Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
რა სისულელე იყო ეს ყველაფერი. რამხელა სისულელე და უაზრობა. ერთი უშველებელი უაზრობა, მეტი არაფერი.
გიორგიმ დამტვრეული ჭიქის ნაწილები ფრთხილად შეაგროვა და სანაგვე ყუთში მოისროლა. პაწაწინა ნამტვრევები ჯერ კიდევ გაფანტულიყვნენ აქეთ-იქით და ჭერიდან მომავალ მოყვითალო შუქზე ბრწყინავდნენ.
ყელში რაღაც მოაწვა, მაგრამ სასწრაფოდ გადაყლაპა. მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო და შუბლზე აისვა ხელისგული. უცნაურად ცხელი მოეჩვენა კანი.
ნუთუ ცივდებოდა?
-…მა? – მოესმა მარჯვნიდან და სასწრაფოდ მოტრიალდა. კარში ტყუპები იდგნენ, სახეებზე გაუგებრობით აღსავსე გამომეტყველება ეწერათ. ანანომ ტუჩი მოიკვნიტა, ძმას გადახედა, შემდეგ კი ისევ მამას, თითქოს შეხედვით ყველანაირ კითხვას გაიგებდა გიორგი, ყველაფერს, რაც ანანოს პატარა თავში ტრიალებდა.
-დედა სად წაიყვანეს? – იკითხა დათუნამ, თან დას ხელი მაგრად ჩასჭიდა. – რატომ წაიყვანეს? კარგად იქნება? გააღვიძებენ?
– ცუდად გახდა და წაიყვანეს. – მიუგო გიორგიმ მოკლედ. ახლა ახსნის თავი არ ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ გრძნობდა, ადრე თუ გვიან მოუწევდა ყველაფრის მოყოლა. ჯერ ხუთი წლისანი იყვნენ, იმედი ჰქონდა, რომ ვერაფერს მიხვდებოდნენ.
-დედა აღარ მოვა, ხომ? – იკითხა უცებ ანანომ, და ეს კითხვა განცხადებას უფრო ჰგავდა, ვიდრე კითხვას. გიორგი ოდნავ შეტოკდა, მაგრამ ყველანაირად შეეცადა, რომ სახეზე არაფერი გამოხატვოდა. ხმა არ ამოიღო.
სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგის სიწყნარე უნდოდა, მაგრამ ამწუთას ეს ნერვებს უშლიდა.
ბავშვებიც თვალმოუშორებლად უყურებდნენ, თვალებდასიებულები, თმა აბურძგნულები და პიჟამებში გამოწყობილნი.
-მამიდასთან წახვალთ ცოტა ხნით, გასაგებია? – თქვა მან, და საკმარისი სიმკაცრე ჩააქსოვა ხმაში იმისათვის, რომ ბავშვები აღარ შემოკამათებოდნენ. დათუნამ დას გადახედა, ანანო ოდნავ მოღუშული მიშტერებოდა და გიორგის სახე აექავა.
-რას დგახართ, ვერ გაიგონეთ? – ხმას აუწია მან. – ოთახისკენ ახლავე, ჩაიცვით და ჩაალაგეთ, გესმით? მიდით ახლა, მამიდას დავურეკავ და რომ გამოვალ, მზად იყავით. – ბავშვებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ გიორგიმ შეატყო, როგორ აეკრუნჩხა სახე დათუნას, იმის მიუხედავად, რომ ეტყობოდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ შეეკავებინა, და როგორ გადაეგლისა თვალები ანანოს.
ხმადაბლა შეიგინა, როცა ტყუპები გაბრუნდნენ და გავიდნენ.
შემოტრიალდა, ჯიბეში ჩაჩურთული ტელეფონი ამოიღო და ნინის გადაურეკა.
ბავშვებს დაუტოვებდა, სანამ ფორმალურ საქმეს მოაგვარებდა.
ნინიმ მეორე ზარზე აიღო.
-ოჰ, როგორ მოხდა რომ მე მირეკავ, ჰა? – გაისმა მისი მხიარული ხმა ყურმილში. – აბა რა ხდება, გვანცა და ჩემი გვრიტები მოდიან თუ როგორაა საქმე? ისე, ახლა ნატა და ცოტნე მყავს აქ სტუმრად, დაგალაპარა….
-ნინი, ხმა გაიკმინდე, თუ ღმერთი გწამს. – დაუღრინა გიორგიმ, ძლივს სუნთქავდა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ფანჯრისაკენ მიტრიალდა და გამოაღო. – სერიოზული სალაპარაკო მაქვს აქ.
-ოხ, შენ და შენი სერიოზული საქმეები მოკლედ. აბა რა გაქვს სათქმელი? – გიორგის პირდაპირ ესმოდა, თუ როგორ გადაატრიალა თვალები ნინიმ და უკანა ფონზე ბუნდოვნად გაისმა მისი ძმისა და რძლის სიცილი.
-გაჩუმდი. – თქვა მან. – გვანცა გარდაიცვალა, მოდი და ბავშვები დაიტოვე ცოტა ხნით, სანამ მე საქმეებს მოვაგვარებ.
მოუთმენლად დაელოდა პასუხს, ყურმილში მძიმე, აჩქარებული სუნთქვის ხმა მოესმა.
-რა თქვი? – ნინის ხმა დაეჭიმა. – რა მითხარი? გვანცა…
-მოკვდა მეთქი. – გიორგიმ ტუჩები მოილოკა, გრძნობდა, როგორ უშრებოდა. – ათი წუთის წინ წაიღეს გვამი. მოხვალ თუ არა?
-რას ამბობ, გიორგი… – ძლივს წაილუღლუღა ნინიმ, და გიორგის ესმოდა ცოტნესა და ნატას დაბნეული ხმები. „რა ხდება, ნინი?“ „რას ამბობს?“ – როგორ თუ გვანცა გარდაიცვალა, როდის… რისგან?
ბუნდოვნად გაისმა ნატას ოდნავი, ჩახშული, გაოცებით აღსავსე შეკივლება და ცოტნეს განცვიფრებული „რაო?“, სანამ გიორგი პასუხს გასცემდა.
-გულის შეტევა ჰქონდა. – მოკლედ მოუჭრა გიორგიმ და სამზარეულოში აქეთ-იქით დაიწყო სიარული, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. თვალი გადაავლო იატაკზე დაყრილ ჭიქის ნამტვრევებს, მაგიდაზე გადაფარებულ სუფრას გადაავლო ხელი და მოწნულ კალათში დაგორებულ ვაშლებსა და მსხლებს გადახედა. – დილით ბავშვებმა იპოვეს სამზარეულოში. ბოლოს და ბოლოს, მოხვალ თუ…
-ახლავე მოვდივარ. – თქვა ნინიმ. ხმა ჯერ კიდევ განცვიფრებითა და დაბნეულობით აღვსებოდა, მაგრამ გიორგიმ გაიგონა ოდნავი გატყდომის ნიშანი. – ახლავე მოვდივარ, არსად არ გაბედო გასვლა, მანდ მოვალ, და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები, გასაგებია?
-დროზე მოდი. – უთხრა გიორგიმ და კავშირი გათიშა.
ნელი ნაბიჯით გაემართა საძინებელი ოთახისაკენ, და საწოლს გადახედა, სადაც თვითონ იწვა სულ რაღაც ერთი საათის წინ.
