ცივი სითბო (ნაწილი 1/2)

.
-*-*-*-*-*-*-1
უბანი ბნელი, და საეჭვო იყო.
მუდამ ამსხვრევდნენ ლამპიონების მინის საფარებს, ქუჩების უმეტესობას კანტიკუნტად ანათებდა ერთი-ორი ძველი, ყვითელი სინათლის მქონე მბჟუტავი, მოთამაშე ნათურა.
მცხოვრებლების უმეტესობა მოსახლეობის დაბალ ფენას წარმოადგენდა, ყველანი საკუთარ თავსა და ბინებში ჩაკეტილნი იყვნენ. ეს ადგილი იყო მარტოსული, გარიყული, თავზეხელაღებული და სოციალური იერარქიის ძირში მყოფი ადამიანების საბუდარი.
ერთადერთი გარემონტებული კორპუსი იდგა მხოლოდ. ოდესღაც ხასხასა, ხუთიოდე წლის წინ წასმული ნარინჯისფერი საღებავი წვიმასა და უბნის უღიმღამობას ჩამოერეცხა. გარშემო მოდებულიყვნენ გადამხმარი ბალახები, იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ზაფხულის მიწურული იყო და შემოდგომის სიწითლე არ შეჰპარვოდათ ფოთლებს. მოუვლელობა, უგულისყურობა, განურჩევლობა, მწვანე მელანქოლია იგრძნობოდა ყველგან.
სასიამოვნო სითბო იდგა ჰაერში, მაგრამ კორპუსებში ძალიან გრილოდა. სქელი, ნაცრისფერი კოშკებივით აღმართულიყვნენ ისინი, ძველი, გაქლექილი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული ფანჯრებითა და აივნების მოჟანგული მოაჯირებით. დაფეხვილ, ძირგამომტვრეულ კორპუსებს თითქოს წაქცევამდე აღარაფერი უკლდათ.
ერთი ქუჩა მეძავებისათვის იყო განკუთვნილი. ერთი უბრალო, მოუგველი, ასფალტაყრილი ქუჩა.
ქუსლებიან ფეხსაცმელში გამოწყობილი, შეღებილი ქალები მიყუჟულიყვნენ კორპუსების ძირში, ღამისა და სადარბაზოს სიბნელე ფარავდა მათ, და მალავდა ყველაფერს, იმ გახრწნილებას, რომლის მყრალი სუნიც ასდიოდა თითქოს ქუჩას.
მაგრამ ღამეს არ შეეძლო მათი შეფარება. შორიდან მონათებული ფარები და მომავალი მანქანის შენელება საკმარისი იყო, რომ ქალები თავიანთი ერთგვარი თავშესაფრიდან გამოეტყუებინათ. ისე ილტვოდნენ სინათლისაკენ, როგორ ქინქლები ნათურის გახურებული შუშისაკენ, რომელზეც ყოველთვის ფრთები ეტრუსებოდათ.
ერთი ქალი თამამად მიადგა მანქანას, ჩამოწეულ ფანჯარაში შეჰყო თავი. მხიარული ხმა ჰქონდა, სავსე მკერდი და თეძოები. ცბიერი ღიმილი ამშვენებდა. კაცმა რაღაც უპასუხა, ქალმა კარი გამოაღო და ჩაჯდა.
მანქანამ ქუჩა აამტვერა, კუთხეში გაუჩინარდა.
ქუჩას არც ერთი ლამპიონი არ ანათებდა. ალბათ არც იყო საჭირო.
სიჩუმე ჩამოვარდა, გრილი ნიავი უბერავდა აგვისტოს თბილ ღამეში. მილეული მთვარე გამოკიდებულიყო ცაში, კანტიკუნტად გაბნეულიყვნენ ვარსკვლავები.
ვარსკვლავებისა და ნამგალა მთვარის შუქზე იკვლევდა გზას ახალგაზრდა გოგონა. ქუჩის კუთხეში შემოუხვია, პირდაპირ კორპუსის წინ შეყუჟული ქალებისაკენ გაემართა.
გრძელი შავი თმა ჩამოჰყროდა მხრებზე, სახე ფერმკრთალი ჰქონდა, მუქი წარბებისა და ირისების ფონზე. პირი მოეკუმა, დათხელებული ტუჩები გათეთრებოდა, ღარი გასჩენოდა შეკრული წარბების შუაში.
ძველი, შელახული კედები ეცვა, დიდი მაისურითა და შარვლით. პატარა, საბავშვო სასკოლო ჩანთა მოეკიდებინა ზურგზე,
ქალებმა შეამჩნიეს, ჩურჩული დაიწყეს. ერთ-ერთი გამოეყო მათ რიგებს და მოახლოებულ გოგონას გაუღიმა. მისი ტუჩის კუთხეთა შეტოკება გროტესკულად გამოჩნდა მკრთალ სინათლეზე.
-მოგიტანე რაღაცები. – უთხრა გოგონამ, როცა მიუახლოვდა. ქალებს მოავლო თვალები. რამდენიმემ გაუღიმა, ხელი დაუქნია. ზოგი თვალებში არ უყურებდა.
ნუთუ რცხვენოდათ? უბრალოდ იდგნენ. არაფერ სამარცხვინოს არ აკეთებდნენ.
-ამჯერად რა მომიტანე? – უთხრა ქალმა. გოგონასებრი პრიალა, ყორნისფერი თმა ჰქონდა, წელამდე დაშვებული. ღრმად ჩახსნილ, სავსე დეკოლტეზე გადმოეგდო რამდენიმე კულული.
გოგონა დახრილიყო, ჩანთას ხსნიდა.
-ბრინჯი. გახეხილი სტაფილო. კარტოფილი. ლიმონათი. – თქვა მან, თან ძველებური, რკინის კონტეინერები ამოაცოცა, ოთხი პლასტმასის ჩანგალი ამოაყოლა.
-ვაა, ლიმონათი საიდან? – დაიძახა ერთ-ერთმა ქალმა. ახალგაზრდა იყო, ოცდახუთ წელზე მეტის ვერ იქნებოდა. დიდი, ბავშვური ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალები უელავდა.
გოგონამ ჩანთიდან ლიმონათის ბოთლი ამოიღო და მისი მიმართულებით ისროლა. ქალმა ძლივს დაიჭირა, გაკვირვებული მიაჩერდა, თვალები დაუმრგვალდა.
-მოვიპარე. – მოკლედ მოჭრა გოგონამ და კიდევ ერთი ბოთლი ამოიღო, შავთმიან ქალს მიაწოდა, რომელმაც ოსტატურად მოხსნა თავსახური. – წესიერად ჭამე. – უთხრა მან.
ქალმა სხვებს გახედა, ხელით მოიპატიჟა.
-მოდით, ცოტ-ცოტა შეგვხვდება ყველას! – თქვა მან, ქალები წამსვე შემოეხვივნენ გარშემო. რამდენიმემ გოგონას გადაუსვა თმაზე ხელი, გაუღიმეს, „რა კარგი გოგო ხარო“, უთხრეს. გოგონა იდგა და შესამჩნევად არიდებდა მათ შეხებასა და მზერას თავს.
მათ ადამიანურობას არიდებდა თითქოს თავს. თითქოს ცდილობდა ისინი მხოლოდ და მხოლოდ ქუჩაში მდგარ ობიექტებად წარმოედგინა.
ქალებმა ჭამა დაიწყეს. ყველა დამშეული იყო, გაცხარებულნი ეწაფებოდნენ ორ ბოთლ ლიმონათსა და ცოტა საჭმელს. ღამე ჯერ კიდევ წინ იყო, და საჭირო იყო ენერგია.
-მე წავალ. – თქვა გოგონამ, როცა ხუთიოდე წუთში ყველაფერი მორჩა და ცარიელი მეტალის ქვაბები ჩანთაში ჩააწყო. – აბა კარგად.
-ჭკვიანად იყავი, ბარბარე! – მიაძახა ქალმა, ისევ იმ დაღმეჭილი ღიმილით გაუღიმა. ნაოჭები უფრო და უფრო ეკვეთებოდა სახეზე ყოველღამით.
გოგონამ აღარაფერი უთხრა, თვალი აარიდა. ქუჩის ბოლოსაკენ გაემართა.
ვარსკვლავები ციმციმებდნენ, შორს, უხმოდ. ქუჩაში კიდევ ერთი ფარებანთებული მანქანა გამოჩნდა, ხმამაღალი რახუნით.
ქალებმა პირები მოიწმინდეს, საჭმლის ნაკვალევი მოიცილეს სახეებიდან.
-*-*-*-*-*-*-
ძნელი იყო სამსახურის შოვნა.
ქალაქი მოზრდილი იყო, ამიტომ შედარებით მეტი შესაძლებლობები გახლდათ. მაგრამ არაფერი იყო ისეთი მაღალანაზღაურებადი, სტაბილური და ხელმისაწვდომი, ისეთი, რომ ვარდოსანიძეთა ვალებში ჩავარდნილ ოჯახს მოევლინებოდა მხსნელად.
უფროსი ვარდოსანიძე, პატივსაცემი, ალალი, გულკეთილი კაცი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. ერთ-ერთ ოპერაციას შეეწირა, რომელიც, როგორც ყოველთვის, რიგითი და უჩვეულო ჩანდა მისი, როგორც მბრწყინვალე სამართალდამცველის კარიერაში.
ბარბარეს, რომელმაც თექვსმეტი წლის ასაკში მიატოვა სკოლა, არ ჰქონდა საკმარისი განათლება იმისათვის, რომ უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურზე დაენიშნათ. ალბათ ამ დროს სხვა ოცნებას დაიწყებდა, მაგრამ გოგონას უკვე ნასწავლი ჰქონდა, რომ მიუწვდომელზე ოცნება გულისტკივილისა და სიმწარის მეტს არაფერს მოუტანდა.
სისულელე იყო ოცნების კოშკების აშენება, თუ მოგვიანებით მათი საკუთარი ხელით მოშლა იქნებოდა საჭირო.
ამიტომ იქ მუშაობდა ბარბარე, სადაც შეეძლო. მაღაზიაში კონსულტანტად, მოლარედ, კაფეში მიმტანად, დამლაგებლად, სასტუმროში ტუალეტებისა და სარეცხის მრეცხავად. ყველგან შემცვლელი უჩნდებოდა.
ბარბარემ ტუჩები მოკუმა, წინ გადმოსრიალებული შავი თმა უკან გადაიგდო, ყელში ჩაჰფენოდა და ოფლს ასხამდა ზურგზე. ბინძური წყლით სავსე ვედროდან ერთიანად დაფხრეწილი, გაცრეცილი ჩვარი ამოიღო, მაგრად გადაგრიხა. მუქი ყავისფერი წვეთები ვედროში ჩაბრუნდნენ.
ალბათ მეტაფორა იყო იმისა, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა. რომ როგორც ეს ყავისფერი წვეთები, ამ უბანში იყვნენ დატყვევებულნი, მიჯაჭვულნი ამდენი ხალხი. და ვერსად წავიდოდნენ.
გოგონამ ხელის ზურგით მოიწმინდა გაოფლილი შუბლი და ჩვარი ძირს დააგდო, დამტვერილ, ჭადრაკის დაფასავით დაგებულ დაბზარულ ფილებს გადაუსვა, იატაკზე ჩამუხლულმა. საქორწილო დარბაზი გამოეკეტათ, რამდენიმე მუშაობდნენ აუტანელ სიცხეში.
მეორე დღეს იყო შეკვეთილი ქორწილი.
პატარძალი მოსული იყო რამდენიმე დღის წინ, ნეფესთან ერთად, დარბაზის დასათვალიერებლად.
მალულად უმზერდა მათ ბარბარე, თავის თანამომუშავეებთან ერთად. ძვირფასი ქურქი მოესხა პატარძალს, იმის მიუხედავად, რომ საშინელი სიცხე იდგა იმ შუადღეს. ოფლში ცურავდა, ნარინჯისფერ სახეზე ოფლის წვეთები უგორავდა. ფართოდ შლიდა სქელ, ბეჭდებიან თითებს, უკმაყოფილო.
ნეფე უსიტყვოდ იდგა, დროგამოშვებით თვალებს ატრიალებდა.
მერე ყელში ამოუვიდა და პატარძალს აგინა. უხერხულად აწურულნი უყურებდნენ საქორწილოდ უკვე დაქირავებული ოფიციანტები.
პატარძალს არც კი მიუქცევია ყურადღება, ისევ თავისას მოჰყვებოდა.
ჰაერში აქნევდა თავის კოტიტა თითებს, სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა ოფლი, სქელ ქურქში გამოხვეულს.
-ბაბი. – მოესმა უცებ გვერდიდან და ბარბარე შეკრთა, ფიქრებიდან გამოერკვა. ელენე დაჰყურებდა ზემოდან, წარბებაწეული.
-ხომ გითხარი, ბაბის ნუ მეძახი მეთქი. – მიუგო გოგონამ და თავი დახარა. ახლაღა გააცნობიერა, რომ ხელები გაეჩერებინა, დამტვერილ იატაკს აღარ წმენდდა. უფრო მეტად დააწვა ჩვარს.
-რა გჭირს? თვალები გაგიშტერდა. – თქვა ელენემ. შავი ლაქი ესვა ფრჩხილებზე და ოსტატურად ამოძრავებდა თითებს. გახლართული, პაწაწინა ნათურებით მორთული გირლანდა უნდა გაეშალა, რომ ცოტა ხანში გაფორმება დაეწყოთ.
მოშორებით, კუთხეში, მაგიდების წმენდით გართულიყო ნუცა.
-არაფერი. – თავი გააქნია ბარბარემ. დაჟინებით მოუსვა ჩვარი მოყვითალო ლაქას, რომელიც თვალებში ესობოდა ფილის სითეთრის ფონზე. – ნეფე-პატარძალზე ვფიქრობდი.
ელენემ თვალები გადაატრიალა.
-ფეხებზე არ გკიდია მაგრად? – თქვა მან ბოლომოჭრილი, კბილებს შორის გამოცრილი სიტყვებით. – რიგითი სირი წყვილია.
-ჰო. – მიუგო ბარბარემ. ჩვარმა ისევ შეწყვიტა მოძრაობდა, საკუთარ გადაყვლეფილ თითებს დააშტერდა. – მეც მაგას ვფიქრობდი. პატარძალი კი იყო უკმაყოფილო, მაგრამ… ხომ არ ფიქრობ, რომ თავს იკატუნებდა? და ის ქურქი… ძალიან ცდილობს, რომ სხვებზე მაღლა იყოს სტატუსით, იმის მიუხედავად, რომ თვითონაც იმათნაირი ნაგავია. იცის, რომ წუმპედან ვერ ამოვა, მაგრამ მაინც ეჭიდება ბალახს. ძნელი გასაგებია ჩემთვის, თუ რატომ აკეთებს ამას. რომ საკუთარ თავზე წარმოდგენა აიმაღლოს თვითონ და სხვებისმაგვარი არ იყოს? თუ სხვების თვალში აამაღლოს საკუთარი მდგომარეობა? პათეტიკურია უბრალოდ.
-იმათნაირი? – სარკაზმი აშკარად ისმოდა ელენეს ხმაში. – შენ რა, სხვანაირი გგონია საკუთარი თავი? ამ საზოგადოების ნაწილი შენც ხარ, ბაბი. სხვაგან რომ ცხოვრობდი, არაფერსაც არ ნიშნავს აქ.
ბარბარემ აღარაფერი უპასუხა. ჩვარს მაგრად უჭერდა ხელებს.
-ისე… – ელენე დაიხარა, თვალი თვალში გაუყარა. ჩახლართული გირლანდა უძრავ ხელებში ჩაებღუჯა. – დედაშენი მართლა ბოზია?
ბარბარე მშვიდად მიაშტერდა.
შიგნით აუდუღდა ყველაფერი. ჩვარი გამეტებით დაუსვა იატაკს, საკუთარ თავს ებრძოდა. ცდილობდა, სირცხვილი არ ეგრძნო.
სასირცხვილო არაფერი ჰქონდა.
ელენეს სიცილი წასკდა, თვალები უელავდა.
-ნუ ნერვიულობ. – თქვა მან, ფართოდ გაიღიმა. ქვედა ყბაზე, მარჯვნივ, ეშვი აკლდა. – აქ ყველამ ყველაფერი იცის. ნუცას მამას უცვნია. თურმე მაგრად გგავს!
ბარბარემ თვალი აარიდა.
-მე პრობლემები არ მინდა. – თქვა მან ბოლოს, როცა ელენე წამოიწია წასასვლელად. – აქ სამუშაოდ ვარ.
ელენემ გაიცინა, გირლანდის რაჩხუნით ჩაუარა გვერდზე. ფეხით ჭუჭყიანი წყლით სავსე ვედროს წამოედო.
ვედრო გვერდზე გადავარდა, სანამ ბარბარე ხელს სტაცებდა. ყავისფერი წყალი წამსვე დაიღვარა თეთრ და შავ ფილებზე.
ბარბარეს ხელები მოეკრუნჩხა. წარბშეკრული მიშტერებოდა დამატებით სამუშაოსა და ყველაფერს, რასაც ეს ნიშნავდა.
თითქოს როგორც ამ ფილებზე, მის ცხოვრებასაც, ისედან ძირგამოთხრილ ცხოვრებასაც უწყალოდ გადაეფარა სიბინძურის საბურველი.
შორს ელენე იცინოდა.
.
-*-*-*-*-*-
ბარბარე შუა ქორწილში დაითხოვეს.
თითქოს კარგად დაიწყო ყველაფერი. ოფიციანტის უხეში უნიფორმა, საკუთარი ხელით გარეცხილი და დაუთოებული, კოხტად მორგებოდა სხეულზე. თმა გადაევარცხნა, შესაფერის მომენტებში იღიმებოდა და ტაშს უკრავდა.
იმდენად ელაქუცებოდა მოწვეულ სტუმრებს, რამდენადაც შეეძლო. აქ ცოტა მლიქვნელობა ბევრს ნიშნავდა.
ალბათ სასიამოვნო სიტყვას იყო დახარბებული საზოგადოება.
ანდა სიამოვნებდათ, როცა მათზე დაბლა მდგომ ადამიანებს ხედავდნენ, ისე წარმოიდგენდნენ თავებს, როგორც ოქროს სასახლეში მსხდომებს.
ბარბარეს შეეძლო მათთვის აეგო ოქროს სასახლეები.
მაგრამ არა უანგაროდ. სწორედ ეს იყო ძნელი. ისე უნდა მოქცეულიყო, რომ სამაგიეროდ მიეღო რამე, თან ისე, რომ თვითონ არაფერი ეთხოვა. ისე უნდა გაეკეთებინა, რომ თავიანთი აზრი ჰგონებოდათ მისი დახმარება, თავი თავმდაბალ, სიკეთის მფრქვეველ არსებებად ეგრძნოთ.
მაგრამ არ გაჭრა.
ჩურჩულებდა ხალხი.
ელენე თავისი მაცდური ღიმილით იღიმებოდა.
უფროსმა დაუძახა, გარეთ გაიყვანა. ხმადაბლა დაუწყო თავიდან ლაპარაკი, აშკარად თავს იკავებდა, მერე ყვირილზე გადავიდა.
შიგნიდან დისკოთეკის ყურისწამღები მუსიკა და მოთამაშე სინათლე გამოდიოდა. სტუმრები თავიანთ ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილნი დაგოგმანებდნენ.
კარნავალი იყო, ნამდვილი, ადამიანური ნიღბებით.
უფროსი გაცოფებული ჩანდა. ლაპარაკის დროს ნერწყვს ისვრიდა თითქოსდა დუჟმომდგარი პირიდან.
ახლახანს გაეგო, რომ ბარბარეს დედა „მიუღებელ სამსახურს“ ეწეოდა და „ცივილიზებულ საზოგადოებას არცხვენდა“.
ბარბარე ამრეზით უყურებდა დედას. ზარავდა იმის გაფიქრება, თუ რას აკეთებდა საკუთარი მშობელი ფულისათვის, ყიდდა იმას, რაც არასოდეს არ უნდა გაყიდულიყო.
მაგრამ ამის მიუხედავად, ბრაზი მოერია უფროსის სიტყვებზე. აკანკალებული, გულისხცემააჩქარებული იდგა და უბრალოდ ისმენდა, თუ როგორ ულანძღავდნენ ერთადერთ დარჩენილ მშობელს, და ხმას არ იღებდა.
იმედოვნებდა, რომ სამსახურში დატოვებდნენ.
ამიტომ ხმა არ ამოიღო. არ დაიცვა დედა. არ უარყო არაფერი.
და მაინც, ბოლოს, უფროსმა რომ გული მოიოხა, ძალიან გარკვევით უთხრა, რომ დათხოვილი იყო და სადაც სურდა, იქ წასულიყო.
ბარბარე ფეხათრეული წამოვიდა. ფრჩხილები ხელისგულებში ჩაერჭო.
„ამაზრზენი ვარ. ამაზრზენი ვარ. ამაზრზენი ვარ.“ ფიქრობდა ის. „საზიზღარი. უპატიებელი გავაკეთე. ხმა არ ამოვიღე. სამსახურის გულისათვის. საკუთარი კომფორტი გვერდზე გადავდე. ხმა არ გამიღია. დედაჩემის კომფორტი გვერდზე გადავდე. სამსახურის გულისათვის, საიდანაც ვიცოდი, რომ დამითხოვდნენ. კრინტი არ დამიძრავს.“
რატომღაც იმას ჰგავდა ეს ქმედება, რასაც დედამისი აკეთებდა.
ბარბარეს გული მოაწვა ყელში. სახლამდე ისე მიაღწია, ვერც კი გაიგო.
იქნებ სწორედ ამიტომ იქცეოდა ასე დედამისი. ნუთუ სწორედ ეს იყო მისი გამართლება?
ყველაფრის ზემოთ ფულის დაყენება.
სიბინძურე გახლდათ ეს, მაგრამ ასევე აუცილებლობა, მეტი არაფერი.
უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჩანდა. ამიტომ აუცილებლობის გაკეთება იყო საჭირო.
რაც არ უნდა სიბილწედ უნდა მოსჩვენებოდა ეს.
გოგონას გააჟრჟოლა. ბუნდოვნად ახსოვდა, თუ როგორ მოუახლოვდა ნახევარი წლის წინ, როცა დედისათვის საჭმელი მიჰქონდა, ვიღაც ჩასკვნილი, ფუმფულა ქალბატონი, ყურადღებით აათვალიერა, გრძელი ფრჩხილები ნიკაპზე ჩაეჭდო.
მერე კი მის ბორდელში მუშაობა შემოსთავაზა. კარგ ანაზღაურებას დაჰპირდა. მოვლასა და დაცულობას დაჰპირდა.
ყველაფერი შეეზიზღდა ბარბარეს იმ წამს. ის ქალიც, დედამისიც, ქუჩაში მდგომი მეძავებიც. საკუთარი თავიც კი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. რომ უფლება მისცა ამ ქალს, მასზე ასეთი რამ ეფიქრა.
თვეების განმავლობაში ეპარებოდა ფიქრები იმ ბორდელზე. შორიდან დაათვალიერა სამჯერ.
ლამაზი გოგონები მუშაობდნენ იქ. გამოდიოდნენ, ეწეოდნენ, კოხტა კაბებსა და ლამაზ ფეხსაცმელში გამოწყობილნი, მოვლილნი.
სულაც არ ჰგავდნენ ბარბარეს, თავისი ჩასისხლიანებული, ამოაღამებული თვალებით, რომლებიც მუდამ მელანქოლიური მზერით იყურებოდნენ, რომლებშიც ცეცხლი აღარ ენთო.
დედა ზარავდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. რომ ბღალავდა მამის ხსოვნას. რომ ერთხელ განათხოვარი, ოჯახის გულმოდგინე დიასახლისი აქამდე დაცემულიყო.
მაგრამ საკუთარ თავზე არ ფიქრობდა იგივეს.
მხოლოდ და მხოლოდ სტაბილურობას, გადასახადსა და „სამსახურს“ ხედავდა ბორდელში ხანდახან და საკუთარი გონება აშინებდა. აშინებდა ის, რომ ასეთი მაცდური იყო მისთვის იმ ქალის შემოთავაზება.
მაგრამ თავს იმშვიდებდა. არასოდეს არ გააკეთებდა ამას. თვითონ არასოდეს დაეცემოდა. იმის მიუხედავად, რომ თავიანთი შელახული, უბადრუკი ბინაც ჩადებული ჰქონდათ ბანკში, და მათი გაბზარული ოდესღაც ბედნიერი ოჯახის დაფშვნას აღარაფერი აკლდა.
და თუ გააკეთებდა, გამართლებაც ჰქონდა. არავის მიმართ არ ჰქონდა ვალდებულება. არ ჰყავდა საყვარელი პიროვნება. მისი ახლობელი ვერავინ გაკიცხავდა ამისათვის. განურჩევლობა იყო საჭირო მხოლოდ და მხოლოდ. ამას მილიონობით ქალი აკეთებდა კიდევ.
ადვილი იყო ამის დაჯერება. საკუთარი თავის ამდენ სისულელეში დარწმუნება.
მით უმეტეს, როცა მოვალეები უკაკუნებდნენ კარზე.
-დედას მოგიტყნავთ, გაიგეთ? – ღრიალებდნენ გარედან. – ვიცით, რომ მანდ ხართ, თქვე ბოზანდარებო! ფუ თქვენი! ფული ერთ კვირაში დაიდოს, თორემ თმებით გათრევთ და მამაჩემის მამასთან გაგიშვებ მეშვიდედან, გაიგეთ?!
სიჩუმე ჩამოვარდა. კართან მდგარი ბარბარე ღრმად სუნთქავდა, კედელს მიყუდებული.
ცდილობდა, პანიკაში არ ჩავარდნილიყო. ცივი გონებით უნდა გადაეწყვიტა.
არავინ ყურადღებას არ აქცევდა მუქარას. პოლიციაში მისვლა სურდა ბარბარეს, მაგრამ ვერ გაებედა. იცოდა, თუ რანაირიც იყო აქ პოლიცია. ეშინოდა იმისა, რომ უფრო მეტად აითვალწუნებდნენ.
მაშინ, როცა მართლა არსად ჰქონდა წასასვლელი.
საკუთარი თავი შეამაგრა.
ფული სჭირდებოდა. სასწრაფოდ. თორემ თავზე ჩამოემხობოდა ძლივს შეკოწიწებული ცხოვრება.
თითები კინაღამ გადაიმტვრია.
ამ ღამით ბორდელში წავიდოდა.
.
.
-*-*-*-*-*-*-2
კანკალს აეტანა ბარბარეს მთელი სხეული, იმის მიუხედავად, რომ გარეთ თბილოდა.
არც ნიავი იძვროდა, არც ლამპიონები ანათებდნენ ბორდელისაკენ მიმავალ ქუჩაზე. ჩამობნელებულიყო ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ მილეული მთვარე და ბორდელის ფანჯრებიდან გამომავალი წითელი ნეონის სინათლე უჩვენებდა გზას.
დაელოდა, სანამ მევალეები მორჩებოდნენ ლანძღვა-გინებას. თაგვივით გასუსული იდგა, ხელში დანით, რომ თავის დაცვა მოეხერხებინა, თუ შემოუვარდებოდნენ სახლში.
შეცდომა იყო მათგან ფულის აღება.
ბარბარემ არ იცოდა, თუ რას წარმოადგენდნენ ისინი. თუ საიდან ჰქონდათ გასაცემი ფული, და თუ ჰქონდათ, თუ რატომ ადგებოდნენ თავზე პროცენტის გადახდის ორი დღით გადაცილებისას.
თუმცა, ყველანი დედამისის კლიენტები იყვნენ. ასეთი მამაკაცები ალბათ ათასნაირ სიბინძურეში იყვნენ გახვეულნი, ყველაფერთან ერთად.
არ უნდა ეთხოვა დედას მათთვის ფული. უსაფრთხოება და ძილი დაეკარგათ რამდენიმე ასეული ლარის გამო.
ბარბარე კანკალებდა. გრძნობდა, თუ როგორ გაბზარულიყო შიგნით. თუ როგორ ახლოს იყო დამსხვრევასთან.
იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ შეცვლიდა. რომ ამ გადაწყვეტილების ძალაში მოყვანის შემდეგ, მოუწევდა საკუთარი თავის გადაფასება. მოუწევდა შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მთლიანად განადგურებული იყო შინაგანად და ვეღარაფერი, ვეღარავინ შეძლებდა მის შეკეთებას. იქნებოდა როგორც გამოუსადეგარი, უსულო, დამსხვრეული ობიექტი, რომელიც ხორცი იყო მხოლოდ ამქვეყნად, რომ ჟინის დასაკმაყოფილებლად არსებობდა.
ეზიზღებოდა საკუთარი თავი. მაგრამ ერჩივნა, რომ გამტყდარიყო, ერჩივნა საკუთარი სხეული, და უფრო უარესი, საკუთარი სული და პრინციპები წაებილწა, ისინი უარეყო, დედამისის, რომელიც ეზიზღებოდა, გზაზე დამდგარიყო.
ეს ერჩივნა, რათა ცოცხალი დარჩენილიყო. რათა მუდამ ამოდენა სტრესსა და ტანჯვაში არ გაეტარებინა ცხოვრება.
ნელ-ნელა მიიწევდა წინ, უფრო და უფრო შორს, მოუსავლეთში, და ქვემოთ უვარდებოდა გული ბარბარეს. ისეთი ძალით უცემდა, რომ მთელ სხეულში გრძნობდა ფეთქვას. სისხლის მის ძარღვებში ასე სწრაფად ხუილის მიუხედავად, გაჰყინვოდა ხელები და ტერფები, ძლივს რომ აბიჯებდა.
ბორდელი ნელ-ნელა უახლოვდებოდა. წითელი სინათლე ეფინებოდა გოგონას, მაგრამ ამ მკვეთრი, თბილი ფერის სინათლისაგან ვერაფერს გრძნობდა. სხეული გასციებოდა.
ათრთოლებული მიადგა კარს. ოფლი ასხამდა, ნელა მიმოიხედა. ქუჩას ამოწმებდა, არ სურდა, რომ ვინმეს დაენახა. თუმცა, ეს უკანა შესასვლელი იყო. არავინ დაინახავდა.
ბარბარე შედგა.
რა სისულელე იყო. რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ ვინმე დაინახავდა. ყველაფერი, რაც გააჩნდა და კარგი იყო მასში, სააშკარაოზე გამოვიდოდა იმ წამს, როცა ამ ბორდელში შეაბიჯებდა, მერე კი წაიბილწებოდა.
გოგონას სიბინძურის სუნი ეცა. სიმჟავის, სიმწრის ამაზრზენი სურნელი ჰქონდა.
გული აერია.
კედელს ხელით მიეყრდნო, რომ არ დაცემულიყო, თვალებგაფართოებული დაშტერებოდა კარის მეტალის სახელურს.
ცოტა ხანი იდგა, ცდილობდა საკუთარი თავი წესრიგში მოეყვანა და ტყვიაჩასხმული მუხლები არ ჩაკეცოდა მისი სხეულის უცაბედი სიმძიმის ქვეშ.
ბოლოს და ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა. ერთიანად დაიცარიელა გონება, ის მოყვირალი ფიქრები, უწყალოდ რომ ლანძღავდნენ საკუთარ გონებაში, მთელი ძალისხმევით მიჩურთა სადღაც შორს.
სახელური დასწია და ბორდელში შეაბიჯა.
წამსვე წითელი სინათლე მოედო სხეულზე. ყველაფერს წითელი ათინათი ეფინა. უკანა შესასვლელი დერეფანში გადიოდა, რომლის ორივე მხარეს მიხურული კარებები ჩარიგებულიყვნენ, თავზე მიმაგრებული ნეონის წითელი სინათლით. ყველა ენთო, ერთის გარდა.
ალბათ ის ოთახი ცარიელი იყო.
რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ კარებების იქით, რომელთა თავზე ზუზუნით ანათებდა სინათლე, მეძავები თავიანთ კლიენტებს ემსახურებოდნენ.
ბარბარეს კუნთები დაეჭიმა. ფეხს ვერ ადგამდა თითქოს. უნდოდა მობრუნებულიყო და გაქცეულიყო აქედან.
მერე კი გაიგონა.
მარჯვენა მხარეს, კარიდან მკრთალი, მაგრამ მაინც გასარჩევი, მამაკაცის მძიმე ქშენისა და ქალის ხმამაღალი კვნესის, შეკივლების ხმა გამოდიოდა.
ბარბარე გაფითრდა. პირველად გაეგონა ასე ახლოდან სექსის ხმა.
სხეული ახურების მაგივრად გაუცივდა. უახლოესი ფიზიკური კავშირის ნაცვლად, რომელიც სიყვარულის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილების ხმა რეკდა ყურებში.
დარეტიანებული გაემართა წინ.
ამ ხმებს უნდა მოშორებოდა.
დერეფნის ბოლოს კარი შეაღო და შეაბიჯა. ერთიანად დაცლილიყო, ისე, როგორაც სურდა აქამდე.
ოთახში ისეთივე წითელი სინათლე ციმციმებდა, რომელიც ოთახიდან გამავალი კარებების თავზე დაეყენებინათ. აქ უფრო ხმამაღალი იყო ერთმანეთში შერწყმული, თითქოს გარითმული, დადგმული კვნესის ხმა.
იდუმალი იყო ოდნავ ბუნდოვანი ოთახი. ალაგ-ალაგ ჩამობნელებულიყო, სადაც სინათლე არ სწვდებოდა.
რამდენიმე სისხლისფერი სავარძელი იდგა წრიულად, აქეთ-იქით, იატაკზე მუქი ყავისფერი, ძვირფასი ხალიჩა ეფინა. შავი ფარდები ეკიდა ფანჯრებზე, მთლიანად გადაწეული, რომ ეს ადგილი უცხო თვალისაგან დაეფარათ.
ფარავდნენ  იმას, რაც დასაფარი არ იყო, მაგრამ აჩენდნენ იმას, რაც არ უნდა გამოეჩინათ.
მეძავები სავარძლებში ისხდნენ. რამდენიმე ეწეოდა, გრძელი, ფერად-ფერადად შეღებილი ფრჩხილები ჰქონდათ, მოკაუჭებული. ისე გამოიყურებოდნენ, რომ იოლი იყო იმის წარმოდგენა, თუ როგორ ჩამოჰკაწრავდნენ ისინი მათზე ზემოდან მოქცეული მამაკაცის ზურგზე, მკლავებზე, მკერდზე.
ბარბარეს გააჟრჟოლა. წარმოიდგინა, თუ როგორ ჩაეჭდობოდნენ ეს კაუჭები, ეს კლანჭები კაცების თვალებს. როგორ ამოძირკვავდნენ დაუცველ კაკლებს და როგორ დატოვებდნენ პირდაფჩენილ, სისხლიან ბუდეებს.
შეკრთა. ავადმყოფი იყო. ასეთ რამეებზე არ უნდა ეფიქრა.
ჰაერში ტკბილი, სიგარეტის სურნელშერეული ნაცრისფერი ბოლი ტრიალებდა. რატომღაც თვალები აეწვა ბარბარეს. არ იცოდა, ეს წვა ბოლის გამო იყო, თუ მისკენ მოქცეული, იმ ჩაფსკვნილი, ფუმფულა ქალბატონის, „მამაშას“ მზერის გამო.
ქალი სავარძელში ჩაძირულიყო, სიგარეტს საფერფლეში სრესდა, ბედნიერი გამომეტყველებით მისჩერებოდა. ფართო პირი, სქელი ტუჩებით, მორღვეულს მიუგავდა სახეზე. ქუთუთოებზე მკვეთრი ლურჯი ჩრდილი ესვა, ისეთი, რომ ფერი გასარჩევი იყო მოჭარბებული წითელი სინათლის ფონზეც კი.
-მოდი, ძვირფასო. – ხელი გამოუწოდა მან, მორღვეული პირი აუმოძრავდა, ტუჩები ინტერესით აუცმაცუნდნენ.
ბარბარე მისკენ დაიძრა. რამდენიმე სავარძელს ჩაუარა. გრძნობდა, თუ როგორ აშტერდებოდნენ მეძავები.
ასე დაუცველად, უცხოდ, გარიყულად არასოდეს ეგრძნო თავი.
არა. არა. არა. უსამართლობა გახლდათ ეს მხოლოდ და მხოლოდ. არ უნდა ეგრძნო უცხოდ თავი. არ უნდა ეგრძნო. არ იმსახურებდა ამას. ეს ხალხი იყო გარიყული, ეს ხალხი იყო უცხო, ეს ხალხი იყო მოკვეთილი და გაუცხოებული საზოგადოების მიერ.
„შენ რა, სხვანაირი გგონია საკუთარი თავი? ამ საზოგადოების ნაწილი შენც ხარ, ბაბი.“ გაახსენდა უცებ ელენეს სიტყვები და თითქოს მუცელში ხელი სტაცეს, ისეთივე კლანჭებით, როგორებიც ამ მეძავებს ჰქონდათ.
ახლა ამ „საზოგადოების“ ნაწილი გახდებოდა. მალევე.
-მოხვედი, როგორც იქნა. – გაუღიმა მამაშამ. მის გარშემო შემოხვეული მეძავები ცივი თვალებით უყურებდნენ. წითელი სინათლე ეფინათ სახეზე. – ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.
-ფული მჭირდება. – ამოიხრიალა ბარბარემ. საკუთარი ხმა ვერ იცნო.
მეძავებმა ჩაიცინეს. ერთი პირდაპირ, ირონიული, დამცინავი გამომეტყველებით უყურებდა. მოკლე, ვარდისფერი კაბა ეცვა, საცვალი უჩანდა ფეხებშუა.
-ყველას სჭირდება ფული. – თქვა მეორემ. ხმა გაუხეშებოდა სიგარეტის მოწევისაგან. ახლაც ნაფაზი დაარტყა, ბარბარესაკენ გაასუნთქა მყრალი ბოლი. -მაგის ნუ შეგრცხვება, თოჯინა.
-მიხედეთ, გოგოებო. – მორღვეული პირი კიდევ ერთხელ გაიღო. სამი იქვე მსხდომი მეძავი წამოდგა. – ახლავე დაიწყებ. არა? – ჰკითხა მან, რაც კითხვას საერთოდ არ ჰგავდა, უფრო ბრძანებას. ისეთს, რაზეც ბარბარე ვერაფრით შეუბრუნებდა სიტყვას. რაშიც მუქარაც ჩატეულიყო.
-დიახ. – თქვა გოგონამ და ფეხებს ძლივს დააძალა ნაბიჯის გადადგმა, იქვე მიმავალ მეძავებს მიჰყვა. გული ყელში მოსწოლოდა, თავბრუს ახვევდა ტკბილი, მყრალი ბოლი და დაბურული, წითელი ოთახი.
მეძავებმა ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს. რამდენიმე დიდი ეტაჟერი იდგა, სარკეებით, მათ წინ სკამები დაედგათ. ოთახში კაშკაშა ბროლის ჭაღი ანათებდა, ავეჯი თეთრი იყო, ფანჯრებზე ჩამოკიდებული მეწამული ფარდებით.
ქალებმა პირსახოცები, ერთჯერადი საპარსი ამოიღეს ერთ-ერთი ეტაჟერიდან. ერთი კარადას მიადგა, შიგნით ჩამოკიდებულ, უთვალავ, ფერად-ფერად ლიფებსა და საცვლებში შესაფერისს ეძებდა.
ბარბარეს ძლივს ეჭირა აკანკალებულ ხელებში პირსახოცები და საპარსი. თავბრუდახვეული იდგა. თითქოს ნისლით იყო მისი მზერა მოცული, როცა მეძავმა რამდენიმე წყვილი, სხვადასხვანაირი ლიფი შეაჩეჩა ხელში, საცვლებსა და თხელ გეტრებთან ერთად, ლამაზი მაქმანი რომ შემოჰყოლოდა თავზე.
-კარგად დაიხეხე ტანი, – ეუბნებოდა მეძავი. – წესიერად გამოიბანე, გასაგებია? სუნი არ გქონდეს სადმე… კარგად გაიპარსე, სადაც საჭიროა, თუ არადა მაკრატელია სააბაზანოში… მერე ესენი გაისინჯე, რომელიც მოგერგება…
მერე კი სააბაზანოში შეუძახეს. პაწაწინა აბაზანა, უნიტაზი და ნიჟარა იყო მხოლოდ. ფანჯარა არ ჰქონდა ოთახს.
ბარბარეს სხეული ტეხდა. ხელები უკანკალებდა. თითქოს თვალებზე ლიბრგადაკრულმა წვივები რამდენჯერმე გაიჭრა საპარსის გადატარების დროს. ცხელი წყალი ასხამდა ზურგზე, ახვეული თმის ძირს უსველებდა, შხაპის თავიდან მომავალი, და გუდავდა ორთქლი, სული ეხუთებოდა.
ორი ლიფი გაიკეთა. მესამე მოერგო. შავი იყო, წითელი მაქმანით, ზემოთა ნახევარი გამჭირვალე ჰქონდა, ორმაგი სალტებით. მკერდი არაბუნებრივად ამობერვოდა, ორ ბორცვად ედო გულმკერდზე. საცვალიც ასეთივე იყო, წვრილი სალტე ჰქონდა მხოლოდ უკან, ისიც წითელი. საშინელი, არაკომფორტული ამ საცვლის ტარება.
ფეხის გადადგმა ეშინოდა ბარბარეს, როცა ფეხებზე გამჭირვალე, შავი კოლგოტი ამოიცვა და მაქმანებიანი ბოლოები შეისწორა თოვლივით თეთრ ბარძაყებზე. დაჰყურებდა საკუთარ ფეხებს, კედელზე მიყუდებული, და უბრალოდ ცდილობდა ესუნთქა.
სულ ასე არ იყო? მხოლოდ და მხოლოდ სუნთქვას, გადარჩენას ცდილობდა.
არაფერი არ იყო ამაში სამარცხვინო.
საკუთარი თავის გადასარჩენას აკეთებდა ამას.
საკუთარი დამსხვრეული ოჯახის ნარჩენებისათვის აკეთებდა ამას.
ფულისათვის აკეთებდა ამას.
გული მკერდში უბრაგუნებდა, როცა სააბაზანოს კარი გააღო და გარეთ გააბიჯა. ახლადდაბანილ სხეულზე მოსწოლოდა უკვე ოფლი.
მეძავებმა თმა დავარცხნეს. უშველებელქუსლიანი ფეხსაცმელი ჩააცვეს, რომლის წვრილ ქუსლზე ძლივს იკავებდა თავს გოგონა. სხეულზე ქინქლის ფრთებივით გამჭირვალე, ფარფატა ქსოვილის სალტებიანი პერანგი გადააცვეს. ისეთი, თითქოს შეხედვითაც კი ჩამოდნებოდა მისი სხეულიდან.
თითქოს ბარიერი იყო ეს პერანგი, მაგრამ ისეთი ბარიერი, როგორიც სულის შებერვაზე ჩამოვარდებოდა. ნიშანი იყო იმისა მისი მომავალი კლიენტისათვის, რომ შემოეძარცვა მისთვის ეს უსარგებლო, თხელი ნაჭერი და დაუფლებოდა მის სხეულს, რომელიც ამ ბარიერის ილუზიაში ისედაც მშვენივრად მოჩანდა.
სიბილწე იყო ეს ყველაფერი.
პომადა წაუსვეს. მკვეთრ წითლად შეუღებეს ტუჩები. ტუშით გაუმუქეს წამწამები და უკან გადგნენ.
საკუთარ თავს მიშტერებოდა ბარბარე. ლამაზი იყო მისკენ მომზირალი ახალგაზრდა ქალი, მაგრამ მასში საკუთარ თავს ვერ ცნობდა. წითელ ტუჩებში სილამაზის მაგივრად გარყვნილებას ხედავდა.
გარეთ გაიყვანეს მეძავებმა. ერთ-ერთი ოთახიდან იმ დროისათვის გამობიჯა კლიენტმა. მაღალი მამაკაცი იყო, ხანშიშესული. ჰალსტუხი გვერდზე მოქცეოდა. მის არათითზე მორგებულმა ბეჭედმა გაიბრწყინა ბუნდოვან სინათლეში. არავის არ უსწორებდა თვალს, ისე გაუჩინარდა გასასვლელისაკენ მიმავალ დერეფანში.
ბარბარე ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს.
-ლოგინზე დაწექი. – უთხრა მეძავმა. მაღალი ქალი იყო, ავი თვალებით დაჰყურებდა. – ხმა არ გაიღო, თუ კლიენტი ამას არ მოისურვებს. ზეთი უჯრაშია, თუ არ სველდები. უთხარი, რომ ქალიშვილი ხარ. მეტს მოგცემენ.
ბარბარემ ავტომატურად დაუქნია თავი. თითქოს ტონა ედო მხრებზე.
კარი გაიხურა, სიჩუმე ჩამოვარდა.
ფართო, პრიალა ვარდისფერი საბნის დაფარულ ლოგინზე წამოწვა გოგონა.
არ იცოდა სად წაეღო ხელები, ფეხები, საკუთარი თავი და მასში აღრიალებული გრძნობები.
იწვა, გულამოვარდნილი, გაფითრებული და ელოდა.
გავიდა ხუთი წუთი. თხუთმეტი. ნახევარი საათი.
კედელზე ჩამოკიდებული საათი ტიკტიკებდა, ბარბარე ცდილობდა მასზე კონცენტრირებას, იმ კვნესის მაგივრად, რომელიც მეზობელი ოთახიდან გამოდიოდა, სველი ტკაცანის ხმებთან ერთად.
მერე კი სახელური ჩამოსწიეს.
ვიღაც დიდი, მაღალი კაცი შემოვიდა. ქამარზე გადმოჰკიდებოდა მუცელი, მუქი მაისურის ღილები დასკდომაზე ჰქონდა მუცელსა და მკერდზე. წვრილი, უემოციო თვალებით დააშტერდა ბარბარეს.
-შენა ხარ ხომ ახალი? ქალიშვილი? – თქვა მან, ჩახრენწილი ხმა ჰქონდა. წამსვე პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო, ჭაღარათმიანი მკერდი და მუცელი გამოუჩნდა.
ბარბარე თვალებგაფართოებული მიშტერებოდა.
შოკში იყო, პირი გამოუშრა.
ისღა შეეძლო, რომ თავი დაექნია, შეძრწუნებულს.
ეს უცხო კაცი იხდიდა. მალე მორჩებოდა გახდას, ლოგინს მიუახლოვდებოდა და მთელი თავისი სიმძიმით დააწვებოდა ზემოდან. მერე კი უნიათოდ, ყოველგვარი მომზადების გარეშე შემოიჭრებოდა მასში, ჟინს დაიკმაყოფილებდა გოგონას სხეულით.
ბარბარეს წამიერად თვალებში ჩამოუბნელდა. ისეთი დისორიენტირებული იყო, რომ ვეღარაფერს გრძნობდა თითქოს.
კაცმა ქამარი ჩხარუნით შეიხსნა, საცვალი და შარვალი გაიძრო. ლოგინისაკენ წამოვიდა, შეუჩერებლად, ბარბარეს, რომელიც ქვასავით გამშრალი იწვა, კოჭში ჩაავლო ხელი და მისკენ მოსწია, ფეხები გააშლევინა.
„მილიონობით ქალი აკეთებს ამას. მილიონობით ქალი აკეთებს ამას. მილიონობით ქალი აკეთებს ამას…“ უჩურჩულებდა ცბიერი ხმა, რომ თვალებში არ გამოეხედა, არ შეეხედა ისეთი მწარე სიმართლისათვის, როგორიც მისი პირველი კლიენტი იყო.
არ ეგრძნო მისი ბილწი სუნთქვა. მისი სქელი, უხეში თითები, ხარბად რომ მოსჭიდა თხელ, თოვლივით ბარძაყებზე.
„არა. არა, მომშორდი, არ მინდა, მომშორდი…“ წამოიყვირა გონებაში ბარბარემ. გამწარებული, ერთიანად განადგურებული იწვა, იდაყვებზე დაყრდნობილი. ამაოდ გაფართოებოდა თვალები, მაინც ვერაფერს ხედავდა. გაუგებარი ფერების მასა უტრიალებდა წინ.
მერე კი კაცმა ხელი ააცურა. ფეხებშუა შეეხო, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, მაგრად ჩააჭირა თითები. იქ, სადაც ბარბარეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხელი ჰქონდა აქამდე. სადაც, ხანდახან ფიქრობდა, რომ ერთ დღეს საყვარელი მამაკაცის ნდომით აღსავსე შეხება ექნებოდა.
გონებაში გადაუტრიალდა რაღაც.
-არა, მოიცადეთ. – ისე წასკდა გოგონას პირიდან, სანამ გააცნობიერებდა, რას ამბობდა. ერთიანად მოიკრუნჩხა, უკან გაბობღდა ლოგინზე, ფეხი გააქნია, რომ კაცის არასასურველი შეხება მოეცილებინა. – მოიცადეთ, არ მინდა…
-რას ქვია, არ გინდა? – კაცს წარბები შეეკრა, გაღიზიანებული, გაკვირვებული მიშტერებოდა. ყველანაირად დააძალა ბარბარემ საკუთარ თავს, რომ მისი საზარდულისაკენ არ ჩაეხედა.
გული აერეოდა მალე.
-არ მინდა, უნდა წავიდე… – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ, ლოგინიდან გადაცოცდა. კაცი ისე უყურებდა, თითქოს ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი საქციელი შესაძლებელი იყო.
-სად მიდიხარ ერთი, მოეთრიე აქ… შენისთანა ბოზებს სათქმელი არაფერი აქვთ…  – აგდებულად თქვა უცებ და ბარბარეს მაჯაში სწვდა, მისკენ მოქაჩა.
მერეღა წასკდა გოგონას კივილი.
ისეთი განწირული, გამგმირავი ხმა აღმოხდა პირიდან, რომ წამიერად ვერ დაიჯერა, რომ საკუთარი ხმა იყო.
აქამდე ასე არასოდეს ეყვირა.
კაცი ისე შეცბუნდა, რომ ხელი შეუშვა. ეს საკმარისი იყო ბარბარესათვის, ძლივს დაფარა კარებამდე დარჩენილი მანძილი, გარეთ გავარდა და ისე, რომ ოთახში მყოფი მეძავებისა და მამაშასათვის არ გაუხედავს, გასასვლელს ეცა, დერეფანში გაიქცა, ძლივს მიყელყელაობდა ფეხსაცმლის წვრილ ქუსლებზე.
-დააბრუნეთ! – წიოდა მამაშა. ბარბარეს შეზარა მისმა სიტყვებმა, მისი მოფლაშული ტუჩების წარმოდგენამ. მეძავები წამოიჭრნენ, მათი ნაბიჯების ხმა ესმოდა ბარბარეს.
გარეთ გამავალ კარში გაიჭრა, ფეხსაცმლის წინა ნაწილზე დაყრდნობილი გარბოდა, ისე სწრაფად, როგორაც შეეძლო. გული ყელში მოსწოლოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ საით გარბოდა, სადღაც კუთხეში შეუხვია, წამიერი, პანიკით აღსავსე აზრით, რომ მეძავები არ დასწეოდნენ, მერე მარჯვნივ გაუხვია, კორპუსებს შორის. იქამდე მირბოდა, ჩაბნელებულ ქუჩაში, სანამ მთელი სხეული მოქანცულობისა და წვისაგან არ აუყვირდა, და სანამ უკნიდან მეძავთა ნაბიჯების ხმა შეწყდა.
შედგა, მუხლები მოეკეცა, კედელზე მიყუდებულს. ქვემოთ ჩაცურდა, ქვიშაზე დაეხეთქა. ფილტვები ეწვოდა, პირდაღებული ქოშინებდა.
მაინც ვერ შეძლო.
ეგონა, რომ შეძლებდა, რომ აუცილებლობა ამას გააკეთებინებდა.
მაგრამ არ ეყო გამბედაობა. ვერ გაუძლო იმის ფიქრს, რომ ასე საზიზღრად შეეხებოდნენ. შორიდან იოლი იყო თითქოს ამის გაფიქრება, რომ წავიდოდა, იმუშავებდა, და ფულს მიიღებდა, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დადგა, ყველაფერს უცებ ხორცი შეესხა. იმ წამს ბარბარეს არაფერი არ სურდა, იქედან გამოქცევის გარდა.
საკმარისად გამბედავი არ აღმოჩნდა. ან საკმარისად გატეხილი.
არ იცოდა ჯერ, ვერ გაეგო.
ცოტა ხანი იჯდა. სულს ითქვამდა.
მერე შემოგარენი მოათვალიერა. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ საით გამოიქცა, ისეთი გამწარებული მორბოდა, რომ მასზე დადევნებულებს გაქცეოდა.
ორი კორპუსის შორს, ნაგვის ბუნკერთან ახლოს იჯდა. მარჯვენა მხარეს ფილებაყრილი ტროტუარი გადიოდა, მის იქით გადამხმარი ბუჩქები და ტრასა მოჩანდა. გვერდიდან მკრთალად მოდიოდა ლამპიონის ყვითელი შუქი.
ოდნავ წამოუბერა. ბარბარეს შეაკანკალა, აქამდე არც კი შეემჩნია, რომ ჯერ კიდევ მეძავის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, საკუთარი სამოსი ბორდელში დატოვებინა. სირცხვილმა ლოყები შეუფითრა, გული გამეტებით უცემდა.
ეს ვერ გააკეთა. ახლა სახლში უნდა წასულიყო, და სხვა რამე მოეფიქრებინა. მოუწევდა სხვა სამსახური ეძებნა.
მაგრამ ახლა ამაზე დიდად არ ნერვიულობდა. შვებით იყო აღსავსე, რომ ბორდელიდან გამოიქცა და იქ წასვლას აღარასოდეს გაივლებდა თავში. ამით წერტილი დაესვა მის ნახევარწლიან, სისუსტის მომენტებში გაფიქრებულ, ბილწ აზრებს.
სახლისაკენ მიმავალი გზა უნდა მოეძებნა.
ის იყო, უნდა წამოწეულიყო მოკანკალე ფეხებზე, რომ შორიდან ყვირილის ხმა მოესმა.
ბარბარე გაშრა, კედელთან უფრო მოიყუნჭა, დაპატარავდა, სიბნელისაკენ წაიწია. დაფეთებული უსმენდა, თუ როგორ ყვიროდნენ მოშორებით ვიღაცები. სიტყვებს ვერ არჩევდა, მაგრამ ყვირილი გაცოფებული ჩანდა, მრისხანებით აღსავსე, სამნი უნდა ყოფილიყვნენ, მანქანის კანის გაჯახუნებისა და ზემოდან, კორპუსიდან მომავალი, ალბათ გულშეწუხებული მოსახლის ყვირილი მისწვდა მის ყურებს.
მერე კი ყრუ გასროლის ხმა გაისმა. ერთი. ორი.
ბარბარეს მთელი სხეული შეუხტა.  აკანკალებული, თვალებგაფართოებული დაშტერებოდა მის წინ გაგორებულ კენჭებს.
ბრაგვანის ხმა მოისმა, მანქანის კარი კიდევ ერთხელ მოაჯახუნეს. ბორბლებმა გამაყრუებლად გაიღრჭიალეს, და მალევე ჩაკვდა ძრავის ხმა.
გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა გარშემო. სადღაც, შორს, მაწანწალა ძაღლმა დაიწყო ყეფა, მას სხვებიც შეუერთდნენ ღავღავით.
ბარბარე ცოტა ხანი იჯდა, თვალებდაჭყეტილი, გული ყელში მობჯენოდა.
გასროლის ხმა გაეგონა, მაგრამ არასოდეს ასე ახლოდან.
ბრაგვანის ხმა მოჰყვა მას. ვიღაც დაეცა.
ალბათ ახლა იწვა ის ვიღაც, სისხლისაგან იცლებოდა. სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება.
შორიახლო ხმა არ ისმოდა. არაფერი არ იძლეოდა იმის ნიშანს, რომ აქ ბარბარესა და იმ წაქცეული ადამიანის გარდა კიდევ ვინმე იყო.
ასეთ სცენარზე ეფიქრა ბარბარეს. ვიღაც ცუდად გახდებოდა ქუჩაში. მივარდებოდა თვითონ, დაეხმარებოდა, სულს ჩაჰბერავდა. არ იცოდა, ამას უანგაროდ ფიქრობდა, თუ სურდა გმირის როლი ეთამაშა ხალხის თვალში.
ახლა ნამდვილად არ გრძნობდა გმირად თავს. უბრალოდ უნდოდა აქედან წასულიყო.
მაგრამ იქ ადამიანი იწვა.
მისნაირი ადამიანი. მისნაირი გული უცემდა მკერდში.
მშობლები ეყოლებოდა. ალბათ მეუღლე. მეგობრები. მომავალი.
ბარბარემ ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ფეხზე წამოდგა, კუთხესთან მოუხვია, ერთიანად წელში მოკაკვულმა. ჯერ გაფაციცებით მოათვალიერა გარემო, მერე კი კედელ-კედელ გაჰყვა ტროტუარს.
ათიოდე ნაბიჯი გადაედგა, როცა უკნიდან მომავალ, უფრო და უფრო მკრთალ ყვითელ, მბჟუტავ სინათლეზე გაარჩია კორპუსთან დაყრილ აგურების გროვასთან ადამიანის სილუეტი.
ბარბარემ ფეხს აუჩქარა, გული მკერდში უბრაგუნებდა, ნაწლავებზე ექაჩებოდნენ თითქოს. სილუეტს მიუახლოვდა, მუხლებზე დაეშვა მის გვერდით.
ახალგაზრდა კაცი იყო. შავი ტყავის ქურთუკი ეცვა, შიგნით მაისურით. გაუნძრევლად იწვა, მაგრამ სუნთქავდა, დაღებული პირით. ცალი ხელი მაგრად მოეჭდო მხარზე, თითებს შუა გამოჟონილი მუქი სითხე მკრთალად ბზინავდა. თვალები ღია ჰქონდა, ბნელი და შუშისებრი. ამ შუშისებრი თვალებით ბარბარეს უყურებდა, სახე ოფლით დაცვაროდა.
ბარბარე დაჰყურებდა, არ იცოდა, ხელები სად წაეღო. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. გონება ერთიანად არეოდა, გულისცემა ესმოდა ყურებში.
სადმე უნდა დაერეკა. დახმარება უნდა ეთხოვა. სხეულზე მოიფათურა ხელები, სანამ გააცნობიერებდა, რომ თავისი მობილური ბორდელში დატოვა ტანსაცმელთან ერთად.
-ტელეფონი არ გაქვთ? – ჰკითხა მან, ხმა უთრთოდა. – პოლიციაში და საავადმყოფოში დავრეკავ…
მამაკაცმა მხარზე მოჭერილი ხელი უცებ წამოსწია, ელვის სისწრაფით სტაცა მაჯაში გოგონას. ბარბარე მთელი ტანით შეხტა, პირიდან სუსტი შეკივლება წასკდა. კაცი დაჟინებით მიაშტერდა.
-არსადაც არ დარეკავ. – კბილებში გამოსცრა მან და ისეთი ძალით მოუჭირა ხელი, რომ ბარბარემ ირძნო, როგორ დაიღრჭიალეს მაჯის ძვლებმა, როგორ გაეხახუნნენ ერთმანეთს. ტკივილისაგან დაიკლაკნა.
-გამიშვი… მტკივა… – მუშტი შეკრა გოგონამ, მაგრად გამოქაჩა. კაცმა ხელი შეუშვა, ისევ მხარზე მოიჭირა. ტკივილთან ერთად, მისი ბლანტი სისხლის რკალი დარჩა ბარბარეს მაჯაზე.
კაცი წამოჯდა, სისინით იტაცა მუხლთან ხელი. ახლაღა შეამჩნია ბარბარემ გაფხრეწილი შარვალი, რომლის კიდეებიც მიკრულიყო ფეხზე, სისხლისაგან სველი.
-საავადმყოფოში გჭირდება წასვლა… – ძლივს ამოილუღლუღა მან, წაიბორძიკა, ფეხი გადაუბრუნდა წამოდგომის დროს. მოჭერილი ფეხსაცმელი ტერფებში აჭერდა. – დაჭრილი ხარ…
-ვიცი, აქ ვიყავი. – მოუჭრა კაცმა, კედელს მიეყუდა, თავი უკან გადააგდო. თვალები დახუჭა, წარბები შეეჭმუხნა ტკივილისაგან. შავი თმა ჰქონდა, ოდნავი წვერი მოსდებოდა ყბებზე.
ბარბარე მიაშტერდა, ჭოჭმანობდა, გული გამალებით უცემდა. არ იცოდა რაღა ეთქვა.
არ იყო ეს კარგი სიტუაცია. შელაპარაკება მოხდა, მერე კი ეს კაცი დაჭრეს, მაგრამ არც პოლიციაში, არც საავადმყოფოში წასვლა არ სურდა. ინსტინქტურად უკან დაიხია ბარბარემ, ეს კაცი საფრთხეს ასხივებდა, მთელი მისი არსებით.
მაგრამ ასევე დაჭრილი იყო, ტკივილს მოეღმიჭა მისი სახე, ამ სიბნელეშიც კი აშკარა იყო, რომ ფერს კარგავდა. ხელი სისხლით ჰქონდა შეღებილი.
მერე კი უცებ ხელი მხრიდან ჩამოიღო, ტკივილით სავსე სისინით მაისურის ბოლოს სწვდა, გვერდიდან გვერდამდე გადაფხრიწა. ქურთუკი გაიძრო, ძირს დააგდო, მერე კი ნაფხრეწი სისხლისაგან სველ ჭრილობაზე მოიხვია მხარზე, კბილებით მოსწია ზოლის ბოლო, მაგრად გადაკოჭა, გასავათებული მიეყუდა კედელს.
გადახეული მაისურის ქვეშ მუცელი უჩანდა. ბარბარეს იმ კლიენტის ჭაღარა თმით დაფარული მუცელი წარმოუდგა თვალწინ და ერთიანად მოეღმიჭა სახე, თვალი აარიდა.
კაცმა მოულოდნელად გადმოხედა, თავიდან ფეხამდე აათვალიერა.
-მეგონა ბოზების ქუჩა აქედან მოშორებით იყო… – თქვა მან. ბარბარეს სახე გაუფითრდა, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, მკლავები სხეულზე შემოიხვია, იმის მიუხედავად, რომ ბევრს ვერაფერს დამალავდა.
-მე არა ვარ მეძავი… – მიუგო მან.
-სწორედ ეგრე ამბობენ ბოზები. – უპასუხა კაცმა. ათვალწუნებით უყურებდა, ღია პირში მოელვარე თეთრი კბილები უჩანდა. – გაეთრიე აქედან, შენი დანახვა არ მინდა. ამაზე კრინტი არ დაძრა, თორემ გიპოვი და ენას ამოგაძრობ.
კედელს მოშორდა, აშკარა იყო, რომ ძლივს იდგა ფეხზე, უშველებელი ძალისხმევა სჭირდებოდა ამისათვის. ქურთუკი აიტაცა ქვაფენილიდან და შებრუნდა, ტროტუარს კოჭლობით დაუყვა.
ბარბარე კრიჭაშეკრული იდგა. ეს კაცი სერიოზულად ეუბნებოდა ყველაფერს. ეშინოდა, მკერდში ფესვგადგმული ტერორი ათრთოლებდა, მაგრამ უკანდახევა არ სურდა.
არ იცოდა, რატომ. ისევ გმირის თვითწარმოდგენა სჭირდა, თუ უანგარო ადამიანობა მოსწოლოდა, თუ პასუხისმგებლად გრძნობდა თავს, რადგან გარშემო სხვა არავინ იყო.
-მოიცადე, სად მიდიხარ? დაჭრილი ხარ, ასე არ შეიძლება… – გამოეკიდა ძალაუნებურად. კაცი წაბორძიკდა, მტკივნეულ ფეხს დაებჯინა, გმინვა აღმოხდა და ბარბარეს არც კი უფიქრია, ისე სწვდა მას, უკნიდან მაგრად მოხვია მკლავები, მერე კი დაუზიანებელი მხრის ქვეშ შეუძვრა, იღლიაში საკუთარი მხარი მიაბჯინა, მაგრად დაიჭირა მისი მკლავი. კაცის სიმძიმე აუწერელი იყო, ისედაც დაღლილი ფეხები თრთოდნენ ამოდენა ტვირთის ქვეშ. ქუსლებით ბარბარე თითქმის მისი სიმაღლე იყო, თავი რომ გაეტრიალებინა, პირდაპირ კაცის სახეს შეეჩეხებოდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ? – დაუსისინა კაცმა ყურში.
-ასე ვერ დაგტოვებ, არ შემიძლია. –  ჯიუტად მიუგო გოგონამ, ფეხი გადადგა, კაცის ნაბიჯებს აუწყო საკუთარი. – დაგეხმარები…
-ბოზის დახმარება არ მჭირდება! – ხმას აუწია მამაკაცმა და გაიქაჩა, მაგრამ დაისისინა, როცა მტკივნეულად შეუტოკდა მხარი.
-არ ვარ ბოზი მეთქი… – გაუმეორა ბარბარემ. მაგრად კუმავდა ტუჩებს და კაცს ტროტუარზე მიათრევდა, ცდილობდა ქალაქის ეს ნაწილი რამენაირად ეცნო. სახლამდე უნდა მიეღწია, იქამდე მის დასახმარებლად ვერაფერს გააკეთებდა. – და ვინც არ ვიყო, დახმარება მაინც გჭირდება, გინდა თუ არა… იცი მაინც სად მიდიხარ? სად ცხოვრობ?
კაცი ხმას არ იღებდა. ბოლოს გამწარებული ტონით შეიგინა.
-მაგათი დედაც მოვტყან! – ხმა გაცოფებით აღვსოდა. – გადმომაგდეს ამ ნაგავსაყრელზე… სირები, კარგად დამიზნება მაინც სცოდნოდათ! ღორებივით დავკლავ, როცა მივაგნებ…
ბარბარეს ხმა აღარ გაუღია. უსიტყვოდ მიათრევდა, მუხლები ეკეცებოდა სიმძიმისა და დაღლილობისაგან, ხმამაღლა ქშინავდა.
არ იცოდა, რატომ აკეთებდა ამას. ეს კაცი საშიში იყო. ისე იქცეოდა, როგორც უკანასკნელი შტერი.
ალბათ ასეთი დღე იყო.
ამიტომაც ბარბარემ სიმწარე გადაყლაპა, უფრო მაგრად მოსჭიდა კაცის მკლავს ხელი და მეორე მკლავი მაგრად მოხვია წელზე, სცადა, რომ ამხელა კაცი დაეჭირა, არ დასცემოდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას მოუტანდა ეს ყველაფერი.
მაგრამ იმედოვნებდა, რომ ცუდს არაფერს.
.

.

