ქმარს, რას აკეთებდა, თუ იცნობდა პოლიციელ ვარდოსანიძეს. თუ აძლევდა მას თავისი ნარკოტიკებით ნაშოვნ ფულს, რომლითაც მამიკო ტანსაცმელს და ფანქრებს გყიდულობდა…
-გაჩუმდი! – შეუყვირა ბარბარემ, თავი ვეღარ შეიკავა, ფეხზე წამოვარდა, გამწარებული. რამდენიმე გამვლელმა გამოიხედა, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, მრისხანებასა და წარმოუდგენელ, ერთბაშად მოწოლილ ზიზღს დაებურა მისი გონება. შეკრული მუშტები უთრთოდა, შუბლში ავარდნილი სისხლი უხურდა ბარბარეს.
არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ესმოდა. არ სჯეროდა, რომ მამამისი ნარკოდილერებისაგან ნაშოვნი ფულით აცხოვრებდა მათ ისე, რომ არაფერი მოჰკლებოდათ.
არ სჯეროდა, რომ ეს ნარკოდილერი ნიკოლოზი იყო.
წარმოუდგენელი იყო ეს მისთვის. გონებაში გაუვლებადი და მომწამვლელი, საზიზღარი. როგორც ეჭვი ხრავდა, ისე დახრა ერთიანად ამ იდეამ, დაიბუდა მასში, გაიდგა ფესვები, სხვა სიბნელეს შეერია და გადმოყო თავისი შხამიანი ენა.
-ჩემი სათქმელი ვთქვი. – ბედიანიძე წამოდგა, ბარბარეს შეჰღიმა. – ხელახლა გეუბნები, რომ იფიქრო, ბარბარე, და მგონი ამჯერად სწორ არჩევანს გააკეთებ, ასე არ იქნება? ჰმ? უბრალოდ ასე ვერ გიყურებდი… როდემდე შეიძლება მამაშენის მკვლელის მხარეს იყო?
უარესად გაშრა ბარბარე.
თითქოს ურო ჩასცხეს ბედიანიძის სიტყვებმა.
„მამაშენის მკვლელი.“
სამყარო დაუტრიალდა თვალწინ, აკანკალებული მუხლები მოეკეცა კინაღამ, დაბარბაცდა. ძელსკამის ზურგს სტაცა ხელი, მზერაამღვრეულმა, წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა. სუნთქვა პატარ-პატარა, ზედაპირულ ნაწყვეტებად სკდებოდა პირიდან.
პირი გააღო, ბედიანიძეს მიაჩერდა, შეძრწუნებული. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა პირიდან, მხოლოდ და მხოლოდ გაუგებარი, ჩაწყვეტილი ხრიალი.
ბედიანიძემ რაღაც ბარათი ამოაძრო გულისჯიბიდან და ადგილზე გაქვავებულ ბარბარეს ჩაუცურა ჯიბეში.
-როცა გონზე მოხვალ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ და გაგახსენდება შენს ქმარზე დეტალები, – ბოლო სამი სიტყვა გადმოაფურთხა ბედიანიძემ, თითქოს შხამი იყო მის ენაზე, იმის მიუხედავად, რომ იღიმებოდა, აგდებულად. სათვალე უბრწყინავდა მანქანათა სინათლის ფონზე. – დამირეკე.
მერე შებრუნდა და წავიდა. მალე გამვლელთა შორის ჩაიკარგა მისი ფიგურა.
ცოტა ხანი ადგილს მიჰყინვოდა ბარბარე.
მერე კი შებრუნდა, სახლისაკენ გალასლასდა, ერთიანად მომჩვარული.
რაღაც ეწვოდა, შორს, შიგნით. იცოდა, რომ თვალებს უკან წნევა უნდა ეგრძნო, უნდა დაბინდებოდა მზერა ცრემლებით, უნდა გადმოეყარა ისინი, მაგრამ იმდენად გამომხრად გრძნობდა თავს შინაგანად, რომ ვერაფრით ახერხებდა. მხოლოდ ისღა შეეძლო, რომ თავისი ერთიანად ჩამსხვრეული ნაწილები, როგორც შეეძლო მოეკრიბა და მათი სახლამდე მიტაბა შეძლებოდა.
სახლამდე, სადაც ალბათ დახვდებოდა ნიკოლოზი.
რაღაც აერია შიგნით, რაღაც გაუბრწყინდა, სახე ერთიანად მოეღრიცა, თვითონაც ვერ გაეგო, რომელი გრძნობისაგან. იმედი იყო ეს, იმის იმედი, რომ არ გახლდათ ეს ყველაფერი სიმართლე, მრისხანება, ზიზღი, აუტანელი იმედგაცრუება თუ სასოწარკვეთილება.
მაგრამ ის ესმოდა, რომ მისი ბზარები ბოლოს და ბოლოს უერთდებოდნენ ერთმანეთს, იხლიჩებოდნენ, იმსხვრეოდნენ, როგორც კედელზე შენარცხებული ფაიფურის მყიფე ფიგურა.
აქამდე თითქოს ჰაერში მიფრინავდა. თავი უმასო, მოფარფატე, ცოცხალი ეგონა.
მაგრამ მის წინ მოულოდნელად აღმართულმა დაბრკოლებამ დაარწმუნა, რომ ეს სასიცოცხლო ფრენა არ იყო და არც არასოდეს იქნებოდა.
როგორ მიაღწია სახლამდე, ვერც კი გაიგო.
ძლივს ააბიჯა საფეხურებზე. ყოველ სართულზე ისვენებდა, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ აწუხებდა ფიზიკური დაღლილობა. ვერც სიცივეს გრძნობდა, ვერც ფიქრებს ალაგებდა. უაზროდაც კი აღარ უტრიალებდნენ ფიქრები გადატვირთულ თავში. მხოლოდ და მხოლოდ სიბნელე, გაურკვევლობა და სიცარიელე სუფევდა.
მერვე ბინის კარს მიადგა. ცოტა ხანი უყურებდა, მერე კი შეაღო, ზურგს უკან მოიკეტა, მომენტალურად ძალაგამოცლილმა.
მძიმე, სწრაფი ნაბიჯების ხმა მოსწვდა ყურს და შემოსასვლელში გამოვარდა შერვაშიძე. თმა ასწეწოდა, გიჟური თვალებით შეჰყურებდა, სახემომანჭული.
-შენ რა, გადაირიე?! – იფეთქა მან, ორი ნაბიჯით გაჩნდა ბარბარეს წინ, სახესთან ახლოს მოუტანა თავი, მისი გამოცემული სიცხე იგრძნო გოგონამ და გააჟრჟოლა, ძალაუნებურად. – სად იყავი?! ხუთჯერ დაგირეკე უკვე, კინაღამ ჭკუაზე ავიწიე, გინდა საერთოდ გავაფრინო?!
-ბედიანიძესთან ვიყავი. – შეაწყვეტინა ბარბარემ.
ისე შეისუნთქა ნიკოლოზმა, თითქოს რაღაც გასჭედოდა ყელში, ხროტინით. თვალებგაფართოებული დააშტერდა ბარბარეს, გაოგნებული.
-გუშინ დამიბარა. – ჩურჩულით განაგრძო ბარბარემ, ხმა ჩაწყვეტოდა თითქოს, ძალას ვერ ატანდა საკუთარ თავს. – მახარაძის გამზირზე შევხვდი.
-რატომ შეხვდი… – ძლივს ამოღერღა შერვაშიძემ, გაოგნებულ სახეში აუტანელი მრისხანება შეეპარა, უყურებდა ბარბარე, თუ როგორ გამოეკვეთა საფეთქელზე ძარღვი და შუშისებრი თვალები აუპრიალდა ჭერიდან მომავალ თეთრ სინათლეზე. – ამის დედაც მოვტყან, რა უნდა მაგ ყლეს?!
-იცნობდი პოლიციელს, ვარდოსანიძეს? – ჰკითხა ბარბარემ, ცარიელი ააშტერდა, უყურებდა, თუ როგორ გაივსო შერვაშიძის თვალები ჯერ ეჭვით, მერე შიშით.
-ვინ აძლევდა ფულს მამაჩემს, ნიკოლოზ? – თქვა ბარბარემ, კარს მოშორდა, გასწორდა, თვალებში ჩააშტერდა ახალგაზრდა კაცს, უცებ აუთრთოლდა ტუჩები, როცა დაინახა, როგორ ჩამოერეცხა სისხლი შერვაშიძეს და როგორ გაფითრდა. – ვინ მოკლა მამაჩემი?
-არ გაბედო! – იღრიალა უცებ შერვაშიძემ, ისეთი ძალით, რომ კედლები შეზანზარდნენ, რეკვა დაუწყეს ყურებმა ბარბარეს. – ასეთ ყლეობას როგორ მეუბნები?! როგორ მეუბნები?!
-შენ აძლევდი ნარკოდილერობით ნაშოვნ ფულს? – შეუყვირა ბარბარემ. სიცარიელე აყვირდა მასში, პროტესტს აცხადებდა მთელი მისი სხეული, ამ საზიზღარი შეგრძნების მოცილებას ცდილობდა. გული ყელში მოაწვა გოგონას, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა ნიკოლოზს და რაღაცის იმედი ჰქონდა, რაღაც მიუწვდომელის, რაღაც არარეალურის. – შენ მოკალი, რომ გაგეჩუმებინა?!
-ჰო, მე ვაძლევდი, მე! – იბღავლა შერვაშიძემ, მხრები დაეჭიმა მაისურში და რაღაც, რაღაც ხელშეუხებელი ჩაემსხვრა ბარბარეს შიგნით. გამტყდარმა სულმა ბღავილი დაუწყო. – მაგრამ მე არ მომიკლავს…
-არ მჯერა… – ძლივს ამოიხავლა ბარბარემ, ოდნავ უკან დაიხია. ერთიანად კანკალებდა, დაძაბული, თავზარდაცემული, თითქოს სამყარო ამოუტრიალდა და ყველაფერი, რაც იცოდა, თავზე ჩამოენგრა.
მკლავებში სტაცა ხელი შერვაშიძემ, ოდნავ დაიხარა, თვალებში ჩახედა იმ შუშისებრი, მომწვანო მზერით.
-დის სულს გეფიცები. – კბილებში გამოსცრა მან. – მე ერთი ტყუილი არ მითქვამს შენთვის, არც ახლა და არც არასდროს…
-მაგრამ იცი, ხომ, როგორ მოკვდა? – ჩაიჩურჩულა ბარბარემ, თითქოს მიშტერებოდა მასზე ჩაჭიდებულ ახალგაზრდა კაცს, მაგრამ გაშტერდა, რობოტივით გახდა, მექანიკური, ვერაფერს ხედავდა. – მითხარი… როგორ მოკვდა?
-ჩვენთან მოაწყვეს რეიდი. – უთხრა ნიკოლოზმა, ეტყობოდა, რომ მთელი ძალით იკავებდა ხმას, მისი ხელების თრთოლას გრძნობდა ბარბარე მკლავებზე. – მე გავასწარი. პირველი ის ჩაცხრილეს ბიჭებმა. დიდად არ ეხატებოდათ გულზე…
კვნესა წასკდა გამწარებულ ბარბარეს, მუხლები მოემჩვარა, რაღაც ისეთი ძალით დაეჭიმა შიგნით, რომ ცოტაც და გაწყდებოდა, იფეთქებდა მასში. შეანჯღრია შერვაშიძემ, უფრო და უფრო მოუახლოვდა, მთლიანად დაფარა მისი კარზე აკრული სხეული.
-შემომხედე! – ყვიროდა ის, გამწარებული, ხმაჩაწყვეტილი ტონით. – მე შემომხედე!
რაღაც ამობუყბუყდა გოგონაში, გადმოდუღდა, მთელ სხეულში გაუვრცელდა, გაწამებულს.
-რატომ მოქრთამე?! – ამოხეთქა მან, სიმები დაწყდომაზე ჰქონდა. ამომშრალი თვალები ეწვოდა. – რატომ ჩაითრიე?! რას ერჩოდი, რას, რას?!
-მე ანგელოზი არ ვარ, და არც მამაშენი იყო! – იბღავლა შერვაშიძემ, მისი ცხელი, სწრაფი სუნთქვა მოეფინა გოგონას სახეზე. გააკანკალა. – იმ დროს ერთი სირი, მჩხირავი ბავშვი ვიყავი, და საქმე გამოგვიჩინა მამაშენმა, თვითონ მოვიდა, გაიგე?!
-ახლავე გაჩუმდი! – შეუყვირა ბარბარემ, მკლავებზე დაჭერილ ხელებზე სტაცა თითები და მაგრად ჩააჭირა. უნდოდა რაღაცისათვის დაერტყა, რაღაც ესროლა, რაღაც დაემსხვრია, საკუთარი ჩამონგრეული არსება გადაეტანა და აერეკლა მასში.
-მერე ფულს გვთხოვდა, ვითომ გვეხმარებოდა, ვითომ წილი ჰქონდა, მაგრამ ნებისმიერი ყლე მიხვდებოდა, რომ იმიტომ გვძალავდა ფულს, რომ არ ჩავეშვით! – ყვიროდა შერვაშიძე. – მამაშენი ზნედაცემული ნაბიჭვარი იყო და მეტი არაფერი, გესმის?!
პირი დაეღო შერვაშიძეს, ღრმად სუნთქავდა, ცხელ, სიგარეტის მოტკბო სურნელით გაჯერებულ ჰაერს აფრქვევდა ბარბარეს სახეში.
აკანკალდა გოგონა. თითქოს სიბნელე მიადგა მამამისზე მოგონებებს, ჩრდილი მიაყენა, მერე კი ერთიანად დაეუფლა, ჩაყლაპა, კლანჭებიანი, მანიპულატორის სახე მიიღო მისმა მოსიყვარულე მშობელმა.
თითქოს ერთი ხელის დაქნევით ჩამოახია შერვაშიძემ ყველაფერი, რაც მამაზე ახსოვდა კარგად. ხელყო, შებღალა და შეურაცხყო მამის მოგონება.
აკანკალდა ბარბარე. ძლივს სუნთქავდა, სული მოეხუთა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ იგუდებოდა ნელ-ნელა.
-მე მივდივარ. – თქვა მან, შეტრიალება სცადა. უნდა მოშორებოდა აქაურობას, უნდა მოშორებოდა შერვაშიძეს, რომელიც ჯერ კიდევ მაგრად იჭერდა, ფერწასული, თვალებგაფართოებული ჩაჰყურებდა.
-სად მიდიხარ… რას ქვია, მიდიხარ? – ძლივს ამოღერღა მან, ისე მიშტერებოდა, თითქოს საკუთარი ყურების არ სჯეროდა, იმ სიტყვების არ სჯეროდა, ახლა რომ წასკდა ბარბარეს პირიდან. – შენ რა, გაგიჟდი?
-ხელი გამიშვი, მივდივარ. – თქვა ბარბარემ. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. ბრძოლისუნარიანობა სადღაც ჩაეკარგა, შორს.
ალბათ ისიც სიბნელემ შეხრა, გაანადგურა.
ფერწასული სახე უფრო გაუფითრდა ნიკოლოზს. ავადმყოფურად აუელვარდა შუშისებრი თვალები. თავი გადააქნია, მოწყვეტით.
-შენ გაგიჟდი, გოგო?! – ამოიხავლა მან. – სად წახვალ, რას ქვია წახვალ, გგონია გაგიშვებ?! – მან მკლავებზე შეუშვა თითები, ხელები მთელი ძალით მიანარცხა კარზე, მის თავთან, სხეულით გადაეფარა, მთლიანად დაფარა მზის სიცხით.
-გამიშვებ. – უთხრა ბარბარემ, ძარღვებში სისხლი ეყინებოდა, ნიკოლოზის მონგრეულ სახეს რომ უყურებდა. მაგრამ სულაც არ ეშინოდა მისი, მიუხედავად გიჟურად მოელვარე თვალებისა და ათრთოლებული სხეულისა.
-არ გაგიშვებ! – იღრიალა შერვაშიძემ, მუშტი ისე ძალით დაარტყა მისი თავის გვერდით კარს, რომ ზრიალი გაიღო მასიური მეტალის კარმა, ჟრუანტელმა დაუარა ბარბარეს ხერხემალში, თუმცა არა შიშის. არა, შერვაშიძის არ ეშინოდა, ახლაც კი. – არ გაგიშვებ მეთქი! გგონია, ასე იოლად წამართმევ შენ თავს?! შენ თავზე უარს მეტყვი?! და რა გგონია, რომ…
-გამიშვებ! – შეაწყვეტინა ბარბარემ, ხმას აუწია, განერვიულებულმა. დაბურული თვალებით, ყბებდაჭიმული შეაშტერდა შერვაშიძეს.
ნიკოლოზს ხმადაბალი გმინვა, მერე კი ხრიალი აღმოხდა. სასოწარკვეთამ გადაუარა სახეზე, და ელვის სისწრაფით სტაცა ბარბარეს ბარძაყებზე ხელები, ხელში აიტაცა, ზურგით მიაკრა კარზე. მზეკაცის ვარვარება მოექცა გოგონას ფეხებშუა, მხრებზე მაგრად ჩააჭირა ხელები, რომ არ ჩამოვარდნილიყო.
მაგრამ გაციებულიყო შიგნით. დაცლილიყო და გამომშრალიყო ერთიანად.
ყელში ჩაურგო თავი შერვაშიძემ, მისი თეძოები მთელი ძალით მიაკრა კარს საკუთარით, ხარბად, მოუთმენლად უსვამდა ხელებს სხეულზე, სადაც მისწვდებოდა. ერთიანად კანკალებდა, მხართა კუნთები უხტოდა.
-გიჟი ხარ… – ხაოდა ის და ყელის კანს უორთქლავდა გაქვავებულ ბარბარეს, მის გალღობას, მის გამოცოცხლებას, მასში მზეების გაღვივებას ცდილობდა, გამწარებული. – გიჟი ხარ შენ… შენი თავი ცხოვრებამ მაჩუქა, შენ სიცოცხლე მომეცი და რა გგონია, ასე იოლად მკრავ ხელს და გადამაგდებ, გოგო?! შენ თავს ვერავინ წამართმევს, ვერც შენ, გაიგე?! – თეძოებზე სტაცა ხელები, კბილები სტაცა ყელის კანზე, ცხლად მიასუნთქა, და მთელი ძალით მოსწოვა კანი.
დაჩხვლიტეს ბარბარე თითქოს ნემსებმა. ტანში აჟრიალებდა, მზერა აემღვრა, მაგრად ჩასჭიდებოდა შერვაშიძეს დაჭიმულ მხრებზე, მაგრამ ვერაფრით ინძრეოდა, გაქვავებული, სადღაც, შორს, რაღაც წერტილს მიშტერებული.
ქოშინით შედგა შერვაშიძე. უფრო მეტად აუკანკალდა მხრები და სველი ხმა მოესმა ბარბარეს მის ყელში ჩარგული შერვაშიძის გაწეწილი თავიდან.
წელზე მოუცურა თითები ახალგაზრდა კაცმა და მთელი ძალით მიიკრა სხეულზე, გულში ჩაიკრა, ისე, რომ სუნთქვა აღარ დარჩა შიგნით ბარბარეს ისედაც დაცარიელებულ სხეულს.
მერე კი ნელა, ძალიან ნელა შეუშვა ხელი ნიკოლოზმა.
კარზე ჩამოაცურა, ქვემოთ ჩამოსვა, ლოყასა და ყურზე მოუსვა ცხელი ხელი, სველი, ტკივილით აღსავსე თვალები მიაპყრო.
და მიბრუნდა, ზურგი შეაქცია.
-წადი. – თქვა მან. იდგა, შემოსასვლელის თეთრი სინათლის ქვეშ, მიტრიალებული, რაღაცაზე გაშტერებული, მხრები ჩამოეყარა, რაღაცნაირად დაპატარავებული. – დროზე წადი.
გული მკერდში მოეგრიხა ბარბარეს, მაგრამ ხმა არ გაუღია. ისე მტკივნეულად წიწკნიდა რაღაც, უბრალოდ სურდა გადახრილიყო შერვაშიძისაკენ, ჩასჭიდებოდა მას და იქამდე ეღრიალა, სანამ გულს არ მოიოხებდა.
ცოტა ხანი უყურა ნიკოლოზის ზურგს.
მერე კი მიტრიალდა, კარი გააღო.
ბოლოჯერ სტყორცნა მზერა შერვაშიძეს.
მას მხრები უთრთოდა, მარჯვენა ხელი სახესთან მიეტანა.
გაცივდა ბარბარე.
კარში გავიდა და გამოიკეტა.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-24
კარი ჩუმად გამოიკეტა შემოსასვლელში, ახალგაზრდა კაცის ზურგსუკან.
წყნარი, თითქოსდა შეუმჩნეველი ჩხაკუნი მის ყურებში მეხის გავარდნასავით გაისმა, თითქოს ერთიანად აუზრიალა ტვინი, თავის ქალის უდრეკ კედლებს რომ აწყდებოდა აქეთ-იქით გამალებით.
ისიც წავიდა.
თუმცა არა…
ის წავიდა.
მხრები უთრთოდა შერვაშიძეს, ცდილობდა შეეკავებინა ისინი, მთელი თავისი შინაგანი ძალით ცდილობდა, მაგრამ ძალა თითქოს ერთიანად ჩაცლილიყო იმ ოდნავ სისველეში, თვალებიდან რომ გამოჰპარვოდნენ.
მარჯვენა ხელი მთელი ძალით მიიჭირა მაგრად დახუჭულ ქუთუთოებზე, თეთრი ოქროს სქელი ბეჭდის შეხებას გრძნობდა წარბთან და ამან უფრო აუმღვრია შიგნით ყველაფერი.
ჩამობნელებულიყო. და არა მარტო გარეთ.
რაღაც მტკივნეული, რიტმულად სცემდა შერვაშიძის მკერდში. როგორც ურო, ისე ურტყამდა, თითქოს ეს მისთვის ერთგვარი სასჯელი იყო.
მისი გულისცემა.
გოგო წავიდა. უბრალოდ ასე, აიღო და წავიდა. ყველაფერი ხელში მოიგდო, რაც მისი იყო, მკერდში შემოაღწია თავისი ფითრისფერი თითებით და ერთიანად გამოწურა მისი მტკივნეული გული, მერე კი მთელი ძალით ამოგლიჯა.
„არა. თავისით არ წასულა.“ უცებ გაიფიქრა ნიკოლოზმა, მთელი სხეული დაეძაბა, მხრების თრთოლა დაჭიმულ ზოლად ექცა. „მე გავუშვი. წასვლა მოინდომა, მე კი გავუშვი.“
„გამიშვებ!“ ყვიროდა მის გონებაში გოგო. ერთიანად წასვლოდა ფერი, იმის მიუხედავად, რომ სიცივეში მოსიარულეს აწითლებული, ცოცხალი კანი უნდა ჰქონოდა. კანი გაფერმკრთალებოდა, მაგრამ სამაგიეროდ მისი მუქი ყავისფერი თვალები ენთნენ ნაკვერჩხლებად. და იმოდენა მიზიდულობა იგრძნო მისდამი ახალგაზრდა კაცმა, იმდენად სურდა, რომ დარჩენილიყო, ისეთ ძლიერ კავშირს გრძნობდა მათ შორის, რომ უარი ვერ უთხრა.
რა პარადოქსული უაზრობა და სისასტიკე იყო.
ერჩივნა საკუთარი თავის სასოწარკვეთით მოყვირალი, ყველგან ფესვგამდგარი სურვილისათვის ეთქვა უარი, ვიდრე მისთვის.
რა სიგიჟე იყო. რა აბსოლუტური სიგიჟე. ეს თვითონ არ იყო თითქოს, ეს ვიღაც იყო, ვიღაც სხვა, რომელიც მის სხეულს დაჰპატრონებოდა და ასეთ საშინელ, მომწურავ გრძნობას განაცდევინებდა.
სწრაფად მოიწმინდა ახალგაზრდა კაცმა სისველე, მოიშორა, თითქოს უშველებელ დარბაზში იდგა სისხლისმსმელ მხეცებთან ერთად, რომელთანაც სისუსტე არ უნდა გამოეჩინა.
ალბათ იდგა კიდეც.
მარჯვნივ გრძელი სარკე ეკიდა. შერვაშიძის ანარეკლი მოჩანდა მასში. ზემოდან მომავალ თეთრ სინათლეზე აშკარა იყო, თუ როგორ ჩაცვენოდა თვალები, როგორ უბზინავდა წამწამები. სახე გაფითრებოდა, ერთიანად მოშვებულიყო.
მაგრამ ახალგაზრდა კაცი ყველაზე მეტად გამომეტყველებამ შეაშინა. ვერ იცნო საკუთარი თავი ამ ნაკვთებმონგრეულ, ტუჩებდაწვრილებულ ახალგაზრდა კაცში.
ანდა უბრალოდ ზედმეტად შეიცნო საკუთარი თავი.
აუტანელი, საშინელი მრისხანება, სასოწარკვეთილება ამოუბუყბუყდა მკერდში, ერთიანად გაავსო, პირი გააღებინა, ერთბაშად აწითლებულს, და ამოხეთქა, როგორც მძლავრმა ტალღამ.
გამწარებით დაიღრიალა შერვაშიძემ და სარკეს, წამის წინ რომ მის ყველაზე საშინელ ზმანებას ირეკლავდა, მთელი ძალით გაუქნია მუშტი.
ხმამაღალი ჭახანით შეენარცხნენ მისი სახსრები სარკეს, ბზარებმა წამსვე დაგლიჯეს მისი გამოსახულება. ისევე სწრაფად გაქრა, როგორც მოვიდა, თითქოს არც არსებობდა.
სარკეს მიეყუდა შერვაშიძე. ქოშინებდა, იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად საერთოდ არ დატვირთულიყო, შუბლზე ოფლი მოაწვა, გამწარებულს.
უფრო მაგრად ჩააჭირა დამსხვრეულ მინას მუშტი, ღრჭიალით დაიბზარა იგი, პაწაწინა ნამტვრევები ჩაცვივდნენ ქვემოთ, როგორც კრისტალური მტვერი.
უკან დაიწია ახალგაზრდა კაცმა. მკერდი გამალებით აუდიოდ-ჩაუდიოდა, სახსრები ეწვოდა, მაგრამ სამაგიეროდ ვეღარ ხედავდა იმ საზიზღარ ანარეკლს.
იმ ანარეკლს, რომლის ზედაპირზე ამოთრევაც შეძლო იმ გოგომ.
ამდენის უფლება მისცა შერვაშიძემ. ყველაფრის უფლება მისცა, მისი ფეხქვეშ გათელვისაც კი.
როდის აქეთ გახდა ასეთი? როდის აქეთ გახდა დამთმობი? როდის აქეთ არ იბრძოდა კბილებით იმისათვის, რაც სურდა?
რეტდასხმულივით გავიდა სამზარეულოში. თვალწინ უტრიალებდა მზერა, ერთიანად დაძაბულს, მოკრუნჩხოდა სახე, და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ის წამიერი ადრენალინი სხეულიდან.
თვალწინ გოგოს გაფითრებული სახე და მოვარვარე თვალები ედგა, რომლებიც იწვევდნენ თითქოს, უყვიროდნენ, „აბა მიყურე! ჰო, გაბედე და მიყურე!“
შეაკანკალა შერვაშიძეს. რაღაც ცარიელი და ცივი გაუვრცელდა მკერდში, ერთიანად გამოღრუტნა თითქოს, და სორო დაიდო შიგნით, ამოუვსებელი სორო.
კარადა გამოაღო და სასმელის ბოთლი გამოათრია. ახლა რომ არ დაელია, შეიძლებოდა გაგიჟებულიყო.
ბოთლს თავი შემოხსნა და პირდაპირ ყელში გადაიმხო. ჩასწვა, ერთიანად ჩახეხა ქსოვილი.
სწორედ ეს სჭირდებოდა ახლა.
ერთი ბოთლი დაიცალა. მეორე. მესამე.
იჯდა ნიკოლოზი, უაზროდ შეშტერებოდა ჭერს, სკამში ჩაფშვნილი, მომჩვარული, და ნელ-ნელა სვამდა.
-შენც… შენც წახვედი… – ლუღლუღებდა ის, მილულული თვალებით უყურებდა რაღაცას, მთვარესავით ფერმკრთალი, მოლივლივე სახე ეჩვენებოდა მათში. – შენც აიღე და წახვედიიიი… ყველა მიდის, ყველა, ყველა, ამის დედა შევეცი… მაგრამ შენ… შენ როგორ წახვედი, შენ როგორ არ გაჩერდი კართან, როგორ გაგიძლო გულმა, როგორ…
ცოტა ხანი კიდევ ბუტბუტებდა ახალგაზრდა კაცი. სიცარიელეს გრძნობდა, თითქოს გაცივდა, გაიყინა ერთიანად.
ყინვას რომ მორეოდა, უფრო მეტი სასმელი გადაისხა პირში და აუტანელ წვას, რომელმაც დადაგა თითქოს შიგნიდან, მიესალმა, ხელგაშლილი.
.
-*-*-*-*-*-*-
ბარბარემ მაშინღა გააცნობიერა, თუ სად მიდიოდა, როცა ქალაქის ცენტრს აუხვია და ერთ-ერთი ქუჩის პაწაწინა განახლეჩს, ფერდობზე რომ ადიოდა, აუყვა.
გრძნობდა, როგორ იყო გაფითრებული. ჯიბეებში ჩაყოფილი, შიშველი თითები გაჰყინვოდა, სახეს ვეღარც გრძნობდა თითქოს, ისე წაეგლიჯა ქარს. წამდაუწუმ ეცემოდნენ კანზე ფანტელები, იმის მიუხედავად, რომ კაპიუშონი წამოეფარებინა და ნიკოლოზის კეპი ეკეთა, ზედ ადნებოდნენ, უფრო და უფრო უყინავდნენ კანს.
ჩამობნელებულიყო. გზა უფრო ძნელად გასავლელი იყო, ვიდრე ახსოვდა, როგორც ჩანდა, აქეთ მომავალ ბილიკს არ კვალავდნენ.
გასაგებიც იყო, რატომაც.
ისეთი ძალით შემოუბერა ქარმა, რომ დაბარბაცდა ბარბარე, მთელი ენერგიით დაატანა თავს ძალა, რომ წინ წასულიყო.
კარგა ხნის სავალი იყო. ნიკოლოზის სახლიდან ერთი საათი მაინც იქნებოდა. სახლები შემეჩხერდნენ, ნელ-ნელა დაიწიეს თითქოს, გაპარტახდნენ, გამვლელი დაილია. ისეთივე დაფეხვილი გახლდათ აქაურობა, როგორც ბარბარეს საცხოვრებელი უბანი, მაგრამ სახლები ბევრად უფრო პატარა, დაბალი, ძველი მოჩანდა.
ფიფქებს ატრიალებდა ქარი. მანქანების მიერ დატკეპნილ თოვლზე მიაბიჯებდა ბარბარე, მთვარის მკრთალი შუქი და ლამპიონების ყვითელი სინათლე უნათებდა გზას.
გამომშრალიყო, დაცლილიყო ერთიანად. უბრალოდ ისღა ესმოდა, რომ მიდიოდა და უკან ვეღარ დაიხევდა, თავისი მიზნისათვის უნდა მიეღწია.
პატარა შუკაში შეუხვია. აქეთ უკვე თითქმის ვეღარ აღწევდა გზაზე დაყენებული, ისედაც კანტიკუნტად განლაგებული ლამპიონების ყვითელი, ავადმყოფური შუქი. მხოლოდ და მხოლოდ თითქმის გავსებული მთვარის შუქიღა მოეფინებოდა გზაზე, როცა უფრო ღრმად შევიდოდა შუკაში.
თითქოს ერთიანად ცარიელი იყო, მაგრამ მაინც გააჟრჟოლა, როცა ამაღლება დაიწყო შუკის გვერდით აღმართულმა ღობემ, უფრო და უფრო აშკარა გახდა ძველ ფიცრებზე მოდებული, ოდესღაც აყვავებული სუროს გამხმარი ჩონჩხი.
ნერწყვი გადაყლაპა გოგონამ, როცა პირველ საფლავს ჩაუარა.
სასაფლაოზე ხშირად არ ამოდიოდა მამის საფლავის მოსანახულებლად. უკვე სამი წელი გასულიყო მისი ბოლო ვიზიტიდან. იმის შემდეგ ყოველთვის დედა ადიოდა, აღდგომა იქნებოდა ეს, თუ საკურთხი.
ათვალწუნებით უყურებდნენ დედამისს გარშემომყოფნი. ამას ვერ იტანდა ბარბარე. მიშტერებოდა მამის საფლავს, თითქოს უმიზეზოდ გაბრაზებული, როცა ესმოდა, თუ როგორ ჩურჩულებდნენ მათი ერთ დროს კეთილმოსურნე ნაცნობები მათ ზურგს უკან.
ნაწილობრივ არ სურდა აქ ამოსვლა, რადგან მკვდრეთს ვერ იტანდა. ვერ იტანდა იმის გახსენებას, რომ მამის ძვლები აქ, ცივ მიწაში ეწყო, ხორცი კი უკვე მატლებს გადაეჭამათ.
ახლა კი, რატომღაც მზად იყო.
შეუფერხებლად მიიწევდა საფლავთა შორის. ჩამობნელებულიყო, მთვარის შუქის მიუხედავად, მაინც დაბურვოდა მზერა.
ძველ, მოუვლელ, გადათელილ საფლავებზე სქლად იდო თოვლი. თითქოს სირცხვილი იყო ეს სასაფლაო და მის დამალვას ცდილობდა ცა.
მაგრამ ამას მხოლოდ სასაფლაოს გროტესკულობა გამოჰქონდა სააშკარაოზე.
გული ყელში მოსწოლოდა ბარბარეს. მზერა ამღვრეოდა, ვერ გაეგო ეს სუსხიანი ქარისაგან იყო თუ პირში გაჩხერილი ემოციებისაგან, გადმოსკდომას რომ ლამობდნენ.
მამის საფლავს მიუახლოვდა. შემოყოლებული პაწაწინა, მეტალის ღობის კარი შეხსნა, შიგნით შეაბიჯა, სუნთქვააჩქარებულმა.
ყველაფერი ეყინებოდა, ერთიანად კანკალებდა, უხტოდა კუნთები.
საფლავს მიუახლოვდა, ცოტა ხანი უბრალოდ იდგა და უყურებდა ქვას, რომელზეც მამამისის გამოსახულება უნდა ყოფილიყო და რომელსაც თოვლის თხელი ფენა მალავდა.
ჩაიმუხლა ბარბარემ. შარვალი წამსვე დაუსველდა გამდნარი თოვლით. საფლავის ქვა გადაწმინდა აკანკალებული ხელით, ნიკაპი აუთრთოლდა, მამის მომღიმარ სახეს რომ გაუსწორა თვალი.
უფრო სხვანაირი ჩანდა მამა საფლავის ქვაზე. მის მოგონებებში მამა მუდამ ბედნიერი იყო, მუდამ იცინოდა, ახალგაზრდა, მუქთმიანი ჩანდა.
საფლავის ქვაზე გამოსახულ მამაკაცს კი უკვე დანაოჭებოდა სახე, ცალყბა ღიმილსა და ჩაცვენილ თვალებზე ეტყობოდა დაღლილობა.
ბარბარეს მზერა აემღვრა. ცხელი სისველე გადმოეღვარა ლოყებზე, გაოგნებულს.
ეს კაცი, მამამისი, ნარკოდილერებისაგან იღებდა ფულს და ოჯახს ახმარდა. ნიკოლოზის მიერ ნაშოვნი ბინძური ფულით იყიდა მამამ ბინა, ტანსაცმელი, საჭმელი.
გულისრევა მოაწვა ბარბარეს. საზიზღარმა აზრმა გაუელვა, შეძრწუნებულს, რომ მამამისი ამ ფულით ყიდულობდა მისი და დედამისის სიყვარულს.
ისე სძაგდა ამწუთას გოგონას ეს მამა, რომ წამიერად ვერ იცნო საფლავის ქვაზე გამოსახული კაცის სახე.
ქარი ზუზუნებდა. საფლავის გვერდით მდგარ, უზარმაზარ ტირიფს არხევდა ღრჭიალით.
არავინ არ ჭაჭანებდა სასაფლაოზე მის გარდა.
-გამარჯობა… მამა. – ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით თქვა ბარბარემ, დაჟინებით ჩააშტერდა ჯერ საფლავის ქვას, უძრავსა და მყარს, მერე კი თვითონ საფლავზე დაიხედა.
სჯეროდა, რომ სხვანაირად დალაპარაკებას ვერ შეძლებდა მასთან. მამამისი მიწაში იდო და არა საფლავის ქვაში.
-რამდენი ხანი გავიდა, არა? -ჩაიფრუტუნა გოგონამ, თავი გადააქნია. – ერთი მიზეზის გამო არ ამოვდიოდი აქ აქამდე, მაგრამ ამის მერე სხვა მიზეზით აღარ ამოვალ.
გასცრა, შეაკანკალა ბარბარეს. თვალები მაგრად დახუჭა, თითქოს ვიღაც უყურებდა.
-დიდ სიყვარულს დიდი გულდაწყვეტა მოსდევსო, რომ მეუბნებოდი, არ მჯეროდა. მეგონა, რაღაც სულელობდი. მეგონა, სიყვარულს არ შეიძლებოდა ისეთი რამ მოჰყოლოდა, რაც გულდაწყვეტა იყო. შენ კიდევ იცინოდი და თავს აქნევდი. – თქვა ბარბარემ,სიმწრის ღიმილი შეჰყინვოდა სახეზე, ნიკაპი უკანკალებდა, მზერა ამღვრეოდა ჯერ კიდევ. – მე შტერი ბავშვი ვიყავი, მამა. ნეტავ ახლა განახა, რანაირი ვარ, რანაირი გავხდი, რას იფიქრებდი? მე იდეალი გაგხადე, და მწარედ შევცდი. მეგონა, უფრო იოლი იქნებოდა ჩემთვის, თუ შენ მეყოლებოდი გვერდით სულ, ხელჩასაჭიდად, მაგრამ ესეც შემომეცალა… დამავიწყდა, რომ შენც ადამიანი ხარ, მამა, დამავიწყდა, თუ რას წარმოვადგენთ, დამავიწყდა, რომ ვარდისფერი სათვალე არსებობს, და შენ გამიკეთე ეს ვარდისფერი სინათლე, დამახრჩე ვარდისფერში… დამახრჩე შენს იდეალში და იცი, რა… იცი რა, მამა? – ბარბარე ძლივს იკავებდა თავს, ცხელი ცრემლები სდიოდა გათოშილ ლოყებზე, ისეთი სიძლიერით გრძნობდა მკერდის გაბერვას, თითქოს ცოტაც და გადაუსკდებოდა, გაეხლიჩებოდა და მისი უშველებელი, მტკივანი გული დაეცემოდა თოვლის თეთრ საფარზე, რომელიც წამსვე შეიღებებოდა წითლად.
მას გადმოჰყვებოდა სუნთქვაც, შეგრძნებაც და სევდაც.
-შენ გამტეხე, მამა… – ამოიხავლა გოგონამ, მთელი სხეული შეუხტა და გულამოსკვნით დაიწყო ტირილი. – მკვდარი ხარ…. მკვდარი ხარ ამ-ამდენი ხნის, მე კიდევ ცოცხალს დაგტირი, შეიძლება ასე?! მითხარი, შეიძლება?! – ხმას უწევდა ის, აუტანელი ისტერია, ყელში რომ აწვებოდა და გუდავდა, უნდა გამოეშვა, თორემ ვეღარ დაიტევდა შიგნით, ეს უკვე მისთვისაც ზედმეტი იყო, იმდენად ზედმეტი, რომ სულერთი იყო ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ ის ესმოდა, რომ უნდა ეყვირა, ებღავლა და ყველაფერი გამოეშვა, რაც აქამდე უბუყბუყებდა თავდახურულ ქვაბში.
-გულს-გულს მირევს იმის გაფიქრება, რომ სანამ მე სახლში გაკვეთილებს ვმეცადინეობდი და გელოდი, შენ ნარკოდილერებს ფულს სძალავდი! – დაიყვირა გოგონამ, მისი ხმა ქარის ზუზუნს შეერია. თვალებგაფართოებული შეყოყმანდა, თითქოს სიტყვა შეუკავდა ყელში. – რა გგონია, მინდა დავიჯერო ეს ყველაფერი?! მინდა დავიჯერო?! რას ფიქრობ, მამა?! რას ფიქრობ, მითხარი ერთი, რომ შენს მკვლელობაში გარეულს დავუჯერე, მასთან ვცხოვრობ, მასთან ვსუნთქავ და… – დახეთქილი ტუჩები მოიკვნიტა ბარბარემ, თვალებგაფართოებულმა, თითები მთელი ძალით ჩაიჭირა მუხლებში. ნიკოლოზის ათრთოლებული მხრები, სახესთან მიტანილი მარჯვენა ხელი და სასოწარკვეთილი სახე ამოუტივტივდა გონებაში, თითქოს ცივმა, სუსხიანმა ტალღამ გადაუარა და ერთიანად წალეკა. – რას ფიქრობ, რომ როდის გამზარდე ასეთი, ხომ? რომ როდის აქეთ გავხდი ასეთი კახპა? როდის აქეთ დავკარგე მორალი, არა..?
ძლივს ამოისუნთქა ბარბარემ. თრთოდა ერთიანად, ზემოდან დაჰყურებდა მამის საფლავს.
უყვიროდა, ცხოვრებაში პირველად უყვიროდა და განუზომელ სიამოვნებას, განუზომელ თვითკმაყოფილებას განიცდიდა.
ავადმყოფური იყო ეს ყველაფერი, სიგიჟე იყო მთელი ეს სიტუაცია, წარმოუდგენელი, არარეალური, შეთხზული სიგიჟე.
ვერ იქნებოდა ესეც სინამდვილე, ვერა…
ნიკოლოზის სახე მოელანდა გოგონას.
„მე ერთი ტყუილი არ მითქვამს შენთვის, არც ახლა და არც არასდროს…“
და სჯეროდა მისი ბარბარეს. სჯეროდა მისი შუშისებრი თვალების, სჯეროდა მისი სუნთქვისა და მისი უტყუარი გულისცემის. ერთი სულელი გოგო გამოდიოდა ალბათ, მაგრამ ამას ვერ უარყოფდა, ნიკოლოზის სჯეროდა, ისევე ბრმად, როგორი ნდობაც გქონდა მის მიმართ.
შეეშინდა. სასაფლაოზე საშიში საკუთარი თავი ეჩვენა.
გათოშილი, გაფითრებული სახე მოეგრიხა ბარბარეს, ისევ ცრემლები მოაწვა, გამწარებულს.
-შენ რა უყავი მორალი… – დაიჩურჩულა მან, თითქოს ახლა გაახსენდაო, ბრაზი ერეოდა, გამწარებულს, ბრაზისა და მრისხანების ცრემლები სდიოდა. – რაც არ გქონია, რას მასწავლიდი, მითხარი…
სუნთქვა ყელში შეუკავდა. ენა წაერთვა, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
მუხლები დაჟიებოდა. ზურგის კუნთები უყიოდა ტკივილისაგან, როცა ფეხზე წამოიწია, დაღლილობისაგან დაოსებულმა. კარი უარესად შემოეხეთქა სხელზე, უხვად მოაყარა ფიფქები.
-მე შენ საერთოდ არ გიცნობდი. – თქვა ბოლოს, გაციებული, უარესად დაცლილი, ერთიანად გამოფხეკილი შეჰყურებდა საფლავის ქვას, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის კანში გადიოდა ქარი და ცარიელ შიგნეულში დაეხეტებოდა აქეთ-იქით, უწყალოდ, მტკივნეულად ეჯახებოდა კედლებს. – მე არ ვიცი ვინ ხარ, და რომელი იყავი… ზნედაცემული პოლიციელი თუ მზრუნველი მამაჩემი.
ცოტა ხანი იდგა, ტუჩები უკანკალებდა, თვალები ისევ ევსებოდა ცრემლებით.
-ალბათ ორივე იყავი. – ჩაიჩურჩულა ბოლოს. დასიებული თვალებით დააშტერდა მთვარის შუქით განათებულ საფლავს. – ეგ კი ყველაზე უარესია.
მერე კი შემობრუნდა, გადაყინული თითები ჩაიწყო ჯიბეებში. მათ ვეღარც გრძნობდა, ვერც სახეს, ყურადღებას აღარ აქცევდა უკვე.
მისი შინაგანი შეძრწუნება, სასოწარკვეთილება და ნგრევა ბევრად უფრო გამანადგურებელი იყო, ვიდრე ფიზიკური დისკომფორტი.
ბოლოჯერ შეყოყმანდა გასასვლელთან, გაჭირვებით მობრუნდა, ზურგში მოხეთქებულმა ქარმა მის სახეზე იფეთქა, ერთიანად ამოუტრიალა შიგნეული.
-მე აქ აღარ მოვალ. – ამოიხავლა ბარბარემ. წარმოდგენა არ ჰქონდა, სიმართლეს ამბობდა თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ ის ესმოდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, რაღაცით უნდა დაესულებინა ეს, რაღაც წერტილი უნდა ყოფილიყო.
აკმაყოფილებდა თუ არა ეს წერტილი, უკვე სხვა საქმე გახლდათ.
წიხლი ჰკრა ბარბარემ პატარა ჭიშკარს, რომელიც ზრიალით მიეხეთქა მეტალის დაბალ ღობეს, მერე კი ქარმა მოაფრიალა, ბარბარეს ზურგსუკან დაიხურა ზათქუნით.
დამძიმებულიყო, თითქოს მკვდრეთის მთელი სიბნელე, თოვლის თეთრი საფარის ქვეშ რომ მიმალულიყო, მისკენ მოემართათ,  აეწოვა მის სხეულს და მისი გონების კუნჭულში მყოფ მხეცს შეერთებოდა, რომელიც უფრო დიდი ენთუზიაზმით ფხოჭნიდა გონების შორეულ კუნჭულს.
ღამის სიბნელეს, ქარბუქსა და თითქმის სავსე მთვარის შუქს შეერია ბარბარე.
.
-*-*-*-*-*-
რამდენი საათი გავიდა, წარმოდგენა არ ჰქონდა შერვაშიძეს. უბრალოდ იჯდა, ყლუპს ყლუპზე სვამდა, დროგამოშვებით ისვენებდა და ერთიანად არეული, ათრთოლებული ხელებით უკიდებდა სიგარეტს, სანამ კოლოფი არ დაუცარიელდა.
გაფერმკრთალდა სამზარეულო. ფეხზე წამოდგა შერვაშიძე, ბანცალით გაემართა საძინებლისაკენ.
თვითონაც არ იცოდა, რატომ. აქეთ-იქით ეხეთქებოდა მის მომჩვარულ ხელში დაჭერილ ბოთლში სასმელი, გამოქცევას, მის მუცელში ჩაღვრას ლამობდა.
ლოგინზე დაეხეთქა, ერთიანად მოიკაკვა, ამღვრეული, რეტდასხმული ჩააშტერდა იატაკს.
ფანჯარას გახედა. თვალი მოსჭრა ამომავალი მზის სხივებმა, მაგრამ ვერაფრით გაათბო.
მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გოგოს წასვლიდან გასული, თვითონ კი ეგდო აქ, უმოძრაოდ, უგონობის პირზე მისული მთვრალი, ერთადერთი შემორჩენილი სიგარეტის ნამწვი რომ უბოლავდა თითებს. ეგდო, იცოდა, რომ ლოგინს ასდიოდა გოგოს სურნელი, საკმარისი იყო უბრალოდ გადავარდნილიყო ზურგზე, მის ბალიშში ჩაერგო თავი და შეესუნთქა.
მაგრამ რაღაც აკავებდა. უბრალოდ იჯდა, შორიახლოს, და იმასაც კი ვერ ახერხებდა, რომ გოგოს სურნელი მოეგდო ხელში.
მისმა წასვლამ თითქოს ყველაფერი გამოაცალა. ყველაფრის უფლება.
საკუთარი თავი შესზიზღდა. მის გარეშე მყოფი საკუთარი თავი შესზიზღდა.
პირი გამოუშრა და ბოთლი მოიყუდა, მერე კი ბოლო ნაფაზი დაარტყა, სულ ბოლომდე შეიტანა ორგანიზმში წამიერი ნეტარების მომცემი ნაცრისფერი ბოლი, ჩაყლაპა, შეიერთა, გაიერთიანა.
უცებ მოუნდა, რომ ეს ბოლი გოგო ყოფილიყო, თავისი მთვარესავით კანით, ცინცხალი, სუსხისა და სითბოს სურნელით, მის მკლავებში დამყოლი, რბილი და ნაზი ნაპერწკალი, რომელიც მას უნდა გაეღვივებინა. უნდოდა შეერწყა ის მასში, გაერთიანებულიყვნენ, ერთიანად დაუფლებოდა გოგოს, სხეულსა და სულს.
შერვაშიძის ამღვრეულ გონებაშიც კი გაიფართხალა შიშმა. შიშმა, და მრისხანებამ იმ შესაძლებლობაზე, რომ გოგო იგივეს არ გრძნობდა, რომ ვერ შეძლო და ვერ შეიპყრო ის, როგორც მან თვითონ.
მზერა ჩამოუბნელდა შერვაშიძეს. სიმთვრალისაგან გაწითლებული სახე უარესად წამოუწითლდა, მთელი ძალით მოუჭირა ხელი ბოთლის ყელს. ამღვრეული, გაცოფებული თვალებით დაშტერებოდა მზის შუქით განათებულ ფანჯარას.
რაღაც ზუზუნებდა, შეუწყვეტლივ.
ძლივს გააცნობიერა შერვაშიძემ, რომ ტელეფონზე ურეკავდნენ. მოუქნელმა, სიმთვრალისაგან თავგზააბნეულმა ძლივს ამოაძვრინა მობილური ჯიბიდან, ყურზე მიიდო.
-ბიჭო, სად ხარ ამდენი ხანი… – გამოსცრა კბილებში მახათელმა. შერვაშიძეს გაეცინა, რაც სიმწრის ღიმილში გადაეზარდა.
-შენ… მთვრალი ხარ, ტოო? – ამოიგმინა მახათელმა. – რა დროს ეგ იყო, მთლად გამოყლევდი?
-ჩემი ქალი წავიდა, ბიჭო, ჩემი ქალი წავიდააა… – ამოიღმუვლა შერვაშიძემ, გადაიხარა, სახეზე ხელი იტაცა, მთელი ძალით, აგრესიულად დაისრისა კანი. გული ისეთი ძალით უცემდა, რომ ცოტაც და ამოუვარდებოდა თითქოს. – წავიდა ბიჭო, ეგეც…
-შენ შიგ ხო არ გაქ, ტოო, მეკაიფები?!- იფეთქა ტელეფონში მახათელმა და მოიღუშა ნიკოლოზი, არ ესიამოვნა მისი ამაღლებული ხმა მტკივნეულ ყურის დაფებზე. – რას ქვია, წავიდა და რა დროს ეგაა?!
-მივდივარო და წავიდა… – ამოიხრიალა შერვაშიძემ, რაღაცას მიშტერებოდა ამღვრეული თვალებით, ტვინარეული და გაცოფებული. – მე კიდევ მაგარი ყლე ვარ, გავუშვი, ტოო…
-მაგარიც არ ხარ, შე მართლა ყლეო! – იბღავლა თორნიკემ. – როდის აქეთ დაწირდი, ბიჭო? როდის აქეთ უშვებ ქალებს და მითუმეტეს შენ ქალს, ვაბშე მითუმეტეს მაგას, ჰა?!
ნიკოლოზი გაჩუმდა, ღრმად სუნთქავდა, მრისხანებისაგან თითქოს ებერებოდა ძარღვები.
-და მუდმივი კითხვა, აი მერამდენედ, მერამდენედ უნდა მოგიტყნან დედა ამ ქალებმა? – ხმას უფრო აუწია გააფთრებულმა მახათელმა.
-ჰოდა მოვძებნი! – იფეთქა შერვაშიძემ, გრძნობდა, თუ როგორ უფეთქავდა შუბლზე ძარღვი. მრისხანებას ვეღარ ერეოდა, ვეღარ იტანდა იმ პიროვნებას, რომლადაც იქცა თითქოს და რომლის მოშორების ერთი გზა არსებობდა მხოლოდ. – მოვძებნი, ამის დედაც მოვტყან, და დავაბრუნებ! ვერსადაც ვერ წავა, ვერ წამივა… – გამოსცრა კბილებში, ისე ძლიერად დაუარა ცხოველურმა ჟინმა, რომ ვეღარ ერეოდა თავს, თვალებანთებული. – სადაც გინდა იქ ნახე, ვინც გინდა ის შეაწუხე გინდა მიშკა, გინდა გოშა და გინდა პავლოვიჩი, ჩემი ქალი მე უნდა დამიბრუნდეს, გასაგებია?!
მახათელი ხმას არ იღებდა, მერე კი ხმამაღლა ამოიხვნეშა.
-გავაგზავნი ბიჭებს. – ჩაილაპარაკა მან ყრუდ. – შენ კი, შე სირო, რომ გამოვალ მანდ, გამოფხიზლებული დამხვდი, თორემ სასმელში ჩაგახრჩობ ჩემი ხელით. – გამოსცრა მან კბილებში და კავშირი გაუთიშა.
ერთიანად დაძაბულიყო შერვაშიძე, ძლივს სუნთქავდა, თითქოს გაიგუდა, ისეთი ძალით სურდა ახლა რამის სროლა, სხეული ეავებოდა, უმოქმედობით გამწარებულს.
ღრიალით მოიქნია სასმელის ბოთლი, რომელიც გამაყრუებელი ჭახანით შეენარცხა კედელს ტელევიზორის ქვემოთ, სითხემ იფეთქა, იატაკზე დაიღვარა, ნაფშვენები კი აქეთ-იქით გაიფანტნენ, მზის შუქზე დაიწყეს ბზინვა.
თითქოს რაღაც გაიხლიჩა, რაღაც გაიბზარა, შიგნით.
ღმუილი ატეხა გამსკდარმა მთვრალმა და ლოგინზე დაემხო.
 .
 .
-*-*-*-*-*-*-*-25
სასაფლაოდან მილასლასებდა ბარბარე, ძლივსძლივობით. თავზე ეფინებოდნენ ფიფქები, შარვალი დაჟიებოდა ერთიანად, მაგრამ სულაც არ აწუხებდა ეს. გათიშული იყო თითქოს, მამასთან ყველაფრის ამონთხევამ გაავსო სიცარიელით, შებოჭა, სუნთქვა შეუკრა.
შუკიდან გამოაბიჯა, გაყინული ხელები ჩაირგო ჯიბეებში და დაუყვა ქუჩას, ლამპიონების მკრთალი სინათლის ფონზე.
ისევ დაფეხვილი სახლები. დატეხილნი თითქოს. არაფრისმთქმელნი, ჩაბნელებულნი აზიდულიყვნენ მის გარშემო.
„შენ გამტეხე, მამა…“ გაახსენდა საკუთარი პირიდან წამოსროლილი სიტყვები და სიმწრის ღიმილით გაიღიმა, რომელსაც ვერ გრძნობდა. ალბათ ულამაზოდ მოემანჭა სახე და შეზარა საკუთარმა სიმახინჯემ, უფრო მეტად დახარა ქვემოთ თავი, კეპის ქვეშ შემალა, თითქოს სხვა თუ ვეღარ დაინახავდა, აღარ იქნებოდა მახინჯი, სახემონგრეული.
ისე სტკიოდა ყველაფერი, როგორც იმ დღეს, როცა სახლში გამოცხადებული პოლიციელის ლაპარაკს უსმენდა, მის ახსნა-განმარტებას უსმენდა, იმ მწირ, რუტინულ სიტყვებს, რომელთაც მამამისის სიკვდილი უნდა დაეტია შიგნით. ისე სტკიოდა, რომ ფიქრობდა, თუ სად იყო ის დრო, რომელსაც ყველაფერი უნდა განეკურნა, თუ სად წავიდა ის ექვსი წელი, თუ სად გაილია და რატომ აღარ ედო მალამოდ დაფშვნილ სულზე.
დრო არაფერსაც არ კურნავდა. მხოლოდ საკუთარი თავის უკეთესად დაცვას, ჭრილობის შენიღბვას სწავლობდნენ ადამიანები.
მეტი არაფერი.
და ეს ჭრილობები გადაეხა ბარბარეს, გაეხსნა, იფეთქა სისხლმა და ერთიანად გაწუწა, ტანზე ჩამოეღვარა, გამოაცარიელა.
მუხლები ეკვეთებოდა დაღლილობისაგან. ვეღარ ადგამდა ფეხს.
ძლივს მილასლასდა ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახლოს მიჭედებულ ძელსკამთან. ზედ ჩამოჯდა, ერთიანად მოიკაკვა წელში, უყურებდა თოვლს, მის ფარფატს, თუ როგორ უტკაცუნებდა და ეწეწებოდა კაპიუშონიდან გამოქცეული გრძელი თმა ქარში.
თითქოს რაღაც დაკარგა. რაღაც ჩაუქრა გონებაში, მამის სახით. მას ვეღარ გაიხსენებდა. მწვანე მელანქოლიის ელფერი მოედებოდა მუდამ გონებაში აღმოცენებულ მის მოგონებას. სევდიანი იქნებოდა მისი ღიმილის, მისი საჩუქრების, სითბოსი და ხმამაღალი სიცილის გახსენება.
თუმცა არა. მუდამ სევდიანი იყო.
მაგრამ სევდა ბედნიერი მოგონებას ერთვოდა მხოლოდ. სიკვდილის სევდა.
ახლა კი თვითონ მოგონება განაცრისფერებულიყო. საბურველი გადაფარებოდა, ტყუილისა და ახსნილი ფარდის საბურველი.