საიდანაც, როგორც თვითონ ახსოვდა, გვანცა ადგა, სადღაც ღამის ოთხ თუ ხუთ საათზე.
ლოგინზე ჩამოჯდა, და გონება დაძაბა.
<<
ხველებისა და სწრაფი სუნთქვის, თითქმის ქოშინის ხმამ გამოაღვიძა. როცა გააცნობიერა, რომ ხმა მისი გვერდიდან მოდიოდა, უკმაყოფილოდ გადაბრუნდა.
გვანცა გულაღმა იწვა, სწრაფად სუნთქავდა, თან წამდაუწუმ ახველებდა.
-იცოდე, მე რომ გამაციო და მერე ბავშვები მიაყოლო ზედ, არ ვიცი რას ვიზამ. – თქვა მან და თავი მოიქექა, საშინლად ეძინებოდა. დილით ადრე იყო სამსახურში წასასვლელი და ისღა აკლდა, რომ გვანცას გაციება გადადებოდა, ანდა დაღლილი ყოფილიყო უძილობისაგან.
ქალს გაეცინა, მკერდზე იჭერდა ხელს, და ნელა წამოიწია ლოგინზე.
-ბოდიში. – თქვა მან მოკლედ, და ფეხები გვერდზე გადაჰყო, რომ ფლოსტები მოეძებნა. მხრები შეუკანკალდა, ღრმად სუნთქავდა.
-წადი, დალიე რამე, რა ჯანდაბა გჭირს. – მოიღუშა გიორგი. – ეგღა მაკლდა ახლა კიდევ.
-წყალს დავლევ და მოვალ. – უთხრა ქალმა, თმაზე ხელი გადაისვა და გამოხედა. გიორგიმ მხრები აიჩეჩა და გადატრიალდა, მხრებზე მოიხვია საბანი.
მერე მხოლოდ და მხოლოდ გვანცას მსუბუქი ნაბიჯები ახსოვდა.
დილით კი ანანოს ყვირილმა გამოაღვიძა.
იგი მთელი ძალით გაჰკიოდა და გიორგი ლოგინიდან წამოვარდა, არც კი მიუქცევია იმისათვის ყურადღება, რომ გვანცა მის გვერდით არ იყო საწოლში, მაშინვე სამზარეულოსაკენ გავარდა, რომ ანანოსათვის ერთი მაგრად მოეცხო ასეთი უაზრო კივილისათვის ასე ადრე.
სამზარეულოში შესვლისას კი მტირალი ტყუპები და იატაკზე გაშხლართული სხეული დახვდა.
ჯერ ვერ გაიგო, რა ხდებოდა. იდგა და დაბნეული, განცვიფრებული უყურებდა. გვანცა გვერდზე იწვა, და გიორგი მის ლურჯხალათიან სხეულს, ქერა თავს უყურებდა. ანანო მთელი ძალით ანჯღრევდა ქალს, თან გამაყრუებლად გაჰკიოდა.
-დედა არ იღვიძებს. – ძლივს ამოისლუკუნა დათუნამ. იგი ოდნავ მოშორებით იდგა და თვალებში შიშ- და ცრემლებჩამდგარი შესცქეროდა დას. ცრემლები შეუჩერებლად უგორდებოდნენ სახეზე, ღრუბლებიანი, ლურჯი პიჟამის გულისპირი დასველებოდა.
გიორგი ადგილიდან ძლივს დაიძრა, ანანოს ხელი დაავლო და გვერდზე გაწევა დაუპირა, მაგრამ გოგონამ გვანცას ნჯღრევა შეწყვიტა, და მთელი ძალით ჩაეჭიდა მხარზე.
-არა! არა! თავი დამანებე! – გაჰკიოდა ის და დაბნეულმა, განერვიულებულმა გიორგიმ ძლივს გამოგლიჯა მისი პაწაწინა თითები გვანცას ხალათს, მერე კი აფართხალებული, აწივლებული გოგონა ხელში აიტაცა, მეორე ხელით კი გაუნძრევლად მდგარი დათუნა აიყვანა, რომელიც მთელი ძალით ჩაეჭიდა და მიეხუტა. ანანო მხრებზე სცემდა და სახეს უკაწრავდა.
-ახლავე შეწყვიტე! საკმარისია! – იღრიალა მან, როცა ბავშვები კარში გაიყვანა. ანანომ ხელების ქნევა შეწყვიტა, მაგრამ ისტერიულ ტირილსა და კივილს უმატა. გიორგიმ იგრძნო, როგორ უსველდებოდა მარცხენა მხარზე მაისური დათუნას ცრემლებით.
ორივე თავიანთ ოთახში შესვა და კარი მოუკეტა, შემდეგ კი სამზარეულოში მიბრუნდა. გვანცას გვერდით დაიჩოქა, ქალი ზურგზე გადმოაბრუნა.
მაშინვე მიხვდა.
ქალს სახე გაცრეცოდა, ტუჩებიც ოდნავ გალურჯებოდა. გიორგიმ მაინც შეუმოწმა პულსი. მაგრამ ვერაფერი იპოვა. მისი ცოლი გარდაცვლილი იწვა სამზარეულოს იატაკზე, მის გვერდით კი დამსხვრეული ჭიქის ნაწილები ეყარა და ცოტაოდენი წყალი დაღვრილიყო.
„წყალს დავლევ და მოვალ.“
თვალთ უბნელდებოდა, ძლივს წამოდგა ფეხზე, უკან წაბარბაცდა და მაგიდას დაეყრდნო, რომ არ დაცემულიყო.
აღარც ახსოვდა, როგორ დაურეკა სასწრაფოს.
>>
გულის შეტევა. გიორგიმ თავი გადააქნია, ჯერ კიდევ უჭირდა ამის დაჯერება, სასაცილოც კი იყო. გვანცა და გულის შეტევა? გვანცა, რომელიც რვა სააათიან სამსახურში დარბოდა ყოველდღე, რომელიც დროს ნახულობდა, რომ საჭმელი გაეკეთებინა და ბავშვებისათვის მიეხედა, გვანცა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბავშვური იყო? იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი მის სიძლიერესა და ახალგაზრდობაზე მიანიშნებდა?
გიორგი წინ გადაიხარა, ხელები უკანკალებდა. თითები ერთმანეთს გადააჭდო და იდაყვები მუხლებზე დააბჯინა.
ბუნდოვნად ახსოვდა, თუ როგორ დგებოდა ხოლმე დილით ქალი. ჩვეულებრივ მისი და ბავშვების ღრიანცელი აღვიძებდა.
<<
გიორგიმ თვალები გაახილა და გმინვით გადაბრუნდა ზურგზე, გაბეზრებულმა გაიხედა ოდნავ შეღებული კარისაკენ. მის გვერდით, საწოლი ცარიელი იყო, მაგრამ ზეწარს ჯერ კიდევ შემორჩენოდა ოდნავი სითბო. სამზარეულოდან ხორხოცი, ტყუპების კივილი და გვანცას ხმამაღალი სიცილი ისმოდა. გიორგიმ ტუჩი აიბზუა და ნელა წამოდგა. გვანცაც იგივე ჭკუის იყო, როგორც მისი შვილები. ვერ წარმოედგინა, როგორ დადიოდა ამხელა ქალი ოთხი წლის ბავშვების ჭკუაზე.
სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოში, სადაც ტყუპები მაგიდასთან ისხდნენ, ხელებში პლასტმასის ჩანგლები ჩაებღუჯათ და მთელი ძალით სცემდნენ მათ წინ დამდგარ ცარიელ თეფშებს. გვანცა ღუმელთან იდგა, ლურჯი ხალათი ეცვა და ქერა თმა ოდნავ აჩეჩოდა ძილისაგან.
-ოჰ, გამოიღვიძე? – თქვა მან, როცა შემობრუნდა და მზერა მიაპყრო. – მოდი, დაჯექი, თითქმის მზადაა საუზმე.
-ჰმ. – უპასუხა მან და მაგიდას მიუჯდა, ტყუპების მოპირდაპირედ. – გავიღვიძებდი აბა რა იქნებოდა, ასე რომ ხმაურობთ სამივე. – ტყუპებმა უფრო მაგრად დასცხეს ჩანგლები თეფშებს და გიორგის ხმაური ყელში ამოუვიდა. – აბა გეყოთ! – ხმას აუწია მან და ბავშვებს მკაცრად გადახედა. მათ მაშინვე შეწყვიტეს ჩანგლების ქნევა და გვანცას გადახედეს.
გვანცამ უცნაური მზერა სტყორცნა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ყიყლიყოებიანი, დიდი მათლაფა მაგიდაზე დადო. გიორგიმ მაშინვე გადაითრია თეფშზე რამდენიმე.
-დღეს გასულები ვიქნებით მთელი დღე. – თქვა უცებ გვანცამ, როცა მაგიდას მიუჯდა და ყიყლიყოების დაჭრა დაიწყო აწრიალებული ტყუპებისათვის.
-…და სად? – ჩაეკითხა გიორგი, როცა ქალმა აღარ გააგრძელა.
-ჰო, პარკში მივდივართ, როგორც ყოველ შაბათს. – თქვა მან. – შენ არ გინდა რომ წამოხვიდე? აბა დათუნა? გინდა, რომ მამა წამოვიდეს პარკში?
გიორგი შეიჭმუხნა. დათუნას მწვანე თვალები გაუფართოვდა, ჩანგალი უფრო მაგრად მობღუჯა პატარა ხელში.
-კი, კი მინდა! – წამოიძახა მან. – მააა, წამოოოო! იცი … იცი ჩვენ და დედიკო რაებს ვაკეთებთ ხოლმე…
-არა, არ მცალია. – თქვა გიორგიმ. ბევრი საქმე არ ჰქონდა დღეისათვის, მაინც შაბათი იყო, მაგრამ არ სურდა ახლა ტყუილად ებოდიალა პარკში ამ სამ ბავშვთან. დროის ტყუილად ფლანგვა იყო ეს პარკებში და ატრაქციონებზე სიარული, მისი აზრით, მაგრამ საკუთარ თავს ახსენებდა, რომ გვანცაც ამათი ჭკუის იყო, თან რამდენიმე საათით წყნარად იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს.
-კარგი. დათუნა, ანო, მიდით ახლა, ჭამეთ. – გვანცას ხმა საერთოდ არ შესცვლია, გამომეტყველება ღია და ღიმილით აღსავსე ჰქონდა. გიორგი უცებ განერვიულდა. შეწყვეტდა თუ არა ეს ქალი ოდესმე კარგ ხასიათზე ყოფნას?
მთელი დღე კომპიუტერთან იჯდა და რამდენიმე პრობლემურ დოკუმენტს ამუშავებდა. თითქმის მომთავრებული ჰქონდა, როცა შემოსასვლელში ბრახუნი გაისმა და კარი შემოაღეს. მისი ცოლი და შვილები წივილ-კივილითა და ხორხოცით შემოიჭრნენ ჩუმ სახლში. გიორგის ყბები დაეჭიმა. რა იქნებოდა, რომ სულ ცოტა ხნით დარჩენილიყვნენ გარეთ? ქვეყანა დაიქცეოდა? ახლა მოუწევდა ამათი ყაყანის ატანა.
ანანო შემობანცალდა ოთახში, ხელში შემოდგომის ფოთლების უშველებელი გროვა ეჭირა. ჯერ კიდევ თბილი ქურთუკი ეცვა, თავზე ქუდი ჩამოფხატოდა. გიორგიმ წარბები ასწია.
-ანო, არსად არ დადო ეგენი, ახლავე მოვალ და მივხედავ! – გაისმა შემოსასვლელიდან გვანცას ხმა.
-მააა, ნახე! ხომ ლამაზებია? -ანანო მიუახლოვდა და თითქმის სახეში ატაკა ფოთლების შეკვრა. გიორგი უკან გადაიწია, შუბლი შეიკრა.
-სად მოკრიფე ეგ სიბინძურე? – თქვა მან და უყურებდა, თუ როგორ გაუფართოვდა ანანოს თვალები. – წაიღე, დადე სადმე და ხელები დაიბანე, გესმის? რამე რომ დაგემართოს, მერე სად მიდიხარ?
სანამ ანანო რამის თქმას მოასწრებდა, ოთახში გვანცა შემოვარდა, დათო უკან მოჰყვებოდა, სიცივისგან ლოყებაწითლებული.
-მოდი, დედი… – იგი ანანოსკენ დაიხარა და ფრთხილად გამოართვა ფოთლები. – წამოდი, ხელებს დავიბანთ და მერე შევჭამთ, კარგი? – გვანცამ გიორგის გადმოხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გიორგიმ თვალები გადაატრიალა და სამუშაოს მიუბრუნდა.
გვანცა ცოტა ხანში შემობრუნდა, ქურთუკი გაეხადა და ფლოსტები ეცვა. მან მკლავები გადააჯვარედინა.
-რატომ ექცევი ასე? – ხმადაბლა დაიწყო მან. – შენი შვილები არიან, ცოტა თბილად არ შეგიძლია რომ მოეპყრა? რა იქნებოდა, რომ მოგესმინა ანანოსთვის, ანდა საერთოდ წამოგვყოლოდი? ვიცი, რომ საქმე არაფერი გქონდა.
-ჩემი შვილები არიან, სწორედაც. – თქვა გიორგიმ, ლეპტოპი დახურა და ცოლს ახედა. გვანცა ნაწყენი გამომეტყველებით მიშტერებოდა. შიგნეულმა გასწიწკნა. – ჩემი შვილები არიან და არ მჭირდება შენი სწავლება, თუ როგორ უნდა მოვეპყრა ჩემს შვილებს.
გვანცას სახე გაუწითლდა. ნიკაპი ზემოთ ასწია.
-ჩემი შვილები არ არიან, მაგრამ ორივე მიყვარს მაინც. – გამოსცრა მან კბილებში. – შენ კი… შენ კი არ ვიცი, რა მოგიხერხო, როგორ გითხრა. – მან ამოიხვნეშა და საფეთქელზე მიიდო ხელი. – ერთხელაც ესენი წავლენ აქედან, აღარ დაბრუნდებიან, აღარ დაგელაპარაკებიან, აღარ დაგეკონტაქტებიან და მაშინ მიხვდები, ალბათ.
გვანცა გაბრუნდა, ოთახიდან გავიდა.
გიორგიმ დაიფრუტუნა, ლეპტოპი ისევ გახსნა.
იმ საღამოს თვითონ დაწვა პირველად. ზურგზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა. არ იყო ცუდი მამა. არ მიაჩნდა, რომ ცუდი მამა იყო. პირიქით, ანანო გააფრთხილა, რომ ხელები დაებანა და ის ბინძური ფოთლები აღარ მოეკრიფა. ნუთუ ეს ცუდი იყო?