-*-*-*-*-*-*-3
ნახევარი საათი დაათრევდა ბარბარე ამ უცხო მამაკაცს უცნობ ქუჩებში, მასზე დაყრდნობილს, სანამ ნაცნობი ადგილი არ დაინახა. ერთ-ერთი, სხვებისაგან არაფრით გამორჩეული კორპუსის ნაცრისფერ კედელზე ფალოსი გამოესახათ თეთრი საღებავით, გვერდით „ნინი მიყვარხარ მაგრა“ ეწერა. ბარბარემ შვებით ამოისუნთქა, უდიდესი ტვირთი მოეხსნა მკერდიდან.
აქედან ათიოდე წუთის სავალი იყო მხოლოდ. ღამის სამი საათი იქნებოდა, ამ დროს კაციშვილი არ ჭაჭანებდა უბნის ამ მხარეს.
„რა ძალიან გამიმართლა.“ გაიფიქრა გოგონამ და გვერდულად გააპარა მასზე დაყრდნობილი ახალგაზრდა კაცისაკენ თვალი. „ან ამას გაუმართლა.“
თუმცა რანაირი გამართლება იყო, როცა ორგან დაგჭრიდნენ შელაპარაკების დროს?
ბარბარე გამოფხიზლდა.
-აქეთ. – თქვა მან და კაცს მოქაჩა, ტროტუარიდან გადამხმარ გაზონზე გადაიყვანა. ახალგაზრდა კაცი ხმამაღლა ქოშინებდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო აწვებოდა მისი სიმძიმე ბარბარეს მხრებზე.
ნეტავ ფეხსაცმელი გაეხადა. გრძნობდა, როგორ უჩნდებოდა წყლულები მოკვარჩხულ ფეხის თითებსა და ქუსლებზე. ფეხებზე შეამცივნა, კაცის მკლავის ქვეშ შემდგარი მხრები კი ერთიანად ავარვარებოდა. ახალგაზრდა კაცი, იმის მიუხედავად, რომ ნელ-ნელა სისხლს კარგავდა, მაინც ბუხარივით ცხელი იყო.
ბარბარეს მუდამ ცივი ხელები აწუხებდა.
ახლა კი ორივე ხელი გაცხელებოდა, ერთი მამაკაცის წელზე, მეორე კი მკლავზე გადახვეული.
-რას მაბოდიალებ აქეთ-იქით? – კბილებში გამოსცრა ახალგაზრდა კაცმა. ეტყობოდა, რომ ლაპარაკი უჭირდა. ბარბარეს რაღაც შეეკუმშა მკერდში. – შენ თვითონ იცი სად მიდიხარ?
-ახლა ვიცი. – მიუგო გოგონამ. – ადგილი ვიცანი.
-აქამდე სირივით დამაბორიალებდი? – წამოისროლა კაცმა. მწარედ გაიცინა, რომელიც ისტერიულ ხარხარში გადაეზარდა. მთელი სხეულით იცინოდა, ისეთი ძალით, რომ გოგონას მისი დაჭერა გაუჭირდა.
ახლაღა შეამჩნია რატომღაც ბარბარემ. ალბათ იმიტომ, რომ აქამდე გაუგებრობის ბურანში გახვეოდა გონება. მას მკვეთრი ოფლის, ბოლის, ალკოჰოლისა და რაღაც სასიამოვნო, მოტკბო სუნამოს სურნელი დაჰკრავდა.
ქალის სურნელი.
-მალე მივალთ. – კბილებში ძლივს გამოსცრა მან. ოფლი სდიოდა ზურგზე.
ცოტა ხანი ჩუმად, უსიტყვოდ მიბარბაცებდნენ. მინდორი გადაიარეს, ქუჩას უნდა დაჰყოლოდნენ და მარცხნივ შეეხვიათ. ხუთი წუთის სავალიღა იყო.
შორიდან, ჯერ კიდევ ისმოდა ძაღლების ღავღავი. გარშემო ბნელოდა, მხოლოდ ქუჩაში ანათებდა ყვითელი ლამპიონის შუქი. ერთადერთმა მანქანამ გაიქროლა, გიჟური სისწრაფით.
აქ სიარული სულ ეშინოდა ბარბარეს. სიბნელე იყო მუდამ, არ იცოდა, თუ რა იმალებოდა სიბნელეში. ვერც გაიგებდა. ეს გაუგებრობა აფრთხობდა.
მაგრამ ახლა რატომღაც არ გრძნობდა იმ შიშს.
ადრენალინის გამო იყო ეს თუ მასზე დაყრდნობილი მამაკაცის, ჯერ კიდევ ვერ გაეგო.
-რა გქვია? – ჰკითხა მან უცებ. კაცმა მისკენ მოატრიალა თავი, ელვის სისწრაფით, მაგრამ ბარბარეს მისკენ არ გაუხედავს. პირში ნერწყვი დაუგროვდა და სცადა ისე გადაეყლაპა, რომ ყელის მოძრაობა არ შეტყობოდა. – რა დაგიძახო?
-ბოზები სახელებს არ კითხულობენ, როგორც მე ვიცი. და რა შენი საქმეა? – თქვა კაცმა. ისევ ისეთი, აგდებული, გამომწვევი ტონი დაჰკრავდა მის სიტყვებს.
-არა ვარ მეთქი ბოზი. და მე გეხმარები. – მოუჭრა ბარბარემ. ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა, პირი ევსებოდა. – არ შეიძლება ვიცოდე? ნუ გეშინია, არ გამოგეკიდები.
კაცს სიტყვა არ დაუძრავს, ჩუმად ჩაიფრუტუნა. ქუჩაში მიბარბაცებდნენ.
-მე ბარბარე ვარ. – თქვა გოგონამ. სიტყვები თითქოს ჰაერში ჩამოეკიდნენ. პასუხს ელოდნენ.
-რა გგონია, შენს სახელს რომ მეუბნები, ამით დამავალდებულებ? – დაუსისინა კაცმა, გაღიზიანებული ჩანდა. ბარბარემ უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები. ეს ახალგაზრდა კაცი პატარა გოგოდ აგრძნობინებდა თავს, იმის მიუხედავად, რომ მათ შორის მხოლოდ და  მხოლოდ ოთხი-ხუთი წელი თუ იქნებოდა მხოლოდ განსხვავება. გულუბრიყვილოდ, დაუცველად გრძნობდა თავს, როცა მის აგდებულ ტონს ისმენდა.
თუმცა ალბათ იმსახურებდა ამას. ხალხისაგან კარგს ელოდა, ყველაფრის მიუხედავად.
-არ მჭირდება, რომ მითხრა. – გამოსცრა გოგონამ კბილებში. უაღრესად მადლობელი იყო იმისა, რომ უკვე საკუთარ კორპუსს ხედავდა, წუთის სავალში, რადგან უკვე სერიოზულად ეკეცებოდა ფეხები სიმძიმის ქვეშ. ერთი სული ჰქონდა როდის გაიძრობდა ამ საშინელ ქუსლიან ფეხსაცმელს. – ალბათ მალე გული წაგივა, და საფულეს გინახავ.
კაცი თითქოს შეყოყმანდა, მერე კი ხარხარი ატეხა. ისე ხმამაღლა იცინოდა, რომ დაფეთებული ბარბარე დარწმუნებული იყო, კორპუსის ფარატინა კედლებში ყველა ყველაფერს გაიგონებდა.
-ეგ ახლა მოიფიქრე? სულ შენით? – დამცინავად თქვა მამაკაცმა. სადარბაზოში შებარბაცდნენ, და გაწამებულმა, ოფლში გაწურულმა ბარბარემ სიმწრით ახედა კიბეს. მეშვიდე სართულზე ცხოვრობდნენ.
-მეშვიდეზე უნდა ავიდეთ. – ამოიქოშინა მან და მამაკაცი პირველ საფეხურზე აათრია, მისი კითხვა დააიგნორა. კაცმა გატანჯული ხმით დაიგმინა, როცა დაჭრილ ფეხს დაეყრდნო.
-სხვა რამესაც ხომ არ მიპირებ, გული თუ წამივა? – დამცინავი ტონით თქვა უცებ და ბარბარე ისე დაფეთდა, რომ კინაღამ წამორძიკდა საფეხურზე. თავი დახარა, მადლობელი იყო იმისა, რომ შავი თმა სახეში ჩამოჰყროდა, ოფლისაგან ლოყასა და საფეთქლებზე ეკვროდა. ეს რომ არა, ალბათ გარკვევით დაინახავდა კაცი, დერეფანში ანთებულ სინათლეზე, თუ როგორ ულამაზოდ აუწითლდა სახე. ოფლი უფრო მაგრად მოაწვა სხეულზე.
-არა, რასაკვირველია… – ძლივს წამოილუღლუღა მან. – მე… მე ეგეთ რამეს არ ვიზამდი… ხომ გითხარი, არა ვარ მეძავი!
-მე გაძარცვას ვგულისხმობდი. – თქვა უცებ მამაკაცმა. ბარბარეს თვალები გაუფართოვდა გაოცებისაგან. – შენ რა, სხვა რამე გეგონა?
-ძალიან კარგად იცი, რასაც გულისხმობდი. – ბარბარე ცდილობდა, ხმა გაემაგრებინა. – ნუ გგონია, რომ უკანასკნელი იდიოტი ვარ.
კაცს აღარაფერი უთქვამს. მაგრამ ბარბარე თითქმის ფიზიკურად გრძნობდა მის სახეზე აღბეჭდილ, ტკივილშერეულ კმაყოფილებას.
ძალიან ცდილობდა, რომ გამგები, განურჩეველიც კი ყოფილიყო ამ ყველაფრის მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ყელამდე ჩაძირულიყო ამ საქმეში. ცდილობდა ამ დაჭრილი პიროვნებისათვის გაეგო.
მაგრამ ნელ-ნელა უგროვდებოდა გაღიზიანება. შუბლში აწვებოდა და აზრებს ურევდა.
ახალგაზრდა კაცს უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი წელზე, ქოშინით სცადა მისი მეორე სართულის კიბისაკენ ათრევა.
-მოიცადე ორი წუთი. – თქვა უცებ კაცმა, კიბის სახელურს დაეყრდნო. დამცინავი, აგდებული ტონი სადღაც აორთქლებულიყო, მთელი სხეული უთრთოდა. ცალი მუხლი კინაღამ მოეკეცა, მაგრამ მაინც შეიმაგრა თავი. – შემასვენე, აღარ შემიძლია…
-არა, ოღონდ აქ ნუ დაეცემი… – ჩუმად, სისინით შეემუდარა ბარბარე, გაფაციცებით მიმოიხედა. მეზობელთა უმეტესობა არ იყო ძალიან ცნობისმოყვარე, მაგრამ ყველგან გამოიძებნებოდნენ ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი მოხუცები, რომლებსაც სხვა საქმე არაფერი ჰქონდათ. ბარბარეს კეფა აეწვა, ისეთი ძლიერი იყო გრძნობა, რომ უკნიდან, კარის ჭუჭრუტანიდან უყურებდნენ. – გემუდარები, უნდა ავიდეთ, ცოტაც გაუძელი…
-ხუთი სართული ცოტაა? – შეუღრინა კაცმა, მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა ბარბარეს მხრის გვერდით. – ჯერ ერთი საათი მათრიე სადღაც, მერე კი მეშვიდე სართულზე აგყავარ… ამას ჯობდა იმათ მივეხვრიტე…
-ნუ ლაპარაკობ რაღაც სისულელეებს, რისიც თვითონაც არ გჯერა! – საპასუხოდ მიუსისინა ბარბარემ. – ერთი საათი არ იყო ის, ორმოცი წუთი იყო… და ჩემი ბრალი კი არაა, მეშვიდეზე რომ ვცხოვრობ!
-რანაირად მელაპარაკები? – თავი ასწია კაცმა. ბარბარემ პირველად, ჯიუტად მიატრიალა მისკენ სახე. ახალგაზრდა კაცს გამომეტყველება მოღმეჭოდა, გოროზი, თვითკმაყოფილი მზერით დაჰყურებდა. – წარმოდგენა არ გაქვს ვინცა ვარ!
-ის ვიცი, რომ ღრიალებ, და გაჩუმდი რა! – მიუსისინა გამწარებულმა გოგონამ. – აქ ყველა კედელს, იატაკს, ფანჯარას, კიბეს ყურები და თვალები აქვთ! თუ არ გინდა, პოლიცია გამოიძახონ…
-ჩემ ფეხებს იზამს ეგ შენი პოლიცია. – თქვა კაცმა. – მითუმეტეს ჩემთან. გამოყლევებულები არიან ყველა.
ბარბარემ კბილები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, რომ ცოტაც და ჩაუტყდებოდა. მამა გაახსენდა.
ამ კაცს არც მორიდება გააჩნდა, არც ტაქტი, არც ზრდილობა.
სამაგიეროდ მისი ეგო იყო იმოდენა, რომ ეს კორპუსიც კი ვერ დაიტევდა.
-წავიდეთ. -ამოიქოშინა ბარბარემ და გაქაჩა. ახალგაზრდა კაცი დაჰყვა, ერთიანად დაჭიმული, გმინვით მიიწევდა ზემოთ. გოგონას ხმა აღარ გაუღია, ნაწილობრივ დანებდა. აღარ სურდა, რომ ეს ადამიანი გამოეწვია, თორემ აუცილებლად გამოჰყვებოდა, ეს კი კარგს არაფერს მოუტანდა.
ნაწილობრივ კი ისე იყო დაღლილი, რომ ალბათ ფიზიკურადაც ვეღარ იტყოდა სიტყვას. ენა გაშრობოდა, სასაზე ეკვროდა. მხრები დაუნოტივდა მამაკაცის ოფლისაგან.
ძლივს ააღწიეს მეშვიდე სართულამდე. ბარბარეს ტირილი უნდოდა, როცა კარს მიადგნენ და გაახსენდა, რომ გასაღები შარვლის ჯიბეში დარჩენოდა, ბორდელში. იქ ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ მიბრუნებოდა.
-ღმერთო… აღარ შემიძლია. – ამოიკვნესა მან. ხმა გაუხეშებოდა. – გასაღები არ მაქვს…
-აუუუუ კაი რაა… მაბოლებ ხო?! – თავი უკან გადააგდო კაცმა, ალბათ ბარბარეზე მეტად იყო გამწარებული. – ამის დედა მოვტყან, აქამდე ეგ არ მოგაფიქრდა?!
ბარბარე ხმას არ იღებდა. ახალგაზრდა კაცის სიტყვებს აღარ აქცევდა ყურადღებას. პირდაღებული სუნთქავდა და ცდილობდა მოეფიქრებინა, თუ რა გაეკეთებინა, როგორ შეეღწია სახლში. აივანზე გადაძრომა შეიძლებოდა… ანდა მოუწევდათ რომ კართან მსხდარიყვნენ მთელი ღამე და დედას დალოდებოდნენ, იქამდე ამ კაცის სიტუაცია აუცილებლად გაუარესდებოდა…
-რა გირჩევნია, კარი შევლეწო თუ გავაღო? – შეაწყვეტინა ახალგაზრდა კაცმა ფიქრი და ბარბარემ განცვიფრებით გადახედა, პირდაღებულმა. – დროზე მითხარი, თორე ბოზიშვილი ვიყო, თუ არ შევლეწო,  ყელში მაქვს ამოსული მაგრად…
-გააღე, თუ შეგიძლია. – გააწყვეტინა ბარბარემ. ინსტინქტზე, ავტომატურად მუშაობდა უკვე, ძალას ვეღარ ატანდა ტვინს. მხოლოდ ისღა ესმოდა, რომ ზედმეტი პრობლემა ხმაურის სახით აღარ სურდა. ქანცგაწყვეტილი გადავარდა გვერდზე, კედელს მიეყუდა, როცა კაცმა მხრებზე მოხვეული მკლავი ასწია. აუტანელ შვებას გრძნობდა, მხრები ერთიანად დაბრუშებოდა. იმოდენა სიმსუბუქე იგრძნო, რომ ეგონა, ცოტაც და გაფრინდებოდა. თავბრუდახვეულმა მილულა თვალები.
ახალგაზრდა კაცი სისინით დაებჯინა დაუზიანებელ ფეხს, მერე კი ჯიბიდან პაწაწინა, წვრილი დანა ამოაძვრინა.
-მაგით გააღებ? – თავი ვერ შეიკავა ბარბარემ, მიშტერებოდა, თუ როგორ შეჰყო კაცმა დანა საკეტში, როგორ ატრიალებდა მაჯას, ოფლით დაფარულ, მიბნედილ სახეზე კონცენტრაცია ეხატა.
-თუ მაცდი, გავაღებ. – კბილებში გამოსცრა მან, დანა ორჯერ გადაატრიალა, და საკეტმა ტკაცუნი გაიღო. ახალგაზრდა კაცმა ოსტატურად დახურა დანა, ჯიბეში ჩაიდო და ბარბარე მისკენ წაიწია, კიდევ ერთხელ შეუდგა მხრები მკლავის ქვეშ. საცოდავად დაიგმინა, როცა კარი შეაღო და კაცი შიგნით შეათრია, ზურგსუკან კი კარი ფეხის მიკვრით მიაჯახუნა. ბარბაცით გაემართნენ დერეფანში და ბარბარემ წიხლით შეაღო მარცხნივ გამავალი პაწაწინა კარი, თავისუფალი ხელით შუქი აანთო და ახალგაზრდა კაცი თავის ოთახში შეათრია.
ლოგინის პირზე დაუშვა დაჭრილი. როგორც კი ის მყარად იჯდა ლოგინზე, უდიდესი შვება მოევლო ბარბარეს მალამოდ გასაცოდავებულ სხეულზე.
გასავათებულმა ფეხებმა ვეღარ გაუძლეს, და ძაფებგადაჭრილი მარიონეტივით ჩაიშალა იატაკზე.
პირდაღებული ქოშინებდა, ძლივს ითქვამდა სულს, ფილტვები ეწვოდა. თავი ახალგაზრდა კაცის ფეხის გვერდზე მიაყრდნო ლოგინს, კიდურები მომჩვაროდა, ზურგი მოეხარა და ყველაზე ეს ამწუთას ამ ქვეყანაზე საუკეთესო პოზად მიაჩნდა.
ძლივს წამოსწია თავი, რომ ახალგაზრდა კაცისათვის შეეხედა. მას ერთიანად მოღმეჭოდა სახე, იხსნიდა მხარზე მოხვეულ, სისხლით გაჟღენთილ ნაფხრეწს.
უნდა გამოფხიზლებულიყო ბარბარე. ძალა უნდა მოეკრიბა, აქ არ თავდებოდა მისი საქმე. პირიქით, ახლა იწყებოდა ძნელი ნაწილი.
-ცივ წყალს მოვიტან… – ძლივს ამოთქვა მან, ფეხზე წამოწევა სცადა. – სახვევებს… აქ იჯექი, და შეეცადე სისხლით არ მოსვარო-
ბარბარეს სიტყვა გაუწყდა, როცა ახალგაზრდა კაცმა სისხლით გაჟღენთილი ნაფხრეწი მოიძრო და შორს მოისროლა, იატაკზე, სისინით. გოგონა გაოგნებული მიაშტერდა.
-ამწუთას რა გითხარი… – თითქმის წაიწუწუნა მან, მაგრამ ჩხუბის თავი არ ჰქონდა, მეტადრე მაშინ, როცა დაჭრილის გაცრეცილ, ოფლით აპრიალებულ სახესა და ტკივილისაგან ლიბრგადაკრულ, შუშისებრ თვალებს უყურებდა.
ახლაღა შეამჩნია, ოთახის სინათლეზე.
ახალგაზრდა კაცს მომწვანო თვალები ჰქონდა.
ბარბარემ თავი გააქნია. ფეხსაცმელს სწვდა და გაიძრო, ტკივილისაგან გმინვა აღმოხდა, როცა შეკუნჭული ფეხის თითები და გასწორებული ტერფი მოხარა. კვნესით წამოდგა ფეხზე, კარისაკენ გაემართა, ტკივილისაგან წელში მოხრილი.
-რა ლამაზი ტრაკი გქონია, სულელო გოგო… – მოესმა უცებ უკნიდან ლუღლუღი და გაშრა. გაფითრდა, უკანალზე ხელები იტაცა, ოთახიდან გავარდა.
უკნიდან ახალგაზრდა კაცი იცინოდა.
ბარბარემ კბილები დააღრჭიალა, გამწარებულმა. შემოსასვლელში ჩამოკიდებული გრძელი ჟაკეტი აიტაცა, მაგრად მოიხვია სხეულზე, ყელამდე შეიკრა.
ასე დამცირების უფლებას აღარ მისცემდა იმ უნამუსო კაცს. ვერ ითმენდა, სურდა, რომ უტაქტო ნაბიჭვარი გამოელანძღა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა, პოტენციური შედეგების ეშინოდა. ეს პასუხისმგებლობა თვითონ აიღო საკუთარ თავზე, და საკუთარი თავის გარდა ვერაფერს დააბრალებდა ამ ყველაფერს.
ეს ახალგაზრდა, უცხო, საშიში, ამწუთას მის ლოგინზე მჯდარი კაცი დახმარებას საჭიროებდა და ეს დახმარება თვითონ უნდა აღმოეჩინა.
სწრაფი ნაბიჯით გაემართა სამზარეულოსაკენ. პატარა ტაშტი შეაყუდა ონკანის ქვეშ, ცივი წყალი მოუშვა.
სანამ ტაშტი ივსებოდა, პირველადი დახმარების ყუთი გადმოიღო თაროდან. ბევრი არაფერი იყო შიგნით, რაც მამის მსახურების დღეებიდან გადარჩა, ის იყო მხოლოდ. სახვევი ბინტები, წებოვანი საფენები, ანტისეპტიკური საშუალება, პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები ეყარა შიგნით.
ყუთი იღლიაში ამოიჩარა, ონკანი დაკეტა და ტაშტი დაიჭირა ხელში, სწრაფი ნაბიჯით გაემართა თავისი ოთახისაკენ.
-მოვედი… – დაიწყო, როცა ზღურბლზე შედგა ფეხი, მაგრამ იქვე მიეყინა ადგილს, მთელი სხეული გაუშეშდა.
სისხლი სახიდან ჩამოერეცხა, გაოგნებული მიშტერებოდა.
ახალგაზრდა კაცს მაისური გადაეძრო, დაჭიმული მკერდი მოუჩანდა.
მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი.
ბარბარე მხოლოდ და მხოლოდ ჭრილობას უყურებდა, ღია, სისხლმდენ ჭრილობას, რომელშიც თითები ჩაერჭო მამაკაცს, ხორცში ატრიალებდა, ხმამაღლა გმინავდა, კბილებდაკრეჭილი. ყბებსა და მკლავებში კუნთები უთრთოდა, თვალებდახუჭულს.
-რას… რას აკეთებ… – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ. კაცმა თვალები გაახილა, ისეთი დარეტიანებული, ფერმკრთალი და გაწამებული ჩანდა, რომ გოგონა დაფეთდა, შეეშინდა, რომ ეს კაცი ხელში ჩააკვდებოდა ამ ღამეს.
-ფრჩილები… დაჭრილი გაქვს? – ძლივს ამოთქვა კაცმა, სისხლიანი თითები ჭრილობიდან გამოიღო და შეძრწუნებულ ბარბარეს კინაღამ ყველაფერი გაუცვივდა, როცა ღია ხორციდან ალისფერი სისხლის კიდევ ერთი ნაკადი გადმოგორდა. ისღა მოახერხა, რომ თავი დაექნია.
-მოდი აქ. – ხელით ანიშნა კაცმა, და ბარბარე ტრანსში ჩავარდნილივით მიუახლოვდა, ტაშტი იატაკზე, პირველადი დახმარების ყუთი კი ლოგინზე დადო, თორემ იცოდა, რომ გაუცვივდებოდა მოკანკალე ხელებიდან.
ახალგაზრდა კაცი თითებზე დაშტერებოდა.
-თხელი თითები გაქვს. – ამოილუღლუღა მან. – მიდი, ტყვიაა შიგნით და უნდა ამომიღო.
ისე ამბობდა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო და არა რამე განსაკუთრებული.
-რას მეუბნები… – ძლივს გამოისუნთქა ბარბარემ. – მე ეგ… – შიშით მიშტერებოდა ჭრილობას. – არ შემიძლია ეგ…
-ხომ მითხარი, ვერ დაგტოვებ, არ შემიძლიაო? – უცებ გამოცოცხლდა ახალგაზრდა კაცი, იმ შუშისებრი თვალებით გაბურღა. – მიდი ახლა! გინდა ეს ტყვია ჩამრჩეს შიგნით?!
ბარბარე ხმას არ იღებდა, ერთიანად აკანკალებული.
მერე ახალგაზრდა კაცის გვერდით ჩაიჩოქა.
-რა დაგიძახო? – ჰკითხა მან, ხელები ასწია, შეამზადა. გული მკერდში უბრაგუნებდა.
ახალგაზრდა კაცმა გაიცინა, თავი გადააქნია.
-ნიკოლოზი. ნიკო. – წაილუღლუღა მან. – აჰა. ახლა ამომიღებ?
-კარგი. კარგი, ამოგიღებ… – საპასუხოდ წაიბუტბუტა ბარბარემ, სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.
ხელი უკანკალებდა, ასე უფრო ატკენდა.
ნიკო ლიბრგადაკრული თვალებით მიშტერებოდა მის ხელს, მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა სწრაფად.
-ნიკო, გვერდზე გაიხედე. – უთხრა ბარბარემ, თავი შეიმაგრა და როგორც კი ახალგაზრდა კაცმა მიიხედა, წამსვე შეჰყო თითები ღია ჭრილობაში.
კაცმა… ნიკოლოზმა გმინვა ამოუშვა, კისერში კუნთები შეუთრთოლდა. ბარბარე უფრო მაგრად დააწვა თითებს, გული ერეოდა. ტყვიის მაგარ ზედაპირს ვერსად გრძნობდა, მკვეთრად მოატრიალა ხელი, რომ გამსკდარ ხორცში სხვაგანაც მოეძებნა. სისხლმა დაუსველა თითები.
მერე კი ნიკოლოზი უცნაურად შეინძრა. ბარბარემ ელვის სისწრაფით გადახედა, და იმ წამსვე, მის თვალწინ წაუვიდა ახალგაზრდა კაცს ფერი, ერთიანად გაფითრდა, თვალები ზემოთ აუტრიალდა, სხეული მოემჩვარა და ალბათ იატაკზე გადმოვარდებოდა, დაფეთებულ ბარბარეს რომ არ დაეჭირა და უდიდესი ძალისხმევით უკან, ლოგინზე არ გადაეწვინა.
-ნიკოლოზ? ნიკოლოზ! – ბარბარე თვალებგაფართოებული დაჰყურებდა, ამაოდ, საცოდავად ასავსავებდა ხელებს. გულისცემა უყიოდა ყურებში, როცა დაიხარა, ახალგაზრდა კაცს მკერდზე დაადო ყური და შვებისაგან ამოიკვნესა, როცა გულის ფეთქვა გარკვევით მოესმა.
ცოტა ხანი ასე იყო, ლოგინზე მოკრუნჩხული, ამ უცხო მამაკაცის მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას უსმენდა. არ უნდოდა, რომ ხელში ჩაჰკვდომოდა და ალბათ ამიტომ. უბრალოდ რწმუნდებოდა, რომ ცოცხალი იყო.
შოკის, მოქანცულობისა და ტკივილისაგან გონი დაკარგა უბრალოდ.
ბოლოს და ბოლოს წამოიწია ბარბარე. მის წინ გულწასული ადამიანი იწვა.
ორმაგად გრძნობდა პასუხისმგებლობის სიმძიმეს, ამ მძიმე ტვირთს. წესიერად უნდა ეზიდა.
 ჭრილობიდან ტყვიის ამოღებას შეუდგა. პინცეტით სცადა, როცა კუნთში ჩაჭედილ ტყვიას მიაგნო, მაგრამ ვერაფრით მოსჭიდა. ბოლოს და ბოლოს, თავისი მოკლე ფრჩხილები მოსდო ტყვიის გვერდებზე გაჩენილ ნაკაწრებს და ამოათრია, მაშინვე გვერდზე გადააგდო, შორს, მისი დანახვა აღარ სურდა.
როგორადაც შეეძლო, სისხლდენის შეჩერება სცადა, ანტისეპტიკური საშუალება მიასხა ჭრილობას და სახვევებით გამოტენა. ნახევარი საათი ებრძოდა სისხლმდენ იარას, უამრავი მეწამულად შეღებილი სახვევი შემოხვოდა გარშემო.
არ გაჩერდა, სანამ სისხლი ოდნავ, მდორედ არ მოდიოდა.
წყალი აადუღა, ჩვეულებრივი, საკერავი ნემსი და ძაფი გაავლო შიგნით, მერე კი ჭრილობის ამოკერვა სცადა.
შეზარა ნემსის მიერ კანის გაპობამ, კუნთის ზემოთ გადაკრულმა, სლიკინა ქონის ფენამ, რომელზეც ხელი უნდა მოეკიდებინა.
იცოდა, რომ შეძრწუნებული, თავზარდაცემული, შოკში იყო. მაგრამ ის, რომ ეს უნდა გაეკეთებინა, სტიმულს აძლევდა. ადრენალინი, მის ძარღვებში რომ ჩქეფდა, არ აძლევდა მოდუნების საშუალებას.
მაგრამ იცოდა, რომ როგორც კი ამას მორჩებოდა, მაშინვე დაიშლებოდა ნაწილებად, ნამსხვრევებად, უმაქნისად და უსარგებლოდ.
მაგრამ აკეთებდა. სამი ნაკერი დაადო, კბილებით ღრღნიდა ძაფს. გულმოდგინედ მოწმინდა ჭრილობა, შემხმარი სისხლისაგან გაასუფთავა ოფლით დაცვარული კანი, და საფენი დააკრო ზედ.
მორჩა თუ არა, ლოგინზე დაემხო. მოკაკვულიყო, მუცელი ნიკოლოზის მხართან ახლოს ედო. თვალებგახელილი იწვა, ძლივს სუნთქავდა.
იცოდა, რომ უნდა ამდგარიყო. უნდა აეწმინდა, აელაგებინა აქაურობა, ბრძოლის ველს რომ ჰგავდა. ტაშტში გაწითლებულიყო წყალი, ყველგან მეწამული სახვევები ეყარა, ნიკოლოზის სისხლიანი მაისური ეგდო იატაკზე, შესანახი ჰქონდა ანტისეპტიკური სასხურებელი, ნემსი, ძაფი…
მაგრამ ამდენს ვეღარ გაუძლო.
დანაწევრებულად გრძნობდა თავს. აღარ შეეძლო ასე ფუნქციონირება.
ისღა მოახერხა, ძილის წინ, რომ ლოგინის ბოლოში დახვეული გადასაფარებელი ოდნავ გაეშალა და ნიკოლოზის სხეულზე გადაეფარებინა, სანამ ქანცგაწყვეტილს ძილმა არ წაართვა თავი.
.
.
-*-*-*-*-*-*-4
ბარბარე ისეთი დარეტიანებული იყო, როცა გამოიღვიძა, რომ წამოდგომაზე ფიქრიც კი არ სურდა. უსიამოვნოდ გრძნობდა პულსაციას საფეთქლებში, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ორი ტონის სიმძიმე ედო მხრებზე, თავი გასიებოდა თითქოს. საკუთარი, სხეულზე შემშრალი ოფლისა და კიდევ რაღაც მძაფრის სურნელი იგრძნო.
ლითონური სურნელი. სისხლის.
ბარბარემ თვალები ელვის სისწრაფით გაახილა, ლოგინზე სასწრაფოდ წამოჯდა. საშინლად გამძაფრდა ჰაერში სისხლის სუნი.
ახალგაზრდა კაცი, ნიკოლოზი, ისევ იქ იწვა. ბარბარეს სუნთქვა აუჩქარდა, თვალები დახუჭა ცოტა ხნით, ღრმად სუნთქავდა პირით, რომ სისხლის სურნელი აღარ ეგრძნო.
უბრალოდ იჯდა, თვალები დაეხუჭა და სუნთქავდა. ყველაფერს აიგნორებდა გარშემო.
არ იცოდა, რატომ.
ალბათ იმიტომ, რომ სურდა ერთი დიდი, საშინელი  კოშმარი ყოფილიყო ყველაფერი, რაც მას გუშინ თავს გადახდა. სურდა, რომ გამქრალიყო ეს კაცი, ეს მეძავის ტანსაცმელი მისი სხეულიდან, მეწამული სახვევები გარშემო და სისხლის ამაზრზენი, ლითონური სურნელი ჰაერში.
მაგრამ არ გაქრებოდა.
თვალები გაახილა, სუნთქვაშეკრული დაჰყურებდა ნიკოლოზს, რომელსაც თავი გვერდზე გადაეტრიალებინა, პირით სუნთქავდა, მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა, ხანდახან სუნთქვა შეუკანკალდებოდა ყელში. წარბები მოეჭმუხნა, თვალების კაკლები მოძრაობდნენ დახურული ქუთუთოების ქვეშ. ოფლით დაცვაროდა აწითლებული სახე.
ბარბარემ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. ყელი გამოშრობოდა, რამდენი ხანი იყო, რაც არც წყალი დაელია, და არც არაფერი ეჭამა.
ყოყმანით გასწია ხელი, კაცს ოფლისაგან სველ შუბლზე დაადო და ამოიგმინა. ავარვარებული ჰქონდა კანი.
-კარგი რა, კარგი რა… – აღმოხდა გამწარებულს, თმაში გადაისვა ხელები, უნდოდა სახეზე ხელები აეფარებინა და კივილი წამოეწყო იქამდე, სანამ ყველა მისი პრობლემა თავისათვის არ მოგვარდებოდა.
შეეძლო დაერეკა. სასწრაფოში, პოლიციაში.
მაგრამ ჯერ კიდევ ახსოვდა ნიკოლოზის მუქარა. თუ როგორ დაჰპირდა, რომ მოძებნიდა და ენას ამოაძრობდა.
ახლა არ დასჭირდებოდა დიდი ძალისხმევა მისი მოძებნისათვის. იცოდა, სადაც ცხოვრობდა. მაგრამ ამაზე მეტად ბარბარეს ის აშფოთებდა, რომ მამაკაცს არ უკვირდა, არ იყო შოკში იმის გამო, რომ ესროლეს, პოლიციასა და სასწრაფოზე უარს ამბობდა, და როგორც ჩანდა, შეჩვეული იყო კარებების დანით გახსნას. მინიმუმ, ცუდ ხალხში იყო გახვეული.
ბარბარეს კი დამატებითი პრობლემები არ სურდა. აქედან ვერსად წავიდოდა. ამ კაცს რომ უკან დაბრუნება და ბარბარესათვისადმი მუქარის ასრულება მონდომებოდა, გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ვერაფერი შეაჩერებდა.
მითუმეტეს თვითონ.
პაწაწინა, დამტვერილ ფანჯარაში გადაიხედა, საიდანაც ამომავალი მზის სხივები იჭყიტებოდნენ. კედელზე დაკიდებული საათი კი ცოტაც და ექვსი საათის დადგომას ამცნობდა.
მხოლოდ სამიოდე საათი ეძინა. არც იყო გასაკვირი, რომ თავი უსკდებოდა.
დედამისი მოვიდოდა მალე სახლში. ასე რომ დახვედროდა, ალბათ ადგილზევე გაუსკდებოდა გული ქალს.
სასწრაფოდ გადაცოცდა ლოგინიდან, ტაშტს წაავლო ხელი და სააბაზანოში შევარდა, ნიჟარაში ჩააქცია წითელი წყალი სასწრაფოდ. შავი პარკი გამოძებნა საიდანღაც, შიგნით ააგროვა მეწამულად შეღებილი სახვევები და ნაგვის ურნაში ჩატენა, სულ ქვემოთ, რომ დედას სუნი არ ეგრძნო. აყროლებული ხელი ამოაძრო ნაგვის ურნიდან, თავი დაახურა და ცხვირაჭმუხნილი გაიქცა უკან, პირველადი დახმარების ნივთები ყუთში ჩატენა და კარადაში შეინახა.
ცოტა ხანი იდგა, სულს ითქვამდა.
კარადასთან ახლოს ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარ თავს ჰკიდა შემთხვევით თვალი.
საშინლად გამოიყურებოდა. თითქოს საკუთარი თავის მოჩვენება შემოჰყურებდა. ამოღამებოდა, დასისხლიანებოდა თვალები, ლოყები თითქოს ჩაცვენოდა. თმა გასწეწოდა აქეთ-იქით, სახეზე ფერი არ ედო. მარჯვენა ხელზე დაიხედა, მაჯაზე ჯერ კიდევ შემორტყმოდა წითელი, გამხმარი სისხლის კვალი.
თავი უნდა მოეწესრიგებინა. ეს ტანსაცმელი უნდა გაეხადა, თორემ დედამისი ყველაფერს გაიგებდა.
გამოიწყო პირსახოცები, საცვალი, შარვალი, მაისური და სწრაფად დაიბანა ტანი. საშინელი წნევა ჰქონდათ, ხშირად წყლის გადასახადსაც ვერ იხდიდნენ, ამიტომ წყალი ისედაც ათ წუთში ცივდებოდა. გოგონა უკვე მიჩვეულიყო თმისა და სხეულის ერთად გასაპვნას, კანის მინიმალურად დახეხვას, მხოლოდ და მხოლოდ აქედან დროზე გაღწევაზე იყო კონცენტრირებული, რომ ზურგზე ცივი წყალი არ დასხმოდა.
ადრე ვერ იტანდა, რომ კომფორტი არ ჰქონდა. ამწუთას კი მადლობელი იყო.
უდიდეს შვებას გრძნობდა, როცა დაბანილ სხეულს იმშრალებდა და სუფთა, კომფორტულ ტანსაცმელს იცვამდა.
სველი თმა ზემოთ აიხვია, და საკუთარ ოთახში დაბრუნდა.
ნიკოლოზი ისევ იქ იწვა. სასაცილოდ გადმოჰკიდებოდა ფეხები ლოგინის ბოლოზე, თავი შუაში ედო.
ბარბარე სახეში დააშტერდა. ახალგაზრდა კაცს სახე წამოეწია, მიბნედილი, სიცხიანი თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით. ბოლოს ბარბარეზე გააჩერა მზერა, მაგრამ ისეთი ამღვრეული ჰქონდა თვალები, რომ გოგონა დარწმუნებული იყო, ვერც კი იცნო.
-როგორა ხარ? – ჰკითხა მან, იმის მიუხედავად, რომ უკვე იცოდა, როგორც იყო. მისი ოფლიანი, სიცხიანი სახე კარგს არაფერს მოასწავებდა.
ნიკოლოზმა თვალები დახუჭა, თავი უკან გადააგდო გმინვით. პირს აღებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა.
ფრთხილად, ყოყმანით მიუახლოვდა ბარბარე ლოგინს.
-ნიკოლოზ? – დაიჩურჩულა მან, ოფლიან შუბლზე დაადო ხელი და ცხელი კანის შეგრძნებისას მოიჭმუხნა. – რამე ხომ არ გინდა? ზემოთ ამოიწიე, წესიერად დაწექი…
-წყ..ალი… – ამოიხრიალა უცებ ახალგაზრდა კაცმა. სიცხისაგან შეფერილი ტუჩები დახეთქოდა.
-ახლავე მოგიტან! – მიუგო ბარბარემ და სამზარეულოში გაიქცა, ცივი წყლით აავსო დიდი ფინჯანი. „მე თვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე,“ ფიქრობდა გამწარებული, როცა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა თავის საწოლს და ახალგაზრდა კაცს გვერდზე დაუჯდა. თავქვეშ შეუცურა ხელი და წამოუწია, მკლავის მოსახრელში დაიჭირა მისი თავი და ფინჯანი მიუწია ტუჩებთან. ავადმყოფს ქუთუთოები შეუთრთოლდა, ტუჩები ოდნავ გააპო.
-ნიკოლოზ, აჰა, წყალი… – ჩაულაპარაკა ბარბარემ, ტუჩები სიმწრითა და ნერვიულობით კინაღამ დაიკვნიტა, როცა მამაკაცი არც კი გაინძრა, არავითარი ნიშანი არ მისცა იმისა, რომ მისი ესმოდა.
ახლა რაღა უნდა გაეკეთებინა? ეს ახალგაზრდა კაცი რომ უფრო ცუდად გამხდარიყო, მერე საღა წასულიყო? მაშინ დავალდებული იქნებოდა, რომ სასწრაფოში დაერეკა.
ეს კი, როგორც უკვე გადაწყვიტა, არ იქნებოდა კარგი იდეა.
– ნიკოლოზ! წყალი! წყალი არ გინდა? – ხმას აუწია ერთიანად გაფითრებულმა ბარბარემ და შვებისაგან ამოიოხრა, როცა ახალგაზრდა კაცმა თვალები გაახილა, მერე კი ფინჯანის კიდეს სწვდა ტუჩებით.
ბარბარემ სასწრაფოდ აუწია ჭიქას ძირი, უყურებდა თუ როგორ ხარბად ყლაპავდა ნიკოლოზი წყალს, და შეცოდების ნაპერწკალი უღვივდებოდა მუცელში. კაცმა ოთხიოდე დიდ ყლუპში გამოცალა ფინჯანი, და ხმამაღალი ხვნეშით მოშორდა ფინჯანს, ცალყბად გაიცინა, თეთრი კბილები გამოუჩნდა, სველი ტუჩები უპრიალებდა.
გოგონამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. გაუგებარმა გუგუნმა მოიცვა მისი გონება.
ნიკოლოზს თვალები გაეხილა და პირდაპირ ბარბარეს აჰყურებდა. წარბები აჭმუხნა, ღიმილი სახეზე შეაცივდა.
-შენ… – წაილუღლუღა მან და დაიგმინა, თავი გადაატრიალა, იმის მიუხედავად, რომ გოგონას ისევ იდაყვში ეჭირა და შორს ვერსად წავიდოდა. – ანუ… ანუ არ დამესიზმრა ამდენი ყლეობა? – თქვა მან, წუწუნით.
წამსვე შეიცვალა ატმოსფერო, საპნის ბუშტივით გაქრა ბარბარეს გონებაში ატეხილი გუგუნი.
წარმოუდგენელი გახლდათ. ნიკოლოზი იწვოდა სიცხით, და რაღაცნაირად მაინც ახერხებდა, რომ ასეთი რეპლიკები ესროლა.
-არ დაგსიზმრებია. – თქვა გოგონამ და ქვემოთ დაუშვა მისი თავი, ფეხზე წამოდგა. – მართლა მიგახვრიტეს იმათმა კინაღამ და მართლა წამოგათრიე მე…
ნიკოლოზმა მიბნედილი თვალები მიაპყრო, მერე ქვემოთ დახედა, მაისურსა და შარვალზე. გულწრფელი გაკვირვება ეხატა სახეზე და ბარბარემ წარბები შეკრა, უხერხულად შეიშმუშნა.
-ძუძუები რა უყავი, ეეე… – წაილუღლუღა მან და ბარბარეს გუნება საერთოდ წაუხდა, ხმამაღლა ამოიოხრა.
-გაჩუმდი, ძალიან გთხოვ. – თქვა მან, მერე კი მკლავში ხელი მოჰკიდა, მისი ზემოთ აქაჩვა სცადა. – მიდი, აიწიე ზემოთ, წესიერად დაწექი…
-არ შემიძლია… – წაილუღლუღა ახალგაზრდა კაცმა. უკვე თვალები ეხუჭებოდა. – შემეშვი რაა…
-ოღონდ ახლა არ დაიძინო… არც გიჭამია, არც არაფერი, გასაგებია? – ჩაჰყვირა ბარბარემ, ზემოდან მოუდგა, მაგრად მოსჭიდა დაუზიანებელ მკლავში ხელები და მთელი ძალით გასწია, მაგრამ ამაოდ. – ასე ვერ დაიძინებ! ნიკოლოზ!
ახალგაზრდა კაცმა აღარ უპასუხა. მშვიდად სუნთქავდა. გაწამებულმა ბარბარემ კიდევ ერთხელ მოსწია, მაგრად, მაგრამ გვერდიდან ვერ ჰკიდებდა კარგად ხელს, ამიტომ ძვრა ვერ უყო.
ბოლოს ლოგინზე აძვრა, ნიკოლოზის თავთან ჩაიჩოქა და ქვემოდან მოხვია ტორსზე მკლავები. რაც შეეძლო, ფრთხილად, ძალისხმევისაგან ქოშინით ააჩოჩა ლოგინზე, რომ ზედმეტად არ შეერყია მისი დაზიანებული მხარი. ისედაც ქანცგაწყვეტილ, დაწყლულებულ ფეხებს იყენებდა საყრდენად და ექაჩებოდა ზემოთ, სანტიმეტრობით, დიდი გაჭირვებით, სანამ ბალიშამდე არ მიუწვდებოდა ნიკოლოზს თავი.
ახლადდაბანილ სხეულზე ოფლი მოსწოლოდა. ახალგაზრდა კაცის თავი კალთაში ჩაიდო, ცოტა ხანი იჯდა, სულს ითქვამდა, თან მის მოშვებულ სახეს ჩაჰყურებდა.
ცხელი, ნოტიო კანი გადაჰკვროდა ძვლებზე. ცხვირის ძგიდე მაღალი ჰქონდა, ხაზი კი სწორი. შუბლზე, ოფლისაგან სველი თმის ქვეშ, კანზე უფრო ღია ფერის პატარა ნაიარევი მოუჩანდა. ყვრიმალები გამოსჩროდა, წარბები სქელი, სწორი და ხშირი იყო, როცა თითი გადაუსვა მათზე ბარბარემ.
მერე კი გაშრა. ხელები სასწრაფოდ წაიღო უკან.
იჯდა, ნიკოლოზის სხეულზე გადახრილიყო და ამ უცხო კაცს სახეს უთვალიერებდა, ვითომ აქაც არაფერი.
ალბათ გაგიჟდა. ყველაფერი ამაზე მიუთითებდა.
თავი გადააქნია, ნიკოლოზის ქვეშიდან გამოძვრა, ბალიშზე გადაუდო თავი, მერე კი მკერდზე ჩამოცურებულ გადასაფარებელს სწვდა.
სწვდა და ხელი გაუშეშდა.
ჭრილობა.
სულ დაავიწყდა მისი შემოწმება.
სისხლი, საბედნიეროდ, არ გამოსულიყო, მხოლოდ რამდენიმე წვეთს გამოეჟონა ნაკერების ქვეშიდან. მაგრამ კიდეები ერთიანად შესიებული, გაწითლებული ჩანდა.
სულ დაავიწყდა ანტიბიოტიკების მიცემა ბარბარეს. ტუჩი მოიკვნიტა, საკუთარ თავს სწყევლიდა.
მკერდზე აუწია გადასაფარებელი მძინარე ავადმყოფს, ფეხსაცმელი გააძრო და ლოგინის ძირში დააწყო. ფეხზე შეუმოწმა ჭრილობა, ყოველი შემთხვევისათვის, რაც არც ისე ღრმა აღმოჩნდა, უკვე შემხმარიყო სისხლი და ალბათ მალე შეხორცდებოდა უპრობლემოდ.
ბარბარე გასწორდა, ნიკოლოზის მძინარე სახეს გადახედა და თვალებში დაიჭირა თითები. რამე საჭმელი უნდა გაეკეთებინა, ეჭმია და წამლები მიეცა, თორემ ინფექცია შეიძლებოდა გაუარესებულიყო…
ბარბარე შეხტა, მთელი სხეულით დაიჭიმა, როცა წინა კარის ჭრიალი გაისმა, რასაც გასაღების ჩხარუნი და დედამისის ხმა მოჰყვა.
-ბარბარე! – დაიძახა ქალმა, მისი ნაბიჯები გოგონას ოთახს უახლოვდებოდნენ. ბარბარე გაუნძრევლად იდგა, შინაგან პანიკას აეტანა, მაგრამ ცდილობდა მომზადებულიყო, გონებაში ტყუილს აწყობდა. – ბარბარე, აბა რა… – დაიწყო ქალმა, როცა კარი შემოაღო და და ოთახში შემოიხედა.
ქალმა პომადიანი პირი დააღო, კოხტად გამოქნილი წარბები შუბლზე აუვიდა. განცვიფრებული მიშტერებოდა ბარბარეს ლოგინში მწოლიარე ნიკოლოზს.
-ბარბარე… – ძლივს ჩაილაპარაკა მან, გაფაციცებით გადმოხედა. ისე უყურებდა, თითქოს არ სჯეროდა და ბარბარე სავსებით იზიარებდა მის სენტიმენტს. – ეს ვინაა? აქ… აქ რატომაა?
გოგონამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. იცოდა, რომ მალე დედამისი შოკიდან გამოვიდოდა და განრისხდებოდა, ისტერიულ კივილს ატეხავდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოეგვარებინა სიტუაცია.
-ქუჩაში ვიპოვე, რომ მოვდიოდი. – წამოიბლუკუნა მან. – სიცხიანი და საშინლად ავადმყოფი იყო და ამიტომ… ამიტომ ამოვიყვანე, მისი დახმარება მინდოდა. – იცოდა, რომ სისულელეს ჩმახავდა, მაგრამ უკეთესი ახსნა არ გააჩნდა.
დედა თვალებგაფართოებული უყურებდა. მერე წარბები შეკრა.
-შენ საერთოდ გააფრინე, გოგო? – შეუღრინა მან, სახე აუწითლდა და ბარბარემ გონებაში დაიგმინა. – ეს გადამთიელი საიდან მომითრიე?! და საკუთარ ლოგინში ჩააწვინე?! ვინ იცის, რა დაუძვრება ზედ, შე შტერო გოგო? ახლავე გაათრიე აქედან! – ბრაზისაგან აალებული სახით გაემართა დედამისი ლოგინისაკენ. ბარბარე მთელი სხეულით დაიძაბა, ქალს მკლავში ხელი სტაცა.
-დედა, ძაან ცოდო იყო და ამიტომ ამივიყვანე, გეფიცები, გახდება მალე უკეთესად და წავა, აი ნახავ… – დაიწყო მან, მაგრამ შეყოვნდა, როცა მიხვდა, რომ დედა საერთოდ არ ინძრეოდა. მკლავსაც კი არ ატოკებდა, არ ცდილობდა, რომ უფრო მეტად მიახლოებოდა ლოგინს. უბრალოდ იდგა, და ნიკოლოზს დაშტერებოდა.
-დედა? – ფრთხილად შეაპარა ბარბარემ, გაკვირვებული, ფრთხილად წამოეპარა გვერდიდან, რომ სახეში შეეხედა.
დედამისი იდგა, სიბრაზის სიწითლე ერთიანად ჩამორეცხოდა სახიდან. მიტკალივით გაფითრებულიყო, ტუჩები უცახცახებდა, პირდაპირ ნიკოლოზის სახეს შეშტერებოდა, გაქვავებული.
-დედა? – ჩაეკითხა ბარბარე, ახალგაზრდა კაცს გადახედა, მერე კი ისევ დედას გაუსწორა მზერა. – დედა! – დაუყვირა მან და ქალი შეკრთა, მისკენ გამოიხედა, შეცბუნებულმა.
-რა დაგემართა? – ჩაეკითხა გოგონა, რაღაც უსიამოვნოდ გასწიწკნა გონებაში. დედამისი ასე აღარ ახსოვდა, როდის ნახა ბოლოს. – ხომ… – შეყოყმანდა, თითქოს რაღაცისკენ იწევდა, მაგრამ ვერ სწვდებოდა. – მოხდა რამე?
-არა. – თავი გააქნია უცებ ქალმა. მშვიდი გამომეტყველება გადაეფინა სახეზე, იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ მიტკლისფერი ედო. – არა. უბრალოდ მართლა ძალიან ავად გამოიყურება, სულ ესაა.
ბარბარეს ხელი გააშვებინა, კარისაკენ გაემართა.
-დღეს იასთან დავრჩები. – თქვა მან, ისე, რომ უკან არ მოუხედავს.
-კარგი… – ყოყმანით გასძახა ბარბარემ, მოღუშული იდგა, ვერ გაეგო, რა მოხდა. – აბა კარგად! – დაიძახა მან, როცა გასაღების ღრჭიალი მოესმა.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კი კარის ჯახუნი მოსწვდა მის ყურებს.
ბარბარე მობრუნდა, ნიკოლოზს დააშტერდა. ახალგაზრდა კაცი, ალბათ ყვირილის მიერ გამოფხიზლებული, თვალებს ახელდა, მისკენ იყურებოდა.
-ვინ დღაოდა? – წაილუღლუღა მან, წარბები შეჭმუხნა, ოთახი მოათვალიერა.
-დედაჩემი იყო. – მიუგო ბარბარემ და შუბლი მოისრისა, უსიამოვნოდ უტრიალებდნენ გონებაში ფიქრები, არც კი იცოდა საიდან დაეწყო. – ახლა წავიდა.
-მომშივდა. – თქვა ნიკოლოზმა, აშკარა იყო, რომ მის პასუხს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. – და მაგარი მეფსია.
-რომელი გინდა ჯერ? – ამოიხვნეშა ბარბარემ და ლოგინს მიუახლოვდა, როცა ახალგაზრდა კაცმა საპასუხოდ მკლავი გამოუწოდა, საწოლზე წამოჯდომა სცადა.
ისევ შეუდგა მხარში ბარბარე, სააბაზანომდე, პირდაპირ უნიტაზთან მიათრია და ძლივძლივობით მოასწრო გამობრუნება, სანამ ნიკოლოზი ელვა-შესაკრავს ჩაიწევდა შარვალზე, ყოველგვარი ზრდილობის გარეშე. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდა კაცი არც კი აპირებდა დალოდებას, სანამ ბარბარე ოთახიდან გავიდოდა.
თავი გააქნია, სახეში სისხლი მოაწვა უხერხულობისაგან, როცა შარდის შხაპუნი და ახალგაზრდა კაცის მოურიდებელი, შვების ოხვრა მისწვდა მის სმენას.
სამზარეულოსაკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. მათ გაპარტახებულ, გამოცლილ მაცივარში უნდა ენახა რამე საჭმელი.
.
-*-*-*-*-*-
მთელი დღე ბარბარემ საჭმლის კეთებას, მის ზიდვასა და ნიკოლოზის სააბაზანომდე თრევას მოანდომა. ბევრს სითხეს, კარადაში მიჩურთული, ძველი ჩაისაგან დამზადებულ სასმელს ასმევდა სიცხიანს, რაც კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას. ანტიბიოტიკები და სიცხის დამწევი ძლივს, თითქმის ძალით დაალევინა, ნაშუადღევს მაღაზიაში გაიქცა, რადგან საკმარისი საჭმელი არ ჰქონდათ.
მთელი დღე საშინლად დაძაბულიყო. მთელი სხეული ერთიანად დასჭიმვოდა, ათასი ფიქრი უტრიალებდა გონებაში და ათასივესათვის რამენაირად უნდა მოეყარა თავი და მოეგვარებინა, და ერთი-ორჯერ იგრძნო, რომ ვერ აუდიოდა ამდენ რამეს.
პირველი პრიორიტეტი ის იყო, რომ ნიკოლოზისათვის მოევლო, ხელში არ ჩაჰკვდომოდა და მშვიდობიანად გაემგზავრებინა აქედან, ისე, რომ ცუდად არ შემობრუნებოდა უკან საკუთარი საქციელი.
მეორე პრიორიტეტი დედამისის უცნაურ საქციელზე ფიქრი იყო. ქალის ასეთი დაპატარავებული, გასაცოდავებული, ფითრის ფერის მქონე ფორმის ხშირი მოწმე იყო, მაგრამ ასეთი უეცრად გარდაქმნილი, საშინელი რისხვიდან ერთ ადგილას გაქვავებულამდე არასოდეს ენახა.
მერე საკუთარ სამსახურზე ნერვიულობდა. სასწრაფოდ უნდა ეშოვა რამე, თორემ ამ თვეში ვერ გადაიხდიდნენ გადასახადებს. ისევ გამოურთავდნენ გათბობას.
დღესვე ძებნა უნდა დაეწყო. საკუთარ ბედს სწყევლიდა ბარბარე, რომ ნიკოლოზის სახით ამოდენა პასუხისმგებლობა გამოუჩნდა.
ნიკოლოზი კი დღის განმავლობაში რაღაცნაირად, ალბათ სასწაულებრივად პოულობდა ენერგიას, რომ ლუღლუღით, მაგრამ მაინც გამოეთქვა თავისი აგდებული კომენტარები, დაუსრულებლად, მრავალფეროვნად ეგინა მათთვის, ვინც ესროლა, გამოეთქვა უკმაყოფილება ყველაფერზე, უარი ეთქვა ისეთ ელემენტარულ რამეზე, რომ წამლები დაელია.
ცოტაც და მისი ლანძღვა-გინება ყელში ამოუვიდოდა ბარბარეს. საღამოსათვის უკვე მზად იყო ნიკოლოზს ყელში სწვდომოდა და თვითონ დაემთავრებინა საქმე, რომელიც იმ კაცებმა ვერ მოახერხეს.
მაგრამ გვიან საღამოს, როცა საათი შუაღამეს უახლოვდებოდა და ბარბარე ნიკოლოზისათვის მორიგ ჩაის ადუღებდა სამზარეულოში, თითქოს ერთ მომენტში შეიცვალა.
ოთახში რომ შეაბიჯა, ახალგაზრდა კაცის ხმის გაგონებას ელოდა. მოიღუშა, როცა ვერაფერი გაიგონა, სწრაფად მიუახლოვდა ლოგინს.
ნიკოლოზი პირდაღებული იწვა, ქოშინებდა, უფრო მეტად აწითლებულიყო, ოფლი წურწურით სდიოდა საფეთქლებზე, გადასაფარებელს ზემოთ გამოჩენილი მხრები აპრიალებოდა.
ბარბარე დაფეთდა. ჩაი გადადო, ძმარი გამოიტანა. წურავდა, და გულმოდგინედ აფენდა შუბლსა და მკერდზე.
რამდენჯერმე სცადა მისი გაღვიძება, მაგრამ ახალგაზრდა კაცი არც კი იძვროდა. ხანდახან გადაატრიალებდა მხოლოდ თავს, წარბებს შეიჭმუხნიდა. გულამოვარდნილ, ნერვიულობისაგან აკანკალებულ, მის სასთუმალთან ჩამომჯდარ გოგონას კი ისღა შეეძლო, რომ ეცვალა ძმრის საფენები და დალოდებოდა სანამ გაიღვიძებდა, რომ სიცხის დამწევი და ანტიბიოტიკი მიეცა.
ერთი საათი გავიდა.
წარმოუდგენლად ნელი იყო დრო.
ორი, სანამ ნიკოლოზი გამოიღვიძებდა. სიცხისაგან აპრიალებული, უფოკუსო შუშისებრი თვალები გამოჩნდნენ ქუთუთოებს იქეთ და ბარბარე წამსვე წამოხტა, გამზადებული წამალი და წყლიანი ჭიქა მიუტანა პირთან.
-ნიკოლოზ, წამალი უნდა დალიო… – უჩურჩულა მან, ცდილობდა ახალგაზრდა კაცის ამღვრეული მზერა დაეჭირა. – გესმის? – ბარბარემ საფეთქელზე მიადო თითები გავარვარებულ კანს, რომ მისი ყურადღება მიექცია. – ძალიან ავად ხარ, წამალი უნდა…
-რატომ წახვედი? – ამოიხრიალა უცებ ნიკოლოზმა და ბარბარე გაშრა, გაოცებული მიაშტერდა ცოტა ხნით.
მერე მიხვდა. ნიკოლოზს სიცხემ ბოდვა დააწყებინა.
-არსად არ წავსულვარ. – მშვიდად სცადა ეთქვა, იმის მიუხედავად, რომ ერთიანად კანკალებდა. – აქ ვარ.
-წახვედი. და ყველა შენ გამოგყვა! – მოულოდნელად ამოფეთქა უცებ ნიკოლოზმა, მრისხანებისაგან მოეღმიჭა სახე. – ყველა!
სახე გადაუსწორდა, რაღაცას მიშტერებოდა სიცხიანი თვალებით, შორს.
-შენც. – ჩაილაპარაკა ბოლოს. – შენც წაეთრიე აქედან… დანახვა არ მინდა, ვაბშე არ მჭირდები… წაეთრიე, წაეთრიე, წაეთრიე…. – ატრიალებდა სიტყვას, აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს უამრავი ადამიანი იდგა კიდევ ოთახში ბარბარეს გარდა, და თითოეულ მათგანს სათითაოდ მიმართავდა.
-ნიკოლოზ! – შეაწყვეტინა ბარბარემ და ახალგაზრდა კაცმა ნელა გადმოატრიალა მისკენ თვალები. რაღაცამ საშინლად გასწიწკნა მკერდში ბარბარეს, როცა ავადმყოფის გასაცოდავებულ გაუცხოებულ სახეს შეხედა. – არავინ არ არის ოთახში. მე ვარ აქ მხოლოდ და არსადაც არ წავალ, გესმის?
ნიკოლოზი უსიტყვოდ მიშტერებოდა, თავი გადააქნია, წარბები მოეჭმუხნა. ამოდენა კაცი ბავშვივით დაუცველი ჩანდა.
-მოდი, დალიე წამალი… – ისევ წამოაწევინა ბარბარემ თავი, და ახალგაზრდა კაცმა მორჩილად გადაყლაპა აბი. უკან წაწვა, კედელს აშტერებოდა.
მთელი ღამე ჰქონდა სიცხე. მალევე დაეწყო ისევ ბოდვა, სიცხიანი ტრიალებდა, ვიღაცას ეძახდა, დაბრუნებას სთხოვდა, მერე კი აგინებდა. ვიღაცის მიმართ სიძულვილს გამოხატავდა, რაღაც უცნაურ სიტყვებს ბუტბუტებდა, ხმადაბლა, ბარბარესათვის გაურჩეველს. საბანს იხდიდა, და ძმრიან საფენებს იძრობდა, უაზროდ წამოიყვირებდა ხოლმე, და მერე ისევ სთხოვდა დაბრუნებას.
მთელი ღამე ბორგავდა სიცხიანი, ჩასისხლიანებული თვალები უპრიალებდა, და მთელი ღამე ებრძოდა მის სიცხეს ბარბარე.
თვალის წატყუებას ვერ ბედავდა, მაშინაც კი, როცა ნიკოლოზი თხუთმეტიოდე წუთით ჩაიძინებდა, რადგან იცოდა, რომ მერე ვეღარ მოახერხებდა გაღვიძებას.
ანდა უბრალოდ ეშინოდა. გაურკვეველი იყო იმწუთას ყველაფერი, ბარბარეს თავგზააბნეულ, უძილარ გონებაში ჩაკარგული.
დილის ხუთმა საათმა რომ მოატანა, გაწამებული გოგონა საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ სასწრაფოს გამოიძახებდა განთიადისას.
კიდევ ერთი საათი ბოდავდა ავადმყოფი.
მერე კი, დილის ექვსი საათისათვის, სიცხე გატყდა. ბოდვა შეწყვიტა ნიკოლოზმა, უკან წაწვა, გასავათებულს ჩაეძინა.
ბარბარე კი მის გვერდით, სკამზე გადაწოლილი და ლოგინზე თავდადებული დამხობილიყო.
მისი მარცხენა ხელი მაგრად მოებღუჯა ნიკოლოზს თავის მარჯვენაში, მაშინ, როცა ახალგაზრდა კაცი ვიღაცას სთხოვდა, არ წახვიდეო და ბარბარეს მხოლოდ ის შეეძლო გაეკეთებინა, რომ ხელი ჩაეკიდა მისთვის და დაუსრულებლად გაემეორებინა, რომ არსად წავიდოდა.
განთიადის პირველი სხივები მათი ჩაძინებიდან თხუთმეტ წუთში შემოიჭრნენ პაწაწინა, დამტვერილ ფანჯარაში.
.
.
-*-*-*-*-*-*-5
ბარბარეს ერთბაშად გამოეღვიძა.
თითქოს ხახადაღებულ, ბნელ უფსკრულში ეცემოდა ძილში. აღარ ახსოვდა, რა დაესიზმრა, მაგრამ ერთიანად მოწამლული ჰქონდა გუნება.
ზურგზე სიცხეს გრძნობდა. პირდაპირ ზედ დაჰნათოდნენ უკვე აწეული, ზენიტში მყოფი მზის სხივები.
ბარბარე გმინვით წამოიწია. საშინელ პოზაში ეძინა, კუნთები გაშეშებოდა და ყველაფერი სტკიოდა. მისი ხელი ჯერ კიდევ ნიკოლოზის მოშვებულ ხელში იყო მოქცეული.
გოგონამ თვალები მოიფშვნიტა, ოხვრით წამოიწია, ზურგში მალები გაუტკაცუნდა. ახალგაზრდა კაცის თავზე დაიხარა, შუბლზე ხელი დაადო.
კანი თბილი იყო, ნორმალური ტემპერატურის. აღარსად ჩანდა ის სიწითლე და ოფლიანობა, ასე ძალიან რომ დააფრთხო ბარბარე წინა დღეს. ნიკოლოზი უკეთესად იყო.
გოგონამ კანკალით ამოისუნთქა, სკამზე გადაწვა, გასავათებული.
ცოტა ხანი იჯდა, ემზადებოდა გრძელი დღისათვის.
მერე კი წამოდგა, ფრთხილად გამოაცოცა ხელი ახალგაზრდა კაცის ხელიდან და მობრუნდა, ტუმბოზე დაწყობილი ჭურჭელი უნდა გაეტანა სამზარეულოში. ოთახს თვალი მოავლო, რომელიც საშინლად მოუწესრიგებელი ჩანდა, სასწრაფოდ უნდა მიელაგებინა.
მერე კი დაინახა.
ნიკოლოზის შავი ტყავის ქურთუკი, რომელიც მას შორს, კარადისაკენ გადაესროლა.
ბარბარემ ნიკოლოზს გადახედა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ ეძინა, მერე კი ფრთხილი ნაბიჯით გაემართა ქურთუკისაკენ. ხელში აიღო და იქვე ჩამოჯდა, ჯიბეებში ჩაჰყო ხელი.
ერთ ჯიბეში სიგარეტის ნახევრად ცარიელი კოლოფი, სანთებელა, სასმელის პატარა ბოთლი იდო, რამდენიმე მოჭმუჭნულ ჩეკთან ერთად. ბარბარემ სწრაფად გაშალა ისინი, ყურადღებით დაათვალიერა, მაგრამ საჭმლის, სასმელისა და პრეზერვატივების მეტი არაფერი იყო განსაკუთრებული.
მეორე ჯიბეში კი სქელი საფულე იდო. ყელში გულმოწოლილმა ბარბარემ სასწრაფოდ გახსნა, დოკუმენტებს დაუწყო ძებნა.
ფულის დასტა იდო შიგნით, ელვა-შესაკრავიან ჯიბეში ხურდა ეყარა. რამდენიმე მისამართი ჩაეწერათ ერთ-ერთ ჯიბეში ჩატენილ ქაღალდებზე, ქვემოთ კი რაღაც გაუგებარი ნომრები იყო მიწერილი. ბანკის, მაღაზიების უთვალავი ბარათი იდო.
და ორი საიდენტიფიკაციო ბარათი. რასაც თან ემატებოდა ორი მართვის მოწმობა.
ყველაზე სხვადასხვა სახელი და გვარი ეწერა.
ერთ-ერთ საიდენტიფიკაციო ბარათზე ეწერა მხოლოდ ნიკოლოზი.
-შერვაშიძე… – წაიბურტყუნა მისი გვარი ბარბარემ ხმადაბლა. – დაიბადა ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი წლის ოცდასამ თებერვალს… ოცდახუთის ყოფილა. – ჩაილაპარაკა თავისთვის. ბარათზე გამოსახული ფოტოდან ნიკოლოზი იყურებოდა, უკმაყოფილო გამომეტყველებით.
ცოტა ხანი დააშტერდა სურათს გოგონა.
-არ ხუმრობდი შენ ხო? – მოესმა უცებ და შეხტა, კინაღამ გაუცვივდა ყველაფერი. სასწრაფოდ სტაცა ბარათებს ხელი, რომ კალთიდან არ გადასცურებოდნენ და ნიკოლოზისაკენ გადაიხედა, რომელსაც მისკენ გადმოეტრიალებინა თავი და აშტერდებოდა, ირონიული ღიმილით. – ტყუილად გითხარი ჩემი სახელი? მაინც და მაინც უნდა გეფხაკურა ჩემს ნივთებში…
ბარბარე წამიერად დაიბნა. სახე გაუწითლდა.
-მე რა ვიცი ვინ ხარ. – ხმა ამოიღო ბოლოს. – და როგორც ჩანს ბევრი ვინმე ხარ, სწორად მოვიქეცი, როცა ვნახე შენი ნივთები…
-ოხ, ვითომ რატომ? – წარბები ასწია ნიკოლოზმა. – რაო, დამცინცლე ფულები? – სახე შეეცვალა, წარბები შეკრა. – არ იცი, რომ სანამ არ მოგტყნავენ, ფული არ უნდა აიღო? შენთვის ემჯობინება, რომ უკან დააბრუნო, სულელო გოგო…
ბარბარემ მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს. დამცირებისაგან სახე აუწითლდა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ მეძავი არა ვარ? – ხმას აუწია მან. – შენი ფული არაფერში მჭირდება, უფრო საინტერესო რამეები გიდევს აქ… – მან ბარათები ასწია ზემოთ, ერთ-ერთს დააკვირდა. – ხვიჩა კაკაბაძე? სერიოზულად? თმაზე რა გჭირს კიდევ…
ბარბარე გაჩუმდა. ახლაღა მიხვდა თითქოს, რომ სისულელეს ჩმახავდა.
ამ კაცს ყველაფერთან ერთად, ყალბი საბუთებიც ჰქონდა. კარგად გაკეთებული, მაგრამ მაინც ყალბი.
ალბათ არ უნდა გაჰკვირვებოდა მისგან ასეთი რამე ბარბარეს. და უცნაური იყო, მაგრამ არც უკვირდა. იმდენი რამ გადახდა ამ ორი დღის განმავლობაში, რომ აღარაფერი გაუკვირდებოდა, მითუმეტეს ნიკოლოზთან დაკავშირებული.
-ეს ალიასები რად გინდა? – ჰკითხა მან, ახალგაზრდა კაცისაკენ მიაბრუნა თავი. ნიკოლოზი წარბშეკრული უყურებდა. ბარბარემ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. – რას წარმოადგენ? საერთოდ გქვია ნიკოლოზი?
-საკაიფოა პროსტა. – უპასუხა მამაკაცმა, ღიმილი გადაეფინა სახეზე, მაგრამ შუშისებრი თვალები ისეთი ცარიელი ჰქონდა, რომ ბარბარე უხერხულად მოიჭმუხნა. – იოლად ვერ დამიჭერენ.
-რაზე უნდა დაგიჭირონ? – ჩაეძია გულისცემააჩქარებული ბარბარე. ბარათები ხელში მაგრად მობღუჯა, როცა ნიკოლოზი უტიფრად მიაჩერდა თვალებში, ისევ იმ ირონიული, ცარიელი ღიმილით. – მითხარი, რაზე უნდა დაგიჭირონ?!
-შენ ვის რას ეუბნები? – გაუცინა მამაკაცმა, კბილები გააშიშვლა, მისკენ გადმოიწია. – შენნაირ ბოზებსაც იჭერენ, იცოდი?
ბარბარე გაფითრდა. კბილების ერთმანეთზე ღრჭიალი იგრძნო, ისეთი ძალით მოაწვა ცოფი შუბლში.
-არ ვარ ბოზი! – დაუყვირა მან, ხმის იოგები დაწყვეტაზე ჰქონდა. – არ ვარ, არა! ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა! აჰა! კმაყოფილი ხარ?!
-რა ცადე, შენ არაფერი გქონდა გასაკეთებელი… – გადაიხარხარა ახალგაზრდა კაცმა, დაჟინებით მომზირალი თვალები უელავდა. – უბრალოდ უნდა დაწვე და აცადო, რომ გაგჟიმონ…
ბარბარეს სისხლი აუვარდა თავში.
ეს კაცი, რომლის მოსავლელადაც ყველაფერი, საკუთარი თავის ჩათვლით, გვერდზე გადადო, ასე საზიზღარ შეურაცხყოფას აყენებდა. შესაძლო გახლდათ ის, რომ მას უბრალოდ არ სჯეროდა ბარბარეს სიტყვების, მაგრამ უკვე ზღვარს გადადიოდა ყველაფერი, ბარბარეს ცხოვრების ყოველგვარ ნორმას სცდებოდა მთელი ეს სიტუაცია.
ისეთი ზუზუნი დაეწყო ყურებში, რომ ალბათ ცოტაც და დაყრუვდებოდა. აუწერელ განრისხებას გრძნობდა.
-გაეთრიე! – იბღავლა გოგონამ, გამწარებულმა მოხიკა ნიკოლოზის ნივთები, კალთაში რომ ეწყო, მაგრად მოკუჭა ხელებში, ფეხზე წამოხტა. – ადექი, და წადი! ხომ ეგდე აქ ორი დღე, ხომ ჭამე, სვი და გამოკეთდი, წადი ახლა! გადი, თვალით აღარ დამენახო! გაეთრიე!
ნიკოლოზმა ცალი იდაყვი დაიბჯინა ქვეშ, წამოიწია, გაოგნებული მიშტერებოდა, ეტყობოდა, რომ ამას არ ელოდა.
-კაი, კაი, რას გაკაპასდი, ვააა… – ჩაილაპარაკა მან.
მისკენ მომზირალი გაფართოებული, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სიცხიანი თვალები ვერ აიტანა ბარბარემ, ტუჩები დაიკვნიტა, ნიკოლოზის ქურთუკზე მოჭერილი ხელები უთრთოდა.
მისი ნივთები ისროლა, ლოგინში წამომჯდარ ახალგაზრდა კაცს მიაყარა, მკლავები გადააჯვარედინა. კანკალებდა, ერთიანად აწითლებოდა სახე.
ასე შეურაცხყოფილად და ნაწყენად არ ეგრძნო აქამდე თავი. არადა ნიკოლოზს აქამდეც ეთქვა უტიფარი სიტყვები მისთვის, ტყუილუბრალოდ დაეწამებინა მისთვის ბოზობა.
ახლა ვერ გაეგო, რა მოხდა. ალბათ ერთიანად მოტეხა წინა დღეებმა.
-ბოდიში. – თქვა მან, სკამში ჩაეშვა, შუბლი მოისრისა, ახალგაზრდა კაცს თვალებში ვერ უყურებდა, იმის მიუხედავად, რომ არაფერი ჰქონდა სასირცხვილო. პირიქით, თვითონ იყო შეურაცხყოფილი. – უბრალოდ… დავიღალე.
ცოტა ხანში ასწია თავი, მამაკაცს გაუსწორა მზერა.
ნიკოლოზს არაფერი უთქვამს, უსიტყვოდ იჯდა. თავზე ხელი გადაისვა, კეფა მოიფხანა, წარბშეკრული უყურებდა, მერე კი ჭრილობაზე მოისვა თითები.
-ეს რა… გამიკერე? – წამოიძახა მან, მხარი წინ წამოსწია, ქვემოთ დაიხედა, გაკერილი ჭრილობის დანახვას ცდილობდა. აღარ იყო იარის კიდეები წითელი და გასიებული.
-შეძლებისდაგვარად. – ჩაილაპარაკა ბარბარემ, ფეხზე წამოდგა. – წავალ, საჭმელს მოგიტან.
ნიკოლოზი ჩუმად იჯდა. მძიმე დაძაბულობა ჩამოწოლილიყო ოთახში.
კართან მისული გოგონა შეყოვნდა, უკან მოიხედა.
-გუშინ ღამე… – ბარბარე შეყოყმანდა, მაგრამ თავი შეიმაგრა. – ბოდავდი. ვიღაცას ეძახდი.
-ვინმეს ვეძახდი? – გაიმეორა ნიკოლოზმა, წარბები შეკრა, ყბა მოენგრა, თავი გვერდზე გადაატრიალა.
-ჰო. – მიუგო ბარბარემ. -ვის?
ნიკოლოზმა აღარაფერი უპასუხა. სახეზე განრისხება გამოეხატა.
-შენი საქმე არაა. – კბილებში გამოსცრა მან. – არავისაც არ ვეძახდი. ავადმყოფი ვიყავი და მეჩვენებოდა რაღაცები.
ბარბარემ ცოტა ხანი უყურა, გაუნძრევლად იდგა. ნიკოლოზი კუშტად, მოქუფრული მისჩერებოდა.
-მალე მოვალ. – თქვა ბოლოს გოგონამ და მიტრიალდა, ოთახის კარი ჩუმად მიიხურა.
გრძელი იყო სუპერმარკეტისაკენ მიმავალი გზა. ოცი წუთის სავალზე იყო.
ცოტა საჭმელი იყიდა, ვაკანსიებზე გამოჰკითხა მოლარეს.
როგორც ყოველთვის, არაფერი.
თავისი შეპირება შეასრულა ბარბარემ, სწრაფად მიბრუნდა სახლში.
მაგრამ ნიკოლოზი არ დაუხვდა.
კარი დაკეტილი იყო. ალბათ ნიკოლოზმა ჩაკეტა თავისი პატარა დანით.
ყველა მისი ნივთი ალაგებული იყო ბარბარეს ოთახიდან. იმის საბუთი, რომ აქ იყო, სულ რაღაც ერთი საათის წინ, მხოლოდ და მხოლოდ ჰაერში დატრიალებული, მკრთალი სისხლის, ოფლისა და ავდმყოფობის სურნელი გახლდათ. წამლები, ჭურჭელი ჯერ კიდევ აულაგებელი ეწყო ლოგინისპირა ტუმბოზე.
 ცოტა ხანი იდგა ბარბარე ოთახის შესასვლელში, მის ყურებში აღრიალებულ სიჩუმეს უსმენდა, მაგრად უჭერდა საყიდლების პარკს ხელს. სიცარიელეს მიშტერებოდა და ვერ გაეგო, რატომ გრძნობდა კიდევაც მას.
ნიკოლოზი მართლა წავიდა. ყველაფერი ხელშეუხებელი ჩანდა სახლში, ტუმბოს უჯრაში გადანახული ფული, სასტუმრო ოთახში სარკის წინ დაწყობილი, დედამისის და მისი მწირი ძვირფასეულობა.
ბარბარე ლოგინზე ჩამოჯდა, საყიდლებიანი პარკი ფეხებშუა ჩაიდო და იქამდე ჩაშტერებოდა, სანამ არ მიხვდა, სანამ არ წამოუტივტივდა დაბინდულ გონებაში, რომ ეს საჭმელი ნიკოლოზისათვის იყო ნაყიდი.
ის კი წავიდა.
ძალიანაც კარგი. აღარ შეეშინდებოდა ბარბარეს. ამოდენა პასუხისმგებლობა აღარ დააწვებოდა მხრებზე, შეეძლო რომ თავისი ცხოვრების ჩვეულებრივ რუტინას დაბრუნებოდა.
ეს ასე უნდა ყოფილიყო.
ამიტომ არ ესმოდა ბარბარეს, თუ რატომ იჯდა ლოგინზე, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცი იწვა, ნახევარი საათის განმავლობაში და რატომ მიშტერებოდა უემოციოდ კედელს.
.
-*-*-*-*-*-
ორი თვე ისე გავიდა, რომ ვერც კი შეამჩნია ბარბარემ. დედამისი ნიკოლოზის წასვლიდან ორ დღეში დაბრუნდა, ისევ ისეთი, როგორც ყოველთვის, არც კი იმჩნევდა იმას, რომ ქალიშვილის ლოგინში წელზევით შიშველი, ავადმყოფი ახალგაზრდა კაცი დახვდა. ბარბარემ რამდენჯერმე სცადა, ჩასძიებოდა, მაგრამ დედა ყოველთვის იცილებდა მის კითხვებს, სიტყვას ბანზე უგდებდა, სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი.
და წარმოუდგენლად გამაღიზიანებელი იყო ეს. მით უმეტეს ბარბარეს შემთხვევაში, რადგან გოგონა ჯერ კიდევ ჭკუაზე შერყეულივით, პათოლოგიურად დაეძებდა უამრავ კითხვაზე პასუხს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ პოულობდა.
თავიდან ცდილობდა, საკუთარი თავი დაეჯერებინა, რომ ეს სურდა, რომ სწორედ ეს იყო მისი მიზანი. რომ გამოკეთებულიყო ეს კაცი, და მშვიდობიანად წასულიყო მისი სახლიდან.
მაგრამ მისი ბარბარეს ცხოვრებაში გამოჩენით სიცოცხლე მოეწამლა თითქოს გოგონას. წამდაუწუმ მასზე და მის უტიფრობაზე, ბოდვაზე, კითხვის ნიშნებით აღვსილ არსებობაზე ფიქრობდა. რაღაც უცნაური, აწეწილი გაგებით ნიკოლოზი პირველი თავგადასავალი იყო ბარბარეს ცხოვრებაში, პირველი პასუხგაუცემელი კითხვა, პირველი იდუმალება.
და ეს ჭკუაზე შლიდა. პირველი თვე მოუსვენარი იყო, აგრესიული, ნებისმიერ რამეზე ფეთქდებოდა, ძლივს ნაშოვნი სამსახურიდან გამოაგდეს, რადგან გაგულისებულმა უფროსზე იყარა ჯავრი, იქამდე უყვირა, სანამ გული არ მოიოხა და ყველაფერი არ ამოატანა ზემოთ.
მეორე თვის მიწურულისათვის ეცადა, რომ თავი ხელში აეყვანა. ახალი სამსახური ჰქონდა ნაშოვნი, დიდ რესტორანში მუშაობდა დღისით მიმტანად, ღამით დამლაგებლად, ტუალეტების მხეხავად და ჭურჭლის მრეცხავად. წარმოუდგენლად დატვირთული სამუშაო იყო, მაგრამ ხელფასი საკმაოდ კარგი გახლდათ, ფულიანი, მისი სერვისითა და ნაძალადევი, ყალბი ღიმილებით კმაყოფილი კლიენტები დამატებით ფულს უტოვებდნენ, რასაც სასწრაფოდ იტენიდა წინსაფრის ჯიბეებში. ეს ისეთი კარგი შესაძლებლობა იყო, აქამდე რომ არც დასიზმრებოდა, ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადა, რომ შეენარჩუნებინა ეს სამსახური. ისეთი მოქანცული იყო სულ, რომ არ რჩებოდა ნიკოლოზ შერვაშიძეზე ფიქრის დრო, და ეს ძალიან კარგი იყო მისი ისედაც გაურკვევლობაში ჩავარდნილი გონებისათვის.
სიმყარე, სტაბილურობა სჭირდებოდა ცხოვრებაში, მეტი არაფერი.
საჭირო იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებულიყო საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე.
ამაზე უკეთესი აღარაფერი იქნებოდა ამწუთას ალბათ.
ხვდებოდა, რომ გაჩხერილი იყო ერთ ადგილას. თითქოს გადააფასა მთელი თავისი არსებობა, მისი ბანალური ცხოვრება, თუ რამდენად მოკლებული უნდა ყოფილიყო ხალხთან კონტაქტს, რომ ქუჩაში ტყვიით დაჭრილი, უტიფარი პიროვნების სახლში ამოთრევა და ორი დღის განმავლობაში მისთვის მუხლჩაუხრელად შრომა თავგადასავლად მოსჩვენებოდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს.
ასეთი იყო მისი ცხოვრება, ალბათ ასეთი უნდა ყოფილიყო თავიდანვე. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულებრიობისათვის იყო განწირული და არ გახლდათ გასაკვირი, რომ თვითონაც მათ რიგებში შედიოდა.
ერთ ადგილზე იდგა, დამყაყებული, წუმპეში და ხვდებოდა, რომ ვერასოდეს ამოათრევდა იქედან საკუთარ თავს. იცოდა, რომ სასწაული უნდა მომხდარიყო იმისათვის, რომ რაღაცნაირად შესცვლოდა ცხოვრება, მაგრამ სასწაულის არ სჯეროდა. იცოდა, რომ რიგითი იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ნაცრისფერი სახე, ისეთი ძირდაფეხვილი და მოყანყალებული, ძლივს ფეხზე მდგომი, როგორც ის კორპუსი, რომელშიც თვითონ ცხოვრობდა.
ასე უნდა ყოფილიყო. ნაცრისფერი ხალხის გარეშე ფერადნი არაფერი იქნებოდნენ, როგორც ჯარი ვერ იქნებოდა რიგითი ჯარისკაცების გარეშე.
ამიტომ მუშაობდა ბარბარე, ფული შემოჰქონდა ოჯახში, და როგორც ყოველთვის, ძლივს გაჰყავდათ თავი.
როგორც ყოველთვის, მასა და მის მეძავ დედას.
.
-*-*-*-*-
საღამოს სახლში მოდიოდა ბარბარე. ორი საათი შეეძლო დაესვენა, მერე კი ისევ ღამის ცვლაზე უნდა მიბრუნებულიყო, რომ შემდეგი ოთხი საათი მაინც მთელი რესტორანი ეწმინდა, მის სამ კოლეგასთან ერთად.
ხელებზე დაიხედა. იატაკების, ტუალეტების ხეხვისაგან გამოშრობოდა კანი, დატეხილი ჰქონდა ფრჩხილები. ამოიხვნეშა, მხარზე გადაკიდებული ჩანთის სალტეს მაგრად მოუჭირა თითები. საღამოს ცხრა საათი იყო, მზე ჩასულიყო, მხოლოდ ოდნავი, მაგრამ მკვეთრი, იასამნისფერს შერეული ვარდისფერი მოჩანდა დასავლეთით, კორპუსებს შუა. გარშემო ხალხი ირეოდა, ქალაქის ცენტრში მიაბიჯებდა ბარბარე. ჰაერი დაცვარულიყო, ალბათ იწვიმებდა მალე, მუქი ნაცრისფერი ღრუბლები მოცურავდნენ ჩრდილოეთიდან, საბნად ეფინებოდნენ ქვეყანას.