აკანკალდა ბარბარე. ნიკაპი ისევ აუთრთოლდა, ცხელი ცრემლები გადმოუგორდა.
რატომღაც მოეჩვენა, რომ ცრემლებიც ცივი უნდა ჰქონოდა. შიგნით ხომ ერთიანად იყო გაყინული.
იჯდა ცოტა ხანი, თავზე ათოვდა, ძელსკამზე მოხვეულს.
მამის ნაჩუქარი მაჯის საათი სწვავდა, ყოველი ტიკტიკი ეხამუშებოდა.
ჯერ ღამის პირველი საათი სრულდებოდა მხოლოდ.
რაღაც აუწრიალდა შიგნით, უსიამოვნოდ თუ სასიამოვნოდ, გაუგებრად. თითქოს რაღაც აკლდა, რაღაც არ ჰყოფნიდა, სხეულის კიდეზე ფორიაქობდა რაღაც.
ამ დროს წვებოდა ნიკოლოზთან ერთად. ყოველ საღამოს, იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც ბარბარე შერვაშიძესთან იყო, მის აივანზე ისხნენ, სავარძელში, ერთმანეთზე მიკრულნი, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე. უყურებდნენ ღია სივრცეს, ცის უსასრულობას, ცაში გამოკიდებულ, დღითი დღე ვსებად მთვარეს.
მერე კი ბარბარე ყოველთვის ამბობდა, რომ სციოდა, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ სციოდა. შევიდოდნენ, ნიკოლოზი აივნის კარს გამოიკეტავდა, სახელურს ასწევდა ზემოთ, საკეტს გადაატრიალებდა, მისი ფიგურა, მისი განიერი მხრები ეფარებოდნენ კარს და განუზომელი უსაფრთხოების გრძნობა ეუფლებოდა ბარბარეს, როცა მას უყურებდა, მის სილუეტზე მოფენილ მთვარისა და თეთრი ღამის შუქზე.
მერე კი, როცა დაწვებოდნენ, პირდაპირ მასში შეაღწევდა თითქოს ბარბარე, მზის გულში გამოეხვეოდა, როცა ნიკოლოზი მკლავებს მოხვევდა გარშემო, გულში ჩაიკრავდა და მკერდზე დაადებდა ბარბარე თავს. უსმენდა მის გულისცემას, მის სუნთქვას, იმ მონოტონურ, ტელევიზორიდან მომავალ ზუზუნს და ისე ეძინებოდა, როგორც არასდროს.
თითქოს რუტინა ჰქონდათ, მაგრამ ახალი იყო ყოველ ღამე მათი ქმედება. ახალი იყო ყოველთვის, როცა ერთმანეთს გაუსწორებდნენ თვალს, ლოგინის საპირისპირო მხარეს მდგომნი. ახალი იყო ის ცეცხლი, ის სითბო, რასაც შერვაშიძე ასხივებდა, ახალი იყო მისი შეხება, მისი ბარბარეს გამხდარ ზურგზე მოხვეული დაძარღვული ხელები, ოდნავ გამობურცულ მალებს რომ დაჰყვებოდნენ სათუთად, თითქოს ძვლები კი არა, ბუმბულები ედო გოგონას სხეულში.
თუმცა, შერვაშიძე როცა გადმოეფარებოდა, მისი მხარი როცა ოდნავ ეფარებოდა ტელევიზორიდან მომავალ შუქს, მის ტყიურ სურნელს სუნთქავდა და მას ზურგზე ხვევდა მკლავს ბარბარე, მართლა მსუბუქად გრძნობდა თავს.
მაგრამ ცუდად დაუცდა. ის, რაც ფრენა ეგონა, თავისუფალი ვარდნა აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ.
გული მოეწურა ბარბარეს, მაგრად დახუჭა თვალები, მხრები უთრთოდა, ცრემლები სდიოდა ლოყებზე და გამოჰქონდა მასში დარჩენილი სითბო.
ახლა აქ არ უნდა ყოფილიყო, გათოშილი. ახლა შერვაშიძის გვერდზე უნდა წოლილიყო, მას დალაპარაკებოდა, მისი ხმის გუგუნი შეეგრძნო მკერდში. უნდა ეგრძნო მოურიდებლობა და სიცხე, როცა საკუთარი მკერდით მიეკვრებოდა მას და ცხლად შეაფრქვევდა სუნთქვას ყელზე.
გააჟრჟოლა ბარბარეს. რაღაცამ გაავსო, რაღაც გახურდა მასში.
თავი გადააქნია, წამოდგა, თრთოლვით.
ბოლოჯერ გადაიხედა შუკისაკენ, რომელიც სასაფლაოსკენ უხვევდა.
მერე კი მიტრიალდა, ქუჩას დაუყვა.
ნელა მიდიოდა. ფეხათრევით. გათოშილი კუნთები უთრთოდა ერთიანად.
საათნახევარში ჩააღწია ქალაქის ცენტრში. პატარა ოცდაოთხსაათიან კაფეში შევიდა, ცოტა ხანი შეისვენა.
ორ საათამდე იჯდა იქ, თავგზააბნეული, ამდენი ხანი თოვლში სიარულისაგან დაოსებული.
ორზე წავიდა.
მამას მოერია თითქოს. ყველაფერი ამოთქვა მის მიმართ, რაც საჭირო იყო.
ახლა დედისათვის უნდა ეთქვა ყველაფერი. ჯერ კიდევ არ სცილდებოდა თავიდან მის მიერ ნათქვამი სიტყვები.
„მაგ ბიჭს ჩამოშორდი, თავი დაანებე. მოგშხამავს.“ სიტყვები უწამლავდა გონებას და ნელ-ნელა სიმწარე იპყრობდა.
ძალიან ბუნებრივად მოვიდა გაცნობიერება. მიაბიჯებდა ბარბარე ქუჩაში და აცნობიერებდა, რომ მთელი თავისი ცხოვრება, მთელი მისი იდეალები, მთელი წარმოდგენა, რაც რამეზე ჰქონდა, შეელახა, გამანადგურებელი გადატრიალება განიცადა და ქვეშ მოიყოლა ბარბარე, გასრისა, მიწასთან გაასწორა.
არც გაჰკვირვებია. დედისგან აღარაფერი გაუკვირდებოდა.
მაგრამ მრისხანება იპყრობდა ნელ-ნელა. მკერდიდან მოიწევდა თავში, პულსად უქცევდა საფეთქლებს, ცეცხლის ენებს უნთებდა გაციებულ გონებაში, კბილებს აჭერინებდა ერთმანეთზე, გამწარებულს.
დედამ ყველაფერი იცოდა. და ხმა არ გაიღო, არ უთხრა სიმართლე.
მოატყუა.
თუმცა, ფაქტობრივად არ მოუტყუებია. დედის სიტყვები მართალი იყო. მართლა მოშხამა შერვაშიძემ, ჩაითრია, მასზე მიაბორკა მთელი ძალით.
გააკანკალა ბარბარეს.
გამართლდა მისი წარმოდგენა. ტყუილი გახლდათ უთქმელი სიმართლე.
რატომ არ უთხრა არაფერი? რატომ არ გააგებინა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეგონა, რატომ არჩია, რომ შერვაშიძისაკენ გაეშვირა თითი?
პასუხები ჰქონდა ამ კითხვებზე ბარბარეს. ჰქონდა, და ვერ იტანდა ამას, ვერ იტაბდა, რომ დედის ესმოდა, რომ ესმოდა, თუ რატომ გააკეთა მან ეს, რადგან გაგება მსგავსებას ნიშნავდა.
ბარბარეს კი არ სურდა რამეში დამგვანებოდა დედას.
ამიტომ მისი პირიდან სურდა პასუხების გაგონება.
ალბათ იმედოვნებდა, რომ სხვა რამეს გაიგებდა.
სამს ათი წუთი აკლდა, რომ ჩააღწია სახლამდე. მთელი სხეული ტეხდა, გაყინულიყო, კანკალებდა. მკლავები მაგრად მოეხვია სხეულზე, სიცივისაგან თითქოს დაპატარავებოდა თითები, ოქროს ბეჭედი უყანყალებდა ზედ.
ანასტასია შერვაშიძის გაძვალტყავებულ, ავადმყოფ ხელზე ამოჩრილ ყვითელ ოქროს ახსენებდა.
ძლივს აათრია თავი მეშვიდე სართულამდე. ფეხები ისე ტეხდა, რომ ყოველ სართულზე უხდებოდა შესვენება.
ალბათ ასე გრძნობდა თავს შერვაშიძე, გაიფიქრა ტკბილ-მწარე ირონიით, როცა დაჭრილი მიათრევდა მას ბარბარე დაუსრულებელ საფეხურებზე.
თითქოს საუკუნის წინ მოხდა ის ამბავი. თითქოს სულ სხვა ბარბარე მიდიოდა ახლა კიბეებზე, ფიზიკური და ემოციური ტკივილისაგან ქანცგაწყვეტილი.
იყო კიდეც სხვა ბარბარე.
კარი გამოეცვალათ. იაფფასიანი, თაბაშირმუყაოს კარი ჩაესვათ. კარის ლეწვისა და აუტანელი ღრჭიალის ხმა მოესმა თითქოს ბარბარეს, როცა ნიკოლოზმა შეამტვრია.
ჩაკეტილი იყო. დედა გასული გახლდათ ალბათ, სამუშაოზე.
კარის გვერდით დაცურდა კედელზე ბარბარე.
იჯდა, ნელ-ნელა უთბებოდა სხეული, გათოშილს. პაწაწინა სინათლე ენთო ჭერზე. ვიღაცას შეეკეთებინა ჩამსხვრეული მინა.
იჯდა ბარბარე. და ელოდა, მშვიდად, თუ როდის მოდიოდა დედამისი.
მაგრამ არ იყო მშვიდად. უბრალოდ ვერ იქნებოდა.
ისე აღვრეულიყო მასში ყველაფერი, რომ სჯობდა ამჯერად უბრალოდ მინდობოდა დინებას, განურჩევლობა გამოეჩინა და ნება მიეცა გრძნობათა კორიანტელისათვის, თუ სადაც უნდოდათ, იქეთ გადაეგდოთ.
ჩაეძინა რამდენჯერმე. თავი გვერდზე გადაუვარდა, გაეყინა და გაუშეშდა ზურგის კუნთები, გამოჩრილ, კედელში ჩაჭერილ მალებზე გადაკრული კანი ასტკივდა.
კანი, რომელზედაც შერვაშიძე უსვამდა დიდ, თბილ ხელებს.
გარიჟრაჟისას მეოთხედ ჩაეძინა, კალთაში ხელებდაკრეფილს.
ნაბიჯების ხმამ გამოაღვიძა, კიბეზე ამომავალმა. შეინძრა, ძლივს გაახილა ერთმანეთზე მიკრული წამწამები. ქუთუთოები უთრთოდა, გამომშრალი პირი დააღო, ძლივს შეისუნთქა ჰაერი.
გარიჟრაჟის პირველი სხივები ედებოდა უკნიდან დედას. ქალი გაშტერებულიყო, კიბეზე იდგა და შეჰყურებდა, სახემონგრეული და განცვიფრებული.
-ბარბარე… – ძლივს ამოიხავლა მან, ნიკაპი აუკანკალდა, თვალები აემღვრა. თვითონაც შემცივნული ჩანდა, სახე გასწითლებოდა, მხრებსა და თმაზე შერჩენოდა ფიფქები.
თავისდაუნებურად წამოიწია ბარბარე. ფეხები უთრთოდა, ჭიანჭველებმა დაუარა მათში, კინაღამ წაიქცა და კედელს მიეყუდა, გასავათებული.
-გამარჯობა, დედა. – თქვა მან. გული მოაწვა ყელში, მაგრამ არაფერი აჩქროლებია შიგნით. ერთი კვირა იყო მას მოშორებული, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა.
შეეშინდა. სურდა დაეძალებინა თავისათვის, რომ რამე ეგრძნო. კვირის უნახავი დედა ედგა წინ.
დააძალა საკუთარ თავს, რომ მონატრებოდა.
-ბარბარე… სად ხარ ამდენი ხანი… – ძლივს ამოილუღლუღა ქალმა, საფეხურები სწრაფი ნაბიჯით ამოიარა, გოგონას სწვდა, მაგრად მიიკრა მკერდზე. სხეული უთრთოდა, დედურ ხელს უსვამდა თავზე წამოხურებულ კაპიუშონზე. – რა ცივი ხარ, დედი, რა ცივი ხარ, რა ქენი, გამოიპარე? გამოეპარე იმ ეშმაკ ბიჭს?
გასცრა ბარბარეს. რაღაც მოეხამუშა. მოშვებული იდგა. დედა მოშორდა, მხრებში სტაცა ხელები, გაფართოებული, აბრწყინებული, ჩაცვენილი თვალებით დააშტერდა.
-სად ხარ, დედა, რატომ არ გამოჩნდი აქამდე, როგორ შემეშინდა, ვერ წამოიდგენ.. – ბოლო  სიტყვაზე ხმა წაერთვა ქალს, სახეზე ხელი აიფარა და ატირდა, ბარბარეზე ჩაჭიდებული.
ბარბარე შეჰყურებდა, უსიტყვოდ. დედის ტირილზე წამოუარა თითქოს ერთიანად აუტანელმა დაღლილობამ.
კითხვების დასმა სურდა, მაგრამ ენას ვერ ატრიალებდა პირში. თვალთ უბნელდებოდა, ცოტაც და ჩაიკეცებოდა იატაკზე, რომ არ წამოწოლილიყო.
-სად იყავი, დედა, სად ჩაგკეტა, სად წაგიყვანა იმ ცხოველმა, მითხარი? – ხელები მოუფათურა მტირალმა ქალმა, სახე მოღრეცოდა, თმა გაეწეწა, ლოყები გაუფითრდა. ცივ მხრებსა და თავზე უსვამდა თითებს, მერე ისევ მაგრად ჩაიკრა გულში, მის გათბობას ცდილობდა. – სად გამოგკეტა, როგორ გამოექეცი, ჩემო გოგო, როგორ…
-ძალიან დავიღალე, დედა. – ძლივს ამოღერღა ბარბარემ. დედას მიშტერებოდა, მილულული თვალებით, ქანცგაწყვეტილი. – უნდა დავწვე.
-მოგიკვდი, დედა, მოგიკვდი… – ტიროდა გამწარებული ქალი, მაგრამ მაინც გაუღო ბინის კარი, ბარბარეს ძველ ოთახში, დალაგებულ, დაწკრიალებულ ოთახში შეიყვანა, თავისი ხელით გააძრო ქურთუკი და ნიკოლოზის კეპი.
დაინახა ბარბარემ, თუ რანაირი მზერა შეავლო ქალმა აშკარად დიდ, მის სხეულზე უშველებელ, შერვაშიძის კაპიუშონიან ზედას, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ვერც იტყოდა. როცა ბარბარე წამოწვა და საბანში გაეხვია, უყურებდა, გულამოსკვნით მტირალი.
თვალები დახუჭა გასავათებულმა გოგონამ. ცივი იყო საწოლი, იმის მიუხედავად, რომ სითბო იდგა ოთახში. სითბო არ ჰყოფნიდა მის სხეულს.
რაღაც აკლდა. რაღაც სიღრმისეული, ფუნდამენტალური.
თვალები გაახილა, დედას გადახედა.
-არავისთან დარეკო. არავინ გამოიძახო. არავის უთხრა. – ძლივს ამოთქვა მან, თვალები ეხუჭებოდა, ძლივს ლუღლუღებდა. – რომ გამოვიღვიძებ, ყველაფერს მოგიყვები… ყველაფერი რიგზეა, დედა.
მორიგი ტყუილი მოჩმახა მის წინაშე.
არ იყო ყველაფერი რიგზე.
მაგრამ ისეთი გასავათებული იყო, რომ რაც პირველი მოსდიოდა თავში, იმას ამბობდა, რაც არ უნდა სურრეალური ყოფილიყო.
ერთიანად მოეშვა ბარბარე. დაძაბული, კუნთებაყვირებული სხეული ჩაუდნა ლეიბში. ბურანმა მოიცვა, რომელშიც ბუნდოვნად ჩაესმოდა დედის ტირილი.
.
-*-*-*-*-*-*-
დაფეხვილ კორპუსთან გააჩერა მახათელმა მანქანა. იმის მიუხედავად, რომ შუადღე იყო და მკრთალად ეფინებოდა ღრუბელთა შორის გამომძვრალი ნაშუადღევის მზის სხივები გარემოს, გარშემო არავინ ჭაჭანებდა.
მკვდარი იყო უბანი. ნაზად ეცემოდნენ ფიფქები, ყინავდა.
მანქანიდან პირველი გადმოვიდა შერვაშიძე, მას მახათელი გადმოჰყვა.
ნიკოლოზი კორპუსს ააშტერდა, მეშვიდე სართულს.
თითქოს არსაიდან, შენობის გვერდიდან გამოჩნდა წაგრძელებული, თაგვივით ბიჭი, მკვირცხლად მიირბინა მათთან.
-აბა ბიჭიკო? – წარბი აუწია მახათელმა, თავი კორპუსისაკენ აიქნია. – აქაა?
-აქაა. – თავი მკვირცხლად დაუქნია ბიჭმა, გაფაციცებით მიშტერებოდა მათ, გრძელი, ჭუჭყიანი თმა გადმოჰკიდებოდა ცისფერ თვალებზე. – ღამე მოსულა, გვიან, და დილით დედამისთან ერთად შესულა ბინაში. იმის მერე აღარ გამოსულა.
-კარგი ბიჭი ხარ. – მახათელმა ღიმილით აუბურძგნა თმა, ხუთლარიანი მისცა.
კმაყოფილი გაიქცა ბიჭი.
ზანტად ეცემოდნენ ფიფქები შერვაშიძის გაწეწილ თმას. თვალები ამოღამებოდა, უძილობისა და სმისაგან.
-ავიდეთ, ბიჭო. – უთხრა თორნიკემ. წარბები აწკიპა, როცა ხმა არ გაიღო ნიკოლოზმა. რაღაცნაირად ეკრუნჩხებოდა ნაკვთები, ჯიბეებში ჩაეწყო ხელები მათი მომუშტვის დასამალად.
-არ ავდივართ. – თქვა ნიკოლოზმა. მზერით ბურღავდა მეშვიდე სართულის ფანჯარას,იმ პატარა, ნაწილობრივ ამოშენებულ ფანჯარას, რომლის იქით გოგოს ოთახი უნდა ყოფილიყო. – ხომ გავიგე, სადაცაა, მეტი არაფერი მჭირდება.
თორნიკე მოიღუშა, გაშტერებული უყურებდა.
-შენ მგონი მართლა ყლე ხარ. – კბილებში გამოსცრა მან. – აბა რას ღრიალებდი ერთი გუშინ? რას დამაგზავნინე ეს ვირთხები? საქმეს რომ ვცდებით და ეს შენი დედამოტყნული დეპუტატის მოადგილეა თუ რაცაა, ტრაკში არავის გაერჭოს, ჯერ კიდევ რომ დაგვდევს, დაგავიწყდა?!
-არ დამვიწყებია. – თქვა შერვაშიძემ. ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, რანაირად გაეღიმა. – იყოს ეს აქ.
-რატომ, ტოო? – ხმას აუწია მახათელმა, გამალებით ჩააშტერდა დაფეხვილი, ნაცრისფერი, არაფრისმეტყველი კორპუსის ასეთივე არაფრისმეტყველ მეშვიდე სართულს.
მრავლისმეტყველი მზერა ჰქონდა შერვაშიძეს.
-რომ წამოიყვანო და ყლესავით აღარ გნახო, რა იქნება? – ჩაილაპარაკა მან.
გაეღიმა ნიკოლოზს. ყბები დაეჭიმა.
-ერთხელ მოვიტაცე უკვე. – თქვა მან. – თავისი ნებით უნდა მოვიდეს, ისე აზრი არა აქვს.
-რას არა აქვს აზრი? – ჩაეძია მახათელი. – რა გამოცანებს მელაპარაკები, შეჩემა?
სახე მოეღრიცა შერვაშიძეს. ცოტა ხანი უყურებდა მეშვიდე სართულის პატარა ფანჯარას.
-მას. – თქვა ბოლოს, ხმადაბლა, მანქანისაკენ შებრუნდა. – მას და მე.
კარი გააღო, ჩაჯდა შიგნით, რაღაცას მიშტერებოდა, უსასრულობაში მომზირალი თითქოს.
კიდევ ერთხელ ახედა მახათელმა მეშვიდე სართულს.
კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, თავი გადააქნია.
სწრაფი ნაბიჯით გაემართა მანქანისაკენ.
ნიკოლოზისათვის არაფერი უთქვამს, ისე დაქოქა ძრავი და ისე გაქრა კორპუსის ეზოდან.
.
-*-*-*-*-*-*-
ძლივს გამოძვრა ძილიდან ბარბარე.
რაღაც საშინელება დაესიზმრა. თითქოს იწვა ლოგინში, მოკუნტული, ზუსტად ისეთ პოზაში, რომელშიც გამოეღვიძა. ვერ ინძრეოდა, ბუნდოვანი იყო გარემო, თითქოს ცურავდა.
მერე კი მამის ხმა ჩაესმა.
„შხამი. შხამი. შხამი. შხამი. შხამი.“ იმეორებდა ის, დაუსრულებლად. თვალის კუთხეში ეჩვენებოდა ის ბარბარეს, შავი სილუეტი, რომელიც იქეთ მზერის გადატრიალებისთანავე ქრებოდა და სხვა ადგილს იკავებდა.
ძლივს მოერია ძილს ბარბარე. გულაჩქარებული იყურებოდა ცოტა ხანი აქეთ-იქით ოთახში, თითქოს მამას ეძებდა.
წამოდგა ბოლოს. ჩამობნელებულიყო მისი ფანჯარა, ლამპიონთა მკრთალი შუქი შემოდიოდა მხოლოდ.
ორი იანვრის ღამე დამდგარიყო უკვე. მკრთალ შუქზე საღამოს შვიდს აჩვენებდა ბარბარეს მაჯის საათი, რომლის თითოეული ტიკტიკიც ჯერ კიდევ სწვავდა.
სასტუმრო ოთახისაკენ გაფრატუნდა გოგონა. თავი საშინლად სტკიოდა, უსკდებოდა თითქოს.
სავარძელში ჩამჯდარი დედა ფეხზე წამოიჭრა მის დანახვაზე, ათრთოლებულ ხელებში მოჭმუჭნული ხელსახოცი ჩაეხვია, თვალები ჩაწითლებოდა და ამოსიებოდა ტირილისაგან.
შეებრალა ბარბარეს.
მის მოპირდაპირედ ჩაჯდა ტახტში. მკერდში სუნთქვა არ ჰყოფნიდა თითქოს. უსიამოვნოდ ჩაჭეროდა თეძოში ნიკოლოზის მიერ ნაჩუქარი ტელეფონი.
ამოიღო, თითებში დაატრიალა, მაგრად ჩააჭირა ხელი, როცა დედა მისკენ წამოიწია, გვერდით დაუჯდა, მიეხუტა.
-რა მოხდა, ბარბარე? – ძლივს დაიჩურჩულა ქალმა. – გამაგებინე, რა მოხდა?
-ნიკოლოზს წავყევი. – თქვა ბარბარემ, მშვიდად, მის მარჯვენა არათითზე გაკეთებულ, სახელოს ქვეშიდან ოდნავ გამოჩენილ ყვითელ ოქროს დააშტერდა. – მასთან ვიყავი ერთი კვირა.
ამოიკვნესა დედამისმა. ასლუკუნდა, ხმამაღლა, მოთქმით ტიროდა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა ბარბარეს, რომ წინ მკვდარი ედოთ და გააჟრჟოლა, შეზარა ამან.
-რატომ არაფერი მითხარი მამაზე? – დაიჩურჩულა გოგონამ. ტელეფონის მოპრიალე კორპუსს ჩაშტერებოდა. იგრძნო, როგორ დაიძაბა დედა მის გვერდით და ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა, სიმწრის ღიმილმა მოუნგრია სახე. – შენ ყველაფერი იცოდი. მამა გიყვებოდა, არა? იცოდი, და ხმა არ გაიღე.
ცოტა ხანი ჩუმად იყო დედა. მისკენ არ იყურებოდა ბარბარე. უბრალოდ დაშტერებოდა მათ წინ დამდგარ ჟურნალის მაგიდასა და ზედ დადგმულ, თითქმის სავსე საფერფლეს.
მომწარო სურნელი იდგა ოთახში.
-რა მეთქვა, დედა, რა? – ამოიკვნესა ქალმა. – მეთქვა, მამაშენი ნარკოდილერებში იყო გარეული მეთქი? მეთქვა, მამაშენი იმათ ემსხვერპლა, ვისთანაც საქმე ჰქონდა დაჭერილი თქო? ეს მეთქვა თხუთმეტი წლის ბავშვისათვის?
მისკენ მიბრუნდა ბარბარე. საკუთარი დაღლილობისაგან ჩამოსიებული თვალები მიაბჯინა დედის აწითლებულ მზერას. ტანჯული, ნაოჭებიანი ქალი შემოჰყურებდა უკან, სიჯიუტით თვალებში და შეაძრწუნა ბარბარე იმან, თუ როგორ ჰგავდა დედას.
კბილები ღრჭიალით დააჭირა ერთმანეთს, მთელი ძალით. ხელები აუთრთოლდა.
-მერე რატომ არაფერი მითხარი? – ამოღერღა ძლივს. – ოცდაერთი წლის ვარ, დედა, ექვსი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ მოგივიდა აზრად, რომ სიმართლე გეთქვა?
-რატომ? – ხმას აუწია დედამ, გაღიზიანება ჩაუდგა თვალებში. – რატომ უნდა მეთქვა, მითხარი?! შეცვლიდა ეს რამეს?! ხომ იცი, რატომაც გავაკეთე, ბარბარე, ნუ ისულელებ თავს… არაფერში გჭირდებოდა შენ ეს ცოდნა! მამაშენი მკვდარი იყო და მინდოდა, რომ კარგად გაგხსენებოდა! არ მინდოდა, რომ შეგძულებოდა სიკვდილშიც და სიცოცხლეშიც!
ქალი თრთოდა. გასწეწოდა ოდესღაც კოხტა კულულები.
თავი გადააქნია ბარბარემ. მზერა აემღვრა.
-მამაზე შენ შემიქმენი ილუზია. – ამოილუღლუღა მან. – უფლება არ მომეცი, რომ მეპატიებინა მისი საქციელი. უფლება არ მომეცი, რომ გამეცალკავებინა ზნედაცემული პოლიციელი და მზრუნველი მამაჩემი, დედა. ახლა კი ორივე აირია ერთმანეთში და არცერთის გახსენება არ მსურს… ახლა ვეღარასოდეს ვაპატიებ.
ამოისუნთქა ბარბარემ. გაუაზრებლად ლაპარაკობდა, მაგრამ იგრძნო, რომ სიმართლეს ამბობდა.
გაოგნებული შეშტერებოდა დედა, პირს ისე ხურავდა და აღებდა, თითქოს არ სჯეროდა.
-შენ გაგიჟდი, ხომ? – უჩურჩულა მან.
-არ გავგიჟებულვარ! – ხმას აუწია ბარბარემ. დაჟინებით მიშტერებოდა დედას. – როცა დაჭრილი კაცი ნახე ჩემს ოთახში და იცანი, მაშინ რატომ არაფერი მითხარი?! – თითქოს ძალას იკრებდა თითოეული სიტყვით, თითქოს ნელ-ნელა დედაზე ზემოთ იწევდა და ისე დაჰყურებდა, როგორც მამის საფლავს. შეზარა ამ აზრმა, ცივმა ოფლმა დაასხა ბარბარეს. – იმის მაგივრად, რომ სიმართლე გითხრა და წესიერად აგეხსნა, შხამი ეძახე და ვერაფერიც ვერ გამაგებინე! პირველივე, ვიზეც ბრალი შეგეძლო დაგედო, ხელები შეაწმინდე და ბრალეულად გამოიყვანე!
-ეგ ბიჭი შხამია! ეშმაკია, ნამდვილი ეშმაკი! – იკივლა უცებ დედამ, გაფითრებული, განცვიფრებული, გაკაპასებული შეჰყურებდა, დამსკდარი, წითელი პომადით დაფარული ტუჩები უთრთოდა. – ეგ რომ არა, ეგ რომ არ ყოფილიყო, მამაშენი ცოცხალი იქნებოდა, ბარბარე! ეს შენთვის არაფერს ნიშნავს?!
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გრძნობდა ბარბარე დედის მხრიდან წამოსულ მანიპულაციას.
ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, როცა საკუთარ თავს მის მონატრებას აძალებდა.
რაც არ გამოუვიდა.
-ყველა შეიძლება ეშმაკი და ანგელოზი გახდეს, დედა. – თქვა გოგონამ. თავი გადაუსკდებოდა, ისე სტკიოდა. – საკმარისია მხოლოდ ვინმემ შერაცხოს ეშმაკად ან ანგელოზად.
დედა ენაჩავარდნილი მიაშტერდა. თითქოს არ სჯეროდა, რომ მის წინ საკუთარი ქალიშვილი იჯდა, რომ ეს სიტყვები მის ქალიშვილს გამოსდიოდა პირიდან.
წამიერად, მხოლოდ და მხოლოდ წამიერად სინდისის ქენჯნა იგრძნო ბარბარემ.
-გიორგი ბედიანიძეს შევხვდი. – განაგრძო მან, წყნარად მიშტერებოდა დედას. – ყველაფერი მომიყვა. – ტელეფონი შეუთრთოლდა ხელებში. ბედიანიძის სათვალეში არეკლილი მანქანათა სინათლის გახსენებაზე თითქოს ყველგან დაუარა ცივმა ჟრუანტელმა.
-შეხვდი? – განცვიფრებული მიშტერებოდა დედა, მერე კი სასოწარკვეთილი შვების სიცილი აუვარდა. – ღმერთო, რა ბედნიერებაა, მადლობა, ღმერთო… მერე რა ქენი, დედა? მოუყევი იმ ეშმაკზე ყველაფერი?
გაშრა ბარბარე. თითქოს არ უსმენდა დედამისი. უსმენდა, მაგრამ არ სურდა გაეგონა, არ სურდა გაეგო.
და ვერც იგებდა.
ტანში გასცრა ბარბარეს, როცა გააცნობიერა, რომ დედა ვერც ვერასოდეს გაიგებდა. ვერასოდეს გაიგებდა, თუ რას გრძნობდა თვითონ. მისი მუქი, მრავლის და ამავდროულად არაფრისმეტყველი თვალები ვერასოდეს აირეკლავდნენ ბარბარეს თვალების შუქს.
გული ჩასწყდა. გაუცივდა და მოუკვდა რაღაც შიგნით.
მერე კი შეცბა. ტელეფონი გამოსტაცა ხელიდან დედამ, სასწრაფოდ გახსნა, გაფაციცებით აკრიბა რაღაც ნომერი.
ზარი გავიდა. ენაჩავარდნილი, მოღუშული მიშტერებოდა ბარბარე.
-ვისთან დარეკე… – ამოილუღლუღა მან, როცა ყურზე მიაჭირა მობილური ტელეფონი დედამ, ძალაუნებურად ხელი შეაშველა, გული ყელში უბრაგუნებდა, რაღაც გაუწყდა გონებაში.
-დაელაპარაკე. – დაუსისინა დედამ, თვალები ანთებოდა, ავადმყოფურად. – დაელაპარაკე და ყველაფერი უთხარი მამაშენის მკვლელზე.
გაოგნებული მიაშტერდა ბარბარე. ადგილს მიეჯაჭვა და მიელურსმა თითქოს, ვერ ინძრეოდა.
შიგნით გამოუშრა ყველაფერი, ენაც კი ვერ მოატრიალა პირში.
-გიორგი ბედიანიძე გისმენთ. – გაისმა ტელეფონში. ბარბარე გაფითრდა. ენა ჩაუვარდა.
-უთხარი! – ხმას აუწია დედამ. – ყველაფერი უთხარი, რაც მაგ ბიჭზე იცი! მაგ… მაგ ეშმაკი უნდა დაისაჯოს იმისათვის, რაც გააკეთა! მამაშენის შვილი არ ხარ, ბარბარე? – დაჟინებით ჩააშტერდა, თვალები უელავდა. – ახლავე უთხარი!
ბარბარეს ხმა წართმეოდა. იჯდა, მანეკენივით და რაღაც საშინელი, აუტანელი გრძნობა უფათურებდა შიგნით ხელებს.
ბედიანიძე იყო ზარზე. დედამისმა ზეპირად იცოდა მისი ნომერი.
-ბარბარე, როგორც იქნა დარეკე. – გაისმა კაცის მშვიდი, ჩახლეჩილი ხმა ხაზიდან. კმაყოფილება ერია ტონში და ერთიანად აიჯაგრა ბარბარე, ყალყზე დაუდგა თმა. კატა რომ ყოფილიყო, დაისისინებდა გაღიზიანებისაგან.
ზარავდა ეს კაცი. ზარავდა მისი ხმა.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი ჭკუაზე. – უთხრა ბედიანიძემ, ღიმილი ეტყობოდა ხმაში. – შენი ქმარი კი მაიმუნობს, მაგრამ მოვიყვან მე მაგას აზრზე… მაგას და მაგის მგლების ხროვას გამოვკეტავ, ბარბარე, და გირჩევნია…
-მე სიტყვასაც კი არ გეტყვი შენ. – შეაწყვეტინა გაფითრებულმა, გააფთრებულმა ბარბარემ, ფეხზე წამოდგა, დედის მოულოდნელობისაგან გაკრთომას არ მიაქცია ყურადღება. – ჯანდაბაშიც წასულხარ… შეგიძლია დაივიწყო, მე არაფერი არ ვიცი ამ საქმეზე და რომც ვიცოდე, შენ არ გეტყოდი…
-გაგიჟდი? – დაუყვირა დედამ, სახე შეშლოდა. – გაგიჟდი, გოგო?!
ღრმად სუნთქავდა ბედიანიძე. თითქოს უზარმაზარი ტალღა გორდებოდა, ისე იგრძნო დაძაბულობა ჰაერში გოგონამ. ტანში გააცია.
-რა გინდა, შევიშალო?! – იფეთქა უცებ ბედიანიძემ და თვალები მაგრად დახუჭა, თავი გვერდზე გაატრიალა ბარბარემ. – რას აკეთებ, ბარბარე, რის მაგივრად ირჩევ მაგ კაცს, ხვდები? შენი ცხოვრების, დედაშენის, შენი მეგობრის მაგივრად რომ ირჩევ, ვერ მიხვდი აქამდე? შეგიძლია სწორი საქმე გააკეთო და სააქაოსაკენ შემობრუნდე, იმიტომ რომ არასწორი გზით მიდიხარ!
შედრკა ბარბარე. სუნთქვა უთრთოდა, ტუჩები მოიკვნიტა მთელი ძალით, რომ არ შეტყობოდა აღელვებული სუნთქვა. თვალები გაუფართოვდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა.
-მითხარი, ბარბარე. – ჩუმად ჩაულაპარაკა ბედიანიძემ. თითქმის ვერ გაიგონა მისი სიტყვები ბარბარემ დედის გაანჩხლებულ ყვირილში. – რა გირჩევნია, ბედნიერება თუ შენი ქმარი? რა გირჩევნია, რომ შენი ქმარი გყავდეს გვერდით, თუ მთელი ცხოვრება ბედნიერი იყო? არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოს მასა და ვინმეს, მაგალითად დედაშენს შორის, რომელს აირჩევდი, ბარბარე? რომელს? ინანებ ამას, იცოდე… განანებ.
ხმა ჩასწყვეტოდა ბარბარეს. გამწარებული კანკალებდა.
აცოფებდა ბედიანიძის სიტყვები. ვერ ხარშავდა მათ თითქოს, ვერ აცნობიერებდა, თუ რას ნიშნავდნენ, ვერ წარმოედგინა.
ეს ზარავდა.
„რა გირჩევნია, ბედნიერება თუ შენი ქმარი?“
სასწრაფოდ გაუთიშა ბარბარემ ბედიანიძეს. თავზარდაცემული დაეყრდნო ტახტის ზურგს. მუხლები ეკეცებოდა, ზუზუნი ასტეხოდა ყურებში.
-სულელო, უჯიშო, შტერო გოგო! – ყვიროდა დედა, გააფთრებული მიშტერებოდა, და ძლივს გადაატრიალა მისკენ მზერა ბარბარემ. –  ასეთი არ მეგონე, ასეთი არ გამიზრდიხარ! საერთოდ ვერ გცნობ! რა გგონია, გაშპები და იპარპაშებ მაგ ბიჭთან?! რა გგონია, შეგერგება ეგ?! მაგაზე უკვე განცხადება შეტანილია პოლიციაში, ხვალ-ზეგ დაიჭერენ და რა გგონია, ციხეში წაყვები?!
ზუზუნი უფრო გაძლიერდა, თითქოს დაკიდული ყურმილის გულგამაწვრილებელი წუილი ისმოდა მის ყურებში. გული თითქოს გასკდა და გადმოიღვარა მის მკერდში, ყველგან გრძნობდა ბარბარე გულისცემას, ისეთი ძალით უცემდა.
-რას ნიშნავს ხვალ-ზეგ… – ძლივს ამოღერღა მან, ხმაჩახრენწილმა. დედას მიშტერებოდა გაოგნებული, ყველა კუნთი დაეჭიმა.
-რაც გესმის! – თავი ასწია დედამ, ყოყლოჩინად გადმოხედა. თვითკმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა გროტესკულად მოღმეჭილ სახეზე. – რა გგონია, ბატონი გიორგი ამდენი ხანი რაე მუშაობს? ამზადებს ხალხს! იცის, ეგ ბიჭი რა ეშმაკიცაა! იცის, სად მუშაობს, სად ცხოვრობს, რას საქმიანობს, ყველაფერი იცის! – დედას ღიმილი გადაეფინა სახეზე. ისეთი შვების ღიმილი, თითქოს უზარმაზარ ტვირთს ხსნიდნენ მხრებიდან. – მალე ჩასვამენ, ბარბარე, და შენ… შენ ჩემს და ანის გარდა არავინ შეგრჩება…
უკან გაბარბაცდა ბარბარე. დედის ღიმილიან სახეს მიშტერებოდა და არ სჯეროდა, რომ ისმენდა ამას.
სხეული ავტოპილოტზე, ინსტინქტზე აუმოძრავდა. უკან გავარდა, შემოსასვლელისაკენ.
უკნიდან დედა ყვიროდა. მისი ხმა, მისი დანახვა უკვე მნიშვნელოვანი აღარ იყო ბარბარესათვის.
„იცის, სად მუშაობს, სად ცხოვრობს, რას საქმიანობს, ყველაფერი იცის! მალე ჩასვამენ, ბარბარე…“
„არა…“ გაიფიქრა გამწარებულმა, როცა ბინის კარი გამოგლიჯა.
„არა, არა….“ ფიქრობდა, როცა კიბეებზე ჩარბოდა, კისრისტეხით.
„არა! არა! არა!“ ყვიროდა, საკუთარ თავს უყვიროდა, როცა გარბოდა, ქუჩაში. ჯერ კიდევ გასავათებული, ქანცგაწყვეტილი კუნთები ტეხდნენ, მისი გულისცემა, ყელში რომ მოსწოლოდა, მისი ამწვარი ფილტვები იმოდენა წამლეკავ, აზვირთებულ ემოციას მალავდნენ, რომ ვერ იკავებდა საკუთარ თავში.
ქუჩაში მთელი ძალით გარბოდა ბარბარე.
ქოშინებდა, საშინელი ყინვა და სუსხი მოსდებოდა მთელ სხეულზე. თეთრი ორთქლი ქულებად იფრქვეოდა მისი დაღებული პირიდან.
მოკრუნჩხოდა სახე, სასოწარკვეთილს, ადრენალინი უცემდა ძარღვებში, სხეული ერთიანად აეტანა ცხოველურ, დაუოკებელ ინსტინქტს.
შერვაშიძესთან მისვლის ინსტინქტს.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-26
ნაზად თოვდა. ძვლებში გამტანი ყინვა იდგა, გამთოშველი. ლამპიონების მეტალის კორპუსებსაც კი მოსდებოდათ ჭირხლი.
ტროტუარზე დატკეპნილ, აღრიჭინებულ თოვლზე გარბოდა ბარბარე. გარბოდა, როგორც ადამიანი, რომელსაც მწარე წარსული და საზარელი მომავალი მოსდევდნენ.
მკრთალად ანათებდა ღია ნაცრისფერი ღრუბლებიდან ოდნავ გამოპარული, თითქმის სავსე მთვარე, ლამპიონთა ავადმყოფური შუქი მოსდებოდა გოგონას სახეზე.
ისე ჩაირბინა გოგონამ ქუჩა, რომ გამვლელი არ შეხვედრია.
ფილტვები ეწვოდა, პირით ქოშინებდა, მთელი ძალით, უსიამოვნო, სასოწარკვეთილი გრძნობების მორევად ქცეულიყო, აღრეულიყო მთელი მისი გონება.
ისღა ესმოდა, რომ შერვაშიძესთან უნდა მისულიყო. ესღა ამოძრავებდა, ესღა უდგამდა თითქოს ჩაცვენილ, გაქვავებულ, უდრეკ ფილტვებში სუნთქვას.
ქუჩის ბოლოს  ავტობუსის გაჩერება იდგა. კინაღამ შეენარცხა ბარბარე მინას, ისეთი ძალით მირბოდა. დაოსებული, პირდაღებული ქოშინებდა, ახროტინებული, სანამ მისდა ბედად უკვე მომავალ ავტობუსს ელოდებოდა.
რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა ჩასულიყო.
ავტობუსში ავარდა, მისკენ მომართული, მგზავრების გაოცებისა და ათვალწუნების მზერას ზედაც კი არ შეხედა.
ალბათ გიჟს ჰგავდა, მხოლოდ კაპიუშონიან ზედაში გამოწყობილი, უქურთუკოდ და უქუდოდ. თმა გასწეწოდა, ერთიანად გაფითრებულიყო, თვალები შეშლილს უგავდა ალბათ.
მთელი მგზავრობა ფეხზე იდგა, ვერაფრით დაჯდებოდა ახლა, ისე აკანაკალებოდა სხეული. უბრალოდ მთელი ძალით ჩასჭიდებოდა მეტალის ღერძს, ისე, რომ ისედაც გაყინული, კანგამომშრალი სახსრები ეყვლიფებოდა და უთეთრდებოდა.
დედამისს უკვე დაზეპირებული ჰქონდა გიორგი ბედიანიძის ნომერი. ალბათ ხშირად უკავშირდებოდა, ყველაფერს უკაკლავდა მას.
გასცრა ბარბარეს ისედაც გაყინულ სხეულში. გამწარებულმა მუშტები შეკრა, სახე მოეგრიხა, ყელში ისეთი ძალით დაეჭიმა კუნთები, რომ ვეღარ ამოისუნთქა, იგუდებოდა.
არ უნდა მისულიყო დედასთან. არ უნდა დარჩენილიყო იქ, შეცდომა დაუშვა.
მაგრამ რომ არ მისულიყო, ვერც ვერაფერს გაიგებდა.
ბედიანიძემ იცოდა, სად ცხოვრობდა ნიკოლოზი. იცოდა, რას საქმიანობდა, და უთვალთვალებდა კიდეც ალბათ.
„მაგაზე უკვე განცხადება შეტანილია პოლიციაში, ხვალ-ზეგ დაიჭერენ და რა გგონია, ციხეში წაყვები?!“ ყვიროდა დედა, თავისი ამაზრზენი, განმგმირავი ხმით.
ისე მოიჭმუხნა ბარბარე, თითქოს ყურის აპკები უზრიალებდა დედის ხმისაგან.
გაფაციცებული, ადგილზე მცმუკავი გაჰყურებდა ავტობუსის ფანჯრებში შემოგარენს. მინა გაურეცხავი იყო, ქვემოთ შეჭირხლული, საშინლად ციოდა. კორპუსი რახრახებდა, რაღაც დამტვრეული ბგერები მოდიოდა რადიოდან.
ბარბარე კი ვერცერთს ვერ გრძნობდა თითქოს. გამალებით სუნთქავდა, ფილტვებამწვარი და აკანკალებული, გული მოსწოლოდა ყელში.
ქალაქში რომ ჩავიდნენ, კარი წესიერად გაღებულიც კი არ იყო, რომ გაძვრა შიგნით, კინაღამ ვიღაც მოხუც კაცს დაეჯახა, რომელმაც ხმამაღლა მოაძახა უკნიდან გინება.
მაგრამ ბარბარეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. უკვე ქუჩაში გარბოდა.
გაჰქვავებოდა კუნთები თითქოს, გაჰყინვოდა, წესიერად ვერ ადგამდა ფეხს. სახეს ვეღარ გრძნობდა, გაფიჩხებული, გაწეწილი კულულები ტკარცალებდნენ მის უკან.
გამვლელები იჭვნეული, გაოცებული თვალებით გადმოხედავდნენ. რამდენიმემ მზერა გამოაყოლა, მოღუშულებმა.
მაგრამ ბარბარეს მხოლოდ ისღა ესმოდა, რომ უნდა ერბინა, უნდა მისულიყო დროზე.
დიდი, სიცოცხლით მფეთქავი ქუჩა ჩაათავა, გვერდით, შედარებით პატარა ქუჩაზე შეუხვია.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა მიერეკებოდა წინ. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამ შეჰმატა იმის ფიზიკური ძალა, რომ აქამდე მოსულიყო, ერთიანად ქანცგაწყვეტილი.
ალბათ ვერ გააცნობიერა საკუთარი შესაძლებლობები, სანამ პირისპირ არ შეეჩეხა თავის ყველაზე დიდ სისუსტეს.
ქოშინებდა ბარბარე, მიქროდა, და ფიფქები ეფინებოდნენ თმაში, მკრთალი მთვარის შუქის ფონზე.
მერე კი რაღაც შეიჭრა თითქოს ჩვეულებრივ, თეთრ და ლამპიონების თბილ ყვითელ ნათებაში, განგმირა ისინი, გადახლიჩა, შეუფერებლად, უტიფრად მოეფინა ბარბარეს სახეზე.
შორიდანვე შეამჩნია გოგონამ. შეკრთა, ისედაც ხროტინით აღსავსე სუნთქვა შეუკავდა ყელში.
წითელ-ცისფერი ნათება მოჰფენოდა გარემოს ნიკოლოზის კორპუსთან ახლოს. ხალხი შეკრებილიყო, ჩოჩქოლი და საუბარი ისმოდა. ვიღაც ახალგაზრდა პოლიციელი მათ დაშლას ცდილობდა.
ძლივს შედგა ბარბარე. ინერციითღა ადგამდა თითქოს ნაბიჯებს, გაოგნებულს ნებისმიერი ნაბიჯი ფეხიდან თმის წვერებამდე უგზავნიდა თითქოს კანკალის ტალღას.
ძლივს შედგა, შეკრებილი ბრბოს უკან.
სამი პოლიციის მანქანა იდგა კორპუსის ეზოში. რამდენიმე პოლიციელი ნიკოლოზის სადარბაზოს შესასვლელში გამაგრებულიყო.
„ვიღაც დაიჭირეს..?.“ „ვიცოდი, რომ ის ბიჭი სადღაც მენახა…“ „მესამე სართულზე ცხოვრობდა…“ „რისთვის დაიჭირეს?“
ნიკოლოზი. სხვა ვერავინ იქნებოდა.
კანტიკუნტად, თითქოს მისკენ ნასროლი ისრებივით შხუოდნენ ბარბარესაკენ ხალხის სიტყვები. ერჭობოდნენ ხორცში, ისევე, როგორ ტყვია, უხლეჩდნენ ქსოვილს, ერთი მეორეზე უარესნი.
სახის ნაკვთები აუთრთოლდა ბარბარეს, უკან გაბარბაცდა, ფეხი დაუსტა, კინაღამ დაეცა.
ვერ მოასწრო. ბედიანიძემ დაასწრო, ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა.
მუხლები აუკანკალდა, პირზე იტაცა გაყინული ხელები, თავზარდაცემულმა.
ნიკოლოზი დაიჭირეს.
ისეთი ძალით დაესხა მომენტალურად რეტი, რომ ძლივს შეიკავა თავი დაცემისაკან. თითქოს მზერა აუბჟუვდა, ფერებმა დაიწყეს მის თვალებში თამაში.
თითქოს მკერდი უსკდებოდა, ისე ძალიან სტკიოდა, ვეღარ ამოისუნთქა, ნაწლავები გადაეკვანძა.
რატომ სტკიოდა ასეთი ძალით, რატომ, რატომ? რატომ ისჯებოდა სულ იმის გამო, რატომ იტანჯებოდა იმის გამო, რაშის სულაც არ იდო მისი ბრალი? სად იყო ამ აუტანელი უსამართლობის სათავე და როდის უნდა დასრულებულიყო?
ესეც უნდა მომხდარიყო. ეს მყისიერი, ტკბილ-მწარე ბედნიერებაც უნდა ყოფილიყო წარმავალი.
ნიკოლოზი დაიჭირეს.
პირი გამოუშრა, და სისველე თვალებში მოაწვა ბარბარეს. მთელი ტანით თრთოდა, გული აურია უცებ ამ ბრბოს განურჩევლობამ, მათმა სიტყვებმა, მათი ბინძური ტუჩებიდან მომავალმა გაკიცხვამ. მთელი ძალით მოიხვია სხეულზე მკლავები, ძლივს იკავებდა თავს, რომ პირი არ დაეღო და ყვირილი არ წამოეწყო.
არა იმიტომ, რომ ყურადღების მიქცევა არ სურდა. არა იმიტომ, რომ შეკავების ძალა გააჩნდა.
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა იმ ხმის, იმ ამაზრზენი, მწველი ხმის, მის მკერდში რომ ბუდობდა. ეშინოდა, რადგან იცოდა, თუ დაიწყებდა, ვეღარ შეჩერდებოდა.
ამიტომ იდგა, ადგილს მიყინული, გაქვავებული, მზერა ამღვრეული. ნიკოლოზის კაპიუშონიან ზედაში გაეხლართა თითები, რომელშიც უკვე შემოპარვოდა აუტანელი სიცივე.
აქამდე მთელი ძალით უცემდა მკერდში გული. აქამდე ყველაფრის მიუხედავად ახურებულიყო.
ნიკოლოზი დაიჭირეს.
და სიცხეც შემოეძარცვა, ძალაც, და ძლიერების სურვილიც.
რაღაც ღრჭიალებდა. შორეული გუგუნი მისწვდა მის ცარიელ გონებას.
ახლა რაღა უნდა ექნა?
მერე კი, მის გვერდით, მოწყვეტით გააჩერეს მანქანა.
უღიმღამოდ გადახედა მას ბარბარემ, ერთიანად გამოფხეკილმა, მზერაამღვრეულმა.
თორნიკე იჯდა მანქანაში, გაფართოებული, გადარეული თვალებით მიშტერებოდა. მან ხელი სწრაფად დაუქნია, მისკენ მიიხმო.
ისეთი ძალით შეისუნთქა ბარბარემ, რომ ახრიალდა. დატეხილი, დაღლილობით აყვირებული სხეული ძლივს გაათრია მანქანისაკენ, წამსვე გამოაღო მგზავრის კარი და ჩაჯდა.
კარი ელვის სისწრაფით ჩაიკეტა, და მანქანა ადგილს მოსწყვიტა მახათელმა.
-თორნიკე… – ძლივს ამოიქოშინა ბარბარემ, გაფაციცებით მიაშტერდა, მყიფე, დამტვრეული ფრჩხილები მაგრად ჩააჭირა სავარძელს, როცა მკვეთრად მოუხვია მახათელმა მანქანა, თან სარკეში იყურებოდა, დაძაბული. – რა ხდება, გამაგებინე…
ხმა არ გაიღო მახათელმა. ყბები დაძაბვოდა, ნესტოები ებერებოდა ყოველი შესუნთქვისას.
-ნიკოლოზი? – ხმას აუწია ბარბარემ. ცოტაც და აყვირდებოდა, შოკში იყო თითქოს, საერთოდ გაგიჟების ზღვარზე, გული ყელში მოებჯინა, საშინელი სიძლიერით უცემდა ძარღვი საფეთქელში. – თორნიკე, ნიკოლოზი?! პოლიცია იყო… დაიჭირეს?!
მახათელმა ერთი გადმოხედა, მაგრამ ხმა არ გასცა. მისმა სიჩუმემ უარესად გააცოფა ბარბარე, ისეთი ძალით უჭერდა სავარძლის ტყავს თითებს, რომ ფრჩხილები ჩაეღუნა.
-თორნიკე, ნიკოლოზი სადაა?! – წამოიყვირა სასოწარკვეთილმა, თავს ვეღარ ერეოდა. ის საზიზღარი, მოყვირალი ხმა აღარ ეტეოდა მკერდში. – დაიჭირეს?! შენ სად იყავი?!
მახათელმა ხმა არ გასცა.
-თორნიკე! – იბღავლა თავზარდაცემულმა ბარბარემ. მისი დუმილი ზარავდა. დადუმებული მახათელი არასოდეს ენახა. – დაიჭირეს! დაიჭირეს, არა?! ხმა გამეცი!
თორნიკემ ტუჩები მოკუმა. ისევ დაძაბულმა გაიხედა სარკეში.
სადღაც გადაუხვიეს, უცნობ გზაზე. უკან ჩაიკარგა ქუჩათა სიცოცხლე.
გაშტერებულიყო ბარბარე, თორნიკეს მისჩერებოდა, ისეთი ძალით უცემდა გული, რომ ცოტაც და გაუხეთქავდა ალბათ უზარმაზარი წნევით მოწოლილი სისხლი, ახლა ყურებში რომ უგუგუნებდა.
უცებ შიშის საზარელმა დაბურველმა მოიცვა.
რატომ იყო თორნიკე აქ? საიდან იცოდა, რომ ბარბარე მოვიდოდა, და თუ არ იცოდა, რატომ იყო ნიკოლოზის სახლთან შორიახლოს?
ნუთუ მანაც ვერ მიასწრო…
მაგრამ მაშინ სადღა მიჰყავდა?
ხუთი წუთი გავიდა. ათი, თხუთმეტი.
თორნიკე ხმას არ იღებდა. ბარბარე კი იჯდა, მასზე შესცეცებული, გულისცემა არ უნელდებოდა, ერთიანად დაძაბულს.
მერე კი მობილური ტელეფონი ამოიღო მახათელმა. სადღაც გადარეკა.
გონებაში აუტანელი, ყურისწამღები ყვირილი ჩასდგომოდა, მაგრამ მაინც გაიგონა ბარბარემ მისი სიტყვები.
-მორჩი რასაც აკეთებ და წამოდი დროზე. – თქვა მან და კიდევ რამდენიმე ათეული კითხვა ამოუვარდა ბარბარეს გონებაში. დაფრთხა, აკანკალდა, მახათელის შეეშინდა წამიერად, იმის მიუხედავად, რომ მისდამი შიში აქამდე არ ეგრძნო.
თუმცა ყველაფერი წარმავალი და ცვალებადი იყო.
-ვინ იყო ეგ… – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ. – თორნიკე, მეტყვი თუ არა?! – დაიყვირა მან, ყველაფერი უთრთოდა.
მდუმარე იყო მახათელი.
რაღაც საშინელი, ბნელი უკაწრავდა შიგნიდან მკერდის ძვალს ბარბარეს, ფილტვებსა და ძვლებს ატკიებდა, მინას უფშვნიდა თითქოს ტვინში.
ყველაფერი სტკიოდა. სუნთქვიდან ამოსუნთქვამდე, ყველაფერი სტკიოდა, ძლივს სუნთქავდა.
ნელ-ნელა იცლებოდა ბრაზისაგან და ევსებოდა თვალები ამღვრეული წყლით, გაწამებულს.
მანქანა საშინელი სისწაფით მიქროდა ტრასაზე. უკან დარჩნენ დიდი, მოვლილი კორპუსები, გარემო ცალ მხარეს ტრიალ მინდორსა და მეორე მხარეს პატარა, დაფეხვილ სახლებს წარმოადგენდა, ზუსტად ისეთებს, როგორებიც სასაფლაომდე მიმავალ შუკაში აღმართულიყვნენ. თითქოს ჩვეულებრივი სახლების ჩონჩხებივით წამოზრდილიყვნენ მიწიდან, უადგილონი, ბნელნი და ავის მომასწავებელნი.
-თორნიკე, რა მოხდა… – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ. ნელ-ნელა ბრაზისაგან იცლებოდა, მახათელის მიმართ რომ აუზვირთდა. – ახლა რა უნდა გავაკეთოთ…
სადღაც გადაუხვია მახათელმა.
დაკერილი იყო დაგებული ასფალტი,  ძველი და გაცრეცილი. გზას მხოლოდ მანქანის ფარები და მკრთალი მთვარის შუქი ანათებდნენ. შემეჩხერდნენ სახლები, გახშირდნენ თეთრად დაზვინული, დახრილი ხეები და ბუჩქები.
გზა შეფერდდა. ერთ მხარეს დახრილი, ტრიალი მინდორი მოჩანდა, მეორე მხარეს კი ძველი, ერთსართულიანი სახლები, რომელთაგანაც კვამლი ამოდიოდა.
