ცხრა სავსე მთვარე

-*-*-1-*-*-
ანტიკვარული, ჩინური ფაიფურის ელეგანტური ლარნაკი ლაწუნით შეენარცხა კედელს და ნამტვრევები წკრიალით დაეცა მოპირკეთებულ იატაკზე.
-არავითარ შემთხვევაში! – იღრიალა ოთახის ცენტრში მდგარმა მაღალმა ახალგაზრდამ და მასიური ხის, მოჩუქურთმებულ მერხზე მუშტი ხმამაღალი ბრახუნით დაარტყა. – არა მეთქი, გეუბნები!
მერხთან მჯდომმა, ოდნავ საფერთქლებთან შევერცხლილმა მამაკაცმა თვალები დაავიწროვა და სწრაფად წამოიწია ტყავის სავარძლიდან.
-უკვე მომბეზრდა შენი უაზრო გამოხტომები, ლაშა. – დაიღრინა მან და შვილს სახეში ჩააშტერდა. მამა-შვილის ერთნაირმა ყავისფერმა თვალებმა თითქოს ცეცხლი დააფრქვიეს. – იმას გააკეთებ, რასაც გეუბნები, გასაგებია?
-და რომ არ გავაკეთო? – იფეთქა ბიჭმა. – ჰო, რომ არ გავაკეთო? მერე რას იზამ?
-მერე კი იძულებული ვიქნები სერიოზული ზომები მივიღო. – უპასუხა საბამ და მკლავები გადააჯვარედინა. – არ შევყოყმანდები იმაზეც კი, რომ ანდერძი მთლიანად შევცვალო. – შვილის მრისხანებით აღსავსე სახეზე კი ჩაიცინა.
-ლიკას ამას ვერ გავუკეთებ! – ისევ იღრიალა ლაშამ და ხელები მომუშტა ისე, რომ თითების სახსრები გაუთეთრდა. – მე ის მიყვარს, გასაგებია?
– გასაგებია! – მოკლედ მოჭრა საბამ. – გავიგე! მაგრამ არ მსურს ის ჩემი რძალი გახდეს. ლიკა შენი შესაფერისი არ არის, გესმის?
– შენ რა იცი, ბებერო ვირო! – იყვირა ლაშამ. მამამისმა მრისხანედ შეხედა და თავი გააქნია. – ლიკა ყველაზე კარგი, კეთილი და ლამაზი ქალია რომელიც ოდესმე შემხვედრია, და ის ადრე თუ გვიან ჩემი ცოლი გახდება…
– არა! – შეაწყვეტინა მამამისმა. – არ მინდა შენი ადრე თუ გვიან, და არ მინდა ლიკა შენი ცოლი იყოს, გაიგე? მე მინდა ისეთი ქალიშვილი, რომელიც იქნება კარგი ოჯახიდან, კარგად აღზრდილი…
– ლიკა გადასარევადაა აღზრდილი, არ გაბედო და ცუდი სიტყვა არ თქვა მასზე…
– არა მეთქი! ლიკა შენი ცოლი არ იქნება და მორჩა, გაიგონე?! – იფეთქა საბამ. – და შენი ურჩობის გამო, მე თქვითონ შევარჩევ საცოლეს…
ლაშას უძლურობისა და ჩახშული მრისხანების ღრიალი აღმოხდა. მამის მერხზე დადებულ, მეორე ლარნაკს წასწვდა და მთელი ძალით მოუქნია კედელს. ლარნაკი ლაწუნით დაიმსხვრა.
-როდის შეწყვიტავ ჩემი ნივთების განადგურებას? – შეეკითხა მამა, სახეზე გაღიზიანება ეხატა. – თუმცა არ მინდა მაგ კითხვაზე პასუხი. გაეთრიე! შენი სახის დანახვა არ მინდა ახლა. – საბამ სახე მოისრისა და სავარძელში ჩაემხო.
ლაშამ ბრაზით შეხედა. მუშტები ისე მაგრად შეეკრა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ესობოდა.
-მამაჩემი რომ არ იყო, – ამოიხრიალა ბოლოს და მამას თვალებში ჩახედა. – ერთი მაგრად გცემდი, სულზე დაგდებდი, და მერე სახეში მოგაფურთხებდი.
მერე კი შემოტრიალდა, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან და კარი ზურგს უკან მაგრად მოიჯახუნა.
„ამის დედაც… „ გაიფიქრა მან და წიხლი მაგრად ჰკრა კარს. სისხლი უდუღდა. „რატომ არ მანებებს თავს? ბებერი ვირი… ჯიუტი იდიოტი…“
„ცოლი… ჯერ ადრეა ცოლისთვის, ნუთუ ვერ ხვდება ამას? რა ჯანდაბად მინდა მაგის ნაპოვნი უშნო შინაბერები, როცა ლიკა მყავს…“ ბექამ სწრაფად ამოიღო მობილური და ლიკას ნომერი მონახა, თან სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ჰოლი, რომ ეზოში გასულიყო.
ლიკამ მალევე აიღო.
-ლაშა! როგორ ხარ? – გაისმა მისი ნაზი ხმა ყურმილში და ლაშამ გაიღიმა. რატომღაც, რაც არ უნდა მომხდარიყო, ლიკას ხმაც კი ამშვიდებდა. თავის ეზოში მიყენებულ მანქანას მიუახლოვდა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო.
– გამარჯობა, ლიკა, და არც ისე კარგად ვარ… – მიუგო მან, მანქანა გააღო, ჩაჯდა და დაქოქა.
– რატომ? – გაისმა ლიკას შეწუხებული ხმა, მერე კი გოგონა შეკრთა. – ნუთუ ისევ გელაპარაკა მამაშენი…
– ბებერი, ჯიუტი ვირი, – გამოსცრა ლაშამ კბილებში და მანქანა გზაზე გაიყვანა. – ისევ დამჩხავის თავზე… ელემენტარულ რამეს ვერ ხვდება…
– ლაშა… – თქვა ლიკამ. ხმა საოცრად ნაღვლიანი ჰქონდა და ბიჭს გული შეეკუმშა. – მე არ ვიცი… არ ვიცი, რა გავაკეთო… იქნებ ჯობს, რომ…
– ლიკა, არც კი მინდა, რომ გავიგონო, რის თქმასაც აპირებ, გასაგებია? – შეაწყვეტინა ლაშამ. – მე შენ მიყვარხარ. მე არ მჭირდება მამაჩემის ნაშოვნი ლამაზი გოგოები. მე მინდა რომ შენთან ვიყო.
– კი მაგრამ, ლაშა…  ახლა ყველაფერი გაიოლდებოდა შენთვის, რომ დავქორწინებულიყავით… – უთხრა ლიკამ. – ასე მგონია, უარი რომ გითხარი, შენ უარეს სიტუაციაში ჩავარდი…
– მისმინე, ლიკა. სიტუაცია არაფერით არ გაიოლდებოდა, შენ რომ ჩემი ცოლი გამხდარიყავი. პირიქით, უფრო კომპლექსური გახდებოდა. ვიცი, რომ შენ ჯერ არ გინდა ქორწინება, და დამიჯერე, არც მე მინდა… არა იმიტომ, რომ მე შენ არ მიყვარხარ, არამედ იმიტომ რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ მაგისათვის. ასევე შენც. არ მინდა რომ რამე დაგაძალო, გესმის?
– კი… მესმის… – მიუგო ლიკამ და ამოიოხრა. – მეც მიყვარხარ… – თქვა მან. ხმაში ღიმილი შეეპარა. ლაშამაც გაიღიმა.
– შენთან მოვდივარ ახლა. მინდა რომ სადმე გაგიყვანო. ხომ წამოხვალ? – შეეკითხა ბიჭი.
– რა თქმა უნდა წამოვალ! – წაისმა ყურმილში მხიარული ხმა. ლაშამ ჩაიცინა.
– კარგი, მოემზადე. თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები. – უთხრა მან და ყურმილი დაკიდა.
-*-*-*-*-
საბა შარაშენიძემ თავი ასწია, როცა კარი ჯახუნით დაიხურა, და ამოიხვნეშა. არ ელოდა, რომ რამდენიმე თვის მანძილზე გაჭიმული მოლაპარაკებების მერე ლაშა კიდევ ასე მაგრად იდგებოდა. “ალბათ მართლა უყვარს ეს გოგო…” გაუელვა თავში, მაგრამ უკან დახევას მაინც არ აპირებდა.
„გამოუცდელი, უზრდელი ღლაპი… „ გაიფიქრა მან კბილების კრაჭუნით. მერე კი სწრაფად გადასწვდა გვერდით დადებულ ტელეფონს და ტყავის წიგნაკში ნომერი მოძებნა.
„ უკვე დროა დავიწყო საცოლეს ძებნა ლაშასათვის…“ გაიფიქრა მან და ტელეფონზე სწრაფად აკრიფა ნომერი.
-*-*-2-*-*-
საბამ უამრავ ნაცნობთან გადარეკა, რომ გაეგო ოჯახების შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდა ქალიშვილები ჰყავდათ.  მერე აპირებდა ამ ოჯახებში დარეკვას, მათ სადილზე დაპატიჟებას და სარძლოს შერჩევას.
საბოლოოდ მის თვალში საუკეთესო სამი ვარიანტი შეარჩია. ვარდოსანიძეების ოჯახი, ხოჯავათა ოჯახი და კალანდაძეთა ოჯახი. სამივე ოჯახს სრულწლოვანი ახალგაზრდა ქალიშვილები ჰყავდათ. ლია ვარდოსანიძე, ქალაქში განთქმული, შავთმიანი ლამაზმანი, ოცი წლის იყო. ცხრამეტი წლის სოფიო ხოჯავას საბა ისე კარგად არ იცნობდა, როგორც მის უფროს დას, უკვე გათხოვილ, ოცდახუთი წლის  მარიამს. შეიძლებოდა იგივე ეთქვა ოცდაერთი წლის რუსუდან კალანდაძეზეც, რომელსაც ასევე გათხოვილი, შვილიანი უფროსი და, ოცდაცხრა წლის თამარი ჰყავდა. საბამ სამივე ოჯახს ერთი და იგივე მოსვლის დრო დაუნიშნა, კვირას, ნაშუადღევის ხუთ საათზე. მაგრამ არჩია, რომ თავის გეგმებზე არავისთვის არაფერი ეთქვა, რადგან იცოდა, რაც მოჰყვებოდა ამას. მშობლები ქალიშვილებს ყველაფერს მოუყვებოდნენ და დაარიგებდნენ. მერე კი მის ზღურბლზე გოგონები გადმოაბიჯებდნენ, როგორც დახატული, გამოპრანჭული, ყალბად მოღიმარი თოჯინები, და მთელი საღამო შეეცდებოდნენ მისი და მისი მეუღლის მოთაფლვას. საბას კი უნდოდა, რომ სამივე გოგონას ნამდვილი სახე ენახა.
საბამ ამოიხვნეშა და სავარძელში ჩადნა, მერე კი ჭიქიდან ცივი წყალი მოწრუპა. ვერ იფიქრებდა, რომ ლაშა ასეთ სიჯიუტეს გამოიჩენდა. „ეტყობა, რომ ჩემი შვილია… „ გაჰკრა თავში. თვითონაც ასეთი ჯიუტი იყო. ამიტომაც არ აპირებდა უკან დახევას, არავითარ შემთხვევაში, ლაშას ასე აშკარად გამოხატული ურჩობის მიუხედავად. მაგრამ შვილს არ ადანაშაულებდა. იცოდა, რომ მას ის ლიკა აბუსერიძე უყვარდა. უყვარდა ისე ძლიერად, რომ საკუთარ მამას ცემით დაემუქრა და „ბებერი ვირი“ უწოდა. საბამ თავი გააქნია. ლაშა ყოველთვის ისეთი დამყოლი, კარგი, ჯანსაღად მოაზროვნე ბავშვი იყო. „ნუთუ ვერ ხვდება, რომ ლიკა მისთვის კარგი არ არის? ნუთუ არ ესმის, რომ მე მისთვის კარგი მინდა?“ გაიფიქრა საბამ და თავი გააქნია. „ სიყვარულმა ალბათ მთლად გამოაშტერა… მაგრამ არა უშავს… „
საბამ ამოიხვნეშა. ვერ იტანდა იმას, რომ შვილი უნდა დაეშანტაჟებინა, რათა თავისი გაეტანა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ლაშა ლიკასთან ერთად შორს ვერ წავიდოდა, გზას ვერ გაიკვლევდა ცხოვრებაში. „მაინც ვათხოვნინებ ნორმალურ ქალიშვილს…“ გაიფიქრა საბამ და მოიღუშა. „თუნდაც ბოლო საქმე იყოს, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, მაინც ვათხოვნინებ…“
-*-*-*-*-
მირანდამ თმა შეისწორა და ქმარს გადახედა. საბა ჰალსტუხს ისწორებდა სარკეში, მერე კი საათზე დაიხედა.
-ხუთს უკლია თხუთმეტი წუთი. – თქვა მან და ცოლისაკენ შებრუნდა. – მალე მოვლენ.
მირანდამ ამოიხვნეშა, და სარკისაკენ შებრუნდა. საკუთარი თავი აათვალიერ-ჩაათვალიერა.
-რაშია საქმე? – გაიგონა საბას ხმა და მისკენ მიტრიალდა. – ცუდ ხასიათზე ხარ?
-საბა… დიდად არ მომწონს ახლა რასაც აკეთებ… – მიმართა ქალმა ქმარს. საბა მოიღუშა.
– აბა რა გავაკეთო, მირანდა? – შეეკითხა იგი. – ვიდგე და ვუყურო, ჩემი შვილი როგორ აკეთებს სისულელეებს? – საბამ ამოიხვნეშა და ცოლს მიუახლოვდა. – მისმინე. მინდა რომ გამიგო. მისთვის ყველაფერი კარგი მინდა. ამიტომაც მსურს რომ საუკეთესო საცოლე შევარჩიო მისთვის, და რძლად არ მყავდეს ვიღაც… – საბამ ხელი ჰაერში დაატრიალა. – …ისეთი. ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? ხომ დამეხმარები?
მირანდამ ისევ ამოიოხრა, მაგრამ თავი დაუქნია.  -რა თქმა უნდა. მე გვერდში დაგიდგები, მაგრამ…
მირანდას სიტყვა ზარის ხმამ გააწყვეტინა. საბა აჩქარდა, და სწრაფად გავიდა ჰოლში, რომ კარი გაეღო. მირანდამ საფეთქელი დაისრისა, უკვე თავი სტკივდებოდა, და უკან გაჰყვა.
პირველები კალანდაძეები მოვიდნენ, შემდეგ ვარდოსანიძეები, ბოლოს კი ხოჯავები. ლია ვარდოსანიძე, მირანდამ შეამჩნია, რომ ძალიან გამომწვევად  გამოიყურებოდა. შავი, მჭიდროდ მორგებული კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი. მირანდას მოეწონა მისი გამბედაობა, თავისუფალი საუბარი, კომუნიკაბელურობა, უნარი, რომ ოსტატურად გადასულიყო ერთი თემიდან მეორეზე, რაც მას საოცარ მოსაუბრეს ხდიდა. ლიას უყვარდა წერა, კითხულობდა ბევრს. მირანდას ძალიან ესიამოვნა მასთან საუბარი. ეს გოგონა ხასიათის სიძლიერისა და გამბედაობის განსახიერება იყო. გრძნობდა, რომ ლაშას ლია მოეწონებოდა.
სოფიო ხოჯავა იყო… უბრალო. მირანდას აზრით, უკეთეს ზედსართავს მას ვერ მოუძებნიდა. გრძელ, ოდნავ ამოჭრილ, ლურჯ კაბაში გამოწყობილი  უბრალოების შთაბეჭდილების გარდა, არაფერს ტოვებდა. მირანდა მასაც გაესაუბრა. სოფიოს, ლიას მსგავსად, უყვარდა კითხვა, მირანდას გაუმხილა, რომ წერდა ლექსებს. უყვარდა პიანინოზე დაკვრა. საუბრობდა სწრაფად, არ უწევდა ტონს, მაგრამ როცა მან და მირანდამ რამდენიმე თემაზე ცოტა წაიკამათეს, მირანდას მოეწონა, რომ სოფიო ასე იცავდა თავის მხარეს და იოლად არ ნებდებოდა. მაგრამ მირანდამ არ იცოდა, თვალში მოუვიდოდა თუ არა სოფიო ლაშას.
რაც შეეხება რუსუდან კალანდაძეს… მირანდას, ადამიანს, რომელიც გმობდა ადამიანის განსჯას მისი გარეგნობით, უნდა აეღიარებინა, რომ რუსუდანი ძალიან ლამაზი იყო. თავი წითური თმით, ცისფერი თვალებითა და კარგად მორგებული მეწამული კაბით თვალწარმტაცად გამოიყურებოდა. მაგრამ მირანდას შთაბეჭდილება ჰაერში გაიფანტა იმ წამს, როცა რუსუდანმა პირი გააღო. გოგონა ლაპარაკობდა ჩქარ-ჩქარა, სიტყვებს ბოლოს ვერ აბამდა და მაინც არ ჩერდებოდა. მირანდამ, თვითონ საკმაოდ კარგმა მოლაპარაკემ, ორიოდე სიტყვის ჩაგდება ძლივს მოახერხა. მაგრამ სამაგიეროდ, რუსუდანი საკმაოდ გაწაფული ჩანდა საოჯახო საქმეში. მან კომპლიმენტები ესროლა ინტერიერს და მირანდას რამდენიმე ისეთი რჩევა მისცა, რომ ქალი გაოცებული დარჩა. ამ რამდენიმე რჩევას აუცილებლად გაითვალისწინებდა. მირანდამ ასევე გაიგო, რომ რუსუდანს ქარგვა, ქსოვა ეხერხებოდა, და მისი ნამუშევრების გამოფენაც კი მოწყობილიყო რამდენიმე თვის წინ.
როცა სამივე ოჯახი გაიკრიფა, და მირანდამ ჭურჭელი აალაგა, საბა ტახტზე ჩამოჯდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ფიქრში ჩაეფლო. მირანდამ იცოდა, რაზე ფიქრობდა ქმარი.
-აბა, რას იტყვი? – შეეკითხა საბა, როცა მირანდამ ჭურჭლის დარეცხვა დაამთავრა და სასტუმრო ოთახში შემოვიდა ხელების წმენდით. – რომელი მოგეწონა?
– გინდა გულწრფელი ვიყო? – შეეკითხა მირანდა, მერე კი ქმარს გვერდით ჩამოუჯდა. საბამ თავი დაუქნია. – სამივე. სამივე თავისებურად კარგი იყო.
– მაინც? მაინც რომელი ჯობდა? – ჩაეძია ქმარი. მირანდამ წარბები ასწია და თვალები ჭერზე ჩამოკიდებულ, მბრწყინავ ბროლის დიდ ჭაღს მიაპყრო. გონებაში წამიერად გაურბინა სამივე ქალიშვილის სახემ.
-არ ვიცი, სიმართლე გითხრა… – მიუგო მირანდამ და საბას მხარზე თავი დაადო. კაცმა წელზე მკლავი შემოხვია. – თითქოს სამივეს თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ლაშას ლია უფრო მოეწონებოდა.
საბამ თავი გვერდზე გადახარა და მირანდას შეაშტერდა.
-მასე ნუ განსჯი. ლაშას ლიკაც კი მოეწონა, მაგრამ მისთვის კარგი არ აღმოჩნდა… – საბამ ამოიოხრა. – ლია კარგი გოგოა… სოფიოც მშვენიერია… რუსუდანიც…
– აი, ხედავ? – უთხრა მირანდამ. – ხომ გეუბნები, სამივე ძალიან ინდივიდუალურია, ერთმანეთს ვერ შეადარებ.
– ჰო… მაგრამ მე მგონია, რომ ვიცი, ვინც იქნება ლაშას საცოლე… – თქვა საბამ.
– მართლა? – შეეკითხა მირანდა. – მაშ ვინ?
– ოჰოო… არა, გენაცვალე, ცოტა უნდა ვიფიქრო კიდევ. უნდა დავრწმუნდე. – მიუგო საბამ და ფეხზე წამოდგა. – ადრე დავიძინებ.
– კარგი, წადი. ლაშა ჯერ არ მოსულა, მე მას დაველოდები. – უთხრა მირანდამ.
მერე კი შეტრიალდა და ტელევიზორი ჩართო.
საბა კიბეებს აუყვა.
-*-*-3-*-*-
მეორე დღეს, სანამ საბა და მეუღლე შვილს საცოლეს ურჩევდნენ, ლაშა და ლიკა ერთად ისხდნენ კაფეში და ნამცხვარს შეექცეოდნენ.
-აბა? – შეეკითხა ლიკა მოუთმენლად და შეყვარებულს ინტერესით აღსავსე ცისფერი თვალები მიაპყრო. – გატყობ, რომ რაღაცაზე ფიქრობ.
– იცი რა? – უთხრა ლაშამ და ყავა მოსვა, მერე კი ფინჯანი წკრიალით დადო ლამბაქზე და ლიკას გაუღიმა. – მინდა რომ იმ ბებერ ვირს გაკვეთილი ვასწავლო. ამისათვის კი ცოლს ვითხოვ.
ლიკას მოულოდნელობისაგან ნამცხვარი სასულეში გადსცდა და ხველა დააწყებინა, მაგრამ მალე გაოცებული მიაშტერდა ლაშას.
-რას ამბობ? აკი…აკი ორიოდე დღის წინ ამბობდი, არაო… – ლიკა ნაწყენი ჩანდა. ლაშა აჩქარდა, რომ აეხსნა.
– ესე იგი, რაშია ახლა საქმე. – დაიწყო მან და ლიკასკენ გადაიხარა. – მამაჩემს ჰგონია, რომ იგი საუკეთესოს შემირჩევს, რომელთანაც მე ბედნიერი ვიქნები. მაგრამ მე ვაჩვენებ, რომ ვერ ვეწყობით ერთმანეთს და ისე მოვახერხებ, რომ მის მიერ შერჩეული საცოლე თვითონ გამშორდეს. თავს შევაძულებ. და მამაჩემიც მიხვდება, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და რომ შენ ერთადერთი ხარ ჩემთვის. – ლაშა სკამის ზურგზე გადაწვა და ლიკას მიაშტერდა. -აბა, რას იტყვი?
ლიკა გაოცებული მიაშტერდა. მერე კი ხმამაღლა გაიცინა.
-მე მომწონს. – უთხრა ბოლოს. – მშვენიერი აზრია! საცოლე უკვე შერჩეული ჰყავს მამაშენს?
– არ ვიცი. – უპასუხა ლაშამ და მხრები აიჩეჩა. – შეიძლება. – მერე კი საათზე დაიხედა. – კარგი, წავალ მე. უკვე ორი საათია. გუშინ რომ სახლამდე მივაღწიე, დედაჩემი დამხვდა და ოც-წუთიანი ლექცია ჩამიტარა. მთხოვა, რომ ამ დროისთვის მივსულიყავი სახლში.
– კარგი, წადი. – მიუგო ლიკამ და გაუღიმა. ლაშა წამოდგა, ლიკას ტუჩებში აკოცა, ხელი დაუქნია და კაფედან გავიდა.
-*-*-*-*-
ლაშამ მძიმე, მუხის კარი გააღო და სახლში შევიდა. პიჯაკი და ფეხსაცმელები გაიძრო, და სასტუმრო ოთახისაკენ გაემართა.
გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რომ მისი მშობლები უკვე იქ ისხდნენ.
-ლაშა, დაჯექი. – უთხრა მამამ. ბიჭმა თვალები გადაატრიალა და სავარძელში ჩაესვენა.
– აბა? – შეეკითხა იგი.
საბამ ყელი ჩაიწმინდა.
-მე მინდა გითხრა, რომ უკვე საცოლე მოგიძებნე.
ლაშას ყბა დაეჭიმა. უნდოდა, მამამისი ერთი მაგრად გამოელანძღა, და ეყვირა, რომ მისი შერჩეული გოგონა არაფერს არ ნიშნავდა მისთვის, მაგრამ თავისი გეგმა გაახსენდა და თავს ძალა დაატანა, რომ დამშვიდებულიყო.
-მართლა? -ნაძალადევი ინტერესით იკითხა მან. – მერე ვინ არის ჩემი… – ლაშამ ყალბი ღიმილით გაუღიმა მამას. საბამ თვალები დაავიწროვა. – …რჩეული?
– შენი საცოლე არის სოფიო ხოჯავა. – მიუგო მამამ. – თუ სოფიოზე არაფერი გსმენია, მის დაზე, მარიამ ხოჯავაზე მაინც გეცოდინება რამე. მშვენიერი ოჯახია. თბილისის გარეუბანში აქვთ სახლი. – საბამ ნიკაპის ქვეშ ხელი შემოიდო და შვილს ჩააშტერდა.
– სოფიო ძალიან კარგი გოგოა, ლაშა. – უთხრა მირანდამ. ბიჭმა დედას გახედა. სახეზე უინტერესობა ჰქონდა აღბეჭდილი. – დღეს მოდის სადილად, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. მინდა რომ შეხვდე.
ლაშამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მყესები. მისი „საცოლის“ სახელის გაგონებასაც კი ვეღარ იტანდა. იცოდა, და გაეგონა მარიამ ხოჯავას შესახებ, მაგრამ უეცრად შესძულდა ყველა, ვინც მის მომავალ ცოლთან იყო დაკავშირებული. იგრძნო, როგორ აუდუღდა სისხლი.
-იმედი მაქვს, რომ კარგად იფიქრე, ლაშა. – დაიწყო მამამ. ლაშას სისხლი თვალებში მოაწვა. მამამისი ჭკუის დარიგებას უპირებდა. ისევ. – სოფიო ნამდვილად კარგი ქალიშვილია, და რაც მთავარია, შენ შეგეფერება. დღეს საღამოს, ცხრა საათზეა სადილი. და შენ ამ სადილს დაესწრები და სოფიოს გაიცნობ. გასაგებია? – მამის ხმამ ავტორიტეტული ტონი მიიღო.
ლაშამ კბილები დააღრჭიალა და ცალყბად გაუღიმა მამას.
-იცი რა… – თქვა მან და სავარძლის ზურგზე მკლავი გადადო. – თანახმა ვარ. სადილზე ვიქნები და თქვენს სოფიოს გავიცნობ. – მან გოგონას სახელი ხაზგასმითა და აშკარა ზიზღით წარმოთქვა და სიამოვნებით უყურებდა, თუ როგორ გაუფართოვდათ მის მშობლებს თვალები. საბამ ცალი ხელი მოუჭირა სავარძელს და წინ წამოიწია.
– ოჰ?- მერე კი გაიღიმა. – მშვენიერია! აი, ეს მესმის! კარგი, მაშ… – მან ცოლს გახედა, მირანდამ მხრები აიჩეჩა და წარბები ასწია.
– მე გავალ, გავისეირნებ. – თქვა ლაშამ და ფეხზე წამოდგა.
– წადი, შვილო, არ დააგვიანო მხოლოდ. – უთხრა მირანდამ. ლაშამ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა.
-*-*-*-*-
ლაშამ ცხრა საათამდე დრო ლიკასთან გაატარა და ძალიანაც ისიამოვნა. ახლა მანქანაში იჯდა და სახლისაკენ მიიჩქაროდა. კარგი გუნება მისი „საცოლის“ გახსენებამ ჩაუშხამა და ერთი სული ჰქონდა, სანამ მას ნახავდა. „რაც მალე, მით უკეთესი…“. გაიფიქრა მან.  უნდოდა, რომ რაც შეიძლებოდა, ჩქარა დაეწყო თავისი გეგმის ხორცშესხმა. სოფიოს იგი უნდა შესძულებოდა.
ამ ფიქრით გაჯერებულმა და უკეთეს ხასიათზე დამდგარმა, მანქანა ეზოში გააჩერა და გადმოვიდა. სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისაკენ და კარი შეაღო. მისდა გასაკვირად, სიწყნარე იყო. ლაშამ წარბები შეკრა და ჰოლი გადაჭრა, რომ სასტუმრო ოთახში. თვალები გაუფართოვდა, როცა ერთადერთი ადამიანი დაინახა, რომელიც სავარძლის კიდეზე ჩამომჯდარიყო, ხელები კალთაში დაეკრიფა და ინტერესით ათვალიერებდა მარმარილოს ბუხარს.
ალბათ ეს იყო მისი საცოლე.
ლაშამ ტუჩი აიბზუა გოგონას უბრალო, მუხლებამდე დაშვებულ თეთრ კაბასა და უბრალო შავ, ღია ფეხსაცმელზე.
სახეს კარგად ვერ ხედავდა, რადგან სოფიოს თავი მიტრიალებული ჰქონდა.
ლაშამ ხმამაღლა ჩაახველა, რომ ყურადღება მიექცია.
სავარძელზე დამჯდარი გოგონა მოულოდნელობისაგან შეხტა, სწრაფად მოატრიალა თავი და ლაშა რომ დაინახა, ფეხზე წამოხტა.
-… გამარჯობა! – თქვა მან  ორიოდე წამის შემდეგ.
ლაშას არ უპასუხია, ურცხვად აათვალიერ-ჩაათვალიერა მისი საცოლე. „საშუალოა…“ გაიფიქრა მან და გესლიანად ჩაიცინა. „ამას მირჩევ, მამაჩემო? ბრავო, პირდაპირ ბრავო…“
-მე სოფიო ვარ. – ისევ დაილაპარაკა გოგონამ და ლაშამ იგრძნო, როგორ აუბუყბუყდა მკერდში გაღიზიანება. სოფიოს ხმის გაგონება ნამდვილად არ სიამოვნებდა. გოგონა ნელა, ყოყმანით დაიძრა მისკენ და ნელა გამოუწოდა ხელი ჩამოსართმევად. ლაშამ კინაღამ ხმამაღლა გადაიხარხარა. „არააა…..“ გაიფიქრა მან. „ეს ძალიან გულუბრიყვილოა…“ ლაშამ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და გოგონას დააშტერდა. მისი რეაქცია აინტერესებდა. სოფიოს სახეზე გაკვირვება გამოეხატა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ტუჩზე იკბინა და ხელი სწრაფად დაუშვა.
ლაშას უცებ სიტუაცია არ მოეწონა.
სად იყვნენ მისი მშობლები? ან სოფიოს მშობლები?
-ჩემი მშობლები სად არიან? – ჰკითხა გოგონას, გვერდი აუარა, და ტახტზე დაჯდა.
– … მე არ ვიცი… აქ რომ მომიყვანეს, მხოლოდ დამლაგებელი დამხვდა… – მიუგო სოფიომ, და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა სავარძელში.
ლაშას თვალები გაუფართოვდა.
მარტო დამლაგებელი…
ესე იგი…
მერე კი ჩაიცინა. ჩაცინება ხმამაღალ ხარხარში გადაეზარდა. სოფიო გაოცებული და ცოტათი დაბნეული მიაშტერდა.
-ბებერი ვირი…. – თავი გააქნია ლაშამ და ფეხზე წამოდგა. – არ მჯერა… შენ იცოდი, ხომ? – მიუბრუნდა სოფიოს.
– რა… მე ვერ გავიგე… – მთლად დაიბნა გოგონა, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა, სახეზე აილეწა.
– რა ვერ გაიგე! – აფეთქდა ლაშა და ცალყბად გაიღიმა, როცა დაინახა, როგორ შეხტა სოფიო სავარძელში. – მოგვიწყვეს! მე მეგონა, და როგორც ჩანს, შენც გეგონა, რომ ოჯახებთან ერთად, ნორმალურად ვისადილებდით, მაგრამ ააარაააა… – თქვა მან და სახე დაეღმიჭა. – იდიოტმა მამაჩემმა მოიფიქრა ეს ალბათ, თვითონ საერთოდ არ აპირებდა მოსვლას და ჩვენ ერთად დაგვტოვა… ეგონა, რომ ერთმანეთს „უკეთესად გავიცნობდით“… – თქვა მან სარკასტული ტონით. მერე კი კარისაკენ მიტრიალდა. – მე მივდივარ.
– მოიცა! – ლაშა შედგა და სოფიოს გაღიზიანებულმა გადმოხედა.
– რა გინდა? – შეეკითხა მკვახედ. გაოცებულმა სოფიომ ოდნავ უკან დაიხია.
– მე… იცი, არ გინდა რომ ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ? – გოგონა შეწუხებული მიაჩერდა, ხელები გაასავსავა. – ბოლოს და ბოლოს, ჩვენ…
– არა. – მოუჭრა ლაშამ. – არ მინდა. მემგონი შენ კარგად ვერ გაიგე, აქ რა ხდება. მოდი, მე რაღაც-რაღაცეებს აგიხსნი. მე… – ლაშამ თავისაკენ მიიშვირა საჩვენებელი თითი, მერე კი სოფიოს მიუტრიალდა. – … და შენ შორის არაფერი არ მოხდება. გესმის? შენ ჩემი კანონიერი ცოლი იქნები, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ცოლქმრული არ იქნება. მე სხვა მიყვარს, და მასთან ურთიერთობის მოშლას არ ვაპირებ ამ უაზრო ქორწილის გამო, გასაგებია?! – ხმამაღლა დაამთავრა ლაშამ. სოფიო განცვიფრებული, აღელვებული და ცოტათი შეშინებულიც კი მისჩერებოდა. მერე კი ნაღვლიანად გაიღიმა და ლაშას თვალი გაუსწორა. ლაშა ოდნავ შეკრთა, როცა დაინახა, რომ გოგონას თვალები ცოტათი აწყლიანებოდა.
– სახლში წამიყვანე. – თქვა მერე. ლაშას წარბები შუბლზე აუვიდა. ამას არ ელოდა.
– მე რატომ უნდა წაგიყვანო?! მეჩქარება, მინდა, რომ წავიდე. – შეეკითხა გაღიზიანებული.
– დედა და მამა ვერ მოვლენ, საქმე აქვთ, გვიანობამდე ვერ თავისუფლდებიან. მე კიდევ ვერ წავალ, გარეუბანში ვცხოვრობ, აქ გზა არ ვიცი. თან უკვე გვიანია. – სოფიო თვალებით შეემუდარა. – გთხოვ, გამიყვანე სახლში.
ლაშა ცოტათი შეყოყმანდა, მაგრამ თავი გააქნია.
-არ ვიცი. მე არ მაინტერესებს, ახლა გავდივარ. შენ როგორც გინდა, ისე წადი აქედან, მე არ ჩამრიო. – მერე კი შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
-*-*-*-*-
ლაშა სინამდვილეში არსადაც არ იყო გასასვლელი, მაგრამ სურდა ქალაქისთვის წრე დაერტყა და ცოტათი დამშვიდებულიყო. ზიზღით აღვსილიყო თავისი საცოლის მიმართ. „აბა რა ეგონა? წამსვე შეგვიყვარდებოდა ერთმანეთი და ბედნიერად ვიცხოვრებდით?“ ლაშამ ჩაიცინა და მანქანა მკვეთრად მოატრიალა. „მასეთი რაღაცები ზღაპრებში ხდება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალურ სამყაროში.“ გაიფიქრა და გაიღიმა. სოფიო ნამდვილად ვერ შეედრებოდა ლიკას. სად ლიკა, მისი სილამაზე, სპონტანურობა, გამბედაობა, და სად უშნო სოფიო, მისი გამაღიზიანებელი ხმა და სულელური ლაპარაკი. სოფიო მალევე ცუდად განეწყობოდა მის მიმართ და ცოტა ხანში გაეყრებოდა კიდეც.
ლაშამ ერთი საათი უაზროდ ხეტიალის შემდეგ, მანქანა მოატრიალა და უკან, სახლისაკენ აიღო გეზი. გზაზე გაწვიმდა. კოკისპირულად გაწვიმდა. ისეთი ხშირი წვიმა იყო, რომ ლაშა ძლივს ახერხებდა საქარე მინაში გახედვას ნორმალურად. ძლივს მიაღწია სახლამდე, და იმის მიუხედავად, რომ ავტოფარეხიდან სახლამდე ათიოდე მეტრი იყო, სულ გალუმპული შევარდა ჰოლში და გინებით აიკლო იქაურობა. ტანსაცმელი გამოიცვალა თავის ოთახში, და ქვემოთ ჩამოვიდა ტელევიზორის საყურებლად. მათი დამლაგებელი, ლელა ჯერ კიდევ იქ იყო და ფუმფულა ჯაგრისით თაროებსა და ძვირფას ლარნაკებს ფერთხავდა.
ლაშა სავარძელში ჩაებერტყა და ტელევიზორი ჩართო.
-ლაშა ბატონო, არ გაინტერესებთ თქვენი საცოლის ამბავი? – შეეკითხა ქალი. ლაშა გაკვირვებული მიაშტერდა.
– აქ არ არის, ესე იგი აშკარად წაიყვანეს, არა? – უპასუხა მან. ახლა უნდოდა რომ დაესვენა და არ ეფიქრა თავის საცოლეზე.
– არ წაუყვანიათ. – მიუგო ლელამ და დოინჯი შემოიტყა. ლაშა შეინძრა და გადმოხედა. – თავისით წავიდა.
– თავისით წავიდა? – გაიმეორა ლაშამ უნდობლად. წამოიწია. – როგორ თუ თავისით წავიდა?
– თავისით წავიდა, ფეხით! ბავშვმა გზა არ იცის! – ატყდა ლელა. – თან იმ ტანსაცმელშია გამოწყობილი! ამ ამინდში! – გამწარებული იქნევდა ჯაგრისს. სახე აუწითლდა და საყვედურით მიაჩერდა ლაშას.
– მე რაში მაინტერე…
– როგორ თუ რაში, ლაშა ბატონო! – განცვიფრებული მიაშტერდა ლელა. – ის თქვენი საცოლეა! თუმცა რომც არ იყოს, ცოტათი არ გეცოდებათ მაინც? რომ დაიკარგოს?
ლაშა ხვნეშით მიეყუდა სავარძლის ზურგს. ცოტათი ცუდად იგრძნო თავი ამის გამო, მაგრამ ახლა განძრევაც არ უნდოდა.
-კარგი, მერე მე რა გავაკეთო?  წავიდე და მთელ ქალაქში ვეძებო? – შეეკითხა ლელას. იმედი ჰქონდა, რომ ეს გააჩუმებდა.
– არა, ბატონო, ეგ რაშია საჭირო. – გაუღიმა ლელამ და წინსაფრიდან ქაღალდის ნაჭერი ამოაძრო. – აგერ არის გოგონას ნომერი, დაურეკეთ და გაიგებთ. – ლაშა გაოცებული მიაშტერდა, მაგრამ სანამ პირს გააღებდა, ლელამ დაასწრო. – ეს ნომერი ქალბატონმა მირანდამ მომცა. ახლა აიღეთ და დაურეკეთ. – ქაღალდის ნაჭერი ლაშას შეაჩეჩა, თვითონ კი ჯაგრისის ტრიალი და ფერთხვა განაგრძო.
ლაშამ ამოიოხრა და კბილები დააკრაჭუნა, მაგრამ მობილური ტელეფონი მაინც ამოიღო და სოფიოს ნომერი აკრიფა.
ზარი გავიდა. მალე ყურმილი აიღეს.
-შენ აზრზე ხარ? – ჩაჰყვირა ლაშამ მობილურში. – მთლად გამოტვინებული ყოფილხარ, მასეთ ამინდში რამ გაგიყვანა გარეთ? – ყურმილში დაცემინება გაისმა.
– ლაშა?… – გაისმა მოკანკალე ხმა მობილურში. – … როცა გამოვედი, არ წვიმდა ჯერ…
– ახლა სად ხარ? – შეეკითხა ლაშა.
– არ ვიცი… – სოფიოს ხმა უკანკალებდა და ლაშამ შეატყო, რომ ტირილის პირას იყო. – არ ვიცი, სად ვარ, სადღაც, რომელიღაც ბენზინგასამართ სადგურს ვხედავ… ლაშა, წამიყვანე რა სახლში… – სოფიოს ხმას თითქმის ფარავდა ქარის შხუილი და წვიმის შხაპუნი.
– მერე შედი იმ სადგურში, იკითხე, სად ხარ და მომწერე. მოვალ და გაგიყვან. – ლაშამ ყურმილი დაკიდა, ხმადაბლა შეიგინა და წამოდგა. ლელასკენ არც კი გაუხედია, ისე გავიდა ოთახიდან. საკუთარ თავს წყევლიდა. ნეტავი სოფიო ადრევე გაეყვანა, რომ ასეთ სახლაფორთო საქმეში არ გახვეულიყო. ყველაზე მეტად ეზარებოდა ახლა სოფიოს მოძებნა. „სულელი გომბიო… სად მიეთრეოდა, დატეულიყო თავის ადგილას… როცა მოიცლიდნენ მაგის მშობლები, გაიყვანდნენ…“ წვიმა ისევ წინანდებურად ასხამდა. გაწუწულმა ლაშამ მანქანა დაქოქა და გზაზე გაიყვანა.
ტრასაზე რომ გადავიდა, მისმა ტელეფონმა დარეკა. ლაშამ მობილურს დახედა. ლიკა ურეკავდა.
ლაშამ გაიღიმა და ზარს უპასუხა.
-ჰო, ლიკა? – ჰკითხა მან.
– ალო, ლაშა, სადა ხარ ახლა? – გაისმა ლიკას ანგელოზური ხმა ყურმილში.
– ახლა გზაზე ვარ, რა იყო?
– რადა ახლა ჩვენს კლუბში ვარ, მე და ჩემი დაქალები, ჰოდა წვიმის გამო ვერ გამოვდივართ. წამოგვიყვანე, კარგი? თან ცოტა დავლიოთ!
ლაშამ ჩაიცინა. ამ გოგოზე გიჟდებოდა.
-რა თქმა უნდა, ახლავე მოვდივარ! – უპასუხა მან და კლუბისაკენ გაუხვია.
-*-*-*-*-
ლაშა რომ სახლში მივიდა, უკვე თერთმეტი საათი სრულდებოდა. ცოტა დალიეს თვითონ და ლიკას დაქალებმა, ხუთი თუ ექვსნი იყვნენ და ლაშამ ყველა სახლში დაიყვანა. კმაყოფილი და ნასიამოვნები დაებერტყა ტახტზე სასტუმრო ოთახში. ალკოჰოლმა და ლიკასთან გართობამ კარგ გუნებაზე დააყენა. ახლა ცოტას დაისვენებდა, შეჭამდა და მერე დაიძინებდა.
-ლელა! – გასძახა დამლეგებელს. ქალი ჩვრით ხელში გამოფოფინდა სამზარეულოდან. – საჭმელი მომიტანე რა, რამე.
ლელამ თავი დაუქნია, მაგრამ სახეზე ინტერესი გამოეხატა.
-აბა, ლაშა ბატონო? – ჩაეკითხა ის. – სად იყო ბავშვი გასული? ხომ მშვიდობიანად მიიყვანეთ?
-რა ბავშვ… – ლაშას სიტყვა პირში შეაშრა და მუცელში სასიამოვნოდ მობუყბუყე ალკოჰოლი, სასიამოვნო თავბრუს რომ ახვევდა, თითქოს გაუქრა.
წამსვე გამოფხიზლდა.
ეხლაღა გაახსენდა სოფიო.
-*-*-4-*-*-
ლაშამ შეიგინა და ფეხზე წამოვარდა. მანქანის გასაღები ისე აიტაცა და ჰოლში ისე გავარდა, რომ ლელას გადარეული ყვირილისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
-დაგავიწყდათ? დაგავიწყდათ ხომ? არ მჯერა პირდაპირ… თქვენი საცოლეა ბოლოს და ბოლოს… – ლელას ყვირილი დააიგნორა, სწრაფად ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და შეამოწმა.
-ამის დედაც…. – აღმოხდა ხმამაღლა. შვიდი მესიჯი ჰქონდა მიღებული. პირველს დახედა.
„ლაშა, ვაკეზე ვარ, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურზე, გთხოვ, მალე წამომიყვანე.“
ლაშამ კიდევ ერთხელ შეიგინა და მანქანა დაქოქა. სწრაფად გავიდა ტრასაზე, და გიჟივით გაქანდა ვაკისაკენ. „რამ გამომაშტერა ასე?“ გაიფიქრა მან. „ჯანდაბა ალკოჰოლს, არ უნდა დამელია, მაგრამ ლიკას გამო სულ გადამავიწყდა იმ გოგოს წამოყვანა…“ სინდისი ქენჯნიდა. „ჯანდაბა… მთელი საათი იქ იდგა… ალბათ, გაიყინებოდა…“ ლაშამ სოფიოს ნომერზე გადარეკა.
 -აიღე… მიდი, აიღე, სად გიგდია ტელეფონი… – დააღრჭიალა ბიჭმა კბილები და პირი მაგრად მოკუმა. ალბათ სოფიო იგივეს ფიქრობდა, როცა მას მესიჯებს უგზავნიდა, თვითონ კი არც-ერთის მოსვლა არ გაუგია, დაკავებული იყო ლიკასთან ცეკვით…
ლაშამ მანქანა მოწყვეტით შეაჩერა ლუკიოლის ბენზინგასამართი სადგურის წინ , სწრაფად გადმოვიდა, და არც კი დაუყოვნებია, ისე შევარდა შიგნით. მთელი მაღაზია მოათვალიერა, მაგრამ ნაცნობი ფიგურა ვერსად დაინახა. „ჯანდაბა, სად წავიდა… „ გაიფიქრა ბიჭმა და დახლს მიაშურა. იქვე მდგარმა მოკლეთმიანმა ხანშიშესულმა ქალმა გაკვირვებით შეხედა, მაგრამ ლაშამ არ დააცადა.
-მისმინეთ. აქ უნდა ყოფილიყო ერთი ახალგაზრდა გოგო… ჩემზე დაბალი… თეთრი კაბა ეცვა, ხომ არ გინახავთ? – შეეკითხა იგი, თან დახლს ორივე ხელით ჩაეჭიდა.
– ოჰ! – აღმოხდა ქალს. – კი, როგორ არა. დავინახე.
– მერე? – ლაშა გაღიზიანდა. ხელი ააქნია. – ახლა სად არის?
ქალმა გაკვირვებით შეხედა და უხერხულად შეიშმუშნა. აშკარად გაოცდა მის გაღიზიანებაზე.
-სადღაც ნახევარი საათის წინ შეხვდა ვიღაც მამაკაცს აქ და იმან წაიყვანა სახლში. – ქალმა შეწუხებული გამომეტყველება მიიღო. – საწყალი გოგო, სულ სველი იყო და აკანკალებდა…
ლაშამ ამოისუნთქა.
„ალბათ მამამისს დაუკავშირდა და იმან გაიყვანა აქედან..“ გაიფიქრა და დამშვიდდა, მაგრამ მაინც უნდოდა, რომ შეემოწმებინა.
-ვინც წაიყვანა, ალბათ მამა იყო, არა? – ცალი ხელი ჰაერში დაატრიალა მან და ქალს გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში. ქალმა წარბები ასწია და გაიცინა.
– გენაცვა, ბევრი ახალგაზრდა მამა მინახავს, მაგრამ ის მამაკაცი მამა ვერ იქნებოდა.
– რაა? – გაოცდა ლაშა. იგრძნო, როგორ გამოჟონა ხელისგულებში ოფლმა და როგორ დაუარა გამყინავმა ჟრუანტელმა ზურგში. დახლს უფრო მაგრად ჩაეჭიდა. – აბა… მაშ ვინ… როგორ გამოიყურებოდა? ხომ ვერ მიხვდით, ვინ იყო?
– ახალგაზრდა მამაკაცი იყო. – უპასუხა ქალმა, თან უცნაური გამომეტყველებით შეხედა. – თქვენი ასაკის იქნებოდა, ცოტა თქვენზე დაბალი… გადასარევად იყო ჩაცმული…. – ქალმა ლოყაზე ხელი შემოიდო. – და მრცხვენია რომ ამას ვამბობ ამდენი ხნის ქალი, მაგრამ ძალიან სიმპათიური იყო. აშკარად ერთმანეთს იცნობდნენ, ორიოდე წუთი გამოელაპარაკნენ და მერე იმ ბიჭმა წაიყვანა. – ქალმა მხრები აიჩეჩა. – მეტს ვერაფერს გეტყვით.
– კარგით. გმადლობთ. – მიუგო ლაშამ,  გარეთ სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. იგრძნო, როგორ დაასხა ცივმა ოფლმა.
ვინ ჯანდაბა იყო ის, ვინც სოფიო სახლში გაიყვანა? ლაშას ეს კითხვა დაუტრიალდა თავში და მისი მოშორება ვერაფრით ვერ შეძლო. „სიმპათიური… კარგად ჩაცმული… ერთმანეთს იცნობდნენ…“ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო? ძმა ვერ იქნებოდა, რადგან სოფიოს უმცროსი ძმა ჰყავდა. „მეგობარი? ალბათ მეგობარი იყო… მაგრამ იქნებ შეყვარებულია? იქნებ მასაც შეყვარებული ჰყავს?“ ლაშამ იგრძნო, როგორ აასხა სისხლმა თავში და წამიერად თვალთ დაუბნელდა. კბილები დააღრჭიალა. „ჩემს მომავალ ცოლს არავითარი შეყვარებული არ ეყოლება…“ გაიფიქრა მან და მაგრად დაჰკრა მუშტი საჭეს. მერე კი მანქანა დაქოქა და ბენზინგასამართი სადგურიდან გავიდა.
-*-*-*-*-
მეორე დღეს გადაწყვეტილი ჰქონდა სოფიოსთან სტუმრად მისულიყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ქენჯნიდა სინდისი თავისი გუშინდელი უაზრო საქციელის გამო და ნაწილობრივ, ძალიან აინტერესებდა, ვინ ბრძანდებოდა ის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სოფიო იქედან წამოიყვანა.
ლაშამ თავისი ბეემვე სოფიოს სახლთან მიაყენა. გოგონას მშობლებისათვის უკვე შეტყობინებული ჰქონდა, რომ მოსვლას აპირებდა, მაგრამ ისინი ამ დროს სახლში არ იქნებოდნენ. ლაშამ ზარი დარეკა, ცალი ხელი ჩაიყო შარვლის ჯიბეში და მხრით მიეყუდა კარის გვერდს. მზად იყო თავისი ყველაზე შარმიანი ღიმილით შეხვედროდა სოფიოს, ბოდიში მოეხადა, რომ ბოლოს და ბოლოს სინდისის ქენჯნა მოეშორებინა.
კარი გაიღო და ლაშა მოემზადა თავისი ღიმილით, მაგრამ პირი რომ სალაპარაკოდ დააღო, სოფიოს ნაცვლად ხელში შერჩა თექვსმეტიოდე წლის ბიჭი, რომელიც ოდნავ მოღუშული მისჩერებოდა.
-რა გნებავთ? – იკითხა მან. მწვანე თვალებში უნდობლობა ეხატა.
ლაშას მისი ტონი არ მოეწონა, მაგრამ არჩია კომენტარი არ გაეკეთებინა.
 „ეს ბიჭი ალბათ სოფიოს ძმაა.“ გაიფიქრა მან.
ლაშამ პირი დააღო რომ ეპასუხა, მაგრამ სახლიდან ხმა გაისმა და სიტყვა ენაზე შეაშრა. შემოსასვლელში სოფიო გამოჩნდა. უბრალო ლურჯ მაისურსა და ჩაფართხუნებულ შარვალში იყო გამოწყობილი და თმა ჩამოშლილი ჰქონდა.
-ზურა, ვინ… – სოფიო გაშრა, როცა ლაშა დაინახა.
– შენ… შენ რა გინდა აქ? – შეეკითხა სოფიო. აშკარად აღელდა და უხერხულად შეიშმუშნა. ლაშას მყესები დაეჭიმა. ისევ გაღიზიანდა.
– და რა, არ შეიძლება ჩემს მომავალ ცოლს ვესტუმრო? ვინ ამიკრძალავს? – მოიღუშა იგი და თვალებით გაბურღა თავისი საცოლე. სოფიო შეკრთა. ნერწყვი გადაყლაპა.
– არა… როგორ არ შეიძლება, შემოდი. – ლაშამ შესვლა სცადა, მაგრამ მისდა გასაღიზიანებლად, სოფიოს ძმა ზღურბლზე გამაგრებულიყო და ისევ უნდობელი თვალებით მიშტერებოდა, თან ეტყობოდა, რომ გვერდზე გადგომას არ აპირებდა. ლაშა განცვიფრებული და გაბრაზებული მიაჩერდა. არ სჯეროდა, რომ ეს პატარა მწერი ამდენს ბედავდა.
– ზურა, რას აკეთებ, აქ მოდი! – დაუძახა სოფიომ. ზურა აშკარად შეყოყმანდა, მაგრამ ლაშას კიდევ ერთი უცნაური მზერა სტყორცნა და უკან, თავისი დისკენ დაიხია. ლაშამ შიგნით თამამად შეაბიჯა.
– აქეთ. – უთხრა სოფიომ და სასტუმრო ოთახში გაიყვანა. ლაშა ტახტზე  ჩამოჯდა და კომფორტულად მოეწყო. სოფიო მის პირდაპირ დაჯდა სავარძელში. ზურა დის გვერდით ჩამოჯდა.
– მისმინე, სოფიო… -დაიწყო ლაშამ და წინ გადაიწია. – გუშინდელის შესახებ, მინდა გითხრა, რომ ბოდიშს გიხდი. უცებ საქმე გამომიჩნდა…
– კი, რა თქმა უნდა… – ჩაიბურტყუნა ზურამ. ლაშამ გაოცებულმა გადახედა, მაგრამ იგრძნო როგორ მოაწვა სახეში სისხლი.
-მე მგონია, რომ შენ არაფერს გეუბნებიან. – კბილები გაუღრჭიალა ბიჭს ლაშამ. იოლად შეეძლო ეს გამხდარი ბაღლინჯო შპალერივით გაეკრა კედელზე, და თუ ხსენებული ბაღლინჯო თავის სულელურ გამოხტომებს არ შეწყვეტდა, ამას გააკეთებდა კიდეც.
– მაგრამ საქმე მეხება. – მოუჭრა ბიჭმა. თვალები ანთებოდა. – შენი საცოლე ჩემი დაა, გახსოვს? თუ ეგეც დაგავიწყდა, როგორც ჩემი და დაგავიწყდა გუშინ იმ…
– საკმარისია! ზურა, წადი შენს ოთახში, გთხოვ. – უთხრა სოფიომ. აშკარად ნაწყენი და შეშინებული ჩანდა. – და ლაშა, გთხოვ, რომ ცოტაოდენი პატივისცემა გამოიჩინო…
– მე პატივისცემას მაშინ გამოვიჩენ, როცა თვითონ გამოიჩენს საკმარისს… – ლაშამ მრისხანედ შეხედა აბურძგნულ ბიჭს და აპირებდა ტირადის გაგრძელებას, მაგრამ ენა დაება, როცა სახლში ზარის ხმა გაისმა.
-ზურა, გააღე. – უთხრა სოფიომ და ძმას მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. ზურა შეყოყმანდა, მაგრამ წამოდგა, და სწრაფად გავიდა შემოსასვლელში. ორიოდე წამში იქედან სახელურის ღრჭიალი და სიხარულის გამომხატველი შეყვირება გაისმა.
– გოჩა! რა კარგია რომ მოხვედი! – ისმოდა ზურას ხმა. მას ახალგაზრდა მამაკაცის ხმამაღალი, ლაღი სიცილი აჰყვა.
– გოჩა? – სოფიო ფეხზე წამოდგა. ლაშა დაბნეული მიაშტერდა. მერე მოიღუშა. „ვინ ჩემი ფეხებია გოჩა?“ გაიფიქრა მან.
წამიც და ოთახის კარში შემოაბიჯა მაღალმა ახალგაზრდა კაცმა. სახეზე ღიმილი ეხატა, რომელიც თითქოს უფრო გაბრწყინდა, როცა მან სოფიო დაინახა. მოდური ტყავის ქურთუკი და ღია ლურჯი ფერის შარვალი ეცვა. ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად ლაშამ ყურადღება მიაქცია მის ხელში დაკავებულ სხვადასხვა ფერად-ფერადი ყვავილების თაიგულს, რომელიც გოჩამ სოფიოს გადასცა. მოღუშულმა ლაშამ ეჭვიანი თვალი გააყოლა საკმაოდ მოზრდილ თაიგულს. ახალგაზრდას არ მოეწონა გოჩას გამომეტყველება, როცა მან სოფიოს შეხედა, რადგან შეეძლო ეთქვა, რომ გამოიცნო, რას ფიქრობდა ეს გოჩა. მისი მბწყინავი თვალები, და ღიმილი თავისით ამბობდა ყველაფერს. საშინლად აშკარა იყო, რომ გოჩას მის საცოლესადმი ძლიერი გრძნობები ჰქონდა.
ლაშას სისხლმა აასხა, სავარძლის კიდეს ხელები ისე მოუჭირა, რომ სახსრები გაუთეთრდა. ფეხზე წამოდგა.
-რა ლამაზია, გოჩა… – სოფიო ღიმილით ათვალიერებდა თაიგულს. თვალის კუთხიდან შეამჩნია, რომ ლაშა ფეხზე წამოდგა და მეგობარსა და საქმროს შუა გაიხედ-გამოიხედა.
– ლაშა, გაიცანი, ეს გოჩა ლორთქიფანიძეა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. – უთხრა სოფიომ. ლაშამ დაძაბული ღიმილი სტყორცნა და მისი გამოწოდებული ხელი აიღო, რომ ჩამოერთმია.
– და გოჩა, ეს არის ლაშა შარაშენიძე, იგი… – სოფიოს სიტყვა ლაშამ გააწყვეტინა, რომელიც თამამად ჩააშტერდა გოჩას თვალებში.
– მე სოფიოს საქმრო ვარ. – უთხრა ლაშამ და ცალყბად გაუღიმა. იგრძნო, როგორ დაიჭიმა გოჩას ხელი მის ხელში და როგორ გაუფართოვდა მას თვალები, მაგრამ ეს ყველაფერი წამიერი იყო. ბიჭის სახე ისევ სასიამოვნო გამომეტყველებამ და თავაზიანმა ღიმილმა მოიცვა.
-ოჰ? – თქვა მან. – არ ვიცოდი, თუ სოფიო დანიშნული იყო… – თქვა მან და გაიღიმა, მაგრამ ლაშამ მის ღიმილში მღელვარება და დაძაბულობა შეამჩნია.
– ჰოო? – უპასუხა ლაშამ, ცალყბად გაუღიმა და ხელი მაგრად მოუჭირა ხელზე. – ჰოდა, არის. – გოჩას სასიამოვნო ღიმილი გაუქრა და სახე დაუსერიოზულდა.
– დიდი მადლობა ყვავილებისათვის, გოჩა. – გაისმა სოფიოს ხმა და ამან ორ ახალგაზრდას შორის ჩამოგდებული დაძაბული ატმოსფერო გააქრო. სოფიომ ღიმილით ჩააწყო ყვავილები დიდ ლარნაკში და გვერდით ოთახში გავიდა.
ლაშა და გოჩა ერთმანეთის პირისპირ, სავარძლებში ჩასხდნენ. ლაშა თვითკმაყოფილების გრძნობით იყო აღვსებული და სავარძლის ზურგზე მკლავგადაგდებული, ცალყბად უღიმოდა სოფიოს მეგობარს. გოჩა ისევ სერიოზულად მისჩერებოდა, მაგრამ ლაშამ ხვდებოდა, რომ ბიჭს შიგნით ყველაფერი უდუღდა.
-აბა, როგორი იყო ამერიკაში? – შეეკითხა გოჩას ზურა.
– როგორც ყოველთვის… -თქვა გოჩამ, ნიკაპი ხელის ზურგზე ჩამოსდო და ლაშას გამოხედა. – ბევრი არაფერი. შენც ხომ იცი, არა? – მიმართა მან ზურას ისე, რომ მისკენ არც კი გაუხედია.
ლაშას თვალები დაუვიწროვდა და იგრძნო, როგორ გადაეცალა სახიდან ღიმილი. „როგორ? ეს თუთიყუშივით გამოწყობილი იდიოტი ამერიკაში დასეირნობს? თუნდაც დასეირნობდეს, მარიაჟობს, ჰგონია ახლა, რომ დამახარბებს…ვითომ მე არ ვყოფილვარ ამერიკაში…“ ლაშამ ჩაიფრუტუნა და თვალები გვერდითი ოთახიდან გამომავალ სოფიოს მიაპყრო, რომელსაც თეფშზე დაწყობილი ნამცხვრის ნაჭრები მოჰქონდა. სოფიომ თეფში ლაშასა და გოჩას შორის, დაბალ მინის მაგიდაზე დადგა და ჯერ ერთს გადახედა, მერე მეორეს.
-ეს… ეს ჩემი გამომცხვარი ნამცხვარია. – სოფიომ ყელი ჩაიწმინდა და სავარძელში ჩაჯდა. – გასინჯეთ, ახლახან გამოვაცხვე.
– მე პირველი! – წამოიძახა ზურამ, სწრაფად წვდა ნამცხვარს და პირში შეიგდო. სოფიო მისი საქციელით შეძრწუნებული მიაჩერდა.
– რას აკეთებ, ზურა? – დატუქსა გოგონამ, თან მღელვარებითა და სირცხვილით ავსებული თვალებით მზერა ლაშასკენ მიატრიალა. – სტუმრები გვყავს…
– მე რა სტუმარი ვარ, კარგი, რა, სოფიო. – უთხრა გოჩამ და გაუღიმა. – ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ლაშა კი… – გოჩამ მზერა წამიერად სტყორცნა ლაშას. – …ლაშა კი შენი საქმროა, ბოლოს და ბოლოს… – გოჩამ ნამცხვარი აიღო და ჩაკბიჩა. მერე კი სიამოვნების გამომხატველი ხმა ამოუშვა.
– ძალიან გემრიელია. – თქვა მან და კიდევ ერთხელ მოკბიჩა. – შენ არ გასინჯავ? – ნამცხვრიანი თეფში ახლოს მიუწია ლაშას.
ლაშამ ცალყბად გაუღიმა.
-არა, უკვე ვჭამე. – მიუგო მან. მადა დაჰკარგოდა და ახლა ჭამის ხასიათზე არ იყო. გოჩას ნახვა არ სიამოვნებდა. მისი სახიდან იმ ღიმილის მუშტით ჩამოცლის სურვილი შიგნეულს უტრიალებდა. ფეხზე წამოდგა. სოფიომ მისი მოძრაობა გაიმეორა.
-მიდიხარ? – ჰკითხა მან. სახეზე შეწუხებული გამომეტყველება აესახა. ლაშას იდეა მოუვიდა. მერე კი ღიმილით გადახედა სოფიოს.
– კი, წავალ ახლა. მაგრამ იქამდე… – ლაშამ ორი დიდი ნაბიჯით მიაღწია სოფიომდე, მას წეკზე ხელი შემოხვია, სხეულზე მაგრად მიიკრა და ლოყაზე აკოცა. მერე სოფიოს ხელი გაუშვა და აწითლებულ სახეში ჩახედა.
– ლაშა… რას… – დაიბნა სოფიო, მისი მზერა აქეთ-იქით აწყდებოდა და თვალს ვერავის უსწორებდა. ლაშამ გოჩას გადახედა. ბიჭს თვალები გაფართოებოდა, პირი მოეკუმა, თვალებში ცეცხლი ანთებოდა.
– აბა, წავედი. – თქვა ლაშამ და სახეზე ტრიუმფატორული ღიმილით, ოთახი დატოვა.
გოჩა ლორთქიფანიძე მის საცოლეს ახლოს ვერ მიეკარებოდა.
-*-*-5-*-*-
-აქ რატომ ვართ? – იკითხა ბაჩანამ, ლაშას მანქანიდან გადმოვიდა, და თავის საუკეთესო მეგობარს ინტერესით შეხედა. ლაშამ წამიერად გადახედა და ყვავილების მაღაზიისაკენ გრძელი ნაბიჯებით გაემართა. მოღუშული ბაჩანა უკან გაჰყვა.
-აბა? ვისთვის გინდა ყვავილები? – ჩაეძია ბაჩანა. ლაშამ ამოიხვნეშა.
– ვისთვის უნდა მინდოდეს? შენ ვინ გგონია? ლიკასთვის მინდა, რა თქმა უნდა. – მიუგო ლაშამ, ბაჩანას თვალი აარიდა და მაღაზიაში შეაბიჯა. ორიოდე წამში მეგობარს გამოხედა. ბაჩანამ წარბები შეკრა და მკლავები გადააჯვარედინა.
– შენ თვითონ არ მითხარი ამასწინათ, რომ ლიკას ყვავილები არ უყვარს? თან ალერგიულია, დაგავიწყდა? – მისკენ გადაიხარა ბაჩანა.
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და კბილები დააღრჭიალა. „ჯანდაბა… ახლა რა ვუთხრა…“
-დედაჩემის დაბადების დღისთვის მინდა. – თქვა სწრაფად. ბაჩანამ თავი გააქნია.
– ან დებილი გგონივარ, ან თავს იდებილებ, ლაშა. – უთხრა მან და გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში. – დედაშენის დაბადების დღე სამ თვეშია. დღეს ნამდვილად არ არის. ახლა მითხარი, ვისთვის გინდა ყვავილები. ტყუილების გარეშე. – ბაჩანას სახე დაუსერიოზულდა.
ლაშამ ჩუმად შეიგინა და პირი მოკუმა.
-ოჰ, კარგი, კარგი! – წამოსცდა მას და ხელები ასწია. – ჯანდაბას! ყვავილები სოფიოსთვის მინდა. – ბაჩანამ თვალები დააჭყიტა.
– როგორ?! – ხმამაღლა წამოიძახა მან. ლაშამ გაბრაზებულმა შეხედა.
– ცოტა ხმადაბლა, რა გაბღავლებს! – შეუტია მან. – რა? არ შეიძლება სოფიოს ყვავილები მივცე? – ლაშა მოიღუშა. ბაჩანამ წარბები ასწია.
– როგორ არ შეიძლება, მაგრამ… რატომ? რა საჭიროა? – ჩაეძია ბაჩანა. ლაშამ ამოიხვნეშა.
– რადა… ჩემი საცოლე ერთ იდიოტს მოსწონს, და გუშინ სახლში ყვავილები მიუტანა. ჰოდა, მეც მინდა რომ უკეთესი თაიგული მივცე. – ლაშამ მკლავები გადააჯვარედინა და ბაჩანას ჩააშტერდა. მისდა გასაკვირად, ბაჩანა ჯერ გაოცებული მიაშტერდა, მაგრამ მერე თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გაიცინა.
-ოჰოჰოოოო… – ჩაუფრუტუნა ბაჩანამ და კმაყოფილი სახით გახედა. – ვიცოდი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ასე მალე.
– რაო? – მოიღუშა ლაშა. – ვერ გავიგე…
– რა არის აქ გაუგებარი, ლაშა? – წარბი აწკიპა ბაჩანამ. – ნუთუ ვერ ხვდები? შენ ეჭვიანობ! იმ გოჩაზე თუ ვიღაცაა…
