დალიჰარი (თავები 1-20)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

.

.

.

-*-*-*-1-*-*-*-

ცის კამარას მისწვდენოდა მიწას ადენილი ბდღვირი, რუხი კვამლი და მეომართა აჩქარებული სუნთქვა, დროდადრო უკანასკნელ, განწირულ კვნესასა და ტკივილით აღსავსე ღრიალს ერთვოდა იგი.

ჰაერში გაიწუილა ქონგურიდან ნასროლმა ისარმა, ცეცხლი და ბოლი გაჰკვეთა და კიდევ ერთ, გასისხლიანებულ შავ აბჯარში გამოწყობილ ქვეითს მოუსწრაფა სიცოცხლე, მაგრამ ამაოდ.

მოკვდინება ერთი ქვეითისა ვერ შეაკავებდა ერქანთა საგვარეულო სასახლეზე შემორტყმულთ, სიკვდილისა აჩრდილთ.

ეცემოდა გული დედაქალაქისა.

ნებივრად გადასწოლოდა ერქანთა სამფლობელოს კუპრისფრად დაფერილი ღამე, როცა თავს დაესხა დიადი ბატონის მიერ ნაწინამძღოლი ლაშქარი ერქანთა დედაგულ ბაჰირას. შემოიპარნენ ჩრდილოეთელნი, მათმა გაწვრთნილმა, ომგამოვლილმა ჯარისკაცებმა, რომელთაც თვით მეფისწული ანდრეი მიუძღოდა მხედართმთავრად, მუხანათურად გაკაფეს და გადაბუგეს შეუმზადები სოფლები, არ დაინდეს ბავშვნი, მოხუცნი თუ დედაკაცნი, თავზარი დასცეს მშვიდობიან ხალხებს. შიშმა გაიდგა მყარი ფესვნი ერქანთა სამფლობელოში, აზვირთდა და ცეცხლივით მოედო არემარეს ამბავი, ჩრდილოეთელთა დაუდგრომელი ურდო მოემართებაო.

გაამაგრეს ბაჰირა. ცეცხლი ააგიზგიზეს გალავნის ქონგურებზე, მეციხოვნეები გაასამმაგეს, მშვილდოსნები დააყენეს. გულზე მხურვალე მზისა სიტყვა წარმოსთქვა ჯარის წინაშე მეფემ, აცახცახებულ ბაგეებს ჰფარავდა სპეტაკი წვერის ქვეშ. თავისი პირველი შვილი და მემკვიდრე, ერქანის მეფისქალი და მარგალიტი, ეირინი ამოეყენებინა გვერდით. ეირინს უარი ეთქვა სასახლის დატოვებასა და მთებში გახიზვნაზე, აპირებდა მამასა და ჯარს ბოლომდე დგომოდა გვერდით. მტკიცედ იდგა მომავალი დედოფალი და მისი სიმტკიცე გულს უფრთხიალებდა ჯარისკაცთ, გამბედაობასა და ბრძოლის ჟინს უნერგავდა.

სასახლის გალავნისა მიღმა შეიფარეს ყველა, ვისაც მებრძოლი ეთქმოდა, პირტიტველა ვაჟებიც კი. დედაკაცნი და ბალღნი საწუხარი ამბის გაგებისთანავე გაიხიზნენ ზღვისპირა მთებში, მეფის განგებით, ღვთაების იმედზეღა დარჩენილნი. 

არ უცდიათ ჩრდილოეთელთ მალვა. შეიჭრნენ დედაქალაქში, მათმა ურიცხვმა ურდომ შემუსრა მცირე, დაზაფრული და შეუმზადებელი ჯარი, ცეცხლი წაუკიდეს მერვე მთვარის მობიბინე ბალახსა და გამხმარი წალმით დახურულ სახლებს, თითქოსდა ცეცხლისათვის შემზადებულთ. ურცხვად შეესივნენ სიჩქარეში უკან დატოვებულ მწირ ავლა-დიდებას, ყველაფერი მოკრიბეს, გასაყიდად შეჰკრეს, მიითვისეს, ვითარცა კუთვნილი ქონება მათი.

მაგრამ არარა გახლდათ მომცრო სახლობას წაჰგლეჯილი ნადავლი, რამეთუ განუზომელ ჯილდოს სასახლის აღებისას ჰპირდებოდა მათ მხედართმთავარი. მაცნენი ჩურჩულებდნენ, რომ აურაცხელი სიმდიდრით იყო აღსავსე ზღვისპირა დედაქალაქის გული, რომ თვით ოკეანის სხეულიდან ამოეზიდათ ძვირფასეულობანი, რომლებიც ფასდაუდებელი იქნებოდა უწყლო ჩრდილოეთში. უფრო განდიდდებოდა, საგანძურით აღივსებოდა ჩრდილოეთელთა ქვეყნის სრორდის დედაქალაქი – ბელთათინი.

პირველ დღეს მაგრად იდგა ბაჰირას გული. ვერ აიღო მხედართმთავარმა ჩაკეტილი სასახლე.

ღამით დაისვენეს მეომრებმა. კარვებთა დაცემის, კაცთა და პირუტყვთა დაპურების ბრძანება გასცა მეფისწულმა.

მჭუნვარედ მისჩერებოდა იგი გადამწვარი, ჩაშავებული მდელოს გადაღმა აღმართულ სასახლეს. ცაში ატყორცნილიყვნენ კოშკები, მათზე აფრიალებული თეთრი და მწვანე დროშა, ერქანთა გერბით შემკული, ღამის წყვდიადშიც კი ცხადად მოჩანდა. ფანჯრებიდან სინათლე იღვრებოდა, გაცხოველებული სამზადისი გაეჩაღებინათ სასახლეში, ალბათ მეომრებს აპურებდნენ, დაჭრილთ ჭრილობებს უხვევდნენ, მათ ცრუ ღმერთს ეთაყვანებოდნენ და მასზე ლოცულობდნენ…

 სასახლის გალავანზე შემალულიყვნენ გუშაგნი, მშვილდოსანთა წამახული ისრის პირები და ალესილი შუბები ბზინავდნენ ქონგურებიდან, თვალს სჭრიდა მათი ავისმომასწავებელი ელვარება. მხოლოდღა დაუცხრომელი ჩოჩქოლისა, ბარბაროსთა ენაზე გადაძახილთა სიმჭახე და ცეცხლის დაუღალავი ტკაცუნი არღვევდა ჩამოწოლილ ბინდბუნდს.

შავი ლითონის აბჯარი ემოსა მხედართმთავარს. წითელი, დაფხრეწილი, სისხლით მოსვრილი ლაბადა მოესხა მხრებზე, რომელზეც ჩამომჯდარიყო, ფეხი მოერთხა და ჩასცქეროდა აგიზგიზებულ კოცონს.

სარდალნი დამსხდარიყვნენ მის გვერდით, სასახლის აღებაზე გაეჩაღებინათ მასლაათი.

მაგრამ ყურს არ უგდებდა მათ მეფისწული.

მაცნეს ელოდა.

უცაბედი იყო გადაწყვეტილება მისი, რომ ბაჰირასაკენ შემოეტრიალებინა ჯარი. ბაჰირა უახლოესი ზღვისპირა ქალაქი იყო ოთხი მთვარის სავალის მანძილზე, რომლის დაპყრობის შემთხვევაში უწყლო ჩრდილოეთს ზღვაზე მზა გასავალი ექნებოდა. მეფისწულის სარდლებმა უარყვეს მისი უცაბედი შემოთავაზება, მაგრამ მხედართმთავრის სიტყვას ვერავინ აღუდგებოდა წინ. ჯიუტად გასცა ბრძანება, რომ პირი ბაჰირასაკენ ექციათ, მოულოდნელად დასცემოდნენ და აეღოთ დედაქალაქი.

მწირი ცნობანი გააჩნდათ ბაჰირას მმართველობაზე. ის უწყოდა მეფისწულმა, რომ ცრუ ღმერთს, „ღვთაებას“ ემსახურებოდნენ ისინი, რომ  ბარბაროსთა, გაუნათლებელთა და ურცხვთა სამყოფელი იყო ბაჰირა, ავხორცი, სიძვის დედაკაცებითა და ლაჩარი, სულმოკლე კაცებით. მათზე მეტად კი არაფერი სძაგდა. კბილები ეღრჭიალებოდა, სიძულვილის ცეცხლი უღვივდებოდა ძარღვებში მათ ხსენებაზე, და აუწერელი სიამოვნება იყო მათი გაკაფვა, მათი სისხლის დაღვრა თავის მახვილზე.

სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ესაჭიროებოდა მეფისწულს. თავდებობა იმისა, რომ დაპყრობილ ხალხს ვერაფერი გაებედა.

გაეგო, მეფისა და მემკვიდრის დაცვას თავს შეაკლავენო მათი მეომარნი. მათთვის თავთა გაყრევინება ბრძოლის გიჟურ ჟინს ჩაუნერგავდა ხალხს.

ფიქრებიდან შეძახილმა გამოაფხიზლა მხედართმთავარი. გუშაგები მაცნეს მოსვლას იუწყებოდნენ.

გაფაციცებული იყურებოდა მდელოს გაღმიდან ამორბენილი, გაოფლილი, პირტიტველა ყმაწვილი. მახვილი იშიშვლეს მეომრებმა, მხედართმთავარს ამოეფარნენ.

-მოუშვით! – ბრძანა მეფისწულმა.

მახვილი ქარქაშში არ ჩაუგიათ მეომრებს, მაგრამ გზიდან ჩამოეცალნენ ყმაწვილს.

მუხლი მოიყარა მხედართმთავრის წინაშე პირტიტველა, აქოშინებულმა მაცნემ, დამტვერილ და სისხლით მორწყულ რკინის ქალამანზე ეამბორა.

-სახელი მომახსენე. – უბრძანა მხედართმთავარმა. შორიახლოს აგიზგიზებული კოცონის სიცხეც კი ვერ უთბობდა ცივ, ცარიელ თვალებს. ისე ავისმომასწავებლად ელვარებდნენ ისინი, როგორც მისი ბნელი, დამასკოს ფოლადის ორლესული, ახლა რომ სისხლისაგან სწმენდდა,  ბნელი ვითარცა ღამე და მბზინვარე, ვითარცა წყვდიადში გაკლაკნილი ელვა.

თვალის გასწორებას ვერ ჰკადრებდა მაცნე მხედართმთავარს.  

-ლაზარე, ჩემო ბატონო. – მოახსენა მან, მოწიწებით უმზერდა მის სამკერდეს,

-რა ამბავი მოგაქვს, ლაზარე? – ჰკითხა მხედართმთავარმა.

-ხატება მისი ხელთ არ გაგვაჩნია, ჩემო ბატონო, მაგრამ ყველანი უკლებლივ ამბობენ, ურთქმელიაო მისი სილამაზე. ენით ვერ აღიწერება ერქანის მეფისქალი, ცივ ნიავს არ აკარებს ხელმწიფე, ირმის რძესა და იასამნის ზეთში აბანავებს. – მიუგო მაცნემ. – შუბლზე საგვარეულოს ნიშნულები გამოუსახავს, სპეტაკ ფერფლისფერად დაჰფენია მუხლამდე თმა და ოკეანე, ვრცელი და მძვინვარე უღელავს თვალებში…

მოიქუფრა მხედართმთავარი. ელვარება დაკარგეს მისმა თვალებმა, თითქოსდა ანაზდად გაჰქრაო მათში ჩამოწოლილი წყვდიადის გამხლეჩი ელვა და ქათქათა, გაშიშვლებულმა კბილებმა იჩინეს თავი ბაგეთა მიღმა. ორლესული მოიქნია, ჯერ კიდევ სისხლმდინარი, და წვერი მისი მიმართა ლაზარეს.

მიწას განერთხა აცახცახებული მაცნე, მიტევებას შესთხოვდა, ლუღლუღით.

-მათნაირი ურჯულონი ლამაზნი ვერასოდეს იქნებიან. – კბილებში გამოსცრა მხედართმთავარმა. – ბარბაროსი, უღვთო, ავხორცი ხალხი სუფევს ერქანის საგვარეულოში…

-მათ სიტყვებს მოგახსენებთ მხოლოდ, დიადო ბატონო… – ლუღლუღებდა და სიკვდილის შიშით თრთოდა მაცნე. – თავი ახლავე მომკვეთეთ, თუ მათი მწამდეს…

-მეფე? – შეაწყვეტინა მხედართმთავარმა.

-მეფე დავიდ ისააკ ერქანი მოხუცებულია, ჩემო ბატონო. – მიუგო მაცნემ. – შიშის ზარი დასცა თქვენმა სახელმა…

ეამა გაგონილი მეფისწულს. თავი მაღლა ააღირა ამაყად, ღიმილი შეუკრთა ჩაფხუტის ქვეშ შებურულ ნაკვთებზე.

 -ძრწის, გახიზვნა სურს, თუმცაღა სირცხვილით ვერ გაუბედავს. – აგრძელებდა მიწაზე დამხობილი ლაზარე. – მეფისქალი ეირინი კი მტკიცედ მდგარა, დიადო ბატონო, უარი განუცხადებია მთებში გახიზვნაზე, მეომარი ბრძანებულა თურმე დიაცი, მშვილდი უპყრია ხელთ და სიკვდილის ფითრისფრად ლიცლიცებენ ისარნი მისნი…  და ახლა დიაცურ საქმეს მიჰყო ხელი, დაჭრილთ უვლის…

-მეომარი დიაცი? – გაოცება და ზიზღი ვერ დაჰბურა თავადმა ატავესმა. მუქი თვალები ცბიერად აუკიაფდა, კანი მოეჭმუჭნა მათ გარშემო. – დიაცი და მეომარი? დედაკაცს მახვილის აწევაც კი არ ძალუძს! ჰოი, გამაცამტვერონ ეშმაკებმა! დიაცს მეომარი როგორ უნდა უწოდონ?

-ყურს ნუ დაუგდებ, მეგობარო! –  ხელი მხარზე დაჰკრა გვერდით მჯდომარე სარდალმა, თავადმა გაბრიელმა. მხედართმთავრისაკენ აფაციცებდა ხოჭოსებრ თვალებს, პირში შეჰყურებდა მლიქვნელი გონებით. – წაგბილწავენ მათი უხამსი ადათნი!

-უკუღმართი, უღვთო ხალხი… – სიტყვები გადმოაფურთხა მჭმუნვარე მხედართმთავარმა. ბრაზით აღვსილი თვალებით გადაჰყურებდა სასახლეს და შეჰნატროდა იმ დღეს, როცა შემუსრავდა მასში მყოფ ბიწიერებას, საკუთარი ხელით მოჰკვეთდა მეფეს თავს, შეარცხვენდა მამაკაცურ ღირსებას მახვილით ხელყოფითა და ტყვედ ჩაიგდებდა ბაჰირას მარგალიტს, ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანს, სხვა სამეფო ოჯახის და მეომართა წარმომადგენლებთან ერთად. წაიყვანდა მათ საპატიო ტუსაღებად ბელთათინში, წარუდგენდა მათ, როგორც სამხილთ იმისათვის, რომ შეძლო ბარბაროსთა დაოკება, და საზღვაო გზის გახსნა.

რომ ჭეშმარიტი მემკვიდრე იყო, ღირსეული სამეფო ტახტისა.

-მეფე ბრძანებს, რომ მისი მემკვიდრე გახიზნონ, როცა სასოწარკვეთის ჟამი მოახლოვდება. – ჩაილაპარაკა მეფისწულმა, თითქოს თავისთვის, თუმცაღა წამსვე მისკენ მოტრიალდნენ სიახლოვეს მყოფი ყურნი. – თუ ეშინის, სიკვდილისა ეშინის. საკუთარ სიკვდილს შეჰგუებია იგი, თუმცაღა მეფეს არ ძალუძს საგვარეულოს ამოძირკვას უმზიროს!

-რამდენიმე შენიღბული გასასვლელია სასახლიდან მთებამდე, ჩემო ბატონო! – შეჰკადრა და ხმა აღიმაღლა მაცნემ. – თუ მიბრძანებთ, მე…

-ენა ნუ წაგისწრებს, მაცნევ! – იღრიალა მეფისწულმა, ავბედითი იყო ელვარება მისი ჩაფხუტის მიღმა შემალული, მუქი თვალებისა, ცეცხლის ავისმომასწავებელი ტკარცალი არეკვლოდა მათში. კვლავ მიწას განერთხა დამფრთხალი მაცნე. – არარად მიგდია შენი რჩევანი!

მეომრებს მიუბრუნდა მეფისწული, მაცნე გაიყვანეთო, უბრძანა. აყვირებული ყმაწვილი ძალით გაათრიეს ჯარისკაცებმა.

წამოიწია მხედართმთავარი, გადაშალა განიერი მხრები. ორლესულს დაებჯინა, სარდლებს მიმართა. ყური უგდო მათ მასლაათს, სასახლეზე დაცემისა და ყველა შესაძლო უკანდასახევი გზის მოჭრაზე გააჩაღეს კამათი.

საგუშაგოზე დამდგარ მეომრებზე განკარგულება გასცა მეფისწულმა, ჯარს ჩამოუარა, უბრძანა, დაარიგა, გაამხნევა. მომიწებით აჰყურებნენ მისი ქვეშემდომნი, მათი წინამძღოლისადმი დაუშრეტელი იმედი უკიაფებდათ თვალებში.

ღრუბელთა შორის გამოცურული მთვარე ჯერ კიდევ ბრდღვიალებდა და აღმოსავლეთს ჯერ კიდევ არ შეჰპარვოდა გარიჟრაჟის ალი, როცა გასანთლულ, წითელი ტყავით დახურულ კარავში შეაბიჯა მხედართმთავარმა, ძვირფას ქურქ-ბეწვთ წამოწვა, მოსასვენებლად. სურსათ-სანოვაგით დატვირთული ქარავანი ჩამოხდა, ცხვრები და ღორები დაკლეს ჯარის დასაპურებლად.

იცვლებოდნენ ყოველი ყივილისას გუშაგნი. გადაჰყურებდნენ სასახლეს, გამჭოლი, მუქი თვალნი ზვერავდნენ შემოგარენს. მათთან ერთად დაძრწოდა ცაზე მთვარე, იმალებოდა რა ღრუბელთა მიღმა, თითქოს პირი იბრუნაო კაცთა სისასტიკისაგან.

ღვიოდნენ შეუჩერებლად კელაპტრები გალავანზე, ვითარცა საფლავზე კანტიკუნტად მოკიაფე სანთლები, მარტოსულ სვეტებად ენთო მათი ციალი, თუმცაღა არ ძალუძდათ მათ ღამისა და ჩამოწოლილი ავბედითობის გაფერმკრთალება.

და როცა პირველმა სხივებმა იჩინეს თავი და ზღვაში აირეკლა ამომავალი ნორჩი მზის სიწითლე, ყიჟინა დასცა მეფისწულმა, ჯარს გაუძღვა სასახლისაკენ.

იდგა ბაჰირას დაფეხვილი გული.

მაგრამ დაეცა.

ადუღებული ხის ფისი მოასხეს, ცეცხლი წაუკიდეს ხის კარიბჭეს. აალებული კარიბჭე შეგლიჯეს ქვეითებმა, მათ ცხენოსნები მიყვნენ, ფლოქვებქვეშ გათელეს ბაჰირელნი.

 ყიჟინით შეიჭრა აღტკინებული მეფისწული, ორლესული აღემართა, გამარჯვების წყურვილით გათანგულ ხალხს მიუძღოდა, აქეზებდა, მის მახვილზე დაღვრილ თითოეულ წვეთ სისხლს იწოვდნენ თითქოს მისი ჯარისკაცები, სიცოცხლე და ჯანი შეჰმატოდათ თავდადებულთ.

უკან იწევდნენ აცახცახებული, ბაჰირას ბოლო იმედნი. შიშის ზარს, ჩრდილოეთელთა მოულოდნელმა შეტევამ რომ დასცათ, გამოეცალა მათთვის ბრძოლის ჟინი, მხოლოდ სიკვდილის შიშითღა იბრძოდნენ, სასოწარკვეთილნი.

წელთა, ომთა და ჭირთა გამოწვრთნილ, ნაგვემ ლეშს ეღობებოდნენ გზაზე, გზაზე, რომელიც შეუვალი ვერასოდეს იქნებოდა იმ ცხოველური კაცისათვის, მათ წინაშე რომ აზიდულიყო ბნელ, მოძრავ  კედლად, და მიწაზე გასწორებას უქადდა. შიშსა და სისხლს თესავდა ლითონის სურნელით გაჟღენთილ, მწველ ჰაერში დამასკოს ფოლადის თითოეული  ავისმომასწავებელი გაელვება.

სასახლის უკანა მხრიდან შეუტია თავადმა ატავესმა, თავად გაბრიელს გასაპარ გზათა ჩახერგვა ევალებოდა. გაქცევის ყოველგვარი გზა უნდა მოესპოთ განწირულ მეომართათვის.

მეფისწული კი, როგორც დაფნის გვირგვინოსანი ტრიუმფატორი, სისხლისფერი წითელი ხავერდით შემკულ გზაზე ჰკაფავდა ახლად დაკაცებულ, პირტიტველა ყმაწვილებს, როგორც ნორჩ, მწვანესისხლიან წნელებს, ეკალბარდადაც კი არ აგდებდა მათ.

რამდენჯერმე დაჭრეს მეფისწული, ფერდსა და მკლავში, თუმცაღა არც კი უგრძვნია ამწვარი, სისხლმდენი ჭრილობები.

ღრიალებდნენ ჩრდილოეთელნი, ბრძოლასა და სისხლს მოწყურებულნი, დიად გამარჯვებასა თუ აურაცხელ დიდებას დახარბებულნი.

სისხლის ჩანჩქერთა მიერ მორწყულ სასახლის საფეხურებზე ააბიჯა მხედართმთავარმა. მისი ორლესული განმგმირავი ღრჭიალით ეხლებოდა საფეხურთა მარმარილოს, რეტს ასხამდა მის წინ აღმართულ, აცახცახებულ ბაჰირელთ.

მახვილი აღიღო მხედართმთავარმა და სასახლის შეგლეჯილ ბჭეთა შორის აღმართულ კაცს გაუყარა მკერდში. ეამა მისი ხროტინი, სისხლით სავსე სუნთქვა.

-ბაჰირა ჩვენია! – იქუხა მან, აღმართა მომაკვდავ მზეზე აბზინებული ორლესული. – დიდება სრორდს! დიდება დიად მეფე სოლომონს!

-დიდება სრორდს! – იხუვლა ჯარმა. – დიდება მეფეს! დიდება ბატონს! დიდება, დიდება, დიდება!

თბილ, სიკვდილის რუხი სევდით გაჯირჯვლულ გვამს გადააბიჯა მეფისწულმა და მიმართა ბაჰირას გულს.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ალისფერს შეეღება გრძელ, წნულ ფერფლისფერ დალალთა ბოლოები.

მომაკვდავი მზის სისხლი იღვრებოდა ჩალეწილი სარკმლიდან, და ეცემოდა რა მარმარილოთი მოპირკეთებულ კიბეს, სკდებოდა, ნაპერწკლებად სცვიოდა დარბაზში გახელებულ როკვას.

ცივი, რუხი, თლილი ქვის კედლები აღმართულიყვნენ გარშემო, დროის სვლით დადუმებულნი, დახავსებულნი, უმზერდნენ სისხლისღვრას და ესმოდათ სიკვდილი.

ჩრდილოეთელთა ურდო შემოჭრილიყო ერქანის გულში. ელავდა მათი ბნელი, ფოლადის აბჯარი, მოვარდნილი ქარი შლიდა და აფრიალებდა მეწამულ, შესისხლულ, ჩამოგლეჯილ მოსასხამებს. სიკვდილის, ეშმის მოციქულთ ჩამოჰგავდნენ, უსახო, მუზარადიანი ლეშები.

რამდენიმე დიაცთ ეშიშვლათ მახვილი. კაცის ძალღონითა და შემართებით იბრძოდნენ, ვითარცა სამშობლო იყო მათი ნაშიერი.

მახვილი გაეტეხათ ერთი მეომარი დიაცისათვის.

სატევარი იშიშვლა მან წელზე შემორტყმული სახვევიდან. დაუძვრა ერთ ქვეითს ოსტატურად, სამხრესა და სამკერდე დაფს შორს ჩასცა იარაღი ვადამდე. აღრიალდა კაცი, მოწყვეტით განერთხა მიწას, სისხლი მისი ალისფერ ვარდებად მოეფინა ფილებს.

გაიქცა ქალი. კიდევ ორ ქვეითს მოუსწრაფა სიცოცხლე სატევარით, მერე კი მკვდარ მშვილდოსანს აართვა მშვილდ-ისარი, წამიერად მისი სული შეჰღაღადა ღვთაებას, მუხლთ დაცემულმა.

წამოდგა, ავარდა კიბეზე. მშვილდი მოდრიკა, შუბლში დაუმიზნა ჩრდილოეთელს.

მუზარადის საშუბლის ფოლადი გაუხლიჩა ისრის პირმა ბედშავს, შუბლის ძვალი გაუმტვრია. დაეცა ჯარისკაცი, დაიკლაკნა.

მარმარილოს საფეხურებზე ავარდა დიაცი.

ის ის იყო, მშვილდი მოდრიკა და დარბაზს მოვარდნილ, შავ ორლესულიან მამაკაცს მიმართა იგი, რომ კივილი ჩაესმა გვერდიდან.

-Eirinn Zahra! Eirinn Zahra, døxla hirmann, vålkva! – გაჰკიოდა საფეხურთ გადმომდგარი, შავ ლაბადაში გამოხვეული, სახედაღარული დედაკაცი. ლიბრი გადაჰკროდათ მის თვალებს, შიშის ზარი ედგა მათში, ცახცახებდნენ ლაბადიდან გამოჩრილი და ზეცისაკენ აღმართული ხელნი მისნი, ვითარცა საცეცები ობობისა.

-Merka stryūd! – შეჰყვირა ქალმა, მახვილოსან მეომარს ჰკიდა თვალი, შეუბრალებლად რომ ჰკაფავდა მის გზახე აღმართულთ. ბაგენი გაეპო ქალს, თვალებმა ცეცხლი დააკვესეს და კვლავ მოდრიკა მშვილდი. – Õgretin Erkann khůmber laig!

-Nëisert klå, Eirinn Zahra! – ხაოდა დედაკაცი, შეურაცხადს ჩამოჰგავდა. -vårloorg tahklla, vårloorg ölmokh!

გაიღრჭიალეს ქალის კბილებმა. ისარს შეუშვა თითები და გაფრინდა იგი, ჰაერი გაჰკვეთა.

შავ მახვილოსანს არ გაჰკარებია. მის ახლოს მდგომის მკერდს წაჰგლიჯა სუნთქვა და წამსვე მოტრიალდა წყვდიადით შემოსილი მეომარი, გამჭოლი ცივი მზერა წამსვე ჰკიდა მას.  

-Døxla hirmann! Gýůntek olgräb! -გაჰკიოდა დედაკაცი. კიბეთ ამორბენილ ქალს სწვდა, ლაბადა მოასხა მხართ ელვის სისწრაფით. -kärtsar Eirinn Zahra! -გადაჰხავლა დარბაზს. -Mepgyun vårloorguk wätu kabütuyen!

პირი იბრუნეს ჩრდილოეთელთაგან მეომრებმა. დუჟინი ეცა საფეხურთ, ლაბადამოსხმულ ქალს აედევნენ ფეხდაფეხ.

მათ უმზერდა დარბაზში დაღვრილ სისხლის ნაკადულში მდგომი მეფისწული.

არ გამოჰპარვიათ მის გამჭოლ თვალთ ციალი ფერფლისფერი თმისა, საფეხურთა მიღმა. არც ის, თუ როგორ გაჰყვა მას უდრტვინველად ამალა მისი.

შუბლზე ნიშნულნი გამოსახვოდა იმ დიაცს.

ბაგე შეუტოკდა მეფისწულს. გამეტებით მოიქნია ფოლადის ორლესული, პირწმინდად შემუსრა დარჩენილნი. ჯარისკაცთ უბრძანა, რომ კიბეზე გაქცეულთ დასწეოდნენ.

-დაეწიეთ! მომითრიეთ! – ჭექდა ის. – მეფე მონახეთ! სარდლები შეჰკარით და აქ მომიყვანეთ! დიაცნი და ბავშვნი წამოასხით, მონებად გავიხდით! სახელმწიფო ხაზინა ჰპოვეთ, უკლებლივ გამოზიდეთ ოქრო და ძვირფასი ქვა!

იყურებოდა აღტკინებული, თავის უძლეველ ჯარს გაჰყურებდა.

გამწარებული გარბოდა ქალი. და მიჰყვებოდა ამალა მისი, რომელიც თავს შეაკლავდა მის სიცოცხლეს.

მისდევდნენ ბნელ აბჯრიანნი ეშმის მოციქულნი.

გზა აუბნია მათ ქალმა. სასახლის დაუსრულებელ დერეფნებს მიაშურა, მოჩვენებათა მსგავსად, უჩუმრად აბიჯებდნენ, სიცოცხლეს დახარბებულნი.

გასაპარ გზას დაადგა იგი. სასახლის ჯურღმულში გადიოდა მომცრო ბილიკი, მთისაკენ მიმავალ შუკას უერთდებოდა. მომაკვდავი მზის სისხლი და მოძალული ღამის დაღვენთილი ბნელი დაიფარავდა მათ.

ლაბადის შალითა თავზე მოიფარა ქალმა.

დადაბლდა ჯურღმულში გამავალი გვირაბის თავი, სული შეხუთა და სულშეგუბებულ წყვდიადში შებურა ყოველივე.

-Gezråd,- გადაუჩურჩულა მან მეომართ. -Nøole köistrak…

და იბრიალა ელვის უსწრაფესად ცეცხლმა, გამალებით მიეხალა კედელთ, დახავსებულთ, მოეფინა ქალის ფერმკრთალ თვალებსა და სამეფო ნიშნულებს შუბლზე.

უკან დაიხია ქალმა. აელვარდა მის ხელში სისხლიანი სატევარი. თვალთ ცეცხლი მოედო, მახვილი იშიშვლა მისმა ამალამ. შიშის ზარდაცემული, თალხით მოსილი დედაკაცი მუხლთ დაეცა, ხელები აღაპყრო და მოგუდული ხმით დაიწყო გოდება.

-ღმერთმა გადმომხედა! – ბაგენი გაუპო სარდალ ატავესს აღტკინებამ. კელაპტარი აენთო მის მემარჯვენეს, და ხარბი თვალებით უმზერდა სარდალი ქალს. – მეფისქალო ეირინ, რა პატივია!

-Darhkäve maij nöik! – შეჰყვირა მეფისქალმა. ზიზღმა და სიძულვილმა დაუღმიჭა თლილი ნაკვთები, სიმტკიცის განსახიერებად იდგა. მოიქუფრა სარდალი ატავესი.  – Gnäsnii fillie dardøss!

-რას ამბობს? – შეჰყვირა გავეშებულმა სარდალმა. – შეურაცხმყოფს ბინძური ბაგეებით, ხომ ასეა? ვინ უწყის ბარბაროსთა ენა?!

წყვდიადივით ჩამოწოლილიყო დუმილი. ვერავინ ჰბედავდა შეპასუხებას, იმის შიშით, თავი არ გამაგდებინონო.

-მთარგმნელი მხედართმთავარს ახლავს, სარდალო… – ძლივს შეჰბედა მემარჯვენემ. კელაპტარი შეუცახცახდა ხელში.

-ეშმაკმა დასწყევლოს! მაშ დააკავეთ ესენი! – იფეთქა კბილებდაღრეჯილმა სარდალმა. ერქანის მეფისქალს ეცნენ ქვეითნი.

ხუთს გამოღადრა სატევარით ყელი ეირინმა, თავგანწირვით იცავდნენ მეომარნი თავისუფლებას მეფისქალისა, თუმცაღა ამაო იყო მათი მცდელობანი. სატევარი გააგდებინეს მეფისქალს, შეჰკრეს.

-Sørka kiwe labaaråd laig! – შეჰკივლა მეფისქალმა. რამდენიმე ურჩი შედრკა, მახვილი დაჰყარეს, და ისინიც ეირინის მსგავსად შეჰკრეს, ყველანი სასახლის სიღრმისაკენ გაათრიეს.

დანარჩენნი კი ჩრდილოეთელთა ხმალთ წამოეგნენ.

-ღმერთმა გადმომხედა! – ცას მადლობას სწირავდა სარდალი ატავესი, წყვდიადის გამფანტველი კელაპტრის შუქი სცემდა მობერებულ, აღტკინებით აღსავსე ნაკვთებზე. უმზერდა უხეში თოკით გაკრულ მეფისქალის ხელებს, მის მიჩუმათებულ ამალასა და თალხით მოსილ დედაკაცს, რომელიც შეუჩერებლად გოდებდა.

დარბაზისაკენ გაათრიეს შეპყრობილნი. სისხლით მოერწყათ ბნელი და სპეტაკი მარმარილოს ფილები, რამდენიმე ფერფლისფერთმიანი, ძვირფასად აღჭურვილი მამაკაცი, აშკარად მაღალი წოდებისა, დაეჩოქებინათ თავიანთივე მეომართა სისხლში. უჩუმრად იყვნენ სარდლები, თავთა დაყრა ელოდათ მალე, იმზირებოდნენ ავად.

მოტეხილ, ბებერ მეფეს მოათრევდნენ. ამღვრეულ, წყლიან თვალებს ძლივს ახელდა შიშის ზარდაცემული მეფე, ძლივს უსწორებდა თვალს მის დამაქცევარს, შავი აჩრდილივით აღმართულ მხედართმთავარს.

დაამხეს მეფე, მისი სარდლების წინაშე დასცეს მუხლებზე. დარეტიანდა მოხუცი, გული წაუვიდა დაღლილობისა და შიშისაგან. გრძელი, თეთრი, გაწეწილი თმა დაეფინა მიწაზე. 

-სამლოცველოში თავის ცრუ ღმერთზე ილოცებოდა, ჩემო ბატონო. – მიმართეს ჯარისკაცებმა. – სირცხვილით ვერ გაუბედავს გაპარვა…

თავი მაღლა ააღირა მეფისწულმა. მიწაზე დამხობილ, უგვირგვინო, დაქცეული ქვეყნის დაქცეულ მეფეს დაჰყურებდა.

დაიგმინა ეირინმა. აყვირდა გამძვინვარებული ამალა და უფრო უმატა გოდებას თალხით მოსილმა დედაბერმა.

პირი მათკენ იბრუნა მხედართმთავარმა. ბაგეთა კუთხენი შეუთრთოლდა, კმაყოფილს.

-მოიყვანეთ! – ბრძანა მან, და მისკენ წაათრიეს მეფისქალი თავისი ამალითურთ.

შეჰყურებდა მეფისქალ ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანს მეფისწული. პირველად ენახა ბარბაროსთა მიერ უმშვენიერესად აღიარებული დიაცი.

მზეს მიუკარებელი ეგონა ქალი. ეგონა, რომ კანი იმ რძეს მიუგავდა, რომელშიც განიბანებოდა.

თუმცაღა უხვად დასდინებოდნენ სხივნი მზისა ქალს. ბრინჯაოსფრად დაჰფეროდა კანი, მზეს დაუნახველი ხორბლისფერი მკერდის საწყისი უღელავდა ოდნავ ჩამოშლილ, სისხლით შეფერილ სამკერდე სახვევთა მიღმა.

შალითა გადაჰხადეთო, თითქოსდა გაუცნობიერებლად ბრძანა მეფისწულმა, თვალს ვერ სწყვეტდა ქალს. მუზარადის საცხვირე ასწია, რომ უკეთესად ეხილა იგი.

წამსვე გადააძრო ლაბადა მეფისქალის გვერდით მდგომმა.

ჯერ კიდევ ბალღის სახე ჰქონდა დიაცს. ასაკით ვერ იქნებოდა ოცდახუთ ზამთარზე მეტი. მოზღვისფრო, ფითრისფერი, ავდრის ღრუბლისფერი, თითქოსდა ცარიელი თვალები ჰქონდა, ურყევი იყო მისი მზერა, თითქოსდა გაშტერებულიყო, თვალებით სწვავდა გარშემო ყველაფერს. ბრაზი და ზიზღი გაშიშვლებულიყვნენ მის მზერაში.

შედრკა მეფისწული ანდრეი.

-დააჩოქეთ! – იღრიალა მან. მზერით ეურჩებოდა ქალი, და ვერ აიტანდა მბრძანებლობას დაჩვეული მხედართმთავარი ურჩობას.

მხართ დააწვნენ ქვეითები, მაგრამ გაუძალიანდა დიაცი. ქათქათა კბილები დაღრიჯა, თვალთაგან ცეცხლი გააკვესა, ძეგლივით იდგა.

გაისუსა ჯარი. ცეცხლის ტკარცალი და დაჭრილთა სასოწარკვეთილი ბღავილი ხლეჩდა მხოლოდ ტყვიისფერ, შებინდებულ, ბოლით, სისხლითა და ნაპერწკლებით გაჟღენთილ ჰაერს.

-Mai verra berlütøri jokohir ad loorg! – შეჰკივლა მეფისქალმა. მაღალი ხმა ჰქონდა, მტკიცე, კვლავ აუტანელი ურჩობა გამოხატვოდა ბრინჯაოსფერ ნაკვთებზე, თითქოსდა იწვევდა მეფისწულს.

-რას ამბობს? – შეჰყვირა მხედართმთავარმა, მოქუფრულმა მიმოიხედა. – მთარგმნელი სადაა?

-ამბობს, რომ ღვთაების გარდა არავის დაუჩოქებს, დიადო ბატონო… – წამოიძახა შიშისაგან გაცრეცილმა ქვეითმა, სასწრაფოდ ეახლა მხედართმთავარს, წელში მოიხარა მის წინაშე.

-უთხარი, რომ ჩემს წინაშე უძლურია მისი ღვთაება! – კბილებში გამოსცრა მეფისქალის წარმოუდგენელი სითავხედით გავეშებულმა მეფისწულმა. – უთხარი, რომ ამაოდ ილოცებოდა იგი მის წაწყმედილ, ცრუ ღმერთზე!

სასწრაფოდ უთარგმნა მეფისქალს ქვეითმა, ხმა უთრთოდა. ეირინს მისკენ არც კი მიუპყრია თვალი მისი, მოქუფრული, წელში გამართული, ამაყი დაშტერებოდა მხედართმთავარს.

მერე კი, უცაბედად აიხედა ზემოთ, და მუხლთ დაეცა, ფითრისფერი თვალები მიაპყრო ჭერს.

თითქოს არც დრეკდა ქუთუთოებს, თითქმის უჩინარნი იყვნენ მისი წამწამები, გაშიშვლებულიყო მზერა მისი.

-Maij loorg, olmørgrad da vårloorga, saak raggår whaki inn tied potorä høbz… – თალხით მოსილი დედაბრის გოდებას ერწყმოდა მისი ღაღადი.

-რასა ჩურჩულებს იგი?! – ღრიალებდა გაცოფებული მეფისწული, თვალებით მეათასედ ჰკლავდა თანამემამულეთა სისხლში დაჩოქილ დიაცს.

-თავის ღმერთზე ილოცება, ჩემო ბატონო, მის სიტყვებს ვერ გკადრებთ… – ლუღლუღებდა შიშისაგან რეტდასხმული, მიტკლისფერი მთარგმნელი.

-მაუწყე, ყეყეჩო, თორემ ჩემივე ხელით ამოგკვეთ ენას! – ორლესული აღმართა გაცეცხლებულმა მხედართმთავარმა და მის წინაშე პირქვე განერთხა მთარგმნელი.

დედაბერი გოდებდა. ერქანის მეფისქალი კი, კელაპტართა ცეცხლ-მიმდგარი, სისხლით მოსვრილი, სამსხვერპლოზე გაყვანილ ქურუმ ქალს ჩამოჰგავდა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წამს ღვთისადმი შენდობის შესთხოვნაში გალევდა. თვალები ზიზღნარევი მწველი ცეცხლით უელავდა, სასტიკი, სიძულვილით აღსავსე იყო არსება მისი.

-ამბობს, რომ ღვთაებამ დაგწყევლოთ, ჩემო ბატონო, ამბობს, რომ სისხლი მოაწვეს თქვენს მიერ გატეხილ პურს, რომ ღორის სალაფავად იქცეს თქვენი ლეში… – ცახცახებდა მთარგმნელი. – სურს, რომ თორმეტი საგუთნე ხარის შესაწირიც არ გაკმაროთ ღვთაებამ ცოდვათა გამოსასყიდად… რომ არასოდეს გეღირსოთ მემკვიდრე, რომ თქვენმა ცოდვებმა მუცელში ჩაუკლას ის დედამისს…

გაფითრდა მეფისწული, მიტკლისფერი დაედო, ტუჩები დაეღრიჯა.

-საკმარისია! – ამოხეთქა მან, აიქნია ორლესული, და ვადაჯვარი უთავაზა მეფისქალს საფეთქელში. სისხლმა იფეთქა, და გვერდზე გადავარდა ქალი, სახეზე ჩამოუგორდა სისხლის ნაკადული, მყისიერად დაინთხა მიწაზე, გაედინა მეფისწულისაკენ.

წმინდა ალისფერი სითხე ფეხქვეშ გათელა ანდრეიმ. გაცეცხლებული დაჰყურებდა მეფისქალს. სხვას ასეთი შეურაცხყოფისათვის წამსვე მოჰკვეთდა თავს, ან ძელზე მიბმულს დასწვავდა.

თუმცაღა, პირში სული უნდა სდგომოდა ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანს. ბებერ, მოტეხილ მეფეს არა ძალუძდა რა გავლა მთვარეთა მიღმა გადაჭიმული გზისა.

უფრო ხმამაღალი გოდება ამოუშვა დედაბერმა.  

-დაადუმეთ იგი! – იჭექა სახეწაშლილმა მხედართმთავარმა. თავადმა გაბრიელმა მოიღერა ხმალი და მკერდში განგმირა ახრიალებული დედაკაცი. წამოიქცა იგი, საბოლოოდ დადუმებული, თვალღია.

რეტდასხმული აფარფატებდა უჩინარ წამწამებს ეირინი, თუმცაღა უმალ მოეგო გონს იგი, მის წინაშე აღმართულ მეფისწულს სტყორცნა ყველაფრის მომცველი, მწველი ზიზღით აღსავსე მზერა.

-ბაჰირა ჩვენია! – ღრიალებდა მხედართმთავარი. დაიხარა, მეფისქალს ჩაავლო ფერფლისფერ თმაში სისხლიანი ჯაჭვის ხელთათმნით მოსილი მუშტი და აჰქაჩა უხეშად, ყელი და პირისახე დიაცისა ყოველივე მაცქერალის დასანახად გააშიშვლა. გაცოფებისაგან შეჰყვირა მეფისქალმა, გამყინავი ხმით აკივლდა, დაიკლაკნა, ვითარცა უხსენებელი. – ზღვა გახლავთ ჩემი ძღვენი მისდამი! დაე მუდამ იცოცხლოს სრორდმა! დაე განდიდდეს, დაე ილხინოს, დაე იბატონოს!

სუნთქვის ქვეშ, გამწარებული სწყევლიდა ეირინი მისი ქვეყნის დამაქცევარ შავ აჩრდილს.

იქუხა ჯარმა, მათ მეფისწულსა და მეფეს ლოცავდნენ, აღტკინებულნი.

გამაყრუებლად დაუსტვინა ანდრეიმ, ბედაური მოიხმო თავისთან. ორლესული ქარქაშში ჩააგო, მკლავში ჩაავლო ხელი მეფისქალს, ძალით აათრია ზემოთ, და ამხედრდა სპილენძისფრად აბზინებულ ულაყზე. ერქანთა დიაცი გადაიგდო წინ, თითქოსდა კურტანი ყოფილიყო იგი.

-სარდლებს თავები დააჭერით და სარებზე წამოაცვით! ურჩები დაკოდეთ და ზღვაში გადაყარეთ! დილეგში გამოჰკეტეთ! – დაიქუხა მხედართმთავარმა. აჭიხვინებულ ულაყს ატრიალებდა, საკბილაკე ლაგამს ეწეოდა, ახლად ამხედრებულ ცხენოსნებსა და ქვეითებს გადაჰყურებდა, ერქანთა სასახლესა და მოედანზე რომ შეკრებილიყვნენ. – მონები და პირუტყვი წამოასხით! ხაზინა გამოცალეთ! ილხინეთ! გადმოზიდეთ სურსათი, დააპურეთ, ღვინით მოჰკალით დამაშვრალთა სურვილი! გამარჯვება ჩვენია, დიდება სრორდს!

-დიდება სრორდს! დიდება ბატონთა ბატონს! დიდება გამარჯვებას! – ქუხდა ჯარი.

სპილენძისფერი, დარახტული ულაყი ამაყად გაატარა სასახლის სისხლით მაძღარ მიწაზე მხედართმთავარმა. ბაჰირას მარგალიტი ნადავლად გადაეკიდა ცხენზე, სისხლში, ტალახსა და ნანგრევებში დასთრევდა ფერფლისფერი ნაწნავი ერქანთა დიაცისა.

გამორეკეს სარდლები. დააჩოქეს სასახლის წინ და ხმალთა ერთი მოქნევით წააცალეს თავები, სარებზე წამოაგეს და ქონგურებზე გადმოჰკიდეს.

კელაპტრები აენთოთ გარშემო. ბნელოდა, ავდრის პირი უჩანდა ამინდს, შავი ღრუბლები შეგროვილიყვნენ ცის კამარაზე. ერთი ვარსკვლავიც კი არ ციალებდა, მხოლოდ სანთლებივით ენთნენ ჩირაღდნები ბაჰირას დაცემული გულის საფლავზე.

ჩრდილოეთელი მეციხოვნეები იდგნენ გალავნის ქონგურებზე. ისრებით აევსოთ კაპარჭები გუშაგებს, ბედნიერნი გადაჰყურებდნენ წყვდიადს.

ჩურჩულებდნენ დახავსებული, ომგამოვლილი, კაცთა სისასტიკით შეძრწუნებული ნანგრევები. გოდებდნენ დაჭრილნი, ლოცვას აღავლენდნენ ღვთაებისაკენ, მუხლმოყრილნი, მონობისათვის განწირული მეომარნი და დიაცნი. თითქოსდა უსულოდ დაყრილი ლეშები, უკვე ყორნებსა და სვავებს რომ იზიდავდნენ, ცარიელი, ურთქმელი თვალებით აჰყურებდნენ ზეცას და საყვედურობდნენ თავიანთ ღმერთებს წყეული, უდროო ბედისწერისათვის.

ლეშთ აბიჯებდა კელაპტართა შუქში გახვეული მხედართმთავრის ულაყი. ქანაობდა მასზე გადაკიდებული ერქანთა დიაცი, გადაფითრებული ჩაჰყურებდა მის მშობლიურ, წაწყმედილ, ჩრდილოეთელთა მიერ წაბილწულ მიწას.

ეს მსხვერპლიც უნდა გაეღო თავისი სამშობლოსათვის.

ქუთუთონი მილულა ეირინმა, სუნთქავდა თანამემამულეთა სისხლს, დადაგული სამშობლოს მწვანესა და მრისხანე, აღრიალებულ მიწასა და ზღვას.

მარგალიტი გადმოუცურდა ქუთუთოზე, და ზამთართა მანძილზე პირველი და უკანასკნელი იქნებოდა იგი.

-*-*-*-*-*-*-

შორს, მრავალი მინდვრის, მთისა და მდინარის იქით, თითქოსდა არ არსებობსო ბაჰირას ნაწილებად გახლეჩილი, დალეწილი გული, სიმშვიდე სუფევდა სრორდის დედაქალაქ ბელთათინში.

შუქი მთვარისა დასწოლოდა ვოლფრამთა საგვარეულო სასახლის ქონგურებს და უსასრულოდ წყნარი იყო ღამე. კონსულთა და თავადთა კრება მცირეოდენ ყივილთა წინ დასრულებულიყო, ვახშამიც ეგემათ წარჩინებულთ და ახლა მოსასვენებლად გაკრეფილიყვნენ.

რუხი ქვის თლილ კედლებზე კელაპტარნი ლიცლიცებდნენ, რომელთაც ღამის სამზადისში გართული მსახურები უნთებდნენ ალს.

სიჩუმე იდგა სამეფო საძინებელში. სრორდის ხელმწიფე სოლომონი იწვა, სარეცელის ქვეშაგთა წითელ აბრეშუმსა და ხავერდში ჩაფლული, თეთრ ჩითის მოსილი. გარშემო მკურნალები შემოჰხვეოდნენ მეფეს, ერთი ფრთხილად უსინჯავდა გაძვალტყავებულ მკლავზე მაჯისცემას, მეორე ძმრით უზელდა საფეთქლებს, მესამე კი აიაზმას აპკურებდა ლოგინსა და მის გარშემო.

თავი დაუკრეს მკურნალებმა ხელმწიფეს, როცა გაასრულეს სამზადისი ძილისპირულისა. მსახურმა როზმარინის სანათი დაანთო ოთახის კუთხეებში, რათა ძილშიც კი მისი განმწმენდი სურნელი მოფრქვეოდა სნეულს.

კარი უჩუმრად გაიკეტეს.

თვალები წამსვე გამოახილა ხელმწიფემ, მზერა მოპირდაპირე, მეწამულ კედელს მიაპყრო, რომელზეც მოჩუქურთმებულ ოქროს ჩარჩოში ჩასმული ტილო ეკიდა.

თვითონ იდგა შუაში, მაგრამ ახოვანი, მხარბეჭიანი, ახალგაზრდა. დედოფალი ედგა გვერდით, ნაზი ღიმილი გადაჰფენოდა დიაცს სახეზე, მათ წინ კი მათი ხუთი შვილი, აწ მათგან ოთხი გარდაცვლილი იდგა. ვარდისფრად შეჰფეროდათ ბალღებს ღაწვები, თვალები ცოცხლად იმზირებოდნენ, ამ პორტრეტის შემხედვარე ვერასოდეს უწყიდა კაცი, რომ სიკვდილის მყრალი სუნთქვა ტრიალებდა მათ გარშემო.

თავი უკან გადასწია სნეულმა სოლომონმა. ცრემლი მოსწყდა თვალს, ბაგესა და ნიკაპს გამოენასკვა. ბალღივით ატირდა კაცი, განიერი, მისუსტებული მხრები უცახცახებდა ბედშავს.

-ვერ შევასრულე შენი სურვილი… – მაღლა, ვიღაცას მიმართა, ნაღვლიანმა. – იმედი გაგიცრუე, მოგსპე, გაგანადგურე… შენი ხატება ვერ ვაქციე სინამდვილედ… შემინდე, მუხლმოდრეკილი გევედრები, შემინდე… შემინდე მე უმეცარს, ბრიყვს… რომ ასე დავანგრიე და გავაცამტვერე შენი იმედები, შემინდე…

ტიროდა სნეული მეფე.

შორს, მთათა და ბარს მიღმა, ერთადერთი ცრემლით ტიროდა ერქანთა დიაცი.

მასთან ერთად ტიროდნენ მონობისა და სიკვდილისათვის განწირულნი.

ხარხარებდა მხედართმთავარი ანდრეი, ძე სოლომონისა, მემკვიდრე სრორდისა, შეუჩერებლივ სდიოდა სიცოცხლის ალისფერი ორლესულს.

იცინოდა ჯარი, და ტიროდა მათ ფეხქვეშ გათელილი, სისხლით დაფერილ ოფლში გახვითქული მიწა.

.

.

.

-*-*-*-2-*-*-*-

გაავდრდა.

პირი მოაღეს ცის კამარაზე შეკრულმა შავმა ღრუბლებმა, ცეცხლი დააკვესეს, აღრიალდნენ.

კაცთა თვალის მიერ უხილავი, ნემსთა მსგავსი თქორი დაეშვა.

მერე კი იქუხა, დასჭექეს მათ ქვეშ გამეფებული ადამიანთა გვემითა და გოდებით გავეშებულმა, სასტიკ, გულქვა ხორციელ ლეშებთან უსუსურმა ღმერთებმა, დასტიროდნენ სასაკლაოს.

პირი იბრუნა, შავი ზურგი შეაქცია და ხელთ იბანდა ბადრი, ფითრისფერი მთვარე.

საყასბო გაემართათ ჩრდილოეთელთ უცხო მიწაზე. ჰკეპავდნენ და ჰკოდავდნენ ბაჰირელთა გარდაცვლილ უწვერულ, მეომარ ვაჟებს, წაბილწულ ხორცს კი ურმებით მიეზიდებოდნენ ზღვისაკენ. ბაჰირელთა თვალის ასახვევად ჯერ მათ დაჭრილთ მკურნალები მიუჩინა მეფისწულმა, მაგრამ როცა განზე გაათრიეს ისინი, შეჰღაღადეს, რომ უარეყოთ თავიანთი ცრუ ღმერთი, მოეცილებინათ შინაგანი ბიწიერება, რამეთუ გარეგანს ვერ მოიცილებდნენ, და შეიწყნარებდნენ მათ. ერთხმად უარყვეს მათთვის უაღრესად შეურაცხმყოფელი შემოთავაზება მეომრებმა. დაასაჭურისეს ისინი, ურჩებს თვალები დასთხარეს და ხელები მოჰკვეთეს, მერე კი გაუსაძლისი ტანჯვისაგან აღრიალებულნი, სასახლის ეზოში აღმართულ ძელებს მიაბეს, მდუღარე ხის ფისი და კუპრი გადაასხეს, მერე კი ცეცხლი წაუკიდეს, თანამემამულეთა დასანახად.

ცეცხლით მოინათლნენ ჯარისკაცები, უღალატონი ღვთაებისა.

საკუთარ მეომართა კოცონზე დაწვას შეუდგნენ. საბრძოლო ყიჟინით მიაცილებდნენ მათ, ვერ ჰკადრებდნენ ბარბაროსთა მიწაზე წოლას და მასშივე დამარხვას. მეომართა ფერფლს თან წაიღებდნენ, ძვირფასი ზარდახშებით, და სრორდის კიდესთან დამარხავდნენ მათ, რომ ომში დაცემულ მეომართა ჯანი და სული შესწეოდათ, გაემაგრებინა მათი საზღვარნი.

ერქანთა სასახლის სატუსაღოში ჩაჰყარეს ძალზედ მოხუცნი და მეომარი დიაცნი, იქ ჩასალპობად. ნამუსი აჰხადეს ქალთ მედილიგეებმა, მათი სასოწარკვეთილი კივილი ცას სწვდებოდა, მაგრამ არავინ დაუგდებდა ყურს ბაჰირას ბარბაროს, სიძვის დიაცთ.

სასახლის მთავარ სამლოცველოს წაუკიდეს ცეცხლი. სალოცავი ოქროს ჭურჭელი, ძვირფასი ქვებითა და პლატინის ძარღვებით შემკული თუნგები და ფიალები გამოზიდეს. ზიზღით უმზერდნენ მეომარნი ცრუ ღვთის კერპებს, კედრის ხისაგან გამოთლილ, ფრთებიან არსებას, რომელსაც ყორანი მოესვა მხარზე. ხის ფისი გადაასხეს ღვთაების გამოსახულებებს, უთვალავ ხის ფიგურას და ალი შეუნთეს. სურდათ სარდლებს, რომ ბარბაროსთა ღვთაების ყველა ნიშანი მოესპოთ, და წაეგლიჯათ ის რწმენა, რომელიც მოუწოდებდა მომავალ დედოფალს არავის წინ მოეყარა მუხლი, თავისი ცრუ ღმერთის გარდა და ასეთი სასიკვდილო, ყოვლად უტიფარი შეურაცხყოფა მიეყენებინა მათი მეფისწულისათვის.

სახაზინოს დაეხარბნენ, სკივრებით გამოზიდეს ოქროულობა, ძვირფასი, ოკანის სხეულიდან წარტაცებული თვლები და სამკაულები, უთვალავი გოდორი დატვირთეს, ცხენშებმული ურმები, რომლებიც ვეღარ იტევდნენ განძს, სამგზავროდ გაამზადეს. ხარბად იჯიბავდნენ ოქროს ყელსაბამებსა და რგოლებს აურაცხელი სიმდიდრით თვალაჭრელებული მეომრები, და მიერეკებოდნენ სასახლის გათელილ, ატალახებულ მიწაში გაჭირვებით, ტაატით მიმავალ ცხენებს.

სასახლის ბაღჩა-ბაღს, ტალავრებს, ასწლოვან მუხათ და კედართ, თავიანთი კენწეროებით რომ ცის კამარას ეცილებოდნენ, ცეცხლი შეუნთეს, ხილით დახუნძლული ბაღი გადაბუგეს. სასახლის ამბრებში ზამთართა განმავლობაში მოზიდული, სისხლითა და ოფლით მოყვანილი მოსავალი – ხორბალი, ფეტვი თუ შვრია ძირფესვიანად გადაწვეს, თითქოსდა ეშინოდათ, ერთი მარცვალი არ დაგვეტოვოსო. ცოცხლად ამოწვეს ღორთა კოლტი, ცხვართა ფარა, ცხენთა რემა, და სხვა პირუტყვი საჯინიბოებსა თუ ბოსლებში, მათი განწირული კივილი გულისგამგმირველად მოედო არე-მარეს.

დაენანა ზოგს მეომარს ნასუქი, ჭრელი, სქელჯაგარა ღორები, სქელმატყლიანი ცხვრები და ფეხმაგარი ცხენები, მაგრამ მათთვის წაბილწული და წაწყმედილი იყო ბაჰირას პირუტყვთა ხორცი და ძუძუდან მონადენი რძე.

მეფისწულის ბრძანებით, ყველაფერს, რაც ხისა იმყოფებოდა სასახლეში, უკლებლივ ალი შეუნთეს. სურდა მხედართმთავარს, რომ ოდესღაც ამაყად აღმართული ერქანთა საგვარეულო სასახლის მაგიერ მისი შავი, გაჭვარტლული, გაპარტახებული აჩრდილი მდგარიყო მხოლოდ, რომ გაფრთხილება ყოფილიყო ეს მათთათვის, ვინც მთებში გაიხიზნნენ, თავსადები იმ უტყუარი სიმართლისა, რომ ვეღარასოდეს დაიბრუნებდნენ იმას, რაც წაჰტაცეს მათ.

ხრჩოლავდა სასახლე.

ხრჩოლავდნენ ბარბაროსი, ურჯულო ბაჰირელნი.

ერქანთა საგვარეულოს თეთრი და მწვანე, მათი გერბით შემკული დროშა, თითქოსდა წყვდიადში მანათობელი, და ხალხთა თავისაკენ მომხმობი, ჩამოხსნევინა და მდუღარე კუპრით დააწვევინა მეფისწულმა, თავიანთი ალისფერი დროშა გამოჰკიდა.

მერე კი დაუყოვნებლივ აფრინა კაცი სრორდისაკენ, მისი გამარჯვების მაცნედ, მდევარი კი მთებისაკენ, რამეთუ მოეხელთებინათ გახიზნულნი, ცხენოსანთა რაზმი კი მთებისაკენ მიმავალ, მათთვის ცნობილ ბილიკებს გაუმართა, ეგების მობრუნება მოესურვოთო ბაჰირელთ.

ავდრის მიუხედავად შეუჩერებლად ეზიდებოდნენ სასახლის ეზოდან ოქროულობითა და საგანძურით დატვირთულ ურემთ, მოერეკებოდნენ საზიდის სიმძიმისაგან გვერდებგაქაფულ, ნესტოებდაბერილ ცხენებს, ქარავანს ტვირთავდნენ.

გამარჯვების ცეცხლით შეპყრობილნი, კელაპტართა და მოგიზგიზე კოცონთა შუქზე მოლაპლაპე აბჯართ ალმოდებულნი უშვერდნენ ბაგეთ ღმერთთა ცრემლებს და გაჰყვიროდნენ გლეხურ, გამარჯვების სიმღერას.

აურაცხელი კარვები დასცეს გალავნის გარეთ. გაფაციცებულიყვნენ ყმანი და მსახურნი, უწყოდნენ, რომ ბრძოლაგამოვლილ მეფისწულს ვერ ჰკადრებდნენ ლოდინს. სასწრაფოდ გააგეს მისი კარავი, ლოდებით შემოსაზღვრეს კერა, შემართეს ძელები, დაჰფარეს შესანთლული ტყავით და სქელი ქეჩით მოფენილი ჭილობი, ძვირფასი ბეწვ-ტყავი მოაფინეს მიწაზე.

ჩამოხდა კარავთან მეფისწული. ეირინი გადმოათრია ულაყიდან, მძიმედ დაენარცხა მეფისქალი ატალახებულ, აზელილ მიწაში. ბრძანა მხედართმთავარმა, რომ მეჯინიბეთ ულაყი განებანათ და მოესვენებინათ, მეომრებს კი მისი კარვის დედაძელზე მიებათ მეფისქალი.

სხვას ვერავის ანდობდა წყეულ დიაცს, ახლოს უნდა ჰყოლოდა.

კბილებდაღრეჯილი, გაცოფებული ეირინი შეათრიეს კარავში. ფრთხილობდნენ მეომარნი, მეფისწულის მოსასვენებელ ბეწვ-ტყავთ ერიდებოდნენ. სანამ გაბაწრეს მათ ეირინი, მსახურნი თავს დასტრიალებდნენ ანდრეის, სხეულიდან ჩამოხსნეს მუზარადი, წითელი ლაბადა და აბჯარი, სანამ ჩითის გრძელ ტუნიკასა და ტილოს უბრალო შარვალში არ დარჩა იგი. ტუნიკის გვერდი და სამკლავი სისხლით შეღებვოდა მეფისწულს.

მკურნალნი დაესივნენ მას, რძის აბაზანის მიღება შესთხოვეს ანდრეის, კანი წმინდა უნდა იყოს, სანამ წაგცხებთო სამკურნალო ნაზავს.

ფაშატი ვირები და ცხვრები მორეკეს და მოზრდილი სათლი გაავსეს მათი მონაწველი ქაფქაფა რძით.

გაშიშვლდა მეფისწული და ეირინის წინაშე განბანეს იგი ვირისა და ცხვრის რძით მსახურებმა. განბანვის ხილვას ქალს არასოდეს ჰკადრებდა მეფისწული, მაგრამ სიძვის დიაცი იყო ეირინი, წყეული, წაბილწული და ურჩი, იგი არ იმსახურებდა ისეთ მოპყრობას, ვითარცა ბელთათინის სამეფო კარზე ეპყრობოდნენ მაღალი წოდების დიაცებს.

თვალს არ აშორებდა მხედართმთავარს ეირინი, მაგრამ წამითაც არ გაუხედავს მისი სიშიშვლისაკენ, ეზიზღებოდა იგი, თვალებით გუდავდა, შეუჩერებლად სწყევლიდა, ღვთაებას შესთხოვდა, რომ იგივე ბედი სწეოდა მის თანამემამულეთა და მიწისა მაოხარს, როგორც იმ პირტიტველა, მტკიცე მეომართ, რომელთა სასოწარკვეთილი ღრიალის ჩაგუდვაარ ენება ავდარს.

განიბანა მეფისწული. მკურნალებმა ნაზავი წასცხეს ჭრილობებზე, თაფლით გაჟღენთილი სახვევებით შეუხვიეს და აიაზმა აპკურეს სხეულზე.

შემოსეს მხედართმთავარი და დასტოვეს ორნი კარავში მსახურებმა, უბრძანა მათ ანდრეიმ, რომ მთარგმნელი და სარდლები მოეხმოთ.

მათ მოლოდინში გართული მიწვა მხარბეჭზე მეფისწული. დედაძელზე მიბაწრულ მეფისქალს შეაქცერდა, მსახურთა მორთმეულ ტკბილ ხორცთ და მათრობელა ღვინოს შეექცა.

ისეთივე ცხოველსა და ბარბაროსს ჩამოჰგავდა დიაცი, როგორიც იყო შიგნით. გამურულიყო, გასისხლიანებულიყო, შალითა და ლაბადა ჩამოეფხრიწათ, მასსავით ბინძური ტალახი აღრეოდა ფერფლისფერ ნაწნავში. სუფთა მხოლოდ თვალები მოუჩანდა ბრინჯაოსფერ პირისახეზე, ცარიელნი და გაშტერებულნი.

-Neili bäitva kiwe ngøran låmbva… – ამოისისინა ღვარძლით აღსავსე სიტყვები მეფისქალმა. – Mai sürtiri tørdo, keei ihoger!  Maij kreskvår verra Eirinn, abagrütix ktever! Ngoba Güøhmarya pitavebøddi dtira plaåhada!

-არ ვუწყი შენი ბარბაროსული ენა, დიაცო. – თვალმოუშორებლად მიუგო მეფისწულმა. დამშვიდებულიყო, ეამა მის უცაბედად მოქანცულ, ბრძოლის ჟინის მოკლებულ სხეულს განბანვა და მსუბუქი სამხარი. – მაგრამ კარგი პირი არ უჩანთ შენ სიტყვათ… ნეტავ დადუმდებოდე, თუ ეგ ბილწი ენა შენთვის ძვირფასია…

დაიხრიალა მეფისქალმა და გადმოაპურჭყა, ფურთხი პირდაპირ ტკბილ ხორცთ წაეცხო, წამის წინ რომ მადიანად შეექცეოდა მეფისწული.

მერე კი კვლავ გახსნა შხამით აღსავსე ბაგენი ეირინმა.

– Keei ihoger! Abagrütix ktever! – ბობოქრობდა იგი, ღმერთთა მიერ მოვლენილ წყევლად აკვესებდა ელვას თვალებით. – Ne verra cronva Erkann! Falløin Güøhmaryat! Falløin Erkann!

დაიღრიჯა ანდრეი. ცეცხლი დაენთო მეომარ სულში, ხელი გააციცა, სახორცე შალთს მოავლო თითები.

-ენას ამოგაძრობ, ყურებს მოგკვეთ და ძაღლებს გადავუგდებ საჯიჯგნად! – იფეთქა მან. – სახიჩრად გაგხდი და მოვისვენებ! წყეულიმც იყავ, ღმერთებმა შეისმინონ ჩემი ვედრება!

შედრკა უეცრად მეფისწული, პირი იბრუნა. გამაყრუებელი თქეში ერწყმოდა მდუღარე კუპრითა და ფისით დადაგულთა გოდებას.

ნაბიჯთა ხმა ისმოდა გარედან. გადასწიეს კარვის კალთა.

ჯერ კიდევ აბჯრით აღჭურვილმა სარდალმა ატავესმა შემოაბიჯა, მხედართმთავრის წინაშე მოწიწებით მოიხარა წელში. ახალგაზრდა სარდალი გაბრიელი, კოჭლი სარდალი კლავდი და მთარგმნელი შემოჰყვნენ მას, მუხლი მოიყარეს მეფისწულის საპატივცემულოდ.

კოჭლმა კლავდმა თვალი ჰკიდა მხედართმთავრის ხელში შალთს, წამსვე გადასწვდნენ მისი ცბიერი თვალნი გაბაწრულ, კბილებდაღრეჯილ, მაგრამ დადუმებულ ერქანთა მეფისქალს. ყურადღებით მოათვალიერა იგი.

-გეახლებით, ჩემო ბატონთა ბატონო. – ფეხი მოირთხა ქეჩით მოფარულ ჭილობზე და მუზარადი მოიხადა ატავესმა. წვიმის წვეთები სდიოდა შავი წვერით დაფარულ ყბებზე. – მადლობას ვწირავ ღმერთებს, რომ ამგვარად წარიმართა დღევანდელი დღე!

-ვუწყოდი, რომ ასე წარიმართებოდა იგი. თქვენ კი მეურჩებოდით, ატავეს. – მოუჭრა ანდრეიმ, ღვინო მოსვა, შალთით გასწია შორს ტკბილი ხორცით ახორხლილი მათლაფა.

მალული ცეცხლი ჰყარეს ატავესის თვალებმა. მონაოჭებული ბაგე შეუტოკდა კოჭლ კლავდს და თავი დახარა გაბრიელმა. უხილავი სიმძიმე ჩამოწვა კარავში.

-შემინდეთ, მეფისწულო. – თავი დახარა ატავესმა. თითქოსდა ფაიფურისააო მისი სახე, ნიღაბი გადაჰკვროდა ზედ. უმალ ჩაანავლა გაცეცხლება, მეფისწულის უდიერ შეურაცხყოფაზე რომ წამოჰყო თავი. – რამეთუ არ ვუწყოდი, რას ვიქმოდი.

– არ ღირს. – ხელი აუქნია ანდრეიმ, დაჭრილმა ფერდმა გასწიწკნა, სახე დაუღრიჯა. ტკივილი მიმალა უმალ. – მდევარი ვაფრინე მთებისაკენ. რასა უწყით, მივაგნებთ ვინმეს?

-მომიტევეთ, ჩემო ბატონთა ბატონო, მეგონება, რომ დახანებულია უკვე. – მიმართა კლავდმა. – უცხო მიწებია, არ უწყიან ჩვენმა მეომრებმა, სადაა ხევი და მთა, ბარბაროსნი კი, თუკი ოდნავ მაინც ჭკვაგარკვეული ხალხია, უსწრაფეს, მიუდგომელ ბილიკებს დაადგებოდნენ…

-ავდარია, ჩემო ბატონო. – დასძინა გაბრიელმა. – ჭირს უცხო მიწაზე გზის გაკვლევა, მაგრამ ახლა მეტად შეფერხდება მდევარი.

-რუქას ხელახლა შევისწავლით. – განაცხადა მხედართმთავარმა. -კაცს ვაფრენ მეზობელ ავლატს, გავაფრთხილებ, იქნებ მისკენ გაემართნენ წყეული ბარბაროსები…

თანხმობის ნიშნად თავი დაუკრეს სარდლებმა ანდრეის.

დადუმდა მოქუფრული მეფისწული, სვამდა მათრობელა ღვინოს და სახელდახელოდ, დედაძელთან ამოთხრილ მიწაში აგებულ კერას, ლოდებით გარშემორტყმულ მუგუზლებს უმზერდა.

-რას გვიბრძანებთ, რა ბედი ეწიოს ბებერ მეფეს? – გაბედა და ფიქრი დაურღვია მხედართმთავარს კლავდმა. მას შეაცქერდა ანდრეი, ღვინის ფიალას ატრიალებდა ხელში.

-ვერ დასტოვა მისი ხალხი და მიწა-წყალი. – წარმოთქვა ბოლოს, ბაგენი ღიმილმა შეუთრთოლა, თვალები აენთო. – პატივსა ვცემ მის გადაწყვეტილებას, დილეგში ჩავამწყვდევ. დაე სული დალიოს სანუკვარ სამშობლოში… მონები წამოასხით, მოხუცები დილეგში დასტოვეთ, დანარჩენები კი დახოცეთ.

ღვინო მოსვა მეფისწულმა.

ალმაცერად შეჰყურებდა კოჭლი კლავდი ერქანის მეფისქალს.

გავეშებული იყურებოდა ქალი. თვალები გამოეხილა, ფითრი ბრინჯაოსფერ სახეზეც კი დასტყობოდა, ისე წასვლოდა ფერი. მოედრიკა კისერი და შეჰყურებდა მათ, თითქოს ყველაფერი ესმისო.

მოიქუფრა კლავდი. თავიდან გამოიგდო უგუნური ფიქრი.

მისი მზერა შენიშნა ეირინმა. უფრო მეტად დაიღრიჯა, ფერი მოუვიდა, ისევ დააკვესა ცეცხლს გაშტერებული, ცარიელი თვალები.

-Råd abagrütix ktever! – შეჰყვირა მან და გაჰკვეთა მძიმედ ჩამოწოლილი დუმილი. – Verra tregöårad chaoldheth!

კარვის კუთხეში მიკუნჭული მთარგმნელისაკენ, უთქმელად მიმართა ხელი მეფისწულმა.

-გწყევლით, ჩემო ელფა. – მიწას განერთხა იგი. – უღმერთო ვირთხებს გიწოდებთ, გეუბნებათ, რომ არ შეგრჩებათ დაღვრილი სისხლი…

-უთხარი, რომ ამოვკვეთ ენას. – შალთი მოიმარჯვა მეფისწულმა, მოიქნია და ვადამდე ჩასვა მიწაში. – უთხარი, რომ ამაოდ მწყევლის, ვერაფერს დამიშავებს მისი ცრუ ღვთის მრისხანება. უთხარი, რომ მლოცავენ ღმერთები ბარბაროსთა წაწყმედისათვის…

-Güøhmarr selgra kiwe ke ghüaraddh-machra tonrega… – მიმართა მეფისქალს აცახცახებული ხმით მთარგმნელმა.

-Verra pwåöra maij pharschåkar! Güøhmarr ghüaraddh-machra hossu tonrega! – მოუჭრა მას სიტყვა ეირინმა, მოქუფრული უმზერდა მხედართმთავარს, მერე კი თავი აზიდა, სარდლებს სიძულვილით აღსავსე თვალები მოავლო და გაიბრძოლა, მის შემკვრელ ბაწართ შეეწინააღმდეგა. – Keei verra hossu laig, keei gnerkver. Keei saaspyath hossu!

გაფითრდა მთარგმნელი, პირი დააღო, მზერა გააპარა მხედართმთავრისაკენ, რომელიც მოქუფრული უმზერდა მეფისქალს. არ გამოჰპარვია მისი მზერა კოჭლ კლავდს, ცბიერ თვალებს აფაციცებდა, ეჭვი უღრევდა სარდალს გონებას.

-რა შხამი გადმოსდინდა მის ბაგეს? – ხმას აუწია მეფისწულმა, რამეთუ სდუმდა მთარგმნელი და კარავში გამეფებულ სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ყურისწამღები თქეში, დაჭრილთა და დადაგულთა გოდება არღვევდა.

-ა-ამბობს, რომ ენას თვით ამოგკვეთთ… და მო-მოკვლით გემუქრებათ, ჩემო ბატონო. – ძლივს წაილუღლუღა მიტკლისფერმა მთარგმნელმა, თვალები გადმოკარკვლოდა.

სარდალ ატავესს გულითადი ხარხარი წასკდა. წარმოუდგენელი იყო ამ დიაცის ჭკვის სიმოკლე.

არ გასცინებიათ გაბრიელსა და კლავდს, დადუმებულნი შეჰყურებდნენ ავად მომზირალ ეირინს.

ბაგის კუთხე შეიტოკა ანდრეიმ.

-დაე გაიაროს ათასმა წელმა, ათასმა ჭირმა, ათასმა წყალმა და ათასმა ცეცხლმა, სანამ ეს სიძვის დიაცი თავის ნებას აღასრულებს. – წარმოთქვა ღიმილით მეფისწულმა. – და თუ ამ დიაცის ხელით მიწერია სიკვდილი, ახლავე გაიხსნას ცა, ელვა ჩამოუშვან ღმერთებმა და განმაბნიონ ამ წაწყმედილ მიწას.

-მოგეხსენებათ ბარბაროსთა ჭკვამოკლეობა, ჩემო ბატონო! – გამობერილ ფაშვზე ხელს იდებდა ატავესი, სიცილის წყალი სდიოდა აფორაჯებულ ლოყებზე. – ეშმაკმა დასწყევლოს ესენი! მართლაც ხომ არ მოვკვეთოთ ეგ ბილწი ენა!

-ჩემო ბატონო… – უცაბედად ამოიღო ხმა გაბრიელმა და მოიხარა, მიწას დააწყო ხელისგულნი მხედართმთავრის წინაშე. – არ განმირისხდეთ, ერთი აზრი ჩამეჭედა გონში და შემიჩნდა, არ მასვენებს, უნდა ამოვთქვა…

-ბრძანე, გაბრიელ. – მიუგო მეფისწულმა.

-ბარბაროსნი დაუოკებელნი არიან. – დაიწყო სარდალმა ფრთხილად. – ურჩნი, გაუტეხელნი, აულაგმავნი… სიკვდილი არჩიეს თავიანთი ცრუ ღვთის უარყოფას! მათში ჩაუმქრალ ცეცხლად ანთია სიჯიუტე და ბრძოლის ჟინი!

-რისი თქმა გსურს, გაბრიელ? – მოიქუფრა ანდრეი, წამოიწია, მის წინაშე დამხობილ სარდალს შეაცქერდა. წამომართული, ბეწვ-ტყავთა გარემოცვაში მთელი არსებით ასხივებდა მეფურ არსობას, რომლის წინაშე თავი მოიდრიკეს ატავესმა და კლავდმა. – თავისუფლად ისაუბრე!

-ისრით განგმირული ყორანი არავის უკვირს, ჩემო ბატონო, მოთვინიერებული კი ყველას. – მიუგო გაბრიელმა, მზერა ეირინს გადასწვდა, რომელიც დადუმებულიყო, მაგრამ ძლიერად სუნთქავდა, უღელავდა მკერდი და შეჰკვროდა ყბანი. – მონუსხეთ ეს დიაცი, გაიხადეთ ერთგულ მხევლად, გახადეთ ბაჰირა თქვენი და თქვენდამი აღფრთოვანება და შური არ გაუნელდებათ ჩვენ მოსისხლე მტრებს!

უცქირა მას წამიერად მეფისწულმა. მიწვა, კლავდსა და ატავესს გადასწვდნენ მისი თვალები.

-სიმართლეს ღაღადებს. – თქვა უმალ კლავდმა. – შეუძლებელს შეიძლებთ, თუ ამას აღასრულებთ. ხოტბას გასხამენ ათას მთასა და ათას ბარს იქით.

-როგორ… – ძლივს ამოიდგა აქამდე გაოგნებისაგან მიჩუმათებულმა ატავესმა ენა. – და რასა სთავაზობთ, როგორღა მონუსხოს ეს… ეს… – ეირინისაკენ მრისხანებისაგან აცახცახებული ხელი გაიშვირა მან, სახე უარესად აუფორაჯდა. – ეს სიძვის დიაცი! ბარბაროსი, ურჯულო! ვითარცა დიაცს, ისე მოეპყროს? გაუგონარი მკრეხელობაა!

ხმა არ გაიღო მეფისწულმა. უმზერდა დიაცს. უთვალიერებდა ბრინჯაოსფერ კანსა და ფერფლისფერ თმას.

სრორდის სიძვის დიაცთა დალალებისფერი ნაწნავი ჰქონდა მეფისქალს.

-დავფიქრდები. – განაცხადა ბოლოს. – გზა ვრცელია, ტვირთი კი დიდი. წადით, მოისვენეთ, რამეთუ ხვალ, გარიჟრაჟისას ვისაუბრებთ.

მორღვეული პირი დააღო ატავესმა, სურდა შეჰპასუხებოდა მხედართმთავარს, ეს განუკითხაობა, რომელსაც უკვე ფესვნი გაედგა ანდრეის გონში, აღმოეფხვრა. მაგრამ გადაიფიქრა სარდალმა, როცა მეფისწულის ჩამობნელებულ, მუგუზალთა სინათლეზე ალაპლაპებულ თვალებს გადააწყდა.

თავი დაუკრეს მხედართმთავარს სარდლებმა და გაიკრიფნენ სასწრაფოდ. უბრძანა მთარგმნელს მეფისწულმა, რომ ღამე კარავში დარჩენილიყო, მერე კი განკარგულება გასცა, რომ კარვის გარშემო ათი მცველი დაეყენებინათ.

შემოეხვივნენ ფხიზელი გუშაგნი სამეფო კარავს, ალესილი შუბებით ხელში. თქეში ლოკავდა თავისი გამყინავი ენით არე-მარეს, ზღვიდან მონაბერი სიმლაშე დატრიალებულიყო ჰაერში, პირში ადნებოდათ ჯარისკაცებს.

არ წყდებოდა ბედსვიან მეომართა შეძახილები, ოქროს რომ იჯიბავდნენ და ქარავნებს ტვირთავდნენ აურაცხელი ოქროთი. ინავლებოდა კოცონზე დამწვართა კუპრის ცეცხლი, ხელდახელ მქრალი მუგუზლებიღა ანათებდნენ შემოგარენს, დროდადრო ცეცხლს დააკვესებდნენ ღმერთები და ელვა ხლეჩდა საავდრო ღრუბლებს.

გმინავდნენ და თავიანთ ბედკრულ ყოფას დასტიროდნენ დაჭრილნი.

დადუმებულიყვნენ ბაჰირელნი. ზოგი სამუდამოდ, აღარ შეერჩინათ ჩრდილოეთელთ მათთვის მკერდში სუნთქვა, ზოგი კი მალულად იწყევლიდა თავ-ბედს, ჩრდილოეთელთა შიშით შეპყრობილი.

დადუმებულიყო თვალგაშტერებული ეირინი. ბაწრებს უჩუმრად ებრძოდა. ჩრდილოეთელი მეომრებისაგან, უტიფრად რომ მოავლეს ხელი და გაბაწრეს, აეცინცლა ყელის გამოსაღადრი წანდელი, მკლავთა სახვევებსა და დაფხრეწილ ლაბადაში მიემალა.

ჩანავლებულ მუგუზლებს დასჩერებოდა მეფისწული. ღვინოს მიეძალა, რული მოეკიდა.

ჩაეძინა, დაქანცულს.

ორივეს უმზერდა კარვის კუთხეს მიყინული, შიშის ზარდაცემული მთარგმნელი.

გარეთ კი შეუჩერებლად ბობოქრობდა ავდარი, თითქოსდა ეირინის აწყვეტის მცდელობას ხელს აფარებს და აქეზებსო.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

წვრილად, უხილავად თქორავდა სრორდის საზღვართან მდებარე მომცრო სოფელ კჰავში, როცა ალისფერ ლაბადამოსხმულმა მხედარმა მოაჭენა დაღლილობისაგან გვერდაქაფებული ცხენი სოფლის კიდეზე მდგარ სამგზავრო სამიკიტნოსთან. მსახური ბიჭი გამოეგება სტუმარს, აათვალიერა მისი მგზავრობისაგან მოფხრეწილი, ეკალ-ბარდებიანი, გამურული, მაგრამ უდავოდ ძვირფასი ქსოვილის ლაბადა, თვალი ჰკიდა მის მძიმედ დარახტულ, ფეხმაგარ ბედაურს, რომელიც ნესტოებს ბერავდა, მუხლები უთრთოდა.

ჩამოხდა მხედარი, ლაგამი და ერთი ოქრო გადაუგდო მსახურს, ცხენს მიმიხედეო, უბრძანა.

ლაგამის ჩამორთმევისას სამთვალად გაკვანძული ცხენის ძუა და უნაგირზე ამოტვიფრული სამხედრო გერბი – ხახადაღებული მგელი შეამჩნია და წამსვე წელში მოიხარა მსახური. სამეფო მაცნეს ვეახლებიო.

შორიდან მოვიდა მნიშვნელოვანი ამბითო, გაუელვა აზრმა ბიჭს.

საპასუხოდ თავი დაუკრა მხედარმა, და მომცრო საჯინიბოსაკენ მიმავალ ბიჭს უმზირა ალმაცერად, მერე კი სამიკიტნოს შელახული, ანჯამებმორყეული, გამოხუნებული წნელის კარი შეაღო.

ორომტრიალი გაემართათ სამიკიტნოში. მოილხენდნენ და ღრეობდნენ დღის გარჯით დამაშვრალი და ქანცგაწყვეტილი გლეხები, სასმელს სწევდნენ და მღეროდნენ.

„ღვინო, ხორცნი, მოკეთენი

და გამოჩენა წვიმისა

გვირჩევნის ტკბილსა შერბეთსა

და შეხებასა ქალისას!“

გლეხთა ტაბლას გვერდი უბირად უქცია მხედარმა, სამიკიტნოს დახლს მიადგა. ალმაცერი მზერით გამოეგება მას დახლიდარი, ქეჩით თავწაკრული ჯმუხი, შუბლმიჭყლეტილი და ტუჩ-პირზე მეჩხერად გაღინღლული დედაკაცი.

ერთი ოქრო მიუცოცა მხედარმა დიაცს და წამსვე გაცისკროვნდა დახლიდარი, ჩაბზარული კბილები გამოაჩინა, მიელაციცა კაცს.

საუკეთესო ღვინო მოითხოვა დამაშვრალმა და გამოსცალა მოზრდილი, მოპირკეთებული თიხის ფიალა ერთი შესმით, სული მოითქვა.

მერე კი გასწორდა, ხმა აღიმაღლა.

-უწყოდეთ! – შეჰყვირა მან და დადუმდნენ გლეხნი, გაკვირვებულებმა მოხედეს მხედარს. შალითა გადაიძრო მან, სამიკიტნოს მბჟუტავ ჩირაღდანთა შუქზე ალაპლაპდა მუზარადის საშუბლეზე გამოსახული სამეფო გერბი. – მე მეფისწული ანდრეის მაცნე გახლავართ! ჩვენი მომავალი მეფე და ბატონი ბაჰირასაკენ მიემართება, ჩვენთვის საზღვაო გზის მოსაპოვებლად! აფრინეთ მალემსრბოლი, მოსდეთ ქვეყანას!

თვალები დაკარკლა დახლიდარმა, წამსვე გაფაციცდა, იქვე მდგომ მსახურს მოუხმო.

-ჩვენი ჭროღა დარახტე,  გაიუს! – ხაოდა იგი, სანამ წამოცვივდნენ გლეხნი, მხედარს მისცვივდნენ. – კასიაში გადადი, იქა ჰყავთ ჩინებული ცხენოსნები!

-მეჟოლიათა ფრთხიალს მოასწარი, ბალღო! – გასძახა გლეხმა კარში გავარდნილ მსახურს, მერე კი კვლავ მხედრისაკენ იბრუნა პირი.

-აკი არ უნდა დაბრუნებულიყო მეფისწული? – გაჰყვიროდა ერთი. – რამეთუ მაგრად დახვდა ბაჰირა!

-ენა გადაყლაპე, ბესარიონ! – შეუტია მეორემ. – რასაა რომ გაიძახი!

-ვრცელია მხედართმთავრის სიბრძნე და ჯარი! – შეაწყვეტინა მათ მოქუფრულმა მხედარმა. – არა ვუწყი რა, რა მოხდა ბაჰირაში, მაგრამ შევთხოვ ღმერთებს, რომ მუხლი მოუმაგრონ ჩვენს ჯარს…

-როდის გაფრინა მეფისწულმა? – იკითხა შლეგივით თვალებგაცეცებულმა გლეხმა. – რა ხანია, რაც მგზავრობ?

-ბადრი და მრთელი იყო მთვარე, როცა ბაჰირასკენ პირის ბრუნება ინება მხედართმთავარმა და საიდუმლოდ მაფრინა ამბის გასავრცელებლად… – წარმოთქვა მხედარმა. დახლს ეყრდნობოდა, მგზავრობისაგან გადაღლილი. – ღმერთები შემეწივნენ, ოც მზეში დავფარე ერთი მთვარის მანძილი… ბაჰირა მიღწეული ექნებათ ამ წამს, მალე აფრენს მეფისწული ქუდზე კაცს…

აღრიალდნენ გლეხები. წვრილ-წვრილი კითხვები დააყარეს მხედარს.

ორომტრიალს უჩუმრად შეჰყურებდნენ სამიკიტნოს კუთხეში მსხდომი ცალთვალა მეწისქვილე კალემი და ლოთი მარტინი.

მათ მეზობელ მაგიდაზე დამხობილიყო შავოსანი ბერიკაცი, ღვინით ნახევრად სავსე ფიალა ედგა წინ.  

-აიღებდა ვითომ ბაჰირას? საზღვაო მარგალიტს? – გადაულუღლუღა მარტინმა კალემს, მერე კი მთელი ფაშვით აროხროხდა. – რად იბრუნა იქეთ პირი? შვიდ მთვარეში არ უნდა დაბრუნებულიყო? რად წაასხა ამდენი ხალხი… მისი შვილები კი არ ეცემიან უცხო მიწაზე…

-რწმენა იქონიე. – დინჯად მიუგო ცალთვალამ. – მე მჯერა მისი.

-ანდრეის გჯერათ? – მოუტრიალდათ უცბად მეზობელ მაგიდაზე მჯდომი ბერიკაცი, ლაბადის მოფარული თავიდან გადმოჰყურებდა, უკბილო, მონაოჭებული ბაგენი მოუჩანდა მიმკვდარ სინათლეზე. – კი უნდა გჯეროდეთ, სნეულია მამამისი, მალე მოკვდინდების ბედშავი…

-ხმა გაიკმინდე! – შეუტია კალემმა. ღვინისაგან რეტდასხმული მარტინი დადუმებულიყო, სრუტუნებდა სახეზე წითელი ბატატივით აფუებული ცხვირით. – დიდხანს იცოცხლოს მეფე სოლომონმა!

-იცოცხლოს. – კვერი დაუკრა ბებრუცუნამ, მერე კი კვლავ მოაღო პირი. – იქამდე მაინც გააწიოს, სანამ ანდრეი მობრუნდება…

-მხოლოდ სახელს რატომ უწოდებ? – ატრუვდა მარტინი. – აქაური არა ხარ, ურჯულოვ? მეფისწულის შეურაცხყოფისათვის ძელს მიგსხამენ და თხუთმეტს მათრახს გითავაზებენ! ხარკსაც დაგადებენ აურაცხელს!

-არა ვარ აქაური. –  მიუგო ბერიკაცმა. – აგე, თქვენი მეზობელი გახლავართ, შაჰაიაქელი ინგენი, ვაჭარი, გამიკითხეთ თუ მოგესურვოთ…

-უცხოთა მიერ შეურაცხყოფა ოცი მათრახის ტოლფასია, ბერიკაცო! – შლეგივით გადმოკარკლა შერჩენილი თვალი კალემმა.

-ძმის მოკვლა რასა უდრის, მეფისწულის მხევლებო? – ჩაიცინა ბებრუცუნამ.

გაშრა კალემი. მიტკლისფერი დაედო, ადამის ვაშლი აუკანკალდა ყელში, ჩაუშავდა თვალთა უპეები. წითელი ცხვირი უმალ ჩაულურჯდა მარტინს.

-რასაა, რომ გაიძახი… – დაიჩურჩულა ცალთვალამ. – წადი აქედან, თუ არ გინდა, რომ ფრჩხილები ცალ-ცალ გაგაცალონ და ღორის ნავალში ჩაგახრჩონ!

-მიპასუხე, კარგო კაცო, შენი სისხლისა და ხორცის განგმირვა, ერთი დედის ძუძუზე გაზრდილი ძმის სისხლით დალოცვილი მიწის შეღებვა რასა უდრის? – ქირქილებდა ბერიკაცი. – წამხდარია ეგი თქვენი მეფისწული, არ იმსახურებს სრორდისა ბატონობას! შეცდნენ ღმერთები, როცა იგი დასტოვეს მიწაზე და სხვანი წაიყვანეს, შესცოდა ბედისწერამ…

-წარვედ! მეფისწულს რაებს ჰკადრებ! – ხმა აღიმაღლა და ასისინდა ცალთვალა. – გაეთრიე! განგვერიდე, შაჰაიაქელო ცრუ კაცო!

აქირქილდა შავოსანი, წამოდგა, გამოსცალა ღვინის ფიალა.

-მე კი წავალ, მაგრამ სიმართლე მაინც დარჩება! – დაიხრიალა მან. მიიქციეს ყურადღება, მათკენ მომართეს მზერა მხედარმა და რამდენიმე გლეხმა. – არ გაიხაროს მკვლელმა, ოჯახის წამწყმედელმა, სისხლში განბანულმა!

-განვედ! – წამოვარდა კალემი. – მკრეხელო! ენაშხამიანო, ცრუ კაცო!

-საკმარისია! – დაჰკივლა დახლიდარმა. – ამოდენა ამბავი მოგვივიდა, თქვენ კიდევ უტიფრად კინკლაობთ! მეფისწულის მაცნეს მაინც ეცით პატივი!

სიმწრისაგან დადუმდა კალემი. ენა არ მოუტრიალდებოდა, რომ მეფისწულზე გაგონილი წარმოეთქვა, რათა ამ ბერიკაცის ცოდვა შეეტყოთ გარშემომყოფებს.

ბებრუცუნამ კი უკეთესად მოიხვია ლაბადა, კლდის მუხისაგან გამოჩორკნილი ყავარჯენი გამოაცურა მოსასხამის ნაკეცებიდან.

გადაჭრა სამიკიტნო, აჩრდილივით, გამოაღო კარი და თითქოს აქ არც  ყოფილაო, შეერია ღამის თქორსა და წყვდიადს.

.

.

.

-*-*-*-3-*-*-*-

ხრჩოლავდა ბაჰირა.

ჰაერში აგორგლილ რუხ ქულებს ჰკვეთდა თქეში, უკან, მიწისაკენ მიაქროლებდა და აკრავდა აზელილ ტალახს. ეხვეოდნენ მიწა და ფერფლი ერთმანეთს, ვითარცა დედა და მის მკერდში ჩაკრული ნაშიერნი.

მოშორებით ღელავდა მეცხრე თვეზე მიღწეული, დამზრალი ზღვა, მთელი სხეულით ბობოქარი, სველი საცეცები ეკიდებოდნენ ხეშეშ, ქვა-კლდოვან ნაპირს, გამალებით ეხლებოდნენ მთელი სხეულით და გამაყრუებელი კივილით გამოსთქვამდნენ ადამიანთა ურთქმელ სევდას. გულში იხუტებდა ზღვა მის ძუძუზე გაზრდილ, პირტიტველა ვაჟთა ცივ ხორცს, ურმებით რომ ჰყრიდნენ კლდიდან ზღვაში მათი შემმუსვრელნი.

დროდადრო ქუხდა, ელვა ხლეჩდა საავდრო ღრუბლებს.

მხოლოდ ჩანავლებული მუგუზლები და შიდა კერიდან სუსტად განათებული კარვები ბჟუტავდნენ, აშუქებდნენ ღამის წყვდიადის მიერ შთანთქმულ არე-მარეს.

დადუმებულიყვნენ მეომრები, აღარ ისმოდა პირუტყვის სულისშემძვრელი კივილი. ზარდახშებში მიებარებინათ თავიანთ დაცემულ ჯარისკაცთა ფერფლი, დაეტვირთათ ქარავნები. თვალფხიზელი, ალესილ მახვილოსანი გუშაგები უძვრელად შემორტყმოდნენ აურაცხელ ნადავლს.

ურემთა გისოსებს მიღმა ჩაემწყვდიათ მონები. მოთქვამდნენ დიაცნი, გრძელი, ფერფლისფერი, გალუმპული ნაწნავები ასწეწოდათ, მკერდს იკაწრავდნენ და უჩუმრად ჰგოდებდნენ, რამეთუ ხმამაღალ ტირილზე ალესილ შუბს უმიზნებდა მათ წყეული ჩრდილოეთელი გუშაგი, სიმშვიდეს დაუფრთხობთო მძინარეთ. 

რამდენიმე დაჭრილის კვნესა ჭრიდა ჰაერს. კარავში მიეწვინათ ისინი, მკურნალნი ეხვეოდნენ მათ თავზე, უხვევდნენ ჭრილობებს, ჰბანდნენ და მათ სულთ ავედრებდნენ ღმერთებს. მაგრამ მაინც იცლებოდა ზოგი ჯარისკაცის მკერდი სიცოცხლისაგან, უფრო მეტად ადუმებდა სიკვდილი შემზარავ ღამეს.  მის სიმშვიდეს აქუცმაცებდა და ყურის დამგდებთ სუნთქვას აცლიდა პირიდან მომაკვდავთა გოდება. უსერავდა გულს მათ, ვისაც ჯერ კიდევ მრთლად შერჩენოდა იგი ძუძუში ამ სასაკლაოდ ქცეულ მიწაზე.

ხრჩოლავდა ბაჰირა, შემზარავ ხმათ, სანახაობათ და სურნელთ აეტანა იგი.

სასაკლაოს გულში გაეშალათ მეფისწულის კარავი, მაგრამ სასაკლაო ვერ მისწვდენოდა მას. რძით განბანულს აიაზმის, სამოსზე ნაპკურები ანისულის ეთერზეთისა და ბალასინის არომატი შემოჰხვეოდა მძინარე ანდრეის. არ ანებებდა მის ნაოხარს, რომ ახლოს მიჭრილიყო მასთან.

ვერ სუნთქავდა და ვერ უცქერდა, მაგრამ ესმოდა ყველაფერი ეირინს. მოღრეჯოდა ბრინჯაოსფერი სახე, გვერდზე მოჰქცეოდა ტუჩ-პირი. დედაძელზე მიბმულს, მიძინებული, სუსტად აღვივებული მუგუზლებიღა უნათებდნენ დაბურულ თვალთ.

ღამის მეოთხე ყივილის დრო მოსწოლოდა წყვდიადს. დაუღალავად ჰკაწრავდა ბაწრებს ეირინი შუაღამიდან, გაუნძრევლად, მიჩქმალულად, ბეწვ-ტყავთ მიწოლილ მეფისწულისა უჩუმრად.

მას შესცქეროდა კუთხეში მიკუნჭული მთარგმნელი, ძრწოლა ედგა თვალებში. ვერ გაებედა განძრევა ბედშავს და თავბედს იწყევლიდა, ღმერთებმა რად გამიმეტესო ასე სასტიკად.

ქათქათა კბილები დაღრიჯა და ბაგე მოიკვნიტა ეირინმა. ოფლი ღვარად სდიოდა საფეთქელთ, გაწამებულს, გამალებით ჰკვეთდა ბაწართა თითოეულ ძარღვს.

ავდარი ბობოქრობდა, თითქოსდა შეეკავებინა იგი მეფისწულის კარავს, მაგრამ მაინც სცოცავდა შიგნით, ეპოტინებოდა ყველგან, სუსტს შიშის თავზარს სცემდა და ძლიერს შლეგად ხდიდა.

და სუსტი ტკაცუნი გაისმა კარავში, უმალ წვიმის თქორის ქვეშ შეიმალა იგი. ბაწრები დასცვივდნენ ეირინს, თავგაჭყლეტილ გველებს წააგავდნენ ისინი, უსიცოცხლოდ დაყრილნი ჭილობზე.

თავი ასწია და უჩუმრად მადლობა შესწირა ღვთაებას ეირინმა, შიშველი მარცხენა გააპო და ცას მიმართა, ღვთაებისა ძუძუმტე, დალოცვილი ყორანი შემეწიოსო.

მერე კი წამოიმართა, ფრთხილად. სამკერდე წანდელი აატრიალა თითებში, ვადა მკერდისაკენ მოზიდა და გამოიშვირა ალესილი, მუგუზალთა შუქზე წითლად დაფერილი პირი.

მთარგმნელი უცქერდა და ცახცახებდა. სიტყვა ვერც კი დაეძრა.

-Verra selgra, verra flöyttera, kiwe mai saaspyatha hossu. (ხმა არ გაიღო, აი გაინძრე, თორემ მოგკლავ) – მშვიდად მიმართა მას ეირინმა, არ სურდა გუშაგებს გაეგონათ რამე. ცივი, თითქოსდა უწამწამო, გაშტერებული თვალებით ჰკლავდა.

ბაგენი მაგრად მოკუმა სასოწარკვეთილმა მთარგმნელმა, შლეგივით გადააქნია თავი.

-Mai bintögarua, verra gerdiüra teh… (გევედრებით, არ ჰქნათ…)- შეემუდარა იგი.

ცივად აარიდა ეირინმა თვალი. ყურადღებით აღსავსეს თავი მოედრიკა, წელში მოხრილიყო. გამალებით უსმენდა გუშაგთა ნებისმიერ მოძრაობას. ნელა წაიწია წინ, მეფისწულის სამყოფელისაკენ.

-Keei saaspyath hossu. (ის შენ მოგკლავს) – კბილთა შორის გამოსცრა მან. – Mai suraöksita hossu laig… (შენი სიცოცხლის გადარჩენას ვაპირებ…)

სახე მოეღმიჭა მთარგმნელს, ბაგენი გააპო, ხრიალი აღმოხდა, მეფისწულს გადასწვდა მისი მზერა.

უმალ ჰკიდა მას მახვილი თვალი ეირინმა და ვითარცა კატა, სხარტად გადაევლო ბეწვთ-ტყავებს, ჯარისკაცის დაღებულ, გაოგნებულ ბაგეთ სტაცა ხელი და ამოსუნთქვაც არ აცალა, ისე გამოუსვა ყელში წანდელი.

პირში ამოსული სისხლის ბუყბუყი მიაჩუმათა ეირინის ხელმა. ფრთხილად დაუშვა თვალგამოკარკლული მთარგმნელის სხეული ქვემოთ, უკვე სიკვდილის ფითრისფერი კოცნა რომ დასტყობოდა ზედ და სიცოცხლის ალისფერს რომ ანთხევდა ჭილობსა და ბეწვ-ტყავებს.

მაგრამ, მოგვიანებით იფიქრებდა ეირინი, რომ იქნებ იკმარაო ღვთაებამ მისი ხელით მომხდარი ერთი სიკვდილი ამ კარავში.

მისმა გამოძრავებამ და მთარგმნელის ხავილმა ძილი დაუფრთხო მხედართმთავარს, მას შეაცქერდნენ ძილისაგან უმალ დაწმენდილი თვალები. ჯიქურ წამოიწია იგი.

გაცოფებისაგან დაეღრიჯა ბაგენი ეირინს, აღმართა სისხლიანი წანდელი და ეძგერა ანდრეის.

მხოლოდ და მხოლოდ მეომრის სიძლიერემ და სისხარტემ ააცილა მხედართმთავარს სიკვდილი, რომელიც უეჭვო იარაღად ქცეულიყო ქცეულიყო გულგაციებული მეფისქალის ხელებში და ავბედითი პრიალი გაუდიოდა. ისე შეშლოდა თვალები და მოღრეჯოდა ბაგენი დიაცს, როგორც მხოლოდ დაქცეული, გადაბუგული, ყელგამოღადრული სამშობლოს პატრონსა და შვილს შეჰფეროდა.

მარცხენა მხარში ვადამდე ჩასცა წანდელი მხედართმთავარს მეფისქალმა. დაჭრილმა შლეგივით შეჰღრიალა.

ამოჰგლიჯა რა წანდელი ჭრილობიდან ეირინმა, უმალ მოიქნია იგი. მიწაში ჩასობილ შალთს მოსჭიდა ხელი მეფისწულმა და გაჭირვებით შეაკავა უკვე ერთი სიკვდილით შეღებილი პირი, რომელიც ამჟამად პირდაპირ მარცხენა ძუძუს უმიზნებდა.

დაეღრჭიალა ფოლადი ფოლადს, ცეცხლი დააკვესეს ერთმანეთზე ჩაჭერილმა თვალებმა.

კარვის კალთა გვერდზე მოისროლეს, გუშაგნი შემოცვივდნენ.

-დაიჭირეთ იგი! შეიპყარით! სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლოს! – იფეთქა გაცოფებულმა მეფისწულმა. ჭრილობები აცლიდა ძალას, საშინლად სწიწკნიდა მხარი.

ნანახით გაოგნებული გუშაგნი წამსვე ეძგერნენ მეფისქალს.

ფოლადის ღრჭიალით ააცილა იარაღი ეირინმა მხედართმთავრის შალთს. ნაპერწკლებს ჰყრიდნენ მისი ფითრისფერი თვალები, აღუწერელი სინანული აღბეჭდოდა მათში.

უცქერდა და თრთოდა გაცოფებული ანდრეი.

ამ ურჯულო დედაკაცის სინანული იყო იმისა, რომ მხედართმთავრის გულიდან დადენილი სისხლით ვერ გაისველა ხელები.

უმალ დაუსხლტა დიაცი გუშაგებს, ერთი დაჭრა ფერდში, მეორეს თვალში ჩასცა იარაღი, მერე კი კარვის ზურგი გააპო წანდელით და ღამის წყვდიადში გაიჭრა.

გაოგნებულნი გაჰყურებდნენ გუშაგნი დაფხრეწილ, კარვის გასანთლულ საფარს, დაჭრილნი გულისგამგმირავად გაჰყვიროდნენ.

-ყეყეჩებო! შეიპყარით! მცველნი გააღვიძეთ, ყველანი დაედევნეთ! – ღრიალებდა გამწარებული მეფისწული, მთელი ძალით მოეჭდო თითები ჭრილობაზე, რომლიდანაც ღვარად სდიოდა ალისფერი სისხლი, წითლად უღებავდა სპეტაკი ჩითის ტუნიკას. – ჩემი ულაყი მომგვარეთ! შეჩვენებული, ურჯულო სიძვის დიაცი, ეშმაკმა დასწყევლოს!

დასჭექეს გუშაგებმა, საბრძოლო ყიჟინა შეჰყვირეს. წამსვე განგაში ასტეხეს მათ, მძინარენი წამოჰყარეს ფეხზე მეფისქალის საძებნელად.

ეირინი კი, ღამის წყვდიადსა და თქეშში, ჩრდილოეთელთა ძილბურანით შეფარული, მარდად მიიკვლევდა კარავთა შორის გზას. შალითა წამოესხა ფერფლისფერი თმის დასაფარად და ურემთ ეფარებოდა, რათა მეფისწულის კარავთან ატეხილი ალიაქოთისაკენ მორბენალ მცველთათვის აერიდებინა თავი.

-მეფისქალი გაიქცა! – გაჰკიოდნენ გუშაგნი. აღრჭიალებდნენ იარაღს, მახვილის ვადებს სცემდნენ კარვის საფარებს. – ერქანთა დიაცი გაიპარა!

წყვდიადით შემოსილი მიეპარა იგი მონათა ურმებს. ერთი შუბოსანი აღმართულიყო მხოლოდ პირველ ურემთან, ცნობისმოყვარეობით აღვსილი უცქერდა მოშორებით გამართულ ალიაქოთს.

ზურგიდან წამოეპარა და ყელი უჩუმრად გამოღადრა მას ეირინმა. ახრიალებული მომაკვდავი კი უჩუმრად გვერდზე წამოაწვინა, რათა მეზობელ ურემთა მცველთ ვერაფერი გაეგონათ. გვერდზე გადაათრია იგი და ღვთაების ძუძუმტეს შესწირა მადლობა ღამისა და წვიმის საფარისათვის.

იქუხა, ცეცხლი დააკვესეს ღრუბლებმა, ვითარცა ღვთაება პასუხობდა მეფისქალის ღაღადს.

მყისიერ ელვის შუქზე, წყვდიადი რომ განგმირა ანაზდად, ჰკიდეს თვალი მონობისათვის განწირულებმა მათ მხსნელ ქალს, ჩუმი გოდება შეწყვიტეს დედაკაცებმა, დადუმდნენ, გაოგნებულნი შესცქეროდნენ.

იარაღის ვადა ჩამოჰკრა საკეტს მეფისქალმა, ჩამოჰგლიჯა გისოსებს, და წანდელი შეუგდო თანამემამულეთ, რომელსაც წამსვე ეცნენ ისინი. საგულდაგულოდ გადამალეს იარაღი, უჩუმრად მადლობას სწირავდნენ ღვთაებას, შეისმინაო ჩვენი ლოცვა.

-Zahra… – წაიჩურჩულა გისოსთ აკრულმა ერთმა ფერფლისფერთმიანმა ასულმა.

ცხენის ფლოქვთა ხმა გაისმა თქორში. ხედავდა ეირინი, თუ როგორ მოიწევდნენ მბჟუტავ სინათლეში გახვეულ კარავთა შორის მცველები, რომელთაც დაუოკებელ ულაყზე ამხედრებული ანდრეი უძღოდა. მის უკან მოიწევდნენ ცხენზე ამხედრებული ჩრდილოეთელთა სარდლები.

-იპოვეთ! – ღრიალებდა გაცოფებული მხედართმთავარი, ულაყს ატრიალებდა, წითელ, გადაფურჩქნილ ყვავილად გაღვივებულიყო მის მხარზე ჭრილობის სისხლი, მხოლოდ ელვის დაკვესების დროს იჩენდა იგი თავს. – ათასი ოქროთი დავასაჩუქრებ, ვინც ამ სიძვის დიაცს ჰპოვებს! ცოცხალი მომითრიეთ, სასწრაფოდ! ერთი დიაცი ხელიდან როგორ გამოგეცალათ, ყეყეჩებო! უგუნურებო! ეშმაკებმა დაგლახვროთ!

-Mai håünelingera raad, fampirad süari… Phürferad ikletara… (მე მათ გავიტყუებ… გაიქეცით…)- ჩასჩურჩულა ასულს მეფისქალმა, შებრუნდა, ელვის სისწრაფით ჩაუქროლა ურმებს.

თვალი ჰკიდეს მას გუშაგებმა, შუბები მოზიდეს, ყვირილი ასტეხეს.

-აქაა, აქაა! – გაჰყვიროდნენ ისინი, მეფისქალს დაედევნნენ, მაგრამ მარდი იყო მეფისქალი, ვითარცა ავაზა, მსუბუქი და ფეხმაგარი, მიმართა ურემთა შორიახლოს დაბმულ ცხენთ, მოჰგლიჯა ძელს მიბმული ლაგამი და მოახტა ბედაურს.

შუბოსნები მივარდნენ მათ, მაგრამ ყალყზე შეაყენა ულაყი ეირინმა, ფლოქვებით გათელა ორი შუბოსანი და გაქუსლა, მიმართა წყვდიადს.

ფეხდაფეხ მისდევდა მას მდევარი.

-ღმერთებმა დაგწყევლონ! – ღრიალებდა ანდრეი, თავაწყვეტილი ჭენებით მიერეკებოდა სპილენძისფერ ულაყს. – შენი მოგლეჯილი თმა მუშტზე თუ არ დავიხვიო, თუ არ გამოგფატრო, დაე ღორივით მოვკვდე!

სასახლის გალავანს ჩაუქროლა ეირინმა, გადაბუგულ, ტრიალ მდელოს შეუდგა, რომელიც კლდოვანი, ქვა-ხრეშიანი ნაპირით ემიჯნებოდა ზღვას.

ქონგურთ შემომდგარ ჩრდილოეთელთ მოედრიკათ მშვილდები, ელვის ყოველ გაკვესებაზე ლამობდნენ მეფისქალისათვის დამიზნებას.

-შესდექ! – იფეთქა სარდალმა კლავდმა, რომელიც მეფისწულის უკან მიაჭენებდა თავის ფაშატს. წვიმის თქეშში ხმის მისაწვდენად აღრიალდნენ ჯარისკაცნი. – ისარი არავინ სტყორცნოს, თორემ ხელს მოვკვეთ!

თქეშისა და ზღვისაგან მონაბერი სუნთქვისაგან შალითა გადასძვრა მეფისქალს. ტკარცალით გაიშალა ჰაერში ფერფლისფერი ნაწნავი, თითქოსდა ანათებდა იგი ღამის წყვდიადს და მსტოვართ უხმობდა მისკენ.

ამ დიაცის დაკარგვის სიმწრითა და ჭრილობის ტკივილით დაღრეჯოდა მხედართმთავარს სახე. სწყევლიდა შეჩვენებულ დედაკაცს, ღმერთებს ევედროდა, რომ შეეკავებინათ იგი.

უბადლო მხედარი იყო დიაცი. წამით არ ჰყოყმანობდა, ღამის წყვდიადსაც არ უშინდებოდა იგი, ისე შეუცდომლად მიაჭენებდა ცხენს.

რამდენჯერმე მოჰკვეთა მათ შორის მანძილი მეფისწულის წმინდა ჯიშის სპილენძისფერმა ულაყმა, მაგრამ ისე შორდებოდა მას კვლავ მეფისქალის ფერფლისფერი ნაწნავი, თითქოსდა დიაცს ენებაო ასე. თითქოს მასხრად იგდებდა მას ეირინი, დაუახლოვდებოდა მცირე ჟამით, მერე კი კვლავ უსხლტებოდა, ვითარცა დაუოკებელი პირუტყვი.

ცოფდებოდა, შლეგს ემგვანებოდა მხედართმთავარი. ქუსლები ცხენის ფერდებს შემოსცხო მან, შემოუძახა ბედაურს.

ჩამოიტოვეს მათ უკან სარდალნი და ჯარისკაცნი.

შეძახილზე მოიხედა მეფისქალმა და უმალ იქუხა, ელვამ გაუნათა მას შიშველი სახე.  თვითონაც დაჰკივლა ცხენს, პირი კლდოვანი ნაპირისაკენ იბრუნა. მისი ცხენის დაჭედილმა ფლოქვებმა აჰყარეს ქვა და ხრეში, ულაყის ზურგს გაეკრა მეფისწული, რათა აეცილებინა ისინი, უფრო მაგრად შემოჰკრა ქუსლები ბედაურის ფერდებს.

კლდოვან ნაპირზე ორ მხედარს შორის გაჭიმულ სიცარიელეს ჰფარავდა სპილენძისფერი ულაყი. ცხენის ნესტოთაგან მობერილი ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა ეირინის შავი ბედაურის გავას.

ორლესული იშიშვლა კეხის ფრთებს მიმაგრებული ქარქაშიდან მხედართმთავარმა, შემართა იგი, შეუძახა ულაყს.

თავაწყვეტილად მიაჭენებდა ორი მხედარი ცხენებს, მგლოვიარე ცა და ბობოქარი ზღვაღა დარჩენოდათ მოწმედ.

კვლავ მოიხედა ეირინმა და წამიერად გაშტერდა მეფისწული. გაკვესილი ელვის წამიერ შუქზე ჰკიდა მან თვალი მეფისქალს.

გოროზად შესცქეროდა მას ეირინი. მოსალოდნელი შიშის ზარის მაგიერ სიმშვიდე გადაჰფენოდა სახეზე, ოდნავი ღიმილი უკრთობდა ბაგეს.

მოიქუფრა მეფისწული. ეჭვმა გაჰკრა მკერდში, მაგრამ არარად ჩააგდო იგი, აღმართა ორლესული და გაუქნია შავი ულაყის ფერდს.

ალესილმა წვერმა გაჰკვეთა მარჯვენა მოსართავი, და უგვერდა უნაგირმა მეფისქალს, მარცხნივ გადაცურდა იგი. თითქოს ელოდაო, მოაცილა ფეხები უზანგებს, და დაენარცხა ქვა-ხრეშს.

ქუხდა, თითქოსდა დედაბუნებამ მისი შვილის გასაჭირი შეიგრძნოო. ავდრითა და მხედრის დაკარგვით დამფრთხალი შავი ბედაური ჭიხვინით განაგრძობდა ჭენებას.

საკბილაკე ლაგამი მოჰქაჩა მეფისწულმა, ყალყს შეაყენა ულაყი. სწეწავდა ჭრილობა, მზერა ემღვრეოდა ტკივილისაგან, მაგრამ მოჰქაჩა ცხენი, შეუძახა, ჩორთით მიმართა ქვათ დამხობილ ეირინს.

თქეშსა და ქარის ზუზუნშიც კი ესმოდა მეფისქალის გმინვა. ძლივს წამოიწია ღორღზე დანარცხებისას დაბეგვილი დიაცი ქვათა სარეცელიდან, ფითრისფერი თვალები მოაპყრო მის თავზე აღმართულ მხედარს.

-Hossu tarra! – შესძახა ეირინმა. ტკივილისაგან სახე მოღრეჯოდა მას, შეჰკვროდა წარბები, სიკვდილს აფრქვევდნენ მისი თვალები. – Erya diqöa verra hossu!

-ხმა გაიკმინდე! – შეჰღრიალა მას მხედართმთავარმა. ორლესული მოემარჯვა და მიემართა დიაცისაკენ, წრეებს ურტყამდა მას. – წყეულო, შეჩვენებულო, სიძვის დიაცო! როგორ ბედავ, ამას როგორ მიბედავ, ამისათვის თვალთ დაგთხრიდი და ხელებს მოგკვეთდი!

კბილები გააღრჭიალა ეირინმა, სიმწრითა და მრისხანებით აღსავსე ნაკვთებით შესცქეროდა თავის დამაქცევარს, ფერფლისფერ, გაწეწილ თმას უფრიალებდა ქარი და ევლებოდა ბრინჯაოსფერ კანზე.

მეხუთე ყივილი ახლოვდებოდა, გარიჟრაჟის ნათება ეპარებოდა, ხლეჩდა და შთანთქავდა წყვდიადს, შენელდა თქეში. მაგრამ ზღვა კვლავ ბობოქრობდა შორიახლო, ეხეთქებოდა წყალი ნაპირს, არხევდა დაუდგრომელი ქარი ლელქაშს და ყურებში გაჰკიოდა, ვითარცა სასოწარკვეთილი, მგლოვიარე დიაცი.

-ჩემო ბატონო! – ისმოდა ღრიალი. მოახლოვდა ფლოქვების ხმა, სარდლები გავეშებულნი მოაჭენებდნენ ბედაურებს.

-თოკი მოამზადეთ! – იფეთქა მეფისწულმა, მოახლოებულ მეომართ მიმართა. – ეს გაბაწრეთ და ცხენის კუდზე გამოაბით! დაე ფეხით მსდიოს!

უდიდესი დამცირება იყო სრორდში კაცის შეჰკვრა და უნაგირზე გამობმულის ხალხთა წინაშე გამოტარება, აჩვენებდა რა, რომ ადამიანსა და ცხოველზე მდაბალი იყო იგი. ამიტომ გაშტერებულნი მიაჩერდნენ სარდალნი და მეომარნი მხედართმთავარს.

ეირინს ეცნენ გაფაციცებული, აქოშინებული ქვეითნი. წამოაყენეს ნაგვემი დიაცი და გაბაწრეს იგი, სამთვალა კვანძით შეჰკრეს მისი მკლავნი და ხელნი, მერე კი თოკის ბოლო სპილენძისფერი ულაყის უნაგირს გამოაბეს.

უჩუმრად უცქერდნენ მომხდარს სარდალნი.

-არ განმირისხდეთ, დიადო ბატონო! – შეჰკადრა გაბრიელმა. – მაგრამ ვრცელია უკან სავალი გზა, ღორღიანი და ოკრო-ბოკრო, არაა დიაცისა შესაფერი…

-ენა ჩაიგდე! – მოუბრუნდა მას გაცოფებული მეფისწული და წამსვე მოიდრიკა მის წინაშე თავი გაბრიელმა. – მე გადავწყვეტ, თუ რა ბედი ეწევა ამ წყეულ სიძვის დიაცს! მე გადავწყვეტ, იცოცხლებს თუ ცხენის კუდზე გამობმული, შერცხვენილი მოკვდინდების!

-არარად გვარგებს დიაცი, თუ იგი მოკვდინდების, ჩემო ბატონო… – შეჰკადრა კლავდმა და მისკენ მოატრიალა  ანდრეიმ შლეგივით თვალები. წამსვე დადუმდა სარდალი, მზერა აარიდა მას.

პირი იბრუნა ანდრეიმ, ჩორთით დაძრა ულაყი. დაიჭიმა უნაგირზე გამოკვანძული თოკი, მეფისქალს რომ ჰკრავდა, და წაბარბაცდა წინ ეირინი.

მიდიოდა ჯარი. თქორავდა მცირედ, ფეთქდებოდა აღმოსავლეთით მოძალულ სხივთა ბრწყინვალება.

მიდიოდა ჯარი, და ახლოვდებოდა მეექვსე ყივილი.

ამაყად წამომჯდარიყო ბედაურზე ანდრეი, მიუძღოდა მის უკან მომავალ სარდალთ და მეომართ, მისი უკვე მეორედ შეპყრობილი ნადავლი შერცხვენილი გამოებათ მისი ცხენის კუდზე. მეფისქალს მოხედა მან, სურდა ეხილა მისი დამარცხებული, სასოწარკვეთილი გამომეტყველება. სურდა ეხილა სახე იმ დიაცისა, რომელიც ასე ახლოს იყო თავისუფლებასთან, მაგრამ მეფისწულმა ხელიდან წაჰგლიჯა იგი.

მაგრამ, უკვე მეორედ, გააოგნა იგი დიაცმა.

ხრეშსა და ღორღს ჩამოეკაწრა მისი სახე, საფეთქელს სისხლი და აუტანელი დაღლილობის ოფლი სდიოდა, ალისფერი სითხე გარიჟრაჟის აღვივებულ შუქზე ალაპლაპებულიყო. მაგრამ თავაწეული, გოროზი ჩანდა დიაცი, დამარცხებას ვერ ჩაექრო ავარვარებული ცეცხლი მასში. მოდიოდა, ვითარცა უბიწო, შესაწირი, მაგრამ დაუდგრომელი ქალწული, თავისა ნებით, ბოლომდე თავისა თავს ეკუთვნოდა იგი, თითქოს ვერ მიაღწია მისი გამძლეობის ზღვარს მეფისწულმა, ვერ სწვდა, ვერ ამოჰგლიჯა დიაცის სული, ვერ დაასამარა.

ბრაზისაგან აკანკალდა ანდრეი.

თვალი გაუსწორა მას მეფისქალმა, ქშინავდა, ებერებოდა ნესტოები. ბაგენი გააპო.

-Hossu tarra… Hossu glikaitera, abagrütix ktever… – ამოიხრიალა მან, ძლივს მოათრევდა მხოლოდ თხელი, ტყავის გაბაწრული ქალამნებით შემოსილ ფეხებს. – Raad phürferad ikletara, keei ihoger…

დადუმდა მეფისქალი, ისევ ქშინვას მიჰყო ხელი, ცოცხალი, მოჭუტული თვალებით იმზირებოდა შორს, მთათაკენ, ბუნდოვნადღა რომ მოსჩანდა შორეულ, დაღვენთილ წყვდიადში.

რაღაც იგრძნო მეფისწულმა. გაჰკვეთა გონში, თითქოსდა გამოაფხიზლა. სასწრაფოდ მობრუნდა, მთათ მიაპყრო მზერა.

რატომ უცქერდა მთათ ეს შეჩვენებული დიაცი?

ამ ღამით მომხდარმა გაუელვა გონში ანდრეის. მეფისქალმა ბედაური იხელთა, ბედაური, რომელიც მეფისწულის კარვისაგან მოშორებით მიებათ ძელზე, მერე კი მიმართა არა მთის მიუდგომელ, ციცაბო ბილიკებს, არამედ გაშლილ, ზღვასთან შემიჯნულ მდელოს, სადაც მიუხედავად წყვდიადისა, იოლი სანახავი იქნებოდა იგი. და ჯერ კიდევ არ დაჰვიწყებოდა და იქნებ არც არასოდეს მიევიწყებინა მის გულს დიაცის უბადლო მხედრობა, მათ შორის მალ-მალე  მიმცირებული, მაგრამ უმალ გაზრდილი მანძილი, წარმოუდგენელი გამასხარავება მხედართმთავრისა.

გულმა რეჩხი უყო მეფისწულს.

შემოჰკრა ქუსლნი ულაყს. ორიოდე კუდი გააჭენა იგი, სანამ არ გაისმა უკნიდან სხეულის ქვა-ღორღზე დახეთქება და ხოხიალი.

შეჰყვირეს სარდლებმა და ალაგმა ბედაური ანდრეიმ.

-არა უწყით, რასა იქმთ, დიადო ბატონო! – აღრიალდა კლავდი. მოიხედა ანდრეიმ, ცივი, მოუთმენელი უყურებდა მეფისწული, თუ როგორ მოუახლოვდნენ ქვეითნი კლავდის ბრძანებით ღორღში გაშოტილ მეფისქალს. – მკვდარი არარად გვერგება, დიაცს ასეთი სიკვდილისათვის ნუ გაიმეტებთ! აი, აგე, შემოვსვამ ჩემსა ცხენს!

-უგუნურო! – შეუძახა ატავესმა. – ცხოველია ეგ დიაცი, რასა იქმ, თუ შენ გამოგღადრავს ყელს?

-ცხოველიც მიდის სიკვდილის პირას! – არ შეეპუა კლავდი. – მომავალი დედოფლის ასე მოკვდინება მწარედ შეგვერგება!

– დიაცისა გეშინის, ატავეს? – ჩაიქირქილა გაბრიელმა და გავეშებული მზერა გადაატრიალა მისკენ სარდალმა. გაბრიელს ხმამაღალი, გულითადი ხარხარი წასკდა.

-ხმა ჩაიგდეთ! – შეუძახა მათ ტკივილისა და მრისხანებისაგან გაცოფებულმა მხედართმთავარმა. წამსვე დადუმდნენ სარდალნი, უჩუმრად განრისხდა ატავესი, ავად უცქერდა მეფისწულს, შეფარვით.

მეფისქალს დააცქერდა და ხელი აიქნია მხედართმთავარმა, გამოხსენითო. უნაგირს შებმული სამთვალა კვანძი გაშალეს მეომრებმა, მკლავებით ასწიეს მეფისქალი და შეუგდეს კლავდს, რომელმაც ბედაურზე კურტანივით გადააგდო რეტდასხმული დიაცი.

გააჭენა ულაყი მეფისწულმა, უკან მიჰყვებოდა მისი ამალა, თქორის წვეთებში გადამტყდარი გარიჟრაჟი უნათებდათ გზას.

თავაწყვეტილად მიქროლავდა სპილენძისფერი ულაყი, სანამ ბაჰირას გალავანს არ გაუსწორდა იგი და არ გამოეგებნენ ბანაკიდან შეშფოთებულნი მეომარნი მეფისწულს.

ერთმანეთს შეჰყურებდნენ ისინი, ვერ შეებედათ მეფისწულისათვის ცნება უხეირო ამბისა, მაგრამ ერთმა გამბედავმა შეჰკადრა ბოლოს, შეპყრობილ მონათა უმეტესობა გაიპარაო მთებისაკენ.

გაშრა მეფისწული, წამსვე გადასწვდნენ მისი თვალნი ურმებს, რომელთა გისოსების მიღმა უნდა მსხდარიყვნენ ბაჰირადან წამოსხმული, სრორდის ბაზარზე გასაგზავნი მონები.

მაგრამ დაცარიელებულიყო დუჟინი ურემი, მხოლოდ ერთში მიყუჟულიყო ოციოდე მტირალი დიაცი. მხოლოდ ამათი მოხელთება შევძელითო, ლუღლუღებდა და მეფისწულის შიშით ცახცახებდა ჯარისკაცი. უმალ გაიპარნენ, იარაღი ეპყრათ, და წყვდიადმა დაიფარაო, თავს იმართლებდნენ სხვები. როცა ჯარმა უწყოდა, რა მოხდა, უკვე ბილიკებზე იყვნენო გაქცეულნი შემდგარნი.

ცხენები მოაჭენეს სარდლებმა, და მრისხანებისაგან გაფითრებულმა მეფისწულმა აუწყა მათ გუშაგთა უგუნურობის ამბავი.

აღრიალდა ატავესი, გამოიყვანა გუშაგთა მცირე რაზმი, რომელთაც ევალებოდათ მონათა საყარაულოზე დგომა, და ჯერ სამხედრო გერბის მატარებელი გულისპირი და ლაბადა მოჰგლიჯა მათ, მერე კი სახალხოდ გაამათრახებინა.

ბოლოს კი, მეფისწულის, სხვა სარდლებისა და მეომართა წინაშე, თავები გააყრევინა მათ, თან ღრიალებდა, მაგალითი იყოსო ეს ყველა უგუნური მეომრისათვის.

სამაგალითო სასჯელის შემდეგ განკარგულება გასცა მეფისწულმა, რომ საუკეთესო ცხენოსანთა რაზმი დასდევნებოდა მდევარს, გუშაგნი დაუყენა დარჩენილ ოციოდე დიაცს. ბრძანა, რომ ცალკე კარავი გაეშალათ მეფისქალისათვის, მისი კარვის ახლოს, გაეჩხრიკათ იგი და თვალმოუშორებლივ ეყარაულა მისთვის თხუთმეტ შუბოსანს.

ღონეგამოცლილი ჩამოხდა ბოლოს ულაყიდან მეფისწული. ფითრი შეჰყროდა მხედართმთავარს, წანდელით მიყენებული ჭრილობიდან მდორედ სდიოდა სისხლი.

კვლავ განბანეს იგი, მკლავსა და ფერდზე გახსნილ ჭრილობებს წასცხეს ნაზავი და შეუხვიეს მკურნალებმა მაგრად, მერე კი მუხლთ დაეცნენ, გულმხურვალედ ილოცეს და დალოცეს მეფისწული, ღმერთებს შეავედრეს იგი.

ბორგავდა მხედართმთავარი, სწყევლიდა შეჩვენებულ დიაცს, იქადნიდა, მის თმას დავიხვევო მუშტზე.

გაწამებული მშფოთვარე ძილში გადაეშვა მერვე ყივილისას.

მეზობლად, სახელდახელოდ გაშლილ კარავში მიასვენეს ეირინი. გული წასვლოდა ნაგვემ დიაცს, სისხლითა და ოფლით მიჰკვროდა სხეულზე ქვა-ღორღი, კლდოვან ნაპირს ჩამოეფხრიწა ლაბადა და მკერდის სახვევნი. მკურნალებმა გააშიშვლეს, გულწასულს შემოაცალეს ბაჰირას სხეულით შექმნილი, მოქსოვილი და მოკმაზული, ჩრდილოეთელთა მიერ წაბილწული სამოსი, განბანეს, მის ჭრილობათ უმკურნალეს და კვლავ შემოსეს იგი.

სარდალი კლავდი მოუსვენრად ტრიალებდა მეფისქალის კარავთან, შიშობდა იგი, არ მოკვდესო დიაცი.

მაგრამ არ ეწერა სიკვდილი დიაცს. გულმხურვალე იყო მისი თანამემამულეთა ლოცვა, მათი მხსნელისადმი მომართული.

კარავში იწვა და ბნელ სიზმრებს ხედავდა ნაგვემი მეფისქალი.

გაქცეულნი კი მთებში მიიკვლევდნენ გზას, ვრცელი და მძიმე იქნებოდა მათი სავალი.

უკიდეგანო მანძილზე გადაჭიმულიყვნენ მთანი დიაროვას უღელტეხილისა, რომელიც ერქანთა სამეფოსა და მეზობელ ავლატს ჰყოფდა.

მზე აზიდულიყო, იმზირებოდა იგი მთათა მიღმა, აცხუნებდა, მაგრამ ვერ ათბობდა მოწეული მეცხრე მთვარის დასუსხილ ჰაერს.

მთათა მიერ შენიღბული სასაზღვრო სათვალთვალო ქონგურებიდან კი უმზერდნენ ავლატის გუშაგები, თუ როგორ მოიწევდნენ დამხობილ ბაჰირას გამოქცეული ფერფლისფერთმიანი დევნილნი.

.

.

.

-*-*-*-4-*-*-*-

ულმობლად ათქორავდა სრორდის საზღვართან, სოფელი ჰკავიდან გამომავალ გზას.

რა ხანი იყო, რაც უკან დარჩენილიყო სოფლის მომცრო სამიკიტნოს მოლხინება, ოხშივარადენილი ხორცნი და ტკბილი ღვინო, დახეთქილი, დამშვრალი მიწის მომალბობელი ავდარი შენაცვლებოდა მას.

თითქოს შეერისხათ ქვეყანა ღმერთებს, ქუხდნენ, ცეცხლსა და კუპრივით მძიმე, ბაჰირელთა ღაპაღუპით წამოსული ცრემლებივით ცივ წვეთებს უგზავნიდნენ შესისხლულ მიწას.

ბნელოდა გარშემო. მხოლოდ შავი ღრუბლებიდან დროდადრო გამოცურებული მთვარე ღებავდა სწორ, მურყან-ფიჭვნარითა და ბუჩქნარით დაფარულ მიწებს, ტრიალ, უწყლოობით გადამხმარ მინდვრებს რძისა ფერად. ერთადერთი, სრორდის მეთუნეთა მიერ თიხის ფიალებში დატანილი წვრილი ვერცხლის ძარღვივით მიიკლაკნებოდა გზა. დაბურულ ტყის გულში გაეკაფათ იგი, და თქორისა და ნესტისაგან მომბალიყო მიწა.

და აი, ამ გზაზე, აჩრდილივით ფიგურა ზანტად, ტაატით მიჰყვებოდა ბილიკს. თითქოსდა ლანდთა ქვეყანას გამოჰცეოდა იგი, და მის სუსტ მხართა თავებს ტანჯულ სულთა წყევლა ეზიდათ თან, რომელიც ავდრად მოევლინა მთელ სრორდს.

მიდიოდა შავოსანი ბერიკაცი, თავით ბოლომდე ლავსანის უხეშ, ქეჩაგამოკრულ და ქონით გაპოხილ თალხში გამოხვეული, ფეხთ კი მაღალყელიანი ხარის ტყავის წაღები ამოესხა. კლდის მუხისაგან გამოჩორკნილ, ვერცხლისთავა ყავარჯენს ეყრდნობოდა იგი, შალითას აფარებდა თავს წვიმისაგან დასაფარად.

გზისპირა ვეებერთელა, მეხდაცემულ და ფუღურო მუხას ჰკიდა თვალი ბერიკაცმა. ორიოდე ყივილის სავალზე იყო ასწლოვანი მუხა კჰავსა და მეზობელ სოფელ – ერთი მზით დაშორებულ გირდს შორის.

შედგა ბერიკაცი. ქშინავდა დაღლილობისაგან, წვიმის ნესტი გასჯდომოდა მოკანკალე მუხლთ. მიმოიხედა, ღვინისაგან ამღვრეული, მაგრამ მაინც გამჭოლი თვალებით მოათვალიერა მიდამო.

-ეჰეი! – ბერიკაცისათვის მაღალი, ჟღერადი ხმით შესძახა მან. – მოველ გზისა მგზავრი, ბეჩავი! სრორდისა ღმერთებმა დაგლოცონ, შაჰაიაქეილი ვაჭარი ინგენი გახლავარ!

ყრუ ღრჭიალი გაისმა უცაბედად მხარმარჯვნივ და ყავარჯენი მოიმარჯვა კმაყოფილმა ბებრუცუნამ.

შავი, დახავსებული და გაქექილი ფიცართაგან შეჰკრული ეტლი გამორახრახდა ხეთა მიღმა, ორი გაქუცული ჯაგლაგი შეებათ საწევ უღელში, მეეტლე ცნობისმოყვარეობით იმზირებოდა მუქ თვალთ მოფარებული ტყავის შალითის მიღმა.

-შაჰაიაქელო ინგენ! – შესძახა მან. – კეთილი იყოს თქვენი ფეხი სრორდსა შინა!

-მადლობა გიხდი, ღმერთთა ღმერთმა ელიჰამ დაგლოცოს! – მიუგო ბებრუცუნამ, ზანტად, ყავარჯნის ცეცებით მიუახლოვდა ეტლს. ჩამოხდა მეეტლე და ხელი შეაშველა მოხუცს ეტლისა მონჯღრეულ ფეხსადგამზე.

შიგნით ბნელოდა, უხეშ ტილოგადაკრულ ქეჩის საჯდომზე ქოშინით მიესვენა ბერიკაცი. დაჩაჩანაკებული კარი მოიხურა და შეუძახა მეეტლემ ცხენებს, მათრახი მოსცხო.

ეტლი დაიძრა, ღერძის ღრჭიალითა და ბებერ ცხენთა ჩაქჩაქით.

ეტლის წინა კედელში მომცრო სარკმელი გამოეჭრათ, წვიმისაგან დასაცავად ქონით გაპოხილი ხარის ტყავის ნაჭერი  ჩამოეფარებინათ ზედ. ყავარჯნის ვერცხლის თავით ასწია იგი ბერიკაცმა და გაჰხედა მეეტლეს.