-ბარბი! –  მოესმა უცებ გოგონას უკნიდან შეძახილი და სწრაფად მობრუნდა, ხმა იცნო. გაიბადრა, რამდენი ხნის განმავლობაში მთელი სახით, გულწრფელად გაიღიმა, როცა მისკენ მორბენალ მეგობარს ჰკიდა თვალი.
-ანი! – შეჰყვირა მან, ხელები გაშალა, როცა ანი კინაღამ შემოახტა, მაგრად ჩაიხუტა. ანიმ ბრწყინვალე ცისფერი თვალები მოაპყრო, ბედნიერად კისკისებდა.
-სად დაიკარგე, ეეე! – შეჰყვირა მან და ბარბარემ სცადა დაეშოშმინებინა, იმის მიუხედავად, რომ ტუჩის კუთხეები ცოტაც და ყურებს მიუწვდებოდა. – რას მაშოშმინებ, გოგო!
-წამოდი, სადმე დავჯდეთ… – ღიმილით უთხრა ბარბარემ. ნახევარი წელიწადი იქნებოდა, რაც სკოლის მეგობარი არ ენახა. მიწერ-მოწერა ჰქონდათ ხშირად, მაგრამ რაც ტელეფონი ბორდელში დატოვა, იმის შემდეგ აღარ ჰქონდა საშუალება მიეწერა. იაფფასიანი, დედისაგან უჩუმრად ნაყიდი ტელეფონი დაჰქონდა ამჟამად, მაგრამ რაც ნომრები ჰქონდა ჩაწერილი წინა ტელეფონში, არც-ერთი არ ახსოვდა.
იქვე მდებარე პატარა პარკის ძელსკამზე ჩამოსხდნენ.
-შენი ტელეფონი ავაფეთქე კინაღამ! – შეუტია ანიმ. – რატომ არ მპასუხობდი?
-ტელეფონი დავკარგე. – საცოდავად იმართლა თავი ბარბარემ. ანიმ მჟავე სახით შეხედა.
-და ჩემი ნომერი არ გახსოვდა? – წაიზუზუნა მან, ბარბარეს ნაღვლიანად გაეღიმა.
-შენი კი არა, ჩემი ნომერი არ მახსოვს. – თქვა მან და ანიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, მაგრამ აშკარა იყო, რომ წამსვე მიჩურთა გვერდზე ეს თემა, ისევ გაუღიმა.
-აბა რას შვებოდი ამდენი ხანი? მოხდა რამე საინტერესო? – ჩაეძია ის.
ბარბარემ პირი დააღო. გაიხსენა ყველაფერი, რაც მოხდა ორი თვის წინ, კინაღამ მეძავად გახდომა, მერე კი ვიღაც ცუდ წრეში გარეული დაჭრილი მამაკაცის ბინაში ათრევა და მისი დაუღალავი მოვლა. მისი მხრიდან ამომძვრალი ტყვია, სამი ალიასი, ფულის დასტა და პაწაწინა დანა, რომელსაც ბინების გაღება-დაკეტვა შეეძლო.
-არაფერი ისეთი. – თქვა მან. – სამსახურებიდან ისევ დამითხოვეს.
ანი მოიღუშა, საცოდავად მიაჩერდა.
-შტერი ხარ. – თქვა მან. – არ უნდა იყელყელაო და არც დაგითხოვენ.
ბარბარემ გაიცინა, თავი გადააქნია.
მერე კი კისერი წაიგრძელა, წარბები შეკრა, თითქოს რაღაც აკლდა.
-შენ რა, აღარ ეწევი? – ჩაეკითხა მეგობარს. ანი გაშრა, კუთხეში გამოჭერილს დაემგვანა.
-არა, დავანებე. – თქვა ბოლოს გოგონამ, ჩუმად. ბარბარემ რაღაც იგრძნო თითქოს, მეგობარსმოღუშული დააშტერდა.
-რა მოხდა? – დაიჩურჩულა მან. – ანი…
-ორსულად ვარ. – შეაწყვეტინა ბუტბუტით ანიმ.
ბარბარეს თვალები გაუფართოვდა, უკან გადაიწია.
-ანი… – ძლივს ამოთქვა მან. – კი მაგრამ როგორ… შენ ხომ…
-ვიცი! – ხმას აუწია ანიმ. ხელები სქელი ქურთუკით დაფარულ მუცელზე მოიხვია. – და რას ქვია, როგორ, ბარბი?! სექსი მქონდა კაცთან და ეგრე! ეგრე უბრალოდ! მივეჩვიე იმ ტიპს. ბავშვის… მამას, ანუ. – ჩაახველა მან, ხმა ჩაუწყნარდა. – არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ… ასე მოხდა.
-მერე? – ძლივს ამოთქვა ბარბარემ. – მამამ იცის?
-არა! – შეუყვირა ანიმ, ისეთი ძალით, რომ ბარბარემ გაოცებისაგან უკან დაიწია. ანის ტუჩები უთრთოდა. – არც მინდა იცოდეს. – ჩაიბურტყუნა მან.
-ანი, არ დამაწყებინო… – დაუჩურჩულა ბარბარემ. – არ მინდა მორალის კითხვა დაგიწყო…
-არ მინდა მორალი. – გამოსცრა კბილებში ანიმ. – ახლა მხოლოდ დასვენება მინდა, მეტი არაფერი.
ბარბარე გაჩუმდა. ანი მუდამ თავისნება და ჯიუტი იყო, თუ ვირზე შეჯდებოდა, არაფრის დიდებით არ ჩამოდიოდა.
-სახლში გაგაცილო, გინდა? – ჰკითხა ბარბარემ, როცა აშკარა იყო, რომ ანი ხმას აღარ გაიღებდა. შეწუხებული მიშტერებოდა მეგობარს, არ იცოდა, რა ეთქვა, როგორ მიდგომოდა მის სიტუაციას. ის იცოდა მხოლოდ, რომ არ დააძალებდა. – წამოდი, წავიდეთ.
ანი წამოდგა, მორჩილად გაჰყვა გვერდით. მისი საცხოვრებლის მისამართი კარგად იცოდა ბარბარემ, სულ სტუმრობდა, როცა მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
ანი ნახევარი საათის სავალზე ცხოვრობდა. მისი გარეუბანი ქალაქის მოპირდაპირე მხარეს იყო, უკან ფეხით საათნახევრის სავალი მაინც იქნებოდა ბარბარეს ბინამდე.
მაგრამ ახლა ეს არ აწუხებდა. ანი რამდენი ხანი იყო არ ენახა, და ყველაფერთან ერთად, მისი მეგობარი ორსულად იყო.
ბავშვის მამას კი არაფერს ეუბნებოდა.
მის გატეხვას დრო სჭირდებოდა, მაგრამ ბარბარე აუცილებლად შეძლებდა ამას. ანი ჯიუტი გახლდათ, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მისი დარწმუნება. უფრო დაწვრილებით უნდა გაეგო ეს ამბავი.
მზე ჩასვენებულიყო, სიბნელე მოსდებოდა შემოგარენს. ანის უბანიც კანტიკუნტად იყო განათებული, აქაც მწირი გახლდათ ხალხი, მეტადრე მაშინ, როცა ანის კორპუსისკენ შეუხვიეს.
წვრილი ქუჩა უნდა ჩაევლოთ, მინდორის გვერდზე, რომლის ბოლოს ანის კორპუსი აღმართულიყო.
ბარბარე ჩუმად მიაბიჯებდა მეგობრის უკან. ქვაფენილზე კედით კენჭს ჰკრავდა ფეხს, მაგრად იხვევდა სხეულზე თხელ ჟაკეტს, რომელიც სულაც არ იყო შუა შემოდგომისათვის შესაფერისი. ანი, როგორც ჩანდა, საკუთარ თავს უვლიდა. თბილი ქურთუკი ეცვა, ქუდი, კაშნე მოედო ყელზე.
ანი დედა გახდებოდა მალე.
ბარბარეს ჩაეღიმა. დეიდის ამპლუაში ვერ წარმოედგინა თავი.
გზას გახედა. ლამპიონები ლამაზად ციმციმებდნენ, ქუჩას შუქს ჰფენდნენ.
მერე კი შეამჩნია.
ქუჩასთან, მათთან ახლოს, მანქანა მიეყენებინათ. შავი, დაბურული მინებით.
ბარბარეს გააჟრჟოლა. საქარე მინას, რომელიც ჩრდილში მოცულიყო, ისე, რომ შიგნით ვერაფერს ხედავდა, მზერა გაუსწორა. საშინელი გრძნობა ჰქონდა, თითქოს შიგნიდან დაჟინებით აშტერდებოდნენ.
-ანი, ეს მანქანა… – დაიწყო მან, მაგრამ არ დასცალდა.
მანქანის სამი კარი გაიღო, და ოთხი, თავზე ქუდჩამოფხატული კაცი გამოვარდა. პირისა და თვალების გამონაჭრელები ჰქონდათ სახეზე ჩამოფხატულ ქუდებში.
პირდაპირ მათკენ გამოემართნენ, სწრაფი ნაბიჯით. უკნიდან კიდევ ერთი გამოვიდა მანქანიდან.
ალბათ ლიდერი.
ბარბარეს შოკისაგან კისერში გაეჩხირა ხმა, ანის მაგრად ჩაავლო სახელოში ხელი, უკან წაბარბაცდა. გონება ბურუსმა მოიცვა, შიშისაგან აცახცახებული მიაშტერდა.
ანიმ ხმამაღლა დაიკივლა, მისი ყვირილი ზარივით გაისმა ბარბარეს ისედაც დაგუბებულ, სისხლის გრიალით სავსე ყურებში. გული ყელში მოსწოლოდა, საშინელი ძალით უცემდა, ფეხები ტყვიად ექცა თითქოს.
ორ წამში მოაღწიეს მათთან მძარცველებმა, ერთი წამსვე ანის სწვდა, პირზე ააფარეს ხელი, ბარბარეს გვერდიდან მოჰგლიჯეს.
-ორსულადაა! თავი დაანებეთ! – დაიყვირა მან, იმის მიუხედავად, რომ ნაწლავები ერთიანად გადაგრეხოდა მუცელში, ანის გაფართოებულ, ტერორით აღვსილ ცისფერ თვალებს უყურებდა და გამბედაობა ემატებოდა. – ხელი გაუშვი, შე ნადირო! – ეცა იგი მძარცველს, მაგრამ მეორე გადაუდგა წინ, ხელებში სწვდა და მაჯები მაგრად დაუჭირა.
მთელი ძალით გაიბრძოლდა გოგონამ, მაგრამ ისეთი ძალით იჭერდნენ, რომ ამაო იყო.
-გვიშველეეეთ! – აღრიალდა გამწარებული ბარბარე, გაფაციცებული, თავზარდაცემული ატრიალებდა თვალებს აქეთ-იქით, როცა მიხვდა, რომ საკუთარ თავს ვერ უშველიდა. – გვიშვე…
მასაც მაგრად ააფარეს პირზე ხელი. ბარბარემ გაიბრძოლა, გამწარებულმა სცადა, პირი გაეღო, მაგრამ ვერ ახერხებდა. კაცი მაგრად უჭერდა ყბაზე უშველებელ, ძლიერ ხელს.
-კიდევ ერთხელ იყვირებ და მაჯას გადაგტეხავ. ისე, იყვირე, თუ გინდა, მაინც არავინ მოვა- ჩაულაპარაკა წინ მდგომმა, კმაყოფილი ღიმილი გამოუჩნდა გამონაჭრელში. – ფულს მოგვცემ, წავიღებთ და წავალთ, პრობლემები არ გვინდა, გესმის?
ბარბარე გაქვავდა. წინა თვიდან რაც ჰქონდა მორჩენილი, საფულეში ედო. ეს ფული ერთი კვირის საჭმელში უნდა დაეხარჯა.
მაგრამ ანის გადახედა, რომელსაც ცრემლებით ავსებოდა დამფრთხალი თვალები და სასწრაფოდ დაუქნია თავი.
-წაიღეთ… – ძლივს ამოიხრიალა მან კაცის ხელის მიღმა. – წაიღეთ ყველაფერი, ოღონდ თავი დაგვანებეთ…
კაცმა ხელი შეუშვა, ჩანთა გამოსტაცეს, ელვის სისწრაფით ამოუძვრეს საფულე. ანის ხელიდან შუათითზე გაკეთებული, ოქროს ბეჭედი წაჰგლიჯეს, საფულე ამოუცოცეს ჯიბიდან.
მერე კი ხელი ჰკრეს, მეგობარს მიუგდეს.
გამწარებული შეჰყურებდა მომხდარს ბარბარე. დაცარიელებული, დაფეხვილი საფულეები გადმოუგდეს მძარცველებმა უკან, როცა ფული ამოაცალეს.
ბარბარე გამწარებული მიშტერებოდა ოთხივეს, მის გვერდზე მიხუტებულ, ისტერიულად ატირებულ ანის იხუტებდა და ცდილობდა თვალებით გაებურღა ისინი, დაემახსოვრებინა, თუ როგორი ხმა ჰქონდათ, როგორ გამოიყურებოდნენ, მზერით ცდილობდა მათთვის ნიღბების ჩამოდნობას.
ლიდერი ოდნავ უკან იდგა. წამიერად გაუსწორა ბარბარეს თვალი, მერე კი უკან გაბრუნდა, მანქანაში ჩასხდნენ.
წამსვე დაიქოქა მანქანა, ათიოდე წამში იქ აღარ იყო.
ანის ტირილი ხმამაღლა გაისმოდა ჩამოწოლილ სიჩუმეში.
ბარბარე კი გამშრალი იდგა. ადგილს მიჰყინვოდა.
ეს იმიტომ, რომ რაც არ უნდა შეშინებული, შოკში, განრისხებული ყოფილიყო, იმ მზერას ყველგან იცნობდა.
იმ მზერას, რომელიც ლიდერის ნიღბიდან დაიჭირა, წამიერად მომავალი.
იმ შუშისებრ, მომწვანო მზერას.
.
.
-*-*-*-*-*-*-6
-ბიჭო, იმ დედამოტყნულს რა ამბავი ფულები ქონია, ეეეე… – წამოიძახა ჩრდილში მიმალული, შავი მანქანის მგზავრის სავარძელში მჯდარმა კაცმა, გამალებით, სწრაფად ითვლიდა ტკიცინა, ასლარიან ბანკნოტებს. – საიდან გაიგე?
-ფულიანის სახე ჰქონდა მაგ ყლეს… – გადაიხარხარა მძღოლმა. ბანკნოტების შეკვრას უსვამდა შავ ხელთათმანში გამოხვეულ თითებს. – ვისუნე, ბიჭო!
პირველმა გადაიხარხარა, უკან გადაიხედა, სადაც სამი კაცი ასევე გამალებით ითვლიდა ფულს. ყველას თვალებისა და პირის ამონაჭრელი ჰქონდა სახეზე ჩამოფხატულ ქუდებზე.
-ნუ ანერწყვავ, შე სირო… – ჩაიცინა მძღოლმა, უკან მჯდომებიდან ერთ-ერთს მიმართავდა. -ისე ვერ ითვლი? ძალიან გინდა შენი დორბლები იყოს ფულზე, რომ ჩავაბარებთ?
-გააჯვი, რა… – ხელი გაუქნია მან, ელვის სისწრაფით ითვლიდა ფულს, რეზინით ჰკრავდა და ჩანთაში აწყობდა. – შენ ახალი ფულები ისუნე, გაიგეე? ახალი საქმე მინდა, მაგარი ატეხილი ვარ რა! – გადაიხარხარა მან.
მძღოლი სიცილში აჰყვა, ფულის შეკვრა ჩანთაში ჩააგდო, საჭეს მიუბრუნდა.
-ავითესოთ… – თქვა მან და გასაღებისაკენ გაიწვდინა ხელი, საქარე მინაში გაიხედა.
და გაშრა, ხელი ჰაერში გაეყინა.
გარეთ, ლამპიონების თეთრ შუქზე, ჩვეულებრივ ცარიელ ქუჩაში ორი ახალგაზრდა ქალი მოაბიჯებდა. ერთი ცოტა წინ მოდიოდა, მუქი თმა გადმოჰფენოდა ქუდიდან, კაშნეში ჩაემალა ნიკაპი. ხელებს აქნევდა, მისი მარცხენა ხელის შუათითზე ოქროს ბეჭდის ბრწყინვალება ჩანდა.
მეორე კი ოდნავ უკან მოჰყვებოდა. ოდნავი ნიავი უკრთობდა თავზე მოსხმულ შავ თმას. თხელი ჟაკეტი მაგრად მოეხვია სხეულზე, კენჭს აგორებდა ძველი, გვერდებზე ატყაული, იაფფასიანი კედებით.
-ბიჭო, აღარ წავედით? – იკითხა მგზავრის სავარძელში მჯდომმა, თვითონაც გაიხედა საქარე მინაში, მძღოლის მზერას გააყოლა თვალი, გოგოებს შეავლო მზერა.
-ისე, ჯიბის ფული არ გვაწყენდა, ხომ იცი, – დაიძახა უკნიდან ერთ-ერთმა, ფულით სავსე ჩანთა შეკრა. – წამო ბიჭო ექნებათ ამათ ხურდა…
და წამსვე გადაცვივდნენ ოთხივენი მანქანიდან. მძღოლი იჯდა, და უყურებდა, ორიოდე წამი, თუ როგორ დაფრთხნენ ახალგაზრდა ქალები, როგორ სტაცა მეორემ პირველს ხელი და როგორ წაბარბაცდა უკან, როგორ აღებდა პირს.
მანქანის კარი გააღო და გადმოვიდა. იდგა და უყურებდა, თუ როგორ ძარცვავდნენ დანარჩენები გოგონებს, როგორ ატეხა პირველმა ტირილი და როგორ ყვიროდა მეორე.
ბოლოს, როცა დაცარიელებული საფულეები გადაუგდეს ახალგაზრდა ქალებს, მეორეს წამიერად გაუსწორა მზერა. რაღაცამ გაიარა ქალის მუქ თვალებში.
მძღოლი მობრუნდა, დანარჩენებს მიჰყვა, მანქანა დაძრა და სასწრაფოდ მოსწყდა იქაურობას, უკან მხოლოდ მტვერი დატოვა, ლამპიონებით განათებულ, ცარიელ ქუჩაში.
.
-*-*-*-*-*-
ის ღამე ანისთან დარჩა ბარბარე. მტირალი რომ აიყვანა თავისთან, მისი მშობლები შემოეხვივნენ წამსვე ქალიშვილს, შეწუხებულნი, მერე კი ბარბარე შემოიპატიჟეს. ალბათ ბედნიერი იქნებოდნენ მისი ნახვით, მაგრამ თავართქილაძეებისაგან უგულო გამარჯობა და წამსვე დაკითხვა მიიღო მხოლოდ. შეძლებისდაგვარად აუხსნა, თუ რა მოხდა, ანის მამამ ღრიალი მორთო, მძარცველებს აგინებდა. დედამ ანი ჩაიხუტა, ეჩურჩულებოდა რაღაცას, თავზე ხელს უსვამდა, სანამ გვერდით იჯდა ბარბარე და უბრალოდ პასუხებს სცემდა მამისაგან მოსულ, დაუსრულებელ კითხვებს.
ბოლოს პოლიცია გამოიძახეს. ორი ოფიცერი ამოვიდა, მომჩვარული, დაღლილი სახეები ჰქონდათ. ჩვენება სწრაფად აიღეს, ჰკითხეს, თუ რა მოხდა, რამდენნი იყვნენ, რა წაიღეს, თუ ახსოვდათ მანქანის ნომერი და წავიდნენ.
ბარბარეს ბუნდოვნად ახსოვდა ნომერი. პირველი ორი ასო და ბოლო ციფრი.
მაგრამ არაფერი უთქვამს.
თვითონაც არ იცოდა, რატომ.
დარწმუნებული იყო, რომ ნიკოლოზი დაინახა იმ ნიღბის მიღმა. გული ყელში მოსწოლოდა, გაუნძრევლად იჯდა თავართქილაძეთა ტახტზე და რაღაცას უყურებდა, გაშტერებული.
ამდენი ხანი მასზე პათოლოგიურად ფიქრის შემდეგ, ისევ შეხვდა ახალგაზრდა კაცს. ოღონდ ის მძარცველის ამპლუაში გამოეცხადა. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ბარბარემ, ხელები მუშტებად შეეკრა კალთაში.
წარმოუდგენლად უშველებელი მრისხანება ბუყბუყებდა მასში. იმის ნაცვლად, რომ ნიკოლოზს მადლობა ეთქვა, ანდა დამშვიდობებულიყო, უტიფრად, უგულოდ გაიქცა, ახლა კი თავს დაესხა, ორ ქალს, რომელთაგან ერთი ორსულად იყო.
ესე იგი ქურდი გახლდათ ნიკოლოზი. ამაზე უკვე მიანიშნებდა ყველაფერი.
ბარბარე ჩვეულებრივ ქურდზე ფიქრობდა. ადამიანზე, რომელიც სხვის ნაწვალებ, ოფლით ნაშოვნ საკუთრებას ისე იპარავდა, ვითომ აქაც არაფერი.
საკუთრებაზე ძვირფასი არაფერი მიაჩნდა ბარბარეს ამ ქვეყანაზე. გასაცემი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომა ჰქონდა, და მის სანაცვლოდ მიღებულ გასამრჯელოს თეთრებამდე თვლიდა, რომ ყველაფერი გამოყენებადი ჰქონოდა, რომ ყველაფერს საკუთარი ადგილი ჰქონოდა.
და უკვე მეორედ, რუტინა ერთიანად აუნგრია ნიკოლოზმა.
აუტანელი იყო უკვე.
იმ ღამით იწვა, ანის გვერდით, მის დიდ საწოლში. ანის ნათხოვნი პიჟამა ეცვა და ჭერს მიშტერებოდა, სიბნელეში.
ანისაც არ ეძინა. მისგან გადაბრუნებული მოკვარჩხულიყო.
-ბევრი წაიღეს? – ჰკითხა უცებ ანიმ. – მე ბევრი არ მქონდა, ოცი ლარი მქონდა მარტო. ბეჭედზე კი მწყდება გული, მაგრამ…
-ორმოცი ლარი მედო. – მიუგო ბარბარემ. ენა მოიკვნიტა. არ უნდოდა ეთქვა, რომ შემდეგი კვირის საჭმლის ფული იყო ეს. – ეგ არაფერი. ნუ ინერვიულებ შენ. ახლა მთავარია ის ნაძირლები დაიჭირონ.
სიჩუმე გამეფდა კიდევ ერთხელ ოთახში.
-დედასთვის და მამასთვის არ მითქვამს. – თქვა უცებ ანიმ, და ბარბარემ მისკენ გადაიხედა, იმის მიუხედავად, რომ ვერაფერს დაინახავდა სიბნელეში.
-არ იცი როგორ უთხრა? – ჰკითხა მან, ჩურჩულით. რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავი დაუქნია ანიმ.
-ორი თვის ვარ ჯერ. – უპასუხა მეგობარმა. ხმა წართმეოდა თითქოს. – ვიცი, რომ… ვიცი, რომ არ მოეწონებათ ეს ამბავი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ბარბარეს უნდოდა ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. რომ მშობლებს ყველა შემთხვევაში ეყვარებოდათ ანი, რომ ბედნიერად გააჩენდა და გაზრდიდა ბავშვს.
მაგრამ ბარბარეს ტყუილების თქმა არ სურდა, მითუმეტეს ანისათვის. არ სურდა ილუზიები შეექმნა მისთვის, თან ისეთი ილუზიები, რომლებისაც აღარ სჯეროდა ანის.
-მამას უნდა უთხრა. ბავშვის მამას. – ჩაილაპარაკა, თითქოს თავისთვის. – უფლება აქვს იცოდეს, ანი. ხომ ხვდები, მისი შვილიცაა.
-სიყვარულის გჯერა? – შეაწყვეტინა უცებ ანიმ. ბარბარემ წარბები შეკრა, ტუჩები მოკუმა.
-არ ვიცი, სიმართლე გითხრა. – უპასუხა ჩუმად. – მინდა მჯეროდეს.
-აი მე კი არ მჯერა. – თქვა ანიმ. – რაც თავი მახსოვს, რომანტიკოსი ვიყავი. ვოცნებობდი, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული უფლისწული მომაკითხავდა. ვოცნებობდი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვიგრძნობდი, რომ ჩემს რჩეულს შევხედავდი და ერთი შეხედვით მივხვდებოდი, რომ სულ მასთან უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ ამის ნაცვლად ბარში შემთხვევით გაცნობილი კაცისაგან დავორსულდი.
-ცხოვრება ზღაპარი არ არის. – ძლივს ამოღერღა ბარბარემ. – მითუმეტეს ჩვენთვის.
-მერე რატომ მითუმეტეს? – ჰკითხა ანიმ, ლოგინში წამოიწია. ზამბარების ჭრიალი მოსწვდა ბარბარეს ყურებს. -მე რატომ არ ვიმსახურებ ზღაპარს? რატომ არ ვიმსახურებ, რომ გავუღიმო ბავშვის მამას და ვუთხრა, რომ ორსულად ვარ? რატომ არ შეიძლება, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ მეცხრე ცაზე იქნება სიხარულისაგან?
-ცხოვრება ვალდებული არ არის შენს წინაშე და ამიტომ. – მიუგო ბარბარემ. – ამიტომაც ვერასდროს ვერაფერს დაიმსახურებ მისგან.
ანი ჩუმად იყო ცოტა ხანი.
-როგორ გამაბედნიერე ახლა. – თქვა სარკასტულად. ბარბარეს ჩაეღიმა.
-მე სიმართლეს გეუბნები მხოლოდ. – ჭერს აშტერებოდა, სიბნელისაგან უცნაური ფერები და ფორმები დაუტრიალდა თვალთახედვაში.
-კარგი, დაიძინე ახლა. – უთხრა ბარბარემ. – დაისვენე.
-კარგი. ღამე მშვიდობისა. – მიუგო ანიმ, გადატრიალდა, კარგად მოეწყო.
-ტკბილი ძილი. – ჩუმად უთხრა ბარბარემ და ისევ ააშტერდა ჭერს, ზურგზე დაწოლილი.
იქამდე აშტერდებოდა, სანამე ერთი სიბნელე მეორემ არ შეცვალა.
.
-*-*-*-*-*-*-
ისევ დაითხოვეს სამსახურიდან.
მეორე დღეს, როგორც კი ანის სახლიდან წამოვიდა, დაურეკეს რესტორნიდან და შეატყობინეს, რომ მოხსნილი იყო იმის გამო, რომ გაუფრთხილებლად გააცდინა ღამის სმენა. შეეკამათა, გამწარებული, ეცადა ყველაფერი აეხსნა, უთხრა, რომ ქუჩაში გაქურდეს და ვეღარ შეძლო მოსვლა, მაგრამ მენეჯერს არაფრის გაგონება არ სურდა, ცივი ხმით შეატყობინა, რომ ორი კვირის ხელფასს ვერ მიიღებდა და გაუთიშა კავშირი.
გზაშივე კინაღამ ისტერიკა დაემართა ბარბარეს. უნდოდა, ტელეფონი მოესროლა, თმებში ხელი ეტაცა და ამოეგლიჯა, საკუთარი უძლურობისა და უსუსურობისაგან გაავებულმა დაიკვნიტა ტუჩები, სანამ სისხლის გემო არ იგრძნო.
ესეც დაკარგა. ესეც შემოეცალა ხელებში. მისთვის თითქმის იდეალური სამსახური იპოვა, ერთი თვე მისთვის უმძიმეს ფიზიკურ მუშაობასა და ყალბ თავაზიანობაში გაატარა და იქედანაც გამოუშვეს.
მაგრამ საქმე იმაში გახლდათ, რომ ბარბარეს ესმოდა მათი. ესმოდა, თუ რატომ დაითხოვდნენ მის ადგილას ოფიციანტს, გასაგები იყო მათი მიზეზი.
და ეს გაგება, ეს ემპათია უფრო აუარესებდა მისთვის სიტუაციას.
ხშირად სიტუაციის გაუმართლებლობა უფრო აცოფებდათ ადამიანებს. უსამართლობა იყო თითქოს ყველაზე გამაღიზიანებელი, გულდამწყვეტი ფაქტორი.
მაგრამ ბარბარეს შემთხვევაში სიტუაციის სამართლიანობას მოჰქონდა მთელი სიმწარე. ხვდებოდა, რომ მათ მიზეზი ჰქონდათ, რომ მასში ნაკლი დაენახათ, მიზეზი ჰქონდათ, რომ დაეთხოვათ, როგორც უპასუხისმგებლო მომუშავე. და სწორედ ეს იყო მთელი საშინელება. სიტუაციის სამართლიანობა იმას ნიშნავდა, რომ ბარბარე გამოდიოდა არასწორად, რომ მორალურად ქვედა საფეხურზე იდგა, რომ ერთ-ერთი, რიგითი პიროვნება იყო, რომელმაც წესები დაარღვია და ამისათვის ისჯებოდა.
სამართლიანობა იყო ყველაზე გამაცოფებელი.
რადგან იმას ნიშნავდა, რომ მთელი ძალისხმევა, რაც ბარბარემ საქმეში ჩადო, არ იყო საკმარისი.
ალბათ თვითონაც არ იყო საკმარისი. ასეთი საზიზღარი ფიქრები წამოეპარებოდა ხოლმე.
თავი ხელში უნდა აეყვანა. სახლში წავიდა მაშინვე, დედა მძინარე დაუხვდა. ცოტა ჭამა, ნახევარი საათი წამოწვა, დარეტიანებული ფიქრობდა, ფულს ითვლიდა გონებაში, და ხვდებოდა, რომ გადანახულიდან აღება მოუწევდა.
ნაშუადღევს წავიდა ქალაქში. სამსახური უნდა მოეძებნა.
რა ადგილიც იცოდა, ყველგან შეიარა. კაფეებში, რესტორნებში, დასუფთავების სამსახურსა თუ ოფისებში, მიადგებოდა ლამაზად გამოწყობილ მენეჯერებს ანდა მიმღებში წამოჭიმულ კოხტად ჩაცმულ ქალებს და ეკითხებოდა, რამე ვაკანსია ხომ არ ჰქონდათ. უარით გამოისტუმრეს.
საღამოს ექვსმა რომ მოაწია და ბარბარე ძლივს რომ იდგა ფეხზე დაღლილობისაგან, გადაწყვიტა საგანცხადებო კედელს სწვეოდა.
კედელი ქალაქის ცენტრიდან ცოტა დაშორებით მდებარეობდა. დიდი, ქვის კედელი იყო, ვიღაცის დაუსახლებელ, დიდ სახლს შემორტყმოდა. ზედ ვაკანსიების შესახებ იყო გამოკრული უამრავი განცხადება.
ერიდებოდა ამ ადგილს ბარბარე. გაეგონა, რომ არც ისე გულწრფელი გახლდათ ამ განცხადებათა გამომკვრელების მიზნები. რომ ეს ვაკანსიები შენიღბული თაღლითობები იყო, მეტი არაფერი.
მაგრამ უბრალოდ შეავლებდა თვალს. იქნებ მარგალიტი ეპოვა უსაზღვრო ზღვაში.
თან გრძნობდა, რომ არჩევანი არც ჰქონდა ბევრი.
ცენტრთან სიახლოვის გამო უამრავი ხალხი მიმოდიოდა ქუჩაში. სიცოცხლე ჩქეფდა, სამსახურებიდან სახლში მიიჩქაროდნენ ადამიანები.
შურით შეჰყურებდა მათ ბარბარე. მათი ცხოვრება უნდოდა.
იმ ქალის ცხოვრება უნდოდა, გვერდზე რომ ჩაუარა, კოხტა, გრძელ ქურთუკში, კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილმა.
ტუჩები მოიკვნიტა, კედელს მიუახლოვდა, განცხადებების დათვალიერება დაიწყო.
უწყინარი ჩანდა ყველაფერი. სანტექნიკოსი, დამლაგებელი, მდივანი, ბუღალტერი, მოსამსახურე სურდათ. ზოგზე სასაცილო ანაზღაურება იყო, ზოგზე ხუთი წლის სტაჟს ითხოვდნენ.
შესაფერისი არაფერი ჩანდა ბარბარესათვის, რომც გაერისკა და რომელიმეზე ეფიქრა სერიოზულად.
კედელს ჩაჰყვა, გონებაწამხდარმა ჩააყოლა თვალი ულევ განცხადებებს.
და უცებ დაინახა.
მისი ძველი კოლეგა, საქორწილო სახლში მომუშავე ელენე.
ჯერ კიდევ მწარედ ახსოვდა ბარბარეს მისი სიტყვები.
„დედაშენი მართლა ბოზია?“
ელენეს ღვარძლიანი ფრაზა, რომელიც უსიამოვნოდ ურახუნებდა თავში. წაქცეული ვედრო და ჭადრაკის დაფასავით დაგებულ ფილებზე დასხმული ჭუჭყიანი წყალი.
დარწმუნებული იყო ბარბარე, რომ უფროსსაც უთხრა ელენემ ყველაფერი და მოახსნევინა.
ელენემ, რომელიც პირდაპირ მას უყურებდა, აწეული წარბებითა და ცინიკური ღიმილით.
-ბაბიიი! – ხელები გაშალა მან, ძალიან ბედნიერი ჩანდა მისი დანახვით, მაგრამ ბარბარე ხედავდა მის თვალებში ღვარძლსა და აღტკინებას. – შენც სამსახურს ეძებ? მთელი კვირაა აქ დავეთრევი, მაგრამ ვერაფერს მივაგენი!
-გამარჯობა. – მწარედ, ნაძალადევად გაუღიმა ბარბარემ. თავაზიანობის ნიღაბი აეკრა სახეზე. როგორ სურდა, რომ მოეგლიჯა, ღრიალი დაეწყო და მიეხალა ყოფილი კოლეგისათვის სახეში ყველაფერი, რასაც ფიქრობდა. იცოდა, რომ ელენემაც იცოდა ეს, და ამიტომ იყო საშინლად ძნელი და უბრალოდ საშინელი მათი ორივე მხრივ ყალბი ინტერაქცია. – ჰო, პირველად მოვედი აქ.
-სხვათაშორის, ერთი კვირის წინ გამომაგდეს სამსახურიდან და ვაკანსია გაეხსნათ! – წამოიძახა ელენემ, თვალები უელავდა ჩამავალი მზის კანტიკუნტი სხივების ფონზე. – კაზინოში კი იყო, მაგრამ სულ ფეხებზე დაიკიდე ეგ, ბევრს მიხდიდნენ, კაი ატმოსფერო იყო… მაგარი ყლეობები კი ხდებოდა, მარა ყველაფერზე თვალის დახუჭვას სწავლობ, არა? – მოურიდებლად გადაიხარხარა მან. პირში ისევ გამოუჩნდა მარჯვენა მხარეს ეშვის ნაცვლად ცარიელი ღრუ.
-გასაგებია. ძალიანაც კარგი. – კბილებში გამოსცრა ბარბარემ. წარბშეკრული შეჰყურებდა. რაც ცდილობდა ელენე, რომ თავის ყოფილ სამუშაო ადგილას მიეგდო? რატომ?
-მაჭავარიანის თორმეტშია, თუ გაინტერესებს. – გაუღიმა ელენემ. – წადი და მოათვალიერე, თუ მოგეწონება.
ბარბარე უსიტყვოდ უყურებდა. ელენემ გაუღიმა, კაპიუშონი წამოიფარა და შებრუნდა, ხალხს შეერია.
ბარბარე კი იდგა, მკლავები გადაეჯვარედინებინა და ფიქრობდა.
მაჭავარიანის თორმეტი.
ძალიან საეჭვო გახლდათ ელენეს სიტყვები. ამ გოგოში ყველაფერი ურთიერთგამომრიცხავი იყო თითქოს.
ბარბარემ იცოდა, რომ ელენეს დიდად არ ეხატებოდა გულზე. არ ჰქონდა იმის საბაბი, რომ უბრალოდ კარგი ვაკანსიის შესახებ ეთქვა მისთვის. აშკარად სხვა რამ იმალებოდა ამის უკან.
ალბათ არც ჰქონდა ელენეს იქ ნამუშევარი. უბრალოდ იტყუებოდა, რომ ბარბარე მიეტყუებინა იქ. გაერია რაღაც სიბინძურეში, გაეხადა ისეთი, როგორიც ბარბარეს დედა იყო.
მაგრამ ქუჩის სახელი იცოდა გოგონამ. ცენტრში იყო თითქმის. დანახული ჰქონდა კიდეც ის კაზინო რამდენჯერმე. უშველებელი შენობა გახლდათ, მუდამ მბრწყინავი, მდიდრული სინათლეებით, კართან მცველები იდგნენ ყოველთვის.
ძალიან უცნაური იყო ეს ამბავი.
მაგრამ ცნობისმოყვარეობა ჭამდა ბარბარეს. ყოველთვის ასე იყო, რამე თუ აინტერესებდა, რამე თუ გონებაში ჩაუჯდებოდა, აუცილებლად ასრულებდა მას, ადრე იყო თუ გვიან. ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა ძნელი ანდა წარმოუდგენელი რამ ყოფილიყო მისთვის.
ხანდახან ვერ იტანდა ამას. იოლად მანიპულირებადი მიაჩნდა საკუთარი თავი, სისუსტე იყო ეს მხოლოდ და მეტი არაფერი. თითქოს თავშეკავების უნარი არ გააჩნდა.
ამიტომაც ვერც კი გააცნობიერა, ისე შებრუნდა, მაჭავარიანის ქუჩისაკენ გაემართა.
ზღვა ხალხში მიიკვლევდა გზას, თხელი ჟაკეტი მაგრად შემოეხვია ტანზე, შემოდგომის სუსხში. ყურები და ცხვირი მოჰყინვოდა, წამდაუწუმ ლოკვისა და ცივი ჰაერისაგან დაჰხეთქოდა ტუჩები.
კაზინოს მალე მიაღწია. თხუთმეტი წუთის სავალი იყო მხოლოდ.
უფრო დიდი შენობა იყო, ვიდრე ახსოვდა. ისევ ის მცველები წამოჭიმულიყვნენ გარეთ. რამდენიმე ადამიანი გამობანცალდა, მთვრალები იყვნენ, ვიღაცას აგინებდნენ და ისტერიულად იცინოდნენ.
ბარბარეს სახე მოეღმიჭა. თავი შეამაგრა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა შესასვლელისაკენ.
თავი დასწია, ხელები მაგრად ჩაეყო ჯიბეებში, უხერხულობით აღვსილმა სწრაფად სცადა შიგნით შეცურება.
-თვრამეტის ხართ, გოგონი? – ირონიულად ჩაეკითხა უცებ ერთი მცველი და ბარბარე ადგილს მიეყინა, სახე უხერხულობისა და სირცხვილისაგან აუწითლდა. ძლივს გაუსწორა მცველს თვალი, სასწრაფოდ  ამოაძვრინა საფულე, საიდენტიფიკაციო ბარათი გაუწოდა კაცს. მან ბარათი აიღო, ყურადღებით დაათვალიერა.
-ვაკანსიაზე ვარ აქ. – თქვა ბარბარემ, მეორე მცველს გადახედა, რომელიც წარბაწეული მიშტერებოდა.
პირველმა ჩაიცინა, უკან გამოუწოდა ბარათი.
-შედი, გოგონა. – უთხრა მან. ბარბარემ სასწრაფოდ ჩადო ბარათი საფულეში, კბილები მაგრად დაეჭირა ერთმანეთისათვის, სირცხვილს ებრძოდა.
სწრაფად შევიდა შიგნით, მის უკან დაიხურა პირველი კარი. მეორე კარი დიდი, და მძიმე იყო, ერთიანად დაბურული. ძლივს შეაღო, და კაზინოში შეაბიჯა.
ჰაერი მძიმე იყო, ერთიანად დახუთული, რაღაც მყრალი სუნი ასდიოდა. ადამიანური სუნი.
ორივე მხარეს მანქანები ჩაემწკრივებინათ, ზედ მოთამაშეები ისხდნენ. გამაყრუებლად ისმოდა ჰაერში ხურდების ჩხარუნი და მანქანების ბერკეტების ტკაცუნი. ფრთხილად ჩაუარა მათ ბარბარემ, ფართო დარბაზს გახედა, რომელიც ორ სართულად გაეყოთ.
ქვემოთ, წითელი შუქის ფონზე, ბილიარდისა და პოკერის მაგიდები გაეშალათ. ხალხის ხორხოცი, სუნამოების, სიგარეტებისა და ალკოჰოლის სუნი უფრო გაძლიერებულიყო აქ. უამრავი ადამიანი ირეოდა, ოფიციანტები შამპანურის ჭიქებით დარბოდნენ აქეთ-იქით.
მერე კი ზემოთ მიმართა მზერა ბარბარემ.
წრიული კიბე ადიოდა ზემოთ, კაშკაშა, ჭერიდან მომავალ წითელ სინათლეზე მეწამული, საფეხურებზე ოქროსფერი მეტალის თხელი მილებით დამაგრებული ხალიჩა მოჩანდა. ძვირფასი, მოჩუქურთმებული მოაჯირი გაეკეთებინათ მეორე სართულისათვის.
დიდი ტახტები ჩანდნენ, მოაჯირთან ახლოს, ბარბარეს გადასახედიდან. ისხდნენ ხალხი, სვამდნენ, იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ. ზემოდან წითელი სინათლე ეფინებოდათ. ბრწყინავდა ხელებზე, ყელზე, ყურებზე გაკეთებული ძვირფასეულობა, ბზინავდა ძვირადღირებული მატერიები.
ბარბარეს უცებ რაღაცაზე მოუხვდა მზერა. თვალი გაუშტერდა.
ნიკოლოზი იჯდა. ლამაზი ქალი ჩამოესვა გვერდით, მისთვის მკლავი გადაეხვია. რამდენიმე ქალი და მამაკაცი შემოხვეოდა გარშემო, რაღაცაზე ხმამაღლა ხარხარებდნენ.
ნიკოლოზს ისევ ის ტყავის ქურთუკი ეცვა. არ ეწყობოდა თითქოს მისი ჩაცმულობა ამ ხალხის მდიდრულ ტანსაცმელს.
თითქოს უცხო იყო ის.
ბარბარეს რაღაც მწარე აუბუყბუყდა მკერდში. ამოდენა შეურაცხყოფა, წყენა, გულდაწყვეტა და მრისხანება აუფეთქდა გონებაში, დააძალა, რომ წინ წაწეულიყო, მეორე სართულის კიბეზე აერბინა.
გული ყელში მოსწოლოდა, თვალებში კი სისხლი, როცა დიდ, მდიდრულ ტახტს მიუახლოვდა. აკანკალებული მუშტები მთელი ძალით შეეკრა, გვერდებზე დაეშვა.
ცოტა ხანი იდგა. ახალგაზრდა კაცს მიშტერებოდა, და ხმას ვერ იღებდა, რისხვისაგან ხმაწართმეული.
მერე კი ნიკოლოზმა შეამჩნია. მისკენ მოატრიალა მისი შუშისებრი, მომწვანო თვალები, რომლებიც წინა დღეს მძარცველის ნიღაბში დაინახა ბარბარემ. სიმწრისაგან აკანკალდა, ფრჩხილები ჩაიჭირა ხელისგულებში.
-შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო? – ხმამაღლა იკითხა მან, კბილებში გამოსცრა. მუსიკა ხმამაღლა ჩაერთოთ ამ სართულზე, მის პულსაციას გრძნობდა ფეხებიდან სხეულში.
ნიკოლოზი გაოცებული მიშტერებოდა. წარბები შეკრა. მის თანმხლებ მამაკაცებს სახე მოექუფრათ, ფეხზე წამოიწივნენ.
-არა! – შეაჩერა ისინი ნიკოლოზმა და ფეხზე წამოდგა, მკლავი მოაშორა უკმაყოფილოდ მომზირალ ქალს. – დაველაპარაკები. წამოდი. – თავით მიანიშნა მან და მეორე სართულის ბოლოსაკენ გაემართა, სადაც შედარებით პატარა, ერთმანეთთან ახლოს დადგმული სავარძლები იყო.
უმეტესობა ცარიელი იყო. დანარჩენში ჩუმად ლაპარაკობდა ხალხი. ერთმა პირში სიგარეტგაჩრილმა კაცმა ხარბი თვალი გამოაყოლა ბარბარეს.
გოგონამ სასწრაფოდ აარიდა თვალი.
ბორდელს აგონებდა აქაურობა. მთელ სხეულში გააჟრჟოლა.
ნიკოლოზი ერთ-ერთ სავარძელში ჩაჯდა, მოპირდაპირედ მდგარ ტახტზე მიუთითა.
-ვიდგები. – მიუგო ბარბარემ, ხელები გადაიგრიხა, ტუჩები მოიკვნიტა, დაჟინებით მიშტერებოდა ახალგაზრდა კაცს. ნიკოლოზმა მხრები უდარდელად აიჩეჩა, ყურადღებით აღსავსე, სერიოზული თვალები მოაპყრო.
-როგორ მომაგენი? – ჰკითხა მან. მისი ასეთი სერიოზული, მშვიდი ტონი არ გაეგონა ბარბარეს. ჩაისუნთქა, აბნეული აზრები წესრიგში უნდა მოეყვანა.
-არ გეძებდი. – მიუგო მან. – მითხრეს, რომ აქ ვაკანსია იყო და მოვედი.
-აბა? – წარბები აზიდა ნიკოლოზმა. სახის ნაკვთები თითქოს მოეშვა. წითელი სინათლისაგან შეფერვოდა კანი. – რა გინდა?
-ფული მინდა! – მიახალა ბარბარემ და ლოყაზე იკბინა, გაფაციცებით მიმოიხედა, მერე კი ნიკოლოზისაკენ დაიხარა, პირი გააღო, რომ საკადრისად გამოელანძღა.
-სერვისი არ გაგიწევია და ფულს მთხოვ? – აგდებულად გაუღიმა ნიკოლოზმა. სავარძელში ფეხები გადაშალა, თავი ოდნავ დახარა, ქვეშიდან ამოხედა, ცინიკური ღიმილით. – მოდი აბა, მინეტი გამიკეთე და მოვიფიქრებ…
-არა! – შეუყვირა ბარბარემ, მადლობელი იყო წითელი სინათლისა, თორემ აშკარა იქნებოდა მისი სირცხვილის, ბრაზისა და უხერხულობისაგან შეფერილი ლოყები. – მერამდენედ უნდა გითხრა, რომ არა ვარ მეძავი! ვიცი, რომ გუშინ შენ გაგვძარცვე, ფული უნდა დამიბრუნო!
-წარმოდგენა არ მაქვს, რას მეუბნები. – მხრები აიჩეჩა ახალგაზრდა კაცმა. სახე გამოუცოცხლდა, თვალები უელავდა. – მე არავინ გამიძარცვავს. მითუმეტეს შენ.
-ნუ მეთამაშები! – დაუღრინა ბარბარემ, გამწარებული იყო, ცოფი და სასოწარკვეთილება სხეულს უთრთოლებდა და მაგრად შეკრა მუშტები, რომ არაფერი შეეტყო ნიკოლოზს. – ვიცი, რომ შენ იყავი! ის ფული მე მთელი კვირის საჭმელში უნდა დამეხარჯა, ის ოქროს ბეჭედი კიდევ, ჩემს მეგობარს რომ წაართვით, ბებიის ნაქონი იყო! უნდა დააბრუნო, თორემ პოლიციაში წავალ!
ნიკოლოზმა ჩაიფხუკუნა, ხარხარი აუვარდა. გულწრფელად კმაყოფილი ჩანდა.
ბარბარე კი იდგა, შერცხვენილი, გაუგებრობასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და ვერ გაეგო, რა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო ახლა. სძულდა ეს კაცი, სძულდა ის, რომ სახლში აიყვანა, მოუარა, და სიკვდილს ებრძოდა მასთან ერთად, სძულდა ეს მთელი სიტუაცია.
იქნებ ჯობდა უბრალოდ წასულიყო აქედან, დაევიწყებინა ეს ყველაფერი?
-მოდი, ასე გავაკეთოთ. – თქვა უცებ ნიკოლოზმა. ქურთუკის ჩანთიდან საფულე ამოიღო, გადახსნა, შიგნიდან ფულის დასტა ამოაცოცა და სავარძლის წინ მდგარ პატარა მაგიდაზე დადო.
-თუ ჩემთან დაწვები, ამას მთლიანად მოგცემ. – თქვა მან, თავი გვერდზე გადახარა, ირონიული, ტრიუმფატორული ღიმილით მისჩერებოდა. – ხუთი ათასი ლარია.
ბარბარეს სისხლი ჩამოერეცხა სახიდან. გაშრა, თვალებგაფართოებული აშტერდებოდა ჯერ ნიკოლოზს, მერე კი ფულის დასტას.
ფულის დასტას, რომელშიც ხუთი ათასი ლარი იდო.
ნიკოლოზი მასთან დაწოლას სთავაზობდა.
ბარბარეს ნაღველი მოაწვა ყელში. ცოტაც და აღებინებდა ალბათ.
მუსიკა კი ისევ გუგუნებდა, მთელი შენობა პულსად ქცეულიყო.
.
.
-*-*-*-*-*-*-7
იატაკიდან მომავალი პულსი მთელ სხეულში უვრცელდებოდა ბარბარეს. მის გულისცემას, აჩქარებულ გულისცემას აჰყოლოდა.
ხუთი ათასი ლარი.
ნიკოლოზთან დაწოლის სანაცვლოდ.
ისეთი უცაბედი და წარმოუდგენელი იყო ეს შემოთავაზება, რომ ენა წაერთვა. ტრიუმფაროტულად მომღიმარე ნიკოლოზს შეჰყურებდა, თვალებგაფართოებული.
ხუთი ათასი ლარი.
ამით გადასახადებს მთლიანად დაფარავდა, დავალიანებებთან ერთად. მევალეებს გაისტუმრებდა. ცოტა ბანკის ვალსაც დაფარავდა.
წარმოუდგენლად შეუმსუბუქდებოდა ცხოვრება.
-შენ რა… – ჩაილაპარაკა გოგონამ, უძნელდებოდა სიტყვებისათვის თავის მოყრა. გონებაში ერთსაც ვერ იჭერდა. – სერიოზულად მეუბნები?
-რა გინდა, მამის სული დაგიფიცო? – გაეცინა ნიკოლოზს. – ჰო, გაგჟიმავ და ხუთი ათასს მოგცემ. გაწყობს? შენი დღიური სამუშაო არაა? დროზე გადაწყვიტე, თორემ ჩამოვაკლებ.
ბარბარეს გააკანკალა. შეზარა მისმა სიტყვებმა და საკუთარმა თავმა, ყოყმანისათვის. სწორედ ასე შეცდა, სწორედ ასეთმა ყოყმანმა, ასეთმა დაპირებებმა მიიყვანა ბორდელამდე.
-არა. – თქვა ბოლოს. ნიკოლოზმა წარბები აწკიპა, ირონიულად ჩაეცინა.
-ოთხი ათასი. – თქვა მან და ფულის დასტა აიღო, ოსტატურად დაიწყო გადათვლა, თან ბარბარეს თვალს არ აშორებდა. – დროზე აიღე შესაძლებლობა, თორემ კიდევ ჩამოვაკლებ.
გოგონამ ტუჩები დაიკვნიტა, ხან ფულს მისჩერებოდა, ხან ნიკოლოზს.
ნიკოლოზს, რომელიც აგდებულად უყურებდა, ღიმილით, თითქოს იცოდა უკვე მისი პასუხი. თითქოს რწმუნდებოდა, რომ მართლა მეძავი იყო ბარბარე, და ამისი საბუთი ექნებოდა მალე. მისთვის გოგონას უარობა და წამდაუწუმ იმის გამეორება, რომ მეძავი არ იყო, არ გახლდათ საკმარისი.
შეიძლება მხოლოდ ამის დამტკიცება სურდა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, არ შემოსთავაზებდა ამოდენა თანხას.
მას ბარბარესთან სექსი არ სურდა. უბრალოდ სურდა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, და ალბათ თვითონ გოგონაც დაერწმუნებინა იმაში, რომ ბოზი იყო და მეტი არაფერი.
იცოდა ამ მამაკაცმა, თუ სად უნდა დაეჭირა ხელი, რომ თავის ჭკუაზე ეტრიალებინა სიტუაცია.
-არ მინდა. -გამოსცრა ბარბარემ კბილებში, სირცხვილით შეფერვოდა სახე, რცხვენოდა იმისა, რომ სერიოზულად ყოყმანობდა, რომ ხუთი ათასის გამოყენებაზე ფიქრობდა უკვე. თითქოს გადაახტა იმ ფაქტს, რომ ნიკოლოზთან დაწოლა იყო სჭირო ამისათვის, თითქოს ტრივიალური იყო მასთან სექსი, უბრალო საჭიროება, მსუბუქი დაბრკოლება, რომელიც მისი ფეხების გაშლით გადაიჭრებოდა. რცხვენოდა, რომ ებმებოდა ამ მახეში. – ის დამიბრუნე, რაც წაგვართვი…
-სამი ათასი. – წარბები ასწია ნიკოლოზმა, ფულის სქელი დასტა გააქნია. სახე დაუსერიოზულდა. ჟრუანტელმა ჩაირბინა ზურგში ბარბარეს. – დროზე, დრო გეწურება.
-არ მინდა მეთქი. – გაუმეორა ბარბარემ. საკუთარ თავს ებრძოდა, რომ არ სცემოდა ამ პიროვნებას და არ ამოეგლიჯა მისთვის ის შუშისებრი თვალები, ასე უტიფრად რომ მიშტერებოდნენ.
ნიკოლოზს სახე შეეცვალა. ერთიანად მოექუფრა.
მერე კი ელვის სისწრაფით, ისე, რომ ბარბარემ თითქმის ვერ შეამჩნია მისი მოძრაობა, ნიკოლოზი გადმოიხარა, წელზე სტაცა ხელი და ახლოს მოიზიდა, ისე, რომ სავარძლის სახელურს მიეჯახა ბარძაყებით ბარბარე.
გოგონას თვალები გაუფართოვდა, სავარძლის ზურგს სტაცა ხელი, რომ არ დაცემულიყო გაოგნებული დაჰყურებდა ნიკოლოზს.
-ძალიან კარგი. – დაუსისინა ახალგაზრდა კაცმა. – ეგრე გინდა ხომ? ექვსი ათასი და სექსი არ მინდა, პროსტა გაიხადე და შემოგხედავ. ჰმ? აბა?
ბარბარეს მთელი სხეული შეუკრთა. განცვიფრებული, შეურაცხყოფილი უყურებდა და არ იცოდა, რა ეფიქრა.
ეს თამაში იყო უკვე. მისი აზრი გამართლდა, ნიკოლოზს სულაც არ აინტერესებდა მასთან დაწოლა.
ალბათ უბრალოდ ის აღიზიანებდა, რომ ბარბარე ისეთ რამეს უარყოფდა, რაც მისი აზრით, ძალიან აშკარა იყო.
ნიკოლოზს სურდა მართალი ყოფილიყო. ისე ძალიან სურდა, რომ ექვსი ათასს გადაიხდიდა ამაში.
-არა. – მტკიცედ უპასუხა ბარბარემ. მისი გეგმის გონებაში დასახვამ თითქოს ბერკეტი მისცა იმისა, თუ როგორ დაემარცხებინა ეს კაცი. მთელი სხეულით გაუძალიანდა, მაგრამ ვერ გამოძვრა მისი მარწუხებიდან. – სამოცი ლარი და ჩემი მეგობრის…
-შვიდს მოგცემ და ერთხელ მაკოცე. – მან გაიღიმა, ძველი, თვითკმაყოფილი გამომეტყველება დაუბრუნდა. თავისუფალი ხელი ასწია, ტუჩის კუთხე მოიწმინდა ცერით, მოელვარე კბილები გამოუჩნდა, მერე კი ფეხებშუა მიუთითა. – აი აქ.
ბარბარე თვალებში ჩააშტერდა. არ აჰყვებოდა ამ მარაზმს. არ დაეხმარებოდა ნიკოლოზს იმის დამტკიცებაში, რომ მართალი იყო. გულს არ დაუმშვიდებდა. უნდოდა, რომ სიმწარე და ბრაზი ეგრძნო მას, ისე, როგორც თვითონ იგრძნო.
თავი ასწია, ეცადა ძლიერი, ამაყი გამოჩენილიყო, იმის მიუხედავად, რომ მის წელზე შემოხვეული მკლავით ნიკოლოზი ალბათ გრძნობდა, თუ როგორ უთრთოდა სხეული.
-არა. – მოჭრა მოკლედ. – მერამდენედ უნდა მათქმევინო? არა, არა! მე მხოლოდ სამოცი ლარი და ჩემი მეგობრის ბეჭედი მინდა, მეტი არაფერი.
ნიკოლოზს თვითკმაყოფილი ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. დაიძაბა, ყბები დაეჭიმა.
-ნიკო, რამე ხდება? – დაიძახა უეცრად მამაკაცის ხმამ უკნიდან. ბარბარე არც კი განძრეულა, ისევ ნიკოლოზს დაჰყურებდა ზემოდან. სიტუაციაზე ამწუთას თვითონ ეკავა აღვირი და გრძნობდა, რომ საითაც მოუნდებოდა, იქით წარმართავდა.
ნიკოლოზმა თვალი აარიდა, ხელი შეუშვა. ბარბარე წამსვე გახტა უკან, მისგან შორს. ჯერ კიდევ ბრაზით, მაგრამ ახლა მასთან დამატებული კმაყოფილებით შეჰყურებდა.
გრძნობდა, რომ ამჯერად თვითონ გაიმარჯვა.
-არაფერი… – გასძახა ნიკოლოზმა, სასწრაფოდ შეავლო ბარბარეს თვალი, თავი ზემოთ ააღირა, თითქოს ზემოდან უყურებდა. – ეს აიყვანეთ.
ბარბარე გაოგნდა, თვალები გაუფართოვდა. გაოცებული მიშტერებოდა ნიკოლოზს, რომელიც ტუჩებმოკუმული, დაბინდული მომწვანო თვალებით მიშტერებოდა.
მამაკაცმა ახლოს მოირბინა, წაბშეკრულმა თავიდან ფეხამდე აათვალიერა, მერე კი ნიკოლოზს გადახედა, შეცბუნებულმა.
-ნიკო, ბიჭო… – ჩაუსისინა მან, თითქოს ბარბარე იქვე არ იდგა და არაფერი ესმოდა. – ვინაა…
-აიყვანეთ, რადაც გინდათ და მორჩა. – თქვა ნიკოლოზმა, ყბა მოეგრიხა, ფეხზე წამოდგა, ბარბარეს მიუახლოვდა, ისე ძალიან, რომ გულისცემააჩქარებულმა და ანერვიულებულმა გოგონამ უკან დაწევა სცადა. ახალგაზრდა კაცმა მხარზე ხელი სტაცა, ისე ძალიან არა, რომ სტკენოდა, მაგრამ საკმარისად ძლიერად, რომ უკან ვერ გაბარბაცებულიყო.
-ვიცი ვინც ხარ, და რაც ხარ. – ყურთან ახლოს მოუტანა ტუჩები ნიკოლოზმა. სიცხე ყურიდან მთელ სხეულში ტალღად გაუვრცელდა ბარბარეს, თვალებგაფართოებული იდგა. – ეგრე იოლად ვერ გამაცურებ.
ბარბარემ ტუჩი მოიკვნიტა, მერე კი რაღაც უცნაური იმპულსის, ალბათ იმ კმაყოფილების, და ცხელი ტალღის გამო, ჯერ კიდევ რომ უტრიალებდა სხეულში, თვითონაც ოდნავ გაატრიალა თავი ახალგაზრდა კაცის ყურისაკენ.
-არაფერიც არ იცი. – დაუსისინა მან. – აი მე კი ვიცი. ერთი უმადური, უზარმაზარი ეგოთი შეპყრობილი ქუჩის ქურდი  ხარ, მეტი არაფერი.
ნიკოლოზმა ხელი ისე მოუჭირა, წამიერად, თითქოს სპაზმმა დაუარა კუნთებში, ბარბარეს ხელი შეუშვა, მოშორდა, დაჟინებით დააშტერდა. გოგონა შეჰყურებდა და უცნაური ხმა ჩაჰყვიროდა ყურში. ეკითხებოდა, თუ რა სისულელე გააკეთა ახლა.
მერე კი, ვითომ აქაც არაფერიო, ნიკოლოზი შებრუნდა, მეორე სართული ხუთიოდე წამში გადაჭრა, და კიბეზე ჩაირბინა.
ახლაღა მიხვდა ბარბარე, რომ მუხლები ეკეცებოდა. იქვე მდგომ სავარძელს დაეყრდნო, რომ სული მოეთქვა.
-ვინ ჩემი ფეხები ხარ? – მოესმა უცებ და იმ კაცისაკენ გაატრიალა თვალები. იგი გამყინავი მზერით მიშტერებოდა, მუქი წარბები შეეკრა. სქელი წვერი მოეშვა სახეზე.
-ბარბარე ვარ. ვარდოსანიძე. – უპასუხა მან, დაბნეული იდგა, ახლა აღარ იცოდა, რაღა გაეკეთებინა.
-ნიკოს საიდან იცნობ, ეეე… – კიდევ ერთი მოუახლოვდა მათ და ბარბარემ ახლა გააცნობიერა, რომ ალბათ ყველანი უსმენდნენ მათ საუბარს. თვალი გააპარა მოაჯირთან მდგომი ტახტისაკენ.
ყველა მას მიშტერებოდა, მოქუფრული სახეებით.
-შემთხვევით გავიცანი, ამასწინათ… – ჩაიბუტბუტა მან, ჯიუტად შეჰყურებდა მის წინ მდგარ ორ კაცს. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეთქვა, რითი ემართლებინა თავი, რა იყო აქ მიზანშეწონილი. სიმართლე ეთქვა თუ უბრალოდ აერიდებინა თავი ყოველგვარი კითხვებისათვის?
-შემთხვევით ესე იგი. – წარბები ასწია მეორემ, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა. – ნუ ხარ ასეთი დამფრთხალი, კი არ შეგჭამთ, – გაუცინა მან. – ნიკოს ნაცნობი ჩვენი ნაცნობია! მე თორნიკე ვარ, ეს კიდევ ვაკოა. ჩვენ მოგივლით აქ.
ბარბარემ უხერხულად გაუღიმა. მისი სიტყვები სულაც არ მოსწონდა. ცუდად მოხვდა ყურში სიტყვა „მოგივლით“.
არ იყო ეს ადგილი სანდო.
-მოდი აბა, დაჯექი! – მოიპატიჟა თორნიკემ, ტახტისაკენ მიანიშნა, მკლავში ხელი ჩაავლო და თითქმის ძალით მიათრია მასთან, ცარიელ ადგილას ჩასვა, იმ ქალის მოპირდაპირედ, ვიზეც ნიკოლოზს ჰქონდა მკლავი გადახვეული. – შენ აქ იყავი, პატარა დეტალებს გავარკვევთ და ამოვალთ, კარგი? – ისე დაუყვავა მან, თითქოს ბარბარე ბავშვი ყოფილიყო. – გამოდი შე სირო, გავედით, ვა! – გასძახა მან პირველს, ვაკოს, რომელიც ალბათ ჩამორჩენილიყო მას, მერე კი კიბისაკენ გაემართა.
-რა გითხრა ნიკომ? – ჰკითხა უცებ მის წინ მჯდომმა ქალმა და ბარბარე გაკრთა, მისკენ გადაიხედა. დანარჩენები დაჟინებით უყურებდნენ. ქალი ძალიან ლამაზი იყო, მკვეთრი, მუქი წითელი თმით, ვარდისფერი ტუჩებითა და დიდი თვალებით. ძვირფასი კაბა ეცვა და ყელზე ქვებით გაფორმებული ყელსაბამი უბრწყინავდა.
ბარბარემ ტუჩები მოკუმა, თავისი ძველი შარვლით დაფარულ კალთაში დაიწყო გადახლართული ხელები.
-არაფერი. – მოუჭრა მან. – უბრალოდ… ვაკანსიაზე ვიკითხე, მეტი არაფერი.
-და ხელი რომ მოგხვია, გპასუხობდა, ხომ? – თქვა ქალმა, თვალები ავად აუელვარდა.
-თამთა… – დაიწყო მის ახლოს მჯდომმა ქალმა, ბარბარესაკენ აპარებდა ფრთხილ მზერას.
-შენ გკითხე რამე? – წამოიწია მოულოდნელად თამთა, ყელზე კუნთები დაეჭიმა, ჩამოკიდებულმა ყელსაბამმა აქეთ-იქით ქანაობა დაიწყო. მან თავისი დიდი თვალები ბარბარესაკენ მოაბრუნა. – გისმენ!
ბარბარე უსიტყვოდ შეჰყურებდა, წარბებშეკრული. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა ეპასუხა.
მისმა სიჩუმემ უფრო გააკაპასა თამთა.
-მიპასუხე მეთქი! – ატყდა ის, ყელზე, ლოყებსა და შუბლზე მოაწვა სისხლი, სიწითლე გამოუჩნდა, რომელიც უფრო მეტად აელვარდა, უფრო აშკარა გახდა წითელ სინათლეზე. – რატომ დაგნიშნა?! ნიკო აქ არავის არ ნიშნავს!
-თამთა! – შეუღრიალა ერთ-ერთმა კაცმა, გაღიზიანებული მიშტერებოდა. – ახლავე გაჩუმდი!
-კარგი რა ტატო, ნორმალურია ახლა ეს?! – წამოხტა თამთა, ჰაერში აკონწიალდნენ მისი გრძელი საყურეები. – და იმ ნაგვებმა საერთოდ აქ მოათრიეს! რანაირი საქციელია! გაათრიეთ ეს ახლავე! გაათრიეთ აქედან! – დაიყვირა მან, ბავშვივით დააბაკუნა ფეხი, გამგელებული მზერით შეჰყურებდა გაოგნებულ ბარბარეს.
-თამთა, დაეგდე. – დაუსისინა ტატომ, მაჯაში სტაცა ხელი და ქვემოთ დაქაჩა. ბარბარე მათ მიშტერებოდა, სიტყვას ვერ ძრავდა. მხოლოდ ის იცოდა, სხვების გაბეზრებული გამომეტყველებებიდან გამომდინარე, რომ აქ ასეთი ქცევა ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ.
თამთა დაჯდა, გაგულისებული მიშტერებოდა.
-ნიკოლოზისაა აქაურობა? – იკითხა ბარბარემ. თუ სიმართლე იყო ეს, სასწრაფოდ უნდა გაქცეულიყო აქედან. არაფერ კარგს არ მოასწავებდა ნიკოლოზის საკუთრებაში ყოფნა.
ტატომ დაიფრუტუნა, უკმაყოფილოდ მომუწა ტუჩები.
-არაა აქ ნიკო პატრონი. უბრალოდ… სტუმარია. – აგდებულად მიუგო მან.
ბარბარე უსიტყვოდ მიაშტერდა. თუ ნიკოლოზის საკუთრება არ იყო აქაურობა, მაშინ რატომ ჰქონდა მას მომუშავეების აყვანის უფლება? და თუ ჰქონდა, რატომ იყო ბარბარე პირველი?
ამ კითხვებზე პასუხს ალბათ ვერ მიიღებდა გოგონა. თამთა და ტატო განგმირავი მზერით მიშტერებოდნენ. სხვებიც ათვალწუნებით უყურებდნენ ბარბარეს, და გოგონა უხერხულად შეიშმუშნა.
არ იცოდა, თუ რას აკეთებდა აქ.
უნდა წასულიყო, საქმე გაეკეთებინა, სამსახური მოეძებნა. ეს სამისო ადგილი არ გახლდათ. მითუმეტეს, თუ ნიკოლოზი იქნებოდა აქ.
ფეხზე წამოდგა, შარვალი ჩაისწორა. მსხდომებს გაკვირვებული გამომეტყველება გამოეხატათ სახეზე.
-ნახვამდის. – მოკლედ თქვა მან და ტახტს შემოუარა, კიბისაკენ გაემართა.
თორნიკე, და მის უკან ვაკო ამოდიოდნენ საფეხურებზე. ბარბარემ თავი შეიმაგრა, როცა თორნიკეს მზერა მისას შეეჩეხა, და კაცმა წარბები ასწია.
-სად მიდიხარ? – ჰკითხა მან. – დეტალებზე უნდა დავილაპარაკოთ…
-არ მინდა აქ მუშაობა. – უპასუხა ბარბარემ, გული ყელში მოსწოლოდა, სასწრაფოდ უნდოდა ამ ადგილს მოსცილებოდა. – მივდივარ.
-რას ქვია არ გინდა? – გამოიწია ვაკო, წარბშეკრული მიშტერებოდა, ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ორი თავი გამოზრდოდა ბარბარეს, თითქოს ყურებს არ უჯერებდა. – წარმოდგენაც არა  გაქვს, გოგო…
-არც მინდა მქონდეს! – შეაწყვეტინა ბარბარემ ხმამაღლა, ტუჩი აუთრთოლდა, მიიხედ-მოიხედა, მხრები აიჩეჩა. უზარმაზარ სტრესს გრძნობდა. – არ არის ეს საჩემო ადგილი.
კაცები განცვიფრებულნი მიშტერებოდნენ. თორნიკემ ვაკოს გადახედა, ხმამაღლა ჩაიფრუტუნა.
-უკაცრავად. – ჩაილაპარაკა ბარბარემ და სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა მათ, საფეხურებზე ჩაირბინა, გასასვლელისაკენ გაემართა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ მოვიდა აქ. ცნობისმოყვარეობა ვერ დაიოკა, რომ ელენეს აშკარა ხაფანგში არ გაბმულიყო. სასაცილო იყო მთელი ეს სიტუაცია. იცოდა, რომ ცუდი იდეა იყო აქ წამოსვლა, მაგრამ მაინც გააკეთა ეს, მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გულისათვის, თვითონ გახვია საკუთარი თავი ამოდენა სისულელეში.
არც ის იცოდა, თუ რას ელოდა, როცა ნიკოლოზს ცალკე დალაპარაკება სთხოვა. გულუბრიყვილობის მეტი არაფერი იყო იმის წარმოდგენა, რომ ნიკოლოზი მის სიტყვებს შეისმენდა.
თავი გადააქნია, ჯერ ერთი კარი შეაღო, მერე მეორე, გარეთ, საღამოს სიბნელესა და სუსხში გააბიჯა.
მცველებს გვერდული მზერა სტყორცნა, ჟაკეტი მაგრად მოიხვია და მობრუნდა.
მერე კი შედგა.
იქვე იდგა ნიკოლოზი, თითებში სიგარეტი გაეჩარა, პირიდან ნაცრისფერ ბოლს უშვებდა.
და მისკენ იყურებოდა.
-სად მიდიხარ? – ჰკითხა მან, ისე შინაურულად, მსუბუქი ტონით, თითქოს საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ.
-სახლში. არ მინდა აქ სამსახური. – მიუგო ბარბარემ, ღრმა ხვნეშა ამოაყოლა შემდეგ ამოსუნთქვას. ნიკოლოზი უსიტყვოდ უყურებდა, კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. ბარბარეს ყბა მოენგრა. ვერ იტანდა, რომ ეს მამაკაცი ასე მშვიდად იდგა აქ. – ასე ძალიან თუ გჭირდება სამოცი ლარი და ერთი ძველი ბეჭედი, გქონდეს. კარგად იყავი. – თქვა მან, ნიკოლოზს სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა.
-ჩემი წინადადება ჯერ კიდევ ძალაშია! – გამოსძახა ნიკოლოზმა. – აქ სამუშაოდ რომ მოხვალ, იფიქრე! დაგიმატებ კიდეც, კარგად თუ იმუშავებ!
ბარბარეს აღარაფერი უპასუხია, კბილები უნდა დაეჭირა ენაზე, რომ შეეჩერებინა მწარე პასუხი, რომელიც მისი პირიდან გამოსკდომას ლამობდა. ნიკოლოზის თავის თავში დარწმუნებულობა ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა.
ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის სირბილით ჩაათავა ქუჩა და მოუხვია, ცენტრისაკენ გაემართა.
მიდიოდა, ზღვა ხალხს მიარღვევდა.
 თავისი იაფფასიანი, ძველი ტელეფონი ამოიღო.
ანის ნომერი ჩაიწერა გუშინ. ყოველი შემთხვევისათვის.
ახლა იყო ეს შემთხვევა.
ბარბარემ დარეკა. მაგრად მიიჭირა ყურთან ტელეფონი, თავისუფალი ხელის ფრჩხილები კინაღამ გადაიკვნიტა, გამალებით ელოდა.
სამი ზარის შემდეგ აიღო ანიმ.
-ბარბი! – შესძახა მან ტელეფონში და ბარბარეს წამსვე ჩაეღიმა. – როგორა ხარ?
-შენთან ამოვალ, რა. – უთხრა ბარბარემ, მისკენ მომავალ, ჩათქვირებულ ქალს აუქცია ზურგი და ნაბიჯს აუჩქარა, რომ ვიღაც მამაკაცისათვისათვის არ აეწყო ფეხი.
-მოხდა რამე? – ხმა წამსვე შეეცვალა ანის. – ბარბი…
-არა, არა, შენ ნუ ინერვიულებ. – ღრმად ამოისუნთქა ბარბარემ. – უბრალოდ… სახლში არ მინდა ახლა წასვლა. ძალიან… დავიღალე.
-არ დამიწყო ახლა შენ, ორსულად ხარ და არ შეიძლება ნერვიულობაო, – დაიჩურჩულა ანიმ ტელეფონში, სიცილით. ალბათ არ სურდა, რომ მის მშობლებს გაეგონათ. ბარბარეს მტკივნეულად მოეჭმუხნა მკერდი. – ამოდი, გელოდები!
-მალე ვიქნები. – მიუგო ბარბარემ, კავშირი გათიშა.
დედას ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, უთხრა, რომ ღამე ანისთან დარჩებოდა.
დედა იცნობდა ანის, ხშირად მიეცა მისთვის ტკბილეული, ნამცხვრები, როცა მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ანი მათ სტუმრობდა.
მისი სიკვდილის შემდეგ უფრო ბარბარე მიდიოდა სტუმრად.
გოგონამ თავი გააქნია. არ სურდა ამაზე ეფიქრა.
დროზე სურდა ანისთან ასვლა, დალაპარაკება მასთან. ყველაფერს ვერ ეტყოდა, მაგრამ ცოტას მაინც გაუმხელდა, მის აზრს მოისმენდა ამ ჩახლართულ სიტუაციაზე, რომლის გორგალიც თითქოს ხელში ეჭირა, მაგრამ უბრალოდ არ იცოდა, თუ სად იყო მისი ბოლო.
ისე ჩქარობდა, რომ ნახევარი საათის სავალი ოც წუთში დაფარა. კიბეებზე სულმოუთქმელად აირბინა, კარზე მიუკაკუნა თავართქილაძეებს.
კარი ანის დედამ გაუღო. თბილად შემოიპატიჟა, ნამდვილი მზრუნველობა და სიხარული დაინახა ბარბარემ მის თვალებში.
-მადლობა, თამილა დეიდა… – გაუღიმა მან, გულმოდგინედ გაიწმინდა ფეხები და შიგნით შეაბიჯა. სასტუმრო ოთახს მოახლოებული არ იყო, რომ ანი გამოეგება, გაბადრული, ფართო, კარგად განათებულ სასტუმრო ოთახში შეიყვანა.
გაერემონტებინათ. წინა დღეს ვერ შეამჩნია ბარბარემ, ისე არეოდა ტვინი.
ანის მამა ტელევიზორს უჯდა. ახალი ამბები გადიოდა.
-დაჯექი, დაჯექი, გენაცვალე! – მოეფოფინა თამილა, ტახტისაკენ მიუთითა და ბარბარემ თავაზიანად გაუღიმა, ჩამოჯდა.
გაახსენდა, თუ როგორ ჩაავლო თორნიკემ ხელი მკლავში და როგორ მიათრია ტახტამდე, მერე კი იქ დასვა, როგორც პატარა ბავშვი.
ხასიათი მოეწამლა.
ნიკოლოზზე არ უნდა ეფიქრა, თორემ საერთოდ წაუხდებოდა გუნება.
-სად იყავი, გენაცვალე, ამდენი ხანი? – შემოუტია თამილამ, დოინჯი შემოერტყა, ღიმილით დაჰყურებდა. – ასე როგორ უნდა დაიკარგო? უი, თავი მომიკვდეს, ნამცხვარს გამოგიტან! – მუხლებზე ხელები დაირტყა მან და წამსვე გაემართა სამზარეულოსაკენ.
-აცადე ბავშვს, ამოისუნთქოს! – გასძახა ანის მამამ მეუღლეს, მერე კი ბარბარესაკენ მოაბრუნა დანაოჭებული, მაგრამ ცოცხალი თვალები. – ისე მართალს გეუბნება, გამოდი ხოლმე! თორემ ანი რომ ლექციებზე მიდის, გამოყრუებულები ვზივართ აქ!
-ხომ გითხარით, რომ ტელეფონი დაეკარგა, არა? – აზუზუნდა ანი. – ბარბი მუშაობს, სად სცალია კიდევ გამოსასვლელად!
-თქვენთვის ყოველთვის მოვიცლი, – დაჰპირდა ბარბარე და გაიღიმა, როცა მათი გაბრწყინებული სახეები დაინახა.
თამილა სამზარეულოში ფუსფუსებდა. ისმოდა, თუ როგორ გადმოჰქონდა ნამცხვარი.
კომფორტული სიჩუმე ჩამოვარდა. არანაირი დაძაბულობა არ ამძიმებდა ჰაერს, ოჯახური იდილია სუფევდა და ბარბარემ თვალები დახუჭა, თავისთვის ინატრა ასეთი ოჯახი.
წყნარი, ტელევიზორიდან მომავალი ლაპარაკი და თამილას მიერ რაღაცის ბრახუნი არღვევდა მხოლოდ სიწყნარეს.
-… ჩვენ პირდაპირ ეთერში გიორგი გეგეშიძე ჩაგვერთო, დიდი მადლობა გიორგი… – ლაპარაკობდა ლამაზი, ქერათმიანი რეპორტიორი. – და დღეს, თამარ მეფის პარტიის ბრიფინგის შემდეგ, ოთარ შერვაშიძე შავი ზღვის მუზეუმს ეწვია…
ბარბარემ თავი ასწია.
შერვაშიძე.
თამარ მეფის პარტიის ლიდერი, ცნობილი პოლიტიკოსი ოთარ შერვაშიძე.
გოგონა თვალებგაფართოებული უყურებდა ეკრანზე გამოსახულ მომღიმარ, თმაშევერცხლილ, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილ კაცს.
ეს კაცი აქამდეც ენახა. მაგრამ ხშირად არ უყურებდა ტელევიზორს.
ძვირი ფუფუნება იყო მათთვის ტელევიზორის ყურება.
მაგრამ ახლა სწიწკნიდა რაღაც გონებაში, როცა ამ ხანშიშესულ კაცს, მის სუფთად გაპარსულ სახეს, ოდესღაც შავ თმას, ოდნავ გვერდით მოქცეულ ღიმილს მიშტერებოდა. ოთარ შერვაშიძემ კამერისაკენ გამოიხედა, ხელი დაუქნია მაყურებელს.
ნიკოლოზის მომწვანო თვალები არ ჰქონდა. მისი თვალის ფერი ცივი ნაცრისფერი გახლდათ.
მაგრამ მსგავსება აშკარა იყო. იმდენად აშკარა, რომ სუნთქვა შეუკრთა ყელში ბარბარეს.
ნიკოლოზი, როგორც ჩანდა, არა მარტო ქუჩის მძარცველი, არამედ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსის შვილი იყო.
ბარბარე თვალებგაფართოებული მიშტერებოდა ნიკოლოზის მამას, რომელიც ღიმილით ართმევდა მუზეუმის სახეგაბრწყინებულ თანამშრომლებს ხელს.
ამ კაცის, რომელიც გულწრფელად იღიმებოდა, იცინოდა, და ბედნიერი ჩანდა, შვილი უტიფარი, უმადური, და ბინძურ საქმეში გახვეული ნაძირალა იყო.
ამ კაცს ალბათ შეეძლო, რომ მისნაირი ადამიანები ერთი ხელის აქნევით გაექრო აქედან.
გოგონამ ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ აიფარა პირზე ხელები, ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის გაცნობიერებისას.
ბარბარე კი, ფაქტიურად, მისი ვაჟის წინააღმდეგ წავიდა.
.
.
-*-*-*-*-*-*-8
იმ ღამით ვერ მოისვენა ბარბარემ. იმის თავიც კი არ ჰქონდა, რომ ანისათვის რჩევები მიეცა, ან ლექციები წაეკითხა. მის მეგობარს კრინტიც კი არ დაუძრავს საკუთარ სიტუაციაზე, როგორც ჩანდა, ჯერ კიდევ ფიქრობდა.
ბარბარე რომ გულწრფელი ყოფილიყო, მასზე საერთოდ არ ფიქრობდა ამწუთას. ჩვეულებისამებრ ზურგზე იწვა, ჭერს მიშტერებული, და საბანი მაგრად ჩაებღუჯა გათეთრებულ თითებში.
ცნობილი პოლიტიკოსის შვილი იყო ნიკოლოზი. თან ისეთის, ძალიან კარგი სიტუაციით რომ სარგებლობდა.
ვერასოდეს წარმოიდგენდა ასეთ რამეს.
ძლივს შეიკავა თავი, რომ ჩვეულებრივი გამომეტყველება მიეღო, როცა ანიმ ჰკითხა, თუ რა სჭირდა, თუ რატომ იყურებოდა ასეთი დაფეთებული. ბარბარემ ძლივს აიყვანა თავი ხელში, ნაძალადევად გაუღიმა და უთხრა, რომ გაზის გადასახადის გადახდა დაავიწყდა. ანი იჭვნეულად მიაშტერდა, მაგრამ იმ წამს თამილა გამოვიდა მისი ნამცხვრით ხელში და ამიტომ აღარაფერი უთქვამს.
ახლაც ხმას არ იღებდა ანი, და უაღრესად მადლობელი იყო ბარბარე. ხუთიოდე წუთის წინ დაწვნენ, იქამდე თამილა და გურამი ესაუბრებოდნენ გაუჩერებლად, ახლაღა გამოუჩნდა ბარბარეს დრო, რომ ცოტა ეფიქრა, წესრიგში მოეყვანა აზრები.
მთავარი ის გახლდათ, რომ ნიკოლოზთან ახლოს გაკარება აღარაფერში წაადგებოდა. აბსოლუტური სიგიჟე იქნებოდა მასთან გარევა. არ იცოდა ბარბარემ, თუ რას წარმოადგენდა ნიკოლოზი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ქუჩის ქურდი უწოდა დღეს, აშკარა გახლდათ, რომ ნიკოლოზი უბრალო ქურდი არ იყო. მისთვის ისეთი ფული, როგორიც შვიდი ათასი იყო, არაფერსაც არ წარმოადგენდა, და მინიმუმ ავტორიტეტი იყო იმ უშველებელ კაზინოში, მფლობელი თუ არა.
პლუს, აუტანელი პიროვნება იყო. ისე გამოიყურებოდა სიტუაცია, თითქოს სასიცოცხლო მისიად ჰქონოდა ჩაფიქრებული ბარბარეს გაწამება. მეძავი ეგონა, და ეტყობოდა, რომ არაფერზე დაიხევდა უკან, რათა ეს საკუთარი თავისათვის თუ ბარბარესათვის დაემტკიცებინა.
ბარბარე ვერ ხვდებოდა, მართლა სჯეროდა ნიკოლოზს მისი მეძავობისა თუ უბრალოდ უარს ამბობდა დაჯერებაზე. ეს ადამიანი ყველანაირად გაუგებარი იყო მისთვის.
იცრუა, საზიზღრად, უტიფრად იცრუა, როცა კაზინოში მამაკაცს ყურში უჩურჩულა, რომ იცოდა, ვინც და რაც იყო.
არადა წარმოდგენაც არ ჰქონდა.
მისი ცხელი სუნთქვა გაახსენდა ყურთან, თუ როგორ გავრცელდა ტალღად და თითები უფრო მაგრად მოუჭირა საბანს, ფეხის თითები მაგრად მოხარა. მისი ძლიერი ხელის დაჭერა გაახსენდა მხარზე, და მისი სიტყვები, „-რა ლამაზი ტრაკი გქონია, სულელო გოგო…“ დაუტრიალდა თავში.
არა.
არა. არა, არა, არა. ასე არ უნდა ეფიქრა, არავითარ შემთხვევაში.
ბარბარეს თვალები გაუფართოვდა, თავი მძლავრად გადააქნია, ამ ფიქრების გამოდევნა სურდა თავიდან.
საერთოდაც, არ უნდა ეფიქრა ამ კაცზე. უნდა დაევიწყებინა, ისე უნდა გაეკეთებინა, რომ აღარასოდეს შეხვედროდა. უკვე საკმარისად გამოიწვია.
და საერთოდ, ნიკოლოზის თავხედობასა და ეგოს თუ გაითვალისწინებდა, არც უნდა გაჰკვირვებოდა, რომ ასე კარგად ეხერხებოდა მის თავში შეძრომა, ბარბარეს ფიქრების მის გარშემო დატრიალება.
რცხვენოდა ბარბარეს, რომ საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა, რომ ძალაუნებურად მასზე ფიქრობდა, უნდოდა თუ არა.
-ბარბი… – უჩურჩულა უცებ ანიმ და ბარბარე გაკრთა, მეგობრისაკენ გადაატრიალა თავი. ანის სახეს ვერ ხედავდა. – რა დაგემართა დღეს? ტელევიზორს მიაშტერდი და მთლად წაგივიდა ფერი. არ მინდოდა მეკითხა, მაგრამ… მითხარი, ხდება რამე?
ბარბარე შეყოყმანდა. ტუჩები მოიკვნიტა. არ სურდა, რომ ანის ენერვიულა და მით უარესი, საფრთხეში ჩავარდნილიყო მის გამო.
მაგრამ ახლა რჩევა სჭირდებოდა. არ ეტყოდა არაფერს ზედმეტს.
-იმ კაცზე… ოთარ შერვაშიძეზე რა იცი? – გადაწყვიტა კითხვა ცოტა ხანი სიჩუმის შემდეგ, ძლივს ამოღერღა, ყოყმანით. – აი, იმ პოლიტიკოსზე…
-ბარბი, რა გჭირს? – წამოიწია ანი. ლოგინი დაიწია, ოდნავი ჭრაჭუნი გამოიღო ხის ჩარჩომ. ანის საწოლი დიდი, და კომფორტული იყო, ბარბარეს ზამბარებიანი საწოლისაგან განსხვავებით. – რაში გაინტერესებს, აბა? როდის აქეთ დაინტერესდი პოლიტიკით?
-მითხარი, თუ რამე იცი. – გაუმეორა ბარბარემ. ზედმეტის არაფრის თქმას არ აპირებდა. – ტელევიზორს შენ უყურებ, ჟურნალისტიკაზე შენ სწავლობ და… უნდა იცოდე, არა?
ანი ცოტა ხნით გაჩუმდა. ბარბარე გრძნობდა, რომ მისი სიტყვები ესიამოვნა, მაგრამ ანი ისეთი იყო, რომ ამ თემას ბოლომდე გამოწურავდა, ხელიდან არ გაუშვებდა.