უკვე ორმოცდახუთი წუთი იყო, რაც მოდიოდნენ.
მიხრიგინებდა მანქანა. სამარისებური სიჩუმე იდგა სალონში.
ბოლოს კი, სადღაც, პაწაწინა შუკაში აუხვია მანქანა მახათელმა. საცოდავად ზმუოდა ძრავი აღმართზე ასვლისას. თითქმის გაუკვალავი იყო გზა, ისე ძალიან თოვდა.
ბარდნიდა. წამდაუწუმ ეფინებოდნენ ფიფქები საქარე მინას, თითქოს თვალთახედვის დამალვას ცდილობდნენ.
მაგრამ ისედაც ვერაფერს ხედავდა ბარბარე, ისე ამღვრეოდა მზერა. თვალი გაშტერებოდა, შიგნით რაღაცჩაწყვეტილს.
მერე კი მოულოდნელად მკვეთრად მოუხვია მახათელმა, გზის გვერდით, ბუჩქებს შორის შეიყვანა მანქანა.
-გადადი. – უთხრა მან, ძრავი გამორთო, კარი გააღო.
ძლივს მოვიდა აზრზე ბარბარე. თვითონაც ძლივს გამოსწია სახელური, სასტიკად დაღლილმა. ერთიანად აცახცახდა, როცა ფეხები თითქმის მუხლებამდე თოვლში ჩაუვარდა, სხეულზე გაუსაძლისმა ყინვამ შემოჰკრა. ქარი უბერავდა, უწყალოდ.
-წამოდი. – ერთი გადმოხედა მახათელმა, გზისაკენ ანიშნა. კანკალით, ძლივსძლივობით აედევნა მას ბარბარე, მის გაკვალულ თოვლში აბიჯებდა, მთელი ძალით მოეხვია სხეულზე მკლავები.
მახათელის ბეჭებს მიშტერებოდა. უნდოდა, რომ ეყვირა, რომ ეკითხა, თუ რას გააკეთებდნენ ახლა, რაკი ნიკოლოზი დაიჭირეს, სად წაიყვანდნენ მას, როგორ მოეპყრობოდნენ? უნდოდა ეკითხა, აპირებდა თუ არა თორნიკე ხმის ამოღებას, უნდოდა პასუხები მოეთხოვა თავის კითხვებზე, მაგრამ იცოდა, რომ ვერ მიიღებდა. იცოდა, რომ თორნიკედან პასუხების გამოძალვა მის შესაძლებლობებს სცდებოდა, ამიტომ უბრალოდ უნდა მინდობოდა ბედს.
კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ბარბარემ.
უნდა მინდობოდა, მაგრამ მერამდენედ?
სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა მახათელი, სადღაც, უღრან ადგილას.
გზას მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი უნათებდათ, თეთრ თოვლზე რომ ირეკლებოდა. ჩამობინდებულიყო გარშემო, ისინი კი პატარა გზაზე მიდიოდნენ, რომლის ორივე მხარესაც აღმართულიყვნენ თოვლით დაფარული, დაზნექილი, დიდი ხეები. ცაში აესროლათ თავიანთი კენწეროები, მყარად იდგნენ, ოდნავ ირწეოდნენ, ცოტ-ცოტა, შეუყინავი თოვლი სცვიოდათ ტოტებიდან.
ისე ბარდნიდა, რომ მალე თოვლის ფენა შერჩა ბარბარეს თმასა და მხრებზე. ძლივსძლივობით მისდევდა უკან მახათელს, ყველაფერი გაეყინა თითქოს.
ბოლოს კი გზიდან ოდნავ გადაუხვია მახათელმა. დათოვლილი, პაწაწინა ღობეში გაკეთებული კარი შეაღო, რომელიც ისე დაეფარა თოვლსა და იქვე დარგულ, გაშიშვლებულ ბუჩქებს, რომ ბარბარემ საერთოდ ვერ შენიშნა.
ეზოში შეაბიჯეს. პატარა სახლი იდგა, ფეხებზე შეყენებული, კრამიტით დახურული და ჩაბნელებული.
კიბის ძველი, ხის საფეხურები ჭრიალებდნენ, როცა ზედ ააბიჯეს. წამიერად შეეშინდა ბარბარეს, რომ ფეხქვეშ ჩაემტვრეოდა მყიფე ხე.
სახლში ისეთივე ყინვა იდგა, როგორც გარეთ, როცა შიგნით შეაბიჯეს. სიბნელე იდგა, მხოლოდ მკრთალი შუქი შემოდიოდა თხელმინიანი, ჩაბზარული ფანჯრიდან, ეფინებოდა ძველებურ ტახტს, პატარა ბუხარს და კარს, რომელიც მეორე ოთახში გადიოდა.
-რას… რას ვაკეთებთ აქ? – იკითხა ბარბარემ. ტუჩები გალურჯებოდა, ძლივს ატრიალებდა ენას პირში, ცოტაც და ჩაიკეცებოდა თითქოს.
მახათელი ბუხარს მიუახლოვდა. გვერდზე გადაიხარა, რამდენიმე შეშა მოიგდო ხელში გვერდზე მიწყობილი გროვიდან და შიგნით შეაგდო, მერე კი პატარა ჯოხები და დახვეული ქაღალდი შეუჩარა ქვეშ.
-ველოდებით. – თქვა მან უცებ. სანთებელით მოუკიდა ალი ქაღალდს, რომელიც ნაფოტებსა და ჯოხებს გადაედო.
-ვის? -წაიჩურჩულა ბარბარემ. – რისთვის მომიყვანე აქ? ნიკოლოზი დაიჭირეს, თორნიკე!
-დაჯექი! – მოტრიალდა და დაუყვირა მახათელმა, ხელი ტახტისაკენ გაიშვირა. – დაჯექი და დაელოდე!
მრისხანება შუბლში მოაწვა ბარბარეს, ტუჩები მთელი ძალით მოიკვნიტა, თორნიკეს გაღიზიანებულ სახეს ვერ აშორებდა თვალს. ნაკვთები მოღმეჭოდა ბუხრიდან მომავალ მკრთალ შუქზე.
მაგრამ მაინც გაემართა, ფეხათრევით, მაგარ, ერთიანად დამტვერილ ტახტში ჩაენარცხა. აუტანელი დაღლილობის მიუხედავად, იჯდა დაძაბული, აკანკალებული, გალურჯებულ ტუჩებს ილოკავდა, იკვნეტდა ნერვიულობისაგან, თითებზე იქლექდა კანს.
მიიწევდნენ წინ წუთები. მახათელი ბუხრის წინ ჩამოჯდა, ჩაიშალა თითქოს. ხელი თავზე მოედო და გამალებული ჩაშტერებოდა იატაკს, მოუთმენლად იკაკუნებდა თითებს შუბლზე.
ელოდა. რაღაცას თუ ვიღაცას ელოდა.
და ძალაუნებურად, ბარბარეც ელოდა.
ოციოდე წუთი იქნებოდა გასული, და ოთახს ჯერ ოდნავადაც კი არ ეტყობოდა შეთბობა, როცა ქარის ზუზუნისა და ხეთა ღრჭიალის ყურისწამღებ ხმას, თხელ კედლებში რომ ატანდა, თან დაემატა ჩუმი შარიშური.
თითქოს ვიღაც მოდიოდა.
სხეული გაუქვავდა ბარბარეს. თვალები გაუფართოვდა, დაძაბული მიაშტერდა კარს.
ვინ უნდა ყოფილიყო?
მძიმე ნაბიჯებით ამორბოდნენ კიბეზე. რაღაცამ გასწიწკნა მკერდში ბარბარეს, უცნაურმა, შეუცნობელმა შიშმა, ფეხზე წამოიწია, აკანკალებული, მახათელს გადმოხედა, რომელიც დაჟინებით უმზერდა.
მერე კი კარი შემოგლიჯეს.
მთელი სხეულით შეხტა მოულოდნელობისაგან ბარბარე.
ენა ჩაუვარდა, გაოგნებული მიშტერებოდა კარში მდგარ სილუეტს.
ნიკოლოზი იდგა.
კვნესა წასკდა პირიდან ბარბარეს, განცვიფრებულს, კინაღამ ჩაიკეცა, თვალები აემღვრა მომენტალურად.
ნიკოლოზი იდგა კარში, იქვე, ორიოდე მეტრში და ასევე ძალიან შორს.
ნიკოლოზს გაწეწილი თმა და გრძელი ქურთუკის კალთები უფრიალებდა ქარში. მისი მხრების იქიდან მონაბერმა ნიავმა უამრავი თოვლი შემოჰყარა ოთახში, უარესად დასუსხა ბარბარეს ისედაც გაყინული სხეული.
ახალგაზრდა კაცი მიშტერებოდა, ისეთი დაძაბული გამომეტყველებით, თითქოს ცოტაც და დაუწყდებოდა მყესები სახეში.
რაღაცამ გაიბრძოლა ბარბარეში, რაღაც ღვივდებოდა და აპროტესტებდა, რაღაც უშველებელი ეწეოდა ამ ახალგაზრდა კაცისაკენ.
მისკენ გაბარბაცდა ძლივძლივობით ბარბარე. და იმწამსვე, თითქოს იგრძნოო, მისკენ წამოიწია ნიკოლოზი, ჯიქურ, მგელივით გაცხოველებული თვალებითა და მოძრაობით.
-ნიკოლოზ… – ძლივს ამოილუღლუღა მან და ძლივს, ძლივს, თითქოს საუკუნის ლოდინის შემდეგ დაფარა ბოლო ნაბიჯი, მისგან რომ აშორებდა, შერვაშიძის შუშისებრი მომწვანო თვალები შემოცურდნენ მის მზერაში, მომწვანონი, ახლა ბუხრის სითბოს რომ ირეკლავდნენ, მაგრამ სიცხე იდგა მათში, სიცხე და რაღაცნაირი, სასოწარკვეთილი გრძნობის სუსხი.
მკერდზე შეეხეთქა მას ბარბარე, მთრთოლვარე, უზარმაზარი შვების, სუსტი კვნესა აღმოხდა, ერთბაშად მოცილებული სტრესისაგან ერთიანად ღონეგამოცლილს. თითქოს ჩაიფშვნა, ათას ნაწილად დაიფანტა შერვაშიძის მკლავებში, რომლებიც მოეხვივნენ, ცდილობდნენ ერთად დაეჭირათ, არ აძლევდნენ ერთიანად დაშლის უფლებას. ქურთუკის მხრებზე ძლივსძლივობით ჩაეჭიდა მას ბარბარე თავისი ღონეგამოცლილი თითებით.
შუბლზე, ლოყაზე, ყურთან აკოცა შერვაშიძემ, გრილი ტუჩები ჰქონდა, დახეთქილი სიცივისაგან, მაგრამ მის შეხებაზე ცხელი არაფერი ეგრძნო თითქოს ბარბარეს. დაიწვა, დაიდაგა, სადღაც დაეკარგა საკუთარი თავი.
თითქოს მზემ იფეთქა მასში, დიდი ხნის ჩამქრალმა, უზარმაზარი სუპერნოვა განიცადა, ნიკოლოზის ყელში ჩაარგვევინა თავი, მისი სურნელი შეასუნთქვინა. მისთვის აკოცნინა ყელზე, შეაგრძნებინა ერთმანეთს მიყოლილი, მის გულისცემას აყოლებული ფეთქვა საძილე არტერიაში.
მოუთმენლად მოსჭიდა მას მკლავები წელზე შერვაშიძემ, ასწია, თავი მის მკერდში ჩარგო და მაგრად მოხვია კეფაზე ხელები ბარბარემ, გულში ჩაიკრა მისი გაწეწილი თავი.
ამოსუნთქვა შეძლეს მისმა ამწვარმა, შერვაშიძის ცხელი სუნთქვით, ახლა რომ მკერდზე ხვდებოდა და გულს უთბობდა, გამოცოცხლებულმა ფილტვებმა, სისხლმა დაიწყო ისევ მოძრაობა.
-ბარბარე… – წამოილუღლუღა ახალგაზრდა კაცმა. ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მთვრალი იყო, ცხვირი ლავიწთან აუსვა, ქვემოდან ამოხედა და თვითონაც დათვრა ბარბარე, გონება აერია, შიგნეული გაუხურდა. სახე მოკრუნჩხოდა შერვაშიძეს.
-არ უნდა დაბრუნებულიყავი… უნდა გამქცეოდი, უნდა მიგეტოვებინე… – ძლივს ამოღერღა შერვაშიძემ. თვალებში უყურებდა, გამალებით, ცხელ სუნთქვას აფრქვევდა ბარბარეს ყელზე, ყოველ მის სუნთქვას ემთხვეოდა ბარბარეს პულსი, ახლა ყველგან რომ გრძნობდა. – ახლა ვეღარ წახვალ.
-თავიდანვე ვერსად წავიდოდი… – ძლივს მოატრიალა ენა ბარბარემ პირში. – არჩევანი ილუზიაა, ნიკოლოზ, მე არჩევანი არასოდეს მქონია, მე ვერასოდეს მიგატოვებდი…
ის ღამე წამოუტივტივდა გონებაში, შერვაშიძე რომ სიცხით იწვოდა, ვიღაცას ეძახდა და ბარბარეს რომ უნდა ემეორებინა მისთვის განუწყვეტლივ, რომ არსად წავიდოდა. რაღაცნაირმა სასოწარკვეთამ, ტკბილ-მწარე გაცნობიერებამ შეიპყრო, სუნთქვა შეუკრა, თვალებში ჩაუდგა ცრემლები.
– მე თავიდანვე შეგპირებულვარ… – ატირდა გოგონა, ცრემლები ჩამოუგორდა გაყინულ ლოყებზე, კვნესა წასკდა პირიდან, შერვაშიძის შუშისებრ, ნაღვლიან თვალებს ჩაჰყურებდა, და ტიროდა, გულამოსკვნილი. – აქამდე ვერ მივხვდი, თავიდანვე შეგპირებულვარ… თავიდანვე ვერსად წავიდოდი, ნიკოლოზ, ვერსად…
სახე მოენგრა შერვაშიძეს. უფრო მაგრად მოუჭირა მტირალ გოგონას მკლავები.
ბუხარი ტკაცუნებდა.
კარს მიუახლოვდა მახათელი, მაგრად მიკეტა და ჩარაზა.
-რა გაზუზუნებთ, თქვენი დედაც მოვტყან… კარები მაინც დაგეკეტა, ყლეო… – ჩაილაპარაკა მან, მაგრამ ის სიცოცხლე აღარ ედგათ მის სიტყვებს.
თითქოს მოკვდა სიცოცხლის ფერით აღსავსე ოთახი.
გარეთ ქარი ზუზუნებდა და ასწლოვან, გაშიშვლებულ ხეებს აღრჭიალებდა.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-27
ქალაქის პოლიციის ცენტრალურ დეპარტამენტში, კაპიტანის კაბინეტის კარი შეგლიჯა გიორგი ბედიანიძემ. მასზე ადევნებული, ორი შავებში გამოწყობილი, ჯმუხი მამაკაცი მიჯახუნებული კარის მიღრმა დარჩნენ, ხელებდაკრეფილნი.
მერხთან მჯდომმა შევერცხლილმა მამაკაცმა თავი ასწია. მოღუშული მიაშტერდა ბედიანიძეს.
ბრწყინავდა მის წინ, მასიური, წითელი ხის მერხის პრიალა ზედაპირზე დამაგრებული ოქროსფერი ფირფიტა, თავისი წარწერითურთ: „სერგო ორლოვი“.
ცივი, გაბეზრება-ჩადგმული თვალებით მიაშტერდა ორლოვი ბედიანიძეს.
-თქვენ საერთოდ გააფრინეთ?! – იბღავლა გაცოფებულმა ბედიანიძემ. – ეს რა ქენით, გინდათ გამაგიჟოთ?!
-ბატონო გიორგი, დაბრძანდით… – დაიწყო ორლოვმა მოჩვენებითი სიმშვიდით, ცივი ნაცრისფერი თვალები უელავდა, მერხის წინ მდგარი სავარძლისაკენ მიანიშნა. ოდნავი რუსული აქცენტი დაჰკრავდა მის სიტყვებს. – და წესიერად დავილაპარაკოთ…
-რას ნიშნავს, დავბრძანდე! – იფეთქა ბედიანიძემ, ხელები გაშალა, სათვალის იქიდან გიჟურად უელავდა თვალები. – შერვაშიძე ვიღაც გადამთიელი ხომ არ გგონიათ თქვენ? პოლიცია როგორ მიუგზავნეთ, მთლად გააფრინეთ?! თან რაზმის გარეშე, რაღაც პათეტიკური სამი მანქანა!  გაფიცებთ, ისიც ხომ არ გეგონათ, რომ შერვაშიძე ბორკილებდადებული დაგხვდებოდათ?! რა გითხარით, ჩემს გარეშე არ…
-დაბრძანდით, ბატონო გიორგი! – ხმას აუწია ორლოვმა. თითქოს აეჯაგრა მოკლედ შეკრეჭილი, შევერცხლილი ქერა თმა. – ნუ ყვირით და წესიერად ვისაუბროთ!
ბედიანიძეს სახე მოენგრა. გადაღლილი, დანაოჭებული ჩანდა, დაოსებული ჩაეხეთქა სავარძელში, შუბლი მოისრისა.
-ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები. – ამოილუღლუღა მან. – რაც შერვაშიძემ თავისი ბანდა მომიგზავნა, იმის მერე მოსვენება არ მაქვს… პარლამენტშიც კი შემოაღწიეს ამ ხვლიკებმა, წარმოგიდგენიათ? ბოდიში მომითხოვია და სააბაზანოშიც ვერ გავსულვარ დაცვის გარეშე, სახლში რომ მომივარდნენ ხელახლა, რა გავაკეთო? – ორლოვს დაჟინებით ჩააშტერდა ბედიანიძე. – და ამ დროს თქვენ სპეცოპერაციასაც კი არ ატარებთ მის ასაყვანად, სამ დაფეხვილ მანქანას და ღლაპებს აგზავნით…
-არ ველოდი იმას, რომ ნიკოლოზ შერვაშიძე სახლში იქნებოდა. – თქვა ორლოვმა, ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს დაყვავებით ესაუბრებოდა პატარა ბავშვს. ბედიანიძეს სახე დაეძაბა, სავარძელში წამოიწია.
-აბა რატომ… – ძლივს ამოღერღა მან, ამოღამებული, გადაღლილი მზერა გამოუცოცხლდა.
-ადგილი თუ ვერ შევაცვლევინეთ და დავაშინეთ, ვერ ვიპოვით. კარგი დაცვა აქვს, ერთ ადგილას გაჩერებულ ადამიანს ყოველთვის გარკვეული უსაფრთხო ზონა გააჩნია. – განაცხადა ორლოვმა, სკამში გადაწვა, თითები ერთმანეთს გადააჭდო. – მინდა ყველა გზა მოვუჭრა. ბინები, მანქანა, კაზინოსაც მალე ავიღებთ და მისი ალიასების ქონებასაც… ჭკვიანური იყო თქვენი მხრიდან, ხვიჩა კაკაბაძეზე დარეგისტრირებული მანქანა და ბინა რომ გვიპოვეთ, მაგრამ ახლა მე გავუძღვები ამ ოპერაციას…
ბედიანიძემ წარბები შეკრა, აფორიაქებული მიშტერებოდა.
-…ანუ რა გინდათ? – ამოილუღლუღა მან. – ხომ იცით, მე ამ საქმის კურსში უნდა ვიყო თავიდან ბოლომდე…
-სურათები გვჭირდება. – თქვა ორლოვმა, თავი გვერდზე გადააგდო. – თქვენი რეპორტაჟის მერე რაც დავიწყეთ გამოძიება, იმის მერე არ დაფიქსირებულა… ჩვენ კი მისი სურათები გვჭირდება.
ყბები შეკრა ბედიანიძემ. სავარძლის სახელურებს მოუჭირა გათეთრებული თითები, სისხლი ერეცხებოდა სახიდან.
-თქვენ რას აპირებთ? – კბილებში გამოსცრა მან. – სურათებს რომ დაინახავს, არ მიიმალება, თქვენი აზრით?! სხვაგან წავა!
-მთელ ქვეყანაში დავგზავნი სურათებს. – მიუგო მშვიდად ორლოვმა. მისი ცივი ნაცრისფერი მზერა და ხმა შეურყეველი იყო. – დაიმალება, მაგრამ დიდხანს ვერა და თვითონაც იცის ეგ. სწორედ ეს გვინდა, რომ იცოდეს. შეცდომას დაუშვებს სადმე და თავს დავესხმებით.
-თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მარტო არ არის? – გაოგნებული, გააფთრებული შეჰყურებდა ბედიანიძე. – შერვაშიძე მთელი ხროვის ლიდერია!
-მგლებს ძაღლების არ ეშინიათ. – თქვა ორლოვმა, წყნარად. – მაგრამ მათი ყეფა არ მოსწონთ.
გაშრა ბედიანიძე. არ სჯეროდა იმისა, რაც ესმოდა.
ნუთუ ანდაზების დრო იყო?
-ეგრე მშიერი მგელი უფრო საშიშია, ვიდრე დანაყრებული ძაღლი, ბატონო სერგო. – გადმოაფურთხა მან სიტყვები. – არაფერი შეგეშალოთ…
-მაგ ბიჭს დავიჭერთ, ბატონო გიორგი. – შეაწყვეტინა ორლოვმა, ცბიერად, ოდნავ  იღიმებოდა. – თქვენ სურათები გადმომეცით და კაზინოს რეიდის სპეცოპერაციას, რომელიც მზადებაშია, მალევე განვახორციელებ. ისე ვიზამთ, რომ ყველა უკანდასახევი გზა მოეჭრას.
-არასწორად უდგებით ამ საქმეს. – კბილებში გამოსცრა ბედიანიძემ. – რა გარანტია გაქვთ, რომ დაიჭერთ? რა გარანტია გაქვთ, რომ ქვეყნიდან არ გაიქცევა?
ორლოვს დამცინავად შეუტოკდა ტუჩები. თითქოს აბუჩად იგდებდა თავისი მშვიდი ქცევით, ისე ეჭირა თავი, თითქოს ბავშვს ელაპარაკებოდა და სისხლმა აასხა ბედიანიძეს გაფითრებულ სახეში.
-ჩვენ უნდა გვყოლოდა ხელმოსაჭიდი. – თქვა ორლოვმა, ღვარძლი გამოეხატა თვალებში. – ქალბატონი ბარბარე ვარდოსანიძე, მაგრამ ხელიდან გამოგვეცალა ისიც. ერთი გოგოს გადარწმუნება როგორ ვერ მოახერხეთ, ბატონო გიორგი?
ღრმად შეისუნთქა ბედიანიძემ, სახე უარესად წამოუწითლდა, მთელი სხეული დაეძაბა. ცივმა ოფლმა დაასხა  შუბლზე.
დაძაბულობა უფრო გამძაფრდა ჰაერში, უფრო მძიმე ტვირთად დაედო ბედიანიძეს მხრებზე. ძლივს მიაგნო მუცელში ჩავარდნილ ენას.
-მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. -ამოღეჭა მან, იმის მიუხედავად, რომ კარგად იცოდა, თუ რამოდენა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, მისთვის მაინც. ასეთ დამცირებას ვერაფრით აიტანდა, ვერ გადაყლაპავდა. – მე მაინც მიმაჩნია, რომ მის ბინას არ უნდა მისდგომოდით, ასე უფრო მობილიზდება…
-ხომ გითხარით, ბატონო გიორგი? – ღია, თითქმის უჩინარი წარბები აზიდა ორლოვმა. – უკანდასახევი გზები უნდა მოეჭრას. ასპარეზზე კი არ ვუშვებთ ამით. სურათები გადმომეცით და ნახავთ, თუ რა მალე მოგვარდება ეს საქმე.
ისეთი ტონი დაჰკრავდა პოლიციის კაპიტნის სიტყვებს, რომ მათ თხოვნას ვერ დაარქმევდით, ეს იყო ბრძანება. ბრძანება, რომელშიც მუქარა ერია და რომლის წინააღმდეგაც ვერ წავიდოდა ბრაზისაგან ერთიანად აწითლებული, შეურაცხყოფილი ბედიანიძე.
-გადმოგცემთ. – ამოღეჭა მან. – იცით ახლა სად იმყოფება?
-ვეძებთ. – თქვა კაპიტანმა. – მისი მარჯვენა ხელი თორნიკე მახათელი დაფიქსირდა, ქალაქიდან გამავალი. უკვე მოძრაობა დაიწყო ჩვენმა კურდღელმა…
-ნუ წაკბენთ იმას, ვისაც თქვენი შეჭმა შეუძლია, ბატონო სერგო. – ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ბედიანიძემ, მტრული მზერით შეჰყურებდა ორლოვს.
-ეგ ბიჭი ექვსი წელია მჭამს, ბატონო გიორგი. – გაუღიმა ორლოვმა. – მაგ და მისი მძარცველი და ნარკოდილერი ბანდა. ამჯერად ხელიდან არ გავუშვებ.
ბედიანიძეს სახე მოეღრიცა. თითქოს გაეღიმა.
-ძალიანაც კარგი. – თქვა მან. – სურათებს მიიღებთ. კაზინოს რეიდი…
-როგორც კი მივიღებთ, მაშინვე განვახორციელებთ. – განაცხადა ორლოვმა. კმაყოფილი ჩანდა, როგორც ნადავლის მოლოდინში მყოფი მწევარი.
ბედიანიძე წამოდგა. ბოლოჯერ სტყორცნა მზერა ორლოვს, კარისაკენ გაემართა, უკან მოიჯახუნა.
მის გამოსვლაზე გასწორდა მისი ორი მცველი. ყურადღება არ მიაქცია მათ ბედიანიძემ.
შიგნით ყველაფერი ეწვოდა. ორლოვმა იმაზე გამოიჭირა, რომ ამ ჭადრაკის დაფაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გაუშვა ხელიდან. ბარბარე ვარდოსანიძესთან წესიერმა დალაპარაკებამ ვერ გაჭრა. ვერც სივილურმა მოპყრობამ.
ეს აცოფებდა.
ყბები მაგრად შეკრა ბედიანიძემ. კბილებმა უსიამოვნოდ გაიღრჭიალეს ერთმანეთზე.
ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოდ გადარეკა.
.
-*-*-*-*-*-*-*-
ცეცხლს შეუკეთა მახათელმა. იმის მიუხედავად, რომ კარი მიხურა, მაინც აუტანელი სიცივე იდგა ოთახში.
დაძაბულობაშერეული სიმშვიდე იდგა. სიწყნარეს ქარის ზუზუნი, ცეცხლის ტკარცალი და ბარბარეს ჩუმი ტირილი არღვევდა.
მთელი ძალით იხუტებდა შერვაშიძის თავს მკერდში ბარბარე და გულამოსკვნილი ტიროდა. გული ეწურებოდა, მკერდის ძვალი და ნეკნები ეზნიქებოდნენ.
თვითონაც ვერ გაეგო, რატომ ტიროდა. თავის ქაოტურ, აშლილ ცხოვრებას დასტიროდა?  თუ უბრალოდ იოხებდა გულს, რადგან საბოლოოდ დაეჯახა განვლილი დღეების საშინელი სტრესი?
თუ სიხარულის ცრემლები იყვნენ ესენი, შერვაშიძის ცოცხალ, თბილ ფიგურას რომ ეწვეთებოდნენ თავზე?
ნიკოლოზს უბრალოდ ეჭირა, მკლავებში ხუთავდა, და ამავდროულად აძლევდა საშუალებას რომ თავისი ნაფშვენებისათვის მოეყარა თავი და თავისუფლად ამოესუნთქა ბოლოს და ბოლოს. მისი სითბო იღვრებოდა ბარბარეს გაუსაძლისად დაღლილ, გაყინულ სხეულში.
ძლივს დამშვიდდა გოგონა. სველი, გაფითრებული სახე თავზე ჩამოსდო ნიკოლოზს. მთელი დაჭიმულობა გაფრენოდა ტანიდან, მთელი სხეულით ენდობოდა მას.
ნიკოლოზმა ოდნავ შეუშვა ხელები, მის სხეულზე ჩამოცურდა ბარბარე, ძლივს წამოსწია თავი. სანამ მიწას შეეხებოდნენ მისი მომჩვარული ფეხები, მუხლებქვეშ ამოსდო მკლავი შერვაშიძემ და ასწია, ტანზე მიიკრა. ისევ დაეუფლა უმასობის შეგრძნება ბარბარეს, ისევ აფარფატდა ჰაერში, შერვაშიძის მხარზე დადო თავი, მას უყურებდა მილულული თვალებით.
უყურებდა მის შუშისებრ თვალებში არეკლილ ცეცხლს, მისკენ რომ მობრუნებულიყო, მის თმას, მისი ყბის მოხაზულობასა და ტუჩებს, ასეთი სავსენი რომ ჩანდნენ ალთა სინათლეში, და ეშინოდა იმისა, რომ ეს უმასობა კიდევ ერთხელ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო თავისუფალი ვარდნა.
უყურებდა და ივსებოდა მისი გათოშილი, მთრთოლვარე სხეული სიცხით.
-რამდენი ხანი უნდა იდგეთ ეგრე?! – წამოიყვირა მახათელმა მოულოდნელად და ნიკოლოზმა თვალები მოსწყვიტა, თორნიკესაკენ გადაიხედა. ძლივძლივობით გაატრიალა ბარბარემ მისკენ მზერა. გაღიზიანებული მოშტერებოდათ მახათელი. – დაშტერებულები?
-შენ თოვლი ამოიტანე. – უთხრა ნიკოლოზმა. მის მკერდში გავრცელებული ხმის გუგუნი იგრძნო ბარბარემ და ტუჩის კუთხე შეუტოკდა, ისეთი ნაცნობი და რაღაცნაირად მონატრებული იყო ეს შეგრძნება. – წყლისთვის.
-ეეე, მე რატომ? – მოიღუშა და წაიწუწუნა მახათელმა. – შე ყლეო, ვინ იცდიდა შენ ბინასთან მთელი დღე და ვინ იარა თოვლში ამდენი ხანი? ამის დედაც მოვტყან, ცოტა ანგარიში გამიწიე რაა…
-ყლეც ხარ და სირიც. – მოუჭრა ნიკოლოზმა. – მეც ვიარე თოვლში, შენზე მეტხანს, სხვათაშორის. ვედროა კუთხეში და ამოიტანე.
რატომღაც ეღიმებოდა ბარბარეს. უნდოდა ისტერიული სიცილი ავარდნოდა, მაგრამ თავს იკავებდა.
ხმამაღალი გმინვით წამოიწია მახათელი.
-არაყი და მოსაწევია შენზე. – თქვა მან, წარბებაწეულმა, შერვაშიძეს თითი მიუშვირა და კარისაკენ გაემართა.
ვედროს დაჟანგული სახელურის ღრჭიალი გაისმა, მერე კი წამიერად აიკლო ოთახი ქარის აუტანელმა ზუზუნმა, შემოვარდნილ, ხახადაღებულ სუსხზე უარესად შეაჟრჟოლა ბარბარეს.
მერე კი ხათქუნით მოიხურა კარი და ორნი დარჩნენ მხოლოდ ოთახში.
წამსვე ტახტისაკენ გაემართა შერვაშიძე, ზედ დაუშვა, ძლივს დაეტია პაწაწინა სივრცეში გოგონა.
ისეთი შეგრძნება გაუჩნდა ბარბარეს, როგორც როცა თვეების წინ, კაზინოს საწოლზე დააწვინა ნიკოლოზმა, ექსტაზის გავლენის ქვეშ მყოფი და წარმოუდგენელი სიცარიელე იგრძნო.
მაგრამ მაშინ ის სიყალბე იყო, ზედაპირული, ხელოვნურად შექმნილი გრძნობა, რომელსაც უცნაურობისა და ძალადობის მწარე ელფერი დაჰკრავდა.
მაგრამ ეს ნამდვილი იყო. ნამდვილი, გამომშიგნავი სიცარიელე, რომელიც შერვაშიძეს სხეულის მოშორებამ განაცდევინა. ნიკოლოზს მიშტერებოდა, ხმა წართმეოდა, კანკალს აეტანა.
თავისი გრძელი ქურთუკი გაიძრო შერვაშიძემ, ტახტთან დაიჩოქა და გადააფარა, გვერდებში შემოუკეცა. დასჩერებოდა, თვალმოუშორებლივ, მისი შუშისებრი მზერით.
რაღაც აეწვა შიგნით ბარბარეს. ცივი ოფლი ასხამდა გათოშილ სხეულზე, ახლაღა გრძნობდა, თუ როგორ ეკვროდა სველი ტანსაცმელი ყველგან, განძრევაც კი უდიდეს დისკომფორტს უქმნიდა.
-მამაჩემთან ავედი. – თქვა მან. ენა დამძიმებოდა, ძლივს მოატრიალა პირში. – მერე დედაჩემთან. ამდენი ხანი მიმალავდა.
თვალები დახარა ნიკოლოზმა, ყბები დაეძაბა. მარცხნიდან მომავალი ცეცხლის შუქი აუთამაშდა ნაკვთებზე.
-არ უნდა მეთქვა, რაც გითხარი მამაშენზე. – თქვა მან. – ვიცოდით, რომ ოჯახი ჰყავდა. აუგს არასოდეს გვათქმევინებდა მათზე… – ცოტა ხანი შეჩერდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა. –  მამაშენს უყვარდი.
თვალები ასწია და მზერა გაუსწორა ახალგაზრდა კაცმა. ბარბარემ გაუღიმა.
-ვიცი. – თქვა მან. – უბრალოდ ცუდი გზა აირჩია სასიყვარულოდ.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. ბარბარეს თეთრი სუნთქვა ნიკოლოზისას ერეოდა.
-ბედიანიძემ ბევრი რამ იცის. – თქვა გოგონამ, უყურებდა, თუ როგორ დაიჭიმა ერთიანად ახალგაზრდა კაცი. – დედაჩემმა დარეკა მასთან. შემეშინდა, მეგონა დაგიჭერდნენ და გამოვიქეცი.
-მაგ დროს სახლშიც არ ვიყავი, და რომც ვყოფილიყავი კილომეტრიდან დავინახავდი თუ როგორ ყელყელაობდნენ ჩვენ სახლთან. – თქვა ნიკოლოზმა, იღიმებოდა, რაღაცნაირად პოულობდა ამ სიტუაციაში იმის შესაძლებლობას, რომ გაეღიმა, გაყინულ იატაკზე მუხლებზე მდგომი, ბარბარეს სასთუმალთან. – ნუ გეშინია.
-ხომ გითხარი.  – უთხრა ბარბარემ, მკერდი არაკომფორტულად გამოვსებოდა რაღაც მძიმეთი. – არ მეშინია.
შერვაშიძე დააშტერდა, წამიერად.
გონება გაუნათდა ბარბარეს. ძლივძლივობით ამოაძვრინა ნიკოლოზის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი ჯიბიდან.
დაენანა, მაგრამ აუცილებელი იყო ამის გაკეთება.
-ამით დარეკა დედაჩემმა. – უთხრა მან. – მიდი, დაწვი.
ნიკოლოზმა გამოართვა, წამსვე ცეცხლში შეაგდო.
ბარბარეს დააშტერდა, მის სხეულთან ახლოს დააბჯინა წინამკლავები, გადმოიხარა, ცხელი მზერით დაჰყურებდა. მზეკაცის მზერით.
სხეული გაჰყინვოდა ბარბარეს, მაგრამ უფრო გაღვივდა მზე მის მუცელში, მეტი სხივები მოისხა, მეტგან მისწვდა, ასწვა და ააფორიაქა.
უნდოდა შერვაშიძის შეხება ისევ ეგრძნო, ისევ მოეხვია მას მკლავები და დაესვა მისი თბილი, დაძარღვული ხელები ბარბარეს ზურგზე.
თეთრი ორთქლი იშლებოდა მათ შორის, ისე, რომ თვალებმილულული გოგონა დაბურულად ხედავდა შერვაშიძეს, ასე ახლოდანაც კი. დაჰყურებდა ნიკოლოზი მისი უდრეკი, შუშისებრი მზერით და ისევ ისეთი გაშიშვლება იგრძნო ბარბარემ, რომელიც თითქოს თანსდევდა ნიკოლოზთან ახლოს ყოფნას.
მერე კი შეკანკალდა ჰაერი.
კარი ხრიგინით შემოაღეს. ნიკოლოზის მხრების იქით დაინახა ბარბარემ, თუ როგორ შემოვიდა მახათელი, თოვლით სავსე მეტალის ვედროთი ხელში. ვედრო პირდაპირ ცეცხლის წინ დაახეთქა და იქვე ჩამოჯდა, შემცივნული ხელები მოისრისა.
-ოღონდ ჟიმაობა არ დაიწყოთ და რაც გინდათ ის ქენით. – ხელები ცეცხლს მიუფიცხა და მათკენ გადმოატრიალა აშკარად უკმაყოფილო მზერა. – იქეთ ოთახში კია ლოგინი, მარა მაგის ჭრაჭუნის მოსმენის ტრაკი ნამდვილად არ მაქ რაა…
გაწითლდებოდა ბარბარე, ასეთი გათოშილი რომ არ ყოფილიყო. გრძნობდა, როგორ იბრძოდა სისხლი მის ძარღვებში, რომ ვარდისფრად შეეფერა მისი ლოყები.
შერვაშიძემ თავი გადააქნია, ფეხზე წამოდგა, ფანჯარას მიუახლოვდა. სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა. იყურებოდა სადღაც, შორს.
-ალბათ კაზინოს აიღებენ მალე. – თქვა მან. სუნთქვა შეუკავდა ყელში ბარბარეს, თვალები გაუფართოვდა. გაიგონა, თუ როგორ მკვეთრად მობრუნდა მახათელი.
-მაგას ახლა ხომ არ მიხვდი? – დაისისინა მან. – მაგ ყლეებმა სახლში მოგიგზავნეს ვიღაც ფოხანი დედააფეთქებული სირები, საკაზინო გაყინულია და აბა რა იქნება?! მიკვირს კიდეც, ამდენი ხანი რომ გაძლო… ჰოდა მაგის დედაც მოვტყან, დაიძიროს!
-არ გაჩერდება ეს ბედიანიძე, მაგის დედას შევეცი… – თქვა ნიკოლოზმა. ნაცრისფერი ქულები იფრქვეოდა მისი ფიგურიდან, წინიდან რომ ფანჯრიდან მომავალი თეთრი სინათლე ეფინებოდა და უკნიდან ბუხრის ცხელი სიყვითლე.
-ბიჭები გაფრთხილებული მყავს, რომ თუ რამე მოხიონ იქედან, რა… – უპასუხა მახათელმა.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკოლოზი ფანჯარასთან ეწეოდა, მისი სიგარეტის მოტკბო სურნელი მოსწვდა ბარბარეს.
იწვა გოგონა, გაშეშებული, შერვაშიძის ქურთუკი ეხურა, თითქოს მთლიანად ფარავდა, ყლაპავდა მასში, მისას არაფერს ტოვებდა. საკუთარ გონებაში გამოკეტილიყო, მზერაში, თვალწინ მხოლოდ შერვაშიძე ედგა. გამალებით ფიქრობდა კაზინოზე. ბედიანიძეზე.
ნიკოლოზზე.
მართლაც არ გაჩერდებოდა ბედიანიძე. ნიკოლოზის სჯეროდა ბარბარეს, როცა უთხრა, რომ ასე იოლად ვერ დაიჭერდნენ.
მაგრამ ბედიანიძის ნამოქმედარი იოლს ნამდვილად არ ჰგავდა. სუნთქვას უკრავდა გაფიქრებაც კი გოგონას.
ისედაც გადახლართული, ცარიელი ნაწლავები უარესად დაეჭიმა, გასავათებულს. იწვა, გადაღლილი კუნთები ერთიანად დაძაბვოდა, ეს პაწაწინა ტახტი, თვითონაც რომ ძლივს ეტეოდა ზედ, უზარმაზარ სივრცედ ეჩვენებოდა, მასში იკარგებოდნენ მისი დაფშვნილი ნაწილები.
-იქნებ შენც მოხიო, ბიჭო. – თქვა უცებ მახათელმა და ნიკოლოზი მობრუნდა, მის თითებშორის დაჭერილი სიგარეტი დაიფერფლა, ნარინჯისფრად აღუვდა ნამწვზე შერჩენილი კიდე. – პავლოვიჩს საბუთებს გავაკეთებინებ და ხვალ-ზეგ აითესები აქედან. სანამ ყველაფერი დაწყნარდება რა…
ნიკოლოზმა არაფერი უთხრა, დაჟინებით მიშტერებოდა, მერე ბარბარეზე გადმოიტანა მზერა.
თვალი გაუსწორა ბარბარემ. ეცადა განურჩეველი სახე ჰქონოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, დარწმუნებული იყო, რომ გადაშლილი წიგნივით მოჩანდა ამ ახალგაზრდა კაცის წინაშე.
ზარავდა ის აზრი, რომ ნიკოლოზი წავიდოდა. აძრწუნებდა, თავზარს სცემდა იმის გაფიქრება, რომ შერვაშიძე აღარ იქნებოდა მის გვერდით, რომ ვერ დაიოკებდა იმ მძიმე, ყველაფრის გადამლახავ კავშირს, რომელიც ამ ახლაგაზრდა კაცთან აკავშირებდა, რომელმაც მთლიანად მოიცვა და შეიპყრო.
აძრწუნებდა ის, რომ შეიძლებოდა ნიკოლოზისათვის უფრო შესაძლებელი იყო ამის გაკეთება ვიდრე თვითონ წარმოედგინა.
მაგრამ ამავდროულად კმაყოფილებას ჰგვრიდა ის, რომ ბედიანიძე ვეღარ მისწვდებოდა მას.
ვეღარ იტანდა ამდენს მისი მოქანცული გონება.
სიჩუმე ჩამოვარდა. ცეცხლის ტკაცუნსა და ქარის ზუზუნს გრძნობდა ბარბარე ძვლებში.
ნიკოლოზმა კიდევ ორი სიგარეტი მოსწია. ფანჯრის რაფაზე აწყობდა ნამწვებს.
მერე ისევ ბარბარეს მოუახლოვდა, ისევ მის გვერდით დაიჩოქა იატაკზე. წინამკლავი დააბჯინა მის თავთან, შუბლი მიადო მხარზე.
თვალები დახუჭა გოგონამ. უკვე ვეღარ უძლებდა. სასიამოვნო ბურანში გამოეხვია მისი გონება.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი თვლემდა, მაგრამ თითქოს ყველაფერი ესმოდა და გრძნობდა გარშემო. სიგარეტისა და შერვაშიძის სურნელს ისუნთქავდა, ესმოდა სახლის ფარატინა კედლებში მოვარდნილი ქარბუქის ზუზუნი და ცეცხლის ტკაცუნი.
გრძნობდა იმ მზეებს, მასში რომ ღვიოდნენ და მათ თავშესაფრად ქცეულ საკუთარ გათოშილ სხეულს.
რომდენი ხანი გავიდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, როცა გამოიღვიძა. დისორიენტირებული იყო, ყველაფერი ტეხდა, ჯერ კიდევ კანკალებდა სველ სამოსში.
თავზე წამოსდგომოდა ნიკოლოზი. მხარში ჩაევლო ხელი და ნაზად არხევდა.
-გამოიღვიძე. – ჩურჩულებდა ის, მისი მომწვანო თვალები აელვარდნენ გოგონას თვალთახედვაში და სიმშვიდე მოეფინა. სასტიკად ეძინებოდა, მაგრამ მთელი ძალით ებრძოდა დაღლილობას, უბრალოდ სურდა გახელილი ჰქონოდა თვალები და ნიკოლოზისათვის ეყურებინა. – გათბა წყალი.
მერე კი ისევ მოხვია მკლავები ნიკოლოზმა, ხელში აიტაცა. მისი ქურთუკის ქვეშიდან ამოაძვრინა მკლავი ბარბარემ, კისერზე მოხვია, ყელთან მიადო შუბლი. პულსად ქცეოდა სხეული, და დაპატარავებულიყო მისი ვრცელი სამყარო მხოლოდ იმ ფეთქვამდე, რომელსაც შერვაშიძის მკერდსა და ყელში გრძნობდა.
გვერდით ოთახში შეიყვანა შერვაშიძემ. დაბნელდა წამსვე, უფრო აცივდა, მხოლოდ და მხოლოდ პატარა ფანჯრიდან მომავალი თეთრი ღამის შუქი კიაფობდა პატარა ოთახში.
ძველი, დანჯღრეული საწოლი იდგა, თავისი ლეიბი და ზეწრებითურთ, რომლებიც გასწორებულნი, მაგრამ დიდი ხნის უხმარნი ჩანდნენ, კედლები შეუღებავი იყო, უსწორმასწოროდ შეეთითხნათ, შპალერის ნახევები ჩანდა ჭერთან. პატარა კარადა იდგა ფანჯარასთან ახლოს, მარჯვნივ კედელში ადგილი გამოეჭრათ, რომელშიც კარი არ იყო ჩასმული.
იქ შეიყვანა შერვაშიძემ. პატარა, სამფეხა სკამზე დაუშვა და ძლივს შეიკავა თავი გოგონამ, რომ არ გადავარდნილიყო. ნიკოლოზს მიეყრდნო, მის სუნთქვას მოუსმინა, როცა მასთან ახლოს დაიხარა ახალგაზრდა კაცი.
პაწაწინა სარკმელი გამოეჭრათ კედელში. ძლივს გაარჩია მის წინ დადგმული, წყლით სავსე ვედრო ბარბარემ.
-გაიძრე ეგ სველი ტანსაცმელი. – უთხრა ნიკოლოზმა და დაიჭიმა ბარბარე, თვალები გაუფართოვდა. – და თბილი წყალი შეისხი, თორემ გაიყინები ისე. თუ დაგექცევა, ეგ არაფერი.
გული გამალებით უცემდა, ყელში მოაწვა. შიშველი წარმოიდგინა საკუთარი თავი, ნიკოლოზის წინაშე.
გაუაზრებელი, რაღაცნაირად განზოგადებული შიში აუზვირთდა, მის მუცელში მოვარვარე მზეს შეერია.
ნიკოლოზის არ ეშინოდა. რატომღაც გაიფიქრა, რომ მისი არც არასდროს შინებია.
-აბა რა ჩავიცვა? – ამოილუღლუღა მან. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ნიკოლოზს მისი გულისცემა ესმოდა, ისეთი ძალით ურტყამდა მკერდში.
მტკივნეული იყო.
-ზეწარი მოიხვიე, სანამ შენი ტანსაცმელი გაშრება. – უთხრა ახალგაზრდა კაცმა, მისკენ მოატრიალა თავი, ცხელი სუნთქვა ხვდებოდა ბარბარეს ყელზე და კუნთები დაეძაბა, ფეხები შეკრა, რატომღაც მოუნდა, რომ მთელი სხეულით დაკლაკნილიყო. – შემოგიტან.
გასწორდა ნიკოლოზი, მისი ნაბიჯები ჩაიკარგნენ მეზობელ ოთახში.
სხეული უთრთოდა ბარბარეს, მაგრამ დარწმუნებული აღარ იყო, რომ მხოლოდ სიცივის გამო უთრთოდა.
აქ უნდა გაეხადა. ამ უკარო, პაწაწინა ოთახში, სადღაც, მთაში, ორ მამაკაცთან ერთად.
თუმცა არა. არ იყო ეს სწორი შეფასება.
ნიკოლოზ შერვაშიძეს ასე უბრალოდ ვერ მოაქცევდა ყალიბში, ერთ სიტყვაში ვერაფრით ჩაატევდა.
ნიკოლოზი ერთ სიტყვაზე ბევრად მეტი იყო. ის იყო სითბოც და სიცივეც, მზეც და სიძლიერეც, უსაფრთხოებაც და საფრთხეც. უბრალოდ არავინ არსებობდა მისნაირი.
პულსს ყველგან გრძნობდა ბარბარე, ისეთი ძალით უცემდა გული. სისხლი თავში აუვარდა, ჭიანჭველები გაუჩნდა თითქოს მზერაში.
ნიკოლოზმა შემოაბიჯა და ძლივს გამოერკვა ბარბარე, ძლივს დაძლია ჩამთრევი ფიქრები. დაკეცილი ზეწარი დაუდო გვერდით შერვაშიძემ და ისევ გავიდა, არაფერი უთქვამს.
ცოტა ხანი იჯდა ბარბარე. ათვალიერებდა პაწაწინა ოთახს, ღრმად სუნთქავდა, თითქოს ძალას იკრებდა და თვითონაც ვერ გაეგო, რისთვის.
პაწაწინა, ძველებური ონკანი და ნიჟარა მიემაგრებინათ მოპირდაპირე კედელზე. ალბათ სააბაზანო უნდა ყოფილიყო ეს ოთახი, მაგრამ უნიტაზი და აბაზანა არსად მოჩანდა. ყველაფერს დაუმთავრებლისა და სიძველის ელფერი დასდებოდა.
მერე კი ნელ-ნელა გაიძრო ბარბარემ ტანსაცმელი, ცოტა მოშორებით დაახვავა, ძველ, დამტვერილ იატაკზე. შარიშური ესმოდა მეზობელი ოთახიდან, იცოდა, რომ ნიკოლოზი იქ იყო, ალბათ ლოგინზე იჯდა და ისევ ეწეოდა.
წარმოიდგინა ბარბარემ, როგორ ჩამომჯდარიყო ის, ალბათ ისევ ფანჯარაში იყურებოდა, თეთრი სინათლე ერეკლებოდა შუშისებრ თვალებში.
კანკალებდა, როცა მთლიანად გაშიშვლდა. პატარა ტოლჩა დაედგათ ვედროს გვერდით, და იმით გადაისხა მკერდსა და ზურგზე თბილი წყალი გოგონამ. სხეულზე თითებს ისვამდა, ცდილობდა მოეცილებინა სიცივის, ოფლისა და დაღლილობის ნაკვალევი.
რომ მორჩა, თითქმის ცარიელი იყო სათლი, მის ქვეშ კი წყალს ერთიანად მოეწუწა იატაკი და სამფეხა სკამი, კანი კი შეთბობოდა.
ზეწარს სწვდა, მხრები და კისერი შეიმშრალა, მერე კი მაგრად მოიხვია მატერია მკერდზე. გრძელი, და გაცრეცილი იასამნისფერი იყო ზეწარი, პატარა, ძველებური სტილის ყვავილები ეხატა ზედ.
თმის ბოლოები დასველებოდა ბარბარეს. ნერვიულად იგრეხდა მათ, როცა კარის გამონაჭრელთან იდგა, როგორც დაგვიანებული პიროვნება, რომელიც შესვლას ვერ ბედავდა.
მაგრამ განსხვავება ის გახლდათ, რომ ახლა უხერხულობის ნატამალიც არ მოიძებნებოდა მასში. გრძნობდა ამას და სასტიკად აშინებდა ეს.
სწორედ ეს შიში არ ადგმევინებდა ფეხს, ჩაჰყვიროდა, რომ ეს არ იყო ნორმალური ქცევა, რომ უნდა შერცხვენოდა, რომ ეს სულაც არ შეეფერებოდა მის ხასიათს.
მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა ბარბარემ. მაინც მოერია საკუთარ თავს, გამონაჭრელში გააბიჯა, უკან დასთრევდა ზეწარი და კალთები ოდნავ აქაჩა, რომ ფეხებში არ გამობლანდოდა. უსიამოვნოდ ცივი, უხეში, და ჭუჭყიანი იყო იატაკი მის ფეხებქვეშ.
ნიკოლოზმა გამოხედა. მართლაც ფანჯრისაკენ იჯდა, საწოლზე, და ეწეოდა.
ვერ გაეგო ბარბარეს, გაჰკვირვებოდა ეს დამთხვევა, შეშინებოდა მისი თუ გახარებოდა.
ვერც ერთს ვერ დასჯერდა.
-გარეთ მოწიე. – თქვა მან, როცა სიგარეტის მოტკბო სურნელი მისწვდა ნესტოებს და აუწვა.
ნიკოლოზი მიშტერებოდა. მოხრილიყო წელში, მუხლებს დაბჯენოდა იდაყვებით. რაღაც ჩაუდგა თვალებში, მხრებსა და ჩამოშლილ თმაზე მოავლო მზერა.
მერე კი სიგარეტი დააგდო, ფეხით დაასრისა იატაკზე, ბოლო ნაფაზის ნაცრისფერი ბოლო გამოუშვა ნესტოებიდან.
სიგარეტის მიერ წამიერად დამდგარ ნისლში შეცურდა ბარბარე, წინ დაუდგა ახალგაზრდა კაცს, ღამისა და მთვარის თეთრი სინათლე მოეფინა ზურგზე. ხელები ეყინებოდა სიცივისაგან, მაგრამ ძარღვები ეწვოდა, გუგუნი იდგა მის ყურებში. იხუვლა სისხლმა, იძალა, შეფითრებული სახე აუწითლა, კანის ზნექა აგრძნობინა პულსაციისას.
აჰყურებდა ნიკოლოზი. ჩაბნელებულიყო მისი სახე, მაგრამ მაინც ხედავდა ბარბარე მის ნაკვთებს, მის მოელვარე თვალებს, მის მკერდს, აჩქარებულად რომ აუდიოდ-ჩაუდიოდა.
ზეწრით დაფარულ ბარძაყებზე შეეხო ნიკოლოზი, ფრთხილად, ნელა აუცურა ზემოთ, წელამდე და თითქოს ორი გავარვარებული დაღი დაადეს სხეულზე ბარბარეს. თმა ყალყზე დაუდგა, სუნთქვა აუჩქარდა.
მუხლები ეღვენთებოდა, ხელები დააბჯინა ახალგაზრდა კაცს მხრებზე. კუნთების მოძრაობა იგრძნო თითებქვეშ, როცა შერვაშიძემ ბარძაყზე მოჰკიდა ხელი, ახლოს მოიზიდა, და ლოგინზე დააბჯინა მუხლი გოგონამ.
გააკანკალა. ლოგინის ჭრაჭუნი უროს დაკვრასავით ისმოდა მის გონებაში, და უფრო გაძლიერდა ყურისწამღები გრიალი მის გონებაში, როცა მეორე ფეხიც წამოსწია, მის ბარძაყებზე აცოცებული ზეწრის შრიალით ჩაუჯდა შერვაშიძეს კალთაში.
მისკენ წამოიწია შერვაშიძე, სახის ნაკვთები ერთიანად დასჭიმვოდა, თეძოებზე მაგრად მოჰკიდა ხელები და დაჰქაჩა, მისკენ, ისე რომ რაც შეიძლებოდა ახლოს აჰკვროდნენ მათი თეძოები ერთმანეთს, ცხელი სუნთქვა ამოიქშინა მის ტუჩებთან.
ზურგი გაზნიქა ბარბარემ, მკერდით აეკრო შერვაშიძეს გულმკერდზე. წამიერად ისურვა, რომ ეს ზეწარი შემოეხსნა, მაგრამ უსიამოვნოდ აუფუთფუთდა გონებაში ის ამოუხსნელი, გაუგებარი შიში.
შერვაშიძეს არ აცილებდა, ვერ აცილებდა თვალს, უყურებდა, სანამ ახალგაზრდა კაცი მიშტერებოდა, დაჟინებით, თვალებით სწვავდა. ხელებს ჭიმავდა და ადუნებდა მის თეძოებზე და რაღაც იღვიძებდა, რაღაც ღვივდებოდა.
მერე კი წელზე მოხვია მკლავი ნიკოლოზმა, მაგრად მიიკრა სხეულზე და წამოდგა. მაგრად მოხვია ბარბარემ მას თეძოებზე ფეხები, რომ არ დაცემულიყო, მთელი ძალით ჩაეჭიდა, შუბლი მიადო თავზე, სანამ მოტრიალდა შერვაშიძე და ლოგინზე დააწვინა, ისე, რომ ხელი არ გაუშვია მისთვის.
ღრმად, პირდაღებული სუნთქავდა ბარბარე, თავი უკან გადააგდო, დამტვერილ, ჭრიჭინა ლოგინზე. ხელში ხელი სტაცა და მაგრად გადააჭდო ერთმანეთს თითები, მისი თეთრი ოქროს შეხება იგრძნო გოგონამ, პირიდან კვნესა წასკდა, როცა ყელზე ეცა ნიკოლოზი, უთვალავი სველი კოცნა მიაკრა, ყურისძირთან აუსვა ცხელი ენა.
ის, რაც ჩვეულებისამებრ ბლანტი, უბრალოდ საჭირო და ნელი იყო, უცებ გაღვივდა მუცლის ძირში, მთელ სხეულში გაუვრცელდა, ისე გამოასხივა, როგორც მზემ და ვეღარ შეიკავა ბარბარემ თავი, უფრო მაგრად მოხვია ფეხები ნიკოლოზს წელზე, თეძოები აზიდა, ეძებდა კონტაქტს, გონებაზე საბურველმოდებული, აუწერელი გრძნობისაგან ეიფორიაში გადავარდნილი.
გმინვა აღმოხდა შერვაშიძეს, რაც მის ქშენას დაერთო ზედ და უნებლიედ, თითქოს გამოჰგლიჯესო, შეუტოკდა მისკენ მთელი სხეული. ბარბარეს თვალები მიელულა, ტუჩი მოიკვნია, მთელი ძალით, ცხვირიდან ძლივს სუნთქავდა, ისე ასწვოდა ფილტვები, მთელი ძალით ჩაეჭიდა თავისუფალი ხელით შერვაშიძეს ზურგზე, მის ახლოს მოზიდვას ლამობდა.
მერე კი ელვის სუწრაფესად მოსწყდა სიცხე.
წამსვე შემოჰკრა ოთახის სიგრილემ.