– რა? არა, რა სისულელეა… – ხელი აიქნია ლაშამ, მაგრამ არ შეეძლო, რომ გულში არ აეღიარებინა, რომ მართლაც ეჭვიანობდა. გოჩა არ მოეწონა. ასევე არ მოეწონა მისი გამომეტყველება, როცა მან მის საცოლეს შეხედა, თუმცა მისი ესმოდა. სოფიო ნამდვილად არ იყო უშნო, პირიქით, ძალიან მიმზიდველი იყო მისი მწვანე თვალებით, მუქი ქერა თმით, სავსე ვარდისფერი ტუჩებით, მშვენიერი ტანიც ჰქონდა. „ალბათ ხასიათითაც კარგია…“ გაიფიქრა ლაშამ, მაგრამ რომ გააცნობიერა, რაზეც ფიქრობდა, თავი გააქნია. „ მე ლიკა მიყვარს… ლიკა! „ გაიფიქრა მან. მხოლოდ ერთი წელიწადი სრულდებოდა, რაც ლიკა და თვითონ ერთად იყვნენ, მაგრამ უყვარდა, და მისი თხოვნა უნდოდა.
– მისმინე. – უთხრა მან ბაჩანას. – მე არ ვეჭვიანობ. უბრალოდ, მინდა რომ სოფიოს ვაჩვენო, რომ მე უკეთესი თაიგულის შერჩევა შემიძლია, გასაგებია? – თქვა მან, მეგობრის პასუხს აღარ დაელოდა და დახლისაკენ გასწია.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – მიმართა დახლთან მდგომმა სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ და გაუღიმა.
– თქვენი ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი თაიგული მინდა. – მიუგო ლაშამ.
– კარგით… – გოგონამ ჩანაწერი გააკეთა იქვე დადებულ ფერად ქაღალდზე. – და… შეფუთვა? მხოლოდ შევახვიოთ? – თქვა მან და კალამი მოიმარჯვა.
– საუკეთესო შეფუთვა მინდა. – მიუგო ლაშამ. – და კიდევ… მინდა, რომ ამ მისამართზე მიიტანოთ… – ლაშამ წიგნაკი ამოიღო, გადაშალა და სოფიოს მისამართი ჩაწერა, მერე ფურცელი ამოხია და გოგონას წინ დაუდო.
– რაიმე ბარათი ხომ არ გინდათ? წარწერა?
– დიახ. ჩადეთ რაიმე ბარათი და დააწერეთ. „შენი საქმროსაგან“. ეგ არის. – მიუგო ლაშამ. – ჩეკი გამომიგზავნეთ ჩემს მისამართზე. – ლაშამ თავისი მისამართიც დააწერა ფურცელზე. – დღეისათვის თუ მორჩებით, კარგი იქნება.
მერე გამოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა მაღაზია. ბაჩანასკენ არც კი გაუხედავს, ისე გააღო მანქანა და შიგნით ჩაჯდა. ჯერ კიდევ გაოცებულმა და თვალებდაჭყეტილმა ბაჩანამ თავი გააქნია და უკან მიჰყვა.
-*-*-*-*-
ლაშამ იცოდა, რომ სისულელეს აკეთებდა. იცოდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო დაეოკებინა სურვილი, რომ სოფიო დროზე ადრე მოეყვანა ცოლად. რამდენიმე საათის წინ ლაშამ მამამისს სთხოვა, რომ ჯვრისწერა დაეჩქარებინა, და გაოცებული და ნასიამოვნები საბა, რასაკვირველია, დათანხმდა.
ლაშა კომფორტულად მოეწყო სავარძელში და თავი ხელებში ჩაიდო. ყველაფერი იმ გოჩას ბრალი იყო. დიახ, ლაშა ეჭვიანობდა, თან ძალიან. მისთვის სოფიო ნამდვილი ცოლი არ იქნებოდა, მაგრამ მათ ხელი მმოწერილი ექნებოდათ, და ლაშას არ სურდა, რომ სოფიო ვინმესათვის, მითუმეტეს, იმ გაყეყილი თუთიყუშისათვის გაეზიარებინა. ცოლის მოყვანა მასში მესაკუთრის ინსტინქტს აღძრავდა. ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ გოჩა და სოფიო ძალიან ახლოს იყვნენ, და საერთოდ, მათი ურთიერთობა არ მოსწონდა.
ლაშას ფიქრი გააწყვეტინა კარის ჭრიალმა. ოთახში საბა შემოვიდა.
-კარგი ამბავი მაქვს! – ხელები დაისრისა მან. – გურამს დავურეკე და თანახმაა, ქორწინება წინ გადმოიტანოს. მაშ, ერთ კვირაში ქორწილი გექნება. – ლაშამ უინტერესოდ შეხედა და თავი დაუქნია.
– კარგია. – თქვა მან.
მერე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
-*-*-*-*-
ლაშამ თითქმის მთელი ერთი კვირა ლიკასთან გაატარა. მაგრამ რამდენიმე საათის სოფიოსთან გატარება მოუხდა, მამამისის დაჟინებული მოთხოვნის გამო. ელოდებოდა, რომ სოფიო მომაბეზრებელი ადამიანი იქნებოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად ასე არ იყო. პირიქით, საკმაოდ კარგი მოსაუბრე გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ ლაშამ დროის უმეტესობა მის დაიგნორირებაში გაატარა და თუ პასუხს გაცემდა, აგდებულად ელაპარაკებოდა, დარჩენილი დროის მოკლე მონაკვეთი საკმარისი იყო, რომ მისი საცოლის ხასიათი შეეფასებინა და გაეგო, რომ მას საკმაოდ კარგი ბუნება ჰქონდა. იოლად არ ბრაზდებოდა, მოთმინებით მოეკიდა ლაშას მხრიდან იგნორირებას. ამან ლაშა ცოტათი გააღიზიანა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, როცა მისი ქორწინების დღე მოვიდა, პოზიტიური ენერგიით იყო დამუხტული და თვითონაც უკვირდა, მაგრამ საკმაოდ კარგ ხასიათზე გახლდათ.
დედამისი თავს დასტრიალებდა, კოსტიუმს უსწორებდა და წამდაუწუმ აწყლიანებულ თვალებს იმშრალებდა ცხვირსახოცით. ლაშამ ამოიხვნეშა.
-დედა… კარგი, რა გატირებს… – უთხრა ლაშამ და დედას გაუღიმა. მირანდამ ცხვირსახოცი თვალის ქვეშ ამოისვა, ცხვირით შეისუნთქა და შვილს დაწითლებული თვალებით ახედა.
– არა, უბრალოდ არ მჯერა. – თქვა ქალმა, ხმა გაუტყდა. ყელი ჩაიწმინდა და ისევ დაილაპარაკა. – უკვე… უკვე ცოლი მოგყავს.
 მერე პირი მოკუმა და შვილს უცნაური გამომეტყველებით ახედა.
-მისმინე. შეიძლება ახლა იფიქრო, რომ ბებერი ვარ, და გამაღიზიანებელი, ამას რომ გეუბნები, მაგრამ… შეგიძლია რომ სოფიოსთან სცადო ბედი?
ლაშა გახევდა. ყელი უცებ გაუშრა.
-ჩვენ გვინდა რომ ბედნიერი იყო. – სწრაფად გააგრძელა მირანდამ. – სოფიო ძალიან კარგი ადამიანია. მშვენიერი ცოლი იქნება, უკეთესს ვერ ვინატრებდი სარძლოდ. და არ გეგონოს, რომ ახლა ტყუილად ვასხამ ხოტბას, რომ შენ მოგთაფლო. არა, ასე არ იფიქრო. პირიქით, სიმართლეს ვამბობ. – მირანდამ თავი გვერდზე გადახარა და ნაღვლიანად შეაჩერდა. – აბა? მაშ კარგი, წავიდეთ ახლა.
მერე კი შეტრიალდა და ოთახიდან. ლაშამ ამოიოხრა, სახე მოისრისა და უკან გაჰყვა.
-*-*-*-*-
ტაძარი, რომელშიც ქალაქში ცნობილი, ბიზნეს-იმპერიის პრეზიდენტის, საბა შარაშენიძის შვილი იწერდა ჯვარს, სადღესასწაულოდ იყო მორთული თეთრი მაქმანითა და დარჩეული შროშანებით.  შავი ხალიჩით იყო დაგებული გზა, რომელიც ნეფე-პატარძალს უნდა გაევლოთ, და სადღესასწაულოდ გამოწყობილი უამრავი ადამიანი რიალებდა გარშემო. რეპორტიორებიც, რომლებიც მოწვეულები იყვნენ ჯვრისწერაზე და შემდეგ, გრანდიოზულ ქორწილზე, სპეციალურად იყვნენ გამოწყობილნი. კაცები შავ კოსტუმ-შარვალში, ქალები კი თეთრ კაბებში. ლაშამ ტაძრის წინ დაგებული ხალიჩა ჩაიარა, ჩამვლელ ოფიციანტს ლანგრიდან შამპანურით სავსე ჭიქა აართვა და იქვე მგომ ბაჩანას გვერდით ამოუდგა.
-დღეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, საბა შარაშენიძის ერთადერთი ვაჟიშვილი ჯვარს იწერს სოფიო ხოჯავაზე…. – ბუნდოვნად ისმოდა უკნიდან რომელიღაც რეპორტიორის ხმა.
ლაშამ მისი გამაღიზიანებელი ხმა დააიგნორა, შამპანური მოწრუპა და საათზე დაიხედა. მისი საცოლე აშკარად აგვიანებდა.
-სად ჯანდაბაში დაიკარგა… – წაიღრინა მან და შავ კოსტუმში გამოწყობილ თავის მეჯვარეს მიუტრიალდა. – ალბათ ტონა მაკიაჟს იდებს სახეზე და ვერ ასწრებს. – მერე კი ჩაიფრუტუნა.
ლაშა ნერვიულობდა. ცდილობდა, ეს გრძნობა ჩაეხშო, მაგრამ არ გამოუვიდა. რატომღაც ეგონა, რომ სოფიო არ მოვიდოდა. „მართლა რომ არ მოვიდეს? იქნებ ახლა იმ გაბერილ იდიოტთანაა…“ გაუელვებდა თავში და თვალებში სისხლი აწვებოდა, შიგნეულს უხრავდა. იგრძნო, როგორ გამოჟონა ხელისგულებში ოფლმა და მუშტი ისე მაგრად მოუჭირა შამპანურის ჭიქას, რომ ცოტაც და ხელში ჩაატყდებოდა.  მერე კი ბაჩანას გახედა. მან ტუჩები მოპრუწა და წარბები შეკრა.
-ოჰ, კარგი რა, ლაშა… – თქვა მან, მერე მიმოიხედა და ხმას დაუწია. – რატომ ამბობ მაგას? იცი რა, მე შევხვდი სოფიოს, სანამ შენ ლიკასთან გულაობდი და მშვენიერი გოგოა, შენ კიდევ… – მერე ლაშას ახედა. სახეზე ოდნავი გაღიზიანება ეხატა. – … უგულოდ ლანძღავ…
– ჰო…ჰო… – ხელი აიქნია ლაშამ, თითქოს მომაბეზრებელ ბუზს იშორებსო. – ვიცი, ყველა მაგას დამჩხავის თავზე, კარგი გოგოა, კარგი გოგოა… იცი რა მომბეზრდა. – თქვა მან. მისმა მეჯვარემ სახე დაღმიჭა და აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ლაშას მხრის იქით რაღაც დაინახა და გაშტერდა. ლაშა სწრაფად გამოტრიალდა და მის მზერას თვალი გააყოლა.
მერე კი დაინახა. მისი საცოლე.
სოფიო თეთრი ლიმუზინიდან გადმოდიოდა, მას სხვა ქერათმიანი გოგონა გადმოჰყვა, მაგრამ ლაშას მისთვის არ შეუხედავს.
პირდაპირ სოფიოს მიშტერებოდა. ხელიდან გაუცურდა შამპანურის ჭიქა, რომელიც ხმამაღალი ლაწუნით დაენარცხა ბეტონზე.
საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
მერე კი მისი მზერა გადაფარეს რეპორტიორებმა და სტუმრებმა, რომლებიც პატარძლისაკენ მიიჩქაროდნენ. მაგრამ ამას არა უშავდა, რადგან დანახული თვალებში ჰქონდა ამომწვარი.
მერე კი შემოტრიალდა, ბაჩანას ძახილს ყურადღება არ მიაქცია, და ჯიქური ნაბიჯით გაემართა ტაძრისაკენ. გრძნობდა, როგორ ესობოდა ხელისგულებში ფრჩხილები. იგრძნო, როგორ საშინლად დაიღრჭიალეს მისმა კბილებმა, როცა ყბები ერთმანეთს დააჭირა. გრძნობდა, როგორ უვლიდა ჟრუანტელი ზურგში.
ეს ყველაფერი იმიტომ, მხოლოდ წამიერად ისეთი რაღაც გაიფიქრა, რაც მისი აზრით, თავში არც კი უნდა გაევლო.
სოფიო გამოწყობილიყო სპეტაკ თეთრ კაბაში, რომლის გულის მსგავსად ამოჭრილი საყელო მკერდზე გადაჭიმვოდა, და წელს ქვემოთ ყვავილივით იშლებოდა, ბოლო მაქმანით იყო მორთული. თმა დაეხვია და გრძელი, მაქმანით მორთული, გრძელი ფატა დაემაგრებინა თავზე. ხელში შროშანების დიდი თაიგული ეკავა. მზის შუქზე მისი მწვანე თვალები უფრო ბრწყინავდნენ.
ლაშას უცნაური გრძნობა უწვავდა შიგნეულს. საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩები ურტყამდა.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მხოლოდ წამიერად, ლაშამ გაიფიქრა, რომ სოფიო ყველაზე ლამაზი რამ იყო, რაც ოდესმე ენახა.
ამას კი საკუთარ თავს ვერ აპატიებდა.
-*-*-6-*-*-
სოფიო ძალიან ნერვიულობდა. მისი საქორწილო დღე ცუდად დაიწყო. ჯერ, ნერვიულობისაგან გამოძინება ვერ შესძლო, და დილით წამდაუწუმ ამთქნარებდა, მერე კი საშინლად ასტკივდა მუცელი. შემდეგ, ათი საათისათვის კაბა გამოიტანეს დამცავი სარჩულიდან, რომელშიც თითქმის ერთი კვირა ინახებოდა. ეს დავალება ზურას მიანდეს. მაგრამ მისმა ძმამ შემთხვევით ფეხი დააბიჯა კაბას ბოლოზე, როცა მოჰქონდა და ნაზი მაქმანი გაფხრიწა. დედამისს კინაღამ გული წაუვიდა, მაგრამ საბედნიეროდ სტილისტების დახმარებით მალევე ამოკერეს. მერე სოფიოს კაბა ჩააცვეს, თმა და მაკიაჟი გაუკეთეს და ახლადმოტანილი შროშანების თაიგული მისცეს. თეთრ ლიმუზინში ჯდომა ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ საცობში არ მომხდარიყვნენ. თან მანქანაში ცხელოდა. სოფიო წამდაუწუმ მისჩერებოდა საათს, თან ყელზე ჩამოკიდებულ ვერცხლის, ბრილიანტებიან ყელსაბამს ისწორებდა. ეს მისი მომავალი დედამთილის საჩუქარი იყო.
-როგორ ხარ? – შეეკითხა მის გვერდით დამჯდარი მარიამი. სოფიომ დას შეხედა. – არაკომფორტულად ხომ არ გრძნობ თავს?
– არა, მარი, არა მიშავს, კარგად ვარ. – მიუგო სოფიომ და დას გაუღიმა.
სიმართლე რომ ეთქვა, სოფიო თავს საერთოდ არ გრძნობდა კომფორტულად. გულზე ჩამოკიდებული ყელსაბამი, თეთრი კაბა, გრძელი ფატა თითქოს ზედმეტ ტვირთად აწვებოდა, თავი უმძიმდებოდა და სტკიოდა.
სოფიო ლაშაზეც დაფიქრდა. ბიჭი ამ ერთი კვირის განმავლობაში სულ აიგნორირებდა, და თუ არა, დასცინოდა და სარკასტულად ელაპარაკებოდა. ეს სოფიოს ძალიან ტკენდა გულს. მან იცოდა, რომ ლაშას შეყვარებული ჰყავდა, იცოდა მისი სახელი და გვარიც. ბაჩანა აფციაურმა, მისი საქმროს საუკეთესო მეგობარმა მოუთხრო მასზე. სოფიო ცუდად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ლაშას თავისი საყვარელი გოგონასაგან სწყვეტდნენ, მაგრამ ის არ ესმოდა, თუ რატომ ექცეოდა ლაშა ასე ცუდად. ნუთუ ამ ქორწინებას სოფიოს აბრალებდა? სოფიოს რომ შეძლებოდა, საერთოდ გააუქმებდა მათ მომავალ კავშირს, რადგან სულ არ სურდა, რომ ლაშას გაჰყოლოდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ უნივერსიტეტს დაამთავრებდა, ცხოვრებას აიწყობდა და შემდეგ გათხოვდებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა სტუდენტი იყო, მეორე კურსზე. უნივერსიტეტის მიტოვებას არ აპირებდა, მაგრამ არ იცოდა, თუ შეძლებდა ერთ სახლში ცხოვრებას ლაშასთან ერთად. სოფიო ძალიან ნერვიულობდა, საერთოდ თავისი მომავლის შესახებ. ლაშა რომ ცუდად მოპყრობოდა მათი ქორწინების განმავლობაში? მერე რა ექნა? სოფიოს სჯეროდა, რომ ქორწინება ერთადერთი და განუმეორებელი იყო, მაგრამ…
„მართლაც, მაგრამ…“ გაიფიქრა გოგონამ და ამოიხვნეშა.
როცა საბოლოოდ მიაღწიეს ტაძრამდე, სოფიოს გულ-მუცელი ამოუტრიალდა. ამდენი ხალხი ირეოდა ტაძრის გარშემო, რეპორტიორებიც კი… სოფიომ ნერწყვი გადაყლაპა, როცა ლიმუზინის კარი გაუღეს. გადმოაბიჯა, და კინაღამ კაბის გრძელ კუდს წამოედო, მაგრამ საბედნიეროდ, მარიამი გადმოჰყვა და კაბის კუდი გაუსწორა. სოფიომ აიხედა.
თვალები გაუფართოვდა. ხელი უფრო მაგრად მოუჭირა შროშანების თაიგულს.
რამდენიმე მეტრის დაშორებით, მისი საქმრო იდგა.
მის ფეხებთან დალეწილი ჭიქა ეგდო და დაღვრილი სითხე მზეზე ბრწყინავდა.
ლაშა თვალებგაფართოებული უყურებდა, სოფიო ინსტინქტურად ზურგში უფრო გასწორდა და ცალი ხელით კაბა გაისწორა.
ლაშა ისევ განცვიფრებული მისჩერებოდა. მერე კი მისი ფიგურა გადაფარეს.
სოფიო ჯერ ვერ გამოერკვა, რა მოხდა, მერე კი მიხვდა, რომ სხვა ადამიანები მივარდნენ. რეპორტიორთა ჩამწერი აპარატები და კამერები ახლოს მივარდა მასთან და გოგონას უცებ სული მოეხუთა ერთბაშად მისკენ მოყრილი უამრავი კითხვისა და მოვარდნილი ადამიანების გამო.
-უკაცრავად, სოფიო…
-ქალბატონო სოფიო, თუ შეიძლება…
– როგორ გაიცანით ლაშა?
-როგორ გრძნობთ ახლა თავს?
– ქალბატონო სოფიო, როგორ დაახასიათებდით თქვენს საქმროს?
სოფიოს საბედნიეროდ, მარიამმა მაგრად ჩასჭიდა ხელი და რეპორტიორების წრე გაარღვია, რომ მისთვის კაბაზე ან ფატაზე ფეხი არავის დაებიჯებინა. მალევე გააღწიეს მათი რკალიდან, რადგან რამდენიმე მამაკაცმა, რომლებიც დაცვად იყვნენ დაქირავებულნი, ბრბო შეაკავეს.
ჯვრისწერამ სიზმარივით სწრაფად გაირბინა. სოფიოს, როცა ტაძრიდან გამოვიდა, არ სჯეროდა, რომ დაქორწინებული იყო. მაგრამ მისი მარჯვენა ხელის არათითზე კოხტად მორგებული, ზურმუხტებითა და ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს ბეჭედი იმის საბუთი იყო, რომ სოფიო უკვე გათხოვილი იყო.
სოფიო მთელი ჯვრისწერა ვერ ბედავდა, რომ ლაშასთვის შეეხედა. მხოლოდ მაშინ ახედა გაუბედავად, როცა ტაძრიდან გამოვიდნენ და თეთრი ლიმუზინისაკენ გაემართნენ. ლაშა წინ იყურებოდა, მან რეპორტიორებს გაუღიმა, როცა ისინი მაშინვე შემოეჯარნენ.
-ქალბატონო სოფიო, როგორი გრძნობაა, როცა ბიზნეს-იმპერიის მემკვიდრეზე დაქორწინდით? – დაუსვა კითხვა ერთმა მაღალმა, გულმოდგინედ თმადახვეულმა ჟურნალისტმა.
– მე… საოცარი გრძნობაა. – გამოფხიზლდა სოფიო და ინსტინქტურად ასწია მარჯვენა ხელი. კამერებმა ჩხაკუნ-ჩხაკუნი გაიღეს, ჟურნალისტები სურათებს იღებდნენ.
– დიახ. – თქვა ლაშამ და სოფიოს ხელში ჩაჰკიდა ხელი, მათი თითები გადააჭდო და გაიღიმა. კამერათა ჩხაკუნი უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა. სოფიომ თავს ძალა დაატანა, რომ ამ მოულოდნელ ჟესტზე არ შემკრთალიყო და ბუნებრივად მოქცეულიყო. ლაშა ლაპარაკს აგრძელებდა, მაგრამ სოფიო არ უსმენდა. აქამდე ძალიან აღელვებული და განერვიულებული იყო, მაგრამ ახლა თითქოს დამშვიდდა. მისი ქმრის… „ქმრის! „ გაიმეორა სოფიომ გონებაში. „ლაშა ჩემი ქმარია!“ მისი ქმრის ხელი თბილი და უხეში იყო, და სოფიოს უხილავი კომფორტის გრძნობა დაეუფლა.
გოგონა გამოფხიზლდა, როცა უცებ ლაშამ წელზე მკლავი შემოხვია და ჰაერში აიტაცა. გოგონამ ოდნავ წამოიკივლა და ქმარს ყელზე მკლავები მაგრად შემოხვია. ლაშამ ხალხს გარშემო თვალი ღიმილით მოავლო, სწრაფად გაარღვია მათი რკალი, და სოფიოთი ხელში სწრაფად გაიქცა ლიმუზინისაკენ, თან იცინოდა. სოფიომ თვითონაც ვეღარ შეიკავა თავი, თავი უკან გადახარა და ხმამაღლა გადაიკისკისა, თან უკან, რეპორტიორებისაკენ მიაბრუნა სახე, რომლებიც ჯერ კიდევ  გულმოდგინედ აჩხაკუნებდნენ კამერებს. ერთ-ერთმა დაცვამ ლიმუზინის კარი გააღო, ლაშა დაიხარა, ჯერ სოფიო შესვა, მერე კი თვითონ ჩაჯდა.
მანქანის კარი მიიკეტა. სოფიომ ღიმილით გადახედა ქმარს.
 მაგრამ თვალები გაუფართოვდა, როცა ლაშას სახეზე სერიოზული გამომეტყველების მეტი ვეღარაფერი დაინახა. სოფიოს ღიმილი სახეზე შეაცივდა და გული ჩასწყდა.
„ეს გაითამაშა, რომ ბედნიერი წყვილი გამოვჩენილიყავით, როგორც საჭიროა…“ მიხვდა გოგონა და თავი დახარა.
ეწყინა.
ლიმუზინი დაიძრა, ლაშა ფანჯარასთან ახლოს დაჯდა, სოფიოსგან შორს.
სოფიომ ამოიხვნეშა, ხელები კალთაში დაიკრიფა და თითები შემთხვევით არათითზე მორგებულ საქორწილო ბეჭედს გადაავლო. ერთი წამით ეგონა, რომ ლაშა შეეცდებოდა მასთან დაახლოებას და მასთან ნორმალური ცხოვრების დაწყებას, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
-*-*-*-*-*-
თვით ქორწილი არეული, ფერადი მასის მსგავსად აბურდულიყო. ბუნდოვნად ახსოვდა უზარმაზარი ტორტის გაჭრა, და დაგემოვნება, მერე ცეკვა ქმართან ერთად, კამერების ჩხაკუნი, თვალისმომჭრელი ფეიერვერკები. ახლა კი ისევ ლიმუზინში იჯდა და ქმართან ერთად თავისი ახალი სახლისაკენ მიემგზავრებოდნენ.
დიახ, ახალ სახლში. მშობლებმა მათ ცალკე სახლი უყიდეს, ქალაქის ცენტრთან ახლოს, მაგრამ სახლი საკმაოდ დიდი, მოდური, და მშვიდი მეზობლობით გარშემორტყმული იყო. თითქმის გამოყოფილი იყო მომიჯნავე სახლებისაგან დიდი ეზოთი და შემოყოლებული ხეებით.
მაგრამ სახლი ახლა სოფიოს გონებაში ბოლო ადგილს იკავებდა.
ასე არასოდეს არ უნერვიულია მთელ ცხოვრებაში.
არ იცოდა, რა მოხდებოდა, სახლში რომ მივიდოდნენ. ლაშამ უთხრა, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ექნებოდათ, და ამიტომ…
სოფიოს ძალიან აწუხებდა და გულს უხრავდა ეს აზრი. ყოველთვის ოცნებობდა რომანტიულ პირველ ღამეზე, მაგრამ ახლა არ იცოდა, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. ლაშას აშკარად არ მოსწონდა იგი. „ეს იმას ნიშნავს, რომ ან საშინელებას უნდა ველოდო….“ სოფიოს გააჟრჟოლა და ოდნავი შიშით გადახედა ლიმუზინში მის გვერდით დამჯდარ ქმარს, ხელები მაგრად მომუჭა. „…ან მთლად არაფერს.“ სოფიოს ნამდვილად არაფერი ერჩივნა ამ ორ უკიდურესობას შორის. არ იცოდა, რა გაეკეთებინა, თუ ლაშა უხეშად მოეპყრობოდა.
სოფიოს გული თითქოს ყელში ამოუხტა და სუნთქვა გაუჭირდა, როცა ლიმუზინი მოწყვეტით გაჩერდა. ლაშამ სწრაფად გააღო კარი და უკან არ მოუხედია, ისე გააგრძელა გზა სახლისაკენ. სოფიოც გადმოძვრა მანქანიდან, ძლივს გადმოათრია კაბა და ფატა და წამიერად ლიმუზინისაკენ მიხედვის შემდეგ, სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა ქმარს.
უკვე გვიანი იყო. ბნელოდა.
დღეს სავსე მთვარე იყო, მაგრამ ცას შავი ღრუბლები ფარავდნენ. ლაშამ ჭიშკარი გააღო, და შიგნით შევიდა. სოფიოც შეჰყვა.
უკან ბუნდოვნად ისმოდა უკვე მიმავალი ლიმუზინის ხმა. ლაშამ მალე მოპირკეთებული ბილიკი ჩაათავა და სახლის კარი გახსნა. ნელა შეაბიჯა და ჰოლში სინათლე აანთო.
სოფიოც შევიდა და გაოცებულმა პირზე ხელი მიიდო, რომ შეკრთომა დაეფარა.
ჰოლი საკმაოდ დიდი იყო, პირდაპირ, მეორე სართულზე ადიოდა განიერი, წითელი ხალიჩით დაფენილი, მოჩუქურთმებული კიბე. კიბის თავზე პატარა ვერანდა იყო, და გრძელი, ჩაბნელებული დერეფანი მიდიოდა სახლის სიღრმისაკენ.
ჰოლის მარჯვნივ დიდი, თაღის მსგავსი კარი იყო, იდენტური კარი აღმართულიყო მარცხნივაც. ჭერზე დიდი ჭაღი ეკიდა. და საერთოდ, ყველაფერი ძალიან ლამაზად გაფორმებული და გემოვნებით შერჩეული გახლდათ, შპალერით დაწყებული, გრძელ, მთელი კედელის მომცველ ფანჯრებზე ჩამოკიდებული სქელი ფარდებით დამთავრებული. სოფიო გაშტერებული იდგა და ათვალიერებდა.
-მე წავალ. – გაისმა ლაშას ხმა და ცარიელ ჰოლში გაჩენილმა ექომ სოფიო შეაკრთო. გოგონამ ქმარს გადახედა. ლაშას მისთვის ზურგი შეექცია და დიდი ნაბიჯებით მიიწევდა კიბისაკენ. სოფიო ვერ გაინძრა, დაიბნა, ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. იდგა და ქმრის ზურგს მიშტერებოდა. ლაშამ რამდენიმე საფეხური აიარა და უცებ გაჩერდა. სოფიო შეკრთა და ინსტინქტურად მოიბუზა. ლაშა შემობრუნდა და ცოლს შეხედა.
– რას დგახარ?! – შეეკითხა ის მკვახედ. – მე დავიღალე, არ გეძინება მაინც? თან ზურგი მკლავს, აბაზანა მინდა. მიდი და გამიკეთე.
სოფიო ჯერ გაოცებული მიაშტერდა, მერე კი ნელა დაიძრა და კიბეზე ამავალ ქმარს გაჰყვა. ლაშამ დერეფანში მარჯვნიდან მეორე კარი გააღო და შიგნით შევიდა, სოფიომაც შეყოლა დააპირა, მაგრამ ქმარმა ბრაზით გადმოხედა და ზღურბლზე გააქვავა.
-რას აკეთებ? – ჰკითხა ლაშამ.
სოფიო დაიბნა.
-რას უნდა ვაკეთებდე… – უპასუხა მან, თან ჯიუტად გაუსწორა ქმარს თვალი. არ სჯეროდა, რომ რამე დააშავა. რას აკეთებდა ცუდს? „კაბას გამოვიცვლი და შემდეგ აბაზანას გავამზადებ, ეს არ უნდოდა?“ გაჰკრა სოფიოს თავში.
– ნუთუ ვერ ხვდები? – მოიღუშა ლაშა. – აქ რატომ შემოდიხარ? ეს შენი ოთახი არ არის.
– რა? … როგორ… – მთლად დაიბნა გოგონა.
ლაშამ თავი უკან გადააგდო, ხმამაღლა გადაიხარხარა, შემდეგ შავი კოსტუმი გაიხადა, დიდ, განიერ, მუქი ყავისფერი საბნით დაფარულ ლოგინზე გადაისროლა და ყელზე მორგებული ხავერდის ბაფთა მოიხსნა.
-შენ აბა რა გეგონა? – მიუბრუნდა სოფიოს. – მე ხომ გითხარი, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ გვექნება მეთქი? თუ იმდენად გამოჩერჩეტებული ხარ, რომ ვერ გაიგე? – ლაშამ ჩაიფრუტუნა და მიბრუნდა. – ეს სასტუმრო საძინებელია. მთვარი საძინებელი დერეფნის ბოლოშია, მარცხნივ. ის შენი ოთახი იქნება. სააბაზანო ოთახი ბოლოდან მეორეა, მარჯვნივ. ახლა კი მიდი და აბაზანა გამიმზადე! – ხმამაღლა უთხრა ლაშამ, ისე რომ არ შემოტრიალებულა, საათი მოიხსნა და ახლა თეთრი პერანგის მანჟეტებს ხსნიდა.
სოფიომ არ იცოდა, რა ეთქვა, ან რა ეგრძნო. ჯერ გული ეტკინა, მერე წყენამ გადაუარა, მერე კი ოდნავმა გაღიზიანებამ. ბოლო გრძნობამ მოიგო და სოფიოს დაუფიქრებლად წამოსცდა სიტყვები.
– იცი რა, ლაშა, მე არც იდიოტი და არც გამოჩერჩეტებული არ ვარ. არ არის საჭირო რომ მასე მელაპარაკო და მიყვირო, როცა მე ცუდი არაფერი გამიკეთებია. ახლა წავალ და აბაზანას გავამზადებ. იმედია ნელთბილი მოგეწონება. – მერე კი შეტრიალდა და დერეფანს დაუყვა.
სოფიო სწრაფად ამოძვრა კაბიდან და ჯერ კიდევ გაღიზიანებული და ნაწყენი, მხოლოდ გრძელი თეთრი პიჟამით ბოლოდან მეორე ოთახში  შევიდა და დიდ, მარმარილოს აბაზანაში წყალი მოუშვა. მერე კი, სანამ აბაზანის ავსებას ელოდებოდა, გაღიზიანებამ და წყენამ გადაუარა. „უნდა გავუგო… ბოლოს და ბოლოს, მას ლიკა უყვარს, და არა მე. ასე რომ იქცევა, ნორმალურია ასეთი სიტუაციისათვის.“ გაიფიქრა სოფიომ. მერე კი სააბაზანო რაფაზე დაწყობილ პროდუქტებს გადასწვდა და თბილ წყალში დაღლილობის მომხსნელი ბალზამი და გამამხნევებელი სპეციალური მარილი გაურია. ამას რომ მორჩა, ცოტა ცხელი წყალი ჩაუმატა, რომ მალე არ გაციებულიყო, იქვე დაკეცილი პირსახოცი დადო და სააბაზანო ოთახი დატოვა. როცა თავის ოთახში შევიდა და კარი ზურგს უკან მიკეტა, მაშინღა გაიგონა ბუნდოვნად დერეფანში ნაბიჯები. ლაშა სააბაზანოში შედიოდა.
სოფიომ ამოიხვნეშა და საწოლზე დავარდა. საწოლი საკმაოდ დიდი იყო, ოთხი-ხუთი ადამიანი თავისუფლად დაეტეოდა. „ალბათ იმიტომ არის განკუთვნილი ცოლ-ქმირისათვის… „ გაიფიქრა სოფიომ და მუცელზე დაწვა. თავი კი ბალიშში გვერდულად ჩარგო. ფანჯარაზე ჩამოკიდებული ნაზი აგურისფერი-მოწითალო ფერის ფარდები გადაწეულიყო და ცაზე მბრწყინავი მთვარე გამოსულიყო, ღრუბლების იქედან. სოფიო გადაბრუნდა, ლოგინზე გადაფარებული აბრეშუმის მუქი წითელი საბანი ასწია და დაწვა.
ისე დაღლილი იყო, ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა.
მალევე ჩაეძინა.
-*-*-*-*-
ლაშამ რომ გაიღვიძა, მაშინვე შიმშილმა შეაწუხა. ლოგინზე წამოჯდა და თავი მოიფხანა. მერე კი გაახსენდა გუშინდელი დღე და ოხვრით გადავარდა უკან, საწოლზე. ბოლოს, მაინც მოახერხა წამოდგომა და განიერ შარვალსა და უბრალო ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილი, კიბეებზე ფეხშიშველა დაეშვა, თან ამჟამინდელ სიტუაციაზე ფიქრობდა.
სიმართლე რომ ეთქვა, სოფიოს გუშინდელი ნათქვამი გულზე მოხვდა და ისევ სინდისმა დაუწყო ქენჯნა. გუშინ სოფიოს საკმაოდ მკვახედ ელაპარაკა, მაგრამ არ ელოდა, რომ მისი ცოლი პასუხს გასცემდა, თან ასეთი ფორმით. ისეთი გაოგნებული დარჩა, რომ ვეღარაფერი უპასუხა, მერე კი, როცა ოთახიდან გამოვიდა, სოფიო უკვე თავის ოთახში იყო.
ლაშა გამოფხიზლდა, როცა ქვემოდან ლაპარაკის ხმა მოესმა. ერთი აშკარად სოფიოს ხმა იყო, მეორე კი… ლაშამ სწრაფად გადაკვეთა ჰოლი და სამზარეულო ოთახის ღია კარებში შევარდა. იქვე მდგომმა სოფიომ, რომელიც ყავას ურევდა, გაკვირვებით გადმოხედა. მაგრამ ლაშას თვალი მაშინვე მაგიდასთან მჯდომი ადამიანისკენ გაექცა.
-ლაშას გაუმარჯოს! – გაიღიმა გოჩამ და მკლავი სკამის ზურგზე გადადო. ლაშამ მაშინვე სოფიოს გადახედა. სოფიომ ყავა მაგიდაზე დადო.
– შენ აქ რა გინდა? – წამსვე მიუგო ლაშამ. გოჩამ წარბები ასწია, და პირი დააღო საპასუხოდ, მაგრამ სოფიომ არ აცადა.
– გოჩა სულ რაღაც ათი წუთის წინ გვესტუმრა. – თქვა მან, მერე კი ქურაზე შემოდგმული ტაფა ასწია.
– არ გინდა, რომ ვჭამოთ? – შეეკითხა სოფიო ქმარს და ტაფას თავი მოხადა. – მაკარონი გვაქვს ხორცითა და სოუსით, ასევე ცოტა სოსისებიც…
მაკარონს მადისაღმვრელი სუნი ასდიოდა, მაგრამ გოჩას დანახვამ ლაშას მადა ჩაუშხამა.
-არ მინდა. – უკმეხად უპასუხა მან, და არ გამორჩენია, როგორ დაეჭიმა გოჩას სახის ნაკვთები.
– რატომ? – იკითხა ბიჭმა. – სოფიო გადასარევ საჭმელს ამზადებს, რატომ არ გინდა?
– ახლა ხასიათზე არა ვარ. – დაუღრინა ლაშამ. – მემგონია, რომ შენ არავინ გეკითხება.
– ცდები… – ცალყბად გაიღიმა გოჩამ. – მე მეკითხება…
– იცი რა, მემგონი ჯობია დავილაპარაკოთ. – ლაშამ ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას და მერე სოფიოს გადახედა. – სოფიო, ორი წუთით მარტო დაგვტოვე.
სოფიოს თვალები გაუფართოვდა, მერე კი თავი გააქნია.
-არა, რას ნიშნავს, დაგტოვოთ… – თქვა მან.
– სოფიო, გადი ორი წუთით. – ხმას აუწია ლაშამ და ცოლს ბრაზით გადახედა. – გააკეთე რასაც გეუბნებიან.
სოფიო ერთი წუთით შეყოყმანდა, მერე კი ტაფა ქურაზე დადო.
-კარგით. მე აქვე, სასტუმრო ოთახში ვიქნები. – თქვა მან, ქმარსა და მეგობარსაც უნდობელი მზერა სტყორცნა, გავიდა და კარი გამოხურა.
– სოფიოს მასე ნუ ელაპარაკები. – უთხრა გოჩამ და ლაშამ წამსვე თვალები მისკენ მიატრიალა. გოჩას მკლავები გადაეჯვარედინებინა.
– და რომ დაველაპარაკო?- ლაშა წინ გადაიხარა. – გეუბნები, შენ არავინ გეკითხება მეთქი. აქედან დაიკარგე! არ მინდა, რომ სოფიოს ისევ შეხვდე, გასაგებია?
გოჩამ, მისდა გასაკვირად, ჩაიფრუტუნა და გაიღიმა.
-მერე? ვინ მიშლის? – თქვა მან. – შენ? შენ რა უფლება გაქვს?
ლაშას სისხლმა აასხა თავში. რამდენს ბედავდა ეს…
 ბიჭმა მუშტი მაგიდაზე დაარტყა. სუფრაზე დალაგებულმა ჭურჭელმა წკრიალი გაიღო.
-მე მისი ქმარი ვარ. – თქვა მან, თან თვალებით გაბურღა მის წინ მჯდარი გოჩა. გოჩამ ჩაიცინა.
-როგორი ქმარი ხარ, იცი მერე? – გოჩამ ხელი ჰაერში დაატრიალა. – ფიქციური ქმარი ხარ.
ლაშას თითქოს რაღაც ჩაარტყეს.
-და ესე იგი, ნამდვილი ქმარი არ ბრძანდები. – გააგრძელა გოჩამ და ნიშნისმოგებით ჩააშტერდა მას. – ასე რომ, სოფიოსთან ისეთი ურთიერთობა მექნება, როგორიც მე მინდა
-როგორ… რაო… – აღმოხდა ლაშას, სიტყვები მთლად დაებნა. გაშტერებული მისჩერებოდა გოჩას.
„საიდან… გაიგო…“ გაუელვა თავში.
ტვინი გამალებით აუმუშავდა, პასუხს ეძებდა…  მაგრამ ვერ გაინძრა.
მერე თითქოს ჩასწვდა გოჩას მიერ ნათქვამ ბოლო წინადადებას. თვალებში ბრაზი მოაწვა. სისხლი აუდუღდა.
„განანებ ნათქვამს… „ გაუელვა თავში, „აი, ნახავ, რომ განანებ.“
-*-*-7-*-*-
ლაშამ მალევე იპოვა მუცელში ჩავარდნილი ენა და გოჩას მრისხანედ შეხედა.
-რა სისულელეს როშავ… – დაისისინა მან. – სოფიო ასე თუ ისე, ჩემი ცოლია, გაიგონე?
გოჩას ღიმილი სახეზე შეაცივდა და ნაკვთები დაეღმიჭა.
-შენ მას არ იმსახურებ! – დაიღრიალა მან და ფეხზე წამოხტა. – სოფიო შენი ცოლი არ უნდა იყოს!
– ოოჰო… – გაიცინა ლაშამ. – ნუთუ? იცი რა, დიახაც, იგი ჩემი ცოლია, და ამიერიდან, ზომებს მივიღებ რომ ახლოს არ მიხვიდე მასთან…
– ვერ გაბედავ. – თავი გააქნია გოჩამ და ხელები მაგიდის კიდეს მაგრად მოუჭირა. სახეზე მწარე ღიმილი ეხატა. – ვერც მოახერხებ. მე მაინც შევძლებ სოფიოს ნახვას, და დამიჯერე… – გოჩამ კბილები დააღრჭიალა. – ერთი დღეც იქნება, ის ჩემი ცოლი გახდება…
ლაშას თვალებში სისხლი მოაწვა.
მისმა კბილებმა ამაზრზენი ღრჭიალი გაიღეს.
-გაეთრიე! – დაიგრგვინა მან, ელვის სისწრაფით სწვდა გოჩას საყელოში და კარისაკენ გაქაჩა. ლაშამ კარი წიხლით გააღო, გოჩას მაგრად ჰკრა ხელი და ჰოლში გააგდო.
– აქედან მოშორდი, შე ნაბი*ვარო… – დაიღრიალა ლაშამ და იქვე მდგარი, საბრძოლველად აქოჩრილი გოჩასკენ გაიწია.
– აქ რა ხდება… – გაისმა გვერდიდან ხმა. ლაშა შეყოვნდა და სოფიოსაკენ მიიხედა. გოგონა სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა სასტუმრო ოთახის ზღურბლიდან და ორ მამაკაცს შორის ჩადგა, ჯერ ერთს გადახედა, მერე მეორეს.
– რა ხდება და მინდა რომ ეს ნაბი*ვარი ჩემი სახლიდან მოშორდეს. – თქვა ლაშამ მუქარით სავსე ხმით. გოჩამ ჟაკეტი გაისწორა და ლაშას მოღუშულმა შეხედა. მერე სოფიოს ჩააშტერდა და მისი გაუგებრობით აღსავსე სახე რომ დაინახა, ამოიხვნეშა.
– მივდივარ. – თქვა მან.
– მოიცა, გოჩა… – მისკენ ნაბიჯი გადაადგა სოფიომ. – გამაგებინეთ, რა ხდება…
– წავიდეს. – თქვა ლაშამ. მისმა ხმამ ავტორიტეტული ტონი მიიღო, მაგრამ სოფიომ უკან არ დაიხია.
– მე არ მინდა, რომ წავიდეს. – უთხრა მან ქმარს და თვალი გაუსწორა. – ჩვენ ნორმალურად ვლაპარაკობდით. მაინტერესებს, რა მოხდა.
– არაფერიც არ მომხდარა. – დაუღრინა ქმარმა. – საქმე იმაშია, რომ ეს შენი „მეგობარი“… – ლაშამ სარკასტულად გაიცინა. – … დასრულებული იდიოტია…
– ლაშა… – მოუბრუნდა სოფიო. – გთხოვ, საკმარისია.
– მე წავალ. – გაიმეორა გოჩამ და როცა სოფიო მისკენ მიბრუნდა, გაუღიმა. – არა უშავს, სოფი, მალე მოვალ.
– არ მოხვალ! – დაიგრგვინა ლაშამ. სოფიომ ხელით შეაკავა იგი. გოჩამ ისე გაიღიმა, თითქოს აქაც არაფერიო, სწრაფად გადაჭრა ჰოლი, სოფიოს ერთი მზერა სტყორცნა, კარი გააღო და გარეთ გავიდა.
რკინის კარი ბრახუნით ჩაიკეტა მის უკან.
ლაშა ახლა სოფიოს მიუბრუნდა.
-არ მინდა მაგ ტიპს შეხვდე. – დაიღრინა მან. სოფიომ გაოცებით შეხედა.
– „მაგ ტიპი“ ჩემი ბავშვობის მეგობარია, ათი წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ…
– სულ ფეხებზე , რამდენი წელია იცნობთ ერთმანეთს. – უხეშად შეაწყვეტინა ლაშამ და თვალები დაავიწროვა. – მე მინდა რომ აღარ შეხვდე…
-რას ამბობ, ლაშა… – სოფიომ თავი გააქნია და ნაწყენი მიაშტერდა. – არ შეგიძლია, რომ მეგობართან ურთიერთობა ამიკრძალო.
– ოოოო, შემიძლია, თან მერე როგორ. – უპასუხა ლაშამ და ცოლს თვალებში ჩააშტერდა. – მე შენი ქმარი ვარ, მე ყველანაირი უფლება მაქვს…
– არ გაქვს. – გააწყვეტინა სოფიომ და წყენით ავსებული თვალებით შეხედა. – შენ თვითონ არ თქვი, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ გვექნებაო? თუ დაგავიწყდა? ამიტომაც…. არა გაქვს უფლება.  – სოფიომ თავი უკან გადააგდო და განცვიფრებულ ლაშას შეხედა. მერე კი შეტრიალდა და სამზარეულოსაკენ გაემართა.
– ჭამ თუ არა? – შეეკითხა კარიდან.
ლაშა გამოერკვა და ცოლს მრისხანედ შეხედა.
-არ მშია მეთქი, ხომ გითხარი? – იყვირა მან. სოფიოს თვალიც არ დაუხამხამებია. უბრალოდ ტუჩები მაგრად მოკუმა.
– ლაშა, გვერდით რომ გედექი, მუცელი გიღმუოდა. აშკარად გშია. – თქვა მან. ლაშა ისევ გაშტერებული მიაჩერდა. სოფიომ გაუღიმა, სამზარეულოში შევიდა და კარი გამოკეტა.
– ფუ შენი… – შეიგინა ლაშამ და თავზე ხელები მოიჭირა. ამას არ ელოდა. არ ეგონა, რომ მისი ცოლი წინააღმდეგობას გაუწევდა. თან რამდენიმე სიტყვით ენას ჩააგდებინებდა მუცელში. თითქოს გაიგონაო, მისმა მუცელმა კიდევ ერთხელ დაიღმუვლა, პროტესტს აცხადებდა უჭმელობის გამო. ლაშამ ერთხელ კიდევ გადახედა სამზარეულოს მოხურულ კარს და ხმადაბლა შეიკურთხა. ახლა ვერ შევიდოდა იქ და სოფიოს თვალს ვერ გაუსწორებდა.
„კარგი, ჯანდაბას…“ გაიფიქრა მან, შებრუნდა და კიბეებზე აირბინა. „ლიკასთან ერთად ვისაუზმებ,“ გაიფიქრა მან, თავის საწოლზე დაებერტყა, ტელეფონი ლოგინისპირა უჯრიანი მაგიდიდან აიღო და ლიკას გადაურეკა. ცოტა ხანი ელოდა, ზარი გადიოდა, მაგრამ ლიკამ ტელეფონი არ აიღო. ლაშა მოიღუშა. „ალბათ სძინავს…“ გაიფიქრა მან და საათს გახედა. უკვე თერთმეტი საათი იყო. ლაშამ ამოიხვნეშა და გვერდზე გადაბრუნდა. შიოდა, მაგრამ ახლა გარეთ გასვლა აღარ უნდოდა, რადგან ლიკას ვეღარ შეხვდებოდა. ცოტა ხანი ლოგინში იგორავა, მერე კი, როცა შიმშილმა მუცელი ამოუბრუნა, იკადრა ძირს ჩასვლა.
-სოფიო! – დაიძახა მან, როცა კიბეებზე ჩამოდიოდა. – რამე საჭმელი მომიტანე!
ლაშამ კიბეები ჩაათავა და მიაყურადა. ჩამიჩუმი არ ისმოდა.
-სოფიო! სად ჯანდაბაში ხარ? – დაიძახა მან კიდევ ერთხელ და სამზარეულოს კარი გააღო. შიგნით არავინ დახვდა.
– სოფიო! – შესძახა ლაშამ კიდევ ერთხელ. „სად ჩემ ფეხებში წავიდა…“ მერე კი გაახსენდა გოჩას სიტყვები: „არა უშავს, სოფი, მალე მოვალ.“ „იქნებ მართლა მოვიდა და სოფიო… სოფიო წაჰყვა…“ ლაშა სასტუმრო ოთახის კარს მივარდა და გააღო. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ იმ გაბერილმა იდიოტმა თავისი ნათქვამი აასრულა და მისი ცოლი წაიყვანა…
სასტუმრო ოთახშიც არავინ იყო, მაგრამ ლაშას ყურადღება წამსვე მიიპყრო ჟურნალის მაგიდაზე დადებულმა თეფშმა, რომელზეც ხორციან-სოუსიანი მაკარონი და სოსისები ეწყო. კერძს ვერ კიდევ ოხშივარი ასდიოდა. ლაშა ნელა მიუახლოვდა მაგიდას და მაშინღა შეამჩნია თეფშის გვერდით დადებული გადაკეცილი ფურცელი. ლაშამ ფურცელი აიღო და გაშალა. ზედ ეწერა:
„ლაშა, ეს ჭამე. თეფშს კარგი იქნება, თუ სამზარეულოში გაიტან. საყიდლებზე გავედი, ჩვენს ახლოს რომ მარკეტია, იქ. მალე მოვალ. სოფიო“
ლაშამ პირი მოკუმა, ფურცელი გადაკეცა, მაგიდაზე დააგდო და ტახტში ჩაეშვა. არ იცოდა, რა ეფიქრა. აღელვებული ნერვები დაუმშვიდდა, ტელევიზორი ჩართო, ჩანგალი აიღო და ჭამა დაიწყო.
და რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ აღიარებდა, მაგრამ სოფიო მართლაც გადასარევ საჭმელს ამზადებდა.
-*-*-*-*-
გაიარა ორმა კვირამ. გოჩა აღარ გამოჩენილა, რის გამოც ლაშა ძალზე კმაყოფილი იყო, სოფიო კი ძალიან ნაწყენი, რაზეც ქმარს რამდენიმე გადაკრული სიტყვა სტყორცნა. ლაშა უმეტესად ხმას არ სცემდა, და ცდილობდა, ლიკასთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა, მაგრამ მისი შეყვარებული მოუთმენლობით იყო აღსავსე და შეხვედრის დროს სამჯერ მაინც დაუსვამდა კითხვას, თუ როდის გაეყრებოდა ცოლს. ლაშა თავიდან მშვიდად პასუხობდა, მაგრამ მერე კი ეს მომაბეზრებელი გახდა.
-მაშ? როდის შორდები იმ გოგოს? – ჩაეკითხა ლიკა, თან კოვზით მონარჩენი ნაყინი ამოფხიკა მინის ჯამიდან. ლაშამ სახე მოისრისა.
– ხომ გითხარი? – ჰკითხა მან. – ლიკა, ამას დრო დასჭირდება…
-და რამდენი დრო? – ლიკამ კოვზი წკრიალით ჩააგდო ჯამში. – მაინტერესებს, მაინც რამდენი…
– რამდენიც საჭიროა. – მოკლედ მოუჭრა ლაშამ. – მისმინე, ვიცი, რომ ახლა ცუდად გრძნობ თავს, მაგრამ ვცდილობ რომ გეგმას მივყვე და ნელ-ნელა მივაღწიო მიზანს…
– მერე მე? – მოიღუშა ლიკა. – ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ? – გოგონას თვალები აუწყლიანდა. – იცი საერთოდ, რა საშინლად ვარ?
– და შენი აზრით, მე მშვენივრად ვარ? – შეეკითხა ლაშა. ხმას დაუწია, რადგან ვერ იტანდა, როცა ლიკა ტირილს იწყებდა. – მე ვარ დაქორწინებული ქალზე, რომელსაც თითქმის საერთოდ არ ვიცნობ… მე შენს გამო ვაპირებ მასთან გაყრას… აი, ნახე, საქორწინო ბეჭედიც კი არ მიკეთია. – ლაშამ თავის უბეჭდო არათითზე დაიხედა. მართლაც, არ ატარებდა საქორწილო ბეჭედს, მისი დანახვა არ სიამოვნებდა. – კარგი, რა, ლიკა, გთხოვ… – შეეხვეწა ლაშა, როცა მის შეყვარებულს ცრემლები ჩამოუგორდა. ლიკამ ლოყები მოიწმინდა და ლაშას ოდნავი ბრაზით შეხედა.
– კარგი. მაგრამ მინდა, რომ რაც შეიძლება, მალე გაშორდე. მე ახლა წავალ. ორშაბათს გამომიარე. – ლიკამ ჩანთა აიღო და კაფედან გავიდა. ლაშა მის ზურგს მისჩერებოდა, მერე კი, როცა გოგონა კარში გაუჩინარდა, ამოიხვნეშა და თავი ყრუ ბრახუნით დააგდო მაგიდაზე.
არ იცოდა რა ექნა.
-*-*-*-*-
ლაშა ორშაბათს დილით ადრე ადგა, რომ უნივერსიტეტში წასასვლელად მოწყობილიყო. თან მერე ლიკაც უნდა გაეყვანა სადღაც… ლაშამ პერანგი შეისწორა, ტყავის ქურთუკი ზურგზე მოიგდო და კიბეები ჩაირბინა სასაუზმოდ.
სოფიო უკვე გამზადებულ ყიყლიყოებს აწყობდა თეფშზე სასტუმრო ოთახში. იქვე გამომცხვარი ბლინების გროვა იდგა, ასევე ოხშივარადენილი ყავა. სოფიომ თავი ასწია, ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა.
-დილა მშვიდობის, – თქვა მან და გასწორდა. ლაშამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ტახტზე ჩამოჯდა, მერე კი წარბაწეულმა შეავლო თვალი სოფიოს მუქ ლურჯ, კოპლებიან, აშკარად საგარეო კაბას და აწეულ თმას.
– სადმე მიდიხარ? – შეეკითხა ლაშა უნდობლად და ცოლს ჩააშტერდა. სოფიო სავარძელში ჩაეშვა. ლაშამ დანა და ჩანგალი ხელში აიღო და ყიყლიყოს კიდე მოჭრა.
– კი, მივდივარ. – მიუგო სოფიომ და ლაშას პირთან მიტანილი ყიყლიყოს ნაჭერი ჰაერში შეაცივდა.
– ჰოო? – თქვა მან. – და სად? ვინმეს მიყვები? – სოფიომ გაოცებით შეხედა.
– რატომ ფიქრობ, რომ ვინმეს მივყვები? – შეეკითხა იგი. – რა გჭირს, ლაშა? დაგავიწყდა, რომ მეც სტუდენტი ვარ? მეც უნივერსიტეტში მივდივარ.
– ააა, ჰო. – უპასუხა ლაშამ და ყიყლიყო მოკბიჩა.
– წამიყვან უნივერსიტეტში? – შეეკითხა სოფიო და თავი გვერდზე გადახარა. ლაშამ ისე შეხედა, თითქოს მის ცოლს მესამე თვალი გამოზრდოდა შუბლზე.
– შენ თვითონ ვერ გახვალ? – შეეკითხა იგი.
– უნივერსიტეტი ქალაქის მეორე მხარესაა. – მიუგო სოფიომ. – მე არ ვიცი გზა თქო, ხომ გითხარი. – ლაშას გაღიზიანება მოაწვა შუბლში. მერე კი ის ინციდენტი გაახსენდა, როცა სოფიო წვიმაში გარეთ დარჩა, და როგორ წყევლიდა საკუთარ თავს, რომ საცოლე თავიდანვე არ გაიყვანა სახლში. ლაშამ ამოიოხრა.
– კარგი, გაგიყვან. – უთხრა მან სოფიოს და ცოლის სახეზე აშკარა განცვიფრება დაინახა. მერე კი გოგონამ გაიღიმა.
– კარგი… მაშ… – სოფიო ფეხზე წამოდგა და ხელები დაისრისა. – მე ახლა ავალ და ჩანთას ჩამოვიტან, მერე კი დაგელოდები… შენ ჭამე… – და სოფიო სწრაფად გაქანდა სასტუმრო ოთახის კარისაკენ. ლაშამ თავი გააქნია და ჭამა განაგრძო.
-*-*-*-*-
სოფიო საბრძოლველად იყო მომზადებული, როცა ქმარს უნივერსიტეტამდე გაყვანა სთხოვა და სიმართლე რომ ეთქვა, არ ელოდებოდა იმას, რომ ლაშა ასე იოლად დათანხმდებოდა. მაგრამ აი, ახლა ისინი ლაშას BMW-ისხდნენ და ტრასაზე მიქროდნენ.
სოფიოს გასაკვირად, ლაშამ მთავარი გზიდან გადაუხვია და ახლა სადღაც კორპუსებს შორის მიქროდა. გოგონამ გაკვირვებით გადახედა ქმარს.
-სად ვართ? – შეეკითხა იგი. – ეს უნივერსიტეტისაკენ მიდის?
– არა. – მოუჭრა ქმარმა. – მე ლიკა უნდა წამოვიყვანო, დავპირდი. – უპასუხა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
– ოჰ. – აღმოხდა სოფიოს და სავარძელს მიეყუდა. იცოდა, რომ ლაშა ჯერ კიდევ ხვდებოდა ლიკას, მაგრამ… მაინც მტკივნეული იყო ასეთი ფორმით გახსენება. „გამოფხიზლდი, სოფიო… „ შეუძახა მან თავის თავს. „რას ვიზამთ… რაც არის, არის…“ გაიფიქრა მან.
ლაშამ რამდენიმე წუთში მანქანა გააჩერა ერთ-ერთი კორპუსის წინ. იქვე ხუთი თუ ექვსი გოგონა იდგა. მათ ერთი, მინი-ქვედაბოლოსა და ლამაზ იასამნისფერ კოფთაში გამოწყობილი ქერათმიანი გოგონა გამოეყო და მანქანას მიუახლოვდა. ლაშამ ფანჯარა ჩამოსწია. „ალბათ ესაა ლიკა..“ გაუელვა სოფიოს თავში. „ბაჩანა მართალი იყო, მართლაც ძალიან ლამაზია.“ გაიფიქრა მან და ხელები მაგრად ჩააჭირა კალთაში დადებულ ჩანთას.
-ლაშა! – გაისმა გოგონას ხმა და ლიკა გადმოიხარა, რომ ფანჯარაში შემოეხედა. – დააგვიანე… – გოგონამ ახლაღა ჰკიდა თვალი სოფიოს და მოიღუშა.
– ეს ვინღაა? – ჰკითხა ლაშას. სოფიო უსიამოვნოდ შეიჭმუხნა.
– ეს სოფიოა. – მიუგო ლაშამ. „რაღა თქმა უნდა. „ გაიფიქრა სოფიომ. „მისი შეყვარებული უკვე სახელით მიცნობს. გადასარევია.“
– აჰაა… – უთხრა ლიკამ და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სოფიოს, მაგრამ არაფერი უთქვამს. მერე კი ისევ ლაშას მიუბრუნდა. – მე და ჩემს მეგობრებს გაგვიყვან? ქალაქში გვინდა გასვლა. – „როგორ?“ გაიფიქრა სოფიომ. „ღმერთო ჩემო, ექვსნი ხართ, მანქანაში ვერ ჩაეტევით… თუმცა ალბათ ლაშა მე საბარგულში გადამსვამს…“ გაჰკრა თავში.
ლაშა წამოიწია და ლიკას მოკისკისე მეგობრებს გახედა.
-ლიკა, ჩემი მანქანა ტაქსი არ არის. – უთხრა მან. – და საერთოდაც, არა მგონია რომ ჩაეტიოთ ყველა ერთად. თან სოფიოც აქ არის… – ლიკა უეცრად დაიხარა და ლაშას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
სოფიო გაკვირვებული, და ოდნავი ინტერესით მიაჩერდა.
მერე კი ლაშამ ჩაიცინა.
– მაშ კარგი. – თქვა მან. ლიკა გასწორდა და სოფიოს არ გამორჩენია, თუ როგორ შეათვალიერა მისმა ქმარმა ლიკას მინი-ქვედაბოლო და წელს ზევით, გამჭვირვალე კოფთაში ბუნდოვნად გამოჩენილი კანი. მერე კი ლაშა სოფიოს მიუბრუნდა.
– აბა? – შეეკითხა იგი მოუთმენლად. – გადახვალ თუ არა?
სოფიო დაიბნა.
-როგორ? – ჩაეკითხა იგი.
– როგორ და ისე! – ხმას აუწია ლაშამ. – აქედან ავტობუსს წაყევი ან რამე, არ ვიცი. ახლა გადადი! ვერ ხედავ? ლიკა იცდის!
სოფიო ჯერ პირში ენაჩავარდნილი მიაჩერდა. მერე კი სხეულში აბუყბუყებულმა წყენამ და ბრაზმა თავისი გაიტანა.
-იცი რა, ჯანდაბას. – თქვა სოფიომ, მანქანის კარი გააღო, სწრაფად გადმოხტა თავის ჩანთიანად და კარი მაგრად მიაჯახუნა ზურგს უკან. მერე კი ჯიქური ნაბიჯებით გაიარა ათიოდე მეტრი, ისე რომ არც კი იცოდა, სად მიდიოდა.
სოფიო შემოტრიალდა, როცა მანქანის კარის გაღების ხმა გაიგონა, და უყურებდა, როგორ ჩაჯდნენ ლიკა და მისი დაქალები მანქანაში, როგორ დაიძრა მანქანა და როგორ შეუხვია სადღაც, კორპუსების იქეთ.
სოფიო კი იდგა.
თვალები აეწვა და შეეცადა არ ატირებულიყო.
მერე კი ბრაზმა მოიცვა მთელი მისი არსება.
ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა და ღრმად სუნთქავდა.
ბრაზმა გადაუარა.
მერე კი მიმოიხედა.
„ახლა სად წავიდე?“ გაუელვა თავში და უაზროდ დაჰყვა ქუჩას.
-*-*-8-*-*-
ლაშამ ლიკა და მისი დაქალები ქალაქში ჩაიყვანა და მაშინღა გაემართა უნივერსიტეტისაკენ. გზაზე რამდენჯერმე გაჰკრა სოფიოს განცვიფრებითა და წყენით აღსავსე სახემ გონებაში და ცოტათი შეაწუხა სინდისმა. მაგრამ ლიკას მინი-ქვედაბოლომ, გამჭირვალე კოფთაში გამოჩენილმა მუქი ფერის ბიუსტჰალტერმა და ლამაზმა სხეულმა ტვინი მთლად გამოურთო. ახლა, როცა ლიკას ვეღარ ხედავდა, ცოტა დამშვიდდა და ლოგიკურად დაიწყო ფიქრი. სოფიო იქ დატოვა, სადღაც ცენტრისგან მოშორებით. თან გზა არ იცოდა… ლაშამ ხელი მაგრად მოუჭირა საჭეს და ხმამაღლა შეიგინა. წითელ შუქნიშანზე გააჩერა და თმაში ხელი გადაისვა.
„ფუ ამის… რა ჯანდაბა გავაკეთე…“ გაიფიქრა მან, სწრაფად ამოიღო ტელეფონი და სოფიოს დაურეკა. ამასობაში შუქნიშანზე მწვანე აინთო და ლაშამაც მანქანა დაძრა, თან თითებს მოუთმენლად აკაკუნებდა საჭეზე.
ზარი გადიოდა.
თითქოსდა საუკუნის მერე, ხაზზე ტკაცუნი გაისმა და ყურმილი აიღეს.
-სოფიო, სად ხარ ახლა? – სწრაფად შეეკითხა ლაშა, თან გამალებით დაელოდა პასუხს. „ალბათ ახლა სადმე კორპუსებთანაა, ან გზა ვერ გაიკვლია…“ გაუელვა მას.
– მანქანაში. – გაისმა სოფიოს ხმა ყურმილში და მოულოდნელობისაგან ლაშამ ისე ძლიერად დაჰკრა მუხრუჭს, რომ მანქანა შუა ქუჩაში გააჩერა. მისი ღია ფანჯრიდან გაისმა უკან მომავალი მანქანების გამაყრუებელი სიგნალი და მრავალფეროვანი გინება. „რაო?“ გაიფიქრა ლაშამ.
– სად ხარ?! – ჩაეძია იგი და ისევ დაძრა მანქანა.
– მანქანაში ვარ, ლაშა. – გაუმეორა სოფიომ.
– ეგ გავიგონე, არ დავყრუებულვარ ჯერ! – ტელეფონში ჩაჰყვირა გაღიზიანებულმა ლაშამ. – ვისთან ერთად ხარ? საერთოდ, რატომ ხარ მანქანაში?
– რატომ ხარ მანქანაშიო, მეკითხები? – სოფიოს ხმაში წყენა შეეტყო. – ალბათ იმიტომ, რომ ჩემ მეგობარს ჯერ არ მოვუსროლივარ აქედან.
ლაშამ კბილები ერთმანეთს დააჭირა. სინდისი ნემსებს არჭობდა შიგნეულში.
-მისმინე… ახლა ვისთან ხარ? – ჩაეძია ლაშა. უცებ წამოუარა დაუძლეველმა სურვილმა, რომ სოფიოსათვის ბოდიში მოეხადა, და სინდისის ქენჯნა მოეშორებინა, მაგრამ ყველანაირად ეცადა, ჩაეხშო.
– გოჩამ წამომიყვანა.
 ლაშას თვალები გაუფართოვდა.
 ისე გრძნობდა თავს, თითქოს რაღაც ჩაარტყეს.
-ახლა უნივერსიტეტში მივდივართ. იქ შეგხვდები. – გაისმა სოფიოს ხმა და ყურმილი დადეს.
– მოიცა… ფუ შენი… – ლაშამ მუშტი მაგრად დაჰკრა საჭეს. ტვინი აებურდა, და სინდისის ქენჯნა საერთოდ გაუქრა. სამაგიეროდ, მრისხანებამ აავსო მისი არსება. „გოჩა, გოჩა, გოჩა, ეს გაყეყილი ნაბი*ვარი გოჩა!“ გაუელვა თავში და ამჯერად ორივე მუშტი დასცხო საჭეზე. „ისევ არ შორდება, არა, ჩემ ცოლს…“ გაიფიქრა მან. „ასე გინდა ამ საქმის მოგვარება? მაშ კარგი…“ და მთელი ძალით დააჭირა პედალს ფეხი. ის მომარიაჟე თუთიყუში იმას მიიღებდა, რაც საჭირო იყო.
ლაშამ მანქანა უნივერსიტეტის ავტოსადგომზე გააჩერა, სწრაფად ჩაკეტა და შეკრული მუშტებით, ჯიქურ გაემართა უნივერსიტეტის შესასვლელისაკენ, თან ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ისევ გადაურეკა სოფიოს. მისმა ცოლმა მალევე აიღო.
-სადა ხარ? – შეეკითხა ლაშა.
– ახლა უნივერსიტეტში ვარ, მთავარ დერეფანში, ლექციაზე მივდივარ. – მიუგო სოფიომ.
– მანდ გაჩერდი! – მიუგო ლაშამ. – დამიცადე!
