ათასი ცრემლის ფასი

-*-*-*-*-*-1
ავტობუსი საშინლად ჯანყალებდა, და ელენემ ნერწყვი გადაყლაპა, რომ ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა გულისრევის შეგრძნება. საერთოდ, გული არ ერეოდა ტრანსპორტში ყოფნისას, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო. გზის ყოველ ორ მეტრში ამოყრილი და დაზიანებული ასფალტი ხვდებოდათ, მძღოლი კი ძალიან სწრაფად ატარებდა ავტობუსს. ელენემ ბრაზით მოუჭირა თითები წინა სავარძლის ზურგს და მძღოლის თავს გადახედა, რომელიც რადიოდან მომკივანი სიმღერის რიტმში კანტურობდა.
გოგონამ ამოიხვნეშა და სასწრაფოდ მოიჭირა პირზე ხელი, როცა მუცელი კინაღამ ამოუბრუნდა. არა რა, უნდა დაელია ის „დრამინა“, მამამისი რომ წამოსვლის წინ ატენიდა, მაგრამ საკუთარ გამოცდილებას თუ დაუჯერებდა, რატომღაც წამალი უარობდა რომ მის სხეულზე ემოქმედა. „მიმეღო, ახლა პლაცებო ეფექტი მაინც ექნებოდა…“ გაიფიქრა საწყლად და მთელი ძალით გადაყლაპა ნერწყვი, როცა ავტობუსი ძლიერად შეირყა.
გარეთ წვიმდა, წვეთები მინას ეხეთქებოდნენ და ქვემოთ გორავდნენ. ქარიც უბერავდა, გზის გვერდით ჩარიგებულ ბუჩქებსა და ხეების ტოტებს აქეთ-იქით აქანებდა. ელენემ ამოიხვნეშა და გვერდითა სავარძელზე გადადებულ ჩანთას გადახედა. იქნებ მაინც ამოეღო მამამისის მიერ ჩადებული რამდენიმე პარკი?
აზრი ხორხოცმა გააწყვეტინა, რომელიც ავტობუსის ბოლოდან მოდიოდა. ელენემ ტუჩი აიბზუა, მაგრამ ნელა შემოტრიალდა, ცნობისმოყვარეობამ სძლია. შუა რიგებში უმრავლესობას ეძინა, რამდენიმე ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდა. უკანა მხარეს შეკრებილიყო უმრავლესობა, იმის მიუხედავად, რომ ვერც კი ეტეოდნენ, და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
ელენემ წარბები შეკრა და ნელა გადახედა მის გვერდით ცარიელ სავარძელს, რომელიც დროებით დაეკავებინა მის ჩანთასა და ქურთუკს. რატომღაც წყენამ დაუარა. იმას იყო შეჩვეული, რომ მის გვერდით ხშირად არავის სურდა დაჯდომა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მტკივნეული იყო ამდენი მისი თანაკლასელისა და პარალელკლასელის ერთად დანახვა, როცა ისინი რაღაც სასაცილო და საინტერესოს ამბობდნენ.
გოგონამ აიხედა და ინტერესით გადახედა ფიგურას, რომელიც ავტობუსის ბოლოდან, ბავშვების გროვას გამოეყო და სწრაფად გამოემართა სავარძლების რიგებს შორის.
ელენემ წარბები შეკრა, ეს პიროვნება, მისი მოგრძო შავი თმით, ყავისფერი თვალებითა და უმოძრაო ნაკვთებით წამსვე იცნო. ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა რომ არ ეცნო, თუ იმას გაითვალისწინებდა, რომ იმის ნახევარი, რაზეც მისი ნაცნობი გოგოები ლაპარაკობდნენ, დემეტრე ბაბლუანი იყო. გოგონა მოიღუშა და ეჭვით მოჭუტული თვალები გააყოლა ბაბლუანს, რომელიც მძღოლს მიადგა და საქარე მინიდან გზას დაჟინებით მიაშტერდა.
-მალე მივალთ? – იკითხა მან ხმამაღლა, რომ რადიოდან მომკივანი ხმა გადაეფარა.
-ალბათ ერთ თხუთმეტ წუთში. – უპასუხა მძღოლმა, ისე რომ თავის კანტური არ შეუწყვეტია. ბაბლუანმა ნელა დააქნია თავი და მოტრიალდა, რომ ისევ ავტობუსის ბოლოსაკენ წასულიყო.
მერე კი ავტობუსი, როგორც ჩანდა, განსაკუთრებით ღრმა ორმოში ჩავარდა და ისე ძლიერად შეჯანყალდა, რომ ელენემ იგრძნო, თუ ბოლოს და ბოლოს, როგორ ამოუბრუნდა მუცელი. თვალებში ელვის სისწრაფით მოაწვა ცრემლები და ძლივს მოასწრო, რომ სავარძლებს შორის გადმოხრილიყო და იატაკზე გადმოენთხია მთელი თავისი საუზმე. ცხვირში კუჭის მჟავის საზიზღარი სურნელი მოხვდა და გული უფრო მეტად აერია. თვალებდახუჭული ახველებდა, იგრძნო, როგორ დაეცვარა შუბლი ცივი ოფლით.
-გააჩერეთ! გააჩერეთ, ახლავე! – მოესმა ზემოდან ხმა და შეინძრა, უნდოდა გასწორებულიყო, მაგრამ ვერც კი ინძრეოდა, ჯერ კიდევ გამწარებული ახველებდა. თავს ზემოთ ჩოჩქოლი მოესმა, მისკენ ნაბიჯები მოიწევდნენ. – კარგად ხარ? – ჰკითხა გოგოს ხმამ, და ელენე ძლივს წამოიწია.
-უკეთესად… – ძლივს ამოღერღა მან, მაგრამ მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა და მოძრაობამ კიდევ ერთი აუტანელი გულისრევის შეგრძნება გაგზავნა მის სხეულში. დარეჯან მასწავლებელი რაღაცას გაჰყვიროდა, მაგრამ ამწუთას მისი მოსმენა არ სურდა.
-ადექი. – მოესმა ხმა და იგრძნო, როგორ სტაცეს მკლავში ხელი. ძლიერმა ხელმა ზემოთ აქაჩა და ელენეც ბრმად დაჰყვა. შეაჟრჟოლა, როცა კიბეებზე ჩაირბინეს და ცივმა წვიმამ და ქარმა სხეულზე შემოჰკრა. გადაიხარა და მუხლებს დაეყრდნო, ცივმა ჰაერმა და მყარმა მიწამ ფეხქვეშ წამსვე კარგად იმოქმედა.
-აჰა. – ელენე ოდნავ გასწორდა, როცა მისკენ გამოწვდილი წყლის ბოთლი დაინახა. „მადლობის“ ბურდღუნით მოხსნა ბოთლს თავი და მადლობელმა დალია წყალი.
-ელენე, უკეთესად ხარ, გენაცვალე? – გაისმა დარეჯან მასწავლებლის შეწუხებული ხმა ავტობუსიდან. – თუ ცუდად იყავი, გეთქვა ადრე და გაგიჩერებდით…
ელენე გასწორდა, მის გვერდით აღმართულ პიროვნებას ახედა, წესიერად სურდა მადლობის მოხდა.
სიტყვა კისერში შეაცივდა, როცა მისკენ უემოციოდ მომზირალ დემეტრე ბაბლუანს ჰკიდა თვალი.
-მადლობა დახმარებისათვის. – მაინც ჩაილაპარაკა მან და ბოთლიანი ხელი ზემოთ ასწია.
-არაფრის. – მიუგო ბაბლუანმა, ავტობუსისაკენ მიტრიალდა. ელენე ისევ გადაიხარა, სუფთა ჰაერი შეისუნთქა. მერე კი შემთხვევით ბაბლუანის ფეხსაცმელს გადახედა.
წამსვე თვალები ჭყიტა. მის მარჯვენა ფეხსაცმელს ძალიან აშკარად მოცხებოდა გვერდით ელენეს საუზმის ნარჩენები. უხერხულობამ ცეცხლივით დაუარა და ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
-უკაცრავად… ძალიან ვწუხვარ, როგორც ჩანს, ფეხსაცმელი დაგისვარე… – თქვა მან, სირცხვილისა და უხერხულობისაგან ბაბლუანს თვალს ვერ უსწორებდა. დარწმუნებული იყო, ასეთი ცივი ქარი და წვიმა რომ არა, სირცხვილისაგან სახეზე ცეცხლი მოეკიდებოდა.
-არაფერია. – მიუგო მან. – მოდიხარ? – ავტობუსისაკენ გაიშვირა ხელი. ელენემ თავი დაუქნია, თმა და მხრები უკვე მთლად დასველებოდა წვიმისაგან, ცივი ქარიც არ იყო ძალიან სასიამოვნო. კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა და ბაბლუანს უკან გაჰყვა.
-კარგად ხარ, გენაცვალე? – მოეფოფინა დარეჯან მასწავლებელი და სველ თმაზე გადაუსვა ხელი. – შენ, ნელა ატარე, გესმის? – თვალებდაჭყეტილ მძღოლს დაუყეფა მან, მერე კი ისევ ელენეს მოუბრუნდა დამტკბარი ხმით. – მოდი, გენაცვა, სულ წინ დაჯექი, აი, აი, მე პარკებს მოგიმზადებ, თუ რამე…
-დიდი მადლობა, მას. – გაიღიმა ელენემ, მაგრამ ისევ არაკომფორტულად მოიჭმუხნა, როცა ავტობუსი ძლიერი ბიძგით დაიძრა. ხმადაბლა ჩაიცინა, როცა დარეჯან მასწავლებელი ისევ საცოდავ მძღოლს მიუბრუნდა.
-არ მაინტერესებს, რამდენ ხანში ჩავალთ, გესმის? ლოკოკინის სიჩქარით ატარებ, თუ გინდა რომ ტყავი შეგრჩეს! შენ გამო ელენიკო ცუდად გახდა! – უკმაყოფილოდ ფოფინებდა ქალი.
მთელი ექსკურსიის განმავლობაში ბაბლუანი მის გვერდით იყო, დარეჯან მასწავლებლის დავალებით. ბიჭი ბევრს არ ლაპარაკობდა, უემოციოდ იჯდა ელენეს გვერდით და გზას მიშტერებოდა. იმის მიუხედავად რომ წვიმისაგან მაისური და თმა დასველებოდა, ელენე ძალიან თბილად და კომფორტულად გრძნობდა თავს.
ალბათ იმიტომ, რომ ვიღაც იჯდა მის გვერდით.
გოგონამ თვალები გაახილა, სასიამოვნო მოგონებებიდან გამოცურდა. ზარი ირეკებოდა, და საკლასო ოთახში ელვის სისწრაფით შემოცვივდნენ მისი კლასელები. დარეჯან მასწავლებელი ალბათ მალე მოვიდოდა, არავის სურდა დაგვიანება.
ბოლოს და ბოლოს აპირებდა ამის გაკეთებას. მერხში შედებულ წერილს თითები მოუსვა და იგრძნო, თუ როგორ დაეჭიმა მთელი სხეული.
ელენეს დემეტრე ბაბლუანი მოსწონდა. იმის შემდეგ, რაც ცივმა, უემოციო ბაბლუანმა მის მიმართ თავისი შედარებით კეთილი მხარე გამოაჩინა, ელენეს მასზე ფიქრი ვერ შეეწყვიტა. არ იცოდა, ეს რის გამო იყო, ალბათ იმიტომ, რომ ბაბლუანი მის გვერდით იყო მთელი ის დღე, რომ ერთადერთი ბიჭი იყო, რომელმაც მის მიმართ ნებისმიერი სახის ინტერესი გამოიჩინა. ალბათ იმიტომ, რომ ბაბლუანი, თავისი ექსტერიორის მიუხედავად ჭკვიანი, კეთილი, გამბედავი, თავშეკავებული პიროვნება იყო.
თავიდან საკუთარ თავს ვერ იტანდა იმის გამო, რომ ერთი დღის მერე გაუჩნდა ასეთი გრძნობა.
დროთა განმავლობაში შეეჩვია.
და ბოლოს და ბოლოს, წელიწადნახევრის შემდეგ, თავისი მეგობრის დაჟინებითა და საკუთარი სურვილითაც, აპირებდა რომ ბაბლუანისათვის თავისი გრძნობები გაემხილა.
შეკრთა, როცა უკნიდან ჯახანი მოესმა და იგრძნო, თუ როგორ მიაჭირეს ზურგში თითი. მოტრიალდა და გაიღიმა, როცა მარიკასა და დათოს ჰკიდა თვალი.
-ჰე, რას აპირებ? ჰმ? – მკლავზე ხელი წაჰკრა მარიკამ და აღტაცებული თვალები მიაპყრო. – ბოლოს და ბოლოს მოახერხებ დღეს? ხომ?
ელენემ ტუჩები მოიკვნიტა, გული მაგრად სცემდა მკერდის ძვალზე, ისე რომ ყურებში ესმოდა დაგადუგი.
-ჰო, ალბათ. – ფრთხილად თქვა მან და საცოდავად აჭმუხნა სახე, როცა მარიკას ნაკვთები ბრაზმა მოიცვა.
-რას ქვია ალბათ? ალბათ? ალბათ ხომ? – ხმას აუწია მან და დათომ თვალები გადაატრიალა, სკამის ზურგს მიეყუდა. – შენ რა გგონია, ჰა? შორიდან თუ უყურებ და გულები გეკერება თვალების ნაცვლად, შემოგხედავს? გეუბნები, შორიდან დორბლის ყრა არაფერს გიშველის…
-დორბლებს არ ვყრი. – მშრალად ჩაილაპარაკა ელენემ.
-მე კი მგონია, რომ ეს სულელური იდეაა. – წარბები ასწია დათომ და თვალებმოჭუტული გადმოიწია მისკენ. – არ მომწონს მე ეგ ტიპი და მომკალი.
-იცი რას ვიზამ? დიახაც მოგკლავ და მოვისვენებ, ვა. – ბრაზით მიუბრუნდა მარიკა. დათოს ყურადღება არ მიუქცევია, ხელი აუქნია და ისევ ელენეს მიუბრუნდა.
-თუ ასე ძალიან მოგწონს, უთხარი ბოლოს და ბოლოს და მოისვენე. – თქვა მან. – მაგრამ მერე, როცა უარს გეტყვის, ტირილი არ დაიწყო…
-რა იცი, შე პესიმისტო ღორო! – იფეთქა მარიკამ. – იქნება იმასაც მოსწონს! ეს კი ვერაფერსაც ვერ გაიგებს, სარგაყრილი ჩოჩორივით თუ გააგრძელებს თვალების ყვლეპას!
-ეგ საიდან დაასკვენი, ჰა? – თვალები გადაატრიალა დათომ. – წლინახევრის წინ რომ რაღაცაში დაეხმარა? სულ ეგ იყო? იმის მერე როდის შეხვდნენ ერთმანეთს?
-ნუ ახლა… – მარიკამ დაიფრუტუნა. – ეგ ვიცი, და ისიც ვიცი, რომ ელენეს რაღაც გაურკვეველი მიზნების გამო მოსწონს ეგ ტიპი. მთავარია რომ მოსწონს და ჩვენი ვალდებულებაა რომ მხარში ამოვუდგეთ, რანაირი სისულელეც არ უნდა გააკეთოს. – განაცხადა მან და ელენემ თვალები გადაატრიალა. დათომ ამოიხვნეშა.
-მე მაინც არ მომწონს ეს ამბავი. -ჩაიბურტყუნა მან. – შენ წერილი მოამზადე მაინც? თუ ძალიან კარგად გაქვს დაზეპირებული ტექსტი?
-დავიზეპირე, მაგრამ დაზღვევის მიზნით მაინც დავწერე წერილი. – ელენემ ხმას დაუწია და მერხში შედებულ კონვერტზე მიანიშნა. არ მიიჩნია იმის ხსენება საჭიროდ, რომ ამ პატარა წერილის დაწერას სამი საათი და უამრავი ფურცელი შეეწირა.
-რაღაც ძალიან წყნარად იქცევი ამ ყველაფრის შესახებ. – თვალები მოჭუტა მარიკამ და სახე ახლოს მოუტანა, მერე კი შუბლზე სტაცა ხელი. – სიცხე ხომ არა გაქვს? სანახევროდ გული მიგდიოდა ხოლმე, როცა ამაზე ვლაპარაკობდით ადრე…
-შენ ვერც კი წარმოგიდგენია, თუ როგორ ვნერვიულობ. – თქვა ელენემ და იგრძნო, თუ როგორ შეეტყო ხმაში კანკალი. გულისცემა უფრო გარკვევით, უფრო ჩქარა ესმოდა ყურებში. ხელისგულები ოფლით დაცვაროდა. – არც კი ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას…
-იმიტომ აკეთებ, რომ ბოლოს და ბოლოს მოამთავრო შენი ცხოვრების ეს ნაწილი და შემდეგზე გადახვიდე. – წარბები ასწია დათომ. – აშკარაა, რომ ბაბლუანი უარს გეტყვის…
მარიკამ ხელი ასწია და თავში წამოარტყა დათოს. დათომ ბინძური მზერა სტყორცნა და კეფა მოისრისა.
-მოკეტე მეთქი, შე პესიმისტო უსირცხვილო მაიმუნო! – ატყდა ის. – ელენიკოს, მოგწონს თუ არა, უყვარს ეგ ბიჭი, ჰოდა ამიტომ პირი მოხურე და გვერდში დაუდექი!
-კარგი, რა მარიკა. – ღიმილით შეაწყვეტინა ელენემ. -არა უშავს. ვიცი, რომ ალბათ უარს მეტყვის, მაგრამ… – გოგონამ მუშტები შეკრა, მიზანდასახული მიაშტერდა თავის მეგობრებს. – მინდა რომ ვცადო.
-ცივი ტიპია, ელენე. – დათო შეიჭმუხნა. – უემოციო.
-ვიცი, მასე ჩანს, მაგრამ… კეთილია. საინტერესო. ჭკვიანი. – ელენემ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა. გონებაში ბაბლუანის სახე უვლიდა და იგრძნო, თუ როგორ დაუარა ჟრუანტელმა ზურგში.
-ხომ არ გგონია რომ აჭარბებ? – წარბები ასწია დათომ. მარიკამ ისევ წაარტყა მკლავზე ხელი და ამოიხვნეშა.
-ნეტავ მეც მიყვარდეს ვინმე. – გაბრწყინებული თვალები მიატრიალა ჭერისაკენ. – შენ რომ ბაბლუანზე იწყებ ლაპარაკს, სულ იღიმები და მთელი სახე გინათდება. მეც მინდა მასე.
-რა გოგოები ხართ, ერთიც და მეორეც. – მჟავედ გადმოხედა მეგობრებს დათომ. მარიკამ სასწრაფოდ სტყორცნა თვალებმოჭუტული მზერა.
-რას მელაპარაკები! – სარკასტულად მიუგო მან. – ახლა შეამჩნიე? შენ გაიგე, ელენე? თურმე გოგოები ვყოფილვართ!
ელენეს სიტყვის თქმა აღარ დასცალდა, რადგან კარი გაიღო და დარეჯან მასწავლებელი შემოვარდა, იღლიაში ამოჩრილი ჟურნალით.
-აბა დაეგდეთ! – დაიყეფა მან და ბავშვები აყალ-მაყალითა და რახუნით დაუბრუნდნენ თავიანთ მერხებს. მარიკამ ელენეს მხარზე სტაცა ხელი და კომფორტის ნიშნად მოუჭირა. გოგონა მთელი გაკვეთილი დაძაბული იჯდა და ცდილობდა სახელმძღვანელოსა და დარეჯან მასწავლებელზე კონცენტრირებას, იმის მიუხედავად, რომ გონება წამდაუწუმ მერხში შედებულ წერილსა და საკუთარი გადაწყვეტილებისაკენ გაურბოდა.
ზარი რომ დაირეკა, მარიკამ ხელი სტაცა და თითქმის ძალით ასწია, მისი ნივთები ჩანთაში მოისროლა და დათოს მოჰკიდა ზურგზე. როცა მეგობარმა მერხში შედებული წერილი დაითრია და ელენეს ზურგში ხელი ჰკრა, რომ საკლასო ოთახიდან გაეყვანა, გოგონას მაშინღა მოერია პანიკა.
არა, ამას ვერ გააკეთებდა. ამას ვერ გააკეთებდა ამდენი ხალხის თვალწინ. სიამოვნებით დაელაპარაკებოდა ბაბლუანს სხვაგან, მაგრამ სკოლის გარდა არსად ხვდებოდა, სკოლაში კი, იგი სულ გარშემოხვეული იყო თანაკლასელებითა და მეგობრებით. მათ წინაშე ვერ გააკეთებდა ამას… თუმცა საერთოდაც ვერ გააკეთებდა ამას. არ შეეძლო რომ მისთვის სახეში შეეხედა და ეთქვა ის, რისი თქმაც სურდა. წამსვე მობრუნდა და მარიკას თავი გაუქნია.
-არა, არა, არა, არა, არ შემიძლია… არ შემიძლია… – ამოილუღლუღა მან, გული გამალებით უცემდა, და შეეცადა, რომ მეგობრის ხელში ჩაწერილ წერილს მისწვდენოდა. მარიკამ სასწრაფოდ გასწია წერილი შორს.
-ახლავე შეწყვიტე! – მან მხარში ხელი ჩაავლო და შეანჯღრია. – ახლა მიხვალ, თუ გინდა არაფერი უთხრა, უბრალოდ წერილი მიეცი და ვსო, გესმის? მაგით გათავდება და გაკეთდება საქმე, გაიგე? არ შეგჭამს ბოლოს და ბოლოს ეგ ბიჭი.
-ელენე, დაწყნარდი, თუ არ გინდა, არ არის აუცილებელი რომ გააკეთო… – დაიწყო დათომ. ელენემ მადლიერი თვალები მიატრიალა მისკენ. იქნებ ჯობდა, რომ არაფერიც არ ეთქვა…
-არ არის აუცილებელი? არ არის აუცილებელი?! – ხმას აუწია მარიკამ და დათოს მწყრალად გადახედა. – მისმინე, ელენე! მთელი წელიწადნახევარი შენი ექსპოტენტურად მზარდი გრძნობები იმისთვის კი არ ამიტანია, რომ ახლა უკან დაიხიო! გიყვარს? ჰოდა უთხარი და მორჩი, ვა! იქნება მასაც მოსწონხარ? კარგი, ვთქვათ არ მოსწონხარ, მაგრამ იქნება ერთ პაემანს დათანხმდეს და მოეწონო?
-როდის იყო ბაბლუანს ვინმე პაემანზე მიჰყავდა… – მშრალად დაიწყო დათომ, მაგრამ ამოიხვნეშა და გაჩუმდა, როცა მარიკამ ბრაზით გადახედა.
-კარგი, კარგი… – ელენემ ძლივს ამოისუნთქა, გული ყელში ებჯინებოდა და სუნთქვას უშლიდა. უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ამის გაკეთება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ახლა ხვდებოდა, თუ რამდენად ძნელი იქნებოდა მისთვის. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ბაბლუანს, და ალბათ ეს იყო ყველაზე ძნელი.
-ჰე, წამოდი… – მარიკამ ხელი მოსჭიდა და დერეფანში გაათრია, წამსვე შეერივნენ ბავშვების ტალღას. მარიკა მასა და დათოს მიერეკებოდა წინ, მუჯლუგუნებით იშორებდა გარშემო თავმოყრილ ხალხს და უბოდიშოდ მიიწევდა წინ.
-აი, იქაა. – მოულოდნელად ხელი გაიშვირა დათომ, და ელენემ ელვის სისწრაფით გაიხედა მარჯვნივ, ისე, რომ მისმა კისერმა ჭახანი გაიღო. მთელი სხეულით დაიძაბა და სუნთქვა შეუკრთა, როცა ორ თავის მეგობართან ერთად მიმავალი ბაბლუანი დაინახა, მათთან სულ ახლოს.
-მიდი, გოგო! – მარიკამ ხელში შეაჩეჩა წერილი და ხურგში ხელი ჰკრა. – ახლაა შენი შანსი! ისეთი არეულ-დარეულობაა აქ, რომ კაციშვილი შენს ხმას ვერ გაიგონებს, ხმას ჯანდაბას, მაგრამ ბლუყუნი არ დაიწყო, იცოდე. როცა მიხვდები, რომ უაზრობას ბოდავ, წერილი მიეცი და გამოიქეცი, გესმის? მერე შენთან წამოვალთ ყველა და ამ საოცარ დღეს აღვნიშნავთ! ყველაფერი კარგად იქნება, გაიგე?
-კარგი. კარგი, გავიგე… -მიუგო ელენემ, იმის მიუხედავად, რომ გონებაში ფიქრები ერთ არეულ, ფერად მასად უტრიალებდა. რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ დემეტრეს პროფილს თვალი გაუსწორა და თითქოს დადნა. ხელები მოეკრუნჩხა.
-აააარა, არა, არა, ვაიმე, არა. არ გამოვა. – იგი მოტრიალდა, და მარიკამ წამსვე სტაცა მხრებზე ხელი, მისდა გასაკვირად, დათომაც წასვლის ნიშნად აუქნია ხელი. – არა, მარიკა… არ შემიძლია, გეუბნები… არა, არ შემიძლია. – ელენე ძლივს სუნთქავდა, თითქმის სასოწარკვეთილი.
-ამას ერთი დღეც კი ვეღარ ავიტან… – კბილებში გამოსცრა მარიკამ. – მიდი თქო, გოგო!
-არა, არ გამომივა, არ გამომივა… გეუბნები, არ შემიძლია მეთქი… – ძლივს ამოილუღლუღა ელენემ.
-დემეტრე! ოე, ბაბლუანი! ბაბლუანი, მოიხედე ერთი წუთით! – ელენემ პირი დააღო და თვალები საცერისოდენა გაუხდა, წამიერად სიძულვილით ახედა მეგობარს. მარიკამ წარბები ასწია და თავი დაუქნია, მერე კი ისევ ჰკრა ხელი. – მიდი ახლა, გიყურებს.
ელენე ელვის სისწრაფით შემობრუნდა, და წამსვე ბაბლუანის ყავისფერ თვალებს შეეჩეხა. ის იქ იდგა და ოდნავ მოღუშული, წარბაწეული მიშტერებოდა.
-რაშია საქმე? – იკითხა მან. ელენემ ტუჩები მოილოკა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქვიშა გადაეყლაპა.
-უკაცრავად… უბრალოდ მინდოდა რომ მეთქვა რომ… მოკლედ, მე… მე ელენე ვარ, ზედგინიძე და მე… – გოგონა მთლად დაიბნა, დამახსოვრებული ტექსტი სადღაც გაუფრინდა. დაჟინებით ჩაშტერებოდა ხელში ჩაბღუჯულ წერილს. კარგად გრძნობდა მის გარშემო გამვლელების მზერას, მაგრამ მხოლოდ ბაბლუანს მიშტერებოდა, არ სურდა მზერის გაწყვეტა. – მე შენ… – ელენემ თავი გადააქნია, წერილი ბაბლუანს გაუწოდა. – აი ეს აიღ…
-სერიოზულად? – გაიცინა ბაბლუანის მარჯვნივ მდგარმა ბიჭმა და გოგონამ წამსვე ჭყიტა თვალები. ბაბლუანი ისევ უსიტყვოდ დაშტერებოდა, წარბაწეულმა დახედა ჯერ წერილს, მერე კი ელენეს. – მიდი ძმაო, უთხარი რამე, თორემ ისეთუ სახე აქვს, რომ გული წაუვა და ეგ იქნება, რა.
ელენე მთელი სხეულით დაიძაბა, ბაბლუანმა თვალები გადაატრიალა.
-შენი წერილი არ მჭირდება. – ნელა თქვა მან. მერე თავის მეგობრებს მიუბრუნდა. – წავიდეთ.
-ლაპარაკი ისწავლე და ისევ მოდი! – მოაძახა ერთმა და სიცილით გაბრუნდა.
ბაბლუანის ფიგურა ხალხში ჩაიკარგა. გამვლელები სიცილით უყურებდნენ ელენეს.
გოგონა გაყინული იდგა, გაფართოებული თვალებით და განცვიფრებული მიშტერებოდა იმ ადგილს, სადაც ცოტა ხნის წინ ბაბლუანი იდგა. შიგნით მომენტალურად გაუცივდა ყველაფერი.
-ხომ გეუბნებოდი. – გაისმა უკნიდან დათოს ხმა, მერე კი ბიჭმა მხრებზე ხელი მოხვია. – გითხარი, ცივი ტიპია მეთქი. არ დამიჯერეთ არც ერთმა და არც მეორემ.
ელენე უსიტყვოდ იდგა, გაოცებული გაშტერებულიყო. ვერც კი წარმოედგინა, რომ მათი შეხვედრა ისე დამთავრდებოდა, რომ ბაბლუანს მისი წერილიც კი არ აეღო. მან უარი უთხრა, პატარა წერილის წაკითხვაც კი არ ისურვა. მისმა მეგობრებმა კი უწყალოდ დასცინეს.
სირცხვილი, წყენა, გულდაწყვეტა და სინანული ცივ მასად უტრიალებდა სხეულში. არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა. წამიერად წელიწადნახევარი, რომლის განმავლობაშიც შორიდან უყურებდა და უყვარდა, უაზრო დროის ფლანგვად მოეჩვენა.
წერილი ჟაკეტის ჯიბეში ჩაიჩურთა სასწრაფოდ. მაშინღა გააცნობიერა, რომ კისერში მძიმე ბურთი მოსწოლოდა, როცა მარიკა გვერდით მიეხუტა.
-ელენე, ძალიან ვწუხვარ… – სინანულით ჩაილაპარაკა მან.
-არ უნდა გეთქვა არაფერი. – თქვა დათომ. – ისე, სიამოვნებით ავუზელდი სახეს მაგ ცივსახა კერპს და მის დეგენერატ დამქაშებს. ეს ისე.
-მოკეტე, მაგაზე ნუღა ლაპარაკობ. – შეუტია მარიკამ. – ელე, გენაცვალე, ძალიან, ძალიან ვწუხვარ. ბოლოს და ბოლოს ახლა მოგეცა საშუალება, რომ დაივიწყო, კარგი? როგორც ჩანს, ეგ ბიჭი კარგს არაფერს იმსახურებს. კი ბატონო, ჭკვიანია, სახეც კარგი აქვს, მაგრამ უგულო ყოფილა. უკეთესს იმსახურებ შენ, გესმის?
-კარგი. – ელენემ ტუჩები ერთმანეთს დააჭირა, ხმა უთრთოდა. თვალები გადაეგლისა, ქვითინი მოაწვა ყელში. არა, ამის უფლებას არ მისცემდა საკუთარ თავს. მეტი სისულელის გაკეთებას არ აპირებდა დღეს. არავითარ შემთხვევაში არ ატირდებოდა დერეფანში.
-ჩემთან წავიდეთ. – თქვა მან ბოლოს.
-*-*-*-*-*-
-დავანგრევ! დავლეწავ! – იფეთქა მარიკამ და ღვინის ჭიქა ზემოთ აიქნია. – როგორ გაბედა? როგორ გაუბედა? როგორ გაგვიბედა, ჰააა? ეგ… ეგ… ეგ ყინული! ყინულის ლოდი! გულქვა! ერთი მაგის სიფათი დამანახა ახლა, მივაფურთხებდი საკადრისად… – ელენეს უკმაყოფილო სახის დანახვისას კი მაგიდაზე დაემხო. – ჩემი ელენეეეეე… რას ვიფიქრებდიიი… საერთოდ არ გაგიშვებდიიიიი… მაგ… მაგ ლოდთან…
-მე გეუბნებოდი. – ჩაერთო დათო. – შენ კი არ დამიჯერე.
-გეყოფათ რა. – წარბები შეკრა ელენემ. – დავიღალე ბოლოს და ბოლოს. ჯერ ეს და ახლა თქვენ კინკლაობთ კიდევ! – ჯერ კიდევ ბურთი გაჩხეროდა ყელში და წამდაუწუმ უნდებოდა მაგიდაზე დამხობა და ტირილი, მაგრამ ჯერ-ჯერობით უძლებდა.
-ბოლოს და ბოლოს მიანებებ თავს. – მისკენ გადმოიხარა დათო და ნაცრისფერი თვალებით დაჟინებით შეხედა. – ხომ მიხვდი, რომ ეგ ბიჭი არაფრად ვარგა? უბრალოდ დაივიწყე.
მარიკამ სიცილი ატეხა. ელენეს ტუჩი აუკანკალდა, ცრემლიანად გაეღიმა.
-მასე იოლი რომ იყოს, გენაცვა, საქმე, უფ, გვეშველებოდა! – წამოიძახა მარიკამ. – დაივიწყეო? მიდი, დაივიწყე აბა, ელე! ჰე, დაივიწყა, ავშენდით!
-უბრალოდ იმას ვამბობ, რომ საჭიროა ცხოვრება გააგრძელოს და ბაბლუანზე აღარ იფიქროს. – უპასუხა დათომ.
ელენემ ამოიხვნეშა. ხვნეშას ქვითინი ამოჰყვა, და გოგონამ თვალების კუთხეებში დააჭირა თითები, მთელი სხეული უთრთოდა და პათეტიკურად გრძნობდა თავს.
მოუწევდა ბაბლუანის დავიწყება. ხედავდა, თუ რამდენად ცივი პიროვნება იყო ის, და განუზომელი სინანული გააჩნდა იმის გამო, რომ ასეთი სისულელე გააკეთა. მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. ბაბლუანს ხშირადაც არ ხედავდა სკოლაში, რადგან ის მისი პარალელკლასელი იყო, ამიტომ არ იქნებოდა ძნელი მისი იგნორირება. ნელ-ნელა შეეგუებოდა ამ ფაქტს.
დრო დასჭირდებოდა, მაგრამ ელენე დარწმუნებული იყო, რომ შეძლებდა ამის გაკეთებას.
-იწვის რამე? – იკითხა დათომ, და გოგონამ თავი ასწია, ჰაერი შეისუნთქა. მართლაც, რაღაც იწვოდა.
-რაააა? ჰოოო, მე დავადგი მაკარონი გასაცხელებლად… – ამოილუღლუღა მარიკამ. ელენეს თვალები გაუფართოვდა, როცა სამზარეულოს კარიდან გამომავალი შავი ბოლი დაინახა.
-ადექით! – დაიყვირა ელენემ. – დროზე, გაათრიე ეს აქედან, თავისი ფეხით ვერ გავა! – სკამიდან წამოვარდა და კისრისტეხით გაიქცა სამზარეულოსაკენ.
კარი როგორც კი მოაღო, წამსვე შეეტაკა სახეში მუქი ფერის ბოლი და შეძრწუნებული უყურებდა, თუ როგორ მოსდებოდა ცეცხლის ალი აბოლებული ტაფიდან იქვე დადებულ ჩვარს, მერე კი უჯრებისა და რაფების ხის ზედაპირებზე გადასულიყო. ცეცხლი მეტალოპლასტმასის ჭერსაც მოჰკიდებოდა და ელენემ ხველებით დაიხია უკან.
მთელი სამზარეულო იწვოდა.
გოგონა შეძრწუნებული, უძლური უყურებდა, თუ როგორ გადაედო ცეცხლი ფანჯრის ჩარჩოს და კუთხეში ჩასმულ, სახლის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ბოძს მისწვდა.
მერე კი მიხვდა.
ბუნებრივი გაზი ჩართული იყო. თუ ცეცხლი რამენაირად მას მისწვდებოდა…
ელენე გამოტრიალდა და მთელი ძალით გაიქცა სასტუმრო ოთახში, მერე კი კარს შეასკდა, ქუჩაში გავარდა. მარიკა და დათო უკვე იქ იდგნენ, დათო სახანძრო სამსახურს გაცხარებული უხსნიდა სიტუაციას.
ელენემ მოტრიალება და სიტუაციის ნორმალურად გააზრება ვერც კი მოასწრო, რომ გამაყრუებელმა აფეთქების ხმამ მოიცვა ჰაერი. გაშტერებული უყურებდა, თუ როგორ ჩამოიქცა მისი სახლის ნახევარი, რომელიც სამზარეულოს მხარეს იყო, და როგორი ბრახუნით დაენარცხა ძირს გაშავებული ნარჩენები. მტვერმა და ბოლმა აავსო ჰაერი.
ელენე უსიტყვოდ მიშტერებოდა სანახევროდ ჩამოქცეულ სახლს და არ სჯეროდა, რომ ეს მოხდა. ესმოდა მოგროვილი ბრბოს ჩოჩქოლი, დათოსა და მარიკას სიტყვები. არ სჯეროდა, რომ ერთ დღეში ამდენი რამ მოხდა. რომ ერთ დღეში ამდენი უბედურება გადახდა.
ის, რომ ბაბლუანი ასე ცივად მოეპყრო, ერთი იყო, მაგრამ უარესი გახლდათ ის, რასაც ახლა განიცდიდა. ხელები აუკანკალდა, ტუჩებათრთოლებული მიშტერებოდა სახლს, სადაც გაიზარდა, სადაც ჩვიდმეტი წელი იყო, რაც ცხოვრობდა, საიდანაც ამდენი სასიამოვნო მოგონება ახსოვდა და ამან მოულოდნელად გატეხა.
ელენეს ცრემლები გადმოსცვივდა. ხმამაღლა ტიროდა, კანკალებდა და გრძნობდა, როგორ ერეოდა შიში. რა უნდა ეთქვა მამამისისათვის, როცა იგი სამსახურიდან მოვიდოდა? როგორ გაგრძელდებოდა მათი ცხოვრება? სად იცხოვრებდნენ?
ყველაფერი თავზე ჩამოენგრა ღუმელზე შემოდგმული, ერთი ტაფა მაკარონის გამო. და ამის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
ამიტომ ელენე ტიროდა, გულამოსკვნილი სლოკინებდა და მასზე მოხვეულ თავის მეგობრებს მთელი ძალით ეხუტებოდა.
-*-*-*-*-*-
მარიკა ტიროდა, ცრემლებით სველი სახე მიეტრიალებინა ელენეს მამისაკენ.
-გიორგი ბიძია, მაპატიეთ… – ამოისლუკუნა გოგონამ. – სულ ჩემი ბრალია, არ უნდა დამვიწყებოდა, რომ მაკარონი დავადგი, სულ მე დავაშავე, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ…
-რაც მოხდა, მოხდა. – გიორგიმ ნაღვლიანად გაიღიმა და ელენეს ხელი გამოუწოდა, გოგონა წამსვე მიეხუტა და ძლივს დახუჭა თავისი დასიებული თვალები. – ვერაფერს ვიზამთ. დიდი მადლობა, რომ აქ გვათევინებთ ღამეს. – მიმართა მან მარიკას დედას.
ლელა დეიდამ თავი გააქნია და გულდაწყვეტით, ოდნავი ბრაზით გადახედა თავის ქალიშვილს.
-ეს ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია… – თქვა ქალმა. – ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ვწუხვარ ჩემი შვილის ასეთი საშინელი წინდაუხედაობის გამო… – მარიკამ უფრო მეტად ამოისლუკუნა.
-ვერაფერს ვიზამთ. – მხრები აიჩეჩა გიორგიმ, მარიკასკენ წაიწია და მხარზე ხელი მოსჭიდა. – კარგი ახლა, არ იტირო, გესმის? ჩვენ კარგად ვიქნებით, შენ ასე ძალიან ნუ ინერვიულებ.
მარიკამ თავი გააქნია, ცრემლებს იწმენდდა და სლუკუნებდა.
-მამა… – ელენემ კაცს ახედა. – სად დავრჩებით? სასტუმროში? – თვალები ძალაუნებურად ლელა დეიდასკენ გაექცა.
-არც კი შევყოყმანდებოდი, ისე გთხოვდით აქ დარჩენას, გიორგი, მაგრამ… – ქალმა ხელები შეწუხებული გამომეტყველებით გაშალა, პაწაწინა სასტუმრო ოთახს მზერა მოავლო. – ერთოთახიანი ბინაა. ჩემი მეუღლე და ვაჟიშვილიც მალე მოვლენ. არც ისინი იქნებიან წინააღმდეგი, მაგრამ…
-ვიცი, ლელა, ასე ძალიან ვერ შეგაწუხებთ. კარგად ვიქნებით, ელე, აი ნახავ. – თქვა გიორგიმ და შვილს თმაზე აკოცა, მერე კი გაუღიმა. – ჩემმა ძველმა მეგობარმა გაიგო, თუ რაში იყო საქმე და მასთან დარჩენა შემომთავაზა. მოზრდილი სახლი აქვს, და მითხრა, რომ ყველასთვის საკმარისია ადგილი. ცოტა ხნით იქ დარჩებით, სანამ სხვა ყველაფერს მოვაგვარებ.
ელენემ ძლივს ამოისუნთქა, მერე კი მარიკას გადახედა.
-ხედავ? ყველაფერი კარგადაა. მარიკა, ძალიან გთხოვ, არ იტირო, რა… – შეემუდარა გოგონა მეგობარს. მარიკამ დაწითლებული თვალებით ამოხედა.
-ჩემი ბრალია… – ამოისლუკუნა მან.
-რაც არის, არის, გათავდა, ჩაიარა, ახლა წინ უნდა ვიყუროთ, კარგი? ცხოვრების გაგრძელება არ არის საჭირო? ხომ გაიგონე, მამამ დროებითი საცხოვრებელი გვიპოვა, ცოტა ხნით იქ დავრჩებით და ყველაფერი დალაგდება. – ელენეს თვალები აუწყლიანდა, როცა მარიკას აჭმუხნულ სახეში შეხედა.
-გოგოებო, წადით, დაიძინეთ. – თქვა ლელამ და მაგიდიდან წამოდგა, მათი საძინებლისაკენ მიანიშნა. – დაისვენეთ, კარგი?
ელენემ თავი დაუქნია და მარიკა წამოსწია. უკან მოიხედა, და მამამისის ანერვიულებულ, მოღუშულ გამომეტყველებას წააწყდა, რომელსაც გიორგი ალბათ იკავებდა მთელი ეს დრო. ვერც კი წარმოედგინა, თუ რას განიცდიდა ახლა მამა, თუ რამხელა ტვირთი დასწოლოდა მხრებზე.
ელენემ ცრემლები გადაყლაპა. უფრო მეტად გაუტყდა გული.
-*-*-*-*-*-
ელენემ ხვნეშით ჩატენა ბოლო ყუთი ბარგთან ერთად და უკან გადგა. მამამისი რომელიღაც ჩანთას ტენიდა მანქანის უკანა სავარძელზე.
-მორჩი? – გამოსძახა მან.
-კი, ბოლო ყუთი იყო ეს. – უპასუხა ელენემ და ძალაუნებურად გადახედა სახლს, რომელსაც გამაფრთხილებელი ნიშნები შემორტყმოდა გარშემო. მათი სახლი ავარიული იყო, მაგრამ მეხანძრეების დახმარებით, მოახერხეს ყველაფრის გამოტანა, რისი გამოტანაც შეიძლებოდა გადარჩენილი ნახევრიდან.
ელენემ სახლს თვალი აარიდა და სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში. გიორგი საჭეს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და უკან ერთი მოხედვის შემდეგ, დაიძრნენ.
ელენე სავარძელს მიეყუდა და შეეცადა, რომ სუნთქვა კონტროლის ქვეშ მოეყვანა. ეს ყველაფერი, ამდენი განცდა რამდენიმე დღეში უკვე ზედმეტი იყო მისი სხეულისათვის. წამდაუწუმ კანკალებდა, ხელები უთრთოდა, კონცენტრირება არაფერზე არ შეეძლო.
იმედი ჰქონდა, რომ იქ, სადაც მიდიოდნენ, სასიამოვნო ხალხი დახვდებოდა. ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ მამამისის თქმით, ისინი აღტაცებულნი ელოდნენ, ამიტომ იმედი ჰქონდა, რომ გაამართლებდა მათ მოლოდინს. უაღრესად მადლობელი იყო იმისა, რომ ამ უცხო ადამიანებმა მათ დახმარების ხელი გამოუწოდეს ასეთ დატვირთულ და მძიმე პერიოდში, ამიტომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სიკეთით ეპასუხა.
-ალბათ კარგი ხალხი არიან. – თქვა მან, რომ მანქანაში გამეფებული სიჩუმე დაერღვია. გიორგიმ სარკეში გამოხედა. – ასე რომ გვეხმარებიან. ადვილი არ არის ორი ადამიანის გაუგებარი ვადით სახლში მიღება.
-ვისთვის როგორ. – მხრები აიჩეჩა გიორგიმ. – მათთვის ძალიან იოლია, ხედავ? ჩემი ძველი მეგობარი უკარგესი კაცია, მშვენიერი ცოლიც ჰყავს. ორი შვილი ჰყავთ, ერთი შენი ასაკისაა.
-აქამდე რატომ არ შევხვედრივარ? – დაინტერესდა ელენე.
-აბა რა ვიცი. – უპასუხა გიორგიმ. – დრო არ მქონდა, რომ სტუმრად წამეყვანე მათთან, მაგრამ მე თვითონ სულ ვიყავი მასთან კონტაქტში. მშვენიერი ხალხია, დარწმუნებული ვარ მოგეწონება ყველა. და ჰო, მაგათი უფროსი თურმე შენს სკოლაში სწავლობს. რა დამთხვევაა, არა?
-ჰოო? იქნებ ვიცნობ. – წამოიწია ელენე. თუ იცნობდა, იოლი იქნებოდა მისთვის, უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს.
ფიქრებიდან გამოერკვა, როცა მამამისმა მანქანა ბიძგით გააჩერა და კარი გააღო. ელენე სწრაფად გადმოჰყვა და გაოცებით ახედა მათ წინ აჭიმულ წითელი აგურის სახლს.
-ესაა? – იკითხა მან და სწრაფი ნაბიჯით გაეკიდა მიმავალ მამას.
-ჰო. აბა მოემზადე. – გაუღიმა მან და კიბეებზე აირბინა, მერე კი შემოსასვლელის მაღალ, ხის კართან მიმაგრებულ ზარზე დააჭირა თითი. ელენემ ნერწყვი გადაყლაპა, ხელები ერთმანეთს გადააჭდო და ძალაუნებურად შარვალი ჩაისწორა.
ზარს რეკვა არ გაეთავებინა, რომ კარი ფართოდ გაიღო და მაღალი, შავთმიანი კაცი ღიმილით გამოვიდა, მერე კი მამამისს ჩაეხუტა. ელენე უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ გაიღიმა, როცა კაცები ერთმანეთს ზურგზე ხელების ტყაპუნით გაუმასპინძლდნენ.
-მადლობა ამისათვის, ძმაო. – მიმართა გიორგიმ, მაგრამ ელენეს პასუხის გაგონება არ დასცალდა, რადგან კარიდან ლამაზი, მუქთმიანი ქალი გამოვარდა და წამსვე ხელი ჩამოართვა.
-გამარჯობა, გამარჯობა, გენაცვალე… -მიესალმა ის. – მე ანასტასია ვარ, მაგრამ შეგიძლია ტასო დამიძახო! – იგი თავის ქმარს მიუბრუნდა. – ჰე ახლა, ნიკა, შეწყვიტე ამდენი ტარტარი და მიესალმე ბავშვს, რომ დგას უცხოსავით და გიყურებს!
კაცი, „ნიკა“, მოტრიალდა და თბილი, ნაცრისფერი თვალებით გადმოხედა. ელენემ ინსტინქტურად გაუღიმა.
-ნიკა! – ხელი გამოუწოდა მან და ელენემ მაგრად ჩამოართვა ხელი.
-ელენე ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! – ღიმილით მიმართა მან. – უღრმესი მადლობა ასეთი დახმარებისათვის…
-უიმე რას ამბობ, ძვირფასო, – შეიცხადა ტასომ. – გაიგონე, ნიკა? ძვირფასო, რისი მადლობა… მამაშენი გადასარევი კაცია, ამდენი ხანია ვიცნობ, როგორ არ უნდა მომეწვიეთ? მოდი, მოდი! – შემოიპატიჟა მან გოგონა სახლში.
-ჩვენ ბარგს გადმოვალაგებთ! – თქვა ნიკამ, გიორგის კიდევ ერთხელ დასცხო მხარზე ხელი და ორივენი კიბეებს ჩაჰყვნენ.
-მოდი, გენაცვალე, დაიცა, ბავშვებს გაგაცნობ… – თქვა ტასომ და ზემოთ აიხედა. – მაიკო! მოდიხარ? მოვიდა ჩვენი სტუმარი!
-მოვდივარ! – ელენემ წამსვე გაიხედა კიბეებისაკენ, როცა ნაბიჯების ხმა მოესმა. ქერათმიანმა, ცისფერთვალა, მისი ასაკის გოგონამ ჩამოირბინა კიბეებზე და სასიამოვნო ღიმილით გამოემართა მისკენ.
-მაიკო, სასიამოვნოა. – მიმართა მან.
-ელენე, ჩემთვისაც სასიამოვნოა. – ღიმილით უპასუხა ელენემ. ეს ხალხი უკვე მოსწონდა. წარმოედგინა, რომ შემდეგი თვეები სასიამოვნოდ ჩაივლიდა.
-რეე, სად დაიკარგე? – ასძახა ტასომ, და ელენემ წარბი ასწია უცნაურ სახელზე.
-ვიცი, რასაც ფიქრობ. – მისკენ გადმოიწია მაიკო. – მეტსახელია, ისე დემეტრე ჰქვია. მოდი, დავჯდეთ! – ტახტისაკენ მიუთითა მან.
ელენე ჩამოჯდა მაიკოსთან ერთად, და ღიმილით აიხედა, როცა ტასო მათკენ გამოვარდა.
-აბა ძვირფასებო! – ხელები შეატყუპა მან. – რა გინდა, ელენე, ჩაი, ყავა, კაკაო, წვენი?
-არა, ნუ წუხდებით, წყალი იყოს… – გაუცინა ელენემ.
-უფ! ეგ არ გამოვა. მაიკოც სულ მაგას ამბობს, მე კიდევ ვეუბნები, რომ ახალგაზრდა ორგანიზმია, წყალი კარგია, მაგრამ ერთი ორი ჭიქა ვიტამინებით გაჯერებული წვენი არ გაწყენთ. აბა, ფორთოხლის წვენი, ანანასის, ვაშლის? თუ შერეული გინდა?
-უჰ… კარგით, ფორთოხლის იყოს. დიდი მადლობა! – თქვა გოგონამ და უხერხულად გაიღიმა. ტასოს სიცილი აუტყდა.
-რისი მადლობა, გენაცვალე… ოჰ, რეე მოდის. – მან კიბეების მიმართულებით გადაიხედა. – რეე! მოდი აბა, გაიცანი ჩვენი სტუმარი.
ელენე მიტრიალდა გამოჩენილი ფიგურისაკენ, მზად იყო რომ ღიმილით მისალმებოდა.
მაგრამ ღიმილი სახეზე შეაცივდა.
დემეტრე ბაბლუანი გამოჩნდა, და უსიტყვოდ მიაპყრო თავისი მზერა. ელენემ საკუთარ თავს ფიზიკურად დაატანა ძალა, რომ ყბა არ ჩამოვარდნოდა.
-ბაბლუანი. – ძლივს ამოილუღლუღა მან.
როგორც ჩანდა, მამამისის მეგობარი, ვისთანაც რამდენიმე თვე დარჩებოდნენ, დემეტრე ბაბლუანის მამა იყო.
ელენეს ორად-ორი სიტყვა უტრიალებდა გონებაში.
„ფუ შენი.“
2-*-*-*-*-*-
ელენე გაშტერებული მისჩერებოდა კედელზე მიყუდებულ ბაბლუანს, რომელიც უინტერესოდ ათვალიერებდა ყველას და ელენეს ცივი ყავისფერი თვალებით მოსჩერებოდა. არა, არა, ეს შეუძლებელი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ, ბაბლუანის სახე უკანასკნელი სანახაობა იყო, რისი ნახვაც შეიძლება ნდომოდა.
მაგრამ ბაბლუანი იქვე იდგა და ისეთი გამომეტყველება ეკერა სახეზე, თითქოს ვითომ აქაც არაფერიო.
-რეეს იცნობ, გენაცვა? – თვალები ჭყიტა ტასომ. – ჰმ? ალბათ იცნობ, თქვენ ხომ ერთად სწავლობთ?
რეე. დემეტრე ბაბლუანის მეტსახელი „რეე“ იყო.
-ჰო, ორივენი მეთორმეტეკლასელები ხართ! – თქვა მაიკომ. – პარალელში ხართ, მე როგორც გავიგე.
-მე… – ელენეს სახე დაეკრუნჩხა, ყველანაირად დააძალა თავს, რომ გაეღიმა. – არც ისე კარგად…
-არ ვიცნობ მე ამას. – თქვა უცებ ბაბლუანმა, და ელენეს თავისდაუნებურად გული ჩასწყდა. ფაქტიურად ბაბლუანი მართალი იყო, მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს ელენე საერთოდ არ არსებობდა, რაც ამ წუთას, მის დასუსტებულ გონებასა და გულს კარგს არაფერს უქადდა. ტასოს გადახედა, და შეიშმუშნა, როცა დაინახა, თუ როგორ იყურებოდა ქალი გაკვირვებული სახით მის შვილსა და მას შორის. აშკარა იყო, რომ რაღაცაზე აიღო ეჭვი.
-შორიდან ვიცნობთ. – წამოისროლა გოგონამ და დარწმუნებით გაუღიმა ტასოს. – პარალელკლასელები ხშირად ვერ ხვდებით ერთმანეთს, ხომ იცით… მაგრამ… არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, მოკლედ.
ელენემ სუნთქვა შეიკავა და შვებით ამოისუნთქა, როცა ტასომ წარბები ასწია და თავი დააქნია.
-ოჰ, გასაგებია. – თქვა მან. – უჰ, წვენი! წვენი, ახლავე მოგიტანთ. მაიკო, რეე, თქვენც ხომ არ გინდათ წვენი?
-მეც ფორთოხლის მომიტანე, დედა. – უთხრა მაიკომ და ელენეს მკლავი წაჰკრა. გოგონას თავისდაუნებურად ჩაეცინა.
-მე შერეული მინდა. – განაცხადა ბაბლუანმა, და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.
-ჰო, ჰო, ახლავე… – ტასო შეტრიალდა წვენის მოსატანად, მაგრამ შედგა, დოინჯი შემოირტყა და ბაბლუანს მწყრალად გადახედა.
-რეე, რა იქნება რომ ადგე, მამაშენს და გიორგი ბიძიას ბარგი ამოატანინო? – ბაბლუანმა თვალები გადაატრიალა და ღრმად ამოიხვნეშა, მერე კი უფრო კარგად მოეწყო სავარძელში. – თვალებს ნუ მიტრიალებ ვაჟბატონო!
-არა, არ არის საჭირო… – წამოიწია ელენე და ხელები გაასავსავა. – მე თვითონ დავეხმარები…
-უი, სირცხვილი და თავის მოჭრა, გენაცვალე! – მას მოუბრუნდა ტასო. – მაგაზე გაგიშვებ? დღეს რამდენი რამე გაქვს გასაკეთებელი, მოსაწყობი ხარ, ყველაფერი უნდა ამოალაგ-დაალაგო… ახლა სიმძიმეებს აგაწევინებ? რეე, რა გითხარი მე?
-ადე ბიჭო, რა იყო, წელი გწყდება? – ძმისკენ სიცილით გადაიწია მაიკო. ბაბლუანმა მჟავედ გადახედა. – რა ხდება, გაზარმაცდი? რა ჯანდაბად გინდა ორსაათიანი ვარჯიში და ამხელა სპორტული დარბაზი, თუ არ გამოიყენებ? მიდი, მიდი, ადე!
-ჰო კარგი, ნუ დამყვირით ორივე თავზე. – დემეტრე ფეხზე წამოდგა და უკმაყოფილო მზერა მოავლო სამივე ქალს, მერე კი ელენეს დანახვაზე ტუჩი აიბზუა. გოგონა შეკრთა, მუშტები მაგრად შეკრა. – მივდივარ.
ბაბლუანი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა შემოსასვლელისაკენ, საიდანაც მალევე გაისმა კარის მოჯახუნების ხმა. ტასომ თავი გააქნია და სამზარეულოსაკენ გაიქცა.
-უი მეეე… – ტუჩი აიბზუა მაიკომ და უკმაყოფილოდ გადმოხედა ელენეს. – ხომაა ხისთავიანი? მაგას ნუ უსმენ შენ, სულ ასე იქცევა. ხანდახან რა ჭირი სჭირს, მეც კი ვერ გამიგია.
-ალბათ ძნელია ამასთან ცხოვრება, არა? – ჰკითხა ელენემ. სურდა რომ ბაბლუანი გამოელანძღა, მაგრამ არ ეგონა, რომ მის დასთან ეს საუკეთესო ტაქტიკა იქნებოდა ამჯერად.
-შენ ვერც კი წარმოიდგენ. – თავი გააქნია მაიკომ. – იცი რა ვქნათ? წამოდი, შენს ოთახს გაჩვენებ, გინდა?
ელენემ გაუღიმა და თავი დაუქნია, რაზეც მაიკომ ხელში ხელი სტაცა და კიბეებისაკენ გაქაჩა.
-დედა, წვენი ზემოთ ამოგვიტანე! – გასძახა მან ტასოს და კიბეებზე აირბინა.
დიდ დერეფანში გავიდნენ, რომელიც ორად იყოფოდა და მთელ სიგრძეზე ჩაჰყვებოდა დიდი ფანჯრები, რომლებზეც ფარდები გადაეწიათ. მზის სინათლე შემოდიოდა და დერეფანს ათბობდა.
-აქეთ. – მარჯვნივ მიუთითა მაიკომ და მეორე კარი შეაღო. – აი, აქ იქნები… მოგწონს?
გაოცებულმა ელენემ ღიმილით მოათვალიერა ოთახი. უნდა ეღიარებინა, რომ ასეთ რამეს არ ელოდა. დიდი საწოლი იდგა მოპირდაპირე კედელთან, ორი ლოგინისპირა ტუმბოთი. კართან ახლოს მერხი იდგა, ზედ დაწყობილი წიგნებითა და თეთრ-აბაჟურიანი ლამპით. კედლებზე დეკორატიული, ფერად-ფერადი სურათები ეკიდა, და წიგნებით სავსე თაროები მიემაგრებინათ. მარჯვენა კედელთან დიდი კარადა იდგა, მუქი ფერი ლამაზად ეხამებოდა ოთახის მომწვანო-მოცისფრო ელფერს.
ელენემ ის იყო, პირი დააღო რომ საკუთარი არეული, მაგრამ ამავდროულად აღტაცებული აზრები რამენაირად სიტყვებით გადმოეცა, რომ ქვემოდან რიხინი გაისმა.
-მაიკო! ელენე! მაიკო, ჩემს გარეშე როგორ აჩვენე ბავშვს ოთახი? – ხმა სულ უფრო ახლოვდებოდა, და მალევე ოთახში ტასო შემოვარდა, ხელში ლანგარი ეჭირა, წვენით სავსე ჭიქებით.
-დიდი მადლობა… ულამაზესი ოთახია. – ძლივს ამოღერღა ელენემ. – არც კი ვიცი, რა გითხრათ ან როგორ გადაგიხადოთ…
-იმით გადაგვიხდი, თუ ძალიან არ შეგვაწუხებ და აურზაურს არ ატეხ. – გაისმა ზღურბლიდან ხმა და ელენემ ელვის სისწრაფით მოატრიალა თავი. ბაბლუანი იდგა, გვერდით მიდგმული ელენეს ჩემოდნით, და უკმაყოფილოდ იყურებოდა, ცივი თვალებით.
როგორც ყოველთვის.
-რეე! რა ლაპარაკია ეს? – შეუტია ტასომ. – ბოდიში მოუხადე! – ქალი ელენეს მოუტრიალდა დათაფლული ხმით. – ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ, გენაცვა, ასეთი უხეში და უტაქტო გვყავს…
„არც ისე იოლია ჩემთვის, რომ ყურადღება არ მივაქციო.“ მწარედ გაიფიქრა ელენემ, მაგრამ მაინც გაუღიმა ტასოს.
-სიმართლისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. – განაცხადა ბაბლუანმა, ტასოს ლანგრიდან წვენის ჭიქა აიტაცა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა ზღურბლს.
-რეე! რეე, აქ მოდი! უხ… – ჩაილაპარაკა ტასომ და ბრაზისაგან გაიბერა. მაიკო ტუჩებდაპრუწული, გაბუსხული იდგა და უკმაყოფილოდ შეშტერებოდა კარს. ელენეს გაცინება მოუნდა მათ გამომეტყველებებზე, მაგრამ სიცილის თავი არ ჰქონდა.
-არა უშავს. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან. – აი, ეს ყველაფერი… – მან ხელები გაასავსავა, ოთახში მიმოიხედა. – ამდენი რამ გააკეთეთ ჩემთვის, მართლა შევეცდები რომ უფრო მეტად არ შეგაწუხოთ.
-კარგი რა, ელენე. – მოუბრუნდა მაიკო. – რატომ ამბობ მაგას? ჩვენ მოგიწვიეთ ბოლოს და ბოლოს, შენ და მამაშენი არ შემოვარდნილხართ აქ დაუპატიჟებელ სტუმრებად. ჩვენ ყველა… ნუ, თითქმის ყველა, – განაცხადა მან და კარისაკენ თავი აიქნია, – ძალიან ველოდებოდით თქვენს მოსვლას.
-ამიტომ თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. – გაუღიმა ტასომ. – მოდი, წვენი დალიეთ.
ელენეს ბურთი მოაწვა ყელში. ვერასოდეს წარმოედგინა რატომღაც, რომ შეიძლებოდა ასეთი ადამიანების არსებობა. მეგობრებსა და ნაცნობებს ძალიან აფასებდა, მაგრამ ეს ხალხი რასაც მათთვის აკეთებდა, მისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო. ამ ოჯახმა უდრტვინველად მიიღო, და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ კარგად ეგრძნო თავი, ამიტომ შეეცდებოდა მათი სურვილის ასრულებას. ამას, სამწუხაროდ წინ ერთადერთი დაბრკოლება ედგა, დემეტრე ბაბლუანის სახით.
ელენემ ღრმად შეისუნთქა და ღიმილით გადმოიღო ლანგრიდან ფორთოხლის წვენი. იმის იმედიღა ჰქონდა, რომ შემდეგი თვეებიც კარგად ჩაივლიდნენ.
-მაიკო, წამოდი, სუფრა გავშალოთ. – თქვა ტასომ. ელენემ პირი გააღო, რომ დახმარება შეეთავაზებინა, მაგრამ ტასომ თავი გაუქნია. – არავითარ შემთხვევაში, გენაცვა. შენ აქ დარჩები და მოისვენებ. ამდენი რამ მოხდა, ერთი საათით დასვენება და წამოწოლა არ გაწყენს.
ელენეს უნდოდა პროტესტი გამოეხატა, სურდა ყველანაირად, ყველაფერში დახმარებოდა ამ ადამიანებს, მაგრამ თვითონაც გრძნობდა, რომ ყველაფერი ტეხდა. სტრესი და ნერვიულობა მართლაც კუდში ეწეოდა, უნდოდა თუ არა მოუწევდა ცოტა ხნით დასვენება.
-კარგით მაშინ. – დათანხმდა ის. – ცოტას დავისვენებ.
-აბა მიდი. – ხელი აუქნია ტასომ და მაიკოსთან ერთად კარში გავიდა.
ელენემ ღრმად ამოისუნთქა და ფანჯარას მიუახლოვდა, გარეთ გადაიხედა. ფოთლებს სიყვითლე ეპარებოდათ ბაბლუანების ოჯახის ეზოში, ქარიც ქროდა. მალე დადგებოდა შემოდგომის სიგრილე.
ელენემ ლურჯ, გრძელ ფარდას ხელი ჩააყოლა და ფანჯარაზე ჩამოაფარა, მერე კი ლოგინზე ჩამოჯდა. ლეიბი რბილი იყო, ამიტომ ზურგზე გადაწვა და სიამოვნებისაგან ამოიხვნეშა.
ჯერ კიდევ ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, ამიტომ იმედოვნებდა, რომ მოახერხებდა ამ სიტუაციასთან შეჩვევას.
-რა დამთხვევაა. – მოესმა ნაცნობი ცივი ხმა კარიდან და წამსვე წამოვარდა, სიწითლე აეპარა სახეზე. კარის ჩარჩოზე მიყუდებულმა ბაბლუანმა ახედ-დახედა. – ერთ დღესაც მოდიხარ, სიყვარულს მიხსნი და რამდენიმე დღეში უკვე ჩემს სახლში ცხოვრობ.
-სიყვარული არ ამიხსნია. – წამოისროლა ელენემ და კიდევ უფრო გაწითლდა, როცა წარბაწეულ ბაბლუანს თვალი გაუსწორა. – და ეს შენი სახლი არაა. უფრო სწორად… შენია, მაგრამ… მარტო შენ არ გეკუთვნის. თქვენი სახლია… ანუ შენი ოჯახის…
გოგონამ პირი დახურა, ეშინოდა, რომ კიდევ რამე სისულელეს წამოროშავდა. როდის აქეთ ვეღარ მოეხერხებინა ლაპარაკი?
-ჩემი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს. – მიუგო ბაბლუანმა. გოგონამ წარბები შეკრა.
-კარგი… და ჰო, დამთხვევაა. ალბათ უცნაური გეჩვენება, მაგრამ… გპირდები, მე არ მომიწყვია ცეცხლი ჩემს სახლში განგებ და არც მამაშენი და მამაჩემი გამიხდია საუკეთესო მეგობრებად წლების წინ. – ძლივს ამოილუღლუღა მან. – უბრალოდ დამთხვევაა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი.
ბაბლუანი უემოციოდ მიშტერებოდა, მერე კი ჩაიფრუტუნა და ოდნავ ასწია ტუჩის კუთხე.
-რა მნიშვნელობა აქვს. – მხრები აიჩეჩა მან. – შენ კი მიიღე, რაც გინდოდა.
ელენე მოიღუშა, ოდნავ უკან დასწია თავი.
-უკაცრავად…? – დაიწყო მან.
-ჩემთან ერთად ცხოვრობ. – ბაბლუანს ისეთი გამომეტყველება ეკერა სახეზე, თითქოს ეს სამი სიტყვა ყველაფერს ნათელს ხდიდა.
-კი, შენთან ერთად ვცხოვრობ. მაგრამ გგონია, რომ მე მინდოდა ასე? – საკუთარი თავისაკენ მიუთითა ელენემ. გულმკერდი აეწვა, როცა ბაბლუანმა წარბი აუწია და ისევ დაიფრუტუნა. – შენი აზრით, მე მინდოდა, რომ ჩემი სახლი, სახლი, სადაც ჩვიდმეტი წელი ვცხოვრობდი, სანახევროდ დამწვარიყო და უცხო ხალხთან გადმოვსულიყავი? მე მინდოდა, რომ ასეთი ოჯახი შემეწუხებინა და შენი სახე დამენახა ყოველდღე? ცდები, გესმის? ცდები! – ელენემ ხელები მომუშტა, ყველა ის გრძნობა, რომელიც ბაბლუანმა თავისი სიცივის გამო განაცდევინა სკოლის დერეფანში, თითქოს ერთი უშველებელი ტალღის სახით დაატყდა თავს და უბრალოდ სურდა, რომ განედევნა ისინი, რამენაირად მოეშორებინა, ბაბლუანისათვის სახეში მიეხალა. – ჩემზე რომ იყოს აწყობილი საქმე, ახლა ჩემს სახლში ვიქნებოდი და არა აქ! სულ არ მინდა ახლა შენი სახის დანახვა! სულ არა!
ელენე გაჩუმდა, გულმკერდი ისევ ეწვოდა, სახეზე ბრაზის, უხერხულობისა და სირცხვილისაგან ცეცხლი ეკიდა. მაინც დაჟინებით, წარბშეკრული მიშტერებოდა ბაბლუანს.
ბაბლუანი უინტერესოდ მიშტერებოდა, ნესტოები დაებერა.
მერე კი გაიცინა.
ელენემ თვალები დაჭყიტა. განცვიფრებული მიშტერებოდა.
პირველად ხედავდა დემეტრე ბაბლუანის სიცილს.
და საუბედუროდ, ელენეს ძალიან მოსწონდა მისი სიცილი.
ბაბლუანმა თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გადაიხარხარა, მერე კი ისევ გამოხედა. ელენე შეკრთა, გაოცებული მიშტერებოდა.
მერე კი მისი სახე ისე სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულებრივ უემოციო გამომეტყველებას, რომ ელენემ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო.
-ვერ ვიტან უაზრო დრამატიზაციას. – ხმადაბლა თქვა მან და ელენემ გაოცებისაგან პირი დააღო, ვერც კი გაეგო, თუ რა ეთქვა.
მერე კი ბაბლუანი კარს მოშორდა და დერეფანში გავიდა.
ელენე კიდევ ცოტა ხანი მიშტერებოდა იმ ადგილს, სადაც რამდენიმე წამის წინ დემეტრე იდგა.
უეცრად აუტანელი, თითქმის დაუძლეველი სურვილით აივსო, რომ ახლავე დასწეოდა ბაბლუანს და მთელი ძალით ერტყა მისთვის მუშტები, მაგრამ გოგონამ მოახერხა თავის შეკავება. ხელები უთრთოდა.
„უაზრო დრამატიზაციაო. უაზრო დრამატიზაცია.“ გონებაში გაიმეორა მან. „თურმე იმის თქმა, რომ სახლი დამეწვა და იმ ადამიანის სახის დანახვა არ მინდა, რომელიც ასე მომექცა, დრამატიზაცია ყოფილა. ეს… ეს იდიოტი ხისთავიანი.“
ელენე კარს მიუახლოვდა, ჩუმად მიხურა, მერე კი ისევ ლოგინზე ჩამოჯდა. ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, მაგრამ ერთი გამოირჩეოდა.
როგორ უნდა მოეხერხებინა აქ ცხოვრება, როცა დემეტრე ბაბლუანი ასე ახლოს იყო?
ელენე ზურგზე გადაწვა და გვერდზე გადაბრუნდა, გახურებული ლოყა საბნის გრილ ზედაპირს გაუხახუნა. უბრალოდ უნდოდა დაესვენა და აღარაფერზე აღარ ეფიქრა.
ნახევარ საათში მაიკომ მოუკაკუნა კარზე და შესთავაზა სადილზე ჩასვლა.
-*-*-*-*-*-
სადილი მშვენიერი გახლდათ. ელენე ჭამის ხასიათზე არ იყო, მაგრამ სუფრის დანახვისას მადაზე მოვიდა. ნიკა თამადად იჯდა და ყოველ ორ წუთში ითხოვდა, რომ ყველაფერი გაესინჯა, ამიტომ ელენე მორჩილად იღებდა საჭმელს. თუმცა სასაყვედურო არაფერი ჰქონდა, ყველაფერი უგემრიელესი იყო.
საჭმლის გარდა, მის ყურადღებას დემეტრეც იქცევდა. ელენე ყველანაირად ცდილობდა, რომ მისკენ არ გაეხედა, მაგრამ არანაირად არ გამოსდიოდა. უცნაური, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოც კი იყო იმის ყურება, თუ როგორ აწვალებდა ბაბლუანი მის თეფშზე დაწყობილ საჭმელს ჩანგლით.
-ესე იგი, რას ვფიქრობდი ახლა… – დაიწყო ტასომ და აღტაცებული თვალები მოავლო მაგიდასთან მსხდომებს, მზერა ელენეზე შეაჩერა, რომელსაც ჰაერში დარჩენოდა ჩანგალი. – რა იქნება, ელენე, რომ მე და მაიკოს ხვალ მაღაზიებში წამოგვყვე? აქვე დიდი ცენტრი გაიხსნა და მე და მაიკოს გასეირნება გვინდოდა. პლუს, ახალ ტანსაცმელს გიყიდით!
ელენემ გაჭირვებით გადაყლაპა ხორცის ნაჭერი და ხელები გაასავსავა.
-ტასო, არ არის საჭირო. – უხერხულად გაუღიმა გიორგიმ. – ელენეს ოთახი თითქმის არ დაზიანებულა, უმრავლესობის გადარჩენა მოვახერხეთ…
-რას ამბობ! – შეიცხადა ტასომ. – უმრავლესობა? ბავშვს ერთი ჩემოდანი ჰქონდა და მაგაში ჩაეტია ყველაფერი? შენ მაიკოს ტანსაცმელი უნდა ნახო! არა, დედი? – ელენეს გვერდით მჯდომ მაიკოს სტყორცნა მან მზერა. გოგონამ საპასუხოდ ჩაიფხუკუნა და ხელსახოცი აიფარა სახეზე.
-არა, არ მინდა… სულ არ მინდა რომ ასე ძალიან შეწუხდეთ… – ძლივს ამოილუღლუღა ელენემ, საცოდავი სახით მიშტერებოდა აჟიტირებულ ტასოს. – არაფერი არ მჭირდება, მართლა.
-ელენე, თუ მართლა გჭირდება რამე და უბრალოდ გეუხერხულება თქმა, არ შეგრცხვეს, კარგი? – ჩაერთო ნიკა, თავისი თბილი თვალებით უყურებდა. – სულ არ გვაწუხებ ამით.
-არა, მართლა არაფერი მჭირდება. -დარწმუნებით უთხრა ელენემ. – მაინც დიდი მადლობა…
-ოჰ, კარგი, კარგი… – ამოიხვნეშა ტასომ. – მაგრამ აუცილებლად მივდივართ ამ ახალ ცენტრში, კარგი? დავათვალიერებთ, ავითვისებთ გარემოს, ტანსაცმელსაც აუცილებლად გაისინჯებთ ერთიც და მეორეც! როგორ მაინტერესებს, როგორი ტანსაცმელი მოუხდება მუქ თმას და მწვანე თვალებს? მაიკოს სტილი სულ ზეპირად ვიცი! – გაიცინა ქალმა.
-მაგას ხვალ გავიგებთ მერე. – გაიღიმა მაიკომ, მერე კი ელენესკენ გადმოიხარა. – აქედანვე გაფრთხილებ, დედაჩემი სანამ რამეს არ გიყიდის, არ მოისვენებს, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები. პლუს, სამი საათი მაინც ვივლით მაღაზიებში, ამასაც გპირდები.
ელენემ თვალები დაჭყიტა, მაიკომ კი ხმადაბლა გაიცინა.
-ისე, რეე, – დაიწყო ნიკამ და მის მარჯვნივ მჯდარ შვილს მიუბრუნდა. – შენ და ელენე ერთად სწავლობთ, ხომ?
-არა. – მოჭრა ბაბლუანმა. ელენე დაბნეული და მოღუშული მიაშტერდა.
-ერთ სკოლაში ხომ დადიხართ? – იკითხა ტასომ. – ჰოდა ძალიანაც კარგი! მე მჯერა, რომ ძალიან დაახლოვდებით…
-მგონი მაქვს უფლება, რომ ჩემი მეგობრები ჩემით ავარჩიო. – უკმაყოფილოდ უპასუხა დემეტრემ და ელენეს მკერდში თითქოს რაღაცამ გასწიწკნა უსიამოვნოდ.
-ჰოდა აგერ არის ელენე და აირჩიე! – მიმართა ნიკამ. – როგორც ვიცი, ელენე ძალიან ჭვიანია, მჯერა, რომ კარგად გამოგივათ ურთიერთობა. – გაიღიმა მან და გოგონას მკერდში სითბო ჩაეღვარა.
-მე საკმარისი მეგობრები მყავს და მეტი არ მჭირდება. – თქვა დემეტრემ და უკმაყოფილო მზერა სტყორცნა ჯერ მამას, მერე კი ელენეზე გადმოიტანა თვალები. გოგონა შეკრთა და მოიბუზა, სითბო, რომელიც მკერდში უტრიალებდა, მომენტალურად გადაიქცა მჩხვლეტავ სიცივედ.
არ იყო აუცილებელი ასეთი სიტყვები დემეტრესგან. ელენეს ძალიან კარგადაც ესმოდა, თუ რას ფიქრობდა ბიჭი მასზე და ხვდებოდა, რომ მათი ურთიერთობა ასე იოლად არ აეწყობოდა.
მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ეს სტკენდა გულს.
-ჰო მაგრამ… მაინც, იქნებ გსურს რომ სხვას დაელაპარაკო, სხვას გაუზიარო შენი ფიქრები? – იკითხა ტასომ.
-საკუთარი თავი მყოფნის. – თქვა ბაბლუანმა.
-აი, შეხედეთ, სულ ასე იქცევა. – თავი გააქნია ტასომ. – კი ბატონო, ეგ გადასარევია, მაგრამ ვინმე არ გსურს კომპანიონად? აი, მაგალითად, შეყვარებული. უნდა იყოს ვინმე, ვინც მოგწონს, არა?
ელენე ერთიანად დაიჭიმა, გაშტერებული უყურებდა ბაბლუანს, მის უმოძრაო სახეს და გამალებით ელოდა პასუხს.
-მაგან ვინ უნდა მოიწონოს? – ჩაიდუდღუნა მაიკომ და ტუჩი აიბზუა. – შეხედე, რა სახე აქვს. სამაგიეროდ, აზრზე არა ვარ, რატომ, მაგრამ ბევრს მოსწონს თურმე.
-ოოჰ! – ხელები ერთმანეთს აღტაცებით მიატყუპა ტასომ. – მართლა, რეე?
ბაბლუანმა ოდნავ ჩაიცინა, მისი თვალები წამიერად ელენეს გადმოსწვდნენ.
-ჰო. არის რამდენიმე. – თქვა მან. ელენეს შიგნეული აეწვა და გამშრალი ტუჩები მოილოკა. დარწმუნებული იყო, რომ ბაბლუანმა სიმართლე თქვა, მაგრამ მისი ტონი და მზერა იმაზე მიანიშნებდა, რომ ამას ელენეს გასაწვალებლად ამბობდა.
გოგონამ მაგრად მოუჭირა ხელი ჩანგალს.
-მერე? ამაზე რატომ არ გამიგია არაფერი? – ჰკითხა ტასომ.
-ალბათ იმიტომ რომ მათგან არც ერთი არ მომეწონა. – განაცხადა დემეტრემ და ელენეს სახე მოეკრუნჩხა, გული ჩასწყდა. თავის თეფშს ჩახედა და რატომღაც მოუნდა წამოდგომა, თავისი ოთახისაკენ წასვლა, მერე კი ლოგინზე, ბალიშის ქვეშ ჩაიყუჟებოდა. მაგრამ ადგილიდან არ გაინძრა.
-ოჰ, მართლა? – წარბები ასწია ნიკამ. – ასე ცუდად იყო საქმე? – გაიცინა მან. ელენემ უფრო მაგრად დააჭირა ყბები ერთმანეთს.
-ჰო. ჩემთვის წარმოუდგენელია. როგორ იფიქრეს, რომ მე მათში დავინტერესდებოდი? აბსურდია. – გულგრილად თქვა მან. ელენეს ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა, საკუთარი სხეული რატომღაც ძალიან მძიმე მოეჩვენა.
-დასაძინებლად მივდივარ. – თქვა ბაბლუანმა და ფეხზე წამოდგა, კარისაკენ გაემართა.
-ტკბილი ძილი! – მიაძახეს მშობლებმა.
ცოტა ხანი სამზარეულოში სიჩუმეს მხოლოდ ჩანგლებისა და დანების წკარუნი არღვევდა. ელენე უხალისოდ არჭობდა ჩანგალს თავის საჭმელს. ყველანაირი მადა გაუქრა. სურდა აქედან წასულიყო, მაგრამ იცოდა, რომ უპატივცემულობაში ჩაეთვლებოდა.
-ელენე, კარგად ხარ? – მკლავი გაჰკრა მაიკომ. – ხომ არ გეძინება?
-არა, კარგად ვარ… – იუარა ელენემ, მაგრამ ტასო უკვე ფეხზე იდგა.
-ჰო, ამდენი ხანია ვსხედვართ აქ, ალბათ ეძინება უკვე ბავშვს! წამოდი, გენაცვალე… – უთხრა მან და მადლობელმა ელენემ თავი დაუქნია. მაგიდასთან მსხდარ მამას, ნიკასა და მაიკოს ღამე მშვიდობისა უსურვა და ტასოს უკან გაჰყვა.
-*-*-*-*-
-პირსახოცები აქ კიდია, ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეს: შამპუნი, გელი, სახეხი მალამოები, აბაზანის მარილი და ბუშტები, აი აქ აწყვია. – ტასო მინის თაროზე შემოწყობილ უამრავ ბოთლსა და კონტეინერზე უთითებდა. – თუ რამე, დამიძახე, კარგი? აბა დაიბანე, დახუჩხუჩდი და დაისვენე.
-კარგით, ტასო დეიდა. – უთხრა ელენემ და პირსახოცები მაგრად მიიჭირა გულზე. – დიდი მადლობა.
-რისი მადლობა, გენაცვალე. აბა მიდი! – ღიმილით უთხრა მან და სააბაზანოდან გავიდა. ელენემ კარი ჩაკეტა და ზედ მიეყუდა.
მალევე მორჩა ბანაობას. პიჟამა ჩაიცვა, თმა დაიმშრალა და ერთიანად გამთბარი, ნასიამოვნები გამოვიდა სააბაზანოდან. ერთი სული ჰქონდა, სანამ თავის ახალ ლოგინში გამოეხვეოდა და დაიძინებდა. დღევანდელი განცდებით იყო ავსებული და ახლა კარგი დასვენება სჭირდებოდა ყველაზე მეტად. აღარ შეეძლო ბაბლუანზე ფიქრი.
ამ აზრებით თავგამოტენილი ნელა მიადგა თავისი ოთახის კარს, გამოაღო და თამამად შეაბიჯა.
მერე კი წამსვე მიხვდა, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო.
თავიდან თვალში ცუდად მოხვდა კედლების მონოტონური, მუქი ნაცრისფერი, მისი ოთახის მოლურჯო მწვანის ნაცვლად, მერე კი ერთიანად გაიყინა, როცა მის წინ, მაგიდასთან მჯდარი ბაბლუანი დაინახა.
ბაბლუანი, რომელიც მოღუშული, უკმაყოფილოდ მიშტერებოდა.
-გინდოდა რამე? – მკვახედ იკითხა მან.
-უკაცრავად… მგონი ოთახი შემეშალა… – ელენე გრძნობდა, როგორ აასხა სახეში სისხლმა. თავისი უშველებელი, გრძელი, ყვავილებიანი პიჟამათი იდგა აშკარად გაღიზიანებული, უმკლავებო მაისურსა და მოკლე შარვალში გამოწყობილი ბაბლუანის წინ. ამაზე უარეს სცენარს, რომ მოენდომებინა, მაინც ვერ მოიფიქრებდა ვერაფრით.
მერე კი რაღაც გაახსენდა და ინტერესით გადახედა მაგიდაზე გადაშლილ წიგნებსა და რვეულებს.
-გახვალ? – ცივად თქვა ბაბლუანმა და რვეული ტკაცანით დახურა.
-აბა დასაძინებლად მივდივარო? – ვერ მოითმინა და იკითხა ელენემ. თავისი სიტყვები წამსვე ინანა, როცა ბაბლუანს სახე ერთიანად მოეღრუბლა.
-რაღა შენ და რაღა დედაჩემი. გადი, გზაარეული რომ დაბანცალებ. – მან მაგიდაზე დადგმული ლამპა გამორთო, მერე კი ლოგინისაკენ გაემართა. ოთახში სიბნელე ჩამოწვა, რომელსაც ოდნავ ანათებდა ფანჯრიდან, ფარდას გამოპარული, ქუჩის ლამპიონების სინათლე.
ელენემ სწრაფად დაიწია უკან და კარი გამოხურა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით დაჰყვა დერეფანს. ბაბლუანის ოთახი, როგორც ჩანდა, მეოთხე იყო, ელენესი კი მეორე.
„როგორ მოვახერხე იქ მოხვედრა?“ გაიფიქრა გოგონამ. გული გამალებით უცემდა, არ სჯეროდა, რომ ბაბლუანის ოთახში შემთხვევით შევიდა. „ახლა ალბათ ფიქრობს, რომ განგებ შევედი…“ გაიფიქრა მან და ამოიგმინა, თავისი ოთახის კარი მიხურა და ლოგინზე დაემხო.
ფარდები გადაწეული ჰქონდა, ამიტომ ოთახს თბილი, ოქროსფერი სინათლე მოჰფენოდა ქუჩიდან.
ელენე უფრო მაგრად გაეხვია საბანში და გულზე ერთ-ერთი ბალიში მიიხუტა. მთელი დღის განცდები მკერდში დაგროვებოდა, ამიტომ კანკალით ამოისუნთქა.
მერე კი, ბოლოს და ბოლოს, მოახერხა ძილის ბურანში გადაშვება.
-*-*-*-*-
-რაიო გოგო? – იჭყავლა მარიკამ და ადგილზე შეხტა. დათოსაც განცვიფრებული გამომეტყველება ეწერა სახე, პირი კი კომიკურად დაეღო. – შენ დამცინი, ხომ? მართლა იმ… იმ ლოდთან ცხოვრობ?
-როგორც ჩანს, მამაჩემი მამამისს კარგა ხანია, რაც იცნობს. – მხრები საწყლად აიჩეჩა ელენემ. – ჩემი სახე უნდა დაგენახათ, იმ სახლში რომ დავინახე. გულწრფელად მინდოდა მიწა გამსკდომოდა და იქვე ჩავეტანე. ის კიდევ ისე იდგა, თითქოს ახალი თანამცხოვრები კი არა, ხოჭო ვიყავი.
-ჰო, წარმომიდგენია შენი სირცხვილი და უხერხულობა, ბოლოს და ბოლოს, ასე ცივად… – დაიწყო დათომ, მაგრამ უკმაყოფილო მარიკამ ისევ წაარტყა მკლავზე ხელი.
-გაჩუმდი, რა დროს ეგ არის… მერე გოგო? თქვა რამე? წამოაყრანტალა ხომ? – მისკენ გადმოიწია ცნობისმოყვარეობით აღვსილი მარიკა.
-არა, ჩემზე არაფერი არ უთქვამს. – ტუჩები მოიკვნიტა ელენემ. – თქვა, არ ვიცნობო.
-კიდევ კარგი. – წარბები ასწია დათომ. – რა უხერხული იქნებოდა ყველასთვის მაგის ცოდნა, ვერც კი წარმომიდგენია…
-როგორი ხალხია? – იკითხა მარიკამ. – კარგად გექცევიან?
-ძალიან სასიამოვნო ხალხია. – გაიღიმა ელენემ. – დღეს დეიდა ტასომ წამომიყვანა სკოლაში. სამსახურში იყო წასასვლელი და ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო, მაგრამ დაიჟინა. ბიძია ნიკაც მშვენიერი კაცია. მაიკოც. ისე, მაიკოც ფიქრობს, რომ მისი ძმა ხისთავიანია. – თქვა მან და ჩაიცინა, როცა მარიკამ ხმამაღალი სიცილი ატეხა. დათომ ჩაიფხუკუნა და თავი გადააქნია.
-ისე, თუ მასეთი კარგი ხალხი არიან, ამ ლოდს რა ჭირი დაემართა? რა ჯანდაბად გამოვიდა ასეთი ქვა და კლდე? – იკითხა მარიკამ.
-აბა რა ვიცი… და ჰო, იცით რას ეძახიან ბაბლუანს სახლში? – ელენე გაიბადრა, უკვე წარმოედგინა მისი მეგობრების სახეები.
-რასა, გოგო? – მისკენ გადმოიხარა მარიკა. – ჰე, მითხარი, ამოვძვერი ქალი ტანსაცმლიდან…
-რეეს ეძახიან. – გაიღიმა ელენემ.
მარიკამ პირი დააღო. დათოს სიცილი აუვარდა.
-რეე რაღა ჯანდაბაა… – გადაიხარხარა მან.
-ბავშვობიდან მოჰყვება თურმე მეტსახელად. – უპასუხა ელენემ. – დემეტრე ხომ „რე“-ზე მთავრდება, ჰოდა ზედ ერთი „ე“ მიუწებებიათ და გამოვიდა „რეე“.
-აუ, გოგო, ეს რა ამბავი იქნება… – მარიკა ხარბად სწვდა მობილურ ტელეფონს. – დაიცა, გულიკოს მივწერო, ყველას გავაგებინებთ…
-მარიკა! – ელენემ ხელში სტაცა ხელი. – არავის უთხრა, რასაც გეუბნებით, თორემ მივა ეგ ბაბლუანის ყურამდე და ხომ წარმოგიდგენია, მე რა მომივა?
-რა მოგივა? – დაინტერესდა დათო. ელენემ მშრალად გამოხედა.
-რა მომივა და ცოცხლად გამატყავებს. – წარბები ასწია მან. – ამიტომ თქვენთვის შეინახეთ, კარგი?
-ჰო, ჰო. – მარიკამ მობილური ჯიბეში შეინახა.
-ჰო, დღეს გაკვეთილების მერე არ დამელოდოთ, დეიდა ტასომ, მოგაკითხავო. მასაც ოთხისათვის უმთავრდება სამსახური. – უთხრა ელენემ.
-ოჰო. – წარბები ასწია დათომ. – განებივრებენ უკვე?
-არა, რას ამბობ! – აწითლდა ელენე. – უბრალოდ… უარი ვერ ვუთხარი, ხომ ხვდები? მაგარი ქალია.
-ერთ დღესაც მოგაკითხავ შენ მე მაგ სახლში. – დაჰპირდა მარიკა და ხელები გულიანად მოისრისა. – შევხედო ერთი ლოდს თავის სალოდეში.
ელენემ გაუცინა და მიტრიალდა, კალამი მოიმარჯვა და ახლადშემოსულ მასწავლებელს ახედა. დღე გაცილებით უკეთესად დაიწყო, ამიტომ იმედი ჰქონდა, რომ მოახერხებდა ასევე კარგად დასრულებას. ბაბლუანის დანახვა მოუწევდა სახლში, მაგრამ აიტანდა რამენაირად ერთხელ დანახვას.
გაკვეთილების ბოლომდე ეს გადაწყვეტილება უტრიალებდა თავში.
საკლასო ოთახიდან ახლადგამოსული იყო და ჩანთას ისწორებდა, როცა მისმა მობილურმა რეკვა დაიწყო.
-ალო? – უპასუხა მან.
-ელენე, გენაცვა! სკოლაში ხარ? – მოისმა ტასოს ხმა ტელეფონიდან. ელენემ გაიღიმა, ნაბიჯს აუჩქარა.
-კი, ახლა გამოვდივარ, გაკვეთილები უკვე დაგვიმთავრდა. სკოლის წინ დაგელოდებით… – დაიწყო მან.
-ვაიმე, ძვირფასო, ბოდიში, მაგრამ დღეს ვერ მოგაკითხავ, რაღაც გამომიჩნდა სამსახურში და ვერაფრით ვერ მოგისწრებ, მანდ კი ვერ გალოდინებ, გენაცვალე! – გაისმა ქალის შეწუხებული ხმა მობილურში.
-არა უშავს, ტასო დეიდა, ჩემით წავალ სახლში… – უპასუხა ელენემ. არადა სურდა ტასოსა და მაიკოსთან ერთად გაესეირნა იმ ახალ ცენტრში.
-არა, ელენე, ფეხით რატომ უნდა წამოხვიდე ანდა ავტობუსს რატომ უნდა ელოდო? რეეს მოველაპარაკე უკვე და ის წამოგიყვანს! აბა ჭკვიანად, გენაცვალე! – დაიძახა ტასომ და კავშირი გაითიშა.
ელენეს პირი დაღებული დარჩა. მაშინვე ჯიბეში ჩაიჩურთა ტელეფონი და ჩანთა შეისწორა მხარზე. არანაირად არ სურდა, რომ ბაბლუანს წამოჰყოლოდა და მასთან მარტო დარჩენილიყო, წინა დღის ფიასკოების შემდეგ.
ხალხის ტალღას შეერია, ყველანაირად ცდილობდა თანასკოლელების უკან დამალულიყო, მაგრამ სანამ თავის ნორმალურად ჩაწევას მოახერხებდა, ძალიან გარკვევით დაინახა ჭიშკრის გარეთ, თავის მანქანასთან ახლოს მდგომი ბაბლუანი, რომელიც პირდაპირ მას მიშტერებოდა თავისი ჩვეული მზერით.
„ფუ შენი.“ გაიფიქრა ელენემ და ტუჩი მოიკვნიტა, ლასლასით გაემართა ბაბლუანისაკენ, რომელმაც წარბის აწევის მეტი არაფერი აკადრა, მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. ელენე მგზავრის სავარძელში დაებერტყა და მალევე ტრასაზე გავიდნენ.
გოგონამ რამდენიმეჯერ გააპარა ფრთხილი მზერა ბაბლუანისაკენ, რომელიც თვალმოუშორებლად მიშტერებოდა გზას და ეტყობოდა, რომ არაფრის თქმას არ აპირებდა. ელენემ მაგრად მიიხუტა გულზე კალთაში ჩადებული ჩანთა.
-მადლობა, რომ წამომიყვანე. – ამოილუღლუღა ბოლოს. – კარგა ხნის სავალია და ავტობუსით მგზავრობა დიდად არ მომწონს.
თვალი ისევ გააპარა ბაბლუანისაკენ, რომელიც ისევ გულგრილად გაშტერებოდა გზას.
-მადლობა დედაჩემს უთხარი. – თქვა მან ბოლოს. – მითხრა და წამოგიყვანე.
ელენე მოიღუშა. რაღაც ეუბნებოდა, რომ დემეტრესათვის მისი სკოლიდან წამოყვანა ორი პურის ყიდვას და სახლში მიტანას უტოლდებოდა.
„ჯანდაბას ორი პური. ერთი მხოლოდ.“ გაიფიქრა მწარედ, მერე კი ნაღვლიანად გადახედა ბაბლუანს.
-რას მიყურებ? – იკითხა უცებ ბაბლუანმა, ისე, რომ მისკენ არ გამოუხედავს. ელენემ წამსვე აარიდა თვალი.
-არაფერს. – ძლივს ამოისუნთქა მან. – უბრალოდ… ასე მგონია რომ… ორი პურივით ვარ. – თქვა მან, მერე კი წამსვე დასწყევლა საკუთარი თავი. „ეს რა წამოვროშე…“ გაიფიქრა შეძრწუნებულმა.
-რაო? ორი პური? – ელენემ ელვის სისწრაფით ასწია თავი, როცა ბაბლუანის ხმაში ოდნავი ღიმილი გაიგონა. მართლაც, დემეტრე ოდნავ იღიმებოდა და გოგონას თავისდაუნებურად გაეცინა.
-ჰო… უბრალოდ… ვიფიქრე, რომ შენთვის ჩემი სკოლიდან წამოყვანა ორი პურის სახლში მიტანას უტოლდება. – თქვა გოგონამ.
ბაბლუანმა წარბები ასწია და ჩაიფრუტუნა.
-რა სისულელეა. – თქვა ბოლოს.
ელენეს ღიმილი გაუქრა, თვალი გზას გაუშტერა, მერე კი ფანჯარაში გადაიხედა.
„ჰო. მართლა სისულელეა.“ გაიფიქრა სევდიანად.
მართლა სისულელე იყო ის, რასაც აკეთებდა ახლა.
რასაც გრძნობდა.
მაგრამ ალბათ ყველაზე მეტი სისულელე ის იყო, რომ ვერაფერს უხერხებდა ამ ყველაფერს.
3-*-*-*-*-*-
ელენეს მაღვიძარა გაბმით, ამაზრზენი ზუზუნით რეკავდა. გოგონამ თავი ძლივს წამოსწია, იმდენად დამძიმებოდა. თბილი საბნის ქვეშიდან დანანებით გამოყო მკლავი და ტუმბოზე გადასწვდა, რომ გაეჩუმებინა მჩხავანა მაღვიძარა. როცა გაბმული ზუზუნი შეწყდა, ლოგინზე წამოჯდა და მთქნარებით მოიქექა თავი.
უკვე ერთი კვირა იყო, რაც ბაბლუანებთან ცხოვრობდა და არც კი იცოდა, მოსწონდა აქ ცხოვრება თუ არა. ბაბლუანების ოჯახი საოცრად თბილი და სასიამოვნო ხალხი იყვნენ, პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობოდნენ, ზრუნავდნენ მასზე და გოგონას ეს ძალიან მოსწონდა.
მაგრამ, რასაკვირველი იყო, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრზე ამას ვერ იტყოდა. ბაბლუანი ისევ ისეთი ცივი, უძრავი და შეუვალი იყო, როგორც ყოველთვის. ამას ის დაემატა, რომ ელენეს ან აიგნორებდა, ანდა თუ შედარებით კარგ ხასიათზე იყო, გადაკრული სიტყვით აყენებდა შეურაცხყოფას. კიცხავდა გოგონას ქცევას, ჩაცმულობას, გარეგნობას.
და რაც მთავარი იყო, მის გრძნობებსაც.
გოგონამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ბაბლუანი ამას განგებ აკეთებდა, მის გასაწვალებლად და ცდილობდა, რომ ყურადღება არ მიექცია, მასზე და მის მჩხვლეტავ სიტყვებზე საერთოდ არ ეფიქრა, მაგრამ საკუთარი გონება არ ემორჩილებოდა. ფიქრები სულ მისკენ გაურბოდა და მერე კი, მოგვიანებით, როცა მძიმე ქვა აწვებოდა მკერდზე, ამას ნანობდა. ნანობდა, მერე კი ორ წუთში ისევ მასზე იწყებდა ფიქრს.
ელენეს თითქოს მობეზრდა ასეთი უაზრო პათეტიკურობა. მისი გონების ლოგიკური მხარე ვერ იტანდა მასში გაჩენილ ემოციებს და ყველანაირად ცდილობდა მათ წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ სამწუხაროდ, ელენე ჯერ კიდევ აგებდა ამ ბრძოლას.
რაღაც დონეზე უხაროდა კიდეც, რომ ბაბლუანი ასე ექცეოდა.
„ბოლოს და ბოლოს გადამიყვარდება და ეგ იქნება.“ დაიქადნა მან და ფეხზე წამოდგა, კარისაკენ გაბანცალდა. „დიახაც, გადამიყვარდება, აბა სად წავა. ამასაც მოვახერხებ, შე ხისთავიანო.“ თავი კმაყოფილებით დააქნია და კარი სწრაფად გამოაღო, მერე კი პირი დააღო, მთქნარებით.
დააღო და წამსვე დახურა, თან ისე სწრაფად, რომ კინაღამ ნერწყვი გადასცდა სასულეში.
ბაბლუანს ახედა, რომელიც წარბაწეული დასჩერებოდა. ელენემ დაინახა, თუ როგორ აზიდა მან ტუჩის კუთხე გოგონას დანახვისას და იგრძნო, თუ როგორ მოაწვა კისერში გულისცემა. „როგორც ჩანს, ჯერ არ გადამიყვარდება.“ მწარედ გაიფიქრა მან და უხერხულად შეიშმუშნა. თავისი პიჟამა შარვალი და ზედა, ზედ გამოხატული ფერადბეწვიანი ცხვრებით ამ წუთას ყვავილებიან პერანგზე უარესად მოეჩვენა.
-მოხდა რამე? – იკითხა მან.
-მამაჩემი გეძახის. – უპასუხა ბაბლუანმა და ფეხი მოინაცვლა, გულგრილად მიაშტერდა. – საუზმე უკვე მზადაა, შენ კიდევ გძინავს. – მისი სახე უკმაყოფილო გამომეტყველებამ მოიცვა. – ვერ ვიტან ზარმაც გოგოებს.
ელენეს ნესტოები დაებერა და გული ჩასწყდა. ჩვეულებივზე მეტი გულდაწყვეტა და ბრაზი იგრძნო. გულს განუზომებლად სტკენდა დემეტრეს ასეთი შენიშვნები.
-გავიგე, გავიგე… გვიანობამდე ვმეცადინეობდი. – ჩაიბუზღუნა გოგონამ. – ორის ნახევარი იქნებოდა, რომ დავიძინე… ისედაც მიჭირს ხოლმე დილით ადგომა.
ბაბლუანმა ტუჩი აიბზუა.
-როგორც ვიცი, არაფერში არ გვაქვს ტესტი უახლოეს მომავალში. – ჩაიფრუტუნა მან. – რად გინდა ამდენ ხანს მეცადინეობა? ასე გიჭირს მასალის გაგება?
ელენე ერთიანად გაიბერა გაღიზიანებისაგან. ცხვირი აჭმუხნა, არ სჯეროდა, რომ ბაბლუანი ყველაფერთან ერთად, მის გონებრივ შესაძლებლობებსაც მიადგა.
-და შენ? – მიახალა მან და კიდევ უფრო მეტად გაიბერა ბაბლუანის უემოციო გამომეტყველებაზე. – შენ რაღატომ მეცადინეობდი ერთი კვირის წინ, ღამე? ჰა? მასალას ვერ იგებ, ხომ?
ელენემ მკლავები გადააჯვარედინა, ნიშნისმოგებით უყურებდა მის წინ აღმართულ დემეტრეს.
-მე ნუ მედარები. – ხმადაბლა უპასუხა ბაბლუანმა, ისე, რომ გამომეტყველება ოდნავაც არ შესტოკებია. ელენე უკმაყოფილოდ ააშტერდა. პასუხის ნორმალურად გაცემასაც კი არ კადრულობდა ეს ხისთავიანი.
ბაბლუანმა კიდევ ერთხელ ახედ-ახედა და მის პიჟამაზე შეაჩერა თვალი, წარბაწეულმა. ელენეს სახეში აასხა სისხლმა, შეეცადა მისი შემდეგი სიტყვებისათვის მომზადებულიყო.
-ლამაზი ცხვრებია. – თქვა მან ნელა და გოგონამ თვალები დააჭყიტა, მერე კი სირცხვილისაგან გაწითლდა, შარვლის გვერდები მობღუჯა. – ისე, თავზე რაღაც გაქვს. – მიუთითა ბაბლუანმა.
-რა? სად? – ელენემ სასწრაფოდ იტაცა თმაზე ხელი და ზედ გადაისვა, თვალებგაფართოებული ეძებდა იმ რაღაცას. – რა არის? ობობა? დაცოცავს ხომ? მომაშორე!
-არა, უკაცრავად. – სარკასტულად გაუღიმა ბაბლუანმა. – შენი თმა ყოფილა. მე ჩიტის ბუდე მეგონა. – მან თავი გვერდზე გადააგდო, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით გასცილდა, დერეფანი ჩაიარა. ელენე პირდაღებული, თვალებდაჭყეტილი და ერთიანად გაყინული მიშტერებოდა მის ზურგს. როცა ბაბლუანი კუთხეს მოეფარა, გოგონამ მუშტები ისე მაგრად შეკრა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო. მჩხვლეტავ ტკივილს ვერც კი ამჩნევდა, ისე გადაეფარა მისი გონება ბრაზს.
ცოტა ხანი იდგა, ცდილობდა, რომ თავი წესრიგში მოეყვანა, ღრმად სუნთქავდა. რატომღაც სურდა, რომ თმადაუვარცხნელი ჩასულიყო ქვემოთ და ეჩვენებინა ბაბლუანისათვის მისი სიტყვების უფასურობა, ეჩვენებინა, რომ მისი ნათქვამი საერთოდ არ აინტერესებდა. მაგრამ თავს ვერაფრით მოერია. ცოტა ხანში კიბეებზე თმადავარცხნილი ჩარბოდა და საკუთარ თავს უწყრებოდა.
სამზარეულოში რომ შეაბიჯა, ხალათი უფრო მაგრად მოიხვია ტანზე. ტასო არსად ჩანდა, მაგიდას დემეტრე, ნიკა და მაიკო შემოსხდომოდნენ.
-ელენე, ჩამოხვედი? – გადმოხედა ნიკამ და ხელი დაუქნია. – მოდი, ჭამე! დღეს სოსისები გვაქვს საუზმედ.
-დილა მშვიდობისა… – ჩაილაპარაკა გოგონამ და მაიკოს მიუჯდა გვერდით, მერე კი ნიკას მოწოდებული თეფშიდან სოსისები გადმოიღო. – მადლობა! ისე, ტასო დეიდა სადაა?
-დედა სამსახურში წავიდა. – მიუგო მაიკომ, მერე კი აგრესიულად დაასრისა სოსისის ნაჭერი საწებელში. – შენ გელოდებოდა, მაგრამ აგვიანდებოდა ძალიან.
-ბოდიში, ადრე უნდა ჩამოვსულიყავი… – შეწუხდა ელენე. ყოველ იმის გაფიქრებაზე, რომ ეს ადამიანები უფრო შეაწუხა და რაღაცით აწყენინა, გულს სტკენდა, და სირცხვილი უგროვდებოდა მკერდში.
-არა უშავს! – უთხრა ნიკამ. – ტასო ისედაც თქვენზე ადრე მიდის სამსახურში. დღეს რეეს გაჰყვები ამიტომ სკოლაში…
ელენეს თვალები გაუფართოვდა და წამსვე მზერა დემეტრეზე გადაიტანა. ისურვა, რომ თვალი აერიდებინა, როცა დაინახა, თუ როგორ დააგდო ბაბლუანმა თეფშზე ჩანგალი და როგორი მობეზრებული გამომეტყველებით გაატრიალა თავი.
-რეე! – მკაცრად მიმართა ნიკამ. – რანაირად იქცევი? ერთ და იგივე სკოლაში მიდიხართ, ბოლოს და ბოლოს. წაიყვან და მორჩა.
-მაშინ ჯობია რომ დროზე მოემზადოს. – დაისისინა ბაბლუანმა და ფეხზე წამოდგა, ელენეს უკმაყოფილო მზერა სტყორცნა. გოგონა ხვდებოდა, რომ ის არ ხუმრობდა, ამიტომ სასწრაფოდ შეიტენა პირში სოსისის მონარჩენი ნაწილი და ფეხზე წამოდგა.
-აქლავე მოუ’ემზადეფი… – ამოიჩლიფინა მან და კიბისაკენ გავარდა. უკნიდან ბუნდოვნად ისმოდა მაიკოსა და ნიკას უკმაყოფილო ხმები.
-არსად არ გეჩქარება, შე ხისთავიანო! – უტევდა მაიკო. – არაფერი არ ჰქონდა ნაჭამი ფაქტიურად, რაზე გააქციე?
-რეე, ასეთი საქციელი მეტჯერ აღარ დავინახო. რა, ასე ძალიან გაწუხებს ის, რომ ათიოდე წუთით შენთან ერთად იჯდება მანქანაში? – საყვედურით აღსავსე ხმით მიმართა ნიკამ, და ელენე კიბის თავზე შედგა, გამალებით ღეჭავდა სოსისს და ყურადღებით უსმენდა. გრძნობდა, როგორი აჩქარებით ძგერდა მისი გული.
-ჰო, მასე ძალიან მაწუხებს. – განაცხადა ბაბლუანმა და ელენემ ღრმად ამოიხვნეშა. ნიკასა და მაიკოს პასუხებს არ დალოდებია, თავისი ოთახისაკენ გაემართა.
რა იქნებოდა, რომ ბაბლუანი შესძულებოდა. ეს ხომ ასეთი იოლი ჩანდა! უადვილესი საქმე ამ ქვეყანაზე, თუ დემეტრეს უაზრო საქციელს, მწარე შენიშვნებს, ზოგად ქცევასა და მისკენ მომართულ სარკაზმს გაითვალისწინებდა, მაგრამ როგორც ჩანდა, მაინც და მაინც ელენესათვის ეს საქმე ასე ადვილად არ დამთავრდებოდა.
გოგონას რატომღაც მოუნდა, რომ კედელზე ერახუნებინა თავი. იქნებ ამას მაინც გაენძრია ცოტათი მისი აშკარად შეშლილი ტვინი.
-*-*-*-*-
ბაბლუანს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ელენემაც არ იცოდა, თუ რაზე დალაპარაკებოდა. ისე გადმოვიდნენ მანქანიდან, და ისე გაემართნენ თავიანთი საკლასო ოთახებისაკენ, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისათვის.
-ვერ მიტანს. – ჩაილაპარაკა ელენემ და მკლავები სკამის ზურგზე დააწყო, ზედ ნიკაპი დააბჯინა. ნაღვლიანად მიშტერებოდა მარიკასა და დათოს სახეებს.
-ეგ მგონი პრობლემა არ უნდა იყოს. – წარბები ასწია დათომ. – ეგ ვერავის ვერ იტანს. პრობლემა ისაა, რომ შენ იტან, თან ზედმეტად კარგად.
-ჰოოო, ელენე, ნეტავ შენ ვერ იტანდე! – უთხრა მარიკამ. – ორივე ვერ აიტანდით ერთმანეთს და ავშენდებოდით ხალხი.
-ნეტავ მართლა მასე იყოს. – მოიღუშა ელენე. – მაგრამ არ შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა.
მართლაც სამწუხარო ფაქტი იყო. ამ წუთას, ელენე ყველაფერს მისცემდა, რომ ბაბლუანის მიმართ არანაირი დადებითი ემოცია არ ჰქონოდა. ვერ იტანდა, როცა საკუთარ თავზე იმდენი გავლენა არ ჰქონდა, რომ სულელური გრძნობები მოეცილებინა, რომლებიც გულის ტკენისა და სინანულის მეტს არაფერს უქადნენ.
-ჩემი აზრით, – დაიწყო დათომ. – ბაბლუანი რომ შეგძულდეს, სულ ცოტა ხანია საჭირო. მე პირადად რეკორდული დრო: ორი წამი დამჭირდა.
-რაო? – მიუტრიალდა მაიკო. – რაო, დათო, ჩემზე კარგი სახე აქვს და მძულსო? – წარბები აუწია და ჩაიფხუკუნა მან. დათომ მჟავედ გადმოხედა.
-არ მიყვარს მაგნაირი ხალხი. – მკლავები გადააჯვარედინა მან. სახეზე გაღიზიანებული გამომეტყველება ეხატა და ელენეს ჩაეღიმა.
-ნეტავ მეც შენსავით ვფიქრობდე და მეტი არაფერი მინდა, გპირდებით. – წაიბუზღუნა გოგონამ.
-ისე, შენს ახალ სახლში როდის მოგვიპატიჟებ? ჰმ? – ინტერესით ჰკითხა მარიკამ. – ხომ გითხარი, ძალიან მაინტერესებს, თუ როგორია ლოდი სალოდეში.
-რანაირი უნდა იყოს? – წარბები ასწია ელენემ. – ისევ ლოდია.
-მეც მაინტერესებს. – თქვა დათომ. – რა იქნება რომ გესტუმროთ? ვითომ შენი ნახვა გვინდოდა, იმიტომ რომ ასეთი ტრაგედია გადაგხდა ამ ბოლო დროს…
მარიკამ მუშტი მოიმარჯვა და მაგრად წაჰკრა მეგობარს მკლავზე. დათომ დაუბღვირა და ნატკენი ადგილი მოისრისა. ელენე წარბაწეული, უკმაყოფილო სახით მიშტერებოდა მეგობარს. ვერაფრით ვერ წარმოედგინა სიტუაცია, სადაც მისაღები იქნებოდა დათოსა და მარიკას მის სახლში მიპატიჟება. სულაც არ სურდა, რომ ბაბლუანთან მიეყვანა ისინი.
-არავითარ შემთხვევაში. – იუარა მან. – არა. ეგ არ გამოვა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ შევაწუხე ეს ხალხი? ახლა კიდევ ვიღაცები მივიყვანო მათ სახლში? ჩემზე არ ფიქრობთ? სირცხვილია. ამიტომ არა, არაფრით არ გამოვა.
-კარგი. როგორც გინდა. – სევდიანად ამოიხვნეშა მარიკამ.
-*-*-*-*-
-რა კარგი მეგობრები გყავს, ელენე, რომ ასე ზრუნავენ შენზე! – წამოიძახა ტასომ და მის გვერდით, საზურგეზე აკრულ ელენეს გადმოხედა, მერე კი სარკით გახედა უკანა სავარძელზე მოკალათებულ დათოსა და მარიკას, რომლებიც ძალიან კმაყოფილი სახეებით ისხდნენ. – უნდა გესტუმრონ, აბა რა უნდა ქნან, გენაცვალე! ასეთ ხალხთან მჭიდრო კონტაქტი უნდა გქონდეს!
ელენემ საკუთარ თავს დააძალა, რომ გაეღიმა. უნდოდა შებრუნებულიყო და ორივე მეგობარი მოესროლა მანქანიდან. რა იქნებოდა, რომ ერთხელ დაეჯერებინათ მისთვის? გოგონამ ამოიგმინა, როცა წარმოიდგინა ბაბლუანის რეაქცია მისი მეგობრების დანახვაზე. „იფიქრებს, რომ ამდენის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს, რომ მათი სიკეთით ბოროტად ვსარგებლობ, და ყველას ყველაფრით ვაწუხებ…“ სინანულით გაიფიქრა მან და მუშტები მაგრად შეკრა. აუცილებელი იყო პირდაპირ, რომ დათო და მარიკა კუდში გამოჰყოლოდნენ გაკვეთილების შემდეგ და ტასოსთან ეთქვათ, რომ სიამოვნებით ესტუმრებოდნენ. ელენემ გაიხსენა ქალის აღტაცებული სახე, როცა იგი მის ორ მეგობარს სტუმრობას სთავაზობდა, და ღრმად ამოიხვნეშა.
იცოდა, რომ კარგად არ ჩაივლიდა ეს საქმე.
მისდა საბედნიეროდ, ბაბლუანი არსად ჩანდა, როცა სასტუმრო ოთახში შეაბიჯეს. ელენე მთელი გულით იმედოვნებდა, რომ ან დემეტრე უახლოესი ორი საათი მაინც გაჩერდებოდა სადმე სხვაგან, ანდა რომ ტასოს არ მოუნდებოდა მთელი სახლში ექსკურსიის მოწყობა დათოსა და მარიკასათვის.
მაგრამ ტასო ძალიან კომფორტულად გამოიყურებოდა, როცა ტახტზე ჩამოჯდა, ამიტომ გოგონამ შვების სუნთქვა ამოუშვა.
-აბა ძვირფასებო! – თითები ერთმანეთს გადააჭდო მან. – გამეცანით ერთი! თქვენ ელენეს კლასელები ხართ, ხომ?
-მე მარიკა ვარ, ეს კი დათოა. – თავის თავზე, მერე კი დათოზე მიუთითა მარიკამ. ელენემ ის ის იყო, პირი დააღო მათ უკეთესად გასაცნობად, რომ სასტუმრო ოთახში მაიკომ შემოაბიჯა და გაკვირვებით ასწია წარბები უცხო ხალხის დანახვაზე.
-მაიკო! – მიუტრიალდა ტასო. – მოდი, დედი, ელენეს მეგობრები გაიცანი. მარიკა და დათო. – მიუთითა მან. მაიკომ ზრდილობიანად ჩამოართვა ორივეს ხელი და ელენეს გვერდით ჩამოუჯდა, თვალებით შეეკითხა. გოგონა საპასუხოდ დაიჭყანა და საცოდავი გამომეტყველება მიიღო.