ჯერ ვერ გაიგო, რა მოხდა, უბრალოდ იწვა, სწრაფად ებერებოდა და ეკუმშებოდა მკერდი, ჭერს აშტერებოდა, თვალებგაფართოებული.
ნიკოლოზს გადახედა, რომელიც მისკენ ზურგით იჯდა, მოხრილი, მუხლებზე ათრთოლებული ხელები ეწყო.
-გადი ცოტა ხნით. – თქვა მან, ხმა ჩახრენწოდა ისეთი ძალით შეაკანკალა ბარბარეს, რომ სხეული შეუხტა.
-ნიკოლოზ… – ამოილუღლუღა გოგონამ, მაგრამ მაინც წამოიწია, ერთიანად გზააბნეული. ძლივძლივობით გაემართა კარისაკენ. შეუჩერებლად, ჩაუქრობლად ასხივებდა მზე მისი შიგნიდან, ისე ძლიერად, როგორც არასდროს და ერთიანად სწვავდა.
ზეწარი დაუშვა, მხრებზე წამოიწია და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან, უკან გამოიკეტა კარი.
თორნიკე ტახტზე წამოწოლილიყო. მის დანახვაზე თავი წამოსწია, მოღუშული მიაშტერდა.
-ბოზიშვილი ვიყო, ცოტა დიდხანს გამეგონა ეგ ჭრაჭუნი და თოვლში ჩავიხრჩობდი თავს. – განაცხადა მან. – რაღა აქ ახურდით ორივე, მშვენიერი საწოლი არ იყო კაზინოში?
ბარბარემ ხმა არ გასცა. კანკალებდა, ცეცხლს მიეფიცხა, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ სციოდა.
გაჩუმდა მახათელიც.
უფრო ძლიერად უბერავდა ქარი, ჯერ კიდევ არ შეჰპარვოდა განთიადის სხივები ცას.
ნეტავ რომელი საათი იყო?
-შენ არ გინდა, რომ ნიკოს წაყვე? – ჰკითხა უცებ მახათელმა და ბარბარე შედრკა, გაშვერილი ხელები გაუშეშდა. გაოცებით გადახედა თორნიკეს, თითქოს გადაეწმინდა გონებაზე მოფარებული ბურანი.
-რა? – ძლივს ამოთქვა მან. თორნიკემ თავი გადასწია, გამომცდელად დააკვირდა.
-არ გინდა მასთან ერთად გაიქცე? – უთხრა მახათელმა, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. – მოუწევს წასვლა, უნდა თუ არა, აქ ვერ დარჩება. ძალიან მოგვიახლოვდნენ ეგ ნაბიჭვრები, მაგათი დედა მოვტყან, და მაგას ეძებენ. მისი სურათი გამოუფენიათ ყველგან.
თავზარდაცემული მიაშტერდა ბარბარე, პირი გამოუშრა.
თორნიკემ წარბები აზიდა.
-დროზე თუ მეტყვი, გადავრეკავ და შენთვისაც გავაკეთებინებ ყალბებს. – განაგრძნო მან. – ბაზიდან ამოგქაჩავენ და ვსო რა… გადაკვეთავთ საზღვარს და გაპარპაშდებით. მერე იტყნაურეთ რამდენიც გინდათ, მოკლედ.
გაოგნებული მიშტერებოდა ბარბარე. ენა ჩაუვარდა.
გაქცევა ქვეყნიდან. ნიკოლოზთან ერთად.
ცეცხლი ტკაცუნებდა და ნაპერწკლებს ისროდა მის გავარვარებულ ხელებთან.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-28
საშინელი ქარბუქი ატეხილიყო, ღია ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ ცა. იზნიქებოდნენ ასწლოვანი ხეები, ცაში რომ აესროლათ კენწეროები. თოვლი სწყდებოდა მათ ტიტებს და ფიფქთა კორიანტელს უერთდებოდა.
ზუზუნებდა ქარი. სადღაც მთაში, ქალაქიდან შორს, მუხლამდე თოვლით დაფარული გზის პირას დადგმულ დაფეხვილ, ფეხებმორყეულ სახლს ეჯახებოდა, აზანზარებდა.
სახლში კი, თითქოს ეს ქარბუქი ბუხრის წინ მდგარ, ზეწარმოხვეულ გოგონაში დაბუდებულიყო, გაედგა ფესვი და ყველაფერს უწყალოდ ატრიალებდა აქეთ-იქით.
მიშტერებოდა თორნიკეს ბარბარე, მისი სიტყვების გადახარშვას ცდილობდა.
ნიკოლოზს ეძებდნენ. როგორც ჩანდა, ბედიანიძემ გამოაქვეყნა მისი ფოტოები, და პოლიციაც იყო ჩართული ამ ამბავში.
გააცია ბარბარეს. აწრიალდა.
თითქოს ორ ქარცეცხლს შორის იდგა: ნიკოლოზის დაჭერასა და მის თავისუფლებას შორის.
აქამდე ეგონა, რომ ორივე შემთხვევაში ხელიდან ეცლებოდა.
„არ გინდა მასთან ერთად გაიქცე?“ აუზრიალდა გონებაში თორნიკეს სიტყვები. ეს აზრი ჩაეწვეთა ტვინში, ერთ შეხედვაზე ყინული თითქოს გალღვა, ერთიანად მოიცვა.
ნიკოლოზთან ერთად გაქცევა. იქ, სადაც ალბათ ვერ მოსწვდებოდა ბედიანიძე. იქ, სადაც სამართალი ვერ მოსწვდებოდა შერვაშიძეს, სადაც არ დაისჯებოდა.
იცოდა ბარბარემ, რომ არასწორად ფიქრობდა. იცოდა, რომ ასეთი თავკერძობისა და ერთგვარი სისასტიკის თვისებებსაც კი ავლენდა იმის ფიქრით, რომ ნიკოლოზი არ უნდა დასჯილიყო იმისათვის, რასაც აკეთებდა.
იცოდა ეს, მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდა ამ გრძნობას.
გამოაღწია თითქოს შავბნელმა, უფრო უკეთესად დაიბუდა მის გონებაში. მაგრამ ეს შავბნელი, მძიმე მასა სპეტაკ სიმსუბუქედ ეჩვენებოდა ბარბარეს.
გააკანკალა გოგონას. ტუჩები მოიკვნიტა, ცეცხლს ჩააშტერდა.
დედაზე დაფიქრდა. ანიზე. მათ რეაქციაზე, როცა აღმოაჩენდნენ, რომ ბარბარე წავიდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ცას შეერია. მათ განცდებზე.
მაგრამ ასევე დედის მონგრეულ სახეზე, რომ უყვიროდა და შერვაშიძეს შხამს ეძახდა.
არადა მართალი იყო.
ის, თუ როგორ იჯდა ანი ბედიანიძის გვერდით, როგორ მოაძვრინა მან კონვერტი ნიკოლოზის ფოტოებით ბედიანიძის ნიშანზე.
თვალი გაუშტერდა ბარბარეს, სიმწარე მოაწვა. აქ აღარაფერი დარჩენოდა.
-აბა? – გამოარკვია მახათელის ხმამ. ის წამოიწეულიყო, იდაყვებზე დაყრდნობილი, ცისფერი თვალები შებურვოდა, ოდნავი ოქროსფერი ათინათი ადგა. – გინდა თუ არა, ბოლოს და ბოლოს? დავრეკავ ახლა…
ცოტა ხანი ხმა არ გასცა გოგონამ. ცეცხლის ტკარცალსა და თამაშს მიშტერებოდა.
-ნდომაზე აღარაა საქმე. – ამოღერღა მან ძლივძლივობით. – საჭიროებაზეა.
მახათელმა წარბები აზიდა. მერე გაეცინა.
-ანუ გაყვები? – ირონიულად უყურებდა ის. – ეს ვოიაჟი, თავგადასავალი ან ეგეთი ყლეობა ხომ არ გგონია? უცხო ქვეყანაში იქნები, ყველაფერი უცნობი იქნება შენთვის, პატარა ქალბატონო…
-ნიკოლოზი არ იქნება უცნობი. – შეაწყვეტინა ბარბარემ, ლუღლუღებდა, გული ყელში მოსწოლოდა. თორნიკეს ცისფერ, ცივ თვალებს გაუსწორა მზერა. – მეტი არაფერი მჭირდება.
მახათელმა ცოტა ხანი უყურა, ისე დაჟინებით, რომ ბარბარე უხერხულად შეიშმუშნა, თვალი აარიდა. ცეცხლს ჩააშტერდა, სახე ეწვოდა.
წუთები მიიზლაზნებოდნენ. ოთახის სიგრილე ედებოდა ზურგზე ბარბარეს, ისევ ყურებში უგუგუნებდა სისხლი.
ფიქრობდა, თუ როგორი იქნებოდა მათი გაქცევა. ფიქრობდა, თუ სად გადავიდოდნენ, რომელ ქვეყანაში, სად იცხობდნენ.
მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო.
უკვე კოშკები იგებოდა მის გონებაში, მყიფე, მაგრამ ამავდროულად უდრეკი.
-ან ერთს რა დედისტრაკი გჭირთ, ან მეორეს, რააა… – წამოისროლა უცებ თორნიკემ და თავი მისკენ მიატრიალა გოგონამ. – ის სირი ხომ საერთოდ დაყლევდა შენი შემხედვარე, შენ რაღა დაგემართა, თვალი გეცა?
ბარბარემ ვერაფერი უპასუხა. არ იცოდა რა ეთქვა, პასუხი არ გააჩნდა ამ კითხვაზე.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა მიზეზი ჰქონდა მის ასეთ ურთიერთობას ნიკოლოზთან, მის დამოკიდებულებას მასზე, და სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა კიდეც პოტენციური პასუხისა და მისი შედეგებისა, ამიტომ უფრთხოდა ამაზე ფიქრს.
უბრალოდ გადააქნია თავი. თორნიკე უყურებდა, რაღაცნაირი, ირონიული ღიმილით.
-მოგხედავს. – თქვა ბოლოს. – ამიტომ შენც მიხედე.
შედრკა ბარბარე. თვალებგაფართოებული მიაჩერდა, რატომღაც შეუტოკდა მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელის თითები გადაისვა მოჩუქურთმებულ ოქროზე.
რაღაცნაირად დალოცვას ჰგავდა თორნიკეს სიტყვები, ისეთ დალოცვას, რომელსაც არ ელოდა, არც სჭირდებოდა, მაგრამ მაინც რაღაცას შეეხო მასში.
ხელზე დაიხედა. უცვლელად ბრწყინავდა ანასტასია შერვაშიძის ბეჭედი.
კარის ჭრიალმა გამოარკვია. მეორე ოთახიდან გამოაბიჯა ნიკოლოზმა, კარი ზურგსუკან მიხურა. ხელში თავისი გრძელი ქურთუკი ეჭირა. ბარბარეს მზერა გაუსწორეს მისმა ამწვარმა თვალებმა და ყელში კუნთები დაეძაბა გოგონას, ხელები თითქოსდა უნებურად გადაეხლართნენ ერთმანეთში, გული აუძგერდა უფრო ძლიერად.
როგორ შეიძლებოდა, რომ შერვაშიძის მხოლოდ ერთი გამოხედვაც კი საკმარისი ყოფილიყო იმისათვის, რაც მას ემართებოდა?
მოუახლოვდა ნიკოლოზი, ქურთუკი შემოაცვა მხრებზე და მკლავები მოხვია, თავისი სიცხით დაფარა უკნიდან მომავალი სიცივე.
გაეღიმა ბარბარეს. თავი უკან გადააგდო, შერვაშიძის მხარზე. ისევ შემოეხვია ის უსაფრთხოება, მხოლოდ ნიკოლოზთან რომ გრძნობდა, თითქოს ერთიანად დაეუფლა, მოიცვა და ჩაძირა, თვალები მიელულა. ხელები ასწია, მასზე შემოხვეულ, შერვაშიძის წინამკლავებს მოსჭიდა.
-ჰო, მე აქ არ ვარ. – წამოისროლა მახათელმა და ბარბარეს თავისდაუნებურად სიცილი წასკდა, თვალები თორნიკესაკენ მიატრიალა, რომელიც უბღვერდათ, აშკარად უკმაყოფილო. – ცოტაც და ჟიმაობასაც დაიწყებთ, მე პერფორმანსს ვუყურო და ათბალიანით შეგაფასოთ თუ რა ვქნა?
-წადი შენი დედაც მოვტყან. – უთხრა ნიკოლოზმა, მაგრამ გაღიზიანება არ ეტყობოდა ხმაში. როგორც ჩანდა, ეს ჩვეული ლაპარაკის მანერა იყო მათ შორის. ბარბარეს სხეული შეუთრთოლდა, ისე ეცინებოდა. – თორემ კისრით გადაგიშვებ აქედან.
-კისრით გადაგიშვებ, კისრით… – მოჭყანა თორნიკემ სახე, ხმა წაიწვრილა, ნიკოლოზს გასცინა. თვალები გადაატრიალა და ტახტის სახელურს მიეყუდა. – ფეხები ძირში ამ მომჭამო, ყლეო… მაგას ჯობია ამ შენ ქალბატონს დაელაპარაკო, შენთან ერთად რომ მოძვრება საზღვარგარეთ. – წარბები ნიშნისმოგებით აწკიპა მან.
იგრძნო ბარბარემ, თუ როგორ დაიძაბა მის უკან ნიკოლოზი და თვითონაც დაიძაბა, ძალაუნებურად, უფრო მაგრად მოუჭირა შერვაშიძეს თითები წინამკლავებზე.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც გამალებული უსმენდა ბარბარე, გული ყელში ამოვარდნოდა, სახსრები გაუთეთრდა ხელებზე, ისეთი ძალით ჰკიდებდა მათ ნიკოლოზს.
-მერე დარეკე საბუთებზე? – თქვა უცებ შერვაშიძემ. შვება მოედო ბარბარეს, და ამავდროულად რაღაცნაირმა შიშმა მოიცვა. თითქოს აცნობიერებდა, რომ ხდებოდა ეს.
-დავრეკავ ახლა. – მიუგო მახათელმა, გმინვით წამოიწია, მობილური ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. – წაეთრეთ თქვენ, პროშტნის ყურება რომ მინდოდეს, პორნოებს ჩავრთავდი…
ჩაიფრუტუნა ნიკოლოზმა, ბარბარეს მკლავები შეუშვა და მახათელს შუათითი აჩვენა.  თორნიკე დაეჭყანა, ორივე აჩვენა საპასუხოდ, წარბებაზიდულმა, ტელეფონი მხარსა და ყურს შორის დაემაგრებინა.
-წავიდეთ. – უთხრა ბარბარემ, ეღიმებოდა, ცოტაც და სიცილს ვეღარ შეიკავებდა. კარისაკენ გაემართა, უკან მიჰყვა ნიკოლოზი.
-მიშკა, ბიჭო, საქმე მაქვს შენთან… – დაიწყო მახათელმა, მისი ხმა უკან ჩაიკარგა, კარს მიღმა, როცა ნიკოლოზმა მიხურა.
ამ ოთახში საგრძნობლად ციოდა, ბუხრის თბილი, წითელ-ყვითელი სინათლე თეთრმა, ფანჯრიდან მომავალმა შუქმა შეცვალა.
საწოლს გადახედა ბარბარემ, ახლაღა იგრძნო თითქოს ძვლებში გამჯდარი დაღლილობა.
-დავწვეთ ცოტა ხანი, აღარ შემიძლია. – ამოღერღა მან, და ლოგინზე ჩამოჯდა, გასავათებული, პირდაპირ ნიკოლოზის ქურთუკით წამოწვა, მაგრად მოიხვია მხარზე, ზეწრის ბოლოში გაბლანდა ფეხები. თვალებმილულული უყურებდა შერვაშიძეს, თუ როგორ მოუარა მან საწოლს და როგორ ჩამოჯდა, როგორ გაშალა საწოლის ბოლოს მიკეცილი, ძველებური ადიელა.
დაწვა ნიკოლოზი, და წამსვე მიუჩოჩდა ბარბარე, მხარზე თავი მიადო. მათ სხეულებზე გადაისროლა გადასაფარებელი შერვაშიძემ და მაგრად მოხვია მკლავები.
გათბა გოგონა. მკლავი გადახვია ნიკოლოზს მკერდზე, გადასაფარებელი უკეთესად ამოუკეცა გვერდში.
ჩუმად იწვნენ. ქარის აუტანელი ზუზუნი ისმოდა, ქარბუქს აეკლო გარეთ ყველაფერი.
რაღაცნაირ კომფორტს ჰქმნიდა ეს კონტრასტი, ისეც, როგორსაც ბარბარეს წვიმის დროს სახლში ჯდომა და წვეთების ყურებს ჰგვრიდა, მაგრამ ასჯერ უფრო ინტენსიურს.
-იცი, ვიცოდი, რომ დედაშენთან მიხვედი. – თქვა უცებ ნიკოლოზმა და გაკრთა გოგონა. თვალები გაუფართოვდა, მაგრამ არ განძრეულა. შერვაშიძე ისევ ფრთხილად, გამოზომილად უსვამდა თავის თბილ ხელს ზურგზე. – რომ წახვედი, დავთვერი და ბიჭები გავაგზავნე შენს მოსანახად.
ხმა არ გაიღო ბარბარემ. არ იცოდა თუ რა ეთქვა.
-და არ წამომიყვანე? – დაიჩურჩულა მან. რაღაცნაირი გრძნობა გაუღვივდა მკერდში.
-არა. – თქვა შერვაშიძემ. – შენი ნებით უნდა მოსულიყავი. ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა.
-ასეთი დარწმუნებული იყავი? – გაღიმება სცადა გოგონამ. მაგრამ იცოდა, თუ რას ნიშნავდა მისთვის ბარბარეს პოტენციურ ქმედებებში დარწმუნების ქონა. ეს იყო დაუძლეველი რამ, თითქმის წარმოუდგენელი, უსიტყვო და ამავდროულად მრავალი სიტყვის დამტევი. იცოდა, რადგან თვითონაც განიცდიდა.
-იმ დღეს, როცა დარწმუნებული აღარ ვიქნები, წახვალ. – თქვა ნიკოლოზმა. მოიღუშა ბარბარე, მაგრად მოუჭირა ზურგზე მის სვიტერს თითები, თეთრი ოქროს დასმა იგრძნო.
-თუ სადმე წავალ, შენთან ერთად წავალ. – ამოილუღლუღა გოგონამ. – აი, როგორც ახლა.
ცოტა ხანი გაჩუმდნენ. შერვაშიძე უფრო მაგრად იკრავდა გულში.
ყველაფერი გაუცხელდა შიგნით გოგონას. თვალები ეხუჭებოდა.
-რისი ნახვა გინდა? – ჰკითხა ნიკოლოზმა. ძილის პირზე მყოფმა ბარბარემ გაიღიმა. ნიკოლოზის მხარი ეფარებოდა ფანჯრიდან მომავალ შუქს, დაბურულიყო მისი თვალთახედვა.
-ოკეანის. – ამოილუღლუღა მან. – ტყეების… ღამით.
ბურანმა მოიცვა მისი გონება, თვალები მიელულა. მიბრუნდა, შერვაშიძის მკერდში უკეთესად ჩარგო თავი და ძილს მიეცა, გასავათებული.
ოკეანე დაესიზმრა. ტყით გარშემორტყმული.
.
-*-*-*-*-*-*-
მთელი ღამე პოლიციის დეპარტამენტში გამომწყვდეულიყო ბედიანიძე. ხან შემოსასვლელში იჯდა, ხან ორლოვის კაბინეტში სცემდა ბოლთას, მერე კი პირდაპირ ტრანსლაციებს უყურებდა ტელევიზორში, ხედავდა, თუ როგორ ჩანდა ნიკოლოზ შერვაშიძის სახე ყველა არხზე, მასზე გამოცხადებული ძებნის მცირე დეტალებთან ერთად.
ცოტაც და ძირამდე დაიჭამდა ფრჩხილებს და თმას ამოიძრობდა სკალპიდან, განერვიულებული და მოთმინების ძაფის გაწყვეტაზე მისული.
როგორც კი ფოტოები გადასცა ორლოვს, მან მაშინვე გასცა განკარგულება რაზმის მოსამზადებლად სპეცოპერაციისათვის. კაზინო „წითელი ღამე“, შერვაშიძის ბანდის წევრების სავარაუდო ადგილსამყოფელი, ნარკოტიკების შემოტანა-გატანის პუნქტები ნაშუადღევისათვის აღებული უნდა ყოფილიყო, ყველა მათში მყოფი კი დაკავებული. უნდა გაერკვიათ, თუ სად წავიდა თორნიკე მახათელი, რომელიც ქალაქიდან გასვლისას დააფიქსირეს და მერე თითქოს გაქრა.
იცოდა ბედიანიძემ, რომ ერთ კენჭს არ დატოვებდა გადაუბრუნებელს ორლოვი. იცოდა, რომ გამოხრავდა ყველას, ვინც იმ კაზინოში დახვდებოდა.
ეს აცოფებდა. იგრძნო, რომ ავტორიტეტი სხვაზე გადავიდა, რომ სადავეები სხვამ მოიგდო ხელში. ეგონა, რომ ნიკოლოზ შერვაშიძის ფოტოები მისი საყრდენი იქნებოდა, მისი კოზირი, მაგრამ ესენიც გამოეცალა ხელიდან, ორლოვი დაბალი ღობე არ აღმოჩნდა.
გრძნობდა, რომ ერთი ნაბიჯით გაასწრეს, რომ უკვე მთავარი გამომძიებელი აღარ იყო ამ საქმისა და თითქმის ნანობდა, რომ პოლიცია ჩარია.
ისიც იცოდა, რომ გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა დეპარტამენტში და მის გარეთ იმისთვის, რომ ქალაქიდან გასული თორნიკე მახათელი ეპოვათ, რომლის კვალიც, ეჭვი ჰქონდა ორლოვს, რომ პირდაპირ გაიყვანდათ შერვაშიძესთან.
ორლოვი მთელი ღამე იჯდა კაბინეტში, მშვიდად. რაღაცას ათვალიერებდა კომპიუტერში, გაუთავებლად შემომავალ-გამავალი თანამშომლების შემოტანილ დოკუმენტებს ავლებდა თავს და უთვალავ ზარს პასუხობდა. ეტყობოდა, რომ რაზმის მუშაობას განაგებდა, ინსტრუქციებს აძლევდა, პირდაპირ უძღვებოდა სპეცოპერაციას.
მშვიდად იყო ორლოვი და ბოლთას სცემდა გამწარებული ბედიანიძე. ზარი უკვე გაკეთებული ჰქონდა საჭირო პიროვნებასთან, და დროზე უნდა მოსულიყო იმისათვის, რომ ერთი ნაბიჯით გაესწრო პოლიციისათვის.
უკვე განთიადი გახლდათ, როცა რაზმის მიერ სპეცოპერაციის დაწყება აუწყა დეპარტამენტის სპიკერმა, ყურსასმენები რომ ეკეთა და ალბათ რაზმის მოძრაობას ადევნებდა თვალს.
რამდენიმე საათში კი ყველაფერი მოთავებული იყო.
დააკავეს შერვაშიძის ბანდის რამდენიმე იდენტიფიცირებული წევრი, ამოიღეს ნარკოტიკები, უამრავი ფული.
აღებული იყო კაზინო „წითელი ღამე“, ისმენდა ბედიანიძე რაზმის ლიდერის მიერ გადმოცემულ დეტალებს. პატარა კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოს უყურებდა, თუ როგორ ვარდებოდა რაზმი ჩამობნელებულ კაზინოში, თუ როგორ წამოვარდნენ ის მყოფნი და როგორ მოიმარჯვეს იარაღები.
-გილოცავთ, ბატონო გიორგი. – გამოარკვია ორლოვის ხმამ. დეპარტამენტის კაპიტანი გამობრძანებულიყო თავისი კაბინეტიდან, ძალიან თვითკმაყოფილი, გაჯგიმული აშტერდებოდა ხან მას და ხან კედელზე დამაგრებულ ეკრანზე მიმავალ ვიდეოს, რომელზეც სპეც-რაზმის წევრები ბანდის წევრებს აკავებდნენ. – ჩვენმა კოლაბორაციამ ნაყოფი გამოიღო, თან რა ნაყოფი!
-ეს ძალიან კარგი, მაგრამ შერვაშიძეს მიაგენით? – ჰკითხა ბედიანიძემ. ერთიანად დაძაბულიყო, სისხლი ერეცხებოდა სახიდან, გრძნობდა, თუ როგორ ასხამდა ცივი ოფლი ჟრუანტელით გათანგულ ზურგზე. – მახათელის კვალი იპოვეთ?
-მანქანის საბურავების ანაბეჭდზე მუშაობენ ახლა ჩემი ექსპერტები. – განაცხადა ორლოვმა ისევ იმ მოჩვენებითი სიმშვიდით. აშკარად უკმაყოფილო იყო, რომ ბედიანიძემ მათი „კოლაბორაციის ნაყოფი“ არ შეაფასა სათანადოდ. გაღიზიანებულს უფრო ეტყობოდა რუსული აქცენტი. – გუშინ ღამე საკმაოდ ბევრი მოთოვა, მაგრამ რამდენიმე ანაბეჭდი ავიღეთ და შესაძლო ადგილებს განვიხილავთ… ერთი ცნობილი გასაძრომი არის საზღვართან, ჩრდილო-დასავლეთით… ვნახოთ, თუ იქეთ მიდის კვალი, და წამსვე დავედევნებით, რომ არ გაგვასწრონ შორს.
-რას უპირებთ, როცა მოიხელთებთ? – იკითხა ბედიანიძემ. ორლოვს გაეღიმა, ნაოჭები შეუთამაშდა თვალთა კუთხეებში, მზერა უფრო გაუცივდა.
-თუ გაიქცევა, ბრძანებას გავცემ, რომ მიახვრიტონ. – თქვა მან. – მაგის ამბავი გადაწყვეტილია… ექვსი წლის მასალა მაქვს მოგროვებული, უამრავი საბუთია, ეგ ბიჭი დამნაშავეა და ზუსტად ის, ვისაც ვეძებთ, წყალი არ გაუვა. ცოცხლად აყვანა კარგი კი იქნებოდა, მაგრამ… – ორლოვმა წარბები აზიდა, მხრები აიჩეჩა. მოღუშული შეჰყურებდა ბედიანიძე.
ახლა უფრო მეტად დარწმუნდა, რომ უნდა დაესწრო პოლიციისათვის. შერვაშიძეს პირველად თვითონ უნდა მისწვდომოდა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ შერვაშიძე გაქცევას შეეცდებოდა პოლიციისაგან, გაუფრინდებოდა ეს შანსი.
-ახლა ვამუშავებთ მასალას, ისე ვიზამ, რომ სამუდამო მისცენ… – განაგრძო ორლოვმა. – მამამისი გაიქაჩება ალბათ, მაგრამ ვნახოთ. მალე პრესკონფერენციასაც მოვაწყობ და მედია რომ აიტაცებს ამ ამბავს, მერე მორჩება.
ბედიანიძემ თავი დაუქნია და წინ გაემართა ორლოვი, გახარებულ თანამშრომლებს მიუახლოვდა, რომლებიც სპეოცოპერაციის კარგად ჩავლას ზეიმობდნენ.
და უკვე ხედავდა, თუ როგორ მოქუჩდებოდნენ ჟურნალისტები ამ ამბავთან, თუ როგორ გასკდებოდა ეს საქმე, ისმენდა და ხრავდა ის, რომ თვითონ არ იქნებოდა ის პიროვნება, რომელსაც ყველაზე ჩახედულად მიიჩნევდნენ ამ საქმეში.
არ იქნებოდა ის პიროვნება, რომელმაც  მძარცველი, გამომძალველი და ნარკოდილერი ნიკოლოზ შერვაშიძის სამეფო მოსპო.
ამიტომ სცემდა ბოლთას, გაფითრებული, ორლოვის კმაყოფილებაგადაკრულ სახეს უყურებდა, რომელიც თანამშრომელთა მოლოცვას იღებდა და გამალებით ელოდა ზარს, რომლის დახმარებითაც საბოლოოდ თვითონ იქნებოდა ამ ამბის სათავეში.
არ დაუშვებდა იმას, რომ ვინმეს ეს მისთვის წაერთმია, მტრული მზერით უყურებდა დეპარტამენტში მომუშავეებს. ეს ადამიანები პაიკები იყვნენ, უსახო, უბრალო ფიგურები, და ვერ აიტანდა ბედიანიძე მათ ადგილას ყოფნას.
მაგრამ ყველაზე მდაბალი პაიკებიც გადიოდნენ ჭადრაკის დაფის მეორე მხარეს და დედოფლები ხდებოდნენ.
გიორგი ბედიანიძე კი პაიკს ნამდვილად არ წამოადგენდა.
ნიკოლოზ შერვაშიძესა და ბარბარე ვარდოსანიძეს ვერ გაუშვებდა დაუსჯელად ასე იოლად.
.
-*-*-*-*-*-*-
რაღაც ესიზმრა ბარბარეს.
თითქოს ოკეანეზე შემორტყმულ ტყეს ცეცხლი ეკიდა.
უსიამოვნო ხმაურმა გამოაღვიძა. მის გვერდში მოკრული სითბო მოშორდა სხეულიდან, ესმოდა, როგორ დაიჭრაჭუნა საწოლმა და თვალები ააფარფატა, ძლივს დაეწმინდა მზერა.
წამსვე ნიკოლოზის ფიგურას ჰკიდა თვალი, რომელიც ლოგინის ბოლოსთან იდგა, დაძაბული მიშტერებოდა კარს. თორნიკეს აწეული ხმა ესმოდა მეორე ოთახიდან.
-ნიკოლოზ, რა ხდება… – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ, წამოიწია. ფანჯრიდან შემომავალი სინათლე, რომელიც თეთრი ღამისა უკვე აღარ იყო, სახეში მოხვდა, თვალები მოეხუჭა. ძლივს გაახილა, ნამძინარევზე დაბურვოდა გონება, მაგრამ ჰაერში დატრიალებული დაძაბულობის სიმწარეს გრძნობდა თითქოს, მოშვებული, მომჩვარული კუნთები ერთიანად დაეჭიმა, შერვაშიძეს მიაშტერდა, მის გადაღლილ სახესა და წოლისაგან გაწეწილ თმას.
ნიკოლოზმა გამოიხედა მისკენ, ღარი გასჩენოდა წარბებს შუა. მერე კი მიბრუნდა, კარისაკენ გაალაჯა და მეორე ოთახში გავიდა.
ღია კარიდან თორნიკეს ამაღლებული ხმა უფრო გარკვევით მოესმა ბარბარეს.
-აქამდე სად იყავი, შე ყვერო! – ღრიალებდა ის. – აქამდე სად… ნუ მაწყვეტინებ, შენი დედაც მოვტყან, თორემ სულზე დაგდებ, თუ მოგწვდი… ყველაფერი, ბიჭო? ყველაფერს შემოესივნენ ეგ ნაბიჭვრები? აითესეთ მაქედან, სანამ ყლეები შეგრჩენიათ, სადაც გინდა იქ წადით… და მიშკას უთხარი, საბუთები მზად იყოს და საზღვართან, ჩვენს გასასვლელთან დაგვხვდეს, თორემ მუხლზე გადავიტეხავ, დედაც მოვუტყნავ, გაიგე?!
ისეთი დაძაბული უსმენდა ბარბარე, რომ ყველა, ძილისაგან მოდუნებული და ამჟამად ძალდატანებით დაჭიმული კუნთი უთრთოდა. ძლივს წამოდგა, კარისაკენ გაემართა.
-რა მოხდა? – იკითხა ნიკოლოზმა. ფანჯრიდან შემოსული დღის შუქი ეფრქვეოდა. ნაზად, ოდნავ ღუოდა ბუხარი, ჩაფერფლილიყვნენ წინა ღამით შეგდებული შეშები, ზედ რამდენიმე ახალი დაეწყო მახათელს, რომელთაც ჯერ არ მოჰკიდებოდათ ალი.
-ყველაფერი აიღო პოლიციამ, მაგათი დედა შევეცი, ყველაფერი… – თმებში ხელი გადაისვა მახათელმა, რაღაცას მიშტერებოდა, იატაკზე, გაუაზრებლად, მთელი ღამის უძილარი ჩანდა, თვალები ჩასისხლიანებოდა. – ბევრი გაქცეულა, ბიჭო, მოუსწრიათ, მარა ზოგ სირს ვერ მოუსწრია ათესვა და მოიგდეს…
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ქარიც კი აღარ ზუზუნებდა გარეთ, აღარც ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა ბუხრიდან. ჩაკვდა თითქოს ყველაფერი.
სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა ბარბარე.
-მანქანის ანაბეჭდები აუღიათ და აქეთ მოდიან. – თქვა უცებ მახათელმა.
ერთბაშად გაუცივდა ყველაფერი ბარბარეს. პირი გამოუშრა, ხელი გააფათურა, ძლივს მიეყრდნო კედელს, თითქოს მუხლებში ტყვია ჩაუსხესო.
პოლიცია უახლოვდებოდათ. კვალი აიღეს და ახლოს იყვნენ.
წარმოიდგინა შეძრწუნებულმა ბარბარემ, თუ როგორ შემოიჭრებოდნენ, თუ როგორ სტაცებდნენ ნიკოლოზს ხელს, როგორ დაადებდნენ ბორკილებს, როგორ ჩატენიდნენ მანქანაში უხეშად. თუ როგორ ჩაიკარგებოდა მისი შუშისებრი მზერა ბარბარეს თვალთახედვიდან.
სუნთქვა შეუკავდა ყელში. ნიკოლოზის მისკენ მობრუნებულ ზურგს გადახედა სასწრაფოდ, უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ჯერ კიდევ აქ იყო შერვაშიძე.
-ალბათ ჰგონიათ, რომ ჩრდილოეთიდან მივდივართ. – თქვა ნიკოლოზმა. მთელი სხეული დაძაბვოდა, მუშტებად შეეკრა გვერდებზე დაშვებული ხელები. – წავიდნენ იქით, ჩვენ გავასწრებთ…
თორნიკე მიაშტერდა ნიკოლოზს ცოტა ხანი, მერე კი თავი გადააქნია.
-შენ თვითონაც ხომ იცი, რომ არ გამოვა ეგ? – თქვა მან. ნიკოლოზს მხრების ზოლი შეუტოკდა და საშინლად მოუნდა ბარბარეს, რომ ახლა მისი გამომეტყველება დაენახა. ძლივს მოსცილდა კედელს, მაგრად მოიხვია მისი ქურთუკი.- ამ მანქანით ვერ წავალთ, მეორემდე ერთი საათია ფეხით…
-კვალს თუ აქამდე ამოჰყვებიან, მერე ჩრდილოეთით აღარ წავლენ. – თქვა ნიკოლოზმა. ხმა შესცვლოდა.
გვერდში ამოუდგა ბარბარე, ახედა მის დაძაბულ, თითქოსდა ერთ ღამეში დანაოჭებულ სახეს.
-მე წავიყვან მანქანას ჩრდილოეთისაკენ. – თქვა უცებ თორნიკემ, თავი ასწია, მკლავები გადააჯვარედინა, ჯიუტად იყურებოდა. – მსდიონ მერე მაგ ყლეებმა, თქვენ კიდევ მოასწრებთ…
ძლივს გადაიტანა ნერწყვი ბარბარემ გამომშრალ ყელში. უყურებდა მახათელს, და არ სჯეროდა, რომ ეს ესმოდა. არ სჯეროდა, რომ თორნიკე ასეთი რამის გაკეთებაზე წავიდოდა. ისეთ რამეზე, როგორიც პოლიციის გატყუება იყო, რაც მის დაჭერას უდრიდა, სანამ მისი მეგობარი გაიპარებოდა ქვეყნიდან.
თუმცა ალბათ არც უნდა გაჰკვირვებოდა.
-დაგიჭერენ, მთლად გამოსირდი? ძაან გინდა ჩაგაყუდონ?!  – იფეთქა ნიკოლოზმა.
-სანამ ორივეს არ დაგვიჭერენ, არცერთი არ ვიქნებით დაჭერილი, შე გამოსირებულო. – ეშმაკურად გაიღიმა მახათელმა. – და დაჭერილები რომ ვიქნებით, მაშინაც გამოვძვრებით, აი ნახავ.
ნიკოლოზი ჩუმად იყო. დაჟინებით იყურებოდა, წარბშეკრული.
თორნიკეს გაეცინა, ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ხო იცი, რომ შენი ყლეური ახსნებით ვერ გადამათქმევინებ, რაა… – თქვა მან. – გეგონება პირველად მიჭერდნენ! ახლა წავალ, მანქანას გავიყვან, კაი დედისმტყვნელ ნაკვალევს დავტოვებ და თქვენ კიდე გადააჯვით მეორე მხარეს… იცი სადაც დგას მანქანა.
შერვაშიძე ხმას არ იღებდა. თორნიკემ ბარბარეს გადმოხედა.
-აბა შეხვედრამდე, პატარა ქალბატონო. – თქვა მან, რაღაცნაირი, ირონიული, აგდებული ტონით, მაგრამ იღიმებოდა.
მერე კი კარისაკენ გაემართა, გააღო და მოიჯახუნა უკან.
გამალებით უცემდა გული ბარბარეს. წარბები აეჭმუხნა, შეწუხდა, დანაღვლიანებული მიშტერებოდა კარს.
ნიკოლოზი მოუბრუნდა. ყბები შეეკრა, ნესტოები დაჰბერვოდა, დაჭიმვოდა ყოველი ნაკვთი. რაღაცამ საშინლად გასწიწკნა გოგონას მკერდში, გული მოეწურა, მტკივნეულად უფეთქავდა.
და მიუახლოვდა ბარბარე, შუბლი მხარზე მიაყრდნო. დასწყევლა საკუთარი უსუსურობა, შერცხვა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ხვდებოდა, რომ რაც გაკეთდა საჭირო გახლდათ, რომ ამწუთას ალბათ არ არსებობდა უკეთესი ვარიანტი, და წამლავდა იმის გაფიქრება, რომ ამ არარსებულს ვარიანტს ვერ სწვდებოდა მისი გონება.
-ჩაიცვი და ჩვენც წავიდეთ. – თქვა შერვაშიძემ. ხმაზე ეტყობოდა, რომ ძალას იკრებდა, ემზადებოდა. თავისი სიტყვების მიუხედავად მხრებზე შემოხვია ბარბარეს მკლავები.
იდგნენ. ნაზად შიშინებდა ბუხარში გაღვივებული შეშა.
დროებით ჩაწყნარებულიყო გარეთ ქარბუქი.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-29
უკვე ნაშუადღევის ერთი საათი სრულდებოდა, როცა თორნიკე მახათელის მანქანის შესაძლო ალიკვალი დაადგინეს პოლიციის დეპარტამენტის ექსპერტებმა, და წამსვე მოამზადა რაზმი საპატრულო პოლიციასთან ერთად ორლოვმა. ვარაუდობდა, რომ ქალაქიდან საკმაოდ შორს, მთებისაკენ იყო ასული მახათელი, დიდი ალბათობით შერვაშიძესთან ერთად, და საეჭვოდ ემთხვეოდა ტრაექტორია ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით საზღვარში მყოფ სისუსტეს, საიდანაც რამდენჯერმე დაეფიქსირებინათ არალეგალური გასვლა-გამოსვლა. კონტრაბანდის შემოტანა. ტრეფიკინგი.
ამ ჩრდილო-დასავლეთით მდებარე წერტილზე ამყარებდა ორლოვი იმედს.
-ოკამის სამართებლის მარტივი წესია. – თვითკმაყოფილებით ეუბნებოდა ის ბედიანიძეს, სანამ ეკრანზე გამოსახულ რუკაზე წითლად გავლებულ ტრაექტორიას უყურებდა. – პირველივე შესაძლო ვარიანტი, რაც უფრო მარტივია, უმთავრეს შემთხვევაში სწორიც აღმოჩნდება. როგორც ჩანს, ჩვენი კურდღლები ჩრდილო-დასავლეთისაკენ გარბიან.
ორლოვმა გამოხედა, წარბებაზიდულმა და ნაძალადევად დაუქნია თავი ბედიანიძემ. აუტანელი მრისხანება ერთიანად ჭამდა.
სასწრაფოდ უნდა მიეღო ზუსტი ინფორმაცია შერვაშიძის, ვარდოსანიძისა და მახათელის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანდა, არ ჩქარობდა მისი ინფორმატორი.
-ძალიან… ჭკვიანურია. – ამოღეჭა მან ძლივს. ორლოვმა თავი ააღირა, გოროზად იყურებოდა.
-რაზმი და საპატრულო პოლიცია მობილიზებულია. – თქვა ბოლოს კაპიტანმა. – ბანდის რამდენიმე იდენტიფიცირებული წევრი დაკითხვაზე გვყავს, მაგრამ სანამ მათ გამოწურვას მოვახერხებთ, არ მინდა დრო დავკარგოთ. საზღვარზე რომც გადავიდნენ, შორს ვერ გაგვექცევიან. – მას ოდნავ გაეღიმა. – ექვსი წლის შემდეგ მოვიგდეთ, ბოლოს და ბოლოს.
გაჩუმდა ორლოვი. ტუჩები კინაღამ დაიჭამა ბედიანიძემ, ფრჩხილები ჩაჰფრენოდნენ ხელისგულებში. გამალებით მუშაობდა მათ წინ გადაშლილი პოლიციის დეპარტამენტი.
მერე კი მობილურმა ტელეფონმა ატეხა წკარუნი ბედიანიძის ჯიბეში.
სასწრაფოდ სტაცა ხელი კაცმა, ჯიბიდან ამოაძვრინა. შვების ტალღა მოედო ნომრის დანახვისას, მაგრამ არ შეიმჩნია.
-უკაცრავად, ამ ზარს ავიღებ… – ორლოვისაკენ ისე გადაისროლა მან, რომ მისკენ არც კი გაუხედავს, სწრაფი ნაბიჯით გაემართა დეპარტამენტის შემოსასვლელისაკენ. მათზე ადევნებულ დაცვას ხელი აუქნია, შორიახლოს დარჩენის  ნიშანი მისცა.
გამჭირვალე კარში შემოდიოდა დღის სინათლე, მისი სათვალის შუშები ირეკლავდნენ შუქს, როცა კარს მიუახლოვდა ბედიანიძე, ელვის სისწრაფით გაგლიჯა და ეზოში გავიდა.
მიმოიხედა, მარტოდ დაიგულა ეზოში თავი, მერე კი სასწრაფოდ უპასუხა ზარს.
-სად ხარ აქამდე? – დაუსისინა ინფორმატორს. – რამდენი ხანი უნდა გელოდო?
-მაპატიეთ, ბატონო გიორგი. – უპასუხა მამაკაცის ბოხმა ხმამ. – ძალიან ბევრი ძებნა დამჭირდა, რომ სწორი პიროვნებისათვის მიმეგნო, და როგორც კი შევძელი, მაშინვე დაგირეკეთ.
-მერე? – დაიყეფა ბედიანიძემ. – გისმენ! სად მიდიან?
-საზღვარგარეთ აპირებენ გაქცევას. – თქვა კაცმა. – საბუთებს აკეთებინებენ, ვარდოსანიძისა და შერვაშიძისათვის, და გორგილის მხრიდან მიდიან.
-ანუ არა ჩრდილო-დასავლეთით? – წამოიწია ბედიანიძე, მაგრად მიიჭირა ყურზე ტელეფონი. კმაყოფილი, აღტკინების ღიმილი მოეფინა სახეზე.
-არა. – განაცხადა ბოხმა ხმამ.
-ძალიანაც კარგი. – თქვა ბედიანიძემ, სასტიკად ყინავდა, მაგრამ ერთიანად გათბობოდა სხეული, გამარჯვებული ღიმილი გადაეფინა სახეზე. – ახლა ხომ იცი, რა უნდა გააკეთო? გოგოს გამოყვანას შენ განდობ, იცოდე, გზაზე უნდა დახვდე. ინსტრუქციებს დამატებით მოგაწვდი. საფასურს რაც შეეხება, ნახევარი დაჯდება შენს ანგარიშზე ნახევარ საათში.
-ძალიანაც კარგი, ბატონო გიორგი. კარგად ბრძანდებოდეთ. – თქვა მამაკაცმა, კავშირი გაითიშა.
გაბადრული უყურებდა პოლიციის შენობის გარშემო შემორტყმული გალავნის იქით აფუთფუთებულ ქალაქს ბედიანიძე.
როგორც იქნა. პაიკი ჭადრაკის დაფის მეორე მხარეს გავიდა და ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა.
ისევ მას მოეგდო საქმის სადავეები. იცოდა, თუ საით მიდიოდნენ ისინი, და იოლად შეეძლებოდა მათი ხელში დაჭერა და მანიპულირება, ყველანაირად, როგორც თვითონ მოუნდებოდა.
შერვაშიძესა და ვარდოსანიძეს აუცილებლად იპოვიდა პოლიცია. ვინმეს გამოტეხავდნენ და დააფრქვევინებდნენ ყველაფერს.
მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ პირველად თვითონ მიაგნებდა და მწარედ ანანებდა ორივეს იმ ყველაფერს, რაც ამ თვეების მანძილზე განიცადა. შერვაშიძეს იმას, რაც ჩაიდინა, და რასაც წარმოადგენდა: ხელისუფლების ცენტრში მყოფი მამაკაცის, შინაგან საქმეთა მინისტრის ვაჟს. ვარდოსანიძეს კი იმ სიჯიუტეს, იმ დაუმსახურებელ ერთგულებას, რომელიც მას ნიკოლოზ შერვაშიძისადმი გააჩნდა. აჩვენებდა, რომ ეს ურთიერთობა, ძალიან ბევრს რამეს რომ სწირავდა, მაინც არაფერს ნიშნავდა და ჩაიფუშებოდა იმ განსაცდელის წინაშე, რომელსაც თვითონ მოუწყობდა.
ხელში მაგრად ჩაჭერილი მობილური ტელეფონი ასწია, ისევ გადარეკა.
-ანი, გამარჯობა. – თქვა მან, ხმას მხიარული ტონი მისცემოდა. – საქმე მაქვს. ერთ-ორ საათში ერთი კაცი მოვა შენთან და უნდა გამოჰყვე. ფრიად მნიშვნელოვანი საქმეა.
.
-*-*-*-*-*-*-*-
ნელა ჩაიცვა ბარბარემ გამშრალი ტანსაცმელი. მაჯის საათი გაიკეთა, მოტიკტიკე დანადგარს დახედა. ნელ-ნელა იწეოდნენ წინ ისრები, უკვე ოთხი საათი დაწყებულიყო.
ნიკოლოზს მიუტანა მისი ქურთუკი, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა თავი გადააქნია, უთხრა, რომ ჩაეცვა. თვითონ ვედროთი მოასხა წყალი გაღვივებულ შეშებს, მერე კი აბოლებული ბუხრის კარი აკეტა.
სახლის დანჯღრეული კარი გამოიკეტეს, მოჭრაჭუნე საფეხურებზე ჩააბიჯეს, რომელზე დაფენილ თოვლზე ჩანდა თორნიკეს ნაკვალევი.
თეთრ ღრუბლებს დაეფარათ ცა, როცა ზემოთ აიხედა ბარბარემ. რამდენი ხანი იყო თითქოს, რაც დღის სინათლე ენახა. ღრუბლები აქა-იქ იგლიჯებოდნენ, მოძრაობდნენ, ერთმანეთს უერთდებოდნენ, ახალ ფორმებს იძენდნენ, მოძრაობას მოწყურებულნი, მათში ცის სილურჯე მოჩანდა.
თითქოს ნაწილებად დახლეჩილიყო ცა.
ძალიან ციოდა, პაწაწინა ფიფქებით თოვდა. მაგრად შემოიხვია ბარბარემ ნიკოლოზის ქურთუკი, სანამ ეზოში მიიკვლევდნენ თოვლს, მის წინ მიმავალი შერვაშიძის სქელი სვიტერით დაფარულ ბეჭებს დააშტერდა.
ნერვიულობისაგან მუცელი სტკიოდა, თითქოს გაკვანძოდა ნაწლავები.
ახლაღა აცნობიერებდა, რომ ამდენი ხანი არაფერი ეჭამა, ერთიანად დაცარიელებულიყო, მაგრამ არავითარი ყურადღება არ მიაქცია ამას. არც კი სტკიოდა გამოწურული კუჭი.
მათ უკან მიკეტა პაწაწინა, მოწნული ეზოს ჭიშკარი ნიკოლოზმა, თოვლშეყინული ბუჩქები გადმოსწია მაგრად, ზედ მიაფარა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
მერე კი გზას დაუყვნენ გვერდით. შედარებით უთოვლო ადგილას მიაბიჯებდნენ, იქ, სადაც გზის გვერდით ჩარიგებული ხეთა ტოტები გადმოფარვოდნენ მიწას.
უყურებდა მის წინ მიმავალი ნიკოლოზის ზურგს ბარბარე, მის გვერდზე დაშვებულ მკლავებსა და ხელებს, ასეთი თბილნი რომ ჩანდნენ აუტანელ სიცივეშიც კი.
საკუთარი ხელი გაიშვირა, ნიკოლოზს მარჯვენაში სწვდა. მის თეთრ ოქროზე გადაუსვა თითები და საკუთარი ხელი მაგრად მომუშტა ქურთუკის ჯიბეში, რომ ყვითელი ოქროს ბეჭედი ეგრძნო.
მართლაც თბილი იყო ნიკოლოზის ხელი. გამოხედა ახალგაზრდა კაცმა. რაღაც უცნაურად მოჩანდა დღის სინათლეზე აპრიალებული მისი შუშისებრი მომწვანო თვალები. მწვანე უფრო აშკარა იყო, უფრო ღია, კაშკაშა და შხამისფერი ელფერი დაჰკრავდა. იმ შხამისფერი, ბავშვობაში რომ უყურებდა მულტფილმებში, რომელთაც ეწირებოდნენ მთავარი გმირები, მუდამ რომ უფრთხოდნენ, ის.
„შხამია. მოგშხამავს.“ დაუტრიალდა დედის ფიქრები და უფრო მაგრად მოუჭირა შერვაშიძეს თითები ხელზე. საპასუხოდ უკეთესად დაიჭირა მისი ხელი ნიკოლოზმა, მოქაჩა, გვერდით ამოიყენა.
და მიდიოდნენ დათოვლილ გზაზე ორივენი, დროგამოშვებით თავზე ეცემოდათ თოვლი.
მალე სახე აუწითლდა ბარბარეს. ვეღარ გრძნობდა ცხვირსა და ლოყებს. ნიკოლოზის გრძელ ნაბიჯებს რომ მიჰყოლოდა, სწრაფად უნდა ეარა შედარებით. ხედავდა, თუ როგორ მოიმატა მის წინ გაბნეული, ორთქლად ქცეული სუნთქვის სიხშირემ.
-ნახევარ საათში ვიქნებით. – უთხრა ნიკოლოზმა. თვითონაც შესწითლებოდა ცხვირი, გრძნობდა ბარბარე თუ როგორ უცივდებოდა ნელ-ნელა ხელი მას და რაღაცნაირ, უსიამოვნო, შემზარავ გრძნობას ჰგვრიდა. – დაიღალე?
-დავიღალე. – ამოიქოშინა ბარბარემ, მერე კი გაეღიმა. – მაგრამ არ მოუნელო ჩემს გამო, შემიძლია და მოგყვები.
არაფერი არ უთქვამს ნიკოლოზს, ცოტა ხანი უყურა, მერე კი გზას გახედა. ოდნავ ეღიმებოდა, ხელი მოჰკიდა, უფრო მაგრად.
თითქოს გაუთავებელი იყო გზა, მხოლოდ და მხოლოდ გაუკვალავი, მუხლამდე თოვლით დაფარული. გარშემო ნაზი ნიავი მოძრაობდა მხოლოდ, დანარჩენი კი თითქოს დროში გაყინულიყო, სპეტაკი, შეუბღალავი და უდრეკი.
მერე კი, ორმოცი წუთი სიარულის შემდეგ, გზიდან პირდაპირ ტყეში გადაუხვია ნიკოლოზმა. ბუჩქებში გაძვრნენ, და ცაში ატყორცნილ ხეთა შორის მიიკვლევდნენ გზას, რომელთა ხშირი, შიშველი ტოტები გუმბათივით გადმოჰფარვოდა მიწას, და კარგად ჰფარავდა, რომ თოვლის თხელი ფენა იდო მხოლოდ ქვემოთ, ალაგ-ალაგ ნეშომპალა და ყავისფერი წიწვების საფარიც კი მოჩანდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა ბარბარეს, თუ სად მიდიოდნენ, იმდენჯერ გადაუხვიანიკოლოზმა. არც ის იცოდა, თუ როგორ იკვლევდა იგი გზას. ალბათ კარგად ჰქონდა დამახსოვრებული.
გაიყინა ერთიანად. ქურთუკი გრძელი იყო, მაგრამ დიდი, ქვემოდან უძვრებოდნენ ქარის ცივი საცეცები, ფეხები გაეყინა და აეწვა, თითქოს ყინულად იქცეოდა მისი ყოველი სუნთქვა მის თვალწინ.
მხოლოდ და მხოლოდ მასზე ჩაჭიდებული ნიკოლოზის ხელიდან გრძნობდა გადმომავალ სითბოს. ხანდახან გადახედავდა მის პროფილს, უყურებდა მის შეკრულ წარბებს, მიზანდასახულობით აღსავსე გამომეტყველებას და ერთიანად გამოფიტულ სხეულში სადღაც, კუთხე-კუნჭულში მინახულ ძალას პოულობდა, გამალებით ფხეკდა და ერთიანად გასავათებულ გონებასა და სხეულში დებდა, მათ გამოსაკვებად, რათა შესძლებოდა ჩამოურჩენლად ეარა და არ დაეყოვნებინა ნიკოლოზი.
ხანდახან უსწრებდა კიდეც. ქოშინებდა, ფილტვები ეწვოდა, დაღლილობისაგან რეტი ესხმოდა, მაგრამ მაინც უსწრებდა. არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა შემაკავებელი ფაქტორი ამ გზაზე.
გრძნობდა შერვაშიძის გადმოხედვასაც, მის დაჟინებით მზერას და უჩქროლდებოდა გული მკერდში, სითბო ასხამდა, გაყინული სხეულის გათბობას ცდილობდა.
მერე კი, ის იყო ერთი საათი უნდა შესრულებულიყო, რომ შემეჩხერდა ტყე. სინათლე მოეფინა გარემოს, როცა ტრიალ, პატარა მინდორზე გავიდნენ, რომელსაც გარშემო შემორტყმოდნენ ხეები, და რომელსაც დათოვლილი გზა ჭრიდა შუაზე. ტყის პირიდან ხედავდა ბარბარე, თუ როგორ ფერდდებოდა მიწა, და როგორ გადაშლილიყო მთლიანად შეთეთრებული, ტყით დაფარული დაბლობი ორი აზიდული მთის შუაში.
და ამ ყველაფერს ზემოდან უყურებდა. ასეთი რამ არასოდეს ენახა.
-ეს ადგილი… – ამოილუღლუღა მან, თვალი ვერ მიაწვდინა თეთრად დაფერილ უღელტეხილებს, ორ, ტყით დაფარულ დაბლობზე შემორტყმულ მთას რომ უერთდებოდნენ თითქოს, და წვერები აეყოთ ღრუბლებში.
-საზღვართან ახლოს ვართ. – უთხრა შერვაშიძემ, ქოშინებდა, მასაც გამოაცალა ძალა ამდენი ხნის შეუჩერებელმა სიარულმა და სტრესმა. ტყის პირას მიდიოდა, გზა გადაკვეთეს და მინდორს დაჰყვნენ. – ორმოცდახუთ წუთში უნდა გავიდეთ მანქანით.
გული აუკანკალდა ბარბარეს. ისეთი ძალით უცემდა, რომ ჩვეულებრივ ძგერას ვეღარ დაარქმევდა, გულიც კი უკანკალებდა, ყველაფერთან ერთად. ნერვიულობისაგან დაარტყა მუცელში ტკივილმა, თითქოს ნაწლავებზე ექაჩებოდნენ.
ტყის პირს მიუახლოვდნენ და იქაც ბუჩქები გადასწია ნიკოლოზმა, ხეებს შორის დამალულ, ბუჩქების ტოტებმიყრილ დიდ გროვას მიუახლოვდა.
ჯერ წესიერად ვერ დაინახა ბარბარემ, მაგრამ შემდეგ მიხვდა. მანქანა იყო, რაღაც სქელი, ბრეზენტის მსგავსი გადაეფარებინათ ზედ, მერე კი ბაცი ნაცრისფერი ნაჭერი მოეგდოთ თავზე. შესანიღბად ბუჩქთა ტოტები მიემაგრებინათ. კარგად ერწყმოდა შემოგარენს.