-წყეული ავდარი! – შესძახა მან და წამიერად თავი მოაბრუნა მეეტლემ, შეავლო თვალი, მაგრამ გზას გაჰხედა ისევ. – ღმერთთა ღმერთ ალიჰას წვერსა ვფიცავ, შეგვრისხეს ღმერთებმა!

-მომიტევეთ, რათა უფროსსა და გამოცდილს გკადრებთ ამას, შაჰაიაქელო ინგენ, მაგრამ გადმოგვხედეს ღმერთებმა! – შესძახა მეეტლემ, რათა თქორი და ქარისა მიერ აყმუვლებული ხენი გადაეფარა მის ხმას. – აგე, ორი მთვარეა, რაც გადახსნილი ცა და ღმერთთა სიბრალული არ გვიხილავს ჩვენდა წაწყმედილ თვალთ! დასკდა მიწა და დახმა მოსავალი, ხორბალი, ქატო თუ სიმინდი გაჩანაგდა, უწყლოობით დაშვრა და დაწყდა პირუტყვი! მოგვეწია უკვე მეათე მთვარე, როდესღა უნდა განვამზადოთ ზამთრისა მარაგი? ცის ცვარი დაგვაბერტყეს ღმერთებმა, დაე თქორავდეს, იქნებ ადიდდნენ რუები და სიცოცხლე მოედოს მინდვრებსა…

-დიდად განსწავლული ყოფილხარ საგლეხო საქმეში! – ჩაიქირქილა ბებრუცუნამ. – გლეხი იყავ, ყმაწვილო? რა მოგცეს ღმერთებმა სახელად?

-სება გახლავარ, ბატონო! გლეხი ვიყავ, აგე სამი მთვარე შესრულდების, რაც ეტლი მიბოძა თავადმა გენრიმ, მისი სახელი დალოცონ ღმერთებმა! – თავი მაღლა აღაპყრო და შეჰღაღადა ღმერთებს მეეტლემ. – ფრიად მოწყალეა თავადი გენრი, ათ სპილენძს მიბოძებს ყოველ მთვარეს!

-ფრიად მოწყალეა, დიახ, დიახ… – ჩაიბურტყუნა ბერიკაცმა. – ახლა რას გიბოძებს, სებავ ყმაწვილო? ჩემდა მასთან მიყვანაში?

-ოც სპილენძს, შაჰაიაქელო ინგენ! – მხიარულად მიუგო მეეტლემ. – გზა ვრცელია, მგზავრი კი ძვირფასი… თავადი ფრიად მეგობრულად და პატივისცემით საუბრობდა თქვენზე!

-ბრძენია თავადი. – მიუგო კმაყოფილმა ბერიკაცმა. – უწყის, რასა იქმს და რასა საუბრობენ მისი ბაგენი. მამამისსა ვიცნობდი, ოქროთა მაღაროში ვმუშაობდით ერთად… ზედმიწევნით მახსოვს ცხონებულის სახე, შავ კლდეში ოქროს ძარღვსა თუ ზოდს რომ მიაგნებდა!

თითქოს სილა შემოჰკრესო, გახევდა მეეტლე, მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა მათ შორს და ჩაეღიმა ბერიკაცს.

-ნუ მომაპყრობ ყურადღებას, ყმაწვილო, მოხუცი კაცი ვარ, უბირი და ბეჩავი, წარმავალ დღეთა მონატრება დამჩემდა მე უგუნურს! – მიმართა ბებრუცუნამ, ბაგეს უკრთობდა ავბედითი ღიმილი.

-როგორცა თქვენ ბრძანებთ, ბატონო. – მიუგო სება მეეტლემ, მაგრამ იმოდენა მხიარულება და გახსნილი გონება რაღაცას წარეტაცა მისთვის.

დუმილი ჩამოწვა.

ქარი ღმუოდა, ჩაუქროლავდა ხეთა ხმელ, დამაშვრალი მიწის მსხვერპლ ტოტებს, მშობელ დედახეს ტკაცანით ჰგლეჯდა და ციბრუტივით ატრიალებდა ჰაერში. ნემსებად ქცეულიყვნენ წვიმის წვეთები დაუდგრომელ ქარიშხალში, ულმობლად ერჭობოდნენ მიწას, რომელიც ხარბად იშიშვლებდა დამაშვრალ მკერდს, უკლებლივ ისრუტავდა მას, იქნებ აივსოსო ჩემი ცარიელი გული.

გაჭირვებით მიჩაქჩაქებდა ორი უბადრუკი ჯაგლაგი, ძლივს ეწეოდნენ ეტლს. უწყალოდ ატყლაშუნებდა მათრახს მეეტლე, უყიოდა მოფრატუნე პირუტყვს.

ყმაწვილს აჰყურებდა ბერიკაცი, თვალმოუშორებლივ უმზერდა, იმისდა მიუხედავად, რომ წვიმა და თქორი სცემდა საკრმელში, უსუსხავდა დაკენკილ, ნაოჭიან სახეს.

-დიადია მეფე სოლომონი, დიდება მას! – შესძახა მან უეცრად. – რა ამბავი დადის, სება ყმაწვილო, რასა იქმს მეფე?

-ღმერთებმა დიდხანს აცოცხლონ პატრონი სრორდისა! – უმალ წამოიჩიტა მეეტლე, ძლივსძლივობით კრთოდა მისი ხმა ქარის ღრიალში. – უბირად იყო იგი მთელი ზამთარი, მაგრამ გამოკეთების პირზეა, გადმოგვხედეს ღმერთებმა!

-ნუთუ? – გაფანჩული წარბები აზიდა ბერიკაცმა, დამცინავად შეუკრთა ბაგე და უმზირა წამიერად საავდრო ღრუბელთა მიერ მოცულ ცას, თითქოსდა უნდა შეჰკითხოდა ღმერთებს. – აგე, რა საუცხოო ამბავი მახარე, ყმაწვილო! და მეფისწული რასა იქმს?

-მეფისწული შვიდი მთვარეა, რაც ლაშქრობაში გაემგზავრა, შაჰაიაქელო ინგენ! – თავაზიანად მიმართა მას მეეტლემ, მაგრამ მაინც ეტყობოდა ყმაწვილს გაკვირვება, რად არ უწყის მეფისწულისა ამბებიო. – ჯარი მისი მოედო ჰანიანთ, ოოლონთ, კარეფთა ტომთ, ცხენით სამი მთვარისა სავალზე მოგვიტანა მიწები… ვერეჰივთა ურჩი სამეფო გაანადგურა მან, რამდენჯერ ვიწვნიეთ ღალატი მათი ორპირობისა გამო! პირწმინდად ამოწყვიტა მათი უბადრუკი ლაშქარი! ამბობენ, მეფის თავი ჯერაც ჰკიდიაო ვერეჰივთა სამეფოს შესასვლელთან, სარზე, ყველას გასაფრთხობადო… ხმები დადის, ფრიად კმაყოფილი გახლდათ ამფაკართა მეფე, ასეთი უნდა იყოსო ჩემი ქალიშვილის უღლის მწეველი!

-მაშ ამფაკართა ვივიენ ქალი დედოფლად მოევლინება სრორდს? – ჩაიქირქილა ბებრუცუნამ. მეეტლემ არარად ჩააგდო, ანდა ვერც კი შეამჩნია დაცინვა, კლავ მოჰყვა მხიარულად მასლაათს იგი.

-დიაღ, დაე ეგრე იქნეს, ჩემო ბატონო! – მიუგო მან. – მეტად სარგებლიანი იქნება ამფაკართან დამყარებული საქორწინო კავშირი!

-მე გამიგონია, ამფაკართა ქალი, პირველ ვაჟზე იყოო დანიშნული, მართლაც ასეა? ბალღი იყო ჯერ, ორიოდე მთვარისა ვივიენი, როცა დასწერეს მისი ბედი… – შემპარავად შეჰკითხა ბერიკაცმა. – მეფისწული ჰასსე იყოო მისი საქმარი…

წამიერად ჩამოვარდა დუმილი, თავაწყვეტილი ქარის ზმუილი ისმოდა მხოლოდ.

-არა ვუწყი რა… – მიუგო ბოლოს მეეტლემ. კვლავ შეუკრთო ბაგენი დამცინავმა ღიმილმა ბერიკაცს, უგუნურიო, გაუელვა გონს.

-ბებერი ვარ, ყმაწვილო, რაღაც-რაღაცები უხეიროდ მახსენდება, ნუ შემრისხავ! – გადაიხარხარა მან. – მაგრამ რაოდენ საცოდავი ამბავია! რაოდენ საწუხარია, ხუთი შვილიდან ოთხი ღმერთებს ჩააბარო… ეჰეი, რა შვილები ჰყვანდა მეფე სოლომონს! პირლამაზი ნაბოლარა კონსტანცი, შავთვალა ელისაბედი, არწივივით მომზირალი თადეოსი! მისი პირმშო და  მემკვიდრე, ჰასსე! კარგად მახსოვს მეფისწული ჰასსე, ოცდაცხრა ზამთრისა იყო იგი, როცა იხილეს უღირსმა ჩემმა თვალებმა, ჯირითისა, ხმლობისა, მშვილდისა და ნადირობისა შეჯიბრში სირცხვილი აჭამა ყველას, საკუთარ ძმებსა და გამოცდილ თავადებსაც კი! რაოდენ აშოლტილი იყო, მხარბეჭიანი, მამაცი, მეფობისა საწინდარი! სამ ზამთარში კი გარდაიცვალა, მისი უბიწო სული შეინახონ ღმერთებმა…

-ღმერთებმა უპატრონონ! – დაეთანხმა მეეტლე, მაგრამ გაკმინდა ხმა.

დანარჩენი გზა კრინტი არ დაუძრავთ არცერთს. ბერიკაცს ჩამოეშალა სარკმელზე ჩამოფარებული ხარის ტყავის ნაჭერი, ირწეოდა უბადრუკ ეტლში და უსმენდა ზეცის ენის საამურ ლოკვას ეტლის თაღზე.

ტაატით, დინჯად, მაგრამ მტკიცედ ეწეოდნენ ჯაგლაგნი ეტლს, მათრახის ტყლაშუნი და მეეტლეს შეძახილნი ერთვოდნენ ჰაერში გამეფებული ქარის ღრიალსა და თქორის შხაპუნს.

ჯერ თვლემდა, მერე კი უმზერდა ბერიკაცი სარკმლიდან, თუ როგორ სცვლიდნენ სრორდის ტრიალი მინდვრები მურყან-ფიჭვნარს, როგორ ჰხურავდა ცა თვალთ, და როგორ იწმენდდა იგი საავდრო ღრუბელთ დანამული სხეულიდან.

მოაწია მერვე ყივილმა, და იწვერებოდა მზე, წითლად ღებავდა აღმოსავლეთს, სიცოცხლის ალისფერს ანთხევდა მდელოთ, თითქოს უწყალოდ დაჭრესო იგი.

ღიმილით შეჰყურებდა შენათებულ ცას ბერიკაცი, უმზერდა, თუ როგორ ნელ-ნელა  ისხამდნენ ჩახჩახა, გარიჟრაჟის სუნთქვით გამკრთალი ვარსკვლავნი ცის ლურჯ მოსასხამს, ზურგს აქცევდნენ სრორდს და უტოლსწორო მზის წინაშე იხრიდნენ ქედს.

ტრიალ მინდვრებს ბუჩქნარით დაფარულნი მდელონი უცვლიდნენ გვერდს. მალევე იხილა ბერიკაცმა ბუჩქნარს მოყოლილი, თვალს უწვდენელი ტყრუშული ღობე, წნელითა და ეკალბარდებით შეჰკრული და გამაგრებული, ამწვანებულ მამულს რომ ერტყმოდა გარშემო.

თავადი გენრის სამფლობელოში მოვედითო, გამოსძახა მეეტლემ და იამა ბებრუცუნას ასეთი უხიფათო მგზავრობა. კიდევ კარგი, ფათერაკს არ გადავეყარეთო, ხმამაღლა გადაიხარხარა მან და კვერი დაუკრა მეეტლემ.

გამალებით იცქირებოდა ბერიკაცი სარკმელში, უმზერდა, თუ როგორ უახლოვდებოდა ჯაგლაგ-შებმული ეტლი ფიჭვნარსა და ბუჩქნარში ჩაფლულ, თავადი გენრის ადგილ-მამულს. შესცქეროდა იგი მარმარილოთი მოპირკეთებულ ქათქათა სვეტებსა და საფეხურებს, მოხასხასე ბაღჩასა და ხილით დახუნძლულ ხეთ. ამ გვალვაში მსახურთ შორიდან აზიდვინებსო წყალს, გაუელვა მას გონში. წითელი კაკლის ხის საჯინიბონი წამოჭიმულიყვნენ შორს, კოხტა შემოღობილში დაჰქროდნენ მოვლილი, ძუაგრძელი, ბალანალაპლაპებული ბედაურნი.

კენჭებით მოკირწყლულ ბილიკზე გაარახრახა სება ყმაწვილმა ეტლი, მარმარილოს საფეხურთა შორიახლოს ალაგმა ცხენები, უყვავებდა და გასძახოდა ნაცემ ჯაგლაგთ.

თითქოსდა დაიბარესო, უმალ გამოვარდა  მსახური მარმარილოს სვეტების მიღმა აღმართული ბჭედან, მიეახლა მოხუცს. ხელა შეაშველა და სახლისაკენ მიმავალს მოახსენა, ამ წამსვე გელოდებათო თავადი გენრი.

ზორბა სახლის უსასრულო დერეფანთ გაატარა მოხუცი. ხარბად ათვალიერებდა ბერიკაცი ოქრო-ვერცხლით მოჭედილ შანდლებს, მდიდრულად მოპირკეთებულ ევატაკსა და ველიურის მძიმე, სამეფო ლურჯ, ოქროს ძარღვით მოწნული თოკით შეჰკრულ ფარდებს. კოხტა ტილოს სამოსში გამოწყობილი მსახურნი ხვდებოდნენ ყოველ ნაბიჯზე, ვერ ჰკადრებდნენ ისინი ბერიკაცს თვალთ შეხედვას, თავს უხრიდნენ და გზიდან ეცლებოდნენ.

კმაყოფილი იმზირებოდა თალხით მოსილი ბებრუცუნა.

მოჩუქურთმებული, წითელი კაკლის ხის ბჭესთან მიაცილა იგი მსახურმა, თავი მოიდრიკა მის წინაშე და გაეშურა სასწრაფოდ.

კარი შეაღო ბერიკაცმა და უმალ მოავლო თვალი მდიდრულ, ძვირფასად მოკაზმულ სამუშაო ოთახს, შემდეგ კი თავად გენრის ჰკიდა მზერა, რომელიც მერხთან მიმჯდარიყო, საქმეში ჩაფლული და ოქროსპირა, ქათქათა ბუმბული ეპყრა ხელთ.

კოხტად მოკაზმულიყო თავადი. ორმოცდაათ ზამთარს ახლახანს მიღწეულს, ბნელი ჰქონდა თმა, ვითარცა ყორნის ბუმბული, ერთი ჭაღარაც კი არ შეჰპარვოდა მასში. გამჭრიახი თვალები აზიდა მან, ფართოდ გააპო ბაგენი ხშირი ულვაშის მიღმა, ფეხზე წამოუდგა უფროსს. ბუმბერაზი, ახოვანი, კლდესავით მაღალი და მხარბეჭიანი იყო იგი, თითქოსდა ჰფარავდა ტანით მის უკან აღმართულ, გარიჟრაჟის ფერებით მორთულ ფანჯარას.

-თავად გენრის ვახლავარ. – ქირქილით ამოიხრიალა ბერიკაცმა. -კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს სამყოფელში!

-ღმერთებმა დაგლოცონ, შაჰაიაქელო ინგენ! გაიძვერა მისანო! – დამცინავად, გულიანად გადაიხარხარა თავადმა. – შემობრძანდი, მოისვენე… აგე, მცირედ ვიმასლაათოთ და მერმე ძვირფასად მოგასვენებ!

-ვუწყი თქვენი მცირე მასლაათი რამდენ ხანს გასტანს… მომიფრთხილდი, თავადო. – მიმართა ბებრუცუნამ, ყავარჯნის ცეცებით მიუახლოვდა მერხს და მძიმედ დაემხო ოქროს ძაფით მოქარგულ ბარხატის სავარძელს, შალითა გადაიძრო. ლაპლაპა, მეჩხერი ჭაღარით დაფარული თავი გამოუჩნდა მას. – შენსა კეთილმყოფელს ბებერი ქარი ჩაუდგა ძვლებში, მალ-მალე აქროლებს თავის ნებას!

-სუაგრამ დამწყევლოს! – გადაიხარხარა თავადმა, მეწამული მაუდის სამოსი კოხტად გაისწორა მან, კვლავ სავარძელს მიესვენა. – წლები მიდიან და მიდიან, ყველა ქედს იდრეკს მათ წინაშე, მაგრამ ვითარცა უმნიშვნელო მწერები, გვერდს გივლიან, ბერიკაცო! არა იცვლები, არა!

-არაფერი იცვლება, თავადო. – თავი მოუდრიკა მას ბებრუცუნამ. – ვითარცა კვლავ და კვლავ ცის კამარაზე აღმოცენილი ვარსკვლავნი, ისევე მეორდება ყველაფერი… აი, გიმზერ და თითქოსდა ცხონებულ მამაშენს ვუცქერ…

თავი ოდნავ დაიქნია, ბაგე შეკრა საპასუხოდ ბუმბერაზმა. თავს ზემოთ ეფრქვეოდა თაღმაღალი ფანჯრიდან შემომავალი განთიადის მზერა.

-აბა, ინგენ, მითხარ, მოგიტანა რამე სოფელ-სოფელ წოწიალმა? – ოქროსპირა, აბრწყინებული ბუმბული თითთა შორს დაატრიალა თავადმა. – უწყი, რაოდენ მსურდა შენთან საუბარი, შენ კი, აგე,  ერთი მთვარე შესრულდების, რაც მაცდევინე მაძებარი ძაღლივით! – გაიცინა მან, მაგრამ უცხო ცეცხლი ჩაუდგა თვალებში, ავი და მიმალული.

-რასაკვირველია, თავადო. – მიუგო ბერიკაცმა, ყავარჯენი სამჯერ დასცხო იატაკს, მძლავრე იყო მისი მკლავი. – ჩემი თვალით უნდა მეხილა, რა ხდება სრორდისა თავს… თითქოსდა ხალხმა არა უწყის რა, თუ რაოდენ წაიწყმიდა სამეფო ოჯახი, რაოდენ ახლოს მიადო ბილწმა მეფისწულმა მახვილი მფეთქავ მამაძარღვთან… ბრმად ენდობიან, ვითარცა ღამის ფრინველნი, სჯერათ მეფისწულისა და მეფისა, მათ სახელს ილოცებიან. მათ შეურაცხყოფას ვერ იტანენ, თავადო, მაგრამ ეჭვის მარცვალს ვხედავ, ვგონებ, უწყის ზოგმა, რამეთუ მოაკვდინა მეფისწული ჰასსე ძმის მახვილმა, ან უწყიან, რომ ურევია მეფისწული ანდრეი ძმისა სიკვდილში, მაგრამ ოსტატურად ჰფარავენ ამას.

თავს აქნევდა წარბშეკრული, მჭმუნვარე ბუმბერაზი.

-იმ წამს, რაც ჭეშმარიტი მემკვიდრის სისხლით გაისველა ბილწი ხელნი მისმა ღვიძლმა ძმამ, უბედურების მეტი არარა გვიხილავს, ინგენ. – ხმადაბლა, შეფარვით მიუგო თავადმა. – გახშირდა გვალვა, გაჩანაგდა მოსავალი, გაწყდა პირუტყვი… მეფისწული ჰასსეს უმანკო სისხლი ამძიმებს ამ მიწებს, ინგენ! დიდი ცოდვა გვაწევს, ჰგუდავს ქვეყანას… ვგრძნობ, ამ წყეულ ძვლებში ვგრძნობ მიცვალებულისა ყივილს, დამნაშავე ცოცხალია, ტვირთად აზისო ამ ქვეყანას!

-რა სული იყო მეფისწული ჰასსე… – სიბრალულით გადააქნია თავი ბერიკაცმა. – ნამდვილი მეფე! ბედისწერად ედო მეფობა! თითქოსდა მისი დიადი მამისა მამა, ცხონებული ბერთრამი, ღმერთებმა უპატრონონ მის სულს, იცქირებოდა მისი თვალებით… დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი, დიდს! დიადს! თვით ღმერთთა ღმერთი ალიჰა ჩამჩურჩულებდა მის მომავალს…

მწარედ გაეღიმა მოხუცს. მდუმარედ, მოთმინებით უსმენდა თავადი გენრი.

-მაგრამ მუდამ ვუწყოდი, რომ სასტიკი დასასრული ემთხვეოდა ბეჩავს. – განაგრძო ბერიკაცმა. – არ ეწერა დიდხანს სიცოცხლე, უბედურ ვარსკვლავზე იყო გაჩენილი, დაჰკიოდნენ მის ბედს ეშმაკნი, სუაგრასა და ნიჰიდას ბნელი ნიშანი დასმოდა დაღად მის დაბადებას… მაგრამ რასა ვიფიქრებდი, თუ წყეული მესამე ვაჟი დაასხამდა თავსლაფს მათ ოჯახს! რა სირცხვილია! რა წარმოუდგენელი ცოდვაა!

დუმდა თავადი გენრი, მოქუფრული შეჰყურებდა ბერიკაცს და გაიბადრა იგი.

-ვუწყი, რაზეც გეფიქრება, თავადო. – მონაოჭებული ბაგე გააპო მან. – თავისუფლად ისაუბრე… გეშინის, რომ მეფისწული ანდრეის ცოდვა უფრო დაამძიმებს ამა ქვეყანას, ხომ ასეა? გეშინის, რამეთუ შენც მოგეწევა მეფისწულის ცოდვა, დაგაჩაჩანაკებს და გაგაღატაკებს…

შესცქეროდა მას ბუმბერაზი. უწყოდა ორივემ, რა გაევლოთ გონში მათ, მაგრამ არცერთი არ გასცემდა თავს.

-ყინული ასხია მეფისწული ჰასსეს უდროო საფლავს, ჩემო ინგენ. – გოროზად აზიდა თავი მან. – ყივის მისი უმანკო სული, თავისუფლებას ითხოვს, ძმის სისხლით შეღებილ ხელებში დაჰკარგვია იგი…

-იმედია უწყი, რასაც მეუბნები, თავადო. – ხმადაბლა ჩაიქირქილა ბერიკაცმა. – სისხლი სისხლით არ განიბანება.

-რძითა და აიაზმით ვერ მოასვენებ მეფისა სულს. – უდრეკელად მიუგო თავადმა გენრიმ. – იმითხავე, გულთმისანო, იმკითხავე! შეჰკითხე ღმერთებს, უწყიან მათ, რა არის სწორი და რა არა… მსურს მხოლოდ, ეს საზიზღარი წყევლა ავარიდო ქვეყანას, ჩვენი მიწისა ნაყოფს მიწაშივე რომ ჰკლავს!

მხოლოდ ეგ არ გსურსო, გაიფიქრა ბერიკაცმა, მაგრამ სიტყვა არ დაძრა წამიერად.

-რაოდენ მძიმე საქმეს ეჭიდები, არა უწყი, თავადო. – განაგრძო მან, ქირქილით. – ისე არ მოხდეს, რომ მუხლებზე დაცემულმა მოინანიო…

-უკვე შევეჭიდე, ინგენ. – ფართოდ გაიღიმა თავადმა. – უკან ვეღარ დავიხევ. ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინო… მიწინასწარმეტყველე, ინგენ. რასა ხედავ ჩემ მომავალში?

წამოიწია ბერიკაცი. გადაშალა ლავსანის თალხთა გაპოხილი კალთები, ვითარცა ვეებერთელა ფრინველის ფრთები, ოთხჯერ დასცა ყავარჯენი იატაკს და მუხლთ დაეცა, შეჰღაღადა ღმერთებს, ლოცვათა ბუტბუტს მოჰყვა.

დადუმებულიყო თავადი. ეცქირა შაჰაიაქელი ინგენის მკითხაობისათვის, უწყოდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალა მლოცველისათვის ხელი. ღმერთებთან კავშირს დაჰკარგავდა იგი, იმ მცირე ძარღვს, რომლითაც იყო დაჯილდოებული და ვერ იწინასწარმეტყველებდა სათანადოდ.

მცირე ხანი ილოცებოდა ინგენი, მერე კი წამოდგა. ცეცხლი დამინთეთ და თუჯის ქვაბით მდუღარე წყალი მომიტანეთ, აქაურ წმინდა მიწასთან ერთადო, მოითხოვა მან.

მსახური გამოიძახა და ყველაფრის უმალ მოტანა უბრძანა თავადმა. ცეცხლი ააგიზგიზეს მხევალმა ქალებმა, თუჯის ქვაბით ათუხთუხებული წყალი და ღრმა ვარცლით მიწა დაუდგეს ბუხრის წინ.

ფეხი მოირთხა ქვაბის წინ ინგენმა. მოსასხამთა ჯიბეებიდან ფრთხილად გამოაცოცა გაჯირჯვლული, ხმარებით გაცრეცილი ხის როდინი, ბაზალტის სანაყი ქვა და პაწაწინა ტყავის პარკუჭები. ფერადი ფხვნილი გადმოაპირქვავა მან პარკუჭებიდან როდინში, წმინდა მიწა მოაყარა თავზე და თავადს მიმართა, ხელი გაიჭერითო სუფთა დანით.

ხელისგული გადაისერა გენრიმ, და ორიოდე წვეთი დაამატა ბერიკაცმა სანაყ მასას, ცოტა მდუღარეში ჩაამატეთო, სთხოვა თავადს.

სისხლი დააწვეთა თუჯის ქვაბში ბუმბერაზმა, სანამ ვარდის პირის ფერად არ შეიფერა ქაფქაფა წყალი.

ბაზალტის ქვით ნაყავდა ბერიკაცი სისხლს, ფხვნილებსა და მიწას, სანამ კარგად არ შეურია იგი ერთმანეთს, მერე კი სისხლიან მდუღარეში ჩაიხედა, დანაოჭებული ხელი უყოყმანოდ ჩაჰყო მასში და ამოურია, თვალმოუშორებლივ ჩასჩერებოდა და ილოცებოდა, ადგილზე დარწეული.

მერე კი ნაზავი ამოიღო როდინიდან და ასხურა წყალი, ღმერთებისაკენ ასწია იგი, დაფუფქული ხელებით სზელდა მას გაუწყვეტლივ.

მერე კი მოიქნია იგი და ცეცხლში შეაგდო.

იხუვლა ცეცხლმა. შემართა საბრძოლველად ენა, ვითარცა ღმერთთა რისხვამ, გაჰყარა ნაპერწკლები, თითქოსდა უფრო აღვივდნენ და ყლორტებივით აღმოცენდნენ ნაცრიდან მუგუზალნი, მოიცვეს და დაეპატრონნენ ბერიკაცისა მზერას.

უმზერდა, თვალმუოშორებლივ უმზერდა ბერიკაცი.

-მიჩვენე, ღმერთო… მაპოვნინე გზა… მიჩვენე, ღმერთო… მაპოვნინე გზა… განმიდიდე ხილვა, დამანახე დაუნახველი… – ბუტბუტებდა იგი და შეჰყურებდა აცეკვებულ ალს.

მიწა და სისხლი შეისუნთქა ცეცხლმა, წყალი შემოაძარცვა და მათ ეძგერა. კვლავ იფეთქეს ნაპერწკლებმა, და აბრიალდნენ ენები.

თვალმოუშორებლივ უმზერდა ბერიკაცი.

ფრინველმა გაშალა ცეცხლთა ფრთები, და შეჰღრიალა ქვემოდან მგელმა. განდიდდა იგი, ხახა დააღო, ნაკვერცხალთა ლალებისა ჰქონდა თვალები, აშიშვლებდა ეშვებს, მაგრამ არ ეპუებოდა წყეული ფრინველი, გულისგამგმირავად დასჩხაოდა თავზე, ლალებს უნისკარტებდა უწყალოდ. მერე კი თითქოსდა შეერთდნენ ისინი, გადაფარა მათი ხილვა ცეცხლმა, გადაბუგა. შეჰყვირა ვიღაცამ შორს, გაუგებრად ღრიალებდა იგი, გაიძახოდა რაღაცას, და თითქოს ბერიკაცის ყურთა შორის რეკდა სიკვდილი…

უმალ ჩანავლდა ცეცხლი.

ბაგენი დახურა ალმა, ჩაინავლნენ მუგუზალნი, ოხშივარი ასდინდა კერას.

თვალები გამოახილა ბერიკაცმა, ლოცვა შეწყვიტა, ბაგეთ მოკიდებული დორბლი მოიწმინდა სასწრაფოდ. გული მოუსვენრად ფეთქავდა მკერდში.

-რა იხილე? – თითქოსდა შორიდან ესმოდა თავადი გენრის ხმა. – შაჰაიაქელო ინგენ, რა იხილა შენმა თვალებმა?

მოტრიალდა ბერიკაცი. თრთოდა მისი ბაგე, სასა ჩრდილოეთის უწყლო მიწას მიმგვანებოდა.

-რა იხილე?! – იხუვლა თავადმა გენრიმ.

-დიადი ამბავი ვიხილე. – გამშრალი ენა მოაბრუნა ინგენმა. – ფრიად დიადი, თავადო…

-მე რა ბედი მელის? – ჩაეკითხა მოუთმენლად ბუმბერაზი. – ამოსთქვი, ინგენ! რას უნდა ველოდე?

-დიადი ბედი გელით, ჩემო თავადო. – ხმადაბლა მიუგო ბერიკაცმა. – ბედისწერას ვრცელი ამბავი უწერია თქვენზე…

ეამა თავადს. მომუჭა გასისხლული ხელი, აღმართა ცისაკენ და მადლობა შესწირა ღმერთებს.

შაჰაიაქელი მისანი ინგენი კი ფეხმორთხმული იჯდა, თითქოსდა მიჰყინვოდა თავადის ძვირფას აბრეშუმის მოჩუქურთმებულ ხალიჩას.

ჩაჰყურებდა ბერიკაცი ჩანავლებულ ცეცხლს, ცეცხლს, რომელმაც თავზარი დასცა, და ფიქრობდა გამალებით.

-*-*-*-*-*-*-

ცის კაბადონზე მცოცვარე მზეს ღრუბელნი გაერღვია და გაელია თავისი გზის ნახევარი, როცა მეფისწულს გამოეღვიძა.

მშფოთვარედ ეძინა, და თითქოს წყლიდან ამოჰქაჩესო, ისე წამოვარდა იგი, ოფლში გაწურული, სუნთქავდა მძიმედ და შლეგივით აცეცებდა ჩასისხლულ თვალებს.

კერასთან ჩაცუცქულმა მსახურმა მოჰხედა და წამსვე მის წინაშე განერთხა მიწას, დალოცა მხედართმთავარი და შეჰბედა, სარდალნი გელიანო.

წამსვე დაითხოვა იგი ანდრეიმ. წამოდგა, უმალ გადაიძრო ქათქათა ჩითის გრძელი, ოფლით სველი ტუნიკა, პირს გრილი წყალი შეისხა მსახურის მიერ მომზადებული თუნგიდან. მერმე ჩამოჯდა იგი, დღის პირველი ლოცვა აღავლინა ღმერთებისადმი, შეწევნა შესთხოვა მათ, და გაშტერდა ცოტა ხნით, იხსენებდა უსიამო სიზმარს.

ვერაფერი გაიხსენა. ცუდად ენიშნა.

აბრეშუმის თხელი ტუნიკით შეიმოსა იგი, გასცდა კარვის ხვატს და მიეფიცხა ბაჰირას გრილ მზეს. აღმოსავლეთიდან მონაბერი ზღვის სუნთქვა სწეწავდა მლაშე ჰაერს, ნთქავდა მხურვალებას მზისა.

შემოეგებნენ მსახურნი, მაგრამ ყური არ უგდო მათ მხედართმთავარმა. გაფანტოდა გონება, იდუმალ მოუსვენრობას აეტანა იგი. რაღაც უფუთფუთებდა გონებისა მიღმა, დაუოკებელს ხდიდა, მოსვენებას არ აძლევდა.

შორიახლოს სახელდახელოდ გაშლილ, თხუთმეტი შუბოსანით მოსაზღვრულ კარავს ჰკიდა მან თვალი.

წუხანდელმა ამბავმა გაუელვა მას გონში. ერქანთა დიაცის მიერ მიყენებულმა ჭრილობამ უხსენა თავი, გადახვეულ დოლბანდთა ქვეშ სწიწკნიდა იგი. გაახსენდა მონათა გაქცევა, ის უბადლო, წარმოუდგენლად თავხედური მასხრობა, რომელიც შეჰბედა მას ბარბაროსმა დიაცმა.

გაიღრჭიალეს მეფისწულის კბილებმა. უმალ კარვისაკენ გაემართა იგი.

მის დანახვაზე შუბოსნები ორად მოიხარნენ, თავი მოიდრიკეს მათი მხედართმთავრისა და მეფისწულის წინაშე.

მათ ზედაც არ შეჰხედა მეფისწულმა, წამსვე გადაგლიჯა გვერდზე კარვის კალთა და შიგნით შეაბიჯა.

გაოგნებით მოიხედა მიწაზე გაგებულ სარეცელთან დაჩოქილმა მსახურმა, წამსვე განერთხა მიწას. რკინის ჩაჟანგული თუნგი გაუცურდა დაფეთებულს, ჭილობზე დაიღვარა წყალი.

თავი გოროზად აღმართა ანდრეიმ. ქეჩის უბრალო სარეცელს მიუახლოვდა უჩუმრად, ზედ მისვენებულ დედაკაცს მოავლო მზერა.

ბრინჯაოსფრად დაფერილ კანსაც კი ეტყობოდა დაღლილობის ფითრი. საფეთქელი და თეთრი წარბი გასეროდა დიაცს, დალილავებოდა ღაწვი, სისხლი შეხმობოდა ფერფლისფერ თმას ყურთან. გრძელი, ყელიდან კოჭამდე მფარავი, უხეში ტილოს კაბა ემოსა, ვითარცა დიაცს შეჰფეროდა, ხელები მუცელს დაეკრიფათ მისთვის.

ბაგენი ოდნავ გაჰპობოდა, კრთოდნენ თვალის კაკლები ქუთუთოთა მიღმა. მშვიდად უღელავდა მკერდი დიაცს.

უმზერდა მას ანდრეი და უსიამოვნოდ უფორიაქდებოდა სული.

სხვა დროს არც კი შეყოყმანდებოდა, წამითაც კი, თმას მოჰგლეჯდა ძირში, თვალთ დასთხრიდა, ხელებს მოჰკვეთდა, და გააგდებინებდა თავს სახალხოდ ასეთი შეურაცხყოფისათვის.

ხელებს კუმშავდა, ბაგე უთრთოდა, შიგნეული ეწვოდა ანდრეის. მრისხანებისაგან აცახცახებული უმზერდა ხელუხლებელ დიაცს.

შემოუარა სარეცელს, ხელი აუქნია შიშის ზარით მომზირალ მსახურს. თუნგი აიტაცა მსახურმა, თავი დაუკრა და უკანმოუხედავად დასტოვა კარავი.

ადგა მცირედი ხანი მეფისქალის სასთუმალს ანდრეი. უმზერდა გამჭოლი მზერით, ვითარცა ლამობდა თვალებით მასში შეძრომას, დიაცის გონების შეცნობასა და მის შეპყრობას.

უცაბედად გადასწიეს კარვის კალთა. წამიერად გადაჰხედა მოქუფრულმა მეფისწულმა, ვინ მკადრაო უსიტყვოდ შემოჭრა.

სარდალი კლავდი იმზირებოდა, შეცბუნებული. მეფისქალს გადასწვდნენ მისი შავი თვალები, მერე კი მხედართმთავრის წინაშე მოიდრიკა მან ქედი.

-რაიმე გწადია? – კბილებში გამოსცრა ანდრეიმ.

-გეძიებდით, ჩემო ბატონო. – უფრო მეტად მოიხარა კლავდი, მეფისქალს უმზირა წამიერად. – ქუდის კაცი მოგვიბრუნდა ავლატიდან… თვით მეფე თეოდორი გვიმოწმებს, არ გამოჩენილანო ბარბაროსნი. სიტყვა გადაუკრავს, როგორც დაავალეთ, ჩვენს კაცს, რომ არ მიიღოს ხიზანნი, და უთქვამს მეფესაც, მათი ჭაჭანება არ იქნებაო ჩემს სამეფოში.

დუმილით უპასუხა მოქუფრულმა მხედართმთავარმა. კვლავ გაიხედა დიაცისაკენ.

შეცბა.

ფითრისფერი, ცარიელი თვალები გამოეხილა დიაცს. პირდაპირ მას შეჰყურებდა.

ხელები დაეკრუნჩხა ანდრეის. გასწეწეს ჭრილობებმა, უყიოდა სისხლი და ხორცი.

პირი იბრუნა, ჩაუარა კლავდს და დასტოვა კარავი.

დუმილი ჩამოვარდა. უმზერდა სარდალი კლავდი სარეცელს მისვენებულ, თვალგამოხელილ მეფისქალს. საპასუხოდ უმზერდა მას ეირინი, ამაყი სიძულვილი ეხატა სახეზე, ძილით მოსვენებული ნაკვთები ეღრიჯებოდა ხელახლა.

სიტყვის დაძვრა სურდა კლავდს, მაგრამ ხმა არ გაიღო.

მუზარადი შეისწორა სარდალმა, და კარვის კალთის ფრიალით დასტოვა დიაცი მარტო.

.

.

.

-*-*-*-5-*-*-*-

ბრდღვიალებდა ხეთა კენწეროებს მომჯდარი მზე. დაუდგრომლად აცხუნებდა, ამაოდ არ იშურებდა სითბოს ჩრდილოეთელთა გულყინულით დასუსხული მიწისათვის. დროდადრო იბრუნებდა მხოლოდ პირს, ნაცრისფერსა ღრუბლებს შეაფარებდა თავს, მათ ცვარს იცხობდა ბაგეთ, თითქოსდა ხელთ იბანდა იგი ცამდე აწვდენილი ცეცხლისაგან, თითქოსდა არ სურდა ეხილა ღმერთთა წინაშე ხორცშესხმული უდიდესი ცოდვა.

ჰაერში ბობოქრობდა მონაბერი მლაშე ქარი, თითქოსდა მგლოვიარე ზღვის ცრემლებით გაჯერებულიყო იგი, რომლის სხეულიც სამუდამო, უდროო სარეცელად და ამავდროულად დედის აკვნად ქცეულიყო თავისი შვილებისათვის. ჰქროლავდა ქარი, მოჰქონდა ღმერთთა რისხვა და დაუდგრომლად ეფინებოდა აურაცხელი სამხედრო კარვებით დაფარულ მდელოებს, მაგრამ არარად აგდებდნენ ზღვის სუნთქვას უწყლო ჩრდილოეთიდან მომავალი შავოსანი მეომარნი.

იდრიკებოდნენ უძლეველი ზღვის სუნთქვით შემკრთალი მუხა-კედარნი, უერთდებოდნენ შესისხლული მიწის გლოვას.

მაგრამ არავინ უგდებდა ყურს მათ. მეომარნი შეჰსეოდნენ ხეებს, რამდენიმე ნორჩი მუხა წამოექციათ. იქვე ჰკეპავდნენ, ავბედითი ლაპლაპი გაუდიოდათ ჰაერში კვლავ და კვლავ მოქნეულ ალესილ ნაჯახებს,  ერთი მზის წინ რომ ალისფერ სიცოცხლეს ადენდნენ ბაჰირას მიწის სხვა შვილებს.

დაკეპილი შეშა დაეხვავებინათ მოკვეთილ ხეთა ზოლის გასწვრივ, დაუღალავად ეზიდებოდნენ მას ჯარისკაცები. მიჰქონდათ თვალუწვდენელ ლაშქრის ბანაკში, თითქოსდა გრანიტის ქვაში ჩასმული პატიოსანი ლალები, ისე ჩახჩახებდნენ ალაგ-ალაგ გაფენილი კოცონები. მზარეულნი ღერღილს სანელებლებით და ხორცს ხარშავდნენ ცეცხლის გულში, სასურსათე ქარავნიდან ჩამოჰყავდათ ცხვრები და ნასუქი ღორები, მათი განწირული წივილი იკლებდა გარემოს. შუაცეცხლთან ჰკლავდნენ პირუტყვს, სისხლისაგან დასაწრეტად შემოჰკიდებდნენ აღმართულ ძელებს, და ჩამოატყავებდნენ ოსტატურად, მერე კი მთელ ხორცს სწვავდნენ ცეცხლში, რათა დაეპურებინათ დამშეული ლაშქარი. დამაშვრალთ ქარავანს შემოდგმულ, ვეებერთელა, ჭილობით შემოწნული ვარცლებიდან უზიდავდნენ წყალსა და ღვინოს.

გაუთავებელი ბრძოლისაგან ილაჯგაწყვეტილ ჯარისკაცებს დაეცალათ რამდენიმე ვარცლი, ხუთიოდე მოხარშვას, რეცხვასა და განბანვას ხმარდებოდა. ათიოდე მზის წინ აევსოთ ისინი, ერქანთა სამამულოს ზღვარს მომდინარი წმინდა წყაროებიდან, და მალევე მოუწევდათ მარაგის კვლავ შევსება.  

შეუჩერებლად ეზიდებოდნენ ზორბა რკინის თუნგებით წყალს მსახურნი, ზღვიდან ბანაკამდე გაბმულიყო უწყვეტი მწკრივი, თითქოსდა ჭიანჭველები სზიდავდნენ თავიანთ საკვებს. მლაშე წყლით ავსებდნენ ისინი ვეებერთელა ვარცლთა დამაშვრალ ფაშვებს, გამალებით რეცხავდნენ ქაფქაფა წყალში ტუნიკებს, გალიფეებსა და პერანგებს, სწმენდნენ აბჯარს.

მოშორებით, სასახლის ეზოში კვლავ გაეჩაღებინათ მეომართ ცეცხლი, აურაცხელი იყო იყო ბაჰირას მსხვერპლი, ჰკეპავდნენ ისინი ვაჟებს, ყელს ჰღადრავდნენ შემთხვევით გადარჩენილთ და ანდობდნენ მათ ხორცს ალთა მოცეკვავე ენებს.

სატრფოს სავსე მკერდისა და თბილი ბაგეთ შეხების მაგივრად, ცეცხლი იკონებდა ყმაწვილთ გულში.

იწვოდნენ კოცონები, მოილხენდნენ გამარჯვებული, სიმდიდრითა და დიდების ბინდით თვალახვეული მეომარნი. კვნესოდნენ მკურნალთა კარავში მიწვენილი დაჭრილები და შეუჩერებლად ჰგოდებდა ტანჯული, სისხლით მორწყული მიწა.

თხუთმეტი შუბოსანი გაუნძრევლად, შეუდრეკელად შემოჰხვეოდა ერქანთა დიაცის მომცრო კარავს. მონათა გაქცევით განარისხა მან მეფისწული, და რაკი ხელუხლებელი იყო დიაცი, იმას დასჯერდა ანდრეი, რომ არავინ მიეშვა კარავთან და მთელი მზე მშიერ-მწყურვალი ჰყოლოდა დიაცი. იქნებ ჭკუა ასწავლოსო შიმშილმა, განაცხადა მან.

მცირედ შეეკამათა სარდალი კლავდი. მოახსენა, შიმშილი უფრო აცხოველებსო ყველა არსებას, ასე სასტიკად ნუ მოეპყრობითო დიაცს. შეუღრინა საპასუხოდ ანდრეიმ და ხმა გაიკმინდა ნირწახდილმა სარდალმა.

დაიღალა მზე. დასავლეთისაკენ გაცოცდა დინჯად, ღრუბელთა სუდარა მოისხა მიწაზე მზერით დაოსებულმა. დრო იხელთეს ვარსკვლავებმა, შემოიძრეს ცის ლურჯი მოსასხამი და აჩახჩახდნენ მოურიდებლად, ზღვაში გაბნეული მარგალიტებივით აბრწყინდნენ მოწმენდილ ცაზე. მის კამარას მხოლოდ დასავლეთით, თითქოს მზეს ჰფარავენო, მეწამულად, ვარდისა პირის ფერად, და ოქროსფრად დაფერილი ღრუბელნი მოსდებოდნენ.

თავის კარავში მოისვენებდა ბეწვ-ტყავთ მისვენებული მეფისწული. ატავესი, გაბრიელი და კლავდი შემოჰხვეოდნენ გარშემო, მასლაათობდნენ და მოილხენდნენ ტკბილი ხორცებითა და მათრობელა ღვინით. სწავლობდნენ ისინი რუქას, განვლილ მიწებსა და მნიშვნელოვან თარიღებს აღრიცხავდა გაბრიელი ტყავ-ეტრატზე. ბჭობდნენ, თუ რამდენი მზე გადავიდოდა, სანამ შესძლებდნენ ბაჰირას წყეული მიწის უკან მოტოვებასა და ერქანთა საგვარეულოს წარსულში მყოფ გამარჯვებად ქცევას.

გემსადგურის ხილვა სურდა მხედართმთავარს. უნდა დაეკავებინათ იგი, შეესწავლათ და რაზმი დაეტოვებინათ მის დასაცავად. შიშობდა კლავდი, ვაითუ გემსადგურს გემები ჩამოდგნენ, ვაითუ მათ მოჰყვნენ ბაჰირელთა კეთილმყოფელნი, შეიტყვეს მისი დაცემის ამბავი და ჩახერგეს გემსადგურთან მისასვლელი გზანიო.

გემსადგურის ხსენებაზე მთელი ფაშვით აროხროხდა ატავესი. ჭაღარაშერეულ წვერს ისწორებდა იგი, ერქანთა ხაზინიდან მოზიდული სამკაულები აესხა თავმომწონეს მკერდსა და ხელთ.

-წყეული, ყეყეჩი ბაჰირელნი! – ხოჭოსებრ თვალებს აკვესებდა იგი. – რამეთუ ასეთ გასაჭირშიც არ იციან, რას სჩადიან! აგე, გაშლილი ზღვა ჰქონდათ გასაქცევად, ისინი კი უკიდეგანო მთებს მიენდნენ, თავისით დაიღუპეს თავები!

ბაგენი გააპო ბეწვთ გადაწოლილმა ანდრეიმ, ქათქათა კბილები გამოაჩინა. მისი მხიარულების ნახვისას უფრო ხმამაღლა ახარხარდა ატავესი. ყური მოუყრუა მათ კლავდმა, რუქას ჩაჰყურებდა.

-ბაჰირელთ უწყიან ზღვისა გული. – ტყავ-ეტრატიდან თავი აღიღო და ატავესს უმზირა უეცრად გაბრიელმა. – აგე, ვაკვირდებოდი ვარსკვლავებს და ცუდს უწყოდნენ ისინი… შვიდი დღეა რაც ავდარი დგას და ბობოქრობდა ზღვა. თუნდაც მოზრდილი ხომალდით გასვლა უთუოდ სიკვდილს უდრიდა, მათ სიცოცხლე არჩიეს. – გაბრიელს ოდნავ შეუტოკდა ბაგე. – ღმერთებს მაინც აჰხედე ზემოთ.

მეფისწულს არ უმზერდა იგი, მაგრამ აშკარა იყო მის სიტყვათა მიღმა მიჩქმალული, შენიღბული მნიშვნელობა. მოიქუფრა ანდრეი, მიტკლისფერი დაედო ფიალას მოხვეულ მის თითებს.

წამოწითლდა ატავესი. დაიფრუტუნა შერცხვენილმა, ზურგი აქცია გაბრიელს.

ხშირი ულვაშის მიღმა იღიმებოდა კლავდი, შეფარვით უმზერდა მეფისწულის ავბედითი ჩრდილით დაბურულ სახეს.

არ ეამა მხედართმთავარს, მაგრამ დუმდა იგი, ვითარცა ზღვა ქარიშხლის წინ.

 დუმდა მეფისწული, დუმდნენ სარდლები, და ღრეობდნენ მოლხენილი, გამაძღარი მეომრები.

სიმღერასა და მოლხინებას მოეცვა სალაშქრო ბანაკი. დასვენებასა და თავისუფლებას დამაშვრალ მეომართ გადმოედგათ ღვინით სავსე რუმბები, საკუთარ ტიკჭორებს ავსებდნენ, და ომახიანად გასძახოდნენ საომარ სიმღერებს.

საღერღელი აეშალათ შეზარხოშებულ, ღვინითა და ხორცით დამტკბარ მეომართ. უტიფარი თვალი ჰკიდა რამდენიმემ ურმისა გისოსებს მიღმა დამწყვდეულ ახალგაზრდა დიაცთ.

იხუვლეს მათ, ერთმანეთს გადასძახეს, ხარბი თვალებით შეაშტერდნენ დამფრთხალ, ყირმიზ და მკერდსავსე დიაცთ, კონად ამოსულ ყვავილთ რომ ეჯიბრებოდნენ, ერთმანეთზე მიკრულნი.

იფეთქა მეომართა ვნებებმა, სამშობლოსა და დიაცთ მოშორებულთ სანატრელი გახდომოდათ დიაცისა სილბო და ტრფიალება, ბაგეთა სიტკბო და სითბო.

ურემს დაესხნენ ისინი თავს, გალეშილნი, მათრობელა ღვინის ბურუსით მოწამლულნი. გუშაგნი ჩამოიცილეს გზიდან.

შეძრწუნებულმა ქალებმა გულისგამგმირავი კივილი ასტეხეს. გავრცელდა მათი ხმა, აიტაცა ქარმა და მოჰფინა არე-მარეს, თითქოსდა ევედრებოდა გულქვა ჩრდილოეთელთ, უგდეთ ყური, ნუღა დაიდებთო მეტ ცოდვას.

თითქოსდა უსმენსო, აბობოქრდა ზღვა, აგორდნენ ღრუბელნი, ფითრისფერი შეეყარათ ვარსკვლავებს.

კივილი ბანაკის თავს გადმომდგარ კარვებსაც უბოძა მგლოვიარე ქარმა. სწვდა იგი კარავში ბოლთას მცემ ეირინის ყურთ, შეუძვრა გონში და გაიდგა ფესვები.

შეცბა მეფისქალი. წამსვე გაჰგლიჯა კარვის კალთა, მიმართა ალაგ-ალაგ კოცონთა ალებით გაცრეცილ წყვდიადს, ისე სხარტად, რომ წამიერად სახტად დარჩნენ შუბოსანნი, მაგრამ წამსვე ალყა შემოარტყეს მეფისქალს.

კივილისაკენ მიიწევდა მრისხანებისაგან ნაკვთებგაქვავებული ეირინი. ხელუხლებელი იყო მეფისქალი, და ვერას უბედავდნენ მას გარშემო შემოხვეულნი შუბოსანნი, მხოლოდ ისღა შეეძლოთ, რომ შუბის ალესილი პირები მიეშვირათ მისთვის და ესდიათ, ვითარცა გაწვრთნილ მაძებარ მწევართ.

-შესდექ! – ღრიალებდნენ ისინი. – შესდექ, უწმინდურო დიაცო!

-ბატონთან აფრინეთ კაცი! – შეჰღრიალა ერთმა მათკენ გაოგნებით მომზირალ მეომართ. – უწყოდეს, რომ კარავი დასტოვა ერქანთა დიაცმა!

ძლივს მოაცილა თვალები ერთმა ცეცხლს მიფიცხებულმა ქვეითმა წყვდიადში სპეტაკი აჩრდილივით აღმართულ, ქათქათა კაბით შემოსილ და თავზე ფერფლისფერ თმამოსხმულ დიაცს. წამოხტა იგი, შეუდგა ბექობს მეფისწულის კარავისაკენ.

ახლოვდებოდა სასოწარკვეთილი კივილი, შემთვრალ მეომართა მხიარულების ხმა, და მიიწევდა წინ მეფისქალი, აურაცხელ კარვებს, ურმებს, ცეცხლსა და მეომართ შორის.

მიუახლოვდა იგი ურემთ, სადაც ბაჰირელი დიაცნი წამოექციათ სრორდის მეომართ, ფეხებშუა მოჰქცეოდნენ, და უშლიდნენ სახვევთ წელისა.

სეირის სანახავად შემორტყმოდნენ მათ გარშემო ახარხარებული მეომარნი, რამდენიმე გაიძახოდა ხმადაბლა, შეწყვიტეთ, ვინმემ არ იხილოსო ქმედება ჩვენი.

ეირინის დანახვისას შეცბა აღრიალებული ბრბო. გაიპო რკალი მეფისქალის წინაშე, უკან დაიხიეს, მახვილი იშიშვლა ზოგმა.

ცივი თვალებით დაჰყურებდა მეფისქალი აკივლებულ, სიმწრისაგან მტირალ, ნამუსახდილ დიაცთ.

ხელი სტაცა მასზე ადევნებული ერთი გუშაგის შუბს და გამოჰგლიჯა ელვის უსწრაფესად.

მერე კი, ვერც კი მიადევნეს თვალი დიაცს, ისე მოიმარჯვა მან შუბი და აძგერა დიაცზე გადახრილ მეომარს ფერდში. შეჰღრიალა მან და ზედ დაეცა მის მიერ პატივაყრილს.

შუბი გამოაძრო ეირინმა, მოეშხეფა სპეტაკ კაბასა და თმაზე სისხლი. ისკუპა მან, ორიოდე ნახტომით გაჩნდა მორიგ მსხვერპლთან, რომელიც ურცხვად გმინავდა, ღვინით გონებააღრეული ვერც კი ამჩნევდა გარემოს. მას ზურგში ჩასცა შუბი მეფისქალმა.

-ბილწო დიაცო! – შეჰღრიალა ერთმა გამბედავმა, შემართული მახვილით გაექანა მისკენ. ჰკიდა მას თვალი ეირინმა, ფეხის კვრით ტარი წაატეხა შუბს. უგვერდა მან გამოქანებულ მეომარს, და ტარი მოსცხო იდაყვში ავაზისა სისწრაფით.

მარჯვენა დაეკრუნჩხა ბედკრულს, შეჰყვირა ტკივილისაგან და გაუვარდა მახვილი, რომელიც წამსვე აიტაცა მეფისქალმა. ამოსუნთქვა არ აცადა ტკივილისაგან მუხლთ დაცემულს, მკერდში შეუცურა ახლად ალესილი პირი.

უკან დაიხიეს მეომრებმა. მახვილი მოიმარჯვა ეირინმა და პირი იბრუნა სხვა დიაცთაკენ.

მიენებებინათ მათთვის თავი მეომართ. წამომდგარიყვნენ, სასირცხვო ადგილთ იფარავდნენ ხელებით, შარვლებს იწევდნენ და სხვათა რიგებში ერეოდნენ, ნანახით დამფრთხალნი, მეც არ განმგმირონო.

ქალთა სასოწარკვეთილი ტირილი იკლებდა იქაურობას.

იდგა გასისხლული ეირინი. გაოგნებულნი უმზერდნენ მას მეომარნი, მათი მუქი მზერა, შავი ფოლადი და ღამის წყვდიადი შემოსჯარვოდა მეფისქალს, მაგრამ თითქოსდა ვერაფერს აკლებდა მის ბრწყინვალებას.

-Sikkestoraad! – დაჰკივლა უეცრად ეირინმა და უკანასკნელად ამოისლოკინეს დიაცთ, წამსვე დადუმდნენ, ბაგეთ ხელაფარებულნი.

კოცონი ტკარცალებდა, მძიმედ ხვნეშოდნენ მეომარნი, და შორეული მოლხენის ხმა ესმოდათ მათ.

მძიმე ნაბიჯების ხმა შეერია ხმაურიან, მომგუდავ დუმილს.

გაპობილ რკალში შემოიჭრა მეფისწული ანდრეი. მუქ თვალებში ალაპლაპებოდა კოცონის მხურვალება, ტუნიკითა და შარვლით შემოსილიყო მხოლოდ იგი. წარბი შეჰკვროდა, ელვის სისწრაფით მოავლო თვალი სამ წაქცეულ მეომარს, ჩუმად მტირალ დიაცთ და აღმართულ, მახვილოსან მეფისქალს.

თვალი გაუსწორა მას ეირინმა. უმზერდა, გაშტერებული.

მზერა არ მოუშორებია მისთვის ანდრეის, ხელი ასწია, მთარგმნელი მომგვარეთო, ბრძანა.

-მომიტევეთ, ჩემო ბატონო… – მიუახლოვდა მას კლავდი. – მაგრამ მთარგმნელს თქვენს კარავში ყელი გამოღადრეს…

-ვინმე მომიყვანეთ! – იფეთქა მხედართმთავარმა. განრისხებული შეჰყურებდა მეფისქალის ფითრისფერ, ცარიელ თვალებს. – ათასი ოქრო მას, ვინც მცირედ მაინც უწყის ბარბაროსთა ენა!

აჩოჩქოლდნენ გარშემო. ერთმანეთს გადასძახეს მეომრებმა, რამდენიმე გაიქცა სხვა ჯარისკაცთა გასაფრთხილებლად.

უმზერდნენ ერთმანეთს მხედართმთავარი და მისი ტყვე.

-იარაღი გააგდე, დიაცო. – მიმართა ანდრეიმ, მახვილისაკენ მიუთითა, იქნებ შეიგნოსო უგუნურმა დედაკაცმა. – გააგდე!

თავი ამაყად ასწია ეირინმა, მონაბერი ქარი ფერფლისფერ, მუხლამდე დაფენილ თმას უკრთობდა. უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი მახვილს, მოიხარა, ვითარცა ნახტომისათვის გამზადებული კატა. ალაპლაპებული, თითქოსდა უჩინარი წარბების ქვეშიდან უმზერდა თავის დამაქცევარს.

-იარაღი გააგდე! – შეჰღრიალა ანდრეიმ.

საპასუხოდ ქათქათა კბილები დაღრიჯა ეირინმა, ფრთხილი ნაბიჯით მოიწია წინ.

მხედართმთავარს გადაეფარნენ მეომარნი, შუბები და მახვილები მოიმარჯვეს. მათ გადაავლო თვალი მეფისქალმა, შეუკრთო ბაგე სიმწრის სიცილმა და მოხედა მეფისწულს, თითქოსდა მასხრად იგდებდა, ეუბნებოდა, დაცვა გჭირდებაო ერთი დიაცისაგან.

ნაკვთები მოენგრა ანდრეის.

-გაიწიეთ ყველანი! სუაგრამ და ნიჰიდამ დაგწყევლოთ… – დაიღრინა მან და ყოყმანით ჩამოეცალნენ მეომარნი, შეშფოთებულნი უმზერდნენ, რამეთუ მკერდი გაუშიშვლა მეფისწულმა მეტოქის მახვილს.

-Keei ktever ad ihoger, mei verra saaspyatha hossu… – შეჰსისინა მეფისწულს ეირინმა. – Hossu verköäaseinera meij hossu saalirea? Mai verköäaseri hossu meij saalirer!

და დაუშვა მახვილი, დაიხია უკან. გაოგნებულნი შეაცქერდნენ მათ ყველანი, ნუთუ დანებდაო მეფისქალი

-Eirin Zahra… – დაიჩურჩულა ტირილისა და კივილისაგან ხმაწართმეულმა ასულმა, მისი პატივამყრელის ქვეშიდან ძვრებოდა ძლივძლივობით. აჰფუვებოდა და წამოწითლებოდა სახე, ბინძური თითებით ხოკავდა მიწას. – Saaspyathera maij, pålres…

-Verra. – არც კი შეჰხედა მას ეირინმა, კბილებში გამოსცრავდა სიტყვებს. – Saaspyathera hossu irze!

-Pålres! – სასოწარკვეთით შეჰყვირა ასულმა. თავზარდაცემულს ცისფერი თვალები გაჰფართოებოდა. – Eirin Zahra, pålres!

გოდება ამოუშვეს სხვა დიაცებმა. ფერფლისფერ თმაში ხლართავდნენ თითებს, თავიდან იგლეჯდნენ, იხოკავდნენ მკერდს.

გაქვავებული იდგა ანდრეი, ადგილს მიჰყინვოდა იგი, უმზერდა თითქოსდა დანებებულ, დამარცხებულ დიაცს, მაგრამ მეფისქალის მახვილზე წასცხებული სისხლი იყო მოწმე იმისა, რომ არ ეწვნია მას მარცხი.

კბილებს აღრჭიალებდა, განრისხებული.

ჩოჩქოლი გაისმა უკან. ნაბიჯების ხმა უახლოვდებოდათ მათ, რამდენიმე მეომართ მოჰყავდათ ახალგაზრდა ყმაწვილი. ოცი ზამთრისა იქნებოდა მხოლოდ იგი, მეჩხერი წვერი მოსდებოდა ტუჩპირს, მაგრამ ჯიუტად იმზირებოდა, ქედი მოიდრიკა მხედართმთავრის დანახვისას.

მისთვის ზედაც არ შეუხედავს მხედართმთავარს. უმზერდა მეფისქალს, და ჰგოდებდნენ დიაცნი.

-შენა უწყი ბარბაროსთა ენა, ყმაწვილო? – შეჰკითხა კლავდმა.

-მცირედი, ჩემო ბატონო… – თავი დაუკრა ყმაწვილმა, გაფაციცებით გადაჰხედა რკალში მდგომთ, რკალში, რომელიც საბრძოლო არენად ექციათ თითქოს მეფისწულსა და მეფისქალს.

– Saaspyathera maij, pålres! – სასოწარკვეთით გაჰკიოდა ასული, ეირინთან მიხოხდა, ფეხთ ჩაუვარდა. წარბი არ შესტოკებია მეფისქალს.

-სიკვდილს შესთხოვს… – მოიქუფრა ყმაწვილი. – ამბობს, მომკალ.

მას მოჰხედეს მეომართ და სარდალთ. ყური ჰკიდა მის სიტყვათ მხედართმთავარმა, მაგრამ არ შეინძრა იგი.

-რად შესთხოვს? – შეჰკითხა ატავესმა. – უთარგმნე!

-არ საჭიროებს თარგმნას… – თქვა მეფისწულმა უეცრად. მისი ხმის გაგონებისას დადუმდნენ ყველანი, მხოლოდ ცეცხლის უსირცხვო ტკრციალი, ქალთა გოდება, შორეული გრუხუნი, მეომართა დალხინებისა და სიმღერის ხმა ფატრავდა სიმშვიდეს. – მტრის მიერ პატივაყრილი დედაკაცი სიკვდილს ესწრაფვის.

რაღაცამ გაჰკვესა მეფისქალის თვალებში. გასწორდა, უკან მოისროლა მახვილი.

იხუვლეს დიაცთ, აკივლდნენ. ერთი წამსვე ეცა მახვილს და ჩაიცა მუცელში. ამოიხრიალა მომაკვდავმა, ძირს გაიშოტა, მუცელში გაყრილ მახვილს ეძგერნენ დიაცნი, ლამობდნენ მის პირზე ავბედითად ალაპლაპებულ სანატრელ სიკვდილს.

-შეაჩერეთ! – შეჰღრიალა ანდრეიმ. შეზიზღა ამ სანახაობამ. – დაამწყვდიეთ, მათთან იარაღი არ გააჭაჭანოთ!

დიაცთ ეძგერნენ მეომარნი, გამოჰგლიჯეს მახვილი და აკივლებულნი წაათრიეს ურმებისაკენ.

სტიროდა მეფისქალის ფეხთ ჩავარდნილი ასული და ძეგლივით უდრეკად აღმართულიყო ეირინი.

ჩასისხლული თვალები აზიდა ასულმა, ანდრეის უცქირა.

-Raistennera maij! – შეჰკივლა მან, ეირინს აჰხედა, მთელი ძალით ჩააფრინდა კაბაზე, ძლივს მოჰგლიჯეს იგი მეფისქალს მეომრებმა.

მიათრევდნენ მას და გაწამებული გაჰკიოდა ასული.

-შურისძიებას შესთხოვდა. – ჩაილაპარაკა ყმაწვილმა.

-Mai meikeen hossu laig chaoldhethessen. – კბილთა შორის გამოსცრა ეირინმა. მთარგმნელისაკენ მიმართა პირი ანდრეიმ.

-ამბობს, რომ სიცოცხლეს სისხლად გიქცევთ, ჩემო ბატონო. – მოახსენა ყმაწვილმა.

წარბთა შორის ღარი ჩაუღრმავდა ანდრეის, თვალებით ჰკლავდა იგი ერქანთა დიაცს.

-დაე სცადოს. – თქვა მან. – ამ წყეულ მიწას მიმაჯაჭვონ ღმერთებმა და გამაცამტვერონ, ვითარცა უმდაბლესი მწერი, თუ აღსრულდების ოდესმე მისი ნება.

შუბოსნებს ანიშნა მან და შემოეხვივნენ ისინი დიაცს. თუმცაღა უწყოდა ყველამ, რომ თავისი ნებით თუ წასდგამდა მეფისქალი ნაბიჯს.

ბექობს შეუყვნენ ისინი, მეფისწული მიუძღოდათ.

იქუფრებოდა ცა, მოუთმენლად ჰკრეფდა აურაცხელ საავდრო, მუქ ღრუბელთ, სადღაც ჩაკარგულიყო მომაკვდავი მზის ციალი და ფითრისფერ ვარსკვლავთა ჩახჩახი ცის კაბადონზე.

იდრიკებოდნენ ხეები, ქარი სტვენდა ჰაერში მოურიდებლად და მთელ ბანაკს დებდა სიკვდილმოწყურებულ დიაცთა გოდებას.

მოდიოდა ავდარი.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

წყვდიადს მოეცვა თავადი გენრის სამუშაო ოთახი, მხოლოდ სუსტად ანათებდა, გაჭირვებით ებრძოდა სიბნელეს მის მერხზე ანთებული პაწაწინა, ოქროს შანდალში მდნარი ქონის სანთელი.

თავის სავარძელს მისვენებულიყო ბუმბერაზი. შაჰაიაქელი ინგენი ედგა გვერდით, ფრთებაწურულ ყვავს ჩამოჰგავდა იგი, თალხებით მოსილი და შალითა-მოსხმული, ავბედით ჩრდილს დაესადგურებინა მის სახეზე.

მათ პირდაპირ კი მამაკაცი აღმართულიყო.

-თავადსა ვეახლები. – გამჭოლი ნაცრისფერი თვალები მოწკურა მან, ქედი მოიდრიკა. ბაგეთა გაპობისას სანთლის შუქზე პრიალი გაუვიდა ოქროს ეშვს.

-უწყი, აქ რისთვისაც მოგიხმე, სრორდის ძაღლო. – მიუგო გენრიმ, მერე კი აიქნია ხელი, მოზრდილი ტყავის ქისა მოისროლა მაგიდაზე.

უმალ სწვდა ქისას ოქროსკბილა, ხარბად შემოხსნა თავი და ფართო ღიმილით დააცქერდა ოქროს ბრწყინვალებას, თითებით მოსინჯა მძიმე მონეტები.

-ფრიად მძიმე საქმეს შესჭიდებულხართ, თავადო. – დაიფრუტუნა მან, თვალებით მის გვერდით აღმართულ ინგენს გადასწვდა. – არა, ბერიკაცო? მითხარ, გულთმისანო, რასა ხედავ ჩემს მომავალში?

-ძაღლად დაიბადე და ძაღლად მოკვდები, ელოი. – ჩაიქირქილა ბებრუცუნამ. – არარად წაგადგება ჩემი წინასწარმეტყველება.

ხმამაღალი სიცილი ასტეხა ოქროსეშვიანმა. თითქოსდა კედლებს სძრავდა მისი ხმა.

-მაშ თავადისა ბრწყინვალე მომავალს უნდა ჰხედავდე. – დამცინავად შეუკრთა მას ბაგე, უმალ ჩაიჯიბა მეწამული ლაბადის მიღმა ქისა. – რა დაინახე, ბერიკაცო? ცნობისმოყვარეობა მომაკვდინებს, ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერსა ვფიცავ… ნუთუ სიდიადე? სიმდიდრე? სამეფო ხარჭები?

-ენას ამოგთხრი. – წამოიწია გავეშებული ბუმბერაზი. – წარვედ ჩემი თვალიდან! ორი მთვარისა თავზე გელი. თუ პირნათლად აღსრულდება ნება ჩემი, ხუთი ათას ოქროსა და მიწებს გიბოძებ…

-ენა ფეხსა წინ ნუ წაგისწრებთ, თავადო. – თვალები აუელვარდა ელოის. – მხოლოდ მეფესა ძალუძს თქვენი დაპირებისა აღსრულება, მე კი ვერ ვიხილე გვირგვინი თქვენი…

-ყეყეჩო, თავხედო კაცო! – შესძახა ბებრუცუნამ, მონაოჭებული სახე დაეღმიჭა. – რასაა რომ შეჰბედავ…

-ენა დაიმოკლე, ინგენ. – ბაგე შეუკრთა ოქროსკბილას. – მე სხვაც შემომაძლევს ოქროს.

მერე კი წელში მოიხარა იგი მათ წინაშე, უტიფრად შეაცქერდა თავადს.

-ღმერთებმა დაგლოცონ, თავადო გენრი. – მიუგო მან, მეწამული ლაბადის ფრიალით შეაქცია მათ ზურგი.

წყვდიადი მოისხა მან მოსასხამად და მცირე სანთლისა და დუმილისა ამარა დასტოვა ოთახი.

.

.

.

-*-*-*-6-*-*-*

განვლო ოცმა მზემ.

სუნთქვას იკრეფდა შემოდგომა, მეცხრე თვის სუსხს სდებდა გამძვინვარებული ქარი ბაჰირას ნარჩენებს, გადაბუგული სასახლისა და მდელოთა რუხ ფანტელებს ხვეტდა მგლოვიარე მიწიდან, წასცხებდა უკიდეგანო მინდვრებს, თითქოსდა არ სურდა მას, ეხილა ტანჯული ბაჰირას დაფერფლილი გული.

მხოლოდ ის ჰქონდა ქარს საწუხარი, რომ დანახშირებულ სასახლეზე გაცილებით ბნელ სისასტიკეს ვერ შესძრავდა, ვერ აღგვიდა პირისაგან მიწისა. კვლავ პარპაშებდა იგი გარშემო, თავის მყრალ სურნელს ასუნთქებდა გარემოს და ბილწავდა სულ რაღაც ერთი მთვარის წინ აყვავებულ, მერვე თვის მოცინარი მზით მობრდღვიალე დედაქალაქს.

ღრიალებდა გამძვინვარებული, სასოწარკვეთილი ზღვა, ვერ ინელებდა ბობოქარ წყლებს მიბარებულ მის შვილთა ხორცს. ბობოქრობდა, მაგრამ ვერ ხელყოფდა, ვერ განბანდა მიწას დაჩვეულ ჩრდილოეთელთა სისხლიან ხელებს.

შეუჩერებლად ღრეობდნენ ისინი, ღამის მხევალი დაჰნათოდათ თუ დღის პატრონი, გაეშალათ ტაბლა, სვამდნენ და ღრეობდნენ, დიდებასა და გამარჯვებას მიღწეულნი. მხედართმთავრის განკარგულებით სურსათ-სანოვაგის ქარავნები ჩამოცალეს, გახსნეს სახაზინო, გულმოწყალედ დააჯილდოვა მისი ფეხუდრეკელი ჯარი მეფისწულმა ანდრეიმ. იკვლებოდა ათობით ცხვარი და ღორი, მათი ყივილის ხმა გისოსებს მიღმა დამწყვდეულ ქალთა ჩუმ ტირილსა და ქარის ყურისწამღებ ზუზუნს ერწყმოდა. იცლებოდა ღვინის ვარცლები, ასობით თუნგ წყალს ეზიდებოდნენ მსახურნი ზღვიდან, ვეღარ აუდიოდნენ გაცხოველებულ ღრეობას.

მეომარნი კი შეუჩერებლად სვამდნენ, უძირო ტიკჭორებივით ნთქავდნენ უსასრულო ნადიმს და თითოეულ სიტყვას მხედართმთავრისა და მათი მომავალი მეფის დალოცვას მოაყოლებდნენ, ღმერთებს შეავედრებდნენ მის დიად პიროვნებას.

ამ დიდებით დამტკბარი მეფისწული მიწოლილიყო კარავში, მკურნალთა დაუცხრომელი ყურადღებისა და ლოცვათა ქვეშ იკრეფდა ძალებს, იშუშებდა იარებს, და სარდლებს იხმობდა, მათთან ერთად ბჭობდა, კაცს კაცზე, რაზმს რაზმზე აფრენდა ბაჰირას უცხო მიწათა დასალაშქრად, გემსადგურის აღმოსაჩენად.

თავადი გაბრიელი დაჰყვებოდა რაზმთ, აღრიცხავდა ვარსკვლავებს და ხატავდა რუქებს. ორბის თვალი ჰქონდა სარდალს, შეაჩერებდა შუა გზაზე რაზმს და აკვირდებოდა ცას მიმოფანტულ მარგალიტთა ჩახჩახს. ვითარცა ასოებს, ისე ჰკითხულობდა ვარსკვლავებს იგი, მუდამ გამალებით აღბეჭდდა აღმოჩენას ტყავ-ეტრატზე.

ილაშქრებოდა გარემო. მიუწვდენელ ხეთა კენწეროებსა და გადაბუგულ სოფელთა ნარჩენებს მოჰკიდებდნენ ჯარისკაცნი სრორდის სამეფო გერბით: ხახადაღებული მგლით შემკულ ალმებს, ამცნობდნენ ყველას, იმარჯვაო უწყლო ჩრდილოეთმა ზღვის მიწაზე.

ჰპოვეს გემსადგური მეშვიდე დღეს.

სასახლიდან ორიოდე ყივილის სავალ მანძილზე მიჩქმალულიყო იგი, მცირე სრუტე უნდა გადაელახათ მასთან მისაღწევად, რომელიც ზღვის მოქცევისას ორი ცხენის სიმაღლეს უტოლდებოდა, მაგრამ მიქცევისას ფონად ევლინებოდა ცხენოსნებს. გემსადგურს თავზე წამოდგომოდა თვალუწვდენელი კლდე, კლდეში გამოეკვეთათ რამდენიმე გამოქვაბული, სასაწყობოდ. აურაცხელი, ღვინით, დაშაშხული ხორცითა და სხვა უცხო, ჩრდილოეთელთათვის უცნობი, გამომშრალი თევზით  სავსე კასრები, დაგრეხილი თოკები, გამძლე ტილოს აფრები ავსებდა გამოქვაბულებს. მომცრო სამლოცველოში ჩამწვარიყო სიჩქარეში მიტოვებული ქონის სანთლები, რომელთაც ფრთიანი ღვთაების ხის კერპი შეეჭვარტლათ.

კლდოვან ნაპირს შემიჯნული იყო ზორბა, გაჯირჯვლული შავი აკაციის ნაგებობა, სქელი, ფოლადშემოკრული ხიმინჯები იკავებდნენ ვეებერთელა ნავმისადგომს, რომელსაც ხუთიოდე მოზრდილი ხომალდი მიუდგებოდა. მომცრო შუქურა ჩანავლებულიყო, მიტოვების მწვანე სევდა მოსდებოდა გემსადგურს.

შუქურა ააჩახჩახეს ჯარისკაცებმა, მის თავზე, ზორბა თასში მიტოვებულ ნახშირს წაუკიდეს ცეცხლი. თავად სარდალმა გაბრიელმა მიმართა ზღვისაკენ ბროლითა და მინით მოჭედილი, მოზრდილი ფოლადის დაფი, დაზვერა ტალღები და ახლომდებარე კუნძულნი.

ღვინიანი და საკვებიანი კასრები ზღვაში გადაჰყარეთო, ბრძანა გაბრიელმა, მაგრამ უჩუმრად ეურჩა მას რამდენიმე გაბედული, სასმელს მოწყურებული მეომარი. ტიკჭორები აავსეს ღვინით, სარდალისაგან მალვით გამოზიდეს ისინი საწყობიდან, და საგულდაგულოდ დასამალად ჩაუცალეს ისინი სრორდის მათრობელა ღვინის ვარცლთა ფაშვებს.

ბჭობდნენ და მოილხენდნენ სრორდელნი, და წარბშეკრული შეჰყურებდა მათ აჩრდილთ კარავში გამომწყვდეული ერქანთა მეფისქალი, რომელსაც ამჟამად მთელი რაზმი იცავდა.

მისი საქციელით გამძვინვარებულმა ანდრეიმ ოთხი მზე აშიმშილა იგი, მხოლოდ მომცრო თუნგით უზიდავდა მსახური წყალს, ისიც თავადი კლავდის ხვეწნა-მუდარის შედეგად, მოკვდებაო დიაცი. მტკიცედ იდგა გენერალი კლავდი თავის აზრზე, არ ივარგებსო მეფისქალის ასე გაწირვა. ბოლოს დაჰყვა მას მეფისწული, მეხუთე მზეს მცირედი ხორცი გაუგზავნა ეირინს.

თავადი კლავდი ყოველ დილით, მეშვიდე ყივილისას აკითხავდა ერქანთა დიაცს. ზოგჯერ მკურნალთან ან მთარგმნელთან ერთად, ზოგჯერ მარტოდმარტო შედიოდა კარავში. არ ეამებოდა სხვა სარდლებსა და ჯარისკაცებს მისი საქციელი, ბოროტი ხმანი დაირხა ბანაკში, ურთქმელს სჩადისო მტრის დიაცთან კლავდი.

არ ეამებოდა მეფისწულსაც, მაგრამ გადაეწყვიტა არ დაეშალა სარდლისათვის მისი სტუმრობა მეფისქალთან. გულუხვად დააჯილდოვა სახაზინოს ოქროთი მთარგმნელი და ერქანთა დიაცის კარვის გუშაგნი, უბრძანა, ყოველი სიტყვა, რომელიც მეფისქალის ბაგეთ მოსწყდება, ჩემთან უნდა მოვიდესო.

მაგრამ სდუმდა ერქანთა დიაცი, თავისუფლებააღკვეთილი, დაუდგრომელი ავაზასავით ბრდღვინავდა, და მცირედ გამოელაპარაკებოდა მას სარდალი კლავდი.

მის თითოეულ სიტყვას უმალ უკაკლავდა მეფისწულის გულუხვობას დახარბებული მთარგმნელი ანდრეის. ისმენდა ანდრეი, თუ როგორ ესაუბრებოდა კლავდი ეირინს მის ქვეყანაზე, ეკითხებოდა მიწებზე, მემკვიდრეობასა და წარსულზე.

უსმენდა და ზიზღდებოდა მეფისწულს მისი საქციელი, მაგრამ არარას ამბობდა, უშვილო ბერიკაცის ახირებად თვლიდა ამ გაუგონარ საქციელს.

როგორც კი მეფედ აკურთხებდნენ და გვირგვინს დაადგამდნენ, წამსვე თავად კლავდსა და კიდევ რამდენიმე წარჩინებულს ჩამოართმევდა წოდებასა და მიწებს. სათანადოდ დასჯიდა ყველას, ვინც ალმაცერად შეჰყურებდა და ეჭვი ეპარებოდა მასში.

ალბათ პირველ რიგში ერქანთა დიაცს მოჰკვეთდა თავს.

მიწოლილიყო მეფისწული და ოცნებებს მისცემოდა.

მაგრამ არ დასცალდა მოსვენება.

მეთერთმეტე მზე იწურებოდა და ზღვას ქარი გამოება კუდად, როცა შუქურაზე მყოფმა მზვერავებმა მოახლოებული საავდრო ღრუბლებსა და მათ მოყოლილ სამ ხომალდს ჰკიდეს თვალი ჰორიზონტზე. აფრინეს კაცი ბანაკში, მაცნეს სიტყვათა დასამოწმებლად შუქურას მოვარდა თავადი გაბრიელი, ჩამოწოლილ ბინდბუნდში, მხოლოდ ღამის მილეული მხევალი და ჯერ კიდევ ღრუბელთა მიღმა შეუმალავი ვარსკვლავნი რომ ანათებდნენ, დაათვალიერა სამი ზორბა ხომალდი, რომელთაც ამაყად აეწიათ ქათქათა აფრები და ზღვის გადაღმა მდებარე სამეფოს, ჩაქერის გერბის მატარებელ დროშას აფრიალებდნენ.

წამსვე აფრინა კაცი გაბრიელმა, მეფისწულს აუწყა ამბავი, და ბრძანა მხედართმთავარმა, რომ მოზრდილი, ცხენოსანთა და ქვეითთა რაზმი გამზადებულიყო, რომელმაც სარდალი ატავესის წინამძღოლობით მიაშურა გემსადგურს, ვითარცა დაეცვათ ახლადაღებული საზღვაო გზა, თუ ჩაქერელნი შეეწინააღმდეგებოდნენ მათ.

რაზმი გემსადგურზე განალაგა და ჩაასაფრა თავადმა ატავესმა, როცა ორიოდე ყივილის შემდგომ მოადგნენ ხომალდები ნავმისადგომს, ჩაჰყარეს ღუზები და ააფრიალეს თეთრი ალმები მშვიდობისა ნიშნად.

გონიერების გამოჩენას ელოდა მათ გაგებებული სარდალი გაბრიელი, არ სურდა სისხლი დაღვრილიყო. იცოდა გაბრიელმა, რომ გაქნილნი იყვნენ ჩაქერელნი, უბადლო ვაჭარნი და მლიქვნელნი. და ისიც უწყოდა თავადმა, რომ შვიდი სამეფოს ენაზე საუბრობდნენ ისინი, არ გააჩნდათ საკუთარი, შვიდი სამეფოსგან ოდესღაც გახიზნული გაიძვერა ხალხებისაგან მომავალთ.

და გონიერნი აღმოჩნდნენ ჩაქერელნი. იცნო გემთა კაპიტანმა შუქურის მობრდღვიალე სინათლეზე გაკიდებული სრორდის დროშა, სწრაფად მოავლო თვალი გამოგებებული სარდლის რუხ აბჯარსა და შეფერილობას და წამსვე მიხვდა, თუ რა დაატყდა თავს ბაჰირას.

ხელი აზიდა და მიესალმა იგი გაბრიელს, სანამ მეზღვაურნი ფიცარს სდებდნენ ნავმისადგომს, სრორდელთ ვეახლებიო.

-დიდება მეფე სოლომონს! – დაამატა მან, როცა ფიცარს შემოაბიჯა. სიტყვებს უცნაურად წელავდა, სუფთად ულაპლაპებდა სავსე, ფართო სახე. თვალები დანაოჭებოდა, ზედ გადმოჰფარებოდა გაფანჩული, მუქი წარბები. წოდებაზე მოპოტინების სურნელი ასდიოდა ვეებერთელა, ალისფერ ქუდს, უამრავი ძვირფასი ბუმბული ესხა ზედ. მუქ, გრძელ ზღვისფერ მოსასხამსა და ტყავის მაღალ ქალამნებს რუხი ელფერი დასდებოდა ბინდში.

ფრთხილად მიუახლოვდა მას თავადი გაბრიელი, მახვილის ვადიდან არ იღებდა მარჯვენას.

-დიდხანს იცოცხლოს მეფემ! – მიუგო მან საპასუხოდ, მერე კი იჭვნეულად შეათვალიერა ძვირფას წითელ მაუდში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც მარტოდმარტო გადმოვიდა გემსადგურზე, ნიშანი მისცა მეზღვაურთ, დარჩითო უკან. – მისი სახელის ქვეშაა ამიერიდან ეს მიწა, უცხოელო… ვინა ხარ? რა გესაქმება აქ?

გულიანად გადაიხარხარა ჩაქირელმა.

-უბრალო ვაჭარი ვარ, კარგო კაცო, ხე, ბამბა და ბუმბული გადამაქვს! – გულითადად იცინოდა იგი, მაცდურად უელავდა მოჭუტული, გონიერი თვალები. იმ წამსვე გადაწყვიტა გაბრიელმა, რომ არ ნდობოდა ამ კაცს. – ტრიქსე გახლავარ, ჩაქერის აღმოსავლეთიდან, მთებისა და ტუსსის ვაჟი! არ გაგიგია დიდებული ვაჭარი, აკარველი ტუსსი? სუაგრასა და ნიჰიდას ხელებში ჩავიხრჩო, თუ მისი შვილი არ ვიყო! მან მოიარა პირველად შვიდი სამეფო და ორმოცდაათი ფარშევანგი მიუბრძანა თითოეულ მეფეს! ორმოცდაათი! ფრიად კმაყოფილი იყოო მეფე ბერთრამი, ღმერთებმა შეინახონ მისი სულიო, მეუბნებოდა ცხონებული…

კაცმა კვლავ გადაიხარხარა, ფაშვი ხელით ეჭირა. ფულითა და ოქროთი ნასუქი, პატივმოყვარე და გაიძვერა ვაჭრის განსახიერება გახლდათ, გაბრიელის აზრით, რომელმაც იცნო მისი მონათხრობი.

ახსოვდა ორმოცდაათი ფარშევანგის ამბავი, რომელთაც ელოლიავებოდა ბერთრამი, მერე კი შეუღლებისას სათითაოდ წააკრიფა მათ ბუმბულები.

-მე სრორდის ჯარის მარჯვენა ფალანგის სარდალი, მეფისწული და მთავარსარდალი ანდრეის ერთგული ქვეშემრდომი და ბელთათინის დიდი თავადის წოდების მქონე გაბრიელი გახლავარ, უცხოელო. რა გწადია? – ჰკითხა მან. ტრიქსემ ბეჭდებასხმული ხელები აღმართა, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა მის ბაგეს.

აზვირთდა ზღვა, ირხეოდნენ ხომალდნი, კიფოდან ცხვირამდე მიმორბოდნენ მეზღვაურნი, ქათქათა ტილოს აფრებს ჰკრავდნენ, ფოლადის რგოლებს უჭერდნენ კასრებს. ქარი უწეწავდა თავად გაბრიელს თმას, მის უკან გაწყობილ რაზმს მახვილთა ვადაზე ედოთ მარჯვენა.

შეუჩერებლად მოგორავდნენ დასავლეთიდან საავდრო ღრუბელნი და ფარავდნენ მთვარის ბრწყინვალებას.

-რაც თქვენ გწადიათ, ჩემო ბატონო. – მიუგო ტრიქსემ. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. – ბაჰირას დაპყრობის აღსანიშნავად მოგართმევთ ჩემს ბარგს ძღვენად! შეუდარებელი საქონელი მაქვს, უბადლო! ასეთს შვიდ სამეფოში ვერსად იპოვით!

-ძალზე გულუხვი ბრძანდები, ვაჭარო. – ცივად შეუკრთა ბაგე გაბრიელს. – სანაცვლოდ რასაა, რომ ითხოვ? რა გსურს?

-რასაა რომ მკადრებთ, ჩემო ბატონო! – შეიცხადა ვაჭარმა, ფრიად შეურაცხყოფილის ნიღაბი გადაეფინა სახეს. – ძღვენი როდისაა, რომ სანაცვლოს საჭიროებს! მხოლოდ თქვენი კეთილგანწყობა და ტკბილი სტუმარ-მასპინძლობა მწადია…

-მაშ უარს არ გვეტყვი, თუ მოვისურვებთ თქვენი ხომალდნი მოვინახულოთ? – შეჰკითხა სარდალმა გაბრიელმა. წამსვე ანიშნა რაზმს, და მის ნიშანზე სამალავიდან წამოასხა მეომრები ატავესმა, მოღუშული წამოემართა ხომალდებისაკენ.

რაზმს წამსვე მოავლო გონიერი თვალები ტრიქსემ, ნაკვთები შეუკრთა.

-ფრიად საფრთხილოა, ზღვა ბობოქრობს, – გესლით აღავსო მან სიტყვები, მაგრამ მაინც გააპო ბაგენი და თავი მოიდრიკა მეომართა წინაშე, რომელთაც შიშის ნაპერწკალი ჩასახვოდათ მის სიტყვათა გაგონებისას. – მაგრამ მიბრძანდით. – ნიშანი მისცა მან მეზღვაურთ და წამსვე დაფაცურდნენ ისინი, ათიოდე სქელი სავალი ფიცარი გადმოსდეს ხომალდებიდან.

კბილები გააღრჭიალა თავადმა, თვალებით ჰკლავდა ამ თავგასულ კაცს. უწყოდა ტრიქსემ, რომ უწყლო ჩრდილოელთათვის დიდი წყალი ბოროტება იყო, გლუვი, ცოცხალი ზედაპირის ქვეშ ჩამალული ნაირფერი სიკვდილი.

სასწრაფოდ აჰყარა ხომალდებზე ატავესმა მეომარნი, თან ღრიალებდა, გასინჯეთო თითოეული კუთხე-კუნჭული, ნახული იარაღი კი გადმოჰყარეთო ხომალდებიდან.

ელდანაცემი მეზღვაურნი უკან იწევდნენ, მშვიდობის ნიშნად სწევდნენ ხელებს. მომხდარს ადევნებდა თვალს ტრიქსე, მშვიდი გამომეტყველება გადაჰფენოდა სახეს, მაგრამ უწყოდა გაბრიელმა, რომ სისხლი უდუღდა მას ძარღვებში.

-ტრიქსე, მე წამომყვებით. – მახვილის ვადას კვლავ მოავლო მარჯვენა გაბრიელმა, მარცხენათი კი გემსადგომის კლდოვან ნაპირას დაბმული ცხენებისაკენ მიუთითა. – ისეთ სტუმარ-მასპინძლობას გაგიწევთ, თქვენ რომ შეგფერით.

კვლავ ღიმილს გაეპო ვაჭარი ტრიქსეს ბაგე, მაგრამ უსიამო გრძნობა ედგა თვალებში.

-როგორც გენებოთ, ჩემო ბატონო. – წელში მოიხარა იგი მოწიწებით. – მხოლოდ იმას შეგთხოვთ, ჩემი მარჯვენა ხელი წამომაყოლოთ, საიდუმლოს გაგიმხელთ და ფრიად უნიათო ვარ მის გარეშე! – მხიარულად გადაიხარხარა მან.

უმზირა გაბრიელმა, და დაუქნია ბოლოს თავი, ნებას გაძლევთო.

-მორგანა! – გასძახა ტრიქსემ, მისი ვეებერთელა ფაშვიდან ამოსულმა ძახილმა ქარის დაუდგრომელი ღრიალი, ზღვის ბობოქარი ღელვა, მეომართა და მეზღვაურთა ალიაქოთი გადაჰფარა. – მორგანა!

ფიცართან უმალ გამოჩნდა ტრიქსეს მარჯვენა ხელის, მორგანას მომცრო ფიგურა. მოიღუშა გაბრიელი, მაგრამ გასძახა მეომართ, გამოატარეთო იგი.

მკვირცხლად გადმოირბინა მორგანამ ფიცარი, ვაჭარს ამოუდგა გვერდით. მხრამდე ძლივს სწვდებოდა ჩასკვნილ ტრიქსეს, გაცრეცილი ლურჯი ტილოს ჯვალო ემოსა, ქონით გაპოხილი ქალამნები და ქეჩის თავსაბური წაეკრა თავზე, რომლიდანაც გამოსჩროდა ჩალასავით ხეშეში, ისეთი რუხი თმა, თითქოსდა შეუჭვარტლიათო. შუქურის სინათლეზე უბრდღვიალებდა პატარა, ჭკვიანი თვალები, რომლებითაც ქუთუთოთა შეუნძრევლად შესცქეროდა სარდალს.

-დიად მეფე სოლომონს გაუმარჯოს, თავადო. – თქვა მან.

ჯერ ბალღი იყო მორგანა, თექვსმეტ ზამთარს არაცდენილი.

არაფერი შეიმჩნია გაბრიელმა, ბედაურებისაკენ გაუძღვა მათ. სხარტად, ორიოდე ნაბიჯზე შემორტყმოდნენ მეომარნი.

უსწრაფესი ცხენოსანი აფრინა გაბრიელმა, მეფისწულს აცნობეთო ჩაქერელი ვაჭრის ამბავი.

ამხედრდნენ და სალაშქრო ბანაკისაკენ გაემართა მათი რაზმი.

ესმოდათ, თუ როგორ ბრდღვინავდა ზღვა, როგორ ასკდებოდნენ ტალღები კლდოვან ნაპირს. ცივი ზურგი ექციათ ვარსკვლავებს მიწისაკენ, რუხი ღრუბლები გადმოჰყურებდნენ ზემოდან, რამდენჯერმე იქუხა, უცრემლოდ მძვინვარებენ ღმერთებიო, გაივლო გაბრიელმა გულში.  

საბედნიეროდ ჯერ არ აემაღლებინა მოქცევას სრუტეში ფონი. გაარღვიეს მკერდამდე წყალი ბედაურებმა, და ჩორთით გააჭენა სარდალმა გაბრიელმა თავისი ფაშატი, ქოშინით მოჰყვებოდა მას უკან მეომრებით გარშემორტყმული ვაჭარი და ბედაურზე ამაყად მჯდომი მორგანა.

ორიოდე ყივილის განვლისას მოუახლოვდნენ სალაშქრო ბანაკს. კბილებამდე შეიარაღებულნი გამოეგებნენ მათ მეომარნი, ცხენები ჩამოართვეს მსახურებმა. ვაჭრის ხილვა მოისურვაო მეფისწულმა, გადაულაპარაკეს სარდალს.

მოიღუშა გაბრიელი, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგებოდა მხედართმთავრის ნებას. გაუძღვნენ მსახურნი თვალუწვდენელი ბანაკის თავისაკენ, სადაც კოცონთან გაეშალათ მდიდრული ტაბლა.

ტაბლას მეომარნი შემოსხდოდნენ, მის თავში კი წამომჯდარიყო მეფისწული ანდრეი. მოსვენებულიყო ღვინოს მიძალული, ქუთუთოები მიელულა, ჩითის უბრალო ტუნიკასა და შარვალში გამოწყობილიყო იგი. ერთადერთი სამეფო ნიშანი მის მარცხენა არათითზე მორგებული საგვარეულო ბეჭედი გახლდათ, მაგრამ მისი თავდაჭერა, მუქ წარბთაქვეშა გამოხედვა და იჭვნეული, გამჭოლი მზერა, რომლითაც წამსვე შეათვალიერა და შეაფასა მან უცხოელი ვაჭარი, მის უდავო მეფურობასა და არე-მარეს ბატონ-პატრონობაზე მეტყველებდა.

იგრძნო ეს ვაჭარმა და წამსვე გაემართა, მეფისწულის წინაშე განერთხა მიწას, მას მიჰბაძა მისმა მარჯვენა ხელმა. მათ ფეხდაფეხ მიჰყვა სარდალი გაბრიელი მეომართურთ, გვერდით ამოუდგა მხედართმთავარს, ოდნავ ამოეზიდა ქარქაშიდან მახვილი.

მომლხენი, ტაბლას შემომსხდარი, გალეშილი მეომარნი გულგრილად აყოლებდნენ მათ თვალს, სწევდნენ ღვინით სავსე ფიალებს და ადღეგრძელებდნენ მეფისწულს.

თავი ასწია ვაჭარმა, კოტიტა თითებით სწვდა მხედართმთავრის ქალამანს და ტუჩებზე წაიცხო მასზე დადებული მტვერი.

-შენს წინაშეა მეფე სოლომონისა და დედოფალი კიდას ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე, მეფისწული ანდრეი კილიან ვოლფრამი! – შესძახა გაბრიელმა. – მიესალმე, ვაჭარო!

-უბრალო ვაჭარი, ჩაქერელი ტრიქსე გეახლებით, მეფისწულო ანდრეი, თქვენი სახელი დაილოცოს… შემოგცქერით და მართლდება თქვენი სახელი, როგორც მგელთა ხროვის ბატონისა… – შაქარი ამოსდიოდა ყელიდან მას. – ნება მომეცით ჩემი საქონელი გიბოძოთ ძღვენად…

უსიტყვოდ შესცქეროდა მას ანდრეი, და უფრო ფართოდ გააპო ბაგე გაიძვერა ვაჭარმა.

-თქვენი მამისა მამას, მეფე ბერთრამს, ღმერთებმა უპატრონონ მის დიად სულს, დიდად ეამა ჩემი მამის, აკარველი ტუსსის ძღვენი, ორმოცდაათი ფარშევანგი! – შესძახა მან, მეწამულ ქუდზე დამაგრებული ბუმბულები აცახცახდნენ, კოცონის ნაპერწკალთა ცეკვას აჰყვნენ. – უდიდესი სიამოვნება იქნება ჩემთვის, რომ ფარშევანგის ბუმბულნი, საუკეთესო, ხელით ნარჩევი ბამბა და უძვირფასესი აკაცია გიბოძოთ…

უცქირა მეფისწულმა.

-თქვენი ფეხის მტვერზე ვილოცები, მეფისწულო, უდიდესი პატივია თქვენი ხილვა! – ანაზდად ბალღური ხმით დაიჟღურტულა მორგანამ. სისინით, მკვირცხლად მიუბრუნდა მას ტრიქსე, დაუცაცხანა, ენა ჩაიგდეო, მაგრამ უკვე მეფისწულის ყურადღება მიექცია ბალღს. – ჩემი ნათლია და მეურვე, ჩაქერელი თავადი ბოლივარი და მისი ამხანაგნი სამეფო კარზე აღფრდოვანდებიან ამ დიადი ამბით!

ანდრეის ბაგე შეუკრთა. ოდნავ გაეღიმა მეფისწულს და ააქნია ხელი.

ნაკვთები მოეღრიჯა გაბრიელს. ეს ბალღიც ისეთივე გაქნილი და გაიძვერა იყო, ვითარცა მისი კაპიტანი. ეჭვიც კი არ შეჰპარვია სარდალს, მეფისწული ამაში გართობის საბაბს ჰპოვებსო.

-დაბრძანდი, ტრიქსე. – უბრძანა მეფისწულმა, და წამსვე ფეხზე წამოიჭრა ტრიქსე, წელში იღუნებოდა, უთვალავ მადლობას სწირავდა და პატივზე ბუტბუტებდა, სანამ ტაბლასთან ადგილი გაუთავისუფლეს მეომრებმა. ძელსკამზე მოიღვენთა იგი, ორი კაცის ადგილს ჰფარავდა მთლიანად. მისი ნასუქი სხეულის გვერდით უფრო წვრილდებოდა თითქოს მორგანას მომცრო, მჭლე ტანი, რომელიც თითქოსდა გაჭირვებით იჭერდა ვეებერთელა, ხეშეშთმიან თავს.

-მიამბე, ტრიქსე. – შეჰკითხა მხედართმთავარმა, მსახურის მიერ შევსებული ფიალა აზიდა ბაგეებთან. გაფაციცებული შეაცქერდა ვაჭარი, სიტყვა არ გამომეპაროსო. – რა ხანია, რაც აქ ვაჭრობ? სხვა ბარბაროსთაც უზიდავ ბამბასა და ბუმბულს?

-რაოდენ ენაკვიმატი ბრძანდებით, მეფისწულო! – გადაიხარხარა ვაჭარმა, გაბრდღვიალებული, ხარბი მზერით შეჰყურებდა მეფისწულს. – ბარბაროსნი არიან ბაჰირელნი, მაგრამ ოქროს კბილით ვერ წაჰკვნეტ, არ დამეთანხმებით? რაც ბებერ დავიდს ქალი მემკვიდრე შეეძინა და სასახლის ბჭენი ფართოდ გააღო, ყოველ ზამთარს დატვირთული ვეახლები! და ოქროთი დატვირთულნი მეახლებიან ისინიც!

ჩაიფრუტუნა და ღვინო შესვა მეფისწულმა, თვალები ეგლისებოდა. ხელ-ფეხი გაჰქვავებოდა სარდალ გაბრიელს, რადგან კარგს არაფერს მოასწავებდა მეფისწულის სიმთვრალე, მაგრამ კრინტს ვერ სძრავდა ბედშავი, უწყოდა, რომ ვერ გამოსტაცებდა ანდრეის ღვინოს.

-მეფისწულო ანდრეი, თქვენი მომავალი გვირგვინი დაილოცოს… – მისკენ გადაიხარა გაბადრული ტრიქსე. – რა ბედი ეწია ბაჰირას მარგალიტს: ეირინ ზაჰრა ლაილის? უმალ თავი მოჰკვეთეთ? ფრიად გულდასაწყვეტია, რაოდენ ლამაზი იყო ეგ დიაცი, როგორ ცეკვავდა… აღუწერელი სიამოვნება იყო, თვალს ვერ სწყვეტდა ვერავინ… სამეფო კარის ვახშამზე უბადლო სანახაობას გვთავაზობდა მუდამ!

ტრიქსეს ფართო, გაბღენძილ სახეს ჩაჰფრენოდა ანდრეი თვალებით, აღტკინება გამოეხატა მზერაში.

მერე კი, სანამ რამეს მოიმოქმედებდა შეშფოთებული გაბრიელი, გულიანად გადაიხარხარა მეფისწულმა.

გაოგნებით შეაცქერდნენ მეომარნი, წამიერად დაშოშმინდა ლხენა.

მათი შეცბუნების მიუხედავად, ხარობდა მეფისწული ანდრეი. ხარობდა იმ ამბით, რომელიც შეუგნებლად გაუმხილა ჩაქერელმა ვაჭარმა.

-მაშ ასე არა? – ბაგე გაჰპობოდა მეფისწულს, ფეხზე წამოიჭრა, მუშტი მთელი ძალით დასცხო ტაბლას. შეცახცახდნენ ჭურჭელი და მეომარნი. – თურმე ეს წყეული, სიძვის დიაცი, ცრუ ღმერთზე რომ ილოცება, უბრალო ვაჭართ უმართავდა სანახაობას, სამეფო კარზე! რაოდენ საკვირველია!

-ჩემო ბატონო… – მხარზე ხელი უმალ შეავლო გაბრიელმა, მაგრამ ვეღარაფერი შეაჩერებდა შემთვრალ, აღტკინებულ მეფისწულს.

-გამოათრიეთ ერქანთა დიაცი! – შეჰღრიალა მეფისწულმა, კბილები გააშიშვლა, ღვინით სავსე ფიალა აზიდა. – დაე იცეკვოს! ვიხილოთ ბარბაროსთა როკვა… – მერე კი, თითქოს გაახსენდაო, ტყისპირას მიყენებულ ურემთ მიუშვირა მკლავი. – ისინიც მოათრიეთ! რამეთუ იქნებ სწორედ ისეთი სიამოვნება მოგვანიჭონ, როგორც ჩვენი სტუმარი ირწმუნება… – გაბადრულ ტრიქსეს მიმართა მან. მკვდარივით ფერწასული იდგა ვაჭრის უკან მორგანა.

წამსვე გაეშურნენ მეფისწულის ნების აღსასრულებლად ჯარისკაცნი. ბაჰირელ ქალთა კივილმა გაჰკვეთა ჰაერი.

გაცხარებით უჩურჩულებდა გავეშებული სარდალი გაბრიელი მეფისწულს, რომელსაც ღვინის ფიალა მიეტანა ბაგესთან და ცისაკენ თვალაპყრობილი მადლობას სწირავდა ღმერთებს. ეუბნებოდა, ნუ დაამცირებთ ასე ერქანთა დიაცს, ვაჭრის სიტყვას ნუ აიღებთო ოქროს ფასად…

მაგრამ ყურსაც კი არ უგდებდა მხედართმთავარი თავისი სარდლის შეგონებას.

ტაბლასთან ადგილის გამოთავისუფლება უბრძანა მან მეომართ. მიმოიწივნენ ისინი, აღვივებული კოცონის პირას გააშიშვლს მიწას და შემოერტყნენ რკალად, სანახაობისათვის გამზადებულნი. თითქოს ოცდაერთი მზის წინანდელ, ნაცნობ რკალში მეომართა მიერ ბაჰირელ დიაცთა პატივაყრას უმზერდნენ.

მოათრიეს დიაცნი, დაჰყარეს მტვრიან, შიშველ მიწაზე, ვითარცა საკლავი. გაკრული ხელ-ფეხი გაეხსნათ მათთვის, მწირად მიწოდებულ საკვებს დაელია მათი სხეულები, გოდებდნენ და საცოდავად იმზირებოდნენ გაძვალტყავებულნი.

მალევე მოჰგვარეს ეირინი. გამწკრივებულ მეომართა შორის მოაბიჯებდა იგი, შუბოსნებით გარშემორტყმული, უბზინავდა ბრინჯაოსფერი კანი და თავზე დაგორგლილი ფერფლისფერი თმა. ყბები დასჭიმვოდა, წამსვე მეფისწულს ჰკიდა თვალი და შეაცქერდა ცივად.

ცეცხლი მოეკიდა მკერდზე ანდრეის.

-ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერმა მომახრჩოს… ესაა მეფისქალი?! – აღტკინებით გაჰკიოდა ტრიქსე. – ესაა?! ნამდვილად ესაა?

არ გამოჰპარვია გაბრიელს, თუ როგორ გადაიხარა მორგანა, როგორ ჩასჩურჩულა ვაჭარს რაღაც.

-თქვენ ხომ გინახავთ ერქანთა დიაცი, ვაჭარო! – შესძახა მან და ტრიქსემ წამსვე მოატრიალა მისკენ შეცბუნებული თვალები. – ასე არაა?

გადაიხარხარა ჩაქერელმა, გაიძვერას თვალები აუციმციმდა.         

-უნდა მომიტევო, სარდალო! – მიუგო მან. – დაჰკარგვია მეფისქალს სიამაყე! რაოდენ შეცვლილა ერქანთა მარგალიტი…

აღმუვლებილიყვნენ მეომარნი, წყევლიდნენ ამაყად მომავალ, ქუთუთოთა შეურხევლად მათ მეფისწულზე მაცქერალ დიაცს. რამდენიმემ გვერდზე გადააპურჭყა, ვერ შეჰბედეს მეფისქალს მასზე შეფურთხება.

ჯერ კიდევ ცოცხლობდა მათ გონებაში მეფისქალის ზმანება, რომელიც შეუბრალებლად ჰკლავდა სამ სრორდელ მეომარს.

მას ფეხდაფეხ მოსდევდა მთარგმნელი, რომელიც უჩურჩულებდა მეფისქალს, ალბათ უთარგმნიდა მეფისწულის სურვილს.

კოცონთან მიიყვანეს ეირინი, და უკან დაიხიეს შუბოსნებმა.

-მაშა? – მკლავები გადაშალა მეფისწულმა, ღვინის ფიალა გამოსცალა და ტაბლას დაახეთქა, მიწა შეზანზარდა თითქოს ფეხქვეშ. თვალმოუშორებლივ უმზერდა კოცონის შუქზე გამოკვეთილ ქალის სხეულს. – იცეკვოს!

სასწრაფოდ უთარგმნა ყმაწვილმა მეფისქალს.

გაყინული იმზირებოდა დიაცი, მერე კი ბაგე შეუთრთოლდა, თვალი მოავლო გარშემორტყმულ მეომართ.

-Mai dargøaserii… Vaalmisera hossu! – შესძახა მან. – Maij loorg warkeroograd mai…

-ამბობს, რომ მეფისწულის სურვილს შეასრულებს! – შეჰყვირა გაბადრულმა მთარგმნელმა და ყიჟინა დასცხეს მეომრებმა. – ამბობს, იყავითო მზად, და მომიტევებსო ჩემი ღვთაება…

მეფისწულმა გადაიხარხარა. მას უმალ აჰყვნენ ჯარისკაცნი და თავისი თავით აშკარად კმაყოფილი, აღტკინებული ვაჭარი, რომელიც ხარბად შესცქეროდა ერქანთა დიაცს.

იქუხა ცაში, იელვა, ელვის ნაპერწკლები აცეკვდნენ ჰაერში, დაეყარნენ ფერფლისფერ თმას.

დიაცთ გადახედა ეირინმა. ფეხზე წამოიწივნენ ისინი, ხელები შემოჰკრეს ერთმანეთს, მიწას დასცხეს ტერფები.

თმა ჩამოიშალა ეირინმა, მუხლამდე დაეფინა ფერფლისფერი დალალები.

მერე კი დაიხარა, გადაიფხრიწა კალთა კბილებით, ისე რომ მუხლამდე ჰფარავდა მხოლოდ უხეში კაბა. ორივე ხელში ააფრიალა ტილოს ნახევი.

მეომრებმა ღრიალი ასტეხეს. გაოგნდნენ, არ ელოდნენ მეფისქალისაგან ასეთ ქმედებას.

უმზერდა გაქვავებული მეფისწული, თუ როგორ აღმართა მკლავები ეირინმა,  ადგილზე ციბრუტივით დატრიალდა, თითქოს ალთა კვალად სდევდა ცეცხლისაგან ოქროსფრად დაფერილი თმა.

რაღაც გაუგებარის ბუტბუტი წამოიწყეს ქალებმა, გამაყრუებელ ქუხილსა და ელვის ჭახანს ერეოდა მათ ფეხთა ბრახუნი და ხელთა ტკაცანი. თითქოსდა დაფდაფებს სცემდნენ, და მათ სიმღერას აჰყოლოდა მეფისქალის სხეული.

რკალს შემოურბინა ეირინმა, ხელებს გრეხდა, ტილოთა ნახევებს ატრიალებდა. მუხლი მოირთხა, ცისკენ აიქნია მკლავები.

მერე კი ანაზდად წამოხტა, როგორც ავაზა, და თითქოს ფრთაშესხმული ფრინველიაო, ტაბლაზე ისკუპა.

მეომართა ყურისწამღები ღრიალის ხმაზე მოიწევდა წინ, არც კი ეხებოდა ტაბლაზე დაწყობილ ჭურჭელს, როკავდა მისი მუსიკას აყოლილი თითოეული ნაკვთი. ღარიბული, უფორმო კაბა ვერ ჰფარავდა დიაცის სხეულს, მის ჩამოქნილ ფეხებსა და მაღალ, გედისებრ ყელს, რომელსაც იღერებდა ქალი ცისაკენ ხელთა აღმართვისას. გამჭვირვალე გამხდარიყო მის უკან ავარვარებული კოცონის წყალობით უხეში ტილო, შესცქეროდნენ მეომარნი, მეფისწული, ნერწყვმოწოლილი ვაჭარი და სარდალი გაბრიელი გამოყვანილ წელსა და ტალღასავით მოძრავ სხეულს.

თითქოს მოუხშირეს დაფდაფებმა, თითქოსდა უფრო ხმამაღლა ქუხდა, და უფრო აჩქარდა ეირინიც, სამი შუბის სიგრძეზე გადაჭიმულ ტაბლას ბოლოს უახლოვდებოდა, სადაც აღმართულიყო ადგილს მიყინული ანდრეი.

გველივით იკლაკნებოდა დიაცი, გველივით მომნუსხველნი იყვნენ მისი ცეცხლის ამრეკლავი, ნაღვერდლებივით ავარვარებული თვალები. ტრიალებდა, იყრიდა მუხლს, შლიდა მკლავებს, და როგორც კი პირს მეფისწულისაკენ მიიბრუნებდა, არ აცილებდა მზერას.

დაბალი, გაბმული ღმუილი გაებათ ბაჰირელ დიაცთ, კვლავ, ყურისწამღებად სცემდნენ დაფდაფნი, და თავში ავარდნოდა თითქოს ხმაური მეფისწულს, მათრობელა ღვინოს ერეოდა და რეტს ასხამდა.

ადგილზე დატრიალდა ეირინი, ისე, რომ კინაღამ შეეხო მხედართმთავარს მისი აფრიალებული ფერფლისფერი თმა, კვლავ თვალებში ჩაჰხედა და მისკენ გაიშვირა ორივე ხელი.

მერე კი ელვის სისწრაფით დაიხარა იგი, მეფისწულს გაუსწორდა, ისე, რომ ერთი სუნთქვაღა აშორებდათ მხოლოდ.

ანაზდად შეწყდა დაფდაფთა ცემის ხმა და დაბალი ღმუილი, მხოლოდ ქუხდა და ჭექდა დაუდგრომლად.

ელვამ გაჰკვეთა, და გახსნა ცამ პირი, აცრემლდა, ღრუბელნი გააპო.

ღრმად სუნთქავდა ანდრეის თავს წამომდგარი ეირინი, და მას აჰყურებდა გახევებული, მარმარილოს ძეგლივით აღმართული მეფისწული.

დადუმებულიყვნენ გარშემო მეომარნი, სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებდნენ მომხდარს. გრძნობდნენ ისინი, რომ ასეთ სანახაობას ვეღარ იხილავდნენ.

გვერდით გადაჰყარა ეირინმა ტილოს ნახევები და გასწორდა, გადგა უკან, მოიღერა ყელი და ამაყად გადმოჰხედა მეფისწულს.

ტაბლას სტაცა ხელი ანდრეიმ, გაქვავებული ბაგე გააპო.

-ღმერთთა ღმერთის ალიჰას ფეხს ვფიცავ! – შეჰყვირა აღელვებულმა ტრიქსემ. – ეს რა ვიხილე! სამეფო კარზე ამგვარი სანახაობა სად მინახავს, არა, მორგანა?

ვეებერთელა თავს უკანტურებდა საპასუხოდ მორგანა.

-ჩუმად! – შეჰღრიალა მეფისწულმა და წამსვე დადუმდა ვაჭარი. – კმარა. – გაჭირვებით ამოთქვა მან. – ესენი გაათრიეთ.

ბაჰირელი დიაცნი შეჰკრეს კვლავ და წაათრიეს ურმისაკენ, მაგრამ აღარ გოდებდნენ ისინი, თითქოს წაჰგლიჯაო მათ მიერ ქმნილმა მუსიკამ ხმა.

ეირინმა  უკანასკნელად ჩაჰხედა თვალებში ანდრეის, მერე კი მიბრუნდა მეფისქალი, უდრტვინველად გადაუარა ტაბლას, მარგალიტებივით აუბრწყინდა მუხლამდე დაფენილ თმაში ჩაკონებული წვიმის წვეთები. დადუმებულნი, თვალმოუშორებლივ შესცქეროდნენ მას მეომარნი.

ალყა შემოარტყეს მას შუბოსნებმა და მიმართეს წყვდიადს, მისი კარვისაკენ.

როგორ კი თვალს მოეფარა ეირინი, უკან დაიწია მეფისწულმა და მძიმედ დაეშვა ძელსკამზე.

-დაიშალეთ! – შესძახა გაბრიელმა, ტაბლას შემომსხდართ შეუბღვირა და წამოიშალნენ ისინი, წვიმისაგან დასაფარად მიაშურეს კარავთ. ჩვენი სტუმრები დააბინავეთ და მცველი მიუჩინეთო, უბრძანა მან მსახურებს, და მადლობის ბუტბუტით წამოიწია ტრიქსე.

წამიერად დაიცადა სარდალმა, სანამ დარწმუნდა, რომ არავინ ჭაჭანებდა ახლომახლო, მერე კი სასწრაფოდ გადაიხარა მეფისწულისაკენ.

-ჩემო ბატონო… – გადაულაპარაკა მან. შესცქეროდა, თუ როგორ შეჰკვროდა წარბი ანდრეის, როგორ დასჭიმვოდა ტაბლას ჩაჭიდებული ხელი.

-წყეული, გრძნეული დიაცი… – კბილთა შორის გამოსცრა ანდრეიმ. – წყეული, წყეული, წყეულიმც იყოს მისი სახელი,  სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ…

აფორიაქდა მეფისწული. უსიამოვნო გრძნობა ჩაუდგა მკერდში, თითქოს ყინულად უქციესო გული, მოუშხამეს სისხლი და ზურგი გამოჰგლიჯეს. მოშუშებული იარები კვლავ ასტკივდა, სწეწავდა უსიამოდ.

-მომიტევეთ, ამას რომ გეუბნებით, ჩემო ბატონო, მაგრამ არ უნდა გამოგეყვანათ ერქანთა დიაცი. – შეჰკადრა ხმადაბლა სარდალმა. -არ ღირდა მისი ასე დამცირება…

-დამცირება! – შეჰყვირა ანდრეიმ, თვალები აენთო, ნაკვთები დაეღრიჯა. -დამცირება?! რა შეჰბედა სრორდელთა ცივილიზაციას! ბარბაროსი, წყეული სიძვის დიაცი! რაღაც გრძნეულებას ფლობს!

ვეღარ შეჰბედა გაბრიელმა. მხოლოდ ძალუძდა ის, რომ განზე გამდგარიყო და ეცქირა, თუ როგორ წამოდგა მეფისწული და როგორ მიმართა თავის კარავს.

და არ უწყოდა არავინ, ეირინისა და ბაჰირელ დიაცთა გარდა, რომ წყევლა, ღვთაებისადმი ნავედრები წყევლა გახლდათ მეფისქალის როკვა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ცა, თითქოსდა აღვლენილი წყევლის პასუხად მიწად ჩამოდიოდა, ეჰკვროდა მას, დაუსრულებლად ქუხდა, გამძვინვარებული, აპურებდა დამშეულ ზღვას.

ორიოდე მზის სავალის მიღმა კი, ერქანთა მიწის პირას, მომცრო სახლთან მიაჭენა გვერდებაქაფული და სიკვდილის პირას მისული ბედაური მხედარმა. ჩამოხდა, შეჭვარტლულ, გვერდზე გადაწოლილ ტყრუშულ ღობეს ჩამოჰკიდა ბედაურის ლაგამი, აბობოქრებულ ცას ახედა და შუბლზე ჩამოსწია ქონით გაპოხილი ლაბადის შალითა.

ღობე მომცრო ქოხს შემორტყმოდა გარშემო. ქოხის პაწაწინა, დაბურული მინა ოქროსფრად დაეფერა შიგნით მოციმციმე კერას. თეთრი ალამი გამოეკიდათ ქოხის დანჯღრეულ კარზე.

ბაგე შეუკრთა ოქროსკბილას. ქოხი გადაუწველი როგორ დატოვესო, გაივლო მან გონში, მერე კი დაასკვნა, ალბათ არ გაუვლიაო სრორდისა ჯარს აქ.

ქოხის კარს მიადგა მამაკაცი და დაუპატიჟებლად შეაღო იგი.

აღვივებულ კერასთან ჩაცუცქული ქალი ელვის სისწრაფით წამოხტა, მისი დანახვისას შეჰყვირა, უკან დაიწია, ელდანაცემმა, მერე კი ბარბაროსთა ენაზე შეჰკითხა რაღაც.

არაფერი უპასუხა ოქროსკბილამ, კუთხეში შარიშურის გაგონებისას იქეთ მიაპყრო მზერა.

პაწაწინა, ძველი ფიცრებისაგან შეკრულ საწოლში, ჩვართა საფარველის ქვეშ, ორი ლოყაწითელა ბალღი იწვა, გოგო და ბიჭი. საბნიდან, თუ იმ ჯვალოს საბანი ეთქმოდა, იმზირებოდნენ შიშითა და ბალღური ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალები.

დიაცმა რაღაცის ლუღლუღი დაიწყო, გაფართოებული, ცისფერი თვალებით ემუდარებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს, მუხლი მოიყარა მის წინაშე, შიშველ მიწას დაეფინა მისი თმა.

-არაფერს დაგიშავებ, დიაცო. – უთხრა ელოიმ. კარი გამოიხურა, რათა წვიმასა და სუსხს არ შემოეღწია ისედაც ცივ ქოხში, მერე კი პაწაწინა, კერასთან მიდგმულ მაგიდას მიუახლოვდა, დანჯღრეული სკამზე დაეშვა ხვნეშით.

-რამე პირის გასასველებელი არა გაქვს, დიაცო? – შეჰკითხა მისკენ გაოგნებით მომზირალ დედაკაცს, ბაგესაკენ მიუთითა. – საჭმელი, სასმელი!

შეშფოთებული შეაცქერდა დიაცი, მერე კი თვალმოუშორებლივ დაიხია უკან, ქოხის კედელზე გაკიდებული გამშრალი ხორცის ვეებერთელა ნაჭერი ჩამოხსნა და მიუგდო, ვითარცა ძაღლს.

ბაგე შეუკრთა ოქროსკბილას, მაგრამ დამშეული მადიანად შეექცა ხორცს.

დროდადრო აჰხედავდა დიაცს, რომელიც სასთუმალთან ეჯდა, სხეულით ჩამოჰფარებოდა თავის პატარებს. თითქოს სიკვდილის აჩრდილი გამოეცხადაო, მიტკალივით გაფითრებულიყო იგი, დიდი თვალებით შემოჰყურებდა.

-ერთი უბრალო მოგზაური კაცი ვარ მხოლოდ, დიაცო. – ხმადაბლა მიმართა ოქროსკბილამ. – შემინდოს ალიჰამ, რად მიყურებ ეგეთი თვალებით? აი, შევჭამ შენი და შენი შვილების საკვებს და გავუდგები გზას… მომიტევე, ბარბაროსო, რამეთუ ვჩქარობ, ორი მზეა ლუკმა არ ჩამსვლია პირში…

დიაცი გაოგნებული, თავზარდაცემული შესცქეროდა. ალბათ ვერ გაეგო, თუ რატომ შემოეჭრა და რას ესაუბრებოდა ეს უცნობი მგზავრი.

-ნეტავ იცოდე რისთვის მივიჩქარი ბაჰირასაკენ… – ხორცი მოჯიჯგნა ელოიმ და პაწაწინა ქოხს მოავლო მზერა. – აქ რა დაგრჩენია, დიაცო? სადაა შენი კაცი, ბაჰირას დასაცავად წავიდა და ეგ ორი ბალღი უმამოდ დასტოვა? ალბათ ელი ახლაც, შეგეძლო გაქცეულიყავი, მაგრამ დაბრუნდი და ელი, როდის მოვა უკან! არასოდეს მოგივა შენი ბარბაროსი კაცი, არასოდეს… რომელი ჭკუათმყოფელი დასტოვებდა ახალგაზრდა, მშვენიერ დედაკაცსა და ორ ბალღს? უჭკუო ბრძანებულა იგი!

დიაცმა ათრთოლებული ხელი გაიშვირა კარისაკენ, რაღაც გაუმეორა, რამდენჯერმე. პაწია გოგოს ცრემლებით აღვსებოდა თვალები, ღრიალი ასტეხა.

ჯიჯგნიდა ხორცს ოქროსკბილა ელოი.

-ნეტავ გეამებოდა, რომ გესმოდეს,  შენი კაცის მკვლელის მოსაკლავად მივდივარ, დიაცო? – შეჰკითხა მან ბარბაროს დედაკაცს. – ნეტავ კვლავ შიშით შემომაცქერდები, როცა მეფისწულ ანდრეის მკერდს გავუნგმირავ და ვოლფრამთა მოდგმას დავასამარებ? ეეჰ, ნეტავ გესმოდეს ჩემი ნალაპარაკევი, დიაცო, ნეტავ…

მერე მიმოიხედა, თვალი გადაავლო სასტიკ, საცოდავ სიღარიბეს, აღვივებულ კერასა და მომცრო ბეწვთ ტყრუშულ კედლებზე, ქოხის შესათბობად.

ნაჯიჯგნი ხორცი მისწია, ფეხზე წამოდგა.

უფრო და უფრო ფითრდებოდა ბარბაროსი დიაცი, რაც უფრო უახლოვდებოდა მას ოქროსკბილა, ბალღებს გადაეფარა.

ლაბადის ჯიბიდან ამოიღო სამი ოქრო ელოიმ, გადაუგდო დიაცს.

ათრთოლებული თითებით ძლივსძლივობით დაიჭირა ბარბაროსმა დედაკაცმა ოქროები, გაოგნებული დაჰყურებდა, თვალებს ვერ უჯერებდა იგი. ლოყაწითელა ბალღები აჭყლოპინდნენ, გაართო ისინი ოქროს ბრჭყვიალმა, წაეპოტინნენ პაწაწინა თითებით.

ცოტა ხანი უცქირა ოქროსკბილამ, მერე კი ზურგი აქცია მათ, გააღო კარი და თქეშსა და გრუხუნში მიმართა წყვდიადს.

.

.

.

-*-*-*-7-*-*-*-

ვერვინ მიუხვდა მეფისქალს ჩანაფიქრს, მაგრამ მისი ნამოქმედარის შესახებ დაუცხრომელ მითქმა-მოთქმას აეტანა ბანაკი.

არავინ უწყოდა, რომ წყევლა იყო როკვა მეფისქალისა, საუკუნეთა მანძილზე ერქანთა საგვარეულოს მიერ გამოძერწილი მძლავრი წყევლა, რომლისა თითოეული მცირე მოძრაობაც კი ღვთაებისადმი აღვლენილი ვედრება იყო გაჭირვების ჟამისას. ვედრება, რომელიც ღვთაების მიერ მოვლენილ სასტიკ სასჯელს უძღოდა წინ.

არავინ უწყოდა სიმართლე, მაგრამ ისინი, ვინც იხილა მეფისქალის ცეკვა, ჩურჩულით იუწყებოდნენ, მისანია, გრძნეულება შეუსწავლია ბარბაროს დედაკაცსო. სიძვის დიაცობათურთ გრძნეულიც ყოფილა, მოგვნუსხაო ყველანი.

მერე კი უფრო ხმადაბლა ჩურჩულებდნენ, თვით მხედართმთავარი და ჩვენი ბატონიც დაარეტიანაო. როგორც კი მოსწყდებოდნენ ეს სიტყვები მათ ბაგეთ, სასწრაფოდ სწყვეტდნენ საუბარს, ვაითუ არსაიდან მეფისწული გაჩნდეს და თავები დაგვაყრევინოსო.

არ გამოჰპარვოდათ მეომრებს ქალის სხეულს მაცქერალი მეფისწული. თავი დააკარგვინა ქალისა ალერსს დაჩვეული და მონატრებული ანდრეი დიაცის დანახვამო, ამბობდნენ უფროსი მეომარნი, დინჯად, თითქოსდა არიგებენო მათ შემორტყმულ ახალგაზრდა ჯარისკაცებს.

მითქმა-მოთქმას თითქოსდა ერთბაშად აბობოქრებული ავდარიც უნთებდა ცეცხლს. ღრიალებდა ზღვა, ხილული სისასტიკისაგან გავეშებული, მას თან სდევდა უწყალო ქარი, რომელიც თავისი სუსხიანი კლანჭებით ჰგლეჯდა და ჰკაფავდა ყველაფერს თავის გზაზე, მომავალ, მახვილ ნემსთამაგვარ თქორს უშენდა არე-მარეს. მოტანებულმა მეათე მთვარემ სიცივე მოიტანა თან მხოლოდ, ცა პირქუშად იმზირებოდა და ზურგი ექციათ მიწისაკენ ღამის მხევალსა და ჩახჩახა მარგალიტებს, მოესხათ შავ ღრუბელთა მოსასხამი და აღარ სურდათ თავიანთი მადლი მოემართათ მიწისაკენ.

ყურადღება უცხო ჩაქერელი ვაჭრისა და მისი პატარა მარჯვენა ხელის უცაბედმა გამოჩენამაც ჰპოვა. ტრიქსესმაგვარი უბრალო ვაჭრის მეფისწულის სტუმრად მიღება აოგნებდათ მათ, ათვალწუნებითა და ამზერით უცქერდნენ მუდამ მისთვის გამოყოფილ კარავთან, დიდი წოდების კაცივით თავაწეულ ტრიქსეს, რომელიც თავის ცნობილ ფარშევანგთა მსგავსად ყელყელაობდა და ორი კაცის იჯრას ნთქავდა ერთ ულუფად.

უკმაყოფილონი იყვნენ მეომარნი და დაუსრულებლად ბჭობდნენ მათ ასავალ-დასავალზე, მეფე ბერთრამისადმი მირთმეული ორმოცდაათი ფარშევანგის ამბავი, რომლებიც საუბედუროდ შეეწირნენ ბერთრამის მეუღლის ძვირფას ქურქს, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.

თუმცა ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენდა იმისათვის, რომ ტრიქსეს ხომალდთა მიერ ჩამოზიდული ძვირფასი ბუმბულები, ბამბა და აკაცია მიეღოთ საჩუქრად. მეფისწულისადმი მორთმეული აურაცხელი ძღვენი ურმებით ორი მზის განმავლობაში ზიდეს მეომრებმა, რათა დაეცალათ სამივე ზორბა ხომალდი. ნაწილი გულუხვმა მეფისწულმა ჯარს დაურიგა, ნაწილი კი სახაზინოში შეინახოსო, განკარგა მან.

არა მარტო მეომართ, არამედ სარდალთ აეთვალწუნებინათ დაუპატიჟებელი სტუმარნი. გაბრიელი იჭვნეულად შესცქეროდა მათ და ერთგული გუშაგები მიეჩინა მათთვის, სარდალ ატავესს კი სძაგდა ჩაქერელნი, გაიძვერა მლიქვნელნი არიან, ზურგში სატევარის ჩამცემნიო, გაიძახოდა დაუღლელად. კლავდი კი მაძებარი ძაღლივით უმზერდა მათ, არაფერი გამოეპარებოდა სარდლის ბებერ თვალსა და გამოცდილ, გამჭრიახ გონებას. ხედავდა იგი, თუ როგორ ავად უმზერდა მორგანა მეფისქალის კარავს, უწყოდა მან, რომ არ დასრულდებოდა ეს ამბავი კარგად.

ერთი თვალი შეავლო მათ მეორე მზეს და მიაშურა მეფისწულს ვედრებით, ფრთხილად უნდა ვიყოთო მათთან.

საკვირველად აღიჩინა მისი შეშფოთება ანდრეიმ. რად უნდა ვუფრთხილდეო უბრალო ვაჭარსა და მის მჭლე ბალღს.

-ნუ მოტყუვდებით, ჩემო ბატონო, – შეჰკადრა კლავდმა. ფეხი მოერთხა ბერიკაცს ბეწვთ მისვენებული მეფისწულის წინაშე. ტკბილ ხორცებსა და მათრობელა ღვინოს შეექცეოდა მობრდღვიალე ნაკვერცხლებით აღსავსე კერას მიფიცხებული ანდრეი. – ნუ ირწმუნებთ ბებერი ვაცისა და პაწია ბეღურას ცრუ ხილვასა და სიტყვას! იმაზე უფრო საფრთხილოა მორგანა, ვიდრე ძალმიძს წარმოვიდგინო…

-ბალღი, სარდალო კლავდ? – მუქი წარბი აზიდა მხედართმთავარმა, ქვეშემრდომს გადმოჰხედა ზემოდან. – ის პაწია გოგო? მაუწყე, კლავდ, რად უნდა იფრთხილოს დიდმა მგელმა იოტისოდენა ბეღურას წინაშე?

გარეთ იქუხა, მერე კი დასჭექა ელვამ. ნაკვთი არ შეჰკრთობია ბებერ სარდალს, იმის მიუხედავად რომ თითქოს მიწა შეძრა  ქუხილმა. იმძლავრა თქეშმა, ნიაღვრებად დაედინა კარავს.

-ბეღურას სხეულში ამფაკართა მეფის სისხლი ჩქეფს, ჩემო ბატონო… – ხმადაბლა, სისინით წარმოთქვა კლავდმა, ძვირფასი, ხარის ტყავის ხელთათმანნი მოეჭმუჭნა მის მოკვარჩხულ ხელებს. – ამფაკართა ხელმწიფის ნაბიჭვარია იგი.

წამოიწია ანდრეი. თითქოსდა მზერაზე გადაკრული ღვინის ნაცარი გაჰქექესო, მის ქვეშ გამოუჩნდა ნაღვერდლებივით მოელვარე თვალები. ნაპერწკლები გაჰყარა მისმა მოკუმულმა ბაგემ.

-ვუწყოდი, რომ ამფაკართა მეფე არასოდეს იკლებდა ხარჭათა ალერსს, მაგრამ არა ვიცოდი რა, თუ იგი თავის ნაბიჭვართ სხვაგან აგზავნიდა და უბრალო ვაჭართა სამსახურთათვის სწირავდა მათ… – ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა.

-ამფაკარნი ფრიად… მოსიყვარულენი გახლავან, ჩემო ბატონო, – გაჭირვებით ამოთქვა ასევე გაჭირვებით ნაპოვნი სიტყვა კლავდმა. – მათთვის შვილი არ განირჩევა! მაგრამ რათა სამეფო ტახტის მემკვიდრეს არ შეეცილონ, საკუთარ ნაბიჭვრებს უგზავნის ხელმწიფე  სამეფო კართ, აჩვენებს მათ კეთილგანწყობას, ფეხქვეშ უგებს საკუთარ ნაშიერს. აკარველი ტრიქსე კი უთვალავ კავშირთ დაიკვეხნის, ბებერ ვაცს იყენებს პატარა ბეღურა, რათა მეტი ნახოს და გაიგოს…

-უბადლო ჯაშუშნი ჰყავს ამფაკართა ხელმწიფეს მის ნაშიერთა სახით. – მიუგო მეფისწულმა. -ჰა! რაოდენ გაიძვერაა!

-ამიტომ გაფრთხილებთ, ჩემო ბატონო. – თავი მოიდრიკა კლავდმა. – ვივიენ ქალის ნახევარდაა მორგანა და მასსავით ეშმაკი. დროს იხელთებს იგი, რომ შეგათვალიეროთ…

ყბები დაეჭიმა ანდრეის. თავის საცოლეს, ამფაკართა ვივიენ ქალს მხოლოდ ერთხელ შეხვედროდა და ეწვნია მისი სასტიკი სილამაზისა და უწყალო ბუნების შემზარავი ნაზავი. თეთრყირმიზი იყო დიაცი, სრორდის თეთრწვერა მთებიც კი ვერ შეედრებოდნენ მისი პირის სითეთრეს, ბროლივით უელავდა კანი. გამჭოლი ტყისფერი თვალები და სისხლივით წითელი ტუჩები ამშვენებდა, რომელთაც იკვნეტდა იგი, რათა მუდამ სავსე და  თითქოსდა ამბორისათვის მზად ჰქონოდა. ალისფერი, ხშირი თმა ესხა ვივიენს და წითელი გველი იკლაკნებოდა თითქოს მის მზერაში.

-მათ თავიდანვე ვერ მოინადირეს ჩემი ნდობა, სარდალო. – მიმართა მეფისწულმა, პირი იბრუნა, მიეძალა ღვინოს. – არ ძალმიძს მათი ნდობა, ვინც ბარბაროსთ ოქროს იღებდა გასამრჯელოდ… ერთხელ მოღალატე კაცი ბევრჯერ მოღალატე კაცია.

-ბრძნულად მსჯელობთ, ჩემო ბატონო. – თავი მოუდრიკა კლავდმა მეფისწულს. – და მუდამ ასე გიჭრიდეთ გონება. უფრთხილდით მორგანას, რამეთუ შესაძლებელია მის თვალთაგან გიმზერდეთ ვივიენ ამფაკარი.

მზერა შეავლო მეფისწულმა და აუქნია ხელი, დაითხოვა თავისი კარვიდან.

წამოიწია კლავდი, წელში მოიხარა მხედართმთავრის წინაშე, მერე კი, სანამ კარვის გასასვლელს მიაშურებდა, თვალებში შეხედვა შეჰბედა მეფისწულს.