იქამდე, ბარბარეს იმედი ჰქონდა, რომ მოახერხებდა ყველაფრის მოგვარებას.
ანიმ გაწამებული ტონით ამოიხვნეშა.
-თამარ მეფის პარტიის ლიდერია. – თქვა მან. – პოლიტიკაში ახალგაზრდა მოვიდა… პოლიტიკური მეცნიერება და ეკონომიკა აქვს დამთავრებული, ეკონომიკის მაგისტრია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. მეუღლე იტალიაში ცხოვრობს. შვილი…
-სადაა? რა ჰქვია? – ვერ მოითმინა ბარბარემ, მობრუნდა ანისაკენ.
-გეტყვი, თუ მაცდი! – შეუტია ანიმ. – ნიკოლოზი ჰქვია. საზღვარგარეთ მუშაობს. ქვინს კოლეჯში, ინგლისში სწავლობდა.
ბარბარემ პირი მოკუმა. როგორც ჩანდა, მიჩქმალული იყო ნიკოლოზის საქმე. ლამაზი ოჯახის სახე იყო აწყობილი. ქმარი ცნობილი, ქვეყნის მართვაში ჩართული პირი იყო, ცოლი იტალიაში ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობდა, გვარის გამგრძელებელი კი მუშაობდა, პრესტიჟულ კოლეჯ-დამთავრებული.
ყველაფერი ზედმეტად იდეალური იყო თითქოს.
ამიტომაც მალავდა ოჯახის ნამდვილ, მახინჯ სახეს.
ალბათ მეუღლეც არ იყო იტალიაში.
და ალბათ ოთარ შერვაშიძეც არ იყო ისეთი მამაკაცი, როგორიც ჩანდა, როგორ სახესაც აჩვენებდა პრესასა და მედიას.
-გასაგებია. – ნელა თქვა მან. – მადლობა, ანი.
-რა ხდება, ბარბი? – ჰკითხა მეგობარმა. – რა ხდება, გამაგებინე? მე ხომ არ გიმალავ არაფერს?
ბარბარე უხერხულად შეიშმუშნა. შეწუხების კვალი ეტყობოდა ანის ხმაში. მისი მეგობარი ხშირად არ ტიროდა, მაგრამ ვერ იტანდა, როცა ბარბარე რამეს უმალავდა. მაშინ, როცა მამა გარდაიცვალა, და დედამ მეძავობა დაიწყო, ბარბარე სირცხვილით ორი კვირა არ ელაპარაკებოდა ანის. ბოლოს ისევ ანი მოვიდა, დაელაპარაკა, ანუგეშა.
ბარბარემ მაგრად დახუჭა თვალები. ასე უკეთესი იყო. იმის მიუხედავად, რომ ინფორმაციას იღებდა ანისაგან, მაინც არ ეუბნებოდა არაფერს. თავკერძობის გამოვლინება გახლდათ მისი საქციელი.
მაგრამ საჭირო იყო ამის გაკეთება. ანის დასაშოშმინებლად რამე ტყუილს მოჩმახავდა და რიგზე იქნებოდა ყველაფერი.
-არ მიმალავ, მართალი ხარ. – ამოღერღა ბოლოს. გამალებით ეძებდა ტყუილს. – უბრალოდ… ვიღაც… ბიჭი გადამეკიდა. გვარი ემთხვევა და… მეთქი მისი შვილი ხომ არ არის თქო, მაგრამ… რაკი ის ინგლისშია… – ჩუმად ბუტბუტებდა ის, თითოეულ სიტყვის დამატებაზე პანიკა იპყრობდა, რომ ანი არ დაუჯერებდა.
თვითონაც არ სჯეროდა ამ სისულელის, და იცოდა, რომ ანისაც, მინიმუმ ეჭვი მაინც გაუჩნდებოდა მისი ბლუყუნის შემდეგ.
მისი და ელენეს ლაპარაკი გაახსენდა. ორმხრივი ნიღბებით საუბარი, რომელთა მიღმა ორივემ კარგად იცოდა, თუ რა იმალებოდა.
გული მოეკუმშა. ასეთი საუბრით არ უნდა დაემახინჯებინა ანისთან ურთიერთობა. არ უნდა გაეიგივებინა ელენესთან თვალთმაქცობა და ფარისევლობა ანისთან.
-რას ნიშნავს, გადაგეკიდა? – ჩაეძია ანი. – მოწონხარ?
ბარბარე მადლობელი იყო, რომ მეგობარი ვერ უყურებდა, რადგან თვითონაც არ იცოდა, თუ რა მოუვიდა სახეზე, როცა ნიკოლოზსა და მოწონებაზე ერთ წინადადებაში გაიფიქრა.
-არ ვიცი. – მიუგო მან. – ძალიან არ მაწუხებს, ბევრი არაფერია.
მისი მეგობარი ცოტა ხანი ჩუმად იყო.
ბარბარემ იცოდა, რომ არ უჯერებდა.
-კარგი. – თქვა მან ბოლოს.
-მშობლებს ეუბნები? – ჰკითხა ბარბარემ. მართლა აინტერესებდა. შეზარა იმას გაფიქრებამ, რომ ანის შეეძლო ეს კითხვა სიტყვის ბანზე გადატანად მიეღო.
-არა ჯერ. – მიუგო გოგონამ. – მოვიცდი, სადამდეც შემეძლება.
-რას იტყვიან, შენი აზრით? – ჩაეკითხა ბარბარე. – არა მგონია ცუდად მიიღონ ეს…
-რა თქმა უნდა ცუდად მიიღებენ! – ხმადაბლა დაუსისინა ანიმ. – რამდენად ცუდად, ეგაა საკითხავი მხოლოდ, გესმის? თითქოს ვიცნობ ჩემს მშობლებს, ხომ? მაგრამ ეს… ეს ისეთი წარმოუდგენელი რამაა, რომ მგონი თვითონაც არ იციან, რას იზამენ. სწორედ ეგაა ჩემთვის საშიში.
-საშიში რას ნიშნავს, ანი? – მოუბრუნდა ბარბარე, წარბშეკრული. თვალებს აცეცებდა, სიბნელეში მეგობრის სახეს ეძებდა. – მაგდენს ხომ უნდა მიხვდე, რომ არაფერს დაგიშავებენ?
-სახლიდან რომ გამაგდონ, მერე რა გავაკეთო? – კბილებში გამოსცრა ანიმ. – ნუ მიყვები ზღაპრებს, ბარბი. მირჩევნია ცუდი ვიფიქრო.
-სკეპტიციზმი არ გაგაწბილებს. – ჩუმად დაამატა ბარბარემ.
ანის ხმა აღარ ამოუღია. გადაბრუნდა, დაწვა.
ბარბარემ თავს დააძალა ფიქრის შეწყვეტა და თვალები დახუჭა.
.
-*-*-.*-*-*-*-
შემდეგი ორი კვირა სამსახურს ეძებდა, გამალებით. ვერაფერს მიაგნო.
ის საშინელი პერიოდები ახსენდებოდა ბარბარეს, როცა კვირეობით ვერ შოულობდა სამსახურს და დედამისს ისევ და ისევ სესხები მოჰქონდა სახლში, იმ უცხო ხალხიდან, მოგვიანებით რომ კარზე მოუვარდებოდნენ. ამ ორი კვირის განმავლობაში სამჯერ მოვიდნენ კიდევ მოვალეები.
იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ცდილობდა ბარბარე დედამისს არაფერი შეემჩნია, ქალს თითქოს ტანი უგრძნობდა უფულობას.
მაღაზიებში შესულმა რამდენჯერმე მოჰკრა ოთარ შერვაშიძეს თვალი, კედელზე დამაგრებულ პატარა ტელევიზორებში. თითქოს ყველგან ჩანდა ეს კაცი, იმის შემდეგ, რაც ის ნიკოლოზის მამად შეიცნო. ყოველ ჯერზე რეტიანივით შეჩერდებოდა და აშტერდებოდა, მთლიანად უყურებდა მთელ რეპორტაჟს, სხვა მყიდველებისა და გამყიდველების გაღიზიანების მიუხედავად. ერთხელ მაღაზიიდან გამოაგდეს კიდეც ამის გამო.
მაგრამ თავს ვერ ერეოდა, ამ კაცს აშტერდებოდა, თითქოს სურდა მასში სიყალბის ნაპერწკალი დაეჭირა.
მაგრამ ოთარ შერვაშიძეს არაფერი ეტყობოდა სიყალბის. საუბრის დროს ყველას ყურადღებას იქცევდა, ავტორიტეტის აურა დაჰყვებოდა გარშემო. იოლად იღიმებოდა, თბილი და ყურადღებიანი ჩანდა ხალხთან შეხვედრისას, შემართებითა და ენთუზიაზმით საუბრობდა.
შვილი საერთოდ არ ჰგავდა მას. ყოველ შემთხვევაში, მის სატელევიზიო პერსონას.
ბარბარემ თავი გააქნია. კიდევ ამაზე ფიქრობდა.
იმის მიუხედავად, რომ დისტანციის დაჭერა სურდა ამ ყველაფრიდან, ვერ უარყოფდა იმას, რომ ეს ყველაზე საინტერესო რამ იყო, რაც ცხოვრებაში გადახდომოდა.
ძნელი იყო მის მონოტონურ ცხოვრებაში რაღაც ახალზე უარის თქმა ალბათ.
თავს შემოუძახა, თან ქაღალდს დასჩერებოდა, რომელზეც დაწერილი მისამართებიდან ერთი ჰქონდა დარჩენილი. ჟურნალიდან და გაკითხვ-გამოკითხვიდან იგებდა ვაკანსიების შესახებ და ყოველდღე ცალ-ცალკე დადიოდა თითოეულზე.
ცხრა საათი ეგდო უკვე გარეთ, დილის ათი საათიდან. ამ ხნის განმავლობაში არაფერი ეჭამა.
ციოდა. ნოემბრის შუა რიცხვებში განსაკუთებით გამოეყო ქარს თავი. ბარბარემ თხელი ჟაკეტი და ზედ მოცმული ქურთუკი მაგრად მოიხვია სხეულზე, ქუდი უკეთესად წამოიფარა თავზე. თითებწაჭრილ, იაფფასიან ხელთათმანებში ერთიანად გასწითლებოდა თითები.
ბარძაყები გაჰყინვოდა მობერილი სუსხიანი ქარისაგან. ქუჩის გადაღმა გადაიხედა, წარბშეკრული ათვალიერებდა ქუჩაში მიმავალი მანქანების, ლამპიონებისა და მაღაზიებიდან მომავალ სინათლეზე სახლის ნომრებს.
კეთილაძის ოცდაორი… ოცი… და თვრამეტიც.
უფრო ძლიერად დაუბერა ქარმა. ხის ძირში მდგომ ბარბარეს ფოთლები შეაყარა სახეში.
ის იყო, რომ გადასასვლელისაკენ უნდა გამართულიყო, რომ ქუჩიდან შავმა მანქანამ გამოუხვია, პირდაპირ მის წინ შეჩერდა, ერთიანად ლაპლაპებდა ღამის შუქზე.
ბარბარემ წარბები შეკრა, შეცბუნებულმა, უკან დაიხია სასწრაფოდ.
ფანჯრის მინა ჩამოსწიეს, და გოგონას თვალები გაუფართოვდა მძღოლის დანახვაზე. ნიკოლოზს ცალი ხელი გადაედო საჭეზე, უკნიდან ყვითელი შუქი ეფინებოდა. მოქუფრული შეჰყურებდა.
მგზავრის სავარძელში მჯდარი ტატო გაკვირვებული, წარბშეკრული მიაშტერდა.
-ისევ ესა, ტოო? მთლად დაყლევდი, ბიჭო? – მიუბრუნდა ის ჩურჩულით ნიკოლოზს და ბარბარე მთელი ტანით დაიძაბა, ნიკოლოზს, დაჟინებით რომ ჩაჰყურებდა, თვალი აარიდა, გადასასვლელის მიმართულებით მიტრიალდა.
-მანქანაში ჩაჯექი. – უთხრა უცებ შერვაშიძემ. ბარბარეს სხეული გაეყინა, თვალებგაფართოებულმა გადმოხედა. გული, მკერდთან ერთად, თითებში, მუცელში, ყურებში უცემდა.
-ბიჭო, რად გინდა ეეეე…. – გაისმა კიდევ ერთი ხმა, უკანა სავარძლიდან. ვაკოს ხმა იყო.
-ჩაჯექი! – ხმას აუწია ნიკოლოზმა.
ბარბარე ძლივს გამოერკვა. ტუჩები მოკუმა, იმის მიუხედავად, რომ ქარი თვალებს სტკენდა და უცრემლიანებდა, მაინც არ დაუხამხამებია ისინი, დაჟინებით დაუბღვირა ნიკოლოზს, მერე კი ზურგი აქცია, გადასასვლელისაკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით.
„ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის“, გაიფიქრა სარკასტულად გამწარებულმა, როცა უკნიდან სიგნალი მისცა ნიკოლოზმა, ისევ წამოეწია მანქანით.
-ჩაჯექი! – დაუყვირა მან, გააფთრებული ჰქონდა ტონი. ბარბარემ ჯიბეში ჩაიტენა მისამართებიანი ქაღალდი, უფრო უკეთესად მოიფარა თავზე კაპიუშონი. იგნორირების პოლიტიკაზე იყო გადასული. სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. – ახლავე!
გამვლელების ყურადღებას იქცევდნენ უკვე. ბარბარემ უფრო მოუჩქარა ნაბიჯს. შუქნიშანზე მწვანე ანთებულიყო, გადასასვლელზე ერთი წუთი მაინც ვეღარ გადავიდოდა. ტუჩები დაიკვნიტა, ქუჩას მოშორდა. გამალებით ფიქრობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ახლა, როგორ გაქცეულიყო აქედან, როგორ მოეშორებინა…
მანქანის ღრჭიალის ხმა გაისმა, დაფეთებულმა ბარბარემ სასწრაფოდ გაიხედა და გული მუცელში ჩაუვარდა, როცა დაინახა, თუ როგორ გადმოხტა ნიკოლოზი, კარი ხმამაღლა მიაჯახუნა და პირდაპირ მისკენ გამოემართა, სახეწაშლილი.
ბარბარეს ერთიანად გამოერთო გონება. ნიკოლოზისაგან შორს, შენობისაკენ გაბარბაცდა, კინაღამ გამვლელს, ვიღაც ჩათქვირებულ ქალს დაეჯახა.
იცოდა, რომ სირბილი დაეწყო, შორს მაინც ვერ გაიქცეოდა. ნიკოლოზი წამში დაეწეოდა, და უფრო გაბრაზდებოდა. აქაც ვერ დარჩებოდა, თორემ ნიკოლოზი ან შენობებს შორის შეათრევდა სადმე, ანდა სტაცებდა ხელს და ისე შესვამდა მანქანაში, ვითომც აქაც არაფერი.
გამწარებული მიმოტრიალდა, და პირველივე მაღაზიაში შევარდა, კარი მიხურა, უკან დაიწია, ტანსაცმლით დატვირთულ ხარიხას მიეჯახა კინაღამ და მობრუნდა, შეცბუნებულ, უკმაყოფილო კონსულტანტებს გაუღიმა ნაძალადევად. ხარიხებს შორის, როგორ ნორმალურადაც შეეძლო, ისე გაიარა, გაფაციცებით ეძებდა სადმე სამალავს…
კარი უკან გაიღო და ბარბარე გადაფითრდა. სუსხიდან გაციებულ სხეულში უფრო ძლიერად დაუარა სიცივის ტალღამ.
კარი მის ზურგს უკან დაიკეტა და შემოსულმა ახალგაზრდა კაცმა მხარზე სტაცა ხელი.
ბარბარემ ნერწყვი გადაყლაპა, ბედს შეეგუა.
აქ სცენას მაინც არ გამართავდა ნიკოლოზი.
მამაკაცმა უფრო მაგრად მოუჭირა ხელი, მაღაზიის სიღრმისაკენ წაიყვანა, გზად შემთხვევითად იღებდა ხარიხებიდან ტანსაცმელს.
ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტი ეჭვი არ გამოეწვიათ.
გამოსაცვლელ ოთახებს მიადგნენ, და შერვაშიძემ ჯერ მთელი ბღუჯა ტანსაცმელი მიუგდო მკლავებში ბარბარეს, მერე კი ხელი ჰკრა, გასახდელში შეაგდო.
შეაგდო და თვითონაც უყოყმანოდ შემოაბიჯა, ფარდა სწრაფად დახურა.
ბარბარე გულამოვარდნილი აშტერებოდა, გულზე მიეხუტებინა მისი აღებული ტანსაცმელი, თითქოს თავდასაცავად, ყველაფერი უკანკალებდა და ვერ გაეგო, ახლა რა ხდებოდა. ახლა რაღა ჯანდაბა უნდოდა ნიკოლოზს? ხომ დაანება ბარბარემ თავი?
-გისმენ. – თქვა ნიკოლოზმა, მკლავები გადააჯვარედინა. მოლოდინი ეხატა სახეზე. იაფფასიანი ნეონის სინათლის ზუზუნი ესმოდა ბარბარეს და გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა უკნიდან სარკის გვერდებზე დამაგრებული სინათლის შუქი.
-რას მისმენ… რა გინდა? – არ შეეპუა ბარბარე. – შენ რა, მითვალთვალებ?
-რატომ არ მოხვედი? – კითხვით უპასუხა ნიკოლოზმა, სიტყვა ბანზე შეუგდო. – ხომ აგიყვანე სამსახურში? ორი კვირა გელოდე! – დაუსისინა მან.
ბარბარემ ბრაზით გადახედა, შიში ნელ-ნელა უქრებოდა. თითქოს ისევ მოუბრუნდა ის მრისხანება, რომელიც ნიკოლოზთან დაკავშირებული საფრთხის ქვეშ ჩამალულიყო.
-ხომ გითხარი, არ მინდა მეთქი შენი სამსახური? – შეუტია ბარბარემ, ნიკოლოზს ორი სინათლის წყაროსაგან კატასავით დაწვრილებულ გუგებში ჩაჰყურებდა. – წადი, თავი დამანებე!
ნიკოლოზს ნაკვთები მოენგრა. სახე გაუფითრდა.
-რატომ მეჯინავები, სულელო გოგო? – მისკენ, როგორც ბავშვისაკენ, დაიხარა იგი. – არ გაგივა. არ მოგცემ ამის უფლებას…
-რას ქვია არ… – მრისხანებისაგან ყელში ხმა გაუწყდა ბარბარეს. – რატომ დამსდევ? უბრალოდ თავი დამანებე, რა! რომ მცოდნოდა, რომ ასე მოხდებოდა, იმ დღეს საერთოდ არ ამოგათრევდი სახლში! სამსახურს კიდევ მე თვითონ ვიშოვი, შენი წყეული კაზინო სულ ფეხებზე მკიდია!
ნიკოლოზს თვალები გაუფართოვდა, სახე მოექუფრა. ყბაში უთრთოდა კუნთი.
მერე კი ჯიბეში ხელი ჩაიყო და ვერცხლის ბეჭედი ამოაძვრინა.
უბრალო, თხელი, პაწაწინა წითელი ქვებით მორთული, ანის ბებიის ნაქონი ვერცხლის ბეჭედი.
ბარბარეს ენა ჩაუვარდა, ხასიათი წაუხდა.
ახლა მის დაშანტაჟებას აპირებდა ნიკოლოზი.
-ამას მოგცემ, და იმ სამოც ლარსაც, თუ წამოხვალ. – უთხრა ნიკოლოზმა. თვალები ეშმაკურად აუელვარდა, ძალიან კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავის.
ბარბარე გამწარდა. შეუპოვრად მიაჩერდა.
-ჩემი მეგობარი დიდად არ ისაკლისებს არც ფულს და არც ამ ბეჭედს. – მიახალა მან და ტანსაცმელი მკერდზე მიაყარა, ნიკოლოზმა ინსტინქტურად ჩაავლო მათ ხელი, რომ არ დაცვენოდა ძირს. – თუ გგონია, რომ მაგით მანიპულირებას მოახერხებ, ძალიანაც ცდები! – კბილებში გამოსცრა მან და გვერდიდან გაცურება სცადა, რომ გაცლოდა აქაურობასა და ნიკოლოზს.
მაგრამ შერვაშიძემ არ აცადა.
ტანსაცმელი კუთხეში მიყარა, ეტყობოდა, რომ სულაც არ ენაღვლებოდა. ბარბარეს მხარზე მოხვია მკლავი, ფარდა გადასწია და ფაქტიურად გაათრია გასასვლელისაკენ.
გოგონა ბარბაცით მიჰყვებოდა, თვალებგაფართოებული.
-რა გინდა, ყვირილი ავტეხო? – მიახალა მან, სანამ ნიკოლოზი ხარიხებს შორის მიათრევდა, კონსულტანტებმა ზედაც არ შეხედეს. შიშის ცივმა ოფლმა დაასხა.
-ვერ ატეხავ. – მიუგო ნიკოლოზმა, კარი გააღო, გარეთ გაიყვანა. გაფართხალებასაც კი ვერ ახერხებდა გაოგნებული, დაფეთებული ბარბარე, ისეთი ძალით ეჭირა მისი აწურული მხრები. -შენი ნებით წამოხვალ.
სისხლმა აასხა მისი უტიფარი სიტყვების გაგონებისას ბარბარეს. სუსხშიც კი გრძნობდა, თუ როგორ გაუწითლდა სახე. ტროტუართან, ხის ძირში მიყენებული მანქანისაკენ მიდიოდნენ.
-და რომ არა? – შეინძრა ის, მთელი სხეულით სცადა, რომ შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ თვითონაც იცოდა, რომ სურდა თუ არა, მაინც მოუწევდა დათმობა.
ყვირილს არ ატეხდა. პოლიციის მოსვლით თუ დასრულდებოდა ეს სიტუაცია, კარგის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. ოთარ შერვაშიძე მის შვილს დააფარებდა წამსვე ხელს, ამ ამბავს ისე გააქრობდნენ, როგორც კვამლს ცაში. და, ალბათ ბარბარესაც მოუვლიდნენ სათანადოდ, რომ არაფერი ეთქვა.
თუმცა ოთარ შერვაშიძის ჩარევაც რა საჭირო იყო. ბარბარესა და დედამისისათვის ნიკოლოზის მაქინაციებიც საკმარისი იქნებოდა, რომ ცუდად დაცდოდათ ეს ამბავი.
ენა ჩაუვარდა ბარბარეს.
ქარი უფრო გაძლიერდა. გოგონას კაპიუშონი გადახდოდა, მაგრამ ვერ გრძნობდა თითქოს. თმა უარესად გაეწეწა, გაყინულ ფეხებს ძლივს იმორჩილებდა.
-რომ არა, ჩემი ნებით წაგიყვან. – მიუგო ნიკოლოზმა, მანქანის კარი გააღო და ბარბარეს მხრებში უბიძგა. გოგონამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
არჩევანი არ ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ არაფერს დაუშავებდნენ.
ფეხი მანქანაში შედგა, სავარძელზე აცოცდა. ერთიანად უთრთოდა ტანი და შეხტა, როცა ნიკოლოზმა კარი მოუჯახუნა. მის გვერდით მჯდომი ვაკოს მზერას გრძნობდა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდნილიყო მანქანაში, სანამ ნიკოლოზი შემოუვლიდა მას. ბარბარეს ოფლი ასხამდა, მუხლებზე ჩაჭერილი, გათეთრებული თითები უკანკალებდა. უბრალოდ იჯდა, საქარე მინას აშტერდებოდა, რომელშიც ქუჩის შუქნიშნების ციალი, მანქანების სინათლეები და შემოდგომის ფოთლების ქროლვა ჩანდა.
ნიკოლოზი ჩაჯდა, მანქანა დაქოქა, ქუჩაში გადაიყვანა.
ჩუმად მგზავრობდნენ. თავიდან გამალებით იმახსოვრებდა ბარბარე, თუ სად მიდიოდნენ, მაგრამ შემდეგ შერვაშიძემ სადღაც შეუხვია, უცნობ ადგილას. მაინც გამალებით ათვალიერებდა გოგონა, თუ სად მიდიოდნენ, თვალშისაცემ ადგილებს იმახსოვრებდა.
იქნებ გამოქცევა დასჭირვებოდა იქედან.
-რანაირად იყურები? – უცებ ჰკითხა ნიკოლოზმა და ბარბარე შეხტა, მის თვალებს მიაჩერდა სარკეში. შერვაშიძემ გზისაკენ გაიხედა. სადღაც ძველებურ ქუჩაში, უსწორმასწოროდ რომ მოეკირწყლათ, მირახრახებდნენ. – ნუ გეშინია, არ მიმყავხარ მოსაკლავად.
საკუთარ სიტყვებზე გაეცინა, ტატომ და ვაკომ ფხუკუნი ატეხეს. ბარბარემ მთელი ძალით მოუჭირა მუხლებს ხელები, ტუჩი აიბზუა.
-გგონია, რომ მეძავი ვარ და სადღაც მიგყავარ, უცხო, ბნელ სამეზობლოში, სხვა რა უნდა ვიფიქრო? – მოუჭრა მან. ნიკოლოზმა მუქი წარბები ასწია სარკეში, მაგრამ მისკენ არ მოუტრიალებია შუშისებრი თვალები.
სიჩუმე ჩამოვარდა კიდევ ერთხელ. გული ყელში მოაწვა ბარბარეს შიშისაგან.
ნიკოლოზმა რაღაც ძველ, დაფეხვილ ჯიხურთან შეაჩერა მანქანა. სიბნელე იდგა გარშემო, რასაც ჯიხუდან გამომავალი ციმციმა სინათლე და მოშორებით მდგომი ლამპიონები ანათებდნენ.
ქუჩა მთლიანად დაცარიელებულიყო. ასეთივე ჯიხურებით გახლდათ სავსე.
-მალე მოვალ. – თქვა ნიკოლოზმა, კარი გააღო და გადავიდა, კარი ზურგსუკან მიაჯახუნა.
ბარბარე ძლივს ყლაპავდა ნერწყვს გამშრალი ყელით, იქამდე მიშტერებოდა გაფაციცებით შერვაშიძეს, სანამ ის ჯიხურში არ შევიდა.
მანქანაში სიწყნარე იდგა. ბარბარე მუხლებს ჩააშტერდა. არ სურდა თავი მოეტრიალებინა, მისკენ მომზირალი ვაკოსაკენ გაეხედა. მისი მზერა თავზე ცეცხლს უკიდებდა.
-ბოზი, ხო? – თქვა უცებ ტატომ. სანთებელას ტკაცუნი მოესმა თვალებგაფართოებულ ბარბარეს, და წამში სიგარეტის სურნელი მოსწვდა. ცხვირი აიჭმუხნა, უკან გადაიწია. – სად მუშაობ?
-არ ვარ ბოზი. – წაიბურტყუნა ბარბარემ. რა ძალა ადგა, რომ წამოაყრანტალა ასეთი სისულელე? ახლა ამათაც იგივე ეგონათ…
-ბიჭო ბიჭო, ნახე რა ქორფებს შოულობს… – შეუსტვინა უცებ ვაკომ, მისი ხელი ბარბარეს თმას მისწვდა, გვერდზე გადაუწია. – მუშაობს ყველანაირად…
ბარბარეს ნაღველი მოაწვა კისერში. საშინელი წინათგრძნობა წამოუტივტივდა გონებაში. თავი გააქნია, ანერვიულებულმა, ვაკოს შეხება მოიშორა.
-ბიჭო, მორცხვობს! – გადაიხარხარა ვაკომ. მისმა ხმამ მანქანის სიჩუმე გადაფხრიწა თითქოს. – ახალია ეტყობა… აბა გოგონი? რამდენი გყავდა?
-არცერთი! – შეუყვირა ბარბარემ. – არა ვარ ბოზი მეთქი! რატომ არ გესმით?!
-ამას შეხედე ერთი. – თქვა ტატომ, მობრუნდა, სავარძლიდან წამოიწია, სიგარეტის ბოლი სახეში შეაფრქვია თავზარდაცემულ ბარბარეს. – რას უკადრისობ, გოგონი? კარგად გადაგიხდით. ბიჭო, მოდი, დავიწყოთ სანამ ნიკო მოვა…
ბარბარემ ხმის ამოღება ვერ მოასწრო, რომ ვაკომ ქურთუკზე ხელი სტაცა, მხრებზე გადააძრო.
-არა! რას აკეთებ! – საზარელი ხმით ამოუშვა მან, ისეთმა ძლიერმა პანიკამ შეიპყრო, რომ ერთიანად შეებოჭა თითქოს სუნთქვა, მანქანის კარისაკენ წაიწია, გულამოვარდნილმა.
ვაკომ გაუღიმა, მისი კბილების ზოლი მკრთალად ჩანდა საქარე მინიდან მომავალ, მკრთალ სინათლეში. ბარბარეს ფეხში ხელი ჩაავლო და მისკენ მოქაჩა, სავარძელზე გადმოათრია, მერე კი ზემოდან მოექცა.
ბარბარემ ვერც კი გააცნობიერა, რომ კიოდა. სასოწარკვეთილი ხმა ამოსდიოდა ყელიდან, მზერა მთლად დაბურვოდა, მთელ ძალას ატანდა სხეულს, რომ ვაკოს მარწუხებიდან გამოქცეულიყო. მაჯა გამოაძვრინა მისი ხელიდან, სახე ჩამოკაწრა, მუხლი ჰკრა მუცელში.
-ამ ფისოს შეხედე ერთი… – წაიფრუტუნა ტატომ, სანამ ვაკო მის თავზე ქშინავდა, მისი ხელების დაჭერას ცდილობდა. ერთი მოიგდო, მთელი ძალით მიანარცხა მანქანის კარს.
ძვლებმა გაიღრჭიალეს გოგონას მკლავში. იგრძნო, თუ როგორ დაებეჟა კუნთები, როგორ მოეწიწკნა კანი.
ოფლი ასხამდა, გული ისეთი ძალით უცემდა, რომ ყელიდან ამოუვარდებოდა. არ სჯეროდა, რომ ეს ხდებოდა და მთელი ძალით იბრძოდა.
ასე იოლად არ აპირებდა დანებებას.
მერე კი ტატო გადმოიხარა. თავისუფალ მაჯაში სტაცა ხელი, რომელიც ბარბარე ვაკოს ყბაში შეებჯინა, როცა მის მოცილებას ცდილობდა.
-მომბეზრდა თამაში. – თქვა მან.
მისმა სიტყვებმა უარესად შეაძრწუნა ბარბარე.
უარესად აღრიალდა. გახეხილი ყელი ეწვოდა. გაკავებულ მკლავებს ექაჩებოდა მთელი ძალით, გრძნობდა, როგორ უყიოდნენ კუნთები ქანცგაწყვეტილობისაგან, მაგრამ მაინც ატანდა მათ ძალას. სისხლის გუგუნი ესმოდა ყურებში, პირი გამოშრობოდა, ისე კანკალებდა, რომ სხეული უხტოდა.
ვაკომ ჟაკეტი გაუხსნა. მაისური შარვლიდან ამოუწია, ღილი შეუხსნა ზედ.
-არა! თავი დამანებეთ! ძალიან გთხოვთ! – უფრო აიწია ბარბარეს ხმამ. თვალებგაფართოებული, განცვიფრებული იყურებოდა. ცხელ სისველეს გრძნობდა საფეთქლებზე. – არა, არა არა არა არა!!
-რამეს მივცემ. – თქვა ვაკომ. წამიერად ხელი შეუშვა, პაწაწინა, ყვითელი აბი ამოაცოცა ჯიბიდან.
ყელში სტაცა ბარბარეს ხელი, და პირში გადაუგდო.
ენაზე გადაუცურდა აბი გოგონას და ყელში გადაუვარდა, თავზარდაცემულს. გული აერია, გრძნობდა, როგორ ჩადიოდა აბი მის საყლაპავში. მთელი სხეული შეუხტა, გულისრევას ებრძოდა.
-აუ, გაჟიმე დროზე, თორემ აღარ ამიდგება და ეგაა… – ტატოს ბუნდოვანი ხმა მოსწვდა ბარბარეს ყურებს.
დაკრეჭილი კბილები გააღო. ფეხები მთელი ძალით დასცა ვაკოს, სადაც მიუწვდებოდა. სხეული, რა ენერგიაც დარჩენოდა, იმით გადაატრიალა, სასოწარკვეთილმა.
ვაკომ ფეხი გადააწევინა, მთელი ძალით, ისე რომ თეძოში სახსარმა ჭახანი გაიღო. ბარბარეს ტკივილის ხავილი აღმოხდა. ბურუსში დაცურავდა. ყურებში შიშინის გარდა ყველა ხმა ჩაუკვდა.
მის ფეხებს შუა მოექცა ვაკო. მაისური აუწია, ბიუსტჰალტერიც. მის მკერდს შეეხო.
ბარბარეს სახე მოეკრუნჩხა.
ტატომ პირზე სტაცა, ყბებში თითებში მოსდო.
ვეღარ ყვიროდა. მხოლოდ და მხოლოდ სუნთქავდა, გამწარებული, პირით, სირცხვილი, ზიზღი, და აუღწერელი ტერორი დარჩენოდა მხოლოდ გონებაში. თითოეული კუნთი დაძაბვოდა, უკანა სავარძელზე იწვა, ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა თვალებიდან.
ასეც ხდებოდა თურმე. ესეც უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში.
ვაკომ შარვალსა და საცვალს ერთად მოჰკიდა ხელი, მაგრად მოჰქაჩა გამხდარ თეძოებზე გადაჭიმული მატერია ქვემოთ.
ბარბარე ერთიანად გაქვავდა. გულისცემაღა ესმოდა საკუთარი. ყველაფერი გაუშრა და ჩაუკვდა შიგნით.
მაინც ცდილობდა შეწინააღმდეგებას, იმის მიუხედავად, რომ ეს ალბათ ამწუთას ამაოც კი იყო.
ვაკო მაგრად ექაჩებოდა მის შარვალს, ორივენი მოშიშვლებულ მკერდზე დაჰყურებდნენ.
ამას ვერ უყურებდა. ამის მოწმე ვერ გახდებოდა.
თვალები დახუჭა, მაგრად.
მერე კი კარის ტკაცუნი მოესმა.
გააფთრებული ყვირილი. ვაკოს სიმძიმე მოულოდნელად გაქრა, ტატოს ხელებიც, მის მაჯასა და პირზე მოხვეული.
თვალები ძლივს გაახილა, ტუჩები გააპო.
არ სჯეროდა.
აღარ აწვა სიბნელე და სიმძიმე.
ერთიანად კანკალებდა, ქოშინებდა, ისტერიული ტირილი ავარდნოდა.
მუხლები მოკეცა, მკერდზე სასწრაფოდ აიფარა მკლავები. ძლივს წამოსწია დამძიმებული თავი.
-სულ გამოყლევდი, ბიჭო?! სულ გამოყლევდი?! – შერვაშიძე გააფთრებული ღრიალებდა. შეუჩერებელი დარტყმების ხმა ესმოდა ბარბარეს. – შენი დედაც მოვტყან! შენი დედა შევეცი! შე გამოსირებულო!
კენჭებში გაწოლილ ვაკოს სცემდა ნიკოლოზი.
ტატო წაადგა თავზე, მაგრამ გაცოფებულმა ნიკოლოზმა ისეთი ძალით გაარტყა მასაც ხელუკუღმა, რომ უკან გადავარდა.
ბარბარეს მთელ სხეულში დაუარა ერთმა ბოლო, ძლიერმა თრთოლამ.
თავი უკან გადააგდო და ერთიანად მოეშვა.
.
.
-*-*-*-*-*-*-9
ანიმ ინსტინქტურად მოისვა მუცელზე ხელი.
ავტობუსი ყოველთვის გადაჭედილი იყო, სტუდენტებით სავსე როცა ბიბლიოთეკიდან სახლში მოდიოდა, იმის მიუხედავად, რომ გარეთ უკვე ღამის სიბნელე ჩამოწოლილიყო. დღეები მოკლდებოდნენ, დეკემბერი მოიწევდა წინ.
სამი თვე შეუსრულდებოდა მალე. მუცელზე ოდნავი ბორცვი ეტყობოდა უკვე.
აქამდე აიგნორებდა. თავს აჯერებდა, რომ უბრალოდ ბევრი ჭამა, სუქდებოდა და იმიტომ ეტყობოდა მუცელი.
მაგრამ ახლა უაზრო იყო ამის უარყოფა. დილით რომ სარკეში ჩაიხედა და მაისურში მკვრივი, პატარა შებერილობა რომ დაინახა სარკეში, იქვე მიხვდა, ახლახან გააცნობიერა თითქოს, რომ მართლა იყო ორსულად.
დილით წყალს რთავდა სააბაზანოში, ან იქამდე შედიოდა, სანამ მშობლებს გაეღვიძებოდათ, რათა ღებინების ხმები გადაეფარა და მათ არ გაეგოთ.
ყოველ დღე გულს იმშვიდებდა და ყოველ დღე სული უფორიაქდებოდა. საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ჰქონდა დრო, რომ ყველაფერი საბოლოოოდ კარგად იქნებოდა.
მაგრამ ბავშვი იზრდებოდა მასში. „კარგი“ ვერ აღწერდა ამ სიტუაციას.
ბავშვის მამას მხოლოდ ორჯერ შეხვდა. ბარში.
სასიამოვნო კაცი იყო. ახალგაზრდა. სიმპათიური. თბილად შეხედა ანის, სხვანაირი, სიცხიანი ჰქონდა თითქოს თვალები, და ოდნავ გვერდზე მოქცეული ღიმილი. ძალიან სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. მოტკბო.
პირველ ღამეს ილაპარაკეს მხოლოდ. კაცმა, „ილია ვარ“, რომ უთხრა, სასმელი უყიდა. იცინოდნენ. ცოტა ხანი იცეკვეს კიდეც.
მეორედ ერთი კვირის შემდეგ შეხვდა. ჯერ კიდევ არ განელებოდა მუცელში ამ კაცის მიერ დანთებული ცეცხლი ახალგაზრდა ქალს.
ვერც კი გაიგო, და ალბათ არც ანაღვლებდა, ისეთი ბუნებრივი იყო ყველაფერი ამ კაცთან, თუ როგორ აღმოჩნდა მის საწოლში.
სახლში ღამის ოთხ საათზე მივიდა. დედა ფეხზე იყო, ნერვიულობისაგან აფორაჯებული. კინაღამ წნევა დაჰმართოდა მამამისს.
ანიმ იცრუა, უთხრა, რომ ტელეფონი დაუჯდა, და მეგობართან შეიარა ბიბლიოთეკაში ყოფნის შემდეგ.
ცოტა ხანი ეფოფინებოდნენ თავზე დედ-მამა. ერთადერთი შვილი ჰყავდათ მხოლოდ, ანის ძმა ბავშვობაში გარდაიცვალა. როგორც თვალისჩინს, ისე უფრთხილდებოდნენ.
ამასობაში კი მათი თვალისჩინი ახლადგაცნობილ კაცს დაუწვა, თან ამაზე რომ არ უფიქრია, ისე.
თავიდან თვალში ვერ უყურებდა ანი მშობლებს. მაგრამ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა მალევე. დედ-მამა აღარ უყურებდნენ ეჭვის თვალით.
ქარიშხალი რომ გადაგორდა, ანი ისევ წავიდა ბარში, ილიას სანახავად.
რამდენიმე ღამე მივიდა, ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ კაცს ვერსად მიაგნო.
გული სასტიკად დასწყდა, როცა იმედი გადაეწურა.
მერე კი აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. ნახევარი საათი იჯდა უნიტაზთან ჩაკეცილი, პირზეხელაფარებული და დაშტერებოდა ორსულობის ტესტს, რომელზეც პაწაწინა პლუსი გამოსახულიყო.
სამი გაიკეთა. სამივე დადებითი იყო.
თავიდან საშინლად შფოთავდა. ღამე არ ეძინა. ღებინება რომ დაეწყო, მაშინ საერთოდ გადავიდა კინაღამ ჭკუიდან.
მაგრამ ნელ-ნელა შეეგუა. დამშვიდდა. აღიარა, რომ მასში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა და ფორმას იღებდა, უნდოდა ეს თუ არა.
დაწყნარდა. დაიწყო გეგმის დასახვა.
უკეთესად იკვებებოდა, რაც მშობლებს ძალიან უხაროდათ. ითმენდა, როცა ღამით მოუნდებოდა რამე. მალავდა ღებინებას, თავბრუსხვევებს. ჩუმად წავიდა ექიმთან. შეათვალიერა იაფფასიანი ბინები, და სამსახური იმ შემთხვევაში, თუ მშობლები სახლიდან გააგდებდნენ.
ცხოვრებაში პირველად ჰქონდა შეგრძნება, რომ რამეში გამოდგებოდა. რომ რამეს აკეთებდა, რამეს მიაღწია.
მასში ბავშვი ცოცხლობდა, რომლისთვისაც უნდა მოევლო.
მერე ბარბი გამოჩნდა. ამდენი ხნის დაკარგული მეგობარი, რომელსაც თავისუფლად მოუყვა ანი ყველაფერს. არ მოსწონდა, რომ ბარბი მამის უფლებებზე ელაპარაკებოდა, არ სურდა მისი მოძებნა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, მასაც ჰქონდა უფლება სცოდნოდა.
უბრალოდ რაღაც თავისი ჰქონდა, პირველად. ამას ვერ თმობდა ასე იოლად.
არა მარტო ეს. ბარბი რაღაც უცნაურად იქცეოდა. მისი უჩვეულო, ნერვიული ქცევები, ოთარ შერვაშიძით ასეთი დაინტერესება და უტიფარი ტყუილები ანის აღიზიანებდა. თან იცოდა, რომ რაც უფრო მეტად დააწვებოდა ბარბის, მით უფრო აღარ ამოიღებდა ის ხმას და ჩაბრუნდებოდა თავის ნაჭუჭში.
ამიტომ თავისით აპირებდა ყველაფრის გამორკვევას.
შერვაშიძეზე ამოქექავდა რაღაცებს. სახალხო რეგისტრში შეძვრებოდა. აქამდეც გაეკეთებინა, არ გაუჭირდებოდა.
თან ხალხსაც იცნობდა აქა-იქ.
მუცელზე კიდევ ერთხელ, ნაზად მოისვა ხელი, როცა ავტობუსიდან ჩამოაბიჯა.
.
-*-*-*-*-*-*-
ბარბარეს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი იწვა კიდევ, ერთიანად მომჩვარული, ქანცგაწყვეტილი სხეულით. არ იცოდა, რამდენი ხანი იფარავდა მოშიშვლებულ მკერდს მკლავებით, ფეხები მოეკეცა და უბრალოდ ეგდო, პირდაღებული, სუნთქავდა და უსმენდა, თუ როგორ სცემდა ნიკოლოზი ვაკოსა და ტატოს, თან შეუჩერებლად აგინებდა მათ.
-ეს რა სირობა გააკეთეთ, თქვე ყლეებო! რა ყლეობას აპირებდით თურმე! აქამდეც გაგიკეთებიათ? მიპასუხე შე ნაბიჭვარო, გაგიკეთებიათ? – ღრიალებდა ნიკოლოზი. გაუგებარი ლუღლუღი მისწვდა მის ყურებს. – ეგრე არა? ეგრე არა?! ახლოს მოთრეული აღარ გნახოთ, თორემ დაგხოცავთ ორივეს, გასაგებია? ბოზიშვილი ვიყო, თუ ცოცხლად არ დაგმარხოთ, თქვენი სირი დედა მოვტყან…
გმინვა ისმოდა, რასაც კენჭების ხრაშახრუში მოჰყვა. ღია კარი, რომლიდანაც, ბარბარემ ახლაღა გააცნობიერა, ცივი ჰაერი შემოდიოდა და ერთიანად გაოფლილ სხეულზე დაჰკრავდა, ჯახანით მოიხურა და მთელი სხეულით შეხტა გოგონა, ინსტინქტურად წამოიწია. ერთიანად კანკალებდა, ამწვარი კუნთები უხტოდა, და იცოდა, რომ ეს სიცივის ბრალი არ იყო.
მძღოლის კარი გაიღო, და ნიკოლოზი ჩაჯდა სავარძელში. ბარბარემ ძლივს შეისუნთქა პირით, ყვირილისაგან ჩახლეწილი ყელი გაშრობოდა, ერთიანად ეწვოდა. დაბურულ თვალებში გამოხედვა უჭირდა, მოკანკალე ხელებით სასწრაფოდ ჩამოიქაჩა ზემოთ აწეული, გულმკერდში უხერხულად ჩაჭერილი ბიუსტჰალტერი, ზედ ჩამოიწია მაისური, მერე კი შარვალი ამოიქაჩა, რომელიც, საბედნიეროდ, მთლიანად ვერ ჩაეხადათ მისთვის.
შერვაშიძემ სასწრაფოდ დაქოქა მანქანა, ისეთი ძალით დააჭირა ფეხი გაზს, რომ მანქანის საბურავების ღრჭიალის ხმა მისწვდა ბარბარეს ყურებს. ინერციით უკან გადავარდა, გვერდით მიეჯახა სავარძელს, ძლივს წამოჯდა, ფეხები ქვემოთ დაუშვა, აკანკალებულმა.
არც კი იცოდა, რა ეფიქრა. გონებაში მხოლოდ ზუზუნი იყო. გაუგებარი, აუტანელი ზუზუნი, რომელიც თითქოს ფეთქვად, პულსად, ახალ, დაუმორჩილებელ ძალად იქცეოდა, ჩაქუჩივით ურტყამდა თავის ქალაში შიგნიდან. საშინლად ასტკივდა თავი.
ნიკოლოზის მზერას გრძნობდა სარკეში, მაგრამ მისკენ არ იყურებოდა. არ სურდა მისთვის თვალებში ჩაეხედა, არ სურდა, რომ კიდევ ერთხელ ეწვნია დამცირება.
გიჟის სისწრაფით მიჰყავდა შერვაშიძეს მანქანა. სავარძელს უნდა ჩასჭიდებოდა ბარბარე, რომ წამდაუწუმ არ მინარცხებოდა შემოგარენს.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდნილიყო მანქანაში.
ისეთი საზიზღარი, მყრალი სუნი იდგა თითქოს ბარბარეს გარშემო, რომ სუნთქვას უზღუდავდა.
იჯდა გაშტერებული და ვერ გაეგო, თუ რა მოხდა, და ახლა რაღა უნდა გაეკეთებინა.
კინაღამ გააუპატიურეს.
კინაღამ გააუპატიურეს.
კინაღამ…
ბარბარეს გული აერია.
სხეულზე შემოახურა, მზერა დაებინდა.
თითქოს უკეთესად იგრძნო თავი. უაზრო ფორმით.
-გადააყენე. – თქვა მან სასწრაფოდ. თავი ასწია, მზერა უცურავდა თვალწინ, ნიკოლოზის შუშისებრ თვალებს შეეჩეხა სარკეში. – გადააყენე! – დაუყვირა მან და შეაკანკალა, ყელში მოაწვა ნაღველი, ნერწყვი მოადგა პირში.
-ამის დედაც მოვტყან… – მოესმა შერვაშიძის გამწარებული ტონი, და მან წამსვე გადაიყვანა მანქანა გზიდან, მოწყვეტით გააჩერა. ამან უარესად აურია ბარბარეს გული, მანქანის კარს მოეპოტინა და ძლივს გამოაღო, თითქმის გადავარდა მანქანიდან, ორიოდე ნაბიჯის გარბენა ძლივს მოახერხა, რომ მუხლებმა უმტყუნა, იქვე ჩაიკეცა, გაოგნებული. წინ გადაიხარა, ხელებით დაებჯინა მიწას.
გული ისევ ერეოდა, მაგრამ პირამდე არ ამოდიოდა თითქოს. თვალებში ცრემლები მოაწვა, შეაკანკალა. უფრო დასცხა.
სირბილით მოუახლოვდნენ უკნიდან. მთელი სხეულით შეტოკდა ბარბარე.
-არ მოხვიდე! არ შემეხო! – დაიყვირა მან, ძლივს დაატანა ყელს ძალა, სასოწარკვეთილმა. ნაბიჯები წამსვე შედგნენ. ძლივს ამოისუნთქა ბარბარემ. ოდნავ დაუწყნარდა გულისრევის შეგრძნება. მზერა ისევ დაბინდოდა.
მიწაზე იჯდა. წინ ხეივანი იყო. ჩამიჩუმი არ ისმოდა გარშემო, შორს მიმავალი მანქანების შხუილის გარდა.
ნიკოლოზი ქშინავდა.
მუცელზე ხელი მიიდო გოგონამ. საშინელი გემო გასჩენოდა პირში.
-რაღაც მომცეს. რაღაც… დამალევინეს… – თქვა მან. ყვითელი აბი გაახსენდა, მის ყელში გადავარდნილი, საყლაპავში ჩასრიალებული. პირდაღებულმა ძლივს ამოისუნთქა შიშისაგან.
-რას ქვია მოგცეს? – გაისმა უკნიდან, სწრაფად მიუახლოვდნენ ნაბიჯები. ბარბარე შეხტა, როცა ნიკოლოზი მის გვერდით დაეცა მუხლებზე, აკანკალდა, როცა მან მხარში სტაცა ხელი. – რა მოგცეს?! – აღრიალდა ის.
-აბი იყო…. ყვითელი. – წაილუღლუღა ბარბარემ. გონება ებინდებოდა თითქოს, სწორად ვერ ფიქრობდა. აზრებს ვერ იმორჩილებდა. რატომღაც კარგმა, სასიამოვნო გრძნობამ გაუელვა გონებაში, თავზარდაცემულს.
საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებდა თითქოს. მუცელსა და მკერდში ფეთქვას გრძნობდა. აჩქარებულ ფეთქვას.
-შემომხედე. – უთხრა ნიკოლოზმა. ბარბარე არც კი გაინძრა. გაშტერებული მისჩერებოდა მის წინ, ნოტიო მიწაზე დაყრილ ნეშომპალასა და შემოდგომის ფოთლებს, ძლივს რომ არჩევდა მკრთალ ყვითელ სინათლეზე.
მანქანაში მყოფი მკრთალი სინათლე გაახსენდა და მთელი ტანით შეაკანკალა, გული კიდევ ერთხელ აერია.
ვაკოსა და ტატოს საზიზღარი შეხება უფუთფუთებდა სხეულზე.
– შემომხედე! – ხმას აუწია შერვაშიძემ, სახეში სტაცა ხელი და მისკენ შემოატრიალებინა თავი. ბარბარემ დაფეთებული თვალები მიაპყრო მის დაძაბულ, წარბშეკრულ სახეს. ნიკოლოზი ოდნავ გვერდზე გაიწია, სინათლეზე ჩახედა თვალებში, ქუთუთო ჩამოუწია ქვემოთ, მერე კი შუბლსა და ლოყაზე მიადო ხელის ზურგი.
ბარბარეს ნერწყვი მოადგა პირში. კარგი, სასიამოვნო იყო ნიკოლოზის შეხება. სხეული მოემჩვარა.
ხელი ასწია, თითქმის ინსტინქტურად, ნიკოლოზს ფრთხილად მიადო დიდ, თბილ ხელზე თითები.
ახალგაზრდა კაცი თვალებგაფართოებული მიშტერებოდა.
-ექსტაზი მოუციათ. ექსტაზი მოგცეს მაგ დედამოტყნულმა სირებმა… საიდან… ხომ ვუთხარი… – გამოსცრა მან კბილებში, და ბარბარე ძლივს ჩასწვდა მისი სიტყვების მნიშვნელობას. ნიკოლოზმა წარბები შეკრა, გაფაციცებით უყურებდა. – უნდა აღებინო.
-რაა? – წასკდა გოგონას პირიდან. დაფეთებული მიაშტერდა, იმის მიუხედავად, რომ გონებაზე სასიამოვნო ბურუსი ეკვრებოდა.
-თითები გადაიყავი ყელში და წამოაღე! – უთხრა ნიკოლოზმა სწრაფად. – არ ვიცი რამდენი მოგცეს! თან ასე მალე იმოქმედა… უნდა წააღო!
ბარბარე თავზარდაცემული მიაშტერდა.
-არა, მე… – ძლივს ამოთქვა მან, პირს ძლივს ამოძრავებდა. – მე არ შემიძლია….
გააზრებაც ვერ მოასწრო ბარბარემ, რომ ხმადაბლა შეიგინა ნიკოლოზმა, ცალი ხელი კეფაზე სტაცა, მიწისკენ მიაბრუნებინა, მეორე ხელი კი პირში შეუყო.
ყელის ზურგს შეეხო მისი თითები და ბარბარემ იგრძნო, როგორ დაეჭიმა კუნთები ყველგან გულისრევისაგან, როგორ წამოუვიდა თვალებში ცრემლები და პირში ნერწყვი. ნიკოლოზის მკლავს ხელები სტაცა, მისი თითების მოცილება სურდა ყელიდან, მაგრამ ნიკოლოზის ისეთი ძალით ეჭირა, რომ განძრევაც ვერ შეძლო, გამწარებულმა.
მერე კი მთელი სხეული შეუხტა. ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან, მთელი ძალით წინ წამოეწია მხრები, თითქმის გრძნობდა კუჭის მოძრაობას, კუნთების ხლართვას მასში.
შერვაშიძემ პირიდან გამოაცალა თითები და თმა გადაუწია უკან, მაგრად დაიჭირა, მის გვერდით ჩაჩოქილმა, სანამ ბარბარე წინ გადაიხარა, სიცხემ ამოასხა პირში და დაარწყია მიწაზე.
ცხელი ცრემლები უგორავდა თვალებიდან, მთელი ძალით ქოშინებდა ბარბარე, როცა უკან გადაიწია, ერთიანად გასავათებული. საშინელი გემო ჰქონდა პირში.
-გადააფურთხე. – უთხრა ნიკოლოზმა, და ბარბარე გადაიწია, სასწრაფოდ გადააფურთხა. ერთხელ. ორჯერ. ჩამოკიდებული ნერწყვი სახელოთი მოიწმინდა.
ხელი შეუშვა თმიდან შერვაშიძემ, და ცხელი ხელები ასწია გოგონამ, თვალები მოიწმინდა. იჯდა, ამ სუსხში, ახველებდა, პირში საშინელი გემო ედგა და ჯერ კიდევ ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა. გაცხელებულ, ოფლიან სხეულზე შემოჰკრა.
ნიკოლოზი გადახრილიყო, მის ნარწყევს ათვალიერებდა. სიმწრის სიცილი წასკდა ბარბარეს, თვითონაც არ იცოდა, რატომ.
-რას აკეთებ? – ძლივს ამოღერღა მან. ყელი ეწვოდა.
-ყვითელი აბია, კი. – უპასუხა ნიკოლოზმა. – არ შევმცდარვარ.
მობრუნდა, ბარბარეს დააშტერდა. უცნაური მზერა ჰქონდა, თითქოს ელვის სისწრაფით ეცვლებოდა უამრავი გამომეტყველება, რომლებიდანაც ვერცერთს ვერ იჭერდა ბარბარე.
გოგონა თრთოდა, სხეულზე სცხელოდა.
-მცხელა. – წაილუღლუღა მან, ქურთუკი გადაიძრო მხრებიდან.
-აუ ჩემი… გეყოფა. – თქვა ნიკოლოზმა, ფეხზე წამოდგა, ხელი გამოუწოდა. – ადექი, წავიდეთ.
ბარბარემ ხელი მოჰკიდა, მთელი ძალით დაებჯინა, ძლივს წამოდგა ქანცგაწყვეტილ, დაბუჟებულ ფეხებზე. ნიკოლოზმა ხელი მოჰკიდა, იღლიის ქვეშ ამოსდო მკლავი და ბავშვივით წაათრია მანქანისკენ.
მისი ცხელი ქშენა ყურზე ედებოდა ბარბარეს. საფეთქელი მის მხარზე ედო.
ისევ სასიამოვნო საბურველს მოეცვა მისი გონება. კომფორტს, სითბოს, სიამოვნებას გრძნობდა.
შერვაშიძემ მანქანაში შესვა. ღვედი შეუკრა. არ ესიამოვნა მისი მოშორება ბარბარეს.
მძღოლის სავარძელში ჩაჯდა ნიკოლოზი. მანქანა დაძრა, ოდნავ ჩამოსწია ფანჯარა. ცივი ჰაერი შემოიჭრა შიგნით, სასიამოვნოდ მოელამუნა გაცხელებულ სხეულზე.
კენჭების ხრაშახრუში ბორბლების ქვეშ მალევე მიწყდა. ტრასაზე გადავიდნენ. მანქანების ფარებისა და შუქნიშნების სინათლემ თვალი მოსჭრა ბარბარეს ისედაც დაბინდულ მზერას. თავი ოდნავ გვერდით გადაატრიალა. მილული ქუთუთოებიდან უმზერდა შერვაშიძეს.
ნიკოლოზმა წამიერად გამოატრიალა მისკენ მზერა, თვალი თვალში გაუყარა. მერე კი სწრაფად გახედა გზას.
ხიდი გადაკვეთეს. მდინარის შხაპუნი გაიგონა გოგონამ.
ქალაქის ცენტრში შევიდნენ. მანქანა მალევე გადააყენა ნიკოლოზმა, ძრავი გამორთო.
-სად მიდიხარ? – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ. ძარღვები უხურდა. ნიკოლოზმა კარი გამოაღო, წამიერად გამოხედა, მერე კი ისევ აარიდა თვალი.
-იჯექი. – თქვა მან. – მოგიტან რამეს.
გადავიდა, კარი მოაჯახუნა. კარის ჩაკეტვის ხმა მოსწვდა ბარბარეს ყურებს.
მილულული მზერით უყურებდა, თუ როგორ შემოუარა მანქანას ნიკოლოზმა, როგორ გაემართა მარჯვნივ მყოფი პატარა მაღაზიისაკენ.
წამიერად გამოხედა გზაზე მასზე მიშტერებულ ბარბარეს.
გოგონამ ვერც კი გააცნობიერა, რომ იღიმებოდა. სასიამოვნო სითბოს შეეპყრო მისი სხეული კლანჭებში. იჯდა, კმაყოფილებისა და სიამოვნების საბურველი გადაჰკვროდა გონებაზე.
ცოტა ხანი ელოდა. დიდი ხეები აღმართულიყვნენ მის მარჯვნივ. ქუჩაში მანქანები დაქროდნენ, ხალხი დადიოდა.
ყველაფერი ლამაზი, მკვეთრი და ხალასი გახლდათ. წითელ-ყვითელი ფარების ბრწყინვა, მასზე დამატებული შუქნიშნის მწვანე ციალი, თეთრი და ყვითელი ლამპიონების შუქი, ღია ნარინჯისფრად დაკოპლილი კორპუსები.
იჯდა ბარბარე და უყურებდა ღამის სილამაზესა და სიმშვიდეს.
ნიკოლოზი მალე მობრუნდა. მანქანაში ჩაჯდა, კარი მოიხურა. ცელოფნის პარკიდან ამოღებულ ბოთლს თავი მოხსნა, აშიშხინებული მიაწოდა ბარბარეს.
-დალიე, მოგიხდება. – უთხრა მან, დაჟინებით უყურებდა, თუ როგორ მოიყუდა ბარბარემ მორჩილად ბოთლი. ტუჩის კუთხე შეუხტა, როცა ბარბარე მინერალური წყლის გემოზე დაიჭყანა, მაგრამ მაინც დალია ცოტა.
-ჰა, ჭამე. – უთხრა ნიკოლოზმა, რაღაც მოწნული, შაქარმოყრილი ფუნთუშა შეაჩეჩა. ბარბარემ გამოართვა, გემრიელად მოკბიჩა. ეღიმებოდა რატომღაც. აქამდე ვერც კი გაეგო, თუ როგორ მოშიებოდა. მთელი დღე ისე გავიდა, რომ არაფერი ეჭამა.
ნიკოლოზმა ცელოფნის პარკში ჩააწყო ისევ ნივთები, და ბარბარეს ჩაუდო კალთაში. ბარბარეს უყურებდა, გოგონამ გაუღიმა, ლუკმა გადაყლაპა, ტუჩზე იკბინა. ასეთ კარგ ხასიათზე ყოფნა არც ახსოვდა. მთვრალი იყო თითქოს.
-წავიდეთ. – თქვა ბოლოს ნიკოლოზმა, მანქანა დაქოქა, ქუჩაში გაიყვანა.
-სად მივდივართ? – ჰკითხა ბარბარემ, მონარჩენი შაქარი მოილოკა თითებიდან და მეორე ფუნთუშას სწვდა. – სად მიგყავარ?
-კაზინოში. – მიუგო ნიკოლოზმა. – ცოტა ხანი დარჩები იქ.
-ჰმმმ. – ტუჩები შეკრა ბარბარემ, თავი დაუქნია. – კარგი, იყოს ეგრე! ოღონდ სამუშაოდ არა…
შერვაშიძეს ტუჩის კუთხე შეუხტა. თვალები გაქვავებოდა.
-არა, სამუშაოდ არა… – წაიბურტყუნა მან.
-სახლში ვერ წავალ ახლა. – განაგრძო ბარბარემ. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ ლაპარაკობდა, უბრალოდ უნდოდა, რომ რაც პირველი მოაწვებოდა თავში, გამოეშვა გარეთ. – დედა არ არის იქ, მაგრამ… არ მინდა სახლში. სახლში უნდა ვიჯდე და ვიფიქრო, ვიფიქრო, ვიფიქრო, სამსახურზე ვიფიქრო…
-მე მეგონა სამსახური გქონდა. – თქვა უცებ ნიკოლოზმა. ბარბარემ სასწრაფოდ გახედა. სიცილი წასკდა.
-ფული მჭირდებოდა. – გაიღიმა მან. – მევალეები მოგვადგნენ… მეთქი, შევძლებ თქო… დედაჩემი თუ აკეთებს, მე რატომ ვერა? – ბარბარემ თავი გადააქნია, ბოთლი მოიყუდა, წყალი შიშხინით ჩაუვიდა კუჭში. – მაგრამ ის კაცი… ის კაცი რომ შემოვიდა და რომ მივხვდი, რომ… – ბარბარეს სიტყვა გაუწყდა, სიამოვნება გონებას ურევდა, სავარძელში აწრიალდა. – ვერ ვქენი. მხდალი კურდღელივით გამოვიქეცი. – მას სიცილი აუტყდა.
ნიკოლოზი გზას უყურებდა, დაჟინებით.
-ერთ კლიენტს საქორწინო ბეჭედი ეკეთა. – განაგრძო ბარბარემ, გაიხსენდა, თუ როგორ ბრწინავდა ყვითელი ოქრო კაცის არათითზე. კაცის, რომელიც თვალს არ უსწორებდა არავის მეძავთან სექსის შემდეგ. – რატომ ღალატობენ?
-მაგარი ნაბიჭვრები არიან და იმიტომ. ყველა. – მოუჭრა უცებ  შერვაშიძემ. ბარბარემ წარბებაწეულმა გადახედა, მის დაძაბულ პროფილს შეეჩეხა.
-ოჰ? – თქვა გოგონამ. გრძნობდა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. – რატომ?
ნიკოლოზმა არაფერი უპასუხა.
კაზინოს მოციმციმე ნიშნები გამოჩნდა საქარე მინაში.
პირდაპირ შესასვლელთან მიაყენა ნიკოლოზმა მანქანა. ბარბარეს ანიშნა, რომ გადასულიყო, თვითონ სასწრაფოდ გადაძვრა. გოგონამ ძლივს გააღო მძიმე კარი, სავარძლიდან გადაცურდა, მოკანკალე ფეხებს დაებჯინა.
ღამის სიბნელე ჩამოწოლილიყო. წითელი სინათლე გამოდიოდა კაზინოს შავ კედლებში ჩასმული თხელი ფანჯრებიდან. მუსიკის პულსაციას გრძნობდა გოგონა ფეხებში.
ნიკოლოზი მოუახლოვდა. წელზე მკლავი მოხვია და ასწია, მანქანისაგან შორს გაათრია, კარი მიაჯახუნა, მერე კი შესასვლელისაკენ წაიყვანა. გარეთ გამაგრებულმა მცველებმა ერთი თვალი შეავლეს და კარი შეუღეს.
ისევ ის დახუთული, დამყაყებული, უცნაური, მყრალი სურნელის მქონე ჰაერი მოეხვია ბარბარეს, როცა შიგნით შეაბიჯეს.
მერე კი ნიკოლოზმა დარბაზის გვერდისაკენ წაიყვანა. მაგრად ეჭირა წელზე მოხვეული მკლავით, მის სიმძიმეს თითქმის თვითონ იკავებდა.  ბარბარეს უჭირდა აბლანდული, გადაღლილი ფეხების სწორად დადგმა თითქოს.
კარი შეაღო ნიკოლოზმა. წამიერად სიბნელე იდგა, მერე კი კაშკაშა სინათლე აინთო. ბარბარემ თვალებზე ხელი მოიფარა, ძლივს გაარჩია პაწაწინა, დახვეული კიბე, რომელიც ზემოთ ადიოდა.
მერე კი ნიკოლოზი დაიხარა. მუხლების ზემოთ, ბარძაყებთან მოხვია მკლავები და ასწია, ისე, რომ ბარბარეს სხეული კინაღამ მხარზე გადაეკიდა. გოგონა მის მხრებს ჩააფრინდა, ისტერიული სიცილი აუტყდა.
-არაფერს იწონი, გოგო? – თქვა ნიკოლოზმა, კიბეზე ააბიჯა, სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა ზემოთ. ისედაც თავბრუდახვეული ბარბარე, სახეში ჩამოყრილ თმაში ხედავდა, თუ როგორ შორდებოდა ნელ-ნელა იატაკი.
-სად მივდივართ? – იკითხა მან, გასწორებას შეეცადა, უფრო მაგრად ჩაავლო ნიკოლოზს ქურთუკით დაფარულ მხრებში ხელები. სხეული ვერ შეიმაგრა, ყანყალებდა. – არ დაგივარდე ოღონდ… – წაილუღლუღა მან, ღიმილით.
-არ დამივარდები. – უთხრა შერვაშიძემ, უფრო მაგრად მოუჭირა ფეხებზე მკლავები.
ბარბარე მოეშვა, მის მხარზე გადაეკიდა. თავი მის ბეჭზე მიეყრდნო, და ხელებით ზურგზე ჩაფრენოდა მაგრად. სიცხე უვლიდა მთელ სხეულში, ალები ასდიოდა მის მუცელს.
მეორე სართულზე აათრია ნიკოლოზმა. ერთი მკლავი შეუშვა, გასაღების ჩხრიალისა და საკეტის ჩხაკუნის ხმა მოსწვდა ბარბარეს ყურებს.
კარი შეაღო ნიკოლოზმა, შიგნით შეაბიჯა. შუქი წამსვე აინთო და ბარბარე ძლივს წამოიწია, თავი ოდნავ მოატრიალა, რომ ოთახი მოეთვალიერებინა.
მთლიანად დახურული, უფანჯრო ოთახი გახლდათ. პატარა, მაგრამ მყუდრო. მუქი ნაცრისფერი კედლები მთლიანად შიშველი იყო, იატაკზე შავი ხალიჩა ეგო. კედელთან კი დიდი საწოლი დაედგათ.
პირდაპირ საწოლს მიადგა ნიკოლოზი, ზედ დაუშვა ბარბარე.
უდიდესი სიამოვნება იყო გადაღლილი სხეულის გაშლა. ბარბარემ მკლავები ზემოთ აღმართა. ისევ უაზროდ იღიმებოდა, ლოგინზე გადაშლილი.
ნიკოლოზი თავზე ადგა. უსიტყვოდ მიშტერებოდა.
-იყავი აქ. – თქვა მან უცებ და მიბრუნდა.
-სად მიდიხარ? – წამოიწია ბარბარე. ლოგინი სასიამოვნო იყო, მაგრამ სხვა ადამიანის, ნიკოლოზის სითბოსა და შეხებას არ შეედრებოდა, მუცელში რომ ცეცხლს უნთებდა. -დარჩი აქ…
ნიკოლოზი მობრუნდა. წარბები ოდნავ შეეკრა, უცნაური მზერით დაჰყურებდა. შუშისებრი თვალები ჭერიდან მომავალ თეთრ სინათლეს ირეკლავდნენ აჩეჩილი თმის ქვეშ.
-ეგრე მალე აღარ ილაპარაკებ. – თქვა მან. თვალი აარიდა, კარისაკენ გაემართა. ცოტა ხანი ყოყმანობდა ზღურბლზე.
მერე კი გავიდა, კარი ზურგს უკან მოხურა.
ბარბარე ცოტა ხანი გაკვირვებული უყურებდა კარს. ვერ გაეგო, თუ რა მოხდა, თუ რა სჭირდა ნიკოლოზს.
თავი გადააქნია, ქურთუკი გაიძრო და საწოლზე უკეთესად წამოწვა.
ამ ლოგინის კომფორტით დატკბებოდა ამჟამად.
.
.
-*-*-*-*-*-*-10
კარი ზურგს უკან მიიხურა ნიკოლოზმა. ცოტა ხანი იდგა, ფიქრობდა, პირმოკუმული.
ხელისგულებზე დაიხედა. ოდნავ უთრთოდა. გადმოატრიალა, გადაყვლეფილ, გასისხლიანებულ სახსრებს დააშტერდა. საკუთარ სისხლს ტატოსა და ვაკოს სიხლი შერეოდა.
სისუტე იგრძნო მუხლებში, იქვე ჩაჯდა, კარს მიეყუდა, მკლავები მუხლებზე გადაიდო.
ცოტა ხანი უბრალოდ სუნთქავდა, თვალდახუჭული.
ქალი კინაღამ გააუპატიურეს მის მანქანაში. გოგოს ჩახშული ღმუილი გაახსენდა, ღრჭენასავით გაისმა მის გონებაში, ჟრუანტელმა დაურბინა ზურგში უსიამოვნოდ.
ექსტაზი მისცეს. ძალით გადააყლაპეს.
სასტიკად ჰქონდა გაფრთხილებული ისინი ნიკოლოზს, რომ არავითარი ძლიერი ნარკოტიკები არ შემოეტანათ. ძალიან სარისკო იყო უბრალოდ. ამოდენა ფსონს ვერ დადებდა.
იმ ნაბიჭვრებს იმის ტრაკი ჰქონდათ, რომ მისივე მანქანაში ეცადათ გოგოს გაუპატიურება.
ყბები მაგრად შეკრა ნიკოლოზმა, ფეხზე წამოდგა. კარი ზურგსუკან ჩაკეტა, ვერ გარისკავდა ვინმეს აქ ამოსვლას. სწრაფად ჩაირბინა კიბე და მეორე სართულისკენ გაემართა.
მოაჯირთან მდგომ ტახტზე ახალგაზრდები ისხდნენ, სვამდნენ, იცინოდნენ. ერთ-ერთი წამოხტა ნიკოლოზის დანახვაზე, ძვირფასი სასმლის ბოთლის ზურგსუკან დამალვა სცადა. მათ რიგებში, როგორც ყოველთვის, თამთა წამოჭიმულიყო, რომელიც წამსვე წამოიფოფრა მის დანახვისას. ტახტზე გადაწოლილი, ხელში ძვირფასი შამპანურითა და მბრწყინავი სამკაულებით ნებიერი ბავშვის ტიტულს ამართლებდა.
მაგრამ სულ ფეხებზე ეკიდა ნიკოლოზს ეს ამწუთას. მოგვიანებით მიხედავდა ამ ლაწირაკებს.
-სიცოცხლე, მოხვედიიი… – წაიმღერა თამთამ, სავსე, დეკოლტეში  გამოჩენილ მკერდზე გადაისვა ხელი. ნიკოლოზმა დახედა.
გარუჯული, ლამაზი მკერდი ჰქონდა ქალს.
-რესკა სადაა? – იკითხა ნიკოლოზმა, იმ პატარა ვირთხისკენ გადაატრიალა მზერა, ჯერ კიდევ დაფეთებული რომ შეჰყურებდა. სხეულში მუსიკის რიტმი უგუგუნებდა.
ვირთხა უარესად დაფეთდა, დარბაზის შორეული კუთხისაკენ გაიშვირა ხელი. ჩრდილში იჯდა თორნიკე მახათელი, ვიღაც ქალი ჩაესვა კალთაში და ეალერსებოდა.
-ნიკო! – დაუყვირა უყურადღებობით გაკაპასებულმა თამთამ. – სად ხარ ამდენი ხანი? მე საათებია გელი და შენ კიდევ ზედაც არ მიყურებ?! ვინ გგონია თავი?
-სადაც გინდოდა შემომეხედა, კი შემოგხედე. – უპასუხა ნიკოლოზმა, გადაიხარა და ვირთხას ვისკის ბოთლი გამოჰგლიჯა ხელიდან. – ამას მე წავიღებ და კიდევ ერთხელ ამით რომ დაგინახო, ყურებს აგახევ. – შეუღრინა მან ლაწირაკს, რომელიც ერთიანად აკანკალებული მიშტერებოდა.
ნიკოლოზმა ვისკის ბოთლი მოიყუდა, უბოდიშოდ დააიგნორა თამთას ხავილი, თორნიკესაკენ გაემართა. ქალი საკმარისს იკივლებდა, მაგრამ ისე არ დაიმცირებდა თავს, რომ უკან გამოჰკიდებოდა.
თორნიკემ ქალის მხრის იქიდან თვალი ჰკიდა, წარბები ასწია. ნიკოლოზი თავზე დაადგა.
-გაქრი. – უთხრა მისკენ მობრუნებულ, უკმაყოფილო, კაბაშემოტკეცილ ქალს. ქალი წამოდგა, კაბის სალტე შეისწორა, გაღიზიანებული მზერა სტყორცნა ნიკოლოზს.
-ფული ხომ არ გინდა? – ჰკითხა შერვაშიძემ. ქალს დაბურულ, ჩრდილოვან გარემოშიც კი შეეტყო ბრაზისაგან შეწითლება, შებრუნდა, მიაბაკუნებდა თავის ქუსლიან ფეხსაცმელს.
თორნიკემ პირი მოიწმინდა. ზედა სამი ღილი ჩახსნილი ჰქონდა.
-შენ საქმეზე არ უნდა იყო? – ჰკითხა ნიკოლოზმა. თორნიკემ თავი გვერდზე გადახარა. წარბები აზიდა, როცა დაინახა, თუ როგორ მოყლურწა მისმა მეგობარმა ვისკი პირდაპირ.
ნიკოლოზს ვისკი ყინულზე უყვარდა. გაუზავებელი.
-პატარა საქმე იყო. ტატო გააკეთებს. – თქვა თორნიკემ.
ნიკოლოზს სახე მოეღმიჭა, ელვის სისწრაფით დაეშვა მისი მუშტი მათ შორის დამდგარ მაგიდაზე, ხმამაღალი ბრახუნით. გადაყვლეფოდა სახსრები, სისხლი ეცხო.
მახათელი გადმოიხარა, იდაყვებით დაებჯინა მუხლებს.
-რა გჭირს, ტო? – ჰკითხა მან. ნიკოლოზმა ძლივს ამოისუნთქა, ვისკი კიდევე ერთხელ მოიყუდა.
-მაგ დედამოტყნულის სახელი არ გამაგონო, თორემ ჭკუაზე ავიწევი იცოდე. – გააფრთხილა შერვაშიძემ. – და იმ… მეორის კიდე. ეგენი მოსუნული არ დავინახო აქ, თორემ მოვგუდავ.
-ბიჭო, სამი საათი არ გასულხარ… რა, ქნეს რამე? ჩაიჯვეს საქმეში? – ჩაეძია თორნიკე, ხვდებოდა, რომ სხვანაირად ვერ დააცდევინებდა ნიკოლოზს სიტყვას.
-რა საქმე, ბიჭო. – ვისკის ბოთლი აიქნია შერვაშიძემ. თვალები უელავდა, დაძაბული მიშტერებოდა მაგიდას, თითქოს ყველა მისი პრობლემა მასში ჩაგროვებულიყო. – გოგო გააუპატიურეს კინაღამ მანქანაში.
მახათელი შეცბა, უკან გადაიხარა.
სიჩუმე ჩამოვარდა თითქოს, იმის მიუხედავად, რომ მუსიკის გუგუნი იატაკში ფეთქავდა.
-მეღადავები, ტოო? – ძლივს ამოისუნთქა მან. – ვინ?
-ვინ და ის გოგო. სამსახურზე რომ ავიყვანე და რომ არ მოვიდა. – მიუგო ნიკოლოზმა.
-ეგ გოგო საიდან გყავდა მანქანაში? – ჩაეძია თორნიკე. – უპადიეზდებდი, ბიჭო?
-რას ვუპადიეზდებდი, შენ ხომ არ გააფრინე. – მოიღუშა ნიკოლოზი. – საქმეზე მივდიოდი იმ ნაბიჭვრებთან ერთად. ქუჩაში დავინახე და ამომასხა. ისე წამოვიყვანე, ვერ გავიგე, რას ვაკეთებდი.
-მერე, ტო? – ხელები ერთმანეთს გადააჭდო თორნიკემ. დაძაბული მიშტერებოდა.
-მერე არაფერი. პატარა საქმე იყო. გავაჩერე ლორთქიფანიძესთან… ფული უნდა მოეცა. უცებ მოვრჩი. ამათ ალბათ ეგონათ, რომ დიდი საქმე იყო, გახდილი ჰყავდათ თითქმის, რომ მივუსწარი. – ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ მოყლურწა ვისკი, თვალები მოისრისა. – ვცემე და დავყარე ეგ სირები იქ.
გაჩუმდნენ. შორიახლოს წყვილის სიცილისა და დროგამოშვებით კოცნის სველი ხმები ისმოდა.
-ბიჭო, ისე… ზურაბაშვილის გოგო გახსოვს? ზურაბაშვილს დავჭირდით რამდენჯერმე… – გასწორდა მახათელი. ნიკოლოზმა წარბები შეკრა, დაჟინებით დააშტერდა.
-„შეგერგებას“ პატრონის გოგო? – ჰკითხა მან. თორნიკემ თავი დაუქნია. – მერე?
-სულ მოდიოდა ეგ გოგო. – თქვა მახათელმა. – სულ აქ იყო. ერთხელ ძაან მთვრალი იყო და ტატოს გავატანეთ. – თორნიკეს არ გამოჰპარვია, თუ როგორ მოიკუმშა სავარძელში მისი მეგობარი სახელის გაგონებაზე. – იმის მერე ის გოგო აღარ მოსულა. ცოტა ხნის მერე ფული მთხოვა იმან. რაღაცას ვჩალიჩობდიო.
-და შენ დაუჯერე? – წამოიწია ნიკოლოზი. დაჟინებით დაშტერებოდა.
-ყველაფერს ვიფიქრებდი, ტო, და მაგას არა. – თმაში ხელი გადაისვა თორნიკემ. მეგობარს თვალი გაუსწორა.
-ეს გოგო ვინაა? – იკითხა მან.
ნიკოლოზი დაიძაბა.
-არ ვიცი ვინაა. – თქვა მან. – არც მინდა რომ გამიგო. მე თვითონ უნდა მივხვდე.
თორნიკე გაჩუმდა. უსიტყვოდ მიაშტერდა ცოტა ხნით.
-მართლა ბოზია? – ჰკითხა ბოლოს.
ნიკოლოზმა გადმოხედა, მერე კი თვალი აარიდა, ღრმად ამოისუნთქა.
-არ ვიცი. აღარაფერი არ ვიცი. – წაილაპარაკა მან, თითქოს თავისთვის. – აქ მოვიყვანე, ჩემთან. – თქვა ბოლოს.
მახათელს თვალები გაუფართოვდა.
-შენ რა, გაჟიმე, ბიჭო? – დაისისინა მან.
-ეგეთი ყლე გგონივარ? – შეუტია ნიკოლოზმა, ვისკის ბოთლი დაანარცხა მაგიდაზე.
-ყლე კი მგონიხარ, მაგრამ ეგეთიც არა, შე სირო, მაგიტომ გკითხე. – თავი გვერდზე გადახარა თორნიკემ.
-არა! ექსტაზი მისცეს იმ ნაბიჭვრებმა და ჩავკეტე იქ. – მიუგო ნიკოლოზმა. თორნიკე მოიღუშა, წარბები შეკრა.
-ექსტაზი საიდან, ტოო? – თქვა მან. – საიდან მოთხარეს?
-არ ვიცი. – ნიკოლოზმა მუშტი მიიდო პირთან, რაღაცას მიშტერებოდა, შორს. – ყველაფერს უნდა გადავხედო. უეჭველი სადმე გააპარეს ამ სირებმა… შენ გადაიტანე ფული?
-კი, დავანაწილე. – ავტომატურად მიუგო მახათელმა. შეფიქრიანებული ჩანდა.
-რამდენი გამოვიდა?
-ორმოცდაათი.
-მეტი არა, ტოო? – დაუსისინა ნიკოლოზმა. – ონიანებს გავუვლი, ეგ ყლეები სულ ტეხავენ მაგრად…
ორივენი გაჩუმდნენ. ნიკოლოზმა ხელახლა აიტაცა ვისკის ბოთლი და მოიყუდა.
.
-*-*-*-*-*-*-
ბარბარე ძილიდან გამოცურდა, იმის მიუხედავად, რომ თითქოს ეღვიძა. სასიამოვნო, ბნელი ბურუსი, გონებაზე რომ გადაჰკვროდა, მიბნედილი, დაბურული მზერა გამქრალიყო, ძლივს გამოიხედა კარგად თვალებში.
ახურებული სხეული გაციოებოდა.
მაგრამ გულისრევის შეგრძნება ისევ შერჩენოდა ოდნავ.
ძლივს წამოიწია ლოგინზე, სხეული უთრთოდა. ახსოვდა აქ როგორ მოვიდა, თუ როგორ ამოიყვანა ნიკოლოზმა, ხელში აყვანილი, კიბეებზე, თუ როგორ დააწვინა ლოგინზე და როგორ სთხოვა ბარბარემ, რომ არსად წასულიყო.
გოგონამ ძლივს მიიტანა პირთან აკანკალებული ხელი, მაგრად მოიჭირა ტუჩებზე, თითქოს იმ სიტყვების შეჩერებას მოახერხებდა. არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ დასცდა პირიდან, მით უმეტეს ნიკოლოზის მისამართით.
სიგიჟე იყო ეს. აბსოლუტური სიგიჟე.
თითქოს ეიფორიაში იყო. აბის გადაყლაპვის შემდეგ.
ბარბარე შეცბა, თითქოს ახლა წამოუტივტივდა გონებაში კუნჭულში მითრეული, ბარიერზე მფხოჭნავი მოგონება.
ნიკოლოზმა ყელში თითები გადაუყო, რომ მას ის აბი წამოეღო. საჭმელი და მინერალური წყალი უყიდა.
ის მოვარდა, და ტატო და ვაკო სცემა, როცა ისინი…
ბარბარეს მთელი სხეული შეუთრთოლდა, კანკალი დააწყებინა. პირზე მეორე ხელიც იტაცა, გაშტერებული მისჩერებოდა რაღაცას, თავზარდაცემული.
არ სჯეროდა, რომ ეს მოხდა. მისი გაუპატიურება სცადეს.
მისი გაუპატიურება სცადეს და კინაღამ გამოუვიდათ.
მთრთოლვარე მაჯებზე დაიხედა. ერთიანად დალურჯებოდა. ტუჩზე ისეთი ძალით იკბინა, რომ მწვავე ტკივილი იგრძნო. ფეხები და მკლავები, მისთვის წარმოუდგენელ ამტანობითა და ძალით რომ ისროდა, ერთიანად ტეხდა და სტკიოდა დაღლილობისაგან.
თავზარი დაეცა ბარბარეს. თითქოს ვაკოს სიმძიმე დააწვა მთელი ძალით მკერდზე, ვეღარ ამოისუნთქა. თვალთ დაუბნელდა, თმებში ხელები იტაცა და მოიხარა, ალბათ თავდასაცავად, ალბათ იმიტომ, რომ მოულოდნელად გაუცივდა სხეული, ცივმა, სიმწრის ოფლმა დაასხა. ქოშინებდა, ღრმად და სწრაფად.
მთელი სხეულით შეხტა, როცა კარის ჩხაკუნი მოესმა. სუნთქვა შეუწყდა ყელში.
კარი გაიღო. გული ყელში შიშით ამოუხტა ბარბარეს.
ახალგაზრდა კაცმა შემოაბიჯა. ოთახის სინათლეზე გამჭოლი ცისფერი თვალები აუელვარდა. კოხტად შეეკრიჭა წვერი, მკერდი უჩანდა გაღეღილ პერანგში.
ბარბარე აქოშინდა. შიშით მიაშტერდა მას, მთელი სხეულით დაიძაბა.
კაცმა ხელები ასწია. ცალ ხელში ის ცელოფანის პარკი ეჭირა, ბოთლითა და ფუნთუშებით, ნიკოლოზმა რომ უყიდა და მანქანაში რომ დარჩა.
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. – თქვა მან ფრთხილად, მშვიდი ხმით. -თორნიკე ვარ. გახსოვარ?
ბარბარე უსიტყვოდ, უნდობლად მიაშტერდა. თორნიკემ წარბები შეკრა, სიბრალულით უყურებდა. მრისხანება წამოიზარდა გოგონას გაწამებულ გონებაში.
-გინდა რამე?! – დაუყვირა მან, იმის მიუხედავად, რომ პანიკის ზღვარზე იყო. აქედან წასვლა სურდა, თან სასწრაფოდ. – გაეთრიე აქედან!
-საჭმელ-სასმელი ამოგიტანე მხოლოდ. -თორნიკე ნელა, ფრთხილად მოუახლოვდა საწოლს, ბოლოზე დადო ცელოფნის პარკი და უკან დაიწია. ბარბარე თვალებს არც კი ახამხამებდა, ისე შეშტერებოდა.
ასე არ იყო. მუდამ სიმამაცეს იჩენდა მძიმე მომენტებში. გაახსენდა, თუ როგორ გაძარცვეს ნიკოლოზმა და მისმა დამქაშებმა, როგორ თავგამოდებით ცდილობდა საკუთარ თავისა და ანის დაცვას.
ახლა ერთ წვეთ სიმამაცესაც ვერ პოულობდა მის გონებაში. ყველაფერი პანიკურ შიშს შეეპყრო, რომელიც ჰკლავდა ყველანაირ ენერგიას მის სხეულში. სუნთქვას უჩქარებდა, ტვინს ურევდა, ხელებს უკანკალებდა, კიდურებს უმჩვარებდა.
საზიზღრად დაუცველად იგრძნო თავი.
-უნდა წავიდე აქედან. – ამოილუღლუღა მან. ფეხზე წამოდგომა სცადა. – უნდა წავიდე…
-ნიკო მოვა და წაგიყვანს. – მიუგო თორნიკემ. ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
ბარბარე უსიტყვოდ მიაშტერდა. არ ესიამოვნა მისი ნათქვამი, რაღაცამ ცუდად გასწიწკნა მკერდში.
-შენ ვერა? – შეუტია მან თორნიკეს, გამწარებულმა. ბიჭმა ოდნავ გაიღიმა, წარბი ასწია.
-მე უფრო მენდობი თუ ნიკოს? – ჩაეკითხა ის, და წამიერად ბარბარემ სუნთქვა შეწყვიტა. გაოგნებული მიაშტერდა.
ნდობა.
რა მარაზმი იყო ეს. რა აბსოლუტური სისულელე.
ნიკოლოზთან სიტყვა ნდობა არავითარ შემთხვევაში არ ასოცირდებოდა. ნდობა ბრმა და კოჭლი გახლდათ, მისი ინსტინქტისათვის გადაბარება არ ივარგებდა. მყარი ფაქტები უნდა მოჰყოლოდა მას წინ, მისი მეგზური უნდა ყოფილიყო.
ნიკოლოზის მხარეს კი არცერთი მყარი ფაქტი არ იდგა.
„გაგძარცვა. შეურაცხყოფა მოგაყენა. გაგიტაცა. მის გამო კინაღამ გააუპატიურეს.“
კინაღამ. რა საზიზღარი იყო ეს სიტყვა, შეუფერებელი. თითქოს რაღაც დაუმთავრებელი გახლდათ, თითქოს რაღაც აკლდა რამეს იმისათვის, რომ სრული, სრულყოფილი ყოფილიყო.
ბარბარეს გააჟრიალა.