ლაშამ მაშინვე გაუხვია მთავარი დერეფნისაკენ და ოციოდე მეტრში შეამჩნია სოფიო თავის ლურჯ კოპლებიან კაბაში. მას გვერდით მიჰყვებოდა ის გაყეყილი თუთიყუში.
ლაშამ ყურმილი დადო, სანამ სოფიო რამეს შეეკითხებოდა, ტელეფონი კიბეში ჩაიდო და ნაბიჯს აუჩქარა. ლექციები უკვე დაწყებულიყო და მათ გარდა არავინ არ იყო დერეფანში. სოფიო მკვეთრად მოტრიალდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგონა და თვალები გაუფართოვდა ქმრის დანახვაზე.
-ლაშა… ასე მალე როგორ მოხვედი, გადმოფრინდი? – შეეკითხა სოფიო, მაგრამ ლაშამ მას ყურადღება არ მიაქცია.
 გოჩას იდიოტური სახის დანახვაზე ტვინში სისხლმა აასხა.
 ბრაზმა დაუბნელა გონება.
პირდაპირ მისკენ გაიწია და საკმარისად რომ მიუახლოვდა, მუშტი სწრაფად მოუქნია და მარჯვენა ყბაში გაარტყა.
სოფიომ ოდნავი შეყვირება ამოუშვა და სანამ ლაშა მობარბაცე გოჩას კიდევ ერთხელ დაარტყამდა, წინ გადაუდგა.
-რას აკეთებ?! – შეჰყვირა მან და შეეცადა, ქმარს მკლავზე მაგრად ჩასჭიდებოდა.
– მე ხომ გავაფრთხილე… – კბილები გააღრჭიალა ლაშამ და ცოლს დახედა. – მე ხომ ვუთხარი, რომ არ მინდოდა, შენ მოგახლოებოდა…
ლაშას ყურადღება სიცილის ხმამ მიიქცია.
გოჩა წელში გასწორებულიყო, და ყბას ისრესდა.
-მე კი ხომ გაგაფრთხილე, ვერ მოახერხებ მეთქი? – ჩაიცინა გოჩამ. მერე კი მოიღუშა. – სოფიო რომ არ გამოგეგდო მანქანიდან, ალბათ ახლა აქ არც კი ვიქნებოდი, შე უტვინო ნა*ირალავ…
– როგორ ბედავ… – დაირგვინა ლაშამ, მაგრამ მისი ცოლის ხელებმა შეაკავეს.
– გეყოფათ! – დაიყვირა სოფიომ. – არ მინდა აქ ვიდგე და თქვენ ორნი გაგაშველოთ! ლაშა… – ლაშამ სოფიოს თვალებში ჩახედა. – მე დავურეკე გოჩას, როცა იქ დამტოვე და მან წამომიყვანა, და გოჩა… – სოფიომ თავი მიატრიალა მეგობრისაკენ. – ლაშა აშკარად შეპირებული იყო, სხვები უნდა წაეყვანა…
– სხვები! – აფეთქდა გოჩა. – იცი, რა, სოფიო, არ არის საჭირო, რომ ამ ღორს ნამუსი გამოუწმინდო, ისედაც კარგად ვიცი, ვინც უნდა წამოეყვანა… – გოჩამ ლაშას მრისხანედ შეხედა.
– მოკეტე! – დაიღრიალა ლაშამ. – რა შენი საქმეა! სოფიო ჩემი ცოლია, თავი დაანებე მეთქი!
– და რომ არა?! – მწარედ გაიღიმა გოჩამ. მერე კი ისე გამოიყურებოდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სოფიომ გადახედა, ტუჩები მოკუმა და თავი გაუქნია.
– გოჩა, საკმარისია. – უთხრა მან. – ახლა ამის დრო არ არის. – მერე კი სოფიო ლაშას მოუბრუნდა.
ბიჭმა ცოლს დახედა. სოფიოს წარბები შეეკრა და ბრაზით მიშტერებოდა.
– შეწყვიტე ეს უაზრობა, გთხოვ. ლექციაზე ვართ წასასვლელი მეც და შენც, გოჩას საქმე აქვს რამე, ალბათ… წავიდეთ… – სოფიომ ქმარს მკლავში ხელი მოჰკიდა. ლაშა შეყოყმანდა, გოჩას რამდენიმეჯერ სიძულვილით გადახედა, მაგრამ მისი სხეული სოფიოს მოძრაობას დაჰყვა. ლაშა შემობრუნდა, და ცოლს გაჰყვა დერეფნის გასწვრივ.
სოფიო ხმას არ იღებდა, ქმარის მკლავში ხელი გაეყარა და გვერდით ჩუმად მიჰყვებოდა. ლაშამ რამდენჯერმე მოუთმენლად გადახედა. ელოდებოდა, როდის დაიწყებდა მისი ცოლი ლაპარაკს. ბრაზი გაუქრა და ისევ სინდისმა შეაწუხა. კვლავ წამოუარა სურვილმა, რომ ბოდიში მოეხადა, მაგრამ არ უნდოდა, რომ საუბარი თვითონ დაეწყო.
ლაშამ ისევ დახედა სოფიოს. მისი ცოლი ჯიუტად იყურებოდა წინ და მიუხედავად იმისა, რომ სახის ნაკვთები დაჭიმვოდა, მისი ხელი ნაზად ჩასჭიდებოდა ლაშას მკლავს. ლაშამ ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. „ოჰ, ჯანდაბა ამას…“ გაიფიქრა ლაშამ და მოსაბოდიშებლად მოემზადა.
-მე აქ მაქვს ლექცია. – ლაშა შეკრთა სოფიოს ხმაზე და ენაზე მომდგარი სიტყვები პირში შეაშრა. უეცრად მომდგარი ნერწყვი გადაყლაპა და სოფიოს მიუტრიალდა.
– ჰოო? – თქვა მან. სოფიომ ხელი დაუშვა, და ლაშას ამოხედა.
– ჰო. კარგი, წავალ, უკვე დავაგვიანე. – თქვა სოფიომ, ჩანთა შეისწორა და შებრუნდა.
– სოფიო… – შეაჩერა ლაშამ. სოფიო არ შემოტრიალებულა.
– ჰო? – ჩაეკითხა იგი.
– მისმინე… ბოლო ლექცია სად გაქვს? – შეეკითხა ლაშა.
სოფიო შემობრუნდა და უცნაურად შეხედა.
-მეთორმეტე აუდიტორიაში მაქვს, ბიოქიმიის ლექცია. – მიუგო მან. მერე კი თავი გვერდით გადასწია და ქმარს ინტერესით შეაჩერდა.
– ჰოდა, დამელოდე იქ, კარგი? – უთხრა ლაშამ და უყურებდა, როგორ გაუფართოვდა სოფიოს თვალები, და როგორ აევსო უნდობლობით. ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა. – მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ სახლში.
სოფიომ წარბები აწკიპა და თვალები დაახამხამა.
ლაშა მოუთმენლად ელოდებოდა პასუხს.
-მაშ კარგი. – თქვა სოფიომ. – ლექცია ალბათ სადღაც ხუთისათვის დამიმთავრდება. აუდიტორიასთან დაგელოდები.
 მერე კი გაიღიმა.
– კარგი, ახლა წავალ. შენც წადი, დაგაგვიანდა.
სოფიო შებრუნდა, მეოთხე აუდიტორიის კარი შეაღო და შიგნით შევიდა.
ლაშა ცოტა ხანი იდგა, და მიხურულ კარს მისჩერებოდა, მერე კი თვითონაც შემოტრიალდა და დერეფანს დაუყვა.
-*-*-*-*-
ლაშას სოფიოზე ადრე უმთავრდებოდა ლექციები, ამიტომ გადაწყვიტა, რომ სამი საათისთვის გასულიყო, სადღაც კაფეში შეეჭამა საჭმელი, მერე კი სოფიოსათვის გაევლო. მართლაც, ოთხ საათზე კაფეში იჯდა და ყავასა და ნამცხვარს შეექცეოდა, თან ფიქრობდა.
ფიქრობდა თავის ცოლზე. სოფიო ხოჯავა ისეთი ნამდვილად არ აღმოჩნდა, თვითონ რომ ეგონა. ეგონა, სოფიო ერთი უაზრო, მის ნებაზე მოსიარულე თვინიერი კრავი იქნებოდა, მაგრამ შეცდა. პირიქით, გოგონას ეტყობოდა, რომ შეეძლო თავის დაცვა, ძალზე ჭკვიანი იყო, და თანაც, რაც მთავარია, ლაშას რამდენიმეჯერ შეეკამათა და ბიჭს შეეძლო ეთქვა, რომ მოიგო კიდეც.
 ლაშამ სახე მოისრისა. სოფიოსთან გაყრა ჯერ კიდევ უნდოდა, მაგრამ ცოლი ნამდვილად აღარ სძულდა.
 „რა გავაკეთო?“ გაიფიქრა მან.
ლაშა გამოერკვა, როცა კაფეში ვიღაც შემოვიდა და ზარმა გაიწკრიალა. წამოდგა, ჩეკი მოითხოვა, ფული გადაიხადა და გარეთ გავიდა.
მაჯის საათს დახედა. ხუთს თხუთმეტი წუთი აკლდა.
ლაშამ მანქანა გააღო, ჩაჯდა და უნივერსიტეტისაკენ აიღო გეზი. შუა გზაში იყო, როცა მისმა ტელეფონმა დარეკა. ლაშამ სწრაფად უპასუხა, ისე, რომ ზედ არ დაუხედია.
-ლაშააა! – გაისმა ლიკას ხმა ყურმილში.
– ჰო, ლიკა? – შეეკითხა ბიჭი. – რა ხდება?
– მე და ჩემი დაქალები გაგვიყვანე, რა… – მიუგო ლიკამ. – ახლა ბარში ვზივართ, და დავიღალეთ უკვე, თან ბევრი რაღაცები ვიყიდეთ და გვეზარება ყველაფრის თრევა…
– მისმინე, ლიკა, ცოტა ხანში, ახლა არ მცალია… – დაიწყო ლაშამ.
– ოჰ, კარგი, რა, ისედაც ვერ გხედავ ხოლმე შენი ცოლის გამო. – ლიკამ ხმას დაუწია. – გამოდი და წამოგვიყვანე. ჩვენს საყვარელ ბარში ვართ.
– ლიკა, მოიცა… –  მაგრამ მისმა შეყვარებულმა ყურმილი უკვე დადო. „ოჰ, ჯანდაბას… გაიფიქრა მან. „გადავურეკავ სოფიოს და ვეტყვი, რომ დამაგვიანდება…“ ლაშამ მანქანა პირველივე შემხვედრ შესახვევში მოაბრუნა, თან ტელეფონზე სოფიოს ნომერი აკრიფა. ის იყო, რომ უნდა დაერეკა, რომ მისმა ტელეფონმა ერთი საცოდავი ხმა ამოუშვა და ეკრანი ჩაშავდა.
ბატარეა დაჯდა.
– ფუ ამის… არა… – თვალებგაფართოებული ლაშა ტელეფონს ჩააჩერდა, თან გზისკენ მიურბოდა თვალი.
– არა რა… ხომ დაგტენე გუშინ… – ლაშამ კბილები დაკრიჭა და ტელეფონი გვერდით მოისროლა. მერე კი მაგრად დაარტყა ხელები საჭეს.
– ამის დედაც… ამის დედაც… – ლაშამ პედალს მაგრად დააჭირა ფეხი და წინ მიმავალ მანქანას გაუსწრო. „იქნებ მოვახერხო იმათი მიყვანა და მერე სოფიოსთან გამოვბრუნდე…“
-*-*-*-*-
ლაშას გიჟურმა რბოლამ შედეგი გამოიღო. ადრე გოგოების სახლებში მიყვანას ერთი საათი სჭირდებოდა, ახლა კი მხოლოდ ნახევარი საათი იყო გასული, როცა ლიკას კორპუსთან მიაყენა მანქანა. ლიკა ნელა გადავიდა და თავისი უამრავი ნაყიდი ნივთები გადაათრია. ლაშა მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს საჭეზე.
-კარგი, აბა გნახავ… – მის ფანჯარაში შემოიხედა  ლიკამ და ტუჩებზე აკოცა.
– ჰო, აუცილებლად. – გაუღიმა ლაშამ. – კარგი, წავალ ახლა მე…
– მოიცა, არ გინდა, რომ ამოხვიდე? – შეაყოვნა ლიკამ. – სახლში არავინ არაა, და დღევანდელ დანაპირებსაც შეგისრულებ… – ლაშას ისევ გაექცა თვალი გამოჩენილი ბიუსტჰალტერისა და მინი-ქვედაბოლოსაკენ, მაგრამ სოფიოს სახემ გაუელვა ტვინში, გამოერკვა და თავი გააქნია.
– არა, ლიკა, ახლა მართლა არ მცალია, საქმე მაქვს. – ლაშამ მანქანა დაქოქა.
– რაა? – ჩაეკითხა ლიკა, გასწორდა და დოინჯი შემოირტყა. – რა საქმე გაქვს ასეთი?
– საქმე მაქვს და მორჩა. – მიუგო ლაშამ. ახლა არ ჰქონდა ლიკასთვის სიტუაციის ახსნის თავი. და სანამ ლიკა რამეს იტყოდა, მანქანა შემოაბრუნა და გზაზე გავიდა.
ათ წუთში მიაღწია უნივერსიტეტამდე, მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და თვითონ შენობაში შევიდა. მალევე მიაღწია მეთორმეტე აუდიტორიას და იქაურობა მოათვალიერა. არავინ იდგა დერეფანში. ლაშამ სცადა აუდიტორიის კარი გაეღო, მაგრამ იგი დაკეტილი აღმოჩნდა. ლაშამ რამდენჯერმე დაირბინა დერეფნები, მაგრამ ლექციები ყველგან დამთავრებულიყო, და არავინ არ ჭაჭანებდა. ლაშა რომ გარეთ გამოვიდა, დარაჯმა შეატყობინა, რომ უკვე შვიდის წუთები იყო და უნივერსიტეტი იკეტებოდა.
-როგორ დავუკავშირდე? – თავის თავს შეეკითხა ლაშა, როცა მანქანაში ჩაჯდა. მერე კი მანქანა დაქოქა და სახლისაკენ გაემართა. თავის თავს წყევლიდა. „არ მჯერა, რომ კიდევ ერთხელ ასე საზიზღრად გამომივიდა… ფუ, ჯანდაბა… „ გაიფიქრა მან.
„იქნებ უკვე სახლშია ახლა?“ გაუელვა უეცრად თავში. „იქნებ იმ თუთიყუშმა მიიყვანა?“ ლაშას ისევ წამოუარა ბრაზმა და ხელები მაგრად მოუჭირა საჭეს. „ნუთუ კიდევ… სულ ის გოჩა…“ მაგრამ, ლაშამ გაბედა იმის აღიარება, რომ იმის მიუხედავად, რომ გოჩას ვერ იტანდა, მაინც რაღაცნაირად მადლობელი იყო მისი, რომ სოფიო სახლში მიიყვანა.
„ჰო… ალბათ ახლა სახლში იქნება…“ ლაშამ პირი მოკუმა და ამ დღეებში მერამდენეჯერ, შეეცადა ჩაეხშო სინდისის ქენჯნა.
მერე კი სახლისაკენ გაუხვია. ლამპიონები უკვე ენთო.
ლაშას ორიოდე კილომეტრი უნდა გაევლო და სახლში იქნებოდა. გონებაში დაიწყო მოსაბოდიშებელი სიტყვის მომზადება, მაგრამ ყველა ფიქრი ერთად გაუფრინდა თავიდან, როცა ტროტუარზე, ლამპიონებისა და უკვე ჩამავალი მზის ბინდბუნდში, შეამჩნია ის ლურჯი, კოპლებიანი კაბა.
ლაშას თვალები გაუფართოვდა. სოფიო მიდიოდა ტროტუარზე.
ლაშამ სასწრაფოდ გადაიყვანა მანქანა შუა გზიდან და ტროტუარს გაჰყვა, მერე კი შეუნელა და რამდენიმე სიგნალი მისცა.
სოფიომ სიგნალის ხმაზე გამოიხედა და ლაშას მანქანა რომ იცნო, თვალებგაფართოებული მიაშტერდა. წამიერად შედგა.
ლაშამ მანქანა იმ ადგილის გვერდით შეაჩერა, სადაც სოფიო იდგა. მერე კი გოგონა შებრუნდა და სიარული გააგრძელა.
-ჰეი! – შესძახა ლაშამ, მანქანა ისევ დაძრა და ფანჯარა ჩამოსწია. – მოიცადე, სოფიო!
– რისთვის? – მოუბრუნდა ცოლი და ხელები გაშალა. – ნახევარი საათი გიცდიდი, ახლაც იგივე გავაკეთო?
ლაშამ პირი დამუწა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა.
-მისმინე… ვერ მოვახერხე… – ლაშა დაიბნა, არ იცოდა როგორ აეხსნა, რომ მართლა ვერ შეძლო სოფიოს წამოყვანა, თან ისე, რომ ლიკა არ ეხსენებინა.
სოფიოს ბრაზი გაუქრა სახეზე და ჩანდა, რომ წყენა და და ოდნავი გაღიზიანება დარჩა.
-არ არის საჭირო, რომ რამე ამიხსნა. – მიუგო სოფიომ. – ისედაც ვიცი. – მერე კი შებრუნდა და გზა გააგრძელა.
– სოფიო, სად მიდიხარ, ჩაჯექი, წაგიყვან… – ლაშა შეყოვნდა, როცა ცოლმა ისევ, დაღლილი სახით გადმოხედა. – მოდი რა, წავიდეთ სახლში.
სოფიომ ამოიხვნეშა, მანქანას მოუახლოვდა, კარი გააღო და სავარძელში ჩაჯდა. ლაშამ მანქანა დაძრა, თან წამდაუწუმ გადახედავდა სოფიოს.
-როგორ წამოხვედი? – წამოსცდა მას. სოფიომ ფანჯარაში გაიხედა.
– აი, ასე. უბრალოდ წამოვედი. შენ რომ წამომიყვანე, რამდენიმე ადგილი დავიმახსოვრე, თან ცოტ-ცოტა გავიკითხ-გამოვიკითხე… – სოფიომ მხრები აიჩეჩა. ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და გაჩუმდა.
ასეთ სიჩუმეში გაატარეს მთელი მგზავრობა სახლამდე.
ლაშამ მანქანა დააყენა, გადმოვიდა, დაელოდა, სანამ სოფიოც გადმოჰყვებოდა, და ჩაკეტა. ისინი მალევე სახლში იყვნენ და სოფიო დილით დამზადებულ სუპს აცხელებდა.
ლაშას ცოლმა წინ ოხშივარავარდნილი თეფში დაუდგა, და თვითონ კარისაკენ გაემართა.
-შენ არ ჭამ? – შეეკითხა ლაშა, თან სუპში კოვზი დაატრიალა. სოფიო შემობრუნდა და ნაძალადევი ღიმილით გაიღიმა.
– არა, გმადლობ. დღეს რაც წყენა და სირცხვილი ვჭამე, ისიც მეყოფა.
 სოფიო გავიდა და კარი გამოხურა, ოთახში კი ენაჩავარდნილი, გაშეშებული და ხელში კოვზშეყინული ქმარი დატოვა.
-*-*-9-*-*-
შემდეგმა ორმა თვემ წყნარად გაიარა. ლაშას სოფიოსთვის პირდაპირ არ მოუხდია ბოდიში, მაგრამ ცდილობდა, ცოლი ცუდ სიტუაციაში აღარ ჩაეყენებინა. ფრთხილად არჩევდა დროს, როცა ლიკას უნდა შეხვედროდა, და ცდილობდა, ამ შეხვედრებს ხელი არ შეეშალა სოფიოსთან ურთიერთობაში ხელი. „თუმცა როგორ ურთიერთობაში…“ გაიფიქრებდა ხოლმე. სოფიო ახლა უნდობლობით ეპყრობოდა, უარი თქვა იმაზე, რომ ლაშას ყოველდღე მიეცილებინა უნივერსიტეტამდე და სახლში მოეყვანა. ლაშა რამდენჯერმე შეეხო თემას, მაგრამ სოფიო უარს ამბობდა, რომ ლაშა მისი ესკორტი ყოფილიყო და რომ ფეხით ერჩივნა ყოველდღე სიარული. ლაშა რომ მიხვდა, რომ მისი ცოლი ფეხს არ მოიცვლიდა, დანებდა, და მძღოლი დაიქირავა. ხანშიშესული, ულვაშა და მუდმივად გამოწკეპილი ნოდარი ყოველთვის მზად იყო, სოფიოსათვის გაევლო, და სადაც სჭირდებოდა, იქ მიეყვანა.
ლიკასთან საქმეები დაიძაბა. იგი მოითხოვდა, რომ ლაშა ჩქარა გაყროდა სოფიოს და მასზე დაქორწინებულიყო, თან წამდაუწუმ ტიროდა. ლაშას ჯერ კიდევ მწარედ ახსოვდა და უკვე ერთი კვირა იყო იხსენებდა იმ დღეს, როცა ისინი ბოლოს დაელაპარაკნენ ერთმანეთს.
-ლაშა, დავიღალე. – თქვა ლიკამ და ჩანგალი მაგიდაზე დადო. ლაშამ ჩინურად მომზადებული, სოუსითა და ბოსტნეულით შეზავებული მაკარონი შეისრუტა და ლიკას ინტერესით ახედა, მერე საათზე დაიხედა.
– ჰო, ცხრა საათია უკვე. მერე წაგიყვან სახლში, თუ გინდა. – ლიკამ ბრაზით შეხედა.
– მაგის გამო არა, შტერო. – მიუგო გოგონამ. ლაშამ თვალები დაახამხამა და წარბები შეკრა. – დავიღალე შენი აქეთ-იქით სიარულით იმ გოგოსთან. მინდა, რომ გაშორდე.
ლაშამ ჩანგალი წკრიალით დააგდო თეფშზე და სკამის ზურგზე გადაწვა.
-იცი, რა, ეგ მეც მინდა. – უთხრა ლაშამ და მწარედ გაუღიმა. – მაგრამ…
– რა მაგრამ? – შეაწყვეტინა ლიკამ. თვალები ცეცხლით აევსო. – ჰოდა თუ გინდა, მაშ გაშორდი…
– ახლა თუ გავშორდები, მამაჩემი ახალს მოძებნის… – დაუსისინა ლაშამ.
– მოძებნოს! – ატყდა ლიკა და ვარდისფრად შეღებილი ფრჩხილები მაგიდის კიდეს ჩამოაჭდო. – მე და შენ ამასობაში დავქორწინდეთ, დამნიშნე მაინც…
– და მერე, ლიკა? – ჩაეკითხა ლაშა. ამაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ადრეც ჰქონიათ, მაგრამ აქამდე საუბარი არასოდეს მისულა, და ლაშას უკვირდა კიდეც, რომ ლიკა ასე უაზროდ მოეკიდებოდა ასეთ მგრძნობიარე თემას. – იცი, მერე რა მოხდება?
ლიკამ ჩაიფშვიტინა, ბრაზით მისჩერებოდა.
– რა მოხდება, და მამაჩემი გამატყავებს. – ლაშა წინ გადაიხარა და ლიკას დაუსისინა. – ყველაფერს ჩამომაშორებს, მშრალზე დამტოვებს….
ლიკამ არაფერი უთხრა, გვერდზე გაიხედა და მკლავები გადააჯვარედინა. ლაშამ კბილები დააღრჭიალა.
  – ყელში ამომივიდა, ლიკა. შენ, როგორც ჩემი შეყვარებული, გვერდში უნდა მედგე, ყველაფერი კი რასაც აკეთებ ამ ბოლო სამ თვეში, ისაა რომ ჩემს მანქანას ტაქსად იყენებ, დაქალებთან ერთად აქეთ-იქეთ დარბიხარ და მეწუწუნები. იცი, რა… – ლაშამ ხელსახოცით მოიწმინდა პირი, ხელში მოჭმუჭნა, მაგიდაზე დააგდო და წამოდგა. მერე საფულედან რამდენიმე ათლარიანი ამოიღო და მაგიდაზე დაყარა. – მე მივდივარ.
ლაშა სწრაფად გამოვარდა გარეთ, ისე, რომ უკან არ მოუხედავს. იმწუთას იმდენად შეზიზღდა ლიკას საქციელი და თვითონ ისიც კი, რომ მისი ნომერი დაბლოკა და უკვე ერთი კვირა იყო, რაც არ ეკონტაქტებოდა.
სოფიოს ეტყობოდა, რომ შეამჩნია მისი გაფუჭებული ხასიათი და შეწუხებული იყო მის გამო. ამიტომ ეს ბოლო ორიოდე კვირა იყო, რაც ცოტათი უფრო გაიხსნა ქმრის მიმართ. უფრო მეტს ლაპარაკობდა მასთან ერთად, უფრო მეტ დროს ატარებდა მის კომპანიაში და ლაშას შეუმჩნევლად, ცოლთან საუბრები კარგ ხასიათზე აყენებდა.
ერთ საღამოს, სოფიომ გამოაცხადა, რომ აწყობდა უცხოური კერძების ვახშამს. უცნობი საჭმლით სავსე ლანგარი გამოიტანა და სასტუმრო ოთახში, ტახტში ჩასვენებული ქმრის წინ გააწყო მაგიდა, თვითონ მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა და ერთ-ერთი კერძი გადაიღო თეფშზე.
ლაშამ ჯერ ეჭვით ათვალიერა კერძები, მერე კი სოფიოს შეხედა უნდობლად. აქედან უმეტესობას იცნობდა, მაგრამ რატომღაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.
სოფიოს გადახედა. მან სუში აიღო ჩხირებით და აშკარად სიამოვნებით მიირთვა. მერე კი ლაშას გადმოხედა.
-აბა? – შეაგულიანა ცოლმა. – არ ჭამ? კარგი იქნება, ყველაფერს თუ ცოტ-ცოტას მაინც გასინჯავ.
ლაშამ ისევ გადახედა კერძებს და თვალი ერთ-ერთს ჰკიდა. მოწითალო იყო, „ალბათ ტომატითაა შეზავებული…“ გაიფიქრა ლაშამ. მეორე კერძმა უფრო დააინტერესა. ღია მწვანე ფერის იყო, და რაღაცით ნაყინს წააგავდა.
-ეს რაღაა? – შეეკითხა ლაშა ცოლს და იმ ნაყინის მსგავს მასაზე მიუთითა. სოფიომ გადმოხედა.
– ოჰ, ეგ? – მიუგო მან. – ეგ ნაყინია. ჩინური ნაყინი. აჩქარდი, სანამ ცივია, დესერტად კარგია. – უთხრა სოფიომ და მეორე სუში შეჭამა.
ლაშამ წარბები ასწია და ის მოწითალო კერძი გადმოიღო.
ცოტა აიღო ჩანგლით, ინტერესით შეათვალიერა და პირში ჩაიდო და გადაყლაპა.
მაშინვე ინანა.
აშკარად რაღაც საშინელი წიწაკით შეზავებულმა კერძმა ყელი ჩასწვა და ლაშას კვნესა აღმოხდა.
-აუჰ, ჩემი… – წამოვარდა იგი, სწრაფად შეტრიალდა. – წყალი…  ფუ შენი… – ამოიხრიალა მან, და კარისაკენ გაიწია, მაგრამ მაგიდის ფეხს წამოედო და ძირს გაადინა ბრაგვანი.
– ლაშა, ნაყინი ჭამე, ცივია! – გაისმა ზემოდან სოფიოს ხმა. იგი თითქოს ფხუკუნებდა, მაგრამ ლაშას სიმწრის ცრემლები სცვიოდა, სად ეცალა…
ბიჭი ძლივს წამოდგა, სწრაფად მიატრიალა აცრემლებული თვალები იმ ნაყინისაკენ, კოვზისთვის არც კი შეუხედია, პირდაპირ ამოუყარა თითები ნაყინში, ბუნდოვნად დაინახა სოფიოს გაფართოებული თვალები და დაღებული პირი, როგორ ეჭირა მას ხელში რაღაც…  მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ნაყინი პირისაკენ გააქანა…
ლაშა, სანამ ნაყინის საოცარ და ნეტარ სიცივეს იგრძნობდა ენაზე, რაღაც სითხის ჭავლის შემოხეთქება იგრძნო. თითები პირთან გაუშეშდა.
 მერე კი გააცნობიერა, რომ ეს წყალი იყო. თან ცივი წყალი.
ლაშა უყურებდა, როგორ ტყლაპანით დაუვარდა სანატრელი ნაყინი ძირს და როგორ ეწვეთებოდა სხეულიდან წყალი.
აიხედა.
წინ სოფიო იდგა. თვალები უბრწყინავდა, ტუჩები მოეკუმა და აშკარად ცდილობდა სიცილის შეკავებას. ხელში წყლის ბოთლი ეჭირა.
ლაშამ შეამჩნია, რომ ბოთლს  სახურავი დახვრეტილი ჰქონდა.
სოფიომ სიცილი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა.
-აი, ვსო! – ჩაიხითხითა მან. – ხომ გაგრილდი, არა?
ლაშას ენა ჩაუვარდა. პირში წვამ თითქოს გაუარა.
-ეს რა ქენი… – თქვა მან და მკერდზე მიკრულ პერანგზე დაიხედა, მერე კი იგრძნო, როგორ ჩამოეწვეთა ცხვირის წვერამდე წყალი. თმაც დასველებოდა.
– რა ვქენი და გადაგარჩინე! – მიუგო სოფიომ. ისევ იცინოდა. ლაშამ უცებ გაიფიქრა, რომ  მისი სიცილი ძალიან ჰგავდა ზარების რეკვას…
– იცი, ის „ნაყინი“ რა იყო? – თქვა გაბადრულმა სოფიომ და ფიქრი შეაწყვეტინა. – რა და „უასაბი“! – წამოიძახა მან და ისევ კისკისი წამოიწყო. – იაპონური საწებელი… იცი, რა ცხარეა? – სოფიომ შეხედა და პირზე ხელი აიფარა. – რა სასაცილო იყავი! ჯერ ის მექსიკური ჩილით შეზავებული კერძი… მერე რომ დაეცი… ნაყინი…. – სოფიო სიცილით კვდებოდა.
ლაშა ახლაღა მიხვდა, რა მოუწყო ცოლმა. თვალი გაექცა სოფიოს ხელში დაკავებული ბოთლისაკენ.
ჩაიცინა.
„შურს ვიძიებ, ახლავე…“ გაუელვა თავში.
სანამ მისი ცოლი გონს მოეგებოდა, ლაშა სწრაფად წაიწია წინ, ბოთლი აართვა და მარჯვედ დაიკავა ხელში. სოფიოს ყბა ჩამოუვარდა და თვალები გაუფართოვდა.
-ვერ გაბედავ… – თქვა მან და ოდნავ უკან დაიწია, მაგრამ თვალები ისევ ისე უბრწყინავდა.
ლაშამ გაიცინა.
მერე კი ბოთლს ხელი მაგრად მოუჭირა და სოფიოს ჭავლი მიუშვირა.
-აიიიი!!! – ამოუშვა გოგონამ, სახეზე ხელები აიფარა, სავარძელს შემოურბინა და წივილით გაიქცა კარისაკენ.
ლაშამ გადაიხარხარა და სოფიოს გაეკიდა.
მისი ცოლი საოცრად სწრაფი იყო. იგი მკვირცხლად გასხლტა კარში, ოდნავ მოსრიალდა მოპირკეთებულ იატაკზე და კიბისაკენ გაიქცა. მაგრამ ლაშა კიბის ძირში დაეწია, წელზე მოხვია ხელი, შემოატრიალა, ხელი გაუშვა და ბზრიალ-ბზრიალით გაასრიალა კაფელზე. სოფიო სიცილით შებრუნდა გასაქცევად, მაგრამ ქმარმა არ დააცადა, და წყლის ჭავლი ხარხარით დაუშვა ზურგზე და თავზე. სოფიომ შეჰკივლა, და შემოტრიალება დააპირა…
მათი მხიარულება გაბერილი ბუშტივით გასკდა, როცა ჰოლში ზარის დარეკვის ხმა გაისმა.
ლაშა შედგა, გაშვერილი ბოთლი ჰაერში გაუშეშდა. სოფიო გასწორდა, და ჯერ ქმარს გადახედა, მერე ჰოლის კარს.
-ვინ უნდა იყოს? – იკითხა მან, და ინსტინქტურად გაისწორა სველი კაბა.
ლაშამ პირი მოკუმა. არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ მისი აზრით, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ღირსი გახლდათ რომ ლაშას ერთი მაგრად მოედო ყბაში. მხიარული და უდარდელი ატმოსფერო მთლად გამქრალიყო.
-არ ვიცი. მე გავაღებ. – ლაშამ სველ თმაში ხელი გადაისვა, ბოთლი სოფიოს გადასცა და ჰოლის კარს მიუახლოვდა.
მერე კი საჭვრეტელაში გაიხედა.
გაიხედა და კინაღამ ყბა ჩამოუვარდა.
გარეთ ლიკა იდგა და სახეზე უკმაყოფილება ეწერა. მან ტუჩები მოკუმა და ზარს რამდენჯერმე მოუთმენლად დააჭირა.
-ფუ შენი… – ხმადაბლა შეიგინა ლაშამ. რა ჯანდაბას აკეთებდა ლიკა აქ, თან ამ დროს?
– ვინ არის? – გაისმა უკნიდან სოფიოს ხმა და ლაშამ კიდევ ერთხელ შეიკურთხა. ლიკას აქ მოსვლა ახლა ნამდვილად არ სჭირდებოდა…
ზარის ხმა კიდევ რამდენჯერმე მოუთმენლად გაისმა ჰოლში.
„ოჰ, ამის დედაც… ჯანდაბას… „ გაიფიქრა ლაშამ, და კარი გააღო. ლიკა მის დანახვაზე გაიბადრა.
-ლაშა… – დაიწყო მან, სანამ მისი შეყვარებული რამეს იტყოდა, მერე კი ლაშამ შეამჩნია, როგორ გადასწვდა ლიკას ცისფერი თვალები მისი მხრის იქით სოფიოს და ნერწყვი გადაყლაპა.
მისდა გასაკვირად ლიკამ ხელი ასწია მკერდზე მიკრულ, სველ პერანგზე ჩამოუსვა.
-აბა? – ჰკითხა ლიკამ ხმამაღლა. – არ შემომიპატიჟებ? ბოლოს და ბოლოს, შენ მითხარი, აქ მოდიო…
ლაშამ პირი დააღო.
-რა… რა? – ამოილუღლუღა მან. – მე…
– ჰო, შენ, ლაშუნა, აბა სხვამ ვინ? – უთხრა ლიკამ და გადაიკისკისა. მერე კი ლაშას გასცდა და რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა ჰოლში, თან მიმოიხედა.
– მშვენიერი ადგილია… – დაიწყო მან და სოფიოს გადახედა. სოფიო გაუნძრევლად იდგა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა.
– ლიკა… – ლაშამ მლავში ხელი წაავლო გოგონას. – აქ რას აკეთებ? – დაუსისინა მან. ლიკამ წარბები აწკიპა და მკერდზე ხელი დაიდო.
– როგორ თუ რას… – თქვა მან და წამიერად მზერა სოფიოს სტყორცნა. ლაშამ პირი დააღო, არ სჯეროდა, რომ ლიკა ამას აკეთებდა. – შენ თვითონ დამირეკე დღეს, ლაშუნა…
– მე წავალ. – გაისმა სოფიოს ხმა და ლაშამ ისე სწრაფად შემოატრიალა თავი, შეეძლო დაეფიცა, რომ მისმა კისერმა ჭახანი გაიღო. სოფიო კიბისკენ მიდიოდა.
– არა! სოფიო, გაჩერდი! მანდ დადექი! – დაიღრიალა ლაშამ.
სოფიო არ გაჩერებულა, უკვე საფეხურებს მიაღწია.
ლაშამ კბილები დააღრჭიალა და ლიკას მიუბრუნდა.
-წადი. – უთხრა და კარისაკენ წაათრია.
– როგორ? – შეკრა წარბები ლიკამ და შეეცადა ლაშას ხელი მოეშორებინა. ლაშამ ლიკა ზღურბლამდე მიათრია.
– ახლა უნდა წახვიდე… – უთხრა ლაშამ და გამაფრთხილებლად ჩახედა თვალებში. – მერე დაგიკავშირდები. – უთხრა მან, ლიკას მრისხანებით აღსავსე სახეში მიაჯახუნა კარი, მერე ჩაკეტა და ზარის ღილაკი დაბლოკა.
ლაშა შემობრუნდა და სირბილით წავიდა კიბეებისაკენ. სოფიოს უკვე თითქმის აემთავრებინა საფეხურები და ვერანდაზე გადავიდოდა.
-სოფიო! – დაუძახა ლაშამ, დერეფნის დასაწყისში წამოეწია და მხარზე ხელი დაადო. – მისმინე..
-არ არის საჭირო, ლაშა. – უთხრა სოფიომ და შემობრუნდა. – არც კი მაინტერესებს.
ლაშამ კბილები დააღრჭიალა.
-მე მინდა, რომ აგიხსნა… არ ვიცი, ლიკა რატომ მოვიდა დღეს, მე არ დავკონტაქტებივარ…
– რატომ მეუბნები ამას? – შეეკითხა სოფიო. – არ ხარ ვალდებული, რომ….
– კი მაგრამ მე მინდა, რომ აგიხსნა! – აფეთქდა ლაშა და სოფიოს ორივე მკლავში ჩაავლო ხელები.
– რატომ?! – შეჰყვირა სოფიომ. – არ არის საჭირო! მე არ მაინტერესებს!
– იმიტომ, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ! – დაიგრგვინა ლაშამ და სოფიოს სახე ახლოს მიუწია.
– ჩვენ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ გვაქვს! – დაუყვირა სოფიომ. – არ გვაქვს! შენ თვითონ თქვი ასე! მე შენი ნამდვილი ცოლი არა ვარ!
ლაშამ უცებ ვეღარ მოითმინა. უყურებდა სოფიოს აწყლიანებულ, მბრწყინავ მწვანე თვალებს, ოდნავ სველ, ვარდისფერ ტუჩებს, უკან გადაწეულ სველ თმას, აწეულ, ხორბლისფერ ყელზე დაგორებულ წყლის წვეთებს…
თვითონ სოფიოს…
ვეღარ მოითმინა…
ლაშა დაიხარა, სოფიო მაგრად ჩაიკრა გულში, თავი დახარა და ტუჩებზე დაეწაფა.
ცალი ხელი მაგრად შემოხვია წელზე, მეორე კი ბეჭებზე, სოფიოს ხელები მას მხრებზე ჩაეჭიდნენ…
ლაშას ხელის გაშვება არ უნდოდა.
მაგრამ უცებ ყველაფერი დამთავრდა, როცა სოფიომ ხელი მაგრად ჰკრა მკერდზე და მკლავებიდან გამოუსხლტა. სანამ ლაშა ენას მოაბრუნებდა, სოფიომ ხელი მოიქნია და მაგრად გაარტყა სახეში.
ლაშას ლოყა აეწვა.
სოფიოს შეხედა თვალებგაფართოებულმა.
მის ცოლს პირზე ხელი აეფარებინა. ლოყებზე ცრემლები გადმოუგორდა.
-სოფი… – მისკენ გაიწია ლაშამ, მაგრამ სოფიომ უკან დაიხია.
– არ მომეკარო… – სოფიომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგა უკან.  – ხელი არ მახლო…
ლაშას თითქოს ურო ჩაარტყეს.
სოფიო შებრუნდა, დერეფანი ჩაათავა, თავისი ოთახის კარი გააღო და ზურგს უკან ბრახუნით მოიკეტა.
ლაშა იდგა. ღრმად სუნთქავდა, და სოფიოს კარს მიშტერებოდა.
უცებ დაეჯახა სასოწარკვეთილება და შიგნეული ამოუტრიალა.
გამგმირავი სიწყნარე ჩამოწვა.
მერე კი შემზარავი სიჩუმე გააპო ლაშას ღრიალმა და ექოდ იქცა უზარმაზარ ჰოლში.
-*-*-10-*-*-
იმის შემდეგ, რაც ლაშას ღრიალმა თითქოს მთელი სახლი შეარყია, და ექომ გამგმირავად გადაუარა უზარმაზარ ჰოლს, შეუბრალებელი, შემზარავი სიჩუმე ჩამოწვა. ლაშას საკუთარი გულის აჩქარებული ფეთქვაც კი ესმოდა და მკერდზე ხელი მოიჭირა, რომ გულისცემა დაეოკებინა და სუნთქვაც კონტროლის ქვეშ მოეყვანა. ცოტა რომ დამშვიდდა, ისევ სოფიოს კარს მიაშტერდა, გარინდული და ანერვიულებული. უნდოდა, იქეთ გაელაჯა, კარზე დაებრახუნებინა, მაგრამ მერე? რა ეთქვა სოფიოსათვის? ლაშა ხვდებოდა, რომ დააშავა. სოფიოს ყველანაირი მიზეზი ჰქონდა იმისათვის, რომ ლიკასთვის დაეჯერებინა და ერწმუნა, რომ ლიკას მართლა ლაშამ დაურეკა და მათ სახლში მოსვლა სთხოვა, მერე კი ლაშამ აკოცა… ბიჭი კიდევ გრძნობდა პირზე ცოლის თბილი ტუჩების ანაბეჭდს და მუცელი რაღაცნაირმა გრძნობამ ამოუბრუნა…
მერე ლიკა გაახსენდა.
ლაშამ კბილები დააღრჭიალა, და მრისხანებით ავსებული სხეული რომ რამით დაეკავებინა, სწრაფად შემოტრიალდა და კიბეებს ჩაჰყვა. არ უნდოდა, რომ თავის ოთახში შესულიყო, ჯერ არ ეძინებოდა. ლიკას საქციელმა გააცოფა. „ასე უნამუსოდ მოიტყუა…“ გაიფიქრა ლაშამ, სასტუმრო ოთახის კარები ხმაურით მოიკეტა და ტახტზე დაეგდო. უაზროდ გადაავლო თვალი ვერ კიდევ გაწყობილ, უკვე გაციებული კერძებით სავსე მაგიდას და იატაკზე გადამდნარ, გაშლილ საწებელ „უასაბის“.
ყველაფერი ჩაშხამდა. გამწარებულმა ლაშამ მაგიდას წიხლი ჰკრა. ზედ დაწყობილმა ჭურჭელმა წკრიალი გაიღო. ჯერ კიდევ არ სჯეროდა ლიკას კადნიერება.  „როგორ გაბედა… ჩემს სახლში შემოსვლა და ასე უსინდისოდ ტყუილი…“ მერე გაახსენდა ლიკას გამომეტყველება, როცა მან სოფიოს გახედა….
ნიშნისმოგება….
უცნაური, თითქოსდა ველური თვითკმაყოფილება…
 ლაშას სისხლი თვალებში მოაწვა. უეცრად აუტანელმა მრისხანებამ აიტანა.
მაგიდაზე დადებული ერთ-ერთი თეფში აიტაცა და მთელი ძალით მოუქნია კედელს.
 თეფში გარინდულ ოთახში გამაყრუებელი ლაწუნით დაიმსხვრა და ნამტვრევები იატაკზე მიმოიფანტა წკრიალით.
ხმაურზე ლაშა თითქოს გამოფხიზლდა და შეკრთა.
ცოტა ხანი ნამსხვრევებს უყურებდა, თავი უსიამოვნოდ უბჟუოდა მოწოლილი ფიქრებისაგან.
უნდოდა, ამ აზრებისგან გათავისუფლებულიყო.
სწრაფად წამოდგა, და ოთახის კუთხეში აღმართული განჯინისაკენ გაემართა. უმალ გამოაღო მინის კარი და იქვე დადგმული ბოთლებიდან დაბეჭდილი, ვისკის დახვეწილი ფორმის ბოთლი გამოარჩია. განჯინის კარი მიაჯახუნა და ისევ ტახტზე დაებერტყა, ხელის ერთი მოძრაობით მოხსნა თავი ბოთლს და სასმელი ყელში გადაიმხო.
სითხემ ოდნავ ჩასწვა ყელი, მაგრამ მალე სასიამოვნო სითბოდ გაეშალა მუცელში და ლაშამ კიდევ ერთხელ მოიყუდა ბოთლი.
როცა ერთი მთლიანად გამოცალა და შეთვრა, ლაშამ რამდენიმე სხვა ალკოჰოლური სასმელიც გამოიღო განჯინიდან.
მალე სასტუმრო ოთახის მაგიდაზე გაციებულ კერძებთან ერთად რამდენიმე ცარიელი ბოთლი და დაღვრილი ვისკი გაჩნდა. ლაშამ კიდევ მოყლურწა სასმელი და ზანტად გაიღიმა. სასიამოვნო თავბრუ ეხვია და სხეულშიც ნეტარი ჟრუანტელი უვლიდა.
და რაც მთავარია, უაზრო ფიქრები აღარ აწუხებდა.
ლაშა ტახტზე გადაწვა.
თითქოს შორიდან გაიგონა, როგორ გაუცურდა ხელიდან ბოთლი და ყრუ წკრიალით დავარდა იატაკზე.
ლაშამ მზერა ჭერს მიაბჯინა. ჩამოკიდებული ჭაღის სინათლე ჯერ გაორდა, მერე გაოთხდა, გამრავლდა, და გაასდა….
საბოლოოდ მთელი მისი თვალთახედვა გადაფარა….
მერე კი ნელ-ნელა ჩაიკარგა ძილის ნაცრისფერ ბურუსში.
-*-*-*-*-
ლაშამ რომ გაიღვიძა, ვერ მიხვდა, სად იყო. ოთახი საკმაოდ იყო განათებული გახლდათ, მაგრამ ადგილი მაინც ეუცხოვა. წამოჯდა და მიმოიხედა.
თავი ყრუდ სტკიოდა და გრძნობდა, როგორ ფეთქავდა მისი საფეთქელი.
ლაშას მერეღა გაახსენდა წინა დღის მოვლენები და ოხვრით მოიჭირა თავზე ხელი. „რამდენი დავლიე?“ გაიფიქრა მან და მაგიდას გადახედა, იმის იმედით, რომ ბოთლების რაოდენობას დაინახავდა, მაგრამ ვერაფერიც ვერ დაინახა.
მაგიდა გადასუფთავებული იყო, არაფერი ეწყო ზედ. ლაშამ ინსტინქტურად დაიხედა ქვემოთ. ის გადღლაბნილი საწებელიც აღარ ჩანდა, ეტყობოდა, რომ აესუფთავებინათ.
ლაშამ წამოდგომა მოინდომა, და მერეღა შეამჩნია, რომ სხეულზე თხელი გადასაფარებელი ეფარა.
სოფიო.
ის დაასუფთავებდა ყველაფერს და ლაშას თხელ საბანს დააფარებდა.
ლაშა წამოვარდა და გადასაფარებელი გადაიძრო. მერე ოდნავი ბარბაცით მიუახლოვდა კარს, მაგრამ შეყოვნდა და კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა.
თერთმეტი საათი იყო უკვე.
ლაშამ ამოიგმინა. ახლა სოფიო უკვე უნივერსიტეტში იქნებოდა…
მაგრამ უეცრად დღე გაახსენდა.
„დღეს ხომ შაბათია!“ გაუელვა თავში და ჰოლში გავარდა. უნდოდა, რომ სოფიო ეპოვნა…
-სოფიო! – დაიღრიალა მან და ჰოლში გაალაჯა, კიბეს მიუახლოვდა. – სოფიო!
– რა ხდება, ლაშა? – ბიჭი შეკრთა, როცა ცოლის ხმა გაიგონა. სოფიო კიბის თავზე იდგა, და ლაშას წარბებაწეული მისჩერებოდა. – რა გაყვირებს? აქა ვარ. – სოფიომ ჩამოსვლა დაიწყო, ხელში დახვეული, აბურდული თეთრეულის გროვა ეკავა.
– თავი მტკივა. – სწრაფად თქვა ლაშამ. სოფიომ გამოხედა და პირი მოკუმა.
– ვიცი, ვიცი. – უთხრა მან. – არ მიკვირს, ის ცარიელი ბოთლები… იმდენი რამ დაგალევინა პირდაპირ… – სოფიო მას გაუსწორდა და თავი სამზარეულოსკენ გაიქნია. – წამოდი, „ლიკანი“ დალიე, ცოტა დაისვენე, თუ არ გაგივლის, ტკივილგამაყუჩებელს მოგცემ.
ლაშა უკან მიჰყვა სოფიოს. უცებ თბილი გრძნობა დაუტრიალდა მკერდში, ესიამოვნა სოფიოს ყურადღება, და ის, რომ ცოლმა სხვა არაფერი არ უთხრა… თან ის, რომ გოგონას ტონზე ეტყობოდა, იგი ქმარზე ზრუნავდა. ლაშას ჩაეღიმა.
სოფიომ თეთრეულის ზვინს კიბის უკან მოთავსებულ სამრეცხაოსთან, მოწნულ ყუთში ჩაუძახა, და მერე სამზარეულოში შეიყვანა ქმარი. სოფიომ „ლიკანი“ დაუსხა მაღალ ჭიქაში. ლაშა მაგიდას მიუჯდა და წყალი მოსვა.
-გშია? – ჰკითხა სოფიომ, მერე ინტერესით გამოხედა და მაღალი, სლიკინა, ვერცხლისფერი მაცივრის კარი გამოაღო. – ბუტერბროდი გაგიკეთო?
– კი, მინდა. – უპასუხა ლაშამ. თავის ტკივილმა ცოტათი გაუარა, მაგრამ ახლა სხვა რამ აწუხებდა. სოფიო ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. წეღან ლაშას გაუხარდა კიდეც, როცა ცოლმა კომენტარი არ გააკეთა წინა დღის მოვლენებზე, მაგრამ ახლა, ამის გაფიქრებამ ააწრიალა.
სოფიომ ჰოლანდიური, მდნარი ყველის ნაჭერი დაადო ლორზე, თეთრი პურის თხელი ნაჭერი დააფარა და თეფშზე დადებული ბუტერბროდი ლაშას მიუჩოჩა.
ლაშამ შეამჩნია, რომ სოფიომ მაგიდის იქითა მხრიდან მოუწია ბუტერბროდი, თან შორიახლოს დაუდო.
მერე კი სოფიო გასწორდა და ხელები მოისრისა.
-კარგი, მე წავალ, საქმე მაქვს. – თქვა მან და კარისაკენ გაემართა. ლაშას თვალები გაუფართოვდა. ცოლი აშკარად თავს არიდებდა….
– სოფიო, მოიცა… – დაუძახა მან. სოფიო შედგა და შემოტრიალდა. მისი მზერა ლაშას თვალებს ჩაეჭდო.
– ჰო? – ჩაეკითხა სოფიო, როცა ქმარმა ხუთიოდე წამით ხმა არ ამოიღო.
– ისა… – ლაშამ უცებ არ იცოდა რა ეთქვა. – მისმინე… გუშინ… ლიკა რომ მოვიდა, მე არ დამირეკია მისთვის…
სოფიოს თითქოს სახე გაუქვავდა. მხოლოდ თვალებში შეატყო ლაშამ სევდის ნაპერწკალი.
სოფიომ ამოიხვნეშა, მერე კი ქმარს ამოხედა. ლაშა პირმოკუმული, მოლოდინით აღსავსე სახით უყურებდა.
-ლაშა, მე ხომ გითხარი, რომ ეს თემა…
სოფიოს სიტყვა პირში შეაცივდა, როცა სამზარეულოს ღია კარიდან ჰოლში ზარის რეკვის ხმა გაისმა.
ლაშა სწრაფად წამოდგა ფეხზე. ბოლოს რომ დარეკეს ეს ზარი, ლიკა მობრძანდა თავისი ტყუილებით… ახლა ვინღა იყო? იქნებ ისევ ლიკა მობრუნდა, რომ ლაშა ერთი გვარიანად გამოელანძღა, იმისათვის, რომ მან გუშინ საღამოს გარეთ გაუძახა? ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და სოფიოსკენ გააპარა მზერა. სოფიოც მას უყურებდა.
ლაშას არაფერი უთქვამს, ცოლს ჩაუარა და ჰოლში გავიდა. სოფიოც გაჰყვა.
ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა და საჭვრეტელაში გაიხედა.
გაიხედა და კინაღამ ყბა ჩამოუვარდა.
კართან დეიდამისი, სამოც წელს გადაცილებული, როგორც ლაშა ეძახდა ჩუმად ხოლმე „გადახჩუებული მყრალი ბებერი“ ეკატერინე მიქავა იდგა. იდგა თავისი აწეული სწორი ცხვირით, მოუთმენლად იყურებოდა წვრილი ნაცრისფერი თვალებით და მხრებზე განუყრელი მელიის ქურქი მოედო.
-აუჰ…. – აღმოხდა ლაშას. დარწმუნებული იყო, რომ ქართული ქორწინების პრინციპების დამცველი ეკატერინე, რომელიც კბილებით იცავდა თავის შეხედულებებს და ლაპარაკის დროს ნერწყვს ისვრიდა, მათი „ბედნიერი ქორწინების“ შესამოწმებლად მოვიდა. „ბებერი ვირის ნახელავია…“ მწარედ გაიფიქრა მან და სოფიოს გადახედა. იგი მოღუშული იდგა და ინტერესით მიაჩერდა ქმარს. ლაშა შემოტრიალდა და კარი გააღო.
როგორც კი ეკატერინემ იგი დაინახა ზღურბლზე, მაშინვე შუბლი შეკრა.
„ახლა დაიწყება… „ გაუელვა ლაშას და მამას გონებაში ერთი მაგრად შეუკურთხა.
-რამდენი ხანი დაგჭირდა, რომ კარამდე მოგეღწია, ვაჟბატონო? მთლად მოიმჩვარე? – დაიწყო ეკატერინემ თავისი მყივანა ხმით და ლაშა აუტანელმა სურვილმა აიტანა, პირდაპირ პირში ეთხლიშა მისთვის მუშტი. – და საერთოდ, შენ რატომ გააღე? შენი ცოლი სადაა?
– სასიამოვნოა, რომ შემოგვიარეთ, ეკატერინე დეიდა. – უდიდესი ძალდატანებით ამოთქვა ლაშამ და სოფიოსკენ გააპარა თვალი, თუმცა მის წინ მდგარმა ქალმა ისევ გაცხოველებით დაიწყო ლაქლაქი.
– ცოტა უნდა გაინძრე, ლაშა, ასე არ შეიძლება, მართლა მოიმჩვარე, სანამ მე არ მინახიხარ, რაო, აღარ ვარჯიშობ? ისევ გაზარმაცდი? – ეკატერინემ მას გამკიცხავი მზერა სტყორცნა. – არ მიკვირს საერთოდ. და რა შემოვლაზე ლაპარაკობ? მე აქ ორი წუთი კი არ ვაპირებ გაჩერებას, სულელო ბიჭო! – ეკატერინემ თავისი ქურქის ფრიალით შემოაბიჯა და შეძრწუნებულმა ლაშამ დაინახა, როგორ გადმოროხროხდა მის უკან სახელურიანი უზარმაზარი ჩემოდანი ზღურბლზე. კარებთან ორი დიდი სხვა ჩემოდანი, უამრავი კოლოფი და ყუთი იდო. – ეგ რაც არის, უნდა შემოზიდო. არ გაწყენს.
ეკატერინემ თვალი მოჰკრა სოფიოს, ჩემოდანი ძირს დაუშვა და მისკენ გაფოფინდა. სოფიო თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა.
-ესაა, ხომ, შენი ცოლი? – შეეკითხა ეკატერინე, თან ისეთი ტონით, რომ პასუხს არ ელოდა. – ჰმმმ…. – მან წრე დაარტყა სოფიოს და ოდნავი ამრეზით შეხედა მის საშინაო, უბრალო მაისურს, მუხლებზე გადაჭრილ ნაჭრის შარვალს და ფლოსტებს. – არა უშავს… არა უშავს… – თქვა მან, თუმცა ლაშა ხვდებოდა, რომ მას კიდევ ბევრი ჰქონდა სათქმელი.
ეკატერინე კიბისკენ გაემართა, ლაშა უკან გაჰყვა. სოფიო ქმარს გვერდში ამოუდგა და თვალებით შეეკითხა. ლაშამ განწირული სახე მიიღო, ეკატერინეს ახედა და დაიჭყანა. ამასობაში ეკატერინე მათ ხალიჩებზე ლაპარაკობდა და წამდაუწუმ აკრიტიკებდა კიბის ჩუქურთმებს.
-მე სასტუმრო საძინებელი მინდა, – წამოაყენა მან მოთხოვნა.
– მე მოგიწყობთ ოთახს, – სწრაფად თქვა სოფიომ, – ახლავე დავასუფთავებ და თეთრეულს…
– როგორ? – მოუბრუნდა ეკატერინე. – და რა, არ არის საძინებელი დასუფთავებული? წესი პირველი, ჩემო კარგო! მთელი სახლი ყოველთვის უნდა წკრიალებდეს…
– კი მაგრამ ჩვენ არ ვიყენებთ იმ საძინებელს…. – დაიბნა სოფიო.
– უნდა წკრიალებდეს! – ჯიუტად გაიმეორა ეკატერინემ. – ყოველთვის! აუცილებლად! ამაზე ორი აზრი არ არსებობს! და გენაცვა, თქვენ გგონიათ, რომ მე თქვენს თეთრეულს გამოვიყენებ, რომლებიც თქვენ გიხმარიათ? – ეკატერინე სოფიოს გამომცდელად ჩააშტერდა. სოფიომ მზერა გაუსწორა.
– რა თქმა უნდა, არა… – უპასუხა მან, ეკატერინე შემოტრიალდა და უკან, კიბეებზე ჩავიდა. – ჩვენ სრულიად უხმარი თეთრეულიც გვაქვს…
– არაფერი შეედრება ჩემს ატლასის თეთრეულს! – ხელი აიქნია ეკატერინემ და კიბე ჩაათავა, მერე კი სასტუმრო ოთახისაკენ გაემართა. – იმას გადამიკრავთ. მწვანე ჩემოდანშია. ლაშა, შემოზიდე, ოღონდ ფრთხილად, მეტადრე იმ ყავისფერ ჩემოდანთან, პარიზშია ნაყიდი, – ეკატერინე მედიდურად ჩამოჯდა სავარძელში, ქურქი მოიძრო და სოფიოს მიაწოდა. დაბნეულმა სოფიომ ქურქი გამოართვა. – იქ ჩემი საჩაიე სერვიზია, ფრთხილად… თქვენც, გენაცვა… – მიმართა სოფიოს, – ეგ ქურქი თქვენზე უფროსია, მოწიწებით მოეპყარით…
სოფიო და ლაშა ჰოლში გავიდნენ. სოფიომ უსიტყვოდ ჩამოჰკიდა ქურქი საკიდზე და ლაშას კოლოფებისა და ყუთების შემოზიდვაში დაეხმარა.
-ვინაა ეს ქალი? – ვერ მოითმინა და ჩუმად ჰკითხა ქმარს. – აქ რა უნდა?
– ეს დეიდაჩემია… – ლაშამ სასტუმრო ოთახს მტრულად გახედა. – ვერ ვიტან… აქ იმიტომაა, რომ ჩვენ შეგვამოწმოს…
სოფიოს თვალები გაუფართოვდა.
-მერე? რა გავაკეთოთ? – შეეკითხა იგი.
-გავითამაშოთ. – მოკლედ უპასუხა ლაშამ, კარი დახურა და ისევ სასტუმრო ოთახისაკენ გაემართა.
მალევე სამივენი იქ ისხდნენ, ეკატერინე ისევ თავისას ლაქლაქებდა, საოცარი სისწრაფით ხტოდა ერთი თემიდან მეორეზე.
-აბა, ბავშვებო? – იკითხა მან და წყალი მოწრუპა. – სოფიო, გენაცვა, ორსულად ხომ არა ხარ?
სოფიოს წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა. ეკატერინე თავისას აგრძელებდა.
-იცით, რა, უკვე დროა, ბავშვებზეც უნდა იფიქროთ. ოჯახი არასოდეს არ არის მთლიანი პაწაწუნების გარეშე. აბა, პატარ-პატარა ფეხების ტყაპატყუპი თუ არა გესმის ოჯახში, ეს რა ოჯახია? თან დარწმუნებული ვარ, რომ გიფიქრიათ ამაზე…
ლაშამ დეიდის მყივანა ხმა გამოთიშა და ფიქრი დაიწყო, მართლაც, არ უფიქრია ბავშვებზე ადრე… წარმოიდგინა პაწაწინა არსება, მისი ურჩი, მუქი ყავისფერი თმითა და სოფიოს მწვანე თვალებით…
-ჩვენ… – ლაშამ სოფიოს გადახედა. მის ცოლს სახე ალეწოდა. ლაშამ ყელი ჩაიწმინდა. – …ვცდილობთ… დიახ, ვცდილობთ…
ეკატერინემ თავი დაუქნია.
-ალბათ, არ არის საკმარისი… – მოიღუშა ეკატერინე. – უფრო მეტად უნდა შეეცადოთ, მეტი…
– ეკატერინე დეიდა, – შეაწყვეტინა ლაშამ. არ უნდოდა, რომ ამ ბებერს გაეგრძელებინა სათქმელი. – თქვენი ბაღი როგორ მდგომარეობაშია?
ეკატერინეს წამსვე გაუფართოვდა ნაცრისფერი თვალები და ლაქლაქს მოჰყვა მის ბაღზე, თავის პეტუნიებსა და შროშანებზე და მათი მორწყვის მეთოდებზე.
-*-*-*-*-
სოფიო შხაპს იღებდა. იმის შემდეგ, რაც ეკატერინეს ელაპარაკა (უმთავრესად ეკატერინე ლაპარაკობდა, რა თქმა უნდა), მისი საძინებელი დაასუფთავა და თავისი სააბაზანო გამოასუფთავა, რათა შიგნით ეკატერინეს ნივთები დაეწყო(უამრავი ფლაკონები, გელები, შამპუნები, ტანის, სახის, ხელების, ფეხების კრემები, ათასი სხვა), საშინლად დაღლილი იყო. მხოლოდ ორი სააბაზანო ჰქონდათ, რომელთგანაც ერთს სოფიო ხმარობდა, მეორეს ლაშა, მაგრამ სოფიოს მოუწია თავისი სააბაზანოს დათმობა და ლაშასთან გადაბარგება. ისღა უხაროდა, რომ ორი სატუმრო საძინებელი ჰქონდათ და ლაშას არ მოუწევდა, თავისი მიეცა დეიდისათვის.
სოფიომ ამოიხვნეშა და შხაპი გამორთო. ტანი შეიმშრალა, მუქი ლურჯი საცვალი და მუხლებამდე დაშვებული, მკერდზე ორმაგი ქსოვილით დაფარული პიჟამა ჩაიცვა, თავისი შამპუნი და ტანის გელი მიალაგა ლაშას საპონსა და შამპუნს გვერდით, თმა დაიმშრალა საშრობით, სააბაზანოს იატაკი მოწმინდა, და გარეთ გამოვიდა.
სოფიომ ჩუმად ჩაიპარა დერეფანში, ფეხზე არაფერი ეცვა.
„ლაშას ალბათ სძინავს,“ გაიფიქრა მან. მისი ქმარი მასზე ნახევარი საათით ადრე ამოვიდა ზემოთ დასაძინებლად, თვითონ კი ეკატერინეს საჩაიე სერვიზი უნდა დაეწმინდა და მიელაგებინა. ეკატერინესაც ალბათ უკვე ეძინა, თავის ატლასის თეთრეულში გახვეულს.
სოფიომ კარი შეაღო, და თვალებდაჭყეტილი გაშტერდა.
მის ლოგინზე, პიჟამა შარვლის ამარა, ლაშა იწვა და ხელები თავქვეშ ამოედო.
სოფიო ძალაუნებურად მიაშტერდა  ქმრის გამოჩენილ ძლიერ მკერდსა და ტორსს.
ლაშამ შეხედა და გაიღიმა.
-ძლივს მოხვედი, – უთხრა მან და იდაყვებზე წამოიწია.
 სოფიო აილეწა, როცა შეამჩნია, როგორ ნელა და ყურადღებით ჩაათვალიერა ქმარმა თავიდან ბოლომდე.
ლაშამ წარბი ასწია და ლოგინზე წამოჯდა.
-აბა? – ჰკითხა მან. – არ აპირებ დაწოლას?
სოფიოს ენა ჩავარდნოდა.
ხმა ვერ გასცა, ვერც კი გაინძრა.
მერე კი ლაშა ლოგინიდან წამოდგა და მისკენ ნელი ნაბიჯებითა და ზანტი ღიმილით გამოემართა.
-*-*-11-*-*-
ლაშა მისკენ გამოემართა, სახეზე ზანტი ღიმილი ეხატა. ოთახში სინათლე არ ენთო, და ფანჯრიდან შემომავალი შუქი ლაშას ძლიერ მკერდსა და მკლავებს ეღვრებოდა და მის ცოლს თვალი ვერ მოეწყვიტა. ქმარმა ჩაიცინა და სახეზე შუქი აუთამაშდა.
სოფიო ვერ გაინძრა, გაშტერებულიყო. ლაშა მოუახლოვდა, და როცა სოფიო შეკრთა და გასხლტომა დააპირა, მაგრად მოსჭიდა წელზე ხელი, და ხელში აიტაცა. ცალი ძლიერი მკლავი მუხლებზე შემოხვია და მაგრად დაიჭირა. სოფიოს ხმადაბალი კივილი აღმოხდა.
– ჩუ! – დაუსისინა ლაშამ და ლოგინისაკენ წაიყვანა. – გინდა, იმ გადახჩუებულმა ბებერმა გაიგოს?
-რას… – წაილუღლუღა სოფიომ და ხელებით მხრებზე ჩაეჭიდა. – რას აკეთებ, ლაშა? – მან დაფეთებული თვალებით გადახედა ლოგინს. „რას აპირებს? ღმერთო…“ გაუელვა თავში და იგრძნო, როგორ აუკანკალდა ხელები.
ლაშამ აშკარად იგრძნო მისი ხელების თრთოლა მის მხრებზე, მაგრამ სახის გამომეტყველება არ შეცვლია, მხოლოდ ოდნავ დაეწია ტუჩის კუთხე.
ლაშა ლოგინს მიადგა და სოფიო ზედ დაუშვა. დაფეთებული და თვალებგაფართოებული ცოლი ლოგინს მიეყინა.
მერე მისდა გასაკვირად, ლაშამ გაიღიმა.
-დაწყნარდი, სოფიო, რა გჭირს.. – უთხრა მან, ლოგინზე აძვრა და ცოლისაგან ცოტა მოშორებით წამოგორდა. – უბრალოდ ეგ მყრალი ბებერი ნამდვილი სტალკერია, შეიძლება აი, ახლა გასაღების ჭუჭრუტანიდანაც კი გვიყურებდეს, – სოფიოს თვალები ძალაუნებურად გაექცა კარისაკენ, მაგრამ სწრაფად დაუბრუნდა ქმარს. – ჰოდა ამიტომ… – ლაშამ ჩაიცინა და სოფიოს მიუბრუნდა, – ჯობია რომ ერთ ოთახში დავრჩეთ. რას იფიქრებს, შენი აზრით, ეგ მყრალი ჯაშუში, როცა აღმოაჩენს, რომ ერთ ოთახში არ გვძინავს?
სოფიომ მხრები აიჩეჩა, არ იცოდა, რა ეპასუხა. ლაშას ალაპარაკებამ და მათ შორის დისტანციამ ცოტა დაამშვიდა, მაგრამ მაინც, ქმრის მის საწოლში გამოჩენამ და მასთან ერთად ძილის, თუნდაც ეს მხოლოდ და მხოლოდ ძილის პერსპექტივა ყოფილიყო, მაინც დააფრთხო. ლაშამ აშკარად შეამჩნია ნერვიულობა და მოიღუშა.
-რა იყო? – წამოიწია იგი. – შენ რა… – ლაშამ ტუჩის კუთხე ზემოთ აზიდა და სოფიოს მიაშტერდა. – რა გგონია, რომ მე… – ლაშამ ჩაიცინა, მერე კი თავი გააქნია.
– დაიძინე, სოფიო. – უთხრა მან და საბანი გადაიფარა, მერე კი ხელი თავქვეშ ამოიდო და გაიზმორა. სოფიომ თვალი ვერ მოსწყვიტა ქმრის დაჭიმულ კუნთებს მუცელსა და მკერდზე. მერე კი აილეწა, როცა გააცნობიერა, რას აკეთებდა, სასწრაფოდ შებრუნდა და ნიკაპამდე აიფარა საბანი.
უნდოდა ქმრისათვის ღამე მშვიდობისა ესურვებინა, მაგრამ რაღაცნაირად, თითქოს ვერ გაბედა.
ცოტა ხანი იწვა. თვალი ვერ მოხუჭა.
მართალია, ლაშას ვერ ხედავდა, მაგრამ მის იქ ყოფნას გრძნობდა და თითქოსდა მისი სხეულიდან ტალღებად გადმოსულ სითბოში გახვეულიყო.
სოფიო კარგი ხანი გაუნძრევლად იწვა და ფიქრობდა. ფიქრობდა საკუთარ ქორწინებაზე. თავის ოცნებებზე.