-მუდამ გახსოვდეთ, ჩემო ბატონო… – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან, ისე, რომ თითქმის მთლიანად ჩაიკარგა მისი ხმა თქორსა და ჭექა-ქუხილში. – ბეღურასაც ძალუძს თვალები ამოჰკორტნოს დიდ მგელს.

მერე კი შებრუნდა, მარტოდ დასტოვა მეფისწული.

ღვინო გადადო ანდრეიმ. მჭმუნვარესა და ამ ახალი ცნობით ფრიად აფორიაქებულს დაჰკარგოდა თრობის საღერღელი.

მისი აფორიაქებული გონების მსგავსად აშლილიყო ავდარი, ბობოქრად ღმუოდა და ვერ ჰპოვებდა თანასწორს გარშემო.

და შორს, ბანაკის პირას, ტყეში მოაჭენა ბედაური ოქროსკბილა ელოიმ. მოფარებული ლაბადის შალითა, დაუდგრომლად რომ წვეთავდა წვიმის წვეთებს და ვერც კი ჰფარავდა მის სველ სახესა და მკერდს, ჩამოიწია მან, რათა ცოტათი მაინც გაჰქცეოდა თქორს.

თუმცა მადლობელი იყო ელოი ავდრისა. მისი ბედაურის ფლოქვთა ხმა შეენიღბა მას, რათა ბანაკში მყოფთ არაფერი გაეგონათ.

ჩამოხდა ოქროსკბილა. ბედაურის ლაგამი მაგრად შემოჰხვია და მოაბა ხეს, შემოიძრო შალითა, სრორდელი მეომრის აღჭურვილობასა და აბჯარს დაჰხედა. რუხი, სველი ფოლადი მკრთალად ბზინავდა ბანაკის შორეულ სინათლეთა შუქზე.

სატევარი იშიშვლა ელოიმ. სურდა, რომ უბრალო მეომართა რიგებს შერეოდა, მაგრამ არ შეყოყმანდებოდა, რომ მოეკლა ყველა, ვინც წინ გადაუდგებოდა.

უჩუმრად განვლო მან მეჩხერი ტყე, გუშაგთ გვერდი აუქცია და სახელდახელოდ გადახურულ, ფარღია კარავს შეეფარა. იმის მიუხედავად, რომ თითქოსდა კარვის წაქცევას აღარაფერი უკლდა გახელებული ქარისა და წვიმის უწყალო ხელის ქვეშ, მაინც მოილხენდნენ მის ქვეშ, პატარა ცეცხლის გარშემო შემოკრებილი მეომარნი, სვამდნენ ღვინოს და შეექცეოდნენ ხორცს.

სხვათა შეუმჩნევლად შეერია მათ ოქროსკბილა, ასწია მოწოდებული ღვინით აღსავსე ფიალა, ადღეგრძელა მეფისწული, რომლის მოკვლისათვის აურაცხელ გასამრჯელოს ჰპირდებოდნენ.

ცოტა დაისვენა.  შეთვრა, დანაყრდა. სხვათა ჩრდილში შემალულმა შეჰკითხა ერთ მთვრალ მეომარს, სად არისო სარდალი ატავესი.

მეომარმა სლოკინ-სლოკინით, გაჭირვებით აუწყა, თავის რაზმთან იმყოფებაო იგი, ბანაკის მეორე მხარეს.

წამსვე გაეშურა ოქროსკბილა. არც კი უცდია, რომ თავი შეეფარებინა სიბნელისათვის, სადმე შემალულიყო, იგი თავაწეული, ამაყად მიიწევდა წინ, ვითარცა ნამდვილი სრორდელი მეომარი. საუკეთესო სამალავი თვალწინ არისო, ამბობდნენ ბრძენნი.

შორიდანვე ჰკიდა თვალი ელოიმ ტყესთან ახლოს მდგარ სარდალ ატავესს. მისი განიერი ფიგურა ადვილად ხილვადი იყო შიგნიდან მანათობელ კარავთა შუქზე, ალისფერი მოსასხამი მიწამდე დასთრევდა, რომელსას ხელით ნაქარგი, სრორდის მოზრდილი გერბი ამშვენებდა, ბზინვა გაუდიოდა ხახადაღებული მგლის ეშვებს. მას თავისი რაზმის მეომრები გაემწკრივებინა და უყვიროდა.

მიუახლოვდა ელოი და მუხლი მოირთხა სარდლის წინაშე.

-ფრიად საინტერესო და საჩქარო ამბავი უნდა მოგახსენოთ, სარდალო! – შესძახა მან, აჰხედა ატავესს, რომელიც მოქუფრული შესცქეროდა და გააპო ბაგე.

თვალი ჰკიდა მისი ოქროს კბილის ბზინვარებას ატავესმა  და ანიშნა, ადექიო.

წამოდგა ელოი. ცივ ტალახში ამოგანგვლოდა მუხლები და მოსასხამი.

მწყრალი მზერა გადაუგდო გამწკვირვებულ მეომართ სარდალმა, მოგვიანებით დავუბრუნდებითო ამ საკითხს, და შებრუნდა მოსასხამის ფრიალით, თან წაიყოლა ელოი.

ტყის პირს დაუყვნენ. ქარი დაუდგრომლად წუოდა, ზურგში სცემდა თქორს და მიერეკებოდა მათ წინ.

-უფრო ადრე გელოდი. – კბილებში გამოსცრა ატავესმა. მუზარადის საცხვირე აეწია მას, სქელი, ჯაგარივით წვერი ერთიანად გალუმპვოდა, დაბურვოდა პატარა, ავი თვალები.

-მომიტევეთ, თავადო. – მიუგო ელოიმ. – თავადმა გენრიმ როგორც კი გამომგზავნა, წამსვე გამოვეშურე. ცამეტ მზეში დავფარე სრორდიდან ბაჰირამდე გაჭიმული გზა, არ დავიშურე ბედაური თუ ჩემი თავი…

-რასა ამბობს თავადი გენრი? – შეაწყვეტინა ატავესმა. – ნუთუ აქამდე ემზადებოდა იგი?

-არა ვუწყი რა, თავადო ატავეს. – ღიმილმა შეუკრთო ბაგე ელოის, თვალები ეშმაკურად აუელვარდა. – მაგრამ ვგონებ, ელოდა იგი, აქამდე ელოდა ერთ პიროვნებას, რომლის ნების გარეშე ვერ გადადგამდა ერთ ნაბიჯსაც კი…

-ნუ მეთამაშები, ძაღლო! – შეუბღვირა ატავესმა, ავი თვალები მოქუფრულმა შუბლმა დაუჩრდილა სარდალს. – ვინაა ეს პიროვნება, ვისაც ახსენებ?

-შაჰაიაქელი ინგენი, თავადო. – მიუგო ოქროსკბილამ და შეჰღიმა თავადს, როცა შედგა იგი, ელდანაცემი.

მოქუფრული, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა სარდალი ელოის.

-გულთმისანი? – გაჭირვებით ამოღერღა ატავესმა, უცახცახებდა სველი წვერი. – ინგენი… თავადმა გენრიმ მოუხმო და ეახლა ეგ ბებერი გაიძვერა?

-მართლა ეგრე ფიქრობთ შაჰაიაქელ ინგენზე, თავადო?  – შესძახა მოჩვენებითი გაოცებით ელოიმ. – გამიგია, თქვენც გსურდათ გესარგებლათ მისი მისნური ნიჭით…

ნაკვთები დაეღრიჯა სარდალს. განიერი, ჩასკვნილი სხეული თითქოს უფრო გაეზარდა, გასივდა და ლამობდა არე-მარე მოეცვა, მაგრამ თვალის უდრეკელად შეჰყურებდა მას ათას ცეცხლში გამოვლილი ელოი.

-ხმა გაიკმინდე! – შეუყვირა სარდალმა. წამიერად გამოჰხედეს შორიახლოს, ფარღია კარავს შეფარებულმა ჯარისკაცებმა, მაგრამ წამსვე აარიდეს მზერა, სარდალის რისხვა ჩვენც არ გადმოგვწვდესო.

-მომიტევეთ, სარდალო. – მიუგო ელოიმ და თავი მოიდრიკა მის წინაშე, მაგრამ დამცინავი ნაპერწკალი ედო მის სიტყვებს.

კბილები დააღრჭიალა სარდალმა.

-რასა ამბობს შაჰაიაქელი ინგენი? – მოუთმენლად ჰკითხა მან, მაგრამ შეამჩნია ოქროსკბილამ, თუ როგორ ცდილობდა იგი ცნობისმოყვარეობის შენიღბვას. – უწყი, ძაღლო?

-მსახურნი ჩურჩულებდნენ თავადი გენრის მამულში, უწინასწარმეტყველაო მისანმა თავადს. – მიუგო ელოიმ. – უთქვამს ინგენს, დიადიაო თქვენი მომავალი, და ყოველივე კარგს მოელისო თავადი, ემზადებაო მეფე სოლომონის თავიდან გვირგვინის მოსაგლეჯად…

 მოიქუფრა ატავესი, თითქოს არ ესიამოვნაო მეფეზე ამგვარად საუბარი, მაგრამ უწყოდა ელოიმ, ამჩნევდა, არ ეამაო თავადი გენრის ამბავი. ალბათ თავშეკავება უჭირსო, ფიქრობდა  აღტკინებით მსგავს ამბავთა მოყვარული ოქროსკბილა, სურსო გამოლანძღოს თავადი გენრი, აძაგოს იგი და თქვას, მე მსურსო მეფისა გვირგვინი, მაგრამ კბილს აჭერსო ენას.

ეს იყო შაჰაიაქელი ინგენის დიდი გავლენის აშკარა საბუთი. ნუსხავდა განთქმული გულთმისანი ყველას, მისი სახელი უსწრებდა წინ მის ხილვას. და რაკი თავად გენრის დიადი მომავალი უწინასწარმეტყველა მან, შედავება არ ძალუძდა ისეთ თავმომწონე კაცსაც კი, როგორც თავადი ატავესი გახლდათ.

თავი ხელში აიყვანა სარდალმა, მუზარადი აზიდა, სცადა ზემოდან გადმოეხედა ელოისათვის, მაგრამ ვერ შეძლო, მაღალ-მაღალი და აშოლტილი იყო ოქროსკბილა.

-როდის მოაგვარებ შენს საქმეს, ძაღლო? – გამოსცრა მოქუფრულმა კბილებში. უმალ მოიხარა წელში ოქროსკბილა.

-ღმერთები შემეწევიან, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, თავადო. – მიუგო ეშმაკურად. – ვუწყი, რომ მუდამ ერთგული მეომრებითაა გარშემორტყმული ანდრეი, რამეთუ მხედართმთავარი და მეფისწულია იგი. მე კი არ ძალმიძს ასე მისი მკერდის განგმირვა… მსურს მფეთქავი გულით დავუბრუნდე ბელთათინს და ჩემი დამსახურებული გასამრჯელო ავიღო ხელთ… ხომ იცით, სარდალო, ძაღლებსაც სურთ საკუთარი სახლი და მშვიდობიანი ცხოვრება.

-მე მოგცემ ამის შესაძლებლობას. – მიუგო ატავესმა. – ყურადღებით იყავ! დავაშორებ მეფისწულს თავის დამცველთ, და მაშინ იხელთებ დროს, ელოი.

სიტყვა გაწყვიტა სარდალმა და მუქარით აღსავსე თვალები დააკვესა.

-მაგრამ ეს ირწმუნე ძაღლო, თუ შევიტყობ, რომ შენი საქმე ვერ შეასრულე ანდა დამასმინე, ადგილზე დაგკლავ და გაგაცამტვერებ. – შეუღრინა მან.

მერე კი შებრუნდა, მოსასხამის ფრიალით, და მიაშურა წყვდიადს.

გაჰყურებდა მას უსიტყვოდ ოქროსკბილა, იღიმოდა თავისთვის.

მხრები შეათამაშა და მიმართა შორიახლოს აღრიალებულ, გვერდზე წაწოლილ კარავთ შეფარებულ მეომართ. ღვინოსა და ხორცს გაუსინჯავდა კვლავ გემოს.

.

.

-*-*-*-*-*-*-

სანამ სარდალი ატავესი საგონებელში ჩავარდებოდა, როგორ უნდა დავაცილოო მეფისწული თავის რაზმს, სიკვდილი ეამბორა თავისი ფითრისფერი კოცნით სალაშქრო ბანაკს.

მოგვიანებით იფიქრებდა სარდალი ატავესი, ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ დაიბერტყაო თავისი ოქროს წვერი ჩემზე.

უხილავი სენი გავრცელდა ბანაკში.

ორი ახალგაზრდა ცხენოსანი დასნეულდა. ჩიოდნენ, გაუსაძლისად გვტკივაო ფაშვი. წინა ღამეს შეუჩერებლად ესვათ მათ ღვინო, ამიტომ მკურნალებმა მათ ტანჯვასა და ვედრებას არ უგდეს ყური, სასმელიაო საწამლავი მათი.

მაგრამ მკურნალთ ეჭვები გაეფანტათ ერთი მზის თავზე, როცა სნეულებამ ელვის სისწრაფით შემოაძარცვა ცხენოსანთ სიცოცხლის ნიშანწყალი, გაალურჯა, ჩაუცვინა თვალები, და დაუნაოჭა ხელები. გამუდმებით სითხეს აღებდნენ ისინი, სენმა მოსტაცა მათ სახეს ფერი და ბაგეს სუნთქვა.

მერე კი, გეგონებოდათ სენმა გემო გაუსინჯაო ადამიანის სიცოცხლეს და ფრიად ეამაო, რადგან ვითარცა გადამხმარ ტყეში კვესი აბედს გაჰკრესო, ისე გავრცელდა ბანაკში სენი.

მკურნალნი წამსვე ეახლნენ მეფისწულსა და სარდლებს, სენი ემუქრებაო ბანაკს, შესთხოვეს, უნდა დავწვათო სნეულთა სხეული, რამეთუ გავრცელდესო მკვდართა სხეულებიდან სენი.

ჯერ უარზე იყო მეფისწული, ვერ დავსჯიო გარდაცვლილს, ვითარცა ბარბაროსს, მაგრამ იძალეს სარდლებმა, უნდა მოვუფრთხილდეთო ცოცხალთ.

ღამის მოწოლისთანავე დასწვეს მდუღარე კუპრით მკურნალებმა ორი გარდაცვლილი ცხენოსნის გვამები, ფერფლი კი წაატანეს თქორისაგან წამოსულ ნიაღვარს.

მაგრამ მიცვალებულთა დაწვამ ვერ შეაჩერა ბობოქარი სენი.

მეორე მზის თავზე ოცი კაცი მოიყვანეს, მესამე მზის თავზე მათ კიდევ ასი დაემატა. ნახევარზე მეტი წაიტაცა სნეულებამ. სამხედრო, ფარღია კარავნი სნეულთა დასაწოლად იქცა, აცრემლებული ცის ქვეშ მიმორბოდნენ მკურნალნი, სქელი მოსასხამნი მოესხათ, შავი ნიღბები აეკრათ სახეებზე, სიკვდილთა მოციქულნი გეგონებოდათ ისინი და არა სიცოცხლისა.

ჯერ ყური არ შეიბერტყეს სხვა მეომრებმა, მაგრამ როცა იხილეს, თუ როგორ სწვავდნენ სენის გავრცელების შიშით შეპყრობილი მკურნალნი და მსახურნი ადუღებული კუპრით ჯარისკაცთა სხეულთ, შეშფოთებამ აიტანა ისინი.

მესამე მზის თავზე თავზარდაცემულ ბანაკს თითქოსდა ბედნიერი დღე გაუთენდა. ღამე ავდრის რუხი ღრუბელნი გაჰკვეთა ქარმა, დასავლეთისაკენ გარეკა, მხოლოდ ნაგლეჯნი დასტოვა ცაზე, რომელთაც არ ძალუძდათ მზის ბრწყინვალების დაფარვა.

მკურნალთ მუხლი მოედრიკათ მზის წინაშე, მხურვალე ლოცვა აღავლინეს, გადმოგვხედესო ღმერთებმა.

მაგრამ არ უწყოდნენ მათ, რომ მორიგი უიღბლობა გახლდათ გამოდარება.

მესამე მზის ბოლო ყივილისას, როცა მორიგი მიცვალებული ჯარისკაცი დასწვეს კუპრით, უფროსმა, ყველაზე გამოცდილმა მკურნალმა შეჰკრიბა სხვები და აუწყა, წყლის სენი არისო ეს.

ელდა ეცათ მკურნალთ, რამეთუ ბინძური წყლის სენი მხოლოდ წმინდა წყლით განიბანებოდა, მათ კი არ უწყოდნენ, თუ საიდან შემოეპარათ სნეულება.

წამსვე ეახლა უფროსი მკურნალი მეფისწულს, უნდა გადავღვაროთო ჩვენი წყალი და ღვინო, რათა მასში იმალებაო სნეულების კერა.

-დალოცვილი ღვინო ამ დაწყევლილ მიწას გავატანოთ?! – აღრიალდა აღშფოთებული ატავესი, მეფისწულის კარავში შეკრებილთ ავი თვალი მოავლო. – მაუწყე, მკურნალო მეშექ! რისი მკურნალი ხარ, თუ ავადმყოფთა განკურნება წმინდა სითხის წაწყმედას უდრის?

-სარდალო ატავეს. – შეაწყვეტინა მოქუფრულმა გაბრიელმა. – წყლის სენი იოლად არ დაიძლევა, მსხვერპლად კიდევ უამრავს შეიწირავს! – მან თვალი თვალში გაუყარა მოქუფრულ სარდალს. – ნუთუ გსურთ, რომ ჩვენი მეომარნი, რომელთა სიცოცხლეც ღვინოზე უფრო ძვირფასია, დაიხოცნონ?

-მომიტევეთ, ჩემო ბატონო, – თავი მოიდრიკა აქამდე დადუმებულმა კლავდმა მჭმუნვარე მეფისწულის წინაშე. – მაგრამ ვგონებ სიმართლეს გვაუწყებს მკურნალი.

ფერწასულმა მკურნალმა ღრმად ამოიხვნეშა, წამოწითლდა. ცახცახებდა ბედშავი.

-წყლის სენი მიხილავს, ჩემო ბატონო.- განაგრძო კლავდმა, ყურიც არ შეუბერტყია ბებერ მგელს მისკენ მაცქერალი ატავესის ავ მზერაზე. – თქვენ არ გეხსომებათ, ბალღი იყავით, მაგრამ ბელთათინის ქვის ხევს მწარედ ახსოვს წყლის სენი… ქვის ხევის თითქმის ნახევარი მოსახლეობა შეიწირა მან…

თვალები გაუშტერდა კლავდს, წარბშეკრული შეაცქერდა მეფისწული.

-წარსულს მომავალში ნუ უმზერ, კლავდ! – შეუტია გავეშებულმა ატავესმა. – უმჯობესი იქნება, რამე სარგებლიანი გვაუწყო!

-სარგებელი მოგვიტანა მკურნალმა მეშექმა. – ახალგაზრდა მკურნალზე ანიშნა კლავდმა. – მართალს გვაუწყებს, საჭიროა გადავღვაროთ სასმელი, განვარიდოთ სნეულნი ჯანმრთელთ და წესრიგი დავამყაროთ ამ ორომტრიალში…

-საკმარისია. – ხელი აზიდა ანდრეიმ და წამსვე მისი ნების პატივისცემის ნიშნად მოიდრიკეს თავები სარდლებმა, მკურნალი მიწას განერთხა. – მაშ წყლის ახალი წყარო უნდა მოვიძიოთ. – განაცხადა მოქუფრულმა.

მოიღუშა ატავესი, მაგრამ დადუმდა, მტრულად უმზერდა მეფისწულს.

-რაოდენ უიღბლონი აღმოჩნდნენ სნეულნი! – შესძახა გაბრიელმა. – რამეთუ დღეს მზიანი დღე გაუთენდათ… კვლავ რომ პირს ცვარი მოეცხოთ ღმერთებს, წვიმა იქნებოდა ჩვენი წყარო! ახლა კი შორეული წყაროს ძიება მოგვიწევს, რამეთუ ახლომახლო მყოფ წყაროებს დაჰქონდეთ სენი…

სარდალთ უმზერდა ანდრეი, მერე კი წამოდგა, კარვის გასასვლელს მიმართა. წამსვე წამოიწივნენ დანარჩენები, მისდიეს მხედართმთავარს.

-ის ვაჭარი, მისი ბალღი და ერქანთა დიაცი მომგვარეთ. – უბრძანა კარავთან მოყარაულე რაზმს მეფისწულმა. წამსვე დაფაცურდნენ ისინი განკარგულების აღსასრულებლად.

-ჩემო ბატონო! – შესძახა ელდანაცემმა კლავდმა. – რად გსურთ ბებერი ვაცისა და მისი ბეღურის ხილვა? ან ერქანთა დიაცისა?

-სარდალო კლავდ, მეპასუხები? – მოუბრუნდა მოქუფრული მეფისწული და თავი დახარა კლავდმა, მუხლი მოიყარა მხედართმთავრის წინაშე. – ვაჭარმა და მისმა ბალღმა უწყიან ამ ქალაქის ასავალ-დასავალი, აქ ხშირი სტუმარნი იყვნენ, ეცოდინებათ მათ, თუ სად გადის შორეული წყარო… ერქანთა დიაცი კი… – სიტყვა გაუწყდა ანდრეის, კბილები გააღრჭიალა.

-ერქანთა დიაცზე უკეთესად არავინ უწყის ბაჰირა. – წარმოთქვა გაბრიელმა. – მომავალი დედოფალი იყო იგი, თითოეული ქვა და ხე ეცოდინება მას.

კბილებს კრეჭდა ელდანაცემი, აფორიაქებული კლავდი, მაგრამ ხმის გაღებას ვერ ბედავდა იგი, ეშინოდა მხედართმთავრის რისხვის.

ზურგი შეაქცია მათ დადუმებულმა ანდრეიმ, შემაღლებული მდელოდან გადაჰხედა თვალუწვდენელ ბანაკს.

იხილა, თუ როგორ ეცემოდა ღრუბელთა ნაგლეჯს შორის გამოპარული მზის სხივთა სვეტები კარავთ, თითქოს ღმერთები ლოცავდნენ მძიმე ავდარგამოვლილ ლაშქარს, მაგრამ მხოლოდ თვალის ახვევა იყო დარი, მშვენიერ საბურველში გამოხვეული ბოროტება.

უკან ნაბიჯების ხმა და ნაჩურჩულევი ბარბაროსთა ენა შემოესმა ანდრეის. მობრუნდა, რათა ეხილა მოახლოებული ერქანთა დიაცი.

წამსვე გაუსწორა თვალი შუბოსნებშემორტყმულმა დიაცმა მას.

მის მიერ მოყენებულმა ჭრილობამ გასწიწკნა ანდრეის. სახე მოეღრიჯა მხედართმთავარს.

-მეფისწული მიხმობს, რა პატივია! -აღრიალდა ანაზდად ვიღაც ბექობზე და გადაჰხედეს აქოშინებულ ტრიქსესა და მის უკან მომავალ მორგანას სარდლებმა. – მეფისწულო ანდრეი! რითი შემიძლია მოგემსახუროთ? ყველაფერს გავაკეთებ თუკი მიბრძანებთ!

ეშმაკურად უბრწყინავდა თვალები ვაჭარს, მხედართმთავრის წინაშე მოიხარა წელში. ზიზღით შესცქეროდა მას კლავდი, მერე კი მორგანასაკენ მიმართა მზერა სარდალმა, უცქერდა, აფორიაქებული, თუ როგორი სიძულვილით შეჰყურებდა მჭლე ბალღი ერქანთა დიაცს.

მაგრამ ზედ არ შეჰყურებდა მას დიაცი. მისი მეფური, ამაყი მზერა მეფისწულისაკენ იყო მიმართული, რომელიც თვალმოუშორებლივ, მოქუფრული უცქერდა საპასუხოდ.

მაშინაც კი იბრძვიან, როცა ერთმანეთს უმზერენო, გაივლო კლავდმა.

-გვითხარი, ვაჭარო! – მიმართა გაბრიელმა. – უწყი, თუ სად ჩქეფს ამ დაწყევლილ მიწაზე წმინდა წყალი?

უკმაყოფილებამ გადაჰკრა სახეზე ვაჭარს, თითქოსდა როგორ ბედავსო მდაბალი სარდალი პასუხის გაცემას, როცა მეფისწულს მივმართეო.

-თუ მეფისწულს ამის გაგება სურს, სიამოვნებით მივასწავლი. – მედიდურად წარმოთქვა მან, მაგრამ გახევდა, როცა გამაფრთხილებლად გააშიშვლა გაბრიელმა მოსასხამის ქვეშ შემალული მახვილის ვადაჯვარი. – ზუსტი ადგილმდებარეობის ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ვუწყი, მეფისწულო, რომ ავლატის მთაგრეხილიდან მოედინება კამკამა ღელე, სხვათ უერთდება და სუფთა მდინარედ ჩამოედინება მზის მეშვიდე ყივილის მხარეს, ორი ყივილის სავალზე მხოლოდ. მასში განბანვა აკრძალულია, მხოლოდ პეშვით იხოცავენ მის წყალს ბაგეთ და დალოცვილნი არიან. ამბობენ, თვით ღვთაების ცრემლებიაო მდინარეში… – თვალები აუელვარდა ტრიქსეს. – თუ გამიყოლებთ, მეფისწულო, უთქვამთ, კარგი ცხენებით მხოლოდ ერთ ყივილშიც შეიძლება ჩასვლაო…

-ოდესმე ყოფილხარ იქ? – შეჰკითხა გაბრიელმა. ეჭვი ღრღნიდა, უსიამოვნებას უთქვამდა გული.

-არა, სარდალო, – თავი მოიდრიკა ვაჭარმა, შეურაცხყოფილის სახეზე აიკრა ნიღაბი უმალ. – მაგრამ…

-აუწყე ამ წყეულს, რომ უნდა გვიჩვენოს ის მდინარე. – შეაწყვეტინა მათ ანდრეიმ, შორიახლოს ატუზულ მთარგმნელს აუქნია ხელი.

ჩუმად უჩურჩულა ბარბაროსთა ენაზე მთარგმნელმა ერქანთა დიაცს მეფისწულის განკარგულება.

ნაკვთები გაჰქვავებოდა ეირინს. ნაპერწკლები გაჰყარეს მისმა თვალებმა, ბაგე შეუთრთოლდა.

-Mie shouer mai? – შეჰკითხა მან, ჯიუტად ჩასცქეროდა მოღუშულ მეფისწულ თვალებში.

-ამბობს, რად უნდა შევასრულოო თქვენი ბრძანება, – აუწყა აფორიაქებულმა მთარგმნელმა.

-წყეულო! – შეჰღრიალა ატავესმა, თვალებში ცოფი ჩაუდგა. – ჩემო ბატონო, როგორ გიბედავთ! უკვე მკვდარი უნდა იყოს, მისი ფერფლი ტალახში უნდა იზილებოდეს! წყეული სიძვის დიაცი! სუაგრამ და ნიჰიდამ დალახვრონ!

წამიერად უყურა მეფისქალს ანდრეიმ.

-ჰკითხე, თუ რა სწადია. – კბილთა შორის გამოსცრა მან ბოლოს, ყური არ უგდო ატავესის აღშფოთებით აღსავსე შეძახილს. – სამლოცველოში მივაბრძანო? მისი ხალხი გავათავისუფლო? ბაჰირა დავუბრუნო, როგორ მომავალ დედოფალსა და ჭეშმარიტ მემკვიდრეს?

დაცინვას რომ ჰკიდა თვალი მის სიტყვებში, ხარხარი ატეხა ატავესმა. მოქუფრული შეჰყურებდა კლავდი მეფისწულს, სანამ მთარგმნელი უჩურჩულებდა მეფისქალს.

-Mai werkeøåer hossu klerhaissera Bahirra! – ხმა აღიმაღლა მეფისქალმა. – Maij loorg verra warkeroograd hossu! Klerhaissera, kiu hossu konnen…

-სურს, რომ დასტოვოთ ბაჰირა. – განაცხადა მთარგმნელმა. – ამბობს, რომ არ მოგიტევებთ მისი ღვთაება, და უნდა დასტოვოთ ახლავე…

-თუ გზას გაგვიკვლევს, – თქვა მეფისწულმა, გულზე წრე გამოისახა ფიცის ნიშნად. – დავტოვებ ამ დაწყევლილ მიწას.

უთარგმნეს მეფისქალს მისი სიტყვები.

მწარედ გაეცინა ეირინს, საზიზღარმა ღიმილმა დაუღრიჯა ბრინჯაოსფერი სახე, მაგრამ არარას ამბობდა იგი.

მსახურთ უბრძანა მეფისწულმა, მოგვგვარეთო ბედაურნი. მოაგელვეს მათ მხედართმთავრის სპილენძისფერი ულაყი, ამხედრდნენ უმალ. სარდალი კლავდი დასტოვეს ბანაკში მათ, უბრძანა მეფისწულმა, მიხედეო ლაშქარს. მხოლოდ ატავესი, გაბრიელი, ეირინზე გარშემორტყმული შუბოსნები და მცირე რაზმი წაიყოლა მან, დაუპატიჟებელ სტუმართურთ.

ვერავინ შენიშნა, სარდალი ატავესის გარდა, თუ როგორ კაზმავდა ბანაკის პირას  ცხენს მეომარი, და როგორ იმზირებოდა ხანდახან მათკენ. ჩვეულებრივი კაცის თვალი ხინჯს ვერ იპოვიდა ამ აშოლტილი, თითქოსდა კეთილშობილი სრორდელი მეომრის მზერაში, მაგრამ უწყოდა ატავესმა, რომ დრო იხელთა ელოიმ, დაედევნებოდა მათ უკან უჩუმრად და მალე აღასრულებდა დათქმულ პირობას.

მზე შუბის პირზე იდგა, დაუდგრომლად აცხუნებდა, როცა მიმართეს გზას. მზეს შეუჩვეველ, უწყლო ჩრდილოეთის შვილებს ღვარად სდიოდათ ოფლი, მეტადრე კასრივით ნასუქი ტრიქსე იტანჯებოდა თავისი ყელში გამოსკვნილი, ძვირფასი მეწამული მაუდის სამოსის გამო.

ეირინი კი, როგორც მზის მცხუნვარებას დაჩვეული, ჭეშმარიტი ბაჰირელი დიაცი, მშვიდად წამომართულიყო ცხენზე, ერთი წვეთი ოფლიც კი არ მიჰკარებოდა მის მაღალ შუბლს, თითქოს ზღვიდან მონაბერ ქარს უშვერსო პირს. ბედაურზე ირწეოდა იგი, მცველებით გარშემორტყმული, მეფისწულს გვერდით ამოდგომოდა და მიუძღვებოდა მათ წმინდა წყლისაკენ.

ქორივით ადევნებდა მას თვალს ტრიქსე, უცხო გზაზე არ გადაუხვიოსო და ავად შეჰყურებდა მორგანა.

გზა დაუსრულებელი ჩანდა. მცირედ იყო ბილიკი გაკაფული, წვიმებსა და დამბალ მიწას მწვანე ბალახი გაეზარდათ რუდუნებით, რომელიც მზისაგან ოხშივარადენილ მიწაზე იწონებდა თავს, ნამი ესხა თავს, როგორც სამკაული. სიმწვანე ჰფარავდა თვალუწვდენელ მინდორს, რომელიც გორათა შორის მიიკლაკნებოდა და იბერებოდა თითქოს, შორს, რათა ცაში აწვდენილი, თეთრ ღრუბელთა მიერ დაცარცული მთები ეშვა.

ერთმა ყივილმა განვლო, სალაშქრო ბანაკი თვალს მოეფარა, გზა შემაღლდა და მეჩხერი ტყე აღიმართა გარშემო, ჰაერს კი შორეული, წყლის შრიალის ხმა ჰკვეთდა.

-აი, მივუახლოვდით, მეფისწულო! – შეჰყვირა გაბადრულმა ვაჭარმა. – ყური უგდეთ, როგორ ჩქეფს წყალი! როგორც ჩანს, არ გვიმუხთლა ერქანთა დიაცმა!

-ხმა გაიკმინდე, ვაჭარო! – მოუბრუნდა მას ანდრეი და წამსვე თავი დაუკრა შეცბუნებულმა ტრიქსემ. – ნურასოდეს გეგონება, რომ უფლება გაქვს ამდენად კადნიერი ბრძანდებოდე!

ფერი წაუვიდა ტრიქსეს, ხმა გაკმინდა. მტრულად იმზირებოდა მორგანა.

ქუსლები შემოჰკრა ულაყის ფერდებს ანდრეიმ, წინ გარეკა ბედაური, წყლის შრიალისაკენ.

მეჩხერი, აკაციათა ტევრი გახშირებულიყო და მცირე ხევს ერტყმოდა, რომელშიც ჩქაფუნით მიედინებოდა მდინარე. სპილენძისფერი ულაყი შეაყენა ბექობის პირას მეფისწულმა, გადაჰხედა მზის შუქზე აბზინებულ, კამკამა წყალს, რომელიც ელვის სისწრაფით მიჩქაფუნებდა, კალაპოტის ძირში ჩაფენილ ზორბა ქვებს ბუმბულებივით ატრიალებდა წყალი, მიაქროლებდა, და მინდვრის ბოლოს, რომლის მიღმა თვალუწვდენელი ტყე და მთები გადაჭიმულიყვნენ, ეშვებოდა ჩანჩქერად.

ულაყი მოაჭენა ეირინმა მის გვერდით, მას სხვებიც მოჰყვნენ.

-წყალი სუფთაა, ჩემო ბატონო. – მიმართა მეფისწულს ხევში მაცქერალმა გაბრიელმა. – დღესვე ძალგვიძს ვარცლთა…

სიტყვა გაუწყდა სარდალს.

ანაზდად უჩვეულო ზუზუნმა გაჰკვეთა წყლის ჩქაფუნით აღსავსე ჰაერი, გაბრიელს ჩაუწუილა მუზარადთან. მას თან მოჰყვა მეორე, ელვის სისწრაფით, და პირდაპირ ბეჭში ეძგერა ანდრეის.

მოულოდნელობისაგან თვალები გაუფართოვდა მეფისწულს, შეჰყვირა, მხარზე მოეპოტინა ისარს ხელით, გაოგნებული.

შეჰღრიალა გაბრიელმა, ატავესმა აღტკინება ძლივს დამალა. ტრიქსე აბღავლდა, უკან მიმართა ცხენი, მორგანაც თან წაიყოლა, მას თან მიჰყვნენ უჩინარი მშვილდოსანის შიშით დამფრთხალი შუბოსანნი.

ნაკვთები გაჰქვავებოდა გახევებულ ეირინს, წამსვე შებურული ტევრისაკენ გაიხედა მან, საიდანაც სტყორცნეს ისარი.

ღრმად გამჯდარი მეომრის ინსტინქტი მოერია ანდრეის გაოცებასა და მრისხანებას, ელვის სისწრაფით მოქაჩა ლაგამი სპილენძისფერი ულაყის მოსატრიალებლად.

არ დააყოვნა აკაციის ხეზე, ფოთოლთა შორის შემალულმა ელოიმ, მოზიდა მშვილდი და ისარი ისარზე სტყორცნა.

პირველი მიზანს ასცდა, მუზარადი გაუკაწრა სარდალ გაბრიელს, მეორე ყელში მოხვდა სარდალი ატავესის ბედაურს, მესამე კი ეირინის ცხენს დაერჭო გავაზე.

ცხენმა დაიჭიხვინა, ტლინკები ჰყარა. ლაგამი მოჰქაჩა ეირინმა, შეეცადა ბექობს განერიდებინა ბედაური, მაგრამ ამაოდ, ანაზდად, ელვის სისწრაფით მოხდა ყველაფერი, ისე, რომ დაკივლებაც ვერ მოასწრო მეფისქალმა.

ბექობის კიდეზე დაუსხლტა ცხენს ფლოქვები და პირდაპირ დაინთქა მდინარეში, თან წაიყოლა მხედარი.

ხილულისაგან წამიერად გახევდა ანდრეი. ბექობს გადაჰყურებდა იგი, იქ, სადაც ერქანთა დიაცი გაუჩინარდა აქაფებულ, აზვირთებულ წყალში და არ უჯერებდა თვალს.

კვლავ გაიწუილა ისარმა, და ამჯერად მარცხენა ძუძუზე დაერჭო მეფისწულს.

შეჰღრიალა ანდრეიმ. გამძვინვარებულმა მკერდზე იტაცა ხელი, ერთიანად გადაუფითრდა სახე.

მას გადაჰფარებოდა გაბრიელი, ღრიალებდა და უკიჟინებდა, ყალყზე შეაყენეთო ცხენი.

მოზიდა ლაგამი მეფისწულმა, და ყალყზე შედგა სპილენძისფერი ულაყი, რომელსაც ყელში ეძგერა მორიგი ისარი.

წაიფორხილა პირუტყვმა. შეჰყვირა თავზარდაცემულმა გაბრიელმა.

უზანგებისაგან დროულად გაითავისუფლა ფეხები მეფისწულმა და მოწყვეტით დაენარცხა მიწას, ტკივილისაგან აღრიალებული. მის გვერდით გაიშოტა, ისრით განგმირული ულაყი, მიწა შეარყია მისმა სიმძიმემ.

-ჩემო ბატონო! – ღრიალებდა გაბრიელი, წამსვე ჩამოხდა, საკუთარი ფაშატი ამოაფარა მათ, გაფაციცებით უმზერდა აკაციათა ტევრს. – ატავეს! – დაუყვირა მან მოახლოებულ სარდალს, -სასწრაფოდ უნდა…

საუბარი არ აცადა მას ატავესმა. მახვილი გაუქნია და ვადაჯვარი უთავაზა საფეთქელზე.

ღვინის სავსე ტიკივით დაენარცხა გაბრიელი მიწას.

მახვილი მოიმარჯვა ატავესმა და მიმართა მიწას გაკრულ ანდრეის, რომელიც გაცოფებული შესცქეროდა, გაუსაძლისი ტკივილისაგან აღრჭიალებდა კბილებს, ეღრიჯებოდა ნაკვთები.

-მოღალატევ! – შესძახა მან, თითები მკერდში გაყრილი ისრის გარშემო დაკრუნჩხოდა, ამაოდ ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას. – წაწყმედილო, წყეულო, გველო კაცო! მდაბალო, სულგაყიდულო მოღალატევ! როგორ ბედავ?! როგორ შემბედე?!

აღტკინება გადაჰფენოდა სახეზე ატავესს. მეფისწულის გვერდით ჩაიმუხლა მან, დასისხლიანებულ მარცხენა არათითზე მორგებული საგვარეულო ბეჭედი მოაძრო და რუდუნებით გაიკეთა თვითონ.

დაუღრიალა გაცოფებულმა ანდრეიმ, წამოწევა სცადა და წელზე შემაგრებულ სატევარზე გაივლო ხელი, მაგრამ სახეში სილა გააწნა ატავესმა, და მკერდიდან ამოჩრილი ისარი გადასტეხა შუაში.

ტკივილისაგან ვეღარც კი შეჰყვირა ანდრეიმ, მხოლოდღა მთელი სხეული დაეკრუნჩხა, წითელ-ყვითელმა გადაჰკრა სახეზე.

-მიყურე, პატარა ლაწირაკო! – მიმართა ატავესმა, ბეჭის განმგმირავი ისარიც გადაატეხა უმალ, სიამოვნებით აღსავსე დაჰყურებდა, თუ როგორ იკრუნჩხებოდა მეფისწულის სხეული ტკივილისაგან, როგორ დაედო მკვდრისფერი. წამოდგა იგი, ფეხი ჰკრა და ბექობისაკენ გადააგორა მხედართმთავრის სხეული. – დღეს, მე დავასრულე ვოლფრამთა დინასტია… გიხაროდენ, სრორდ! რამეთუ ახალი მეფე გეყოლება! – სიხარულით ქშინავდა იგი, მკლავში ჩაავლო ანდრეის ხელი და წაათრია. – გიხაროდენ, მეფისწულო! რამეთუ უკანასკნელი ვოლფრამი ბრძანდები…

-დაფიქრდი, ატავეს! – შეჰღრიალა მეფისწულმა, უკანასკნელ ძალას გაჭირვებით იკრებდა, თვალებში უბნელდებოდა. – თუ ამას ჩაიდენ, გეფიცები, თუ უკანასკნელი შენი დღეები ჩემდამი სიკვდილის ვედრებაში არ გალიო, მე წამიყვანონ სუაგრამ და ნიჰიდამ! ჩემ გვირგვინსა ვფიცავ, თუ არ განანო!

-გვიანია, ჩემო ბატონო. – დაცინვით მიუგო მის თავზე აღმართულმა ატავესმა. – გვიანია.

მერე კი ჰკრა ფეხი და კიდეზე გადააგდო მეფისწული.

თითქოსდა ვეღარ გრძნობდა ანდრეი, თუ როგორ დაუგლიჯეს ტუნიკა და შარვალი ბექობის მჭრელმა ქვებმა, როგორ გაუსაძლისად, მთელი სხეულის მომცველად ჰგლეჯდნენ ჭრილობები, როგორ დააღო ხახა წმინდა, ყინულივით წყალმა და ჩაიხვია ის თავის მკერდში.

დაატრიალა მდინარემ, თავის ნებაზე ააბურთავა დინებამ, სანამ აღარ უწყოდა ანდრეიმ, თუ სად იყო მიწა და სად ცა.

ბოლოს კი მისთვის ყველაფერი რუხ, უმტკივნეულო წყვდიადში დაინთქა.

.

.

.

-*-*-*-8-*-*-*-

ღრუბელთა თავშესაფარს გაჰქცეოდა და დაუდგრომლად აცხუნებდა მზე, თუმცაღა ცარცოვან მთათა წიაღიდან მონაბერი გრილი ნიავი იტაცებდა გაუსაძლის სიცხეს. ნებივრად დაქროდა იგი მზის სხივთა შუა, არხევდა მაღალ, ხორბლის ყანასავით მოღაღანე ბალახს, მდელოს რომ ჰფარავდა, და საამურად ელამუნებოდა გორისთავზე აღმართულ ბალღთა სახეებს.

სვეტივით იდგა პირველი მეფისწული და სრორდის მომავალი მეფე, მეფე სოლომონისა და დედოფალი კიდას პირმშო ჰასსე. თოთხმეტი ზამთრისა იყო მეფისწული მხოლოდ, მაგრამ მეფურობა გამოსჭვიოდა მის მზარდ, ნორჩი წკნელივით მოქნილ ტანში, განიერ ბეჭებსა და ძლიერ, მოკლე შარვლით შემოსილ წვივებში. ქორივით იმზირებოდა იგი, პაწაწა, მოღუღუნე კონსტანცი ეჭირა მკლავებში და გორის ძირში მორბენალ და-ძმას გადაჰყურებდა, ვითარცა მათი ჭეშმარიტი დამცველი და ერთგული გუშაგი.

-ელისაბედ! თადეოს! – გადასძახა მან წელამდე მოღაღანე ბალახში კისკისით მორბენალ, ყვავილთა გვირგვინით თავშემკულ და-ძმას. – გაფრთხილდით! გველი არ გადაგეყაროთ ამოდენა ბალახში!

-რად გეშინის, ჰასსე? – გაიწკრიალა ელისაბედის ხმამ. თითქოს მოიხიბლაო, აიტაცა იგი ნიავმა და ფარფატით შეაგება გორის პირს. ღიმილი ვერ განარიდა ჰასსემ ბაგეს. – უწყი, რომ არ ვუშინდებით გველებს! ნეტავ შემხვდეს, თავს გავუჭეჭყავდი და ბალიშისქვეშ ამოგიდებდი!

-ყეყეჩო გომბიო! – ელისაბედს მიმართა თადეოსმა, ამაყად გადააქნია თავი. – სრორდის ამ მხარეს გველები ვერ ხარობენ!

-ვერ ხარობენ, რამეთუ შენი პირისახე იხილეს! – შესძახა გაბადრულმა ელისაბედმა და შეკუნტრუშდა, როცა აჭარხლებული თადეოსი გამოენთო.

ნიავმა ზუზუნით დაჰბერა, მთათა წმინდა სურნელი მოიტანა. მხოლოდღა მინდორში მორბენალი ელისაბედისა და თადეოსის სიცილი ჰკვეთდა შუადღის იდილიას, იტაცებდა მათ ქარი და მოსდებდა მინდორ-ველებს, მეჩხერ ტყეებსა და შორიახლოს აღმართულ ბერეხის ციხესიმაგრეს.

ერთი იშვიათად თბილი, მეხუთე მთვარის მშვენიერი დღე იდგა.

-რად კინკლაობენ მუდამ? – ჩაილაპარაკა ჰასსეს გვერდით, გათელილ ბალახში მოკალათებულმა შვიდი ზამთრის ბალღმა. ბავშვური, კოტიტა თითებით ეწადა მინდვრის ყვავილების გვირგვინად ჩაწნა. – ნუთუ არ დაიღალნენ?

მას დაჰხედა ჰასსემ, მის გვერდით ჩაიმუხლა.

-ერთმანეთს არ ჰგვანან და იმიტომ, ანდრეი. – მიუგო მან უმცროს ძმას. – მათი კინკლაობა ერთმანეთისადმი ნდობის ნაყოფია და ვერაფერს აკლებს მათ კეთილგანწყობას… კინკლაობა ურთიერთშეთანხმებას შობს.

ანდრეი მოიღუშა, პაწია წარბები შეკრა. ძმას აჰხედა დიდი, მრგვალი თვალებით და გაიბადრა, როცა კონსტანცმა დაიჟღურტულა და თმაზე წაეპოტინა ბუნჩულა თითებით.

-შენ რად არ თამაშობ? – შეჰკითხა ჰასსემ. ჩაეღიმა, როცა მხრები აიწურა ანდრეიმ. – თუმცა აი, კონსტანცს ართობ…

პაწია ბალღი დაბეჯითებით განაგრძობდა ანდრეის თმის მოქაჩვას, სანამ თითები არ გააშვებინა ჰასსემ.

-უგუნებოდ ხარ. – განაგრძო მან, როცა შეატყო, არარას იტყვისო ჩემი ძმა. – მითხარი, ანდრეი… რა გიტრიალებს მაგ პატარა თავში?

ანდრეიმ ბაგე მოწკურა, კვლავ მოეღრუბლა სახე.

-კინკლაობა ჩხუბსა და სისხლისღვრაში გადაიზრდება. – თქვა მან ბოლოს, ისეთი თვითდაჯერებით, როგორიც არ უნდა ჰქონოდა შვიდი ზამთრის ბალღს. – ხუთი ცოცხალი ბალღი, მეტადრე სამი ვაჟი სნეულებათა და გვალვათა დროს კარგს არაფერს მოასწავებს…

-ანდრეი! – შესძახა მოქუფრულმა ჰასსემ. გაფაციცებით შეჰყურებდა მომავალი მეფე ძმას, ნიკაპზე მოჰკიდა ხელი და მოატრიალებინა სახე, რათა მის თვალებში ჩაეხედა. – რად საუბრობ ასე? ნუთუ შეიძლება თავში გაივლო ეგეთი უგუნურობა?

დატუქსულმა ანდრეიმ თავი დახარა. წითელ-ყვითელი მინდვრის ყვავილები მისი თითების ქვეშ მოიჭმუჭნნენ, ნაოჭები გაუჩნდათ ფაქიზ ფურცლებს.

-საკუთარი სიტყვებით არ საუბრობ, ანდრეი. – მკაცრად მიმართა ჰასსემ, მერე კი, თითქოს აზრმა გონება გაუნათაო, შეცბა. – ბაბალ ქაანი გესაუბრა, არა? როგორ მოგწვდა ეგ ყეყეჩი…

-ნუ დაასმენ, ჰასსე! – შესძახა ელდანაცემმა ანდრეიმ. – ვფიცავ, ჩემთვის არ უთქვამს, მე მოვუსმინე, როცა სამლოცველოში ილოცებოდა…

-როგორც არ უნდა იყოს, ეგ დაფეხვილი დედაბერი არ უნდა საუბრობდეს ესოდენ ბილწ სიტყვებს! სამეფო ძიძობა არ აძლევს ამის უფლებას! – შესძახა აფორიაქებულმა ჰასსემ, წამსვე გაივლო, უნდა განვარიდო ბაბალ ქაანი აქაურობას და მეტადრე ჩემს და-ძმასო. – ნუთუ მისი გჯერა, ანდრეი? შენ გონიერი ბიჭი ხარ, შეგიძლია საკუთარი ჭკუით იაზროვნო… ეგ ბებერი ყეყეჩი შეურაცხადი და თავგასული გაიძვერაა, გესმის ჩემი? აღარასოდეს მოუსმინო მის სიტყვებს…

ანდრეიმ თავი დახარა, დაჟინებით ჩაჰყურებდა მოჭმუჭნულ ყვავილებს.

მოლბა ჰასსე. ცალი მკლავით დაიჭირა აჭყლოპინებული კონსტანცი, ყურსა და თმაზე რომ ეწეოდა, მეორეთი კი ანდრეი აიტაცა, გორაზე დაეშვა, რათა ელისაბედსა და თადეოსს გამოჰკიდებოდა.

იღიმოდა ჰასსეს ბაგე, მაგრამ ბაბალ ქაანის სიტყვები, ანდრეის პირით რომ მოისმინა, ქარიშხლად დასტყდომოდა მის თავს და მოსვენებას არ აძლევდა. წამლავდა და ჰკლავდა კარგ გუნებას მასში.

ანდრეი კი ხმამაღლა იცინოდა, მაგრად ჩასჭიდებოდა ძმას ტუნიკის საყელოზე, ბაბალ ქაანის სიტყვები გაფრენილიყო ბალღის გონებიდან.

.

.

-*-*-*-*-*-*-

დაუდგრომელი იყო ავლატის მთებიდან მონადენი წყალი. თითქოსდა ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ მისი შენაკადი ღელეები, მდინარის ზორბა ტანში ეხლებოდნენ ერთმანეთს, მახრჩობელა გველთა მსგავსად იხლართებოდნენ, ცივ, გლუვ სხეულთა შორს ატრიალებდნენ ყველაფერს, კენჭი იყო ეს თუ ადამიანი.

ელვის სისწრაფით მიჰქროდა მდინარე, სცილდებოდა იმ ბექობს, რომლის თავზეც აღტკინებული ატავესი იდგა, სანამ იოტისოდენა არ მოჩანდა იგი.

წყლის ქაფისა და წვეთთა გარდა არაფერი მოჩანდა ზედაპირზე, თითქოს ჩანთქა და მოინელაო მდინარის ხარბმა ფაშვმა მასში ჩაყრილი ადამიანები.

მაგრამ ანაზდად გაირღვა ზედაპირი, და ხმამაღალი, სასოწარკვეთილი სუნთქვის ხმით ამოხეთქა ეირინმა.

უნაკლო მოცურავე იყო დიაცი, როგორც წყალთან დასახლებულთა შვილი, მაგრამ ვერაფრით უსწორდებოდა მისი ძალა აბობოქრებული, მთის წყლებიდან ნაშობი მდინარის დინებას. მახვილი თვალით წამსვე მიმოიხედა ეირინმა, მდინარის ციცაბო ნაპირებს შეავლო თვალი და წამსვე უწყოდა, რომ ვერაფრით დაძლევდა წყალს, ვერ მოახერხებდა ნაპირთან მისულიყო. სუნთქვა ეკვროდა, ცივი წყალი თითქოს სხეულში შეგრძნებას აკარგვინებდა, გრძელი ტილოს კაბა სულს უხუთავდა. გამალებით ებრძოდა დინებებს, რათა ესუნთქა, მაგრამ ულმობელი იყო წყალი, ისეთივე სწრაფი, ვითარცა ფეხმაგარი ბედაური, თორმეტი საუღლე ხარივით ძლიერი და ყინულივით ცივი.

მხოლოდ ისღა ძალუძდა ეირინს, რომც გალურჯებული ბაგე გაეპო, ხარბად ესუნთქა ჰაერი და სველი წამწამების მიღმა ეყურებინა, თუ როგორ ციმციმ უახლოვდებოდნენ ჩანჩქერს.

ამავე დროს, მოშორებით, კიდევ ერთხელ გასკდა მდინარის ზედაპირი და დინებამ, თითქოსდა სწყალობსო, მაღლა ამოაგდო მეფისწული ანდრეის სხეული. მკერდი გაუვსო მხედართმთავარს ჰაერმა, ჩასისხლული თვალები გაახილა. ჯერ კიდევ რეტი ესხმოდა აუტანელი ტკივილით ატანილ ანდრეის, მაგრამ ყინულივით წყალი აფხიზლებდა, ამწვარ ჭრილობებს უყუჩებდა. სანამ ხელ-ფეხს გაანძრევდა იგი, რომ ზედაპირზე დაეჭირა თავი, ტალღამ გადაუარა და კვლავ ჩაყლაპა.

ჩანჩქერს მიახლოებული დინება კი უფრო და უფრო აჩქარდა. ატავესის ფიგურა წერტილივით მოჩანდა, აკაციათა ტევრი შემეჩხერებულიყო, თითქოსდა ისინიც უფრთხოდნენ მოახლოებული წყლის გრიალს, მათ მაგივრად კვიპაროსები აწოწილიყვნენ. გუგუნთან ერთად ახლოვდებოდა შორს გადაჭიმული, ტყით დაფარული მთაგრეხილი, რომელიც ზღვას ემიჯნებოდა.

ათიოდე მკლავის მოსმა იყო დარჩენილი ჩანჩქერამდე, როცა მისგან პირი იბრუნა ეირინმა, მთელი ძალით მოუსვა გახევებული, გაყინული მკლავები, რათა მთელი სისწრაფით არ გადაჰყოლოდა გავეშებულ ზვირთს.

მაშინღა ჰკიდა თვალი, თუ როგორ ამოიზიდა წყლიდან მხედართმთავრის თავი. ტალღათა მოძრაობისას იხილა ეირინმა მის მკერდში გარჭობილი ისრის ნატეხი, რომლისაგან მიყენებული ჭრილობიდან ნაჩქეფი სისხლი ჯერ კიდევ ვერ გადაერეცხა მდინარეს.

იმის დროღა ჰქონდა მეფისქალს, რომ ანდრეის გაცოფებულ თვალებში ჩაეხედა და ყველაფერს მიმხვდარიყო, გაეშიშვლებინა თითოეული აზრი, რომელიც მიჰქროდა ახლა მეფისწულის გონებაში.

მერე კი, ანაზდად გაძლიერდა თითქოს წყლის გრიალი, გამაყრუებლად იქცა, ყველაფერი მოიცვა და გადაფარა.

გამალებით ფიქრობდა ეირინი, ელვის სისწრაფით მიჰქროდა მისი გონება, ფიქრობდა იგი, რომ სამი შუბის ტარზე გადაჭიმულიყო ჩანჩქერი, რომ ქვემოთ შობილი მცირე ტბიდან ისეთივე სიჩქარით მიედინებოდნენ ზვირთები.

მერე კი სალი კლდის ციცაბოზე გადასკდა თეთრ გველთა სხეულები, და თვალები დახუჭა სუნთქვაშეკრულმა მეფისქალმა.

იგრძნო, თუ როგორ გააქანა წყალმა, თავზე დაეცა, თვალები და ყურები აუვსო ყინულით. თითქოს ლოდი უდევსო მუცელში, ეცემოდა, ეცემოდა, კვლავ ეცემოდა, ქვემოთ მიჰქროდა, სისხლი გაჰყინვოდა ძარღვებში.

მერე კი დაეხეთქა ქვასავით ზედაპირზე.

ვეღარ სუნთქავდა. ისეთი ძალით დააწვა წყვდიადი, რომ ყურები დაუხშო, დააბრმავა. აღარ უწყოდა ეირინმა, თუ რამდენი ხანი ტრიალებდა უმისამართოდ, თუ რამდენი ხანი აღარ უწყოდა მიწა და ცა. დააქროლებდნენ დაუდგრომლად ერთმანეთზე შეხეთქებული დინებები, სანამ მკერდზე ცეცხლი არ მოეკიდა მეფისქალს და თითები ვეღარ იგრძნო.

მაგრამ გაუღიმა ბედმა. წყვდიადი გააპო მისმა მებრძოლმა სულმა, თითქოს ღვთაებამ უკარნახაო სწორი გზა, ფეხით ჩამოვიდა მიწას და სანთლით გაუნათა იგი.

ზედაპირზე ამოცურა უჰაერობისაგან რეტდასხმულმა ეირინმა, მოითქვა სული და მიმოიხედა წამსვე, რამეთუ რამე ხელმოსაჭიდი მოჰყოლოდა მდინარეს.

კვლავ ჰკიდა თვალი მეფისწულს, რომელიც გადარჩენოდა ჩანჩქერის რისხვას. უწყლო ჩრდილოეთელი ებრძოდა წყლის დაუდგრომელ სისასტიკეს, უსვამდა მკლავებს, მაგრამ უმალ ტკივილისაგან ეღრიჯებოდა ნაკვთები. ისარგაყრილი ჭრილობა სისხლს აჩქეფდა, წამსვე ერეოდა აქაფებულ დინებას.

ჩასისხლული თვალები აღარ აღვსებოდა გააფთრებით, მხოლოდ სიცოცხლის წყურვილიღა დარჩენილიყო მათში.

მდინარე კი არ ეპუებოდა დაჭრილს. ტალღა ტალღაზე ლამობდა მის ჩაძირვას, ჰფარავდა მისი არსებობის საბუთს ამ დედამიწაზე.

უმზერდა მას ეირინი. უმზერდა მისი ქვეყნის დამაქცევარს, მის მტარვალს, სასტიკსა და იმ ორლესულით აღჭურვილს, მის თანამემამულეთა სისხლი რომ ეცხო. უმზერდა და განუზომელი მრისხანება ახრჩობდა, მაგრამ ქვეყნის საქმეთა ასავალ-დასავალი კარგად უწყოდა მან.

ამიტომ დინების საწინააღმდეგოდ გაცურა, მეფისწულს მიმართა ეირინმა. რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მას, გამალებით ებრძოდა წყალს.

მოახლოებულს მრისხანებით აღსავსე მზერა სტყორცნა ანდრეიმ, მაგრამ არარად ჩააგდო იგი ეირინმა, შეუდგა ბეჭში და მოჰხვია წელზე მკლავი.

ჩაჰყვიროდა მეფისწული ყურში, ღრიალებდა ანდრეი, არაფრად მიღირსო შენი დახმარება, მაგრამ არ ეპუებოდა ერქანთა დიაცი. ხელები ჩააჭდო, არ მისცა წყალს უფლება, ჩაეკლა იგი.

მიჰქროდა მდინარე, და მიაქროლებდა მათ. აქაფებული წყლის წვეთები მზის სხივთ იპყრობდნენ, წელში სწყვეტდნენ, და მათი ნაპერწკლები ეფრქვეოდათ თავზე ბედს მინდობილთ,  ჰკვეთდა თვალს.  მრისხანე იყო მათ სხეულზე მოხვეული ყინული, და დაუდგრომელად აცხუნებდა დღის მხევალი, ორივენი გაერთიანებულიყვნენ თითქოს, რათა დაესაჯათ ისინი წმინდა წყლის წაბილწვისათვის.

მიღოღავდა მზე ცის კამარაზე, ყივილი მისდევდა ყივილს, ნაპირზე აღმართული ტევრი ტევრს,  მთა მთას, მდელო მდელოს, გახშირდა ბუჩქნარი. უსიერი ტყე აღიმართა გარშემო, სიქა გასძვრა დღის მხევალს და ელფერი მოსდო ცას მოქანცულობისა.

მდინარე კი დაუღალავად მიექანებოდა, გრიალებდა, ყურთასმენას სჭრიდა და ნაპერწკალიც კი არ ღვიოდა მასში იმ დაღლილობისა, ძვალთა სიღრმეზე რომ მოეცვა ორი წყალწაღებული ადამიანის არსება.

ვეღარ ძალუძდათ მათ ტალღებთან შერკინება, დროდადრო, უფრო გახელებით რომ ჰფარავდა მათ, მეტადრე უჭირდა დაჭრილ ანდრეის, რეტი ესხმოდა მეფისწულს, მრისხანებაღა ასაზრდოებდა. ღმერთებს ავედრებდა თავს, და წყევლიდა იგი ატავესის ღალატს, იქადნიდა, ორლესულს განვბანო მის სისხლში. ეირინს სწყევლიდა იგი, ემუქრებოდა ერქანთა დიაცს, როგორ შემბედეო შენ წაბილწულ ხელთა შეხება, მაგრამ ხელისკვრა არ ძალუძდა.

გახშირდა მდინარის თავზე წამომდგარი ტევრი, ჩრდილი რომ გადმოჰკიდებოდათ წყალზე, და იძალა ღამემ.

სულთმობრძავი მზე გაჭირვებითღა ღებავდა სიცოცხლის ალისფერით ცის მცირე ნაგლეჯს. ციალებდნენ ცას მოფენილი მარგალიტები, იძენდნენ ჩახჩახს, და შენელდა მდინარე, მისი ვეებერთელა, გამჭირვალე სხეული თითქოსდა აილაგმა, დაოკდნენ ბობოქარი გველნი, შეერწყნენ ერთურთს და ერთად იწყეს სვლა.

როგორც კი იგრძნო მეფისქალმა, დაცხრაო წყალი, უმალ იხელთა დრო. ჭირხლმოდებული ძარღვებიდან გამოწურული ძალის ბოლო წვეთითღა შეძლო ერთიანად გაყინულმა ეირინმა გაეღწია ნაპირამდე. აცახცახებულმა აათრია ქვა-ღორღზე ანდრეი, რომელიც თვალსაც კი ვერ ახელდა, იმდენად დაესუსტებინა იგი სისხლდენასა და ყინულივით დინებას.

მოზრდილ ქვაზე დაეხეთქა მეფისქალი. კიდურებსა და ბაგეებს ლურჯი დასდებოდათ, თითქოსდა განსვენებული, კუბოში ჩასაწოლი ნეშტი არისო ეირინი. ლურჯი სხეულსაც ედო, წყლის სიმძიმეს დაებეჟა ხორცი. სული ძლივს მოითქვა დიაცმა, ამწვარ მკერდს ივსებდა ჰაერით.

რის ვაივაგლახით წამოდგა. არ იყო ახლა დროის ფუჭად ფლანგვის ჟამი. უნდა გაეგო, სად იმყოფებოდა, თუ რამოდენა მანძილზე ათრია წყალმა.

 ცას აჰხედა ეირინმა. მკლავი აიშვირა, რათა უკეთესად გაეკვლია გზა ვარსკვლავთა შორის.

ბუმბერაზი გალაოზის მხართა თანავარსკვლავედი ემიჯნებოდა ლომისთავა თანავარსკვლავედს, მათ თავზე დაჰნათოდა ოთხქიმიანი ვარსკვლავი.

წარბები შეჰყარა ეირინმა. თვალები დახუჭა, ღრმად შეისუნთქა, სიო შეიგრძნო.

ოდნავ დაჰკრავდა მლაშე გემო მხოლოდ.

ცივი იყო ნიავი, და თითქოსდა ავდრის პირი არ უჩანდა ჰაერს, მაგრამ არ იყო მატყუარა შემოდგომის ჟამი სანდო.

მდინარე ჩქაფუნებდა, ღრმად სუნთქავდა ეირინი, და ქვა-ღორღზე დაგდებული ანდრეი გმინავდა, ახელდა თვალებს.

გარემო მოათვალიერა მიბნედილმა, ხელ-ფეხს ვეღარ გრძნობდა, ყინულივით წყალს წაეგლიჯა შინაგანი სითბო. თითქოსდა გული გასციებოდა მეფისწულს.

მაგრამ არ მოჰკლავდა ცივი გული.

წამოიწია ანდრეი. თითოეული მოძრაობა მთელ არსებისმომცველ ტკივილს აეტანა, თითქოსდა მისი ყოველი ჭრილობა გადახსნილიყო და მწარე ღვინო ჩაესხათ შიგნით. სისინით სცადა წამოდგომა, მერე კი შორიახლოს აღმართულ ეირინს ჰკიდა თვალი, რომელიც წელში მოხრილიყო და ნაპირის მომცველ ქვებს ჩაჰყურებდა.

-რა მზემ გამინათა ეს დღე, რამეთუ სასტიკად დამსაჯეს ღმერთებმა… – გაჭირვებით ამოიხრიალა მან, ზიზღით შეაცქერდა მეფისქალს. -აგე, უწყალოდ დამჭრა საკუთარმა სარდალმა, წყეულიმც იყოს! ნიჰიდამ და სუაგრამ მოჰკლან იგი ყოველი მზის ამოწვერისას! ამ ყველაფერს კი ეს წყეული სიძვის დიაცი დაემატა! ეშმაკმა დალახვროს! – ღრიალებდა ის, ცახცახი და ხველება აუვარდა.

მისკენ იბრუნა პირი ეირინმა. ორი მბზინვარე ქვა, კვარცის ნატეხები ეჭირა, ერთმანეთს გაჰკრა ისინი და გააყრევინა ნაპერწკალნი. წამიერად აენთო სახე, წყვდიადი გაფანტა.

-შეჩვენებულო! – შესძახა ანდრეიმ. სცადა, გამძვინვარებულმა, წამოდგომა, რათა საკუთარი ხელით მოეღო ბოლო ამ დიაცისთვის. – შენა ხარ ეკალი ჩემ გვერდში! ბარბაროსო, გრძნეულო, სიძვის დიაცო! შენ მოიმოქმედე ეს!

წამიერად თვალი გაუსწორა ეირინმა.

-ნუთუ ჩემი ღვთაების ირწმუნე, ძაღლის ნაშიერო? – ანაზდად თქვა მან. გულცივად უცქერდა გაოგნებისაგან გახევებულ მეფისწულს. – რამეთუ მისდამი აღვავლინე წყევლა…

შეაცქერდა ანდრეი წამიერად. გონში გაივლო, იქნებაღა მომეჩვენაო, რეტდასხმულს, თუმცაღა არა, ბაგე გაამოძრავა ერქანთა დიაცმა და ბარბაროსთა ენის ელფერდაკრული, შვიდი სამეფოს სიტყვები გადმოსდინდა.

-ნუთუ ჩვენი ენა უწყი, ბარბაროსო… -გამოისუნთქა მეფისწულმა, გაოგნებას მრისხანება სცვლიდა.

-რასაკვირველია, ვუწყი! – მიუგო ეირინმა, ნაპერწკლები გააყრევინა კვარცს და დაიხარა, მოათვალიერა კენჭები. – შვიდ სამეფოთა ენა არ უნდა ვუწყოდე, სრორდელო ქოფაკო? გაუნათლებელი გეგონე, თუმცაღა ცდებოდი, ბარბაროსთაც ჰყვანთ თავიანთი მცოდნენი!

არ უპასუხა ანდრეიმ, გამალებით უმზერდა, თუ როგორ ეძიებდა დიაცი ქვებს.

-არჩიე არაფერი გეთქვა, რათა სრორდელთა ყველა საუბართათვის ყური დაგეგდო, არა, წყეულო გველო? – სიტყვები გადმოაფურთხა მეფისწულმა. – როგორ ბედავ! როგორ ბედავ ჩემი ენის ეგრე წაბილწვას, სიძვის დიაცო?!

წარბები შეჰკრა ეირინმა. ქვებმა კვლავ გაჰყარეს ნაპერწკლები.

-შენი ენა არაა შვიდი სამეფოს ენა!-შესძახა მან. – კალისტრატე ფაროვანელ ბრძენს უმადლოდე, რომ ანბანი და ენა შეჰქმნა თქვენი, რამეთუ კვლავ ერთურთს შეჰღრიალებდით ახლა, იგი რომ არა! და მირჩევნია თქვენი ენით დამეწვას ბაგენი, – გამოსცრა მან კბილთა შორის, – ვიდრე ამიერიდან უპასუხოდ დაგტოვო, სრორდელო ღორო!

მერე კი წამოდგა, ნაპირს გაუყვა, მიმართა უსიერ ტყეს.

ხეთა კენწეროები იცლებოდნენ ნელ-ნელა სისხლისაგან, წყვდიადი იცავდა მათ, ვარსკვლავთა ჩახჩახი კი ვერ აღწევდა მაღლა აჭრილი ტევრის სიღრმეში.

-წარვედ! – მიაძახა დიაცს ანდრეიმ. – თავიდან მომწყდი, წყეულო!

მერე კი, გამძვინვარებული, ელდანაცემი და ტკივილისაგან გათანგული, ქვა-ღორღს მიესვენა, ცის მუდამ შემწყნარებელი გულის ქვეშ.

ეირინი კი ტყეში მიიკვლევდა გზას. ჰაერი დაყნოსა მეფისქალმა, მცირე მიწა იგემა ენაზე, მერე კი კაკალთა ქვეშ ახასხასებული ხავსი მოჰგლიჯა ბლომად. ნესტი იდგა ტყეში და სილბო ეტყობოდა მიწას წვიმისა და მდინარესთან სიახლოვის გამო, თუმცაღა მზის მცხუნვარებას, რაოდენ მცირეც არ უნდა ყოფილიყო იგი, გამოეშრო ოდნავ მაღლა აზიდული ანდა ცის კამარის ქვეშ გაშიშვლებული მდელოები.

მცირე ფიჩხი და რამდენიმე მსხვილი ტოტი შეაგროვა მან. მომცრო კერა ააგო მდელოზე, რომელსაც შემორჩენოდა მზის ხალასი სურნელი და ზორბა კვიპროსები შემოჰჯარვოდა გარშემო. ისინი დაიფარავდნენ უცაბედი წვიმისაგან.

სახელდახელო ტალ-კვესი იქვე მიაწყო ეირინმა, ხავსითურთ, და გაემართა ნაპირისაკენ, რათა მოზრდილი ქვები მოეძებნა კერისათვის.

იქვე დაუხვდა მეფისწული, თუმცაღა, ვერსად წავიდოდა დაჭრილი. გვერდზე იწვა ანდრეი, ცახცახებდა. საბედნიეროდ, ყინულივით წყალს შეეწყვიტა სისხლის ჩქეფა, მაგრამ ოდნავ შემთბარ ჭრილობებს ეხელთათ დრო, სველ ტუნიკაზე ანთხევდნენ წითელ ლაქებს.

მას უმზირა ეირინმა, დაიჭირა მისი გააფთრებული, ტკივილისაგან შეშლილი მზერა, მერე კი დახარა თავი, კერის ქვებს დაუწყო ძებნა.

-ნუთუ გააჩნია ზღვარი თავხედობასა შენსა?! – იბღავლა მისი საქციელით გამძვინვარებულმა ანდრეიმ. – მოხველ, რათა უმზირო, როგორ ღაფავს სულს შენი დამაქცევარი, ერქანთა დიაცო?!

ეირინმა არ აღირსა პასუხი. თავადაც ათრთოლებულიყო, ფითრისფერი დასდებოდათ მის ტუჩებს. სამიოდე მოზრდილ ლოდს ძლივს უმკლავდებოდნენ მისი მისუსტებული მკლავები.

-ახლა ვუწყი, რომ ჩემი ენა გესმის, დაგწყევლონ ღმერთებმა! -შეჰღრიალა ანდრეიმ, დაებჯინა გაჭირვებით მკლავს. მრისხანებამ ძალა მისცა, უგრძნობ ფეხებზე წამომართულიყო, მკერდზე იტაცა უმალ ხელი, სახე მოემანჭა. – რად არ მკადრებ პასუხს?! უღირსად მიმიჩნევ, სიძვის დიაცო?!

-მუხლი არ გეკვეთება და შხამს ანთხევ, სრორდელო, სულის ღაფვა ეგ როდია? – მიუგო ეირინმა, ისე, რომ თვალი არ მოუბრუნებია მისკენ. მორიგი ლოდი აიტაცა მკლავებში ქოშინით.

-ქილიკის ჟამი დაგიდგა, ერქანთა დიაცო? – შესძახა ანდრეიმ. – ორივენი სულს დავლევთ ამ ღამეს, ალიჰა იყოს ჩემი მფარველი!

-მე სიკვდილს არ ვაპირებ, ღორის ნაშიერო… – მიუგო ეირინმა, ცას აჰხედა. – შენი ღმერთები კი უძლურნი არიან შენ ჭრილობათა წინაშე.

მერე კი შებრუნდა, კვლავ ტყეს მიაშურა.

მკერდზე მაგრად მოიჭდო ანდრეიმ ხელი და უკან აედევნა ერქანთა დიაცს, ქოშინებდა დაჭრილი, გაუთავებლად მისძახოდა ლანძღვასა და წყევლა-კრულვას.

ყური არ უგდო ეირინმა. ბნელ ტევრში გაიკვლია გზა და ქვები შემოუწყო კერას. მერე კი, ჩაიჩოქა, ათრთოლებულმა, კვარცს კვარცი გაჰკრა.

აცეკვდნენ ნაპერწკლები, წამსვე შეიტრუსა ხავსი და ბოლი აუვიდა ფიჩხს.

კერის გვერდით დაემხო არაქათგამოცლილი ანდრეი. მკერდზე ნაჭდევი ხელი სისხლს შეეღება, მკლავს მოჰყვებოდა ნაკადულივით.

ცეცხლის შუქი აენთო ეირინს თვალებში. ალს მიუცუცქდა მეფისქალი,  რამდენიმე ზორბა ტოტი დასტეხა და შეუკეთა კერას, მერე კი მუხლთ დაეცა და როკვა დაიწყო, ლოცვა აღავლინა ღვთაების მიმართ.

ზიზღით შესცქეროდა მას მეფისწული, სურდა იქვე მიეხრჩო იგი, მაგრამ უწყოდა, რომ ფუჭი იქნებოდა მისი მცდელობა. მზერა უცურავდა თვალწინ, თითქმის ვეღარ გრძნობდა აგიზგიზებული ცეცხლის სიმხურვალეს, ყველაფერი იღრეოდა ერთმანეთში და იცოდა მან, რომ კვლავ წყვდიადი მოიცავდა მალევე.

ამიტომ დრო უნდა ეხელთა, სანამ მისი მოკვდინების წყურვილი არ მორეოდა ეირინს.

გასაოცარი იყო, რომ აქამდე არ მორეოდა იგი ერქანთა დიაცს, მაგრამ ამაზე არ ღირდა ახლა ფიქრი.

სიცოცხლის ძალას ვეღარ დაჰკარგავდა. უნდა მოეწვა ჭრილობანი,  სანამ სისხლისაგან დაიშრიტებოდა სხეული მისი.

ელოდა იგი, სანამ გახურდა ცეცხლი, ტკივილისაგან დაღრეჯილმა მარცხენა ძუძუდან ამოიძრო ისრის ნატეხი და მიუგდო კერას. მკერდზე მოიხია ტუნიკა,  სისხლმდენ ჭრილობას მიაფარა იგი. გმინავდა დაჭრილი და ელოდა, სანამ არ ავარვარდა ისრის წვერი და ჟანგს დაემსგავსა შემხმარი სისხლი.

უსიტყვოდ უცქერდა ეირინი, გალუმპულ თმას გრეხდა გასაწურად.

წითლად შეიფერა ისრის პირი. ჭრილობა ჩამოიწმინდა ანდრეიმ, იქვე მიგდებული ხის ნაფოტი გაიმაგრა კბილთა შორის, და ათრთოლებულ მკერდს მიადო ავარვარებული ფოლადი.

გაუგონარი ღმუილი აღმოხდა მეფისწულს. ხორცსა და სისხლს უწვავდნენ, თითქოსდა დაღავდნენ, როგორც საქონელს.

ჭრილობას მოეწვა თავი, და შორს მოისროლა ანდრეიმ ისრის ნატეხი. კანკალებდა, ბნედას ებრძოდა, საეჭვო ღრჭიალი გაიღო კბილთა შორის მომწყვდეულმა ნაფოტმა. მორჩენილი ტუნიკაც შემოიხია, გაჭირვებით ამოიძრო მეორე ისარიც და მიიწვა ჭრილობა.

ტკივილისაგან გათანგულმა ნაფოტი გადმოაფურთხა, მეფისქალს აჰხედა. ცივი ოფლით დაჰფარვოდა სხეული, ყველაფერი ისე ბრუნავდა და ტრიალებდა, თითქოსდა მათრობელა ღვინოს მიეძალაო სამეფო კარზე, საკუთარ ოთახებში ძვირფას აბრეშუმს მიწოლილი მეფისწული.

დაბინდული მზერით უცქერდა იგი, თუ როგორ მიაქცია ეირინმა ზურგი, მისი ფერფლისფერი თმა თეთრ, გრძელ ზოლს, მუხლამდე დაშვებულ ჩანჩქერს წააგავდა.

მერე კი ტილოს კაბა აიძრო მეფისქალმა. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც  ჰკიდა თვალი მეფისწულმა წამით ერქანთა დიაცის მუხლამდე თმით დაუფარავ ბრინჯაოსფერ, ჩამოქნილ ფეხებს, გამოყვანილ წელსა და თეძოებს.

გრძნობა აღზევდა მასში, ტკბილმწარე და ცოცხალი, ძარღვებში გაუჯდა, ფეთქვა დაუწყო გაციებულმა გულმა.

მერე კი კვლავ მტრედისფერმა ჩანჩქერმა დაჰფარა ყველაფერი. ორკაპა ჯოხები დაასო ეირინმა ცეცხლის პირას და სახელდახელო საკიდზე გადაჰფინა კაბა.

-რასაა რომ აკეთებ, დიაცო? – ძლივს ამოილუღლუღა მეფისწულმა, თვალთ უბნელდებოდა. გვერდზე მიწვა, თვალები ეხუჭებოდა, თუმცა მთელი ძალით ებრძოდა ძილს. – წყეულო ბარბაროსო… ვერ მოიშალე სიძვა…

ერქანთა დიაცს ვერ ხედავდა ანდრეი, მაგრამ გარკვევით ჩაესმა მისი ხმა.

-სხეული სიძვა არაა, სრორდელო ქოფაკო. – თქვა მეფისქალმა, ჩაიჩოქა ცეცხლთან და მიეფიცხა სითბოს. – სხეული ყველას გვაბადია, სხეული გულწრფელობის მწვერვალია, გულახდილი და ისეთივე უნაკლო, როგორიც იგი ღვთაებამ შეჰქმნა. შენი უღმერთო სიტყვებით არ წაიბილწება იგი.

სიჩუმე ჩამოვარდა. წყნარად ტკაცუნებდა ცეცხლი, შეპასუხება სურდა ანდრეის, მაგრამ თითქოს ბაგეს ფოლადი გადაჰკვროდა.

-დაიხსომე შენი სიტყვები, სრორდელო. – ცივად ამბობდა ერქანთა დიაცი. – რამეთუ სასოწარკვეთილი ლაჩრის მიერაა ისინი წარმოთქმული. დაიხსომე, იქნებ გაკვეთილი იყოს შენთვის.

და უცქერდა ეირინი, თუ როგორ დახუჭა თვალები სრორდელმა, სხეული მოუდუნდა, მიმართა წყვდიადს.

გეგონებოდათ, სიკვდილის ფითრისფერი კოცნა ადევსო მეფისწულს, მკერდის გამოძრავება რომ არა. წითლად უღუოდა ახლად მომწვარი ჭრილობა.

მისავათებული უბრალო კაცს დაემგვანა. რაღაცგვარი უმანკოების ელფერი ედო მის მძინარე სახეს. გასწეწოდა მუქი, უწყლო ჩრდილოეთელთა უცვლელი მბზინვარე კულულები, მაღალ შუბლს უფარავდნენ. წვერი მოსდებოდა მის გამოკვეთილ ყბებს, თვალთა უპეები ამოშავებოდა. ღონიერი კისერი და მხრები მოხრილიყვნენ, უხერხულად იწვა გვერდზე ანდრეი.

მისკენ გადააპურჭყა მეფისქალმა, მაგრამ ცეცხლმა შენთქა ფურთხი.

შეეძლო წამომდგარიყო, მისი მტარვალისათვის მოეგრიხა კისერი, საკუთარი თმით მოეგუდა, ის ისრის ნატეხი ჩაეცა მისთვის გულში.

მაგრამ იგი სიკვდილისაგან იხსნა მეფისქალმა. წმინდა მდინარემ განბანა იგი, თუმცაღა ბაჰირელ ვაჟთა სისხლს ვერ ჩამორეცხავდა ვერასოდეს. და რასაკვირველია, ღვთაების ცრემლებსა და მისი დიდებული, სპეტაკი ყორნის ნისკარტს წარმოექმნა ავლატის მთებს დადენილი წყალი. თვით ღვთაებას ენება, რომ სიცოცხლე პირში შერჩენოდა ბაჰირას დამაქცევარს.

იქნებ, სწორედ ამას აუწყებდა ღვთაება. იქნებ ეს კაცი იქნებოდა თავისივე ცოდვების გამომსყიდველი. ცოდვილის მაგივრად ვერავინ წარუდგებოდა ღვთაებას.

ცისკენ აღაპყრო ხელები ეირინმა, ჩუმად აღავლინა ლოცვა, სიცოცხლის შენარჩუნებისათვის უმადლოდა ღვთაებასა და მის ძუძუმტე ყორანს. შენდობასა და შეწევნას შესთხოვდა.

მერე კი წამოდგა, მიაყურადა უსიერ ტყეს. ცეცხლს მოეცვა მისი სიშიშვლე, უბზინავდა ბრინჯაოსფერი სხეული. ფერფლისფერი, სველი დალალები, გრეხილ თოკებს რომ ჰგავდნენ, ჰფარავდა ნაწილობრივ. ტყის სულს წააგავდა იგი, თითქოს აღრეულიყო გარემოში, თავისი სიშიშვლით, თმითა და ნიშნულებით შუბლზე ეკუთვნოდა ტყეს.

აკაციათა, სანდალოზის ხეთა და თელათა ტოტებს შემომჯდარი ჭოტები ღამეში გაჰკიოდნენ თავიანთ მწუხარებას, მათ უერთდებოდა ბუჩქნარსა და ხასხასა ბალახში მიმალულ ჭრიჭინობელათა უდარდელი  სიმღერა. შორეული გუგუნი მოსდებოდა უსიერ ტყეს და იფანტებოდა მაღლა აღმართულ ცის თაღში.

ცოტა ხანი უსმინა ყურადღებით ეირინმა, იმედოვნებდა, რომ ველურ ცხენებსა და სხვა მოზრდილ მხეცებს არ გადაეყრებოდნენ სადმე.

მაგრამ ავისმომასწავებელი არაფერი ისმოდა, ნებივრად და ლაღად მღეროდა ძილისპირულს ტყე.

ნაპირისაკენ გაეშურა მეფისქალი. ქვები მოზიდა, კერას მოზრდილი წრე შემოავლო, ქვეწარმავალთაგან დასაცავად, მერე კი სისხლიანი ისრის ნატეხით შეიარაღებულმა უსიერ ტყეს მიმართა. მოჰგლიჯა ბალახები და ჩირგვნარის ტოტები, თავიანთი ვებერთელა ფოთლებითა და გადაფურჩქნილი ყვავილებით.

ფოთლებით მდინარის წმინდა წყალი მოზიდა, ამოღრუტნულ ქვაში ჩაჰყარა ფოთლები, ყვავილები, დარჩეული ბალახები, დანაყა და დაასხა წყალი, თან ადგილზე ირწეოდა, თვალდახუჭული, ლოცვას ბუტბუტებდა.

გამზადებული ნაზავით მიუახლოვდა მეფისწულს, ჭრილობებზე წასცხო, შეხორცებულებზეც კი. ეს დალოცვილი, ტყის, მიწისა და წყლის ძალებით გაჯერებული ნაყენი დააჩქარებდა ჭრილობათა შეხორცებას, ტკივილს ჩააცხრობდა. არ სურდა მეფისქალს, რომ ხელში ჩაჰკვდომოდა ღვთაების მიერ გადარჩენილი კაცი.

მერე კი ტყეს მიაშურა ეირინმა. მოზრდილი, მიწაზე ჩამოცვენილი ტოტები მოზიდა, რათა ცეცხლისათვის შეეკეთა. ცივი პირი უჩანდა ღამეს, და მცირე თრთოლა ჯერ კიდევ შერჩენოდა მის სხეულს.

მცირე კენკრა და ყვავილები მოკრიფა, აუტანელი შიმშილი ცოტათი დაუცხრა. მდინარიდან დალია წყალი, მერე კი, კერის პირას, ქვის წრეში მიწოლილი, საკუთარი თმით დაჰფარული, მიეცა უშფოთველ ძილს ღია ცის ქვეშ.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ცის თვალუწვდენელი კამარა ღრუბლებს დაეფარათ და ბინდბუნდი ჩამოწოლილიყო სრორდის დედაქალაქ ბელთათინში.

მოახლოებული ღამისა და ჩამომდგარი ნისლის მიუხედავად, სუსხი და მტვერი რომ მოეტანა თან, ბელთათინის ქვით მოკირწყლული ქუჩები სიცოცხლით აღვსილიყვნენ. შეუჩერებლად მიმოდიოდნენ საქონლით დატვირთული ურმები, სადღაც, კუთხეში, სამჭედლოდან მომავალი რიტმული შიშინი ისმოდა, ახლად გამომწვარი ფოლადისა. რეკდნენ ზარები და გაჰკიოდნენ ვაჭარნი, ჰყიდდნენ და ყიდულობდნენ წყრთობით აბრეშუმს, ტილოსა და მარმაშს, სრორდში მოყვანილ მწირ ხილეულს, მოკრიახე ქათმებს, თიხისა თუ ოქროთი მოპირკეთებულ ჭურჭლებს, ნაირ-ნაირ იარაღსა თუ აღჭურვილობას. ათასი ჯურის ხალხი ირეოდა, ერთ ქუჩაზე თავაწეული მდიდარნი დასეირნობდნენ, მათი ვეებერთელა ქუდებითა და მაუდის ძვირფასი სამოსით, მეორეზე კი, შენობათა დაჩრდილულ, ცივ ნიშებში ყვითელთმიანი სიძვის დიაცნი იწონებდნენ თავს.

მთავარ ქუჩაზე ატეხილი ჩოჩქოლი გაჰკვეთა ძვირფასმა ეტლმა. მეეტლე დასჭყაოდა ცხენებს, უწყალოდ უტყლაშუნებდა ოთხ ფეხმაგარ ულაყს მათრახს, თან გაჰკიოდა, გზას ჩამოეცალეთ, თვით თავადი გენრი, ძე გოტლიბისა და თავადი სრულიად უალდჰარისა, მოემართებაო. გამვლელნი კი წამსვე ეცლებოდნენ გზიდან, იგრძელებდნენ კისრებს, ცდილობდნენ თვალი მოეკრათ სახელგანთქმული თავადი გენრისათვის, რომელსაც საიმედოდ ჰფარავდა ფანჯრებზე გადაკრული, ლანდთა სამყაროს მსგავსად გაუვალი, შავი ტილო.

მის სამზადისში ჩაფლულიყო ბელთათინის თავს აღმართული ვოლფრამთა სასახლე. ორიოდე მზის წინ მოგელვებულ მხედარს ამბავი მოეტანა, თავადი გენრი მოემგზავრება და მეფესთან ითხოვსო შეხვედრას.

ყველასათვის ცნობილი იყო თავადი გენრი. ფრიად უჩვეულოდ მიიჩნევდნენ სრორდელნი თავად გენრის გაუგონარ ხალხს. აურაცხელი ქონების პატრონი გახლდათ იგი, სრორდის ნაყოფიერი მიწები, მის სამყოფელ უალდჰარს რომ გადაჰკვროდა, ასევე ეკუთვნოდა. მითქმა-მოთქმის საბაბიც ჰქონდათ დაუდგრომელ ენებს, მუდამ ითქმოდა, და ამასთანავე იმალებოდა ის ჩუმი ჩურჩული, რომლის ასავალ-დასავალი თითქოს ყველამ და არავინ უწყოდა. ეს გახლდათ ჩურჩული, თითქოსდა გლეხი კაცის ნაშიერიაო თავადი გენრი, მამა გოტლიბი არა შაჰაიაქელი თავადის ძე, არამედ უბირი სრორდელი მაღაროს მუშა გახლდათო. ამას ამატებდნენ შხამიანი ენები, მხოლოდ დედოფლის კეთილგანწყობით გადაეცა თავად გენრის თავისი წოდებაო.

თუმცა ყველა ენას აჭერდა კბილს, თუმცაღა იცოდნენ, რომ ოქროს მაღაროები, სადაც გადმოცემის მიხედვით წელებზე ფეხს იდგამდა გოტლიბი, ბელთათინიდან მხოლოდ ორიოდე ყივილის გზაზე იყო.

პატივცემული და საშიში კაცი გახლდათ თავადი გენრი, ამას სამეფო კარზე გამართული ჩოჩქოლი და ფორიაქიც ამტკიცებდა. შეუჩერებლად მუშაობდნენ მზარეულნი, მსახურნი და მსახურთუხუცესნი, საუკეთესო სამოსში იწკიპებოდნენ სამეფო კარზე მყოფი თავადნი და კონსულნი, რათა სათანადოდ დაჰხვედროდნენ მომავალ სტუმარს, რომელიც, სამეფო კარზე დიდი გავლენის ქონის მიუხედავად, ხშირად არ ეახლებოდა მეფეს.

მკურნალთა დაჟინების მიუხედავად, ფრიად სუსტად ხართ და სარეცელს მიეჯაჭვებითო, წამომდგარიყო სრორდის ხელმწიფე სოლომონი. მსახურნი აცმევდნენ ათრთოლებულ ბერიკაცს, ბეწვმოვლებულ და ოქროთი მოსირმულ ბამბაში ფუთავდნენ.

-შენ მისი ვალი არ გაწევს, ძვირფასო სიძევ. – გაჰკვეთა დამთბარი ოთახის ჰაერი ცივმა სიტყვამ. თვალები ასწია სოლომონმა, შორიახლოს აღმართულ ცოლისძმას ჰკიდა მზერა.

როგორც ყოველთვის, დაცინვა ედგა შავ თვალებში აშოლტილ გიუნტერს. თავით ფეხამდე შავებში იყო შემოსილი იგი, მხრებზე სქელი მოსასხამი გადაეგდო, რათა წვრილი ბეჭები დაეფარა.

თუმცა წვრილი ბეჭებით ვერ განისჯებოდა იგი. კარგად უწყოდა სოლომონმა ცოლისძმის ბუნება.

-კარგად უწყი, მრჩეველო ჩემო, რომ უპასუხოდ ვერ დავტოვებ მის გამოწვევას. – მიუგო მან.

-მრავალი თავადი დაგიტოვებია უპასუხოდ, მრავალი თავადი მოგინდვია ჩემთვის. – გრძელი, შევერცხლილი კულულებით სავსე თავი გვერდით გადააგდო გიუნტერმა. – თავადი გენრის გეშინის, სიძევ?

-კარგად უწყი შენც, თუ რატომაც ვირჯები ასე, გიუნტერ! – ხმა აღიმაღლა ხელმწიფემ. სნეული წამოწითლდა, მეფურობა დაეტყო მის ჩია სხეულს.

-ისა ვუწყი, რომ გენრის წადილი შეიტყვე, სიძევ ჩემო. – ბაგე გაეპო გიუნტერს, გამჭრიახ თვალებთან ნაოჭები გამოეკვეთა. – და გეშინის, არ გსურს, რომ სუსტი გიხილონ. მაგრამ სამეფო კარი სცენა როდია? ამაო და ფუჭია შენს მიერ დადგმული სანახაობა.

მწყრალად შეჰხედა სოლომონმა მრჩეველს, მაგრამ არაფერი უთქვამს.

მსახურმა ოქროს გვირგვინი დაადგა თავზე მეფეს და თითქოს მხრებში გაიშალა მოხუცი.

ის იყო, მოსასხამის ოქროს, ლალით მოჭედილ ბალთას უსწორებდა მსახური სოლომონს, რომ მეფის ოთახთა კარი შემოჰგლიჯეს.

ლოყაწითელა, ციცქნა მოახლე გოგო შემოვარდა, თვალი ჰკიდა მეფესა და მის მრჩეველს. ელდანაცემი წამსვე მუხლებზე დაეცა, თავი მოიდრიკა მათ წინაშე.

-მომიტევეთ, მეფეო! ღმერთთა ღმერთი ალიჰა იყოს თქვენი მფარველი! – შესძახა მან.

-ისაუბრე, გოგო! – უბრძანა წარბშეკრულმა გიუნტერმა. – რა ამბავი მოგაქვს?

-თავადი გენრი გეახლათ, მეფეო! – მიუგო მოახლემ. ღრმად შეისუნთქა სოლომონმა, მრჩეველს მზერა გაუსწორა. – სადავო დარბაზში გელით იგი, ნადიმზე უარი თქვა, ამბობს, მხოლოდ მეფეს შევხვდებიო!

-ოჰო! – შესძახა გაბადრულმა გიუნტერმა და მეფეს აედევნა, რომელიც ჯიქურ გაემართა კარისაკენ. – ხედავ, სიძევ ჩემო?! კლანჭებს ილესავს ეს თავგასული ვიგინდარა!

-ხმა გაკმინდე, გიუნტერ. – მიუსისინა სოლომონმა, კარში გავარდა, მას თან მისი პირადი ამალა აედევნა, მრჩეველითურთ.

ვოლფრამთა სასახლის დერეფნები მუდამ ცივი გახლდათ, თუმცაღა აბრდღვიალებული ჩირაღდნები და გამვლელთა უწყვეტი ნაკადი სიცოცხლესა და სითბოს სძენდა მათ. უფრო ჩამოცხა თითქოს დერეფნებში, როცა იხილეს მათ, მეფე მოემართებაო.

უჭირდა, სტკიოდა სნეულ სოლომონს სიარული, მაგრამ მაინც მხრებში გაშლილი, მტკიცე ნაბიჯით აბიჯებდა. ფეხდაფეხ მოსდევდა მას გიუნტერი და მისი ამალა.

სადავო ოთახის კარები შეუღეს მეფეს მსახურებმა, შესძახეს მისი წოდება და სახელი, ღმერთებს შეავედრეს. ალისფერი მოსასხამის ფრიალით შეიჭრა იგი.

გრძელ, მუხის მაგიდასთან აღმართულიყო თავადი გენრის ბუმბერაზი ფიგურა, ჩირაღდნები და მაგიდაზე აბრდღვიალებული უთვალავი სანთელი უნათებდა სახეს. მოგზაურობისაგან შელახულიყო თავადი, მაგრამ ამაყად იმზირებოდა, ბაგე გაჰპობოდა.

თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ გახლდათ. გიუნტერმა ჰკიდა თვალი გენრის უკან აწურულ, თალხით შემოსილ ჩია ფიგურას, ვეებერთელა ფრინველს რომ წააგავდა.

-გეახლებით, მეფე სოლომონ! – ორად მოიხარა ბუმბერაზი მეფის წინაშე. – ღმერთებმა დაგლოცონ და დაგიფარონ! ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ გაშოროთ განსაცდელი!

თავი აზიდა სოლომონმა, გვირგვინის ოქრო და პატიოსანი ქვები აბრწყინდნენ სანთელთა შუქზე.

-კეთილი იყოს შენი ფეხი ვოლფრამთა სასახლეში, თავადო გენრი. – თავაზიანად მიუგო მან, მაგრამ ყველა შეამჩნევდა დამალულ ავ ელფერს მის სიტყვებსა და მზერაში. მან მეორე სტუმარს მოავლო თვალი, ეჭვით აღვსილი მიაშტერდა.

-თავადო გენრი! – შესძახა მრჩეველმა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია თალხით მოსილი ფიგურისათვის. წამსვე იცნო გაქნილმა გიუნტერმა დაღრეჯილი, ნაოჭიანი ბაგე და მოკაკვული ცხვირი. – რაოდენ გასაოცარია! ნუთუ გრძნეული მოგვგვარეთ, თავადო უალდჰარისა?! სახელგანთქმული გულთმისანი, შაჰაიაქელი ინგენი, ვოლფრამთა წმინდა სასახლეში?!

ელდა ეცა მეფეს, ნაკვთები დაეღრიჯა, ფერფური წაუვიდა. ხმლის ვადაზე ხელი გაივლეს მეომრებმა. 

-შაჰაიაქელი ინგენი არარას გერჩით, მეომრებო. – გაიღიმა ბუმბერაზმა. – როგორ, ნუთუ ჩია ბებრუცუნასი გეშინით? იგი მხოლოდ ორიოდე სიტყვას სათქმელად მოვიდა!

-დაუკვირდი შენ ბაგეთაგან მოწყვეტილ სიტყვებს, თავადო. – გადაიხარხარა გიუნტერმა. – ალესილ პირად არ მოგიბრუნდნენ!

-სოლომონ მეფევ! – ჩაიქირქილა ანაზდად ბებრუცუნამ, შალითა გადაიგდო და ანთებული თვალები მიაპყრო ფერწასულ მეფეს. – გაფრთხილდით! ყორანი შლის ფრთებს, დასჩხავის მგელს… ვიღაც გაჰკივის, მეფეო, ვიღაც დიადი, ერთობ მნიშვნელოვანი, ფოლადის ფარდა ჩამოჰფარებია ამ საქმეს! გაფრთხილდით, რამეთუ როცა წყეული თეთრი ფრინველი ამოჰკორტნის დიდ მგელს გულს, ხოლო მგელი ბუმბულებს მოჰგლეჯს მას, დიდი მზე ჩაესვენება! ახალი მზე ამოვა, მეფეო, ახალი მზე გაშლის სხივებს და გაათბობს მიწას…

ძვირფასი, რუხი მგლის ბეწვის ქვეშ თრთოდა თავზარდაცემული სნეული მეფე.

-ხმა გაიკმინდე, შაჰაიაქელო ინგენ. – შეჰღიმა მას გიუნტერმა. – ესოდენ სასიამოვნო თუ გახლდათ თქვენი მოსმენა, რას ვიფიქრებდი! იქნებ მეც დამდოთ პატივი და მიმკითხავოთ ბელტებსა და კურდღლის ცურცლზე, როგორც თავად გენრის უმკითხავეთ?

წარბები შეკრა უალდჰარის თავადმა. არ ეამა ბუმბერაზს მრჩეველის სიტყვა.

მხარში სტაცა გიუნტერს ხელი სოლომონმა, მისკენ გადაიხარა საჩურჩულოდ, შეუძლოდ ვარო. არ კი გამოსთხოვებია მათ, წავიდა და წაიყოლა თავისი ამალის ნახევარი.

დერეფნებში მიჰქროდა მეფე, პირად საფრინველეს მიაშურა. უმაღლეს კოშკში გახლდათ საფრინველე, კიბეებზე ციმციმ აიყვანეს სნეული მეფე მეომრებმა.

კოშკში შეიჭრა სოლომონი, ბრძანა დამტოვეთო.

ხარიხაზე ერთადერთი ფრინველი წამოსკუპულიყო და თვლემდა. ზორბა ყორანი გახლდათ იგი, მბზინვარე, ბნელი ბუმბულებით. თაობათა განმავლობაში ის და მისი წინაპარნი ერთგულ მსახურად ედგნენ ვოლფრამთა მოდგმას.

იქვე გამართულ მომცრო მაგიდაზე დასწერა მეფემ ბარათი, საგულდაგულოდ შეჰკრა პაწია პარკუჭში, ყორანს ფეხზე შეაბა, ლამაზ თავზე მოეფერა.

-წადი, ანდრეისთან წადი. – უჩურჩულა მან.

გონიერი თვალები მოატრიალა მისკენ ყორანმა, თითქოსდა მზერას უსწორებდა. საგანგებოდ იყო ფრინველი გაწვრთნილი, მხოლოდ საკუთარ ვაჟთან აგზავნიდა მეფე წერილებს.

ვეებერთელა ფრთები გაშალა მან და ფანჯარაში გაფრინდა.

თრთოდა მისკენ მომზირალი მეფე.

-იჩქარე, შვილო. – ბურტყუნებდა იგი. – იჩქარე, რამეთუ ხელში მოიგდეს ბებერი მგელი გაქუცულმა ძაღლებმა…

წყვდიადი იცავდა ნელ-ნელა ცას, რომელშიც იკარგებოდა ყორნის ფიგურა. 

.

.

.

-*-*-*-9-*-*-*-

აღტკინებით გასცქეროდა სარდალი ატავესი მდინარეს, რომელიც, თითქოსდა სარეცხი წყალიაო, მის ქალამანს აკრულ ჭუჭყს მიაქროლებდა, შორს, მოუსავლეთში.

ვეღარასოდეს იხილავდა ყეყეჩი, ამაყი მეფისწული ანდრეი დღის სინათლეს, დაწყევლილი მიწის ნაშობი წყლით აევსებოდა მკერდი, დაწყევლილი მიწა მიიბარებდა და ფერფლად აქცევდა მის მშრალ ძვლებს.

შეკუნტრუშდებოდა დიადი თავადი, იმოდენა გახლდათ მისი სიხარული.

-მე მოვკალ ვოლფრამთა მოდგმა… –  ამაყად ჩურჩულებდა იგი, თვალმოუშორებლივ გასცქეროდა ორ წერტილს, რომლებიც მდინარის აქაფებულ ზვირთში იკარგებოდნენ, შორს, შორს თვალთახედვიდან. – მე მოვკალ… უკანასკნელი ვოლფრამი დასამარდა, ცრუ მგელს ცოდო ეწია, ვეღარ გაუძლო ღვიძლი ძმის წმინდა სისხლით შეღებილი მახვილის სიმძიმეს! უკანასკნელი ვოლფრამი მკვდარია!

მკერდი ჰაერით გაივსო ატავესმა. ცხოვრებაში არასოდეს ყოფილიყო ესოდენ ბედნიერი!

-ნუთუ ბინძურ ენებს თქვენც ატარტარებთ, თავადო? – მოესმა მას და ელდანაცემმა პირი იბრუნა, მის უკან აღმართულ ელოის ჰკიდა თვალი. ისე მოახლოებულიყო ოქროსკბილა, თითქოსდა ლანდთა ქვეყანას გამოპარული აჩრდილიაო. ბაგე გაეპო, ეშვზე გადაკრული ოქრო ბრწყინავდა მზეზე.

-ენა ჩაიგდე, ძაღლო! – შეუტია ატავესმა. – შენი ადგილი იცოდე!

-ვუწყი, თუ რა ადგილი მიჭირავს, თავადო. – ხარბად გაიცინა ელოიმ, გონდაკარგული სარდალი გაბრიელის სხეულს მიუახლოვდა, მის გვერდით ჩაიჩოქა. – უალდჰარის თავადი გენრის პირდაპირი ქვეშემრდომი გახლავართ! – მან სატევარი დააძრო ჯიბიდან და გაბრიელს მარცხენა არათითი მოჰკვეთა, მისი საქციელით გაოგნებულ ატავესს მოუბრუნდა. – იგი მომავალი მეფეა, თავადო, გეშინოდეთ მისი, და მაშასადამე, გეშინოდეთ ჩემი!

იგი მობრუნდა, მოკვეთილი თითი დაანახა სარდალს.

მოქუფრული შესცქეროდა ატავესი ოქროსკბილას და კბილებს აკრაჭუნებდა, განრისხებული. დაუჯერებელი გახლდათ ის, რომ ეს ქუჩიდან მოთრეული, უბრალო ძაღლი ბედავდა მასთან, თავადთან და სარდალთან შეპასუხებას! რაოდენ თავგასული გახლდათ იგი!

-მეფისწულის ბეჭედი გადმომეცით, თავადო. – შეჰღიმა ელოიმ. – თავად გენრის უკანასკნელი ვოლფრამის მოკვდინების საბუთი ესაჭიროება… რამეთუ არ დამცალდა თვით მეფისწულიდან მომეკვეთა თითი, ბეჭედი გადმომეცით…

შეუღრინა შეფიქრიანებულმა ატავესმა,  მაგრამ ბეჭედი გადასცა მას. რუდუნებით წამოაცვა მოკვეთილ თითზე ბეჭედი ოქროსკბილამ, და ფრთხილად გამოახვია იგი ირმის ტყავის გასანთლულ პარკუჭში.

-ღმერთებმა დაგლოცოთ, თავადო ატავეს. ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ შეიფაროს თქვენი სული. – დამცინავად შეუკრთა ბაგე ელოის.

მერე კი უკან დაიხია, ხეთა ტევრს შეერია და მალევე გაქრა თვალთახედვიდან.

მას გასცქეროდა და კბილებს აკრაჭუნებდა გააფთრებული, შეურაცხყოფილი ატავესი. მალევე გამოერკვა იგი, გაფაციცებით მიმოიხედა, არავინ მიცქერდესო. სარდალი გაბრიელი გმინავდა, ფხიზლდებოდა, რეტდასხმული, ამიტომ კიდევ რამდენჯერმე მაგრად უთავაზა მას ვადაჯვარი თავში. არ სურდა ატავესს ახალგაზრდა სარდლის მოკვლა, ერთადერთი გადარჩენილი რომ ყოფილიყო, ეჭვს აიღებდნენ მასზე. თუმცაღა შეეძლო ცოტა ხნით საწოლს მიეჯაჭვა გაბრიელი და ისე მოეწყო საქმე, რომ მისი ყოველი სიტყვა ნაბოდვრად ჩაეთვალათ მსმენელთ.

უნდა აჩქარებულიყო და დაეტოვებინა აქაურობა. ცხენს უხმო, სასწრაფოდ ამხედრდა და ქუსლები ჰკრა, წამსვე მიმართა გზას.

მაგრამ არ უწყოდა მან, რომ მდელოს გადაღმიდან უმზერდა ორი წყვილი თვალი.

მოჰფარებოდნენ სამალავს ტრიქსე და მორგანა, აღელვებული, გაუკაფავი ბალახის საფარველში, არხეინად ადევნებდნენ თვალს მომხდარს.

თვალები მოწკურა მორგანამ, მოქუფრული შეჰყურებდა ატავესს, რომელიც ცხენს მოაგელვებდა.

-ეს რა ჰქნა? – ჩურჩულებდა მის გვერდით მიმალული, დაპატარავებული, გაოგნებული ტრიქსე. – ჰოი, ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერმა დამიფაროს! სუაგრამ და ნიჰიდამ დამთხარონ თვალები, ხელები გამიხმონ და ფერფლის მიწაზე ამომხდეს სული… ეს რა ჰქნა, ნუთუ მეფისწული ანდრეი მოჰკლა?

ცხენი მოატრიალა მორგანამ. გამჭოლი თვალებით უმზერდა, თუ როგორ მოაქროლებდა ცხენს ატავესი.

-წავედით. – თქვა მან, მდელოს ბექობს ჩაუყვა, აღელვებულ ბალახში მიმართა ცხენი. – მასზე ადრე უნდა მივაგელვოთ ცხენები ბანაკს.

-მორგანა! – სისინით შესძახა დამფრთხალმა ვაჭარმა, ქუდი მოიხადა, ალისფერი სახელოთი მოიწმინდა აჭარხლებული, ოფლში მცურავი სახე. პაწაწა თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით. – ნუთუ ვერ დაინახე, თუ რა ჰქნა? მეფისწული და ალბათ სარდალი გაბრიელიც ღორებივით დაკლა იმ შეშლილმა! შეურაცხადია!

-მას არ მოუკლავს მეფისწული ანდრეი. – მიუსისინა მორგანამ. – იმ მშვილდოსანმა მოჰკლა. თუმცაღა სარდალ ატავესს ძლიერ სურდა მეფისწულის სიკვდილი… შეურაცხადი არ არის თავადი ატავესი, მაგრამ როგორც ჩანს, მოღალატეთა რიგებს ეკუთვნის.

შეფიქრიანდა მორგანა.

რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ნუთუ გადატრიალება ელოდა სრორდს?

-ეს არ უნდა გვეხილა! – აფორიაქებულიყო ტრიქსე, ცხენს ქუსლები შემოჰკრა, რათა მორგანას თავაწყვეტილად გაჭენებულ ცხენს დასწეოდა.

-პირიქით, ბატონო, პირიქით… – თავისთვის ჩაილაპარაკა მორგანამ. – სწორედ ეს უნდა გვეხილა…

მათ მთავარ გზას გადაუხვიეს და ტყეებში გაკაფულ ბილიკს, ბუჩქნარი რომ ჰფარავდა, დაადგნენ.

თავადი ატავესი კი შლეგივით მიაქროლებდა ბედაურს. ღვარად სდიოდა ოფლი ვოლფრამთა მოღალატეს, თუმცაღა მხოლოდ გაუსაძლისი სიცხის გამო არ ემართებოდა ეს. აღტკინებამ გაუარა და შიშმა მოიცვა მისი გონება.

იქნებ გაეგოთ, თუ რა მოიმოქმედა? ვაითუ ვინმემ უთვალთვალა, იხილეს, თუ როგორ მიაბარა მან მეფისწული აზვირთებული მდინარის ტალღებს? ვაითუ როგორც კი დაუბრუნდებოდა სალაშქრო ბანაკს, წამსვე მოეკვეთათ თავი, შუბზე წამოეგოთ, მისი სხეული კი, ვითარცა მოღალატისა, ბედაურის კუდზე მიებათ, უცხო მიწით გატენილი, ტყე-ღრეში ეთრიათ, მერე კი დაეწვათ და ზღვაზე მოედოთ მისი ცხენთა ფლოქვქვეშ დათქორილი ფერფლი?

ხელები აუთრთოლდა სარდალს, სიკვდილის შიშისაგან ფერი წაუვიდა, ცივმა ოფლმა დაასხა ბედშავს, წამსვე შეჰღაღადა ღმერთებს.

მალევე გამოერკვა, ჰაერში მოწოლილმა ქარმა გამოაფხიზლა, წვერს რომ უწეწავდა. შეუცვლელად ჩახჩახებდა მზე, გარშემო ყანასავით ღელავდა ბალახი, იგი კი მიჰქროდა ცარიელ გზაზე. შუბოსნები და ვაჭარი, როგორც ჭეშმარიტი ლაჩრები, გაიქცნენ, ოქროსკბილა ძაღლი უალდჰარის თავადისაკენ მიაგელვებდა ცხენს, ერქანთა დიაცი მეფისწულთან ერთად წაიღო წყალმა, აქამდე დაახრჩობდა კიდეც აზვირთებული მდინარე მას, გაბრიელი კი უგონოდ იწვა და კარგა ხანი ვერ მოიხედავდა საიქიოსაკენ. მხოლოდ ისღა დარჩენოდა თავადს, რომ ლაშქრის სადავეები ეგდო ხელთ და სასწრაფოდ დაბრუნებოდა სრორდს.

უკვე მიახლოებოდა ბანაკს, როცა ცხენოსანთა რაზმი ეახლა, მათ სარდალი კლავდი უძღოდა წინ. უკან ჩორთით მოჰყვებოდა ვაჭარი თავისი ამფაკართა ნაბიჭვრითურთ, მათ კი ფეხათრევით მოსდევდნენ შუბოსნები.

-ატავეს! – შეჰყვირა კლავდმა, გაოგნებულმა ჩაჰხედა თვალებში. კვლავ მოერია აღტკინება ატავესს, გამარჯვებულად იგრძნო თავი. – გამაგებინე, რა მოხდა?! მაუწყეს, რომ ცოცხლებში აღარ სწერია ბატონი ჩვენი…

-ასეც იყო, ო, დიადო სარდალო! – შესძახა ერთმა აცახცახებულმა შუბოსანმა. – მეფისწული მოჰკლა იმ მშვილდოსანმა!

-ხმა გაიკმინდე! – შეუყვირა მას მრისხანებისაგან გაფითრებულმა კლავდმა. – არარად მიღირს შენი საუბარი… დაე სარდალმა სთქვას თავისი სიტყვა!

ატავესმა ბაგე შეიტოკა, გვერდით გაიხედა, თითქოსდა ძნელად ამოსათქმელი ყოფილიყო ეს მისთვის.

-ვშიშობ, რომ ასეა… – ამოღერღა მან.

-ღმერთებო, მაღალო ღმერთებო! – შეჰყვირა თავზარდაცემულმა კლავდმა, ნიკაპზე მოდებული, თხასავით მეჩხერი თეთრი წვერი აუცახცახდა. – ამას რას ისმენენ ჩემი ყურები! ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ დამწყევლოს, სუაგრასა და ნიჰიდას მივებარო ახლავე!

-იმდენად სწრაფად მოხდა, კლავდ… – თავი თითქოსდა დანანებით გადააქნია ატავესმა, მწუხარება აღბეჭდვოდა სახეზე. – ისრები დაგვიშინეს! ვიღაც ისროდა აკაციათა ტევრიდან, ორჯერ განგმირა მეფისწული, მეორედ ძუძუში ეძგერა ისარი! ულაყი ყალყს შეაყენა მომაკვდავმა და მდინარეში დაინთქა! მისი სხეულიც აღარ დაგვრჩა, რათა სათანადოდ დავკრძალოთ… წყეული, წყეული მკვლელი… როგორ არ აუცახცახდა ის მარჯვენა, როგორ არ ჩამარხეს ფერფლის მიწაში სუაგრამ და ნიჰიდამ, როცა მშვილდი მოზიდა უკანასკნელ ვოლფრამზე! გაბრიელს თითი წააწყვიტა ისარმა, უგონოდ წევს ბედკრული… ერქანთა დიაციც დაინთქა მდინარეში, მათ გადარჩენა აღარ უწერიათ…

თვალები მაგრად დახუჭა სარდალმა კლავდმა, ცახცახებდა. ამის გაგონება არ ეწადა მრავლისმომსწრე თავადს, რომელიც ხშირად ჰხედავდა სამეფო კარზე პაწია ანდრეის თავისი და-ძმებითურთ.

-რაზმი შეჰკრიბეთ! – შეჰღრიალა მან. – სასწრაფოდ! უნდა მოვიძიოთ ვოლფრამთა დინასტიის საფლავის მთხრელი! იმ აკაციათა ტევრს ცეცხლი წაუკიდეთ, დაე შიგნით გამოიბუგოს! უსწრაფესი ცხენოსნები გააყოლეთ მდინარეს, ვაითუ სადმე გამორიყოს ბატონი ჩვენი! ალბათ ჩვენს რიგებში იმყოფებოდა ურჯულო, უწყოდა, თუ სად მიდიოდა მეფისწული, და დრო იხელთა! წაიწყმიდოს მისი სიცოცხლე და მისი საფლავი! წყეული მოღალატე! წყეული მკვლელი!

დაიძრნენ ცხენოსნები. ნაწილმა ბანაკისაკენ გაჰქუსლა, ნაწილი კი, შუბოსნებითურთ, მდინარისაკენ მიმავალ გზას დაადგა.

ნაკვთები მოეღრიჯა მოხუცს კლავდს მწუხარებისაგან, თვალები აუწყლიანდა.

-ღმერთო, ეს რა წყეული დღე გაგვითენდა! – შესძახა მან. – ვერ დავიჯერებ… პაწია ანდრეი ცოცხლებში აღარ სწერია! დიდო ალიჰა, რა შეგცოდეს ვოლფრამებმა ასეთი, რომ ასეთი უწყალო სასჯელი მიუსაჯე! მხოლოდ ოცდაათი ზამთრის ბალღი! თავისი და-ძმების რიგს შეემატა, ღმერთებმა მიიღეს…

ბანაკამდე მთელი გზა ვერ დამშვიდდა გულმოკლული მოხუცი. სტიროდა კლავდი, გოდებდა და გლოვობდა უდროოდ, მოღალატის ხელით წატაცებულ სიცოცხლეს. სიცოცხლეს, რომელსაც სრორდის მომავალი მმართველნი უნდა ეშვა.

ბანაკში მოიყვანეს უგონო თავადი გაბრიელი, წამსვე მკურნალნი დაესივნენ მას.

ცეცხლი წაუკიდეს აკაციათა ტევრს. ცხელოდა, ქარი ჰგლეჯდა იქაურობას, აიტაცა ატკარცალებული ალები და მოსდო არემარეს. აალდა ტყე, ტევრიდან ტევრზე გადადიოდა ცეცხლი და შეუბრალებლად ბუგავდა ყველაფერ შემხვედრს.

თუმცაღა ვერ მიაგნეს ცხენოსანთა რაზმმა სრორდის დამაქცევარს.

მთელი ღამე და დღე მიუყვებოდა ცხენოსანთა რაზმი გამძვინვარებულ მდინარეს, სანამ ქანცი არ გაუწყდათ ცხენებს.

ამასობაში კი მთელი სალაშქრო ბანაკი გლოვობდა მხედართმთავრის დაკარგვას.

მთელი მზე იშიმშილეს მეომრებმა, დღის უწყალო მხევალი დაჰნათოდათ ტალახში ჩამუხლულებს. მჯიღს იცემდნენ მკერდზე, გლოვის ნიშნად წვერი დაიგლიჯეს მათ. მეფისწულის კარვამდე მიმავალი გზა მოსასხამებით დაჰფარეს ჯარისკაცებმა, თვალუწვდენელ გზაზე კი სრორდიდან ჩამოზიდული, ზეთისხილის უამრავი რტო მოაფინეს. ეს ქვეყანამოვლილი რტონი, სისხლისღვრასა და ბრძოლათ რომ მოესწრნენ,  სრორდში დაბრუნებულთ უნდა სჭეროდათ ხელში, როგორც გამარჯვებისა და სიდიადის ნიშანი.

ახლა კი, ეს რტონი მეფისწულის სულს გაუძღვებოდნენ, ღმერთებისაკენ გაუკვალავდნენ გზას, რათა უშფოთველად მისულიყო იგი, სამარადისო სიმშვიდეს მოჰგვრიდნენ.

მეფისწულის სპილენძისფერი ულაყი გაატყავეს, რუდუნებით გარეცხეს ტყავი, გასანთლეს და მასში გამოახვიეს მეფისწულის სამოსი, ორლესული, ჭურჭელი, მერე კი ფურგონში დაასვენეს, მოსირმული მაუდითა და ზეთისხილის რტოებით გარშემოტყმული, რათა სრორდში წაესვენებინათ.

მომაკვდინებელი სენის ბობოქრობის მიუხედავად, მთელი ღამე დასტიროდა ლაშქარი მხედართმთავარს სარდალი კლავდის თავადობით. მშვიდად დაჰნათოდათ მათ თავზე ღამის მხევალი, უშფოთველად მიმოდიოდნენ ქარს აყოლილი ღრუბელთა ნაგლეჯნი, თითქოსდა წარბსაც არ იტოკებდნენ, მიწაზე გამართული გლოვის მაცქერალნი.

და მთელი ღამე ეზიდებოდნენ, თავადი ატავესის ბრძანებით, თუნგებით წმინდა წყალს მსახურნი, რათა ვარცლნი აევსოთ. ბრძანა სარდალმა, რომ როგორც კი დაასრულებდნენ გლოვას და ყველა ვარცლი აივსებოდა, წამსვე დასტოვებდნენ ამ ბილწ, წაწყმედილ მიწას.

იმ ღამით, აკარველმა ტრიქსემ მოიწადინა გემსადგურიდან გაქცევა, ლაჩარ ვაჭარს სურდა გაჰრიდებოდა გამართულ ალიაქოთს.

და იმ ღამესვე, საკუთარმა მარჯვენა ხელმა მოჰგუდა იგი.

იმ ღამით გაქცევისათვის მოემზადა მორგანა, რათა შვიდი სამეფოს გზას დასდგომოდა.

იმ ღამით ტიროდა ლაშქარი.

იმ ღამით მშვიდი იყო მთვარე.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ანაზდად გამოიღვიძა ეირინმა.

უმალ გადაეწმინდა თვალს გადაკრული ძილი, ცას აჰხედა. აფორიაქებულიყო მეფისქალი, გამალებით უცემდა გული.

მეომრად გაწვრთნილს ფრიად ფხიზელი ძილი ჰქონდა, მცირე, მოახლოებული გაფრთხიალებაც კი საკმარისი გახლდათ, რომ სხარტად წამოვარდნილიყო ფეხზე. ამიტომაც უწყოდა მან, რომ ანაზდად გაღვიძება საფრთხეს მოასწავებდა.

გამჭოლი თვალები სწრაფად მიმოავლო არე-მარეს ეირინმა, თუმცაღა საეჭვო ვერაფერი შენიშნა. აფორიაქებული წამოიწია, მიაყურადა, თუმცაღა საფრთხილო ვერაფერი გაიგონა. დილის სუსხს მოეცვა ჰაერი, კერაში ცეცხლი ჩანავლებულიყო, მხოლოდღა დანაცრული ნაღვერდლები და ხეთა კენწეროებზე დაღვენთილი განთიადის სისხლი აშუქებდა გარემოს.

პირი იბრუნა მეფისქალმა. თვალი ჰკიდა, თუ როგორ მიწოლილიყო კერის მეორე მხარეს მოხრილი სრორდელი, მისი სუნთქვაც კი არ ისმოდა. თვალები დაეხუჭა თავის ღრმა ძილში, დილაბნელშიც კი თითქოსდა ანათებდნენ მისი მბზინვარე კულულები და მწვანედ ღუოდა ჭრილობებს წაცხებული ბალახთა და წმინდა წყლის ნაზავი.

მოუსვენრად მღეროდნენ ჭრიჭინობელები ჩირგვნარში, მათ გარეული ინდაურების შორეული ყვიტვიტი, საპასუხოდ სავათთა გამოძახილი და ბებერ კვიპროსებში მოთამაშე ქარის შრიალი ერწყმოდა. შორიახლოს თამამი კუტკალიები დახტოდნენ, სახელდახელო საკიდზე გადაფენილ ტილოს კაბასაც კი შემოსხდომოდნენ ისინი.

წამოიწია ეირინი, მუხლებზე დაეცა, დილის ლოცვა აღავლინა. გამშრალი სამოსი გადაიცვა, მდინარის პირას მოიკლა წყურვილი, პირისახეს წყალი იცხო. კვლავ შეიარაღდა ისრის ნატეხით და მიაშურა უსიერს.

ნადირობას საღამოს ბინდბუნდსა და დილაბნელში დასჩვეოდა მეფისქალი. ამ დროს ძილი მორეოდათ ტყის ნაშიერთ, ბურანს მოეწამლა მათი სიფრთხილე და დაუდევრად უერთდებოდნენ ტყის ძილისპირულსა თუ განთიადის გალობას, ამიტომაც იოლი გახლდათ მათი შემჩნევა.

ბუჩქნარში მიაგნო ეირინმა შეჯგუფულ, ნასუქ გარეულ ინდაურებს, ერთს მარდად მოუგრიხა კისერი და სანამ დანარჩენები აღშფოთებული ყვიტყვიტით ეხმაურებოდნენ სიმშვიდის დაფრთხობას, კერამდე წამოათრია.

ცეცხლს შეუკეთა, კვლავ ააგიზგიზა. ნანადირევს ბუმბულები დააგლიჯა, მოზიდული წმინდა წყლით განბანა, დალოცა საკვები. გამოშიგნა, შამფურზე წამოაგო და მიუფიცხა ცეცხლს, თვითონ კი ჩაიმუხლა იქვე, რათა შემცივნული სხეული შეეთბო.

მზე ძალას იკრებდა, ცის კაბადონზე მიცოცავდა, სისხლისფერს ვარდის ფურცელთა ფერი და ნარინჯისფერი ენაცვლებოდნენ. ზურგი შეაქციეს მიწას ვარსკვლავებმა, მოისხეს ცის ლურჯი მოსასხამები და ჩათვლიმეს, მთელი ღამე მიწის ცქერით გასცლოდათ არაქათი. იხუვლა ტყემ, პირს ცვარი მოიცხო, გაშალა ვეებერთელა მკლავები და გაიზმორა, თითქოსდა წელში სწორდებოდნენ ასწლოვანი თელები და კაკლები, უფრო ხალისიანად გაისმოდა მდინარის ჩუხჩუხიც. შორეული გუგუნი უფრო გაძლიერდა, ეირინის მახვილ ყურს, მიწაზე რომ დაედო, მკრთალი ფლოქვების თქარუნიც მოსწვდა.

გარეული ბედაურნი დაჰქროდნენ შორიახლოს. საღამოს მდინარესთან ჩამოვიდოდნენ ისინი პირის გასასველებლად, თუმცაღა, შემაღლებულ ადგილს, სადამდეც ისინი ათრია წყალმა, არ მიეძალებოდნენ, უფრო ჭალებს ენდობოდნენ უკარება პირუტყვნი.

სანახევროდ შემწვარიყო გარეული ინდაური და კვიპაროსთა ზორბა ვარჯს მოსდებოდა გარიჟრაჟის სუსხიანი სუნთქვა, როცა შეინძრა ანდრეი. თვალები გაჭირვებით გამოახილა დაჭრილმა, მიბნედილი მზერით მოათვალიერა მიდამო.

უსიტყვოდ, ცივად უცქერდა მას ეირინი, და შეუჩერებლივ უკეთებდა ცეცხლს.

მცირე ხნით გაუნძრევლად იწვა ანდრეი. შესცქეროდა ცეცხლს და ფიქრობდა იგი, თუ რა გადახდა თავს. საზიზღარ მოგონებებად მოევლინა წინა დღე, მოუწამლა გუნება და დაუმძიმა გული.

წამოიწია იგი, და ჭრილობებმა წამსვე შეახსენეს თავი. დაეღრიჯა სახე ანდრეის, მკერდთან ხელი მიიტანა.

მიიტანა და წამსვე შეიგრძნო ჭრილობებს წაცხებული ნაზავი.

-ეს რაღაა? – ძლივს ამოიხრიალა მან, მწვანე ნაყენი ფრთხილად მოიწმინდა თითებით, შეაცქერდა ერქანთა დიაცს. – ეს შენა ჰქენი, ბარბაროსო? მწამლავ?!

-შენი სიკვდილი თუ მეწადა, წმინდა წყალს გაგატანებდი, სრორდელო ღორო. ბალახთა უებარი ნაყენია. – ცივად მიუგო მეფისქალმა, ჯოხით გვერდი უცვალა გარეულ ინდაურს. – ანდა ისრის პირს ჩაგცემდი გულში… მე იმ მშვილდოსანის მსგავსად, შენი სიკვდილი რომ ეწადა, მიზანს არ ავაცილებდი.

შესცქეროდა ანდრეი. ვერ გაეგო გონებადაბინდულს, თუ რა ეწადა ერქანთა დიაცს. მისდა გასაკვირად, თითქოსდა დაამებოდა იარები.

-არ გწადია ჩემი სიკვდილი, სიძვის დიაცო? – კბილთა შორის გამოსცრა მან, მარცხენა მხარზე შეხორცებულ ჭრილობას, ჯერ კიდევ ლურჯითა და წითლით დაფერილს, შეავლო ხელი. – ნუთუ შენ არ განმგმირე წანდელით ჩემივე კარავში?

უმზერდა ერქანთა დიაცი. ვერაფერს ვერ ამოიკითხავდით მის გაქვავებულ ნაკვთებსა და ბაგეზე, მაგრად რომ მოეკუმა.

-ეს ტყე კარავი როდია, სრორდელო. – მიუგო ბოლოს, ჩურჩულით, მისი სიტყვები, ტყის სიმღერის, ნანადირევის შიშინისა და ცეცხლის ტკაცუნის მიღმა გაჭირვებით მისწვდა მეფისწულის ყურებს. – არც ისრის ნატეხია სატევარი, არც მე ტყვე და არც შენ მხედართმთავარი, მგელთა ხროვის მეთაურო…

გამძვინვარდა ანდრეი. ფერწასული წამოჭარხლდა უმალ, ნაპერწკლები გაჰყარეს მისმა ნაღვერდლებივით ანთებულმა თვალებმა.

-როგორ შეჰბედავ სრორდის მომავალ მეფეს შენს უღმერთო სიტყვებს! – იფეთქა მან. – სიკვდილი გწადია, უგუნურო?!

-რად აღრიალდი? – მიუსისინა ეირინმა, გაფაციცებით მიაყურადა. – გწადია, ათასი ჯურის მხეცები დაგვეცნენ თავს? შორიახლოს ველური ბედაურნი დაქრიან, ჩრდილოეთელთა უწყინარ ცხენებს არ ჰგვანან ისინი… ფლოქვებქვეშ ისე იოლად გაგთელენ, ვითარცა მწერი იყო…

-გგონია, პირუტყვს ვუფრთხი, წყეულო დიაცო? – შესძახა მეფისწულმა.

-სიკვდილს უნდა უფრთხოდე, ყეყეჩო… – თავი აზიდა ეირინმა, ამაყად გამოჰხედა წარბებქვეშ მომზირალ გამძვინვარებულ ანდრეის. – და სიკვდილი არ მწადია. შენ მე არ მომკლავ, სრორდელო ქოფაკო, რამეთუ ჩემს გარეშე აქედან გზას ვერ გაიკვლევ, მდინარე წაგიღებს ან ჭაობებში ამოგხდება ეგ უღმერთო სული… ვერც მომკლავ, სრორდელო. თუ გწადია, ღამით ისრის პირი ჩამცე ზურგში, გაიხსენე, რომ ერთხელ გადაურჩი ჩემი ხელით სიკვდილს და მეორედ არ ავაცილებ, რამეთუ აღარ გაგიმართლებს…

-უკვე გამიმართლა, დიაცო. – ბაგე მოეღრიცა ანდრეის, სხეულზე დაიხედა, ურიცხვი ახლად შეხორცებული ჭრილობა თუ ძველი ნაიარევები რომ ჰფარავდა. – მრავალჯერ გამიმართლა.  პირველი არ ხარ, ვინც ჩემი სატევარზე წამოგება სცადა….

– დაიხსომე, რომ მე უკანასკნელი ვიქნები, სრორდელო. – მიუგო ერქანთა დიაცმა.

სიჩუმე ჩამოვარდა. კვლავ უბრუნა დიაცმა ინდაურს გვერდი, მერე კი ფერდიდან ზორბა ნაჭერი აათალა, წამსვე იტაცა პირში, დამშეული ჰგლეჯდა ხორცს.

მისი დანახვისღა აეშალა ანდრეის მადა. მისი დასუსტებული სხეული აქამდე წადილს ჰკლავდა მასში, მაგრამ ახლა, როცა საფრთხე არსად მოჩანდა, წყურვილი და შიმშილი მოერია. ინდაურის ფეხს სწვდა ანდრეი, მოჰგლიჯა და დაძიძგნა.

მობობღავდა დღის მხევალი ცის კამარაზე და ორნი აცლიდნენ ინდაურს ხორცს, სანამ შამფურზე წამოგებული შიგნეული და ძვლები არ დარჩათ.

წამოდგა მეფისწული, გაჭირვებით, გმინვით, საშინლად სტკიოდა ჭრილობები, მდინარისაკენ იბრუნა პირი.

-საით გაგიწევია, სრორდელო? – მიაძახა ეირინმა, ძვალს თავი მოაგლიჯა კბილებით და ტვინი ამოსწოვა.

ხმა არ გასცა ანდრეიმ. გმინავდა დაჭრილი ტკივილისაგან, მაგრამ მაინც მტკიცედ დასდგომოდა გზას.

-თუკი შენ ლაშქარს მიაშურე, იმის იმედი არ გქონდეს, რომ მათ მიაღწევ, ქოფაკო! – შესძახა ეირინმა. – ან სეგილთა ტომი წაგრტაცებს სიცოცხლეს, ან ტყეში დაჰკარგავ გზას, ანდა უელჰამის თვალუწვდენელ ჭაობებში ამოგხდება სული!

შედგა ანდრეი. სიმწრისაგან კბილები გააკრაჭუნა, სახე მოეღრიჯა მეფისწულს, და წამსვე გადმოჰხედა ერქანთა დიაცს.

-გზას გავიკვლევ, წყეულო. – მიუგო გააფთრებით. – ვერავინ მომკლავს! ჩემი მოკვლა ასე იოლი როდია!

მისდა გასაკვირად, ბაგე შეუტოკდა მეფისქალს, წამიერად ისე გამოიყურებოდა იგი, თითქოს ეღიმებაო.

-წარვედ, მეფისწულო. – ცივად მიუგო მან. – წარვედ და დაადექი გზას, თუკი სიკვდილი მოგწყურებია, ვითარცა წმინდა წყალი.

უთხრა და განაგრძო ძვლების უკანასკნელი ხორცის ნაფლეთებისაგან გაცლა, გვერდით დაგდებული წკნელით უცვალა გვერდი აგიზგიზებულ ტოტებს, ახლა რომ შამფურზე წამოცმულ კარკასსა და შიგნეულობას ჭვარტლავდნენ.

უმზირა ცოტა ხნით მეფისწულმა. მიუახლოვდა მას, მხოლოდღა კერა აშორებდათ ერთმანეთს.

-უწყი, სადა ვართ, ერქანთა დიაცო. – თქვა მან.

თვალისდაუხამხამებლად შეაცქერდა მეფისქალი, მისი ცეცხლით ანთებული, ფითრისფერი თვალები, წამწამები რომ თითქმის არ ემჩნეოდათ, თითქოსდა მოჯადოებულნი იყვნენ.

ანდა აჯადოებდნენ ყველა სულიერს, ვინც მას გზაზე გადაეყრებოდა.

-კარგად მომისმინე, სრორდელო. – დაიწყო მან ანაზდად, წკნელი მოიმარჯვა. – რამეთუ ამას მეტჯერ აღარ გაგიმეორებ… თავზე ბუმბერაზი გალაოზის მხართა თანავარსკვლავედი დაგვნათის, იგი ლომისთავა თანავარსკვლავედს ემიჯნება, მათ გვირგვინად ადევს თავზე ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რაც გვაუწყებს, რომ ბაჰირადან ოციოდე მზის სავალზე გამოვირიყეთ…

პირისახე დაეღრიჯა ანდრეის. მძიმედ ჩამოჯდა იგი, მტრულად უმზერდა მეფისქალს.

-ფეხმაგარი ბედაურიც რომ მყვანდეს, ათ მზეში თუ დაიფარება, იმოდენა სავალია. – განაგრძო ეირინმა, ისე საუბრობდა, თითქოს არავის მოერთხა ფეხი მის პირისპირ. – მდინარე სწრაფია, თვალმიუწვდენელ მიწებზე მიედინება, მთასა და ბარს ჰკვეთს… ამჟამად ადიდებულია იგი წვიმათა გამო, ღვთაებას მადლობა შესწირე, ქოფაკო, რათა შეგიწყალა. აზვირთებული რომ არ ყოფილიყო წმინდა წყალი, სეგილთა ტომთან გამოგრიყავდა იგი, მათ კი უცხონი გულზე არ ეხატებათ…

-რაოდენ გასაკვირია, – ბაგე შეუკრთა ანდრეის, – რომ ბარბაროსნი სუფევენ მხოლოდ ამ მიდამოში!

მისკენ გადმოაპურჭყა ეირინმა, კბილები გააშიშვლა და შეუღრინა. ძარღვი არ გასტოკებია მეფისწულს.