-არცერთს არ გენდობით. – ძლივს ამოიდგა გოგონამ ენა. – ტაქსს გამოვიძახებ და წავალ…
ვის ატყუებდა? ტაქსის ფული არ ჰქონდა. მძღოლის მოტყუებას შეეცდებოდა, რამით შეაცოდებდა თავს. თუ არადა მოშორებით გააჩერებინებდა და გადმოხტებოდა მანქანიდან.
-რა უნდა ნიკოს შენთან? – ჰკითხა თორნიკემ მოულოდნელად, ბარბარეს ჯიბისაკენ წაღებული ხელი გაუშეშდა. ახალგაზრდა კაცი სერიოზულად დაჰყურებდა. ხელები, ცოტა ხნის წინ რომ მშვიდობის ნიშნად აღემართა ზემოთ, ახლა გადაეჯვარედინებინა. მოღუშულიყო.
ზემოდან დაშტერებული მისი გამომეტყველება ვერ აიტანა ბარბარემ. სუნთქვა შეუკრთა, გვერდზე გაიხედა.
-არ ვიცი რა უნდა. – წამოილუღლუღა მან. – მე მისთვის არაფერი დამიშავებია. ის კი ნამდვილი ნაგავია! – ხმას აუწია გამწარებულმა. ბრაზზე სცადა კონცენტრირება. რომ ბრაზობდა, ნიკოლოზზე რომ ბრაზობდა, ტატოს და ვაკოს საზიზღარი შეხება აღარ ახსენდებოდა თითქოს.
-ახლა კარგად მომისმინე, გასაგებია? – მისკენ გადმოიხარა უცებ თორნიკე და ბარბარეს ხრიალი აღმოხდა მოულოდნელობისაგან, დაფეთებული შეაშტერდა. თორნიკეს ყბა მოენგრა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ გაჩერებას არ აპირებდა. – არ ვიცი, რას წარმოადგენ, მაგრამ დამიჯერე, გავიგებ და თუ რამე ცუდად მომხვდება თვალში, სულს ამოგწოვ. შენ აქ ლამაზი სამყარო არ გეგონოს…
ბარბარეს სისხლმა აასხა თვალებში. მზერა დაებინდა, თეთრი სინათლე თითქოს წითლად იქცა, ჭერიდან მომავალი.
-არ მგონია! – იბღავლა მან. ყელი საშინლად სტკიოდა. საკუთარ მყრალ, ჯერ კიდევ ნარწყევის სურნელიან სუნთქვას გრძნობდა. – არაფერი მესაქმება ამ სიბინძურეში! ხომ გითხარი, საჩემო ადგილი არ არის მეთქი! – ბარბარე გამწარდა, ცივი ოფლი ღვარად სდიოდა ზურგზე. – ამიტომ მინდა, რომ აქედან წავიდე, და აღარასოდეს დაგინახოთ ნებისმიერი თქვენგანი! წარმოუდგენლად მეზიზღება აქაურობა, გულს მირევს!
სიჩუმე ჩამოვარდა. მუსიკისა და საკუთარი სისხლის ხრიალი ესმოდა მხოლოდ ბარბარეს ყურებში.
ძლივს სუნთქავდა, გულამოვარდნილი. თვითონაც ვერ გაეგო, რას გრძნობდა.
-ნიკოლას ქალები უყვარს მხოლოდ გასაჟიმად. – თქვა უცებ თორნიკემ. ბარბარეს გააკანკალა, მოღუშული მიაშტერდა. ვერ გაეგო, რატომ ეუბნებოდა ამას. – ეს სპეციალური ოთახია. ამოჰყავს აქ, როცა სექსი უნდა.
ბარბარეს გული აერია. ლოგინს გადახედა, მასზე გადაფარებულ ძვირფას, აბრეშუმის საბანს. ამოდენა გარყვნილებას, ოფლს, სიამოვნებას, მოძრაობას მალავდა ეს ლოგინი.
ფეხზე წამოდგა, ზედ ჯდომა ვეღარ აიტანა. მუხლები უთრთოდა.
-შენ რატომ ამოგიყვანა აქ? – თავი გვერდზე გადახარა თორნიკემ. – ხომ ვერ მეტყვი?
-ანუ გასაიმად თუ არა, რისთვის ვუნდოდი? – მიახალა ბარბარემ, გული გამალებით უცემდა, ვერ გაეგო, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, გონება ერთიანად არეოდა, უბრალოდ სურდა აქედან გაეღწია, სასწრაფოდ. მოშორებოდა ამ საზიზღარ, დასნებოვანებულ ბუნაგს საბოლოოდ და აღარ მობრუნებულიყო.
ყველაფერი დანარჩენი მეორადი გახლდათ.
-თუ ასე კარგად იცნობ, რომ ჰკითხო? – მოუჭრა გოგონამ. – მე სულ ფეხებზე მკიდია…
-არ გკიდია. – გააწყვეტინა თორნიკემ. – შენ…
-მოკეტე! – დაუყვირა ბარბარემ. მოკანკალე ხელები მუშტებად შეკრა, მთელი სხეულით დაიძაბა. მზად იყო ებრძოლა, რომ ამ ოთახიდან, ამ ადგილიდან გაეღწია. – არ მაინტერესებს! აქედან წასვლა მინდა ახლა და მეტი არაფერი!
-წამოდი. – მოისმა ხმა კარიდან და ბარბარე შეხტა, შემცბარმა ზღურბლზე მდგარ ნიკოლოზს გადახედა, რომელიც იდგა, ჩარჩოს მიყუდებოდა ცალი მხარით, თვალთა უპეები ჩაშავებოდა და ამოსიებული უჩანდა.
-ბიჭო, ამდენი ვისკი მოინელე? – ჰკითხა თორნიკემ. ნიკოლოზმა ჩაიფრუტუნა.
-მიცნობ ვაბშე? – ცალი მხარი აიჩეჩა მან, ტუჩის კუთხე შეუთრთოლდა. მერე ბარბარესაკენ მოატრიალა შუშისებრი თვალები. – წამოდი შენ ჩემთან. სახლში წაგიყვან.
ისევ ღრმად, სწრაფად სუნთქავდა ბარბარე. მუშტები მოღრიცა, სახე მოემანჭა.
-შენ გამიტაცე, შე ნაგავო. – თითი მიუშვირა მან ნიკოლოზს, და წამსვე შეკრა ისევ მუშტად, რომ მისი კანკალი არავის დაენახა. სხეულს ძლივს იმორჩილებდა. – არსადაც არ მოგყვები.
ნიკოლოზი ცოტა ხანი უსიტყვოდ მიაშტერდა. თორნიკემ ამოიხვნეშა, სახე მოისრისა. უძილარი ჩანდა.
-აიღე ეგ პარკი და წამომყევი. – თქვა ნიკოლოზმა, თითქოს არ გაეგონა მისი ბოლო სიტყვები.
-შენ დაყრუვდი საერთოდ?! თუ გამოშტერდი?! – ისტერიკულად დაუყვირა ბარბარემ. – არ მოგყვები მეთქი! შენი ბრალია, სულ შენი! შენი ბრალია, იმ ორმა რომ… – გოგონას ხმა შეუწყდა, გონებაში ზღვად წამოვიდა იმ საშინელი, სურრეალურად შემზარავი მომენტის ყოველი კადრი, ყოველი ემოცია. მუხლები მოეკვეთა, ლოგინს დაეყრდნო, რომ არ დაცემულიყო.
თორნიკე მიბრუნდა, ნიკოლოზს მიუახლოვდა, რაღაც გადაულაპარაკა ჩუმად. თვალები დაებინდა ბარბარეს და ახლაღა მიხვდა, რომ ცრემლები მოსწოლოდა მათში.
თორნიკე კარში გავიდა, კიბეს ჩაუყვა.
-სახლში წაგიყვან. – უთხრა მესამედ ნიკოლოზმა, გასწორდა, რაღაცნაირი, ნაღვლიანი მზერით მიშტერებოდა. შუშისებრი თვალები თითქოს აღარ ჰქონდა ისეთი ბოთლისფერი, ისეთი მომწვანო. – წამოდი.
ბარბარე მიაშტერდა ცოტა ხნით. ერთი დიდი, კანკალით სავსე სუნთქვა ამოუშვა, მერე კი პარკი აიღო, ლასლასით მიუახლოვდა ნიკოლოზს, რომელიც მიბრუნებულიყო, კიბეზე ჩადიოდა.
პირველ სართულზე ძლივს ჩააღწია, წამდაუწუმ თავბრუ ეხვეოდა მრგვალ კიბეზე.
გარეთ გავიდნენ. შიგნით სიბნელე, ჩახუთულობა გამეფებულიყო, ხალასი კონტრასტი მოიტანა აღმოსავლეთით ოდნავმა ალიონის შეფერილობამ, ცივმა ჰაერმა, სასიამოვნოდ რომ მოელამუნა ბარბარეს სხეულს.
თენდებოდა.
მანქანა დაქოქა ნიკოლოზმა. ბარბარე მგზავრის სავარძელში ჩაჯდა, ღვედი შეიკრა.
დაიძრნენ. თითქმის ცარიელი იყო ქუჩები. სიბნელე იდგა, გარიჟრაჟის ოდნავი სილურჯე შეჰპარვოდა ცას. მანქანის საათი, წითლად მანათობელი, დილის რვის ნახევარს ამცნობდა.
ქუჩაში მიქროდნენ. ნიკოლოზმა რადიო ჩართო. ვიღაც ცუდად მომღერალის დაგრეხილი ნოტები გადმოიფრქვა სალონში.
ბარბარე გაუნძრევლად იჯდა. ვერ გაეგო, გონება დაცარიელებოდა, ჩამობნელებოდა, თუ უბრალოდ ის სიმძიმე და სიბნელე აწუხებდა, ვაკოსა და ტატოზე ფიქრისას რომ ატყდებოდა თავს.
-სადღაც წავიკითხე… – ჩაილაპარაკა მან, თითქმის თავისთვის, იგრძნო, როგორ გადმოხედა შერვაშიძემ წამიერად. – რომ ან ღმერთია კაცობრიობის შეცდომა, ან…
-კაცობრიობა ღმერთის. – გააწყვეტინა ნიკოლოზმა. ბარბარემ ცარიელი სახით გადახედა. ახალგაზრდა კაცი დაჟინებით მიშტერებოდა გზას. – ნიცშე. – თქვა მან.
სიჩუმე ჩამოვარდა. ცენტრიდან გავიდნენ. სწორ ადგილას შეუხვია ნიკოლოზმა. ჯერ კიდევ ახსოვდა, თუ სად ცხოვრობდა ბარბარე.
-არც ერთია სწორი და არც მეორე. – განაგრძო ნიკოლოზმა. – ახლა შენ სამყარო თავზე ჩამოგექცა. ფიქრობ, რომ ის ორი სირი ღმერთის შეცდომაა. მაგრამ ღმერთს ისინი ეგეთი არ გაუკეთებია. თვითონ წაბილწეს საკუთარი თავი.
-არა. – თქვა ბარბარემ. ცელოფნის პარკს მოუჭირა თითები. – უბრალოდ ვიფიქრე, რომ… თუ ადამიანის ნამდვილი, ფუნდამენტალური, უბარიერო სახე ვნახე… ასეთი ადამიანობა არც მინდა.
შერვაშიძე ჩუმად იყო ცოტა ხანი. რადიოდან მომავალი ჰანგები კიდევ ერთი დამტვრეული ნამღერით შეიცვალა.
-შენ ადამიანი ერთი განზომილება ხომ არ გგონია? – თქვა მან უცებ. – ყველას საძირკველი აქვს. გააჩნია, ზედ დაფეხვილი, მყრალი ქოხი აშენდება თუ სასახლე. შენ ცხოველობა ადამიანობა გგონია? ცხოველები კი ვართ ადამიანები, მაგრამ ცხოველურად არ ვიქცევით. მათნაირი ადამიანი შენ არასოდეს იქნები.
-მე სასახლე ვარ, ესე იგი? – თქვა ბარბარემ. მის თითებში მოიჭმუჭნა ცელოფნის პარკი.
ნიკოლოზს გაეცინა. მერე კი თითქოს რაღაც გაახსენდაო, შეჩერდა, სახე გადაუსწორდა.
იცოდა ბარბარემ, თუ რაზე ფიქრობდა ის. თავი გადაატრიალა.
თავი უარის ნიშნად გააქნია შერვაშიძემ.
სიჩუმე სუფევდა მათ შორის დარჩენილი გზა. ალიონი ნელ-ნელა ზემოთ იწევდა რადიოდან მომავალი დატეხილი ჰანგების ფონზე.
სიმშვიდე იყო.
ნიკოლოზმა კორპუსთან შეუჩერა მანქანა. ბარბარეს მისკენ არ გადაუხედავს, არც მადლობა გადაუხდია. კარი ზურგსუკან მიაჯახუნა და ცელოფნის პარკით ხელში გაემართა კორპუსისკენ. მთელი გზა გრძნობდა ზურგზე შერვაშიძის მზერას.
ლასლასით, ძლივს ავიდა ბინამდე. კარი წვალებით გააღო, ისე დასუსტებოდა ხელები. იმის მიუხედავად, რომ ეძინა წინა ღამეს, ერთი სული ჰქონდა, სანამ დაწვებოდა და დაიძინებდა.
შემოსასვლელში შეაბიჯა, კარი ზურგს უკან მიხურა. დედა ამ დროს გასული უნდა ყოფილიყო.
ქურთუკი გაიძრო, და ფეხსაცმელები კუთხეში მიაგდო.
წელში რომ გასწორდა, შუქი აინთო მისაღებ ოთახში.
დედის სილუეტს წამიერად ენაჩავარდნილი მიაჩერდა ბარბარე.
დედა ნესტოებდაბერილი მიშტერებოდა. ტუჩებზე წასმული პომადა ოდნავ გადაქლექოდა გვერდით, ლოყაზე მოუჩანდა მბრწყინავი სიწითლე. ფეხს აბაკუნებდა, გაღიზიანებული, დეკოლტეში გამოჩენილი სავსე მკერდი უღელავდა.
-ვინ მოგიყვანა? – ჰკითხა მან. – სად ეგდე?
ბარბარე გაქვავდა. თვალი გაუსწორა დედას.
-ნაცნობმა. – თქვა მან, შეეცადა ხმისთვის ბუნებრიობა მიეცა. – სამსახური ვიშოვე და მთელი ღამე ვმუშაობდი.
-სად? – ჩაეძია დედა. – სად?! -აყვირდა ის, როცა ბარბარემ წამსვე არ უპასუხა.
-ერთ კაზინოში. – თქვა ბარბარემ პირველი რამ, რაც თავში მოუვიდა. აღელდა, სუნთქვა აუჩქარდა.
ენაზე იკბინა, ყბები დაეძაბა.
-იმ ბიჭმა მოგიყვანა არა? ძვირიანი მანქანით მოხვედი. – თვალები დაავიწროვა დედამისმა. – იმან, რომ ელოლიავებოდი? მასთან იყავი?
-არა. – უარყო ბარბარემ, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. – შენ რა, მითვალთვალებდი? – შეუყვირა მან. – ახლა რატომ ხარ სახლში?
-იმ ბიჭს აღარ შეხვდე, გასაგებია?! – დაუღრიალა დედამ. ბარბარე შეცბა მოულოდნელობისაგან. გროტესკული ჩანდა დედამისის მოგრეხილი ნაკვთები. გაწეწილი კულულები შეუხტა მოძრაობისაგან. სახე უპრიალებდა და წამიერად შეეზიზღა ბარბარეს.
შიშმა მოიცვა.
-აღარ შეხვდე! შხამია ის ბიჭი! შხამი! მოგშხამავს! – დაუყვირა დედამ, ისე კრთოდა ადგილას, თითქოს სურდა მივარდნილიყო და ერთი მაგრად შეეჯანჯღარებინა.
ქალი შეჩერდა, ისე სწრაფად, როგორც ამოხეთქა. მასაც შიში ჩაუდგა თვალებში.
-იცი შენ ვინაა? – ხმადაბლა ჰკითხა ბარბარემ. გული გამალებით უცემდა. – საიდან იცი?
-ვგრძნობ, დედა, ვგრძნობ! – გულზე ხელი დაირტყა დედამ.
-იცი ვინაა. – გაიმეორა ბარბარემ. – საიდან იცი? საიდან იცი, მითხარი! – ხმას აუწია მან.
ზემოდან ბრახუნი მოისმა.
ვიღაც უკმაყოფილო იყო მათი გაგრძელებული ყვირილით ამ დილაუთენია.
-არაფერი არ ვიცი. – თვალი აარიდა დედამ. – მაგ ბიჭს ჩამოშორდი, თავი დაანებე. მოგშხამავს. – კბილებში გამოსცრა მან და შებრუნდა, მოკანკალე ხელებით მოუკიდა სიგარეტს.
-აივანზე მოწიე. – ავტომატურად უთხრა ბარბარემ, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ ანაღვლებდა ეს ამწუთას. იცოდა, რომ დედას მეტს ვერაფერს დააცდენინებდა.
დედა ცოტა ხანი კანკალით იდგა. არც ერთი არ ინძრეოდა, მათ ძველ, გაცრეცილ შემოსასვლელში.
მერე კი დედა დაიძრა, აივნისაკენ გავიდა. უკან სიგარეტის ქულები დატოვა.
ბარბარე კი იდგა, გაქვავებული.
„შხამი. მოგშხამავს.“ უტრიალებდა გონებაში.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-11
ანიმ სვიტერი შეისწორა მუცელზე. დიდი, განიერი სვიტერი იყო, კარგად უფარავდა ყველაფერს. ძალიან გაუმართლა, რომ ზამთარს დაემთხვა მისი ორსულობის პირველი თვეები. შეეძლო მჯდარიყო ასეთ სვიტრებში, სახლში სქელი გადასაფარებელი მოეხვია და არავინ არაფერს ეტყოდა.
ჩანთის სალტე შეისწორა მხარზე და თავაწეულმა, ამაყად აირბინა საფეხურებზე. კოხტად გათლილი ქვით მოპირკეთებული საფეხურები წვიმას აესრიალებინა.
ფეხი ოდნავ უსტოდა. ნოემბრის ნაშუადღევის სუსხი იდგა, ცა მონაცრისფრო ღრუბლებს დაეფარათ.
იწვიმებდა.
ისე უნდა შეცურებულიყო გიოს კაბინეტში, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექცია.
გარშემო უამრავი ადამიანი ირეოდა. პარლამენტის თეთრი ბოძები აღიმართა მის თვალწინ. კოსტუმებსა და ფორმალურ კაბებში გამოწყობილი ადამიანები დაქროდნენ გარშემო, მათი ხმამაღალი ლაპარაკის, სიცილის, ფეხსაცმლის ბაკუნის მუდმივი ზუზუნი ისმოდა.
შესასვლელში, იქვე გამაგრებულ ჩაფსკვნილ ჯმუხ პოლიციელებთან ერთად, რკინისა და მინისაგან აწყობილი ჯიხურები დაედგათ, რომლებიც შემოწმების შემდეგ უშვებდნენ ხალხს.
ანიმ ღრმად ამოისუნთქა, ჯიხურს მიადგა. შიგნით მჯდარმა ქალმა წარბები ასწია, ინტერესით მოაშტერდა.
-მოწვევა გაქვთ? – ჰკითხა მან. კოხტად გადაევარცხნა მუქი, საფეთქლებთან დახვეული თმა. ყელში ჰალსტუხი წაეჭირა. წინ დადებული კომპიუტერის შუქი უნათებდა სახეს მონაცრისფრო ჰაერში.
-გიორგი ბედიანიძის მოწვევა მაქვს. – მიუგო ანიმ, ნიკაპი აეწია, რომ მაღალზე მჯდომი ქალისათვის გაესწორებინა მზერა. მან წარბი აქაჩა საპასუხოდ.
-პირადობის მოწმობა, თუ შეიძლება. – ხელი გამოუწოდა ქალმა. ანი დაფაცურდა, სასწრაფოდ ამოაძვრინა საფულე და პირადობის მოწმობა ამოიღო, პატარა რკინის კონტეინერში ჩააგდო, რომელიც მინის ქვეშ ჩაედგათ.
ქალმა კონტეინერი მოატრიალა, პირადობის მოწმობა აიღო და დააშტერდა, თვალებმოჭუტულმა, ყურადღებით შეამოწმა რაღაც კომპიუტერში.
-რა არის თქვენი სტუმრობის მიზანი? – თვალები მოჭუტა ქალმა, დაჟინებით გადმოხედა.
-დამწყები ჟურნალისტი ვარ. აქაურობას ვეცნობი. საცდელი ინტერვიუ მაქვს. – სასწრაფოდ უპასუხა ანიმ, მაღალი, მტკიცე ხმით. კისერში ოფლმა დაასხა.
ქალმა თავი გაუქნია, მერე კი პირადობა რკინის კონტეინერში ჩაუგდო, მას ზონარზე ჩამოკიდებული საშვი დაუმატა, ანისაკენ მოატრიალა.
-შებრძანდით, გაუხვიეთ მარჯვნივ, მეორე დერეფანთან მარცხნივ და მეშვიდე კარი გიორგი ბედიანიძისაა. – დაარიგა მან. – საშვი თან გქონდეთ სულ.
ანიმ სასწრაფოდ ამოკრიფა ნივთები, ქალს მადლობის ნიშნად გაუღიმა და შებრუნდა, პოლიციელის მიერ გაღებულ კარში შევარდა. საშვი ჩამოიკიდა ყელზე, პირადობის მოწმობა კი ჩანთაში ჩატენა, გიოს კაბინეტისაკენ გაემართა.
რამდენჯერმე არასწორ ადგილას შეუხვია, იმდენი ადამიანი ტრიალებდა გარშემო, იმდენი რეპორტიორი, დეპუტატი, თუ მინისტრი მიმორბოდა, რომ ანის თავბრუ დაეხვა. აუტანელიარეულობა და გუგუნი სუფევდა დერეფანში.
ძლივს მიაგნო. თვალი შეავლო კარზე გამოკრულ ვერცხლისფერ დაფაზე დაწერილ წარწერას.
„გიორგი ბედიანიძე, მდივანი.“.
მაჟორიტარი დეპუტატის მდივანი იყო გიო.
ბავშვობიდან იცნობდა მას ანი. მასზე საკმაოდ უფროსი იყო გიო, მაგრამ როგორც ეზოში ერთადერთ გოგოს, როგორ დას, ისე ექცეოდა, მუდამ მის გვერდით იდგა. მისი გავლენით გადაწყვიტა ანიმ, რომ ჟურნალისტიკაში ჩაებარებინა და დღემდე არ ენანა ეს გადაწყვეტილება.
გიო უაღრესად გაქნილი იყო. უამრავ ვინმეს იცნობდა, უამრავი რამ იცოდა. ძალიან ძლიერი ორატორი და მოაზროვნე იყო.
ამიტომ ძალიან გააკვირვა ანი იმან, რომ გიო დეპუტატის მდივანი გახდა მხოლოდ, რომ უფრო მაღლა ჩამოკიდებულ ნაყოფს არ მისწვდა. გიორგი ძალიან ამბიციური გახლდათ, უყვარდა, როცა ლიდერობდა, როცა სხვები მის მუჭში იყვნენ მომწყვდეულნი.
მაგრამ ამ პოსტზე, ანიმ შეამჩნია, რომ ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. დეპუტატი, გაბრიელ დარჩია, რომლის მდივანი გახდა გიო, ახალმოსულობის კვალზე უდიდესი პოპულარობით გამოირჩეოდა.
ერთადერთი ახსნა არსებობდა ამისათვის. სხვანაირად მდივნის სტატუსს არ დაჯერდებოდა გიო. მას უკანა პლანზე სურდა მუშაობა იმისათვის, რომ წინა პლანზე ეჭვთა აღძვრის გარეშე ემართა საქმეები.
და კარგადაც გამოსდიოდა.
სიმშვიდე გადაჰკვროდა მუდამ სახეზე, მაგრამ ხანდახან ისეთი სიძლიერით ამოხეთქავდა ხოლმე, რომ ანის ცოტათი ეშინოდა კიდეც მისი.
ეშინოდა, მაგრამ ენდობოდა. თვალდახუჭული ენდობოდა გიოს.
ამიტომ არც კი შეყოვნებულა, წამსვე ჩამოსწია სახელური და ოთახში შეაბიჯა.
მაგიდასთან მჯდომმა, ქაღალდებში ჩაფლულმა გიომ, რომელიც, ცხვირზე შესკუპებულ სათვალეში მთელი კონცენტრაციით მიშტერებოდა დიდი მონიტორის ეკრანს, სწრაფად გამოხედა.
-ძლივს მოხვედი, მეთქი სად დაიკარგა თქო. – ჩაიბუტბუტა მან და ხელი დაუქნია. – შემოდი და დაკეტე კარი, თორემ გამისკდა ყურები.
ანიმ გაიცინა, კარი მიხურა ზურგსუკან. დერეფანში გამართული ზუზუნი ჩაახშო მასიური ხის კარმა.
-გამიგე რამე?- ჰკითხა ანიმ, მაგიდის წინ დამდგარ სკამზე ჩამოჯდა, საბუთები ამოაძვრინა ჩანთიდან.
-გაგიგე რომელია. – წარბი აუწია გიომ, გადაიხარა და უზარმაზარი დასტა გადმოიღო მაგიდაზე დახვავებული უთვალავი საბუთებიდან. – წარმოდგენა არ მაქვს, რაში გჭირდება ეს, მაგრამ… კარგი ქენი, რომ მითხარი, ძაან საკაიფო რამეები ამოვქექე. ერთი-ორი კაცის შეწუხება კი მომიხდა, მაგრამ… – გიოს ცალყბა ღიმილი გამოეხატა სახეზე. – საბოლოოდ მოგვარდა რა. შენ გაარკვიე რამე? აბა დაიკო, გამოიყენე ჩემგან ნასწავლები?
ანიმ დოკუმენტების დასტა დაუდო წინ.
-რეესტრში ვიყავი. – თქვა მან. -შევიპარე, გამოვიპარე. რაღაცები ამოვბეჭდე, რაც საინტერესოდ მომეჩვენა. პირველ შვილს რა მოუვიდა? უბედური შემთხვევაო, გაზეთში ვნახე, მაგრამ…
-უბედური შემთხვევა არა კვახი. – აუქნია ხელი გიომ, სკამში გადაწვა. – კარგად ვერ მოაფარა ხელი მაგ საქმეს. ადრე იყო მაშინ და გაუჭირდა, მინისტრი არ იყო ჯერ… ვიღაც-ვიღაცებმა გააპარეს. რა უბედური შემთხვევა, არსად იყო ის გოგო გასული იმ ღამით. ის ავარია, ვითომ ეს გოგო რომ მოკვდა შიგნით, სულაც არ ემთხვეოდა… ქალაქის მეორე მხარეს იყო. უბრალოდ დრო ემთხვეოდა და შეტენეს. ძვირიანი მანქანა დაიმტვრა, მაგრამ იმოდენა განსხვავება იყო პოლიციისა და მოგვიანებით ექსპერტიზის დასკვნებს შორის, რომ ბრმაც კი შეამჩნევდა… მოკლედ არ მომკვდარა იმ ავარიაში ის გოგო. მოკლეს? ცოცხალია? სხვაგან გადაასახლეს? – გიომ მხრები აიჩეჩა. – არ ვიცი ჯერ ეგ.
-მკვდარია, ჩემი აზრით. – ჩაიბუტბუტა ანიმ, დასტა გადაშალა, გამალებით დაიწყო ძებნა. – მისი ბოლო საპასპორტო ასლი ვნახე… – ახალგაზრდა, მუქთმიანი გოგოს ლამაზ სახეს დააშტერდა ასლზე. – პასპორტს ხუთი წლის წინ გაუვიდა ვადა. იქამდე ყველა დოკუმენტი უკლებლივ არის რეესტრში… პასპორტი კი არ განუახლებიათ.
-ოხ, გისწავლია რაღაცები, დაიკო! – გადაიხარხარა გიომ, ანის თმა აუჩეჩა. ანიმ გაუღიმა, ისევ გოგოს პასპორტის ასლს დახედა.
-ათი წლის წინ მოკვდა. – ჩაილაპარაკა მან თავისთვის. – ახლა ოცდათერთმეტის იქნებოდა.
პასპორტის ასლზე გამოსახული გოგოს გამჭოლი, ნაცრისფერი თვალები, ხვეული შავი თმა და ოდნავი ღიმილი სავსე ტუჩების კუთხეში მის ახალგაზრდობასა და ენერგიაზე მიუთითებდა.
ეს გოგო გარდაიცვალა, ათი წლის წინ.
უკვე ათი წელი იდო მისი ძვლები მიწაში.
ანიმ ღრმად ამოიხვნეშა, თვალი აარიდა მას. ძალიან რეალური ხდებოდა თითქოს ეს შემთხვევა მის თვალებში. სურდა კლინიკურად შეეხედა ამ ყველაფრისათვის, ცივ გონებაზე გაეგო, თუ რა ხდებოდა.
მაგრამ ცივი გონება არ სწვდებოდა პასპორტის ასლზე ასახული ახალგაზრდა ქალის სახეს. ის რაში იყო გარეული? ნუთუ ყველაფერ იმასთან იყო დაკავშირებული, რაც ბარბარეს დასტეხოდა ახლა თავს?
-ჰო, კიდევ, ქალბატონი შერვაშიძე. – გიომ თავი გადააქნია, სათვალის ზემოდან დაჰყურებდა ქაღალდების დასტას, სწრაფად ფურცლავდა. რაღაცას მიაგნო, წინ დაუგდო ანის. – აბა ეს ნახე.
ანიმ წარბები შეკრა, ქაღალდები ახლოს მოიწია, სასწრაფოდ გადაავლო თვალი. საბანკო ტრანზაქციებს წააგავდა. უცნობი ბანკის ლოგო და სახელი ეწერა ზემოთ, ანგარიშის ნომრები და როგორც ჩანდა, ყოველთვიურად გადარიცხული ათი ათასი დოლარი.
-გამოწერილ თანხას იხდიან… უცხოეთში… იტალიაში? – თვალები მოჭუტა გოგონამ, როცა რამდენიმე სიტყვა ეცნო გაუგებარი ნაწერიდან. გიოს ახედა, თვალებგაფართოებულმა. – შერვაშიძეების ვილა იტალიაში?
-დააკვირდი კიდევ. – შეაგულიანა გიომ. ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
ანი მოიღუშა. უფრო მეტი ყურადღებით ჩახედა საბუთებს.
უნდოდა, რომ გიოს წინაშე გამოეჩინა თავი.
მერე კი შეამჩნია. ეს საკმაოდ ძველი გადასახადები იყო. ჩვიდმეტი წლის წინანდელი.
გოგონამ გადაფურცლა საბუთები. წლები აწმყოს უახლოვებოდნენ, მაგრამ თანხა უცვლელი რჩებოდა.
-ანუ… თუ ვილის გადასახადებია… – წაილუღლუღა გოგონამ. – ესე იგი ქალბატონი შერვაშიძე იქ არც წასულა. თორემ თანხა გაიზრდებოდა…
-ბინგო. – თითები გაატკაცუნა გიომ და ხელები გაშალა. – ჭკვიანი გოგო ხარ. ქალბატონი შერვაშიძე არსადაც არ წასულა. აქაა, ჯერ კიდევ.
-სადაა? – წაიწია ცნობისმოყვარეობით აღვსილი ანი. – ეგეც მოკვდა? ისვენებს სადმე? პანსიონატშია? რამე ჭირს?
-ციხეში. – გაუღიმა გიომ. ანის ყბა ჩამოუვარდა, განცვიფრებული მიაშტერდა.
-ოთარ შერვაშიძის ცოლი ციხეშია?! – გაიმეორა გაოგნებულმა. – ანასტასია შერვაშიძე ციხეშია?! შენ საიდან გაიგე?
-დაცვა ჰყავდა ადრე. – გიომ ტუჩები მოპრუწა, სკამი აქეთ-იქით გაატრიალა. – რომ გავიგე, რომ იტალიაში არ იყო, ეგრევე ისინი გამოვძებნე. არაფერი იცოდნენ. მხოლოდ ის მითხრეს, რომ ერთ დღესაც ქმრის მიერ გამოგზავნილი სპეციალური მანქანით გააგზავნეს სადღაც ქალბატონი ანასტასია.
-მერე? იქედან როგორ? – მიაშტერდა ანი. თავისდაუნებურად ამაყობდა ამ კაცით, იმის მიუხედავად, რომ ასეთ ამბავს ისმენდა.
-მერე გავიგე ზუსტი დრო. ადგილსამყოფელი. მანქანას ნომრები კი ჰქონდა, მაგრამ ეგ არ ახსოვდათ. მარკა ახსოვდათ სამაგიეროდ. ძველი სედანი ყოფილა, უბრალოდ უცნაური იყოო, ბატონი შერვაშიძე ასეთს არ ჰკადრებდა თავის ცოლსო, ასე მითხრეს. აი აქ გამოვიჭირე. – გიო იღიმებოდა, აშკარად თავისი შემოქმედებით ტკბებოდა. – მერე სსტვ-ს ჩანაწერები გადავქექე ქალაქში. ერთი -ორი გამოთვლა და… ეგ ქალი ციხეშია, ეჭვიც არ გეპარებოდეს. ცუდ საქმეებში იყო გარეული ახალგაზრდობაში თურმე. ფულს ათეთრებდა. ტონა ჰქონდა შემოსავალი ერთი საცოდავი ბუტიკიდან. არ გაუმართლა, ერთხელ დაიჭირეს. მერე გათხოვდა… თუ შეეტენა, არ ვიცი. ქმარმა გაუჩალიჩა ალბათ მაგრად, ვერ გეტყვი.
ანიმ პირზე ხელი მოისვა, ნერწყვი ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში. გაოგნებული მიაშტერდა. ძნელი იყო ამოდენა ილუზიის ჩამონგრევა მის თვალწინ.
-და ბიჭი? – ამოილუღლუღა მან.
-ბიჭი ქვინსში მართლა მოხვედრილა. – წარბები აზიდა გიომ. – მაგრამ არ წასულა. განასუნი არა აქვს ქვეყნიდან. ახლა დაგრიალებს აქეთ-იქით. მაგაზე გასარკვევი მაქვს კიდევ ამბები.
ანი სკამს მიეყუდა, ღრმად ამოისუნთქა.
-საბუთებს გადავხედავ. – წამოიბუტბუტა მან, გიოს გადახედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა, თავი დაუქნია.
-რად გინდა ეს ყველაფერი? – ჰკითხა მან. – გადატრიალებას ამზადებ? ქვეყნიდან გაპარებისთვის მოვემზადო, თუ რამე?
ანიმ გაიცინა, თავი გადააქნია.
-არა, არაფერი ეგეთი. – თქვა მან.
გიო მიხვდა, რომ აღარაფერს ეტყოდა ანი, ჯერჯერობით მაინც. ამიტომ გაჩუმდა, თავის საქმეს მიუბრუნდა.
ანიმ კი საბუთების ფურცვლა დაიწყო.
.
-*-*-*-*-*-*-
მთელი დღე, ღამე და კიდევ დღე იწვა ბარბარე. მხოლოდ შხაპის მისაღებად, საჭმელად და ტუალეტში გასასვლელად დგებოდა.
არ შიოდა. არც სწყუროდა. არც დაბანა სურდა.
აძალებდა საკუთარ თავს, რადგან იცოდა, რომ მთლად ჩამოიშლებოდა ნაწილებად, რამე ნორმალური რომ არ გაეკეთებინა.
იმდენად არარეალური რამ გადახდა თავს, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ რა იყო ნორმა, რა იყო ჩვეულებრივი რამ. თითქოს მყარე მიწას მოსწყდა, თითქოს ამოატრიალეს, ფეხებით დაჰკიდეს და ახლა გაუგებარი იყო მისთვის, თუ საით იყო სწორი მხარე.
გაშეშებული იწვა. თვალებგაფართოებული შეჰყურებდა ფანჯარაში შემოჭრილ, კედელზე შეჩერებულ ნათელ წერტილს. მზე ნელ-ნელა გადადიოდა, მალე საღამოს სიბნელე მოიცავდა გარემოს.
შუქი უკვე აენთო ბარბარეს ოთახში, იმის მიუხედავად, რომ მზის შუქი ჯერ კიდევ ანათებდა. თვალის მოხუჭვის ეშინოდა, სიბნელის ეშინოდა.
ეშინოდა, რომ ვაკოს საზიზღარი ღიმილი მოელანდებოდა.
ღამე დაესიზმრა, რომ ნიკოლოზი არ მოვიდა. რომ ვაკომ და ტატომ გაასრულეს თავიანთი ამაზრზენი საქმე.
ტკივილს იმდენად ვერ გრძნობდა სიზმარში, იმის  მიუხედავად, რომ იცოდა, უნდა ეგრძნო. მისი მთელი არსება სასოწარკვეთილებას, მრისხანებას, ზიზღსა და დამცირების უსაზღვრო გრძნობებს მოეცვა.
გაუნძრევლად იწვა, გაშტერებული. რომ არ ინძრეოდა, რომ თითქოს აღარ სუნთქავდა და არ ახამხამებდა თვალებს, უფრო ნაკლებად აწვებოდა გონებაში საზიზღარი მოგონებები, საზიზღარი შეხება.
დედამისს არაფერი უთქვამს მისთვის თავიდან. მეორე დღეს, რომ მოსაღამოვდა, შემოუარა. უყვირა, რომ უსაქმურად იწვა მთელი დღე. ჰკითხა, სამსახურში მიდიოდა თუ არა.
-დაღლილი ვარ. – უპასუხა ბარბარემ. ძლივს ლუღლუღებდა. თვალები ეხუჭებოდა. ჩხუბის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
დედა აფორაჯდა. გამწარებული მიაშტერდა, თითქოს თვალებით ერჭობოდა ყელში და გუდავდა. უსიამოვნო იყო მისი მუქი, ბრაზით აღსავსე თვალების შემოხედვა.
-მე არ მომწონს შენი საქციელი. – დაუსისინა მან. – სამსახურებიდან გაგდებენ. ახლა იმ ახალ სამსახურში უნდა მიდიოდე, შენ კიდევ სმენას აცდენ.
-დღეს იქნებ არ მაქვს სმენა… – სარკასტულად გააწყვეტინა ბარბარემ, მაგრამ მისი ხმა გადაფარა დედის ყვირილმა.
-საერთოდ გაფუჭდი! როგორ ვიხადოთ გადასახადები?! – ყვიროდა ის. – როგორ ვიხადოთ ვალები?!
-რომელი ვალები, გიჟური პროცენტით რომ შემოგაძლიეს შენმა კლიენტებმა?! – ვეღარ აიტანა და დაუყვირა ბარბარემ. ლოგინზე წამოიწია, სისხლმა სახეში აასხა. იმოდენა ბრაზი და აგრესია დაგროვებოდა სხეულში, რომ გამოუშვებლად არ ივარგებდა.
-შე თავგასულო გოგო! – იბღავლა დედამ. მისი მოქმედებით განცვიფრებული მიშტერებოდა. არ უყვიროდა ბარბარე დედას. – რას ნიშნავს… შენ გგონია, არჩევანი მქონდა?! მითხარი აბა, სხვა არჩევანი რომ მქონოდა, ამას გავაკეთებდი?!
-გქონდა არჩევანი! – შეუყვირა გამწარებულმა ბარბარემ. – არასწორად აირჩიე! არასწორად!
-არ მქონდა, არჩევანი ილუზიაა და შენ თვითონაც ხვდები ამას. – დაუსისინა გაცოფებულმა დედამ. – ვისი ფულით ჭამდი და სვამდი, მითხარი? ვისი ფული გაჭმევდა? ვისი ფული იხდიდა გადასახადებს? საიდან ვიშოვიდი ამდენს, ასეთ ცოტა ხანში?!
-პირველი არჩევანი ის გქონდა, რომ შენი პირობები მიგეღო და დაჯერებულიყავი ყველაზე უარესს, მეორე კი ის, რომ პასუხისმგებლობა აგეღო თავზე და შეგეცვალა ისინი! – გამწარდა ბარბარე. თავბრუ ეხვეოდა, გული ყელში მოაწვა. უამრავ შხამს ანთხევდა ამწუთას. – შენ კი წუმპეში ჩაგვყარე!
დედას სახე მოენგრა. წინ წამოიწია, ბარბარეს დაუდგა წინ.
ბარბარე ჯიუტად მიშტერებოდა, გონებაში ათასი აზრი მიქროდა ერთად. აბნეულიყო, აფორიაქებულიყო, ფიქრების კოქტეილი უტრიალებდა თავში, სიტყვები ენის წვერზე ედგა, მთელი ტანით კანკალებდა.
მერე კი დედამ ხელი ასწია და ელვის სისწრაფით სილა გააწნა ქალიშვილს.
დარტყმა ძალიან ძლიერი არ იყო. ლოყა აეწვა ბარბარეს. ოღონდ არა აუტანლად.
მაგრამ საკმარისი იყო იმისათვის, რომ შოკში ჩაეგდო. ადგილზე მიეჯაჭვა.
დედისგან შეხება კარგა ხანი იყო, რაც ახსოვდა. მისი ტკბილი სიტყვები, თბილი ჩახუტება, თავსა და ლოყაზე კოცნა, თმაზე მოფერება მამის ხრინწიან, სასიამოვნო ხმასთან ერთად იკარგებოდა მის მოგონებებში. თითქოს მამის სიკვდილი იდგა დროის გამყოფ ბარიერად ბარბარეს გონებაში, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვანაირი დედა იდგა.
მაგრამ ახლა თითქოს კიდევ ერთი ბარიერი მოემატა მის გონებას. დედა ყოველთვის უყვიროდა, ყოველთვის უკმაყოფილო იყო. მაგრამ აქამდე ფიზიკური ძალა არ გამოეყენებინა.
ბარბარე აკანკალდა, მის თავზე წამოყუდებული შავი სილუეტი წარმოუდგა თვალწინ.
დედა ხმამაღლა სუნთქავდა, ლოგინზე მოწყვეტით ჩამოჯდა. ბარბარე ხედავდა, თუ როგორ უთრთოდა მას ხელები.
-უბრალოდ მინდა, რომ წახვიდე და იმუშაო. – ძალაგამოცლილი, უსუსური ჰქონდა დედას ხმა. ასეთ დედას ვერასოდეს ვერ იტანდა ბარბარე, მაგრამ ადრე იმიტომ, რომ დედა მისთვის ყველაფერი იყო. დამცველი, მზრუნველი, მუდამ ბედნიერი და მხიარული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლა ეს უსუსურობა ორპირობად ელანდებოდა ბარბარეს. წარმოუდგენელი იყო მისთვის ადამიანის, რომელმაც დაარტყა, ძალა გამოიყენა მასზე, დაუცველად წარმოდგენა.
ურთიერთშეუსაბამო იყო უბრალოდ.
-მინდა, რომ ცოტა ფული შემოიტანო. – განაგრძო დედამ. – ბევრი არ გაგვაჩნია, ბარბარე, და ამასაც დავკარგავთ. მინდა წახვიდე, იმ კაზინოში თუ სადღაც იმუშაო, ისე, რომ არ გამოგაგდონ, ორი თვე მაინც. მეშინია, რომ… – იგი შეყოყმანდა, ფრჩხილებს ერთმანეთზე ატკაცუნებდა, მათ ჩაჰყურებდა, თავჩაღუნული. – მეშინია, რომ იმ ბიჭს შეხვდები. როცა სამუშაოზე იქნები, მშვიდად ვიქნები მეც.
-რატომ გეშინია, რომ შევხვდები? – დაიჩურჩულა ბარბარემ. – ვინაა, დედა? მითხარი, ვინაა?
დედამ ხმა არ გაიღო. თავი გააქნია. გაწბილებულმა გოგონამ თვალი აარიდა, ყბები მაგრად შეკრა. კედელს მიაშტერდა უსიტყვოდ.
ცოტა ხანი ჩუმად იყვნენ.
დედამ გადმოხედა, გაწითლებულ ლოყაზე მოუხვდა თვალი.
-ძალიან გავბრაზდი. – თქვა მან ჩუმად. – იმიტომ გავბრაზდი, რომ მიყვარხარ და მინდა კარგად იყო.
ბარბარემ აღარაფერი უთხრა. სიცივე ჩაუდგა მუცელში, ლოგინზე გადაცოცდა, ფეხზე წამოდგა.
აქედან უნდა წასულიყო.
ხომ უნდოდა დედამისს, რომ ემუშავა? ჰოდა იმუშავებდა კიდეც.
კარისაკენ გაემართა.
-როცა უყვართ, პატიობენ კიდევაც. – წამოეწია დედის ხმა. – თუ არ აპატიებ, არც გყვარებია.
ხმა უცნაური ჰქონდა. აშკარად საკუთარ თავს გულისხმობდა. თავს აცოდებდა თუ მართლა გულისხმობდა ამ სიტყვებს, მართლა სურდა პატიება, ვერ გაეგო გოგონას.
არ აპირებდა ბარბარე მის ხაფანგში წამოგებას.
-ჰო. ალბათ არც მყვარებია. – თქვა მან, ღვარძლით სავსე ხმით, შემოსასვლელში გააბიჯა, დედის პასუხს არ დალოდებია.
თუმცა ალბათ, რომ დარჩენილიყო, მაინც კარგა ხანს მოუწევდა ლოდინი.
ქურთუკი მოიცვა, ქუდი დაიფარა, თავისი ძველი ჩექმები ამოიცვა ფეხებზე.
სახლიდან გააბიჯა, კარი გამოკეტა.
თითქმის მთლიანად ჩაბნელებულიყო კორპუსი უკვე, სანამ კიბეებზე ჩარბოდა. ოდნავი, თითქმის უკვე გადაწურული მზის სხივები კიაფობდა კედლებში დეკორატიულად გამოჭრილ ოთხკუთხედებში, სულ ქარი და თოვლი რომ შემოიჭრებოდა ხოლმე, სიცივესთან ერთად.
ეზოდან გავიდა, ქუჩას დაუყვა. ათასჯერ ჰქონდა ეს ადგილი გავლილი, ასეთივე სიბნელეში და უფრო გვიანაც, მაგრამ გული ყელში ჰქონდა მოწოლილი, ამ ათასმეერთე ჯერზე. მუშტში მაგრად ეჭირა ჯიბეში ჩაწყობილი გასაღებები. მოსაქნევად მზად იყო.
ცდილობდა სინათლეზე კონცენტრირებულიყო. მზის მონარჩენ სინათლესა და უკვე ანთებული, ქუჩაში კანტიკუნტად გაბნეული, უკვე ანთებული ლამპიონების შუქზე.
მთელი სხეული უკანკალებდა.
ეშინოდა რაღაცის. სიბნელის? გაუგებრობის? მოგონებების?
ვერ გაეგო.
ქუჩის გადაღმა ვიღაც კაცი მოდიოდა. მსუქანი, ხვნეშით, მძიმე პარკი ეჭირა ხელში.
მთელი ძალით დაიძაბა ბარბარე. წარმოიდგინა, რომ ეს კაცი გადმოკვეთდა ქუჩას, თავს დაესხმოდა, მისი უშველებელი სხეულით გოგონას მიაჭყლეტდა მიწაზე და უდიერად წაიღებდა იმას, რაც მისი არ იყო.
სუნთქვა უკანკალებდა ყელში ბარბარეს. სწრაფ-სწრაფად იქცეოდა მის პირთან ცხელი სუნთქვა ორთქლის ქულებად. თავბრუ დაეხვა.
მაგრამ კაცს მისკენ არც კი გამოუხედავს, ისე გააგრძელა გზა. ბარბარემ ძალაუნებურად გააყოლა თვალი, თითქოს ამოწმებდა, რომ ის მართლა მიდიოდა თუ არა.
კანკალებდა ერთიანად. ოფლმა დაასხა.
თავმოტრიალებულმა ქუჩაზე მომავალ შავ მანქანას ჰკიდა თვალი. საქარე მინა დაბურულიყო, ნელა მოდიოდა.
ისევ ის დაჟინებული მზერა იგრძნო სახეზე ბარბარემ და თვალები გაუფართოვდა, ფეხი აერია, ადგილს მიეყინა.
რატომღაც არ შეშინებია.
გაღიზიანდა. გაღიზიანებას დააბრალა მისი აჩქარებული სუნთქვა და გულისცემა.
ისევ ნიკოლოზი…? ნუთუ უთვალთვალებდა? ნუთუ იმდენი ნამუსი არ ჰქონდა, რომ აღარ გამოჰკიდებოდა?
მანქანა მის გვერდით გაჩერდა. ფანჯარა ჩამოსწიეს, და ბარბარემ წარბები შეკრა, გაკვირვებულმა.
თორნიკემ ტუჩის კუთხეები ასწია ზემოთ, მაგრამ თვალებში ღიმილის არაფერი ეტყობოდა.
-ძლივს გამოხვედი. – თქვა მან. – თორემ დავიღალე ამდენი ჯდომით.
-როგორ… შენ საიდან იცი, სად ვცხოვრობ? – შეუტია გაღიზიანებულმა ბარბარემ. – ნიკოლოზმა გითხრა?
თორნიკეს სიცილი წასკდა. თავი გააქნია. ლამპიონების მოყვითალო შუქი ავადმყოფურ სინათლედ ეფინებოდა სახეზე. ის გამჭოლი ცისფერი თვალები ჩაბნელებოდა.
-ნიკოს თქმა არ მჭირდება, რომ მოგძებნო. – თქვა მან, მხრები აიჩეჩა, თავი გვერდზე გადახარა. – რა მოხდა? უკაცრავად და მეძავმა დედაშენმა გამოგაგდო?
ბარბარე მთელი სხეულით დაიჭიმა. გამძვინვარებულმა შეხედა თორნიკეს, რომელიც ისევ უღიმოდა, ვითომ აქაც არაფერიო.
არც უნდა გაჰკვირვებოდა. რა გასაკვირი იყო ის, რომ ესენი მასზე ყველაფერს გამოძებნიდნენ. ბოლოს და ბოლოს, ელენესა და სხვებს თუ არ გაუჭირდათ ბარბარეს დედის სამსახურის გაგება, ამ გაქნილ ბიჭებისათვის, გაუგებარი, ალბათ დანაშაულებრივი საქმეები რომ ჰქონდათ მთელ ქალაქში, ორი წუთის საქმე იქნებოდა ეს.
საშინლად აფრთხობდა ეს ბარბარეს. ის, რომ მისი ცხოვრება ორ წუთში შეიძლებოდა ჩატეულიყო. ზიზღს ჰგვრიდა ეს ფიქრი.
-არ გამოვუგდივარ. – კბილებში გამოსცრა მან. – ვუთხარი, რომ თქვენთან ვმუშაობ. წადი, იმუშავეო და წამოვედი.
-ანუ მოდიხარ ჩვენთან, ბოლოს და ბოლოს? – წარბები ასწია თორნიკემ. – საათში ოცდახუთ ლარს რომ გიხდიდა ნიკო, იცოდი?
ბარბარე შეცბა. თორნიკეს მიაშტერდა ცოტა ხნით.
ოცდახუთ ლარს საათში.
კვირაში თუ ხუთ დღეს იმუშავებდა, ათსაათიან სმენას, ათას ორას ორმოცდაათი ლარი გამოდიოდა.
ხუთი ათასი ლარი თვეში.
-რა… სერიოზულად? – ძლივს ამოთქვა გოგონამ. – სერიოზულად მეუბნები?
-ჰო… რა, იფიქრე გეღადავებოდა? – შეჰღიმა თორნიკემ იმ ცარიელი ღიმილით. ბარბარე დაიძაბა.
ისეთი გამწარებული იყო იმ დღეს, რომ სამსახურზე არც კი უფიქრია. ვერც კი წარმოედგინა, რომ ნიკოლოზისნაირი პიროვნება მას მართლა, სერიოზულად სთავაზობდა სამსახურს.
-ალბათ იმისათვის, რომ გავეჟიმე, არა? – წამოისროლა უცებ, თითქოს ახლაღა გაახსენდა. ნიკაპი მაღლა ასწია, ყველანაირი ეჭვი გაუქრა გონებიდან. – თქვენ ხომ ბოზი გგონივართ!
-სხვათაშორის, სასმელების დატარება, იატაკის მოგვა და მაგიდების გადაწმენდა შედიოდა შენს ვალდებულებებში, მაგრამ გაჟიმვა ალბათ ბონუსი იქნებოდა, – გადაიხარხარა თორნიკემ, საკუთარი ხუმრობით ძალიან კმაყოფილმა.
ბარბარე მიშტერებოდა. სხეულზე მოკიდებული ბრაზის ცეცხლი ერთიანად ჩაუქრა, არ იცოდა, რატომ.
არ ენდობოდა ამ პიროვნებას. არ ენდობოდა ნიკოლოზს. უნდა დარჩენოდა ბრაზი, უნდა დარჩენოდა აუტანელი მძვინვარება, რომლის ალიც ლოკავდა უწყალოდ. ბრაზი აცოცხლებდა, ბრაზი აგრძნობინებდა. ბრაზი მორალურად მაღლა აყენებდა უფრო. ბრაზი იმას ნიშნავდა, რომ მის წინაშე რაღაცაში იყვნენ ისინი დამნაშავენი.
იყვნენ კიდევაც.
უნდობლად მიაჩერდა თორნიკეს, ხმაწართმეული.
-ხომ ეძებ სამსახურს? ჰოდა წამოდი. – წარბები აწკიპა თორნიკემ. – დედაშენს ხომ ჰგონია, რომ კაზინოში მუშაობ? რა იცი, იქნებ გითვალთვალებს? – ახალგაზრდა კაცმა გაიხედ-გამოიხედა, ბარბარე იდგა, უსიტყვოდ მიშტერებოდა. ჭანჭიკები უტრიალებდა თითქოს გონებაში.
-არ გენდობი. – თქვა ბოლოს. თავი გააქნია, მანქანას მოშორდა. ამ კაცს არსადაც არ წაჰყვებოდა. აღარაფერს აღარ დააძალებდნენ, თუ ამის თავიდან აცილებდა შეეძლებოდა. – წადი აქედან. არ მოგყვები.
თორნიკე ჩუმად იყო ცოტა ხანი. უსიტყვოდ მიშტერებოდა, უელავდა ჩაბნელებული თვალები.
-მოდი, მაშინ ნიკოს დავურეკავ, ამოვა და დაგელაპარაკება აქვე. – თქვა მან უცებ და ბარბარე შეცბა, განცვიფრებული მიაშტერდა, უყურებდა, თუ როგორ წაიღო თორნიკემ ჯიბისაკენ ხელი და მობილური ტელეფონი ამოიღო.
-არა! – შეუყვირა გულისცემააჩქარებულმა გოგონამ, წინ წაიწია, თითქოს ხელს სტაცებდა თორნიკეს ტელეფონს და გადაუგდებდა, რაც შეიძლებოდა შორს. ხელები აუთრთოლდა, სისხლი უგუგუნებდა ყურებში. – რას აკეთებ, გაგიჟდი?! რატომ ურეკავ?! არ მინდა თქვენი სამსახური!
-მას ენდობი და იმიტომ ვურეკავ. – თორნიკეს ტელეფონის ეკრანიდან ცისფერი სინათლე მოეფინა სახეზე, მისი გამჭოლი ცისფერი თვალები და კოხტად შეკრეჭილი წვერი გამოჩნდა.
-არ ვენდობი! – დაუყვირა ბარბარემ. სხეული უთრთოდა, ხმა უკანკალებდა. ვერ გაეგო, თუ რა ეფიქრა. მთელი გონებით უარყოფდა თორნიკეს უაზრო, მარაზმულ გამოხტომას. აბსოლუტურად არარეალური იყო ეს ყველაფერი.
-ჩემზე მეტად ხომ ენდობი? – წარბები აზიდა თორნიკემ, საქარე მინაში იყურებოდა, ღიმილით. – ბოლო ბოლო, ტიპმა გაუპატიურებას გადაგარჩინა…
-ის რომ არა, არც კი ეცდებოდნენ! – გამწარდა ბარბარე. მუშტები შეკრა, თითებს ვეღარ გრძნობდა სიცივისაგან. ორთქლის ქულები გაიფანტნენ მის გარშემო, თეთრნი ღამის სიბნელის ფონზე. – სულ მისი ბრალია, რომ მე იქ აღვმოჩნდი! არ მოვეტაცე და…
-ბიჭო! – შესძახა უცებ თორნიკემ, ღიმილით გადმოხედა ენაჩავარდნილ, თავზარდაცემულ ბარბარეს. – ბიჭო პატარა საქმეა თავართქილაძეზე, ამოდი რა…
შორიდანაც კი მოესმა ბარბარეს ნიკოლოზის აწეული ხმა ტელეფონში. თორნიკემ ტუჩის კუთხე ასწია, წარბაწეული უსმენდა.
-გეკაიფები ბიჭო, ეგეთი სირი არ გეგონო… – გაიცინა მან და ბარბარეს გადახედა. – აგერ მყავს. ერთი ღერი არ ჩამოუვარდება თავიდან…
ნიკოლოზის ღრიალი გაისმა ტელეფონში.
თორნიკემ ყურიდან მოიცილა ტელეფონი, ხმამაღალი ხარხარი აუტყდა. ბარბარე ადგილს მიყინული, შეძრწუნებული მიშტერებოდა.
-ათ წუთში ისე იქნება აქ, როგორც დაგიბარებია. – გადმოულაპარაკა მან გოგონას და სიცილი აუტყდა, როცა გაფითრებულმა ბარბარემ უკან დაიწია.
-სად მიდიხარ, ტოო, აქეთ წახვალ, მე დაგხვდები, იქეთ წახვალ ის დაგხვდება, რომ ამოვარდება ახლა ქალაქიდან… – თორნიკე უაღრესად კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავის. თითქმის ბედნიერი მიშტერებოდა. – დაეტიე აქ და ველოდოთ.
ბარბარეს სუნთქვა გაუხშირდა, ყელში დაეჭიმა კუნთები. ადგილს მიყინული იდგა, შემცივნული, სწრაფად იშლებოდა მის გარშემო ორთქლის ქულები.
ლამპიონები ანათებდნენ. ღამე ჩამოწოლილიყო.
ორნი იყვნენ ქუჩაში. სიჩუმე იდგა გარშემო.
რვა წუთში გაისმა მანქანის შხუილისა და საბურავების ღრჭიალის ხმა შორიდან. ბარბარემ წამსვე გაიხედა ქალაქიდან მომავალი გზისაკენ.
შავი მანქანა მოქროდა. მოლაპლაპე. ყვითელი სინათლეები ელვის სისწრაფით, ზოლებად გადასდევდა, ლამპიონებიდან მომავალი.
ბარბარეს უფრო გაუხშირდა სუნთქვა. ერთიანად არეული, აფორიაქებული იდგა და ვერ გაეგო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, საით გატრიალებულიყო, როგორ მოქცეულიყო.
უნდა გაქცეულიყო აქედან აქამდე.
მაგრამ სად? სად? წასასვლელი არსად ჰქონდა.
არადა თითქოს მის გარშემო ღია სივრცე გადაფენილიყო.
„არჩევანი ილუზიაა.“ ყურში ჩაესმა დედის ხმა.
ნიკოლოზმა ღრჭიალით, მოწყვეტით გააჩერა მანქანა მათთან ახლოს, გადმოხტა და ხმამაღალი ბრახუნით მიხურა მანქანის კარი. ყვითელი სინათლე ბრაზისაგან მოგრეხილ სახეზე ეფნებოდა.
-ბიჭო, შენ გამოყლევდი მთლად? – დაუყვირა მან თორნიკეს, რომელიც მომღიმარი იჯდა სალონში, სულაც არ ეტყობოდა აღელვება. – მე შენ რა გითხარი?!
-არაფერი გამირკვევია. – მხრები აიჩეჩა თორნიკემ. – აგერ, შემთხვევით გადავაწყდი შენს გოგოს. ჩამიბარებია აბა, მიხედე! – ახალგაზრდა კაცმა ხელი აუქნია, ისტერიული სიცილი აუვარდა.
რატომღაც სიმწრის სიცილს ჰგავდა.
შერვაშიძემ ბარბარეს გადმოხედა.
ნამგალა მთვარე გამოკიდებულიყო ცაში. ვარსკვლავები ციმციმებდნენ.
.
.
-*-*-*-*-*-*-12
საკუთარი სუნთქვის ორთქლი ეფრქვეოდა სახეში ბარბარეს. ოდნავი, ცივი ნიავი უბერავდა.
სახე ეწვოდა გოგონას, ფეხები და ხელები გაჰყინვოდა. დიდი ქურთუკის ქვეშ უძვრებოდა სიო და შიშველ მუცელზე ელამუნებოდა, მაისურის ქვეშ.
გააჟრჟოლა.
ნიკოლოზი მას დაშტერებოდა.
-წადი შენ, ჩაჯექი. – უთხრა მან, მანქანისაკენ გაატრიალა თავი. – მოვალ და დაგელაპარაკები. – მერე კი ისე მიატრიალა თორნიკესაკენ მზერა, ვითომც აქაც არაფერი.
გაღიზიანებამ შუბლი გაუხურა ბარბარეს. კბილები მაგრად შეკრა მოხურულ პირში, იგრძნო, როგორ აუთამაშდა კუნთები ლოყებში.
-არსადაც არ წავალ. – კბილებში გამოსცრა მან. – მითუმეტეს შენს მანქანაში. მე აქ სამსახურის საშოვნელად გამოვედი.
ნიკოლოზმა მისკენ მოატრიალა გაფართოებული თვალები.
-მე კიდევ გთავაზობ სამსახურს. – ისე ნელა, დინჯად უთხრა მან, თითქოს პატარა ბავშვს უხსნიდა. – მიდი, თორემ აქ მოგვიწევს დალაპარაკება. – თორნიკესკენ სწრაფად გაიხედა მან, მერე კი ისევ ბარბარეს მოუტრიალა ღამის სიბნელეში დაჩრდილული, მოყვითალო თვალები.
ბარბარემ მათ შორის გაიხედა. კუნთები უხტოდა, ისეთი ძალით უნდოდა აქედან გაქცევა.
მაგრამ ხვდებოდა, რომ ვერსადაც ვერ გაიქცეოდა. აქედან თავს ვერ დაიძვრენდა, ჯერჯერობით მაინც.
ამიტომ ღრმად ამოისუნთქა, ნიკოლოზის მანქანისაკენ გაალაჯა. კარი გამოაღო და ჩაჯდა, მგზავრის სავარძელში.
თბილოდა. ღრმად სუნთქავდა ბარბარე, საქარე მინიდან შემოსულ მკრთალ სინათლეს დაშტერებოდა.
ოდნავი ტყავის სურნელი ასდიოდა სალონს. ზუსტად ისეთი, როგორიც იმ ღამეს.
ბარბარეს სუნთქვა გაუხშირდა. ყელში რაღაც უყანყალებდა, მთელი სხეული უთრთოდა. უკან შებრუნების, უკანა სავარძლის დანახვის ისე ეშინოდა, თითქოს იქ რაღაც შავბნელი, მოკვარჩხული, არარეალური, მისი კოშმარებიდან გადმოსული არსება იწვა.
ღრმად ამოისუნთქა ბარბარემ. ცოტაც უნდა გაეძლო. ცოტაც.
გარეთ ნიკოლოზი თორნიკეს უყვიროდა. ხელები გაეშალა, ყელსა და საფეთქელზე დაჰბერვოდა ძარღვები. გააფთრებული ჰქონდა გამომეტყველება, თვალები უელავდა, რამდენჯერმე გადმოხედა ბარბარეს, მისკენ გამოიშვირა ხელი.
თორნიკე ძალინ მშვიდად გამოიყურებოდა. ეტყობოდა, რომ ირონიულადაც უყურებდა ამ ყველაფერს. წყნარად პასუხობდა ნიკოლოზს, მოგრეხილი ღიმილით.
კარგად არ ესმოდა მათი ლაპარაკი ბარბარეს, იმდენად დახშული იყო მანქანის შიდა სივრცე.
არც აინტერესებდა, გულწრფელი რომ ყოფილიყო.
უბრალოდ სურდა წასულიყო და სამსახური ეძებნა. ნუთუ ასეთი გაუგებარი და ძნელი მოთხოვნა იყო ეს?
ნიკოლოზმა ცოტა ხანში შეწყვიტა ღრიალი. გამობრუნდა, ქუჩის გვერდით, ტროტუარზე გადააფურთხა და მანქანისაკენ წამოვიდა. თორნიკე ირონიული ღიმილით წარბებაწეული მიშტერებოდა უკან.
შერვაშიძემ კარი გააღო, სავარძელში ჩაეხეთქა და ხმამაღალი ბრახუნით მოიჯახუნა.
თორნიკემ მანქანა დაქოქა. დაძრა, ქუჩაში გადაიყვანა.
სალონში გამეფებული ჩრდილის მიუხედავად, ბარბარემ მაინც დაინახა მისი ოდნავი, თითქოს სიმწრის ღიმილი, როცა მან შერვაშიძის მანქანას ჩაუქროლა.
დაცარიელდა ქუჩა.
ორნი დარჩნენ მხოლოდ ნიკოლოზის მანქანაში.
ბარბარემ ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩააჭირა ფრჩხილები თითებს. ნერვიულად იქლექდა კანს, ქუდიდან გამოჩრილი თმა არაკომფორტულად ჩაჰფენოდა კისერში.
-რატომ მოხვედი? – ამოღერღა მან, ნიკოლოზისაკენ გააპარა მზერა. შერვაშიძე უკვე უყურებდა, ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. – მის დანარეკზე რატომ მოხვედი?
ნიკოლოზი ჩუმად უყურებდა ცოტა ხანი. სახის მარცხენა მხარეს ეფინებოდა მკრთალი ყვითელი შუქი. მისი შავი ტყავის ქურთუკი ოდნავ ბზინავდა.
-ვუთხარი, რომ შენზე არაფერი გაეგო. – თქვა ბოლოს. – მაგრამ ფეხებზე დაიკიდა.
-მაგიტომ ამოხვედი? -ჩაეძია ბარბარე, დაჟინებით ჩააშტერდა. ნიკოლოზმა თვალი აარიდა, საქარე მინისაკენ მიატრიალა მზერა. – მარტო მაგიტომ? ხომ შეგეძლო რომ სხვა დროს დალაპარაკებოდი ამაზე? – ბარბარეს სწრაფად წასკდა პირიდან სუნთქვა. მთელი სხეულით დაძაბული უყურებდა ახალგაზრდა კაცის პროფილს, თითქოს მასში ამოიკითხავდა კითხვებზე პასუხებს. – რაში გაინტერესებდა, ჩემთან იყო თუ არა… ან საერთოდ რატომ გააფრთხილე?
-არ ვიცი! – შეუყვირა უცებ ნიკოლოზმა, მოელვარე თვალები მისკენ მოატრიალა, სახის ნაკვთები უთრთოდა. – არ ვიცი, გაიგე?!
მისი სუნთქვის ხმა ხმამაღლა ისმოდა სამარისებურ სიჩუმეში.
ბარბარეს ყბა მოენგრა, ისევ საკუთარ ხელებს დააშტერდა, გამალებით რომ იქლექდა ნერვიულობისაგან დაჭმული ფრჩხილებით.
-იმ ღამეს… – დაიწყო უცებ ნიკოლოზმა, ჩუმი, მშვიდი ხმით და ბარბარე დაიძაბა, უფრო სწრაფად დაიწყო კანის ქლექა. – მითხარი, რომ დედაშენი რასაც აკეთებდა, იმას შენც შეძლებდი.
-მახსოვს, რაც გითხარი. – გოგონამ კანკალით ამოისუნთქა. – ვერ შევძელი, ჰო. გული ამერია, კლიენტი რომ შემოვიდა და გახდა დაიწყო. ასე მეგონა, გული წამივიდოდა, ისე საშინლად ვიყავი. გამბედაობა არ მეყო და გამოვიქეცი.
-გამბედაობა იმისთვის გეყო, რომ გამოქცეულიყავი. – თქვა უცებ ნიკოლოზმა და ბარბარემ სასწრაფოდ მიაბრუნა მისკენ თავი, თვალებგაფართოებულმა. ახალგაზრდა კაცი მისკენ არ იყურებოდა. თავი უკან გადაეგდო და რაღაცას მიშტერებოდა, შორს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მაგრამ გუგუნი ატყდა ბარბარეს გონებაში.
გაფაციცებული ფიქრობდა, გაოგნებული მიშტერებოდა. თითქმის არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ მოისმინა შერვაშიძის პირიდან. ნუთუ ბოლოს და ბოლოს აღიარებდა იმას, რომ ბარბარე მეძავი არ იყო?
ნუთუ მორჩა მისი მხრიდან ფულით მანიპულირება, იმის დამტკიცების მცდელობა, რომ ფულზე გაიყიდებოდა, ყველაფრის მიუხედავად?
კითხვის დასმა სურდა ბარბარეს, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ენა მუცელში ჩავარდნოდა, უსასოდ ფართხალებდა თითქოს შიგნით. სიტყვები ენის წვერზე ადგა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა, რაღაც არ აძლევდა მათი წარმოთქმის საშუალებას.
-დედაშენიც ბოზი ყოფილა ესე იგი. – თქვა უცებ ნიკოლოზმა. თავი მისკენ გადმოატრიალა. ბარბარემ უსიტყვოდ ჩახედა თვალებში.
-ანუ… – ძლივს ამოღერღა მან. გული გამალებით უცემდა მკერდში. – ანუ დედაშენი…
-ჰო რა. – თქვა შერვაშიძემ. მკლავი საჭეზე გადადო, ნერვიულად აკაკუნებდა ზედ თითებს. – ბოზი იყო. ყველას უწვებოდა. სულ ნარჩევი, მდიდარი, ახალგაზრდა საყვარლები ჰყავდა. საკმარისი იყო, მამას სახლიდან გაესუნა, რომ ეგრევე მოჰყავდა. შვილებსაც კი არ ერიდებოდა.
ბარბარე გაოგნებული შეჰყურებდა. ძლივს გადაიტანა გამშრალ ყელში ნერწყვი.
-გინახია, დედაშენი როგორ ტყნაურობს უცხო კაცებთან? – უცებ ჩუმად ჰკითხა შერვაშიძემ. გამოხედა, მაგრამ თვალებში არ უყურებდა, სადღაც, მის მხარზე გაეჩერებინა მზერა.
ბარბარეს სუნთქვა შეუკრთა ყელში. იცოდა, რა მოსდევდა ამ კითხვას, იცოდა, თუ რას ეტყოდა შერვაშიძე და ამან შეაძრწუნა.
-არა, არ მინახავს… გაფიქრებაც არ მინდა…. – ამოილუღლუღა საბოლოოდ. არ უნდოდა მოესმინა ის, რასაც ახლა აუცილებლად გაიგონებდა. არ სურდა დაეჯერებინა. – ანუ… ანუ შენ…
-რამდენჯერმე, ჰო. – მიუგო ნიკოლოზმა. – პირველად ათის ვიყავი. საბანი ეფარათ და ვერ გავიგე, რა ხდებოდა. დედაჩემმა დამინახა და დამიყვირა, გადიო. შემეშინდა, მეგონა, რამე დავაშავე. – ჩაიფრუტუნა, სიმწრის სიცილი გამოეხატა სახეზე. – მოგვიანებით მივხვდი, რას აკეთებდნენ. იმის მერე კიდევ რამდენჯერმე დავინახე… კარსაც არ კეტავდა დედაჩემი. თავიდან სული მექავებოდა, ისე მინდოდა მამაჩემისათვის მეთქვა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ იცოდა თვითონაც. იცოდა და არაფერს ამბობდა, არაფერს აკეთებდა. – მას გაეცინა, თავი გადააქნია. – უბრალოდ იდგა მოშორებით და ნებას აძლევდა ცოლს ვიღაც ლაწირაკებთან ეჟიმავა. მაგრად შემრცხვა, მაგისთანა უტრაკო სირის შვილი რომ ვიყავი. მაგრამ ახლა მგონია რომ სულაც არაა უტრაკო სირი… უბრალოდ ჰკიდია.
ნიკოლოზი ცოტა ხანი ჩუმად იყო. ისევ ის სიმწრის ღიმილი შეჰყინვოდა სახეზე. მერე ნელ-ნელა ჩამოერეცხა, ბარბარეს ამოხედა სწრაფად, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი წამოროშა.
-გიყვარს დედაშენი? – ჩუმად ჰკითხა ბარბარემ. ნიკოლოზმა თვალები დაახამხამა, თვალებში უყურებდა დაჟინებით.
ვერ აიტანა გოგონამ მისი მზერა. თვალი აარიდა.
თითქოს ჰაერში გამოკიდებულიყო პასუხი, მაგრამ ხმას არ იღებდა შერვაშიძე.
-დედაჩემმა გამარტყა დღეს. – თქვა ბარბარემ. თვითონაც არ იცოდა, თუ რატომ ამბობდა ამას, მაგრამ რაღაც ძალა მიერეკებოდა, რაღაც უცნაური ენერგია, რომელიც მათ შორის გაჭიმული, რაღაც ახლო, და უშუალო. – მერე მითხრა, რომ რაკი მიბრაზდება, ესე იგი ვუყვარვარ, და თუ არ აპატიებ არც გყვარებია. – გოგონამ თვალები ასწია, ნიკოლოზის მზერას გაუსწორა. – და პირველი, რაც ვიფიქრე… ვიფიქრე, რომ მაშინ არ მყვარებია. – გოგონამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ხელები მოეკრუნჩხა კალთაში.
შერვაშიძე უყურებდა. მშვიდად, გამოზომილად ადიოდ-ჩადიოდა მისი მკერდი სუნთქვისას.
-მე მიყვარდა. – თქვა ბოლოს ჩუმად. – მიყვარდა იმიტომ, რომ სულ ვპატიობდი. თვალს ვხუჭავდი ყველაფერზე. არაფერს ვამბობდი.
-ამიტომ… ამიტომ გინდოდა იმის დამტკიცება, რომ მე მეძავი ვიყავი? – დაიჩურჩულა ბარბარემ. ფიქრები ელვის სისწრაფით მიქროდნენ, პეპლებივით დაფრთხიალებდნენ მის გონებაში, ხელიდან ეცლებოდა თითოეული მათგანი ბარბარეს, როგორც კი მოეპოტინებოდა. ინსტინქტურად ამბობდა ყველაფერს. – ვიცი, რომ… შენ ჩემთან დაწოლა არ გინდოდა. გიკვირდა, რომ ფულზე უარს გეუბნებოდი. გგონია, რომ ნებისმიერი იყიდება?
ნიკოლოზმა წამიერად ხმა არ გაიღო, თითქოს მიჰყინვოდა სავარძელს.
ბარბარეს ისე მიშტერებოდა, თითქოს რაღაც ახალი, უცხო დაენახა.
მერე კი ჯიბეში ჩაიყო ხელი, სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოაძვრინა. სიგარეტი ტუჩებში გაირჭო, სანთებელის ალი მიუტანა ახლოს.
ოდნავ უთრთოდა ხელები. ყბაში კუნთი უხტოდა. ცეცხლის ენის ყვითელი, თბილი სინათლე მოეფინა სახეზე, რომელიც მალევე სიგარეტის ანთებული ბოლოს მწველმა, ნარინჯისფერმა წერტილმა შეცვალა.
-გარეთ მოწიე. – ავტომატურად თქვა ბარბარემ. უსიამოვნოდ გასწიწკნა, დედისათვის ნათქვამი სიტყვები რომ გაიმეორა უნებლიედ.
შერვაშიძემ გადმოხედა, ნაცრისფერი ბოლი ნესტოებიდან გამოუშვა.
მერე მიბრუნდა, ფანჯარა ჩამოსწია, გარეთ გაასუნთქა მორჩენილი ბოლი.
ცივი ჰაერი შემოიჭრა სალონში. ნიკოლოზის სიგარეტის ნაცრისფერი ქულები და ბარბარეს სუნთქვის თეთრი ორთქლი ერთმანეთს შეერია.
-ყველა იყიდება. ყველას რაღაც უნდა. – თქვა ნიკოლოზმა. – საზღვარი აქვს ღირსებას. მორალებს. ეთიკას. მორალსა და სიამაყეს ვერ შეჭამ. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო, მაგრამ… ტალახში ჩაძაღლება არავის სურს.
-ეგრე მხოლოდ უღირსები ამბობენ. – თქვა ბარბარემ. რატომღაც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
ყველა იყიდებოდა? ნუთუ ბარბარესაც ჰქონდა საზღვარი? ნუთუ არსებობდა რაღაც ბარიერი მასშიც კი, რომლის მიღმა აღარ სუფევდა მისი სიამაყე და პრინციპები?
-ღირსება. – შერვაშიძეს გაეცინა. ტუჩებზე მიედო თითები და ეწეოდა, სადღაც, შორს მომზირალი. – ღირსება ბევნაირია. ელემენტარული, მკვლელი ან მოძალადე რომ არ ხარ, ეგეც ღირსებად ითვლება. მარაზმია მაგარი, არა?
ბარბარე გაჩუმდა. არ იცოდა რა ეპასუხა.
-დედაშენს რა მოუვიდა? – დაიჩურჩულა მან. გულწრფელად აინტერესებდა. რაღაცნაირ შეგრძნებას აევსო თითქოს ერთიანად, პირამდე, ცოტაც და გადმოხეთქავდა. წნევას გრძნობდა შიგნიდან, მკერდის ძვალზე.
-მოკვდა. – თქვა ნიკოლოზმა. ძლიერი, გრძელი ნაფაზი დაარტყა. ნარინჯისფერი წერტილი აელვარდა მანქანის ჩრდილში.
ბარბარე წამიერად გაჩუმდა. უცხო სევდა ჩაუდგა სხეულში.
-ჰმ… უკეთესია ასე? – იკითხა მან, თავისდაუნებურად.
ნიკოლოზმა გაასუნთქა ბოლი. სიგარეტი თითებს შორის დაიჭირა, დაფერფლა და გამოხედა.
-არა. – თქვა ბოლოს.
ღია ფანჯარაში რაღაცის შორეული გუგუნი ისმოდა. აღმოსავლეთიდან დიდი, ნაცრისფერი ღრუბლები მოცურავდნენ, უკვე საქარე მინაში გამოჩენილი ვარსკვლავები გადაეფარათ. ნამგალა მთვარე ჯერ კიდევ ბრწინავდა ღამის კუნაპეტში.
სადღაც, გვერდით მინდორში, თითქოს სასწაულებრივად, ჭრიჭინების ჭრიჭინი ისმოდა.
-კაზინოში გთავაზობ სამსახურს. – თქვა უცებ ნიკოლოზმა. – რვასაათიანი სმენა იქნება. მაგიდებს დაწმინდავ, იატაკს მოგვი, სასმელებს ჩამოატარებ. კვირაში ექვსჯერ. საათში ოცდახუთი ლარი. რას იტყვი?
ბარბარე მიაშტერდა. გული გამალებით უცემდა.
-რატომ? – თქვა მან. ნიკოლოზმა წარბები ასწია. ოდნავმა ღიმილმა შეუკრთო ტუჩის კუთხე.
-თუ არ გაწყობს, იატაკის მოგვას და ათ ლარს ჩამოვაკლებ. – გაიღიმა მან. ბარბარემ თავი გადააქნია, ხელებს იმტვრევდა.
-რატომ გინდა, რომ სამსახურში ამიყვანო? – ჰკითხა მან. გაფაციცებით ჩაჰყურებდა ნიკოლოზს შუშისებრ თვალებში. – თან ასეთ მსუბუქ სამუშაოზე, ასეთი კარგი ანაზღაურებით? რატომ?
-ვალებს არ ვიტოვებ და იმიტომ. – უპასუხა ნიკოლოზმა. მარჯვენა ხელი ასწია, შავი ქურთუკით დაფარულ მხარზე მოისვა.
ბარბარემ ოდნავ დააქნია თავი.
აბსურდი იყო მთელი სიტუაცია. წარმოუდგენელი, გაუგებარი, არარეალური აბსურდი, რომელსაც თავის ხახაში ჩაეთრია ბარბარე და გამოშვებას არ აპირებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა დაეძვრინა თავი აქედან.
-მოვიფიქრებ. – თქვა ბოლოს.
ნიკოლოზს გაეცინა.
-კარგი, მოიფიქრე. მე დაგელოდები. – თქვა მან, ბოლო ნაფაზი დაარტყა, ღრმად ჩაისუნთქა და გამოისუნთქა ბოლი, რომელიც სიბნელეში გაიფანტა.
-როგორც ორი კვირა მელოდე? – ჩაეკითხა ბარბარე. გამალებით სუნთქავდა, რაღაცნაირ, მწარე ღიმილს ებრძოდა.
არაფერი უპასუხა ნიკოლოზმა, გაქვავდა, თვალები გაუშტერდა.
წვიმის პაწაწინა წვეთები წამოვიდა. მანქანის საქარე მინას დაეცნენ წკაპუნით.
ნიკოლოზმა აბოლებული ნამწვი მოისროლა ქუჩაში. ფანჯარა ასწია, ისე, რომ ოდნავი ღრიჭო დარჩენილიყო.
ორ წუთს არ გაევლო, რომ თავსხმა წვიმა წამოვიდა. შხაპუნისა და შიშინის ხმა მკვეთრად ისმოდა სალონში.
-კარგი სუნი აქვს წვიმას. – თქვა უცებ ნიკოლოზმა. მომჩვარული იჯდა, დაძაბული, დაძარღვული ხელები მუხლებზე ეწყო. უბრალოდ იჯდა, წვიმას უყურებდა, რომელიც საქარე მინაზე გორავდა.
-პეტრიქორი. – დაიჩურჩულა ბარბარემ. წვიმის შიშინის, ამ ხმით მოტანილი სიმშვიდის დარღვევა არ სურდა საკუთარი ხმით.
-რა? – ჩაეკითხა ნიკოლოზი. ბარბარე მის მზერას გრძნობდა, მაგრამ არ მიბრუნებულა.
-პეტრიქორი. წვიმის სუნი. – თქვა მან. ღრმად შეისუნთქა. ფილტვები გაბერა.
ისევ გრძნობდა შერვაშიძის მზერას.
თვალები დახუჭა.
გარეთ წვიმა შხაპუნებდა.
.
-*-*-*-*-*-*-
კიბეებზე აირბინა ბიჭმა. ძვირფასი, სპარსული სტილის ხალიჩით დაეფარათ მუდამ მოპრიალებული, მბრწყინვალე საფეხურები. მაღალი, მოჩუქურთმებულ სახელურიანი კიბე მეორე სართულის დიდ დერეფანში გადიოდა.
კედელზე მდიდრული, ყვითელი, უამრავი დეტალის მქონე შპალერი გაეკრათ. რუდუნებით, ნაკეცებად დაეწყოთ მოსამსახურეებს გადაწეული ფარდების ბოლოები, იატაკს რომ ეხებოდა.
ბიჭმა სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა დერეფანი. შეწუხებული გამომეტყველება ეხატა სახეზე, აფორიაქებული იყო. გული ყელში მოსწოლოდა.
ერთ-ერთ კარს მიადგა. მაღალს, მდიდრულს. მასიური ხისგან დამზადებულს.
ზედ დააკაკუნა, და ფრთხილად შეაღო.
-ელენე? – დაუძახა მან, ოთახში მიმოიხედა. ელენეს ლოგინი გასწორებული იყო, ფარდები გადაეწიათ, მინებიდან მთვარის შუქი იღვრებოდა. კედლები ნახატებს დაეფარათ, კუთხეში მიმდგარ საწერ მაგიდაზე კი ლამპის შუქი ენთო, რომელიც იქვე მიმოყრილ უამრავ ქაღალდსა და გადაშლილ წიგნებს ანათებდა.
გვიანობამდე მეცადინეობდა ალბათ ისევ ელენე.
სააბაზანოს კარის ქვეშიდან, ღრიჭოში სინათლე მოჩანდა. ბიჭმა ოთახში შეაბიჯა, სააბაზანოს კარს მიუახლოვდა, ზედ მიაკაკუნა.
-ელენე, საჭმელად არ მოდიხარ? – გასძახა მან, დის პასუხს დაელოდა გამალებით. წარბები შეკრა, გაკვირვებულმა, როცა ელენემ პასუხი არ გასცა.
-არ ჩამოსულხარ სადილზე, არ გშია? – დაიყვირა მან, უფრო ხმამაღლა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ელენეს პირველ ჯერზეც კარგად უნდა გაეგონა მისი ხმა.
ცივმა ოფლმა დაასხა.
-ელენე! გესმის?! – დაუყვირა მან კიდევ ერთხელ.
სიჩუმე. სამარისებური. მხოლოდ ონკანი წვეთავდა. წვეთების წკაპუნის ხმაღა ისმოდა.
ბიჭს შიშმა დაუარა მთელ სხეულში. საზიზღარმა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში. რაღაც ცუდს გრძნობდა თითქოს.
აფორიაქდა, მაგრად დააბრახუნა კარზე, ზედ აეკრო, სუნთქვაშეკრული.
-ელენე! ელენე! დაგეძინა?! ელენე!! – დაიღრიალა მან. საზიზღარმა აზრებმა გაუელვა.
ნუთუ აბაზანაში იყო და ჩამოეძინა შიგნით? ნუთუ წყლის ქვეშ ჩაცურდა და ჩაიხრჩო? ნუთუ გულწასული ეგდო, ნუთუ კიდევ ერთი პანიკის შეტევა ჰქონდა?
თავზარი დაეცა ბიჭს.
სახელურს ეცა, მთელი ძალით ჩამოჰქაჩა.
კარი ღია იყო.
შიგნით შევარდა ბიჭი, ერთიანად აკანკალებული.
პირველი, რაც ეცა, ლითონური სურნელი იყო, რომელსაც მთელი სააბაზანო გაეჟღინთა.
მუდამ წკრიალებდა ელენეს თეთრში გადაწყვეტილი სააბაზანო. კოხტად მოეპირკეთებინათ, ძვირფასი, თეთრი ფილებით.
ალბათ ამიტომ იყო სპეტაკი თეთრის ფონზე წითლით სავსე, თითქოს უადგილოდ, თეთრი აბაზანა.
შიგნით ელენე იწვა. თავი კიდეზე გადაედო, სველი თმა უსწორმასწოროდ გასწეწოდა, კედელს, აბაზანას, წითელ წყალს მიჰკვროდა. ცარიელი ნაცრისფერი თვალებით მიშტერებოდა იატაკს. ერთიანად გაფითრებულიყო, აბაზანის სითეთრეს ერწყმოდა.
ბიჭი ღრიალებდა.
ღრიალებდა და ამას ვერ აცნობიერებდა, თავზარდაცემული.
დას მივარდა, სახეში სტაცა ხელები, მოშვებულ, ჩამქრალ ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა, მერე კი მხარზე სტაცა თითები, მისი ამოწევა სცადა წითელი წყლიდან.
-ელენე! რა გააკეთე, გოგო, რა! – ბღაოდა სასოწარკვეთილი, დას იღლიებქვეშ ამოსდო ხელები, მაისური და მკლავები წითლად შეეღება. გამწარებული, ჭკუადაკარგული დის დამძიმებული, ცივი სხეულის სიწითლიდან ამოქაჩვას ცდილობდა.
სიწითლე სპეტაკ იატაკზე დაიღვარა.
ბრახუნი ისმოდა ქვემოდან. ვიღაც ამორბოდა კიბეებზე.
-დედა! – ღრიალებდა ბიჭი და დის გარდაცვლილ სხეულს იხუტებდა გულში, თითქოს რამენაირად მის შენარჩუნებას შეძლებდა. – დედა, დედა, დედააა…..
აბაზანიდან გადმოვარდნილ წინამკლავებზე გრძელი, ღრმა ნაიარევები უჩანდა ელენეს.
ბიჭი ძლივს სუნთქავდა, აბაზანის წინ დაენარცხა, ქანცგაწყვეტილი, მთელი ძალით ჩასჭიდებოდა დას.
კარებში გაჩერდა ვიღაც.
მამის სასოწარკვეთილმა ბღავილმა შეარყია სახლი, რომელიც ბიჭის გაბმულ ტირილს შეერწყა.
მამის ნაბიჯებს ფეხდაფეხ მოჰყვა დედა.
საზიზღარი ღამე ჩამოწოლილიყო.
გარეთ წვიმდა.
.