-მაიკო, რეე სადაა? – მოუბრუნდა ტასო. – ელენეს მეგობრებს გაიცნობდა…
ელენეს თვალები კინაღამ გადმოუცვივდა, თითები მთელი ძალით ჩაიჭირა მუხლებში. „ვააააიმე არა. არა, არავითარ შემთხვევაში. ოღონდ ბაბლუანი არ მოიყვანოთ აქ…“ გაიფიქრა შეძრწმუნებულმა. დარწმუნებული იყო, რომ ცოტაც და პანიკა დაეწყებოდა. სულაც არ უნდოდა, რომ დემეტრე მის მეგობრებს, და განსაკუთრებით მარიკას შეხვედროდა. კარგად იცნობდა მეგობარს და ხვდებოდა, რომ გოგონა ტყუილად არ იყო დაგეშილი „ლოდის სალოდეში“ ნახვაზე. საიდანღაც ხვდებოდა, რომ მარიკა ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებდა იმისათვის, რომ ბაბლუანი დაემცირებინა, სამაგიერო გადაეხადა მისთვის ელენეს გამო. ამიტომ დანამდვილებით იცოდა, რომ მარიკასა და დემეტრეს შეხვედრა არაფერი კარგით არ დასრულდებოდა.
-სად უნდა იყოს. – დაიფრუტუნა მაიკომ. – ოთახშია გამოკეტილი.
-ხშირადაა ოთახში გამოკეტილი? სკოლაში მინახავს. არ არის მთლად სოციალური პიროვნება, არა? – იკითხა მარიკამ და ელენემ ნერწყვი გადაყლაპა. მიხვდა, რომ ახლა იწყებოდა მისი მეგობრის შეტევა.
-უი, როდის არ არის ოთახში გამოკეტილი.  – ხელი აუქნია ტასომ. – ეგ ბიჭი გადამრევს მე.
-გამოგვწოვა სული. გაგვიშრო სისხლი. – ჩაიბურტყუნა მაიკომ და ელენეს ძალაუნებურად გაეცინა.
-არადა სულ ასე არ იყო. – თავი გადააქნია ტასომ. – პატარა რომ იყო, სულ მხიარული, სულ მომღიმარი გახლდათ… ათას სისულელეს აკეთებდა, სულ იცინოდა და კარგ ხასიათზე იყო. ახლა ძალიან შეიცვალა. ხანდახან ვეღარც ვცნობ ხოლმე. – ქალმა ნაღვლიანად ამოიხვნეშა და ელენე შეწუხებული მიაჩერდა მას.
-ახლა უჟმური ხისთავიანია. – მშრალად ჩაამატა მაიკომ, ამჯერად ისე, რომ ყველას გაეგონა. ტასოს სიცილი აუვარდა.
-ისა და… რა სისულელეებს აკეთებდა? – იკითხა მარიკამ, სახეზე უმანკო კრავის გამომეტყველება ეხატა, თვალები დამრგვალებოდა. ელენემ იგრძნო, თუ როგორ წამოეპარა ცუდი წინათგრძნობა მუცელში. ძალიან კარგად იცოდა, თუ რა იმალებოდა იმ გამომეტყველების უკან. საუბედუროდ, იმასაც ხვდებოდა, რომ ვერ შეძლებდა პროცესის შეჩერებას, ძალიანაც რომ მოენდომებინა.
ტასომ ჩაიხითხითა, ეშმაკური ღიმილით შეხედა მათ.
-ვერც კი წარმოიდგენთ. მაიკო, ისე, შენც არ იცი ეს ამბავი. – მიუბრუნდა იგი გოგონას. მაიკომ გაოცებითა და ცნობისმოყვარეობით შეხედა. ელენე, იმის მიუხედავად, რომ არ მოსწონდა ეს სიტუაცია, მაინც გამალებით უსმენდა ტასოს.
-სულ პატარა რომ იყო, ალბათ ასე ორი წლის, ძალიან მოსწონდა მულტფილმები, სუპერგმირებით. – ტასომ ჩაიხითხითა. – ჰოდა ხანდახან იღებდა ხოლმე შეკვრებიდან პამპერსებს, ჩამოიფხატავდა თავზე და დარბოდა აქეთ-იქით. რატომ მაინც და მაინც პამპერსებს, ვერ ვხვდები, ამდენი თავზე ჩამოსაფხატი იყო სახლში! თან რომ ვერაფრით ვაჩერებდი? „კაპიტან რერე“-ს, „კაპიტან პამპერსს“ და „პამპერსმენს“ ვეძახდი ხოლმე. – ტასომ პირზე ხელი აიფარა, რომ სიცილი შეეკავებინა. თვალები უბრწყინავდა.
სასტუმრო ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ელენეს საცერისოდენა გახდომოდა თვალები, ყბაჩამოვარდნილი შეშტერებოდა ტასოს, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა სიცილის შეკავებას. მაიკო, მარიკა და დათოც განცვიფრებულნი იყურებოდნენ.
მერე კი გამაყრუებელ სიჩუმეში ზარბაზნის გასროლასავით გაისმა მაიკოს ხმამაღალი ხარხარი. თითქოს რაღაცამ იფეთქაო, ყველას სიცილი წასკდა.
-კაპიტანი პამპერსი! – ცრემლებს იწმენდდა მაიკო. – რეე… კაპიტანი პამპერსიო!
მარიკას ეტყობოდა, რომ ცოტაც და გადაბრუნდებოდა, ისე იჭაჭებოდა. დათოს შუბლზე მიედო ხელი და ეტყობოდა, რომ ყველანაირად ცდილობდა ხმამაღლა არ გადაეხარხარა. ელენემ მუცელზე ხელი იტაცა, სიცილისაგან უკვე სტკივდებოდა. გონებაში დაუტრიალდა პატარა ბიჭის გამოსახულება, პამპერსით თავზე რომ დატანტალებდა აქეთ-იქით და კინაღამ ტახტიდან გადმოვარდა.
გაუჩერებელი სიცილი რამდენიმე წუთი გაგრძელდა, ერთმანეთს გადახედავდნენ და ისევ ხელახლა აუტყდებოდათ ხარხარი. ელენეს უკვირდა კიდეც, რომ ბაბლუანი უკვე ქვემოთ არ იყო, რომ ესაყვედურა მათთვის ხმაურის გამო.
მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გული მოიოხეს და სხვა რამეზე გადაიტანეს საუბარი, ელენე მიხვდა, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა იმით, რომ ეს ფაქტი შეიტყო ბაბლუანის ბავშვობის შესახებ, და საერთოდ, რომ მისცა საუბარს უფლება, ამ მიმართულებით წარმართულიყო.
მაგრამ არჩია, რომ ამჯერად დაეიგნორებინა ასეთი ფიქრები და მის მეგობრებს, ტასოსა და მაიკოს შორის გაჩაღებულ საუბარზე კონცენტრირებულიყო.
უკვე მოსაღამოვებული იყო, როცა ლაპარაკს მორჩნენ და მარიკამ განაცხადა, რომ მალე სახლში უნდა მისულიყო. ტასომ ისინი მანქანით წაიყვანა, ელენე და მაიკო კი სასტუმრო ოთახში გაშლილი მაგიდის ალაგებას შეუდგნენ.
-ნიკა ბიძია სადაა? – იკითხა ელენემ და თეფშები ერთმანეთზე შემოაწყო, ზედ კი ჩანგლები დაახვავა. – ან დროისთვის სახლში არ არის ხოლმე?
-გამომცემლობაშია ახლა, თავის აგენტთან ჰქონდა მგონი შეხვედრა. – მაიკომ ცხვირი აჭმუხნა და მარჯვედ გადაიტანა ორი ნამცხვრის ნაჭერი ცალკე თეფშზე. – მომეცი, დავრეცხავ, სანამ დედა მოვა. – ხელი გაიშვირა მან თეფშებისაკენ, რომლებიც ელენეს ეჭირა.
-არა უშავს, მე დავრეცხავ… – შეეწინაღმდეგა გოგონა, მაგრამ მაიკომ გაიცინა და თავი გააქნია.
-ეგ რომ გააკეთო, რომ დამკლა დედაჩემმა და გათავდა ჩემი სიცოცხლე. – ჩაიცინა მან და ელენეს გაეღიმა. – მივხედავ მე, არ მეზარება. შენ ძალიან გთხოვ, ეს ნამცხვარი და წვენი რეეს აუტანე, რა იქნება? – დაეჭყანა ის და ახლოს მიუწია ნამცხვრიანი თეფში და წვენით სავსე ჭიქა. – სადილი ჭამა, მაგრამ ვახშამზე არც კი ჩამოსულა ეგ ხისთავიანი. ძალიან დამავალებ, თუ აუტან, მაგის სიფათის დანახვა არ მინდა ახლა. სულ მიღრენს, კარს რომ შევუღებ.
„მე საერთოდ დამიყეფა, მის ოთახში რომ შემთხვევით შევედი“. გაიფიქა ელენემ, მაგრამ მაიკოს თავი დაუქნია, ნამცხვარი და წვენი გამოართვა. მერე კი, სანამ გოგონა ჭურჭელს არიხინებდა, კიბეზე აირბინა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბაბლუანის ოთახს.
თავი შეამზადა, ღრმად ამოისუნთქა. გული გამალებით უცემდა და საკუთარ თავს გაუჯავრდა. „უბრალოდ შევალ, ამათ დავუტოვებ და გამოვალ. შევალ, დავუტოვებ, გამოვალ.“ გაიმეორა გონებაში და კარზე მიაკაკუნა, მერე კი, ორიოდე წამის შემდეგ, სახელური ჩამოსწია და შიგნით შეაბიჯა.
დეჟა ვუს გრძნობა გაუჩნდა, როცა ბაბლუანი ისევ მის წინ, მერხთან მჯდომი დაინახა, გარშემო მოხვეული წიგნებითა და რვეულით. იგი გამალებით აკაკუნებდა კალამს სახელმძღვანელოზე და რაღაცას დაჟინებით ჩაშტერებოდა.
-გინდოდა რამე? – იკითხა მან, ისე, რომ მისკენ არ გამოუხედავს და გაცხარებით ჩაწერა რაღაც რვეულში.
ელენემ ამოისუნთქა, ნელა მიუახლოვდა მაგიდას.
-ნამცხვარი და წვენი ამოგიტანე. – უთხრა მან. – ვახშამზე არ იყავი. – გოგონამ თვალი ჰკიდა  ფურცელზე ჩამოწერილ მათემატიკურ გამოთვლებს, სიმბოლოებს და ინტერესით ჩაიკითხა რამდენიმე ხაზი. მზერა წამსვე ასწია, როცა ბაბლუანი მისკენ მოტრიალდა.
-მერე დადე, რას მომშტერებიხარ. – უთხრა მან და ერთ-ერთი წიგნი გვერდით გადასწია, მერე კი სახეში ახედა. – როგორც ვხედავ, შესაფერისი ადგილი გიპოვია ჩვენს ოჯახში.
ელენემ გაკვირვებით შეხედა, ნამცხვარი და წვენი კი მაგიდაზე დადო.
-შესაფერისი ადგილი? – ნელა გაიმეორა მან.
-ჰო. – ბაბლუანი ჭიქას მიწვდა და წვენი მოსვა.- მოსამსახურედ. რაღაცაში მაინც გამოდგები. – დაამატა მან.
ელენემ ტუჩი მოიკვნიტა და თავი გადააქნია. გაღიზიანება აუბუყბუყდა კისერში და კანკალით შეისუნთქა ჰაერი.
აქედან უნდა გასულიყო, სანამ სიტუაცია გაუარესდებოდა. კარისაკენ მიტრიალდა.
-გასაგებია. – უხეშად თქვა მან. ყელში აუტანელი ბრაზი მოსწოლოდა. უნდოდა თვითონაც მოეხერხებინა რამე, რამენაირად ეკბინა ბაბლუანისათვის ყველაფრის საპასუხოდ. – და ჰო, მეცამეტე მაგალითი არასწორად გიწერია. – მოკლედ მოჭრა მან და კარისაკენ გაემართა.
-რაო? – დაიფრუტუნა ბაბლუანმა და ელენე შედგა, მკაცრად გადმოხედა. დემეტრე ოდნავ მოღუშული ჩაშტერებოდა რვეულს, კალამი ხელში შეჰყინვოდა. – რა სისულელეა. რას ნიშნავს არასწორად მიწერია…
-დიახაც, გიწერია. – მიახალა ელენემ. – არასწორად გაქვს გამოყვანილი. კოსინუსის ინტეგრალი დადებითი სინუსია, უარყოფითი მაშინაა, როცა დერივატივთან გვაქვს საქმე. – იგი ისევ მიუახლოვდა მაგიდას და ნიშნისმოგებით დახედა არასწორად გამოყვანილ მაგალითს. – აქაც არასწორად გაქვს გამოყვანილი… განუსაზღვრელ ინტეგრალს როცა ეხება საკითხი, იქსი ხარისხად ნული მთელი ხუთი იქნება იქსი ხარისხად ერთი მთელი ხუთი გაყოფილი ერთ მთელ ხუთზე. მთლად არასწორად არ გიწერია, მაგრამ… აქ პლუს ცე დაგვიწყებია. ეს მაგალითი კი, შენ რომ გამოგიტოვებია, ძალიან იოლია. ე ხარისხად იქსის ნატურალური ლოგარითმი ისევ იქსს უდრის, ე და ნატურალური ლოგარითმი ინვერსიულები არიან. და ე ორ მთელ სამოცდათორმეტს უდრის და არა სამოცდათერთმეტს. – გოგონამ რვეულს თვალი მოსწყვიტა და მკლავები გადააჯვარედინა, ნიშნისმოგებით დაჰყურებდა ბაბლუანს. გული გამალებით უცემდა მკერდში და გრძნობდა, როგორ უხურდა სახე.
ბაბლუანი უსიტყვოდ მიშტერებოდა, მერე კი ჩაიცინა და თავი გადააქნია.
-ხომ მომიტანე ესენი? – თქვა მან ბოლოს და ნამცხვრიან თეფშზე მიუთითა. – ახლა გადი აქედან.
-სიამოვნებით. – მიახალა ელენემ, სწრაფად შემობრუნდა და ოთახიდან გამოვარდა, კარი ზურგს უკან მიხურა და წამსვე ერთიანად დაჭიმული გაემართა თავისი ოთახისაკენ. კარი ჩაკეტა, ბალიშში ჩარგო თავი და ჩახშული ღმუილი ამოუშვა.
არ სჯეროდა, რომ ეს გაბედა. გაბედა, რომ ბაბლუანის შეცდომები მისთვის სახეში აეფარებინა. იმის თავი ეყო, რომ მის თვალწინ გაესწორებინა ეს შეცდომები. ელენეს ძალიანაც უხაროდა, რომ მას სამაგიერო გადაუხადა და დაუმტკიცა, რომ სულ არ უჭირდა მასალის გაგება, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდულნი არ იყვნენ. მაგრამ ამავდროულად, გოგონას აზრით, ამას ბაბლუანი ისე მიიღებდა, როგორც დამცირებას.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ მოახერხებდა დემეტრესათვის სახეში შეხედვას.
ამიტომ თავი უფრო მაგრად ჩარგო ბალიშში და კიდევ ერთი ღმუილი ამოუშვა.
-*-*-*-*-
მეორე დილით სკოლაში ტასომ წაიყვანა, და ელენე მისი მეტად მადლობელი ვერაფრით ვერ იქნებოდა. ბაბლუანთან კიდევ ერთხელ მანქანაში, უხერხულ, ცივ სიჩუმეში გაჩხერა ნამდვილად არ სურდა.
მთელი დღე გონებაარეული დადიოდა. ერთ მომენტში გაიბადრებოდა, გაიბერებოდა სიამაყით იმის გამო, რომ მოახერხა ბაბლუანისათვის ნიშნი მოეგო, მეორე მომენტში კი ისევ ჩაიფუშებოდა, როცა წარმოიდგენდა, რომ ბაბლუანი მას უფრო მეტად ვერ აიტანდა დამცირების გამო. ვერც კი შეამჩნია მარიკას ფხუკუნი და დათოს ეშმაკური მზერა.
გაკვეთილების შემდეგ, როცა მეგობრებს გამოემშვიდობა და დერეფანში გამოვიდა, რატომღაც მაშინვე იგრძნო, რომ საქმე რიგზე არ იყო. თითქოს თვით ატმოსფეროში ჩამოწოლილიყო დაძაბულობა.
-გაიგონე? თურმე დემეტრე ბაბლუანს ბავშვობაში „კაპიტან პამპერსს“ ეძახდნენ? – მოესმა მოულოდნელად, მის მარჯვნივ ჩავლილი თანასკოლელისაგან, რომელიც ძალიან აღტაცებული მიშტერებოდა თავის ამხანაგს და ელენე შედგა, ადგილს მიეყინა. შეძრწუნებული მიშტერებოდა ჩავლილ გოგოებს და გრძნობდა, თუ ასხამდა სიმწრის, ცივი ოფლი.
„მარიკას მოვკლავ. მივკლავ, მივახრჩობ, მივასრისავ…“ გაიფიქრა შეძრწუნებულმა და კბილები ერთმანეთს დააჭირა. რატომ არ მოაფიქრდა, რომ მეგობარი გაეფრთხილებინა, დამუქრებოდა, იმისათვის, რომ მას ასეთი ამბავი არ გაეცა, იმის მიუხედავად, რომ თითქმის დარწმუნებული იყო, მარიკა არ დაუჯერებდა.
„გათავდა. ეს თუ ბაბლუანმა გაიგო, მიმასიკვდილებს. მართლა ცოცხლად გამატყავებს.“ გაიფიქრა სუნთქვაშეკრულმა. წამით ისიც კი წარმოიდგინა, რომ სახლიდან გაიქცეოდა. ბოლოს და ბოლოს, ლელა დეიდა დართავდა ნებას, რომ ცოტა ხნით მათთან ეცხოვრა, მერე კი, ერთ-ორ წელიწადში აიწყობდა ცხოვრებას, იყიდდა ბინას…
გოგონა შეკრთა და აიხედა, როცა მის წინ მძიმე ნაბიჯებისა და ჩახშული სიცილის ხმა მოესმა. ინსტინქტურად უკან დაიწია, როცა დაინახა, თუ როგორ მოიწევდა მისკენ აშკარად გააფთრებული ბაბლუანი. სახე ერთიანად დასჭიმვოდა და ჩვეულებრივ ცივი თვალები ბრაზისაგან ნაპერწკლებს ყრიდნენ.
„ესე იგი გაიგო.“ ამის გაფიქრების თავიღა ჰქონდა ელენეს, როცა ბაბლუანმა მკლავში სტაცა ხელი და მთელი ძალით მოქაჩა, შედარებით ცარიელი კუთხისაკენ წაათრია, ხალხის თვალისაგან მოშორებით.
გოგონა კედელს მიეხეთქა და თვალებგაფართოებულმა ახედა მის წინ აჭიმულ ბაბლუანს.
-ეს რა არის? – დაუსისინა მან. – შენ ილაპარაკე ხომ, ზედმეტი?
-არა, არა, მე არაფერი მითქვამს… – დაიწყო ელენემ, გამწარებით გაასავსავა ხელები. – მართლა…
-სხვა ვინ იტყოდა? – ხმას აუწია ბაბლუანმა და სახე ერთიანად მოეკრუნჩხა, ჩვეულებრივი გულგრილი გამომეტყველება განრისხებულს შეეცვალა და ელენე ერთიანად დაძაბული მიშტერებოდა. – შენ მოსდე მთელ სკოლას არა? უნდა მიმხვდარიყავი, რომ ერთი საზიზღარი ჭორიკანა იყავი! – სისინებდა ის და გოგონას მთელ ტანში დაუარა ცივმა ჟრუანტელმა.
-გეუბნები, მე არაფერი მითქვამს… – იუარა ელენემ, მაგრამ შეკრთა, როცა ბაბლუანმა სახე ახლოს მოუტანა. ხედავდა, როგორ ფეთქავდა მის საფეთქელში ძარღვი.
-შენ გგონია, რომ მასეთ სულელურ ტყუილს დავიჯერებ? – დაისისინა მან. ღრმად ამოისუნთქა, წელში გასწორდა, ეტყობოდა, რომ თავს იკავებდა. ელენე გაშტერებული მისჩერებოდა, ხელებით მაგრად ჩაბღაუჭებოდა საკუთარ ჟაკეტს. ბოლოს ბაბლუანმა ღრმად ამოისუნთქა და ზურგი შეაქცია. – აღარ დამენახო. – ხმადაბლა თქვა მან და დერეფანს დაუყვა.
ელენემ კანკალით ამოუშვა სუნთქვა, შუბლი ცივი ოფლით დაცვაროდა. კედელს მიეყუდა და მხრებზე გადმოდებულ სალტეებს მთელი ძალით ჩაეჭიდა. თითქოს წვავდნენ მისკენ მომართული, მისი თანასკოლელების თვალები, მაგრამ მზერა არ აუწევია, იატაკს ჩაშტერებოდა.
ჩაშტერებოდა, ცდილობდა დაწყნარებასა და გულისცემის შენელებას.
ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
4-*-*-*-*-*-
ელენე კარგა ხანი იდგა, სულს ითქვამდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ მისკენ მომართული უამრავი მზერისა და ჩუმი სიცილისათვის ყურადღება არ მიექცია. როცა დერეფანი შედარებით დაცარიელდა, დრო იხელთა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისაკენ.
ტასო სკოლასთან ელოდა, და ელენე ყველანაირად შეეცადა, მისთვის გაეღიმა და ნორმალურად მისალმებოდა. არ სურდა, რომ ამ ყველაფერზე, რაც დღეს მოხდა, ტასოს რამე გაეგო.
-მოხდა რამე? – ჰკითხა ქალმა, როცა მანქანა დაქოქა და ღვედი შეიკრა ელენესთან ერთად. გოგონამ სწრაფად შეხედა. ნუთუ მიხვდა ტასო რამეს? – დააგვიანე ცოტათი. თან ფერი არ გადევს, ცუდად ხომ არა ხარ?
-არა, არა უშავს, ცოტა ხნით შემაყოვნეს საკლასო ოთახში. – მიუგო ელენემ, ცდილობდა ხმისთვის ბუნებრივი ტონი მიეცა, მაგრამ გრძნობდა, რომ არ გამოსდიოდა. – ცოტა გადავიღალე, დავისვენებ და გადამივლის.
ტასომ ისე გადმოხედა, რომ აშკარა იყო, ქალს მისი არ სჯეროდა. ელენემ გამშრალი ტუჩები მოილოკა და ნერწყვი გადაყლაპა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ქუჩაში მიქროდნენ, ცა მოღრუბლულიყო და გარშემო გაწითლებულ-გაყვითლებული ფოთლები დაფარფატებდნენ. ელენე ფანჯარაში იყურებოდა. იყურებოდა ფიქრობდა.
ბაბლუანს ვერ გაამტყუნებდა. ალბათ საშინელება იყო, როცა ყველა მის ზურგს უკან იცინოდა და იმ ამბის გამო დასცინოდნენ, რომელიც ორი წლისას, თექვსმეტი წლის წინ გადახდა. იმაშიც არ ამტყუნებდა, რომ ელენეს დააბრალა ეს ყველაფერი. გოგონა ახლადმოსული იყო მის ოჯახში, და ბაბლუანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი მეგობრები იყვნენ მოსულნი წინა დღეს.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ბაბლუანი მართალი იყო. მან ისიც კი არ იკადრა, რომ ელენესათვის მოესმინა და ყველაფრის ახსნა ეცადა, უბრალოდ მოვიდა, უხეშად მოჰკიდა ხელი, ცილი დასწამა და წავიდა. წავიდა, და თქვა, რომ აღარ სურდა ელენეს დანახვა.
„გადასარევია.“ მწარედ გაიფიქრა გოგონამ. „ზუსტად ესღა მაკლდა. მგონია, ნელ-ნელა წინ მივიწევ, მერე კი ასეთი სისულელე უნდა მოხდეს და ისევ უკან უნდა დავიხიო. ახლა რა აიტანს მის ქცევას“.
-ელენე, თუ რამე გაწუხებს, მითხარი. – თქვა უცებ ტასომ და გოგონამ სწრაფად გადმოხედა. ტასო ოდნავ მოღუშული გაშტერებოდა გზას. – ვხვდები, როცა ბავშვები რაღაცას მიმალავენ. შენ კიდევ აშკარად რაღაცას მალავ ახლა, და ეს რაღაც ძალიან გაწუხებს.
-არაფერია, დეიდა ტასო… – მხრები აიჩეჩა გოგონამ. ხელები მაგრადმოუჭირა კალთაში ჩადებულ ჩანთას. – ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ცოტა უნდა დავისვენო.
ტასომ თავი გადააქნია, მერე კი ღრმად ამოიხვნეშა. მან მანქანა სახლის წინ გააჩერა, მაგრამ არც კი განძრეულა გარეთ გადასასვლელად. ელენე ერთიანად დაძაბული იჯდა, გამალებით ელოდა მის სიტყვებს.
-მაშ კარგი. – თქვა ბოლოს ქალმა და ელენემ შვებით ამოისუნთქა. – მაგრამ არ მოგერიდოს, კარგი? როცა გინდა, მე აქ ვარ.
ელენემ გაიღიმა. თავი გაატრიალა, რომ ტასოს მისი ათრთოლებული ტუჩები არ დაენახა.
-კარგით. – თქვა მან, მანქანის კარი მიხურა და სახლისაკენ მიმავალ ქალს სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან. – გავითვალისწინებ.
-უნდა გაითვალისწინო, აბა რა ქნა! – მოუბრუნდა ტასო, მისი სახე ჩვეულ ღიმილს მოეცვა. ელენემ საპასუხოდ გაუღიმა, ერთად შევიდნენ სახლში და კარი მოიკეტეს. – აბა გენაცვალე, რა გინდა დღეს რომ ჭამო? ნიკას ხორცი უნდა გამოეღო გასალღობად, ჩახოხბილი ხომ არ გავაკეთო?
-როგორც გინდათ, დარწმუნებული ვარ რომ მშვენიერი იქნება. – უპასუხა გოგონამ.
-მიდი მაშინ, ძვირფასო, ცოტა დაისვენე და სადილზე დაგიძახებთ. – ტასომ ხელი დაუქნია და სამზარეულოში შევიდა, ელენე კი კიბეებს აუყვა.
თავის ოთახს უახლოვდებოდა, როცა დაინახა, თუ როგორ გამოვიდა თავისი ოთახიდან მაიკო.
-ელენე! – მიესალმა ის. – როგორა ხარ?
-კარგად ვარ, შენ? – უპასუხა ელენემ, ნერწყვი გადაყლაპა და შეკრთა, როცა მაიკო მოულოდნელად მოიღუშა.
-მოხდა რამე? – იკითხა მან და სწრაფი ნაბიჯით მოუახლოვდა. – ელენე, ცუდად ხომ არა ხარ?
-არაფერი, უბრალოდ… – გოგონამ მხრები აიჩეჩა, ტუჩი მოიკვნიტა. თვალები გადაეგლისა, ბაბლუანის განრისხებული სახე და შხამით სავსე სიტყვები შეუჩერებლად უტრიალებდა თავში.
– მოდი, მომიყევი. – მაიკომ ელენეს ოთახის კარი შეაღო და გოგონა შიგნით შეათრია. ორივენი საწოლზე ჩამოსხდნენ და ელენე გადაიხარა, გაციებულ შუბლზე ხელი მიიდო.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ელენეს ნაწილობრივ უნდოდა, რომ მაიკოს უბრალოდ დაენებებინა თავი მისთვის და გასულიყო აქედან, ეცალა მისთვის ფიქრი და დასვენება, მაგრამ ნაწილობრივ სურდა, რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა, ვინმესათვის გადმოენთხია, რასაც ახლა განიცდიდა და რჩევა ეთხოვა. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა, რომ სიტყვები მოეძებნა.
-სკოლაში მოხდა რამე, არა? – თქვა უცებ მაიკომ ხმადაბლა. – რეე ჩვეულებრივზე უფრო ცუდ ხასიათზე მოვიდა. ეგ როდის არის კარგზე, მაგრამ… დღეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. თან არაფერი უჭამია, ისე ავარდა ზემოთ. ახლა შენც მოხვედი და ისე გამოიყურები, თითქოს წამი-წამზე გული წაგივა. – მაიკო მისკენ გადმოიხარა და მხარზე ხელი დაადო. – მოხდა თქვენს შორის რამე? – ჩაეკითხა ის.
და ელენე გატყდა. მაიკოს თბილმა სიტყვებმა ბოლოს და ბოლოს გადააწყვეტინა, თუ რისი გაკეთებდა სჯობდა ახლა. უნდოდა, რომ ყველაფერი ეთქვა. დარწმუნებული იყო, რომ მაიკო მოუსმენდა მაინც.
-გუშინ… გუშინ კაპიტანი პამპერსის ამბავი რომ გავიგეთ… – დაიწყო მან. ჩვეულებრივ, გაეცინებოდა ამის გახსენებაზე, მაგრამ ახლა სიცილის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. მაიკოც გასუსულიყო და უსმენდა, ეტყობოდა, რომ არ სურდა მისთვის შეეწყვეტინებინა. – ჰოდა ეგ ამბავი დღეს მთელმა სკოლამ გაიგო. – მან თვალი გააპარა მაიკოსაკენ, რომელიც განცვიფრებული მიშტერებოდა. – როგორც ჩანს, ჩემმა მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მიზანშეწონილი იყო ამის გაკეთება და მთელ სკოლას მოსდეს. მერე კი… დემეტრემ გაიგო, რა თქმა უნდა და მე დამაბრალა. – ელენემ კანკალით ამოისუნთქა. – არა, არ ვამტყუნებ, მის ადგილზე მეც იმას ვიფიქრებდი, რომ მე წამოვაყრანტალე რამე, მაგრამ… – გოგონას ტუჩები აუთრთოლდა. – მე მასეთ რამეს სხვას არ ვეტყოდი. ნეტავ გამეფრთხილებინა მარიკა… ნეტავ საერთოდ არ მომეყვანა აქ… – მან სწრაფად აიფარა თვალებზე ხელები, არ სურდა, რომ მაიკოს მისი ცრემლები ენახა. მთელი სხეული უთრთოდა.
მაიკომ მხრებზე შემოხვია ხელები.
-კარგი, რა გატირებს, შენ რაში ხარ დამნაშავე? – ჩუმად ჰკითხა მან. – შენმა მეგობრებმა თუ რამე თქვეს, შენი რა ბრალია. არ ვიტყვი, რომ კარგი საქციელი იყო, მათი მხრიდან, რეე ამდენი ხანია ასე არ მინახავს… ძალიან ამაყია, საკუთარ თავში ჩაკეტილი, მოსწონს, როცა თავისი ყველაფერი საკუთარი კონტროლის ქვეშ აქვს. ამიტომ ალბათ ძალიან განიცადა, რომ მისი პატარაობის ამბავი ასე მოსდეს ქვეყანას. – მის სიტყვებზე ელენეს კიდევ ერთი ჩახშული ქვითინი აღმოხდა. – რაო, დასცინოდნენ?
ელენემ თვალები მოიწმინდა, ღრმად ამოისუნთქა.
-კი, დასცინოდნენ. – თქვა მან.
-ძალიან ცუდია… – ხმადაბლა მიუგო მაიკომ. – გინდა, რეეს დაველაპარაკო? ავუხსნი, რაც მოხდა, და რომ შენ არაფერ შუაში ხარ. გინდა?
– არა, არაფერი უჭირს. – მიუგო ელენემ. – მე ვცადე, მაგრამ… არ ვიცი. თან მინდა, რომ პირადად ვუთხრა ყველაფერი და ბოდიშიც მოვუხადო, მაგრამ ვიცი, რომ არ მომისმენს. – ნაღვლიანად გადააქნია თავი.
მაიკომ უკან დაიწია, მხარზე კომფორტის ნიშნად მოუჭირა ხელი.
-შენ რისთვის უნდა მოუხადო ბოდიში? – ხმადაბლა ჰკითხა მან. – არც კი მესმის. მგონი შენ არ გითქვამს არაფერი. ეგ კი არა, პირიქით, აქეთ უნდა მოგიხადოს ბოდიში, რომ არ მოგისმინა და უმიზეზოდ დაგაბრალა.
-ჩემი მეგობრები არიან, მე გამომყვნენ. რომ არ გამომყოლოდნენ, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. – შეწუხებულ თვალებში დააშტერდა მაიკოს ელენე. – ვიცოდი, აი ვიცოდი, რომ მარიკა რაღაცას იზამდა. ამ ბოლო დროს სულ ამბობდა, რომ მისი ნახვა უნდოდა… ალბათ სამაგიეროს გადახდა სურთ. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამით მე გამიფუჭეს ყველაფერი.
-სამაგიეროს გადახდა? – წარბები ასწია მაიკომ. – ეს სამაგიერო იყო, ესე იგი… და რისთვის? რა მოხდა ასეთი, რა ქნა რეემ?
ელენე შეკრთა, თვალები გაუფართოვდა და ნელა აარიდა მაიკოს თვალი. ეს კი აღარ უნდა ეთქვა. საუბარს შეჰყვა და აღარ იფიქრა, რომ მაიკომ არაფერი არ იცოდა მასა და ბაბლუანზე, მათ შორის, თითქმის ორი კვირის წინ გამართულ ამბავზე, რომელიც ფაქტიურად მიზეზი გახდა ამ არეული სიტუაციისათვის.
სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის დარღვევა ელენეს სრულიად არ სურდა. ის იყო, პირი გააღო, რომ ლაპარაკი სხვა რამეზე გადაეტანა, ან ცდილიყო მაინც, რომ მისმა ტელეფონმა წკრიალი ატეხა.
-ფუჰ! – შეხტა მაიკო მოულოდნელობისაგან და ინტერესით დახედა მობილურს, რომელიც ელენემ ჟაკეტის ჯიბიდან ამოაძვრინა.
-მარიკაა. – თქვა გოგონამ და მოიღუშა. ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ის, რომ სურდა მარიკას გასრესა, დაჭყლეტა, და ადგილზე მიკვლა. მაიკოს გადახედა და ტელეფონი სპიკერზე დააყენა.
-აბა გისმენ. – თქვა მან ხმამაღლა.
-ელენე, კარგად ხარ? – გაისმა ტელეფონში მარიკას შეწუხებული ხმა და ელენემ წარბები ასწია გაოცებისაგან. რატომღაც ელოდა იმას, რომ მარიკა თავის მიღწევებზე დაიწყებდა ყოყლოჩინობას. – გოგო, გულიკომ მომიყვა, რაც მოხდა. მაგ ლოდმა მართლა უხეშად მოგკიდა ხელი? შუა დერეფანში უყვიროდაო, მითხრეს…
ელენეს სხეული გაუცივდა და თვალები მაგრად დახუჭა.
-ესე იგი დაგვინახეს. – ამოილუღლუღა მან.
-დაგინახეს, აბა რა იქნებოდა! – ხმას აუწია მარიკამ. – სადღაც კუთხისაკენ იდგნენო, რა ეგონა მაგ ლოდს, რომ კაციშვილი ვერ დაინახავდა? ჰა? რა გითხრა?
-რა უნდა ეთქვა. – მიახალა ელენემ. – საზიზღარი ჭორიკანა მიწოდა და მითხრა, რომ მე წამოვაყრანტალე ეს ამბავი. მერე კი ახსნაც არ მაცადა, არ დამენახოო, და გააბოტა. – ელენემ მაიკოს გადახედა, რომელიც მოღუშული, დაჟინებით ჩაშტერებოდა ტელეფონს. – მარიკა, შენს მაგივრად მე დამაბრალეს, გესმის? რას ფიქრობდი, ყველას რომ ეუბნებოდი? კარგი, ჯანდაბას, ბაბლუანის სოციალურ ყოფაზე არ ფიქრობდი, არც მის სიამაყეზე, მაგრამ ხომ გაგაფრთხილე, არაფერი თქვა, თორემ ცოცხლად გამატყავებს მეთქი? ახლა გატყავებასთან ერთად მომხარშავს კიდეც!
-არ მითხრა, რომ არ იმსახურებდა ამას. – მარიკას ხმა დაბალი, გაღიზიანებით აღსავსე გაუხდა. – მე ვუთხარი ყველას და ძალიან ვწუხვარ, რომ შენ ასე მოგექცა, მაგრამ აღიარე, შენც ხომ გიხარია, რომ ახლა ამ მდგომარეობაშია, იმის გამო, რომ შენ ასე მოგექცა?
ელენემ ტუჩები მოიკვნიტა, მაიკოს გადახედა, რომელიც უდიდესი ცნობისმოყვარეობით, წარბშეკრული მიშტერებოდა. იგი თვალებით შეეკითხა და ელენემ ინანა, რომ ტელეფონი სპიკერზე დააყენა.
-არ მიხარია. – ძლივს ამოღერღა ბოლოს. – ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქვეყნოდ გამოფინე ადამიანის თექვსმეტი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც არც კი ახსოვს და მე ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენე. დიდი მადლობა.
-ელენე… – გაისმა ტელეფონიდან, მაგრამ გოგონას ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ სურდა. სასწრაფოდ გათიშა კავშირი და მობილური მის უკან, საწოლზე გადააგდო.
არც ერთს ხმა არ გაუღია, მაგრამ ელენე გრძნობდა ოთახში ჩამოწოლილ დაძაბულობას.
-არ მეტყვი რა მოხდა? შენსა და რეეს შორის? – ხმადაბლა ჰკითხა მაიკომ. – ამჯერად კი არა… ადრეც იყო რამე, არა?
-ჰო. იყო. – ელენემ იცოდა, რომ ამას ვეღარ უარყოფდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ აღიარებისათვის მზად იყო. – არაფერია. რაც იყო, იყო, და ჩაიარა. მარიკას არ ჰქონდა უფლება…
-მესმის, ისე, რატომ მოიქცა ასე. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მაიკომ და ელენემ გაკვირვებით გადახედა. – ვიცი, რომ რეე ძალიან ცივი და პირდაპირია. სულაც არ იქნება მისთვის ძნელი, რომ სხვა ადამიანს გული ატკინოს, უბრალოდ… – მან მხრები აიჩეჩა. – არ აინტერესებს. ამიტომაც ალბათ მარიკა ფიქრობდა, რომ სათანადოდ იქცეოდა, სამაგიეროს მიზღვა რომ სურდა. არ ვამართლებ, მაგრამ… მესმის, თუ რატომ გააკეთა ეს.
-ვიცი. მეც ვხვდები. – ელენემ თავი გადააქნია, თვალები ფანჯარაში გამოჩენილ ღრუბლიან ცაზე გაუშტერდა. – ჩემი მეგობარია, მესმის, თუ რა ხდება მის თავში. ეგონა, რომ სწორად იქცეოდა, მისთვის ეს გზა უკეთესი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა და ცოტათი მწყინს, რომ ასე ვსაყვედურობ. ალბათ ვერც ხვდება, თუ რა დააშავა, მის თვალში ეს ხომ დანაშაული არ იყო.
-არა უშავს, ყველაფერი მოგვარდება. – დაარწმუნა მაიკომ. – თუ არ გინდა, რომ რეეს დაველაპარაკო, ძალიანაც კარგი, არაფერსაც არ ვეტყვი. ახლა ისედაც შეიძლება მომისროლოს ოთახიდან, თუ ეს ამბავი ვუხსენე. – მან მხარზე მოუთათუნა ელენეს ხელი. – გულს ასე ნუ გაიტეხ, ცოტა დრო ჩაივლის და დაწყნარდება.
-კარგი მაშინ. – უპასუხა ელენემ. ცოტათი დამშვიდდა, უკეთესად გრძნობდა თავს. მაიკომ კიდევ ერთხელ მოხვია მხრებზე ხელები და გოგონაც საპასუხოდ მიეხუტა, უხაროდა, რომ ეს ახლადგაჩენილი მეგობარი ასე უდგა მხარში.
მაიკო ცოტა ხანში გავიდა, ელენემ კი ჟაკეტი გაიძრო, ფეხსაცმელები იატაკზე მოისროლა და საბანში გაეხვია.
მხოლოდ და მხოლოდ დასვენება უნდოდა ახლა.
-*-*-*-*-
იმის თქმა, რომ დემეტრე გაბრაზებული იყო, სიტუაციას არასათანადოდ წარმოაჩენდა. ო არა, დემეტრე ცოფებს ყრიდა, მაშინაც კი, როცა ანერვიულებულმა თოთხმეტ წუთში დაფარა სახლამდე მისასვლელი ნახევარსაათიანი გზა. მაშინვე თავის ოთახში ავარდა, ისე, რომ არ მისალმებია, არც კი გაუხედავს სასტუმრო ოთახში მოკალათებული დისკენ, რომელიც გაკვირვებული, წარბებაწეული უყურებდა. კარი მოიჯახუნა და ლოგინზე დაენარცხა.
ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა ოდესმე გადახდომოდა თავს. იოლად არ ბრაზდებოდა, ყველაფერს ცივი თვალით საზღვრავდა და ამიტომ საკმაოდ დიდი კალიბერის გამაღიზიანებელი ამბავი უნდა გადახდომოდა თავს, რომ ასე მოქცეულიყო.
მთელი სკოლის დასაცინი გახდა. მის ზურგს უკან იცინოდნენ, ფხუკუნებდნენ, ანდა ღიად ხარხარებდნენ. ყველგან, ყველას „კაპიტანი პამპერსი“ ეკერა პირზე.
დემეტრე ცდილობდა, რომ არანაირი ყურადღება არ მიექცია ამ ყველაფრისათვის. იცოდა, რომ თუ შეეტყობოდა გაღიზიანება, სხვებს მეტი არც არაფერი უნდოდათ. დაცინვა უფრო ინტენსიური გახდებოდა.
მაგრამ დღის ბოლოს ვეღარ მოითმინა, როცა ამ ყველაფრის მიზეზი დაინახა დერეფანში. ზედგინიძე ადგილს მიყინული იდგა, გზააბნეული ქათმისტვინა იდიოტივით, და რაღაცას დაჟინებით ჩაშტერებოდა. მის დანახვაზე სისხლმა აასხა თავში. დარწმუნებული იყო, რომ დედამისმა უხსენა ამ იდიოტს ეს ამბავი საუბარში, და რასაკვირველია, ზედგინიძეს მთელი სკოლისათვის უნდა გაემხილა. ცდილობდა, რომ თავი ხელში აეყვანა იმ განუზომელი კონტროლით, რომელიც დასჭირდა ზედგინიძის წინ თავის შეკავებას.
„სამაგიეროს მიხდის, იმის გამო, რომ ჩემი შეყვარებული ვერ გახდა.“ გაიფიქრა მან და ტუჩი აიბზუა. „სასოწარკვეთილი ჭორიკანაა, მეტი არაფერი.“
ისიც საკმარისი იყო, რომ ორი ზედგინიძე სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა მის ცხოვრებასა და სახლში, რომ მათთვის უხდებოდა თავისი საჭმლისა და სახლის გაყოფა. ისიც საკმარისი იყო, რომ ელენე ზედგინიძე ასე აწუხებდა თავისი აქ ცხოვრებით.
მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო. ზედგინიძეს რამენაირად ხომ უნდა დაეგვირგვინებინა მისი აქ ყოფნა.
კარგა ხანი იწვა, სანამ მთლიანად არ დამშვიდდა, მერე კი ცოტა ხნით ფანჯარაში გადაყუდებული გაჰყურებდა გარემოს. ცოტა ხნით კომპიუტერს მიუჯდა, მერე კი, სადილის მოლოდინში ქვემოთ ჩაირბინა.
ესეც ჩაივლიდა. მთავარი ის იყო, რომ ასეთი სისულელისათვის არ მიექცია ყურადღება და მოთმინებით დალოდებოდა ყველაფრის ჩავლას. ბოლოს და ბოლოს, გადაავიწყდებოდათ ეს ამბავი.
სიჩუმეში ისადილეს, ზედგინიძე მაგიდასთან არ იჯდა. რაღაც სასწაულით, დედამისმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ის და მაიკო ჩვეულებრივზე უფრო ცუდ ხასიათზე ბრძანდებოდნენ. მაიკო ხშირად გამოხედავდა და წარბშეკრული აათვალიერებდა. „ამათ რაღა დაემართათ,“ გულგრილად გაიფიქრა მან, წვენი მოსვა, მერე კი თეფშში ჩადო თავისი ჩანგალი და ფეხზე წამოდგა.
-რეე, ელენეს საჭმელი აუტანე. – უთხრა ტასომ, და საჭმლით სავსე თეფში გამოუწოდა. – არ ჩამოსულა, მაგ ბავშვს ახლა ენერგია სჭირდება.
-არა. – მოუჭრა დემეტრემ და ნელი ნაბიჯით გაემართა კიბეებისაკენ. – მაიკომ აუტანოს, მე არ მცალია.
-რეე! რეე, ახლავე გაჩერდი! – დაუყვირა დედამ და დემეტრე შედგა, თვალები გადაატრიალა და მკლავებგადაჯვარედინებული შემობრუნდა.
-ჩემი ბრალი არაა, რომ არ იკადრა სადილზე ჩამოსვლა. – ცივად თქვა მან.
-ცუდად გრძნობდა თავს და ალბათ მაგიტომ არ ჩამოვიდა. – მაიკომ თავისი ჩანგალიც თეფშში ჩადო და ფეხზე წამოდგა, ძმისკენ მიტრიალდა. – მე დედას დავეხმარები, შენ კი აუტანე, არ მოკვდები.
-რეე, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ჯერ ელენე მხვდება გაფითრებული და რაღაცაზე აშკარად ნაწყენი, თან არაფერს მეუბნება, ახლა კიდევ შენ მიშლი ნერვებს. როდის აქეთ იქცევი ასე? – თითი ბრაზით მოუშვირა ტასომ. – ძალიან ცუდად ხარ მის წინააღმდეგ განწყობილი, მე კი ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ! მაგ გოგოს შენთვის არაფერი დაუშავებია, შენ კი ასე იქცევი. ახლა კი აქ მოდი, მოკიდე ხელი ამ თეფშს და აუტანე, გასაგებია? – დედამ საჭმელზე მიუთითა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავარდა სამზარეულოში. მაიკომ სარკასტულად გაუღიმა, დაეჭყანა და ტასოს უკან მიჰყვა.
დემეტრემ ცივად გააყოლა თვალი. კისერში კუნთი აუთამაშდა, მაგრამ მაინც წაიწია წინ და მაგიდიდან თეფში აიტაცა, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ზედგინიძის ოთახისაკენ. უნდოდა შეეგლიჯა კარი, და თეფში იატაკზე მოესროლა.
დაკაკუნება არ დასჭირვებია, კარი ხმამაღალი ჯახუნით შეაღო და თამამად შეაბიჯა.
-დედაჩემმა… – დაიწყო მან, მაგრამ შედგა, როცა ლოგინზე, საბანში გამოხვეული გოგო დაინახა, რომელსაც აშკარად ეძინა. დემეტრემ წარბები შეკრა, უკმაყოფილოდ მოათვალიერა ოთახი, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა ლოგინისპირა ტუმბოსაკენ, რომ ზედ დაედო თეფში და აქაურობას მოშორებოდა.
როცა ტუმბოსაკენ დაიხარა, მაშინ შეამჩნია. საწოლის ბოლოსთან ჟაკეტი გადმოეკიდებინათ, რომლის ჯიბიდან გამოჩრილიყო რაღაცის მოყვითალო კუთხე.
მოყვითალო კუთხე, რომელიც ძალიან წააგავდა იმ წერილის კუთხეს, რომელიც გოგომ ორიოდე კვირის წინ კანკალითა და არეული სიტყვებით გამოუწოდა.
დემეტრემ თეფში დადო, და სწრაფად გადახედა ზედგინიძის სახეს. როცა დარწმუნდა, რომ გოგოს მართლა ეძინა, წინ წაიწია და წერილი ჯიბიდან ამოაძრო.
სწრაფად ააძრო დაკრული თავი და შიგნიდან ორად გადაკეცილი თეთრი ფურცელი ამოაძრო.
„დემეტრე,
თუ ეს წერილი მოგეცი, ესე იგი ვერ შევძელი შენთვის ნორმალურად მეთქვა ის, რისი თქმაც მინდოდა. მე ელენე ზედგინიძე ვარ, შენი პარალელკლასიდან, და არ ვიცი, გახსოვარ თუ არა. ალბათ არ გახსოვარ, მაგრამ ჩვენ ადრეც შევხვედრივართ, წელიწადნახევრის წინ, მეათე კლასების საერთო ექსკურსიაზე. არ ვიცი, რის გამო გააკეთე ეს, მაგრამ ჩემს მიმართ სიკეთე გამოიჩინე და დამეხმარე, როცა ცუდად ვიყავი და დახმარება მჭირდებოდა.
იმ დღიდან გიყურებ. ალბათ გიკვირს, ამ ყველაფერს რატომ ვაკეთებ, როცა საერთოდ არ გიცნობ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ცივი ექსტერიორის იქით გავიხედე წელიწადნახევრის წინ, და დარწმუნებული ვარ, რომ იმ მხარეს ბევრი სიკარგეა, რისი ნახვითაც ძალიან მოხარული ვიქნები.
დემეტრე, ალბათ უცნაურია, ამას რომ გეუბნები, მაგრამ… მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ და იმედი მაქვს, რომ უკეთ გაგიცნობ.
ელენე.“
დემეტრემ წერილი დაკეცა. უნდოდა ხელში მოეჭმუჭნა, მაგრამ კონვერტში ჩადო და თავი გაუსწორა, მერე კი ისევ ჟაკეტის ჯიბეში დააბრუნა. უსიტყვოდ გადახედა მძინარე ზედგინიძის სახეს. გოგოს წარბები შეეკრა, თმა ისევ ჩიტის ბუდეს დამგვანებოდა. დემეტრე შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
„პათეტიკური.“ გაუელვა თავში, როცა კარი ზურგს უკან მიხურა.
-*-*-*-*-
ელენეს რომ გაეღვიძა, მზე უკვე ჩადიოდა. მთქნარებით წამოდგა და ლოგინზე წამოჯდა, თვალები მოისრისა და აბურძგნულ თმაზე ხელი გადაისვა. თვალი მალევე ჰკიდა ლოგინისპირა ტუმბოზე დადებულ თეფშს და გაიღიმა, მაშინვე დაიწყო ჭამა. დამშეული იყო, სადილზე ქვემოთ არ ჩასულა. „მადლობა, ტასო… ან მადლობა, მაიკო…“ გაიფიქრა მან და ოთახიდან გავიდა, რომ თეფში ქვემოთ ჩაეტანა.
სასტუმრო ოთახში ისხდნენ მამამისი, ტასო, მაიკო და დემეტრე, ნიკა ბიძია არსად ჩანდა. ელენე ყველას მიესალმა და მამას მიუჯდა გვერდით.
 დემეტრე გულგრილად მიშტერებოდა ტელევიზორს, სახე ოდნავადაც კი არ შეტოკებია ელენეს დანახვაზე. ახლა აშკარად აიგნორებდა და ცივად დაშტერებოდა ეკრანს. ის გადარეული მხარე, რომელიც მან სკოლაში წარმოაჩინა, არსად ჩანდა.
კარზე ზარი დარეკეს, და ტასო წამსვე ფეხზე წამოვარდა.
-ნიკა იქნება, ალბათ გასაღები დაავიწყდა ისევ. – განაცხადა მან და შემოსასვლელში გავარდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მისი გაოცებით აღსავსე ხმა მოისმა.
-დათო, მარიკა, რა მოულოდნელად გვესტუმრეთ… შემოდით, შემოდით… ელენე! შენი მეგობრები მოვიდნენ! – გამოსძახა ტასომ, მაგრამ ელენე უკვე ფეხზე იდგა და შემოსასვლელისაკენ გარბოდა. ქალის გვერდით შედგა და წარბშეკრული დააშტერდა მეგობრებს.
-გინდოდათ რამე? – იკითხა მან. დათო უსიტყვოდ მოსჩერებოდა, მარიკა უხერხულად შეიშმუშნა.
ბოლოს ამოიხვნეშა და ტუჩები მოილოკა.
-სალაპარაკოდ მოვედით. – მან ელენეს გადმოხედა, მერე კი მის მხარს იქით გაუშტერა თვალი რაღაცას. – შენთან და ბაბლუანთან.
-უი… რამე ხდება სკოლაში და მე არ ვიცი? საკლასშორისო რამე? – წარბები ასწია ტასომ.
-არა… ნუ, რაღაც მასეთი. – უპასუხა მარიკამ და სახლში შემოაბიჯა, ელენეს გასცდა და ტასოს უკან მიჰყვა. გოგონამ ტუჩები მოიკვნიტა და კარი მიხურა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა მათ უკან.
-რეე, მოდი, ესენი ელენეს მეგობრები არიან და სალაპარაკო აქვთ შენთან. – ტასომ დათოსა და მარიკას ტახტისაკენ მიუთითა. – დასხედით, გენაცვალე!
-არა, სულ ხუთი წუთით მოვედით. – თავი გააქნია დათომ. – მარიკა მალე სახლში უნდა იყოს.
-ვაი, რა ცუდია… – შეწუხებული სახე მიიღო ტასომ. ელენემ გამშრალი ტუჩები მოილოკა, ეს ამბავი არ მოსწონდა. მაიკო წარბებშეკრული ათვალიერებდა სიტუაციას, გიორგიც მთელი ინტერესით მათკენ იყო მომართული. ერთადერთი, ბაბლუანს არ ეტყობოდა არანაირი ცნობისმოყვარეობა. – რეე, გამოდი მაშინ და დაელაპარაკე ბავშვებს. ისე, წვენი, რამე…
-არა, ნუ შეწუხდებით. – ისევ იუარა დათომ.
-ბაბლუანი, წუთი წუთით გამოდი, ტელევიზორი არსად გაგექცევა. – უთხრა უცებ მარიკამ და ელენეს უნდოდა, რომ მისთვის პირზე საწებავი ლენტი აეკრა. ტუჩები კინაღამ დაიკვნიტა, როცა ბაბლუანმა ტუჩი აიბზუა, მობეზრებული გამომეტყველებით ამოიხვნეშა და ნელა წამოდგა ფეხზე.
ოთხივენი შესასვლელში გავიდნენ, მაგრამ ელენემ კარგად იცოდა, რომ მინიმუმ ტასო და მაქსიმუმ, მამამისი მაინც ეფარებოდა კუთხეს მოსასმენად.
-როგორც გავიგე… – ხმადაბლა დაიწყო მარიკამ. – შენ ელენეს ხელი ცუდად მოჰკიდე და შუა დერეფანში უყვირე, არა? – ელენეს ყველაფერი დაეჭიმა, გაშტერებული მისჩერებოდა მარიკას და ბაბლუანისაკენ ვერ გაებედა გახედვა.
-სწორად გაგიგია. – უპასუხა ბაბლუანმა, ხმა ისეთივე უემოციო ჰქონდა, როგორც ყოველთვის.
-ჰოდა მინდა გითხრა, რომ შეცდომა დაუშვი. – ცხვირი ზემოთ ასწია მარიკამ. – ამან კი არა, მე ვუთხარი ყველას შენი ამბავი. გუშინ სტუმრად ვიყავი და კაპიტან პამპერსზე გავიგე. – ელენემ სწრაფად გადახედა ბაბლუანს და სახე საცოდავად მოეჭმუხნა, როცა დაინახა, თუ როგორ აუთამაშდა დემეტრეს ძარღვი შუბლზე და როგორ დაეჭიმა ყბა „კაპიტანი პამპერსის“ ხსენებისას.
მარიკამ ხმამაღლა ამოისუნთქა.
-ამიტომ ამას ცილს ნუ სწამებ, გასაგებია? – თითი მოუშვირა მან. – მე გავავრცელე კაპიტანი პამპერსის ამბავი და გეფიცები, ამას არ ვნანობ. არ გაწყენს, რომ ცოტა ხნით იგრძნო ის დამცირება, რომელსაც სხვებს აგრძნობინებ, ისე, რომ საერთოდ არ გაინტერესებს. – გოგონამ ტუჩი აიბზუა და დათოს სახელოში ხელი მოჰკიდა. -წავიდეთ.
ელენემ ძლივს ამოისუნთქა, მაგრამ შეკრთა, როცა დაინახა, თუ როგორ წაიწია წინ დათომ და როგორ დაუდგა წინ ბაბლუანს, რომელიც გულგრილად მიშტერებოდა.
-იცოდე, თუ გავიგე, რომ ელენეს ხელი კიდევ ერთხელ მოჰკიდე ცუდად, აღარ შევყოყმანდები, გესმის? – თქვა მან, და ელენეს სუნთქვა შეეკრა. იცოდა, რომ დათო თავის მუქარას სიამოვნებით შეასრულებდა.
-ამ ჯერზე შეყოყმანდი? – ბაბლუანმა ტუჩის კუთხე აზიდა და უფრო გასწორდა, ზემოდან დახედა დათოს. – რაო, შეგეშინდა?
ელენეს მეგობარს ისეთი სახე ჰქონდა, რომ ეტყობოდა, ცოტაც და დემეტრეზე გაიწევდა, ამიტომ გოგონამ სასწრაფოდ სტაცა ხელი მკლავში და უკან მოქაჩა.
-დათო, წადით ახლა, ზედმეტი პრობლემები არ მინდა, გესმის? – დაუჩურჩულა მან და კარისაკენ მიუთითა. მარიკამ ბაბლუანს კიდევ ერთი მოღუშული მზერა სტყორცნა და კარში გავიდა, უკან დათო მიჰყვა.
ელენემ კარი მიხურა და გადაკეტა, მერე კი ღრმად ამოიხვნეშა. ბაბლუანს გადმოხედა, რომელიც ისევ იქ იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა. გოგონა უხერხულად შეიშმუშნა. უნდოდა, რომ მისთვის ბოდიში მოეხადა მისი მეგობრების საქციელის გამო, მაგრამ სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. სანამ რამის თქმას მოახერხებდა, თვალი მოჰკრა, თუ როგორ გამოიჭყიტა კუთხის იქიდან ტასომ.
-საინტერესო საქმეზე იყვნენ მოსულები. – ნელა თქვა მან. – ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ.
-ყურს გვიგდებდი, ხომ? – მიუბრუნდა ბაბლუანი.
-როგორ გეკადრება, რეე. – გულზე ხელი მიიდო ტასომ. – ტელევიზორს ჩავუწიე, ამიტომ ყველაფერი კარგად ისმოდა. ბავშვებმა საერთოდ არ იცით ჩუმად ლაპარაკი.
დემეტრემ თვალები გადაატრიალა და კიბისაკენ შებრუნდა.
-დასაძინებლად მივდივარ. – განაცხადა მან და კიბეებს აუყვა. ტასომ თავი გააქნია, უკმაყოფილოდ მისჩერებოდა მის ზურგს.
-გადამრევს ეს ბიჭი. – მერე კი ელენეს მოუბრუნდა. – ხომ არ გატკინა, გენაცვალე? – ჰკითხა შეწუხებულმა. – ძალიან მაგრად მოგკიდა ხელი, ხომ? აბა მაჩვენე…
-არა, ტასო დეიდა, საერთოდ არ მტკივა. – დარწმუნებით მიუგო ელენემ. – მასე მაგრადაც არ მოუკიდია ხელი. – დაუძლეველმა სურვილმა მოიცვა, რომ ახლავე გაქცეულიყო და დემეტრეს დასწეოდა.
-მე მაგას ვასწავლი, როგორ უნდა შენი უხეშად მოპყრობა. – ჩაიდუდღუნა ქალმა.
-კარგით. უკაცრავად, უნდა წავიდე… – თქვა გოგონამ და კიბეებისაკენ გაექანა, სწრაფად აირბინა საფეხურებზე და დერეფანში გავარდა.
-დემეტრე! – დაიძახა მან, როცა თავის ოთახთან მისული ბაბლუანი დაინახა. იგი შედგა, და წარბშეკრულმა გამოხედა.
-რაშია საქმე? – ჰკითხა მან. – შენი მეგობრები მობრუნდნენ თუ რა ხდება?
-მინდოდა… მინდოდა ბოდიში მომეხადა. – ელენემ მუშტები შეკრა, ხელები უთრთოდა და საკუთარ სწრაფ გულისცემას გრძნობდა მკერდში.
-აბა არაფერი უთქვამსო? – ცივად მოუჭრა ბაბლუანმა. – თუ მომატყუეს?
-არა, არა, მე არაფერი მითქვამს, მაგრამ… აქ რომ არ მომეყვანა, არაფერი მოხდებოდა. – გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა. – მე მასეთ რაღაცას არ ვიტყოდი. სულელური ქცევა იყო მათი მხრიდან ამ ამბავის გავრცელება.
-ესე იგი არ იტყოდი. – ბაბლუანმა წარბი ასწია, მკლავები გადააჯვარედინა. – რა თქმა უნდა, შენ ხომ გიყვარვარ.
ელენე ერთიანად დაიძაბა, იგრძნო, თუ როგორ გაუშრა პირი და როგორ გაუწითლდა სახე.
-ეგ… ეგ რა შუაშია? – ძლივს ამოილუღლუღა მან. გრძნობდა, თუ როგორ სცემდა პულსი თითებში და გულისცემა ყურებში უბრაგუნებდა. – ეგ რანაირადაა დაკავშირებული…
-არც კი უარყოფ. – ტუჩის კუთხე აზიდა ბაბლუანმა, თავი გვერდზე გადააგდო და ახედ-დახედა. ელენე გაშტერებული უყურებდა.
მერე კი დემეტრემ თავი გადააქნია და ოთახში შეაბიჯა.
კარი მის ზურგს უკან დაიკეტა, დერეფანში კი ერთიანად გაწითლებული, ანერვიულებული და ხელებათრთოლებული ელენე დარჩა.
5-*-*-*-*-*-
ელენე ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ვერასოდეს იტყოდა, პოპულარული ვარო. ყველგან ყოველთვის საკუთარ თავს ეყრდნობოდა, არც ბევრი მეგობარი ჰყოლია. მარიკა და დათო სულ რაღაც ერთი წლის წინ დაუმეგობრდნენ, და ვერ დაიკვეხნიდა, რომ ბევრ ადამიანს იცნობდა ოჯახისა და ორი მეგობრის ვიწრო წრის გარეთ. არ უფიქრია დიდად ამაზე და არც გასჩენია იმისი სურვილი, რომ ყველას მისი სახელი სცოდნოდა.
მაგრამ ახლა შეეძლო თამამად ეთქვა, რომ პოპულარული იყო. მაგრამ რასაკვირველია, მის ცხოვრებას თუ გაითვალისწინებდა ადამიანი, ეს ისეთი პოპულარულობა არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ესურვა.
იმის ამბავი, რომ შეუვალი, გულცივი და აუღელვებელი ბაბლუანი მას შუა დერეფანში გააფთრებული მივარდა და ყვირილი დაუწყო, სკოლაში რასაკვირველია, ელვის სისწრაფით გავრცელდა. ამჯერად გავრცელების მიზეზი მარიკას ნაცნობი გულიკო გახლდათ, რომელიც ამ ამბის თვითმხილველი იყო და თავისებურად შელამაზებულ ვერსიას უყვებოდა ყველაფერზე ყურებდაცქვეტილ, ახალ ჭორს მოწყურებულ ანდა უბრალოდ ცნობისმოყვარე თანასკოლელებს. ამ ამბავს ის უძღოდა წინ, რომ „კაპიტან პამპერსზე“ გავრცელდა ინფორმაცია, ამიტომ არავის არ გასჭირვებია ამ ორი შემთხვევის ერთმანეთთან დაკავშირება.
ელენე მოიღუშა და მხარზე მოგდებული ჩანთა უფრო შეისწორა, როცა მისკენ მომართული წარბშეკრული სახეები დაინახა, და გამვლელების ჩურჩული გაიგონა. ბევრი, იმის მიუხედავად, რომ ერთი კვირის წინ ბაბლუანს დასცინოდა, ახლა მის დასაცავად იდგა. ელენეს ჭორიკანას ეძახდნენ და სიმართლე რომ ეთქვა, ამ ამბავს ვერ იტანდა. ახლაღა ხვდებოდა, თუ რას გრძნობდა ბაბლუანი, როცა მარიკამ მისი „კაპიტანი პამპერსის“ ამბავი ყველას მოუთხრო, და ხვდებოდა კიდეც, თუ რატომ იყო ის ასეთი განრისხებული.
ვერ იტანდა იმას, რომ უმიზეზოდ კიცხავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, უნდობლად უყურებდნენ და ათას სისულელეს თხზავდნენ მასზე. რას არ მისცემდა, რომ მისი ცხოვრება ისევ ჩვეულებრივ, მდორე რიტმს დაბრუნებოდა.
მაგრამ როგორც ჩანდა, ჯერ არ ეღირსებოდა ეს.
მარიკაზე ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო, იმის მიუხედავად, რომ მისმა მეგობარმა ყველაფერი აუხსნა ბაბლუანს ერთი კვირის წინ. ეს საკმარისი არ იყო, როგორც ჩანდა. ბაბლუანმა იცოდა სიმართლე, მაგრამ ეს არანაირად არ ამსუბუქებდა იმ ტვირთს, რომელიც ელენეს ყოველი მისი თანასკოლელის ბინძური გამოხედვისას აწვებოდა მხრებზე.
დათოზეც ბრაზობდა, სიმართლე რომ ეთქვა. დათო ჩვეულებრივ მშვიდი იყო, ხანდახან ფიცხიც, მაგრამ ყოველთვის წყნარ და ლოგიკურ მხარეს ინარჩუნებდა. ის იყო, ვინც დროზე აჩერებდა მარიკას სულელურ სიტყვებსა თუ საქმეებს. მაგრამ ამჯერად მას, როგორც ელენე ხვდებოდა, არაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ ამ მომავალი ფიასკოს დროზე შეჩერება ეცადა.
ელენემ ამოიხვნეშა და ნიკაპი უფრო კომფორტულად ჩამოდო სკამის ზურგზე გადადებულ მკლავებზე.
-რა გიყო, ელენე? – ჰკითხა შეწუხებულმა მარიკამ. – ამბავი ჩემიდან მოვიდა, მაგრამ კაციშვილი არ იჯერებს, რომ შენ არ გაგივრცელებია…
-რა დავაშავე, ვერ ვხვდები. – თავი გააქნია გოგონამ. – რაღაც აშკარად დავაშავე, სადღაც შევცდი, მაგრამ ვერ გავიგე, სად.
-ოოო… ნუ დაიწყებ ახლა მასე ლაპარაკს. – ხელი წაჰკრა მარიკამ, მერე კი მოღუშულმა გადახედა დათოს. – ე ბიჭო, უთხარი რამე, რა იქნება…
-ილაპარაკებენ და მობეზრდებათ. – მშრალად უპასუხა დათომ. – მაგენი ენებს იფხანენ მხოლოდ. ჩაივლის ესეც.
-ვიცი, მაგრამ… – ელენე უხერხულად შეიშმუშნა. – ძალიან არ მსიამოვნებს. კარგი იყო, როცა თქვენს გარდა არავინ მაქცევდა სკოლაში ყურადღებას. უყურადღებობიდან წამსვე ლანძღვაზე გადავიდნენ. და არ მომწონს, რომ ჭორიკნობას მწამებენ.
-მაგათ ადგილზე რომ ვიყო, ალბათ მეც იგივეს ვიფიქრებდი. – თქვა დათომ. – ბოლოს და ბოლოს, მოთმინებიდან შენ გამოიყვანე ბაბლუანი.
-მე კი არა, იმ ამბავმა გამოიყვანა. – ელენემ მარიკას სტყორცნა მზერა და მეგობარმა ფრუტუნით გაატრიალა თავი.
-ჰო, მაგრამ აშკარაა, რომ ბაბლუანი შენ გთვლიდა მიზეზად და ამიტომ შენ მოგვარდა ასეთი გახელებული. – მხრები აიჩეჩა დათომ. – ვყოფილიყავი მანდ, ხელებს მივამტვრევდი.
-კარგი ახლა რა. – თქვა ელენემ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, მერე კი შემობრუნდა, მათთან საუბარი აღარ სურდა.
ეს ყველაფერი აწუხებდა, თან ძალიან. ეს ყველაფერი ბაბლუანის სულელური ქცევით დაიწყო, როცა მან იმის კი არ იკადრა, რომ მისთვის ნორმალურად მოესმინა. ელენემ მაგრად მომუშტა ხელები. რა იქნებოდა, რომ ბაბლუანს ეთქვა ვინმესთვის სკოლაში, რომ ეს ყველაფერი ელენეს ბრალი არ იყო და ყველაფერი გათავდებოდა…
გოგონას გონება გაუნათდა.
თუ დემეტრეს დაარწმუნებდა, რომ მას აეხსნა სიტუაცია და რაც მოხდა სინამდვილეში, იქნებ შეეწყვიტა ამ ხალხს ბოლოს და ბოლოს ასეთი უაზრო ქცევა.
ელენემ დარწმუნებით დააქნია თავი. გაკვეთილის ბოლომდე მოთმინებით იცდიდა, მერე კი, როგორც ზარი დაირეკა, წამსვე გავარდა ბაბლუანის საკლასო ოთახისაკენ. ცდილობდა ხალხს მოფარებოდა და ფრთხილად ეარა, არ სურდა არასასურველი ყურადღება მიექცია. ბაბლუანის საკლასო ოთახს მიადგა და შიგნით ფრთხილად შეიჭყიტა.
ბაბლუანი წამსვე შეამჩნია. იგი ფანჯარასთან იდგა და იმ ორ ბიჭს ელაპარაკებოდა, რომელთაც ელენე მათი შეხვედრის დროს, სამი კვირის წინ დერეფანში შეხვდა. კლასში ბევრი სხვა არავინ იყო, რამდენიმე გოგონა და ბიჭი მისხდომოდნენ მერხებს ანდა ფანჯარაში გადაყუდებულიყვნენ. ელენემ დრო იხელთა და სწრაფად შეაბიჯა საკლასო ოთახში.
დემეტრე თავის მეგობარს უსმენდა მისი ჩვეული ცივი სახით, მაგრამ გამომეტყველება გაკვირვებით შეეცვალა, როცა ელენეს ჰკიდა თვალი. გოგონამ უხერხულად ასწია ხელი, როცა ბაბლუანის ორივე მეგობარი მისკენ მობრუნდა.
-დემეტრე… შეიძლება ცოტა ხნით დავილაპარაკოთ? – ჰკითხა მან, თან უნდოდა მობუზულიყო, როცა დემეტრეს მეგობრები უსიამოვნოდ მოიღუშნენ, მაგრამ წელში გასწორდა. არ აპირებდა ამათთვის ეგრძნობინებინა ნერვიულობა, რომელიც ახლა მასში ტრიალებდა.
-სახლიდან დარეკეს? – ჰკითხა ბაბლუანმა მშრალად. ელენემ წარბები ასწია და თვალები გაკვირვებით დაახამხამა.
-არა, არ დაურეკავთ… – ფრთხილად უპასუხა მან.
-მაიკოა ცუდად? – ჩაეკითხა ბაბლუანი და გოგონამ წარბები შეკრა.
-არა, მაიკო კარგადაა… – დაიწყო მან, მაგრამ ბაბლუნმა სიტყვის დამთავრება არ აცადა.
-კვდები? – შეაწყვეტინა მან და ელენემ თვალები დააჭყიტა.
-არა, საიდან მოიტანე, რანაირი კითხვებია… – წარბები შეკრა მან.
-მაშინ ჩვენ არაფერზე არ გვაქვს სალაპარაკო. – უპასუხა ბაბლუანმა და მზერა ისევ თავისი მეგობრებისაკენ მიატრიალა და თავი აუქნია, საუბრის გაგრძელებას ანიშნებდა.
ელენეს მთელი სხეული დაეჭიმა, წყენისა და გაღიზიანებისაგან ერთიანად გაიბერა. რა იქნებოდა, რომ დემეტრეს ორი წუთი დაეთმო მისთვის…
-რა იქნება, რომ ცოტა ხნით დამელაპარაკო? – კიდევ ერთხელ სცადა მან. – დიდხანს არ მოგაცდენ, რაღაცას გთხოვ და წავალ.
-რაღაცას მთხოვ? – წარბი ასწია ბაბლუანმა. – ჩემი პასუხი აქედანვე არაა.
-რაო? – პირი დააღო გოგონამ. – ჯერ არცკი მოგისმენია ჩემთვის… – ნესტოები დაებერა, როცა ბაბლუანი, ვითომ აქაც არაფერიაო, ისევ თავის მეგობრებს მიუბრუნდა, რომლებიც აშკარად გამოხატული თვითკმაყოფილი ნიშნისმოგებით მიშტერებოდნენ.
რაღაც უნდა მოეხერხებინა, დემეტრესთან ლაპარაკის გარეშე აქედან ვერ წავიდოდა, ვერაფრით.
-კაპიტან პამპერსს ეხება საქმე. – ხმადაბლა თქვა მან. ამის თქმა არ უნდოდა, მაგრამ ეფექტური მაინც იყო, თუ იმას გაითვალისწინებდა, თუ როგორ შეუხტა ბაბლუანს კისერში კუნთი და როგორი მობეზრებული სახით გადმოხედა. მისი მეგობრები ერთიანად დაიჭიმნენ, ბრაზით შეჰყურებდნენ გოგონას. ელენე დარწმუნებული იყო, კატები რომ ყოფილიყვნენ, ბეწვი აეჯაგრებოდათ და სისინს დაიწყებდნენ.
-მალე მოვალ. – ორი სიტყვა ესროლა ბაბლუანმა თავის მეგობრებს და საკლასო ოთახის კუთხისაკენ გაალაჯა, წინა მხრისაკენ, სადაც არავინ იყო. გარედან შემოსული ხმაური მათ საუბარსაც გადაფარავდა.
-აბა? – ჰკითხა ბაბლუანმა, მკლავები გადააჯვარედინა და წინ გადაუდგა. – რა გინდოდა?
-ესე იგი… ალბათ გეცოდინება, რომ გაუგებრობა მოხდა და ყველას ჰგონია, რომ მე გავავრცელე შენზე ამბავი. – ელენეს სახე აეჭმუხნა, დემეტრეს უემოციო სახეში ახედა. – რა იქნება, რომ… შენ მოჰფინო ნათელი ამ საქმეს? ყველა ცუდად მიყურებს და ყველას მე ვგონივარ დამნაშავე…
-გინდა რომ შენს ზურგს უკან შეურაცხყოფა აღარ მოგაყენონ? – ჰკითხა ბაბლუანმა და მისკენ გადმოიწია. – მგონი, შენ თვითონ მითხარი, რომ ეგ შენი ორი მეგობარი რომ არ მოგეყვანა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. წადი და იმათ სთხოვე დახმარება. – მოუჭრა მან.
-მათ არავინ მოუსმენს! – ხელები გაშალა გოგონამ. -ალბათ გაწუხებ ამ თხოვნით, მაგრამ რა იქნება, რომ დაგეხმარო?
-ესე იგი გინდა, რომ მე ნამუსი გამოგიწმინდო. – წარბი ასწია დემეტრემ. – რომ შენი ბინძური საქმე მე გავაკეთო. არ გსიამოვნებს ხომ, ყველა შენზე ამბის გაგების შემდეგ უსიამოვნოდ რომ გიყურებს?
ელენემ ტუჩები მოილოკა, უხერხულად შეიშმუშნა, იცოდა, რომ ბაბლუანი საკუთარ პრედიკამენტზე უნიშნებდა.
-არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ტყუილია. – ჯიუტად თქვა მან. – იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მინდა ნამუსი გამომიწმინდო, იმიტომ რომ ჩემი ნამუსი სუფთაა. უბრალოდ მინდა, რომ როგორც ადრე დავდიოდი აქ, წყანარად და მშვიდად, ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე. მე არავინ მიყურებდა, არავის ვაინტერესებდი და ეს მე მომწონდა, ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო. – გოგონამ ღრმად შეისუნთქა ჰაერი. – რა იქნება, რომ დამეხმარო?
ბაბლუანი ცოტა ხანი დაჰყურებდა, ელენე გამალებით ელოდა მის პასუხს. ზურგს უკან ბუნდოვნად გაიგონა, როგორ ირეკებოდა ზარი და მთელი სხეული აექავა, არ უნდოდა გაკვეთილზე დაგვიანება, მაგრამ მაინც ადგილს მიკრული, იმედით აღვსილი იდგა და დემეტრეს პასუხს ელოდა.
-მე ეგ არ მეხება. – თავი გააქნია ბოლოს ბაბლუანმა და გოგონას გული ჩასწყდა, გულდაწყვეტის გრძნობამ მოიცვა მისი გონება. – ჩემი საქმე არაა და არც ჩავერევი. – მან გვერდით გადადგა ნაბიჯი, მაგრამ შეყოვნდა და ისევ გადმოხედა. – ვალდებული არა ვარ, რომ დაგეხმარო.
მერე კი მან თავისი მერხისაკენ გააბიჯა, ელენე კი მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა. გულდაწყვეტილი შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
სულელური აზრი იყო, რომ ბაბლუანისაგან დახმარება ეთხოვა. თავიც დაიმცირა და კიდევ ბევრი ბაბლუანის მიერ მისდამი წარმოთქმული ცივი სიტყვა შეემატა მის კოლექციას.
მასწავლებელი უკვე კლასში იყო, როცა შიგნით შეაბიჯა და მისგან ათწუთიანი ლექციის მოსმენა მოუხდათ მასა და მის კლასელებს იმაზე, რომ მოსწავლეები დროს ფლანგავდნენ გაკვეთილებზე.
ელენე იჯდა, ჟუჟუნა მასწავლებელს უყურებდა და სურდა, უბრალოდ დაეიგნორებინა მისი ხმა, ყველანაირი ხმა, რომელიც ახლა მის გონებაში არეული მასის სახით ტრიალებდა.
მაგრამ რასაკვირველია, არ შეეძლო.
-*-*-*-*-
ელენემ ამოიქშინა და უყურებდა, თუ როგორ გაიფანტა წამების განმავლობაში ჰაერში მისი ორთქლად ქცეული სუნთქვა.
ციოდა.
სკოლის უკან მდებარე პარკში უკვე გაწითლებულ-გაყვითლებულიყვნენ ხეები, მათ ქვეშ მიწა ფოთლებს დაეფარათ. აქა -იქ გამოჩნდებოდა ჯერ კიდევ მწვანე ფოთოლი.
ელენემ ნაბიჯს მოუმატა, რომ მის წინ მორბენალ, გოჩა მასწავლებელს არ ჩამორჩენოდა, რომელიც გამწარებული უსტვენდა თავისი სასტვენით. ელენეს სჯეროდა, რომ არ იყო ახლა ყველაზე კარგი იდეა ამ სიცივეში სირბილი, მაგრამ მათ ფიზკულტურის მასწავლებელს შესმენა არ სურდა. მეთორმეტე კლასებს ერთიანი ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდათ დროის კონსერვაციის მიზნითა და გოჩა მასწავლებლის სურვილით: „რაც მეტი, მით უკეთესი! ბევრად უკეთესად ისწავლიან ფეხბურთსა და ხელბურთს!“. ამ ერთიანი გაკვეთილის დროს ან ხელბურთსა და ფეხბურთს თამაშობდნენ, რასაც ელენე ვერ იტანდა, ანდა იქამდე ურტყამდნენ სრული შემადგენლობით პარკს წრეებს, სანამ გოჩა მასწავლებელი ჩათვლიდა საჭიროდ. და მისი აზრით, ეს ყოველთვის საჭირო იყო. „არ იაქტიურებ? არ ჩაგეთვლება!“ ღრიალებდა ის ყოველი კლასის დაწყებისას და დასასრულისას. მისი მუქარის მიუხედავად, კლასის ნახევარი ხშირად საერთოდ არ მოდიოდა ხოლმე, და ამ ბოლო დროს ელენესაც უჩნდებოდა გაცდენის სურვილი.
მაგრამ რასაკვირველია, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა. არ სურდა, რომ დათვივით გოჩა მასწავლებლის მუქარის მსხვერპლი გამხდარიყო.
უკან მოიხედა, მის უკან მორბენალი თანაკლასელები და პარალელკლასელები აათვალიერა. მარიკა და დათო უკვე გაიპარებოდნენ, არცერთს არ უყვარდა ამაში მონაწილეობის მიღება. აშკარა იყო, რომ სირბილის დაწყებიდან საკმაოდ შეთხელებულიყვნენ.
გოგონამ წინ გაიხედა, მის წინ მასზე ბევრად უფრო ათლეტური, მისი ათიოდე თანაკლასელი მირბოდა გოჩა მასწავლებელთან ერთად, რომელიც ისევ გამწარებული უსტვენდა თავის სასტვენს და ცხვრებივით მიერეკებოდა მათ.
-აბა! – იღრიალა მან. – სკოლისაკენ სირბილით იარ! გაინძერით, კუნთები აამუშავეთ, ჰაერი შეიგრძენით! დაღლილობა არ იცოდეთ, რა არის! შეგიძლიათ და გააკეთეთ!
ელენემ გაიგონა, თუ როგორ ბუზღუნებდა გამვლელი ქალი მოღრიალე იდიოტებზე და სიცილი აუვარდა, როცა სკოლისაკენ გაუხვიეს.
შესასვლელს რომ გასცდნენ და სკოლისაკენ გაუხვიეს, ელენე ცოტა ხნით შედგა, რომ სული მოეთქვა. წინ გადაიწია, მუხლებს დაებჯინა, ხმამაღლა სუნთქავდა და უყურებდა, თუ როგორი ხრაშახრუშით მიჰყვებოდნენ ბავშვები გოჩა მასწავლებელს, რომელიც ისევ რაღაც გაუგებარს გაჰყვიროდა.
ელენე შეკრთა.
მოულოდნელად გვერდიდან მძლავრი ბიძგი იგრძნო და გადაიწია, ადგილზე დაბარბაცდა. მარჯვენა ფეხის კოჭი მკვეთრად გადაუბრუნდა და ტკივილისაგან ამოიგმინა, ხრეშზე დაენარცხა და ტკივილით აღვსებულმა დაისისინა, როცა ეგრძნო, თუ როგორი მწვავე ტკივილით გაუსერა სხეული ქვის წაწვეტებულმა ზედაპირმა ფეხი მუხლთან ახლოს.
მტკივან ადგილზე მთელი ძალით დაიჭირა ხელი, მთელი სხეულით დაიძაბა და იგრძნო, როგორ დაასხა სიმწრის ოფლმა. წამსვე მკვეთრად ასწია თავი, რომ ის ადამიანი დაენახა, რომელმაც ასე ჰკრა ხელი. ვერავინ შენიშნა, ყველას წინ მიებრუნებინა თავი და ხრაშახრუშით მიიწევდნენ წინ. ელენემ კბილები ერთმანეთს დააჭირა.
„იქნებ დამეჯახნენ, რა ვიცი რომ ხელი მკრეს…“ გაიფიქრა მან. მაგრამ მაშინ რატომ არ მობრუნდა ის ადამიანი, რომ ბოდიში მოეხადა მაინც?
ამოიხვნეშა, დაცარიელებულ ეზოს გადახედა. ტკივილი ცოტათი ჩაუნავლდა მუხლთან, მაგრამ გადაბრუნებული კოჭი ისევ სტკიოდა. როგორც ჩანდა, ვერავინ შეამჩნია ეს შემთხვევა, უკვე მისთვის ჩავლილი ჰქონდათ და უკან აღარ მოუხედიათ.
ელენემ მიწაზე დააბჯინა ხელი და ნელა წამოდგა, შეეცადა, რომ კოჭლობით მაინც გაბარბაცებულიყო შესასვლელისაკენ და ექთანთან შესულიყო.
-ხარ შენ კარგად? – მოესმა უკნიდან და სწრაფად მობრუნდა, ამოიგმინა, როცა შემობრუნებისას სიმძიმე დააწვა მარჯვენა ფეხზე. ორი გოგონა იდგა, და შეწუხებული სახეებით შეშტერებოდნენ.
-დახმარება ხომ არ გჭირდება? – ჰკითხა შავთმიანმა და ფეხზე მიუთითა. – დაშავდი?
-ჰო, დავეცი. – უპასუხა ელენემ და გაღიმება სცადა. – ბევრი არაფერია.
-შენთვის ზნელია რომ იარო, ეგ არა არაფერი. – გააპროტესტა ქერათმიანმა, მის სიტყვებს მძიმე აქცენტი ედოთ. – ეს არის საჩირო რომ დაჯდე და ფეხი დაისვენოს.
-მართლა არაფერი უჭირს. – ხელები ასწია ელენემ. – ექთანთან მივალ და დამეხმარება.
-მართლა ჯობია, რომ ჩამოჯდე. – მიუგო მუქთმიანმა. – ექთანთან წავალ და მოგიყვან, რას იტყვი?
ელენეს უნდოდა, რომ კიდევ ერთხელ ეუარა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაუარა კოჭში ტკივილმა, როცა ფეხის შეტოკება სცადა და კიდევ ერთი გმინვა წასკდა პირიდან. მაშინვე მიწაზე დაეშვა მძიმედ. ფეხი ნელა გაასწორა და უკან გადაიწია, სული მოითქვა. მასთან ახლოს დაჩოქილ გოგოებს ახედა და მათი შეწუხებული სახეების დანახვაზე გაეცინა.
-ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ კლარა ექთანი აქ მომაკითხავს. – ძლივს ამოღერღა მან. – დიდი მადლობა! – მიაძახა მან მუქთმიანს, რომელიც ფეხზე წამოდგა და სკოლისაკენ გარბოდა.
-სად არის ტკივილი? – ჰკითხა ქერათმიანმა და ელენე წამოიწია, მარცხენა ფეხის მუხლსა და მარჯვენა ფეხის კოჭზე მიუთითა.
-აქ და აქ. – უპასუხა მან და სწრაფად აქაჩა თავისი შარვლის ტოტები. გოგონამ სახეზე ხელები იტაცა.
-ჰერეგუდ! – წამოიძახა მან. ელენე შეწუხებული დააშტერდა უკვე გაწითლებულ და გასიებულ კოჭსა და საკმაოდ ღრმა განაჭრელს, რომელსაც სისხლი სდიოდა. ჭრილობის გარშემო მტვერი და ხრეშიდან აყოლილი პაწაწინა შავ ქვიშა ჩანდა.
-წყალი რომ მქონდეს, მოვიბანდი მაინც… – ჩაილაპარაკა მან და შარვლის ტოტი უფრო ასწია, რომ სისხლს არ მოესვარა. ესღა აკლდა მისი ამ ბოლო დროს გაუარესებული ცხოვრების დაგვირგვინებას.
-წკალი? მე მაქვს წკალი! – გოგონამ წამსვე ამოაძვრინა ჩანთიდან ბოთლი. – ლიკანი კარგი? – ჰკითხა მან.
-კი, ლიკანი კარგია. – გაუღიმა ელენემ და შეეცადა სათანადოდ მოესუფთავებინა სისხლი და ჭუჭყი, რომ ინფექცია არ შეჭროდა. თან ყველაირად ცდილობდა არც ერთი ფეხი არ გაენძრია, რადგან არასწორი მოძრაობა აუტანელ ტკივილს ჰგვრიდა.
-არის ეს ტკვენი კლარა? – იკითხა უცებ გოგონამ და ელენემ სწრაფად ასწია თავი. თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა, თუ ვინ მოიწევდა მისკენ.
ბაბლუანს უკმაყოფილო გამომეტყველება ეწერა სახეზე, გამოზომილი ნაბიჯით მოიწევდა მისკენ. ნაცრისფერი კაპიუშონი მოეგდო თავზე და სველი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა.
ელენე დაიჭიმა, სახეზე სისხლმა აჰკრა.
ბაბლუანი მალე დაადგა თავზე და გულგრილად ჩააყოლა თვალი მის ფეხებს.
-შენ აქ რა გინდა? – ჰკითხა ელენემ. – მეგონა, ამის მერე გაკვეთილი გქონდა…
ბაბლუანი ხმას არ იღებდა, უსიტყვოდ ათვალიერებდა ელენეს შესიებულ კოჭს.
-მოიცა… – ელენემ თვალები მოჭუტა. – შენ საიდან გაიგე ეს? გითხრეს, არა? შენმა მეგობრებმა გააკეთეს ეს ხომ? შენმა მეგობარმა მკრა ხელი? მერე კი მოვიდა და შენ გითხრა, წაიტრაბახა, არა? შენ კიდევ აქ წამოხვედი…
ბაბლუანმა უსიტყვოდ ამოხედა. ელენეს გაღიზიანებამ დაუარა.
-რაო, ძალიან ვამაყობო, რომ ხელი ვკარი და მივაგდეო? ჰა? ასე გითხრა ხომ? – ელენეს ბრაზი აუბუყბუყდა მკერდში. – და შენ რატომ არ დატკბი ამბით? სანახაობის დანახვა გინდოდა თუ…
გოგონამ ამოსუნთქვა და გაპროტესტება ვერც კი მოასწრო, რომ ბაბლუანი დაიხარა და წელზე მოჰკიდა ხელი, მერე კი სწრაფად აიტაცა ზემოთ.
-არ გააკეთო აწევა! – წამოიყვირა ქერათმიანმა. – ეს იქნება უფრო მეტი ტკივილი!
ელენე გაოცებული შეშტერებოდა ბაბლუანის სახეს, რომელიც უკმაყოფილო გამომეტყველებამ მოიცვა ქერათმიანის სიტყვების გაგონებაზე. მან გოგოს პასუხიც კი არ აკადრა, წამსვე შებრუნდა და სკოლისაკენ გაემართა.
-სად ხარ შენ წაყვანილი მას? – გამოეკიდათ ქერათმიანი. – კლარა მოვიდა მალე!
ბაბლუანი ყურადღებას არ აქცევდა ქერათმიანის ყვირილს, წარბები შეეკრა და სწრაფად მიიწევდა სკოლისაკენ. ელენე ფეხში გაჩენილ ტკივილსაც კი აღარ აქცევდა ყურადღებას. სახეზე ცეცხლი ეკიდა, და მკერდში უკვე უსიამოვნო სისწრაფით უცემდა გული. ბურთი მოსწოლოდა კისერში და ბაბლუანის მკერდზე მის გულისცემას გრძნობდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც და ნეკნებს გამოტეხავდა მისი გული.
ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი რამ ოდესმე მოხდებოდა. ეს სურრეალური ამბავი იყო. ის, რაზეც ელენეს შეიძლებოდა წამიერად ეფიქრა, მაგრამ სწრაფადვე გვერდზე გაეწია იმის გამო, რომ არასოდეს მოხდებოდა.
მაგრამ მოხდა. ბაბლუანს მკლავებში ეჭირა და სადღაც მიჰყავდა.
-კლარა დეიდა, აი აქ არის… – გაიგონა ხმა და თავი სწრაფად შეაბრუნა, ის მუქთმიანი გოგონა დაინახა და შეეცადა გაეღიმა. გოგო გაოცებული, აწეული წარბებით მიშტერებოდა. მის გვერდით დოინჯშემორტყმული და აშკარად გამწყრალი კლარა ექთანი იდგა.
-თუ მოგყავდათ, რაღატომ გამომიყვანე? – მიუბრუნდა იგი გოგონას. – თქვენ კიდევ წამოდით, წამოიყვანე ეგ ბავშვი. – ხელი აიქნია მან და შებრუნდა, დერეფანს დაუყვა. ბაბლუანი სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან, და ელენე ხედავდა მის მხარს იქით, თუ როგორ მოსდევდნენ ის ქერათმიანი და მუქთმიანი გოგონები, გაოცებული და შეწუხებული სახეებით.
მალევე ექთნის კაბინეტში შეაბიჯეს და ბაბლუანმა კედელთან მიდგმულ საწოლზე დაუშვა. ელენე ყველანაირად შეეცადა, რომ სხეულში გაჩენილი გულდაწყვეტა ჩაეხშო, იმის მიუხედავად, რომ გონებაში ამ მწარე გრძნობის მეტი არაფერი უტრიალებდა. ბაბლუანს ერთხელ ახედა და თვალი აარიდა. დარწმუნებული იყო, რომ თუ კიდევ შეხედავდა, სახეზე ისევ ცეცხლი მოეკიდებოდა.
-აბა გენაცვალე… – კლარა მოუახლოვდა, მომარჯვებული სახვევებითა და სპირტის შუშით. – შევხედოთ ერთი…
-დედას დავურეკავ და მოგაკითხავს. – თქვა ბაბლუანმა და ელენემ სწრაფად ახედა. დემეტრე ცივად მოშტერებოდა.
მერე კი გაბრუნდა და ოთახიდან გავიდა, კარში გამაგრებულ გოგოებს ჩაუარა.
კლარამ უკმაყოფილოდ გააყოლა თვალი, მერე კი ნელა დაიწყო ნატკენის დამუშავება.
-როგორ შეგსიებია… – ქალმა თითებით მოუსინჯა და გოგონამ დაისისინა. – მოტეხილი არ ჩანს, არც დისლოკაციაა ძვლის.
-ალბათ მყესი დამეჭიმა. – მიუგო ელენემ და დაიძაბა, როცა კლარამ კიდევ ერთხელ მოჰკიდა თითები კოჭზე. – მკვეთრად გადამიბრუნდა.
-ჰო, ალბათ. – მან სწრაფად შეუხვია ფეხი, ჭრილობა მოასუფთავა და ისიც შეუხვია.
-ძალიან გასიებული არ იყო, მალე მოგირჩება, ალბათ ერთ კვირაში. ფეხს ძალიან დიდი ძალა არ დაატანო ოღონდ. – უთხრა კლარამ. – ცოტა ხანი იჯექი, რომ მოგაკითხავენ, წადი. გაკვეთილი ხომ არ გაქვს ამის მერე?
-არა, ფიზკულტურა ბოლო იყო. – უპასუხა გოგონამ. კლარამ თავი გადააქნია.
-ვიცოდი, რომ მაგ თქვენი ფიზკულტურის მასწავლებელი ერთ დღესაც დამართებდა ბავშვებს რამეს… მაგრამ მისმენს ვინმე? – ქალი ბუზღუნით მიადგა მინის კარიან კარადას და სახვევების შელაგება დაიწყო.
ელენემ სწრაფად მოიხედა გოგონებისაკენ, რომლებიც ჯერ კიდევ კარში გაჩხერილიყვნენ და ინტერესით უყურებდნენ.
-უკეთესად ხარ? – ჰკითხა მუქთმიანმა.
-კი, კარგად ვარ. მადლობა, ძალიან დამეხმარეთ. – გაუღიმა ელენემ. – თქვენ რომ არა, ბარბაცს გავაგრძელებდი და ან ფეხს უფრო ვიტკენდი, ანდა სადმე დავეცემოდი.
გოგოებმა გაიცინეს.
-ეს ბიჩი მოვა მაინც. – მხრები აიჩეჩა ქერათმიანმა. – ის დაეხმარებოდა შენ.
-ჰო, მაგრამ თქვენ პირველები დამეხმარეთ. – ისევ გაუღიმა ელენემ. ორივენი სასიამოვნო ადამიანები ჩანდნენ, ეტყობოდათ, რომ ან არ იცოდნენ, ან არ აინტერესებდათ ელენეზე ჭორები. – და რომელ კლასელები ხართ? – დაინტერესდა ის.
-მეთერთმეტედან ვართ. – უპასუხა მუქთმიანმა, მერე კი საათზე დაიხედა. – კარგი, გვეჩქარება, ფიზიკა გვაქვს. აბა ნახვამდის!
-გახდი ჯანმთელი მალე! – მოაძახა ქერათმიანმა, მერე კი ორივენი სწრაფი ნაბიჯით მოსწყდნენ კარს.
ელენე კედელს მიეყუდა და ღიმილით უსმენდა კლარას საუბარს, გონება კი სანახევროდ ბაბლუანისაკენ და იმ შეგრძნებისაკენ მიურბოდა, რომელმაც ერთიანად მოიცვა, როცა დემეტრემ ხელში აიტაცა. სიმსუბუქე და სიხარული.
ელენემ ამოიხვნეშა.
-*-*-*-*-
ტასო ნახევარ საათში შემოვარდა ექთნის კაბინეტში, თავქუდმოგლეჯილი, და წამსვე ელენეს ეცა. ქალი თავს დასტრიალებდა, ამბავს ეკითხებოდა და ელენეს დათვლით, თხუთმეტჯერ მაინც შეეკითხა, ხომ არ გტკივაო.
კლარას გამოემშვიდობნენ, და ტასოს დახმარებით ელენემ მანქანამდე მიაღწია, და მშვიდობიანად ავიდნენ სახლამდე. ტასო ისევ თავს დასტრიალებდა, შეწუხებული ირტყამდა ლოყებზე ხელს და წამდაუწუმ ეკითხებოდა ელენეს, თუ რის გამო დაეცა.
-სირბილი გვქონდა. – უპასუხა ელენემ. – ფიზკულტურაზე. უბრალოდ დავიღალე და ფეხი გადამიბრუნდა, მერე კი დავეცი.
-დედა დედა დედა… – შეიცხადა ტასომ. მაიკო შეწუხებული სახით ჩამომჯდარიყო ელენეს გვერდით და მის შეხვეულ ფეხს დაჰყურებდა. – შენ მოგიკვდი… კინაღამ გადავირიე, რეემ რომ დამირეკა… რა გარბენინათ ამ თქვენმა ფიზკულტურის მასწავლებელმა ამდენი? ხომ უნდა შევიტანო ახლა საყვედური?
-არა, არა, მისი რა ბრალია! – შეეწინააღმდეგა ელენე. – მე დავეცი, გოჩა მასწავლებელს ცუდი არაფერი უნდა.
-დედა, მეც ძალიან ვწუხვარ, რომ ელენეს მყესი დაეჭიმა, მაგრამ კარგი რა… – დედას გადმოხედა მაიკომ. – მასწავლებლის რაღა ბრალია. რამე ცივი მოუტანე, რომ ფეხზე დავადოთ და ეგ იქნება.
-ჰო, ცივი… ცივი… – ტასო წამოვარდა და სწრაფად გაიქცა სამზარეულოსაკენ. ელენემ მაიკოს გადმოხედა, რომელიც წარბაწეული მიშტერებოდა.
-კარგი, ახლა მითხარი, მართლა რა მოხდა? – ჰკითხა მან. ელენემ წარბები შეკრა.
-სხვა რა უნდა მომხდარიყო? – ნელა უპასუხა მან. – უბრალოდ დავეცი.
-ელენე. – თავი გვერდზე გადასწია მაიკომ. – მე ხომ ვიცი არა, რეეს ამბავი. რაღაც მოხდა. ჰოდა მითხარი, სანამ დედაჩემი არ მობრუნებულა.
ელენემ ამოიხვნეშა, ნატკენ ფეხებს გადახედა.
-ვიღაცამ ხელი მკრა. – ამოღერღა ბოლოს. – მგონი დემეტრეს ერთ-ერთმა მეგობარმა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მისმა ნაცნობმა მაინც.
-და რატომ? – ჩაეკითხა მაიკო. – ვითომ რა გააკეთე ახლა შენ ასეთი?
-ჰგონიათ, რომ მე გავავრცელე „კაპიტანი პამპერსის“ ამბავი და ხალხი უკმაყოფილოა, მოკლედ. – უპასუხა ელენემ.
მაიკომ ტუჩი აიბზუა, თავი გააქნია.
-გაუნათლებლები… – ბრაზით ჩაილაპარაკა მან. – თავიანთი ჭკუით კარგ საქციელს სჩადიან. ჭორებს აყოლილები.
ელენემ ამოიხვნეშა, ფეხი დაისრისა. ისე ძალიან აღარ სტკიოდა.
-ისე, ელენე… – ფრთხილად დაიწყო მაიკომ. ელენემ ინტერესით გადახედა. – აქ ცხოვრება არ მოგწონს?
-ჰმ? – თვალები ჭყიტა ელენემ. – ეგ საიდან მოიტანე? – გაიცინა მან.
-რა ვიცი… ამასწინათ მამაშენი დედაჩემს ელაპარაკებოდა ქვემოთ. – თქვა მაიკომ. – ამბობდა, რომ წუხს, რადგან ისე გამოიყურები ხოლმე, თითქოს არ გსიამოვნებს აქ ყოფნა. შენზე ნერვიულობდა, მოკლედ.
ელენე გაოცებული შეაჩერდა. მამას მისთვის არაფერი ეთქვა ამის მსგავსი.
-არა… რა თქმა უნდა, არა. – მიუგო მან.
-ჰო, მაგრამ… რეე სულ ცივად გექცევა, ასეთი ამბავი მოაწყვეს შენმა მეგობრებმა, ცილს გწამებენ და ახლა ეს! – მან ფეხზე მიუშვირა თითი. – რაც აქ გადმოხვედი, სულ ასეთი რამეები ხდება.
-ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება არ მომწონს. – გაიცინა ელენემ. – პირიქით, ძალიან მომწონს. თქვენ ყველა მხარს მიჭერთ და გეტყობათ, რომ მოგწონთ ჩემი აქ ყოფნა, ეს კი მეც მსიამოვნებს. – თქვა მან. – ისე, მთლად ყველა არა, მაგრამ მაინც…
გოგონებმა გაიცინეს, და ოთახში ტასო შემოვარდა, ტილოში გამოხვეული ყინული ელენეს კოჭზე დაადო.
-აბა გოგოებო? – იკითხა მან, მაიკოსა და ელენეს ღიმილით ახედა. – გინდათ რამეს ვუყუროთ?
-*-*-*-*-
ელენე მთელი დღე სასტუმრო ოთახის ტახტზე იჯდა. სადილის დროს მოინდომა სამზარეულოში გასვლა, მაგრამ ტასომ დაიჟინა, რომ არ შეიძლებოდა მისთვის ადგომა და საჭმელს სასტუმრო ოთახშიც კარგად შეჭამდა. ამიტომ ელენე ტელევიზორს მისჩერებოდა და გემრიელად ილუკმებოდა, როცა თვალის კუთხიდან კიბეებისაკენ მიმავალი დემეტრე შეამჩნია.
-დემეტრე! – დაუძახა მან და სასწრაფოდ გადაყლაპა ლუკმა ნერწყვთან ერთად, როცა ბაბლუანი მისკენ მოტრიალდა. ხელისგულებზე ნერვიულობის ოფლმა გამოჟონა. – ორი წუთით შეიძლება?
მისდა გასაკვირად, ბაბლუანმა ჯერ თვალები გადაატრიალა და ამოიხვნეშა, მაგრამ მაინც მისკენ გამოემართა.
-გისმენ. – უთხრა მან.
ელენემ ღრმად შეისუნთქა, შეეცადა სიტყვები მოეკრიბა. გრძნობდა, როგორ უწითლდებოდა სახე.
-მინდოდა მადლობა გადამეხადა დახმარებისათვის. – უთხრა მან და ბაბლუანს ახედა, რომელიც უემოციოდ დაჰყურებდა. – აი, კლარა ექთნის კაბინეტში რომ წამიყვანე.
-დახმარება? – გაიმეორა ბაბლუანმა და წარბი ასწია. – მე მაგას უფრო დაზღვევას დავარქმევდი.
-დაზღვევას? – თვალები ჭყიტა ელენემ, გაოცებული მიაჩერდა ბაბლუანს. – რა დაზღვევას?
-დედაჩემს რომ გაეგო, რომ შენ დაშავდი და მე არაფერი გავაკეთე, ხორცის ნაცვლად მე შემწვავდა. – გულგრილად უპასუხა ბაბლუანმა. – ჰოდა თავი დავიზღვიე.
ერთი სიტყვაც კი არ დაუმატებია, ისე შებრუნდა და კიბეებისაკენ გაემართა.
ელენე დაიძაბა. ხელები მაგრად მოუჭირა ტახტს.
-მაგრამ მაინც დამეხმარე! – დაუძახა მან, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, სამზარეულოში მყოფი ტასო, მაიკო, ნიკა და გიორგი ალბათ ახლა ყურებდაცქვეტილნი უსმენდნენ. – მადლობა!
ბაბლუანი არც კი შემდგარა, კიბეებს აუყვა.
ელენე კი ტახტის საზურგეს მიეყუდა და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა.
6-*-*-*-*-*-
მეორე დილით ელენეს მკვეთრად გამოეღვიძა, მთელი სხეული სტკიოდა გუშინ გადატანილი დაღლილობისაგან. იმით უსაზღვროდ მადლობელი, რომ შაბათი დილა იყო, წამსვე ზურგზე გადაბრუნდა და კმაყოფილი ოხვრით უფრო მაღლა აიწია თბილი საბანი.
ფარდები გადაწეული იყო, და თუ მის ტუმბოზე წამოსკუპულ მაღვიძარას დაუჯერებდა, ჯერ მხოლოდ ცხრა საათი გახლდათ. ამისა და გაწეული ფარდების მიუხედავად, ოთახში დილის მზის ჩვეული სინათლის ნაცვლად, დაბურული ჩრდილი იდგა.
ელენემ კისერი წაიგრძელა და ფანჯარაში გაიხედა. ცა ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ, და ეტყობოდა, რომ იწვიმებდა.
გოგონამ ამოიხვნეშა და ლოგინზე წამოჯდა, ძალიან შიოდა. თმა მოიქექა და ფეხები ნელა გადმოაწყო გვერდზე. სანახევროდ აღარც კი ახსოვდა, თუ როგორ ამოაღწია გუშინ საღამოს ზემოთ. ძალიან იყო დაღლილი და რბილ ტახტზე ჯდომამ, სითბომ და კომფორტმა ისე მოთენთა, რომ საღამოს ცხრა საათი არ იქნებოდა, როცა უკვე ეძინებოდა. ვიღაცამ, ალბათ მამამისმა ან ნიკა ძიამ აიყვანა ალბათ ზემოთ, ბუნდოვნად ახსოვდა პიჟამის ჩაცმა და ლოგინში გამოხვევა.
კიდევ ერთხელ დაამთქნარა და ნელა წამოდგა ფეხზე, მაგრამ როგორც კი მარჯვენა ფეხს დაეყრდნო, წამსვე მწვავმა ტკივილმა დაუარა ფეხში და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა. ნატვრით გადახედა კარს, რომლის მიღწევა ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა.
-არა რა… – ჩაიბურტყუნა მან. – ესღა მაკლდა ზუსტად. ის არ ეყოთ, რომ დამცინოდნენ, დროებით დამაკოჭლეს. – გოგონა მოიღუშა და ბრაზით დახედა იატაკს. არც უკვირდა, რომ დემეტრეს მეგობრები ამას იზამდნენ. ჯერ კიდევ ახსოვდა მათი ბრაზით სავსე გამოხედვა და მუშტები შეკრა. მათი მხრიდან უნდობლობა ესმოდა, მაგრამ ასე შორს წასვლა? ეს უკვე ზედმეტი იყო.
ძალიანაც ზედმეტი.
ელენე ცოტა ხანი იჯდა, იატაკს ჩაშტერებოდა და ცდილობდა გაეგო, თუ როგორ მოქცეულიყო ამის შემდეგ. აშკარა იყო, რომ ბაბლუანს ვეღარაფერს სთხოვდა და თვითონაც აღარ ჰქონდა სურვილი, იცოდა, რომ დემეტრე უარით გამოისტუმრებდა, როგორც წინა დღეს გააკეთა. მარიკასა და დათოს კი არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, იმის მიუხედავად, რომ მათი დაწყებული იყო ეს საქმე. თვითონ ხომ საერთოდ უძლური იყო მთელი სკოლის წინააღმდეგ. როგორც ჩანდა, საჭირო იყო უბრალოდ მოეთმინა და ეცადა, სანამ ეს ყველაფერი გადაგორდებოდა, ამავდროულად ისიც ეცადა, რომ მაქსიმალურად შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
ადრე რა იოლად უხერხდებოდა ეს საქმე. მაგრამ როგორც ჩანდა, ახლა ძალისხმევა დასჭირდებოდა ამის მიღწევას.
ელენე შეკრთა და ფიქრებიდან გამოფხიზლდა, როცა გაიგონა, თუ როგორ ჩამოსწიეს მისი ოთახის კარის სახელური. სწრაფად ასწია თავი და თვალები ჭყიტა, როცა ოთახში შემოსული ბაბლუანი დაინახა. დემეტრეს საშინაო მაისური და გრძელი შარვალი ეცვა, თმა შუბლზე ჩამოჰყროდა. მან მკლავები გადააჯვარედინა და ელენეს დააშტერდა.
-აქ რა გინდა? – წამოისროლა გოგონამ, მერე კი შეკრთა და ინსტინქტურად უკან დაიწია, როცა ბაბლუანი მისკენ წამოვიდა. – მოხდა რამე?
-ქვემოთ ჩაგიყვან. – უთხრა ბაბლუანმა და მისკენ დახრა სცადა, მაგრამ სანამ იგი საკმარისად ახლოს მოვიდოდა, ელენე შეტრიალდა და ლოგინზე გადაცოცდა, მერე კი მეორე მხარეს გადახტა. სუნთქვა ერთიანად აჩქარებოდა ბარბაცით გასწორდა ფეხზე, მწველი ტკივილის მიუხედავად, თან ცდილობდა, რომ მარჯვენა ფეხს ძალიან არ დასწოლოდა.
ბაბლუანს წარბები აეწია, გაკვირვებული სახით მიშტერებოდა. ელენემ უხერხულად შეიშმუშნა. არავითარ შემთხვევაში არ სურდა, რომ ბაბლუანი ისეთ ჩვეულებრივ საქმეში დახმარებოდა, როგორიც ზემოთა სართულიდან ქვემოთა სართულზე ჩასვლა იყო. სულაც არ უნდოდა კიდევ ერთხელ მოქცეულიყო მის მკლავებში, სულ ცოტა ხნით და მერე ნახევარი დღე ამაზე ეფიქრა და გულდაწყვეტით აღვსილიყო. სულაც არა.
ამიტომ მარცხენა ფეხს მაგრამ დაებჯინა და გამშრალი ტუჩები მოილოკა.
-არ მჭირდება შენი დახმარება. – ხმადაბლა თქვა მან.
-ჰო? – სარკასტულად გაუღიმა ბაბლუანმა, მერე კი ნატკენზე მიუთითა. – ფეხზე ძლივს დგახარ, ხუთი ნაბიჯი რომ გადადგა, დაეცემი. ჩემი აზრით, გჭირდება.
ელენემ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
-დახმარება მჭირდება, ჰო. – უპასუხა მან ყოყმანით. – მაგრამ შენი არა. უკვე გთხოვე, და როგორც ვიცი, შენ სხვის საქმეებში არ ერევი და ვალდებული არ ხარ, რომ დამეხმარო. ასე არ იყო? – მიახალა მან და მთელი სხეულით დაიჭიმა, მის პასუხს ელოდა.
ბაბლუანი წამით მიაჩერდა, დაიფრუტუნა, მერე კი გაეცინა. ელენე გაოცებული მიაჩერდა.
-რამე ვთქვი სასაცილო? – იკითხა მან. გაღიზიანება კისერში აწვებოდა.
-ან ჩემს შემოთავაზებას მიიღებ, ანდა შენით მოგიწევს კიბეებზე ჩაბორძიკება. – წარბები ასწია ბაბლუანმა და მკლავები ისევ გადააჯვარედინა. – და მგონი ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ან მაგას გაიუარესებ, ანდა დაგორდები და კისერს მოიტეხ.
ელენემ ტუჩები მოკუმა. იცოდა, რომ დემეტრე სიმართლეს ამბობდა, მაგრამ არ აპირებდა დანებებას. ამ გზას უკვე დაადგა და უკან დახევას არ აპირებდა.
-შენ რა განაღვლებს? – წაიბუზღუნა მან და კოჭლობით გაემართა კარისაკენ. – ხედავ? – ხმას აუწია მან, იმის მიუხედავად, რომ სიარული აუტანელ ტკივილს ანიჭებდა. – სულაც არ მჭირდება შენი დახ…
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ უკნიდან ხელი სტაცეს. ბაბლუანმა მკვეთრად შემოატრიალა და კედელთან მიიმწყვდია, ხელები გოგონას თავთან მიაბჯინა. ელენე გაშტერებული აჰყურებდა, ვერ გაიგო, თუ რა მოხდა, მაგრამ ერთადერთი ის ესმოდა, რომ დემეტრე ზემოდან დაჰყურებდა, მათი სახეები კი ისე ახლოს იყვნენ, როგორც არასდროს. საკუთარი თავი დასწყევლა, როცა სახის ახურება იგრძნო.
-რას…რას აკეთებ? – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან და შეეცადა უკან დაეწია, იმის მიუხედავად, რომ კედელი ამის საშუალებას არ აძლევდა, ორივე ხელი კედლის გრილ ზედაპირს მიაბჯინა და თვალები გააცეცა, გასაქცევს ეძებდა.
-რატომ ჯიუტობ ასე ძალიან? – ჰკითხა ბაბლუანმა და ელენემ ელვის სიწრაფით ასწია მისკენ მზერა. სუნთქვა კისერში გაეჩხირა, როცა დემეტრეს თვალებში ჩახედა. – შენ თვითონაც ხომ ხვდები, რომ არ გამოგივა და რატომ მეწინააღმდეგები?
-მიწვევ? თუ რას აკეთებ ახლა… ვერ გავიგე, რა გინდა… – წაილლუღლუღა გოგონამ. თვალის არიდება სურდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა. გრძნობდა, როგორ უთრთოდა ხელები და კანკალის დასაფარად მუშტებად შეკრა ისინი.