ყოველთვის იმედოვნებდა, რომ სიყვარულით გათხოვდებოდა. მაგრამ დაახლოებით უკვე ერთი წელი იყო, რაც ეს იმედი წაერთვა. მის გათხოვებამდე კიდეც, მამამისი საკმაოდ ღიად ლაპარაკობდა თავის მიერ შერჩეულ სასიძოებზე. მაგრამ მათ შორის ლაშა შარაშენიძე არც კი ყოფილა ნახსენები. იმ დღეს, როცა ლაშას ოჯახს ეწვია, იმაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ისინი სარძლოს კანდიდატურას არჩევდნენ და ეს სადილი ერთგვარი „გასაუბრება“ იყო. დღემდე უკვირდა, თუ რატომ აირჩიეს იგი შავგვრემანი ლამაზმანის, ლია ვარდოსანიძისა და წითელთმიანი, თვალწარმტაცი გარეგნობის მქონე რუსუდან კალანდაძის მაგივრად. ნეტავ რა დაინახეს ლაშას მშობლებმა მასში ასეთი განსაკუთრებული? სოფიომ ამოიხვნეშა და მოიბუზა. როცა დედამ გააგებინა, რომ მისთვის საქმრო იყო შერჩეული, სოფიო რამდენადმე იყო შერიგებული იმ აზრს, რომ ოჯახი მისი დაქორწინების შესახებ ულტიმატუმს წაუყენებდა, ამიტომ ეს მისთვის დიდი სიურპრიზი ანდა უსაშინელესი ამბავიც არ ყოფილა. მერე კი, როცა აუხსნეს მისი საქმროს ვინაობა და მისი ფოტო აჩვენეს, სოფიო წამსვე მოიხიბლა. ლაშა ძალიან სიმპათიური ჩანდა სურათზე. „რეალურ ცხოვრებაში უკეთესია,“ გაიფიქრა სოფიომ და იგრძნო, როგორ აელეწა ლოყები.
მერე კი იმედოვნებდა, რომ ლაშა ისევე შეეცდებოდა ამ ქორწინების უბრალო ფარსიდან უფრო მეტ რამედ გადაქცევას, როგორც თვითონ, მაგრამ ლაშას ეს აშკარად არ სურდა. თავიდან სოფიო მისდამი ძალიან ნეგატიურად განეწყო, და რაღაც მომენტში შეზიზღდა კიდეც ცოტათი. მაგრამ მერე ცოტა რომ იფიქრა და შეიგნო, რამდენად ძნელი იქნებოდა ლაშასთვის ცოლის მოყვანა, როცა სხვა უყვარდა, მისდამი პატივისცემითა და თანაგრძნობით განიმსჭვალა.
მაგრამ მერე, მისმა აშკარად სიარულმა მის შეყვარებულთან, სოფიოს მიმართ უხეშმა მიმართვებმა და მოქცევამ მისდამი შთაბეჭდილება სულ გაუფუჭა. იგი იმას არ უშლიდა ხელს, რომ ლაშას თავის საყვარელ ქალთან ეარა, და რა საჭირო იყო მისდამი ასეთი ცუდი მოპყრობა? მათი ქორწინება სოფიოს ბრალი ხომ არ ყოფილა…
მაგრამ ამ ბოლო დროს, რაც ლაშა სულ უფრო მეტად რჩებოდა სახლში და რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად, სოფიოში ისევ გაიღვიძა მისდამი თავიდან პატივისცემამ, მერე მოხიბლვამ. მერე კი მისდა გასაოცრად, უფრო მეტშიც კი გადაიზარდა. ლაშას გულგახსნილობა, მისი ინტელიგენტურობა, სპონტანურობა და იმ საღამოს ასეთი მხიარულებისა და იუმორის გამოჩენამ სოფიოში იმდენად თბილი გრძნობა გააჩინა, რომელიც არასოდეს არ ჰქონია. მკაცრ ოჯახში იზრდებოდა, ბევრი მეგობარი არ ჰყოლია და იმის შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრა, თითქმის ყველასთან გაწყვიტა კავშირი. რამდენიმე კარგი ნაცნობიღა ჰყავდა უნივერსიტეტში. ამიტომ მამაკაცებთან უშუალო ინტიმურ ურთიერთობაშიც კი არასოდეს ყოფილა. რა თქმა უნდა, მისი მეგობარი გოჩა იქ იყო, მაგრამ იმის მერე, რაც ლაშასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა, იმდენად ხშირად აღარ ეკონტაქტებოდა ხოლმე, მხოლოდ ორიოდე ზარით კვირაში.
მაგრამ მერე… სოფიომ ამოიხვნეშა და ზურგზე გადაბრუნდა. მერე ლაშას შეყვარებული, ლიკა აბუსერიძე მოვიდა აქ… სოფიოსაც კი გაუკვირდა მისი თავხედობა. ესმოდა, რომ იგი ლაშას უყვარდა იგი, მაგრამ ეს უფლებას არ აძლევდა ასე ღიად შემოჭრილიყო ლაშასა და მისი კანონიერი ცოლის სახლში.
მერე კი ლაშამ უთხრა, რომ იგი ლიკას არ დაკონტაქტებია… და აკოცა… სოფიომ სახეზე ხელები აიფარა. ლაშა ტუჩებზე ეძგერა და მაგრად, ამავდროულად ნაზად აკოცა. მთელი ის ღამე სოფიო იმაზე ფიქრობდა, რომ მისმა ქმარმა, მისმა ფიქციურმა ქმარმა, რომელთანაც შანსი არ ჰქონდა, მისი პირველი კოცნა მოიტაცა.
სოფიომ ქმრისკენ გააპარა თვალი. ლაშა ისევ ზურგზე იწვა, სახეზე ნაზი რძისფერი შუქი ეღვრებოდა, ხელი ისევ თავქვეშ ამოედო და წყნარად ფშვინავდა.
სოფიოს უცებ ძალიან მოუნდა, რომ ქმარს შეხებოდა.
ნელა, გაუბედავად გადასრიალდა ლოგინზე, თან ლაშას სახეს მისჩერებოდა. გული ჩაქუჩივით ურტყამდა მკერდში. ნელა, ძალიან ნელა მიუწვა გვერდით ქმარს და თავი კანკალით დაუდო მხართან, ხელი კი მკლავზე დაადო. მისი თითები გაუბედავად და თრთოლით ჩაჰყვნენ ქმრის მკლავის სიგრძეს და სოფიომ იგრძნო ძალა, რომელიც მკლავის კუნთებში იმალებოდა.
გააჟრიალა.
ისევ დაფეთებული აჰყურებდა ქმარს, ეშინოდა, ლაშას არ გამოღვიძებოდა. რა სირცხვილს ჭამდა, ბიჭს რომ ახლა თვალები გაეხილა!
ლაშას სხეული თბილი იყო და სოფიო ინსტინქტურად უფრო ახლოს მიუჩოჩდა.  ნელ-ნელა თვალები ეხუჭებოდა და უფრო ძნელი გახდა, რომ ლაშას სახისათვის ეცქირა.
მერე კი ძილმა წაართვა თავი.
-*-*-*-*-
ლაშამ დილით გაიღვიძა.
სულ პირველად რაც იგრძნო, იყო თბილი სხეული მის მკლავებში.
ნაზი ციტრუსის სურნელი შეისუნთქა და თვალები ზანტად გაახილა.
მის მკლავებში სოფიო იწვა, თვალები დაეხუჭა და მისი სუნთქვა თბილად ეფრქვეოდა ლაშას ყელზე. ბიჭმა ზარმაცად გაიღიმა. სოფიოს წელზე გადადებული მკლავი ასწია და ცოლს მზის შუქით განათებულ მუქ ქერა თმაზე ხელი გადაუსვა. სოფიო არც კი შენძრეულა, მხოლოდ ოდნავ შეუთრთოლდა მუქი წამწამები. ლაშამ ხელი ყელზე გადმოიტანა, თან თვალებმინაბული მისჩერებოდა სოფიოს ძილისაგან გაწითლებულ ტუჩებს. ხელი მხარზე გადაიტანა და ზედ გადადებული პიჟამის თასმა გვერდზე გადასწია, რომ უფრო მეტი ხორბლისფერი, რბილი კანი შეეგრძნო.
მერე კი რაღაც ცხოველურმა შეგრძნებამ წამოუარა.
თავი დახარა და სოფიოს ტუჩებზე ნაზად აკოცა, ხელი კი ისევ წელზე შემოხვია და ახლოს მოიზიდა. ერთმანეთს აეკვრნენ. ლაშას ისევ ბურანით მოცული გონება ნეტარებამ მოიცვა და ცოლი უფრო მაგრად ჩაიხუტა.
რა საოცარი იყო სოფიოს მის მკლავებში მომწყვდევა, ვერც კი შეედრებოდა…
ლაშას ფიქრი გაუწყდა.
„ლიკა!“ გაუელვა მას თავში, სწრაფად მოშორდა სოფიოს და ლოგინიდან გადმოძვრა. მისი ცოლი მოიღუშა სითბოს წყაროს მოშორებაზე და ლაშას ბალიშს ჩაეხუტა.
ლაშამ მკერდზე ხელი მოიჭდო და აჩქარებული გულისცემა შეიგრძნო.
მერე კი სწრაფად შებრუნდა და სწრაფად გავარდა ოთახიდან.
შხაპს რომ იღებდა, ტვინი უტრიალებდა სხვადასხვა ფიქრებით. არ სჯეროდა, რომ ცოლისადმი ასეთი გრძნობა გაუჩნდა.
თან ამ გრძნობას კინაღამ დაჰყვა…
ლაშამ მუშტი ზრიალით დასცხო საშხაპის მუქი მწვანე კაფელით მოპირკეთებულ კედელს. „მე ხომ ლიკა მიყვარს…“ გაიფიქრა მან. „მე ხომ ლიკა მიყვარს…“ მაგრამ გრძნობდა, რომ ამაში ისე დარწმუნებული აღარ იყო, როგორც ადრე. ლიკას უეცრად გამოჩენილი კადნიერება და სნობიზმი ნერვებს უშლიდა და უკვე ეჭვობდა თავის გრძნობებში.
სამაგიეროდ, სოფიო…
მისი ცოლი ნამდვილად არ იყო უბრალოების განსახიერება, როგორც თავიდან იფიქრა. სოფიო საკმაოდ საინტერესო ადამიანი იყო მისი იუმორით, ჭკუითა და გონებამახვილობით. ლაშა მას, იმის მიუხედავად რომ მათი ქორწინება ფიქციური იყო, უკვე დიდ პატივს სცემდა.
„არა მეტს?“ გაუელვა თავში და თავით მიეყუდა საშხაპის კედელს.
სოფიოს მიმართ პატივისცემის გარდა არაფერს გრძნობდა….
…ხომ?
-*-*-*-*-
სოფიომ რომ გამოიღვიძა და ძირს ჩასასვლელად მოემზადა, ლაშა სახლში აღარ დახვდა. სამაგიეროდ აქ იყო გაბერილი ეკატერინე, რომელიც გაბღენძილი წამოგდებულიყო სამზარეულოს სკამზე და საუზმეს ითხოვდა. სოფიომ საუზმე გაამზადა, იჯდა და ჭამდა, ეკატერინეს უაზრო ლაქლაქზე თავს უქნევდა. თან ფიქრობდა.
-სად არის ლაშა? – ჰკითხა მან და ეკატერინეს სიტყვა გააწყვეტინა. ქალმა წარბები აზიდა, მაგრამ მაინც უპასუხა.
– დილით კარგი ხანი ვიყავი ჩამოსული, რომ ჩამოვიდა და წავიდა, ალბათ, ასე ამბობდა, მეგობართან შესახვედრად მივდივარო. – აგდებულად მოახსენა ეკატერინემ, ჩაი მოწრუპა თავისი ფაიფურის ჭიქიდან და ისევ განაგრძო ლაქლაქი.
მაგრამ სოფიო აღარ უსმენდა. თავიდან გული ჩასწყდა. რატომღაც მოეჩვენა, რომ ლაშა „მეგობართან“ კი არა, ისევ ლიკასთან წავიდა, მაგრამ თავი გააქნია. „რატომ ვფიქრობ ასე?“ გაუელვა თავში. „რა საფუძველი მაქვს? ალბათ ბაჩანასთანაა…“ გაიფიქრა მან და უგემურად დაღეჭა სოსისის ნაჭერი.
მერე კი იქვე, მაგიდაზე დადებულ, თავის მობილურ ტელეფონს გადახედა. „ხომ არ დავურეკო?“ გაიფიქრა მან. მაგრამ ეს აზრი უკუაგდო. „მე რა, მისი ინსპექცია ხომ არა ვარ? უფლება აქვს, მეგობართან წავიდეს…“ გაიფიქრა მან და კოვზი დაატრიალა ჩაიში.
მერე კი მისმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
-ერთი წუთით… – მიმართა ეკატერინეს და სწრაფად დაავლო მობილურს ხელი, რომ შეემოწმებინა, ვინ ურეკავდა.
გოჩა.
სოფიო ცოტათი იმედგაცრუებულიც კი დარჩა, მაგრამ მაინც მოხარული იყო, რომ მეგობარმა დაურეკა. მაშინვე გასცა პასუხი.
-ჰო, გოჩა? – თქვა მან ტელეფონში.
– გამარჯობა, სოფიო. – უპასუხა გოჩამ. – დღეს თავისუფალი ხარ?
სოფიომ წარბები ასწია.
-კი… და რაშია საქმე? – შეეკითხა იგი.
– გინდა სადმე გავიდეთ? – შეეკითხა გოჩა. – წამო, სადმე კარგ კაფეში შევჭამოთ, მე მოვალ და გაგიყვან.
სოფიო შეყოყმანდა, მაგრამ ეკატერინე გაახსენდა, და მისკენ გააპარა თვალი. ქალი ტუჩებმოწრუპული მისჩერებოდა და სასწაულებრივად, გაჩუმებულიყო.
-კი, კი, წამოვალ. – სასწრაფოდ დაეთანხმა სოფიო და ფეხზე წამოდგა.
– კარგი, ოც წუთში მანდ ვიქნები. – უთხრა გოჩამ და კავშირი გათიშა.
– ქალბატონო ეკატერინე, მე ახლა გავალ, კარგით? – უთხრა სოფიომ და თეფში ნიჟარაში ჩააყუდა. – ცოტა ხნით გავალ და მოვალ…
-ლაშამ დარეკა? მასთან ერთად მიდიხარ, ხომ? – სოფიომ პირი გააღო, რომ ეთქვა, არაო, მაგრამ ეკატერინეს მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. წამოდგა და სოფიოს მიუახლოვდა. – ჰოდა მიდი, შვილო, წადი. რაღას უცდი? რამე კარგი ჩაიცვი, ხომ სადილზე მიჰყავხარ? აბა ეს კონკები… მიდი ახლა! ჭურჭელს მერე მიხედავ, როცა დაბრუნდები.
ეკატერინემ კარისაკენ უბიძგა და სოფიომ სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო, რომ კარი მის ცხვირწინ მიიხურა. მოიღუშა და შებრუნდა, სწრაფად აუყვა კიბეს.
სიმართლე რომ ეთქვა, ცოტათი გაკვირვებული იყო კიდეც გოჩას შემოთავაზებით, რადგან მას კარგა ხანი იყო, რომ არსად გასვლა არ შემოუთავაზებია. სოფიომ მხრები აიჩეჩა და საძინებლის კარი შეაღო ჩასაცმელად.
-*-*-*-*-
ლაშამ ყავა უხალისოდ მოსვა და ფინჯანი წკრიალით დადო ლამბაქზე.
-აბა, რას მეტყვი? – შეეკითხა იგი მის წინ მჯდარ, ტორტით პირგამოტენილ ბაჩანას. ბაჩანამ მხრები აიჩეჩა და ლუკმა გადაყლაპა.
– არ ვიცი, ძმაო… – უთხრა მან. – ვიცი დეიდაშენის ამბავი, მაგრამ მისი ჯაშუშად გამოგზავნა… – ბაჩანამ ლოყიდან კრემი მოიწმინდა. – ეგ უკვე ზედმეტია…
ლაშამ ამოიხვნეშა და სკამის ზურგზე გადაწვა.
-ანუ მოგიწევს, „ბედნიერი წყვილი“ ითამაშოთ? – ტორტიანი ჩანგალი ჰაერში გაიქნია ბაჩანამ.
– ჰო… არ ვიცი… – თქვა ლაშამ და შეიჭმუხნა. – სოფიო… – მას სიტყვა გაუწყდა და ხელი შუბლზე შემოიჭდო. ბაჩანამ წარბი ასწია.
-რა სოფიო? – ჩაეკითხა იგი.
– არ ვიცი… არ ვიცი… ლიკა და მე… ლიკამ… – ლაშამ სიტყვა აღარ დაამთავრა. ბაჩანა გაოცებული მიაშტერდა.
– რა ლიკამ, ლაშა, რა ჯანდაბა გჭირს? – მოიღუშა ბაჩანა და ჩანგალი დააგდო. – რა ქნა ლიკამ? შენ… – ბაჩანამ ნერწყვი გადაყლაპა. – …იცი?
ლაშა მოიღუშა.
-რა ვიცი? – წამოიწია ის. – რა უნდა ვიცოდე?
ბაჩანას ორჭოფობა დაეტყო.
-არა… – თავი გააქნია მან. – არაფერი…
-რა უნდა ვიცოდე ლიკას შესახებ? – ლაშა ახლა უკვე შეშფოთდა და ცოტათი გაღიზიანდა. – რა ჯანდაბა…
-უნდა  წავიდე, ახლა, ლაშა, კარგი? – უთხრა ბაჩანამ, მანქანის გასაღები აიტაცა მაგიდიდან და სწრაფად გავარდა კაფედან. შიგნით კი პირდაღებული ლაშა დატოვა.
-*-*-*-*-
ლაშამ ხმადაბალი გინებით შეაღო სახლის კარი გასვლიდან საათნახევარში. უნდოდა, ბაჩანას დალაპარაკებოდა, მაგრამ ის ისე გავარდა, თითქოს ნაკვერცხლებზე სვამენო. „რაღაც უნდოდა რომ ეთქვა… მაგრამ არ მითხრა…“ ლაშამ კბილები გააღრჭიალა და კარი ხმაურით მიაჯახუნა.
უკვე ორი საათი იყო.
ლაშა სასტუმრო ოთახში გავიდა, ელოდა გაშლილ სუფრასა და იქვე წამოსკუპებულ სოფიოს. ცოლზე ფიქრში ეკატერინე სულ გადაავიწყდა და პირში სიმჟავე იგრძნო, როცა სავარძელში დაბრძანებული დეიდის მეტი ვერავინ დაინახა.
-სოფიო სადაა? – შეეკითხა ლაშა ხმამაღლა, რომ ახალი ამბებით გატაცებული დეიდის ყურადღება მიექცია. ეკატერინემ წარბები აწკიპა და ისე გამოხედა.
-რაო? – ჩაეკითხა იგი. – სოფიო შენთან არაა? საათის წინ გავიდა და მითხრა, ლაშამ დამირეკაო. როგორ, ესე იგი… შენთან არ იყო?
დამუნჯებულმა ლაშამ თავი გააქნია. „სოფიომ ეკატერინე მოატყუა? მე ხომ არ დამირეკავს… მაშ… სადაა?“
უცებ ლაშა გუმანით მიხვდა.
მიხვდა და თითქოს ურო ჩაარტყეს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ გული ერეოდა, სოფიო ახლა იმ დამპალ გოჩასთან იყო…
ეჭვიანობამ გულ-მუცელი აუწვა.
ფიქრებიდან თითქოს გამოაგდეს, როცა ჰოლის კარის გაღებისა და დაკეტვის ხმა გაისმა.
-ქალბატონო ეკატერინე, დავბრუნდი! – გაისმა სოფიოს ხმა.
ლაშა ჯიქურ შეტრიალდა, ფეხზე წამომდგარ ეკატერინეს მწყრალად გადახედა, რომელიც აშკარად აპირებდა უკან გაყოლას, სასტუმრო ოთახიდან გავიდა და კარი ხმაურით გაიჯახუნა.
სოფიო შესასვლელში იდგა და ფეხსაცმელს იხდიდა. იქვე მიწყობილი ფლოსტები ჩაიცვა და მოახლოებული ნაბიჯების ხმაზე აიხედა.
-ლაშა? – ჰკითხა მან. – მოხვედი უკვე?
– შენ წარმოიდგინე. – სარკასტულად მოუჭრა ლაშამ. სოფიოს თვალები გაუფართოვდა.
– სად იყავი? რატომ მოატყუე დეიდაჩემს? – ხმას აუწია ლაშამ. სოფიო გასწორდა და ქმარს თვალი თვალში გაუყარა.
– მეგობართან ვიყავი, კაფეში…
-ვისთან? – ჩაეძია ლაშა. „ოღონდ გოჩა არა, ოღონდ გოჩა არა…“
– გოჩასთან ერთად ვიყავი. რაშია საქმე? – უპასუხა სოფიომ.
ლაშას სახე დაეღმიჭა და ყბები ერთმანეთს დააჭირა.
-როგორ თუ რაშია? მე ხომ გაგაფრთხილე… – ლაშას ყელში მრისხანების ბურთი მოაწვა.
– და მე გითხარი, რომ ის ჩემი მეგობარია და შენ არავითარი უფლება არა გაქვს მასთან ურთიერთობა ამიკრძალო, – მოუჭრა სოფიომ და კარისაკენ გადაიხედა. – ჩუმად იყავი, ეკატერინე შეიძლება…
– ეკატერინეს… – ლაშას უნდოდა, ერთი მაგრად შეეკურთხა, მაგრამ თავი შეიკავა. – არ მინდა იმ ზიზილო იდიოტის კომპანიაში იყო…
– რატომ? – ახლა სოფიოსაც დაეტყო გაღიზიანება. – მაინც რატომ? ერთი მიზეზი მომეცი, ლაშა, ერთი მიზეზი!
– იმიტომ რომ მე ასე მინდა! – აფეთქდა ლაშა. სოფიომ ბრაზით გააქნია თავი.
– არა. ეგ არაა საკმარისი. – თქვა მან, ლაშას გვერდით ჩაუარა და კიბისაკენ გაემართა. ლაშაც შემოტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
– სოფიო, გაჩერდი! – იყვირა მან, არ აინტერესებდა, რომ ახლა ეკატერინე ტკიპასავით შეიძლებოდა ყოფილიყო აკრული სასტუმრო ოთახის კარზე. – სოფიო!
– თავი გამანებე, ლაშა. – სოფიო კიბეებს აუყვა.
ლაშამ კბილები დააღრჭიალა.
ხელისგულებში ცივმა ოფლმა გამოჟონა და სხეულში შიშის ჟრუანტელმა დაუარა.
ადგილს მიეყინა, თითქოს სუნთქვა არ ჰყოფნიდა.
სიტყვები ენის წვერზე მოადგა.
ცოტაც და სოფიო ვერანდაზე გადავიდოდა…
-რატომ და იმიტომ, რომ იმ ტიპს მოსწონხარ! – უცებ იფეთქა ლაშამ. სოფიო გაქვავდა და ელვის სისწრაფით შემოტრიალდა. – იმიტომ რომ ვთვლი, რომ აბსოლუტური, დამპალი იდიოტია, და ვერ ვიტან, შენთან ახლოს რომ არის, გაიგე?
სოფიო თვალებგაფართოებული უყურებდა, მაგრამ ლაშა გაჩერებას არ აპირებდა.
-იმიტომ რომ ვეჭვიანობ! – იღრიალა მან. – ჰო, დაკმაყოფილდი? ვეჭვიანობ, ამის დედაც… ვერ ვიტან მაგ ტიპს და სიამოვნებით მივახრჩობდი! ვერ ვიტან იმიტომ, რომ მაგ თუთიყუშმა იცის, რომ ჩვენი ქორწინება სიყვარულით არ მომხდარა და შენ უნდიხარ, გაიგე? უნდა, რომ მისი ცოლი გახდე! და იცი, კიდევ, რატომ? – ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა. სოფიო თვალებში ჩასცქეროდა, ლაშამ თვალი გაუშტერა ცოლის გაფართოებულ, მწვანე თვალებს და ამოთქვა:
– და იმიტომ, რომ არ მინდა სხვისი ცოლი იყო.
ლაშას თითქოს ხმადაბალი, მაგრამ ჟღერადი წინადადება მეხის დაცემასავით გაისმა ჰოლში.
ლაშა კიბეზე იდგა, კიბის სახელური ჩაებღუჯა და მთლად აკანკალებული აჰყურებდა ცოლს.
სოფიო კი გაქვავებული მიშტერებოდა.
დრო თითქოს გაჩერდა.
-*-*-12-*-*-
“იმიტომ რომ არ მინდა, სხვისი ცოლი იყო.“
სოფიოს გონებაში ეს სიტყვები ზარებივით რეკდნენ. გულმკერდი დაეჭიმა და უცნაურად ეტკინა.
სუნთქვა შეეკრა, გული აუფრთხიალდა. იმედი გაუჩნდა.
„იქნებ…?“
მაგრამ შემდეგ ლაშას შეყვარებული გაახსენდა… ლიკას თვითკმაყოფილი ღიმილი, ჩურჩული ლაშას ყურში, მისი თავხედური გამომეტყველება…
გაახსენდა სევდა, ნაღველი, დამცირება, სირცხვილი რომელიც ლაშამ მიანიჭა და სიმწარემ მოიცვა მისი არსება. რა უფლება ჰქონდა ლაშას, ასეთი რაღაც ეთქვა მისთვის, როცა ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ? როცა ლიკა მათ სახლში მოვიდა და თავისი არსებობა მწარედ ჩაუბეჭდა თავში?
სოფიოს სისხლი აუდუღდა.
ლაშას უფლება არ ჰქონდა, არ ჰქონდა…
-არ ვიცი, რაზე მელაპარაკები, ლაშა. – თქვა სოფიომ გულგრილად. დაინახა, მის ქმარს როგორ გაუფართოვდა თვალები. – დაგავიწყდა შენი ულტიმატუმი? მე და შენ მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე ვართ ცოლ-ქმარი. შენ არ გაქვს უფლება, მასეთი უაზრო სურვილები წამოაყენო.
სოფიომ აღარ დაუცადა ქმრის შეპასუხებას, მიტრიალდა და დერეფანს ჩაუყვა.
მერე კი, როცა თავისი საძინებლის კარი მოიკეტა, ლოგინზე დაემხო.
 ლაშას ბალიშს ჩაეხუტა და ცოტა წამოიტირა. ძალიან დაღლილი იყო.
ქმრის სიტყვებმა მთლად გამოაცალა ძალა. ძნელი იყო მასთან ასეთ მგრძნობიარე თემაზე ლაპარაკი.
ლაშას სიტყვები გონებაში აღუდგა. „იმიტომ რომ ვეჭვიანობ!“ სოფიომ თავი ღრმად ჩარგო ბალიშში. არ ელოდა, რომ ლაშა იეჭვიანებდა. გოჩა მხოლოდ და მხოლოდ მისი მეგობარი იყო, მისდამი ზედმეტი არაფერი განუცდია, არ ესმოდა, თუ როგორ ვერ შეეგნო ლაშას, ხომ უთხრა, რომ გოჩა მისთვის მხოლოდ მეგობარი იყო და სხვა არაფერი?
სოფიომ ამოიხვნეშა. თითქოს ქალური გუმანით ხვდებოდა, რომ გოჩას მისდამი გრძნობები ჰქონდა, მაგრამ ამ თემაზე ფიქრს გაურბოდა, არ სურდა, რომ ამაზე თავი ემტვრია და უბრალოდ, ზედმეტად შეწუხებულიყო. ახლა კი, მისმა ქმარმაც კი შეამჩნია…
სოფიომ ცხვირით შეისრუტა და საბანს გადასწვდა. მერე კი შიგნით  გაეხვია და შეეცადა არაფერზე არ ეფიქრა.
-*-*-*-*-
ენაჩავარდნილი და გაშეშებული ლაშა კიბის საფეხურზე იდგა და ვერ ინძრეოდა.
თვითონაც კი ვერ გაეგო რა მოხდა.
წეღან უეცრად იფეთქა, თავი ვეღარ შეიკავა.
სოფიოს ყველაფერი უთხრა, რაც აწუხებდა, იმ გაყეყილი იდიოტის, ეჭვიანობის შესახებ, სოფიომ კი…
ლაშას სუნთქვა გაუძნელდა.
სოფიომ კი უცნაური, თითქოსდა მეფური გულგრილობით დაბლოკა მისი სიტყვიერი შემოტევა, ორიოდე წინადადებით გააცამტვერა მისი მოლოდინი და იმედი.
ლაშამ თავზე მოიჭირა ხელი და კბილები გააღრჭიალა. მართლა იმედოვნებდა, რომ სოფიო უეცრად გატყდებოდა, კიბეზე ჩამოირბენდა და ქმარს ჩაეკვრებოდა, ლაშა ახლოს მიიხუტებდა, მისი სხეულის სითბოსა და ციტრუსის სურნელს იგრძნობდა…
არ გამოუვიდა.
არ გამოუვიდა…
-ამის დედაც! – დაიღრიალა ლაშამ.
გამწარებულმა საფეხურს წიხლი ჰკრა და ტკივილის იგნორირებით, სანახევროდ კოჭლობით გამობრუნდა და გააფთრებულმა ჩაიარა ჰოლი.
თვალის კუთხიდან სასტუმრო ოთახის ზღურბლზე მდგარი ეკატერინე დაინახა, რომელიც თვალებგაფართოებული და პირდაფჩენილი მისჩერებოდა.
-რას მომჩერებიხარ? – თვალებში სისხლი მოაწვა ლაშას, – გაეთრიე! – იფეთქა მან, ეკატერინეს შეკრთომას ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ გარეთ გავარდა, კარები კი უკან გამაყრუებელი ზრიალით მოიჯახუნა.
მანქანით რომ ქალაქში მიქროდა, თავს რამდენჯერმე ძალა დაატანა, რომ თავი დაეოკებინა და შემთხვევით რამე სისულელე არ ჩაედინა. წითელ შუქნიშანზე ოთხჯერ შეუჩერებლად გაიქროლა და გიჟივით გავარდა ლიკასკენ.
შიგნეული უდუღდა, მრისხანებისგან თვალთ უბნელდებოდა.
„ასე, ხომ?“ კბილები გააშიშვლა მან, „ასე გინდა? ჩემი დამცირება გინდოდა? გინდოდა სირცხვილი მეგრძნო? ჰოდა გამოგივიდა… ამიტომ მეც იგივეს ვიზამ…“
ლაშამ მოწყვეტით გააჩერა მანქანა ლიკას კორპუსთან, მანქანის კარები მიაჯახუნა და ჯიქურ აუყვა კიბეებს.
ლიკას ბინის კარზე მოწყვეტით და ძლიერად დააბრახუნა.
კარი აშკარად დამძინარევმა და თხელ პიჟამაში გამოწყობილმა ლიკამ გააღო.
-ლაშა? – გაოცებით შეეკითხა იგი. – რას…
მაგრამ ლაშამ არ დააცადა და მთელი ძალით ეძგერა ტუჩებზე, ლიკა ბინაში შეათრია, მათ ზურგს უკან კარი ფეხით მიხურა და მის ტანზე ნდომიანად შემოხვეულ ლიკასთან ერთად საძინებლისკენ წაბარბაცდა. უნდოდა რომ დაევიწყებინა, დაევიწყებინა…
უნდოდა დაევიწყებინა სოფიო.
თუნდაც სულ ცოტა ხნით.
-*-*-*-*-
სოფიოს რომ გამოეღვიძა, უკვე მზე ჩადიოდა და ოთახს ღია ფანჯრიდან მზის მეწამული სხივები ეღვრებოდა. სოფიომ თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა.
თვალები მზის შუქის გამო თითქოს ალმოდებულ ოთახს მოავლო, უეცრად საშინალდ მარტოდ იგრძნო თავი.
ვიღაცის კომპანია სჭირდებოდა ახლა.
„ლაშა? ო, არა, ოღონდ ლაშა არა… „ გაიფიქრა მან. მერე კი გონება მათი სახლის ახალ სტუმარზე გაექცა. „მართალია, ეკატერინე ბევრს ლაქლაქებს, მაგრამ მის ლაქლაქს ახლა მოვუსმენ მაინც, იქნებ რამე საინტერესოს ამბობს…“
ცხვირის წმენდით ჩაათავა კიბე, ნელა მიმოათვალიერა ჰოლი, და ფრთხილად შეჰყო თავი სასტუმრო ოთახში. ლაშა ვერსად შეამჩნია. სოფიომ შვებით ამოისუნთქა. არ უნდოდა ახლა ლაშას პირისპირ შეხვედროდა იმ ინცინდენტის მერე. სამზარეულოსკენ გაემართა მაშინვე.
კარი შეაღო და გაშეშდა. ქურასთან ეკატერინე იდგა და რაღაცას ამზადებდა, ისევ თავისი ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა და თმა კოხტად ჰქონდა დატალღული, მაგრამ სამაგიეროდ წინსაფარი აეფარებინა და ძალიან გულმოდგინედ ურევდა რაღაც მოწითალო სქელ მასას ქვაბში. სამზარეულო სასიამოვნო სურნელით იყო ავსებული.
-ქალბატონო ეკატერინე… – ამოილუღლუღა სოფიომ. – რას აკეთებთ…
ეკატერინემ უცნაურად გადმოხედა. სოფიოს თვალები გაუფართოვდა.
-დაჯექი. – უთხრა ეკატერინემ და მაგიდისკენ გაუქნია თავი. სოფიო შეყოყმანდა, მაგრამ მაინც, ნელა გაიწია მაგიდისაკენ, სკამზე ჩამოჯდა და კალთაში დაიკრიფა ერთმანეთში გადახლართული ხელები.
მერე უეცრად გაახსენდა.
ლაშა ხომ ბოლო ხმაზე ყვიროდა, ეკატერინე ყველაფერს გაიგონებდა…
სოფიოს უეცრად თავბრუ დაეხვა, მოუსვენრობამ და სასოწარკვეთილებამ აიტანა.
-მისმინე. – უთხრა უეცრად ეკატერინემ, ქვაბში სქელი მასის მორევას თავი ანება და სოფიოსკენ შემოტრიალდა. – სიმართლე იყო ის, რაც მე  გავიგონე? სიმართლე იყო, რაც შენ თქვი? რომ შენ და ლაშას ცოლ-ქმრული ურთიერთობა არა გაქვთ?
სოფიომ თითები ლამის გადაიმტვრია, სახე დაეღმიჭა.
-მე… ლაშამ… – სოფიოს გული ამოუჯდა. აზრი არ ჰქონდა უარყოფას. – დიახ, მართალია. – ძლივს ამოთქვა მან. ყელში ბურთი მოაწვა და გაფაციცებით მიაშტერდა ეკატერინეს. მის რეაქციას ელოდა. ელოდა ამოფრქვევას ვულკანისას, ეკატერინე წამსვე დას გადაურეკავდა, ყველა ყველაფერს გაიგებდა, მერე კი… მერე კი ღმერთმა იცის რა მოხდებოდა…
– არავის არაფერს ვეტყვი. – უეცრად გააწყვეტინა ეკატერინემ ფიქრი.
სოფიოს თვალები კინაღამ გადმოსცვივდა.
-ყველაფერი მომიყევი. – უთხრა უეცრად ეკატერინემ. სახეზე შეწუხებული იერი ეხატა. – რატომ არ სურს შენთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდეს? რაშია საქმე? ნეტავ იცის, მამამისს და დედამისს შვილიშვილი რომ უნდათ?
სოფიო აილეწა, თავი გააქნია.
-ლაშას… – სოფიომ ამოიხვნეშა, ეკატერინეს თვალი გაუსწორა. – ლაშას შეყვარებული ჰყავს.
– ჩემი სიკვდილი! – შეხტა ეკატერინე, ლოყაზე ხელი შემოირტყა, და თვალებგაფართოებული სწრაფად ჩამოჯდა სოფიოს პირისპირ სკამზე. – როგორ თუ შეყვარებული… – სოფიომ თავი დაუქნია. თვალები ეწვოდა.
ეკატერინემ, აკარად აღშფოთებულმა და გაბრაზებულმა, თავი გააქნია.
-როგორ… როგორ ბედავს. ჩემი სიკვდილი რატომ არ არის ახლავე. რას ქვია, შეყვარებული? ნუთუ ხვდება, რას აკეთებს? – ეკატერინემ თავი გააქნია და ცალი ხელით დაინიავა.
სოფიომ მწარედ აიჩეჩა მხრები.
-სოფიო, კიდევ მომიყევი. – უთხრა ეკატერინემ. სოფიო თვალებში ცრემლებმომდგარი მიაშტერდა. ეკატერინე ხვნეშით წამოდგა, მაგიდას შემოუარა და სოფიოს გვერდით დაუჯდა.
– მისმინე, და გამიგე. – უთხრა ეკატერინემ. – ვიცი, რომ არც შენ და არც იმ… მოღალატეს… – ეკატერინემ სიტყვა კბილებშუა გამოსცრა, – არ მოგწონვართ. მაგრამ მე მინდა, რომ დაგეხმაროთ. აქ იმისთვის მოვედი, რომ თქვენთვის მხარი დამეჭირა, შემეგულიანებინეთ, დამერწმუნებინეთ, რომ თქვენი ქორწინება წარმატებული იქნებოდა.
– ქალბატონო ეკატერინე… მე… – ამოთქვა სოფიომ და აწყლიანებული თვალებით შეხედა. ქალმა შეწუხებულმა გამოხედა.
– ვიცი, რომ რაღაც ხდება კიდევ. – უთხრა ეკატერინემ. – მითხარი, რა ხდება. რა ქნა ლაშამ?
მისი შეწუხებული გამომეტყველებისა და მზრუნველი ტონის გაგონებაზე სოფიოს უეცრად ყელში მომჯდარი ბურთი გაუსკდა.
მეტი ვეღარ მოითმინა.
გოგონას ცრემლები წასკდა და მის წინ მჯდომარე ქალს ტირილით ყველაფერი უამბო. უამბო როგორ უხეშად შეხვდა ლაშა, მის გამო როგორ მოუწია სახლში წვიმაში მარტოს გასვლა, როგორ დაფეთებული ელოდა და არ მოვიდა… როგორ გადმოაგდო მანქანიდან თავისი შეყვარებულის გამო, როგორ აღარ მოვიდა მის წამოსაყვანად და როგორ გაუცრუა იმედები…
სოფიო გულამომჯდარი ტიროდა და კანკალებდა, ეკატერინე კი მოღუშული იჯდა და კედელს თვალებით ბურღავდა.
სოფიომ გული მოიოხა და ტირილისაგან ისეთი დაოსებული და არაქათგამოცლილი იყო, რომ ეკატერინემ ზემოთ ააგზავნა.
სოფიო ისევ წეღანდებურად დაეგდო ლოგინში და საბნებში გაეხვია.
ვერც კი მიხვდა, როგორ წაართვა ძილმა თავი.
-*-*-*-*-
ლაშა რომ სახლში მობრუნდა, უკვე საღამოს თერთმეტი საათი იყო. ნასიამოვნები გახლდათ, დაღლილი და ცოტათი შემთვრალიც კი. უაზრო ღიმილით შეაღო კარი და ზურგს უკან ღიღინით მოიკეტა.
შემოტრიალდა თუ არა, თვალში უსიამოვნოდ გაეჩხერა ჰოლში მდგარი, მოღუშული, მკლავებგადაჯვარედინებული ეკატერინე.
-აქ რას აკეთებ? – გაწყრა ლაშა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. – წადი, დაეგდე ლოგინში და დაიძინე! რას დამდგახარ აქ სარივით, ბებერო! – „ძილშიც გაპარულხარ..“ დაამატა ხმადაბლა.
ეკატერინემ თვალები დაავიწროვა.
-აბა ახლა მომისმინე, შე პატარა მურთხო. – სრულიად სერიოზულად დაიწყო ეკატერინემ. ლაშა მოიღუშა.
– სოფიომ ყველაფერი მითხრა. – დაახეთქა ეკატერინემ. ლაშამ წარბი ასწია.
– მართლა? – გაიცინა მან. – აბა რა?
– როგორ საზიზღრად ექცეოდი, როგორ არ ცდილობ თქვენ შორის ურთიერთობის აწყობას, როგორ დაეთრევი შენს შეყვარებულთან აქეთ-იქით…
ლაშამ წარბები შეკრა.
-მე ვისთან დავდივარ, მისი საქმე არაა. – დაისისინა მან. – მაგან თავის საქმეს მიხედოს…
– მართლა? – მოუჭრა ეკატერინემ. – ესე იგი მისი, როგორც შენი ცოლის საქმე არაა, რომ შენ სხვასთან დადიხარ, და ამავდროულად შენი საქმეა ის, რომ სოფიოს მეგობრები ჰყავს? – ეკატერინემ ზიზღით შეხედა. ლაშამაც ტოლი ზიზღით სავსე თვალები მიატრიალა მისკენ. – დისშვილო, ყოველთვის ვცდილობდი, შენთან თავი შემეკავებინა, მაგრამ ახლა ვეღარ მოვითმენ, ეს უკვე მეტისმეტია. ზღვარს გადახვედი უკვე! შენ, ლაშა, ხარ თავკერძა და მდაბალი იდიოტი, რომელიც ვერ ხვდება რა გააჩნია. აი, ეს ხარ შენ.
ლაშა შეტოკდა და თვალებიდან ცეცხლი დააკვესა.
-როგორ მიბედავ! – იღრიალა მან. – ჩემს საკუთარ სახლში! მყრალო ბებერო! ეშმაკსაც წაუღიხარ! – ლაშამ კბილები დააღრჭიალა და მრისხანება რომ რამენაირად ჩაეხშო, იქვე მდგარ დეკორატიულ სადგამს ხელი დაავლო და მთელი ძალით შეალეწა კედელს. მერე კი ქოშინით ჩაუარა ადგილზე მიყინულ ეკატერინეს და კიბეებზე ავარდა.
– ინანებ, ლაშა! – იყვირა უეცრად ქალმა და ლაშა გაშეშდა, მაგრამ არ შემობრუნებულა. – იცოდე, ერთი დღე მოვა, და ინანებ, გაიგე?
ლაშამ მრისხანებით სავსე სახით გადმოხედა.
-ჩაკვდი, რა. – დაისისინა მან და ეკატერინეს ქვასავით ძლიერ მზერას საკუთარი შეაგება. მერე კი შებრუნდა და კიბეებზე ავიდა.
დერეფანს არ დაჰყოლია, მარჯვნიდან მეორე, სასტუმრო საძინებელი ოთახის კარებს მიადგა.
გააღო, ხმამაღალი გინებით შევიდა და ზურგს უკან კარი გამაყრუებელი ზათქით მოიჯახუნა.
-*-*-13-*-*-
შემდეგმა ორმა თვემ მალე გაიარა და შესრულდა ლაშასა და სოფიოს ქორწინებიდან ხუთი თვე. ცოლ-ქმარს შორის ისევ საშინელი დაძაბულობა და უთანხმოება იყო ჩამოვარდნილი. მით უმეტეს იმის შემდეგ, როცა ბაჩანამ ვეღარ მოითმინა და სოფიოს გადაკრულად ესროლა საუბარში სიტყვა, რომ ლაშა ისევ ლიკასთან დადიოდა. თუმცა ამას სოფიო თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა.
ლაშას ისევ სასტუმრო საძინებელში ეძინა და დღითი დღე უფრო ღიზიანდებოდა, ნერვიულდებოდა. ლიკასთან ცდილობდა შეენარჩუნებინა ურთიერთობა და მასთან ხშირად რჩებოდა, მაგრამ ლიკა უფრო და უფრო კაპრიზიანი, კადნიერი, და მომთხოვნი ხდებოდა. იგი ითხოვდა, რომ ლაშა სოფიოს გაჰყროდა.
ლაშა კი…
ლაშამ კი თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა. რა იოლი და უბრალო იყო ადრე ყველაფერი. უნდოდა ლიკა ეთხოვა, მამამისის ბიზნეს-იმპერია ჩაებარებინა, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, ჰქონოდა ოჯახი და მშვენიერი სამუშაო.
მაგრამ მერე სოფიო ათხოვნინეს.
არ იცოდა, როგორ ჩამოეყალიბებინა მისი აზრი სოფიოს შესახებ.
მისი ცოლი, როგორი უბრალო ეჩვენა თავიდან, როგორი საშუალო… მაგრამ მერე, გაიცნო ნამდვილი სოფიო, საინტერესო, მხიარული არსება…
ლაშას ხშირად მოუნდებოდა ხოლმე, თავი მაგრად ეხეთქებინა კედელზე.
იმის შემდეგ, რაც სოფიოს თავისი ეჭვიანობის შესახებ უთხრა და ცოლმა გულგრილად უთხრა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო, სოფიო უფრო გულჩახვეული გახდა. მის გარშემო თავს ასწევდა, ორიოდე სიტყვას ეტყოდა მხოლოდ, იმასაც ფორმალურად. მწარედ იღიმოდა, როცა ლაშას დილით დაინახავდა მხოლოდ, წინადღით გასულს.
ლაშამ იცოდა, რომ სოფიო ინფორმირებული იყო მისი ლიკასთან სიარულის შესახებ. არ იცოდა, ამის შესახებ რა ეგრძნო. ხანდახან ყელში მოაწვებოდა სირცხვილი, რამოდენიმე წუთში კი ფიქრობდა, ახია მაგაზეო. მერე კი ისევ სინდისი დაუწყებდა შიგნეულის წიწკნას.
ხედავდა, რომ მისი ცოლი ჩუმად იტანჯებოდა.
ხედავდა მასში მხიარულებისა და ბედნიერების ნაპერწკალის კვდომას.
ხედავდა, და ნელ-ნელა თვითონაც იტანჯებოდა.
ვერ იტანდა ასეთ ცხოვრებას, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლო. ლიკას ხომ დაჰპირდა, ხომ შეჰფიცა ერთგულება, არ უნდოდა ფიცის დარღვევა…
მაგრამ არც ის არ უნდოდა, რომ სახლში ყოველთვის ასეთი აუტანელი და დეპრესიით აღსავსე ატმოსფერო ყოფილიყო. სიტუაციის გამოსწორება უნდოდა, მაგრამ უბრალოდ არ იცოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს.
მათი ქორწინება შეცდომა იყო. აი, რა უნდოდა, რომ ეფიქრა. მაგრამ უბრალოდ არ შეეძლო. ახსენდებოდა თავისი და მისი ცოლის მშვენიერი მომენტები, სოფიო, ულამაზეს თეთრ კაბაში, ანდა უბრალო საშინაო შარვალსა და მაისურში გამოწყობილი, მომღიმარი და მხიარული. ახსენდებოდა და უეცრად მოუნდებოდა, სოფიო მკლავებში მოემწყვდია…
ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ის შეგრძნება, როცა დილით, ეკატერინეს ჩამოსვლიდან მეორე დღეს გაიღვიძა და მის მკლავებში მძინარე ცოლი დაინახა. ჯერ კიდევ ვერ მოეცილებინა სოფიოს სხეულის სითბოსა და სინაზის შეგრძნება.
ცდილობდა, ეს ყველაფერი ლიკაში ჩაეხშო. უნდოდა, ლიკა ისევ ჰყვარებოდა, როგორც ადრე უყვარდა. „მე ლიკა მიყვარს… მე ლიკა მიყვარს…“ ჯიუტად იმეორებდა მანტრას თავში. არაფერი გამოსდიოდა. გულით უნდოდა, ლიკა ჰყვარებოდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ამის აღიარება არას დიდებით არ სურდა, ქვეცნობიერად მაინც იცოდა, რომ მისი გრძნობები ქალის მიმართ იგივე აღარ იყო, როგორც ადრე. ეს იცოდა, და აშფოთებდა, ლიკასთან ყოფნას ძალიან მიჩვეული იყო, რატომღაც არ უნდოდა ცხოვრების სუფთა ფურცელზე გადაშლა, არ სურდა რომ ლიკა დაეტოვებინა. სჯეროდა, რომ წინანდელი ცეცხლი, რომელიც მათ შორის ენთო, კიდევ გაღვივდებოდა.
საქმეს ის არ შველოდა, რომ ეკატერინე ისევ მათთან ცხოვრობდა. ლაშა სიამოვნებით მოისვრიდა მას გარეთ და შეძლებდა კიდეც, მაგრამ მამამისთან არ უნდოდა ზედმეტი პრობლემების გაჩენა. ისიც საკმარისი იყო, რომ ერთი თვის წინ, მამამისი და დედამისი სტუმრად ეწვივნენ, რაც აბსოლუტური ფიასკოთი, დამტვრეული სკამებით, ხმამაღალი, მრავალფეროვანი გინებითა და მამა-შვილის გაშველებით დამთავრდა. კონფლიქტის მიზეზი, როგორც ყოველთვის, ლაშასა და სოფიოს შორის დამოკიდებულება იყო. მამამისსა და დედამისს თურმე სჯეროდათ, რომ ერთმანეთს შეეწყობოდნენ, მაგრამ ამნაირი ვერაფერი დაინახეს, და მამამისი მთლად გადაირია. შუა სადილზე ვულკანივით ამოფეთქა და ლაშამაც არ დააყოვნა, ჯერ გალანძღეს ერთმანეთი, მერე კი კინაღამ მუშტებით გაუმასპინძლდნენ ერთი-მეორეს. საბედნიეროდ, მირანდამ და სოფიომ იძალეს და გააჩერეს.
„ის დამპალი ბებერი კი ალბათ სეირს უყურებდა.“ ფიქრობდა ლაშა. ეკატერინე, როგორც კი დაინახავდა, მაშინვე ზიზღით აღსავსე მზერას შეაგებებდა, რაღაცას ჩაიბუზღუნებდა და ზურგს შეაქცევდა ხოლმე. მისი ასეთი ქცევა ლაშას უკვე ყელში ამოსდიოდა.
-*-*-*-*-
როცა ლაშა ლიკას სახლიდან დაბრუნდა, ჯერ მხოლოდ საღამოს ექვსი საათი იყო. წამსვე სავარჯიშო ოთახს მიაშურა, რომ ცოტა წაევარჯიშა.
ჰანტელს რომ სწევდა და შუბლიდან ოფლს იწმენდდა, ღრმად ამოიხვნეშა და დაფიქრდა. ლიკასთან ჩვეულებრივ უფრო მეტხანს რჩებოდა, მაგრამ დღეს, და საერთოდაც სხვა დროსაც ეკლებზე იჯდა ხოლმე, ისე უნდოდა ლიკას დატოვება და წამოსვლა. მასთან საუბარი უკვე სიამოვნებას აღარ ჰგვრიდა, ლიკა სულ თავის თავზე ლაპარაკობდა, თან წუწუნებდა, ბუზღუნებდა, მერე ისევ წუწუნებდა… „სამაგიეროდ, აგერ, სოფიო მყავს აქ,“ მწარედ გაიფიქრა ლაშამ და ჰანტელი ძირს დადო. „ის იქცა პასიურ ყინულის დედოფლად, ლიკა კი ცეცხლის მეფის ასული გახდა…“ ლაშამ თავი გააქნია. ორ ცეცხლს შუა იწვოდა. „უფრო სწორი იქნება, ყინულსა და ცეცხლს შორის,“ გაიფიქრა მჟავედ და ფეხზე წამოდგა შხაპის მისაღებად. მერე კი ტანსაცმელგამოცვლილი და ტანდაბანილი, სასტუმრო ოთახში გაბრუნდა.
სოფიოს აშკარად გაეგონა, რომ მისი ქმარი სახლში მოსული იყო, რადგან უკვე სუფრას აწყობდა სასტუმრო ოთახის მაგიდაზე. ლაშა რომ შემოვიდა, სოფიომ ორიოდე წამით ასწია თავი, მერე კი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ჩააშტერდა ღრმა თეფშს და ზედ სუპი დაასხა მათლაფით.
ლაშამ ამოიხვნეშა, პირი მოკუმა და სავარძელში ჩაებერტყა. სოფიოს რამდენჯერმე სწრაფად ახედა, შეფარვით ცდილობდა მისი მზერის დაჭერას, მაგრამ მისი ცოლი ისევ იმ გულგრილი გამომეტყველებით ჩაშტერებოდა მათლაფას. ლაშამ გვერდზე გაიხედა. ვერ იტანდა ამ სიჩუმეს, სოფიოს პასიურობას. უეცრად იგრძნო, როგორ მოენატრა მათი საუბრები, სიცილი, ხმაური, იმ საღამოს წუწაობა… ლაშა „უასაბის“ მთელ თეფშს შეჭამდა, ოღონდ ისეთი ურთიერთობა ჰქონოდა ახლა სოფიოსთან.
სოფიო წელში გაიმართა და ლანგარზე დადო სუპიანი ქვაბი.
-გავალ ახლა. – მოკლედ მოჭრა მან და ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
 ლაშამ თავი ვერ ასწია, უაზროდ მიშტერებოდა პურიან ლანგარს.
საჭმლის მადა საერთოდ არ ჰქონდა.
ჩანგალი ასწია და თეფშზე დადებული, კარგად შემწვარი, საწებელმოსხმული თევზი მოჩიჩქნა.
მერე კი ჩანგალი დააგდო და თავი ხელებში ჩარგო. ბუნდოვნად ესმოდა საათის ტიკტიკი.
სიჩუმეს ვერ იტანდა.
გაახსენდა ეკატერინეს ნათქვამი, „პატარ-პატარა ფეხების ტყაპატყუპი თუ არ გესმის ოჯახში, აბა, ეს რა ოჯახია?“ ლაშამ თავი გააქნია. ახლა თითქოს ესმოდა ეკატერინეს ნათქვამი, როცა სახლში ასეთი აუტანელი სიჩუმე სუფევდა და ცოლი არ ეკონტაქტებოდა…
ენატრებოდა წინანდელი სოფიო. თან ძალიან. უნდოდა ისევ ეცინა მასთან ერთად, ღამე უნდოდა ლიკას ნაცვლად სოფიო შემოხვეოდა სხეულზე, ისევ ეკოცნა იმ ტუჩებისათვის… როგორი საშინელი იყო, როცა ეს ყველაფერი უნდოდა, მაგრამ ვერ იღებდა…
სოფიო უნდოდა, ძალიან.
ლაშამ კბილები გააღრჭიალა და თავი მაგიდაზე დადო. რატომ? რაში სჭირდებოდა სოფიო? მას ხომ ლიკა ჰყავდა, ლიკა…
ყელში ბურთი მოაწვა და ეცადა, ღრმად ამოესუნთქა.
ცოტა ხანი იჯდა, და კედელს მიშტერებოდა უაზროდ. მერე კი ამოიხვნეშა, თევზი მოჩიჩქნა და ნელა ჭამა დაიწყო.
უგემურად ღეჭავდა.
რომ ათავებდა, ოთახში ეკატერინემ შემოალაჯა, ლაშას თვალის კუთხიდან გადმოხედა და ტახტში ჩაემხო. ლაშამ ხმა არ გასცა. ჩხუბის თავი ახლა არ ჰქონდა.
-აბა, ლაშა? – დაიწყო ეკატერინემ და ლაშამ ყბები მაგრად დააჭირა პირში მოთავსებულ ლუკმას. – როგორი იყო შენს შეყვარებულთან? დაგაკმაყოფილა?
ლაშამ ზიზღით გახედა.
-ყური დაუგდე, რას ამბობ, ბებერო. – მიუგო მან და ჩანგალი მთელი ძალით ჩააჭირა თევზს, პური კი აგრესიულად მოგლიჯა კბილებით.
ეკატერინემ ჩაიცინა.
-ჰოჰო… – პირზე ხელი აიფარა მან. – ორიგინალურობა გაკლია, გენაცვა. ეგ ჩემთვის რამდენჯერ გითქვამს, თუ იცი? საკმაოდ მოძველდა. – ეკატერინემ ისევ ჩაიცინა და თავისი ქვასავით ძლიერი, ნაცრისფერი მზერით ლაშას თვალები გაუბურღა. ლაშა სიძულვილით მიაშტერდა.
– ორიგინალურობა გინდა? – ჰკითხა მან, გესლიანად გაუღიმა და ჩანგალი მაგიდაზე დააგდო. – ერთი დღეც იქნება, მიიღებ ორიგინალურ და მრავალფეროვან გინებას…
ეკატერინემ მწარედ გაიღიმა.
-მაგ გინებას მე კი არა, შენ იმსახურებ, შე მურთხო. ცოლი გყავს და სხვასთან დაეთრევი…
ლაშამ თვალები გადაატრიალა. უკვე მობეზრდა ეს უაზრო ჭკუის დარიგებები ეკატერინესგან. „აუ, საქმე არაფერი აქვს?“ გაუელვა თავში, და სინდისის აუტანელი წიწკნა ჩაახშო.
– წადი, რა… – ხელი აიქნია ლაშამ, თითქოს მომაბეზრებელ ბუზს იშორებსო. – რამენაირად მივხედავ თავს, არ გბეზრდება ამდენი ლაქლაქი?
– შენს შემთხვევაში? – წარბი აწკიპა ეკატერინემ. – არა. – თქვა მან და ნაძალადევად გაუღიმა. – უბრალოდ არ მესმის, რატომ არ ცდილობ მაინც.
– არ მინდა და იმიტომ! – მოუჭრა ლაშამ და ეკატერინეს გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში.
ეკატერინემ პირი მოკუმა და უცნაურად გადმოხედა.
– სოფიოს არ იმსახურებ. – უცებ თქვა მან.
ლაშამ კბილები დააღრჭიალა. სისხლმა აასხა თავში.
მუშტი ზრიალით დასცხო მაგიდას.
-მოკეტე! – დაიღრიალა მან. – პირი მოხურე, მასეთი რამ აღარ გამაგონო! – ეკატერინეს შეცბუნებითა და რაღაცნაირი თვითკმაყოფილებით სავსე სახეში ჩახედა და უნდოდა, რომ გაეგრძელებინა, ქალი გამოელანძღა…
მერე კი რაღაცნაირად, ეს სურვილი გადაუვიდა.
ნელა წამოდგა, ეკატერინეს ჯერ კიდევ ერთი ბრაზით სავსე მზერა სტყორცნა და შეტრიალდა წასასვლელად.
რაღაც არ მოეწონა.
ჯიქურ შემოტრიალდა და ეკატერინეს ჩააშტერდა. ქალმა დაუბღვირა, მაგრამ აშკარად შეცბუნებული ჩანდა. ლაშა მოიღუშა. რაღაც უგრძნო ტანმა.
სწრაფად შეტრიალდა, და კარისაკენ გაალაჯა. გაიგონა, მის ზურგს უკან როგორ შეკრთა ეკატერინე, მაგრამ არ შემობრუნებულა.
კარი ლაწუნით გააღო, და ჯიქურ გავარდა ჰოლში.
უკან ბუნდოვნად ესმოდა ეკატერინეს ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩქარი კაკუნი.
მერე კი დაინახა.
დაინახა და ტყვიანაკრავივით შედგა.
შემოსასვლელში სოფიო იდგა, და საკიდიდან თავის თბილ თეთრ ჯაკეტს იღებდა. თავი შემოატრიალა და პირდაპირ ლაშას შეაშტერდა.
სოფიოს წელში გამოყვანილი და მომდგარი, ნაზი იასამნისფერი, უმკლავებო კაბა ეცვა, რომლის ბოლოც ძლივს სწვდებოდა თლილ, ხორბლისფერ ბარძაყებს შუამდე. თმა აეწია, დაეხვია და ერთ გროვად დაემაგრებინა თავზე. სახეზე მაკიაჟის ოდნავი ფენა გადაჰკრავდა და ცალ ხელში პატარა ხელჩანთა ჩაებღუჯა, მეორე კი ჯაკეტზე შეჰყინვოდა. სოფიომ ნელა ჩამოიღო ჟაჯეტი და მკლავზე გადაიკიდა, თავის ქუსლიან ფეხსაცმელზე შემოტრიალდა და ლაშასკენ პირი იბრუნა.
ლაშა გამოლენჩებული მიაშტერდა, მაგრამ როგორც იქნა, მუცელში ჩავარდნილი ხმა იპოვა.
-ეს რა გაცვია? – ამოილუღლუღა მან ხრინწიანად და ხმა ჩაიწმინდა. თავს ვერ იკავებდა და მისი თვალები ხარბად ევლებოდნენ ცოლს სხეულზე.
– ტანსაცმელი. – მოკლედ მოუჭრა სოფიომ. ლაშა უეცრად გამოერკვა და ცოლს თვალებში ჩახედა.
– ნუ მეხუმრები, სოფიო. – უთხრა ლაშამ და თვალები დაავიწროვა. – მერე? – ჩაეკითხა იგი და ეჭვით ჩააშტერდა. – სად მიდიხარ?
სოფიოს კუნთი შეუტოკდა საფეთქელთან. ქმარს უცნაურად, თითქოს ფრთხილად ახედა.
-მეგობარს მივყვები. – თქვა მან და ფეხი მოინაცვლა.
– ვის? – ჩაეკითხა ლაშა, მაგრამ სოფიოს პასუხი არ დასჭირდა. მუშტები შეკრა.
მწარედ გაიღიმა და კბილები დააღრჭიალა.
-იმ ნაბი*ვარს, არა? იმ გაყეყილ იდიოტს… – ლაშამ მძლავრად შისუნთქა ჰაერი. მერე კი სოფიოსკენ დიდი ნაბიჯებით გაალაჯა.
ცოლი შეკრთა და უკან დახევა სცადა, მაგრამ ლაშამ მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ მოქაჩა.
სოფიო მკერდზე მიეჯახა და მისი ცხელი სუნთქვა ლაშას კისერზე მოეფრქვია.
გააჟრჟოლა.
-არსადაც არ წახვალ. – დაიჩურჩულა მან.
სოფიოს თვალები გაუფართოვდა და უეცრად, მრისხანებით აღვსებულმა ამოხედა.
-წავალ. – გამოსცრა მან და სცადა მკლავი გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ლაშას ხელი რკინასავით იყო.
– არ წახვალ. – გაიმეორა ლაშამ და მეორე ხელიც მაგრად ჩაავლო მკლავში.
– ჩვენ ოპერაში მივდივართ! სხვაგან არსად! – შესძახა სოფიომ და ქმარს შეეწინააღმდეგა, თან ჯიუტად მიშტერებოდა თვალებში. – ჰამლეტი არის დადგმული, გოჩამ ორი ბილეთი…
– მერე მე რატომ არ ვიცი ამის შესახებ? – დაიღრინა ლაშამ.
– იმიტომ რომ შენ არ გამიშვებდი! – არ დაიბნა სოფიო. – თან შენ სანახევროდ სახლშიც არ ხარ, ლაშა! არ შეიძლება გავიდე და ოპერით ვისიამოვნო მეგობართან ერთად?
ლაშას თვალებში სისხლი მოაწვა.
– არა, მასთან არ შეიძლება! – დაიგრგვინა მან. სოფიომ პირი მოკუმა და მიაშტერდა.
– და შენთვის ლიკასთან შეიძლება, არა? – შეუბრუნა მან. ლაშას თვალები გაუფართოვდა და კბილები ერთმანეთს დააჭირა.
ენა ვერ მოუბრუნდა პასუხის გასაცემად.
– ალბათ ფიქრობს, რომ შეიძლება, სოფი. – გაისმა კარიდან ხმა. ლაშამ ელვის სისწრაფით ასწია თავი, სოფიოც შეტრიალდა, იმის მიუხედავად, რომ ლაშას ისევ მკლავებით ეჭირა.
კარებში მოღუშული გოჩა იდგა.
ლაშამ დაინახა, როგორ ჩააყოლა იმ გაყეყილმა ნაბი*ვარმა სოფიოს თვალი და ბრაზისგან თვალთ დაუბნელდა.
სოფიოს მაგრად მოსჭიდა ხელი, შემოტრიალდა და წინ გადაუდგა. მისი თვალები გოჩას თვალებს ჩაეჭდნენ.
-ჩემს ცოლს თავი დაანებე…. – დაისისინა ლაშამ. – აქედან გაეთრიე, შე ა*ვარო….
– არსადაც არ წავალ. – გოჩას მზერა ფოლადივით მაგარი იყო, ლაშამ დაინახა, როგორ დაეჭიმა მას ყბა. – მე აქ სოფის ოპერაში გასაყვანად მოვედი და ამ დანაპირებს შევასრულებ.
ლაშამ გესლიანად ჩაიცინა.
– სანამ თავი არ მოგძულებია, აქედან დაიკარგე, ლორთქიფანიძე. – უთხრა მან. – თორემ გპირდები, სახეს ფაფად გიქცევ…
-ლაშა! – მის ზურგს უკნიდან შეკრთა სოფიო. – გეყოფა! შეწყვიტე! – ქმარს ძლიერად ჰკრა ხელი და მის გვერდით ჩავლა დააპირა, რომ გოჩასკენ წასულიყო, მაგრამ ლაშამ ისევ ხელი სტაცა.
– ხომ გითხარი, არსად არ მიდიხარ მეთქი?! – დაიგრგვინა ლაშამ. – აქ დარჩები! დიახაც, აქ! შენ კი… – იგი გოჩასკენ მიბრუნდა, – ახლავე აქედან აორთქლდები, გასაგებია?
– სოფის მასე ნუ ელაპარაკები. – თქვა გოჩამ და ლაშას ხელისაკენ გაიხედა, რომელიც ფოლადის სარტყელივით შემორკალოდა სოფიოს მკლავზე. – ხელი გაუშვი.
ლაშამ პასუხად სოფიო უფრო ახლოს მოიზიდა, ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად.
-ხელი გამიშვი! – შეჰყვირა სოფიომ და ქმარს აწყლიანებული თვალებით ახედა. – თავი დამანებე! თავი დამანებე… ლაშა…
ლაშამ სოფიოს იმ მბრწყინავ მწვანე თვალებში ჩახედა, და უცებ, არ უნდოდა რომ სხვაგან გაეხედა სადმე.
 სოფიოს მუდარით აღსავსე აცრემლებულმა თვალებმა გული ატკინა.
ეს ხომ მისი ცოლი, მისი სოფიო იყო…
 ლაშა თითქოს გამოფხიზლდა…
ხელი ოდნავ შეუშვა.
მერე კი გამოერკვა, როცა ყბაში საშინელი ტკივილი ეძგერა.
დარტყმის ძალისაგან ლაშა უკან გადავარდა და იგრძნო, როგორ გამოეცალა სოფიო ხელიდან.
წაბარბაცდა, მაგრამ წამსვე შეინარჩუნა წონასწორობა, და გასწორდა.
აიხედა, მხოლოდ იმისათვის, რომ რეფლექსურად დაებლოკა მისკენ ელვის სისწრაფით მომავალი გოჩას მუშტი.
-სოფის მასე ხელს ვეღარ ახლებ… – გამოსცრა გოჩამ, მეორე მუშტი მოიქნია და ლაშას ფერდში დაარტყა. ბიჭმა კბილები დაკრიჭა, საპასუხოდ გოჩას სახეში თხლიშა და წარბი გაუხეთქა.
სოფიოს ხმადაბალი შეყვირება აღმოხდა. ზურგს უკან ლაშას ეკატერინეს წივილი ესმოდა: „გაჩერდით! გეყოფათ! რა საშინელებაა…“ მაგრამ გოჩას იმ ზიზილო კოსტუმის საყელოში მაგრად ჩაავლო ხელი, დაქაჩა და მიწაზე ზათქით დასცა. გოჩამაც მოასწრო, მაისურში ხელი ჩაავლო, და ელვის სისწრაფით გააკრა მიწას. მერე კი სახეში მთელი ძალით დასცა მუშტები. ლაშამ სახე დაიფარა, ფეხი მოხარა და გოჩას ზურგში წიხლი დასცხო. მერე ხელი მაგრად ჰკრა და ფეხზე წამოვარდა.
სოფიო მაშინვე წინ გადაუდგა, მაგრამ ლაშას მისთვის ახლა არ ეცალა. სისხლი უდუღდა და სურდა ეს ნაბი*ვარი ტარაკანივით მიეჭყლიტა იატაკზე.
-სოფიო, იქეთ გაიწიე… – უთხრა ლაშამ და ცოლის ჩამოშორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
– საკმარისია, ლაშა! ეს უკვე ზედმეტია! შეწყვიტე!
– სოფიო, გაიწიე-მეთქი! – დაიგრგვინა ლაშამ და ცოლს ძლიერად ჩაავლო ხელი, მაგრამ სოფიომ საპასუხოდ მუშტები დასცხო.
– არა, ლაშა, ზღვარს გადახვედი უკვე! თავი დაანებე გოჩას!
ლაშას ტვინში თითქოს რაღაც გაუწყდა.
ეს ნაბი*ვარი მათ სახლში ფარშევანგივით შემოვიდა და სოფიო მას… იცავდა.
თავისი ქმრის მაგივრად, მას იცავდა.
ლაშას სისხლმა აასხა.
თვალთ დაუბნელდა.
მრისხანებით დაბრმავებულმა ხელი გაუქნია სოფიოს.
გამაყრუებელმა ტკაცანმა დაიგრიალა ჰოლში. გამგმირავი სიჩუმე ჩამოვარდა.
ლაშა მაშინღა გამოერკვა, მის წინ სოფიოს რომ დახედა.
სოფიო ძირს იჯდა, ცალი ხელი იატაკზე დაეყრდნო, მეორე კი მარცხენა ლოყაზე მიედო. მარცხენა ხელი რომ კანკალით დასწია, ლაშამ დაინახა უკვე წითლად ავარვარებული ღაწვი.