.

-*-*-*-*-*-*-13
ცა ჩამოვიდა მიწაზე იმ ღამეს თითქოს.
კოკისპირულად ასხამდა მთელი საათი, სანამ ნიკოლოზი და ბარბარე მანქანაში ისხდნენ, თითქოსდა მიტოვებულ, ცარიელ ქუჩაში.
როცა გადაკარება დაიწყო, ბარბარე მიუბრუნდა, უთხრა, რომ თანხმდებოდა. უთხრა, რომ დაიწყებდა, დღესვე.
მანქანა დაქოქა ნიკოლოზმა, ქუჩაში გადაიყვანა, კაზინოსაკენ გაემართა.
უცნაურად ბრწყინავდა და ბზინავდა გარემო, წვიმის შემდეგ.
ჰაერში პეტრიქორი ტრიალებდა, დამამშვიდებელი იყო.
ცეცხლი დაენთო თითქოს წვიმისაგან სველ გზაზე შიგნით არეკლილ, ლამპიონების ყვითელ სინათლეს, ისინი კი ალში მიქროდნენ.
იმ ღამესვე დაიწყო მუშაობა ბარბარემ. წინსაფარი მისცეს, და პატარა ნიშანი, კაზინოს ლოგოთი, მკერდზე მისამაგრებლად, იმის ნიშნად რომ აქ მუშაობდა. ღამის პირველ ნახევარში მიმოყრილი ნაგავი უნდა აელაგებინა, მერე კი სასმელები ჩამოეტარებინა, ჭიქები ბარში მიეტანა შესავსებად, შიგადაშიგ მაგიდები ეწმინდა, ღამის ბოლოსკენ და გამოეგავა იქაურობა. მის გარდა ორი გოგო მუშაობდა კიდევ.
მთელი ღამე ისე იმუშავა, რომ მუხლი არ ჩაუხრია. უნდობლად უყურებდნენ კოლეგები, ერთ-ერთი გოგო, რომელიც აშკარად სტაჟიანი იყო აქ და ზედამხედველის ჩინს ითავსებდა, მუდამ შენიშვნებს აძლევდა, ნამუშევარს უწუნებდა. ცდილობდა ბარბარე, რომ მათთვის ყურადღება არ მიექცია. ყველანი ძალიან ენერგიულები ჩანდნენ, ალბათ მიჩვეულნი იყვნენ ღამე მუშაობას, დღისით კი ისვენებდნენ.
ღამის ბოლოსკენ უკვე ადრენალინზე მუშაობდა ბარბარე. თვალებს ძლივს ახელდა, მაგრამ თავს აძალებდა. მთელი დღე საშინლად დამთრგუნველი და სტრესით აღსავსე ჰქონდა, რასაც ღამის თეთრად გათენება დაემატა.
მუსიკა ისე აეწიათ, ისეთი ძალით თრთოდა კედლებში, რომ ჩაქუჩივით ურტყამდა საფეთქლებში. თავი საშინლად სტკიოდა.
მაგრამ დაჩივლებას და დაწუწუნებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა, არც ჰქონდა ამის უფლება. ხვდებოდა, რომ საუკეთესო შესაძლებლობა იყო, რაც კი ოდესმე მოსცემოდა. აქ სამი-ოთხი თვე რომ მაინც ემუშავა, საკმარისად ააგროვებდა ფულს იმისათვის, რომ მევალეები გაესტუმრებინა, გადასახადები გადაეხადა, და ბანკის ვალის დაფარვა დაეწყო.
და რომ ბოლოს და ბოლოს, დედის შემაწუხებელი საყვედურები აეცილებინა თავიდან. მასზე ფიქრი აღარ სურდა ბარბარეს.
ირონიული იყო ეს ყველაფერი. რატომღაც გაეღიმა, ტუჩების ოდნავი შეტოკებითა და ცარიელი თვალებით, როცა ღამის ბოლოსკენ მაგიდების შორის იატაკს გვიდა, ნაგავს იღებდა და მოშორებით მოღრიალე ახალგაზრდების გაუთავებელ სმასა და ხალისს უსმენდა. ირონიული იყო ძალიან, რომ ახლაც  იგივეს ფიქრობდა, როგორც მაშინ, როცა ნიკოლოზმა ფული შემოაძლია მასთან სექსისათვის.
და იმის მიუხედავად, რომ ასეთ სამუშაოს შეჩვეული იყო, რაღაც უარს ამბობდა მასში ამ ყველაფერზე. რაღაც უყვიროდა, რომ ნიკოლოზისაგან მიღებული ნებისმიერი ფული ბინძური იყო და ხელი არ უნდა დაეკარებინა მისთვის, თორემ წაიბილწებოდა.
თუმცა, ნებისმიერი ფული ბინძური იყო. სუფთა რომ ყოფილიყო, არც არავის ენდომებოდა.
რამდენჯერმე მოუახლოვდნენ ვიღაც კაცები. ეფლირტავებოდნენ. ფულს აჩეჩებდნენ, შამპანურის დალევას სთხოვდნენ მათთან ერთად.
ყოველ ჯერზე ზარავდა ბარბარეს მათი საქციელი. ყოველ ჯერზე თვალებში უბნელდებოდა, თითქოს რაღაც დიდი, და საშინელი იღვიძებდა მასში, წამოჰყოფდა თავის მოკრუნჩხულ, ბნელ თავს და საკუთარი, ბნელი, ამღვრეული მზერით იყურებოდა ბარბარეს თვალებში.
აკანკალდებოდა, შიშით მიაშტერდებოდა მათ. მათაც ჰბეზრდებოდათ მისი თითქოსდა ურეაქციობა, და მიდიოდნენ, მოსცილდებოდნენ.
მაშინღა შეეძლო ბარბარეს წესიერად სუნთქვა.
მაშინღა ჩასწევდა მასში გაჩენილი სიბნელე ქვემოთ თავს.
ნიკოლოზი მთელი ღამე არ გამოჩენილიყო. არც ქვემოთ, არც ზემოთ, არც თორნიკე და სხვა კაცები ჩანდნენ. მხოლოდ ახალგაზრდები, და სხვა სტუმრები ღრეობდნენ დილამდე მეორე სართულზე.
ბარბარემ მაგიდა გადაწმინდა, გვერდზე გადაიხედა, შეფარვით, სადაც მოაჯირთან მდგარ ტახტზე ახალგაზრდები ისხდნენ. ხმამაღლა ხორხოცებდნენ რაღაცაზე.
სიგარეტის ნამწვი და რაღაცის მოჭმუჭნული, პლასტმასის სათავსი დაეგდოთ გვერდზე. ბარბარე ფრთხილად მიუახლოვდა მათ, დაიხარა, რომ ნაგავი აეკრიფა.
-შენ! – მოესმა უცებ ზემოდან, კივილი, რომელიც მუსიკის ღრიალში ძლივს გაიგონა. თავი ასწია, გაფაციცებულმა, მისი მზერა ოდნავ წამოწეული, ძვირფას კაბაში გამოწყობილი ქალის ლამაზ, მაგრამ მომანჭვისაგან დამახინჯებულ სახეს შეეჩეხა.
-შენ აქ რა გინდა?! – იჭყავლა ქალმა. „თამთა“, გაიფიქრა უცებ ბარბარე, როცა ქალი გაახსენდა. ეს ის ლამაზი, წითელთმიანი ქალი იყო, რომელიც მის აყვანაზე გაკაპასდა სამიოდე კვირის წინ. გაახსენდა, თუ როგორ აკავებდა მას ტატო.
სახელის გახსენებაზეც კი თვალებში ჩამოუბნელდა ბარბარეს. გასავათებულმა ძლივს აიყვანა თავი ხელში.
-ვმუშაობ. – უპასუხა მან, წამოიწია, მოჭმუჭნული პლასტმასი პარკში ჩააგდო. ქალი აფორაჯდა, ფეხზე წამოხტა და ელვის სისწრაფით მოუახლოვდა. გარშემომყოფებმა ხმამაღალი სიცილი ატეხეს.
ბარბარე უკან წაბარბაცდა მოულოდნელობისაგან, მოღუშული. თამთა გაცოფებული, მოღმეჭილი სახით მიშტერებოდა, მაგრამ გოგონას სულაც არ აშინებდა მისი გამოხტომა. მხოლოდ და მხოლოდ აღიზიანებდა. ისეთი დაღლილი იყო, რომ ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
თამთას კი იმოდენა პიროვნულობა არ ჰქონდა, რომ მასში შიში აღეძრა.
-მაინც აგიყვანა ხომ ნიკომ?! – აკივლდა ქალი. მისი ხმა მოღრიალე, ყურისწამღებ, ღრჭიალა მუსიკაზე უარესი მოსასმენი იყო. – ერთი ქუჩის ბოზი რატომ აგიყვანა?!
მან ხელი ჰკრა მხარში. ბარბარეს ოდნავ შეუქანდა სხეული, გამგელებული მიაშტერდა თამთას. შეურაცხყოფაზე ბრაზი გაუათმაგდა. სისხლმა აასხა სახეში, თვალები დაუბნელა, ისედაც ჩამობურული.
ამ ქალს ამის უფლება არ ჰქონდა.
-წადი და შენს საყვარელს შენ თვითონ ჰკითხე, გაიგე?! – მიუსისინა მან. უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამდენი ცილისწამება და დამპალი ადამიანები. მითუმეტეს თამთასნაირი, გამწარებული ნიღბები, რომლებსაც ზედაპირული პრობლემები ჰქონდათ მხოლოდ, და ზედაპირულად წყვეტდნენ მათ. – ვის აიყვანს, შენი საქმე არაა!
თამთას სახე უარესად მოეკრუნჩხა.
-შე ბოზო, რა გგონია, შეგარჩენ, რომ ჩემს მომავალ ქმარს ეტენები? – წამოიკივლა მან, ისე ოუახლოვდა, როგორც საჩხუბრად აქოჩრილი, ადგილზე მცმუკავი ბიჭი, რომელსაც არავითარი შანსი არ ჰქონდა ხელჩართულ ბრძოლაში, მაგრამ მანც ტყუილად აჯერებდა  საკუთარ თავს, რომ შეეძლო. – ნიკო ჩემი კაცია და ჩემი ქმარი იქნება, გასაგებია?! შენნაირი მახინჯი ბოზებისკენ არც კი იხედება!
-მე რატომ მითხრეს მაშინ, რომ ქალები მხოლოდ გასაჟიმად უნდაო? – უკბინა გაცოფებულმა ბარბარემ და კმაყოფილი სახით მიაშტერდა, როცა თამთა აიქოჩრა, წითელ სინათლეზე უარესად გადაუწითლდა სახე. – და რატომ ვერ ვხედავ ნიშნობის ბეჭედს? შეიგნე! ნუთუ არ გესმის?! მაგ კაცს შენ არ უნდიხარ!
-არც შენ უნდიხარ! – წყობიდან გამოსულმა თამთამ დაუყვირა, ბავშვივით დააბაკუნა ფეხი.
მერე კი გაშრა. თითქოს თავისი სიტყვების მნიშვნელობას ჩასწვდა.
მუსიკა გუგუნებდა, ღრჭიალებდა. რაღაც ელექტრონული იყო, ჟრუანტელის მომგვრელი.
ახალგაზრდები აღარ იცინოდნენ. ბარბარემ სიმწრით გაიღიმა, ნიშნისმოგებით დააცქერდა თამთას.
იმაზე მაღლა არ იდგა, რომ საბოლოო ლურსმანი ჩაერტყა ამ საუბრის კუბოში.
-არც ერთი არ ვუნდივართ მაგ ადამიანს. – მოჭრა მან. – პრობლემა ისაა, რომ შენ ეს იცი, მაგრამ შენთვის არ არის სულერთი. მე ფეხებზე მკიდია. და ჩვენს შორის ვინც ეტენება, ხედავ.
თამთა ღრმად სუნთქავდა, გაშეშებული შეჰყურებდა.
-მაინც ჩემი ქმარი იქნება. – წაილაპარაკა მან, თითქმის ვერ გაიგონა ბარბარემ მისი სიტყვები, ისეთი ხმამაღალი იყო მუსიკა.
მერე კი თამთა, ბოლო გამგმირავი მზერის შემდეგ, მიბრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კიბეებისაკენ.
რამდენიმე ახალგაზრდა წამოვარდა, მას უკან მიჰყვა.
დანარჩენები მოღუშულნი უმზერდნენ ბარბარეს.
გოგონამ ძლივს ამოისუნთქა. ბრაზი ტვინში ავარდნოდა.
სასიამოვნო იყო ამ ქალისათვის სიმართლის პირში მიხლა, იმის მიუხედავად, რომ მან ეს იცოდა.
მაგრამ ცნობილი სიმართლის ხმამაღლა მოსმენა უფრო ძნელი იყო, ვიდრე სიმართლის გამომზეურება. რადგან ცნობილი, მაგრამ უთქმელი სიმართლე შეუგუებელ ფაქტს ნიშნავდა.
მტკივნეულ ადგილას დააჭირა ფეხი თამთას ბარბარემ.
და სულაც არ აწუხებდა ეს.
მიბრუნდა, და მაგიდის მბრწყინავ ზედაპირს მაგრად, თითქმის აგრესიულად გადაუსვა ჩვარი.
.
-*-*-*-*-*-
ორი კვირა მშვიდობიანად იმუშავა ბარბარემ, თუ ზოგადად ამ სიტუაციას მშვობიანი შეიძლებოდა რქმეოდა. ორი კვირაც და პირველ გასამრჯელოს მიიღებდა.
თითქოს ქვეცნობიერად უფრო აძალებდა საკუთარ თავს, რომ უკეთესად ემუშავა, თავისი მაქსიმუმი ჩაედო. დედასავით დღე ეძინა და ისვენებდა, ღამღამობით კი კაზინოში მიდიოდა თავის სმენაზე. უჩვეულო სმენებმა და რეჟიმის ასე უეცრად შეცვლამ საშინლად გამოფიტა.
დღე ვერ იძინებდა. ყოველთვის ძალიან უჭირდა, დისორიენტირებული და დაღლილი იყო მუდამ.
მაგრამ ამაზე უარესიც არსებობდა.
კოშმარები დაეწყო.
საშინელებები შემოეჩვია. ყოველ ღამე ერთი და იგივე ესიზმრებოდა.
ესიზმრებოდა, რომ ნიკოლოზი ვერ ასწრებდა მოსვლას. რომ ტატო და ვაკო კარებებს კეტავდნენ, რომ შემოაძარცვავდნენ მთლიანად. ზოგ სიზმარში საერთოდ არ ეცვა ტანზე არაფერი. ეცემოდნენ კაცები, არაბუნებრივად ყვითელი, გადმოკარკლული თვალები, პირები დაეღოთ, სისხლით მოსვრილი, გრძელი ენები სავსავებდნენ ჰაერში. მერე ენები ცვიოდნენ ქვემოთ, სხეულზე ეცემოდნენ გაუნძრევად მწოლიარე, დამუნჯებულ ბარბარეს, და ტატოსა და ვაკოს სახეებზე მხოლოდ და მხოლოდ დაღებული, უზარმაზარი, უძირო უფსკრული რჩებოდა, რომელიც ერთიანად შთანთქავდა ბარბარეს.
ყვირილით ეღვიძებოდა. ან დედამისი აღვიძებდა, მის თავზე დამდგარი, შეშფოთებული და ამავდროულად ხმაურისაგან გაღიზიანებული. უყვიროდა, დამაძინეო.
ნიკოლოზი რამდენჯერმე გამოჩნდა. ზოგ ღამეს აქ ატარებდა, ხანდახან არ იყო. როცა იყო, თამთა ჩამოჰკიდებოდა ზედ, და როგორც კი მათ მიუახლოვდებოდა ბარბარე ნაგვის ასაკრეფად ან გამოსაგავად, უბღვერდა.
შერვაშიძე კი სულ უყურებდა. მის მზერას გრძნობდა ბარბარე, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. ზედმეტი პრობლემები და თავსატეხი არ სჭირდებოდა.
და როცა არ იყო ნიკოლოზი აქ, არც თორნიკესა და სხვა კაცების ჭაჭანება არ ჩანდა.
ერთად დადიოდნენ საქმეებზე.
ალბათ ძარცვავდნენ ვინმეს.
პირველადი გამოცდილება ჰქონდა ბარბარეს. მაგრამ ხმას არ იღებდა.
მისი სიჩუმე, ფიქრობდა ხანდახან სარკასტულად, როცა დილით მუსიკას გამორთავდნენ და მუსიკისაგან ატკიებული ყურები ასეთივე მტკივნეულ სამარისებურ სიწყნარეს ეჩვეოდა, ფულზე გაიყიდა.
გვიდა, კრიჭაშეკრული, ფიქრობდა თავის მორალებზე, და პრინციპებზე და ვერ გაეგო, თუ როგორ უნდა გადაელახა ეს დაბრკოლება.
რა იქნებოდა ახლა სწორი? როგორ უნდა მოქცეულიყო?
ანანომ რამდენჯერმე დაურეკა. ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. უთხრა, რომ ყველაფერი კარგი იყო, და ფრთხილად ყოფილიყო ბარბარე.
მისი სიტყვების მნიშვნელობას ვერ მიხვდა ბარბარე, მაგრამ აღარ ჩაეძია. შემდეგზე რომ შეხვდებოდა, უფრო დაწვრილებით გამოელაპარაკებოდა.
დაქანცულმა ასწია თავი, თავის მაჯის საათზე დაიხედა. კაზინოში არც ერთი საათი არ ჭაჭანებდა, ამიტომ მოუწია თავისი ძველი მაჯის საათის მომართვა.
მამამისის საჩუქარი იყო, მისი მეთოთხმეტე დაბადების დღისათვის. მამამ საათი იყიდა, სახელური კი მისი ხელით იყო დამზადებული. ლამაზი, გაპრიალებული ტყავი გახლდათ, ვერცხლისფერი ბალთით, რომელიც გაცრეცილიყო წლების განმავლობაში.
მამის სიკვდილის შემდეგ გადააგდო საათი ბარბარემ უჯრაში. ზედ შეხედვას ვერ იტანდა.
მამას, მის თბილ, მზრუნველ მამას ვერ გაიხსენებდა. რომ გაეხსენებინა, უფრო უარესი გახდებოდა მისი ცხოვრება.
დილის ოთხი საათი სრულდებოდა. ჯერ კიდევ ხმამაღალი იყო მუსიკა და ჯერ კიდევ ბერკეტების ბრახუნი და მონეტების ჩხრიალი ისმოდა დარბაზში. ზემოთ, როგორც ყოველთვის, სვამდნენ და იცინოდნენ.
ბარბარემ აიხედა. კიბესთან იდგა, ოდნავ ჩრდილში. აქ შედარებით ნაკლები ხალხი იყო. იდგა და ორწუთიანი შესვენებით ტკბებოდა.
მერე კი დაინახა.
მოაჯირს მოადგა თამთა. ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა. ოდნავ მიბრუნებულიყო, ვიღაცის ხუმრობაზე იცინოდა ხმამაღლა.
ბარბარე რომ იქ არ მდგარიყო, სადაც იდგა, ალბათ ვერც დაინახავდა. მისი რაკურსიდან ზემოდან ეფინებოდა შუქი თამთას, მისი ზემოთა ტანის სილუეტი მიაჯირის ზემოთ გარკვევით ჩანდა წითელ სინათლეში.
ხელი გადაატარა ქალმა ვისკის ბოთლზე. ვითომ არაფერი, თითქოს ყელთან მიჰქონდა, ყელსაბამი შეისწორა.
მაგრამ ბარბარემ დაინახა, ენაჩავარდნილმა.
პაწაწინა, ბნელი წერტილები ჩაცვივდნენ ბოთლში ქალის ხელიდან.
ბარბარეს ხმა წაერთვა, გაოგნებული მიაშტერდა.
რაღაც ჩაყარა თამთამ ვისკის ბოთლში.
მისი სიტყვები გაახსენდა ბარბარეს.
„ნიკო ჩემი კაცია და ჩემი ქმარი იქნება, გასაგებია?!“ დღაოდა მის გონებაში ქალი, მოჭმუხნული სახით.
ნუთუ ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა თამთამ, შეწყვიტა აშკარა სიმართლის, იმის უარყოფა, რომ მას იყენებდა ნიკოლოზი?
პირი გაუშრა ბარბარეს.
რა ჩაუყარა? იქნებ საწამლავი? იქნებ მისი მოკვლა სურდა, იმიტომ რომ მიხვდა, ნიკოლოზი არასოდეს იქნებოდა მისი ქმარი?
ადგილს მიჰყინვოდა ბარბარე, უსიტყვოდ შეჰყურებდა, შეძრწუნებული, თუ როგორ მოშორდა თამთა მოაჯირს თავისი ვისკის ბოთლით.
თითქმის ესმოდა საკუთარი ტვინის მუშაობა, ალმური წაჰკიდებოდა ზედ.
რაღაც ჩაუყარა თამთამ ნიკოლოზს.
ყბები მაგრად შეკრა ბარბარემ.
„ჩემი საქმე არაა.“ ჩაუჩურჩულა გონებაში ერთმა ხმამ. „ეგ კაცი ნამდვილი არაკაცია.“
იმდენი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკოლოზმა, არავის რომ არ მოუყენებია ბარბარესათვის. გაძარცვა. გაიტაცა. უკან დასდევდა შეუსვენებლად, მოსვენებას არ აძლევდა.
მისი საქციელის გამო კინაღამ გააუპატიურეს ბარბარე.
შეაჟრჟოლა. თვალები გაუშტერდა, ჩამოუბნელდა მზერა. ვერაფერს ვერ ხედავდა, არაფერი ესმოდა, თითქოს. უბრალოდ იდგა. იდგა გაუნძრევლად, კუნთის შეუტოკებლად, მაგრამ მთელი ბრძოლა იყო.
ეს კაცი, თავისი საქმით ამძიმებდა ქვეყანას. ხალხს ძარცვავდა, ჩვეულებრივი კრიმინალი იყო.
წარმოუდგენელმა სისასტიკემ მოიცვა ბარბარეს გონება. თავი ასწია, სუნთქვა აუჩქარდა.
რაღაც დიდი, ბნელი იწეოდა მასში. წითელ თვალებს ახელდა, იღიმებოდა, აღტკინებით.
ნიკოლოზი ერთი ადამიანი იყო. ერთი დამპალი, მყრალი შიგნეულის მქონე ადამიანი.
თამთა მას წამლავდა. სიკვდილი ელოდა ალბათ.
-ბარბარე! – დაუყვირა უცებ დარბაზის იქიდან ვიღაცამ. ბარბარე გამოერკვა, ძლივს შეისუნთქა, ყელში კუნთები აუკანკალდა. მისი კოლეგა მიშტერებოდა, მოღუშული. – საქმე გააკეთე! – დაუყვირა მან.
ბარბარემ ძლივს დაუქნია თავი. პირი გამოშრობოდა, თვალებგაფართოებული იყურებოდა.
საკუთარი თავი ვერ იცნო წამიერად. საკუთარი ფიქრები ვერ იცნო.
იმ ბარბარესი შეეშინდა, რომელიც გამორკვევამდე ფიქრობდა, რომელსაც თითქოს კონტროლი მოეპოვებინა მის თავზე, ისე, რომ თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდა.
რა სიკვდილი. რა საწამლავი. რაზე ფიქრობდა საერთოდ?
სიკვდილი ყოველთვის ზარავდა. უდიდეს ბოროტებად წარმოედგინა, რადგან ის ყოველგვარ იმედს სპობდა.
შეიძლებოდა, რომ ნიკოლოზი არაკაცი და საშინელი პიროვნება იყო. მაგრამ მასში იმედი, რაღაც ცოცხალი და უშუალო დაინახა ბარბარემ. რაღაცნაირი კავშირი იყო მათ შორის, უნდოდა ეს თუ არა.
შერვაშიძეს თუ არა, საკუთარ თავს ვერ გაუკეთებდა ამას. ვერ იცხოვრებდა იმის ცოდნით, რომ ასეთი რამის შეჩერება შეეძლო, და არ შეაჩერა. გათვიცნობიერებულად.
არ სურდა იმ ბარბარეს გატოლებოდა. ზარავდა.
ამიტომ დაიძრა, სუნთქვააჩქარებული, პირგამომშრალი. კიბეზე მოუხვია, ელვის სისწრაფით ავარდა კიბეებზე. სამ საფეხურს ახტებოდა ერთად.
ახალგაზრდები ისევ იქ ისხდნენ.
შებარბაცდა ბარბარე. მოაჯირს ჩაეჭიდა, როცა მიხვდა, რომ თამთა და ნიკოლოზი არ ერივნენ მათ რიგებში.
თორნიკე იჯდა იქ, მისი თავზარდაცემული მზერა დაიჭირა.
მოიღუშა ახალგაზრდა კაცი.
-ნიკოლოზი სადაა? – დაუყვირა მას ბარბარემ. გული მოსწოლოდა ყელში. თორნიკემ წარბები შეკრა, უცნაურად მოეგრიხა პირი.
-ეგ და თამთა ალბათ ჟიმაობენ უკვე რა… შეიყუჟნენ სექს-ოთახში! – ცალყბად გაიღიმა მან.
ენა წაერთვა ბარბარეს.
იმდენად ჩაიძირა ფიქრებში, რომ ვერაფერი შეამჩნია გარშემო.
ისე, რომ ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ ჩამოვიდნენ ნიკოლოზი და თამთა.
უკან წაბარბაცდა.
შებრუნდა, კიბეებზე ჩაირბინა კისრისტეხით. უკნიდან თორნიკემ დაუძახა, ალბათ მისი საქციელით გაკვირვებულმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. უბოდიშოდ ეჯახებოდა ხალხს, მკერდში აფეთქებოდა თითქოს რაღაც, გამწარებული გარბოდა დარბაზის გვერდით კედელში მყოფი პატარა კარისაკენ.
კარი გამოქაჩა, კიბეზე ავარდა, გულამოვარდნილი. ხმამაღლა ქოშინებდა, გონება დახშობოდა, მხოლოდ და მხოლოდ ინსტინქტი ამოძრავებდა.
კარს კინაღამ მიეჯახა, სახელური ჩამოსწია.
დაკეტილი იყო.
კბილები მაგრად დააჭირა გოგონამ ერთმანეთს. მუშტი დასცხო ზედ.
-ნიკოლოზ! – დაიყვირა მან, მთელი ძალით, ხმამაღლა დააბრახუნა, გაფაციცებით უსმენდა, ცხელი, სწრაფი სუნთქვა კარიდან უკან უბრუნდებოდა. – ნიკოლოზ! კარი გააღე! რაღაც ჩაგიყარა სასმელში, კარი გააღე! ნიკოლოზ! – დაიყვირა სასოწარკვეთილმა, უფრო მაგრად დააბრახუნა კარზე. – შენი მოწამვლა უნდა!
ნაბიჯების ხმა გაისმა, მერე კი ოდნავი ბრახუნი, თითქოს ვიღაც მიეჯახა კარს. საკეტის ჩხაკუნი ისმოდა ცოტა ხანი, და ბარბარე ადგილს მიჰყინვოდა, გამშრალი.
საშინელი გემო მოადგა პირში. კანკალებდა.
რა ხდებოდა? ნუთუ დააგვიანა? რატომ ეწვალებოდნენ ამდენი ხანი საკეტს? რატომ არ ესმოდა ან თამთას, ან ნიკოლოზის ხმა?
ცივი ოფლი ასხამდა. შუბლზე გამოჟონა.
შემოჰკრა.
უკნიდან კიბეზე ამორბოდა ვიღაც.
-რას სირობას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდი? – დაუსისინა თორნიკემ, როცა უკან ამოუდგა. – რა გინდა აქ?
-თამთამ რაღაც ჩაუყარა ნიკოლოზს სასმელში… – გადაულაპარაკა ანერვიულებულმა ბარბარემ.
ზემოდან მომავალ, ინტენსიურ შუქზე თვალები გაუფართოვდა და აუპრიალდა თორნიკეს.
მერე კი კარმა დაიჩხაკუნა, სახელური, მთელი ძალით რომ ეჭირა ბარბარეს, დაიქაჩა.
გოგონა შიგნით შებარბაცდა.
შვებით აღსავსე, მოკანკალე სუნთქვა აღმოხდა, გამშრალი სხეული მოეშვა, როცა ნიკოლოზის სახე დაინახა.
შერვაშიძე იდგა. ადგილზე ყანყალებდა, პირი დაეღო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, თითქოს ვერ სუნთქავდა. უთრთოდა კარის ჩარჩოზე მიჭერილი მკლავი.
ქურთუკი აღარ ეცვა, მხოლოდ შიდა, თეთრი მაისური. ჩახსნილი ჰქონდა შარვლის ელვა-შესაკრავი.
-გოგო… რა ხდება… – ძლივს ამოღერღა მან, მერე კი მაგრად დახუჭა თვალები, წარბები აჭმუხნა. სხეული თითქოს მოემჩვარა. ბარბარეს დაეცა ზედ.
გაოგნებულმა, შიშისაგან აკანკალებულმა გოგონამ ძლივს დაიჭირა. სიმძიმისაგან დაიგმინა, მაგრად შემოაჭდო მკლავები მკერდზე ახალგაზრდა კაცის უცნაურად ცივ სხეულს, მაგრამ ალბათ დაეცემოდა, თორნიკე რომ არა, რომელმაც მაისურში ჩაავლო ნიკოლოზს ხელი და აქაჩა, ბარბარეს მოაშორა.
ღრმად სუნთქავდა ბარბარე. თვალებდაჭყეტილი, ვერ გაეგო, რა ეგრძნო. თავბრუ დაეხვა, კარის ჩარჩოს მიეყუდა. უყურებდა, თუ როგორ დაიგმინა თორნიკემ ნიკოლოზის სიმძიმეზე, როგორ დაუშვა ქვემოთ, იატაკზე.
-რა დაგემართა, ტო?! – ყვიროდა ის. რამდენიმე მსუბუქი სილა გააწნა ნიკოლოზს, რომელიც მილულული, ჩამქრალი თვალებით იყურებოდა. ნელა აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი. – რა გჭირს?! – თორნიკე მუხლებზე იდგა, თმაში ხელები იტაცა. – აუ ამის დედაც მოვტყან!
ბარბარე მიბრუნდა. გაფართოებული, შეძრწუნებული თვალები მიატრიალა საწოლისაკენ.
ამოსვლის შემდეგ პირველად შეხედა თამთას. ქალი იჯდა, პირზე ხელები აეფარებინა. მხრები უკანკალებდა და ცრემლებად იღვრებოდა.
იმ შავბნელმა წამოჰყო თავი ბარბარეში. აუტანელი სიძულვილი და ზიზღი იგრძნო ამ მტირალი ქალის მიმართ.
დედამისის შემდეგ ვერ იტანდა მოძალადის ცრემლებს.
-რა უქენი?! – დაუყვირა მან, ისეთი ძალით, რომ საკუთარი ხმა ვერ იცნო. თამთასკენ გაემართა, გაცოფებული მიშტერებოდა, ისეთი ძალით სძულდა ამწუთას ეს ქალი, რომ იგრძნო ალბათ თამთამ, თვალებგაფართოებული უკან გადაცოცდა, მისგან შორს. – რა მიეცი?!
-მსუბუქი ტრანკვილიზატორი მივეცი! – აკივლდა თამთა, ხმამაღალი, სლოკინით აღსავსე ტირილი ატეხა. – არ… არ მეგონა რომ…
-შენ სულ გამოყლევდი, ტოო?! – დაიღრიალა თორნიკემ. – მთლად გაგიჟდი? კაცს ტრანკვილიზატორი დაალევინე?! რამ გამოგაყლევა ასე?!
-სულ მისი ბრალია! – ცრემლებად იღვრებოდა თამთა. მაკიაჟი შავ ზოლებად მოჰყვებოდა ლოყებზე, თვალები ჩასისხლიანებოდა. მზერა გამშრალი ბარბარესაკენ მოატრიალა. – მისი ბრალია, მისი! ამდენი ხანია მიყვარს, ვიცი რომ ჩემი ქმარი უნდა იყოს, მაგრამ…
-მისი გათიშვა რაღად გინდოდა, შე კახპა! – დაუღრიალა თორნიკემ. ბარბარე ერთიანად კანკალებდა. თამთას მოგრეხილ სახეს მიშტერებოდა, და არ სჯეროდა, რომ ეს ესმოდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე იყო. უნდოდა ამოეძირკვა საკუთარი თვალები, მოეკვეთა ყურები, ოღონდ ამ სიგიჟის, ადამიანური ურთიერთწინააღმდეგობის მომსწრე არ ყოფილიყო.
-დაორსულება მინდოდა! – იბღავლა თამთამ. მერე კი ისევ ხელახლა ამოუშვა ტირილი.
გარედან მკრთალი, მუსიკის ხმა ისმოდა. რასაც თამთას შემზარავი ტირილი ერწყმოდა.
-ახლა რა მოუვა? – ჩუმად ჰკითხა ბარბარემ.
თამთა ბღაოდა. ხმამაღლა სლუკუნებდა.
-ახლა რა მოუვა?! – დაუყვირა ბარბარემ. თამთამ თავი გადააქნია, ერთიანად კანკალებდა.
თვალებში ჩამოუბნელდა ბარბარეს.
ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ ასწია ხელი, როგორ დააქანა მთელი ძალით და როგორ გააწნა სილა თამთას.
ხმამაღალი ტკაცუნი გაისმა ოთახში. თამთამ მომენტალურად შეწყვიტა ტირილი, შოკში ჩავარდნილიყო თითქოს, გაოგნებული მიშტერებოდა ბარბარეს.
-ახლა რა მოუვა? – გაუმეორა გოგონამ. ხელი ეწვოდა, ზედ სისველე და შავი, გადღლაბნილი მაკიაჟი აჩნდა. ზიზღით შეიწმინდა შარვალზე.
-მსუბუქი დოზა იყო. – უპასუხა თამთამ. პირთან მიეტანა ხელები, თიტქოს ვერ იჯერებდა, რომ გაარტყეს, თითები უთრთოდა. – ერთ-ორ საათში კარგად იქნება…
-აქედან გაეთრიე! – დაიღმუვლა უცებ თორნიკემ უკნიდან. – შე ბოზო კახპა, ფეხზე არ წამომაყენო, თორემ ბოზიშვილი ვიყო, თუ სულზე არ დაგდო. გაეთრიე!
თამთა წამოვარდა. ცრემლები უკიაფებდა თვალებში. ბარბარემ თვალი აარიდა სასწრაფოდ. ვერ იტანდა მისი სახის დანახვას.
ქალი ოთახიდან გაბარბაცდა.
მალევე მიწყდა მათი ნაბიჯების ხმა.
მუსიკა ისევ შეუწყვეტლად ისმოდა.
ოთახში მხოლოდ სამნი დარჩნენ.
.
-*-*-*-*-*-
საჭეში ჩაჭერილი თითები უთრთოდა ბიჭს. თვალებგაფართოებული მიშტერებოდა კაცებს, რომლებიც ჩაბნელებული კორპუსის წინ რაღაცას სვამდნენ და იცინოდნენ.
მანქანა ჩრდილში მიეყენებინათ. სამნი იყვნენ მხოლოდ.
-ჯერ კიდევ შეგვიძლია რომ გავბრუნდეთ. – თქვა უკან მჯდომმა. – ბიჭო…
-არა! – მოუჭრა ბიჭმა. მწველი თვალები მიაპყრო სარკეში მეგობრის მზერას. – არა. მაგ ნაბიჭვრებს ვანახებ. ბოლოს და ბოლოს ვანახებ…
სიჩუმე ჩამოვარდა.
-ხუთი წელი ველოდი ამ ნაბიჭვრებს. – გამოისუნთქა ბიჭმა. – ხუთი წელი. ხელიდან რომ გავუშვა, თავს მოვიკლავ.
-აუ, ტოოო… – წაიზუზუნა მის გვერდით მჯდომმა. – ეგ ყლეები იმას მიიღებენ, რაც საჭიროა…
-წავიდეთ. – თქვა ბიჭმა. მანქანის კარი გააღო და გადახტა.
მეგობრები გადმოჰყვნენ.
ქუჩა გადაჭრეს. გული გამალებით უცემდა ბიჭს. მკლავები დაჰბერვოდა, შეათამაშა ისინი. კისერი ტკაცუნით  გადასწია გვერდით.
მზერას იმ სამს არ აშორებდა, კორპუსის წინ რომ აყუდებულიყვნენ.
იცინოდნენ. ხალისობდნენ. ცოცხლობდნენ. სუნთქავდნენ.
„რამდენი დადის ამ ქვეყანაზე, ვინც არ იმსახურებს. რა რამდენი დევს მიწაში, ვინც არ იმსახურებს.“ გაუელვა ბიჭს გონებაში.
მრისხანება წამოუტივტივდა. სხეული უთრთოდა. ეშინოდა, მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად აღტკინებას მოეცვა მისი არსება.
ისე გრძნობდა თავს, როგორ მხეცი. მხეცი, რომელიც ლოდინის შემდეგ თავის მსხვერპლს ხახაში ავლებდა სქელ ეშვებს და მისი ტკბილი სისხლით ტკბებოდა.
სისხლის გახსენებაზე, სიწითლის გახსენება შიგნეული გაუყინა ბიჭს. სუნთქვა აუჩქარდა, რაღაცამ ღრიალი წამოიწყო მის მკერდში. ყურები დაუგუბდა.
-რამით ხომ არ დაგეხმაროთ, ბიჭებო? – ჩასწვდა მის სმენას სიტყვები.
კაცების წინ იდგა. ერთ-ერთი ზრდილობიანად უღიმოდა.
სისხლმა აასხა ბიჭს.
კაცს თავში წაავლო ხელი და მთელი ძალით მიანარცხებინა კედელს.
კაცი ძაფგაწყვეტილი მარიონეტივით დაეცა, დარეტიანებული. მისმა მეგობრებმა იბღავლეს, მათ ეცნენ ბიჭის ძმაკაცები.
-წამოდექი, შე ყლისშვილო… – ბიჭმა ხელები ჩაავლო საყელოში კაცს, მოქაჩა. იოლი იყო მისი აქეთ-იქით თრევა.
სისხლი უბურავდა მზერას. აბაზანა ახსენდებოდა, წითელი სითხით სავსე. ცარიელი ნაცრისფერი თვალები და დამძიმებული სხეული.
კიდევ ერთხელ მიანარცხა კაცი კედელს. კაცმა ძლივს გამოიხედა თვალებში, ხელი მოუქნია, მაგრამ ბიჭმა იოლად დაიჭირა, ხმამაღალი ტკაცანით გადაუწია გვერდით.
-მოდი! – ღრიალებდა ბიჭი. – სულ ესა ხარ, შე ყლეო?! სულ ესა ხარ?! შენი დედა შევეცი, როგორ გაბედე! როგორ გაბედე შენი ბინძური ტორები დაგეკარებინა! ახლა არ ხო მაგარი ტიპი?! მოდი, შე ყლეო!
კაცი რაღაცას ლუღლუღებდა. ხელები აეწია ზემოთ, თავზე გადმომდგარ ბიჭს დაჰყურებდა.
-კარგად შემომხედე! – დაუღრიალა ბიჭმა, გადარეული თვალებით ჩაჰყურებდა. – კარგად შემომხედე! შემომხედე და ის გოგო დაინახე, შენი სიბილწით რომ მოთხვარე, შენი დედაც მოვტყან, შე ახვარო! შემომხედე და დაინახე! დაინახე, ვინც მოკალი!
სხვა კაცები მოათრიეს მეგობრებმა, კედელთან მიჰყარეს სამივენი.
ახალგაზრდები იყვნენ, ჯანმრთელნი. ენერგიულები.
როგორც იქნა, უფრო ძლიერები.
მაგრამ ადამიანობა ჰქონდათ დაკარგული.
კაცებმა დაინახეს. დაინახეს, თუ როგორ აიწია რაღაც შავი, დიდი და მძვინვარე, უზარმაზარი, ყველაფერი შთანთქა, ყველაფერი გაანადგურა, მოსპო ის ნაპერწკალი, რომელიც ბიჭში ენთო. ეს უზარმაზარი ღრიალებდა, ყველაფერს ანგრევდა გარშემო.
თითქოს მთელი ხუთი წელიწადი ეძინა მხეცს.
ახლა კი იღვიძებდა.
კაცები იმისი მოწმენი გახდნენ, თუ როგორ ჩაქრა შიშისა და ბავშვურობის ბოლო ციალი ბიჭის თვალებში.
დაინახეს, თუ როგორ გახდა ბიჭი კაცი.
კაცმა ცივი, ცარიელი, თითქოსდა შუშისებრი თვალები მოაპყრო მათ.
მუშტი აღიმართა.
და დაეშვა.
უწყალოდ.
ბევრჯერ.
.
.
-*-*-*-*-*-*-14
ნიკოლოზი ლოგინზე აათრია თორნიკემ. გულაღმა დააგდო, ბარბარეს უბრძანა, რომ დარჩენილიყო და მიეხედა, სანამ რაღაცებს მოიტანდა, საქმეებს მიხედავდა და წესიერად გააბრძანებდა თამთას აქედან.
გავიდა, კარგი მოიჯახუნა ზურგს უკან.
ჩაკვდა მუსიკის ხმა. ოდნავი პულსაცია იგრძნობოდა მხოლოდ იატაკში.
ფრთხილად მიუახლოვდა მწოლიარე ნიკოლოზს ბარბარე. სუნთქვააჩქარებული დაჰყურებდა ახალგაზრდა კაცს.
ნიკოლოზი იწვა. თვალები მიელულა, მისკენ იყურებოდა. იმის მიუხედავად, რომ ტრანკვილიზატორი ჰქონდა დალეული, ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ ხედავდა, ესმოდა, თვალების გახელა შეეძლო. მთლიანად არ გახლდათ გათიშული.
პირს აღებდა, ტუჩებს ამოძრავებდა, ნელა, მდორედ. ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.
ბარბარეს წარბები აეჭმუხნა, უზარმაზარი სტრესი იგრძნო. რაღაც მძიმე დააწვა მკერდზე, როცა შერვაშიძეს შეხედა, ისეთს, როგორიც სიცხით გათანგული ავადმყოფი იყო თვეების წინ, მის პატარა ლოგინში.
ისეთივე დაუცველი, თითქოს დაპატარავებული.
მოწამლა თამთამ. მისგან დაფეხმძიმება სურდა, მისი ცოლობა სურდა და მისი ლოგიკით, ამას მისთვის ვისკიში ტრანკვილიზატორის ჩაყრით მოახერხებდა.
ზარავდა ეს ქალი.
და უფრო მეტად ზარავდა ის, რომ მან იტირა. რომ მან ცრემლები გადმოჰყარა.
თამთა იმას კი არ დასტიროდა, თუ რა ჩაიდინა. მასში მონანიების კვალიც კი არ იყო. თამთას გამართლება ჰქონდა საკუთარი საქციელისათვის. მისი აზრით, მისაღები იყო ასეთი რამის გაკეთება, თუ მიზანთან მიიყვანდა.
თამთას უბრალოდ გული სწყდებოდა, რომ საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე. რომ თავისი სურვილი ვერ შეისრულა.
ამიტომ ტიროდა.
გააჟრჟოლა ბარბარეს. ნიკოლოზს გადახედა. ახალგაზრდა კაცი ისევ მას უყურებდა, მაგრამ აღარ აცმაცუნებდა ტუჩებს რამის სათქმელად, ღრმად სუნთქავდა მხოლოდ. ალბათ მიხვდა, რომ მცდელობა უაზრობა იყო.
საწოლის ბოლოზე მოწყვეტით ჩამოჯდა ბარბარე. მუხლებს დაებჯინა, ნიკოლოზს თვალს არ აშორებდა. მის ზემოთ-ქვემოთ მოძრავ მკერდს უყურებდა, გულისცემააჩქარებული, ეშინოდა რატომღაც, რომ თუ გვერდზე გაიხედავდა, მოძრაობას შეწყვეტდა ნიკოლოზი, სუნთქვა შეუკრთებოდა ყელში, ერთიანად გათიშავდა ტრანკვილიზატორი.
ცხოვრებაში მეორედ ეშინოდა, რომ შერვაშიძე ჩააკვდებოდა ხელში.
ირონიული იქნებოდა ეს სიტუაცია, ასეთი შემაძრწუნებელი რომ არ ყოფილიყო.
წარმოდგენა არ ჰქონდა ბარბარეს, თუ რამდენი ხანი იჯდა აქ, ამ დახუთულ ოთახში, შერვაშიძეზე მომზირალი.
ჭრილობა მხარზე ვარდისფერი ჰქონდა ნიკოლოზს. პატარა მაისურში მოუჩანდა. კარგად შეხორცებულიყო, პატარა, ვარდისფერი წრე.
უმოძრაოდ ეყარნენ მისი მკლავები. ბარბარე დაძარღვულ ხელებზე დაშტერებოდა ცოტა ხნით. სქელი თითები ჰქონდა, გრძელი, მოკლე თითებით. ეს ხელები მუხლებზე ეწყო, როცა ორი კვირის წინ ბარბარესთან ერთად მანქანაში იჯდა, წვიმას უსმენდნენ ცარიელ ქუჩაში მყოფნი, და რაღაც იგრძნო მკერდში გოგონამ.
თითებს ოდნავ ამოძრავებდა შერვაშიძე. ხრიდა და აღებდა, აშკარად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.
სინდისმა გაწიწკნა ბარბარეს.
რამ აიძულა, რომ ამდენი ხანი ეფიქრა, მთლად დაჰკარგვოდა დროისა და სივრცის შეგრძნება? რა აიძულა, რომ უფლება მიეცა იმ უგულო, არადამიანი მხეცისათვის, რომ მას კონტროლი დაემყარებინა მის გონებაზე? მხეცისათვის, რომელიც მხოლოდ მის კოშმარებში იძენდა ფორმას?
ანდა არავითარი მხეცი არ არსებობდა. იქნებ ეს უბრალოდ თვითონ ბარბარეს რაღაც ნაწილი იყო, დამახინჯებული, ნაიარევებით, შიშით, არადამიანური სისასტიკითა და მძვინვარების აღსავსე. იქნებ ამ ნაწილმა ბოლოს და ბოლოს გაარღვია ბორკილები და გადმოკვეთა საზღვარი, ბოლოს და ბოლოს შემოიჭრა მის ცნობიერებაში?
ამის დაჯერება არ სურდა ბარბარეს. კალთაში იმტვრევდა ხელებს.
მის მაჯაზე მოთავსებული საათი წიკწიკებდა.
ხუთს აკლდა ათი წუთი.
კარი შემოაღეს, მოულოდნელად, ადგილზე შეხტა შეცბუნებული ბარბარე. მახათელი შემოვიდა, ცელოფნის პარკები ეჭირა ხელში. გამძვინვარებული ჩანდა, შემოვარდა ოთახში, პარკები ნიკოლოზის ფეხებთან დაყარა.
-საჭმელია. – უთხრა მან მისკენ მომზირალ, შემკრთალ ბარბარეს. – რომ მოვა აზრზე ეს დაყლევებული, მიეცი რამე, რომ არ მოკვდეს.
ბარბარე მოიღუშა. ოდნავი ხავილი წასკდა ნიკოლოზის ტუჩებს. წარბები შეეკრა ახალგაზრდა კაცს ოდნავ, თორნიკესაკენ გადაეტრიალებინა თვალები.
-შენს მეგობარს ტრანკვილიზატორი დაალევინა საყვარელმა, იმიტომ რომ მისი ცოლობა უნდოდა და შენ კიდევ ამას ლანძღავ?! – მიახალა გამწარებულმა ბარბარემ. სისხლი აუდუღდა ძარღვებში, ოფლი მოაწვა. – რაებს როშავ, რა თქმა უნდა არ მოკვდება!
-საწამლავი რომ ჩაეყარა, მერე სად მიდიოდა?! – დაიღრიალა თორნიკემ. – ის ბოზი ძლივს გავაგდე აქედან, იდგა ქუჩაში და ბღაოდა! რამდენჯერ ვუთხარი, რომ ეგ წაკლა კახპა არ გამოგადგება მეთქი, ვისთანაც გინდა, იმასთან იჟიმავე, შენზე შეყვარებულ გოგოებს ნუ აიკიდებ მეთქი, მაგრამ დამიჯერა?!
ნიკოლოზს ღმუილი აღმოხდა. თვალებში გაცოფება ეწერა.
-რას ღნავიხარ?! – დაუყვირა თორნიკემ. – ხო, რას?! ეგდე ახლა მანდ! არა, ტოო, ტრაკსაც არ გაანძრევს ეს გოგო, არა, ტოოო, პროსტო ვტყნავ, არა ტოოოო… – ნიკოლოზის ხმას გასცინა მან. – მერამდენედ უნდა მოგიტყნან დედა ამ ქალებმა, ბიჭო, მერამდენედ?!
თორნიკემ ძლივს ამოისუნთქა, სახე მოისრისა.
ბარბარე გაოგნებული მიშტერებოდა, ხმას არ იღებდა.
რატომღაც ზედმეტად იგრძნო თავი ამ ოთახში. მაგრამ ხვდებოდა, რომ ახლა აქედან ვეღარ გავიდოდა. უნდოდა თუ არა, ამ საქმეში იყო გარეული.
-საქმეს მე მივხედავ. – ხმადაბლა თქვა მახათელმა. – ასაღები მაქვს ერთი-ორგან. შენ აქ ეგდე.
იგი კარისაკენ წავიდა, ბარბარეს სტყორცნა გამაფრთხილებელი მზერა.
-აქ იყავი და მიხედე მაგ სირს. – თქვა მან, თითქოს შხამიაო, ისე გადმოაფურთხა სიტყვები, და კარში გავიდა, ზურგსუკან მოიჯახუნა.
ძლივს ამოისუნთქა ბარბარემ. მთელი სხეულით დაძაბულიყო, კანკალებდა.
შერვაშიძეს გადახედა, რომელსაც თვალები დაეხუჭა, ღრმად სუნთქავდა.
არ ეძინა. უბრალოდ ისვენებდა, ალბათ.
თვალების უპეები ამოშავებოდა, მოუვლელი ჰქონდა წვერიც. თმა გასწეწოდა, მის მაისურს ლაქები აჩნდა ზედ, ქვემოთა ნაკეცზე ოდნავ მორღვეული იყო ნაკერი.
მისი ტყავის ქურთუკიც გაცრეცილი ახსოვდა ბარბარეს. კარგა ხნის ნახმარი, გალეული.
რატომღაც სიბრალული მოაწვა ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ.
სინდისი ქენჯნიდა. იცოდა, რომ უაზრობა იყო ამის გაფიქრება, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი ბრალი იყო, რომ ნიკოლოზი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა.
თითქმის გაუცნობიერებლად გააცურა ლოგინზე თითები. სულ ოდნავ შეეხო შერვაშიძის ხელს.
ნიკოლოზს ხელი შეუკრთა. თვალები გაახილა, მაგრამ თითები არ გაუწევია.
გრილი იყო მისი შეგრძნება. მისი ყინულივით ცივი სხეული გაახსენდა ბარბარეს, როცა ახლადშემოსულს დაეცა შერვაშიძის მომჩვარული სხეული და გააჟრჟოლა, უსიამოვნოდ.
მაჯის საათი მის მაჯაზე ტიკტიკებდა.
ნელა მიიზლაზნებოდნენ წუთები.
ბარბარე კი იჯდა, განძრევას ვერ ბედავდა. ოდნავ ეხებოდნენ მისი თითები შერვაშიძის ხელს, თითქოს მისწებებოდა ზედ, ვერ აცილებდა.
ანდა არ სურდა მოცილება.
მსუნთქავ, მოძრავ მკერდზე დაშტერებოდა გამალებით.
ათი წუთი გავიდა. თხუთმეტი. ოცი.
ექვსის ნახევარი იყო.
ბარბარე ისევ მათ შეერთებულ ხელებს დაჰყურებდა, საწოლზე უჩუმრად მჯდარი, ბეჭებში მოხრილი, დაღლილობისაგან.
ფიქრები უზუზუნებდა თავში. ქარიშხალივით უქროდნენ აქეთ-იქით. თითქოს ნიკოლოზის კანიდან გადმოვიდა მასში ტრანკვილიზატორი, თითქოს ტრანსში იყო და ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა.
-შენი სმენა აღარ დამთავრდა? – მოესმა მოულოდნელად ხრინწიანი ხმა და შეკრთა, თვალებგაფართოებულმა ახედა შერვაშიძეს, ხელი დამდუღრულივით გასწია. ნიკოლოზი არ განძრეულა. მშვიდად მიშტერებოდა.
-დამთავრდება მალე. – ჩაილაპარაკა გოგონამ საპასუხოდ.
-დამთავრდება და წახვალ? – წარბი აუწია ნიკოლოზმა. სახის ნაკვთები უთრთოდა. – მოვალეობის მოხდის მიზნით ზიხარ აქ?
-კი. – მოუჭრა ბარბარემ. გული ყელში მოაწვა, დაძარღვულ ხელებზე დახედა. შეყოყმანდა. – არა… – თქვა მან, ენა წაერთვა, გაგრძელება ვეღარ შეძლო.
შერვაშიძეს ახედა. ის უსიტყვოდ უყურებდა. ჩამქრალი თვალები ისევ ანთებოდა, ისევ უპრიალებდა.
-საიდან გაიგე, რომ ჩამიყარა რამე მაგ გამოსირებულმა კახპამ? – ჰკითხა უცებ ნიკოლოზმა. ბარბარე შეცბა.
-დავინახე. – ამოღერღა ბოლოს. – მოაჯირთან იდგა. ვისკის ბოთლი ეჭირა…
-რატომ არ ამოხვედი და არ მითხარი? – გააწყვეტინა ნიკოლოზმა. ხმა აეწია, ეტყობოდა, რომ ძალას ატანდა საკუთარ თავს. – ჰმ? რამ გაგაკავა?
-იმან, რომ არაკაცი ხარ. – უთხრა ბარბარემ ისე, რომ თვალი არ დაუხამხამებია. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, როცა შერვაშიძის გამშრალ გამომეტყველებას შეხედა.
-აბა რატომ მოხვედი გასაფრთხილებლად? – განაგრძო ახალგაზრდა კაცმა. მზერა უფრო გამოუცოცხლდა, უფრო მეტი სიძლიერით ჩახედა ბარბარეს თვალებში. -თუ არაკაცი ვარ, რატომ ამოხვედი? რატომ მიბრაგუნებდი კარზე ასეთი სასოწარკვეთილი ხმით?
-იმიტომ რომ კაცი ხარ. – მიუგო ბარბარემ. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას ამბობდა, საერთოდ თუ ატანდა გონებას ნალაპარაკევს. ხელები უთრთოდა კალთაში, ერთიანად ახურებულიყო. – შენც ადამიანი ხარ. შენც გიცემს გული. შენი სხეულიც იბრძვის გადარჩენისათვის, ისევე, როგორც ჩემი. – კანკალით ამოიხვნეშა გოგონამ. – შემეშინდა… იმიტომ რომ სიკვდილის მეშინია.
-ჩემი სიკვდილისაც გეშინია? – წარბები ასწია კაცმა, მერე კი გაეცინა, თავი ოდნავ გადააქნია. – სხვისი სიკვდილის როგორ უნდა შეგეშინდეს, სულელო გოგო?
-შენ არ გეშინია სიკვდილის? –  შეუბრუნა ბარბარემ. – არ შეგეშინდა, როცა ცუდად იგრძენი თავი?
ნიკოლოზმა ხელები გაატოკა. მზერა აარიდა ბარბარეს.
-მე არ მეშინია სიკვდილის. – თქვა მან. – თუ გეშინია, უნდა გძულდეს კიდეც. მე კიდევ სიკვდილი არ მძულს. სიცოცხლე სიკვდილის საწყისია მხოლოდ.
-ყველას ეშინია სიკვდილის. – დაიჩურჩულა ბარბარემ.
-არა. – გამოხედა ნიკოლოზმა, სწრაფად მოუჭრა. – სიკვდილის კი არა, გაუგებარის გვეშინია. შეუცნობადის გვეშინია, წარმოუდგენელია ჩვენთვის მკვდრად ყოფნა. თვითონ სიკვდილი საშიში არაა, ყველა კვდება. მე კიდევ ვიცი, როგორ მოვკვდები. – მან თვალი თვალში გაუყარა ბარბარეს. – ამიტომ არ მეშინია.
ბარბარე ენაჩავარდნილი მიშტერებოდა. გული მაგრად უცემდა მკერდში.
უნებლიედ ნიკოლოზისაკენ მიბრუნდა. მის ქვეშ გაიშრაშუნა აბრეშუმგადაკრულმა, ძვირფასმა საბანმა.
-საიდან იცი? – დაიჩურჩულა მან. თითქოს საიდუმლოებას ანდობდნენ ერთმანეთს.
-ვინმე მომკლავს. – თქვა ნიკოლოზმა. – მესიზმრება ხოლმე. ტყვიას დამახლიან თავში და იქვე ვთავდები.
ბარბარეს თვალები გაუფართოვდა. თავზარდაცემული მიშტერებოდა.
-ეგ შენი ცხოვრების ბრალია. – წაილუღლუღა მან. – რომ შეგხვდი, ორი ტყვიით იყავი დაჭრილი… დაგესიზმრება, აბა რა იქნება…
-არ გინდა, რაა… – ტუჩი აიბზუა ნიკოლოზმა. – მე ვიცი. ეგ თუ არა, კიბო მომკლავს. მამაჩემის მხრიდან ყველა თაობაშია ვინმე კიბოთი. ამ თაობის წარმომადგენელი მე ვარ მხოლოდ.
ბარბარე შეჰყურებდა. არც კი იცოდა, თუ რა ეთქვა.
-მე მეშინია შენი სიკვდილის. იმიტომ რომ შენზე პასუხისმგებელი ვარ. – თქვა ბოლოს. თითქოს გაშიშვლდა, ყველაფერი გამოაჩინა ამ კაცის წინაშე. რატომღაც არ შეეძლო ბარბარეს, რომ მის წინაშე გულწრფელი არ ყოფილიყო. დანარჩენ ყველასთან თვალთმაქცობდა, მუდამ რაღაცას მალავდა. უმალავდა მის ყოფილ კოლეგებს. ყოფილ მეგობრებს. ანის. დედამისს.
აი ეს ახალგაზრდა კაცი კი ერთადერთი იყო, რომელთანაც თავის შეკავება, სიტყვების შელამაზება არ სჭირდებოდა ბარბარეს.
ალბათ იმიტომ, რომ მისგან არაფერს ელოდა ბარბარე. თითქოს მასთან არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა.
თითქოს მათ შორის შემაკავებელი ზღვარი არ არსებობდა.
შერვაშიძე უსიტყვოდ მიშტერებოდა. ეტყობოდა, რომ არ ელოდა ამას.
-როდის აქეთ აიღე პასუხისმგებლობა? – ჩაილაპარაკა მან. ბარბარე მიაშტერდა. ძლივს სუნთქავდა. არ სჯეროდა, რომ ამდენი რამ წამოროშა.
თუმცა ყველაფერი სიმართლე იყო.
თითქოს ახლაღა გააცნობიერა ეს ყველაფერი, მაშინ, როცა ხმამაღლა თქვა, მისმა ინსტინქტურმა გონებამ.
-იმის აქეთ, როცა შენი სიცოცხლე ჩემს ხელში იყო და მეშინოდა, რომ ხელში არ ჩამკვდომოდი. იმის აქეთ, რაც ბოლო წვეთამდე დაგახარჯე ჩემი ძალა. იმის აქეთ, რაც ჩემს საწოლში იწექი სიცხიანი და თვალებით დახმარებას ითხოვდი. – მიუგო გოგონამ, უფრო აუკანკალდა ტანი. გრძნობდა, როგორ გაფითრებოდა სახე.
ნიკოლოზი უსიტყვოდ მიშტერებოდა. რაღაცამ, მწველმა, როგორც სტატიკურმა მუხტმა, გაიარა მათ შორის.
მერე კი წამოიწია შერვაშიძე. ძალდატანებისაგან მხრები დაეძაბა. მკლავები დაიბჯინა უკან, სახე წამოუწითლდა ოდნავ ძალისხმევისაგან.
ბარბარე არ ინძრეოდა. ადგილს მილურსმულიყო.
წამოჯდა ნიკოლოზი. სხეული წინ გადმოსწია, და მოულოდნელად პირდაპირ მის წინ აღმოჩნდა ბარბარე.
გული ისეთი ძალით უცემდა, რომ მისი ძგერის გარდა აღარაფერი ესმოდა ბარბარეს. თვალებში ჩაჰყურებდა შერვაშიძე, თვალები გაუფართოვდა გოგონას.
ერთმანეთს ეხებოდა მათი სუნთქვა. ფიზიკურად არსად ეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისეთი ძლიერი მიწოლა, ისეთი ძლიერი მიზიდულობა იგრძნო მათ შორის ბარბარემ, რომ ხმა წაერთვა. ენა ჩაუვარდა. მხოლოდ ისღა შეეძლო, რომ ნიკოლოზის შუშისებრ, მომწვანო თვალებში ეცქირა, გამალებით, ხელები გადაემტვრია კალთაში.
მერე კი თავი ოდნავ გვერდზე გადახარა შერვაშიძემ. ტუჩებზე დახედა და წამოიწია წინ.
სუნთქვა გაუკავდა ყელში გოგონას. სასწრაფოდ გაატრიალა სახე გვერდზე, თვალებგაფართოებულმა. მთელი ტანი უთრთოდა. თითქოს სციოდა, ცივმა ოფლმა დაასხა.
მაგრამ შიგნით, მუცელში, ქვემოთ ისეთი ცეცხლი ენთო, რომ ალები გონებას სწვდებოდნენ. აგორებული ხანძარი მას განადგურებას უქადდა და ვეღარ გაეგო ბარბარეს, ნება მიეცა თუ ძალით ჩაეხშო.
შერვაშიძის ცხელი სუნთქვა ხვდებოდა ლოყაზე და ვერ გაეგო, რა გაეკეთებინა. გაშეშებული იჯდა, ვერც ადგომას ახერხებდა და ვერც ახალგაზრდა კაცის შუშისებრი მზერისათვის თვალების გასწორებას.
აუტანელი იყო.
მერე კი შერვაშიძემ უფრო ახლოს მოუტანა სახე, მის კისერთან, ხშირ, ჩამოშლილ შავ თმაში რომ ჩაფლულიყო.
ღრმად შეისუნთქა და თვითონაც არ იცოდა ბარბარემ, თუ რატომ, მაგრამ მუშტები მაგრად შეკრა.
მერე კი უკან გადაიხარა ნიკოლოზი.
-წადი. – თქვა მან.
ბარბარე შეკრთა მოულოდნელობისაგან, ნიკოლოზის სიახლოვის მოშორებისაგან. შერვაშიძეს გადახედა, რომელიც გადაწოლილიყო, ბალიშებზე ედო თავი, დაჟინებით დაშტერებოდა.
-ჩემი სმენა… – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ პირველი, რაც თავში მოუვიდა.
-გათავისუფლებ. – მოუჭრა ნიკოლოზმა. თავი აუქნია. – წადი.
ბარბარეს აღარაფერი უთქვამს.
წამოდგა, ძლივს გასწორდა, ფეხები უთრთოდა. ლასლასით გაემართა კარისაკენ.
გამოაღო, ბოლო, შეფარული მზერა სტყორცნა შერვაშიძეს.
ის ისევ იქ იჯდა.
ისევ ისე უყურებდა, როგორ ყოველთვის.
ბარბარემ კარი მოხურა.
.
-*-*-*-*-*-
თითქოს არაფერი შეცვლილიყო, ერთი კვირის შემდეგ. ისევ ისე მუშაობდა ბარბარე. ისევ ისე, ყველაფრის დამალვით ელაპარაკებოდა ანის. ისევ ისეთი უკმაყოფილო იყო მისით დედამისი.
მაგრამ მაინც შეიცვალა რაღაც. ფუნდამენტალურად.
რაღაც გადატრიალდა თითქოს ბარბარეს ცხოვრებაში.
ნიკოლოზის რეჟიმი იგივე ჩანდა. ზოგ ღამეს გამოჩნდებოდა კაზინოში, ზოგ ღამეს გასული იყო. მუდამ ამოშავებული, უძილობის მანიშნებელი თვალები ჰქონდა, და დაღლილი გამომეტყველება.
მაგრამ ამავდროულად არსად ჩანდა თამთა.
გასაკვირიც არ იყო ეს. ალბათ თორნიკემ იგი ერთი ხელის მოქნევით გააქრო, იმ დღეს, როცა ნიკოლოზის სექს-ოთახიდან გავიდა, გაცოფებული.
შერვაშიძე უყურებდა.
ადრეც უყურებდა. მაგრამ ახლა უფრო ხშირად, უფრო დაჟინებით გრძნობდა ბარბარე მის მზერას და როგორც ადრე, ცდილობდა, რომ არ შეემჩნია. ადრე მიდიოდა სამსახურში და გვიან მოდიოდა. მუდამ თავდახრილი იყო, და ცდილობდა სასწრაფოდ მოეთავებინა მეორე სართულის დასუფთავება, როცა მისი ჯერი მოდიოდა.
დროზე უნდა გასცლოდა იქაურობას, რადგან იცოდა, რომ იქ, მოაჯირთან დამდგარ ტახტში იჯდა შერვაშიძე, მკლავები ზურგზე გადაედო, ფეხები გადაეშალა და ვისკის სვამდა, ნაცნობითა თუ უცნობით გარშემორტყმული.
უყურებდა, მაგრამ არც ერთხელ არ ცდილა, რომ მოახლოებოდა და დალაპარაკებოდა.
ეს კარგი იყო. ძალიანაც კარგი.
მაგრამ შერვაშიძემ მისი კოცნა სცადა.
ასეთი აბსურდული, წარმოუდგენელი ცნება აქამდე ბარბარეს გონებაში არც კი გაფართხალებულიყო.
ახლა კი ახდა.
თითქოს მართალი იყო ნიკოლოზი, როცა ამბობდა, რომ ადამიანებს შეუცნობადის ეშინოდათ.
ნიკოლოზი არაფერს აკეთებდა. მისი უმოქმედობა კი უფრო გაუგებარი, უფრო საფრთხილო იყო ბარბარესათვის.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც დუღდა ზედაპირის ქვეშ. თავდახურული ქვაბივით იყო, რომელიც როდის ამოხეთქავდა, წარმოდგენა არ ჰქონდა.
რაღაც მზადდებოდა. რაღაც იკრეფდა ძალას, უფრო და უფრო იმუხტებოდა ჰაერი.
ფიქრებმა წაიღეს ბარბარე. სამსახურში მიმავალი ძლივს უქცევდა მომავალ ხალხს მხარს.
ფიქრობდა, თუ რა გაეკეთებინა.
ასეთ სიტუაციაში არასოდეს ყოფილიყო, გაიფიქრა მან და მხარზე გადაკიდებულ ჩანთას მაგრად ჩააფრინდა, გვერდზე გაიწია, როცა ქუჩაში გაშხუილებულმა მანქანამ კინაღამ წყალი შემოაწუწა. შუა გზაში გაუწვიმდა, და ქოლგა არ წამოეღო.
გამოცდილება არ ჰქონდა.
მაგრამ გამოცდილება ალბათ არ გაჭრიდა შერვაშიძესთან.
მხრები უსველდებოდა. ადრე ღამდებოდა უკვე, სიბნელე ჩამოწოლილიყო კაზინოს ქუჩაზე. რამდენიმე ასეული მეტრიც და იქ იქნებოდა. ნაბიჯს აუჩქარა, წვიმაში ვეღარ იხედებოდა წესიერად.
მერე კი, მოულოდნელად, რამდენიმე მამაკაცის სილუეტი გადაეღობა წინ.
შეკრთა ბარბარე. ოდნავ უკან დაიხია, ადგილს მიეყინა, დაფეთებული. ჯიბეში ჩაგდებულ გასაღებებს მაგრად მოუჭირა ხელი.
წარმოიდგინა, თუ როგორ ამოიღებდა და მოიქნევდა მათ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვდა. მჭრელი მეტალი უსიამოვნო უნდა ყოფილიყო ოპონენტის სახეზე.
-შენ და შენმა კახპა დედაშენმა როგორ ვერ ააგროვეთ ფულები? – დაუსისინა ერთმა და გული კოჭებში ჩაუვარდა ბარბარეს.
მევალეები.
ის არ ეყოთ, რომ მუდამ სახლში აკითხავდნენ და იქამდე აბრახუნებდნენ კარზე, სანამ არ მობეზრდებოდათ. დედა ამბობდა, რომ ნელ-ნელა ისტუმრებდა მათ ვალს, მაგრამ პროცენტი ისეთი მაღალი იყო, რომ ბარბარეს ტანში სცრავდა მევალეების ფულის ხსენებაზეც კი.
-ვაგროვებთ… – ამოილუღლუღა მან. – მალე ხელფასს მივიღებ და…
-გოგო, რა გინდა შენ, რომ გაგიზარდოთ პროცენტი? – ჩაუსისინა მეორემ. მათ სახეებს წესიერად ვერ ხედავდა ბარბარე, მხოლოდ ერთის მელოტი, წვიმისაგან აპრიალებული თავი რჩებოდა გარკვევით მის მეხსიერებაში. – ყელში ამომიხვედით უკვე ეს ბოზები რაა! თავზესაყრელად აკეთებენ ფულებს ტყნაურში ჩვენნაირებისგან და უკან მოცემაც აღარ უნდათ! რანაირი მაფიაა?!
მესამე, მარჯვნივ მდგომი, მხარში სწვდა ბარბარეს. გოგონას ხრიალი აღმოხდა. თვალებგაფართოებული, გაქვავებული იდგა, მხარში აუტანელ ტკივილს გრძნობდა.
-რაღა ვნახეთ, სად დაეთრევი ხოლმე, არ იფიქრო, რომ აქ არ დაგიხვდებით, გასაგებია, შე პატარა ბოზო? – ჩაუსისინა მან. – ქუჩა კორპუსი არ გეგონოს, შე კახპა, აქ კარები არ არსებობს, ზედ რომ ვაბრახუნოთ.
-მოგიტანთ ფულს… – წამოილუღლუღა შიშისაგან შეძრწუნებულმა ბარბარემ. ადგილზე თრთოდა. წვიმა შხაპუნებდა გარშემო, თმა მთლიანად დაუსველდა, კაპიუშონში გაატანა. – მოგიტანთ…
-აი, კაი გოგო. – გაიღიმა მელოტმა. წამიერად ტატოს საზიზღარი ღიმილი წარმოუდგა თვალწინ ბარბარეს, მუხლებმა უმტყუნა კინაღამ. – ხედავთ? სწორი მოტივაცია და ყველაფერს იზამენ ეს ნაბოზვრები.
-ხვალ აქვე შევხვდებით, გოგონი! – უთხრა პირველმა. – და თუ არ შევხვდებით, რაც მოგივათ შენ და ბოზ დედაშენს, საკუთარ თავს დააბრალე. – მან გადაიხარხარა.
ხელი შეუშვეს. გასცილდნენ.
ამოსუნთქვა უნდა შესძლებოდა ბარბარეს, მაგრამ ვერ შეძლო. ისევ ისეთი ლოდი აწვა მკერდზე.
ფული უნდა ეშოვა. ორი ათასი ლარი მაინც ხვალამდე.
ლასლასით გაემართა კაზინოსაკენ.
ორი ათასი ლარი. ორი ათასი ლარი მაინც.
გაუთავებლად, მანტრად უტრიალებდა თავში, გამწარებულს.
ერთ კვირაში უნდა მიეღო ხელფასი.
კაზინოში შეაბიჯა. რაღაც ძალა მიერეკებოდა მეორე სართულისაკენ.
წინდაწინ სთხოვდა ხელფასს. სთხოვდა, რომ რაც იმუშავა, იმის ანაზღაურება მიეღო. რომ დამატებით სმენებს აიღებდა სანაცვლოდ.
შერვაშიძეს სთხოვდა.
კანკალებდა ბარბარე. საფეხურზე აბიჯებისას წყლის კვალს ტოვებდა უკან. გაჰყინვოდა სხეული.
შვებისაგან ამოიხვნეშა, როცა ნიკოლოზი დაინახა. იგი ტახტთან იდგა. ვიღაც სხვა, ხანშიშესულ კაცს ელაპარაკებოდა. გვერდით თორნიკე იდგა, რომელიც მონდომებით სვამდა რაღაც მუქი ფერის სასმელს.
ნიკოლოზმა თვალი ჰკიდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ლაპარაკი განაგრძო.
ათი წუთი მაინც იდგა ბარბარე კიბესთან. მოთმინებით ელოდა, ათრთოლებული, სანამ ნიკოლოზი დაამთავრებდა საუბარს.
ხანშიშესულმა კაცმა ჩაუარა, იჭვნეული მზერა სტყორცნა.
მისკენ არ გაუხედია ბარბარეს. ფრთხილად მიუახლოვდა ნიკოლოზს, რომელმაც რაღაც გადაულაპარაკა თორნიკეს, რაზეც მახათელს გაეცინა, ბარბარეს გამოხედა, თავი გადააქნია.
გული ეთანაღრებოდა ბარბარეს.
-უნდა დაგელაპარაკო. – ძლივს ამოღერღა მან, როცა შერვაშიძეს მიუახლოვდა. მუსიკა უგუგუნებდა ყურებში.
ნიკოლოზმა წარბები ასწია, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგიდას მოშორდა. უკან მორჩილად მოჰყვა ბარბარე.
-გინდა რამე? – ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა, მკლავები გადააჯვარედინა. ირონიული ღიმილით დაჰყურებდა.
-ხელფასს ადრე ვერ გადამიხდი? – წამოილუღლუღა ბარბარემ. შერცხვა. სისხლმა აასხა სირცხვილისაგან.
მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
თან პატიოსნად იმუშავა. სასყიდელს ითხოვდა მხოლოდ.
-რატომ? – ჩაეკითხა ნიკოლოზი, თავი გვერდზე გადაეხარა, ინტერესით მიშტერებოდა.
-ფული მჭირდება. – გამომშრალ ყელში ძლივს გადაატარა ნერწყვი გოგონამ, კანკალით ამოიხვნეშა. – მევალეები მყავს.
-აქ პროტოკოლის მიხედვით თვის ბოლოს იღებენ ხელფასს. – მან ბარბარეს გაუსწორა მზერა. წითლად უპრიალებდა შიშსებრი თვალები. – შენ კი ხუთი დღე დაგრჩა თვის შესავსებად…
-ძალიან მჭირდება. – ბარბარე გრძნობდა, რომ ეს ბოლო იმედიც ეცლებოდა ხელიდან, უნდა ეჩქარა, უნდა დაერწმუნებინა ნიკოლოზი. – ხვალისთვის მჭირდება, ძალიან…
-ხვალისთვის? – წარბები ასწია ნიკოლოზმა. -აქამდე სად იყავი?
-არ ვიცოდი… -რაღაც საშინელი უფხოჭნიდა ბარბარეს მკერდის ძვალს, თვალებს უწვავდა. ნიკოლოზს თვალს ვეღარ უსწორებდა. – არ ვიცოდი, რომ ხვალისთვის იყო… რომ მოვდიოდი დამხვდნენ ქუჩაში და გამაფრთხილეს… ხვალ უნდა მივუტანო ფული. – ძლივს გაბედა, შერვაშიძისაკენ აატრიალა თვალები. მზერა დაებინდა. – ძალიან მჭირდება…
და ცრემლები გადმოუგორდა.
წამსვე აიფარა სახეზე ხელები, არ სურდა, რომ შერვაშიძეს ასე დაენახა. გასაცოდავებული, დამფრთხალი, მტირალი.
პათეტიკურად, დაბლა დაცემულად გრძნობდა თავს. ტირილის შეკავებისაგან მთელი სხეული უთრთოდა.
ძლივს დამშვიდდა. სწრაფად მოიწმინდა სველი სახელოთი სახე, ნიკოლოზისათვის სახეში შეხედვას ვერ ბედავდა.
-ვინ დაგხვდა? – ჰკითხა ნიკოლოზმა. – სახელები იცი?
-არა… – ძლივს ამოისუნთქა გოგონამ. – ერთი მელოტია, ცისფერთვალება. უფროსი კაცები არიან. სხვა არ ვიცი…
-ეგ კაცი ბოზებში დადის, ხო? – თქვა უცებ შერვაშიძემ და ბარბარეს სისხლი გაეყინა ძარღვებში. გაშტერებულმა ახედა ნიკოლოზს, რომელიც წყნარად დაჰყურებდა.
-კი, დადის… – ამოილუღლუღა საპასუხოდ.
-ეგაა. – თქვა უცებ ახალგაზრდა კაცმა, შებრუნდა, და გაოგნებული ბარბარე უკან აედევნა. ნიკოლოზი რაღაცაზე მოხარხარე, ვიღაც ქალზე მკლავგადახვეულ თორნიკეს მიუახლოვდა, რაღაც გადაულაპარაკა. თორნიკემ მკლავი მოაცილა ქალს, ხმამაღლა გადაიხარხარა, თითები გაატკაცუნა.
ტახტზე მჯდარი კაცები წამოიშალნენ.
ნიკოლოზმა გამოხედა. თვალი თვალში გაუყარა.
-წამოდი. – უთხრა მან.
სხეული თავისით აუმოძრავდა ბარბარეს, მისკენ გაემართა, გვერდში ამოუდგა, მზერა გაესწორებინა.
ნიკოლოზმა უყურა.
მერე გაეცინა, კიბისაკენ გაემართა.
უკან ხუილითა და გუგუნით მოჰყვებოდათ ამალა.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-15
გარეთ წვიმდა. კოკისპირულად.
ჰაერი დანესტიანებულიყო, ამასთანავე სასიამოვნო სუსხი იდგა მასში. დაუსრულებლად დედამიწისაკენ მომავალ წვეთებში ირეკლებოდა კაზინოს ფანჯრებიდან მომავალი წითელი სინათლე.
შერვაშიძის მანქანა ოდნავ მოშორებით იდგა. ბარბარე უკან მიჰყვა ნიკოლოზს, როცა შენობიდან გამოვიდნენ, ხელი შუბლზე მიედო, რომ წვიმა წამწამებზე არ დაჰკიდებოდა. მგზავრის მხარეს მიადგა, ერთიანად, ხელახლა დაუჟივდა მხრები და თმა. გრძნობდა, როგორ გორავდნენ წვეთები მის ზურგზე თხელი მაისურის ქვეშ და შეაჟრჟოლა.
ნიკოლოზმა კარი გააღო. როგორც კი საკეტის ჩხაკუნის ხმა გაიგონა გოგონამ, წამსვე გამოაღო კარი და ჩაჯდა, კარი მოიჯახუნა. გასავათებული მიეყუდა სავარძლის ზურგს და თავი უკან გადააგდო, სანამ შერვაშიძე ჩაჯდებოდა მანქანაში.
მთელი ბანდა, ვინც მათ მოჰყვებოდათ უკან, ქუჩაში გაიფანტა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, თორნიკე გაცხარებით ელაპარაკებოდა ვიღაცას, სანამ ოთხ სხვასთან ერთად არ ჩაჯდებოდა მანქანაში.
ნიკოლოზმა დაქოქა ძრავი. მანქანა ქუჩაში გადაიყვანა.
ბარბარემ გადახედა. ხელებს კალთაში იმტვრევდა ნერვიულობისაგან. თვითონაც ვერ გაეგო, თუ რაზე ნერვიულობდა.
ალბათ იმაზე, რომ მევალეები დახვდნენ ქუჩაში.
იმდენად არეული იყო სტრესისაგან, რომ ფიქრებს ვერ ალაგებდა.
შერვაშიძემ სველ თმაში ხელი გადაისვა, აწეწილი კულულები გაისწორა, უკან გადაიწია. დაჟინებით უცქერდა გზას. საქარე მინაზე გაუჩერებლად მოძრაობდნენ საწმენდები, წვიმის წვეთები გვერდებზე გადაჰქოდათ, რომელიც შემდეგ ნაკადულივით ეშვებოდა ქვემოთ, მაგრამ მინა წამსვე იფარებოდა კოკისპირული წვიმით.
-სად მივდივართ? – იკითხა ბარბარემ. სიცივისაგან თუ ნერვიულობისაგან სხეული უკანკალებდა.
-იცი, სადაც მივდივართ. – უპასუხა შერვაშიძემ, მისკენ არ გამოუხედავს.
ბარბარე გაჩუმდა. მანქანის გვერდზე მიმაგრებულ სარკეში გაიხედა.
უკან მანქანები მოჰყვებოდნენ. დაბურული იყო პირველის საქარე მინა, მინათებულ სინათლეზე თორნიკეს სახე გამოჩნდა ბუნდოვნად.
-იცნობ იმათ? – ჰკითხა ბარბარემ. შეფარვით გადახედა შერვაშიძეს.
მან წამიერად გადმოხედა, ტუჩის კუთხე შეუტოკდა.
-მე ყველას ვიცნობ. – თქვა მან. დაჟინებით დააშტერდა გზას, სახეზე ყვითელი სინათლე მოედო. გამალებით იყურებოდა, მარჯვნივ შეუხვია. დიდ ქუჩაზე გავიდნენ. უზარმაზარი ნაძვები და ფოთლებშემოძარცვული ხეები აღმართულიყვნენ ტროტუარებზე.
-ყველას არა. – ამოღერღა ბარბარემ. – მე არ მიცნობ.
შერვაშიძემ წარბები ასწია, მაგრამ მისკენ არ გამოუხედავს.
-ყველას ვიცნობ, ვინც საჭიროა. – მოკლედ მოჭრა მან. წვიმა ყრუ გუგუნით ასხამდა მანქანის კორპუსზე.
ბარბარეს სახე მოეღმიჭა. თვალი აარიდა შერვაშიძეს.
წვიმით სველი ასფალტი პრიალებდა. ალაგ-ალაგ გუბეები დამდგარიყო, მათში გაქროლებული მანქანების ბორბლები შხეფებს ჰაერში ისვრიდნენ, უერთებდნენ მომავალ წვიმას.
უამრავი სინათლე არეკლილიყო აპრიალებულ გზაში, შუქნიშნებიდან, მაღაზიებიდან, ბინებიდან, მანქანათა ფარებიდან მომავალი. ის ღამე გაახსენდა ბარბარეს, როცა ნიკოლოზის შემოთავაზებულ სამსახურს დათანხმდა და მან წამოიყვანა კაზინოში.
მაგრამ ეს ორი სიტუაცია ერთმანეთს ვერც შეედრებოდა.
ახლა მევალეები მოადგნენ. ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა ბარბარე, რომ ისინი ქუჩაში დაადგებოდნენ თავზე, ასე უხეშად შემოიჭრებოდნენ მის ცხოვრებაში.
ნეტავ დედასაც ასე ხვდებოდნენ? მასაც ასე აშანტაჟებდნენ, სტანჯავდნენ?
ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ დღევანდელი სმენა ასე დაიწყებოდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ მევალეების შიშისაგან სახეწაშლილი, ერთიანად დამფრთხალი მიადგებოდა შერვაშიძეს და ფულს სთხოვდა.
ხელახლა ასწვა სირცხვილმა. ნიკოლოზის წინაშე ატირდა, ფული სთხოვა, ასე დაიმცირა თავი.
მაგრამ ამავდროულად ზიზღი უვლიდა გონებაში.
ეზიზღებოდა მევალეები.
მაგრამ უფრო მეტად ეზიზღებოდა ის ფაქტი, რომ დედამისმა ასეთ ხალხთან დაიჭირა საქმე. რომ მათ საკმარისად ენდობოდა, ან საკმარისად სასოწარკვეთილი იყო იმისათვის, რომ მათთვის ფული ეთხოვა.
ორივე ვარაუდი აბსოლუტურად მიუღებელი იყო ბარბარესათვის.
ვერ იტანდა ამ სიტუაციას, რომელიც თავის თავში ითრევდა, ერთიანად ეუფლებოდა და გამოტავისუფლების შანსს არ უტოვებდა.
ან დედას ვერ იტანდა.
ვერ გაეგო. თითქოს ზღვარი, ამ სიტუაციასა და დედას შორის გავლებული ზღვარი დაბურულიყო, და კარგად ვეღარ ხედავდა.
მაგრამ იქნებ თვითონ გაავლო ეს ზღვარი? იქნებ თვითონ შექმნა ბარიერი, რომ დედა არ დაედანაშაულებინა ამისათვის მუდმივ და ამით მისი და დედის ურთიერთობა დაეცვა, ასატანი გაეხადა?
ნუთუ ეს ბარიერი უბრალოდ მისი ეთიკის, პრინციპებისა და თავდაცვის გადმონაშთი იყო?
ბარბარემ მაგრად შეკრა კბილები. ფაქტი ის გახლდათ, რომ დედამისის ვალდებულება იყო, როგორც მშობლის, რომ წინ მდგარიყო, და თავისი შვილი დაეცვა. მან კი თავიც დაიღუპა და თავისი ერთადერთი ქალიშვილის გარია სიბინძურეში. ამყაყებულ წუმპეში ჩაითრია, რომლის ტვირთი ახლა ბარბარეს აწვა მკერდზე და იძულებული იყო, პასუხისმგებლობა აეღო.
რატომ უნდა ეძებნა ფული თვითონ? რატომ უნდა დახვედროდნენ მას? მას ხომ არ აეღო მათგან ფული, ხომ უბრალოდ ცდილობდა თავისთვის, პატიოსნად ემუშავა და რამენაირად გაეტანა თავი?
ტუჩები უთრთოდა ბარბარეს. გადაიხედა, მის გვერდით მფრინავ შენობებს დააშტერდა. ხეებს იქით ხალხი მოჩანდა ტროტუარზე. მიდიოდნენ, მეუღლეებთან, შვილებთან, მეგობრებთან ერთად, მიჰქონდათ სურსათითა და შენაძენებით სავსე პარკები, მოსეირნობდნენ და იცინოდნენ ღამის ქალაქში, მათ გარშემო აკიაფებული უამრავი სინათლის ფონზე.
ცეცხლი მოსდებოდა თითქოს სიცოცხლით სავსე ქუჩას. მონარინჯისფრო ყვითელი და წითელი ციალებდა გარშემო.
ამ ხალხის ცხოვრების, ნორმალური ცხოვრების წარმოდგენა სცადა ბარბარემ.
ვერ შეძლო.
გზას გადახედა, პირმოკუმულმა.
ნიკოლოზმა სადღაც გადაუხვია. შედარებით პატარა ქუჩაში, სადაც კანტიკუნტად მოჩანდა ხალხი.
ოცი წუთი იმგზავრეს. არცერთს ხმა არ გაუღია, უბრალოდ ისხდნენ, იყურებოდნენ ქუჩაში, და ნელ-ნელა კრთებოდა, იფითრებოდა მათ სახეზე არეკლილი გარშემომყოფი სინათლე.
სადღაც შორს ჩაიკარგა სიცოცხლით მფეთქავი ქუჩის ცეცხლი. გარშემო მხოლოდ კანტიკუნტად განათებული ქუჩები, ატალახიანებული, ამოყრილი ასფალტი და მიტოვებული ადგილების მწვანე მელანქოლია.
სადღაც გააჩერა ნიკოლოზმა. ფარები ჩააქრო. უკნიდან მომავალი მანქანების ანთებული ფარების სინათლე მოსდებოდა გარემოს.
მიტოვებულ კორპუსებს წააგავდნენ წინ აღმართული, დიდი შენობები. იმაზე უფრო დაფეხვილნი და გასაცოდავებულნი მოჩანდნენ, ვიდრე ბარბარეს საცხოვრებელი კორპუსი. ეზო მთლიანად დაფარულიყო კენჭების თხელი ფენით, მაგრამ მოჩანდა, თუ როგორ ატალახებულიყო აქეთ-იქით გამოჩენილი მიწა. საწყობივით, ღია, რკინაბეტონისაგან აწყობილი, თითქმის ორსართულიანი სახლის სიმაღლის უზარმაზარი კარკასი იდგა გვერდით, მის სახურავზე ამოსულ, ქარისაგან მოქანავე გამხმარ ბალახს ხედავდა ბარბარე, ოდნავ, შორს მოკიაფე ყვითელ სინათლეზე.
საწყობში, მოყენებული მანქანების სინათლეზე კაცები იდგნენ.
მელოტის თავი ლაპლაპებდა. ცისფერი თვალები მოეჭუტა, მოღუშული იყურებოდა.
რამდენიმე იცნო კიდევ ბარბარემ, გული აუძგერდა გამალებით.
-გადადი. – თქვა შერვაშიძემ, სახელურს ხელი გამოჰკრა და გადააბიჯა. წამსვე შემოჰკრა ცივმა ჰაერმა სველ სხეულზე ბარბარეს, და გააკანკალა გოგონას. კარი თვითონაც გამოაღო, ზურგსუკან მოიჯახუნა. წვიმა დაეხეთქა თავსა და სხეულზე.
უკნიდან მანქანათა კარის ჯახუნი ისმოდა, ნაბიჯების, კენჭების შხრიალისა და წვიმის შუილის ხმა მოსწვდა ბარბარეს ყურებს.
ნიკოლოზს მიჰყვა უკან, რომელიც მის წინ მიაბიჯებდა საწყობისაკენ. ყელში მოებჯინა გული ბარბარეს, როცა კაცის ცისფერ თვალებს შეეჩეხა. მას თითქოს სახე წაეშალა, ერთიანად შეეცვალა გამომეტყველება.
საწყობში შეაბიჯეს, აღარ ეცემოდა ბარბარეს წვიმა თავზე, მაგრამ ახლა ამას საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. ნიკოლოზი შეჩერდა, ბარბარეც შეყოვნდა თავისდაუნებურად. თორნიკე ამოუდგა გვერდით, გარშემო, პერიფერიული მზერით ხედავდა გოგონა, თუ როგორ შემოირკალა ნიკოლოზის ბანდა გარშემო.
ამ მელოტსაც საკმაოდ ახლდა ხალხი. ყველანი მოღუშულნი იყურებოდნენ, ბრაზით აღსავსენი.
-რა გინდა? – დაიწყო ერთ-ერთმა, მაღალი იყო, სახეში ჩამოჰკიდებოდა თმის ღერები, გატყავებული ქურთუკი ეცვა. – ხომ ჩაგაბარეთ დროზე, ახლა რა ჩემი ყლე მოგინდა?
-სიტყვები შეარჩიე, ბიჭო! – დაიღრიალა უცებ თორნიკემ, მისი ხმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ბარბარეს ტანში გასცრა. ექოდ გავრცელდა უშველებელ კარკასში.
მისი ჩრდილი გრძლად ეფინებოდა რკინაბეტონის იატაკს.
-ჰო, სიტყვები შეარჩიე. – ჩაილაპარაკა მელოტმა, ბარბარეს თვალს არ აშორებდა. – ქალია აქ.
მისი სიტყვები მეხის გავარდნასავით გაისმა.
დაძაბულობა ჩამოწვა მაშინვე, ტვირთად დაედო ბარბარეს მხრებზე, სული შეუხუთა. თითქოს აქამდე გოგონას არსებობას, მის აქ შეუფერებელ ყოფნას აიგნორებდა ყველა.
მაგრამ ახლა აღარ შეიძლებოდა ამის უგუვებელყოფა. არა მაშინ, როცა ასე პირდაპირ გამოიშვირა მისკენ მელოტმა მეტაფორული თითი.
მელოტი უყურებდა. გამგმირავი ცისფერი თვალებით ჭამდა თითქოს.
ბარბარე დაფეთებული მიშტერებოდა, სიცივისა და შიშისაგან სხეული უთრთოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ იყო აქ, თუ რატომ უთხრა შერვაშიძემ წამოსულიყო. ცუდი წინათგრძნობა უყინავდა სისხლს ძარღვებში.
თუმცა წინათგრძნობა არც იყო საჭირო. იოლი მისახვედრი გახლდათ, თუ რა მოხდებოდა მალე.
ზარავდა ბარბარეს. გონებაში გავლებაც კი არ სურდა.
-პირველად ვხედავ აქ თქვენს მოყვანილ ქალს. – განაგრძო მელოტმა, ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. – რამე განსაკუთრებული მოხდა?
ნიკოლოზი დაიძრა, და შეცბა ბარბარე, როცა მისი მხარი გადაეფარა წინ. ბეჭის ზემოდან ხედავდა მელოტის გაფართოებულ ცისფერ თვალებსა და დანარჩენებს გაფითრებულ სახეებს.
ანდა შეიძლება უბრალოდ ფარების სინათლის ბრალი იყო.
-ესენი არიან? – თავი მოატრიალა ნიკოლოზმა. ბარბარეს არ უყურებდა, რაღაცას დაშტერებოდა ქვემოთ. გოგონა მის პროფილს მიაშტერდა.
-რას იზამ, რომ გითხრა, კი თქო? – საპასუხოდ დაუჩურჩულა ბარბარემ, თორნიკეს გადახედა სასწრაფოდ, რომელსაც წარბი აეწია, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და ისე უმზერდა. – სისულელე არ გააკეთო…
თორნიკეს გაეცინა. ახლოს მდგომმა კაცებმა ფხუკუნი ატეხეს.
შერვაშიძემ სახე მიატრიალა, შეცბუნებულ მევალეებს გადახედა.
-ესე იგი, რას ვგებულობ… – დაიწყო მან, და ბარბარეს თითქმის ესმოდა მისი ირონიული ღიმილი. დაფეთებული იდგა, ისღა შეეძლო, რომ ადგილს მილურსმულიყო და დალოდებოდა იმას, რაც მოხდებოდა. – რომ თურმე დაეთრევით აქეთ-იქით და ბოზებს აცინცლავთ ფულებს… მე ეგ მაგარი ფეხებზე მკიდია, თქვენი დედაც კი მოვტყან, მაგრამ ამ ფულს ტეხავთ თურმე, ბიჭებო!
-ეგ ვინ გითხრა? – ჩაეკითხა ერთ-ერთი მევალე, აყლაყუდა, ზემოდან იმზირებოდა, ზიზღით აღსავსე სახით. – ამ კახპამ?
თორნიკემ ხმამაღლა გადაიხარხარა, თითები სახსრებში გადაატკაცუნა. ნიკოლოზი არც კი შეინძრა.
-პატივისცემით ქალთან, ყლეო! – დაიძახა ვიღაც ახალგაზრდა, ჯმუხმა ბიჭმა. აქოჩრილი მიშტერებოდა მათ, მერე კი ბარბარესაკენ გამოაპარა თვალი. გოგონამ მზერა გაუსწორა, მაგრამ კუნთიც კი არ გასტოკებია სახეზე. შინაგანად ცეცხლი ეკიდა, გამალებით ფიქრობდა.
-ბოზებს როდის იყო პატივს სცემენ, ხომ არ გამოყლევდი, ბიჭო?! – დაუყვირა საპასუხოდ აყლაყუდამ, მერე კი ნიკოლოზისაკენ მოატრიალა თვალები. – არაფერსაც არ ვტეხავთ…
ნიკოლოზი უეცრად დაიძრა. აყლაყუდას თვალები გაუფართოვდა, შესამჩნევად დაიწია უკან.
ბარბარე უბრალოდ იდგა, შერვაშიძის განიერ ზურგს მიშტერებოდა, რომელიც ნელ-ნელა ფარავდა მელოტის ფიგურას მისი თვალთახედვიდან, და გამალებით უცემდა გული.
-ვიღაც რიგითი სირი გგონივარ?! – იბღავლა ნიკოლოზმა, მელოტს ედგა წინ. თორნიკე გაბადრული იდგა, მკლავებს იკაპიწებდა. ტანში გასცრა ბარბარეს. – ბედავ და ფულს მახევ?! რა გეგონა, ვერ დაგწვავდი? ხომ არ გგონია, დამავიწყდა, შენიანებმა რომ ორი ტყვია დამახალეს? რა გინდა, საბოლოოდ აგაძრო ეგ დედამოტყნული სახე?!
მელოტმა ხელი ჰკრა მკერდში.
ნიკოლოზი ოდნავ გადაიწია უკან.
-ეგ აღარ უნდა ექნა… – ჩაილაპარაკა თორნიკემ, მხრები გადააგორა, ღიმილით. ეტყობოდა, რომ ემზადებოდა, წინ წაიწია.
მერე კი, ისე, რომ ბარბარემ თითქმის ვერ მიაწვდინა თვალი, ნიკოლოზმა მუშტი უკან გასწია და მთელი ძალით ჩაარტყა მელოტს სახეში.
მევალეებმა იღრიალეს. აყლაყუდა ეცა შერვაშიძეს.
ბარბარემ პირზე იტაცა ხელები, თავზარდაცემულმა. გული ისე გამალებით უცემდა, რომ ცოტაც და ამოუხტებოდა ყელიდან.
შერვაშიძემ ერთი ხელის გაქნევით მოიცილა აყლაყუდა, მასზე მოვარდნილ მეორეს ფეხი გამოსდო, ძირს ხმამაღალი ბრახუნით დაანარცხა, მერე კი დაიხარა და ისეთი ძალით ჩაარტყა მელოტს მუცელში იდაყვი, რომ კაცს ხავილი აღმოხდა.
მერე კი თორნიკე შევარდა მის დასახმარებლად, ყიჟინით. მას თან მთელი ნიკოლოზის ამალა მიჰყვა.
ბარბარე იდგა, ადგილს მიყინული, უყურებდა, თუ როგორ სცემდა ორი მოწინააღმდეგე მხარე ერთმანეთს და შეძრწუნებული ფიქრობდა, რომ ეს სულ მისი ბრალი იყო.
ხმა რომ არ ამოეღო, ეს არ მოხდებოდა. ნიკოლოზისათვის ფული რომ არ მოეთხოვა, მას რომ აქ არ წამოჰყოლოდა, და მანქანიდან რომ არ გადმოსულიყო, ახლა ეს საშინელება არ დაუდგებოდა თვალწინ.
უყურებდა, თუ როგორი ძალით ურტყამდა ნიკოლოზი მელოტს, ისე, რომ ძლივს მოაგლიჯეს. ორმა მევალემ ძლივს შეაკავა, მაგრამ შერვაშიძემ ერთი ზურგზე გადმოიკიდა და ძირს დაახეთქა, მეორეს კი ისეთი ძალით გაარტყა ყბაში, რომ ბარბარემ იგრძნო მისი თვალებიდან გადმოცვენილი ნაპერწკლები.
უკან წაბარბაცდა. ტალახში გაუსტა ფეხი და კინაღამ დაეცა. წვიმამ დასცხო თავზე, შხაპუნს ერწყმოდა მოჩხუბარი კაცების ქოშინი, დარტყმის ხმები და ღრიალი.
მანქანების შუქი ეფინებოდა მოჩხუბართა ნაწილს, ნაწილს კი ბარბარეს გრძელი, შავი ჩრდილი.
თმა დაუსველდა ერთიანად.
ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს წვიმა რეცხავდა. თითქოს განცალკევებული არსება იყო ამ საშინელი ორომტრიალიდან.
მხოლოდ ისღა ესმოდა, შეძრწუნებულს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი არ უნდა ყოფილიყო.
მერე კი შეამჩნია.
მელოტი მოიწევდა მისკენ, როგორღაც გამომძვრალიყო ამ ალიაქოთიდან, ცისფერი თვალები გაცოფებოდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
გული კოჭებში ჩაუვარდა ბარბარეს. უკან წაბარბაცდა, შებრუნდა, კისრისტეხით გაიქცა მანქანებისაკენ, მათი ფარების თვალისმომჭრელი შუქი პირდაპირ სახეში ხვდებოდა.
კენჭები აუტანლად ხრაშუნებდნენ მისი ფეხსაცმლის ქვეშ. გულამოვარდნილს ქარისაგან გაწეწილი თმა ხვდებოდა სახეში, მათრახივით მწვავე.
უკნიდან მოუახლოვდნენ.
თმაში სტაცა კაცმა ხელი, უკან მთელი ძალით მოქაჩა, და კენჭებში დაენარცხა ბარბარე.
შემზარავი ყვირილი აღმოხდა თავზარდაცემულს, თმაში ხელი იტაცა, მაგრად მოქაჩა, მაგრამ კაცი უფრო მაგრად ექაჩებოდა, ხელზე გადაიხვია მისი თმა, გვერდიდან ეფინებოდა თეთრი სინათლე, ცისფერი თვალი უფრო მკვეთრი და გაცოფებით აღსავსე მოუჩანდა.
-მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა ენის წაგდება, შე პატარა ბოზო… – დაიქშინა მელოტმა და მოქაჩა, თმით გაათრია კენჭებზე.
ბარბარემ მთელი ძალით შეჰყვირა, შიშისაგან გათანგულმა, დაიკლაკნა, ხელებზე მაგრად ჩამოჰკაწრა მელოტს, მაგრამ კაცი არც კი კრთებოდა, მხოლოდ ქშინავდა და მიათრევდა, მთელი ძალით. კენჭების ბასრი მხარეები ერჭობოდნენ ბარბარეს თეძოებსა და მოფართხალე ფეხებში, იგრძნო, როგორ გადაუფხრიწა ერთმა ხმარებისაგან გალეული შარვალი.
კიდევ ერთი კივილი ამოუშვა ბარბარემ, თვალებში ჩამოუბნელდა შიშისა და ტკივილისაგან. ისეთი ბნელი, საშინელი, უსუსური შეგრძნება გაუჩნდა, როგორც მაშინ, როცა მანქანაში უკანა სავარძელზე იწვა და ტატო და ვაკო დაჰყურებდნენ ზემოდან.
საკუთარი განმეორებადი კოშმარი, მათი დაღებული პირები და უძირო, ბნელი უფსკრული გაახსენდა.
მერე კი მოესმა.
ღრიალი.
არაადამიანური ღრიალი, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდათ.
ძლივს გამოახილა წყლისაგან ერთმანეთზე შეწებებული წამწამები, ახლაღა გააცნობიერა, რომ ყელი ჩაჰხეოდა თითქოს, აღარ ყვიროდა.
ნიკოლოზი მორბოდა. წვიმისაგან სველი თმა მიჰკვროდა შუბლზე, ტყავის ქურთუკი უფრიალებდა უკან. ფარების სინათლეზე გაფითრებულიყო, სახე გაცოფებოდა, გიჟურად უპრიალებდა შუშისებრი თვალები. წარბი გაეხეთქათ მისთვის, და სისხლი სდიოდა ცხვირიდან.
ოდნავ ხელი შეუშვა მელოტმა ბარბარეს, რაღაც წამოიყვირა.
მაგრამ შერვაშიძე არ შეჩერებულა. მთელი სხეულით დაეჯახა მელოტს და გაიტანა, ხმამაღალი ბათქით დაენარცხნენ მიწაზე და ბარბარემ შვებისაგან ამოიკვნესა, როცა ხელი გაუშვა მელოტმა. ძლივს გადმოტრიალდა, დაკაწრული ფეხები და თეძოები უთრთოდა.
ნიკოლოზი წამოიწია. მელოტს მთელი ძალით გაარტყა სახეში მუშტი.
-შენი დედა შევეცი! – ღრიალებდა ის. – ასე გინდოდა ხომ, შე ყლეო?! ასე გინდოდა ხომ?! მე შენ გიჩვენებ! ჩემსას შენი ბინძური ხელები აღარ შეახო, თორემ დედას მოგიტყნავ, გაიგე?! გაიგე მეთქი, შე სირო?!
ძლივს წამოიწია ბარბარე. ახლომდებარე მანქანას მიეყუდა.
მელოტი ძლივს სავსავებდა უკვე მიწაზე. სახე დასისხლიანებოდა, ერთიანად დასიებოდა.
სუნთქვა შეუწყდა ბარბარეს, შერვაშიძისაგენ გაბარბაცდა.
ასე მოკლავდა.
-ნიკოლოზ, გაჩერდი… -ძლივს ამოიხავლა გოგონამ, მასთან მიახლოების ეშინოდა, ეშინოდა იმ გაცოფებული მხეცის, რომელიც ახლა თავზე მოჰქცეოდა მეორე ადამიანს და სცემდა, სიკვდილამდე.
მაგრამ ბარბარეს სიკვდილზე მეტად არაფრის ეშინოდა.
-გაჩერდი…! – აუმაღლა მან ხმას, ნიკოლოზს აღმართულ მკლავში სწვდა, მაგრამ ვერ მოსჭიდა თითები, ისეთი ძალითა და სისწრაფით მოიქნია ახალგაზრდა კაცმა. – მოკლავ, გაჩერდი! – ამოიხავლა გოგონამ, და, სასოწარკვეთილი გადაიხარა წინ, შერვაშიძეს მხრებზე მოხვია ხელები, მაგრად მოქაჩა უკან.
ნიკოლოზს აწეული მუშტი გაუშეშდა ჰაერში. მელოტი ეგდო, მთლიანად მოსისხლიანებოდა სახე, მაგრამ სუნთქავდა. დასიებოდა კანი.
ნელ-ნელა რეცხავდა წვიმა სისხლს მისი სახიდან.
გასავათებული ქშინავდა შერვაშიძე. ბარბარეს მაგრად დაეხუჭა თვალები, ცივი წვიმა შხაპუნებდა მის მოხრილ ზურგზე. ხელებით მაგრად ჩაფრენოდა ნიკოლოზის სველ მაისურს მკერდზე, უკან ექაჩებოდა ოდნავ.
მერე კი წამოიწია შერვაშიძე. ისეთი ძალით, რომ ძალაუნებურად შეუშვა ბარბარემ ხელი, თვითონაც გასწორდა მოკანკალე ფეხებზე, მისკენ მობრუნებულ ნიკოლოზს მზერა გაუსწორა, თვალებგაფართოებულმა.
შერვაშიძე წამოიწია მისკენ, ისე, რომ დამფრთხალმა ბარბარემ უკან დაიწია, მანქანას მიეჯახა.
შერვაშიძე არ გაჩერებულა. მის მხრებთან მიაბჯინა ხელები და ორი ნაბიჯის მერე სხეულზე აეკრო.
უფრო მეტად გაუფართოვდა ბარბარეს თვალები. იდგა, მთელი სხეული უთრთოდა. შერვაშიძე თითქოს ყველგან ეხებოდა, მათი ბარძაყები, თეძოები ისე ძლიერად იყო მიჭერილი ერთმანეთთან, რომ შერვაშიძის სიმხურვალეს გრძნობდა გოგონა, ამდენ ცივ, სველ ტანსაცმელშიც კი.
ნიკოლოზი ღრმად სუნთქავდა, თვალდახუჭული. სახეზე უგორდებოდა წვიმის წვეთები, რომლებიც ბრწყინავდნენ გვერდიდან მომავალ თეთრ სინათლეზე.
ოდნავ წინ გადმოიხარა, ყბა თავზე მიადო ბარბარეს.
მანქანაზე მიდებული ხელები მოეკრუნჩხა ბარბარეს.
განძრევას ვერ ბედავდა, ტანზე შემოახურა.
-რატომ იქცევი ასე? – ძლივს ამოღერღა მან, წვიმის ხრიალი გადაფარავდა მის ხმას, ასე ახლოს რომ არ ყოფილიყვნენ. ნიკოლოზი ოდნავ უკან დაიწია, შუშისებრი თვალები გამოაჩინა.
-როგორ ასე? – დაიჩურჩულა მან და კინაღამ ენა წაერთვა ბარბარეს.
-სასტიკად. – ამოილუღლუღა მან. – მხოლოდ მხდალები იქცევიან სასტიკად.
ნიკოლოზს ყბები დაეჭიმა. უფრო დააწვა, მისი მკერდი უფრო მოუახლოვდა გოგონას გულმკერდს და სუნთქვა შეუკავდა ყელში ბარბარეს.
-ყველა ადამიანი ბუნებით სასტიკია. სიკეთე ისწავლება. -ხმადაბლა უთხრა შერვაშიძემ. -ყველა სასტიკია, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს…
-კინაღამ მოკალი. – მიუგო ბარბარემ. გული გამალებით უცემდა, თავს ურევდა უამრავი ფიქრი, თავს ძლივს იკავებდა. – ამას შესაძლებლობას ეძახი? ამას… – მან მელოტის გაშხლართულ სხეულს გადახედა, რომელსაც წვიმა ასხამდა შხაპუნით. – ამას იმსახურებდა?
-როდის დაიმსახურებდა? – უთხრა ნიკოლოზმა. – რომ გითხრა, რომ კაცი მოკლა? – ბარბარემ გაოცებისაგან პირი დააღო. – ან გააუპატიურა ქალი? – მან თვალი თვალშიგაუყარა გოგონას და ბარბარემ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, წამიერად ჩამოუბნელდა თვალებში. – ან კნუტი ცემა უწყალოდ? როდის იმსახურებს? შენი მორალური საზღვარი სად გადის? ან რა უფლება გაქვს საერთოდ, რომ გადაწყვიტო, იმსახურებს თუ არა?
-შენ რა უფლება გაქვს? – შეუყვირა ბარბარემ. ყელში უძგერდა გული. – შენი მორალური ზღვარი სად გადის?ფულის მალვის გულისათვის კაცის მოკვლას თუ ეცდები, სადამდე აღწევს შენი ამორალურობა? იქნებ ქუჩაში გადაფურთხებაც იმსახურებს? – ბარბარემ ძლივს ამოისუნთქა, გამწარებული შეჰყურებდა შერვაშიძის სახეს.
-პრინციპები, ლოგიკა და ეთიკა აქ არ გამოგადგება. – თქვა ნიკოლოზმა. – აქ მგლები ჯიჯგნიან ერთმანეთს და შენთვის ჯობია, რომ მათ შორის არ ჩადგე.
-მართალი ხარ. – თავი ააღირა ბარბარემ. ყელზე წვიმის წვეთები დაუცურდა. – რატომღაც ვფიქრობ, რომ გგონია, შენს მოქმედებებს შედეგები არა აქვთ… შენს პატარა სამყაროში ხარ გამოკეტილი, რომელშიც მთავარი ავტორიტეტი საკუთარი თავი გყავს… შენი შესაძლებლობა კი პასუხისმგებლობასაც რომ მოითხოვს, ვერ ხვდები?! ერთი დღეც მოვა და პასუხს გაგებინებენ!
ბარბარე ღრმად სუნთქავდა, ადრენალინზეღა ფუნქციონირებდა მისი გასავათებული, ქანცგაწყვეტილი სხეული. ყველაფერი უკანკალებდა, ცოტას და უმტყუნებდნენ მუხლები.
შერვაშიძე ზემოდან დასჩერებოდა, უსიტყვოდ.
მასზე გადმოიხარა. შუბლზე ჩამოკიდებული თმის ღერები ბარბარეს მოხვდნენ თავზე და გოგონა უყურებდა, თუ როგორ უელავდა შერვაშიძეს მომწვანო, შუშისებრი თვალები, მასზე ასე დაჟინებით მომზირალნი.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცოტაც და გული წაუვიდოდა.
ვეღარ იტანდა მისი სხეული ამდენ აღელვებას. ამდენ სტრესს. ამდენს ცეცხლს, მის მუცელში რომ ენთო და შერვაშიძის სხეულიდან მომავალი სიმხურვალით რომ საზრდოობდა.
-აქვე ნუ გაჟიმავ ტოო, მოითმინე ცოტა! – მოისმა გვერდიდან მოულოდნელად თორნიკეს ძახილი, რასაც მისი და სხვების ხარხარი მოჰყვა. ძლივს გაატრიალა მისკენ თავი ბარბარემ, ისე სუსტად გრძნობდა თავს. თორნიკეს ბუნდოვნად ხედავდა, მაგრამ მაინც ხედავდა მის ღიმილს, და იმას, რომ ის აშკარად კმაყოფილი იყო.
-აუ, ნიკო, რა უქენი ამას, ტოო? – შეუსტვინა მათთან მოახლოვებულმა ბანდის წევრმა. მელოტის მიმართულებით იყურებოდა.
-მოგვარდა? – ჩაეკითხა ნიკოლოზი თორნიკეს. ისევ მთელი სხეულით ჰყავდა ბარბარე მანქანაზე აკრული, მის მკლავებში გამომწყვდეული.
-აბა რა, ბიჭო, მაგარი ყლეები არიან… – გადაიხარხარა თორნიკემ. – ბევრნი კი იყვნენ, მაგრად გამისწორდა…
-დაუძახე, თუ შეუძლიათ სიარული, ამ ტლოპა სირს მიხედონ. – თქვა ნიკოლოზმა და უკან დაიწია, ბარბარეს მოშორდა.
და თითქოს საყრდენი იყო, რომელიც მოულოდნელად გამოეცალა გოგონას. თვალებში დაუბნელდა, ქანცგაწყვეტილს, ფეხები მოემჩვარა, მანქანაზე დაცურდა.
მერე კი მუხლებთან მოჰკიდეს ხელი, მკლავი მოეხვია ზურგზე და ასწიეს. ბუმბულივით მსუბუქად, თავისუფლად იგრძნო ბარბარემ თავი, თვალები მიელულა, ერთიანად უზრიალებდა ფიქრები გონებაში. ბუნდოვნად მოესმა კაცების სტვენა და ხმამაღალი სიცილი.
ბოლოს აღარც ახსოვდა, როდის აიყვანეს ხელში. მამას აჰყავდა ხოლმე და დააფრიალებდა აქეთ-იქით, როცა პატარა იყო.
ათ წელზე მეტს გაევლო უკვე იმ დრიოდან.
სხეული ერთიანად ჩაუდნა გოგონას. თავი მხარზე გადაუვარდა. ზემოდან წვიმა ეხეთქებოდა, ფეხებზე, ტანზე, სახეზე, მაგრამ ასე კომფორტულად არასოდეს ეგრძნო თავი.
სადღაც მიდიოდა, მიცურავდა თითქოს. სინათლეები ჭახჭახებდნენ მისი ქუთუთოების მიღმა. უკნიდან ბუნდოვანი სტვენა და სიცილი ისმოდა, ჯერ კიდევ.
მთელი სხეულით მიენდო ბარბარე იმ მკლავებს, რომელთაც ეჭირათ.
და ნაცრისფერმა ბურანმა მოიცვა.
.