ელენემ ძლივს ამოისუნთქა, როცა ბაბლუანმა უკან დაიწია. გული ისევ გამალებით უცემდა მკერდში, და ისეთი ანერვიულებული და გაწითლებული იყო, როგორც არასდროს. უსიტყვოდ უყურებდა ბაბლუანის სახეს, რომელიც ოდნავ ღიმილს მოეცვა.
ღიმილი, რომელიც სიცილში გადაიზარდა. ბაბლუანი ხარხარებდა და დრო და დრო დაჟინებით აშტერდებოდა.
ელენე ცოტა ხანი განცვიფრებული უსმენდა, მაგრამ მერე ისევ გაღიზიანებამ წამოუარა. როგორ სურდა, რომ მისთვის პირში მიეხალა ის, რომ საერთოდ არ სჭირდებოდა იგი, რომ ბაბლუანი უაზროდ იცინოდა, რომ მას დასცინოდა და გოგონა ვერ იტანდა ამას. მაგრამ არჩია, რომ ხმა არ ამოეღო, რადგან როგორც ჩანდა, მისი ჩვეული სერიოზულობით ნათქვამი სიტყვები ბაბლუანს ან დრამატიზაციად მიაჩნდა, ან სასაცილოდ არ ჰყოფნიდა.
როგორც ახლა.
-რეე, რას აკეთებ მანდ? – მოისმა ტასოს წივილი ქვემოდან და ელენე შეკრთა, კარისაკენ გაიხედა. – მოგყავს ბავშვი? გაცივდა ძეხვი და ეგ არის! დაგეძინა?
ბაბლუანმა სიცილი შეწყვიტა და ოდნავი ღიმილით გადააქნია თავი, მერე კი მოულოდნელად, ელვის სისწრაფით წამოიწია ელენესკენ. გოგონამ პირის დაღება ვერც კი მოასწრო, რომ დემეტრემ ისევ ხელში აიტაცა. ისევ ბაბლუანის სხეულს აეკრო ახლოს და გოგონამ იცოდა, რომ გაპროტესტებაც ვერაფერს მოუტანდა. რაც არ უნდა ეთქვა, დემეტრე ქვემოთ არ დაუშვებდა, ამიტომ გაჩუმდა და თავი გაატრიალა, ბაბლუანის სახის დანახვა აღარ სურდა.
იმის მიუხედავად, რომ კომფორტული იყო, თან ძალიან კომფორტული, ასევე თბილი და უსაფრთხო ასეთი გადაადგილება, ელენეს ერჩივნა, რომ საკუთარი ფეხით ჩაბორძიკებულიყო კიბეებზე. ხვდებოდა, რომ ბაბლუანი მას აწვალებდა, განგებ იწვევდა და ცდილობდა, მისთვის სასაცილო რეაქცია გამოეწვია. და უარესიის იყო, რომ როგორც ჩანდა, ყოველ ჯერზე გამოსდიოდა.
ელენემ მაგრად მოკუმა ტუჩები, კიბეებზე ჩადიოდნენ, საკუთარი მკლავები გულმკერდზე აჰკვროდა და სულაც არ სურდა რომ განძრეულიყო. ვერ იტანდა იმას, რომ სულ ცოტა ხანში ბაბლუანი ხელს გაუშვებდა და ვერ იტანდა იმ გრძნობას, რომელიც ამას მოჰყვებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ ამ წუთას იმას ვერ იტანდა, რომ როცა ბაბლუანი ოდნავადაც კი შეეხებოდა, მაშინვე ასეთი კომფორტი და სასიამოვნო განცდა ეუფლებოდა.
-ელენე, დილა მშვიდობისა, გენაცვალე… – მიესალმა ტასო და გოგონამ პასუხად გაუღიმა. კარაქიანი პურით პირგამოტენილმა მაიკომ ხელი დაუქნია და ელენეს ჩაეღიმა. – მოდი, რეე, აქ დასვი… – სკამზე მიუთითა ტასომ და ბაბლუანმა ზედ დაუშვა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით შემოუარა მაგიდას, რომ მაიკოს გვერდით დამჯდარიყო.
ელენემ წამსვე იგრძნო გულდაწყვეტა და ღრმად ამოისუნთქა.
-მამაშენი წავიდა უკვე. – შეატყობინა ტასომ. – ნიკაც. ერთადერთი მე ვარ ბედნიერი, ოფისში არ მიწევს შაბათ-კვირას წასვლა… აბა ელენე, როგორ გაქვს ფეხი? უკეთესად ხარ?
-მტკივა, მაგრამ არა უშავს. – ელენემ ფეხი გაატოკა და თეფშის  გვერდით დადებულ ჩანგალს გადასწვდა. საკუთარ თავს ძალას ატანდა, რომ ბაბლუანისაკენ არ გაეხედა.
არც ისე ადვილი იქნებოდა ეს საქმე.
-*-*-*-*-
საღამო მალე მოახლოვდა. ელენე ისევ სასტუმრო ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. საშინლად არაპროდუქტიულად გრძნობდა თავს და ამას ვერ იტანდა, მაგრამ ზალიანაც არ სურდა ზემოთ ასვლა ეცადა. თავისით ასვლა ტკივილად დაუჯდებოდა, არც ის სურდა, რომ ისევ ბაბლუანს აეყვანა. თან თუ ტასო იმას გაიგებდა, რომ ზემოთ ასვლა უნდოდა, წამსვე დააძალებდა დემეტრეს, რომ აეყვანა.
-სკოლაში როგორაა საქმე, ელენე? – ჰკითხა ტასომ და ინტერესით აღვსებული გამომეტყველებით მოტრიალდა მისკენ. – ხომ არ ხდება რამე ისეთი?
-არა, არაფერი ისეთი. – ელენემ მხრები აიჩეჩა. – ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის.
-რა ვიცი, ძალიან შეწუხებული მეჩვენე. სტრესის ქვეშ ხომ არ ხარ? – მან სწრაფი მზერით გადახედა სავარძელში ჩამომჯდარ ბაბლუანს, რომელიც უემოციოდ მიშტერებოდა ტელევიზორს. – ბევრ სამეცადინოს გაძლევენ? რეე არაფერს მეუბნება ხოლმე…
-ძალიან ბევრს არა. – უპასუხა გოგონამ. – შემდეგ კვირაში ბიოლოგიის ტესტი გვაქვს და ეგაა.
-მერე მზად ხარ, გენაცვალე? – ჩაეკითხა შეწუხებული ტასო. სულ მწარედ მახსოვს საკონტროლოები სკოლაში…
ელენემ გაიცინა, და თავი დააქნია.
-მგონია, რომ მზად ვარ. – თქვა მან. – ხვალ კიდევ გადავიმეორებ… მთელი მასალა კარგად დავფარეთ და ჩემი აზრით, არც ისე ძნელია, ამიტომ ძალან რთული არ უნდა იყოს.
ელენემ თვალის კუთხიდან დაინახა, თუ როგორ გამოხედა ბაბლუანმა, და სწრაფად მიაპყრო მზერა. ბაბლუანი წარბშეკრული, აშკარად უკმაყოფილოდ უყურებდა და ელენემ გაკვირვებით დაახამხამა თვალები. „რა ვთქვი ახლა ასეთი?“ გაიფიქრა მან.
-კაპიტანი პამპერსი ბრაზობს, როგორც ხედავ. -მისკენ გადმოიხარა მაიკო. ელენემ გაიცინა და გოგონას მიაპყრო მზერა.
-რაზე? – ჰკითხა მან. – მგონი არაფერი მითქვამს ისეთი.
-რაზე ბრაზობს და იმაზე, რომ თქვი, რთული არ იქნებაო. გუშინ ვახშამზე რომ არ ჩამობრძანდა, ავაკითხე და გამწარებული კითხულობდა ბიოლოგიის სახელმძღვანელოს… – მაიკომ აშკარა სიამოვნებით ჩაიფხუკუნა. – ახლა გახედე, რა სახე აქვს. არ არის კმაყოფილი, რომ გითხარი.
ელენემ სწრაფად გაიხედა და ბაბლუანის მზერას შეეცეხა. იგი თვალებმოჭუტული, წარბშეკრული შეჰყურებდა და ეტყობოდა, რომ გაღიზიანებული იყო.
ელენეს ძალაუნებურად გაეცინა. რატომღაც კმაყოფილება იგრძნო.
-რეე, რამე ვერ გაიგე მასალაში? – მიუბრუნდა ტასო და ბაბლუანს კისერში კუნთი აუთამაშდა. – აი, ელენე დაგეხმარება…
-ყველაფერი ძალიან კარგად გავიგე, რა თქმა უნდა. – უპასუხა დემეტრემ. მაიკომ ჩაიფხუკუნა. – არ ვსაჭიროებ დახმარებას.
-კიიი, აბა რა… – ხელი აუქნია მაიკომ. – ძალიან კარგად გქონდა გაგებული ყველაფერი, გზააბნეული ვაცივით რომ დაშტერებოდი წიგნს…
ბაბლუანმა ტუჩი აიბზუა და ზურგი შეაქცია.
-რა იყო, რისი გერიდება, რეე? ჰმ? – ჰკითხა ტასომ. – თუ დახმარება გჭირდება, უნდა მიიღო კიდეც. არ არის სირცხვილი, რომ რაღაც ვერ გაიგე…
-ყველაფერი გავიგე მეთქი… – დაიღრინა ბაბლუანმა და ელენესა და მაიკოს სიცილი აუტყდათ.
-მაიკო, აბა აირბინე ერთი და ამის ჩანთა ჩამოიტანე. – მიუბრუნდა მაიკოს ტასო. გოგონა ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე და სანამ სავარძელში წამოწეული და თვალებგაფართოებული ბაბლუანი რამეს იტყოდა, კიბეებისაკენ გაიქცა.
-ახლავეეე! – დაიყვირა მან, ხმაში აშკარა კმაყოფილება ეხატა. ბაბლუანმა ამოიქშინა და საზურგეს მიეყუდა, ელენეს ცივი მზერა სტყორცნა.
გოგონამ პასუხად გაუღიმა. იცოდა, რომ ასე არ უნდა ეგრძნო თავი, მაგრამ ამ წუთას ყველაფერზე გულნატკენი, ბაბლუანზე და მის ქცევაზე გაღიზიანებული და გულდაწყვეტილი გახლდათ, ამიტომ ესიამოვნა ის, რომ მოახერხა, თავისდაუნებურად, მაგრამ მაინც მოახერხა ის, რომ მისთვის ეჩვენებინა, რომ თვითონ არ იყო ვერაფრის გამკეთებული, რაც ალბათ ეგონა ბაბლუანს. რომ თვითონ იცოდა ის, რაც ბაბლუანმა არ იცოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაცაში გაიმარჯვა. სიხარულს მოეცვა მისი არსება.
მაგრამ ამავდროულად, ისიც უხაროდა, რომ დემეტრეს რაღაცაში დაეხმარებოდა, იმედი ჰქონდა, რომ მისი წყალობითბაბლუანი ახალ რამეს გაიგებდა, რომ მისი წყალობით ცოტათი შეუმსუბუქდებოდა ცხოვრება. ელენე ტახტის საზურგეს მიეყუდა და იმ ადამიანს გადახედა, რომელსაც ერთი თვის წინ სასიყვარულო წერილი გაუწოდა. წერილი, რომელიც მან არც კი მიიღო. რის გამოც მისმა მეგობრებმა დასცინეს.
წერილი, რამაც მთელი მისი ცხოვრება მოაყირავა.
ამას ვერ იტანდა. თითქოს ახლაღა იგრძნო, თუ რამხელა გავლენა გაჩნდა ბაბლუანს მასზე და სუნთქვა შეეკრა, სულაც არ სურდა, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო. ის საერთო ექსკურსია დასწყევლა, ისიც, რომ დილით არ დალია დრამინა, და საერთოდ ისიც, რომ ბაბლუანზე გააგრძელა იმ დღიდან ფიქრი.
დასწყევლა ის ფაქტი, რომ ბაბლუანი უყვარდა.
გოგონამ თავი გადააქნია. ფიქრებში იძირებოდა.
მაიკომ მალევე ჩამოირბინა კიბეებზე ბაბლუანის ჩანთით. დემეტრე წამოდგა და ჩანთა ხელიდან გამოსტაცა, თან ზედ ცივი მზერა მიაყოლა, რაზეც მაიკომ მხოლოდ გაიცინა. მერე კი ბაბლუანი ელენეს გვერდით, ტახტზე დაეშვა და აშკარა აგრესიით ამოაძრო წიგნი ჩანთიდან, მერე კი მაგიდაზე დაახეთქა.
-თუ არ გინდა, რომ რთული მასალა შენთვის იოლი გავხადო, შეგიძლია წახვიდე. – კმაყოფილებით გაუღიმა ელენემ. – მე არაფერს გაძალებ.
ბაბლუანს სახე მოეკრუნჩხა და ნესტოები დაებერა. წამიერად ელენე დარწმუნებულიც კი იყო, რომ იგი წიგნს ჩანთაში ჩააგდებდა და გაღიზიანებული თავისი ოთახისაკენ წავიდოდა, მაგრამ მან უბრალოდ ჩაიფრუტუნა და წიგნი გადაშალა.
-ვნახოთ ერთი, რა იცი. – უთხრა მან, რაზეც ელენემ წარბები ასწია და გაიცინა.
-კარგი, ვნახოთ. – თქვა მან და თავი გადააქნია, მერე კი ინტერესით დააკვირდა წითელი კალმით მონიშნულ პარაგრაფებს. თავი ასწია, როცა დაინახა, თუ როგორი კმაყოფილი სახით ჩამოჯდა მაიკო იატაკზე მათ მოპირდაპირედ და როგორ გაბადრულმა ჩამოსდო მაგიდას მკლავები.
-თქვენ გააგრძელეთ, ვითომ მე აქ არც ვარ. – ხელი აუქნია მან. ბაბლუანმა თვალები გადაატრიალა, და გვერდზე გაიხედა. მაიკო ისევ გაბადრული შეჰყურებდა მათ. ელენეს გაეცინა.
-რა იყო? – ჰკითხა მან.
-არაფერი, უბრალოდ რეეს პირველად ვხედავ ასე და დავტკბები, სანამ შემიძლია. – გაიცინა მაიკომ.
-როგორს? – ინტერესით ჩაეკითხა ელენე. მაიკომ ტუჩები გაბუსხა და ძმას ეშმაკურად გადახედა.
-დამარცხებულს. – თქვა მან მოკლედ, მერე კი ფეხზე წამოხტა და კისკისით გაიქცა, როცა ბაბლუანი მისკენ ღრენით წაიწია. – კიდევ მოგაკითხავთ, ძამიკო!
-რეე, რა საქციელია ეს! – გაისმა ტასოს საყვედურით აღსავსე ხმა, მაგრამ ეტყობოდა, რომ სიცილს ძლივს იკავებდა. იგი ელენეს მიუბრუნდა. – ჭკვიანად იყავით, გენაცვალე, აბა თქვენ იცით… – მან ტელევიზორი გამორთო და ღიმილით გაიპარა ოთახიდან.
ელენემ კი მის გვერდით ჩამომჯდარ, ჯერ კიდევ უკმაყოფილო ბაბლუანს გადახედა, რომელიც უფრო გაღიზიანებული იყო ვიდრე ადრე და ცივი თვალებით დაშტერებოდა წიგნს, მერე კი ამოიხვნეშა.
იმედი ჰქონდა, რომ ეს სესია ნორმალურად ჩაივლიდა.
-*-*-*-*-
დემეტრემ თავი მოიქექა და დაჟინებით ჩააშტერდა ფურცლის კუთხეში დახატულ დიაგრამას.
-კარგი. – თქვა ბოლოს. – და მეხუთე ნახშირბადიდან მეხუთე ნახშირბადამდე ბმა როგორ არის?
-სამი ფოსფატის ჯგუფია მაგ ორს შორის და იმიტომ. – უპასუხა ზედგინიძემ და რვეულში რაღაც ჩაწერა, მერე კი კალამი გვერდით გადადო და თვალები მუშტით მოისრისა. – მოკლედ, ეს არის ერენემის ერთ-ერთი დაცვის საშუალება. მეორეა ინტრონების ამოჭრა, მესამე კი პოლიადენილაცია, ანუ გრძელი ადენინის კუდის დამატება. კარგი… აბა ქრომატინი რა სახითაა ბირთვში?
-დეენემი შემოხვეულია ცილებზე, ჰისტონებზე, ნუკლეოომების სახით… – დაიწყო დემეტრემ.
-და სიგრძე? – ზედგინიძემ იდაყვები დააბჯინა მაგიდაზე და დაამთქნარა. დემეტრემ ცივად გადახედა.
-მოგეცადა და გეტყოდი. ოცი ათასი ნანომეტრი დეენემი, ნუკლეოსომების სახის მიღებისას სამი ათას სამასი… მერე სკაფოლდთან დაკავშირებისას ათასი.
-კარგი… – თქვა გოგომ. – ეგ გახსოვს. ისიც ხომ გახსოვს, რომ ტელომერაზა გამეორებულ…
-გასაგებია. მეოთხედ მითხარი უკვე. – მოუჭრა დემეტრემ და კალამი მაგიდაზე დააგდო.
-იმიტომ გითხარი, რომ წინა სამზე ვერ გაიგე. – უპასუხა გოგომ მშრალად, მერე კი ხვნეშით დაუშვა თავი წიგნზე. – ჩემი ბრალი არ არის.
-იმიტომ ვერ გავიგე, რომ აბდა-უბდა იყო შენი ნათქვამი. – უპასუხა დემეტრემ და მკლავები გადააჯვარედინა, ღრმად ამოიხვნეშა.
-არ იყო… აბდა-უბდა… – წაილუღლუღა ზედგინიძემ. დემეტრემ დაიფრუტუნა და თავი გაატრიალა. მეტ შეკითხვებს ელოდა.
მაგრამ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ საათის ტიკტიკი და სამზარეულოდან მომავალი ჩხარუნი ისმოდა, ალბათ დედამისი ისევ ქვაბებს არახუნებდა.
დემეტრე მობრუნდა, ზედგინიძეს დააშტერდა, რომელსაც თავი წიგნზე დაედო და როგორც ჩანდა ეძინა, მის მოშვებულ სახესა და გამოზომილ სუნთქვას თუ გაითვალისწინებდა. გოგოს ტუჩები ოდნავ გაპობოდა, მისი ჩიტის ბუდესავით აჩეჩილი თმა ზურგსა და მაგიდაზე გადაფენილიყო.
დემეტრე ტახტის საზურგეს მიეყუდა და ცივად დააშტერდა. რაც ეს გოგო მის ცხოვრებაში შემოიჭრა, დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ მოსვენება არ ჰქონდა. სახლში გამართულ იდილიას შეუშალა ხელი მათმა გადმოსვლამ, დემეტრეს ყოველდღიური, გამოზომილი ტემპიც კი დაირღვა. ამ გოგოს მეგობრების წყალობით გაიგო მთელმა სკოლამ კაპიტან პამპერსზე, რის გამოც ყველა ზურგს უკან დასცინოდა, ამის გამო მოუწია წინა დღეს უკან, სკოლის ეზოში მობრუნება, იმის მიუხედავად, რომ დიდი სურვილი არ ჰქონდა, ამ გოგოს გამო აწუხებდა დედამისი.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ წუთას რატომღაც მოეჩვენა, რომ ასეთი მოსვენებული არასოდეს ყოფილიყო. უბრალოდ იჯდა ტახტზე, მთელი სხეულით მოშვებული, წინ ბიოლოგიის წიგნი ჰქონდა გადაშლილი, საიდანაც უკვე ყველაფერი ესმოდა, რაც საჭირო იყო. რატომღაც სადღაც გაქრა მის სხეულში მუდმივად მყოფი, თითქოს მისგან შეუმჩნეველი დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ იმის შემდეგ იგრძნო, რაც გაუქარწყლდა.
-რეე, ელენე, მორჩით? – შემოიჭყიტა ტასომ, მერე კი სახე დაუნაზდა და გაიღიმა, როცა ზედგინიძის მძინარე სახე შეამჩნია. დემეტრემ უკმაყოფილოდ ასწია წარბი. ხანდახან ვერ ხვდებოდა, ეს ქალი მისი დედა იყო თუ ზედგინიძის.
-დასძინებია ბავშვს… დედა, ხომ ეტკინება ასე ზურგი, შენ მოგიკვდი… – ტასო თავზე დაჰფოფინებდა ზედგინიძეს. – რეე, აბა აიყვანე ზემოთ.
-არა, მეც დავიღალე. სად შემიძლია. – დემეტრე ფეხზე წამოდგა და გაიზმორა, მისმა მალებმა სასიამოვნო ტკაცუნი გაიღეს. ოდნავ გაეღიმა, როცა დედამისის მოღუშული სახე დაინახა. იცოდა, რომ გოგოს აყვანა მაინც მოუწევდა, მაგრამ ყოველთვის საინტერესო იყო დედამისის აღშფოთებული სახის ნახვა.
-რეე! – ბრაზიანად დაუჩურჩულა დედამ. – იქამდე გეჯდა ეს გოგო, სანამ წიგნზე არ ჩამოეძინა, პლუს შეხედე, რა გაგიჭირდება, ჩიტივითაა… არა, უფრო მეტი უნდა ვაჭამო. კეთილი ინებე და აიყვანე ზემოთ.
დემეტრემ თვალები გადაატრიალა, ზედგინიძისაკენ დაიხარა. ბევრად იოლი იყო მისი ხელში აწევა, როცა გოგო არ ფართხალებდა და ბრაზიანად არ ელაპარაკებოდა. დემეტრეს დილას მომხდარი ამბავი გაახსენდა და გაეცინა, მერე კი დედამისს ჩაუარა და კიბეებისაკენ გაემართა. მისი რეაქციები ყოველთვის აცინებდა. ზედგინიძე ან ძალიან სერიოზული, მის თვალებში მელოდრამატულიც კი იყო, ანდა წითლდებოდა და რაღაცას ლუღლუღებდა გაუგებრად. ძალიან ერთობოდა, როცა ხედავდა, თუ როგორი სისწრაფით დნებოდა ერთი ხასიათი მეორეში.
ზედგინიძე წყნარად ფშვინავდა, მისი თბილი და ზომიერი სუნთქვა დემეტრეს ყელზე ეხებოდა. გოგო მოიკრუნჩხა, უფრო მეტად მოტრიალდა მისკენ და თავი უკეთესად დაადო მხარზე, თან რაღაც ჩაიბუზღუნა, დემეტრეს ჩაეცინა და თავი გადააქნია.
უცნაური იყო თბილი სხეულის შეგრძნება.
მისი ოთახი შეაღო და გოგო ლოგინზე დაუშვა. იგი წამსვე გადაბრუნდა და ბალიშს ჩაეხუტა.
დემეტრემ საბანი გამოაძრო და გადააფარა. მისი აზრით, ეს საკმარისი იყო სამადლობელად იმისათვის, რაც ზედგინიძემ ამ საღამოს აუხსნა.
მძინარე გოგოს კიდევ ერთხელ გადახედა, მერე კი ოთახიდან გავიდა და კარი წყნარად გაიხურა.
-*-*-*-*-
ელენემ ამოიხვნეშა და უფრო მაგრად დაებჯინა ყავარჯენს. ჯოხის ხმარება დიდად არ მოსწონდა, ორი ხელი თავისუფალი არ ჰქონდა და ყოველ წუთში ვიღაც ახერხებდა, რომ ფეხი გამოეკრა მისთვის, მაგრამ არჩევანი ნამდვილად არ ჰქონდა. ან ეს ყავარჯენი უნდა აერჩია, რომელიც ნიკამ სასწრაფოდ გამოურბენინა მათი სახლის სხვენში დაყრილი ათასი ჯაბახანიდან, ანდა სკოლა უნდა გაეცდინა. მამამისის აზრით, ბევრი არაფერი სჭირდა და არ იყო საჭირო სკოლის გაცდენა, ელენეც ამ აზრზე იდგა. მათი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ტასოს სახით იყო, რომელიც მათ წინ ნახევარი საათი სცემდა ბოლთას და ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი რომ ელენეს რაღაც საშინელება დაემართებოდა სკოლაში წასვლით.
გოგონამ დაამთქნარა და შეეცადა, რომ მარიკას არ ჩამორჩენოდა.
-ელე, გოგო… – მუჯლუგუნი გაჰკრა მარიკამ. – შეამჩნიე? ხალხი აღარ გიბღვერს.
ელენემ წარბები შეკრა, მიიხედ-მოიხედა. გამვლელები ჯერ კიდევ უყურებდნენ, მაგრამ ამჯერად თვალს არიდებდნენ უსიტყვოდ. გოგონამ წარბები ასწია და თვალები ჭყიტა. უცნაურიც კი იყო ამის დანახვა.
-დაავიწყდათ ვითომ? – ჰკითხა მარიკამ. – ჰა, გოგო? თუ შეიგნეს უკვე, რომ გულიკოს ერთი სიტყვაც კი არ უნდა დაიჯერო?
-რაღაც არა მგონია… – ელენემ თვალები დაახამხამა, სუნთქვა აუჩქარდა. – იქნებ… იქნებ დემეტრემ თქვა ბოლოს და ბოლოს, რომ მე არ გამივრცელებია მაგაზე ამბავი?
-ბაბლუანმა? – წარბები აზიდა მარიკამ, სახეზე სკეპტიკური გამომეტყველება ეწერა. – შენ ბაბლუანს გულისხმობ, ხომ? დემეტრე ბაბლუანს? ჩვენს პარალელკლასელს?
-ვიცი, რომ შეუძლებლად გეჩვენება. – მშრალად მიუგო ელენემ. – მაგრამ ხომ შეიძლება…
-შეიძლება არა ისა… – დაიწყო მარიკამ და ეტყობოდა, რომ კიდევ კარგა ხანი გააგრძელებდა ლაპარაკს, მაგრამ სიტყვა შეაწყვეტინეს.
-ჰეი! გოგონა ფეხი ტკივილით! – ელენემ სწრაფად გაიხედა მარჯვნივ და გაიცინა, როცა მისკენ მორბენალი ქერათმიანი გოგონა დაინახა. იგი ახლოს გაჩერდა და გაუღიმა. – შენ გიკავია ჯოხი! ხარ შენ კარგად?
-კარგადა ვარ, ბევრად უკეთესად, ყოველ შემთხვევაში. – უპასუხა ელენემ, მერე კი ხელი გაუწოდა. – და გოგონა ფეხის ტკივილით ძალიან გრძელია, მე ელენე მქვია.
-ელენა… ელენა არის კარგი სახელია! – წამოიძახა მან. – მე მქვია მატილდა.
-ეს ვინღაა? – ელენესკენ გადაიხარა სახემოჭმუხნული მარიკა. მატილდამ ჩაიხითხითა.
-მე უკვე ვთქვი შენ, – გაიცინა მან. – მე მქვია მატილდა.
-აჰააა, გასაგებია. – ირონიულად გაიცინა მარიკამ.
ელენეს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ შედგა, როცა მატილდას მხარს იქით, დერეფანში მომავალი ბაბლუანი დაინახა თავის მეგობრებთან ერთად. ბაბლუანმა გადმოხედა და ელენეს წარბები თითქმის თმამდე აუვიდა, როცა დაინახა, თუ როგორ დაუქნია დემეტრემ მას თავი. განცვიფრებულმა ძლივს მოახერხა საპასუხოდ თავის დაქნევა. არც ის გამორჩენია, თუ როგორ გამოხედეს მისმა მეგობრებმა. მარჯვენა მხარეს მდგარი დაიჭიმა და წარბები შეკრა მის დანახვაზე.
სამივემ ჩაიარეს და მატილდამ თვალები დაახამხამა.
-ეს ბიჩი მოვიდა პარასქევს. – თქვა მან. – ეს იკო?
-კი, ეგ იყო. – უპასუხა ელენემ.
-ელე… – კიდევ ერთხელ გაკრა მუჯლუგუნი მარიკამ. – დაინახე?
-როგორ არ დავინახე, გვერდით ჩაგვიარეს… – გადახედა დაბნეულმა გოგონამ.
-არა, არა… გოგო, სად გაქვს ხოლმე თვალები? – წარბები ასწია მარიკამ. – ვერ დაინახე, გამყრელიძემ როგორ გადმოგხედა?
-ვინა? – მთლად დაიბნა ელენე, ვერ გაეგო, თუ ვის გულისხმობდა მისი მეგობარი. – გამყრელიძე ვინღაა?
-მე ვიცი გამკრელიძე. – განაცხადა მატილდამ და ელენემ სწრაფად გადახედა მას. – გამკრელიძე ზურა, ის იკო დგომა ბიჩის მარჯვნივ. თუ იყო ეს მარხნივ? არ ვერკვევი…
-მარჯვნივ იდგა, მაიცა, შვილო. – ხელი ასწია აშკარად გაბეზრებულმა მარიკამ. – პირდაპირ თვალები ჩაგიჟუჟუნა.
-ჯუჯუნა? მე ვიცნობ ჯუჯუნას ასევე, ის არის მეზობელი… – დაიწყო მატილდამ.
-მაცა თქო, შვილო. მოკლედ, ელენე… მაგ ტიპმა თვალებით შეგჭამა. – მარიკამ ტუჩები გაბუსხა და დერეფანში მიმავალ ბიჭებს წარბშეკრული მზერა გააყოლა. – ვატყობ, რომ მოსწონხარ.
ელენეს სიცილი აუტყდა.
-რას არ მოიფიქრებ ხოლმე. – უთხრა მან. – ხომ არ დაგავიწყდა, ეგ ერთ-ერთი იყო, ვინც დამცინა, კარგი? მოვწონვარ არა ის.
მარიკას აშკარად უნდოდა რაღაცის დამატება, მაგრამ ელენემ თავი გაუქნია და საათზე დაიხედა.
-გვეჩქარება, იწყება სამ წუთში. აბა ნახვამდის, მატილდა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა! – ხელი დაუქნია მან გოგონას.
-სასიამოვნო გაცნობა არის! – საპასუხოდ დაუძახა მატილდამ, მერე კი შეტრიალდა და დერეფანს დაუყვა. ელენე ყავარჯენს დაებჯინა და შეეცადა, რომ მარიკას არ ჩამორჩენოდა.
7-*-*-*-*-*-
ელენემ ყავარჯენი კედელზე მიაყუდა, კარი მიკეტა და ამოიხვნეშა. ტასოს საიდანღაც გაეგო, რომ დაჭიმვის დროს ნელ-ნელა სიარული და ფეხზე მასაჟის გაკეთება თერაპიული იყო, ამიტომ ქალი მთელი საათი დაარონინებდა აქეთ-იქით. უკვე ერთი კვირა გასულიყო და როგორც კლარა ექთანმა თქვა, ელენეს ფეხი მოურჩა, თითქმის საერთოდ აღარ სტკიოდა, მხოლოდ მაშინ, როცა ზედმეტად ატანდა ძალას, უხერხულად შემოტრიალდებოდა, ანდა ძალიან დაღლილი იყო. ამწუთას კი ერთადერთი ის უნდოდა, რომ ლოგინზე დავარდნილიყო და კარგი ხანი სძინებოდა.
საწოლამდე ნელა მილასლასდა, ზედ სახით დაეხეთქა და ბალიშში ღმუილი ამოუშვა.
მარიკა არ ასვენებდა. მთელი დასვენებები იმაზე უჩიჩინებდა, რომ იმ ვიღაც ზურა გამყრელიძეს, რომელიც, როგორც ჩანდა, დემეტრეს მეგობარი იყო, მოსწონდა. მარიკა გაიძახოდა, რომ იგი უცნაურად უყურებდა და ეს საკმარისი იყო იმის საბუთად, რომ ბიჭს ელენესადმი გრძნობები გააჩნდა. ელენეს მისი ჯერ კიდევ არ სჯეროდა, და როგორც ჩანდა, ეს ძალიან აწუხებდა მარიკას. ამბობდა, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო, გოგონა კი ამის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან მისი აზრით, საშიში და საფრთხილო არაფერი იყო. უფრო კომფორტულად მოეწყო ლოგინზე და ხმამაღლა ამოიხვნეშა.
გოგონამ უკმაყოფილოდ გაბუსხა ბალიშში ტუჩები, როცა დღეს მომხდარი მოვლენები გაიხსენა.
-ბიოლოგიაში რა მიიღე? – მისკენ გადმოიწია დათო. – მე რვა… გეუბნები, ვერ მიტანს ეგ ქალი. ვითომ არასწორია, რომ დავწერე, ფერმენტის მეორადი სტრუქტურის გავრცელებული სახე ალფა ჰელიქსი არის თქო? ამაში დამაკლო ქულა.
-რას მიიღებდა ახლა ელენე. – ხელი გაჰკრა მარიკამ, მერე კი მერხზე გადაეყუდა, ელენეს მხარზე თავი გადადო და გოგონას ტესტს თვალებმოჭუტული დააშტერდა. – აგერ, კარგი მსუყე ათიანი უწერია. თქვენ რა გენაღვლებათ, მე შვიდიანი მომაწება მაგ ეშმაკმა.
-მარიკა, რა იქნება, ნუ მაჭერ ნიკაპს მხარში. – უთხრა ელენემ და როცა მეგობარი უკან გადიწია, სწრაფად შემობრუნდა. – ალფა ჰელიქსთან ერთად ბეტა ფორმაც არის გავრცელებული, მაგაში დაგაკლო ალბათ ქულა.
-ცდები. – მშრალად ასწია წარბი დათომ. – მაშინ ნახევარი ქულა უნდა დაეწერა, ეგ ქალი უბრალოდ ვერ მიტანს.
-ისე, რაზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ? – წარბები ასწია მარიკამ და ორივეს გაკვირვებული მზერა სტყორცნა. – მაკვირვებთ. მგონი იმ დიდ პრობლემას უნდა მივმართოთ, რომელიც ზურა გამყრელიძის სახით გამოჩნდა ჩვენს წინ.
დათომ და ელენემ ერთხმად ამოიგმინეს.
-არ მოგბეზრდა? – გულწრფელი ინტერესით ჰკითხა ელენემ.
-რას ქვია, მომბეზრდა. გეუბნები, გოგო, ვიცი მე რა ხდება ამ დროს ხოლმე და დამიჯერე ერთხელ, რა იქნება. მაგ ბიჭს მოსწონხარ, მე კი ეგ ამბავი არ მომწონს. – ხელები გაშალა მარიკამ.
-ხომ არ გგონია, რომ ზედმეტი მოგდის? – მწყრალად გადახედა დათომ. – ვერ გაიგე? ბაბლუანის დამქაშია ეგ კისერწაგრძელებული მამალი.
-მერე რა, რომ ბაბლუანის დამქაშია, – გაცხარებული შეეწინააღმდეგა მარიკა. – უყურებს, უცნაურად გიყურებს, გესმის, ელენე? გინდა თუ არა, ხდება ეს ამბავი. ვერკვევი მე ასეთ რაღაცეებში და დამიჯერე.
-მე მგონია, რომ გეშლება. – წარბები ასწია ელენემ. – ხომ გითხარი, რომ დამცინა და…
-გავიგე, ოთხმოცჯერ მითხარი. – მობეზრებული გამომეტყველებით ასწია ხელი მარიკამ. – მაგრამ… შენთვის ვამბობ ამას. უბრალოდ მინდა რომ ფრთხილად იყო.
გოგონამ ამოიხვნეშა და თავი გადააქნია. დათო მწყრალად დაშტერებოდა მარიკას.
-ვიქნები, კარგი. – დანებების ნიშნად ხელები ასწია მან. – ვითომ რას მიზამს, შენი აზრით?
მარიკამ მხრები აიჩეჩა, წარბები შეკრა.
-მე რა ვიცი. მაგრამ არ მომწონს ეგ ბიჭი, მოკლედ. – თქვა მან და ისევ თავის ტესტს დააშტერდა. ელენემ თავი გააქნია და შემობრუნდა.
მისდა საბედნიეროდ, მარიკას აღარაფერი უთქვამს. მან მხოლოდ „ფრთხილად იყავი, გაფრთხილებ, იცოდე!“ დაუძახა მან, როცა ელენემ განაცხადა, რომ წყლის საყიდლად მიდიოდა.
დერეფანში ნელა მიაბიჯებდა, არ სურდა, რომ გარშემო მორბენალ ბრბოს დაჯახებოდა და ისევ ეტკინა ფეხი. თუმცა ალბათ ეს ძნელი იქნებოდა, რადგან დაჟინებით დაშტერებოდა მის ხელისგულზე დაყრილ ხურდას და ნელ-ნელა არჩევდა ერთი ბოთლი წყლისათვის გადასახდელ ფულს.
-ოცი… ორმოცი… ორმოცდახუთი და… – ის იყო, რომ პატარა გროვისათვის ბოლო ხუთთეთრიანი უნდა მიემატებინა, რომ უკნიდან ვიღაც მკვეთრად დაეჯახა. ელენე შეკრთა, წაბარბაცდა და ხურდა ხელიდან გაუცვივდა. მბზინვარე მონეტები რაკუნით დაცვივდნენ ძირს და რამდენიმე გამვლელების ფეხებში ჩაიკარგა, ელენეს თვალთახედვიდან შორს.
გოგონამ ბრაზით მოიხედა, მაგრამ იმდენი ადამიანი გრიალებდა გარშემო, რომ უაზროც კი იყო ახლა იმის მოძებნა ეცადა, ვინც ხურდა გააყრევინა ხელიდან. ბურტყუნით დაიხარა და მასთან ახლოს დაგდებულ ოცთეთრიანს სწვდა. ის იყო, კედელთან მიგორებული მეორე ოცთეთრიანისაკენ უნდა გადაწეულიყო, რომ მას ვიღაცის ხელი სწვდა და აიღო.
-ეგ ჩემია, გმადლობთ… – დაიწყო ელენემ და მასთან ახლოს დაჩოქილ ადამიანს ახედა. ახედა და წამსვე თვალები ჭყიტა.
ის გამყრელიძე იყო. შავთმიანი ბიჭი, რომელიც ბაბლუანის მეგობარი იყო. ეს იყო, ვინც დერეფანში დასცინა, ვიზეც მარიკა ერთი კვირა იყო, რაც ეჩიჩინებოდა და მოსვენებას არ აძლევდა.
ელენე თვალებდაჭყეტილი უყურებდა, თუ როგორ აგროვებდა ის ჩუმად იატაკზე დაგორებულ მონეტებს. გამყრელიძე ბოლო ათთეთრიანს გადასწვდა და გროვა ელენეს გამოუწოდა, ისევ უსიტყვოდ. მისი თვალები წამსვე გოგონას მზერას დააშტერდნენ და ელენე ძალიან შეეცადა, რომ გაეღიმა.
-მადლობა დახმარებისათვის… – წაილუღლუღა მან, სწრაფად წამოკრიფა მისი ხელისგულიდან ხურდა და ფეხზე წამოდგა. გამყრელიძეც მიჰყვა. ბიჭი წინ ედგა და ეტყობოდა, რომ განძრევას არ აპირებდა.
-ჰო… – ელენემ საჩვენებელი თითი დერეფნისაკენ გაიშვირა. – ისე, წყალი მაქვს მე საყიდი, უნდა წავიდე…
გამყრელიძე არ ინძრეოდა, ისევ დაჟინებით დაშტერებოდა სახეში.
-უკაცრავად… – გოგონა უხერხულად შეიშმუშნა. არ ესმოდა, თუ რატომ არაფერს ამბობდა გამყრელიძე და საერთოდ, რატომ არ იწეოდა იგი გვერდზე, რომ ელენეს გავლა შესძლებოდა. – სახეზე მაქვს რამე თუ…
-ელენა! ელენა! – მოესმა უკნიდან და შვებით ამოისუნთქა. მატილდა აკერმანს სულ ერთი კვირა იყო, რაც იცნობდა, მაგრამ ამწუთას უაღრესად მადლობელი იყო, რომ გოგონა გაიცნო და რომ მას შორიდან დაძახება ჩვევად ჰქონდა. გამყრელიძემ სწრაფად ასწია მზერა და როგორც ჩანდა, ელენესკენ მომავალ მატილდას გადახედა, მერე კი შებრუნდა და დერეფანს დაუყვა. ელენეს დაძაბულება მოეხსნა და კიდევ ერთი შვებით სავსე სუნთქვა ამოუშვა, მერე კი მატილდასკენ შემობრუნდა, რომელიც უკვე მასთან ახლოს იდგა.
-გამარჯობა, მატილდა. – გაუღიმა მან.
-გამარჯობა შენ ასევე! ეს ბიჩი გამკრელიზე იყო? – ჰკითხა გოგონამ და თავი გამყრელიძისაკენ აიქნია. – მას ნდომოდა რამე?
-არაფერი, უბრალოდ ხურდა დამიცვივდა და აკრეფაში დამეხმარა. – გოგონამ ხელისგულზე დაყრილი მონეტები ასწია.
-ხურდა? კაფეტერია წადიხარ ასევე? – თვალები ჭყიტა მატილდამ. – მოდი წავიდა ერთად!
-კარგი, წავიდეთ. – გაუცინა ელენემ და მატილდას გვერდით გაჰყვა.
-რა შენ მოგინდა ყიდვა? – ჩაეკითხა მატილდა.
-წყალი მომწყურდა და ვიყიდი ერთ ბოთლს. – უპასუხა ელენემ და ისევ დაიწყო ხურდების გადათვლა. „ოცი… ორმოცი… ორმოცდახუთი…“
-წკალი კარგია! – წამოიძახა გოგონამ. – მე მომინდა ლობიოებიანი ხაჩაპურის ყიდვა. – მან დარწმუნებით დააქნია თავი. – მე მომწონა ლობიოებიანი ხაჩაპური ძალიან.
-ლობიოებიან ხაჭაპურს ლობიანი ჰქვია, მატილდა. – სიცილით გაუსწორა ელენემ. – ლობიანი. ასე უფრო იოლია სათქმელად.
-დიახ, დიახ, ლობიანი. – თავი დაუქნია მატილდამ. – მე დამავიცყდა სიტყვა სულ.
ბუფეტს რომ მიუახლოვდნენ, გამვლელები გახშირდნენ. თვით ბუფეტში ჭედვა იყო, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. ძალიან მონდომებული მატილდა გამალებული შეეჭყუნა ვიღაც ბიჭსა და გოგოს შორის, თან ელენეც თან წაათრია. გოგონა უკვე ნანობდა აქ მოსვლას, მაგრამ ცოტა ხანში მატილდას წყალობით საკმაოდ ღრმად იდგა, ვიღაცას ფეხზე ფეხს აბიჯებდა და ვიღაცის იდაყვი ჰქონდა გვერდში გაჩხერილი, ამიტომ უკან დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
-რამდენი ადამიანებია. – ამოიქოშინა მატილდამ და ელენემ ამოიგმინა. როგორც ჩანდა, მატილდას ძალიან უნდოდა ლობიანი. – გამკიდველის ვერ ვხედავ. ელენა, ის არის მარჯვნივ ან მარცხნივ?
-მგონი წინ არის, მეც ვერ ვხედავ. – წაილუღლუღა ელენემ და შეეცადა ფეხისწვერებზე შემდგარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. საცოდავად დაიჭყანა, როცა მასთან ახლოს ვიღაც გაფოფრილთმიანმა გოგომ ჩხავილი მორთო, ფეხზე ნუ მაბიჯებთო.
მერე კი გაახსენდა.
მოიღუშა.
გამყრელიძე მის გვერდით მონეტების დაცვენიდან სულ რაღაც ორ წამში დაიხარა, რაც, ელენე ახლა ხვდებოდა, რომ საკმაოდ უცნაური იყო. როგორ იყო ის ასე ახლოს, რომ ამდენ ხალხში ის დაენახა, რომ ელენეს ვიღაც დაეჯახა და ხურდა დააყრევინა ძირს? და საერთოდ, რა იყო იმის შანსები, რომ იგი ზუსტად იმ ადგილას იქნებოდა, ზუსტად იმ დროს, როცა ელენეს ვიღაც დაეჯახა?
გოგონამ წარბები შეკრა, გამალებით ფიქრობდა.
-ელენა, აქ მოხვიდე, გაძვერი! – დაუძახა მატილდამ და ფიქრებიდან გამოაფხიზლა. მატილდასთან ერთად წინა რიგში მდგომ ბავშვებს შორის გაეჭყუნა და შვებით აღვსილმა წყალი შეუკვეთა.
გამყრელიძეზე ფიქრი კი თავიდან გაუფრინდა.
ელენე მოგონებებიდან გამოცურდა, თავი მკვეთრად გადააქნია. ძალიან უცნაური იყო, სწორედაც, მაგრამ ალბათ უბრალო დამთხვევა იყო ეს და სხვა არაფერი, თვითონ კი ზედმეტად ფიქრობდა ამაზე და რასაკვირველია, მისი გონებაც აზვიადებდა, როგორც ყოველთვის. უბრალოდ საჭირო იყო, რომ სხვა რამეზე გადართულიყო.
„მაგალითად დემეტრეზე.“ წამსვე გაიფიქრა მან და თავი კიდევ ერთხელ გადააქნია, საწოლზე რამდენიმეჯერ გადაგორდ-გადმოგორდა.
ბაბლუანი ჯერ კიდევ ცივი იყო, როგორც ყოველთვის. როცა შეეძლო და უნდოდა, მაშინ აიგნორებდა, არც დაცინვას აკლებდა, როცა ამის ხასიათზე იყო. დღე არ გაივლიდა, რომ ბაბლუანს მის თმაზე, ტანსაცმელზე, ქცევაზე კომენტარი არ გაეკეთებინა. ელენემ უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები. „თავზე ჩიტის ბუდე გადევს,“ „ეგ ჩემს დიდ ბებიას ეცვა, სიბერეში,“, ჩვეულებრივი ფრაზები გამხდარიყვნენ ელენესათვის და ვერ იტანდა ამ ფაქტს. ვერ იტანდა იმას, რომ ასეთი გავლენა ჰქონდა მასზე ბაბლუანს და რომ თვითონ ვერაფერს ახერხებდა.
ლოგინზე წამოიწია, როცა კარი გაიღო და გაიღიმა, როცა შიგნით შემომავალი მაიკო დაინახა. მაიკოს იღლიაში რაღაც უშველებელი, წიგნის მსგავსი, დამტვერილი საგანი ამოეჩარა, და სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაცით ძალიან კმაყოფილი იყო.
-მაიკო, ეგ რა არის? – ჰკითხა ელენემ და გაიცინა, როცა გოგონამ კარები მიხურა და მისკენ გამოემართა.
-ალბომია. – უთხრა მან, მის გვერდით, ლოგინზე დაეხეთქა და ალბომი კალთაში ჩაიდო.
-სად მიაგენი? – გვერდით მიუჯდა ელენე და ინტერესით დააცქერდა დამტვერილ, ლურჯყდიან ნივთს. – და რა გჭირს? რაღაც ფერმკრთალი ხარ… – უთხრა მან, როცა მაიკოს კანის უჩვეულო ფერი შეამჩნია.
-არაფერი, უბრალოდ მთელი დღე სხვენში ვიქექებოდი. – მხრები აიჩეჩა ელენემ. – ჩემს სკოლაში ისევ გრძელდება დათხოვა, ამიტომ დღესაც არ წავსულვარ.
-ჰო, გრიპის გამოო… – გაიხსენა ელენემ მაიკოს ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ.
-ჰოდა რაც მამამ სხვენიდან ის ყავარჯენი გამოაძვრინა, სულ იმას ვფიქრობდი, ალბათ საინტერესო ჯაბახანა იქნება იქ თქო. – მაიკომ ეშმაკურად გადმოხედა. – ჰოდა ნახე, რეეს ბავშვობის ალბომი ვიპოვე.
მან ალბომი გადაშალა და ელენე მკვეთრად წაიწია წინ, მაშინვე სიცილი წასკდა თეთრქუდიანი, ლურჯ ტანსაცმელსა და პაწაწინა, აშკარად მოქსოვილ ბაჩაჩებში გამოწყობილ ახალშობილს, რომელიც აშკარად დემეტრე უნდა ყოფილიყო.
-გახედე, ელენე, გავს ახლა ეს შესაჭმელი ბურთი ჩემს ძმას? – მაიკომ თავი გადააქნია და ფურცელი გადაშალა, პაწაწინა ბავშვზე მიუთითა, რომელიც უკბილოდ იცინოდა და ხელები ზემოთ აექნია, პამპერსში გამოწყობილს.
ელენეს სიცილი წასკდა.
-არა, არ გავს… – ძლივს ამოთქვა მან.
-არა ჰოოო? – მიუგო მაიკომ და თავი გადააქნია. – რა ვირი გაიზარდა… გახედე, დარჩენილიყო ასეთი, რა იქნებოდა! – მან სურათზე მიუთითა, რომლის ქვეშ ეწერა: „რეე შვიდი თვის“, და თვალებდამრგვალებული, მუცელზე წამოგორებული პაწაწინა ბიჭი შემოჰყურებდათ.
-რა საყვარელი ყოფილა… – წამოიძახა ელენემ, თავს ვეღარ იკავებდა, უკონტროლოდ იცინოდა.
-ჯერ სად ხარ. – მისკენ გადმოიწია მაიკო, მერე კი ალბომის ფურცლები ასწია და ჩაკეცილ გვერდზე გადაშალა. – კინაღამ გადავყირავდი, ეს რომ დავინახე.
ელენე თვალებდაჭყეტილი დააშტერდა. სურათზე მწვანე, პაწაწინა მაისურსა და ლურჯ მოკლე შარვალში გამოწყობილი ბაბლუანი ჩანდა. თავზე პამპერსი ჩამოეფხატა და აშკარად ძალიან კმაყოფილი, გაბადრული უყურებდა კამერას. ექვსი პაწაწინა კბილი მოუჩანდა. სურათს ქვემოთ ეწერა: „რეე ორი წლის. კაპიტანი პამპერსი!“
ეს იყო ორიგინალი კაპიტანი პამპერსი.
ელენე ლოგინზე გადაგორდა და მუცელზე ხელები იტაცა. ხმამაღლა კისკისებდა, ვერც კი წარმოედგინა, რომ ოდესმე „კაპიტან პამპერსს“ ნახავდა თავის ჩვეულ ამპლუაში, ამიტომ მისთვის ეს უბედნიერესი მომენტი იყო. იქამდე იცინა, სანამ გვერდები არ ასტკივდა.
-აჰა, შენ გქონდეს. – უთხრა მაიკომ. ელენემ ცრემლები მოიწმინდა და გასწორდა. მაიკომ სურათი ალბომიდან ააძრო და გოგონას გამოუწოდა. – გქონდეს, სამახსოვროდ.
ელენემ ღიმილით დახედა სურათს და კიდევ ერთი ხითხითი ამოუშვა, მერე კი ფრთხილად ჩაიდო ჯიბეში. მაიკოს გადახედა და მომენტალურად ღიმილი ჩამოეცალა სახიდან, როცა დაინახა, თუ როგორ იტაცა მან შუბლზე ხელი.
-რა იყო, კარგად ხარ? – ელენე შეწუხებული დააშტერდა მეგობარს. – თავი აგტკივდა?
-არაფერი, თავბრუ დამეხვა უბრალოდ. – მაიკო ფეხზე წამოდგა, ალბომი კალთიდან გადაუცურდა და იატაკზე ბრაგვანით დაეცა. გოგონას ყურადღება არ მიუქცევია, წამსვე კარისაკენ გაემართა.
ელენე წამოხტა და უკან გაჰყვა, შეწუხებული და დაბნეული უყურებდა, თუ გავიდა მაიკო დერეფანში და სწრაფი ნაბიჯით წამოეწია, მისკენ დაიხარა.
-იქნებ წამოწვე? – ჰკითხა მან, როცა მისი გაფითრებული სახე და დისორიენტირებული თვალები დაინახა. – მაიკო, ცუდად ხარ? მითხარი, თავბრუ გეხვევა?
-არა, უბრალოდ… – მაიკომ წარბები შეკრა და თავი გააქნია, ცალი ხელით კიბის სახელურს დაებჯინა და წამიერად გაჩერდა. – უბრალოდ მწყურია, წყალს დავლევ და გამივლის.
-რაღაც არა მგონია, რომ წყალმა გიშველოს… – ელენე შეკრთა და მაიკოს ხელი შეაშველა, როცა იგი დაბარბაცდა და მკლავზე ეჭირა ხელი, სანამ კიბის ბოლომდე არ ჩააღწიეს.
-არა, არა, კარგად ვარ, მართლა… – ხელი ასწია მაიკომ, თვალები მაგრად დაეხუჭა და ელენეს უცებ ცუდმა წინათგრძნობამ წამოუარა. ბუნდოვნად იგრძნო რაღაცის სურნელი. ალბათ ტასო სამზარეულოში ხარშავდა რამეს…
ელენეს გაოცებისა და შოკისაგან თვალები გაუფართოვდა, როცა მაიკო მოულოდნელად მოეშვა და ხმამაღალი ბრაგვანით დაეცა იატაკზე. თვითონაც ინსტინქტურად მუხლებზე დაეშვა, ხელი ჯერ კიდევ გოგონას მკლავზე შემოეხვია, და წამით განცვიფრებული დააშტერდა უძრავ სხეულს.
სასტუმრო ოთახიდან ბრახუნი გაისმა, სამზარეულოში კი წკრიალი, მერე კი სასტუმრო ოთახიდან მოღუშული ბაბლუანი გამოვარდა. მთელი სხეულით დაიჭიმა და თვალები გაუფართოვდა, როცა იატაკზე მისი დის სხეული დაინახა. ელვის სისწრაფით წამოიწია წინ და გოგონას თავთან მუხლებზე დაეცა.
-მაიკო? მაიკო! – ჩაჰყვირა მან. ელენე ღრმად სუნთქავდა, გონებაში ყოველი პირველი დახმარების გიდი დაუტრიალდა, რაც კი ოდესმე წაეკითხა. – რა დაემართა? რა მოხდა, მითხარი! – ყვირილით მოუბრუნდა ბაბლუანი.
-ნუ ღრიალებ! – საპასუხოდ მიახალა ელენემ და სწრაფად დაიხარა, სუნთქვა უნდა შეემოწმებინა. უკნიდან ბუნდოვნად ესმოდა სამზარეულოს კარის რახუნი და ტასოს შეკივლება, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ბაბლუანს მკვეთრად ჰკრა ხელი და მაიკოს სახიდან თმა გადაუყარა, თავი უკან გადაუწია და ნიკაპის დასაკავებლად ზედ მოსდო ხელი, მერე კი ხელის ზურგი მიუტანა ცხვირთან. შვებით ამოისუნთქა, როცა ჰაერის ზომიერი მოძრაობა იგრძნო კანზე. გული ყურებში უცებ, ბუნდოვნად ესმოდა ტასოს ყვირილი და ბაბლუანის შეწუხებული, ამასთანავე ბრაზით აღსავსე ხმა. თითები მაიკოს ყელზე, ხორხის გვერდით მიადო, და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და მთელი სხეულით მოეშვა, როცა ასევე ზომიერი პულსი იგრძნო თითების წვერებზე.
-სუნთქავს, პულსი აქვს. – ძლივს ამოილუღლუღა მან და ტასოს გადახედა, რომელიც შეძრწუნებული დაჰყურებდათ. – ექიმს გამოუძახეთ! უბრალოდ გული წაუვიდა. – ელენემ მაიკოს წელზე გადაგდებული ხელი გვერდზე დაუდო, თითები ჯერ კიდევ უთრთოდა.
ტასო სასტუმრო ოთახისაკენ გაიქცა, მალევე გაისმა მისი ნერვიულობით აღსავსე ხმა, იგი ექიმს სიტუაციას უხსნიდა. ელენემ ბაბლუანს გადახედა, რომელიც გაფითრებული და დაჭიმული ჩამომჯდარიყო, მაიკოს თვალს არ აშორებდა.
-კარგი. – ძლივს ამოისუნთქა მან და კიდევ ერთხელ მიუახლოვა ხელის ზურგი მაიკოს ცხვირთან, მერე კი ხელახლა გაუსინჯა პულსი. – ახლა… სუნთქავს, ცირკულაციაც ნორმალურია, გონი აქვს დაკარგული. უსაფრთხო მდებარეობაში უნდა გადავიყვანოთ. – მან ფრთხილად, ბაბლუანის დახმარებით გადმოაბრუნა მაიკოს სხეული გვერდზე, ხელი თავქვეშ ამოუდო, ფეხი კი მოუკეცა. ერთიანად კანკალებდა. – კარგი… ახლა დაველოდოთ დახმარებას და ყოველ ორ-სამ წუთში შევუმოწმოთ სუნთქვა და პულსი…
-რა მოუვიდა? – ჰკითხა ბაბლუანმა ხმადაბლა, მკერდი სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა. ელენემ გაიგონა, თუ როგორ დადო ტელეფონი ტასომ და როგორი სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა მათკენ. – არ მახსოვს, რომ ოდესმე გული წასვლოდა…
-არც წასვლია, მაგას მოვუკვდი მე… – ტასოს სახეზე ხელები აეფარებინა, თვალებში ცრემლები გაუბრწყინდა.
-ჩემთან შემოვიდა, ცოტა დავილაპარაკეთ. მთელი დილა თურმე სხვენში იყო და რაღაცეები ჩამოიტანა… – დაიწყო ელენემ და თავი გადააქნია, გონება ჯერ კიდევ არეოდა. – შევამჩნიე, რომ ფერმკრთალი იყო, მერე ბარბაცით დადიოდა, ამბობდა, კარგად ვარო, ცოტათი თავბრუ მეხვევაო. მე ჩამოვყევი და კიბის ძირში მოულოდნელად დაეცა, ვერც კი გავიგე, რა მოხდა… – გოგონამ თავი გააქნია. – არ ვიცი, რა იყო მიზეზი.
ტასო შეკრთა.
-დილით საჭმელიც არ უჭამია, ჩაი დალია მარტო… – ამოიქშინა მან. – მთელი დილა სხვენში ვიყავიო? სულ ცუდად იტანს ხოლმე უჭმელობას, მაგრამ…
-კარგად იქნება, ტასო დეიდა. – უთხრა ელენემ. – თუ მართლა უჭმელობის ბრალია, მოსულიერდება მალე. სუნთქავს, პულსიც კარგი აქვს.
ტასომ თავი დაუქნია, მაიკოს თვალს არ აშორებდა და შორიახლო ბოლთას სცემდა. ელენე, მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ ოჯახის ექიმი მოვიდოდა, მაიკოს სუნთქვასა და პულსს უმოწმებდა და გრძნობდა, თუ როგორ დაჟინებით დააშტერდებოდნენ დრო და დრო ბაბლუანის თვალები.
-*-*-*-*-
ელენემ თავი მოიქექა, მის გვერდით მიმავალ მარიკას ზარმაცად გადახედა, თან ყველანაირად შეეცადა, რომ მატილდას ხმამაღალი საუბარი მოესმინა, მაგრამ რაც არ უნდა კონცენტრირებულიყო, მაინც ვერაფერს იგებდა, სამწუხაროდ. ეს ბოლო ორი დღე იყო, მაიკოს გულწასვლის შემდეგ, რაც გვიანობამდე რჩებოდა მეგობართან, ათას რამეზე ელაპარაკებოდა და მეორე დილით ასეთი დაღლილი და დისორიენტირებული იღვიძებდა. კიდევ კარგი, მაიკო ბევრად უკეთესად იყო. ექიმი, მისი თქმით, ძალიან კმაყოფილი დარჩა იმით, როცა მის პაციენტს პირველი დახმარება უკვე აღმოჩენილი ჰქონდა. ტასომ სიტუაცია აუხსნა, ექიმმა მაიკო გასინჯა. მაიკო გადაღლილი იყო და მართლაც, უჭმელობამ გონი დააკარგვინა. ექიმმა ცოტა ხნით წოლითი რეჟიმი გამოუწერა მას და ტასოს ურჩია, რომ ყველანაირად ცდილიყო მაიკოსათვის ჭამაში ხელის შეწყობას, რაზეც ტასო უკმაყოფილოდ აიფოფრა.
ელენემ ჩაიცინა და თავი გადააქნია.
-კარგად ხარ? – ხელი გაუქნია მარიკამ და ელენემ სწრაფად გადახედა მეგობარს. – ვერ გაიგონე, რა გკითხეს?
-რაო? – იკითხა დაბნეულმა ელენემ.
-გოგო, დაყრუვდი შენ? – შეუტია მარიკამ. – მერამდენედ უნდა გაგიმეორო?
-ელენა, შენ არ გინდა ჩვენი სასწავლა ადგილის იუბილეზე სიარული? – ჰკითხა მატილდამ.
-სასწავლო ნაწილის? რაო, დაგვპატიჟა? – იკითხა მან.
-გოგო, ნახევარი საუკუნის შესრულდა თავიკაცი და ხომ უნდა აღნიშნოს. – წარბები ასწია მარიკამ. – აბა რას შვება. ზევითა კლასები და მთელი კოლექტივი ჰყავს დაპატიჟებული. საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ რა მენაღვლება, უფასოდ მაინც წავჭამ.
ელენემ წარბები აზიდა.
-ელენა, წამოდი? – მკლავზე ჩაეჭიდა მატილდა. – მარიკა თქვა, მისი მამა მოვა, და წახვედით რესტაურანში!
-რესტორანში, შვილო, რესტორანში. – თითი მიუშვირა მარიკამ. – შენ კი ხმა არ გაიღო, გინდა თუ არა, მაინც წამოხვალ, გესმის? – მოუბრუნდა ელენეს. -ყველა იქ იქნება, მე კი ამ უცხოელთან არ მინდა დაჯდომა, დათო კი მაინც და მაინც დღეს არ აგდია სკოლაში.
-მე არ ვარ უცხო! – გაუცინა მატილდამ. – მე შენ გითხარი, მე ვარ მატილდა.
-აი ხომ გეუბნები. – მშრალი მზერა სტყორცნა მარიკამ. – მოკლედ, მოდიხარ.
ელენემ ამოიხვნეშა, დიდად არ უნდოდა არსად წასვლა, მაგრამ ალბათ საინტერესო იქნებოდა დიდ დაბადების დღეზე დასწრება. თან იცოდა, რომ თუ არ წავიდოდა, მარიკა კარგა ხანი არ აპატიებდა იმას, რომ მატილდასთან ერთად დატოვა.
ელენეს მართლა არ ესმოდა, თუ რა იყო პრობლემა. მატილდა მშვენიერი ადამიანი იყო, მაგრამ როგორც ჩანდა, მარიკა ასე არ ფიქრობდა.
ამიტომ ამოიხვნეშა, ტასოს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, უთხრა, თუ სად მიდიოდა და მეგობრებს უკან გაჰყვა.
-*-*-*-*-
რესტორანში ჭედვა იყო. ელენეს რატომღაც სკოლის ბუფეტი გაახსენდა და ცხვირი აკრუნჩხა, როცა ღვინის, ერთმანეთში არეული კერძთა მძაფრი და ოფლის სურნელი შეისუნთქა. ზუსტად ისეთი გრძნობა გაუჩნდა, როგორც იმ სკოლის ბუფეტში.
კიდევ კარგი, რომ მატილდა და მარიკა ჰყავდა თან, თორემ დარწმუნებული იყო, რომ ამ დომხალში ვერაფრით ვერ გააღწევდა თავისით. მისი მეგობრები ულმობლად, მუჯლუგუნების საოცრად ეფექტური გამოყენებით მიიწევდნენ წინ, გასაძრომებს პოულობდნენ და იმდენს ახერხებდნენ, რომ არ იჭყლიტებოდნენ. ელენე ვიღაცების ორ უშველებელ ღიპს შორის გაეტია და შვებით ამოისუნთქა, როცა შედარებით ცარიელ ადგილას გავიდნენ.
-აქ დავჯდეთ. – გადაწყვიტა მარიკამ და ერთ-ერთ, ჯერ კიდევ სასწაულებრივად დაუკავებელ მაგიდაზე მიანიშნა. დარბაზი ისე მოერთოთ, თითქოს საქორწილო სადილი იმართებოდა აქ, კუთხეში ხმამაღლა ბუბუნებდა მუსიკა. უამრავი პატარა მაგიდა იდგა, სადაც რვა ადამიანი თუ დაეტეოდა.
ელენე მატილდას გვერდით დაეხეთქა და ქშინვა ამოუშვა.
-ჰე, ახლა ველოდოთ საჭმელს, ვითოხლაოთ, და წავიდეთ სახლში. – ხელები კმაყოფილებით დაისრისა მარიკამ.
-ვითოხლაოთ? – გაკვირვებით გადახედა მატილდამ. – რა ნიშნავს ეს სიტყვა? მე ვიცი ვითოვლაოთ…
მარიკა მატილდას მიუბრუნდა და ხელების ქნევით შეუდგა თავისი ცვეული ლექციის ჩატარებას, ელენემ კი დარბაზი მოათვალიერა.
შემოსასვლელისაკენ გაიხედა და თვალები ჭყიტა, როცა დარბაზში მომავალი ბაბლუანი და მისი მეგობრები დაინახა. ბაბლუანმა მას როგორც კი თვალი ჰკიდა, მათი მაგიდისაკენ გამოემართა.
ელენეს პირის გაღება ვერ მოესწრო, რომ საქმეში, როგორც ყოველთვის, მარიკა ჩაერია, რომელმაც დროზე შენიშნა მოახლოებული სამეული.
-აპაპაპაპა! – ხელი ასწია მან. – ოე, ბაბლუანი, აქ არ შეიძლება, ადგილები დაკავებულია! სხვაგან წადი!
-დაკავებულია? – იკითხა ბაბლუანმა და ყურადღებით დახედა ცარიელ სკამებს. – დარწმუნებული ხარ? – მერე თამამად გამოსწია სკამი და ზედ ჩამოჯდა, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. – ჰო, მართალი ყოფილხარ. ახლა დაკავებულია, ნამდვილად.
მარიკა გაიბერა.
-არ შეგიძლია, რომ სხვა მაგიდა მოძებნო? – იკითხა ელენემ და დარბაზში გადაიხედა. მართლაც იყო შეუვსებელი მაგიდები.
-აქ უკეთესია. ახლოს არის სამზარეულოსთან. – თქვა უცებ გამყრელიძემ, სკამი გამოსწია და ელენეს გვერდით მიუჯდა. გოგონამ თვალები ჭყიტა და მარიკამ გადახედა, რომელიც ისეთი სახით უყურებდა, რომელიც აშკარად ამბობდა: „ხომ გეუბნებოდი.“
მესამე მეგობარიც მიუჯდა მაგიდას და მალევე დაიწყეს ათასნაირი საჭმლის ჩამოტარება. საკვები კარგი იყო, ღვინო კი, მატილდასა და მარიკას იშვიათი საერთო აზრით, ძალიან ტკბილი. კუთხეში მიყუდებული სამუსიკო მოწყობილობა ხან ძალიან წყნარ სიმღერას უკრავდა, ხან კი კედლებს აზანზარებდა. თამადა რაღაც გაუგებარს ღრიალებდა და ყოველ ორ წუთში ახალ სადღეგრძელოს ამბობდა. ელენე ცდილობდა, რომ მის გვერდით მჯდარი გამყრელიძისათვის ყურადღება არ მიექცია და ზრდილობის გამო მაინც არ გაწეულიყო გვერდით, მაგრამ როგორც ყოველთვის, ესეც ძალიან ძნელი იყო.
-რა ბედნიერებაა. – განაცხადა ცხვრის ხორცით პირგამოტენილმა მარიკამ. – ესენი დგებიან-ჯდებიან, მე კი ვზივარ. ჰა! – მან ეშმაკური ღიმილი სტყორცნა ბიჭებს, რომელიც უკან დასხდნენ, გამყრელიძემ წამსვე გამოცალა ჭიქა, ბაბლუანმა კი თავისი გვერდით გასწია, მისი განცხადებით, სმის ხასიათზე არ იყო. – თქვენ თუ ბუქნების გასაკეთებლად მოხვედით აქ…
ელენემ თავისდაუნებურად ჩაიცინა, იმის მიუხედავად, რომ ამის ხასიათზე არ იყო, და თავის თეფშს ჩააშტერდა. ბაბლუანი მატილდას თითქმის შეუჩერებლად ელაპარაკებოდა ათას რამეზე, რაც ოდნავ სტკენდა გულს. მატილდა მშვენიერი გოგო იყო და იმსახურებდა კარგ მოპყრობას, მაგრამ ელენემ სეამჩნია, რომ ბაბლუანი მას ისეთი ზრდილობითა და ღიმილით ელაპარაკებოდა, რომელიც მისკენ არასოდეს მიუმართავს.
უხალისოდ გადააგორა თავისი ხორცი თეფშზე და ნაღვლიანად გადახედა ბაბლუანს. სულ არ სურდა, რომ ასე ეგრძნო, და ვერ გაეგო, თუ რა უნდოდა დემეტრეს, თუ რატომ იყო მისდამი ასეთი ცივი, მაგრამ სხვისდამი ასეთ ცვლილებას იჩენდა.
მიზეზი ვერ გაეგო და უკვე აღიზიანებდა ეს ფაქტი.
როგორც ჩანდა, მარიკამ შეამჩნია, თუ რა ხდებოდა მის გონებაში და სანამ ელენე მეგობრის გონებრივი მომზადების ნიშნებს შეამჩნევდა, შეტევაზე გადავიდა.
-ოე, ბაბლუანი! – თავი აუქნია მან დემეტრეს და ელენემ ელვის სისწრაფით ასწია თავი. – რაო, უცხოელები იმსახურებენ პატივისცემასო და სხვები არაო? ჰმ? – წარბები აუწია მან. – სულ ცალ ფეხზე მკი…
-მარიკა! – ხმამაღლა შეაწყვეტინა ელენემ. – ძალიან გთხოვ…
-ოოო არა, ელე, ეს ლოდთა ლოდი ჩემგან ერთ კარგ, სათანადო გამოლანძღვას მიიღებს, კარგა ხანია, რაც საჭიროებს ამას… – მკლავები დაკაპიწა მარიკამ.
-მარიკა, სირცხვილია… – დაუსისინა ელენემ და ელვის სისწრაფით მოავლო მაგიდას თვალი. ბაბლუანი ორინიული ღიმილით უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს.
-სირცხვილი ისაა, თუ როგორ  გექცევა ეს… – დაიწყო მარიკამ.
-სირცხვილი ისაა, თუ როგორ იქცევი ახლა. – წარბი ასწია ბაბლუანმა. ელენე გაოცებული შეაშტერდა. – მე კი პატივისცემით მხოლოდ იმათ ველაპარაკები, ვინც მომწონს. ჩემი ბრალი არაა, რომ შენი მეგობარი ამ ხალხთა სიაში არ შედის.
ელენეს გული ჩასწყდა. სუნთქვა აუჩქარდა, მერე კი იგრძნო, როგორ აუდუღდა კისერში გაღიზიანება და წყენა. ხელები თავისდაუნებურად მომუშტა.
-საერთოდ ვინ ჯანდაბა შედის მაგ ხალხის სიაში საკუთარი თავის გარდა, შე ნარცისო! – იფეთქა მარიკამ. – შე გულქვა ნაძი…
-გულქვა ნაძირალა? – დაიფრუტუნა ბაბლუანმა. – და ხომ არ დაგავიწყდა, რომ ამის მიუხედავად, შენს მეგობარს მაინც ვუყვარვარ? ეგ კი არა, რა წერილი გამომიგზავნა… – ელენე ადგილზე შეხტა, თვალები საცერისოდენა გაუხდა. – „დემეტრე, თუ ეს წერილი მოგეცი, ესე იგი ვერ შევძელი შენთვის ნორმალურად მეთქვა ის, რისი თქმაც მინდოდა. მე ელენე ზედგინიძე ვარ, შენი პარალელკლასიდან, და არ ვიცი, გახსოვარ თუ არა….“
-ახლავე გაჩუმდი! – უყვირა ელენემ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სახეზე ცეცხლი ეკიდა, ყველაფერი ერთიანად დასჭიმვოდა და ძლივს სუნთქავდა.
-დემეტრე, ალბათ უცნაურია, ამას რომ გეუბნები, მაგრამ… მე შენ მიყვარხარ… – აგრძელებდა ბაბლუანი. აგრძელებდა და ყველა მაგიდასთან მჯდომი განცვიფრებული სახეებით დაშტერებოდა ან მას, ან ელენეს.
ელენე ფეხზე წამოიჭრა, სირცხვილი, დამცირება და აუტანელი მრისხანება დაუგროვდა მკერდში.
-უცნაური იქნებოდა, აბა რა… – მან ელვის სისწრაფით ამოაძრო ჟაკეტის ჯიბიდან სურათი და კანკალით გაიცინა, როცა ბაბლუანს თვალები გაუფართოვდა.
-ეგ ვინღაა? – ძლივს ამოილუღლუღა მარიკამ.
-ვინ იქნება? – დემეტრესკენ გადაიხარა ელენე. – კარგად შეხედეთ! ხომ ლამაზია? ძალიან უხდება ხომ პამპერსი! გხატავს, დემეტრე! – მან სურათი ზემოთ ასწია და დაინახა, თუ როგორი გაოცებით გააყოლეს მას ზედ გამოსახულ პატარა ბიჭს თვალი გამვლელებმა. – არა, კაპიტანო პამპერსო? ჰმმ?
ელენე შეხტა, როცა ბაბლუანი ფეხზე წამოიჭრა და სურათი ხელიდან გამოსტაცა, მერე კი მაჯაში სწვდა და გასასვლელისაკენ გაათრია.
-ეგ ორი მანდ იყოს! – დაიყეფა მან, თავის ძაღლებს აძლევდა ბრძანებას, ზიზღით გაიფიქრა ელენემ. ყველანაირი თბილი გრძნობა გაუქრა და წამიერად აუტანელმა მრისხანებამ მოიცვა.
-ხელი გამიშვი! – იყვირა მან და გაიბრძოლა, როცა ბაბლუანმა გარეთ გაათრია და შენობის გვერდით, შედარებით ჩაბნელებულ ადგილას ჩაიყვანა. – სად მიგყავარ… ვაი! – აღმოხდა მას, როცა ბაბლუანმა კედელს მხრებში ჩაჭერილი ხელებით ააკრა.
ელენემ ახედა, მთელი სხეული უთრთოდა და ძლივს სუნთქავდა. ბაბლუანი თითქმის ისე გამოიყურებოდა, როცა დერეფანში კაპიტანი პამპერსის შემთხვევის შემდეგ გაცოფებული მოვარდა. მიზეზი ახლაც იგივე იყო.
-საჭირო იყო მაგის გაკეთება? – დაუღრინა ბაბლუანმა.
-საჭირო იყო ჩემი წერილის ყველასთვის გამოფენა? – უკბინა ელენემ საპასუხოდ. – ბარემ დაგეწერა რეფერატზე და გამოგეკიდა! და იცი რა? ნუ იქცევი ისე, თითქოს ეს ჩემი ბრალი იყოს, გასაგებია? შენ დაიწყე! შენ დამამცირე!
ელენემ სული მოითქვა, განრისხებისა და სირცხვილისაგან ხელები უკანკალებდა. საღამოს ცივი ჰაერიც კი ვერაფერს აკლებდა მის ახურებულ სახეს.
-იცი რა, დავიღალე! – იყვირა კიდევ ერთხელ, როცა ნორმალურად სუნთქვა შეძლო. – ყელში ამომივიდა… რატომ მაწვალებ? რატომ მამცირებ? დაგიშავე რამე? მითხარი! – დაუყვირა მან, ბაბლუანს ცივ თვალებში ჩახედა. – თუ ის გაწუხებს, რომ მიყვარხარ, ბოდიში ბატონო… და იცი რა… საკმარისია.
-რაო? – ჩაეკითხა ბაბლუანი.
-ვერ გაიგე? საკმარისია ეს უკვე. – ელენემ მხრები აიჩეჩა, კისერში ბურთი აწვებოდა. – აღარ მინდა. აღარ მინდა… – მან ხელის გაკვრით მოიშორა ბაბლუანის ხელები. – აი ნახავ. გაწუხებს, რომ მიყვარხარ? ჰოდა მოვაგვარებ.
-მოაგვარებ? – ჩაიფრუტუნა ბაბლუანმა. – როგორ, გადამიყვარებ?
ელენეს ხელები აუთრთოლდა.
-დიახაც. – მიახალა მან. – აი ნახავ, რომ მალე გადავალთ შენი სახლიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტებში წავალთ და გათავდება. დაგივიწყებ.
-დამივიწყებ, ხომ? – უთხრა ბაბლუანმა და ირონიულად გაიცინა.
მერე კი, სანამ ელენე რამის გაკეთებას მოასწრებდა, ელვის სისწრაფით წამოიწია წინ.
წამოიწია და გოგონამ ტუჩებზე შეხება იგრძნო.
წამსვე თვალები მაგრად დახუჭა, ხელები ინსტინქტურად წასწია წინ და მთელი ძალით ჩაეჭიდა ბაბლუანის მაისურს. ბაბლუანმა ნაზად, და ამავდროულად, ღრმად აკოცა, ცალი მკლავი მაგრად შემოხვია წელზე, მეორე ხელი კი ყელზე მოჰკიდა, ცერი ფრთხილად გადაუსვა ყელზე აჩქარებულად მფეთქავ არტერიას და ელენე უფრო მაგრად ჩაეჭიდა, თითქოს დნებოდა…
მერე კი ბაბლუანმა უკან დაიხია, ბოლოჯერ მიაკრა ტკბილი კოცნა მის ზედა ტუჩს და ხელები შეუშვა.
ელენემ თვალები ძლივს გაახილა, დისორიენტირებული შეჰყურებდა მის წინ მდგარ ბაბლუანს და ვერ გაეგო, რა მოხდა.
დემეტრემ ოდნავი ღიმილი სტყორცნა.
-აბა ვნახოთ, თუ გამოგივა. – უთხრა მან და წასასვლელად შეტრიალდა.
ელენეს მთელი სხეული შუთრთოლდა და კედელს მიაყდა, რომ არ დაცემულიყო. არ სჯეროდა, უბრალოდ არ სჯეროდა…
კუთხეს მიფარებულმა ბაბლუანმა და თავისთვის ჩაიცინა.
-ვნახოთ. – ჩაილაპარაკა მან.
8-*-*-*-*-*-
ელენე კედელზე მიყუდებულიყო, გაშტერებული დასჩერებოდა მის ფეხთან მოთამაშე სინათლეს, რომელიც ქუჩის ლამპიონიდან მოდიოდა და სულს ძლივს ითქვამდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი სხეული დაუდნებოდა, ყველაფერი უკანკალებდა და ფიქრები მის გონებაში არეულ, გაუგებარ მასად ქცეულიყვნენ. ხელი ასწია და პირზე მიიდო, მერე კი შეკრთა, როცა თითებზე საკუთარი გახურებული ტუჩები იგრძნო.
სიმხურვალე, რომელიც ბაბლუანმა დაუტოვა.
ბაბლუანმა აკოცა. აი ასე, ხელი ჩაავლო და აკოცა, ელენე კი არც კი შეწინააღმდეგებია. ვერც კი მოიფიქრა, რომ ხელი ეკრა მისთვის, მოეშორებინა და ეჩვენებინა, რომ მართლა აპირებდა მის დავიწყებას, რომ დაპირებას შეასრულებდა, რომ ბაბლუანის ცხოვრებიდან გაქრებოდა…
მაგრამ ვერ შეძლო.
სერიოზულად ამბობდა იმას, რომ მის დავიწყებას აპირებდა. ბაბლუანმა ამ თვეში იმდენი სტრესი განაცდევინა, მთელ თავის ცხოვრებაში რომ არ განუცდია ერთად. მან წერილი არ მიიღო, აგდებულად უყურებდა, აიგნორებდა და ისე ელაპარაკებოდა, თითქოს ელენე მისი სათამაშო იყო. მაგრამ დღეს საღამოს ისეთი რაღაც გააკეთა, რითაც ელენე გადააცდინა მოთმინების საზღვარს.
მისი წერილი წაიკითხა.
„მაგრამ საიდან?“ ახლაღა ამოუტივტივდა გოგონას თავში. „ჩემი წერილი საიდანღა იპოვა? ნუთუ ჩემს ნივთებში იქექებოდა?“ გაიფიქრა მან და გაღიზიანებით აღივსო. არც კი მოაფიქრდა, რომ ბაბლუანისათვის ეს კითხვა პირში მიეხალა. წეღან ისეთი განრისხებული იყო იმ ფაქტით, რომ ბაბლუანმა ყველას თვალწინ უხამსოდ, უსირცხვილოდ გამოფინა მისი გრძნობა, რომ თვალებში დაუბნელდა. აუტანელმა მრისხანებამ მოიცვა და უბრალოდ უნდოდა, რომ ბაბლუანისათვის ისეთივე ტკივილი მიეყენებინა, როგორიც მან მიაყენა, როგორის მიყენებას მუდმივად აგრძელებდა, ამიტომაც ამოიღო ჟაკეტის ჯიბიდან კაპიტანი პამპერსის სურათი. იცოდა, რომ ეს ბინძური სვლა იყო, მაგრამ იმ მომენტში არ აინტერესებდა, ბაბლუანმა მისი გრძნობები და შინაგანი სამყარო სააშკარაოზე ისე გამოაქვეყნა, თითქოს გაზეთი ყოფილიყო, და იმ წამს ელენე მასზე მაღლა არ იდგა განუზომელი მრისხანებისაგან.
მაგრამ ახლა მრისხანების მაგივრად გაოცებას, დაბნევას, აუწერელ სირცხვილს მოეცვა. ელენეს უჭირდა ამის აღიარება, ვერ იტანდა ამის გაფიქრებასაც კი, მაგრამ გრძნობდა, რომ მის სხეულში, კუნჭულში, სადაც გამწარებით ტენიდა ამ განცდას, ნეტარებაც ტრიალებდა. ბაბლუანმა ტუჩებზე აკოცა და გულში ჩაიხუტა, ელენესათვის ამ შემთხვევის ფიზიკური მხარე იდეალურიც კი იყო, რასაც ემოციურ მხარეზე ვერ იტყოდა.
არა, ელენემ კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა ემოციური მხარე, არაფერიც არ ეშლებოდა. ძალიან კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა ბაბლუანის სიტყვები. „დამივიწყებ, ხომ?“ და „აბა ვნახოთ, თუ გამოგივა.“ გამოწვევას ნიშნავდა. ბაბლუანმა ის გამოიწვია, ისევ უკან შემოათრია მათი დაუსრულებელი თამაშის ველზე, საიდანაც ელენემ გაქცევა სცადა. არ დანებებულა, უბრალოდ სურდა ბაბლუანი მოეშორებინა, აღარ აინტერესებდა, ის გოგონაში დაინტერესდებოდა თუ არა, უბრალოდ უნდოდა, რომ შეეწყვიტა მათი ურთიერთობა, შეეწყვიტა ის გრძნობები, რომლებიც მას ბაბლუანთან აკავშირებდა. მაგრამ როგორც ჩანდა, მის გულქვა ოპონენტს ეს არ მოეწონა. ალბათ ზედმეტად სიამოვნებდა მათ შორის გამართული თამაში, ისე, რომ ასეთი თავზარდამცემი, შემაძრწუნებელი და ამავდროულად, უზომოდ სასიამოვნო გამოწვევა გაუკეთა. მას ამით იმის დამტკიცება უნდოდა, რომ ელენე თავისი სიტყვის შესრულებას ვერ მოახერხებდა, რომ გოგონას არ შეეძლო მისი გადაყვარება.
ელენემ მის წინ აღმართულ კედელს თვალი გაუშტერა, კედელს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ბაბლუანი იდგა. ადგილი ახლა ცარიელი იყო.
იქნებ მოეჩვენა? იქნებ ძალიან მიუშვა საკუთარი ფანტაზია და საკმარისი იყო, რომ ცოტა ეფიქრა ბაბლუანზე, რომ ასეთი შეუძლებელი სისულელე მოეფიქრებინა? თან სამი ჭიქა ღვინოც დალია სადღეგრძელოებზე, იქნებ უბრალოდ მისი ფანტაზიითა და ალკოჰოლით იყო გამოწვეული ეს ყველაფერი?
მაგრამ არა. სიმხურვალე, რომელსაც ტუჩებზე გრძნობდა, ზედმეტად რეალური იყო იმისათვის, რომ მხოლოდ ფანტაზია ყოფილიყო, ყელსა და წელზედან თითქოს გრძნობდა ბაბლუანის შეხებას და მთლიანად მისი სხეულის სითბოში გამოხვეულიყო.
გააკანკალა და წამოიწია, კედელს ცალი ხელით მიეყუდა.
ახლაღა გრძნობდა, თუ როგორ ერეოდა ახლადდალეული ალკოჰოლი.
შიგნით შებრუნება არ შეეძლო. ამწუთას ბაბლუანს თვალს ვერ გაუსწორებდა, დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ თავი ხელში აეყვანა და დამშვიდებულიყო. თან ალკოჰოლის, რაც არ უნდა მცირე დოზა ყოფილიყო, ზემოქმედების ქვეშ საკუთარ თავს არაფრით არ ენდობოდა.
სახე მოისრისა. მთელი ტანით კანკალებდა და ახლაღა გრძნობდა ღამის სიცივეს, თითქოს ბაბლუანის წასვლამ სითბო წაართვა.
მარიკა და მატილდა გაახსენდა, ვისი დაკავებაც უბრძანა ბაბლუანმა თავის მეგობრებს და მობილური მოკანკალე ხელით ამოიღო ჯიბიდან, ღრმად ამოსუნთქა და მარიკას ნომერი მოძებნა.
მარიკამ მესამე ზარზე უპასუხა.
-ელენე? ალო, ელენე! – დაიყვირა მან, დარბაზში გამაყრუებელი მუსიკა ისმოდა და ელენემ უსიამოვნოდ აჭმუხნა ცხვირი. – სად ხარ, გოგო? რა გიქნა ამ ხისთავიანმა? ახლავე გამოვდივარ! ოე, ბიჭი, ხელი გამიშვი, თორემ ხელი თუ მოგკიდე, დაგიკრიფავ ხელებს და გაგასვენებ! – კიოდა მისი მეგობარი.
-მარიკა, დაწყნარდი. – შეაწყვეტინა ელენემ, და ოდნავი, თითქმის ნაძალადევი ირონიით გაიფიქრა ის, რომ თვითონაც ჯერ კიდევ კანკალებდა და ბურთი ყელში მოსწოლოდა ნერვიულობისაგან, მარიკას კი ამშვიდება. – კარგად ვარ, ხვალ მოგიყვები, თუ რა მოხდა, ახლა არ მინდა, ძალიან გთხოვ…
-ხელი დაგარტყა? ხელი დაგარტყა? – იწივლა მარიკამ ყურმილში და ელენემ მობილური ცოტა შორს დასწია, თორემ წნევას ვეღარ იტანდა თავის ყურის აპკებზე. – უხ შენი… ბაბლუანი, თუ გადმოგწვდი, ამ ქვასავით მჭადს თავზე გადაგატეხავ! შვილო, ნუ მაწყნარებ! – თქვა მან, აშკარად მატილდას მიმართავდა.
-არა, არ დაურტყია! – ხმას აუწია ელენემ. – უბრალოდ… სახლში მივდივარ, კარგი? ტასოს დავურეკავ, შენ იყავი მანდ.
-აქ ვიყო? – იჩხავლა მარიკამ. – რას ქვია აქ ვიყო… გამყრელიძე, სად მიდიხარ? გამყრელიძე აქ მოეთრიე! უხ შენი… არ მინდა ცეკვა, ბიჭო, გადი გადაშენდი!
-მარიკა, გამყრელიძე მოდის? – ხმას ჩაუწია და თვალები ჭყიტა ელენემ, მერე კი ფრთხილად გამოიჭყიტა შენობის გვერდიდან. – დარწმუ…
სიტყვა გაუწყდა, როცა გამყრელიძე რესტორნის შესასვლელიდან გამოვიდა და პირდაპირ მისკენ გამოიხედა.
ელენეს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები.
-ელენე, მოდის, აბა რას შვრება! ელენე? ფუჰ… მანდაა ხომ? დაიცადე… – მარიკამ ზარი გათიშა და ელენემ ნელა დასწია ტელეფონი. თან ხვდებოდა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ შენობის კუთხეს ნელა გამოსცდა. გამყრელიძე მისკენ წამოვიდა.
გოგონამ ნერწყვი გადაყლაპა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა. ხელებისათვის არ იცოდა, თუ რა მოეხერხებინა, ამიტომ მკლავები გადააჯვარედინა და მის წინ აღმართულ ბიჭს პდნავი ღიმილით ახედა.
-გაუმარჯოს. – მოკლედ თქვა მან, როცა სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
-კარგადა ხარ? – ჰკითხა გამყრელიძემ და ელენემ თვალები დაახამხამა, წარბები გაკვირვებით ასწია.
-კი, კარგადა ვარ… – ნელა უპასუხა გოგონამ. გამყრელიძემ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, თავი გვერდით გაატრიალა და რაღაცაზე გაამახვილა ყურადღება. ელენემ დაინახა, თუ როგორ მძიმედ გადაყლაპა მან ნერწყვი, მაგრამ შეეცადა რომ არ შეემჩნია.
-დემეტრეს რა უნდოდა? – ჰკითხა გამყრელიძემ, ისე რომ მისკენ არ გამოუხედავს. – რომ გამოგიყვანა.
-არაფერი, რა უნდა ნდომოდა. – მწარედ გაიცინა ელენემ, მაგრამ თან ყველანაირად შეეცადა, რომ ბუნებრივ სიცილად გამოსვლოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ არ გამოუვიდა. – უბრალოდ… ვუყვირეთ და ვუღრიალეთ ერთმანეთს ამ პატარა შემთხვევის გამო. – მან ჩაიფრუტუნა და მხრები აიჩეჩა. – როგორც ჩანს, არ ესიამოვნა, კაპიტანი პამპერსის სურათი რომ გავასაჯაროვე.
-მისი ბრალია. – უცებ გამოხედა გამყრელიძემ და ელენეს წარბები კინაღამ თმამდე აუვიდა. – არ უნდა მოეყოლა, თუ რა ნახა წერილში.
სიჩუმე ჩამოვარდა. ელენე ტერფებზე დაირწა. გრილი ნიავი ქროდა და გოგონამ კიდევ უფრო მაგრად გადააჯვარედინა მკერდზე მკლავები.
-მართლა გიყვარს? – ჰკითხა გამყრელიძემ, ელენეს გაკვირვებულ გამოხედვაზე კი ხელები ასწია. – უბრალოდ მაინტერესებს. არ ვაპირებ, რომ ვუთხრა.
-რომც უთხრა, აღარა აქვს მნიშვნელობა. – გოგონამ მხრები აიჩეჩა და წარბები შეკრა. – ეს ბოლო წვეთი იყო. დავიღალე. მეგობარი ხარ, გეცოდინება მისი ხასიათი.
-გასაგებია. დემეტრე ჩემი მეგობარია, მაგრამ გულცივი ადამიანია, ეგ ფაქტია. – თქვა მან.
-ჰო, და… შენ იცოდი, რომ წაკითხული ჰქონდა? – ჩაეძია ელენე.
-არა. – თავი გადააქნია ბიჭმა. – მეც ახლა გავიგე რომ წაიკითხა. არც კი უთქვამს ჩვენთვის, რომ წერილი მიიღო.
-ჰოოო… – თავი გადააქნია ელენემ. რატომღაც კმაყოფილი იყო, რომ მან მათი თანაცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა, როგორც ჩანდა, ბაბლუანი ბევრს არაფერს უყვებოდა თავის მეგობრებს საკუთარ ცხოვრებაზე. გოგონას აზრით, ამჯერად ეს უკეთესიც კი იყო. – ალბათ არც იმას იფიქრებდი, რომ ჩემს წერილს მიიღებდა. მე ხომ ლაპარაკიც არ ვიცი.
გამყრელიძე შეტოკდა და თვალი აარიდა. ელენემ ლამპიონების მკრთალ სინათლეშიც კი დაინახა, თუ როგორ აუწითლდა მას ოდნავ სახე.
-მაგას რაც შეეხება… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან. – ალბათ ბოდიში უნდა მოგიხადო.
-ალბათ? -წარბები ასწია ელენემ. გამყრელიძემ ღრმად შეისუნთქა.
-ბოდიში უნდა მოგიხადო. – შეასწორა მან. – უბრალოდ… ისიც კი არ ყოფილა, რომ შენ მართლა ვერ ლაპარაკობდი ან რამე, ეგ  არც კი მიფიქრია…
-უბრალოდ გინდოდა, რომ დაგეცინა. – უთხრა ელენემ. – ასეა არა?
-ბოდიში. – ამოღერღა გამყრელიძემ და მზერა გაუსწორა. ელენემ გულწრფელობის გარდა ვერაფერი ამოიკითხა მუქ თვალებში, ამიტომ ამოიხვნეშა და თავი დაუქნია.
-კარგი. – მოკლედ მოჭრა მან, და ხელი აიქნია, მერე კი გაეცინა. – არა უშავს.
-გავიცნოთ? – უთხრა გამყრელიძემ და ხელი გამოუწოდა. – მე ზურა.
ელენემ გაიცინა და თავი გადააქნია.
-ელენე. – უპასუხა მან და თვითონაც გაუწოდა ხელი.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა. – საპასუხოდ გაუღიმა ზურამ, ხელი მაგრად ჩამოართვა. – ისე, არ აპირებ შიგნით შემოსვლას? – ცერი მხარს იქით, რესტორნის შესასვლელისაკენ გაიშვირა მან.
-მაგ ფიასკოს მერე? – ელენემ გაიცინა და თავი გადააქნია. გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ახდენდა მასზე ეფექტს ალკოჰოლი და ცოტათი თავბრუ დაეხვა. – არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ მინდა რომ სახლში წავიდე და დავისვენო.
-თუ გინდა მე წაგიყვან. – სწრაფად შემოსთავაზა გამყრელიძემ და უკან გაიხედა, რესტორნის წინ ჩამწკრივებულ მანქანების რიგს გაუსწორა თვალი. – აქვეა ჩემი მანქანა.
-არა, არა უშავს… – ხელები გაასავსავა შეწუხებულმა ელენემ. – არ მინდა რომ შეგაწუხო..
-რა შეწუხებაა! უცებ გაგიყვან. – უთხრა ზურამ და აშკარა მოლოდინით დაელოდა მის პასუხს.
ელენემ პირი გააღო, რომ კიდევ ერთხელ ზრდილობიანად ეთქვა უარი და ზედ დაეყოლებინა, რომ დეიდა ტასოს დაურეკავდა და ის წაიყვანდა აქედან, მაგრამ შემოსასვლელიდან გამოსულმა ხმამ სიტყვა გააწყვეტინა.
-ელენეეე! – წივილით გამოვარდა მარიკა და წამსვე მათკენ გამოიხედა მკვეთრად, მერე კი ნესტოები დაებერა, როცა ისინი დაინახა. – გამყრელიძე, დისტანცია! – იკივლა მან. – დისტანცია მეთქი! ორი მეტრის რადიუსზე არ მიუახლოვდე! რას აკეთებ? ელენეს ხელი არ მოკიდო, თორემ დაგაძრობ მკლავებს…
-შენ არ შეუძლია მკლავები მოძრობა, შენ ხარ ძალიან სუსტი… – შემოსასვლელიდან გამობანცალდა მატილდა, ტუჩაბზუებულ მარიკას ჩაეჭიდა და კისკისით გადმოხედა მათ. -ელენააა! გამკრელიზეეეე! – მან მკლავი ჰაერში ასწია და დაიქნია, რაზეც ელენესა და ზურას სიცილი აუტყდათ, მარიკა კი ბრაზით გაიბერა.
-მომშორდი, შვილო, რა იქნება. – მან მატილდას მხრებში წაავლო ხელი და მის სწორად დაყენებას შეეცადა, იმის მიუხედავად, რომ გოგონა აშკარად მთვრალი თუ არა, კარგად ნასვამი მაინც იყო. – ყველას დეიდა, დედა, ბებია, ნათლია და გარე ბიძაშვილი რატომ უნდა ვიყო? – ბრაზით ჩაიდუდღუნა მან. – და შენ, ოე, გამყრელიძე, მოშორდი მაგ გოგოს, სანამ თავი არ მოგძულებია!
-მარიკა, გაჩერდი, რა. – ელენემ ზურას ჩაუარა და გოგონებისაკენ გაემართა. – რამდენი დალია ამან?
-სანამ მე შიგნით ვიყავი, ოთხი ჭიქა მარტო. – გაისმა უკნიდან ზურას ხმა. – ბევრი არაფერი მოკლედ… ყოველ შემთხვევაში, იმდენი არა, რომ ასე დამთვრალიყო. – მან ნელა გაიცინა. – ეტყობა ვერ იტანს ალკოჰოლს.
-შენ ვინმემ გკითხა რამე? – უხეშად დაიყეფა მარიკამ და ჩუმად რაღაც ჩაიბურტყუნა. – ეტენება აქ ჩვენს საუბარში…
-მერე ვინ წაიყვანს? – იკითხა ელენემ. – თავის მშობლებს დაურეკა?
-წეღან დაურეკა… – დაიწყო ზურამ, მაგრამ არ აცადეს.
-დაურეკა მამამისს, კარგა ხანი იჯუჯღუნეს მაგათ ენაზე, და თქვა, რომ არ სცალია. რომელიმე ჩვენგანს მოუწევს მისი წაყვანა. – ამოიქშინა აშკარად დაღლილმა და ნერვებაშლილმა მარიკამ, მერე კი თვალი ჰკიდა ელენეს მხარს იქით ზურას. გოგონამ წარბები ასწია, როცა მისმა მეგობარმა ეშმაკურად გაიღიმა.
-ჰოდა ეს ვაჟბატონი წაიყვანს და ეგ იქნება. – განაცხადა მან და მოხითხითე მატილდას უფრო კარგად ჩაავლო ხელი, რომ არ დაბარბაცებულიყო. – აგერ, ჩაიბარე. მისამართს გზაში გეტყვის. – თქვა მან და გოგონა ზურასაკენ წაათრია, რომელსაც სახეზე გაკვირვებული გამომეტყველება ედო, რომელიც ოდნავ შეკრული წარბებით შეიცვალა, როცა მატილდა დაბარბაცდა და მკერდზე მიეჯახა, მერე კი წონასწორობის შესანარჩუნებლად მკლავები შემოხვია. ისეთი სახით დაჰყურებდა ქერა თავს, თითქოს არ იცოდა, თუ რა გაეკეთებინა.
-რა იყო, რას გაიბუსხე? – ნიშნისმოგებით გადააჯვარედინა მკლავები მარიკამ. – ნუ ხარ ასეთი უკმაყოფილო. რა იქნება, რომ წაიყვანო და გაქრეთ ორივენი აქედან? – ხელები აუქნია მან.
ზურამ ამოიხვნეშა, მატილდას დახედა, მერე კი ელენეს სტყორცნა მზერა.
-შენ ვინ წაგიყვან სახლში? – ჰკითხა მან.
-ოოო, აინტერესებს ბიჭს, – გაიფოფრა მარიკა. – და შენი რა საქმეა…
-მარიკა, გთხოვ რა. – შეეხვეწა ელენე, მერე კი, როცა მისმა მეგობარმა თვალები გადაატრიალა და მკლავები გადააჯვარედინა, ზურას მიუბრუნდა. – მე ჩემი ნაცნობი წამიყვანს სახლში. – მან მატილდასკენ აიქნია თავი. – მიხედე, კარგი?
ზურამ თავი დაუქნია, მატილდას ზურგზე ხელი მოხვია და ერთი მძლავრი მოქაჩვით წელში გაასწორა, ელენეს კიდევ ერთი მზერა სტყორცნა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა მანქანებისაკენ. გოგონებმა გაიგონეს, თუ როგორ ეკითხებოდა იგი მატილდას მისამართს.
ელენე დარწმუნებული იყო, რომ იგი მშვიდობიანად მიიყვანდა გოგონას სახლში, მაგრამ რაღაც გაახსენდა და ეჭვით გადმოხედა მარიკას.
-შენ ხომ ზურას არ ენდობი… – ნელა დაიწყო მან. – მატილდას წაყვანის უფლება როგორ მიეცი?
-ზურა? – ატყდა მარიკა. – ზურას ეძახი? ოოხ, ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა, ვიცოდი, რომ მოგთაფლავდა, ნეტავ უფრო მალე მომეშორებინა ის ატორღიალებული იდიოტი და უფრო მაგრად ჩამენათებინა იმ შესასვლელში გაჩხერილი მეორე იდიოტისათვის…
-მარიკა! -გააწყვეტინა გოგონამ, მერე კი თავი გადააქნია, როცა მეგობარი ჯიუტად მიაშტერდა. – კარგი. ჰო, გავიცანი ზურა და ცუდი ბიჭი არ ჩანს, მგონია, რომ შენ ძალიან ზედმეტი მოგდის მის შეფასებისას. არ მინდა! – ხელი ასწია მან, როცა მისმა მეგობარმა პირი გააღო, ალბათ იმისათვის, რომ გაეპროტესტებინა მისი ნათქვამი. – არ მჭირდება, ძალიან გთხოვ. უბრალოდ მინდა, რომ სახლში წავიდე და დავიძინო, სულ ესაა.
-ჰო, კარგი, კარგი… – დანებდა მარიკა. – მეც დავურეკავ მამაჩემსაც. აღარ მინდა იქ შებრუნება.
ელენემ ტასოს გადაურეკა და ქალმა განაცხადა, რომ თხუთმეტ წუთში რესტორანთან იქნებოდა. მან და მარიკამ ცოტა დაილაპარაკეს, გოგონა მეგობარს გამოემშვიდობა, როცა ტასომ მოაკითხა და ქალს სახლში გაჰყვა.
ტასომ გზაში ათასი კითხვა დაუსვა, რომლებზეც პასუხიც გაცემასაც ელენე ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ნელ-ნელა აღარ გამოსდიოდა. ან თვითონაც მატილდასავით ცუდად იტანდა ღვინოს, ან ღვინო იყო ძალიან მაგარი, რადგან გრძნობდა, თუ როგორ ეხვეოდა თავბრუ. ტასოს ძლივს უსურვა ღამე მშვიდობისა და კიბეებზე აბარბაცდა.
როგორც კი დერეფნის ბოლოსაკენ ბაბლუანის ოთახი შეამჩნია, გონება, რასაკვირველია, კოცნისაკენ გაექცა. ცოტა ხანი ადგილზე ირწეოდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩამოწოლილ ბურანს გამკლავებოდა, თან იმ სითბოსა და ტუჩებზე მოკრულ სიმხურვალეზე ფიქრობდა, რაც სულ რაღაც ერთი საათის წინ განიცადა.
ნელა წაბარბაცდა ოთახისაკენ და კარი შეაღო. ზურგსუკან ნელა მიკეტა და ლოგინისაკენ გაემართა. ფარდები ჩამოეფარებინათ და ოთახში ჩრდილი იდგა, გვერდიდან შემომავალი, ფარდებს გამოქცეული, ქუჩის ლამპიონების სინათლეღა ანათებდა ოდნავ ოთახს.
მუქ ნაცრისფერ საბანზე დაეშვა და შავ ბალიშში ჩარგო თავი. ფეხზე გაიძრო და ლოგინზე მოიკუნტა, უფრო კომფორტულად მოეწყო და უკვე ნაცნობი, ფიჭვის ტყისა და ლიმნის, ოდნავ მომწარო, მაგრამ ასევე მოტბილო სურნელი შეისუნთქა.
ძილმა ისე წაართვა თავი, რომ თვითონაც ვერ გაიგო.
დილით რომ გამოეღვიძა, თავი ცოტათი სტკიოდა, საბანში გამოხვეულიყო. მის ოთახში ფარდები ბოლომდე იყო გაწეული და სინათლე, იმის მიუხედავად, რომ ცა ამ ბოლო დროს ჩვეულ მუქ ღრუბლებს დაეფარათ, მაინც აწუხებდა თავისი ინტენსიურობით.
-*-*-*-*-
-რაიო? – დაისისინა მარიკამ. – რა მითხარი, გოგო?
-რა გაღრიალებს. – ბრაზით გადაულაპარაკა მის გვერდით მჯდომმა, აშკარად უკმაყოფილო დათომ. – ძალიან გინდა, ყველას გააგებინო?
-აბა რა უნდა ვქნა! – ატყდა მარიკა. – გავაკეთებდი კიდეც, ელენე მერე ნაწლავებს რომ არ ამომთხრიდეს, მაგრამ ისეთი სახით მიყურებს, რომ ამომთხრის და ეგ იქნება…
-დიახაც, არ მინდა რომ ამაზე სადმე ილაპარაკო. – დაუჩურჩულა ელენემ და თავი გადააქნია.
-ჰო მაგრამ ხომ ხვდები, რას აკეთებს ეგ ლოდთა ლოდი? – ჩუმად დაუსისინა მარიკამ. – გიწვევს. უნდა, რომ სულ თავის ჭკუაზე გატაროს….
-ვიცი, ვიცი… – ამოიხვნეშა ელენემ, მერე კი თავი გადააქნია. – და არ ვიცი, რა მოვახერხო.
-უნდა შეასრულო შენი ნათქვამი და ეგ არის. – წარბები აუწია დათომ. – მაგ შემთხვევაში წააგებს მხოლოდ.
-დიახაც, დიახაც… ძლივს, რაღაც ჭკვიანურს ამბობს ეს. – თქვა მარიკამ, დათოს მჟავე გამოხედვა დააიგნორა და გამეტებით დასცხო თავისი მუშტი ხელისგულზე. – ხალხს ყოველ წუთში გადაუყვარდება ხოლმე ერთმანეთი, შენ ვიღა გამიხდი…
-ჰო, მაგრამ ბაბლუანმა აკოცა. – დათომ მხრები აიჩეჩა. -ნათქვამის, პირველ კოცნას ადამიანი ვერასოდეს ივიწყებსო…
ელენემ თვალები გადაატრიალა და ამოიგმინა.
-არანაირად არ მეხმარებით ახლა თქვენ. – თქვა მან. – სულ ოდნავადაც არა.
-შენ არ ეხმარები საკუთარ თავს და მე როგორ დაგეხმარო? – ხელები გაშალა მარიკამ. – თუ გინდა, რომ აღარ გვქონდეს ასეთი საუბრები დღეში ოთხმოცჯერ, მიდი და დაივიწყე!
-რა ვიცი, შენ არ ამბობდი, მასე იოლი რომ ვიყოს, ავშენდებოდითო? – დათომ ნელა შემოჰკრა ხელი ხელს. – ჰე, დაივიწყა, ავშენდით! – გასცინა მან მარიკას მაღალ ხმას. ელენემ ჩაიფხუკუნა და მარიკა გაცხარებული მიბრუნდა.
-აქ მისმინე, შე… – დაიწყო მან.
-ელენე, შეიძლება? – მოესმათ ხმა და სამივემ სინქრონულად, ელვის სისწრაფით ასწია თავი. ელენემ თვალები ჭყიტა, როცა მათი მერხების გვერდით წამოჭიმული ზურა დაინახა.
-ზურა! – წამოიძახა მან და ნელა წამოიწია სკამზე. – აქ რა გინდა?
-რაღაცის სათხოვნელად მოვედი. – თქვა მან და ჯიბიდან რაღაც ამოაძრო. ელენემ თვალები ჭყიტა კინოს ბილეთების დანახვაზე. – მოკლედ, არ ვიცი, თუ გაგიგია, მაგრამ ახალი ფილმი გამოდის, პოპულარული რომანის ადაპტაციაა, „კვამლი“ თუ გაგიგონია…
-კი, კი, წამიკითხავს ეს წიგნი… – უპასუხა ელენემ.
-ოოო არა, არა და არა. – თვალებმოჭუტულმა მარიკამ თითი მიუშვირა ზურას. – არსადაც არ წაიყვან ელენეს, გასაგებია? ჩემს გარეშე არსად არ მიდის…
-ვიცოდი, რომ მაგას იტყოდი, ამიტომ… – მან ჯიბიდან კიდევ ორი ბილეთი ამოაძრო. დათოს სიცილი აუტყდა, მარიკას კინაღამ ბუდეებიდან გადმოსცვივდა თვალები.
-ხედავ, ელენე? – ხელი ზურასაკენ გაიშვირა მან. – ხედავ? ეს მანიპულატორი, მაქინაციებსა და ინტრიგებს როგორ ხლართავს, ჰააა… – მერე კი წინ წაიწია და ზურას ბილეთები ხელიდან გამოსტაცა. – მეშვიდე რიგი… აჰა… – მერე კი აშკარად კმაყოფილმა ასწია თავი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ შეატყო, თუ რა დაძაბულობა ტრიალებდა ჰაერში და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გასცინებოდა. მარიკას დრამას სულ ასეთი ეფექტი ჰქონდა ხალხზე.
ბოლოს კი, როგორც ჩანდა, მისმა მეგობარმა გადაწყვეტილება მიიღო.
-მივდივართ! -განაცხადა მან. ელენემ განცვიფრებით გადახედა. დათო პირდაღებული მიშტერებოდა მეგობარს, ზურასაც კი გაკვირვებული გამომეტყველება ეწერა სახეზე.
-როგორ, მართლა? – იკითხა მან და სწრაფად გადმოხედა ელენეს. გოგონამ საპასუხოდ ასეთივე გაოცებული მზერა სტყორცნა.
-აბა რა, რას ამბობ. – დაიფრუტუნა მარიკამ და ხელი აუქნია. – როგორ, ასეთ შესაძლებლობას გამოვტოვებ?
-*-*-*-*-
როგორც ჩანდა, მარიკას ძალიან კარგად დაწყობილი გეგმა ჰქონდა. საკუთარი გეგმით კმაყოფილი მისი მეგობარი ძალიან კომფორტულად იჯდა ელენეს გვერდით კინოში, გემრიელად ახრამუნებდა პოპკორნს და ყოველ ორ წამში თავის აზრს აცნობდა მეგობარს ფილმზე.
მათგან სამი ადგილით მოშორებით, დათო და ზურა ისხდნენ. ელენე და დათო სიცილს ვერ იკავებდნენ, როცა მარიკამ ასე კარგად მოახერხა ბილეთების გადარჩევა. ელენემ ცხვირზე ხელი მოიჭირა, რომ სიცილი არ ავარდნოდა და ზურას გადახედა, რომელიც ძალიან უკმაყოფილოდ მიშტერებოდა ეკრანს. ელენე ცუდად გრძნობდა თავს მის გამო, მაგრამ იმას ვერ უარყოფდა, რომ მარიკას გეგმა სრულყოფილი იყო.
„ხომ გითხარი არა.“ უჩიჩინებდა მთელი გზა მარიკა. „მოსწონხარ მეთქი. ასეთ ამბებში მე უნდა დამიჯერო, გოგო, აბა ისე როგორ, მე უფრო განსწავლული ვარ, შენი აზრით, ტყუილად მაბია ქორის თვალები? შენ კიდევ: არ მოვწონვააარ, არ მოვწონვააარ…“ გასცინა მან ელენეს.
-რა გეგონა აბა… – უტევდა მარიკა ზურას, როცა კინოდან გამოვიდნენ. – ელეს შენს გვერდით დავსვამდი? ვერ მოგართვეს, ვაჟბატონო…
-არა უშავს. – ზურამ მხრები აიჩეჩა და ელენეს ღიმილით გადმოხედა. გოგონას თვალები გაუფართოვდა, მერე კი გაეღიმა. – მაინც ხომ წამოვიყვანე კინოში და რა მნიშვნელობა აქვს.
დათოს ისტერიული სიცილი აუვარდა.
-ჰააა, ჩაგეშალა გეგმები, მარიკა? – გასცინა მან მეგობარს, რაზეც მარიკა, უფრო მეტად გაიბერა.
-რას ქვია, გეგმები ჩამეშალა, როგორ გეკადრებათ. – ცხვირი ზემოთ აიქნია მან. – ჩემი ყველა გეგმა სრულყოფილია. ამ ვაჟბატონმა კი მიიღო რაც უნდოდა, მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რომ მასა და ელენეს შორის ოთხი ადამიანი იჯდა. ჰაჰაჰა! მაინც მე ვიგებ. – განაცხადა მან და გვერდით გაიხედა.
ელენესა და დათოს სიცილი აუტყდათ, ზურა იღიმებოდა, თვალებს ატრიალებდა და თავს აქნევდა.
მერე კი მარიკა ელენეს გვერდით შეკრთა და დაიძაბა.
-ამას შეხედე, გოგო. – თავი კინოს შესასვლელისაკენ აიქნია მან, საიდანაც ოცდაათიოდე წამის წინ გამოვიდნენ.
ელენემ სწრაფად მოატრიალა თავი.
თვალები გაუფართოვდა, როცა ბაბლუანს ჰკიდა თვალი. თვითონაც ერთიანად დაიძაბა, როცა მის გვერდით მომავალი ადამიანი დაინახა.
ბაბლუანს მატილდა მოჰყვებოდა გვერდით, გოგონა რაღაცაზე იცინოდა, მერე კი აშკარა ხუმრობით გაჰკრა დემეტრეს მკლავზე მუშტი. ბაბლუანიც იღიმებოდა და რაღაცას ეუბნებოდა.
ელენეს არაფერი არ ესმოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისკენ არასოდეს მომართულიყო, არც ერთხელ, ის ღიმილი, მის თვალწინ ამდენი სეთი ენთუზიაზმითა და ღიმილით არასოდეს ელაპარაკა ბაბლუანს. ტუჩები მოიკვნიტა და საკუთარ თავს შეუძახა, რომ თავი გაეტრიალებინა დროზე, სანამ ჯერ კიდევ დრო ჰქონდა. მაგრამ წყენისა და ბრაზისაგან იგრძნო, როგორ გაწითლდა სახეზე, იმის მიუხედავად, რომ შიგნით ცივი გრძნობები უტრიალებდნენ. ბაბლუანის მიერ ნაკოცნი ტუჩები გაუხურდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნემსებს არჭობდნენ.
ის არ სწყინდა, რომ მატილდა იდგა ბაბლუანის გვერდით. მხოლოდ ის სტკენდა გულს, რომ დემეტრეს შეეძლო ასე კარგად მოქცეოდა ერთ ადამიანს, მეორე კი თავის ბინძურ თამაშში ჩაეხვია და არ გაეშვა.
ორი დღის წინ მომხდარი კოცნაც ბინძური მოეჩვენა და სურვილი გაუჩნდა, რომ ტუჩები მთელი ძალით მოეწმინდა, დაესრისა ისინი, სანამ ბაბლუანის მიერ დატოვებულ ბოლო კვალს არ გააქრობდა.
-მიგახმა მკლავი ძირში… – სისინებდა მარიკა. – ჰო, ჰო, ეგ მკლავი… კიდევ მოკიდე ხელი, ჰო, ეგ თითებიც, სათითაოდ… მეორე მკლავიც მიგახმა, ეგ ფეხებიც გაგიხმა, რა ფეხითაც მობოდიალდი დღეს ამ კინოში… ეგ გასიებული თავიც…
-მარიკა, კარგი რა. – ელენემ თვალი აარიდა, ბაბლუანის ღიმილიანი სახისა და მატილდას მოცინარი გამომეტყველების დანახვა აღარ უნდოდა. – უბრალოდ წავიდეთ.
არც ერთი ხმას არ იღებდა, დათო გამწყრალი მიშტერებოდა ბაბლუანს, ზურა კი ელენეს მოუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი.
-იოგურტზე რას იტყვი? – ხმადაბლა ჰკითხა მან. – ვიცი, ამის დრო დიდად არ არის, მაგრამ…
ელენემ ჩაიცინა, თავი გადააქნია.
-კარგია იოგურტი. – თქვა მან და გაუღიმა. მარიკა კიდევ ბაბლუანს ლანძღავდა, მაგრამ გვერდით ამოუდგა და მკლავში ხელი გამოსდო.
მერე კი ერთად დაუყვნენ ქუჩას.