-საკუთარი მიწა-წყლისა და თვისტომის თავდადებული დაცვა ბარბაროსობა გგონია, სრორდელო? ყეყეჩო ვიგინდარავ! – შესძახა მან, ბაგე ასწია ზიზღით. – თუმცაღა, ტალახში ნებივრობას მიჩვეულ პირუტყვს ვერ დასვამ სუფრაზე და ვერ წაგისწრებს ენა, რათა სალაფავის ვერცხლეულით ჭამა მოსთხოვო…

უსიტყვოდ უცქირა მოქუფრულმა მეფისწულმა.

-რა გწადია, წყეულო დიაცო? – კბილთა შორის გამოსცრა მან. – რად ზიხარ აქ? რად არ უერთდები იმ ბარბაროსთა ურდოს, ავლატის მთებს რომ შეაფარეს თავი?

-ბაჰირას ცოდვაა გამოსასყიდი. – მიუგო ერქანთა დიაცმა ცივად. – მაგრამ მე ვერ გამოვისყიდი მათ. რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, არ ძალმიძს, რადგან ჩემი ცოდვანი არ არიან ისინი.

შეჩერდა ეირინი, უცქერდა ცეცხლს.

-უგუნური და ჭკვამოკლე გგონივარ, სრორდელო ქოფაკო, მაგრამ ვიცი, თუ როდის ვარ უძლური. – თქვა ბოლოს. – დიახ, ძალმიძს ავლატის მთებში გაქცევა და თავშეფარვა, მაგრამ ბაჰირას გასაჭირში არ მივატოვებ, ერქანთა სიცოცხლე მე დამაწვა მხოლოდ… ყური მიგდე, სრორდელო, თუკი კაცობის მცირედი წვეთიც კი შემოგრჩენია მაგ ბილწ, წაწყმედილ სხეულში, უნდა ვალად დაგედოს ჩემი საქციელი.

ნაკვთები ეგრიხებოდა გამძვინვარებულ, შეურაცხყოფილ მეფისწულს, ღრმად სუნთქავდა და მუშტებს ჰკრავდა იგი.

-რა გწადია? – ჰკითხა ბოლოს.

არაფერი უპასუხა ეირინმა, წკნელი ააქნია და მზისაკენ გაიშვირა.

-დღის მხევლის გზაზე თვალუწვდენელი ზღვაა. – თქვა მან, მერე კი ტყის სიღრმისაკენ იბრუნა პირი. – აქეთ კი ავლატის მთები… წმინდა წყალს თუ აუყვები, სეგილთა ტომს გადაეყრები.

-ტომი მცირეა. – ჩაილაპარაკა მოქუფრულმა ანდრეიმ. – მყიფე და სუსტი. მათი გეშინის, გრძნეულო დიაცო?

-მათ გალაოზის თანავარსკვლავედი დაჰყურებთ, იღბლიანნი არიან… – შეუდრეკელად მიუგო ეირინმა. – ღვთაებაზე ილოცებიან, თუმცაღა დიდი მეფე სერავსის ნაბიჭვართაგან იშვნენ, სანამ ერქანნი მოევლინებოდნენ ამ ქვეყანას, სანამ ავლატის მთებიდან დადენილი წყალი ამოდენა გაიზრდებოდა… მათი უძველესი ადათ-წესების მიხედვით, უცხოს თავამდე ფლავენ მიწაში, თავის ძვალს უმტვრევენ და კვიპროსის ნერგს რგავენ მასში, რათა უცხოს მათ მიწაზე შემოჭრის ცოდვა გამოისყიდონ ღვთაების წინაშე. ესაა ტომის მიწათა წაბილწვის საფასური, სრორდელო. მათ გზაზე არ გავივლიდი.

-მაშ სადაა გზა, რათა იმ წყეულ დედაქალაქს მივაღწიო?! – იფეთქა მეფისწულმა.

-ჭაობთა გადალახვა მოგიწევს! – ბაგე შეუტოკდა მეფისქალს. – უელჰამის ჭაობები სამი მზის სავალზეა გადაჭიმული, მას კლდოვანი ტრამალი ენაცვლება, მერე კი სებიანთა სამფლობელოა გადაჭიმული… თუკი მათ გადალახავ, ბაჰირას მიაღწევ.

-იქნებ შენი ბაგეთაგან მხოლოდ სიცრუე იღვრება, გრძნეულო? – თავი აზიდა, ამაყად გამოჰხედა მას.

-ღვთაებამ გიხსნა. – მიუგო ეირინმა. – რაკი გიხსნა, შენ ჯერ კიდევ გაკისრია შენი საქმე ამ მიწაზე, ამიტომაც არ განმიგმირავს შენი გული. სიცრუე არარად მარგია.

შეფიქრიანდა მეფისწული, ზურგი აქცია ერქანთა დიაცს.

დადუმდა, გაივლო გონში, თუ როგორ ეძგერა ისარი ბეჭში და აუტანელი ტკივილი მოჰგვარა.

ვიღაც უბადლო მშვილდოსანმა დაუშინა ისრები აკაციათა ტევრიდან. ეს მშვილდოსანი, დიდი ალბათობით, ბანაკში ბრძანდებოდა და სულწასული ელოდა იმ დროს, როცა შეეძლო იგი მარტო მოეხელთებინა, თავისი მზაკვრული წადილის ასრულების შემდეგ კი იოლად ვერ ეპოვათ. და თუკი თვით თავადი ატავესიც გახლდათ მოღალატე,  სხვანიც იქნებოდნენ. ხმამაღალი და ჭკვამოკლე იყო ატავესი, მაგრამ ლაჩარიც გახლდათ იგი, ყოვლისა მოშიშარი, იგი ვერ შეჰბედავდა მეფისწულს ასეთ ქმედებას, თუკი მას ზურგგამამაგრებელი ძალა არ გააჩნდა.

ატავესი და უცნობი მშვილდოსანი მარტონი ვერ და არც მოიმოქმედებდნენ ესოდენ ღალატს.

კბილები გააღრჭიალა ანდრეიმ.

მრავალჯერ მოსწვდენოდა მის ყურთ ავი ენები, რომლებიც იუწყებოდნენ, უბედური დღე გაუთენდებაო სრორდს, ჩაესვენებაო მისი მზე! უჩურჩულებდა ძმადნაფიცი თავადი სამუელი, იყავი მხნედ, რადგან ბევრნი გისურვებენო ცუდს. მალ-მალე აფრთხილებდა ბიძა გიუნტერი, რამეთუ აჭარტალებდნენ სამეფო კარსა და სრულიად სრორდში ენებს, ღვიძლი ძმა მოჰკლაო ანდრეიმ, ვერ ისვენებსო მომავალი მეფის სისხლი!

ცეცხლი მოედო მკერდზე ანდრეის, სასოწარკვეთილების ნაპერწკლები გაერივნენ მასში.

ღალატი! გაუგონარი მკრეხელობა, სრულიად სრორდისა და ვოლფრამთა ღალატი!

უწყოდა ანდრეიმ, რომ ვიღაც ყეყეჩის ხელი ერია ამაში, იგი მართავდა მიუწვდომელი ფოლადის ფარდის მიღმა თითოეულ ნაბიჯს, მან მოუგზავნა ის წყეული მკვლელი, მან მოისყიდა და აცდუნა თავადი ატავესი!

გაჰკრა გონში მეფისწულს, თუ როგორ გაჰკრა ატავესმა მისკენ მომართულ გაბრიელს თავში მახვილის ვადაჯვარი, თუ როგორ დაეცა სარდალი უგონოდ. გულმა რეჩხი უყო.

ატავესმა გაბრიელი მოიშორა. კლავდი, ის ბედკრული, ბებერი კოჭლი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. ატავესს უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი უნდა ჰგონებოდა მათი ხროვის ბატონი, რომლის ადგილსაც თვითონ დაეპატრონებოდა, და არც დააყოვნებდა იგი, რომ სრორდში დაბრუნებულიყო.

ალბათ აფრინა კიდეც კაცი, რომ მთელ სრორდს გაეგო საწუხარი ამბავი, რომ ფოლადის ფარდის მიღმა მიმალულ მოღალატეს აღტკინება განეცადა, ეზეიმა, და სისრულეში მოეყვანა თავისი გეგმები.

იქნებ უკვე გამგზავრების სამზადისში იყო გართული მხედართმთავრის გარეშე დატოვებული ლაშქარი.

გული მოეწურა ანდრეის. გაშტერებით ჩასცქეროდა ავარვარებულ ცეცხლს, მის როკვასა და აცეკვებულ ნაპერწკლებს, მაგრამ ვეღარაფრით ხედავდა მას.

-გზას გავუდგეთ. – ბრძანა მან, გარემოს მიაპყრო თვალი, კვიპროსთა მიღმა მზის გამოპარულ მზის სხივებს უცქირა, უკვე ზომავდა იგი უკან სავალ გზას. ფრთხილად შეარხია გულმკერდი, რათა ჭრილობათა ტკივილი შეეგრძნო, შეეფასებინა, თუ როგორ გაუმკლავდებოდა დაუსვენებელ სიარულს.

არც კი შეინძრა  ეირინი, წარბი გამომცდელად ასწია მხოლოდ, მერე კი ძაღლივით მოსჭიდა კბილნი ძვალს.

-გზა ვრცელია, სრორდელო. – მიუგო მან. – მგზავრი კი ძვირფასიო, არ გსმენია?  არ ძალგიძს სიარული, ვერ გამომყვები… ორი მზის თავზე გავუდგებით გზას.

-არა! – შეჰღრიალა ანდრეიმ, ყური არ უგდო ეირინის სისინს, ხმა გაკმინდეო. – შენი დრო არ იკარგება, წყეულო დიაცო! ნუთუ ჭკვა არ გყოფნის? სასწრაფოდ უნდა გავუდგე გზას!

-ერთი მზის თავზე გავუდგებით გზას. – ამოსთქვა დუმილის შემდეგ მეფისქალმა, მოქუფრული უცქერდა ანდრეის. – ღვთაებამ გიხსნა, ჩრდილოეთელო, გვერდით მოისვრი მის მიერ სულჩადგმულ სხეულს?

-შენს ბილწ ღმერთს მე ნუ მიხსენებ. მე ჭეშმარიტად მხოლოდ ჩემი ღმერთები მიმაჩნია… არ იგონებ ნათქვამს? ჩემ ლაშქარს უნდა დავუბრუნდე… – წაუსისინა ანდრეიმ. – მაუწყე, დიაცო, რაკი თვისტომისა და შენი წყეული მიწის დაცვა გწადია, საკვირველად აღიჩინე ჩემი სიტყვანი? ნუთუ გაოცებს ის, რომ დაჭრილს მწადია დამქანცველი გზის გავლა, რათა ჩემ სისხლსა და ხორცს, ჩემს ნაოფლარსა და ვალს დავუბრუნდე?

უფერული წარბები შეჰყარა ეირინმა, ისე უმზერდა, თითქოსდა პირველად იხილაო მისი სახე. მერე კი აარიდა თვალი.

-ერთი მზის თავზე მივაშურებთ გზას. – გაიმეორა მან. – ხვალ, როგორც კი კვიპაროსთა კენწეროებს ცეცხლი მოედება და გალაოზის ვარსკვლავები ჩახჩახს შესწყვეტენ, უელჰამის ჭაობებს მივაშურებთ.

უცქირა მას ანდრეიმ წამიერად, მის შეკრულ წარბებსა და დახრილ თვალებს, მოპრიალე წამწამები რომ დაჰფენოდათ ზედ. ფეხი მოერთხა მეფისქალს, ჩამოქნილი წვივები მოუჩანდა კაბის ქვეშ და გაახსენდა ანდრეის, თუ როგორ როკავდა მისი ტილოში გამოკვართული სხეული ცეცხლის წინაშე, როგორ ისკუპა მან ტაბლაზე და როგორ დაიხარა მასთან.

ცეცხლს მიუჯდა კვლავ, შემცივნული სხეული მიუფიცხა.

იწევდა მზე, მალ-მალე ჰფარავდნენ მას ღრუბელთა ნაგლეჯები, მაგრამ იძალა დღის მხევალმა, გამოასხივა, შეათბო მიწა. მიღოღავდა იგი ცის კაბადონზე, და ჭიანჭველებივით ირეოდნენ მის გულზე მიფიცხებული, უსიერ ტყეს შეფარებულნი.

კენკრა და ყვავილები მოკრიფა ეირინმა, კვლავ მოინადირა გარეული ინდაური, რომელსაც პირწმინდად გააცალეს ხორცი. მთელი დღე გმინავდა გაუსაძლისი ტკივილისაგან ოფლში გაღვრილი მეფისწული, ჯიუტად არიდებდა იგი თვალს ერქანთა დიაცის დაჟინებულ მზერას. თითქოსდა შეჰღაღადებდა თვალებით გრძნეული დედაკაცი მას, არ ძალგიძსო სიარული, რასაც ვერ აიტანდა მუდამ ძლიერებასა და მოწიწებას დაჩვეული ვოლფრამთა მემკვიდრე.

საღამოს ბინდბუნდში, როცა მოკვდა მზის შუქი და მის გვამს გადააბიჯა ვარსკვლავთა ჩახჩახა სინათლემ, მუხლი მოიპყრო ეირინმა, ლოცვა აღავლინა ღვთაების წინაშე. შეჰღაღადა მასა და მის ძუძუმტე ყორანს, შეწევნა შესთხოვა, გრძელ გზაზე დამეწვიეო მეგზურად.

მერე კი წყალი და ბალახები მოზიდა, კვლავ დაამზადა სამკურნალო ნაზავი, შორიახლოს მიუგდო მეფისწულს. არაფერი უთქვამს საპასუხოდ ანდრეის, სიტყვის დაცდენით არ დაიმცირებდა იგი თავს, მაგრამ მაინც წასცხო იარებს ნაზავი, ტკბილად ახსოვდა მას დილით განცდილი საამური შვება, რომელიც ამ ნაყენმა მოჰგვარა.

დილით კი, როცა ხილულ იქნა გზა და მდინარის შხაპუნი ისმოდა ბუნდოვნად უსიერ ტყეში, ცეცხლი ჩააქრო ეირინმა. მოზრდილ ფოთოლთა ბოხჩაში ინდაურის ხორცი, ბალახები, ყვავილები და ძვლები გამოჰკრა. ისრის ნატეხით შეიარაღდა ანდრეი, ტუნიკის ნახევებით, გაჭირვებით შეიხვია ჭრილობები.

და როგორც კი ოდნავ შეათბო ჰაერი მზის მცხუნვარებამ, ჭრიჭინობელებმა ჩირგვნარში უდარდელი სიმღერა გააბეს და შორს გარეულ ბედაურთა ფლოქვების თქარუნი მიწყდა, მიმართეს ერქანთა დიაცმა და ჩრდილოეთელმა უელჰამის ჭაობთა გზას.

.

.

.

-*-*-*-10-*-*-*-

მზე ჯიუტად მიცოცავდა ცაზე, დაუდგრომლად აცხუნებდა. ჰაერში აუტანელი, მწველი ხვარტი იდგა, სუნთქვაც კი ჭირდა. ჭრიჭინობელები, დილით რომ ასე დაუდევრად აცნობდნენ არე-მარეს თავიანთ სიმღერას, დადუმებულიყვნენ. ფოთოლიც კი არ იძვროდა, თითქოს გაუსაძლის სიცხეში გარინდულიყო უსიერი ტყე, დღის მომაჯადოვებელ მხევალს ლიბრი მოეკიდებინა ყოველი სულიერი თუ უსულოსათვის.

სული ეხუთებოდა სიცხეს მიუჩვეველ ანდრეის. ოფლი სდიოდა ბედშავს ღვარად, თვალებში ჩასდიოდა, ხილვას უშლიდა. ჭრილობები, მათზე წაცხებული ბალახთა ნაყენისა და სახვევების მიუხედავად, გაუსაძლისად ეწვოდა, თუმცაღა ტკივილით გამოწვეულ გმინვას ყელში ჰკლავდა. არ სურდა ერქანთა დიაცის ყურამდე მისულიყო მისი ტკივილი, რადგან ისედაც ნელა მიდიოდა დედაკაცი.

რამდენიმე ყივილის სიარულის შემდეგ, მდინარის ფონი სჩანდა თვალსახედში. ვეებერთელა ქვები ურყევად ამოწვერილიყვნენ მიწიდან, რომელთა შორის მდინარე ნაკადულივით მორჩილად მირაკრაკებდა. წმინდა წყალს დაეწაფნენ, მოიკლეს წყურვილი, ფონზე გადავიდნენ და დაადგნენ აბალახებულ შარაგზას.

მზე იქანცებოდა, ჩასასვლელად ემზადებოდა, ისინი კი მიდიოდნენ, დაუსრულებლად. ერთადერთხელ შეისვენეს, ნაშუადღევის გაუსაძლის სიცხეს შეაფარეს თავი მდინარის იქით აღმართულ, მეჩხერ ტევრში, რომელიც ძლივძლივობით იკავებდა ჩრდილს. პირწმინდად გაცალეს ეირინის მიერ შეკრული ბოხჩა, მაგრამ მაინც დამშეულიყვნენ მთელი მზის სიარულით არაქათგამოცლილნი. მიაყურადა ერქანთა დიაცმა, იქნებ სავათნი ან ინდაურნი იყვნენო, ჰაერი დასუნა და კენკრას ეძია ჩირგვნარში, მაგრამ პირის გასასველებელს ვერაფერს მიაგნო. გაწბილებულნი და დამშეულნი გაუდგნენ გზას.

დღის მეექვსე ყივილი აწევდა უკვე, როცა დამდგარ, დამყაყებულ ჰაერს მცირე, გრილი ნიავი შეეპარა და მცირე მლაშე სურნელი, ზღვიდან მონაბერ ქარს რომ შემორჩენოდა გზაზე, გაჰქრა, მისი ადგილი ოდნავ მჟავე, მყრალმა სურნელმა დაიკავა. გაუთავებელმა ბორცვებმა, მათზე სიარული რომ ასე უჭირდა ანდრეის, გაივაკეს, მათ წინ გადაიჭიმა ვეებერთელა ხეებით სავსე ტყე, რომელსაც, საითაც არ უნდა გაეხედა სულიერს, არც თავი უჩანდა და არც ბოლო.

რაც უახლოვდებოდნენ ტყეს, მით უფრო მაღლა იწევდნენ ხეთა კენწეროები და უფრო მძაფრდებოდა მყრალი სურნელი, სანამ გულისამრევად არ იქცა. ხეთა ზორბა ტანებს ხშირი, გაუვალი ლელიანი ჰფარავდა. გაჭირვებით მიიწევდა წინ ანდრეი, ჰკაფავდა უკიდეგანო ლელქაშს, მოქუფრული ათვალიერებდა ტყეს და ხეთა ფესვებთან დაფენილ უცნაურს ბალახს უმზერდა ეჭვით.

ტყის პირას შედგა ეირინი. ლელქაშს თავი მოჰგლიჯა, გაისროლა.

ანდრეისდა გასაოცრად, მან ბალახის საფარი გაჰკვეთა, წყალში დაინთქა. ზედაპირზე შემორჩენილი უცნაური ბალახის ნაგლეჯები ტალღებად, მცირე ნავებივით გაცურდნენ აქეთ-იქით.

-გიხაროდენ, სრორდელო! – თქვა ეირინმა, გამალებით ათვალიერებდა არე-მარეს, ფონს ეძებდა. – უელჰამის ჭაობები მოგესალმებიან!

-ნუთუ ყველგან ესოდენ წყალი დგას? – იკითხა წარბშეკრულმა მეფისწულმა. – დაე ცურვით გადავლახოთ!

-არა, რასაკვირველია. – მიუგო ეირინმა, ზორბა, მაღალი ლელქაში მოსტეხა და ტყის პირს დაუყვა. მიწას სინჯავდა იგი, ცდილობდა ამაღლებული მიწა ეპოვა, საიდანაც ფონს გავიდოდნენ. – ჭაობები იდუმალია, სრორდელო, თითქოსდა მცირეა წყალი, მაგრამ მთრეველი, ავი სილა იმალება მის სიღრმეში, ისე ჩაგითრევს, ვერც კი მოასწრებ გაფართხალებას… თუმცაღა ჭაობი არ არსებობს ფონის გარეშე.

ლელიანს მიუჰყვებოდა ეირინი და მიჰყვებოდა ანდრეი, ფრთხილად სინჯავდა რბილ მიწას. ესოდენ რბილი ნიადაგი არასოდეს შეეგრძნო მას. უწყლო ჩრდილოეთს მხოლოდ ქვასავით მაგარი, დამსკდარი, ულმობელი მიწა ჰფარავდა, რომელიც დღეღამ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად იღებდა ნაყოფს.

მცირე ჟამმა განვლო, სანამ ერქანთა დიაცი ფონს მიაგნებდა. იგი ფრთხილად გაუყვა ამაღლებულ მიწას, ანდრეის ანიშნა, მომყევიო. მის ნიშანზე მოიქუფრა მეფისწული, მკერდს ცეცხლი მოედო.

რამოდენა დამცირება იყო! ვოლფრამთა ერთადერთი მემკვიდრე, სრულიად სრორდელთა ლაშქრის ბატონთა ბატონი და მომავალი მეფე კვალდაკვალ ადევნებოდა ბარბაროს დედაკაცს! გაუგონარი მკრეხელობა! რაოდენ თავხედი იყო ერქანთა დიაცი, რომ უკანასკნელი ვოლფრამისათვის შეებედა ესოდენ თავგასული ქმედება!

მოვკლავო, იქადნიდა გონში ანდრეი, მოვკლავ და მის ნეშტს პირწმინდად დავწვავ, ნაცარს კოლტს დავუყრი, რათა მისი ნასახი არ დარჩესო ამ მიწას.

მაგრამ გულში ჩაიმარხა და ენას შეიხმო სისხლის ყივილი მეფისწულმა. უნდა გაჰრიდებოდნენ ამ წყეულ ჭაობებს, მერე კი თავის ლაშქრამდე უნდა მიეღწია. მხოლოდ მაშინ მოავლენდა თავის რისხვას ყველა სულიერს, ვინც ღმერთებს შეჰღაღადებდა მისი მოკვდინების წადილით.

-სამი მზის სავალი ასე უნდა განვლოთ? – შეჰკითხა წარბშეკრულმა ერქანთა დიაცს, მიწას დაებჯინა ფრთხილად და გარშემო დატრიალებული, აბეზარ მწერთა გუნდი მოიცილა თავიდან. – შიმშილითა და წყურვილით სული ამომძვრება!

-ეს შენი ფარშევანგის ბუმბულებით დაფარული და პატიოსანი ქვებით მოვარაყებული ოთახები როდია, ჩრდილოეთელო. – დაცინვით შესძახა ეირინმა, მის ძახილზე მწერები დაფრთხნენ, უსაფრთხო საფარავს მიაშურეს. – მცირედი გაჭირვებაც უნდა იწვნიო…

-გაჭირვება ბარბაროსთა ენაზე მოკვდინებაა? – შეუღრინა მოქუფრულმა ანდრეიმ.

-რასაკვირველია არა. – მშვიდად მიუგო ერქანთა დიაცმა, ლელქაშით მიწა მოსინჯა და წყლიდან ამოზიდულ, ერმანეთს ჩაკონებულ და უთავბოლოდ გადახლართულ ხეთა ფესვებს გადააბიჯა. – ამბობენ, უელჰამის ჭაობებს კეთილი სული იცავს, მწყურვალს წყურვილს უკლავს, მშიერს აპურებს და სასოწარკვეთილს ანუგეშებსო. მას შევეფარებით ღამით, თუ ვპოვეთ იგი.

-თუ ვპოვეთ იგი?! – შესძახა გაოგნებულმა ანდრეიმ, გაფაციცებით უმზერდა ეირინს და მის მიერ დადგმულ ნაბიჯთ მიჰყვებოდა შეუცდომლად. – არ უწყი, სადაა? იქნებ არც დადის ამ დედამიწაზე ეგ შენი კეთილი სული?

-ვიხილავთ მას, სრორდელო. ღვთაება გაგვინათებს გზას, მცირე რწმენა იქონიე. – მიუგო ეირინმა, წყალზე მონარნარე ვებერთელა დუმფარას გადააბიჯა.

დადუმდა ერქანთა დიაცი და დადუმდა მეფისწულიც.

აუარებელ მწერთა ბზუილის მიუხედავად, დუმილი მოსდებოდა მყრალ წყალსა და მასზე დაფენილ მწვანე საფარს, მას ალაგ-ალაგ ხეთა ფესვები და წყლის ჩუმი ნაკადი ჰკვეთდა. ჰაერში აესროლათ ქორფა წვეროები აშოლტილ ხეებს, მათ ნაზად არწევდა სიო.

გრილოდა ჭაობებში, და თითქოს ჭირხლი შეერია ჰაერს, როცა მოაწია ღამემ. არაქათგამოცლილმა დღის მხევალმა წარიტაცა დღის სითბო, ხარბად გაეხვია მასში. შორეული დასავლეთი შეჰღება სისხლისფრად, მაგრამ მისი ნაპერწკალიც აღარ აღწევდა ფოთლებით შემოსილ ხეთა ხშირი საბურველის მიღმა, ბინდბუნდი მოსდებოდა სუსხიან ჰაერს.

ცოტა ხანი მიიწევდა ეირინი წინ, ძლივძლივობით არჩევდა გაფაციცებით მაცქერალი თვალებით ხესა და წყალს, უსმენდა ნაკადთა მოძრაობას და ხელებს აცეცებდა გარშემო, რათა გზა გაეკვლია, მაგრამ მალევე მიჰხვდა დიაცი, რომ აღარ ძალუძდა. კუნაპეტი გამეფებულიყო გარშემო, უელჰამის ჭაობები კი ყინულივით ცივდებოდნენ ღამე, მეცხრე მთვარის სუსხი ჭაობთა შუაგულს ჭირხლავდა კიდეც.

ისინი წელამდე წყალს მოარღვევდნენ ორიოდე ყივილის მანძილზე. უწყოდა ეირინმა, რომ ანაზდად წაერთმეოდა ფეხებში ძალა, თუკი მათ მალევე არ მიუფიცხებდა ცეცხლს.

ტკივილი მოაწვა მას ადევნებულ ანდრეის. ჭრილობებს წაცხებული ნაყენის მიერ მოგვრილი საამური შვება წაეტაცა განვლილ დროს, დამშეულიყო, წყურვილი და გაუსაძლისი დაღლილობა მოსწოლოდა დაჭრილს.

-უნდა შევჩერდეთ. – თქვა ანაზდად ეირინმა. მისი ხმა, თითქოსდა საომარ ბუკს დაჰკრესო, ისე გავრცელდა მიჩუმათებულ, მიძინებულ ჭაობში, ფოთლები შეარხია და ძილი დაურღვია დუმფარებზე შეგროვილ მწერთა ჯოგს. – აღარ ძალმიძს გზის გაკვლევა… საძილე ადგილი უნდა ვპოვოთ…

-რასაა, რომ ამბობ, წყეულო ბარბაროსო?! – შესძახა ანდრეიმ, გაფაციცებით შეჰყურებდა მის წინ მდგარ, რუხ სილუეტს, კეფაზე დაგორგლილი დალალები რომ მთვარის სხივივით ესხა თავზე და მას გზას უკვლევდა. – ნუთუ სადმე საძილე ადგილი გეგულება? ცოტაც გაისარჯე, ფეხები არ დაგატყდება! ის შენი კეთილი სული ვპოვოთ…

-არა ვუწყი, თუ სადაა იგი! – მოუბრუნდა მოქუფრული ეირინი, თუმცაღა კარგად ვერ არჩევდა მის ნაკვთებს ანდრეი. – უელჰამის ჭაობები სამი გზის სავალზეა გადაჭიმული, არც კი ვუწყი, თავშია იგი, შუაში თუ ბოლოს! იგი ბევრს არ უნახავს, იდუმალია და უნდა ჰპოვო, რათა დამხმარე ხელი გამოგიწოდოს!

-მაშ ვპოვებთ. – მიუგო ანდრეიმ კუშტად. – იქნებ ახლოსაა? უკან არ დავიხევ, დიაცო, ამ აქოთებულ ყინულივით წყალს არ მივაბარებ ჩემს სიცოცხლეს!

მდუმარედ უმზირა ეირინმა. ძალიან ეწადა ანდრეის მისი პირისახის დანახვა, რათა მიმხვდარიყო, თუ რას ჰფიქრობდა გრძნეული დედაკაცი, მაგრამ ჩამოწოლილი სიბნელე რუხი საბურველით ჰფარავდა მის ნაკვთებს.

მერე კი პირი იბრუნა დიაცმა, გზის გაკვლევა განაგრძო.

ერთი ყივილი განვლეს. ფეხებში ძალა ერთმეოდა ერქანთა დიაცს, რეტი დაესხა. უწყოდა, რომ წყალში მაცდური სილის გარდა სისხლისმწოველი წურბელებიც სუფევდნენ, რომლებიც დროს იხელთებდნენ და მგზავრთა შიშველ კანს ეწაფებოდნენ, სადაც მიუწვდებოდათ ხელი. ალბათ მეც ამეკიდნენო, იფიქრა ეირინმა, მაგრამ არც უცდია წვივებს ხელი შეევლო, გაჰყინვოდა კანი, ვერც შეიგრძნობდა მათ.

მერე კი, სანამ იმედი გადაუწყდებოდა ერქანთა დიაცს, სინათლე დალანდა ხეთა შორს. სუსტად მოკიაფე, მბჟუტავ სხივს ხეთა ტევრი ჰფარავდა თვალთახედვიდან, სანამ არ მიუახლოვდებოდი.

წამსვე სინათლისაკენ გაემართნენ, ვითარცა სანთლის ალს ადევნებული მწერნი.

მოახლოვდა შუქის წყარო და თვალი შეავლო მას ეირინმა.

ხეთა შორს გაბჯენილ ფიცრებზე წამოეჭიმათ გამხმარი წკნელებითა და ცხოველთა ტყავებით  შეკრული, თიხით შელესილი და ლელქაშით დაფარული ქოხი. მომცრო, მტვრიანი მინის ფანჯრიდან იღვრებოდა სინათლე, დაფეხვილი კარის გვერდით კი ჩირაღდანი ჩამოეკიდებინათ.

ქოხის კართან ვიღაც ქალს მოერთხა ფეხი, გვერდიდან დაჰფენოდა სინათლე. გამხმარი ლელისაგან ოსტატურად სწნავდა კალათას.

-ვინაა მანდ? – დაიხავლა მან, ისე, რომ თავი არ აუღია სამუშაოდან, შესაშური სისწრაფით გრეხდა ლელს. – ვის სწადია სიკვდილი, ესოდენ გვიან რომ შესჭიდებია უელჰამის ჭაობებს?!

-უბრალო მოგზაურნი გახლავართ, დიაცო! – შესძახა ანდრეიმ, არაქათგაცლილ დაჭრილს ისღა ეწადა, რომ შუქი ეხილა და მცირეოდენ დაესვენა. – ღმერთები დაგლოცავენ, შეგვიფარე ბედკრულნი და გვიპატრონე, სანამ მზე შესცვლიდეს მთვარეს!

მცირე ხნით არ გაინძრა უცხო დიაცი, მერე კი წამოდგა ღიღინით, ჩირაღდანი ჩამოხსნა კედელს და მათ მიუშვირა, გადმოჰკიდებოდა ფიცრებს.

სამოციოდე ზამთრისა იქნებოდა. ოდესღაც მშვენიერ, თაფლისფერ თმას უხვად შერეოდა ჭაღარა, დროის დაღი დასდებოდა მონაოჭებულ პირისახეს. ფართო ბაგე ჰქონდა, გაფანჩული წარბები, ცხვირი ქორივით წაწვეტებული და კაუჭიანი.

შეათვალიერა ორივე და ღიმილმა გაუნათა სახე, ხელი დაუქნია.

-მოიწით, შვილებო! სტუმარი, მეტადრე მოულოდნელი, ციდან გამოგზავნილი ფრთიანი ანგელოზია! – გულთბილად მოიპატიჟა მან, კიბე ჩამოუშვა და წამსვე მოეპოტინა მას ეირინი, რის ვაივაგლახით აათრია გაყინული სხეული. მას ფეხდაფეხ მიჰყვა ანდრეი, რომელიც გაწამებული გმინავდა ჭრილობათა ტკივილისაგან.

თვალიც კი არ დაუხამხამებია ჭაობთა დედაკაცს, წამსვე შეუძღვა ქოხში, თან გაუჩერებლად არატრატდა.

-სალომეა გახლავართ, შვილებო… მობრძანდით, მობრძანდით! – ეპატიჟებოდა ის, ორი სამფეხა სკამი გამოათრია საიდანღაც და აგიზგიზებული ბუხრის წინ დასხა ორივე, წყალი ფიალებში ჩამოსხა თიხის, ულაზათოდ შეთითხნილი თუნგიდან, რომელიც ხარბად შესვეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა. – ნუთუ მთელი ეს გზა ფეხით განვლეთ? რამ გაგიჭირვათ ასე, შვილებო, რომ მოგიწიათ ასე მგზავრობა? ეს კიდევ დაჭრილია! – მან გამომცდელი თვალი შეავლო ანდრეის ჭრილობებს, ოდნავ რომ ჟონავდნენ ალისფერ სისხლს ტუნიკის სახვევებში. – საიდან მოდიხართ, საით გაგიწევიათ?

-ავლატის მთებიდან მოვდივართ. – მკვირცხლად უპასუხა ეირინმა, თან დაუდევრად იცილებდა წვივებზე აკიდებულ წურბელებს, ცეცხლში ჰყრიდა, აშიშხინებულ სისხლისმწოველებს უმზერდა. – სებიანთა სამფლობელოს გზას ვადგავართ…

-გავიგე, ბაჰირაში დიდი ალიაქოთი სუფევსო! – განაცხადა სალომეამ, თიხის ფიალებში გამალებით ნაყავდა რაღაცას, ქოხი სასიამოვნო, მადისაღმძვრელმა სურნელმა აავსო. – მართალია, შვილებო?

ეირინი დადუმდა. კისერი წაეგრძელებინა, ცეცხლს მიშტერებოდა, ღრმად შეისუნთქა.

-დიახ. – თქვა ბოლოს. – სრორდის ლაშქარმა დაიპყრო ბაჰირა. პირწმინდად გაჟლიტეს მეომარნი, ერთი პირტიტველა ვაჟიც არ დასტოვეს… მთელი დედაქალაქი და მას მოხვეული მდელონი და ტყენი იწვიან…

-თავი ნუ მოგიკვდება! – შესძახა დედაკაცმა, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა. დაცინვის ელფერი დაჰკრავდათ მის სიტყვებს. – გაუგონარი ამბავია! უწყლო ჩრდილოეთელებმა ბაჰირას ზღვა დაისაკუთრეს! უწყიან კი, თუ რა უნდა უყონ მას?

ეირინმა არა უთხრა რა, დუმილით ათვალიერებდა ქოხს. ყურს არ უგდებდა მათ ანდრეი, ლაფში ამოთხვრილი ქალამნები გაეძრო და ფეხებს ითბობდა.

მისკენ გადაიხარა ეირინი ანაზდად.

-არაფერს პირი არ დააკარო, რასაც მოგაწოდებს. – ყურისძირში უჩურჩულა მან. მის სიტყვებს ცეცხლის ტკაცუნი, წურბელათა შიშხინი და ხის როდინში ბაზალტის სანაყი ქვის რახუნი ყლაპავდა.

გახევდა ანდრეი. ეირინის გაქვავებულ ნაკვთებს შეავლო თვალი, მერე კი, მოქუფრულმა, დიაცს მიაპყრო თვალი, რომელიც გულმოდგინედ ნაყავდა როდინში სურნელოვან ბალახებს.

-საიდან მოდიხარ, დედაკაცო? – შეჰკითხა მან. – რა დაგრჩენია ამ წყეულ ჭაობებში?

-შორიდან გადმოხვეწილი, შვიდი სამეფოს შვილი გეახლებით. – მიუგო დიაცმა, კედლიდან გამხმარი ხორცის მახინჯი ნაჭერი ჩამოხსნა და მომცრო, ულაზათო დანით აათალა გვერდი. – მაგრამ უკეთესი ცხოვრების მიზნით მივატოვე ყველაფერი, აქეთ გამოვიხიზნე… უკეთესი ცხოვრებისა რა მოგახსენო, არ გამიმართლა ბედმა! აქ დავსახლდი, სიწყნარეცაა, საჭმელიცა და სასმელიც. აგე, შორიახლოს საჩეხეა მოწყობილი! ვიღაც ბერიკაცს გაუმართავს, ჭკვიანი კი ყოფილა, ჭაობებს ვერსად გაექცეოდნენ ველური ბედაურნი… მათ ვუვლი, ხმის გამცემნი მყვანან… – სიტყვა გასწყვიტა, ბალახ-ბულახის ნაზავითა და გამხმარი ხორცით სავსე ფიალები შესთავაზა მან.

არ გვწადიაო, იუარეს ორივემ. ბევრი ეჯახირა დედაკაცი, მიირთვით, დამშეულნი იქნებითო, მაგრამ მაინც არ დააკარეს პირი მის მოწოდებულ საჭმელს.

რაღაცას ბურტყუნებდა ჩუმად სალომეა, მაგრამ გადადო ფიალები, კიდევ ერთი სამფეხა მოითრია ცეცხლთან და ჩამოჯდა, შეაცქერდა დაუპატიჟებელ სტუმართ მომლოდინედ.

-რაიმე მოჰყევით, შვილებო! – შესძახა მან, ღრმად ჩამჯდარი, შავად მოკიაფე თვალებით გამომცდელად შესცქეროდა. უცნაურ, დაგრეხილ ღიმილად გაეპო ბაგე. – ერთი გამოყრუებული დედაკაცი ვარ ამოდენა ჭაობებში, ყურშიც მესმის და თვალიც მიჭრის, თუმცა უდიერად მიბერდება ორივე… რამე მოჰყევით, რათა კარგად მოვისმინო, თუნდაც ერქანთა ზღაპარნი…

მოქუფრული შესცქეროდა ანდრეი დედაკაცს. არ ეამა მის თვალში გაჩენილი ნაპერწკალი, ავად იცქირებოდა იგი. ისრის ნატეხს უფრო მარჯვედ მოავლო თითები.

ეირინი არც კი შენძრეულა, სალომეას ჩუმად უცქერდა, მერე კი თავაზიანად მიუგო, დავიწყებო თხრობას.

-ათასი მთისა და ათასი ზღვის იქით, – დაიწყო მან, ფითრისფერი თვალები ცეცხლზე გაუშტერდა. – იქ, სადაც მხევალი დღისა ღამით ევლინებოდა ქვეყანას და მხევალი ღამისა მიწას ათბობდა, მაშინ, როცა მეფე სერავსის სახელით არ კრთოდნენ ყველანი, ერთ მდიდარ ვაჭარს ათი ვაჟი ჰყავდა. ათივე მხარბეჭიანი, ბრგე და მხნე.

აურაცხელი ქონება ვაჭარს პატივმოყვარეობამ და ხელგაშლილობამ გაანიავებინა. დარდისაგან დასნეულდა მოხუცი და სანამ განუტევებდა სულს, დარჩენილი მცირე ავლადიდება და მიწები დაურიგა ვაჟებს. დალოცა ვაჟები მომაკვდავმა და ნაბოლარას, თავის საყვარელ შვილს, უჩუმრად საიდუმლო გაანდო.

-შვიდი უდაბნოს, შვიდი უღრანი ტყისა და შვიდი მდინარის მიღმა, ცარცოვანი ტრამალია. ცარცოვან ტრამალზე თოვლივით თეთრი იურთები დგანან, სულიერი არ ჭაჭანებს გარშემო. იურთები ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და გედის ბუმბულებითაა სავსე. წამოიღე განძი და გამდიდრდებიო.

შეჰფიცა ყმაწვილმა მამას, ხელთ ვიგდებო განძს. გადაულოცა მცირე ქონება და მიწები ძმებს, ამოისხა რკინის ქალამნები, ხელთ ყავარჯენი დაიჭირა და გაუდგა გზას.

შვიდი უდაბნო გადალახა მან. მეშვიდე უდაბნოში ხვლიკი დახვდა, რომელიც ნებივრად ეფიცხებოდა მზეს. მას არწივი დასტრიალებდა თავზე და ეტყობოდა, რომ მისი შეჭმა ეწადა.

ქვა სტყორცნა ნაბოლარამ არწივს და დააფრთხო. მადლობა გადაუხადა ხვლიკმა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო. ცარცოვან ტრამალზე, იურთების სიმდიდრის საძებნელადო, მიუგო ვაჟმა.

ურჩია ხვლიკმა, განსაცდელი გელის და გაბრუნდიო უკან, მაგრამ ნაბოლარას არაფრის გაგონება არ სურდა. მოიჭამა კუდი ხვლიკმა და მისცა ვაჟს, განსაცდელს რომ გადაეყრები, მიწაში ჩაჰფალ, ჩემი სახელი ახსენე და წამსვე გიხსნისო.

მადლობა გადაუხადა ვაჟმა და გზა განაგრძო.

შვიდი უღრანი ტყე გადალახა მან. ტყეში მელია შეამჩნია, რომელსაც გრძელი კუდი გახლართვოდა ჩირგვნარში. ტოტები გადაკაფა ყმაწვილმა და გაათავისუფლა მელია.

სული მოითქვა ცხოველმა, მადლობა გადაუხადა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო. ცარცოვან ტრამალზეო, მიუგო ვაჟმა. სცადა მისი შეჩერება მელიამ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ოქროსფერი ბეწვი გამოიძრო კუდიდან და მისცა ნაბოლარას, განსაცდელს რომ გადაეყრები, ეს ბალანი დაწვი, ჩემი სახელი ახსენე და უმალ გიხსნისო.

მადლობა შესწირა ვაჟმა, შვიდი მდინარის გზას დაადგა. მეშვიდე მდინარეს მიუახლოვდა და შორს ცარცოვანი ტრამალი მოჩანდა, როცა უცნაური ხმა შემოესმა. გაიხედა და რას ხედავს! წყლის ბოროტი სული, ნუკელაქი, ჩაჰფრენია ვიღაც ულამაზეს ქალიშვილს ლორწოვანი თითებით და მდინარეში დახრჩობას უპირებს. ეცა წამსვე ყმაწვილი, ეძიძგილავა ნუკელაქს, სანამ თავისივე ძვლის სატევარით არ გამოსჭრა ყელი.

სიხარულით ეამბორა თვალცრემლიანი ქალიშვილი მხსნელს ხელზე, მადლობა შესწირა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო.

ცარცოვანი ტრამალის იურთებისკენო, მიუგო ვაჟმა.

ეხვეწა და ემუდარა ქალი, არ წახვიდე, ნუ დაიღუპავ თავსო, მაგრამ საკუთარს ჯიუტად ადგა ყმაწვილი. ბოლოს ქალიშვილმა დალალი შეიჭრა, ვაჟს გადასცა და დაარიგა.

-ცარცოვან ტრამალს რომ მიადგები, გეგონება, რომ სულიერი არ ჭაჭანებს, მაგრამ არ მოსტყუვდე რამეთუ ტრამალისა ქვაც კი ცბიერია! იქვე აღმართულ გამხმარ ლეღვის ხეს დაინახავ. წკეპლა მოსტეხე და შეინახე. როგორც კი ტრამალზე დაყრილ საცხენე წივას დაინახავ, თვალები დახუჭე და არ გაახილო, სანამ ათას ნაბიჯს არ განვლი. გაცოფებულ ჭიხვინს გაიგონებ და შიშისაგან მუხლი მოგეკვეთება, მაგრამ ტოტი გადააწანი იმ მოჭიხვინე არსებას და შესძახე, განვედ სულო-თქო! იქ ადრე ქარავანი მოკვდა, ცხენთა სულები დაჰქრიან ტრამალზე და განძს იცავენ, თუ თვალებს გაახელ და ხმას არ გაიღებ, თავს მოგჭამენ. ჭიხვინი რომ მიწყდება, თვალი გაახილე. იურთებს დაინახავ, გარშემო უამრავი განძეულია. ხელი არაფერს ახლო. იურთათა შორს ულამაზეს, სისხლისფერთმიან ქალიშვილს დაინახავ. იგი გრძნეულია, ცდუნებას ეცდება, მაგრამ მის სიტყვებს ყური არ უგდო. მიდი და ჩემი დალალით მოჰგუდე. თუ ვერ უძლებ, ჩემი თმა შესჭამე, ჩემი სახელი ახსენე და მეც იქ გავჩნდებიო.

მადლობა გადაუხადა ვაჟმა და მიაშურა ტრამალს. როგორც ქალიშვილმა დაარიგა, გზის პირას გამხმარი ლეღვის ხე დალანდა, ტოტი მოსტეხა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, საცხენე წივა დაინახა, თვალები დახუჭა და ათასი ნაბიჯი გადადგა. ჭიხვინი შემოესმა, სულ ახლოს, მაგრამ თვალები არ გაუხელია, გადაჰკრა ტოტი არსებას და შესძახა, განვედ სულოო. ჭიხვინი გაწყდა და თვალები გაახილა ნაბოლარამ.

გარშემო ცარცოვან ტრამალზე უფრო თეთრი იურთები ბრწყინავდნენ, იქაურობა აურაცხელ სიმდიდრეს აევსო. ეწადა ვაჟს, რომ სწვდომოდა საგანძურს და ჯიბეები გამოეტენა, მაგრამ გაუძლო ცდუნებას.

იურთათა შორის კი, იჯდა განძით გარშემორტყმული, ულამაზესი ქალიშვილი. სისხლისფერი თმა ესხა თავზე, ასეთი სილამაზე ჯერ არ ეხილა ნაბოლარას. სტიროდა ქალი, შეემუდარა, ხელი მომეცი და აქედან წამიყვანე, სანამ ჩემი მცველნი გამოგეცხადენო.

მიუახლოვდა მას მისი მშვენიერებით მოჯადოებული ყმაწვილი, მაგრამ არ დასცალდა. ერთ-ერთი იურთიდან უზარმაზარი გველი გამოიჭრა და ვაჟს მიაშურა. დაფრთხა ყმაწვილი, მაგრამ ხვლიკის სიტყვა გაახსენდა, მისი კუდი დაჰფლა მიწაში და სახელი ახსენა. წამსვე უზარმაზარი ხე ამოიზარდა მიწიდან, იმოდენა სიგრძეზე აიშოლტა იგი, რომ მისი კენწერო ცას სწვდებოდა. ხე წამსვე აყვავილდა, მძაფრსურნელოვანი ყვავილები გაიფურჩქნენ. სურნელით რეტდასხმული გველი ხეს ააცოცდა და უსურვაზივით შემოეხვია.

მეორედ მიუახლოვდა ქალიშვილს ვაჟი, მაგრამ ანაზდად მეორე იურთიდან ცხრათავიანი ხარირემი გამოიჭრა, დაიბღავლა, ცხრა თავი დახარა და რქებზე აცმას უპირებდა ვაჟს. ვაჟი შეშინდა, მაგრამ ამჯერად მელიის სიტყვა გაახსენდა, მისი ბალანი ამოიღო, დასწვა და მისი სახელი ახსენა. დამწვარი ბეწვი ფენიქსად იქცა, რომელიც ჩხავილით დაატყდა თავს ცხრათავა ხარირემს, თვრამეტივე თვალი ამოჰკორტნა და როცა ხარირემი უკანმოუხედავად გაიქცა, უმალ დაიფერფლა.

მესამედ მიუახლოვდა ქალიშვილს ვაჟი. ქალიშვილი სტიროდა, ემუდარებოდა, მიხსენიო. ცდუნდებოდა ნაბოლარა, ამიტომ ამოიღო ყვითელთმიანი ქალიშვილის დალალი, შესჭამა და მისი სახელი ახსენა.

წამსვე გაჩნდა ყვითელთმიანი ქალიშვილი, იძრო წითელი ცული და თავი გააგდებინა განძში ჩაფლულ ქალს. ვაჟმა მას მადლობა შესწირა, განძი და მშვენიერი ქალიშვილი წამოიყვანა, იმ დღის მერე კი ბედნიერად ცხოვრობდა.“

ანაზდად გასწყვიტა სიტყვა ეირინმა, დადუმდა. სიჩუმეში ჩაიძირა პაწაწინა ქოხი, უადგილოსა და დამაყრუებელში, თითქოსდა სასტიკად ხელყვესო მეფისქალის ხმა.

ძლივძლივობით გამოერკვა ანდრეი, მონუსხულივით რომ შესცქეროდა ერქანთა დიაცს, მის გაშტერებულ, ალაპლაპებულ თვალებსა და ბრინჯაოსფერ კანს. რეტი დაესხა ანაზდად, იმდენად ჩაეფლო დიაცის მონაყოლში.

დუმილი უხეშად დაარღვია დედაკაცმა.

-ეგ ძალიან კარგი, – თავს აკანტურებდა სალომეა, – მაგრამ გავიკვირვე ფრიად, ნუთუ არ უწყი ერქანთა ზღაპრის ჭეშმარიტი დასასრული? ვიფიქრე, მე სულელმა, რაკი ერქანთა მეფისქალია, უწყის მეთქი…

ეირინი მთელი სხეულით დაიძაბა, თვალები გაუფართოვდა, წაუვიდა ფერფური. წარბშეკრული შეაცქერდა მას ანდრეი, თითქოსდა მოეჩვენა, თუ როგორ გაჰკრა შიშმა თვალებში.

-შენა, დიდო მგელო? – ანდრეის მოუბრუნდა დედაკაცი. – შენ რაღას მეტყვი? ნუთუ აქამდე არ იკმარე ამდენი არსების სიკვდილი? ნუთუ ჭეშმარიტი მეფე არ იმყოფინე?

ფეხს წამოვარდა თავზარდაცემული ანდრეი. კინაღამ სამფეხა სკამს წამოედო, ისრის ნატეხი მოუღირა სალომეას. ეირინი არ შენძრეულა, იჯდა და უსიტყვოდ შესცქეროდა დედაკაცს.

-რასაა რომ მეუბნები! – შეჰყვირა მეფისწულმა. – ვინა ხარ, წყეულო დიაცო!

-როცა სისხლისფერთმიან ქალიშვილს თავი გააგდებინა წითელი ცულით, მერე ვაჟს მოუბრუნდა მდინარის დიაცი! – შესძახა სალომეამ, ეირინს დაშტერებოდა დაჟინებით. –  და ალესილკბილებიან, ნუკელაქის დად, ოროუჟად იქცა. ოროუჟმა წითელი ცულით ვაჟს ყელი გამოსჭრა და ცარცოვანი ტრამალის იურთათა განძი თავისად დაისაკუთრა! დაიხსომე, დიაცო! დაიხსომე, თუმცაღა უნდა უწყოდე ეს…

ეირინი მხეცივით წამოვარდა. უმალ ისკუპა მან, ხელი ყელში ჰკრა სალომეას. გალურჯდა დედაკაცი, წაიფორხილა და დაიწყო ხრიალი. ანდრეისაკენ გაიხედა და მოეპოტინა, პირი დააღო ხარბად.

მის გამოწვდილ ხელს სტაცა თითები ანდრეიმ, ამაზრზენი ჭახანით გადაუწია და მაჯაში მოსტეხა. დედაკაცი ტკივილისაგან აყმუვლდა, მუხლთ დაემხო.

-ვინა ხარ?! – შეჰღრიალა მას გაცოფებულმა მეფისწულმა, მოტეხილი ხელი მაგრად შეარხია. აბღავლდა დედაკაცი. – ვინა ხარ მეთქი?!

-ბაბალ ქაანი მოკითხვას გიგზავნის, უწმინდურო ძაღლო… – ამოიხრიალა სალომეამ.

ყელიდან გაუგონარი, არაადამიანური ხმა ამოხდა მეფისწულს. წითელ-ყვითელმა გადაჰკრა ანდრეის, სუნთქვა შეეკრა, თითქოსდა გუდავენო.

მერე კი ისრის ნატეხი მოუქნია დედაკაცს, საფეთქელში გაუყარა, მერე კი ისე დაიხია უკან თითქოსდა უხსენებელს ეხებაო ხელი მისი.

წაიქცა სალომეა. ჩრჩილდაჭმულ ხის იატაკს ანთხევდა სიცოცხლის ალისფერს, თვალები ღია, თვითკმაყოფილი და ანგარებით აღსავსე დარჩენოდა.

-ბილწი, უწმინდური… – ჩურჩულებდა გაოგნებული ანდრეი, უკან დაიხია, ქანცგაწყვეტილი, გაოფლილი დაეშვა სამფეხა სკამზე. – ბილწი დედაკაცი…

იატაკზე გაწოლილ ნეშტს უმზერდა ეირინი, მალ-მალე კი გადაჰხედავდა ანდრეის. მეფისწულივით ფერი წასვლოდა მეფისქალს, ელდანაცემს ხელები უთრთოდა.

სული როგორც კი მოითქვა და სუნთქვა მკერდში ჩაიბრუნა, გვამი გარეთ გადაათრია და ჭაობის მყრალ წყლებში ჩაუძახა ეირინმა. მას დანაყილი ბალახით სავსე ფიალები მიაყოლა.

თვალს არ აშორებდა მას ანდრეი.

ცეცხლს მიეფიცხა ეირინი. მცირე ხნით უჩუმრად უმზერდნენ ერთმანეთს, თითქოსდა ერთიმეორის ფერწასულ, ელდანაცემ პირისახეს ეწერა მათ ახლად აღმოცენებულ კითხვათა პასუხნი.

-რად მითხარი, რომ პირი არაფრისათვის დამეკარებინა? – შეჰკითხა ანდრეიმ და დაარღვია მძიმე სიჩუმე. – შხამს გვაჭმევდა ეს წყეული?

-სურნელით შევიცან საწამლავ ბალახთა ნაზავი. – მიუგო მეფისქალმა. – ჩვენი მოკვლა ეწადა…

-არა, ცდები, დიაცო. შეჭმა ეწადა. – თქვა უცებ ანდრეიმ, ამ ალიაქოთში მიწაზე დავარდნილ ულაზათო დანაზე მიუთითა. – ტარი ადამიანის ძვლისაა.

არაფერი თქვა ეირინმა, დადუმდა, დანას ჩაშტერებოდა. ანდრეიმ ყურადღებით მოათვალიერა ქოხი, უმზერდა იგი აქამდე შეუმჩნეველ, ჭერზე მოქანავე მალათა აცმას, თაროზე ფიალებად შეწყობილ თავის ქალებს. სკამს, რომელზეც სალომეა ჩამომჯდარიყო, ძვლის ფეხნი ჰქონდა.

-საჩეხე ახსენა. – თქვა ანაზდად ანდრეიმ. – რაკი აქვეა საჩეხე, მაშასადამე ცხენთა გასასვლელიც იქნება…

-გავშორდეთ ამ წყეულ ადგილს. – წამოდგა მეფისქალი. – წყეულიმც იყოს ეს ქოხიც და მისი პატრონიც…

კედელს მიკრული მშრალი ხორცი ბოხჩაში გამოკრა ეირინმა, კელაპტარი მოხსნა, ცეცხლი წაუკიდა მას. ქოხს პაწაწინა უკანა კარი ჰქონდა, რომლის მიღმა, ხეთა სქელ ტევრში გაებათ დაწეწილი, დახავსებული თოკებისა და მომცრო ტოტებისაგან შეკრული ხიდი, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოსდა სადაცაა ჭაობთა მყრალ წყლებში დაინთქებაო.

ჯერ ეირინმა გადაკვეთა ხიდი, მას ანდრეი მიჰყვა. მათ ფეხქვეშ საეჭვოდ ჭრიალებდნენ ტოტნი, თითქოსდა მათი ღალატი და ჭაობთა წყალთათვის მინდობა ეწადათ. ნისლი დასწოლოდა არე-მარეს, თუმცაღა წინ მიმავალი, კელაპტრის მოკიაფე შუქი და ცეცხლის სინათლეზე აბრწყინებული, მთვარის სხივივით თმა მეფისქალისა უნათებდა გზას ანდრეის.

უამრავი მწერი ტრიალებდა და ბზუოდა გარშემო, ჩირაღდნის ჩახჩახა შუქი ეფინებოდა მათ, ლაპლაპა სხეულებზე ირეკლებოდა. თითქოსდა ცეცხლი მოსდებოდა თითოეულს, პაწაწინა ნაპერწკალთ ჩამოჰგავდნენ, ჰაერში რომ ენთო.

თითქოსდა ვარსკვლავთცვენას მიეტოვებინა ცა და საბურველად მოჰფენოდა მიწას.

მდუმარედ შესცქეროდა სანახაობას ანდრეი. ეირინის ჩირაღდანსა და ფერფლისფერ დალალებს გაუშტერა თვალი მან.

უწყოდა, რომ ვეღარასოდეს იხილავდა ამას.

კიდული ხიდის ბოლოს როგორც მიუახლოვდნენ, ჭიხვინი შემოესმათ. მოზრდილი კუნძული აღმართულიყო შუა ჭაობებში, მასზე წკნელებისაგან შეკრული მესრით შემოსაზღვრული საჩეხე წამოეჭიმათ. კელაპტრის მიახლოებაზე საჩეხეში შეგროვილი ბედაურნი წამოცვივდნენ, ფლოქვები დასცხეს მიწას, აჭიხვინდნენ გავეშებულნი.

განთიადის მხრიდან ფიცრებით შეკრული, ზორბა ხიდი ეკვროდა კუნძულს, ვეებერთელა ბოძებზე იდგა და ხეთა ტევრში იკარგებოდა, სადაც მას კელაპტრის თვალს ვერ მიაწვდენდი.

-აქედან გაჰყავდა და მოჰყავდა ბედაურნი. – ჩაილაპარაკა ანდრეიმ, გამოცდილი მხედრის თვალი შეავლო ცხენთ. – ველურებს იჭერდა, ათვინიერებდა და ამწყვდევდა აქ, მერე კი ალბათ გაჰყავდა სავაჭროდ…

-არ უნდა მოგვეკლა ის წყეული დედაკაცი. – თქვა ანაზდად ეირინმა, კელაპტრის შუქზე ათვალიერებდა ფეხმაგარ ცხენთა მოვლილ ბეწვს, ავად მომზირალ, გამჭრიახ თვალებსა და მოღერებულ ყელებს.

-რაო? – მოუბრუნდა მოქუფრული ანდრეი. – ამ ჭაობებმა საღი გონი გამოგწოვეს, გრძნეულო დედაკაცო? ნუთუ გსურდა იმ წყეულ დიაცს ყელში გაჩხეროდი?

-ბედაურთ ვინღა მოუვლის… – ჩუმად ჩაილაპარაკა ეირინმა, თითქოსდა თავისთვის. ხელი გაიწვდინა, მესერთან მოახლოებულ, გაბედულ თაფლას მოუთათუნა ცხვირზე.

უცქირა ანდრეიმ. გაუკრთა ბაგე, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.

მეფისქალმა თაფლა გამოიყვანა საჩეხედან, მეფისწულმა კი რუხ ქურანს დაადგა თვალი. მესერს მოხეული საბელები ჩააბეს ცხენებს და დაადგნენ ხიდს.

სამჯერ ამოვიდა და ჩავიდა მზე, სამჯერ ჩაიმალა ჭაობის ხეთა ტევრის მიღმა ვარსკვლავთა ჩახჩახი და მთვარის ციალი, სანამ გადაჰკვეთდნენ უელჰამის თვალუწვდენელ ჭაობებს.

ჭაობთა მიღმა მდინარის მომცრო შენაკადის გადალახვა მოუხდათ, რომელსაც სისხლივით წითელი ქვები ჩაჰფენოდა ფსკერზე. მის მიღმა კი კლდოვანი ტრამალი გადაიჭიმა.

გაუსაძლისად აცხუნებდა მზე. უელჰამის ჭაობნი ცივი და ღამით ალაგ-ალაგ დაჭირხლულნიც კი იყვნენ, ტრამალს კი ვერ მისწვდენოდა მეათე მთვარის ყინულოვანი სუნთქვა, მხოლოდ და მხოლოდ დღის მხევლის სითბოთი საზრდოობდა. მზის გულზე გამოფენილიყვნენ ხვლიკები და სიცხის მოყვარული მწერნი თუ ქვეწარმავალნი, ოხშივარადენილ ქვებზე მიწოლილნი ეფიცხებოდნენ მზეს, ალაგ-ალაგ უადგილოდ ამოჩრილ, ყვითელ ბალახებს ჰგლეჯდნენ და კლდოვან ფუღუროთა წიაღში იბუდებდნენ.

იწვოდა ანდრეი. ძალზედ გაუჭირდა დაჭრილს კლდოვან ტრამალზე მგზავრობა. ეირინის მიერ წამოღებული გამხმარი ხორცი ორი მზის მიწურვისას შემოეფრცქვნათ ხელთ, მაგრამ წყურვილი უხუთავდათ სულს. ამბობდა ერქანთა დიაცი, სებიანთა სამფლობელოსთან მიახლოებისას ნაყოფიერი მიწები და უამრავი წყაროაო, თუმცაღა სებიანთა სამფლობელოს ნატამალიც კი არ სჩანდა თვალსაწიერში.

თაფლასა და ქურანზე ამხედრებულიყვნენ მოგზაურნი. ცქვიტი იყო ანდრეის სისხლისფერი ქურანი, ყოჩაღი და ფეხმაგარი, გონს გაივლებდა ხოლმე მეფისწული დანანებით, დაჭრილი რომ არ ვყოფილიყავ, ჩიტივით გავფრინდებოდიო. მაგრამ მხოლოდ ჩორთით შეეძლო ანდრეის მოუსვენარი ქურანის გარეკვა, რათა სასტიკად მტკივანი ჭრილობები არ გადახსნოდა.

დაუსრულებლად აცხუნებდა მზე, გახურებული ტრამალი ღამეც კი ოხშივარს უშვებდა, და დაუსრულებლად მიდიოდნენ დამაშვრალნი.

მესამე მზის მიწურულს, რუხმა ჩრდილმა გადაუარა ცას, კამარა შეკრა, მოგზაურთ ჩაუწუილა ყურისძირთან. გაჭირვებით გამოერკვა სიცხისა და უწყლობისაგან რეტდასხმული, ტუჩებდახეთქილი მეფისწული, აჰხედა ცას.

ირაო შემოჰხაზა მათ თავზე ვეებერთელა ფრინველმა, ააფართხალა ფრთები, ბუღი აუდინა ჰაერს.

ლანდთა სამყაროდან გამოქცეული აჩრდილივით შავი იყო ყორანი. გონიერი თვალებით დაჰყურებდა მათ. ანდრეის გამოწვდილ წინამკლავს ჩაეჭიდა ბასრი კლანჭებით, სისხლი დაადინა.

შეაყოვნა თაფლა ეირინმა, სისხლისფერ ქურანს გაუსწორა, შეჰყურებდა, თუ როგორ შემოხსნა ანდრეიმ ვეებერთელა ყორანს ფეხზე მიმაგრებული ბარათი. ყორანმა გონიერი მზერა მიაპყრო ერქანთა დიაცს, ფერფლისფერ დალალებზე წაუნისკარტა.

თაფლაზე გადახრილმა ეირინმა კი უმალ ჩაიკითხა ბარათი.

„ჩემო თვალისჩინო, ჩემო ერთადერთო ვაჟო! განსაცდელი მოგვადგა კარს მგლებს, ქოფაკნი სჩანან ვოლფრამთა სასახლეში. შენი სიკვდილი სწადია უალდჰარის თავად გენრის, ოქროსა და განდიდებას დახარბებულნი მოუსყიდია წყეულს!

თავადი გენრი ყველგანაა, ჩემო თვალისჩინო, უფრთხილდი, რამეთუ შენი ამბავი არ მივიდეს მის ყურამდე… გული ცუდს მიგრძნობს, შენი მოკვდინება სწადია, ამიტომ ათასი ყური და ათასი თვალი გამოისხი, რათა არ წაგისწროს წყეულმა ქოფაკმა! არავის ენდო, სამალავის საბურავი მოისხი და უჩუმრად განვლე გზა სრორდამდე, მოკავშირეთა მეფეთ ეახლე, იქნებ დახმარების ხელი გამოგიწოდონ!

ღმერთთა ღმერთი ალიჰა გფარავდეს. ეს წერილი დასწვი.

მგელი იყავ, და მგლის შიში გქონდეს.

შენი მოსიყვარულე მამა და მეფე სოლომონი.“

ცახცახებდა მეფისწული. ცოფის ფითრი მოაწვა მის სახეს, უწყლობისაგან ჩაცვენილი თვალები ჩაუსისხლდა.

-თავადი გენრი… – კბილთა შორს გამოსცრა მან. – ოჰ, წყეულო! მლიქვნელი, გველი მოღალატე!

-გვირგვინს წაგრტაცებენ, სრორდელო. – ჩაილაპარაკა ერქანთა დიაცმა. მწყრალად გადახედა მეფისწულმა მას, წერილი მოკუჭა და შენთქა.

-გადატრიალება ელის სრორდს. – ამოიხრიალა მან. – ტახტის წყურვილი მოევია წყეულ თავადს უალდჰარისა…

მერე კი შემოჰკრა ქუსლები ქურანს. თავისუფლება იგრძნო დამაშვრალმა სისხლისფერმა ულაყმა, დაიჭიხვინა მხიარულად და კლდოვან ტრამალზე გაიჭრა. ნაპერწკლებს ყრიდნენ ცხენის ფლოქვები და განრისხებული მეფისწულის თვალები, რომელიც იქედნიდა ჩუმად მოღალატის მოკვლას.

მიაქროლებდა ბედაურს ანდრეი, მოაგელვებდა მის გვერდით თაფლას ეირინი და მკლავიდან აფრენილი ყორანი კამარას ჰკრავდა მათ თავზე.

სებიანთა სამფლობელო ახლოვდებოდა.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ოცი მზის სავალზე კი, ამფაკართა საგვარეულო სასახლეში, ვივიენ ქალის ოთახებს მიაშურა არაქათგამოცლილმა მორგანამ. ამფაკართა მეფისქალის დერეფანში გამაგრებულიყვნენ გუშაგნი, რომელთაც მორგანას დანახვისას აღიღეს იარაღი და თავი დაუკრეს, მოახსენეს, ვივიენ ქალი მთელ მზეს განცხრომასა და მოსვენებაში ატარებსო.

ღვარძლი აუგროვდა მკერდში მორგანას, როცა დერეფანს დაუყვა და მომავალ დედოფალთან შესახვედრად დამტვერილი, ჭუჭყიანი მოსასხამი და ტუნიკა შეისწორა. უწყოდა მორგანამ, რომ ვივიენ ქალი მისნაირ დაფეხვილ სტუმართ არ იღებდა, მეფისქალთან შეხვედრას მუდამ წინ უსწრებდა თავით ფეხამდე განბანვა და ოქროთი მოსირმული ჩითით შემოსვა, მაგრამ ვერ შეჰბედავდნენ ამას ვივიენ ქალის დას, თუმცაღა ნაბიჭვარი იყო იგი.

კარებთან გამაგრებულ მცველთ შეეგება მორგანა, მოახსენა, ვივიენ ქალის სანახავად მოვსულვარო.

რიდითა და მოწიწებით მიუკაკუნა ერთმა ბუმბერაზმა ოთახების კარს, მცირე ჟამს ელოდა და მხოლოდ მაშინღა შეაღო, როცა ვივიენ ქალის წკრიალა ხმა გაისმა, რა გაგჭირვებიათო.

დაგუდულად ლაპარაკობდნენ ისინი, რის შემდეგაც გამოეგება მცველი და თავი დაუკრა, გიხმობთო მეფისქალი.

უყოყმანოდ შეაბიჯა მორგანამ.

მოსასვენებელ ოთახში, ძვირფას ბეწვ-ბუმბულთ მისწოლოდა ვივიენ ქალი. ოქროთი მოვარაყებული სავარძლის გვერდით ამფაკართა საუკეთესო ოსტატის მიერ მოჩუქურთმებული მომცრო მაგიდა ედგა, რომლიდანაც ლოყაწითელა ვაშლი აიტაცა ვივიენმა, ქათქათა კბილები ჩაასო და ბალახისფერი თვალები გააკვესა, როცა მორგანას მიაბჯინა მზერა.

მზერით არ უპასუხია მორგანას. ფანჯრების მინებს გამოპარულ, მომაკვდავ მზის სხივებს უცქირა, მერე კი საძინებელი ოთახისაკენ გამავალ მაღალ, წითელი კაკლის კარს მიუტრიალა მზერა, რომელზეც კუდგაშლილი ფარშევანგის ჩუქურთმა იწონებდა თავს.

-მომიტევეთ, დიადო დაო. – თავი მოუდრიკა მან ვივიენ ქალს, მზერით განგმირა აბრეშუმში გამოხვეული გამოკვართული სხეული. – რამეთუ ენით აღუწერელ სიამოვნებას მოგტაცეთ.

ვივიენმა გადაიკისკისა. ვაშლი მაგიდაზე გადადო და წამოიწია, აწეწილი წითური კულულები გაისწორა.

-შენს გამჭრიახ თვალს არაფერი გამოეპარება, დაო. – მიუგო მან. – კეთილი იყოს შენი ფეხი! მაშ? რა ამბავი მოგაქვს? სადაა ტრიქსე, მეზღვაურნი, ბამბა-ბუმბული?

-რაოდენ გულმოწყალე ხართ, დიადო დაო. – თქვა მორგანამ. – მომიტევეთ, რომ ამას გაუწყებთ, მაგრამ ტრიქსე ცოცხლებში აღარ სწერია, განსვენდა და მიებარა ღმერთებს.

ბაგეს ხელი მიიდო ვივიენმა, თვალები უბრწყინავდა.

-რაოდენ საწუხარი ამბავია! – წაიწუწუნა მან, გადაშოლტილი წარბები შეჰკრა, ვითომდა ჭეშმარიტად სწუხდა, მაგრამ თვალებში ანთებული სიხარული გასცემდა. – ბევრის მნახველი იყო ეგ ბედკრული ვაჭარი, ვფიქრობდი, იქნებ მცირე ჟამს გაგიძლოს მეთქი…

-კვლავ საწუხარი ამბავი მაქვს, დიადო დაო. – სიტყვა გააწყვეტინა მორგანამ, სათქმელის ამოთქმის სურვილით იწვოდა. – ფრიად საწუხარი.

უკმაყოფილებამ მოიცვა ვივიენ ქალის თეთრყირმიზი პირისახე, არ ეამა მეფისქალს, რომ პირში ჩასჩარეს სიტყვა, მაგრამ წამოიწია, ხელი აუქნია მორგანას, ისაუბრეო.

-ბაჰირა აიღო სრორდელთა ურდომ. – თქვა მორგანამ.

წარბები აზიდა ვივიენმა. ცნობისმოყვარეობა გამოეხატა მზერაში.

-ბაჰირას წაეპოტინა და მოიგდო სრორდელთა ბატონმა? – თქვა მან. – ნუთუ ესოდენ სასოწარკვეთილი და ბრალიანია იგი, რომ სიცოცხლეს სასწორზე აგდებს? გაგიკვირდება, დაო, მაგრამ მაოცებს სრორდელი მგელი!

მუხლი იპყრო ნახევარდის წინაშე მორგანამ.

-მეფისწული ანდრეი უცხო მოღალატისა და ისკერიის თავადი ატავესის ხელით განიგმირა ბაჰირადან ორი ყივილის სავალზე, ხუთი მზის წინ, დიადო დაო. – თქვა მან, გამომცდელად უცქერდა მეფისქალს.

ნაკვთი არ შესტოკებია პირისახეზე ვივიენ ქალს, მხოლოდ ხელი მოემუშტა, გადაუფითრდა თითები.

მერე კი გადაიხარხარა. ხმამაღლა, უხეშად, დაცინვის ელფერი დაჰკრავდა ზედ.

-სანამ მის ნეშტს არ ვიხილავ, არა მჯერა. – განაცხადა მან. – მას სიკვდილი არ უწერია! მისი ვარსკვლავნი არ სწერენ ამას… მას სიცოცხლე უწერია, სიცოცხლე ჩემთან! იგი ჰასსეს არ ჩამოჰგავს, ვისი ბედისწერაც მუდამ სიკვდილი იყო!

-ნუთუ კვლავ გჯერათ, დიადო დაო? – თვალი გაუსწორა მორგანამ. – ჩემი თვალით ვიხილე, თუ როგორ განგმირეს იგი მკერდში და როგორ დაინთქა ავლატის მთების აზვირთებული, ბობოქარი წმინდა წყლის წიაღში! უკანასკნელი ვოლფრამი ღმერთებს ეახლა… იმ წყეული ბაბალ ქაანის რწმენა გაქვთ, დიადო დაო?

-ძიძას ნუ მოიხსენიებ ასე. – მიუსისინა ვივიენმა, ბალახისფერი თვალები ანთებოდა. – რამეთუ ყოველივე ესმის, ყოველივეს ჰხედავს, ყოველივე იცის! ყველგან თვალნი და ყურნი აქვს! ნუთუ სიმართლისათვის უნდა დაისაჯოს იგი?

თავი მოიდრიკა მორგანამ, არარა თქვა რა. უწყოდა, რომ მცდელობათა მიუხედავად, ვივიენ ქალის ერთგულებას მისი განუყრელი ძიძის მიმართ, რომელიც სასახლის მეზობელ ფრთაში, განცხრომას მიცემული განისვენებდა, ვერაფრით შეარყევდა.

-წარვედ! – ხელი აუქნია ვივიენმა. – სიტყვა არ დაძრა ამის შესახებ… ვიხილოთ, თუ ვინ წამოჰყოფს პირველი თავს, ვის სურს ჩემი საბედოს სიკვდილი…

თავი დაუკრა მორგანამ, ავი მზერა სტყორცნა ნახევარდას და დასტოვა ოთახი.

მაგრამ ვივიენ ქალი მას აღარ უმზერდა. ლოყაწითელა ვაშლებს უცქერდა იგი, წარბი შეჰკვროდა და გამალებით ფიქრობდა.

ფიქრობდა იგი, თუ როგორ ეპოვნა უკანასკნელი ვოლფრამი, რომლის სიკვდილისაც არ სჯეროდა.

.

.

.

-*-*-*-11-*-*-*-

თეთრი წუხილი ჩამოსწოლოდა სრორდის დედაქალაქ ბელთათინს, მეთორმეტე მთვარის ერთ სუსხიან მზეს. ცას კოპები შეჰკვროდა, მუქ ნაცრისფერ ღრუბელთ დაეფარათ იგი, დღის მხევლის ნაპერწკალიც კი ვერ აღწევდა მიწამდე, სუსხსა და ჭირხლს მოეცვა ჰაერი. სტიროდა ცა, სითბო წართმეოდა და გაყინული ცრემლებით გლოვობდა.

თითქოსდა ეხმაურებაო ზეცას, ფითრისფერი კოცნა სიკვდილისა დასდებოდა ბელთათინს. მუდამ სიცოცხლით სავსე ქალაქი თითქოსდა გამოეშიგნათ, ვითარცა შესაწვავად სამზადი საკლავი, სისხლი აღარ მოჩქეფდა მის ძარღვებში. ქუჩებში მოციმციმე სინათლენი, გამყიდველთა მხიარული შეძახილები, ფერად-ფერადი ბამბა-მარმაში, ქათამთა კრიახი ჰაერს შეერია და გაქრაო თითქოს, შავი ქსოვილი გადმოჰკიდებოდა ფანჯარათა მინებს.

მაგრამ იმ გაუსაძლის, გამაყრუებელ სიჩუმეს, თოვლსა და ჩამკვდარ, უსიცოცხლო დედაქალაქს რომ სდევდა თან და სულს უხუთავდა ყოველ სულიერს, შემზარავი გოდება ჰკვეთდა. სულისშემძვრელი იყო იგი, უთვალავი ადამიანის სულიდან ამოხეთქილი, გულწრფელი და ცრემლისმომგვრელი. სასახლესთან შეჰკრებილიყვნენ მგოდებელნი, ზეთისხილის გამხმარ რტოებს ჰყრიდნენ ალისფერი ქსოვილით დაფარულ, მოკირწყლულ მიწაზე, რათა თოვლს არ დაეფარა ისინი, ჰგოდებდნენ და აცილებდნენ გარდაცვლილის სულს, რათა ღმერთებამდე მშვიდობიანად ემგზავრა მას.

ვოლფრამთა სასახლის კოშკიდან გადმოჰყურებდა მგოდებელთ თექვსმეტი ზამთრის მეფისწული ანდრეი. წარბები შეეკრა მას, ბალღური სისავსე ჰფარავდა მამაკაცურ ნაკვთებს, და შეუღერებელი ყმაწვილკაცის ღინღლი მოსდებოდა მის ყბებს.

თუმცაღა ბალღობის ნატამალი არ ედო მის პირისახესა და თვალებს. თავით ფეხამდე თალხით შემოსილ ანდრეის განუზომელი ტკივილი ჩასდგომოდა გამშრალ, ჩასისხლულ თვალებში. გადაჰყურებდა იგი ბელთათინის მცხოვრებთ, რომლებიც მოწიწებითა და წუხილით აცილებდნენ მეფე სოლომონისა და დედოფალი კიდას აწ უკვე მეორე გარდაცვლილ ქალიშვილს, ოცდაერთი ზამთრის მეფისქალ ელისაბედს.

თვალს ხელი მიიფარა ანდრეიმ, როცა იგრძნო ცრემლთა მოწოლა, ბაგე და ნიკაპი აუთრთოლდა.

შეცბა იგი, როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო. სასწრაფოდ მოიწმინდა მოღალატე, კაეშნით აღსავსე თვალები და აჰხედა ძმას.

ოცდასამი ზამთრის ჰასსე დაჰყურებდა ზემოდან. დაჰკარგვოდა მომავალ მეფეს ბალღური სისავსე ლოყებისა, მხოლოდღა ახალგაზრდა მამაკაცის გამოკვართული, თლილი ნაკვთებიღა დარჩენოდა მის პირისახეს. მაღალი იყო ჰასსე, ბრგე და მხარგანიერი, უნაკლო მხედარი და მეომარი, სრორდის თვალისჩინი.

მაგრამ თითქოსდა მხრებში მოხრილიყო, მოტეხილიყო იგი. ფერფური წასვლოდა, თვალები ჩასცვენოდა მგლოვიარე ძმას.

თითები მოუჭირა მან ანდრეის მხარზე, თავზე მამურად გადაუსვა ხელი.

-აქ რად გაჩერებულხარ, ანდრეი? – შეჰკითხა ძმას. – ნუთუ არ გსურს ელისაბედის სულს გაუძღვე მის ბოლო გზაზე?

-ელისაბედი მოკვდა, ჰასსე. – მიუგო ანდრეიმ. ღვარძლი და ბრაზი ჰფარავდა მის ხმას. – ვეღარსად გავაცილებ მას, რადგან მკვდარია იგი.

-მკვდარია იგი, და ცივი მიწა შესჭამს მის სხეულს მალე, – ხმა უთრთოდა ჰასსეს, თვალები გადაგლესოდა. – მაგრამ იგი კვლავ ჩვენი დაა, ანდრეი, და მუდამ იქნება.

-ჩვენი და აღარ არის! – შეჰყვირა ანდრეიმ, ხმა გაუტყდა. – ჰოი ღმერთებო! რა შეგცოდეთ ასეთი ვოლფრამთა მოდგმამ?! ჯერ კონსტანცი წაიყვანეს მათ, ნუთუ არ იმყოფინეს იგი? ახლა კი ელისაბედი!

შედრკა ჰასსე. ნაკვთები მოეღრიცა, ნაცრისფერი დასდო მის პირისახეს ძმის სიტყვებმა.

-საკმარისია, ანდრეი. – მკაცრად გამოსცრა მან კბილთა შორის. – შეგთხოვ, მცირეოდენი პატივისცემა გამოიჩინე…

-მიცვალებული პატივისცემას არ საჭიროებს, ჰასსე! – შესძახა მეფისწულმა. – მიცვალებული ლეშია მხოლოდ და აღარაფერს საჭიროებს!

-ხმა გაკმინდე! და დაფიქრდი, თუ რას კადრულობს შენი ბაგე!  – იბღავლა ჰასსემ, თვალები დაუბრიალა ძმას. – როგორ მოიხსენიებ ჩვენს დას, ანდრეი?! ნუთუ იმსახურებს ელისაბედი, რომ ლეში უწოდო მის სხეულს, სხეულს, რომლითაც იგი იღიმოდა, სუნთქავდა, სითბოსა და მზრუნველობას გჩუქნიდა?!

ნაკვთები დაეღრიჯა ანდრეის. ბაგე უთრთოდა, შორს მომზირალი თვალები კი, მხოლოდ სუსხსა და სიცივეს რომ დაესადგურებინა მათში, თითქოსდა გადაეჭირხლაო, გაუქვავდა, ამოუშრა.

-შენ ხარ დამნაშავე, რომ მიიცვალა იგი. – თქვა მან ანაზდად.

ისე შედრკა ჰასსე, თითქოს სილა გააწნესო. წარბები შეჰკრა მომავალმა მეფემ, ანდრეის დაჟინებით ჩასცქეროდა თვალებში.

-რასაა რომ ამბობ, ანდრეი? – გამომცდელად წაიჩურჩულა მან. – ნუთუ ასე უტიფრად დამწამებ ცილს…

-შენ უწყოდი! – შეჰღრიალა ანდრეიმ, გამწარებულმა შეჰკრა მუშტები და შეუბღვირა ძმას. – უწყოდი, რომ სხეულის ცდუნებას აჰყვა იგი, რომ დიაცური გრძნობის ალში გადაეშვა! და ვისთან! ვისთან მეთქი?!

-ხმა გაკმინდე… – ნახშირივით შავი თვალები გააკვესა ჰასსემ, მაგრამ არ შეეპუა ანდრეი, მისი მომავალი მეფისა და უფროსი ძმის წინაშე არ დახარა მზერა.

-ვისთან და იმ წყეულ, ვიღაც მდაბალ და ბინძურ მეჯინიბესთან! – შესძახა გაავებულმა. – იმდენად მონუსხა ჩვენი და, რომ ახალი სიცოცხლე შეჰქმნა იმ წყეულმა მასში! ასე დაისაჯა იგი, აღარც იმ ბავშვს უდგას მკერდში სუნთქვა და არც მას!

მხრებში სტაცა ჰასსემ ძმას ხელები, მძლავრად შეანჯღრია, შლეგივით შეჰყურებდა.

-ანდრეი! – შეჰღრიალა მან. – რასაა რომ ამბობ?! როგორ გიტრიალდება ენა ამ საზიზღარ სიტყვათა სათქმელად? არაფერიც არ უწყი!

-მე ვუწყოდი! – გაიბრძოლა მეფისწულმა. – მე გაფრთხილებდი, მაგრამ ყურად არ იღე ჩემი გაფრთხილება! ელისაბედს მხოლოდ შენი სჯეროდა, მხოლოდ შენ ძალგიძდა მისი გამოფხიზლება იმ წყეული ბურანისაგან, იმ საზიზღარმა მეჯინიბემ რომ მოახვია თავს…

-მე უძლური ვიყავი! მეფე არაფერია გულის წინაშე! – შესძახა ჰასსემ. – წადილიც არ მქონია ჩავრეოდი… ელისაბედსა და მის გულისსწორს თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი…

-უყვარდათ?! – სიტყვა გადმოაფურთხა ანდრეიმ. – მაშ სადაა მათი სიყვარული?! სიცრუე გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ იგი, კვირტშივე მოსასპობი, მას გაფურჩქნა, ფრთათა შესხმა არ ეწერა! სიყვარულმა მოაკვდინა ჩვენი და, ჰასსე, შენ შეგეძლო სიკვდილს გადაგერჩინა იგი, მაგრამ არჩიე სეირი გეხილა გვერდიდან…

ხმა არ ამოიღო ჰასსემ. იდგა მომავალი მეფე, ფერწასული, თვალებჩაცვენილი, მზერაჩამკვდარი და უსუსური სიმშვიდით უსმენდა ძმას.

სულისშემხუთველი, უძრავი და ქვითკირივით მძიმე იყო ჰაერი, რომელსაც მხოლოდ გარედან მომავალი საყოველთაო გოდება ჰკვეთდა.

-შეშლილს ჩამოჰგავხარ, ანდრეი. – თქვა მან. – ბაბალ ქაანის სიტყვანი მესმის შენი ბაგეთაგან. რაოდენ მოგწამლა მაგ წყეულმა გველმა…

-გეყოს! – შეჰღრიალა ანდრეიმ. – საკმარისია! მუდამ ერთსა და იმავეს გაიძახი! ნუთუ ვერ ხვდები, ჰასსე, რომ ეს აზრები სწორედაც რომ ჩემია?! ბაბალ ქაანს სიტყვა არ დაუძრავს ელისაბედის სიკვდილზე!

-მის სიცოცხლეზე ბევრს საუბრობდა იგი. – კბილთა შორის გამოსცრა ჰასსემ. – დრო მოვა, ანდრეი, და ჩემი შიშველი ხელებით მოვაკვდინებ.

წამოწითლდა ანდრეი, თვალები ჩაუსისხლდა გაცოფებულს. ხელი აღმართა მეფისწულმა ჭეშმარიტი მემკვიდრის წინაშე.

-ძმათა შუღლის დროც მოსულა!  – შესძახეს გვერდიდან და ანაზდად გაქვავდა ანდრეი, აღმართული ხელი მოზიდული მშვილდივით შერჩა და შეეყინა სუსხიან ჰაერს. მიბრუნდა იგი, კოშკის ქვის თაღის ქვეშ გამოჭიმულ თადეოსს ჰკიდა თვალი. – რასა იქმთ? ნუთუ სხვა დროს ვერ კინკლაობთ?

-წარვედ! – შესძახა ჰასსემ. – წარვედ, თადეოს, ელისაბედს უპატრონე…

თადეოსმა გადაიხარხარა. მოულოდნელი და შემზარავად ხმამაღალი იყო მისი სიცილი, თითქოსდა თითოეული ბგერა სათითაოდ ეხლებოდა ქვის კედელთ, სხლტებოდა, ვითარცა მთელი ძალით მოქნეული მახვილი მახვილზე, რომლებიც ღრჭიალებდნენ ყურისწამღებად.

-სად წავიდე, ჰასსე? – კბილთა შორის გამოსცრა მან. ოცი ზამთრისა იყო თადეოსი მხოლოდ, მაგრამ უმალ დაუნაოჭდა სახე, ნაკვთები დაეღრიჯა, ვითარცა ასი ზამთრის ბებერი იდგა მათ წინაშე. – ელისაბედთან? როგორი პირით ვეახლო მას, მაუწყე, როცა თქვენი ნალაპარაკევი ყურთა შორს მირეკს! მეჯინიბე?! ვიღაც მეჯინიბე?! ნუთუ უხსენებელი შეჰკადრა ელისაბედს, მონუსხა და გარყვნა, გაუგონარი სითავხედე ჩაიდინა?! მან მოჰკლა იგი! – შეჰღრიალა მან და მოსასხამის კალთა გადააფრიალა, წელზე შემორტყმული მახვილის ვადაზე გაივლო ხელი.

გაფითრდა ჰასსე. ბაგე აუთრთოლდა.

-ნუთუ მრისხანება მოგერია, თადეოს? – წარბები აზიდა ანდრეიმ, ულმობელი მზერით შესცქეროდა ძმას. – ახლაღა უკვე გვიანია შენი სისხლისა და ხორცისაკენ გამოხედვა! წარვედ, მიეძალე შენს სასმელსა და ხარჭებს!

-ანდრეი! – იფეთქა ჰასსემ. – ხმა გაკმინდე!

სახე წამოუჭარხლდა თადეოსს, თვალებმა ნაპერწკლები გაჰყარეს.

-სახელი მაუწყე მისი. – გაჭირვებით ამოთქვა მან. – მოვკლავ. ვამხელ, ყველას წინაშე გამოვიწვევ და მოვკლავ.

უმალვე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ძლივს შეინძრა გაქვავებული ჰასსე, ძმას მოუბრუნდა, დააშტერდა გაოგნებული.

-თადეოს, შეიშალე?! – შესძახა მან. – რად…

-ვალერიანი. – თქვა ანაზდად ანდრეიმ, სიტყვა გააწყვეტინა ძმას. თადეოსს გამომცდელად ჩაჰყურებდა თვალებში იგი, იწვევდა, მოლოდინით აღსავსე გახლდათ მისი მზერა. – კაცი ხარ, თადეოს? შეასრულე შენი მუქარა!

შემზარავმა ღიმილმა მოუღრიცა ბაგე თადეოსს. მახვილი იძრო ქარქაშიდან, პირი იბრუნა და კისრისტეხით დაეშვა კოშკის კიბეებზე.

წამსვე უკან აედევნა ჰასსე, მას ანდრეი მიჰყვა. გასძახოდა მომავალი მეფე, ღრიალებდა, ემუდარებოდა ძმას, შეჩერდი, დაიღუპავ თავსო, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავდა თადეოსი.

მიჰქროდნენ სასახლეში მოღრიალე ძმები, გადაფითრებულ თადეოსს ხელში მახვილი აღეღო და იპობოდნენ მათ წინაშე თავდახრილი, შემცბარი მსახურნი.

სასახლის ბჭენი შეგლიჯეს მცველებმა, როცა მეფისწული თადეოსი მოუახლოვდათ, მოიდრიკეს ქედი, თუმცაღა გაოგნებულნი შესცქეროდნენ მრისხანებისაგან სახეწაშლილ ძმებს, ერთმანეთს რომ მიჰყვებოდნენ.

კიბის საფეხურნი ჩაათავა თადეოსმა, შეჩერდა, სადაც მოკირწყლულ გზას ჰფარავდა ალისფერი ქსოვილი, მასზე გაფენილი ზეთისხილის რტოებით. გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყო უთვალავი ადამიანი, თავადნი თუ უბრალო მსახურნი, სასახლის კარიბჭის მიღმა გრძელდებოდა უწყვეტი მწკრივი, გოდებდნენ ისინი და ღმერთებს ავედრებდნენ მეფისქალის სულს.

ელისაბედი კი, ჯერ კიდევ ბალღი, მიცვალებული ელისაბედი, წითელ სუდარაში გამოეხვიათ. ძვირფას, აკაციის ხის კვარცხლბეკზე ესვენა მისი ნეშტი, აბრეშუმს, ზეთისხილის რტოთა და ძვირფასეულობათა შორის ჩაფლული. პირადი მცველნი, რომლებიც ბავშვობიდან იცავდნენ, შემორტყმოდნენ მიცვალებულს გარშემო, შუბები აეშვირათ, თავიდან ფეხამდე შეიარაღებულთ. განაცრისფერებულიყვნენ ისინი, ერთი კი, ხანშიშესული, ვეებერთელა წვეროსანი მამაკაცი, სტიროდა გულამოსკვნით, სამგლოვიარო სიმღერას გაჭირვებით აყოლებდა ჩახლეჩილ ხმას.

„ინებეთ უმწიკვლო სული, ინებეთ ზვარაკი, ინებეთ მსხვერპლი, ღმერთებო… ინებეთ, ვითარცა თქვენ გენებოთ…“

ნეშტს მიუახლოვდა თადეოსი. თლილი, ძვირფასი მინის თაღი ჰფარავდა ელისაბედის თავს, ნაზად ეფინებოდა ზედ თოვლი. თვალები დაეხუჭა მეფისქალს, სრორდის მშვენების შავი წამწამები მოლურჯო ლოყებზე ეფინნენ. გაცრეცილ ტუჩებზე დაფქული წითელი ქვა წაეცხოთ მისთვის, ყორნის ფრთასავით მუქ თმაში ოქროულობა ებნია. მშვიდი, უაღრესად მშვიდი და უმშვენიერესი ჩანდა იგი სიკვდილში.

სახე მოემანჭა თადეოსს.

სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მას ჰასსე, უჩურჩულა, ნუ იზამო ამას. ხელი გაჰკრა, მოიშორა იგი თადეოსმა.

არ გამოჰპარვიათ გარშემომყოფთ მეფისწულისა და მომავალი მემკვიდრის უცაბედი გამოჩენა და საეჭვო საქციელი. თავადნი ცალი თვალით იმზირებოდნენ მათკენ, მათი ბიძა გიუნტერი, ხელდაკრეფით, ყურადღებით ადევნებდა მათ თვალს.

-ვალერიან! – შესძახა ანაზდად თადეოსმა, ჰასსე ერთი ხელის გაქნევით მოიცილა და მახვილმომარჯვებულმა გაცოფებული თვალები მოავლო არე-მარეს. – მეჯინიბევ, მდაბალო, ყეყეჩო სულო, ვალერიან! მეახლე!

იმდენად ხმამაღალი და მრისხანებით აღსავსე იყო მისი შეძახილი, რომ შეცბნენ გარშემომყოფნი. გოდება ახლო-მახლოს მიჩუმდა, ღიად უცქერდნენ თავადნი და მსახურნი თადეოსს, გაოგნებულნი.

-ვალერიან! – იბღავლა თადეოსმა. ორი ნაბიჯით მიუახლოვდა მას სახეუცვლელი გიუნტერი, მხარში ხელი ჩაავლო.

-ნუთუ ამგვარად მოეპყრობი შენს დას?! – ჩაჰსისინა მან მეფისწულს ყურში. – ნუთუ ამგვარად შეარცხვენ მას, მის წოდებას, გრძნობასა და ნაყოფს? დაფიქრდი, თადეოს, რამეთუ მის და საკუთარ სახელს არცხვენ!

-ვალერიან! მეახლე მეთქი! – შეჰყვირა მეფისწულმა, ყურად არ იღო ბიძის სიტყვები.

უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა გიუნტერმა. ხელი უშვა დისწულს და მცველთ ხელი აუქნია, წაიყვანეთო.

მაგრამ, სანამ თადეოსს სტაცებდნენ ისინი ხელს, აჩოჩქოლებულ მგლოვიარეთა რიგებს გამოეყო რუხი სილუეტი, შეჰყვირა, მეფისწულს ვეახლებიო.

ყველა ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალი მიუბრუნდა უბრალო მეჯინიბეს. ზოგი მხოლოდ გულწრფელი ცნობისმოყვარეობითა და გაოგნებით აღვსებულიყო, ზოგს გულგრილობის სუსხი გადაჰკრავდა, ზოგი სეირს უყურებდა, ზოგი კი აღუწერელი მრისხანებით იწვოდა, რომელსაც მხოლოდ ამ მეჯინიბის სისხლით ხელთა შეღებვაღა ჩააცხრობდა.

ახალგაზრდა იყო ვალერიანი, მაგრამ გაწეწილი, მუქი წვერ-ულვაში და მწუხარების დაღდასმული პირისახე აბერებდა. ჯმუხი იყო იგი, ტირილისაგან თვალებჩამოსიებული და მხოლოდ ისეთი გაუსაძლისი მწუხარებისაგან მოტეხილი, მხოლოდ გულისსწორისა და პირმშოს დაკარგვა რომ შობდა ადამიანში.

ბრაზისაგან აცახცახდა თადეოსი. უმზერდა ბინძურ, გაქექილ შალში გამოხვეულ მეჯინიბეს და არ სჯეროდა, რომ ეს წყეული ურცხვად ხელყოფდა ელისაბედს.

-როგორ გაბედე, ღორის ნაშობო! – შესძახა მან. – როგორ შეჰბედე მეფისქალისათვის ხელი დაგეკარებინა, როცა მის ფეხის მტვრად არ ღირხარ! აქ გამოდი, თუ არ გეშინის და გეყოფა გამბედაობა, შემებრძოლე, როგორც კაცი კაცს!

-თადეოს! – იბღავლა ჰასსემ. – საკმარისია! გაუგონარი მკრეხელობაა! ვალერიან, წარვედ, თქვენ კი გაიყვანეთ ესენი! – უბრძანა მან მცველთ.

-არავინ გაინძრეს. – კბილთა შორის გამოსცრა თადეოსმა და შეყოვნდნენ მცველნი, ერთმანეთს გადახედეს.

-რაღას ელოდებით? – იფეთქა გიუნტერმა. – ახლავე!

-ისაუბრეთ, რამდენიც გსურთ, მეფისწულო. – ანაზდად ხმა ამოიღო ვალერიანმა და გარინდულნი შეაცქერდნენ მას. – რაც გწადიათ, ის თქვით… მაგრამ იგი… – ვალერიანმა სულისშემძვრელი მწუხარებით აღვსილი, წყლიანი თვალებით უმზირა სატრფოს ნეშტს. ცრემლები გადმოუგორდა გაფითრებულ პირისახეზე. – იგი ისეთივე უმწიკვლო და ნეტარი იყო, როგორც ეს თოვლი, სიცოცხლითა და სინათლით აღსავსე. მე ვუწყი, თუ როგორი ბრძანდებით თქვენ, და ვერ მოსცხებთ მას ჩირქს…

-შენ მოსცხე! – იბღავლა თადეოსმა. კვლავ შემზარავად გადაიხარხარა, შეურაცხყოფილი, ულმობელი ელფერი მოევლინა მის პირისახეს. – ღორის ნაშობო, ნეხვში ნათრევო, ფეხის მტვერო! ნუთუ ვერ ხვდები, რომ შესცოდე?! ესაა შენი სასჯელი! შენი სასჯელი, რომელიც მთელ სრორდს მოევლინა და მთელმა ქვეყანამ უნდა ზიდოს შენს გამო! გაუგონარი ცოდვა ჩაიდინე ღმერთებთა წინაშე, სწორედაც ამიტომ ჩაჰკლეს მათ შენი პირმშო, სანამ იგი ამ ქვეყნის ბინძურ ჰაერს შეისუნთქავდა პირველად, და ბოლო მოუღეს შენს გულისსწორს!

-თადეოს! – შესძახა თავზარდაცემულმა ჰასსემ. გაოგნების შეძახილებმა ტალღად გადაუარა გარშემომყოფთ, თითქოსდა ჰაერს შეეყინა მშვიდად მთოვი ცა, გაოგნებისაგან შეირყა, დაიგუგუნა, აცახცახდა.

მიტკლისფერი დაედო ვალერიანს, თითქოს ნაწილებად დაიშალა იგი, ადგილზე წაბარბაცდა გაოგნებული მამაკაცი. თითქოს სიცოცხლე გამოაცალაო თადეოსის სიტყვებმა.

-შეიპყარით! – უბრძანა გიუნტერმა მცველთ, თადეოსს მოსასხამში მოავლო ხელი და სისინით წაათრია სასახლისაკენ. მათ უმზერდა თავზარდაცემული ჰასსე, ადგილს მიყინულიყო. მოქუფრული ანდრეი კი შორიახლოდან შესცქეროდა სეირს.

ვალერიანს მიუახლოვდნენ მცველნი.

ჯერ არც კი შეინძრა ახალგაზრდა მამაკაცი, თითქოს გაეშეშებინათ იგი მეფისწულის უწყალო სიტყვებს.

მერე კი, თითქოს ვინმემ ცეცხლი შეუნთოო, ანაზდად, ელვის სისწრაფით ამოძრავდა იგი. მკვირცხლად დაუსხლტა მცველთ, ერთს შუბი გამოსტაცა და გაიჭრა წინ.

გაოგნებისაგან შეჰყვირეს გარშემომყოფებმა, მსახურებმა, თავადებმა, უკან დაიხიეს.

იბღავლა ჰასსემ, იშიშვლა ორლესული და მიეჭრა ვალერიანს, მაგრამ გვიანი იყო.

გაფრინდა მეჯინიბის ძლიერი მკლავის მიერ გატყორცნილი შუბი, ზუზუნით გაჰკვეთა ჰაერი, და თადეოსს, ხმაურის გაგონებისას რომ იბრუნებდა პირს, ეძგერა ზურგში.

პირი დააღო თადეოსმა, მაგრამ ყვირილმა ვერ ამოხეთქა მისი ყელიდან. გაოგნებისა და აუტანელი ტკივილისაგან გაუფართოვდა მეფისწულს თვალები, სისხლი ანაზდად ჩამოერეცხა სახიდან.

სხეულში ნაძგერ იარაღს გაეგლიჯა სათუთი ქსოვილი, მკერდში გამოჩრილიყო სისხლით მოსვრილი, მბზინვარე შუბისწვერი. ამოიგმინა თავზარდაცემულმა ბედშავმა, ვაიმეო და მუხლები მოეკვეთა.

გმინვა აღმოხდა ელდანაცემ გიუნტერს, დისწულის ჩაკეცილი სხეული დაიჭირა, ჩაიმუხლა და მკერდზე მიისვენა ყმაწვილკაცი, უმოწმებდა სასიკვდილო ჭრილობას და გავეშებული გაიძახოდა, მომგვარეთო მკურნალნი.

ორლესული მოუქნია გააფთრებულმა ჰასსემ ვალერიანს. მოჰკვეთა მარჯვენა, რომლითაც მან სტყორცნა შუბი, მერე კი, ტკივილისაგან აღრიალებულს, ორი დარტყმით ყელი გაუჩეხა, თავი წააგდებინა. სავსე ტომარასავით დაეშვა ვალერიანის სხეული, სიცოცხლის ალისფერი დაანთხია თოვლს. ღია, ჩაცვენილ თვალებში შიში და მწუხარება ჩარჩენოდა.

გააკანკალა თადეოსს და უკანასკნელი სუნთქვა წარეტაცა მის მკერდს. ათრთოლებული ჩაჰყურებდა დისწულს გაოგნებული გიუნტერი. მივარდა მომავალი მეფე მიცვალებულ ძმას, სტაცა ხელები, შეანჯღრია და ჩაიხუტა სხეული, რომელშიც სიკვდილის სუსხი იბუდრებდა, თითქოსდა ცდილობსო თადეოსის სულის შეკავებას.

აღრიალდა ჰასსე. არაადამიანურად გოდებდა და გმინავდა მომავალი მეფე, თავი აღიღო მან და შეჰღაღადა ღმერთებს. ვითარცა გაყინულ ზღვას ტალღამ, ისე გადაუარა მისმა სასოწარკვეთილმა ხმამ არე-მარეს, გარშემომყოფნი შეზარა, წყალი გაჰყინა და ცა შეძრა.

თავზარდაცემული, გაუნძრევლად იდგა ანდრეი. ბაგე გაჰპობოდა, ვერ მიმხვდარიყო იგი, თუ რა მოხდა მის თვალთა წინაშე. მის ერთადერთ ძმას ჰკიდა მზერა მეფისწულმა, მუხლთ დაცემულ მომავალ მეფეს, რომელიც ღრიალებდა და გოდებდა ანგარიშმიუცემლად.

ნეტავ შემდეგი ვინ იქნებაო, გაჰკრა მტარვალმა აზრმა გონში, სული აუფორიაქა.

ორივე ახალგაზრდის სისხლი დაედინა მიწას. გასერეს, დაასახიჩრეს და გარყვნეს მათ  თოვლის სისპეტაკე, ახლად აღმოცენებულ მეწამულ ხავსსა და ყვავილებს წააგავდნენ, ისეთივე მშვენიერსა და უჩვეულოს, ვითარცა ელისაბედის გაცრეცილ სახეზე აღმოცენებული, წითლად აღუებული ბაგე იყო.

ცა ყურისწამღებად გაჰკიოდა და სტიროდა თეთრი ცრემლებით.

.

.

-*-*-*-*-*-*-

მეათე თვის სუსხს შეეჭირხლა ვოლფრამთა სასახლის მინები და ახლად ჩასვენებულიყო მზე, როცა თავის ოთახებში ბრახუნით შეიჭრა უალდჰარის თავადი გენრი. ნაპერწკლებს აფრქვევდა თვალთაგან ბუმბერაზი, წამსვე ბოლთის ცემას შეუდგა, და მზერა დაჟინებით მიაბჯინა ცეცხლთან მიფიცხებულ შაჰაიაქელ ინგენს.

ფეხი მოერთხა ბერიკაცს, გადაეშალა კალთები თავისი განუყრელი, დაფხრეწილი მოსასხამისა. მიენაბა თვალები, ხის გაჯირჯვლულ როდინში ჩაენთო სანდალოზის ხის ნაფოტები, რომელთა სურნელსა და კვამლში გამოხვეული ირწეოდა.

თვალები გაახილა ინგენმა. თოვლში ჩაკონებულ, წითელ ყვავილთა ხილვას მოსწყდა ანაზდად.

უმზირა მას გენრიმ, გავეშებული დააბოტებდა, თუმცაღა ყურიც არ შეუბერტყავს გრძნეულ ბებრუცუნას, განაგრძობდა რწევასა და ბუტბუტს.

-ინგენ! – შეჰღრიალა თავადმა, როცა გაუწყდა მოთმინების ძაფი. – მომხედე, გრძნეულო ბებერო! ნუთუ ესაა შენი მონაგარი?! ნუთუ ამას გასწვდება მხოლოდ შენი თვალსაწიერი?!

-მეფე არ იძვრის, თავადო? – შეჰკითხა ინგენმა, ისე რომ არც კი შეუხედავს, თითქოსდა აბეზარი მწერი ყოფილიყო ბუმბერაზი. – ნუთუ კვლავ დაემუქრეთ მას?

-მას? – შესძახა გენრიმ. – იგი უარს ამბობს ჩემს ხილვაზე! ლაჩარი, სნეული ბებერი! მხოლოდ თავისი ლაქია გიუნტერი მომიგზავნა, ჰგონია მას, რომ ამით დავკმაყოფილდები!

გადაიხარხარა შაჰაიაქელმა ინგენმა. ჰაერში გაკრთა და განიბნა სანდალოზის ხის კვამლი, კერაში აგიზგიზებული ცეცხლი აცახცახდა.

-ამ ქვეყანაზე ყველაფერია გიუნტერი, თავადო, მაგრამ ლაქია არ გახლავს. – ჩაიქირქილა მან. – ქარიშხალმა რამდენიც არ უნდა აიკლოს არე-მარე, მდუმარე მთა მაინც არ მოიდრეკს ქედს…

წარბები შეჰკრა თავადმა, საკვირველად აღიჩინა გულთმისანი ბერიკაცის გაუგებარი სიტყვანი.

-რასაა რომ ბუტბუტებ, ბერიკაცო?! – იფეთქა მან. – უგუნურის სიტყვათა ტრიალს სჯობს მაუწყო, რად არ მემორჩილება მეფე!

-მეფე ქვეყნის ბურჯია, საფუძველი და საყრდენი, თავადო… – ჩაილაპარაკა ინგენმა. – გიხაროდენ, რამეთუ ძლიერია იგი…

-ძლიერი! – შესძახა დამცინავად გენრიმ.  – ძლიერების ნატამალი არ სცხია მის მყიფე, ბებერ სხეულს! საკუთარი ხელით მოვკლავ მას და გასრულდება ეს საქმეც!

-შენ თვითონაც უწყი, რომ ტყუილად გაიძახი მაგ მუქარას, თავადო. – ჩაიქირქილა ინგენმა. – სრორდელნი, თუმცაღა უწყიან შენი ძალისა და სიმდიდრის ამბავნი, არარად ჩაგაგდებენ, თუ მეფედ არ გაკურთხა სნეულმა სოლომონმა! ბებერია იგი, სნეული, მკლავი აღარ უჭრის და თვალი, მაგრამ ვოლფრამია იგი, სრორდი კი ვოლფრამთა აგებულია…

-როგორ ვაიძულო იგი, ინგენ? – სიტყვა გააწყვეტინა თავადმა. – როგორ ვაიძულო იგი, რომ მე გადმომილოცოს გვირგვინი?

-უგუნურო! – შეჰყვირა ბებრუცუნამ, მოტრიალდა თავისი ჩია სხეულით, ნაკვერცხლებივით ღვიოდნენ მისი თვალები ლაბადის ქვეშ. – უგუნურო, ყეყეჩო ვიგინდარავ! გწადია მეფე იყო? გწადია?! მაშასადამე მხოლოდ მაშინ, როცა ჭეშმარიტი მემკვიდრე მოკვდინდების და სრორდის ტახტს ვოლფრამნი აღარ ეყოლება, შეძლებს მეფე, რომ ვიღაც გადამთიელი აკურთხოს სრორდის მფარველად!

ზორბა ყურები და ღაწვები აუფორაჯდა უალდჰარის თავადს, როგორ მკადრესო.

-გადამთიელი, უბადრუკო ბერიკაცო? – შესძახა მან. – ნუთუ ასრედ გეფიქრება ჩემზე? რაც მე ამ ქვეყანას შევალიე, ყეყეჩო! გაუგონარი სითავხედეა!

გავეშებულმა თავადმა უმალვე გაალაჯა, გამოჰგლიჯა ოთახთა კარი და ზურგსუკან მოიჯახუნა.

კედლები შეაზანზარა ბუმბერაზის მკლავთა ძალამ.

ძარღვიც არ შესტოკებია ინგენს. ჭკვამოკლე კაცს ენამოკლე სჯობსო, წაიბურტყუნა ჩუმად. მხოლოდ დაკოჟრილი თითებით ამოურია ავარვარებულ სანდალოზის ხეთა ნაფრცქვენთ, ერთი აზიდა, აცადა აბოლება და შესჭამა, დანარჩენი კი შეჰყარა ბუხარში, მას მოსასხამთა კალთებიდან გამოძვრენილი, მბრწყინავი ფქვილი და ყორნის ვეებერთელა ბუმბული მიაყარა.

იფეთქა ცეცხლმა და ჩანავლდა უმალ. მოწითალო, მერე კი ვარდის პირისფერი, მკრთალი სინათლე მოეფინა ოთახს სუსტად.

პირი გააწკლაპუნა ინგენმა, სანდალოზის ხის სურნელება იგემა და თვალები დახუჭა.

მცირე ჟამს მხოლოდ ვარდის პირისფერს უცქერდა იგი, ბებრის თხელ ქუთუთოთა საფარს გამოქცეულს. უცქერდა და ირწეოდა, როკავდა ხილვა მის თვალთა მიღმა, გამაბრუებელმა სანდალოზის ხის სურნელმა თითქოსდა ნისლი ჩამოაწვინა მიჩუმათებულ ოთახში. ჰაერიც კი გარინდულიყო, თითქოსდა აღარ ღუოდნენ ნაკვერცხალნიც, არ დავურღვიოთო გრძნეულ ბერიკაცს სიმშვიდე.

ანაზდად უფრო დაიხუთა ჰაერი. სანდალოზის ხის სურნელი გამხმარი ბალახის, კლდოვანი მიწის მოტკბო სურნელმა და შორეული იმედის მოყვითალო ელფერმა ჩაანაცვლა. სული შეუგუბდა გულთმისანს, თითქოს დაგავენო, მზის მწველი სხივები მოედო ყველგან.

ჩამობნელდა, მერე კი აღიმართა მოწითალო ჩრდილი ნაკვერცხალთა სარეცელიდან, თავ-ფეხი გამოისხა, მგლად იქცა. ხახა დააღო ვეებერთელა მტაცებელმა, გადიდდა, მოიცვა მთელი სივრცე, იწვოდა და სწვავდა შემოგარენს, ყურისწამღებლად ღრიალებდა, ამცნობდა ყველას მის სიახლოვეს. ყელი აღიმაღლა მან და შეჰყმუვლა მაღლა, გაბმით.

ყმუილზე, თითქოს ათასი ფრინველი წამოიშალაო, სამარისებური სიჩუმის მიუხედავად უთვალავ ფრთათა ფრთხიალი ჩაესმა ინგენს, რასაც გველის სისინი შეემატა. ვეებერთელა ყორანი აფრინდა, ალმოკიდებული თვალები გააკვესა, დაიჩხავლა, მგლის თავზე გაშალა ფრთები და მათ ფეხქვეშ იკლაკნებოდა გველი.

მერე კი აალდნენ სამივენი, ნისლი ძრწოდა მგლის დაღებული ხახიდან, თითქოსდა გაუსაძლის სიცივეში სუნთქავსო იგი, ყორანი არ ჩერდებოდა, თავს დასჩხაოდა, უფრო და უფრო ხმამაღლა, სანამ კუპრივით შავმა, სულშემხუთავმა, ჭვარტლიანმა ნისლმა არ აავსო თვალსაწიერი.

ბალახისფერი ელფერი დაედო გარემოს, მათრობელა ღვინის ტკბილი სიმჟავით შეზავებული. მერე იფეთქა სინათლემ, ისევე აინთო, როგორც ციცინათელები შაჰაიაქის ბუჩქნარებში.

ერთი. ორი, სამი, ათი, ათასი…

მერე კი გაჰქრა შუქი, უმალ ჩაკვდა ყველაფერი. დიაცი გაჰკიოდა შორს, შორს, მას მამაკაცის ღრიალი შეემატა და აიჭრა ყორანი, თუმცაღა სხვა იყო იგი, სულ სხვა, პირველს ჩაუნისკარტა, ხეთ, მდინარეთ, მთათ გადაუფრინა და შეერია ღრუბლებს, ამაზრზენი იყო მისი გაბმული ჩხავილი.

გაჰქრა ვარდის პირისფერი ნათება. იძალეს ნაკვერცხლებმა, ალი მოსდეს აბოლილ კუნძებს და თვალი გაახილა შაჰაიაქელმა ინგენმა. ცახცახებდა ბერიკაცი, მწარე გემო დასდებოდა მის ბაგეს.

-აააჰ… – ამოიოხრა მან, ცივი ოფლით დაცვარული შუბლი შეიმშრალა მოსასხამის კალთით. – ღმერთებო, ხათაბალა მოგივლენიათ ჩემს თავს! – ჩაიქირქილა, მუხლებზე დაიწყო აცახცახებული ხელები. – მხოლოდ ერთი ბერიკაცი ვარ, ღმერთებო, დიდი ხნის სული აღარ მიდგას პირში, შემიწყალეთ მე ცოდვილი, ნება მომეცით ნებივრად განვლო დარჩენილი წუთისოფელი…

ცეცხლი ტკაცუნებდა. მოიხარა ინგენი, ღმერთთა წინაშე ჩუმად წაიბუტბუტა ლოცვა, მერე კი გაირინდა.

-დროა. – ჩაილაპარაკა მან. – ჟამი მოვიდა იმისა, რომ ყველაფერზე ვიზრუნო. ნუ იდარდებთ, თავადო გენრი… – ჩაიქირქილა მან, თითქოსდა ცხენის ბეწვით დაფარულ იატაკს ესაუბრებაო. – თქვენ იქნებით მეფე…

მერე კი გასწორდა მოხუცი. როდინში კვლავ ჩაანთო სანდალოზის ნაფრცქვენნი, ააბოლა და ცეცხლს მიშტერებული კვლავ მოჰყვა რწევასა და ბუტბუტს.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

კლდოვან ტრამალზე მყოფთათვის უკვე მეხუთე მზე ეფარებოდა თვალუწვდენელ ველებს, როცა სიცოცხლე დაეტყო უნაყოფო მიწას. მწვანედ მოღაღანე გორაკები აიზიდნენ შორს და გაუსაძლის სიცხეს, მიბინდებულზეც რომ ასხივებდა მზის გულზე გავარვარებული ქვა, მცირე სიგრილე შეეპარა, თუმცაღა ამას ვერ გრძნობდა და ვერ უმზერდა ქურანზე ამხედრებული ანდრეი.

უწყლობას, გაუსაძლის ტკივილსა და სიცხეს მოეტეხა მეფისწული. იმის შემდეგ, რაც მეფის მიერ ნაუწყები ამბით გავეშებულმა ორი ყივილის მანძილზე შეუჩერებლად, თავაწყვეტით აჭენა სისხლისფერი ბედაური, ძალ-ღონე დალეოდა ანდრეის. რეტი ესხმოდა დამაშვრალსა და ტანჯულს, ცივ ოფლს აეპრიალებინა მისი გაფითრებული პირისახე, გაჭირვებით იკავებდა თავს ქურანზე.

მის გვერდით მიერეკებოდა თავის ულაყს თაფლაზე ამხედრებული ეირინი. თავადაც ქანცგაწყვეტილი იყო დიაცი, სუნთქავდა მძიმედ, თუმცაღა სიცხეს შეჩვეულ მის სხეულს გაეძლო კლდოვანი ტრამალისათვის. ფრთებაწურული ყორანი ჩაჰფრენოდა მეფისქალს მხარზე, კანში ჩაბჯენილი კლანჭებით ადენდა სისხლს, რომელიც შემხმარიყო ეირინის ტილოს კაბას.

ანდრეის უმზერდა ეირინი მალ-მალე, გადაჰხედავდა შემოგარენს, უსმენდა დაძაბული, იქნებ გავიგოო სებიანთა სამფლობელოსთან მდებარე წყაროთა ჩუხჩუხი, მაგრამ მასაც ელეოდა ძალა და მხნეობა, ვეღარ იტანდა დამშრალი სხეული მოგზაურობის სიმძიმეს.

დღის მხევლის სისხლისფერი ედო თვალსაწიერზე აწვერილ მდელოებს, როცა ფრთებჩამოყრილმა ყორანმა ასწია მბზინვარე თავი, ფრთები ააფრთხიალა და თავზე დაგორგლილ ფერფლისფერ დალალებზე ჩაუნისკარტა მეფისქალს.

გამოფხიზლდა დიაცი. თავი აზიდა, მიაყურადა, იყნოსა ჰაერი.

სიგრილის სურნელი იგრძნო. ანკარა წყლის წვეთები ამშრალიყვნენ თითქოს ჰაერში, მაგრამ მათ გემოს გრძნობდა მეფისქალი ბაგეზე, ცხენის ფლოქვთა ქვეშ ოდნავი დრეკა იგრძნო მიწისა.

ფრთები დაიქნია და აფრინდა ყორანი, ირაო შემოჰხაზა მათ თავზე და მიმართა სებიანთა სამფლობელოს ნაყოფიერ მიწებს.

მოზიდა საბელი და ცხენიდან ჩამოხდა მეფისქალი. მუშტი დასცხო კლდოვან მიწას და ზედ მიადო ყური, რათა გაეგონა მიწისქვეშა წყაროს დამაიმედებელი, უტყუარი გუგუნი.

კრთოდა მიწა, გრიალით მიედინებოდა მის გულქვეშ წყალი.

-რასა იქმ, დიაცო? – შეჰკითხა ანდრეიმ. შემდგარიყო მეფისწული, მიბნედილი თვალებით უმზერდა ჩამუხლულ ეირინს.

-ჩამესმა გრიალი წყლისა, სრორდელო. – მიუგო მეფისქალმა, თაფლაზე ამხედრდა კვლავ. – მომყევ! გიხაროდენ, რამეთუ ახლოსაა საშველი.

თაფლას ქუსლები შემოჰკრა ეირინმა და გააჭენა, მიჰყვა ყორნის მიერ დაფარულ გზას. წითელი ათინათი ჰღებავდა მის მოფრიალე თეთრ კაბასა და კეფაზე დაგორგლილ თმას გამოქცეულ დალალებს.

მცირე ჟამი უცქირა ანდრეიმ, რეტი ესხმოდა, ლიბრი გადაეკრა მის თვალებს. მოიკრიბა დარჩენილი მწირი ძალ-ღონე, ქუსლები შემოჰკრა ქურანს და დასჭყივლა. ჩიტივით გაფრინდა ცხენი, აედევნა თაფლას.

ის ღამე წარმოუდგა თვალწინ მეფისწულს, პირველად რომ იხილა ერქანთა დიაცის ბრინჯაოსფერი, ზიზღისაგან დაღმეჭილი, მაგრამ უდრეკი პირისახე. გაახსენდა, თუ როგორ მიაჭენებდნენ ისინი ცხენებს კლდოვან ნაპირზე, თავგადაკლულ, სასიკვდილო რბოლაში ჩაბმულნი, რომელშიც ტოლ-სწორი არ აღმოაჩნდა გრძნეულ დედაკაცს.

მიქროდნენ თაფლა ულაყი და სისხლისფერი ქურანი, გონი მისდიოდა მეფისწულს, საბელს მოხვეული ხელები უდუნდებოდა, კლდოვანი ტრამალი კი თვალსა და ხელს შუა, თითქოსდა შეულოცესო, სკდებოდა, ფერს იცვლიდა, ფერფური მისდიოდა. ნაპრალთაგან ყვითელი, გადამხმარი ბალახის მაგივრად ხავსი და ნორჩი ყლორტები იზიდებოდნენ, ნოტიო მიწა ეფინებოდა ალაგ-ალაგ, მოახლოვდა მოღაღანე ტყისფერი ბალახით გადაპენტილი ველები და ხეთა ტევრი, რომლის სიცოცხლისათვის მეათე თვის სუსხს ვერაფერი დაეკლო.

ახლოვდებოდა სებიანთა სამფლობელოს განთქმული ნაყოფიერი მიწები, ახლოვდებოდა წყლის გუგუნი, მიწას ჰკვეთდა, მშვიდად მირაკრაკებდა კალაპოტში და თავი წამოჰყო იმედმა, კვირტები გაიჩინა, აყვავილდა.

ბალახით დაფარულ მდელოს გადაუარეს, და სვლა შეანელა მეფისქალის თაფლამ. იხილა ეირინმა, თუ როგორ დაშვებულიყო ვეებერთელა ყორანი მოზრდილ ღელეში, აფართხალებდა გაშლილ ფრთებს და ყელს იღერებდა.

ჩამოხდა მეფისქალი. არ დასჭირვებია თაფლას წყალთან მიყვანა, თვითონ მივარდა და დაეწაფა დაღლილი პირუტყვი მას. მის გვერდით ჩაიმუხლა მეფისქალმა, ანკარა წყალს მოხვია პეშვი და იჯერა გული.

ასმაგად გაუძლიერდა ანდრეის წყურვილი, როცა ღელე იხილა მან. რეტდასხმული რის ვაივაგლახით ჩამოხდა ქურანიდან და წამსვე ჩაიკეცა, ფორთხვით მიაღწია წყალს. კინაღამ ღელეში ჩავარდა იგი, მაგრამ მოსთოკა სხეული. გაუგონარი ნეტარება განიცადა მან, როცა მზეთა განმავლობაში დამშრალი, ჩახლეწილი ყელი დაჰფარა გრილმა წყალმა. ეწაფებოდა იგი, პირღიად ნთქავდა, ყლუპს ყლუპი მისდევდა, თითქოსდა ეწადა მთელი ღელე შეესრუტა, სანამ სული არ მოითქვა და აღარ ძალუძდა დაელია.

მცირე ხანს ღელეს პირას ეგდო ანდრეი, თავი მიესვენებინა მოზრდილ ქვაზე და სუნთქავდა მძიმედ, მხოლოდღა ანკარა წყლის ჩუხჩუხს, კუტკალიათა ჭრიჭინს და ტევრში მოთამაშე ქარის შრიალს უგდებდა ყურს, რომელსაც მალ-მალე ემატებოდა შორიდან მომავალი ცხენთა ფლოქვებისა და ეტლის ჭრიალის ხმა.

სანამ ისვენებდა დაღლილობისაგან გათანგული მეფისწული, ტილოს კაბა იძრო მეფისქალმა და ღელეს გულში შევიდა განსაბანად. მდორედ მიედინებოდა ანკარა, გრილი წყალი, ეამა გახურებულ სხეულზე ეირინს. გაწეწილი, ოფლისაგან გაზინთული ფერფლისფერი დალალები ჩამოიშალა, რათა განებანა და წყალში გაევარცხნა ისინი.

შხაპუნმა გამოაფხიზლა მეფისწული, თავი აზიდა. გაჭირვებით დაებჯინა საღ მხარს და იხილა თუ როგორ ჩამჯდარიყო ღელეში ერქანთა დიაცი, გაეშალა თმა და ივარცხნიდა თითებით. მეჩხერ ტევრს გამოჰპარვოდნენ მზის სხივები, მიდამო აელეწათ და ეკონებოდნენ დალალებში.

მის მზერას ჰკიდა თვალი ეირინმა, მიაჩერდა მშვიდად.

-გიხაროდენ, სრორდელო ძაღლო, რამეთუ ცოცხალმა მოაღწიე სებიანთა ნაყოფიერ მიწებს. – გამოსძახა მან.

უმზირა ანდრეიმ, და აარიდა თვალი.

-წყეულიმც იყოს… – თქვა მან. – წყეულიმც იყოს ნაყოფიერი მიწებიც, სებიანთა სამფლობელოც, კლდოვანი ტრამალიც! წყეულიმც იყოს, რადგან ჩემს ლაშქართან აღარ მიმესვლება…

-გეშინის, რომ იქვე მიგაკლავენ შენი მოღალატენი? – შეჰკითხა ეირინმა. დალალთა ვარცხნას მორჩა დიაცი, მიმართა მეფისწულს და შორიახლოს ჩაიმუხლა, მის ბრინჯაოსფერ სხეულს წყალი და სველი თმა ჰფარავდა. – დაგაფრთხო სრორდის მეფის მონაწერმა?

მწყრალად გადახედა მას ანდრეიმ, წამოიწია გმინვით და პირისახეს იპკურა წყალი.

-მე სიცოცხლის ფასი ვიცი, გრძნეულო დიაცო, – წაიდუდუნა მან. – წყეულ მოღალატეთ არ მოვაკვლევინებ თავს. სრორდს მეფე სჭირდება…

-შენ კი ძალაუფლება, არა, სრორდელო ქოფაკო? – მშვიდად მიუგო ეირინმა.

თვალები გააკვესა ანდრეიმ, მაგრამ არა უთხრა რა. გაიხედა მან, გადაავლო თვალი სებიანთა სამფლობელოს მწვანე ბალახით დაფარულ მიწებს, გადასული მზისაგან უკვე დაჩრდილულ ფიჭვთა და ნაძვთა ტევრს, რომლის მიღმაც ისმოდა ცხენთა ჩაქჩაქი.

ალბათ სებიანთა მიწისაკენ მიიჩქაროდნენ გზას დამდგარნი. ცხენი და ეტლი დასახლებას მიანიშნებდა, მაშასადამე საკვებსა და მცირედ დასვენებასაც გამოჰკრავდნენ ხელს…

-მაშ? – შეჰკითხა ეირინმა, როცა სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის. – რისი წადილი აგიღვივდა, ჩრდილოეთელო? გწადია მამაშენის სიტყვას მისდიო და უჩუმრად მიაღწიო შენს მოკავშირეებს?

-ნუ შემბედავ მასხრად აგდებას, ერქანთა დიაცო. – კბილთა შორის გამოსცრა მეფისწულმა. – არარად მიღირს შენი სიტყვანი… ყოველივეს გავაკეთებ იმისათვის, რომ სათანადოდ დავსაჯო ქვეშქვეშა მოღალატენი. უალდჰარის თავადს პირველ რიგში ენას ამოვგლეჯ, რომლითაც შემომბედა და შეთქმულება დასახა სხვა გველებთან ერთად, მერე მარჯვენას მოვკვეთ, რომლითაც სისრულეში მოიყვანა იგი, მერე კი თავს წავაგდებინებ, რათა ეს გაუგონარი მკრეხელობა მოუვიდა გონში! როგორ შეჰბედა სრორდს! 

ნაპერწკლებს ყრიდა თვალთაგან გაცოფებული ანდრეი, სუნთქავდა მძიმედ. რეტი დაესხა ბედშავს, კვლავ დაასხა ცივმა ოფლმა.

-სებიანთა სამფლობელო ვრცელია. – თქვა ეირინმა. – ათასი ჯურის ხალხები ტრიალებენ, მუდამ ფუთფუთებს იგი, უამრავ გზას უერთდება. მხოლოდღა ის დაგვრჩენია, ჩრდილოეთელო, რომ რიგით მოგზაურთ დავემგვანოთ.

მოქუფრული უცქერდა მას მეფისწული. ახლო მომავალზე აუწყებდა დიაცი, მაგრამ ძალ-ღონე აღარ ჰქონდა ანდრეის. სურდა მხოლოდ, რომ მიწოლილიყო და დაესვენა, ამიტომ აღარა თქვა რა, რეტდასხმულმა კვლავ ქვაზე მისდო თავი.

მის გაფითრებულ სახესა და სახვევებში გამოჟონილ სისხლს უმზირა ეირინმა, საღამოს ბინდბუნდში რომ იცრიცებოდა.

მერე კი წამოდგა, წყლიდან ამოზიდა ბრინჯაოსფერი, საამურად გაგრილებული სხეული. კაბისათვის ხელი არ უხლია მას, რათა მის სითეთრეს ძალუძდა გაეცა. ფერფლისფერი თმა დაიწნა და გამოინასკვა მეფისქალმა, დაიგორგლა თავზე და მიმართა ველებს.

ბალახსაც არ აშარიშურებდა ეირინი, ისე გადაევლო ორ მდელოს. უფრო გაძლიერდა ეტლთა ჭრიალი და ცხენთა ფლოქვების დაგადუგი, როცა მან ნაძვთა მცირე ტევრს მიაღწია, რომელიც ბექობზე აღმართულიყო და პირდაპირ გადაჰყურებდა სებიანთა სამფლობელოსაკენ მიმავალ, ჩალისფერი ხრეშით დაფარულ გზას. გზა დაბლობზე გადაჭიმულიყო, ორივე მხარეს შემორტყმოდა ბალახით დაფარული მდელონი, მერე კი იკლაკნებოდა, ველი და მოღაღანე ბალახი ჰფარავდა თვალთახედვიდან. შორს კი, ძალიან შორს სებიანთა ცნობილი ალაყაფი და ხის მაღალი, მოჩუქურთმებული სვეტები აღმართულიყვნენ.

მიდამო მოთვალიერა, და როცა ცხენშებმული ეტლის ჩაქჩაქი მიწყდა გზაზე, ერთ გადაწოლილ ნაძვზე აცოცდა ეირინი. გზას მოფარებულ მსხვილ ტოტზე გადაწვა იგი, აეკრო ზედ და მარამდწვანე წიწვებს შეაფარა თავი, მოგზაურის მოლოდინში გაირინდა.

იწვა მეფისქალი, ჩაჰფრენოდა ტოტს, დღის მხევალი კი მიგოგმანებდა ცის კამარაზე, გროვდებოდნენ ნაცრისფერი ღრუბელნი და ჰფარავდნენ მზის სუნთქვას. რუხი ბინდბუნდი ჩამოწვა, რომელსაც მკრთალად ანათებდა სებიანთა დასახლებიდან მომავალი შუქი და დროდადრო ჩირაღდნები, რომლებიც მოგზაურთ ხელთ ეპყრათ გზის გასანათებლად, ანდა ეკიდათ ძვირფას ეტლზე.

ჩაიარა რამდენიმე ქვეითმა, მხედარმა, ორმა ეტლმა, მაგრამ არ გამოჩნდა ის, ვისაც ელოდა ეირინი, ვისაც თავის განკარგულებაში ექნებოდა ყოველივე, რასაც საჭიროებდნენ სებიანთა სამფლობელოს უჩუმრად გასავლელად.

და ბოლოს, მაშინ, როცა დღის მხევალი საკუთარ სისხლისფერ სუნთქვაში ჩაიხრჩო დასავლეთით და სულშეგუბებულმა სიბნელემ მოიცვა ცის კამარა, კოხტად დაჭედილი ცხენის ფლოქვთა ხმამ ყურები დააცქვეტინა ეირინს. შორიდანვე უმალ შეათვალიერა ახალგაზრდა მხედარი, რომელიც ფეხმაგარ, საღარა ცხენს შემოსჯდომოდა, ძვირფასი თელის კელაპტარი ეპყრა ხელთ. ეირინის მახვილ სმენას არ გამორჩენია ოქროს ჩხრიალი, რომელიც უცნობს მოსასხამის ქვეშ შემალულ ქისაში მიემალა, არც ცხენზე გადაკიდებული ხურჯინი გამოჰპარვია, რომელშიც ჩაწყობილი, მონათათვის განკუთვნილი ჯაჭვები და ძვირფასეულობა ბრწყინავდა.

მონის წამოსაყვანად მიდიოდა იგი. შეძლებული ჩანდა, თუმცაღა არც ისე მდიდარი, რომ მისი გაუჩინარების გამო გადაეტრიალებინათ ქვეყანა.

ავაზასავით აიზიდა ეირინი ტოტზე, ერთი მკვეთრი მოძრაობით ქვეშიდან მოექცა, და როცა მას გაუსწორდა მხედარი, ისკუპა ანაზდად.

მხედარმა შეჰყვირა და არე-მარე ცხენის ჭიხვინმა აიკლო, მაგრამ გაოგნებისა და შიშის მეტი ვეღარაფერი მოასწრო უცნობმა. ეირინმა მას ელვის სისწრაფით ჩაავლო საფეთქლებში ხელები და ერთი ძლიერი მოძრაობით კისერი მოსტეხა.

ცხენს გადაეფინა მიცვალებული. მეფისქალი ჩამოხდა, ბედაურს ლაგამი დაუჭირა, ნეშტი გრძელი მოსასხამის კალთებით მიაბა უნაგირს. ძირს გაგორებული კელაპტარი აიღო და მარტოდ რომ დაიგულა თავი, ცხენი არეკა ბექობზე, მერე კი მიმართა ღელეს.

სიბნელე ჩამოწოლილიყო, კელაპტრის სუსტი შუქი რომ არა, თვალთან ხელს ვერ მიიტანდი. ბალახს უჩუმრად მიარღვევდა ეირინი, ლაგამი ეჭირა მაგრად, უსმენდა კუტკალიათა ჭრიჭინსა და ღელეს მოახლოებულ რაკრაკს.

ისევე დახვდა მეფისწული, როგორც დასტოვა იგი. თავი ქვაზე მიედო და ეძინა, გასავათებულს, იქვე კი ყორანი წამოჭიმულიყო, რომელმაც ფრთები ააფრთხიალა, როცა მომავალი მეფისქალი შეამჩნია.

ბალახი გათელა ეირინმა, კელაპტარი რბილ მიწაში ჩაარჭო, რათა არე-მარეს სინათლე მოჰფენოდა. ტილოს კაბა გადაიცვა მან, ფერფლისფერი დალალები ჩამოიშალა.

უცნობი მხედრის ნეშტი გადმოაგდო ცხენიდან, სასწრაფოდ შემოაძარცვა მოსასხამი და ძვირფასი სამოსი. ხურჯინიდან მონის მოკაზმულობა აართვა მეფისქალმა, დაგრეხილი, მძიმე ყელსაბამი შეიბა ყელზე, ხელებსა და ფეხებზე ჟღარუნა სამაჯურები აისხა, ბოლოს კი მძიმე თავსაბურავი შემოიხვია თმაზე, რომელიც შუბლზე შემოსავლებ მოოქროვილ ფირფიტას უერთდებოდა. ნიშნულთა დასაფარადო, გაივლო ეირინმა, მერე კი მოსართავები ახსნა საღარა ცხენს და აართვა უნაგირი.

-რასა იქმ? – მოესმა ანაზდად და პირი იბრუნდა, მასზე მაცქერალ მეფისწულს შეაგება მზერა. უჩუმრად წამოწეულიყო ანდრეი, გაცრეცილ პირისახესა და რუხ კულულებს კელაპტრის სუსტი შუქი დაჰფენოდა. მოქუფრული უმზერდა იგი, მაგრამ მცირე ძილს მოეღონიერებინა, ლიბრი აღარ გადაჰკვროდა თვალებზე.