ნიკოლოზმა ხელი შეუშვა და წამსვე სხეულზე მოიხვია ხელები ბარბარემ, თითქოს შერვაიძის სითბოს იხუტებდა. მიშტერებოდა, თუ როგორ მოჰქაჩა ნიკოლოზმა მანქანის თავთან გამოჩენილი სქელი ბრეზენტის კუთხე და თვითონაც მოსჭიდა თითები ცივ, სქელ რეზინას, ორივემ უდიდესი ძალისხმევით, აუტანელი ღრჭიალით გადმოათრია მანქანის კორპუსიდან.
ნიკოლოზმა კარი გააღო, მანქანა დაქოქა.
-ჩაჯექი, გათბება მალე. – უთხრა მან და მგზავრის სავარძელში ჩაჯდა ბარბარე, ცახცახებდა, კბილებაკაწკაწებული და უყურებდა, თუ როგორ ახადა ნიკოლოზმა მანქანას კაპოტი, ძრავას უჩხიკინებდა რაღაცას.
ცოტა ხანში შეთბობა დაიწყო მანქანამ და ნიკოლოზმაც დაახურა ძრავს თავი, მანქანაში ჩაჯდა და სასწრაფოდ გადაიყვანა გზაზე.
-ახლა სოფელ გრიგოლთან ვართ. – წყნარად უთხრა მან თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ ნელ-ნელა თბებოდა, მკრთალი ორთქლი ჯერ კიდევ გამოსდიოდათ ორივეს პირიდან, ჯერ კიდევ თრთოდა ბარბარე და გაცრეცოდა ხელებზე კანის ფერი ნიკოლოზს, საჭეს რომ უჭერდა მთელი ძალით. მანქანა დათოვლილ გზაზე სწრაფად მიჯანყალებდა, ხან ის ფერდობი და უღელტეხილები გამოჩნდებოდნენ ხეებში, ხან კი ისევ ტყე მოიცავდა გარშემო თვალთახედვას. – აქედან სულ ცოტა დარჩა.
-სულ ასეთი გზაა? – ჰკითხა ბარბარემ. ნიკოლოზმა გადმოხედა, შეუტოკდა ტუჩები.
-ჰო, სულ ასეთი. – თქვა მან. -საზღვარს რომ გავცდებით, კარგა ხანი ასე უნდა ვიაროთ… მერე ჩემს ერთ ნაცნობთან მივალთ, მთებში აქვს სახლი. იქ მოვწესრიგდებით, მარშუტს მოვიფიქრებთ და წავალთ.
წარბები შეუერთდნენ ბარბარეს, თავისდაუნებურად. უსასრულო სითეთრეში მიჰქროდნენ, თოვლი დღის სინათლეს, მზის რამდენიმე გამოპარულ სხივს ირეკლავდა და თვალებში სწვდებოდა.
მაგრამ ეს არ უწვავდა მათ. არ იყო ეს მათ უკან ამოგორებული ცრემლების მიზეზი.
ტუჩი მოიკვნიტა ბარბარემ, დაძაბული სხეული მოემჩვარა, სავარძელს მიეყუდა.
რატომღაც საზღვრის გაფიქრებაზე ყოველთვის დაცული, ბნელი, ნაცრისფერი, შეიარაღებული ჯარისკაცებით დაკომპლექტებული სივრცე წარმოედგინა.
ეს საზღვარი კი თავისუფალი იყო. მთებში გადადიოდნენ, უღელტეხილებზე, სანახაობით გარშემორტყმულნი, და რაღაც აქამდე შეუცნობელი იგრძნო ბარბარემ.
იმედი გაუჩნდა. სულ ახლოს იყვნენ, სულ ახლოს.
ნიკოლოზის მზერა იგრძნო და გადახედა მას, გაღიმება სცადა გაყინული ნაკვთებით. ნიკოლოზსაც შეუთრთოლდა ტუჩები. რაღაცნაირი, ნაღვლიანი თვალებით უყურებდა.
სწორედ ისე, როგორც კაზინოში, იმ ღამეს, როცა კინაღამ გააუპატიურეს. მაგრამ სხვანაირი სევდა იყო ის, შეცოდება, სინანული ერია მასში.
ეს ნაღველი კი ტკბილ-მწარე იყო. ბედნიერებისა და გადატანილის ანარეკლის ნაზავი.
ექვსი დაწყებულიყო მის მაჯის საათზე. სიწყნარე სუფევდა გარშემო, მხოლოდ ტიკტიკი არღვევდა, წყნარი, მონოტონური, უტყუარი.
წინ თავისუფალი გზა იყო.
მზე გადადიოდა, ნარინჯისფერი შუქი მოედო ცას, თითქოს ცეცხლი მოეკიდათ ღრუბლებს.
მერე კი რაღაცამ იფეთქა.
აუტანელი, ყურისწამღები გასროლის ხმამ გახლიჩა თითქოს ყველაფერი, რომელსაც გამაყრუებელი ხათქუნი მოჰყვა, და თითქოს რაღაცამ ამოარტყაო მანქანას, ისე შეხტა ერთი გვერდი და სამყარო შეგვერდდა, მოსრიალდა, ელვის სისწრაფით.
გული ყელში ამოუხტა ბარბარეს, თვალები გაუფართოვდა, განცვიფრებულს, როცა თვალთახედვიდან დაეკარგა თავისუფალი გზა. გვერდზე გადაქანდნენ ორივენი, ბარბარე მანქანის კარს მიეჯახა, ხმამაღალი ხათქუნით. ტკივილის, გაოგნებისა და თითოეული უჯრედის მომცველი პანიკისაგან შეჰყვირა თვალებგაფართოებულმა გოგონამ, ინსტინქტურად გაიშვირა წინ ხელი, ძლივს შეიმაგრა თავი ადგილზე.
-ამის დედაც მოვტყან! – დაიღრიალა ნიკოლოზმა, მთელი ძალით მოატრიალა საჭე, მუხრუჭს დააწვა, მაგრამ ინერციით მაინც გადაცურდა მანქანა გზიდან და ბათქით შევარდა ნამქერში.
წინ გადაქანდნენ, როცა ბოლოს და ბოლოს გაჩერდა ყველაფერი. გაიყინა წამი, ორივენი გაშტერებულნი მისჩერებოდნენ საქარე მინაზე მიყრილი თოვლის ფენას.
ისე უზრიალებდა ბარბარეს გონება, რომ თითქოს უამრავი სხვადასხვა ფიქრი უტრიალებდა მასში, ყველა გაუგებარი და უთავბოლო, სანამ ერთი კონკრეტული არ ამოუტივტივდა.
„ეს რა იყო?“
ვიღაცამ გაისროლა. და საბურავი გაუხეთქათ. ვიღაც დახვდათ ამ გზაზე.
პოლიცია? სხვა ვინმე? ბედიანიძე?
მაგრამ ფაქტი ერთი იყო. ვიღაც იყო გზაზე, მათსა და თავისუფლებას შორის აღმართული, და იარაღი ჰქონდა.
პანიკისაგან ძლივს ამოისუნთქა ბარბარემ, გაოგნებული მიშტერებოდა არაფერს, თავბრუ დაესხა, გული აერია.
-გადმოეთრიეთ! – მოესმა მოულოდნელად გვერდიდან, გონების საბურველს გამოსტაცა ყრუ, ბოხმა ხმამ და სასწრაფოდ გაიხედა გვერდით.
ვიღაც კაცი იდგა გზაზე. ჯმუხი, შავებში ჩაცმული. გვერდიდან ეფინებოდა ჩამავალი მზის ნარინჯისფერი ათინათი.
აპრიალებული იარაღი მოეშვირა ცალი ხელით მათკენ.
მეორე ხელით კი ქეჩოში წასწვდენოდა ისტერიულად მტირალ ანის, წინ აეფარებინა.
თავზარი დაეცა ბარბარეს. მზერაში ჩამოუბნელდა. ნიკოლოზის აჩქარებული სუნთქვა ესმოდა უკნიდან, ყრუდ.
-გადმოეთრიეთ! – ხმას აუწია კაცმა. – თორემ ჩაგცხრილავთ ორივეს!
სხეული შეუხტა და აუკანკალდა ბარბარეს. პირდაღებული ძლივს სუნთქავდა, ივსებდა ამწვარ ფილტვებს. გაჭირვებით მოსწყვიტა გულამომჯდარ ანის თვალი, უფრო უკეთესად რომ ეტყობოდა გამოზრდილი მუცელი ქურთუკში და ნიკოლოზისაკენ მიაბრუნა შეძრწუნებული მზერა.
ნიკოლოზი გაფითრებულიყო. ისეთი გაცოფება ეხატა სახეზე, როგორიც ადრე არ ენახა ბარბარეს. დასჭიმვოდა თითოეული ნაკვთი და კუნთი, გამგმირავი თვალებით მიშტერებოდა გზაზე მდგარ შავებში ჩაცმულ კაცს.
-ნიკოლოზ, მოგვკლავს… – დაიჩურჩულა ბარბარემ. არ სჯეროდა, რომ ამას ამბობდა. თითქოს შოკში იყო, რადგან ისტერია არ აუტყდა როცა ამის ცნობიერებამ მოაღწია მის გონებამდე.
-გადადი. – უთხრა შერვაშიძემ და შებრუნდა, კარი გააღო. ისე დასუსტებოდა ბარბარეს ხელები, რომ ძლივძლივობით გამოსწია სახელური. სხეულზე შემოჰკრა ყინვამ, მაგრამ მას თითქმის ვერ გრძნობდა, კინაღამ მუხლები მოეკეცა, როცა გასწორდა წელში.
-მოდით აქ! – დაიყვირა კაცმა, იარაღით მოანიშნა მისკენ და გული ყელში ამოუხტა ბარბარეს, გაოგნებულსა და გამწარებულს, მუხლები ეკვეთებოდა, როცა თოვლი ძლივძლივობით გაარღვია, უმატებდა და უმატებდა თითქოს გულისცემა, რაც ამ ჯმუხს უახლოვდებოდა.
ნიკოლოზს გადახედა, გამწარებულმა. შერვაშიძეც უყურებდა, ისეთი გამომეტყველებით, როგორიც არასოდეს არ უნდა დაენახა ბარბარეს მის სახეზე. გაცრეცოდა კანი, გაცოფება და შიში ედგა თვალებში.
წამიერად სიზმარი ეგონა ეს ყველაფერი. თვალების დახუჭვა სურდა, მერე გახელა და ყველაფრის ცვლილება.
მაგრამ ამ კოშმარს ვერსად გაექცეოდა. ვერაფრით ხურავდა ფართოდ გახელილ, გამშრალ თვალებს.
-მუხლებზე დადექი შენ. – იარაღი ნიკოლოზისაკენ გაიშვირა ჯმუხმა.
გაქვავდა ბარბარე, შიგნეული გაუმტკნარდა, გაუცივდა. პირდაღებული სუნთქავდა, მაგრამ ვერაფრით ბედავდა ხმის გაღებას, სასტიკად ეშინოდა, რომ ნებისმიერი ხმაც კი საბედისწერო იქნებოდა მათთვის ამ კაცის წინაშე. ისეთი ძალით ექაჩებოდნენ ნაწლავებზე, თითქოს ცოტაც და გამოუფრინდებოდნენ მუცლიდან, დაკარგავდა სიმძიმის ცენტრს და დაემხობოდა თოვლში. ნიკოლოზს გადახედა, შეძრწუნებულმა, უყურებდა, თუ როგორ დაეშვა ის მუხლებზე, აწეული ხელებით, ტუჩები მოეკუმა, ნესტოები დაჰბერვოდა, სუნთქვის ქულები იშლებოდა მის გარშემო.
-შენც მიდი, მის გვერდით დაიჩოქე. – ხელი ზურგში ჰკრა ანის კაცმა და სახე მოენგრა ბარბარეს, უყურებდა, თუ როგორ წამობარბაცდა ანი, თვალებდასიებული და ისტერიულად მტირალი, როგორ დაეშვა თვითონაც მუხლებზე ნიკოლოზის შორიახლოს.
-შენ კიდევ აქ მოდი. – იარაღით ანიშნა ჯმუხმა და კინაღამ მუხლები მოეკვეთა ბარბარეს.
რა უნდოდა ამ კაცს? მისი მოტაცება? რა იყო აქ ანის მოყვანის მიზანი, რა იყო იმის მიზანი, რომ ნიკოლოზი და ანი დააჩოქა შუა თოვლიან გზაზე, ბარბარეს კი მასთან იძახებდა?
დარეტიანებულმა ძლივს გადადგა წინ ნაბიჯი.
-სად მიგყავს! სად უნდა მოვიდეს! – იფეთქა უკნიდან ნიკოლოზის ხმამ და ისეთი ძალით მოეწურა გული მკერდში ბარბარეს, რომ გულმკერდში სასტიკმა ტკივილმა დაუარა, კინაღამ მოიკრუნჩხა. ტკივილი დაეპატრონა თითქოს მთელ სხეულს, ძარღვები აუწვა, კუნთები გაუყინა. – შენი დედა მოვტყან, შე ნაბოზარო, თითი არ დაკარო…
-არსადაც არ მიმყავს! – შეაწყვეტინა ჯმუხმა, გაბეზრებული ჰქონდა სახე. – აქედან ვერც ერთი ვერ წახვალთ, ჯერჯერობით მაინც! შენ კი ენა ჩაიგდე, თორემ გავასხმევინებ ამ შენ ქალს ტვინს, გაიგე, ბიჭო? – იქუხა მან  და ბარბარესაკენ გადმოატრიალა თვალები, უფრო ახლოს მოსვლა ანიშნა.
პანიკის ისეთმა ტალღამ დაუარა გოგონას, რომ ვერ ამოისუნთქა წამიერად, ძლივძლივობით გალასლასდა კაცისაკენ.
მან მობილური ტელეფონი ამოიღო გულისჯიბიდან და ესროლა.
ხელების გაშვერაც კი ვერ მოასწრო ბარბარემ, ისე გაქვავებოდა კუნთები, თოვლში ჩაუვარდა.
-აიღე! – დაუღრიალა ჯმუხმა. – და დაელაპარაკე!
კანკალებდა ბარბარე. ნელა დაიხარა, ტელეფონი გაჭირვებით დაიჭირა მომჩვარულ, გაყინულ თითებში, ყურთან ძლივს მიიტანა, ისე უთრთოდა ხელი.
-ბარბარე, როგორ მიხარია, რომ შემოგვიერთდი. – მოესმა უცებ ბედიანიძის მხიარული ხმა.
თავზარი დაეცა ბარბარეს. აუტანელ პანიკას მრისხანება მოჰყვა, ისეთი ძალით, რომ სახეში სისხლი მოაწვა, თითქოს თავი მოეხადა ნადუღარ ჭურჭელს.
წითლად ჩამოუბნელდა თვალებში, ვერაფერი დაინახა.
-რა გინდა! – მთელი ძალით დაიყვირა მან, ისე დაეჭიმა ყელი, რომ ცოტაც და დაუსკდებოდა ხმის იოგები, მაგრამ ახლა ეს სულაც არ ანაღვლებდა, იდგა და გაფართოებული, ცარიელი თვალებით იყურებოდა, გააფთრებული. – რა გინდა ჩვენგან, რა!
-მე გითხარი, რა მინდოდა. -უთხრა ბედიანიძემ წყნარად. – მაგრამ შენ არჩიე, რომ ფეხებზე დაგეკიდა, გაიგე?! ახლა დამშვიდდი და მომისმინე, თორემ ერთი ჩემი ბრძანება და ჯერ მაგ ორს, მერე კი შენ დაგაჭედებს ტყვიას ჩემი თანაშემწე. გასაგებია?
პირი ისე სწრაფად მოხურა გოგონამ, რომ კბილებმა გაიღრჭიალეს ერთმანეთზე. თრთოდა, ძლივს იკავებდა აუტანელ მრისხანებასა და შიშს. თვალები მაგრად დახუჭა, სიმწრის ცრემლები აწვებოდა.
-ახლა კარგად მომისმინე. – დაუჩურჩულა ბედიანიძის თაფლივით ცბიერმა ხმამ. – შებრუნდი, და შეხედე მათ.
გაქვავდა ბარბარე. საიდანღაც ხედავდა ბედიანიძე. ალბათ მის თანაშემწეზე ჰქონდა მიმაგრებული ვიდეოკამერა. ტუჩები მოიკვნიტა, ნელა მოტრიალდა, წამსვე ნიკოლოზის გაფართოებულ, გაცოფებულ თვალებს ჰკიდა მზერა და გმინვა აღმოხდა, შიშისა და ბრაზისაგან გათანგულს, მზერა აემღვრა.
-მე შენ არჩევანს მოგცემ. – განაგრძო ბედიანიძემ. – შეხედე ამ ორ პიროვნებას. რომელია შენთვის უფრო ძვირფასი, ჩემო გოგო? ეს კითხვა აქამდეც დაგისვი, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, მე კი ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მინდა.
-არაკაცი ხარ… – თავი ვერ შეიკავა ბარბარემ, ძლივს ამოილუღლუღა, ჩახლეჩოდა ხმა. მზერა წამიერად დაეწმინდა, ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, მაგრად უჭერდა ხელს ტელეფონს, უნდოდა, რომ ჩაეტეხა ხელში, გაეცამტვერებინა, და ქარისათვის გაეტანებინა ბედიანიძესთან კავშირი.
-მოკეტე! – იღრიალა ბედიანიძემ, და მოიჭმუხნა გოგონა, მთელი ძალით დაეჭიმა ყელის კუნთები, იმ ძალით, რომელიც ახლა სჭირდებოდა, რომ არ ეყვირა. – რა გირჩევნია?! მითხარი, ის ნარკოდილერი გირჩევნია, რომელმაც მამაშენი მოკლა, რომელსაც კონტრაბანდა და ნარკოტიკები შემოჰქონდა, რომელიც თვითონაც იკეთებდა, რომელიც ხალხს ძარცვავს, სცემს, ძალავს ქონებას და ცხოვრებას უნადგურებს?! რამდენი ოჯახი, რამდენი ადამიანია განადგურებული ამ კაცის მიერ, დაფიქრდი, გოგო! – ღრიალებდა ის. სადღაც გამქრალიყო მისი ცბიერი, დათაფლული ხმა, ბედიანიძის გველის ენა იყო მხოლოდ დარჩენილი. თითქოს აქამდე წყალში იყო ჩასული ეს კაცი, შხამი ქვაზე დაეტოვებინა, იმალებოდა, ახლა კი ამოვიდა, სამყაროს დაენახა და დაიბრუნა შხამი.
ნიკოლოზს მიშტერებოდა ბარბარე, ტუჩებმოკუმული, ცრემლები უჩუმრად სდიოდა თვალებიდან და მადლობელი იყო, რომ კარგად ვერ ხედავდა მის სახეს, სასტიკად ვერ აიტანდა იმ გამომეტყველებას, რომელიც ახლა მას ეწერა.
-თუ შენი ბავშვობის მეგობარი გირჩევნია? – დაიჩურჩულა ბედიანიძემ. – გოგო, რომელიც სულ გვერდში გედგა? რომელიც პურს გიყოფდა და მუდამ ყველაფრის მიუხედავად შენს გვერდით იყო? რომელიც ოთხი თვის ორსულია? უმანკო ბავშვი უდევს მუცელში, ბარბარე! რომელს აირჩევდი?!
-ავადმყოფი ხარ… – ძლივს წამოილუღლუღა გოგონამ. თვალებში წამდაუწუმ უბნელდებოდა, ემჩვარებოდა სხეული. არ სჯეროდა, რომ ამას ისმენდა, თითოეული ბედიანიძის სიტყვა ეკალივით ესობოდა ისედაც განადგურებულ სხეულში. – ნამდვილი ავადმყოფი, გიჟი…
-ახლა პისტოლეტს მოგცემს ჩემი თანაშემწე. – თქვა უცებ ბედიანიძემ, ვითომ აქაც არაფერიო და გაშრა ბარბარე. თვალები გაუფართოვდა, განგაშის ზარებმა დაუწყეს რეკვა გონებაში.
მზე ესვენებოდა ნელ-ნელა. გაწითლებულიყვნენ ღრუბლები, თითქოს ფეთქდებოდა ცა.
-და ამ ორს შორის უნდა აირჩიო. – უთხრა ბედიანიძემ. სერიოზული ხმით ეუბნებოდა, ასეთ სისასტიკეს. – აირჩიე ის, ვინც გირჩევნია, და მეორეს ესროლე. მაგრამ დაიმახსოვრე. შენ თუ არ აირჩევ, ჩემს თანაშემწეს ბრძანება აქვს, რომ ორივე მიახვრიტოს. მე ვარიანტებს გაძლევ, არჩევანი შენზეა.
-არჩევანი ილუზიაა… – თითქმის ინსტინქტურად ამოილუღლუღა ბარბარემ, შეძრწუნებულმა, ისეთი ძალით უცემდა მკერდში გული, რომ ხათქუნს გრძნობდა ყელში, გრიალი უზუზუნებდა ყურებში. ინატრა, წამიერად, რომ ამ გრიალს შესძლებოდა ბედიანიძის ხმის გადაფარვა, ასე მკვეთრად რომ ესმოდა თითოეული სიტყვა.
-გცოდნია მაშინ. – გაიცინა ბედიანიძემ. – სამი კაცის მოკვლას ვერ აიტან, მითუმეტეს როცა შენს სინდისზე იქნება, ვერ იცოცხლებ. ესვრი, ბარბარე. და ორივემ ვიცით, ვისაც.
მერე კი მის პერიფერიულ მზერაში გამოჩნდა მუქი მეტალი, ჩამავალი მზის შუქი აირეკლა, ოქროსფრად აციმციმდა.
თავთან მიაბჯინა პისტოლეტის ლულა ჯმუხმა. გულის წასვლის ზღვარზე იყო ბარბარე, მაგრამ მაინც სწვდა გამოწვდილ პისტოლეტს, კანკალით აიღო მარჯვენაში.
იმ მარჯვენაში, რომელზეც თავისი დალოცვილი ოქროს ბეჭედი ეკეთა.
-დატენილია. – უთხრა ბედიანიძემ. -სასხლეტის გამოკვრაღა დარჩა. მათკენ გაიშვირე, მიდი.
პისტოლეტი აღმართა ბარბარემ, გამწარებულმა. ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა.
ანი აკივლდა. ბუნდოვნად ხედავდა გოგონა, თუ როგორ იფარავდა ის მუცელზე ხელებს და როგორ იკლაკნებოდა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი! – ბღაოდა ის. – ბარბი, შენ ხომ არ გაგიჟდი, დაგავიწყდა ვინც ვარ?! ორსულად ვარ, ბარბი, გემუდარები…
ხმა გაუწყდა და გაბმული, მოთქმით ტირილი მორთო.
შეზარა ხმამ ბარბარეს. მოეჩვენა, თითქოს მკვდარი ედო წინ და ამან უარესად შეაძრწუნა.
ხელი უთრთოდა. სწვავდა კეფაზე მობჯენილი ლულა.
-სწრაფად სიკვდილისათვის ნუ გასწირავ შერვაშიძეს, ბარბარე. იქნებ მოინანოის. – უთხრა ბედიანიძემ. – მიდი, უთხარი, რომ არაფერია შენთვის. რომ საზიზღარი პიროვნებაა, რომ მამაშენის მკვლელია, რომ ატანა არ გაქვს მისი, რომ ეს ყველაფერი შენი მოწყობილია, რომ შენ გაანადგურე და მოსპე ყველაფერი…
-არა! – იბღავლა გაწამებულმა ბარბარემ. ისეთი უთრთოდა გაწვდილი ხელი, თითქოს პისტოლეტის ნაცვლად ფუთი ტვირთი ედო ზედ. – არა, მაგას არ ვიტყვი, არ ვიტყვი…
-ეტყვი! – უღრიალა ბედიანიძემ. – ეტყვი, ან ამ წამს მის თვალწინ მოგკლავ, გაიგე?! ეგ ცრემლები მოიწმინდე, გონს მოეგე და უთხარი!
კვნესა წასკდა გოგონას. გულამომჯდარს გადმოსცვივდა ცრემლები, ნიკოლოზის ქურთუკით დაფარული მხრით შეიწმინდა ისინი.
ანი ისევ კიოდა. ისევ იხვეწებოდა.
საშინლად უზრიალებდა ყურები მისი ხმისაგან.
ქოშინებდა, როცა საბოლოოდ ასწია დაუბურავი თვალები და ნიკოლოზს გაუსწორა.
დაძაბულიყო შერვაშიძე, ნესტოები ებერებოდა, დაჟინებით მიშტერებოდა, შეკრული წარბებით. საკუთარი ტკივილისა და მრისხანების ანარეკლი დაინახა ბარბარემ მის თვალებში.
-უთხარი! – ბღაოდა ბედიანიძე. – უთხარი, რომ არაფერია შენთვის, რომ ამაზრზენია, რომ მდაბალია, და სხვა სიტყვა არ დაძრა, თორემ დაგკლავთ სამივეს!
-არაფერი ხარ! – წამოიყვირა ბარბარემ, და მაშინვე ტუჩი მოიკვნიტა, ყელი გამოუშრა. შერვაშიძის შეცვლილ, გაუცნაურებულ სახეს მიაშტერდა. – ამაზრზენი ხარ, მდაბალი…
-უთხარი, რომ მამაშენის მკვლელია. – სისინებდა ბედიანიძე. – უთხარი, რომ ეს ყველაფერი შენ მოუწყვე, შენ მოსპე, გაანადგურე და მიწასთან გაასწორე, რომ ჩემთან იყავი შეკრული…
-მამაჩემის მკვლელი ხარ. – ავტომატურად გაიმეორა ბარბარემ, გამწარებული აქნევდა თავს, ყველანაირად ცდილობდა, თავისი მოგრეხილი, თითქოსდა აბსტრაქტული, უგრძნობი სახით გამოეხატა ყველაფერი, რისი თქმაც სურდა, გამწარებულს. – მე მოგიწყვე ეს ყველაფერი, ბედიანიძესთან ვიყავი შეკრული…
უყურებდა შერვაშიძეს და გრძნობდა, როგორ იწეწებოდა მისი გული, ფილტვები, გონება.
ადამიანის დაშლას ხედავდა მის თვალწინ.
უფრო გაფითრდა შერვაშიძე, სახე მოენგრა, წაეშალა. ტუჩები ოდნავ გააპო, კბილები მაგრად დაეჭირა ერთმანეთისათვის და მთელი ტანით თრთოდა, უკანკალებდა მუხლებზე ჩაჭერილი ხელები, მარჯვენაზე აბრწყინებული თეთრი ოქროთი.
იცოდა ბარბარემ. იცოდა, რომ ნიკოლოზს არ სჯეროდა მისი სიტყვები, არ უნდა დაეჯერებინა, ვერ უნდა დაეჯერებინა, ვერავითარ შემთხვევაში, ამიტომ თავს აქნევდა, მას გამოცარიელებულ თვალებში ჩაჰყურებდა.
-ესროლე! – ღრიალებდა ბედიანიძე. – დაუმიზნე თავში და ესროლე!
ნიკოლოზის სიზმრები გაახსენდა ბარბარეს.
მერე კი მისი დაპირება, რომ იცოცხლებდა.
გაშრა, გაქვავდა, ყველაფერი გამოუცარიელდა შიგნით, დაიცალა ერთიანად, თითქოს ფიტულიღა იდგა თოვლიან გზაზე.
ნიკოლოზი მიშტერებოდა. რაღაცნაირი გაუხდა გაფითრებული სახე.
თითქოს შეეგუა. ნაკვთები მოემჩვარა.
თავზარი დაეცა გამწარებულ ბარბარეს.
მისი თავისაკენ დამიზნებულ ლულას ახედა, მერე კი ისევ გოგონას, რაღაცნაირი, მშვიდი მზერით.
„ნუ გეშინია“. ეუბნებოდა ეს მზერა. „თუ ვინმეს ხელით მოვკვდები, შენით მოვკვდე.“
-არა, არა, არა, არა, არა…. – წამოილუღლუღა ბარბარემ, ხელები უთრთოდა, ბედიანიძე კვლავ გაცოფებული ჩაჰყვიროდა ყურში. -არ შემიძლია… – წამოიყვირა შეძრწუნებულმა. – ამას ვერ გავაკეთებ…
მერე კი გაქვავდა ბარბარე.
ლულა მოშორდა კეფიდან.
ნიკოლოზის მხარეს შეტრიალდა.
და პოლიციის სირენა გაისმა შორს.
მზე ინავლებოდა.
ვერც კი გააცნობიერა ბარბარემ, რას აკეთებდა. რაღაც სიგიჟემ შეიპყრო, იმ შავბნელმა, მძიმემ, მაგრამ ამავდროულად სპეტაკმა და უმასომ გამოხეთქა თითქოს, მთელი მისი სხეული მოიცვა, ბოლო წვეთი სიძლიერე გამოსწოვა შიგნიდან.
ელვის სისწრაფით შებრუნდა ბარბარე, მაგრამ თითქოს წამი შენელდაო, ისე დაინახა. გაიყინა ჩამავალი მზე, ბედიანიძის აუტანელი ხმა, ქვემოთ რომ ეცემოდა, და ანის ყვირილი.
ორივე ხელი სტაცა პისტოლეტს და სასხლეტს გამოჰკრა თითი.
კინაღამ გააყრუა პირველმა გასროლამ, მაგრამ მაინც გამოჰკრა კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ, კიდევ, კიდევ, კიდევ…
იკლაკნებოდა შავში გამოწყობილი კაცის სხეული. იკლაკნებოდა, როგორც ხვლიკი მზეში, არაბუნებრივად.
ვერ აცნობიერებდა, რომ კიოდა, მაღალი, სასოწარკვეთილი, მკერდიდან ამოხლეჩილი ხმით, ყველაფრის მომცველი პანიკითა და ცოფით გათანგული.
თითქოს შეზანზარდა მიწა. სროლის ექომ გადაუარა გარემოს, შეანძრია ასწლოვანი ხეები, ცა გახეთქა და სისპეტაკე წაბილწა.
წითელ თოვლზე სისხლი დაღვრილიყო. თბილი სითხე შესხმოდა სხეულზე ბარბარეს.
ფეხზე ძლივს იდგა. ყელი ჩახეოდა, ხელები აუთრთოლდა, თავზარდაცემულს, ცარიელი პისტოლეტი, რომლის სასხლეტის გამოკვრასაც ცდილობდა, გაუვარდა.
და როგორც პისტოლეტი თვითონაც ჩაემხო თოვლში.
დაიშალა. უყურებდა მის წინ გაწოლილ, მოხროტინე სხეულს და არ სჯეროდა ამ ყველაფრის.
პირი დააღო, სახე მოენგრა, თვალები ემღვრეოდა.
სირბილის ხმა მოესმა უკნიდან და შერვაშიძის ფიგურა დაინახა, ბუნდოვნად. დაინახა, თუ როგორ, ელვის სისწრაფით გაწმინდა მან პისტოლეტი, როგორ დაიჭირა ხელში და როგორ გადააგდო.
პოლიციის სირენის ხმა ისმოდა უფრო ახლოს. ანი ისევ გულამომჯდარი ტიროდა.
-ნიკოლოზ, წადი… – ძლივს ამოიხრიალა ბარბარემ, ცრემლები გადმოუგორდა, საკუთარ თავს სწყევლიდა, რომ შერვაშიძის სახეს ვერ ხედავდა უკეთესად. ხელები აუცურა სახეზე, ლოყებზე მოჰკიდა და ატირდა, გამწარებული. – წადი, წადი აქედან, წადი…
-გვიანია. – უთხრა ნიკოლოზმა. ხმა ჩაწყვეტოდა. მის შუშისებრ მზერას ჩააშტერდა ბარბარე.
-არა… ღმერთო, არა, რატომ, რატომ… არა, არ მჯერა… – გმინვა აღმოხდა გოგონას, უფრო ახლოს მიიწია ნიკოლოზთან, დრო არ ჰყოფნიდა, სუნთქვა არ ჰყოფნიდა, საკუთარი და შერვაშიძის. – წადი, გემუდარები…
-ნუ გეშინია. – უთხრა ნიკოლოზმა. ხმა უთრთოდა, სხეულზე მკლავები მოხვია, სისხლით მოსვრილი ქურთუკი გააძრო და თვითონ მოიგდო მხრებზე, მერე კი მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ბარბარე ჩაეჭიდა, გამწარებული ტიროდა, თავზე, ყურებზე, ლოყებზე, მხრებზე უსვამდა თითებს შერვაშიძეს, შუბლზე კოცნიდა, მერე კი მხრებზე ჩაეჭიდა მას, მთელი ძალით, ისე, რომ ვერავის, ვერასოდეს მოეგლიჯა. – ხომ დამპირდი, იცოცხლებო, და შეასრულე კიდეც. ნუ გეშინია…
ბარბარე გამწარებული ტიროდა. სხეული მოემჩვარა, თვალებში ჩამოუბნელდა, ბოლო შერვაშიძის შუშისებრი მზერა დაინახა, სიმწრით, სინანულით, ბრაზითა და რაღაცნაირი, მწველი გრძნობის სუსხით სავსე.
მზე ჩაესვენა. წითელ აფეთქებას მოეცვა ცა.
სულ ახლოს ისმოდა პოლიციის სირენა.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-30
ნიკოლოზის შუშისებრი მზერის დაჭერის შემდეგ ნაწყვეტებად ეჩვენებოდა ბარბარეს ყველაფერი. თითქოს რაღაც აეფარებინათ მისთვის სახეზე, ისეთივე ბნელი, მძიმე და სიმწრის სურნელით გაჯერებული, როგორც გარდაცვლილის სუდარა, რომელიც იხლიჩებოდა დროდადრო მისი ქუთუთოების გაღებისას. ისე უჭირდა თვალების გახელა, თითქოს მთელი ცხოვრების დარდი ჩამოჰკიდებოდა მათზე.
ნაწყვეტებად ხედავდა, ბუნდოვან, მცურავ კადრებს, თითქოს წყალში ჩაძირულიყო. ჯერ პოლიციის სირენა ესმოდა, პისტოლეტის ექვსჯერ გასროლაზე ბევრად უფრო დამაყრუებელი და შემზარავი, თითქოს ყურისძირში. მერე კი, უმასობა შემოეცალა, ბუნდოვანი სიცივე იგრძნო სხეულზე, გამწარებული ღრიალი ესმოდა, მერე კი მასზე მოხვეული მკლავების სიმძიმე.
რაღაცაზე დააწვინეს, დამძიმდა, თითქოს გაუსივდა და შეუშუპდა და სხეულის თითოეული უჯრედი. ჩამობურული თვალების მიღმა ხედავდა, თუ როგორ ჩაემარცხებინათ ნიკოლოზი თოვლში, თუ როგორ უკავებდნენ მას ზურგსუკან ხელებს. როგორ ღრიალებდნენ პოლიციელები, მაგრამ ნიკოლოზის ხმა ყველას ფარავდა, როგორ ადებდნენ ხელბორკილებს და სიტყვის თქმა სცადა, ამოკვნესება, ხავილი, მაგრამ სუნთქვა ვერ ეყო ვერაფრისათვის. ისღა შეეძლო, რომ ბურუსში ეყურებინა, და ეგრძნო, როგორ უგორდებოდა თვალებიდან წყალი, არც ცივი, არც ცხელი, არც არაფერი, ზუსტად ისეთი, როგორიც თვითონ იყო.
ჩასვენებული მზის ათინათს ვეღარ ხედავდა, მაგრამ წითელი მოსდებოდა ამწვარ ცას.
შერვაშიძეს მისკენ შემოეტრიალებინა თოვლში ჩარგული თავი.
მის ახლოს დანთხეულ წითელ ლაქას ხედავდა გოგონა, თეთრი თოვლის გარემოცვაში. თითქოსდა ცა ირეკლებოდა მიწაზე.
ნიკოლოზის სახეს ვერ არჩევდა ბარბარე, მაგრამ მის მზერას გრძნობდა და ტიროდა, ტიროდა იმ ნაგლეჯში, იმ ნაწყვეტში, რომელიც მისი სხეულის ბოლო ენერგიიის წვეთისაგან გამოძალულმა ცნობიერებამ აჩუქა. ტიროდა, რომ მას ვერ ხედავდა.
მერე კი ასწიეს, სადღაც შეაგორეს, სირენების ხმა უფრო და უფრო გაძლიერდა.
თავზემოთ ჭახჭახებდნენ სინათლენი, გრძელი, ნეონის, ნაწილობრივ ფარავდნენ მათ ვიღაცათა თავები. აჩქარებული ლაპარაკი ესმოდა, გასავათებულს, აუტანელი ტკივილისაგან გათანგულს. დაღლილობა და გამანადგურებელი წეწვა მთელ სხეულში არაფერი იყო იმ ტკივილთან შედარებით, მკერდში რომ ჩაგუბებოდა, როგორც მყრალი, დაგუბებული წუმპე, რომელიც მალე გაიზდებოდა, გასკდებოდა, მოუბინძურებდა მთელ სხეულს.
ჯანყალებდა მის ქვემოთ ზედაპირი, სადღაც მიქროდა, რახუნი მოესმა, მერე კი სითეთრე დაინახა თავს ზემოთ. თეთრზე დაღვრილი წითელი სისხლი გაახსენდა, თბილი სითხეს შემოშხეფება გაახსენდა, კინაღამ რომ დასწვა და გული აერია.
მერე კი საბოლოოდ ჩაქრა ყველაფერი.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი ხანი დაცურავდა ამ ბურანში. თითქოს ორი წამი გასულიყო, მაგრამ ამავდროულად ორი წელიწადი. ზუსტად ისეთი, მწარე ადამიანური შეგრძნება იყო, წლების სვლას რომ გადაჰყურებდა და ხვდებოდა, რომ ჭარბად მოეჩვენა მათი სიგრძე, მათი მნიშვნელობა.
ხანდახან ნაგლეჯები უტივტივდებოდა გონებაში. ის სიზმარი, მზის გულისაგან წარმოქმნილი კაცი, მის, როგორც უმასო, თეთრი, პაწაწინა ნაპერწკალის წინ რომ იდგა, მერე კი მოსავსავე ენები, რომ ეუფლებოდნენ. შუშისებრი, მომწვანო მზერა, დაბურული, მუდამ სიბნელესა და წითელ სინათლეში შემოსილი, და ერთადერთხელ დანახული სინათლეზე, მათი შხამისფერი, ავისმომასწავებელი ელფერი, რომელიც ხელს მაგრად სჭიდებდა კლანჭებს ბარბარეს და წასვლის უფლებას არ აძლევდა.
მერე კი ნამდვილი შხამი, ყურში რომ ჩასჩურჩულებდა, გაუგებარ, მაგრამ სასტიკად დაფერილ სიტყვებს ეუბნებოდა.
მერე კი პანიკა, ისტერიული ყვირილი, ყურებსა და ხმის იოგებს რომ უხეთქავდა.
სიბნელეში დაცურავდა ბარბარე. დამძიმებული, გაბერილი, თითქოსდა წყლით სავსე, გაგუდული. ლიცლიცებდა, მოძრაობდა მის გარშემო კუნაპეტი.
არც სინათლის წერტილი გამოჩენილა, არც უგრძვნია, თუ როგორ იღვიძებდა.
უბრალოდ გამოეღვიძა და დაავიწყდა. ისღა ახსოვდა, რომ გაწებილ ქუთუთოებს ძლივს აშორებდა ერთმანეთს, ბუნდოვნად ესმოდა რაღაცის წრიპინი მის სასთუმალთან, და ტელევიზორის ჩუმი ბუტბუტი.
შეაკანკალა. სითბო ჩაეღვარა სხეულში.
მაგრამ სინათლე ჩანდა გარშემო. მოყვითალო შუქი იღვრებოდა ოთახში, მის თვალწინ, ფანჯრიდან შემოვარდნილ მზის სხივზე მოტრიალე მტვერს უყურებდა.
თვალები გაახილა, ძლივს ამოისუნთქა. იწვა, თეთრი საბანი ეფარა, და თეთრი კედლები შემორტყმოდნენ გარშემო. მის მოპირდაპირედ კედელზე ეკიდა პატარა, ძველებური ტელევიზორი.
ახალი ამბები გადიოდა.
ნორმალურობა იგრძნო ბარბარემ. და შეზარა ამან.
ძლივს გადაატრიალა გამომშრალი თვალები. ფიგურა წამომჯდარიყო მისი საწოლის გვერდით, დაფეთებული თვალებით მიშტერებოდა.
-ბარბარე, როგორც იქნა… – ამოილუღლუღა ქალმა, ტუჩი მოიკვნიტა, პირზე ხელები იტაცა. ენერგია მთლად გამოსცლოდა ბარბარეს, მაგრამ მაინც მოეხამუშა მისი ცრემლები.
-სად… – ამოიხრიალა მან. ხმა ჩახლეჩოდა, ქვიშა ეყარა თითქოს ყელში. – რა ხდება…
ახლაღა შეამჩნია წვეთოვანი, ლოგინის გვერდით რომ იდგა, წვრილი მილითა და კანულათი რომ უერთდებოდა მის გაცრეცილ კანს, ისეთ მიტკალივით გაფითრებულ, რომ ლოგინის სითეთრეს ეჯიბრებოდა.
-წყნარად, დედა, წყნარად… – წამოიწია დედამისი, თბილი ხელი გადაუსვა თავზე და შეკრთა ბარბარე, ინსტინქტურად თავი გადაატრიალა გვერდზე. დედა გაოგნებული მიაშტერდა, მაგრამ ნერწყვი გადაყლაპა და სკამში ჩაჯდა.
-საავადმყოფოში მოგიყვანეს. – თქვა მან, თვალები დასიებოდა, ჩასისხლიანებოდა. – ისეთი დასუსტებული იყავი, რომ გონზე ვერ მოხვედი, ვერც მოგიყვანეს. არც ნაჭამი გქონდა, არც ნასვამი, მთლიანად ცარიელი იყავი, დედა… – ქალს თვალები აეცრემლა, ლოყებზე ჩამოუგორდა, მხრები შეუთრთოლდა. – კიდევ კარგი დროზე გიხსნეს იმ ეშმაკისგან, თორემ ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა, მადლობა უფალს, რომ მოგაბრუნა…
თრთოდა ბარბარე. გამშრალი თვალები გაფართოებოდა, უსმენდა, გაწამებული.
-მე ჩემი ნებით გავყევი. – კბილებში გამოსცრა მან. – ჩემი ნებით! რატომ არ გესმის? – მერე კი, თითქოს გაახსენდაო, აწრიალდა, სუნთქვა აუჩქარდა. მიმოიხედა, გაფაციცებით მოათვალიერა ოთახი, გაუგებარი მოლოდინით, რომ შერვაშიძეს დაინახავდა. – ნიკოლოზი სადაა?! – მას აუწია გოგონამ, დედას მიაშტერდა, მრისხანება და შიში მოაწვა თვალებში.
დედას სახე მოენგრა. მოექუფრა გამომეტყველება და უფრო მეტი გაცოფება აუგორდა მკერდში გოგონას.
-სადაა?! – დაიყვირა მან. ძალიან კარგად ახსოვდა, თუ რა მოხდა, ახსოვდა შერვაშიძის გაწეწილი თავი თოვლში, მასთან ახლოს დაღვრილ სისხლთან ერთად, მისი დაბურული მზერა და მწარე სინანული, რომ ვერ ხედავდა.
-როგორ შეგიძლია… – ამოიკვნესა დედამ. სიბრალულითა და გაღიზიანებით მიშტერებოდა, და ამ ორი გრძნობის აღრევა ამაზრზენი იყო ბარბარესათვის. არ იმსახურებდა ამას. – როგორ შეგიძლია, რომ ასეთ მდგომარეობაშიც კი მასზე იფიქრო და დაიცვა, ბარბარე?! მაგ ეშმაკმა გაგიტაცა, და მორჩა! აქ დამთავრებულია ამბავი! მე რა გითხარი, დაიჭერენ მეთქი?! – გადმოაფურთხა მან პირიდან, ბრალმდებელი თითი მოუშვირა. – ჰოდა აჰა! გამართლდა ყველაფერი, დაიჭირეს და მორჩა!
აწითლებოდა სახე დედას. მის თვალებს, როგორც სიცარიელეს, სიბნელეს მიშტერებოდა ბარბარე. იმ ჯალათს ჰგავდა, გილიოტინის თავზე რომ იდგა და მხოლოდ თვალები უჩანდა ნიღბით დაფარული სახიდან, ისიც ცარიელი და სასტიკი.
ათრთოლდა მთლიანად. ყელის კუნთები დაეკეტა თითქოს, ვეღარ სუნთქავდა, იხრჩობოდა, და გულმა ისეთი ძალით დაუწყო ცემა, რომ ყველგან გრძნობდა მის პულსს.
მაგრამ ცხელი პულსი არ იყო ეს, ეს იყო გაყინული, ცივი პულსი, რომელიც თითოეულ დარტყმასთან სუსხს არჭობდა.
ნიკოლოზი დაიჭირეს. დაიჭირეს, თან ასე ახლოს, ისე ახლოს გაქცევასთან, რომ იმედი ჰქონდა ბარბარეს, იმედი, რომელსაც ადრე არც გაეფრთხიალა მასში.
ღმუილი ამოუშვა ბარბარემ. ვეღარც კი ყვიროდა, უაზრო ყვირილით ვერ გამოხატავდა თავის გრძნობას. ღმუოდა, ხელები ასწია, მაგრად მიიკრა თვალებზე.
არ სურდა დაეჯერებინა, რომ ეს სიმართლე იყო. არ სურდა, რომ დაჰყოლოდა დედის სიტყვებს, იმის მიუხედავად, რომ მისი გონების გამოძახილნი იყვნენ ისინი, არ სურდა, რომ გაეცნობიერებინა, შეგუებოდა ამას.
ნიკოლოზი წაართვეს. თავისდაუნებურად შეუძვრა ტვინში ეს აზრი, ფესვები გაიდგა, მის ცნობიერებაში ძალით გაიკვლია გზა. ძარღვები ეწვოდა, თვალთა უკანაც, ხროტინებდა, ღმუოდა, როგორც შეშლილი.
-არა, არა… – კვნესოდა ის, სახეში შეკრული მუშტები წაიშინა, მერე კი თმაში იტაცა ხელები, მაგრად მოჰქაჩა, ფიზიკურად სტკიოდა, ალბათ ცდილობდა, რომ თავი დაესაჯა, რომ ამ ტკივილში გადაეტანა ის უსიამოვნო, გამანადგურებელი ფეთქვა თავისი მკერდიდან, მაგრამ არ გამოსდიოდა. რაღაცაზე გაეშტერებინა გაფართოებული, ტკივილჩამდგარი თვალები. – სულ ახლოს ვიყავით, რატომ ღმერთო, რატომ…
-ღმერთს მადლობა უნდა უთხრა, რომ მისი კლანჭებიდან ცოცხალი გამოძვერი! – იბღავლა დედამ და ბარბარემ მისკენ გადაატრიალა გაფართოებული, გადარეული თვალები. წამიერად ისურვა, რომ მოსდგომოდა ის ცრემლები, ნიკოლოზს რომ ფარავდნენ თვალთახედვიდან და უფრო მაგრად მოქაჩა თმაზე, ტუჩი მოიკვნიტა მთელი ძალით, როცა არაფერი გადმოუცურდა გამშრალი თვალებიდან. – ავად ხარ დედა, მართლა ავად ხარ, რომ არც შენი თავი განაღვლებს და არც შენი ორსული მეგობრის, ახლა გვერდით პალატაში რომაა! საერთოდ დაკარგე სირცხვილი და ნამუსი?! რა გიყო იმ ბიჭმა ასეთი, ჯადო გაგიკეთა ალბათ, დედა, მოგნუსხა, დაგაავადმყოფა… – დედას სიტყვა გაუწყდა, გულამომჯდარი ატირდა, ჯერ კიდევ სახემოღუშული.
და შეეზიზღა ის გამშრალ, ადგილზე გაქვავებულ ბარბარეს. ტუჩები აუთრთოლდა, გრძნობდა, როგორ უფითრდებოდა სახე.
-როგორ ბედავ! – იღრიალა მან, ელვის სისწრაფით წამოიწია, იმის მიუხედავად, რომ მთელი სხეული ტეხდა. დედა შეხტა, გაოგნებული მიაშტერდა. – როგორ მეუბნები მაგას, დედა, გული არა გაქვს?! ავად ვარ, ძალიან ავად და იცი რა? ის ჩემი ორსული მეგობარი რომ არა, ახლა არც მე ვიქნებოდი აქ, არც ის და არც შენ! ახლა ნიკოლოზთან ვიქნებოდი, ის კი წამართვეს! ერთი მომცა ცხოვრებამ, მაგრამ ყველაზე კარგი, რაც შეეძლო მოეცა, და თქვენ, თქვენ ყველამ წამართვით! – ათრთოლდა გოგონა, გავსებული მკერდიდან ამოხეთქილი სიტყვების ხმამაღლა თქმამ გააცნობიერებინა თითქოს, თუ რა ხდებოდა, და რამოდენა მნიშვნელობას იტევდა.
აუწერელი ტკივილი, მის მკერდში რომ ფეთქავდა, ულევი აგრესიის წყაროდ ქცეულიყო, და მხოლოდ და მხოლოდ მისით საზრდოობდა ბარბარე, აძლევდა მას უფლებას, რომ ერთიანად მოეცვა, დაპატრონებოდა მის გონებას. მაგრად ჩაეჭირა გაფითრებული თითები თეთრი საბნისათვის, მთელი ტანით კანკალებდა.
მოაწვა გამშრალ თვალებში ცხელი სითხე.
-ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ მასთან ერთად შენი ნებით მიდიოდი, დედა… – ამოიტირა დედამისმა, გაოგნებული უყურებდა, დასიებული თვალებით და კბილი კბილს დააჭირა ბარბარემ, ყველაფერი დაეძაბა, ბალიშზე გადავარდა, ჭერს აშტერებოდა და ტუჩს იკვნეტდა, სახემონგრეული, ცრემლებმოწოლილი.
-სად მიდიოდი, რომ მიდიოდი, ყველაფერს ტოვებდი უკან? – ხმას აუწია დედამ.
-უკან არაფერი მქონდა დასატოვებელი. – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ. ამღვრეული მზერით მიშტერებოდა ტელევიზორს, უაზროდ უსმენდა ახალ ამბებს ვიღაცის იუბილეზე და ცრემლები გადმოუგორდა, გასავათებულს.
ნიკოლოზი დაიჭირეს. ჩასვეს, ხელიდან წაჰგლიჯეს ბარბარეს, ალბათ უკვე ციხეში იყო. მისი სიტყვები გამართლდა, მისი სიზმრებიც.
მაინც მიიღო ბედიანიძემ, რაც უნდოდა.
იქამდე კი მას პისტოლეტი მიუშვირა ბარბარემ, ასეთი საზიზღარი ტყუილები უთხრა. მისი გამომეტყველება გაახსენდა, განადგურებული პიროვნების სახე და მისი შეგუება სიკვდილისადმი, რასაც ბარბარეს თავზარდაცემა მოჰყვა. ზარავდა ის, რომ შერვაშიძე მომავალ სიკვდილს შეეგუა და მეტიც, მისი ნებართვა, რომელსაც ალბათ ბარბარეს გარდა არავის გადასცემდა ამ ქვეყანაზე, რომ მისთვის დაემიზნებინა თავში და გამოეკრა სასხლეტისათვის.
ტანში გააცია ბარბარეს. ატირდა.
-…და საგანგებო ამბების გამოშვება გატყობინებთ, რომ… – ბუნდოვნად ესმოდა ტელევიზორის ხმა. დაბნელებული ოთახი წარმოუდგა თვალწინ, თავისი ტელევიზორის ბუტბუტითა და მკრთალი სინათლით, მერე კი ის სითბო, მასზე შემოხვეული, ის სუნთქვა და უტყუარი გულისცემა, რომლის გარეშედაც სიცარიელემ დაისადგურა მასში.
-ბარბარე! – დაუძახა დედამ და შეკრთა გოგონა, მოიჭმუხნა, თავი გვერდით გადაატრიალა. – მოუსმინე!
-…ორი დღის წინ დააკავეს კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ნიკოლოზ შერვაშიძე, რომელიც ამჟამად ბერეხის ციხეშია გადაყვანილი… – ლაპარაკობდა რეპორტიორის ხმა. თვალები გაუფართოვდა ბარბარეს, ცრემლები სასწრაფოდ მოიწმინდა, ტელევიზორს მიაშტერდა.
სუნთქვა შეეკრა, როცა ნიკოლოზის ფოტო დაინახა, ის, რომელიც ბედიანიძემ აჩვენა. ფოტო რეპორტიორის გვერდით გამოსახულიყო, მკვეთრად და ყველასათვის დასანახად.
-ნიკოლოზ შერვაშიძემ ქვეყნიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ის საზღვართან დააკავეს… მისი კრიმინალური დაჯგუფება ბოლო ექვსი წლის მანძილზე მოქმედებდა… მას გამოძალვაში, კონტრაბანდისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანასა და მოხმარებაში, გატაცებასა და მკვლელობაში ედება ბრალი… – ლაპარაკობდა რეპორტიორი, გამოზომილი, მონოტონური ხმით, ვერც კი ხვდებოდა, რომ გულში ესობოდა თითოეული სიტყვა ნიკოლოზის ფოტოზე გაშტერებულ ბარბარეს. – მომხდარზე კომენტარი გააკეთა დაკავებულის მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ შერვაშიძემ, მან ვაჟის საქმიანობასთან ყოველგვარი კავშირი უარყო…
ეკრანზე ოთარ შერვაშიძე გამოჩნდა, წარმოსადეგი, კოხტად გადავარცხნილი შევერცხლილი თმითა და გამჭოლი ნაცრისფერი თვალებით, რომლებითაც მასზე მოხვეულ ჟურნალისტებს დაშტერებოდა.
-ჩემი განდეგილი ვაჟის შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობდი, – ამბობდა ის და მოიღუშა ბარბარე, გული მოეწურა, საშინელი სისწრაფით რომ უცემდა მკერდში. – ის, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრია, ახლახან შევიტყვეთ და მე თვითონ ჩავუდექი სათავეში ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეს…
-თქვენი ერთადერთი შვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრია… – ჩაერთო რომელიღაც ჟურნალისტი. – ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
-არც შვილებს ირჩევენ და არც მშობლებს, ჩემო კარგო. – თქვა ოთარ შერვაშიძემ, ოდნავი ღიმილი მოეფინა სახეზე. – ამას არავითარი შეხება არა აქვს ამ საქმესთან, რომელიც საჭირბოროტო გახლდათ ამ წლების განმავლობაში საზოგადოებისათვის… ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ამას სამართალი მოითხოვს, ნიკოლოზ შერვაშიძეც და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კრიმინალიც სათანადოდ დაისჯება. – განაცხადა მან.
სისხლი ჩამოერეცხა ბარბარეს სახიდან. უყურებდა ეკრანს და ყურებს ვერ უჯერებდა.
ოთარ შერვაშიძე ან უკიდურესად გულცივი და სასტიკი იყო, ანდა ძალიან გაქნილი, მეთოდური და დახელოვნებული მატყუარა. და საკმარისად არ იცნობდა მას ბარბარე, ვერაფრით ატყობდა ან ერთს ან მეორეს.
მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, მისმა საქციელმა შეზარა. იმან, რომ ის შერვაშიძის მამა იყო, შეაძრწუნა. ეს კაცი მშობელს არ აგონებდა.
როგორც ჩანდა, ზოგი ადამიანი მხოლოდ იმიტომ იბადებოდა ამ ქვეყანაზე, რომ არ გაეგრძელებინა წარმომავლობის ხაზი, რომ მისით დამთავრებულიყო ყველაფერი.
ოთარ შერვაშიძის სახე გაქრა. რეპორტიორი გამოჩნდა, ნიკოლოზის უცვლელ სახესთან ერთად.
-სპეცოპერაცია მთელ ქალაქში მიმდინარეობდა, კრიმინალური დაჯგუფება ამჟამად ლიკვიდირებული და დაკავებულია, პოლიცია ეძებს რამდენიმე გაქცეულს… – ლაპარაკობდა რეპორტიორი, მერე ვიღაც შევერცხლილ ქერათმიანი მამაკაცი გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ ბარბარეს აღარ აინტერესებდა უკვე აღარაფერი.
ბალიშზე გადააგდო თავი. უყურებდა ჭერს, გაშტერებული, გამალებით უტრიალებდნენ ფიქრები, და ვერ გაეგო რაზე ეფიქრა პირველად, რომელი გამოეჭირა ხელში და დაესრულებინა მისი ბასრი ფრთების ფარფატი.