 

9-*-*-*-*-*-
-დაუჯერებელია, – ბურტყუნებდა მარიკა და ჯამის ძირზე მორჩენილ იოგურტს ფხეკდა კოვზით. მან აგრესიულად ჩაიდო კოვზი პირში, თან გამეტებით აქნევდა თავს. – ოოო, ერთი მომხვდეს ბაბლუანი ხელში, ეგ ხისთავიანი, ეგ ლოდთა ლოდი… გეფიცები, ელენე, თუ სახე არ დავუკაწრო მაგ გულქვა იდიოტს…
-კარგი რა, მარიკა. – უკმაყოფილოდ უთხრა ელენემ და თავი გაუქნია. – ხომ გითხარი, დავიღალე მეთქი?
-არ შეიძლება, რომ დემეტრეზე არ ვილაპარაკოთ? – წარბი ასწია ზურამ და უკან, სკამზე გადაწვა, მერე კი გემრიელად შეჭამა კიდევ ერთი კოვზი მარწყვის იოგურტი. – მეტი სალაპარაკო არაფერი გვაქვს, დავიჯერო?
-ეს დაქოქილია, კარგა ხანი არ გაჩერდება. – მიუგო დათომ და ძელსკამის გვერდით დადებულ ნაგვის ყუთში მოისროლა პლასტმასის ჯამი და კოვზიც.
ელენემ თავი გადააქნია და თითქმის ნახევრამდე დასულ იოგურტის ჯამს დააშტერდა. იმის შემდეგ, რაც ბაბლუანი მატილდასთან დაინახა, ზურას შემოთავაზებით, იოგურტი იყიდეს და შორიახლო პარკში დასხდნენ. გრილი ნიავი ქროდა და ხეებზე შემორჩენილ ფოთლებს აქანავებდა, სიმშვიდეს დაესადგურებინა, რაც მთლად უკეთესი იქნებოდა, თუ მარიკა შეწყვეტდა ბაბლუანზე ლაპარაკს.
მათ დანახვაზე ყველაფერი ამოუტრიალდა. არ უნდოდა ეფიქრა იმაზე, თუ რა განსაკუთრებულად ეპყრობოდა ბაბლუანი მატილდას. „ისე, რატომაც არ მოეპყრობოდა?“ მწარედ გაიფიქრა ელენემ. „მატილდა ლამაზია, სასიამოვნო პიროვნება, სულ იღიმის, ჭკვიანი. როგორც ჩანს, მასეთები მოსწონს დემეტრეს.“
-ელენე? კარგად ხარ? – მოესმა გვერდიდან ხმა და მომენტალურად გამოფხიზლდა, ზურას გადახედა, რომელიც შეწუხებული მიშტერებოდა.
-რა… ჰო, კარგად ვარ. მოხდა რამე? – იკითხა დაბნეულმა. ზურამ წარბები ასწია და გაიცინა.
-არაფერი ისეთი. – უთხრა მან. – უბრალოდ თვალები გაგიშტერდა, მაგ პლასტმასის ჩანგალი კი კინაღამ გადაღუნე. – გოგონას მარჯვენა ხელზე მიუთითა მან, და ელენემ სწრაფად დაიხედა. ვერც კი შეემჩნია, ისე მაგრად უჭერდა თითებს ჩანგალს. ხელი მოუშვა და თავი გადააქნია.
-არაფერია. – თქვა ბოლოს. -უბრალოდ ვფიქრობდი.
-დემეტრეზე, არა? – ჩუმად ჰკითხა ზურამ და ელენე ერთიანად დაიძაბა.
-იფიქრებდა, აბა რა! – ჩაერთო მარიკა და მოჭუტული თვალები მიაპყრო ზურას. – რაო, ინფორმაციას ვაგროვებთ და ლოდთა ლოდს უნდა მივურბენინოთო?
-გეყოფა, რა. – გაუწყრა დათო. – მეც კი დავიღალე შენი რეპლიკებით.
-არა, რა ინფორმაციის შეგროვება, – ზურამ ხელები ასწია და გაიცინა. – აქ დემეტრეს გულისათვის არ ვარ, აქ ჩემი გულისათვის ვარ.
ელენეს გაეცინა, მარიკას გადახედა, რომელიც გაბუტული იჯდა და ნაპერწკლებს ჰყრიდა თვალებიდან.
-მაინც არ გენდობი. – წაიბუზღუნა მან. – კარგი, პატივმოყვარე პიროვნება იმ ხისთავიანის მეგობარი ვერ იქნება.
ზურამ ტუჩის კუთხე ასწია, მერე კი თავი გადააქნია.
-მასე ცუდიც არ არის. – თქვა მან. – როგორც ვთქვი უკვე, გულცივია, მაგრამ…
-გულცივი? – ატყდა მარიკა. – გულცივი?! გულცივი კი არა, ყინულის ლოდია! იცი რაები გააკეთა მაგან? იცი რაები გაუკეთა ელენეს?
-მარიკა… – დაიწყო დათომ გამაფრთხილებლად, მაგრამ მარიკა გაჩერებას არ აპირებდა.
-დასაწყისი მგონი გახსოვს, ერთი პაწაწინა, უვნებელი წერილი მისცა და არ იკადრა ვაჟბატონმა, რომ წაეკითხა მაინც! – მიახალა მარიკამ. – აი შენ და იმ მეორემ კიდევ არც კი დააყოვნეთ, მაშინვე დასცინეთ, ვერ წარმოგიდგენია, თუ რამხელა დამცირება იქნებოდა ეს ელენესათვის? და თუ არ გაგიგია, ზუსტად იმ დღეს ელენეს სახლი დაეწვა, არა? – ზურას თვალები გაუფართოვდა, გაოცებულმა გადმოხედა ელენეს. – ჰოდა იცი ვისთან გადავიდა? აი მაგ შენ „გულცივ“ მეგობართან! და იმის მიუხედავად, რომ წესიერად მოქცეოდა, მაგან ელენეს გრძნობების გამოყენება დაიწყო მთელი ეს დრო უნამუსოდ ამცირებდა…
-მარიკა, გაჩუმდი. – შეაწყვეტინა ელენემ ბრაზით. – ეს უკვე ზედმეტია…
-არ უნდა იცოდეს? ჰმ? – მას მოუბრუნდა მარიკა. – მითხარი, ხომ უნდა იცოდეს?
-ყველაფრის თქმა საჭირო არ არის… – დაუსისინა ელენემ.
– დემეტრე არასდროს არაფერს მეუბნება. – თქვა ზურამ და ელენეს გადახედა, წარბები შეეკრა და სახის ყველა ნაკვთი შეეჭმუხნა, გაოცებული და გაღიზიანებული ჩანდა. – არ ვიცოდი, რომ ასეთი რამ მოხდა, ძალიან ვწუხვარ… – იგი ცოტათი შეყოყმანდა, მაგრამ ორიოდე წამის შემდეგ ელენეს მხარზე დაადო ხელი. გოგონამ გაიღიმა და თავი დააქნია. – კი მაინტერესებს, რა მოხდა, მაგრამ… – მან მარიკას წამიერად გადახედა. – თუ ელენეს არ უნდა თქმა, არა უშავს. პლუს, მგონი საკმარისი გავიგონე.
-არ გაგიგონია საკმარისი… – გააპროტესტა, მარიკამ, მაგრამ დათომ თავი მწყრალად გაუქნია და მკლავზე მოჰკიდა ხელი.
-იცი რა, ჯობია, რომ ჩვენ წავიდეთ… -თქვა მან, ფეხზე წამოდგა და განცვიფრებული, ენაჩავარდნილი მარიკაც თან აიტანა, რომელიც თვალებდაჭყეტილი შეშტერებოდა მას.
-წავიდეთ? რას ქვია წავიდეთ? – იჭყავლა მან და გაფართხალდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მასა და ელენეს შორის მანძილი იზრდებოდა. – დათო, ნუ მექაჩები! ელენე, მიშველე! არ მინდა წასვლა! გამყრელიძე, დისტანცია, თორემ მკლავებს დაგაცლი! დათო მეთქი!
დათო არ გაჩერებულა, გაკაპასებულ მარიკას მიათრევდა, სანამ პარკს არ გასცდნენ და სანამ ელენესა და ზურას თვალთახედვიდან არ გაქრნენ.
-შენი მეგობარი ძალიან… ენერგიულია. – ხმა ჩაიწმინდა ზურამ, მერე კი გაიღიმა, როცა ელენეს სიცილი აუტყდა.
-ენერგიული კი არა, ჰიპერაქტიური ჰქვია მაგას. – მიუგო გოგონამ. – არც კი ვიცი, როგორ ფუნქციონირებს ხოლმე, სულ ასეა, სულ. რომ არც იღლება?
-ძალიან ლოიალური ჩანს, სამაგიეროდ. – წარბები ასწია ბიჭმა. – კარგი მეგობარი ჩანს.
-კი, ნამდვილად. – ელენემ იმ მიმართულებით გაიხედა, საითაც დათომ მარიკა წაათრია და ოდნავ ნაღვლიანად გაიღიმა. – ეგ ორი რომ არა, ბევრი სიტუაციიდან ვერ გამოვძვრებოდი. სულ მხარში მიდგანან, იმის მიუხედავად, რომ კარგა ხანი არ იქნება, რაც გავიცანი.
– რამდენი ხანია რაც იცნობ? – დაინტერესდა ზურა. ელენემ თავი გვერდზე გადახარა, გონებაში დაითვალა.
-ერთი წელი იქნება მხოლოდ. – მხრები აიჩეჩა მან, მერე კი ზურას გადმოხედა და გაიცინა. – უცნაურია, მაგრამ ისეთი შგრძნება მაქვს, თითქოს ბევრად მეტი ხანია, რაც ვიცნობ.
-ნორმალურია მერე მაგ. – უპასუხა ზურამ. – მეგობრობის ხარისხი მეგობრობის პერიოდით არ განისაზღვრება, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. აი მაგალითად, შენ ხომ კარგად იცნობ ერთი წლის წინ გაცნობილ ადამიანებს? მე ჩემს ზოგ მეგობარს ბავშვობიდან მოვყვები, მაგრამ ახლაც არ ვიცნობ კარგად.
ელენე წამიერად გაჩუმდა, არაფერი უთქვამს.
-დემეტრეს გულისხმობ, ხომ? – იკითხა მან. იგრძნო, როგორ შეკრთა ზურა მის გვერდით.
-ჰო. – ყოყმანით მიუგო მან. – ბოდიში… არ მინდოდა მეხსენებინა.
ელენემ წარბები შეკრა. ბაბლუანზე ფიქრი აღარ უნდოდა. წყენის ნაცვლად, ბრაზი დაუტრიალდა სხეულში.
-არა უშავს. – თქვა ბოლოს. – უბრალოდ… მთელი ეს დრო სულ დამცინოდა, მაწვალებდა და მეთამაშებოდა. – კბილებშუა გამოსცრა მან. – დავიღალე. ვუთხარი, რომ დავიღალე, რომ მეტი აღარ შემიძლია. – გოგონამ კოცნა გაიხსენა და თავი გადააქნია.
-მე არაფერი ვიცოდი. – უთხრა ზურამ, ხმაში გულწრფელობა ეხატა. – არ ვიცოდი, თუ ასე შორს მიდიოდა, თორემ… აუცილებლად დაველაპარაკები.
-არა, არაფერი უჭირს. – სწრაფად მიუბრუნდა ელენე და ხელები გაასავსავა შეწუხებულმა. – არ მინდა, რომ წაგაჩხუბოთ ან რამე…
-წაგვაჩხუბო? – გაიცინა ზურამ. – მე და დემეტრე სულ ვჩხუბობთ. კამათი ყოველდღიური რიტუალია. მეგობრები ვართ, მაგრამ ბევრ რამეში არ ვეთანხმები, არც ის მეთანხმება და ასე.
-კი მაგრამ… – გააპროტესტა ელენემ, ძალიან არ სურდა, რომ დემეტრესა და ზურას მის გამო პრობლემები შექმნოდათ.
-არაფერია, მართლა. – გაუცინა ზურამ, მერე კი წამოდგა და ხელი გამოუწოდა. – კარგი, მოვრჩეთ სამწუხარო და არასასურველ თემებზე ლაპარაკს. გინდა გავისეირნოთ? თუ გაგიყვანო სახლში?
ელენემ გაიღიმა, მხრები აიჩეჩა და ცას ახედა. მზე უკვე ჩადიოდა, ცა ულამაზეს, მოყვითალო, მოწითალო, მის თავზე მოიასამნისფრო ელფერებს მოეცვა და იმის მიუხედავად, რომ ცივი ქარი ქროდა, ძალიან უნდოდა, რომ ცოტა ხნით გარეთ ესეირნა. ლამპიონები ენთო და შუქი ლამაზად ციმციმებდა დაჩრდილულ ტროტუარზე.
მერე კი ზურას გადახედა, რომ წარბაწეული ელოდებოდა, გაიღიმა და ხელი ჩასჭიდა, ფეხზე წამოდგა, მერე კი ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო. ზურას გვერდით გაჰყვა, თან შეეცადა დემეტრეზე ფიქრი თავიდან ამოეგდო. მისგან გამწარებისა და წყენის მეტი არაფერი ენახა, ზურა კი ახერხებდა, რომ გაეღიმებინა. ელენემ უცებ ისურვა, რომ რაღაცნაირად შესძლებოდა თავისი გრძნობების გამორთვა-ჩართვა თავის ნებაზე, სრული კონტროლი მათზე. ბევრად იოლი იქნებოდა მაშინ ყველაფერი.
ცოტა ხანი ჩუმად მიუყვებოდნენ ქუჩას, ელენეს ხშირად არ ევლო გარეთ საღამოობით, მაგრამ უნდა ეღიარებინა, რომ ქუჩის ლამპიონებისა და ჩამავალი მზის სინათლეში გამოხვევა ძალიან სასიამოვნო იყო.
ზურას გადახედა, და წარბები ასწია, როცა დაინახა, თუ როგორ იქექებოდა ის თავის ჯიბეებში.
-რაღაც გამახსენდა… – თქვა მან და მობილური ტელეფონი გამოაძრო. – შეიძლება სურათი გადავიღოთ? – ჰკითხა მან. ელენემ გაიცინა.
-კარგი, ოღონდ სადმე შედარებით განათებულ ადგილას დავდგეთ, აქ არაფერი არ გამოჩნდება. – უთხრა მან და წამსვე გადაინაცვლეს ლამპიონთან ახლოს.
ზურამ მობილური ტელეფონი ასწია და ეკრანს გაუცინა, მერე კი ელენეს ანიშნა, რომ ახლოს მოსულიყო.
-მასე შორს თუ დადგები, მე და ლამპიონი გამოვჩნდებით მარტო. – თქვა მან ღიმილით, და ელენეს სიცილი აუტყდა, იგი ახლოს მიიწია და მოულოდნელობისაგან შეკრთა, როცა ზურამ მხრებზე ხელი მოხვია და გვერდით მიიხუტა. ბიჭი ოდნავ დაიძაბა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-აბა გაიღიმე. – თქვა მან და თვითონ წამსვე დაკრიჭა კბილები, ელენეს თავისდაუნებურად გაეცინა და ზურამ ტელეფონი გააჩხაკუნა, მათი გამოსახულება აღიბეჭდა ეკრანზე.
-როგორია? – მოსკენ გადმოიწია ზურა. – ვარგა რამედ?
-კი, რამედ ვარგა. – სიცილით უპასუხა ელენემ.
-კიდევ კარგი. – გადაჭარბებული შვებით ამოისუნთქა ზურამ. – თორემ მეგონა, რომ მახინჯად გამოვიყურებოდი.
-მახინჯად? – სიცილი აუტყდა ელენეს. – კარგი ერთი. მახინჯი არა ის კიდევ.
-რა ის კიდევ, იხვის ტოლმა? – წარბები აზიდა ზურამ და გაიღიმა, როცა ელენემ ისევ კისკისი წამოიწყო.
-ჰო, ზუსტად… – ძლივს ამოილუღლუღა ელენემ და ზურას გადახედა, მერე კი ნელა ჩამოეცალა ღიმილი სახედან, როცა დაინახა, თუ როგორი სერიოზულობით მიშტერებოდა ის რაღაცას ქუჩაში.
ელენე მიტრიალდა და შიგნეული გაუცივდა.
მათთან ათიოდე მეტრის მოშორებით მატილდა და დემეტრე იდგნენ. მატილდას ცალი ხელით პოპკორნის პარკი ჩაებღუჯა, მეორეთი კი მთელი ბღუჯა პოპკორნი ეჭირა. დემეტრეს ხელები ჩაეწყო ჯიბეებში და ცივი მზერით მოშტერებოდათ მათ.
-ელენა, ზუურა! – წამოიძახა მატილდამ, სახე ღიმილმა აუნთო. – ეს არის როგორი დათხვევა!
-გამარჯობა, მატილდა. – გაუღიმა ელენემ, იმის მიუხედავად, რომ მისი ნახვა ახლა არ სურდა. ცუდად გრძნობდა თავს, რომ არ სურდა ყოველთვის მოცინარი და პოზიტიური გოგონას ნახვა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. თუ მისი ნახვა ასევე ბაბლუანის ნახვას ნიშნავდა, მისი დაიგნორებინა ერჩივნა.
-ჰო, როგორი დამთხვევაა, მატილდა. – ჩაილაპარაკა ზურამ. ელენემ უნდობლად გადახედა ბაბლუანს, რომელსაც ჯერ კიდევ არაფერი ეთქვა, და როგორც ყოველთვის, ქვისგან გამოთლილი სახით იყურებოდა.
-რას თქვენ გაკეთება აქ? – ინტერესით იკითხა გოგონამ და უფრო მეტი პოპკორნი შეიტენა პირში. – მე და ბიჩი „კვამლი“ ვნახეთ, მე მომეწონა ზალიან! ბიჩი არ მოეწონა!
-ჩვენც „კვამლის“ ჩვენებაზე ვიყავით. – უპასუხა ზურამ და მატილდამ გაოცებით ჭყიტა თვალები.
-თქვენც? – გაიმეორა მან ყოყმანით. – ჰმმ… იყავი ერთად? – თვალებმოჭუტული ჩაეკითხა ის.
-ჰო, ერთად. – უპასუხა ზურამ, თან წარბები აზიდა. მატილდამ ტუჩები მოილოკა და უფრო მეტი პოპკორნი მიირთვა. თვალები გაფართოებოდა და ზურას დაშტერებოდა. ელენეს წამიერად მოეჩვენა, რომ მატილდა რაღაცაზე ნაწყენი ჩანდა, მაგრამ გოგონამ წამსვე გაიღიმა.
-კარგი! – თქვა მან და თავი დააქნია. – კარგია! – დაამატა მან და მიჩუმდა, მერე კი პოპკორნის პარკი გამოუწოდა მათ. – ფოფქორნი? – ჰკითხა პირგამოტენილმა.
-არა, იყოს. – იუარა ელენემ, ზურამაც უარის ნიშნად გააქნია თავი.
-რატომ არ მითხარი, რომ ჩვენებაზე მოდიოდი? – ხმა ამოიღო ბაბლუანმა უეცრად და მომენტალურად ყველას ყურადღება მიიქცია. – ერთად წამოვიდოდით.
-არა უშავს. – გაუღიმა საპასუხოდ ზურამ. – ერთხელ მეც რომ არ გითხრა რამე, არაფერი დაშავდება.
ელენემ თვალები ჭყიტა და პირზე ხელი აიფარა, რომ სიცილი დაეფარა. სულ არ სურდა, რომ ახლა შუა ქუჩასი ფხუკუნი აეტეხა, მაგრამ როგორც ჩანდა, მატილდა იგივეს არ ფიქრობდა. მან ხმამაღლა გადაიკისკისა ზურას სიტყვებზე.
ბაბლუანი არ განძრეულა, ისევ ისეთი ცივი გამომეტყველებით მიშტერებოდა ზურას. მეგობარმა გამბედავად დაუბრუნა მზერა. ელენემ ხელი დაუშვა და ხან ზურას გადმოხედავდა, ხან ბაბლუანს. მათ შორის აწეული დაძაბულობა იგრძნო და იმედოვნებდა, რომ ისინი აქ ჩხუბს არ ატეხდნენ.
მაგრამ როგორც ზურა ამბობდა, მათთვის კინკლაობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა მომზადებულიყო.
ამიტომ ელენე მთელი სხეულით დაიძაბა, რომ თუ რამე მოხდებოდა, მაშინვე ელვის სისწრაფით ცდილიყო მათ შეჩერებას, სანამ ძალიან შორს წავიდოდნენ და გვიანი იქნებოდა.
ბოლოს ბაბლუანმა ზურას თვალი აარიდა, ცივად გადმოხედა ელენეს და წინ დაიძრა.
-წავიდეთ. – მოკლედ თქვა მან.
მატილდა გულდაწყვეტილი ჩანდა, გაბუსული მიშტერებოდა ზურას, მერე კი ელენესკენ გადმოიტანა მზერა. ბოლოს ნელა აედევნა ბაბლუანს.
-ნახვამდიიიის! ზუუურა! ელეეეენა! – ყვიროდა ის და ხელებს უქნევდა, ელენემ თავისდაუნებურად გაიღიმა და საპასუხოდ დაუქნია ხელი.
-წამოდი, სახლში წაგიყვან. – უთხრა ზურამ და ელენემ შვებით ამოისუნთქა, თავი დაუქნია.
ახლა სახლში წასვლისა და დასვენების მეტი არაფერი უნდოდა. უბრალოდ სურდა, რომ ლოგინში ჩაწოლილიყო და არაფერზე ეფიქრა, საერთოდ არაფერზე, დასძინებოდა და დაესვენა ბოლოს და ბოლოს.
ზურას მადლობა გადაუხადა და სახლის კიბეებზე ააბიჯა. სახლში შეწუხებული მამამისი, ტასო, ნიკა და მაიკო დახვდნენ, რომელთაც ძალიან აინტერესებდათ, თუ სად იყო ამდენ ხანს.
-კინოს შემდეგ ცოტა გავიარეთ და ეგ იყო, გათავდა. – უთხრა ელენემ გადარეულ ტასოს.
-მერე რატომ არ შეგვატყობინე? – იკითხა შეწუხებულმა ქალმა. – გავთავდით ხალხი.
-რა ვიცი, შევყევი და დრო საერთოდ დამავიწყდა. – გაიცინა ელენემ, მაგრამ იცოდა, რომ ამ სიცილში გული არ იდო. – ძალიან დავიღალე, უნდა დავისვენო. – თქვა მან, სულაც არ უნდოდა აქ კიდევ კარგა ხანი დარჩენილიყო.
სიტყვის დამთავრება არ აცადეს, რომ შემოსასვლელში კარი გაიღო და ნაბიჯების ხმა გაისმა.
-რეე მოვიდა! – წამოიძახა ტასომ. ელენემ ამოიგმინა და სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე.
-მე ზემოთ ავდივარ. – თქვა მან და სასტუმრო ოთახში მსხდომებს თვალი მოავლო. – ღამე მშვიდობისა. – დაამატა გოგონამ და კარში გავიდა, მოახლოებულ ბაბლუანს გვერდი აუქცია და კიბეებზე აირბინა. მოესმა, თუ როგორ მოჰყვებოდა უკან ბაბლუანი, როგორ აიგნორებდა იგი თავისი მშობლების შეკითხვებს და ბრაზით სახე მოეჭმუხნა, ნაბიჯს უკვე აუჩქარა. ცოტაც და თავის ოთახამდე მიაღწევდა.
-ჰმ, დღეს სახლში მოხვედი. მიკვირს. – მოესმა უკნიდან. იგრძნო, როგორ აუდუღდა კომენტარის გაგონებისას სისხლი, და როგორ აუთამაშდა თვალი. ყველაფერი უყიოდა სხეულში, რომ მიეტოვებინა ბაბლუანი უპასუხოდ და ოთახში შებრუნებულიყო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია ამ სურვილს. ბიჭისაკენ შემობრუნდა, ამის ასე დატოვებას არ აპირებდა.
-მეც მიკვირს. – წარბი ასწია გოგონამ. – და მერე? რა შენი საქმეა?
ბაბლუანმა საპასუხოდ ჩაიფრუტუნა.
-არ არის. – მხრები აიჩეჩა მან, მერე კი მისკენ გადმოატრიალა თავისი უემოციო სახე. – უბრალოდ მგონია, რომ ზურას შეუძლია, უკეთესს ხვდებოდეს.
ელენემ მუშტები შეკრა, სახე ბრაზით მოეკრუნჩხა.
-მასე ხომ? – ხმას აუწია მან. – იცი რა, მე და ზურა არ ვხვდებით, მაგრამ რომც ვხვდებოდეთ, ეგ მისი გადასაწყვეტია და არა შენი. მადლობა არაფრისათვის. – მოუჭრა მან და შებრუნდა, მისი აზრით ღირსეული ბოლო სიტყვით დაასრულებდა ამ უაზრო საუბარს, რომელიც არც უნდა გამართულიყო. ახლაღა გრძნობდა, რომ მართლა სჯობდა მისთვის ხმა არ გაეცა. უფრო მეტად იყო განერვიულებული და უფრო მეტად სტკიოდა თავი, ვიდრე ადრე.
-უცნაური გადაწყვეტილებების მიღების ნიჭი ჰქონია მერე ზურას. – თქვა ბაბლუანმა და ელენე ისევ შედგა. – სულელური გადაწყვეტილებების.
ელენემ მაგრად შეისუნთქა და ბაბლუანს მოუტრიალდა.
-შენი აზრით, ყველაფერი სისულელეა. – თითი ბრაზით მიუშვირა მან. – შენ არაფერი არ გაინტერესებს და ყველაფერზე ხელი გაქვს ჩაქნეული, არაფრისადმი, არავისადმი არ იქცევი თბილად და ყველაფერზე ისე იქცევი, თითქოს რაღაც უაზრობა იყოს. ყველაფერზე უკმაყოფილო ხარ და ყველას ისე დაჰყურებ, თითქოს ფეხსაცმელზე მოკრული ჭუჭყი იყვნენ. და იცი რა? – კბილებში გამოსცრა გოგონამ, ამდენ ხანს დაგროვილი გულისტკივილი, სინანული, წყენა და მრისხანება ერთიანად დაუგროვდა, გამოხეთქვას ლამობდა და გრძნობდა, თუ როგორ იოხებდა გულს ყოველი სიტყვით. – შენ არ დგახარ ყველაზე მაღლა, როგორც გგონია, შენი აზრი არავის არ აინტერესებს და არავინაც არ ხარ. ნუ იქცევი ისე, თითქოს ყველაფერი იცოდე. – მან ბოლო ბრაზიანი მზერა სტყორცნა და მეორედ შებრუნდა კარისაკენ.
-ხომ გითხარი, დრამატიზაცია არ მომწონს… – დაიწყო ცივი ხმით ბაბლუანმა.
-წიგნი დაწერე! – წამოიყვირა ელენემ. – ჩამოწერე ყველაფერი, რაც არ მოგწონს და რაც მოგწონს, ახალ კონსტიტუციად გამოიყენებენ, არ გინდა? ყოვლისმცოდნე არა ხარ, და რომც იყო, შენ მაინც არ დაგიჯერებდნენ. – დაამთავრა მან, ოთახის კარი გამოგლიჯა და ზურგს უკან მოაჯახუნა, მერე კი გადაკეტა.
ცოტა ხანი ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა, დამშვიდებულიყო. ისევ აუტანელი მრისხანება უტრიალებდა სხეულში, რომელიც ნელ-ნელა დანავლდა, წყენაში, გულისდაწყვეტასა და სინანულში გადაიზარდა.
ელენე იატაკზე დაეშვა, კარს ზურგით მიეყუდა და ფანჯრიდან შემომავალ მოყვითალო სინათლეს მიაშტერდა.
რა იქნებოდა, რომ დაძინება და დასვენება ეცლია ბაბლუანს.
-*-*-*-*-
-ბინძური გამყრელიძე… – ბრაზით ბურტყუნებდა მარიკა. – ვიცი, რა ხილიცაა მაგ…
-ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო. – აბსოლუტურად სერიოზული სახით ჩაურთო დათომ და ელენეს სიცილი წასკდა. მარიკამ აღშფოთებული მზერა სტყორცნა მას.
-ანუ რა გინდა მაგით თქვა, რომ მე ვირი ვარ? – ხმას აუწია მან. – მე ვირი ვარ?
-შენ თვითონ ამბობ, ჩემთან რა გინდა. – მიუგო დათომ და ელენემ თავი უკან გადააგდო, ხმამაღლა გადაიხარხარა. მარიკა უფრო აიფოფრა, მათემატიკის წიგნი აიტაცა და დათოს ჩასცხო თავში.
-აი ასე. – განაცხადა მან და წიგნი მერხზე დააგდო.- ძლივს რამეში გამომადგა მათემატიკა. – მა ნიშნისმოგებით გადახედა დათოს, რომელიც ძალიან თვითკმაყოფილი ჩანდა, იმის მიუხედავად, რომ მტკივან თავს ისრესდა. – უდისტანციო იდიოტი… – განაგრძო მან ბურტყუნი და წუწუნი გამყრელიძეზე.
-ხომ გითხარი, რომ მასეთი ბიჭი არ არის. – შეეხვეწა ელენე. – კარგი ხასიათისაა, რა გინდა.
-ჯაშუშია! – ატყდა მარიკა. – ბაბლუანმა მოგიგზავნა უეჭველი, გესმის? ბოროტი ჯეიმს ბონდია! ვერაფრით დამაჯერებ, რომ ვენდო. ელოდება, სანამ ჩვენ ყურადღებას მოვადუნებთ და მერე თავს დაგვესხმება! ყველა ჩვენს საიდუმლოს გამოსწურავს ელენეს და დაგვსვამს მშრალზე!
-რა სისულელეებს როშავს. – დათომ ელენეს გადმოხედა. – სიცხე ხომ არა აქვს, გაუსინჯე.
-კარგი, ეგ ზედმეტია უკვე. – ხელები ასწია ელენემ. – დათო, თავი ხომ არ მიარტყმევინე სადმე?
მარიკა ბრაზისაგან გაიბერა, მაგრამ სანამ პასუხის გაცემას შეძლებდა, გარეთ ჩოჩქოლი ატყდა. ელენემ ინტერესით გახედა საკლასო ოთახის კარს და გაოცებით ასწია წარბები, როცა დაინახა, თუ როგორ შემოვარდა მატილდა.
-ელენაააა! მარიკა, შენც, დაეხმარე! – წამოიძახა მან, სახეზე შეწუხებული გამომეტყველება ეხატა. ელენე მაშინვე ფეხზე წამოდგა.
-რა ხდება, მატილდა? – გოგონას მიუახლოვდა იგი. მარიკა, რასაკვირველია, არ ჩამორჩებოდა, უკან გამოჰყვა. – ვინმეს სჭირდება დახმარება?
-ზურა აკვირის ბიჩს. – თქვა მატილდამ და თითი დერეფნისაკენ გაიშვირა. – მე არ ვიცი რა უნდა გაკეთება…
-კარგი, მოვდივარ… – ელენე მატილდას გაჰყვა გვერდით, უკან ძალიან დაინტერესებული და მარიკა მოჰყვებოდათ, რომელსაც მობეზრებული სახით მოჰყვებოდა დათო.
ელენემ, როგორც კი გარეთ გამოვიდნენ, მაშინვე თვალი ჰკიდა დერეფანში შეკრებილ მოჩოჩქოლე ბრბოს და გაოცებით ასწია წარბები. მატილდა შეუჩერებლად მიათრევდა, ძლივს შეძვრნენ ხალხში, ისე რომ მალე ელენეს ბრბოს ლაპარაკის გარდა ყვირილის გარჩევაც შეეძლო.
მალე შუაგულს მიუახლოვდნენ და გოგონამ კისერი წაიგრძელა, გაოცებული მიაჩერდა, როცა დაინახა, თუ როგორი სახით უყვიროდა ზურა ბაბლუანს. სიტყვები არ ესმოდა, მაგრამ მიხვდა, თუ რაზე იქნებოდა მათი საუბარი და მუცელი ამოუბრუნდა. ბაბლუანი ცივი სახით იდგა, არავითარი ემოცია არ ეწერა გამომეტყველებაზე, მარმარილოს ნიღაბი გადაჰკვროდა.
-ვერ წარმომედგინა, რომ შენ ასეთი რამის გაკეთება შეგეძლო! მე ყოველთვის ვიცოდი შენი ხასიათი, მაგრამ ასეთი? ასეთს არ გიცნობ! – გაარჩია ბოლოს და იგრძნო, როგორი გამწარებით ექაჩებოდა მატილდა, რომელიც უკვე თითქმის ბრბოს პირთან იდგა.
მერე კი ბაბლუანმა ერთი ნაბიჯი გადადგა ზურასაკენ, და იმის მიუხედავად, რომ მის მოძრაობაში არავითარი დაძაბულობა და მუქარა არ იხატებოდა, ელენეს მაინც თვალები გაუფართოვდა, მზად იყო რომ თვითონაც ეყვირა, ეთქვა, რომ შეეწყვიტათ ან სხვაგან გაეტანათ ეს სულელური ამბავი…
-არ გააკეთა! – შეჰყვირა უცებ მატილდას ხმამ და ელენე გაოცებული უყურებდა, თუ როგორ გაიჭრა წინ გოგონა და როგორ შემოხვია ზურას მკერდზე მკლავები. ბრბომ გაოცებისაგან ამოიგმინა, ზურა განცვიფრებული დაჰყურებდა მატილდას ქერა თავს. ბაბლუანი საერთოდ არ განძრეულა, ისე უყურებდა, ვითომ აქაც არაფერიო.
-არ გააკეთა დაარტყა! – დაიძახა მატილდამ. – ჩხუბი არ არის კარგი!
-მატილდა… – დაიწყო ზურამ და ელენემ უფრო მეტად დააჭყიტა თვალები, როცა დაინახა, თუ როგორ დაიჭიმნენ გოგონას მკლავები ზურას მკერდის გარშემო.
-ეს აქ სალაპარაკო არც იყო. – განაცხადა ბოლოს ბაბლუანმა და ზურამ მას სტყორცნა ცივი მზერა. – შემდეგში ვნახავთ. – იგი გატრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაარღვია ბრბო, რომელიც უკვე იშლებოდა, სანახაობის უქონლობის გამო. თან ზარიც დაირეკებოდა მალე.
ელენე ძლივს გათავისუფლდა იმ წნევისაგან, რომელსაც მის სხეულის გვერდებზე სხვა ადამიანთა მოწოლა იწვევდა და შვებით ამოისუნთქა, მერე კი მატილდას გადახედა.
-კარგი, რა გატირებს, – ამბობდა ზურა, მთლად დაბნეული დაჰყურებდა გოგონას თავს. ელენე ნელა მიუახლოვდა.
-მატილდა? – ნელა შეახო მან ხელი გოგონას მხარს. – კარგად ხარ?
-მგონი შეეშინდა. – მხრები საწყლად აიჩეჩა ზურამ, მერე კი ყბა დაეჭიმა, იმ მიმართულებით გაიხედა, საითაც ბაბლუანი წავიდა. – ჯერ შენ, ახლა ეს. არ ვიცი, რა სჭირს დემეტრეს.
მატილდამ ნელა ჩამოუშვა მკლავები, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, ცხვირი და თვალები მოიწმინდა.
-უკეთესად ხარ? – ჩაეკითხა შეწუხებული ელენე. მატილდამ ჯერ მას სტყროცნა მზერა, მერე ზურაზე გადავიდა, თავი დააქნია.
-ჰო. – ჩუმად თქვა მან. სწრაფად ასწია თავი, როცა ზარის ხმა გაისმა ჰაერში.
-წამოდი, მე გამოგყვები კლასამდე, გინდა? – ჰკითხა ელენემ. მატილდამ თავი გადააქნია. ორივეს მოავლო თვალები.
-არა, მე შემიზლია სიარული მარტო. – მან ხელი დაუქნია ორივეს და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დერეფანში.
ზურამ და ელენემ ერთმანეთს გადახედეს, ორივეს დაბნეული გამომეტყველება ეწერა სახეზე.
ელენე მას დაემშვიდობა, და საკლასო ოთახისაკენ წამოვიდა. გზაზე თავის ფეხსაცმელს დაშტერებოდა და ფიქრობდა.
-*-*-*-*-*-10
ელენემ თავადაც არ იცოდა, თუ რას ელოდა. ალბათ ოდნავ ცვლილებას მაინც ბაბლუანში, რამე უჩვეულოს, ალბათ რამე არაჩვეულებრივსაც კი ბაბლუანის ხასიათზე ყველაფერი მომხდარის მერე. თვითონაც კი არ იცოდა, თუ რა სახით იქნებოდა ეს ცვლილება, უბრალოდ ის ესმოდა, რომ რაღაცნაირად უნდა შეეტყო ეს დემეტრესათვის. მათი კოცნა, მატილდას ბაბლუანის ცხოვრებაში გამოჩენა, მისი მატილდასთან ნახვა, როცა ზურა და ელენე ქუჩაში მიდიოდნენ, და საბოლოოდ, ზურასა და დემეტრეს კამათი დერეფანში. გოგონას სუბიექტური აზრით, ეს ამბები ზედმეტად სერიოზულნი იყვნენ იმისათვის, რომ რაღაც გავლენა არ ჰქონოდათ.
მაგრამ რასაკვირველია, ბაბლუანს მისი ნებისმიერი მოლოდინი უნდა დაერღვია და გაეცამტვერებინა. იგი ისე იქცეოდა, თითქოს აქაც არაფერიო, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყო მასა და ელენეს შორს. თითქოს ვერ გრძნობდა მათ შორის ჩამოწოლილ დაძაბულობას, ანდა უბრალოდ მისთვის არ არსებობდა ეს დაძაბულობა.
ელენემ უსიამოვნოდ აჭმუხნა ცხვირი და ფეხი მოინაცვლა, თან კიდევ ერთხელ ახედა ცას. არადა დილით, იმის მიუხედავად, რომ მოღრუბლული იყო, წვიმას არ ელოდნენ. კოკისპირულად ასხამდა, ელენე სკოლის შესასვლელთან იყო შეჭყუნული იმისათვის, რომ არ დასველებულიყო. ციოდა, ამიტომ გოგონამ უფრო მაგრად შემოიჭირა ტანზე ქურთუკი და გაწითლებული ხელები დაიორთქლა.
უკვე ეზარებოდა კიდეც ბაბლუანზე ფიქრი. ფიქრით მხოლოდ თვითონ ზიანდებოდა, როგორც ჩანდა, დემეტრეს კი არაფერიც არ აწუხებდა. მომაბეზრებელი იყო ეს ამბავი.
უფრო უკეთესად უნდა ცდილიყო. უნდა შეეგნო, რომ ბაბლუანი არაფრად ვარგოდა, უნდა მოესმინა მარიკასა და დათოსათვის, ბოლოს და ბოლოს უნდა გაეგო, რომ მათ შორის არასოდეს აეწყობოდა ურთიერთობა, და თუ რამენაირად, სასწაულებრივად მოხდებოდა ეს ამბავი, ერთმანეთს ვერ შეეწყობოდნენ, უბრალოდ ვერ აიტანდნენ. პლუს, ელენე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ბაბლუანს მისდამი ოდნავი გრძნობაც არ გააჩნდა. ამის უაზრო იყო ჯერ კიდევ ფიქრი და იმედი.
ბოლოს და ბოლოს ეს იმედიც გაუცამტვერდებოდა, ამის განცდა კი არ სურდა. უნდოდა, რომ სწორედ თვითონ ყოფილიყო ის ადამიანი, ვინც საბოლოოდ აღმოფხვრიდა ყოველგვარ თბილ გრძნობას ბაბლუანისადმი საკუთარი თავიდან, და ნელ-ნელა ამის გაკეთებას აპირებდა. უკვე თვენახევარი იყო, რაც ბაბლუანებთან ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ თანაცხოვრებას ადრე თუ გვიან, „იმედია ადრე,“ გაიფიქრა ელენემ, ბოლო მოეღებოდა და შეეძლებოდა დემეტრეს მოშორებოდა, მისი სახე აღარ დაენახა ყოველდღე და ჩვეულებრივ, ზომიერ რიტმში გადავრდნილიყო, რომელსაც უკვე ჩვიდმეტი წელი იყო, რაც მიჩვეოდა. ელენეს სერიოზული პრობლემები ადრე არასოდეს ჰქონია, ამიტომ სჯეროდა, რომ ესეც მოგვარდებოდა, ესეც გადაწყდებოდა და საერთოდ, თვითონაც შეძლებდა ცხოვრების ამ ფაზის უკან გადადებას.
მიზანდასახულობით აღვსილმა ამოიხვნეშა და ცივ კედელს მიეყუდა, მერე კი ჯიბიდან მობილური ამოიღო და მოიღუშა, როცა საათი შეამოწმა. ტასო უჩვეულოდ აგვიანებდა, უკვე თხუთმეტი წუთი იყო, რაც ელენე აქ იცდიდა. ბავშვების უმრავლესობას უკვე დაეტოვებინათ სკოლა, გოგონა ხედავდა, თუ როგორ მიიწევდა ფერად-ფერადი ქოლგების ჯგუფი ტროტუარზე, სანამ კუთხეს არ მოეფარნენ.
მერე კი ელენემ თვალები ჭყიტა და გასწორდა, როცა მოულოდნელად ქუჩაში მომავალი ნიკა ბიძიას მანქანა დაინახა. იგი შორიახლოს, სკოლასთან გაჩერდა, ნიკამ ფანჯარა ჩამოსწია და ხელი ენერგიულად დაუქნია. ელენეს ძალიან გაუკვირდა მისი მოსვლა, სულ ტასოს მიჰყავდა ხოლმე სახლში, მაგრამ არ დაუყოვნებია, ჩანთა თავზე შემოიდო და სირბილით გაემართა მანქანისაკენ.
ჩანთის მიუხედავად, ფეხები და ტანი მაინც დაუსველდა და ბურტყუნით ჩაჯდა მანქანაში. ნიკამ მისალმების ნიშნად გაუღიმა, ფანჯარა ასწია და მანქანა გზაზე გადაიყვანა.
-აბა როგორი იყო სკოლა? – ჰკითხა მან. – მოხდა რამე ახალი და საინტერესო?
ელენემ გაიცინა და თავი გადააქნია.
-არა, როგორ ყოველთვის. – მიუგო მან.- მონოტონური გაკვეთილები და ღრიანცელი დასვენებებზე. მეტი არაფერი.
-კიდევ კარგი… – ჩაილაპარაკა ნიკამ, და ელენემ ახლაღა შეამჩნია, რომ კაცი ცოტათი შეწუხებული ჩანდა. გოგონას თვალები გაუფართოვდა. „მოხდა რამე?“ გაიფიქრა შეწუხებულმა. „ტასოს ხომ არაფერი დაემართა?“
-ნიკა ბიძია… და ტასო დეიდა სად არის? – იკითხა გოგონამ. – ის მაკითხავს ხოლმე და გამიკვირდა…
ნიკამ ჩაიფრუტუნა, წამით იგი მის ვაჟიშვილს მიამსგავსა ელენემ და ძალაუნებურად გაეღიმა. მერე კი კაცმა თავი გადააქნია.
-საქმე აქვს ტასოს სახლში. – უპასუხა მან, ღრმად შეისუნთქა და ამოიხვნეშა. – ძალიან დიდი ამბავია…
-მოხდა რამე? ვინმე ცუდად ხომ არ არის? – სავარძელში წამოიწია შეწუხებული ელენე.
-არა, არა, არავინ გამხდარა ცუდად, დაწყნარდი. – ჩაიცინა ნიკამ. – უბრალოდ… ისე მიდის საქმე, ტასო შეიძლება მართლა გახდეს ცუდად. – დაამატა და ჩაეცინა. ელენეს თვალები საცერისოდენა გაუხდა.
-რაო? ეგ როგორ… – ძლივს ამოილუღლუღა ელენემ.
-სტუმარი მოგვივიდა სახლში, ისეთი, ტასო რომ არ ელოდა. – უპასუხა ნიკამ და მანქანა მოატრიალა, მათი შესახვევისაკენ გავიდა. – ახლა მთელი შემადგენლობით სხედან სასტუმრო ოთახში და ლაპარაკობენ.
-აჰა… – თავი დაუქნია ელენემ და დაბნეულმა, ფანჯრისაკენ გაატრიალა თავი. – უსიამოვნო სტუმარია? – იკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
ნიკას გაეცინა, ელენე წარბებაწეული მიაშტერდა.
-ვისთვის როგორ. – მხრები აიჩეჩა კაცმა. ელენე გაკვირვებული მიაჩერდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. მალევე მიადგნენ სახლს და თავზე ჩანთაწამოხურული ელენე სწრაფი ნაბიჯით მიჰყვა მას უკან.
როგორც კი ნიკამ კარი გააღო, ელენეს წამსვე მოესმა ხმაური სასტუმრო ოთახიდან, თვალები ჭყიტა და ნიკას გადახედა, რომელსაც ნახევრად ღიმილი, ნახევრად კი შეწუხებული გამომეტყველება ეხატა სახეზე, რომელიც სასაცილო დასანახი იქნებოდა, ელენე ასეთი დაბნეული რომ არ ყოფილიყო. კარი ზურგს უკან მიკეტა და შესასვლელი ჩაიარა, ნიკას გვერდით ამოუდგა და სასტუმრო ოთახში ერთად შეიხედეს.
პირველი, ვისაც ელენემ თვალი ჰკიდა, ტასო იყო. ქალი განიერ ტახტზე იჯდა, მის გვერდით მაიკო წამოჭიმულიყო. ორივენი თითქმის იდენტური გამომეტყველებებითმიშტერებოდნენ მათ მარჯვნისაკენ, ორადგილიან ტახტზე მსხდომ ადამიანებს.
ბაბლუანს საზურგეზე გადაეხვია მკლავი, გვერდით კი ჩვეულებრივი ღიმილით წამოჭიმულიყო მატილდა.
ელენეს მოულოდნელობისა და გაოცებისაგან გული კინაღამ საგულედან ამოუვარდა. შეკრთა, თვალები გაუფართოვდა, გაოცებული შეშტერებოდა მის წინ გამართულ სიტუაციას.
ბაბლუანმა მატილდა სახლში მოიყვანა.
მაგრამ რატომ?
-რა სასიამოვნოა! – თითქმის კიოდა ტასო. – რა მშვენიერია! და ნიშნები? ნიშნები რა გაქვს სკოლაში? რას გიწერენ?
-მატილდას ცოტაოდენ სიძნელეს წარმოადგენს სწავლა, რადგან ქართული ასე კარგად არ იცის… – დაიწყო ბაბლუანმა.
-მეს უწერენ ცხრები და რვები! – შეაწყვეტინა მატილდამ და ტასოს შესცინა. – მასწავლებელიები არიან ძალიან კარგი!
-ისე, მატილდა, რა მოგწონს ჩემს ძმაში? – ჩაეკითხა მაიკო. მატილდას თვალები დაუმრგვალდა, ტუჩები მობუსხა და ოდნავი დაბნეულობით გადახედა მაიკოს.
-ბიჩი… – მან დემეტრეს გადახედა. – ბიჩი კარგი მეგობარი ბიჩი არის! – ხმამაღლა განცხადა მან და გაიცინა.
მაიკოს ისეთი სახე ჰქონდა, რომ ელენე დარწმუნებული იყო, რომ მალე ან სიცილი აუტყდებოდა, ან მატილდას ყვირილს აუტეხავდა. ნიკამ ყელი ჩაიწმინდა, და ელენე შეკრთა, როცა ოთახში მყოფნი მათ მოუტრიალდნენ.
-ელენე! – წამოიძახა ტასომ და ხელი გამოუწოდა, სწრაფი მოძრაობით ანიშნა მისკენ მისვლა და ელენე ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ტასომ ხელი სტაცა და გვერდით მოისვა.
-გამარჯობა, მატილდა. – გაუღიმა მან გოგონას. არ იყო ამ ყველაფრის ხასიათზე და სიმართლე რომ ეთქვა, ძალიანაც აინტერესებდა, თუ რატომ მოიყვანა ბაბლუანმა აქ მატილდა, მაგრამ მიზანი უკვე დასახული ჰქონდა. ბაბლუანის დავიწყებას ლამობდა, და ამის შესრულებას აპირებდა. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ მატილდას აქ ნახვა უსიამოვნო შეგრძნებას ანიჭებდა, არ აპირებდა რომ დაეიგნორებინა ის ანდა რამით გამოეხატა ეს გრძნობა.
-გამარჯობა, ელენა! -საპასუხოდ ღიმილით დაუქნია ხელი მატილდამ. მაიკომ მკვეთრად გადმოხედა.
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? – ჩაეკითხა ის.
-კი, თანასკოლელები ვართ. – უპასუხა ელენემ.
-ელენა ატკინა ფეხი და მე და სალომე დაეხმარეთ! – განაცხადა მატილდამ.
ტასოს ნესტოები დაებერა და ელენესკენ გადმოიწია.
-მართლა დაგეხმარა? – ჩაუჩურჩულა მან. ელენემ დაბნეულმა გადახედა.
-კი, მართლა დამეხმარა. – უპასუხა მან. – პირველებმა მაგან და მისმა მეგობარმა მნახეს, მატილდამ წყალი მომცა, სალომე კი კლარა ექთანის მოსაყვანად წავიდა…
-გასაგებია! – ხელები ააქნია ტასომ და ზედმეტად ტკბილი ღიმილით გადახედა მატილდას.
-ჩემს შვილს როგორ შეხვდი? – ჩაეკითხა ის, ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მატილდას დაჟინებით დააშტერდა. ელენე გაოცებული მიაჩერდა. ტასო არ იქცეოდა ჩვეულებრივ ასე, მით უმეტეს სტუმრებთან…
სანამ მატილდა უხსნიდა, თუ როგორ შეხვდნენ ის და დემეტრე, მაიკო გადაიწია ელენესაკენ.
-იცოდი? – ხმადაბლა ჰკითხა მან. ელენემ წარბები ასწია და ისე გადახედა.
-რა ვიცოდი? რა უნდა მცოდნოდა? – უპასუხა მან.
-მატილდას შესახებ! – მაიკომ ელვის სისწრაფით გადაიტანა თვალები ტახტზე მჯდარი წყვილისაკენ. – რომ რეეს შეყვარებული ჰყავდა?
ელენე ერთიანად დაიჭიმა, სახის ნაკვთები მოეკრუნჩხა, თვალი თვითონაც დემეტრესა და მატილდასკენ გაექცა, მერე კი ნელა დააქნია თავი.
-მგონი ვხვდებოდი. – მხრები აიჩეჩა მან. ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა და ჩაახველა. – კინოდან გამომავალნი ვნახე, მერე კი ქუჩაში მოსეირნობდნენ. მაგრამ…
-არ გეგონა, რომ მართლა შეყვარებულები იყვნენ თუ არა? – დაამთავრა მისი სიტყვა ტასომ. ელენემ ხელები მომუშტა, ტუჩი მოიკვნიტა.
-არა, როგორ არ მეგონა. – ხმადაბლა უპასუხა მან. – უბრალოდ… არ ვიყავი დარწმუნებული, სულ ეს იყო. ბოლოს და ბოლოს კინოში წასვლა და ქუჩაში გავლა მეგობრებსაც შეუძლიათ.
-ჰოდა მოგვადგა ეს სახლში და გვეუბნება, ამ „ბიჩის“ მეგობარი გოგო ვარო. – წარბები ასწია მაიკომ.
-დემეტრემ რა თქვა? – წამოისროლა ელენემ და კინაღამ პირზე მიიჭირა ხელი. წამსვე ინანა სიტყვები, მაგრამ მათი უკან დაბრუნება რასაკვირველია, აღარ შეეძლო. მაიკომ უცნაურად გადმოხედა.
-იგივე. – უპასუხა მან. – რომ მისი მეგობარი გოგოა, რომ მატილდა ჰქვია, და რომ უნდოდა თავისი მშობლებისათვის გაეცნო. – მაიკომ მხრები აიჩეჩა. – არ მესმის… ადრე არავინ მოუყვანია სახლში. და კინოში როდის ნახე?
-სამიოდე დღის წინ? – უპასუხა ელენემ. ნელ-ნელა სწვდებოდა სიტუაციას, უფრო და უფრო მტკივნეული ხდებოდა მომღიმარი მატილდასა და ბაბლუანისაკენ გადახედვა. ყელში ბურთი აწვებოდა. უფრო ძნელი იყო, ვიდრე წარმოედგინა. – პირველად მგონი ცოტა ადრე შეხვდნენ… ხუთი დღის წინ, მგონი…
მაიკო განცვიფრებული დააშტერდა.
-რა სისულელეა… – წაიბურტყუნა მან. – ხუთი დღე იცნობს და აქ მოიყვანოს? არავითარ შემთხვევაში… ეგ მატილდა აქ რომ არ იჯდეს, ერთი ხმამაღლა გადავიხარხარებდი, მაგრამ… – მან მოღუშული გამომეტყველებით გადახედა ტახტზე მსხდომ წყვილს. – რეე ასეთი რამის გამკეთებელი არ არის… არ მესმის რას აკეთებს ახლა…
ელენე გაშტერებული შეჰყურებდა ბაბლუანის სახეს. სხეულში ბრაზი აუბუყბუყდა, როცა მიხვდა, თუ რა ხდებოდა. თუ მაიკოს სიტყვებს დაუჯერებდა, წესით მატილდა აქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რაც მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ბაბლუანმა ის აქ განგებ მოიყვანა.
„ნეტავ რატომ?“ გაიფიქრა სარკასტულად, მერე კი საკუთარ მუხლებს მოუჭირა თითები. ბაბლუანი ამას მის საპროვოკაციოდ აკეთებდა. მისი ჩვეული რეჟიმი იყო ეს უკვე, წესით უნდა შეჩვეულიყო კიდეც მის ასეთ ქმედებებს ელენე, მაგრამ როგორც ჩანდა, ბაბლუანს სწორად ვერასოდეს აფასებდა. ვერასოდეს აფასებდა მის სისაზიზღრესა და მის ქმედებებს. მატილდა აქ მხოლოდ იმისათვის იყო, რომ მას ელენეში, ბაბლუანის გათვლით, გულდაწყვეტა, სიმწარე, ეჭვიანობა გამოეწვია.
მაგრამ ელენე აქედან ვერცერთს ვერ გრძნობდა. მოეცვა მხოლოდ დაუძლეველ ბრაზსა და სინანულს, რომ დროს ამ ადამიანზე ფლანგავდა. მრისხანება უწვავდა შიგნეულს და უბრალოდ სურდა ამდგარიყო, ბაბლუანისათვის სახეში ერთი მაგრად ეტკიცა სილა, და ოთახიდან გასულიყო. უნდოდა, რომ ამ სილისათვის თან მიეყოლებინა ყველა ის გრძნობა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოეცილებინა, მაგრამ ადგილიდან ვერ გაინძრა.
მერე კი ბაბლუანმა მისი მზერა დაიჭირა. დაიჭირა და ირონიულად გაიღიმა, წამიერად ჯერ კიდევ გაცხარებულად მოლაპარაკე მატილდას გადახედა, მერე კი ისევ მას მიაბჯინა მზერა.
თვალებში ნიშნისმოგების ნაპერწკალი უტრიალებდა და ელენემ იგრძნო, როგორ აეწვა შიგნით ყველაფერი. კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, სულაც არ იყო ვალდებული, რომ აქ მჯდარიყო და ბაბლუანის სახისათვის ეყურებინა, ამიტომ სწრაფად წამოდგა ფეხზე, ტახტზე მჯდარ წყვილს თვალი აარიდა.
-ზემოთ ავალ, ცოტათი დავიღალე. დემეტრე და მატილდა, გილოცავთ ერთმანეთის პოვნას. – ნელა თქვა მან, თან ჯერ კიდევ არ უყურებდა წყვილს, ამწუთას გულწრფელად ერჩივნა იატაკზე დაფენილ ხალიჩაზე გამოსახულები ხვეულები დაეთვალა, ვიდრე მათკენ მიეტრიალებინა თვალები. წარბებაწეულ და ლაპარაკისაგან სახეაწითლებულ ტასოს, მისკენ ჯერ კიდევ უცნაურად მომზირალ მაიკოსა და კარში გაჩხერილ ნიკას გადახედა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა კიბეებისაკენ.
არავის შეუჩერებია, ამიტომ კიბეები აირბინა და თავის ოთახში შევარდა, ზურგს უკან კარი მოიხურა. ღრმად სუნთქავდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ დამშვიდებულიყო. ნელა მიუახლოვდა მერხს და სკამზე ჩამოჯდა, ჩანთა ფეხებთან დაიდო. ჯერ კიდევ კანკალებდა ბრაზით, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ უვლიდა ნელ-ნელა მრისხანება.
„არ ღირს.“ გაიფიქრაანერვიულებულმა. „სწორედ ეს უნდა. ამიტომ არ ღირს.“
კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა წამოდგა. კარადიდან ტანსაცმელი გადმოიღო და გამოიცვალა, მერე კი ისევ მერხს მიუჯდა, ხვალისათვის დასამზადებელი ჰქონდა გაკვეთილები. წიგნები ამოიღო ჩანთიდან და ლამპა ჩართო, მერე კი კონცენტრირებას შეეცადა.
კიდევ კარგა ხანი ესმოდა ქვემოდან ხმაური, მაიკოს, მატილდასა და ტასოს ხმები, რასაც დროთადრო ნიკასა და დემეტრეს ხმებიც ერთვოდნენ.
ნახევარი საათის შემდეგ, კარის მოჯახუნება გაისმა, რასაც მოჰყვა ტასოს ყვირილი და მაიკოს ისტერიული სიცილი. ელენე მაშინღა გამოფხიზლდა, გადაშლილსახელმძღვანელოს გადახედა და ამოიხვნეშა, როცა მიხვდა, რომ ერთი სტრიქონიც არ წაეკითხა, ისეთი გამალებული ყურადღებით უსმენდა ქვემოდან ამომავალ ხმაურს. თმაში ხელი გადაისვა და თავი გადააქნია, რომ ზედმეტი ფიქრები გამოებერტყა თავიდან, მერე კი დაჟინებით ჩააშტერდა თავის წიგნს.
ორიოდე საათი მეცადინეობდა, უაზროდ გამოჰყავდა მაგალითები და ასევე უაზროდ კითხულობდა ისტორიის ხვალინდელ გაკვეთილს, რომელიც სულ არ ეჩვენებოდა საინტერესოდ. საკუთარ თავს აძალებდა, რომ ბაბლუანისაკენ არ გაქცეოდა ფიქრები და ნერვები ისევ არ აშლოდა.
ის იყო, რომ ისტორიის წიგნი დახურა და გვერდით გადადებულ ბიოლოგიას გადასწვდა, რომ მოულოდნელად კარის სახელურის ჭრიალი მოესმა.
ელენე შეხტა, და გაოცებული მიაჩერდა კარს. ტასო სულ აკაკუნებდა, მაიკოც ხოლმე…
მერე კი ერთიანად დაიძაბა, როცა ბაბლუანმა თამამად შემოაბიჯა და თვალები მისკენ გადმოიტანა. ელენემ მაგრად მოუჭირა ხელი ბიოლოგიის სახელმძღვანელოს და გაბეზრებულმა გადახედა დაუპატიჟებელ სტუმარს. უკანასკნელი პიროვნება იყო, ვისი დანახვაც ახლა სურდა, სამწუხაროდ.
-გინდოდა რამე? – ჰკითხა მან და და წიგნი წინ დაიდო, მერე კი გადაშალა. სულაც არ სურდა ბაბლუანისაკენ გაეხედა, ამიტომ თვალი აარიდა და სტრიქონებს ჩააშტერდა, იმის მიუხედავად, რომ თითქოს ვერაფერსაც ვერ ხედავდა.
-რომ გდომოდა, უკეთესად ვერც მოახერხებდი. – მოესმა ხმა და დაბნეული მოიღუშა.
-რაო? რას ვერ მოვახერხებდი? – ჰკითხა წარბშეკრულმა და ფურცელი გადაშალა.
-თავის გამოაშკარავებას, – განაცხადა ბაბლუანმა და ელენემ თვალის კუთხიდან დაინახა, თუ როგორ მოუახლოვდა ის მერხს. ძლივს გადაყლაპა ყელში გახერილი ნერწყვი და ღრმად შეისუნთქა. უბრალოდ საჭირო იყო, რომ არ მიეცა უფლება გამოწვევის, და ბაბლუანსავ მობეზრდებოდა და გავიდოდა…
-გასაგებია. – თქვა მან მოკლედ. – შეგიძლია გახვიდე.
-მგონი მაიკო მიხვდა. – გააგრძელა ბაბლუანმა და ელენე კიდევ ერთხელ ზამბარასავით დაიჭიმა სკამზე, ხელები წიგნის ფურცელზე შეეყინა. უსიტყვოდ დაშტერებოდა ასო „ხ“-ს წიგნში და ცდილობდა, რომ სხვა ასოებიც დაენახა მის გარშემო, მაგრამ ვერ ახერხებდა.
ვერ ხედავდა.
-მართლა? – ძლივს ამოღერღა მან. – კარგი, ესე იგი მიხვდა. მერე რა? – იკითხა მან და წამსვე ინანა, არ სურდა ბაბლუანისათვის სალაპარაკო მიეცა. – არც არაფერი. – დაამატა საკუთარი კითხვის საპასუხოდ.
ბაბლუანი მოულოდნელად მისკენ დაიხარა, სახე სულ ახლოს მოუტანა და ელენეს მთელი თავისი ნებისყოფა უნდა გამოეყენებინა იმისათვის, რომ მისკენ არ გაეხედა, არ შეტრიალებულიყო და ყვირილი არ დაეწყო. უბრალოდ ნერწყვი გადაყლაპა და თვალები გააყოლა სტრიქონს.
-ხომ ვხვდები, რომ არაფერსაც არ კითხულობ და თავს იკატუნებ, ამიტომ რატომ ცდილობ ზედმეტად? – ჰკითხა ბაბლუანმა, მისი სუნთქვა ლოყაზე შეეხო და მოულოდნელად ელენემ იგრძნო ხელები, რომლებიც ლოყებზე შეეხნენ.
წამსვე წამოვარდა, ტკაცანით მოარტყა ხელი ბაბლუანის მკლავებს, რომ არასასურველი შეხება მოეშორებინა და კინაღამ სკამს წამოედო, ბარბაცით დაიწია უკან. ღრმად სუნთქავდა და ბრაზით შეჰყურებდა დემეტრეს, რომელიც ურცხვად მიშტერებოდა თვალებში.
-რა იყო? – წარბები ასწია მან. – არ მითხრა, რომ გძულვარ. – ჩაიცინა და მისკენ წამოვიდა, ელენემ ინსტინქტურად ერთი ნაბიჯი გადადგა უკან.
მაგრამ ბაბლუანი მაინც სწვდა, იდაყვში სტაცა ხელი და ელენეს გაძალიანების მიუხედავად, ახლოს მოქაჩა. გოგონამ ბრაზით ახედა, სახე განრისხებისაგან აუწითლდა.
-ხელი გამიშვი. – დაისისინა მან. ბაბლუანის ნაკვთი არ შესტოკებია, ისე მოუახლოვდა, სანამ მათი სახეები რამდენიმე საინტიმეტრით იყვნენ დაშორებულნი. ელენე ჯიუტად მიშტერებოდა და მკლავის გამოქაჩვას ლამობდა.
-მითხარი, გძულვარ? – ისევ ჩაეკითხა ბაბლუანი.
-მე კიდევ გითხარი, გამიშვი მეთქი! – ხმას აუწია გოგონამ და იდაყვი მაგრად გამოქაჩა, მაგრამ ბაბლუანს მაგრად ეჭირა. – დაყრუვდი?
-როგორც ჩანს, არა. – ტუჩის კუთხე ასწია ბაბლუანმა და ელენე განცვიფრებული უყურებდა, თუ როგორ დაიხარა ის გოგონასკენ.
ბაბლუანის ტუჩები უკვე მეორედ, ნაზად შეეხნენ გოგონას ტუჩებს, მაგრამ ეს წამიერი იყო. ელენემ ელვის სისწრაფით გადასწია თავი უკან, მკლავი გამოსტაცა და მთელი ძალით გაუქნია წეღან ბრაზისაგან შეკრული მუშტი ბაბლუანს სახეში.
მუშტი დემეტრეს მარცხენა ყბაზე შეეტაკა და ელენემ ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. იმდენად მოეცვა მისი გონება მრისხანებას, რომ ტკივილს ვეღარც გრძნობდა, უბრალოდ უნდოდა, რომ ბაბლუანი მოეშორებინა, რომ მოეშორებინა ყველაფერი, რაც მასთან აკავშირებდა. ხელი ელვის სისწრაფით ასწია და ზიზღით მოიწმინდა ტუჩები.
ბაბლუანი მოულოდნელობისაგან ოდნავ უკან წაბარბაცებულიყო, ხელით ყბას ისრესდა და დაჟინებით უყურებდა.
-კარგი დარტყმა გქონია… – თქვა მან და ელენეს სისხლი აუდუღდა. – მაგრამ ხომ არ გგონია, რომ ზედმეტი მოგივიდა, ჰა? – ჩაეკითხა ის. – ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ გეხმარებოდი.
-მეხმარებოდი? – წარბები ასწია ელენემ და უფრო მაგრად მოიწმინდა ტუჩები. ჯერ კიდევ შერჩენოდა მათზე ნაზი შეხების სითბო და ამ ფაქტს ვერ იტანდა. – მაგას დახმარებას ეძახი?
-ჰო. – ბაბლუნმა ისევ გაუღიმა, ისევ გადმოდგა მისკენ ნაბიჯი. – ხელის მომართვაც იყო. მოწყალებაც.
– მოწყალება. – გაიმეორა გოგონამ. – ესეიგი მოწყალება. – ელენეს ყელში ბურთი გაეჩხირა. განცვიფრებული მიშტერებოდა ბაბლუანს და არ სჯეროდა, რომ ეს ესმოდა.
-ჰო. რა, არ გინდოდა მეტი? – ნიშნისმოგებით გაუღიმა დემეტრემ და ისევ დაიხარა მისკენ, მაგრამ სანამ იგი რამის გაკეთებას მოახერხებდა, ელენემ მთელი ძალით ჰკრა მკერდში ხელები.
ბაბლუანი უკან წაბარბაცდა და მერხს მიეყრდნო. წარბები შეკრა, მოღუშული, გაოცებული და ცოტათი დაბნეული მიაშტერდა.
-ჯანდაბაშიც წასულხარ. – დაუსისინა ელენემ. ბაბლუანს ოდნავ გაუფართოვდა თვალები. – ეგ შენი მოწყალებაც თან წაიყოლე, გასაგებია? – ხმას აუწია გოგონამ. – შენგან არაფერი არ მინდა და არც მჭირდება… შენი სახის დანახვაც არ მინდა! არ მომეკარო, ხელი არ მახლო, გესმის? – დაიყვირა მან.
ელენემ ძლივს ამოისუნთქა, გრძნობდა, როგორ უწითლდებოდა სახე. მთელ სხეულზე თითქოს ცეცხლი ეკიდა, ვერც კი წარმოედგინა, რომ ოდესმე ასეთ დაუძლეველ მრისხანებას იგრძნობდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბაბლუანი აგრძნობინებდა ასეთ მრისხანებას. ბუნდოვნად გაიგონა დერეფანში ნაბიჯები.
-აქ რა ხდება? – შემოიხედა მაიკომ, მერე კი გაოცებით გადახედა ჯერ მერხზე მიყუდებულ ბაბლუანს, მერე კი ელენეს გაუსწორა თვალები. – ელენე, რა მოხდა…?
-ბოდიში, მე უნდა გავიდე… – ძლივს ამოთქვა გოგონამ და მაიკოს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, გვერდით ჩაურბინა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დერეფანში.
მეტი აღარ შეეძლო. ეს უკვე ზედმეტი იყო, უკვე ზედმეტი განიცადა, და მეტის განცდა აღარ სურდა.
შიგნეული უტრიალებდა, თითქოს ეწვოდა და მთელი არსებით განიცდიდა აუწერელ მრისხანებასა და ტკივილს.
უკვე საკმარისი იყო.
-*-*-*-*-
განცვიფრებულმა მაიკომ თვალი გააყოლა დერეფანში მიმავალ ელენეს და თავის ძმას გადმოხედა. თვალწინ ედგა ელენეს სახე, ისეთი, როგორიც არასდროს ენახა. გოგონას სახე გაწითლებოდა, გამომეტყველება ბრაზით ჰქონდა სავსე, მუშტები შეეკრა და მთელი სხეულით დაძაბულიყო.
-რა გააკეთე? – ხმადაბლა ჰკითხა გოგონამ ძმას. რეე არ ინძრეოდა, იმ ადგილს მიშტერებოდა, სადაც ათიოდე წამის წინ ელენე იდგა. – რა გააკეთე? ელენეს რა უქენი? – ხმას აუწია მაიკომ.
-არაფერი. – თითქოს ძილიდან გამოფზიხლდაო, რეე წამოიწია და თმაში ხელი გადაისვა, წარბაწეულმა გადმოხედა მაიკოს. – მე არაფერი მიქნია. წადი და თვითონ იმას ჰკითხე.
-იმ „იმას“ სახელი ქვია! – შეუყვირა მაიკომ და მკლავები გადააჯვარედინა. – შენი ბრალი იყო, ხომ ეს ამბავი?
-ჩემი ბრალი ახლა.- ჩაიფრუტუნა რეემ. – იქნებ მისი ბრალი იყო? ასე უცებ გაგიჟდა და ყვირილი დაიწყო.
-შენ რა გინდა ახლა, რომ მე გავგიჟდე და ყვირილი დავიწყო? – ხმას აუწია მაიკომ. არ სჯეროდა, რომ მისი ძმა ასე უაზროდ ცდილობდა ყველაფრის დამალვას. – შენ გგონია, რომ დაგიჯერებ? სულელი გგონივარ?
-ხანდახან კი ხარ, მაგას ვერ უარვყოფ… – სარკასტულად გაუცინა რეემ და მაიკომ კბილები დააღრჭიალა.
-მე სულელი ვარ, არა? – შეუყვირა მან. – მე ხომ? შენ რაღა გქვია მაშინ? ამასთან ერთად იდიოტი ხისთავიანიც ხარ!
-ხისთავიანი. – წარბები ასწია რეემ. – რამე უკეთესი ვერ მოოიფიქრე?
-შენ გგონია, ვერ ვამჩნევ? – დაუსისინა მაიკომ. – გგონია ვრ ვამჩნევ, თუ რა ხდება? თუ როგორ აწვალებ ელენეს? გეგონა გაგივიდოდა, არა? და ახლაც მოხდა რაღაც და ბოლოს და ბოლოს ელენემ საპასუხოდ შემოგიტია, ამიტომ იდექი მასე გამოშტერებული…
-ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. – წარბები შეკრა რეემ. – გამოშტერებული არა ისა…
-დიახაც! – ხმას აუწია მაიკომ და მუშტები მაგრად შეკრა. – დიახაც! გამოშტერებული იყურებოდი! რა იყო, ასე გსიამოვნებს მისი წვალება? მისი გრძნობების გამოყენება?
-ეგ ჩემი პრობლემა არ არის… – შეუბრუნა რეემ და მაიკომ იგრძნო, როგორ გაიბერა ბრაზით.
-შენი პრობლემა როგორ არ არის, შე დეგენერატო! – იფეთქა მან. – მის გრძნობებს იყენებ და ამბობ, ჩემი პრობლემა არ არისო? პრობლემა კი არა, სათამაშოდ გაქვს გადაქცეული!
მაიკომ ძლივს ამოისუნთქა. ელენეს გამომეტყველებით მიხვდა, თუ რა ხდებოდა. აქამდეც ჰქონდა ეჭვები, მაგრამ არ სურდა, რომ დაუმტკიცებლად ეთქვა რამე და სისულელის გამო აეტეხა ამბავი. ახლა კი საშინლად ნანობდა, რომ რეეს აქამდე არ დაელაპარაკა ამ თემაზე.
-შენ იცოდი! იცოდი, რომ უყვარხარ და მაინც მოიყვანე ის გოგო ამ სახლში. არა, გავიგებდი, შენ მართლა რომ მოგწონდეს ეგ მატილდა, მაგრამ რომ არ მოგწონს? – ჰკითხა გოგონამ.
-მართლა მომწონს… – წარბები შეკრა რეემ. მაიკომ დაისისინა და ხელები ააქნია. მისი ძმის უაზრო ტყუილების რაოდენობა ამ საუბარში უკვე მისი მოთმინების ზღვარს სცილდებოდა.
-რა სისულელეა. რა სიშტერეა, რეე! – დაუყვირა მან. – მართლა გინდა დავიჯერო, რომ ყველამ დავიჯეროთ, რომ მატილდა მართლა მოგწონს? არა! უბრალოდ გინდოდა, რომ ელენეს თვალწინ გაგეთამაშებინა, რომ გეყურებინა მისი რეაქციისთვის, არა? – მაიკო შეკრთა, როცა კიდევ ერთი შესაძლო ამბავი გააცნობიერა. – იქნებ… მატილდასაც იყენებ…
-რაებს ბოდავ. – დაუსისინა რეემ და მაიკომ საპასუხოდ წარბები შეკრა. – ასეთი როშვა ჩემს ცხოვრებაში არ მომისმენია…
-შენც ძალიან კარგად იცი, რომ არ ვბოდავ. შენ ბოდავ ახლა რაღაც უაზრო ტყუილებს. – შეუბრუნა ელენემ. – შენ სულ არ მოგწონს ეგ მატილდა და… – მაიკომ თავი ასწია, ძმას, როგორც შეეძლო, ზემოდან დახედა. – შენ ელენე მოგწონს.
რეემ ჩაიფრუტუნა, მერე კი სიცილი აუტყდა.
-მე შენ დაგინახე! – დაუყვირა გაღიზიანებულმა მაიკომ და თთი მიუშვირა. – იმ ღამეს, თქვენ რომ ვიღაცის იუბილეზე იყავით, შენს მერე ამოვედი და დავინახე, შენი ოთახიდან ელენე როგორ გამოგყავდა… – ძმის შეტოკებულ თვალებსა და ყელში ათამაშებულ კუნთზე კი გაეცინა. – დიახაც… დავინახე, როგორ უყურებდი და რა ფრთხილად შეიყვანე მის ოთახში. ნუ გგონია, რომ გამასულელებ. ცოტათი მაინც მოგწონს ელენე და იცი რა? – შეწუხებულმა და განერვიულებულმა გოგონამ ხელები ასწია. – არ ვიცი რა დაგიშავა.
-კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ როშავ. – დაუსისინა რეემ. მაიკო არ გაინძრა, ჯიუტად მიშტერებოდა ძმას. – მე ეგ გოგო არასოდეს მომეწონებოდა, ამის შანსი…
-რაო? – ფრუტუნი წასკდა მაიკოს. – როგორ… შენ რა, გეშინია? გეშინია… დიახაც! – წამოიყვირა მაიკომ. – გეშინია, რომ შეგიყვარდება. არ გინდა ამის აღიარება, საკუთარ თავსაც ვერ ეუბნები და ამიტომ აწვალებ… არა… მისი გეშინია, იმიტომ რომ გიყვარს.
რეე გაქვავებული სახით მიშტერებოდა, არც კი ინძრეოდა და მაიკოსთვის ეს საკმარისი პასუხი იყო. შიგნით თვითონაც ყველაფერი გაუქვავდა, როცა ელენეს განრისხებული გამომეტყველება გაიხსენა.
-ელენე ამას არ იმსახურებს. აი შენ კი… შე კი ნამდვილი ქათამი ხარ. – ძლივს ამოილუღლუღა მან. – ადრე სულ მე მეძახდი ცხვარს, შენც იგივე ყოფილხარ. ქათმისტვინა ცხვარი, მეტი არაფერი.
მერე კი შებრუნდა, და დერეფანში გავიდა. მუშტები შეეკრა და დაბნეული, აღელვებული და შეწუხებული დაშტერებოდა იატაკს.
-*-*-*-*-
ელენემ ძლივს ჩააღწია კიბეებზე და სასტუმრო ოთახში გავიდა. პარკეტი გრილი იყო მისი შიშველი ფეხების ქვეშ, მაგრამ ეს ვერაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მისი გაწითლებული სახე და თითქოსდა ცეცხლმოკიდებული შიგნეული დაეამებინა.
სასტუმრო ოთახში ნიკა, ტასო და მამამისი ისხდნენ. ელენე იდგა. სამივეს უყურებდა და გრძნობდა, როგორ უკონტროლოდ უკანკალებდა სხეული.
ნიკამ პირველმა შეამჩნია, წამსვე გაუფართოვდა თვალები და ფეხზე წამოდგა, მისკენ წამოვიდა.
-ელენე? – ჩაეკითხა ის, და გოგონამ თვალი ჰკიდა, თუ როგორ წამოვარდნენ ფეხზე მამამისი და ტასო, თუ როგორი შეწუხებული სახეებით დააშტერდნენ სამივენი. – კარგად ხარ?
და ელენე გატყდა. ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები ერთბაშად გადმოუგორდა და გრძნობდა, როგორ შეუთრთოლდა მთელი სხეული. ესმოდა ტასოს შეცხადება და შეწუხებული ხმა, ნიკას გაოცებული, შეწუხებული შეკითხვები და იგრძნო, თუ როგორ მაგრად ჩაიხუტა მამამისმა.
-ელენე… – დაიჩურჩულა გიორგიმ და გოგონა მამას მაგრად ჩაეჭიდა, გულამომჯდარი ტიროდა და გრძნობდა, თუ როგორ მოჰკიდა ხელი მხარზე ტასომ და თავზე გადაუსვა ხელი. – რა მოხდა, მამი? რა გატირებს?
-სახლში მინდა, მამა… – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ და ამოისლოკინა, მთელი სხეულით კანკალებდა და ცდილობდა, რომ ტასოსა და ნიკას განცვიფრებული სახეებისათვის არ შეეხედა. – უბრალოდ სახლში წამიყვანე, ძალიან გთხოვ, სახლში მინდა…
ელენე გიორგის მხარზე ტიროდა, ტასო აცრემლებული შეჰყურებდა, თავზე უსვამდა თბილ დედურ ხელს,  და განცვიფრებული ნიკა გვერდით გამდგარიყო.
გოგონამ თვალები დახუჭა, მამას უფრო მაგრად შემოხვია მკლავები.
უბრალოდ სახლში უნდოდა.
11-*-*-*-*-*-
ელენე უსიტყვოდ იდგა, ხელებს მაგრად უჭერდა მხარზე გადაკიდებულიჩ ჩანთის სახელურს და ყველანაირად ცდილობდა, რომ ტასოსა და ნიკასაკენ არ აეხედა. იმის შემდეგ, რაც გუშინდელ საღამოს მათ და მამამისის წინ ტირილი აუვარდა, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. გიორგიმ დასვა, მაგრად იხუტებდა გულში და წამდაუწუმ ეკითხებოდა, თუ რაში იყო საქმე, თუ რატომ უნდოდა ელენეს აქაურობის დატოვება, თუ რატომ ტიროდა, მაგრამ გოგონა პასუხს არ სცემდა, მხოლოდ ტირილს განაგრძობდა, იშორებდა ყველანაირ ტკივილს, რომელიც აქ ყოფნისას დაუგროვდა, გაჩერებას კი ვერაფრით ახერხებდა. ბოლოს, როცა დაწყნარდა, ისეთი ძალა და არაქათგამოცლილი იყო, რომ განძრევა უჭირდა. მაიკომ, რომელიც მისი ტირილის დაწყებიდან ხუთიოდე წუთში ჩამოვიდა, ზემოთ აიყვანა, უსიტყვოდ, ისე, რომ არაფერი უთქვამს. ელენემ იცოდა, ხვდებოდა, რომ გოგონა მიხვდა, თუ რაში იყო საქმე, მაგრამ საუბარი არანაირად არ შეეძლო. ვერაფრით დაელაპარაკებოდა მაიკოს, ვერაფრით ეტყოდა ვინმეს, თუ რას განიცდიდა. ერჩივნა, რომ მაიკოს ის სცოდნოდა, რაც იცოდა, და თვითონ აღარაფერი დაემატებინა ზედ.
ახლა კი დილით, სამზარეულოში იდგნენ, ელენესთვის დაგვიანებული საუზმიდ შემდეგ. მაიკო და ბაბლუანი უკვე სკოლაში წასულიყვნენ, როცა ელენემ ბალიშიდან თავის წამოწევა შეძლო. მამამისი მთელი ღამე ბარგს ალაგებდა და უკვე მზად იყო გადასვლისათვის.
თავი უფრო დაბლა დახარა, როცა ტასოს ხმა მისწვდა მის ყურებს.
-კი მაგრამ, ელენე… ასე როგორ შეიძლება? – შეეხვეწა ქალი. – რატომ არ გინდა, რომ მოგვიყვე, რა მოხდა, გენაცვალე?
-ჰო, ელენე. – ჩაერთო ნიკა და მისკენ გადმოიწია, მხარზე ხელი დაადო. – იქნებ რაც პრობლემა მაქვს, მოვახერხოთ მისი გადაჭრა? თუ რაღაც გაწუხებს, რა საჭიროა ზურგის შექცევა?
-ელენეს ამბავიც რომ არ იყოს, მგონი უკვე დროა, რომ აქედან გადავიდეთ. – თქვა გიორგიმ და ხელი იატაკზე დაწყობილი ჩემოდნებისაკენ გაიქნია. – ძალიან დაგვავალეთ და არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ, ამიტომ აღარ გვინდა თქვენი მეტად შეწუხება.
-არა, რა შეწუხებაა! – წამოიძახა ტასომ, სახეზე შეწუხებული გამომეტყველება ეწერა. – მართლა! პირიქით, თქვენი აქ ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს ყველას…
-ვიცი, მაგრამ… – გიორგი შეყოყმანდა. – მართლა ძალიან გაგვიგრძელდა აქ ყოფნა. – ცოტა ხანი სასტუმროში ვიქნებით, მანამდე სახლის პრობლემაც მოგვარდება…
-არ არის საჭირო აქაურობის დატოვება! – შეეწინააღმდეგა ტასო. – რა იქნება, რომ ცოტა მოითმინოთ კიდევ? ელენე, გენაცვალე, იქნებ თქვა, რა გაწუხებს?
ელენემ ტუჩები მოილოკა, ტასოს ახედა და ნაღვლიანად გაუღიმა.
-მართლა შეგაწუხეთ, ტასო დეიდა. – უპასუხა მან. ქალმა პირი გააღო პროტესტის გამოსახატად, მაგრამ გიორგიმ არ დააცადა.
-გამიგეთ. – თქვა მან. – ხომ იცით არა… ჩემს ოჯახზეც უნდა ვიფიქრო. – მან ელენეს გადმოხედა, მხარზე მაგრად შემოხვია მკლავი. გოგონა მიეხუტა, ჩანთის სახელური უფრო მაგრად ჩაბღუჯა და ტასოს შეწუხებულ მზერას თვალი აარიდა.
-კარგი მაშინ. მგონი დროა დაგემშვიდობოთ. – გაიღიმა გიორგიმ და ნიკასკენ წაიწია, მხრებზე დაჰკრეს ერთმანეთს ხელები. ტასო მაგრად მიეხუტა ელენეს, და გოგონამაც საპასუხოდ შმოხვია მკლავები.
-არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ… – ქალი შეყოყმანდა. – თუ რამე დაგჭირდება, ხომ იცი, რომ აქ ვიქნებით? – ჰკითხა მან და ელენემ სწრაფად დაუქნია თავი.
გიორგიმ და ნიკამ ჩემოდნები ასწიეს, ელენემ მაგრად ჩაბღუჯა ჩანთა და უკან გაჰყვა მათ. კიბეებზე ჩაირბინა და სახლს ახედა. მისი ოთახის… თუმცა ეს მისი ოთახი უკვე აღარ იყო, იმის შემდეგ რაც ყველაფერი მისი ჩემოდანში საგულდაგულოდ ჩაალაგა. ოთახის ფანჯრებზე ნაცნობი მოლურჯო-მომწვანო ფარდები გაეწიათ გვერდებზე, გვერდით ჩანდა მაიკოს ოთახის თეთრი ფარდები.
ელენეს არ უნდოდა იქით გაეხედა, მაინც თვალები თავისდაუნებურად მაინც გაექცა. გადაწყვიტა, რომ ეს ბოლო შეხედვა მისი ცხოვრების ამ ფაზისათვის რაღაც ეპილოგის სახის იქნებოდა.
ბაბლუანის ფანჯრები, როგორც ყოველთვის, შიგნიდან მუქ ნაცრისფერ ფარდებს დაეფარათ. ელენეს აღარ ექნებოდა საშუალება მისი ოთახის წინ გაევლო, აღარ ექნებოდა საშუალება, რომ მისთვის შეესწრო აბაზანაში, ვერ დაინახავდა ყოველ დილით, ვერც ყოველ საღამოს, ტელევიზორთან, სავარძელში მიმჯდარს. ვეღარ აუტანდა ხოლმე საჭმელს, როცა ის მეცადინეობით იყო დაკავებული.
ელენეს კისერში რაღაც გაეხირა და თავი გადააქნია. გონებაში კიდევ ერთხელ შემოუცურდა გუშინ ღამით მომხდარი ამბავი, რომელიც ბოლო წვეთი იყო მისთვის და სახე მოჭმუხნა, ნაკვთები დაეძაბა და ბრაზი აუბუყბუყდა მკერდში. შებრუნდა, სახლს ზურგი შეაქცია და მანქანისაკენ წავიდა. გზაზე ტასოს მოეხვია, რომელიც თვალებგადაგლესილი იდგა და მგზავრის სავარძელში ჩაჯდა. სანამ მეოცე სახლი თვალთახედვიდან არ მოეფარა, უკან იყურებოდა და ტროტუარზე მდგარ ნიკასა და ტასოს ხელს უქნევდა.
-უკეთესად ხარ, მამი? – ჰკითხა გიორგიმ და ელენემ მადლობით სავსე გამომეტყველებით გადახედა, ნელა გაუღიმა.
-კი, ბევრად. – მოკლედ თქვა მან და გზას დააშტერდა.
ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნებოდა. საჭირო იყო მხოლოდ, რომ საკუთარ თავზე კონცენტრირებულიყო ახლა, არავითარი ბაბლუანი, არავითარი მისი უაზრო საქციელი, სიტყვები და გამოხტომები.
ელენე სავარძლის საზურგეს მიეყუდა და ღრმად ამოისუნთქა. მანქანა ტრასაზე მიქროდა და უფრო და უფრო აშორებდა ბაბლუანების სახლს.
-*-*-*-*-
დემეტრემ შუბლი მოისრისა და მთქნარებით შეაბიჯა სამზარეულოში. უკვე გამზადებული საჭმლის სურნელი ტრიალებდა ჰაერში, მაიკო ქურასთან იდგა და ტაფიდან შემწვარ კვერცხებს იღებდა.
-დილა მშვიდობისა. – მიესალმა ის, როცა მაგიდას მიუჯდა, და წარბი ასწია, როცა ვერანაირი რეაქცია ვერ მიიღო მისი ოჯახის წევრებიდან. მამამისი მის თეფშზე გადაფენილ დილის გაზეთზე გადაყუდებულიყო და ისე დაჟინებით დაშტერებოდა ერთ წერტილს, რომ ცოტაც და მზერით ამოწვავდა. დედამისს კი მაგიდაზე იდაყვები ჩამოედო, ხელები შუბლზე მიედო და მოღუშული ჩაშტერებოდა მაგიდას.
მაიკომ კვერცხებიანი თეფში მის გვერდით დაახეთქა მაგიდაზე და სკამი ხმამაღალი ღრჭიალით გამოსწია, გვერდით მიუჯდა, თან ბინძური მზერა სტყორცნა. დემეტრემ მზერა დაუბრუნა, და მათლაფაზე დახვავებული ყიყლიყოებიდან ერთი გადმოათრია თეფშზე.
ლუკმას ღეჭავდა, თან ცდილობდა, რომ მაიკოს დაჟინებული მზერისათვის ყურადღება არ მიექცია. მოულოდნელად რაღაცამ შეაწუხა, უხერხულად შეიშმუშნა სკამზე. თითქოს რაღაც აკლდა, თითქოს აქაურობას რაღაც აკლდა…
მერე კი შეამჩნია, რომ მათ მაგიდას ორი ადამიანი აკლდა. გიორგისა და ნიკას ლაპარაკი ისეთი ყოველდღიური გახდა, რომ ჰაერში სიცარიელე სუფევდა. დემეტრემ წამსვე გაექცა თვალები მისი მოპირდაპირე სკამისაკენ, რომელშიც ზედგინიძე იჯდა, ჩვეულებრივ, ამ თვენახევრის მანძილზე და მოიღუშა, როცა ცარიელი დახვდა. ჩანგალი ხელში შეაცივდა, მაგრამ სიტყვა არ დაძრა.
-არა, ალბათ რაღაც მოხდა. – ჩაიბურტყუნა ტასომ და თმაში ხელი გადაისვა, ჩვეულებრივ ლამაზი, მბზინვარე,მხრებზე ჩამოშლილი თმა დაუდევრად გადაეგდო უკან, ნაწნავის სახით. – ალბათ რაღაც დავაშავე…
-რა თქმა უნდა არაფერი დაგიშავებია. – გადმოსწვდა ნიკა, ცოლს მხარზე მკლავი შემოხვია და დემეტრემ უფრო მეტად შეკრა წარბები. მაიკოს გადახედა, უნდოდა, რომ თვალებით შეჰკითხოდა, მაგრამ უკმაყოფილო სახე მიიღო მისი დის დანახვისას, რომელიც აგრესიულად ღეჭავდა კვერცხის ლუკმას და დაბღვერილი დაჟინებით მოშტერებოდა. – ეცადე, რომ გაუგო… მათ საკუთარი მიზეზები ჰქონდათ.
-ჰო, მაგრამ არ მესმის, რა მოხდა იმ ღამეს? – ხელები ასწია ტასომ. – რაღაც უნდა მომხდარიყო, ისეთი, რომ ბავშვს ასე სწყენოდა…
-შენ არაფერი დაგიშავებია, დედა. – განაცხადა მაიკომ და ტასომ სწრაფად გადმოხედა მას, თვალები ინტერესით დააფახურა.
-დედი, იცი შენ რამე? – მისკენ გადმოიწია ქალი, მერე კი მისი მზერა დემეტრეს გადმოსწვდა. – იცით, რა მოხდა?
დემეტრემ მაიკოს გადახედა, ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა. არ ესმოდა, თუ სად იყვნენ ზედგინიძეები, რაზე ლაპარაკობდა დედამისი და საერთოდ, რატომ სუფევდა ასეთი დაძაბული ატმოსფერო მათ ჩვეულებრივ წყნარ სამზარეულოში. გამალებით ელოდა დის პასუხს.
-არა. – ბოლოს და ბოლოს ამოღეჭა მაიკომ. – არ ვიცი, რა მოხდა ზუსტად. მაგრამ იმდენი ვიცი, რომ შენ არაფერი დაგიშავებია.
გოგონამ მისკენ გადმოიტანა მზერა და დემეტრე მიხვდა, რომ მისი და შეტევისათვის ემზადებოდა. წარბი ასწია, აინტერესებდა, თუ ამჯერად რას წამოროშავდა მაიკო.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
-სულ შენი ბრალია! – წამოვარდა მაიკო და თითი მოუშვირა. – სულ შენი!
-მაიკო, რა საქციელია… – დაიწყო ნიკამ, მაგრამ გოგონა მას მიუტრიალდა.
-მამა, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამან დააშავა ყველაფერი? რომ აი, ამ ვაჟბატონმა დააშავა? – გაცხარებული მოუბრუნდა და.
-წარმოდგენა არა მაქვს, თუ რაზე ლაპარაკობ. – ცივად უპასუხა დემეტრემ. ვერ გაეგო, თუ რაში ადანაშაულებდა მაიკო.
-ჰოო, სულ არა ხარ აზრზე, აი! – საპასუხოდ შეუყვირა მაიკომ და ფეხზე წამოხტა, მაგიდასთან მიყუდებული ჩანთა ხელში აიტაცა, და შემოსასვლელისაკენ ნელა გაემართა. – მივდივარ. – განაცხადა მან ოჯახის წევრების გასაგონად.
-მგონი მეც ჯობია წავიდე, თორემ დამაგვიანდება. – თქვა დემეტრემ, შეწუხებულ დედასა და მოღუშულ მამას მზერა სტყორცნა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა შემოსასვლელში, რომ მაიკოს დასწეოდა. მისი და აგრესიული, მძლავრი მოძრაობებით იცვამდა ქურთუკს. მან ქუდი თავზე ჩამოიფხატა და ბრაზით გადმოხედა.
-გინდა რამე? – მიახალა მაიკომ და დემეტრე მოიღუშა. თვალები მოჭუტა და უსიტყვოდ გადახედა დას, მზერით შეკითხა.
მაიკომ წარბები შეკრა და დოინჯი შემოირტყა, მისკენ შემობრუნდა.
-შენ რა ვერ მიხვდი? – დაუსისინა მან. – რა გიყრია თავში? ჩალა? იცი რა, არც კი მიკვირს. – მან ჩანთა ზურგზე მოიგდო და კარისაკენ შებრუნდა. დემეტრე მოიღუშა, უკმაყოფილოდ შეაშტერდა დის ზურგს.
-მაიკო. – ხმადაბლა თქვა მან და მაიკო შემობრუნდა, სახის ნაკვთები ერთიანად დასჭიმვოდა.
-წავიდნენ, შე უტვინო. – მიახალა მან და დემეტრე თავისდაუნებურად შეტოკდა, მოიღუშა, სხეული ერთიანად დაეჭიმა. – როგორ ვერ შეამჩნიე? გუშინ დილით წავიდნენ. ამდენი ხანია სახლში არ შეგიმჩნევია და ტვინი ვერ დაატანე. – მაიკომ ტუჩი აიბზუა, გავიდა და კარი ზურგს უკან მოიჯახუნა.
დემეტრე კი იდგა, გაშტერებული მისჩერებოდა კარს, გონება კი არეულ ფიქრებს აევსოთ.
არეული ფიქრები სკოლაშიდაც გაჰყვა, სადაც სწრაფი ნაბიჯით მიაბიჯებდა დერეფანში, რომ საკლასო ოთახისაკენ მიეღწია. ჩანთა მერხის გვერდით ჩამოჰკიდა და სკამზე დაეშვა, თვალებმოჭუტული მიშტერებოდა კედელს და მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს მერხზე.
სისულელე იყო მაიკოს სიტყვები. თუ ზედგინიძის გადაწყვეტილება იყო წასვლა, აშკარა გახლდათ, რომ მას ბრალი არაფერში მიუძღოდა. როგორც ახსოვდა, თვითონ არ ეთქვა გოგოსთვის, აქედან წადიო.
დაიფრუტუნა და ჩანთისაკენ გადაიწია, რომ სახელმძღვანელო ამოეღო, მალე ისტორიის გაკვეთილი დაიწყებოდა. შეკრთა, როცა მაიკოს სიტყვები გაახსენდა, რომელიც მან ორი დღის წინ, საღამოს წამოროშა.