-სებიანთა სამფლობელოს განვლა თუ გწადია, სრორდელო, სათანადოდ უნდა გამოჩნდე ხალხში. – მიუგო ეირინმა, იქვე მიყრილი სამოსი მიუგდო მეფისწულს. ხმადაბლა, მელოდიურად გაიჟღრიალეს ასხმულმა სამაჯურებმა. – ჭრილობანი დაიფარე! სებიანთა სამფლობეში მხოლოდღა მოსალხენად მიდის ხალხი, მათ არ იციან ომი და არ ეამებათ მეომრის ხილვა…

-ნუთუ… – ანდრეი წარბშეკრული უმზერდა ცხენს, სამოსს, მერე კი ბინდბუნდში გაჭირვებით გაარჩია ბალახში მიწოლილი მამაკაცის სხეული. – შენა მოჰკალ?

-მცირეოდენი ოქრო და სამოსი გვესაჭიროებოდა. – მიუგო ეირინმა, სისხლისფერ ქურანს, რომელიც უწყინრად ძოვდა, დაადგა უნაგირი და დაამაგრა, უმალ შეამოწმა მოსართავები. – მე მართლა გრძნეული არ გეგონო, სრორდელო, არ ძალმიძს ჰაერიდან ვშობო სასიცოცხლო საჭიროებანი.

აღარა უთხრა რა ანდრეიმ. პირი იბრუნა, ჩითის შარვალი გაიძრო და ღელეში ჩააბიჯა, მკერდსა და ზურგზე იპკურა წყალი, კისერი და კულულები დაისველა, ოფლის ნაკვალევი ჩამოიბანა პირისახიდან. გრძნობდა იგი, თითქოსდა კლდოვან ტრამალზე მზის თითოეული სხივი, ბედაურთა ფლოქვთაგან ადენილი მტვერი მის სხეულს დაჰკონებოდა.

გრილი წყლით ნაამებმა ამოაბიჯა ნაპირზე, უმალ ჩაიცვა უცნობი მხედრის სამოსი. მშვენიერი ქსოვილისა იყო პერანგი, არც გახამებული ტილოს შარვალი და გამძლე ხარის ტყავის ქალამნები ჩამოუვარდებოდა მას. მძიმე ლაბადა მოისხა მეფისწულმა და აჰხედა ერქანთა დიაცს.

იდგა დიაცი საღარა ცხენთან ახლოს, უპრიალებდა შუბლს აკრული ფირფიტა, ნიშნულთ რომ უფარავდა. აღარსად ჩანდა მისი მბზინავი ფერფლისფერი თმა და ტილოს კაბა, ყველაფერი რუხ თავსაბურავს დაეფარა. მხოლოდღა მეფისქალის ფითრისფერი, თითქოსდა უწამწამო თვალები იმზირებოდნენ უცვლელად.

არა უთხრა რა ეირინმა, საღარა ცხენს გავაზე შემოჰკრა ხელი. დაიჭიხვინა ცხენმა, შეიკუნტრუშა და გაიჭრა მდელოზე.

მიცვალებული ტევრში შეათრია მეფისქალმა, ნაძვის მიწამდე ჩამოწოლილი ტოტებით დაჰფარა. როცა ღელესაკენ მობრუნდა, უკვე ამხედრებულიყო ანდრეი ქურანზე, ყორანი მხარს შემოესვა და ელოდა მას.

კელაპტარი აიღო და თაფლაზე ამხედრდა ეირინი, მერე კი ანდრეის გაუძღვა წინ. ცხენის ყოველ ნაბიჯზე ჟღარუნებდნენ სამაჯურები.

-ამდენი ხარახურა რად მიჰქონდა იმ მხედარს? – შეჰკითხა ანდრეიმ, როცა მდელონი გალახეს, ბექობს ჩაუყვნენ. მათ წინ ზორბა ეტლმა გაიშხუილა, აამტვერა ჩალისფერი ხრეში.

-სებიანთა სამფლობელოს სახელი გავარდნილი აქვს მონათა ბაზრის გამო. ის მხედარიც მონის საყიდლად მიემართებოდა… – მიუგო ეირინმა. – აქ ყველანაირი ჯურის მონა იყიდება, ჩრდილოეთელო… ამფაკართა სამეფოდან, ავლატიდან, ჩაქერიდანაც კი. ერქანთა სამეფოდან ხშირად იტაცებდნენ ახალგაზრდებს, რათა ამ ბაზარზე გაეყიდათ. – ეირინს ფითრისფერი თვალები გაუშტერდა. – ალბათ იხილავ ჩემი შეფერილობისა და თმის მქონე ხალხს, თუმცაღა თმას ჰფარავენ ისინი, ისეთივე სიძვად ითვლება იგი აქ, როგორც შენ უკუღმართ ქვეყანაში.

-მაშ ესაა შენი სამალავი, ერქანთა დიაცო? – წარბები აზიდა მეფისწულმა. – შენ მონა ხარ, მე კი შენი ბატონი?

-შენ ბაგეს გამოქცეულ სიტყვათ დაუკვირდი, სრორდელო, თორემ ენას ამოგგლეჯ. – პირი მისკენ იბრუნა ეირინმა, უმზერდა წარბშეკრული. – თუკი გწადია მშვიდობიანად გადალახო აქაურობა, ისე მოიქეცი ვითარცა მონათმფლობელსა და ვაჭარს შეჰფერის. გავფრთხილდი, არავინ შეურაცხყო. იცან ის, ვინც შენზე მაღლა დგას. ის მხედარი, სამწუხაროდ, გონიერი არ აღმოჩნდა, იარაღს არ ატარებდა… ხელთ არასოდეს აღიღო კელაპტარი. აქ მონა უნათებს ბატონს გზას…

-ეგ სამკაულობაც მონისაა… – თქვა ანდრეიმ. – ვითარცა პირუტყვს, ნახევრადძვირფას ქვათ ჩამოჰკიდებენ მათ, რათა ყოველთვის იცოდეს ბატონმა, თუ სადაა მისი მონა და ყოველთვის ახსოვდეს მონას, თუ ვინაა მისი ბატონი…

-მართალია. – მიუგო ეირინმა. – და ქისას უფრთხილდი, სრორდელო, არავინ მოგტაცოს იგი.

სიჩუმე ჩამოვარდა. საღამოს ბინდბუნდს მხოლოდღა ჭრიჭინების სიმღერა, კელაპტრის ტკაცუნი და ეირინის სამაჯურთა ჟღრიალი არღვევდა. ღამის გრილი ქარი უბერავდა, აშრიალებდა მოღაღანე ბალახს და დედასავით არწევდა ასწლოვან ხეებს, ჩალისფერ შარაგზას რომ გადმოჰყურებდნენ.

სებიანთა დასახლება კი, ღამესაც კი რომ სიცოცხლით ჩქეფდა, უფრო და უფრო ახლოვდებოდა.

.

.

.

-*-*-*-12-*-*-*-

სებიანთა სამფლობელოს მოძალული სისხლი უჩქეფს ძარღვებში და გუგუნით ლამობსო გარეთ გამოხეთქვას, გაივლო ანდრეიმ, როცა მიუახლოვდნენ დასახლების ალაყაფს. ჩალისფერი ხრეშით დაფარული გზა სტოვებდა მოღაღანე მდელოთა საფარს და იჭრებოდა სინათლითა და ალიაქოთით აღსავსე მოედანზე, რომლის შესასვლელთან, თითქოსდა მცველებად დაედგათო, ჩუქურთმებით დაფარული წითელი თელის ათი სვეტი აღემართათ. ჩუქურთმები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს ჩაჰკონებოდნენ, და თუმცაღა ერთი შეხედვით უთავბოლო გრეხილთა ალიაქოთს ჩამოჰგავდნენ, მაინც გაარჩია ანდრეიმ ქალთა გამოკვართული სხეულები. მაღალი მკერდი ჰქონდათ დედაკაცებს, გრძელი კაბები და თავს მოხვეული შალები, რომელთაც უთვალავი ფრინველები და მწერები დასტრიალებდნენ თავს.

შესაშური იყო ამ სვეტთა შემოქმედის ხელი და ოსტატობა.

-გაკვირვებას ნუ შეიმჩნევ, ჩრდილოეთელო. – გადმოულაპარაკა ერქანთა დიაცმა. – შენ სხეული სიძვად მიგაჩნია, სებიანნი კი არ უფრთხიან მას. თვალი დახარე, რამეთუ ვინმეს არ მოჰხვდეს ავად…

-ხმა ჩაიგდე, დიაცო… – მიუსისინა მეფისწულმა. – თვალის დახრას არ ვსაჭიროებ, ნუ გეშინის…

წამით მოატრიალა მისკენ პირისახე ეირინმა. უმზირა მცირეოდენ და კვლავ იბრუნა პირი, კელაპტარი აზიდა.

პირამდე მოღებულ ალაყაფში შევიდნენ ისინი, და წამსვე ქუსლები შემოჰკრა ანდრეიმ სისხლისფერ ქურანს, ჩორთით წაიყვანა იგი, გამალებით ათვალიერებდა შემოგარენს.

ვითარცა გზაზე გაგონილი ხმაური აუწყებდათ, ყურისწამღები ჟივილ-ხივილი იდგა. ჩალისფერი ხრეშის გზას უხვად ეფინებოდა ჩირაღდანთა შუქი, რომლებიც გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ქოხებსა თუ ქვითკირის ძვირფას სახლებს ამკობდნენ. მაღალ-მაღალი გახლდათ სახურავები, თუმცაღა კისერწაგრძელებული მეფისწული ჰხედავდა, თუ როგორ გადაჭიმულიყო სებიანთა სახლობა, ყველგან, სადაც მიუწვდებოდა თვალი.

ვაჭარნი გამოფენილიყვნენ ქუჩაში, სახელდახელოდ შეკრული დახლები გაემართათ, ყიდულობდნენ და ჰყიდდნენ, ისეთი სისწრაფით რომ თვალს ვერ მიაწვდენდი. ჰყიდდნენ აბრეშუმს, ოქროთი მოსირმულ მარმაშსა და ბამბას, ძვირფასი ფაიფურისა და მყიფე მინის ჭურჭელს, მონათა ჯაჭვეულობა-სამკაულობას… მათი შეძახილები, მოგზაურთათვის რომ არ იშურებდნენ, იქვე შობდა ნაყოფს, რამეთუ ათასი ჯურის ხალხით გაძეძგილი ბრბო მათკენ იბრუნებდა პირს, კაცი კაცზე მიდიოდა და ისე ესეოდა მათ, ვითარცა დამშეული ფუტკარნი ნექტარს.

დახლთა შორიშორს კი ყვითელთმიანი სიძვის დიაცნი აღმართულიყვნენ, იღიმებოდნენ ალისფერი მაცდური ბაგეებით და სხეულის სანატრელი სისავსით უხმობდნენ მოსურნეებს. რამდენიმე იქვე, სახლთა შორს ჩაჰკონებოდა მსხვერპლს და ეამბორებოდა მის ბაგეებს.

-სადმე შევიდეთ და პირი გავისველოთ, ჩრდილოეთელო, – ჩუმად მიუგო ეირინმა, თაფლას ლაგამს ეწეოდა, სანამ არ გაუსწორდა მეფისწულის ქურანს. – ჯიბეში ოქრო გიჩხრიალებს, მუცელში კი არარა, საკვები გვჭირდება…

-ამ წყეულ ადგილას შეთითხნილ საკვებს უნდა დავაკარო პირი? – ზიზღით გადახედა ანდრეიმ ერქანთა დიაცს.

-ტყის ნაშობ საკვებს კარგად სჭამდი, სრორდელო. – მიუგო ეირინმა. – ნუთუ სიბინძურე გზიზღს?

-ბუნების სიბინძურე და ადამიანთა გარყვნილების სიბინძურეს ერთი სიმძიმე არასოდეს ექნება, გრძნეულო! – წაუსისინა ანდრეიმ, ზიზღით უმზერდა მათ ცხენთა ახლოს მიმავალ ხალხს, ვიღაც პაწაწინა, ჩამოძონძილი ბიჭი, მოსასხამზე რომ ეტორღიალებოდა, ხელის გაკვრით მოიშორა. – განუკითხაობისა და გათახსირების ბუდეა ეს წყეული ადგილი!

-ენა დაიმოკლე, ჩრდილოეთელო, თუ ჭკვა არ დაგყოლია, – მოუჭრა ეირინმა. – ეს შენი კარავი ხომ არ გგონია? აქ ყველას ყურები დაუცქვეტია, რათა რამე ან ვინმე კბილმოსადები შენიშნონ. შენ მხოლოდ ვეფხვის კუდი იხილე, სებიანთა სამფლობელოს გული უფრო მეტი სისასტიკითა და განუკითხაობითაა სავსე… აქაურთ არ ეამებათ მეომართა დანახვა, თუმცაღა ისე დაგადენენ სისხლს, სიტყვებითა თუ იარაღით, ძარღვსაც არ შეიტოკებენ…

მას გადაჰხედა ანდრეიმ.

-აქ გაგიტარებია დრო, ერქანთა დიაცო. – მიუგო მან. – აქ ეზიარე სიძვასა და გაქნილობას?

ფითრისფერი თვალები მოაპყრი ეირინმა, ფოლადივით მახვილი და მძლავრი ნაკვთები გაჰქვავებოდა. მას დაფენილი, უამრავი კელაპტრის დამდაგავი შუქი და სავსე ქუჩის სუნთქვა, მდორე სისხლსაც კი რომ შეუდრეკდა და აუჩქროლებდა ნებისმიერს, ვერ ულღობდა პირისახის სუსხს.

-ყოველივეს, რაც არ უწყი, გაკიცხვა არ უნდა შეჰბედო, სრორდელო ქოფაკო. – თქვა მან. – ეს მიწები ცნობილია ფრიად და მე არ მეშლება თუ რა ჯურის ხალხი ტრიალებს აქ.

მერე მზერა მოსწყვიტა, ქუსლები ნელა შემოჰკრა თაფლას.

ჟღარუნი გაიღეს მისმა სამაჯურებმა.

უმზირა ანდრეიმ, მაგრამ არა თქვა რა.

რაც უფრო წინ მიიწევდნენ ისინი, თითქოსდა მით უფრო კაშკაშებდა სებიანთა სამფლობელო, უფრო უწევდნენ ხმას ვაჭარნი და უფრო ღიად ელაციცებოდნენ სიძვის დიაცნი გარყვილებისა მოსურნეთ. ჩახჩახებდნენ ადამიანთა დაუდგრომელი ცეცხლით მსუნთქავი კელაპტრები, ეფინებოდნენ მბზინვარე ქსოვილსა და ჭურჭელს, საქონელს, რომელსაც ქონით გაპოხილი, თავით ფეხამდე შიშველი მონები შეემატნენ. სხვადასხვა ქვეყანათა წარმომადგენლებს ჰხედავდა ანდრეი, უმზერდა მათ ტანჯულ, მდგომარეობას შეგუებულ თვალებს. იყიდებოდნენ ისინი, ოქრო და ვერცხლი გადადიოდა ხელიდან ხელში, შეუჩერებელი და თითქოსდა საბოლოო განაჩენი. სტიროდნენ მონები, როცა მათი ახალი ბატონი შეავლებდა ხელს და აასხამდა სამკაულობას, რამეთუ მოედებოდათ ყელზე მონობის ჯაჭვი.

უმზერდა მათ მეფისწული. უმზერდა და იხსენებდა სრორდში გამართულ, ძვირფას მონათა ბაზარს, სადაც მხოლოდ საუკეთესონი ჰყიდდნენ და იყიდებოდნენ.

ბურანი მოედო მის გუნებას, ააჩქარა სისხლისფერი ქურანი, რათა გონს მოდებული ნისლი განეფანტა.

ერთი ყივილი სრულდებოდა სებიანთა დასახლებაში მოგზაურობისა, როცა მოლხენის ხმა და მადისაღმძვრელი სურნელი მოეფინა გარემოს. ყურისწამღები ხმაური ქვითკირის შენობიდან იღვრებოდა, სადაც ჭიანჭველებივით ირეოდნენ სასმელსა და საკვებს დახარბებულნი.

ჩამოხდა ანდრეი, და მას მიჰყვა ეირინი. ოქრო ამოიღო ქისიდან მეფისწულმა და გადაუგდო კართან გამოჯგიმულ ბიჭუნას, ცხენებს მიმიხედეო, უბრძანა, მხარს შემომჯდარი ყორანი უნაგირზე დასტოვა.

ოქროს დანახვისას ყოჩაღად გაიჯგიმა ბიჭი, გამომცდელი მზერა სტყორცნა უცნობს, თუმცაღა მისთვის აღარ მიეპყრო ანდრეის ყურადღება. სამიკიტნოს კართან ახორხლილ, დალხენილ მთვრალთ უქცევდა იგი გვერდს, რათა გაძეძგილ დარბაზში შესულიყო.

გარეთ სებიანთა ნაყოფიერი მიწების წყაროთაგან მონაბერი სიგრილე ჰქროდა, შიგნით კი, თითქოს კვლავ კლდოვან ტრამალზე ამოჰყოო თავი მეფისწულმა. სულშემხუთველი სიცხე იდგა, საკვების, მაგარი ღვინისა და ხორბლის ნაწურის მათრობელა სურნელი ტრიალებდა, მას თუთუნისა და ადამიანთა სიბინძურით გაჯერებული ჰაერი ერთვოდა ზედ. ნისლივით გასქელებოდათ დარბაზში შეკრებილთ სუნთქვა, მოილხენდნენ, დაამღერებდნენ და გაჰკიოდნენ გულიანად.

ეირინი ჩრდილივით, უმალ ამოუდგა ანდრეის გვერდით, თვალით ანიშნა დახლისაკენ, რომელთანაც შეგროვებულ მსმელთ ვეებერთელა დიაცი ემსახურებოდა.

-იქით წადი. – ყურისძირში უჩურჩულა მან. – ადგილი დაიკავე და ლომისა-თქო, აუწყე… გულუხვად მოგემსახურება, რამეთუ თავისიანად ჩაგთვლის.

ყური უგდო მას ანდრეიმ და აღარ დააყოვნა, მიმართა დახლს. ერთი ჭკუამხიარული გვერდზე გასწია, რათა ადგილი დაეკავებინა გაზინთულ დახლთან.

მწყრალად ამოჰხედა შევიწროებულმა გლეხმა, თუმცაღა როგორც კი ანდრეის გულგრილ, გოროზ მზერას წააწყდა, უმალ იბრუნა პირი.

დახლიდარი წამსვე გამოეგება მეფისწულს, მიელაციცა, ახალგაზრდა მამაკაცის თლილი ნაკვთებისა და მუქ კულულთა შემხედვარე. ლომისა მწადიაო, აუწყა ანდრეიმ და უმალ მოართვა გაბადრულმა დახლიდარმა თიხის მათლაფა, სავსე ხორცით, ზედ ღვინის მოზრდილი ფიალა მოაყოლა.

მიეძალა საკვებსა და სასმელს ანდრეი.

სჭამდა იგი, ერქანთა დიაცი კი აღმართულიყო მის უკან, ხელები დაეკრიფა და დაეხარა მზერა, როგორც ბატონის ბრძანების მომლოდინე მონას, მაგრამ მისი მახვილი თვალი შეფარვით ზვერავდა შემოგარენს, არაფერი გამომეპაროსო.

მოილხენდნენ გარშემო მყოფნი, მღეროდნენ და იცინოდნენ, ყურისწამღები ხმაური მოსდებოდა პირთამდე სავსე სამიკიტნოს. კელაპტართა, ქვითკირის კედლებს რომ ამშვენებდნენ, მოგიზგიზე სინათლე გაჭირვებით აღწევდა ახრჩოლებული თუთუნის ნისლში, აუწყებდა ხალხს, რომ შორს იყო ღამის ბნელი ბურანი, გარეთ ჩამოწოლილ წყვდიადს არ აკარებდა მათ ჩასისხლულ თვალებს, გაპობილ ბაგეებსა და პირღია, გულუხვ ქისებს.

ზიზღით აღსავსე მზერა მოავლო მათ ეირინმა, ქვემოთ მიმართა თვალები, როცა პატარა ბიჭმა ჩაურბინა გვერდით.

გაუგებარი, ერთმანეთში აღრეული გუგუნი მოსდებოდა სამიკიტნოს, რომლის შუაგულშიც შეფარულიყვნენ უწყლო ჩრდილოეთელი და ერქანთა დიაცი.

შემალულიყვნენ, სანამ შეძახილმა არ გაჰკვეთა ჰაერი.

-ამას შეჰხედეთ! – წამოიძახა დახლს აყუდებულმა, ზორბა გლეხმა, თავისი წვრილი, გაოგნებით აღსავსე თვალებით დასცქეროდა ერქანთა დიაცს. მას შემორტყმულმა დამქაშებმა წამსვე ეირინისაკენ იბრუნეს პირი. – მზენანახი ასული გამოგვეცხადა სებიანთ! რახანია ერქანთა სამფლობელოს ასულთ არ დაუმშვენებიათ ეს დალოცვილი მიწა!

ღვინის ფიალა ხელში გაუქვავდა ანდრეის, პირი იბრუნა, რათა ეხილა ზორბა გლეხი, ვინც თვალი დაადგა ერქანთა დიაცს.

-მტრედის ფრთისფერი თმა აქვს მართლაც… – წაილაპარაკა შორიახლოს აყუდებულმა წითურმა და არც აცია, არც აცხელა, უმალ წაეპოტინა ეირინის ფერფლისფერ დალალს, რომელიც წელთან გამოჰქცეოდა თავსაბურავის საფარს.

უკან დაიხია ეირინმა, ვითარცა კარგად გაწვრთნილმა, პატრონის ერთგულმა მონამ, ხელი არ ახლებინა უცხოს.

-ამას უყურეთ! – შესძახა წითურმა და ხმამაღლა გადაიხარხარა. – რაოდენ მორცხვია იგი! შენი ბატონი სადაა, მშვენიერო ასულო? იქნებ მას გავესაუბროთ, რათა შენს მშვენიერ დალალებზე შეგვავლებინოს ხელი?

სიცილმა იფეთქა და წამიერად გაჰკვეთა ნისლი.

-რაგვარად გაუწვრთნიხარ! – შესძახა დახლსა და ღვინის ფიალას ჩამოკიდებულმა აყლაყუდა გლეხმა. – ნუთუ არ უთქვამს მაგ ჭკვამოკლე ყეყეჩს, ხელგაშლილი კაცის სკივრი მუდამ სავსეაო?

არ იძვროდა ეირინი, მხოლოდღა მოიქუფრა იგი, ცივი ფითრისფერი მზერით ჰკლავდა მათ. რომ შეძლებოდა, სამივეს ისევე უმალ მოსტეხდა კისერს, როგორც იმ უცნობ მხედარს…

ღრჭიალი ჩაესმა ანაზდად მეფისქალს და ფეხზე წამოიწია ანდრეი, მხრები გადაშალა და აზიდა თავი, მეფური სიამაყითა და მრისხანებით დაჰხედა ბინძურ გლეხთა ურდოს, რომელთაც შეურაცხყოფის მიყენება შეჰბედეს.

გაოცებით აჰხედეს მათ მაღალ-მაღალ, ბრგე მამაკაცს, შეცბნენ.

-მსმენია, სებიანთა სამფლობელოში ათასი ჯურის ხალხი ტრიალებსო, თუმცაღა არა ვუწყოდი, რომ ნაირ-ნაირ მხეცთაც ვიხილავდი. – თქვა ანდრეიმ, გულგრილობას შეფარული მისი მუქარის სუსხმა შეაკრთო ცხელი ჰაერი. მის უკან მდგარმა ეირინმა შეფარვით მოჰქაჩა მის ლაბადას, რამეთუ არ სჭირდებოდათ სებიანთა სამფლობელოს შვილებთან დაპირისპირება, მაგრამ ყური არ უგდო ანდრეიმ.

მიჩუმათდნენ, დაიბნენ გლეხნი. მხოლოდღა წითური და აყლაყუდა გამოერკვნენ, მოიქუფრნენ და გაეჭიმნენ მეფისწულს.

-უკარება მონა და თავგასული ვიგინდარა ბატონი! – ანდრეის პირისახეს შეაფურთხა სიტყვები წითურმა. – რაღა გასაკვირია! არ გასწავლეს, უცხოელო, ფასი ხელგაშლილობისა? აქ მისი, ჩემი თუ სხვისი მონა არ განირჩევა!

-თანაც… – ხარბი თვალები მიაპყრო ეირინს აყლაყუდამ. – ჩემს მარჯვენა ყურს დავდებ, რომ იგი აქვე, ჩვენს მიწაზე გყავს ნაყიდი! ჩვენს მიწას ფეხდადგმული სებიანთ ეკუთვნის, სამუდამოდ!

-კარგა ხანია, რაც დალიჰარი არ გვიხილავს სებიანთა მიწაზე… – ჩაურთო წითურმა. – ამ წყეული ომის გამო… ეს ერთი ვიხილეთ და ისიც ამგვარი…

ანაზდად ხელი უშვა ანდრეის ლაბადას ეირინმა. მოიქუფრა მეფისწული, ერქანთა დიაცისაკენ იბრუნა პირი.

მიტკლისფერი დასდებოდა დიაცს. მრისხანება ჩაბუდებოდა ფითრისფერ თვალებში, ჩვეულებრივ ცივი და გულგრილი სახე მოღმეჭოდა.

შედრკა ანდრეი. არასოდეს ენახა ერქანთა დიაცის თვალებში ესოდენ აშკარა და ყველაფრის მომცველი ცოფი.

ეირინმა კბილები გააშიშვლა, ელვის სისწრაფით წითურის წინ აღმოჩნდა. თავის ენაზე რაღაც დაუსისინა მას, და სანამ გაოგნებული გლეხი გამორკვევას მოასწრებდა, პირდაპირ ცხვირში მიაგება მუშტი.

ცხვირის ძგიდემ ლაწანი გაიღო, და სისხლმა იფეთქა.

აღრიალდა წითური, ხელები იტაცა პირისახეს.

-Verra synrikäirre hossu, maij loderniesen! – კბილთა შორის გამოსცრა ერქანთა დიაცმა, მომუშტული ხელი უთრთოდა, მოღრეჯოდა ნაკვთები, ძლივსძლივობით იკავებდა მრისხანებას.

ხელი სტაცა მას ელდანაცემმა ანდრეიმ, მოავლო მკლავი და გაათრია უკან.

ღრიალებდა წითური, მის ხმას ახშობდა სამიკიტნოს ყურისწამღები ხმაური, შორს მყოფნი ყურსაც არ იბერტყავდნენ, თუმცა სისხლის ხილვამ გამოარკვია შორიახლოს მდგარი, მომხდარით შეცბუნებული გლეხები, პირი იბრუნეს მეფისწულისაკენ და შეუბღვირეს.

-მონამ სებიანთ ხელის დაკარება გაუბედა! – შესძახა აყლაყუდამ. – როგორც ჩანს, სათანადოდ არ გაგიწვრთნია შენი დალიჰარი!

მხეცივით შეუღრინა მას ეირინმა, თუმცაღა მკლავით შეაკავა იგი ანდრეიმ.

-ხმა გაიკმინდე. – ცივად მიუგო მან. – თორემ ვფიცავ ღმერთებს, გარიჟრაჟის ჟამს შენი მზე უკუღმა ამოვა.

-ვიგინდარა უცხოელო! – შესძახა აყლაყუდამ. – რასა ჰბედავ, ჩვენს მიწაზე ფეხს ადგამ და გაუგონარ თავგასულობას გაიძახი! შენი ფუჭი მუქარა არარად მიღირს, ქარი წარიტაცებს მას, რამეთუ ფურფუტი და ამაოა იგი…

მარჯვენა ხელი მკლავში ჩაავლო ანდრეიმ ერქანთა დიაცს, მარცხენა მკლავი კი აყლაყუდასაკენ გაიწვდინა, ისე ანაზდად, რომ ელდანაცემმა გლეხმა გარიდება ვერ მოასწრო. მარჯვენა ყურში სტაცა ხელი ანდრეიმ, გადაუგრიხა და უმალ, ძლიერი მოქნევით ჩამოჰგლიჯა პირწმინდად, მერე კი მიუგდო ფეხებში.

-ჩემს ბაგეთ ფუჭი სიტყვა არასოდეს წასცდებათ, ტუტუცო ხეპრევ. – დაისისინა ანდრეიმ, აყლაყუდას განწირულ ყვირილსა და წითურის გმინვაშიც კი ჩაესმოდათ მისი ცივი, მრისხანებით აღსავსე ხმა შორიახლოს მყოფთ. – და აი, რაკი შენი მარჯვენა ყური დადე, გქონდეს კიდეც. – ზიზღით მიუთითა მან, ორი ოქრო ისროლა დახლზე და პირი იბრუნა, ხალხი გაარღვია და მიაშურა გასასვლელს. მისი ხილვისას აფრთხიალდა ზორბა ყორანი, წამსვე მხარზე შეაფრინდა.

ცხენებთან წამოეწია მას ერქანთა დიაცი. უმალ ამხედრდნენ, ქუსლები შემოჰკრა თაფლას ეირინმა, ჩორთით მიმართა ცხენი გზას. მრისხანებისაგან კვლავ წამოწითლებულიყო იგი, მაგრად ჩაჰფრენოდა საბელს.

მიჰქროდნენ ისინი, ჰკვეთდნენ გამვლელთ, რომლებიც წყევლა-კრულვას აყოლებდნენ უკან.

-ამას არ შეგვარჩენენ სებიანნი… – ქოშინით თქვა ეირინმა, ქუსლები მაგრად შემოჰკრა თაფლას. საბელი მოსწია და ქვითკირის შენობათა შორის შეაგდო ბედაური, მომცრო, ბნელ შუკას გაჰყვა ჩორთით. – მზად იყავ, ჩრდილოეთელო, რამეთუ ძებნას დაიწყებენ ისინი…

-რად მეუბნები მაგას? – შესძახა მისი სიტყვებით განრისხებულმა ანდრეიმ. – ჰოი, გრძნეულო, წყეულო დედაკაცო! შენი ხელი რომ არ აგღემართა იმ წყეული ღორის წინაშე, ჩვენს საფარავს საფრთხე არ დაემუქრებოდა! როგორც კი პირველი ალისფერი წვეთი დაიფრქვა იმ ბინძური გლეხის წინ, უკან დასახევი და წინ სავალი გზა მოგვეჭრა!

არა უთხრა რა ეირინმა. მისძახოდა ანდრეი, უბრძანა ხმა გაეცა და მოეხსენებინა მიზეზი მისი თავზეხელაღებული, უგუნური საქციელისა, მაგრამ ენა გადაეყლაპა ერქანთა დიაცს.

მიჰქროდა იგი, მიერეკებოდა თაფლას. უხვევდა და გეზს იცვლიდა დაუსრულებლად, სანამ ისედაც არაქათგამოცლილ ანდრეის არ აერია შენობათა და გზათა სათვალავი. მხოლოდ იმასღა ჰხედავდა მეფისწული, რომ ამაყად წამომდგართ, კოხტად ნაშენებ სახლებს სცვლიდნენ წკნელთაგან მოწნული, გვერდზე მიწოლილი ქოხები და დაფეხვილი ქვითკირის სადგომნი. ვაჭართა გაუთავებელი ძახილი მიწყდა, მხოლოდღა რამდენიმე დახლს ჰკიდა თვალი მეფისწულმა. გზის კუთხეებში მიჩურთულივნენ ისინი, ვითარცა რიდით აღსავსე დიაცნი, სიკვდილივით გარინდებული ვაჭრები ესხდნენ მათ. გულგრილად გამოაყოლეს მზერა მხედრებს.

თითქოსდა კელაპტრებიც ჩაიბჟუტნენ, უღიმღამოდღა ციალებდნენ. უჩუმრად ეხლებოდა შუქი შიშველ, ცივ კედლებს, თუმცაღა სიცოცხლის მოჰფენის მაგივრად, ავადმყოფურ სიყვითლეს სდებდა არე-მარეს, შიშსა და სევდას უნერგავდა მგზავრს. მხოლოდ შორიდანღა ისმოდა სებიანთა სამფლობელოს დალხენილი ყოფა, და ვითარცა ცხელ გულს შემოჯარულ ცივ სხეულს, მიუყვებოდნენ ისინი ტყეს შემიჯნულ უბადრუკ სახლებს.

ერთ მომცრო სადგომს აუარა გვერდი ეირინმა. ტყეში შერეკა ბედაური, ჩამოხდა და საბლით ბუჩქნარს გამოაბა თაფლა. უმალ გაწვა მიწაზე ქანცგაწყვეტილი პირუტყვი, ზანტად მოწიწკნა ბუჩქნარის ფოთლები. ოფლში გაღვრილიყვნენ ბედაურნი, ქაფის ფანტელები შეხმობოდათ მათ ყელსა და ფერდებს.

-აქ გწადია ღამის გათევა, ერქანთა დიაცო? – შეჰკითხა მოახლოებულმა ანდრეიმ, წარბშეკრული დაჰყურებდა ეირინს. – პირდაპირ სებიანთა ყურისძირში, ცის კამარის ქვეშ…

-მხოლოდ ბედაურთა დაბინავება მწადია, სრორდელო. – მოუჭრა ეირინმა. – სებიანნი ამ გზას არ დაადგებიან ჩვენდა საპოვნელად, და თუ დაადგნენ სჯობს ჩვენი ბედაურნი იპოვონ და არა ჩვენ. თუ საფრთხე მოახლოვდა, ისინი აჭიხვინდებიან, გვამცნობენ.

-ვგონებდი რომ კვლავ გზაში გავატარებდით დროს, სანამ დღის მხევალი ამოიწვერებოდა. – თქვა მეფისწულმა. – ნუთუ გწადია სებიანთ მძინარენი გვიპოვონ?

-იქნებ არ ვიმჩნევ, სრორდელო ქოფაკო, თუმცაღა მეც გამიწყდა ქანცი, მკერდში აღარ მიდგას სუნთქვა, თითქოსდა ფოლადი ჩამისხესო ფეხებში… – მიუგო ერქანთა დიაცმა. სუსტი ოქროსფერი სინათლე დაჰფენოდა გვერდიდან და გაჭირვებით არჩევდა ანდრეი მის მოქუფრულ პირისახეს. მზერა აარიდა დიაცმა, თაფლას ცხვირზე მოუთათუნა ხელი. – სებიანთ ჩვენი პოვნა სწადიათ, მაგრამ ჭკუასუსტი ხალხია. გულღრძონი არიან და დაუფიქრებლად გაგყიდიან ორ ოქროდ, მაგრამ გონება არ უჭრით. დილამდე მაინც ვერ გვნახავენ, იფიქრებენ, დაზაფრულებმა შიშში დასტოვესო ჩვენი სამფლობელო.

უმზირა ანდრეიმ, როცა მიჩუმდა დიაცი. ახლაღა შეატყო ერქანთა დედაკაცს დაღლილობა, თვითონაც ძვლებში რომ გასჯდომოდა.

ანდა ახლა შეიმჩნია იგი დედაკაცმა.

ჩამოხდა ანდრეი. ბუჩქნარს მიაბა სისხლისფერი ქურანი. ყორანმა, თითქოს იგრძნოო, შეიბერტყა ფრთები და აფრინდა, თელის ტოტზე მოკალათა და ხმადაბლა დასჩხავლა მათ.

-წავიდეთ. – თქვა ეირინმა, ტყისპირს მიმართა, შემიჯნული სახლებისაკენ აიღო გეზი. უმალ მიჰყვა უკან ანდრეი.

-აქვე ერთი დედაკაცია, მოზრდილი სახლობით დაიკვეხნის. იქნებ შეგვიფაროს და დაგვაპუროს… – თქვა ანაზდად ეირინმა. მიდიოდა იგი და ნელ-ნელა ეფინებოდა მოძალული, კელაპტართა შუქი, სახლთა შორის რომ გამოპარულიყო. ავადმყოფურ ბალახისფერს ადებდა მის რუხ თავსაბურავს.

უცნაური იყო მისი ხილვა ფერფლისფერი თმის ბრწყინვალების გარეშე.

-წყეული სებიანნი… – წარმოთქვა ანდრეიმ, როცა მტვრიანი ხრეშით დაფარულ გზას შეაბიჯეს და უკან გაუყვნენ სახლებს. – იმ დედაკაცს ენდობი, ერქანთა დიაცო? – შეჰკითხა მან. – იქნებ მანაც ორ ოქროში გაჰყიდოს სტუმარნი?

-სებიანთა სამფლობელოს კიდეზე მცხოვრებნი გარიყულნი არიან. მათ არც ჰკითხავენ მდევარნი. – მიუგო ეირინმა, ერთ შენობას გვერდი აუქცია და ზედ აჰხედა.

უბრალო ქვითკირის, თიხით შელესილი ზორბა სახლობა იყო იგი. ქვათ ძველი ხავსისა და ობის სურნელი ასდიოდათ, უთვალავი მწერნი დასეოდნენ ნესტით გაჯერებულ დედაფუძეს. გაცრეცილიყო კარის თავს მოკიდებული აბრა, რომელიც ალბათ ოდესღაც მხიარულად ეპატიჟებოდა გამვლელთ, ღამისსათევს სთავაზობდა მათ.

კარი შეაღო ანდრეიმ და შეაბიჯა უყოყმანოდ.

პაწაწინა სახლობის შიგნეულს გაჭირვებით ანათებდა ერთადერთი ქონის სანთელი. მაგიდას მოხუცი დედაკაცი და შეუღერებელი ყმაწვილი შემოსხდომოდნენ, რომელთაც შეშფოთებული მზერა მიაპყრეს უცხოთ.

პირდაპირ მათ მიმართა ანდრეიმ, და წამოიწივნენ ისინი უცხოთა ხილვისას.

-ნუ გეშინით. – უთხრა ანდრეიმ, ქისიდან სამი ოქრო ამოაცურა და მიჰყარა მაგიდაზე. – მოგზაურნი ვართ მხოლოდ, ქანცგაწყვეტილნი, ღამის გასათევი გვწადია. შეგვიფარე, კეთილო დიაცო, სანამ მდელოთ სხივთა საბურველით დაჰფარავს დღის მხევალი…

შვება დაეტყო დედაკაცის დაღარულ ბაგეს.

-გზა ვრცელია, ტვირთი დიდი, მგზავრი კი ძვირფასი, ახალგაზრდა ბატონო… ღმერთებმა დაგლოცონ, ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ დაგიფაროს… – დალოცა დიაცმა. გაწეწილი ჭაღარა თმა უთრთოდა თავზე. მორღვეული ბაგე გაჰპობოდა, მოხუცის ბუნდოვანი, წყლიანი თვალებით დაჰყურებდა მათ. – როგორ გწადიათ, იქნებ განმარტოება გსურთ? ჩვენ მონათა სამყოფელიც გაგვაჩნია… – ეირინს სტყორცნა მზერა მან.

-არა. – მოუჭრა ანდრეიმ. – ერთი ოთახი.

-რა გასაკვირია, არა, დედავ? – ხმა ამოიღო გაწრიპულმა ყმაწვილმა. მუქი თვალებით ანდრეის უკან მდგარ, თავდახრილ ეირინს დასცქეროდა. – რამეთუ მას დალიჰარი ჰყვანს, არ სწადია მისი მოშორება გვერდიდან…

-ენა ჩაიგდე! – დაუცაცხანა ქალმა. – ბატონის საქმე-საქციელი შენი გასარჩევი არაა!

სხეული გაუქვავდა ანდრეის. დაიჭიმა იგი ერთიანად, შეფარვით გაჰხედა ერქანთა დიაცს, არ ეცესო ამ უდღეურ დღეზე გაჩენილ ყმაწვილს.

მაგრამ არ შენძრეულა ეირინი. იდგა იგი, ვითარცა მონას შეჰფეროდა, დაეკრიფა ხელები და დაეხარა თავი, მხოლოდღა თავსაბურავს გამოქცეული რამდენიმე დალალი გასცემდა მას. მოქუფრულიყო, მრისხანება და ზიზღი ედგა თვალებში, მაგრამ ფერი დაჰკარგვოდა მის ბრინჯაოსფერ კანს. თვალები მოხუჭა მან და ადგილზე შეირყა, ვითარცა რეტი ესხმოდა.

-ახალგაზრდა ბატონო? – ჩაესმა ანდრეის, და უმალ გამოფხიზლდა იგი, ჭაღარა დედაკაცისაკენ იბრუნა პირი. – ვახშამი გწადიათ? თუ მხოლოდ მოსვენება? აგე, ეს უგუნური, ტუტუცი ხეპრე გაგიძღვებათ…

-დააპურეთ იგი. – მოუჭრა ანდრეიმ. წარბები აზიდა დედაკაცმა, თითქოსდა გაიკვირვაო, თუმცაღა არა თქვა რა, როცა ანდრეის გამომცდელ მზერას წააწყდა. მხოლოდღა ბიჭს უბრძანა, წაჰყევიო სტუმარს.

კიბისაკენ გაუძღვა ყმაწვილი და უკნიდან ესმოდა ანდრეის, თუ როგორ ეაჯებოდა დედაკაცი ერქანთა დიაცს, მიუჯექიო მაგიდას, რათა მიირთვაო მცირეოდენ საკვები.

არ მოუხედავს ანდრეის, მეორე სართულისაკენ მიჰყვა ყმაწვილს.

კიბე უბრალო ხის ფიცრებისაგან შეეკრათ, რომელთაც დასტყობოდათ გამოვლილი წლები. ყოველ ნაბიჯზე ქშინავდნენ და იზნიქებოდნენ ისინი, თითქოსდა სწადიათო სტუმართა ფეხქვეშ გამოცლა.

ოთახამდე მიაცილა ყმაწვილმა, მშვიდობიანი დასვენება უსურვა და დასტოვა უმალ.

მომცრო ოთახში დადგმულ ერთადერთ, დანჯღრეულ საწოლზე მიესვენა ანდრეი, შეაცქერდა დაფხავებულ კედლებს. მხოლოდღა ფანჯრის დაბურული მინიდან იღვრებოდა კელაპტართა სუსტი შუქი, რის ვაივაგლახით ანათებდა პაწია ოთახს, რომლის ავლადიდება მხოლოდღა საწოლი, ძველი ხის სკივრი და ფანჯარასთან გაფენილი დაფხრეწილი ჯვალოს ქვეშაგები იყო.

იწვა მეფისწული, იმდენად გასცლოდა ქანცი, რომ ვეღარც გრძნობდა ჭრილობათა წეწვას, ადრე სხეულს რომ უხლეჩდა.

იწვა იგი და ებრძოდა ბურანს, მის მზერას რომ ედებოდა.

გამოერკვა, როცა შემოესმა კიბის ღრჭიალი, რომელსაც დერეფნის დაღრეცილ ფიცართა ღრიჭინი მოჰყვა.

კარი გაიღო და ზღურბლთან მდგარ ერქანთა დიაცს ოთახზე მიუთითა ყმაწვილმა. ანდრეის თავი დაუკრა და დასტოვა მარტო.

კარი გამოიხურა ეირინმა. არაფერი უთქვამს, არც ანდრეისათვის მიუპყრია მზერა, მხოლოდღა ფანჯარასთან გაფენილ, დაძეძგილი ჯვალოს ქვეშაგებს მიმართა, ზედ წამოწვა უმალ.

შხრიალი გაიღეს ქვეშაგებმა. სილით აევსოთ ისინი.

მოიკაკვა ერქანთა დიაცი. მეფისწულისაკენ ზურგი მიექცია, კელაპტართა შუქი დაჰფენოდა მას, თითოსდა ლამობდა დაეფარა იგი, საფარველივით შემორტყმოდა გარშემო.

ფერფლისფერი თმა, თავსაბურავს რომ გამოჰპარვოდა, მხარსა და წელზე გადაეგდო დიაცს.

გაივლო ანდრეიმ, თუ როგორ შესძახა აყლაყუდამ, მტრედის ფრთისფერი თმა აქვსო, თუ როგორ გაჰყიდეს ისინი ერქანთა დიაცის სიძვის ელფერდაკრულმა დალალებმა.

მკერდი აეწვა, ალი აბობოქრდა მასში.

-შენი წყეული თმა რომ არა, სებიანნი ვერ გვკიდებდნენ თვალს, გრძნეულო დედაკაცო. – დაისისინა მან. – რად არ შეიკვეც ძირში?

არ შეინძრა ეირინი. მის წელს გადაგდებული დალალი შეირხა მხოლოდ.

-შენი მწირი გონით ჩემს ადათ-წესებს ვერასოდეს შესწვდები, ჩრდილოეთელო. – მოუჭრა მან. – ჩვენ ადამიანისა გვჯერა, ისეთისა, როგორც შეჰქმნა იგი ღვთაებამ…

-უგუნურებაა უსულო ქმნილების ზეცამდე აყვანა, ერქანთა დიაცო. – მიუგო ანდრეიმ.

-როცა ღვთაებამ ხორბლის მტვრისაგან შეგვკრა, ზღვათა ტალღები ჩაგვიდგა თვალებად და დაუდგრომელი, თუმცაღა მიწისა მორჩილი მდინარე სულად, მისი ძუძუმტე ყორანი დაეწვია მას. – თქვა ანაზდად ეირინმა. – როცა იხილა, რომ ახლადშექმნილთ საფარველი არა გააჩნდათ, შემოიგლიჯა ბუმბულები და თმად შეგვასხა, დაგვლოცა და გვაუწყა, გიფარავდეთ იგი და იფარავდეთო მას. ჩემი თმა ერქანთა სამფლობელოს ხალხის ნიშანია, სრორდელო, ტვირთი, რომელსაც ბალღობიდან ვზიდავთ, სიმძიმე, რომელიც მუდამ გვახსენებს თავს და გვაუწყებს, რომ მადლიერებით აღსავსეთ გვახსოვდეს ჩვენი ფეხებით გათელილი მიწა, რამეთუ მას მივებარებით ბოლოს. რომ ვუწყოდეთ, ჩვენი გონიც კი, ზეცისაკენ რომ მიუმართავს პირი, ბოლოს მაინც ნაწილი იქნება მიწისა. მე თმას ჩემი ხელით მოვიგლეჯ, სრორდელო, როცა ჩემს ფესვნი და ღირსება შეიმუსრება.

სიჩუმე საბურველივით დაეფინა მათ. თვალები დაახამხამა მეფისწულმა, მზერას არ აცილებდა ერქანთა დიაცს. თითქოსდა კვლავ უელჰამის ჭაობებში იყო, იმ კაციჭამია დედაკაცის ქოხში, და გარინდული უგდებდა ყურს, თუ როგორ ჰყვებოდა ეირინი ზღაპარს.

-შენ ცრუ ღმერთს ემსახურები, გრძნეულო დედაკაცო. – უთხრა მცირე ჟამის დუმილის შემდგომ. – და ცრუ რწმენისა მეტი არაფერი გაგაჩნია. ღმერთები ამიტომაც არ გწყალობენ…

-მაშ მე არ მწყალობენ? – შეჰკითხა ერქანთა დიაცმა. – და რაკი შენ გაქვს მათი რწმენა, აქ რატომღა ამოჰყავი თავი? მაშინ, როცა თეთრით მოფენილ გზაზე უნდა მიაბიჯებდე შენს დედაქალაქში, მათრობელა ღვინით, ნარჩევი ხორცითა და თეთრყირმიზი ხარჭებით მოილხენდე შენს სისხლიან, უწყალო გამარჯვებას… მე ღვთაებას არ მოვიხსენიებ, როცა განსაცდელი მახვევია თავს, არც მაშინ, როცა მოვილხენ, რადგან მას ხელი არ გაუსვრია ჩემს სიცოცხლეში. შენი ცხოვრება აღიღე და ატარე, ჩრდილოეთელო, რამეთუ შეგიმსუბუქდება ტვირთი.

ხმა აღარ გასცა ცოტა ხნით ანდრეიმ.

-რად ეძგერე იმ ბინძურ გლეხს, დიაცო? – ჩუმად შეჰკითხა ბოლოს. – დალიჰარი გიწოდა… ამისათვის?

-ბაგე ბილწი გაქვს, სრორდელო ქოფაკო, თუმცაღა ეცადე, საბოლოოდ არ წაიბილწო იგი. – კბილთა შორის გამოსცრა ეირინმა, წამოიზიდა და მოქუფრული სახე მიაპყრო მეფისწულს. – სხვა დროს იმ გლეხს ენას ამოვგლეჯდი, მაგრამ არა უწყოდა მან, თუ რას გაიძახდა…

-საკვირველი ვინმე ხარ, ერქანთა დიაცო. – მიმართა ანდრეიმ. – რამეთუ წარბსაც კი არ იხრი, როცა სიძვის დიაცი და გრძნეული ჩაესმით შენს ყურებს , მაგრამ გაუსაძლისია შენთვის „დალიჰარის“ მოსმენა…

-მას უფლება არა აქვს ასე მომმართოს! – შეჰყვირა ეირინმა, აენთო ფითრისფერი თვალები. – მას უფლება არა აქვს, რომ ეგ წოდება ბაგეს გაივლოს! უგუნური ყეყეჩია იგი, რამეთუ ბღალავს ერქანთა ხალხს…

თითქოს სიტყვა ყელში გაუდგაო, შედგა დიაცი, პირი იბრუნა.

-ნუთუ ერთმა სიტყვამ დაგაბეჩავა, ერქანთა დიაცო? – სარეცელზე წამოიწია ანდრეი, დაჟინებით შესცქეროდა ეირინს, გაფაციცებით უმზერდა მის თითოეულ გარხევას. – თვალი მომაპყარი, როცა გესაუბრები, დალიჰარ! – შესძახა მან.

წამოვარდა ერქანთა დიაცი, მრისხანებით აღსავსე თვალები მიაპყრო.

-სიტყვათ ჩემი დაბეჩავება არ სჩვევიათ, სრორდელო ქოფაკო! – შეჰსისინა მან. – მე ზიზღს მგვრის ამ ხალხის სიბილწე… შენა? შენ რასა მეტყვი, ჩრდილოეთელო? ვინაა ბაბალ-ქაანი?

შედრკა ანდრეი, თითქოს ანაზდად სილა გააწნესო. გაქვავდა მთელი სხეულით, ფერფური წაუვიდა მეფისწულს.

შესცქეროდა ეირინი, სუსხისფერი ჰქონდა თვალები, მაგრამ ნაპერწკლებს ჰყრიდნენ ისინი. უწყალო და შეუბრალებელი იყო მისი მზერა.

-ვინაა ბაბალ-ქაანი, სრორდელო? რად გამძიმებს ესოდენ მისი სახელის ხსენება? – შეჰკითხა კვლავ, მაგრამ დაცინვა ედო ხმაში, თითქოსდა უწყისო თავის სიტყვათა საზიდი ტვირთი. – რად უწყოდა მასზე უელჰამის ჭაობების წაწყმედილმა კაციჭამია დედაკაცმა?

-ხმა გაიკმინდე… – შეუღრინა ანდრეიმ, სარეცელზე წამოჯდა, დასუსხული ხელებით ჭმუჭნიდა იგი სარეცელის ტილოს.

-ხმები ტრიალებენ, სრორდელო. – ცივად მიუგო ეირინმა. – საიდუმლოებანი აქვსო სრორდის მომავალ მეფეს, მომაკვდინებელი ცოდვა აწევსო მის კისერს… ყოველივეს ისმენდნენ ჩემი ყურები, ჩრდილოეთელო, რამეთუ სათანადო პატივისცემით არ შემოგყურებენ შენი მეომარნი… მათი ჭეშმარიტი ბატონი და მხედართმთავარი არა ხარ!

წამოვარდა ანდრეი. წითელ-ყვითელმა გადაუარა მის პირისახეს, ავადმყოფურად მომანჭვოდა იგი მკრთალ, მოყვითალო შუქზე.

-შენი ხალხი ბოროტ ენებს ასავსავებს შენს გარშემო, ზურგში დანას გცემენ… – გველივით სისინებდა ეირინი, წამოიჭრა იგი და დაბურული, ფითრისფერი თვალებით ჰკლავდა. – შენი უდიდესი ცოდვა… ჭეშმარიტი მეფე მოჰკალ, სრორდელო, და ბაბალ-ქაანი აჩრდილია მისი სისხლისა…

დაიჩურჩულა ბოლო სიტყვანი ეირინმა, მაგრამ თითქოს მეხი გრგვინავსო მცირე ოთახში, ისე ჩაესმა ისინი მეფისწულს, მოსტაცა სმენა და გონი.

ჯიქურ მიაშურა ერქანთა დიაცს, უმალ კედელს ააკრა იგი. ხელი მიანარცხა ზედ, და ზრიალი გაიღეს კედლებმა, ტკივილისაგან აკვნესდნენ, შიშისაგან შეაცახცახათ.

-ენას ჩაიგდებ. – კბილთა შორის გამოსცრა გამძვინვარებულმა მეფისწულმა. – ენის ტარტარი შენც კარგად მოგხერხებია, დიაცო… აღარა ხარ შენს წყეულ მიწაზე, შენს სამეფო კარზე, მფარველი მამის ხელის ქვეშ… წამითაც ნუ იფიქრებ, რომ ესოდენ თავგასულ ქმედებას მოვითმენ, დალიჰარო…

აქამდე ცივად იმზირებოდა ერქანთა დიაცი, შეუვალი ჩანდა, კლდესავით აღმართულიყო მეფისწულის მრისხანებით აღსავსე სხეულის წინაშე, მაგრამ თითქოს ჩამოიშალაო იგი. ნაკვთები დაეღრიჯა მეფისქალს, კბილები გააშიშვლა და ხელისკვრით ჩამოიშორა ანდრეი, მერე კი ანაზდად მიაგება სახეში მუშტი.

წარბი გაუსკდა მეფისწულს, უმალ ჩამოუგორდა სიცოცხლის ალისფერი ღაწვზე.

-დაგწყევლი, სრორდელო ქოფაკო, დაე ღვთაებამ მოგიზღოს გამოუსყიდავი ცოდვის სამაგიერო… – დაუსისინა ეირინმა.

ხელუკუღმა სილა გააწნა მას გაცოფებულმა მეფისწულმა, ბაგეს სისხლი დაადინა, მაგრამ არ შეეპუა ეირინი. ფითრისფერი თვალების ცეცხლით შემოეგება დიაცი, მკერდში უთავაზა მუშტი.

სხარტი იყო დედაკაცი, მისი დიაცისადმი შეუფერებელი მხნეობა მუდამ ზიზღს ჰგვრიდა ანდრეის, თუმცაღა წარეტაცა იგი გაუსაძლის დაღლილობას. მუცელსა და ყბაში აძგერა მუშტი ეირინმა, მერე კი ყელში უმიზნა ხელი.

მაგრამ არ დასცალდა.

ხელი სტაცა ანდრეიმ, გადაუგრიხა და მკლავები შემოჰხვია, რაც სხეულში ძალ-ღონე დარჩენოდა, მოიკრიბა ერთიანად და მოუჭირა, ისეთი ძალით, რომ ძვლებმა ღრჭიალი გაიღეს დიაცის სხეულში, სუნთქვამ დასტოვა მისი მკერდი.

კბილები გააღრჭიალა ანდრეიმ, სწეწავდა ჭრილობა, თუმცაღა ცოფით გონდაბურული ყურადღებას აღარ მიაპყრობდა მას. უჭერდა მარწუხებს და ლამობდა მის ძვალთა ჩამსხვრევას, მის გაგუდვას…

ანაზდად მოეშვა დიაცი.

ერთიანად დაძაბული, ვითომდა ქვად ქცეულაო, სხეული ეირინისა მოეშვა, თითქოსდა ინებესო ღმერთებმა და აუსრულესო ანდრეის თავისი წადილი.

შედრკა მეფისწული. გაოგნებული დასცქეროდა წინ გადავარდნილ ერქანთა დიაცის თავს.

მერე კი, ისევე ელვის უსწრაფესად, როგორიც მისი მომჩვარება იყო, შეიკრა ეირინის სხეული. იდაყვში თითები ჩააჭირა მეფისქალმა თავის შემპყრობელს.

თითქოსდა ხელი წაერთვაო, მკლავი ჩამოუვარდა მეფისწულს და შეჰყვირა, განცვიფრებულმა.

მისკენ პირი იბრუნა ეირინმა, მიანათა ფითრისფერი თვალები და პირდაპირ მარცხენა ძუძუზე დაჰკრა მუშტი.

დაიხავლა ანდრეიმ, სულისმომცველი ტკივილისაგან დაკლაკნილმა, მუხლი მოეკვეთა, წაიფორხილა და ქვასავით დაენარცხა სარეცელზე.

ერთიანად წამოწითლებულიყო ერქანთა დიაცი, სუნთქავდა მძიმედ. ჯვალოს ქვეშაგებზე დაეშვა იგი, რის ვაივაგლახით მოითქვა სული.

-მაინც მოგკლავ, დალიჰარ… – ძლივს ამოიხრიალა მეფისწულმა. – მაინც გავისვრი შენს სისხლში ხელს, დაგკლავ და ჩამოგკიდებ, ვითარცა საკლავს, გაგრძნობინებ, თუ როგორ სტოვებს სიცოცხლე შენს სხეულს…

-დღეს არა, სრორდელო. – მიუგო ეირინმა, გაჰყინვოდა ხმა. წამოწვა იგი და კვლავ ზურგი შეაქცია ანდრეის. – დღეს არა… მხოლოდ იმას მიაპყარი გონი, თუ საით აიღებ გეზს…

აღარა მიუგო საპასუხოდ ანდრეიმ.

დაღლილობისა და ტკივილისაგან გათანგულმა, ძლივს მოჰკრიბა ძილის ნარჩენები, რათა დაესვენა მის წამებულ სხეულს.

ფანჯრის მტვრიან მინაში კი ბინდბუნდი დამდგარიყო. კელაპტართა სინათლენი ინავლებოდნენ, ვითარცა გარიჟრაჟთან გაფერმკრთალებული ციცინათელები. ცრუდილა იდგა დღისა და ღამის საყარი. დღის მხევალი იზმორებოდა აღმოსავლეთით, ებღაუჭებოდა მთათ, რათა ცის კამარას შეწვდენოდა და იბანებოდა საკუთარ სისხლში.

სებიანთა სამფლობელოში იწვერებოდა მზე, და ურცხვი უცხოელის საპოვნელად დაგეშილიყვნენ მდევარნი.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ასი მთისა და ასი მინდვრის იქით კი ადრეული ზამთრის პირის სუსხი მოსდებოდა სრორდის დედაქალაქ ბელთათინს. თეთრ ღრუბელთ დაეფარათ ზეცა, დღე-დღეზე ღმერთები ჩამოჰყრიანო ყინულოვან ცრემლებს, იუწყებოდნენ მცოდნენი. გარინდული იდგა ჰაერი, სიოც კი არ იძვროდა, თითქოსდა მოლოდინში გათანგულიყო იგი, მბრწყინვალე თრთვილად მიჰყინვოდა მთათ და მინდორთ.

ყინვა მორეოდა ბელთათინის თავზე აღმართულ, დედაქალაქის ცხელ გულს, ვოლფრამთა საგვარეულო სასახლეს. თითქოსდა გაყინული რძე ჩაუსვიათო ფანჯრებში, შეჭირხლულიყვნენ მინები, სასახლის ქვათა წიაღში დაესადგურებინა სიცივეს. გუგუნებდნენ სასახლის სპილენძის ავზნი, მდუღარე წყლით რომ აევსოთ და მწირ სითბოს აწვდიდნენ მოსახლეთ.

ოთახებში აეგიზგიზებინათ ბუხრები, სითბოს დასაჭერად ხალიჩები და ბეწვ-ტყავნი დაეფინათ, ყველა ჭუჭრუტანა დაგმანული იყო.

ამისდა მიუხედავად, ბებერ ძვლებში სუსხი უქროდა ბუხრის წინ მჯდარ შაჰაიაქელ ინგენს. განუყრელი, დაფხრეწილი ლაბადა და ძვირფასი დათვის ბეწვი მოესხა ზედ, შაჰაიაქის მიწისა და როზმარინის სანათი დაენთო , თუმცაღა აღარ ირწეოდა და ლოცულობდა იგი. ადგილს მიჰყინვოდა ინგენი, ქირქილებდა დროდადრო, და გაჰყურებდა ფანჯარას გამჭოლი თვალებით.

ანაზდად, თითქოს გამოეპასუხაო ბერიკაცის მოთმინებით აღსავსე მოლოდინს, შეკანკალდა შეჭირხლული მინა, დაჰკრეს ზედ სამჯერ, გამეტებით.

წამოიწია ინგენი. უკეთ მოიხვია ბებრუცუნამ ტყავი დათვისა, უმალ შეაღო ფანჯარა.

თოვლივით თეთრი მტრედი ჩამომჯდარიყო გარეთ, ილეოდა მისი ქათქათა, მომცრო სხეული, იცრიცებოდა და ერწყმოდა სპეტაკ შემოგარენს.

ფრთები ააფრთხიალა მტრედმა, თითქოსდა მოუთმენლობა ჩასდგომოდა კენჭებივით მომცრო თვალებში, და წაეტანა სულწასული ბერიკაცი, ფეხზე შემობმული პაწაწინა გრაგნილი მოხსნა.

კოხტა თავი აიქნია მტრედმა და გაშალა ფრთები, მიმართა მეათე მთვარის ყინულოვან სუნთქვას.

ჩაეღიმა ბერიკაცს და მიხურა ფანჯარა. ჩემი სიტყვის შესმენა არ სწადიაო, ჩაიქირქილა მან და გამოხსნა გრაგნილი.

„ჰოი, ბებერო გველო, მონავ ბოროტი სულისა და ეკალო კაცისა გულში, კვლავ იჩინე თავი, კვლავ დასდგი შენი წყეული ფეხი ჩემს მიწაზე და განსაცდელის ქარბუქით შეძარი იგი.

ვუწყი, რა გწადია, და ისიც ვუწყი, რომ არ მიგიწვდება მასზე ხელი, ძალზედ სულმოკლე და ჭკვამოკლე ბრძანდები. დიადი მგელი ცოცხლობს, ეშვებს ილესავს და ემზადება, რათა შენს ბილწ სიზმრებში დაიბუდროს… ნუ გაივლებ გონში, რომ იგი მოაკვდინე, ვარსკვლავნი არ ცრუობენ.

დიად მგელს მხარს თეთრი ყორანი უმშვენებს, მას უფრთხილდი, რამეთუ გულს ამოჰკორტნის ყველას, ვინც წინ გადაუდგება, დიადი მგელი კი ყელს გამოჰღადრავს მათ.

გაფრთხილდი, გრძნეულო, და დაიხსომე, ვითარცა ანგელოზები ეცემიან, ისევე აღზევდებიან ბოროტი სულები, გამოისხამენ სპეტაკ ფრთებს და კვლავ დაიწყებენ ფრენას.“

გრაგნილი დაკეცა ბებრუცუნამ, ლაბადის ერთ-ერთ ჯიბეში შეინახა სათუთად. კვლავ ცეცხლს მიუჯდა შაჰაიაქელი ინგენი, აკაწკაწებული კბილები დაიოკა.

მაშ ვერ მოჰკლეს ანდრეი კილიან ვოლფრამი. არ დამიწდა იგი, მისი სისხლი არ დაენთხა მიწას მანამ, სანამ ბოლო წვეთმა არ დაალბო ნიადაგი. ცოცხლობდა მეფისწული, თუმცაღა მკვდარი ეგონათ იგი, რამეთუ თავად გენრის ორი წინაღამით მოუვიდა მალემსრბოლი, რომელიც ოქროსკბილას ამბავს აუწყებდა მას. ანდრეი მოჰკლესო, ახარა მან, მკერდში განგმირეს და ავლატის მთებიდან დადენილ მდინარეში ჰპოვაო მან განსვენება.

დღე-დღეზე ელოდნენ ოქროსკბილას გამოგზავნილ ამანათს, რომელშიც საბუთი იქნებოდა მეფისწულის სიკვდილისა.

მაგრამ არასოდეს სცდებოდა ბაბალ-ქაანი. ცოცხლობდა მეფისწული ანდრეი, და მასთან ერთად პირში სული ედგა ვოლფრამთა მოდგმას, მასში ცოცხლობდა მომავალი მეფე სრორდისა.

როზმარინის სურნელი შეისუნთქა მან და დაიწყო რწევა. შელოცვებს ბუტბუტებდა, მხურვალედ ლოცულობდა იგი. მის გონს წამითაც არ შორდებოდა ფიქრი იმისა, რომ მარჯვედ უნდა მოეყვანა სისრულეში თავისი გეგმა. სოლომონს საკუთარი ხელით უნდა ეკურთხებინა უალდჰარის თავადი მეფედ.

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ირწეოდა, როკავდა, ცისაკენ აპყრობდა ხელებს და ჰაერში დამდგარ, ბინძური მორევივით მბრუნავ ფიქრებს ჰკვეთდა. შელოცვათა შემდგომ როდინში ნაყავდა ათასნაირ ბალახსა თუ დაფქულ ქვას, რათა ბანგი დაემზადებინა.

მოაწია ცრუდილამ, მზის სუსტი სხივები შემოეფინნენ დასუსხულ ფანჯრებს. კვლავ უძრავი იყო ჰაერი, გაქვავებული და ყინულოვანი, მოლოდინის საბურველით ჰფარავდა შემოგარენს, რომელიც გაუსაძლისი ხდებოდა, რაც უფრო იწელებოდა.

და იწელებოდა იგი, უსასრულოდ, შფოთვასა და შიშს დაებუდებინა სასახლეში.

თვალები მილულა ინგენმა. ელოდა.

და ანაზდად, თითქოს ხმლობისა შეჯიბრში პირველად შეაგებესო ერთმანეთს მახვილნი მოწინააღმდეგეებმა, ამაზრზენმა ხმამ გაჰკვეთა სიჩუმე. იმდენად ხმამაღალი იყო ბღავილი სოლომონისა, სულისშემძვრელი და სასოწარკვეთილი, რომ სასახლის ქვის კედლებშიც კი გაატანა.

წამოიწია ინგენმა. გააღო კარი და მიმართა წყაროს ამაზრზენი ბღავილისა.

გამოცოცხლებულიყო სასახლის დერეფნები. გარბოდნენ შეშფოთებული მსახურნი და სტუმარნი, მათი ფეხის სიმძიმესა და სასოწარკვეთილი ყვირილის გამო ცახცახებდა ჩირაღდანთა შუქი.

მეფისა დარბაზში შეიჭრა ბერიკაცი, წამსვე მუხლი მოიყარა, როცა იხილა, თუ როგორ დამხობილიყო სნეული სოლომონი მიწას, მოთქვამდა გაბმით, გვერდით დაჩოქილიყო მრჩეველი გიუნტერი, მომცრო ყუთი ეჭირა ხელში.

ყუთი, რომელშიც საბუთი იდო.

ცრუდილის ბინდბუნდით მოცულ ვეებერთელა დარბაზს ჩირაღდანთა შუქი მოსდებოდა, თუმცა ამაო იყო მათი სინათლე და სითბო იმ ყინულოვანი წყვდიადის წინაშე, შვილმკვდარი მამის სულში რომ ჩამოწოლილიყო.

შეჯგუფული მსახურნი მიწას გართხმოდნენ, მუხლი მოეყარათ თავადებს. თავად გენრის ჰკიდა თვალი ინგენმა. თავი დაეხარა და ბაგე გაჰპობოდა უგუნურს.

მოთქვამდა მეფე, გაჭაღარავებულ თმას იგლეჯდა.

-ჰოი, ღმერთებო! – შეჰღრიალა მან, ჟრუანტელი დაუარათ მისი დამსხვრეულ სიტყვათა მოსმენისას გარშემომყოფთ. – რად მსჯით ასე, ესოდენ რა შეგცოდეთ მე უდღეურ დღეზე გაჩენილმა?! ერთადერთი დამრჩენოდა მხოლოდ და ისიც წამრტაცეთ, ისიც მიითვისეთ, ის, ვინც იყო მომავალი სრორდისა, თვალისჩინი ბელთათინისა! ანდრეი, ჩემო პატარა, ბედკრულო ბიჭო!

ხელი დაუჭირა გავეშებულ, მგლოვიარე მამას გიუნტერმა, რამეთუ სახის ჩამოხოკვას ლამობდა იგი.

უმზერდა სნეულ, დანაწევრებულ სიძეს გიუნტერი, მერე კი ყუთში დასვენებულ თითს მოავლო თვალი.

მარცხენა არათითი იყო იგი, რომელზეც ანდრეის საგვარეულო ბეჭედი მოერგოთ. ხახადაღებული მგელი იწონებდა თავს ზედ, ანდრეის ინიციალები ამოეტვიფრათ თავზე. სცნობდა გიუნტერი დისწულის ბეჭედს, რამეთუ ავადმყოფობის ჟამს სწორედ მას დაავალა კიდამ მისი ნაშიერთათვის სამახსოვრო ბეჭედთა გამოჭედვა. გაიზრდებიან, ხელს დაიმშვენებენ, და გამიხსენებენო, ამბობდა იგი.

თუმცაღა, გიუნტერი რისი ბიძა იქნებოდა, დისწულის ხელი რომ არ ეცნო.

ბეჭედი არ ერგებოდა თითს, თხელი იყო იგი და ნატიფი, მწერლისა თითს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე ანდრეისა, რომელსაც მეომრის ფართო, იარაღის მოხმარებისაგან გაუხეშებული ხელები ჰქონდა.

ბაგე შეუტოკდა გიუნტერს, წუხილით დააცქერდა მგლოვიარე სოლომონს.

არ გახლდათ ანდრეი მკვდარი. დისწულისა სჯეროდა ბიძას, უწყოდა მან, რაოდენ შეუპოვარი იყო იგი, გონიერი და ძლიერი, მისი ტოლ-სწორი არ ეგულებოდა გიუნტერს.

ჰასსეს გარდაო, გაჰკენწლა მოღალატე გონებამ, თუმცა უმალ ჩაახშო იგი.

ცოცხალი იყო ანდრეი, თუმცაღა განსაცდელი დასტყდომოდა თავს.

თავი შეაკავა გიუნტერმა. დარბაზი დაითხოვა მან, და მიჰხედა დაოსებულ, სნეულებისა და დარდისაგან ჩამომხმარ მეფეს. ანუგეშა იგი, თუმცაღა უნუგეშო იყო სოლომონი, წრიალებდა, იგლეჯდა ჭაღარა თმას და გაუსაძლისი დარდით აღსავსე ადგილს ვერ ჰპოულობდა.

ის მზე, ვითარცა ერთგულმა მრჩეველმა, მის გვერდით გაატარა გიუნტერმა.

საღამოს კი, როგორც კი ბელთათინს შემორტყმულმა მთებმა შენთქეს დღის მხევლის ბრწყინვალება და თეთრი ღამის სუსხი მოედო შემოგარენს, უჩუმრად სასახლე დასტოვა გიუნტერმა. საჯინიბოს წყვდიადში შეკაზმა მან საუკეთესო, ფეხმაგარი შავრა, მცირე ფული და საკვები გაიყოლა ხურჯინით.

სასახლეს აჰხედა ამხედრებულმა, მერე კი მცირე ხნით გადაჰყურებდა ბელთათინის პაწაწინა ცეცხლებით განათებულ ქუჩებს.

ღმერთებს შეავედრა ისინი, წრე გამოისახა მკერდზე, დაიფიცა, ვპოვებო ერთადერთ მემკვიდრეს, მომავალ მეფეს სრორდისა.

მერე კი, დეზები შემოჰკრა შავრას და მიმართა გზას.

.

.

.

-*-*-*-13-*-*-*-

მეათე მთვარის მდორე სუსხი იდგა. სუსტ ნიავი ჰქროდა, გადათრთვილულ მდელოთ დასტრიალებდა თავს, ვითარცა მტაცებელი, ათრთოლებულ მსხვერპლის წადილში მოდარაჯე. ნაზად ირწეოდნენ გამეჩხერებულ ტევრში შეჯგუფულ მუხათა შეჭირხლული ტოტები, თითქოსდა მძიმე ნისლი ჩამოწოლილიყო. ავდრის პირი ედგა ამინდს, ღრუბელთა საფარველი გადაჰკვროდა ცის კამარას, სევდიანი, ნაცრისფერი გლოვა იდგა. ზართა ჩუმი რეკვა, უთვალავ ცხენთა ჩაქჩაქი და აბჯრის ჟღარუნი ერეოდა შემზარავ სიჩუმესა და დარდს, რომელშიც ჩაძირულიყო და იგუდებოდა შემოგარენი.

დაუმარცხებელ უწყლო ჩრდილოეთელთა ურდო მოაბიჯებდა გზაზე. რუხი აბჯრის წყვდიადი მოსდებოდათ მეომართ სულზე, დაღი დამქანცველი ომისა, უკურნებელი წყლის სენისა და მხედართმთავრის სიკვდილისა აღბეჭდოდათ ფითრისფერ პირისახეთ. მოდიოდნენ ისინი, ტაატით, ვითარცა ბებერი ჯაგლაგნი, ითრევდნენ ფეხს.

სარდალი კლავდი ედგა სათავეში ლაშქარს. ამ მცირე ხანში უფრო მობერებულიყო, დარდს დაეჭკნო და დაეღარა ბერიკაცი. გული ეთანაღრებოდა მოხუცს, არ ეწადა მიეტოვებინა მიწა, სადაც პატარა ანდრეი მიებარა ღმერთებს, სანამ არ იპოვიდნენ მის ნეშტს და დაკრძალავდნენ სათანადოდ, თუმცაღა იძალა სასიკვდილო სენმა, ათასი კაცი გაუყენა ზეცის გზას, სანამ ჩაესვენებოდა მეფისწულის მოკვდინებიდან ორი მზე. ატავესს, მრჩეველთ და მკურნალთ ემუსაიფა კლავდი, ერთხმად გადაწყვიტეს მათ, რომ ისე გამოეგლოვათ ანდრეი, ვითარცა ჭეშმარიტ ბატონსა და სრორდის მომავალს შეჰფეროდა, მერე კი გასდგომოდნენ გზას.

სამი მზე იგლოვეს მათ. პირველ მზეს ალისფერი მოსასხამებითა და ზეთისხილის რტოებით გაუკვალეს ანდრეის სულს გზა ზეცამდე, მეორე მზეს იშიმშილეს, შეჰღაღადებდნენ ღმერთთა ღმერთ ალიჰას, რათა ეხილა მეფისწულის სული, დაელოცა და მიეღო იგი.

მესამე მზით კი, მოილხინეს, მიირთვეს ხორცნი და გლოვის მწუხარება მათრობელა ღვინოში ჩაჰკლეს.

მეოთხე მზისას კი ფურგონებს ჰკრავდნენ მსახურნი, წყალს ეზიდებოდნენ ავლატის მთებიდან დადენილი მდინარიდან ვარცლთა ასავსებად. თავადი ატავესი უძღვებოდა ყოველივეს, რამეთუ გამგზავრების, ანდრეის სხეულის დასტოვების სამზადისისა ხილვა არ ეწადა კლავდს. არ ძალუძდა ჭეშმარიტ მემკვიდრესგან სამუდამო განშორება, არ ძალუძდა წარმოდგენა იმისა, რომ სრორდს აღარასოდეს ეყოლებოდა მეფედ ვოლფრამი…

სტიროდა ღამით მოხუცი, თვალთ დადენილ მდინარეთ ატანებდა გაუსაძლის დარდს. დასტიროდა იგი უდროოდ წატაცებულ სიცოცხლეს, რომელიც ესოდენ ძვირფასი იყო სრორდისათვის. ერთადერთი ვაჟი, ერთადერთი ბალღი მეფისა ხუთთაგან, რომელსაც სუნთქვა შერჩენოდა მკერდში, ერთადერთი, რომელშიც სრორდის მომავალი მეფის გული ფეთქავდა…

აღარ ჰყვანდა ჭეშმარიტი მემკვიდრე სრორდს. მარტოსული დასტოვა იგი ანდრეიმ.

ვოლფრამთა ათასწლოვანი დინასტია დასრულდა, როცა ახლაღა უნდა აყვავებულიყო იგი.

ღმერთთა უდიდესი წყალობა გახლდათ ცოცხალი, ხუთი ნაშიერი, რომლებიც ვოლფრამთა სახელით მოევლინნენ ქვეყანას. ტკბილად ახსოვდა თავად კლავდს, ნაბოლარა მეფისქალი კონსტანცის დაბადებისას როგორ ბრძანა მეფე სოლომონმა საგვარეულო სასახლის ბჭისკარის პირთამდე მოღება, რათა ერთი მთვარე ემასპინძლა სტუმართათვის, დაეპურებინა მშიერნი, წყალი მიეწოდებინა დამაშვრალთათვის და ოქრო ებოძა გლეხთათვის.

ღმერთებმა  ხუთჯერ მოავლინეს სასწაული ვოლფრამთა მოდგმას, და ხუთჯერვე მიწიდან წაიტაცეს იგი.

თავი აღიღო კლავდმა. უცქერდა ჩამოწოლილ ნისლს, მთათ რომ გამოჰქცეოდა და უფრო უმძაფრდებოდა მწუხარება. პირი იბრუნა მას, თვალი მოავლო ლაშქარს.

ზანტად მოდიოდნენ ქვეითნი, მათ ცხენოსანნი და ფურგონები მოჰყვებოდნენ. შორს, შორს, ერქანთა მიწიდან წატაცებულ დიაცთა შემზარავი გოდება სწამლავდა ჰაერს.

თვალები მოწკურა კლავდმა.

ატავესი არსად სჩანდა.

მუდამ პირფერი, ფიცხი და ჯიუტი გახლდათ ატავესი, რამეთუ სარდლისა და თავადის წოდება ეჭირა, მიწები ეპყრა ხელთ, მეფე ბერთრამის გადმოცემული, და მეფის შორეული ნათესავი ესხა ცოლად.

თუმცაღა, რაც მეფისწული ანდრეის სული მიიბარეს ღმერთებმა, გამოიცვალა იგი. ყელყელაობდა, ვითარცა თავმომწონე ფარშევანგი, სიამაყისა და ამპარტავნების მყრალი ნაპერწკალი დაინთო მის სულში. მცირე იყო მისი ცვლილება, თუმცაღა კლავდის გამოცდილ თვალს არ გამოეპარებოდა, თუ რაოდენ სულწასული იყო ატავესი, რაოდენ ეწადა სიამაყესა და აღტკინებას გამოეხეთქა მისი გულიდან.

ახლაც ფურგონში იყო მიწოლილი იგი, ხორცთ მიირთმევდა და ეძალებოდა ღვინოს.

ზარავდა მისი საქციელი კლავდს. რაოდენ მეტს გაივლებდა გონში ნამოქმედარს ატავესისა, აიტანდა ფიქრი, რომ მისი ხელი ერია ამაში. გაბრიელი უგონოდ იწვა და დროდადრო ბოდავდა მხოლოდ, სიცხით გათანგული, ლუღლუღებდა, თუ როგორ განგმირა ისარმა მეფისწული ანდრეი მარცხენა ძუძუში, მის გარდა კი მოწმე მხედართმთავრის სიკვდილისა არ ჰყვანდა კლავდს.

გულმა რეჩხი უყო სარდალს. ჰხვდებოდა იგი, თუნდაც ტანში გამჯდარი მეომრის გუმანით, რომ ფუჭად არ იძალა ატავესმა, რამეთუ დაიჟინა ბაჰირას ადრე დასტოვება, შეეწინააღმდეგა მდინარეზე ცხენოსანთა გაგზავნას.

აცახცახდა ბერიკაცი. ნაფიქრალმა შეზარა. თითქოს სუნთქვა ამოსწოვესო მკერდიდან, შეყანყალდა, რეტი დაესხა.

ხელი შეაშველეს მის გვერდით ამხედრებულმა მეომრებმა და სირცხვილისაგან დაიწვა სარდალი, რამეთუ მხნე უნდა ყოფილიყო იგი, ძლიერი და სარდლობისა შესაფერი, ისეთი, როგორიც ბატონთ ბატონსა და მხედართმთავარს შეჰფეროდა. ისეთი, როგორიც მეფისწული ანდრეი იყო.

მაგრამ ვერ იქნებოდა იგი. ვეღარასოდეს იქნებოდა მეფისწული ანდრეის მსგავსი, რაოდენ მიიცვალა იგი.

მხრებში გაიმართა, თავი აზიდა სარდალმა, დაჰფარა დარდი, რომელიც ცრემლებად მოაწვა თვალებში.

მიდიოდნენ ისინი, ნელა, ტაატით, მათ აცილებდა ღამის წყვდიადი და დროდადრო ღრუბლებს გამოქცეული ქათქათა მთვარე.

მიდიოდნენ და არა უწყოდა რა მათი გულისტკივილი ღამის მხევალმა, უდარდელად რომ აფრქვევდა სუსხიან სინათლეს. არა უწყოდა რა ქარმა, უწყალოდ რომ დათარეშობდა მინდვრებზე, თრთვილს იტაცებდა და მიჰქონდა ნადავლად.

არა უწყოდა რა კლავდმა იმ ღამეს. არა უწყოდა მან, რომ უჩუმრად შეიპარა გაბრიელის ფურგონში სარდალი ატავესი, და მკურნალის წინაშე მოჰგუდა იგი, მერე კი დაემუქრა მას, ოქრო-ვერცხლი შეაძლია სიჩუმის სანაცვლოდ, დიდებასა და სახელის მოხვეჭას დაჰპირდა.

და არა უწყოდნენ რა მკურნალებმა.

ვერც კი წარმოედგინა ლაშქარს, თუ რა ელოდათ წინ.

მაგრამ მიდიოდნენ ისინი. დინჯად, უკან მოუხედავად.

მიდიოდნენ და მათ მიჰყვებოდა ღამის მხევალი, რომლის სხივებს დროდადრო ჰკვეთდა მომცრო ფრინველი.

სპეტაკი და ქათქათა იყო იგი, განსახიერება უმანკოებისა, თუმცაღა ავი ნაპერწკალი ჩასდგომოდათ მის თვალებს.

დაჰყურებდა იგი გადათეთრებულ მიწებს, ჩრდილოეთელთა ურდოს. უცქერდა, თუ როგორ გლოვობდნენ ისინი, თითქოსდა სწეოდათ უთვალავ ცოდვათა საზღაური.

თავი აღიღო მტრედმა, შეაფრთხიალა ფრთები და ირაო შეჰკრა, უმზირა შორს, შორს, ათას მთასა და ათას მდინარეს მიღმა. უმზირა დაჟინებით, ცივ მზერას გაუსწორა თვალები…

ქუთუთოები შეარხია ბაბალ-ქაანმა. სიბერის ლიბრი გადაჰკვროდა მის გამჭოლ მზერას.

ოქროს ფიალაში დამდგარ, ოხშივარადენილ სითხეს უცქირა მან და შეუკრთა დანაოჭებული ბაგე.

-სუაგრავ და ნიჰიდავ, დასწყევლეთ იგი… – წაიდუდუნა მან. – შეჩვენებულო კაცუნავ… არა უწყი რა, თუ რასა იქმ. მოგეზღება სამაგიერო ყველაფრისა, რაც დაუშავე მხარდამხარ მებრძოლ მეომართ, სრორდს, და რაც მთავარზე უმთავრესია, საკუთარ სულს…

გასწორდა იგი, ძვირფასი შავი აბრეშუმის კაბის ნაკეცები შეისწორა, ჭაღარა კულულებით მოსილი თავი ამაყად აზიდა მაღლა. დასცქეროდა იგი მოოქროვილ ფიალას, ქაფქაფა ღვინო რომ თუხთუხებდა შიგნით.

სითხეს გრძელი, სანთელივით თლილი თითით მოურია მან, დაატრიალა, დაჟინებით ჩააცქერდა. ჩუმად დუდუნებდა იგი, თითქოსდა მღერისო, მოჩუქურთმებულ მაგიდასთან ფეხმორთხმული. საკუთარ სიმღერაში ჩაიკარგა იგი, ბურუსმა მოიცვა, რომელშიც მკრთალად გაჰკვეთა იმ სხივმა, ღმერთებს რომ აკავშირებდათ ბაბალ-ქაანთან…

-ძიძავ ჩემო! – შესძახეს ანაზდად და უმალ გამოერკვა გრძნეული, თითქოს სტაცესო ხელი და განცხრომას მიცემული მოჰგლიჯესო ნეტარებას. მოქუფრული პირისახე მიაპყრო მან კარში უბოდიშოდ შემოვარდნილ, ამფაკართა მეფის ასულს.

ღაწვები შესწითლებოდა თეთრყირმიზ დიაცს, თითქოსდა ქათქათა მიტკალზე ორი სათუთი ვარდი დაუფენიათო. წითური თმა ეყარა მხრებზე, გადმოჰფენოდა მაღალ მკერდსა და კაბაში გამოკვართულ წელს, ვითარცა აბრეშუმის გრეხილი თოკები. ალისფერი ბაგე გააპო ვივიენმა და შეჰღიმა ძიძას.

უმშვენიერესი იყო იგი, თვალს არ ენახვებოდა.

-ხილვა დაგიფრთხეთ, ძიძავ ჩემო? – შეჰკითხა მან. – მომიტევეთ, რამეთუ ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე უნდა გემუსაიფოთ…

მძიმედ ამოიხვნეშა გულთმისანმა, სული ამოაყოლა სუნთქვას. ვივიენი პატივისცემით იყო მისდამი გამსჭვალული, თუმცაღა ძიძაც კი ვერ დაუშლიდა ვერაფერს ნებიერ მეფისქალს.

-მოდი, ვივიენ. – მიუგო ბოლოს. – ჩამოჯექი.

ჰაეროვანი ნაბიჯებით მოგოგმანდა ვივიენი, ოქროს ძაფით მოქარგული, ზურმუხტისფერი კაბა დაიფინა ქვეშ და მოირთხა ფეხი, გამომცდელად უცქირა გულთმისანს. თვალი თვალში გაუყარა ძიძამ, სულსა და გულში ჩაჰხედა მის აღზრდილს.

-მითხარი, ჩემო გოგონა. – უთხრა ბაბალ-ქაანმა. – რას აუტანიხარ? მრისხანება ჩაგდგომია თვალებში, შფოთვას შეუპყრია შენი სული…

-კარგად უწყი, თუ რაზე ვშფოთავ, ძიძავ ჩემო. – თავი აღიღო ვივიენმა, დამცინავი ღიმილი პირისახეს შეეყინა.

-შენი საბედო. – წარბები აზიდა ბაბალ-ქაანმა. – რასაკვირველია.

-შენ უწყი, ძიძავ ჩემო, ვითარცა უწყი ყოველივე სხვა. – მიუგო ვივიენმა. – ღმერთებმა მე მარგუნეს იგი, ზეცის კამარამ აღბეჭდა მის უკიდეგანო სხეულზე ჩვენი ბედი… გაუსაძლისი ცოფი მერევა, როცა ვფიქრობ, თუ როგორ სასტიკად ხელყო ვიღაც ბინძურმა, ყეყეჩმა გადამთიელმა ჩემი ბედისწერა…

-რწმენა იქონიე, ვივიენ! – მკაცრად მოუჭრა გულთმისანმა. – რასაა რომ ჰბედავ! ნუთუ დაჰკარგე რწმენა ღმერთებისა, რწმენა ვარსკვლავებისა? ნუთუ არ გაუწყეს მათ, რომ პირველი ვაჟი ჰასსე შენს მშვენიერებას ვერ დაეპატრონებოდა? ნუთუ არ გაუწყეს, რომ სიკვდილი ეწერა მას, და მესამე ვაჟი იყო სრორდისა, შემდგომ კი შვიდი სამეფოს ხელმწიფე და შენი საბედო?

-ვუწყი, ძიძავ ჩემო. – გულგრილად მიუგო ვივიენ ქალმა, თუმცაღა მრისხანების ნაპერწკალი კვლავ უღვიოდა ნაღვერდლებივით ანთებულ თვალებში. – მაგრამ არ ძალმიძს მოსვენება, ვითარცა წერას ავიტანივარ. მრისხანება მიპყრობს, ბრმა და დაუძლეველი…

-ნუ გეშინის, გოგონავ ჩემო. – მიეფერა ბაბალ-ქაანი. – ყველას მიეზღება საფასური ცხოვრებისა. შენი საზღაური კი ოქრო-ვერცხლს, პატიოსან ქვებს, უბადლო ქმარსა და ძალაუფლებაში იქნება.

-ვფიცავ, ძიძავ ჩემო. – თავი აღმართა ვივიენმა. ოცი ზამთრის ბალღისათვის შეუფერებელი ნაპერწკალი უკიაფებდა თვალებში, მაცდური და ამაყი. – ჩემივე ხელით გამოვღადრავ ყელს ნებისმიერს, რომელიც გზაზე გადადგომას შემბედავს.

-ვუწყი, ჩემო გოგონავ. – დანაოჭებული ბაგე გააპო ბაბალ-ქაანმა. – ბევრმა შემოგბედა, მაგრამ მათ ძვლებს ახლა მგელნი ხრავენ, შენ კი აქ ზიხარ, ვითარცა უმშვენიერესი, უპირველესი ქალი ამფაკართა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთები ინებებენ, შენ კი ფრიად გწყალობენ ღმერთები.

დადუმდა ვივიენი. ჩასცქეროდა ქაფქაფა ღვინოს.

-ღმერთები განსაცდელსაც მივლენენ. თეთრ ყორანს ვხედავ, ძიძავ. – თქვა ანაზდად, მოექუფრა მშვენიერი პირისახე. – დამჩხავის იგი, ქათქათა ფრთებს აფართხალებს… მტრედისფერი მოსასხამი მოუსხამს მის შავბნელ სულს. ღამით სიზმრებში მეცხადება, მოსვენებას არ მაძლევს, თითქოს ჩემს თვალთა ამოჰკორტნა სწადია… ხანდახან გამოსდის კიდეც, ნისკარტით უწყალოდ მიჩიჩქნის მზერას და სვამს ჩემს სისხლს, ჩემს გულს, ჩემს მოსვენებას…

უცქირა ჩუმად ბაბალ-ქაანმა. გამალებით ფიქრობდა იგი.

-არ დაგიმალავ, ვივიენ. – მიუგო ბოლოს. – თეთრი ყორანი დასტრიალებს დიად მგელს, და, ვითარცა შენ თქვი, მტრედისფერი მოსასხამით ჰფარავს თავის უხსენებელ არსებას.

-ვინაა იგი, ძიძავ? – შეჰკითხა ვივიენმა. ჩაეღიმა ბაბალ-ქაანს, დაძარღვული ხელები გადააჭდო ერთმანეთს, თითქოსდა ძლიერ ეამაო რაღაც.

-ნუ შფოთავ. – დაუყვავა მან ვივიენს. – არავინაა იგი, ჩემო გოგონა, არავინ… შენ კი მომავალი დედოფალი ხარ, სრულიად სრორდისა, შემდგომ კი სრულიად შვიდი სამეფოსი. იგი ისე იცრიცება შენს წინაშე, ვითარცა შორეული ვარსკლავი გარიჟრაჟისას, დღის მხევალს რომ უხრის ქედს…

გაიღიმა ვივიენ ქალმა. აღუებულ ღაწვზე მიიდო თითები, თითქოს დაიმორცხვაო, ჭეშმარიტად კდემამოსილ ასულს დაემგვანა.

მაგრამ აღტკინება გაშიშვლებულიყო მის მზერაში.

-აი თურმე რატომ ამოგღამებია თვალები, ჩემო მშვენიერო. – მიმართა ბაბალ-ქაანმა. – თეთრი ყორნის ხილვები არ გასვენებენ, ძილს გიფრთხობენ, სილამაზეს სწოვენ ამ შეუდარებელ პირისახეს… მცირე ბანგს დაგიმზადებ, რათა მშვიდი ღამის ძილი მოგგვაროს…

-მადლობას გიხდი, ძიძავ ჩემო. – თავი მოუდრიკა ვივიენ ქალმა, მშვენიერი ბალახისფერი თვალები უბრწყინავდა. – ძილი მესაჭიროება, რამეთუ ვგონებ, მალე დიდი თავგადასავალი ელის ჩემს თავს.

-რად ჰგონებ, ვივიენ? – წარბები აზიდა ბაბალ-ქაანმა. – ვუწყი, რომ გწადია შენი საბედოს ხილვა, და მისი დაბრუნება იქ, სადაც მისი ფესვები და მომავალია, მაგრამ საკუთარ თავს გაუფრთხილდი, მშვენიერო ჩემო. იგი მომავალია სრორდისა, მაგრამ მისი მომავალი შენა ხარ.

-საბედოა იგი ჩემი, ძიძავ. – მიუგო ვივიენმა, ამაყად აზიდა ნიკაპი, ზვიადად იყურებოდა გამჭოლი, ბალახისფერი თვალებით. – და არაფერს დავიშურებ იმისათვის, რომ სრორდს მეფედ მოევლინოს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი შევკრიბო და რაზმი გავუყენო გზას მის მოსაძებნად… რამეთუ როცა ხმა გავარდება სრულიად შვიდ სამეფოში, აღარ ჰყავსო მემკვიდრე სრორდს, მსურს იგი პირდაპირ ბელთათინის კარიბჭესთან მივაცილო, სადაც აღტაცებით შეეგებებიან მათთვის მკვდრეთით აღმდგარ მეფეს, მე კი უმალ ვპოვებ მათ კეთილგანწყობას… – მან ნეტარებით ამოიხვნეშა, უღელავდა სავსე მკერდი. – ჰოი, ძიძავ, ნეტავ უწყოდე, თუ როგორი აღტკინებით მავსებს ეს ოცნება ჩემი…

-ყველაფერი ისე გაიჩარხება, როგორც შენ გწადია, გოგონავ ჩემო. – გაუღიმა ბაბალ-ქაანმა. – განმტკიცდება სრორდი, და განმტკიცდება შვიდი სამეფო! ყურადღებით შეარჩიე შენი რაზმი, რამეთუ ყველაფერი უნდა უწყოდნენ მათ, მჭრელი თვალი, ჭკვა და მახვილი უნდა ჰქონდეთ…

-ნუ იღელვებ, ძიძავ ჩემო. – გოროზად მიუგო ვივიენმა. – უბადლო ცხენოსნებით დაიკვეხნის ამფაკართა მიწა. რაზმს სათავეში მორგანა და თავადი ჟერარდი ჩაუდგებიან, შესაშური ჭკვა აქვს ორივეს…

-მშვენიერია… – წაიდუდუნა ბაბალ-ქაანმა. – თუკი შენ რწმენა გაქვს, გოგონავ ჩემო, მუდამ გიწყალობებენ ღმერთები. წადი, სამლოცველოს ესტუმრე, მერე კი ბანგს გიბოძებ, რამეთუ ტკბილი ძილი შეძლო.

-მადლობას გწირავ, ძიძავ ჩემო. – შეჰღიმა ვივიენმა. უმალ წამოდგა იგი, ამაყად გამოჰხედა ზემოდან და მიაშურა კარს, როგორც ანაზდად შემოიჭრა, ისევე გაჰქრა, ზურმუხტისფერი აბრეშუმის შრიალით.

ბაგე გაუკრთა ბაბალ-ქაანს. ღვინოს დაჰხედა გულთმისანმა, რომელსაც აღარ ასდიოდა სიქაფქაფის ოხშივარი.

ცეცხლისაკენ მიატრიალა თავი დედაბერმა. ერთმანეთს ესკვნებოდნენ, ერთმანეთს უერთდებოდნენ, იხლიჩებოდნენ და უწყალოდ იბრძოდნენ ალისფერი ენები, და მათში ფრთებგადაშლილი ყორანი დაინახა ბაბალ-ქაანმა.

მწარე ღიმილმა მოუღმიჭა ბაგე.

-არავინ. – ჩუმად წარმოსთქვა მან, თითქოსდა ენის წვერზე სინჯავსო სიტყვას.

შორს, მიჰყვებოდა ჩრდილოეთელთა ურდოს ქათქათა, ავთვალა მტრედი.

-*-*-*-*-*-*-

ალისფერი, მწველი გარიჟრაჟი ეთხოვებოდა ღამის წყვდიადს. ნაკადულებად ჩამოღვრილი სხივები დღის მხევალისა ჰბანდნენ ცის რუხ კამარას მეათე თვის სუსხისაგან, და ძვრა უყო სუსტმა ნიავმა ტუიას ხასხახა ბუჩქნარს, როცა ჩოჩქოლმა ერთიანად მოიცვა სებიანთა სამფლობელო. შფოთვა მოგფენოდათ მოსახლეთ, რაც ამბავი გავარდა ერთი მზის წინ, დათარეშობენო სებიანთა მიწაზე უცხოელნი, რომელთაც შეჰბედეს და ხელი აღმართეს უმწიკვლო ადამიანთა წინაშე. მდევარნი დაუღალავად დაეძებდნენ მათ იმ წამიდან, რაც ანაზდად გაჰქრნენ ისინი სამიკიტნოდან, სადაც მიუტევებელი შეურაცხყოფა მიაყენეს სებიანთა მიწას.

ახლა კი მოილხენდნენ მსტოვარნი, რამეთუ აქამდე მოუხელთებელი კვალი იგდეს ხელთ.

სებიანთა სამფლობელოში წყურვილი ჩამომდგარიყო ნადირობისა, ეშვებსა და იარაღს ლესდნენ მონადირეები, სანამ მსხვერპლნი ძილს მისცემოდნენ, ტყეს შემიჯნულ მომცრო სახლობაში მიმალულნი.

დღე და ღამე ბურანში გამოხვეულიყო ერქანთა დიაცი, მაგრამ მაინც რეტი ესხმოდა, როცა ანაზდად მოსწყდა ძილს. დაიგმინა მან, რის ვაივაგლახით გაახილა თვალები და სასწრაფოდ გააფაციცა მზერა, რათა საფრთხე შეენიშნა.

მაგრამ სიწყნარე სუფევდა გარშემო.

იწევდნენ გარიჟრაჟის სხივები. ცრუდილის რუხშერეული ალისფერი, თითქოსდა დარდით აღვსილაო ზეცა, იღვრებოდა ფანჯრიდან.

წამოიწია ერქანთა დიაცი. თავსაბურავი გადასცურებოდა მის ფერფლისფერ თმას, და საფარველად ეფინა დალალები ქვეშაგებში ჩაძირულ, ძილით სათუთ სხეულს. მოათვალიერა პაწია ოთახი და ლოგინზე მიწოლილ ჩრდილოეთელს ჰკიდა მზერა.

ქუთუთოები გაჰპობოდა ანდრეის. უძილარს ჩამოჰგავდა იგი, ჩასისხლიანებოდა თვალები. პირდაპირ მას უცქერდა.

უმზირა ეირინმა. ამოღამებულ თვალებში ჩაჰხედა მის დამაქცევარს, თითქოსდა მზერით ეწადა გადაეხლიჩა მისი ტყავი, ძვალნი გადაემტვრია და მისი გონების წყვდიადში ჩაეხედა.

გაიარა მცირე ხანმა. იძალა მზემ, სხივები გადმოსტყორცნა მინის მიღმა, მოაფრქვია პაწია ოთახსა და ლოგინზე წამოწოლილ მეფისწულს.

-შაარ-ჰაფასკენ ავიღებთ გეზს. – თქვა ანაზდად ანდრეიმ, ისე, რომ თვალი არ მოუწყვეტია მისთვის. – უწყი გზა, დიაცო?

შედრკა ეირინი. ხელები მოემუშტა უნებურად, მაგრამ არ განძრეულა იგი, არ ამცნო თავისი შეცბუნება მეფისწულს.

-ვუწყი. – თქვა მან. – ხუთი მზის მანძილზე, დღის მხევლის მოპირდაპირედ გაუშენებიათ. ვითარცა მიწას ჩამოსული ღვთაების წალკოტი, გაფურჩქნილა იგი და ყვავის… მსხვერპლად შეწირული უმშვენიერესი იდას ვარსკვლავი დაჰნათის თავზე და ლოცავს გულმხურვალედ. თუმცაღა, მისი ხანი…

-ლაქლან ხანი მართავს შაარ-ჰაფას. – მოუჭრა მეფისწულმა. – და ძმადნაფიცია იგი ჩვენი ქვეყნისა… ვალდებულება აკისრია სრორდის წინაშე, ვითარცა ხანსა და ვითარცა კაცს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა შაარ-ჰაფა მცირე დასახლება იყო, სრორდი ჰკვებავდა მას, უწილადებდა საკვებსა და გაჭირვებით მოპოვებულ სასმელს…

-იმედოვნებ, რომ ვითარცა სრორდი ჰკვებავდა შაარ-ჰაფას, ისე გამოჰკვებო სრორდი მათ მეომართა სისხლით? – შეჰკითხა ეირინმა. – ლაქლან ხანი ომის კაცი არაა, ჩრდილოეთელო… მას მხოლოდ ხორციელი ნეტარება იტაცებს, საჭმელ-სასმელსა და აურაცხელ ხარჭებს ეტანება…

-ასევე აურაცხელი მეომარი ჰყავს. – მიუგო ანდრეიმ. – ბრძოლაში ზანტი და ფუფუნებას დახარბებული კაცია იგი, მაგრამ გამოწვევის წინაშე არ დაიხევს უკან.

-მას არა ჰყვანს, მის თავადებსა და მხედართმთავარს, სასტიკ ეფრემს მოუქცევიათ ლაშქარი ხელისგულში! თავს ნუ მოიკატუნებ, თითქოსდა მასა და შაარ-ჰაფაზე უწყი რამე, ჩრდილოეთელო. – შეჰსისინა ეირინმა. – ალბათ მკერდში გიკანკალებს გული, გეშინის იმისა, თუ რასა იქმ, როცა იგი უარყოფს დახმარებას სრორდისა…

-და შენ უწყი იგი? – უმალ მოუჭრა ანდრეიმ, ნაღვერდლებივით აენთო ჩასისხლული თვალები. – მითხარ, დიაცო, საიდანაა, რომ უწყი მისი გატაცება ხორციელი სიამით? საიდან უწყი მისი დაუდგრომელი წყურვილი ხარჭებისადმი?

სიჩუმე ჩამოწვა.

არა უთხრა რა ეირინმა. მხოლოდ პირი იბრუნა, კვლავ წამოწვა. თავსაბურავი მოიფარა მხარზე.

წარბი შეჰკრა ანდრეიმ.

-სათქმელი არა გაქვს რა, დალიჰარ? მითხარ, საიდან უწყი? – შეჰკითხა მან უწყალოდ. – ნუთუ სიძვა შენი შაარ-ჰაფას მოსდე…

სიტყვა გაუწყდა ანაზდად ანდრეის, როცა ჭახანმა გაჰკვეთა ცრუდილის სიმშვიდე. წამოიწია იგი, დაჟინებით დააცქერდა ფანჯარას.

კენჭი ამოისროლეს, რომელიც ჭახანით მიეხეთქა დამტვერილ მინას, ჩარჩოში შეარყია იგი. წამოიწია ერქანთა დიაცი, კატასავით ფრთხილად მიუახლოვდა ფანჯარას, წაიგრძელა კისერი და შეათვალიერა შემოგარენი.

მოქუფრული შესცქეროდა მას ანდრეი. უცქირა, თუ როგორ ანაზდად დაიხარა ერქანთა დიაცი, თავსაბურავი მოირგო შუბლზე და საგულდაგულოდ დაიფარა ფერფლისფერი დალალები.

-სებიანთ მოგვაგნეს, ერქანთა დიაცო? – შეჰკითხა ანდრეიმ, წამოიწია გაჭირვებით. ყრუდ სწეწავდა ჭრილობა და ისურვა, რომ ბალახბულახის ნაყენი ჰქონოდა ტკივილის გასაქარვებლად…

-მხოლოდ ერთი ბალღია… – თქვა ეირინმა, ფანჯარას სწვდა და სანამ რამეს იტყოდა მეფისწული, უმალ გამოაღო.

გადაიხედა, უმზირა მან ტყეს შემიჯნულ ქვაფენილზე მდგარ ბიჭუნას, რომელიც დაუდევრად ათამაშებდა კენჭებს პაწია ხელებში. როგორც კი იხილა, ფანჯარა გაიღოო, წამსვე შეუდგა იგი კედელს და ამოცოცდა მარჯვედ.

ხელი გაუწოდა ეირინმა, როცა მოუახლოვდა ბალღი. ხელი ჩასჭიდა ბიჭუნამ, რაფაზე მოკალათდა ხვნეშით.

შემცბარი უცქერდა მათ ანდრეი.

-ეს რაღაა? – შესძახა მან, გამჭოლი მზერით ჰგმირავდა ბალღს. – ღმერთთა ღმერთი ალიჰას წვერს ვფიცავ, ესოდენ თავგასული ლაწირაკი არასოდეს მინახავს!

მშვიდად მიაშტერდა ბალღი, თვალსაც კი არ ახამხამებდა იგი.

-რასა იქმ! – შეჰსისინა მეფისწულმა ერქანთა დიაცს. – გაფრთხილება გმართებს, რამეთუ შეიძლება სებიანთა ჯაშუში იყოს იგი…

-ორი ღამის წინ გიხილეთ! – მოუჭრა ანაზდად ბალღმა. შავ, ბავშვურად დიდ თვალებს უფროსივით აპყრობდა ანდრეის. – ვიხილე, რომ დალიჰარი გყავდათ… – მან ეირინს მიუტრიალა მზერა, რომელიც წამსვე გაქვავდა, ბაგე მოეღრიჯა. – სებიანნი გეძებენ, თუმცაღა ჯერ ვერ გპოვეს… აი, მე კი ვუწყი, თუ სადა ხართ! შეგნიშნეთ, როცა აქეთ მოაგელვებდით ცხენებს! – გაიკრიჭა იგი.

წაბრშეკრული უმზერდა მას ეირინი. შვიდიოდე ზამთრის ბალღი იქნებოდა იგი მხოლოდ. ბავშვური ცნობისმოყვარეობით დასცქეროდა მას, მაგრამ ისეთივე გულგრილობა ეხატა თვალებში, როგორიც მხოლოდ თავისუფალ კაცს შეიძლებოდა ჰქონოდა მონისადმი.

მკერდზე ცეცხლი მოედო ეირინს. განრისხდა იგი, განრისხდა, რამეთუ სხვას არ მოერეოდა ცოფი ამ წყალწყაღებული სისასტიკის ხილვისას.

წამოდგა ანდრეი. მოქუფრული მოუახლოვდა ბიჭუნას, მის წინ აისვეტა, გადმოჰხედა მეფურად.

-რა გწადია? – შეჰკითხა მან. – წარვედ სახლში! ვეჭვობ, აქ ბალღთა საპარპაშე ადგილი იყოს!

-სთქვი, სებიანნი დაგეძებენო. – თქვა ანაზდად ეირინმა. მოუთმენლობისა და ჩახშული მრისხანების ელფერი დაჰკრავდათ მის სიტყვებს. – სად არიან მსტოვარნი? უწყიან, თუ საით მიდის კვალი?

ბიჭუნა შეცბა, ელდანაცემი შეაცქერდა ერქანთა დიაცს.

-შენი დალიჰარი საუბრობს! – შესძახა განცვიფრებულმა, ანდრეის მიაპყრო თვალები. – არასოდეს, სებიანთა მიწაზე არასოდეს მინახავს დალიჰარი, რომელმაც ჩვენი ენა უწყის! რად უწყი? ბატონმა გასწავლა?

-სად არიან მსტოვარნი? – წარბშეუხრელად გაუმეორა ეირინმა. კვლავ გაოგნებული შეჰყურებდა ბიჭუნა, სანამ ქეჩოში არ მოავლო ანდრეიმ ხელი და შეანჯღრია მძლავრად.

-ამოიღებ ხმას თუ არა? – ხმას აუწია მან, გააკვესა მუქი თვალები. – ენა ამოიდგი და უპასუხე!

-უწყიან, რომ აქეთ აიღეთ გეზი. – მიუგო ბალღმა. დაბღვერილი უცქერდა მათ, მაგრამ ანდრეის შემხედვარეს შიში ჩაუდგა თვალებში. – კარგი ცხენოსანნი გვყავს, მალე აქ გაჩნდებიან…

ყური აღარ ათხოვა ანდრეიმ. უმალ მიმართა კარს, გაალაჯა დერეფანში.

წამსვე გაჰყვა მას უკან ეირინი, თან დროდადრო უმზერდა ბალღს, რომელიც გამომხტარიყო ფანჯრიდან და მათ ადევნებოდა. ხელით ანიშნა მას ერქანთა დიაცმა, წარვედო აქედან, მაგრამ უდარდელად შეაჩერდა ბალღი, არად ჩააგდო მისი გაფრთხილება. მისი ჭკვით, დალიჰარის სიტყვა ძაღლის სიტყვას უდრისო, გაივლო მწარედ ეირინმა.

გარიჟრაჟის ძილბურანს მისცემოდა სახლი, მზის სხივებს ჯერ კიდევ ვერ დაეფრთხოთ მოსახლე დედაკაცისა და ყმაწვილის ძილი, რამეთუ არავინ გადაეყარათ მათ გზაზე მათი თავშესაფრის მიტოვებისას.

იცრიცებოდა ღამე, მიიპარებოდა ჰაერიდან სუსხი. მზის სხივები იმზირებოდნენ შენობათა მიღმა, მკთალი შუქი მოჰფენოდა შემიჯნულ ტყეს, ცაში ატყორცნილ წითელ ხეთა კენწეროები აალებულიყვნენ ოქროსფრად.

დილის სიწყნარეს, თითქოსდა სპეტაკ მიტკალს დაუსვესო დანა, ჰკვეთდა ცხენთა შორეული ფლოქვების ხმა. ამხედრებულიყვნენ სებიანნი, მოემარჯვებინათ იარაღი და თავიანთ შეურაცხმყოფელთ ჩასდგომოდნენ კვალში. უფრო და უფრო ახლოს გაისმოდა ავბედითი თქარუნი, და ფეხს აუჩქარეს დევნილებმა.

მობალახე სისხლისფერ ქურანს მოახტა ელვის სისწრაფით ანდრეი, მოსწია ლაგამი, და ყალყზე შეაყენა ბედაური. უმზერდა იგი, თუ როგორ ამხედრდა ერქანთა დიაცი, საბელი გადაიხვია მუშტზე.

მერე კი ბალღს ჰკიდა თვალი, რომელიც იქვე იდგა, აღტაცებული უმზერდათ მათ.

ახლოვდებოდა ფლოქვთა თქარუნი, რომელთაც მხიარული შეძახილები ერთვოდნენ თან. აღტკინებით გამსჭვალულიყო მონადირეთა ურდო.

-წარვედ! – შეუღრინა ანდრეიმ ბიჭუნას. – წარვედ მასთან, ვინც გშობა, ბალღო! რად მოხველ აქ?

-რამეთუ დალიჰარის ნახვა მეწადა. – მიუგო ბალღმა, ეირინს შეჰღიმა, რომელიც მოქუფრული დაჰყურებდა. – არასოდეს მინახავს ერქანთა მიწის ასული… სიმართლე ყოფილან ამბავნი, მართლაც უმშვენიერესია იგი! მტრედისფერი თმითა და ბრინჯაოსფერი კანით, ესოდენ ლამაზი თვალებით… მისნაირი არავინ მინახავს!

ძარღვი არ გასტოკებია ეირინს, მარმარილოსაგან თლილ ძეგლს ჩამოჰგავდა იგი, თაფლაზე ამხედრებული. იგრძნო მწველი მზერა, მეფისწულს გადაჰხედა მან, დილაბნელში შებურულს. უცქერდა ანდრეი, და ზიზღი დასტყობოდა მის პირისახეს.

-წავედით. არავისთან სიტყვა არ დაგცდება, ბალღო, თორემ ენას ამოგკვეთ. – მოჭრა მან და წამსვე იბრუნა პირი ეირინმა. ქუსლები შემოჰკრა თაფლას, გააჭენა იგი ტყეში გაკვალული ბილიკისაკენ, რომელიც დაელანდა ღამით. მთავარ გზაზე გავიდოდა იგი, საიდანაც შაარ-ჰაფასაკენ აიღებდნენ გეზს.

გაქუსლა სისხლისფერმა ქურანმა და ყურისძირში გაისმა სებიანთა აღტკინებული შეძახილები, ფლოქვთა ყურისწამღები თქარუნი.

-იქეთ! – შეჰღრიალა მათ უკან ერთმა ცხენოსანმა. – აი ისინი არიან! შეიპყარით ეგ წყეული მონა და მისი თავგასული ბატონი!

მიჰქროდა ტყის პირას ეირინი, თავსაბურავის რუხს ენაცვლებოდა მისი თმის ფერფლისფერი, ვითარცა დღე და ღამე, ზედ ეფინებოდა ამოზიდული მზის სხივები, ჰაერს ათრთოლებდა სებიანთა ღრიალი.

მოიხედა დიაცმა, უმზირა მდევართ.

კენჭებს ესროდა სებიანთ ბალღი, ერთმა წაუთაქა, ხურჯინივით გადაჰკიდა ცხენზე, გაიძახოდა, ამისათვის ყურებით მიგაჭედებო ძელს.

და უმალ, გაუცნობიერებლად მოქაჩა ეირინმა საბელი, ფითრისფერი თვალები აენთო ცეცხლად.

მოაგელვა ქურანი ანდრეიმ, შეცბუნებული შეაცქერდა ანაზდად ადგილს მიყინულ ერქანთა დიაცს, გამოსტაცა საბელი.

-გწადია მათ ხელში ჩაუვარდე, დალიჰარ? – დაუსისინა მან, დაჟინებით დააშტერდა დიაცის ფითრისფერ მზერას. – შენზე არ დასჯერდებიან მხოლოდ ძელზე ყურით მიჭედებას…

შეჰხედა ეირინმა, და მრისხანება იხილა მის თვალებში ანდრეიმ, მაგრამ ასევე თითქოსდა წუხილის ნაპერწკალი გაჰკრავდა მათში.

საბელი გამოსტაცა ეირინმა და დაჰკივლა თაფლას. გამოერკვა ანდრეი, ქუსლები შემოჰკრა სისხლისფერ ქურანს. ყურისძირში ესმოდა ფლოქვთა თქარუნი და სებიანთა ღრიალი, ოციოდე კუდის მანძილიღა დარჩენილიყო მათსა და მდევარს შორის, მაგრამ მოჰხედა მხედრებს ანდრეიმ, და მაშინვე უწყოდა, რომ ვერასოდეს დაეწეოდნენ ისინი ისეთ უბადლო მხედრებს, როგორებიც თვითონ და ერქანთა დიაცი იყვნენ.

მოწყვეტით მოაბრუნა თაფლა ეირინმა, ტევრში შეიჭრა, მიჰქროდა ბილიკზე. მას მიჰყვა ანდრეი და მდევარნი, წითელი ხის, სეკვოიისა და ფიჭვის სურნელითა და სუსხით გაჟღენთილმა ჰაერმა შემოჰკრათ, სანატრელი გახდა მწირი სინათლე მზისა.

დაჰკიოდა ბედაურს ეირინი და მის გვერდით მიჰქროდა ანდრეი. გარინდულ ტყეში ჭექდა მათი ხმა, ხმაურისაგან დილის ბურანს მოტაცებული ქარი უკმაყოფილოდ ეხლებოდა ხეთა აშოლტილ ტანებს, გრეხდა მათ, ზნექდა და ჰგლეჯდა, შეშლილ როკვაში იყოლიებდა ფოთლებს, ყურისწამღები წუილით ზუზუნებდა ცხენოსანთა ყურებში. გახელებით მიერეკებოდნენ ბედაურთ სებიანნი, არ იშურებდნენ დეზებსა თუ მათრახს, მაგრამ ჩიტივით მიფრინავდნენ თაფლა ულაყი და სისხლისფერი ქურანი, თითქოსდა ქარი მოესხაო მათ ფრთებად. იმზირებოდა ალისფერი ღრუბლებიდან მზე, იხლართებოდა ოქროსფერი შუქი კენწეროთა შორის, და მიბობღავდა მიწისაკენ, სანამ ანდრეის გრძელი მუქი კულულები და ეირინის ფერფლისფერი თმა არ ირეკლავდა მას. დღის მხევალი აცილებდა მათ, ლოცავდა, მათ ახებდა სითბოსა და სინათლეს, ვითარცა მის უდიდეს ძღვენს, და თრთოდა მიწა გახელებულ ბედაურთა ფლოქვების ქვეშ.   

ორი ყივილის მანძილზე სდიეს მათ სებიანთა ურდომ, მაგრამ იზრდებოდა და იზრდებოდა მათ შორის გადაჭიმული ოციოდე კუდი, ასე მცირე მანძილად რომ მოჩანდა თავიდან. მიჰქროდნენ სრორდელი და ერქანთა დიაცი, თავაწყვეტით მიაგელვებდნენ ცხენებს, სანამ ქანცი არ გაუწყდათ სებიანთ.

გაწბილებულებმა და შერცხვენილებმა ჩაიქნიეს ხელი, წყევლა-კრულვა მოაძახეს მათ და შეაყოვნეს ცხენები, რათა თავიანთი მიწისაკენ აეღოთ გეზი.

აღტკინებამ მოიცვა მათზე მომზირალი ანდრეი. სუაგრა და ნიჰიდა შეეწიოს თქვენს მხდალ სულებსო, მიაძახა მან და ქუსლები შემოჰკრა ქურანს.

დაუღალავად მიგელავდნენ ბედაურნი, დასვენებულნი და გამაძღარნი. მაგრამ ორიოდე ყივილის შემდგომ ჩორთით გააჭენა ულაყი ეირინმა, რაკი შორს დაიგულა მდევართაგან თავი.

უკან დარჩა სებიანთა სამფლობელო. აიწია დღის მხევალი, გაეკრო ცის კამარას, ეწადა სითბო და სინათლე მოეფრქვია მიწისათვის, მაგრამ იძალეს ავდრის ღრუბლებმა, ნაცრისფერ საფარველად მოედვნენ უსასრულო სილურჯეს. კოპებს ჰკრავდნენ ისინი და ერეოდათ რუხი, რაც უფრო შორდებოდნენ მხედარნი სებიანთა მიწას.

პირველი მზე ისე განვლეს მგზავრებმა, რომ ღამისსათევს ვერ წააწყდნენ გზაზე, იძულებულნი გახდნენ მცირე ხნით მოეტყუებინათ თვალი გზისპირა ტევრში, ღია ცის ქვეშ. ავდრის პირი უჩანდა ამინდს, თუმცაღა არ მოუწვიმია, მხოლოდ ყურისწამღებად ქუხდა, ცაზე იკლაკნებოდა ელვა.

გარიჟრაჟისას მომცრო ნაკადულიდან დალიეს წყალი, წააბალახეს ცხენები და კვლავ გაუდგნენ გზას.

მათ გარშემო აღმართული ტყე, უთვალავ წიწვოვან თუ ფოთლოვან ხეს რომ ითვლიდა, გზადაგზა შეთხელდა. ფოთოლთ მოსდებოდათ მეათე მთვარის ალისფერი სუნთქვა, თითქოსდა ცეცხლის ენები მოეფრქვივნენო ტოტებს. შემეჩხერდა ტევრი, სანამ ქვით კოხტად მოკირწყლული გზა არ გაიჭიმა წინ, სანამ არ გადაიშალნენ ტრიალი მინდვრები, რომლებიც მაღალ-მაღალი, კოხტად აღმართული მესრით შემოესაზღვრათ. შაარ-ჰაფაო, წაილაპარაკა მეფისწულმა, როცა გადაჰხედა განრისხებული ზღვასავით აღელვებულ, მწიფე ქერის ყანებს, უკიდეგანო მიწებს რომ ჰფარავდნენ, და საავდრო ღრუბელთა ჩრდილი ედოთ.

ყანებსა და ველებს მომცრო დასახლებები შეერია. გამომწვარი თიხით ნაშენები პაწაწინა ქოხები გაბნეულიყვნენ ალაგ-ალაგ, ვითარცა ოქროსფერ ქვიშაში მიმოყრილი ნაცრისფერი კენჭები. შორიდან ჰხედავდა მეფისწული, თუ როგორ მიმოდიოდნენ გლეხები ყანაში, მათ მუქ კანს ნაცრისფერი დასდებოდა მოქუფრული ცისა გამო. დაჰკანკალებდნენ ისინი მწიფე თავთავებს, სწმენდნენ რუებს, თოხნიდნენ დამბალ მიწას და აინუნშიც არ აგდებდნენ მოგზაურთ.

მოგზაურნი კი აურაცხელნი მიმოდიოდნენ შაარ-ჰაფასაკენ გაჭიმულ გზაზე. მდიდარი თავადის მოოქროვილი ეტლის ჯაყჯაყი იქნებოდა ეს თუ მათხოვარი ბერიკაცის ყავარჯნის კაკუნი, მუდამ ხმაურში აღრეულიყო გზა, სიცოცხლით ჩქეფდა იგი დღისით და მაშინაც, როცა ღამის წყვდიადში თვალთან ხელის მიტანაც კი ჭირდა.

იმ ღამით ერთ გლეხს შეეფარნენ მეფისწული და ერქანთა დიაცი. მარტოხელა ბერიკაცს მხოლოდღა ყანისა და შორეულ მეზობელთა ამარა გაელია ხუთიოდე ზამთარი, და სიხარულით მიიღო ისინი. დააპურა, კამკამა რუდან დაალევინა, ტილოს ტომრებში გადანახული შვრია დაუყარა ცხენებს. სიტყვა არ დაუძრავს ეირინს, ვითარცა სათანადოდ გაწვრთნილ მონას, და თუმცაღა ბერიკაცმა დალიჰარი უწოდა, დანაოჭებულ პირისახეში ავხორცობა თუ ზიზღი ვერ შეატყო ერქანთა დიაცმა.

დილით დალოცა ბერიკაცმა, დაე შაარ-ჰაფას სიმდიდრე ფეხქვეშ გაგეფინოთო, ბამბის გასანთლულ ბოხჩაში მცირე საკვები გამოუკრა და გააცილა გზაზე.

იმ დილით მცირე ჟამით გამოანათა მზემ და მხურვალებისაგან გახეთქა ცა, ნაშუადღევს კი იწვიმეს ანაზდად მოგორებულმა საავდრო ღრუბლებმა, თითქოსდა გამსკდარ კამარას სდისო წყლისფერი სისხლი.

და ამოვარდა ქარიშხალი.

წვიმდა კოკისპირულად, დანისლულიყვნენ მინდვრები, უწყალოდ წეწავდა აღრიალებული ქარი მწიფე შვრიას, მოღაღანე ბალახსა და ხეთა მომცრო ტევრებს. რუხ ღრუბლებში გაიკლაკნებოდა ელვა, ხარბად მოევლებოდა სინათლე შემოგარენს, მერე კი ქუხდა, ყურისწამღებად გრგვინავდა, თითქოს მიწას ჩამოვიდაო მეხი. აღელვებული ყანებივით იზნიქებოდნენ და ცახცახებდნენ ქვანი გავეშებული გრუხუნისას. ერთიანად დაუჟივდათ ყველაფერი ანდრეისა და ეირინს, მწვავე ნემსებად დაშვებული წვიმის საფარველმა დაუბინდათ ხილვა და შეაფერხა ისინი, თუმცაღა მაინც ნელა, ჩაქჩაქით მიჰყვებოდნენ მოკირწყლულ გზას. დროდადრო მოზრდილ დასახლებათა ხილვა გაკრთებოდა შორიახლოს, და მაცდურ, თბილ ოქროსფრად ენთნენ პაწია ფანჯრები გაუსაძლის სუსხსა და ყინვაში, მაგრამ არ შეყოვნებულან მეფისწული და ერქანთა დიაცი.

საღამო მოახლოებულიყო, როცა შესუსტდა წვიმა. მხოლოდღა ჟინჟლავდა, ნაზად შრიალებდა წვიმა, ვითარცა ტყის ხასხასა ფოთლებში გაჭრილი ნებიერი სიო. საღამოს ნაცრისფერი ბინდბუნდი ჩამოწვა გარშემო, სადღაც გაქრნენ ყანები, მათი ადგილი საბალახო მინდვრებმა დაიკავეს. გაივაკეს გარშემო აღმართულმა გორაკებმა, და თვალუწვდენელი მიწა გადაიჭიმა მხედართა წინაშე, შორს კი მოჩანდა ჩახჩახა, წითელი სინათლეებით ანთებული ქალაქი. როგორც ჩახჩახა სინათლე ქინქლებს, ისე იზიდავდა იგი მოგზაურთ, რადგან აურაცხელნი მიემართებოდნენ მისკენ.

-ზულუსტის დაბლობს მივაღწიეთ, ჩრდილოეთელო. – უთხრა ეირინმა, შუქს გაჰყურებდა, ფითრისფერ თვალებში არეკვლოდა ალი. – ქალაქი ზრეა აღმართულა შენს წინაშე.

-სინათლეთა ქალაქი… – წაიდუდუნა ანდრეიმ, უმზერდა იგი შორეულ ნათებას, რომელიც აღუებულ კერას ჩამოჰგავდა.

აღელვებულიყო მოღაღანე ბალახით აღსავსე ზულუსტის დაბლობი, საღამოს ბინდბუნდსა და სინათლეთა ქალაქის თბილ შუქში გამოხვეული გლეხები ხმამაღალი ძახილით მიერეკებოდნენ ცხვართა ფარას. თეთრ ქულებად მოჩანდა პირუტყვი, და ბღავილით იკლებდნენ არე-მარეს.

კელაპტარივით ჩახჩახებდა ზრეა, მოგზაურთ უნათებდა გზას. ოთხი ყივილის მანძილზე მიჩაქჩაქებდნენ ისინი, და იკარგებოდნენ მოგზაურთა ყურისწამღებ გნიასში.

დიდებული იყო შორიდან ზრეა, მაგრამ ახლოს ხილული უფრო მანათობელი და მაცდური ჩანდა იგი. თითქოსდა ქალაქის სიმხურვალე და სითბო მოჰხვევიაო საბურველად ჰაერს, მოზრდილ ალაყაფთან როცა მიაგელვეს ცხენები, წვიმა აორთქლებულიყო, მხოლოდღა სუსხი და სულშემხუთველი ნესტი დასტოვა უკან. ქათქათა ქულებად იქცეოდა ანდრეისა და ეირინის ყოველი სუნთქვა და განიბნეოდა, უამრავ, მათ შემოჯარულ მოგზაურთა შორს ჩამოწოლილ ნისლს უერთდებოდა.

ქალაქში შესვლის საფასური გადაიხადა ანდრეიმ. ოთხი ოქრო გამოართვა ჯმუხმა, ვეებერთელა მცველმა, თაფლაზე ამხედრებულ ეირინს სტყორცნა გამომცდელი მზერა, თუმცაღა გონივრულად ხმა გაიკმინდა, არაფერი უთქვამს. უზარმაზარ, წითელი ხისაგან გამოჩორკნილ ალაყაფის კარში შეაგელვეს ცხენები და ხილვა აივსეს მოჩახჩახე სინათლეებით.

სებიანთა სამფლობელოში უხვად ენთო კელაპტარნი, მაგრამ სინათლეთა ქალაქის სახელს ტყუილად არ იკვეხნიდა ზრეა. გამვლელთ ხელთ ეპყრათ ჩირაღდნები, კოხტად მოკირწყლული ქუჩები, წვიმის საფარველი რომ დაჰფენოდათ ზედ, სარკეებად ქვეულიყვნენ, ირეკლავდნენ თითოეულ პაწაწინა ცეცხლს, და თითქოსდა გაღვივებულ ნაღვერდლებზე აბიჯებდნენ გამვლელნი.

ენთო, და ასხივებდა ზრეა.

„ღამით მომაწვა რუხი კაეშანი,

მინდორს დავკრიფე სხივნი მთვარისა,

რაოდენ ცარიელია ხელნი ჩემნი,

რამეთუ არ ავსებთ სხეული ქალისა!“

მხიარული შეძახილებსა და დამღერებას აენთო გარემო. წითელი ალმები აემართათ, თეთრით დაწინწკლულნი, მწიფე თავთავებისა და ნაირ-ნაირი ველური ყვავილების გვირგვინებით მოერთო თავი ყველას. ჩათქვირებულმა, მომღიმარმა დიაცმა ჩამოირბინა ყვავილებით სავსე კალათით, უსასყიდლოდ ურიგებდა გვირგვინებს თავდაუმშვენებელთ. შეჰღიმა ანდრეის და წაიჟღურტულა, ნაყოფიერების მზის პატივსაცემად აღიღეთო თქვენ და თქვენმა დალიჰარმა გვირგვინი, და დასტოვეთ თქვენი ცხენნი, რათა დაგლოცოთო დიადმა ფიჯალმა, ღვთაებამ ნაყოფიერებისა.

ზიზღს ჰგვრიდა მეფისწულს შემოთავაზება მისი, მაგრამ ყოველივეს იზამდა იმისათვის, რომ უჩვეულო არაფერი შეეტყოთ ზრეას მოსახლეთ. ჩამოხდნენ ორივენი, ალაყაფთან დააბა თაფლა და ქურანი ანდრეიმ. გამოწვდილი ორი გვირგვინი აიღო მან, უმალ გადაუგდო ერთი ეირინს. თავთავებისა და ველურ ყვავილთა გრეხილი მოირგო თავზე და გაჰკრა უმალ გონებაში ნატვრამ იმ დღისა, როცა სრულიად სრორდის გვირგვინი დაამშვენებდა.

სადღაც სიმიან საკრავს ამღერებდნენ, მიწას სძრავდა დაფდაფთა ცემა. გახელებული როკვა, მაცდური სითბო სინათლეთა ქალაქისა ნებისმიერს სძლევდა, ერეოდა და რეტს ასხამდა, ვითარცა მათრობელა ღვინო.

უხმოდ განვლეს მათ ქვით მოკირწყლული ქუჩა, თითქოსდა მხოლოდღა მათ შერჩენოდათ ტანზე ავდრის სუსხი, ამ სიცხით სავსე ქალაქში.

გამვლელთა ნაკადს მიჰყვნენ ისინი, რომლებიც როკვით, აღმართული ალმებითა და სიმღერით მიუყვებოდნენ ქუჩას, შესძახოდნენ ნაყოფიერების ღვთაება ფიჯალს, მის მკერდს ლოცავდნენ და შესთხოვდნენ ზამთარს ლხენისა, ზამთარს ბარაქისა, ზამთარს ხვავისა.

ხე აღმართულიყო ქუჩის ბოლოს გაფენილ მომცრო მოედანზე. მიწას ეხებოდნენ შეთრთვილული ტოტები, მაგრამ თითქოსდა ცას შებჯენიაო მისი კენწერო, იმოდენა გახლდათ იგი. მის სქელ ტანი, ტოტთა საფარველში ძლივს რომ მოსჩანდა, ალისფრად ანთებულიყო და თითქოსდა ცეცხლი ეკიდა, კელაპტართა ოქროსფერ შუქში განბანულს. მომაჯადოებელი იყო იგი, მეტადრე აურაცხელი თავთავებითა და ყვავილებით მორთული, რომლებიც ფერად ზღვად ღვიოდნენ მის ტოტებში, თითქოსდა ყვავილობდა ხე.

მლოცველნი დაემხნენ ხის წინ, შეჰღაღადებდნენ მას, გვირგვინებიდან გამოცლილი ყვავილებით ამკობდნენ.

ტალღას აყოლილმა მეფისწულმა დაიჩოქა, აჰხედა ხეს. ყურისწამღები გნიასით, რომელშიც თითოეული ხმა მეორეში იხლართებოდა და ერთ დიდ სიმღერად მიიჩქაროდა ზეცისაკენ, გარემოცულმა უმზირა ერქანთა დიაცს.

გულგრილი თვალებით აჰყურებდა ეირინი ნაყოფიერების ხეს. ვითარცა ჭეშმარიტი მლოცველი, მოკაკვულიყო იგი, დაჟიებული კაბა ჩაჰკონებოდა ატალახებულ, ჩამოცვენილი შვრიითა და ველური გვირილებით მოფენილ მიწას.

კვლავ იძრა ტალღა. წაიყოლეს მათ ერქანთა დიაცი და მეფისწული, დაფდაფების ცემას მიაყოლებდნენ ნაბიჯს, დაამღერებდნენ და გაიძახოდნენ ლოცვას. მიიწევდნენ ისინი, და მიაცილებდათ სინათლეთა ქალაქი, სანამ ზრეას უხვი შუქი არ დაჰნათოდათ ზურგიდან და უზარმაზარი კოცონი არ აღიმართა მათ წინაშე.

ტრიალ მინდორში დაენთოთ იგი, და ქათქათა ჩითში გამოწყობილი გოგო-ბიჭები როკავდნენ მის გარშემო, წრეში ჩაბმულნი. ტკაცუნებდა კოცონი, ბობოქრობდა, ალსა და ნაპერწკლებს ისროდა, ორი შუბისტარის სიმაღლეზე აღმართულიყო იგი, თუმცაღა არ უშინდებოდნენ მათ მლოცველნი, შემოჰჯარვოდნენ გარშემო და ცას აწვდენდნენ ხმათ.

შორიახლოს, მცირე ტევრში ჩამოჯდა ანდრეი. მოქანცულიყო მეფისწული, ქანცი გაეწყვიტა სამი მზის მოგზაურობას. არ ეამებოდა სისველე და სუსხი, ტანს რომ აჰკვროდა, თუმცაღა აღარ ძალუძდა ცოტაოდენი დასვენების გარეშე სიარული, თითქოსდა რეტი ესხმოდა.

-ყოველ ზამთარს სამ ღვთაებას შესთხოვენ ლოცვას. – თქვა ანაზდად ეირინმა, და მისკენ მიატრიალა თავი მეფისწულმა. – მეათე თვისას ღვთაებას ნაყოფიერებისა, ზრეას დიად მუხას კაზმავენ და ბარაქას შესთხოვენ. პირველი თვისას ღვთაებას მშვენიერებისა, რათა ლამაზი გაზაფხული გაუთენოს მათ… მერე კი, ზაფხულის ბუნიაობას, სიმდიდრისა და სიდიადის ღვთაებას, გარდაცვლილთა ფერფლს ჰფენენ ტბებს, რათა გარდაცვლილნი შეეწიონ მათ. – ბაგე შეუტოკდა ერქანთა დიაცს. – დალხენა და წალკოტია შაარ-ჰაფა, ფუჭი დროსტარება და ცარიელი ხიბლი.

-ეს საკვირველად აღიჩინე, დალიჰარ? – შეჰკითხა ანდრეიმ, ეირინის ანთებულ, ფითრისფერ თვალებს ჩასცქეროდა. – რად გგონია დალხენა ფუჭი, ნუთუ შენს წყეულ მიწაზე, შენს სამეფო კარზე ფიალის აღმართვა არ სჩვევიათ?

-ჩემი სიცოცხლე მათრობელა ღვინით დათრობა და ხორცთა დაგემოვნება არასოდეს ყოფილა, სრორდელო. – ცივად მოუჭრა ეირინმა. – მე ომს, შიმშილსა და სნეულებას ვხედავდი მხოლოდ.

-ერქანთა ნებიერი დიაცი, რომელიც ირემთა რძესა და იასამნის ზეთში განიბანება, ასეთ განსაცდელთა მოწმე იყო მხოლოდ? – დაცინვამ გაჟონა მეფისწულის ხმაში.