გიორგიმ ტუჩი ასწია. გვანცა, როგორც ყოველთვის, აზვიადებდა.
მისი ცოლი, თითქოს გაიგონაო, ოთახში შემოვიდა და შხაპის, ნაზი შამპუნისა და საპნის სურნელი შემოიტანა. გიორგიმ გადმოხედა. გვანცამ სარკიან ეტაჟერზე დადებული სავარცხელი აიღო და თმა რამდენჯერმე ჩამოივარცხნა, შემდეგ კი ხალათი გაიძრო და იქვე, სკამის ზურგზე გადაჰკიდა.
ქალი საწოლს მიუახლოვდა და საბნის ქვეშ შეწვა, ბალიშის ქვეშ ამოდო ხელები და გიორგისკენ გადმობრუნდა.
-ღამე მშვიდობისა. მიყვარხარ. – თქვა მან და ოდნავ გაუღიმა. გიორგი რამდენიმე წამით თვალებში ჩააშტერდა. მერე კი გადაბრუნდა, კედელს მიაშტერდა.
რა უაზრობა იყო.
მალევე დაეძინა.
>>
გიორგი გამოფხიზლდა, როცა შემოსასვლელიდან გაბმული კაკუნი მოესმა კარზე. ნელა წამოდგა, თავი უსიამოვნოდ უბჟუოდა. კარი გააღო და ძლივს შეიკავა თავი, როცა ნინი შემოფრინდა და კისერზე ჩამოეკიდა, მხრებზე მაგრად შემოხვია მკლავები. ზღურბლზე მისი ძმა და რძალი იდგნენ, ცოტნეს სახეზე ეტყობოდა მოუთმენლობა, ნატა კი სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა, დაწითლებული თვალებით, საცოდაობით აღსავსე გამომეტყველებით ამოხედა და მხარზე დაადო ხელი.
-ძალიან ვწუხვარ, გიორგი. – თქვა მან და ტუჩები აუთრთოლდა, პირზე ხელი აიფარა. – ბავშვები სად არიან? – თქვა მან და გიორგიმ თავი უკან გადააქნია, ტყუპების ოთახისაკენ, თან ნინის შემოხვია ხელები. ნატა სწრაფი ნაბიჯით გავიდა ტყუპების ოთახისაკენ, და ნინიმ ბოლოს და ბოლოს შეუშვა ხელები. თვალები დასიებოდა.
-რა გულის შეტევა… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – რა დაემართა, მითხარი?
გიორგი უსიტყვოდ მიაშტერდა, პასუხი არ ჰქონდა და არ იცოდა, რა ეთქვა. ცოტნე სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და მხარზე მოხვია მკლავი. ხელი რამდენიმეჯერ, გამხნევების მიზნით ძლიერად დასცა ბეჭებს შუა.
-გისამძიმრებ, გიორგი… კარგად ხარ? – ჰკითხა მან, როცა უკან დაიწია. გიორგიმ ძლივს ამოისუნთქა, დისა და ძმის აქ ყოფნა გონებას ურევდა.
-ჰო… მე ჰო. – თქვა მან.
-არ მჯერა. – მიუგო ნინიმ. – როგორ… სჭირდა რამე? ასე უცებ არ კვდებიან ახალგაზრდა, ოცდაცხრა წლის ქალები, გიორგი.
-არაფერიც არ სჭირდა. -უპასუხა გიორგიმ. წამიერად თავი გადააქნია, არ სჯეროდა, ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ეს ხდებოდა. – ცოტას ახველებდა და ამბობდა, გული მიჩქარდებაო, მაგრამ არაფერიც არ იყო. უბრალოდ ნერვიულობდა რაღაცაზე…
-გული უჩქარდებოდა? და ახლა გულის შეტევა? – ხმას აუწია ნინიმ. – შე დეგენერატო, იქნებ არითმია ჰქონდა? ექიმთან რატომ არ მოიყვანე, თუ მაგას ამბობდა?
-მე რა ვიცოდი! – ხელები გაშალა გიორგიმ. – ხომ იცი არა, ყველაფერს აზვიადებდა, მე რა ვიცოდი, არითმია თუ სჭირდა?
ცოტნემ მხარზე მტკივნეულად მოუჭირა ხელი.
-ახლა გარდაცვლილია, ამასაც აზვიადებს? – ხმადაბლა ჰკითხა მან და გიორგიმ იგრძნო, როგორ გამოუშრა ყელი მომენტალურად. ვერ იტანდა, როცა გვანცას სიკვდილს ახსენებდნენ. ამაზე ფიქრი არ სურდა. უბრალოდ სურდა ბავშვები წაეყვანათ, რომ საქმისათვის მიეხედა. – ნატამ რომ ერთი სიტყვა გაიღოს, რამე მტკივაო, მაშინვე საავადმყოფოში მიმყავს, გაიგე? ხანდახან პატარა რაღაცაც შეიძლება რამე დიდს ნიშნავდეს. – ცოტნეს ბრაზი გამოეხატა სახეზე და გვერდზე გაიწია, თავისი გრძელი ქურთუკისა და შარფის ფრიალით ჩაუარა.
-რა იდიოტი ხარ! – ხმას აუწია ნინიმ, გამწარებული გაომეტყეველბა ეხატა სახეზე. – რა იდიოტი! რა დეგენერატი! როგორ მინდა, რომ ახლა ერთი მაგრად გლეწო, ვერც კი წარმოიდგენ!
-წაიყვან თუ არა ბავშვებს? – ჰკითხა გიორგიმ.
ნინის თვალები გაუფართოვდა, ხელები მაგრად შეკრა.
-ახლა შენთან მაინც არ დავტოვებდი. – თქვა მან. – საერთოდაც არ დაგიტოვებდი შენ, რომ შემეძლოს, გასაგებია?
გიორგიმ პირი გააღო პასუხის გასაცემად, მაგრამ არ დასცალდა.
-როგორც კი მივალთ, ცოტნე ბიძია ნამცხვარს გამოაცხობს, ხომ? მე კი მაკარონს გავაკეთებ, თქვენ და ლაშუნა ერთად შეჭამთ, ხომ? მერე მულტფილმებს ვუყუროთ! – ისმოდა ნატას ხმა. რძალმა სწრაფად ჩაუარა, თეძოზე ანანო შემოესვა, რომელსაც მის მხარში ჩაერგო თავი. მას ცოტნე მოჰყვა, რომელსაც ბავშვების ჩანთები ეჭირა ერთ ხელში, მეორეთი კი დათუნა ეჭირა.
-გინდათ მამას დაემშვიდობოთ? – მოიხედა ნატამ და გიორგი გასწორდა, ხელი ოდნავ ასწია დასაქნევად, როცა დათომ ამოხედა ძმის მხრიდან. ბავშვს თვალები დასიებოდა, მაგრამ ხელი თვითონაც დაუქნია ოდნავ. გიორგის თვალები ანანოს გადასწვდნენ, მაგრამ გოგონამ წაბლისფერი თმით დაფარული აქეთ-იქით გადააქნია ნატას მხარზე, და გიორგი მოიღუშა, მკერდში უსიამოვნოდ გაწიწკნა რაღაცამ. ხელი ნელა დაუშვა ძირს. – არა? არ გინდა დაემშვიდობო? – ნატას ყბა მოენგრა, თვალები გადაეგლისა.