„გეშინია, რომ შეგიყვარდება. არ გინდა ამის აღიარება, საკუთარ თავსაც ვერ ეუბნები და ამიტომ აწვალებ… არა… მისი გეშინია, იმიტომ რომ გიყვარს.“
დემეტრემ კბილები დააღრჭიალა. ამაზე დიდი ბოდვა თავის სიცოცხლეში არ გაეგონა. მაიკოს აშკარად სადმე ჰქონდა მირტყმული თავი, თუ იმას ფიქრობდა, რომ დემეტრე ოდესმე ზედგინიძეში დაინტერესებული იქნებოდა. სულ არ აინტერესებდა მასზე ჩამოკიდებული, თავგასიებული, პათეტიკური გოგოები.
სულ არ აინტერესებდა ზედგინიძე, მაიკოს რაღაც სისულელეები ესიზმრებოდა აშკარად, რომ ასეთი ბოდვა წამოეროშა მის თვალწინ. „და მეგონა, რომ კარგად მიცნობდა,“ გაიფიქრა დემეტრემ და უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო, თავი გადააქნია.
ზედგინიძეც სულელურად მოიქცა იმ ღამეს. ისე ჰკრა ხელი, თითქოს სულ არ უნდოდა მისთვის ეკოცნა, რაც დემეტრემ იცოდა, რომ რაღაც უაზრო თამაში იყო. ზედგინიძეს უყვარდა, და რასაკვირველი იყო, რომ ენდომებოდა მასთან სიახლოვე.
მაგრამ მოულოდნელად გოგოს სახემ გაუელვა გონებაში და მომენტალურად მოიღუშა. ზედგინიძეს სახეზე იმ საღამოს ახალი გამომეტყველება დაინახა. გოგო მთელი სხეულით დაჭიმულიყო, ბრაზით მიშტერებოდა, თვალები მრისხანებით, ზიზღითა და…
დემეტრე მოიღუშა. მის თვალებში თითქოს სიძულვილი დაინახა, მაგრამ ეს სისულელე, ნამდვილი უაზრობა, აბსოლუტური აბსურდი იყო. ზედგინიძე ვერ შეიძულებდა, ვერ მოახერხებდა ამის გაკეთებას.
მერე კი გაახსენდა, თუ რა სახით იწმენდდა გოგო ტუჩებს, იმის შემდეგ, რაც მათი ტუჩები სულ წამიერად შეეხნენ ერთმანეთს, როგორი აგრესიით და როგორი ზიზღი გამოხატვოდა სახეზე.
მკერდში რაღაცამ გასწიწკნა და ისტორიის სახელმძღვანელო მერხზე დაახეთქა, სწრაფად გადაშალა ჩაკეცილ ფურცელზე.
მთელი ძალით ცდილობდა კონცენტრირებას, მაგრამ არ გამოსდიოდა, გონება წამდაუწუმ გაურბოდა იმ ზიზღითა და ბრაზით აღსავსე თვალებისაკენ, რომლებიც პირველად დაინახა, ზედგინიძიდან მომავალი, და უსიამოვნო, უცხო შეგრძნებით ევსებოდა მკერდი. გონება მიურბოდა გოგოს ღია ფერის, თითქოს მოცისფრო-მომწვანო თვალებისაკენ, მისი ოდნავ ხვეული თმისაკენ, რომელიც მოწითალო ოქროსფერს იდებდა სასტუმრო ოთახის სინათლის ქვეშ, მისი აცხელებული ტუჩებისაკენ.
მაშინღა გამოფხიზლდა, როცა ზარი დაირეკა და მურმან მასწავლებლის ღრიალმა მისი თანაკლასელების ხმაური ჩააწყნარა.
უაზროდ მიაშტერდა კედელს, თან ცდილობდა, რომ ყურადღება მიექცია გაკვეთილისათვს. სულაც არ უნდოდა მურმან მასწავლებელს გარეთ გაეგდო.
ცდილობდა, მაგრამ ზედგინიძის თვალები ვერაფრით ვერ ამოეგდო გონებიდან.
ეს კი ძალიან აწუხებდა.
-*-*-*-*-
მატილდამ თავი ააქნია და თავი ხელებზე დააყრდნო, მერე კი ინტერესით მიაშტერდა მის გვერდით ჩამომჯდარ ელენეს, რომელიც მოღუშული ჩაშტერებოდა სკამის ზურგს. მარიკას მკლავები გადაეჯვარედინებინა და უკმაყოფილო, აღშფოთებული მზერა ეწერა სახეზე, დათოს კი გაუგებარი გამომეტყველება გადაჰკვროდა.
-ანუ? – წამოიძახა მარიკამ. – რას ნიშნავს ეგ, ჰმ? რას ქვია გადმოხვედით?
-სასტუმროში ვცხოვრობთ. – მხრები აიჩეჩა ელენემ და მატილდამ შეწუხებულმა შეხედა, როცა მისი ნაღვლიანი გამომეტყველება დაინახა. – ცოტა ხანი იქ ვიქნებით, მალე ალბათ ჩვენი სახლიც შეკეთდება და ყველაფერი ნორმალურად იქნება…
-მალე? – ხმას აუწია მარიკამ. – მალე? გოგო, მალე რას ნიშნავს თუ იცი? მალე ნიშნავს ხვალ, ზეგ, მაზეგ, დიდი დიდი, ჰაჰა ორ კვირას თუ გაქაჩავს ეგ შენი „მალე“. შენ სახლს კი… კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს იმ ერთი ტაფა მაკარონისათვის, ისე… კიდევ სამი თვე მაინც უნდა. სამი თვე რას აპირებ, სასტუმროში ყურყუტს?
-რას ანიშნებს ერთი ტაფა მაკარონი? – იკითხა მატილდამ და ინტერესით გადახედა მარიკას, ძალიან აინტერესებდა, თუ რატომ უნდა მოეხადა ბოდიში მარიკას ერთი ტაფა მაკარონისათვის. მარიკამ მჟავედ გადმოხედა და ისევ ელენეს მიუბრუნდა, ყურადღება არ მიაქცია, მატილდა გაიბუსხა.
-მარიკა ისეთი ჭკვიანი გვყავს, – დაიწყო დათომ და მისკენ გადმოიწია, მატილდა ინტერესით შეაშტერდა. – რომ ელენეს სახლში მაკარონი დაადგა და დაავიწყდა. ჰოდა ცეცხლი მოეკიდა ყველაფერს და ელენეს სახლი სანახევროდ აფეთქდა.
-ჰეი! – შეჰყვირა მარიკამ ბრაზიანად, და განცვიფრებულმა მატილდამ პირზე ხელები იტაცა. ელენეს სახლი აღარ ჰქონდა?
-ელენა, მე გვაქვს დიდი სახლი, წამოხვიდე ჩვენთან! – ელენეს სტაცა მან მკლავში ხელი. გოგონამ გაოცებით გადმოხედა. – მართლა! – წამოიძახა მატილდამ და ენთუზიაზმით დაუქნია თავი. – მე გვაქვს დიდი სახლი, ეტევა ყველა!
-არიქა ახლა. მორბის ელენე. – უკბინა მარიკამ. – სახლი გვაქვსო და ვმარიაჟობთო? ჰმ?
-გაჩუმდი, მარიკა. – მუჯლუგუნი ჰკრა დათომ მეგობარს და მატილდა მოიღუშა. ეს „ვმარიაჟობთო“ სიტყვა არასოდეს გაეგონა.
-რა არის ვმარიაჯობთო? – ინტერესით იკითხა მან, მერე კი ელენეს სანახევროდ დამწვარი სახლი გაახსენდა და ახალი სიტყვა მთლად გადაავიწყდა, ისევ გოგონას მკლავს ჩაეჭიდა. – წამოხვიდე, ელენე! – წამოიძახა მან, თან თვალებით შეევედრა მეგობარს.
ელენემ გაუღიმა.
-არაფერი უჭირს, მატილდა. – უთხრა მან. – მარიკა აჭარბებს, კარგად იქნება ყველაფერი. არ მინდა, რომ მეტი ხალხი შევაწუხო, მით უმეტეს შენ.
-არ არის შეწუხება! – თავი გადააქნია მატილდამ და გაიბუსხა, როცა ელენემ თავი გაუქნია.
-მართლა არ შემიძლია. – უთხრა მან. – მაგრამ დიდი მადლობა!- ისევ გაიღიმა მან და მატილდამ გაუცინა.
-მოიფიქრე უნდა! – თქვა მან. – მე გვაქვს დიდი სახლი, ეტევა ყველა.
-უხ, ეს მარიაჟობა… – წაიბუზღუნა მარიკამ და მკლავები გადააჯვარედინა. სანამ მატილდას საშუალება მიეცემოდა, რომ ამ უცნაურ სიტყვა „მარიაჟობა“-ზე ეკითხა, იგი ელენეს მიუბრუნდა. – გოგო, გამყრელიძემ რა ქნა? დაგპატიჟა სადმე?
მატილდას თვალები გაუფართოვდა, მისი მზერა წამსვე ელენეს გადასწვდა. ხელები დაიკრიფა და გამალებით დაელოდა პასუხს.
-არა, არ დავუპატიჟებივარ არსად. – ელენეს წარბები აეწია, გაკვირვებული მიშტერებოდა მარიკას. – საიდან მოიტანე?
მატილდამ თავისდაუნებურად ამოისუნთქა, მერხს იდაყვით დაეყრდნო. იცოდა, რომ ასე არ უნდა ეგრძნო თავი, რომ უნდა გახარებოდა, თუ მის მეგობარს კარგი ურთიერთობა ექნებოდა, მაგრამ…
„კარგი ურთიერთობა…“ გაიფიქრა მან და ამოიხვნეშა. შეუძლებელიც კი იყო, რომ ვინმეს ზურასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონოდა.
ის ხომ ასეთი ჭკვიანი, კეთილი და მზრუნველი იყო.
მატილდამ კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა, გონება იმ მოგონებისაკენ გაექცა, რომელიც რამდენი ხანი იყო, რაც თავში უტრიალებდა, იმ ღამისაკენ, როცა ზურამ სახლში წაიყვანა.
მანქანისკენ მიბანცალებდნენ, ზურას მაგრად ეჭირა, დაცემის საშუალებას არ აძლევდა. მატილდაც მის გვერდით მიბანცალებდა.
-სად ცხოვრობ? – ჩაეკითხა ზურა და მატილდამ თვალები მოჭუტა, ინტერესით დააშტერდა. ზემოდან ლამპიონების შუქი დაჰნათებდათ და გოგონამ თვალი ჰკიდა მუქ თვალებს, შუბლზე ჩამოყრილ თმას, რომელიც ოქროსფერი დასდებოდა ყვითელი სინათლისაგან, სწორ ცხვირსა და ოდნავ გაპობილ ტუჩებს.
-ეეხ… – ამოილუღლუღა მან და თავი გადააქნია, შეეცადა გონებიდან ბურანი მოეშორებინა.
-სად ცხოვრობ? – ისევ ჩაეკითხა ზურა, უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი და ზემოთ ასწია. მატილდას მკერდიდან ჰაერი გამოექცა, მაგრად ჩაეჭიდა ბიჭს მკლავებზე.
-ვად… – ჩაიბურტყუნა მან. – ია ბორ დარ… – მან ხელი ქუჩისაკენ გაიშვირა და თავი ისევ გადააქნია, ქართულ სიტყვებს ეძებდა. – იქ… თორმეტი მაჩავარიანი, თოთხმეტი…
-მაჭავარიანის თორმეტი, მეთოთხმეტე სახლი… კარგი. – ჩაიბურტყუნა ზურამ და ცალი ხელი შეუშვა, მერე კი მატილდას მანქანის ჩხაკუნი მოესმა, ბიჭმა კარი გამოაღო. – აბა ჩაჯექი… – უთხრა მან და ხელი მოავლო, ისე შესვა მანქანაში, თითქოს ჩიტი ყოფილიყო და მატილდას სუნთქვა კისერში გაეჩხირა. ზურამ ღვედი შეუკრა და კარი მიკეტა, მერე კი სირბილით მოუარა მანქანას მეორე მხრიდან, კარი გააღო და მძღოლის სავარძელში ჩაჯდა.
სახლამდე მგზავრობა დამღლელი და ჩუმი იყო. მატილდა თვალმოუშორებლივ მიშტერებოდ მძღოლის სავარძელში მჯდარ ბიჭს და არ ესმოდა, თუ რას აკეთებდა ის აქ. თუ რატომ მიჰყავდა სახლში, ეს ხომ მისი მოვალეობა არ იყო? უბრალოდ მოუწევდა დალოდება, სანამ მამამისი სამსახურიდან გათავისუფლდებოდა და ცოტა ხნით რესტორანთან დარჩებოდა, ანდა რესტორანში, თუ პატრონები ამის ნებართვას მისცემდნენ. თუ არა და ფეხით წავიდოდა სახლში, ისე კი არ იყო, თითქოს ასეთი რაღაც არ მომხდარიყო ადრე, როცა მამამისს მისთვის არ ეცალა სამსახურის გამო.
მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო და მატილდა საყვედურების თქმას არ დაიწყებდა. მითუმეტეს მაშინ, როცა ზურამ მის სახლთან შეაჩერა მანქანა, გადმოვიდა, ღვედი შეუსხნა და თითქმის ხელში აწეული გადმოიყვანა. მატილდას გონება შედარებით დაეწმინდა, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან შემოსულმა ცივმა ჰაერმა ცოტათი გამოაფხიზლა, მაგრამ მაინც დისორიენტირებული იყო.
ბარბაცით გადმოჰყვა ზურას, კისერზე მოჰხვია მკლავები და მაგრად ჩაეჭიდა, მის ყელზე გამოისუნთქა და მის მხარში ჩარგო თავი.
-ესაა შენი სახლი? – ჰკითხა მან და მატილდამ ნელა აიხედა, წამსვე იცნო თავისი სახლის ფასადი, ამიტომ თავი დაუქნია და ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა, მერე კი ზურას მიაჩეჩა. დარწმუნებული  იყო, რომ თავისით კლიტეს ვერაფრით ვერ მიაგნებდა.
ზურამ ამოიხვნეშა, გასაღები გამოართვა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისაკენ. ჭიშკრის გასაღებს ცოტა ხნით უჩხიკინა, მაგრამ ბოლოს მაინც გააღო. მერე კი, სანამ მატილდა კისერზე ჩამოჰკიდებოდა, სახლის კარის გაღებაც მოახერხა.
-აჰა. – უთხრა მან და გასაღები მატილდას მიაჩეჩა, გოგონამ ნელა მოსჭიდა გამთბარ მეტალს ხელი. – კარგი, ახლა წავალ მე… კარგად იქნები?
მატილდა შეტოკდა, ბნელ შემოსასვლელში გაიხედა. ჩვეულებრივ შუქს აანთებდა, მთელ სახლში შუქებს დატოვებდა და ისე ავიდოდა ზემოთ, კედელ-კედელ, მაგრამ ახლა, რაკი სხვა ჰყავდა გვერდით, ამის სურვილი არ ჰქონდა. სულაც არ უნდოდა, რომ ზურა სახლში წასულიყო.
-აააარააა… – დაილუღლუღა მან. – ბნელეა… მარტო…
-მარტო? – ჩაეკითხა ბიჭი. – მარტო ხარ სახლში? შენი მშობლები სად არიან?
-მამა არის ოფისზე… – ჩაიბურტყუნა მატილდამ და ხელი გააქნია. – დედა… დედა არ არის.
სიჩუმე ჩამოვარდა. მატილდა უფრო მაგრად ჩაეჭიდა ზურას. კიდევ ერთხელ გადახედა ცარიელ, ბნელ, ცივ შესასვლელს და უფრო მეტად მოერია სიმარტოვის მწარე გრძნობა, ვიდრე ოდესმე მორეოდა ადრე. ყველაფერი ეტკინა, ტუჩი აუთრთოლდა. თვალები გადაეგლისა და ჩახშული ქვითინი ამოუშვა.
-კარგი, კარგი, ნუ იტირებ… – ზურას ხმაში უხერხულობა დაიჭირა მატილდამ, მაგრამ ამწუთას ეს არ აინტერესებდა. – წამოდი, მე წაგიყვან, ოთახამდე მიგყვები. სად არის შენი ოთახი?
-ის არის ზედ. – განაცხადა მატილდამ და ზემოთ აიხედა. ზურას ჩაეცინა, მაგრად მოჰკიდა ხელი და ზღურბლზე გადაიყვანა, მერე კი კართან მოაფათურა ხელები. შემოსასვლელში შუქი აინთო და მატილდამ მაგრად დახუჭა თვალები, თავი კი უფრო უკეთესად ჩამალა ზურას მხარში.
-იქით. – ხელი კიბეებისაკენ გაიშვირა მან. ზურას ბარბაცით მიჰყვებოდა, და პირველივე საფეხურზე ფეხი დაუცდა, კინაღამ დაეცა. მატილდამ ძლივს ამოისუნთქა, როცა ბიჭმა ხელში აიტაცა და ნელა დაიწყო ჩაბნელებულ კიბეებზე ასვლა, რომლებსაც მხოლოდ ბუნდოვნად ანათებდა შემოსასვლელიდან მომავალი სინათლე.
როცა კიბის თავამდე ააღწიეს, მატილდამ მარჯვნივ გაიშვირა ხელი, და დაუშვა, როცა ზურა მის ოთახს მიადგა. ბიჭმა იატაკზე დაუშვა და ოთახის კარი შეაღო.
-კარგი. – თქვა მან და გასწორდა, მატილდას კარისაკენ ანიშნა. სახეზე ბუნდოვნად ეცემოდა ფანჯრიდან მომავალი შუქი და გოგონამ ზარმაცად გაუღიმა. – აბა მიდი, მე წავალ ახლა.
მატილდა შეკრთა და შიშით ახედა. ზურამ წარბები აწკიპა.
-რა იყო? – ჰკითხა მან. – არ მითხრა, რომ არ გინდა, რომ წავიდე. – გაიცინა მან, მერე კი მომენტალურად შეეცვალა სახე, როცა მატილდამ სწრაფად დაუქნია თავი.
-ბნელეა. – ჩაილუღლუღა მან. – მე ვარ მარტო… სულ მარტო ამ სახლში, მამა არის ოფისზე, დედა არ არის, მე არ მაქვს და… – მატილდას ქვედა ტუჩი აუკანკალდა. – მე ვარ მარტო.
ზურამ ამოიხვნეშა, შუბლი მოისრისა და თმაში ხელი გადაისვა, ოთახში შეიჭყიტა და მოათვალიერა.
-კარგი… – თქვა მან ნელა. – დავრჩები, სანამ არ დაგეძინება, გინდა?
მატილდამ თავი დაუქნია, გულმკერდი სითბოთი ევსებოდა.
-მინდა. – უპასუხა მან.
დაბარბაცდა და ზურას ჩაეჭიდა, როცა ოთახში შევიდნენ. მატილდა წამსვე ლოგინზე დაემხო, ბალიშების გროვაში ჩარგო თავი და საბანში გაეხვია. თვალმოუშორებლად უყურებდა ზურას, რომელიც საწოლის გვერდით, პატარა ტუმბოსთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა და თავი უკან გადააგდო, მერე კი გადმოხედა. თვალებში დაღლილობა ეწერა.
-აბა მიდი. – უთხრა მან და გაუღიმა. – დაიძინე.
-მე გმადლობა შენ. შენ აქ მოიყვანე და აღმოუჩინე დახმარება. – უპასუხა მატილდამ და ზურას გაეცინა.
-არაფრის. – მიუგო მან და თავი ისევ საზურგეზე გადააგდო, ფანჯარაში გაიხედა.
მატილდა იწვა, სითბოსა და კომფორტში გამოხვეულიყო და გრძნობდა, თუ როგორ იპყრობდა ნელ-ნელა ძილი. იბრძოდა, რომ თვალები გახელილი დარჩენოდა, რომ ზურასთვის ეყურებინა, რომელიც ახლა უკვე თვალებმილულული მიშტერებოდა რაღაცას ფანჯარაში, ცოტა ხანში მისკენ მოატრიალა ისევ თავი.
-დაიძინე. – ისევ ჩაილაპარაკა მან და თვალები დაახამხამა, ეტყობოდა, რომ თვითონაც ძილისპირზე იყო. – მე აქ ვიქნები…
მატილდამ თავი დაუქნია, თვალები მილულა და უფრო მაგრად ჩარგო თავი ბალიშში. სავარძელში მჯდომი ბიჭის სუნთქვა ესმოდა ბუნდოვნად, რომელიც უფრო და უფრო ღრმა და ზომიერი ხდებოდა.
ისე ჩაეძინა, ვერც კი მიხვდა.
-ოე! – მოესმა მოულოდნელად და გამოფხიზლდა, მოღუშულმა გადახედა მარიკას, რომლის ხმამაც ასეთი კარგი მოგონება დაურღვია. გოგონა ბრაზით მოშტერებოდა, და მატილდამ ახლაღა შეამჩნია, რომ სამივენი ფეხზე იდგნენ. – მოდიხარ? – ბრაზით ჩაეკითხა მარიკა. – ოთხმოცჯერ გკითხე, შვილო! დაყრუვდი?
-მე არ ვარ ყრუ. -განაცხადა მატილდამ და ფეხზე წამოდგა, ინტერესით მიაშტერდა ელენესა და დათოს. – სად მივდიხართ? – იკითხა მან.
-სად და ბუფეტში. – უპასუხა ელენემ. – წამოხვალ შენ?გინდა რამის ყიდვა?
-კი, მე მინდა ლობიოებიანი! – წამოიძახა მატილდამ და წარბები ასწია, როცა მარიკას ფხუკუნი აუტყდა. დათომ მწყრალად გადახედა მეგობარს, ელენემ მხოლოდ გაიღიმა.
-წამოდი, წავიდეთ. – უთხრა მან და საკლასო ოთახის გასასვლელისაკენ გაემართა, მატილდაც უკან მიჰყვა სწრაფი ნაბიჯით.
თან ისევ ზურაზე ჩაფიქრდა.
იცოდა, რომ ბიჭი ძალიან მოსწონდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ზურას ელენე მოსწონდა. ელენეს გულდაწყვეტილმა გადახედა და თავი გადააქნია. ელენე კარგი ადამიანი იყო, და მატილდას არ უნდა სწყენოდა ასეთი რამ.
თუმცა უცნაური იყო, ხანდახან ელენეც ცოტათი ნაწყენი სახით მოაჩერდა რამდენიმეჯერ. აი მაგალითად, მაშინ, როცა ბიჭის სახლში მივიდნენ. მატილდას ბიჭის შემოთავაზება ცოტათი გაუკვირდა, არ იცოდა, რომ მეგობრების ფორმალური გაცნობა იყო მიღებული აქ, ერთმანეთის მშობლებთან. ბიჭი ნორმალური ბიჭი ჩანდა, მატილდა მასზე ცუდს ვერ იტყოდა, თუმცა ცოტა ეჭვი ჰქონდა, რომ ბიჭი ცუდად უყურებდა ელენეს, რაც არ მოსწონდა. თუმცა მაინც არ უთხრა უარი, როცა ბიჭმა უთხრა, რომ მისი, როგორც თავისი ახალი მეგობრის მშობლებთან შეხვედრა სურდა.
მატილდასთვის ეს ამბავი საკმაოდ უცნაური იყო, მაგრამ ალბათ ქართული წესები ამას ითვალისწინებდნენ.
გოგონა ისევ გამოფხიზლდა, როცა მარჯვნიდან ისევ მარიკას ხმა ჩაესმა.
-გოგო, მოდის. – სისინებდა ის. – აი, აგერ…
-მოდიოდეს. -ცივი ხმით თქვა ელენემ და მატილდამ წარბები ასწია, სწრაფად გაიხედა წინ, და წარბები უფრო მაღლა ასწია, როცა მომავალი ბიჭი დაინახა.
ბიჭმა წამსვე მათ მიაპყრო მზერა, და თვალები ელენეზე გადაიტანა. მატილდამ თვალები დააფახურა, როცა დაინახა, თუ როგორ აარიდა ელენემ ბიჭს თვალი, მისკენ არც კი გაუხედავს, თითქოს გაქვავებული მზერით იყურებოდა წინ. ბიჭს მათთვის არც კი მიუქცევია ყურადღება, ელენეს მისჩერებოდა, ამიტომ მატილდამ ზრდილობის გამო აღარც ასწია ხელი მისასალმებლად.
ბიჭს ჩაუარეს და ელენემ თავი დახარა, ხელისგულზე დაყრილ ხურდას თვლა დაუწყო.
-გოგო! – ისევ დაუსისინა მარიკამ. – ხედავ? – მას თავი მოეღრიცა და უკან იყურებოდა, ალბათ ბიჭს მიშტერებოდა ისევ. -ოე, ელენე, დაინახე? მაგ ლოდთა ლოდმა თვალი გამოგაყოლა… უხ, ის თვალები ამომაჩეჩქვინა ახლა და მეტი არ მინდა არაფერი…
-ეტყობა დააკლდა გასართობი სახლში. – თქვა ელენემ ცივად და მატილდამ თვალები ჭყიტა. ასეთი ტონი მისგან არასოდეს გაეგონა. – ხომ გითხარი, ნუღა მელაპარაკები მასზე, გთხოვ. უბრალოდ დავიღალე.
-ჰო, ჰო, კარგი… -ჩაიბუზღუნა მარიკამ და მატილდამ კიდევ ერთხელ დააფახურა თვალები, ხან უკან მიმავალ ბიჭს გადახედავდა, ხან ელენეს.
ბოლოს მხრები აიჩეჩა, საფულე ამოაძრო და ელენეს მიბაძვით ლობიოებიანების ფულის თვლა დაიწყო.
12-*-*-*-*-*-
ელენეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველაფერი ტეხდა. გმინვით გადმოგორდა გვერდზე და ლოგინზე წამოჯდა, თავი მოიქექა და დაამთქნარა, მერე კი სანახევროდ მილულული თვალებით გადახედა ფანჯარას.
გადაწეული ფარდებიდან სინათლე შემოდიოდა, მაგრამ ეს ის ლამაზი, მომწვანო ლურჯი ფარდები არ იყო, რომელთა ნახვასაც შეეჩვია ელენე. ფანჯრებს სანახევროდ ფარავდა უხეში, ადრე მუქი, ახლა კი გაცრეცილი იასამნისფერი ნაჭერი.
ელენემ კიდევ ერთხელ დაიგმინა და ლოგინს გადაუსვა თითები. თეთრი, უხეში ზეწარი ხელში ცუდად მოხვდა. ოთახში ციოდა, ფანჯრის ქვეშ მიმაგრებული ძველი გასათბობელი ოდნავ ცხელდებოდა, მაგრამ ოთახს ვერანაირად ვერ ათბობდა. უკვე რვა საათი იყო, ელენეს მამა სამსახურში გახლდათ წასული, გოგონა კი იჯდა და უსიტყვოდ მიშტერებოდა ფანჯარას.
რას არ მისცემდა, რომ ახლა ისევ ბაბლუანებთან ყოფილიყო, ისევ შეეგრძნო მათი სახლის კომფორტი და სითბო, რომელსაც მასში მყოფი ადამიანები ანიჭებდნენ. როგორ უნდოდა მათი ნახვა…
„რაღა თქმა უნდა, ერთის გარდა.“ გაიფიქრა ელენემ და ნერვიულად მოუჭირა საბანს თითები, მერე კი მხრებზე მოიხურა, ფეხები გულთან აიკეცა. ბაბლუანის დანახვა არ სურდა. იმ ყველაფრის შემდეგ, თუ რაც მოხდა, მის ნახვას ვერ აიტანდა. მითუმეტეს მაშინ, როცა იცოდა, რომ ისევ უყვარდა.
ელენე მოიბუზა, სახე მოეკრუნჩხა. მთელი ძალით ებრძოდა იმ მხარეს, რომელიც ისევ ბაბლუანისაკენ მიიწევდა, რომელსაც მისი ნახვა სურდა, და კმაყოფილი იყო, რომ ამჟამად მისი ლოგიკური მხარე იმარჯვებდა. იცოდა, რომ თუ სურდა ბაბლუანის დავიწყება, საჭირო იყო, რომ მისთვის ყურადღება არ მიექცია, დაეიგნორებინა და ყველანაირად ცდილიყო, რომ სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. ბოლოს და ბოლოს მიეჩვეოდა ამას. თან იცოდა, რომ ბაბლუანი ისევ რაღაცას ეტყოდა, ისეთს, რაც ისე, ხელახლა ატკენდა გულს.
ელენემ ამოიხვნეშა და წამოდგა, თხელი საბანი მხრებზე ჩამოეკიდა. ნელა ჩაიცვა, ოთახის სიგრილე და სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ საათის მონოტონური ტიკტიკი არღვევდა, თითქოს ძვლებამდე აციებდა.
რამდენადაც უნდოდა ბაბლუანებთან დაბრუნება, იცოდა, რომ ამას ვერ იზამდა. სულ რაღაც სამი დღის წამოსულნი იყვნენ და მამამისმა ორი კვირით დაჯავშნა სასტუმროს ნომერი. პლუს, ეს მისი მოთხოვნა იყო, ჯერ კიდევ მწარედ ახსოვდა ის წამიერი კოცნა, რომელიც ბაბლუანმა მოწყალების მიზნით გადმოუგდო, როგორც ძაღლს ძვალი. ახსოვდა და ემახსოვრებოდა კიდეც, ამიტომაც უკან დაბრუნებაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო.
ბაბლუანი სკოლაში არ მოახლოებია, არც კი უცდია მასთან დალაპარაკება. ელენეს კარგად ახსოვდა წინა დღეს მომხდარი ამბავი, როცა თვითონ, მარიკა და მატილდა მოდიოდნენ დერეფანში, და როცა შორიდან მომავალი ბაბლუანი შენიშნა. სანამ დემეტრე მისკენ გადმოიხედავდა, სწრაფად აარიდა თვალი და მზერა უაზროდ გაუშტერა წინ მიმავალი თანასკოლელის ზურგს. სასაცილო იყო ეს ამბავი. ადრე სულ უნდოდა ბაბლუანის ნახვა, რაღაც დონეზე, რაღაც საზღვრამდე სიამოვნებდა კიდეც მასთან ერთად ყოფნა, მაგრამ უკვე ხვდებოდა, რომ ეს ამბავი აბსურდი იყო. ვერაფრით ვერ მოახერხებდა მისთვის თვალის გასწორებას ისე, რომ მახინჯი მრისხანება არ აღრეოდა მკერდში.
ნომერის კარი გადაკეტა და მხარზე გადაკიდებული ჩანთა შეისწორა, თან შეეცადა, რომ გონებაში არეული ფიქრები მოეწესრიგებინა. ბაბლუანებიდან უკვე გადმოვიდა, მათთან აღარ ცხოვრობდა, მისი ცხოვრების ეს ფაზაც უკან დარჩა. გოგონა იმასაც იმედოვნებდა, მთელი გულით, რომ ბაბლუანზე ფიქრსაც მოიშლიდა.
რასაკვირველია, ესეც მოხდებოდა. ელენეს აზრით, არაფერიც არ იყო სამუდამო, მითუმეტეს ისეთი უაზრო სიყვარული, რომელიც ბაბლუანის მიმართ გააჩნდა. სიყვარული, რომელსაც თითქოს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, უბრალოდ ელენეს გულსა და ენერგიაზე საზრდოობდა, ეს კი, როგორც გოგონა ახლაღა ხვდებოდა, საშინელი იყო. ამ სიყვარულს, რასაკვირველია, მალე არც კი გამოუჩნდებოდა საფუძველი, ამიტომ სულელური იყო ოცნება.
„ყველაფერი დამთავრდა.“ გაიფიქრა გოგონამ და ამოიქშინა, უფრო მაგრად მიიხუტა გულზე კალთაში ჩადებული ჩანთა. შემოდგომის სიცივე უკვე შესამჩნევი იყო ჩვეულებრივ ცხელ და დახუთულ ავტობუსში, გრილოდა, გარეთ წვიმდა და ქარი უბერავდა. ელენე უსიტყვოდ მიაშტერდა მინაზე დაგორებულ წვეთებს და უცებ ნაღველი მოერია.
„ამინდის ბრალია.“ გაიფიქრა მან და სწრაფად წამოდგა, ძლივს მოახერხა კართან გაძრომა. თავის გაჩერებაზე ჩამოვიდა, და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სკოლისაკენ, სადამდეც ათი წუთის სავალი მაინც იყო.
საათზე დაიხედა, აშკარად დააგვიანებდა, თუ არ იჩქარებდა. ნაბიჯს მოუჩქარა, თითქმის გაიქცა. წვიმა შხაპუნით ეხეთქებოდა ტროტუარს, მხრებსა და თავზე წამოხურებულ კაპიუშონს უსველებდა, ცოტაც და მის ქუდსა და სვიტერში გააღწევდა, თმასა და მხრებს დაუსველებდა და ელენემ თავი დასწყევლა იმის გამო, რომ ქოლგის წამოღება ვერ მოიფიქრა. ასე ძალიან არ წვიმდა, როცა სახლიდან გამოვიდა. ტროტუარიდან ამოვარდნილი ფილები მის ფეხქვეშ ჭყლაპუნობდნენ და ელენემ ბრაზისაგან დაისისინა, როცა ერთი ფილის ქვეშიდან ამოსხმულმა წყალმა შარვლის ტოტები დაუსველა.
ქოშინით შევარდა დერეფანში, რომელიც თითქმის ცარიელი იყო, და სწრაფი ნაბიჯით გაემართა საკლასო ოთახისაკენ. შიგნით შევარდა, და ერთიანად გადაწითლდა, როცა ყველამ, დაფასთან მდგარი დარეჯან მასწავლებლის ჩათვლით, მისკენ მოატრიალა თავი.
-ბოდიში… – ძლივს წაილუღლუღა მან, მარიკასა და დათოს მერხის წინ დაჯდა და სველი კაპიუშონი თავიდან მოიძრო. თმა დასველებოდა და რამდენიმე ღერი შუბლზე მიჰკვროდა.
დარეჯან მასწავლებელი უკმაყოფილოდ უყურებდა.
-ამ ერთხელ გაპატიებ. – განაცხადა მან და დაფას მიუბრუნდა. ელენემ ამოიქშინა და სველი თავი უკან გადააგდო.
უფრო ადრე უნდა წამოსულიყო სახლიდან. უფრო ადრე უნდა მოეხერხებინა ავტობუსის დაჭერა, სისულელეებზე ფიქრში არ უნდა გაეტარებინა დრო.
და რასაკვირველია, იმას აკეთებდა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა. იმას აკეთებდა, რაც ყველაზე ულოგიკო რამ იყო ამ ქვეყანაზე.
ისევ ბაბლუანზე ფიქრობდა. რასაკვირველია, ეს ფიქრი და აზრები ნეგატიური იყო, მაგრამ მაინც მასზე ფიქრად ითვლებოდა, რაც არანაირად არ იყო კარგი. ყველაფერი უნდა გამოეყარა თავიდან და ნორმალური ცხოვრება გაეგრძელებინა.
ელენე ხვნეშით გადაიხარა და სველი ჩანთიდან სახელმძღვანელო ამოაძრო.
რატომღაც გონების პაწაწინა ნაწილი ეუბნებოდა, რომ ამის გაკეთება არანაირად არ გამოუვიდოდა, მაგრამ ეცდებოდა მაინც.
-*-*-*-*-
-ოდითგანვე, ადამიანები სულ ამბობენ, – დრამატულად დაიწყო მარიკამ. – რომ სიყვარული რაღაც ჯადოქრობის მსგავსი არს. რომ ორ ადამიანს როცა ერთმანეთი უყვარს, და არა სხვა ამ შვიდმილიარდიან დედამიწაზე, საოცარია…
-თავი მიარტყი, ხომ? – მშრალად იკითხა დათომ და ელენეს ჩაეცინა, მატილდამ ხმამაღალი კისკისი ატეხა. მარიკამ ტუჩი აიბზუა და ბინძური მზერა სტყორცნა მეგობარს.
-სანამ უხეშად შემოეტენე, უნდა მეთქვა, რომ ეს ყველაფერი იდიოტობა იყო. – განაცხადა მან. – საოცრება არა ისა! მოროშეს აქ ასეთი სისულელე. ისე ამბობენ, შვიდმილიარდიან დედამიწაზე, თითქოს ყველა ყველას იცნობს, ვა! – ატყდა ის. – მაგრამ… იმაში მართალი არიან, რომ ეს იშვიათია. აი, მაგალითად, ეს. – ხელი გამოუშვირა მან ელენეს. – სახელი: ელენე, გვარი: იდიოტი. სამსახური: იდიოტობა, ასაკი: იდიოტობის ასაკი…
-ელენა არ არის იდიოტი! – განაცხადა მატილდამ და გაიბუსხა. მარიკამ ჩაიფრუტუნა და სიცილი აუტყდა. ელენე წარბაწევით, მშრალად უყურებდა მეგობარს.
-არა ვარ იდიოტი, მართალია მატილდა. – მოკლედ მოჭრა მან. – ბოლოს და ბოლოს, გადმოვედი ბაბლუანებიდან და დავაღწიე იმ… იმ ლოდთა ლოდს თავი. – მარიკას მიერ შერქმეული დემეტრეს მეტსახელის წარმოთქმა გაუჭირდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბაბლუანს დასცინოდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ეს არ მოსწონდა, მაგრამ არ აპირებდა, რომ ამ სულელურ გრძნობებს აჰყოლოდა კიდევ ერთხელ. – მგონი ეს ამტკიცებს იმას, რომ მთლად სულელი არა ვარ.
-ელენა არ არის მთლად სულელი! – ისევ წამოიძახა შეწუხებულმა მატილდამ. – რატომ ხარ შენ ამბობ, რომ სულელი და იდიოტი არის ელენა?
-უი მეეე, ასწავლეთ ამას ვინმემ ხუმრობა, სანამ მოვისროლე აქედან. – ტუჩი აიბზუა მარიკამ და მატილდას ათვალწუნებით გადახედა. – საერთოდ, აქ რა გესაქმება? ეს დემეტრე ხისთავიან ბაბლუანის ოფიციალური ლანძღვის კლუბია, გენაცვალე, მის შეყვარებულს არაფერი ესაქმება აქ. ჰმ? ვინ დამეთანხმება? – ელენესა და დათოს გადახედა წარბებაწეულმა.
მატილდამ ოდნავ უკან დაიწია, ტუჩები გაბუსხა და წარბები შეკრა, დაბნეულმა მოათვალიერა ყველანი.
-მატილდა? – ჩაეკითხა ელენე, მატილდას ხასიათის ასეთი უცაბედი ცვლილება არ მოეწონა. – რა მოხდა? ცუდად ხომ არა ხარ?
-არა, მე არ არის ცუდად. – თქვა მატილდამ და უფრო მეტად შეკრა წარბები, მერე კი წინ გადმოიწია, იჭვნეულად გადახედა ყველას. – ვინ არის ბიჩის შეკვარებული? – იკითხა მან.
ელენემ წარბები ასწია და თვალები ჭყიტა, დათო ისე გამოიყურებოდა, თითქოს არ სჯეროდა, თუ რა ესმოდა, რაც, ელენეს თვალთახედვიდან, გასაგები იყო. წამიერად თვითონაც კი გაიფიქრა, ჩემი ყურები ხომ არ მღალატობენო.
მარიკას თვალები გადმოეკარკლა, პირდაღებული შეშტერებოდა მატილდას.
-ამას უნდა რომ გავჩეჩო. – განაცხადა ბოლოს და უკან გადაიწია, ცხვირი ასწია და მატილდას ზემოდან დახედა. – აშკარად უნდა რომ გავჩეჩო. და რა დამთხვევაა, მეც ეგ მინდა ახლა.
-გაჩერდი, რა. – ხელი მობეზრებული გამომეტყველებით გაუქნია დათომ, მერე კი მატილდასკენ გადმოიხარა. – რას გულისხმობ? – ნელა ჰკითხა მან. – ბაბლუანის შეყვარებული შენ არ ხარ?
მატილდამ პირი დააღო, გაშტერებული მიაჩერდა დათოს, მერე კი მარიკასა და ელენეს გადმოხედა, რომლებიც განცვიფრებულები მიშტერებოდნენ.
მერე კი ხელები გაასავსავა, თავი კი მძლავრად, გამეტებით გაიქნია.
-არა! – წამოიძახა მან. – მე არ ვარ ბიჩი შეკვარებული! ეგ არის აბსურდი!
ელენე პირდაღებული მიშტერებოდა, და არ იცოდა, თუ რა ეფიქრა. აშკარა იყო, რომ მატილდამ ისეთივე დაბნეული და განცვიფრებული იყო, როგორც თვითონ, და რაც მთავარი იყო, ჩანდა, რომ მისი რეაქცია გულწრფელი გახლდათ.
ყურებში თითქოს ჩაქუჩებს ურტყამდნენ.
-როგორ? – იფეთქა მარიკამ. – რას ქვია… აბა ის რა იყო, მეგობარი გოგოო?
-ბიჩი თქვა, რომ მე ვარ მეგობარი გოგო! – წამოიყვირა მატილდამ. – მე ასევე ვთქვა, რომ ვარ მეგობარი!
-ამან არ იცის. – ხმადაბლა თქვა დათომ და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. – მატილდა, მეგობარი გოგო აქ მეგობარს არ ნიშნავს, შეყვარებულს ნიშნავს. – ნელა თქვა მან.
მატილდამ პირზე ხელები იტაცა, გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა მათ.
-მაგრამ… მაგრამ… მეგობარი არის მეგობარი! – წამოიძახა მან.
-ვიცით, მაგრამ მეგობარი გოგო შეყვარებულს ნიშნავს. – აუხსნა დათომ.
-არა! არა! მე არ ვარ ბიჩი შეკვარებული! მე არ მიკვარს ბიჩი! – მატილდამ თვალები ელენესკენ გადმოატრიალა. – მე მომწონს სხვა. – ჩუმად დაამატა მან.
მარიკა ყბა ჩამოვარდნოდა, გაშტერებული იყურებოდა.
ელენეს კი არ სჯეროდა, თუ რა ესმოდა.
„ეს რაღა ჯანდაბას ნიშნავს?“ გაიფიქრა დაბნეულმა. „ანუ იცოდა, რომ მატილდას „მეგობარი გოგოს“ მნიშვნელობა არ ეცოდინებოდა და იმიტომ უთხრა? აბა ისე უაზრობაა, დემეტრე როგორ ვერ მიხვდებოდა იმას, რომ მატილდამ „მეგობარი გოგოს“ მნიშვნელობა არ იცოდა…“
-მივასიკვდილებ. – დაიჩურჩულა უცებ მარიკამ და ელენემ წარბები ასწია, მეგობარს სტყორცნა გაკვირვებული მზერა. – არა მარტო სახლში მოგიყვანა ეს და თვალწინ აგიფრიალა, არამედ თურმე ამ შტერსაც ატყუებდა! – ხელები მაგიდაზე ხმამაღალი ლაწუნით დაახეთქა. მატილდა ადგილზე შეხტა, ელენე შეკრთა, დათო კი ისევ მშრალად მიშტერებოდა მარიკას ჩვეულ, რიგით აფეთქებას.
-უუხ, ერთი მაგის თვალები ჩამასრესინა და მეტი არაფერი მინდა, – სისინებდა მარიკა. – როგორ გაბედა? როგორ გაბედა? ერთი იდიოტი მესმის, ახლა მეორეც! ეგ მატყუარა, გაუზრდელი მაიმუნი, ხისთავიანი, ლოდთა ლოდი, თხა და იდიოტი… ეგ ბიჭი გულიკოზე უარესია თავისი მანიპულაციებით, გეფიცები!
-ბაბლუანი კი არა, შენ ხარ გულიკოზე უარესი შენი მანიპულაციებით. – განაცხადა დათომ და მარიკამ მზერა სტყორცნა.
-პირი მოხურე, თორემ ბაბლუანთან ერთად შენც წამოგაგებ შამფურზე. – დაემუქრა ის. ელენე და მატილდა ისევ ხმაგაკმენდილები ისხდნენ, ელენე ჯერ კიდევ მატილდას ნათქვამზე ფიქრობდა და გული მკერდში არ უჩერდებოდა. ერთი მხრივ, ხედავდა კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ეფიქრა ბაბლუანზე, მეორე მხრივ კი, მისი მოღალატე მხარე ზეიმობდა იმაზე, რომ ბაბლუანს შეყვარებული არ ჰყავდა.
„პათეტიკურად ვიქცევი.“ გაიფიქრა ბოლოს და თავი გადააქნია, ასეთი ფიქრები არაფერში სჭირდებოდა. „საკმარისია. ვითომ ეს რამეს შეცვლის…“
-მე ეს ვიცოდი, რომ ბიჩი არის ცუდი! – განაცხადა წარბშეკრულმა მატილდამ და მკლავები გადააჯვარედინა. – მან თქვა, რომ მე ვარ მეგობარი გოგო, და მე ვარ ძალიან ზრი… ზრდილ… ზრდაი…
-ზრდილობიანი. – სიტყვა შეაშველა ელენემ და მატილდა გაიბადრა.
-გმადლობ შენ, ელენა! მე ვარ ძალიან ზრდოლიბიანი, რომ ვუთქვა, რომ არ ვარ ბიჩის მეგობარი… – თქვა მან და ელენეს ძალაუნებურად გაეღიმა.
-გავიგეთ, გავიგეთ… – ხელი აუქნია მარიკამ. – უხ, ის მისასაკვდილებელი… ეგ ლოდთა ლოდი იმ უსირცხვილოების ქვეყანაში უნდა გაპანჩურდეს, საიდანაც მოვიდა, სასწრაფოდ!
-რა არის გაპანჩურდეს? – იკითხა მატილდამ და ელენეს გაეცინა, დათოსაც ჩაეღიმა მარიკას უკმაყოფილო გამომეტყველებაზე.
-პანჩური არის წიხლი. – აუხსნა ბოლოს. -წიხლი საჯდ…
-მარიკა, გეყოს. – შეუტია დათომ. – საკმარისია. მატილდა, ზარი ირეკება მალე, წადი შენს გაკვეთილზე, თორემ დაგაგვიანდება.
მატილდამ მაჯაზე გაკეთებულ საათზე დაიხედა, მერე კი ფეხზე წამოხტა.
-ნახვამდის! – ხელი დაუქნია მან, როცა კარს მიადგა. – ნახვამდის ელენა, დათო, მარიკაც! – მერე კი სირბილით გავიდა დერეფანში.
-მე „ც“ ვარ? – ბრაზით მიაძახა მარიკამ, მერე კი მერხს დააშტერდა და ბურტყუნი დაიწყო. – ეგ მატყუარა… ეგ თავსივა იდიოტი… ერთი უნდა ჩაწიხლო, რომ ვეღარ წამოდგეს და მოუხდება…
-უბრალოდ არ მესმის. – ნელა თქვა ელენემ. – რატომ უნდა გაეკეთებინა ასეთი რამ? რაში აწყობდა?
-იმაში აწყობდა, რომ ვერ არის ეგ, ხომ იცი! – ატყდა მარიკა.
-რა სისულელეა. იმაში აწყობდა, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა. – წარბი ასწია დათომ. – ეგ ან სურდა ეჩვენებინა, რომ შეყვარებული გყავს, რომ თავიდან მოეშორებინე.
ელენემ მკლავები გადააჯვარედინა, გული მტკივნეულად უფეთქავდა მკერდში.
-ჰოდა მოახერხა კიდეც. – თქვა მან და შებრუნდა, მარიკასა და დათოს ზურგი შეაქცია. – მომიშორა კიდეც თავიდან.
მარიკას ლანძღვისა და დათოს სიტყვებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, წამიერად ბაბლუანზე ფიქრის უფლებას აძლევდა თავს და გრძნობდა, თუ როგორ იზრდებოდა მკერდშო ტკივილი.
-*-*-*-*-
ელენემ სველი ქუდი ჩამოიფხატა და დამძიმებული ჩანთა ასწია. ისიც საკმარისი იყო, რომ მთელი დღე წვიმდა, მაგრამ ამას ისიც დაემატა, რომ გოჩა მასწავლებელმა ისევ ჩვეული რეჟიმის დაცვა მოითხოვა. ელენეს სპორტული ტანსაცმელი სულ დაუსველდა, და ჩანთას წარმოუდგენლად ამძიმებდა. ისღა უხაროდა, რომ დარეჯან მასწავლებელი, კლარა ექთანთან ერთად გამოვიდნენ გარეთ, ქოლგებით, და იქამდე დასდევდნენ გოჩა მასწავლებელს და მასზე ადევნებულ ბავშვებს პარკში კივილით, სანამ არ მოახერხეს მისი დარწმუნება, რომ წვიმასა და ასეთ სიცივეში სირბილი ცუდი იდეა იყო.
კიდევ კარგი, რომ სპორტული ტანსაცმელი ჰქონდა წამოღებული. არ ეგონა, რომ გოჩა მასწავლებელი ასეთი ტანჯვისთვის გასწირავდა ყველას, მაგრამ მისი თქმით, „ჩემს დროს მოსწავლეები არავითარ ამინდს არ უფრთხოდნენ! ეს რა არის, პატარა ჟუჟუნა წვიმა, პირიქით, სხეულებს გაგიკაჟებთ! აბა მომყევით!“
ელენემ ჩაიცინა და სველ თმაზე ხელი გადაისვა. სციოდა, მისი კაპიუშონიანი ქურთუკი და ქუდი სველი იყვნენ, და დაღლილი მიაბიჯებდა დერეფანში. მარიკა და დათო, როგორც ყოველთვის, ჭკვიანურად მოიქცნენ და ფიზკულტურამდე გაეცალნენ აქაურობას.
ელენემ კიბეები ჩაირბინა და შეკრთა, როცა წვიმამ თავზე დასცხო. სირბილით მიუახლოვდა ჭიშკარს, წარბებთან ხელი მიეტანა, რომთავსხმა წვიმაში რამე დაენახა.
მერე კი დაინახა და შეკრთა.
ბაბლუანი იჯდა თავის მანქანაში, ფანჯარა ჩამოეწია და სკეპტიკური სახით მოშტერებოდა, წარბაწეული. ელენე წამით შედგა, უსიტყვოდ მიშტერებოდა, მერე კი მუშტები შეკრა და ტროტუარისაკენ გატრიალდა.
-როდემდე აპირებ ამის გაგრძელებას? – მოესმა უკნიდან, წვიმის შხაპუნში და კიდევ ერთხელ შედგა, ბაბლუანისაკენ მოტრიალდა, რომელიც თვალებში მიაშტერდა. – სასაცილოც კია.
ელენე ერთიანად დაიჭიმა, წარბები შეკრა.
-ვერ გავიგე, რას გულისხმობ. – ნელა თქვა მან. -ახლა მეჩქარება…
-ბოლოს და ბოლოს მორჩი მსახიობობას და დაბრუნდი სახლში. – შეაწყვეტინა ბაბლუანმა და მის ხმაში ელენემ მობეზრებული, მოუთმენელი ტონი დაიჭირა. წარბები ასწია, გაოცებული მიშტერებოდა დემეტრეს.
-მსახიობობას? – გაიმეორა ბოლოს.
-მსახიობობას, დიახაც. – წარბი ასწია ბაბლუანმა, და თვალები გადაატრიალა. – რა გგონია, რომ თუ იჯიუტებ, ისე მოიქცევი, თითქოს ხუთი წლის გაბუტული ბავშვი ხარ, საქმეც მოგვარდება?
-ვერ გავიგე… – თავი გადააქნია ელენემ.
-რაღა თქმა უნდა, ვერ გაიგე. – ხმას აუწია ბაბლუანმა, წარბები შეეკრა. – მორჩები ამ სულელურ თამაშს, ბოლოს და ბოლოს?
-რა თამაშს? – იკითხა ელენემ. – შენ ეს თამაში გგონია? – თქვა გაოცებულმა.
-მგონია კი არა, არის კიდეც…- დაიწყო ბაბლუანმა.
-თუ მართლა მასე გგონია, ჯანდაბაშიც წასულხარ. – ელენემ ნერწყვი გადაყლაპა, სახის ნაკვთები დაეჭიმა. ბაბლუანის აზრით, იგი მსახიობობდა, როცა მათი სახლიდან წამოვიდა. მისი აზრით, ელენე თამაშობდა გაბუტული გოგოს როლს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ გამოეკიდებოდნენ. – თუმცა ეს უკვე გითხარი, ამიტომ იმის იქეთ წასულხარ. – გრძნობდა როგორ უჟივდებოდა ისედაც სველი ქურთუკი მკერდზე და შეწუხებულმა ამოიხვნეშა. – ახლა მეჩქარება, როგორც გითხარი.
-რა სისულელეა. – თქვა ბაბლუანმა ისევ და ელენემ გაკვირვებით გადახედა. დემეტრე დაჟინებით მიშტერებოდა, თვალები მოეჭუტა. – რა თქმა უნდა, მსახიობობ. სულაც არ გინდოდა წასვლა, იმიტომ წახვედი, რომ გეგონა, გამოგეკიდებოდი…
-იმიტომ წავედი, რომ მეთამაშებოდი და მასხრად მიგდებდი. – ხმადაბლა უთხრა ელენემ. დაღლილი იყო ყვირილით, კამათითა და კინკლაობით. აღიზიანებდა ბაბლუანის სიტყვები, მაგრამ საკუთარ თავს არ მისცემდა იმის უფლებას, რომ შუა ქუჩაში, კიდევ ერთხელ აეტეხათ ჩხუბი. მეტადრე მაშინ, როცა ასე წვიმდა და თვითონ სანახევროდ დაჟიებული იყო ცივ ამინდში. – შენი საქციელით დაღლილი ვიყავი, ვეღარ ვიტანდი ასეთ მოქცევას. – მან ცივი თითები მუშტებად შეკრა და წამიერად გაუელვა აზრმა, რომ ხელთათმანების გამოყენება უნდა დაეწყო მალე. – მეც მაქვს საზღვარი და იმ საზღვარს მივაღწიე.
-შენ თამაშობ. – ჯიუტად გაუმეორა ბაბლუანმა, ისევ დაჟინებით მიშტერებოდა და ელენემ თვალები გაკვირვებით დაახამხამა, როცა მის გამომეტყველებაში ოდნავი დაბნეულობა დაინახა. – სხვა მიზეზს აქ მე ვერ ვხედავ.
ელენემ ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა, თავი გადააქნია.
-მისმინე. – ისე დაიწყო მან, თითქოს პატარა ბავშვს ელაპარაკებოდა. – გეუბნები, რომ არ ვთამაშობ მეთქი. ვერ ვიტანდი შენტან ახლოს ყოფნას და გათავდა.  და ჰო, გამოკიდებაზე რაც თქვი… არ გგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს გამოკიდებას? – ხელი ბაბლუანისაკენ გაიქნია მან. – მეუბნები, სახლში წამოდიო.
-დედაჩემი ტირის, მამაჩემი და ჩემი და კი ხასიათზე ვერ არიან. – ცივად უპასუხა ბაბლუანმა. – მე ატმოსფერო არ მომწონს სახლში.
ელენეს გული მოეკუმშა, როცა ბაბლუანის ოჯახის წევრები წამოიდგინა. მაიკო, ტასო, ნიკა… თითქოს ახლა გააცნობიერა, თუ როგორ მოენატრა, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ოთხი დღე იყო, რაც არ ენახა.
-ვერაფერს ვიზამ. – ძლივს ამოთქვა ბოლოს. ამის თქმა აუწერელ ტკივილს ანიჭებდა, იმიტომ რომ ძალიან იოლი იყო ბაბლუანებთან დაბრუნება, მისი თითქოს უკვე ახალი ოჯახის წევრების სითბოსა და კომფორტის შეგრძნება, მაგრამ როგორც გადაწყვიტა, საკმარისი იყო. – ძალიან ვწუხვარ, მართლა, გადაეცი, რომ ყველანი ძალიან მიყვარს და მადლობა გადაუხადე. – თქვა მან და შემობრუნდა, ჭყლოპინა ფილას გადააბიჯა.
-შენ მე გიყვარვარ. – მოესმა უკნიდან ხმა და კიდევ ერთხელ შედგა. წვიმის შხაპუნში უცხოდ გაისმა მანქანის კარის მიჯახუნების ხმა.
გაღიზიანებამ აავსო. ღრმად ამოისუნთქა და შეკრთა, როცა ცივმა ჰაერმა ოდნავ ატკინა ფილტვები.
-და მერე? – თქვა მან და მკვეთრად შემოტრიალდა, ბაბლუანს მიაშტერდა, რომელიც მანქანასთან იდგა და მკლავები გადაეჯვარედინებინა. – შენ ხომ იცი, რომ ამას არ იმსახურებ? ჰმ? ხომ ხვდები, რომ აბსოლუტურად, ყველანაირად, უაზროდ ვფლანგავ ამ გრძნობებს შენზე? და რა? მითხარი, მერე რა?
-ის, რომ უნდა შეწყვიტო რასაც აკეთებ და სახლში დაბრუნდე. – ბაბლუანმა ტუჩი აიბზუა.
-არ მინდა. – ელენემ ზურგი შეაქცია, ნაბიჯს აუჩქარა. ქურთუკი უფრო მაგრად მოიხვია სხეულზე. – თავი დამანებე.
-საკმარისია! – დაიყვირა ბაბლუანმა. – ახლავე შეწყვიტე ეს პათეტიკური ამბავი…
ელენეს არ უპასუხია. ნაბიჯს უფრო მეტად აუჩქარა. გარბოდა და ყურადღებას არ აქცევდა ჭყლოპინა ფილებს, რომლებიც უფრო და უფრო მეტად უსველებდნენ შარვლის ტოტებს. გარბოდა, ბაბლუანსა და მის სიტყვებს გაურბოდა, რომელთა მოსმენაც ახლა არ სურდა.
„შენ მე გიყვარვარ.“ მოესმა ყურში ბაბლუანის მყარად, დარწმუნებით ნათქვამი სიტყვები და მოიღუშა, წარბები შეკრა. კაპიუშონი გადაუცურდა თავიდან და წვეთები სახეზე უგორავდნენ.
ავტობუსის გაჩერებას რომ მიაღწია, ქოშინებდა, ისეთი დაღლილი იყო.
აღარ სურდა ბაბლუანის სიტყვებზე ფიქრი.
„შენ მე გიყვარვარ.“ გაიხსენა კიდევ ერთხელ და მთელი სხეული დაეჭიმა. სიმართლე იყო ბაბლუანის ნათქვამი ეს სამი სიტყვა, და ელენეს მთელი გონებით სურდა, რომ ეს სიტყვები სიცრუე გაეხადა.
-*-*-*-*-
„აბსურდი. აბსრუდია. სრული აბსურდი.“ უაზროდ უტრიალებდა დემეტრეს თავში მანტრად, თან ცივად გაშტერებოდა ზედგინიძის ფიგურას, რომელიც კუთხეს მიეფარა. თვალმოუშორებლივ მიშტერებოდა გოგოს, და თითქოს ახლაღა გააცნობიერა, რომ წვიმაში იდგა. მანქანაში ჯდომა ვეღარ აიტანა, როცა დაინახა, თუ როგორ უსირცხვილოდ აპირებდა გოგო მათი საუბრის დატოვებას, ამიტომაც გადმოვიდა.
ცივი ჰაერი სასიამოვნოდ ხვდებოდა გახურებულ კანზე.
სისულელე იყო ეს ამბავი. ზედგინიძეს შეეძლო, რომ რამდენჯერაც უნდოდა, იმდენჯერ ეთქვა, რომ არ მსახიობობდა, მაგრამ დემეტრემ კარგადაც იცოდა, რომ მისი საქციელი უბრალოდ ყურადღების მისაქცევად იყო. სხვანაირი ახსნა არ ჰქონდა მის საქციელს, იმას, რომ მან სახლი დატოვა.
ზედგინიძეს ის უყვარდა, და რასაკვირველია, არ სურდა სახლის დატოვება. ეს იმის გამო გააკეთა, რომ იმედი ჰქონდა, გამოეკიდებოდნენ…
„და ჰო, გამოკიდებაზე რაც თქვი… არ გგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს გამოკიდებას? მეუბნები, სახლში წამოდიო.“ გაიხსენა გოგოს სიტყვები და სახის ნაკვთები მოეჭმუხნა. რა სისულელე იყო. უბრალოდ უნდოდა, რომ გოგო მათ სახლში დაბრუნებულიყო, იმიტომ რომ თითქმის  ვეღარ იტანდა იქ ცხოვრებას. დედამისი თავის თავს ადანაშაულებდა, ამბობდა, რომ რაღაც გააკეთა არასწორად, მაიკო კი წამდაუწუმ მკვლელის მზერით მიშტერებოდა.
უბრალოდ აუტანელი სიტუაცია იყო, რაც ზედგინიძის ბრალი გახლდათ. ამიტომაც პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა და გამოესწორებინა ეს სიტუაცია.
უნდა დაბრუნებულიყო, დედამისსა და მამამისს გაუხარდებოდათ, მაიკო ბღვერას შეწყვეტდა, საუზმისა და ვახშმის დროს ყოველთვის საუბრითა და სიცილით აღსავსე იქნებოდა ოთახი. დემეტრე გაიგონებდა ზედგინიძის სიცილს, დაინახავდა მის გაბრწყინებულ თვალებს, თავქვეშ ამოდებულ მკლავს და მოხვეულ ფიგურას მის ლოგინში, კიდევ ერთხელ შეიგრძნობდა მის თავზე ჩამოდებულ ჩიტის ბუდეს თავის მხარზე და როცა მოუნდებოდა, მაშინ დაიხრებოდა მისი ვარდისფერი ტუჩებისაკენ…
დემეტრე შეკრთა, ფიქრებიდან გამოერკვა. გაშტერებული მისჩერებოდა ერთ წერტილს და არ სჯეროდა, რომ ასეთმა სულელურმა აზრებმა გაუელვა თავში.
„აბსურდი.“ გაიფიქრა მან და ყბები დაჭიმა, სწრაფად გამოჰკრა მანქანის სახელურს ხელი და მძღოლის სავარძელში ჩაჯდა, კარი მოიჯახუნა. თმა ჩამოშლოდა და წვიმისაგან შუბლზე მიჰკვროდა, ახლაღა იგრძნო სველი მხრებიც.
მანქანა დაქოქა, მძლავრი, მკვეთრი მოძრაობით მოატრიალა საჭე და გამეტებით დაჰკრა ფეხი სატერფულს.
სახლში თხუთმეტ წუთში ავიდა, მანქანა მიაყენა და კიბეებზე ავარდა. უბრალოდ უნდოდა, რომ ცოტა ხანი თავის ოთახში, ლოგინზე დამხობილიყო და აღარაფერზე აღარ ეფიქრა.
მაიკომ შეამჩნია, სასტუმრო ოთახიდან და წარბები აზიდა.
-რა ბზიკმა გიკბინა, ძმაო? – შეუღრინა მან. – უი, დაიცა, ვიცი მე მაგ ბზიკის სახელი… ელენე, ხომ?
დემეტრემ ტუჩი აიბზუა და დას ზურგი შეაქცია, კიბეებზე ავარდა.
ოთახის კარი გაიჯახუნა და მაისური გადაიძრო, ზიზღით მიაგდო გვერდზე სველი ნაჭერი, მერე კი ლოგინზე ჩამოჯდა და სველ თმაში ხელები გადაისვა.
-აბსურდია. – ჩაილაპარაკა მან. არასოდეს არ მოსწონდა მასზე ჩამოკიდებული, პათეტიკუი გოგოები. ეს სულ ასე იყო, და ასეც იქნებოდა, ზედგინიძე ვერ მოახერხებდა ამის შეცვლას.
„მაგრამ არაა პათეტიკური.“ გაუელვა უცებ თავში და მოიღუშა, კბილები ერთმანეთს დააჭირა. სულაც არ იყო გოგო მასზე ჩამოკიდებული, სახლიდან თავისი ნებით წავიდა, მასთან ცხოვრების შესაძლებლობას თავისი ნებით გაუშვა ხელი, და უარი თქვა დაბრუნებაზე…
„არა.“ მკვახედ მოუჭრა საკუთარ თავს. „ამას ყურადღებისათვის აკეთებს, მხოლოდ ყურადღებისათვის. სულაც არ მაინტერესებს. სულაც არა…“
მაგრამ სადღაც, შორეულ კუნჭულში, რომლის წინ წამოწევა სულაც არ სურდა, იცოდა, რომ აინტერესებდა.
თან ძალიან.
-*-*-*-*-
-როგორ ჩაიარა სკოლამ? – ჰკითხა გიორგიმ ელენეს, როცა გოგონამ ლანგარზე შემოწყობილი საჭმელი მოიტანა სასტუმროს შვედური მაგიდიდან და მათ მაგიდაზე შემოდო.
-არა უშავდა. – მხრები აიჩეჩა გოგონამ, თბილი ჟაკეტი უფრო მაგრად მოიხვია, ჩამოჯდა და კარტოფილის პიურე გადმოიღო თეფშზე. – გოჩა მასწავლებელმა წვიმაში გვარბენინა, ფიზკულტურაზე.
-ისევ? – გიორგიმ კარაქი გადაუსვა პურზე და გემრიელად მოკბიჩა, თან ინტერესით მიშტერებოდა ელენეს. – მერე რაო, ისევ გამოუდგა ეგ თქვენი კლარა?
-უფ, არ მითხრა. – ხელი გაუქნია ელენამ და გაიღიმა, როცა მამამისს ჩაეცინა. – თან როგორ. ამჯერად დარეჯან მასწავლებელიც შეუერთდა და კარგა ხანი წივილ-კივილის შემდეგ მოახერხეს გოჩას დამარცხება. – ელენემ წარბები ასწია და თავი გადააქნია. – ახლაც კი არ მესმის, თუ როგორ მოახერხეს.
-ეგ შენი დარეჯანი თუ ისეთია, როგორც მშობელთა კრებაზე ვნახე, მაშინ ყველაფერი შეუძლია. – თავი დარწმუნებით დააქნია გიორგიმ, და ელენეს გაეცინა.
-ჰო, აბა რა… ერთხელ იცი, დირექტორს… – დაიწყო ელენემ, მაგრამ შეკრთა, როცა ტელეფონის ზუზუნი იგრძნო ჯიბეში. წამსვე ამოიღო და წარბები ასწია.
ზურა ურეკავდა.
-ალო? – გასცა ელენემ პასუხი, თან გიორგის გადახედა, რომელიც ინტერესით მოშტერებოდა.
-ელენე, გამარჯობა! – გაისმა ყურმილში. – როგორა ხარ?
-რა ვიცი, ნორმალურად… შენ? – ჰკითხა გოგონამ და ჩანგალი პიურეში დაატრიალა, თეფშსდააშტერდა.
-მეც კარგად… მოკლედ, რაზე გირეკავ ახლა… – ზურას ხმაში ყოყმანი შეეტყო. – იცი რა… გინდა ხვალ ან ზეგ, ან მაზეგ, ან საერთოდ, როცა თავისუფალი ხარ და სურვილი გაქვს…სადმე გავისეირნოთ? იოგურტს ვიყიდით და დავილაპარაკებთ! – მოაყოლა მან.
ელენემ პირი დააღო და ოდნავ წარბები შეკრა, არ იცოდა, თუ რა ეთქვა.
მაგრამ ზურა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ჭკვიანი, გამგები, ძალიან თბილი. ელენემ ამოიხვნეშა და გაიღიმა.
-კარგი… – ნელა თქვა მან. -ზუსტად არ ვიცი, როდის ოღონდ. დაგიკავშირდები, კარგი?
-კარგი, აბსოლუტურად, პრობლემა არ მაქვს! – გაისმა ზურას ხმა ყურმილში. – შენს ზარს დაველოდები.
-კარგი, ნახვამდის. – უპასუხა ელენემ.
-ნახვამდის. – გაისმა მობილურიდან და კავშირი გათიშეს.
-მოხდა რამე? – ჩაეკითხა გიორგი, როცა ელენემ ტელეფონი ჯიბეში შეინახა. – მარიკა იყო?
-არა, არა.. ახალი მეგობარია ჩემი. უნდა, რომ გავისეირნოთ, დავილაპარაკოთ… – აუხსნა ელენემ.
გიორგიმ წარბები ასწია, ნესტოები დაებერა.
-თოფი მოვამზადო? – იკითხა მან. – ჩემს ერთ ნაცნობს აქვს, სანადირო…
-მამა! – შეუყვირა ელენემ, და გაეღიმა, როცა მამამისს სიცილი აუტყდა. – არ იქნება თოფი საჭირო…
-კარგი, ოღონდ გამაგებინე, როდის მიდიხარ, რომ ყოველ ხუთ წუთში დაგირეკო. – უთხრა გიორგიმ სიცილით, მერე კი მომენტალურად დაუსერიოზულდა სახე. – ამჯერად არ ვხუმრობ. – წარბი ასწია მან და აგრესიულად მოკბიჩა კარაქიანი პური. – მართლა დაგირეკავ.
ელენეს გაეცინა, თვალები გადაატრიალა და პიურეს ჩახედა.
თბილად და კომფორტულად გრძნობდა თავს მამასთან, როგორც ყოველთვის. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო.
იქნებ სწორედ ეს იყო მისი ცხოვრების ახალი ფაზის დასაწყისი.
13-*-*-*-*-*-
ელენემ ამოიხვნეშა, ცხვირი მოიწმინდა მის წინ და გვერდით დამსხდარ მეგობრებს თვალი მოავლო. გუშინწინ მომხდარ მოვლენებზე თავიდან არაფრის თქმა არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა. ბაბლუანის ქცევამ ძალიან დააბნია და შეაწუხა, ამიტომ არც კი იცოდა, თუ რა ეფიქრა და როგორ მოქცეულიყო. სხვების აზრი აინტერესებდა ამ ყველაფერზე, და იმის მიუხედავად, რომ მამასთან ძალიან ახლოს იყო, მას ვერ მოუთხრობდა ასეთ რამეს. მისმა მეგობრებმა კი ფაქტიურად ყველაფერი იცოდნენ მის თავს გადამხდარი ამბების შესახებ, ამიტომ ცოტას დამატება ალბათ არც აწყენდა. ამიტომ ახლა აქ იჯდა და ცდილობდა, რომ დათოს, მარიკასა და მატილდასათვის ყველაფერი აეხსნა. მაგრამ როგორც ჩანდა, კარგად არ გამოსდიოდა, და ისედაც მტკივან, ახურებულ თავს უფრო მეტად ატკიებდა.
არა, სულ იმის ბრალი იყო, რომ გუშინწინ ამდენი ხანი დაშლიგინებდა სველი ტანსაცმლით ცივ ამინდში.
-რაიო გოგო? – წარბები აზიდა განცვიფრებულმა მარიკამ. – ისე გამოჩნდა, თითქოს აქაც არაფერიო და გთხოვა, რომ სახლში დაბრუნებულიყავი? მერე რა უთხარი?
-ვუთხარი, რომ არ მინდოდა მის სახლში წასვლა. – ელენე უხერხულად შეიშმუშნა და წარბები შეკრა. – მეუბნებოდა, რომ ვმსხიობობდი და უნდა შემეწყვიტა ეს თამაში, იმიტომ რომ იცოდა, თუ რას აკეთებდა. – გოგონამ თავი გააქნია. – ვერაფრით ვერ გადავარწმუნე. ჯიუტად გაიძახოდა იმას, რომ მე იქედან მხოლოდ ყურადღების მიქცევის მიზნით წამოვედი…
-მოუნდა ახლა ბიჭს. – დაისისინა მარიკამ. – რაო, გასართობი მომაკლდა სახლშიო? გასაწვალებელი არავინ მყავსო?
-მე სულ ვიცი, რომ ბიჩი არის ცუდი! – განაცხადა მატილდამ და ელენეს საცოდავად გადახედა, ტუჩები გაებუსხა და მკლავები გადაეჯვარედინებინა. – მე მოუატყუა, და ელენას აწლავებდა!
-აწვალებდა, შვილო. – ხელი აუქნია მარიკამ, მერე კი ისევ ელენეს მოუბრუნდა. – გითხრა კიდევ რამე?
-კიდევ მითხრა, რომ იმიტომ უნდა ჩემი სახლში დაბრუნება, რომ მის ოჯახში ჩამოწოლილი ატმოსფერო არ მოსწონს. – ელენემ მხრები აიჩეჩა. – მითხრა, რომ დედამისი ტირის, და მამამისი და მისი და თავს ცუდად გრძნობენ ჩემს გამო.
-რა ბინძური სვლაა. – თქვა უცებ დათომ. – საკუთარ ოჯახს იყენებდა იმის მიზეზად, რომ უკან დაებრუნებინე. – მან ნიკაპზე ხელი შემოიდო, მოულოდნელად სახეზე ჩაფიქრებული გამომეტყველება გამოეხატა.
-რა არის, დათო? – მისკენ გადაიწია ინტერესით აღსავსე მატილდა. – შენ მოიფიქრე?
-არაფერი, უბრალოდ… – დათომ უცნაურად გადმოხედა ელენეს. – რატომ მოვიდოდა შენთან? როგორც შენი მონაყოლიდან გავიგე, ძალიან აწუხებდი… რატომ მოუნდებოდა შენი დაბრუნება, ამ ყველაფრის შემდეგ?
-იმიტომ რომ სადისტი იდიოტია! – ხმამაღლა განაცხადა მარიკამ და დათოს დაუბღვირა. – სხვა მიზეზს აქ მე ვერ ვხედავ. მოეპრიანა და მოვიდა, და გათავდა, მეტი არაფერი. ელენე, ერთი მაგრად უნდა ამოგერტყა პანჩ…
-ელენა! – მოუბრუნდა მატილდა, გაფართოებული თვალებით. – ბიჩი უნდა რომ მისთან ცხოვრობდეს!
-უნდა არა ისა კიდევ. – გაიბუსხა მარიკა. – რა ვერ გაიგეთ, უბრალოდ ეთამაშება და გათავდა.
ელენემ ამოიხვნეშა, ამის მოსმენა აღარ უნდოდა. როგორც ჩანდა, მის მეგობრებს ყველას განსხვავებული აზრი გააჩნდა, თვითონ კი ნამდვილად არ სურდა რომ ეს საუბარი კინკლაობაში გადაზრდილიყო.
-კარგით, კარგით… – ხელები ასწია მან. – საკმარისია. რაც მთავარია, უარი ვუთხარი… ძალიან მწყინს, რომ ასეთი კარგი ხალხი დავტოვე… მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამ. – გოგონამ ამოიხვნეშა, ნაღვლიანად ჩააშტერდა მერხის გაცრეცილ ზედაპირს.
-და ჰო… – გაახსენდა უცებ. – საღამოს ზურამ დამირეკა.
-გამყრელიძემ? – სკამზე შეხტა მარიკა და მისკენ გადმოიწია, დათომ წარბები აზიდა, სახეზე ინტერესით გამოეხატა. მატილდამ მძლავრად შეისუნთქა, თვალები დაახამხამა, ეტყობოდა, თუ როგორ დაჭიმა მთელი სხეულით. – მერე რაიო, რა მინდაო, გოგო?
-იოგურტზე დამპატიჟა, მითხრა, როცა გინდა გავიდეთ და გავისეირნოთო… – თქვა ელენემ და გაკვირვებით მიატრიალა თავი, როცა დაინახა, თუ როგორ შეკრთა მატილდა. გოგონა გაოცებული მიშტერებოდა, თვალები დამრგვალებოდა.
-რაიო? – კინაღამ წამოხტა სკამიდან მარიკა. – ვითომ რატომო, რა მესაქმებაო? დაიცა… შენი ტელეფონის ნომერი საიდან ჰქონდა? სტალკერია ეგ უეჭველი ხომ? დათო, მუშტები მოამზადე, გამყრელიძის ჩასაბუბუნებლად მივდივართ… – სკამიდან წამოიწია ის, მერე კი კინაღამ წამოიყვირა, როცა დათომ მაგრად ჩაავლო მკლავში ხელი და უკან დასვა.
-ანუ ესე იგი ზურამ ელენა დაუპატიჟა პაემანზე? – ჩუმად იკითხა მატილდამ.
-დიახაც! – ატყდა მარიკა. – ხელი გამიშვი, დათო, ხომ გითხარი, გამყრელიძის ჩასაბუბუნებლად მივდივართ მეთქი! პაემანი მოუნდა ახლა ბიჭს, პაემანი კი არა, ერთი კარგი წიხლი ფეხებ…
-მარიკა! – შეუყვირა ელენემ. -გეყოფა, რა იქნება? პარკში რომ ვიყავით, იმ დღეს მთხოვა ტელეფონის ნომერი, ყოველი შემთხვევისათვის, და ამიტომ მივეცი…
-ყოველი შემთხვევისათვის ხომ? – იფეთქა მარიკამ და დათოს მკლავი გამოჰგლიჯა. – მე ვიცი, რომელი შემთხვევისათვის უნდა მაგას შენი ტელეფონის ნომერი…
-ზურას ელენა მოსწონს? – ისევ ჩუმად იკითხა მატილდამ და ელენემ გაკვირვებით გადახედა, ვერ გაეგო, თუ რატომ შეეცვალა ასე უცაბედად გოგონას ხასიათი. თითქოს საკმაოდ ენერგიული და აჟიტირებული ჩანდა ათიოდე წამის წინ, მაგრამ ახლა…
-დიახაც! – მიუბრუნდა მარიკა. – მოუნდა ხომ ტელეფონის ნომერი? მოუნდა ხომ პაემანი? იცი რა, ელენე? წაყევი მაგ პაემანზე, იყიდეთ იოგურტი და მერე ჩამოასრისე თავზე მაგ მოპარპაშე, თავისნება, გათამამებულ ჯაშუშა იდიოტს!
დათო ცივად მიშტერებოდა მარიკას და ხელს არ უშვებდა, და ელენე დარწმუნებული იყო, ხელი რომ გაეშვა, მარიკა წამსვე გავარდებოდა იმისათვის, რომ ზურა გამოელანძღა. ელენემ შუბლი მოისრისა და თავი გადააქნია, იცოდა, რომ სულელური იყო მარიკას შეჩერების ცდა, მაგრამ უნდა გაეჩუმებინა მაინც…
-ჩუმად იყოს! – წამოიყვირა უცებ მატილდამ და ელენემ გაოცებით მიატრიალა მისკენ თავი. მატილდა წარბშეკრული, აღელვებული და სახეაწითლებული მიშტერებოდა მარიკას, მისკენ თითი გაეშვირა. – ჩუმად! არ არის მართალი! ზურა არ არის მოპარშე, თავისნება და თამამი ჯაშუში! ზურა არ არის იდიოტი! შენ არ არის მართალი! – დაიყვირა მან. ღრმად სუნთქავდა დაგანცვიფრებულმა ელენემ მეგობრებს გადახედა. დათოს წარბები აეწია და თვალები დაეჭყიტა, მარიკა კი თვალებმოჭუტული და გაბუსხული, სასწაულებრივად ხმაგაკმენდილი უყურებდა.
-აბა როგორია? – ხმადაბლა ჰკითხა მან ბოლოს. მატილდა უფრო მეტად გაწითლდა, ღრმად შეისუნთქა.
-ზურა არის კეთილი. – განაცხადა მან და ცხვირი ზემოთ ასწია, ზემოდან გადმოხედა ყველას, ნერვიულობით სავსე თვალები მოავლო. – ზურა არის ჭკვიანი და თბილი…
-შენ რა, გამყრელიძეზე გიჟდები? – თვალები ჭყიტა მარიკამ და ელენეს წამიერად გადახედა. ელენე გაშტერებული იჯდა, მატილდას მისჩერებოდა და არ იცოდა, რა ეფიქრა. მაგრამ ხვდებოდა, გოგონას გამომეტყველება ისეთი ღია და გულწრფელი იყო, რომ სხვა რამეს ვერც კი დაასკვნიდა ადამიანი.
-მე… მე არ ვარ გიჟი… – წაიბურტყუნა მატილდამ.
-მატილდა, რატომ არ მითხარი? – ჩუმად ჰკითხა ელენემ. – გეთქვა და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…
-იმიტომ რომ ზურას მოეწონა ელენა! – თქვა მატილდამ და მოულოდნელად შეწუხებული, ნაღვლიანი სახე მიიღო. ელენეს გული მოეკუმშა. – მე გაიფიქრა, თუ ზურას მოეწონა სხვა, მე მაქვს არა უფლება ჩარევა!
სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის, რასაც გარედან შემოსული ღრიანცელი და კლასის ბოლოს ატეხილი გახურებული საუბრები არღვევდნენ.
-ჯობდა, რომ გეთქვა, ვააა… – ხმადაბლა განაცხადა მარიკამ და დაიფრუტუნა, თავი გვერდით გაატრიალა. – მაგრამ გამყრელიძეს ახლა იმის თავი ჰქონდა, რომ ეს იდიოტი აქ პაემანზე დაეპატიჟა, ამიტომ შენ უკაცრავად და შანსი არა გაქვს. – მშრალად დაამატა მან.
-მარიკა! – შეუყვირა ელენემ. – მაგის თქმა საჭირო იყო? – მერე კი გაქვავებულ მატილდას მოუბრუნდა. – მისმინე, მე ზურა არ მომწონს, მართლა და არ ვაპირებ, რომ…
მატილდამ მკვეთრად გადმოხედა.
-ზურას აპირებ რომ ატკივილო? ზურას ნუ ატკივილებ! – თქვა მან და ელენე გაოცებით მიაჩერდა, არც კი იცოდა, თუ რა ეთქვა.
მატილდა წამიერად მიაჩერდა დამრგვალებული თვალებით, მერე კი ელვის სისწრაფით წამოხტა და ოთახიდან გავარდა, უკან კი მისკენ მომზირალი სამი გაშტერებული ადამიანი დატოვა.
-კაააარგი. – ამოიხვნეშა მარიკამ და წარბი მოისრისა. – ამას ნამდვილად არ ველოდი. რა ჯანდაბა სჭირს მაგ გოგოს? ეს უნდა, ის არ უნდა… მასე მაგის დაკრულზე იქნება ყველაფერი, არ უნდა?
-და პაემანზე რომ დაგპატიჟა, შენ დათანხმდი? – მშრალად იკითხა დათომ და მკლავები გადააჯვარედინა. ელენე უხერხულად შეიშმუშნა.
-შევყოყმანდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ოფიციალურად არც კი უთქვამს, რომ პაემანზე დამპატიჟა, უბრალოდ მითხრა, რომ იოგურტის ჭამა… – დაიწყო ელენემ, მაგრამ მარიკას ფრუტუნმა სიტყვა შეაწყვეტინა.
დათომ უკმაყოფილოდ გადმოხედა მარიკას, მერე კი მზერა ისევ ელენეს მიაპყრო.
– იცი რა? – თქვა მან. – ძალიანაც კარგი, რომ დათანხმდი.
-როგორ? – მოუბრუნდა ელენე. – რას ამბობ, დათო? გგონია, რომ მაგას გავაკეთებ…
-თვითონ გითხრა, არ ატკინოო. – მხრები აიჩეჩა დათომ. – როგორც ჩანს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ გამყრელიძე ბედნიერი იყოს, ვიდრე ის, რომ მასთან იყოს. – მან თავი გადააქნია. – ნახევრად მესმის კიდეც.
-ნუ როშავთ ერთი, ერთიც და მეორეც… – ტუჩი აიბზუა მარიკამ. – გავიგეთ, რომ გამყრელიძეზე გიჟდება. და მერე? ეგ არაფერს არ ცვლის, ხომ ხვდებით? აშკარაა, რომ შეგუებულია იმ აზრს, რომ გამყრელიძემ შენ დაგადგა თვალი, ელენე…
-კარგი ერთი… – თავი გადააქნია ელენემ. – უბრალოდ არ მესმის. მე მეგონა…
-მატილდაზე ნუ იფიქრებ. – უთხრა დათომ. – გამყრელიძე ძალიან არ მეხატება გულზე, მაგრამ ძალიან ცუდიც არ ჩანს. პლუს, ვინმე გჭირდება ახლა შენ, რომ ბაბლუანი დაივიწყო.
ელენე აწითლდა, მეგობარს დაუბღვირა.
-სულაც არ მჭირდება. – თქვა მან და თავი გაატრიალა.
-დიახაც, არავინ არ სჭირდება, გაიგე? – თითი მკლავში ატაკა მარიკამ დათოს. – ყვები აქ ზღაპრებს. ელენე თავისით მოაგვარებს ამ პრობლემებს, მაგ თავსივა ლოდთა ლოდი ბაბლუანის და ჯაშუში, ყოყლოჩინა გამყრელიძის გარეშე, გასაგებია? – მკაცრი მზერა მოავლო ორივეს, მერე კი დაიხარა და ჩანთიდან თავისი ქიმიის სახელმძღვანელო ამოაძრო. – ახლა სუსი არ იყოს თქვენი, გესმით? ჩვენი სუნსულა ქიმია შემხრაკავს, თუ დღესაც არ მეცოდინება გაკვეთილი… და ელენე, თუ ღმერთი გწამს, წადი, გოგო სახლში, თორემ ისე გამოიყურები, თითქოს ცოტაც და დავარდები, რა… – მარიკამ წარბი ასწია და ქიმიის სახელმძღვანელო შრიალით გადაშალა.
-მართლა, სიცხე ხომ არ გაქვს შენ? – ჩაეკითხა დათო. – გაწითლებული ხარ…
-არაფერია, ალბათ ცოტათი გავცივდი. – მხრები აიჩეჩა ელენემ და მერხზე გადადებულ ხელსახოცების შეკვრას გადასწვდა, ერთი ამოაძრო. – წვიმაში მოვყევი, თან იმ დღეს გოჩა მასწავლებელმა გაკაჟების მიზნით ამდენი გვარბენინა… არა უშავს, გამივლის მალე.
-მაშ კარგი. – უთხრა დათომ და თავი გვერდზე გადასწია. – მიხედე შენს თავს. – დაამატა მან.
ელენეს გაეცინა.
-კარგი. – მიუგო პასუხად და შეტრიალდა, მერხზე გადაშლილ ქიმიის სახელმძღვანელოს დააშტერდა.
მალე ზარიც დაირეკა.
-*-*-*-*-
ელენემ თავი მოისრისა და გმინვით დადო გახურებული შუბლი მერხზე. მართლა არ იცოდა, თუ რა იყო უარესი. ბოლო სამი დღე საშინლად გრძნობდა თავს, თავი სტკიოდა, და აშკარა იყო, რომ სიცხეც ჰქონდა, თუ აწითლებულ სახესა და მის თერმომეტრზე გამოჩენილ ოცდაჩვიდმეტსა და ექვს ხაზს თუ დაუჯერებდა. ხველაც დაეწყო, ხან სციოდა, ხან სცხელოდა, და დისორიენტირებული იყო. მამამისმა როგორც კი დაინახა, შეწუხდა და კინაღამ აუკრძალა სკოლაში წასვლა, მაგრამ ელენეს მალე საკონტროლო ჰქონდა ისტორიაში, რასაც ვერაფრის დიდებით ვერ გააცდენდა, ამიტომ მოახერხა მამის გადარწმუნება.
ამას ისიც დაემატა, რომ უფრო ხშირად ხედავდა დერეფნებში ბაბლუანს. თითქმის ისე იყო, რომ ხანდახან მოეჩვენა კიდეც, რომ ბაბლუანი უკან დაყვებოდა, რაც იცოდა, რომ შეუძლებელი იყო. დემეტრე ჩაუვლიდა, დაჟინებით დააშტერდებოდა, წარბებშეკრული, ახედ-დახედავდა და ისევ არიდებდა თვალს. ხანდახან ელენე ზურგზეც გრძნობდა მის მზერას. რამდენჯერმე შემთხვევით დაინახა, თუ როგორ ჩაუარა მათ საკლასო ოთახს ბაბლუანმა და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
ისიც იყო, რომ მატილდა აღარ ენახა იმ საუბრის შემდეგ, სამი დღის წინ. აშკარა იყო, რომ გოგონა თავს არიდებდათ სამივეს, და ელენე ცუდად გრძნობდა თავს ამის გამო. არც კი იცოდა, თუ რა ეთქვა მატილდასათვის, რომ მათი ურთიერთობა ისევ ძველებური ყოფილიყო.
ახლა კი მისი მეგობრები, მეტადრე მარიკა, თავს დაჰფოფინებდნენ. მარიკა წამდაუწუმ შეიცხადებდა და ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ საჭირო იყო სახლში წასვლა.
-ელენე, გპირდები, რომ თუ მალე არ წახვალ სახლში და არ მიხედავ შენს თავს, დათოს მოვაკიდინებ ხელს და ერთად წაგათრევთ! – დაემუქრა ის. დათო ჩვეული მშრალი სახით იჯდა, ელენემ თვალები გადაატრიალა.
მარიკა გაიბერა.
-საფურავს ჩავყრი ტუალეტში, იცოდე! – ატყდა ის. – მთელი სკოლა რომ საზიზღარი სუნით გაივსება, მაშინ ხომ იკადრებ სახლში წასვლას?
-რამდენი წლის ხარ შენ საერთოდ. – წარბები აზიდა დათომ. მარიკამ დაუბღვირა.
-გენაცვალე, ელენე, ჩემო გოგო… – ხმა დაიტკბო მან. – იცოდე, თუ შენს თავს არ მიხედავ და არ წაბრძანდები სახლში, ჩემი ხელით წაგათრევ.
ელენემ თავი გადააქნია და საპასუხოდ პირი გააღო, მაგრამ არ აცალეს.
-ელენე! – მოესმა გვერდიდან და თვალები ჭყიტა, ინსტინქტურად ფეხზე წამოვარდა. გაოცებული მიაშტერდა მაიკოს, რომელიც გაბადრული მოიწევდა მისკენ.
-მაიკო… – აღმოხდა მას და მოახლოებულ გოგონას მაგრად ჩაეხუტა. მაიკო იცინოდა და მაგრად უჭერდა მკლავებს. ელენეს თვალები უფრო გაუფართოვდა, როცა გოგონას უკან ტასო და საკლასო ოთახის კართან მდგარი, მკლავებგადაჯვარედინებული ბაბლუანი დაინახა, რომელიც ოდნავი, თვითკმაყოფილი ღიმილით მოშტერებოდა.
-ტასო დეიდა… – ამოისუნთქა გოგონამ, როცა მაიკომ უკან დაიწია. ბაბლუანს მზერა მოსწყვიტა და მისკენ გამოწეულ, აცრემლებულ ქალს ჩაეხუტა. – აქ რას აკეთებთ? – დაბნეული მიაშტერდა ორივეს, როცა უკან დაიწია.
-რას ქვია, რას ვაკეთებთ. – ღიმილით წაჰკრა მკლავზე მაიკომ ხელი. – სალაპარაკოდ, რა თქმა უნდა!
-დაგირეკეთ, მაგრამ ტელეფონი გაქვს გამორთული. – წარბები ასწია ტასომ და მკლავები გადააჯვარედინა, მაგრამ სახე ისევ უცინოდა.
ელენემ ინსტინქტურად ჯიბეზე იტაცა ხელი, მაგრამ ტელეფონი იქ არ დაუხვდა. მომენტალურად გაახსენდა, რომ მობილური ტელეფონი დაუჯდა ორიოდე დღის წინ, და ალბათ დაავიწყდა შეერთება.
-ჰო, ბოდიში… -გაიცინა მან და შუბლი მოისრისა, უფრო გახურებული მოეჩვენა, მერე კი ცხვირზე დაიჭირა თითი, როცა იგრძნო, რომ ცოტა ხანში დააცემინებდა. – ამ ბოლო დროს ვერ ვარ კარგად. დამავიწყდა ტელეფონის შეერთება…
-ელენე… ვაიმე შენ მოგიკვდი, ავად ხარ? – მისკენ წამოიწია შეწუხებული ტასო, და მარჯვენა ხელი შუბლზე სტაცა, მერე კი კრთომა აღმოხდა. – ჩემი სიკვდილი რატომ არ არის… სიცხე გაქვს…
-ვიცი, ტასო დეიდა, უბრალოდ დღეს ისტორიაში ტესტი გვაქვს და ვერ გავაცდენ… – დაიწყო ელენემ.
-რას ქვია ვერ გააცდენ. – ჩაიბუზღუნა მარიკამ და ელენემ ამოიხვნეშა. – მასწავლებელს რომ უთხრა, აუცილებლად გადაგატანინებს, მაგრამ შენ ჯიუტობ და ვირივით იქცევი.
-ელენე, ასე როგორ შეიძლება! – მაიკო მკლავში სწვდა. – ძალიან ცუდად გამოიყურები…
-არა, მართლა არა უშავს, გამოვკეთდები. – თავი გადააქნია ელენემ და მოიჭმუხნა, როცა მოულოდნელად თავბრუ დაეხვა, თვალები დაებინდა, საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებს სცემდნენ.
-არა, გენაცვალე, ასე არ გამოვა… – ტასომ ფრთხილად მოჰკიდა მკლავში ხელი და კარისაკენ წაიყვანა. – ახლავე ექთანთან გავალთ…
ელენემ თვალები მაგრად დახუჭა, ტასოს მოძრაობას დაჰყვა. უკან ბუნდოვნად ესმოდა ნაბიჯები, ალბათ მაიკო, მარიკა და დათო მოსდევდნენ…
მერე კი თავი ასწია და მისი მზერა პირდაპირ ბაბლუანს შეეჩეხა, რომელიც კართან იდგა და რომელსაც უფრო და უფრო უახლოვდებოდა.
ისევ ხველებამ წამოუარა, წელში მოიხარა და იგრძნო, თუ როგორ უკანკალებდა ფეხები. შეკრთა და ძლივს წამოსწია თავი, როცა იგრძნო, თუ როგორ შეუყარეს მკლავქვეშ მკლავი და როგორი ძალით ასწიეს.
-დედა, შეხედე, ექთანი უშველის ამას? – მოესმა ბაბლუანის ცივი ხმა გვერდიდან და ერთიანად დაიჭიმა, წამიერად ყურებს არ დაუჯერა, გაშტერებული ჩაჰყურებდა მოშორებით, დერეფანში დაგებულ ფილაზე გაჩენილ პაწაწინა ბზარს. – ცეცხლი უკიდია თითქოს. არც კი მიკვირს, რომ ასე გაიცივა თავი. – დაამატა მან და ელენეს ჰაერი გამოექცა ფილტვებიდან როცა იგრძნო, თუ როგორ მოსჭიდა ხელი ბაბლუანმა და უფრო მაგრად ასწია, უფრო მაგრად მიიხუტა გვერდზე, მერე კი დერეფანში წაათრია.
-რეე! – გაიძახოდა მაიკო. – მოიცადე!
-ბაბლუანი, დააგდე ახლავე, თორემ არ ვიცი რას გიზამ! – კიოდა მარიკა. – ბაბლუანი მეთქი! ოე! სად მიგყავს? ოე, მოტაცებაა! იტაცებენ! პოლიციას გამოუძახეთ ვინმემ…
-მარიკა, გაჩუმდი, რა იქნება? – გაისმა დათოს გაბეზრებული ხმა. – ნუ როშავ რაღაცას…
-რეე, ცოტა ნელა მოჰკიდე ხელი! – ტასოს ხმა უახლოვდებოდათ. ელენემ ძლივს შეისუნთქა, შეეცადა, რომ ბაბლუანს მოშორებოდა, რომ მისი მკლავი მოეშორებინა, რომელიც მარწუხივით შემორტყმოდა ზურგზე და გასასვლელისაკენ მიათრევდა, მაგრამ არ შეეძლო. მხოლოდ შეეძლო, რომ აცოდავად ელუღლუღა და ბანცალით გაჰყოლოდა მას გვერდით.
-დემეტრე, თავი დამანებე… – ძლივს ჩაილაპარაკა მან და წარბები შეკრა, დაბინდული თვალები მოჭუტა, როცა შედარებით ჩაბნელებული დერეფნიდან გარეთ გავიდნენ. – ხელი გამიშვი…