.

-*-*-*-*-*-*-16
ხანდახან იწმინდებოდა ნაცრისფერი ბურანი.
თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა ბარბარე, რომ თვალებში გამოეხედა, რამე დაენახა, მაგრამ სასტიკად ეძინებოდა, და ისევ ეფლობოდა უკან, სიბნელეში.
ნაწყვეტ-ნაწყვეტად იგრძნო, თუ როგორ დააწვინეს სადღაც, გრილზე, მაგრამ რბილზე, როგორ მოძრაობდა მის ქვეშ მისი ქვეშაგები და თითქოს მიქროდა სადღაც, გული ერეოდა.
ყვითელი სინათლე ედებოდა სახეზე დროგამოშვებით, ქუთუთოებს უნათებდა, მათ გამჭირვალეს ხდიდა თითქოს. გარშემო სიწყნარე სუფევდა, ოდნავი სუნთქვის ხმა ესმოდა გვერდიდან.
მერე წყლის ბუნდოვანი შხაპუნი გაიგონა, მის თავთან ტკაცანის ხმა. ფეხებით გადმოათრიეს სავარძელზე, იგრძნო, როგორ აუცურდა ოდნავ მუცელზე მაისური და მოკლე ქურთუკი, ცივი ჰაერი მოხვდა ზედ, გააკანკალა. ძლივს გაახილა თვალები.
გაახილა და პირდაპირ ნიკოლოზს შეეჩეხა. მისი თვათახედვა თითქოს წყალში ჩაძირულიყო, ყველაფერი ირხეოდა, ციმციმებდა, და ბუნდოვანი იყო.
მაგრამ ნიკოლოზის ფიგურას ყველგან იცნობდა.
შერვაშიძეს უკნიდან წითელი სინათლე ეფინებოდა, გარშემო წითლად აბრწყინებულიყვნენ წვიმის წვითები.
მზერა ნელ-ნელა დაეწმინდა ბარბარეს.
ნიკოლოზი მიშტერებოდა. მის კოჭებზე შემოეხვია ხელები.
კიდევ ერთხელ მოქაჩა, მაგრად, წვიმის წვეთები წვივებზე დაეცნენ გოგონას. მერე კი მუხლებქვეშ ამოდო მკლავი, მეორე ხელი ზურგზე მოხვია, მანქანიდან გამოაცურა, მაგრად დაიჭირა მკლავებში. ფეხით მიკეტა მანქანის კარი.
ბარბარე ჯერ კიდევ ისეთი მიბნედილი და გასავათებული იყო, რომ ენა წართმეოდა, ხმას ვერ იღებდა. ძლივს იჭერდა კისერს, რომ უკან არ გადავარდნოდა თავი, მილულული თვალებიდან წითელ ციალს ხედავდა მხოლოდ. მზერა ოდნავ მოატრიალა, ნიკოლოზის შუშისებრ მზერას შეეჩეხა წამიერად.
ჟრჟოლამ ჩაურბინა ხერხემალში. მხრები უფრო მაგრად აიწურა, იმის მიუხედავად, რომ ზემოდან ცივი, კოკისპირულად მომავალი წვიმა ეცემოდა და ყველაფერს უსველებდა, კანქვეშ თითქოს პაწაწინა მზეები ავარვარდნენ. ყველაზე დიდი მზე მუცელში ატრიალებდა, ერთიანად აცხელებდა იქაურობას, და ბარბარემ ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი.
ნუთუ შერვაშიძის მონარჩენი მხურვალება იყო ეს, რომელიც მან ბარბარეს უწილადა? ნუთუ ეს მისი ბარბარეზე აკრული სხეულის ბრალი იყო?
თუმცა არა. ბარბარე ვერაფრით უწოდებდა ამას ბრალს. ვერ უწოდებდა, რადგან საოცრად ათბობდა გაყინულ სხეულს მის ცივ კანქვეშ დანთებული მზეები.
წითელი ციალი სიბნელემ შეცვალა და თვალები გაახილა ბარბარემ, რომ უკეთესად დაენახა.
კაზინოში შესულიყვნენ. ისევ ის საშინელი, დახუთული, იაფფასიანი ლუდის, სასმელისა და ოფლის სუნი ეცა. ისეც შეუცვლელად ისმოდა მონეტების ჩხარუნი, საუბარი, ბერკეტების ჩხაკუნი და მეორე სართულიდან მომავალი ყურისწამღები მუსიკისა და ღრიანცელის ხმა.
გააკანკალა. სხეული ემჩვარებოდა, სასტიკად იყო დაღლილი, მაგრამ ახლა წათვლემის უფლებას ვერ მისცემდა საკუთარ თავს. ამის დრო არ იყო, უნდა დაელაგებინა მისი მოგუგუნე გონება, აქეთ-იქით გაფანტული აზრები უნდა მოეკრიბა და გარკვეულიყო, თუ რა ხდებოდა.
მითუმეტეს როცა ნიკოლოზს მისი ოთახისაკენ მიჰყავდა, დარბაზის მარჯვნივ.
ის საშინელი ღამე გაახსენდა ბარბარეს. როცა ტატოსთან და ვაკოსთან ერთად დატოვა მანქანაში ნიკოლოზმა, როცა მათ უსირცხვილოდ, უგულოდ შემოაძარცვეს ტანსაცმელი და სცადეს მასზე ძალის ხმარება. მის პირში ჩატენილი ყვითელი, ექსტაზის აბი და აუტანელი გულისრევა, მასზე დართული ნარწყევის ამაზრზენი გემო წარმოუდგა თვალწინ.
გაშტერდა, რაღაცას მიაშტერდა, შორს.
ასეთი ფიქრები რომ მოაწვებოდა, წამსვე ეყინებოდა სხეული, ეთიშებოდა გონება და უბნელდებოდა თვალებში.
გამომშრალ ყელში ძლივს გადაიტანა ნერწყვი, სანამ ნიკოლოზს აჰყავდა კიბეზე.
ზემოდან მკვეთრად ანათებდა თეთრი სინათლე. ძლივს სუნთქავდა ბარბარე, ამ საშინელი სიტუაციითა და საკუთარი მოგონებებით შეპყრობილი.
კარს მიადგა შერვაშიძე. ღრმად სუნთქავდა.
-ხელები მომხვიე. – თქვა მან უცებ და თვალები გაუფართოვდა ბარბარეს. ნიკოლოზს გადახედა, რომელიც სრული სერიოზულობით უმზერდა.
-…რატომ? – ძლივს მოატრიალა გოგონამ ენა პირში. გულისცემა აუჩქარდა, გრძნობდა, როგორ ეხეთქებოდა დამფრთხალი ჩიტივით მკერდის ძვალზე.
-გასაღებს ვერ ამოვიღებ ასე. – მიუგო ნიკოლოზმა, მოუთმენლობა ეტყობოდა სახეზე. – მიდი, დროზე…
-ჩამომსვი და ისე… – ამოილუღლუღა ბარბარემ. სხეული უთრთოდა.
-ახლა რომ დაგსვა, დავარდები, ისე კანკალებ. ხომ გითხარი, არ დამივარდები მეთქი. – უთხრა შერვაშიძემ. შუშისებრი თვალები უპრიალებდა, ჯერ კიდევ შუბლზე მიჰკვროდა სველი თმა. გახეთქილი წარბი და ოდნავ, ცხვირის ქვეშ შემხმარი სისხლი წითლად უღუოდა.
რაღაცას იატაკი გამოეცალა ფეხქვეშ ბარბარეში, ენა თითქოს მუცელში. მიშტერებოდა ამ კაცს და ვერ გაეგო, რა უნდოდა მას, ანდა რა უნდოდა თვითონ.
ნიკოლოზის სისხლმდინარე, გაცოფებული სახე გაახსენდა, როცა ის ფარების სინათლეში მორბოდა, ღრიალით, მელოტის მიმართულებით, ის საოცარი შვება, რომელიც ტალღად გავრცელდა გოგონას ქანცგაწყვეტილ, სასოწარკვეთილ სხეულში.
მკლავები ისე წამოსწია ბარბარემ, რომ ნაწილობრივ ვერც კი აცნობიერებდა. ნიკოლოზის ზურგზე მოხვეულ მკლავს დაეყრდნო და ისე, რომ შერვაშიძის შუშისებრი მომწვანო თვალებისათვის, რომლებიც დაჟინებით დაშტერებოდნენ, მზერა არ მოუცილებია, წინ გადაიხარა, აკანკალებული მკლავები შემოაცურა მისი კისრის გარშემო. როცა ისე ახლოს მოვიდა ახალგაზრდა კაცის სახე, რომ ცხვირით შეებოდნენ ერთმანეთს, სახე გაატრიალა ბარბარემ და საფეთქელზე მიაყრდნო თავი, მაგრად მოეჭიდა დასუსტებული მკლავებით.
ელოდა, გულისცემააჩქარებული, თუ როდის გაიგონებდა გასაღებების ჩხრიალს.
მაგრამ გაუნძრევლად იდგა შერვაშიძე.
ზურგზე მოხვეული ხელი ქვემოთ ჩააცურა, მაგრად მოხვია და ისეთი ძალით აიკრა სხეულზე, რომ ბარბარეს სუნთქვა წასკდა პირიდან. თითები ძალაუნებურად ჩაახვია ახალგაზრდა კაცის სველ ტყავის ქურთუკში.
მერე კი ზემოთ ააცურა ხელი შერვაშიძემ, ბეჭის ფრთებს შორის მოუსვა ფრთხილად, თავი მოატრიალა, ბარბარეს ყელში ჩარგო სახე. ცხელი სუნთქვა ეხებოდა გოგონას კანზე და იქ გროვდებოდა, კიდევ ერთ პაწაწინა მზეს ჰქმნიდა.
გონება დაებურა ბარბარეს.
მერე კი ხელი გაუშვა შერვაშიძემ. თვალებმილულულმა ბარბარემ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ჩამოვარდნილიყო, მთელი ძალით შეკრა სხეული, მაგრად მოეჭიდა მკლავებით კისერზე. შერვაშიძის სურნელი ეცა, მოტკბო, ლითონური, ტყიური თითქოს.
გასაღებები ამოიღო ნიკოლოზმა. საკეტის ჩხაკუნი გაისმა, კარი ოდნავი ჭრიალით შეიღო და შიგნით შეაბიჯა შერვაშიძემ, კარი ფეხით მოიკეტა უკან. პირდაპირ ლოგინს მიადგა, ზედ დაიხარა, ბარბარე დააწვინა, როცა მკლავები შეუშვა გოგონამ და ქანცგაწყვეტილმა უკან გადააგდო თავი.
-სულ სველი ხარ. – თქვა უცებ შერვაშიძემ. ძლივს მოატრიალა მზერა მისკენ ბარბარემ. მის ფეხებთან აღმართულიყო ახალგაზრდა კაცი, ზემოდან დაჰყურებდა. თეთრი სინათლე ეფინებოდა, ჭერიდან მომავალი. შუშისებრი თვალები უბზინავდა რაღაცნაირად.
სველ ტანსაცმელზე დაიხედა ბარბარემ. ისეთი დაღლილი იყო, რომ სულაც არ აწუხებდა ეს.
შიგნით მზეები ენთო, და ათბობდა.
-გამიშრება მალე. – ამოღერღა მან, ნიკოლოზს მზერა გაუსწორა. – და წავალ…
-მთლიანად გაწუწული ხარ და როდის გაგიშრება? – წარბები ასწია ნიკოლოზმა. – გაიხადე.
სუნთქვა შეუწყდა ბარბარეს, განცვიფრებული მიაშტერდა შერვაშიძეს. თითქოს ახლაღა დაინაღა ის ნაპერწკალი, ნიკოლოზის თვალებში რომ კიაფობდა.
ელვის სისწრაფით დაიხარა შერვაშიძე, ლოგინზე შემოდგა მუხლები და ბარბარეზე გადმოიხარა, ბარძაყებზე, სველ შარვალს რომ დაეფარა, აუცურა ხელები.
ფიქრები ერთიანად დაებნა ბარბარეს. გაუნძრევლად იწვა, გაქვავებული, შერვაშიძეს მიშტერებოდა, რომელიც ასე ეხებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. თითქოს ვერ ინძრეოდა, ადგილს მიყინულიყო, ენა ჩავარდნოდა, ისეთი მოულოდნელი იყო მისი მოქმედება.
გამოჩრილ თეძოს ძვლებზე გადაკრულ ჯინსზე შეავლო შერვაშიძემ ხელები, შარვლის ღილს სწვდა, ქვემოდან ამოხედა ბარბარეს.
თითქოს მომენტალურად მოეგო გონს ბარბარე. პირიდან მოკანკალე სუნთქვა წასკდა, დაფეთებულს, იდაყვებზე წამოიწია სასწრაფოდ, უკან გახოხება სცადა.
მაგრამ თეძოში სტაცა ხელი ნიკოლოზმა. მეორე ხელი ლოგინზე დაებჯინა, დაჟინებით დაჰყურებდა. წვიმის წვეთი ჩამოუგორდა საფეთქელზე.
-ნუ გეშინია. – თქვა მან ხმადაბლა. – არაფერს დაგიშავებ.
მერე კი დაიხარა, თეძოზე მოკიდებული ხელი ააცურა ზემოთ, მაისური აუწია მუცელზე, ზედ დააცქერდა. ღრმად, სწრაფად სუნთქავდა ბარბარე, თვალებგაფართოებული დაჰყურებდა, არ ესმოდა, თუ რისი გაკეთება სურდა მას.
შერვაშიძე უფრო მეტად დაიხარა, ცხელი სუნთქვა შეეფრქვია გოგონას მუცელზე და სხეული შეუხტა, უფრო მეტად აუკანკალდა. სისხლმა აასხა სახეში, გაფითრებულ ლოყებში ჩაეღვარა.
მერე კი მუცელზე აკოცა ნიკოლოზმა, ცხელი ხელი გადაუსვა ზედ, მერე კი მის გვერდზე ააცურა, ღიმილით ამოხედა ბარბარეს, რომელიც დაფეთებული, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა.
მის კოცნაზე უფრო ავარვარდნენ პაწაწინა მზეები. მუცლის კუნთები შეუხტა, თავბრუ დაეხვა გოგონას. ნიკოლოზის თვალებს გაუსწორა მზერა.
მერე კი მის ფეხებშუა შემოცურდა შერვაშიძე. თვალები გაუფართოვდა, განცვიფრებულს.
რატომღაც არ ეშინოდა. იქნებ გაგიჟდა, იქნებ ერთიანად დაკარგა გონება, მაგრამ არ ეშინოდა. ტანი უკანკალებდა მხოლოდ.
ბარძაყებზე ხელები მოჰკიდა ნიკოლოზმა, თეძოებზე შემოიდო, მერე კი მასზე დაეშვა, იდაყვებს დაებჯინა. დაბურული თვალებით უყურებდა.
-რა გინდა? – ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ.
-ყველაფერი. – თქვა შერვაშიძემ, ლოგინზე გადაშლილ თმაში გადაუსვა თითები, მერე კი ბარბარეს გადმოხედა. – ყველაფერი. – ისე გაიმეორა მან, თითქოს პირველ ჯერზე ვერ გაეგონა გოგონას.
ანდა უბრალოდ აქცენტს აკეთებდა ამ სიტყვაზე. აკეთებდა იმიტომ, უაღრესად სერიოზულად გულისხმობდა.
ყელი გამოუშვა ბარბარეს, სიმხურვალეს გრძნობდა ფეხებშუა. სველი ტანსაცმელი ეცვა, და კანი გრილი ჰქონდა, მაგრამ თითქოს ოფლი მოაწვა.
-მე მეგონა… – ძლივს ამოღერღა გოგონამ, ნიკოლოზს მიშტერებოდა, ერთიანად არეული, უამრავი სიტყვა ადგა ენის წვერზე და ვეღარ გაეგო, რომელი აერჩია. – მეგონა, რომ ჩემთან სექსი არ გინდოდა…
ნიკოლოზმა წარბები ასწია. გაეცინა.
-ახლა ხომ მიხვდი. – თქვა მან. – მინდა, ძალიან მინდა…
სუნთქვა აუჩქარდა ბარბარეს. ტატო და ვაკო წარმოუდგა თვალწინ, მასზე მოქცეულნი.
ხვდებოდა, თუ რას გულისხმობდა შერვაშიძე. ამას ადრეც ხვდებოდა თითქოს, ქვეცნობიერად, გონებაში არასოდეს გაევლო.
მომენტალურად გაუცივდა თითქოს ტანი. ფეხებშუა ავარვარებული, ნიკოლოზის მიერ გაცხელებული მზე ჩაქრა, უკვალოდ ჩაიკარგა სადღაც.
-მე არ მინდა სამაგიეროდ. – ამოღერღა მან, ფეხები ჩამოსწია, სცადა ნიკოლოზს მოშორებოდა.
წამიერად დააშტერდა შერვაშიძე, გაუნძრევლად. ღიმილი ჩამორეცხოდა სახიდან, რაღაცნაირად შეუტოკდა ლოყაში კუნთი.
მერე კი დაიწია უკან, ბარბარეს მოშორდა. გოგონამ ძლივს ამოისუნთქა. მისი სხეულიდან თითქოს მომენტალურად აორთქლდა სითბო.
ლოგინის გვერდზე ჩამოჯდა შერვაშიძე. რაღაცას დააშტერდა იატაკზე.
სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. ბარბარეში რაღაც ფეთქავდა. საფეთქლებში გრძნობდა დარტყმას.
-შენი არ მესმის. – თქვა გოგონამ. შერვაშიძეს გადახედა. ნიკოლოზი არც კი შენძრეულა.
-გინდა გესმოდეს? – თქვა ნიკოლოზმა. ბარბარე გაჩუმდა. პასუხი არ ჰქონდა ამ კითხვაზე.
-ყველაზე რთულია ადამიანის გაგება. – თქვა ბოლოს, თითქმის თავისთვის. ნიკოლოზის ბეჭებს მიშტერებოდა. – ხანდახან… ხანდახან მგონია, რომ იმისათვის უსმენენ, რომ პასუხი გასცენ და არა გაიგონ.
ნიკოლოზმა ხმა არ გაიღო. რაღაცას დაშტერებოდა, გაუნძრევლად.
-მეძავი გეგონე. – განაგრძნო ბარბარემ. – ვერ მიტანდი. მაგრამ… მაგრამ ის კაცები… – ხმა გაუწყდა ყელში ბარბარეს, მაგრად დახუჭა თვალები. – ის კაცები მომაშორე. – თვალები გაახილა, გასავათებულმა. – რატომ?
-მათნაირი არ ვარ და იმიტომ. – თქვა ნიკოლოზმა. – ეგ სირები ცხოველები იყვნენ. მე ეგეთი არ ვარ…
-შენ ხომ თქვი, ადამიანი ბუნებით სასტიკია? – გააწყვეტინა ბარბარემ. დაინახა, როგორ შეუტოკდა კაცს მხრები. – მათ თავიანთი ნამდვილი ბუნება გამოავლინეს, ის სისასტიკე გამოიყენეს, ის შესაძლებლობა, რომელსაც შენც იყენებდი.
ნიკოლოზს მხრების ზოლი დაეჭიმა ტყავის ქურთუკში.
-მაინც გჯერა, რომ ადამიანი ბუნებით სასტიკია? – დაიჩურჩულა ბარბარემ. ნიკოლოზი ოდნავ მოუბრუნდა, თვალის კუთხიდან გადმოხედა.
ცოტა ხანი უყურა.
-ერთ დღესაც, – ხმადაბლა დაიწყო მან, – ისეთ რამეს გააკეთებ, რაც ადრე არც კი გაგივლია თავში. ისეთ რამეს ჩაიდენ, რაც ახლა არც კი დაგესიზმრება, რისი აღქმაც შეუძლებელია შენი გონებისათვის… და მერე იფიქრებ, თუ როდის გახდი ასეთი. მაგრამ მერე მიხვდები, რომ ყოველთვის ისეთი იყავი. თავშეკავებას ზღვარი ადევს. გამოგელევა და საკუთარ ნამდვილ სახეს დაინახავ.
ბარბარე უსიტყვოდ მიშტერებოდა. ნიკოლოზს ყბაში დაეჭიმა კუნთები.
-დღეს შენი მტარვალი იცემა. მთელ მის დამპალ ჯგუფთან ერთად. – თქვა მან. – მეტყვი იმას, რომ არ გესიამოვნა? ცოტათი მაინც? არ გესიამოვნა, რომ შენი მწვალებლები ბოლოს და ბოლოს ზღავდნენ საკუთარი საქციელისათვის?
-არა. – მოუჭრა ბარბარემ. – მისი თითქმის მოკვლა არ იყო მისი საქციელისათვის პასუხისგება… ეს იყო ზღვარს გადასვლა, მეტი არაფერი.
ნიკოლოზმა უემოციო მზერა შეაგება. შუშისებრი თვალები უელავდა, ბეჭებში მოხრილიყო.
ბარბარე მიაშტერდა.
-შენ როდის დაინახე შენი ნამდვილი სახე? – ჩაეკითხა ნიკოლოზს. ახალგაზრდა კაცს რაღაცამ გაუელვა თვალებში, სახე ოდნავ მიაბრუნა.
-როცა ჩემი დის მკვლელები დავდე სულზე. – თქვა მან ხმადაბლა.
თავზარი დაეცა ბარბარეს. თვალები გაუფართოვდა, ინსტინქტურად წამოიწია იდაყვებზე, თითქოს ქვემოდან გამოეცალა მყარი მიწა და სადღაც, გაურკვევლობაში იმყოფებოდა.
-შენი და… – ძლივს ამოილუღლუღა განცვიფრებულმა.
-სამმა კაცმა გააუპატიურა. – თქვა შერვაშიძემ და ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ბარბარეს ზურგში, ოფლმა დაასხა, ძარღვებში გაეყინა თითქოს სისხლი, ადგილზე გაქვავებულს. ის საზიზღარი ღამე წარმოიდგინა, რომლის საკუთარ გონებაში გაჭაჭანება არ სურდა, და შეზარა იმის გაფიქრებამ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მართლა რომ მიეღწიათ ტატოსა და ვაკოს თავიანთი მიზნისათვის.
სამი კაცი. ნიკოლოზის დაზე.
შეზარა ბარბარეს. თითქოს რაღაცები დაფუთფუთებდნენ მის სხეულზე.
-თავი მოიკლა მალევე. – თქვა შერვაშიძემ. – მე ვნახე პირველმა. იმ დროს პატარა ლაწირაკი ვიყავი. ხუთი წელი სანიმუშო შვილად ვევლინებოდი ყველას, სინდისი მქენჯნიდა დედაჩემისა და მამაჩემის წინაშე. ერთადერთი ვყავდი დარჩენილი და აუცილებელი იყო ისეთი შვილი ვყოფილიყავი, როგორიც მათ უნდოდათ. – ნიკოლოზმა ჩაიფრუტუნა, სახეზე, თმაში გადაისვა ხელი. – როგორიც მათ სჭირდებოდათ. ისინი უფრო მეცოდებოდა, და ამავდროულად მძულდა. მამაჩემი მძულდა. ის ნაბიჭვრები არ მონახა. ვიღაცის ნათესავი იყო ერთი. თქვეს, რომ უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა ჩემი და. – სიმწრის სიცილი წასკდა. ბარბარე მიშტერებოდა, თავზარდაცემული. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც საშინელ დროში გადაისროლეს, სადაც ასეთი რამეები მიღებული იყო და თავისუფლად ითქმოდა. – ხუთი წელი ვემზადებოდი. ხუთი წელი ვუთვალთვალებდი და დავადექი თავზე. ისე ვცემე, რომ კინაღამ მოვკალი ეგ ნაბიჭვრები. – ნიკოლოზმა ღრმად ამოისუნთქა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. – მაშინ დავინახე ჩემი ნამდვილი სახე. მაშინ მივხვდი, რანაირიც ვიყავი. – მან სანთებელა აანთო, სიგარეტთან მიიტანა. ნარინჯისფერ წერტილად აინთო სიგარეტის წვერი.
ბარბარე მიშტერებოდა. სიტყვებს ეძებდა.
-მერე როგორი იყო შენი ნამდვილი სახე? – ჩაილაპარაკა მან.
-ისეთი, როგორსაც გავურბოდი. – თქვა ნიკოლოზმა. ნაფაზი დაარტყა. თითები უკანკალებდა.
მერე ფეხზე წამოდგა. კარისაკენ გაემართა.
უკან სიგარეტის მოტკბო სურნელი დატოვა.
კარს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა, ბარბარეს გადმოხედა.
-იქეთ სააბაზანოა. – საწოლის მარჯვნივ გაიშვირა მან სიგარეტიანი ხელი. – წადი, გათბი ცოტა. ამოვალ მე მალე.
ბარბარე თვალმოუშორებლად მიშტერებოდა. ნაფაზი დაარტყა შერვაშიძემ და თვალი აარიდა, გავიდა, კარი მოიკეტა ზურგსუკან.
ძლივს წამოიწია საწოლს მიყინული ბარბარე.
ნიკოლოზის და გააუპატიურეს. და მან თავი მოიკლა, მისი სიკვდილის ამბავი კი ჩაიფარცხა. მასზე მოძალადეებს კი ძმა გაუსწორდა.
საშინელი ზიზღი იგრძნო ბარბარემ მათ მიმართ, იმის მიუხედავად, რომ არ იცნობდა.
წამიერად ისურვა, რომ ნიკოლოზს ისინი მოეკლა, გამძვინვარებულმა.
რაღაც შავბნელი ყელყელაობდა მასში. გონების შორეულ კუნჭულს ფხოჭნიდა.
თავი გადააქნია ბარბარემ.
მოკანკალე ფეხები ლოგინის გვერდზე გადმოაწყო, ფრთხილად წამოდგა იატაკზე, მერე კი სააბაზანოსაკენ გაემართა.
.
-*-*-*-*-*-
მაჟორიტარი დეპუტატის, გაბრიელ დარჩიას მდივანი გიორგი ბედიანიძე საკუთარ კაბინეტში იჯდა, ღამის თერთმეტ საათზე, საბუთებში ჩაფლული.
კარგა ხანი გახლდათ, რაც მისი არაკომპეტენტური, უტვინო უფროსის საქმე დაამთავრა, ახლა კი უფრო საინტერესო საქმეთი იყო დაკავებული.
ანიმ მართლაც საგანძური მოაწოდა პირდაპირ ხელებში.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ოქროს კაცი ოთარ შერვაშიძე არც ისეთი ოქროს კაცი ბრძანდებოდა, ვიდრე ყველას ეგონა. ანის სადებიუტოდ უძლიერესი სტატია გამოუვიდოდა.
თვითონ კი ყველანაირად შეეცდებოდა, რომ ეს ამბავი საკადრისად აფეთქებულიყო.
გაიღიმა.
დოკუმენტებს კითხულობდა ყურადღებით. ძვირიან, სქელ ქაღალდებზე პრივატული კლინიკის ლაბორატორიის ლურჯი ლოგო დაებეჭდათ.
-რა საინტერესო ვინმე ყოფილა… – ჩაიბუტბუტა ბედიანიძემ, სიცილი აუტყდა. საბუთები გვერდზე გადააგდო, თავმოხეული კონვერტიდან ამოაცოცა სურათები, უკვე ათასჯერ რომ გადაეხედა.
შავთმიანი ახალგაზრდა კაცი გამოსახულიყო ზედ. სურათები ბუნდოვანი იყო, გაქცეული.
ბედიანიძემ სათვალე მოირგო. სურათზე თითი დააკაკუნა.
-ცოტაც… – ჩაილაპარაკა მან. – სულ ცოტაც…
მობილური აიღო და სასწრაფოდ გადარეკა ანისთან.
ახალი ამბები ჰქონდა.