-წავედით. – თქვა ცოტნემ და კარში გავიდა, ნატა მას მიჰყვა, უკან არ მოუხედავს. ნინიმ კიდევ ერთი ბრაზით აღსავსე მზერა სტყორცნა.
-აქ არ დაგვიმთავრებია. – კბილებში გამოსცრა მან. – სანამ შენ საქმეებს მოაგვარებ, ჩვენ კიდევ დავილაპარაკებთ. გვანცაზეც და ტყუპებზეც. აქამდე ჩარევა არ მინდოდა, მაგრამ ახლა დროა. – მან კარი მოიჯახუნა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
გიორგიმ ტუჩი აიბზუა და გამობრუნდა. არ მოეწონა და ცოტათი ეწყინა კიდეც, როდესაც ანანო არ დაემშვიდობა, მაგრამ გოგონა ჯერ კიდევ ცოტათი ტრავმატიზირებული იყო ალბათ იმით, რომ გვანცა წაიყვანეს, ამიტომ არ აპირებდა, ამ ამბავს გამოჰკიდებოდა უაზროდ.
სამზარეულოს ჩვრით აწმინდა იატაკზე დაღვრილი წყალი. არ უნდოდა, რომ დამსხვრეული ჭიქის ნარჩენებისათვის შეეხედა, ამიტომ სწრაფად გამოვიდა სასტუმრო ოთახში. ოთახი რატომღაც ნაცნობი, ზედმეტად ნაცნობი მოეჩვენა, თითქოს დეჟა-ვუს უყურებდა. ჟურნალის მაგიდაზე ცარიელი თეფში იდო, ტელევიზორის მაგიდაზე რამდენიმე საბავშვო მულტფილმის დისკები შემოეწყოთ თავიანთი ჩასადებებით. ანანოს ფუმფულა დათუნია და დათოს ლომი ეწყო ტახტზე რამდენიმე პატარა სათამაშოთი.
მიულაგებელი.
<<
გიორგიმ შუბლი შეიჭმუხნა. სასტუმრო ოთახი მიულაგებელი იყო. ლამბაქი იდო, თავისი ჭიქით ჟურნალის მაგიდაზე, რამდენიმე ფილმი გამოეწყოთ ტელევიზორის წინ. ტახტზე გვანცას ხალათი და ჟაკეტი გადაედოთ. გვანცა თავის ლეპტოპზე იჯდა და რაღაცას უყურებდა მთელი კონცენტრაციით.
-თუ კომპიუტერში ძრომიალის თავი გაქვს, ვერ აალაგებ აქაურობას? – თქვა გიორგიმ და ტახტზე დაებერტყა, ქალს უკმაყოფილოდ გადახედა. გვანცა წარბაწეული უყურებდა.
-ბევრი არაფერია. – თქვა მან ბოლოს. – ამას მოვამთავრებ და ავალაგებ. რა უხასიათო ხარ პირდაპირ.
-ჰმ. – დაიფრუტუნა გიორგიმ და ტელევიზორი ჩართო.
-მართლა გეუბნები, მჟავე ადამიანი ხარ. რა გეშველება მაინტერესებს ხანდახან. – გაიცინა ქალმა.
-მე კი მეშველება. აი, შენ რა გეშველება? – მოუბრუნდა გიორგიმ.
-ჰოჰოჰოოო, მე რა მეშველება, მაგაში მართალი ხარ. – სიცილით თქვა გვანცამ. – როგორ მოვახერხე, რომ ასე მწნილი კაცი მიყვარხარ, ძალიან მაინტერესებს.
გიორგიმ დაიფრუტუნა.
-მე რა ვიცი. – თქვა მან ხმადაბლა. – მეც მაინტერესებს, რატომ გაძლევ აქ ყოფნის უფლებას.
-ხომ არ დაგავიწყდა? – მარჯვენა ხელი ასწია გვანცამ. არათითზე ოქროს ბეჭედი გაბრწყინდა. – დაიცა, ახლა თუ არ გჭირდები, მაშინ დაგჭირდები, ტყუპები რომ იქნებიან აქ. – ეშმაკურად გაიღიმა მან.
-აბა რა. – უპასუხა გიორგიმ.
-კარგი რა, აღიარე, რომ მოგენატრები, რომ წავიდე. – გვანცა გადმოსწვდა და თმა აუჩეჩა. თაფლისფერი თვალები გაუბრწყინდა.
-მიდი ერთი, მიხედე საქმეს. – უთხრა გიორგიმ და ტელევიზორს მიუბრუნდა.
>>
მოუნდა, რომ საკუთარი თავისათვის დაერტყა, მერე კი გვანცაც მიეყოლებინა ზედ იმისათვის, რომ არ უთხრა, არ გააგებინა საქმის სერიოზულობა. ყოველთვის ამბობდა, რომ კარგად იყო, იხდიდა ბოდიშებს და ნერვებს უშლიდა გიორგის. რა იქნებოდა, რომ ერთხელ გაეღო პირი და ნორმალურად დალაპარაკებოდა?
ლოგინზე წამოწვა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აღარაფრის თავი აღარ გააჩნდა. უცნაური იყო, დღეს შაბათი გახლდათ, წესით საბუთებისათვის უნდა გადაეხედა. გადმობრუნდა და უსიტყვოდ შეაშტერდა იმ ადგილს, სადაც გვანცა უნდა წოლილიყო. რატომღაც უსიამოვნო, საზიზღარი გრძნობა დაუტრიალდა მუცელში ძირდატკეპნილი ბალიშისა და ზეწრის დანახვაზე.
წამოდგა და ლოგინს ზეწარი გადააძრო ხელის ერთი მოქნევით, ბალიშები და საბანი გვერდით მოისროლა, ძლივს სუნთქავდა. მკერდზე ხელი იტაცა, რომ ნორმალურად ამოესუნთქა, შემდეგ კი გაახსენდა, თ როგორ იჭერდა გვანცა ხელს იმ ღამეს გულზე და უფრო მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს.
„წყალს დავლევ და მოვალ.“
იცოდა, რომ შეიძლებოდა არ მოსულიყო. გვანცამ იცოდა ეს. მაგრამ მაინც წავიდა. წავიდა, ჭიქა წყლით აავსო და ცოტა მოიყუდა, მერე კი ალბათ აუტანელი ტკივილი დაეჯახა, რამაც ჭიქა გააგდებინა და იატაკზე წააქცია. რამაც მოკლა.
გულის შეტევა.
გიორგი ცუდად გახდა.აქაურობას ვეღარ უყურებდა. საწოლში გვანცა მოეჩვენა. ძლივს გავიდა სახლიდან, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო და ცოტა ხნით გასულიყო სადმე.
-*-*-*-*-*-
კვირა გავიდა. გიორგის ტყუპები ჯერ არ ენახა, ცოტნემ დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვები მასთან იყვნენ. თქვა, რომ ნატა შეეცადა მათთვის აეხსნა, თუ რა მოხდა, და ისიც უთხრა, რომ ტყუპებმა ნახევარი საათი გაბმული ტირილი გააბეს, როცა მიხვდნენ, რომ გვანცა აღარ მოვიდოდა უკან. შეატყობინა, რომ ანანოს მასთან დაბრუნება არ უნდოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს, უნდა თუ არა? – ხმას აუწია გიორგიმ და მაგიდას დაეყრდნო. მეზობელი ოთახიდან ნინის სლუკუნი ისმოდა, ჯერ კიდევ. როგორ ვერ იტანდა გიორგი დატირებებს. – მალე წამოვიყვან.