-ნუ სულელობ. – უთხრა ბაბლუანმა. – ისტორიის საკონტროლო, არა? როცა სანახევროდ ფეხზე ვერც დგახარ?
-შენ რაში გაინტერესებს… – შეეწინააღმდეგა ელენე და ამოიხვნეშა, ერთი სული ჰქონდა, რომ დამჯდარიყო, ახლაღა გრძნობდა, თუ როგორ ღლიდა ეს სწრაფი სიარული. – უბრალოდ დამანებე თავი, რა იქნება…
-თავი რომ დამენებებინა, ახლა წაქცეული იქნებოდი. – მშრალად მოუჭრა ბაბლუანმა და ელენემ მანქანის კარის ჩხაკუნი გაიგონა და წარბები შეკრა, როცა დემეტრემ შიგნით შესვა და ელვის სისწრაფით შეუკრა ღვედი.
-მოდიხართ? – გასძახა მან ტასოსა და მაიკოს, რომლებიც სწრაფი ნაბიჯით მოიჩქაროდნენ, გასასვლელთან ახლოს დათო მარიკას აკავებდა, რომელიც აშკარად წინ გამოჭრას ლამობდა.
-ბაბლუანიიი! – გაჰყვიროდა ის. – რას აკეთებ თუ იცი, შე ხისთავიანო! ელენე დააბრუნე, ახლავე!
ბაბლუანს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, დაელოდა, სანამ ტასო და მაიკო ქოშინით ჩასხდებოდნენ მანქანაში, მერე კი მძღოლის სავარძელში ჩაჯდა, დაქოქა და ელვის სისწრაფით გავარდა ტრასაზე.
ელენე დისორიენტირებული იჯდა, სანახევროდ ვერც კი გაეგო კარგად, თუ რა მოხდა და რა ხდებოდა. იმასღა გრძნობდა, თუ როგორ უსვამდა უკანა სავარძლიდან ტასო შუბლზე ხელს, და როგორ უყვიროდა მაიკო ძმას, რომ ასე სწრაფად არ ევლო. ცოტა ხნის შემდეგ ბაბლუანმა მანქანა სახლთან გააჩერა, ელენე ისევ გადმოათრია და სანახევროდ ხელში აყვანილი წაიყვანა სახლისაკენ.
-მაიკო, სწრაფად მოიტანე ჩვენი წამლების ყუთი, და თერმომეტრიც მომირბენინე… მე ჩაის მოვადუღებ… რეე, დროზე აიყვანე თავის ოთახში და დაეხმარე, რომ მაგხელა ჟაკეტი გაიძროს, გაიოფლება ბავშვი! – მოაძახა ტასომ, სანამ ბაბლუანი ელენეს კიბეებზე მიათრევდა.
-დემეტრე, უბრალოდ დამანებე მეთქი… – ამოილუღლუღა გოგონამ და ამოიგმინა, როცა ბაბლუანმა კარი შეაღო და ლოგინთან მიიყვანა, მერე კი ძალით დასვა ზედ. ელენეს ინსტინქტურად ძალიან ესიამოვნა თავისი ოთახის დანახვა, მაგრამ მისი გონების ლოგიკური ნაწილი საშუალებას არ აძლევდა, რომ ამ სასიამოვნო გრძნობაზე კონცენტრირებულიყო. მხოლოდ და მხოლოდ სურდა, რომ ბაბლუანს მისთვის ხელი გაეშვა, თავი დაენებებინა, აღარ დალაპარაკებოდა… ნუთუ ეს ასეთი ძნელი და გაუგებარი თხოვნა იყო?
-რას აკეთებ? – ძლივს ამოთქვა მან, როცა იგრძნო, თუ როგორ გაუხსნა მის წინ დაჩოქილმა ბაბლუანმა თბილი, ნიკაპამდე შეკრული შალის ჟაკეტის ელვა შესაკრავი. – შენ რა… დემეტრე, რას აკეთებ მეთქი…?
-გაჩუმდი. არც მე მეხალისება ამის გაკეთება, მაგრამ ვერ გაიგე, დედაჩემმა რა მითხრა? – ცივად მიუგო ბაბლუანმა. – აქ რომ ამოვა და თუ ისევ ამ ჟაკეტით დაგინახა…
-შენ როდის აქეთ გეშინია ტასო დეიდასი? – გაეცინა ელენეს და დაბინდული თვალები დაახამხამა, ბაბლუანს დახედა. – სულაც არ გაინტერესებს, ის რას იტყვის…
-გაჩუმდი და ხელი ასწიე. – უთხრა ბაბლუანმა, მკლავი ააწევინა და ჟაკეტი მხრებზე გადახადა, მერე კი მთლიანად გააძრო. გოგონას შიგნით მხოლოდ გრძელსახელოებიანი, შედარებით თხელი მაისური ეცვა. ოთახში თბილოდა, მაგრამ მაინც ოდნავ შეაჟრჟოლა სხეულზე მყოფი სიცხის უცაბედი მოშორების გამო.
აპირებდა, რომ დაეწუწუნა სიცივის შესახებ, მაგრამ შეკრთა, როცა დაინახა, თუ როგორ დაიხარა მისი ფეხსაცმლისაკენ ბაბლუანი. წამიერად თავი გადააქნია, არც კი სჯეროდა, რომ უყურებდა, თუ როგორ გაუსხნა დემეტრემ ფეხსაცმელზე თასმები და როგორ გააძრო.
-ახლა რაღას აკეთებ? – ძლივს ამოილუღლუღა მან. თავბრუ დაეხვა, ძილი უფრო და უფრო ერეოდა. თავი აუტანელად სტკიოდა და უბრალოდ უნდოდა, რომ დაესვენა. მთლად დარწმუნებულიც კი არ იყო იმაში, რომ ეს ყველაფერი არ ესიზმრებოდა.
-თუ გგონია, რომ შენი ფეხსაცმლით ლოგინის დასვრის უფლებას მოგცემ, ძალიანაც ცდები. – ცივად მიუგო ბაბლუანმა და ფეხზე წამოდგა, მკლავები გადააჯვარედინა. – აბა? – წარბები ასწია მან, როცა ელენე უსიტყვოდ მიაშტერდა. – დაწექი და ნუ მომჩერებიხარ.
-ალბათ მესიზმრები. – თქვა გოგონამ დაუფიქრებლად და თავი გადააქნია, მერე კი დაიგმინა, როცა ამ მოძრაობამ უფრო მეტად ატკინა საფეთქლები. ლოგინზე გადაცოცდა, საბანი ასწია და შიგნით ჩაძვრა, ბალიშზე კომფორტულად დადო თავი. – ალბათ მესიზმრები. – გაიმეორა მან ლუღლუღით, გრძნობდა, თუ როგორ იპყრობდა ძილი.
ოთახში სიჩუმე სუფევდა, ელენეს ბუნდოვნად ესმოდა ბაბლუანის სუნთქვის ხმა, რომელიც ჯერ კიდევ ახლოს იდგა საწოლთან. „უბრალოდ მესიზმრება.“ გონებაში გაიმეორა მან. „უბრალოდ სიზმარია, მეტი არაფერი.“
რამდენიმე წუთის შემდეგ თითქოს იგრძნო ნაზი შეხება შუბლსა და საფეთქელზე, რომელიც მის ახურებულ ლოყაზე გადმოვიდა და ფრთხილად შეეხო მის წამწამებს, მაგრამ ეს შეხება მალევე გაქრა.
ალბათ ესეც მოეჩვენა.
ეს ხომ სიზმარი იყო.
-*-*-*-*-
-არ მჯერა, რომ ასე გაცივდა ბავშვი… – თავს აქნევდა ტასო, თან გამეტებით ურევდა ბრინჯის ფაფას, რომელსაც ოხშივარი ასდიოდა ქვაბში.
-დათომ მითხრა, რომ წვიმაში მოხვედრილა და ამიტომ გაცივდა ასე. – თქვა მაიკომ და მეათასედ გახსნა და ჩხაკუნით დახურა თერმომეტრის ჩასადები. – ჰო, გიორგი ბიძიას დაურეკე? – ჰკითხა მან.
-კი, რა თქმა უნდა. – წარბები ასწია ტასომ. – მალე მოვა. გადაირია კაცი.
-აბა რა იქნებოდა. – ამოიხვნეშა მაიკომ. – ასე ავად ელენე არ მინახავს. რეემ კარგი ქნა, რომ ჩვენთან წამოიყვანა.
-რეემ საერთოდ მართლა კარგი რამ გააკეთა, მის სანახავად რომ წამოგვიყვანა. – ღიმილით გადმოხედა ტასომ. – არ მეგონა, რომ ასე უცებ დათანხმდებოდა ჩემს თხოვნას.
-არ მიკვირს, რომ დათანხმდა… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მაიკომ.
-ჰმ? რამე მითხარი, დედი? – ინტერესით გამოხედა ტასომ. მაიკომ თავი გადააქნია.
-არა, არაფერი… წავალ, შევამოწმებ თუ გაიღვიძა. თუნდაც ესაუზმა დილას, მთელი დღეა არაფერი უჭამია… – მაიკო ფეხზე წამოდგა. – ნეტა როგორც კი ჩაწვა, მაშინვე არ დასძინებოდა და ეჭამა რამე.
ტასომ უკან დაიწია და კედელზე ჩამოკიდებულ საათს გადახედა.
-უკვე ხუთი საათია, რაც სძინავს. – ამოიხვნეშა მან. – კარგია მისთვის, მაგრამ მშვენიერი იქნებოდა, თუ ჭამდა რამეს და წამალს დალევდა. რა სიცხიანია, დედა დედა, მაგას მოვუკვდი… – თავი გადააქნია ქალმა.
-გაიღვიძებს ალბათ მალე. – თქვა მაიკომ და კარისაკენ გაემართა. – წავალ, დავხედავ.
-მიდი, დედი. – მოაძახა ტასომ, მაიკო კი კიბეებზე ავარდა.
მაიკო ძალიან კარგადაც ხვდებოდა, თუ რატომ დათანხმდა მისი ძმა ასე იოლად დედამისის შემოთავაზებას. დედა ძალიან შეწუხებული იყო იმის გამო, რომ ელენე მათ ზარებს არ პასუხობდა, ამიტომაც სთხოვა რეეს სკოლაში გაყვანა, რადგან მისი მანქანა მამას ჰქონდა წაყვანილი. რეე კი ალბათ იმიტომ დათანხმდა, რომ იმედოვნებდა, რომ ტასო და თვითონ მოახერხებდნენ ელენეს დარწმუნებას, რომ სახლში დაბრუნებულიყო.
მაიკო თითქმის დარწმუნებული გახლდათ ამაში.
თავი გადააქნია, როცა კიბეების თავს მიაღწია. აშკარა იყო, რომ მისი ძმაც, ოჯახის დანაჩენ წევრებთან ერთად, ელენეს აქ ყოფნის გარეშე ჩვეულებრივზე უფრო პასიურ და ზოგადად, ცუდ ხასიათზე გახლდათ. მაიკოს არ უჭირდა ამის შემჩნევა და დარწმუნებული იყო, რომ მისი ძმაც გრძნობდა ამას, იმის მიუხედავად, რომ არ აღიარებდა.
„ცოტა უფრო გულწრფელი რომ იყოს, რა დაშავდებოდა?“ გაიფიქრა გაღიზიანებულმა გოგონამ და ელენეს კარს მიუახლოვდა, ხელი სახელურისაკენ გაიშვირა.
მერე კი შედგა და თვალები ჭყიტა, როცა შეამჩნია, რომ კარი ცოტათი იყო შეღებული.
არადა ძალიან კარგად ახსოვდა, რომ ელენეს დედამისმა საბანი ამოუკეცა, საწოლისპირა ტუმბოზე წყალი დაუდგეს და მაიკომ თავისით გამოკეტა კარი.
გოგონამ წამსვე პირზე მიიფარა ხელი და დაიხარა, ოთახში შეიხედა. მისდა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად ჩანდა საკმაოდ მოზრდილი ღრიჭოდან.
მისი ძმა იდგა ლოგინთან, ელენეს თავზე დახრილიყო და მაიკომ თავი ძლივს შეიკავა, რომ ისტერიულად არ წამოეწყო სიცილი.
მარჯვენა მხარეს, კედელზე მიმაგრებული საღამური სინათლე ენთო, და მთელ ოთახს ნაზი ოქროსფერი დასდებოდა. და ამ ოქროსფერ სინათლეზე მაიკო მშვენივრად ხედავდა, თუ როგორ ედო ელენეს ლოყაზე რეეს ხელი, და იმის მოწმე გახდა, თუ როგორ მიეკვრნენ მისი ძმის ტუჩები ელენეს სიცხისგან გაწითლებულ ტუჩებს.
მაიკო დაშოკილი, გაბადრული და პირდაღებული იყურებოდა ღრიჭოში, არ სჯეროდა იმის, რასაც ხედავდა, მაგრამ ამავდროულად, წარმოუდგენლად უხაროდა ის, რასაც ნიშნავდა მომხდარი ამბავი.
მერე კი მისი ძმა გასწორდა, ოდნავ ჩამოუსვა სახის გვერდზე ელენეს თითები და უკან დაიწია. მაიკო მთელი სხეულით მოემზადა, რომ გვერდზე გამხტარიყო და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს აქაც არაფერი, თუ მისი ძმა დააპირებდა კარისაკენ წამოსვლას, მაგრამ მისი მოლოდინის მიუხედავად, რეემ ტუმბოსთან მდგარი პატარა სკამი ახლოს მიითრია და ზედ ჩამოჯდა, ლოგინთან ახლოს.
ცოტაც და მაიკოს ყბა სამუდამოდ დარჩებოდა ჩამოვარდნილი.
წელში გასწორდა და ხელები დაისრისა. უკვე საკმარისი იყო ის, რაც ნახა. ყველანაირი საბუთი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა.
ღრმად ამოისუნთქა და კარი შეაღო, ოთახში თამამად შეაბიჯა და გაიბადრა, როცა რეე მკვეთრად მოტრიალდა მისკენ.
-გაუმარჯოს, ძამიკო… – მიუგო მას და ელენეს გადახედა, რომელსაც ისევ ტკბილად ეძინა, საბანში გამოხვეულს. – აქ რას აკეთებ?
-არაფერს. – რეე ფეხზე წამოდგა, სკამი ისევ ტუმბოს გვერდით დადო და მაიკოს მშრალად სტყორცნა მზერა. – მივდიოდი უკვე.
-მაინც, რეე? – წინ გადაუდგა მაიკო. – რაო, რა მინდაო?
რეე მოიღუშა, წარბები შეკრა და თვალებმოჭუტული დააშტერდა. მაიკომ გაუცინა.
-ეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მეთქი, შევამოწმებ, ხომ არ მოკვდა მეთქი. – ძლივს ამოღეჭა რეემ.
-ოჰ? – გულზე ხელი მიიდო მაიკომ საპასუხოდ. – მართლა? მგონი ძალიან კარგად იცი, რომ ეს გაციება არავის არ მოკლავს, ძამიკო… სხვა მიზეზის გამო ხომ არ შემოხვედი? ხომ არ ნერვიულობდი?
-ნუ სულელობ. – მკაცრი მზერა სტყორცნა რეემ. – გავდივარ.
მაიკომ ტუჩები გაბუსხა, თვითკმაყოფილი მზერა გააყოლა ძმას, რომელიც უკანმოუხედავად გადიოდა ოთახიდან.
-რეე, კარგად იქნება. – მიაძახა მან და გაიბადრა, როცა მისი ძმა წამიერად შედგა. მერე კი რეე უსიტყვოდ დაიძრა და ოთახიდან გავიდა.
მაიკომ კიდევ ერთხელ დაისრისა ხელები და სანახევროდ ცეკვით მივიდა ელენეს საწოლამდე. გოგონას ისევ ეძინა, მაგრამ მისი სახის ნაკვთების მოძრაობა და ლოგინში გვერდის ცვლა ალბათ იმას მოასწავებდა, რომ მალე გაიღვიძებდა.
მაიკომ კიდევ ერთხელ გაიღიმა და შემობრუნდა, ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
დედასთან ერთად უნდა მოემზადებინა საჭმელი ელენესათვის.
14-*-*-*-*-*-
ელენე ნელა, ძლივს გამოცურდა ბურანიდან, თან ყველანაირად შეეცადა დამძიმებული თვალები გაეხილა. ოთახი ჩამობნელებული იყო, მარცხნიდან ხედავდა, თუ როგორ ეცემოდა ოქროსფერი, ნაზი სინათლე.
თავი სტკიოდა და უჭირდა დამძიმებული ქუთუთოების აწევა, მაგრამ თვალები მაინც გაახილა და დაიგმინა, ნელა წამოიწია. სახე და სხეული ერთიანად უხურდა, და გრძნობდა, როგორ სიმძიმედ ეჩვენებოდა მკერდზე შემოხვეული, გვერდებში ჩაჭყუნული სქელი საბანი, რომელშიც უსაშველოდ გაბურდოდა ფეხები.
წამოწევა სცადა, ფეხები ძლივს გაითავისუფლა საბნის ქვეშ და ბალიში ასწია, ქშენით წამოჯდა, საწოლის თავს მიეყუდა. საბანი წელამდე ჩამოუცურდა და შეაჟრჟოლა, ამიტომ სწრაფად ასწია და მხრებზე შემოიხვია, მერე კი ოთახი მოათვალიერა. ნაცნობი იყო მარცხნიდან, საღამური სანათურიდან მომავალი, სასიამოვნო ოქროსფერი სინათლე, ოდნავ შეღებულ კართან ახლოს დადგმული მერხი, რომელიც უცნაურად ცარიელი ჩანდა, ასევე მარჯვნივ, კედელთან დამდგარი კარადა…
ელენე შეკრთა.
თვალები ჭყიტა, როცა მიხვდა, თუ სად იმყოფებოდა. როგორც ჩანდა, იმდენად შეეჩვია აქ ყოფნას და იმდენად არაბუნებრივი იყო მისთვის სასტუმროს ოთახში გაღვიძება, რომ უცხო ადგილას არ იგრძნო თავი, როცა გაიღვიძა, იმის მიუხედავად, რომ აქ აღარ ცხოვრობდა. მტკივანი საფეთქელი მოისრისა და შეეცადა გაეხსენებინა, თუ რა მოხდა.
გაახსენდა ისტორიის საკონტროლო, თერმომეტრზე გამოჩენილი ოცდაჩვიდმეტი და რვა ხაზი, მამამისის გადარწმუნება, მერე კი ტასოსა და მაიკოს გაბადრული სახეები,რასაც მათი შეწუხებული გამომეტყველებები მოჰყვნენ. მერე კი გაახსენდა ბაბლუანის სახე, რომელიც დაჟინებით მიშტერებოდა, მის მკლავქვეშ შემოცურებული ხელი, და როგორ ასწია ბაბლუანმა, როცა ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ჩაიკეცებოდა. გაახსენდა,თუ როგორ ამოათრია დემეტრემ კიბეებზე და როგორ გააძრო შალის ჟაკეტი და ფეხსაცმელები საკუთარი ხელით, რასაც მისი სიცხის, გაოცებისა და დისორიენტირების გამო წარმოთქმული სიტყვები მოჰყვა.
„ალბათ მესიზმრები.“
ელენემ საბნიდან ხელი ამოაძვრინა, რომ შუბლი მოესრისა, მერე კი ამოიგმინა. არ სჯეროდა, რომ ბაბლუანის წინ ასეთი რაღაც წარმოთქვა, მაგრამ როცა მან საკუთარი ხელით გახადა შალის ჟაკეტი და მის წინ დაიჩოქა, რომ თასმები გაეხსნა და მისი თბილი ფეხსაცმელი გაეძრო, ელენეს მართლა მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა, იმდენად წარმოუდგენელი და სურრეალური იყო ბაბლუანის მოქმედება. საერთოდ, მისი ნებისმიერი ქმედება დღეს ძალზე უცნაური იყო. რატომ წამოიყვანა ბაბლუანმა? რატომ არ მიაბარა უბრალოდ კლარა ექთანს, და საერთოდ, რაში აინტერესებდა მას ელენეს ჯანმრთელობა? „ნუთუ ისე ძალიან უნდა რომ აქ დავბრუნდე, რომ ფაქტიურად ძალით წამომიყვანა სკოლიდან?“ გაიფიქრა გოგონამ და თავი გადააქნია. არ ესმოდა რა ხდებოდა, რა რაღაც ეუბნებოდა, რომ ბაბლუანის გარდა ვერავინ ვერ ეტყოდა ამ კითხვის პასუხს.
გოგონა შეკრთა და კარისაკენ გაიხედა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგონა, რომლებიც მის ოთახს უახლოვდებოდნენ. ელენეს სუნთქვა აუჩქარდა და წამიერად გაიფიქრა, რომ ემჯობინებოდა თუ არა ისევ დაწოლილიყო და ისე მოეჩვენებინა თავი, თითქოს ეძინა…
გადაწყვეტილების მიღება აღარ დასცალდა, რადგან კარში მაიკომ შემოჰყო თავი და როგორც კი თვალი ჰკიდა ელენეს, მაშინვე გაიბადრა. გოგონამ საპასუხოდ გაუღიმა და შვებით ამოისუნთქა. ეგონა, რომ ბაბლუანი მოდიოდა, მისი ნახვა და თვალებში შეხედვა ახლა სულაც არ უნდოდა, ძალიან უხერხული იყო.
-ელენე! – მისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა მაიკო. – როგორა ხარ?
-რა ვიცი… – გოგონას ხმა ჩახრინწოდა და სწრაფად ჩაახველა ყელისჩასაწმენდად, რომელიც რამდენიმე ძლიერ, მშრალ ხველაში გადაეზარდა, რომლებმაც ყელი და გულმკერდი ატკინეს. მაიკო შეწუხებული მოშტერებოდა.
-მგონი ისევ სიცხე გაქვს… – ის წინ წამოიწია და შუბლზე ხელი მოადო, მერე კი თავი გადააქნია. – ისევე გამოიყურები, როგორც სკოლაში…
-ელენემ მიმოიხედა, ფანჯრისაკენ წაიგრძელა თავი. ფარდები გადაეწიათ, მაგრამ აშკარა იყო, რომ მოსაღამოვებული იყო, შეიძლება ღამეც.
-რამდენი ხანია, რაც აქ ვარ? -იკითხა მან და კიდევ ერთხელ, მაგრად ჩაახველა. მაიკომ საათზე დაიხედა.
-ექვსი საათი იქნება, რაც გძინავს, ახლა რვა სრულდება… ბოლო გაკვეთილიდან წამოგიყვანეთ. – უთხრა გოგონამ და კიდევ ერთხელ გადააქნია თავი. – ძალიან ცუდად გამოიყურებოდი. კარგი ქნა რეემ, რომ წამოგიყვანა…
-რატომ წამომიყვანა? – შეაწყვეტინა ელენემ. არ სურდა, რომ მაიკოსთვის ლაპარაკში შეეშალა ხელი, მაგრამ ვეღარ მოითმინა, ცნობისმოყვარეობის ჭია ღრღნიდა. – თქვენ უთხარით?
-არ გახსოვს? – წარბები ასწია მაიკომ და მკლავები გადააჯვარედინა. – მისი იდეა იყო… თქვა, რომ ექთანი ვერ მოგხედავდა სკოლაში, ხელი მოგკიდა და მანქანისკენ გაგათრია.
-ჰო, ბოლო ნაწილი კარგად მახსოვს… – ჩაიბურდღუნა ელენემ. – მაგრამ რატომ… მეგონა, რომ კმაყოფილი იყო, როცა წამოვედი. თავისი ნებით რატომღა წამომიყვანდა?
მაიკომ წარბები ასწია, გაკვირვებული გამომეტყველებით უყურებდა.
-კმაყოფილი იყო? – მერე კი გაიცინა და თავი გადააქნია. – ელენე, შენი წასვლით ჩვენგან არცერთი არ იყო კმაყოფილი, ამას გპირდები.
ელენემ ჩაიღიმა, უხერხულად შეიშმუშნა, იგრძნო, როგორ გაუწითლდა ისედაც ახურებული სახე.
-ჰო, დემეტრეს გარდა ყველა… – გაიცინა მან. – ბოდიში უნდა მოგიხადოთ…
-რა ბოდიში! – ხელი აუქნია მაიკომ და საპასუხოდ გაუღიმა. – ნუ ამბობ ერთი რაღაცას… და ყველაში მე ყველას ვგულისხმობდი, რეეს ჩათვლით. ისიც უკმაყოფილო იყო, როცა წახვედი. ჩვეულებრივზე ცუდ ხასიათზე იყო და ყველას უბღვერდა.
ელენეს გაეცინა, თუმცა ცოტა მწარე იყო ეს გაცინება. ძალიან კარგად იცოდა, თუ რატომ მოაკლდა ბაბლუანს მისი აქ ყოფნა.
-ჰო, არ გეწყინოს და ალბათ სახლში არაფერი ჰქონდა გასართობი… – მწარე ღიმილი სტყორცნა მან მაიკოს.
მაიკომ წარბები ასწია, გაოცებით შეხედა და ტუჩები მოიკვნიტა, მერე კი კარისაკენ გაიხედა.
-შენ მართლა მასე ფიქრობ? – შეეკითხა ის. ელენემ დაბნეულმა გადახედა.
-აბა როგორ უნდა ვიფიქრო? – იკითხა მან. მაიკომ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ დახურა და ღრმად ამოიხვნეშა.
-აბა ნახე. – უთხრა მან და კარისაკენ შეტრიალდა. სანამ გაკვირვებული ელენე სიტყვის ჩამატებას მოახერხებდა, მაიკო უკვე ხმამაღლა გაჰყვიროდა.
-ელენე? ელენე! კარგად ხარ? ელენე, რა გჭირს? გამოფხიზლდი! – დაიყვირა მან და მკლავები გადააჯვარედინა, ინტერესით შეშტერებოდა კარს.
ელენემ გაოცებისაგან პირი დააღო, უნდოდა ეკითხა, თუ რას აკეთებდა, რას გულისხმობდა და რისი მიღწევა სურდა მაიკოს ამ სიტყვებით, მაგრამ ხმა კისერში გაეჩხირა, როცა გარედან ხმამაღალი ბრახუნი მოისმა კიბის მხრიდან, თითქოს ვიღაც დაეცაო, რასაც მძიმე ნაბიჯები მოჰყვა.
ორი წამი არ იყო გასული, რომ ბაბლუანი შემოვარდა ოთახში.
-რას ნიშნავს… – დაიწყო მან დაჭიმული, სუნთქვაშეკრული ხმით, და მომენტალურად შედგა, როცა მაიკოს თვითკმაყოფილი სახე და ლოგინში წამოჭიმული, განცვიფრებული ელენე დაინახა, რომელიც ხან მაიკოს გადახედავდა, პირდაღებული, ხან კარში გაჩხერილ, ერთიანად დაძაბულ ბაბლუანს.
-ეს რა არის? – ისეთი ცივი ხმით დაისისინა ბაბლუანმა, რომ წამიერად ელენეს მოეჩვენა, თითქოს ოთახში ტემპერატურამ მომენტალურად დაიწია. – რა სისულელეს ღრიალებდი? ნორმალურად გამოიყურება…
-რა იყო, რეე, შეგეშინდა? – წარბები აზიდა მაიკომ, თან პირზე ხელი აიფარა, რომ სიცილი დაეფარა. – ისე გამოვარდი, მეც გამიკვირდა… კიბეებზე დაეცი? ისე ჩქარობდი, რომ ფეხი წამოჰკარი?
ბაბლუანს სახის ნაკვთებში სპაზმმა დაუარა, ტუჩები მაგრად მოკუმა და სწრაფად გადმოხედა ელენეს.
-სულაც არ იქნებოდა სასიამოვნო, არც ჩემთვის და არც არავისთვის, თუ ეს აქ მოკვდებოდა, ჩვენს სახლში. – მშრალად თქვა მან და ელენემ თვალები მოჭუტა, წარბები შეკრა. – ამიტომ ავჩქარდი. აი შენ კი… – მან თითი გამოუშვირა მაიკოს. – ასეთი რამეები აღარ გაიმეორო.
მაიკო გაიბუსხა, მაგრამ უზომოდ კმაყოფილი ჩანდა. გაბადრულმა გადმოხედა ელენეს და დაბნეულმა გოგონამ ინტერესით გადახედა, თვალებით ამ გაუგებარი სიტუაციის ახსნა სთხოვა…
-მაშ კარგი! – ხელები ერთმანეთს ტკაცუნით მიატყუპა მაიკომ. – აბა ახლა დაგტოვებთ…
-რას ქვია, დაგვტოვებ. – წარბი ასწია ბაბლუანმა და უსიტყვოდ შებრუნდა. – დაკავებული ვარ, სულაც არ ვაპირებ ჩემი დროის აქ გაფლანგვას.
-აი აქ დაჯდები, და აქ იქნები, სანამ მე საჭმელს დავხედავ, და სანამ საჭმელსა და წამალს ამოვიტან, გესმის? – ხმას აუწია მაიკომ, ტონი გაუმკაცრდა. – გინდა, რომ ელენე ცუდად გახდეს და არავინ იყოს მის გვერდით? ჰმ? მგონი გეშინოდა, რომ უცებ „მოკვდებოდა“… – მაიკომ ბოლო სიტყვა ირონიული ტონით წაიბურტყუნა. – ამიტომ მოდი, აქ დაეტიე და იყავი, სანამ საჭირო იქნება. თუ გირჩევნია ჩახვიდე და ქვაბიდან ამოსაფხეკ ფაფას მიხედო?
ბაბლუანს არაფერი უთქვამს, შემობრუნდა, ამოიხვნეშა და თვალები გადაატრიალა. მერე კი, ისეთი ნაბიჯით შემოვიდა ოთახში, თითქოს ყველაზე მძიმე საქმეს აკეთებდა ამ ქვეყანაზე.
მაიკომ სწრაფად მოათრია ლოგინთან ტუმბოს გვერდით მიდგმული სკამი და ძმას გაუღიმა. ელენემ წარბები ასწია, როცა დაინახა, თუ როგორი მოჭუტული თვალებით შეჰყურებდა ბაბლუანი დის მოქმედებას.
-დაჯექი, ძამიკო… – ხმა დაითაფლა მაიკომ, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, ელენეს მხარს ზემოდან კმაყოფილი მზერა სტყორცნა.
ელენემ გამავალ გოგონას მზერა მოსწყვიტა, ბაბლუანს გადახედა, რომელიც მძიმე ხვნეშით დაეშვა სკამზე, და საზურგეს მიეყუდა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ელენე გრძნობდა ჩამოწოლილ დაძაბულობას.
-თუ წასვლა გინდა, წადი, არავინ გაკავებს. – უთხრა მან ბოლოს. სულაც არ აპირებდა, რომ აქ მჯდარი ბაბლუანისათვის ეყურებინა მთელი საღამო.
-მართალი ხარ. – უთხრა ბაბლუანმა, მერე კი თვითკმაყოფილი გამომეტყველებით გაიღიმა. – მაგრამ შენ გინდა, რომ დავრჩე, არა?
-არ მინდა. – მკვახედ მიუგო გოგონამ, უკვე ყელში ამოსდიოდა ბაბლუანის ასეთი სიტყვები და საქციელი. ის ისე ლაპარაკობდა, თითქოს ელენეს მთელი არსი და სამყარო მის გარშემო ტრიალებდა, თითქოს გოგონა სულ მასზე ფიქრობდა, თითქოს სხვა არავინ არ აინტერესებდა და ელენეს ძალიან თავხედური ეჩვენებოდა ასეთი საქციელი და ასეთი აზრები. – მერჩივნა, დასიცხული ვყოფილიყავი კლარა ექთნის გაყინულ კაბინეტში და იქ დაღამებამდე მეცადა, სანამ მამაჩემი განთავისუფლდებოდა სამსახურიდან, ვიდრე შენ წამოგეყვანე. მე ხომ გითხარი, არ მსურს შენი დანახვა მეთქი. ხომ გითხარი, ხელი არ მომკიდო მეთქი? – ხმას აუწია გოგონამ. ბაბლუანი ჩვეულებრივზე უფრო მშრალი, სერიოზული და ცარიელი სახით შემოჰყურებდა.
-გასაგებია. – ცივად თქვა მან ბოლოს. – ესე იგი არანაირად არ ხარ მადლობელი, რომ პოტენციურ საავადმყოფოში გადაყვანას გადაგარჩინე და საკმარისი დრო დაგითმე ჩემი ისედაც შეზღუდული თავისუფალი დროდან, რომ აქ მომეყვანე…
-გთხოვა ვინმემ? – ხელები ზემოთ აისროლა ელენემ. – მე გთხოვე? მე შეგეხვეწე? არა! შენ თვითონ გააკეთე ეს, ამიტომ ნუ მოგაქვს თავი ისე, თითქოს მე ჩამოგეკიდე კალთაზე. – ძლივს ამოისუნთქა მან, მერე კი ისევ ხველება აუტყდა.
-საერთოდ, რატომ წამომიყვანე? – იკითხა მან, როცა ბოლოს და ბოლოს, ხველება ჩაუწყნარდა. – რად გინდოდა ჩემი აქ წამოყვანა?
-მე შენ გითხარი უკვე, მგონი. – წარბები შეკრა ბაბლუანმა. – ბოლოს და ბოლოს, ჩემი ოჯახის წევრები ასეთ მდგომარეობაში დატოვე, ამიტომ სიტუაციის გამოსწორება ისევ შენი პასუხისმგებლობა იყო.
-მე არ მინდოდა მათი დატოვება. – ხმა გაუუხეშდა ელენეს, დაჟინებით ჩააშტერდა ბაბლუანს მისკენ მომართულ ყავისფერ თვალებში, რომელთაც ოქროსფერი ელფერი დასდებოდათ მარცხნიდან მომავალი სანათურის შუქის გამო. – შენ რომ არ გაგეკეთებინა ამდენი სისულელე, არსადაც არ წავიდოდი.
ბაბლუანმა ჩაიფრუტუნა, მზერა გაატრიალა და თვალები დახარა. ელენეს თითქოს რაღაც გაეკვანძა მკერდში.
-არც კი აღიარებ. – ნელა თქვა მან, თავი ისევ ძალიან სტკიოდა და ამდენი ხანი ძილის მიუხედავად, ძალიან დაღლილად და მოთენთილად გრძნობდა თავს. – რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ლაპარაკს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, და ელენემ უსიტყვოდ გადახედა ბაბლუანს, რომელიც მოშვებული, უცნაური მზერით უყურებდა. მძლავრად ამოიხვნეშა.
-კარგი… – თქვა მან. – ტასო დეიდა სად არის?
-ანტიბიოტიკების საყიდლად წავიდა. – მიუგო ბაბლუანმა. – ამბობდა, საკმარისი არ მაქვსო.
ელენეს გაეცინა. ეს ისეთი ქმედება იყო, რასაც მხოლოდ ტასოსნაირი ქალი თუ გააკეთებდა.
-არადა არა მგონია, რომ ანტიბიოტიკი მჭირდებოდეს. – გაიღიმა მან თავისთვის. – ჩაები და თბილი აბაზანა საკმარისი იქნება, რომ მდგომარეობიდან გამოვიდე.
-მეც ეგ ვუთხარი. – წარბი ასწია ბაბლუანმა. – მაგრამ მიჯერებს? ორი შეკვრა ამოქსელინი თუ რაც ქვია გვქონდა მარტო და დაიჟინა, მეტი უნდა მოვიტანოო.
-ამოქსიცილინი ჰქვია მაგას. – გაიღიმა ელენემ და თავი გადააქნია. – ასე ძალიან არ უნდა წუხდებოდეს.
-რომ წუხდებოდეს, არც გააკეთებდა ამას. – ჩაეცინა ბაბლუანს და ელენემ ინტერესით მიაპყრო მისკენ მზერა. – შენ დედაჩემს მასე კარგად არ იცნობ. თუ არ უნდა, ვირზე ჯდება და არ ჩამოდის.
ელენეს ძალაუნებურად გაეცინა.
-ჰო… აბა რა ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია მასე. – მხრები აიჩეჩა მან და უკეთესად აიწია გულზე საბანი. ცოტათი შესცივდა. – ალბათ კარგია კიდეც, მასე რომ არ მინახავს.
-გამიკვირდა, რომ თქვენი წასვლის წინ არ ატეხა ერთი ამბავი. – წარბი ასწია ბაბლუანმა და დაჟინებით დააშტერდა. – მეგონა სხეულით გადაეღობებოდა კარს და არაფრის დიდებით არ გაგიშვებდათ, ისე იყო თქვენზე მოჩვეული.
-არა, კარში არ ჩამდგარა, მაგრამ წინააღმდეგობა გაგვიწია. – ამოისუნთქა ელენემ. – წამდაუწუმ მეკითხებოდა, თუ რაში იყო საქმე, რა მჭირდა, რამე ხომ არ მოხდა და მთხოვდა, რომ მომეყოლა მისთვის, თუ რა მაწუხებდა. მამაშენმაც დაიჟინა, უნდოდა გაეგო, თუ რა იყო პრობლემა. – მან თავი ოდნავ დახარა და წამწამების ქვეშიდან ახედა ბაბლუანს. – არაფერი მითქვამს. ხომ ვერ ვეტყოდი, რომ პრობლემა მათი შვილი იყო. – ჩუმად დაამატა მან.
-იმიტომ არ უთხარი, რომ შენი გრძნობები გამომჟღავნდებოდა, არა? – თავი აუქნია ბაბლუანმა. ელენე წამიერად გაოცებით შეაშტერდა, არ ელოდა, რომ ბაბლუანი ამას კითხვის ფორმით იტყოდა, ელოდა ისევ საკუთარ თავში დარწმუნებული სახის პასუხს.
ამან ძალიან გააკვირვა.
-არა… – თქვა მან. – მაგაზე არც კი მიფიქრია მაგ დროს. იმ საღანოს საერთოდ არ მსურდა არაფერზე ლაპარაკი, მითუმეტეს შენზე. – მან დემეტრეს ახედა და დაინახა, თუ როგორ შეკრა მან წარბები. – მერე აღარ ვთქვი იმიტომ, რომ ამ მინდოდა, რომ ჩემი და შენი ურთიერთობის გამო მთელი ოჯახი შეწუხებულიყო.
-საკმარისი იყო, რომ შენ იყავი შეწუხებული. – ხმადაბლა მიუგო ბაბლუანმა. ელენემ სახის ნაკვთები აჭმუხნა, მაგრამ მაინც დაუქნია თავი.
-ჰო, ალბათ მასე იყო. – თქვა ბოლოს. – ყოველ შემთხვევაში… და შენ რაში გაინტერესებს? – დაამატა მან, უნდობლად გადახედა ბაბლუანს, რომელსაც მომანტალურად დაეჭიმა მოშვებული სახე.
-არაფერში. – ცივად თქვა მან. – არაფერშიც არ მჭირდება. მაგრამ მაინტერესებს ყველაფერი, რაც მე მეხება.
-აჰა. – წარბები აზიდა ელენემ და გვერდზე გაიხედა, შეეცადა კედელზე გაკრულ ლამაზ, მომწვანო-მოლურჯო შპალერზე კონცენტრირებულიყო, კარადასაც გადახედა, რომელშიც ადრე მისი ტანსაცმელი იყო, ახლა კი ეული და ცარიელი იდგა კედელთან. მერხიც ასევე ცარიელი ჩანდა. თითქოს ყველაფერი ამ ოთახში შეუვსებელი და ცარიელი იყო მის გარეშე. თითქოც თვითონაც ასევე იყო აქ წამოსვლის, აქაურობის მიტოვების შემდეგ.
გოგონამ ბაბლუანს გადახედა, უხერხულად შეიშმუშნა მისი მზერის ქვეშ.
-აღარ გახვალ? – ჰკითხა მან და კარისაკენ გააპარა მზერა. – რას აკეთებს ამდენ ხანს მაიკო… – ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ჩემი სახლია, სადაც მინდა, იქ დავჯდები. – ბაბლუანი, თითქოს მის ჯინაზე უფრო კომფორტულად მოეწყო სკამზე და საზურგეზე უფრო მოხერხებულად გადაწვა. – რამდენი ხანიც მინდა, იმდენი ხანი ვიქნები აქ, შენ ვერ დამაძალებ ადგომას.
-აქ რადაგრჩენია მერე? – წარბები ასწია გოგონამ. – რას აკეთებ? მეგონა დაკავებული იყავი. უნდა იჯდა და მიყურო?
-ზუსტადაც. – ვალყბად გაუღიმა ბაბლუანმა და უკეთესად მიეყუდა საზურგეს, ფეხი ფეხზე შემოიდო. ელენემ თვალები გადაატრიალა და ამოიქშინა, უფრო უკეთესად მოეწყო საწოლში.
-როგორც გინდა. – თქვა ბოლოს, იცოდა, რომ მისი ლაპარაკი და დარწმუნება, მითუმეტეს თხოვნა, რომ ბაბლუანს ოთახი დაეტოვებინა, არ გაჭრიდა, ამიტომ გაჩუმდა.
-მოიცა… და მასწავლებლებს შეატყობინე, რომ სკოლა დავტოვე? – გაახსენდა მას და მკვეთრად გადახედა ბაბლუანს, რომელმაც უსიტყვოდ დაახამხამა თვალები. – ისტორიის მასწავლებელი არ გადამატანინებს საკონტროლოს, ეგ კი არა, გამატყავებს, თუ ასე გავაცდინე ტესტის დღეს, გაუფრთხილებლად…
-ნუ პანიკიორობ და ნუ იქცევი ისე, თითქოს მთელი ქვეყანა თავზე ჩამოგენგრა. – ხელი აიქნია ბაბლუანმა. – დავრეკე და მოვაგვარე საქმე.
ელენეს თვალები კინაღამ გადმოსცვივდა.
-რაო? – პირი დააღო მან, მერე კი თვალები მოჭუტა, უნდობლად შეხედა ბაბლუანს. – მართლა? – დაამატა ფრთხილად. ბაბლუანმა მშრალად გადმოხედა.
-არა, ტყუილად. – თვალები გადაატრიალა მან, მერე კი ჩაიფრუტუნა და გაეღიმა. – შენი მეგობარი იმხელაზე გაჰყვიროდა, მოტაცებაო, მეგონა მართლა გამოიძახებდნენ პოლიციას. ამიტომ დავრეკე და ყველაფერი ავუხსენი სასწავლო ნაწილს.
ელენეს მარიკას კივილი გაახსენდა და სიცილი აუვარდა.
-ჰოოო… მარიკას ცოტა ზედმეტები მოსდის ხოლმე, დრამატული ადამიანია. – გაიღიმა მან, მერე კი ბაბლუანს გადახედა. – თან შენ არ მოსწონხარ, ამიტომ არ მიკვირს, რომ ასეთი ამბავი ატეხა.
ბაბლუანმა მჟავე გამომეტყველებით გადმოხედა.
-ისე მეუბნები, თითქოს ძალიან მაინტერესებდეს. – ჩაიფრუტუნა მან. – არც მე მაწერია გულის ფიცარზე მაგ შენი მარიკას სახელი.
ელენეს გაეცინა, თავი გადააქნია. უნდა ეღიარებინა, რომ ასეთი ურთიერთობა სჯობდა ბაბლუანთან წამდაუწუმ კინკლაობასა და ყვირილს.
-სამაგიეროდ სხვისი გაწერია, არა, რეე? – მოისმა ზღურბლიდან ხმა და ელენემ სწრაფად ასწია თვალები, მზერის გვერდიდან დაინახა, თუ როგორ მკვეთრად შეტრიალდა კარისაკენ ბაბლუანი. მაიკო გაბადრული იდგა, ხელში ხის დიდი ლანგარი ეჭირდა, რომელზეც დადებულ უშველებელ მათლაფასა და დიდ ჭიქას ოხშივარი ასდიოდათ. – მაინც დაგაწერეს.. თუმცა შენ გულის ფიცარი კი არა, გულის ლოდი გაქვს და ზედ გაწერია…
-ნუ როშავ, რა. – წარბები შეკრა ბაბლუანმა და ლანგრისკენ აუქნია თავი. – ეგ რა არის?
-ეს არის ელენეს ვახშმის რაციონი. – მაიკო მათკენ წამოვიდა, და ელენე წამოჯდა, რომ გოგონას უფრო მოხერხებულად დაედო მის მუხლებზე ხის ლანგარი. მათლაფაში ფაფა დაეხვავებინათ, ჭიქაში კი მუქი ოქროსფერი ჩაი ლივლივებდა. ორივეს მადისაღმძვრელი სურნელი ასდიოდა.
-მადლობა… – წაილუღლუღა ელენემ და თვალები დახუჭა, მძლავრად დააცემინა. თვალები გაახილა და გაეღიმა, როცა მაიკოს სიცილი აუტყდა.
-რა სასაცილოდ აცემინებ! – იცინოდა გოგონა. ელენემ ბაბლუანს გადახედა წამიერად და გაოცებულმა დაახამხამა თვალები მის სახეზე გამოხატულ ღიმილზე, მერე კი ასევე სწრაფად გადმოიტანა მზერა მის წინ დაწყობილ საჭმელზე.
-დედას ოქროს რეცეპტია ეგ ფაფა. – მათლაფაზე მიუთითა მაიკომ, როცა ელენემ კოვზი ხელში აიღო. – მიდი, მიდი, გასინჯე!
გოგონამ კოვზი მოიმარჯვა და მზად იყო, რომ ფაფაში ამოერია, როცა ოთახში მოულოდნელად გაისმა მობილური ტელეფონის წკრიალი.
-ფუჰ! – შეხტა გაოცებული მაიკო, მერე კი წარბშეკრულმა გადახედა შალის ჟაკეტს, რომელიც ელენეს საწოლის ბოლოზე იყო გადაკიდებული. – ელენე, მგონი შენ გირეკავენ… – თქვა მან, დაიხარა და ჟაკეტის ჯიბიდან ტელეფონი ამოაძრო.
-ნეტავ ვინაა… – ელენემ მაიკოს მობილური გამოართვა და წარბები ასწია, როცა ეკრანზე გამოსახული სახელი დაინახა.
-ალო? – იკითხა მან.
-ელენე! – გაისმა ყურმილში ზურას შვებით აღსავსე ხმა და გოგონას ჩაეცინა. – კარგად ხარ? მარიკამ და დათომ მითხრეს, რომ დემეტრემ წაგიყვანა სახლში…
-ჰო, ზურა, დემეტრემ წამომიყვანა… – მიუგო ელენემ საპასუხოდ და ბაბლუანს გადახედა, რომელმაც წარბები შეკრა და თვალებმოჭუტული დააშტერდა. მაიკოს ტუჩები გაებუსხა და ეტყობოდა, რომ სიცილს ძლივს იკავებდა.
-მერე როგორ ხარ? რამ მოგაფიქრა, რომ სიცხიანი მოსულიყავი სკოლაში? – ჩაეკითხა ზურა, და ბუნდოვნად გაისმა მობილურში სხვების წყვეტილი საუბრები.
-ელენააა! – ჩაჰყვირეს უცებ ელენემ ყურში და გოგონას ცოტა შორს უნდა გაეწია ტელეფონი, თორემ დარწმუნებული იყო, რომ ყურის აპკები მთლიანი აღარ დარჩებოდა.
-ელენააა! – გაჰკიოდა მატილდას ხმა. – ელენა, კარგად არის? ელენას ცხელი ჰქონდა?
-სიცხე, შვილო, სიცხე… სიცხე შენ… – გაისმა მარიკას ბურტყუნი.
-კარგი რა, მატილდა, რა გატირებს, კარგად იქნება… – გაისმა ზურას ხმა, მერე კი მძლავრი შესუნთქვა. – მატილდა, მასე ძალიან ნუ მეხუტები, თორემ ჩამატყდა ტანში ნეკნები… – ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა და ელენეს ჩაეცინა. – მოკლედ, ელენე, უკეთესად ხარ?
-ნუ მაცლი ფაფის ჭამას და ჩაის დალევას, კარგად ვიქნები. – ჩაიცინა გოგონამ. – ისე უკეთესად ვარ, მადლობა რომ დარეკე.
-არაფერს, რა სათქმელია, მართლა! – წამოიძახა ზურამ. – მოკლედ დაგირეკავ კიდევ, სხვებსაც უნდოდათ დალაპარაკება, გამოაჯნმრთელდიო, გეძახიან…
-კარგად უნდა გახდე, ელენააა! – ისევ დაიკივლა მატილდამ და ელენეს სიცილი აუტყდა.
-უთხარი, რომ კარგად ვიქნები და სერიოზული არაფერი მჭირს, უბრალოდ გავცივდი. – მიუგო მან. ზურამ გაიცინა.
-კარგი, აუცილებლად… აბა მიდი, ჭამე შენი ფაფა. კარგად იყავი! – უპასუხა მან და ელენემ გაიღიმა, სასიამოვნო იყო ასეთი ყურადღება.
-მადლობა, ზურა… – თქვა მან. – აბა ნახვამდის!
ჩხაკუნი გაისმა და კავშირი გაწყდა, გაბადრულმა ელენემ თავი ასწია. მაიკო ასეთივე გაბადრული მოშტერებოდა, მერე კი ძმას გადახედა. ბაბლუანი ცივი გამომეტყველებით იჯდა.
-აბა ელენე? – მისკენ გადმოიხარა მაიკო, თვალები გაუბრწყინდა. – ვინ იყო?
-ზურა იყო, გამყრელიძე. – უპასუხა ელენემ და ტელეფონი გამორთო, ლოგინზე გადააგდო. – აინტერსებდა, როგორ ვიყავი.
-თქვენ ახლოს ხართ, ესე იგი… – თავი დააქნია მაიკომ. სახეზე ისევ თვითკმაყოფილი ღიმილი ეწერა.
-ჰო, რა ვიცი. – მხრები აიჩეჩა ელენემ. – კარგი ადამიანია.
-გესმის, ძამიკო? – მაიკო ძმისკენ დაიხარა. – როგორ პოულობ მოკლედ ასეთ კარგ მეგობრებს? შენისთანა ხისთავიანი? სულ მიკვირს ხოლმე.
-მაიკო, ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე. – ცივად მიუბრუნდა ბაბლუანი. – არავინ აძალებს ზურაბს რომ ჩემი მეგობარი იყოს.
-კიდევ კარგი. – ამოიხვნეშა ელენემ და მხარზე დაუტყაპუნა ბაბლუანს ხელი. – აბა წავედი მე! რეე, როცა ელენე მოამთავრებს, ეგ ლანგარი თავისი ჭიქით და ფაფით ჩამოიტანე, გესმის? – თითი მიუშვირა ძმას გოგონამ.
-შენ თვითონ ვერ ჩაიტან? – გაბეზრებული გამომეტყველებით მიუბრუნდა დემეტრე. – შენ ამოიტანე და შენ თვითონ ჩაიტანე.
-მე არ მცალია, ელენეს აბაზანა უნდა მოვუმზადო. – ხელი დაუქნია მაიკომ. – დაძინების წინ კარგი იქნება, ჭამის შემდეგ.
-მაიკო, მე თვითონ მოვამზადებდი… – შეაწყვეტინა ელენემ, სახე გაუწითლდა. – რა საჭირო იყო ასე შეწუხება…
-ანუ იქ მჯდარიყავი, სანამ აბაზანა აივსებოდა? – წარბები ასწია გოგონამ. – არა, არავითარ შემთხვევაში. მოკლედ,შენი იმედი მაქვს, რეე! – თქვა მან და ოთახიდან გავიდა.
ბაბლუანმა ამოიხვნეშა და ელენეს მოუბრუნდა.
-აბა? – ლანგრისაკენ აუქნია თავი მან. – მიდი, ჭამე.
-შენ რა, აქ უნდა იჯდე და მიყურო? – წარბები ასწია გოგონამ.
-ისე ამბობ, თითქოს არ მინახავს, როგორ ჭამ. – მშრალად მიუგო ბაბლუანმა. – რა იყო, გრცხვენია? დაწყნარდი, არ მგონია, რომ იცოხნები. – მან თვალები ოდნავ მოჭუტა. – თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში არ იცოხნები. არის გამონაკლისებიც.
ელენე გაიბერა, წარბები შეკრა, მაგრამ მაინც ჩაიფრუტუნა.
-ანუ გამონაკლისების დროს ძროხად ვიქცევი? – იკითხა მან, თან გემრიელად გასინჯა ფაფა.
-არა, უფრო ცხენად. – მხრები აიჩეჩა ბაბლუანმა. – სანახევროდ, საუზმეებს ცხენივით ფეხზე დამდგარი ჭამ ხოლმე.
-მართლა? – წაიდუდღუნა ელენემ, გაეცინა და ლუკმა გადაყლაპა. – შენი ბრალია, სულ მაჩქარებ ხოლმე.
-ნუ სულელობ. – ცივად გამოხედა ბაბლუანმა. – და მიდი, ჭამე.
ელენეს აღარაფერი უთქვამს, გემრიელად მიირთვა ფაფა და ჩაიც დააყოლა ზედ. როცა დაამთავრა, თბილად, კომფორტულად გრძნობდა თავს და იცოდა, რომ ცოტაც და ჩაეძინებოდა. ბაბლუანმა მუხლებიდან აართვა ლანგარი და ტუმბოზე გადადო, მერე კი მკლავებგადაჯვარედინებული დაადგა ლოგინს თავზე.
-არ დგები? – ჰკითხა მან. – დაძინება არც გაბედო. სულაც არ მინდა, რომ ტყუილად გაიფლანგოს მაიკოს გაკეთებული აბაზანა. დაძინებული რომ დაგინახოს, მე ჩამახრჩობს შიგნით.
-ოოჰ… – გაეცინა ელენეს. – ნუ აზვიადებ. მივდივარ, მივდივარ, უბრალოდ ძალიან დავიღალე… – იგი ძლივს გადმოძვრა ლოგინიდან და ბანცალ-ბანცალით, თავბრუდახვეული მიუახლოვდა კარს.
კარის ჩარჩოს როცა მიეჯახა, ბაბლუანმა მკლავში სტაცა ხელი.
-რა მოუხეშავი ხარ. – მშრალად თქვა მან. – კისერს მოიტეხ ასე.
-უბრალოდ მეძინება. – თქვა გოგონამ და ბაბლუანს უკან გაჰყვა. დერეფანში მომავალმა მაიკომ ხელში ტანსაცმელი შემოაჩეჩა და განაცხადა, რომ ელენეს აქ თავისი სამოსი არჰქონდა, ამიტომ თავისას ათხოვებდა, სანამ გოგონა ყველაფერს გადმოიტანდა აქ. ელენეს უნდოდა, რომ გაეპროტესტებინა, რომ უარი ეთქვა და რაც მთავარი იყო, უარეყო აქ გადმოსვლის შესაძლებლობა, მაგრამ სიტყვა ვეღარ ამოთქვა, ძალიან ეძინებოდა.
მალევე მორჩა ცხელ აბაზანაში ბანაობას და უცებ ჩაიცვა. თმის გაშრობა წაროუდგენლად ეზარებოდა, ამიტომ უბრალოდ პირსახოცი შემოიხვია ზედ. დერეფანში გამოაბიჯა და თვალები მოჭუტა, როცა კართან აყუდებული ბაბლუანი შეამჩნია.
-აქ რა გინდა? – ძლივს ამოთქვა მან და დემეტრეს მილულული თვალებით ახედა. მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო უტრიალებდა, და მაიკოს გრძელი პიჟამაც ძალიან კომფორტული იყო. გრძნობდა, როგორ ალეწოდა ლოყები. ქვემოდან ბუნდოვნად გაიგონა ხმები, საიდანაც ტასოსა და მაიკოს ხმების გამორჩევა შეძლო. ისინი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, თუმცა გოგონამ სიტყვები ვერ გაარჩია.
-დარაჯად დამაყენეს. – უკმაყოფილო სახე მიიღო ბაბლუანმა. – როგორც კი დედაჩემმა გაიგო, რომ აბაზანაში იყავი, მაშინვე მე დამტოვა აქ. იმას გაიძახოდა, ბავშვი შიგნით მარტო როგორ შეუშვითო. შენი ბედი, რომ აქ არ იყო, თორემ ალბათ შიგნით შემოგყვებოდა.
ელენეს გაეცინა და თავი გადააქნია.
-წადი შენ, დაიძინე. – დაამთქნარა მან, მერე კი დერეფნისაკენ შებრუნდა.
ელენე კინაღამ ადგილზე შეხტა და თვალები გაუფართოვდა, როცა ბაბლუანმა კიდევ ერთხელ მკლავქვეშ შეუცურა ხელი და მაგრად მოსჭიდა თითები, ახლოს მოიზიდა. ერთიანად გააჟრჟოლა, როცა მის თბილ სხეულს აეკრო გვერდით.
-რას… რას… – ამოილუღლუღა მან, უნდოდა, რომ გაეპროტესტებინა.
-უბრალოდ გაჩუმდი, რა იქნება. – უთხრა ბაბლუანმა, მერე კი უსიტყვოდ წაათრია თავისი ოთახისაკენ.
ელენე ჩაჩუმდა, სიტყვა ვეღარ ამოთქვა. ბაბლუანის გვერდით მიბანცალებდა და გრძნობდა, თუ როგორ ეყრდნობოდა მას თითქმის მთლიანად. ეს რაღაცნაირად მოსწონდა კიდეც, მაგრამ ინსტინქტურად სურდა, რომ მას მოშორებოდა და თავისით წასულიყო ოთახში. მაგრამ ბაბლუანს მაგრად ეჭირა, და გოგონას ხმა არ გაუღია, მაშინაც კი, როცა ბაბლუანმა ოთახში შეიყვანა და ლოგინამდე მიაცილა. ელენეს დეჟა-ვუს გრძნობა დაეუფლა, ეს თითქოს იგივე იყო, როგორც დღეს, როცა ბაბლუანმა სკოლიდან მოიყვანა.
-მიდი, დაწექი ახლა. – უთხრა მან და ელენე საბნის ქვეშ შეძვრა, თავქვეშ ხელი ამოიდო, ბაბლუანს ზურგი შეაქცია. ცოტა ხანი იწვა, გრძნობდა მის მზერას კეფაზე.
-წადი, რა იქნება. – ამოილუღლუღა მან. – მეძინება.
ბაბლუანს აღარაფერი უთქვამს, მაგრამ მიმავალი ნაბიჯების ხმა გაისმა, რასაც კარის მოკეტვა მოჰყვა.
ელენემ ამოიხვნეშა, ეღიმებოდა, მაგრამ ძილი მოერია.
ბურანი ჩვეულებრივზე იოლად, და მსუბუქად მოვიდა.
15-*-*-*-*-*-
ელენეს რომ გამოეღვიძა, ბევრად უკეთესად გრძნობდა თავს, იმის მიუხედავად, რომ გუშინდელის მსგავსად თვალები წარმოუდგენლად დამძიმებოდა და ძლივს აშორებდა ერთმანეთს ქუთუთოებს. რამდენიმეჯერ გამოეღვიძა, და ისევ ბურანში გადაეშვა. თვალების გახელა და მზერის დაწმენდა რომ ბოლოს და ბოლოს შეძლო, პირველი რაც დაინახა, კარის ღრიჭოდან მის ოთახში შემოჭყეტილი ორი წყვილი თვალი იყო.
ელენემ თვალები დაახამხამა, მერე კი გაეცინა, ნელა წამოჯდა ლოგინში. ტასო კარის ჩარჩოს გამოსცდა და გაბადრული წამოვიდა მისკენ.
-აბა როგორა ხარ? – ჰკითხა მან და უკან მოახლოებულ მაიკოს ხელით მისკენ ანიშნა, სკამი მოითრია და ახლოს მიუჯდა, მერე კი ელენეს თავზე გადაუსვა ხელი. გოგონამ გაიღიმადა თავი გადააქნია.
-არა მიშავს. – მხრები აიჩეჩა მან, პიჟამაზე დაიხედა და მკლავებგადაჯვარედინებულ მაიკოს სტყორცნა მზერა. – მადლობა, რომ ეს მათხოვე.
-რა სამადლობელია, როგორ გეკადრება… – გაეცინა მაიკოს. – არ არის პრობლემა, მართლა. კარგად გეძინა?
-კი, მკვდარივით. – შესცინა ელენემ. – მგონი გვერდიც არ მიცვლია, ისე. – მკერდზე საბანი აიწია და გვერდებზე შემოიხვია. ადგომა საშინლად ეზარებოდა. – მამა სად არის? – იკითხა მან. – გუშინ ხომ მოვიდა სამსახურიდან?
-კი, მოვიდა და დაგხედა, გენაცვალე. – თავი დაუქნია ტასომ. – შენ გეძინა, ამიტომ აღარ გაგაღვიძა, შენი დაწოლიდან თხუთმეტი წუთი არ იყო გასული, რომ მოვიდა. ძალიან ინერვიულა, არ უნდა გამეშვა სკოლაშიო…
ელენემ ამოიხვნეშა, სულაც არ სურდა, რომ მამა ასეთი შეწუხებული ყოფილიყო მის გამო, და ინანა კიდეც, რომ წინა დღეს სკოლაში წასვლა დაიჟინა. რა იქნებოდა მართლა, რომ სახლში დარჩენილიყო და ერთი დღე გაეცდინა, ტესტის თაობაზე დაერეკა და უბრალოდ გადაედო? ამდენ ხლაფორთს აღარ გადაიტანდა მაინც.
-ახლა სად არის მამა? – იკითხა ბოლოს და მზერა ტასოს მიაპყრო. ქალმა მხარზე მოუთათუნა ხელი.
-სამსახურში წავიდა უკვე, მისი ცვლა იწყებოდა. – ტასომ ტუმბოზე შემოყუდებულ მაღვიძარას გადახედა. – უკვე ათი საათია.
-ტასო დეიდა, თქვენ არ გაქვთ სამსახური დღეს? – წამოიწია ელენე. – ჩემს გამო ნუ გააცდენთ…
-დღეს შაბათია. – გაუცინა მაიკომ და ელენემ თვალები ჭყიტა, გაეცინა და თავი დააქნია. – მთელი დღე აქ წოლა და გამოშუშება მოგიწევს, დედა არსად გიპირებს გაშვებას.
-არ არის საჭირო… – ხელები გაასავსავა ელენემ. – ბევრად უკეთესად ვარ, დიდი მადლობა, შემიძლია, რომ სასტუმროში დავბრუნდე…
გოგონას სიტყვა გაუწყდა, როცა მზერა ასწია და ზღურბლზე, კარის ჩარჩოზე მიყუდებული ბაბლუანი შეამჩნია. მაიკომ მის მზერას გააყოლა თვალი, მერე კი უსიტყვოდ გამოხედა.
-სასტუმროში დაბრუნდე? – თვალები გაუფართოვდა ტასოს და საცოდავად შეხედა. – როგორ… მე მეგონა, რომ ჩვენთან დარჩებოდი…
ელენემ ტუჩი მოიკვნიტა, უხერხულად შეიშმუშნა.
-არა, მე ეგ საერთოდ არ მიფიქრია… – უპასუხა ფრთხილად, თან დაჟინებით ჩაშტერებოდა საბანს, არ სურდა, რომ აეხედა და ტასოსა და მაიკოსათვის, ან უარესი, ბაბლუანისათვის გაესწორებინა თვალი. – მე აქ მოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი, უბრალოდ… – გოგონამ წამიერად, სწრაფად ახედა ბაბლუანს, რომელიც ცივი სახით მოშტერებოდა. – უბრალოდ ასე მოხდა.
-ჰოდა რაკი ასე მოხდა, რა საჭიროა, რომ წახვიდე და ისევ დაგვტოვო, ბავშვო? – უთხრა ტასომ და ელენე მოიჭმუხნა, არ სურდა მისი შეწუხებული ტონის გაგონება, რადგან მისი გადაწყვეტილება შედარებით მერყევი ხდებოდა, რაც არ სურდა, არანაირად არ სურდა, რომ მომხდარიყო. – კიდევ ერთხელ გიმეორებ, ელენე, რომ არც შენ და მამაშენი არანაირად არ გვაწუხებთ, პირიქით! ყველას ძალიან მოგვწონს თქვენი აქ ყოფნა. – ტასო თვალებით შეემუდარა. – არ ვიცი, თუ რამ გადაგაწყვეტინა, რომ აქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ გპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აბა რას იტყვი? – უთხრა ქალმა და იმედიანი მზერა მოაპყრო.
ელენემ მკვეთრად შეისუნთქა, მაიკოს გადახედა, რომელიც თვალებგაფართოებული, ინტერესით მიშტერებოდა, ეტყობოდა, რომ მის პასუხს ელოდა. მისი მზერა ბაბლუანს გადასწვდა, რომელიც ჩვეული უემოციო მზერით, გაუნძრევლად მიჰყუდებოდა კარის ჩარჩოს.
გაახსენდა ყველაფერი, რისი გადატანაც ამ ადამიანის გამო მოუწია. ყველა განცდილი ემოცია, გულისტკივილი, სინანული, წყენა და ცრემლები, რომლებიც ამ ადამიანის გამო დაღვარა და ალბათ მომავალშიც დაღვრიდა, თუ მის გვერდით ცხოვრებას გააგრძელებდა. ამიტომ ელენემ ტუჩები მოილოკა, ბაბლუანის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა და თავი გადააქნია.
-მე… სასტუმროში უნდა დავბრუნდე. – ნელა თქვა მან და ძლივს გადაყლაპა ყელში გახირული ნერწყვი. – მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია აქ დარჩენა.
-კი მაგრამ… კი მაგრამ… – წაილუღლუღა ტასომ. მაიკოც გულდაწყვეტილი მიშტერებოდა, წარბები შეეკრა, მერე კი ძმას გადახედა, თავის აქნევით რაღაც ანიშნა. ელენემ თვალი გაუსწორა ბაბლუანს, რომელიც ცივი თვალებით მოშტერებოდა.
-რა სისულელეა. – თქვა მან უცებ, რამაც სამივეს ყურადღება მიიქცია. ტასომ თვალები მოჭუტა და მკვეთრად შეტრიალდა კარში გამაგრებული შვილისაკენ.
-რეე, რა ნათქვამია ახლა ეგ… რა არის სისულელე, აბა? ის, რომ მინდა, ელენე აქ დარჩეს? ჰმ? – მკაცრად მიუგო ქალმა.
-სისულელე ისაა, რომ ისე იქცევით, თითქოს აქ რამე იყოს გასარკვევი. – ჩაიფრუტუნა ბაბლუანმა. – ამბობს, სასტუმროში წავალო, მაგრამ მგონი აშკარაა, რომ სწორედ იმ სასტუმროში გაცივდა და ამიტომ ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. ჭკუაზე მყოფი იქ აღარ დაბრუნდებოდა.
-რაო? – ძლივს ამოილუღლუღა ელენემ. – სასტუმროს ბრალი არ იყო, უბრალოდ წვიმაში დავრჩი გარეთ, ამ ცივ ამინდში და იმიტომ…
-როგორ, მეუბნები, რომ გათბობის ნაკლებობამ თქვენს ნომერში შენზე არ იმოქმედა? – წარბები ასწია ბაბლუანმა და ელენეს კინაღამ თვალები გადმოსცვივდა. არც კი სჯეროდა, რომ ეს ესმოდა. საიდან იცოდა დემეტრემ მათი ნომრის შესახებ? უნდოდა, რომ ეცრუა, ეთქვა, რომ ბაბლუანი ტყუილს ამბობდა და მშვენიერი გათბობა ჰქონდათ ნომერში, მაგრამ ჩანდა, რომ ეს აქ აღარ გაუვიდოდა. ბაბლუანი მის ტყუილს გამოააშკარავებდა და ცუდად შემოუტრიალებდა.
-შენ საიდან გავიგე? – ძლივს ამოთქვა ბოლოს. – უკან წამოგვყევი თუ…
-მასეთ სისულელეებში ცილს ნუ მწამებ. – ხელი აუქნია ბაბლუანმა და დედამისს გადახედა. ტასო შეძრწუნებული გამომეტყველებით, პირზე ხელ-აფარებული მიშტერებოდა გოგონას. – დედაჩემი მამაშენს დაელაპარაკა და მან სასტუმროს სახელი ახსენა. და ყველასთვის ცნობილია, რომ ეგ სასტუმრო ყველაზე უარესია, სადაც კი შეიძლება დარჩე ამ ქალაქში. – მან წარბი ასწია, ნიშნისგებით დააშტერდა ელენეს.
გოგონა პირდაღებული და ენაჩავარდნილი შეჰყურებდა, არც კი იცოდა, რა ეთქვა, ტასოს გადახედა და კინაღამ ამოიგმინა, როცა შეატყო, რომ ქალი მალე შეტევაზე გადმოვიდოდა.
მაიკომ პირზე ხელი მიიფარა, აშკარა იყო, რომ სიცილის დამალვას ცდილობდა, მაგრამ მაინც გაისმა მისი ფხუკუნი.
-ეს რა მესმის! – იფეთქა ტასომ. – ეს რა საშინელებაა! ელენე, მამაშენი როცა მოვა აქ, ძალიან სერიოზული სალაპარაკო გვექნება ჩვენ! გათბობის გარეშე? ამ სიცივეში? ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით იქ, ვინ მოგხედავდა, ელენე?
-კლარა ექთანი, მარიკა და დათო, მაგალითად… – თავისთვის წაიბურტყუნა ელენემ, მაგრამ აშკარა იყო, რომ ტასო არ უსმენდა, ისევ თავისას მოჰყვებოდა.
-ღმერთო, რა სირცხვილია! როგორ შევრცხვი! ჩემი ძვირფასი სტუმარი გამიცივდა იმის გამო, რომ მყარად არ დავდექი და ჩემივე ხელით გავუღე გასასვლელის კარი, ჩემით გავუშვი იმ საცოდავ, ცივ სასტუმროში!
-დედა… – მისკენ გაიწია აშკარად უხერხულობაში ჩავარდნილმა მაიკომ. – კარგი, დაწყნარდი…
-ნუ მაწყნარებ! – ხელი გაუქნია ტასომ და ცხვირი აჭმუხნა, კედელს დაუბღვირა. – საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ამას… თქვენ კი, ახალგაზრდა ქალბატონო… – მოუბრუნდა ის ელენეს მკაცრი სახით და გოგონამ თვალები ჭყიტა, ძალაუნებურად წელში გასწორდა. – აი თქვენ კი ადგილიდან არ გაინძრევით. მე მოვაგვარებ ყველაფერს. – ქალი ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გავარდა ოთახიდან. სამივენი უსიტყვოდ უსმენდნენ მის მძიმე ნაბიჯებს, რომლებიც კიბეს მიჰყვებოდნენ.
-კაარგი… – ამოიხვნეშა მაიკომ და კარისაკენ გატრიალდა. – წავალ, მივხედავ, იქნებ დავაწყნარო, თორემ უარეს ამბავს ატეხს. – იგი ზღურბლზე შედგა, ძმას უცნაური, თითქოსდა გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა და დერეფანს დაუყვა.
ელენე ღრმად სუნთქავდა, ტუჩები მოიკვნიტა და ბაბლუანს ახედა, რომელიც ისევ ისე, კარისჩარჩოზე მიყუდებული იდგა და ისე იყურებოდა, თითქოს აქაც არაფერიო.
-ეს რა იყო? – ჩუმად ჰკითხა ელენემ, გრძნობდა ჰაერში ჩამოწოლილ დაძაბულობას, რომელიც თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. – რატომ უთხარი ასეთი რაღაცები?
-იმიტომ რომ სიმართლე იყო. – მხრები აიჩეჩა და მშრალად მიუგო ბაბლუანმა. – მე არ ვაპირებდი სიმართლის დამალვას შენი სურვილების გამო.
ელენემ კბილები გაუხახუნა ერთმანეთს, და ჟრუანტელმა დაუარა, როცა ღრჭიალი იგრძნო. გრძნობდა, თუ როგორ ივსებოდა გაღიზიანებით.
ბაბლუანს ამის უფლება არ ჰქონდა. არ ჰქონდა უფლება, რომ ყველაფერი თავის ნებაზე გადაადგილ-გადმოადგილებინა, ელენეს ცხოვრებაში ასე უხეშად ჩარეულიყო და ამაზე ისიც დაემატებინა, რომ ეს ყველაფერი „სიმართლის“ გულისათვის გააკეთა.
-მე ვიცი შენი სიმართლე. – მკვახედ მიახალა გაღიზიანებულმა გოგონამ. – საეჭვოდ არ ჰგავს სიმართლეს, ხომ იცი… ისე, ამ ყველაფრის თქმა არაფერში გაწყობდა, ამიტომ რაზე შეწუხდი? რატომ დახარჯე შენთვის ასეთი ძვირფასი დრო და სიტყვები? აბა? – ჩაეძია ის, თან დაჟინებით მიაშტერდა კარის ზღურბლზე გაჩხერილ ბაბლუანს.
-იმიტომ რომ ასე მინდოდა. – წარბი ასწია მან საპასუხოდ და ელენემ ტუჩები მოკუმა, თავი გადააქნია. – არა ვარ ვალდებული, რომ რამე აგიხსნა.
ელენემ ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, თან დაჟინებით ჩააშტერდა ბაბლუანს თვალებში იმისათვის, რომ ეგრძნობინებინა თავისი ბრაზი და წყენა. დემეტრე არც კი განძრეულა, თვალმოუშორებლად, დაუხამხამებლად მიშტერებოდა და ელენეს ისეთი გრძნობა გაუჩნა, თითქოს თვალები აეცრემლებოდა მალე.
ყველაფერი გაციების ბრალი იყო.
თვალი აარიდა და თავი გადააქნია.
-შენი საქმე არ იყო, მე სად წავიდოდი. – თქვა მან და ხვნეშით მიეყუდა ბალიშს, თავი უკან გადააგდო. – წავიდოდი სასტუმროში და დავისვენებდი ჩემთვის..
-უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. – დაიწყო ბაბლუანმა ისე, თითქოს პატარა ბავშვისათვის რაღაცის ახსნას ცდილობდა. – ჭკუაზე მყოფი ადამიანი იმ სასტუმროში არ დაბრუნდება. აშკარაა, რომ სიცხის გამო გონება გაქვს არეული.
ელენემ წარბები შეკრა, თავი გადააქნია.
-არა. – მტკიცედ თქვა მან. – მეც გაგიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ სულაც არ მინდა აქ დარჩენა. მირჩევნია იმ სასტუმროში ვიყო, ვიდრე აქ. აი შენ კი საკუთარი თავი ზედმეტად მაღლა აგყავს, თუ ფიქრობ, რომ შენი გულისათვის დავრჩებოდი აქ. – მიახალა მან, მერე კი დაღლილმა აიწია გულზე საბანი. ბაბლუანი ქვისგან გამოთლილი სახით მიშტერებოდა. ელენემ ამოიხვნეშა. – გახვალ ბოლოს და ბოლოს? – დაიზუზუნა მან.
ბაბლუანი წამიერად უსიტყვოდ მიაჩერდა, არაფერი უთქვამს, მერე კი დაიძრა, ოთახში შემოვიდა, სკამი დაითრია და ისე ჩამოჯდა მისი ლოგინის გვერდით, ვითომ აქაც არაფერიო. ელენე გაოცებული მიშტერებოდა და ვერ გაეგო, თუ რას აკეთებდა იგი.
-დაყრუვდი? -ხმას აუწია მან. – კიდევ ერთხელ გაგიმეორო? მგონი გკითხე, გადიხარ თუ არა მეთქი!
-აი ჩემი პასუხი, მერე. – წარბი ასწია ბაბლუანმა და უფრო მოხერხებულად მოეწყო. – ძალიან კარგად ვგრძნობ მე პირადად ამ სკამზე თავს. არსადაც არ ვაპირებ წასვლას.
-კი მაგრამ, რატომ? – წამოიყვირა ანერვიულებულმა, დაბნეულმა და ერთიანად აწითლებულმა. – ხომ გითხარი, გადი მეთქი, არ მინდა შენი დანახვა ახლა… დავიჯერო, ჩემთან ყოფნა გსიამოვნებს? მეგონა ძალიან გაწუხებდა ის, რომ მე საერთოდ გადმოვედი აქ. – ხმას აუწია მან.
-არც ცდები. – მოუჭრა ბაბლუანმა. – ძალიან მაწუხებდა.
ელენე მთელი სხეულით დაიძაბა, მუშტები შეკრა. საკუთარ თავზე გაღიზიანდა, როცა იგრძნო, თუ როგორ მტკივნეულად გასწიწკნა გულმა. განცვიფრებულმა გადააქნია თავი.
სულ იცოდა, რომ ბაბლუანს აწუხებდა. ამიტომაც სურდა, რომ აქედან რაც შეიძლებოდა მალე გამქრაილიყო, იმის გამო, რომ არც თვითონ აშლოდა უფრო მეტად ნერვები, და ბაბლუანიც რომ საკმარისზე მეტად არ გაეღიზიანებინა. სურდა, რომ სასტუმროში დაბრუნებულიყო, ამ ადგილს საბოლოოდ მოშორებოდა და ბოლოს და ბოლოს შეეწყვიტა ეს აქეთ-იქით სიარული, რომელიც არც მას და არც არავის კარგს არაფერს უქადდა. საჭირო იყო, რომ შეჩერებულიყო, საკუთარი თავისადმი მიცემული პირობა შეესრულებინა და ცხოვრების ეს ნაწილი უკან დაეტოვებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
ელენემ ბაბლუანს გადახედა და წარბები შეკრა. ამ ადამიანის გამო ვერ ახერხებდა. ბაბლუანი უკან ათრევდა მათ სულელურ თამაშში, რომელშიც ელენეს აღარ სურდა მონაწილეობის მიღება.
ზედმეტად დამთრგუნველი და მტკივნეული იყო ეს ყველაფერი.
-ძალიანაც კარგი. – თქვა მან და საბანი გადაიხადა, ფეხები გადმოყო და ლოგინთან დაწყობილი ფლოსტები აითრია, საწოლის ბოლოსკენ გადაგდებულ მობილურ ტელეფონსა და თავის თბილ ჟაკეტს სწვდა, მერე კი ნელა წამოდგა ფეხზე. მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და დისორიენტირებული დაბარბაცდა, თავისდაუნებურად ბაბლუანს ჩაავლო მხარში ხელი, რომელმაც მკლავზე მოსჭიდა თითები. ელენე კინაღამ შეხტა, როცა მისი შეგრძნება იგრძნო, მაგრამ არ განძრეულა, ღრმად სუნთქავდა, თვალდახუჭული და ელოდა, თუ როდის გაუვლიდა თავბრუსხვევა, რომ ამ ოთახიდან და საერთოდ, ამ სახლიდან გასულიყო.
სიჩუმე ჩამოვარდა. ელენე ბაბლუანზე დაყრდნობილი იდგა, და გრძნობდა, თუ როგორ იჭერდა მისი ხელი. დემეტრეს თითები მის სხეულში სასიამოვნო სითბოსა და კომფორტს გზავნიდნენ, და გოგონამ არ იცოდა, ამაზე უფრო მეტად გაბრაზებულიყო თუ უბრალოდ მიეცა საკუთარი სხეულისათვის უფლება, რომ წამიერად ამ პაწაწინა კონტაქტით დამტკბარიყო. იდგა, თვალდახუჭული და ნერწყვი გადაყლაპა, მის წინ სკამზე მჯდარი ბაბლუანის სუნამოს მკრთალი სურნელი შეიგრძნო და ძალაუნებურად ღრმად შეისუნთქა.
საათი ტიკტიკებდა, ელენე კი გაუნძრევლად იდგა. თავბრუ აღარ ეხვეოდა, მაგრამ არ სურდა განძრევა. თითქოს წამიერად მასში იმ გრძნობებმა მოიგეს მისი მუდმივი ბრძოლა და ამიტომ ხმას არ იღებდა, გაყუჩებული იდგა და ბაბლუანის ღრმა, გამოზომილ სუნთქვას უსმენდა.
მალევე გამოერკვა.
ხვდებოდა, რომ სისულელეს აკეთებდა, და რომ ასეთი რამის გაკეთება საერთოდ არ სჭირდებოდა. არც სჭირდებოდა და რაც მთავარი იყო, არანაირად იქნებოდა მისთვის ეს გამოსადეგი.
თვალები გაახილა და ბაბლუანს მხრიდან ხელი აუშვა, ხელისგულსა და თითებზე თითქოს მისი შეხება და სითბო დარჩა, რამაც უფრო მეტად გააღიზიანა. ბაბლუანს ჯერ კიდევ მკლავზე შემოეხვია მისთვის ხელი, და ელენემ გვერდზე გაიწია, მას მოშორდა და კარისაკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
-სად მიდიხარ? – მოესმა უკნიდან ხმა და გაიგონა, თუ როგორ დაიჭრიალა სკამმა ოდნავ. ალბათ ბაბლუანი ფეხზე დგებოდა.
-სასტუმროში. – ამოღეჭა მან და უფრო კარისაკენ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, მერე კი გახევდა, როცა უკნიდან ირონიული ფრუტუნი მოესმა. შუბლშეკრულმა მოიხედა. ბაბლუანი მართლაც წამომდგარიყო, მისკენ შმოტრიალებულს სახეზე ირონიული ღიმილი გადაჰკვროდა.
-ჰო, აბა რა. – ხელი აიქნია მან. – სასტუმროში მიდიხარ, ამ ამინდში.
ელენე კიდევ უფრო მოიღუშა. ხელები მაგრად შეკრა მუშტებად.
-დიახაც, მივდივარ. – განაცხადა მან. – გითხარი, რომ მირჩევნია იქ ვიყო, ვიდრე აქ, შენთან. არც ვხუმრობ. – ბაბლუანს თვალი აარიდა, დერეფანში გავიდა და კიბეებზე ჩაირბინა.
სამზარეულოში ტასო გაჰკიოდა რაღაცას, ელენე ცდილობდა, რომ ყურადღება არ მიექცია მისთვის, მაგრამ ძალაუნებურად მაინც დაიჭირა რამდენიმე სიტყვა: „შევრცხვით,“ „ბავშვი რა მდგომარეობაშია“ და „მაიკო, ნუ მამშვიდებ!“ და მაიკოს გახელებული ბურტყუნი იმისათვის, რომ დედამისი რამენაირად დაეწყნარებინა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს ჯერჯერობით არ გამოსდიოდა.
ელენემ ღრმად ამოისუნთქა და შემოსასვლელში ჩუმად გაიპარა. შალის ჟაკეტი მოიცვა და მობილური ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა, მერე კი სწრაფად ამოიცვა ფეხზე თავისი ფეხსაცმელი, რომელიც ვიღაცას სასწაულებრივად ჩამოეტანა და იმ ადგილას მიეწყო, სადაც ელენე ჩვეულებრივად აწყობდა მათ მაშინ, როცა ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდა. ფეხსაცმელის ასე ნაცნობ ადგილას დანახვისას მკერდში რაღაცამ გასწიწკნა, ხვდებოდა, რომ სისულელეს აკეთებდა, კიდევ ერთხელ ტოვებდა ამ სახლს, სადაც ასეთი ტკბილ-მწარე ამბები გადახდა თავს. ხვდებოდა, რომ სისულელეს აკეთებდა იმით, რომ ასე პიჟამით ტოვებდა აქაურობას, ამ სიცივეში, და საკუთარ თავს წყევლიდა, რომ ჯერ არ ჩაიცვა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. მარიკას ან დათოს გადაურეკავდა და ისინი წამოიყვანდნენ აქედან მაინც, კარგა ხანი არ დასჭირდებოდა სიცივეში დგომა. მაიკოს პიჟამას მოგვიანებით გამოუგზავნიდა უკან. ახლა საჭირო იყო, რომ აქაურობას მოშორებოდა, თანაც სასწრაფოდ, მერე კი მამამისი წაიყვანდა ისევ სასტუმროში და ნორმალურად, მდორედ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება.
ელენემ ნიკაპამდე შეიკრა შალის ჟაკეტი და კარი როგორც შეეძლო, ისე ჩუმად გამოაღო. ჭრიალზე შეკრთა, მაგრამ როგორც ჩანდა, ტასო და მაიკო ისე ხმაურობდნენ, რომ ვერაფერი შეამჩნიეს. შეაჟრჟოლა, როცა შემოდგომის მიწურულის ცივმა, სუსხიანმა ქარმა შემოსცხო ტანზე, მაგრამგაჩერებას არ აპირებდა. სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა კიბეები და მობილურზე მარიკას ნომერი აკრიფა. ტელეფონი ყურთან მიიტანა, თან ჭიშკრისაკენ გაემართა, თითქმის სირბილით, რომ აქაურობას მოშორებოდა.
რომ ბაბლუანს მოშორებოდა, მეტი არაფერი აღარ სურდა. ელენეს გულწრფელად შეეძლო ეთქვა, რომ მობეზრდა. ყელში ამოუვიდა. სწრაფად დაუყვა ქუჩას ქალაქის ცენტრის მიმართულებით, მძიმედ მიაბიჯებდა, თან მოუთმენლად ელოდა, თუ როდის აიღებდა ზარს მარიკა. ქარი უწყალოდ უბერავდა და ელენეს თხელი შარვლით დაფარულ ფეხებს, სახესა და ხელებს უსუსხავდა, მაგრამ გოგონა არ აპირებდა გაჩერებას. სულ ცოტაც და მოაკითხავდნენ…
ოციოდე ნაბიჯი არ ექნებოდა გავლილი, რომ ჩხაკუნი გაისმა და მისმა მეგობარმა ყურმილი აიღო. ელენემ შვებით ამოისუნთქა.
-ელენე! როგორ ხარ, გოგო? – მხიარულად ჩაეკითხა მარიკა და ელენეს ჩაეცინებოდა, მის სხეულს თრთოლა რომ არ დაეწყო სიცივისაგან. – აბა როგორ მიდის შენი გამოჯანმრთელების საქმე?
-აღარ იკითხო. – ჩაიბუტბუტა ელენემ. – მისმინე, მარიკა… რაღაც უნდა გთხოვო. შეუძლია დედაშენს, თუ სცალია ახლა, რომ გამომიაროს? რომ ორივემ გამომიაროთ? – მან უკან მოიხედა, ტუჩი მოიკვნიტა, როცა დაინახა, თუ როგორ პატარავდებოდა ნელ-ნელა ბაბლუანების სახლი მის თვალში. – გარეთ გამოვედი და სასტუმროში წასვლა მინდა…
-რაიო? – დაიყეფა მარიკამ. – რას ქვია გარეთ გამოხვედი? რა გინდა გარეთ, გოგო, მთლად გადაირიე? ახლახანს სიცხე არ გქონდა?
-ეგ ელენა არის? – გაისმა უცებ ყურმილში, სანამ ელენე პასუხის გაცემას შეძლებდა, და გოგონას მატილდას ხმის გაგონებაზე ჩაეღიმა. – ელენააა! – დაიკივლა გოგონამ. – როგორ არის, ელენააა?
-აუ, გაჩუმდი, შვილო, რა. – მარიკას ტონი გაბეზრებულმა შეცვალა, სანამ უკანა ფონზე დათო რაღაცას ბურტყუნებდა, ალბათ მატილდას ელაპარაკებოდა. – შენ კიდევ გასაჩეჩი ხარ. – დაუსისინა მან ელენეს. – ასეთი შტერი როგორ უნდა იყოს ადამიანი…
-იქ ვეღარ გავჩერდებოდი. – ჩუმად მიუგო გოგონამ და ტელეფონს მაგრად მოუჭირა შმცივნული თითები. – უბრალოდ… ვეღარ გავძელი. უკვე რამდენჯერ, მარიკა, მითხარი, რამდენჯერ? დავიღალე.
-ელენე… – ხმა დაულბა მარიკას, შეწუხებული ტონი მიიღო, მერე კი ამოიხვნეშა. – კარგი, გამოვალთ ახლავე…
-კარგი, მე აქ დაგელოდებით… – თქვა გოგონამ და ის იყო, რომ თავი უნდა აეწია გარემოს მოსათვალიერებლად, რომ გაეგო თავისი ზუსტი ადგილსამყოფელი, რომ გაიგონა.
მძიმე ნაბიჯების ხმა.
ელენემ მოიხედადა კინაღამ ენა ჩაუვარდა, როცა ბაბლუანის ცივ, მაგრად ამავდროულად განრისხებულ სახეს შეეჩეხა. სიტყვა ვერ ამოთქვა, როცა მან მაჯაში ხელი ჩაავლო და ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა.
-არ არის საჭირო თქვენი სერვისი. – ხმადაბლა დაილაპარაკა მან ტელეფონში, მარიკას გასაგონად, და ელენეს ბუნდოვნად მოესმა მისი მეგობრის აღშფოთებული ყვირილი და მისი ჩვეული ლანძღვის შესავალი: „ოე, ლოდთა-ლოდო…“ მაგრამ მეტის მოსმენა აღარ დასცალდა, რადგან ბაბლუანმა კავშირი გათიშა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-დემეტრე… – ყბები ერთმანეთს დააჭირა გოგონამ, შეეცადა, რომ მაჯა გამოეტაცა ბაბლუანისათვის, თან მის ცივ, ქვასავით გამომეტყველებას დაუბღვირა, შეეცადა ნამდვილი ემოცია ამოეკითხა მის თვალებში, რომლებიც დაჟინებით დაშტერებოდნენ, მაგრამ რასაკვირველია, არ გამოუვიდა. – ტელეფონი დამიბრუნე და ხელი გამიშვი!
-რას აკეთებ? – შეეკითხა ბაბლუანი, და ელენე შეკრთა, როცა იგრძნო, თუ როგორ ამოძრავდნენ მისი თითები, როგორ გადაინაცვლეს მისი მაჯიდან გოგონას ხელზე და როგორ მომენტალურად გაუთბა დასუსხული კანი დემეტრეს სითბოთი.
-მე… მე სახლში მივდივარ. – ძლივს ამოილუღლუღა მან და ქუჩას სწრაფად მოავლო თვალი, უხერხულად გადახედა მოპირდაპირე მხარეს მიმავალ მოხუცებულ ქალს, რომელიც აშკარად ეჭვით დაშტერებოდათ. – ახლავე შეწყვიტე…
-შენი სახლი აქ არის. – მტკიცედ უთხრა ბაბლუანმა, მისკენ გადმოიწია და თვალებში ჩახედა, ელენე გაოცებული მიაშტერდა, პირი დაეღო, მაგრამ ბურთი გაჩხეროდა ყელში. ბაბლუანმა უფრო მაგრად მოჰკიდა ხელი და მძლავრად მოქაჩა, და როცა გოგონა მისკენ წაბარბაცდა, მაგრად მოხვია მხრებზე მეორე, თავისუფალი მკლავი.
ელენე ერთიანად გაიყინა, ვერ გაეგო,თუ რა გაეკეთებინა, ხელები სად წაეღო, ანდა რა ეყო მისი მოღალატე გულისათვის, რომელიც უსწრაფესად უცემდა, მკერდის ძვალს ეხეთქებოდა და გოგონა ყურებში გრძნობდა მის გუგუნს. შუბლი ბაბლუანის ყელზე მიედო და გაციებული სხეული მომენტალურად გაუთბა, აღარ გრძნობდა ცივ ჰაერს, სუსხსა და ქარს, რომლებიც ჯერ კიდევ გარშემო უტრიალებდნენ, მაგრამ თითქოს ვერ ედრებოდნენ იმ სითბოს, რომელსაც ახლა გოგონა განიცდიდა მთელ თავის სხეულში. ღრმად შეისუნთქა ბაბლუანის სუნამოს უკვე ნაცნობი სურნელი და თვალები დახუჭა.
-გეგონა, რომ ამ სახლიდან ასე წახვიდოდი? – თქვა უცებ ბაბლუანმა და ელენემ თვალები გაახილა, დისორიენტირებული იდგა და თითქოს არ ესმოდა. – გეგონა, რომ ასე გაგიშვებდი? ცდები. – მშრალად დაამატა მან და შემობრუნდა, ისე რომ გვერდულად აჰკვროდნენ ერთმანეთს, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისაკენ. ელენე ავტომატურად მიჰყვა, ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა და გამალებით ფიქრობდა, მაგრამ თითქოს გონება არ ემორჩილებოდა, წამდაუწუმ მიურბოდა ფიქრები იმისაკენ, რომ ბაბლუანი იდგა მის გვერდით და სახლში მიჰყავდა.
„სახლში.“ გაიმეორა გოგონამ გონებაში. ბაბლუანის ხელი მაგრად შემოჭდობილიყო მის წელზე, ისევ მისკენ ითრევდა თავისი სითბოთი და სასიამოვნო შეგრძნებით.
ვერც კი გაიგო, როგორ მიაღწიეს სახლს და როგორ შეიყვანა შიგნით ბაბლუანმა, მერე კი მაშინვე სამზარეულოსაკენ წაიყვანა, სადაც ტასო ჯერ კიდევ გახელებით ემუსაიფებოდა აშკარად გასავათებულ მაიკოს.
-რა დროს უაზრო ლაპარაკია. – შეაწყვეტინა ბაბლუანმა და ელენეს გადმოხედა, როცა ორი ქალი მისკენ შემოტრიალდა. – ამას აჭამეთ და მიხედეთ.
-ეგ რატომ გაცვია? – მაიკო თვალებმოჭუტული მიაშტერდა. – შენ რა, გარეთ იყავი? – თვალები ჭყიტა მან.
-ელენე… – ტასო თავზარდაცემული მიშტერებოდა. – ეს რა არის, ბავშვო? რა მოხდა?
-გასეირნება მოინდომა ამან, თავისი ჭკუით. – განაცხადა ბაბლუანმა მშრალად.
მერე კი ხელი შეუშვა და ელენემ მძლავრად შეისუნთქა, უსიტყვოდ უყურებდა, თუ როგორ გავიდა დემეტრე სამზარეულოდან, გულში კი თითქოს ხელახლა, თითქოს ადრინდელზე უფრო ძლიერად დაუგროვდა ნაზი გრძნობა.
-ელენე, შენ მოგიკვდი… – მოვარდა ტასო და შემცივნულ, მაგრამ ამავდროულად უცნაურად თბილ მკლავებზე დაუსვა გამეტებით ხელები. – მოდი, მოდი, დაჯექი… მაიკო, მიდი, წყალი აადუღე და ჩაი ჩამოვუსხათ..
ელენე ხმას არ იღებდა, სამზარეულო მაგიდას ჩაშტერებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გარშემო ყველაფერი გაქრა.
დარჩა მხოლოდ თვითონ, ბაბლუანის თბილი შეხება, ის მძლავრი მოძრაობა, რის შემდეგაც დემეტრემ მაგრად ჩაიკრა გულში და მისი სიტყვები: „შენი სახლი აქ არის.“
ელენემ კანკალით ამოისუნთქა და თვალები მაგრად დახუჭა.
როგორც ჩანდა, ჯერ კიდევ ვერ დატოვებდა ამ სახლს.
ჯერ კიდევ ვერ შეძლებდა ბაბლუანის დატოვებას.
ტასომ წინ ჩაი დაუდგა, ცივი ჟაკეტი ტანიდან გააძრო, მაიკომ თბილი გადასაფარებელი მოარბენინა.
ელენე კი იჯდა. იჯდა და ბაბლუანის ქმედებებზე და მათ შესაძლო მიზეზებზე ფიქრობდა.