შოკმა დაურბინა სხეულში და ზურგში ცივმა ოფლმა გამოჟონა.
ენა ვერ მოატრიალა.
-სოფი… – გოჩა მის ცოლს მივარდა და ფეხზე წამოაყენა. სოფიოს ისევ თავი ჰქონდა დახრილი, ისე, რომ ლაშა მის სახეს ვერ ხედავდა.
მერე კი სოფიომ თავი ასწია და პირდაპირ ლაშას შეხედა. თვალები ისევ უციმციმებდა ცრემლებით, სახეზე ტკივილი და იმედგაცრუება ეწერა.
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა. გულისცემა აუჩქარდა.
-მისმინე, სოფიო… – სწრაფად დაიწყო მან.
– არა. – მოუჭრა სოფიომ და ზურგი შეაქცია. – შენთვის შეინახე.
მერე კი შებრუნდა და კარისაკენ წავიდა. გოჩამ სიძულვილით სავსე ცეცხლოვანი თვალები მიაპყრო და მერე სოფიოსკენ გაბრუნდა.
ლაშა ვერც კი ინძრეოდა. თვალები გაფართოებოდა.
კარი გამოკეტეს.
ბუნდოვნად მოეჩვენა, რომ საათის რიტმი ესმოდა.
„სოფიო… სოფიო… სოფიო….“
ლაშა ადგილს მოსწყდა და შესასვლელის კარები გამოგლიჯა.
-სოფიო! – დაიღრიალა მან. – სოფიო!
 კიბეებზე ჩაირბინა და ეზო გადაჭრა, ქუჩაში გავარდა.
ბუნდოვნად ჩანდა მიმავალი მანქანის სილუეტი და ანთებული ფარები.
-სოფიო!!! – ისევ დაიღრიალა ლაშამ ჩახრინწული, სასოწარკვეთილი ხმით.
მისი ყვირილი კი მხოლოდ საღამოს სუსხიანმა ჰაერმა და ანთებულმა ლამპიონებმა გაიგონეს.
-*-*-14-*-*-
იმის შემდეგ, რაც გამწარებულმა ლაშამ ცოლს გაარტყა და შემდეგ ღრიალით გაეკიდა, ბიჭს ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი. თითქოს დანარჩენი ბურანს მოეცვა. ახსოვდა მხოლოდ, როგორ იდგა გაუნძრევლად ასფალტზე და როგორ მისჩერებოდა გზას, როგორ ელოდა…
როგორ სწიწკნიდა სინდისი გულს და უცნაური გულისრევის შეგრძნება ექმნებოდა. ცუდს უგრძნობდა ტანი. იცოდა, რომ ზედმეტი იყო, რაც გააკეთა, რომ ზღვარს გადავიდა, სიშმაგისა და ბრაზისაგან თავი ვერ შეიკავა. არ შეეძლო რომ არ დაჰყოლოდა ამ გრძნობებს. ვერ იტანდა გოჩას, სძულდა…
ასფალტზე იდგა, მუშტებშეკუმშული და წარბშეკრული, და გზას გაშტერებით მისჩერებოდა.
ელოდა, რომ სოფიო დაბრუნდებოდა, იმ ზიზილო ნაბი*ვარს მიატოვებდა და ქმარს დაუბრუნდებოდა…
იდგა და ელოდა.
ტანზე სუსხიანი ჰაერის ჩხვლეტასაც არ აქცევდა ყურადღებას, თვალები გზისთვის ჩაეჭდო.
მერე კი მკლავზე სუსტი, ბებრული ხელის შემოჭდომა იგრძნო, და პატარა ბავშვივით დაჰყვა. უკან გაშტერებული გაჰყვა იმ სუსტი ხელის თითქოსდა ახლად გამოჩენილ, უჩინარ ძალას და კიბეებზე აბარბაცდა. ლოგინში რომ ჩაწვა და თავი ბალიშში ჩარგო, იგრძნო, როგორ დააფარეს საბანი.
მერე ყველაფერი დაბნელდა.
-*-*-*-*-
რომ გამოიღვიძა, საფეთქლები ძალიან სტკიოდა.
ნელა წამოჯდა და თავზე ხელი მოიჭირა.
საწოლიდან წამობარბაცდა და ნელ-ნელა ჩაჰყვა კიბეს.
მოუნდა სოფიოს დალაპარაკებოდა, მის ცოლს ისევ შეეთავაზებინა მისთვის „ლიკანი“ და გამამხნევებელი სიტყვა ეთქვა. სოფიო… ალბათ სადღაც ქვემოთა სართულზე იქნებოდა, ამზადებდა საუზმეს… მერე ლაშა მივიდოდა, ბოდიშს მოუხდიდა, მთელი გულით სთხოვდა პატიებას და ყველაფერი ნორმალურად წავიდოდა… სოფიო და თვითონაც დაივიწყებდნენ წინა დღის ინციდენტს, ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო.
-სოფიო! – დაიყვირა მან.
პასუხი ვერ მიიღო. რატომღაც აფორიაქდა. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.
„სოფიო უნდა მოსულიყო უკვე…“ გაიფიქრა მან და რატომღაც მკერდში ტკივილი იგრძნო. „ოპერა რომ მომთავრდებოდა, სახლში მოვიდოდა… სად არის? ხმას რატომ არ მცემს?“
-სოფიო! – ისევ დაიძახა მან.
– აქ არ არის. – გაისმა გვერდიდან ხმა, და ლაშამ სწრაფად გაიხედა. ჰოლის კუთხეში, სასტუმრო ოთახის კართან ახლოს ეკატერინე იდგა. ქუდი დაეფარებინა და მხრებზე თავისი მელიის ქურქი მოეგდო.
ლაშა შეიჭმუხნა, როცა ეკატერინეს ახლოს სამი დიდი ჩემოდანი, ყუთები და კოლოფები დაინახა.
-გადადიხარ? რა მშვენიერია, ძლივს… – მიუგო მან და ჩაიცინა. მერე ისევ მოიღუშა.
 – მოიცა… როგორ თუ სოფიო აქ არ არის? აბა სად არის? სადმე გავიდა?
ეკატერინემ უცნაურად ახედა.
ლაშას გულისცემა აუჩქარდა. ქალის სახეზე სიბრალული აღბეჭდილიყო.
-შენ თვითონ როგორ ფიქრობ, ლაშა? – მიუგო ქალმა და მხრები აიჩეჩა. – მე მგონია, რომ შენც მშვენივრად იცი პასუხი.
– რაა? როგორ… – ლაშამ თავი მკაფიოდ გააქნია და ცალყბად ჩაიცინა. – რას ამბობ… სოფიო აქ არის არა? შენ კი მასულელებ….
ეკატერინე ჩუმად მიშტერებოდა. პირი მაგრად მოეკუმა.
ლაშამ იგრძნო, როგორ გაიღეს მისმა კბილებმა ღრჭიალი.
-მიპასუხე! – იღრიალა მან. დეიდა უცვლელი გამომეტყველებით შეაჩერდა. – სადაა სოფიო?!
– ხომ გითხარი, აქ არ არის მეთქი? – შეუბრუნა ეკატერინემ და წარბი შეკრა.
– ესე იგი, გავიდა სადმე, ხომ? – ლაშა მწარედ იცინოდა, უნდოდა დაეჯერებინა..
– არა. – მოუჭრა ეკატერინემ და ლაშას შეეძლო დაეფიცა, რომ უცებ თავბრუ დაეხვა. წამიერი იყო ეს შეგრძნება…
– სოფიო ღამით სახლში არ მოსულა. – თქვა ეკატერინემ. – გოჩასთან ერთად რომ გავიდა, იმის მერე არ მოსულა.
ლაშას თითქოს ურო ჩასცხეს.
-როგორ… – ამოისუნთქა მან. – როგორ თუ… არა, არ მჯერა, შენ ცრუობ…
– შენ თვითონაც არ გჯერა მაგ ბრალდების, ლაშა. – უკბინა დეიდამ. ბიჭი მთელი ტანით შეტოკდა. – იცი, რომ მე სიმართლეს გეუბნები. შენი ცოლი მთელი ღამე აქ არ მოსულა მეთქი.
ეკატერინეს სიტყვები ლაშას ტვინში ჭექა-ქუხილივით ესმოდა. თავბრუ დაესხა, ამჯერად უფრო ძლიერი, და დაბარბაცდა, რომ შეეკავებინა თავი, კიბის სახელურს ჩაეჭიდა.
ზურგში ცივმა ოფლმა დაასხა.
ხელები აუკანკალდა.
სწრაფად შებრუნდა და კიბეზე ავარდა. ქოშინით შევარდა საძინებელში და ლოგინისპირა ეტაჟერიდან თავისი ტელეფონი აიტაცა. მაშინვე მოძებნა სოფიოს ნომერი და გადარეკა, თან გამობრუნდა და კიბეებზე ჩაირბინა.
ეკატერინე ისევ იქ იდგა და სახეზე ისევ სიბრალული ეხატა. ლაშამ კბილები დაკრიჭა და მოკანკალე ხელი პირთან მიიტანა. ზარი გადიოდა…
გადიოდა…
 მაგრამ სოფიო არ იღებდა.
ლაშამ ტელეფონს ჯიბეში ჩაუძახა და გარეთ გავარდა. ყურადღება არ მიაქცია ეკატერინეს შეყვირებას უკნიდან და ჯიქურ გავარდა ავტოფარეხისაკენ.
მანქანაში რომ იჯდა და გიჟივით მიაქროლებდა, ერთადერთი რამ უტრიალებდა თავში.
„სად არის სოფიო? რატომ არ დაბრუნდა? ნუთუ იმ ნაბი*ვარმა წაიყვანა?“ ლაშას თავი ასტკივდა. ძნელი იყო გზაზე ყურადღების გადატანა.
ძლივს მიაღწია სოფიოს მშობლების სახლს და მანქანა მოწყვეტით გააჩერა ქუჩაში. სახლს გალავანი ერტყა. ლაშამ ჭიშკარის შეღება სცადა, მაგრამ იგი დაკეტილი იყო.
„რა ჯანდაბაა?“ გაუელვა თავში. როცა აქ პირველად მოვიდა, ჭიშკარი ღია იყო. „ალბათ იმიტომ, რომ მშობლებს ელოდებოდნენ…“ გაჰკრა თავში და უკან დაიხია. შიგნით რამენაირად უნდა მომხვდარიყო… სოფიოს მშობლებს ეცოდინებოდათ, თუ სად იყო მათი ქალიშვილი…
ლაშამ რამდენჯერმე ხმამაღლა დაიძახა და რკინის ჭიშკარს დაეჯაჯგურა, მაგრამ ამაოდ. ჭიშკარი მაგრად იყო ჩაკეტილი და მის ძახილზეც არავინ გამოდიოდა.
ლაშამ ფეხები გალავანში გაჩენილ, ძლივს შესამჩნევ ნაპრალებში მიაბჯინა და კედელზე გადაძვრა.
ისე ჩაეშვა შიგნითა აზოს ახლად მორწყულ ბალახში, რომ ხმა არ გამოუცია.
მერე, სახლისაკენ რომ გაემართა, ცოტათი შეყოვნდა. რა ეთქვა მისი მშობლებისათვის? როგორ გამოეკითხა? ლაშა შეყოყმანდა, მაგრამ მაინც არ დაიხია უკან. მიუახლოვდა კარს და მაგრად დააკაკუნა ზედ.
ჩამიჩუმი არ ისმოდა. ლაშამ ისევ დააკაკუნა.
გული თითქოს მკერდიდან უნდა ამოვარდნოდა, როცა მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა კარის უკნიდან.
კლიტის ჩხაკუნი, ვიღაცის სწრაფი ლაპარაკი და ხმამაღალი გინება გაისმა, მერე კი კარები ერთი ძლიერი მოქნევით გაიღო.
კარზე ოდნავ შევერცხლილი მამაკაცი იდგა. თმა ოდნავ შემელოტებოდა, თხელი ზოლიანი სვიტერი ეცვა და ლაშას გესლიანად მიშტერებოდა.
-მაშ, მააშ… – თქვა მან და მკლავები გადააჯვარედინა. – ხომ გეუბნებოდი, დიანა? – მიტრიალდა იგი და ვიღაცას გადასძახა მხარს იქით. – მოვიდა ეს ღლაპი.
ლაშა მოიღუშა და მუშტები მომუჭა, მაგრამ არაფერი უთქვამს. კარგად იცოდა, რომ ეს მამაკაცი სოფიოს მამა, გურამ ხოჯავა იყო.
მისი სიმამრის უკან მაღალი, ლამაზი ქალი გამოჩნდა. ლაშამ მაშინვე შეამჩნია მსგავსება სოფიოს მწვანე თვალებსა და ამ ქალის თვალებს შორის. „ეს დიანა საყვარელიძეა…“ გაუელვა თავში.
-გურამ… – თქვა ქალმა, ჯერ ქმარს გადახედა სწრაფად, მერე კი ლაშას., თან ნერვიულად მოილოკა ტუჩები. – ლაშა გენაცვალე… – მოუბრუნდა იგი აშკარად ნაძალადევი ღიმილით.
– გენაცვალეო? – ხმამაღლა გაიცინა გურამმა და ლაშას ჩააშტერდა. ლაშამ მზერა დაუბრუნა. – ჯერ გავიგოთ, რა უნდა აქ, და მერე შევარჩიოთ, თუ რას დავუძახებთ. – მან გამყინავად შეხედა სიძეს.
– მე… მაინტერესებს…. ხომ არ იცით, სადაა თქვენი ქალიშვილი… – სწრაფად და ჯიუტი ტონით თქვა ლაშამ. – გუშინ ოპერაზე გავიდა და…
ლაშას სიტყვა გაუწყდა, როცა მისი სიმამრის სახე მრისხანებით აივსო. დიანა აშკარად დაფრთხა და ქმარს მკლავზე ჩაეჭიდა.
-შენი ზღაპრები შენთვის შეინახე, ბიჭო, – დაიწყო გურამმა. – შენ რა გგონია, მე გუშინ დავიბადე? პამპერსით მხედავ?
ლაშამ ნესტოები დაბერა.
-რა თქმა უნდა, არა… – გამოსცრა მან. – მე მინდა ვიცოდე, სადაა ჩემი ცოლი…
– ოჰ? – გაიკვირვა გურამმა. მერე სახე ისევ დაეღმიჭა. – შენ რა, მთლად გადარეული ხარ? ჩემი ქალიშვილი აქ მოდის მეგობართან ერთად, მტირალი, ლოყაზე ხელის ანაბეჭდით მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ურცხვი, გაუნათლებელი და უხეში ღლაპი ხარ, და ახლა მოდიხარ და მეუბნები, ჩემი ცოლი სად არისო? – გურამის ხმა თითოეული სიტყვით იწეოდა. ბოლოს იგი უკვე გრგვინავდა.
– მე სოფიო უნდა წავიყვანო. – გაიმეორა ლაშამ. საერთოდ არ შემკრთალა თავისი სიმამრის სიტყვებზე, იმის მიუხედავად, რომ შიგნეული საზიზღრად სწიწკნიდა.
სინდისი ძლიერად ქენჯნიდა და გულმკერდს ატკივებდა.
გურამმა გადაჯვარედინებული ხელები დაუშვა და მუშტები ისე შეკრა, ლაშა დარწმუნებული იყო, რომ დაარტყამდა. მაგრამ დიანას ხელები უფრო ძლიერად ჩაეჭიდნენ ქმარს მკლავებზე, იმის მიუხედავად, რომ ქალი ქმრის მხარს მიშტერებოდა და გაქვავებულიყო. გურამმა ცოლს გადახედა და ამოიხვნეშა.
-შენ რა გგონია? – მწარედ გაიცინა მან და ლაშას გამოხედა. – ასე იოლად გაძვრები? – ლაშამ პირი დააღო, რომ რამე ეთქვა, მაგრამ სიმამრმა დაასწრო. – ჩემი ცოლი აქ რომ არ იყოს, სულზე დაგდებდი, ღლაპო.
– მართლა? – ცალყბად გაუღიმა ლაშამ და სიმამრს თვალებში ჩააშტერდა. – და მოახერხებდით?
გურამმა ჯერ ჩაიცინა, მერე კი წამში მოკუმა პირი.
-დამიჯერე. ძველი მოკრივე ვარ. – მან მკლავები დაიკაპიწა და ცივად გაიღიმა. – გინდა ვსინჯოთ?
– გურამ! – ხმამაღლა შეაწყვეტინა ცოლმა. დიანამ თავისი მწვანე თვალები მიაპყრო სიძეს. – ლაშა, სოფიო ახლა აქ არის, მაგრამ… ასე თქვა რომ შენი ნახვა არ უნდა…
ლაშას თვალები გაუფართოვდა.
– არც უნდა უნდოდეს! – აფეთქდა გურამი და ზიზღით შეხედა ლაშას. – მეგონა, შენ კარგი არჩევანი გამოდგებოდი ჩემი ქალიშვილისათვის, მეგონა კარგი მამაკაცი იყავი… მაგრამ ტიპიური დეგენერატი ხარ. შენ ჩემს ქალიშვილს ხელი დააკარე, არაფერი შეგეშალოს!  სოფიო შენთან ერთად არ წამოვა! გაეთრიე! – იღრიალა მან და კარს ხელი ჩაავლო, რომ მოეჯახუნებინა,  მაგრამ თვალის დახამხამებაში ლაშა ზღურბლზე აღმოჩნდა, ცალი ხელით კარს აკავებდა მეორე კი კარის ჩარჩოსთვის მიებჯინა.
– არ წავალ. – გამოსცრა მან კბილებშუა. – არსადაც არ მივდივარ ჩემი ცოლის გარეშე… – ლაშამ ბოლო სამ სიტყვას ხაზი გაუსვა და ფეხები გაამაგრა. მართლაც, სოფიოს გარეშე არსადაც არ წავიდოდა, მის დაუნახავად მაინც…
გურამს მრისხანებისა და გაოცებისგან შავი თვალები გაფართოებოდა და ლაშას მისჩერებოდა.
-რატომ? – იკითხა უცებ დიანამ. გურამმა მისი ხმის გაგონებაზე კარს ხელი შეუშვა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა. ლაშა გასწორდა და სიდედრს მიაჩერდა.
– იმიტომ რომ ის ჩემი ცოლია. – მიუგო ლაშამ და დიანას მბურღავ მზერას თვალი გაუსწორა. დიანას ყბა დაეჭიმა.
– მართლა? – ჩაერია გურამი. – სერიოზულად ამბობ მაგას თუ მაშაყირებ, ბრიყვო? – ლაშამ ძირს დაიხედა. სიდედრ-სიმამრი პატარა ბიჭად აგრძნობინებდნენ თავს, ეს კი არ მოსწონდა.
– მე მინდა, რომ სოფიო წავიყვანო. – გამოსცრა მან და ნაბიჯი გადადგა წინ, რომ სახლში შესულიყო, მაგრამ სიმამრის სხეული გადაეღობა.
– არსადაც არ წაიყვან. – გურამს ნესტოები დაებერა. – შენ ჩემს ქალიშვილს დაარტყი…
ლაშას სისხლი აუდუღდა.
– ვიცი! – იღრიალა მან. – ვიცი! და მინდა იცოდეთ, რომ უნებურად მომივიდა, ძალიან გაბრაზებული ვიყავი….
– და რაზე? – ამრეზით შეეკითხა გურამი. – იმაზე, რომ ჩემი ქალიშვილი მეგობართან ერთად ოპერაში მიდიოდა? შენ ტვინი არა გაქვს?
– იმ „მეგობარს“ თქვენი ქალიშვილი უყვარს! – დაიღრიალა ლაშამ და თვითკმაყოფილებით შეაცქერდა სოფიოს მშობლების დაშოკილ სახეებს. – დიახ, უყვარს! თვითონ მითხრა! მითხრა რომ… – ლაშამ კბილები დააღრჭიალა. – … რომ სოფიო ადრე თუ გვიან მისი ცოლი გახდება…
დიანამ და გურამმა ერთმანეთს გადახედეს.
გურამი რაღაცნაირად აწრიალდა, დიანაც აფორიაქდა.
მერე კი სიმამრი მოიღუშა.
-კარგი. – ამოიხვნეშა გურამმა. მერე კი ლაშას ცივი მზერა სტყორცნა. – მაგრამ სოფიოს მაინც არ გაგატან.
– როგორ? – ჩაეკითხა ლაშა. თვალები გაუფართოვდა და შიშის ჟრუანტელმა დაუარა.- რატომ? ის ჩემი ცოლია, ის ჩემს გვერდით…
– არავითარ შემთხვევაში. – მოკლედ მოჭრა გურამმა და პირი მოკუმა. მისი მუშტები ისევ შეკრული იყო, სახსრები გათეთრებოდა. – სანამ ჭკუას არ ისწავლი, აქ არ მოხვიდე, გასაგებია?
ლაშამ პირი გააღო პროტესტის გამოსახატად, მაგრამ დიანას თვალებს წააწყდა. ქალმა ყბები ერთმანეთს დააჭირა და თავი გააქნია.
ლაშას სუნთქვა აუჩქარდა.
მერე გურამს შეხედა. მიხვდა, რომ მასზე განრისხებული სიმამრის წინაშე ვერაფერს გააწყობდა.
-კარგით. – ამოღეჭა მან და შებრუნდა.
კარი მის უკან ჯახუნით დაიხურა, გაისმა კლიტის ჩხაკუნი, მერე კი ბუნდოვნად, ნაბიჯების ხმები.
ლაშამ მუშტები შეკრა და სახლს ახედა.
მისი სახე მრისხანებამ მოიცვა.
„მე ხომ მისი ქმარი ვარ…“ უტრიალებდა გონებაში.
ღრმად ამოისუნთქვა და ცოტათი დამშვიდდა.
 „მის წინაშე ვერაფერს გავაწყობ…“ გაიფიქრა ლაშამ ისევ, მერე კი ჩაიცინა. „მაგრამ მის ზურგს უკან….“
მერე კი ეზო გადაჭრა, და გალავანზე გადაძვრა.
-*-*-15-*-*-
– რაა? – კინაღამ ლუდი გადასცდა ბაჩანას, ჯერ მსუბუქად წამოახველა, მერე კი ბოკალი ხმამაღალი წკრიალით დადო ბარზე. – შენ რა, მთლად გაგიჟდი? ჯერ სოფიოს გაარტყი… მერე კი მამამისთან მიხვედი? ეგ კაცი ტყავს გაგაძრობდა! რას ფიქრობდი?
ლაშამ ლუდი მოსვა და ბოთლი ხელში აათამაშა.
-ათიოდე წუთით შევხვდი და მივხვდი მაგდენს, – კბილებში გამოსცრა მან და თვალები ლუდის ბოთლს ჩააჭდო. – მისი ცოლი რომ არ ყოფილიყო იქ, მაგრად დავბეგვავდით ერთმანეთს.
– ალბათ იმას გულისხმობ, რომ ის დაგბეგვავდა, – თითი მიუშვირა წარბებაწეულმა ბაჩანამ. – კიდევ კარგად გამოძვერი, მე თუ მკითხავ. – მან მხრები აიჩეჩა.
ლაშამ ამრეზით გადახედა.
-რა მნიშვნელობა აქვს… – დაისისინა მან, – ჩემი ცოლი მაინც ვერ ვნახე.
ბაჩანამ გამოხედა.
-შენ ეს არ გინდოდა? – სარკასტულად შეეკითხა იგი. – გინდოდა, რომ გაშორებულიყავი, ხომ? – ლაშამ გაფართოებული თვალებით შემოხედა. – ჰოდა ახლა გაქვს მშვენიერი შესაძლებლობა. სოფიო ფაქტიურად გაგექცა, ამიტომ შეგიძლია უკვე გაყრა მოითხოვო…
– არ მინდა გაყრა. – მოკლედ მოჭრა ლაშამ და ლუდი მოსვა.
ბაჩანას თვალები კინაღამ ბუდეებიდან გადმოუცვივდა.
-როგორ? – ჩაეკითხა იგი. ლაშას პასუხი არ გაუცია, ლუდის ბოთლს ჩაშტერებოდა ჯიუტად და ხელში ატრიალებდა.
– შენ… გაყრა არ გინდა? – ჩაეძია ბაჩანა ისეთი ხმით, თითქოს არ სჯეროდა. – ეს ბოლო ხუთი თვე სხვაზე არაფერზე გილაპარაკია, ლაშა! და ახლა უცებ კი… რა ჯანდაბა გჭირს?
– არ ვიცი! – ამოხეთქა ლაშამ და მეგობრისაკენ შებრუნდა. – არ ვიცი, რა მჭირს და ამაშია საქმე… აღარ ვიცი, რა ვიფიქრო… სოფიოს მინდოდა გავშორებოდი, მაგრამ ახლა აღარ მინდა… გაიგე? – შეუტია მან მეგობარს.
– და… ლიკა? – ფრთხილად შეაპარა ბაჩანამ. ლაშამ გამოხედა, მერე კი პირი მოკუმა და ბარმენს მიუბრუნდა, რომელიც ჭიქებს წმენდდა.
– ვისკი, თუ შეიძლება. ყინულითა და ბრენდით. – მოითხოვა მან. ბარმენმა თავი დაუქნია და შებრუნდა.
– დალევას აპირებ? – თავი გაიქნია ბაჩანამ. – სისულელეს აკეთებ. სასმელი არ დაგეხმარება….
– დედაჩემივით ლაპარაკობ. – გამოსცრა ლაშამ, ხელი აუქნია და ლუდის ბოთლი მოიყუდა.
– მერე რა? – ატყდა ბაჩანა და ლაშას ბოთლი ხელიდან გამოსტაცა.
– ჰეი! – შეჰყვირა მისმა მეგობარმა და ბოთლისაკენ ხელი გაიწვდინა, მაგრამ ბაჩანამ იგი გვერდზე გადადგა.
– ახლა მომისმინე. – დაიწყო ბაჩანამ და მეგობარს განრისხებულ სახეში ჩააშტერდა. – ძალიან უცნაურად იქცევი და მე აზრზე არა ვარ, რა ფეხები გჭირს.
ლაშამ უკმაყოფილო იერი მიიღო და გაბრუნდა.
-ლიკა… ლიკა აღარ გიყვარს? – შეეკითხა ბაჩანა.
– მიყვარს! – წამოსცდა ლაშას, მაგრამ ბაჩანას არ უყურებდა, მისი თვალები, ქვასავით გამაგრებულნი, უაზროდ მიშტერებოდნენ კედელს.
– არ მჯერა. – ხელი გაიქნია ბაჩანამ. – კარგად გიცნობ, ძმაო. იტყუები. ნაწილობრივ მაინც.
– ჰო, კარგი! – მოუბრუნდა ლაშა და კბილები გააღრჭიალა. – აღარ ვარ ისეთი დარწმუნებული! კმაყოფილი ხარ?
– არა. – წაიმღერა ბაჩანამ. – და სოფიო? სოფიო გიყვარს?
– არა! – სწრაფად უპასუხა ლაშამ და მეგობარს თვალი აარიდა. – უბრალოდ არ მინდა, რომ იმ ნა*ირალა მომარიაჟე დეგენერატს ჩაუვარდეს ხელში, სულ ესაა…
ბაჩანამ თვალები მოჭუტა.
-ისევ იტყუები. – მოუჭრა მან.
– რაა? – სწრაფად მოუბრუნდა ლაშა, წარბები შეკრა.
– იტყუები მეთქი. – გაუმეორა ბაჩანამ.
ლაშამ პირი გააღო საპასუხოდ, მაგრამ ბარმენის ხმამ შეაწყვეტინა.
-თქვენი ვისკი. – თქვა მან და ლაშას წინ სითხით სავსე ჭიქა დაუდგა. ლაშას არაფერი უთქვამს, პირდაპირ მოსჭიდა ხელი ჭიქას და ორიოდე ყლუპით დასცალა.
ბაჩანამ ტუჩი აიბზუა.
-რა მატყუარა ხარ, ძმაო… – თავი გააქნია მან. – და მარტო სხვებს კი არ ატყუებ, შენს თავსაც ატყუებ. – თქვა მან.
ლაშამ გამოხედა, მერე კი ყბები ერთმანეთს დააჭირა. ალკოჰოლმა ყელი ჩასწვა, მაგრამ ახლა სამაგიეროდ თბილ ტალღად უვლიდა სხეულში.
-სოფიოს ნახვა მინდა. – თქვა მან.
– ოჰ? – გამოხედა ბაჩანამ. – ნუთუ? მერე რას აპირებ? მამამისი ცოცხალი თავით არ მიგიშვებს ახლოს, სანამ არ დაწყნარდება…
– მერე ვინ გითხრა, რომ მამამისის ნებართვა მჭირდება? – გამოხედა ლაშამ და ჩაიცინა.
-შენ… მაშ როგორ… – დაიბნა ბაჩანა, მაგრამ მეგობრის თვითკმაყოფილ და ქედმაღლურ გამომეტყველებას რომ წააწყდა, მაშინვე მიხვდა.
მიხვდა და პირი დააღო.
-არა. ო, არა, არა, არავითარ შემთხვევაში! – ხელები გაასავსავა თვალებგაფართოებულმა ბაჩანამ.
– რაო? – მოუტრიალდა ლაშა. – რომ მივედი, გალავანზე მომიწია გადაძრომა, ჭიშკარი იყო დაკეტილი. დარწმუნებული ვარ, ახლაც არ გამიჭირდება.
– მთლად გადაირიე? – დაუსისინა ბაჩანამ. – ის არ გეყო, რომ დაარტყი… დაარტყი, ლაშა! თან არაფრის გულისთვის, არაფერში არ იყო დამნაშავე! მერე კიდევ მამამისთან მიდიხარ, ეგ იგივე იყო, ეშაფოტზე ასულიყავი, და ახლა კიდევ, სახლში შეპარვა გინდა მის სანახავად? სიტუაციას უფრო ართულებ, არ გესმის? არ ჯობია რომ მოიცადო?
– ჰო, ვართულებ. და არა, მოცდა არ მინდა. – წარბები ასწია ლაშამ და ჭიქაში ჩარჩენილი ყინული აათამაშა.
– ვსო, – ხელები ასწია წარბებაწკეპილმა და განცვიფრებულმა ბაჩანამ. – აღარ ვიცი, რა… მთლად გადაირიე. იცი, რა მოხდება, მამამისმა რომ დაგინახოს?
– ვერ დამინახავს. – უპასუხა ლაშამ გულგრილად.
– და მაინც როგორ გინდა შეპარვა? – ხმას დაუწია ბაჩანამ. – სახლი სასახლეს გავს! კარგი, გალავანზე გადაძვრები, და მერე? სოფიოს ოთახი, იცი, საერთოდ, სად არის?
– მაგაში შენ დამეხმარები. – მოუტრიალდა ლაშა. – სანდროს და ვახოს დაურეკე, მაგენი მაგრები არიან, დაგვეხმარებიან…
– დაგვეხმარებიან? – ატყდა ბაჩანა. – არა-მეთქი! მთლად გაგიჟდი, ლაშა! ჯობია მაგ სულელურ იდეას თავი დაანებო და სოფიოს ნახვა თუ გინდა, ცოტა შეიცადო…
– მე ახლა მინდა. – მიუგო ლაშამ და ბარმენს ჭიქის ავსება ანიშნა.
– ბავშვივით იქცევი. – კბილები დაკრიჭა ბაჩანამ. – და სისულელეს აკეთებ, ეს სიგიჟეა, ლაშა!
– იყოს! – მოუტრიალდა მეგობარი. – მე სოფიოს ნახვა მინდა, თანაც ხვალვე. ვერ მოვიცდი.
– უფრო გაადვილება არ შეიძლება ამ საქმის? – წაიზუზუნა ბაჩანამ. – ვიცი, რომ მოახერხებ ჩემ ამ სისულელეში ჩათრევას.
ლაშამ შთაბეჭდილება მოხდენილი ადამიანის იერით გამოხედა.
-ბრავო, ნუთუ მიხვდი. – სარკასტულად მიუგო მან. მობეზრებულმა ბაჩანამ ლუდი მოსვა. – და რა გაადვილება გინდა?
– რავი, დაურეკო და რამე, უთხრა, რომ შეგხვდეს, არ ვიცი…
– შენ მე სულელი გგონივარ? – მოუბრუნდა ლაშა. – რა თქმა უნდა, დავურეკე! არ მცემს პასუხს.
– რა თქმა უნდა… – ჩაიფშვიტინა ბაჩანამ.
ლაშამ გაღიზიანებულმა გადახედა.
-ჩემი ხასიათის გაფუჭება გინდა, ხომ? – დაუსისინა მან.
ბაჩანამ ჩაიცინა.
-*-*-*-*-
ლაშამ თვითონაც არ იცოდა, რას აკეთებდა, მხოლოდ ის ესმოდა, რომ სოფიოს ნახვა უნდოდა. მასზე ძალიან იმოქმედა სოფიოს გაქცევამ და მისი დაკარგვის და დაუნახველობის პერსპექტივა შიშს იწვევდა მასში. უცნაურ, პანიკურ შიშს. ახლა კი, როცა ეს პერსპექტივა უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე, უნდოდა საკუთარი შიშები ძირიანად აღმოეფხვრა და დარწმუნებულიყო იმაში, რომ სოფიო არ მიატოვებდა. ამისათვის კი მისი ნახვა და მასთან დალაპარაკება სჭირდებოდა.
ახლა სოფიოს სახლის გალავანთან იდგნენ ოთხნი, ლაშა, ბაჩანა და მისი ორი სხვა მეგობარი სანდრო და ვახო. ოთხივე შავებში იყო ჩაცმული, რომ უფრო შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ.
ლაშამ ამოიხვნეშა და მის გვერდით მდგარ მეგობარს გადახედა.
-აბა? მზად ხარ? – წარბები აწკიპა ბაჩანამ. ცოტა ძნელი იყო მისი სახის დანახვა, რადგან თითქმის შუაღამე გახლდათ, მაგრამ შორიახლოს მდგარი, ანთებული ლამპიონი ანათებდა ქუჩას.
– კი. – თავი დააქნია ლაშამ. მერე კი კედელს მოეჭიდა, ნაპრალებში ფეხები შედგა და ნელა გადაძვრა კედელზე. ბალახში ჩუმად ჩაეშვა. სამი დანარჩენი ბიჭიც მალევე ეზოში იყო.
– ჩუმად! – დაისისინა ლაშამ, როცა ხეებზე მოფარებით გაემართნენ სახლისაკენ.
– რომელია? – გადაულაპარაკა ბაჩანამ სანდროს. სანდრომ სახლს ახედა და თვალები მოჭუტა.
– სახლის მარჯვენა გვერდზე… – ჩაილაპარაკა მან. – თავიდან მესამე და მეოთხე ფანჯრები… აი, ის! – მან თითი აიშვირა განათებული ფანჯრისაკენ სახლის მეორე სართულზე.
– მაშ კარგი… – ლაშამ მკვირცხლად გადაჭრა მონარჩენი მანძილი და ჩვენებული ფანჯრის ქვემოთ დადგა. ბედად, სახლის ამ მხარეს ქვემოთ არავინ იყო, რადგან აქეთ მხარეს საკუჭნაო და სააბაზანო, ასევე შიგნით სამზარეულო გახლდათ. სახლის მარცხენა გვერდზე შუქი ენთო, სასტუმრო ოთახში. ალბათ ვინმე ტელევიზორს უყურებდა.
– ლაშა, – ჩაუჩურჩულა ბაჩანამ მეგობარს, რომელიც სწორად შელესილ კედლებზე ეძებდა ნაპრალებს, რათა ფეხი მოედო. – ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გეუბნები, გავბრუნდეთ…
– არა. – მოუჭრა ლაშამ. – არსადაც არ წავალ. – მან ხელები მოუფათურა კედელს. ბაჩანამ ამოიხვნეშა.
– ამ კედელს ნაპრალები არა აქვს. ისეთი მაინც არა, მე რომ აძრომა მოვახერხო.
ბაჩანამ ამოიხვნეშა და შუბლი მოისრისა.
-კარგი, კარგი… სანდრო და ვახო მიგაწვდენენ ფანჯრამდე. მერე კი შენ თავს უნდა დაეყრდნო, გაიგე? – ლაშამ თავი დაუქნია და უკან დაიწია.
სანდრომ და ვახომ ხელები ჩასჭიდეს ერთმანეთს და კედლის გასწვრივ დადგნენ. ლაშა გამოექანა, მათ გადაჭდობილ ხელებს მაგრად დაჰკრა ფეხი და ჰაერში მძლავრად აიჭრა. ფანჯრის მოპირკეთებულ და ცივ რაფას მოეკიდა და ფეხები კედელს მიაბჯინა.
სწრაფად აცოცდა განიერ რაფაზე და მეგობრებს გადმოხედა.
ბაჩანამ თავი გააქნია და უკმაყოფილოდ ამოხედა. ლაშამ თვალები გადაატრიალა და შებრუნდა. რაფაზე გასწორდა და ფანჯარას ჩაეჭიდა. ფანჯარა დაკეტილი იყო, მაგრამ მის მარჯვენა, ზემოთა კუთხეში საკმაოდ მოზრდილი სარკმელი ღია იყო. ლაშამ ხელები მოსჭიდა სარკმლის კიდეს და სხეული შიგნით ფრთხილად გადაათრია.
ცოტა ხანში უკვე სოფიოს ოთახისგან მხოლოდ ფარდა აშორებდა.
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და ჯიქურ გადასწია ფარდა.
ოთახში სინათლე ენთო, როგორც წეღან დაინახეს, მაგრამ არავინ იყო.
ლაშამ ოთახში შეაბიჯა, თავისი შავი ტყავის პიჯაკი გაისწორა და იქაურობა მოათვალიერა.
თვალში მოხვდა დიდი, თეთრი ფერის საწოლი, რომელიც მოპირდაპირე კედელთან იდგა, კარისგან მოშორებით. ლოგინისპირა ეტაჟერზე მაჯის საათი, სუნამო, ჭიქა, რამდენიმე თმის სარჭი და მაღვიძარა ეწყო. მარჯვნივ კედელთან დიდი, სარკიანი კარადა იდგა, რომლის ერთი კარი ღია იყო და მოჩანდა თაროებზე შეწყობილი ცოტაოდენი ტანსაცმელი. მარცხენა მხარეს იდგა მერხი, რომელზეც არეულად ეწყო წიგნები, რვეულები, ქაღალდები, ნაწერები, და რომელსაც ლამპა ანათებდა. კედელზე კორპის დაფა იყო გაკრული, დაფარული ნაწერებით, ნახატებითა და სურათებით. კედლები ნაზ ატმისფრად იყო შეღებილი.
ლაშამ გვერდით გაიხედა. მარცხენა მხარეს ასევე მეორე კარი იყო. „ნეტავ სად გადის? „ გაიფიქრა მან და ფრთხილად მიუახლოვდა კარს. ყური რომ მიადო ზედ, დახშული ზუზუნი გაიგონა. ჯერ ვერ მიხვდა, რისი ხმა იყო, მერე კი პასუხმა ტვინში გაუელვა.
ვიღაც თმას იშრობდა შიგნით.
„ალბათ სოფიოა… და ეს მისი სააბაზანოა…“ ლაშას გული ყელში ამოუხტა. „სოფიო ალბათ შხაპს იღებდა…“ გაუელვა თავში და ინსტინქტურად ტუჩები მოილოკა.
შიგნით ზუზუნი უეცრად შეწყდა და ლაშა აფორიაქდა. ცოტა ხანი მიმოტრიალდა აქეთ-იქით, მაგრამ მიხვდა, რომ უაზრო იყო დამალვის მცდელობა.
ამიტომ კართან დადგა და დაელოდა.
შიგნიდან შრიალი, წყლის შხლაპუნი, მერე კი ნაბიჯების ხმა გაისმა.
შემდეგ კარიც გაიღო.
ლაშა კარის მარცხნივ იდგა, ამიტომ, როცა სოფიომ კარი გააღო, ეს უკანასკნელი მას ამოეფარა და სოფიომ ვერ შეამჩნია. გოგონამ კარი ღია დატოვა და სააბაზანოდან გამოაბიჯა.
ლაშამ ხელები გადააჯვარედინა და ნერწყვი გადაყლაპა, როცა ცოლი დაინახა. სოფიოს გრძელი, ჩაფართხუნებული პიჟამა შარვალი და ცალი მხრიდან ჩამოვარდნილი, დიდი, თეთრი და თხელი მაისური ეცვა. სოფიოს ხელში პირსახოცები ეჭირა. მან ოთახი გადაჭრა და კარადას მიადგა. ლაშა სიამოვნებით ათვალიერებდა და წარმოუდგენელი მოთმინებით ელოდა, როდის შემობრუნდებოდა ცოლი.
სოფიომ პირსახოცები დაკეცა, კარადის მეორე კარი გააღო და აიწია, რომ პირსახოცები კარადის ზემოთა თაროში შეეწყო. ლაშამ დაინახა, როგორ აეწია გოგონას წელზე მაისური ხელების მაღლა აღმართვისას და ხორბლისფერი კანის ზოლი გამოუჩნდა. ლაშა ხარბად მიაჩერდა.
მერე კი სოფიომ პირსახოცები შედო და შემობრუნდა.
როცა მისი თვალები ლაშას ფიგურას დაეცნენ, გოგონა ის გამოიყურებოდა, თითქოს სული ამოაცალესო.
უცნაური ხმა ამოუშვა, თვალები გაუფართოვდა.  ერთი მაგრად ამოისუნთქა, სწრაფად დაიწია უკან და კარადის თაროებს აეკრო.
ლაშამ შეამჩნია ჯერ კიდევ ოდნავ შეწითლებული მარცხენა ლოყა და გულში რაღაცამ გასწიწკნა.
სოფიოს თვალები გაფართოებოდა და მთლად გაფითრებულიყო, სხეული უკანკალებდა.
-ლაშა… შენ აქ… როგორ… რას აკეთებ….? – ამოილუღლუღა მან.
ლაშა კედლისაგან წინ წამოიწია და გადაჯვარედინებული მკლავები დაუშვა.
მისი ყავისფერი თვალები სოფიოს მწვანე თვალებს ჩაეჭიდნენ.
ლაშას გულისცემა აუჩქარდა.
გასწორდა.
მერე კი სოფიოსკენ დაიძრა.
-*-*-16-*-*-
ლაშა სოფიოსკენ დაიძრა, ნელა და ჩუმი ნაბიჯებით. კარადის თაროებზე აკრულ სოფიოს სუნთქვა აუჩქარდა. მისკენ მომავალი ქმარი მერხზე ანთებული ლამპის შუქს ამოეფარა და სოფიოს ჩრდილი დაეცა. ლაშა ახლოს მოვიდა, სოფიომ შეამჩნია, როგორ გაფართოებოდა გუგები და როგორ უთამაშებდა სახეზე ჩრდილი.
სოფიომ მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და ძალღონე მოიკრიბა.
-ლაშა… – ძლივს ამოღერღა მან. – აქ საიდან შემოხვედი? რა გინდა…
სოფიოს სიტყვა გაუწყდა, როცა ქმარმა მარჯვენა მკლავი ასწია და მისი თავის გვერდით მიაბჯინა თაროს.
-ლაშა! – წამოსცდა სოფიოს, ნელ-ნელა რაციონალური ფიქრი და აზროვნება დაუბრუნდა და დალაგებულად დაიწყო ფიქრი. – აქ რას აკეთებ მეთქი?
ლაშამ უეცრად გაიცინა.
-შენ როგორ ფიქრობ, სოფიო? – შეუბრუნა კითხვა ქმარმა. სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა. – რა უნდა მინდოდეს აქ, ჩემი დათვივით სიმამრის სახლში, შენს ოთახში? ამ შუაღამეზე?
სოფიო ოდნავ აწითლდა და ლაშას უცებ ძალიან მოუნდა, გაეგო, თუ რას ფიქრობდა მისი ცოლი.
-არ ვიცი… – ამოღერღა გოგონამ. მისი თვალები წამიერად შეხვდნენ ლაშას თვალებს, მერე წამსვე გატრიალდნენ და იატაკს დაუწყეს თვალიერება.
ლაშამ ჩაიცინა და მარცხენა მკლავიც მიაბჯინა თაროს. სოფიო გამომწყვდეული ჰყავდა. გოგონა მთლად დაიბნა და უფრო მაგრად მიეკრო თაროებს, თან ლაშას ოდნავი შიშით და მოღუშული სახით ახედა.
-მისმინე… – დაიწყო ბიჭმა და ცოლს თვალებში ჩააშტერდა. – გუშინწინ რაც მოხდა… – ლაშას წამიერად გაექცა თვალი სოფიოს შეწითლებული ლოყისკენ. – უბრალოდ…
– რა უბრალოდ? – წამოიწია სოფიო, ლოყები აუვარდისფრდა და თვალები გამოუცოცხლდა. – ამ მჭირდება შენი მიზეზები და დროის წელვა! რა გინდა?
ლაშა მოიღუშა, მაგრამ თავი მოთოკა.
-აქ იმისთვის მოვედი, – გამოსცრა მან, – რომ შენთვის ბოდიში მომეხადა…
– მართლა? – სოფიოს სახეზე უნდობლობა ეწერა. – მერე?
-რა მერე? – ჩაეკითხა ლაშა. – ბოდიში, რომ ასე მოხდა. უბრალოდ ძალიან გავბრაზდი და თავი უნდა შემეკავებინა, გაიგონე? ვიეჭვიანე… – ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და სოფიოს თვალი გაუსწორა. ცოლი გაოცებული მისჩერებოდა. – …შენ დამნაშავე არ იყავი, და… მაპატიე, რა. – ლაშამ ყელი ჩაიწმინდა და სოფიოს თვალი აარიდა. ამას ხმამაღლა ალბათ არასოდეს აღიარებდა, მაგრამ გამალებით ელოდა სოფიოს პასუხს.
სოფიო ჩუმად იყო. ლაშამ გამოხედა.
მის ცოლს მისთვის თვალი გაესწორებინა, თავი გვერდზე გადაეწია და რაღაცნაირი ინტერესით, შეკრული წარბებით ათვალიერებდა. ლაშამ უცებ უხერხულად იგრძნო თავი და შეიშმუშნა. სოფიოს აქეთ-იქით გამაგრებული მკლავები თითქოს მოეშვნენ.
-მორჩი? – შეეკითხა სოფიო უეცრად. ლაშა შეკრთა და გოგონას სახეში ჩახედა. – როგორ? – ჩაეკითხა იგი.
– მორჩი მეთქი? ეს არის? – გაუმეორა გოგონამ და მკლავები გადააჯვარედინა.
– მგონი კი… – ოდნავი ყოყმანით მიუგო ლაშამ.
– კარგი. მაშინ თუ მორჩი, წადი. – სოფიო ელვის სისწრაფით შეტრიალდა და დაიხარა, რომ ლაშას მკლავქვეშ გაძრომოდა, მაგრამ ლაშას რეაქციაც არ იყო ცუდი. მან სწრაფად დასწია მარცხენა მკლავი ძირს, რომ სოფიო არ გაქცეოდა.
– რა? – ჩაეძია ლაშა. სოფიოს სიტყვები რა თქმა უნდა, გაიგონა, მაგრამ… „იქნებ მომეყურა…“ გაუელვა მას თავში.
– წადი, მეთქი, ლაშა, რა გინდა? – თავი ასწია სოფიომ და ქმარი მზერით გაბურღა. – ხომ თქვი, ბოდიშის მოსახდელად მიოვედიო? ჰოდა ხომ მოიხადე, ახლა მეძინება მე.
სოფიო ქმარს მკლავზე დაეჯაჯგურა და მეორე მხარესაც სცადა გაქცევა, მაგრამ ლაშას მკლავები ფოლადის ალყასავით შემორტყმოდა. მოღუშულმა, გაღიზიანებულმა და ცოტათი შეშინებულმა გოგონამ მოთმინება დაკარგა.
-სხვა რა გინდა? – შესძახა მან და ქმარს მკერდზე მუშტი დაარტყა. – წადი მეთქი!
ლაშას თვალები სოფიოს სახეს ჩაჰყურებდნენ, პასუხს ეძებდნენ. ბიჭმა ტუჩები მოილოკა და ღრმად ამოისუნთქა.
-და კიდევ… – დაიწყო მან. სოფიო შეტოკდა და ახედა. თვალები გაფართოებოდა და თითები ლაშას ტყავის სახელოსთვის ჩაევლო.
– და კიდევ… – გაიმეორა ლაშამ და ამოისუნთქა. ცოლთან ასე ახლოს ყოფნა და მისი სურნელის შესუნთქვა გონებას ურევდა. – … მინდა გთხოვო, რომ სახლში წამოხვიდე ჩემთან ერთად.
სოფიომ პირი დააღო და მიაშტერდა, მერე კი მწარედ გაიღიმა.
-შენ… ხუმრობ, ხომ ლაშა? – ჰკითხა მან და ლაშა სახელოთი შეანჯღრია. – ეს წუთია, გეუბნები, წადი მეთქი, და შენ მეუბნები, სახლში წამომყევიო? – სოფიო განცვიფრებული მიაშტერდა. – რა გჭირს? ვერ გაიგონე, რას გეუბნები? წადი, მეთქი!
ლაშა მოიღუშა.
-შენ რა გჭირს? – შეუბრუნა მან. – ვერ გავიგე, რა გინდა…
– მინდა, რომ მომშორდე! – ხმას აუწია სოფიომ და ბრაზით შეხედა.
ლაშამ კბილები დააღრჭიალა.
-ხომ მოგიხადე ბოდიში… – გამოსცრა მან. – რატომ არ გინდა…
– შენ… არ მეგონა ასეთი გულუბრიყვილო თუ იყავი, ლაშა. – წარბები აწკიპა სოფიომ. – მემგონი, ვიღაცაში გეშლები. გეგონა, მოხვიდოდი, ორ სიტყვას მეტყოდი და მაშინვე უკან დავბრუნდებოდი და ცხოვრებას ისე გავაგრძელებდი, როგორც ადრე? – სოფიომ ნაძალადევი ღიმილი ესროლა. – შეცდი, ლაშა. მე ლიკა არა ვარ.
ლაშა განცვიფრებული მიაშტერდა. მერე კი ბრაზისაგან სისხლი მოაწვა თვალებში.
-ვიცი, რომ არ ხარ! – იყვირა მან, არ აინტერესებდა, მისი სიმამრი სახლში იყო თუ არა. – ვიცი, გაიგონე? იმიტომ მოვედი აქ! ლიკა… – ამოთქვა მან, და უცებ აღარ მოუნდა ლიკაზე ელაპარაკა, მით უმეტეს სოფიოს წინაშე. – ამას მნიშვნელობა არა აქვს… მინდა, რომ დაბრუნდე, გაიგონე? იმიტომ ვარ ახლა შენთან…
– ყველაფერი შენზეა აწყობილი, ლაშა! – შესძახა სოფიომ. – იცი, საერთოდ, მე რა მინდა? სულ შენ, შენ, შენ! ჩემზე ფიქრობ საერთოდ?
სოფიომ წარბები შეკრა და მოლოდინით სავსე თვალებით მიაჩერდა.
ლაშამ პირი მოკუმა. სახის ნაკვთები გაუქვავდა.
-შენ… შენ გინდა, რომ წავიდე… -ამოღერღა მან.
– ყოჩაღ! – მწარედ გაიღიმა სოფიომ. – როგორ მიხვდი!
– სარკაზმით ნუ მეთამაშები, სოფიო. – ხმას დაუწია ლაშამ. ნერვები სწიწკნიდა.
– თორემ რას მიზამ, კიდევ ერთხელ გამარტყამ? – ჩაეკითხა სოფიო და ქმარს თვალი გაუსწორა.
ლაშამ თვალები მაგრად დახუჭა. სახე დაეღმიჭა.
-მისმინე, სოფიო… როგორ ვწუხვარ, ვერ წარმოიდგენ, მართლა. წამოდი, რა, სახლში? – ლაშა შინაგანად დაიღმიჭა საკუთარი ხმის თითქმის სახვეწნარ ტონზე, მაგრამ არ უნდოდა, არ დაემთავრებინა თავისი ტირადა. – მე… – მან ღრმად ჩაისუნთქა. – ძალიან მაკლიხარ, გაიგონე?
სოფიოს გაფართოებულ თვალებში რაღაცამ გაჰკრა.
-და რატომ გაკლივარ? საჭმელს ვერ იკეთებ? – უკბინა მან.
ლაშას ძარღვი აუთამაშდა საფეთქელში და ყველანაირად შეეცადა დამშვიდებულიყო.
-არა. – მოჭრა მან მოკლედ. – ნუ, შეიძლება მართლაც მაკლია შენი გადასარევი საჭმელი… – თქვა მან. – მაგრამ შენ სულ სხვა საქმე ხარ. შენთან ძალიან ვმხიარულობ ხოლმე. შენ… – ლაშას არ სჯეროდა, რომ ასეთ კლიშე ფრაზას ამბობდა, მაგრამ გადაწყვიტა, გამონაკლისი გაეკეთებინა, თუ სურდა, რომ ცოლი სახლში დაებრუნებინა. – …შენ ჩვენს სახლს სინათლეს ჰმატებ… გესმის?
სოფიო აწითლებული აჰყურებდა, მარცხენა ხელის თლილი თითები მაგრად ჩასჭიდებოდნენ მისი ტყავის პიჯაკს. სახეზე ისევ ეწერა ცოტაოდენი უნდობლობა, მაგრამ ლაშამ შეამჩნია, როგორ ბრწყინავდნენ მისი თვალები.
მერე კი საკუთარი თვალები სოფიოს ტუჩებისა და გამოჩენილი მხრისკენ გაექცა. ლაშამ მარცხენა ხელი ასწია და სწრაფად შემოარტყა სოფიოს წელზე. მეორე ხელით კი მისი თავი მხარზე მიიხუტა. მონატრებული ცოლი მაგრად ჩაიკრა გულში.
იდგა და სოფიოს სურნელს ისუნთქავდა.
სოფიო გაუნძრევლად იდგა. მისი მკლავები უმოძრაოდ დაშვებულიყვნენ მის გვერდებთან.
-აბა? – დაიჩურჩულა ლაშამ და სოფიო უფრო მაგრად მიიხუტა. – წამოხვალ?
სოფიომ ხმა არ გაიღო.
მერე კი ერთადერთი მისი სიტყვა მისწვდა ლაშას ყურებს.
-არა.
ლაშა არ განძრეულა. უბრალოდ იდგა და სოფიოზე შემოხვეული მკლავები უკანკალებდა.
უცებ სასოწარკვეთილებამ და შიშმა შეიპყრო.
-რატომ? – ამოიხრიალა მან. – რატომ არა?
– ახლა არ მინდა და იმიტომ. მინდა რომ ცოტა ხანი აქ ვიყო. – უპასუხა სოფიომ და მკლავები ასწია. ხელები ლაშას მხრებზე მიაბჯინა და მაგრად მიაწვა. ლაშამ ნელ-ნელა შეუშვა ხელი.
– წადი, გთხოვ. – უთხრა სოფიომ და პირი იბრუნა.
ლაშა მის ზურგს და მუქ ქერა თმაში გამოჩენილ კისერს მიაჩერდა. სუნთქვა გაუძნელდა.
-მისმინე… – კიდევ სცადა მან. – სოფიო, ვიცი, შევიგნე, რომ დავაშავე… მაგრამ არ შეგიძლია, რომ სახლში არ მოხვიდე, გთხოვ…
– რას ამბობ? – სოფიო მკვეთრად შემოტრიალდა. მისმა მუქმა ქერა თმამ ლამპის შუქზე გაიბზინა. – ვერ გაიგონე? ცოტა ხანი არ მინდა მოსვლა. ვიფიქრებ, ჩემთვის ვიქნები… ორივესათვის უკეთესი იქნება. მერე კი მოვალ.
ლაშა გამოცოცხლდა.
-მართლა? – ჩაეკითხა იგი. – მოხვალ?
– არა. – მიუგო სოფიომ და ხელები გაშალა. – როგორ წამოვიდე, გაგიჟდი? – სოფიომ ნელა გაიღიმა და ლაშამ ჯერ ღრმად ამოისუნთქა, მერე კი სოფიოს გაუცინა.
– მართალი ხარ… ახლა ვერ წამოხვალ. ასე ჩაცმული… – ლაშამ ცოლს თვალი ააყოლ-ჩააყოლა.
სოფიო გაწითლდა და ხელებით მაისურის კიდეს ჩაეჭიდა. ქმარი ხარბად მიაჩერდა მის გამოჩენილ მხარს, ალეწილ სახეს და გაფართოებულ მწვანე თვალებს.
-ლაშა… – ამოილუღლუღა სოფიომ ლაშას სახის დანახვაზე.
ქმარმა თითქმის მთლიანად ჩაბნელებული თვალები მიაპყრო, კანკალით ამოუშვა ჰაერი და კბილები გააშიშვლა.
სოფიოს ჟრუანტელმა დაუარა.
ლაშამ წინ წამოიწია, ერთი ნაბიჯით მიაღწია სოფიომდე, ხელი წაავლო და წამსვე ტუჩებზე დაეწაფა. ცალი ხელი ზურგზე შემოჰხვია მაგრად, მეორე კი მხრებზე. მკერდზე მიიკრა და ოდნავ წამოსწია თავისაკენ. სოფიო თითქოს არ ჰყოფნიდა.
ცოლმა თვალები მაგრად დახუჭა და ქმარს მხრებზე ჩაეჭიდა.
ლაშამ კოცნა გაწყვიტა, სოფიოს მარცხენა ლოყაზე გაწითლებული კანი დაუკოცნა და ყელზედაც მისწვდა ტუჩებით, თან უფრო ახლოს მიიზიდა ცოლი.
-ლაშა… – დაიჩურჩულა სოფიომ. – შეჩერდი… გეყოფა…
– არ მეყოფა. – მოჭრა მან და ნაზად მიაკრა ტუჩები სოფიოს ყელზე აჩქარებულად მფეთქავ ძარღვს. გოგონა შეტოკდა და ხელები მხრებში ჩააჭირა.
– ლაშა, გთხოვ… – სოფიომ თავი გვერდზე გასწია და უკან სცადა დახევა. – გაჩერდი…
ლაშას გაჩერება აზრადაც არ მოსდიოდა. ხელი ქვემოთ დასწია და სოფიოს მაისურქვეშ შეაცურა, კანი შეიგრძნო, და სწრაფი მოძრაობით ასწია ზემოთ, უფრო მეტს სურდა, რომ შეხებოდა…
სოფიო მოულოდნელობისგან შეკრთა.
-გაჩერდი.  -ხმამღლა თქვა მან. – ლაშა!
მისმა სიტყვებმა ბიჭი გამოაფხიზლეს.
ლაშას თითქოს ტვინი გადაუტრიალესო, წამსვე გადაეწმინდა გონება. ხელი სწრაფად დასწია სოფიოს ზურგიდან და მაისური ჩამოუწია.
სოფიო ღრმად სუნთქავდა. ლაშა სახეში ჩააშტერდა. ხმა ვერ გაიღო, ენა არ უბრუნდებოდა.
ჩასჩერებოდა სოფიოს მწვანე თვალებს, გაწითლებულ ტუჩებსა და უკან გადავარცხნილ მუქ ქერა თმას. არ ფიქრობდა, უბრალოდ ათვალიერებდა. უნდოდა, სოფიო ასე დაემახსოვრებინა.
ლაშას კონცენტრაცია გარედან ბრაგუნის ხმამ დაურღვია. ვიღაც კიბეზე ამოდიოდა.
 სოფიო შეკრთა და კარისკენ გაიხედა.
ლაშამ სუნთქვაც კი  შეწყვიტა, ისევ სოფიოს ახლოს იდგა, ცოლის წელზე მკლავები შემოეხვია და განძრევას ვერ ბედავდა.
ნაბიჯები მოახლოვდა. ორივე ახალგაზრდა ადგილს მიყინულიყო.
მერე კი კარი შემოგლიჯეს. ზღურბლზე გაქვავებული გურამ ხოჯავა იდგა.
იდგა და გაყინული თვალებით მისჩერებოდა წყვილს.
-შენ… აქ… – ხელი ასწია მან. მზერა გადაწეული ფარდისა და ღია სარკმლისაკენ გაექცა, წამსვე მოიღუშა, მისმა ნაცრისფერმა თვალებმა ცეცხლი დააკვესეს.
– ჩემს ქალიშვილს მოშორდი! – იღრიალა მან და წინ წამოიწია.
ლაშა არც კი განძრეულა, მშვიდად მიაშტერდა, იმის მიუხედავად, რომ შიგნით ყველაფერი ამოუტრიალდა.
-თქვენი ქალიშვილი ჩემი ცოლია, დაგავიწყდათ? – ჰკითხა ლაშამ და იგრძნო, როგორ დაიძაბა სოფიო მის გვერდით.
გურამმა თვალები დაავიწროვა და კბილები დაკრიჭა.
ღრიალით გაიჭრა წინ, მაგრამ ლაშა მკვირცხლად დაუძვრა და ორიოდე ნაბიჯში ფანჯარასთან აღმოჩნდა.
-აქ მოეთრიე, შე ლაწირაკო! – იღრიალა გურამმა და ფანჯრისაკენ დაიძრა.
– მამა! – შეჰკივლა სოფიომ. გურამმა წამით გადახედა ქალიშვილს, და ეს საკმარისი იყო ლაშასთვის, რომ ხელები მოეჭიდა სარკმელისათვის და სხეული საოცარი სიიოლით გაეძვრინა შიგნით.
ლაშა გარეთა რაფაზე დადგა და იქედან გაუღიმა სოფიოს, და ბატონ გურამს თვითკმაყოფილი ღიმილი სტყორცნა.
-ნახვამდის! გნახავთ კიდევ! – თქვა მან და გურამის საოცრად მრავალფეროვან გინებას და ფანჯრისკენ მომავალ ფიგურას ყურედღება არ მიაქცია.
შემოტრიალდა, და ძირს ჩახტა.
მძიმედ დახტა ტერფებზე და ჯერ კიდევ მჯდარ მეგობრებს, რომლებიც მის დანახვაზე წამოიშალნენ გაუცინა.
მერე კი გალავნისაკენ გაიჭრა.
მეორე სართულზე კი გადარეულ გურამ ხოჯავას მისი ცოლი და ქალიშვილი აკავებდნენ.
-*-*-17-*-*-
– არ მჯერა! – იყვირა გურამმა და სავარძლიდან წამოიწია. მისმა ნაცრისფერმა თვალებმა მის წინ ტახტზე მჯდარი ქალიშვილი გაბურღეს. – როგორ… არ მესმის…
სოფიომ პირი მოკუმა და თვალები დახუჭა.
-მე ჩემს სახლში მინდა დაბრუნება, მამა. – გაიმეორა მან.
გურამს სახე აუწითლდა. მის გვერდით მჯდომმა დიანამ თვალები გადაატრიალა და ამოიხვნეშა.
-იმ… იმ უხეშ ლაწირაკთან? – იხუვლა გურამმა. – შენი სახლი აქაა, აქ!
– უკვე არა, მამა… – მოიღუშა სოფიო. – ხომ აგიხსენი, რაც მოხდა…
– ეგ არ აძლევს უფლებას, რომ ხელი დაგაკაროს! – ფეხზე წამოდგა გურამი და ბოლთის ცემა დაიწყო. – მე არ მინდა რომ წახვიდე.
– მამა, ნუთუ ვერ ხვდები? ლაშასაც იგივე ვუთხარი… არცერთი არ ფიქრობთ, მე რა მინდა…
– მართალს ამბობს, გურამ… – ჩაერია დიანა. – უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სოფიო აქაა. ბიჭი ყოველდღე მოდის იმ საღამოს მერე! ხომ გთხოვა პატიება, მეტი რაღა გინდა? – დიანამ ქმარს გადახედა, რომელიც უბღვერდა და ჩაიფრუტუნა. – მემგონი ყველასთვის ემჯობინება, თუ თვითონ მოაგვარებენ ამ საქმეს. აცადე, თვითონ გაერკვნენ.
გურამმა ამოიხვნეშა და ყოყმანით დაჯდა.
-მაინც არ მომწონს ეს სიტუაცია, სოფიო. – თქვა მან და ხელები შეკრა. – დარწმუნებული ხარ?
სოფიომ თავი დაუქნია.
-კი, მამა. – დაეთანხმა იგი. – ლაშას დავურეკე, მომაკითხავს და წამიყვანს.
გურამმა წარბი ასწია და გამოხედა. სოფიომ მხრები აიჩეჩა.
-იმის შემდეგ, რაც ფანჯარა ჩამიკეტე, ფაქტიურად გისოსები დამიდგი, და მის ყოველ მოსვლაზე ძერასავით დაგვყურებდი თავზე, ტელეფონზე მირეკავდა ხოლმე. – თქვა მან და მკლავები გადააჯვარედინა. სახეზე უკმაყოფილება ეხატა.
– მართალია, გურამ. – წარბი ასწია დიანამ. – რა სულელური იდეაა! ბიჭს უბრალოდ სოფიოსთან დალაპარაკება უნდოდა და შენ არ შემოუშვი. სოფიო პასუხს არ სცემდა. ჰოდა რა უნდა გაეკეთებინა? სახლში შემოიპარა. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ისე, ძალიან კარგად მოახერხა. რა მოხერხება უნდა სარკმელიდან შემოსვლას, იცი? ლაშა საკმაოდ ძლიერი და მოქნილი ჩანს…. – დიანამ სოფიოს თვალი ჩაუკრა. გოგონამ გაიცინა და გაწითლდა.
– ცუდს ვერაფერს ხედავ? – გადაირია გურამი. – რას ქვია, ვერაფერს! ვერ ხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო? ახალგაზრდები არიან… თან საძინებელ ოთახში… – გურამმა ხელები გაასავსავა. – და მერე, ჩემს სახლში…
– მამა! – შეუყვირა სოფიომ. სახე და ყურები აუწითლდა. – მე წავალ ახლა, ჩავიცვამ. – სწრაფად წამოდგა ფეხზე და თავისი გრძელი შარვლის ფართხუნით გავიდა ოთახიდან. გურამმა ამოიხვნეშა. დიანა სიცილით კვდებოდა.
– ყოჩაღ, გურამ, ყოჩაღ… – ჩაიხითხითა დიანამ და ქმარს მხარზე ხელი წაჰკრა.
გურამმა გამოხედა, რაღაც ჩაიბუზღუნა და ჩაიცინა.
ზემოთ კი სოფიომ თავისი საშინაო ტანსაცმელი გაიძრო და უბრალო ჯინსის შარვალი და მაისური ჩაიცვა, ზედ ჟაკეტი მოიგდო. თმა უბრალოდ კეფაზე შეიკრა. ჯერ არ აპირებდა ჩაცმას და მომზადებას, მაგრამ დედ-მამასთან იმ კომენტარის მერე ვეღარ გაჩერდებოდა, აქ რომ ამოვიდა, რაღაცით უნდა დაეკავებინა თავი.
სოფიო ლოგინზე ჩამოჯდა და ხელები კალთაში დაიკრიფა. ერთი კვირა გავიდა იმის შემდეგ, რაც ლაშამ სახეში გაულაწუნა. სოფიომ ამოიხვნეშა და საწოლზე გადაწვა. როცა, ის და გოჩა სახლიდან გამოვიდნენ, საშინლად მოუნდა მშობლების სახლში წასვლა. გოჩას სიტყვაც არ დაუძრავს, ისე მიიყვანა სახლში. მხოლოდ გაბრაზებული იყო მთელი გზა, ნესტოები უთრთოდა და ხელებს მაგრად უჭედა საჭეს. როცა სახლში მივიდნენ და დედამ კარი გაუღო, სოფიოს მის დანახვაზე გული ამოუჯდა. დედას ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. დიანამ წამსვე მას დამშვიდება დაუწყო და მამას დაუძახა. გურამი ჯიქურ გამოვარდა შემოსასვლელში მისი ტირილისა და ცოლის ხმის გაგონებაზე და მაშინვე მის უკან მდგარ გოჩას გამოჰკითხა ამბავი. გოჩამ მოუთხრო რაც მოხდა და სანამ დიანამ სოფიო ზემოთ აიყვანა, გადარეული გურამი გოჩასთან ერთად შემოსასვლელში ღრიალებდა. გოჩა საღამოთი დარჩა, იმის მიუხედავად, რომ სოფიო ვეღარ ნახა, გურამს ელაპარაკებოდა და ზურასთან ერთად იჯდა სასტუმრო ოთახში. მერე მისი წასვლის შემდეგ მამა ამოვიდა და სოფიოს დაელაპარაკა. ლაპარაკის უმეტესი წილი გურამის გინება და ღრიალი იყო, დიანა ამშვიდებდა მას. პიჟამაში გამოწყობილი სოფიო კი ლოგინზე იჯდა და ჯიუტად მიშტერებოდა იატაკს.
სოფიომ ნამდვილად ბევრი იფიქრა ამ ინციდენტზე. ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ლაშა ასე არ უნდა მოქცეოდა და თვითონაც არ იმსახურებდა სილის გაწვნას. რა თქმა უნდა, იმ სილას ვერაფრით ვერ გამოასწორებდა, მაგრამ უნდოდა, რომ ლაშას გაეცნობიერებინა, თუ რა გააკეთა და რომ უსამართლოდ მოიქცა. იმის შემდეგ, რაც ქმარმა ერთ დღეში თვრამეტჯერ დაურეკა და თორმეტი მესიჯი დაუტოვა, სოფიომ იფიქრა რომ ლაშამ იქნებ მართლაც ინანა თავისი საქციელი.
მერე კი ქმარმა სახლში მოაკითხა… ფანჯრიდან. გულწრფელი რომ ყოფილიყო, სოფიო მართლაც დაფეთდა, როცა ქმარი დაინახა, მთლად შავებში გამოწყობილი, სააბაზანო ოთახის კარის გვერდით აყუდებული. მერე ლაშამ მკლავებში მოიმწყვდია და აკოცა… სოფიომ სახე ხელებით დაიფარა. ეს რა თქმა უნდა, პირველი კოცნა არ იყო ქმართან, მაგრამ ქმრის ჩაბნელებული თვალები და ის ფაქტი, რომ ლაშამ ხელი მაისურში შეუცურა, მის განსაკუთრებულობაზე მეტყველებდა.