ორი დღე გავიდა. ამდენი ხანი გათიშული იყო, და ამასობაში მოახერხეს პოლიციამ და ბედიანიძემ, რომ მედია და ალბათ პრესაც ჩაერიათ ამ ამბავში.
ყველაზე ძლიერი შემკავებელი აღარ ჰყავდათ, ნიკოლოზის სახით.
სუნთქვა გაუჭირდა ბარბარეს. თვალები დახუჭა, ცრემლები გადმოსცვივდა.
განათებულ ოთახში იწვა, მაგრამ ისე ჩამობნელებულიყო გარემო, როგორც არასდროს.
.
-*-*-*-*-*-*-
ორი დღე დაჰყო საავადმყოფოში, იმდენად იყო დასუსტებული. მთელი ეს დრო ან დედის ტირადებს უსმენდა, ან უყვიროდა და ეკამათებოდა მას, ან ტელევიზორს უყურებდა, გაფაციცებული.
არ იცვლებოდა ახალი ამბები. კვლავ იმაზე საუბრობდნენ, რომ ნიკოლოზი დაჭერილი იყო, რომ ბერეხის ციხეში იმყოფებოდა ამჟამად და ის, რომ მისთვის და მასთან დაკავშირებული პირებისათვის სასამართლო მზადდებოდა.
და ცეცხლი ეკიდებოდა ამ ყველაფრის გაგონებისას ბარბარეს. არ სურდა, რომ მოესმინა, მაგრამ ალბათ ისეთი სასოწარკვეთილი იყო ნიკოლოზის მისგან წაჰგლეჯით, რომ მასზე ორი სიტყვაც კი, რაც არ უნდა მტკივნეული და გამგმირავი ყოფილიყო, მისთვის ყველაფერს წარმოადგენდა.
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ფართხალებდა მასში რაღაც. ბოლომდე ვერ შეეკვეცა ნიკოლოზისათვის პოტენციურ თავისუფლების ხალგრძლივ აღკვეთას ის იმედი, რომელიც გრიგოლთან, საზღვრის უღელტეხილებთან იშვა. ცხოველურად გამძლე აღმოჩნდა ეს იმედი, იმის მიუხედავად, რომ ასეთი მყიფე უნდა ყოფილიყო, პატარა, ინსტინქტური და ჩამოუყალიბებელი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე წარმოქმნილი.
და იმედოვნებდა ბარბარე. თვითონაც არ იცოდა, რას, მაგრამ ისღა ესმოდა, რომ საბოლოოდ რაღაცნაირად უნდა დაბრუნებოდა მას მისი მზე.
ორ დღეში გამოწერეს. ექიმმა ათწუთიანი კონსულტაცია ჩაუტარა, უთხრა, რომ ძალიან დასუსტებულიყო მისი სხეული.
მაგრამ სხეული აღარ აინტერესებდა ბარბარეს, ისე დაათრევდა, როგორც ხორცის ნიღაბს. ეგონა, რომ ნელ-ნელა იშლებოდა ჭკუაზე.
ძლივს ჩაიცვა, დაუძლურებულმა. დედა თავზე დაჰფოფინებდა, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ ანიც მალე გამოვიდოდა საავადმყოფოდან და ისე აეწყობოდა მათი ცხოვრება, როგორც უნდა ყოფილიყო თავიდანვე.
ეზიზღებოდა მისი სიტყვები ბარბარეს. ეზიზღებოდა დედის ქცევა, ეზიზღებოდა ის, რაც ანიმ გააკეთა, რაც ბარბარესა და საკუთარ თავს დაუშავა.
თუმცა თვითონაც ედო ბრალი. ამ ყველაფრის სათავედ, ანის ზემოთ თვითონ იდგა. ანისათვის რომ არაფერი ეთქვა, რომ ოთარ შერვაშიძეზე არ ეკითხა, ანი ბედიანიძესთანარ წავიდოდა, არ შეიკვრებოდა მასთან და ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც ახლა იყო.
საკუთარი ახლადაღმოჩენილი ბრალეულობა გუდავდა ბარბარეს.
საავადმყოფოს შემოსასვლელთან პოლიცია დახვდა. მანქანაში ჩასვეს და განუცხადეს, რომ განყოფილებაში მიჰყავდათ, როგორც თვითმხილველი.
მთელი გზა ჩიტივით უფართხალებდა გული. უყურებდა მის გვერდით წამოჭიმულ, შეიარაღებულ პოლიციელებს, და ჭამდა პოლიციაში მისვლის ფიქრი.
განყოფილებაში შეიყვანა ხუთმა, მასზე შემოხვეულმა პოლიციელმა, ალბათ მის დასაცავად, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა გოგონას, თითქოს მას უფრთხოდნენ გარე პირები, რომ მისგან დაცვა იყო საჭირო.
ცალკე ოთახში შეიყვანეს. მწირი განათება კიაფობდა შიგნით, ჭერიდან ჩამოშვებული პატარა ნათურის სახით, მაგიდასთან მიმჯდარ პიროვნებას ეფინებოდა.
გული ყელში უცემდა ბარბარეს. ნერვიულობისაგან ოფლი მოაწვა, მუცელი ასტკივდა, ძლივს შეაბიჯა შიგნით და მთელი ტანით შეხტა, როცა მის უკან ხათქით მიიხურა მძიმე კარი.
ის ქერათმიანი, შევერცხლილი მამაკაცი დახვდა, რომელიც ტელევიზორში ნახა. მის მოპირდაპირედ მდგარ სკამზე მიუთითა მამაკაცმა, და ლასლასით გაემართა მისკენ ბარბარე, თან საკუთარი თავი დასწყევლა, რომ რეპორტაჟს არ უყურა წესიერად და ვერ გაიგო ამ ადამიანის პიროვნულობა, მეტადრე მაშინ, როცა ამ ადამიანმა დიდი ალბათობის ყველაფერი იცოდა მასზე.
დაპატარავდა, როცა სკამზე ჩამოჯდა, ამ უთანასწორო ასპარეზზე. კალთაში დაიკრიფა ხელები, უმზერდა კუშტად ამ კაცს, თვალებით ჭამდა, თან ეშინოდა მისი, ეშინოდა იმისა, რაც უნდა გაეგონა, და იმისა, რაც თვითონ უნდა ეთქვა.
მამაკაცს ღია წარბები ჰქონდა, ისეთი, რომ თითქმის შეუმჩნეველნი გახლდნენ. ეს თითქოს უფრო უდიდებდა გადმოკარკლულ, ცივ ნაცრისფერ თვალებს, ბარბარეს რომ დაჟინებით უმზერდნენ.
-გამარჯობა, ბარბარე.- თქვა ბოლოს მამაკაცმა. ოდნავი რუსულის აქცენტი დაჰკრავდა მის სიტყვებს. – მე სერგო ორლოვი ვარ, პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანი. რამდენიმეშეკითხვას დაგისვამ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
ტუჩის კუთხე გაუტოკდა გოგონას, უფრო ძლიერად გადახლართა თითები ერთმანეთში, მაგიდის ქვეშ შემალულნი, სისხლი ჩამოერეცხა სახიდან. სერგო ორლოვი ისე გამოიყურებოდა, რომ წინააღმდეგობის ვარიანტიც კი არ არსებობდა.
კიდევ ერთი ილუზია არჩევანისა.
თავი დააქნია, ოდნავ.
-ნიკოლოზ შერვაშიძემ გაგიტაცა. ხომ ასეა? – ჰკითხა ორლოვმა. კბილები ერთმანეთს დააჭირა ბარბარემ, გაახსენდა, თუ როგორ გავიდა ტელევიზორში ღამით რეპორტაჟი, და ის შოკი, რომელიც თვითონ განიცადა, ამ ტყუილების დანახვისას. წვა დაუწყეს თვალებმა.
-არ იყო ეგრე. – ამოღერღა მან. – ჩემი ნებით წავყევი.
ორლოვმა წარბები აზიდა.
-ბარბარე, ნიკოლოზ შერვაშიძე ციხეშია და მალე მისი სასამართლოც დაიწყება. – დაყვავებით დაიწყო მან. – ძალიან გთხოვ, კარგად დაფიქრდი ამ თემაზე.
-მე თქვენ ფაქტებს გეუბნებით, დაფიქრება არ მჭირდება. – მოუჭრა გოგონამ. – ჩემი ნებით წავყევი მეთქი, არ გესმით?
-საზღვარზედაც თქვენი ნებით მიჰყვებოდით? – ჰკითხა ორლოვმა. ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-დიახ. – მიუგო გოგონამ. ნესტოები დაებერა, წელში გასწორდა, შეეცადა, რომ გაეთანასწორებინა ეს არენა. – ჩემი ნებით.
-საბუთებიც გააყალბა. – ორლოვმა მის წინ მოთავსებული სქელი საქაღალდე გადაშალა, თავზე დაწყობილი ორი პასპორტი ბარბარეს გადმოუგდო.
პასპორტები გადაშალა ბარბარემ. ერთი ნიკოლოზის იყო, მისი ფოტო გამოსახულიყო შიგნით, სახელ „სამსონ დანსკი“-სთან ერთად, მეორეში კი თვითონ, როგორც „დიანა ვედენინა“.
თავის მომავალს უყურებდა ბარბარე, რომელიც ხელიდან გამოეცალა და ალბათ აღარასოდეს აღსრულდებოდა. სახე მოეღმიჭა, სასწრაფოდ დახურა პასპორტები, ვერ უყურებდა მათ. მხრები აიწურა, თავი დახარა, არ სურდა, რომ ამ უცხო კაცს მისი განცდა ენახა.
-თქვენ ხომ ხვდებით, ვისთანაც გქონდათ საქმე? – ჩაეკითხა ორლოვი და თვალები გაახილა გოგონამ, ჩაჰყურებდა ამღვრეულ მაგიდის ზედაპირს, გაწეწილი თმა ჩამოშლოდა, უჩრდილავდა ჩამქრალ თვალებს. – ხომ იცით, რასაც წარმოადგენს შერვაშიძე?
-ვიცი… – ამოღერღა ბარბარემ, უნდოდა ეთქვა, რომ ყველაზე კარგად თვითონ იცოდა, მაგრამ არ შეჩერდა ორლოვი, აინუნში არ ჩააგდო მისი სიტყვები.
-არ მჯერა თქვენი, როცა ამბობთ, რომ ჩემი ნებით მივყვებოდიო… – განაგრძო მან. – ის ნარკომანი იყო, ბარბარე. თავს იწამლავდა და სხვებსაც წამლავდა. ხალხს აცამტვერებდა, მიწასთან ასწორებდა… თქვენს თვალწინ კაცი მოკლა ორი დღის წინ, ნუთუ დაგავიწყდათ?
სუნთქვა შეუკანკალდა ბარბარეს, მოიღუშა, განცვიფრებულმა ახედა ორლოვს.
-ვინ? -ამოილუღლუღა მან. – რას ამბობთ…. არავინ მოუკლავს….
-აბა ჩვენ დაგვესიზმრა მამაკაცის გვამი დაკავების ადგილზე? – გაიღიმა ორლოვმა, სიცივე და რაღაცნაირი ნიშნისმოგება ედგა გამომეტყველებაში და ტანში გასცრა გოგონას. გაოგნებულმა თავი გადააქნია.
-ეგ კაცი… – ძლივს გადაყლაპა ნერწყვი ბარბარემ. – მას არ მოუკლავს ეგ კაცი, მე მოვკალი…
-თქვენ? – მიაშტერდა წარბებაზიდული ორლოვი, მერე კი გაეცინა, ბარბარეს მიშტერებოდა გაოცებული. – თქვენ მოკალით?
-დიახ! – ხმას აუწია გოგონამ. მთლიანად თრთოდა, არ სჯეროდა, რომ ამას ამბობდა. ერთიანად კანკალებდა, შიშის, თუ არსაიდან მოტანილი გამბედაობის გამო, არ ესმოდა. მაგრამ ეს უნდა ეთქვა, არ მისცემდა ამ ხალხს უფლებას, რომ ასე უბრალოდ მიეკერებინათ ნიკოლოზზე მკვლელის სტატუსი…
-და პისტოლეტზე რომ თქვენი ანაბეჭდები არ აღინიშნება? – უღიმოდა ბედიანიძე. – მხოლოდ შერვაშიძისაა. პლუს მისი ქურთუკი იყო გარდაცვლილის სისხლით მოსვრილი. ამაზე რას იტყვით?
მიაშტერდა ბარბარე. პირი დააღო, განცვიფრებულმა, აღებდა და ხურავდა, მერე კი ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, ათრთოლებული ხელები მიიტანა პირთან.
-მან გაწმინდა პისტოლეტი… – ამოილუღლუღა ძლივს. – მე მეცვა მისი ქურთუკი, მე მოვკალი ის კაცი…
ორლოვმა ისევ გაიღიმა.
-თქვენი… შემართება, – დაიწყო მან, ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერით უყურებდა. – მართლაც შესაშურია, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობს.მეტსაც გეტყვით, თქვენ მკვლელს არ ჰგავხართ, ბარბარე. სტოკჰოლმის სინდომით შეპყრობილს ჰგავხართ მხოლოდ.
ბარბარე ჯერ კიდევ გაოგნებული მიშტერებოდა. ყველაფერი ტეხდა.
-ახლა გასაგებია, თუ რატომ წამოაყენა შერვაშიძემ მოთხოვნები. – ტუჩის კუთხე უთრთოდა ორლოვს. – ალბათ იცოდა, რომ ასე იტყოდით.
-რა მოთხოვნები… – ამოილუღლუღა გოგონამ, ჯერ კიდევ შოკში იყო, აზრებს ძლივს უყრიდა თავს, მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა. – რას გულისხმობთ…
-გარკვეული მოთხოვნები. – თქვა ორლოვმა. – რამდენიმე ადამიანს ეხებოდა ეს ამბავი… ამაზე ნუ წუხხართ, ბარბარე, მისი მოკავშირეები არცერთი არ გამოვა ციხიდან.
პირი გაეღო ბარბარეს. ძლივს სუნთავდა, მოხუთვოდა სასუნთქი მილები. წყვეტილად სუნთქავდა, იყურებოდა გამშრალი, ამწვარი თვალებით, გაფითრებული, განადგურებული.
ბოლო წამშიც კი მის დაცვაზე იფიქრა ნიკოლოზმა. მისი, როგორც პიროვნების დაშლის მოწმე გახდა ბარბარე, საკუთარი სიტყვების გამო, და მისმა დალეწილმა პიროვნებამ მაინც მონახა იმის შესაძლებლობა, რომ თავიდან აეცილებინა მისთვის განსაცდელი. ის სამართალი, რომელიც თვითონ სდევდა უკან.
-ალბათ თქვენ საწინააღმდეგოს იმედოვნებთ. – სადღაც, შორს, ბუნდოვნად ამბობდა ორლოვის ხმა. – მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ბარბარე. მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუების პირველი სტადიაა იმედი.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-*-31
კიაფობდა მკრთალი, ჭერიდან მომავალი მოყვითალო სინათლე და ირეკლებოდა ბარბარეს წინ მჯდომი სერგო ორლოვის ნაცრისფერ, ნიშნისმოგებით აღსავსე თვალებში.
ენა ჩავარდნოდა ბარბარეს. მხოლოდ და მხოლოდ ნიკოლოზი უტრიალებდა თავში, მისი სხეულის მოძრაობა მის გვერდით, ნაჩქარევად პისტოლეტის გაწმენდა, და დასისხლიანებული ქურთუკის გადაძრობა მისი მხრებიდან.
მისი ბრალი იყო ეს ყველაფერი. ბრალეულობა მოაწვა ყელში, თვალები აუწვა.
-სულ ჩემი ბრალია. – ძლივს ამოილუღლუღა მან. – ეს ყველაფერი… ჩემი ბრალია…
-თქვენსა და სხვის ბრალეულობას შორის ზღვარი უნდა იპოვოთ, ბარბარე.- უთხრა ორლოვმა. პირი უთრთოდა, ღიმილს ებრძოდა. – ზღვარს თუ გადაბიჯებთ, საკუთარი თავივე გაგანადგურებთ.
ბარბარემ აღარაფერი უპასუხა. მხოლოდ მოიღუშა, წარბები შეკრა.
-ის კაცი ყველას გვიპირებდა მოკვლას. – ამოიხრიალა ბოლოს. დაჟინებით მიშტერებოდა ორლოვს, სიტყვები ელვის სისწრაფით, კორიანტელად უტრიალებდნენ თავში. სწრაფად ალაპარაკდა, სიმართლე წამოსცდა პირიდან, სიმართლე, რომელიც, სასოწარკვეთილი იმედოვნებდა, ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა სიტუაციას. – დეპუტატი გაბრიელ დარჩიას მდივანი გიორგი ბედიანიძის დავალებით… შემთხვევის ადგილზე ტელეფონი არ გიპოვიათ? მასზე ზარებს თუ შეამოწმებთ…
-არავითარი ზარები არ იყო იმ ტელეფონზე. – მიუგო ორლოვმა და სუნთქვა ყელში შეუკავდა ბარბარეს. – არც შემომავალი და არც გამავალი. წარმოდგენა არ მაქვს, ვიზე მელაპარაკებით, ბარბარე.
თავი გადააქნია გოგონამ, გამწარებულმა. არაფერი არ ხდებოდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.
ტყუილების სურნელი ასდიოდა ორლოვს.
ტანში გააცია. თუმცა, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო ყველაფერი. მერფის კანონი ამას მოითხოვდა და უნდა აღსრულებულიყო კიდეც.
-რაღაც გეშლებათ… – წამოილუღლუღა მან. – თქვენ ვერც კი წარმოიგიდგენიათ… გიორგი ბედიანიძემ მოაწყო მთელი ამბავი! ჩვენ… მე რაც გავაკეთე, თავდაცვა იყო და მეტი არაფერი…
-ბარბარე, დამშვიდდით. – უთხრა ორლოვმა და მაშინღა მიხვდა გოგონა, რომ ძლივს სუნთქავდა. გაფითრებულიყო, გაჰყინვოდა მაგიდის კიდეზე ჩაჭერილი ხელები. ორლოვი დაყვავებით უყურებდა, ცბიერი თვალებით, დათაფლული შხამი გახლდათ მისი სიტყვები. – გიმეორებთ, რომ არ მოგიკლავთ თქვენ ეგ კაცი და ნუ იბრალებთ. კარგად ვხედავ თქვენს მდგომარეობას, თქვენ თქვენი გამტაცებლის მიმართ გაგიჩნდათ გრძნობები, ეს ჩვეულებრივი ამბავია და სტოკჰოლმის სინდრომი ჰქვია. დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება, აი ნახავთ.
ბარბარე შიგნეული ამოუტრიალდა. კბილს კბილზე აჭერდა, ქვემოდან, გაცოფებული შეჰყურებდა ორლოვს. ძლივს სუნთქავდა, ამ კაცის ბინძური სიტყვები უხშობდა სასუნთქ გზებს. არ ჰქონდა ამ კაცს უფლება, რომ ასეთი სიტყვები ეთქვა, რომ წაებილწა ის, რაც ბარბარეს ნიკოლოზთან აკავშირებდა და მისთვის სახელი დაერქმია, არ ჰქონდა…
ორლოვს სიცილი აუტყდა.
-რა კარგი გამომეტყველებაა. – ჩაილაპარაკა მან, თვალმოუშორებლად უყურებდა. – მიმწყვდეულ, დაჭრილ პატარა მელას მაგონებთ… იცით რა, ბარბარე? მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ როცა მონადირე მშვილდს მოზნექს, საქმე სწრაფად და ერთი დარტყმით უნდა გაასრულოს. პირველ რიგში იმისათვის, რომ პატივი მიაგოს ცოცხალ, ბუნების მიერ შობილ ქმნილებას, მეორე კი იმიტომ, რომ ეს ქმნილებები ყველაზე საშიშნი არიან მაშინ, როცა დაჭრი და მიიმწყვდევ, როცა ყველაზე სუსტნი არიან…
ბარბარე მიშტერებოდა, უძრავი, ცეცხლმოკიდებული, მაგრამ ამავდროულად სიცივისა თუ შინაგანი, ზვირთივით აგორებული ტალღის გამო აკანკალებული. გამწარებული მიშტერებოდა პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანს და გრძნობდა, როგორ ეწურებოდა იმედი.
ორლოვმა თავი გვერდზე გადახარა. ღიმილით დააშტერდა.
-თქვენ რას გააკეთებთ, ბარბარე? – თქვა მან, მერე კი, რაკი მიხვდა, რომ პასუხს ვერ მიიღებდა, გაიცინა, სკამს მიეყუდა. – მე გეტყვით, რასაც გააკეთებთ.
აზვირთდა გამწარება. თვალები გაუფართოვდა კრიჭაშეკრულ ბარბარეს, გონებას გადაუარა, როგორც გაყინულმა ტალღამ.
-რას ნიშნავს, მეტყვით… – გამოსცრა მან კბილებში.
-თქვენ ხელმოსაჭიდი არაფერი გაგაჩნიათ, ბარბარე. – თქვა ორლოვმა. – გქონდათ ამის საშუალება, მაგრამ არ აიღეთ, და იცით რა, არც გადანაშაულებთ, ადგან ავად იყავით მაშინ და ახლაც ავად ბრძანდებით. ერთ რამეს გეტყვით, ამაზე სიტყვა არ დაძრათ არსად. – ორლოვს ტონი შეეცვალა, ნაცრისფერი თვალები დაესუსხა, მის თითქოსდა უწარბო შუბლის ძვლის ქვეშ უფრო გროტესკულად მოჩანდნენ ფუღუროები, ზემოდან მომავალი შუქის ჩრდილში შებურულნი. – ერთი სიტყვა არ გაბედოთ და არ თქვათ ამ საქმეზე. ნიკოლოზ შერვაშიძესა და თქვენს კავშირზე. დაიმალეთ. სახლში დარჩით. ღამე იარეთ. რაც გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ ხმა არ გაიღოთ.
ნერწყვი მოუგროვდა ყელის ბოლოს ბარბარეს. არ ყლაპავდა, არ სურდა თავი გაეცა და სისუსტე გამოეჩინა.
-რატომ? – ამოიხრიალა მან, იმის მიუხედავად, რომ ხვდებოდა, თუ რა სულელური შეკითხვა იყო ეს. ჯიბრით აშტერდება ორლოვს, არ სურდა ამ კაცის წინაშე დაეხია უკან. მისი ქცევა და სიტყვები ზარავდა, აზიზღებდა მას, ეშინოდა, რომ მოიწამლებოდა მათ მიერ.
-ასე გითხარით და იმიტომ. – გაუღიმა ორლოვმა. – სხვა დროს ასეთი მომთმენი არ ვიქნები, ბარბარე… ეს საქმე უაღრესად მნიშვნელოვანია, სამართალი შერვაშიძეს ამდენი ხანია ფეხდაფეხ სდევს და უნდა აღსრულდეს კიდეც, ვერ გაექცევა. არ დავუშვებ, რომ რამე გადაეღობოს ამას წინ, გასაგებად ვლაპარაკობ? – ორლოვი აშკარა მუქარით მისჩერებოდა და გასცრა ბარბარეს, სისხლი და მრისხანება ერთად აწვებოდა შუბლში, მზერას უბნელებდა. მერე კი სახე გადაუსწორდა კაპიტანს, ისევ გაიღიმა. – ჭკუით ბრძანდებოდეთ და ფსიქოლოგს მიმართეთ.
იგი წამოდგა, ბარბარეს კარისაკენ მიუთითა.
-წამობრძანდით. – უთხრა მან და ჯერ უყურა ბარბარემ, მერე კი წამოიზლაზნა, უკან მიჰყვა, ყველა კუნთი და მყესი დასჭიმვოდა.
როგორც მოიყვანეს, ისე ჩასვეს მანქანაში, და ისე გაამგზავრეს სახლისაკენ, რომ არ მოშორებია ორლოვის ნაცრისფერი თვალების საზიზღარი სუსხი, მისი სიტყვები და გამომეტყველება, ტყუილების სურნელი რომ ასდიოდა.
დედა დახვდა სახლში. ჩაეხუტა, მოეფერა, მის გვერდით დაისვა ტახტზე, მისი თავი ჩაიდო კალთაში და თმა გადაუვარცხნა თითებით, ისე, როგორც ადრე აკეთებდა.
ისეთი დამყოლი იყო ბარბარე, როგორც არასდროს. იჯდა, ცარიელ თოჯინად ქცეული, კედელს მიშტერებოდა, და ვერავითარ სიამოვნებას ვერ გრძნობდა დედის ქმედებისაგან, მნიშვნელობა დაჰკარგოდა მას.
არადა როგორ ელოდა დედისაგან ასეთ ჟესტს. შეხებას, ჩახუტებას, მის თბილ გამოხედვას. მიიღო ახლა თითქოს ყველაფერი, რაც სურდა.
მაგრამ ყველაფერი უგულო იყო, ზედაპირული. მის გამოხედვას სითბო დაეკარგა. გაუგებრობასა და გაუცხოებას ხედავდა მასში მხოლოდ ბარბარე. მისი შეხება, ჩახუტება აღარ ათბობდა.
ბარბარეს მზე სჭირდებოდა. მისი სინათლე და შუქი სჭირდებოდა, რომ აერეკლა და გამთბარიყო.
მაგრამ აღარ ჰყავდა მზეკაცი გვერდით.
მეორე დღეს მის წინ მოლივლივე, მამაკაცის ფორმის მზის გული დაესიზმრა. შუშისებრი თვალები უმზერდნენ მისგან.
მესამე დღეს ანი მოვიდა მასთან. გაბერილი, ნამტირალევი, ბოდიშებით აღსავსე. მწოლიარე ბარბარესთან შეუშვა დედამ.
ბარბარემ უყვირა. ისე უყვირა, აქამდე რომ არ ეყვირა. საკუთარ თავს ვერ სცნობდა, როცა სიტყვებს იფურთხებოდა, თითოეულს მიზანში არჭობდა, ანის მტირალ, გასაცოდავებულ პიროვნებაში. გამწარებული, გაციებული და ჩამქრალი მისი გონება სხვანაირ სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.
„მიმწყვდეულ, დაჭრილ მელას მაგონებთ…“
მართლაც მიმწყვდეულ ცხოველს ჰგავდა, რომელსაც თავდასხმა ეგონა საუკეთესო თავდაცვა. ყველაზე სასტიკი მეთოდი იყო ეს, მაგრამ ამავდროულად ეფექტური.
-გაეთრიე! აქედან გაეთრიე! – უყვიროდა ის ანის, ლოგინზე წამომჯდარი, თმაგაწეწილი, თვალებჩაცვენილი და ჩასისხლიანებული, ტირილისაგან. ანი ხმამაღლა ტიროდა, მოთქმით, ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები, რაღაცას ლუღლუღებდა და სულაც არ ეცოდებოდა ის ბარბარეს, პირიქით. ეზიზღებოდა ის, ეზიზღებოდა იმისათვის, რომ მის წინ გამოჩენას ბედავდა, ეზიზღებოდა არა იმიტომ, თუ რა გააკეთა მან, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს გრძნობდა დამნაშავედ. იმიტომ, რომ მან წაართვა მზე, რომლის გარეშედაც დაილეწა.
-მაპატიე, ძალიან გთხოვ… – ლუღლუღებდა ანი, და დედა უყურებდათ, ზღურბლზე მდგარი, ხან ერთსა და ხან მეორეს, ცრემლები მოსდგომოდა თვალებში.
-შენ რომ არ გარეულიყავი ამ საქმეში, არაფერი მოხდებოდა! – ბღაოდა ბარბარე. წამიერად შეეშინდა, რომ ყვირილს როცა მორჩებოდა, ერთიანად გამოიშიგნებოდა, ცარიელი დარჩებოდა. – შენ მომსპე, ისე, რომ არ დამეკითხე! კმაყოფილი ხარ?! მითხარი, კმაყოფილი ხარ?!
ანი ტიროდა, გულამომჯდარი. ბოლოს დედამ გაიყვანა, როცა ზურგი შეაქცია ყვირილისაგან გასავათებულმა ბარბარემ. ლოგინზე დავარდა, მოიკრუნჩხა, მხარზე მოიხვია საბანი, გაციებულმა, კანკალებდა.
ორი დღე იწვა. დედა თავზე დასტრიალებდა. რამდენჯერმე უსაყვედურა იმაზე, თუ როგორ მოექცა ანის, მაგრამ ბარბარეს ჩამქრალ, სველ მზერაზე პირი მოხურა.
მეექვსე დღეს წამოდგა გოგონა. ნიკოლოზის ბინისაკენ წავიდა.
დალუქული იყო. პოლიციის რამდენიმე მანქანა იდგა გარშემო. პოლიციელები გამაგრებულიყვნენ, არავის უშვებდნენ.
ალბათ ჩხრეკა მიმდინარეობდა.
მოშორებით ჩამოჯდა ბარბარე, გაყინულ ძელსკამზე. გათოშილი ხელები დაეკრიფა კალთაში, გაცრეცილი სახით იყურებოდა ზემოთ.
ნიკოლოზის ზედა ეცვა ქურთუკის ქვეშ. დედამ გაურეცხა. დაუუთოვა. რაღაც უსაუბრო ზავის ნიშანი იყო.
უყურებდა, კაპიუშონმოხურული და მზერადაბურული, დღის სინათლეზე აზიდულ კორპუსს. იმ აივანს, რომელზეც თვითონ და შერვაშიძე იდგნენ, წარმოიდგენდა სავარძელს, რომლიდანაც შეხვდნენ ახალ წელს, მათი ნაჩურჩულევი მილოცვა, იმედის დატევას რომ ვერ ბედავდა.
იქნებ მართალი იყო ორლოვი? იქნებ იმედი მხოლოდ და მხოლოდ პირველი სტადია იყო იმედგაცრუებისა?
რამდენიმე საათი იჯდა. მაშინღა ადგა, როცა გაუსაძლისად ყინავდა და ფეხებს ვეღარ გრძნობდა.
დედა მღვიძარი დახვდა. კედელზე საათი ღამის სამს აჩვენებდა.
დედამ ერთი შეხედა, სახე ემანჭებოდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ხმა არ გაიღო. ცხელ წყალში ჩააყრევინა ფეხები, თბილი საბანი მოაფარა მხრებზე და უბრალოდ იჯდა მის გვერდით.
გრძნობდა ბარბარე, რომ უფრთხოდა დედა. გრძნობდა, რომ ქალი რაღაცას ამზადებდა, რაღაცის გაკეთება სურდა.
ალბათ ფსიქოლოგთან უნდოდა მისი მიყვანა და ამიტომ თაფლავდა.
მეშვიდე დღეს ნიკოლოზის სასამართლო დაინიშნა.
დედამ გაზეთი მოუტანა. მწოლიარეს სასთუმალთან დაუგდო.
დიდი ასოები ამშვენებდა გაზეთის წინაფურცელს, ნიკოლოზის ფოტოს ზემოთ.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ვაჟის კრიმინალური ცხოვრება – და სამართალის ზეიმი.“
როგორც წყალს დაწაფებული, დიდი ხნის მოწყურებული, ისე დაეწაფა ბარბარე სტატიას.
ეწერა კრიმინალური ბანდის მუშაობაზე, მათ ქმედებებზე, შექმნაზე, თუ როგორ იყო მასთან დაკავშირებული ნიკოლოზ შერვაშიძე, თორნიკე მახათელი, გიორგი ასიმოვი, მიხეილ მაჭარაშვილი, რამდენიმე სხვასთან ერთად. ახსენებდა, თუ როგორ იყვნენ ყველანი დაკავებულნი და რომ მალე გაიმართებოდა ლიდერის, ნიკოლოზ შერვაშიძის სასამართლო.
ისე ცივად, უგრძნობად იყო დაწერილი სტატია, ისეთი დისოციაცია იგრძნო ბარბარემ იმ ნიკოლოზისაგან, რომელსაც იცნობდა, და იმ ნიკოლოზისაგან, რომელიც თავისი წვრილი, ცარიელი თვალებით უმზერდა კანტიკუნტად ფურცლებიდან, რომ გული აერია. ძლივს მიაღწია სააბაზანომდე, შიგნით ჩატოვებულ ღვარძლსა და სიმწარეს იღებდა, უნიტაზთან დამხობილი.
რამდენჯერმე მოაკითხა კიდევ ანიმ. ბოდიშები უხადა. გამოლაპარაკება სცადა, ეუბნებოდა, რომ ინანიებდა თავის საქციელს და ასეთ რამეს აღარასოდეს გააკეთებდა.
-ეს ერთადერთი იყო. – უპასუხა ბარბარემ. თავის სანახევროდ ამოშენებულ ფანჯარასთან იჯდა, გადაჰყურებდა დათოვლილ შემოგარენს, უყურებდა, თუ როგორ ტრიალებდნენ და ფარფატებდნენ ფიფქები, და სიმწრის გარდა ვერაფერს გრძნობდა. ანის გადახედა, მის აწითლებულ ლოყებს, შეშუპებულნი რომ იყვნენ ტირილისაგან. გამობერილ მუცელს, სვიტერში რომ მოუჩანდა. ბავშვი შეებრალა. – მთელი ცხოვრება რომ ეცადო, ამაზე უარესს ვერაფერს გამიკეთებ.
ანიმ ჯერ არაფერი უპასუხა, მერე კი „მაპატიე“ წაიჩურჩულა.
ვერც ის ხვდებოდა, თუ რამოდენა მნიშვნელობა ჰქონდა ბარბარესათვის ამ ამბავს.
ყოველდღე ქალაქში სიარული დაიწყო. დაჯდებოდა სადმე, კაფეში, სადაც მუდამ ჰქონდათ ახალი ამბები ჩართული, და უყურებდა მათ. უყურებდა, თუ გაიზარდა ნიკოლოზის ამბავი კვირების განმავლობაში, როგორ იფეთქა, როგორ გახდა საქვეყნო საქმე. უთვალავი გაზეთები მოჰქონდა დედამისს, აეხორხლნენ ისინი ლოგინისპირა ტუმბოზე, იდგნენ, შეუწვდომელი, შემზარავი მთასავით, და მათ ისრუტავდა ბარბარე, მათ ყოველ სიტყვას გონებაში ჭედდა, იმის მიუხედავად, რომ თითოეული სტატიის წაკითხვისას ცუდად ხდებოდა.
ხედავდა ნიკოლოზის ბანდის მიერ დაზარალებულთა ინტერვიუებს, პრესასა და მასმედიაში, მათ დაფარულ სახეებს, შეცვლილ ხმებს. უსმენდა, თუ როგორ ამბობდნენ ისინი, რომ მათ ცხოვრება დაუნგრია ნიკოლოზმა, შვილები გაუუბედურა, საცხოვრებელი წასტაცა, გაძარცვა, გამოსძალა, მოატყუა, უღალატა, ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახადა, უმუხთლა… ისმენდა, თუ როგორ ლანძღავდა ვიღაც ქალი ნიკოლოზს, თავისი მყვირალა ხმით.
-შავი ეშმაკია! – ყიოდა ქალი. – შავი ეშმაკი! მოქროლდებოდა, წაიღებდა ყველაფერს და მიდიოდა! მაგან გამიმწარა ცხოვრება! მაგან გამიფუჭა ჩემი ბიჭი, მაგან წამართვა შვილი! ციხე არ ეყოფა მაგას, მისნაირი ბოროტება უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა!
რამდენადაც ეს ამბავი იზრდებოდა, იზრდებოდა აგრესიაც. ხალხი სამართალს ითხოვდა, ითხოვდა, რომ საკადრისად დასჯილიყო შინაგან საქმეთა მინისტრის ერთადერთი ვაჟი. დაუფარავ, ამოხეთქილ აგრესიას მოეცვა ქალაქი, აზვირთებულიყო, როგორც ცუნამი, ერთხმა და ერთგვაროვანი, ყველას გამაერთიანებელი, ამ ხალხის სიტყვების, გაცოფებული თვალებისა და  ხმებისაგან შობილი.
და მათში ისე იდგა ბარბარე, როგორც მილიონში ერთი. უცქერდა ამ ხალხს, კრიჭაშეკრული, არაფრის თქმა რომ არ შეეძლო, ხმის ამოღება რომ არ შეეძლო. უყურებდა, თუ როგორ შეარქვეს შერვაშიძეს „შავი ეშმაკი“, თუ როგორ ტრიალებდნენ რეპორტაჟები, თუ როგორ იძლეოდა ნებისმიერი ჟურნალი, გაზეთი, ტელეარხი დეტალურ სტატიებსა თუ გადაცემებს იმაზე, თუ რა ხდებოდა, თუ რა მტკიცებულებები აღმოაჩინა პროკურატურამ, თუ რა ხდებოდა სასამართლოზე, თუ რამდენს მიუსჯიდნენ შერვაშიძეს.
სიტყვების კორიანტელი ტრიალებდა. და ხალხიც ბრმად იწოვდა მათ.
ბრიყვთა ფული, ბრიყვთა საჭიროება იყო სიტყვები. გაცვლა-გამოცვლის ვალუტამდე დაეკნინებინათ ენა, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ლანძღვით კავდებოდა. მრისხანებას, ღვარძლს, იმას, რასაც არასოდეს არ უნდა გაეერთიანებინა, გაეერთიანებინა ქალაქი.
და მწარდებოდა ბარბარე. უნდოდა, ვინმეს სცემოდა თვალებში, მამაკაცებს, რომლებიც ხმამაღლა აგინებდნენ ქუჩაში ნიკოლოზს, ქალებს, რომლებიც სჭორავდნენ შერვაშიძეს, მოძალადისა და მკვლელის სტატუსს რომ აკერებდნენ.
მაგრამ ვერ ახერხებდა. ისე დადიოდა, როგორც მოსიარულე მკვდარი, იმითღა საზრდოობდა, რომ ნიკოლოზზე იგებდა ამბებს, იგებდა, თუ როგორ იყო ის გამოკეტილი, და რამდენად დიდი ალბათობა იქნებოდა იმისა, რომ ის სამუდამოდ დარჩებოდა. ისმენდა, თუ რა კარგი, ძვირიანი ადვოკატი ჰყავდა მას, და როგორ ამბობდნენ ადამიანები, რომ ეს მისი ფულის, კავშირების ან მამის ნამოქმედარი იყო.
თვითონაც არ იცოდა, რამ წამოუარა, რადგან იცოდა, მის დაცარიელებულ, ჩამქრალ, უენერგიო გონებასაც კი ესმოდა, რომ არ შეუშვებდნენ, მაგრამ ბერეხის ციხეში დააპირა წასვლა, სამი კვირის შემდეგ.
გრძნობდა, რომ ტყდებოდა. მეტს ვეღარ გაუძლებდა, თან ეგუებოდა იმ ფიქრს, რომ შერვაშიძე დაჭერილი იქნებოდა, ეს კი მისი გატეხვის ნიშანი იყო.
ნიკოლოზის შეგუებას ვერასოდეს იტანდა. შეგუება არასოდეს იყო არჩევანი მათ შემთხვევაში, არასოდეს იყო მისაღები, ახლა კი ესეც ენგრეოდა თავზე.
ციხემდე ტრანსპორტი არ მიდიოდა. ის გზა კი, თვეების წინ რომ გაიარეს თვითონ და ნიკოლოზმა, ციხიდან ქალაქისაკენ, დალუქული იყო. დიდი, ავტომატური ჭიშკრით ჩაეკეტათ გზა, და ვიდეოკამერები ეყენა ზემოთ მოხვეულ მავთულხლართებთან.
იდგა ბარბარე, გამხდარი, გასაცოდავებული, გალეული, კარიბჭესთან, საღამო დასწოლოდა მხრებზე თავისი ბინდით, ნაცრისფრად დაფერილი ღრუბლებითა და თებერვლის სუსხით. ნაზად თოვდა, და უყურებდა, თუ როგორ თოვდა, უყურებდა გზის გვერდებზე აღმართულ ლამპიონებს, რომელთა სინათლესაც ირეკლავდა ნიკოლოზის თეთრი ოქრო, რომელიც მან ბერეხის ციხეში გაიკეთა პირველად. უყურებდა და საკუთარ მოჩუქურთმებულ ოქროს ბეჭედს უჭერდა თითებს, გულში იკრავდა.
ანასტასია შერვაშიძის მსგავსად გალეოდა ხელები, ულამაზოდ ამოჩრილიყო თითზე ბეჭედი, მაგრამ მაინც არასოდეს იხსნიდა ბარბარე.
ნიკოლოზის დაჭერიდან ერთი თვის შემდეგ იგრძნო, რომ უთვალთვალებდნენ.
უფრო შენიშნა. ქუჩაში სიარულისას ეცნო ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც საავადმყოფოდან წაიყვანა განყოფილებაში, რომელიც გვერდში ამოუდგა, რომ სხვები დაეცვა მისგან.
პოლიციელი მისკენ იყურებოდა.
დაიძაბა. შეეშინდა.
მერე კი შიშის შერცხვა. არ იყო ეს ხალხი მისი შიშის ღირსი. არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ შინებოდა. იძულებული გახლდათ, რომ კრიჭა შეკრული ჰქონოდა, არავისთან იღებდა ხმას იმაზე, თუ როგორ განიცდიდა. ანისა და დედასთანაც კი, რომლებიც დაახლოებით ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა მის თავს.
მაგრამ ეს “დაახლოებით” ახლოსაც არ იყო.
სასტიკად განიცდიდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, ეს უმოქმედობა, საკუთარი უსუსურობა აცოფებდა. ღამღამობით ტიროდა, მერე კი საკუთარი თავი სძულდა, რომ მეტს არ აკეთებდა, რომ ნიკოლოზი მარტო იყო ამდენი ადამიანის წინააღმდეგ.
ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს რაღაცას მიხვდა. თითქოს ჭეშმარიტება არასოდეს ეუფლებოდა ბრბოს. უსმენდა გადაღეჭილ, გამეორებულ აზრებსა და რეპორტაჟებს, უსმენდა გაცვეთილ სიტყვებს, „შავ ეშმაკს“, კანკალებდა მრისხანებისაგან, ტიროდა ტკივილისაგან, და ხვდებოდა, რომ უმრავლესობას მხოლოდ იოლად გასაგები, დაღეჭილი, ერთსახა და ერთგვაროვანი ამბავი აინტერესებდა, ისეთი, როგორიც თვითონ იყო. მათ სურვილი არ ჰქონდათ, რომ შესჭიდებოდნენ სიტუაციის კომპლექსურობას. მათ სურვილი არ ჰქონდათ, რომ შეეცნოთ ჭეშმარიტება, რომელიც ბარბარეს აზრით, მასში ბუდობდა.
მერე კი შეიცვალა რაღაც.
ორი თვის თავზე იფეთქა ამბავმა, რომ „შავი ეშმაკის“ დედა ციხიდან გამოვიდა. შოკი მცირე ხანს გაგრძელდა მხოლოდ, მერე კი „სისხლში ჰქონია“ აღიძრა ხალხში, ახალ საკულტო ფრაზად იქცა, და შეზარა ბარბარე ამ ფრაზის ვულგარულობამ, მიუხვედრელობამ, სითავხედემ.
ანასტასია შერვაშიძე ტელევიზორში გამოვიდა. შუა ქუჩაში იღებდნენ მისგან ინტერვიუს, საგანგებო ახალ ამბებში გაუშვეს პირდაპირი. კაფე გადავსებული იყო, ყველა შესცეცებოდა კუთხეში მიმაგრებულ ტელევიზორს.
სუნთქვაშეკრული მიშტერებოდა ანასტასია შერვაშიძეს ბარბარე, ქალს, რომელმაც მასა და ნიკოლოზს საქორწინო ბეჭდები მისცა და ფაქტიურად დალოცა.
გასაცოდავებული, გაფითრებული მოჩანდა ქალი. მაგრამ კოხტად ეცვა, კოხტად დაევარცხნა თმა. მინისტრის მეუღლეს ჰგავდა. სქელი ოქროს, კარგად მორგებული ბეჭედი მოუჩანდა მარჯვენის არათითზე.
-მე დავაშავე. – ამბობდა ის. – და მოვიხადე კიდეც სასჯელი… მეგონა, მთელი ცხოვრება ციხეში ვიქნებოდი, ისე გაგრძელდა ეს წლები…
ვიღაც ჟურნალისტმა შეაწყვეტინა. ჰკითხა, თუ როგორ მოხდა ისე, რომ მისი თავისუფლების აღკვეთის შესახებ არავინ იცოდა, რომ არსად ჩანდა სასამართლო პროცესი, რომ ჭორი დადიოდა, თვით მინისტრმა გამოჰკეტაო საკუთარი ცოლი ციხეში.
-სასამართლო პროცესზე რომ არ გსმენიათ, ესე იგი სათანადოდ, წესიერად, ეთიკურად ჩატარდა. – დინჯად გაუღიმა მას ანასტასია შერვაშიძემ. მისი მოწითალოდ შეღებილი ტუჩები იღიმოდნენ, მაგრამ ცივ, ვაჟის მომწვანო თვალებში აშკარად ჩანდა მისი სიტყვების მნიშვნელობა. – ჩემი მეუღლე კი არაფერ შუაშია… ისე, რა ბედის ირონიაა, არა? მე მეგონა ციხეში ამოვლპებოდი, ჩემი შვილი კი თავისუფალი იქნებოდა, ლაღი, ბედნიერი! ახლა კი პირიქითაა, რაღაც დაირღვა, რაღაც არასწორად წავიდა… – ის ნაღვლიანად იღიმებოდა, ხალხს თვალი მოავლო. – ყველაფერს მივცემდი იმისათვის, რომ ჩემი შვილის ადგილას ვიყო, რომ მას ადგილი გავუცვალო…
-შავ ეშმაკს უწოდებენ, – შეაწყვეტინა კიდევ ერთხელ მეორე ჟურნალისტმა, ოლიმპიური სიმშვიდით, მოკუმული ტუჩებით მიაშტერდა ანასტასია შერვაშიძე. – ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
-ეშმაკი არ არის, ადამიანია. – გაიღიმა ქალმა. – ადამიანები კი ეშმაკზე უარესები არიან, ჩემო კარგო… ისინი იტყუებიან, პირფერობენ, თავს ისე წარმოაჩენენ, როგორც ანგელოზებს, ეშმაკი კი ამას არასოდეს გააკეთებს… მაგრამ ის ჩემი პატარა ბიჭია და ეს არასოდეს შეიცვლება. ჩემზე უკეთ არავინ იცნობს. ის, რაც მას გადახდა, ყველას მოსპობდა, საშინელებას გამოძერწავდა მათგან. ის ჩემი უძღები შვილია, რომელიც სახლში დაბრუნდება.
მერე კი მიბრუნდა ანასტასია, აღრიალებულ ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია, აშკარა, არისტოკრატული მოძრაობით ანიშნა საუბრის დასრულება მათ. აქანავებულ კამერაში ჩანდა, თუ როგორ აკავებდა მისი მეუღლის დაცვა ჟურნალისტთა დაგეშილ, ნადავლზე მიშვებულ ბრბოს, როგორ გაიღო მინისტრის მანქანის კარი და როგორ ჩაჯდა ანასტასია შერვაშიძე. მანქანის სიღრმიდან ოთარ შერვაშიძის შევერცხლილმა თმამ და აბზინებულმა ნაცრისფერმა თვალებმა გაიელვეს, სანამ კარი დაიხურებოდა.
ანასტასია ციხიდან იყო გამოსული. და ვაჟს იცავდა.
„გარკვეული მოთხოვნები. რამდენიმე ადამიანს ეხებოდა ეს ამბავი…“ უთხრა ორლოვმა.
ნუთუ ბარბარესა და ნიკოლას დედას გულისხმობდა ამ სიტყვებით? ნუთუ გარკვეული მოთხოვნები, რომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა ნიკოლოზს, ბარბარესა და ანასტასიაზე გამოიყენა?
იმ ღამით მწარედ იტირა გოგონამ. ბალიშში ღმუოდა, ჩამქრალი, სხეული ეწვოდა, ისე ძლიერად სურდა, რომ ისევ ეგრძნო მზეკაცის თბილი, ფრთხილი შეხება, მისი მოხვევა და მკლავები მის გარშემო.
დედა შემოვიდა. სასთუმალთან დაუჯდა, ცოტა ხანი უსიტყვოდ იჯდა, ალბათ უსმენდა შვილის შეუწყვეტელ ტირილს, გამოწურული გულიდან და დახშული სასუნთქი გზებიდან რომ ამოდიოდა, და ეშინოდა მისთვის ხელის დაკარების.
ბოლოს მაინც გადაუსვა თავსა და მხარზე ხელი. მისი ნუგეში სცადა.
მაგრამ ვეღარაფერი ანუგეშებდა ბარბარეს, შერვაშიძის გარდა. დედის შეხებაზე უფრო მეტად ატირდა, მაგრამ იმის გამო არა, რომ დედა მისი გულისათვის იჯდა ამ შუაღამეზე მის გვერდით, არამედ იმიტომ, რომ მისი შეხება ვერ შეცვლიდა, ვერასოდეს შეცვლიდა, ვერც კი მიუახლოვდებოდა შერვაშიძისას.
ბორგავდა ბარბარე. შფოთავდა. სულ ნიკოლოზზე ფიქრობდა.
ანი აკითხავდა. ეუბნებოდა, ცალმხრივი დიალოგის სახით, თუ როგორ იყო საქმე, რომ ბიჭი ეყოლებოდა მალე, რომ მშობლებმა ცოტაოდენი ჭირვეულობის შემდეგ მიიღეს მისი ორსულობა. ახალ ამბებს უყვებოდა. ეუბნებოდა, რომ სამუდამოზე ფიქრობდა სასამართლო, მაგრამ ორმოცდაათ წელს ვარაუდობდა ნიკოლოზის ადვოკატი. ეუბნებოდა, რომ კარგი ადვოკატი ჰყავდა შერვაშიძეს, თითქოს ეს ნუგეში იქნებოდა ბარბარესათვის.
მას არ ესმოდა, თუ როგორ ნადგურდებოდა ბარბარე. ხედავდა, მაგრამ ალბათ ვერ ხვდებოდა, ან ყურს იყრუებდა ბარბარეს სიჩუმეზე, თვალებს ხუჭავდა.
-გაგივლის, ბარბარე. – უთხრა ერთ საღამოს. – აი ნახავ.
გაუღიმა გოგონამ საპასუხოდ, მწარედ. გალეული ხელები კალთაში ეწყო, სკამზე იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა.
უნდოდა ეთქვა, რომ დღითი-დღე უფრო უარესდებოდა საქმე. რომ, ყველაფრის მიუხედავად, არ სურდა, რომ ამას გაევლო. ამბობდნენ, რომ მოლოდინი ტკბილი იყო, მაგრამ იცოდა ბარბარემ, რომ არაფერი იქნებოდა იმ წამის სადარი, როცა ნიკოლოზს დაინახავდა, მიუახლოვდებოდა, ჩაეკვრებოდა, მის სხეულს იგრძნობდა და მზე გაუღვივდებოდა შიგნით. როცა შეივსებოდნენ მისი დატეხილი ნაწილები.
ანასტასია შერვაშიძის ტელევიზორში გამოჩენიდან ორ კვირაში, საღამოს სახლში მოსულს, მთელი დღე ქალაქში ხეტიალისაგან დაოსებულს, დედა დახვდა, მოზრდილი, გატენილი სასკოლო ჩანთით ხელში. ქალი გაფითრებულიყო, მის დანახვაზე წამოდგა, აკანკალებული.
-ვიღაც ბავშვმა მოგვიკაკუნა. – წამოილუღლუღა მან. – ჩანთა დამიტოვა, მითხრა, რომ შენთვის იყო და წავიდა…
მიუახლოვდა დედას ბარბარე. გაფაციცებით მიაშტერდა სასკოლო ჩანთას. რაღაც იგრძნო, ხელები აუთრთოლდა.
-გახსენი? – ამოიხრიალა მან. გული ყელში უბრაგუნებდა, პულსის ადგილას უზნექდა კანს. მთელი სხეული უხტოდა თითქოს.
დედამ თავი დაუქნია. ჩანთა გადახსნა, ელვა შესაკრავის თითოეული კბილის ღრიჭინი უროსავით ურტყამდა ბარბარეს ტვინში.
მიუახლოვდა გოგონა. ჩანთაში ჩაიხედა, გაოგნებულმა. სასტუმრო ოთახის ყვითელი შუქი, ძველი ჭაღიდან მომავალი, ეფინებოდა თავზე.
ფულით იყო გამოტენილი ჩანთა.
ბევრი ფულით.
ასლარიანი ბანკნოტები შეეკრათ სქელ დასტებად, ყველა ახალი, ტკიცინა მოჩანდა.
-არაფერი ამომიღია… – ალუღლუღდა დედა. – ძალიან შემეშინდა… ეს რა არის, ბარბარე? ამდენი ფული… წარმოგიდგენია, რამდენი იქნება?
ბარბარეს ყელი გამოუშრა. სხეული პულსად ქცეოდა. სისხლი ჩამოერეცხა თითქოს ტვინიდან, რეტი დაესხა და ხელი გააფაციცა, თვალებში ჩამოუბნელდა. ძლივს ჩამოჯდა ტახტზე, ძალაგამოცლილი.
ნიკოლოზი. სხვა ვერავინ გამოუგზავნიდა ამდენ ფულს.
მაგრამ რატომ? როგორ?
ტუჩი მოიკვნიტა ბარბარემ. თვალები ეწვოდა.
მერე კი შეამჩნია.
დასტებს შორის, ჩანთის გვერდით მიჭყუნული, გაკეცილი ფურცელი.
ნაწლავები გადაეხლართნენ თითქოს, ისე მოეკრუნჩხა შიგნეული. პირი გააღო, ტუჩები უკანკალებდა, ელვის სისწრაფით სტაცა ფურცელს ხელი, ამოაძვრინა და გადაშალა, აღუწერელი სიხარბით აღვსილმა.
გაქცეული, ნაჩქარევი, უხეში ნაწერი იყო. არც სახელი ეწერა, არც თარიღი, არც არაფერი.
მაგრამ წამსვე იცნო ბარბარემ. აქამდე შერვაშიძის ხელწერა არ ენახა, მაგრამ თითოეულ კალმის მოსმაში მას ხედავდა, უხეშ „ხ“-სა და კუთხურად მოხაზულ, გრძელთავიან „ბ“-ში.
თვალები აემღვრა. პირზე ხელი იტაცა.
„აიღე ეს ფული და ისე გამოიყენე, როგორც საჭიროა, ჭკვიანურად. შენ არაფერი შეგეშლება, და მე არ მინდა რამე მოგაკლდეს.
ალბათ ყველაზე ნაკლებად ჩემგან ფული გჭირდება და მე ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ ფული მოგცე. ეს ბინძური ფული ზუსტად ჩემნაირია, მაგრამ სუფთა გულით მიიღებ, ისე, როგორც მე გაძლევ.
შენ ყველაფერი იცი ჩემზე, ბარბარე. იცი, რა საშინელი კაციც ვარ, მე ეს არასოდეს დამიმალავს შენთვის და უნდა გეუბნებოდე, რომ დამივიწყო, რომ არ იფიქრო ჩემზე, რომ ბედნიერი იყო.
მაგრამ ამას არ გეტყვი. მინდა, რომ ისე იყო, როგორც მე და ვიცი კიდეც, რომ ხარ. მინდა, რომ საფეთქლები აგეწვას, მშრალი ძვლები აგიცახცახდეს, სისხლი აგიორთქლდეს ჩემზე ფიქრში. ასე იოლად ვერ მომიცილებ, ძარღვებში გყავარ.