-ერქანთა მიწა მუდამ მტერთა საჯიჯგნი იყო, სრორდელო ქოფაკო! – შეჰსისინა ეირინმა. უმზერდა იგი, თუ როგორ გოროზად უმზერდა ჩრდილოეთელი, მუქ თვალებში არეკლილი ცეცხლით და ზიზღით დაეღრიჯა ნაკვთები. – თუმცაღა მალე დაისადგურებს მშვიდობა, მალე მიეზღებათ დამაქცევართ კუთვნილი სამაგიერო!

-შენი მიწა სრორდის კუთვნილებაა. – მიუგო ანდრეიმ, ამაყმა ღიმილმა გაუპო ბაგე. – გადამწვარია იგი და დადაგული, შერცხვენილნი არიან შენი მეომარნი და ტყვედაა მათი ტახტის მემკვიდრე, რომელიც ვეღარასოდეს დაიდგამს გვირგვინს…

-მე მწამს ღვთაებისა. – ცივად მოუჭრა ეირინმა. – შენ ერქანთ დაუბრუნებ ბაჰირას, სრორდელო.

ანდრეიმ წარბები აზიდა. ბაგე შეუთრთოლდა მეფისწულს, თითქოს სიცილს ებრძვისო.

-არასოდეს. – კბილთა შორის გამოსცრა მან.

-დაუბრუნებ. – გაიმეორა ეირინმა. – და მე ჩემს კუთვნილ მიწას დავუბრუნდები… – მან მიაბრუნა თავი, უმზირა კოცონს. თვალები მილულა, რათა უკეთ ეგრძნო დაფდაფთა ცემა.

შეშლილიაო ეს დედაკაცი, გაივლო ანდრეიმ.

მერე კი, თვითონაც იბრუნა პირა და უცქირა, თუ როგორ როკავდნენ მლოცველნი კოცონის გარშემო და როგორ ჩახჩახებდა სინათლის ქალაქი.

.

.

.

-*-*-*-14-*-*-*-

განვლო სუსხს, ზრეას ჩახჩახსა და მლოცველთა სიმღერაში ჩაძირულმა ცრუღამემ. რუხ ღრუბელთა მკერდიდან გამოპარულმა მთვარემ ვერცხლისფერი სხივები ჩააწნა სინათლეთა კონას, როცა ტევრის ჩრდილიდან წამოიწია ანდრეი. მეათე თვის სიცივე, ყინულად რომ მოსდებოდა ბალახს, წვიმით დაჟიებულ სამოსში აღწევდა, და ჩამოწოლილ ღამეს არაფერი მოჰქონდა, გაუსაძლისი ყინვის გარდა.

-წავედით, დალიჰარ. – მიმართა მან. მწყრალად ამოჰხედა მას ეირინმა, თუმცაღა არა უთქვამს რა. მხოლოდღა ზანტად წამოიწია იგი, სხეულზე შემოიჭირა რუხი თავსაბურავი.

-დალხენის ადრეულად დატოვება უპატივცემულობაა ნაყოფიერების ღვთაებისა. – თქვა მან, როცა ანდრეის მიჰყვა უკან. – იგი არ დაგლოცავს, სრორდელო…

-ვითარცა შენი წყეული ღვთაება არ გლოცავს, ერქანთა დიაცო? – მოუჭრა ანდრეიმ. – ვრცელია ზულუსტის დაბლობი, და უხვად ახვევიან მას მლოცველნი. ამ გნიასში ვერავინ შეგვნიშნავს…

-შენივე ღმერთებისა არ გწამს, სრორდელო ქოფაკო? – შეჰკითხა ეირინმა. სუსხიანმა ქარმა წამოუბერა, ტევრსა და ბალახებში გაიჭრა სტვენით და შეუდრკა სხეული ერქანთა დიაცს. – მაშ რად გძაგს ესოდენ ჩემი რწმენა, თუკი საკუთარი არ გაგაჩნია?

-ჭირხლით მოსილ დაფარულ უკიდეგანო ზღვაზე მიდიხარ, დალიჰარ! – პირის მოუბრუნებლად მიუგო მეფისწულმა. – ნუთუ შენი მიწის ყოველივე ადათ-წესის წინაშე იხრი ქედს?

მცირე ჟამით დადუმდა ეირინი. შესცქეროდა იგი მის წინ მიმავალი მეფისწულის ბეჭებს და რუხ კულულებს, ზრეას მოჩახჩახე სინათლე რომ მოჰფენოდათ.

-ერქანთა მიწაზე გატარებული ყველა დღე პაწაწინა, თუმცა შეუფასებელი ნაწილია ჩემი, ვითარცა თითოეული კენჭი თვალუწვდენელი ზღვის ფსკერზე… – თქვა მან ბოლოს.

მოიქუფრა ანდრეი. შედგა იგი, მოუტრიალდა ერქანთა დიაცს. ცივ ფითრისფერ თვალებში უმზერდნენ ეირინს ზრეას სინათლენი, ნაწვიმარ ქვათა არეკლილი ოქროსფერით დაჰფერვოდა ბრინჯაოსფერი კანი. გულგრილობა ეხატა მის პირისახეს, და, უკვე მეორედ, ძლივს შესამჩნევი წუხილი იხილა მეფისწულმა.

უცქირა ანდრეიმ, შეჰკრა წარბი, მაგრამ არა უთხრა რა. იბრუნა პირი, გაჰყვა ქუჩას.

უჩუმრად მიჰყვა უკან ეირინი. ჩასცქეროდა ერქანთა დიაცი მიწას, თითქოსდა ანაზდად გასტეხაო საკუთარმა სიტყვებმა, მონარჩენი მწირი მხნეობა გამოსწოვა. დაღლილობის დაღი დასმოდა მის პირისახეს.

ვაჭრებთან შეჩერდა ანდრეი. სამოსი და საკვები შეიძინა, მერე კი ღამისსათევის ძებნაში დაუყვა აჩახჩახებულ ქუჩებს. თბილ სინათლეს აფრქვევდნენ კელაპტარნი, მაგრამ იძალა ღამემ, ოქროსფრად დაფერილმა სინათლეთა ქალაქმაც კი ვერ განირიდა ნაწვიმარს შემორჩენილი სუსხიანი ქარი, რომელმაც დაჰბერა სტვენით, და მოიტანა ყინულოვანი წვიმის თქორი. ანაზდად ამოვარდა იგი, ცეცხლის ალი მოჰგლიჯა კელაპტართ, შეათრთოლა თავთავნი და ყვავილნი, სხეულზე სამოსი შემოჰყინა მეფისწულსა და ერქანთა დიაცს, ქუჩაში რომ მიიჩქაროდნენ. გაფითრდა მეფისწული, ჭრილობამ გაუსაძლისად გასწიწკნა, თავი შეახსენა.

თავსაბურავი მოიხვია ეირინმა, ქარის წინაშე დახარა თავი.

მიიჩქაროდნენ გამვლელნი, სახლებს აფარებდნენ თავს, მიწყდა მოლხენისა და სიმღერის ხმა. მხოლოდღა კანტიკუნტად შერეოდა ქარის წუილს მლოცველთა ღაღადი და გოდება.

გაძეძგილ, ზორბა სამიკიტნოში შეაღწიეს გაჭირვებით. ანდრეის გოროზი პირისახისა და ოქროს ხილვისას დაფაცურდა მეპატრონე, მეორე სართულზე მიუჩინა ოთახი. ანდრეი შეძლებული ვაჭარი ჰგონებოდა მას, უტრიალებდა და პირფერი ღიმილით შესციცინებდა, ცეცხლს დაგინთებთ, ვახშამსა და განბანვისათვის ქაფქაფა წყალს ამოგიტანთო.

ერთი ოქრო ესროლა მას ანდრეიმ და ხარბად ჩაბღუჯა იგი მეპატრონემ, საკუთარი ხელით ამოუზიდა ვახშამი და წყალი.

მსახურთ არ აკადრებდაო მდიდარ სტუმარს, გაივლო გონში ეირინმა, ოთახს მოავლო მზერა. სარეცელი, იატაკზე დაფენილი ქვეშაგები, ორი სკამი, სარკე და ზორბა სკივრი წარმოადგენდა მის ავლადიდებას. თითქოსდა კვლავ სებიანთა სამფლობელოში იყვნენ, კვლავ იმ სამიკიტნოში, იმ წყეული მიწის ცის ქვეშ…

და თითქოს კვლავ ჩაესმოდა მეფისქალის ყურთ სიტყვა „დალიჰარი“…

ცეცხლი ააგიზგიზა პირფერმა მეპატრონემ და გულითადი ლოცვით დასტოვა ისინი. მოზრდილ, წითელი ხისაგან გამოჩორკნილ სარეცელზე დაეშვა ხვნეშით ანდრეი.

სველი ლაბადა და მაუდის ტუნიკა შემოიძრო მან, მიჰყარა გვერდით და ქაფქაფა წყლის ვარცლში ჩაფენილ სუფთა ტილოს სწვდა.

განიბანდა იგი ცხელი ტილოს ნაგლეჯით არაქათგამოცლილ, ყინვისაგან დასუსხულ სხეულს. კისერსა და პირისახეზე მოისვა იგი, შუბლს აკრული რუხი კულულები გადაიწია. ძილბურანი ერეოდა დაღლილს.

უსიტყვოდ უმზერდა მის სხეულს ეირინი, ბუხრის ალისფერი რომ დასდებოდა. ხელები დაეკრიფა მეფისქალს,  უცქერდა იგი, თუ როგორ იძრო მეფისწულმა დარჩენილი სამოსი, როგორ განიბანა შიშველი სხეული სველი ტილოთი და როგორ ეძალებოდა ღვინოს.

ნაკვთები დაეღრიჯა ეირინს. ქვეშაგები მიითრია ბუხართან, თრთოდა დაჟიებულ სამოსში. მეფისწულის მწველ მზერას გრძნობდა, თუმცაღა პირი არ იბრუნა მისკენ.

უცქერდა მეფისწული, ჩასისხლული, ლიბრგადაკრული მზერით, თუ როგორ შემოიძარცვა ერქანთა დიაცმა სამოსი. გვერდით მიაგდო თავსაბურავი და ტილოს კაბა, მხოლოდღა გრეხილ თოკებად დაფენილი ფერფლისფერი თმა ჰფარავდა მის სიშიშვლეს.

ყბა შეჰკრა ანდრეიმ. ტკბილი სიმწარე აუზვირთდა ცეცხლმოკიდებულ მკერდში, იფეთქა და ჟრჟოლის ტალღად დაედინა გაციებულ სხეულს.

თვალი აარიდა სასწრაფოდ და უმალ მოიყუდა ღვინის თუნგი.

ქვეშაგებზე წამოწვა ეირინი, ქეჩით დაჰფარა სიშიშვლე. საფარველში გამოხვეული მიეფიცხა აგიზგიზებულ კერას და ინატრა ბურანი.

გრიალებდა წვიმა, შლეგივით ეხლებოდა სახურავსა და ფანჯრებს. ქარი იტაცებდა წვეთებს გზიდან, წუილით ახეთქებდა არე-მარეს, და გრგვინავდა იგი, თითქოსდა ჭექა-ქუხილს აეტანა ცის კამარა.

თვალები მილულა ერქანთა დიაცმა. გალღვა კერაში აგიზგიზებული ცეცხლის ალი, განიბნა, მწველ ალისფერ ლაქად იქცა…

-ცრუობ, დიაცო. – თქვა ანაზდად მეფისწულმა და მოგვრილი ბურანი გაუფრთხო ეირინს. წამოიწია ერქანთა დიაცი, პირი იბრუნა მისკენ.

უცქერდა ანდრეი, და კერის ცეცხლი მოჰკიდებოდა ეირინს ფითრისფერ თვალებსა და გაწეწილ დალალებზე.

-ცილისწამება სიცრუეზე მძიმეა, სრორდელო. – ჩუმად მოუჭრა ერქანთა დიაცმა.

-ცრუობ! – შესძახა ანდრეიმ. – ცრუობ, როდესაც შენი ბაგენი ძვირფასად რაცხავენ შენს წყეულ მიწაზე გატარებულ თითოეულ დღეს… რამეთუ მხოლოდ ომი, სნეულება და შიში გიხილავს, დალიჰარ. – მიუგო ანდრეიმ, კვლავ მოიყუდა თუნგი.

-განსაცდელით აღსავსე დღენი ერქანთა მიწისადმი ფესვგამდგარ სიყვარულს ვერაფერს აკლებს, სრორდელო. – შეჰსისინა ეირინმა. – ჩემი მიწის ტანჯვა მიხილავს და განმიცდია, თუმცაღა გულისტკივილს მგვრიდა იგი, რადგან ერქანთა სამფლობელო ესოდენ ძვირფასია ჩემთვის…

-გაჩენის დღეს არ იწყევლი, დიაცო? – შეჰკითხა ანდრეიმ. – ნუთუ არ გეზიზღება დღე, როცა გშობა დედაშენმა? ნუთუ არ გძაგს იგი გამოვლილ ჭირთა გამო?

ენას უქცევდა და ლუღლუღებდა იგი, მაგრამ მაინც მკაფიოდ, ვითარცა ზარები, რეკდნენ მისი სიტყვანი.

უსიტყვოდ შეაცქერდა ეირინი. მიჩქმალულ საიდუმლოებას ეძიებდა მის ჩასისხლულ თვალებში.

-ძმა მოჰკალ, სრორდელო? – შეჰკითხა ბოლოს. – უხსენებელ ცოდვაში გაისველე ხელები?

გაქვავდა ანდრეი. თუნგს შემოაჭდო ათრთოლებული თითები, გმინვა წასკდა ბაგეს.

-პასუხი გწადია ესოდენ უგუნურ კითხვაზე, დალიჰარ? – მოუჭრა ბოლოს. – რამეთუ არა უწყი რა…

-ყველაფერი ძალზედ მარტივია. – სიტყვა გააწყვეტინა ეირინმა. – ცეცხლს დიდხანს რომ ჩასცქერი, ბრმავდები, სრორდელო.

მიწვა ერქანთა დიაცი, და სიჩუმემ მოიცვა გარემო, რომელსაც შლეგივით ჰკაწრავდა სახურავს დამსკდარი წვიმა.

უცქერდა მას ანდრეი. მათრობელა ღვინის ლიბრი გადაჰკვროდა მზერაზე, ცეცხლის ალი ულოკავდა მკერდს, მაგრამ ჭრილობის ტკივილი არ იყო იგი. რის ვაივაგლახით გაიშოტა მეფისწული, ქათქათა ბამბის საფარველით დაჰფარა შიშველი სხეული.

კერაში ტკაცუნი გაჰქონდა ალს და მაცდურ, მყუდრო ოქროსფერში ჩაძირულიყო ოთახი.  

გარეთ კი პირქუში, სუსხიანი ღამე დაუდგა ზრეას, არსად მოჩანდა ღამის მხევლისა და ცის კამარას მიმობნეულ მარგალიტთა ციალი. ამოვარდნილი ქარიშხალი თავთავთ და ყვავილთ ჰგლეჯდა სადღესასწაულოდ მორთულ ზრეას მუხას, მოაქროლებდა წვიმას და აქრობდა სინათლეთა ქალაქის შუქს, სანამ წყვდიადში ჩაკარგულ ციცინათელათა მსგავსად არ ბჟუტავდა მხოლოდ იგი. მოგვიანებით ზეცისადმი აღაპყრობდნენ ხელთ ზრეას მცოდნენი, შეჰღაღადებდნენ ღმერთებს, რად მოგვივლინეთო ავდარი ნაყოფიერების ღმერთებისადმი მიძღვნილ მზეს, რამეთუ განსაცდელისა ნიშანი იყო იგი.

ბობოქრობდა ქარი, განრისხებული ჰქროდა და წვიმას მოაყოლებდა სევდიან სუსხს.

თუმცაღა, როცა დილით ზრეა დასტოვეს მეფისწულმა და ერქანთა დიაცმა, დამცხრალიყო იგი. მხოლოდღა სქელი, ნაცრისფერი საბურველი გადაჰკვროდა ცას, თითქოსდა ცხვრის მატყლით გადაუპენტიათო ღამით.

მიდიოდა ღრუბელი, ჰქროდა ქარი, და მიჰყვებოდნენ მათ მეათე თვის სუნთქვით შემცივნული მოგზაურნი. მთათა საფარველი არ ჰქონდა ზრეას შემოგარენს, ვერც ისეთივე ტყის საფარით დაიკვეხნიდა, როგორც სებიანთა სამფლობელო.

თუმცაღა, ერთი მზის განვლისას, ზულუსტის დაბლობის ფართო თვალსაწიერზე, აღიმართა ნისლსა და მოსავლის მაოხარი წვიმის საბურველში გამოხვეული შენობანი. შორიდანაც კი მკაფიოდ სჩანდა გორაკს შემომდგარი, თეთრი თლილი ქვის სასახლე, რომელიც ღრუბელთა ნაცრისფერ ფონზე იცრიცებოდა. უზარმაზარ დასახლებას გამოჰყურებდა იგი, შავ-თეთრი ალამი აეფრიალებინათ ცას მიწვდენილ კოშკურაზე.

შაარ-ჰაფას დედაქალაქი, ზულუსტის დაბლობის გული იფლიჰემი აღიმართა მეფისწულისა და ერქანთა დიაცის წინაშე, ქალაქი, სადაც განთქმულ ლაქლან ხანს ჩაეჭდო ხარბი კლანჭები.

დღის მხევალი იწვერებოდა ღრუბელთა მიღმა და ვარდის პირის ფერს ჰფენდა თვალსაწიერს, მისი შუქი ეღვრებოდა სასახლის ქათქათა ქვას. გარიჟრაჟის ყინვა თრთვილად ეფინა ბალახს, და ბრწყინავდა იგი ამომავალი მზის შუქზე, თითქოსდა ვარსკვლავთცვენა დააცხრაო შიშველ მინდორს.

იზრდებოდა იფლიჰემი, ჰფარავდა თვალსაწიერს, ცის კამარას ემიჯნებოდა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ მას მოგზაურნი. გალავანი არ ჰქონდა დედაქალაქს, თუმცაღა თეთრი ქვით მოპირკეთებულ გზასთან აღემართათ მომცრო კოშკურა, საიდანაც დაღვრილ შეძახილთ იტაცებდა ნებიერი სიო.

-დიადია იფლიჰემი! – გაჰკიოდა მახარობელი. – ხელნი ცოდვისაგან განიბანეთ, მოგზაურნო, რამეთუ გზა ვრცელია, იფლიჰემი კი წმინდა! ღმერთთა ღმერთ ალიჰას აურჩევია იგი თავის სამყოფელად! წალკოტია შაარ-ჰაფა, ზულუსტის დაბლობი კი უძვირფასესი გული მისი… დაიხსომეთ, მოგზაურნო, თქვენი შვება და ნეტარებაა იფლიჰემი… განიბანეთ, შეჰღაღადეთ ღმერთთა ღმერთ ალიჰას და ეახლეთ დიად ლაქლან ხანს, დაილოცოს მისი სახელი, რამეთუ ბეჩავთა მოწყალეა იგი! ეახლეთ, დალოცეთ, ღმერთებს შეავედრეთ მისი სიცოცხლე, და აღივსებით მისი გაუზომელი წყალობით!

კვლავ გაჰკიოდა იგი, თუმცაღა აღარ ათხოვა ყური ანდრეიმ. სქელი ლაბადის შალითა წამოიფარა მან, ლაქლან ხანის სპეტაკ სასახლეს შეაცქერდა.

-ნაყოფიერების ღვთისადმი მიძღვნილი ლხენა გამართეს წინა მზეს… – ჩაილაპარაკა მან, უმზირა თაფლაზე ამხედრებულ ერქანთა დიაცს. ტაატით მოჰყვებოდა იგი გვერდით, მის სამაჯურთა სუსტ ჟღარუნს ჰფარავდა სიცოცხლით მჩქეფარე ქუჩა, გამვლელთა ხმაური და კოშკურიდან დაღვრილი კივილი. – რა გასაკვირია, რომ სასახლის ბჭენი ფართოდ გაუღიათ ბეჩავთა დასაპურებლად!

-ზანტია ლაქლან ხანი, თუმცაღა არა ბრიყვი. – ხმადაბლა წაილაპარაკა ეირინმა, ფითრისფერი გამჭოლი თვალებით ათვალიერებდა შემოგარენს. – უწყის, თუ რა სწადია შაარ-ჰაფას ხალხს…

-უწყის, რომ არად აგდებენ მოსახლენი მის აღვირახსნილობას, ამიტომაც ოქროთი და ტკბილით უქონავს მათ თავს… – მიუგო ანდრეიმ. – შეჰფერის კიდეც ესოდენ მდაბალი და პირფერი ქცევა…

-პირფერი საქციელი თუ გულწრფელი, მაინც ბედკრულთ სწყალობს იგი. – ბაგე მოემანჭა ეირინს. – გიხაროდენ, რომ პირფერი და გაქნილია იგი, რამეთუ ძალგიძს შეხვდე მას…

არა უთხრა რა ანდრეიმ. ქუსლები შემოჰკრა ქურანს, ქუჩაში ჩორთით გააჭენა იგი, თვალს არ აშორებდა ქათქათა სასახლეს.

იღვიძებდა იფლიჰემი. კოშკურადან მომავალი მახარობლის კივილი ცრუდილის ბურანს სტაცებდა ქალაქს, იღებოდნენ ფანჯრები, ჭრიალი გაჰქონდათ ურემთ და ეტლთ. ღამე დანთებულ კელაპტართ აქრობდნენ მოსახლენი, ვაჭარნი აწყობდნენ თავიანთ დახლებს ქუჩებში, და ქუჩათა შორის ნაწილებად იხლიჩებოდა მოგზაურთა ურდო.

აიწია დღის მხევალი, გაიზმორა, გაიცრიცა მისი თვალსაწიერს მოფენილი, ვარდის პირის ფერი სუნთქვა. თეთრ ღრუბლებში შეიბურა იგი, მხოლოდღა წუხილით აღსავსე ნაცრისფერი სინათლე მოსდებოდა შემოგარენს, და სუდარით დაჰფარულს ჰგავდა ქათქათა ქვით შემკული იფლიჰემი.

გადიდდა თლილი თეთრი ქვის სასახლე, ბუმბერაზივით წამოიმართა, და ახმაურდნენ ქუჩები, სისხლმა იწყო მათში ჩქეფა. მოსახლეთა და მოგზაურთა რიგი გადაჭიმულიყო სასახლის ღია ბჭესთან, მოლოდინითა და მოუთმენლობით ატანილნი ცმუკავდნენ ისინი. სჩანდნენ უბრალო გლეხნი, რომელთაც ხორბლის ტომრები მიჰქონდათ ძღვენად ხანისათვის, და ძვირფას მარმაშში გამოხვეული დიდგვაროვნები, რომლებიც მედიდურად აჟღრიალებდნენ ქისებს და გარშემო შემორტყმულ მეომართა საფარველიდან იმზირებოდნენ გოროზად.

მომლოდინეთა ურდოს შეერივნენ ერქანთა დიაცი და მეფისწული. მიიწევდა წინ ანდრეი, მიარღვევდა ქურანით მოსახლეთ, და ყურს არ უგდებდა მათ უკმაყოფილო შეძახილებს, მხოლოდღა მძიმე ლაბადის შალითადად იმზირებოდა გოროზი თვალებით. სისხლისფერ ქურანზე აღმართული ისე გადაჰყურებდა აყვირებულ მოსახლეთ, თითქოსდა თვით ხანის ტახტზე მჯდარიყო.

ბჭესთან ჩამოხდნენ ეირინი და ანდრეი. კბილებამდე შეიარაღებული ბუმბერაზნი იცავდნენ სასახლის ფართოდ მოღებულ ალაყაფს. ყურადღებით შეათვალიერეს მათ, გაჩხრიკეს საგულდაგულოდ და როცა იარაღი ვერ უპოვეს, მოახსენეს, გელითო ლაქლან ხანი.

მარმარილოს თლილ საფეხურებზე ააბიჯა ანდრეიმ, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ეირინი. თვალუწვდენელი კიბე უთვალავი მინდვრის ყვავილით მოერთოთ, ნაზი სიო მათ სურნელსა და ფურცლებს იტაცებდა, ფერის ნაპერწკლებად ეფინებოდნენ ისინი ნაცრისფერ, მეათე თვის ბურუსში ჩაძირულ იფლიჰემს. უგრძესი იყო კიბე, თითქოსდა შაარ-ჰაფას ხანს სურდა ღმერთებს მისწვდენოდა, ცის კამარისათვის შეებჯინა იფლიჰემის სასახლე.

-რაოდენ გონიერია იგი… – წაიდუდუნა ანდრეის გვერდით ეირინმა, ასცქეროდა დაუსრულებელ საფეხურთ. – თითოეული ნაბიჯი ჩვენი უფრო გვამდაბლებს…

-ფუფუნების მოყვარული კაცია ხანი. – მიმართა ანდრეიმ. – ფუფუნებისა და ძალაუფლებისა, ორივეს მოხვეჭისა და წარმოჩენის წადილს აუტანია… მასთან აჰყავს მოსახლენი, მისი ხილვის უფლებას უბოძებს, რამეთუ ამაყად აგრძნობინოს თავი, მაგრამ ყოველივე ნაბიჯით ახსენებს, თუ რაოდენ შორსაა იგი მათგან…

უცქირა ეირინმა, მაგრამ აღარ მიუგო პასუხი.

რაც მაღლა მიიწევდნენ, უფრო სწრაფად დაჰქროდა ქარი, ჰგლეჯდა მინდვრის ყვავილებს, ფერად კორიანტელს აბუქებდა ჰაერში. გამყინავი სუსხი შეერია მას, თითქოსდა ღრუბელთ შესდგესო ფეხი. მიწაზე დარჩენილთა ხმაური გაიცრიცა, მიწყდა, მხოლოდღა ქარის ყურისწამღები გუგუნი და მარმარილოს შემმოსავ ყვავილთა შრიალი გაისმოდა გარშემო.

ალაყაფის კართან გამაგრებულ ბუმბერაზ მეომართ შეავლო ანდრეიმ თვალი და შეაბიჯა ძვირფასი მარმარილოთი მოპირკეთებულ დერეფანში. მაღალი იყო დარბაზი, სინათლე იღვრებოდა მომცრო სარკმელებიდან, რომელიც მათ შემამკობელ ფერად მინაში იფშვნებოდა და ფერად ნაპერწკლებად ღვიოდა უთვალავ კელაპტართა თბილ სინათლეში, თითქოსდა გარეთ დატრიალებული, ყვავილების ფურცელთა კორიანტელი შიგნით შემოიღვარაო.

დერეფნის ბოლოს კი, მეომრებით გარშემორტყმული, მაღალ, მოოქროვილ ტახტზე დაბრძანებულიყო ლაქლან ხანი. მეწამულ ბეწვ-ტყავსა და ძვირფას ფარჩა-ბარხატს მისწოლოდა, ვერცხლისფრად მოლაპლაპე ჯავშანი ჰფარავდა მის მკერდს. ღამის წვდიადივით შავ თმაში ედგა გვირგვინი, და ოქროს ძაფით მოსირმული მოსასხამი მოეგდო მხრებზე. ზორბა კაცი იყო იგი, ორმოცდაათ ზამთარს მიღწეული, აბრეშუმსა და მაუდში შეფუთული. მოკაუჭებული ცხვირის ზემოდან მუქ წარბთა ქვეშ ღრმად ჩასმული, გამჭოლი თვალები იმზირებოდნენ, რომელთაც წამსვე თავით ფეხამდე შეათვალიერეს სტუმარნი.

შალითის ქვეშ შებურული თვალებით უმზერდა მას ანდრეი, კელაპტართა ნაპერწკალნი რომ არ მიჰკარებოდნენ ჯერ.

-კეთილი იყოს თქვენი ფეხი ზულუსტის დაბლობის გულში! – წამოიძახა ანაზდად ხანმა, მისი ლაღი, ღრმა ხმა, ექო რომ გამოსცა უზარმაზარ დარბაზში, ზრიალით მიენარცხა თეთრი მარმარილოს კედელთ. – იფლიჰემი თქვენი პირადი წალკოტია, მოგზაურნო! მაშა? საიდან მოდიხართ, საით გაგიწევიათ?

უცქირა მცირე ჟამით ანდრეიმ, არა უთხრა რა.

და მერე კი, როცა ეჭვის ქუფრი მოაწვა ხანის ბრინჯაოსფერ პირისახეს, შალითა იძრო მან.

შედრკა ლაქლან ხანი. გამოუცდელი კაცის თვალში არც კი შენძრეულა იგი, კვლავ ღიმილი ეკრო მის სახეს ნიღბად, თუმცაღა იხილა ანდრეიმ, თუ როგორ შეჰკრა მან აქამდე მოშვებული სხეული, როგორ გაუბრწყინდა თვალები.

აზიდა ბეჭდებით შემკული ხელი და ანიშნა მეომართ, რომლებიც წამსვე გამოემართნენ მათკენ.

-ვგონებ, სჯობს ცალკე გავისაუბროთ! – შეჰღიმა მათ ხანმა, თვალი არ მოუშორებია მათთვის, სანამ მეომარნი ეირინსა და ანდრეის დარბაზის მიღმა აცილებდნენ. – ღმერთებმა გადმომხედეს! თავიანთი ძღვენი მიწყალობეს ამ დალოცვილ დღეს!

ჩაიკარგა მისი ხმა, როცა ვეებერთელა ბჭენი მოიჯახუნეს ერქანთა დიაცისა და მეფისწულის უკან, თავით ფეხამდე შავში გამოხვეული მსახური გამოეგებათ მათ, გაგიძღვებითო ლაქლან ხანის პირადი ოთახებისაკენ.

გაუძღვა იგი, და გულმოდგინედ ათვალიერებდა ანდრეი შემოგარენს. ქათქათა თეთრი ქვითა და მარმარილოთი ნაგები შემოგარენი გაჰკიოდა აურაცხელ სიმდიდრეს. ხანის ოთახებიც, რომლებშიც დასტოვა შავოსანმა მსახურმა, ცივი თეთრითა და შავით იყო მორთული, მხოლოდღა ხანის სამეფო სარეცელი დაეფარათ მეწამული ბეწვითა და აბრეშუმით, რომელსაც ფერადი მინიდან მომავალი შუქი ეღვრებოდა.

იდგა მეფისწული, წარბშეკრული მისჩერებოდა კარს, საიდანაც ლაქლან ხანი უნდა შემობრძანებულიყო, მერე კი უმზერდა ეირინს, რომელსაც თავი დაეხარა, ვითარცა შეშვენოდა მონას, მძიმე ლაბადაში დაფარულიყო, მხოლოდღა კოჭებს მორგებული სამაჯურები და შიშველი ფეხები მოუჩანდა.

მცირე ხანმა განვლო. სამარისებური სიჩუმე იწვა ოთახში.

ანაზდად შემოჰგლიჯეს კარი.

ლაქლან ხანი შემოიჭრა თავისი მოსირმული მოსასხამის ფრიალით, ღია ჭაობისფერი, კატისებრი თვალები შეანათა მათ და ღიმილმა გაუცისკროვნა პირისახე.

-თვით სრორდის დიადი მგელი მეწვია… – წაიდუდუნა მან, და ახარხარდა გულიანად. – რაოდენ გასაკვირია! არა ვუწყოდი რა, რომ ესოდენ ბარაქიანი დღე გამითენდებოდა! უხვი პირით მეახლა დღის მხევალი… ვუწყოდი, სრორდელთ ბაჰირა აღიღესო, მაგრამ სხვა არა მსმენია რა… ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ ბარაქიანი წვერი დამაყოლა, არა, მემკვიდრევ სრორდისა?

-კეთილი იყოს ჩემი ფეხი შაარ-ჰაფასა და იფლიჰემში… – მიუგო ანდრეიმ, გაეპო ბაგე, თუმცაღა უწყოდა მან და ლაქლან ხანმაც, რომ გულწრფელი ღიმილი არ გადაჰკვროდა მის პირისახეს. – დაე ღმერთების წყალობა არ მოჰკლებოდეთ მათ.

-ღმერთები ფრიად მოწყალენი არიან, რამეთუ თქვენი თავი მომივლინეს, დიადო მგელო! – ხელები ფართოდ გაშალა ხანმა, ძვირფასი ქვები უბრწყინავდა მათზე და ფერადი ცეცხლი მოედო თითქოს მის ჯავშანს. – მაშა? რა მოუძღვა თქვენს ფეხს აქამდე, მემკვიდრევ სრორდისა? ნუთუ ლაშქრითურთ არ უნდა უბრუნდებოდეთ სრორდს?

-სნეულება მოედო ლაშქარს, წყლის სენი მძვინვარებდა მასში, მაგრამ უარესი სნეულება შეეყარა ბელთათინს, თითქოსდა შხამი დაალევინესო… – მიუგო ანდრეიმ. – დასნებოვანდა იგი და მხოლოდღა მეომართა დადენილი სისხლი თუ იხსნის.

-ქარაგმანი უგუნურს უამბეთ, დიადო მგელო. – თავი მოიდრიკა მის წინაშე ხანმა, მაგრამ იმოდენა დაცინვას გაეჟღინთა მისი ხმა, რომ წარბი შეჰკრა ანდრეიმ. – ვუწყი, რომ გადატრიალების მყრალი სურნელი სდის სრორდს…

-ბაგე დაიტკბეთ, მმართველო შაარ-ჰაფასა, რამეთუ კვლავ მყარად დგას მიწა ჩემი. – მოუჭრა ანდრეიმ.

წარბები აზიდა ლაქლან ხანმა.

მერე კი ეირინს მიუტრიალა გამჭიახი თვალები, თითქოსდა განგმირა მზერით.

თავდახრილი იდგა ერქანთა დიაცი, შალითის ქვეშ დაჰბურვოდა პირისახე.

-ეს ვინღაა? – შეჰკითხა ხანმა. – თანამგზავრი გაიჩინეთ, დიადო მგელო, თუ მონა შეისყიდეთ?

-არავინაა იგი. – მიუგო ანდრეიმ. – მხოლოდ და მხოლოდ ტყვე ჩემი გამარჯვებისა…

-შალითა იძრე, დიაცო! – მიმართა ხანმა ერქანთა დიაცს, თითქოსდა მოუყრუაო მეფისწულს. ყბები შეჰკრა ანდრეიმ, მაგრამ არა უთხრა რა ხანს.

დააყოვნა მცირედ ერქანთა დიაცმა, მაგრამ ყურად იღო ბრძანება შაარ-ჰაფას მმართველისა. იძრო შალითა, გამოაჩინა თავსაბურავით დაფარული თავი, ბრინჯაოსფრად დაფერილი პირისახე და ფითრისფერი თვალები, რომლებითაც ცივად შეაცქერდა იგი ხანს.

გაოგნდა ლაქლან ხანი. დაჟინებით უცქერდა ანდრეი, თუ როგორ მოემანჭა სახის ნაკვთები მას, გაუფართოვდა თვალები, და გააპო ბაგე.

-ერქანთა სამფლობელოს დიაცი… – წაილაპარაკა ხანმა, თითქოსდა საკუთარ თავს ახსენებსო, მერე კი გადაიხარხარა ანაზდად. – რა ხანია არ მიხილავს პირისახე შენი, გოგონავ ჩემო! მაუწყეს, რომ წახველ შორს…

მოიქუფრა ანდრეი, ხანსა და ერქანთა დიაცს უმზირა. აქამდეც უხილავთო ერთმანეთი, გაივლო მხოლოდ.

არ შემდრკალა ეირინი, პირისახე დაეღრიჯა, წითელ-ყვითელმა გადაჰკრა.

-შენი ბილწი ენის ტარტარი კვლავ გყვარებია. – მოუჭრა ბოლოს. ხანმა კვლავ გაიცინა, ცეცხლი მოეკიდა შხამით დაფერილ მზერაზე.

-შენი მწარე სიტყვანი ვერაფერს დამაკლებენ, გოგონავ ჩემო. – შეჰღიმა მან. – რამეთუ განმიცდია სიტკბოება შენი…

შედრკა ანდრეი. გაოგნდა მეფისწული, სუნთქვა გაუქვავდა ყელში, თითქოსდა მატყლით ამოუვსესო პირი.

-სიცრუე არასოდეს იქცევა სიტკბოებად. – კბილთა შორის გამოსცრა გავეშებულმა მეფისქალმა. ცეცხლს აკვესებდნენ მისი ფითრისფერი თვალები.

მისკენ იბრუნა პირი ანდრეიმ.

-ვუწყოდი, რომ ყოველთვის მართალი ვიყავი, ერქანთა დიაცო. – თქვა მან.

კვლავ ხარხარი წასკდა ლაქლან ხანს. ღიმილით შეჰყურებდა ორივეს, მასხრად იგდებდა მათ მისი გაბრწყინებული მზერა.

-ერქანთა დიაცი… ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი… ჰოი, რაოდენ საკვირველია! – შესძახა მან და მას მოუტრიალდა წარბშეკრული მეფისწული, უკვე ცეცხლი მოჰკიდებოდა მრისხანებისაგან მკერდზე. – მომიტევეთ, მეფისწულო, მაგრამ საკვირველად აღვიჩინე, რომ ესოდენ მარტივი რამ არ უწყით, მემკვიდრევ სრორდისა!

-რა არ ვუწყი? – შესძახა გამძვინვარებულმა მეფისწულმა. – რომ ეს დედაკაცი სიძვის დიაცია?

-სიძვის დიაციო! – შესძახა ლაქლან ხანმა. – მემკვიდრევ სრორდისა, ნუთუ არ შეგისწავლია სხვა მიწათა ხალხნი, მათი ადათ-წესები? ნუთუ შენი სამეფო კარის სწავლულებმა არა უწყოდნენ რა…

-შაარ-ჰაფას მბრძანებელი ბრძანდებით, ლაქლან ხან, მაგრამ თქვენი ბაგედან დადენილი შეურაცხყოფა ჩემთვის უბრალო გლეხის შეურაცხყოფის ტოლფასია! – იფეთქა მეფისწულმა.

-ჰოი, დიადო მგელო! უბრალო გლეხიც კი მიხვდებოდა, და თავს დახრიდა იმ მშვენიერებისა და სიტკბოების წინაშე, უხვად რომ უწყალობიათ ღმერთებს ამ დიაცისათვის! – ჩაიქირქილა ხანმა. – როდესაც მას იგემებ, ერქანთა სამფლობელოს დიაცის ჭეშმარიტ მშვენიერებას დაეწაფები, მუხლს მოიყრი მის წინაშე!

თვალთ დაუბნელდა ანდრეის, თითქოს სამი თუნგი გამოსცალაო, ღვინით სავსე, შეტორტმანდა ადგილზე, წამიერად გაუსწორა თვალი ხანს.

 და ეძგერა ელვის სისწრაფით, მეფურად აღმართულ და მოღერებულ ყელში სტაცა ხელი. ახრიალდა ხანი, ყელზე შემოჭერილ თითებს დაეჯაჯგურა, უმალ წამოუწითლდა მოწოლილი სისხლისაგან ბრინჯაოსფერი კანი.

-ყველა, ვისაც აბჯარი აცვია, მეომარი არაა! – შეჰსისინა ანდრეიმ, ლაქლან ხანის გადმოკარკლულ თვალებს დაჟინებით ჩასცქეროდა. – ყველა, ვისაც გვირგვინი ამშვენებს მეფე არ არის და ყველა, ვისაც ენა აქვს პირში, ბილწად არ უნდა ატრიალებდეს მას… იქნებ უწყოდეთ, მმართველო შაარ-ჰაფასა, რომ სტუმარი ძვირფასია!

და ხელი უშვა, თითქოსდა უხსენებელს ეხებაო.

უკან წაბარბაცდა ახრიალებული ხანი, ჩასისხლული თვალები მიაპყრო ანდრეის და კვლავ წასკდა ხველებაშერეული ხარხარი.

-ესოდენ… ესოდენ უგუნური როგორ ბრძანდებით, დიადო მგელო? – შეჰკითხა მან ხრიალით, თუმცაღა უცინოდა პირისახე. შედრკა იგი, როცა შეუღრინა მეფისწულმა. – მაგრამ თქვენ თვითონ იხილავთ საკუთარ სიტყვებში ფესვგამდგარ მიუტევებელ შეცდომას…

-ღმერთებს შევღაღადებ, რომ თქვენც იგივე წყალობა მოგივლინოთ, ლაქლან ხან. – მიუგო ანდრეიმ.

მწველი მზერა მიაპყრო მას ხანმა და გასწორდა, გადაშალა მხრები, სცადა ზემოდან დაეხედა მისთვის, მაგრამ ბრგე იყო ანდრეი, მაღალ-მაღალი და ახოვანი.

-დროა კვლავ მივუბრუნდე ჩემს ხალხს. – თავი მოიდრიკა მეფისწულის წინაშე ლაქლანმა. – მომიტევეთ, რამეთუ გტოვებთ, მემკვიდრევ სრორდისა… – ეირინს მიაპყრო მან დამცინავი თვალები. – …და დიაცო ერქანთა! დაე კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა შაარ-ჰაფაში… ვგონებ, თქვენი წადილი დარბაზის მოწვევას საჭიროებს, მეფისწულო! შევკრებ მათ და ვიხილოთ, თუ რა იქნება საუკეთესო გამოსავალი! მცირე ხანში მსახურნი თქვენს ყოველივე წადილს შეასრულებენ, ყველაზე ძვირფასი, რაც ზულუსტის დაბლობში მოიპოვება, თქვენს განკარგულებაშია! დალოცვილი ჰყვანდეთ შაარ-ჰაფას!

კიდევ ერთხელ დაუკრა მან თავი, და დასტოვა ოთახი.

უმალ კარისაკენ გადააპურჭყა ეირინმა. ფურთხი მოეცხო ქათქათა, ძვირფას ხალიჩას.

-შეფარვით სწადია დაგვწყევლოს… – თქვა მან. – ყველაზე ძვირფასი, რაც ზულუსტის დაბლობში მოეპოვება მას, ხელშეუხებელი ალისფერი შროშანია.

-ალისფერი შროშანი… – ყბები შეჰკრა ანდრეიმ. – მოშხამვა სწადია ჩვენი…

-შეჩვენებული, დაწყევლოს ღვთაებამ… – წაიდუდუნა მან. – მეამებოდა ხილვა იმისა, თუ როგორ ჩაუსისხლდებოდა ფითრისფერ სიკვდილჩამდგარი თვალები!

-მომეკლა, დალიჰარ? – მას მოუბრუნდა მეფისწული.

შეაცქერდა ეირინი, მრისხანების დაღი ესვა მის ბრინჯაოსფერ პირისახეს.

-ნება შენია. – მიუგო ბოლოს. – უწყი, რომ მე არც კი გამიტოკდებოდა ძარღვი, თუკი მას მოჰკლავდი.

-რაოდენ გძულს იგი… – ბაგე შეუკრთა ანდრეის. – მაშ რად იგემა მან სიტკბოება შენი? – კბილს კბილზე აჭერდა იგი, თითქოსდა მარწუხებს უჭერენ და სიტყვებს ჰგლეჯენო პირიდან.

მწყრალად შეჰხედა ეირინმა და აქცია ზურგი.

-მე მხევალი ვარ ჩემი ქვეყნისა, ჩემი მიწისა და ჩემი ღვთაებისა, სრორდელო. – მოუჭრა მან. – ყოველივეს მისთვის ვაკეთებ… დღემდე და მარადისობამდე მაკისრია მისი ვალი, და ყოველი მზის ამოსვლისას მას ვიხდი.

დადუმდნენ ისინი.

და ჩამოწვა სულისშემხუთველი, ფერადი მინიდან შემოღვრილ სინათლეში განბანული სიჩუმე.

ქვემოთ კი, ლაქლან ხანის სასახლის თვალუწვდენელ კიბესთან, ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ მოსახლეთ.

სიცოცხლით ჩქეფდა ზულუსტის დაბლობი.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ყინულოვანი სიცივე იდგა ზამთრის ბუნიაობის ბნელ ღამეს, წყლიანი, ნემსთაგვარად მახვილი თოვლისათვის შეეშვირა მიწას მკერდი. წყვდიადი ჩამოწოლილიყო უგრძესი ღამისა, რომელსაც დროდადროღა ხლეჩდა რუხ ღრუბლებში გაკლაკნილი ელვა, მოელვარე ნაპერწკლებად რომ სკდებოდა და ჩაბნელებულ ზღვას ეფრქვეოდა. არნახული სიშმაგით აწყდებოდა იგი კლდოვან ნაპირს და ყურისწამღები ღრიალით ეხმაურობოდა მეხის გრგვინვას. თითქოსდა შეირწყნენო ცა და ზღვა ერთ უზარმაზარ, მრისხანებით აღსავსე არსებაში, რომლის წინაშე ყოველივე ფითრისფერი სიკვდილივით გარინდულიყო, რამეთუ სიკვდილს უქადდა იგი ყველას, ვინც გადაუდგებოდა გზაზე.

მოლოდინში იგუდებოდა წყვდიადში ჩაძირული ერქანთა საგვარეულო სასახლე. სამეფო კოშკიდან, სადაც ესვენა მეფისა და დედოფლის სარეცელი, მკრთალი ოქროსფერი სინათლე ციალებდა. განწირულ კივილს სისხლმდინარე ბაგეში ახრჩობდა მშობიარე დედოფალი, თავს ეხვივნენ მკურნალნი, უზელდნენ მუცელს, ფეხებსა და თავს სანდალოზის ხის ზეთით, შესთხოვდნენ, შეინარჩუნეთო სიმშვიდე, ღვთაება არ გაგწირავთო.

ერქანთა ზღვისფერ, თითქოსდა უწამწამო თვალებს ატრიალებდა დედოფალი მათკენ, ტკივილს მრისხანება ერეოდა და დუმდნენ მკურნალნი. მხოლოდღა უჩუმრად დაჰფოფინებდნენ თავზე, ოფლით დაცვარულ პირისახეს უწმენდნენ, ყორნის რუხი ბუმბულებითა და დილის ვარდებით შემკული ფერფლისფერი თმა რომ მიჰკვროდა ზედ. გმინავდა სარეცელს მიწოლილი დიაცი, სუსტად ციალებდა კერა და მარზანგუშის მოტკბო სურნელი გაბნეულიყო ჰაერში.

წარჩინებულნი და თავადნი ესწრებოდნენ შობას, კედელთ ჩაჰყოლოდნენ ისინი და შესცქეროდნენ, თუ როგორ იკლაკნებოდა და ღმუოდა დედოფალი გაუსაძლისი ტკივილისაგან. მლოცველნი პირქვე დამხობილიყვნენ და შეჰღაღადებდნენ ღვთაებას ერქანთა მომავალი მბრძანებლის მშვიდობით მოვლენას ამ ქვეყანაზე.

-Maij loorg, såarter datkvüisera, åbte ikwe vülleih Erkanna… åbte kefvårrat gerdil shaal… Maij loorg, såarter datkvüisera… (ღვთაებავ ჩემო, ინებე წყალობა ჩვენდამი, რათა ერქანთა ახალი ყვავილი აღმოცენდეს… რათა მარგალიტი შობოს ზღვამ… ღვთაებავ ჩემო, ინებე წყალობა ჩვენდამი…) – დუდუნებდნენ ისინი, აღაპყრობდნენ ხელთ ზეცისაკენ და კვლავ ენთხებოდნენ მიწას, სარეცელის გარშემო შემოჯარულ ღვთაების ხის კერპთა წინაშე.

იბადებოდა ერქანთა მომავალი მბრძანებელი, ბობოქრობდა ზღვა და ზეცა.

და შორს, კოშკურიდან და ზღვიდან შორს, ერქანთა სასახლის ნესტიან ჯურღმულში, მცირე ჩალაზე მიწოლილი დედაკაცი გმინავდა ყრუდ. მხოლოდღა მომცრო, გისოსებიან სარკმელში შემოღვრილი წყვდიადი, რომელსაც დროდადრო ელვა ხლეჩდა, ანათებდა პაწაწინა საკანს.

ცივი იყო საკანი, ჟამგამოვლილი და დრომოჭმული ქვანი დაცვარულიყვნენ, ხავსი მოსდებოდათ. სიო ეხლებოდა კედლებს, ყურისწამღებ გრგვინვას სდებდა ჰაერს.

თავი ააღირა დედაკაცმა, დაიღმუვლა მწარედ. მხოლოდ დაფხრეწილი ჩითის კაბით შემოსილიყო, რომელიც ნაგლეჯებადღა ჰქცეოდა დაბეჩავებულ სხეულზე. გაძვალტყავებული იყო იგი, უზარმაზარი მოუჩანდა გამობერილი მუცელი და მკერდზე გადმოჰყროდა ფერფლისფერი დალალები დიაცს.

შობდა იგი. შობდა თავის ნაშიერს, მაშინ, როცა ერქანთა სასახლის უმაღლეს კოშკში ბაჰირას მომავალი მმართველი იბადებოდა.

დაიგმინა მან და იბრუნა პირი, ყინულივით კედელს მიეყუდა ხელებით.

თვალმოუშორებლივ უცქერდა მას წყვდიადში გახვეული, საკნის გისოსებთან გაჯგიმული მცველი.

-Hossu olmøgradera loorg, düerke. (ღვთაებამ დაგწყევლა, დიაცო.) – თქვა მან ანაზდად. – kiwe arhbøåkurrad hossu serkåel… (რამეთუ ასეთი განსაცდელი მოგივლინა…)

-Sikkestoraav! (ხმა გაკმინდე!) – შეუღრინა დიაცმა, ტკივილისაგან კვლავ გაუსაძლისი გმინვა აღმოხდა. – seerki maij trebhøed verra saükgverteri hossu oköar gsirkved… Verra gyüanmerav maij høöilar loorg… (რამეთუ არ ძალუძთ ჩემს ყურთ შენს ბილწ სიტყვათა სმენა… ღვთაებას ნუ შეურაცხყოფ ჩემი ცოდვით…)

-Esse olmøgradera irze, düerke. (მან დაგწყევლა, დიაცო.) – მიუგო მცველმა. – Verra serpinaid mirkve büefer? Kiewe hossu høöilared verra serpinaivar? (წმინდა წყალში არ განიბანე? რად არ წაიყოლა მან შენი ცოდვანი?)

-Verra serpinaivar, kiwe verravarkeroogra… (არ წაიყოლა, რამეთუ მიუტევებელნი არიან ისინი.) – კბილთა შორის გამოსცრა დედაკაცმა, შეუთრთოლდა მთელი სხეული. – tehteria loorga farre øhkra abagrutix! (ღვთაების წინაშე წარვდგები მათი სიბინძურით შემკული!)

გმინვა წასკდა დიაცს, დადუმდა.

გამაყრუებლად გრგვინავდა, მძვინვარებდა ქარი და ზღვა.

-Noih, düerke! (ჰოი, დიაცო!) – შესძახა მცველმა. – Noih, hossu olbriåara! Kiwe hossu soree cerüviånad loorg! (ჰოი, შავ დღეზე გაჩენილო! დაე ღვთაებამ მიიბაროს სული შენი!)

არა უთხრა რა დედაკაცმა. ხროტინებდა იგი ყელში გაქვავებული სუნთქვისაგან, ღვარად სდიოდა ოფლი. კვლავ იბრუნა პირი, გამხმარ ჩალაზე დაეშვა და აქოშინდა.

-Hossu relihva, kiwe weqviøraad seri, düerke? (უწყი, თუ რა დაემართება მას, არა, დიაცო?) – კვლავ შეჰკითხა მეომარმა.  –loorga vyuåleg ceruviånad ort… (წყალობა ღვთაებისა ამ ჟამს მხოლოდ ერთისაა…)

-kraate verkoöäseri veklut! (კვლავ მაქვს იმედი!) – მიუგო დიაცმა მტკიცედ. – Kiwe maij loorg… (რამეთუ ჩემი ღვთაება…)

ანაზდად გაუწყდა სიტყვა ქალს, ყვირილი წასკდა ყელიდან. შეეკრა ჩამომხმარი სხეული, სისხლმდენი თითები ჩაეჭდო სველ ქვებს. იხლართებოდა, ტოკავდა მისი ვეებერთელა მუცელი, სანამ უფრო ხმამაღლა არ დაიკივლა ქალმა, და გამხმარ, სველ ჩალაზე, ელვის ნაპერწკალთა შუქზე და გამაყრუებელი გრუხუნისას, არ იშვა ბალღი მისი.

კედელს მიესვენა დიაცი, და ტირილი მორთო ახალშობილმა.

მერე კი, თითქოს მძლავრი ხელით გახლიჩაო ქარის წუილითა და თქორის გუგუნით აღსავსე ჰაერი, ხმა გაისმა უმაღლესი კოშკიდან.

ავისმომასწავებელი იყო იგი, გამყინავი, კედლებში ძგერდა.

ზარნი რეკდნენ. ჰფარავდნენ ჭექა-ქუხილს, ზეცასა და ზღვას, მიწა აღზევებულიყო თითქოს და თავის გამარჯვებას ამცნობდა მათ.

ახალი სიცოცხლის ზარნი რეკდნენ.

-Verra vyuålegrad loorg. (არ შეგიწყალა ღვთაებამ.) – თქვა ანაზდად მცველმა. –Hossu relihva, düerke, keei vathuraad. (უწყი, თუ რა გელით, დიაცო.)

ხმა არ გასცა დედაკაცმა. გაძვალტყავებული ნაკვთები მოღრეჯოდა, სტიროდა უხმოდ.

მეომართა აბჯრის ჩხრიალი გაისმა შორს. ჯურღმულისაკენ მოიწევდნენ ისინი, თითოეული მათი ნაბიჯის ხმა ზართა რეკვაში იღვრებოდა და გუგუნებდა დედის გონში, რომელსაც წინ ეწვა თავისი ახალშობილი.

ახალშობილი, რომელსაც მოჰკლავდნენ. გამოღადრავდნენ პაწაწინა მუცელს, გაუხლეჩდნენ ყელს, რომლიდანაც ხმა ამოსდიოდა, და საკუთარ სისხლს დაანთხევდნენ მის სხეულს.

წამოიწია დიაცი, გადმოკარკლული თვალები მიაპყრო მცველს.

-Loorg olmøgraadera hossu, saak raggår whaki inn tied potorä høbz… (დაგწყევლოს ღვთაებამ, სისხლი მოაწვეს შენს გატეხილ პურს…) – გადმოაპურჭყა მან სიტყვანი, სიძულვილით სავსე მისი ხმა რეკდა პაწია საკანში. – …kiwe saaspyatha hoiläöz. Keei saaspyatha seri? Acanäferdera seri hio kverødera! (…თუკი უბიწოებას გამოღადრო ყელი. რად ჰკლავ? აღიღე იგი და გამოიყენე!)  

-Roilüade Erkann irze qabesterav, düerke? (ერქანთა ადათ-წესები დავარღვიო, დიაცო?) – შეჰკითხა მცველმა.

არა უთხრა რა დედაკაცმა. აარიდა თვალი და შუბლზე მიეფერა ახალშობილს.

ქუხდა, რეკდნენ ზარნი და ამცნობდნენ სრულიად ბაჰირას მათი მომავალი მბრძანებლის შობას.

ბობოქრობდნენ ზღვა და ზეცა.

და ცამდე გაჰკიოდა ბალღი, იკლაკნებოდა ცივ ქვებზე, რომლებშიც ფეთქავდა თითოეული ნაბიჯი მოახლოებულ მეომართა.

.

.

.

-*-*-*-15-*-*-*-

ათჯერ მოჰფინა თავისი ბრწყინვალება დღის მხევალმა ზულუსტის დაბლობს, ათჯერ შეიბურნენ რუხ ღრუბელთა საფარველში ჩახჩახა ვარსკვლავნი, და ათჯერ დაიბანა პირი მთვარემ ზულუსტის დაბლობის თავზე იმ მზიდან, რომლის სინათლემოსხმულმა მეფისწულმა და ერქანთა დიაცმა იფლიჰემის თვალუწვდენელ კიბეზე შეაბიჯეს.

მოახლოებულიყო მეთერთმეტე მთვარე, ჰგუდავდა იგი მის წინამორბედს და წითელ-ყვითელი ელფერი გადაჰკრავდათ დედაქალაქის მიღმა გადაჭიმულ მინდვრებს, ბამბის ქულებივით მოსდებოდათ საბალახოდ გადენილი ცხვრის ფარა. ჰქროდა ქარი და თქორავდა ღამით, დილის ცვარი იჭირხლებოდა და სპეტაკ თრთვილად მოსდებოდა შემოგარენს, თითქოსდა ნაადრევად გაყინულაო ზეცა.

ბობოქრობდა სასახლეში გამომწყვდეული ანდრეი. მოლოდინს გაეთანგა იგი, ელოდა, თუ როდის შეასრულებდა თავის დანაპირებს ლაქლან ხანი. ელოდა მოწვეულ დარბაზს, რომელიც გადაწყვეტდა, მოფენილიყო თუ არა სრორდის მიწა შაარ-ჰაფას მეომართა ნეშტებით, მათი სისხლით განბანული გვირგვინი დაედგა ანდრეის.

ცივ ნიავს არ აკარებდა მათ ლაქლან ხანი, საუკეთესო ოთახებში გაამწესა, აბრეშუმი, ფარჩეული, ძვირფასეულობა და საკვების კორიანტელი დაახვია თავს, თუმცაღა ხელშესახებად, მძიმედ ჩამოჰკიდებოდა ჰაერს სატუსაღოს სურნელი, მისი ბილწი სისხლი დასდენოდა ანდრეის ფერხთით მოგვრილ ფუფუნებას, თავისი ბრწყინვალებით ჰგუდავდა მეფისწულის თავისუფალი სუნთქვით აღსავსე მკერდს.

მისწოლოდა მეფისწული გედის ბუმბულითა და გერმით სავსე ქვეშაგებს, ემოსა მეწამული მაუდი, მისი მახვილი მზერით მხოლოდღა იფლიჰემის ოქრო-განძეული ხარობდა, ზულუსტის დაბლობის საუკეთესონი ემსახურებოდნენ.

მაგრამ ძრწოდა იგი, ცეცხლს აფრქვევდა, ვერ აეტანა ლაქლან ხანის უგუნური უმაქნისობა მოთმინებასა და ურჩობას დაუჩვეველ მეფისწულს.

მაგრამ არ იწვევდა ხანი დარბაზს. ყოველ მზეს, როცა გარიჟრაჟის სუნთქვით შეირხეოდნენ ზულუსტის დაბლობის წითელი შროშანნი და ცხვართა ბღავილი ატანდა თეთრი სასახლის გათოშილ კედლებში, ახლადდაკრეფილი ყვავილებით შეამკობდნენ მსახურნი მარმარილოს კიბეს, ბჭეთ მოაღებდა ლაქლანი, ნადიმს მართავდა, უხვად გასცემდა საკვებს, ძვირფასეულობასა და კარგ გუნებას. მუდამ დალხენილთა ჟივილ-ხივილი იდგა სასახლის ძირში, მაგრამ რძისფერ, ნისლიან ჰაერში იცრიცებოდა იგი, ვერ აღწევდა კოშკს, რომელშიც ერქანთა დიაცი და მეფისწული გამოჰკეტა დაპირებამ ხანისა.

აბრეშუმითა და ფარჩეულით შემოსილიყო ერქანთა დიაცი. მისი სხეულზე შემოგლეჯილი ტილოს კაბა ფერფლად ქცეულიყო მსახურთა ხელში, აბრეშუმ-ფარჩეული მიერთმიათ მისთვის. ფერადი მინით შემოსილ ფანჯარას მიმჯდარიყო იგი, გადაჰყურებდა სასახლის ფუძეს, სადაც თითქოსდა უდარდელ მწერთ აეტეხათო კორიანტელი, ირეოდნენ მოსახლენი. გადაჰყურებდა იგი იფლიჰემში შემავალ გზას,  ყურს უგდებდა მსახურთა მასლაათს და ფიქრობდა გამალებით.

ფიქრობდა, რამეთუ უწყოდა მან, ლაქლან ხანი არ დართავდა მათ ნებას იფლიჰემის დასტოვებისა. მის თვალებში წაწყმედილი სული და სიბილწე იხილა ეირინმა, რომელსაც ძალუძდა მოეცვა ყოველივე აქოთებული წუმპით. ამიტომ ელოდა იგი.

ელოდა შეშლილ ეფრემს, რომელიც ჭეშმარიტი მმართველი იყო ამ ქვეყნისა, ლაქლან ხანის მყიფე ზურგს ამოფარებული. იგი ვერ შენიშნა ხანის გვერდით ერქანთა დიაცმა მაშინ, როცა პირველად შეაბიჯეს მარმარილოთი მოფენილ დარბაზში. წარჩინებული თავადნი ეხვივნენ გარშემო ხანს, თავისი სარდალნი, მაგრამ მხედართმთავარი შაარ-ჰაფას ლაშქრისა არსად სჩანდა.

მაშასადამე, ეფრემი რაზმითურთ შაარ-ჰაფას საზღვარზე გახლდათ. გაკვრით უწყოდა ერქანთა დიაცმა, რომ შაარ-ჰაფას წალკოტს დახარბებული ტომები ესხმიანო სოფელთ თავს, სწვავენ მოსახლეთა სახლობას და იტაცებენო მათ ავლადიდებას. ყოველი ზამთრის უხვ დროს წამოიჭრებოდნენ ისინი, რათა ხელთ ეპყრათ ხვავ-ნაყოფი შაარ-ჰაფას მიწებისა.

არ აღიჩინა საკვირველად ეირინმა, რომ დასტოვა ზულუსტის დაბლობი მხედართმთავარმა, რამეთუ ნაყოფიერების ღმერთისადმი მიძღვნილი ნადიმი და მოლხენა უმალ მიიზიდავდა თავდამსხმელთ.

არად აგდებდა ლაქლან ხანს ეირინი. იგი მხოლოდღა ხალხთა სასურველ მმართველად ქცეულიყო, ნიშნად იმ ფუფუნებისა და უდარდელობისა, მუდამ რომ თან სდევდა შაარ-ჰაფას სახელს.

მაგრამ სიბინძურე ტრიალებდა ხანის სამეფო კარზე, რომელსაც სათავეში ედგა მხედართმთავარი შაარ-ჰაფასა, შეშლილი ეფრემი. იგი აღზევებულიყო ხანზე მაღლა, უჩუმრად დაბრძანებულიყო ტახტზე და ხელთ ეპყრა სადავენი შვიდი სამეფოს ნაყოფიერი წალკოტისა. ლაქლან ხანს არ ძალუძდა მოწვევა დარბაზისა, რამეთუ უგუნური ლაჩარი გახლდათ იგი, მხოლოდღა ნადიმთა გაძღოლა და შეშლილი ეფრემის ფეხქვეშ გართხმა აწვა ვალად.

და ელოდა მის მობრძანებას ერქანთა დიაცი, რამეთუ გონიერი იყო ეფრემი, გამჭრიახი და თვალმახვილი, მის თვალთ და ყურთ არ გამოეპარებოდათ ამბავი ხანთა დაუპატიჟებელი სტუმრებისა.

გაუსაძლის მოლოდინში მიიზლაზნებოდა თითოეული მზე, აისისას ნთქავდა იგი ღამის წყვდიადს, ცრუღამისას კი თავისივე ალისფერ სუნთქვაში იგუდებოდა. გასცქეროდა იფლიჰემის სასახლის ოთახებში გამომწყვდეული ერქანთა დიაცი გზას.

და მეთერთმეტე მზის გარიჟრაჟისას, როცა იფეთქა სიდიადემ დღის მხევლისა და რუხ მინდორთ თრთვილის სიქათქათე შეეპარათ, უჩვეულოდ შმაგი იყო ქარი. თვალუწვდენელ მინდორზე გადაჭიმულ დასუსხულ გზას ბდღვირი აუყენეს მოახლებულმა ცხენებმა. მოაგელვებდნენ ბედაურთ მეომარნი, მათი ფლოქვთა თქარუნისაგან ათრთოლებული მიწა უძღოდათ წინ, უკან კი მტვრის კორიანტელი მიჰყვებოდათ საფარველად. შაარ-ჰაფას შავ-თეთრი ალამი აღემართა მედროშეს, რაზმს კი მეწამულ ლაბადამოსხმული, შემტვერილი სპილენძისფერი მუზარადითა და აბჯრით აღჭურვილი შეშლილი ეფრემი მოუძღოდა.

გარეთ კი, როგორც კი ჰკიდეს თვალი იფლიჰემის გუშაგებმა მხედართმთავარს, უმალ გადასძახეს ერთმანეთს, მოემართებაო მმართველი ლაშქრისა, მცველი იფლიჰემისა, დაუდგრომელი ყასაბი ზულუსტის დაბლობისა.

თვალმოუშორებლივ უცქერდა მათ ეირინი, სანამ იფლიჰემის შენობათა მიღმა არ ჩაიკარგნენ ისინი. ყურს უგდებდა იგი, თუ როგორ აჩქროლდა სიცოცხლით შაარ-ჰაფას დედაქალაქი, სიცოცხლით, იმედითა და რიდით, რომელიც მას მხედართმთავრის დაბრუნებამ მოუტანა.

ეფრემი იხმობდა მათ. უმალ შეიტყობდა იგი, თუ რას იქმოდა ლაქლან ხანი.

პირი იბრუნა ეირინმა. შეაცქერდა ანდრეის, რომელიც მისწოლოდა სავარძელს და უმზერდა ავარვარებულ კერას.

წარბები შეჰკვროდა სრორდის მემკვიდრეს. გარიჟრაჟისას სცილდებოდა მისი ძილი სარეცელს, თუკი ეწვეოდა ღამით. დაღლილობის დაღი აღარ დასწოლოდა მის პირისახეს, ძვირფას, ოქროს ძაფით მოსირმულ მეწამულ მაუდსა და ყარყუმის ბეწვში გამოეწყოთ იგი, მაგრამ მოუთმენლობის ელფერით შემოსილი მრისხანება ედგა მუქ თვალებში, ახლა ცეცხლის ალისფერით რომ ულაპლაპებდა.

შეიგრძნო მისი მზერა სრორდელმა, პირისახე მისკენ იბრუნა და შეაცქერდა.

-გწადია რამე, დალიჰარ? – შეჰკითხა მან.

-შეშლილმა ეფრემმა დაჰკრა ფეხი იფლიჰემის მიწას, სრორდელო. – მიუგო ეირინმა. – სასახლისაკენ მოემართება იგი და გვიხმობს კიდეც მალე, როცა აუწყებენ, რომ სრორდის დიადი მგელი ეწვია ზულუსტის დაბლობს…

-მზაკვარი კაციაო იგი, გაქნილი და ფოლადივით მტკიცე. – ჩაილაპარაკა მეფისწულმა. შეფიქრიანდა, ერქანთა დიაცის ფითრისფერ თვალებს ჩააცქერდა გამალებით. – არ იქნება მარტივი მოდრეკა მისი.

-არ მიეპირფერო, სრორდელო. – უთხრა ეირინმა. – მან უწყის ფასი თავისი მიწისა, უწყის ფასი თავისი სისხლისა… მათ არ დათმობს სარფიანი, გულზე დაწერილი სიტყვის გარეშე…

-ღმერთებმა გამაცამტვერონ და ფერფლი ამ წყეულ მიწას მოსდონ, თუკი მის წინაშე თავი დავიმცირო, დალიჰარ. – მიუგო ანდრეიმ. შესცქეროდა ერქანთა დიაცს მწყრალად, რამეთუ არ ეამა სიტყვანი მისი. – სახელმწიფოთა საქმენი არაა დიაცთა საფიქრალი…

-უწყი, თუ რას სთავაზობ მას, სრორდელო ქოფაკო? – მოუჭრა ეირინმა. – რა გაბადია, შენს ზურგზე მოსხმულ, იფლიჰემის სამოსის გარდა? ძალგიძს მოდრეკა მისი? შაარ-ჰაფას მხედართმთავარია შეშლილი ეფრემი, მაგრამ გლეხთა და ვაჭართა სისხლი ჩქეფს მასში… რა უნდა შესთავაზო მმართველს ქვეყნისა, რომელიც ფუფუნებასა და დიდებას არ ისაკლისებს?

-ის, რაც მას სწადია. – მოუჭრა ანდრეიმ. ფეხზე წამოდგა მეფისწული, მცირე ხანი ბოლთას სცემდა, კარს გაჰყურებდა გამალებით.

-ხომ მაუწყე, რომ არ შეეპირფერებოდი, სრორდელო? – ბაგე გაუკრთა ეირინს. დაჟინებით დასცქეროდა იგი ანდრეის და უმალ გაუსწორა მზერა, როცა მისკენ იბრუნა პირი მეფისწულმა. – დაჰპირდი, რომ დაიცავ საზღვარს მისას, რამეთუ მიმდებარე ტომნი მოსვენებას არ აძლევენ სოფლებს…

ჩუმად შეაცქერდა მას ანდრეი.

-ვუწყი, თუ როგორ მოვთაფლო მხედართმთავარი შაარ-ჰაფასა, ერქანთა დიაცო! – თქვა მან. – მაგრამ რად მაუწყებ ამას…

სიტყვა გაუწყდა მეფისწულს, როცა ანაზდად ჩოჩქოლი გაისმა დერეფანში.

ოთახთა კარი შემოჰგლიჯეს, მოახლე გოგონა შემოვარდა და წამსვე თავი მოიდრიკა მათ წინაშე. აფორიაქებული, მოუთმენლობით აღსავსე სჩანდა იგი, თავით ფეხამდე მმოსავი რუხი ტილო გვერდზე მოჰქცეოდა.

-ძვირფასო სტუმარნო ზულუსტის დაბლობისა! – შესძახა მან. – დიადი მხედართმთავარი, ეფრემი ზულუსტისა გიხმობთ, რამეთუ თქვენთან მასლაათი სწადია!

ერქანთა დიაცმა და მეფისწულმა წამსვე ერთმანეთს სტყორცნეს მზერა. წამოიწია ეირინი, ფეხებზე ჩამოეფინა აბრეშუმის კაბა, სქელი თავსაბურავი შეისწორა მან, რათა დაჰფარვოდა ფერფლისფერი ნაწნავი.

აქეთ მომყევითო, მოუთმენლად შესთხოვა მოახლემ, და თავისი თალხების ფრიალით დასტოვა ოთახები, წამსვე აედევნნენ მას შაარ-ჰაფას დაუპატიჟებელი სტუმარნი.

დერეფანი დერეფანს მისდევდა, მსახურთა ურდო მსახურთა ურდოს, თვალს რომ რიდით აყოლებდნენ, ძვირფასი ტილოები და შანდლები ერთმანეთს. პაწაწინა გასასვლელში ჩაიყვანა ისინი მოახლემ, გარიჟრაჟის სინათლე რომ გამალებით ცდილობდა მის განათებას, თუმცაღა ფუჭი იყო მცდელობა, რამეთუ რუხი გახლდათ გასასვლელი, მხოლოდღა მძიმე კარის ძირში იპარებოდა ფერმკრთალი სუსხი.

ყურისწამღები ჩოჩქოლი ისმოდა კარის მიღმა. მამაკაცთა ხარხარი და ხმამაღალი ლაპარაკი ჰკვეთდა ჩამომდგარ ბინდბუნდს. აბჯარნი ლაწუნით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს, მახვილთა ჭახანი კედლებში თრთოლვად უვლიდა ბებერ სასახლეს.

შაარ-ჰაფას საზღვართა დამცველი რაზმი დაბრუნებოდა იფლიჰემს.

დაეჯაჯგურა კარს ციცქნა მოახლე, გაჭირვებით შეაღო.

სასახლის ეზო გადაიჭიმა მათ თვალწინ. ატალახებულიყო იგი, ქათქათა გალავნით შემოესაზღვრათ. რუხი ქვით აგებული საიარაღოს გვერდით გაშლილიყო რაზმი, უდარდელად მასლაათობდნენ და ხარხარებდნენ გამარჯვების სიამაყითა და პატივით ატანილი მეომარნი.

ბუმბერაზი შავი ულაყიდან ჩამოხდა მაღალ-მაღალი, ბრგე, მუზარადიანი მამაკაცი, მეწამული ლაბადა მხართ მოესხა და შესაშურად მოჩუქურთმებული აბჯრის სამკერდეზე გამოსახვოდა შაარ-ჰაფას გერბი.

შეშლილი ეფრემი დაჰბრუნებოდა იფლიჰემს.

პირდაპირ მათ უმზერდა იგი. ანდრეის თვალებს ჩააჭდო მზერა და წამსვე მათკენ გამოემართა. უდარდელი იყო იგი, დაუდევარი ნიღაბი აჰკვროდა მის სახეს, მაგრამ მეომრის სიფრთხილე და გამოწვრთნილი მხედართმთავრის გამოზომილი ნაბიჯები მოუძღოდნენ მას წინ.

-მხედართმთავარო შაარ-ჰაფასა! – მის წინ ტალახში განერთხა მოახლე გოგო. – ლაქლან ხანის სტუმარნი გეახლნენ!

-წარვედ, გოგონა. – მიუგო ეფრემმა და უმალ წამოიჭრა გოგო, თავი დაუკრა მას და გაიქცა სასახლისაკენ, უკანმოუხედავად.

-მაშ შეშლილ ეფრემს ამაოდ არ გიწოდებენ, მხედართმთავარო? – შეჰკითხა ანდრეიმ და წარბები აზიდა საპასუხოდ ეფრემმა. გაეცინა გულიანად.

-შენს სამეფო კარზე ზრდილობას არ გასწავლიდნენ, ბალღო? – ყვითელ კბილებს აჩენდა იგი, გარიჟრაჟის ახლადშობილ სინათლეში უჩვეულოდ უპრიალებდა რუხი თვალები. მახვილის ვადაზე გაივლო ხელი. – რამეთუ ენა საქმეზე წინ გისწრებს…

-მე ფუჭ საუბართ არარად ვაგდებ, ეფრემ, და ვგონებ, რომ არც შენ. – მოუჭრა ანდრეიმ. – ვუწყი, თუ რა მწადია, და ვუწყი, თუ რა გწადია. მაშასადამე, ამაო თავაზს არ გავატან დროს…

-ჰოი, დიადო მგელო სრორდისა! – გადაიხარხარა ეფრემმა, ვეებერთელა წვერში შებურული ყვითელი კბილები კვლავ გამოაჩინა. – ვუწყოდი, რომ პირქუში იყავი, ბნელი ვითარცა ღამე ზამთრის ბუნიაობისა და უტეხი ვითარცა ავლატის კლდენი, მაგრამ საკვირველად აღვიჩინე პირდაპირობა შენი… თუმცაღა, ორივენი ერთი წოდებისა ვართ…

-არა. – სიტყვა გააწყვეტინა მეფისწულმა. – ორივენი მხედართმთავარნი ვართ ლაშქრისა, მაგრამ შენ მმართველი ბრძანდები შაარ-ჰაფასა, მამასა ჩემსა ლოცვა არ უბოძებია ჩემთვის, რათა დავიდგა გვირგვინი სრორდისა…

უცქირა ეფრემმა. ცნობისმოყვარეობა გაკრთა მის ცივ თვალებში, გარიჟრაჟის ალისფერიღა რომ ათბობდა მათ.

-რა გწადია, დიადო მგელო? – დაცინვა გაერია მას ხმაში. – რად მოადექი ზულუსტის დაბლობს, რად მოადექი იფლიჰემის სასახლეს, თუკი უწყი, რომ ძმადნაფიცი შენი ქვეყნისა მხოლოდ ნადიმთ და ხარჭათ განაგებს?

-მოვედი, რამეთუ სრორდმა გამოჰკვება შაარ-ჰაფა გასაჭირის ჭამს. – მიუგო მეფისწულმა. – უპატრონა მაშინ, როცა მიწას ერთხმოდა იგი მეტოქეთა წინაშე, გაუსაძლისად მძიმე უღელი შეუმსუბუქა მას, შაარ-ჰაფას მცხოვრებთ ააცილა სიკვდილი… იქნებ დროულია ვალის გადახდა, ეფრემ?

-ვალი მხოლოდ მაშინაა ვალი, თუკი მას ოდესმე გადაიხდიან, დიადო მგელო. – მახვილის ვადას თითები მოავლო ეფრემმა, ქარქაშიდან ამოზიდა. – სრორდმა ერთობ მზაკვრულად ისარგებლა შაარ-ჰაფას სისუსტით, დააპურა იგი, მაგრამ წასტაცა მეომარნი, დიაცნი, მიწანი…

-ლურითის უდაბნოს გადმოგცემ, თავისი ოაზისებითურთ. – მოუჭრა მეფისწულმა. – ათი მზის სავალის მანძილზეა გადაჭიმული იგი, ოაზისნი უხვად აღმოცენებულან, სიცოცხლით ჰყვავიან მკვდარ ქვიშაში…

-და შაარ-ჰაფას უძველესი სამლოცველო, სადაც ჩვენს ხალხთა შეუფასებელი ნაწერები ინახება, ოაზისის უმშვენიერეს ბუნებაში, ცისფრად მორაკრაკე ტბასთან აღმართულა. – მიუგო ეფრემმა. – კარგად ვუწყი, თუ რა გწადია, დიადო მგელო სრორდისა, და კარგად ვუწყი, თუ რისი გაღება ძალგიძს. შაარ-ჰაფას ხალხი და ხანი არ გახლავარ, რათა რამედ ჩავთვალო მკვდარი ქვიშის, ქარბუქისა და ჟამმორჭმულ ეტრატთა ათი მზე… მე ის სამლოცველო დროთა მტვერი მგონია მხოლოდ… მე მინდა ვუწყოდე, თუ რაგვარი მეომარი ხარ, ბატონო ლაშქრისა! მინდა ვუწყოდე, თუ ღირს ჩემს მეომართა სისხლი შენს გვერდზე საბრძოლველად! მინდა ვიცოდე, ღირს თუ არა, რომ შენ გვერდით მახვილი ვიშიშვლო!

თვალები გადაატრიალა მან, ეირინს ჩააცქერდა ფითრისფერ თვალებში.

-დალიჰარი. – ბაგე გაეპო მას. – ერქანთა დიაციო, ასე ფიქრობ, მგელო სრორდისა? როგორ შეიპყარი იგი? გამიგონია, უბადლო მეომარნი და მოჯირითენი არიანო ისინი…

ცეცხლი გააკვესა თვალებით ანდრეიმ.

-შევიპყარი, რამეთუ ჩემზე სუსტი აღმოჩნდა იგი. – გამოსცრა კბილთა შორს.

-ბევრი რამ გსმენია ჩვენი ხალხისა, ეფრემ! – თქვა ანაზდად ეირინმა. – თუკი გსმენია, უბადლო მეომარნი არიანო ერქანთა სამფლობელოს ხალხნი, მეც გამიგონია, ყოველი გარიჟრაჟისას ამოდისო მზე, და ალისფერი შროშანნი ჰყვავიანო მისი ამბორის ქვეშ.

წარბები აზიდა გაოგნებულმა ეფრემმა, გამომცდელად შეაცქერდა ერქანთა დიაცს. გულიანად გადაიხარხარა მან, ვეებერთელა, გაწეწილ წვერზე მოისვა ხელი, ცნობისმოყვარეობით აღვსილმა. აღტკინება ეხატა თვალებში.

-მაშა, მაშა! – შესძახა მან. – რაოდენ მშვენიერი ბრძანდები, დიაცო! ნუთუ ესოდენ კარგად ცოცხლდება შენს ხელში მახვილი, ვითარცა გულს აცოცხლებ მამაკაცისას?

-ესოდენ ძალუმად ცოცხლდება ჩემს ხელში მახვილი, რომ სისხლს ბოლო წვეთამდე სტაცებს გულს მამაკაცისა. – მიუგო ეირინმა. კვლავ გადაიხარხარა მხედართმთავარმა, ფაშვზე იტაცა ხელი.

პირი იბრუნა მან, გამაყრუებლად დაუსტვინა და რაზმი იხმო.

უმალ ეახლნენ მას მეომარნი, კბილებამდე შეიარაღებული, ბრძოლისა და მგზავრობის მტვერდადებული ბუმბერაზნი. თავი აზიდა მეფისწულმა, გოროზად გადაჰხედა მათ. მას შესცქეროდნენ მეომარნი, რამეთუ მეფურობას, უსიტყვო მორჩილების ბრძანებას ასხივებდა სრორდის მემკვიდრე, ესოდენ ძლიერს, რომ მის წინაშე ფეხს მოიდრეკდნენ ყველანი.

გამომცდელი მზერა სტყორცნა ეფრემმა ანდრეის.

-მწადია ვიხილო, თუკი შენი დალიჰარი აასრულებს თავის სიტყვას. – თქვა მან, ქარქაშიდან მახვილი იძრო და ესროლა ეირინს. ჰაერში იპყრა ხელთ იგი მეფისქალმა, შეათამაშა ბრძოლათა მიერ გამოწრთული ფოლადი და მახვილის ლაპლაპს გაჰხედა სინათლეზე. – შერკინება სამი სისხლისა… ყაბულს ხარ, სრორდელო მგელო?

ყბები შეჰკრა ანდრეიმ.  მზაკვრობა შაარ-ჰაფას მხედართმთავრისა უწამლავდა სხეულს, მისი უტიფრობა სძაგდა, რამეთუ იფლიჰემში მის წინაშე მარტოდმარტო იყო იგი. არ ჰკითხულობდა შეშლილი ეფრემი მეფისწულის ნებას, და კარგად უწყოდნენ ეს, ამიტომაც ვითარცა წყეული ისარი ესობოდა სულში დაცინვა ეფრეისა.

ბაგე შეუთრთოლდა მას, ცივი თვალებით უმზირა ეფრემს.

-მაშ ვიხილოთ თუ რაოდენ გაწვრთნილნი არიან ისინი, ეფრემ. – მიუგო მან. გაკრთნენ მეომარნი, ხელნი მახვილთ გაივლეს, როგორ შეჰბედაო სტუმარმა მხედართმთავარს სახელით მოხსენიება, მაგრამ მხოლოდ გაიღიმა ეფრემმა, თითქოსდა აუწყებდა მათ, დიადიაო მოწყალება ჩემი.

ცეცხლი მოეკიდა მკერდზე ანდრეის. ნაკვერჩხლებივით აენთო თვალები, შეეკრა წარბი და გაეპო ბაგე, რათა ცხოველური მხარე ეხილათ მისი, მხარე იმ მგლისა, ხროვის მეთაურისა, რომელთანაც შერკინების ხსენებაზეც კი თრთოდნენ.  

მაგრამ არ შემკრთალა ბრძოლას შებერებული მხედართმთავარი. უსიტყვოდ, დამცინავი ღიმილით უსწორებდა სრორდის მემკვიდრეს მზერას.

-იულიენ, შეემზადე საბრძოლველად. მუზარადი და აბჯარი მოჰგვარეთ დიაცს! – ბრძანა მან. მეომართ გაოგნება გამოეხატათ პირისახეს, თუმცაღა მხედართმთავრის სიტყვას არ გადაუხვევდნენ, ამიტომ რამდენიმე წამსვე გაემართა საიარაღოსაკენ.

-ჰოი, ღმერთებმა შემიწყალონ! – შესძახა ერთმა, გამოემართა მათკენ და იშიშვლა მახვილი, თვალით ზომავდა ერქანთა დიაცს თავიდან თხემამდე. შესცქეროდა ანდრეი, თუ როგორ გოროზად უმზერდა მას საპასუხოდ მეფისქალი. – ეს რა დღე გამითენდა! დიაცს უნდა შემაბრძოლოთ, ბატონო ჩემო?

-ზოგი დედაკაცი ყველა იმ მოქნეულ მახვილზე უარესია, სიკვდილის პირას რომ მიუყვანიხარ, იულიენ! – გადაიხარხარა ეფრემმა. – შეემზადე, რამეთუ  უდიდესი შეცდომა დიაცთან მის დიაცობაზე ფიქრია…

მეომრებმა ჟივილ-ხივილით მოარბენინენ აბჯარი და მუზარადი, უმალ ერქანთა დიაცს მოარგეს სხეულზე. ტყავითა და წნული ფოლადით დაფარული ხელთათმანები მოირგო ეირინმა, მხედართმთავრის მახვილი აღმართა მეტოქის წინაშე.

თვალები უცინოდა იულიენს. ამპარტავნება დასტყობოდა მას, ჰხედავდა ანდრეი, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მის წინ აზიდული დიაცი, რომელსაც აბჯარი აესხა აბრეშუმის კაბაზე.

უკან დაიხიეს მეომრებმა, რკალად შემოერტყნენ მეტოქეთ, არენა გაუთავისუფლეს. ღიმილით გადაჰხედა მათ ეფრემმა.

-ფრიად უჩვეულო სანახაობის მომსწრნენი გახდებით, ჯარისკაცნო! – დაჰკივლა მან. – უყურეთ და დაიხსომეთ, რამეთუ ვეღარასოდეს იხილავთ ამას!

ნაკვთები მოეღრიჯა ანდრეის. სწვავდა უთვალავი მზერა, მათკენ რომ მომართულიყო სასახლის აურაცხელი ფანჯრებიდან, სწვავდა ცნობისმოყვარე მსახურთა და მეჯინიბეთა ჩოჩქოლი, შრორიახლოს ეზოში რომ შექუჩულიყვნენ.

-შერკინება სამი სისხლისა ძალზე მარტივია! – განაგრძო ეფრემმა. – გამარჯვებული ისაა, ვინც სამჯერ დაადენს მეტოქეს სისხლს, ალიჰას, ულბაჯაასა და სანთიას სახელით, მათი დალოცვა მოჰფენოდეს წყალობად ამ მიწას!

ბებუთი იძრო მან და აბჯარს შემოჰკრა.

გამაყრუებელი ზრიალისას იმარჯვა მახვილი იულიენმა და დამცინავი ღიმილით მოუქნია ერქანთა დიაცს. ზანტი იყო მისი ქმედება, რამეთუ მხედართმთავრის სიტყვები ყურად არ ეღო ბუმბერაზს.

არც აცია, არც აცხელა მეფისქალმა, უგვერდა მას ანაზდად და აღმართულ მკლავთან, აბჯრით დაუფარავ იღლიაში გაჰკაწრა კანი.

შეჰღრიალეს მოულოდნელობისაგან შემცბარმა მეომრებმა.

იბღავლა იულიენმა. უფრო გაოგნებისგან, რამეთუ მომცრო იყო ჭრილობა, ტკივილს არ მოჰგვრიდა მას. განცვიფრებით შეაცქერდა იგი ეირინს, რომელმაც ხელში დაატრიალა მახვილი, ცივი ფითრისფერი თვალებით შესცქეროდა, ყოვლად შეუდრეკელი.

-პირველი სისხლი! პირველი სისხლი დიაცისაა! – დასჭექა  ეფრემმა. აჩოჩქოლდნენ მეომარნი, რამდენიმემ უმალ შეუსტვინა ხმამაღლა, შორიახლოს შექუჩული გაოგნებული მოახლენი ყელყელაობდნენ, კისერთ იგრძელებდნენ, რადგან რამე ეხილათ.

-ეშმაკმა დალახვროს! – შესძახა იულიენმა, წამოწითლდა, როცა უწყალოდ სიცილი დააყარეს რაზმელებმა. – სუაგრამ და ნიჰიდამ დამწყევლონ… ჰოი, დიაცო! რად უწყი ხმლისა ენა?

-უწყის, რათა შენი გრძელი ენა ჩაგაგდებინოს! – გამოსძახა რაზმელმა, და ყურისწამღები ხარხარი ატყდა.

შეაცქერდა ეირინი, და არც აცია, არც აძგერა, დაჰკივლა ანაზდად.

მახვილი შემართა და გაექანა, ფითრისფერი თვალების ბრიალით მოუქნია მას.

მახვილი შეაგება იულიენმა, აუტანელი ღრჭიალით შეაკავა იგი, და მისი გრძელი ორლესულის წვერმა ყელთან დაადინა სისხლი ერქანთა დიაცს.

-პირველი სისხლი იულიენ მსტავრელისა! – შესძახა ეფრემმა.

გამოერკვაო უგუნური მეომარი, უწყის, თუ რაოდენ საშიშ ცხოველს შესჭიდებიაო, გაივლო გონში მეფისწულმა. მთელი სხეული შეჰკვროდა იულიენს, თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა ერქანთა დიაცს, რათა არ გამოჰპარვოდა მისი მოძრაობანი.

გაექანა მეომარი უმალ, საომარ ყიჟინას დაჰყვიროდა იგი, თითქოსდა საფრთხილო გაბედულება გამოსჭვიოდა მის ზორბა სხეულში, მაგრამ ჰხედავდა თვალი გამოცდილი კაცისა, რომ ყოყმანი ლაჩრისა შხამად მოსდებოდა მის ნაბიჯებს.

მახვილი არ აღმართა ეირინმა. მოიქნია იგი ანაზდად, თავისუფალი ხელით ჩააფრინდა წვერში და შეაგება იულიენის ორლესულს.

ყურისწამღები ღრჭიალით გადაესკვნენ მახვილნი ერთმანეთს, ერქანთა დიაცის ყელს ასცდა ორლესული მეომრისა, და საპასუხოდ მის ყელს მიაბჯინა ბასრი წვერი ეირინმა.

ყიჟინა დასცხო რაზმმა. უფრო გაბედული მეჯინიბენი მოუახლოვდნენ მათ, ფანჯარათა შორეული ხათქუნი გაისმოდა, ცოცხლდებოდა ეზო სასახლისა.

თითქოსდა ცნობისმოყვარეობით აღვსილიყო სრულიად არე-მარე, გალავანს მიღმა მობობღავდა დღის მხევალი და მზერას ჰფენდა ატალახებულ ეზოს, თითქოსდა ძლიერ სწადიაო ხილვა შერკინებისა. ქვანი ზღუდისა თრთოდნენ, გამოეხილათ ზამთართა განმავლობაში შეკრული ქუთუთონი.

გაცხოველებული ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა შეშლილი ეფრემი მეფისქალს.

-მეორე სისხლი დიაცისა! – გადაიხარხარა მან. – გაფრთხილდი, იულიენ, რამეთუ ძალუძს დაგაჩოქოს, ყელს გამოგღადრავს იგი!

წამოჭარხლდა ერქანთა დიაცის მეტოქე. აბჯარში ჩასდიოდა მეფისქალის მიერ დადენილი ალისფერი სირცხვილი, გაცოფებას აელეწა იგი. ჰხედავდნენ, თუ რაოდენ დიდი მრისხანება მოჰგვარა მას რაზმისა და მხედართმთავრის ესოდენ დაცინვამ.

და უწყოდა მეფისწულმა, რომ ვერ გაიმარჯვებდა იგი ცივად მომზირალი ეირინის წინაშე, ფითრისფერი თვალებით რომ იყურებოდა მის გონში.

გახელებული ღრიალით ეძგერა იულიენი ერქანთა დიაცს, მახვილით შეკავება სცადა მეფისქალმა. დახელოვნებული მეომრის ოსტატობით იქნევდა ორლესულს იულიენი, ჰხედავდა ანდრეი, თუ როგორ უთრთოდა მისი განუზომელი ძალისაგან შეძრულ დიაცს სხეული.

არ იყო ეირინი ისეთივე ძლიერი, როგორც ბუმბერაზი მეომარი, ერთ-ერთი საუკეთესო შაარ-ჰაფას ლაშქრისა, მაგრამ სხარტი გახლდათ იგი, მსუბუქი, მარდად უსხლტებოდა იულიენს.

გარიჟრაჟის ოქროსფერი ეფინებოდა მახვილთა ჭახუნს.

და ანაზდად უგვერდა მეომარს ეირინმა, მუცელში ჰკრა წიხლი.

ჟრუანტელის მომგვრელი ზრიალი გაიღო აბჯარმა და უწყოდნენ ყველამ, თუ რაოდენ მტკივნეული იქნებოდა დარტყმა, მაგრამ მხოლოდ იულიენი მოიკაკვა გმინვით, ძარღვი არ გასტოკებია ერქანთა დიაცს, მხოლოდღა ქშინვა წასკდათ მის ბაგეთ.

მის წინაშე მოხრილ, ქედმოდრეკილ მეომარს დაჰხედა ეირინმა.

და მოუქნია მახვილი.

იულიენის მაჯასთან იფეთქა სისხლმა და ორლესული გაუცურდა მოკრუნჩხული თითებიდან მეომარს, ბღავილი ასტეხა.

თავი აზიდა ეირინმა, მკერდი სწრაფად ებერებოდა, მაგრამ მაგრად მოეკუმა ბაგე, გოროზად დაჰყურებდა იულიენს. ბებუთი შემოჰკრა აბჯარს ეფრემმა და დაჰკივლა, მესამე სისხლი და გამარჯვება დიაცსო.

ყურისწამღები იყო სიჩუმე, ძვლამდე სუსხიანი და ყოვლისმომცველი, რამეთუ დიაცმა დაამარცხა სამი სისხლის შერკინებაში მეომარი შაარ-ჰაფასა.

იულიენის ორლესული აღიღო ეირინმა და გამოემართა ანდრეისაკენ.

ადგილს მიჯაჭვულიყო მეფისწული, უცქერდა ერქანთა დიაცს, დღის მხევლისა და გამარჯვების ცეცხლი რომ წაჰკიდებოდა ბრინჯაოსფერ პირისახესა და ფითრისფერ თვალებს. შესცქეროდა მას მეფისქალი და არ ძალუძდა ანდრეის მისგან მზერის აცილება, რამეთუ იწვოდა იგი, თავს შემოვლებული ფერფლისფერი სხივებით აღავსებდა მის თვალთა თითოეულ კუთხე-კუნჭულს.

მის წინაშე მიწაში ჩასცა ორივე მახვილი ეირინმა. იძრო მუზარადი, და დახარა ფერფლისფერი, წნული თმით მოსილი თავი, უკნიდან გალავნის მიღმა მოკიაფე მზის ოქროსფერი რომ დაჰფენოდა.

და მუხლი მოიყარა.

სრორდის მემკვიდრის წინაშე მოიყარა მუხლი ქედმოდრეკილმა ერქანთა დიაცმა, მიწაში ჩაეფლო მისი ჩალისფერი აბრეშუმის კაბა, წაიბილწა და ტალახით მოისვარა მუხლამდე დაფენილი ფერფლისფერი ნაწნავი.

ძარღვი არ გასტოკებია ანდრეის პირისახეს, ცივად დაჰყურებდა იგი ერქანთა დიაცის დახრილ თავს, მაგრამ სულისმომცველმა გაოგნებამ მოშანთა გონი მისი. მწარედ ახსოვდა სიტყვანი დიაცისა, როდესაც პირველად იხილა იგი, თუ როგორ აუწყა მთარგმნელმა ურჩობა მისი ტყვისა, რამეთუ ღვთაების გარდა არავის წინაშე არ დაიჩოქებდა იგი. უცქერდა იგი ქედმოდრეკილ ეირინს, მის დახრილ, ფერფლისფერი თმით შემკულ თავს და აფორიაქებამ შეიპყრო მეფისწული, თითქოსდა თვითონ მოედრიკა მუხლი მეფისქალის წინაშე, თითქოსდა გრძნობდა, თვალით აშიშვლებდა ურჩობასა და ცეცხლით მოცულ მზერას ერქანთა დიაცისა, რომელიც მისი ყალბი მორჩილების მიღმა შეფარულიყო.

გმინვამ გადაუარა არე-მარეს, თითქოსდა უწყიან, თუ რაოდენ გასაკვირი რამ მოხდაო. შეთრთოლდნენ გალავნის უთქმელი, ჟამგამოვლილი, მაგრამ ესოდენ სანახაობის უხილავი ქვანი, ქვად იქცა გაყინული ჰაერი და სუნთქვა ბაგეს შეეყინათ მეფისწულისა და მეფისქალის მაცქერალთ.

-წამოდექ, დიაცო. – თქვა ანდრეიმ, გარინდული არე-მარე დაფლითეს მისმა სიტყვებმა. უმალ წამოიწია ერქანთა დიაცი, მიაპყრო ფითრისფერი თვალნი, გამომცდელი მზერით აღსავსენი, და მისი ტალახით მოთხვრილი კაბის მიუხედავად, მორჩილების ნატამალიც კი ვერ იხილა მასში ანდრეიმ.

-რაოდენ გასაოცარია, როცა ესოდენ უმშვენიერესი დიაცი შენს წინაშე მუხლს მოიყრის! – შესძახა ეფრემმა. უცნაური ბრწყინვალება მოსდებოდათ მის თვალებს, დაჟინებით ჩასცქეროდა ორივეს. – დიადი, ბნელი მგელი სრორდისა და სპეტაკი ყორანი ერქანთა! მიწა და ზეცა! ხმელეთი და ზღვა! ჰოი, ღმერთები გწყალობენ, მემკვიდრევ სრორდისა, რამეთუ იგი მოგივლინეს!

თავი დაუკრა მათ ეფრემმა, და წამსვე მუხლი მოიყარეს მეომრებმა. კრთოდნენ სასახლის ფანჯრებს გადმოკიდებული და შორიახლოს შეყრილი მსახურნი, ვერ ბედავდნენ მოახლოებას, თუმცაღა ვერც გაერიდებინათ მზერა.

გულზე წრე გამოისახა ეფრემმა. მოწმეთა წინაშე ათ ათას კაცს დაჰპირდა, თქვენი შემოთავაზებისა სანაცვლოდ შეეწევაო შაარ-ჰაფა სრორდს. ღმერთების უხვი წყალობა მოჰფენოდესო შაარ-ჰაფას, მიუგო საპასუხოდ მეფისწულმა და მის წინაშე უფრო მოიკაკვა ქედმოხრილი ეფრემი.

იმ ღამით, როცა ქათქათა თეთრი ღამის შუქი იღვრებოდა ბუხრის ოქროსფრით ცეცხლმოკიდებულ ოთახებში, თვალი ვერ მოხუჭა ანდრეიმ. იწვა იგი, შავ აბრეშუმში განბანული, კერაში აღვივებულ შეშათა ტკაცუნს უსმენდა და ღამის მხევლის გამეფება ახლოსაც არ მიჰკარებოდა.

მხარზე შეივლო ხელი მეფისწულმა, გახეთქილ და აწ უკვე პირშეკრულ ხორცზე, წანდელით რომ გაჰკვეთა ერქანთა დიაცმა იმ ავბედით დღეს მისივე კარავში. ის სინანული თვალწინ აუკიაფდა მეფისწულს, დიაცის სიძულვილით მოღრეჯილ ნაკვთებს რომ მოჰფენოდათ, რამეთუ მისი გულის განგმირვა ვერ შესძლო.

წამოდგა ანდრეი. ოქროთი დაფერილი შანდალი, ქონის სანთელნი რომ იწვოდნენ ზედ, აიტაცა. მხოლოდღა გრძელი, ბნელი ტუნიკით მოსილმა, უჩუმრად გადაჰკვეთა ოთახი, მეომრისა სიფრთხილით შეაღო კარი, რომლის მიღმა ეგულებოდა ერქანთა დიაცი.

მომცრო, მსახურთათვის განკუთვნილ ოთახში სიჩუმე მძიმედ ჩამოსწოლოდა წყვდიადს, რომელიც სანთელთა შუქმა შემოაძარცვა არე-მარეს, სარეცელზე მიწოლილ დიაცს დაეფინა.

ბურანში გახვეულიყო ეირინი. წყვდიადის საბურველი და სანთელთა სითბო შემოჰხვეოდა მის სხეულს, ქუთუთოთა მიღმა მიმალულიყვნენ მისი მუდამ ცივი, ზიზღითა და გულგრილობით აღსავსე თვალები. მოზიდული მშვილდის მსგავსად აღარ დასჭიმვოდა ნაკვთები, თითქოსდა უმალ გადაუწყდებაო.

წამიერად შეაცქერდა მას ანდრეი.

და თითქოსდა იგრძნოო მისი მზერა, ანაზდად გააპო ქუთუთონი ეირინმა. ლიბრგადაკრული თვალები მოუტრიალა კარში აღმართულ მამაკაცს, ხელთ რომ სინათლე ეპყრა.

და გაშრა იგი.

იხილა ანდრეიმ, თუ გაქვავდა ერქანთა დიაცი, ფერფური წაუვიდა, ანაზდად ქვეშაგებიდან იძრო ბებუთი.

შიში, სულისმომცველი და დაუძლეველი შიში ჩასდგომოდა დიაცს მზერაში, ისეთი, როგორიც აქამდე არასოდეს ეხილა ანდრეის.

არასოდეს ეხილა ესოდენ ძლიერი შიში ერქანთა დიაცისა. მუდამ სიძულვილით, მრისხანებითა და სიმამაცით იყო იგი აღსავსე, თითქოსდა საკუთარი თავი შემოსცქეროდა ფითრისფერი მზერით.

ამიტომ იდგა იგი, გაუნძრევლად. სანთელთა შუქი თრთოდა, იმ თავზარს აშიშვლებდა, დიაცს რომ დასტყდომოდა თავს.

მერე კი, თითქოსდა მხოლოდღა ჩრდილი მისდგომოდაო ერქანთა დიაცს, გაჰქრა ელდა მისი. მზერა კვლავ გაუცივდა ეირინს, გამოწვდილი ბებუთი ქვეშაგებში შეაბრუნა მან.

მაგრამ მკერდზე ამოსწვოდა მისი გაოგნებული, შიშით აღსავსე მზერა ანდრეის.

-რასა იქმ, სრორდელო? –  შეჰკითხა ეირინმა. – რა გწადია, წყვდიადის საფარველის ქვეშ რომ დაიარები?

არა მიუგო რა ანდრეიმ. თვალმოუშორებლივ შესცქეროდა ეირინი, მცირე ჟამი გადაიჭიმა მათ შორის, მხოლოდღა შეშას დადენილ ალთა ტკაცუნი და სანთლის შუქის თრთოლა არღვევდა მას.

-შენა, ერქანთა დიაცო? – უპასუხა ბოლოს ანდრეიმ. – რად იძრე ეგ ბებუთი, რად გეშინის?

-შენი არ მეშინის, სრორდელო ქოფაკო! – მოუჭრა ეირინმა, ბაგე გააპო, შეუღრინა მეფისწულს.

-ვუწყი, რომ არ გეშინის ჩემი, თუმცაღა ეს მხოლოდღა შენი უგუნურებაა. – მიუგო ანდრეიმ. – მაშ ვისი გეშინის, დალიჰარ? ვის გულს გწადია ჩასცე ბებუთი?

შესცქეროდა ეირინი უსიტყვოდ, ალს ნაღვერდლებად ექცია მისი თვალები. უმზერდა იგი და უთროდა ბაგე, თითქოსდა უთქმელ სიტყვათა ამოთქმა სწადიაო.

-რად დამიფრთხე ბურანი, სრორდელო ქოფაკო? – შეჰკითხა ეირინმა ბოლოს. – რად არ გეწვია ძილი, რად გეწადა შემოჭრა ჩემთან?

-შენ ჩემს წინაშე მუხლი მოიყარე, დალიჰარ. – უთხრა ანდრეიმ, ორიოდე ნაბიჯით გადაჭრა მომცრო ოთახი და სარეცელს მიწოლილ, წამოწეულ ერქანთა დიაცს თავს დაადგა. – შენი მახვილი ჩემს წინაშე აძგერე მიწას, ჩემს წინაშე იძრე მუზარადი… ვითარცა ფიცი ერთგულებისა, შენ…

-შენ კი უწყი, რომ მორჩილების ნაპერწკალიც არ ღვიოდა ჩემში! – შეჰყვირა ეირინმა, კბილებს აღრჭიალებდა იგი მრისხანებისაგან, თვალებით ჰკლავდა ანდრეის.

-რად რისხდები, ერქანთა დიაცო? – ბაგე შეუთრთოლდა ანდრეის. – ვუწყი, რაც გააკეთე. დაამარცხე ერთ-ერთი საუკეთესო შაარ-ჰაფასა, მერე კი ყველასათვის ხილულად სთქვი, რომ სრორდის მხედართმთავარს ვერავინ აღუდგება წინ, რამეთუ მან გამარჯვებულის მოდრეკა შესძლო!

-ეფრემი დახმარების ხელს არ გამოგიწვდიდა. – მოუჭრა ეირინმა. – ძლიერებისა და ომის მოყვარულია იგი, უსუსური კაცი მისთვის უმდაბლეს მწერზე მდაბალია…

-და შენ ხილულ ჰქენი მისთვის, რომ მე არა ვარ უსუსური კაცი. – მიუგო ანდრეიმ. – უწყი, რომ არასოდეს გაჰკარებია ჩემს მკერდს უსუსურობა და სილაჩრე, მაგრამ რად აუწყე ეს შეშლილ ეფრემს? სრორდის აღზევება გწადია, დალიჰარ?

უსიტყვოდ უმზირა ეირინმა. ნაკვთები მოეღრიჯა, ნაოჭებმა გადაჰკვეთეს მის ბრინჯაოსფერ შუბლზე გამოსახული ნიშნულნი ერქანთა. შესცქეროდა იგი და ეძებდა რაღაცას.

-უსუსური არა ხარ, სრორდელო, მხოლოდღა მდაბალი ბრძანდები. – თქვა მან. – მე შენი აღზევება მწადია, შენი, ვითარცა მფეთქავი სისხლით აღსავსე ადამიანისა.

დადუმდა ანდრეი და უმალ ბაგე შეჰკრა ეირინმა.

-ჰოი, ერქანთა დიაცო… – ნაკვთები მოეღრიჯა მეფისწულს. – კვლავ გეფიქრება, რომ ერქანთა სამფლობელოს დაგიბრუნებ? რომ დედოფალი იქნები მისი?

-თუკი სიცოცხლე მოევლინება შენს სულს, სრორდელო, დააბრუნებ ყოველივეს, რაც წაგირთმევია და რისი დაბრუნებაც ძალგიძს. – მიუგო ეირინმა, ისეთი დაჟინებით შესცქეროდა, თითქოსდა გაშტერებოდა მზერა.

-ნუთუ ახლა არა ვარ ცოცხალი, დიაცო? – შეჰკითხა ანდრეიმ, გუგუნი ყურებში უძგერდა. – ნუთუ ფეთქვა ჩემი გულისა არ გესმის მკერდში?  

-მესმის იგი, ვითარცა ზართა რეკვა ჩამესმის, სრორდელო. – მიუგო ეირინმა. ხმადაბლა საუბრობდა იგი, თითქოსდა მართლაც უგდებსო ყურს. – მაგრამ შენს მკერდში არაა სიცოცხლე, შენს გონშია იგი. ჩემს წინაშე ლეში აღმართულა, რამეთუ ცხოვრებას ადამიანობა წარუტაცნია მისთვის.

ისე შემოსცქეროდა ეირინს ჩრდილოეთელი, თითქოსდა ყურებს ვერ უჯერებსო. თითქოსდა რაღაც ხელუხლებელს წაეპოტინა მასში.

-სცდები, დალიჰარ. – მიუგო მან ბოლოს. – მე ფრიად დალოცვილი ცხოვრებით დამაჯილდოვეს ღმერთებმა, მიწას მეფის ვაჟად მომავლინეს, ისე განაგეს ჩემი სიცოცხლე, რომ ვყოფილიყავი საუკეთესოთა საუკეთესო, მომავალი მეფე დიადი სრორდისა და მხედართმთავარი სრულიად სრორდის ლაშქრისა!

წამოიწია ეირინი. ქვეშაგებზე მოირთხა ფეხი, თვალებში ჩაჰხედა ანდრეის.

-მაგრამ ეს წოდებანი შენთვის არაფერს ნიშნავს, არა, სრორდელო? – შეჰკითხა ანაზდად. – გწადია მეფობა, რამეთუ ამით ძალგიძს დამტკიცება იმისა, რასაც აქამდე მოუცავს სული შენი…

-საკმარისია. – სიტყვა გააწყვეტინა მეფისწულმა. ოთახის წყვდიადს მოფენილი შუქი თრთოდა, ცახცახით ეხლებოდა კედელთ. – ხმა გაკმინდე…

-რატომ, რამეთუ შეგიცანი, სრორდელო? – მიუგო მეფისქალმა, თვალს არ აშორებდა იგი, ჩაჰყურებდა ოქროსფრად აბზინებულ მზერას ჩრდილოეთელისა. – რამეთუ შენი საიდუმლო, რომელიც არასოდეს წასცდომიათ შენს ბაგეთ, მე ამოვაყოლე სუნთქვას?

დადუმდა ანდრეი. მხოლოდღა ფითრისფერ თვალებში ჩასცქეროდა დიაცს.

გაიწელა სიჩუმე, მოზიდული მშვილდივით დაიძაბა იგი, მოუთმენელი მოლოდინის სიმწარე მოედო მომცრო ოთახს.

პირი იბრუნა ეირინმა. ქვეშაგებზე მიწვა იგი, გვერდით გადაიგდო ფერფლისფერი ნაწნავი და შეაცქერდა მის აღელვებულ მკერდსა და თეთრ ჩითში გამოკვართულ სხეულს ანდრეი, მხოლოდღა აბრეშუმის საფარველი რომ ჰფარავდა.

იგრძნო მისი მზერა ეირინმა, ამოხედა მწყრალად.

-წარვედ, სრორდელო ქოფაკო. – კბილთა შორის გამოსცრა მან. – ვხედავ, თუ როგორი წაბილწულია მზერა შენი. წარვედ, რამეთუ ძალმიძს ეს ბებუთი გულში ჩაგცე…

-ჩემი მზერაა წაბილწული, დიაცო? – გადმოაფურთხა სიტყვანი ანდრეიმ. ცეცხლი წაუკიდა დიაცის  ნათქვამმა, რამეთუ წმინდა წყლის სიცრუე იყო იგი. – და სიძვა შენი?

შეაცქერდა ეირინი, წამოიწია კვლავ, აზიდა თავი და ყელი გააშიშვლა.

-გწადია ის სიტკბოება, რომელიც ლაქლან ხანმა იგემა, სრორდელო ქოფაკო? – შეჰსისინა მან.

-უღმერთო ყეყეჩი გგონივარ, დალიჰარ? – ხმას აუწია ანდრეიმ. უფრო აცახცახდა სანთელთა შუქი. – ესოდენ ბილწი უმსგავსობის ჩამდენი გგონივარ?!

-მამაკაცი მგონიხარ მხოლოდ, სრორდელო. ერთი უბრალო მამაკაცი. – მოუჭრა ეირინმა. ზურგი შეაქცია მან, საფარველი მოიფარა მხარზე. – წარვედ! წარვედ, რამეთუ აღარ მწადია შენ სიტყვათა მოსმენა!

ენაჩავარდნილი შეჰყურებდა მის თავს ანდრეი. კბილები გააღრჭიალა მეფისწულმა, ნაკვთები მოეღრიჯა, მრისხანება აუზვირთდა მკერდში.

პირი იბრუნა მან, გაალაჯა და მთელი ძალით მოაჯახუნა კარი, ისე მძლავრად, რომ შედრკნენ ქვანი, ჟრჟოლამ დაუარა ეირინის სარეცელს.

იწვა ერქანთა დიაცი. მოკაკვულიყო, საგულდაგულოდ იფარავდა სხეულს. წყვდიადში იმზირებოდნენ მისი ფითრისფერი თვალები, რომელთა ბურანი წარეტაცა სრორდის მემკვიდრეს.

ცარიელი იყო წყვდიადი, ბნელი და ცივი, ვითარცა ის ზმანება, რომელიც კარში მდგარი უცნობი მამაკაცის ხილვამ რომ მოჰგვარა.

თვალები მილულა ეირინმა.

და ინატრა ძილი.

ისეთივე სიცივეს, სიცარიელესა და წყვდიადს დაესადგურებინა მომცრო ოთახში, რაოდენ სითბოთი, მრისხანებითა და ალისფერი შუქით აღვსილიყო ოთახი კარს მიღმა.

ბურანი არ მოდიოდა, და წყნარი იყო ღამე ზულუსტის დაბლობში.

.

.

.

-*-*-*-16-*-*-*-

დღის მხევლის სიუხვის ბუღი ასდიოდა ბელთათინის მიწას. ონავარ სიოს, თეთრგულა ცარცოვან მთათა წიაღში რომ შობილიყო და გაეშალა ფრთანი, უდარდელ როკვაში აეყოლიებინა მოღაღანე მინდორს მოდებული ყვავილები. ფერთა კორიანტელად იფურჩქნებოდნენ მზისა და ნიავის სათუთი ამბორით აღელვებული მდელონი, მოზუზუნე ფუტკართა ნაყარი ოქროსფერ ელფერად დაჰფენოდათ ზედ. მწვანედ ღაღანებდა მიდამო და კრთოდნენ ნებივრად მზისა სხივნი, რამეთუ წვიმის წყალობა ებოძათ ღმერთებს უწყლო ჩრდილოეთისათვის. მომავალი ხვავ-ბარაქასა და ნედლი ბალახის სურნელს აეტანა მიდამო, რომელსაც მდელოთ მორბენალ ბალღთა ჟივილ-ხივილი ერთვოდა.

და იდგა მეექვსე მთვარის მიწურულს გადაღლილი მზე.

გვერდი მიეფიცხებინა დღის მხევალისათვის გორაკზე აღმართულ ბერეხის ციხესიმაგრეს. დღის მხევლის დაუდგრომელი სხივნი მის პირქუშ კედლებსაც მოსდებოდნენ, ამოექოლათ ნაპრალნი და ნებივრად იმზირებოდნენ თბილი თვალებით დერეფნებში. მდელოთა მათრობელა სურნელი შეჰპარვოდა ღია ფანჯრებს, თითქოსდა ყვავილებით აღავსესო ყოველი კუთხე-კუნჭული. უჩვეულოდ ჰყვაოდა სიცოცხლით ციხესიმაგრე, სისხლად ძარღვებში ლაღი სიცილი და მსახურთა დაუღალავი ფუსფუსი ედგა.

თუმცაღა, ღმერთთა მიერ ნაწყალობევ დღესაც კი, რომელსაც ბერეხის შემზარავი ჰაერის საამურად ქცევა ძალუძდა, ვერ გაეფანტა მეფისწულ ჰასსეს გუნებას მოდებული საავდრო ღრუბელნი. ღია ფანჯარასთან მისჯდომოდა მაგიდას იგი, ხელთ ბუმბული ეპყრა, ეტრატთა ხვავი გადაშლოდა წინ. იჯდა იგი, სპეტაკი ტუნიკა და ბამბის შარვალი ემოსა, თუმცაღა ვერ ჰფარავდა უბრალო სამოსი ვოლფრამთა სისხლსა და დინასტიის მეფეთა გამოძახილს, მისი ყოველი ნაკვთიდან რომ გამოსჭვიოდა.

ოცდაათი ზამთარი შესრულებოდა მეფის პირმშოს, მამაკაცობის სიმწიფეში შეედგა ფეხი. ახოვანი გახლდათ იგი, ბრგე, მხარით განიერი და ჭკვით მახვილი. ქვეყნის ასავალ-დასავალი ბრწყინვალედ უწყოდა მან, და ვითარცა მომავალი მეფე, უმარცხოდ უძღოდა სახელმწიფო საქმეთ.

უამრავი საზრუნავი აწვა ჰასსეს მხრებზე და ფიქრის ნაცრისფერი ბურანი მოსდებოდა მის თლილ პირისახეს.

-…გოროვარის თავადი თორმეტ უღელ წმინდა ფოლადსა და ცხრა საწყაო ოქროს ძარღვს შეგთხოვს, ჰასსე. – ჩაესმა ანაზდად გიუნტერის ხმა და შედრკა ჰასსე. ფანჯარას გაშტერებული თვალნი კვლავ ეტრატს მიუტრიალა მან. – თორემ ბრურგის მესამე ტოტს გადავკეტავო, შემოგითვალა მან.

-აქამდეც შემოუთვლია მას ესოდენ გამბედავი თხოვნა? – შეჰკითხა ჰასსემ.

-მხოლოდ ერთხელ. – მიუგო გიუნტერმა. – ხუთიოდე ზამთრის წინ.

-მაშ გაეცით ის, რაც სწადია. – მიუგო მეფისწულმა, ბატის ფრთა მელანში ჩააწო და გაჰკაწრა ეტრატი. – რამეთუ ფრიად მძიმე ზამთარი გველის… თორმეტი უღელი ფოლადი და ცხრა საწყაო ოქროს ძარღვი ვერ დაჰფარავს უწყლობის ფასს, რომელსაც ჩრდილოეთი იწვნევს…

მის გვერდით აღმართულმა გიუნტერმა უმალ ააღრიჭინა ბატის ფრთა, სიტყვა-სიტყვით ჩაინიშნა განკარგულება მეფისწულისა.

-რაოდენ გულუხვი ხარ, ჰასსე. – ჩაესმა ანაზდად და წამსვე სტყორცნა მშვიდი მზერა მეფისწულმა ფანჯარასთან, სავარძელს მიწოლილ ძმას. დამცინავად უმზერდა მომავალ მეფეს ოცდასამი ზამთრის ანდრეი, ბრაზს მოეღრიჯა პირისახე მისი. – რაოდენ ხელგაშლილი, თავადნი შენი მოსასხამის კალთას ემთხვევიან! სახელმწიფო ხაზინაც გავხსნათ, რამეთუ ძვირფასეულობითაა იგი სავსე…

-ანდრეი. – ცივად შეაწყვეტინა გიუნტერმა. მტრული მზერა შეავლო მეფისწულმა ბიძას, თუმცაღა არ შემდრკალა ომსა და ქარტეხილში გამობრძმედილი მრჩეველი მეფისა. – სახელმწიფო ისტორიის მასწავლებლისაკენ მიმავალი გზა დაჰკარგე? საკვირველად აღვიჩენ შენს აქ ყოფნას.

-მირჩევნოდა სწორ გზას დავდგომოდი, ბიძავ ჩემო. – შეჰღიმა ანდრეიმ, თუმცაღა ღიმილის ნატამალიც არ გადაჰკრავდა მის მოქუფრულ წარბს.

-წარვედ, ანდრეი. – მიმართა ჰასსემ, კვლავ ეტრატს მიუბრუნდა. – მიხედე სწავლებას შენსას, რამეთუ შენი მოვალეობაა იგი.

-როგორც შენ აღიღე სრორდის შერცხვენა და დაქცევა ვალად, ჰასსე? – გაჰკენწლა ანდრეიმ, გადაიხარხარა, როცა გამომცდელად შეაცქერდა გიუნტერი.

-ზემრეიგის თავადმა ქუდზე კაცი აფრინა, ჰასსე. – განაგრძო მან, ისე რომ ბნელი მზერა მისი არ მოსცილებია ანდრეის, თითქოსდა აფრთხილებდა, ნუ შესწვდებიო ზღვარს. – არ იხდიანო დირიეს ტომები ხარკს სათანადოდ.

-და ნუთუ წარეტაცა გონება თავადს? რად ავიწყდება ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბისა? – შეჰკითხა ჰასსემ, მშვიდად ჩაჰყურებდა იგი ეტრატს, რომელსაც ფრთით მოხაზული მშვენიერი ნიშნულნი ჰფარავდნენ. – რამეთუ დირიეს ტომებს წყლის სენი დაატყდათ თავს, უდროოდ მოსტაცა ქვეყანას უფროსი თუ ბალღი, მოსავალი ძლივსღა ჰყოფნით გადარჩენილთა მოშიმშილე მუცელთ. აუწყე, რომ აღიღოს ის, რისი შემოძლევაც ძალუძთ მათ, და სათავადოს ხაზინიდან საკვები გასცეს.

-ბინძური ბარბაროსებიც შენი ვალია, ჰასსე? – წამოსძახა ანდრეიმ. მოიქუფრა გიუნტერი, მაგრამ თავნება მეფისწულმა არარად ჩააგდო ბიძა.

-ვალი მხოლოდ ისაა, რაც დირიეს ტომს ჩვენს წინაშე დაეკისრება, რამეთუ მოწყალენი ვიყავით გაჭირვებისა ჟამს. – მოუჭრა ჰასსემ. – ყოველივე ძაფს მახვილი, მუშტი და მათრობელა ღვინით დალხენა ვერ გასჭრის, ანდრეი.

-ჰასსე, ნუ მიმართავ მას. – შეჰსისინა გიუნტერმა. – რამეთუ სწორედ ეს სწადია. რად ყოყლოჩინობ, ანდრეი? ნუთუ ვერ გყოფნის შენს ძმადნაფიცთა გაკილვა?

-ჩემი ძმადნაფიცნი სრორდს სირცხვილისაკენ არ მიაქანებენ! – არ შეეპუა მეფისწული. – სათუთი ხელი არასოდეს ჰქონია მეფესა მისას…

-არ ჰქონია, რამეთუ არ ძალუძდა ქონა მისი. – წარბები აზიდა გიუნტერმა. – სრორდს მშვიდობა მოევლინა, და დროა მისი ნაყოფის სიტკბოზე ვიზრუნოთ, ვიდრე მტაცებელთაგან დავიცვათ იგი.

დადუმდა ანდრეი. ავი, ღვარძლით სავსე მზერა მიუტრიალა ფანჯარას, შლიდა და ჰკრავდა თითებს მუშტებად.

-ვურგის თავადის ქვრივს ბელთათინს მოსვლა სწადია. – ვითომც აქაც არაფერიო, განაგრძო გიუნტერმა მშვიდად. – თავადის, ღმერთებმა მიიბარონ მისი სული, დიდძალ ქონებას შორეული ნათესავნი ეცილებიან.

-მხოლოდ ბელთათინს მოსვლა არ სწადია მას. – თქვა ანაზდად ანდრეიმ. – რამეთუ ფრიად ბარაქიანია ჰასსეს პირადი ოთახნი…

-რად გგონია ასე, ანდრეი, რაკი მწირია ოთახნი შენნი? – შეჰკითხა გიუნტერმა.

აღშფოთდა ანდრეი. ყმაწვილკაცობის სიწითლემ გადაჰკრა მის პირისახეს, წამოიწია და შეუბღვირა ბიძას.

-თავხედო! – შეჰყვირა მან. – არა უწყი რა, თუ სად დგახარ?! შენი ადგილი გავიწყდება, ბიძავ, რამეთუ მხოლოდ მდაბალი მრჩეველი ხარ და არა სამეფო ოჯახის უცვლელი წევრი! ნუთუ ქილიკით უნდა აღავსო ცხოვრება ჩვენი, რადგან ცარიელია ცხოვრება შენი?!

მუშტი დაანარცხა მაგიდას ჰასსემ. აშრიალდნენ ეტრატნი, სამელნე გვერდზე წამოიქცა. სამარისებური სიჩუმე დააწვა ოთახს, რომელსაც მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი სიოს ზუზუნი არღვევდა უდარდელად.

-გრძელი ენა მოკლე ჭკვის ნიშანიაო, არ გსმენია, ანდრეი? – მშვიდად მიუგო ჰასსემ, თუმცაღა თვალებში მრისხანება ჩასდგომოდა მეფისწულს. – წარვედ, სანამ შენივე ხელით არ გაითხრი სამარეს, რამეთუ ღირსება შენი სულსა ღაფავს.

მეწამულ ელფერად წამოუჭარხლდა ანდრეის პირისახე, ბაგე მრისხანებისა და დამცირებისაგან აუთრთოლდა, მტრული მზერით იყურებოდა იგი. წამოიჭრა ანაზდად, და უკანმოუხედავად დასტოვა ოთახი.

მისმა მოჯახუნებულმა კარმა შეათრთოლა კედლები. ჩაახველა გიუნტერმა, კვლავ თავის ეტრატს ჩაჰხედა, ვითომც აქაც არაფერიო.

-მაშ, მეფისწულო, ვურგის თავადის ქვრივი… – კვლავ შეჰკითხა მან.

-ჰოი, ბიძავ! – სიტყვა შეაწყვეტინა ჰასსემ. წამოქცეული სამელნე გაასწორა მან, ფრთა ჩააბრუნა მასში და უმზირა მძიმედ. – უწყი, თუ რა საზრუნავი გამჩენია… რასა ჰგონებ, ჩამოჰგავს ძმა ჩემი ამ სამელნეს? ძალმიძს კი ფეხზე დაბრუნება მისი?

ამოიხვნეშა გიუნტერმა, დაახვია ეტრატი და ჩააცქერდა ჰასსეს თავს, ამდენი გასაჭირი რომ ღრუბლად დასტრიალებდა ზედ.

-უწყი, თუ საით მიჰყავს იგი თავის ბობოქარ გონებას. – უპასუხა მან. – ჰასსე, არ ღირს ამაზე ჩაძიება, რამეთუ ფუჭი იქნება ნაფიქრალი შენი…

-ბაბალ-ქაანს მოუშხამავს გონება მისი. – მიუგო ჰასსემ. – თავში შეუძვრა, ფესვი გაიდგა და დასდო თავისი მყრალი ნაყოფი უმწიფარ, ნოყიერ ნიადაგში… არა ვუწყი რა, თუ როგორ წარიმართება გონი მისი, რამეთუ გული შეუპყრია და ძაფებზე გამოუბამს. მაუწყე, ბიძავ, რა გეფიქრება მასზე?

-ბობოქრობს იგი, რამეთუ ძალზედ გაივსო ფიალა მისი. ჯებირებს აწყდება, ვითარცა დაუდგრომელი ბრურგი და ვერ დაოკდება მანამ, სანამ არ განშტოვდება კალაპოტი მისი. – დინჯად მიუგო გიუნტერმა. – ვგონებ რომ ვეღარავინ შეასმენს იმას, რისი სმენაც ვეღარ შერჩენია ანდრეის…

-რა ვიღონო, ბიძავ? – ჩაილაპარაკა ჰასსემ, მდორედ, ჩურჩულით, თითქოსდა საკუთარ თავს შეჰკითხაო. – ნუთუ კვლავ უნდა დავკარგო ჩემი ღვიძლი ძმის, ჩემი სისხლისა და ხორცის ძახილი? არ ძალმიძს მივატოვო იგი…

-უკვე რამდენი ზამთარია, რაც არ მიგიტოვებია ძმა შენი, ჰასსე. – მიუგო გიუნტერმა. – მაგრამ გცილდება და გცილდება იგი… რაც ბაბალ-ქაანი განაშორე აქაურობას, უფრო მეტად მოედო ქუში მის პირისახეს, განიცადა ძლიერ. განვლილმა ექვსმა მთვარემ ვერ განარიდა შხამიანი მწუხარება მის სულს…

-ვუწყი, ბიძავ. – მიუგო ჰასსემ. ლაღი გაზაფხულის საამური სითბო ელამუნებოდა მის მოქუფრულ პირისახეს. წყვდიადივით შავი და სევდიანი ჰქონდა თვალები, და მხიარული იყო მათზე მეამბორე მეექვსე მთვარე.

უმზირა უსიტყვოდ გიუნტერმა. მცირედ ჭოჭმანობდა იგი, თუმცაღა არ შეუდრკა ენას მოწოლილ სიტყვათა სიმძიმეს.

-ბაბალ-ქაანმა კაცი აფრინა ჩემთან, ჰასსე. – თქვა მან ანაზდად.

ისე შედრკა სრორდის პირმშო, თითქოს ბეჭებს შორის ხანჯალი ჩასცესო. უმალ მოტრიალდა მეფისწული, გავეშებული მზერა მიაპყრო ბიძას. ქვად ჰქცეოდა სავსე ბაგე.

-გიუნტერ! – შეჰღრიალა მან. – ჰოი, ღმერთებო, სუაგრამ და ნიჰიდამ დამწყევლონ, ეს რა ჩაესმათ ჩემს ყურებს! ჰოი, ღმერთთა ღმერთ ალიჰას შევთხოვ, რომ დამიბნელოს თვალისჩინი და წარმტაცოს სმენა, რამეთუ ვერ დავიჯერებ…

-ვუწყი, თუ როგორი გაქნილი გაიძვერაა ბაბალ-ქაანი, ჰასსე. – სიტყვა მტკიცედ გააწყვეტინა გიუნტერმა. – ვგონებ, ჩემზე უკეთესად არავინ სცნობს მის სიბინძურეს, ვერც დედა შენი, ვერც მამა შენი, ვერც სამეფო კარი! ნუ ასწევ ხმასა შენსა, რამეთუ უთქმელი დარჩნენ სიტყვანი ჩემნი.

თრთოდა ჰასსე, ნაკვთები მოეღრიჯა და გადაუფითრდა გატანჯულს. მოეშვა ანაზდად, შუბლს ხელი აიფარა.

-გისმენ, ბიძავ. – თქვა ბოლოს. – რა სწადია მაგ ბოროტ სულს? ნუთუ შემომბედავს კვლავ მოევლინოს სრორდს?

-ღმერთებმა მოწყალება მოგვავლინონ! არა. – ბაგე შეუკრთა გიუნტერს. – სრორდი არასოდეს ყოფილა მისი მიზანი, ჰასსე. მხოლოდ სურდა, რომ თავისი მყრალი კვალი დაეტოვებინა უკან… მისი წერილი, რომელიც იმ დღესვე კერაზე დავწვი, მხოლოდ და მხოლოდ მის ბოლო წინასწარმეტყველებას მაუწყებდა.

-არ ძალმიძს დაჯერება მისი… – თქვა ჰასსემ. მრისხანებითა და ფიქრით აღსავსე მზერა გაუშტერდა, საკუთარ ხელს ჩასცქეროდა იგი, რომელიც უნებურად შეეკრა მუშტად, თითქოს წინ ედგა წყეული გრძნეული დედაკაცი.

-ვუწყი, დისწულო, რომ არ ძალგიძს. – მიუგო გიუნტერმა. – მაგრამ უბადლო გულთმისანია იგი, ღმერთებთან კავშირით დაიკვეხნის. ვგონებ, სუაგრამ და ნიჰიდამ აირჩიეს ბედისწერისა ძარღვად დედამიწაზე, რამეთუ ბილწია იგი, წაწყმედილი და უგვანი… მაუწყა, რომ ჰხედავს შავ ცეცხლში გამოხვეულ ბელთათინს, რომლის გულზე ნებივრად ცეკვავენ წყვდიადის მგელი და სპეტაკი ყორანი. მგელი კლანჭებით ლამობს ყორანის ბუმბულთა შემოცლას, იგი კი შეუპოვრად დასჩხავის, მის თვალებს ეტანება, რათა ამოჰკორტნოს… მაუწყებს იგი, რომ დიად გზას ჰხედავს ანდრეისათვის, რამეთუ ვარსკვლავებშია დაწერილი ბედი მისი…

-როგორც ბედი ჩემი, ბიძავ? – შეჰკითხა ჰასსემ, ცარიელი მზერა მიაპყრო ღია ფანჯარას. – რამეთუ მე სიცოცხლე არ მიწერია.

დადუმდა გიუნტერი. თვალები დახუჭა მაგრად და გადააქნია თავი.

-მომიტევე, დისწულო. – შესთხოვა მან. – მომიტევე ცოდვილს, რამეთუ არ ძალმიძს შეკავება ბედისწერისა.

-მე ბედისწერისა არ მჯერა, ბიძავ. – თქვა ჰასსემ, ღიმილმა აუნთო ფერმკრთალი ტუჩ-პირი. – მაგრამ ანდრეის მჯერა. მწამს მისი სიცოცხლისა. ხუთი ცოცხალი ბალღი გაჭირვების და გვალვისა ჟამს მსხვერპლთა საწინდარია, და ვგონებ, მე არ მერგება სიცოცხლე, რამეთუ ანდრეის უფრო სწყურია იგი.

შესცქეროდა დისწულს გიუნტერი. პირველად ესმოდა მისი ბაგიდან დადენილი, თითქოსდა უიმედო, სასოწარკვეთის ელფერით გახუნებული სიტყვანი, რომელიც გულს უწურავდა ბიძას.

-დაე არასოდეს აღსრულდეს სიტყვა შენი, ჰასსე. – თქვა მან.

-ჩემი სიტყვა, ბიძავ? – მოუტრიალდა მეფისწული, მწარე დაცინვის ცეცხლი აკიაფებოდა მის პირისახეს. – ჩემი თუ ბაბალ-ქაანისა, რამეთუ, როგორც მაუწყე, მან დასწერა ბედი ჩემი. დაცემა ბელთათინისა, წითელ ძაფებში გამოხვეული მგლისა და ყორნის ჭიდილი… უწყი, ბიძავ, თუ რას ნიშნავს მგელი, და უწყი, რომ მე ვერასოდეს ვიქნები ნაწილი ბაბალ-ქაანის წინასწარმეტყველებისა. ანდრეი მოგვევლინება ვოლფრამთა უკანასკნელ  ნაშიერად, და მის ხელში აგიზგიზდება ის ცეცხლი, ბელთათინს რომ მოედება…

არა უთხრა რა გიუნტერმა. ხვდებოდა იგი, რომ ამაოდ ჩაივლიდა სიტყვანი მისი, რამეთუ ვერ უარყოფდა საკუთარივე სიტყვას. ვერ უარყოფდა ბაბალ-ქაანის გულთმისნობას, რომელიც ამოდენა წყევლად მოევლინა ვოლფრამთა დინასტიას.

-თუკი მოვკვდები, ბიძავ, – განაგრძო ჰასსემ, – გვირგვინი ანდრეის დაადგი, აკურთხე იგი.

-მე რად მაუწყებ ამას, დისწულო? – შეჰკითხა გიუნტერმა მკაცრად. – ნუთუ პირში სული არ უდგას მამასა შენსა?

-უწყი, თუ რა გასაჭირი აქვს მეფე სოლომონს, ბიძავ. – მოუჭრა ჰასსემ. – ვუწყი, რომ ძმებად ხართ შეფიცულნი, თუმცაღა ცხოვრება ფიცს არარად აგდებს! გონი მყიფეა მისი, ნებისყოფა არარსებული, სიმამაცე ომსა და გასაჭირს წარუტაცნია… შეგთხოვ, ბიძავ, ანდრეის დაადგი გვირგვინი სრორდისა.

ჩაეცინა გიუნტერს, მწარედ.

-ნეტავ ანდრეის ჩაესმოდეს სიტყვანი შენნი. – თქვა მან. – რამეთუ აღტკინებით აღივსებოდა იგი. წადილი მისი მუდამ ტახტისაკენ იყო მიმართული…

-მხოლოდღა მარტოობა შეარყევს იმ ქვასავით საბურველს, შხამად რომ გადაჰფარებია ანდრეის გონს. – თქვა ანაზდად ჰასსემ. – თუკი ეს მარტოობა ჩემი სიკვდილით იქნა მიღწეული, დაე აღსრულდეს ნება ღმერთებისა! დაე აღსრულდეს ნება წყეული გრძნეული დედაკაცისა! და თუკი ჩემი სიკვდილიც კი ვერ შეატოკებს ძარღვს ანდრეის გულში, მაშინ ჰოი ღმერთებო, დაე მოგებაროთ სრორდი, რამეთუ ვოლფრამთა სულს გაგრძელება არ ეწერა…

-ანდრეი მეფობისათვის არაა მზად, ჰასსე. – მოუჭრა გიუნტერმა, გამომცდელად ჩააცქერდა დისწულს. – ამაყია იგი, ამპარტავანი, თავქარიანი, უმსგავსი და მოშხამული!