ლაშამ მეორე დღეს ისევ მოვიდა, ოღონდ ამჯერად შემოსასვლელი კარიდან. გახელებული მამის გაკავება მოუხდათ, თორემ სოფიო დარწმუნებული იყო, რომ გურამი სიძეს თავისი ხელით მოახრჩობდა. ლაშამ სოფიოს ყვავილების გორა გადასცა, სოფიო მთლად ჩაიმალა თაიგულის უკან. არ მოეწონა ფაქტი, რომ ლაშა ფიქრობდა, რომ ცოლის მოსათაფლად მხოლოდ უამრავი ყვავილი იყო საჭირო, მაგრამ მაინც აფასებდა ამ ჟესტის სენტიმენტს და ძალისხმევას.
ლაშამ ბოდიში მოიხადა გურამის წინაშე, და მიუხედავად იმისა, რომ სოფიო ხედავდა, თუ რა კმაყოფილი იყო მისი ქმარი თავისი საქციელით იმ საღამოს, არაფერი თქვა. გურამი მაინც დაძაბული იყო სიძის კამპანიაში. ლაშამ ღვინოებზე, მანქანებზე, ფეხბურთზე და რამდენიმე სხვა თემაზე წამოიწყო ლაპარაკი, იმ იმედით, რომ სიმამრს საუბარში ჩაითრევდა, მაგრამ გურამი პასიური რჩებოდა, მოკლედ ჭრიდა პასუხებს და ლაშას შეუჩერებლად უბღვერდა.
ლაშას მათ სახლში მოსვლა არ გაუწყვეტია. საოცრად შესამჩნევი იყო, რომ ცდილობდა სოფიოსთან მარტო დარჩენილიყო და დალაპარაკებოდა, მაგრამ გურამი ქორივით დასტრიალებდა თავზე. როცა გურამი არ იყო იქ, ზურა დაერჭობოდა დარაჯივით. ლაშა ტუჩს აიბზუებდა და ზურას მზერით ბურღავდა. ზურა გაუცინებდა ხოლმე.
გოჩაც მოდიოდა მის სანახავად, დღეგამოშვებით. მხოლოდ ერთადერთხელ დაემთხვა მისი ვიზიტი ლაშას ვიზიტს და მთელი საღამო ერთმანეთის ლანძღვაში გაატარეს. ლაშა თვითკმაყოფილი ღიმილით იჯდა სოფიოს გვერდით, მის მხრებზე  მკლავი ჰქონდა გადახვეული და მის მოპირდაპირედ მჯდომ გოჩას ცალყბად უღიმოდა.
სოფიომ კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა. აღარ იცოდა, რა ეფიქრა. ნამდვილად უნდოდა თავის საკუთარ სახლში დაბრუნება, მაგრამ მაინც ყოყმანობდა. ლაშა აშკარად ინანიებდა თავის საქციელს, მაგრამ ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ იგი ასეთ რამეს აღარასოდეს გააკეთებდა? სოფიოს შეაჟრჟოლა. არ იყო დარწმუნებული, და სწორედ ეს აშინებდა.
სოფიო გამოერკვა, როდესაც ქვემოდან დაუძახეს.
-სოფიო! – გაისმა დედამისის ხმა. – ჩამოხვალ? ლაშა აქაა!
– მოვდივარ! – გასძახა სოფიომ, ლოგინიდან წამოხტა, თავის პატარა ჩანთას დაავლო ხელი, მხარზე მოიგდო და ძირს ჩაირბინა.
ლაშა შემოსასვლელში იდგა, ყავისფერი ტყავის ქურთუკი და შავი შარვალი ეცვა, და გურამს რაღაცაზე ელაპარაკებოდა. თუმცა სოფიო უკვე ხვდებოდა საუბრის თემას. გურამი ალბათ ლაშას ემუქრებოდა და თან მოძღვრავდა.
-მამა! – თქვა სოფიომ, თან შემოსასვლელში მდგარ წყვილს მიუახლოვდა.
გურამმა წამსვე გამოხედა და ყელი ჩაიწმინდა.
-ჰო… – თქვა მან. მერე ისევ ლაშას მიუბრუნდა. – რომ დაიმახსოვრემ რაც გითხარი? კიდევ ერთხელ ატკენ? – გურამმა თავი ასწია და შეეცადა ლაშასთვის ზემოდან დაეხედა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის ერთი სიმაღლისანი იყვნენ. – იცოდე, გაგჭყლინტავ და გაგაქრობ. გასაგებია?
– ოჰ, გეყოფა თუ არა… – ჩაუქროლა დიანამ ქმარს და ლაშას ჩაეხუტა. მერე კი სოფიოს. – აბა შენ იცი, – უთხრა მან, თან ჟაკეტის საყელო და თმა შეუსწორა. სოფიოს ჩაეღიმა. – ჭკვიანად…
– დეეე… – დაიზუზუნა სოფიომ. დიანამ გაიღიმა და შვილს თვალებში ჩახედა. ერთნაირი მწვანე თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. – თუ რამე მოხდება… – სერიოზულად უთხრა დიანამ. – აუცილებლად გაგვაგებინე, კარგი?
სოფიომ პირი მოკუმა და თავი დაუქნია. დიანამ ისევ გაუღიმა, შეისუნთქა და შებრუნდა.
ლაშა სოფიოს მიუახლოვდა.
-წავედით? – შეეკითხა იგი ღიმილით.
სოფიომ თავი დაუქნია, და უკან გაჰყვა.
-*-*-*-*-*-
ცხოვრება, რასაკვირველია, გაგრძელდა. ერთმა თვემ ისე გაიარა, ლაშასა და სოფიოს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, პირიქით, ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. მითუმეტეს, როცა ეკატერინე არ იყო იქ. ისევ ერთად ჭამდნენ, საუბრობდნენ, დროს ატარებდნენ. ლაშას სოფიოსთან ყოფნა ძალიან სიამოვნებდა, უყვარდა მისი სიცილის გაგონება და სახის დანახვა. საღამოობით რაიმე შოუს ანდა უფრო ხშირად, ფილმს უყურებდნენ. ჩვეულებრივ, ფილმები გვიან იყო, ამიტომ სოფიო და თვითონაც პიჟამებს იცვამდნენ და ისე მოეწყობოდნენ სავარძლებში. ყოველ საღამოს, როცა სოფიო დაღლილი იყო და ფილმის ყურებისას დაეძინებოდა, ტახტის სახელურზე გადაწოლილს, ლაშა აიტაცებდა ხელში და ზემოთ აჰყავდა. ლოგინში ჩააწვენდა, სოფიო რაღაცას ჩაიბუზღუნებდა და მუცელზე გადაბრუნდებოდა. ლაშას ყოველთვის ხელები ექავებოდა, რომ ცოლს გვერდით მისწოლოდა და ახლოს მიეხუტებინა, მაგრამ არ სურდა ეს მაშინ გაეკეთებინა, როცა სოფიოს ეძინა. ამიტომ სულ ყოყმანით ტოვებდა ცოლის ოთახს.
ლიკა კი… ლიკა თითქმის სამი კვირა იყო, რაც არ ენახა. მთელ დროს ცოლთან ატარებდა. სიმართლე რომ ეთქვა, და სინდისი ქენჯნიდა ამის გამო, მას ლიკა აღარ უყვარდა.  ყოველ შემთხვევაში, იმასთან შედარებით, როგორც ადრე უყვარდა, ეს სასაცილო იყო. მასთან აღარაფერი აკავშირებდა ინტიმური კავშირის გარდა. ლიკა აშკარად ვერაფერს ხვდებოდა, ყოველ შეხვედრაზე ლაშას საძინებელში მიათრევდა. ლაშა ვერ იტყოდა, რომ ეს არ სიამოვნებდა, მაგრამ ლოგინში, ლიკას მაგივრად, სოფიოს წარმოიდგენდა ხოლმე და ამაზე ჭკუას კარგავდა. მერე ახსენდებოდა რეაქცია, რომელიც სოფიოს ჰქონდა, როცა ქმარმა მაისურში ხელი შეუცურა და შიშველი კანი იგრძნო. გოგონამ წამოიყვირა და სახეზე ოდნავი შიშიც კი გამოეხატა. ლაშა ხვდებოდა, რომ სწრაფი მოძრაობა არ ივარგებდა, ნელი სტრატეგია უნდა აერჩია. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად აუტანელი იყო ეს ლოდინი.
ცდილობდა, სოფიოს გული მოეგო. ლიკაზე არ ულაპარაკიათ, და არც კი აპირებდა, არ სურდა, იდილია ჩაეშხამებინა. სამაგიეროდ ცდილობდა, სოფიოსთან რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაეტარებინა, მეტი კონტაქტი ჰქონოდა. ამით სურდა ეგრძნობინებინა მისთვის ის, რომ ლიკასთან აღარ დადიოდა. უმეტესად რომ აღარ დადიოდა მაინც. იცოდა, რომ სოფიო ამას გრძნობდა, გოგონა უფრო გახსნილი, და მხიარული იყო. ლაშა ძალიან ბედნიერი იყო სოფიოსთან. დარწმუნებული იყო, რომ მის მიმართ ძალიან ძლიერი გრძნობები ჰქონდა. სურდა, სოფიო მისი ნამდვილი ცოლი გამხდარიყო.
-*-*-*-*-
– ბედნიერი ჩანხარ, ძმაო… – თქვა ბაჩანამ, როცა ბარში დაჯდნენ და ლაშამ ვისკისა და ბრენდის ნაცვლად, უბრალო წვენი შეუკვეთა. ბაჩანამ ლუდის ბოთლი ყელში გადაიმხო და ინტერესით მიაჩერდა მეგობარს.
ლაშამ გაიცინა და წვენი მოწრუპა.
-შეამჩნიე, ხომ? – თქვა მან და ჭიქა ბარზე დადგა.
– ჰმმმ… – ამოიზმუვლა ბაჩანამ და ეჭვის თვალით მიაჩერდა ლაშას.
– მერე? – ჩაეძია იგი. – აუცილებელია, რომ გამოგკითხო? ჰე, დაყაჭე… ლიკასთან გაატარე კარგი დრო?
ლაშა მოიღუშა.
-არა. – მოჭრა მან მოკლედ. – ლიკა სამი კვირაა არ მინახავს. – დაამატა მან.
– ოჰ? – წარბები აწკიპა ბაჩანამ. – და რატომ? – ჰკითხა მან.
– სოფიო, ძმაო, სოფიო! – თქვა ლაშამ და ბაჩანას მხარზე წაჰკრა ხელი. – ლიკა… ლიკა აღარ მიყვარს, გაიგე?
– ვააა…. – ბაჩანას თვალები გაუფართოვდა, მერე კი ლუდი ძირს დადო და შვებით ამოისუნთქა. – მართლა? აუ, ეგ… მაგარია, ძმაო! – თქვა მან და გაიცინა.
ლაშამ უცნაურად გამოხედა.
-ისე ამბობ, თითქოს არ მოგწონდა, ლიკა რომ მიყვარდა. – თქვა მან.
ბაჩანა ოდნავ შეყოყმანდა.
-ჰო, მართლა არ მომწონდა, მართალი გითხრა. – აღიარა მან. – არ მომწონდა. სოფიო უკეთესია შენთვის, ძმაო, გილოცავ.
– და, რატომ არ მოგწონდა, რომ ლიკა მიყვარდა? – ჩაეძია ლაშა. გრძნობდა, რომ ბაჩანა სათქმელს არ ამთავრებდა. – მითხარი… რაღაცას არ მეუბნები… რაღაცას მიმალავ, სახეზე გაწერია.
ბაჩანა უხერხულად შეიშმუშნა.
-მისმინე… არ მინდოდა არ თქმა ადრე, რადგან ვიცოდი, რომ ლიკა გიყვარდა და იფიქრებდი, რომ ან მე მელანდებოდა რაღაცები, ანდა გეწყინებოდა ან რამე, არ ვიცი… – ლაშამ წარბი აწკიპა და ინეტერესით შეხედა. – ჰოდა, ხომ იცი, რომ ლიკადან რამდენიმე ქუჩის დაშორებით ვცხოვრობ? – ლაშამ თავი დაუქნია და ინსტინქტურად წინ წამოიწია. დაინტრიგებული იყო. – ჰოდა, ხშირად დავინახავდი ლიკას, სასეირნოდ როცა გადიოდა. – თქვა მან. მერე ღრმად ჩაისუნთქა. – ლიკა… სხვადასხვა ბიჭებთან ერთად იყო, ლაშა. მე ვფიქრობდი, რომ შენს მიმართ ერთგული არ იყო, გესმის?
ლაშამ თვალები დაახამხამა.
ელოდებოდა სიბრაზეს, წყენას, გულისტკენას.
მაგრამ არცერთი არ მოვიდა.
არაფერს გრძნობდა, აბსოლუტურად არაფერს.
შეტრიალდა და წვენი მოწრუპა.
-იცი რა… – თქვა მან გულგრილად. – ეგ ადრე უნდა გეთქვა ჩემთვის, ახლა ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ფაქტიურად დაშორებულები ვართ, მე ის აღარ მიყვარს. ჰოდა ვისაც უნდა, იმას დაუწვეს, მე აღარ მაინტერესებს და აღარც მაწუხებს.
ბაჩანამ შვებით ამოისუნთქა.
-კარგია, ლაშა. – თქვა მან. – მაპატიე, რომ ადრე ვერ გითხარი. სოფიო ძალიან კარგი ადამიანია, დარწმუნებული ვარ, მშვენიერი ცოლი და გადასარევი დედა იქნება. – თქვა მან და ლუდი მოწრუპა.
ლაშამ ჩაიცინა.
-ჰო, აბა რა… – გაიღიმა მან და მის წინ, კედელს მიაშტერდა. – გადასარევი დედა…
-*-*-*-*-*-
ლაშას ბიძაშვილი, ქარიზმატული, მოდური და ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფი ქეთი წვეულებას აწყობდა. ლაშა და სოფიო, რასაკვირველია, მიწვეულები იყვნენ. ამ წვეულებაზე ქალაქში ცნობილი და გავლენიანი პიროვნებები მოდიოდნენ და ლაშას სურდა, საუკეთესოდ გამოჩენილიყვნენ.
ამისათვის ლაშამ სოფიო ოთხსაათიან შოპინგზე წაიყვანა და სანამ საუკეთესო კაბა არ უყიდა, არ მოეშვა. მაღაზიის ასისტენტებმა თვითონ და მისი ცოლი რომ დაინახეს, კინაღამ გული წაუვიდათ. სამი ერთად დაეხვია სოფიოს თავს და ორიოდე საათში, სოფიო მაღაზიიდან დიდი თეთრი შეკრულათი გამოდიოდა. ლაშას კაბა ჯერ არ ენახა და ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა. გულისფანცქალით ელოდა წვეულების საღამოს.
საღამოსთვის ლაშამ ვერცხლისფერი პერანგი, და სპეციალურად შეკერილი შავი კოსტიუმი, შარვალი და ტყავის ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა კი უკან გადაივარცხნა. არ უყვარდა თმის ასე ტარება, მაგრამ საჭიროება ამას მოითხოვდა.
ლაშამ გასაღებს წაავლო ხელი, კორიდორში გამოვიდა და კიბეებზე ჩაირბინა.
-ლაშა, მზად ხარ? – გაისმა სოფიოს ხმა. – ძლივს ჩამოხვედი…
ლაშამ წამსვე გაიხედა და კინაღამ კიბეებზე დაგორდა.
გასწორდა და შედგა.
სოფიო შემოსასვლელში იდგა და მბრწყინავ, პატარა შავ ჩანთაში რაღაცას ეძებდა.
ტანზე წითელი, წინ მხრებამდე დახურული, წელსა და თეძოებზე გამოყვანილი კაბა ეცვა. სოფიოს თმა ზემოთ ჰქონდა ახვეული და რამდენიმე დაკულულებული ღერი ჩამოშლოდა. წითელი პომადა და შავი, თითქოს ბნელი ჩრდილი ესვა ქუთუთოებზე.
ლაშას გააჟრჟოლა.
სოფიო აბსოლუტურად თვალწარმტაცად გამოიყურებოდა.
-ლაშა? – სოფიოს ხმამ იგი გამოაფხიზლა. ბიჭი გამოერკვა და ცოლს შეხედა. სოფიომ წარბი ასწია და ისე მიაჩერდა. – მოდიხარ? – შეეკითხა იგი.
– ჰო… ჰო, რა თქმა უნდა….  – უპასუხა ლაშამ. სოფიომ თავი დაუქნია და შებრუნდა.
ლაშამ კინაღამ ფეხი წამოდო ხალიჩას და ძირს დაენარცხა.
კაბა წელამდე ჩახსნილი იყო ზურგზე და ნაზი, ხორბლისფერი კანი მოჩანდა.
ქმარი ხარბად მიაშტერდა, სანამ სოფიომ ყელზე აბრეშუმის თეთრი შარფი არ მოიგდო, რომლის ორივე ბოლოც ზურგზე იყო გადაგდებული.
ერთად გავიდნენ სახლიდან და კარი გადაკეტეს.
წვეულებაზე რომ მივიდნენ, თავად მასპინძელი შეეგებათ. ქეთიმ ენთუზიაზმით გააცნო სოფიოს საკუთარი თავი და მალევე გოგონები საუბარში იყვნენ გართულნი. ლაშამ ისინი დატოვა, რომ რამდენიმე თავის ნაცნობსა და მამამისის ბიზნეს-პარტნიორს მისალმებოდა.
სოფიოს ქეთისთან საუბარი ძალიან სიამოვნებდა, ქალი ძალზე განათლებული და იუმორის გრძნობის მქონე გახლდათ. მაგრამ ცოტათი დასცხა შიგნით. ბევრი ხალხი ირეოდა და ჰაერი საკმაოდ დახუთული იყო.
-ქეთი, ხომ არ შეწუხდები, ცოტა ხნით აივანზე რომ გავიდე? – ჰკითხა სოფიომ ქალს.
– არა, რას ამბობ! ისე მართლა დახუთულია… ცოტა ხნით გადი, სუფთა ჰაერი ჩაყლაპე, – შეაგულიანა ქეთიმ.
სოფიომ მას გაუღიმა და თავი დაუქნია.
აივნის კარი ღია იყო, თვით აივანი საკმაოდ განიერი გახლდათ, თან მთლიანად სახლს შემორტყმოდა. სოფიო აივანს ჩაჰყვა და საღამოს სუსხიანი ჰაერი შეისუნთქა.
უკნიდან ნელი ნაბიჯების ხმა გაისმა. სოფიო სწრაფად შემოტრიალდა.
-ლაშ… – დაიწყო მან, მაგრამ სიტყვა პირში ჩააკვდა. მისკენ გოჩა მოდიოდა.
– გოჩა! – გაუცინა სოფიომ. – არ ვიცოდი, აქ თუ იყავი…
 სოფიო გაშრა და უკან დაიხია, როცა გოჩას სახის გამომეტყველება დაინახა.
თვალები გაუფართოვდა.
გოჩას ისევე ჩაბნელებოდა თვალები, როგორც ლაშას იმ საღამოს…
სოფიოს გააჟრიალა და ნაძალადევად გაიცინა.
-გოჩა… – თქვა მან. – რას….
– გათავდა. – თქვა გოჩამ და სოფიო შეკრთა მისი ხმის ტონზე. – ამდენი წელი, სოფიო… და ახლა… ამ კაბაში…
გოჩა მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა.
სოფიო მოაჯირს აეკრა.
ვერ გაინძრა, მოულოდნელობისა და შიშისაგან გახევებულიყო.
გოჩამ კი ერთი ახედ-დახედა და მისკენ წამოვიდა.
-*-*-18-*-*-
თვალებჩაბნელებული გოჩა შეუჩერებლად მოიწევდა მოაჯირზე აკრული და გაშეშებული სოფიოსკენ. გოგონამ პირი დააღო, რომ რამე ეთქვა, ძალა მოეკრიბა, მაგრამ ვერ მოასწრო. გოჩამ სწრაფად მოავლო ხელი წელი, მკერდზე აიკრა და სოფიოს გაფითრებული ტუჩები თავისით დაფარა.
სოფიოს ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ტუჩებზე დაწოლას გრძნობდა, ძლიერი მკლავი მაგრად შემოხვეოდა წელზე და ასევე ძლიერ ხელს მისი თავი ეკავა, რომ არ განძრეულიყო.
უეცრად გამოერკვა.
სოფიომ  დაიღმუვლა, და გოჩას მხრებში ჩააჭირა თითები, რომ მოეშორებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. გოჩა მეტისმეტად ძლიერი იყო. სოფიომ თავის გაწევა სცადა გვერდით, მაგრამ ვერ შეძლო, ბიჭს მისი თავი მაგრად დაეჭირა ერთ ადგილზე.
 გოჩამ ელვის სისწრაფით მიაკრა სოფიო მოაჯირზე. გოგონას მოაჯირის წაწვეტებულმა კუთხემ წელში ჩააჭირა და ტკივილისგან კვნესა აღმოხდა, ღმუილი ამოუშვა და გოჩას ბეჭებში ჩააჭირა ფრჩხილები.
სოფიოს უცებ პანიკურად შეეშინდა.
სუნთქვა შეეკრა, სხეული გაუშეშდა და გაუცივდა.
თავბრუ ესხმოდა, ვერც კი იგრძნო, როგორ ხარბად მიაწება გოჩამ ტუჩები ყელზე, როგორ ჩაცურდა მისი ხელი გოგონას ბარძაყსა და შემდეგ თეძოზე და როგორ შეცურდა მისი ფეხი გოგონას ფეხებშუა.
ენა ვერ მოაბრუნა, მთლად გახევდა, ზურგში მოაჯირის ჩაჭერას და ტკივილს გრძნობდა, კიდევ ერთი კვნესა აღმოხდა.
სხეული გაეყინა და ზურგში გამყინავი ჟრუანტელი უვლიდა.
ბუნდოვნად გაიგონა ნაბიჯების ხმა…
„ლაშა…“ გაუელვა უნებურად თავში.
-ეს რა ჯანდაბაა? – იხუვლა ვიღაცამ და მომენტალურად სოფიოს სხეულში სითბო ჩაეღვარა.
– შე დეგენერატო! – გაისმა ლაშას ღრიალი და სოფიომ იგრძნო, როგორ მოწყვეტით მოშორდა გოჩას სხეული. სული ძლივს მოითქვა და კრთომით მოშორდა მოაჯირს.
ლაშა იქვე იდგა, ღრმად სუნთქავდა და მკერდი აუდი-ჩაუდიოდა.
სოფიო პანიკის შეტევის ზღვარზე იყო, თვალები გაფართოებოდა, მაგრამ თითქოს ვერ ხედავდა. დაბარბაცდა და მოაჯირს წაავლო ხელი, რომ არ წაქცეულიყო.
-შე დამპალო ნა*ირალა! – გაისმა ღრიალი და დარტყმის ხმა.
სოფიომ სწრაფად აიხედა, იმის მიუხედავად, რომ თავბრუ ეხვეოდა და უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა მთელ სხეულში.
შეკრთა, როცა დაინახა, როგორ ძლიერად გაარტყა მუშტი გოჩამ ლაშას. მისი ქმარი უკან დაბარბაცდა და შეძრწუნებულმა სოფიომ დაინახა, როგორ წამოუვიდა ტუჩის კუთხიდან სისხლი.
-რაო, იეჭვიანე? – თქვა გოჩამ. თვალებში კოცონი ენთო და პირდაპირ ლაშას მიშტერებოდა. ლაშას სახე დაეღმიჭა.
– ჩემს ცოლთან ახლოს არ მოხვიდე, ნა*ირალა… – ამოიხრიალა მან.
– რატომ? – გაიცინა მან და წამიერად გადახედა სოფიოს. გოგონა შეკრთა და უკან დაიხია. გოჩამ მაშინვე მიატრიალა მისი მზერა მისი ოპონენტისაკენ. – შენი ნამდვილი ცოლი არაა, დაგავიწყდა? – გოჩამ ცალყბად გაიღიმა. – არც კი შეხებიხარ ჯერ, ხომ? – ლაშა უეცრად გადაფითრდა და გოჩამ გაიცინა.
– და შენ რისი თქმა გინდა მაგით? – დაუსისინა ლაშამ. – იმის მიუხედავად, რომ შენ არ გინდა ეს, სოფიო ჩემი კანონიერი ცოლია, გასაგებია? – ლაშამ კბილები გააღრჭიალა. – და ასეც იქნება…
– ჰო, შენი ცოლია… – თქვა გოჩამ და ყბა მოისრისა. – ჩემი კი შეყვარებული…
სოფიოს თითქოს მეხი დაეცა.
სუნთქვა შეეკრა, თვალები გაუფართოვდა.
„რას… რას ამბობს…“ გაუელვა თავში.
-შეყვარებულზე მეტიც, – გესლიანად ჩაურთო გოჩამ, სახეზე თვითკმაყოფილება, თავისუფლება, მოუთმენლობა ეხატა. – რაო, ლაშა, მასზე ხომ არ ოცნებობდი? როგორ აკოცებდი ღამით, როგორ დაასვენებდი ლოგინზე, როგორ მოეფერებოდი…. არ გეღირსა, ხომ? აი, მე კი… მე კი მეღირსა…
გოჩას სიტყვა არ დასცალდა.
 ლაშას გადარეული ღრიალი აღმოხდა და თვალებში გიჟურმა ცეეცხლმა გაუელვა. ელვის სისწრაფით გაჩნდა მის გვერდით და გოჩას მთელი ძალით გაუქანა სახეში მუშტი, ძირს დასცა. ღრიალით მოიქნია ფეხი და ძლიერად უთავაზა გვერდში, მერე კი მთელი ძალით დასცხო წიხლი მკერდში და სახეში დააყარა მუშტები.
შეძრწუნებული სოფიო იდგა და ვერც კი ინძრეოდა.
ძლივს გამოერკვა.
-ლაშა, შეწყვიტე! – ამოიხრიალა მან. – ლაშა! – იკივლა გოგონამ. – გაჩერდი, გეყოფა! – სოფიო ქმარს მივარდა და მთელი ძალით წაავლო ცალ მკლავში ხელი.
ლაშა შედრკა. გადაფითრებული და ტუჩებათრთოლებული დაჰყურებდა გოჩას გასისხლიანებულ სახესა და სიძულვილით აღსავსე გამომეტყველებას.
– აქ რა ხდება? – გაისმა ხმა და სოფიომ თავი ასწია. აივანზე გამოსასვლელ კართან ერთი დაბალი, წვერიანი და მასზე ცოტა მაღალი, დიდულვაშა მამაკაცი იდგა.
ლაშამ პირი მოკუმა, და სწრაფად ადგა.
ზიზღით დაჰყურებდა გოჩას.
დაბალი მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით გამოეშურა და გოჩას წამოდგომაში მოეხმარა. სოფიოსაც სურდა გოჩას მიხმარებოდა, მაგრამ ქმარს მისთვის მკლავში ჩაევლო ხელი და სოფიოს ამწუთას არ სურდა, რომ იგი გაებრაზებინა.
გოჩამ სახელოთი მოიწმინდა სახე. ცხვირიდან და გახეთქილი წარბიდან სდიოდა სისხლი. მისი თვალები სოფიოს დაეცნენ წამიერად, მერე კი გაბრუნდა.
დაბალმა და ულვაშა მამაკაცმა მათ შორის გაიხედ-გამოიხედეს.
-არაფერიც არ მომხდარა… – გამოსცრა ლაშამ. – უბრალოდ, უთანხმოება მოგვივიდა, სულ ეს არის. ახლა წავალთ. – ლაშამ სოფიო მაგრად მოქაჩა და აივნის კარისაკენ გაათრია. სოფიომ შეწუხებულმა გახედა გოჩას. იგი ისევ იქ იდგა და სოფიოს უცნაურად მისჩერებოდა, სანამ ის ორი მამაკაცი რაღაცას ეუბნებოდნენ.
ლაშამ სწრაფად გაიყვანა აივნიდან და ერთად გადაჭრეს დარბაზი, სადაც წვეულება იმართებოდა.
ქეთიმ დაინახა ისინი და სწრაფად გამოეკიდა უკან.
-ჰეი! ლაშა, რაშია საქმე? სოფიო, სად მიდიხარ? – შეეკითხა იგი.
სოფიომ  პირი გააღო საპასუხოდ, მაგრამ ქმარმა დაასწრო.
-ბოდიში, ქეთი, – თქვა მან და ქეთის ერთი წუთით გამოხედა. – გვეჩქარება.
სოფიომ გულდაწყვეტილი გამომეტყველებით გამოხედა ქეთის და ხელი დაუქნია. ქეთიმ გამამხნევებლად გაუღიმა და ხელი მაღლა ასწია.
სოფიო და ლაშა სწრაფად ჩაჯდნენ მანქანაში და მაშინვე სახლისაკენ წამოვიდნენ. მთელი გზა ლაშას არაფერი უთქვამს, ხმა არ გაუღია. სოფიო იჯდა, თავის პატარა ჩანთას ჩაჭიდებული, და ოდნავი შიშით მიშტერებოდა ქმარს. ლაშა მთლად გადაფითრებულიყო, პირი მაგრად მოეკუმა, ხელების სახსრები გათეთრებოდა და თვალებში თითქოს კოცონი დანთებოდა. სოფიოს ცოტათი ეშინოდა კიდეც, თუ რა მოხდებოდა, სახლში რომ მივიდოდნენ. არ სჯეროდა, რომ გოჩამ ასე ბინძურად იცრუა და ასეთი ტყუილი შეთხზა. სოფიო მასთან ოდნავ ინტიმურ კავშირშიც კი არასოდეს ყოფილა, კოცნას თუ არ ჩავთვლით.
სოფიოს გააკანკალა. გოჩამ ხელი მოჰკიდა და აკოცა… იცოდა, რომ მეგობარს იგი უყვარდა, და ცუდად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ გრძნობების დაბრუნება არ შეეძლო, მაგრამ ეს ზედმეტი იყო. გოჩას მისთვის ასე ხელი არასოდეს დაუკარებია, და სოფიო, რასაკვირველია, საშინლად დაფრთხა და გაუგებრობაში ჩავარდა. არ ეგონა, რომ გოჩა ამას როდესმე გაბედავდა, მითუმეტეს ასეთ ხალხმრავალ წვეულებაზე, სადაც მისი ქმარიც იყო, ორიოდე ნაბიჯზე.
სოფიომ ლაშასკენ გაააპარა თვალი. ქმარმა მკვეთრად მოუხვია და სწრაფად შევიდა საკუთარ სახლის ეზოში. ლაშამ მანქანა მიაყენა და სწრაფად გადმოვიდა.
სოფიოც გადმოჰყვა და მალევე სახლში იყვნენ. ლაშამ ბოლთის ცემა დაიწყო, სანამ სოფიომ ფეხზე გაიხადა და შარფი მოიძრო. მერე კი ნელა, ყოყმანით მიუახლოვდა ქმარს.
-ლაშა… – დაიწყო მან.
– არა. – მოუჭრა ქმარმა და თავისი გამჭოლი მზერით გახედა, თან ბოლთის ცემა შეწყვიტა.
– მართალს ამბობდა, ხომ? – დაისისინა ლაშამ და თვალები დაავიწროვა.
სოფიო შეკრთა და მოიღუშა.
-რა თქმა უნდა, არა! – შეჰყვირა მან. – არ ვიცი, რატომ იცრუა…
ლაშამ მწარედ გადაიხარხარა.
-მე დავინახე… – გამოსცრა მან. – როგორ გკოცნიდა, როგორ ჩასჭიდებოდი, და როგორ კვნესოდი… რაო, გესიამოვნა? – ლაშამ მუშტები შეკრა, სახე აელეწა.
სოფიოს ყელის მყესები დაეჭიმა, ხელისგულებში ოფლმა გამოჟონა.
-აშკარად მოგეჩვენა, – შეუბრუნა მან. – მისი მოქმედება ნამდვილად არ იყო სასიამოვნო…
– თვალებში მიყურებ და ტყუი! – იფეთქა ლაშამ და სოფიო წამიერად შედრკა. ლაშას თვალებში სინანული გამოეხატა, მაგრამ იგი მალევე ჩაკვდა. – მან… – ამოიხრიალა ბიჭმა. – სიმართლე თქვა…
– არა, ლაშა! – იკივლა სოფიომ და ხელები გაშალა. – სისულელეა, შენ არასწორად გაიგე!
– მე მგონია, რომ ძალიან კარგადაც გავიგე, რა მოხდა! – იღრიალა ქმარმა და სოფიოს სისხლი გაეყინა ქმრის მრისხანებით აღსავსე გამომეტყველებაზე.
ლაშამ ძლიერად ამოიქშინა.
-როცა მე… ბოლოს და ბოლოს… – ამოიხრიალა მან.
სოფიო იდგა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა.
თვალები აუცრემლიანდა.
სხეული სტკიოდა და დაცემის პირზე იყო.
-აქ იყო? – თქვა უცებ ლაშამ და სოფიომ განცვიფრებით შეხედა. – აქ… შენს საძინებელში…
– არა! – შეჰყვირა სოფიომ. ცრემლები გადმოუგორდა, მკერდი დაეჭიმა და ეტკინა. – როგორ… ეგ როგორ იფიქრე… რა თქმა უნდა, არა… მან დამაძალა, ლაშა…
– მე იქ ვიყავი, სოფიო! – იღრიალა ქმარმა. – ეგ დაძალებას არ ჰგავდა!
სოფიო იდგა, სიტყვებს ეძებდა…
-იცი რა… – თქვა ლაშამ და სახე მოისრისა. – შენი სახის დანახვა არ მინდა ახლა… და საერთოდაც, აღარ მინდა რომ შემოგხედო…
სოფიოს თითქოს ტყვია ჩაეღვარა მუხლებში.
-რა? – ნაძალადევად გაიცინა მან. – რას… რას ამბობ…
– შენი დანახვა აღარ მინდა. – მოჭრა ლაშამ და უცებ კარისაკენ გაემართა. – აქ დილით არ გნახო.
-ლაშა, რას ამბობ? – უკან გაეკიდა სოფიო. ქმარს მხარზე მოჰკიდა ხელი, მაგრად ლაშა ძლიერად შეტოკდა და მხარი გამოსტაცა.
– ხელი არ მახლო! – იღრიალა მან.
– ლაშა, გთხოვ… – შეემუდარა სოფიო. – რას აკეთებ…
– კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ. – დაუსისინა ლაშამ და შემოსასვლელის კარი გააღო. – ახლა ლიკასთან მივდივარ.
სოფიოს თითქოს მეხი დაეცა.
ხელები აუკანკალდა, უკან დაიწია.
-ჩემი სახლიდან გაეთრიე. – ხმადაბლა, ჟღერადად თქვა ლაშამ და კარი მის უკან გაიჯახუნა.
სახლი შეზანზარდა.
სოფიოს შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა.
უეცრად შესცივდა.
ტვინი შეუჩერებლად უტრიალებდა, უბჟუოდა, ფიქრები უწყალოდ დაქროდნენ.
საკუთარი სუნთქვა აუტანლად ხმაურიანი მოეჩვენა.
„ლაშა წავიდა… იქ წავიდა…“
თავი ეტკინა, ხელისგულები გაოფლიანებოდა და ზურგი ყრუდ უფეთქავდა.
მერე კი შეტრიალდა და ლასლასით აუყვა კიბეს.
-*-*-19-*-*-
„გათავდა…“ გაუელვა სოფიოს თავში, როცა კიბე აათავა და ნელა გაემართა თავისი ოთახისაკენ. ცრემლები მოიწმინდა და გასწორდა. სხეულში წყენა, მერე კი ბრაზი აუბუყბუყდა, რომელიც მალევე მრისხანებაში გადაიზარდა.
„აღარც კი მალავს, რომ იქ მიდის… და ახსნაც არ მაცალა… ასე გინდა ხომ?“ მწარედ გაიფიქრა მან, ბათქით გააღო ოთახის კარი და შიგნით შევიდა. პირველ რიგში კაბა გაიძრო და სიძულვილით მოისროლა ძირს. თმა ჩამოიშალა და მაკიაჟი მოიშორა. მერე კი კარადას მივარდა, ზემოდან ჩემოდანი გადმოათრია და ყველაფერი გადმოიღო, რაც შიგნით ჩაეტეოდა. ტანსაცმელი ჩაიცვა და ჩემოდანი ჩაალაგა.
თვალის კუთხეში იატაკზე დავარდნილი, ლაშას ნაყიდი წითელი კაბა მოხვდა, როცა რომელიღაც ლურჯი მაისური ჩატენა ჩემოდანში. ამოიხვნეშა, ძირს გადავარდნილი კაბა აიღო, და კარადაში შეჰკიდა. მაინც დაენანა.
მერე კი არაქათგამოცლილი ლოგინზე ჩამოჯდა.
გადახედა აბეშუმის წითელ საბანს და ბალიშებს. გაიხედა კარისაკენ. გაახსენდა ის საღამო, როცა ლაშა დახვდა აქ, როგორ აიტაცა ხელში და დილით ძილბურანში მყოფმა როგორ იგრძნო მისი სხეულის სითბო და სიახლოვე. იმ დილით, სანამ ლაშა ლოგინიდან წამოვარდებოდა, როგორ კარგად იყო ყველაფერი.
სოფიომ შეკრულ ჩემოდანს დახედა. ყელში ბურთი მოაწვა.
წიხლი ჰკრა ჩემოდანს და ყურადღება არ მიაქცია ფეხში დავლილ წამიერ ტკივილს.
იცოდა, რომ ეს დასასრული იყო.
ყველაფერი დამთავრდა.
სოფიოს ერთბაშად გაუელვა თავში აუტანელმა იმედმა, რომ ეს ქორწინება რაღაც უფრო მეტად იქცეოდა, გულდაწყვეტამ, სევდამ, ჩახშულმა მრისხანებამ, სასოწარკვეთამ, რომელიც ამ შვიდ თვესა და ორ კვირაში განიცადა.
გაახსენდა საოცარი მომენტები, როცა ერთმანეთის გვერდით იჯდნენ ტელევიზორის წინ, რომელიღაც ფილმის ყურებაში გართულნი, როგორ ჩამოეძინა ნახევრად და როგორ იგრძნო ქმრის მკლავების სითბო და სიძლიერე, როცა მან ხელში აიტაცა.
სოფიოს გული ამოუჯდა და ტირილი დაიწყო.
სახე ხელებში ჩარგო, და ჩახშული კვნესა ამოუშვა.
ცოტა ხანი ტიროდა.
 მერე წამოდგა.
უკეთესად გრძნობდა თავს.
ჩემოდანი აიტაცა და ოთახი გამოკეტა.
დერეფანს დაუყვა.
სწრაფად ამოიღო მობილური ტელეფონი ჯიბიდან და მაშინვე გადაურეკა თავიანთ მძღოლ ნოდარს.
-ნოდარ? – ჰკითხა მან მობილურში.
– დიახ, ქალბატონო სოფიო? ახლა მოგაკითხოთ? სადმე მიდიხართ? – გაისმა ნოდარის ხმა.
– კი. – უპასუხა სოფიომ, შემოსასვლელში შუქი გააქრო და კარი გამოკეტა. – სახლ… – სოფიოს ბურთი მოაწვა ყელში. იყო ეს ადგილი მისი სახლი?
– სახლში ვარ. – დააძალა მან საკუთარ თავს და კინაღამ ისევ წასკდა ცრემლები, მაგრამ თავი შეიკავა. – თუ გცალიათ ახლა… ვიცი, რომ გვიანია, თითქმის თერთმეტი საათია, მაგრამ… – დააყოლა მან და გონებაში შეემუდარა, რომ ნოდარი ახლა თავისუფალი ყოფილიყო.
– კი, კი, მცალია. თხუთმეტიოდე წუთში ვიქნები, ქალბატონო სოფიო! – თქვა მან. ხმაში აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყურმილი დადო.
სოფიომ მობილური ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სახლის კარამდე ამავალ საფეხურებზე ჩამოჯდა.
ციოდა. გოგონამ სხეულზე მაგრად შემოიჭირა ჟაკეტი სხეულზე და უცებ თავში ქმრის სახემ გაუელვა. როგორ იმედოვნებდა, როგორ უნდოდა, რომ მათი ქორწინება გამოსულიყო.
რას ვიზამთ. არ გამოვიდა.
ლაშა ზედმეტად იყო გამოხვეული ლიკაში, რომ საკუთარი ცოლი შეემჩნია. სოფიოს გაახსენდა ლიკას აბზუებული ცხვირი, სნობის გამომეტყველება და პირი მაგრად მოკუმა. აღარ უნდოდა ისევ ეტირა. ლაშას გამო არავითარ შემთხვევაში. ასე უნდოდა? ასეც იქნებოდა. „იყოს ლიკასთან,“ გაუელვა თავში სოფიოს. „იყოს…“ მერე ღრმად ამოისუნთქა და შეეცადა დამშვიდებულიყო. „ყველაფერი კარგად იქნება… ცხოვრების ამ თავს დავხურავ, უნივერსიტეტს დავამთავრებ, კარგ სამუშაოს ვიშოვი…. ყველაფერი კარგად იქნება.“ მერე კი ყელში მოაწვა მრისხანება. „ლაშა არ ღირს იმად, რომ მე მასზე ვიტირო… არ ღირს…“
ოცი წუთი იჯდა და ელოდა, როცა ჭიშკართან ნოდარმა გააჩერა მანქანა. იგი გადმოვიდა, როცა მისკენ მიმავალი სოფიო დაინახა მორახრახე ჩემოდნით, სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
-ეს….სადმე მიდიხართ, ქალბატონო სოფიო? – ჩემოდანზე ანიშნა მან. გოგონამ თავი დაუქნია.
– ჩემს მშობლებთან წამიყვანეთ, კარგით? – თქვა მან. ნოდარმა გაკვირვებითა და ინტერესით შემოხედა, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს. ჩემოდანი აიღო, საბარგული გააღო და შიგნით ჩადო. სოფიო ამ დროს უკვე მანქანაში ჩაჯდა. ნოდარმა კარი გააღო და სავარძელში ჩაებერტყა.
მთელი გზა სოფიოს ხმა არ გაუღია. ზედმეტად არაქათგამოცლილი იყო. უბრალოდ თავი მიეყუდებინა გრილი ფანჯრისათვის და თვალების გახელა არ უნდოდა. გრძნობდა, როგორ დაჟინებით მიაშტერდებოდა ნოდარი, გრძნობდა მის მზერას, და იცოდა, რომ მას ამბავი აინტერესებდა, რომ შეწუხებული იყო… მაგრამ უბრალოდ არ შეეძლო რომ ახლა მისთვის ეს საშინლად ჩახლართული სიტუაცია აეხსნა. სხეული მოდუნებოდა და ძილს ებრძოდა.
მანქანა რომ გააჩერა ნოდარმა, უკვე ტრანსში ჩავადრნილიყო და სხეული ბუმბულივით შემსუბუქებოდა, ვეღარც გრძნობდა, ისე ეძინებოდა. სოფიოს შეეძლო თვალების გახელა, მაგრამ ეზარებოდა, სიამოვნებდა ბურანში ყოფნა. ძნელი იყო ისიც კი, რომ სავარძელში არ ჩამდნარიყო და იქვე არ დასძინებოდა. ისეთი დაღლილი იყო, ისეთი დაღლილი….
-ქალბატონო სოფიო… – გამოაფხიზლა იგი ნოდარის ხმამ. იგი მის ფანჯარასთან დახრილიყო და მისჩერებოდა. მის გვერდით ჩემოდანი იდო.
– ჰო… – მიუგო სოფიომ და უეცრად გამოფხიზლდა, როცა მიხვდა, სად იყვნენ. მაშინვე გააღო მანქანის კარი და გარეთ გადმოძვრა.
– კარგი… გმადლობთ, ნოდარ. -უთხრა მან. – ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ.
– ქალბატონო.. – შეყოყომანდა ნოდარი. ლამპიონების შუქზე ქათქათა ულვაში აულაპლაპდა. – ჩემოდანი არ მიგატანინოთ?
– არა, არა, მართლა, გმადლობთ. – მიუგო სოფიომ და ნაძალადევად გაუღიმა, თუმცა იცოდა, რომ ნოდარი ხედავდა მასში აბუყბუყებულ სიმწარეს.
ნოდარი ცოტა ხანი გაუბედავად იდგა, და სოფიოს მოლოდინით მისჩერებოდა, მაგრამ სოფიოს არაფერი უთქვამს. არაფრის თქმასაც არ აპირებდა. თავი არ ჰქონდა.
იდგა და ელოდა.
ბოლოს ნოდარმა ამოიხვნეშა და შეტრიალდა. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, სოფიოს უთხრა:
-თუ რამე დაგჭირდათ, ქალბატონო, აუცილებლად დამირეკეთ. – სოფიოს სითბო ჩაეღვარა გულში და მადლიერებით აღვსებულმა, მოხუცს გაუღიმა. ნოდარმა თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა.
სოფიომ ჩემოდანს წაავლო ხელი და სახლისაკენ წაათრია. მერე ნოდარის სიტყვებზე დაფიქრდა. „აღარ ვიქნები თქვენი ქალბატონი მალე…“ გაუელვა თავში და უაზროდ დააბრახუნა ჭიშკარზე. უკნიდან ბუნოვნად მოესმა, როგორ დაიქოქა მანქანა და როგორ მიწყდა ხმა მალევე შორს.
მერე კი გაახსენდა. გალავანში ჩატნეულ ზარის ღილაკს დააჭირა თითი.
მალევე ნაბიჯების ხმა მოისმა და ჭიშკარი გააღეს.
სოფიომ თავი ასწია.
ზურამ მის დანახვაზე პირი დააღო.
-ეს… სოფიო, აქ რატომ ხარ? – მოიღუშა იგი. სოფიომ მწარედ გაუღიმა.
– აქ ჩემი სახლია, დაგავიწყდა, ზუკა? – ჰკითხა მან. ზურა მოიღუშა, ნესტოები დაებერა. თვალები ჩემოდნისაკენ გაექცა და წარბები შეკრა.
– აქ მომეცი, – უთხრა მან, ჩემოდანს ხელი წაავლო და სოფიოს თითქმის ძალით გამოჰგლიჯა. გოგონამ აკანკალებული ხელები ჯიბეებში ჩაიყო.
– წამოდი. – უთხრა ზურამ და ჭიშკარი მიკეტა. სოფიო უკან გაჰყვა.
ზურამ ზარი დარეკა.
კარი თხელ ყავისფერ სვიტერსა და მოსახერხებელ შავ შარვალში გამოწყობილმა დედამისმა გააღო.
ქალს კრთომა აღმოხდა, როცა შუათანა ქალიშვილი დაინახა.
-სოფიო… შენ… – მან სწრაფად გადახედა ზურას და თვალებით შეეკითხა. ზურამ დაუბღვირა და ზღურბლზე გადმოათრია ჩემოდანი.
– ჰო, ჰო, სოფიო. – მოკლედ მოჭრა მან. მერე დისკენ აიქნია თავი. – შემოიყვანე, რას უდგახარ, ძლივს დგას ფეხზე. – მერე კი შეტრიალდა და შემოსასვლელი გაიარა.
„ალბათ მამასთან მიდის, ამბის მოსაყოლად…“ გაუელვა სოფიოს უნებურად თავში.
-სოფიო, დედა… – დაიწყო დიანამ, შვილს ხელი ჩაავლო და შემოსასვლელში შემოიყვანა, მერე კი სწრაფად ჩაკეტა კარები. – რა ხდება?
– წამოვედი, დედა. – მიუგო სოფიომ. უცებ შინაგანად დაიცალა. პასიური გახდა. უაზროდ შეაშტერდა დედას. – აღარ მინდა იქ ყოფნა. წამოვედი.
– რა… რატომ… – ამოილუღლუღა დიანამ, მაგრამ არ დასცალდა. შორიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა და დიანა შეტრიალდა. მისი ქმარი სწრაფად მოიწევდა მათკენ, სახე-მოღრუბლული და შეწუხებული.
– სოფიო, მამა… – თქვა მან და სოფიომ გაიღიმა დედისა და მამის ერთნაირ მიმართვაზე. ცოტათი გათბა თითქოს. – წამოდი… – უთხრა გურამმა. დიანამ შვილს ხელი შემოხვია და სასტუმრო ოთახისაკენ დაიძრნენ.
სოფიო ტახტში ჩაჯდა, ზურა გვერდით მიუჯდა, დიანა სამზარეულოში გაიქცა, „ჩაის გავაკეთებ“, ბურტყუნით.
-სოფიო. – თქვა გურამმა. სოფიომ თავი ასწია და მამას თვალები მიაპყრო. – მომიყევი.
სოფიომ მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და თვალები მოიწმინდა.
-დღეს… წვეულებაზე ვიყავით, მე და ლაშა… – დაიწყო მან და ცრემლიანად გაიღიმა. – ყველაფერი თითქოს კარგად იყო, ახალი კაბა მიყიდა, კარგად მექცეოდა… მეგონა… მეგონა, რომ რაღაცის აწყობას ვიწყებდით. მერე იქ მივედით, მე აივანზე გავედი, თვითონ კი ვიღაცებთან შესახვედრად გავიდა, ძველი ნაცნობები თუ რაღაც… – სოფიომ ინსტინქტურად გაუყარა მამას თვალში მზერა, რომ დარწმუნებულიყო მის ყურადღებაში. გურამი სავარძლის ზურგიდან ოდნავ წინ გადმოწეულიყო, ხელები მუხლებზე დაეწყო და სახეზე დაძაბულობა ეხატა. – მერე… მერე გოჩა მოვიდა… – სოფიოს ბურთი მოაწვა ყელში, გაახსენდა დაუძლეველი შიში, ტკივილი… ახლაც ყრუდ სტკიოდა ზურგი. – და მან… მამა, მან…
– რა ჰქნა? – დაიჩურჩულა გურამმა. სოფიომ იგრძნო, როგორ მაგრად მოჰკიდა ხელზე ძმამ ხელი და თვითონაც ძლიერად მოუჭირა. თვალის კუთხიდან დაინახა, თუ როგორ იდგა დიანა ოთახის შემოსასვლელში, ხელში ჭიქა ეჭირა, რომელსაც ოხშივარი ასდიოდა. ქალი დაფეთებული მისჩერებოდა.
– მან მოაჯირთან მიმიმწყვდია. და მაკოცა. – თქვა სოფიომ. – მერე ლაშა მოვიდა, და სცემა. და გოჩამ… გოჩამ უთხრა, რომ… რომ ის ჩემი საყვარელია… – ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ.
ის და ზურა ტახტზე შეხტნენ, როცა გურამი მოულოდნელად წამოდგა ფეხზე.
-მერე? -გააქნია ხელი მამაკაცმა და ცოლს მზერა სტყორცნა, საშინლად მშვიდად იყო, სახის ნაკვთები საზარლად გაქვავებოდა. სოფიომ ნერწყვი გადაყლაპა.
– მერე… ლაშამ სახლში წამომიყვანა… და მითხრა, რომ გოჩა სიმართლეს ამბობდა და ალბათ, როცა მკოცნიდა, ეს მსიამოვნებდა… – სოფიოს ხმა გაუტყდა. – მერე კი მითხრა, გაეთრიეო, და თვითონ გავარდა სახლიდან. – სოფიომ მხრები აიჩეჩა, ცრემლებს ებრძოდა. – ჰოდა, აი… ჩავალაგე რაც შემეძლო და ნოდარს დავურეკე… მან მომიყვანა აქ.
სოფიო გაჩუმდა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
-საკმარისია. – იღმუვლა გურამმა. მერე კი კარისაკენ გაემართა. – ახლავე საბასთან მივდივარ. იმ პატარა ლაწირაკმა უკვე ზედმეტი გაბედა. ზურა! – დაიყვირა მან. ზურა შებრუნდა და მამას შეხედა. – ახლავე გოჩას დაურეკე, ან დაუმესიჯე და უთხარი, რომ ხვალ აქ მოეთრეს. დალაპარაკება არის საჭირო.
– მამა… – შეეცადა სოფიო მის შეჩერებას.
– არავითარი „მამა“, სოფიო. – მიუგო გურამმა და ქალიშვილს თვალი თვალში გაუყარა. – ახლა შენ ზემოთ ახვალ, ცხელ შხაპს მიიღებ, დედაშენი თეთრეულს გადაგიკრავს, დაწვები და დაიძინებ. ხვალ არსადაც არ წახვალ და დაისვენებ. მერე ვილაპარაკებთ. ამ საქმეს მე უნდა მივხედო. – მოჭრა მან და ოთათიდან გავარდა, დიანამ ტუჩები მოკუმა, მაგრამ ქმრის შეჩერება არც კი უცდია.
კარის გაჯახუნება გაისმა.
დიანა ნელა წამოვიდა, ჩაი მაგიდაზე დადგა და სოფიოს მეორე მხარეს მიუჯდა.
სოფიო ჯიუტად ჩაშტერებოდა საკუთარ მუხლებს.
ჩაშტერებოდა და ფიქრობდა.
-*-*-*-*-*-
ლაშამ რომ გამოიღვიძა, უკვე მზე ამოსულიყო და აუტანლად უჭყიტინებდა თვალებში.
ამოიგმინა, და წამოჯდა. თვალები მოიფშვნიტა და მომოიხედა.
ლოგინზე იჯდა. ლიკას ოთახი იცნო.
გვერდზე გაიხედა. ლიკა იწვა, თავი ბალიშში ჩაერგო და ისე ეძინა. ლაშას შიგნეული ამოუტრიალდა. თავი ეტკინა.
გუშინდელი ინცინდენტი გაახსენდა. სოფიოს გაფართოებული, შეშინებული თვალები, მისი მოკანკალე სხეული და თვალებში აშკარად გამოხატული პანიკა. მისი შეშფოთებული ხმა, როცა ლაშამ განაცხადა, მივდივარო…
ლაშამ თავზე ხელები მოიჭირა. „რას ვფიქრობდი? „ გაიფიქრა მწარედ. „რა ჯანდაბა მიტრიალებდა თავში? რა დონეზე შტერი შეიძლება გახდეს ადამიანი?“ ნელა წამოდგა ლოგინიდან, რომ ლიკა გაეღვიძებინა, მისი მყვირალა ხმისა და საყვედურების მოსმენა აღარ უნდოდა.
სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი, ბინის კარი გააღო და გარეთ გავარდა. არ სჯეროდა, რომ წინდა ღამეს ასე მოიქცა. ისე იყო ბრაზისაგან დაბრმავებული, რომ საერთოდ ჭკუა არ დაატანა იმას, რასაც აკეთებდა. იმაზე ფიქრიც კი, რომ სოფიო მასზე ადრე გოჩასთან იყო, ცეცხლს უკიდებდა. წინა საღამოს თვალებში დაუბნელდა, და ვერც კი გაიგო, რას აკეთებდა, რას ამბობდა, რა ესმოდა, სანამ გოჩას თავზე არ დააცხრა და ზომიერად არ სცემა. ყოველი მოქნეული მუშტი და დამაკმაყოფილებელი ზათქი გოჩას სახესა და სხეულზე აუტანელ სიამოვნებას ანიჭებდა.
მერე ხომ მთლად გადაირია. სოფიოს ხმის ამოღება არ აცალა, არადა ახლა ხომ ხვდებოდა, რომ სოფიო მართალს ეუბნებოდა… სოფიოს არ შეეძლო ასეთ დონეზე ტყუილი, თან ისეთი დაშოკილი და პანიკის პირზე, რომ ტყუილის თავუი არც კი ექნებოდა…. ლაშამ კიდევ… ოსედაც შეშინებული და დამფრთხალი ცოლი უარესად შეაშფოთა, და უთხრა გაეთრიეო… ლაშამ საჭეს ხელი დაჰკრა და მანქანა სწრაფად შეაყენა ავტოფარეხში. ელვის სისწრაფით გადმოძვრა და სახლამდე სირბილით მივიდა.
„ახლა შევალ…“ გაუელვა მას თავში. „შევალ… ბოდიშს მოვიხდი… და ყველაფერი მოწესრიგდება.“
გული სწიწკნიდა.
იცოდა, რომ რაღაც ცუდი ელოდა წინ, მაგრამ ნაძალადევად გაიღიმა და სახლის კარი შეაღო.
-სოფიო! – დაიძახა მან და მყესები დაეჭიმა. ხელები მაგრად შეკრა მუშტებად.
დეჟა-ვიუს გრძნობა დაეჯახა.
უკვე იცოდა, რაც ელოდა.
არ სურდა დაეჯერებინა, უბრალოდ არ უნდოდა.
-სოფიო! – დაიძახა მან ისევ, და იგრძნო როგორი უაზრო იმედით ავსებოდა ხმა. ყელში ბურთი მოაწვა. დერეფანი ჩაირბინა. დერეფნის ბოლოდან, ფანჯრიდან მზის შუქი იღვრებოდა და იატაკზე ეცემოდა. ჰაერში მტვრის ნაწილაკები დაცურავდნენ.
ლაშა სოფიოს კარს მიადგა და გააღო.
წამსვე იგრძნო, და დაინახა, რამდენი რამ აკლდა ამ ოთახს.
იცოდა. ხვდებოდა. კარადა გამოღებული იყო, შიგნით მხოლოდ ერთი კაბა იყო.
წითელი კაბა ეკიდა ეულად.
ლაშა გამობრუნდა. სუნთქვა აუჩქარდა და მთელი ძალით გამოიქცა უკან. ელვის სისწრაფით ჩაათავა კიბე, კარი მთელი ძალით გამოიჯახუნა და მანქანისკენ გაიქცა.
გაზს ფეხი დააჭირა და მთელი სისწრაფით გავარდა ტრასაზე.
მობილური ამოიღო.
მამისგან ოთხი გაშვებული ზარი ჰქონდა მიღებული. ლაშამ მათ ყურადღება არ მიაქცია, სოფიოს ნომერი მოძებნა და გადარეკა. იცოდა, სოფიო არ გასცემდა პასუხს, მაგრამ….
ჩხაკუნი გაისმა და ყურმილი აიღეს.
-სოფიო! – შესძახა განცვიფრებულმა ლაშამ, შვების ღიმილმა გაუნათა სახე და მობილური ტელეფონი მაგრად მიიჭირა ყურთან. – მისმინე…
– არა, შენ მისმინე, ლაწირაკო. – გაისმა ყურმილში უხეში, ბოხი ხმა და ლაშა შედრკა. მისი გაფართოებული თვალები პირდაპირ მიაშტერდა ტრასას.
– ვიცი, რომ აქ აპირებ მოსვლას. – გააგრძელა გურამის ხმამ. ლაშა ძლიერად შეტოკდა. – არც კი გაბედო. – დაისისინა სიმამრმა. – გაბედავ და ვფიცავ, ხომ ძვალ-რბილს გაგიერთიანებ. ცოცხალი ვერც კი გადამირჩები, შე ნა*ირალა, შენა… ასე ხომ? ასე გსურს რომ ჩემს ქალიშვილს მოექცე? მე ხომ გაგაფრთხილე? თუ ატკენ, გაგჭყლინტავ და გაგაქრობ მეთქი… თუ თავი არ მოგბეზრებია, აქ არ მოეთრე… ჩემს ქალიშვილთან ახლოს გაკარებული არ გნახო…
– არა, მოიცადეთ… – სწრაფად შეაწყვეტინა ლაშამ. – მისმინეთ, გუშინ რაც მოხდა, უბრალო გაუგებრობა იყო, ვიცი, რომ სოფიო დამნაშავე არ არის და ძალიან ვწუხვარ…
– ოჰო? ეს რა მესმის… – დაისისინა სიმამრმა. – ეგ როდის აღმოაჩინე? შენს შეყვარებულთან რომ გორაობდი მთელი რამე, მაშინ?
ლაშას თითქოს მკერდის ძვალი შეულეწეს.
ფილტვებიდან ერთი სუნქვით გამოედევნა ჰაერი და თავს ძალა დაატანა, გზაზე კონცენტრირებულიყო.
-მისმინეთ… ეგ შეცდომა იყო… მე არ მინდოდა…
– შენ რამდენი რამე არ გინდოდა! – იფეთქა გურამმა. – საკმარისია! ყელში ამოვიდა უკვე! შენ ხარ დამპალი ა*ვარი ნაბი*ვარი. აი, რას ვფიქრობ მე შენზე. აქ არ მოეთრე.
ყურმილი დადეს, სანამ ლაშა ენის მოტრიალებას შეძლებდა.
იცოდა, რომ უძლური იყო.
მანქანა გადაიყვანა და ტროტუართან გააჩერა.
თვალები ეწვოდა.
-ამის დედაც! ამის დედაც! – იღრიალა მან და მთელი ძალით დასცხო მუშტები საჭეს. საყვირის ხმა წამიერად მოეფინა ხმაურიან ქუჩას და მალევე ჩაკვდა.
ლაშა საჭეზე დაემხო.
-*-*-*-*-
სახლში გამოიკეტა. არ სვამდა, არ ეწეოდა, დეპრესიაში არ ჩავარდნილა, უნივერსიტეტში ისევ დადიოდა. თუმცა ამ უკანასკნელს იმიტომ აკეთებდა, რომ სოფიო ენახა, თუმცა ამაოდ. სოფიო ან ოსტატი იყო თავის არიდებაში, ანდა უნივერსიტეტში საერთოდ არ დადიოდა.
და არ სურდა, რომ მოეწია ან ალკოჰოლიკი გამხდარიყო. არ სურდა იმ დონემდე დაცემა. არ სურდა იმაზე მეტი დეგენერატი ყოფილიყო, ვიდრე ახლა.
ლაშა ყოველდღე ურეკავდა სოფიოს. ან კიდევ ერთ გალანძღვას ღებულობდა სიმამრისაგან, ანდა იჯდა, მობილური ყურზე მიეჭირა და უსასრულოდ ელოდა….
თითქმის ორ დღეში მიდიოდა ხოჯავათა სახლში, მაგრამ სულ ხელცარიელი ბრუნდებოდა. გალავანზე გადააღწია, მაგრამ ორმა დიდმა კავკასიურმა ნაგაზმა ისე შეუტიეს, რომ უკან გადაძრომა მოუხდა. მერე ხეზე ძვრებოდა და სოფიოს ოთახის გისოსებზე გადადიოდა, ფანჯარაზე, რომელიც ყოველთვის დაკეტილი ხვდებოდა, აბრახუნებდა და ელოდა, მაგრამ არავინ არ გამოსულა. არც ერთხელ, მიუხედავად იმის, რომ შუქი ენთო. სქელი ფარდების იქით ხედავდა ლამპის შუქს.
ლიკას აღარ შეხვედრია. მათ შორის ყველაფერი დამთავრებული იყო. ლიკას მისგან განსხვავებული მიზნები ჰქონდა. თან ადრე ღალატობდა. ლაშას მისი დანახვა არ შეეძლო. ის ხომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო იმაში, რომ სოფიო დაკარგა.
არ სჯეროდა საკუთარი იდიოტობის. როცა ბაჩანას ყველაფერი მოუთხრო, მეგობარმა სახეში მაგრად გაარტყა მუშტი და ცხვირიდან სისხლი ადინა. მერე დასძინა, ახია შენზეო, და ზიზღით შეხედა.
ლაშა მას არ ადანაშაულებდა.
საკუთარ თავსაც ამრეზით უყურებდა. სოფიო დაკარგა. სოფიო, გოგონა, ცოლი, რომელიც ასეთი მომთმენი იყო, რომელიც უსიტყვოდ იტანდა ყველაფერს, რომელიც მის ცხოვრებაზე არასასურველ ქალზე ბევრად, ბევრად მეტი გახდა.
ლაშას სოფიო შეუყვარდა.
აქამდე აქ სურდა ამის აღიარება.
მაგრამ იმის მერე, რაც სოფიო  თითქმის ერთი თვე იყო, რაც არ ენახა, და სიტუაცია ისეთი დაძაბული და საშინელი იყო, როგორც არასდროს, უნდოდა, რომ ეს აღიარება გამოეთქვა საბოლოოდ.
სოფიო შეუყვარდა, თან ძალიან.
და ახლა ყველაფერი რა საშინლად იყო…
ლაშას ცრემლებმა დაუხშეს სასუნთქი მილი და ძლიერად ჩაახველა, რომ ყელი ჩაეწმინდა. თვალები ეწვოდა.
თეფშები ნიჟარაში ჩაყარა და წყალი მოუშვა.
ვერ იტანდა ჭურჭლის რეცხვას, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ეს.
თან შეეჩვია.
სახლი ასე ცარიელი, უშველებელი, ამაზრზენი არასდროს მოსჩვენებია.
თითქოს ყველა მხრიდან იპარებოდა სიცივე, ძვლებში უვლიდა, ბეჭებში ხრიდა.
ვერ წარმოედგინა, რომ მარტოობის სიცივე ასეთი იქნებოდა.
მაგრამ ეს უბრალო მარტოობა არ იყო. მას სოფიო მოენატრა. ამიტომ იყო უფრო ძნელი ეს მარტოობა. მითუმეტეს, როცა გოგონა ჯერ კიდევ მისი ცოლი იყო…
ლაშა გამოფხიზლდა და ცივ წყალში შეყუდებული ხელები დამდუღრულივით გამოსწია, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა.
„არა… შეუძლებელია…“ გაუელვა თავში.
მამამისი აქ მოსვლას არ იკადრებდა იმის მერე, რაც ლაშასთან იჩხუბა. სიმამრი აქ არ მოვიდოდა, არც კი გაეკარებოდა… ბაჩანა მასთან ნაჩხუბარი იყო, ბოლოს რომ შეხვდა, ცხვირიდან სისხლი ადინა…
ლაშა სუნთქვა აუჩქარდა. სწრაფად შეიწმინდა ხელები შარვალზე და ჰოლში გავარდა.
საჭვრეტელაში არც კი გაუხედია, ისე ზათქით მოაღო კარი.
მთრთოლავი სუნთქვა აღმოხდა, და კარს მიეყუდა, რომ არ დაბარბაცებულიყო.
სოფიო.
სოფიო იდგა ზღურბლზე, თავის ჯინსის შარვალსა და უბრალო ლურჯ მაისურში, რომელზეც თეთრი ჯაკეტი მოეცვა. ფეხებზე ოდნავ შელახული თეთრი კეტები ეცვა.
თმა ჩამოეშალა და მისი მწვანე თვალები ისევე ნათელად იყურებოდანენ, როგორც ადრე.
ლაშას თავის ცხოვრებაში ამაზე ლამაზი რამ არ ენახა.
რატომ არ დაჰყვა იგივე გრძნობას, როცა სოფიო საპატარძლო კაბაში დაინახა პირველად, რატომ…
-შეიძლება? – სოფიოს ხმამ ლაშა გამოაფხიზლა. სოფიო იდგა, სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა. გახარებულმა ლაშამ გაუცინა.
– როგორ არა! სოფიო, მაგას არც კი უნდა მეკითხებოდე… შემოდი… – ლაშა გვერდით გადგა. მკერდში სიხარული აუბუყბუყდა.
სოფიომ ჰოლში შემოაბიჯა.
გაბადრულმა ლაშამ მის უკან, გარეთ გაიხედა. არსად იყო ჩემოდანი, რომელისაც ელოდებოდა. „მაშ…?“
-სოფიო… შენი ბარგი სადაა? – შეეკითხა ლაშა და ცოლს მიაშტერდა. სოფიო არც კი შემკრთალა. ისევ ზურგი მიექცია ლაშასკენ.
– აქ არ არის. – თქვა მან მოკლედ. ლაშას რაღაც არ მოეწონა. გულში გასწიწკნა.
– კარგი… – თქვა მან და კარი მიხურა.
– სოფიო… – დაიწყო ლაშამ, მაგრამ სოფიომ არ დააცადა.
– სალაპარაკოდ მოვედი. – თქვა მან და სწრაფად შემობრუნდა. – შეიძლება დავჯდეთ?
– კი, რა თქმა უნდა! – მიუგო ლაშამ და ცოლს უკან გაჰყვა სასტუმრო ოთახისაკენ. არ სჯეროდა, რომ სოფიო მართლა აქ იყო… რა სურრეალური შეგრძნება იყო ცოლის აქ დანახვა…
სოფიო ტახტზე ჩამოჯდა. ლაშა მის პირდაპირ ჩაჯდა სავარძელში.
-აბა? – დაიწყო მან და სოფიოს ჩააშტერდა. ცოლი ისევ ისეთი უემოციო გამომეტყველებით მიშტერებოდა. – რაღაც მაქვს სათქმელი, სოფიო…