იცი, ადრე ვიტყოდი, რომ ბევრი საშინელება გავაკეთე, მაგრამ არ ვნანობდი, რადგან საჭიროება მეგონა, ერთადერთი არჩევანი იმ დროისათვის… მაგრამ ახლა მგონია, რომ მხოლოდ იმდროინდელი აწმყოსათვის არ ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი, რაც არ უნდა სასტიკი ყოფილიყო ჩემი საქციელი. მე ყველაფერი სწორად გავაკეთე, ბარბარე, ერთი შეცდომაც არ დამიშვია, ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, რადგან შენ შეგხვდი.“
სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.
სამარისებური. მხოლოდ ტირილი არღვევდა მას, გაუცნობიერებელი ტირილი.
ბარბარე ტიროდა. ხმამაღლა, მოთქმით. წერილი გაიწვდინა, რომ ცრემლები არ დაცემულიყო ნაწერზე, რომ არ გაედღლაბნა მელნით დაწერილი ასოები.
შერვაშიძის სიტყვებით ავსებოდა ფილტვები, და ეზიზღებოდა ბინძური ჰაერის შესუნთქვა. ჩაჰყურებდა ნიკოლოზის დაწერილ სიტყვებს, მის გაქცეულ ხელწერას, მზერით ეფერებოდა თითოეულ ასოს და გულამოსკვნილი ტიროდა, ისე ძალიან უნდოდა, რომ ახლა გვერდით ჰყოლოდა, უბრალოდ გაეწვდინა ხელი და ეგრძნო ის.
ყველაფერი აირია. თითქოს ნიკოლოზის შეხვედრაზე დაიცალა ბარბარეს მთელი იღბალი, ახლა გამოელია და არაფერი ჰქონდა დარჩენილი, ამ წერილის გარდა.
მისი გულამომჯდარი ქვითინი ავსებდა ოთახს.
წერილზე ჩაშტერებულმა დედამ ფრთხილად შეახო მხარზე ხელი.
.
-*-*-*-*-*-*-*-
ორ დღეში არსად გავიდა ბარბარე. უბრალოდ სახლში იჯდა, საკუთარ თავს აძალებდა ჭამასა და სმას.
ორ დღეში დარეკა ანიმ. მოსაღამოვებულიყო.
დედამ გადმოსცა, რომ სასწრაფოდ მისი ნახვა სურდა ანის. რომ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო ეს და არ გადაიდებოდა, რომ მასთან უნდა მისულიყო ბარბარე.
იწვა გოგონა. იწვა და ნიკოლოზის წერილი ედო თავთან. თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა, იზეპირებდა.
სულაც არ სურდა ადგომა, და მითუმეტეს ანისთან წასვლა.
მერე კი დედამ უთხრა, ყოყმანით, გაცრეცილი თვალებითა და გამომეტყველებით, რომ საქმე შერვაშიძეს ეხებოდა.
მერეღა წამოდგა ბარბარე. ისე სწრაფად, რომ თავბრუ დაესხა. წერილი ბალიშისქვეშ შეინახა, სასწრაფოდ ჩაიცვა.
დედამ ტაქსი გამოუძახა. შეეწინააღმდეგებოდა ბარბარე, მაგრამ საზღვარი გასჩენოდა მის დაუძლურებულ სხეულს.
მშვიდობიანად მივიდა ანიმდე. თოვლის მშვიდ ფარფატსა და ლამპიონების შუქს უმზერდა ტაქსის ფანჯრიდან.
თვით ანიმ გაუღო კარი. ნაძალადევად გაუღიმა, სახლის თხელ სვიტერში უფრო ეტყობოდა თითქმის ექვსი თვის მუცელი. შეიპატიჟა, ბარბარეს მოუთმენელ გამომეტყველებას არ იმჩნევდა.
მისი მშობლები ზრდილობიანად მიესალმნენ, მაგრამ დაძაბულობა, მათი იჭვნეული გადმოხედვა აშკარა გახლდათ.
მათთვის ყურადღება არ მიუქცევია ბარბარეს, მაშინაც კი, როცა მეზობელ ოთახში გავიდნენ და მხოლოდ თვითონ და ანი დარჩნენ სასტუმრო ოთახის ტახტზე.
-აბა? – ჩაეკითხა ბარბარე, დაბალი, ჩახეული ხმით. გაფაციცებით მიშტერებოდა მას, უყურებდა, თუ როგორ აიღო ანიმ გადამრთველი და ტელევიზორი ჩართო. – რა უნდა გეთქვა?
-ამ საღამოს რეპორტაჟი გავიდა. – ჩუმად უპასუხა ანიმ, სახე გაფითრებოდა. – შენ არ გინახავს, როგორც ჩანს… – წამოილუღლუღა მან.
რაღაცამ გაჰკრა ბარბარეს. განცვიფრებული მიაშტერდა.
-რა მოხდა? – ძლივს ამოღერღა მან, ანის მზერის დაჭერას ცდილობდა, გამყინავმა ჟრუანტელმა ჩაურბინა ზურგში და ააკანკალა, ცივმა ოფლმა დაასხა. ტელევიზორში რეპორტიორმა დაიწყო დაგუდული საუბარი. – გამაგებინე, რა მოხდა?! – ხმას აუწია მან.
-მოუსმინე. – უთხრა ანიმ, ტელევიზორისაკენ თავი აიქნია, მერე კი ხელზე მოჰკიდა ხელი, მაგრად მოუჭირა. – ძალიან ვწუხვარ, ბარბარე. – წაიჩურჩულა მან, შეწუხებული სახით მიაშტერდა.
-რაებს მელაპარაკები, შენ ხომ არ გაგიჟდი… – ამოიხავლა ბარბარემ, შეშლილი თვალებით შეჰყურებდა ანის, გულის ფეთქვას გრძნობდა, თითქოს იზნიქებოდნენ ნეკნები გულისცემის ძალის ქვეშ.
ხელები უთრთოდა. მტკივნეულად ფეთქავდნენ შუბლსა და საფეთქელში ძარღვები.
-საგანგებო ამბების გამოშვება გატყობინებთ, რომ გახმაურებული კრიმინალური დაჯგუფების საქმის ცენტრში მყოფმა პიროვნებამ, ეგრეთწოდებულმა „შავმა ეშმაკმა“ და ზემოხსენებული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერმა ნიკოლოზ შერვაშიძემ, რომელიც ბერეხის ციხეში იმყოფებოდა ვერდიქტის გამოტანამდე, თავი მოიკლა… იგი საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს, სამართალდამცველები იუწყებიან, რომ უცნობია, თუ როგორ მიუწვდებოდა მას ხელი ცივ იარაღზე, რომლითაც საფეთქელში მიყენებული ერთი ნატყვიარი აღენიშნება…
სმენა გაეთიშა ბარბარეს. აღარ ესმოდა.
ვეღარც ხედავდა, ყველაფერი აერია გონებაში, მხოლოდ იყურებოდა, თვალებგადმოკარკლული, მთელი ძალით უჭერდა ანის ხელზე ხელს, პირი დაეღო და ძლივს ხროტინებდა, რომ ჰაერი შეეტანა შიგნით.
ნიკოლოზი მოკვდა.
ნიკოლოზი მოკვდა.
ნიკოლოზი მოკვდა, მოკვდა, მოკვდა, მოკვდა, მოკვდა….
არარეალური იყო ეს, შეუძლებელი. ამას ვერაფრით დაიჯერებდა.
წერილი გაახსენდა. გული ამოუჯდა, გამწარებულს, გაწამებულს.
-არ მჯერა… -ამოიხავლა მან. – შეუძლებელია, თავს არ მოიკლავდა, არ მჯერა, არა…
-ბარბარე, ძალიან, ძალიან ვწუხვარ… – ბუნდოვნად ესმოდა ანის ხმა, და მისი ხელის შეხებას გრძნობდა მხარზე.
არა, ცოცხალი იყო ნიკოლოზი. ცოცხალი იყო, რომ მომკვდარიყო, რამეს იგრძნობდა, რამე უნდა ეგრძნო, რამე უნდა…
ნიკოლოზის სიზმრები გაახსენდა.
-თავს არ მოიკლავდა… – გაიმეორა ბარბარემ. ტუჩები უთრთოდა. – თავს არ მოიკლავდა… თუ მოკვდა, ვიღაცამ მოკლა, ვიღაცამ… ვიღაცამ მომიკლა… ადამიანებმა წამართვეს, ღმერთმა მომცა და ადამიანებმა წამართვეს… – ლუღლუღებდა ის.
თითქოს გაითიშა მისი გონება. გადაღეჭილ ფიქრებს ატრიალებდა მხოლოდ.
ამღვეული თვალებიდან ცრემლები სდიოდა ბარბარეს, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა, არ ტიროდა, არ სლუკუნებდა, არც ყვიროდა. უბრალოდ იჯდა, ცარიელი.
აქამდე ვერ ხვდებოდა, რომ სუპერნოვას განიცდიდა. ფეთქდებოდა, ღუოდა, როგორც წითელი გიგანტი, ყველაფერს წალეკავდა მისი გრძნობა, გარშემო.
ახლა კი ჩაქრა. თეთრ ჯუჯად იქცა.
დაცარიელდა. გამოიშიგნა. ვეღარაფერს გრძნობდა, გონება დახშობოდა, გაჰყინვოდა ყველაფერი.
„გარდაიცვალა.“ უტრიალებდა თავში და არ სჯეროდა.
საბოლოოდ მოკვდა მასში მზე.
შეაკანკალა ბარბარეს. სახე მოენგრა, ისეთი ძალით დააჭირა კბილები ერთმანეთს, რომ გაიღრჭიალეს მათ, შეეზიზღა საკუთარი თბილი სუნთქვა, პირიდან რომ გამოსდიოდა, ქშენით.
ჭიანჭველებს აევსოთ მისი მზერა.
ვერ დაიჯერებდა იმას, რომ შერვაშიძეს ვეღარ ნახავდა, შუშისებრ მზერაში ვეღარ ჩახედავდა, ვეღარ გადაუსვამდა გაწეწილ თმაში ხელს, ვეღარ იგრძნობდა იმ უტყუარ, გამოზომილ გულისცემას…
რეტი დაესხა. თვალები გადაუტრიალდა და მოემჩვარა სხეული.
გული მისდიოდა.
ანის გაოგნებული, შეშფოთებული ყვირილის ფონზე გატყდა საბოლოოდ მისი სხეული.
მხოლოდ და მხოლოდ შერვაშიძის გამოხედვა და ღიმილი ედგა თვალწინ, როცა დაიფშვნა ნაწილებად და ბნელმა მოიცვა მისი გონება.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-*-32
ბნელოდა.
თან ისეთი სიბნელით, სხეულში რომ უძვრებოდა ადამიანს, უგრძნობს რომ ხდიდა და მხოლოდ საკუთარი გონების წინაშე ტოვებდა მარტო.
გაეცრიცა თვალთახედვა ბარბარეს. ბნელი გადაიწია მისი მზერიდან, როგორც ბლანტი, წებოვანი, მდორე კუპრი. ისეთი ნელი და სასტიკად დამთრგუნავი, როგორიც არასოდეს არ ეგრძნო აქამდე.
ძლივს მოვიდა აზრზე.
თვალები გაჭირვებით დაახამხამა, დაიწმინდა მისი ბუნდოვანი სმენაც. ხმადაბალი ლაპარაკი ისმოდა მოშორებით, თითქოს ტელევიზორი იყო ჩართული.
ზემოთ აიხედა, თვალები ხან ეხუჭებოდა, ხან კი მთელი ძალით კარკლავდა მათ, რომ წესიერად დაენახა რამე.
თავზე დასტრიალებდნენ თავართქილაძეები, ანის პირზე ეტაცა ხელები და მიშტერებოდა, გაფითრებული. თამილა და გურამი ოდნავ მოშორებით იდგნენ, შეწუხებული გამომეტყველებებით.
როგორც ჩანდა, სასწრაფო გამოეძახებინათ. თვითონ ტახტზე იწვა, და მის გვერდით ჩამომჯდარიყო სასწრაფოს ექიმი, წყნარად უზომავდა ერთი ექიმი წნევას, გამხდარ მკლავზე შემოხვეული მანჟეტი იბერებოდა ნელ-ნელა, კანზე აწვებოდა და შეიჭმუხნა დისკომფორტისაგან გოგონა, კვნესა წასკდა. პირი გამოშრობოდა, ახლაღა იგრძნო, თუ როგორ დახეთქოდა ტუჩები.
-ვაიმე, ბარბი… – ამოიკვნესა ანიმ.
-დაწყნარდით, ქალბატონო. – მიმართა მეორე ექიმმა, ტახტთან ახლოს ჩამომჯდარიყო სკამზე და გადახსნილი წითელი ჩანთა ედო კალთაში. – თქვენთვის არ შეიძლება ახლა ნერვიულობა… თან ამასაც აანერვიულებთ.
ჯერ ვერ გაიგო ბარბარემ, თუ რა ხდებოდა, წამოწევა სცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო. ისე ტეხდა და მომჩვაროდა კუნთები, თითქოს მარათონი ერბინა შეუჩერებლად. ოფლი მოაწვა შუბლზე, ისევ უკან მიესვენა, გასავათებული.
-ნუ დაიძაბავთ, თავს, გოგონა! – გაუწყრა სასწრაფოს ექიმი. – ისედაც გეტყობათ, რომ გამოფიტული ბრძანდებით! სასწრაფოდ გჭირდებათ წესიერი კვება, ძილი და დასვენება…
ექიმი განაგრძო, ლაპარაკობდა, მოძღვრავდა, მაგრამ სადღაც ჩაიკარგა მისი სიტყვები, სადღაც შორს, ბუნდოვან, უმნიშვნელო ადგილას.
ცოტა ხანი უყურა მას ბარბარემ. უსმენდა მის ლექციას, დარეტიანებული, ბალიშზე თავმისვენებული და ენას ვერ ატრიალებდა პირში, ისე მოდუნებულიყო.
ცარიელი იყო, ერთიანად. გონება დაცარიელებოდა, ისე სასტიკად დაღლილად და საზიზღრად გრძნობდა თავს, თითქოს საშინელი სიზმარი ეხილა.
მერე კი ნელ-ნელა წამოუტივტივდა თავში.
ნიკოლოზის წერილი. ანის ზარი დედამისთან, და რაღაც საქმე, რომელიც გადაუდებელი გახლდათ, რომელიც ანის მასთან ჰქონდა და რომელიც ბარბარეს ანისთან მისვლას საჭიროებდა.
აფორიაქდა გოგონა, თვალები გაუფართოვდა, საშინელი წინათგრძნობის ჟრჟოლამ ჩაუარა ზურგში.
მერე კი გაახსენდა.
გაახსენდა და ისე დაარტყეს მოგონებებმა თავში, როგორც გამოქანებულმა უროებმა. წამიერად შეეცადა რომ მათ შეწინააღმდეგებოდა კიდეც, ბნელი წინათგრძნობისაგან შეძრწუნებული, მაგრამ ისე ჩამოგლიჯეს მოგონებებმა მისი სუსტად აღმართული კედელი, თითქოს ფარატინა ქსოვილი ყოფილიყო. იწვა, უძლური, თვალებგაფართოებული, დაოსებული და მიშტერებოდა ჭერს.
ტელევიზორი. ქერათმიანი რეპორტიორი, მისი დაღებული პირი და გაუცნობიერებლად ნათქვამი სიტყვები, რომლებმაც ისე შემოაღწიეს მასში, როგორც ტყვიებმა, დადაგეს, დაწვეს და გახლიჩეს ნაწილებად.
მერე კი საკუთარი მანტრა, რომელსაც მისი სასტიკი გონება იმეორებდა, უჩურჩულებდა, შხამიანი ენით.
„ნიკოლოზი მოკვდა. ნიკოლოზი მოკვდა. ნიკოლოზი მოკვდა…“
თვალები გაუფართოვდა ბარბარეს, ისეთი შოკი გაუჯდა მომენტალურად ძვლებში, რომ ვეღარ ამოისუნთქა. თვალები გადმოეკარკლა. მართლა ვეღარ სუნთქავდა, პირდაღებულს ხროტინი აუტყდა.
არა, ამას ვერ დაიჯერებდა. ისეთი აბსურდული იყო შერვაშიძის სიკვდილის წარმოდგენა, რომ ვერაფრით გაითავისებდა ამას.
ვერ წარმოედგინა, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ნიკოლოზი იყო, ოდესმე საკუთარი ხელით აისრულებდა თავის კოშმარებს. არა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო…
ვერაფრით წარმოედგინა ის, რომ ნიკოლოზის უტყუარი გულისცემა ახლა შეწყვეტილი იყო. რომ აღარ იყურებოდნენ მისი შუშისებრი თვალები, ცოცხლად, ენერგიით აღსავსენი, აღარ ასხივებდა სითბოს, როგორც მზის გული არ მოძრაობდნენ მისი ხელები, რომლებიც მას ბარბარეს ზურგზე უნდა დაესვა.
სამყარო ვერ წარმოედგინა მის გარეშე.
-არა… – ესმოდა ვიღაცის ხრიალი. – არა, არა, არა… არ მჯერა…
-გაუკეთეთ რამე! -დაჰყვიროდნენ ზემოდან, მერე კი პაწაწინა ჩხვლეტა იგრძნო მკლავში. სხეული აუტანლად ეწვოდა, ჩაჰკეტოდა კუნთები.
მერე კი მოემჩვარა ტანი, ამოსუნთქვა შეძლო, მაგრამ ისეთი ხელოვნური მოეჩვენა ეს ქმედება, დამამშვიდებლის გავლენის ქვეშ, რომ თითქმის ისურვა, რომ ვერ შესძლებოდა.
გონება დაებინდა, მიბნედილი იყურებოდა, გამომშრალიყო ერთიანად.
ნიკოლოზის სიკვდილის აბსურდულობაზე ფიქრობდა. მისი თვითმკვლელობის შეუძლებლობაზე ფიქრობდა.
თვალები დახუჭა, მაგრად, გამწარებულმა.
ვერ დაიჯერებდა ამას.
.
-*-*-*-*-*-*-*-
ჩამობნელებულიყო თებერვლის სუსხიან საღამოს.
წვრილი ფიფქებით თოვდა, ტრიალებდნენ ორთქლითა და ნაცრისფერი ბოლით სავსე ჰაერში, მიწაზე მიყინულ თოვლს ეფინებოდნენ.
მდინარე მდორედ მიედინებოდა. ყინულის ნატეხები დაცურავდნენ ნელა ზედაპირზე, ნაპირს ჩქაფუნით ეხეთქებოდნენ ტალღები.
მდინარის ზემოთ აღმართულ, წამოწეულ კონცხზე, თოვლშეყინულ ხეთა გადმოფარებული ტოტების ქვეშ იდგა ორი მამაკაცი. იდგნენ სიჩუმეში, ერთი ეწეოდა, ნაცრისფერ ქულებს ატანდა სუსხიან ნიავს, დრო და დრო გვერდით იყურებოდა, თვალს აყოლებდა კონცხიდან ცოტა მოშორებით, მდინარეზე გადებულ, ქალაქში შემავალ ხიდს, რომელზეც წითელ-ყვითელ ფერთა ათინათში გამოხვეული მანქანები დაქროდნენ.
-როგორ ჩაიარა? – იკითხა პირველმა.
-ფეთქებადი ტყვიები გამოვიყენე. – თქვა მეორემ, მუქი ნაცრისფერი ქურთუკი ეცვა, ყელამდე აწეული საყელოთი. მუქი, წვრილი თვალებით იყურებოდა, ოდნავ თავდახრილი, შებურული თავიდან ბოლომდე.
-აჰ. – თქვა პირველმა. – კარგი არჩევანია. შეუხედავი, მაგრამ კარგი.
წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. სადღაც, შორს ღავღავი ატეხეს ძაღლებმა, რომელის შორეულ, რაღაცის გუგუნსა და მანქანათა შხუილს შეერია.
– როგორც თქვენ დამავალეთ, ყველაფერი უცებ მორჩა. – თქვა მეორემ. – ხელი არავის შეუშლია. დაცვა არაფრად ვარგოდა ამ ვითომ ქვეყნის საუკეთესო ციხეში….
პირველმა თავი დააქნია. წყნარად ეწეოდა, ტვინში დატრიალებული ნიკოტინისაგან მომენტალური სიმშვიდის ღრუბელში გახვეულიყო. მბზინვარე, ცივი ნაცრისფერი თვალებით გადაჰყურებდა მდორედ მიმავალ წყალს. შევერცხლილ თმაში გაერია სიგარეტის კვამლი.
-ძალიანაც კარგი. – თქვა ბოლოს. – იმან ისედაც ძალიან ბევრი იცოდა. კარგი გათვლა იყო.
მეორემ თავი დააქნია. მდინარეს გაშტერებოდა.
-ფული, როგორც ყოველთვის თქვენს ანგარიშზე დაჯდება. – თქვა პირველმა. – შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე, ბატონო. – თავი დაუქნია მეორემ, და შებრუნდა, დათოვლილ ხეთა რიგებს შეერია.
პირველმა კი წყნარად გააგრძელა მოწევა. მდინარეს გაჰყურებდა და ტკბებოდა სიწყნარით, წყალზე ათამაშებული, მკრთალი წითელ-ყვითელი ათინათით.
ესეც მოგვარდა.
ყველაფერი მორჩა.
.
-*-*-*-*-*-*-*-
საავადმყოფოში მიიყვანეს ბარბარე. წვეთოვანი დაუდგეს, გამოუცხადეს, რომ საშინლად იყო გამოფიტული და დასუსტებული, რომ ასე არ შეიძლებოდა, რომ უკეთესად უნდა მიეხედა საკუთარი თავისათვის.
ბარბარეს კი აღარაფერი აინტერესებდა უკვე. გული ეგრიხებოდა მკერდში, ადგილზე იწვოდა, ლოგინში ჩამარხული თითქოს და პალატაში ჩაკეტილი, მხოლოდ და მხოლოდ ნიკოლოზზე ფიქრს მოეცვა მისი გონება.
არ დაიჯერებდა მის სიკვდილს. ჯიუტად არ მისცემდა საკუთარ თავს ამის უფლებას.
დედა თავქუდმოგლეჯილი მოვარდა. გვერდით დაუჯდა, იტირა. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ტიროდა.
ხუთი დღე დაჰყო საავადმყოფოში. მოჰქონდათ საჭმელი და ძალით აჭმევდა დედა.
ანიმაც მოაკითხა, გაფითრებული, ანერვიულებული ჩანდა. კუთხეში მიმწყვდეული, დამფრთხალი შველის სახით უყურებდა. აშკარა გახლდათ, რომ სინდისი ქენჯნიდა იმის გამო, რომ ის რეპორტაჟი აჩვენა.
აღარაფერი უთხრა ბარბარემ. უგემურ საჭმელს ჭამდა, რომელიც თითქოს ქაღალდად გადადიოდა მის ყელში, უბრალოდ იწვა და ფიქრობდა.
მხოლოდ ამის საშუალებაღა დარჩა. ამჯერად მის პალატაში არ იყო ტელევიზორი.
ყველაფერს მისცემდა ბარბარე იმისათვის, რომ რამე ახალი ამბავი გაეგო. საწოლს მიჯაჭვული კბილს კბილს აჭერდა, ფრჩხილებს იჭამდა ძირამდე. ცივი ოფლი ასხამდა, მოუთმენლობისაგან გათანგულს.
ხრავდა ნიკოლოზზე რამის გაგების სურვილი. სასტიკად უარყოფდა მისი გონება იმის შესაძლებლობას, რომ ის შეიძლებოდა გარდაცვლილი ყოფილიყო. საკუთარი თავი ვერ წარმოედგინა მის გარეშე, ვერაფრით შეეგუებოდა ამას.
შეეძლო ანისა და დედისათვის ეკითხა, მაგრამ არ ეუბნებოდა არაფერს, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ანი მაინც უპასუხებდა კითხვებზე. თვითონაც არ იცოდა, რატომ.
ალბათ არ სურდა მოესმინა სიტყვები „ძალიან ვწუხვარ“ და „გარდაიცვალა“. ვერ აიტანდა მათ.
ამიტომ ჯიუტად დუმდა. და ჯიუტად დუმდნენ ანი და დედაც.
საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, მეორე დღესვე წავიდა ქალაქში.
წამსვე იგრძნო განსხვავება. უფრო აღრიალებულიყო, უფრო აღტკინებულიყო ქალაქი. უფრო მეტი ჩოჩქოლი ისმოდა ხალხში. ჰაერში გრძნობდა ბარბარე განსხვავებას და აძრწუნებდა ეს.
გადავსებული იყო თითოეული საგაზეთო ჯიხური ახალი გაზეთებით, დიდი, შავი ასოებით რომ ეწერათ სათაურები.
„“შავი ეშმაკის“ სიკვდილი – სამართალი თუ სისასტიკე?“
„უხილავი გმირი „შავი ეშმაკის“ სიკვდილის უკან“
„ახალი ინფორმაცია „შავი ეშმაკის“ სიკვდილზე – თუ რატომ არ იყო ეს თვითმკვლელობა“
„მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?“
„“შავი ეშმაკი“ გარდაიცვალა – ვინ იქნება შემდეგი“
„ანონიმური სამართალდამცველი „შავი ეშმაკის“ სიკვდილზე ალაპარაკდა“
ისეთი ვულგარული და თავხედური იყო ეს სიტყვები, რომ გული ერეოდა ბარბარეს. თვალის არიდება სურდა მათთვის, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა, თითოეული სიტყვა აღწევდა უკლებლივ მასში და უწამლავდა სხეულსა და გონებას.
ლასლასით მივიდა კაფემდე, დაცლილი და გამოფიტული.
კაფე, როგორც ყოველთვის, სავსე იყო, ჩაერთოთ კუთხეში მიმაგრებული ტელევიზორი და ყველა წყვილი თვალი მისკენ შეტრიალებულიყო.
საგანგებო ახალი ამბები გადიოდა. რაც „შავი ეშმაკის“ საქმეს ნიშნავდა.
გარინდულიყო ხალხი და გული ყელში მოაწვა ბარბარეს. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, წარბშეკრული მიშტერებოდა პატარა ეკრანს.
ქანაობდა გამოსახულება, აშკარა იყო, რომ ჟურნალისტები აწყდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ საფლავის ქვების გამოსახულება აშკარა გახლდათ.
რუხი ღრუბლები გადაჰკვროდნენ ზეცას, შორს, ისევე, როგორც კაფეს გარეთ. გამოსახულებაში ამოტივტივდა შავებში ჩაცმულ ადამიანთა პატარა ჯგუფი, რომლებიც ამოთხრილ მიწას შემოხვეოდნენ.
-დღეს გაიმართება გახმაურებული კრიმინალური საქმის ცენტრში მყოფი პიროვნების, ნიკოლოზ შერვაშიძის, იგივე „შავი ეშმაკის“ დასაფლავება… როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზ შერვაშიძემ, ვისი სასამართლოც სამ კვირაში უნდა გამართულიყო, ოთხ თებერვალს, კვირას თავი საკუთარ საკანში მოიკლა ცივი იარაღით. სამართალდამცავები ამბობენ, რომ იგი დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა მისი მოსალოდნელი ხანგრძლივი ან მუდმივი პატიმრობის გამო, რამაც განაპირობა თვითმკვლელობა და ეძებენ იმ ცივი იარაღის წყაროს, რომლითაც ნიკოლოზ შერვაშიძემ სიცოცხლე მოისწრაფა… ახლა ხედავთ ექსკლუზიურ კადრებს, პირდაპირს, მაბეთიას სასაფლაოდან, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ შერვაშიძე თავის ერთადერთ ვაჟს საგვარეულო ნაკვეთზე ასაფლავებს…
ეკრანზე ოთარ შერვაშიძის შევერცხლილი თმა დაინახა ბარბარემ. თავდახრილი იდგა კაცი, და მკლავი მოეხვია მის გვერდზე მიკრული მეუღლისათვის. ანასტასიას ხმამაღალი, მაგრამ მანძილისაგან დაბინდული ქვითინი ისმოდა, სახეზე თეთრი ცხვირსახოცი აეფარებინა.
გვერდზე კი თავდახურული კუბო იდო. მესაფლავენი თოკებს ამზადებდნენ.
გააცია ბარბარეს. ჟრუანტელმა დაუარა, გაოგნებული შეჰყურებდა, ადგილს მიყინული.
შეუძლებელი იყო.
-ნიკოლოზ შერვაშიძე დის გვერდით საფლავდება… ოთარ და ანასტასია შერვაშიძის ქალიშვილი, რომელიც წელს ოცდათერთმეტი წლის იქნებოდა, უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა ათი წლის წინ… მწუხარებას ვუცხადებთ ბატონი ოთარის ოჯახს მისი დანაკარგის გამო…
კრიჭა შეჰკვროდა ბარბარეს, უყურებდა, თუ როგორ უშვებდნენ კუბოს მესაფლავენი ამოთხრილ მიწაში, თუ როგორ უმატა ტირილს ანასტასია შერვაშიძემ და როგორ აიფარა სახეზე ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეულად იდგნენ მშობლები, მამას მხარზე დაადო ხელი გვერდით მყოფმა, ალბათ მეგობარმა, კუბო კი ჩაიმალა მიწაში.
ერთიანად კანკალებდა ბარბარე. თვალებში დაუბნელდა და მაგიდას დაებჯინა, რომ არ წაქცეულიყო. შესცქეროდა, ამაოდ ცდილობდა კუბოს დანახვას, რომელშიც, ეუბნებოდნენ, არწმუნებდნენ, რომ ნიკოლოზის გაციებული სხეული იდო.
მერე კი ორად გაიყო გამოსახულება. ერთ ნაწილზე პირდაპირი მოჩანდა, მეორეზე კი რეპორტიორის უემოციო, უგრძნობი სახე.
-ყოფილი ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ აქ მკვლელობას ჰქონდა ადგილი და რომ სამართალდამცველთა კომენტარები ამ თემაზე ერთმანეთს არ შეესაბამება… ამტკიცებს, რომ უსაფუძვლოა თვითმკვლელობის დასკვნა, რადგან ნიკოლოზ შერვაშიძეს ფსიქიკური აშლილობა და სუიციდისადმი მიდრეკილება არ აღენიშნებოდა… იგი ამატებს, რომ ის რეაქცია, რომელიც ქვეყანაში ამ საქმემ გამოიწვია, იყო საკმარისი საბაბი იმისათვის, რომ მკვლელობა იქნას გათვალისწინებული და მოუწოდებს პროკურატურას, რომ ობიექტურად მიუდგნენ ამ საქმეს…
კაფეში აყაყანდნენ, ვიღაცამ ხმამაღლა შეაგინა ადვოკატს. ვიღაც ქალი „სამართალმა იზეიმას“ გაჰყვიროდა.
-ეს ადვოკატი რაებს ბედავს, ბიჭო?! – ბუტბუტებდა ვიღაც, ბარბარეს გვერდით. – რაღაი „შავი ეშმაკი“ მოკვდა, სულ ერთი არაა, თავისი ხელით თუ სხვისი? ყველა შემთხვევაში ქვეყანას გაეწია სამსახური, რა!
ბარბარეს გული აერია. ძლივს მოსწყვიტა ეკრანს თვალი.
გაბრუნდა, ხალხში გზის გაკვლევა სცადა.
გული ყელში უცემდა, თვალებში უბნელდებოდა, ცივმა ოფლმა დაასხა. აქ ვეღარ გაჩერდებოდა, იმოდენა მრისხანებამ აავსო ამ ბრბოს მიმართ, რომელთაც უხაროდათ ნიკოლოზის სიკვდილი, მისი ლინჩის წესით გასამართლება და სიკვდილი.
ბარბარეს თვალები გაუფართოვდა. ძლივს გამოძვრა ხალხიდან, კაფის შესასვლელთან დაეშვა, საფეხურზე.
არა. არ უნდა ეფიქრა. ნიკოლოზი არ იყო მკვდარი. ვერ იქნებოდა მკვდარი. იგრძნობდა თვითონ, სჯეროდა მასსა და შერვაშიძის შორის გაბმული კავშირის იმდენად, რომ იგრძნობდა.
თვალწინ დაუტრიალდა ოთარ და ანასტასია შერვაშიძეების სახეები, დედის გამწარებული ტირილი.
და კუბო, რომელიც მიწაში ეშვებოდა.
ყბები შეკრა გოგონამ, ტუჩები მოიკვნიტა, მაგრად დახუჭა თვალები.
ფეხზე ძლივს წამოდგა, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეფიქრა. ლასლასით გაემართა სახლისაკენ.
.
-*-*-*-*-
ერთი თვე გავიდა. ორი. სამი. ოთხი.
რაღაცას ელოდა დასაწყისში ბარბარე. ეუბნებოდა საკუთარ თავს, რომ არ უნდა დალოდებოდა, რომ სისულელე იყო ოცნების კოშკები, მაგრამ მაინც, ქვეცნობიერად ელოდა, და არ აძლევდა საკუთარ თავს, რომ გაცნობიერებულად ჰქონოდა იმედი, და გაცნობიერებულად ეოცნება.
ვერ ბედავდა. და არა იმიტომ, რომ იმედგაცრუების ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ ოცნებებიდან რეალობაში ჩანარცხება იქნებოდა უფრო მწარე, მისი ფანტაზიებისა და მწარე ამწყოს შეჯახებას ვერ აიტანდა.
ამიტომ უბრალოდ ელოდა. გაუცნობიერებლად.
იყურებოდა ფანჯრებში, გაფაციცებით ათვალიერებდა მუდამ რაღაცას. თითქოს რაღაც დაჰკარგოდა, რომელიც იცოდა, რომ ახლოს, სადღაც ნაცნობ ადგილას უნდა ყოფილიყო, მაგრამ მუდამ ეცლებოდა ხელიდან. ქუჩებში დაბორიალებდა. ჩვევად დასჩემდა კვირაში სამჯერ მაინც ნიკოლოზის ბინასთან მისვლა, ძელსკამზე დაჯდომა და აივნისაკენ ახედვა. ბინა ჯერ კიდევ დალუქული იყო.
დედამ თავიდან დაუშალა. მაგრამ მერე სიტყვასაც კი არ სძრავდა.
ალბათ ისევ ბარბარეს მზერის გამო.
შეიცვალა მისი მზერა. ჩავარდნილი, ჩამქრალი, სინათლეს მოკლებული, ცარიელი გახდა. ან ამოშრობოდა თვალები, ან წყალი ედგა მათში.
ქალაქი კი ისევ აეტანა „შავი ეშმაკის“ სიკვდილის ამბავს.
ცხარე სპეკულაცია მიმდინარეობდა, თავი მოიკლა შერვაშიძემ თუ მოკლეს.
არც ერთის დაჯერება არ სურდა ბარბარეს. მის გონებაში ცოცხალი იყო ნიკოლოზი.
სიკვდილში გამოუჩნდნენ შერვაშიძეს დამცველები. ამბობდნენ, რომ ის საშინელი პიროვნება იყო, მაგრამ იმსახურებდა, როგორც ნებისმიერი ადამიანი, სამართლებრივ მოპყრობას და სამართლებრივე სასჯელს.
მაგრამ უმრავლესობის აზრი აშკარა გახლდათ. ძალიან იოლი იყო ამის განსაზღვრა: ისეთი დანაშაული, როგორიც შერვაშიძეს ჰქონდა ჩადენილი, სიკვდილს უდრიდა. ბევრს ოცნებაც კი აუხდა ადამიანის სიკვდილის აზრით.
ყველა სძულდა ბარბარეს. ისე სძულდა, რომ საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა. შეზიზღდა ყველაფერი, მხოლოდ იმისათვის არსებობდა, რომ დალოდებოდა.
მეორე თვის მიწურულს ნიკოლოზი მოეჩვენა თვალის კუთხიდან.
იწვა. ჭერს მიშტერებოდა, როცა მოეჩვენა, ტყავის ქურთუკით, გაწეწილი თმით და გადაიხედა, სასწრაფოდ, ლოგინზე წამოვარდა, სუნთქვააჩქარებული.
რა თქმა უნდა, არავინ იყო, მაგრამ მაინც გულდასმით დაათვალიერა ოთახი, გარეთ გავიდა, დედას შეეკითხა, ვინმე ხომ არ შემოსულიყო მათთან, რაზეც ქალმა გაკვირვებული სახით გაუქნია თავი.
და მაშინ მიხვდა ბარბარე, რომ ალბათ ჭკუაზე იშლებოდა.
თავზარი დასცა საკუთარი გონების სისასტიკემ.
მაგრამ იქვე გააცნობიერა, თუ რამდენს ფიქრობდა ნიკოლოზზე. მის გარდა თითქოს არაფერი უტრიალებდა თავში.
გახდა. გაილია. არაფერს ჭამდა, ძალით აჭმევდა დედა, გაქვავებული, გაყინული სახით.
ერთ საღამოს უთხრა, რომ ჯობდა დაევიწყებინა „ის ბიჭი“. რომ გარდაიცვალა, და სჯობდა აქედანვე შეგუებოდა ბარბარე, რომ მისი სიკვდილისათვის არ მიეცა საკუთარი განადგურების უფლება. რომ „იმ ბიჭს“ ეს არ ენდომებოდა.
მიაშტერდა ბარბარე. ყელში დაეძაბა კუნთები, კანკალმა აიტანა დედის სიტყვებზე.
-შენ წარმოდგენა არა გაქვს, მას რა ენდომებოდა. – კბილებში გამოსცრა მან. – აღარ თქვა, რომ აღარ არის…
-მაგრამ გარდაიცვალა, ბარბარე… – შეეპასუხა დედა, გასაცოდავებული სახით.
-არა მეთქი! – იბღავლა გოგონამ. იმოდენა გაცოფება იგრძნო, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან გააჩნდა ამდენი ენერგია. ათრთოლებული მიშტერებოდა დედას, მერე კი ზურგი აქცია.
ანიმ ბიჭი გააჩინა. ცოტათი ადრე, მაგრამ ჯანმრთელი.
სტუმრად წავიდა დედა. და ძალით წაიყოლა ბარბარე.
ანი შეეგება, ბავშვი ჩაუწვინა მკლავებში, უთხრა, რომ ილია დაარქვა, ბედნიერი, გაბრწყინებული ჩანდა.
ბარბარეს არ ეღიმებოდა. კრიჭაშეკრული ჩაჰყურებდა ილიას, მის მოქერო თმის ბღუჯასა და ცისფერ თვალებს.
ილია მკერდზე ეპოტინებოდა პაწაწინა ხელებით, ბარბარეს კი იმის ფიქრი შეეძლო მხოლოდ, რომ თვითონ ვერასოდეს დაიჭერდა საკუთარ ბავშვს ხელში.
არა, არა. ვერ დაიჭერდა, თუ მისი და ნიკოლოზის შვილი არ იქნებოდა. მხოლოდ შერვაშიძისა და მისი, სხვანაირად ვერა.
გული ამოუჯდა ბარბარეს თავართქილაძეთა სახლში, მათ ტახტზე მოხვეულს. სხეული აუთრთოლდა, იტირა, დაპატარავებულმა, გულამოსკვნილმა, გაფითრებულმა, ახალდაბადებულით ხელში, რომელიც პაწაწინა სახით ამოჰყურებდა, გაკვირვებული, კოტიტა თითებით ეპიტინებოდა ყელზე.
საკუთარ გონებას ვეღარ იტანდა. ვეღარ გაეგო, რას ფიქრობდა და რას არა, წარმოდგენა არ ჰქონდა ხანდახან, რა ხდებოდა მის გარშემო, ითიშებოდა უბრალოდ, თითქოს საკუთარ თავს სწყდებოდა.
დადნა თოვლი. იფეთქა მარტმა, სადღაც ჩაიკარგა ზამთრის სუსხი.
სითბო მოიტანა აპრილმა. ხეები შეიმოსნენ, დასკდნენ კვირტები, და ულამაზესი სურნელით გაეჯერებინა თავი მაისს.
მოვიდა და გაილია სავსე მთვარე, ისევ და ისევ ამოდიოდა და ჩადიოდა მზე.
ბარბარე კი ელოდა.
ეშინოდა დედამისს. რამდენჯერმე კიდევ უხსენა ნიკოლოზი, ეუბნებოდა, რომ გარდაიცვალა და ამას უნდა შეგუებოდა.
ბარბარე უბრალოდ მიშტერებოდა, ცარიელი მზერით და თავს ხრიდა, თვალს არიდებდა, ზურგს აქცევდა.
აიგნორებდა ამ სიტყვებს. არ სჯეროდა მათი, და არც აპირებდა დაჯერებას, არ აპირებდა შეგუებას.
ნიკოლოზის ხილვები უფრო უძლიერდებოდა.
მეორედ ქუჩაში მოეჩვენა. მისი გამომეტყველება ვერ დაინახა, მაგრამ მისი ტანსაცმელი, ფიგურა და სიარულის მანერა იცნო.
მობრუნდა. ხალხში გაიქცა, გამწარებული, თვალებგაფართოებული, გულამოვარდნილი, მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს ყვირილიც კი ატეხა, ნიკოლოზს ეძახდა, მაგრამ მხოლოდ გამვლელთა მოღუშული გამომეტყველებები მიიღო პასუხად.
მესამედ მაშინ, როცა მის ბინასთან იჯდა, ძელსკამზე. გაშტერებული იყურებოდა და დაინახა, მოეჩვენა, თუ როგორ გამოვიდა ეზოდან ნიკოლოზი, მისი ჩვეული, უკმაყოფილო გამომეტყველებით, და როგორ დაჰყვა ქუჩას.
წამოხტა ბარბარე. გაეკიდა.
მაგრამ ხელიდან გამოეცალა.
მეოთხედ, „შავი ეშმაკის“ სიკვდილის გამოცხადებიდან მეოთხე თვის მიწურულს მოეჩვენა. უფრო სწორედ, მისი შეხება მოეჩვენა. დილით, ახლადგაღვიძებული იყო, ჯერ კიდევ ლოგინში ჩამდნარი, წინა ღამის ნამტირალევით დასიებოდა სახე. და იგრძნო, როგორ მოახვიეს უკეთესად უკნიდან საბანი, როგორ აეკრო ცხელი სხეული ზურგზე, და როგორ მოეხვია მკლავი მკერდზე. როგორ წაიჩურჩულა შერვაშიძის ხმამ „ბარბარე“.
გაეღიმა. მიენდო შეგრძნებას.
ისე ბედნიერი იყო, ძილით გონებადაბინდული, როგორც არასდროს.
მერე კი გამოფხიზლდა. და რასაკვირველია, არავინ დახვდა მის უკან.
მწარედ იტირა, მზის სხივებში გამოხვეულ ლოგინში წამომჯდარმა.
მთვარე ივსებოდა, და სრულდებოდა მაისი.
ანი ესტუმრა. ილია მოიყვანა, რომელიც, ისევ ცისფერი თვალებით ამოჰყურებდა, და ეჭიდებოდა თავისი პაწაწინა თითებით.
ცოტა ხანი ჩუმად დაელაპარაკა ანი. უთხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა მასზე. რომ ადამიანს აღარ ჰგავდა ბარბარე. სურდა, რომ დახმარებოდა მხოლოდ, და გაეგო, თუ რას გრძნობდა, და ამიტომ სჯობდა, თუ ყველაფერს მოუთხრობდა.
უთხრა, რომ გულწრფელად აინტერესებდა ყველაფერი, რაც მოხდა. უნდოდა, რომ გაეგო.
გოგონამ ჯერ არაფერი უთხრა საპასუხოდ. თითს აქანავებდა, რომელიც ილიას მოეგდო ხელში და ჭყლოპინებდა, ბავშვურად.
მერე კი მოუთხრო ყველაფერი.
ყველაფერი, რაც მოხდა. შერვაშიძის დაჭრიდან, მათ გაძარცვაზე, კაზინოში მუშაობაზე, მევალეებთან შეხვედრაზე, თამთას საქციელზე, თუ როგორ გამოჰკეტა დედამ და როგორ გამოიყვანა ნიკოლოზმა, მის ბინაში ცხოვრებაზე, გაქცევის გეგმაზე, შიშზე, ტკივილზე, პანიკაზე, და კომოფრტზე, რომელსაც განიცდიდა ნიკოლოზთან ახლოს ყოფნისას, „შავი ეშმაკის“ სიკვდილის გამოცხადებამდე.
გაოგნებული უცქერდა ანი. ისევ სინდისის ქენჯნა ეხატა სახეზე.
ბარბარე კი თითქოს დაიცალა. მაგრამ მხოლოდ წამიერად, ჰაერში ჩამოკიდებული საკუთარი სიტყვები ავსებდნენ, არსად წასვლას არ აპირებდნენ, ალბათ არასოდეს წავიდოდნენ.
„ასე იოლად ვერ მომიცილებ, ძარღვებში გყავარ.“
რამდენიმე დღის შემდეგ ავად გახდა. სიცხე მისცა.
მთელი დღე უვლიდა დედა, თავზე დასტრიალებდა, მოჰქონდა ძმრიანი საფენები, წყალი, საჭმელი. უცვლიდა გაოფლილ ზეწრებს, ბარბარეს კი მხოლოდ და მხოლოდ ისღა დარჩენოდა სიცხით გათანგულ გონებაში, რომ ასე უვლიდა ნიკოლოზს. რომ ისიც იწვა აქ, სიცხიანი და ავადმყოფი, თვეების წინ, მის თვალწინ, ისე, რომ შეეძლო გაეწვდინა ხელი და შეხებოდა, ძალიან იოლად. ძალიან უბრალოდ. და სწყევლიდა საკუთარ თავს იმისათვის, რომ ასეთი გაუცნობიერებელი იყო მისი შეხება, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა მის წარსულ „მეს“ თუ რამოდენა პრივილეგია გააჩნდა, თუ რა იქნებოდა მომავალში.
ღამე გავიდა დედა, ბარბარეს დაჟინებული თხოვნით. დედის მის თავზე ტრიალს ვეღარ იტანდა.
ალბათ დაწვა ქალი. დაიძინა.
ბარბარე კი იწვა. სიცხისაგან დაბინდოდა გონება. იწვა და უყურებდა ჭერს.
ტიკტიკებდა საათი, უკანმოუხედავად გარბოდნენ წუთები.
თითქმის სავსე მთვარის შუქი შემოდიოდა ფანჯრიდან, გაწოლილ გოგონას ეფრქვეოდა თხელი საბნით დაფარულ სხეულზე.
მერე კი გაიგონა.
კარის ჩუმი ჭრიალი, მაგრამ არ გაუხედავს.
სილუეტი მოუახლოვდა ლოგინს. ისე, რომ ნაბიჯების ხმა საერთოდ არისმოდა.
მაღალი. რუხი სილუეტი.
მისკენ გადაატრიალა მიბნედილი თვალები ბარბარემ. მზერა უცურავდა.
მაგრამ მაინც აუფრთხიალდა გული, ყელში მოაწვა. ნაწლავები გადაეგრიხა.
ნიკოლოზის ფიგურას ყველგან იცნობდა.
თავზე ადგა შერვაშიძე. მაგრამ ვერ გაეგო ბარბარეს, ეს მისი გონების ნაყოფი იყო, უბრალოდ ზმანება თუ რეალობა.
დაიხარა ნიკოლოზის ფიგურა. დაიწია საწოლი, და სახეზე ხელთა შეხება იგრძნო ბარბარემ.
-სახლში მოვედი, ბარბარე. – უთხრა ნიკოლოზმა. ოფლისაგან სველ თმაში გადაუსვა თითები.
უყურებდა გოგონა, პირგამომშრალი, შუშისებრი თვალების მზერას, საკუთარი, ამღვრეული თვალთახედვით.
-ნიკოლოზ… – ამოილუღლუღა მან, ძლივს, ჩახეული ყელით, აცახცახებული ხელები ასწია, ბეჭებზე მოხვია შერვაშიძეს და დაიხარა ნიკოლოზი, ერთი ხელის მოქნევით გადააძრო საბანი და ზედ დააწვა, უფრო მხურვალე, უფრო მდაგავი, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი, ისე, როგორც ვერაფერი და ვერავინ სხვა ვერ იქნებოდა.
ოფლიან შუბლზე გადაუსვა ხელი ნიკოლოზმა, წარბები შეეჭმუხნა, დაშტერებოდა, ტკივილი ედგა თითოეულ ნაკვთში.
-გელოდი… – ძლივს ამოღერღა ბარბარემ, დასუსტებული მკლავები შემოაცურა მის ყელზე, გაწეწილ თმაში გადაუსვა, მერე კი ცერებით მოეფერა თითოეულ, მფეთქავ, სიცოცხლით თბილ საფეთქელს.
მკერდი ისე გამოვსებოდა, რომ ცოტაც და გასკდებოდა. ვეღარ სუნთქავდა თითქმის, გაოგნებისა და აუტანელი სიხარულისაგან.
-ხომ მითხარი, რომ დამელოდებოდი. – უთხრა ნიკოლოზმა. ბარძაყი შეუცურა ფეხებშუა, მწველი თვალებით უყურებდა, უფრო ახლოს სურდა მასთან ყოფნა და გადაშალა ათრთოლებული ფეხები ბარბარემ, თეძოებზე მოხვია მაგრად.
ისეთი ცეცხლი ედგა შერვაშიძეს თვალებში, რომ წამსვე თითოეული ცივი კუნჭული გათბა მასში. მზემ ისევ იფეთქა, ისევ გაივსო, ისევ გამოასხივა, დამაბრმავებლად.
მკლავი მოხვია წელზე ნიკოლოზმა. ტუჩები უთრთოდა, როცა მთელი ძალით მიიკრა სხეულზე ბარბარეს დასუსტებული ტანი, და გაეპო ბაგეები, მოელვარე, თეთრი კბილები გამოუჩნდა, როცა კვნესა აღმოხდა ბარბარეს სიამოვნებისაგან.
მერე კი გაპობილ ტუჩებზე დახედა შერვაშიძემ, თავი გადაატრიალა და წამოსწია წინ.
ამჯერად გვერდით არ გაუხედავს ბარბარეს, მხოლოდ თვალები მილულა, მთელი სხეული უთრთოდა.
აკოცა ნიკოლოზმა. ნაზად, მაგრამ როგორც ყოველთვის მზის დაღი იყო მისი შეხება. როგორადაც შეეძლო, მაგრად ჩაეჭიდა ბარბარე, სინათლე უსკდებოდა ქუთუთოთა მიღმა. ნიკოლოზის თბილი, სავსე ზედა ტუჩი მოიქცია საკუთართა შორის, და საპასუხოდ სიცხისა და სისხლით აღუებულ ქვედაზე მსუბუქად უკბინა ნიკოლოზმა.
მერე კი გასცდა, დაიხარა, პერანგი ჩამოუქაჩა, ყელსა და აღელვებულ მკერდზე აკოცა და კანკალებდა, იშლებოდა მის მკლავებში ბარბარე.
მერე კი წამოიწია ნიკოლოზი. მთვარის შუქი ეღვრებოდა მის პროფილსა და მხრებს, დაჰყურებდა, იმახსოვრებდა.
იღიმებოდა ბარბარე, და ცრემლები მოსდგომოდა თვალებში.
არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი.
მოქაჩა ნიკოლოზმა, მთელი მისი სხეული ბავშვივით აიტაცა ხელში, ზურგზე მოხვია საბანი და ჩაიხუტა მაგრად.
-წავიდეთ აქედან. – დაიჩურჩულა მან.
-მოიცა… – ამოილუღლუღა ბარბარემ, ხელი ბალიშის ქვეშ შეჰყო და ნიკოლოზის გაკეცილი წერილი გამოაცურა, მერე კი ისევ მაგრად მოხვია შერვაშიძეს მკლავები და ფეხები, როცა ახალგაზრდა კაცი ფეხზე წამოდგა, კარისაკენ გაემართა. მაგრად მიეკრა ზედ, მის უტყუარ პულსს გრძნობდა გოგონა საძილე არტერიაში და უფრო მაგრად მიაბჯინა თავი მას, უფრო მაგრად მოეხვია.
თვალები დახუჭა ბარბარემ. ისე მოსდუნებოდა სხეული, როგორც არასდროს.
ისღა ესმოდა, რომ შერვაშიძე ისევ გვერდით ჰყავდა.
ყველაფერს მისცემდა, რომ ეს რეალობა ყოფილიყო.
.
-*-*-*-*-*-*-
„…
ბარბარე ვარდოსანიძე ორიათას თვრამეტი წლის ოცდარვა მაისს უგზოუკვლოდ გაქრა საკუთარი სახლიდან.
ეს ისეთი გატაცება არ გახლდათ, როგორც ზემოხსენებული, წინანდელი, ეს მისი ნამდვილი გაუჩინარება იყო.
ბინას არ ეტყობოდა ძალით შემოსვლის ნიშნები. არც ოთახში ჩანდა რამე საბუთი იმისა, რომ ძალადობრივ გატაცებას ჰქონდა ადგილი.
ბარბარე თავისით წავიდა.
ვერც მისი სხეული იპოვეს ვერსად. გაჩხრიკეს ქალაქის მიდამოები, მდინარე, ყველგან, სადაც შეიძლებოდა ბარბარე დაკარგულიყო. მაგრამ ვერსად მიაგნეს.
პირველად რომ გავიგე ამ ამბის შესახებ, არ გამკვირვებია. მხოლოდ ის გამიკვირდა, რომ აქამდე არ მოხდა ეს ამბავი. ვერ გეტყვით რატომ ვგრძნობდი თავს ასე.
ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი, რა მდგომარეობაში იყო ჩემი მეგობარი. ვიცოდი, თუ რას გრძნობდა იგი და როგორ განიცდიდა.
თქვენ მის მრავალ ფოტოს ნახავთ, მაგრამ სინამდვილეს არც ერთი არ აჩვენებს. ის იყო, როცა ბოლოს ვნახე, პატარა, გამხდარი, გალეული გოგონა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ედო.
ის „შავ ეშმაკს“ ელოდა. მის მზეს. და სხვას არავის.
არ ვიცი, რა იყო მისთვის უარესი ტკივილი: მომხდარის შოკი თუ მოუმხდარისადმი ლტოლვა. მაგრამ ის მესმოდა, რომ ან ერთი გაანადგურებდა მას, ან მეორე.
ალბათ მართალიც აღმოვჩნდი, იმის მიუხედავად, რომ მთელი გულით მინდა, რომ არასწორი იყოს ჩემი სიტყვები.
შემძრა ყველაფერმა, რაც მომითხრო და რაც თქვენ მოგიყევით. შემძრა იმან, რომ „შავი ეშმაკი“ ადამიანი იყო, და მასაც ჰქონდა ადამიანური სისუსტეები.
და ამ სისუსტემ დაღუპა იგი.
ნიკოლოზ შერვაშიძე ბევრს უძღოდა წინ. ბევრი საქმის თავიკაცი იყო. ბევრ რამეში ლიდერობდა.
ბევრი რამ ეკუთვნოდა მას. საკუთარი თავის გარდა.
მისი თავი მის სისუსტეს ებარა.“
ბავშვის ტიტინი გაისმა მეზობელი ოთახიდან.
ანი ადგილზე შეხტა, კლავიატურაზე შეეყინა თითები.
ცოტა ხანი უყურებდა. უყურებდა ვრცელ ტექსტს და ხვდებოდა, რომ ამას არასოდეს გამოაქვეყნებდა.
ამოიხვნეშა, კომპიუტერი დაკეცა და ფეხზე წამოდგა.
წამით ფანჯარაზე გაუშტერდა მზერა, საიდანაც აგვისტოს მხურვალე, უკვე გადამავალი მზის სხივები იღვრებოდნენ.
უსაშველოდ ლურჯი იყო ცა. მას მოავლო თვალი ანიმ. გაეღიმა, ოდნავ, და შებრუნდა, კარისაკენ გაემართა.
მისი საუბარი შეერია ბავშვის ტიტინს.
გარეთ კი, რამდენიმე ღრუბლის ნაგლეჯი დაცურავდა მხოლოდ ცაზე. ჭრიჭინების ჭრიჭინი ისმოდა ბალახით გადავლილი ეზოდან, შორეულ გუგუნთან ერთად. კორპუსის შესასვლელთან მეზობლები საუბრობდნენ.
აგვისტოს ერთი მშვენიერი, მშვიდი საღამო იდგა.
მზე გადადიოდა, წითლად შეღებილიყო მისი დისკო და დასავლეთი.
მის მოპირდაპირედ კი, მთვარე გავსებულიყო ცაზე.
Fin