-ვუწყი, ბიძავ, თუ როგორია იგი. – მიუგო ჰასსემ. კვლავ ღია ფანჯარას გასცქეროდა მეფისწული, ხარბად შეჰყურებდა მშვენიერი გაზაფხულის ცელქობას. – მაგრამ ძარღვებში უჩქეფს ვოლფრამთა სისხლი. წლები გაივლიან, და ვიმედოვნებ რომ დადუღდება იგი. მწადია რომ მასთან იყო, როცა ცეცხლთა ალში გამოეხვევა სრორდის გული.

წამიერად გაჩუმდა იგი, წარბი შეჰკრა და დახუჭა თვალები, ფიქრობდა გამალებით.

-ზღვას წადი, ბიძავ ჩემო. – თქვა მან ანაზდად. – იხილე სიდიადე მისი და ჰპოვე ის სპეტაკი ყორანი, სულის გამოძახილი რომაა ჩემი ძმისა.

-მესულე მისი? – წარბები აზიდა გიუნტერმა. – ნუთუ ცასა და უფსკრულს ძალუძთ ოდესმე ერთურთს ჩაესკვნან, ჰასსე?

-სხივნი მზისანი ხიდს გასჭიმავენ მათ შორის, ბიძავ. ცოტანი არიან ამ ქვეყანაზე, ვისაც ძალუძს გაუსწორდეს ანდრეის. – ჩაილაპარაკა ჰასსემ, ამოიხვნეშა მძიმედ და კვლავ ჰკიდა ხელი ფრთას.

-შენა ხარ სრორდის თვალსაჩინი, ჰასსე, და არა იგი. – მოუჭრა გიუნტერმა. – ნუთუ გჯერა, რომ იგი შენზე სწრაფი, ჭკვამახვილი და ძლიერია?

-ეგ არასოდეს მითქვამს. – ანაზდად გაიღიმა ჰასსემ. – მართლაც თავქარიანი და უჭკუოდ ამაყია იგი, თუმცაღა ვოლფრამთა სისხლი დაუდგრომელ მდინარედ დუღს მასში.

-ჰოი, ღმერთებო! მაშ რატომ არ დაიბადა იგი პირველ ვაჟად, ჰასსე? – შეჰკითხა გიუნტერმა. – რად არ ერგო მას ჭეშმარიტი მეფობის წყალობა?

-არ ერგო, რამეთუ უნდა ებრძოლა მისთვის. – მიუგო მეფისწულმა. – არ ერგო, რამეთუ განეცადა გასაჭირი, რამეთუ ნაყოფი ეშვა მის განსაცდელს.

დადუმდა გიუნტერი. თავს აქნევდა და ჩასცქეროდა მეფისწულს, ეგრიხებოდა სული და გული, სევდას მოებერებინა პირისახე მისი.

-გემორჩილები, მეფისწულო. – მიუგო ბოლოს. – გავემგზავრები და ვპოვებ მას, ვისაც უწერია ანდრეისთან შერკინება.

მადლობა მიუგო ჰასსემ და ეტრატებს მიუბრუნდა იგი. დასტოვა მჭმუნვარე მეფისწული გიუნტერმა, დასტოვა იგი თავის საფიქრალსა და უთვალავ საქმესთან.

თუმცაღა, საქმეს ვეღარ დაუდო გული ჰასსემ. აღარ მოეცვა ოთახი ფრთის ეტრატზე ღრიჭინს, მხოლოდღა სიო დათარეშობდა მასში ჩუმი სტვენით.

გასცქეროდა სრორდის თვალსაჩინი და პირმშო ბერეხის ციხესიმაგრეს შემორტყმულ ღმერთთა მიერ ბოძებულ წყალობას, ქარის უხილავ ამბორსა და ფერთა კორიანტელს, თვალწარმტაცად რომ იფრქვეოდა მდელოთ გადაწოლილ გაზაფხულს. ფრთხილი თითებით შეჰხებოდა უმწიფარი მეშვიდე თვე არე-მარეს, ჰაერს მომავალი ხვავ-ბარაქისა და დღის მხევლის მხურვალების სურნელს ჰფენდა.

იმზირებოდა ნაღვლიანად, და გამალებით ფიქრობდა ჰასსე.

დრო კი მიისწრაფვოდა, ვითარცა უწყლო ჩრდილოეთს დადენილი ცქვიტი, სურნელოვანი სიო.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ცას ლიბრი გადაჰკვროდა, ლიბრი მეთერთმეტე მთვარისა. შლეგი ქარი დაუდგრომელად მიჰქროდა უსასრულო ველთა თავს, დათრთვილული თქორი და სუსხი მოჰქონდა მას უხვად და სპეტაკ ჟრჟოლას ჰფენდა შემოგარენს. იკლაკნებოდა გზა, დაუღალავად უხვევდა და წინ მიდიოდა იგი, მდელოთ და გორაკთ ეფარებოდა. თვალსაწიერზე ამაყად აღმართულნი, ცარცოვანი მთანი იჭიმებოდნენ, ისწრაფვოდნენ ზეცისაკენ და ამაყად შებჯენოდნენ მის კამარას, როცა უკაცრიელ გზას ფლოქვთა შეფარული თქარუნი მოედო.

ნელი ჩორთით მიუყვებოდა ათასგზის განვლილ ხრეშს ორი მხედარი, იგაზან-ლას კლდეებისაკენ აეღოთ გეზი, რომელთა მიღმა თვალუწვდენელი, უწყლო მიწები გადაჭიმულიყვნენ, მიწები, რომელთა ბუდეშიც შობილიყო შვიდი სამეფოს დიადი სრორდი.

ყელი მოეღერებინა სისხლისფერ ქურანს. კოხტად დაერახტათ იგი, ვითარცა წარჩინებულის ბედაურს შეშვენოდა, ცქვიტად სზიდავდა მხედარს. შავებში გამოხვეულიყო პატრონი მისი, სელის ზეთით გაპოხილი, მჭიდროდ ნაქსოვი მაუდის ლაბადა ესხა, მისი კალთა შემოჰხვეოდა წელზე შემორტყმულ ორლესულს. ბეწვიანი შალითა უფარავდა თეთრ პირისახეს, ხარის ტყავის, ოქროთი მოსირმული სამოსით დაჰფარვოდა სხეული, და ისეთივე პირქუში იყო გამომეტყველება მისი, ვითარცა წყვდიადი მისი სამოსისა და მწუხარება შლეგი ქარისა.

მის გვერდით ირწეოდა თაფლა ბედაურზე ამხედრებული ეირინი. ჩალისფერი, გასანთლული ქეჩის ლაბადა მოესხა მას, თეთრი ტყავის ბამბაგამოკრული ტუნიკა ემოსა. წვივებზე მაღალი, ირმის ტყავის ქალამნები ამოესხა, რომელთაც ბამბით ნაქსოვი თბილი პაჭიჭები ჰფარავდათ. ფერფლისფერი თმა კოხტად გადაეწნათ მსახურთ მისთვის, კეფაზე დაეგორგლათ, და ბრინჯაოსფერი, გედისებრი ყელ-კისერი გაშიშვლებოდა ბეწვის შალითის ქვეშ.

გარიჟრაჟზე დაეტოვებინათ მხედართ შაარ-ჰაფა. შეშლილმა ეფრემმა გამოაცილა ისინი, და შემოჰფიცა მოწმეთა წინაშე, კაცი აფრინე ჩემთან და უმალ მოგაგებებ ათი ათას კაცსო ბელთათინის კარს. ორლესული და ფარი უბოძა ეფრემმა ანდრეის, ძვირფასი და საუკეთესო ოსტატთა მიერ რუდუნებით გამოჭედილი, ეირინს კი იულიენის მამაპაპური წითელი ხის მშვილდ-ისარი მიართვა, რამეთუ მან შაარ-ჰაფას რჩეული მეომარი დაამარცხაო, განაცხადა მხედართმთავარმა.

შუაღამე ჩამოსწოლოდა შემოგარენს თავისი სუსხიანი სხეულით, როცა საბალახო მინდორნი, ზამთრის თრთვილი რომ მოსდებოდა, სალმა კლდემ შეცვალა. ცარცოვან მთათა უღელტეხილი გადაჭიმულიყო გარშემო, თვალსაწიერზე ჰფარავდა ყოველივეს, მათ წინაშე კი კლდენი აღმართულიყვნენ, პირქუშ, ბნელ კედლად ეფარებოდნენ თეთრი ღამის ნაცრისფერ ცას. ხრეშით მორწყული, გამხმარი ხავსით მოფენილი გზა მიიკლაკნებოდა, სტყდებოდა ქვათა მახვილ კუთხეებზე იგი და იკარგებოდა ბუმბერაზ, წყვდიადით მოცულ ქვათა შორის. მომცრო იყო საცხენე ბილიკი, გაჭირვებით დაიტევდა გვერდიგვერდ მიმავალ ორ მხედარს.

ლაგამს მოსწია მეფისწულმა, შეაყენა სისხლისფერი ქურანი. აჰხედა კლდეს, შეათვალიერა გამალებით.

თითქოსდა ცოცხლობდა იგაზან-ლა, მედიდურად წამომართული, ათას ჭირგამოვლილი, დროხილული და გაცვეთილი, მაგრამ უდრეკი. სუნთქავდა იგი, ხმაურიანად, შორეული გუგუნით, სვავთა ავისმომასწავებელი სისინი ჰკვეთდა ჰაერს და ჟრუანტელს ჰგვრიდა ათასწლოვან ქვათ.

წამოუბერა ქარმა, ზამთრისა და ფიჭვთა ფისის სურნელი მოაფრქვია გარემოს, შალითა შეურხია ანდრეის. მძიმედ გამოისუნთქა მეფისწულმა, და უგზო-უკვლოდ განიბნენ მისი სუნთქვის ქულები წყვდიადში.

შეჩერდა ეირინიც, მოაბრუნა თაფლა და გამომცდელი თვალი მიაპყრო მეფისწულს. იგრძნო ანდრეიმ მზერა მისი და მიატრიალა დაბურული მზერა.

-სალი კლდისა გეშინის, სრორდელო? – შეჰკითხა ეირინმა, გარკვევით მხოლოდღა მის ფითრისფერ თვალთა ბრწყინვალებას ხედავდა ანდრეი ჩამოწოლილ ბურუსში. – არასოდეს შეგიდგამს ფეხი იგაზან-ლას ქვით მოფენილ გზებზე?

შეუღრინა ანდრეიმ, ქუსლები შემოჰკრა სისხლისფერ ქურანს, ბილიკს მიმართა უჭოჭმანოდ.

-ნადირთა, სვავთა და უთვისტომოთა უკაცრიელი სამყოფელია იგაზან-ლა. – მოუჭრა მან. ქარი დაუდგრომლად გუგუნებდა, მაგრამ მაინც გასხლტა ხმა მეფისწულისა, კედლებს მიეხალა და ათასწლოვან ქვათა შორის ჩაიკარგა მცირე ექოდ. – ყინულოვანია იგი და სიცოცხლის მწოველი, რამეთუ სუაგრას და ნიჰიდას დაუდევთ მათი წყეული ბუდე აქ…

ჩორთით გადაუსწრო ანაზდად თაფლამ ქურანს, და ლაგამი მოსწია ანდრეიმ. თავი მოაბრუნა ერქანთა დიაცმა, გულგრილი მზერა მოაპყრო.

-რაოდენ ცდები, სრორდელო! – შესძახა მან. – რამეთუ უცხოთა თვალის ასახვევად ეძახიან იგაზან-ლას სიცოცხლის მწოველს… უკაცრიელია იგი, თუმცაღა უიშვიათესი ცხელი წყაროებით დაიკვეხნის… ჰოი, რაოდენ საამურნი არიან ისინი, ბუმბერაზ, გავარვარებულ ქვათა მიერ აქაფქაფებულნი, ხალხთა მიერ წაუბილწავნი. და არ დაგავიწყდეს, სრორდელო, რამეთუ უწყლო ჩრდილოეთის სასიცოცხლო ძარღვი, ბრურგი სწორედ იგაზან-ლას კლდეთა შორს იშვა…

-მაშ სრორდთან დაგიდგამს ფეხი შენი, დალიჰარ? – შეჰკითხა ანდრეიმ. – რამეთუ ბევრი რამ უწყი…

-მე ბევრი მიხილავს და ბევრსაც ვნახავ. – თქვა ეირინმა.

არა უპასუხა რა ანდრეიმ. ერქანთა დიაცის თავს შეაცქერდა, ჩალისფერი ბეწვის შალითა რომ ჰფარავდა და ბუნდოვნად მოსჩანდა მხოლოდ თეთრი ღამის უმთვარო საფარველის ქვეშ.

მიდიოდნენ, დადუმებულნი. თვალსაწიერზე ჩაიკარგა საბალახო მინდვრები, მხოლოდღა აშოლტილი, სალი კლდენი დარჩნენ გარშემო. იძალა გუგუნმა, ყრანტალებდნენ სვავნი და ცივ ქვათა სუსხი გაუჯდა ანდრეის ძვლებში. აიზიდა იგაზან-ლა, წამოიმართნენ კლდენი, სანამ არ შესუსტდა შუქი თეთრი ღამისა და ჩამოწვა წყვდიადი, რომელშიც ძლივსღა არჩევდა ანდრეი ეირინის ჩალისფერ ლაბადას.

-სდექ, დალიჰარ! – შესძახა ანდრეიმ. მოსწია ლაგამი და შეაყენა ბედაური. მიწყდა თაფლას ფლოქვთა თქარუნი, გუგუნი მძიმედ დააწვა ანდრეის სმენას.

-მოხდა რამე, სრორდელო ქოფაკო? – ანაზდად გაიჟღერა ხმამ დიაცისა. – უკან დაბრუნება გწადია, რამეთუ გეშინის?

-ფუჭი და საფრთხილოა კლდეთა შორის მიმავალი გზა, როცა წყვდიადს დაუბურავს იგი. – მიუგო ანდრეიმ, უმალ ჩამოხდა ცხენიდან და უნაგირს მოფენილი ქეჩა ჩამოჰგლიჯა. – ისარი მიბოძე, დალიჰარ!

სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის გაჰკვეთას გამალებით ცდილობდნენ ანდრეის თვალები. განვლო მცირე ჟამმა და რის ვაივაგლახით იხილა მეფისწულმა, თუ როგორ ჩამოხდა ცხენიდან ეირინი.

ჩუმი ნაბიჯებით მოუახლოვდა ერქანთა დიაცი, ისრის პირთა ღრჭიალი ჩაესმა მეფისწულს. ხელი გააცეცა მან, და უმალ იპყრო ხელთ ისარი, რომელსაც სახელდახელოდ შემოჰხვია უხეში ნაჭერი. ხურჯინიდან ამოღებულ კვესსა და აბედს გააყრევინა ნაპერწკალნი და კელაპტრად ააჩახჩახა ქეჩა.

იფეთქა ალმა, შენთქა წყვდიადი და აინთო, ვითარცა სითბოს ნაღვერდალი ჩანავლებულ კერაში. ყოვლის მომცველი, ბუმბერაზი კლდენი შემსუბუქდნენ თითქოს, ქვებზე სისინით გადაისრიალა ბნელმა და კუთხე-კუნჭულთ მიაშურა.

შეითამაშა ალმა, ხარბად დაერია ქეჩას.

ერქანთა დიაცს უმზერდა ანდრეი და საპასუხოდ, დაჟინებით შესცქეროდა მას ეირინი. 

ნაკვერცხლებად ანთებოდა მუქი თვალები ჩრდილოეთელს, ოქროსფერი ელფერი მოჰფენოდა მის ფერმკრთალ პირისახეს, სპეტაკ ლაქად რომ მოსჩანდა ბნელ სამოსსა და რუხ კულულებში. არ იძვროდა მეფისწული, მაგრამ კრთოდნენ ჩრდილნი მის თლილ ნაკვთებზე, ბაგე მოეკუმა და შეჰყურებდა ისე, თითქოსდა მისი თავის ქალის გადახსნასა და გონში შემოძრომას ლამობსო.

უბრალოდ იდგნენ მცირე ხნით, შეჰყურებდნენ ერთმანეთს და თითქოსდა დადუმებულიყო მოწმედ აღმართული იგაზან-ლა, რათა არ დაერღვია კელაპტრის ალში გამოხვეული სიმშვიდე, მეფისწულსა და ერქანთა დიაცს რომ მოსდებოდათ.

მერე კი ფითრისფერი, ცეცხლმოკიდებული მზერა აარიდა ეირინმა, თაფლას მიაშურა უმალ. ლაგამი ყურებზე გადაუგდო ბედაურს და კვლავ ანდრეისაკენ იბრუნა პირი.

-გზას გავუდგეთ, სრორდელო. – თქვა მან. – რამეთუ ვრცელია იგაზან-ლა, და ისეთივე ყინულოვანია ფსკერი მისი, რაოდენ ცხელნი არიან წყარონი მისნი.

არა მიუგო რა მეფისწულმა. მხოლოდღა მაღლა აღმართა ჩირაღდანი და ლაგამით წაიყოლა ბედაური, რამეთუ ვიწროვდებოდა საცხენე ბილიკი, ციცაბოს ემიჯნებოდა, რომლის მიღმა ღრმავდებოდა ხახადაღებული უფსკრული.

მიიწევდნენ მაღლა, მიიკლაკნებოდა და ქვათა კუთხოვან საფარველზე ტყდებოდა გზა, ხრეში სცვიოდა მათ ნაბიჯთაგან უფსკრულში. ჩახჩახებდა კელაპტარი, ალისფერ ნაპერწკლად ღვიოდა კლდეთა შორის, მაგრამ თითქოსდა უფრო განადიდებდა სიმცირე მისი იგაზან-ლას სიდიადეს, სალ კლდეთა მჭრელ გვერდებსა და მიუწვდომელ წვერებს.

დუმდა ღამის მხევალი და უჩუმრად მიუყვებოდნენ გზას მოგზაურნი. კლდის ნაპრალებში შეუბრალებელი, სუსხიანი ქარი სტვენდა, შორეულ გუგუნსა და სვავთა ყარყატს ბუკნაჭოთა კივილი შეემატა. გაყინულ ქვათა სიცივე ჩამოწვა, სხეული დაუსუსხა ზღვასა და მზეში გამოზრდილ ერქანთა დიაცს. თრთოდა იგი, გამყინავი სიოს წინაშე მოეკუმა ბაგე.

გუგუნებდა იგაზან-ლა, მას შორეული გრიალის ხმა შეემატა, თითქოს დაუდგრომელი მდინარე ეხეთქებაო კედელთ.

დაჰბერა ქარმა და ეირინისა და ანდრეის თავზე აღმართული ბუმბერაზი ციცაბოდან წამოიშალა ყვავთა გუნდი, უთვალავ ფრთათა ფართხუნმა და გამაყრუებელმა ჩხავილმა შეზარა სალი კლდე. თვალი გააყოლა მათ ეირინმა, უცქირა, თუ როგორ აიწივნენ ისინი, შეჰკრეს ირაო და ყურისწამღები ქაოსით გადაჰფარეს კლდეთა შორის ხილული თეთრი ღამის ნაგლეჯი.

მერე კი გადასცდა თვალსაწიერს ყორანთა ბნელი ლაქა და ანაზდად თვალი ჰკიდა მეფისქალმა, მაღლა, შორს, თითქოსდა სალ კლდეში მოკიაფე, ცეცხლისფერ ალს.

-მარტონი არ ვყოფილვართ, დალიჰარ. – თქვა ანდრეიმ, დაჟინებით შეჰყურებდა იგი შუქურასავით ანთებულ, ოქროსფერ ციალს. – სხვა მოგზაურიც შეუფარებია იგაზან-ლას.

-არ იძვრის ალი. – მიუგო ეირინმა, აუჩქარა ნაბიჯს. – ცეცხლი დაუნთია მას, და ვგონებ, ცხელ წყაროებთან ახლოსაა, რამეთუ მხოლოდღა იქ გამოჰქცევიან კლდის მოზრდილ ნაპრალებს საცეცხლე ხე-ბუჩქნარნი.

მცირდებოდა საცხენე გზა, და იშოლტებოდა მაღლა ბილიკს შემორტყმული, აგრიალებული იგაზან-ლა. ფრთხოდნენ ქურანი და თაფლა, რამეთუ სუსხის ცვარი მოსდებოდა სალ კლდეს, დაჭედილ ფლოქვთა ქვეშ შხრიალებდა და სხლტოდა ხრეში. ფრუტუნებდნენ დამფრთხალი ბედაურნი და საპასუხოდ სვავთა მოახლებული სისინი ეხმაურებოდათ მათ.

ჩაიწვა სახელდახელოდ აბრიალებული ქეჩა და კვლავ წყვდიადი მოედოთ მოგზაურთ, როცა მუშტისხელად იქცა კლდეთა შორის, მომცრო გამოქვაბულში აკიაფებული ციალი, რომელსაც ერთადერთი ლანდი დაჰკანკალებდა გარშემო.

გამალებით გასცქეროდა მას ეირინი, ლაგამს მოხვეული თითები უკრთოდა ბეჩავს, დასუსხული იგაზან-ლას ყინვისაგან, მაგრამ შეუპოვრად მიიწევდა წინ, აბიჯებდა ცვარით გაპოხილ სალ კლდეს და შეუჩერებლად მიათრევდა აფრუტუნებულ თაფლას.

მოახლოვდა ცეცხლი. თბილ საბურველად მოეფინა იგი მეფისწულისა და ერქანთა დიაცის სახეთ, სუნთქვა გაუთბო მათ და ალისფრად ააჩახჩახა ნაპრალთა შორის გამოხეთქილი ხავსი.

კოცონის წინ იდგა ლანდი, და ჰხედავდა მას მეფისწულის მჭრელი თვალი.

იცნო.

-საკვირველად აღიჩინე მოგზაური, დიაცო? – შეჰკითხა მან ანაზდად ერქანთა დიაცს.

-არა. – მოუჭრა მეფისქალმა. – მხოლოდ… ბევრნი არ სტუმრობენ იგაზან-ლას. საკვირველია, რომ ჩვენს გზასთან აღმოჩნდა იგი.

-ნუ გეშინის, დალიჰარ. – ბაგე შეუტოკდა ანდრეის. – რამეთუ ვუწყი, თუ ვინაა იგი.

უმალ მოატრიალა მისკენ მზერა მეფისქალმა. გამყინავი ჰქონდა ფითრისფერი თვალები, ღაწვები სიცივისაკენ ვარდის პირად შეფაკვლოდა. დახეთქილი ბაგე გააპო მან და შეჰკრა წარბი.

-მაშ ვინაა იგი, სრორდელო? – შეჰკითხა მან.

უმზირა მას მეფისწულმა და გამოქვაბულში მოციალე კოცონისაკენ მიაბრუნა თავი, შეაცქერდა ლანდს, რომლის თალხებში გამოხვეული სხეული, ამაყი შუბლი და შევერცხლილი კულულები იკვეთებოდა ყოველი ნაბიჯისას.

-ბიძაა იგი ჩემი. – ჩაილაპარაკა ანდრეიმ, ფეხს აუჩქარა, მაგრად მოჰქაჩა ქურანის ლაგამს.

შედრკა ერქანთა დიაცი. ფითრისფერი მზერა მიაპყრო კოცონთან ძეგლად აღმართულ ლანდს, რომელიც გამჭოლი მზერით შეჰყურებდა მათ.

განსვენებული, ღმერთებთან მიბარებული სრორდის დედოფალი კიდას ძმა, მეფის მრჩეველი გიუნტერი აღმართულიყო მათ თვალწინ, უკაცრიელი იგაზან-ლას ცარიელ გულში. ყინულოვანი ქარი ეხეთქებოდა მის მაღალ-მაღალ, თხელ სხეულს, მაგრამ არც კი კრთოდა იგი.

-ბედაურნი მანდვე დასტოვეთ! – გადმოსძახა ანაზდად გიუნტერმა. – წყაროთაგან წყურვილმოკლულ ბალახს ამოუხეთქავს სალი კლდე… წყლისა და ბალახის სურნელს გაჰყვებიან ისინი და ამოივსებენ ცარიელ მუცელთ, რამეთუ არაქათი გასძვრებოდათ მოგზაურობისას…

არც კი დაფიქრებულან მეფისწული და ერქანთა დიაცი. ხურჯინი ჩამოხსნა ქურანს ანდრეიმ და წამსვე დასტოვეს ბედაურნი. აუყვნენ ხრეშით მოფენილ სალ კლდეს, და ხელი გამოუწოდა დისწულს გიუნტერმა.

მაგრად მოსჭიდა ბიძას თითები ანდრეიმ, შეაცქერდა გამალებით, მოქუფრული.

-რად დასტოვე მეფე შენი, ბიძავ? – შეჰკითხა მან. ბაგე შეუკრთა გიუნტერს, იბრუნა პირი და მიაშურა ცეცხლს, იქვე გაფენილ ლაბადაზე მოირთხა ფეხი და ანიშნა, მოდიო ახლოს.

მის პირდაპირ ჩამოსხდნენ მოგზაურნი, და გამჭრიახი მზერა მოავლო მათ გიუნტერმა.

-ალბათ უწყი, რომ მკვდარი ჰგონიხარ ყველას სრორდში, დისწულო ჩემო. – თქვა მან. – რამეთუ ფრიად გაქნილია თავადი გენრი… მეფობა სწადია უგუნურ ლაჩარს, და ფიქრობს იგი, რომ ღმერთებს მიებარა სული შენი…

არა მიუგო რა მეფისწულმა. ჩასცქეროდა ცეცხლს, ქუში შეჰყროდა მის პირისახეს.

-ბეჭდიანი თითი მოართვა მან მეფე სოლომონს, ღმერთთა ღმერთმა წყალობა მოავლინოს მას! – განაგრძო გიუნტერმა. – ჰოი, არ გიცნობს მამა შენი, ანდრეი… უმალ ირწმუნა ბეჩავმა, რომ მოღალატის ხელით დაეცი, მაშინ, როცა ბრძოლათ ვერ წამოუქცევიხარ. იმ ღამესვე, როგორც კი ღამის მხევლის სიქათქათე მოეფინა წყვდიადს, ერქანთა სამფლობელოსაკენ გამოვეშურე, და ჰოი საოცრებავ! ხუთიოდე მზის თავზე სამიკიტნოში ჩამესმა, თურმე სამხრეთით გამოჩნდაო ზამთართა განმავლობაში უნახავი დალიჰარი! მტრედის ბუმბული ასხიაო თავს და უმშვენიერესიაო პირისახე მისი! – წამსვე ეირინს სტყორცნა მზერა, მაგრამ ცეცხლს ჩასცქეროდა მეფისქალი, არ გასტოკებოდა ძარღვიც კი. – ჩრდილოეთელ, შეძლებულ ვაჭარს ჰყვანსო იგი, და გადაიმტერესო სებიანთა სამფლობელო… გონში გავივლე, ძმადნაფიც ლაქლან ხანს ეახლებაო დისწული ჩემი, და შაარ-ჰაფასაკენ ავიღე გეზი. და აი, ანდრეი… არ შევმცდარვარ.

-რაოდენ გიჭრის გონი, ბიძავ. – მოუჭრა ანდრეიმ. – რად მოხველ?

-მოველ, რამეთუ საღსალამათი დაგაბრუნო ბელთათინს. – მიუგო გიუნტერმა. – სრორდში გადატრიალება მწიფდება, ანდრეი, წყეული გულთმისანი, შაჰაიაქელი ინგენი მოუყვანია თავად გენრის, მამაშენის გაცურება განუზრახავთ მათ, რათა აკურთხოს ბილწი, წყეული…

-რად დასტოვე იგი? – იფეთქა ანდრეიმ, კოცონის მოცეკვავე ალი შეაკრთო მისმა მრისხანე სუნთქვამ. ცეცხლი მოსდებოდა მკერდზე მეფისწულს. – უწყი, თუ რაოდენ მყიფეა გონი მისი…

უცქირა გიუნტერმა, და ღიმილმა გაუპო ბაგე, მერე კი ერქანთა დიაცს შეავლო თვალი.

-მაშ ესაა დალიჰარი შენი… – წაიდუდუნა მან. – რად წამოიყვანე იგი, ანდრეი? ხარჭა იყო იგი შენი თუ მკვლევარი გზისა?

არ შენძრეულა ეირინი, თუმცაღა თვალები გააკვესა. ცეცხლს ჩასცქეროდა იგი გამალებით და მუშტებად შეჰკვროდა კალთაში ხელები.

-ერქანთა მეფისქალია იგი და უწყის ასავალ-დასავალი ამ წყეული მიწებისა. – მოუჭრა ანდრეიმ.

დადუმდა ანაზდად გიუნტერი. შეაცქერდა დისწულს, ღიმილმა გაუპო ბაგე, მერე კი პირი იბრუნა ერქანთა დიაცისაკენ, რომელსაც აეწია მზერა, გამომცდელად შეჰყურებდა ფითრისფერი თვალებით.

-ჰოი, ღმერთებო! – ხელები აღაპყრო და შეჰღაღადა გიუნტერმა ზეცას, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა მის სახეს. – რაოდენ ძლიერია ნება თქვენი! ჰოი, ღმერთებო, რამეთუ განსაცდელი და წყალობა მოგვივლინეთ…

-დაე უბრალონი იყვნენ სიტყვანი შენნი, ბიძავ. – მოიქუფრა მეფისწული. – რამეთუ ვუწყი, რომ გამალებით მალავ სათქმელს ქარაგმების მიღმა.

გიუნტერმა მზერა გაუსწორა მას.

-ამბავს მოგითხრობ, დისწულო. – თქვა მან. – და განსაჯე თავად სათქმელი ჩემი.

ანდრეის შუბლშეკრული პირისახე არარად ჩააგდო მან, და მოჰყვა თხრობას.

-ათასი ზამთრისა და ათასი ზაფხულის, ათასი დღისა და ათასი ღამის მხევლის მიღმა, სანამ დიადი კალისტრატე მძლევარი თავისი ორლესულით დაღვრილი სისხლით მორწყავდა ცის კამარას და ათასობით გულადთა ლეშთაგან იშვებოდა შვიდი სამეფო, უკაცრიელ მინდორთ ერთი ტომი ჰპატრონობდა. გულადი იყო ბელადი მისი, თუმცაღა განვლილ ზამთართა სპეტაკი სუსტი დაჰპატრონებოდა მის თმა-წვერს, კლდის გულიდან გამოჭედილი ორლესულის სიმძიმეს წაეხდინა მარჯვენა მისი, და უთვალავ ბრძოლათა სუნთქვას მოეწამლა სისხლი მისი. მემკვიდრეს ეძიებდა ბელადი, მუხლმაგარსა და გამჭრიახს, ვისაც ძალუძდა დაცვა თვალუწვდენელი მინდვრებისა და მთებისა, სამყაროს კიდეს რომ ემიჯნებოდნენ.

ხუთი მამაცი მეომარი წარსდგა მის წინაშე, შეჰფიცა თითოეულმა, მე ვიქნებიო ღირსეული ბელადი.

გულწრფელნი იყვნენ ყველანი, გარდა ნაბოლარა მეომრისა, რომელიც ღვარძლით იყო აღსავსე, ხარბი გული ჰქონდა და გაქნილი თითები.

ბოროტება განიზრახა გაიძვერამ. განვლო შვიდი მინდორი, შვიდი მდინარე და შვიდი მთა, სალ კლდეში მოსახლე გულთმისანს ეახლა და შესთხოვა, გამომიწოდეო დახმარებისა ხელი და აგავსებო ხვავ-ბარაქით, როცა შევიქნები ბელადად.

გააფრთხილა ბერიკაცმა, ღმერთები ჩამჩურჩულებენ, რომ ინანებო ამას, მაგრამ მეომარს არაფრის გაგება არ ეწადა.

დაჰყაბულდა ბოლოს გულთმისანი და ააფრიალა ბნელი მოსასხამი მისი, ყორნად იქცა და გადაუფრინა სალ კლდესა და ცარცოვან ტრამალს. ბევრი იფრინა თუ ცოტა, ცაში გამოკიდებულ კუნძულს მიაღწია. კუნძული ღრუბელთა შორის შებურულიყო, კაცის თვალით უნახავი ახალგაზრდობის წყარო სდიოდა მას სისხლად, და მწიფე თურინჯის ნაყოფით მიწამდე დაზნექილი ზურმუხტის ხენი ამშვენებდნენ. უმაღლესი კენწერო აშოლტილიყო მაღლა, ცის კამარაზე გაედგა ფესვები და ნაყოფად ვარსკვლავნი ესხა, და მასზე მიებორკათ ჰეიგლშარი, ქალიშვილი სუაგრასა და ღვთაება მიწისა და ცის გასაყარისა. გულზე შემოეყარა გულთმისანს, რამეთუ რასა ჰხედავს! ქალის სახე ჰქონია ჰეიგლშარს, გველის ტანი და ხელებად სვავის ფრთანი ასხია. მეწამული თვალებით ცეცხლს აფრქვევს და ფრთათა აფართხუნებისას ქარბუქი ტყდება მიწაზე.

მწიფე თურინჯი მოსწყვიტა გულთმისანმა და მიართვა ღვთაებას ძღვენად, შესთხოვა, მოავლინეო წყალობა რჩეულ მეომარს.

გააპო ბაგე ჰეიგლშარმა და გადმოსდინდა მიწის მომწამვლელი შხამი.

-მოგკლავდი, რადგან თვალით მიხილე, მიწის კაცო! – შეჰსისინა მან. – მაგრამ ვხედავ, რომ ალალია გული შენი! მისმინე და დაიხსომე… უფრთხოდე გარეულ ტახს, ვარდის კენკრა მიართვი სხვებს და ოქროს თვალს როცა იხილავ, ჩაიჯიბეო.

ერთადერთი ცრემლი დაღვარა ჰეიგლშარმა, რომელიც წამსვე ოქროს თვალად იქცა.

მადლობა შესწირა ბერიკაცმა და გამოფრინდა უკან. ჰპოვა სალ კლდეზე ნაბოლარა და მოუთხრო სიტყვა-სიტყვით ნაამბობი ჰეიგლშარისა, ოქროს თვალი გადასცა.

საკუთარი თვალი გამოიგდო ნაბოლარამ და ღვთაების ნაბოძები ჩაისვა. დალოცა იგი ბერიკაცმა და შესთხოვა არ დაევიწყებინა დაპირება მისი.

ნაბოლარამ, თავის ტომს დაუბრუნდა. მიჰქროდნენ დღენი, მისდევდა დღის მხევალი ღამისას, და ჰეიგლშარის რჩევას არ ივიწყებდა იგი.

ერთ მშვენიერ დღეს ტახზე ნადირობა მოიწადინა ბელადმა, მეომარნი იახლა ამალად. გაჰყოლა ეწადა ნაბოლარას, მაგრამ დარიგება გაახსენდა და დარჩა სახლში.

იმ ღამით ნანადირევი მოათრია ბელადმა. ტახს ეშვებზე ორი მეომარი წამოეგო და სული გაეფრთხობინებინა.

მთვარის თავზე, ნადირობისას ველური ვარდის კენკრა ჰპოვა ნაბოლარამ, ხეთა ტანზე უსურვაზივით შემოჰხვეულიყო იგი. დაკრიფა პირწმინდად და მეომართ მიართვა, მაგრამ პირი არ დააკარა თვითონ.

დაიწამლნენ მეომარნი და დაიხოცნენ.

ბელადად შეიქმნა ნაბოლარა, და ყოველ მზეს ილოცებოდა იგი, ჰეიგლშარს მადლობას შეჰღაღადებდა. მუდამ ესვა ოქროს თვალი და განცხრომით მართავდა თვალუწვდენელ მინდვრებს. გადაავიწყდა თავისი დაპირებაც და სალ კლდეში გამოკეტილი ბერიკაციც.

ელოდა გულთმისანი, ელოდა ნანატრ ხვავსა და ბარაქას, დღითი-დღე გასცქეროდა გზას, მაგრამ არ ჩანდა იგი.

განაწყენდა ბერიკაცი, მრისხანების ცეცხლი მოედო. იქცა ყორნად, შვიდი მინდორი, შვიდი მდინარე და შვიდი მთა გადაჰკვეთა მან. ვიგინდარა ბელადს დააცხრა ის, სანამ იგი ნებივრად ეფიცხებოდა მზეს, და ამოჰკორტნა ჰეიგლშარის მიერ ნაბოძები ოქროს თვალი.

წამსვე საკუთარ შიშსა და ყურისწამღებ ყვირილში ჩაიფერფლა ბელადი, მისი ნაცარტუტა მინდორთ მოსდო ქარმა, და ყოველივე ცოცხალი წალეკა.

ოქროს თვალი ჰეიგლშარს დაუბრუნა გულთმისანმა, მერე კი კვლავ თავის სალ კლდეს დაუბრუნდა, სადაც დალია სული.“

დადუმდა ანაზდად გიუნტერი. ანდრეის შესცქეროდა იგი გამალებით.

მოქუფრულიყო მეფისწული, ნაკვთები მოღრეჯოდა. მრისხანედ შესცქეროდა ბიძას.

და მის გამომეტყველებას ირეკლავდა ერქანთა დიაცი. შეჰღიმა მას გიუნტერმა და უმალ წამოიჭრა ფეხზე ეირინი.

-ვუწყი, რისი თქმაც გწადია, მრჩეველო სრორდისა! – შეჰსისინა მას ეირინმა, დაუძლეველ მრისხანებას აევსო ნაკვთები მისი, თრთოდა მთელი სხეულით, შლეგი იყო ფითრისფერი მზერა მისი. – ჰგონებ, რომ შენს წყეულ ღმერთებთან მიგიყვანს შენი ქილიკი და ამპარტავნობა?!

-არა, ვგონებ რომ სიმართლე გამიკვალავს მათკენ გზას, დიაცო. – მიუგო გიუნტერმა. – ძალგიძს რომ ჩემი სიტყვანი გაიმეორო?

-მე სიცრუით არასოდეს წამიბილწავს ბაგე ჩემი. – მოუჭრა ეირინმა, გამოქვაბულის მოღებული პირისაკენ დაიწია, მონაბერმა ქარმა შეუთრთოლა შალითის ბეწვი და მინავლდა მის სხეულს დადენილი ალის ელფერი, თითქოსდა სიკვდილის ფითრისფერი კოცნით ეამბორაო მას თეთრი ღამე.

კრთოდა იგი, ცეცხლსა და ღამის რუხ სინათლეში განბანული და წარბშეკრული შესცქეროდა მას ანდრეი.

-ვგონებ, რომ არ ძალგიძს შენი ნათქვამისას გულზე წრის გამოსახვა, დიაცო. – თქვა ანაზდად გიუნტერმა.

მთრთოლვარე ბაგე მოკუმა ეირინმა.

ანაზდად იბრუნა მან პირი და გასხლტა გამოქვაბულის პირში, მიაშურა წყვდიადს.

უმალ წამოიჭრა ფეხზე მეფისწული, შეჰღრიალა მან ერქანთა დიაცს, შესდექო მანდვე. ყური არ უგდო ეირინმა, ელვის უსწრაფესად აუყვა კლდეში გამოკვართულ საფეხე ბილიკს.

მისკენ გაიწია გავეშებულმა ანდრეიმ.

-აქ მოდი, დისწულო! – შესძახა გიუნტერმა. – რამეთუ გაგიმხელ საიდუმლოს იმ დიაცისა.

უმზირა მას წამიერად ანდრეიმ, მერე კი კვლავ მიუჯდა ცეცხლს.

-რა უნდა მიამბო, ბიძავ? – შეჰკითხა მან. – რამეთუ ვუწყი, ვინცაა იგი…

-მაგრამ ეჭვი გიღრღნის სხეულს, არა, ანდრეი? – მოუჭრა გიუნტერმა. – იგი არაა ის, ვინც შენ გგონია…

-მაშ ვინ? – გამალებით, გამომცდელად შეაცქერდა ბიძას ანდრეი. დაუძლეველი ცნობისმოყვარეობა ჩასდგომოდა ცეცხლისაგან აპრიალებულ თვალებში. – ვინაა იგი?

-არავინაა, დისწულო. – მიუგო გიუნტერმა. – არავინ. ერქანთა სამფლობელოს დიაცია იგი, მაგრამ ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი არაა სახელი მისი…

გაშრა ანდრეი.

გამტკნარდა იგი, თითქოსდა სუნთქვა მოაკლდა მის ბაგეს, ცეცხლის ალნიც ვეღარ ჰფარავდნენ მის მიტკლისფერ პირისახეს.

შლეგივით გააცეცა თვალნი გაოგნებულმა მეფისწულმა, გამომცდელად შეაცქერდა ბიძას.

-მას… მას სამეფო ნიშნულნი აქვს შუბლზე. – რის ვაივაგლახით ამოთქვა მან. – მაუწყეს, რომ ერქანთა დიაცი შეუპოვრად იბრძოდა თავის მეომართა გვერდით…

-რასა ჰგონებ, ანდრეი, რომ ერქანთა მეფე თავის ერთადერთ ქალიშვილს, მომავალ დედოფალსა და ხალხის იმედს ბრძოლისათვის გასწირავდა? – წარბები დამცინავად აზიდა გიუნტერმა. – ნიშნულნი აქვს შენს დალიჰარს, მაგრამ სამეფონი არ არიან ისინი, თუმცაღა სამეფო კარის საპატიო წევრს ეკუთვნიან…

-იქნებ სცდები! – შეჰღრიალა მეფისწულმა, კრთოდა აღელვებული სხეული მისი. – შენ საიდან უნდა უწყოდე, ბიძავ?

-ვუწყი, რამეთუ ერქანთა სამფლობელოში წლების წინ გავემგზავრე, ანდრეი. – მიუგო გიუნტერმა, თვალები გადაეგლისა, თითქოსდა მოგონებათა ლიბრი მოედოთო მათ. – წლების წინ, როცა ოცდაოთხი ზამთრისა სრულდებოდი შენ, მე ზღვის მარგალიტს, მათ სამფლობელოს ვეწვიე. და ვიხილე ერქანთა დიაცი… ხორბლისფერი კანი და უგრძესი, მუხლამდე ფერფლისფერი თმა ჰქონდა მას… მხოლოდ თექვსმეტი ზამთრისა იყო იგი, მაგრამ უმშვენიერესი… მაშინ მაუწყეს, რომ ამალა ჰყვანსო ერქანთა დიაცს, დიაცნი, რომლებიც მისათვის სულს დალევენ. მათ რიგებს შორის კი ერია ერთი, პირველი მცველი მომავალი დედოფლისა, რომელსაც სახელი არ გააჩნდა… არავინ, რომელიც იმავე ღამეს იშვა, როცა ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი მოევლინა ამ ქვეყანას…

ცეცხლს უმზერდა გიუნტერი. არა თქვა მან მცირე ხნით, თითქოს ითქვამდა სულს.

ფეხზე წამოდგა ანდრეი. სისხლი აუყივლდა გაოგნებულს, ზურგი აქცია ბიძას და მიაშურა ცეცხლის ოქროსფრით დაუმშვენებელ თეთრ ღამეს, დიაცის ფეხთა მიერ განვლილ საფეხე ბილიკს აუყვა.

მშვიდად გასცქეროდა მას გიუნტერი, მწარე ღიმილმა მოუღრიცა ბაგე.

-ჰოი, ღმერთებო… – წაიდუდუნა მან, ცას შეჰღაღადა. – ღმერთთა ღმერთო ალიჰამ, გადმოჰხედე სრორდის მომავალს, რამეთუ ენით აღუწერელი ტანჯვა ელის გზაზე! ვერ ითმენს სული მისი, მიჰყვება თავისავე გამოძახილს…

თავი გადააქნია მჭმუნვარემ, და მიეფიცხა ცეცხლს.

გარეთ კი, მხოლოდღა თეთრი ღამის სინათლე იდგა, რომელსაც ოდნავ შეჰპარვოდა მოახლოებული გარიჟრაჟის მოლოდინი. მის შუქზე მიჰყვებოდა სალი კლდის ბილიკს სულწასული ანდრეი.

გონება ერთიანად აღრეოდა მეფისწულს. ეწადა ეფიქრა, თუმცაღა ფერფლისფერი ფიქრნი უთავბოლო კორიანტელად ტრიალებდნენ, ხელიდან უსხლტებოდნენ.

მის გარშემო, ღამის ცვარისაგან დანამული ქვანი აშრნენ, და ფეხქვეშ იგრძნობოდა მიწის კრთომა, რომელსაც ქვებზე ნახეთქები ცხელი წყარო იწვევდა. ქვანი გაცხელებულიყვნენ, მათი ნაპრალებიდან ხავსსა და ნებივრად მოღაღანე ბალახს ამოეხეთქა.

ბილიკის თავს მიაღწია ანდრეიმ.

მომცრო ცხელი წყარო ჩქეფდა კლდის წვერზე, დასდიოდა შავ ქვებს და მოზრდილ გუბეში ჩაედინებოდა. ოხშივარი ასდიოდა წყაროს, ჰაერში იცრიცებოდნენ ქულები, თითქოსდა ერეოდნენ თეთრ ღამეს, რომელიც აღმოსავლეთით გადაეხლიჩა გარიჟრაჟს, მზის ოქროსფერი მკრთალად ციალებდა ღრუბელთა მიღმა.

გუგუნებდა ანდრეის ფეხქვეშ იგაზან-ლა, თრთოდა და ფეთქავდა, ვითარცა გული მეფისწულისა.  

უმალ დალანდა ანდრეიმ წყაროს ოხშივარში გამოხვეული ფიგურა. ცხელ ქვებზე ჩამომჯდარიყო იგი, მოერთხა ფეხი და მხოლოდ სახვევებითღა შემოსილი გაჰყურებდა ალიონს.

მას მიაშურა ანდრეიმ. შემოიძრო მოსასხამი და დაეშვა დიაცის გვერდით.

ისხდნენ, დადუმებულნი, წყაროს პირას და გასცქეროდნენ, თუ როგორ ჰყრიდა ოქროსფერი სინათლე ნაპერწკლებს ღრუბელთა მიღმა.

სახვევების ქვეშ უღელავდა გულმკერდი დიაცს, მხარზე გადმოეგდო ფერფლისფერი ნაწნავი. ბაგე ეღრიჯებოდა, თითქოსდა ლამობსო რაღაცის თქმას.

-რად მოხველ, სრორდელო ქოფაკო? – შეჰსისინა ბოლოს. – წარვედ აქედან!

-მოველ, რამეთუ შენს გარდა არავის გააჩნია პასუხნი ჩემს კითხვებზე, დალიჰარ. – მოუჭრა ანდრეიმ. – რად მიჰკერებია სიცრუე მუდამ ბაგესა შენსა?

-მაშ გაშალა უკიდეგანო ენა მისი სრორდის მრჩეველმა… – დაცინვით მიუგო დედაკაცმა.

-რად იცრუე, დალიჰარ? – სიტყვა გააწყვეტინა ანდრეიმ. ხმაურობდა გული მისი და წიოკს აეტანა გონება მისი.

-მე არასოდეს მითქვამს სიცრუე, სრორდელო! – დაჰკივლა დიაცმა, გაცეცხლებული ფითრისფერი თვალები გაუსწორა ანდრეის წყვდიადივით მზერას. – მე არასოდეს მითქვამს, რომ ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანის სახელის მატარებელი ვარ! მე გაუწყე კიდეც, რომ არ ვიყავი ის, ვინც გეგონა…

-როდის მაუწყე, დიაცო? – შეჰყვირა გაოგნებულმა ანდრეიმ. – როდის მაუწყე, რამეთუ…

-ბაჰირას კლდოვანი ნაპირი გახსოვს, სრორდელო? – მოუჭრა დედაკაცმა, მრისხანებაჩამდგარმა დაცინვამ მოუღრიჯა ბაგე.

მის წინ, ბედაურზე ამხედრებული დიაცის ხილვამ გაუელვა ანდრეის თვალწინ. გაჰკვეთილი მოსართავი, ქვა-ღორღით მოფენილ ნაპირზე დანარცხებული ტყვე და მის ბაგეთაგან სიტყვებად დადენილი შხამი იხილა მან.

დადუმდა მეფისწული. უცქირა ალიონს.

მეწამული მზე ამოიწვერა კლდეთა და მთათა მიღმა, თეთრი ღამის საფარველი გახლიჩა, ალისფერი სინათლე მოჰფინა შემოგარენს. გადაჰყურებდნენ ცხელ წყაროსთან მსხდარნი, თუ როგორ იძვროდა კლდეთა შორის ჩაფენილი სპეტაკი ნისლი, აქაფებული ზღვასავით იდგა იგი, თითქოსდა მთათა გაგუდვას ლამობდა. იწევდა დღის მხევალი და ცეცხლი ეკიდებოდათ კლდეთა წვერებს, მისი გრილი, შორეული სითბო მოედო მეფისწულის პირისახეს.

მზერა გაატრიალა მან.

და დიაცის ფითრისფერ თვალებს წააწყდა.

შუბლშეკრული შემოჰყურებდა იგი, მაგრამ აღუწერელი სევდა ჩასდგომოდა მზერაში, მრისხანება და მოლოდინი.

ახლაღა შენიშნა მეფისწულმა, რომ შიშველ მხრებზე მას უთვალავ მზის ამბორად დაჰყროდა ჭორფლი. ფითრისფერ თვალებს ოქროსფერი მტვერი ერიათ და ოხშივარისაგან ასწითლებოდა ღაწვები დიაცს.

-შეურაცხგყვეს, სრორდელო ქოფაკო? – თქვა მან ანაზდად. – ჰგონებ, როგორ გამაცურესო ასე? ნუ გეშინის, რამეთუ ბევრნი…

-ვუწყი, თუ რატომ გააკეთე ეს. – მოუჭრა ანდრეიმ. – ეს გააკეთე, რათა დაგეცვა მეფე შენი, დედოფალი შენი, მიწა შენი…

დადუმებულიყო დიაცი და შესცქეროდა, თითქოს პირველად იხილაო პირისახე მისი.

-ვინა ხარ, დალიჰარ? – შეჰკითხა ანდრეიმ და უმალ აღირია ფითრისფერ თვალებში ჩადგმული მტვერი.

-მე სახელი არ მაქვს, სრორდელო. – მიუგო დიაცმა, წუხილი მოერია მრისხანებას მის თვალებში. – ცოდვად მშობა დედამ ჩემმა, რამეთუ ღვთაების წყალობა წარვტაცე ჭეშმარიტ დედოფალს მისი მიწად მოვლენის ღამეს… მე მუდამ ფარი და მახვილი ვიყავი მისი, მისი შემცვლელი, მისი სარკე…

-მაშ რას გეძახდნენ, დიაცო? – შეჰკითხა მეფისწულმა. ჩურჩულით გაიცრიცა ხმა მისი ცხელი წყაროს ოხშივარში, ამომავალი მზის სიწითლესა და სალი კლდის ხმაურიან სუნთქვაში. აგუგუნდა იგაზან-ლა, თითქოსდა ეხმაურებოდა იგი მეფისწულის სიტყვებს, და გამალებით, ცხელი სისხლის ფეთქვით ელოდა უსახელო დიაცის პასუხს.

-ზაჰრას. – თქვა დიაცმა.

ცა გახლიჩა მეწამულმა მზემ, მონაბერმა ქარმა გაჰყარა ღრუბელნი, და ოქროსფრად დაფერილი იასამანი მოედო ცის კამარას. თითქოს ვარდის ფურცლები ჩაჰყარესო ზღვაში, ვარდის პირისფერმა დაჰბურა მთათა შორის გაწოლილი ნისლი.

-ზაჰრა. – წარსკდა ანდრეის ბაგეს. – ზაჰრა, ზაჰრა…

შესცქეროდა დიაცი. ჰხედავდა იგი, თუ როგორ ღვიოდა მეწამული დღის მხევალი ანდრეის ბნელ თვალებში, მონაბერი სიო უკრთობდა გრძელ, შავ კულულებს.

ათრთოლდა დიაცის ბაგესთან ჰაერი.

ცემდა მძლავრად გული სამკერდე სახვევთა მიღმა.

ზაჰრას უმზერდა ანდრეი.

გარინდულიყო იგაზან-ლა მათ ფეხქვეშ, თითქოსდა მათი ძვრა არ სწადიაო.

დღის მხევალი თრთოდა ცხელ წყაროს ოხშივარში და მოჰფენოდა არე-მარეს ალისფრად აკივლებული გარიჟრაჟი.

.

.

.

-*-*-*-17-*-*-*-

თვალწარმტაცი იყო იგაზან-ლა.

ღია ცის ქვეშ გადახსნილ გულად ფეთქავდა იგი, გრიალი გაუდიოდათ მის წიაღში მოგუგუნე ქაფქაფა წყაროებს. გარიჟრაჟის სიმღერას გაჰკიოდა კლდეთა ნაპრალთაგან ამოხეთქილი ყორანთა ურდო, მათ ზანტად ეპასუხებოდნენ სვავნი და მსხვერპლის მოლოდინში ლაღად დასტრიალებდნენ სალ კლდეს, მოთმინებით აღვსილიყვნენ მათი სიხარბით გათანგული სხეულნი. ცოცხლობდა იგაზან-ლა, იძვროდა, და ჩრდილოეთით სხეული მისი იპობოდა ორად, თითქოსდა მკლავთ შლისო, რათა ეშვა უწყლო მიწათა სასიცოცხლო ძარღვი, დიადი ბრურგი, რომელიც დაუდგრომელი წყლის გრგვინვით მიემართებოდა სრორდისაკენ.

ამოდიოდა მზის მხევალი და მისი ალისფერი უთვალავ მეომართა დაღვრილ სისხლად ედებოდა ცის კამარას. ჰბერავდა ქარი, ვითარცა შამბნარში გახვეული ცბიერი მელა, დაძრწოდა იგი ცაზე და მონარჩენ თეთრ ღამეს მიერეკებოდა ულმობლად თვალსაწიერის მიღმა. მისი სუსხით მოსილი მახვილით იხლიჩებოდა ღრუბელთა საფარი, გაცრეცილ ნაპრალთა შორის გამოეხეთქა მეწამულ სინათლეს, რომელიც იასამნისფერ ნისლად ჩაწოლილიყო მთათა და კლდეთა შორის, და ქვათა დასუსხულ გვერდებს ჰფერავდა ოქროს ბრწყინვალებით. მკრთალად ღვიოდნენ ცის კაბადონზე გაბნეული ვარსკვლავნი, თუმცაღა ღრუბელთა საფარველის მიღმა ახლად გამოჩენილნი მალევე ინთქებოდნენ მზის მხევლის სწორუპოვარ ციალში.

აღელვებული, ოქროსფერი მტვერი ცხელი წყაროს ოხშივარში გამოხვეული დიაცის თვალებში ცურავდა ნებივრად. მკერდი უღელავდა ზაჰრას, ნაწნავს გამოჰქცეული დალალი დაეცვარათ ორთქლთა ქულებს. მჭმუნვარე აღარ იყო წარბი დიაცისა, მყისიერ შვებას მოეცვა იგი, თითქოსდა მის გონსაც დაჰბერაო ულმობელმა ქარმა, წარსტაცა ავდრის ღრუბელი.

სრორდელს შესცქეროდა იგი. მისკენ მოეპყრა მზერა ანდრეის, ჩვეულებრივ ჩრდილოეთის ფერმკრთალი, მზემიუკარებელი პირისახე წითლად აეფორაჯებინა სიცხეს. მზეს ირეკლავდნენ მისი მუქი, თითქოსდა წყვდიადჩამდგარი თვალები.

ახალგაზრდული სიფიცხე და თავქარიანობა მუდამ თან სდევდა ჩრდილოეთელს, თუმცაღა უმზერდა მას დიაცი, უმზერდა ვითარცა სიმწიფეში ფეხშემდგარ მამაკაცს. განიერი იყო მხარი მისი, შავი ტყავის ტუნიკაში გამოკვართული, ნაპერწკლებს აკვესებდნენ მისი ბნელი თვალნი, წყვდიადის უკიდეგანო, დამჩრდილავ, ყოველივეს ჩამთრევ უფსკრულს ჩამოჰგავდნენ. ასეთივე უფსკრულის ფერად შეფერილიყო თმა-წვერი მისი, რომელთა შორის ფერმკრთალ, თლილ მარმარილოდ მოსჩანდა მეფისწულის პირისახე. იგაზან-ლას უკიდეგანო სივრცეშიც კი ბუმბერაზად სჩანდა იგი, თითქოსდა ცის კამარას შეჰკიოდა ვოლფრამთა სისხლი მისი, ყოველივეს ყურადღებას იპყრობდა, მბრძანებლობდა და მეფობდა მათზე.

უფრო მძლავრად აძგერდა გული მის სახვევთა მიღმა. აღელდა მის თვალებში ჩამდგარი ოკეანე და ათრთოლდა მხრებზე დაყრილი მზის ამბორი.

შესცქეროდა ანდრეი მას დაუსრულებლად და დღის მხევლის სხივთა ალისფერი ძაფი იჭიმებოდა, ცახცახებდა და მათ შორის იფერებოდა ვარდისა პირით.

ანაზდად იბრუნა პირი ზაჰრამ, მზერა მოსწყვიტა მეფისწულს. თვალს სჭრიდა მეფისწულის ნაკვთებზე არეკლილი სხივთა კონა.

გამწყდარიყო ალისფერი ძაფი, მხოლოდღა მის მიერ დანატოვარი ნაპერწკალნი მოსდებოდნენ ქაფქაფა წყაროს სიცხით გაჯერებულ ჰაერს, მაგრამ თვალს არ აცილებდა დიაცს ანდრეი.

-შენი დედოფალი სადაა, დალიჰარ? – შეჰკითხა ანაზდად მეფისწულმა. – მაშ სიცრუე წასკდა ჩემი მაცნეს ბაგეთ, როცა მომახსენა, მედგრად აღმართულაო ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი თავის მეომართა გვერდით?

-იგი გული, მზე და მთვარეა ხალხთა, მათი ჭკვა და ენა, მათი იმედი… – მოუჭრა ზაჰრამ. – რად გეგონა, რომ ერქანთა სიამაყე მომავალ დედოფალს გასწირავდა სასიკვდილოდ?

– შენ იკისრე საბრძოლველი მისი, დიაცო. – მიუგო ანდრეიმ. – რად ინება ასე მეფისქალმა? რად ინება გაწირვა შენი?

აფორაჯდა დიაცი. სისხლი მოაწვა, ნაკვთები დაეღრიჯა ბეჩავს, ოქროს მტვერი თითქოსდა კორიანტელად ჰქროდა მის ფითრისფერ მზერაში.

-იგი ერქანთა სისხლის მატარებელია, ერთადერთი მემკვიდრე მეფისა! – შეჰსისინა მან. – მე მხოლოდღა მცველი ვარ მისი, მსახური და მდაბალი მონა, სრორდელო…

-რაოდენ საკვირველია, დალიჰარ, რამეთუ შესაშურია სიამაყე შენი, თუმცაღა მალ-მალე უსასრულო თვითგვემაც გამოსჭვივის მასში! – მშვიდად მიუგო მეფისწულმა.

აღარა უთხრა რა ზაჰრამ. პირი იბრუნა მისგან, კლდეთა შორის ჩაწოლილ ნისლს მიაპყრო თვალი.

– ვუწყი, ამ ყოველივეში რად ისვრი ხელსა და გონს, დიაცო. – თქვა ანაზდად ანდრეიმ, გამალებით შეჰყურებდა იგი ზაჰრას დახრილ მზერას, იგაზან-ლას სალი კლდის წყვდიადზე დაფენილ, ოქროს ძაფებივით მბზინვარე წამწამებს. – რამეთუ არ გაგაჩნია სურვილი სიცოცხლისა… რამეთუ ვერ ჰხედავ მომავალსა შენსა შენს წარსულში, ამიტომ დაუსრულებლივ იქმ იმას, რაც კი შენთვის უსწავლებიათ, რაოდენ ბილწიც არ უნდა იყოს…

-ხმა გაკმინდე, სრორდელო ქოფაკო! – შეუყვირა დიაცმა. თრთოდა ფითრისფერი მზერა მისი. – უწყი, რომ მხევალი ვარ ჩემი ქვეყნისა, ჩემი დედოფლისა, ჩემი მიწისა…

-მაგრამ არა უწყი რა, თუ ვინა ხარ, დალიჰარ. – მოუჭრა ანდრეიმ.

ბაგე უცახცახებდა დიაცს. შეჰყურებდა მეფისწულს, თითქოსდა პირველად იხილაო იგი.

-მე არავინ ვარ, სრორდელო. – თქვა ბოლოს, მის ბაგესთან თრთოდა ჰაერი. – არავინ.

-გეშინის, დიაცო. – უთხრა მეფისწულმა. – გეშინის, რამეთუ ვერ ჰპოვე თავი შენი. ბევრი გინახავს, მთა და ბარი, ზღვა და მიწა, ზეცა და უფსკრული, თუმცაღა შენივე გონის სიღრმეებს ვერ მიაწვდინე ხელი…

-და შენა, სრორდელო ქოფაკო? – შეჰკითხა ზაჰრამ, ცეცხლი მოედო მის პირისახეს და ფითრისფერი თვალები დაუბრიალა მის დამაქცევარს. – შენ უწყი სიღრმენი გონებისა შენისა? რამეთუ გაკაფულ, ვარდითა და ქათქათა ფარჩით მოფენილ გზაზე გივლია მხოლოდ…

-რასა ჰხედავ გარშემო, დალიჰარ, ნუთუ ვარდით მოუფენიათ ჩემს ქვეშემრდომთ უკიდეგანო მინდორნი ჩემს წინაშე? – იგაზან-ლას პირქუში, დღის მხევლის წინაშეც კი წყვდიადით შებურული სალი კლდისაკენ გაიშვირა მკლავი ანდრეიმ. – ნუთუ ბრძოლანი ჩემნი ქათქათა ფარჩაზე როკვას ჩამოჰგავდა? მეც გამისვრია ხელი, დიაცო, მეც დავცემულვარ, მეც დამდენია სისხლი…

-მაგრამ უწყოდი ყოველთვის, რომ მეფე იქნებოდი, სრორდელო. – მოუჭრა ზაჰრამ. – იმ წამს, როცა მოჰკალ ჭეშმარიტი მემკვიდრე და შენს ბილწ ხელთ სისხლი დაედინათ მისი…

ნაკვთები დაეღრიჯა მეფისწულს. ნაპერწკლებს ჰყრიდა იგი, თითქოსდა ცეცხლი მოეკიდა მკერდზე.

-ჭეშმარიტი მემკვიდრე! – შეჰყვირა მან, თვალებში სისხლი მოსწოლოდა, გაშმაგებული შეჰყურებდა დიაცს. – ნუთუ ხუთ ბალღთაგან პირველობა სახელმწიფო საქმეებში სწაფავს ხელს? მაუწყე, დიაცო, ნუთუ არ გინახავს უღირსნი, რომელთა წოდება მყიფე და ფუჭია, ვითარცა ოხშივარი ქარიშხალში?!

-ცრუი, სრორდელო. – მიუგო ზაჰრამ, იქედნურად შეჰყურებდა. – ნაღველს, მარტოობასა და უსასრულო წუხილს ჩაუჭიდია შენი ბილწი, სისხლდადენილი სულისათვის კლანჭები… ძლიერია მათი ხელნი, რამეთუ ვერ იცილებ მათ, და ყოველთვის, როცა ბაგეს სუნთქვა გდინდება, მათ ებრძვი, სრორდელო.

არა უთხრა რა მეფისწულმა. ნესტოები დაჰბერვოდა, შეჰყურებდა გავეშებული.

მხოლოდღა იბრუნა პირი და წამოდგა ფეხზე. ოხშივარი ქულებად ასდიოდა იგაზან-ლას მცხუნვარე გულში გამთბარ წყაროს, სასიამოვნო სითბოში გახვეულიყო. შორს, თვალსაწიერის მიღმა, ღამე იბრუნებდა პირს და მისცემოდა ძილს, სანამ დღის მხევლის მხურვალე შუქი ფეთქავდა  მთათა და სალ კლდეთა შორს.

მცირე ხნით დააცქერდა გარიჟრაჟისაკენ მაცქერალ დიაცს ანდრეი. არც კი იძვროდა იგი, თითქოსდა შეერწყაო სალ კლდეს. მხოლოდღა იგაზან-ლას წიაღიდან მონაბერი, თბილი სიოსაგან უთრთოდა მკერდზე გადაგდებულ სქელ ნაწნავს შუბლთან გამოჰქცეული ფერფლისფერი თმის დალალი, და ოდნავ კრთოდა მის მხართ მიმოყრილი ამბორი მზისა.

იგრძნო მისი მზერა დიაცმა, მისკენ იბრუნა პირი და შეაცქერდა დაჟინებით. გედისებრი, მაღალი ჰქონდა ყელ-კისერი, ოხშივარის ქულები ცახცახებდნენ მის ბაგესთან. აღელვებული ოქროსფერი მტვრით აღსავსე თვალებით მოავლო მზერა მის ნაკვთებს.

სალ კლდეზე ოსტატის ხელით გამოძერწილ ქანდაკს ჩამოჰგავდა იგი.

გახევდა ანდრეი. შეზარა საკუთარ გონებაში გამოკვეთილმა ზმანებამ დიაცისა. იბრუნა პირი, დღის მხევალს აქცია ზურგი. მოსასხამი აიტაცა და ჯიქურ მიაშურა კლდის ნახეთქში ჩაძირულ ბილიკს.

ზურგზე, თითქოსდა წანდელი აღუმართავთო ბეჭთა შორის ჩასაცემად, გრძნობდა იგი დიაცის მზერას, სანამ მის თვალთახედვიდან არ დაჰფარა იგაზან-ლამ.

მომცრო იყო ბილიკი, თუმცაღა, როცა კლდის ნაპრალში შეაბიჯა ანდრეიმ, სუნთქავდა მძიმედ, თითქოსდა უსასრულოდ, თვალსაწიერის მიღმა გადაჭიმული გზა დაჰფარაო. დაეშვა იგი ცეცხლის გვერდით, ფეხი მოირთხა და გავეშებით ჩააცქერდა მოტკაცუნე ალს, ხარბად რომ შთანთქავდა შეშას.

იჭვნეულად, ნიშნისმოგებით შეჰყურებდა ბიძა დისწულს.

-მაშა? – შეჰკითხა გიუნტერმა. დისწულს გამჭრიახი თვალებით დაჰყურებდა. – გაუწყა ყოველივე ბაჰირელმა დიაცმა, ანდრეი? შეიტყვე, რისი ცოდნის წადილსაც შეეპყრო გული შენი?

-მხოლოდღა ის ვუწყი, რომ მარცხი ვიწვნიე, ბიძავ. – კბილთა შორის გამოსცრა ანდრეიმ, დაცვარულ შუბლზე შეივლო ხელი. რაოდენ მძლავრად სცემდა გული მისი, გაივლო გონში მეფისწულმა, რაოდენ მოსწოლოდა სხეულსა მისსა ცვარი აღელვებისა. – ღმერთთა ღმერთს ალიჰას ვფიცავ, ნუთუ სუაგრასა და ნიჰიდას წყვდიადით მოცული საბურველის ქვეშ მოვექეცი? არავინაა იგი, მხოლოდღა მცველი, ერთი უბრალო მსახური ერქანთა სამეფო კარზე…

-ნუთუ მისი ჭკვა, მშვენიერება და სიმამაცე მხოლოდღა მცველისა და მსახურის წოდებას შეჰფერის? – თქვა ანაზდად გიუნტერმა და უმალ მიიპყრო დისწულის შმაგი მზერა.

-ბიძავ! – შესძახა მეფისწულმა, მოეღრიჯა ნაკვთები და დაეღარა პირისახე. – რასაა რომ გაიძახი! სიძვისა ელფერი მოსხმია მის თავს და ისე იბრძვის, ვითარცა მამაკაცი, რასაც ვერცერთი კდემამოსილი, ღვთისმოსილი დედაკაცი ვერ შეჰბედავდა მოწყალე ღმერთებს! სიცრუე აჰკვრია მის ბაგეს, უსასრულოდ გადაჭიმულან ცოდვანი მისნი!

თავი აღმართა გიუნტერმა. გამჭოლი მუქი თვალებით გადმოჰხედა, დაცინვა ეხატა მზერაში და სისხლი მოაწვა ანდრეის პირისახეს. ვითარცა იგაზან-ლა, დაუოკებლად ფეთქავდა გული მისი გულმკერდის გალიაში, ეხეთქებოდა კედლებს, თითქოსდა გამოხეთქვა სწადიაო.

-დიდი განსაცდელი გამოგივლია, დისწულო. – თქვა ანაზდად ბიძამ, ტოტით უბრუნა გვერდი ალის ამბორში გამოხვეულ შეშებს. – ვინ იყო იგი, ვინც ღალატი შეჰბედა სრორდს? ვინ სცადა მოკვდინება შენი?

არ ეამა ბანზე აგდებული სიტყვა მეფისწულს, მაგრამ არა უთხრა რა.

-წყეული ატავესი, სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ მისი ბილწი ლეში! – თქვა მან ბოლოს. – თუმცაღა ვუწყი, რომ მარტო არ იყო იგი. ვგონებ, წყეულმა თავადმა უალდჰარისა გაუწოდა ხელი დახმარებისა… ტევრიდან მაძგერეს ისარნი, და ავლატის მთებიდან დადენილ ზვირთში მიკრა თავი წყეულმა მოღალატემ, ეშმაკმა დალახვროს! ყელს გამოვჭრი, როგორც კი ვიხილავ მას, მარჯვენას მოვკვეთ და კოლტს მივუყრი მის ნარჩენთ, რათა ჭუჭყს შეერიოს და ჭუჭყში დაინთქას…

– ისკერიის თავადი ატავესი… – წაილაპარაკა გიუნტერმა. – ვითარცა ისკერია განშორებია ბელთათინს უთვალავი ყივილის სავალით, ისე განრიდებოდა მუდამ წადილთ სამეფო კარისა თავადი ატავესი! ვუწყოდი, რომ ნდობა მისდამი უგუნურება იქნებოდა, მეტადრე სარდლობა მისი შენს გვერდით, თუმცაღა გაქნილია იგი, პირფერი და სასტიკი… ჰგონებს, რომ მოგკლა, წამოგაქცია სამუდამოდ, თუმცაღა შენი ფეხის მტვრად იქცევა, დისწულო.

– რასა იქმს წყეული უალდჰარის თავადი? – შეჰკითხა ანდრეიმ. – ჰოი, ოქროს ბრწყინვალება რაოდენ აბნელებს ერთგულებას! ვგონებ, ულოიდის, ისკერიისა და თუქლექის თავადნი მხარს აუბამენ მას, რამეთუ მყიფეა მათი კავშირი სამეფო კართან, მუდამ მოწინააღმდეგე ძალად ევლინებოდნენ მამასა ჩემსა… ახლადმოსულ ძალაუფლებას მიელაქუცებიან წყეული მოღალატენი, რათა ფეხი მოიკიდონ!

-ვრუასალის თავადის ქალიშვილი ჰყვანდა გენრის ცოლად, მან მეორე ვაჟი გაუჩინა. – თქვა გიუნტერმა. – იგი სამეფო დარბაზს დახარბებული კაცია, უალდჰარის თავადს გაუწოდებს დახმარების ხელს.

-სუაგრა და ნიჰიდა მოევლინონ მათ მფარველად, მათ სახლებში ჩამოსდგან ბილწი ფეხნი მათნი, გაუწყვიტონ პირუტყვი, დაულპონ სახლ-კარი და დაუშრონ რუ… – კბილნი გააშიშვლა მეფისწულმა. – უწყის კი დარბაზმა, თუ რაოდენ დიდი გადატრიალება ელის სრორდს? უწყიან მათ, რომ უალდჰარის წყეული სული დასტრიალებს ბელთათინს?

-ვგონებ, ივლადალისა და ფარვუდის განსწავლულნი თავადნი ხვდებიან, თუ რა სენი მოედო ბელთათინის სამეფო კარს, როცა ვოლფრამთა სასახლეს ეწვია თავადი გენრის ამპარტავნობა! – შეჰღიმა დისწულს გიუნტერმა. – ნეტავ გეხილა, ანდრეი, თუ როგორ მოაგელვებდა იგი ოქროს ძარღვითა და პატიოსანი თვლებით მოვარაყებულ ეტლს, როგორ გაჰკიოდნენ მისი თანმხლებნი, თვით დიადი თავადი გენრი, პატრონი უალდჰარისა მოემართებაო!

-თავბედს ვაწყევლინებ, თვალთ დავთხრი და მარჯვენას მოვკვეთ, მერე კი მის ლეშს სალაფავად მივუგდებ პირუტყვს, რამეთუ ვეღარ ჰპოვოს ბილწმა სულმა მისმა ღმერთებისაკენ მიმავალი გზა… – აბობოქრდა მეფისწული. შესცქეროდა მას ბიძა, დაუფარავ ცნობისმოყვარეობასა და აღტკინებას შეებურა მის მზერაში ათამაშებული ნაპერწკალნი.

-როგორც კი ვაუწყებთ სრულიად სრორდს, რომ მათ ჭეშმარიტ მეფეს კვლავ უდგას სული, ვგონებ, ლაჩარნი კვლავ ლაჩრებად დარჩებიან, დისწულო, ვერ შეჰბედავენ ღმერთებს შეურაცხყოფას, რამეთუ მათ ინებეს, მათ გაკურთხეს სრორდის ტახტზე აღსასვლელად. – თქვა გიუნტერმა. – სრორდი ფართოდ გაშლის თავის მკლავებს შენს შესახვედრად, ანდრეი, რამეთუ მისი გული, სიძლიერე და ჭკვა ხარ.

შეაცქერდა ბიძას ანდრეი მცირე ხნით, და სალი კლდის ნაპრალში შემოღვრილ სინათლეს მიაპყრო მზერა.

-ბერეხის ციხეს მივაშურებ. – თქვა მან. – მიუწვდომელია იგი, მაგრამ მახვილი ვითარცა თვალი ქორისა… ფჰეიმის, ბრილლესა და უბრეინის ქალაქნი მყარად დგანან, რამეთუ ბელთათინის გარშემო შემოურტყამთ წრე… ვგონებ, მათი თავადნი გულუხვად მიიღებენ მემკვიდრეს სრორდისა…

-ნუ გეშინის, დისწულო, რამეთუ შენ გიწერია მეფობა სრორდისა და არა თვითმარქვიათ, რაოდენ მდიდარნი და ძალაუფლებით აღჭურვილნი არ უნდა იყვნენ ისინი, ვითარცა თავადი გენრი! – მიუგო გიუნტერმა.

-მე ვარსკვლავებისა არ მჯერა, ბიძავ. – მიუგო ანდრეიმ. – ღმერთებმა შემიწყალონ, რამეთუ არ ჩამესმის მათ მიერ ჩემდამი მოვლენილი სიტყვანი… ისღა ვუწყი, რომ მყიფეა ბედისწერა ჩვენი.

-მყიფე, დისწულო? – ჩაეღიმა გიუნტერს, ბაგეს ალისფერი ჩრდილი აუთამაშდა ცეცხლისა. – ვგონებ, რომ ერთადერთია ბედისწერა ჩვენი, რაც გარდაუვალია.

დადუმდა ანდრეი, თითქოს სიტყვათ ეძიებსო, თუმცაღა არ დასცალდა მეფისწულს მათი ამოთქმა. ჩუმმა ნაბიჯებმა და მომავალი სხეულის გარშემო გამოხეთქილმა სიომ შეარხიეს კოცონის ალნი. შემოაბიჯა ბაჰირელმა დიაცმა, და შემოიტანა ცხელი წყაროს ოხშივარით შემოსილი სურნელი სალი კლდისა, რომელსაც მალ-მალე სტაცებდა სხეულიდან მოტკარცალე ცეცხლი და სისხამ დილას აყოლილი ანცი სიო.

დადუმდნენ კაცნი, შესცქეროდნენ, თუ როგორ მიწვა იგი სალი კლდის პირას, მათგან პირი იბრუნა, ფითრისფერი თვალნი არ მოაპყრო მათ. ალისფერად დაუფერა ცეცხლმა ჩალისფერ მოსასხამზე გადაშლილი, ფერფლისფერი ნაწნავი.

იგრძნო გიუნტერის მზერა ანდრეიმ და აარიდა დიაცს თვალი, მოუტრიალდა ბიძას. არა უთხრა რა გიუნტერმა, თუმცაღა ოდნავი ღიმილი, ბაგეს რომ უპობდა, მრავლისმეტყველი გახლდათ. ნაკვთები მოეღრიჯა მეფისწულს და გამალებით ჩააცქერდა კოცონს, ლაღად რომ ტკარცალებდა, გარიჟრაჟის სუსხსა და სალი კლდის ნახეთქში ჩამოწოლილ სიბნელეს შეჭიდებული.

შეისვენეს იმ დღე-ღამით. გიუნტერის თქმით, ვრცელი იყო იგაზან-ლა, თვალუწვდენელი იყო სხეული მისი, ვითარცა მიწასა და ხეთა ტევრში ჩაძირული, ნებივრად გადაწოლილი მხეცი. თუმცაღა, თუკი დასავლეთისაკენ აიღებდნენ გეზს და ბრურგის სათავის ახლომახლოს მიაშურებდნენ, ქროუსალის ტყეს დაადგებოდნენ თავს. მარადმწვანე, ბუმბერაზ ნაძვთა და ფიჭვთა გაუვალი ტევრი იყო იგი, გაეხლიჩა უდრეკი სალი კლდე და უკითხავად შეჭრილიყო იგაზან-ლას სხეულში, ვითარცა მეტოქის მკერდში მახვილი ჩასცესო. ტყის მიღმა უწყლო ჩრდილოეთის გამხმარი, მზის გულის ქვეშ დახეთქილი ოქროსფერი მიწა გადაშლილიყო, თუმცაღა მალე მის თავს მოწოლილი მეთორმეტე მთვარე დაჰფერავდა სპეტაკი საფარველით. ეფიქრებოდა მეფისწულს, რომ ქათქათა ცის კაბადონისა და ყინვისაგან დამდგარი ჰაერის ქვეშ უნდა ეწვნიათ შორეული მგზავრობა.

იმ ღამით ღვთაების წინაშე ილოცა ბაჰირელმა დიაცმა. შეჰყურებდა მას ცეცხლის პირას მიწოლილი ანდრეი, თუ როგორ იდგა იგი სალი კლდის პირას, მხოლოდღა თეთრი ღამის, იგაზან-ლას სულისშემხუთველი წყვდიადისა და კოცონის ალისფერ ამბორში გამოხვეულიყო იგი. მუხლმოდრეკილი, ზეცისაკენ ხელაპყრობილი შეჰღაღადებდა თავის ღვთაებას, თითქოსდა ლოცვით შეპყრობილი ირწეოდა მთელი სხეულით.

აზვირთებულ, ყოველივე მომხდარისაგან აღელვებულ სულს იმშვიდებდა ზაჰრა. ფეხი მოერთხა და როკავდა იგი, შუბლს აბჯენდა ცივ კლდეს, პატიებასა და გზის გაკვლევას შესთხოვდა ღვთაებას, მომივლინეო შენი ძუძუმტე ყორანი, რათა დაჰბეროსო მისი დიადი ფრთებიდან წყალობის ქარმა.

ნამგალა მთვარის სინათლეს მცირე ჟამით გაეპო ცის კამარის თეთრი საბურველი, როცა კლდის ნახეთქის პირთან მიწვა იგი, თავის ჩალისფერ მოსასხამში გამოხვეული, მოკაკვული, თითქოსდა საკუთარ გულს იხუტებსო მკერდში. ზურგს უწვავდა ნებივრად ატკარცალებული ცეცხლისა და მისკენ დაუღალავად მომართული მზერის სიმხურვალე.

გარიჟრაჟისას შეკაზმეს ბედაურნი და დაადგნენ ცალფეხა, ხრეშითა და სალი კლდით მოფენილ გზას, იგაზან-ლას სხეულში ძარღვად რომ მიიკლაკნებოდა.

თითქოსდა გაუფატრავთო თეთრი ღამე, მისი მღვრიე სისხლი დასდიოდა ცის კამარას, დღის მხევლის მხურვალებას ვერ ჩამოერეცხა იგი. სიცივე მოსწოლოდა სალ კლდეს, დაუდგრომელი და ნაპრალთა შორის ნებივრად მოღრიალე, კანტიკუნტად ამოხეთქილ, გამხმარ ხესა თუ ბალახს ჰგლეჯდა იგი და ტანს შემოჰხვეოდა დაუპატიჟებელ მოგზაურთ, თითქოსდა ჩაჰკიოდა ყურში, განერიდეთო ჩემს მიწას. მის კივილს გუგუნით ეხმაურებოდა იგაზან-ლა, რომლის ცხელი სისხლის ჩქეფა ათრთოლებდა უძრავ კლდეს. თითქოსდა დაუსრულებლად გადაჭიმულიყო იგი, თვალსაწიერს კი პირქუში კლდე ჰფარავდა მუდამ.

ორი მზე განვლეს მოგზაურთ, შეუსვენებლად მიისწრაფვოდნენ წინ, როცა დღის მხევლის სხივნი მოჰფენოდნენ მიწას ღრუბელთა მუდმივი საფარველის მიღმა, და ისვენებდნენ მცირეოდენ, როცა თეთრი ღამე ანათებდა იგაზან-ლას ყოვლისმომცველ, სულისშემხუთველ წყვდიადს.

ვითარცა სალ კლდის თაღად აღმართულ ცის კამარას, ქუში მოსწოლოდა ბაჰირელი დიაცის გუნებას. თაფლაზე ამხედრებული, ანდრეის გვერდით ტაატით მიდიოდა იგი, და მხოლოდღა ღვთაებისადმი შეჰღაღადებისას იპობოდნენ ბაგენი მისნი. ღელავდა მის ფითრისფერ თვალებში ოქროსფერი მტვერი და კვლავ შეუპოვარი იყო თითოეული ნაკვთი მისი, თუმცაღა პირქუში, მრისხანებანარევი სევდა გამოსჭვიოდა მისი მზერიდან.

მალ-მალე შესცქეროდა მას ანდრეი, და მათ გადმოჰხედავდა გიუნტერი, მოავლებდა იჭვნეულ, მრავლისმთქმელ თვალს, მერე კი კვლავ გაჰყურებდა თვალსაწიერს, ნისლსა და კლდეს რომ დაეფარათ.

მეორე მზე ინავლებოდა და სპეტაკი თოვლის სურნელი მოეტანა სუსხით გაჯერებულ ქარს, როცა გავაკდა კლდე, ჰაერი შეიბურა ჩამოწოლილი ნისლით. გუგუნებდა იგაზან-ლა, თუმცაღა მას შეჰმატოდა დაუგდრომელი წყლის გრიალი, თითქოს კლდის გახლეჩილი მკერდიდან გამომსკდარაო იგი. თვალნი გააცეცა ზაჰრამ, რის ვაივაგლახით იხილა ნისლში აღრეული, ქროუსალის ტყის უხვი, მარადმწვანე ტევრი.

შავრა შეაჩერა გიუნტერმა, გამჭოლი მზერა მოავლო თვალსაწიერს.

-ბრურგის სათავეს მოვუახლოვდით! – თქვა მან, გაფაციცებით უგდო ყური შემოგარენს, თუმცაღა ბრურგის ღრიალის, ქარის სტვენისა და შორეულ ყვავთა ჩხავილის მეტი არაფერი ჩაესმოდა მის მახვილ ყურს. – ვგონებ, ქროუსალის ტყის პირს მივადექით, დღის მხევლის ჩასვლას რომ ემიჯნება…

-სქელია ნისლი, და გაუვალია ქროუსალის ტყე. – მიუგო ანდრეიმ. – კარავი დავცეთ ტყის პირას, ბიძავ, და მოვიცადოთ, სანამ დღის მხევალი შეანაცვლებს ღამეს, რამეთუ ვერ გავიკვლევთ გზას…

სიტყვა გაუწყდა ანაზდად მეფისწულს და აღმართა ბაჰირელმა დიაცმა თავი, რათა თვალი ნისლში შებურული ტყისაკენ მიეპყრო, თუმცაღა სიტყვის ამოთქმა არ დასცალდა.

სისინმა გახლიჩა ჰაერი, და ანაზდად ისარმა გაჰკვეთა ბურუსი, წამიერი, ქარში განბნეული ბრწყინვალებით ჩაუქროლა ზაჰრას მხართან.

შედრკა დიაცი, შეცბუნებულმა თაფლამ ჭიხვინი ასტეხა. საბელი მოსწია ბედაურის დასაშოშმინებლად ზაჰრამ, გამალებით დასცქეროდა იგი შებურულ ტყეს, საიდანაც ისარი სტყორცნეს.

ტოტთა ჭრიალი მოჰგვარა მათ ყურთ ქარმა და ანაზდად ალღო აუძგერდა მკერდში ანდრეის. ელვის უსწრაფესად გვერდით აბრუნა სისხლისფერი ქურანი მეფისწულმა, ხელი სტაცა თაფლას უნაგირს, იძრო ფარი და დიაცი დაჰფარა მისით.

წამსვე, თითქოსდა დაუბარებიათო, მეორე ისარი გამოიჭრა სისინით.

თუმცაღა სწორი იყო გზა მისი, ვერ დაძლევდა იგი ანდრეის ღონიერ მკლავსა და იფლიჰემის ოსტატთა მიერ გამოჭედილ ფარს.

გამაყრუებელი ჟღრიალი გაიღო ფოლადმა ფოლადზე, სალ კლდეს ეძგერა შმაგად, ნაპრალებმა უმალ ამოსძახეს ექოდ იგი. შეთრთოლდა იგაზან-ლა, დამფრთხალ ყვავთა ურდო აიჭრა ცაში, გამძვინვარებულებმა ჩხავილით ჩამოჰკივლეს მათ.

უმალ იმარჯვა მშვილდი ბაჰირელმა დიაცმა, მოზიდა იგი და ფარის პირზე გადასდო ისარი, გასტყორცნა იქით, საიდანაც მათკენ გამოიჭრა ალესილი პირი ფითრისფერი სიკვდილისა.

გამალებით უგდო ყური ანდრეიმ, თუმცაღა აღარაფერი სწვდებოდა მის ყურს. არ იძვროდა, თაფლას დასაოკებლად ჩასჭიდებოდა ზაჰრას უნაგირს და აღემართა ფარი იფლიჰემისა მის დასაფარად.

კვლავ მოზიდა მშვილდი დიაცმა, მეფისწულის სხეულისა და ფარის მიღმა იმზირებოდნენ მისი გამჭოლი თვალნი.

გაირინდა თითქოს ყოველივე, ჟღრიალის სალ კლდეზე დასერილი ექო, ყვავთა ჩხავილი, ბრურგის გრიალი და ანდრეის ღრმა სუნთქვაღა ჩაესმოდა ბაჰირელ დიაცს მხოლოდ.

-ვუწყოდი, რომ გეძიებდნენ, დისწულო, მაგრამ არა ვუწყოდი რა, თუ რაოდენ გაქნილი იყო მდევარი… – თქვა გიუნტერმა. – გავეცალოთ აქაურობას, რამეთუ ვგონებ, ორ ისარს არ დასჯერდებიან ისინი!

შავრას შემოჰკრა ქუსლნი და თხემიდან დაეშვა მრჩეველი, მას მიჰყვნენ ქურანი და თაფლა. ბედაურთა ფლოქვთა თქარუნმა აიტანა იგაზან-ლა, თუმცაღა ქროუსალის ტყეში მოპარპაშე ქარის სტვენასა და ბრურგის  ღრიალს ერწყმოდა და სუსხში იფანტებოდა იგი. ქვა-ხრეშსა და ღორღს გამშრალი მიწის ნაგლეჯნი შეემატნენ, რომელთაც თრთვილში გამოხვეული, ხერხეში ბალახი ჰფარავდა.

მეჩხერ ტევრში შეიჭრნენ მხედარნი ჩორთით და ქროუსალის ტყის მარადმწვანე თაღს შეეფარნენ. ცამდე ატყორცნილ კენწეროებს მოსდებოდათ სქელი ნისლი, მაგრამ მხოლოდღა მსუბუქი ბურუსი იდგა გარშემო, რომელთაც მიარღვევდნენ ბედაურნი. გადადიოდა მზის მხევალი, და უფსკრულივით პირს აღებდა წყვდიადი, თეთრი ღამისა და მზის ჩასვენების ალმოდებული მოლურჯო ჩრდილიღა, ზორბა ხეთა ტანებს შორის რომ გამომსკდარიყო, უნათებდათ გზას.

მიაგელვებდა სისხლისფერ ქურანს ანდრეი, ხელი ფარს ედო, იქნებ კვლავ გავიგონოო ისრისა შხუილი.

შედრკა იგი, როცა სუსტად, თუმცაღა მაინც გარკვევით ჩაესმა შორეული, ცხენთა ფრუტუნი. მდევარიო, გაივლო მან გონში წამსვე და ქუსლები შემოჰკრა ქურანს.

იგივეს უგდო ყური ბაჰირელმა დიაცმა, მისმა გამჭოლმა მზერამ მაღალ, გაუვალ შამბნარსა და მეჩხერ ტევრში დალანდა უცხოთა სილუეტნი. წამსვე შეაყოვნა თაფლა ზაჰრამ, რამეთუ მიხვდა იგი, მოგვიჭრესო მსტოვართ გზა.

მერე კი, ისევე ანაზდად, როგორც ისარმა გამოჰკვეთა იგაზან-ლას კლდეს მომდგარი ქარის სხეული, შორეულმა სისინმა აღავსო ჰაერი.

მომცრო წანდელმა გაუშხუილა წინ გიუნტერს, მსუბუქი ბურუსი გააპო და იქვე აღმართულ ვეებერთელა ფიჭვს ეძგერა.

ყალყზე შედგა შეცბუნებული შავრა და შეყოვნდნენ მხედარნი, ლაგამი მოზიდა გიუნტერმა.

-ეშმაკმა დალახვროს! – შეჰყვირა მან. – სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ!

მისმა წყევლა-კრულვამ და შავრას გავეშებულმა ჭიხვინმა შეათრთოლა სუსხიანი ჰაერი, წიწვთა მახვილ წვერებს წამოეგო და ეახლა შამბნარს მომდგარ უცხოთა ყურებს მოეფინა.

-მდევარი მოგეწია, სრორდელო… – მეფისწულს გადაულაპარაკა ზაჰრამ და მტრული მზერა მიაგება ტევრიდან გამომავალ მხედართ, ყოველი მხრიდან რომ უახლოვდებოდნენ მათ.

წამსვე იშიშვლა ანდრეიმ მახვილი, განრისხებულმა მოავლო თვალი შავით შემოსილ მსტოვართ. განსაცდელი ეგრძნო ზაჰრას, მშვილდი მოეზიდა უმალ.

-ესოდენ მძვინვარედ შემოგვყურებთ, დიადო მგელო სრორდისა! – ანაზდად თქვა ერთმა, შალითა გადაიძრო და გამჭრიახი, ღრმად ჩასმული თვალებით შემოსცინა მათ. გრძელი ჟღალი წვერი უთრთოდა ქროუსალის ტყის მცირე სიოში. – ნუ აღმართავთ თქვენს იარაღს ჩვენს წინაშე, რამეთუ მშვიდობით გეახლებით!

დაჟინებით დააცქერდა მას ანდრეი, ათიოდე მხედარს მოავლო გამოწვრთნილი მეომრის თვალი. ყველანი კარგი მხედარნი სჩანდნენ, კოხტად დარახტულ ბედაურთა ლაგამნი ეპყრათ ხელთ, თუმცაღა ერთმა მომცრო ფიგურამ მიიპყრო ყურადღება მეფისწულისა. მგზავრობისაგან გამტვერილი მუქი შალითის ქვეშიდან ავად იმზირებოდა იგი, დაჩრდილულ ტყეშიც კი შესამჩნევი იყო პირისახე ბალღისა და შუბლს მიმოყრილი ხეშეში თმა.

-წყეული ვირთხა ამფაკართა… – ჩაესმა მეფისწულს ზაჰრას ჩურჩული, და გაივლო მან, დალიჰარმაც იცნოო აკარველი ტრიქსეს მარჯვენა ხელი მორგანა. კბილნი გააღრჭიალა მან, რამეთუ უწყოდა, ამფაკართა ვივიენ ქალის, წითელი გველის ხელი ურევიაო ამაში.

-ცეცხლივით თმა-წვერი, უნაგირს მოდებული ბადე და თქვენი მომავალი მეფის წინაშე გაბედული საუბარი ვერ მოგიშლიათ ამფაკართა სამფლობელოს! – საპასუხოდ შესძახა მდევართ გიუნტერმა. – ვგონებ, ვივიენ ქალმა განიცადა ფრიად, როცა თავისი საბედოს სიკვდილი ამცნეს…

-მეფისქალი ღმერთებს შეჰღაღადებდა და ირწმუნა, რომ არ დაცემულაო ჩემი გულისსწორი მოუსავლეთში! – შესძახა მორგანამ. – რამეთუ ძლიერია რწმენა და მძლავრია ხელი მისი, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი შეჰკრიბა, რათა გვეპოვა მეფისწული და მიგვებრძანებინა იგი სამშვიდობოს…

-თავადი ჟერარდი გეახლებით, მეფისწულო! აღტკინებას ვერ ვმალავ, რამეთუ სალბუნად მოევლინა თქვენი, ცოცხალისა და საღ-სალამათის ხილვა ჩემს თვალთ… – თქვა ჟღალწვეროსანმა, გიუნტერსა და ბაჰირელ დიაცს გადასწვდა მზერა მისი. – ვხედავ, თქვენი დისწულის დასახმარებლად მობრძანებულხართ, მრჩეველო სრორდისა!

ფრთხილი თვალი მოავლო მათ გიუნტერმა, შეჰღიმა უდარდელად.

-მალე დღის მხევალი ჩაესვენება და უმალ მოიცავს ცის კამარას მისი ბნელი ზურგი, მეგობარნო ჩემნო… – განაცხადა მან. – ორი მზეა, რაც შეუსვენებლივ გადმოვლახეთ იგაზან-ლას ვეებერთელა კლდენი… დავბანაკდეთ, რამეთუ ქარი უქრით ჩემს ფუღურო ძვალთ, ახალგაზრდობის ნატამალი აღარ შემრჩენია!

ხმამაღლა გადაიხარხარა მან, თუმცაღა არავინ აჰყოლია მის მოჩვენებით დალხენას. ჟღალწვეროსანმა მხოლოდღა შეჰღიმა საპასუხოდ, აქეთ მობრძანდითო, მიუგო მხოლოდ.

დაიძრა მდევარი და მათ მიჰყვნენ მოგზაურნი. ორლესული ქარქაშში ჩაეგო მეფისწულს და მშვილდი კვლავ ზურგზე მოეგდო ბაჰირელ დიაცს, თუმცაღა სიმზადით აჩქროლებოდათ სისხლი, რამეთუ სულისშემხუთველი იყო ჰაერს დაწოლილი დაძაბულობა. ყურადღებით უმზერდნენ მხედარნი მათ თვალთა კუთხიდან, მეტადრე მორგანა, რომლის თვალებიდან ბალღისათვის შეუფერებელი ღვარძლი და მრისხანება გამოსჭვიოდა.

თავადი ჟერარდი ამოუდგა გვერდში ანდრეის, პატივისცემის ნიშნად მოიდრიკა თავი მის წინაშე, თუმცა ჰხედავდა მეფისწული, რომ ერთგულება მისი მხოლოდ და მხოლოდ ამფაკართა მეფისქალს ეკუთვნოდა.

-თქვენი დალიჰარი გყვანთ, დიადო მგელო სრორდისა? – შეჰკითხა მან, თავდახრილ ბაჰირელ დიაცს მიაპყრო წამიერად თვალი. ხარბი იყო მზერა მისი, ცნობისმოყვარეობითა და ჟინით აღსავსე. – ხელზე ჩამოვითვლიდი მათ ხილვას, თუმცაღა რაც ბალღი ვარ, მსმენია მათ მშვენებაზე… მართლაც მშვენიერია იგი…

-ნუთუ ამფაკართა სამფლობელოში მშვენიერ დიაცთა ხილვანი მოისაკლისეთ? – კბილებში გამოსცრა ანდრეიმ, ცარიელ თვალებში ჩააცქერდა ჟერარდს. – ბარბაროსთა დიაცთ მოუტაცნიათ გული თქვენი?

გადაიხარხარა ჟღალწვეროსანმა, ღვარძლი გამოსახვოდა მის პირისახეს.

-არა, რასაკვირველია, დიადო მგელო სრორდისა… – მიუგო მან. – თუმცაღა იშვიათი ხილი მუდამ მაცდურია… იგი გზის გამკვლევად წამოიყვანეთ მხოლოდ, მეფისწულო?

-განსწავლულია იგი ამ წყეული მიწების ასავალ-დასავალში. – მოუჭრა ანდრეიმ. – თქვენა, თავადო? ფრიად საკვირველად აღვიჩინე ამფაკართა სამფლობელოს ხალხთა ხილვა…

-კარგი მდევარნი გახლავართ, დიადო მგელო, საუკეთესოთა საუკეთესო მხედარნი და მაძებარნი, სამხრეთის თავს დამტყდარ აურზაურს მოვყევით მხოლოდ. – მიუგო ჟერარდმა. – სულაც არაა გასაკვირი, რომ დამაშვრალთა პირის გასასველებლად გახდა ამბავი თქვენი! გინდ მეფისწულად მოევლინოთ ხალხთა თვალს, გინდ მდაბალ ვაჭრად, მუდამ მათ მზერას ითხოვს თქვენი გამოჩენა!

არა უთხრა რა ანდრეიმ, ორლესულის ვადას მოავლო მარჯვენა, თუმცაღა არ ცხრებოდა ჟერარდი.

-რად დასტოვეთ ლაშქარი თქვენი, დიადო ბატონო სრულიად სრორდის ჯარისა? – შეჰკითხა მან ეშმაკურად, გულუბრიყვილობის მსუბუქი საფარველი გადაჰკვროდა მის სიტყვათ, თუმცაღა ბრმაც კი იხილავდა, რომ თავადს რიდი არ ჰქონდა მეფისწულისა. – ვგონებ, დიდი გასაჭირი დაგტყდომიათ თავს, რამეთუ მან თქვენს მეომართაგან წაგრტაცათ…

-თუმცაღა განსაცდელმა ვერ მოდრიკა იგი, მუხლი ვერ მოაყრევინა, ვითარცა სრულიად სრორდის მომავალ მეფეს შეჰფერის! – ანაზდად განაცხადა გიუნტერის ცივმა ხმამ, ანდრეის გვერდში ამოუდგა იგი. – არ დამეთანხმებით, თავადო ჟერარდ? შესაშურია სიძლიერე დიადი, ბნელი მგლისა!

გადაიხარხარა ჟღალწვეროსანმა. გარშემო ჩამოწოლილ სიბნელეში უსიამოვნოდ იფეთქა მისმა ხმამ, ხეთა თაღს მიაწყდა, სუსხიან სიოს შეერია.

-მართალი ყოფილა ამბავნი, სრორდის მრჩეველს მზე და მთვარე ამოსდისო დისწულზე! – თქვა თავადმა. – მუდამ გვერდში უდგასო, ვითარცა მამა და ძმა!

ნაკვთები შეუტოკდა ანდრეის, აუთრთოლდა ბაგე. მარჯვენა მისი მაგრად მოეჭდო ორლესულის ვადას.

-დისწულია იგი ჩემი, და ბატონ-პატრონი სრორდისა! – ღიმილით მიუგო გიუნტერმა, თუმცაღა შეუცდომელი გახლდათ მის თვალებში აკიაფებული მტრული ნაპერწკალი. – ვგონებ, თქვენს მეფედაც შეიქნება იგი, რამეთუ ამკაფართა ვივიენ ქალის დედოფლობა ისეთივე უპირობოა, ვითარცა სისხამ დილით ამობრწყინება მზის მხევლისა!

თავაზიანად შეჰღიმა თავადმა ჟერარდმა, თუმცაღა არა უპასუხა რა. ქუსლნი შემოჰკრა მხოლოდ ბედაურს და ჩორთით გააჭენა იგი, მხედართ ანიშნა, მომყევითო ფეხდაფეხ.

ცრუღამის ბურუსით გაჟღენთილიყო ქროუსალის ტყე, ინავლებოდა სისხლისფერი სინათლე დღის მხევლისა, მხოლოდღა სუსტად შეფერილიყვნენ ცის კამარამდე ატყორცნილი ნაძვთა წვერები. მოახლოებული თეთრი ღამის სუსხიანი სუნთქვა მოსდებოდა ტყეს, დათრთვილულ ბალახსა და მოლურჯო წიწვებს თავისი სპეტაკი შეხებით ჭირხლავდა იგი. სულთმობრძავ დღეს ბოლო სხივთ სწოვდა ყინულოვან სიოსა და სუსხში გამოხვეული, მდუმარე ტყე, ვითარცა სამარე, სისხლისფერი ათინათი გადაჰკრავდა თეთრი ღამის სილურჯეში ჩაძირულ ტოტებსა თუ შამბნარს.

ერთი ყივილის სავალი დაჰფარეს მათ მსუბუქი ჩორთით, მისუსტდა და უკან ჩაიკარგა იგაზან-ლას მკერდიდან გადმოხეთქილი ბრურგის ღრიალი. სისხლისფერი ათინათი მინავლებულიყო, წყვდიადი და სულისშემხუთველი სამარისებური სიჩუმეღა დარჩენოდა საბურველად, რომელიც გაჰფანტა ხეთა შორის მოკიაფე ნარინჯისფერმა ციალმა, რომელსაც უდარდელი მასლაათი და სიცილი ერთვოდა ზედ.

-კეთილი იყოს ფეხი თქვენი ჩვენს ბანაკში, დიადო მგელო! – განაცხადა ჟერარდმა, მომცრო მდელოზე მიანიშნა მათ. მცირე კოცონი დაენთოთ, რომელიც ნებივრად ტკარცალებდა, უდრტვინველად ჰფანტავდა ხეთა თაღქვეშ ჩამოწოლილ წყვდიადსა და სუსხს. ორი შავოსანი მიჰფიცხებოდა ცეცხლს, შალითის ქვეშიდან უმზერდნენ, ცნობისმოყვარეობით აღვსილნი. – ვიმედოვნებ, რომ ცხვირს არ აუბზუებთ ჩვენს მცირე სამყოფელს, ვითარცა სიმდიდრესა და ფუფუნებას ხართ დაჩვეული, მეფისწულო! მხოლოდღა ღამით შევისვენებთ, რამეთუ მოგზაურობით ერთობ დამაშვრალნი გახლავართ, ალიონზე კი კვლავ გავუდგებით გზას!

პასუხი არ აღირსა მეფისწულმა. ჩამოხდა იგი და მას მიჰბაძეს მხედრებმა, დააბეს ბედაურნი და კოცონს შემოუსხდნენ. საიდანღაც გააჩინეს გამშრალი ხორცი და ლოყაწითელა ვაშლები, ქერის წყალფაფის მოდუღებას შეუდგნენ კოცონზე შემომდგარ თიხის ქვაბში, მადიანად შეექცნენ მსუბუქ სამხარს. ხუთიოდე მხედარი საგუშაგოდ შემოერტყა მდელოს, მაგრამ თითქოსდა მხოლოდღა სრორდის ტახტის მემკვიდრე ჰგონიათო საფრთხილო, მისკენ მიემართათ გამჭრიახი მზერა.

ნაძვს მიბმულ თაფლასა და სისხლისფერი ქურანის გვერდით მიესვენა დათრთვილულ, რბილ წიწვთა საფარველზე ზაჰრა. ხურჯინიდან გულაბი მსხლები ამოაწყო მან, დამშეულმა მადიანად ჩაასო კბილნი ოქროსფერ ხილს, ტკბილი წვენი დაედინა ბაგეს.

მის გვერდით დაეშვა ანდრეი. ორლესულის ქარქაში ეპყრა მეფისწულს ხელთ და გამჭოლი, შეფარული მზერით გასცქეროდა მის წინ გადაშლილ მომცრო მდელოს. ჟერარდსა და მორგანას მიაპყრო თვალი მან, უცქერდა იგი, თუ როგორ ემასლაათებოდნენ ისინი ცეცხლს ნებივრად მიფიცხებულ გიუნტერს. თავაზიანობისა და პატივისცემის ნიმუშად ქცეულიყო ბიძა მისი, როგორც შეშვენოდა სრორდის სამეფო მრჩეველს…

-ვგონებ, რომ არ სწადია დახმარება შენი მდევარსა შენსა. – ანაზდად წაიდუდუნა ზაჰრამ. შალითის ქვეშ შეფარული ფერფლისფერი თავი მოედრიკა მას. – გაფრთხილდი, რამეთუ იქნებ ღამით ზურგში ჩაგცენ მახვილი…

გულაბი აიტაცა ანდრეიმ, სიტყვათა დასაფარად მიიტანა ბაგესთან.

-წითელი, გრძნეული გველია ამფაკართა ვივიენ ქალი. – დაიჩურჩულა მან, კოცონს არ აცილებდა მზერას. – უხსენებელს იქმს იგი, რათა აღასრულოს დათქმული სიტყვა… ნუ გეშინის, დალიჰარ, რამეთუ სიკვდილი ჩემი არ სწადია მას. ვგონებ, იგაზან-ლას პირას გამოტყორცნილი ორი ისარი შენ გეკუთვნოდა მხოლოდ…

მცირე ხნით ხმა არ გასცა ზაჰრამ, კვლავ ტკბილ გულაბს ჩაასო კბილნი.

-მაშა, ამფაკართა ვივიენ ქალზე დარხეულ ხმათ სიმართლის ნაპერწკალი ჰქონიათ მათში, სრორდელო. – თქვა მან ანაზდად. – გრძნეულთა ბნელ ხელობას სწავლობსო იგი, და გულთმისანი დედაბერი ჰყვანსო სასახლეში, მისთვის დედობილად მოვლენილი…

ხელები მოეკრუნჩხა ანდრეის, მკერდში ცეცხლი ჩაეღვარა.

-წყეული დედაბერი… – წასკდა მის ბაგეს, მზერა წყვდიადივით ჩაუბნელდა, ნაკვთები მოეღრიჯა, სხეულის თითოეულ კუთხე-კუნჭულს მოსწოლოდა მრისხანება. – წყეული, წყეული, წყეული დედაკაცი, დაე სუაგრამ და ნიჰიდამ ამოჰგლიჯონ ქვაგული მკერდიდან, სუნთქვა წარსტაცონ ბაგეს და ფერფლი მისი ჩამარხონ მოუსავლეთში…

-ბაბალ-ქაანი. – თქვა ზაჰრამ, ფითრისფერი, ოქროს მტვრით აღსავსე მზერა შალითის ქვეშიდან შეფარვით მოუტრიალდა ანდრეის პირისახეს. კოცონს გასცქეროდა ანდრეი, თუმცაღა თრთვილსა და სუსხში დანთებული მომცრო ცეცხლი ერთი ნაპერწკალიც კი არ იყო იმ ალისა, თვალებში რომ აჰგიზგიზებოდა. უთრთოდა გულაბზე აკრული ბაგე.

მცირე ხნით ჩუმად იყო იგი, თითქოსდა ბაბალ-ქაანზე ფიქრმა მოიცვაო გონი მისი.

-სამეფო ძიძა იყო წყეული დედაბერი. – თქვა მან ანაზდად, ტკბილმწარე მოგონების ათინათი დასთამაშებდა მის ნათქვამს. – სასახლესა და ჩვენს გონსა თუ გულებში ჩასახლდა იგი, ბინა დაიდო და ვითარცა ნოყიერ ნიადაგს თესლი მიაბარესო, ფესვნი გაიდგა…

შედგა იგი ანაზდად, თითქოსდა გამოერკვაო, მოგონებისა და მრისხანებით აჩქროლებული სისხლის მეწამულ ბურუსში გამოხვეული. დაჰხედა წამიერად ბაჰირელ დიაცს, იხილა შეფარვით მომზირალნი თვალნი მისნი, კოცონის ალით დაფერილი ბრინჯაოსფერი პირისახე და ბაგეს დადენილი წვენი ტკბილი ხილისა.

თვალი მოარიდა ზაჰრამ, იბრუნა პირი. გულაბის ნარჩენი მიუგდო თაფლას, უკეთ მოიხვია ჩალისფერი მოსასხამი. ნაძვის ზორბა ზროს მიეყრდნო იგი, თითქოსდა ემზადებაო საძილედ, თუმცაღა ღია ჰქონდა ფითრისფერი თვალები, ფხიზელი და გამჭრიახი იყო მზერა მისი.

კვლავ კოცონს უმზირა ანდრეიმ, თვალი მიაპყრო მოცინარ და მომასლაათე მხედართ. მოილხენდნენ ისინი, მომცრო ტიკჭორიდან ეწაფებოდნენ ქერის ნაწურს, და მალ-მალე უკეთებდნენ ცეცხლს, რომელიც ნებივრად ტკარცალებდა, სიცოცხლის ათინათით ჰფერავდა შემოგარენს.

-ვგონებ, აქედან მშვიდობიანად ვერ გავაღწევთ, დალიჰარ. – დაიჩურჩულა მან, დახარა თავი, გულაბი დააგემოვნა.

-გზა ვრცელია, სრორდელო. – მიუგო ზაჰრამ. – ყოველ მხარეს გადაჭიმულა იგი… თუმცაღა არასოდეს ყოფილა მშვიდობიანი…

არა უთხრა რა მეფისწულმა. შალითით მოსილი თავი უკან გადააგდო ანდრეიმ, თვალები მილულა. ნაძვთა ვეებერთელა, თეთრი ღამით დაბურული ვარჯი გადმოჰფარებოდა ხის ძირში მსხდომთ თაღად, ცეცხლის ალნი ლოკავდნენ სუსხიან ჰაერს.

ცრუღამე წყვდიადში დნებოდა, ჩასვენებულიყო დღის მხევალი და კუშტი ნაცრისფერი მოსდებოდა ზეცას.

ახლოვდებოდა მეთორმეტე მთვარე, და ქროუსალის ტყეს ბურუსად ადგა სურნელი თოვლისა.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

მეშვიდე მთვარის ხვარტი დასწოლოდა ჰაერს, იმის მიუხედავად, რომ სამიოდე ყივილის წინ გადახრილიყო უწყალოდ მცხუნვარე დღის მხევალი. სუსტად ჰბერავდა ზღვიდან მომავალი მლაშე სიო, თუმცაღა მხოლოდ წამიერ შვებას ანიჭებდა გაუსაძლის სიცხეში გამოხვეულ უსულოსა და სულიერს. ჩამავალი მზის სისხლისფერით ანთებულ თელებსა და კაკლებს ფოთოლნი ჩამოეყარათ, სადღაც, მინდორზე სიცხით გათანგულ ცხვართა უნიათო ბღავილი ჰკვეთდა ჰაერს. ახლად მოწოლილიყო საღამო და ჯერ მხოლოდ ცრუღამის ჩრდილი ადგა მოწმენდილ ზეცას, თუმცაღა მწირი იყო ხალხთა ხილვა ზღვისპირას გაშენებულ მცირე დაბაში, მხოლოდღა მოგზაური თუ გაიქროლებდა ქვა-ღორღით მოფენილ ქუჩებში ფლოქვთა თქარუნითა თუ ეტლის ჯაყჯაყით.

შორეული ცხვართა ბღავილი, საპასუხო ნაგაზთა ღავღავი და ტალღების გრიალი ჩაესმოდა ნაცრისფერი სილით მოფენილ სანაპიროს. სილისა და მეჩხერი ბალახით დაფარული მაგარი მიწის გასაყარზე აღემართათ თეთრი ქვით ნაშენი მოზრდილი სახლობა, ოსტატურად გამოკვეთილი მარმარილოს სვეტები და ჩუქურთმებით მოკაზმული აივანი ერთი შეხედვით იკვეხნიდა სიმდიდრეს. სახლობას სიწყნარე ჩამოსწოლოდა საბურველად, მხოლოდ დროდადრო გაისმოდა მსახურთა გადაძახილნი.

სახლის პირთან უძრავად იდგა და ზღვას გაჰყურებდა წმინდა ქვიშაში ფეხებჩაფლული, ჩვიდმეტი ზამთრის ქალიშვილი. ბრინჯაოსფერი ელფერი მოსდებოდა მის კანს, სპეტაკი ფარჩის თხელი შარვალი და ტუნიკა ემოსა მხოლოდ. ნიშნულნი აღბეჭდოდა შუბლზე, გიშრით შემკულ ბრინჯაოს ძარღვს მოეკაზმა თეძოებს დაფენილი, მშვენიერი ნაწნავი.

იდგა და გასცქეროდა ზაჰრა ალაპლაპებულ ზღვას, უდრტვინველი და მშვიდი ჰქონდა ფითრისფერი თვალები, თითქოსდა ყინული მოსდებიაო მის მზერას.

-Zahra! – ჩაესმა მას და წამიერმა ღიმილმა შეუტოკა ბაგე, პირი იბრუნა. ქათქათა აბრეშუმის კაბით შემოსილი, ფერფლისფერ თმაში ოქროს ძარღვჩაბნეული ქალიშვილი მოჰქროდა მისკენ. ღიმილს აენთო მისი მშვენიერი, ხორბლისფერი პირისახე, ზღვისფერი და მანათობელი ჰქონდა თვალები, სამეფო, ოსტატთა მიერ ნახელავი ნიშნულნი იწონებდნენ მის შუბლზე თავს.

– Güøhmarya Erkanna… (ერქანთა მეფისქალო…) – მის წინაშე თავი მოიდრიკა ზაჰრამ. წკრიალა, ზარივით სიცილი წასკდა ეირინის სავსე, ვარდის ბაგეს, გვერდში ამოუდგა იგი თანატოლს. – Kiewe åarkisseva guak, maij Güøhmarya? (რად მოხვედით აქ, მეფისქალო ჩემო?)

-Hossu relihva, kiwe tõerikaaseri märkes, Sespian… (უწყი, რომ მძაგს სახლში ყოფნა, დობილო…) – მიუგო ეირინმა. – trewõske oarra Sabahe ktaülirer, guakkes bzeurid hossu vüille… Behre päoneva? (ბებერი საბაჰის სმენას მირჩევნია აქ, ზღვასთან გავლიო წუთნი, შენს გვერდით… როდის მოხველ?)

წამიერად არა უთხრა რა ზაჰრამ, აქაფებულ, სილას ჩაკონებულ ზღვას გასცქეროდა.

-Mai gvøårtiri vokkel, Güøhmarya. (მე მალე კვლავ მივდივარ, მეფისქალო.) – მიუგო ბოლოს.

პირქუში ღრუბელი მოედო ეირინის მშვენიერ პირისახეს. თავი გადააქნია გაწბილებულმა, ზღვისფერი თვალები გაუცივდა, შეცახცახდნენ ფირუზნი და ზურმუხტნი, შუბლსა და ყურებს რომ უმშვენებდნენ.

-Kiewe gvøårtirad qorahat, Zahra? (რად მიდიხარ მუდამ?) – შეჰკითხა მან. – Mai verra ntåvii, Sespian! Vorga hio Weiqüer verra zejøiraad, hossu relihva mair, kiwe mai qwerri verdifärra… (ბრიყვი არა ვარ, დობილო! თავადნი და სწავლულნი მოსვენებას არ გაძლევენ, მაუწყე, რამეთუ ძალმიძს დახმარება შენი…)

-Verra, Güøhmarya. (არა, მეფისქალო.) – მოუჭრა ზაჰრამ, ფითრისფერი თვალები მიაპყრო ეირინს. – gvøårtirada, kiwe oarr Sabah oujäberad hossu. (წარვედ, რამეთუ ბებერი საბაჰი გეძიებთ).

ბაგე მოკუმა ეირინმა, შეაცქერდა წამით, მწყრალად, ნაღველი და მუდამ უცვლელი, მეფური მრისხანება აღბეჭდოდა ზღვისფერ თვალებში.

მერე კი იბრუნა პირი, ქათქათა აბრეშუმის ფრიალითა და სუსტ სიოში გაშლილი ფერფლისფერი თმის ფრიალით შეუდგა სახლობისაკენ გზას.

თვალი არ მიაწვდინა მას ზაჰრამ, იდგა იგი და გასცქეროდა თვალსაწიერს.

დაბის პირას თავადის მალემსრბოლის მიერ დატოვებული ბედაური ელოდა. ცრუღამის ჩამოდგმისას უნდა დაერახტა იგი და დადგომოდა გზას, რათა ერქანთა სამფლობელოს საზღვრამდე მიეღწია ალიონისას.

ზღვას უმზირა ქალიშვილმა.

ორიოდე მზეღა გაივლიდა მხოლოდ, და ნებივრად გააპობდა ალაპლაპებულ ტალღებს ხომალდი, რომელსაც უნდა ხლებოდა თვითონ.

მშვენიერი იყო ზღვა. ჩამავალი მზის კაშკაშა სისხლისფერი აეტაცებინათ ტალღებს, სიტკბოს ელფერი გასდევდა მათი წიაღიდან მონაბერ, დღის მხევლის სიმხურვალით გამთბარ სიოს. წამიერმა შვებამ აავსო ზაჰრა, თითქოსდა ბობოქარ წყალს დაფენილი სიმშვიდე სწოვსო წუხილსა თუ მარტოობას, მრისხანებასა თუ სასოწარკვეთილებას, მის სხეულს რომ აღავსებსო პირამდე.

ფითრისფერი, ოქროს მტვერით აღსავსე მზერა მილულა ქალიშვილმა.

მსახურთა გადაძახილი ჩაესმა ანაზდად და თითქოსდა მონაბერმა სიომ წარსტაცაო, უმალ გაიპო შვების მყიფე საბურველი, სულისშემხუთველმა სევდამ აღავსო კვლავ.

ღრმად ამოისუნთქა ზაჰრამ, შემოუძახა თავს. უკუაგდო სევდა, კვლავ ცივმა, ნაცნობმა სიცარიელემ დაისადგურა მასში.

დღის მხევალი ჩაინავლა თვალსაწიერის მიღმა, მხოლოდღა სისხლისფერ ზოლად გაწოლილიყო ათინათი მისი აბობოქრებული წყლის თავზე.

იძალა ნიავქარმა, ფერფლისფერი ნაწნავი შეუთრთოლა ზაჰრას. მცირე ხნით არ იძვროდა იგი, თითქოსდა იმახსოვრებსო სანახაობას.

მერე კი პირი იბრუნა ქალიშვილმა, მზეს ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა სილიან სანაპიროს.

.

.

.

-*-*-*-18-*-*-*-

ჩანავლებულიყო კერაში ცეცხლი. კვამლს გადაეჭვარტლა მარმარილოს თლილი, ოსტატის ხელით კოხტად მოჩუქურთმებული ბუხარი, რომელიც ოთახში განბნეულ რძისფერ, მგუდავ ბურუსში შავ ლაქადღა მოსჩანდა.

ცეცხლის ტკარცალსა და ალთა როკვას აყოლილ, თალხით მოსილ ფიგურას მოერთხა კერის წინაშე ფეხი, ირწეოდა იგი და აცმაცუნებდა მონაოჭებულ, წელთა მიერ დაღარულ ბაგეს, სიკვდილის ფითრისფერი კოცნა რომ შეჰპარვოდათ. თუმცაღა, სიცოცხლით იყო აღსავსე დაბურული მზერა მისი, ყმაწვილკაცური სიფიცხის ელფერი დაჰკრავდათ ბაგეთაგან გადმოღვრილ სიტყვათ, რომელთაც შეჰღაღადებდა იგი ღმერთებს, ეწადა ეპოვა ის ძაფნი კავშირისა, რომელნიც მსწრაფ ჩამოჰქარგავდნენ სასურველ ხილვას.

ბუტბუტს უმატა მან, თალხით შემოსილი, ვეებერთელა ფრინველივით სხეული დაირწა მძლავრად, როკავდა იგი, და დაჟინებით ჩასჩერებოდა ნაღვერდლებს, მომცრო ცეცხლის ალნი რომ ლოკავდნენ.

ანაზდად ააფრიალა ლაბადის კალთები შაჰაიაქელმა ინგენმა, და გადმოაპირქვავა მომცრო პარკუჭი ნაღვერდლებზე. წვრილმა თესლმა ალთან შეხებისთანავე სისინი ამოუშვა, თითქოსდა სულისშემძვრელი ტკივილით იდაგებაო იგი.

მერე კი იმატა სისინმა. აკივლდა კერა.

თითქოსდა გასქელდა ბურუსი, სქელი ღრუბელი მოედო არემარეს, შეჭვარტლული მარმარილოს შავი ლაქაც კი უკიდეგანო ნისლში გაიცრიცა. ქარმა შემოჰბერა ინგენს, მწველი ხელნი შემოჰხვია და შეუთრთოლა ბაგე.

აცეკვდა ცეცხლი, აიმართა იგი და ნაკვერცხალთა მწველი თვალნი გაახილა მგელმა, ვეებერთელა ხახა დააღო და ცეცხლი ამოუშვა სუნთქვად. მის თავზე განუყრელად აჭრილიყო ყორანი, ყურისწამღები ჩხავილით ეხმაურებოდა მგლის ალისფერ ყმუილს.

იფეთქეს ნაპერწკლებმა, ორად გაიხლიჩა მათი ტალღად მონაბერი ათინათი ნაღვერდლებად ანთებულ თვალთა წინაშე. ტკარცალებდა და ჩხაოდა მრისხანედ ყორანი, გველის სისინმა გაჰკვეთა ჰაერი და იხუვლა კერამ, აალდნენ ნაკვერცხალნი, ცეცხლმა ხარბად შენთქა მასზე მიმოყრილი მოშიშინე თესლი. ხალხთა სულისგამგმირავი კივილი წყვდიადით სწამლავდა რძისფერ ბურანს, თითქოსდა ოქრო და პატიოსანნი ქვანი ჩამოეღვენთა დაუდგრომელ ცეცხლს, ტრიალებდა იგი, როკავდა, ჩალას მოედო, ხეს, ქვასა და მიწას, ზეცა მოიცვა და წყვდიადი გაჰკვეთა, თითქოსდა ამოდისო ახალი მზე…

ქუთუთოები შეუთრთოლდა გულთმისანს. თითქოსდა მონაბერმა ქარიშხალმა ცას მოდებული ღრუბელნი გაჰყარაო, დაიწმინდა მზერა მისი.

ჩანავლდა ცეცხლი, უნიათოდღა ლოკავდნენ ალის ენები აღუებულ მუგუზლებს, სპეტაკი ოხშივარი გადმოსკდა ნაღვერდალთა ბაგეს.

ტუჩებს აცმაცუნებდა ბებრუცუნა, მალ-მალე ქირქილებდა უჩუმრად. საიდუმლოს მოუთხრობდა საკუთარ თავს, მიტკალივით გაჰფითრებოდა პირისახე, გამალებით სცემდა გული მისი მკერდში.

შფოთავდა იგი.

შფოთავდა ძალზედ, რამეთუ ყოველ ჯერზე, თითქოსდა თვალსაწიერს მოდებული საავდრო ღრუბელიაო, მოიწევდა ახლოს ის ზარი, რომელსაც ცეცხლში ხილული ჰგვრიდა.

მძიმედ წამოიწია ინგენი. აცახცახებული ხელით მოიწმინდა შუბლს მოწოლილი ოფლი, გაუსაძლისი დაღლილობა მოსდებოდა მის სხეულს, ხილვამ გამოაცალა ძალ-ღონე ვოლფრამთა სასახლის ულევ ფუფუნებაში მოსვენებულ ბერიკაცს.

გაჭირვებით მიუახლოვდა იგი ფანჯარას, რის ვაივაგლახით გამოაღო მძიმე ჩარჩო. ზამთრის ჭირხლმა და მონაბერმა ყინულოვანმა სიომ ჩაუდგა სული მის სუნთქვაწართმეულ მკერდს.

განსაცდელს ბებერ ძვლებში გრძნობდა გულთმისანი, მის მიერ ხილული, ყოველივეს გამანადგურებელი ცეცხლი უხუთავდა სულს. არა უწყოდა რა ბერიკაცმა, თუ რა ეღონა, რამეთუ მუდამ სიმართლე გამოსჭვიოდა ღმერთთა ბაგეთაგან.

ურყევი იყო მის მიერ ხილული ბედისწერა, თუმცაღა არა უწყოდა ბერიკაცმა, თუ როდის განსხეულდებოდა იგი.

ისღა დარჩენოდა ფანჯარას მიჰყურებულ შაჰაიაქელ ინგენს, რომ თვალნი მიელულა, ბრძნული შიშითა და ყმაწვილკაცური მრისხანებით აღვსილნი.

მალევე მოითქვა სული ბებრუცუნამ. სრორდის თეთრ მიწებს გადაჰყურებდა იგი, რომელთა სურნელიც იპარებოდა ღია ფანჯარაში.

უწყლო ჩრდილოეთის დაუნდობელმა, გადაჭირხლულმა მეთერთმეტე მთვარემ წარიტაცა დანისლული ოთახის რძისფერი ბანგი, ქარს  ტვირთად აჰკიდა და არე-მარეს მიმოაბნია უმალ.

თეთრად გადაეთრთვილა მოწოლილ ზამთარს უკიდეგანო თვალსაწიერი, შეუჩერებლად ბარდნიდა. სპეტაკი და ქათქათა იყო ყოველივე, თუმცაღა თითქოსდა უხილავი წყვდიადი მოსწოლოდათ ნაცრისფერ ღრუბელთ, გარინდულ, ავისმომასწავებელ სიჩუმეში ჰხვევდნენ არე-მარეს, რომელიც ცრუღამის ბინდბუნდში იცრიცებოდა.

ბელთათინის მიწებს თვალი მოარიდა ბებრუცუნამ.

შალითა მოიგდო, თალხები მაგრად შემოჰხვია სხეულს.  კედლისაკენ გაემართა იგი, ქვასა და ქვას შორის ნაპრალში შეაცურა დამჭკნარი თითები. საიდუმლო შესასვლელის ტკაცუნი დაჰფარა ცეცხლის ტკარცალმა, და გვირაბის წყვდიადმა უმალ ჩაყლაპა ბერიკაცი.

ინგენის ზურგს უკან მძიმედ დაიხურა კარი, და ხახადაღებულმა წყვდიადმა მოიცვა ყოველივე, რომელსაც გაჭირვებით ანათებდა შორს, შესახვევის მიღმა ანთებული მომცრო ჩირაღდანი.

გრძელი და საფრთხილო იყო საიდუმლო გასასვლელთა დაგრეხილი, ბნელი გზა. უსწორმასწოროდ თლილი ქვებით მოეკირწყლათ იგი, სულს ჰგუდავდა ჩამოწოლილი წყვდიადი და მწირი ჰაერი, რასაც კედელთა შორის გაყვანილი სპილენძის მილები აღავსებდნენ ჩუმი სისინით.

უჩუმრად, ვითარცა ლანდთა სამყაროს გამოჰქცეული, თალხით მოსილი აჩრდილი, აუჩქარებლად მიაბიჯებდა შაჰაიაქელი ინგენი ვოლფრამთა სასახლის საიდუმლო გასასვლელთა განბნეული, დახლართული გზანი.

ბევრ კიბეზე აიარ-ჩაიარა გულთმისანმა, ბევრ მოსახვევში შეუხვია, ბევრ გასასვლელს აუარა გვერდი. მიდიოდა იგი, მხოლოდღა მბჟუტავ კელაპტართა სუსტად მოციალე შუქი უნათებდა გზას.

ღრმად სუნთქავდა დამაშვრალი, არაქათგამოცლილი ბერიკაცი, როცა შეყოვნდა სასურველი კარის წინაშე. სუნთქვა დაიოკა და გამალებით მიაყურადა მან, არავინ დამხვდესო კედლისა მიღმა.

მსუბუქი შარიშური ისმოდა მხოლოდ, ამა დროს ვახშამს მიართმევდნენ სოლომონ მეფეს, მერე კი მკურნალნი თავს ეხვეოდნენ სნეულს. მათი ხმადაბალი ბუტბუტი ჩაესმოდა ინგენს, ვითარცა უმაქნის კუტკალიათა ჭრიჭინი ცრუღამის შებურულ ჩირგვნარში, მხოლოდღა ხმაურით რომ ცდილობდნენ წყვდიადის გაფანტვას.

მოთმინებით ელოდა ინგენი, სანამ გაიკრიფნენ მკურნალნი და სიჩუმე ჩამოწვა ქვათა მიღმა, მერე კი უჩუმრად გამოაღო კარი, კვლავ მიაყურადა, ბუხრის ელფერდადებულ წყვდიადში შებურულმა.

საიდუმლო გასასვლელს მეფის ოთახებში დაკიდული, ვოლფრამთა გერბითა და საუცხოო ოსტატობით ამოქარგული, მძიმე ხალიჩები ჰფარავდა. როგორც კი ზამთრის სუნთქვა გადათრთვილავდა ყოველივეს, შიშველ ქვათა კედელთ ჰფარავდნენ სქელი ბეწვ-ტყავითა და ხალიჩებით, რათა სითბო დაეჭირათ ოთახებში.

ხალიჩა გადასწია ბებრუცუნამ, მისი ვეებერთელა ფრინველივით აწურული, ბნელით მოსილი სხეული ციმციმ, უჩუმრად მიუახლოვდა ძვირფასი აბრეშუმითა და ბეწვ-ტყავით მოფენილ ქვეშაგებში მიწოლილ, სნეულ სოლომონს. ქუთუთოებს ძლივსღა აპობდა მისუსტებული მოხუცი, დარდსა და გლოვას ერთიანად ჩამოეხმო.

აგიზგიზებული ბუხრიდან მომავალი, ნარინჯისფერი ათინათი მოჰფენოდა მის ფიგურას, თუმცაღა ამაოდ, ვერ შეეფერა მას სითბოთი მისი მიტკალივით გაფითრებული პირისახე. მოტეხილიყო მეფე, ახოვანი და უძლეველი მეომრის ნასახიც აღარ შერჩენოდა მის სხეულს.

სასთუმალთან ეახლა ინგენი. იქვე მსახურთა მიერ დასვენებული, წყლით სავსე ფიალა შეათვალიერა მან, გულისჯიბიდან ამოღებული პარკუჭი მასში ჩასცალა მან. წამსვე განიბნა სითხეში ოქროსფერი ფხვნილი, თუმცაღა იცვალა ფერი, და კვლავ უფერული სიკამკამე მოეფინა წყალს.

ბოლომდე შეასვა სნეულს ფიალა ინგენმა. ბავშვივით უდრტვინველი და დაუცველი იყო მეფე, მის ნისლში გახვეულ, სნეულ გონებას არც კი მიჰკარებოდა ეჭვის მარცვალნი.

სასთუმალთან დაიხარა ინგენი, უმზირა მისვენებულ ხელმწიფეს სრორდისა.

-ვგონებ, აღარავინ დაგრჩა, ბებერო მგელო. – ჩაჰქირქილა მან. – მიწას მიებარნენ ბალღნი და დიაცი შენი, ვითარცა აბეზარი ძაღლი, გვერდზე მოგისროლა შენმა მრჩეველმა, შენი თავადნი ღალატობენ ვოლფრამის გვარს! სრორდის გარდა აღარაფერი დაგრჩენია, ბებერი მგელო, თუმცაღა შენ არ გწადია იგი… ერთობ დიდი სიხარულით გასცემდი სახელმწიფო ხაზინას, მსახურთ და პირუტყვთ, მიწებსა და წყლებს, სისხლს დაიდენდი ბოლო წვეთამდე და მიაბარებდი ღმერთებს, რათა ისინი გხლებოდნენ, ვინც ჭეშმარიტად გამოძახილია სულისა შენისა, მაგრამ ვეღარასოდეს იხილავ მათ, ბებერო მგელო! და რაკი ყოველივე ამაოა შენთვის, რაკი ყოველივეს გასცემდი, რათა ერთხელ მაინც გეხილა ის, რაც წაგრტაცეს უნდობელმა წლებმა და მიჰგვარეს ღმერთებს, გაეცი ტახტი შენი! გაეცი გვირგვინი შენი, რამეთუ თუმცა არარად გარგია ამჟამად სრორდი, სრორდს ესაჭიროება მმართველი ხელი მისი! დასვი თავადი გენრი, ძე გოტლიბისა, სრულიად უალდჰარის მიწათა ბატონ-პატრონი და მფარველი, რამეთუ სწორედ მას ხელეწიფება აღზევება სრორდისა! აკურთხე იგი მეფედ, დაადგი თავსა მისას გვირგვინი და მოიხდი ვალსა შენსა სრორდის წინაშე, რამეთუ ჭეშმარიტი მემკვიდრე ვერ შეუნარჩუნე მას…

ანაზდად ამოიხრიალა სოლომონმა. ლიბრგადაკრული, ცარიელი თვალები მიაპყრო სნეულმა მის სასთუმალს წამომდგარ გულთმისანს და ბებრულად ააცმაცუნა დაღარული, მიტკლისფერი ბაგე.

-ჰასსე… – ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა მან. – ჰასსე… მომგვარეთ იგი…

-ცივ მიწას მიჰბარებია შენი პირმშოს ძვლები, მეფევ ჩემო. – უწყალოდ მიუგო ინგენმა. – და სული მისი კარგა ხანია, რაც ეახლა ღმერთებს…

თავი გადააქნია ავადმყოფმა, დაბნეულობა ეხატა მილულულ თვალებში.

-ჭეშმარიტი მემკვიდრეა იგი… – გაჭირვებით ამოსთქვა მან. – ჭეშმარიტი! ჩემი პირმშო, მემკვიდრე სრორდის ტახტისა!

-უალდჰარის თავადი გენრი მოგევლინა მემკვიდრედ სრორდისა, ბებერო მგელო. – უთხრა ინგენმა, მაგრამ ყური აღარ უგდო მას სოლომონმა, გადაატრიალა მეჩხერი თმით შემოსილი თავი და რაღაც უხილავზე გაშტერდა თვალი მისი.

წელში გაიმართა ინგენი, მშვიდად დააცქერდა სნეულ მეფეს.

პატიოსანი ქვებით მოვარაყებული თუნგიდან ჩამოასხა ფიალაში წყალი ბერიკაცმა, სასთუმალთან დასტოვა იგი, თითქოსდა არავინ შეჰხებოდა მას.

უკანმოუხედავად დასტოვა სამყოფელი მეფისა, მიაშურა საიდუმლო გასასვლელთა წყვდიადს.

თუმცაღა, თავის ოთახებისაკენ არ აეღო გეზი. თავადი გენრის ოთახებს მიმართა მან, რათა მოეთხრო უკანასკნელი სიახლენი.

წყნარი იყო სამყოფელი თავადისა, როცა ქვათა კარი სუსტი ღრჭიალით შეაღო გულთმისანმა.

ფანჯარას მიმდგარიყო თავადი გენრი. მჭმუნვარე იყო წარბი ბუმბერაზისა, დაჟინებით გადაჰყურებდა იგი დათრთვილულ მიწებს, რომელთა კუთვნება ეწადა.

ოდნავ მოდრიკა გენრიმ თავი ინგენის მოსვლის მანიშნებელი ღრჭიალის გაგონებისას, თუმცაღა არ მიაპყრო მზერა გულთმისანს, დასძაბვოდა სხეული, თითქოსდა ელოდაო მას.