7 thoughts on “ცივი სითბო (ნაწილი 1/2)

  1. საოცარი გადმოცემის უნარი და რაღაც განსხვავებული ისტორიების შემქმნელი რომელიც კითხვის დროს გითრევს და გიზიდავს …ლინდა სუპერ მწერალი ხარ…წიგნად ხომარაა რომელიმე შენი ნაწარმოები❤❤❤👏👏👏👏

    Like

    1. უღრმესი უდიდესი მადლობა! 💚💚💚💚 როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ 💛💛💛 არა, წიგნად არაა გამოცემული გენაცვა ^_^

      Like

  2. საოცარი ნაწარმოები, სიზუსტით ასახული რეალობა, ემოცია, ფაქტები. ბრავოო მადლობა და დიდი წარმატებები ლინდა.

    Like

  3. წავიკითხე მეორე ნაწილიც.შეიძლება გაგრძელდეს.გაუგებარი იყო 2 კაცის საუბარი ბოლო ნაწილში.შესასწორებელია,სადაც წერთ,რომ წამალს პლასტმასის კოვზზე ადუღებდნენ.საერთობითში კარგი ნაწერია.ველოდებიდი კარგ დასასრულს.

    Like

  4. რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ ეს ისტორია დამავიწყდეს🥹❤️‍🩹შენებიდან ყველაზე დაჩაგრული ალბათ მაინც ეს ორი მგონია. თითქოს დღესაც ასეა და არაფერი შეცვლილა🥺თითქოს ისე სხვის სიხარბეს და მაღალ სკამისკენ ლტოლვას აქვს დიდი მნიშვნელობა ვიდრე ადამიანობას.

    Like

Leave a reply to ქეთი კომენტარის გაუქმება