Playlist:

Dream

Walk through the fire

So Cold

Hurts Like Hell

Carry You

Start: 17.02.2017
End: 17.04.2017

22 thoughts on “ცივი სითბო (ნაწილი 2/2)

  1. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა წაკითხული ეს ისტორია ახლიდან წაკითხვით უდიდესი სიამოვნება მივიღე. ხელახლა განვიცადე ყველა ის ემოცია რაც ამ ისტორიამ ჩემში გამოიწვია. უნიჭიერესი გოგო ხარ, შენი სახით ძალიან კარგი მწერალი დაკარგა 4 ლაივის საიტმა . წარმატებას გისურვებ .

    Like

    1. ძალიან, ძალიან დიიდი მადლობა, ქალბატონო ლალი 💗💗💗 მიხარია რომ აქამდე წაიკითხეთ და ისევ გადაიკითხეთ 😍😍😍 დიიიდი მადლობა კომპლიმენტისა და კეთილი სურვილებისათვის 💛💛💛💛

      Like

      1. არაფერს ჩემო კარგო , შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე.

        Like

  2. ძალიან ძალიან მიყვარს შენი ეს შემოქმედება, რამოდენიმეჯერ წავიკითხე და ალბათ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ, ახლა როცა როგორც იქნა ისევ ვიპოვე, იმდენად მიყვარს. საოცარი გოგო ხარ შენ, ისე კარგად გაქვს ყველაფერი აღწერილი და გადმოცემული, კითხვის დროს გგონია რომ შენ ხარ პერსონაჟების ადგილას. არ მინდოდა რომ დასრულებულიყო, გაგრძელება არ ექნება ალბათ ხო? თუ სწორად მახსოვს, პატარა ინფორმაციაც გედო დასრულების შემდეგ სხვადასხვა საკითხზე მოთხრობის შესახებ, ცოტა რამ ცივი სითბოს შესახებ ერქვა თუ არ ვცდები, თუ შესაძლებელი იქნება რომ დაურთო ნაწარმოებს ბოლოში ძალიან გამახარებ ^_^ მადლობა ამ ნაწარმოების დაწერისთვის და მადლობა ამ პერსონაჟებისთის. წარმატებები.

    Like

  3. აი შოკი მივიღე დედაასვფიცავარ მერამდენედ წავიკითხე და ყოველ წაკითხვაზე ცუდად ვხდები… ვერ დაიჯერებ მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამის გაგრძელებას სულ პატარას მაინც ამათი თანაცხოვრების

    Like

  4. თავებად რომ დებდი ჯერ იქიდან ვკითხულობდი, ყოველ თავს გულისფანცქალით ველოდებოდი. ახლაც კი, ამდენი წლის და ამდენი წაკითხვის შემდეგაც კი უსაოცრესია, გულის გამაჩერებელი. სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციების აღსაწერად, რაც ყოველ წაკითხვაზე მეუფლება. უსაოცრესი ხარ. ❤️

    Like

  5. წლების გასვლასთან ერთად ბევრი ძველი ნაწარმოები თუ ისტორია უფერულდება ჩემთვის. ვიზრდები და ვეღარ ვპოულობ მათში იმ ემოციებს რაც მჭირდება. გამონაკლისია ,,ცივი სითბო” რა დროც არ უნდა გავიდეს მაინც ვერ მაკარგინებს ნაწარმოები,ემოციების ქარიშხალს. გამორჩეულად უცნაური ამბავია,წერის მანერაზე აღარ ვსაუბრობ. სულ უნდა დაწერო!

    Like

  6. სიგიჟე,სიგიჟე,სიგიჟე,სიგიჟე. მინიმუმ 10ჯერ მაინც მექნება წანაკითხი და ყოველ გადაკითხვაზე თავიდან განვიცდი ყველა იმ ემოციას რასაც პირველად განვიცდიდი თან ზუსტად იგივენაირად. უმაღლესი დონის მოთხრობაა ეს. ერთ-ერთი საუკეთესო,რომელიც ყოველთვის ჩემს მოგონებაში დარჩება. უნიჭიერესი ბრძანდებით ლინდა. თქვენი დამსახურებით ბავშვობა გამილამაზდა. არასოდეს არ შეწყვიტოთ წერა,რადგან დამერწმუნეთ ბევრ მწერალს სჯობიხართ.

    Like

    1. ვაიმე როგორ ამიჩუყდა გული ვერ წარმოიდგენ, ლამის წამომეტირა პაწა 🥺🥺🥺🥺 როგორ მიხარია რომ წაგიკითხავს და ისევ კითხულობ! უღრმესი მადლობა ასეყი თბილი სიტყვებისათვის შენ! 💛💛💛💛

      Like

  7. მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის… მართლა… საოცარი ნამუშევარია… მადლობა ამ ყველაფრისთვის…ამდენი გრძნობისთვის,ზღვა ემოციებისთვის…წარმატებებს გისურვებთ❤️

    Like

  8. ვაიმე, ეს ნამუშევარი აუცილებლად უნდა ვიხილო წიგნის მაღაზიების თაროებზე!!! რა ბუკტოკის წიგნები, რის ბუკტოკის წიგნები როდესაც ეს შედევრი არსებობს…”ცივი სითბო”, “ათასი ცრემლის ფასი”, “ანგელოზის სიმღერა”, “წითელი სახლის ყვავილები”, “34 ნაბიჯი” აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს და გაეცნოს მთელი ქ ვ ე ყ ა ნ ა !!! არასწორი წიგნები რომ ხდება ბესტსელერები და ესეთი უნაკლოებები რომ ინტერნეტში დევს და ბევრმა ადამიანმა არც კი იცის მათი არსებობის შესახებ, უსამართლობაა! უბრალოდ უსამართლობა. ჩამოთვლილთაგან ყველა უდიდეს წარმატებას მოგიტანთ მაგრამ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული “ცივი სითბო”, “ათასი ცრემლის ფასი” და “ანგელოზის სიმღერა” გახლავთ. აუცილებლად,აუცილებლად უნდა მიიღოთ ჩემი რჩევა და დაიბეჭდოს ეს ბრწყინვალე ისტორიები!!!

    Like

  9. გავგიჟდი, გადავირიეეე! აქამდე რატომ არ ვიცოდი ეს ოსტორიააა!?? 🥹ორი დღეა, მოსენება დავკარგე. ორი დღეა, გულის რითმი… ნელი მაქვსსს! ორი დღეა, მე არ ვარ მეეე .🥹 გავგიიჟდიიი! მინდა მე, ეს ისტორია, წიგნის სახით… მინდა მომავალში, ჩემს შვილებს წავაკითხო.🙏🏻 და მე, ამ ისტორიის დასასრული ისე დავასრულე როგორც… Happy End! 💘

    Like

    1. ვაიმე ავჩუყდი🤩💛💛💛 ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე და უხომოდ მიხარია რომ მოგეწონა გენაცვა 🥰💛💛 წიგნი რავიცი, რაღაც არა მგონია, ჰეფი ენდს რაც შეეხება, გეთანხმები 💛💛

      Like

  10. საოცარი იყო..

    ზღვა ემოცია… ყველაფერი ისე განვიცადე როგორც ბარბარემ… ეს არის მწერლის დანიშნულება ემოცია მიიტანოს მკითხველამდე და აგრძნობინოს.. უნდა წერო და გამოაქვეყნო წიგნის სახით.. იმდენი სისულელე იბეჭდება და იყიდება გაოცდები. მიკვურს თქვენისთანა მწერლები რატო იკავებთ თავს დასაბეჭდად.

    დასასრული ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო….

    Like

  11. მერამდენეჯერ წავკითხე უკვე აღარ ვიცი…
    ჩემს გულსა და სულს სწვდება თითოეული სიტყვა რაც ამ ისტორიაშია, უზომოდ მიყვარს.♥️ უნიჭიერესი გოგო ხარ შენ ლინდა💕

    Like

Leave a reply to ხატია კომენტარის გაუქმება