– მეც მაქვს. – მოუჭრა გოგონამ.
– მე ვიტყვი პირველი. მერე შენ თქვი. – უთხრა ლაშამ და თითები ერთმანეთს გადააჭდო. სოფიომ ჯერ უყურა, მერე კი თავი გვერდზე გადააგდო და ოდნავ ააქნია. ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა.
– მისმინე… ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვწუხვარ. უნდა მომესმინა შენთვის და ვწუხვარ, რომ ასე არ გავაკეთე. თავქარიანი ბიჭივით მოვიქეცი.. – ლაშამ ჩაიცინა და სოფიოს ახედა. – მართლა, მართლა ძალიან ვწუხვარ.
სოფიოს ხმა არ ამოუღია.
ლაშა შეიშმუშნა.
– ლიკას აღარ ვხვდები, – იმედიანად თქვა მან, – დამთავრდა. ჩვენს შორის ადრედაც არაფერი იყო, მაგრამ  ახლა მთლად გაქრა. – ლაშამ ნაღვლიანად გაუღიმა სოფიოს. ცოლი ისევ უემოციოდ მიშტერებოდა. – მინდა გითხრა, რომ ამწუთას, შენა ხარ ერთადერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში, რომელის მიმართაც რაღაც გრნობები მაკავშირებს. და მინდა, რომ ეს ქორწინება… რომ ეს ქორწინება გამოვასწოროთ… – ლაშამ უხერხულად მოიფხანა კეფა. – ვიცი, რომ ეს საუკეთესო სიტყვა არაა და არც მე ვარ კარგი ორატორი…. მაგრამ ვცდილობ, სოფიო, გეფიცები… ვნანობ ყველაფერს, რაც გავაკეთე და შენ გული გატკინე. მე… – ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა და მისი თვალები ძლიერად ჩააჭდო ცოლის თვალებს. – მე… მე მიყვარხარ, რა.
სოფიოს თვალებში განცვიფრებამ გაჰკრა, მაგრამ მალევე ჩაკვდა, და მისმა სახემ ჩვეულებრივი უემოციო ნიღაბის გამომეტყველება მიიღო.
ლაშა უხერხულად შეიშმუშნა.
არ სიამოვნებდა სოფიოს სიჩუმე.
-და… შენ რა გინდოდა რომ გეთქვა? – ჩაეკითხა იგი იმ იმედით, რომ სოფიოს აალაპარაკებდა.
სოფიო მიაშტერდა და ლაშას თითქოს მოეჩვენა, რომ გოგონას სახეზე სიბრალულმა გადაჰკრა.
მერე კი ხელები კალთაში დაიკრიფა და ნიკაპი ასწია.
მისი მწვანე თვალები ქმრის ყავისფერ თვალებს ჩაეჭდნენ.
-მინდა რომ გავიყაროთ. – თქვა მან.
ლაშა უეცრად გასწორდა.
ჯერ ვერ გაიგო, რა თქვა სოფიომ და გაოცებული მიაშტერდა.
მერე კი ცოლის სიტყვებმა ექო გამოსცეს მის ტვინში და ბოლოს და ბოლოს მიხვდა.
მიხვდა…
ლაშას თითქოს მეხი დაეცა. არ სჯეროდა.
მკერდი დაეჭიმა. სუნთქვა აუჩქარდა.
იგრძნო, როგორ გამოჟონა ოფლმა ხელისგულებში და ზურგში გამყინავმა ჟრუანტელმა დაუარა.
სოფიოს შეხედა.
მიხვდა, რომ როგორც ჩანდა, მისი ცოლისთვის უკვე ყველაფერი დამთავრებულიყო.
-*-*-20-*-*-
– როგორ… – ამოილუღლუღა ლაშამ. არ სურდა რომ ეს სიმართლე ყოფილიყო. ხელები გაუცივდა და ცივმა ოფლმა დაასხა. სოფიოს მისჩერებოდა გაშტერებით.
– სოფიო… რას ამბობ… – ძლივს ამოთქვა მან. სოფიოს სახის გამომეტყველება არ შესცვლია, ისევ ცივად უყურებდა.
– რაც გაიგონე, ლაშა. მინდა რომ გავშორდეთ…
– რატომ? – იყვირა უცებ ლაშამ და ფეხზე წამოვარდა. ხელები უკანკალებდა და მუშტები შეკრა, რომ სოფიოს არ შეემჩნია. – ამწუთას რა გითხარი, ვერ გაიგონე? მე… მე…. მიყვარხარ, სოფიო… და ამის მერე, სახეში მახლი იმას, რომ განქორწინება გინდა?
სოფიოს სახეზე მრისხანება გამოეხატა და ფეხზე წამოდგა.
-შენ უფლება არ გაქვს… – დაისისინა მან. – ყველაფრის შემდეგ, რაც ამ რვა თვეში მოხდა… უფლება არ გაქვს, მასე მელაპარაკო. – სოფიოს მწარე სიცილი აღმოხდა. – და… ხვდები საერთოდ, რასაც მეუბნები? მართლა გინდა, რომ დაგიჯერო? შენ მე არ გიყვარვარ, ლაშა…
– არა! – იღრიალა ბიჭმა და სახეში სისხლი მოაწვა. – არც კი გაბედო, რომ მასეთი შეურაცხყოფა მომაყენო. ეს წმინდა წყლის სიმართლეა, ვფიცავ. ჩემს სიტყვებს ნუ ატრიალებ, მე ერთი ტყუილი არ ჩამიმატებია იმაში, რაც გითხარი, გაიგე? გამბედაობა რომ მეყო და გითხარი, იმაზეც მადლობა უნდა ვთქვა… და ტყუილზე მეფიქრა? გაგიჟდი, სოფიო?
სოფიო თითქოს დამშვიდდა.
სახე გაუქვავდა.
მაგრამ ლაშა ხედავდა მის თვალებში გაკრულ ნაპერწკლებს.
სოფიომ ნაძალადევად გაუღიმა.
-თუნდაც სიმართლე გეთქვა… – თქვა მან და თვალები ქმარს მიაბჯინა. თვალები გაფართოებული და ოდნავ სევდიანი ჰქონდა. – სამაგიეროდ მე არ მიყვარხარ, ლაშა. ვწუხვარ.
ლაშამ კბილები დაკრიჭა და შეეცადა, მის მკერდში გაჩენილ ყრუ ტკივილს არ აჰყოლოდა.
-მართლა? – ამოიხრიალა მან.
– ჰო. – სწრაფად მოუჭრა სოფიომ და ლაშა მიხვდა, რომ სოფიო არ ტყუოდა.
„მართლა არ ვუყვარვარ… რაა გასაკვირი? დაცემული დეგენერატი ვარ, რატომ უნდა იყოს ასეთი მოულოდნელი მისი აღიარება?“ გაუელვა თავში.
-მისმინე… – დაიწყო მან. ხელები მაგრად მოუჭირა სავარძლის კიდეებს და მთელი სხეულით დაიძაბა. „არა, სოფიო უნდა გადავარწმუნო, ვერ მიმატოვებს, ასე არ შეიძლება რომ მოხდეს…“ სასოწარკვეთილებით გაიფიქრა მან. – დავაშავე, და ვიცი, რომ ეს რვა თვე შენთვის არ იყო საუკეთესო…
– ყველაზე ცუდი იყო, თუ მკითხავ. – ჩაურთო გოგონამ. სახე ისევ გაჰქვავებოდა, მაგრამ გამომეტყველება შეეცვალა. სახეზე სიმწარე ეხატა, ლოყები გაუფითრდა.
ლაშამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა ყელში მყესები.
-ჰო, ჰო… – უაზროდ დაეთანხმა იგი. – მაგრამ ვიცი, რომ შეიძლება ამის გამოსწორება… – სოფიომ თავი გააქნია. – მართლა… გეუბნები… იცი, რა…. – ლაშა მთლად აიბნა, ანერვიულდა, თავი სტკიოდა. – აჰ, ჯანდაბა! გაიხსენე, სოფიო! ნუთუ ყოველდღე ასე ცუდად ვატარებდით დროს? ჩვენ ხომ დაგვილაპარაკია, ტელევიზორი გვიყურებია, გვიცინია ერთად…. ეგენი არაფერს ნიშნავს?
სოფიოს არაფერი უთქვამს. გაქვავებული იდგა და ისე მიშტერებოდა.
-ეგ ზღვაში წვეთი იყო, ლაშა. – თქვა მან უეცრად და მკლავები გადააჯვარედინა.
მერე ხელი აიქნია.
-ყოველ შემთხვევაში, აქ იმისათვის მოვედი, რომ შენთვის პირადად მეთქვა. არ მინდოდა, რომ საქმე სატელეფონო ზარით დამემთავრებინა. დამიჯერე, შენი ნახვა არ მინდოდა, მაგრამ… – სოფიომ  ამოიხვნეშა, და ლაშამ იგრძნო, როგორ გაეშალა სხეულში სასოწარკვეთილება და სინანული ცხელ ტალღად. ოდნავ შეაჟრჟოლა და ცოლს თვალებგაფართოებული მიაჩერდა. – მამაჩემი მიხედავს ამ საქმეს. რამდენიმე დღეში განქორწინების საბუთები მზად იქნება…
– მე ხელს არ მოვაწერ. – თქვა ლაშამ. სხეული გაჰყინვოდა და ჯიუტად მისჩერებოდა სოფიოს, იმის მიუხედავად, რომ გული ჩაქუჩივით სცემდა მკერდში. – არა, სოფიო. არავითარ შემთხვევაში. შენ ჩემი ცოლი ხარ და იქნები.
სოფიო ბრაზისაგან აილეწა. ტუჩები აუთრთოლდა.
-მაშ კარგი. – თქვა მან. – მერე იცი, რა მოხდება? მე ვიცხოვრებ ჩემთვის, შენ შენთვის. მე არ დაგეკონტაქტები. აქ არ მოვალ. არ დაგელაპარაკები. არ ვიფიქრებ შენზე. მთლად გადასარევი ცოლი არ ვიქნები, ხომ? – თქვა მან და წინ წამოიწია.
– არ მაინტერესებს! – დაიგრგვინა უცებ ლაშამ და სოფიო ოდნავ შეტოკდა. ლაშამ კბილები დააღრჭიალა და თავი ჩაქინდრა. ცრემლებს ებრძოდა. – ჩემთვის სულერთია. მე შენ გითხარი, რომ არ მინდა სხვისი ცოლი იყო, და იცი რა? – ლაშამ თავი ასწია და სოფიო თავისი მზერით გაბურღა. – არც იქნები. მე გითხარი, რას ვგრძნობ შენს მიმართ და რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქორწინება საუკეთესო იყოს. საჭიროა უბრალოდ, რომ შენ ერთი შანსი მომცე… – ლაშამ სოფიოსკენ წაიწია, გოგონა უცნაურად მიაშტერდა, მაგრამ არ განძრეულა. ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და ცოლისაკენ ნაბიჯი გადადგა.
სოფიომ თავი გააქნია და უკან დაიწია.
ლაშას გული ჩასწყდა.
-ერთი შანსი. – გაიმეორა მან და ცოლს ჩააშტერდა. – გპირდები, ყველაფერი გამოსწორდება, აი ნახავ…
– არა, ლაშა. – შეაწყვეტინა სოფიომ და ლაშას უცებ ძალიან მოუნდა, რომ ეყვირა, სოფიოსთვის ხელი წაევლო და ძლიერად მიეხუტებინა ახლოს. – მე აღარ მინდა, რომ კიდევ ერთხელ შევეცადოთ. მე საკმარისად შევეცადე. მეტი აღარ მინდა.
– ასე მალე ნებდები? – შეუყვირა ლაშამ. – და რატომ… რატომ მეუბნები ამ ყველაფერს მაინც და მაინც ახლა, როცა მე გითხარი, შენს მიმართ რას ვგრძნობ?
– მე არ ვიცოდი, რას მეტყოდი, ლაშა. – სოფიოს მწვანე თვალები მწველი მზერით მისჩერებოდნენ. – ნათელმხილველი არა ვარ. მეგონა, არც კი შემომიშვებდი.
– რატომ? – ჩაეკითხა ლაშა. – რატომ გეგონა მასე? ეს ხომ ჩვენი სახლია…
– შენ თვითონ არ მითხარი, „გაეთრიეო?“ თუ ესეც მომეყურა?
ლაშა დაიძაბა, სისხლი მოაწვა სახეში.
გრძნობდა, რომ მისი სიტყვებმა საერთოდ ვერ შეანძრია სოფიოს გადაწყვეტილება.
რაღაც უნდა ეთქვა… სოფიო უნდა დაერწმუნებინა…
-ხალხი! – წამოსცდა მას უცებ და ამ აზრს მოეჭიდა. – ხალხი რას იტყვის ამაზე? რომ მხოლოდ ცხრა თვეში ვშორდებით? – ლაშამ მკლავები გადააჯვარედინა. – დამიჯერე, ბევრს არ მოეწონება…
სოფიო მოიღუშა.
-კარგი, რა, ლაშა… – თქვა მან და ანთებული თვალები მიაპყრო ქმარს. – უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? და როდის აქეთ გაინტერესებს, რას ამბობენ… კარგი, იქნება „სკანდალი“, ერთი-ორი სტატია, და მერე ყველას დაავიწყდება. მერე შენც ახალ ცოლს მოიყვან და ყველა მასზე…..
სოფიოს სიტყვა გაუწყდა, როცა ლაშა უეცრად დაიძრა, ორი დიდი ნაბიჯი გადადგა, სოფიოს სწვდა და ელვის სისწრაფით გაახვია იგი მის მკლავებში. გოგონა გაიყინა, თვალები გაუფართოვდა. ლაშა მთელი ძალით ჩაეჭიდა, ორივე ძლიერი მკლავი ცოლს ზურგზე  შემოხვია და მთელი სხეულით აეკრო. სახე სოფიოს თმაში ჩარგო და სურნელი შეისუნთქა.
-რა ახალი ცოლი… – ამოიხრიალა მან და სოფიოს თავი მხარზე მიიხუტა. – გაგიჟდი, სოფიო… ვერ გაიგონე რა გითხარი?
– გავიგონე… – ისე უპასუხა გოგონამ, თითქოს სიტყვა ყელიდან ამოჰგლიჯესო.
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და ცოტათი უკან დაიხია.
თუმცა ხელები არ მოუცილებია ცოლის თბილი სხეულიდან.
სოფიო ისე მოენატრა…
ლაშა სახეში ჩააცქერდა. სოფიო ისევ იმ არაფრის გამომხატველი გამომეტყველებით უყურებდა, თვალებში უცნაური ემოცია ეხატა, ქვასავით გაუნძრევლად იდგა.
ოთახში სითბო იყო, სოფიოს სახე ოდნავ შეწითლებოდა და მისი ტუჩები უფრო მუქი და სავსე ჩანდნენ.
ლაშამ თავი ვეღარ შეიკავა.
სოფიოს ფრთხილად მოჰკიდა ლოყაზე ხელი. მის ცოლს თვალები გაუფართოვდა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად.
ლაშა სწრაფად დაიხარა, რომ დაესწრო. სოფიოს სახე განცვიფრებამ და გაღიზიანებამ მოიცვა.
 უეცრად მაგრად ჰკრა ხელები მკერდში, რომ მოეშორებინა. ლაშა ოდნავ უკან წაბარბაცდა.
საკუთარი ხელები ცარიელი და ჰაერში სულელურად გაწვდილი ეჩვენებოდა, როცა ისინი სოფიოს სხეულს მოშორდნენ.
-რას აკეთებ, ხვდები? – დაუსისინა სოფიომ და ჟაკეტი მაგრად შემოიხვია სხეულზე, მერე კი აღშფოთებული გამომეტყველებით შეაჩერდა ლაშას. – მე აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ გაყრა მინდა, შენ კიდევ…
-ჰო, მაგრამ მე არ მითხოვია გაყრა. – დაბალი ხმით თქვა ლაშამ. ხელები ექავებოდა, უნდოდა, სოფიო ისევ თავის მკლავებში მოექცია, ოღონდ ცოლი ამჯერად არ შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არ გაიძრა. არ სურდა სიტუაცია კიდევ უფრო გაეუარესებინა. – სოფიო, გთხოვ…
– მაპატიე, ლაშა. – უთხრა სოფიომ და ცალი ტუჩის კუთხე აზიდა. სახეზე სევდა გამოხატოდა. – მაგრამ აღარ შემიძლია. დაგიკავშირდები, როცა მზად იქნება საბუთები და ხელის მოსაწერად შევხვდეთ, როცა გენდომება.
ლაშა თვალებგაფართოებული მიაჩერდა. არ სჯეროდა.
სოფიოს სიტყვებს ისეთი „საბოლოო“ შეგრძნება დაჰკრავდათ…
ლაშას სახე დაეღმიჭა, ცრემლები მოაწვა და იგრძნო, როგორ აეწვა თვალები.
-სოფიო… – წაილუღლუღა მან. სხეული ვერ გაანძრია, მთლად გაიყინა. ცოლს თვალებით შეემუდარა. – გთხოვ, არ გინდა…
სოფიომ არაფერი უთხრა, ჯაკეტი შეისწორა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელა გაემართა მარცხნივ, კარისაკენ. ლაშა ჯერ კიდევ წინ, კედელს მიშტერებოდა გაოგნებული, სადაც წამის წინ სოფიო იდგა.
-სოფიო! – აღმოხდა მას უეცრად და შებრუნდა.
გოგონა უკვე კარამდე იყო მისული და არც კი შეჩერებულა, სახელურს ხელი დაადო.
-სოფიო! – იღრიალა ლაშამ და მუშტები ისე მაგრად შეკრა, ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო. მჩხვლეტავმა ტკივილმა დაუარა. – გთხოვ არ წახვიდე!
სოფიო შეკრთა და ნელა შემოტრიალდა. სახეზე ჩრდილმა გადაუარა.
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა. ნესტოები უთრთოდა.
-არ წახვიდე. – გაიმეორა მან და სოფიოს თვალებში ჩახედა. უნდოდა ცოლისთვის ეთქვა, რომ სულ აქ დარჩენელიყო, აღარსად აღარ წასულიყო და რომ ეპატიებინა მისთვის… მაგრამ ენა არ მოუბრუნდა. იცოდა, რომ სოფიო უარს ეტყოდა და არ იცოდა, გაუძლებდა თუ არა ამდენს.
მერე სევდიანად გაუღიმა.
 – დარჩი ცოტა ხნით. მომენატრე.
გოგონას თვალები გაუფართოვდა.
მაგრამ არაფერი უთქვამს, არც განძრეულა.
ლაშას გული მძლავრად უცემდა მკერდში და იმედით აღსავსე თვალებით მისჩერებოდა ცოლს.
მერე კი სოფიომ მოულოდნელად გააქნია თავი.
-არ შემიძლია, დღეს საქმე მაქვს. – თქვა მან. – დაგიკავშირდები. – დააყოლა მალევე, სახელური ჩამოსწია და ოთახიდან გავიდა.
კარი მის უკან ყრუ ჩხაკუნით მიიკეტა. ლაშა იდგა და კარს უყურებდა.
ჯერ თითქოს ვერ გაიგო რა მოხდა.
უჩინარი სიცივე და ამაზრზენი სიჩუმე რომ წამოეპარა, მერეღა მიხვდა.
მოკანკალე ხელი გაიწვდინა უკან და ტახტი მოძებნა, მერე კი შიგნით ჩაემხო.
ბუნდოვნად გაიგონა შემოსასვლელი კარის გაღებისა და დაკეტვის ხმა.
მთრთოლვარე ხელები სახეზე აიფარა, თითქოსდა უნდოდა რეალობას გაქცეოდა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ვერაფრით ვერ მოახერხებდა.
„სოფიო წავიდა, წავიდა…“ გაუელვა თავში და თვალები მაგრად დახუჭა, პირი კი მოკუმა.
არა, ასე იოლად არ აპირებდა დანებებას.
-*-*-21-*-*-
ლაშამ მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და კარი ჩაკეტა. სოფიოს სახლს ახედა, რომლის მხოლოდ სახურავი ჩანდა გალავნის იქედან. შიგნიდან წყლის შხაპუნი ისმოდა, ალბათ რამეს რწყავდნენ. ლაშამ ოფლიანი ხელები შარვალზე შეიწმინდა და ჭიშკარს მიუახლოვდა. მუშტი ასწია და მაგრად დააბრახუნა.
წყლის შხაპუნი შეწყდა, და ნაბიჯების ხმა გაისმა. ჭიშკარი ოდნავ, ჭრიალით გაიღო და ლაშამ თავისი სიდედრის ქერა თმა და სოფიოსნაირი თვალები დაინახა.
-ოჰ… – აღმოხდა ქალს. – ლაშა… – თქვა მან და უხერხულად შეიშმუშნა.
ლაშას უხერხულობისათვის არ ეცალა.
-მისმინეთ, რაღაც უნდა ვუთხრა სოფიოს. ხომ შეიძლება? – თქვა მან და წინ წაიწია. ქალი აშკარად შეყოყმანდა და უკან გაიხედა, მაგრამ მაინც ნელა გაიწია გვერდზე.
ლაშამ ამოიხვნეშა და ეზოში შევიდა.
-გმადლობთ. – უთხრა მან დიანას და მიმოიხედა.
– კარი ღიაა. სოფიო თავის ოთახშია. – უთხრა დიანამ. – მიდი.
ლაშამ თავი დაუქნია და სწრაფად გადაჭრა ეზო, კარი შეაღო და სწრაფად აირბინა კიბეზე.
სოფიოს კარს მალევე მიაგნო და მაგრად დააკაკუნა ზედ.
-ახლავე! – გაისმა შიგნიდან. – ზურა, თუ ისევ შენ ხარ შენი მათემატიკის წიგნით, იცოდე, რომ მე… – კარი გაიღო და გამოჩენილ სოფიოს სიტყვა პირში შეაცივდა.
– ლაშა… – თქვა მან.
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა.
-გამარჯობა, სოფიო. – უთხრა მან და ცოლს თვალი ააყოლ-ჩააყოლა.
– აქ რა გინდა? – ჩაეკითხა გოგონა და გამოაფხიზლა.
ლაშამ ყელი ჩაიწმინდა.
-შემოთავაზება მაქვს. – დაიწყო მან. – შეიძლება შემოვიდე? – ოთახზე ანიშნა მან.
სოფიომ ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ უკან დაიწია, რომ ქმარს შემოსვლა შესძლებოდა.
ლაშამ გამბედავად შეალაჯა, და პირდაპირ ლოგინზე ჩამოჯდა. სოფიომ კარი მიხურა და გამოხედა.
-აბა? – ჩაეკითხა იგი. – რა შემოთავაზება გაქვს?
– როგორც ჩანს… – დაიწყო ლაშამ და მკლავები გადაჯვარედინა. – შენ გაყრა გინდა. მაგრამ მე გითხარი, რომ ხელს არ მოვაწერ. – მან ღრმად ჩაისუნთქა, არ სჯეროდა, რომ ამას ამბობდა. – მაგრამ გადავიფიქრე.
სოფიო უცნაურად შეირხა და თვალები გაუფართოვდა.
-ოჰ… – ამოთქვა მან და ფეხი მოინაცვლა. სახეზე არაფერი არ გამოხატვია.
– სწრაფად შეგიცვლია აზრი. – თქვა მან და ლაშას შეაშტერდა. მერე კი გაიღიმა. – ესაა შენი შემოთავაზება?
– არა. -მიუგო ლაშამ და სოფიოს ღიმილი სახეზე შეაცივდა.
– მაშ რა? – ხელი ააქნია გოგონამ. თვალებში უნდობლობა გამოხატვოდა.
ლაშამ ამოიხვნეშა და ხელები მუხლებზე დაიწყო. უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა.
-ხელს მოვაწერ, თუ სახლში დაბრუნდები და ცოტა ხნით ჩემთან ერთად იცხოვრებ. – სოფიომ წარბები ასწია. – მინდა რომ ცოტა ხნით ნორმალურად ვიცხოვროთ, როგორც ცოლ-ქმარმა, მერე კი ხელს მოვაწერ, თუ გენდომება. აი, ესაა ჩემი შემოთავაზება. – დაამთავრა მან და ხმამაღლა ამოიქშინა.
სოფიო თვალებგაფართოებული და აშკარად განცვიფრებული უყურებდა.
-მაშ კარგი… – თქვა მან და მკლავები გადააჯვარედინა. ლაშას შვების ამოოხვრა აღმოხდა.
– როდის მოვიდე? – ჰკითხა სოფიომ.
– დღეს! – წამოსცდა ლაშას. -დღესვე.
– რამდენი ხნით? – ჩაეძია სოფიო. ლაშამ მხრები აიჩეჩა და ცოლს თვალებში ჩააცქერდა.
– აბა რა გითხრა… რამდენიც შენ გენდომება. მე მოგთხოვდი, წელიწადი-თქო, მაგრამ… – ლაშამ თავი გააქნია და გვერდზე გაიხედა.
– სამი კვირა. – თქვა სოფიომ. ლაშამ პირი მოკუმა და თავი დააქნია.
– კარგი. – ლაშამ ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. – ახლა გავალ და დაგელოდები. მე გაგიყვან…
– არა. – მოუჭრა სოფიომ. – ნოდარს დავურეკავ და ის გამიყვანს.
ლაშამ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ უაზრო პროტესტი არ გამოეხატა და თავი დააქნია.
სოფიომ კარი გაუღო.
ლაშა ოთახიდან გავიდა.
-*-*-*-*-
სიმართლე რომ ეთქვა, ლაშა არ ელოდა, რომ სოფიო დაეთანხმებოდა. რა თქმა უნდა, იმედოვნებდა, მაგრამ ეს მართლაც მოულოდნელი იყო.
თვითონაც არ ესმოდა, რამ უბიძგა ასეთი შემოთავაზების გაკეთებაზე. ალბათ იმან, რომ დარწმუნდა სოფიოს ურყევობაში გაყრის შესახებ და იცოდა, რომ რაღაც უნდა ეღონა. ამიტომ იმედოვნებდა, რომ სოფიო აზრს შეიცვლიდა თანაცხოვრების დროს.
ლაშა ყველაფერს გააკეთებდა, რომ მას აზრი შეეცვალა.
და თუნდაც სოფიოს მაინც მოეწერა ხელი საბუთებისათვის, სამაგიეროდ კარგი მოგონებები მაინც დარჩებოდა, ამ მოკლე პერიოდიდან. ლაშას სურდა უფრო გრძელი პერიოდი მოეთხოვა, წელიწადი, ან ცოტა უფრო ნაკლები მაინც, მაგრამ იცოდ, რომ ეს საკმაოდ სარისკო იყო. დიდი შანსი გახლდათ იმისა, რომ სოფიო არ დაეთანხმებოდა, ამის მხოლოდ გაფიქრებაც კი ზარავდა.
იმ დღესვე, ლაშა თითქმის პირდაპირ შემოსასვლელში იჯდა და სოფიოს გამოჩენას ელოდა. ზარმა რომ დარეკა, სწრაფად წამოდგა და კარი გამოაღო.
სოფიომ თავი დაუქნია და შემოვიდა. ხელში ჩემოდანი ეკავა.
-მე ავიტან. – შესთავაზა ლაშამ.
-არ არის საჭირო… – თავი გააქნია სოფიომ.
ლაშამ ჩემოდანზე ჩაფრენილ ხელზე ხელი მოჰკიდა.
-არის. – თქვა მან და ცოლს თვალებში ჩააცქერდა. სოფიო მშვიდად მიაშტერდა, მერე კი ამოიხვნეშა და ჩემოდანი ლაშას გადასცა. ქმარმა გაუღიმა და წინ გაუძღვა.
ლაშამ საძინებლის ოთახი შეაღო და ჩემოდანი ძირს დადო, მერე კი სოფიოს მიუბრუნდა.~
-კარგი… შენ გამოიცვალე თუ გინდა, მერე კი ვჭამოთ, მომშივდა.
სოფიომ წარბები აწკიპა და ქმრის მომღიმარ სახეს შეხედა.
-კარგი, გამოვიცვლი და ჩამოვალ. – თქვა მან.
ლაშამ ისევ გაუღიმა და ხელების სრესით ჩამოვიდა კიბეზე. სოფიოს სახეზე ჯერ კიდევ უნდობლობა ეხატა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ამ უნდობლობას მალევე გააქრობდა.
ლაშამ სწრაფად გააწყო მაგიდა. ეს სიურპრიზი იყო სოფიოსათვის. მართალია, ამ კერძებზე ბევრი იწვალა წინადღით და ხელი დაიწვა, როცა თავისი ნაცოდვილარი ნამცხვარი ქურიდან გამოჰქონდა, მაგრამ ნამდვილად ღირდა. ცოლის სახე უნდა ენახა, როცა გოგონა ამ გაწყობილ მაგიდას დაინახავდა.
ლაშამ სწრაფად მიალაგ-მოალაგა და მიმოასწორა მაგიდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგონა შემოსასვლელში.
სოფიო სამზარეულოში შევიდა და თვალი მაშინვე გაექცა გაწყობილი მაგიდისაკენ.
ყბა ჩამოუვარდა და თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა.
-ეს… ეს რა არის? – ამოილუღლუღა მან და ქმარს შეხედა.
ლაშამ ცალყბად, თავმომწონე ღიმილით გაუღიმა და სკამის ზურგს დაეყრდნო.
-რა და… კულინარულ ნიჭს მივეცი გაქანება. – თქვა მან. სოფიომ ისე შემოხედა, რომ აშკარად ფიქრობდა, არ მჯერაო. – მიდი, გასინჯე. – დაამატა მან.
სოფიო შეყოყმანდა და მაგიდას თვალი მიმოავლო.
-სერიოზულად, ლაშა? – ჰკითხა მან. – ხაჭაპური?
ლაშა შეიშმუშნა.
-ჰეი! – შეჰყვირა მან. – ყველაზე იოლი ეგ არის ქართულ კერძებში. მე უძლიერესი შეფი კი არა ვარ. თუმცა შეიძლებოდა ვყოფილიყავი… – სოფიომ ჩაიცინა. – ჰოდა მიდი ახლა, გასინჯე.
სოფიომ ხაჭაპური აიღო და ჩაკბიჩა.
სახე გაეყინა და ნაჭერი ისევ თეფშზე დადო, მერე კი ლუკმა გადაყლაპა და წამოახველა.
-რა? – ჩაეკითხა ბიჭი და გასწორდა. – რაშია საქმე? ცუდია? – აწრიალდა იგი.
– ლაშა… – შეხედა სოფიომ და სიცილი აუტყდა. – შენ რა… ცომში შაქარი ჩაამატე?
– ჰაა? – ჩაეკითხა ლაშა. – არა! – წამოსცდა ხმამაღლა. – რას ამბობ… შაქარი…
სოფიო ისევ იცინოდა. ლაშა დაიღმიჭა, ხაჭაპურს გადახედა და კეფა უხერხულად მოიქექა. შაქარი და მარილი ერთნაირ ქილებში იყო…. არ იყო გასაკვირი, რომ შეეშალა.
-და ეს… ეს უფორმო მასა რაღაა? – მიუთითა სოფიომ ნამცხვარზე. ფხუკუნებდა, სიცილს ვერ იკავებდა და თვალები უბრწყინავდა. ლაშა სიამოვნებით მიაშტერდა და პირი გააღო საპასუხოდ.
– ეგ ნამცხვარია… – თქვა მან და სულაც არ წყენია, როცა სოფიომ ხმამაღლა გადაიკისკისა.
– ლაშა.. – სოფიომ თავი გააქნია. – როგორ მოახერხე?
– ხომ გითხარი, ნიჭი მაქვს მეთქი? – გაუცინა ქმარმა.
სოფიო ჩაბჟირდა.
იმის შემდეგ, გოგონას  თხოვნით, სადილი თავიდან გააკეთეს, ამჯერად, ხაჭაპურში მარილი ჩაემატა და ნამცხვარი ნორმალური ფორმის და უცნაური ფერის არ გამოვიდა. ფქვილში ამოსვრილმა და სახე ალეწილმა სოფიომ ბისკვიტის კრემის დამზადება დაავალა ლაშას და სანამ მისი ქმარი მიქსერს ეძიძგილავებოდა და იქაურობა შეუმზადებელი კრემით მოთხვარა, თვითონ ხახვებს ხრაკავდა ტაფაზე. სოფიომ ეს რომ მოამთავრა, ლაშასთან მივიდა, რომ კრემისაგან გატყლაპნილი მიქსერი გამოერთმია და ბისკვიტი დაეკრემა. ლაშამ მოინდომა, თვითონაც დახმარებოდა და გადაწყვიტა კარტოფილი პიურედ ექცია. ძლივძლივობით მოახერხა და სოფიოსთან ერთად მაგიდა ხელახლა გააწყო. კრემსა და ფქვილში ამოთხვრილებმა მიირთვეს საჭმელი და ლაშა დარწმუნებული იყო, რომ ასეთი გემრიელი საჭმელი თავის ცხოვრებაში არ ეჭამა. „ალბათ მე თვითონ რომ დავამზადე, იმიტომ,“ გაიფიქრა მან და ღიმილით ახედა ცოლს, „თან სოფიოსთან ერთად.“
-*-*-*-*-
ერთმა კვირამ ისე გაიარა, რომ ყველა დღე ასე გაატარეს. იცინოდნენ, ტელევიზორს უყურებდნენ. ლაშა ყველაფერს იზამდა, რომ დაევიწყებინა ის ფაქტი, რომ სოფიოსთან მხოლოდ ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი. თუმცა მნიშვნელობა არ ჰქონდა დავიწყების მცდელობას. ცოლთან ახლოს რომ იყო, ყველაფერი ავიწყდებოდა და იდიოტივით შეაჩერდებოდა. სოფიომ რამდენჯერმე გადმოხედა, აწითლდა და ამოილუღლუღა, მასე რატომ მიყურებო. ლაშამ ძლივს შეიკავა თავი, რომ ცოლისთვის არ ეთქვა, რაზე ფიქრობდა. და რაზეც ფიქრობდა, ჯერ ადრე იყო. თან ძალიან.
ისევ სხვადასხვა ოთახებში ეძინათ. ლაშა ამ ფაქტს ვერ იტანდა და მთელი ღამე ბორგავდა ხოლმე. ერთხელ ისე გაღიზიანდა სოფიოს არყოფნით, რომ ოთახიდან გავიდა და სოფიოს კარს მიუახლოვდა. მის წინ იდგა მთელი ხუთი წუთი, და ფიქრობდა, კარი შეეღო თუ არა, მერე კი თავი გააქნია და უკან გაბრუნდა.
სოფიოსთან ყოფნა ძალიან სიამოვნებდა, მაგრამ არ ჰყოფნიდა. უნდოდა ცოლისათვის წელზე შემოეხვია ხელები, მაგრად ჩაეხუტებინა, და ღამღამობით სოფიოს თმის სურნელი ერძნო. ისიც იცოდა, რომ ამას ჯერ ვერ მიიღებდა და ჭკუას კარგავდა.
სოფიოს ცვლილება ეტყობოდა. ოდნავ, მაგრამ მაინც ეტყობოდა. უფრო მხიარული და გახსნილი იყო. მართალია, ლაშას აბსოლუტურად პლატონურად ექცეოდა, მაგრამ ლაშა ამდენსაც არ ელოდა. სოფიოსგან იმას მიიღებდა, რისი მოცემის სურვილიც ექნებოდა გოგონას.
დარწმუნებული იყო, რომ ყოველთვის ასეთი გრძნობა გაჰყვებოდა.
დარწმუნებული იყო.
-*-*-*-*-
ლაშამ კიბე ჩაირბინა და ეზოში ყვავილების გადაბარდულ კვლებთან ჩამუხლულ, შავ შარვალსა და მწვანე მაისურში გამოწყობილ სოფიოს მიუახლოვდა. გოგონას სქელი, მებაღის ხელთათმანები ეცვა, და მიწას თხრიდა გულმოდგინებით, პატარა ნიჩბით.
-რას აკეთებ? – შეეკითხა ლაშა და მის გვერდით ჩაიმუხლა.
სოფიო მოულოდნელობისაგან შეხტა და თავი ელვის სისწრაფით შემოატრიალა. მერე კი ამოიხვნეშა.
-კარგი, რა ლაშა! – ნიჩაბი გაუქნია სოფიომ და ხორკლიანი ხელთათმნის ზურგით ოფლისაგან აპრიალებული საფეთქელი და ყური მოიფხანა. – შემაშინე.
– კარგი ერთი… – წარბი აუწია ლაშამ. – ნუთუ ვერ გაიგონე, როგორ მოვდიოდი…
– მიწა დამბალია, ლაშა… – უთხრა სოფიომ და თხრა გააგრძელა, მერე კი მარჯვნივ დადებულ ცელოფნის პარკს გადასწვდა. – გუშინ ხომ წვიმდა. ხმას ახშობს.
-ჰოო… – უინტერესოდ უთხრა ლაშამ და მერე ხელებში ჩააცქრდა. – რას რგავ?
– ტიტებს. – მიუგო გოგონამ. – აი, ეს ორი ბოლქვიღა დამრჩა. შენ რა ქენი? – გამოხედა მან. მწვანე თვალები გაუბრწყინდა.
ლაშამ ორი წამით ხმა ვერ ამოიღო, სოფიოს თვალებში მიაშტერდა და თითქოს ვერ გაინძრა. მალევე გამოფხიზლდა და ჩაახველა.
-ჰო… კი… ისა… რაც ტანსაცმელი იყო, ჩავყარე იმ შენ… მოწნულ ყუთში. – ხელი ააქნია მან.
– კარგი… – სოფიომ ბოლქვი ორმოში ჩადო, და მიწა მიაყარა. მერე მეორეც ჩაჩურთა იქვე მეორე ორმოში და მიწა მოატკეპნა ორივეს თავზე.
– კარგი… – თქვა მან, წამოდგა, ხელები გაიფერთხა და ისევ გადაისვა საფეთქელზე ხელის ზურგი. შუბლი დაცვაროდა. – შევიდეთ სახლში. – თქვა მან და დაბურულ ცას ახედა. – ისევ იწვიმებს.
ლაშა უკან გაჰყვა.
სოფიომ გამოიცვალა, და სანამ ლაშა რამე საინტერესოს მოძებნიდა ტელევიზორში, პოპკორნი გაამზადა. დიდ ჯამით შემოვიდა და ქმარს გვერდით მიუჯდა, პოპკორნი კი მაგიდაზე დადო.
-აბა? რა ვუყუროთ? – გამოხედა ლაშამ, ხელოვნურად გაიზმორა, მკლავები თავს უკან გაჭიმა და სოფიოს თავის უკან გადადო, ტახტის თავზე. არ სჯეროდა, რომ ასეთ ბავშვურ და სულელურ რაღაცას აკეთებდა, მაგრამ ახლა ყველაფერზე წამსვლელი იყო.
– ჰმ… – სოფიო უხერხულად შეიშმუშნა და ხელი მარჯვენა ყურისაკენ წაიღო. ლაშა მოიღუშა.
– რაშია საქმე? – შეეკითხა იგი.
სოფიო უეცრად შეკრთა და ყურის ბიბილოზე თითები ჩამოისვა. ხელი რომ დასწია, ლაშა მიხვდა, რამ შეაწუხა სოფიო. ყურზე თავისი ოქროს საყურე აღარ ჰქონდა, როომელსაც ყოველდღე ატარებდა.
-ვაი… – წამოთქვა გოგონამ და წამოიწია. ლაშაც წამოჯდა და მიმოიხედა.
– საყურე დაგივარდა, ხომ, სადმე? – ჰკითხა ლაშამ და ინსტინქტურად კიდევ ერთხელ მიმოავლო იქაურობას თვალი. – აბა გაიხსენე…
– მე მგონია… – სოფიო ისევ შეკრთა და პირი დააღო. – მე მგონია გარეთ, კვლებში დამივარდა, როცა ტიტებს ვრგავდი…
– მერე? – ფეხზე წამოდგა ლაშა. – წამოდი, მოვძებნოთ.
– სად, ლაშა? – გაოცებით შეხედა სოფიომ. – გარეთ წვიმს…
– მერე? – ჩაეკითხა ლაშა. – ვიცი, რომ ნიაღვარია.. – თქვა მან და ფანჯარაში გაიხედა, წვიმა კოკისპირულად ასხამდა. – მითუმეტეს.  წყალმა შეიძლება გადააგოროს და გადარეცხოს სადმე…
– კარგი, არა უშავს… – სოფიოს გულდაწყვეტილი გამომეტყველება გადაეფინა სახეზე, მაგრამ მაინც გაიღიმა. – რაც არის, არის…
– ოჰ, კარგი, რა… – ლაშა ფეხზე წამოდგა და კარისაკენ გაემართა.
– ლაშა, სად მიდიხარ? – ფეხზე წამოდგა სოფიო, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
– განძის საძებნელად. – ლაშამ ღიმილი სტყორცნა და ჰოლში გავიდა.
– ლაშა! – დაუძახა ცოლმა და უკან გამოეკიდა. – ლაშა, არ გინდა, არაფერი უჭირს…
– სოფიო, მე მომავალი ბიზნესმენი ვარ. ჩემზე უკეთესად არავის ესმის ოქროს ფასი. – ბიჭმა თავმომწონედ დააქნია თავი, და საკიდთან მიყუდებული ქოლგებიდან ერთ-ერთი აიღო. – წამოდი, თავზე დამაფარებ, მე კი მოვძებნი.
– ახლავე გეყოფა! – წარბები შეკრა სოფიომ. – ასეთ წვიმაში გარეთ გასვლას აპირებ? გაცივდები! და ამოითხვრები, ტყუილად იწვალებ…
– ოჰ, კარგი რა… – ლაშამ ხელი აიქნია და კარი გააღო. ძლიერმა ქარმა სახეში შემოუბერა და თმა აუშალა. გარედან წვიმის გამაყრუებელმა შხაპუნმა შემოაღწია. – ხედავ? – აღტაცებით გაიხედა მან გარეთ და სწრაფი ნაბიჯით გავიდა. – გადასარევია!
– გადასარევია კი არა, გადაირიე! – შესძახა სოფიომ, მერე ყოყმანით მოუახლოვდა კარს. – მე არსად არ მოვდივარ, იცოდე…
– მაშ კარგი. – ლაშამ ქოლგა გაშალა და სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე. ფეხები მაშინვე ტალახში ამოესვარა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. კვლებს მიუახლოვდა. უკვე ბნელოდა, და ძნელი დასანახი იყო რაიმე, მაგრამ სახლის კარი ისევ ღია იყო და შემოსასვლელიდან ბუნდოვანი შუქი ეფინებოდა ეზოს. ლაშამ კვლებთან ჩაიჩოქა, მაგრამ ქოლგა ხელს უშლიდა, რომ ორივე ხელი ნორმალურად გამოეყენებინა თხრაში. ქოლგა გვერდზე გადადო და ოდნავ შეაჟრჟოლა, როცა იგრძნო, როგორ დაეცა ბათქით წვიმა ზურგზე. ერთი თხელი მაისური ეცვა, ისიც ტანზე მიეკვრებოდა და შესცივდებოდა. შარვალიც დაუსველდა.
ლაშამ ჯერ მიმოათვალიერა იქაურობა, მაგრამ მბრწყინავი და ოქროსფერი ვერაფერი შეამჩნია. უფრო ახლოს ჩაიჩოქა კვლებთან და გადადღლაბნილ ტალახში ხელი გაურია, რომ საყურის სიმაგრე შეეგრძნო. კარგა ხანი ეძება, მერე კი თხრა დაიწყო, თმა დაუსველდა და გრძელი სველი ღერები თვალებში ებლანდებოდა, ხედვას უშლიდა. ლაშამ თმაში ხელი გადაისვა, მთლად დაავიწყდა, ხელი ტალახიანი რომ ჰქონდა, მაგრამ ამ ფაქტს დიდად არ შეუწუხებია. ისედაც ამოზუნზლული იყო.
სრულიად მოულოდნელად ზემოდან ტყლაპანი მოესმა და აიხედა. სახეზე მჭრელმა შუქმა მიანათა. შუქი რომ გადაიწია, ლაშამ აშკარად უკმაყოფილო სოფიო დაინახა. ცალ ხელში ქოლგა, მეორეში კი ფარანი ეჭირა, რომელიც კვლებს მიუშვირა. ლაშამ ჩაიცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სოფიომ თვალი აარიდა, მაგრამ ლაშამ დაინახა, რომ მისი ცოლი ძლივს იკავებდა ღიმილს.
ლაშამ თავი დახარა და ისევ თხრას შეუდგა. როცა ერთი ბოლქვი განზე გადასწია, ხელი რაღაც წაწვეტებულსა და მაგარზე მოუხვდა. ლაშამ სწრაფად მოსჭიდა მას ხელი.
-მომინათე! – თქვა მან და როცა სოფიომ მის ხელისგულში მოთავსებულ ბელტს შუქი მიანათა, მიწაში გაჩრილი საგანი ოქროსფრად გაბრწყინდა.
– აჰა! – აღმოხდა ლაშას და სწრაფად გასწორდა. საყურე ბელტიდან ამოაძრო და მიწა გადააგდო, ჭუჭყიანი ხელი კი წელზე მიიდო და გაიჭიმა. ხერხემალმა ტკაცანი გაიღო.
– ლაშა… – სოფიო გაოცებული გააჩერდა საყურეს. – არ მჯერა რომ იპოვე…
– ხომ გითხარი? – გაიცინა ლაშა. – ოქროს ფასი ვიცი. მითუმეტეს, ახლა შემეძლება ვიტრაბახო, მიწაში დამარხული ოქრო ვიპოვე-მეთქი.
სოფიომ წარბი ასწია.
-ჰოო? მერე რის ფასად… – მან ლაშას ახედ-დახედა და შეკრთა. – შენ რა… თმაში ტალახი გაქვს?
– ალბათ… – ლაშამ მხრები აიჩეჩა და შეეცადა სოფიოს შეძრწუნებულ სახეზე არ გასცინებოდა.
– წადი! – იჭყივლა უცებ სოფიომ. – დროზე მიდი და აბაზანა მიიღე… ფუჰ… რა არის ეს… საყურე! – ხელი გამოუწოდა მან. ლაშამ თვალები გადაატრიალა და საყურე ხელში ჩაუგდო.
– მიდი! – სოფიომ ხელი ასწია, ლაშამ თავზე უკეთესად გადააფარა ქოლგა და მკლლავზე მოჰკიდა ხელი. – მთლად მოთხვრილი ხარ! ასეთ წვიმაში! თან კვალი სულ გააფუჭე! გაცივდები!- სოფიომ ამოიქშინა და სანამ ლაშა სააბაზანო ოთახში არ შეათრია და შიგნით არ ჩაკეტა სუფთა ტანსაცმელთან ერთად, არ მოეშვა.
ლაშა დაბანას და თმიდან ტალახის მოშორებას რომ მორჩა, მთელი საათი გასულიყო. პიჟამა ჩაიცვა და თმის მშრალებით გამოვიდა სააბაზანოდან. ტალახიანი და სველი ტანსაცმელი კი იატაკზე დატოვა. სოფიო შეძრწუნდებოდა, სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება გადაეფინებოდა და მერე ისე აიღებდა სველ, ტალახიან ტანსაცმელს, მაგრამ ლაშას ახლა თავი არ ჰქონდა. ძალზე დაღლილი იყო.
ბიჭმა თავის საძინებელში რომ შეაბიჯა, სოფიო იქ იდგა, ისევ იმ ჩაფართხუნებულ შარვალსა და ცალი მხრიდან ჩამოცურებულ მაისურში, და ლაშას ლოგინზე ახალ თეთრეულს აკრავდა. მან ზეწრის ბოლო საწოლის თავთან ჩაჩურთა და უკვე გადაკრული ბალიშები იქვე მიაწყო. მერე გასწორდა და ლაშას შეხედა.
ქმარმა თავი ოდნავ გვერდზე გადასწია. უყვარდა, როცა სოფიოს ასე ხედავდა. როცა გოგონა რამე მისაზე ზრუნავდა და მისდამი ყურადღებას იჩენდა. ამაზე რომ გაიფიქრებდა ხოლმე, გულმკერდი სითბოთი ევსებოდა.
მაგალითად, როგორც ახლა.
ლაშა თითქოს თავიდან მიხვდა, როგორ უყვარდა სოფიო.
-კარგი… – თქვა გოგონამ და ხელები დაისრისა. ქმრის მზერისაგან აშკარად ცოტათი აღელვებული და უხერხულობაში ჩავარდნილი ჩანდა. – მე გავალ ახლა… – სოფიომ გაუღიმა და ლაშასთვის გვერდზე უნდა ჩაევლო, მაგრამ ქმარმა არ აცადა. ლაშა დაიხარა, ორივე მკლავი წელზე შემოხვია და ჰაერში აიტაცა, ისე, რომ სოფიომ მხრებში ჩაავლო ხელები წონასწორობის დასაცავად და ახლა ზემოდან დაჰყურებდა, თვალებგაფართოებული და აწითლებული.
– რას აკეთებ? – შესძახა გოგონამ. – ლაშა! დამსვი ახლავე!
ლაშა მაშინვე შეტრიალდა და ჯიქურ გაემართა ლოგინისაკენ. სოფიომ თითები მაგრად ჩააჭირა მხრებში და ლაშას გაახსენდა ის საღამო, როცა სოფიო ხელში აიტაცა და ლოგინისკენ წაიყვანა. მაშინ რა სულელი იყო, რა იდიოტი…
ლაშა ზურგით გადაწვა საწოლზე, ისე, რომ სოფიო მის თავზე მოექცა. მის ცოლს სახეზე ცეცხლი მოჰკიდებოდა, თვალები გაფართოებოდა და ცოტაოდენი შიშითა და გაუგებრობით მოცული მზერით მისჩერებოდა ქმარს.
ლაშა გადაიხარა და ეტაჟერზე მდგარი ლამპა გააქრო.
სიბნელე ჩამოწვა.
გარედან ბუნდოვნად ისმოდა წვიმის შხაპუნი.
-ლაშა, რას აკეთებ… – ხმამაღლა და ცოტა პანიკურად წამოსცდა სოფიოს. ხმა საშინლად აკანკალებოდა და ლაშამ უცებ ცუდად იგრძნო თავი, რომ ცოლი ასე დააფრთხო. ხმა არ გაუღია, ისე გადასწვდა მის მარჯვნივ გადაგდებულ საბანს და ერთი ძლიერი მოქნევით სოფიოს ტანზე გადააფარა. გოგონა შეკრთა, მისი ცხელი სუნთქვა ლაშას სახეზე მოეფრქვია.
– დაიძინე. – უთხრა ლაშამ, სოფიოს ზურგზე ხელები შემოხვია და ნაზად აუსვ-დაუსვა. სოფიოს ცხელი, ჯერ კიდევ აჩქარებული სუნთქვა კიდევ ეფრქვეოდა ლაშას სახეზე და უხაროდა, რომ სიბნელე იყო, და სოფიოს შიშითა და მღლვარებით აღსავსე სახეს ვერ ხედავდა.
ლაშამ ნელ-ნელა იგრძნო, როგორ მოდუნდა გოგონას სხეული და როგორ დაეშვა იგი ქმრის მკერდზე. ნელ-ნელა თვითონაც ბურანში ეხვეოდა, ბოლოს და ბოლოს, მიიღო რაც უნდოდა, მისი ცოლი მის მკერდზე იწვა…
ლაშამ ბუნდოვნად იგრძნო როგორ ჩაეჭიდა სოფიოს ხელი მაისურზე და ჩაიღიმა. გოგონამ თავი მხარზე დაადო და ლაშამ მკლავზე შეიგრძნო მისი თმის სინაზე.
ხელები უფრო მაგრად შემოხვია სოფიოს წელზე.
მერე კი ბურანში ჩაიძირა.
-*-*-22-*-*-
ლაშა შეიშმუშნა, ფეხები გაჭიმა და დაამთქნარა.
საიდანღაც მზის შუქი შემოდიოდა და თვალს უსიამოვნოდ სჭრიდა.
ლაშამ დაწყევლა საზიზღარი მზის შუქი და ისევ დაამთქნარა.
თვალები დააფახურა და ნელა გაახილა.
მერე კი გაახსენდა, რა მოხდა წინა საღამოს და წამსვე ქვემოთ დაიხედა.
არაფერი.
სწრაფად წამოჯდა ლოგინზე. მკერდზე გადადებული საბანი წელამდე ჩამოუცურდა. ლაშამ მიმოიხედა და მოიღუშა. სწრაფად წამოდგა ლოგინიდან, ოთახიდან გავიდა და დერეფანში გაიხედა. მერე სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა სოფიოს ოთახს და კარი შეაღო.
სოფიომ, რომელიც მერხიდან რაღაც ქალაღდებს ალაგებდა უჯრაში, სწრაფად აიხედა. ქმრის დანახვაზე სიწითლემ გადაჰკრა.
გოგონამ ხმა ჩაიწმინდა და გასწორდა.
-დილა მშვიდობისა… – თქვა მან ნელა.
ლაშა ჯერ კიდევ გრძნობდა წყენას იმის გამო, რომ სოფიო დილით მის მკლავებში გამოხვეული არ დახვდა, მაგრამ ცოლის დანახვამ ეს შეგრძნება თითქმის მთლად გაუქრო. მან გაიღიმა.
-დილა მშვიდობისა. – უპასუხა მან. სოფიომ გაიღიმა და კბილები გამოაჩინა. – ასე ადრე რატომ ადექი? დღეს კვირაა.
– არაფერი ისეთი, – მიუგო სოფიომ და უჯრაზე მიუთითა, ცოტა მქონდა სამეცადინო ბიოქიმიაში და მეთქი, დავამთავრებ თქო. – სოფიო აღელვებით მიაჩერდა. ლაშა მიხვდა, რომ სოფიო ფიქრობდა, რომ ლაშა რამეს ეტყოდა წინა საღამოს შემთხვევაზე. მან თავი გააქნია.
– კარგი… – არ გინდა სადმე გავიდეთ? ანდა მოდი, ვჭამოთ ჯერ, მშია.
სოფიომ წარბი ასწია.
-შენ სულ გშია. – მიუგო მან, დრამატულად ამოიხვნეშა და წამოდგა.
ლაშა ღიმილით გაჰყვა უკან.
-*-*-*-*-
ექვსი დღეღა დარჩა.
ლაშა კალენდარზე ითვლიდა დღეებს და რომ ხედავდა თითოეული დღის გასვლას, სულ ცუდ გუნებაზე დგებოდა. სულაც არ უნდოდა სოფიოს გაშვება და ხანდახან იმასაც კი ფიქრობდა ხოლმე, აქ გამოვკეტავ და არსადაც არ გავუშვებო, მაგრამ მერე რა თქმა უნდა, გადაიფიქრებდა ხოლმე. სოფიო, რასაკვირველია, არ მისცემდა ამის ნებას, და ლაშასაც არ უნდოდა, ასეთ დაბალ, თითქმის ცხოველურ დონეზე დაცემულიყო. საკუთარი თავი შესძულდებოდა. თუმცა, ეს იმას არ შველოდა, რომ სოფიოს ერთ კვირაში გადაწყვეტილება უნდა გაეკეთებინა, და ლაშას ძალიან ეშინოდა. რატომღაც ეგონა, რომ სოფიო აუცილებლად გაშორდებოდა.
ცოლს ბოლო დღეები გვერდიდან არ მოსცილებია. უნივერსიტეტში წაიყვანდა, მოიყვანდა, მასთან ერთად დაჯდებოდა მასალის სამეცადინოდ, საჭმელად, ტელევიზორის საყურებლად. უბრალოდ უყურებდა, როგორ იცინოდა გოგონა, როგორ მიდიოდა აქეთ-იქით, როგორი კონცენტრაციით მეცადინეობდა და ყელში ბურთი მოაწვებოდა ხოლმე.
უკვე ვეღარ წარმოედგინა სოფიოს გარეშე ყოფნა.
მის გარეშე ყოფნას, რა თქმა უნდა, გაუძლებდა, ლაშა ძლიერი მამაკაცი იყო.
მაგრამ ვერ წარმოედგინა, რანაირ ხასიათზე იქნებოდა მთელი დღეები. თითებს გადაიღრღნიდა მოუთმენლობით, უსაქმურობით, სოფიოზე ფიქრით… დაიწყებდა დალევას… ლაშას შეაჟრჟოლა და თავი გააქნია. არა. არ სურდა ასე მომხდარიყო. ამიტომ მის გვერდით მჯდარ ცოლს უფრო მაგრად შემოჰხვია მკლავი წელზე და გვერდით მიიხუტა. რაც იყო, იყო. ჰოდა, იკმარებდა კიდეც ამას.
-*-*-*-*-
სამი დღე.
ლაშამ ამოიხვნეშა. ფაქტიურად ორი იყო დარჩენილი, რადგან უკვე ღამის თორმეტ საათს გადაცდა. დაამთქნარა და თვალები მოისრისა. მერე სოფიოს გადახედა, რომელიც ტახტზე გადაწოლილიყო, თავი მის მუხლებზე დაედო და მშვიდად ეძინა. ლაშამ მძინარედ, მინაბული თვალებით მოათვალიერა და გაიღიმა. სოფიოს მუხლები მკერდთან აეტანა, და მოხვეული იწვა. ორივე ხელი ტახტის კიდეზე გადაეგდო. გრძელი, სახელოებიანი პიჟამა და მოჭერილი პიჟამა შარვალი ეცვა.
ლაშამ კიდევ ერთხელ დაამთქნარა, გადამრთველს ხელი წაავლო და ტელევიზორი გამორთო. მაინც არ უნახავს, სულ სოფიოზე, დარჩენილ ორ დღეზე ფიქრობდა და ცოლს უყურებდა. ფილმი ისედაც მოსაწყენი იყო, შუა გზაზე სოფიომ მუხლებზე ჩამოადო თავი, ჯერ თვალებმინაბული უყურებდა ტელევიზორს და აშკარად ეტყობოდა, რომ ძილს ებრძოდა, მერე კი თვალები დაეხუჭა და რამდენიმე წუთში ღრმა ძილში ჩაიძირა.
ლაშამ ამოიხვნეშა, და ჩაბნელებული ოთახი მოათვალიერა. ოთახს გადაწეული ფარდიდან შემომავალი მთვარის შუქი და ჰოლიდან შემომავალი სინათლე ანათებდნენ. ლაშამ გარეთ გაიხედა.
„მალე სავსე მთვარე იქნება, „ გაიფიქრა მან და ისევ დაამთქნარა.
„მაშ კარგი, „ გაუელვა თავში, სოფიოს თავქვეშ ხელი შეუცურა და სწრაფად გამოძვრა, მერე კი, რომ წამოდგა, ცოლი ხელში აიტაცა.
სოფიომ რაღაც ჩაილაპარაკა, შეიშმუშნა და ცალი ხელი ყელზე შემოხვია, მაგრად მიეხუტა.
„ალბათ შესცივდა, „ გაიფიქრა ლაშამ და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ჰოლისაკენ. დიდი ჭაღიდან მომავალი შუქი რომ დაეცათ, ლაშამ უკმაყოფილოდ მოჭუტა თვალები, სოფიო კი ოდნავ შეინძრა და თავი ქმრის მხარში ჩარგო.
ლაშამ სინათლე გამორთო და ნელა აუყვა კიბეებს. არ სურდა ამ სიბნელეში დაცემულიყო და მით უარესი, სოფიოს რამე არ მოსვლოდა. შვებით ამოისუნქა, კიბეები რომ აათავა.
მაშინვე გაემართა მთავარი საძინებლისაკენ. მას და სოფიოს ახლა უკვე ერთად ეძინათ. ლაშა ხანდახან თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გადამწვდარიყო და ცოლი თავის მკლავებში არ გამოეხვია. სოფიო ისეთი ლამაზი იყო, როცა ცალ ხელს ამოიდებდა თავქვეშ და მეორე წელზე ჰქონდა გადადებული, მისი თეძოსა და წელის ელეგანტური მრუდი…
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და ჰაერი მძლავრად შეისუნთქა. ახლა ასეთი ფანტაზიები არ სჭირდებოდა, მითუმეტეს, როცა სოფიოსთან ერთად დასაძინებლად მიდიოდა.
კარი იდაყვით შეაღო. ოთახში უფრო თბილოდა, ვიდრე დერეფანში და კმაყოფილმა ლაშამ კარი ჩუმად, მუხლით მიკეტა.
საწოლს მიუალოვდა და სოფიო ზედ დაუშვა, მაგრამ სოფიომ რაღაც ჩაიბურდღუნა და მის ყელზე შემოხვეული მკლავი უფრო დაჭიმა. ლაშამ ამოიხვნეშა, იცოდა, რომ სოფიო ხელს არ გაუშვებდა. ფრთხილად გადაასრიალა ცოლი საწოლზე, ისე რომ გოგონა შუაში მოექცა, მერე კი ნელა მიუწვა გვერდით. საწოლის აბრეშუმის თეთრეული გრილი იყო და ლაშამ სიამოვნებით გაუხახუნა ტერფები ზედ, სოფიოს ახლოს მიუჩოჩდა, ისე, რომ გოგონას მისთვის ხელი არ გაეშვა, და თვითონაც წელზე შემოხვია ხელი. მერე საბანს სწვდა და გადაიფარა.
ლაშა იწვა და ფიქრობდა. სოფიოს თავზე ჩამოედო ნიკაპი, თავი ბალიშზე ედო და ისე ფიქრობდა. წამდაუწუმ დაჭიმავდა სოფიოზე შემოხვეულ მკლავს. ქვეცნობიერად თითქოს ეშინოდა კიდეც, რომ მისი ცოლი არ გამქრალიყო. ალბათ ეგონა, რომ სოფიოს ჰაერში აორთქლდებოდა, როგორც შეიძლებოდა მომხდარიყო ოთხ დღეში.
სოფიო შესაძლებელია, მისი ცხოვრებიდან წასულიყო.
ამიტომაც ლაშამ უფრო მაგრად მიიხუტა ცოლი და თვალები მაგრად დახუჭა.
მერე კი გაიგონა.
-ლაშა… – დაიჩურჩულა სოფიომ და ლაშამ ცოლის ტუჩების მოძრაობა იგრძნო ყელზე.
თვალები გაუფართოვდა და შეაჟრჟოლა.
უკან დაიწია ცოტათი, რომ სოფიოს სახე დაენახა.
სოფიო აშკარად ძილში იღიმებოდა, თვალები დაეხუჭა, ლოყები ალეწოდა და ტუჩები სითბოსაგან გასწითლებოდა.
თითქოს ბრწყინავდა.
ლაშას ხმა არ გაუღია. უბრალოდ ხელი მოავლო სოფიოს და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
ამას არასოდეს არ აღიარებდა ხმამაღლა, მაგრამ ბალიშზე ორი ცრემლი გადმოუგორდა.
-*-*-*-*-*-
გათავდა.
ბოლო დღეც დასასრულს უახლოვდებოდა.
ლაშამ სოფიოსთან სიახლოვე უეცრად თითქოს ვერ აიტანა და დასალევად გავიდა ბაჩანასთან ერთად. დათვრებოდა კიდეც, ბაჩანას რომ ხელიდან არ გაეგდებინებინა სასმელი და ერთი მაგრად არ გამოელანძღა.
ლაშამ ამოიხვნეშა. გრძნობდა, როგორ აწვებოდა ყელში ბურთი.
სახლში შესვლა არ უნდოდა.
სოფიომ გუშინ უთხრა, რომ განქორწინების საბუთები უკვე დამზადდა.
ასე რომ, ის დაწყევლილი ქაღალდები ახლა უკევ სახლში დახვდებოდა.
ამიტომ ყოყმანობდა შესვლას.
მერე კი გაახსენდა, როგორ ამოიხვნეშა სოფიომ მისი სახელი ორი დღით ადრე და გასწორდა. იქნებ შეძლო სოფიოს გადარწმუნება? იქნებ სოფიოს მასთან დარჩენა უნდოდა? იქნებ არ სურდა განქორწინება?
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და ოფლიანი ხელები შარვალზე შეიწმინდა.
მერე კი კარის სახელური მთელი ძალით დასწია და შიგნით შევიდა.
წამსვე გაემართა სასტუმრო ოთახისაკენ.
შიგნით სითბო იყო, ბუხარში ცეცხლი ენთო. სოფიო ფანჯარასთან იდგა და ტანზე მთვარის შუქი ეფინებოდა.
ლაშა გაიყინა, ვერ გაინძრა.
მაგიდა მოათვალიერა, მაგრამ ავისმომასწავებელი ქაღალდები ვერსად დაინახა. მხოლოდ კალამი და გადაკეცილი გაზეთი იდო ზედ. ცეცხლის შუქზე ლაშამ გაარჩია თითქმის შევსებული კროსვორდი.
-დღეს სავსე მთვარეა. – თქვა უცებ სოფიომ.
ლაშა სწრაფად გამოფხიზლდა და ცოლს შეხედა.
-ჰო… – თქვა მან და მუშტები შეკრა. ხელები უკანკალებდა.
– ჩვენი ქორწინების დღესაც სავსე მთვარე იყო, არ გახსოვს? – სოფიო შემოტრიალდა, მის უკნიდან მთვარის თეთრი შუქი იღვრებოდა იატაკზე და ცეცხლის სინათლეს ერწყმოდა.
– ცხრა სავსე მთვარე. – თქვა სოფიომ და მხრები აიჩეჩა. – წარმოგიდგენია, რამდენი რამ მოხდა? ამ ცხრა სავსე მთვარის პერიოდში?
ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა.
-ჰო.. – უღიმღამოდ დაეთანხმა იგი.
– დავქორწინდით… – განაგრძო სოფიომ. – მერე სხვა გიყვარდა, მერე ჩემს მეგობარზე იეჭვიანე, მერე ქუჩაში დამტოვე, დანაპირები არ შეასრულე, გამარტყი, სახლში მომაკითხე,მეგობარი სცემე ჩემი…. მე გადავწყვიტე რომ გაშორება მინდოდა, შენ მითხარი, რომ გიყვარდი…  -სოფიომ მხრები აიჩეჩა, სახეზე არაფერი ეწერა.
– მერე? – ამოიხრიალა ლაშამ. – მერე კიდევ რა მოხდება? ამ ცხრა სავსე მთვარეში? როგორ დამთავრდება ეს ამბავი?
სოფიომ თვალი გაუსწორა. თვალებში ცეცხლის შუქი არეკლოდა და უცნაურად უციმციმებდა.
ლაშამ სუნთქვა შეკრა, და გასწორდა.
მზად იყო.
-ქაღალდები დავწვი. – თქვა უცებ სოფიომ.
ლაშამ ჯერ თითქოს ვერ გაიგონა, ცოლის სიტყვები თითქოს საიდანღაც, შორიდან მოესმა.
მერე კი მეხი დაეცა.
ოდნავ დაბარბაცდა და ძლივს შეიკავა თავი.
სუნთქვაშეკრული მიაჩერდა ცოლს.
-როგორ… – ამოილუღლუღა მან. – შენ… – თვალები მაშინვე ბუხრისაკენ გაექცა. იქ არაფერი ჩანდა, მოგიზგიზე ცეცხლის, ნახევრად დამწვარი კუნძებისა და ნაცარის გარდა.
სხვა არაფერი…
ქაღალდები გაქრა, დანაცრდა…
მათგან არაფერი დარჩა.
ლაშამ ერთი ძლიერად ამოისუნთქა, და ცოლისაკენ გაალაჯა. სოფიომ უეცრად გაიცინა, თითქოსდა აქამდე ცარიელი ოთახი მხოლოდ მისმა სიცილმა აავსო. გოგონამ ხელები ასწია და ქმარს გაუშვირა.
ეს საკმარისი იყო. ლაშა მთელი ძალით სწვდა გოგონას, წელზე ხელი შემოხვია და ჰაერში აიტაცა, ისე რომ მათი სხეულები მთელ სიგრძეზე აკვროდა ერთმანეთს.
მერე კი, მათი ერთად ყოფნის მეცხრე სავსე მთვარის შუქზე, მათი ტუჩები ერთმანეთს შეხვდნენ.
ლაშას გული თითქოს აუფეთქდა და იცოდა, რომ აი, ეს მომენტი მხოლოდ დასაწყისი იყო.
„ჩვენ არ დაგვიწყია ჯერ…“ გაუელვა მას თავში.
მერე კი სოფიო მაგრად ჩაეჭიდა და მის მხარში რაღაც ჩაიჩურჩულა. ლაშამ ვერ გაარჩია კარგად, მაგრამ მიხვდა.
მიხვდა.
და ესეც საკმარისი იყო.
Fin
Start: 2013
End: 2013