 

16-*-*-*-*-*-
ელენე მალევე გამოკეთდა. იოლიც კი იყო გამოკეთება, თუ ტასოს, მაიკოსა და მამამისის განუწყვეტელ ფუსფუსს გაითვალისწინებდა. ხან ერთი დახედავდა, ხან მეორე, ხან მესამე, ლოგინში საგულდაგულოდ ფუთნიდნენ, წამდაუწუმ საყვედურობდნენ იმის გამო, რომ „გასეირნება“ მოინდომა, და ტასო ყოველ ორ საათში ატენიდა ანტიბიოტიკებს. ელენემ ძლივს მოახერხა მისი გადარწმუნება და დაჯერება, რომ არ სჭირდებოდა ანტიბიოტიკები, თორემ დარწმუნებული იყო, რომ ქალი წამლის სამივე შეკვრას დააცლევინებდა რამდენიმე დღეში.
ტასო მამამისსაც ელაპარაკა და ელენეს გულწრფელად რომ ეთქვა, სულაც არ უნდოდა იმაზე ფიქრი და იმის გახსენება, თუ როგორ ამოდიოდა ქვემოდან ტასოს ხმა, როცა ის გიორგის საყვედურობდა, და ნიკას გაბეზრებული ტონი, რომლითაც ის გააფთრებული და ანერვიულებული ცოლის დამშვიდებას ცდილობდა, რაც აშკარა იყო, რომ არანაირად არ გამოსდიოდა. მათი საუბარი იმით დამთავრდა, რომ გიორგი ელენესთან ამოვიდა და განუცხადა, რომ ისევ აქ ბრუნდებოდნენ.
იმ წამს გოგონამ არ იცოდა, რა ეფიქრა. წამიერად გაუხარდა, სითბოთი გაევსო სხეული და იგრძნო, როგორ მოაწვა ღიმილი ტუჩებზე, მაგრამ ეს ყველაფერი მოულოდნელად გახეთქილი ბუშტივით დაიჩუტა. ბაბლუანი გაახსენდა. ყველანაირი პრობლემა გაახსენდა, რომელიც ბაბლუანმა თავს დაატეხა თავისი საქციელით და რომელთა ელენეს თავზე დაყრასაც ახლაც აგრძელებდა.
რატომ დააბრუნა ბაბლუანმა უკან? რატომ გამოეკიდა, როცა მიხვდა, რომ ელენე უკან შებრუნებას არ აპირებდა?
ტასოს მანქანაში ირწეოდა, უსიტყვოდ იყურებოდა ფანჯარაში და ტასოს მზერას გრძნობდა, რომელსაც ქალი ორ წუთში მაინც წამიერად მოაპყრობდა. ქალი ყველაზე მეტად ყოყმანობდა მისი სკოლაში გამოშვების შესახებ, აცხადებდა, რომ ჯერ კიდევ ავად იყო ელენე, რომ არ შეიძლებოდა ამის ასე გაკეთება, რომ ისევ შეუბრუნდებოდა სიცივე, მაგრამ გოგონამ მოახერხა მისი დაჯერება და დაჰპირდა, რომ წვიმაში აღარ გამოვიდოდა და აუცილებლად ტასოს დაურეკავდა, თუ რამე იყო პრობლემატური. გიორგი უფრო შორს წავიდა და სკოლაში დარეკა. ელენესთვის უდიდესი უხერხულობა და სირცხვილი იყო ის მომენტი, როცა მამამისის ტელეფონიდან ბუნდოვნად მოესმა კლარა ექთნის ხმა და პირდაღებული უსმენდა, თუ როგორ უხსნიდა მამამისი ექთანს სიტუაციას და როგორ ითხოვდა, რომ „თუ რამე, ყველანი მზად იყავით მანდ.“
ელენეს ძალაუნებურად გაეცინა. მერე კი მისი გონება ისევ დემეტრესა და მის ქცევებს დაუბრუნდა.
უცნაური იყო ეს ამბავი, ძალიან უცნაური. გოგონამ იცოდა, რომ ბაბლუანი მას, როგორც თავის საწვალებელ სათამაშოს, ისე უყურებდა, მაგრამ ამის მიუხედავად არ ესმოდა, თუ რატომ მიდიოდა დემეტრე ასე შორს იმისათვის, რომ გოგონა თავის სახლში შეენარჩუნებინა. ნუთუ შეეჩვია? თუ ძალიან, ზედმეტად სიამოვნებდა ელენეს გრძნობებთან თამაში და მისი გაწვალება?
გოგონამ თავი გადააქნია. ამ ბოლო დღეებმა დაუმტკიცეს, რომ ასეც არ იყო. ბაბლუანი მის ოთახში შემოდიოდა და აკითხავდა, მაგრამ არასოდეს არ დაუწყია კამათი. თამამად გადმოაბიჯებდა ზღურბლს, ვითომ აქაც არაფერიო, და პირდაპირ ელენეს მერხს მიუჯდებოდა. ეს პირველად რომ მოხდა, გაოცებული ელენე თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა მის ზურგს, სანამ ბაბლუანი რაღაცას წერდა რვეულში, რომელიც შემოიტანა, მერე კი უფრო გაუფართოვდა თვალები, როცა დემეტრემ მას მიაწოდა რვეული და დაჟინებით მოითხოვა, რომ ელენეს მისი გამოთვლებისათვის გადაეხედა. ხანდახან საწოლის გვერდით იჯდა, სკამზე და რაღაცას კითხულობდა, ანდა დაბღვერილი აწკაპუნებდა რომელიღაც თამაშს თავის ტელეფონზე. მაგრამ ელენეს გაოცებამ პიკს მიაღწია, როცა ბაბლუანმა ორი დღის წინ ჩაი და კარაქიანი პური ამოუტანა, ლანგარზე დაწყობილი. ალბათ სახეზე შეეტყო გაოცება, რადგან ბაბლუანმა ცივად შეხედა და განაცხადა, რომ სულაც არ უნდოდა ამ ყველაფრის ამოტანა, რომ ტასომ დააძალა.
ელენე დაბნეული იყო და არც კი იცოდა, თუ რა ეფიქრა, რა სასწაულისათვის მიეწერა ეს ამბავი.
ჩაფიქრებულმა შეაბიჯა საკლასო ოთახში და ვერც კი მოასწრო თავის აწევა, რომ მარიკა მიეჯახა.
-ელენეეე! – შეჰკივლა მან და გოგონა დაიჭყანა, უხერხულად მოავლო თვალი საკლასო ოთახში მყოფ კლასელებს, რომლებმაც წამიერად გადმოხედეს, ინტერესითა და უკმაყოფილებით. – ელენეეე, სად იყავი ამდენი ხანი, დავლპი აქ მე, ამ უცხოელთან და დათოსთან ერთად…
-დამპალს არ ჰგავხარ. – დაარწმუნა ელენემ და ღიმილით, მაგრად შემოხვია მეგობარს ხელები ზურგზე. მზერა ასწია და თავის მეორე მეგობარს გაუღიმა. დათო იშვიათი ღიმილით მოუახლოვდათ, მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა. ელენეს თვალები უფრო გაუბრწყინდა, როცა დათოს უკნიდან გაბადრული მატილდა გამოჩნდა.
-უკეთესად გამოიყურები. – უთხრა დათომ და მარიკას მხარზე ხელი დაუტყაპუნა. – გამოიწიე აქეთ, თორემ მოახრჩობ.
-გადი იქით! – შეუტია მარიკამ, მაგრამ ელენეს ხელი შეუშვა და უკან დაიწია. – მე დათვი კი არ ვარ, შენგან განსხვავებით ჩახუტებით მოვახრჩო… – ჩაიბუზღუნა მან.
დათომ გაიცინა, თავი გადააქნია და ელენეს ცალი მკლავი მოხვია მხარზე. გოგონა სიცილით მიეხუტა მეგობარს, ვერც კი წარმოედგინა, რომ ასე მოენატრებოდა სამივე.
-ელენააა! – წინ გამოიჭრა მატილდა. – არ გაქვს აღარ ცხელი, ელენა? – ჩაეკითხა ის გაფართოებული თვალებით და წამსვე შუბლზე სტაცა ხელი.
-სიცხე მეთქი, შვილო, სიცხე! – გაუსწორა მარიკამ და თვალები გადაატრიალა. მერე კი რაღაც ჩაიბურტყუნა. ეს ბურტყუნი საეჭვოდ ჰგავდა ელენესთვის უკვე ნაცნობ სიტყვებს: „სიცხე შენ…“
-არა, მატილდა, აღარ მაქვს სიცხე. – გაუცინა გოგონამ მატილდას, მარიკას ჩუმი ბურდღუნი დააიგნორა. – უკეთესად ვარ. მადლობა, რომ ასე დამხვდით. – უთხრა მან და მატილდას სახე გაუბრწყინდა, მერე კი წარბები შეკრა.
-მე ელენასთვის ბოდიში უნდა გადავიხადო. – ჩუმად თქვა მან და ელენემ წარბები ასწია გაოცებისაგან. – მე უნდა არ მეყვირილა. ელენა არ იყოს დაბრალებული.
ელენემ პირი გააღო და დახურა, თავის მეგობრებს გადახედა. მარიკას თვალები მოეჭუტა და ტუჩები მოეპრუწა, იჭვნეულად მიშტერებოდა მატილდას თავს. დათო ისე იდგა, თითქოს ცოტაც და სიცილი წასკდებაო.
-მატილდა, არა უშავს… – თქვა გოგონამ ბოლოს და გაიცინა. – მართალი იყავი შენ, მაგრამ… მე ზურა რომ არ მომწონს, რა გავაკეთო?
-არ მოგწონს? – მზერა მისკენ აწია თვალებდამრგვალებულმა მატილდამ, მერე კი ოდნავ მოიღუშა. – მაგრამ…
-მირჩევნია, რომ არ მოვატყუო. – მხრები აიჩეჩა ელენემ. – რა ჯობია, სიმართლე ვუთხრა, თუ მოვატყუო და ტყუილი იმედი დავუტოვო?
მატილდამ ტუჩები გაბუსხა.
-სიმართლე უთხრას ელენამ, რა უნდა თქმა… – ჩაილაპარაკა მან, მერე კი ამოიხვნეშა. – მაგრამ ზურა იტკივილებს…
-მერე? – გაიცინა ელენემ. – მიხედავ?
მატილდამ თვალები ჭყიტა და ელენეს გაოცებულმა შეხედა, მერე კი მზერა დათოსა და მარიკასკენ მიატრიალა, რომლებიც ისევ გაუნძრევლად იდგნენ.
-კარგი, ჰო, ჯანდაბას. – ხელი აიქნია მარიკამ, სახეზე გაბეზრებული გამომეტყველება ეხატა. – ვაღიარებ, რომ არა უშავს გამყრელიძეს… – ისე თქვა მან, თითქოს სიტყვებს ძალით გლეჯდნენ პირიდან. – და შენც არა გიშავს, ჰო, ჰო. – დაამატა სწრაფად და თვალები გადაატრიალა, როცა მატილდას სახე გაუბრწყინდა. – ივარგებთ ერთმანეთისათვის, თუ ის რამენაირად მოეგება გონს.
-ჰო, აბა. – თავი დააქნია დათომ. – ბოლოს და ბოლოს, ყოველ წუთში გადაუყვარდებათ და შეუყვარდებათ ხოლმე ხალხი, შენ ვიღა გამიხდი…
-ოე! – მარიკამ მაგრად წაჰკრა შეკრული მუშტი მეგობარს მკლავში და თვალებმოჭუტულმა დაუბღვირა. – რეპლიკებს ნუ მტაცებ, თორემ თუ გამოგიქანე და გთხლი…
-კარგი, მარიკა, კარგი. – სასწრაფოდ გააწყვეტინა ელენემ. იცოდა, რომ მეგობრის რეპლიკებს ისევ მათი კინკლაობა მოჰყვებოდა, ახლა კი ეს არაფერში სჭირდებოდა. – რაღაც უნდა მოგიყვეთ, თქვენი აზრი მაინტერესებს… – დაიწყო მან.
-ელენე… – შეაწყვეტინა დათომ და თავი კარისაკენ აიქნია. მარიკამ, მატილდამ და ელენემ ერთად, სინქრონულად მოატრიალეს თავები საკლასო ოთახის შემოსასვლელისაკენ.
სადაც ზურა იდგა.
ელენე ერთიანად დაიძაბა, რატომღაც დამნაშავედ იგრძნო თავი, როცა ზურამ მისკენ მომართა მზერა და გაიღიმა. მატილდასთვის ნათქვამი სიტყვები და გოგონას გაოცებული, ამავდროულად კი აღტაცებული და ბედნიერი გამომეტყველება ჯერ კიდევ გონებაში უტრიალებდა.
-გამარჯობა, ზურა… – ნელა წარმოთქვა მან და შეეცადა გაეღიმა. არ უნდოდა, რომ უპატივცემულოდ და ცუდად მოპყრობოდა ზურას თავისი გრძნობების გამო. – როგორა ხარ?
-მე უნდა გეკითხებოდე მაგას, ელენე. – მიუგო ზურამ და მისკენ წამოვიდა, ახლოს დაუდგა. ელენემ იგრძნო, თუ როგორ დაიჭიმა მატილდა მის უკან და თავს ძალა დაატანა, რომ ჩვეულებრივი, სასიამოვნო გამომეტყველება შეენარჩუნებინა. – როგორა ხარ?
-რა ვიცი, უკეთესად. – ხელები გაშალა გოგონამ საპასუხოდ. – როგორც ხედავ, საკაცეზე არ ვწევარ, ესე იგი კარგად უნდა ვიყო. – თავი დააქნია მან. ზურამ გაუცინა.
-უნდა ავღნიშნოთ. – განაცხადა მან უეცრად და ელენემ წარბი ასწია საპასუხოდ. – იოგურტს ხომ დაგპირდი? ჰოდა გინდა, რომ გავიაროთ? დღეს, ხვალ…
-აჰააა… – ელენემ პირი დააღო და მატილდას გადახედა, რომელიც უსიტყვოდ ახამხამებდა თვალებს, ტუჩს იკვნეტდა და ხან ელენეს გადმოხედავდა, ხან ზურას.
-აპა პა პა პა ახლა! – საქმეში, როგორც ყოველთვის, ენერგიულად ჩაერთო მარიკა და თითი ასწია, ზურას მიუშვირა. – ელენე ჯერ კიდევ არ არის მთლად გამოკეთებული, დონ ჟუან, გასაგებია? ახლა კი შენ და შენი შაქრიანი სიტყვები მიბრუნდით და გაბრძანდით აქედან, სანამ მე თვითონ მიგაბრძანე, თორემ ცოტას კიდევ თუ მოგისმენ, დიაბეტი დამემართება! – მან მკლავები გადააჯვარედინა და ცხვირი ასწია, ყველანაირად შეეცადა მასზე მაღალი ზურასათვის ზემოდან დაეხედა. – თუ იოგურტი გინდა, წადი და იყიდე, ელენე რას იზამს, ხურდებს დაგითვლის?
-უბრალოდ მისი გამოკეთების აღსანიშნავად… – დაიწყო წარბებაწეულმა ზურამ. – ხურდებს მე თვითონაც კარგად ვითვლი, დიდი მადლობა. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ელენეს ესიამოვნებოდა გასეირნება სუფთა ჰაერზე…
-ოოო, აბა რა… ეგ სუფთა და ყინულიანი ჰაერი იყო, ავად რომ გახადა! – მიახალა მარიკამ. – მოუნდა იოგურტი ახლა… გადი გაბრძანდი და შენ თვითონ ითვალე ხურდები, გასაგებია?
ელენე ხან მარიკას გადახედავდა, ხან ზურას და გამალებით ფიქრობდა,თუ როგორ შეეწყვიტა ეს ყველაფერი. ნაწილობრივ არ სურდა, რომ ზურას დათანხმებოდა, იმიტომ რომ ეს მას ცრუ წარმოდგენებს შეუქმნიდა, მაგრამ ნაწილობრივ ფიქრობდა, რომ არ იქნებოდა ეს ასეთი ცუდი იდეა, საშუალებაც ექნებოდა, რომ ზურას სერიოზულად დალაპარაკებოდა ცალკე და ყველაფერი აეხსნა…
-კი, წამოვალ. – უცებ გადაწყვიტა მან, მარიკას დაშოკილ გამომეტყველებას, ჩამოვარდნილ ყბას, მატილდას გაფართოებულ თვალებსა და დათოს კმაყოფილ სახეს ყურადღება არ მიაქცია, ზურას მიუბრუნდა და შეეცადა გაეღიმა. – დღეს, სადაც იმ დღეს ვიყავით, იმ პარკში. სკოლის შემდეგ, თუ გცალია…
-როგორ არ მცალია! – შეაწყვეტინა ზურამ, ის იღიმებოდა და ელენეს შიგნით რაღაცამ გასწიწკნა, გონებაში დაიჭყანა. საშინლად არ სიამოვნებდა ამის გაკეთება. – აუცილებლად ვიქნები და დაგელოდები…
-რააა? – დაისისინა მარიკამ. – რას ამბობ, ელენე? ოე, ელენე! – მკლავზე წაჰკრა მან ხელი მეგობარს.
-მაცადე, მარიკა, მერე დაგელაპარაკები… – გადაულაპარაკა გოგონამ და ისევ ზურას გადახედა, თავი დაუქნია.
-აბა ნახვამდის. – უთხრა მან. – მალე ზარი დაირეკება, გაკვეთილი მაქვს გადასამეორებელი… სკოლის მერე გნახავ!
-კარგი, აბა შეხვედრამდე! – ზურამ ხელი ასწია და დაუქნია, მერე კი ღიმილით გავიდა ოთახიდან. მთლად მოფარებულიც კი არ იყო კუთხეს, როცა ელენეს მარიკა აეტუზა წინ ისეთი გაომეტყველებით, რომ გოგონა დაწრმუნებული იყო, მისი მეგობარი კატა რომ ყოფილიყო, ზურგზე ბეწვი ყალყზე აეჯაგრებოდა ახლა.
-შენ რა, მთლად გადაირიე? – შეუტია მეგობარმა. – ძლივს, თავად მე ვაღიარე, რომ ეს შვილო და გამყრელიძე ვარგან რაღაცად, და შენც ეს მომენტი შეარჩიე და იმ კისერწაგრძელებულ მამალს ეცი? ბრავო. – მარიკამ სახე მოჭყანა და ხელები რამდენჯერმე ნელა მიუტყაპუნა ერთმანეთს. – ნელი ტაში სტუდიაში…
-ხანდახან მგონია, რომ გეშველება რამე, მაგრამ მალევე ვრწმუნდები, რომ უიმედო ხარ. – თქვა დათომ და თავი გადააქნია, მარიკას უკმაყოფილოდ უყურებდა. გოგონას თვალები კინაღამ გადმოსცვივდა.
-რაიო? – დაისისინა მან.
-ელენა, შენ მითქვი, რომ ზურას მოვუარეო… – მატილდა შეწუხებული, გაოცებული გამომეტყველებით მიშტერებოდა ელენეს და მარიკაც შედგა, თვალები გადაატრიალა და ამოიხვნეშა. – ახლა…
-აქ ხომ არ ვეტყოდი ყველაფერს? – ჰკითხა ელენემ მატილდას და მეგობრებს თვალი მოავლო. – სადმე ცალკე უნდა ამეხსნა ყველაფერი, შუა სკოლაში, გაკვეთილების დროს ამას არ გავაკეთებდი. პარკში ავუხსნი ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ გამიგებს.
მატილდამ ისევ გაოცებით, ოღონდ ამჯერად ღიმილით ახედა.
-აუ, მგონი იტირებს ახლა. – მარიკამ წარბები ასწია, ტუჩი აიბზუა. – დათო, ხელსახოცი, ჩქარა, თორემ ამის სახის აწმენდას მე არ ვაპირებ.
დათომ თვალები გადაატრიალა და ელენეს ძალაუნებურად მკერდიდან წასკდა სიცილი.
სასიამოვნო იყო ამ სამი ადამიანის კამპანიაში დაბრუნება.
-*-*-*-*-
გაკვეთილები დასასრულს უახლოვდებოდნენ და ელენე დარწმუნებული იყო, რომ ამდენი თავის ცხოვრებაში არ ენერვიულა. წარმოუდგენელი იყო მისთვის რამდენიმე კვირის წინ ის, რომ ვინმესთან, ვისაც იგი მოსწონდა, მოუწევდა დალაპარაკება და მით უარესი, მოუწევდა მათთვის უარის თქმა. უხერხულად გრძნობდა თავს და იცოდა, რომ უარესად იქნებოდა სიტუაცია, როცა ზურას პირისპირ იდგებოდა და მოუწევდა მისთვის თვალებში ჩახედვა, როცა მის გრძნობებს უარყოფდა.
მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა, ეს აშკარა იყო. პირველ რიგში, ელენე ვერაფრით ვერ წავიდოდა სიცრუეზე, არავითარ შემთხვევაში არ მოატყუებდა ზურას. არ აპირებდა, რომ ბიჭისათვის ცრუ იმედები მიეცა, გაეჭიანურებინა ეს საქმე იქამდე, სანამ ყველაფერი გაცილებით სერიოზული გახდებოდა და როცა ზურასთვის უფრო მტკივნეული  იქნებოდა ეს ამბავი. არ აპირებდა მის გამოყენებას ბაბლუანის დავიწყებაში. და მეორე მხრივ, მატილდას ამას ვერ გაუკეთებდა. მატილდა მშვენიერი გოგონა იყო, და ელენე ვერ აიტანდა მის თვალებში სევდის დანახვას.
-აბა თამამად, ჩემი გოგო… – მარიკამ მხრებზე სტაცა უკნიდან ხელები და კუნთები ისეთი ძალით დაუსრისა, რომ ელენე ტკივილისაგან მოიკრუნჩხა. – სახე დააყენე, გენაცვალე, მზად იყავი… მიდი და უთხარი, არაფერი არ დაუმალო, გასაგებია? აბა ძალა მოიკრიბე… დათო, პირსახოცი მოიტანე, წყალი შევასხათ…
-რას ბოდავ. – შეაწყვეტინა დათომ და სკეპტიკურად ასწია წარბი. – რინგზე გგონია თავი? რომელი მწვრთნელი გამომიდექი, გაფიცებ. გაიწიე იქით და აცალე, რომ სული მოითქვას.
-გადასარევი მწვრთნელი ვიქნებოდი მე, არაფერი შეგეშალოს.- უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა მარიკამ და ხელები გაუშვა, ელენემაც შვებით ამოისუნთქა და კალამს ჩანთაში ჩაუძახა. თავზე თბილი ქუდი მოირგო და ხელთათმანები შეისწორა, მერე კი ჩანთა ზურგზე მოიგდო.
-კარგი. – ამოისუნთქა მან და მეგობრებს გადახედა. -აბა წავედი.
-მიდი, ელენე! – მიაძახა მარიკამ, სანამ გოგონა სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდა გასასვლელს. – მაგრად ჩააბუბუნე, კარგად უთხარი ყველაფერი, გესმიიის?
-მესმის, მესმის. – ჩაიბურტყუნა ელენემ და დერეფანს დაუყვა.
უკვე დრო იყო. დრო იყო იმისათვის, რომ ზურასთვის ყველაფერი აეხსნა და ცდილიყო, რომ რაც შეიძლებოდა რბილად გაეკეთებინა ეს.
შეწუხებულმა ამოიხვნეშა. ძალიან არ სურდა ისეთი კარგი და კეთილი ბიჭის ტკენა, როგორც ზურა იყო, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა ამ სიტუაციიდან.
ფიქრებში გართულმა ჩამოირბინა სკოლის კიბეებზე და ჭიშკრისაკენ გაემართა.
მზერა ასწია, რომ გზაზე გაეხედა და ხელი ჯიბეში ჩაჩურთული ტელეფონისაკენ გაექცა, მაგრამ შედგა.
ბაბლუანს უკვე დაქოქილი მანქანა მიეყენებინა გამოსასვლელთან ახლოს, მძღოლის ფანჯარა შუამდე იყო ჩამოწეული, ცივი, სუსხიანი ჰაერის მიუხედავად, და წარბებაწეულმა ელენემ დაინახა, თუ როგორ აკაკუნებდა ბაბლუანი თითებს საჭეზე.
ნელა, უნდობლად მიუახლოვდა მანქანას და ფანჯარაში შეიჭყიტა.
-აქ რას აკეთებ? – ჰკითხა მან და მიიხედ-მოიხედა, იჭვნეულად გადახედა გამვლელებს, რომლებიც ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ. – ვინმეს ელოდები?
ბაბლუანმა ცივად გადმოხედა და მგზავრის სავარძლისაკენ აიქნია თავი.
-ძლივს გამოხვედი. – თქვა მან. – ჩაჯექი და წავიდეთ, დავიღალე აქ ჯდომით.
ელენემ თვალები ჭყიტა.
-მე მელოდებოდი? – ჩაილაპარაკა განცვიფრებულმა. – არავინ გაძალებდა, ტასო დეიდას დავურეკავ და ის წამიყვანს…
-დედაჩემი სამსახურშია, დაგავიწყდა? – წარბი ასწია ბაბლუანმა და ელენემ წამიერად პირი გააღო გასაპროტესტებლად, მაგრამ დახურა, როცა გაახსენდა. ტასო ჩვეულებრივზე გვიან იყო ოფისში, მოახლოებული ზამთრის გამო. ქალი ყოველ საღამოს წუწუნებდა „ათასი სულელური საქმის მოგვარებაზე,“ რაშიც, მისი თქმით შედიოდა სხვადასხვა საზამთრო აქტივობების ორგანიზების, უსახლკაროების დროებითი უზრუნველყოფის, პოტენციური, თოვლთან დაკავშირებული პრობლემებისა და რაც მთავარი იყო, საახალწლო დღესასწაულის ფინანსური საქმეების მოგვარება.
ელენემ ამოიგმინა.
-კარგი… – თქვა მან ყოყმანით, მგზავრის მხარეს კარი გააღო და სავარძელში ჩაჯდა. მერე კი, სანამ ბაბლუანი მანქანას სახლისაკენ წარმართავდა, პარკში დანიშნული შეხვედრა გაახსენდა.
-მოიცადე, სახლში არ მივდივარ მე ჯერ. – უთხრა ბაბლუანს და ტუჩები მოიკვნიტა, როცა მან უემოციოდ გადმოხედა.
-აბა სად მიდიხარ? – ჰკითხა ბაბლუანმა და მანქანა ტრასის მხარეს გაარიხინა.
-პარკში. აი ხომ იცი… – ელენემ მარჯვნივ გაიშვირა ხელი. – იქეთ მხარეს, გვანცას პარკი…
-ვიცი. – შეაწყვეტინა ბაბლუანმა და ოდნავ მოღუშულმა გადმოხედა. – მერე რა გინდა იქ? ამ სიცივეში? თუ კიდევ მოგინდა გასეირნება?
-არა, არ მომინდა გასეირნება. – წარბები შეკრა გოგონამ. – უბრალოდ ზურას უნდა შევხვდე იქ.
-ზურას? – გაიმეორა ბაბლუანმა და გზას გახედა, სახის ნაკვთები თითქოს გაუქვავდა. – აჰა. და სხვაგან ვერ მოაგვარებდით? სკოლაში მაგალითად? რა საჭიროა აქ გამოსვლა?
-არ არის სკოლაში სალაპარაკო ამბავი. – მიუგო ელენემ. – ამიტომ ვხვდებით სხვაგან.
-გასაგებია. – უთხრა ბაბლუანმა, სახე ისევ გაქვავებოდა. ელენემ იგრძნო ჰაერში ჩამოწოლილი დაძაბულობა, რომელიც ათასი ნემსივით ესობოდა სხეულში, მაგრამ არ გაინძრა, ხმაც არ გაუღია, არ იცოდა, თუ რა ეთქვა.
წამიერად მატილდას გადასწვდა მისი გონება.
-მატილდა… – ამოილუღლუღა მან უეცრად და ბაბლუანს გაოცებულმა გადახედა. – აქამდე არ მიკითხავს შენთვის… მატილდას შესახებ რატომ მოგვატყუე?
-მოგატყუეთ? – ისეთი ტონით გაიმეორა ბაბლუანმა, თითქოს ელენე ამ სიტყვებით უდიდეს შეურაცხყოფას აყენებდა. – რასნიშნავს, მოგატყუეთ?
-დემეტრე, მეგობარი გოგო არ იცოდა, რას ნიშნავდა. – მოკლედ მოუჭრა ელენემ. – და შენ გინდა მითხრა, რომ შენ ეს ვერ გაიგე? რატომ იცრუე ყველასთან?
ბაბლუანს ცოტა ხანი არაფერი უპასუხია. უსიტყვოდ იჯდა და საჭეს ატრიალებდა, ვითომ აქაც არაფერიო.
-იმიტომ, რომ ასე მინდოდა. – თქვა მან ბოლოს და ელენემ ამოიგმინა, თვალები გადაატრიალა.
-ასე გინდოდა, ანუ სახეში აფარება გინდოდა ჩემთვის იმის, რომ შენ შყვარებული გყავს და შენთან შანსი არასოდეს მექნება. – მშრალად მოჭრა მან, წარბები შეკრა და საზურგეს მიეყუდა, უფრო მაგრად მოუჭირა მკლავები კალთაში ჩადებულ ჩანთას. – აი, რა გინდოდა.
-შეიძლება. – მიუგო ბაბლუანმა და ელენემ ტუჩი აიბზუა, განცვიფრებით გადახედა. არ ელოდა, რომ ის ამას აღიარებდა. – და მერე?
-არაფერი. – ამოიხვნეშა გოგონამ. – უბრალოდ… გავიგე, რისი თქმაც გინდოდა. გავიგე, რომ შენთან შანსი არასოდეს მექნება, გავიგე. – თქვა მან და დაჟინებით მიაშტერდა გზას. – მატილდას გარეშედაც აშკარა იყო . – ხმადაბლა დაამატა მან.
ბაბლუანს არაფერი უთქვამს, და მგზავრობამ სიჩუმეში ჩაიარა. ელენემ ხმა მაშინღა ამოიღო, როცა ბაბლუანმა პარკთან ახლოს გააჩერა მანქანა და გოგონა გადმოვიდა.
-მალე მოვალ. – უთხრა მან და კარი მიკეტა, ჩანთა მხარზე შეისწორა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა პარკის შუაგულისაკენ, სადაც იმ დღეს, კინოში ყოფნის შემდეგ იყვნენ. გული გამალებით უცემდა და გონებაში ამზადებდა სიტყვას, რომელიც ზურასთვის უნდა ეთქვა, მაგრამ იცოდა, რომ როგორც კი ბიჭს გაუსწორდებოდა და საქმე საქმეზე მივიდოდა, ნერვიულობისგან ყველაფერი დაავიწყდებოდა.
ზურა უკვე იქ იყო. ძელსკამზე იჯდა, ფეხს მიწაზე აბაკუნებდა, აშკარად მოუთმენელი გაომეტყველებით. ელენე რომ დაინახა, მაშინვე ფეხზე წამოდგა.
-გამარჯობა! – გაუღიმა მან და ელენემაც საპასუხოდ ღიმილი სტყორცნა, იმის მიუხედავად, რომ ცოტათი ნაძალადევი მოეჩვენა. – მშვიდობიანად მოხვედი?
-მშვიდობიანად მოვედი. – უთხრა ელენემ, მერე კი ღიმილი მომენტალურად ჩამოეცალა, ღრმად ამოიხვნეშა. ზურა შეწუხებული გამომეტყველებით მიაშტერდა.
-კარგად ხარ? – მისკენ წამოიწია ის და ელენემ ნაღვლიანად გაუღიმა, სინდისი ქენჯნიდა. ნანობდა, რომ ამ ბიჭისათვის ასე უნდა ეტკინა გული.
-კი, კარგად ვარ. მისმინე, ზურა… რაღაც უნდა გითხრა. – თქვა ელენემ და ტუჩები მოიკვნიტა, ღრმად ამოიხვნეშა, თვალები გააცეცა. სიტყვებს ეძებდა. ზურა თითქოს უფრო გასწორდა წელში, მომლოდინე გამომეტყველებით მიშტერებოდა.
-მოკლედ. – დაიწყო ელენემ, ძლივს მოახერხა, რომ გამშრალი ყელი ჩაეწმინდა. – რა მინდა რომ გითხრა… პირველ რიგში, მგონია, რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ… – დაიწყო მან და გაეცინა, როცა ზურას სახეზე მორცხვი ღიმილი დაინახა. – და მეორე… ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ… არ მომწონხარ, ზურა. – თქვა მან და მთელი ტანით დაიძაბა, სახე შეწუხებული გამომეტყველებით მოეჭმუხნა, როცა ბიჭს მომენტალურად ჩამოერეცხა ღიმილი.
-მე მაგას არც გთხოვ… – თქვა უცებ მან. – მე უბრალოდ… მე ვიფიქრე, რომ დროთა განმავლობაში…
-დროთა განმავლობაში ვიცი, რომ არ გამოვა. – ელენემ ტუჩები დაიკვნიტა, ხელებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში. – უბრალოდ ვიცი, რომ არ გამომივა და ამიტომ არ მინდა, რომ შენ ჩემს გამო ცრუ იმედები გქონდეს. ამიტომ აქედანვე გეუბნები.
ზურამ აღარაფერი უთხრა, ოდნავ მიტრიალდა, პარკში ხეებს გადაავლო თვალი.
-დემეტრეს გამო, არა? – თქვა მან ჩუმად და ელენემ თვალი აარიდა, თავი დაუქნია.
-ჰო. – ხმადაბლა მიუგო მან. – ვიცი, ვიცი, რომ ძალიან სულელურად ვიქცევი, მაგრამ…
-სულელურად არ იქცევი. – შეაწყვეტინა ზურამ და ელენემ სწრაფად ახედა. ბიჭი ნაღვლიანი ღიმილით უყურებდა. – უბრალოდ ლოიალური ხარ და გამძლე გრძნობა გაქვს. – ელენეს თავისდაუნებურად ჩაეცინა და ზურამ გაიღიმა. – სულ ეს არის. სულაც არ არის ეგ სისულელე.
-ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. – ამოთქვა გოგონამ. – ვიცი, რომ იმსახურებ, და ამიტომ გისურვებ. ბედნიერი იყავი, ყველანაირად.
-ისე მელაპარაკები, თითქოს მემშვიდობები, – ხმამაღლა გაიცინა ზურამ, მისკენ გადმოიხარა და მხარზე დაჰკრა ხელი. – შეიძლება პაემნებზე აღარ დაგპატიჟო, მაგრამ შენს ცხოვრებაში მაინც ვიქნები.
-ჰო, ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც. – გაუღიმა ელენემ, უხაროდა, რომ ასე კარგად მთავრდებოდა ყველაფერი. თითქოს ერთი მტკივნეული ადგილი დაუამდა გულში. – გინდა იოგურტი ვჭამოთ, მაინც? – გაუცინა მან, მაგრამ ღიმილი გაუქრა, როცა ზურამ თავი გააქნია.
-არა, მადლობა, მაგრამ ახლა არ მინდა. – უთხრა მან. – უბრალოდ… აღარ დაგაკავებ, წადი. უკვე აცივდა.
-კარგი… – თქვა ელენემ და შებრუნდა, მხარს ზემოდან გადმოხედა ზურას და ხელი დაუქნია.
-აბა ნახვამდის! – უთხრა ელენემ და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ბილიკს.
უკან აღარ მოუხედავს.
ზურა ძელსკამზე ჩამოჯდა და საზურგეს მიეყუდა, უსიტყვოდ. ნელა ახამხამებდა თვალებს და ხეების კენწეროებს აშტერებოდა.
-იოგურტი უნდა? – მოესმა გვერდიდან და თავი გადაატრიალა, ძელსკამთან მდგომ გოგონას გაუსწორა მზერა, რომელსაც ორი იოგურტის შეკვრა ეჭირა ხელში, ერთი მისკენ გადმოეწოდებინა.
ზურამ ამოიხვნეშა, ერთი გამოართვა და მაშინვე გახსნა.
-მადლობა. – თქვა მან და კოვზი ჩაყო იოგურტში.
-არაფერის. – უპასუხა მატილდამ, გვერდით მიუჯდა და თვითონაც გახსნა თავისი შეკვრა.
-*-*-*-*-
ელენემ რომ მანქანას მიაღწია, ბაბლუანი გადმოსული დახვდა თავისი სავარძლიდან. იგი პარკის გარშემო შემორტყმულ გალავანს მიჰყუდებოდა და უსიტყვოდ უყურებდა, თუ როგორ მოუახლოვდა ელენე.
-მოვრჩი. – ხელები ააქნია გოგონამ და მანქანას მიუახლოვდა. – წავედით.
-გითხრა, რომ მოსწონხარ, ბოლოს და ბოლოს? – ჰკითხა ბაბლუანმა და გოგონა შედგა, განცვიფრებით შეაშტერდა.
-რაო? – ძლივს ამოილუღლუღა მან. – მაგ…
-გეგონა, არ ვიცოდი? მე და ზურაბი ამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. უთქმელადაც გავიგებდი. – წარბი ასწია მან. – აბა? გითხრა თუ არა?
-არა, არ უთქვამს. – ელენემ ხელები გაასავსავა. – უბრალოდ აშკარა იყო.
ბაბლუანმა დაიფრუტუნა, თავი გადააქნია. ტუჩები უცნაურად შეუტოკდა, მაგრამ არც კი გაინძრა.
-შენ რაში გაინტერესებს? – თვალები მოჭუტა გოგონამ. ბაბლუანმა ცივად გადმოხედა.
-უბრალოდ მგონია, რომ სხვა უფრო შესაფერისი იქნება მისთვის და არა შენ. – მოკლედ მოუჭრა მან და ელენე მოიღუშა, წარბები შეკრა.
-ვითომ რატომ? – ხმას აუწია გოგონამ. რამდენიმე წამის წინ უნდოდა, რომ ზურას გრძნობების უარყოფა ეხსენებინა, მაგრამ ახლა რატომღაც ამის სურვილი ერთიანად გაუქრა. – შენ საერთოდ რა გესაქმება, რატომ ყოფ ცხვირს ასეთ პრივატულ საქმეში?
-მე მეხება და იმიტომ. – მიუგო ბაბლუანმა.
-ყველაფერი, რაც გინდა, რომ გეხებოდეს, გეხება! – იფეთქა უცებ ელენემ. – დანარჩენი კი საერთოდ არ გაინტერესებს, ისე უვლი გვერდს ზოგიერთ რამეს, თითქოს უჩინარი იყოს… მაგრამ რაც გაინტერესებს, ყველაფერი შენი საქმეა!
-არის კიდევაც. – ბაბლუანი კედელს მოშორდა და მისკენ წამოვიდა. – და მერე რა?
-უბრალოდ… უბრალოდ ხანდახან ასე მგონია, რომ ჭკუიდან გადამიყვან შენი საქციელით! – დაისისინა გოგონამ და მოკრუნჩხული ხელები სახესთან მიიტანა. – საერთოდ არ გაინტერესებ, ვიცი, და ამის მიუხედავად, მაინც ჩემს ყველაფერში ცდილობ ჩარევას! რა გინდა, ბოლოს და ბოლოს? საკმარისი არ არის, რასაც აკეთებ? თავიდან მეგონა, რომ გარედან აჩენდი მხოლოდ ცივ ნიღაბს, შიგნით კი სხვანაირი იყავი, მაგრამ იმდენი გააკეთე, რომ მოახერხე აზრი შემეცვალა შენზე, გილოცავ! – სარკასტულად წარმოთქვა მან და მოახლოებულ ბაბლუანს დაუბღვირა. – მერამდენედ გითხარი, დავიღალე, აღარ შემიძლია მეთქი, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ შემობრუნდები ხოლმე და ისეთ რამეს გამიკეთებ, რომ ისევ უკან მითრევ! ამიტომ გეკითხები, რა გინდა? რატომ არ მაცლი იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, მოგიშორო და ცხოვრება გავაგრძელო, მერე კი ვინმე უკეთესი შემიყვარდეს? რატომ არ მაცლი? – თითქმის დაუყვირა ელენემ, სისხლი სახეში მოაწვა და გრძნობდა, როგორ თრთოდა ერთიანად, იმის მიუხედავად, რომ თბილი ტანსაცმელი ეცვა. ბაბლუანი წინ ედგა და უსიტყვოდ დაჰყურებდა.
-ელენე. – თქვა მან მოულოდნელად და გოგონა გაშტერდა, ადგილს მიეყინა. პირი დააღო, თვალები მიწისაკენ დასწია, მერე კი მაგრად დახუჭა. პირველად ესმოდა თავისი სახელი ბაბლუანისაგან.
არა. არა, რა აბსურდი იყო, ალბათ მოეჩვენა, ალბათ…
-ელენე, შემომხედე. – კიდევ ერთხელ მოესმა მისი სახელი და ადგილზე მილურსმულმა თავი გადააქნია, არ სჯეროდა, რაც ესმოდა. კინაღამ შეხტა, როცა ლოყებზე სიცივის მიუხედავად, თბილი ხელების შეხება იგრძნო.
-თვალები გაახილე. – უთხრა ბაბლუანმა და ელენემ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, მერე კი თვალები გაახილა, ვეღარ გაუძლო. უსიტყვოდ, განცვიფრებული ააშტერდა ბაბლუანს სახეში, რომელიც მისკენ დახრილიყო და ოდნავ წარბშეკრული, დაჟინებით დაჰყურებდა.
-შენ მე გიყვარვარ. – უთხრა უცებ ბაბლუანმა და ელენეს ყველაფერი გაეყინა შიგნით. ისეთი შგრძნება ჰქონდა, თითქოს ენა გადაეყლაპა, ბაბლუანის თვალებს შეჰყურებდა და არ სჯეროდა ის, რაც ესმოდა. – მე, და მხოლოდ მე. სხვას ვერ შეიყვარებ. მგონი უკვე გითხარი, რომ არ გამოგივა.
-დემეტრე… – დაიწყო გოგონამ, მაგრამ ბაბლუანმა თავი გადააქნია, ცალი ხელით ნიკაპი ააწევინა ზემოთ, მეორე კი წელზე მოავლო, უფრო ახლოს მოიზიდა.
-ამიტომ ნუ მეტყვი, რომ ვიღაც სხვას შეიყვარებ, გესმის? – ხმას დაუწია ბაბლუანმა და ელენე დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი ჰალუცინაცია გახლდათ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ეჩვენებოდა, რომ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო…
მაგრამ მერე ბაბლუანი დაიხარა, მისი თბილი, ოდნავ სიცივისაგან გაუხეშებული ტუჩები ელენეს მთრთოლვარე ტუჩებს შეეხნენ და გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა, ხელები ზემოთ ასწია და ბაბლუანს მხრებზე მოხვია. დემეტრე მაგრად იკრავდა მკერდზე, თავის სითბოს უზიარებდა, მაგრად და ამავდროულად ნაზად ჰკოცნიდა და ელენე, რამდენადაც თავის განცვიფრებულ და დაშოკილ მდგომარეობაში შეეძლო, აჰყვა. მხრებსა და ბეჭებზე გადაუსვა ხელები ბაბლუანს, მერე კი სახეზე, ლოყებზე გადაუსვა ცერები. ხელთათმანებშიც კი გრძნობდა კანის სიცივეს, რომელიც საოცარ კონტრასტს ქმნიდა ბაბლუანის ტუჩებთან, რომლებიც ისევ და ისევ ეწაფებოდნენ ელენეს ტუჩებს.
მერე კი ბაბლუანმა ოდნავ უკან დაიწია, ღრმად ამოისუნთქა. ელენე მის გულისცემას, თითქოს ხმამაღალ, სწრაფ გულისცემას გრძნობდა, მათი ტანსაცმლის მიუხედავად და ახლაღა შეამჩნია, თუ როგორ სისწრაფით სცემდა მკერდში საკუთარი გული. თვალები ჯერ კიდევ დაეხუჭა და ტუჩი მოიკვნიტა, ოდნავ შეაჟრჟოლა, როცა მასზე ბაბლუანისაგან მონარჩენილი შეხება იგრძნო. ბაბლუანს ჯერ კიდევ მაგრად მოახვია მისთვის ზურგზე ცალი მკლავი, მეორემ კი ელენეს თავი მიიხუტა ბაბლუანის მხარზე. გოგონა იდგა, თვალებდახუჭული, ღრმად სუნთქავდა და უბრალოდ ოცნების საკუთარ პატარა ღრუბელში გამოხვეულიყო.
მერე კი თითქოს ყველაფერი გაახსენდა, თვალები სწრაფად გაახილა.
-აბა, ახლა? – დაიჩურჩულა მან. – რატომ არ მიდიხარ და რატომ არ მეუბნები, აბა სცადე ჩემი დავიწყებაო?
-იმიტომ, რომ არ მინდა. – მიუგო ბაბლუანმა მშრალად. – თან აზრი არა აქვს თქმას, რადგან მაინც ვერ შეძლებ.
ელენემ თავი წამოსწია, ბაბლუანს ახედა, უნდობლად ჩააშტერდა თვალებში.
-ვერ გავიგე, რას აკეთებ. – თქვა მან, მისი მზერა დემეტრეს ნაკვთებს ევლებოდა. – არ მესმის…
-რანაირი ხარ. ეს საკმარისი არ იყო? – უკმაყოფილო გამომეტყველებით დახედა ბაბლუანმა და ელენეს ძალაუნებურად გაეცინა.
-უბრალოდ არ მჯერა შენი. – თქვა ჩუმად. – და მაინც ვერ გავიგე…
-არ გჯერა? – გაიმეორა ბაბლუანმა ცივად, მერე კი მანქანისაკენ გაიხედა, მისკენ წავიდა და ელენეც თან წაათრია. – ჰოდა ვნახოთ. ჩაჯექი. – უთხრა მან და ელენემ ამოიხვნეშა, სავარძელში ჩაჯდა და კარი მოკეტა. გული გამალებით უცემდა და გრძნობდა, თუ როგორი წითელი დასდებოდა სახეზე.
მერე კი ბაბლუანმა მძღოლის კარი მოკეტა და მანქანა გზაზე გაიყვანა.
ელენე კი გულამოვარდნილი იჯდა, უსიტყვოდ გაშტერებოდა გზას.
თითქოს ახლაღა ხვდებოდა, თუ რა მოხდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ყველაფერი ესიზმრებოდა.
ბაბლუანს გადახედა და ინატრა, რომ ეს სიზმარი არ ყოფილიყო.