-გამოსვენება რომ დაიწყება, დამირეკე, გესმის? – გააფრთხილა ცოტნემ.
-დაგირეკავ. – უთხრა გიორგიმ და სასწრაფოდ გაუთიშა.
მიმოტრიალდა, ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ცოტა ხნით გამოვიდა, რომ ცოტნეს ზარისათვის ეპასუხა, ახლა კი აღარ სურდა იქ დაბრუნება. ხალხის საცოდაობით აღსავსე სახეებს ვერ უყურებდა. ვერც გვანცას სახეს ვერ შეხედავდა, ამაზე ფიქრიც არ სურდა.
სამზარეულოში იდგა, ფანჯარას მიუახლოვდა და გამოაღო.
<<
-უნდა დავქორწინდეთ. – თქვა უცებ გიორგიმ. გვანცამ კინაღამ ჩაი გადმოაფურთხა, მაგრამ თავი შეიკავა.
-რაო? – ხველებით, ძლივს წარმოთქვა მან. – რა მითხარი?
-ხელს მთხოვ? – გვანცას სახეზე ნაცნობი ეშმაკური ღიმილი გამოესახა. – ეს რაღაც ახალია… თავი ხომ არ დაარტყი დღეს სადმე?
-ჰაჰაჰა, რა სასაცილოა. – ჩაიფრუტუნა გიორგიმ.
-მე მეგონა ხელის თხოვნა მუხლზე დაჩოქვას და ბეჭედს ითვალისწინებდა… – გააგრძელა ქალმა. – როგორც ჩანს ვცდებოდი. თან მაგ ულტიმატუმს უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას.
-იმიტომ რომ ულტიმატუმი იყო. – წარბი ასწია გიორგიმ, რაზეც გვანცამ სიცილი ატეხა.
-ვითომ რატომ, გეგონა არ დაგთანხმდებოდი? ანდა თუ ულტიმატუმი იქნებოდა, უარს ვერ გეტყოდი? – გვანცამ თავი გვერდზე გადააგდო და გაიღიმა. – რა სულელი ხარ, გიორგი. ამდენი ხანია გეუბნები, მიყვარხარ მეთქი, შენ კიდევ ულტიმატუმები და ერთი ამბები დამიწყე აქ…
-კი თუ არა? – შეაწყვეტინა კაცმა, თან დაჟინებით დააშტერდა. გვანცამ თავი დააქნია.
-ესე იგი იყო ეს თხოვნა… – ნელა წარმოთქვა მან და გაიცინა, როცა გიორგიმ ისევ დაუბღვირა. – კი, შე სულელო. აბა ისე როგორ.
გიორგის ოდნავ გაეღიმა.
>>
საღამოს დაოსებული მოვიდა სახლში. თითქმის, ინსტინქტურად ელოდა კიდეც ბავშვების ღრიანცელსა და გვანცას ხმამაღალ სიცილს, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვებოდა, როცა სახლში შეაბიჯა, მაგრამ რასაკვირველია, სახლი ბნელი და ჩუმი დახვდა.
სიცივეც ჩამოწოლილიყო.
უეცრად ისურვა, რომ ბავშვები არ დაეტოვებინა ცოტნესთან. ალბათ ცოტა უკეთესად იგრძნობდა თავს.
მოიღუშა. როდის აქეთ აგრძნობინებდა ორი ცხვირმოუხოცავი, მოყვირალი და მტირალა არსება თავს კარგად?
თავი გადააქნია და შემოსასვლელში შუქი აანთო, სასტუმრო ოთახშიც და სამზარეულოშიც. საძინებელი ოთახისაკენ გავიდა, იქაც აანთო სინათლე და ლოგინზე წამოწვა. საშინლად დაღლილი იყო, და დაძინება უნდოდა.
ჭერს ააშტერდა, მერე კი გვერდზე გადმობრუნდა. გვანცას გვერდზე საბანი ეფარა ხელშეუხებლად. ვერც ვერავინ შეახებდა ხელს. თვითონ მოუწევდა მთელი საწოლის დაკავება, თვითონ მოუწევდა დილით ბავშვების გაღვიძება, ღუმელთან ტრიალი, ლურჯი ხალათით, ქერა თმით, განუყრელი ღიმილითა და ბავშვური სიცილით, რომელიც გიორგის სულ ნერვებს უშლიდა…
მკლავი გადასწია და ცივ საბანს გადაუსვა, ოდნავ შეაჟრჟოლა.
ეს საბანი სულ ცივი იქნებოდა.
არავითარი გვანცა.
არავითარი შაბათობით პარკში გასვლა და ფოთლების მოტანა.
არავითარი ლურჯი ხალათები და ქერა თმა.
არავითარი მზრუნველი ხელები, მის შვილებს და მას რომ უვლიდნენ.
არავითარი დამძიმებული, დაღლილი თვალები, რომლებიც მაინც ანთებოდნენ ხოლმე, როცა მას ან ტყუპებს დაინახავდნენ.
არავითარი „ღამე მშვიდობისა. მიყვარხარ.“
იგრძნო, როგორ მოაწვა რაღაც მძიმე თვალებში.
-არა. – ჩაილაპარაკა ხმამაღლა და თვალები მაგრად დახუჭა, ამის უფლებას არ მისცემდა საკუთარ თავს. არ მისცემდა, იმის მიუხედავად, რომ თვალების ძირში დაწოლილი წნევა უფრო გაიზარდა, უსიამოვნო ჩხვლეტად ექცა.
გადაბრუნდა და გვანცას ბალიშში ჩარგო თავი, მერეღა მისცა საკუთარ თავს უფლება, რომ მხრები აკანკალებოდა, რომ თვალებიდან გადმოგორებოდა სიმწრის ცრემლები. პირიდან ქვითინი წასკდა, და უსიამოვნო სისველე იგრძნო ლოყის ქვეშ.
-შენ თვითონ იყავი სულელი. ძლივს ამოილუღლუღა მან. – შენ თვითონ იცინოდი სულელურად, შენ თვითონ იქცეოდი ბავშვივით. შენ თვითონ ამბობდი, რომ გიყვარდი, შე მართლა შტერო! – ხმას აუწია, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ გვანცა ამას გაიგონებდა. – შენ თვითონ ამბობდი რომ გიყვარდი. – დაიჩურჩულა მან ბოლოს. – და ამით მიმტკიცებ? ამით? – დაიღრიალა მან და ფეხზე წამოიჭრა. – მსჯი, ხომ? ჩვენს შვილებს რაღას ერჩოდი? – კიდევ ერთხელ დაიღრიალა მან და შეკრთა, როცა მიხვდა, რომ პირველად დაუძახა ტყუპებს „ჩვენი“. მკერდი უსიამოვნოდ დაეჭიმა და აუტანელი ტკივილი გაუჩნდა მასში.
-შენი ბრალია ყველაფერი, გაიგე? შენი ბრალია, რომ მოკვდი, ახლა აქ აღარ ხარ და ვერ გაიგებ, რომ მეც მიყვარხარ და ვერ მოისვენებ! – დაიყვირა მან და მთელი ძალით დასცა მუშტი ბალიშს.