8 thoughts on “ცხრა სავსე მთვარე

  1. არ დავიღლები იმის გამეორებით,რომ ჩემთვის არასდროს ძველდება შენი ისტორიები.ყველა მათგანი მიყვარს,მართლა! არ შეიძლება მკითხველი ასე მიჯაჭვული გახადო შენზე,არ შეიძლება ასე კარგად წერდე,ამდენ ემოციას ატევდე ერთ წინადადებაში,ასე ცოცხლად გადმოსცემდე ყველაფერს ,არ შეიძლება ერთდროულად ასე კარგად ხატავდე,მოდელივით გამოიყურებოდე და კიდევ ექიმი იყო.ძალიან ბევრი “არ შეიძლება” და “წარმოუდგენელია” ხარ ერთად და მიიჩნევ შენს ნაწარმოებებს წიგნად გამოცემის ღირსად თუ არა,ისინი აუცილებლად წიგნებად უნდა იქცნენ.პალიტრას კონკურში მონაწილების არ მიღებას კი ვერ გპატიობ,მაგრამ ისე გამიხარდა ისტორიების დანახვა ვეღარ მოვითმინე :დ

    Liked by 1 person

    1. აუ ნინიიი 😦 არ შეიძლება რომ მანებივრებდე ასე შენი სიტყვებით, რომ გავიბერო, გავიბერო და გავსკდე მერე? :დდდდ ძალიან, ძალიან მიხარია, რომ ეგრე ფიქრობ, რომ ეგრე დამხატე, იმის მიუხედავად რომ ვერ დაგეთანხმები :დდ ❤ წიგნად გამოცემას რაც შეეხება, არ მივიჩნევ და ჰე 😦 არა მგონია ოდესმე ფურცლები იხილონ, ესეც სრულიად საკმარისია ჩემთვის ❤ ❤ რია ვიცი, რია ვიცი, მომავალი გვიჩვენებს :დდდ ოღონდ დალიჰარი დავამთავრო და აღარ დავეძებ არაფერს :დდდდ
      უუუუღრმესი, უდიდესი მადლობა შენ! ❤ ❤ ❤

      Like

  2. ლაშა არის ერთადერთი მამაკაცი შენი ისტორიებიდან, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს -_-
    ძალიან მინდა ერთი გემრიელად გავცხო -_-
    ისე რამდენი ლაშაც გყავს, ყველა მაღიზიანებს… აი, რატო მიკეთებ ამას ? :დდ
    ისტორია მიღუარს!
    შენც ძეტკა! ❤

    Liked by 1 person

    1. აუ მეც, თან სასტიკად, გადავხედე და მეთქი რაია ეს, ამისთანა იდიოტი რამ დამაწერინა თქო :დდდდ
      ზოგადად ჩემი ლაშები ნამეტანი მხეცები მყავს, ზუსტად ეგრეა :დდდდდ
      ძიედა ❤ ❤ სპასიბ ბალშოე, ძეტკა ❤ ❤ ❤

      Like

  3. იმდენხანს ვეძეებე და ვიპოვე როგორციქნაა მიყვარს მიყვარს და მიყვარს საუკეთესოოა❤❤

    Like

  4. ეს პირველი წავიკითხე შენი მოთხრობებიდან და განსაკუთრებით მომწონს. ძალიან მაგარი ხარ ლინდა სულ უნდა წერო და წერო👍👍❤

    Like

  5. Saocari shemoqmedeba gaqvt qalbatono linda.kitxvas rom daviwyeb tvals vegar vwyvitav.gansakutrebit momewona civi sitbo da dalihari….da mixaria dalihars gagrzeleba rom eqneba.warmatebebi da winsvla tqven.

    Like

  6. ეს ისტორია ადრე 4ლავზე მაქვს წაკითხული და მას შემდეგ ვეძებ ახლა როცა მზესუმზირები დავამთავრე და მირაჟის კითხვაც მოვრჩი ისტორიებს ჩავუყევი და ვიპოვე ის რამაც წლების წინ ბევრი ემოციით ამავსო სასიამოვნო იქნება ამ ღამის გათენება

    Like

Leave a reply to ანონიმური კომენტარის გაუქმება