 

17-*-*-*-*-*-
ელენეს შეეძლო თამამად ეთქვა, რომ თავის ცხოვრებაში არც ერთხელ არ ეგრძნო ასე დაბნეულად და დისორიენტირებულად თავი. გაშტერებული იჯდა, თვალებგაფართოებული და ხან უსიტყვოდ აშტერდებოდა გზას, ხან კი მისი მზერა ბაბლუანს მიუბრუნდებოდა, რომელიც აშკარად დაძაბული, ჩვეული ქვასავით სახით მიჯდომოდა საჭეს, ისე გამოიყურებოდა, თითქოს აქაც არაფერი მომხდარიყო და ელენეს ჯერ კიდევ რომ არ ეგრძნო მისი სხეულის სითბო და ტუჩების სინაზე, იტყოდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენაო.
იმდენად სურრეალური იყო მისი საქციელი… თუმცა საქციელი იმდენად არა, რამდენადაც მის მოქმედებას მოყოლილი სიტყვები, რომლებმაც თავიანთი უჩვეულობით ბრინჯივით დააბნიეს გოგონა.
ბაბლუანის სიტყვები: „რანაირი ხარ. ეს საკმარისი არ იყო?“ და „არ გჯერა? ჰოდა ვნახოთ. ჩაჯექი.“ ჯერ კიდევ ზარებივით რეკდნენ გოგონას გონებაში. ვერც კი წარმოედგინა, თუ ასეთ რამეს მოისმენდა ოდესმე ბაბლუანისაგან, უკვე რამდენი ხანი იყო, რაც ეს იმედი გაუქარწყლდა, ამიტომ იჭვნეულად მიაჩერდა დემეტრეს. რისი თქმა უნდოდა მას ამ სიტყვებით?
ნუთუ იმას გულისხმობდა, რომ ისევ „მოწყალებას“ აძლევდა ელენეს, ნუთუ ის უნდოდა ეთქვა, რომ გოგონას ეს უნდა ეკმარა, რადგან საბოლოოდ აკეთებდა ასეთ რაღაცას? ელენე ვერაფრით ახერხებდა, რომ მისი სიტყვებისათვის შესაბამისი კონტექსტი მოეძებნა, ისეთი, რომელიც მათ გაამართლებდა, მაგრამ ამავდროულად, ბაბლუანის ჩვეული ხასიათისათვის ნორმალური იქნებოდა.
მაგრამ ვერ ეპოვა ეს კონტექსტი და უფრო და უფრო იბნეოდა.
ყოყმანით გადახედა ბაბლუანს.
-რა უნდა ვნახოთ? – ძლივს ამოთქვა მან და ღრმად შეისუნთქა, როცა ბაბლუანმა წამიერად გადმოხედა, წარბი ასწია. – ვერ გავიგე, რას გულისხმობდი…
-რას ვნახავთ და იმას, რომ დაგაჯერებ. – მშრალად მოუჭრა  ბაბლუანმა. – რა არის აქ გაუგებარი.
-კი მაგრამ… – ამოილუღლუღა ელენემ. – ვერ გავიგე… რატომ აკეთებ ამას?
-ერთადერთი მიზეზი არსებობს. – ისე ამოიხვნეშა ბაბლუანმა, თითქოს ელენე თავს აბეზრებდა თავისი კითხვებით, მაგრამ გოგონას ყურადღებაც კი არ მიუქცევია, გამალებით უსმენდა. – თუ რამეს ვაკეთებ, ესე იგი მინდა და მორჩა.
-გინდა. – გაიმეორა გოგონამ მშრალად, ტიპიური ბაბლუანის პასუხი იყო ეს, გაუგებარი და არაფრის მომცემი. – მაშინ რატომ გინდოდა?
-მგონი გითხარი უკვე. – ცივად მიუგო ბაბლუანმა. – არ მინდა მითხრა რომ სხვა მამაკაცს შეიყვარებ. შენ მე გიყვარვარ და არავინ სხვა. – ბაბლუანმა გადმოხედა, წარბი ისევ აწეული ჰქონდა. – ახლა გასაგებია?
-არა. – მოუჭრა ელენემ. გულწრფელად რომ ეთქვა, ცოტათი ხვდებოდა, თუ რისი თქმა უნდა ბაბლუანს, მაგრამ ამის გაფიქრებაც კი აბსურდული იყო. უკვე კარგა ხანი გახლდათ, რაც დამარხა იმის იმედი, რომ ბაბლუანი ოდესმე მის გრძნობას უპასუხებდა, ამიტომ არ აპირებდა, რომ ამოეთხარა იგი. ეს გულისტკივილის გარდა არაფერს მოუტანდა.
-სერიოზულად? – მშრალად ჰკითხა ბაბლუანმა. – მე შენ ჭკვიანი მეგონე.
-მართლა? – თავისდაუნებურად წამოიწია ელენე, ეს პირველი კომპლიმენტის მსგავსი წინადადება იყო, რომელიც ბაბლუანისაგან გაეგონა და ამიტომ თვალები გაუფართოვდა, გაოცებულმა შეხედა დემეტრეს, რომელმაც ტუჩის კუთხე ასწია, ისე გამოიყურებოდა, თითქოს ღიმილს იკავებდა.
ელენე გამორკვა, საზურგეს მიეყუდა და თავი გადააქნია.
-კი ვხვდები, მაგრამ… – დაიწყო ყოყმანით. – ვერც კი წარმომიდგენია. სისულელეა ამ ყველაფრის შემდეგ ამის გაფიქრება.
-ესე იგი ხვდები. – თავი დააქნია ბაბლუანმა. – ჰოდა რაღატომ მისვამ ამდენ უაზრო კითხვას?
ელენემ სწრაფად გამოხედა, გაშტერებული მიაჩერდა.
-როგორ? – წაილუღლუღა მან. – ანუ… ანუ შენ მე… მოგწონვარ?
ბაბლუანს არაფერი უთქვამს, ამოიხვნეშა და თვალები გადაატრიალა. გზას მიშტერებოდა, სანამ ელენე მას მისჩერებოდა, თვალმოუშორებლად. გაყინული იჯდა და პირდაღებული მიშტერებოდა მის გვერდით მჯდარ ბაბლუანს.
არა. რა სისულელე იყო, რა აბსურდი. ბაბლუანი ისევ ცრუობდა, შანსი არ იყო იმისა, რომ ბაბლუანი სიმართლეს ამბობდა.
-არც ახლა მჯერა. – ამოთქვა მან. – შენ… შენ უბრალოდ შეუძლებელია, ასეთი რამეები არ ხდება…
-ახლაც ვერ გაიგე? – უთხრა უცებ დემეტრემ და ელენე შეკრთა, თვალებგაფართოებული მიაშტერდა მას. – ჰოდა მივალთ სახლში და დაგაჯერებ თქო, არ გითხარი?
ელენე გაჩუმდა, საზურგეში ჩადნა, უსიტყვოდ. მთელი სხეული თითქოს ერთიანად მოეშვა და განცვიფრებული გამომეტყველებით გაშტერებოდა გზას, რომელსაც თითქოს ვერ ხედავდა. მისი მთელი გონება მოეცვა ბაბლუანის სიტყვებსა და მათ მნიშვნელობას, და ვერც კი წარმოედგინა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა.
მერე კი ბაბლუანმა მანქანა გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა, ელენეც უსიტყვოდ გადმოჰყვა. დემეტრემ ხელში ხელი სტაცა და მკვირცხლი ნაბიჯით წაიყვანა სახლამდე. გოგონა ერთიანად დაძაბულიყო, არც კი იცოდა, თუ რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. ალბათ ყველაზე ბუნებრივი მოქმედება ბაბლუანის მხრიდან ის იქნებოდა, რომ სახლში შეიყვანდა, მერე კი ან პირში ეტყოდა, მოგატყუეო, ანდა დღეების მანძილზე უბრალოდ დააიგნორებდა.
ბაბლუანმა კარი მიკეტა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა სასტუმრო ოთახისაკენ საიდანაც ხმაური და ლაპარაკი ისმოდა, თან ელენესაც მის უკან მიათრევდა.
ნიკა, ტასო, მაიკო და გიორგი ისხდნენ სავარძლებსა და ტახტზე, ტელევიზორში რაღაც ხმაურიანი ფილმი გადიოდა. მაიკო და ტასო თვალებდაჭყეტილნი შეშტერებოდნენ ეკრანს, გიორგი და ნიკა კი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
ტასომ პირველმა შეამჩნია ისინი, გაიღიმა და მათკენ მოტრიალდა.
-ცოტა დააგვიანეთ… – დაიწყო მან, მერე კი მზერა მათი ჩაკიდებული ხელებისაკენ მოუხვდა და თვალები მოჭუტა, წარბი ასწია. მაიკო დედის მხრის იქიდან იყურებოდა და ხან მათ ხელებს შეშტერებოდა, ხან მათ სახეებს, თვალებდაჭყეტილი. – ეს რა არის? – იკითხა ტასომ და ინტერესით ახედა ორივეს. – რეე, ელენე, სად იყავით…
-ბატონო გიორგი. – დაიწყო ბაბლუანმა და ელენემ თვალები ჭყიტა, გაშტერებულმა გადახედა დემეტრეს, რომელიც ცივად მიშტერებოდა გიორგის. მამამისს სულ სახელით მიმართავდა, არც ერთხელ არ გამოუყენებია „ბატონო“…
ელენე ერთიანად დაიძაბა, როცა მამამ მათკენ მოიხედა, სახეზე გაკვირვებული გამომეტყველება ეხატა.
-ჰო, დემეტრე? – იკითხა მან. ოდნავ მოიღუშა, როცა მათ ჩაკიდებულ ხელებს ჰკიდა თვალი. – რა ხდება?
-მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. – თქვა ბაბლუანმა მშრალად, ჩვეული უემოციო, ქვასავით გამომეტყველებით და ელენეს ყველაფერი ამოუბრუნდა შიგნით. განცვიფრებისა და შოკისაგან ალბათ დაბარბაცდებოდა, ბაბლუანს რომ არ ჰქონოდა მისთვის ხელი მოკიდებული. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, არავინ ხმას არ იღებდა, რომელსაც უკანა ფონზე არღვევდა ტელევიზორიდან მომავალი ხმაური. ტასოს სახეზე ხელები აეფარებინა, მაიკო პირდაღებული შეშტერებოდათ, ნიკას გაუგებარი გამომეტყველება ეხატა სახეზე და პირს ისე ამოძრავებდა, თითქოს სიტყვების ამოთქმა უნდოდა, მაგრამ რაღაც გაჩხეროდა ყელში. გიორგი განცვიფრებული მოშტერებოდათ.
-მე… – დაიწყო მან, მაგრამ არ აცადეს.
მაიკოს სიცილმა ოთახში იფეთქა. გოგონა ხმამაღლა ხარხარებდა, განცვიფრებული, ამავდროულად გაბადრული მოშტერებოდათ ორივეს.
-ვაიმე… ყველაფერს ველოდი… მაგრამ ამას… – მაიკო მოიხარა, მუცელზე ხელები იტაცა.
-რა თქმა უნდა, ახლა არა. – დის სიცილი დააიგნორა და გააგრძელა ბაბლუანმა, ისე იქცეოდა, თითქოს უჩვეულო არაფერი ეთქვა და მომხდარიყო, ისე იქცეოდა, თითქოს არც კი იცოდა იმის შესახებ, რომ ათიოდე წამის წინ გიორგის ელენეს ხელი სთხოვა. – მოგვიანებით. საკმაოდ მოგვიანებით, როცა შესაფერისი დრო იქნება.
ტასომ ხელები ჩამოსწია, ღრმად სუნთქავდა და სახეზე იგრილებდა. ნიკამ ამოიგმინა და შუბლი მოისრისა.
-რეე. აგვიხსენი, რას ამბობ? – ჰკითხა მან და ელენეს შეეძლო დაეფიცა, რომ მამაკაცს სახეზე ოდნავმა შიშმა გადაჰკრა. – რა დალიე?
-არაფერი დამილევია. – ტუჩი აიბზუა ბაბლუანმა. – რა არის ამაში გაუგებარი? ბატონ გიორგის მისი ქალიშვილის ხელს ვთხოვ.
-და რატომ? – იფეთქა უცებ გიორგიმ და ფეხზე წამოვარდა, მათი ჩაკიდებული ხელებისაკენ აგრესიულად გაიშვირა თითი. – ეს… ეს როდის აქეთ ხდება? ამის შესახებ რატომ არაფერი მსმენია? ელენე, როგორ გავიგო ეს ყველაფერი?
-მეც არ ვიცი, როგორ გავიგო და შენ რა გითხრა… – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ და აღელვებულმა გადახედა ბაბლუანს, რომელიც გიორგის დაჟინებით მიშტერებოდა. მამამისი გაოცებული და აშკარად გაღიზიანებული იდგა, და ელენეს ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა მისი და მამას საუბარი, როცა სასტუმროს სასადილოში ზურამ დაურეკა. ახლა ეშინოდა, რომ მართლა მოიტანდა მამამისი იმ სანადირო თოფს.
-რას ნიშნავს, არ იცი, როგორ გაიგო… გეკითხებით, რამდენი ხანია ეს ყველაფერი გრძელდება? – გიორგიმ თვალები მოჭუტა, ხან ელენეს მიაბჯენდა მწველ მზერას, ხან ბაბლუანს.
-ასე ხუთი წუთი? – ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ და დაიჭყანა, როცა გიორგის სახე მოეკრუნჩხა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს არ სჯეროდა, თუ რა ესმოდა. სიმართლე რომ ეთქვა ელენეს, არც თვითონ სჯეროდა დიდად.
-ხუთი წუთი? – გაიმეორა კაცმა. – ხუთი წუთი?
-გიორგი, წყნარად, დარწმუნებული ვარ, რომ ლეგიტიმური მიზეზი არსებობს ამისათვის. – ფეხზე წამოდგა ნიკა და მკლავები გადააჯვარედინა.
-კითხვა დაგისვით. – თქვა უცებ ბაბლუანმა, ისე იქცეოდა, თითქოს პოტენციური სიმამრი დაკითხვას არ უწყობდა. – პასუხს ველოდები.
-როგორ თუ… კი მაგრამ… ასეთი მოთხოვნა… – გიორგიმ ხელები გაასავსავა, სახეზე ელვის სისწრაფით ეცვლებოდა ერთმანეთში დაბნეულობა, ბრაზი და შეწუხებული გამომეტყველება. – რა თქმა უნდა არა! – წამოიძახა მან ბოლოს.
ტასომ ისევ პირზე იტაცა ხელი, მაიკო პირს კუმავდა და ეტყობოდა, რომ სიცილს ძლივს იკავებდა. ნიკამ ღრმად შეისუნთქა და გამოისუნთქა, ისეთი სახე ჰქონდა, რომ ელენე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ის ფიქრობდა, ახლა რაღაში გავეხვიეო.
-გასაგებია. – უპასუხა ბაბლუანმა, მერე კი ელენე სწრაფად მოქაჩა ახლოს, წელზე მოხვია ხელი. – ეს უბრალო ფორმალობა იყო, თქვენი ნებართვა არ მჭირდება, თქვენი ქალიშვილი ისედაც თანახმაა…
-ჩემი ქალიშვილი ჩვიდმეტი წლისაა! – იფეთქა გიორგიმ და ელენე კინაღამ ადგილზე შეხტა, მამამისი ასე გაბრაზებული არასოდეს ენახა, მაგრამ ეს გასაგებიც იყო ალბათ. – მე მისი მამა და მეურვე ვარ და მე გადავწყვიტავ, თუ…
-ორ თვეში აღარ იქნებით, როცა თვრამეტის გახდება. – ცივად შეაწყვეტინა ბაბლუანმა, მერე კი ამოიხვნეშა. – როგორც გითხარით, ახლა არა, რა თქმა უნდა. რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება. შევხედავთ სიტუაციას.
-რას ნიშნავს… რას ნიშნავს… – ლუღლუღებდა გიორგი. – ეს რანაირი ხუმრობაა… თქვენი აზრით, მასულელებთ?
ბაბლუანს არაფერი უთქვამს, მშვიდად მიშტერებოდა გიორგის, ელენე კი ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს, ხან ტასოს, ნიკასა და მაიკოსკენ გაექცეოდა თვალები, ვერ გაეგო ვისთვის შეეხედა, ვისთვის ეკითხა, თუ რა ხდებოდა, ყველა მასავით დაშოკილი ჩანდა.
-რეე, ესე იგი… – ნელა წამოდგა ფეხზე ტასო, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა შვილს. – ანუ თქვენ ერთმანეთი გიყვართ? ასე გამოდის?
ბაბლუანს არაფერი უთქვამს, მხოლოდ უსიტყვოდ მიაშტერდა. ტასომ წამიერად თვალებში ჩახედა და მზერა გაუსწორა, მერე კი მკვეთრად შეისრუტა ჰაერი და ლოყებზე ხელები შემოირტყა.
-უყვართ აბა რა! – ფეხზე წამოიჭრა მაიკო. – შეხედეთ, რა სახე აქვს! – ისე გაიშვირა მან ბაბლუანის ჩვეული უემოციო გამომეტყველებისაკენ თითი, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა. – და გიორგი ბიძია, თქვენ თუ ეს ხუმრობა გგონიათ, როდის იყო ჩემი ძმა ხუმრობდა? მართლა გგონიათ, რომ ამ ხისთავიანს ხუმრობა შეუძლია? არც დალეული არა აქვს არაფერი… სერიოზულად ამბობს. – ხმადაბლა თქვა მან და ბაბლუანს გადახედა. – არადა სულ მეგონა, რომ ამ სიტყვებს შენგან ვერასოდეს მოვისმენდი. არც ის მეგონა, რომ ასეთი სიტუაციის მომსწრე გავხდებოდი. – ჩუმად დაამატა მაიკომ.
-რეე, ელენე, ბავშვებო… – ტასო ხელებით იგრილებდა, აცრემლებული თვალები მათკენ მოეტრიალებინა. – ძალიან მოულოდნელია…
-ელენე, გიყვარს? – ჰკითხა უცებ გიორგიმ და გოგონა შეხტა, მამას სერიოზულ, ოდნავ სევდიან მზერას გაფართოებული თვალები მიაპყრო. იგრძნო, როგორ უწითლდებოდა ნელ-ნელა სახე.
ბაბლუანმა გადმოხედა, წარბი ასწია და ელენეს ოდნავ გააკანკალა, ძალაუნებურად ისტერიული სიცილი წასკდა.
-ჰო. – თქვა ბოლოს და თავი დაუქნია. მამა ისევ მოღუშული მოშტერებოდა. – ვიცი, რომ მოულოდნელია შენთვის და მაპატიე, რომ აქამდე არ გითხარი. უბრალოდ… უბრალოდ მეგონა, რომ ცალმხრივი იყო და ამიტომ არ ღირდა შენთვის ამის თქმა… – ელენეს ისევ გაეცინა, იმის მიუხედავად, რომ აღელვებისაგან სხეული ერთიანად აუთრთოლდა, თითქოს შესცივდა. – ახლა ვხედავ, რომ ვცდებოდი, მაგრამ…
ვეღარ გააგრძელა, სიტყვებს ეძებდა. ღრმად ამოისუნთქა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-რამდენი ხანია, რაც გიყვარს, გენაცვალე? – ჩაეკითხა ტასო და ელენემ მისკენ მიატრიალა აწითლებული სახე.
-ორი წელი? – მხრები აიჩეჩა მან და მორცხვად გაიღიმა, როცა ტასომ თვალები ჭყიტა. – თითქმის ორი წელი იქნება. – დაამატა მან.
-ამიტომ გქონდათ ასეთი დაძაბული ურთიერთობა. – მკლავები გადააჯვარედინა ნიკამ, მერე კი თავი ბაბლუანისაკენ ააქნია. – ამან იცოდა?
-იცოდა. – თავი დაუქნია ელენემ, მერე კი შეყოყმანდა, ბაბლუანს გადახედა, რომელიც ისევ ისე, ქვასავით იდგა. – საოცარი დამთხვევაა, მაგრამ ჩვენი გადმოსვლის წინა დღეს გაიგო. იმ დღეს, როცა ჩვენი სახლი სანახევროდ ჩამოინგრა.
ნიკამ წარბები შეკრა, დემეტრეს უნდობელი მზერა მიაპყრო.
-მოიცა… და ესე იგი შენ განგებ იქცეოდი ისე? – თქვა მან. – შენს გამო იყო, ელენეს გადასვლა რომ უნდოდა?
გიორგიმ თვალები მოჭუტა და ისეთი სახით გადახედა ბაბლუანს, რომ ელენე თითქმის დარწმუნებული იყო, საბრძოლველად ემზადებოდა.
-ჰო, ჩემს გამო იყო. – თვალდაუხამხამებლად მიუგო დემეტრემ და წამიერად ელენეს მის გამო შეეშინდა. არა, გიორგის ისეთი გამომეტყველება ეწერა სახეზე, რომ მართლა იშოვნიდა იმ სანადირო თოფს…
-არა! – წამოიყვირა მან. – არავითარ შემთხვევაში! მაპატიეთ, ნიკა, ტასო… – მიუბრუნდა იგი ბაბლუანის მშობლებს, – მაგრამ ასეთი თავხედური განცხადება ჩემს ცხოვრებაში არ გამიგია! ელენე, აქ მოდი…
-თქვენ არ გესმით, ბატონო გიორგი. – თქვა ბაბლუანმა და ელენემ იგრძნო, თუ როგოროდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად დაიჭიმა მისი ხელი თავის წელზე. – მგონი თქვენი შვილის გრძნობები აშკარაა და როგორც მზრუნველმა მამამ და მშობელმა, ეს უნდა გაითვალისწინოთ. პლუს, მგონი უკვე გითხარით, რომ თქვენი ქალიშვილი თითქმის თვრამეტი წლისაა და კანონის მიხედვით, საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და შესაძლებლობა აქვს.
-შენ კი მგონი ვერ გამიგე. – თითი მიუშვირა გიორგიმ. – როგორც ვხვდები, შენი ბრალია, რომ ჩემი შვილი ამდენს ტიროდა, იმ დონემდე მიიყვანე, რომ აქედან წასვლა მთხოვა, მხოლოდ იმისათვის, რომ შენ მოგშორებოდა! ახლა ვხვდები, თუ რატომ არ ამბობდა თავისი თხოვნის მიზეზს… – მან მახვილი მზერა სტყორცნა ელენეს წამიერად. – მითხარი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს, როცა ბიჭი, რომელმაც ჩემი შვილი აატირა, მის ხელს მთხოვს?
-უნდა დათანხმდეთ. – ისე აიჩეჩა მხრები ბაბლუანმა, თითქოს ეს აშკარა იყო და ელენე ადგილზე აწრიალდა, იცოდა, რომ დემეტრეს ცივი პასუხები უფრო დაძაბულს გახდიდა სიტუაციას, მაგრამ არ იცოდა, თუ რა ეთქვა იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა ასეთუ მდგომარეობა. – სულ ესაა.
-მამა, ყველაფერს მოგიყვები, მოგვიანებით. – თქვა გოგონამ სწრაფად, სანამ გიორგი საპასუხოდ პირის გაღებას მოახერხებდა. – მაგრამ ყველაფერი არც ეგრე ცუდადაა, მართლა… ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა. – ელენე თვალებით შეევედრა. – ძალიან გთხოვ, არ გვინდა აქ კონფლიქტი.
გიორგიმ ამოიხვნეშა, უსიტყვოდ გადახედა.
-ელენე, ხომ იცი. – ხმადაბლა დაიწყო მან. – შემიძლია ხვალვე ვიშოვო ის სანადირო თოფი…
-ვიცი! – წამოიყვირა ელენემ და აღელვებული მზერა მოავლო ყველას. მაიკოს თითები მიედო ტუჩებზე და ჩუმად ფხუკუნებდა, ტასო და ნიკა თვალებგაფართოებულები მიშტერებოდნენ გიორგის. ბაბლუანი არც კი შეტოკებულა, ისევ ცივად იყურებოდა.  – ვიცი. და გპირდები, რომ არ იქნება საჭირო.
-რეე. – ხმადაბლა დაიწყო ნიკამ. – დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ ვიტყოდი. – მშრალად მოუჭრა ბაბლუანმა და ელენეს გადმოხედა. გოგონას სუნთქვა გაეჩხირა ყელში.
ნიკამ რამდენიმე წამი დაჟინებით უყურა ორივეს, მერე კი თავი დააქნია.
-ელენესთვის რომ არ გვიკითხავს? – თქვა უცებ ტასომ. – ელენე, გენაცვალე, შენ თანახმა ხარ? ვიცი, რომ რეემ თქვა, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს. ხომ იცი ჩვენი რეეს რთული ხასიათი?
-კი ვიცი. – გაეღიმა ელენეს.
-ხომ იცი, რომ ხისთავიანი, ქათმისტვინა ცხვარია? – ჩაურთო მაიკომ სიცილით.
-ეგეც ვიცი. – ძალაუნებურად გაეცინა ელენეს.
-ის თუ იცი, კაპიტანი პამპერსი რომ იყო ადრე? – გაიღიმა ნიკამ და გიორგიმ ისე გადახედა მეგობარს, თითქოს მას ორი თავი გამობმოდა.
-კი, კი, ეგეც. – ღიმილით უპასუხა გოგონამ.
-და ის, გულცივი და ყინულოვანი რომაა? – ჩაეკითხა მაიკო.
-კი, კი, ეგ ნამდვილად ვიცი. – მიუგო ელენემ.
-და მაინც, შენ თანახმა ხარ? – ნაზი ტონით ჩაეკითხა ტასო.
-მე… – ელენემ თვალები გააცეცა, იგრძნო, თუ როგორ აასხა სახეში სისხლმა კიდევ ერთხელ. – ახლა არა, მაგრამ მოგვიანებით კი. – ძლივს ამოილუღლუღა მან.
-კარგი, რაკი ეს დალაგდა, მაშ… – ტასომ ღრმად შეისუნთქა, მერე კი მოულოდნელად გამოექანა მათკენ და ორივე მაგრად მიიხუტა გულზე. – ჩემი გვრიტები! – წამოიკივლა მან. – ჩემი ბავშვუნიები! გილოცავთ, გენაცვალე, მეტადრე შენ, რეე, სულ მეგონა, რომ მარტოსული წახვიდოდი ამ ქვეყნიდან… – ელენეს და მაიკოს სიცილი აუტყდათ, ნიკამ ჩუმად ჩაიფხუკუნა. გიორგის ისევ ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სამძიმარზე იყო მისული. ტასომ უკან დაიხია, თვალების კუთხეებში მიიკრა თითები და ცრემლები მოიწმინდა.
-მეც გილოცავთ! – ამჯერად მაიკომ წამოიწია წინ და ჯერ რეეს მოეხვია, მერე კი ელენეს. – ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეს ამბავი კარგად დამთავრდებოდა…
-ელენე.. – მოუახლოვდა ნიკა, გიორგის წამიერად სტყორცნა მზერა, მერე კი თვალი აარიდა და უხერხულად ჩაახველა. – არ ვიცი, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს აგვიხსნი, არ მესმის, თუ შენნაირ კარგ ბავშვს როგორ შეუყვარდა ჩემი ბიჭი.. -მან ეშმაკური მზერა სტყორცნა შვილის უკმაყოფილო სახესა და აწეულ წარბს. – არ გეწყინოს, რეე, შენც ძალიან კარგად იცი, რომ სიმართლეს ვამბობ. – მაგრამ მეც გილოცავთ. – ის დაიხარა და ელენემ ღიმილით შემოხვია თავისუფალი მკლავი.
ნიკა გასწორდა, ბაბლუანისაკენ მიმართა მთელი თავისი ყურადღება.
-შენ მაშინ მოგილოცავ, როცა ყველაფერი დაწყნარდება, ვაჟბატონო. – შედარებით მკაცრად გააგრძელა მან, იმის მიუხედავად, რომ თვალები უბრწყინავდა.
-გასაგებია. – თქვა ბაბლუანმა. – მაშ კარგი, მე წავალ, დავისვენებ. – მან ელენეს ხელი შეუშვა და ჩვეული, გამოზომილი ნაბიჯებით მიტრიალდა, კიბეებს აუყვა.
-აი, შეხედეთ. – უკმაყოფილო გამომეტყველებით გააყოლა ძმას თვალი მაიკომ. – წამიერად მგონია, რომ რაღაც ეშველება ამ უბედურ ხისთავიანს, მაგრამ რად გინდა? მიტრიალდა და დაადო თავი უტვინო ვაცივით.
ელენემ თავი გადააქნია და ტახტს მიუახლოვდა, უნდა ჩამომჯდარიყო. ისე შეგრძნება ჰქონდა, რომ თუ მალე არ დაჯდებოდა, ფეხები ვეღარ დაიკავებდნენ.
ცოტა ხანი გაატარა ქვემოთ, ყველას ელაპარაკებოდა, ყველანაირად ცდილობდა, რომ მათი უამრავი კითხვისათვის დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცა და რამენაირად დაერწმუნებინა მამამისი, რომ დემეტრე ბაბლუანს ხუმრობა, მით უმეტეს, ასეთი ხუმრობა არ შეეძლო. თავისი და ბაბლუანის წინანდელი ურთიერთობა ცოტათი შეალამაზა, არ სურდა, რომ გიორგის მართლა მოეტანა ის თოფი, მაგრამ საკმარისი თქვა იმისათვის, რომ რეალისტური სურათი შემდგარიყო. როცა ზემოთ ალასლასდა, არაქათგამოცლილი, მხოლოდ რვის ნახევარი იყო, მაგრამ საშინლად ეძინებოდა.
სააბაზანოში შევიდა და აბაზანა მიიღო. პიჟამა ჩაიცვა, თმა დაიშრო და ნელა გამოაბიჯა. ჯერ კიდევ ცოტათი დისორიენტირებული იყო, არც კი იცოდა, თუ ახლა რა ეფიქრა, ანდა რა გაეკეთებინა.
ადგილზე შეხტა, როცა თავისი ოთახისაკენ შემოტრიალდა და თვალი ჰკიდა იქვე, კედელზე მიყუდებულ ბაბლუანს.
-მეგონა, რომ დაიხჩვი იმ აბაზანაში. – თქვა მან და ჩაიცინა, წარბი ასწია. – იმდენი ხანი იყავი შიგნით.
-მელოდებოდი? – ჩაეკითხა ელენე და თავისდაუნებურად გაეღიმა.
-მარტო შენ არ გჭირდება სააბაზანოს გამოყენება. – მშრალად მოუჭრა ბაბლუანმა და ელენეს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა. გოგონამ თვალები გადაატრიალა და ამოიხვნეშა.
-კარგი, მიდი მერე. – უთხრა მან, და მის გვერდით ჩავლა სცადა, მაგრამ ბაბლუანი წინ აეტუზა. ელენემ ოდნავ უკან დაიწია, გაოცებით ახედა და ყველანაირად შეეცადა, რომ საკუთარი თავისათვის უფლება არ მიეცა გაწითლებულიყო, მაგრამ აშკარა იყო, რომ ამ ბრძოლას აგებდა. – ახლა რაღა გინდა? არ შედიხარ?
-არა. – მიუგო ბაბლუანმა და ელენემ გაოცებით ასწია წარბები.
-ანუ შენ… ანუ შენ იხუმრე? – თითი მიუშვირა გოგონამ და ხმამაღლა გაიცინა. – ამას რას მოვესწარი…
-მე არ შევდივარ. – შეაწყვეტინა ბაბლუანმა, მერე კი თავი მიაბრუნა დერეფნისაკენ. – მაიკო! – დაიძახა მან. – ვიცი, რომ გვისმენ. გამოდი, თავისუფალია.
მაიკო სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან და უმანკო ღიმილი სტყორცნა ორივეს.
-როგორ გეკადრება, რეე… – ტუჩები გაბუსხა მან და ფუმფულა ხალათი აიწია ყელზე, პირსახოცები კი უფრო კარგად ამოიჩარა იღლიაში. მერე კი გაბადრულმა ჩაუარა მათ. – მიდით, მიდით, მე აღარ შეგაწუხებთ… – მისი ეშმაკური ღიმილი იქამდე ჩანდა, სანამ კარი დაიკეტებოდა.
-კაააარგი. – თავი დააქნია ელენემ და ბაბლუანს ახედა, რომელიც ისევ დაჰყურებდა. – აბა წავედი დასაძინებლად მაშინ.
-წამოდი ჩემთან. – უთხრა უცებ ბაბლუანმა და ელენე შეკრთა, თვალებდაჭყეტილმა ახედა დემეტრეს. – წავიდეთ. – თქვა მან და მკლავში მოჰკიდა ხელი.
-სად… რას… – ძლივს ამოილუღლუღა ელენემ. რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს ყველაფერი, რაც განიცადა, ზედმეტი იყო მხოლოდ ერთი დღისათვის.
-მინდა რომ ჩემს გვერდით დაიძინო. – მშრალად მიუგო ბაბლუანმა.
ელენემ პირი გააღო, და დახურა. ძლივს ამოისუნთქა.
-კარგი. – ამოღერღა ბოლოს და ოთახისაკენ მიმავალ ბაბლუანს უკან გაჰყვა.
დემეტრემ კარი შეაღო და ელენემ პირველი რაც შეამჩნია, გადაწეული ფარდები იყო. ლამპიონებიდან მომავალი ოქროსფერი შუქი ნაზ ელფერს ჰფენდა ოთახს.
-თოვს. – თქვა უცებ ბაბლუანმა. ელენემ ინტერესით ასწია თავი, დაჟინებით დააშტერდა ლამპიონებს. მათი სინათლე ფაფუკად მომავალ, სქელ თოვლის ფანტელებს ეფინებოდა.
წამიერად ზღურბლზე იდგნენ ორივენი, და უყურებდნენ, თუ როგორ თოვდა გარეთ.
უცნაურად წყნარი იყო ყველაფერი.
ელენეც თითქოს დამშვიდდა.
ბაბლუანი პირველი ამოძრავდა , კარი ზურგს უკან მიკეტა და ლოგინისაკენ გაემართა, საბანი გადააძრო.
-მოდი. – უთხრა მან და ელენემ ძალა მოიკრიბა, ნელა მიუახლოვდა საწოლს, მერე კი ერთიანად აკანკალებული შეწვა შიგნით. ზურგზე წამოგორდა, კედლის მხარეს. საწოლი ფანჯარასთან ახლოს იდგა, ამიტომ ხედავდა, თუ როგორ ეფინებოდა ლოგინის ქვემოთა მხარეს ოქროსფერი შუქი.
უხილავი კომფორტი დაეუფლა.
ბაბლუანს დრო არ დაუკარგავს, თვითონაც ზურგზე წამოწვა და საბანი მკერდზე გადაიგდო.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, შორიდან, მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული საათის ტიკტიკი ისმოდა.
ელენე დამშვიდდა. საბანი მხრებამდე აიწია, თავი გვერდზე გადააგდო, კედლისაკენ. გვერდიდან მომავალ, ბაბლუანის სითბოს გრძნობდა და კომფორტული შეგრძნება უფრო გაუძლიერდა.
წამიერად შეკრთა, როცა იგრძნო, თუ როგორ გადმობრუნდა მისკენ ბაბლუანი. კისერთან ცხელი ჰაერის მობერვით მიხვდა, რომ დემეტრემ თავი მასთან ახლოს დადო, მერე კი ბაბლუანმა საბნიდან ხელი ამოჰყო და ელენეს მხარზე გადახვია.
მერე კი ჩაწყნარდა. ელენე მის ცხელ, გამოზომილ სუნთქვას გრძნობდა, კისერთან ახლოს და თვალები დახუჭა. იმხელა სითბოსა და კომფორტში გამოხვეულიყო, რომ წამიერად ტირილი მოუნდა. გული გამალებით უცემდა, თვალები გაახილა და ბაბლუანისაკენ გადმოატრიალა თავი.
დემეტრეს თვალები დაეხუჭა, სახის ნაკვთები მოშვებოდა. აშკარა იყო, რომ არ ეძინა, ასე მალე ვერც კი დაიძინებდა, ამიტომ ელენე ოდნავ ახლოს მიუჩოჩდა, ისე რომ მათი თავები თითქმის ერთმანეთს ეხებოდნენ.
ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. გაყუჩებული იწვა, თვალები დაეხუჭა და ისევ იმას ნატრობდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო.
რატომღაც გულის არე ეტკინა.
ბაბლუანი ღრმად სუნთქავდა, ისევ მის მხარზე ჰქონდა მკლავი გადმოხვეული.
ბაბლუანი, რომელმაც გიორგის ელენეს ხელი სთხოვა.
ელენემ ტუჩი მოიკვნიტა, რომ ხმამაღლა არ გასცინებოდა.
ვერაფრით წარმოედგინა…
ღრმად ამოისუნთქა და გაიღიმა.
ასე იოლად არასოდეს მოსულიყო ძილი.
-*-*-*-*-
-ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, ვაიმე! – სანახევროდ კიოდა მარიკა,  მოუთმენლად ცმუკავდა  სკამზე. – ეს რა მესმის! ეს რა მესმის!
-ვიტყვი, რომ ცოტათი უკმაყოფილო ვარ ამის გამო. – წარბი ასწია დათომ. – იმიტომ რომ ბაბლუანი ისევ იდიოტად მიმაჩნია. მაგრამ… – დათომ გაიღიმა და კმაყოფილებით დააქნია თავი. – ბედნიერი ჩანხარ. გილოცავ.
-ელენააა! – მატილდა ცრემლებს იწმენდდა. – ელენააა, მე ვარ ძალიან ბედნიერი!
ელენეს სიცილი აუტყდა.
-ვიცი, ვიცი… – თქვა მან და გაიღიმა. – მეც.
-ელენააა, სად არის შენი დანიშნულობის ბეჩედი? – ხელზე ხელი სტაცა მატილდამ და იჭვნეულად დააშტერდა ცარიელ არათითს. – ელენა, შენ ის დაამალვე?
-არა, არ მაქვს ნიშნობის ბეჭედი, მატილდა. – გაწითლდა ელენე. – ეს მასეთი ფორმალურიც არ ყოფილა…
-უი მე… – ტუჩი აიბზუა მარიკამ. – მამაშენს შენი ხელი სთხოვა და პლასტმასის ბეჭედიც არ მოგცა? ღორი ეგ.
-სპონტანური იყო, როგორც ჩანს. – წარბები ასწია დათომ. – ბაბლუანისგან არ მიკვირს.
-ეს რაები ხდება, ეს რაები ხდება… – მარიკამ ლოყებზე მოიდო ხელები და გაბრწყინებული თვალები მიატრიალა ელენესაკენ. – შენ ლოდთა ლოდი დაამსხვრიე, ელენე, თვით ქვა-კლდის მოგდება მოახერხე! – მან თავი გადააქნია. – არა გენაცვალე, გაკვეთილები მჭირდება შენგან.
-ისევ ისეა, სულ არ შეცვლილა. – გაეცინა ელენეს.
-არც ეგ მიკვირს. – ტუჩები მოპრუწა მარიკამ. – შინაგანად დაამსხვრიე…
-ელენა, როცა არის ქორცილი? – მკლავზე ხელი სტაცა აღტაცებულმა მატილდამ. – მე არ ვიყავი ქართულების ქორცილზე…
-ქართველები, შვილო, ქართველები! – ხმას აუწია მარიკამ და თვალები გადაატრიალა. – უკვე თავი მტკივა, რა… და ჰო, ელენე, როდის გექნება ქორწილი? – მან თვალები მოჭუტა. – იცოდე, სამი თვით ადრე უნდა გამაგებინო. იმდენი რამ იქნება მოსაგვარებელი… კაბა, ტორტი, დარბაზი, კაბა, ტაძარი, სადაც ჯვარს დაიწერთ, დეკორაცია, კაბა, გართობა, მუსიკა, კაბა, სტუმრები, საჭმელ-სასმელი, კიდევ კაბა…
-მარიკა, შენ თქვა კაბა ხუთიჯერ! – გაიცინა მატილდამ.
-ვიცი! – მიუბრუნდა მარიკა. – მითვლის ახლა…
-გავიგეთ, რომ კაბაა ყველაზე მნიშვნელოვანი. – თვალები გადაატრიალა დათომ.
-სად გეჩქარებათ? – გაეცინა ელენეს. – ეგ კიდევ წლები არ იქნება.
-რაოოო? – ტუჩები უკმაყოფილოდ გაბუსხა მარიკამ. – აუჰ, არადა რა კაბას აგირჩევდი… პლუს ერთი მაგარი ჩემთვისაც მაქვს შეთვალიერებული, მეჯვარე რომ ვიქნები…
-ისე, მინდა, რომ ორი მეჯვარე მყავდეს, როდისაც და თუ იქნება. – ელენემ მატილდას გადახედა. – შენ და მატილდა.
აღშფოთებულმა მარიკამ პირი დააღო.
-როგორ! – დაიკივლა მან. – მე და ეს…
-დათო, შენც იქნებოდი, მაგრამ… – დაიჭყანა ელენე, მერე კი დათოს აწეულ წარბზე გაეცინა.
-მე ორგანიზატორი ვიქნები. – მან ამრეზით გადახედა მარიკას. – აბა ეს ყველაფერს აურევს, რაღაც საშინელ არჩევნებს გააკეთებს, ხალხს ისე დაპატიჟებს, თითქოს ბუზები არიან, საჭმელს საკმარისად არ შეუკვეთავს და საქორწილო ტორტი თვითონ შემოეჭმება.
-ჰეი! – შეუყვირა მარიკამ და მაგრად გაჰკრა მკლავზე მუშტი. – რაებს ამბობ?
-სიმართლეს. – მშრალად მიუგო დათომ და ჩვეული კინკლაობა ატყდა ორ მეგობარს შორის.
ელენე იჯდა, მატილდას ჩუმ ფხუკუნს უსმენდა, თავს აქნევდა და გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა სითბო გულში.

 

18-*-*-*-*-*-
ელენემ ბოლო ყუთი შემოდო სამზარეულოს დახლზე და ხვნეშით დაიწია უკან. ნახევარი საათი მოუნდნენ თითქმის მთელი ბარგის ამოტანას და ისე იყო დაღლილი, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა. თუმცა ალბათ ნაწილობრივ დღევანდელი უამრავი კამათისაგან იყო არაქათგამოცლილი, რომელთა გავლაც მოუწია, სამწუხაროდ. ჯერ ტასოს, ნიკასა და გიორგის დარწმუნება იყო კიდევ ერთხელ საჭირო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ბარგს გადაზიდვის სერვისის მანქანა შუა გზაში არ გადმოუყრიდათ, მერე კი ცალკე გიორგისთან ლაპარაკი, რომელიც გაცხარებული თავისი სანადირო თოფით ემუქრებოდა გადაზიდვის სერვისის მიერ გამოგზავნილ უდანაშაულო მძღოლს. მერე კი ტასომ ტირილი დაიწყო, და სანამ ბაბლუანი ჩვეული გაქვავებული სახით იდგა გვერდით და ოლიმპიური მოთმინებით ელოდებოდა, თუ როდის მოახერხებდნენ გამგზავრებას, ელენეს ქალი უნდა დაემშვიდებინა და დაჰპირებოდა, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა ცოტა ხანში, როცა სახლში მოიწვევდნენ.
„პროფესორი მაკა მომკლავს. ასე თუ გაგრძელდა, ერთი კვირა კი არა, ორიც კი დამჭირდება ყველაფრის მისალაგებლად…“ გაიფიქრა ელენემ და ამოიხვნეშა, ცივი წყალი ჩამოისხა ჭიქაში. ცოტ-ცოტა რამის დალაგება უკვე მოასწრეს, მარიკას, დათოს, ზურას, მატილდასა და მაიკოს დახმარებით, მაგრამ ყველაფერი მაინც ამოსალაგებელი იყო. და თუ სასტუმრო ოთახიდან მომავალ ხორხოცსა და ხმამაღალ სიცილს გაითვალისწინებდა, მისი მეგობრები და საქმრო არაფერსაც არ აკეთებდნენ.
ელენემ ამოიგმინა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სასტუმრო ოთახში.
ბაბლუანს როგორღაც მოეხერხებინა ტელევიზორის ჩართვა, სავარძელში ჩამჯდარიყო და ეკრანს მიშტერებოდა უსიტყვოდ. მარიკა და მაიკო და მატილდა რაღაცაზე ისტერიულად ხარხარებდნენ, დათო თავისი ჩვეული მშრალი გამომეტყველებით იჯდა, ზურა კი როგორც ყოველთვის, იღიმებოდა და მაგრად ხვევდა მის გვერდით ჩამომჯდარ მატილდას მკლავს.
-რას მიკეთებთ აქ? – ხმამაღლა თქვა ელენემ, რომ მათი ყურადღება მიექცია და თეძოებზე ხელები შემოიდო, როცა ოთახში მყოფებმა გადმოხედეს. – ვინ თქვა, ამ ყუთებს ყველას ამოვალაგებთო?
-რა დროს ყუთებია. – ხელი აიქნია მარიკამ. – მოდი, გოგო, დაჯექი, გაიგე შენი თანაკურსელი სალომე რომ გათხოვილა? ძლივს… მეგონა საუკუნეები გააგრძელებდნენ ეგ და მაგის შეყვარებული… გესმის, ბაბლუანი? ოე, ბაბლუანი! შენს გასაგონად ვამბობ!
დემეტრეს არც კი გამოუხედავს, ტელევიზორს მიშტერებოდა, და ელენეს სიცილი წასკდა, მერე კი თავი გადააქნია.
-მე კურსზე სალომე არ მყავს. – წარბი ასწია მან. – მოიცა… აა, ვიცი, ვიზეც ამბობ. ეგ თანაკურსელი არ არის ჩემი, სოციოლოგიას სწავლობს. უბრალოდ ისიც მეოთხე კურსზეა…
-სალომე იყო ჩემი მეგობარი! – ხმამაღლა განაცხადა მატილდამ.
-ვიცით, შვილო, ვიცით. – თვალები გადაატრიალა მარიკამ, მერე კი დათოს გადახედა და მის მშრალ გამომეტყველებაზე წარბები ასწია. – რა იყო, ბიჭო, ლიმონი მოწუწნე თუ რატომ გაქვს ასეთი უჟმური გამომეტყველება? მოდი ცოტა გუნებაზე, ბოლოს და ბოლოს, მოახერხეს ამათმა ახალი სახლის შეძენა…
-მეტი სალაპარაკო არ გაქვს? – წარბები საპასუხოდ ასწია დათომ და საათზე დაიხედა. – ცოტა ხანში მივდივარ.
-ოოო, სად მიდიხარ? – ეშმაკური ღიმილით გადაიხარა მისკენ მაიკო. – მოიცა გამოვიცნო… ლიკა მოგაკითხავს, არა?
დათომ დაუბღვირა, მაგრამ ელენეს არ გამორჩენია, თუ როგორ აუწითლდა მას ოდნავ ყურები.
-შეიძლება. – თქვა მან ბოლოს. ზურას სიცილი აუტყდა.
-შეიძლება არა ისა… – თქვა მან. – ერთი შენი სახე დაგანახა ახლა. ლიკა მოდის ახლა ალბათ აქ და მოაქვს ყველაფერი.
-ლიკას უნდა მოიტანოს რამე? – ზურას ახედა დაბნეულმა მატილდამ. – დააბარება რამე?
ზურას სიცილი აუტყდა, მატილდას საფეთქელსა და ლოყაზე აკოცა.
-არა, მოაქვს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შთამბეჭდავია ძალიან. -აუხსნა მან.
-შთამბეჭდავი?- გაიმეორა მატილდამ.
-ჰო. – თავი დაუქნია ზურამ საპასუხოდ. – შენ კი საყვარელი ხარ.
მატილდას კისკისი აუტყდა, ლოყები გაუწითლდა. ელენე ღიმილით მიშტერებოდა ორივეს.
-უი მეე… – ტუჩი აიბზუა მარიკამ. – ეს და ბაბლუანი არ მყოფნის ხომ, თქვენც რომ ემატებით ზედ… ახლა კიდევ ამ უჟმურის ქალბატონი მობრძანდება და მერე ხომ საერთოდ…
ელენემ თვალები გადაატრიალა, ბაბლუანს გადახედა, რომელიც ისევ ეკრანს მიშტერებოდა. გოგონა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მას და მის გვერდით ჩაეჭყუნა სავარძელში.
ბაბლუანმა წარბაწევით გადმოხედა.
-გინდოდა რამე? – ჰკითხა მან.
-არაფერი, რა უნდა მინდოდეს. – გაიცინა ელენემ, მერე კი ოდნავ მოიღუშა, როცა ბაბლუანს თვალებში ჩახედა. მისი ცივი გამომეტყველების მიუხედავად, გოგონა გრძნობდა, რომ დემეტრე რაღაცაზე ფიქრობდა, თან გამალებით.
-მოხდა რამე? – იკითხა მან. დემეტრემ წარბები ასწია და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ელენე შეურაცხყოფას აყენებდა თავისი სიტყვებით. – ხომ იცი, რომ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე… რა იყო? ხომ არ ნერვიულობ რამეზე?
-რა სისულელეა. – დაიფრუტუნა ბაბლუანმა. – რაზე უნდა ვნერვიულობდე, რას ამბობ.
-კარგი რა. – ჩუმად უთხრა ელენემ და უკან გაიხედა, მათი მეგობრები ისევ ხორხოცებდნენ და რაღაცაზე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მარიკას ხმა ყველას ფარავდა. – გავიდეთ, თუ გინდა და ისე მითხარი.
ბაბლუანმა არაფერი თქვა, უბრალოდ სწვდა და მაგრად მიიკრა გვერდზე, ელენესკენ გადასწია თავი და ტუჩებზე დაეწაფა. გოგონამ გაკვირვების ხმა გამოსცა, მაგრამ კოცნაში ჩაიღიმა, ბაბლუანს მაგრად მოხვია მკლავები კისერზე.
-ხომ გეუბნებით არა? – უკნიდან გაისმა მარიკას უკმაყოფილო ხმა. – აქეთ ესენი, იქით ისინი, მაქეთ კიდევ ეს და ამის ქალბატონი… სად შემიძლია ამდენი ლოშნ…
-მარიკა, კარგი, რა იყო. – უპასუხა მაიკომ. – აცადე, რა იქნება. ხომ იცი, ამდენი ხანია ვეხვეწები, ძმისშვილი მინდა თქო, და მგონი მეშველება ამდენი ხნის შემდეგ რამე…
ელენეს გაიცინა, ბაბლუანისაგან ოდნავ უკან დაიწია და გახურებული ტუჩები გადაუსვა საქმროს ლოყაზე.
-ნუ ამბობ რაღაცას, მაიკო. – ჩაიდუდღუნა მან ხმამაღლა. – საკმარისად მაქვს მაგნაირი რეპლიკები მოსმენილი.
-ჯერ არა. – თქვა ბაბლუანმა მშრალად და ისევ ეკრანს გადახედა. – ყველაფერს თავისი დრო აქვს. – დაამატა მან და ელენე თავისდაუნებურად გაწითლდა, შუბლი საქმროს კისერს მიადო.
-ამ „ყველაფერს თავისი დრო აქვს“-მა ხომ მომკლა რა… – ტუჩი აიბზუა მარიკამ. – ბოლოს და ბოლოს, როდის მოვიზომებ იმ მეჯვარის კაბას? ჰმმმ? მითხარი, ელენე, როდის… მაცლით ლაპარაკს? – ხმას აუწია მან და დათოს მიუბრუნდა, რომელმაც მჟავე მზერა სტყორცნა და აწკარუნებული მობილური ტელეფონი ყურთან მიიტანა.
-ჰო. ჰმ. შემოსვლა შეიძლება, კი. – თქვა დათომ და ფეხზე წამოდგა.
-აუფ. – წარბები ასწია მაიკომ და ეშმაკურად გაიღიმა. – მოგაკითხა ქალბატონმა?
-დათო, უნდა გაგვაცნობილო ის! – წამოიძახა აღტაცებულმა მატილდამ.
-გაგვაცნო, შვილო… – ჩაუსწორა მარიკამ, მერე კი წარბები ასწია, როცა შემოსასვლელიდან კარის ნელი გაღებისა და დახურვის ხმა გაისმა.
-დათო? – მოესმათ ყოყმანით აღსავსე ხმა და ელენემ თავი წამოსწია, ბაბლუანიც რაღაც ცნობისმოყვარეობის მსგავსი გამომეტყველებით იხედებოდა კარისაკენ.
კარი ვიღაც მაღალმა, თბილად ჩაცმულმა ახალგაზრდა ქალმა შემოაღო. დათოს თვალი ჰკიდა თუ არა, გაიღიმა, მერე კი დანარჩენებს მოავლო თვალი.
-გამარჯობა. – ხელი დაუქნია მან ყველას. – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, დათოს მეგობრები ხართ…
-უხუხუხუ… – ჩაიფხუკუნა მარიკამ და მაიკოს მუჯლუგუნი ჰკრა. – გახედე, დათოს რა სახე აქვს…
დათო ღიმილით მიუახლოვდა ქალს, რომელიც აშკარად ლიკა უნდა ყოფილიყო და წელზე ხელი შემოხვია.
ჩვენ გავალთ ახლა. – განაცხადა მან.
-აუ, არ წახვიდა! – გააპროტესტა მატილდამ. – გაგვაცნობილე!
-ჰო, დათო, სად მიგეჩქარებათ, – ჩაერია ზურა. – დარჩით ცოტა ხნით.
-რესტორანი გვაქვს დაჯავშნული, დავაგვიანებთ თუ არ წავალთ ახლა… – თქვა ლიკამ, მერე კი ისევ გაიღიმა. – იქნებ სხვა დროს იყოს… თან ახლა… – მან უამრავ ყუთსა და ბარგს მოავლო თვალი. – იქნებ ახლა არ არის საუკეთესო დრო.
-ჰო, ჰო, მიდით, მიდით! – ხელი აიქნია აშკარად გაბეზრებულმა მარიკამ. – არ გაცლიან გართობას პირდაპირ…
დათომ ლიკას ხელი უფრო მაგრად მოხვია და ჩუმი საუბრითა და ხმამაღალი „ნახვამდის“ დაძახებით გავიდნენ სახლიდან. მარიკა უკმაყოფილოდ მიშტერებოდა მათ მიმავალ ფიგურებს.
-რა იყო ახლა ეს. – წაიბუზღუნა მან. – ელენეს ქორწილი არა. ამათი ქორწილი ხომ საერთოდ არა. – თქვა მან და ზურასა და მატილდას მახვილი მზერით გადახედა, რომლებიც მაგრად ეხუტებოდნენ ერთმანეთს. – შენ ხომ ვერავინ გიპოვია. – უკმაყოფილოდ სტყორცნა მზერა მაიკოს, რომელიც აღშფოთებისაგან გაიბერა. – სად ჩავიცვა ის მეჯვარის კაბა, ჰმმმ? სად ვჭამო უფასო საჭმელი და საქორწილო ტორტი?
-როგორც გითხრეს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. – ცივად გადმოხედა ბაბლუანმა. – საქორწილო ტორტი თუ გინდა, წადი მაღაზიაში, შეუკვეთე და იყიდე. ჰოდა ჭამე თვითონ.
-მგონი ვერ ხვდები, თუ რას გულისხმობს მარიკა, დემეტრე. – გაეცინა ელენეს. – მაგას ტორტი კი არა, ქორწილში მოტანილი ტორტი უნდა.
-ჰოდა გათხოვდეს მერე. – მშრალად ესროლა ბაბლუანმა. მარიკამ თვალები ჭყიტა და მკერდზე ხელი მიიდო.
-რაებს მკადრებს. – წარბი ასწია მან. – გესმით, რაებს… – ოე, გესმით თქვენ? – ხელი წაჰკრა მატილდას, რომელიც ზურას კალთაში იჯდა და მის თავზე ჩამოედო ნიკაპი. – თუ არ მისმენთ, წადით სახლში, ვა! გამომივიდნენ აქ გვრიტები… მთავარი გვრიტები აქ ის ორია, გასაგებია, გენაცვალე?
-ისე დროა უკვე. – ზურამ საათზე დაიხედა. – უკვე ცხრა საათია… მატილდა, წავიდეთ?
-წავიდეთ. – წაილუღლუღა გოგონამ და დაამთქნარა. ზურას გაეცინა, ფეხზე წამოდგა და მატილდას მაგრად მოხვია ხელები.
-აბა წავედით! გამოვალთ კიდევ ხვალ… ნახვამდის! – თქვა მან და კარისაკენ გაემართა, მისი მხრის იქიდან უკვე თვალებმილულულმა მატილდამ ხელი დაუქნიათ. ელენეს სიცილი აუტყდა.
-ესე იგი რას ვამბობდი… – დაიწყო მან ისევ.
-რას ამბობდი და უმიზეზოდ ისროდი საყვედურებს იმის გამო, რომ ტორტს ვერ ჭამ ქორწილში. – უკმაყოფილოდ განაცხადა ბაბლუანმა. – მხოლოდ რეგვენი თუ მოროშავს ასეთ რამეს…
-რეე! – შეკრთა მაიკო, მერე კი სიცილი ატეხა. მარიკას ყურები გაუწითლდა.
-მგონი ჩემი საუკეთესო მეგობრის ათასი ცრემლის ღვარღვარის ფასად ერთი ქორწილი და მინიმუმ ერთი ბუთქუნა ბუზღი უნდა მივიღო, არა? ჰმ? – საპასუხოდ ესროლა მან. – ელენე, მიხედე შენს ქვა-კლდე, თავსივა, ლოდთა ლოდ ხისთავიან საქმროს, თორემ არ ვიცი რას ვიზამ! – გაიბერა ის. ელენემ სიცილით გადააქნია თავი და ბაბლუანისაკენ გადაიხარა.
-რაღაც ჩვეულებრივზე უფრო მეტად იღრინები. – ღიმილით უთხრა მან. – ეს იმას ნიშნავს, რომ ძილის დროა… რა იყო, დაიღალე?
-შენმა მეგობრებმა თავი ამატკივეს. – თქვა ბაბლუანმა. – ამდენი ბოდვის ატანა აღარ შემიძლია.
-გესმით? გესმით? – მაიკომ ნიშნისმოგებით გადახედა მარიკას. – ჩემს ძმას თავი აატკივე!
-შენ არ ხარ ელენეს მეგობარი? – ცივად ესროლა ბაბლუანმა.
-როგორ გეკადრება, ძამიკო. პირველ რიგში მისი მომავალი მული ვარ… – ახითხითდა მაიკო. ბაბლუანმა ტუჩი აიბზუა.
-კააარგი, შენი დაძინების დროა. წამოდი. – უთხრა ელენემ და ფეხზე წამოდგა, ტელევიზორი გამორთო. ბაბლუანი არც კი გამომშვიდობებია მარიკასა და მაიკოს, მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გაემართა კიბისაკენ.
-მალე მოვალ.- სტყორცნა ელენემ მეგობრებს, მერე კი მკვირცხლად მიჰყვა უკან ბაბლუანს მათ ოთახს რომ მიადგნენ, დემეტრე მისკენ მოტრიალდა და მკლავში ხელი მოჰკიდა.
-მოდი დავიძინოთ. – უთხრა მან. -აღარ ჩახვიდე ქვემოთ.
-როგორ, სტუმრები ასე მივატოვო? – წარბები ასწია ელენემ. – შენ კი შეგიძლია, ისე, მაგის გაკეთება, მაგრამ ხომ უნდა გამოვემშვიდობო… – გოგონამ თვალები მოჭუტა, ინტერესით ახედა ბაბლუანს. მისი გამომეტყველება არ მოეწონა. – მოხდა რამე? – ისევ დაუჩურჩულა მან საქმროს. – დემეტრე…
-არაფერი არ მომხდარა. – სწრაფად თქვა ბაბლუანმა. – იმაზე ვფიქრობდი, თუ რამხელა ინვესტიცია გავაკეთეთ ამ სახლში.
-ჰო… მერე? – გოგონამ წარბები ასწია. – ხომ არ ნანობ? – ყოყმანით დაამატა მან.
-არა. – თავი გააქნია ბაბლუანმა. – ამას არ გავაკეთებდი, დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი. ახლაც ვარ. უბრალოდ საკმაოდ დიდი ინვესტიცია იყო.
ელენემ გაიღიმა, თავი გადააქნია.
-და თარგმანი: ცოტათი ნერვიულობ იმაზე, რომ მე და შენ ცალკე ცხოვრებას ვიწყებთ, ყველასგან მოშორებით და გიკვირს, თუ როგორ ვარ ასე მშვიდად, არა? – ეშმაკურად გადახედა მან ბაბლუანს. დემეტრემ წარბი ასწია, მშვიდად დახედა.
-არის, სწორად ვთარგმნე. – მუშტი ასწია ელენემ და ისევ გაიცინა, მერე კი ხელი ზემოთ აზიდა, ლოყაზე მიადო საქმროს და ცერი ნაზად გადაუსვა წარბზე. – მე იმას ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება. უბრალოდ მე და შენ ვიქნებით მხოლოდ დროის უმეტესობისას. მშვიდად იმიტომ ვარ, რომ შენთან ერთად ვარ, სულ ესაა. – მხრები აიჩეჩა მან და ბაბლუანს გაუღიმა.
დემეტრე მისკენ დაიხარა, სახეზე უცნაური გამომეტყველება გამოესახა, რომლის თარგმანიც ელენემ ამდენი ხანი იყო, რაც ისწავლა. ის სამი ნაზი, სითბოთი და ნაცნობი კომფორტით სავსე სიტყვა იმდენად ღიად ეხატა ბაბლუანის სახეზე, რომ შეუძლებელი იყო, გოგონას ისინი ვერ შეემჩნია.
-ელენე… – ბაბლუანმა გულში მაგრად ჩაიხუტა, ლოყაზე, ყბასა და ყელზე აკოცა. ელენემ შუბლსა და ტუჩის კუთხეში მიაკრო კოცნა საქმროს და მაგრად მიეკრა. ცოტა ხანი ერთად იდგნენ, თითქოსდა არარსებულ, თავიანთ რიტმს აყოლილნი.
-მიდი, გამოიძინე ახლა, დაღლილი ხარ. – მის საფეთქელთან დაიჩურჩულა გოგონამ. – თორემ ლექტორი თემური მე გამატყავებს შენს მაგივრად.
-ბატონი თემური არაფერსაც არ იზამს. – განაცხადა ბაბლუანმა და ოდნავ უკან დაიწია, ელენეს კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებში. – არა უშავს, თუ ცოტათი დავაგვიანებ.
-ჰოდა მიდი. – გაიცინა ელენემ, ოდნავ უბიძგა მათი ოთახის კარისაკენ. – მოვახერხე თეთრეულის გადაკვრა… ჩვენი პიჟამები კი საწოლთან რომ ყვითელი ყუთია, შიგნით დევს…
-ელენე. – გააწყვეტინა ბაბლუანმა, მაგრამ აღარ გააგრძელა. გოგონამ ინტერესით გადახედა, აიწია და დემეტრეს შუბლზე ჩამოყრილი თმა ოდნავ გვერდით გადაუწია. ბაბლუანმა მოულოდნელად ხელზე მოჰკიდა ხელი და თითები ფრთხილად გადაუსვა მის მარჯვენა არათითს.
-დემეტ… – დაიწყო მისი საქციელით გაოცებულმა ელენემ, მერე კი თვალები გაუფართოვდა და კინაღამ შეხტა, როცა ბაბლუანმა მისი ხელი გადმოატრიალა და ხელისგულზე აკოცა. თვალებში ჩახედა და გოგონამ ისეთი ნაზი მზერა დაინახა, რომელიც აქამდე თითქოს არასდროს ენახა…
მერე კი ბაბლუანმა ხელი გაუშვა და უკან დაიწია, კარისაკენ, ისე, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყო.
-შენს მარიკას უთხარი, რომ მზადება დაიწყოს. უნდოდა ხომ საქორწილო ტორტი და დეიდობა? ჰოდა მიიღებს კიდეც. – მშრალად განაცხადა მან. – დათოსაც დაუკავშირდი და ზურასაც, თორემ ეგ მარტო ვერაფერსაც ვერ მოახერხებს. მირჩევნია იყოს მოკრძალებული ცერემონია, არაფერი ზედმეტი.
-დემეტრე, შენ… – პირი დააღო ელენემ, განცვიფრებული მიშტერებოდა საქმროს, რომელიც, თუ ბაბლუანის სიტყვებს დაუჯერებდა მალე მისი ქმარი გახდებოდა.
-ვიცი, რომ თანახმა ხარ. – განაცხადა ბაბლუანმა. – ამიტომ მოგვარებულია საქმე. სტუმართა სიაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. – იგი შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა ოთახში.
ელენე ადგილს მილურსმული და განცვიფრებული იდგა, კინაღამ შეხტა, როცა კიბის თავიდან მარიკასა და მაიკოს აღტაცებული კივილი, „ხომ გეუბნებოდი!“ მოესმა.
ბაბლუანმა წარბი აუწია.
-მალე ამოდი. – უთხრა მან და ცალყბად გაუღიმა, ლოგინს წამიერად გახედა, მერე კი მზერა ისევ ელენეზე დააბრუნა.
გოგონა ოდნავ აწითლდა, პირზე ხელი მიიფარა. რატომღაც თვალებში ცრემლები გაუბრწყინდა.
-ათასმეერთე ცრემლი აღარ მინდა. – უთხრა ბაბლუანმა და კარი გამოკეტა.
ელენე მაინც აცრემლებული იდგა და უდიდესი ბედნიერებით აღვსილი მიშტერებოდა კარს. მაიკო და მარიკა ორივე გვერდიდან შემოეხვივნენ, აღტაცებულები კიოდნენ.
ელენემ ორივეს მოხვია მკლავები და ხმამაღლა გაიცინა, მათთან ერთად.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კარს იქით, დემეტრეც იღიმებოდა.
Fin
Start: 24.01.2015
End: 27.02.2015

14 thoughts on “ათასი ცრემლის ფასი

  1. სიამოვნებით წავიკითხე უკვე მერამდენედ და ისევ იგივე ემოცია. ძალიან ძალიან მაგარია

    Like

  2. ლინდა, ხომ იცი პირველივე დღიდან შენი მკითხველი ვარ,მაგრამ სადღაც შუაში რამდენიმე გამომიტოვებია და ერთ-ერთი სწორედ ეს იყო.
    ახლა და აქ წავიკითხე და რა თქმა უნდა,ნასიამოვნები ვარ!
    მაგრი გოგო ხარ შენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცე ეს
    💞🎉😘🎈

    Like

  3. დავიზეპირე და მაინც ვკითხულობბ .. იმდენად კარგია და ახალი მსგავსი ემოციებით ისტორია მინდააააა

    Like

  4. ამდენი დამცირებების მერე ელენეს უარი უნდა ეთქვა დემეტრეზე, ღირსება და თავმოყვარეობა სიცოცხლეზეც მთავარია, ავტორი დავოდ ნიჭიერია,

    Like

  5. მერამდენედ ვკითხულობ აღარ ვიცი მაგრამ ზუსტად ისე განვიცდი, ზუსტად ისე მიხარია როგორც პირველად. და ზუსტად ისევე არ მინდა, რომ დამთავრდეს. მადლობა ყველა ემოციისთვის. ❤️❤️❤️❤️

    Like

  6. როგორი კარგია და როგორ მომნატრებია ეს ემოცია, შეუდარებელი ისტორიაა, კიდევ ერთხელ წავიკითხე.. ძალიან ძალიან მაგარიაა.

    Like

  7. განუმეორებელი ისტორიაა, რომელიც დროს არ ცნობს,კიდევ ერთხელ წავიკითხე,სიამოვნებით

    Like

  8. რომ არ მავიწყდება ის ისტორიაა, ლამის ჩვილობაში წავიკითხე და ახლა 20 წლის ასაკშიც ვტკბებიიი.ლინდა ჩემი სულმეითი ხარ:დ♥️♥️♥️

    Like

  9. ძალიან მიყვარს ეს ისტორია😍😍
    ვგიჟდები მარიკას და მატილდას დიალოგეზე❤️❤️მერამდენედ ვკითხულობ და ვიცი კიდევ მოვუბრუნდები♥️♥️ძალიან კარგია❤️❤️
    იქნებ რეეს მშობლების ისტორიაც დაგედოთ?ადრე წავიკითხე და ძალიან მინდა ისევ წაკითხვა🧡🧡

    Like

  10. დიდი ბოდიში მაგრამ არ მომეწონა. ტავტოლოგია. პლუს ტერმინების გაუაზრებელი ხმარება. მაგალითად: “პათეტიკური”. შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ისტორია გადმოქართულებულია და ადაპტირებული. ლექსიკა გაუმართავი. გრამატიკულ შეცდომებზე აღარაფერს ვამბობ… სიუჟეტი არაა სწორად მორგებული ქართულ ყოველდღიურობასა და მენტალიტეტს. გმირები არადამაჯერებელი,ხოლო ტანჯვა მთავარი მოქმედებაა… ესეც რეკომენდაციით წავიკითხე. ბოლომდე ვერ გავქაჩე… რა მოგწონთ ამ ისტორიაში ერთი მიზეზი მაინც დამისახელეთ.

    Like

Leave a reply to ნინა კომენტარის გაუქმება