-რა სულელი ხარ. – ყელში ბურთი მოაწვა, ყველაფერი სტკიოდა. უსიამოვნოდ უფეთქავდა მკერდი. – რა სულელი… – მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა. – რა… რა სულელი ვარ. რა იდიოტი ვარ.
ვერც კი გაიგო, როდის ჩაეძინა, თვალებდასიებულს.
წამწამები რომ დაახამხამა, თითქოს გათენებულიყო.
-გაიღვიძე. – მოესმა ხმა და სწრაფად აიხედა. თვალები გაუფართოვდა, როცა მის წინ გვანცამ წარბები ასწია და გაუღიმა.
-შენ… შენ… ცოცხალი ხარ? – ცოლისაკენ ხელი გაიწვდინა, მაგრამ ვერ მისწვდა, ქალი თავზე ადგა, მაგრამ თითქოს ყოველ ხელის გაწვდენაზე უკან იხევდა, თითქოს დაუძლეველი მანძილი იყო მათ შორის.
– არა. – თავი გადააქნია ქალმა. – ეს გესიზმრება ახლა. – უცნაური მზერა სტყორცნა.
-არა, მოიცადე… – გიორგი მთელი ძალით შეეცადა, რომ მას მისწვდენოდა, მაგრამ ვერ შეძლო. – არა, ის ყველაფერი მომეჩვენა…
-არ მოგჩვენებია. – გვანცამ წარბები შეკრა. – ზედმეტად ცდილობ. ვერ მომწვდები, შეწყვიტე! – მან ხელი აუქნია, რომ გიორგის ხელები შეეჩერებინა. კაცს სახე დაეჭიმა, ოდნავ უკან დაიწია.
-მომეჩვენა. – ჯიუტად გაიმეორა მან და ნერვიულად გაიცინა. – რაები მომეჩვენება ხოლმე… ალბათ სადმე დავლიე…
-არ მოგეჩვენა მეთქი. – გვანცამ ამოიხვნეშა და ოდნავ გატრიალდა, ეტყობოდა, რომ წასვლას აპირებდა.
-მოიცადე! – წამოიძახა გიორგიმ. – მიყვარხარ. – წამოისროლა მან და საკუთარი თავი დაწყევლა ასეთი სისუსტისათვის. გვანცა არც კი მობრუნებულა.
-ვიცი. – თქვა მან წყნარად. – რამდენი ხანია ვიცი, უბრალოდ არ ვამბობდი.
-მე შენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ, მე რა თქმა უნდა ვიცი. – გაიცინა მან. გიორგიმ ტუჩები მოილოკა. ყელი ისევ გამოუშრა.
-შენი აზრით… გვანცამ იცის? – ძლივს ამოთქვა მან. ქალმა თავი ოდნავ გადააქნია.
-ალბათ უნდოდა დაჯერება, რომ უყვარდი. რომ შენი შვილები გიყვარდა. – მხრები აიჩეჩა მან. – კარგი, ახლა უნდა წავიდე.
-მოიცადე! ცოტა ხნით დარჩი… – გიორგიმ კიდევ ერთხელ გაიწვდინა ხელი, მაგრამ მანძილს ვერ ლახავდა, რაღაც აკავებდა და ვერ შეძლო. – ცოტა ხნით დარჩი! – დაიყვირა მან, როცა დაინახა, თუ როგორ მიაბიჯებდა ქალი მისგან შორს. – გვანცა! გვანცა, მოიცადე! მოიცადე! – კიდევ ერთხელ დაიღრიალა მან, გრძნობდა, როგორ იღვიძებდა.
ლოგინში წამოვარდა, ძლივს ამოისუნთქა.
-*-*-*-*-*-
-დაგესიზმრა რამე? – გაიგონა ხმა და შვებით ამოისუნთქა, როცა გვანცას ახედა. თავი ისევ ბალიშზე დასწია და გვანცას ააშტერდა, რომელმაც პირთან მოუტანა ოხშივარავარდნილი ჭიქა. – აჰა, დალიე ჩაი.
-ჰო. – თქვა მან ნელა, თან ჭიქა ჩამოართვა. – ისევ… ისევ ის დღე დამესიზმრა. – ჩაი მოწრუპა და დაისისინა, როცა მდუღარე სითხე ენაზე მოხვდა.
-ოჰ? – გვანცამ წარბი ასწია და გვერდით მოუწვა, მხარზე თავი დაადო. გიორგიმ თავი გადასწია, ლოყა აუსვა ცოლის თმას. – მეგონა, მაგ ამბავი დამთავრდა უკვე. ბოლოს და ბოლოს სამი წელი გავიდა…
-ვიცი, მაგრამ… – გიორგიმ ამოიხვნეშა და შუბლი მოისრისა. – მაინც მტკივა ხანდახან. ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდებოდა.
-რა მნიშვნელობა მაგაზე ფიქრს, თუ მართლა არ მოხდა? – წაიბუზღუნა გვანცამ და გიორგის ჩაეცინა. – შენც კარგი სულელი ხარ.
-სულელი არა, შეყვარებული ვარ. – უთხრა გიორგიმ და სიცილი აუტყდა, როცა გვანცა წამოვარდა.
-იმ დღის იქით. მთელი ის პერიოდი გული მტკიოდა. – თქვა მან ა გვანცას გაფართოებულ, თაფლისფერ თვალებში სერიოზულად ჩახედა.
-შენ ხომ გული არ გაქვს, დაგავიწყდა? – წარბები ასწია ქალმა. – გული რომც გტკიებოდა, ახლა ექიმთან იქნებოდი უკვე.
-მაშინ მეტაფორული გული მტკიოდა. – შეასწორა გიორგიმ და გაიღიმა. – აი, ის მეტაფორული გული, სიყვარულსა და სხვა სისულელეებს რომ აწერენ ხოლმე.
-ოოოო…. – თავი დააქნია გვანცამ. – რომ ტყდება, რომ ამთელებენ და ნაწილებს რომ კრეფენ, ეგ გული?
-ჰო, ეგ. – მიუგო გიორგიმ და ცოლს ჩაი გადააწოდა, მისი ბუზღუნის მიუხედავად. – აღარ მინდა მეტი. – გადამწყვეტი ტონით თქვა მან, როცა გვანცა დაბღვერილი შეაშტერდა. – მოდი აქ. – მან ქალს მოავლო ხელი და ლოგინზე დასცა, მერე კი მაგრად მიეხუტა, მკერდზე მიიკრა. გვანცა წამიერად აფართხალდა მოულოდნელობისაგან, მაგრამ მაშინვე ჩაწყნარდა და მაგრად მოხვია ხელები.
-ბუხარივით ხარ, შე საცოდავო. – ჩაილაპარაკა მან. – იმიტომ გეხუტები ახლა, რომ გათბობა არ არის ჩართული.
-გათბობა რომ არ გაქვს ჩართული, მაგიტომ გაცივდნენ დათუნა და ანო და მაგიტომ გავცივდი მეც. – ჩაიბურტყუნა გიორგიმ, თვალები ეხუჭებოდა.
გვანცამ არაფერი არ უპასუხა, უფრო მაგრად მიეკრო.
-შენი მეტაფორული გული ძალიან ჩქარა ცემს, იცი? – თქვა ქალმა.
-ვიცი, ვიცი… შენიც. – უპასუხა კაცმა.
<<
-წყალს დავლევ და მოვალ. – უთხრა ქალმა, თმაზე ხელი გადაისვა და გამოხედა. გიორგიმ მხრები აიჩეჩა და გადატრიალდა, მხრებზე მოიხვია საბანი.
წამოვარდა, როცა სამზარეულოდან მსხვრევის ხმა მოესმა, შემდეგ კი თითქოს ვიღაც მძიმედ დაეშვა იატაკზე. ცუდი წინათგრძნობის უსიამოვნო ჟრჟოლამ დაუარა, და საბანი გადაიძრო, მთელი სისწრაფით გავარდა სამზარეულოსაკენ.
გვანცა იატაკზე იჯდა, ხმამაღლა, სწრაფად სუნთქავდა. მის გვერდით დამსხვრეული ჭიქის ნაწილები გორავდნენ.
-გვანცა? – გიორგი მიუახლოვდა და სასწრაფოდ დაიხარა მის გვერდით, თვალები გაუფართოვდა, როცა ქალის გაფითრებული ტუჩები, და შუბლზე გამოსული ოფლის წვეთები დაინახა. გვანცამ ამოხედა და მაისურზე ჩაეჭიდა.
-რა გჭირს? – გიორგიმ ხელი შეაშველა, როცა შეატყო, რომ მის ცოლს ძალა ეცლებოდა, სასწრაფოდ შემოაჭდო ზურგსა და მუცელზე მკლავები. ქალის სწრაფი, არარეგულარული გულისცემა იგრძნო კანზე. – გვანცა, რა დაგემართა? მიპასუხე! სასწრაფოს გამოვუძახო?
ყელში ბურთი მოაწვა, როცა ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და ნელა წამოაწვინა ძირს, თვითონ კი ელვის სისწრაფით, ერთიანად აკანკალებული და ანერვიულებული გავარდა სასტუმრო ოთახისაკენ, რომ ტელეფონი მოეძებნა. სასწრაფოს ნომერი აკრიფა და ისევ სამზარეულოში შემოვარდა.
-მაჭავარიანის 19, დროზე მოდით, ჩემი ცოლი ვეღარ სუნთქავს, ფერი ერთიანად წაუვიდა… – თქვა მან და გვანცა წამოსწია, ზურგზე ისევ შემოხვია მკლავი. ვერც კი გაიგო, თუ რას ეკითხებოდნენ ისინი, ავტომატურად პასუხობდა და ქალის გაფითრებულ სახეს ხედავდა მხოლოდ. დაბნეული და განცვიფრებული გრძნობდა, როგორ გამალებით უცემდა გული.
თხუთმეტ წუთში სასწრაფო დახმარების პერსონალი შემოვარდა ბინაში და ქალი წრაფად დააკრეს საკაცეზე, გიორგიმ კი ნახევრად მძინარე ნინის გადაურეკა, რომ სახლში მოსულიყო და ბავშვებისათვის მიეხედა.
-გულის შეტევა. არითმიის ფონზე. – განაცხადა ექიმმა, და გიორგის იჭვნეულად ახედა. კაცი მოსაცდელში აქეთ-იქით ტრიალებდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. – ნუთუ ვერ შეატყვეთ სიმპტომებს?
-არ ვიცოდი… – უპასუხა გიორგიმ. – მეგონა… მეგონა, რომ უბრალოდ ნერვიულობდა რაღაცაზე და იმიტომ ჰქონდა.
-ახლა კარგადაა. – თქვა ექიმმა. – მაგრამ სასურველია ოპერაციის გაკეთება. ლაბირინთური პროცედურა… ამის შემდეგ, იმის რისკი, რომ ოდესმე არითმიის სიმპტომები ან გულის შეტევა ექნება, ძალიან მცირეა. მაგრამ მაინც საჭირო იქნება მონიტორინგი… ალბათ თქვენ ჭიქის მტვრევის ხმა რომ არ გაგეგოთ, თქვენი ცოლი გარდაცვლილი იქნებოდა. – მან რაღაც ჩაინიშნა თავის ქაღალდებში.
გიორგის სუნთქვა გაეჩხირა ყელში.
-გასაგებია. – ძლივს ამოთქვა მან. – შეიძლება ვნახო?
-ახლა ისვენებს. – თქვა ექიმმა. – რამდენიმე დღეში გავწერთ. თუ მოისურვებთ ოპერაციის გაკეთებას, მაშინ ორ კვირაში მობრძანდებით გაწერიდან, და ჩაგწერენ. ყველანაირ ფორმალობას მიმღებში მოაგვარებთ.
-კარგით. გასაგებია. – გიორგი ნელა დაეშვა მოსაცდელის სკამზე.
-*-*-*-*-*-
-როგორც ჩანს, მოგიხერხებია აქაურობის მოვლა. – თქვა გვანცამ, როცა სახლში შემოაბიჯა. – ბავშვებს როგორ გაუმკლავდი?
-ტყუპები ნინისთან იყვნენ. – უპასუხა გიორგიმ, საკუთარი ქურთუკი ჩამოჰკიდა და ქალს წამოეწია, წელზე ხელი დაადო, რაზეც ცოლმა ოდნავი გაოცებით ამოხედა. – ნატა და ცოტნეც მისულან იქ. კარგად არიან, მოკლედ.
-მთელი სამი დღე იქ იყვნენ? – წარბები ასწია ქალმა. გიორგიმ თავი გადააქნია.
-არა, რა თქმა უნდა. – მიუგო მან. – როგორ, ტყუპები აქ არ ყოფილიყვნენ მათი დედის მოსვლისას? – წარბი ასწია მან. – ახლა სძინავთ.
გვანცამ თვალები დაახამხამა, და ნელა შეტრიალდა.
-კარგი, წავიდეთ, მეძინება. – თქვა მან ბოლოს და საძინებლისაკენ წავიდა, გიორგი უკან გაჰყვა. ქალი გაუხდელად შეწვა ლოგინში, კომფორტულად მოეწყო. გიორგიც დაწვა, ამჯერად ცოლისაკენ გადაბრუნდა, მის სახეს ათვალიერებდა უსიტყვოდ.
-ღამე მშვიდობისა. – წაილუღლუღა ქალმა. თვალები ეხუჭებოდა. – მიყვარხარ.
ფრაზა, რომელსაც იგი ყოველდღე ამბობდა, ექვსი წლის განმავლობაში.
-ძილი ნებისა. – გიორგიმ წინ წაიწია, ცოლს ხელი მაგრად მოსჭიდა და ახლოს მოიზიდა, თბილად აიკრა ტანზე. გვანცას თვალები ოდნავ გაუფართოვდა. – მეც მიყვარხარ.
ფრაზა, რომელსაც გიორგი აპირებდა ყოველდღე ეთქვა, კიდევ დიდი, დიდი ხნის მანძილზე.
ქალმა განცვიფრებით, ელვის სისწრაფით ამოხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
სიჩუმე ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ასეთი სახის სიჩუმე ალბათ ყველაზე უკეთესი.
კიდევ ერთი პერსონაჟი, რომლის ცემაც მინდა!
ეს ისტორიაც მიყვარს ^_^
LikeLike
მეც 😂😂😂😂 ნინის ადგილას მართლა ვლეწავდი კარგად 🙂 იძიოტი 😂😂😂 უღრმესი მადლობა გენაცვა 😍😍💖💖💙💙💙
LikeLiked by 1 person
❤ ❤ ❤
LikeLike