-დაე ღმერთებმა დაგლოცონ, თავადო. – თქვა ინგენმა, ჩუმი ნაბიჯით ეახლა ბუმბერაზს, დაღლილობით გათანგული აგიზგიზებული კერის წინაშე, მეწამული მაუდით დაფარულ სავარძელს მიესვენა.

უმალ უმზირა მას თავადმა გენრიმ.

-მაუწყე, ინგენ! – შეჰსისინა მან. – ინება ბებერმა მგელმა კურთხევა ჩემი?

-იგი არასოდეს ინებებს შენს მეფედ კურთხევას, თავადო. – ქირქილით მიუგო ბებრუცუნამ და პირისახე დაღრიჯა თავადმა, ქათქათა კბილნი გააშიშვლა. – სნეულია იგი, აჩრდილი იმ მეომარი მეფისა, რომელიც ლაშქარს ედგა სათავეში… თუმცაღა, ბოლომდე არ გატეხილა სული მისი. ვგონებ, ვერასოდეს ინებებს იგი, რომ უღალატოს ვოლფრამთა სისხლსა და ნაოფლარს!

-ნუთუ უნდა მოვაკვდინო იგი?! – იფეთქა გამძვინვარებულმა ბუმბერაზმა. – საკუთარი ხელით ამოვაძრობ სულს მკერდიდან, სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ!

-გაფრთხილდი, თავადო, რამეთუ ზღვარს სცდებიან სიტყვანი შენნი! – წაიდუდუნა გულთმისანმა. – უწყი, რომ მემკვიდრე კურთხეულ უნდა იქნას მეფის მიერ, მეტადრე ის, ვისაც ძარღვებში ვოლფრამთა სისხლი არ უჩქეფს! ხალხი სრორდისა ამჟამად შენთვის მხოლოდ თვალსაწიერის მიღმა მიმობნეული, უბადრუკი ფეხის მტვერია, თუმცაღა გახსოვდეთ, თავადო, რომ ყველაზე მცირე ვარსკვლავიც კი ცის კაბადონზე, მორცხვად რომ ემორჩილება დღის მხევლის ამოსვლას, დაუდგრომელი, ვრცელი სავანეა თეთრი ცეცხლისა!

დადუმდა გენრი, ბოლთის ცემას შეუდგა იგი. ღრინავდა იგი, ვითარცა გალიაში გამომწყვდეული მხეცი, ვითარცა მყიფე ჯებირის მიღმა აღელვებული ოკეანე. ნაპერწკალნი გაჰყარეს მისმა თვალებმა, როცა ინგენს მოუბრუნდა იგი.

-გვირგვინს თუ ვერ დავიდგამ, სანამ ლაშქარი სრულიად სრორდისა გადმოჰკვეთს ბელთათინის საზღვარს, დარბაზი უნდა მყვანდეს ჩემი მხრის ამბმელად! – დაისისინა მან. – ერთგულება უნდა შემომფიცონ, ინგენ!

-რასაკვირველია, თავადო. – ჩაიქირქილა ბერიკაცმა. – გწადიათ უცილობელი ერთგულება და ნდობა მათი, რამეთუ თუკი თქვენი ტახტზე აღზევებისთანავე განხეთქილება მოედო დარბაზს, კარგი პირი არ ექნება თქვენს მეფობას… მშვიდობას მოუცავს სრორდი, მაგრამ არ დაჰვიწყებია მას, რომ გმირ მეომართა სულნი უჩქეფს სისხლად და მათ ნაოფლარ მიწაზე აღმოცენდა!

დაჟინებით დააცქერდა გულთმისანს გენრი. შიში აღბეჭდოდა კერის ცეცხლარეკლილ თვალებში უდრეკ თავადს.

-ფარვუდის არჟანსა და ივლადალის სამუელს უფრთხოდეთ, თავადო. – ჩაიქირქილა ინგენმა. – ვგონებ, მიწისა და ოქროს დაპირებანი ძვრას ვერ უზამს მათ ერთგულებას ვოლფრამთა მკვდარი დინასტიისადმი!

-წყეული სამუელი… – წაიდუდუნა ბუმბერაზმა. – ივლადალის მიწები თალხით მოჰფინა შეშლილმა, როგორც კი იმ წყეული მეფისწულის სიკვდილი შეიტყო!

-ნუთუ საკვირველად აღიჩინე ქმედება მისი, თავადო? – მიუგო ინგენმა. – მესამე ვაჟის ძმადნაფიცია იგი… ძმური, წრფელი პატივისცემა და თავდადება მხოლოდ სამუელისადმი ჰქონდა მეფისწულ ანდრეის!

-მაშ არა უწყის რა სამუელმა, რომ სიცოცხლე ერთგულებაზე ფასეულია, მეტადრე ღმერთებთან მიბარებულისადმი ერთგულებაზე! – დაისისინა გენრიმ. – რამეთუ პირველს მას ჩამოვკიდებ ყელით, როგორც კი ჩემი გახდება ტახტი!

დამცინავად შეაცქერდა ბუმბერაზის ზურგს ბერიკაცი, ჩაიცინა უჩუმრად.

-ივლადალის ბერეხის ციხეზე ხომ არ გწადია მისი მოკვეთილი თავის გამოჰკიდება, თავადო? – შეჰკითხა მან. – კლდეში ნაკვეთ ქონგურებს უნდა მოსდო სისხლი მისი?

-ღმერთებმა აქვე განმაბნიონ არე-მარეს, ფეხის მტვრად ქცეული, თუკი არ აღვასრულო სიტყვა ჩემი, ინგენ! – ღრინავდა თავადი. – სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლოს ყოველივე, რაც წყეულმა, უღირსმა მეფისწულმა დასტოვა ამ ქვეყანაზე… დიადია მომავალი ჩემი, და ვეღარავინ აღუდგება ბედისწერას წინაშე, სრორდის მოღალატე თავადნიც კი!

მცირე ხნით შეყოვნდა იგი. ბოლთას სცემდა და მძვინვარედ დასცქეროდა კერას, თითქოს ცეცხლის ალში ეძიებსო მასში გამეფებული ქარიშხლისაგან თავშესაფარს.

-კვლავ შეჰკითხე ბედი ჩემი ღმერთებს, ინგენ? – მოუბრუნდა იგი გულთმისანს, დააცქერდა ცნობისმოყვარე, წუხილისა და შიშის ბნელი ელფერით შებურული თვალებით. – მაუწყე, ბერიკაცო, რა სწადიათ მათ?

-ღმერთებისა მიერ ბოძებული ბედისწერა უცვლელია, თავადო. – მიუგო ინგენმა.

უმზირა გამომცდელად, მერე კი თავი დაუქნია გენრიმ. კვლავ ფანჯარას მიუახლოვდა ბუმბერაზი, თითქოსდა ანაზდად გამოეცალაო არაქათი, მხრები ჩამოჰყარა და დადუმდა, ვითარცა სამარე.

შეიგრძნო ინგენმა, საწუხარი მოსდებიაო მის გუნებას. შეჰკითხავდა იგი, თუმცაღა ამაყი იყო თავადი, არ შეირცხვენდა თავს უბრალო ბებრუცუნასთან სულის კუთხე-კუნჭულში აღმოცენებულ დარდზე საუბრით.

წამოდგა ბერიკაცი. გამოეთხოვა თავადს და უჩუმრად შთანთქა იგი საიდუმლო გასასვლელის წყვდიადმა.

ყურიც არ შეიბერტყა თავადმა გენრიმ, როცა ბერიკაცის წასვლის მანიშნებელი, კარის ღრჭიალი ჩაესმა. ხელები დაეკრიფა და გადათეთრებულ მიწებს გადაჰყურებდა, რომელთაც ახლად მოწოლილი ცრუღამის ბურუსი ჰფარავდა თვალთაგან.

ბოლთა დასცა აღელვებულმა გენრიმ.

უწყოდა მან, რომ უცვლელი იყო ნება ღმერთებისა, რომ ვარსკვლავნი დიად, ფუფუნებითა და ოქროთი მოსილ ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, და რომ ურყევი გახლდათ ხილვანი შაჰაიაქელი ინგენისა, თუმცაღა ახლახანს ისეთი ამბავი შეეტყო ბედშავს, რომ შავბნელი საბურველით მოსილიყო შარავანდედში გახვეული მომავალი მისი.

მოლოდინი ცოცხლად ნთქავდა ბუმბერაზს. მოუთმენლად ბრდღვინავდა იგი, ყივილმთვლელის ზარის რეკვაზე აფაციცებდა ყურს.

ორმა ყივილმა განვლო. სამმა, ოთხმა და განუზომლად იმატა თავადის აღელვებამ.

და, როცა ცრუღამე თეთრი ღამის უხილავ ბურუსში დაიღვენთა და უხვად მოვარაყებული ფანჯრის მინაში ირეკლებოდა არა სრორდის მიწათა სისპეტაკე, არამედ ალისფერი ბრწყინვალება აგიზგიზებული კერისა, საიდუმლო გასასვლელს მიაშურა გენრიმ.

ახლართულ გზებს მიჰყვა იგი, სანამ ვოლფრამთა სასახლის ჯურღმულთა სუსხი არ მოედო სხეულზე, რომელსაც დროდადრო ენაცვლებოდა სიცხე ქაფქაფა წყლით სავსე ავზებისა, რომელიც სასახლის ცივ კედლებს ათბობდა.

შუაღამის დადგომა ამცნო თავადს ზარის რეკვამ, როცა ჯურღმულიდან თეთრი ღამის სუსხში გამოაბიჯა მან. თვალსაწიერს ამოფარებული, მძლავრი ყინვის მოლოდინში თრთოდა ნაცრისფერი ღრუბლებით დაფერილი სიო ღამისა, და მისგან თავდასაცავად შავი ლაბადის შალითა მოიფარა გენრიმ.

ჯურღმული, საიდანაც ამოაბიჯა მან, სასახლის სამოახლოს ემიჯნებოდა. ფანჯრებიდან გადმოღვრილ, მკრთალ ნარინჯისფერ სინათლეს, რომელსაც მსახურთა სუსტი დუდუნი ერთვოდა, ზურგი აქცია გენრიმ, მცირე ხნით აჰხედა სასახლეს, მერე კი საჯინიბოს მიაშურა.

სასწრაფოდ შეჰკაზმა ცხენი გენრიმ. საჯინიბოს წყვდიადში შებურულმა ახლადგამოღვიძებულ, დამფრთხალ მეჯინიბე ბიჭს ორი ოქრო გადაუგდო და უბრძანა, რომ ამაზე სიტყვა არ დაეძრა, მერე კი სამხრეთით, ბრურგის ჭალათა სიახლოვეს, კონიურთის მეჩხერი ტყისაკენ მიმართა ცხენი.

გაკვალულ, ეტლთა თუ ქვეითთა ნაფეხურთა მიერ აზელილ მიწაზე მიაქროლებდა ბედაურს გენრი. ღია მინდორთა გადაკვეთა ხეთა ზოლამდე უფრო ადრეულად მიიყვანდა მას, მაგრამ რამეთუ სპეტაკ თოვლში დატოვება კვალისა კარგს არაფერს უქადდა თეთრ ღამეში შეფარვის მოსურნეს.

ამიტომ მიაგელვებდა ბედაურს შავ შალითასა და სუსხიანი ღამის სიცარიელეს ამოფარებული გენრი, და ილეოდა თვალსაწიერზე ხილვა ვოლფრამთა სასახლისა, სანამ ტევრის პირას არ შეაყოვნა ცხენი თავადმა.

ბნელი იყო ნისლითა და წყვდიადით მოცული, ხეთა ვარჯით დაფარული ზოლი კონიურთის ტყის სათავისა, თუმცაღა წამსვე დალანდა ბუმბერაზმა მის პირას ბნელი სილუეტი, ჭადრის ზორბა ზროს რომ მიჰყუდებოდა დაუდევრად.

ჩორთით მიაშურა მას უმალ გენრიმ, მრისხანებისაგან აცახცახებულმა გადმოჰხედა ზემოდან ურჩ ძაღლს.

-თავადო გენრი! – დასძახა ელოიმ, როგორც კი ორი კუდის მანძილზე შეაყოვნა ცხენი ბუმბერაზმა. – რაოდენ დიდი პატივია…

-ყეყეჩო! – სიტყვა გააწყვეტინა გამძვინვარებულმა თავადმა. – ჰგონებ, რომ პატივი დაგდე, ღორის ნაშობო?! მხოლოდ იმიტომ ვინებე აქ მოსვლა, რამეთუ მუქარის შხამით დაჰფერე გზავნილი შენი!

-მაშ დაგაფრთხოთ მუქარამ ჩემმა, დიადო თავადო? – შეჰკითხა ელოიმ, ბაგე ღიმილად გააპო და ოქროგადაკრული ეშვი გამოაჩინა. – მე მხოლოდღა ჩემს საზღაურს ვითხოვ… ხუთ ათას ოქროსა და მიწებს! მიწები ერქანთა სამფლობელოს პირას მწადია, თავადო…

-უგუნურო, ყეყეჩო არსებავ! – დაიგრგვინა ბუმბერაზმა. – მხოლოდღა მკერდის სატევარით განგმირვა თუ დაგაოკებს!

-კაცთა კვლა ნახმევთა გარეშე გწადიათ, თავადო? – შეჰღიმა ელოიმ. – ვწუხვარ, რამეთუ ვგონებ, რომ თქვენც თავს ჯერ არ სწვევია პატივი გვირგვინისა!

-ხმას ჩაიგდებ. – შეჰსისინა გენრიმ. – თუკი გწადია გასამრჯელო შენი…

-მივიღებ მას, თავადო? – შეჰკითხა ოქროსკბილამ. თითქოსდა ფრიად დიდი საწუხარი მოედოო მის გონს, ამოიხვნეშა ღრმად, სუნთქვა მისი თეთრ ქულებად განიბნა სუსხიან, დამდგარ ჰაერში. – ძალგიძთ გულზე წრე გამოისახოთ და შემომფიცოთ გასამრჯელო?

დადუმდა ბუმბერაზი. მხოლოდღა მრისხანედ შეჰყურებდა ელოის, მაგრად მოეკუმა ბაგე, თითქოსდა გადაყლაპაო ენა. დამცინავი მზერა მიაპყრო ოქროსკბილამ, მსწრაფლ აზიდა მხარნი და ამოიღო გულისჯიბიდან გამხმარი, ყავისფერი ფოთოლნი, პირში შეიგდო დასაღეჭად, თითქოსდა სულაც არ დასდგომიაო თავზე თავადი სრულიად უალდჰარისა.

-ალბათ გსმენიათ, თავადო, რომ მე მიზანს არასოდეს ვაცილებ. – თქვა ანაზდად ელოიმ. – და პირნათლად ვასრულებ დავალებას… და ჰოი, ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერს ვფიცავ, ეს მხოლოდ მოხერხებულობის საქმე როდია, თავადო! ვუწყი, თუ როგორ შევარჩიო მიზანნი ჩემნი… გაფრთხილდით, თავადო, რამეთუ იქნებ არა ხართ დაუძლეველი ქარიშხალი, რომელსაც ძალუძს მინდორს მიმოფენილი წივა წარსტაცოს, არამედ მხოლოდღა სუსტი სიო, რომელსაც ძვრაც ვერ უყვია მდელოს შეყინული თოვლისათვის!

-რასაა რომ გაიძახი, ურჩო ძაღლო? – სისინებდა გენრი. – ნუთუ მართლა გწადია აქვე მოგაკვდინო?!

-იმას გავიძახი, რომ იქნებ ვერ შეისრულეთ გულისწადილი, თავადო. – ავისმომასწავებლად აუბრწყინდა თვალები ელოის.

-მე ვერ ავისრულე გულისწადილი თუ შენ ვერ აღასრულე დავალება შენი? – არ შეეპუა ბუმბერაზი. – სცდები, ყეყეჩო ვიგინდარავ, ღმერთებმა მიწილადეს ნეტარება ამქვეყნიური წალკოტისა, და ფუფუნებაში განვლევ მას!

-გაფრთხილდი, თავადო. რასა ჰგონებ, ნუთუ მუდამ დაიმალებიან საიდუმლონი შენნი? როგორ წარმოგიდგენია ისინი, ნუთუ ოკეანის ფსკერზე განბნეულ კენჭებად, რომელსაც ვერცერთი სულიერი ვერ იპყრობს ხელთ? სცდები, თავადო! საიდუმლონი ციცინათელები არიან, რომელნიც დღის სინათლეს შეჰფარულან, და წყვდიადის საბურველითაც კი ძნელია დანახვა მათი, თუმცაღა გამჭრიახი და თვალმახვილი მუდამ ჰკიდებს მას თვალს! – მიუგო ელოიმ. – ჰოი, ბედკრულო თავადო! სრორდის ლაშქარი შესდგომია უწყლო ჩრდილოეთის მიწებს, და მალევე იხილავ მათ მიერ ადენილ მტვერს თვალსაწიერზე! გაფრთხილდი, რამეთუ მოღალატეს ბევრად მეტი მოღალატენი ჰყვანს, ვიდრე მართალ კაცს, და ამასთანავე ყველგან ელანდება ისინი…

კბილები გააღრჭიალა თავადმა, ნაპერწკლები გაჰყარეს მისმა გამძვინვარებულმა თვალებმა. მხოლოდღა თავს ვიმცირებ ამ მდაბალ ძაღლთან მასლაათითო, გაივლო მან თავში და მოზიდა ლაგამი, პირი უქცია ბედაურს.

-წარვედ, თავადო! – მიაძახა ელოიმ. – უწყოდე, რომ სრორდის მომავალი მეფისაგან ველი უხვ გასამრჯელოს!

და ხმამაღალი, სუსხიანი ჰაერის შემძვრელი ხარხარი დააყოლა ზედ. ბეწვი ყალყზე დაუდგა ბუმბერაზს, თითქოსდა მთელი თავისი სულშემხუთველი სიმძიმით დააწვაო თეთრი ღამის წყვდიადი, შიშით გათანგა უმალ.

ქუსლები შემოჰკრა ცხენს საკუთარ აღელვებაზე განრისხებულმა თავადმა, გაჰქუსლა ვოლფრამთა სასახლისაკენ, რომელიც მის მშვიდობიან სავანედ წარმოედგინა გენრის, თუმცაღა ძვირფას, ვეებერთელა ციხეს უფრო ჩამოჰგავდა იგი წყვდიადში.

უდარდელად გააყოლა მხედარს თვალი ოქროსკბილამ, ჩაიცინა თავისთვის, თითქოსდა ურთქმელი საიდუმლოს ნეტარება მოსდებიაო მის გონებას. ნებივრად ღეჭავდა იგი სურნელოვან ფოთლებს, ჭადრის ზროს მისწოლოდა და მისი დათრთვილული ვარჯის მიღმა აჰყურებდა ღრუბელთა ტაატით მიმოსვლას ცაზე.

კარგა ხნის შემდეგ წამოდგა იგი, პირი იბრუნა და უჩუმრად შეერია კონიურთის ტყის მეჩხერ ტევრს.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

უთვალავ ყივილთა, ცას მიმოფენილ, ღრუბელთა ტყვიისფერ ბარხატში ჩაფენილ მარგალიტთა და თითქოსდა დაუსრულებლად მორბენალ გზათა მიღმა კი, ქროუსალის ტყეზე ჯერჯერობით არ ჩამოეთოვლა. თუმცაღა, ჰქროდა ყინულოვანი სიო და სპეტაკი ჭირხლი მოსდებოდა არე-მარეს, რომელიც, თითქოსდა სტკივაო, ღრჭიალებდა და ოხრავდა ყოველი ნაბიჯისას.

ნაბიჯნი კი უამრავი გადაედგათ მოგზაურთ, რომლებიც, ცხენებზე ამხედრებულნი, მიარღვევდნენ ტყეში ჩამოწოლილ სიჩუმეს, რომელსაც ხეთა შრიალი და ბედაურთა ფრუტუნი არღვევდა მალ-მალე.

მდელოზე, ცეცხლის პირას გატარებული წინა ღამე გრძელი იყო, სუსხიანი და ფხიზელი თვლემით აღსავსე. მხოლოდღა რამდენჯერმე მოატყუა თვალი ანდრეიმ, მოგზაურობით არაქათგამოცლილს ძილმა წაართვა თავი. თუმცაღა, როგორც კი ქუთუთოებს გააპობდა იგი, წამსვე ორლესულის ვადას ავლებდა ხელს, მერე კი კენწეროს შემომჯდარი ქორივით შეათვალიერებდა შემოგარენს. გუშაგნი თვლემდნენ, კოცონის გარშემო შემომსხდარნი კი ღრმა ძილს მისცემოდნენ.

თუმცაღა, მათგან ერთი ფხიზლობდა, სანამ დღის მხევალი შეენაცვლებოდა ღამისას.

წამომჯდარიყო ამფაკართა წყეული ვირთხა, მორგანა, ცეცხლს უკეთებდა იგი. ქლიავისფრად დაჰფეროდა თვალთა უპეები, ხეშეში თმა გამოსჩროდა ქონისაგან აპრიალებული შალითიდან, ალმოდებულ შეშას უცქერდა ავად.

როგორ ჩამოჰგავსო ბალღს, გაივლო გონში ანდრეიმ.

თავი აბრუნა მან, მის გვერდით მიწოლილ ბაჰირელ დიაცს მიაპყრო მზერა.

ლაბადაში გამოხვეულიყო იგი, ბეწვგამოკრული, სქელი ქეჩის მოსასხამი და დაბამბული ტილოს ქვედაბოლო იფარავდა მას სიცივისაგან. ლაბადის კისერი აეწია მას, ისე, რომ მხოლოდღა ფართოდ გახელილი ფითრისფერი თვალები მოუჩანდა, რომლებიც ქუთუთოთა შეუდრეკელად უმზერდნენ ცეცხლის პირას მოკაკვულ მორგანას.

-რად არ ატყუებ თვალს, დიაცო? – უჩუმრად შეჰკითხა ანდრეიმ. – იმ ხელისა გეშინის, ორი ისარი რომ გადმოსტყორცნა შენსაკენ?

უმალ გადმოჰხედა ზაჰრამ, მის გამონასუნთქ, მკრთალ ქულებში გამოეხვია წამიერად მზერა მისი.

-თვალი არ მომიხუჭავს, რამეთუ ავია მზერა ამფაკართა ვირთხისა. – მიუგო მან, კვლავ მორგანას გაჰხედა. – არადა მხოლოდ ბალღია იგი, მხოლოდ და მხოლოდ ბალღი…

-წყეული წითელი გველის მიერ გამოზრდილი წიწილია იგი, დალიჰარ. – ჩასჩურჩულა მას ანდრეიმ.

არა უპასუხა რა ზაჰრამ, იბრუნა პირი და უფრო მაგრად შემოიხვია დაბეწვილი ლაბადა.

ცეცხლის ყურებაში ჩასთვლიმა მეფისწულს, და როცა შეარხია ქუთუთონი, თვალსაწიერს ამომავალი მზის ოქროსფერი ათინათი მოსდებოდა, ცის კამარას გადაკრული ტყვიისფერი ბარხატი კი ფერფლისფერ ღრუბლებს შეეცვალათ.

 მთელი მზე შეუჩერებლად განვლო მხედრიონმა, ამფაკართა ამალა გარშემო შემორტყმოდა მეფისწულის, მრჩეველისა და ბაჰირელი დიაცის ცხენებს. უწყოდა ანდრეიმ, რომ მახვილ თვალს ადევნებდნენ ისინი, უწყოდა, რომ არ დაეხსნებოდნენ ისინი, სანამ არ აღსრულდებოდა ნება წყეული წითელი გველისა, რაც არ უნდა ყოფილიყო იგი.

თუმცაღა, ვივიენ ქალის ნება მხოლოდღა მისი დედოფლობით სრულდებოდა მუდამ. სიკვდილს არჩევდა იგი უგვირგვინო სიცოცხლეს, მეტადრე იმ გვირგვინის გარეშე, რომელიც სრულიად სრორდს განაგებდა. სული მოეწამლა მისთვის ბაბალ-ქაანს, დაეგეშა ვითარცა ძაღლი, და მის ბრჭყალებში გამოეკეტა მემკვიდრე სრორდისა…

ვოლფრამთა ამაყი სისხლი უყიოდა ანდრეის. წამომჯდარიყო იგი სისხლისფერ ქურანზე, უსმენდა ამფაკართა ამალის დაუდევარ მასლაათს და მკერდს ედებოდა ცეცხლი, ბაგე უთრთოდა, რამეთუ უწყოდა, რომ ისევე უპირებდნენ ამფაკართა სამეფო კარზე მიგვრას, ვითარცა გლეხები მიერეკებოდნენ ცხვრის ფარას სადგომში…

როგორ შეჰბედა წყეულმა ამფაკართა წითელმა გველმა! როგორ შეჰბედა ესოდენ მიუტევებელი შეურაცხყოფა! მლიქვნელთა და გაქნილ გაიძვერათა ამალა შეჰკრიბა, რათა დაემცირებინა იგი!

ყოველი ნაბიჯისას სწევდა თავს უძლეველი მრისხანება, ულმობლად რომ ჰკაწრავდა სულსა და სხეულს, უწყალოდ უწამლავდა მჩხეფარე სისხლს. კანი მისი თითქოს ფარატინა, ხორცის, ძვლისა და სისხლის გაჭირვებით დამტევ ქსოვილად ქცეულიყო, რომლის გახლეჩას არაფერი უკლდა.

კბილს კბილზე აჭერდა გავეშებული მეფისწული, გამჭოლი მზერით ზომავდა ამფაკართა მხედრიონს და დროის მოხელთებას ლამობდა მათგან თავის დასაღწევად.

ცრუღამის ჩამოდგმისას ბედაურნი მომცრო მინდორზე ალაგმეს, რომელსაც თითქმის მთლიანად ჰფარავდა ცაში ატყორცნილ ფიჭვთა და ნაძვთა ფართო ვარჯი, გარშემო კი უხვი ჩირგვნარი შემოჰჯარვოდა. ბრურგის შენაკადი ჩქეფსო ამ მიწის ქვეშ, გაივლო გონში მეფისწულსა, რამეთუ მდელოს ნეშომპალის საფარველი მხოლოდღა ალაგ-ალაგ, სუსტად დაეფარა თრთვილს.

ჩამოხდნენ მხედარნი, მსწრაფლ დაანთეს ცეცხლი, და დააპურეს ბედაურნი. კოცონს მიუჯდა ანდრეი, ქერის ნაწური და მშრალი ხორცი იგემა დამშეულმა.

შორიახლოს, ნაძვის ვეებერთელა ზროს მიჰყუდებოდა ზაჰრა, გვერდით ქურანი და თაფლა მისწოლოდნენ რბილ ნეშომპალას. ცეცხლსა და ხეთა ვარჯს შორის გადაჭიმულ ცის ნაგლეჯს შესცქეროდა იგი ფხიზლად, თითქოსდა ძილი არ მოჰკლებიაო მის თვალს.

ფიქრებს მისცემოდა მეფისწული, ყურს არ უგდებდა ამფაკართა ამალისა და გიუნტერის გაუთავებელ მასლაათს.

-იქნებ მოგვაპყროთ ყური თქვენი, დიადო მგელო? – შეუძახა თავადმა ჟერარდმა, ფიქრებს გამოსტაცა იგი.

მწყრალად გაჰხედა ანდრეიმ, გოროზი და მრისხანე იყო მზერა მისი, თუმცაღა ისე განაგრძო ჟერარდმა, ვითომც აქაც არაფერიო.

-როგორც გამცნეთ, მეფისწულო, რა ხანია ერქანთა სამფლობელოს დიაცი თვალით არ მინახავს! – თქვა ჟერარდმა, ზაჰრასაკენ გადასტყორცნა მზერა და მეფისწულმა გაჭირვებით შეაკავა საკუთარი სხეული, რათა თვითონაც არ ეცქირა ბაჰირელი დიაცისათვის. – ვითარცა ყველამ უწყის, ერთია მათზე ქვეყანას მოდებული ამბავნი, და მეორე ხილვა მათი! რაოდენ მშვენიერი, გამძლე და უსიტყვოა იგი! მაშა, მეფისწულო?

ბაგე შეუთრთოლდა ანდრეის, მხოლოდღა ავი მზერა მიაგება ჟღალწვეროსანს საპასუხოდ.

-მართალს ღაღადებს ბაგე თქვენი, თავადო! – უმალ ჩაერთო გიუნტერი. – უწყიან ღმერთებმა, თუ როგორი იშვიათია ხილვა მათი, რამეთუ ყოველ ზამთარს იზრდება ერქანთა სამფლობელოს პირას აღმართული გალავანი და მათ ხალხთა გონში აღმოცენებული მრისხანება! თუმცაღა, ერქანთა სამფლობელო ახლა მხოლოდღა სრორდს მიჰკუთვნებია, თავადო…

-რასაკვირველია, მრჩეველო სრორდისა… – შეჰღიმა მას ჟერარდმა, ანდრეის უმზირა, ეშმაკური ელფერი დასთამაშებდა მის პირისახეს. – თქვენ აღარ საჭიროებთ თქვენს დალიჰარს, რამეთუ არა უწყის მან ასავალ-დასავალი ამ მიწებისა, არ დამეთანხმებით, მეფისწულო?

-თქვენ კი ტრიალი მოგწყურებიათ ენისა, არა, თავადო? – შეჰსისინა ანდრეიმ. ზურგს ცეცხლი მოეკიდა, გრძნობდა იგი, თუ როგორ შემოჰყურებდა მას ბაჰირელი დიაცი, თუ როგორ ჩაესმოდა მას თითოეული სიტყვა საუბრისა. – ვუწყი, თუ რისკენ ისწრაფვით!

-რად ჰგონებთ, რომ საწყინარია სიტყვანი ჩვენნი, მეფისწულო? გამიგია, გრძნეულნი და სიძვის დიაცნი არიანო დედაკაცნი ერქანთა მიწებისა… – ანაზდად გაიღო ხმა მორგანამ, ხეშეში თმის საფარველის ქვეშიდან იმზირებოდა მტრულად. – ფრიად მოხარული ვიქნებით, თუკი განგარიდებთ მას…

-ანდრეი… – დისწულისაკენ იბრუნა პირი გიუნტერმა, თუმცაღა შეუკავებელი იყო მეფისწულის სხეულში აზვირთებული მრისხანება.

-ვგონებ, უწყით, რომ დაეცა ბაჰირა, და რომ უამრავმა დიაცმა ერქანთა ავლატის მთებს მიაშურა თავშესაფრის საძიებლად, იქ, სადაც ვერ სწვდებიან ხელნი მონათმფლობელთა! – ორლესულის ვადაზე დასჭიმა თითები ანდრეიმ, ჟერარდის წაშლილ პირისახეს შეჰყურებდა დაჟინებით. – უწყით, რომ ერქანთა მიწათა დიაცნი, აქამდე იშვიათად ხილულნი, არნახულნი გახდებიან! უწყით, რომ მონათა ბაზარზე შეუფასებელია იგი… და ვგონებ, ისიც უწყით, თავადო ჟერარდ, რომ არასოდეს ვწყალობდი გაიძვერათ, რომელთაც შეურაცხყოფა შემკადრეს!

დუმილი ჩამოწვა გარშემო. მხედართა სიცილი და უდარდელი მასლაათი მიმტკნარებულიყო, თითქოსდა სუნთქვას ყელში ჰკლავენო ყველანი. მხოლოდღა ცეცხლის ტკარცალი და ძეძვში შემალულ გნოლთა შორეული კაკანი არღვევდა სიჩუმეს.

-სიძვის დიაცია იგი მხოლოდ. კაცს, თუნდ მართალსა და პატიოსანს, აცდუნებს… – თქვა მორგანამ. ბაჰირელი დიაცისაკენ სტყორცნა მან მზერა, ხორცის საჯიჯგნი წანდელი აღმართა. – ვგონებ, არარად ეღირება იგი,  თუკი სასტიკი ცხოვრების დაღნი დაღარავენ მის მშვენიერ პირისახეს…

-რაოდენ არასწორად განაგებს ბედისწერა ხალხთა სიცოცხლეს! – უმალ მიუგო მას გიუნტერმა. – რაოდენ უწყალო და არასამართლიანია იგი!

ხელები მოეკრუნჩხა მორგანას. აზიდა ზედა ტუჩი, ზიზღითა, სირცხვილითა და ბალღური დამცირებით ალეწილი უმზერდა მრჩეველს სრორდისა.

წამოდგა ანდრეი, მწყრალი, მრისხანე მზერა სტყორცნა მან კოცონს მიმსხდართ.

მერე კი პირი იბრუნა და უკანმოუხედავად მიაშურა ბაჰირელ დიაცს.

მიწოლილიყო ზაჰრა, ნეშომპალაში მთვლემარე თაფლა ულაყის გვერდით. თვალები დაეხუჭა დიაცს, გეგონებოდათ სძინავსო, თუმცაღა უწყოდა მეფისწულმა, რომ ყოველ სიტყვას ფხიზლად ისმენდა იგი.

შალითა მოისხა მეფისწულმა, ლაბადა მაგრად შემოიხვია სხეულზე და მიწვა დიაცის შორიახლოს, დაჰფარა იგი მოციალე ცეცხლისაგან, მის პირისახეს რომ დაჰფენოდა და აშიშვლებდა ამფაკართა მხედრიონის მზერის წინაშე.

უმალ გაახილა თვალები ზაჰრამ, უცქირა მწოლიარე ანდრეის. უცნაური ნაპერწკალი ღვიოდა მის გამოხედვაში, თითქოსდა მასში ჩამდგარ ოქროს მტვერს წაჰკიდებიაო.

მცირე ხნით კრინტს არ სძრავდნენ ორივენი, მხოლოდღა უმზერდნენ ერთმანეთს. ამფაკართა ამალის ჩურჩული და ამოვარდნილი სიოს სუსტი წუილი ჩაესმოდათ.

შესცქეროდა მეფისწულს ზაჰრა. ალისფერი ბურუსით დაჩრდილვოდა პირისახე, თუმცაღა ავდრიანი ოკეანის მსგავსად ლიცლიცებდნენ მისი თვალები. მბზინვარე, შავი კულულები შემოჰჯარვოდნენ მის პირისახეს, რომელთაც სისხლისფრად ცრეცდა კოცონის სინათლე.

უმზერდა მას ბაჰირელი დიაცი და ეწადა, რომ შეჰკითხოდა, რათა ეპოვა ყოველი ის მიჩქმალული პასუხი მის კითხვებზე, რომელნიც იმ მოლიცლიცე, მღელვარე ოკეანის მიღმა მიმალულიყვნენ.

მაგრამ არ გაუკრთა ბაგე, რათა მასში აგორებულ ქარიშხალს გამოეხეთქა.

-ვგონებ, ამფაკართა ამალას გულზე არ ეხატები, დიაცო. – თქვა ანაზდად მეფისწულმა. ბაგე შეუთრთოლდა ზაჰრას.

-მალე ეცდებიან მახვილი ჩამცენ ზურგში. – დაიჩურჩულა მან. – რამეთუ შენ გიფრთხიან, მე კი ცალკე ვერ მომიხელთეს… ვგონებ, ლაჩრულად მოეწადინებათ ამ საქმის გასრულება…

სიტყვა გაწყვიტა ზაჰრამ ანაზდად, გამომცდელად ჩააცქერდა ანდრეის.

-შენა, სრორდელო? – შეჰკითხა მან. – ვუწყი, რომ გწადია დაეხსნა მათ, რამეთუ თავიანთ ჭკუაზე გიპირებენ წათრევას…

-გაქცევა არ მწადია, დალიჰარ. – მიუგო ანდრეიმ. – ზურგს არ ვუჩვენებ წყეულ, წითელ გველს…

-მაშ უნდა მოჰკლა ყველანი, სრორდელო. – თქვა ზაჰრამ.

მერე კი მოარიდა დიაცმა თვალი, პირი იბრუნა, ზურგზე მიწვა.

დადუმდნენ ორივენი. ორლესულის ქარქაში მათ შორის დაასვენა ანდრეიმ მიწაზე, ვადას მაგრად მოავლო ხელი.

მათ ქვეშ მიჩქეფდა მიწისქვეშა შენაკადი ბრურგისა, თითქოსდა იძვროდა მიწა, ვითარცა დედის მიერ დარწეული აკვანი, და ძილისპირულის ჩურჩულში გამოხვეულიყო ქროუსალის ტყე. სისხლისფრად დაფერილი ხეთა ვარჯი მუქ იასამანში იღვრებოდა კენწეროებისაკენ, რომლებიც ნაცრისფერ ღრუბელთა მიერ ჩამოწოლილ ლურჯ წყვდიადს ხლეჩდნენ. ცახცახებდა სიოს მიერ შემკრთალი ცეცხლი და ნებივრად ირწეოდნენ ხეები, აჰყოლოდნენ ჩირგვნარში მიმალულ გნოლთა  გნიასს, რომელსაც მალ-მალე ხარირემთა ყვირილი ერთვოდა.

თვალი მოხუჭა დიაცმა, ჩასთვლიმა მსუბუქად. ანდრეის კი არ მიჰკარებოდა ძილი, მხოლოდღა დროდადრო მილულავდა ქუთუთოებს. ყივილი ყივილზე მიჰქროდა, სანამ არ ჩანავლდა ქროუსალის ტყის ძილისპირული და სიჩუმე მოედო მდელოზე გაშლილ მომცრო ბანაკს.

თუმცაღა, მართალი აღმოჩნდა წინათგრძნობა მეფისწულისა. გონში გაევლო მას, რომ ავისმომასწავებელიაო ამფაკართა წყეული ვირთხისა და თავადი ჟერარდის მუქარა, რომელსაც ეჭვისმომგვრელი სიწყნარე მოჰყვა. სწორედ ისეთი სიწყნარე, ქარიშხლის ამოვარდნის წინ რომ მოსდებოდა ხოლმე უწყლო ჩრდილოეთს.

ნაბიჯთა ხმა ჩაესმა ანდრეის, მათ უახლოვდებოდნენ ისინი. წარბები შეჰკრა მან, თვალები, რომლებითაც ბაჰირელი დიაცის მოსვენებულ სახეს შესცქეროდა, წამსვე დახუჭა.

უჩუმარი იყო მათი ნაბიჯები, ლაჩრულად ღამესა და ძილს შეფარული.

-მსწრაფლ მოუსწრაფეთ სიცოცხლე… – ისმოდა უკნიდან მორგანას ჩურჩული. – რამეთუ ხმის გაღება ვერ შესძლოს… წყეული, წყეული სიძვის დიაცი, სუაგრამ და ნიჰიდამ აღგავონ პირისაგან მიწისა იგი და მთელი ჯიში მისი… მერე კი უმალ გადაათრიეთ, რათა ბილწი სისხლი მისი არ დაიღვაროს…

ათრთოლდა მეფისწული, თითქოსდა კვლავ დასჭიმვოდა ფარატინა კანი, სკდებოდნენ მყიფე ნაკერები სისხლით სავსე ხორცსა და ძვალზე.

შხრიალი ჩაესმა შორიახლოს, და მოუახლოვდნენ ნაბიჯები, თავს წამოადგნენ.

თვალები გაახილა უმალ.

და პირველივე, რაც იხილა, ბაჰირელი დიაცის ღია თვალებში არეკლილი, მის თავზე აღმართული მახვილის პრიალი იყო.

ელვის სისწრაფით წამოიმართა იგი. ორლესული იძრო ქარქაშიდან, ბნელი მოსასხამის ფრიალით გადაეფარა ბაჰირელი დიაცის სხეულს და ერთი მოქნევით გადასხიპა მუხლნი იმ უდღეურისა, მახვილი რომ აღემართა.

აბღავლდა იგი, წამსვე მიწას დაენარცხა სავსე ტომარასავით.

დანარჩენები შეცბნენ, წამსვე დაიხიეს უკან და ხმლები იძრეს.

ჩაჩოქილიყო ანდრეი, სხეულით დიაცს იფარავდა, თუმცაღა, როცა პირი იბრუნა და მასზე შემორტყმულთ მოავლო წვერი ორლესულისა, უწყოდა მან, რომ შიში ჩაჰბუდებოდათ მკერდში ამალას ამფაკართა.

მორგანას გვერდით ამოსდგომოდა თავადი ჟერარდი, მშვიდად შემოსცქეროდა.

-ჩვენ არა გვწადია თქვენთვის ზიანის მოყენება, დიადო ბატონო სრორდისა. – სიტყვები მოთაფლა მან. – დაე მოვკვდე, სანამ თქვენს წინაშე იარაღი ავღმართო, მეფისწულო! მაგრამ ეგ სიძვის დიაცია, გრძნეული და წყეული ღვთაების მიმდევარი, წაბილწულია ყოველივე, რასაც იგი შეჰხებია…

-მე წინ ვერ გადამიდგები, თავადო! არც ძალგიძს! – დასჭექა ანდრეიმ. – თუკი შენ არ გწადია ზიანის მოყენება, მაშ რად აღუმართავთ იარაღნი შენს დამქაშებს? რად არ გააცამტვერეს ისინი ღმერთებმა, თუკი მართალია ფიცი შენი?!

ნაკვთები შეუკრთა ჟერარდს, ამალას თვალი მოავლო.

-არა! – დაჰკივლა ანაზდად მორგანამ, მრისხანებისაგან ალეწილიყო იგი, უთრთოდა ხეშეში თმა, თითქოსდა მისი თხელი სხეული ვერ იჭერსო ვეებერთელა თავს. – გრძნეული სიძვის დიაცი უნდა მოკვდეს! უნდა მოკვდეს! უნდა მოკვდეს!

-ჩემი სიკვდილი გარდაუვალი ბედისწერაა თუ წადილი შენი ქალბატონისა, მორგანა? – შეჰკითხა ანაზდად ზაჰრამ.

სამარისებური დუმილი ჩამოწვა უმალ, რომელსაც მხოლოდღა დაჭრილი მეომრის სასოწარკვეთილი გმინვა ჰკვეთდა. გაოგნებულნი შესცქეროდნენ მეფისწულის ქვეშ გაწოლილ დიაცს, რომელიც საპასუხოდ შემოსცქეროდათ მათ. შეცბა მორგანა, მიტკლისფერი დაედო ჟერარდს და ბაგე შეუკრთა ანდრეის, თვალს არ აცილებდა იგი ამალას.

-მაშა, მორგანა? – კვლავ შეჰკითხა ზაჰრამ, როცა დუმილის გარდა პასუხი ვერ მიიღო. – რად მიწოდებ გრძნეულს, როცა თვით გრძნეულებას მოუწამლავს ამფაკართა ვივიენ ქალის გონი და სხეული?

-წყეულო! – დაჰკივლა გაფითრებულმა მორგანამ, პირისახე მოღრეჯოდა. – მოჰკალით!

ავბედითად წამოიწივნენ წინ ამფაკართა მეომარნი და უმალ წამოიჭრა ფეხზე ანდრეი.

თითქოსდა მას ელოდაო, მკლავი გაიწვდინა ბაჰირელმა დიაცმა, ხელთ იპყრო მუხლებგადასხეპილი მეომრის ხმალი და ისკუპა, ვითარცა ავაზამ, მოქნეულ იარაღს მიაგება მახვილი.

იღრიალა მეფისწულმა, ვითარცა სრორდის ლაშქრის მხედართმთავარს შეჰფეროდა და ეძგერა გარშემორტყმულთ.

ფოლადის ფოლადზე ღრჭიალისა და მახვილთა გამაყრუებელი ჭახანის ხმამ შეძრა, ვითარცა ტალღამ ოკეანეს, გადაუარა ტყვიისფერ ბურუსში ჩაძირულ ტყეს. თეთრი ღამის საფარველი გაეხლიჩა ბადრ მთვარეს, ცალი თვალით იმზირებოდა იგი, და მის სპეტაკ შუქს ირეკლავდნენ თითოეული მოქნევისას მახვილნი ბაჰირელი დიაცისა და სრორდის მეფისწულისა. ვითარცა თოვლით გაცარცულ მიწაზე აღმოცენებული მეწამული ყვავილები, ღვიოდა მბზინვარე ფოლადზე სისხლი, ძირს დანარცხებულ მომაკვდავთ სდიოდა და ეკონებოდა მიწას, თითქოსდა თითოეულ წვეთს მიწისქვეშა წყაროს ალისფრად დაჰფერვა სწადიაო. ახალ სიმღერას აეტანა ქროუსალის ტყე, სიმღერას მრისხანებისა, სისასტიკისა და ველური როკვისა, რომელიც ბრძოლის ჟინით გახელებული ანდრეის თითოეულ გმინვასა და ზაჰრას თითოეულ დაჰკივლებაში გამოსჭვიოდა. თითქოს მათ ეპასუხებიანო, მომაკვდავთა ბღავილი, შხუილი ქარისა და ხარირემთა ყვირილი აძლევდათ ბანს.

იბრძოდნენ გავეშებულნი, მეფისწული და ბაჰირელი დიაცი, და აღტკინება დაღვრილი სისხლისა მორეოდა ტყეს.

განზე გამდგარიყო გიუნტერი, ღიმილს გაეპო ბაგე მისი და შესცქეროდა მის წინაშე გამართულ სასაკლაოს, თითქოს აქამდე არ უნახავსო იგი.

ზაჰრას მახვილის ბოლო მოქნევამ მუხლებზე დასცა თავადი ჟერარდი, და სანამ მუდარას შეჰბედავდა იგი, ორლესულით ყელი გამოღადრა ანდრეიმ.

როგორც კი დაეცა მიწაზე სხეული თავადისა, ხილულით დამფრთხალი, გამტკნარებული მორგანა უმალ ეძგერა ერთ-ერთ ბედაურს.

თვალი ჰკიდა მას ანდრეიმ, კბილები გააშიშვლა, მისკენ გაშურება მოიწადინა.

მაგრამ შედგა იგი.

მის წინაშე აღმართა მახვილი ზაჰრამ. გასისხლულიყო ერთიანად დიაცი, ჩალისფერი ტუნიკა და კაბა მეწამულ წინწკლებს დაეფარათ, და, როცა მოუახლოვდა იგი მეფისწულს, ღაწვსა და შუბლზეც წასცხებოდა სიცოცხლის ალისფერი.

-გვერდით გადექ, დალიჰარ. – ამოისუნთქა ანდრეიმ.

-დასტოვე იგი. – ჩასჩურჩულა ზაჰრამ. – ბალღია იგი მხოლოდ, სრორდელო…

-ყველა, ვინც შენ გძაგს, ოდესღაც ბალღი იყო, დიაცო. – მიუგო ანდრეიმ, თუმცაღა უწყოდა, რომ გვიანი იყო. ბედაურს მოვლებოდა მორგანა და უკანმოუხედავად მიჰქროდა იგი წყვდიადით მოცულ ტევრში. – ახლაც გველის წიწილია იგი და არ იცვლიან პირს გზანი მისნი…

-და მაინც, მხოლოდ ბალღია იგი. – გაიმეორა დიაცმა. მახვილი დაეშვა, მოსასხამის თასმა შემოსწყდომოდა და ალისფრად აბრწყინებულნი, ფერფლისფერი დალალნი გამოჰქცეოდნენ აღელვებულ მკერდზე გადმოგდებულ ნაწნავს.

მოკანკალე სუნთქვა წასკდა ზაჰრას მკერდს და უმზერდა იგი, თუ როგორ შეერივნენ სპეტაკი ქულები ანდრეის სუნთქვას. გამჭოლი, და ბნელი იყო მზერა ჩრდილოეთელისა, და თრთოდა ბაგე მისი, თითქოსდა სიტყვათ გაჭირვებით იკავებსო იგი.

და ვითარცა ბაგე მისი, კრთოდა ზაჰრა. თითქოსდა ცარიელი უნდა ყოფილიყო სხეული ბრძოლის შემდეგ, თუმცაღა აღვსილიყო მკერდი მისი, მოწოლილ სისხლს ძლივს იტევდა გული და ძგერდა სწრაფად, მძლავრად, მეფისწულის მღელვარე მზერის ქვეშ.

-ჰოი, ღმერთებო! – შესძახა ანაზდად გიუნტერმა და შედრკნენ ორივენი. – ღმერთთა ღმერთო ალიჰა, მოგვავლინე მადლი შენი! რა უცნაურია ნება ღმერთებისა, რაოდენ ოკრო-ბოკრო და ახლართულია მათ მიერ გაგებული გზა!

არ გამოეპასუხა ბიძას ანდრეი, თითქოს სიტყვები ჩაჰკვდომოდა ბაგეზე.

ღმერთებისადმი ღაღადი განაგრძო გიუნტერმა, გაჰკიოდა ხეთა შორის ონავარი ქარი და უმზერდა ზაჰრა, თუ როგორ დაეფინნენ პირმოღებული ცის პირველი ფანტელები ანდრეის მუქ კულულებსა და მხრებს.

თავი აზიდა ბაჰირელმა დიაცმა, ფერფლისფერ თმასა და გაპობილ ბაგეს დაეფინნენ ფიფქები.

წყნარად მოვიდა თოვლი, და მის პირველ გემოს შეიგრძნობდა სპეტაკი ცის ქვეშ გაწოლილი, სისხლით მაძღარი მიწა.

.

.

.

-*-*-*-19-*-*-*-

დღის მხევლის თვალისმომჭრელი წრე სისხლით მწიფე ღრუბლებში იბანებოდა და კუტკალიები ნებივრად დაამღერებდნენ ძილისპირულს ჭვავის უმწიფარ ყანაში, როცა უპტეითის ტომის სამფლობელოსაკენ მიმავალ გზას ბედაურთა ფლოქვებმა აუდინეს ბდღვირი. ზოლ-ზოლად დაფლეთილიყვნენ ლურჯად დაფერილი ღრუბელნი, სიოში დარწეულ ჭვავის ქორფა თავთავთა შორის იღვრებოდა სულთმობრძავი სინათლე მზისა და ამხედრებულ ამალას ცრეცდა ნარინჯისფრად.

მათრობელა გახლდათ სურნელი მეხუთე მთვარისა, ჰასსეს პირისახეს რომ მოსდებოდა. ხალვათად მოკაზმულიყო მემკვიდრე სრორდის ტახტისა, ქათქათა ჩითის ხალათ-შარვლითა და ოქროსფერი ლაბადით შემოსილიყო. ძვირფასეულობა არა ეპყრა რა მეფისწულს, მხოლოდღა საგვარეულო ბეჭედი უმშვენებდა მარჯვენა არათითს, თუმცაღა არარა გახლდათ ვოლფრამთა დიდკაცური მოკაზმულობა იმ მეფური მზერის წინაშე, ჰასსეს თვალებიდან რომ გამოსჭვიოდა. ოცდათორმეტი ზამთრისა სრულდებოდა მეფისწული, და გამუდმებით ჩურჩულებდნენ ვოლფრამთა დარბაზში აღტაცებულნი თავადნი, მეფეს ტახტის გადალოცვა განუზრახავსო.

სრორდის მიწებს ჩამოუვლიდა მეფისწული ჟამიჟამ, ეწადა ქვეყნის ხალხთა ყოფა ეხილა. მხოლოდღა თითო-ოროლა თავადსა და მხედართ იყოლებდა ამალად, ჩუმი, საიდუმლო და მსუბუქი იყო მგზავრობა მისი.

ჰასსეს სტყორცნა მზერა ოცდახუთი ზამთრის ანდრეიმ. ძმის გვერდით ამხედრებულიყო იგი, ბნელი ღრუბელი მოსდებოდა მის პირისახეს, რამეთუ დიადი იყო საფიქრალი მისი, მძიმე ვითარცა ათასი საწყაო და სულშემხუთველი ვითარცა უკიდეგანო ოკეანე. ფიქრებს მიეცემოდა იგი, თუმცაღა მათ თავადი სამუელისა და გაბრიელის უდარდელი მასლაათი, კუტკალიათა ჭრიჭინი და ბედაურთა ნალთა წკარუნი უფრთხობდა, სანამ ისინი ჩორთით მიუყვებოდნენ მოკენჭილ, ხრეშიან გზას.

მონაბერი სიო ღრმად შეისუნთქა ჰასსემ. მშვენიერი იყო უპტეითის ტომთა სამფლობელო, ბრურგის ორ შტოს შორის მოქცეული, მთანი გადმოჰყურებდნენ ამაყად ზემოდან. ჭვავის ყანებს, სიოში დარწეულ შეფოთლილ ხეებსა და დღის სამუშაოთი მოქანცულ გლეხთა ხალისიან ღიღინს აღევსო ჰაერი, მომავალი ცრუღამის სიგრილე რომ შეჰპარვოდა. დასავლეთს უმზირა ჰასსემ, სადაც ღრუბელთა მიღმა ეწადა მოფარება მზის მხევალს, ხეთა შორის დაფატრული ალისფერი შუქი მოედო მეფისწულის პირისახეს.

მოახლოვდა დაგუდული ფუსფუსი უპტეითის ტომისა, გლეხთა ნარინჯისფრად დაფერილი სილუეტნი აღიმართნენ ხის ქოხთა შორიშორს, გამომწვარი თიხის სახურავებს თითქოს ცეცხლი ეკიდათ. გზის გარშემო აღმართულ ხეხილზე, ფოთოლთა შორის მიმალული ბალღები დალანდა ჰასსემ, მისასალმებლად ხელი აღმართა და შეჰღიმა მათ.

დიდგვაროვანი მოემართებაო, გადასძახეს ერთურთს, აიტაცა მათი წკრიალა ხმა სიომ, თითქოსდა ზარი რეკსო ამ უჩუმარ დღეს, და უპტეითის ტომის ქოხებს მოსდო იგი. გამოეფინნენ შუკებს ცნობისმოყვარე გლეხნი, ამალას მიაპყრეს თვალნი.

ჩამოხდა და მათ მიუახლოვდა ჰასსე, მიესალმა, სტუმარნი გეწვიეთო ჩრდილოეთიდან.

რამდენიმემ უმალ შეიცნო მეფისწული სრორდისა, მუხლი მოიყარეს მის წინაშე.

-ჰოი, მეფისწულო, რაოდენ ბედნიერი დღე გაგვითენდა! – დასძახა ერთმა, უზომო სიხარულით გამსჭვალულიყო მზერა მისი. – ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ გადმოგვხედა, მოიწადინა დალოცვა ჩვენი, მზის სხივი მოგვივლინა უპოვართ!

მოახლოებული ცრუღამის სიწყნარე, მძიმე შრომით აღსავსე მზის დაღლილობა რომ გასდევდა, ანაზდად გაიფანტა ჰაერში. მეფისწულის სახილველად დასტოვეს ქოხები, ბაღჩები თუ ყანები, შემოეჯარნენ მემკვიდრეს სრორდისა, მათი ბედნიერი შეძახილებით აღივსო მათრობელა ჰაერი. დაფაცურდნენ დედაკაცნი და ჟივჟივი ასტეხეს ბალღებმა, ხეხილს შემომსხდარნი დაჰყურებდნენ დიდგვაროვანთა ამალას.

მოკრიალებული ცის კამარის ქვეშ დაანთეს კოცონი და გაშალეს ტაბლა, საჩეხეში აბღავლდა საკლავი. საჩქაროდ ჩამოატყავეს, სისხლი დაადინეს და გამოშიგნეს სამი ნასუქი თხა, ვეებერთელა თუჯის ქვაბები შემოდგეს ცეცხლზე ხორბლის მოსახარშად და ველურ ყვავილთა დასაკრეფად გაგზავნეს ბალღები. აღფრთოვანებული ყიჟინითა და ფერად-ფერადი თაიგულებით მორთეს ბალღებმა ტაბლა, მეფისწულთა გარშემო ლამობდნენ შემოჰჯარვას და მათთვის გაუგებარი, თუმცაღა მაინც გულწრფელი სიხარულით აღსავსენი აწვდიდნენ მათ ყვავილებს.

ჩაინავლა სინათლე დღის მხევლისა დასავლეთში, მხოლოდღა სისხლისფერი მრუდი მოსჩანდა ქარში მოჩურჩულე ჭვავის თავთავთა შორის, იასამნისა და ვარდის ფურცელნი მოეფინნენ თითქოს ცას. წარბი შეჰკრეს ღრუბლებმა, ჩამუქდნენ, მაგრამ ჩუმი და უწყინარი იყო მრისხანება მათი, მხოლოდ მცირე ნაგლეჯი ცის კამარაზე, რომელზეც მთვლემარე ვარსკვლავნი ახელდნენ თვალს.

ჩამოდგა ცრუღამე და დაცარიელდნენ ბაღჩათა ქორფა მონაგრით სავსე მათლაფები, დამჭლევდნენ ქერის ნაწურთა ნასუქი ტიკჭორები და ძვლებამდე გაილია საკლავი, თუმცაღა არ ცხრებოდა მოლხენა უპტეითის ტომთა ხალხისა. არხეინად დაამღერებდნენ ისინი, მადლიერნი ღმერთთა წინაშე, შეჰღაღადებდნენ მათ და ლოცავდნენ სრორდიდან მოვლენილ ამალას, ვითარცა ზეციდან მოევლინენო ისინი. სიუხვე მოაქვსო მეფის პირმშოს ფეხსაო, გაჰყვიროდნენ ისინი და მოხარული ცეცხლით ენთო უპტეითის სამფლობელო, ვითარცა სინათლეთა ქალაქი ზრეა.

ტაბლას თავადობდა ჰასსე. მარჯვნივ ანდრეი უმშვენებდა ხელს, მარცხნივ თავადი გაბრიელი და ისე მისწოლოდა იგი სკამს, თითქოსდა სრორდის ტახტზე მოსვენებულაო. ღიმილი მოჰფენოდა მეფისწულის პირისახეს, რომელსაც მოლხენის სხივი გასდევდა ძარღვად, თუმცაღა ვერ მისწვდენოდა იგი მის თვალებს. მხოლოდ სამჯერ მიჰკარებოდა ქერის ნაწურით აღსავსე ფიალის ტუჩი მის ბაგეს, და მუდამ სავსე რჩებოდა მის წინ მდგარი მათლაფა. მოლოდინს აღევსო მეფისწულის გონება, უპტეითის ტომთა შორეული კუნჭულისადმი მიმართულს, და იცდიდა იგი, სანამ მუქ ლურჯად არ დაიფერა ცის კამარა, თითქოს მელანი მოასხესო და მასზე მიმობნეული მარგალიტებივით არ აბრწყინდნენ ვარსკვლავნი.

შეთვრნენ გლეხნი, ცეცხლს შემოერტყნენ რკალად როკვით. სიმიანი საკრავი ააჟღერეს ახალგაზრდა ქალიშვილებმა, დაამღერებდნენ ღმერთებისადმი სამადლობელს და შეფარვით უმზერდნენ დიდგვაროვანთ სრორდისა. ტომის უხუცესი შორიახლოს მიუჯდა თავადებსა და მეფისწულებს, ფიალას ფიალაზე სცლიდა და მომლოდინე თვალს აპარებდა ჰასსესაკენ.

ღამეში ჩადნა მწუხრი და გრილი სიო მოედო ჰაერს, როცა წამოდგა ჰასსე. მას მიჰყვა უხუცესი, განაცხადა, მოსვენება ესაჭიროებათო სტუმართ, დედაკაცებს ქვეშაგებთა გაშალა უბრძანა. მემკვიდრეს სრორდისა მე მივაცილებო მოსასვენებლად, მოჭრა მან და შეფარვით ანიშნა ჰასსეს, სწრაფად განარიდა იგი ატეხილ ფუსფუსს.

ვითარცა ეული სანთელი ბნელი ოთახის წინაშე, წყვდიადში დაიღვენთა სინათლე კოცონთა, ვარსკვლავთა და მიმობნეულ ჩირაღდანთა ამარა დარჩა ჰასსეს გარშემო გავსებული ღამე. მკვირცხლად, ვითარცა ვირთხა, შუკებში გაძვრა ტომის უხუცესი, კუთხეს მოფარებული დედაკაცისაგან აიტაცა გამომწვარი თიხის ლამფა. პატრუქი ნარინჯისფრად ალიცლიცდა მის ხელში, და უმალ მოჰხედა ჰასსეს, წელში მოიხარა და ჩასჩურჩულა, მომყევით, მეფისწულოო.

გაშლილ ტაბლასთან გამართული ღრიანცელი დაგუდულ გუგუნად იქცა და თითქოსდა უფრო მაღლა აიზარდნენ ცის კამარას შებჯენილი, უპტეითის სამფლობელოს გამოფარებული მთები, როცა ნაბიჯი შეანელა უხუცესმა. პაწაწინა, ტყრუშული ღობით განცალკევებულ ქოხზე მიუთითა მან, ლამის მიწამდე დახარა ჭაღარა თავი და მიუგო, გელითო დედაკაცი შინ.

მიუახლოვდა ქოხს ჰასსე. ცეცხლის ტკაცუნი გაისმოდა შიგნიდან, ჰბოლავდა ჭერზე გამოჭრილი სარკმელი, სანდალოზის ხის სურნელება მოსდებოდა არე-მარეს.

ბაგე უთრთოდა მეფისწულს, პირქუში იყო პირისახე მისი და მუშტად შეჰკვროდა ხელები.

ამოისუნთქა მან და შეაღო კარი, მსწრაფლ შეაბიჯა.

უმალ ასწია თავი ცეცხლის პირას მჯდარმა დედაკაცმა. შავი აბრეშუმით შემოსილიყო იგი, ჭაღარა კულულები აეკრიფა კეფაზე და გამჭირვალე აბრეშუმის რიდე ჰფარავდა მის პირისახეს. მაგრამ მაინც მოსჩანდნენ მისი თვალები, ნაოჭებით შემოჰჯარული და სიბერით დანისლული, თუმცაღა მაინც გამჭრიახი, ძვალ-რბილში გამტანი მზერით.

კართან შეჩერდა ჰასსე. უჩუმრად დასცქეროდა იგი დედაკაცს, რომელმაც ამაყად ასწია ნიკაპი, თითქოსდა არ მოიდრეკსო თავს მომავალი მეფის წინაშე.

-რაოდენ უხვნი და მოწყალენი არიან ღმერთები, რამეთუ სრორდის პირველი ვაჟის ხილვით დამაჯილდოვეს! – სიჩუმე დაარღვია დედაბერმა. არ იძვროდა ჰასსესაკენ მომართული მზერა მისი. – მაშა, მეფისწულო? რახანია არ მიხილავს შენი პირისახე, მხოლოდ სიზმრებში გიხილე… რაოდენ გაზრდილხარ, კაშკაშაა ვარსკვლავი შენი!

-ვუწყი, თუ რას ფიქრობ ჩემ ვარსკვლავზე, ბაბალ-ქაან. – მიუგო ჰასსემ. – ვუწყი, თუ რას გაუწყებენ ხილვანი შენნი.

წარბები აზიდა ბაბალ-ქაანმა, თავი მოდრიკა, თითქოსდა ქათინაურს იღებსო.

-ანდრეი აქაა, ამ ცის ქვეშ. – თქვა მან.

-ჰოი, წყეულო! – შეჰსისინა ჰასსემ. – თუკი წადილს ამჟამს ამიხდენდნენ ღმერთები, კვლავ ბელთათინში იქნებოდა იგი…

-პატარა ბიჭო. – შეჰღიმა ბაბალ-ქაანმა. – აღმართულხარ, დიადი, მძლავრი და უტოლსწორო, მაგრამ უსუსური, ვითარცა თავთავი ქარიშხლის წინაშე. თავი ვერ წაგგლიჯა მან, მაგრამ ნაყოფიერება შემოგძარცვა, დაგტოვა ეულად უეჭველი სიკვდილის წინაშე…

მშვიდად შეაცქერდა ჰასსე, თითქოს სიწყნარე მოუტანაო მისმა ნათქვამმა.

-ჩემი სიცოცხლე ხანმოკლე იქნება, თუმცაღა არა უნაყოფო. – მიუგო მან. – მხოლოდღა შენი დამპალი, შხამიანი თესლი წარმოგიდგება მონაგრად შენს გონში. სუაგრამ და ნიჰიდამ გშობეს ამ მიწაზე, და მათი რუხი ღრუბელი მოსდებია ყოველივეს, რასაც თვალსა და ხელს დაადებ…

-უმაქნისო, უვიცო ბიჭო! – დასძახა ანაზდად ბაბალ-ქაანმა. ნაკვთები მოეღრიჯა, აენთო ლიბრგადაკრული თვალები. – თუკი შენი პაწია, ბალღის თავით ჰგონებ, რომ საუბარი შენი შესძრავს ჩემს სულს და სიმართლის ნაპერწკალი ურევია მასში, მაშ აქვე გამაცამტვერონ ღმერთებმა, ნაცარტუტად დაფშვნან ჩემი ბებერი ძვალნი და ამ წყეულ მიწაზე დამანთონ ცეცხლად… მე მხოლოდღა ზეციურ წადილთა შიკრიკად ვიქეცი, ჰასსე, ურყევნი არიან ისინი, რამეთუ ბედად დასწერილან. სამეფონი უნდა შეერთდნენ, თუმცაღა არა შენი გვირგვინის ქვეშ…

-რაოდენ მაცდურნი არიან სიტყვანი შენნი, ვითარცა თაფლი უხსენებელისა პირში. – მიუგო ჰასსემ. – რად მოსულხარ აქ, ბაბალ-ქაან? წარვედ, მიჰხედე წითელ მეფისქალს ამფაკართა…

-მწადია ვიხილო აღსრულება ღმერთთა წადილისა. – თქვა დედაკაცმა. – მე მხოლოდღა მათი ნების აღსრულება მწადია, ჰასსე. ვუწყი, რომ გსურს იხილო სრორდი ვითარცა ძლიერი და უტოლსწორო, წალკოტი ამ წყეულ მიწაზე, რომლის სიდიადეზე მოისმენენ ბალღნი, განსჯიან კაცნი და ამბად მოჰყვებიან მოხუცნი, სიდიადეზე, რომელიც ისეთივე დაუდგრომელი და ყოველივეს წამლეკავია, ვითარცა დიდი ბრურგი…

-მაგრამ არ მკითხავ, თუ ხილვა მწადია მისი. – მიუგო მეფისწულმა. – რამეთუ არ ძალმიძს სრორდს შევძინო ის სიდიადე, სისხლით მორწყულ მიწასა და გაციებულ კერებს რომ შემთხოვს მსხვერპლად…

-მუდამ სუსტი იყო გული შენი, ჰასსე. – თქვა დედაკაცმა.  

-თუმცაღა ლაჩრობას ვერ დამწამებ, ბაბალ-ქაან. – მიუგო ჰასსემ. – არა ძალგიძს ჩემდამი  ცილისწამებას მოჰხვიო ბაგენი შენნი…

-ყოველივე ცოდვის, გაცუდებული კაცისა და წყვდიადში დაღვენთილი სანთლის შემოქმედად მე მთვლი, ჰასსე. – შეჰღიმა დედაკაცმა. – რად გგონია, რომ არ ძალმიძს ხმა აღვიმაღლო და სიბილწენი დაგწამო?

-ჩემთვის არასოდეს მოგიწოდებია შხამი, მისით აღსავსე ოქროს ფიალა არ მოგიტანია ჩემს ბაგესთან. – სიმწრის ღიმილმა შეუკრთო ბაგე ჰასსეს. – მე მხოლოდღა შემომაფურთხეს იგი.

გადაიხარხარა ბაბალ-ქაანმა. მჭახე იყო ხმა მისი, მყივანა და გულგამგმირავი, თითქოსდა გაჰკივისო დიაცი.

-იშვიათნი არიან კაცნი, რომელთა გულნი კვლავ უმწიკვლონი არიან. – თქვა მან. – რომელთაც შეჰხებიათ სიმწარე ამ წყეული, დამზრალი მიწისა, შეჰხებიათ სისხლი, ფუფუნება, დიადი გვარი, სისასტიკე და ძალაუფლება… – ნაკვთები შეუთრთოლდა დედაბერს, შეჰკრა წარბი, თითქოსდა ახალი საწუხარი მოედოთო ჟამგამოვლილ ნაოჭებს.

-მაგრამ ჰგონებ რომ სუსტია გული ჩემი. – მიუგო ჰასსემ. – სცდები, დიაცო… წაბილწული გული მხოლოდ წაბილწულთ ჰხედავს, ბნელი, მყიფე და გაუსაძლისია სამყარო მისი.

უმზირა მცირე ხნით ბაბალ-ქაანმა, არას ამბობდა, თითქოს რაღაცას ეძიებსო მეფისწულის თვალებში და საპასუხოდ გაუსწორა თვალი ჰასსემ.

-მუდამ უბედური იყო ვარსკვლავი შენი. – წაიდუდუნა ბოლოს დედაბერმა. – სუაგრასა და ნიჰიდას დაღი ესვა ზედ, თითქოსდა ჰეიგლშარის მყრალმა სუნთქვამ შეათრთოლა და მოანაოჭაო იგი… მალე წახვალ, ჰასსე.

თავი აზიდა ჰასსემ. სევდა მოედო მის პირისახეს, თუმცაღა სიმშვიდის ელფერი ვერ დაუკარგა მას. წამიერად ძალიან ახალგაზრდად მოსჩანდა იგი, მისი სუფთა, ფერმკრთალი პირისახე, მბზინვარე შავი კულულები და სიბნელე მისი ღრმა, უკიდეგანო თვალებისა, ავდრის ზღვას რომ ჩამოჰგავდა.

-ვარსკვლავთა ძახილს არ ვსაჭიროებ. – თქვა მან ბოლოს. – ვუწყი, თუ ვის ხელშია ჩემი აღსასრული. ვუწყი, თუ ვისი მახვილს დაედინება ჩემი სისხლი…

რაღაც გაკრთა მოსაუბრეთა შორის, უჩუმარი, ხელუხლებელი, ვითარცა გულიანად დაგდებული ყური.

-სრორდი შენი ფეხის მტვერს ეამბორება, ჰასსე. – თქვა ბაბალ-ქაანმა. – მაგრამ არ ძალუძს არავის, არასოდეს, გაგება იმისა, თუ რაოდენ დიდი ძღვენი გაიმეტეს ღმერთებმა მათთვის.

-ძღვენი თუ სამსხვერპლო საკლავი, ბაბალ-ქაან? – ბაგე შეუთრთოლდა მეფისწულს. ცეცხლი აენთო თვალებში, უფრო მძლავრი, მწველი და მიმზიდველი, ვიდრე ცეცხლი ქოხისა, ვიდრე კოცონი უპტეითის ტომისა, ვიდრე თვით დიდი ქალაქი ზრეა.

-დაე შენს სიცოცხლეთა გზანი ვარდით იყოს მოფენილი. – უთხრა ბაბალ-ქაანმა.

-მხოლოდღა ერთ გზას ვხედავ. – მიუგო ჰასსემ. – და თუკი ვარდითაა იგი მოფენილი, მაშ გული ჩემი ფეთქვას მათ ეკლებზე აღასრულებს.

ჩაიღიმა ბაბალ-ქაანმა, და თავი მოიდრიკა მის წინაშე. აბრეშუმის რიდე შეუთრთოლა ცეცხლის მწველმა სუნთქვამ, და მორჩილებით აღსავსენი სჩანდნენ მისი დახრილი თვალები.

შეტოკდა ჰასსე, როცა ანაზდად ნაბიჯთა ხმა ჩაესმათ მის ყურებს. ღამის წყვდიადისა და ყანების დაგუდული შრიალის იდილია გაფატრა ქოხს მოახლოებულმა სილუეტმა. უხუცესის სიტყვას არა უგდო მან ყური და თამამად შეჰგლიჯა კარი.

-ჰასსე! – შესძახა მეფისწულმა და ნაკვთები მოეღრიჯა ჰასსეს, ეწადა ძმას გადაჰფარებოდა, თუმცაღა უწყოდა, რომ ანდრეის მზერა უკვე დაეცა ცეცხლის პირას მჯდომ ბაბალ-ქაანს.

გამტკნარდა ანდრეი. სისხლი ჩამოერეცხა პირისახიდან, ნაკვთები შეუტოკდა შლეგივით და წაიფორხილა, შეტორტმანდა. ხელი სტაცა ჰასსემ, რომ მუხლებზე არ დაცემულიყო იგი წყეული გულთმისანის წინაშე.

-რაოდენ დამლოცეს ღმერთებმა! – ხელები აღმართა ბაბალ-ქაანმა, შეჰღიმა ორივეს. – ორი მეფისწული სრორდისა აღმართულა ჩემს წინაშე!

-წარვედ. – მიუგო ჰასსემ, გამომცდელად ჩააცქერდა დედაკაცის გაცრეცილ, დანისლულ თვალებს.

-შენს ხანჯალს რად არ იძრობ, პირმშოვ სრორდისა? – შეჰკითხა ბაბალ-ქაანმა. არ იძვროდა ღიმილი მისი.

-ბილწი არის ბაგე შენი, და ლამობ წამბილწო მეც, თუმცაღა ფუჭნი არიან მცდელობანი შენნი. – მიუგო ჰასსემ, იბრუნა პირი და ანდრეი მოარიდა წყეული გულთმისანის მზერას. – მე ხანჯალს არ ვსაჭიროებ, ბაბალ-ქაან.

ქოხიდან გაალაჯა ჰასსემ, ზურგზე მოჰხვია ანდრეის მკლავი და უმალ მოიჯახუნა კარი. უხუცესი იქვე მობუზულიყო, შიშით აღვსებოდა ლამფის შუქით განათებული პირისახე.

-დაბრუნდა იგი? – შეჰკითხა ანდრეიმ, მოუბრუნდა ძმას. ბაგე მოკუმა ჰასსემ.

-არა. – თქვა ბოლოს. – კვლავ ამფაკართა სამეფო კარს უბრუნდება.

-რად გადმოჰკვეთა ამფაკართა მიწები? რად ინება მიეტოვებინა შვილობილი მისი? – წარბი შეჰკვროდა ანდრეის, მიტკლისფერი პირისახე მისი მრისხანებით იფერებოდა. – რად ინება ამ მოუსავლეთში…

-მსწრაფლ ნათქვამი სიტყვანი ჭკვამოკლე ხალხთა ორპირი იარაღია, ანდრეი. – მოუჭრა ჰასსემ.

-შენი ხილვა ეწადა? – შეჰკითხა ანდრეიმ. უცხო ელფერი მოეფინა მის ნაკვთებს, ისეთი, როგორიც მისი ყრმობიდან აღარ ეხილა ჰასსეს. შეზარა ძმის პირისახემ და არა უთხრა რა საპასუხოდ მეფისწულმა, მხოლოდღა ზურგი აქცია, ქოხთა სახურავთა მიღმა, აბრიალებული კოცონის ათინათს მიაპყრო თვალი.

უმალ ქოხისაკენ გაემართა ანდრეი. აზვირთებულ ბრურგს ჩამოჰგავდა იგი, მოღრეჯოდა ბაგე და ცეცხლი მოსდებოდა მკერდზე.

კარი გამოგლიჯა მან.

ცარიელი იყო პირი კერისა. უდარდელად ლიცლიცებდა ცეცხლი, ალისფერს სდებდა გარემოს და კვლავ სანდალოზის ხის სურნელებით გაჟღენთილიყო არე-მარე, თუმცაღა არსად სჩანდა შავი აბრეშუმით მოსილი დედაკაცი, სიბერის ლიბგადაკრული, გამჭოლი თვალებით რომ იმზირებოდა.

-გზა ვრცელია ჩვენს წინაშე, ანდრეი. – თქვა ჰასსემ, ზღრუბლზე მილურსმულ ძმას, მის მრისხანებისაგან ათრთოლებულ მხრებს შესცქეროდა მშვიდად. – ღამე კი სულმოკლე და თვალთმაქცი. მოისვენე მცირე ხნით.

არ იძვროდა ანდრეი. უხუცესის მოწიწებითა და ჰასსეს სიმშვიდით აღსავსე მზერის მიღმა ერეოდა ჰაერს მრისხანე სუნთქვა მისი.

ბოლოს ქოხის კარი მოიქნია მან, მყიფე კედლები შეაცახცახა. იბრუნა პირი, არც კი შეჰხედა ჰასსეს და უკანმოუხედავად მიაშურა შუკებს.

მცირე ხნით მის სილუეტს უცქერდა ჰასსე, სანამ იგი წყვდიადში არ გაიღვენთა. სევდას აღევსო მზერა მეფისწულისა, სევდასა და სიმშვიდეს.

ცის კამარას მიაპყრო მზერა ჰასსემ. დასავლეთით შექუჩებულიყვნენ ღრუბელთა ნაგლეჯნი, თითქოსდა სიოს გაურეკავსო ისინი, ვითარცა ფარა ცხვრისა. უსაშველოდ ლურჯი იყო ზეცა, და უსაშველოდ შორი თაღი მისი, მიწას ეამბორებოდა ჩახჩახა ვარსკვლავებისა და მთვარის გალეული ჩონჩხის სინათლე.

-მეფისწულო… – შეჰკადრა ტომის უხუცესმა, სანახაობას მოსწყვიტა იგი.

-დიახ… რასაკვირველია. – წაიდუდუნა ჰასსემ. – მაშ, უნდა გამიძღვეთ წინ, უხუცესო.

უმალ დაფაცურდა ბერიკაცი, მისი ლამფის პატრუქის ლიცლიცს მიჰყვა ჰასსე.

მზერა სწვავდა ზურგს, დანისლული, თუმცაღა მუდამ გამჭრიახი, მაგრამ არ მოუხედავს უკან.

ლიცლიცებდა უდარდელად უპტეითის სამფლობელო, და უჩუმარი იყო მოძალული, მელნისფრად დაფერილი ღამე.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

მეთორმეტე მთვარის ქათქათა, ყინულოვან სუნთქვას მოეცვა უწყლო ჩრდილოეთის მიწები. თითქოსდა უჩუმრად, უდრტვინველად უშვირაო დედაბუნებამ ღაწვი მისი პირველი თოვლის სპეტაკ ბაგეს, ისე შესცვალეს დღისა და ღამის მხევლებმა ათჯერ ერთურთი, და დადუმებულიყო ყოველივე გარშემო, ნეტარ განცხრომას მისცემოდა სულიერი თუ უსულო. მიტკალივით გაფითრებულიყო ცის კამარა, ღრუბელთა ფერმკრთალ მოსასხამში გამოხვეულ მზეს ჰფარავდა იგი. არ ენება უწყლო ჩრდილოეთის მიწების დადაგვით გადაღლილ დღის მხევალს ხილვა ცოდვიანი მიწისა, მხოლოდღა ცის კამარას მიკრულ ღრუბელთა გადახლეჩისას მიისწრაფვოდა მიწისაკენ ოქროსფერი სხივი. ვითარცა კვირტს, მასაც მალევე ჰკვეთდა ძირში მთათა თავზე ატეხილი ქარი, რომელიც უდარდელად მიერეკებოდა სპეტაკ ბურუსს.

თეთრად გადაეპენტა შეუყოვნებელ თოვას ქროუსალის ტყე, მოძალულიყო ყინვა და თითქოსდა რძისფერი ყინული გადაჰკრავსო ყოველივეს, მბრწყინავი ჭირხლით დაეფარა შემოგარენი. სიწყნარეს მოეცვა ქროუსალის ტყე და მის მიღმა გადაჭიმული მთანი თუ ბარნი, ტყის ბინადართა სიმღერა და შორს, შორს, დიადი ბრურგისა და მის მწირ შენაკადთა დაგუდული დუდუნი აეტაცებინა სუსტ სიოს, მკრთალ ნახმევად სდებდა არე-მარეს.

თუმცაღა, სპეტაკი საფარველი მეთორმეტე მთვარისა ვერ დაჰფარავდა, ვერ წარიტაცებდა იმ მეწამულ სასაკლაოს, რომლის სისხლითაც დამბალიყო ქროუსალის ტყის მიწა. ვითარცა სუდარა, გადაჰფარებოდა ამბორი ფანტელებისა იმ ბედშავთა სხეულებს, რომელთაც უდროოდ დაელიათ სული სრორდისა და ერქანთა სამფლობელოს უბადლო მეომართა მახვილთა ქვეშ. ვივიენ ქალის მიერ შეკრებილი ამფაკართა თორმეტი მეომრიდან მხოლოდ ერთსღა შერჩენოდა სუნთქვა მკერდში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეჰბედა მან ხმლის აღმართვა ზაჰრასა და ანდრეის.

ქროუსალის ტყის ტევრში გამქრალიყო იგი, და ამფაკართა სამფლობელოს გზას დასდგომოდა უკანმოუხედავად.

ჩუმად გლოვობდა იმ ღამით დანთხეულ სიცოცხლის ალისფერს დედაბუნება, როცა თერთმეტი გვამი განზე გადაათრიეს და მომცრო ჭალაში ჩაუძახეს მეფისწულმა და ბაჰირელმა დიაცმა. გულში წამიერად გაივლო მეფისწულმა, რომ საფლავი გაეთხარათ და მისთვის მიებარებინათ ლეშნი მეომართა, თუმცაღა მეთერთმეტე მთვარის შეუბრალებელ სიცივეს ქვად ექცია მიწა. ნეშომპალით დაჰფარეს მკვდარნი, ჩაანავლეს კერა და მიმართეს გზას.

და ვრცელი იყო გზა, ვრცელი და უკაცრიელი, მხოლოდ ჩირგვნარში მიმალულ გნოლთა კაკანი, ხარირემთა შორეული ყვირილი, ხეთა შორის სიოს სტვენა და დუმილი დათოვლილი ტყისა დასწვეოდათ მეგზურად. წყურვილს უხვად იკლავდნენ დამაშვრალნი თიხის ფიალებში დახვავებული თოვლით, თუმცაღა შაარ-ჰაფადან წამოღებული საგზალი, და ბედაურთათვის წივა გაჰქრა თვალსა და ხელსა შუა. მესამე მზის მიწურულს მიილია ბოლო ნარჩენი მცირეოდენი ხილისა და ხორცისა, გამოიფხიკა ხურჯინები და შიმშილმა ჩასჭიდა თავისი უწყალო კლანჭები მოგზაურთ.

იმ ღამით, როცა იძალა თეთრ ღრუბელთა საფარველის შუქმა და მომცრო ბანაკი დასცეს მის ქვეშ, ჩირგვნარში მთვლემარე ორი ნასუქი გნოლი რის ვაივაგლახით მოინადირა ზაჰრამ, თოვლის სპეტაკ სუდარაზე აღუებული, შეჭირხლული კენკრა ჩამოჰკრიფა. პატარა ცეცხლზე შეწვეს ფრინველნი და პირწმინდად გასცალეს ხორცისაგან, თუმცა მომცრო გნოლებსა და დათრთვილულ კენკრას არ ძალუძდათ შეკავება იმ სიცარიელისა, ხურჯინებსა და მუცლებში რომ დაესადგურებინა და იმზირებოდა ავი თვალებით.

მეხუთე მზისას შემეჩხერდა ტყე, და დაჰბერა ულმობელმა ქარმა, რამეთუ ხეთა ტევრს ვეღარ შეეკავებინა იგი. ამაღლდა სპეტაკი საფარველი ნიადაგისა, რამეთუ კვლავ ნებივრად ეკონებოდნენ ფიფქები მიწას. რის ვაივაგლახით მიიწევდნენ ოფლში გაღვრილი, გვერდებაქაფული, არაქათგამოცლილი ბედაურნი გაყინულ თოვლში, რამეთუ მუხლს ჰფარავდა იგი და ფუძე მისი მოეყინა გაყამირებულ მიწასა და ულმობელ ქარს. გზის გასაკვალად ჩამოხდა ანდრეი, მიარღვევდა იგი თოვლს და ნაკვალევი მისი ქცეულიყო ტყის მკვეთ ერთადერთ ძაფად.

იძალა ღრუბელთ გამოქცეულმა სინათლემ. ყოველი ნაბიჯისას ნაკლებ ვარჯსა თუ ხეთა სქელ ზროს ეხეთქებოდა იგი, სანამ არ დაჰფარა ყოველივე და პირისპირ აღუდგა მოგზაურთ, თვალისმომჭრელად ააბრწყინა ქათქათა არე-მარე. თეთრად ბრწყინავდა პირმობრუნებული მხევალი მზისა ნაცრისფერ ღრუბელთა შუა, ეფინებოდა შემაღლებულ ქროუსალის ტყეს და დაღმართის მიღმა გადაშლილ ჭალას, რომელშიც ხეთა მცირე ტევრთა შორის მდორედ მიიკლაკნებოდა მომცრო შენაკადი ბრურგისა, ვითარცა მზის გულზე მონებივრე გველი. ცარცოვან მთებს დაეფარათ თვალსაწიერი, და შუაზე ხლეჩდა მათ ხეობა შენაკადისა, რომელიც იკარგებოდა შორეულ ბურუსსა და კაცის თვალის მიერ მიუწვდენელ მიწებში.

ჰქროდა სუსტი სიო, და თუმცაღა უდრტვინველი სჩანდა გზა თოვლისა მიწამდე, უჩვეულო ფორიაქი ჩასდგომოდათ ძვლებში მოგზაურთ. მეცხრე მზისას აჰხედა ტყვიისფერ ზეცას გიუნტერმა და განაცხადა, ღმერთები უგზავნიანო უწყლო ჩრდილოეთს ქარბუქს, უცახცახებდა ბებერი ძვლები. დედაბუნების ფორიაქი სდევდა მათ თითოეულ სუნთქვას და თუმცაღა ძალუძდა ქარს სხივნი მზისა მოესპო კვირტში, ვერ განედევნა მას ნაცრისფერი ღრუბელი, რომელიც მათ ჩამოსწოლოდათ.

და, მეათე მზის მიწურულისას, როცა დღის მხევლის სისხლისფერში იგუდებოდა თვალსაწიერი და ყინვა უდარდელად დათარეშობდა ძვალსა და რბილში, წყლის პირას დაბანაკდნენ მოგზაურნი. შიმშილით გათანგულთ მხოლოდ წყლით ძალუძდათ მუცელთა ამოვსება, მცირე ცეცხლი გააჩაღეს ქვიან ნაპირზე და ბაჰირელი დიაცის დაკრეფილ კენკრას მიეძალნენ, რამეთუ უკან, ძეძვთა საიმედო საფარში დარჩენილიყვნენ იოლად მოსანადირებელი გნოლნი.

წყლის პირს მიმდგარიყო ზაჰრა. ძეგლივით უძრავი იყო იგი მოძალული ქარის წინაშე, ყინვისაგან აალებოდა ღაწვები და დაჰხეთქოდა ბაგე. არაქათგამოცლილს, სამოსში ჩამდნარი თოვლისაგან დაჟიებულსა და დამშეულს თვალები ჩასცვენოდა, თუმცაღა გამჭოლი იყო მზერა მისი და კვლავ მტკიცედ აბიჯებდა იგი. ამფაკართა ამალის სისხლით შეღებილი მისი ლაბადა მეწამულ ფარდად ტკარცალებდა მის გარშემო, როცა თავი აზიდა, შეისუნთქა ღრმად და შეიგრძნო უწყალო ამბორი ქარისა.

-ქარიშხალი უახლოვდება უწყლო მიწებს. – თქვა მან ანაზდად, და კოცონთან მსხდომარენი წამსვე მოუბრუნდნენ მას. – ერთ მზეში, როცა ჩაესვენება დღის მხევალი და მომლოდინე ღამის სევდა მოიცავს ყოველივეს, ბობოქრად მოვა იგი…

-გულზე წრეს გამოისახავ, დიაცო? – შეჰკითხა გიუნტერმა. მოსასხამებში გამოხვეულიყო იგი, გაწეწილი, შევერცხლილი კულულები მისი კრთოდნენ წყლიდან მონაბერ სიოში და გამომცდელი გახლდათ მზერა მისი, რომელიც ხან მის დისწულს და ხან ბაჰირელი დიაცის ზურგს უმზერდა. – ნუთუ სწორედ ისე მოხდება ყოველივე, ვითარცა შენ უწყი?

-დედაბუნება არ ცრუობს, მრჩეველო სრორდისა. – მიუგო ზაჰრამ. – იდუმალია იგი, ვითარცა ფსკერი ოკეანისა, და მიუწვდომელი, ვითარცა მწვერვალი მთაგრეხილისა, თუმცაღა თუკი შეიცნობ, ისეთივე უწყინარია იგი, როგორც კამკამა წყარო. ქარნი მოდიან, სურნელი და სიმძიმე მათი დასწოლიათ სულიერსა თუ უსულოს. მოდიან, და სიფრთხილეს ელიან ჩვენგან, რამეთუ დაუძლეველად და ულმობლად მოედებიან არე-მარეს…

-მძლავრნი და მქონენი ძალაუფლებისა ვერასოდეს უძლებენ ჟამთა სვლას. – მიუგო გიუნტერმა. – თოვლს აღგავს იგი პირისაგან მიწისა, ყოველივეს, რაც გზაზე გადაეყრება, რძისფერ ნისლში ჩაკარგულ ბრმად აქცევს, თუმცაღა მალევე გაცამტვერდება თვითონაც…

-თავშესაფარი უნდა ვეძიოთ, რამეთუ ცის ღია კამარა, ხეთა ტევრნი თუ მთანი ვერ დაგვიფარავენ. – თქვა ანდრეიმ. ალისფრად აპრიალებოდა მეფისწულს მუქი თვალები, მალ-მალე უკეთებდა იგი მომცრო ცეცხლს.

-უახლოეს სოფლამდე ოთხი დღის სავალია, დისწულო. – მიუგო გიუნტერმა. – მხოლოდღა თვალსაწიერზე მოსჩანს საზღვარი სრორდისა. დასავლეთით მგლოვიარე ქალწულთა მღვიმეთ გამოუფატრავთ მთები, იქნებ მათ მივაშუროთ…

-არა. – მოუჭრა ანდრეიმ. – ვერ დაგვიფარავენ მღვიმენი, და მათ კლდოვან სიღმეში საკვების ნასახიც კი არავის უნახავს… ქვის ხევს უნდა შევეფაროთ, ბიძავ, ქარიშხალში მის პირას აღმართული სადარაჯო გვიჩვენებს გზას…

წარბები აზიდა გიუნტერმა. ბაგე შეუთრთოლდა.

-წყლის სენის მიერ წარტაცებული წყეული ხევი, ანდრეი? – შეჰკითხა მან. – ნუთუ სუაგრასა და ნიჰიდას მიერ დაწყევლილ ადგილს შეაფარებ თავს?

-რაოდენ უცნაურნი ხართ, ჩრდილოეთელნო! – თქვა ანაზდად ზაჰრამ. პირს არ იბრუნებდა დიაცი, შორეული მიწებისაკენ მიმართულიყო მზერა მისი. – სენმა იმსხვერპლა ხალხი ქვის ხევისა… ხალხი ჩრდილოეთისა, მაგრამ განვლეს ზამთრებმა, ათასმა წყალმა განბანა სამყოფელი სენისა, თუმცაღა თქვენვე განყენებულხართ მას, თქვენვე დაგიფარავთ მიწა თქვენი უკაცრიელობისა და მარტოობის სუდარით…

დადუმდა დიაცი. მას მიუტრიალდა გიუნტერი, მის სისხლით შეღებილ ლაბადასა და ბეწვმოვლებულ შალითაში გამოხვეულ პირისახეს მოავლო თვალი. მერე ანდრეის მიაპყრო მზერა მან, რომელიც ტოტებს ჰყრიდა ცეცხლში და მალ-მალე შესცქეროდა ზაჰრას, ბნელი და გამჭრიახი იყო მზერა მისი, ვითარცა ხეთა ტევრში მიმალული მგლისა.

-ქვის ხევისაკენ გავეშურებით. – თქვა მეფისწულმა. – სუაგრასა და ნიჰიდას წყევლა ის ქარიშხალია, ახლა ჩვენსკენ რომ მოემართება.

შეფარვით ჩაიღიმა გიუნტერმა და დაჰბურა ღიმილი მისი მოძალულმა ბნელმა, დასავლეთით მომაკვდავ დღის მხევალს რომ ეამბორებოდა ტყვიისფრად დაფერილი ბაგით. ჩაესვენა მზე და თვალსაწიერის მიღმა გაიკრიფა სითბო მისი, თარეში განაგრძო უწყალო ყინვამ და ცახცახი აუვარდა ყოველივეს, თრთოდნენ ყინულის ცრემლებით მტირალნი ღრუბელნი და საპასუხოდ როკავდა მიტკალივით გაფითრებული მიწა.

ნიავქარმა დაჰბერა მეორე მზეს.

ანც სიოს შეენაცვლა იგი, წუილით გაიჭრა ხეთა შორის და ააღრჭიალა ასწლოვანი ხეები, კამკამა წყალს მოუბრიცა პირისახე, ფანტელები ახვეტა და მათი ქათქათა მოსასხამით შემოსილი ჩაეკონა მთასა თუ ბარს. ყურისწამღებად გაჰკიოდა იგი, ბღაოდა ვითარცა სასოწარკვეთის პირას მიყვანილი საკლავი, თუმცაღა ეპყრა იარაღი ჯალათისა, მსხვერპლად კი ყოველივე გადაჰფენოდა წინ.

იმატა ქარიშხალმა, როცა დაიფლითა სინათლე დღის მხევლისა ცაში და ელფერიღა დარჩა მისი. საფარველი ქარბუქისა, მხოლოდ შორეულ მიწებს რომ ჰბურავდა რძისფრად, უწყალო მეტოქედ იქცა, კედლად აღიმართა მოგზაურთა წინაშე. ფიფქები, მხოლოდ ერთი მზის უკან რომ სათუთად ეფინებოდნენ მიწას, მწველ, პაწაწინა ისრებად ქცეულიყვნენ, ეკონებოდნენ შალითებში გამოხვეულ პირისახეთ და ავისმომასწავებელ ბედს ჩაჰკიოდნენ ყურისძირში. რის ვაივაგლახით მიიწევდნენ მოგზაურნი წინ, ჰკვეთდნენ თოვლსა და ქარიშხალს, გაჭირვებით მიათრევდნენ თავპირახვეულ, აცახცახებულ პირუტყვს, რომელთა დამფრთხალი ფრუტუნი ქარს მიჰქონდა ჟამიჟამ. შალითის ქვეშიდან იმზირებოდა ანდრეი, პირისახეს ხელი მოეფარებინა და თვალებმოჭუტული გამალებით უმზერდა შემოგარენს. ჭირდა ხილვა, გამყინავი ქარბუქის მიტკლისფერ ბურუსსა და მოწოლილი მწუხრის წყვდიადში ნაცრისფერი მოსდებოდა შემოგარენს, რომელშიც ტყვიისფრად დაჰფერილიყვნენ ქარბუქში დარწეული, აბღავლებული ხეები. ვითარცა ლაშქრობაში გამოწვრთნილ მხედართმთავარსა და ამ თოვლიანი მიწების შვილს შეჰფეროდა, დაგეშილი მგლის ალღოთი მიარღვევდა იგი თოვლს. სცნობდა გორაკს, ხეთა ტევრსა თუ შენაკადის პირთან ახლოს მოკენჭილ ნაპირს, რომელზეც იღვენთებოდნენ ფანტელნი.

მიილია სულთმობრძავი დღის სინათლე და ჩაიგუდა იგი მთათა მიღმა, თან მიჰქონდა მოგზაურთა გულში აკიაფებული იმედი, უღიმღამოდღა რომ ათბობდა მათ გათოშილ, დაჟიებულ სხეულებს. თითქოსდა გაყოყოჩდაო, აბღავლდა ქარი, უფრო მეტი შემართებით დაატრიალა თოვლი, გაუსაძლისად სტვენდა იგი, ჰყინავდა ყოველივეს და თბილ სუნთქვას სტაცებდა მოგზაურთ ბაგეთაგან, სანამ პირის ჰაერით გამოვსებაც კი გაუსაძლისი შეიქნა. მეტადრე გიუნტერს გასჭირვებოდა, ისე უთავბოლოდ დათარეშობდა სუნთქვა მის მკერდში, თითქოსდა საკუთარ თავსა თუ მათზე გამძვინვარებული დედაბუნება ყოფილიყო, ღამის ყინვის ჩამოწოლისას კარგს რომ არაფერ უქადდა მათ.

თუმცაღა, იფიქრებდა მოგვიანებით ანდრეი, არ ინებესო ღმერთებმა გაწირვა ჩვენი, რამეთუ სანამ ზურგს უკან მოტოვებული დღეების გარჯა და შიმშილი, ვითარცა გამძვინვარებული ნადირი, ეცემოდათ ფეხებში, ქვის ხევის სადარაჯო დალანდა მან.

ღმერთთა ღმერთის ალიჰას წყალობით, მაღალი იყო ქვის ხევის პირას აღმართული, თლილი ქვით ნაგები კოშკურა, რომელიც ოდესღაც ჩრდილოეთის მიწების დარაჯებს ეპყრათ. ცარიელი გახლდათ იგი, დროის სვლას სახურავი ჩაეზნიქა, ქვანი გაეყრევინებინა და ქარი უკითხავად დათარეშობდა მასში, თუმცაღა მაინც უდრეკად იდგა იგი, ვითარცა ქარბუქის წყვდიადში აკიაფებული სხივი გზამკვლევისა. აიმართა ანდრეი, თანამგზავრთ მისძახა, ახლოსაო თავშესაფარი, მოიკრიბა ძალ-ღონის შემორჩენილი ნაფლეთები და წამსვე მიაშურა სადარაჯოს.

ქოშინით მიიწევდნენ მოგზაურნი, და დაუღალავი სტვენით აძიგძიგებდა მიწას ქარბუქი. მომცრო შენაკადი გადაკვეთეს მათ, მუხლამდე წყალში ძლივს შეათრიეს შემცივნული ბედაურნი. ალაგ-ალაგ ყინულის ნატეხები მოსდებოდნენ დინებას, დაჟივდნენ და დამძიმდნენ ქალამნები და პაჭიჭები, აქამდე თოვლი რომ შემოჭირხლოდა გარშემო. ყოველი ნაბიჯისას ქანცი სწყდებოდათ და სუნთქვა უგუბდებოდათ მოგზაურთ, თუმცაღა ახლოვდებოდა კოშკურა, სანამ მათ თავზე არ აღიმართა იგი, მიტკლისფერით დაფერილი ფერდობის მიღმა კი ქვის ხევის ნაგებობათა წაწვეტებულმა, ცისკენ ატყორცნილმა თაღებმა იჩინეს თავი.

წამსვე დაეშვა ანდრეი დაღმართზე, და შემოჰბერა ქარმა, თითქოს დაუსრულებელ სილას აწნავენო ღაწვზე, მოხრეშილი, მოყინული მიწა დაჰფენოდა ფეხქვეშ. ელვის სისწრაფით ჩაათავეს ფერდობი, და უახლოეს ნაგებობას მიაშურა ანდრეიმ, თოვლით შეფეთქილ კედლებსა და აბეზარი ქარბუქის რძისფერ, მწველ საბურველში, რომელიც ღამის წყვდიადში იცრიცებოდა, გაჭირვებით მიაგნო კარს. უკან ბედაურთ ფრუტუნი და გაგულისებული ჭიხვინი აეტეხათ, სანამ ბაჰირელი დიაცი მათ პირმოღებულ, ფიცრებით შეკრულ საჩეხემდე მიათრევდა.

გადარაზული კარი შეგლიჯა მეფისწულმა, შიგნით შეალაჯა, მას გიუნტერი მოჰყვა წყევლა-კრულვით. სულს ხუთავდა ოთახში ჩამოწოლილი, მიბნედილი ბურუსი და დაბალი თაღები მისი, საკვამურში ქარი ღრიალებდა. წამსვე ბუხარს მიაშურა სრორდის მრჩეველმა, რამეთუ პირი მოეღო მას და შეუჩერებლად ანთხევდა ქარბუქის ნაგლეჯებს, საკვამურის ყელი გადარაზა და ქოშინით მიესვენა იქვე მიგდებულ დანჯღრეულ სკამს.

სანამ სულს მოითქვამდნენ, ღია კარში შემოიჭრა ზაჰრა და საგულდაგულოდ გადაჰკეტა იგი.  კედელთა მიღმა ჩაგუბდა ქარბუქის გაუსაძლისი ბრდღვინვა, ფასადს ეხეთქებოდა იგი უწყალოდ, მაგრამ ქვანი უდრეკნი იყვნენ მის წინაშე.

და, თუმცაღა ხმა და მწველი ისარნი ქარისა თავშესაფრის მიღმა დარჩენილიყო, მისი მყინვარე სუნთქვა კვლავ მოსდებოდა არე-მარეს. ბუხარში ჩამოეთოვლა, ტლანქად თლილი მინები, მკრთალად რომ ციალებდნენ ჩამოწოლილ წყვდიადში, შეჭირხლულიყვნენ, და სუნთქვა მოგზაურთა ქათქათა ქულებად იქცეოდა ჰაერში.

ცახცახს აეტანა ზაჰრა. ჩრდილოეთის გაუსაძლის ყინვასა და ერთიანად სველ სამოსს, თითქოსდა ათ ურემად რომ დასწოლოდა სხეულზე, არაქათი გამოეცალა მისთვის. ხელ-ფეხი უთრთოდა სიცივეს მიუჩვეველ დიაცს, უწყოდა, რომ მალევე უნდა გამთბარიყო, რათა ხურვებას არ დაერია ხელი მისთვის.

გაფაციცდა გიუნტერი, მაგიდასა და ბუხარზე მდგარ ქონის სანთლები აალიცლიცა კვესითა და აბედით, სანამ ანდრეი თოვლს ჰყრიდა ბუხრიდან. სანთელთა შვებისმომგვრელ, ოქროსფერ შუქზე, თბილად რომ კაზმავდა ძვალსა და რბილში მძრომ ყინვას, დალანდა ზაჰრამ კუთხეში მიყრილი, ბეწვით დაფარული ქვეშაგები, წამსვე მიაშურა მათ. უმალ, დაუდევრად შემოიძრო მშვილდ-კაპარჭი, დათოვლილი მოსასხამი, დაბამბული ტუნიკა, პაჭიჭები და ქალამნები. მოცახცახე, მიტკალივით გაფითრებულ ხელებს დააცქერდა იგი წამიერად, როცა ხახადაღებულმა სიცივემ ყოველი მხრიდან შემოჰკრა,  მოშანთა, თითქოს გავარვარებულ დაღს ადებენო სხეულზე.

ბაჰირელ დიაცს გაჰხედა წამიერად ანდრეიმ და იხილა სხეული მისი, ახლა მხოლოდღა ტილოს სქელი კაბა და ფერფლისფერ ნაწნავი ჰფარავდა. ქვეშაგებს მიესვენა დიაცი, ბეწვნი მოიხვია მთრთოლვარე სხეულზე და თითქოსდა შეიგრძნოო თვალები მისი, ანაზდად შეაცქერდა ანდრეის.

უმალ აარიდა მზერა მეფისწულმა, გიუნტერს მიუბრუნდა. არხეინად შეჰყურებდა მას ბიძა, ეშმაკურად აჰკიაფებოდა თვალში ოქროსფერი ათინათი სანთლებისა.

-სანამ ქარბუქი არ ჩაცხრება, არ გვიწერია აკიაფება თუნდაც ერთი ნაღვერდლისა. – გამომცდელად შეაცქერდა ბიძას ანდრეი. – რამეთუ თითოეულ ნაპერწკალს წარიტაცებს იგი, შენთქავს და გააცამტვერებს…

-ქარბუქი გაივლის, ადამიანნი კი დარჩებიან, დისწულო. – შეჰღიმა გიუნტერმა. ხრიალით ამოსდიოდა ხმა, თითქოსდა ქარიშხლის ნატამალი კვლავ უმძვინვარებსო მკერდში. – ენაცვლება დღის მხევალი ღამისას და ვითარცა წყვდიადი მიიკრიფება მზის სიდიადის წინაშე, ფეხს აღიღებს იგი ამ მიწიდან…

მინას შემომსკდარი ქარის გუგუნს მიაპყრო ყური ანდრეიმ, მოათვალიერა მომცრო სამყოფელი მათი.

ვითარცა ქვის ხევს შეჰფეროდა, თლილი, ერთიმეორეზე მიჯრილი, ნაცრისფერი ქვით აეგოთ სახლი. ზედ თხელი ფიცარნი და მოწნული ჭილობი გაეკრათ, რომელთაც ნადირთა ტყავნი ფარავდნენ, რათა სითბო არ გაცრეცილიყო გაყინულ კედელთა შორის. ჭილობი ჰფარავდა მიწას, მომცრო ბუხარი, მის გვერდით მიმოყრილი ჭურჭელი, დანჯღრეული მაგიდა და ორად ორი სკამი წარმოადგენდა ამ მწირი სახლობის ავლადიდებას. ჭერში სხვენისაკენ მიმავალი სკამი გამოეჭრათ, ძირმომპალი კიბე აჰყუდებოდა ზედ.

ლაბადა შემოიძრო ანდრეიმ, სანთლით ხელში ააბიჯა კიბეზე. ნაგვემი კაცივით ღრჭიალებდნენ და კვნესოდნენ საფეხურნი მის ფეხქვეშ.

პაწაწინა იყო სხვენი, მთლიანად აღავსო იგი მომცრო სანთლის შუქმა, ყოველ კუთხეს მიწვდა, წყვდიადი შენთქა და ნაპრალებშიღა დასტოვა ჩრდილი.

ქვეშაგები ეწყო სამიოდე კაცისა, გარშემო თასმებით გამოკრული სიმინდის ფუჩეჩი და ნალები მიმოეყარათ.

წარბი შეჰკრა ანდრეიმ. თითქოსდა ცხადად წარმოუდგა თვალწინ ზამთართა მიღმა ჩაკლული ხილვა ბალღებისა, ფუჩეჩითა და ნალებით რომ თამაშობდნენ და ქარიშხლის ღმუილის შიშით გარინდულნი, ქვეშაგებიდან იცქირებოდნენ ვეებერთელა თვალებით.

პირი იბრუნა ანდრეიმ. ბეწვ-ტყავნი გადმოჰყარა მიწაზე, ქარბუქის გრგვინვასა და სხვენში ჩამოწოლილ წყვდიადს გაატანა ხილვა ბალღებისა, წყლის სენმა რომ იმსხვერპლა.

სამოსი გაიძრო მეფისწულმა, ტუნიკისა და შარვლის ამარა გაეხვია ქვეშაგებში. იწვა იგი, სითბოს იკრებდა სხეული მისი და მბჟუტავ სანთელთა შუქს უცქერდა, ნარინჯისფერ ბურუსად რომ მოსდებოდა ქვის დაბალ თაღებს. ამ ალისფერი ბურუსის მიღმა, ანდრეის თვალს რომ გადაჰკვროდა ლიბრად, ბობოქრობდა ქარბუქი, მთელი სხეულითა და შეუკავებელი სისასტიკით ეხლებოდა ზედ, თუმცაღა ვერ გაერღვია იგი.

ფორიაქით აღსავსე, ნაძალადევი სიჩუმე მოსდებოდა ოთახს.

სკამს მისვენებულმა გიუნტერმა ამოიხვნეშა. უხეში იყო სუნთქვა მისი, თითქოსდა ნადირი უკაწრავსო მკერდს უწყალოდ.

-ჩრდილოეთის გზა გადაჭიმულა ჩვენს წინაშე, ბიძავ. – თქვა ანდრეიმ. – ჰპოვე ძილი, რამეთუ გაჭირდება იგი, როცა სრორდის საზღვარი აღიმართება ჩვენს წინაშე…

-უწყი, რომ შენგან არ მესწავლება, დისწულო. – მიუგო გიუნტერმა, გამომცდელი მზერა სტყორცნა ანდრეის. – ჩვენი სამშობლოა ეს მიწები, თუნდაც ქარბუქისაგან დამზრალი, თუნდაც მწველი მზისაგან დადაგული, თუნდაც დაფლეთილი და მორწყული ჩვენ ხალხთა სისხლით…

წამიერად დადუმდა გიუნტერი. ბეწვთაგან ამოზიდულ, ფერფლისფერთმიან თავს მიაპყრო თვალი.

-რად მისწოლია ჩრდილოეთის მიწას ბარბაროსი, დიაცი ერქანთა, დისწულო? – შეჰკითხა მან ანდრეის.

გაირინდა მეფისწული, უცქირა ბაჰირელ დიაცს უმალ.

-ძილს მისცემია იგი. მაუწყე, ანდრეი… – თქვა გიუნტერმა.

-არა, ბიძავ. – მოუჭრა მეფისწულმა. ზაჰრას სხეულს უმზერდა, უფორმო გროვად რომ მოსჩანდა, ქვეშაგებში გამოხვეული. არ იძვროდა იგი, არც პირისახე ეხილა ანდრეის მისი, თუმცაღა უწყოდა, რომ ფხიზლობდა ბაჰირელი დიაცი, გაეხილა ფითრისფერი თვალები და უცქერდა ბეწვთა საფარველის ქვეშ ჩამოწოლილ წყვდიადს.

თავი დააქნია გიუნტერმა. იღიმოდა იგი, თითქოსდა ვერ აილაგმაო თავი, უთრთოდა ბაგე და შეჰყურებდა დისწულს.

-დიდი ხნის წინ ვეახლე ერქანთა სამფლობელოს, ანდრეი. – თქვა მან ანაზდად. მისი სუნთქვის წინაშე შეირხა სანთელთა ალი, ალისფერი ბურუსი და რუხი ჩრდილები ათამაშდნენ, როკავდნენ ხელჩაკიდებულნი, და სჩანდა ხილვა მათი, ვითარცა შუქი თბილად მოტკარცალე კერისა. – მუდამ მეწადა მეხილა დღის მხევლისა და ზღვის გასაყარის ფუძეზე მდგარი მიწა, თუმცაღა, ჰასსეს თხოვნითღა აღვისრულე სურვილი. ვიხილე იგი, თვალწარმტაცი, მდიდარი ფერითა თუ ოქროთი, მშვენიერი ვითარცა ნამით დაფარული ვარდი დილისა…

ყბები შეჰკრა ანდრეიმ. მოეღრიჯა პირისახე, პირქუში ღრუბელი მოედო მის შუბლს და უმალ დახუჭა თვალები მან, თითქოსდა რუხი ჩრდილი დაჰფარავსო სიტყვებს სრორდის მრჩევლისა.

-კარგად უწყი, თუ ვინ ვიხილე იქ, დისწულო. – განაგრძო გიუნტერმა. – კარგად უწყი, თუ სადაა ახლა იგი. მეგონა, რომ ვერ ვპოვე ის, რაც ჰასსეს ეწადა, თუმცაღა შევცდი…

-როგორც კი სუაგრასა და ნიჰიდას წყევლა გასცდება აქაურობას, სულს მოვითქვამთ, ბიძავ, და ღამის თავზე მივაშურებთ სრორდის საზღვარს. – მოუჭრა ანაზდად ანდრეიმ. – ვგონებ, ბრურგის მეორე ტოტს უახლოვდება ლაშქარი სრორდისა, და მალევე ჩვენს მიწათა კედელი აღიმართება მათ წინაშე…

-ანდრეი. – გული ამოაყოლა სუნთქვას გიუნტერმა, თავი გადააქნია. წამიერი, ყოვლისმომცველი სევდა ჩაუდგა თვალებში.

-როგორც კი საზღვარს გადავკვეთთ და სრორდელთა სახლობას ვიხილავთ, მტრედს ვაფრენ ივლადალისაკენ, რათა სამუელმა უწყოდეს ასავალ-დასავალი ჩვენი. – თქვა მეფისწულმა. – ბერეხის ციხეს შევეფარებით, ბიძავ, რათა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და ვძლიოთ ვოლფრამთა სასახლეში ფესვგადგმული, სუაგრასა და ნიჰიდას მიერ მოვლენილი წყევლა…

-რად ვბჭობთ ბარბაროსი დიაცის ყურისძირში, დისწულო? – სიტყვა გააწყვეტინა გიუნტერმა. – იქნებ ღალატის წყვდიადს მოუცავს გონი მისი, იქნებ სული კბილებით უჭირავს, სანამ გაგყიდის შენ და იმ ცოდნას, რომელიც გზაზე შეიძინა…

-ვუწყი, რომ ენა შენი არასოდეს უსწრებს წინ შენს ჭკვას, ბიძავ. – მოუჭრა ანდრეიმ. პირქუში იყო მზერა მისი, მოკუმული ბაგე მრისხანე.

ჩაიღიმა გიუნტერმა, თუმცაღა აღარა უთქვამს რა.

ბეწვთა საფარველის ქვეშ ჩაბუდრებულ წყვდიადში თრთოდა ზაჰრა. გულში ჩაკრული თითები გაჰყინვოდა დიაცს, გულმუცელი უხურდა. სითბო შეჰპარვოდათ ზამთართა ჟამგამოვლილ, მარტოობის მტვერდადებულ ქვეშაგებს, და თუმცაღა გასციებოდა ხელ-ფეხი დიაცს, კვლავ თბილი იყო სუნთქვა მისი, გონი ფხიზელი და მზერა აღსავსე სიცოცხლით.

ჩაესმოდა მას მასლაათი მეფისწულისა და მრჩევლისა, თუმცაღა არ მიჰკარებია მის გულს წადილი იმისა, რომ გაეპო ბაგე, რამეთუ ვერ იხილა საჭიროება. უწყოდა, რომ გიუნტერს საიდუმლოს უღელი უღრღნიდა სულს, თუმცაღა ჰგონებდა იგი, რომ ყოველივე იხილავსო შუქს დღის მხევლისა.

თვალები მილულა ზაჰრამ. მშფოთვარე ძილს მიეცა.

გარეთ კი, ვითარცა სიზმარნი მისნი, დაუდგრომელი და მშფოთვარე იყო დედაბუნება. ყოველივე, რასაც კაცის თვალი მიუწვდებოდა, ქარბუქის უწყალო პარპაშს მოეცვა. ნებიერ ქარს აყოლილი, თავგზააბნეული ფანტელნი დაჰქროდნენ, და მათი ქათქათა საბურველის წინაშე იდრიკებოდა ხე თუ ბუჩქი, ცხოველი ტყისა თუ უდღეურ დღეზე გაჩენილი, ჩრდილოეთს შეჭიდებული მგზავრი.

მთელი ღამე ბობოქრობდა ყინვა, დააზრო მიწა და წყალი, და თითქოსდა მისი არყოფნა იგრძნოო, ხურვება შემოენთო ბაჰირელ დიაცს ძილში. თითქოსდა როცა სიფხიზლე წარეტაცა მის გონს, ალისფერმა თრთოლმა მიჰყო ხელი გამოფიტულ სხეულს და სისხლით გაჯირჯვლული ხელ-ფეხიდან დაერია ზაჰრას სიცხე. ბორგვა იწყო დიაცმა, მოწოლილმა სისხლმა თითქოსდა გადაავსოო ტყავი მისი, მყიფე ჯებირებს ასკდებოდა და ლამობდა გამოხეთქვას, დაუდგრომელი და უწყალო. ცხელმა ოფლმა დაასხა, სანთელთა შუქზე აბრწყინებულიყო ალეწილი პირისახე მისი, ფერფლისფერი თმა მიჰკვროდა შუბლზე, ვითარცა სხეულზე შემოსკვნილი ტილოს კაბა.

ბორგავდა იგი და ბობოქრობდა გარეთ ქარიშხალი, ნაპრალებში ლამობდა შემოღწევას.

ვითარცა სხეული გამოჰხვეოდა ხურვების ალში, ისევე აეტანა მშფოთვარე გონი დიაცისა ცეცხლს. საზარელ სიზმარს ჰხედავდა იგი. სულშემხუთველ კვამლში გამოხვეული, გაჭვარტლული და სისხლში ნაბანი, ქანცგაწყვეტილი მიჰქროდა ნაცარტუტად ქცეულ, ცარიელ მიწაზე, რომელსაც კვლავ ჯიუტად, ხარბად ნთქავდა ცეცხლი, ხახა დაეღო და მასში ჩადენილ აურაცხელ მეომართა სისხლს ლოკავდა ურცხვად. ცის კამარა შავად შეეღება ადენილ კვამლს, მკერდდაფლეთილი, ხელფეხმოწყვეტილი მეომარნი ეყარნენ ვეებერთელა მთებად, შემზარავ, სულშეგუბებულ ბურუსად მოსდებოდა მათი გოდება არე-მარეს. რის ვაივაგლახით ფეხზე ტორტმანებდნენ ზოგნი, ხაოდნენ, გასისხლული ხელები აღემართათ და შეჰღაღადებდნენ ღმერთებს, რომელთაც პირი ექციათ ზეცას გადაკრული ბნელი სუდარის წინაშე. იგუდებოდა დიაცი, გაჰკიოდა, თუმცაღა ჰაერსაც კი არ ატოკებდა კივილი და სუნთქვა მისი გარშემო, ცეცხლშემონთებული სისხლისა და ლეშთა გაუსაძლისი, გულისამრევი ოხშივარი ტრიალებდა მხოლოდ. მიჰქროდა ზაჰრა და მწველ, დამპალ მიწას ადენილ გაჭვარტლულ ბურუსში მხოლოდ შორს, შორს მდგარ შავოსან მეომარს ხედავდა, რომელსაც ორლესული აღემართა, ტკარცალებდა მისი დაფხრეწილი, სისხლით დაფერილი ლაბადა. ბაგე გააპო შავოსანმა და გრგვინვამ აიტანა მიწა, აკივლდნენ მეომარნი და გაუსაძლისი სიცხე შემოენთო ზაჰრას, უგრძნობლად იწვოდა, ცეცხლი მოედო მის ხელ-ფეხს, მკერდსა და თვალებს, შემოაფრცქვნა კანი და ხორცი, ძირამდე შენთქა თმა მისი და მის ბაგეთაგან გამომსკდარ კივილს წაეპოტინა…

თვალები გაახილა ბაჰირელმა დიაცმა. გამოხეთქვას ლამობდა ყელში ჩაგუბებული, ძილთა ჯებირებიდან გადმომსკდარი კივილი, თუმცაღა წამსვე წარიტაცა იგი სპეტაკმა შუქმა, ზედ რომ ეფრქვეოდა ზაჰრას. ცეცხლი მშვიდად ტკარცალებდა კერაში, სამოსის შარიშური და ბუყბუყი ჩაესმოდა დიაცს, და აჰყურებდა იგი, თუ როგორ მოსჩანდა ლურჯი ცის ნაგლეჯი ფანჯარაში, როგორ იღვრებოდა მინაში დღის მხევლით გაჯერებული სინათლე.

წამოიწია ზაჰრა. ბეწვთა საფარველი დაცურდა მის გულმკერდზე, თითქოსდა ნაწილი ხურვებისა ჩამოსცილდაო მის სხეულს. მიმოიხედა მან და უმზირა კერასთან მოფუსფუსე გიუნტერს, რომელიც თუჯის ქვაბში ურევდა ქაფქაფა წყალს, თან მას შემოსცქეროდა.

-ღმერთებმა ინებეს თვალის გახელა შენი, დიაცო! – თქვა მან, ღიმილი მოეფინა მის პირისახეს. – რამეთუ ცეცხლივით მოგედო სხეულს ალი…

-მე ხურვება ვერ მომისწრაფებს სიცოცხლეს, მრჩეველო სრორდისა. – მიუგო ზაჰრამ. ჩახლეწილი იყო ხმა მისი. მიწვა კვლავ, დღის მხევლის ხელებში მოფარფატე მტვერს მიაპყრო თვალი.

-დილას ჩაწყნარდა გრგვინვა ქარბუქისა. – თქვა გიუნტერმა. – წავიდა იგი და თან წარიტაცა ცის კამარას გადაკრული ღრუბელნი, გოდება მიწისა და უიმედობა ჩვენი! მალე აღიმართება სრორდის საზღვარნი ჩვენს წინაშე, დიაცო…

პირი იბრუნა ზაჰრამ მისგან, ზურგი აქცია, სიტყვა არ დასცდა მის ბაგეს. ქირქილი წასკდა გიუნტერს, არხეინად მოურია ათუხთუხებულ წყალს.

-სანადიროდ გაეშურა ანდრეი. – თქვა მან, თვალს არ აცილებდა ბეწვთა საფარველში გამოხვეულ დიაცს. – რწმენა ვიქონიოთ, რომ რამეს მოიხელთებს ამ ორომტრიალში, დიაცო, რამეთუ საკვების გარეშე აღარ ძალუძთ გაძლება ჩემს ბებერ ძვლებს…

დუმდა ზაჰრა, და პირი იბრუნა მისგან მომღიმარმა გიუნტერმა. მხიარულად თუხთუხებდა თუჯის ქვაბი, გრატათა დაგუდული ჟივჟივი მოჰყვებოდა მზის მხევლის ფანჯარაში შემოწვდილ ხელებს. ლოგინში დაეღვენთა დიაცს სხეული, თითქოსდა წარეტაცაო ხურვებით აღსავსე ღამის ფორიაქი, და მხოლოდღა ძვლებში ფესვგადგმური დაღლილობა დარჩა. მიწოლილიყო იგი, ფხიზელი მზერით შეჰყურებდა ქვის ჩარჩოში ჩასმულ ცის ნაგლეჯს და სიმშვიდეს ლამობდა გონება მისი.

დღის მხევალი ცის კამარის შუაგულს აღწევდა და ქაფქაფა წყლის ორთქლით აღივსო ოთახი, როცა კარი შემოაღეს ანაზდად. გამოშიგნულ-ჩამოტყავებული ნანადირევით მხარზე შემოალაჯა ანდრეიმ და თან მოიტანა ლითონური, თოვლის სიცივეს აყოლილი სურნელი სისხლისა.

ხორცი მაგიდაზე დააგდო მეფისწულმა, მზერა მისი შეფარვით მიაპყრო ბეწვთაგან მაცქერალ ფითრისფერ თვალებს. მზის შუქში განბანულიყო ფერფლისფერი თმა დიაცისა, ვერცხლის უნატიფეს ძაფებად მოსხმოდა თავზე, ვითარცა სხივნი მთვარისა.

თვალი აარიდა ანდრეიმ, კვლავ საკლავს მიუბრუნდა იგი.

მოიხარშა ხორცი, დადუმდა მოთუხთუხე თუჯის ქვაბი და სული მოითქვეს დანაყრებულებმა. საჩეხეში ნაპოვნი ძველი წივით გამოჰკვება ანდრეიმ ბედაურნი, ტყავი მონადირებული შვლისა ცეცხლისა პირას გაჰფინა გასაშრობად, შიგნეული და უმი ხორცი საკლავისა კი თოვლყინულში დაფლა.

მოისვენებდნენ მოგზაურნი ქვის ხევში, და გაილია ბადრი, თბილი ამბორი დღის მხევლისა. მწუხრის სიცივე შეეპარა ჰაერს, და თვალუწვდენელ მიწებს მოედოთ წყვდიადის ჩრდილი, გაირინდნენ, ჩათვლიმეს.

ცრუღამე ჩამომდგარიყო, როცა ფეხზე წამოდგა ზაჰრა. კერის პირას მჯდარ გიუნტერს, შეშის მწირი გროვიდან რომ უკეთებდა ცეცხლს, არც კი შეჰხედა ზედ, ქალამნები ამოისხა პაჭიჭებითურთ, ბეწვი მოიგდო მხრებზე და ჰაერის წადილით აღვსილმა გააბიჯა გარეთ.

წმინდა იყო ჰაერი, წმინდა და მჭახე, ძვალსა და რბილში ატანდა მასში ჩამოწოლილი სიცივე. ცას აჰხედა ზაჰრამ და მშვენიერი იყო იგი, ვითარცა გაუსაძლის ყინვაში დამზრალი, გადაგლესილი უძირო ოკეანე, რომლის წიაღიდან, ყინულის ბზარებიდან ანათებდნენ ვარსკვლავები. მზის ნასისხლარი კვლავ დარჩენოდა დასავლეთით ზეცას, თუმცაღა მსწრაფლ იცრიცებოდა იგი, მის ფონზე კი, ფერდობზე მდგარი ბნელი ფიგურა გადაჰყურებდა უწყლო ჩრდილოეთის მიწებს.

ბეწვი მაგრად მოიხვია და მას მიმართა უმალ ზაჰრამ, აღმართს შეუდგა. მცირე ჟამში შემოაცალა ცრუღამის ყინვამ მასზე შემონასკვული სითბო, ულმობლად ჰკბენდა მის ხელებსა და პირისახეს. ხეშეში და ღრმა იყო მის ფეხქვეშ საფარველი თოვლისა, თუმცაღა მაინც წინ მიიწევდა დიაცი, სანამ ფერდობის თავს არ მიაღწია და გვერდით არ ამოუდგა შორს მაცქერალ ფიგურას.

მცირე ხნით დუმდნენ.

-ღამე მოდის, დალიჰარ. – თქვა ბოლოს ანდრეიმ, სიტყვები მისი ორთქლად განიბნენ ჰაერში. – ყოველივე სუსტს დაადუმებს გაუსაძლისი სისასტიკე მისი.

-ჯერ კიდევ შეგვრჩენია მკერდში სუნთქვა, სრორდელო. – მიუგო ზაჰრამ. – და უწყინარ შველს ვერ მოერია ღამე, რამეთუ ცოცხლად ჰპოვე იგი.

-წარვედ, დიაცო. – მზერა მიაპყრო ანდრეიმ. – წარვედ, რამეთუ უწყალოა წყვდიადის სუდარაში გამოხვეული, თოვლიანი მიწა.

არა უთხრა რა ზაჰრამ, მზერა უწყლო ჩრდილოეთის თვალუწვდენელ მიწებს მიაპყრო.

ნარინჯისფერი ბურუსი დალანდა ჩრდილოეთით, რომელიც ვერ დაებურა ჩამოწოლილ წყვდიადს. თითქოსდა ალნი ციალებენო, შორს, შორს, მთათა და ბართა მიღმა. ცის მუქ სილურჯეს იისფრად ცრეცდა იგი, თითქოსდა ცის კამარა იღვენთებაო მასში.

-ცეცხლნი აუგიზგიზებიათ საზღვრის გუშაგებს. – თქვა ანაზდად ანდრეიმ. წარბი შეჰკრა ზაჰრამ, აზიდა თავი და შეაცქერდა მისკენ მომზირალ, წყვდიადში ალიცლიცებულ თვალებს.

-სრორდელთა ურდო მისდგომია კარიბჭეს სრორდისა. – თქვა მან, კვლავ ნარინჯისფერ ბურუსს მიაპყრო თვალი.

იდგნენ ორივენი ფერდობზე და გადაჰყურებდნენ დათოვლილ ჩრდილოეთს.

გაივსო ღამე, გადაშალა უკიდეგანო მკერდი მისი და გულში ჩაიკრა მდუმარე მიწა, სათუთად ეამბორა ცივი ბაგეებით. ნამგალა მთვარე მიცურავდა ცის გაყინულ ოკეანეში, და უდარდელად ჩახჩახებდნენ ვარსკვლავები.

.

.

.

-*-*-*-20-*-*-*-

სპეტაკი საბურველი ეხურა ქუდად ზეცას სრორდისა.

სულს უწყალოდ ჰხუთავდა ღრუბელთა ფარა, თითქოსდა პირი შეჰკრესო, შეჯგუფულიყვნენ პირქუშნი, მათი მდუმარე გლოვა წვიმასავით ჩამომსკდარიყო მიწაზე და ნებივრად გასწოლოდა ზედ. მზის სხივი წამლად არ ჭაჭანებდა გარშემო, თითქოსდა თვალნი მილულაო მხევალმა დღისა, რამეთუ ძალზედ დაუთმენელი იყო მისთვის ყოველივე ხილული.

წუილით დაჰქროდა ონავარი ქარი, სუნთქვას სტაცებდა ყოველივეს, თოვლყინულს ჰგლეჯდა ოხვრით დაზნექილ ხეთა ტოტებიდან და გულმოდგინე მწყემსივით ღრუბელთ მიერეკებოდა სამხრეთისაკენ. და, ვითარცა თვალუწვდენელი ფარა ცხვრისა, ღრუბელი ენაცვლებოდა ღრუბელს, სპეტაკი სუდარა, ცის კამარას რომ მოჰფენოდა, თითქოსდა თვალსაწიერს მიღმა გადაჰფენილიყო.

ჰქროდა ქარბუქი, და მისი ქათქათა სხეულით მოცულ შემოგარენს, თითქოსდა მიტკალი ტლანქად გადაუფხრეწიათო, ხლეჩდა ბნელი ლაშქარი სრორდისა.

გაჰკიოდა ქარი და გამძვინვარებული ახლიდა თოვლყინულს შავი ფოლადის ჯაჭვის პერანგებსა თუ ფარებს, თითქოსდა სწადია მგოდები თალხები თეთრად ჩამოჰქარგოსო, სუდარით დაჰფაროსო ჭირისუფალი. ტკარცალებდნენ მეომართა დახრილ თავებზე აღმართული დროშები და ამაყად ფრიალებდნენ ალისფერი ალმები სრორდისა, თუმცაღა თითქოსდა მათაც სწვევიათო მწარე სუნთქვა სუდარისა, გაცრეცილიყო ალისფერი და მძვინვარება წარსტაცოდა გერბზე გამოსახულ მგელს.

სრორდის აურაცხელ ჯარისკაცთა მიერ შეზანზარებულ მიწათ აღტკინებით უნდა ეძრათ გული სრორდელთა, რამეთუ თითოეული ნაბიჯი ლაშქრისა უკან სტოვებდა იმ გაუსაძლის ზამთრებს, რომელთაც განდეგილად, გაუსაძლის დარდში, შვილთა, ძმათა, ქმართა და მამათა გარეშე ატარებდნენ ხალხნი. გზაზე ფერადი სამოსით შემკულნი, სურნელოვანი ყვავილებითა და ღიმილით ანთებული პირისახით უნდა გამოჰგებებოდნენ ნაომართ, სამშობლოს სიხარულით უნდა აღევსოთ მათი ქანცგაწყვეტილი სხეულნი. დათოვლილი სრორდის ქათქათა პირისახე უნდა ჰგვანებოდა სავსე მკერდს პირყირმიზი დიაცისა.

მაგრამ ვითარცა სენი, ყოველივეს წყვდიადი მოსდებოდა სრორდის კარიბჭის მიღმა.

მხოლოდღა თალხები და პირს ქუში ემოსათ ლაშქრის გზაზე გამოფენილ სრორდელთ. ბედნიერ შეძახილთა და სავსე ბაგეთაგან წამსკდარ თბილ სიტყვათა მაგიერ, შემზარავი გოდებაღა იღვრებოდა მიწას დამხობილ ქალიშვილთა ყელიდან. ცრემლდინარე თვალებს აყოლებდნენ ყველანი სარდალთა მიერ აღმართულ ფარ-მახვილს მეფისწულისა, შეჰღაღადებდნენ ღმერთებს, ინებეთო სრორდის მემკვიდრის სულის მიბარება.

რეკდნენ ზარნი, დუმდა ათას ჭირგამოვლილი და სახელმოხვეჭილი ლაშქარი და გაჰკიოდნენ სრორდელნი, შემზარავი იყო სასოწარკვეთილი გოდება მათი, ჯარის გლოვის სამარისებურ სიჩუმეს რომ ჰფატრავდა უწყალოდ.

ჩურჩული იძვროდა ხალხში, მუხანათურად დაგვსაჯესო ღმერთებმა, რამეთუ პატივი არ მივაგეთო მათ. ცხარედ მასლაათობდნენ ერთნი, აღსასრული მოვიდა ვოლფრამთა, ღმერთებმა იწყინესო ცოდვანი მათი და უსასტიკესი განსაცდელი მოუვლინეს, აჩუქეს ხუთი ბალღი და ხუთივე წარსტაცესო მათ. კვდომა თითოეული ბალღისა, ლურსმნად ესობაო ვოლფრამთა კუბოს, ახლა კი, მეფისწული ანდრეის გარეშე დასამარდა მზე ასზამთროვანი დინასტიისაო.

მეორენი გაიძახოდნენ, არ ინებესო ღმერთებმა მიტევება იმ ყოველივესი, რასაც იქმოდა მემკვიდრე სრორდისა, რამეთუ ყეყეჩი კაცის სიხარბედ იხილეს განდიდება მათი სამფლობელოსი, სასაკლაონი და მდინარენი სისხლისა, რომელთაც ანდრეი სთესდა უცხო მიწებზე. ღმერთთა გულმხურვალე მსახურის, ვერეჰივთა მეფის მოკვდინება და სარზე გამოკიდება მისი მოკვეთილი თავისა ბოლო წვეთი გახლდათო ღმერთთა მოთმინების ფიალაში, უჩურჩულებდნენ ერთურთს.

მესამენი კი, წყვდიადით მოცულ კედელთა და შეფარვით მოჩურჩულე ხმათა მიღმა მიმალულნი, გულისკანკალით შეჰღაღადებდნენ ერთურთს, გაჰკივის სული სრორდის ჭეშმარიტი მემკვიდრისაო. ვერ ისვენებენო მეფის პირმშოს ძვლები, ვერ შეიწყნარესო მათი ხორციდან დაწრეტილი სიცოცხლე, ვერ მოინელეს სასტიკი სირცხვილი ღვიძლი ძმის ხელზე დადენილი სისხლისაო. ჰასსემ გამოიწოდა ხელი მისი და მოიხმოო ანდრეი სიცოცხლისა მიღმა, ღმერთების სამფლობელოს წიაღში, ვითარცა ჭეშმარიტმა მეფემ სრორდისა, სანამ გვირგვინს დაიდგამდაო ცრუ მემკვიდრე.

ზრიალებდა ქარბუქი, ჰქროდა იგი და თითოეულ ქუჩასა თუ სახლობას, კუთხე-კუნჭულსა და ხალხთა გონებას მოსდებოდა შავ, უკურნებელ სენად.

მიდიოდა ლაშქარი სრორდისა და მათი მოახლოების მოლოდინში ალიაქოთს აეტანა ბელთათინის დარბაზი. თავადნი და ელჩნი უკლებლივ შეჰკრებილიყვნენ, მზიდან მზემდე არ სწყდებოდა ბჭობა მათი, რამეთუ მათ თვალწინ გამოეცალა სრორდს უდრეკელი ბურჯი მისი, მამა-დამცველი ხალხთა და მომავალი მეფე. ჰგოდებდა დარბაზი და ჟინი ღირსეული მემკვიდრის ჰპოვებისა მოჰრეოდათ თავადებს. გამალებით ელოდნენ ისინი სიტყვას სოლომონისა, თუმცა დუმილი დასწოლოდა სნეული მეფის ოთახებს, ავისმომასწავებელი და მწარე, ვითარცა სიტყვანი და საწამლავი შაჰაიაქელი ინგენისა, კვლავ სიკვდილის ბნელ საბურველად რომ ევლინებოდა მეფეს სასთუმალთან.

დათარეშობდა ნებივრად სასახლეს ჩამოწოლილი გლოვის წყვდიადი და მხოლოდღა იმ სიბნელეს შეედრებოდა იგი, გენრის სულ-გულს რომ მოსდებოდა. პირს ქუში არ სცილდებოდა თავადს უალდჰარისა, მისვენებოდა იგი დარბაზში მოოქროვილ სავარძელს დიდგვაროვანისა და შესცქეროდა მბჭობთ. მხოლოდღა მაშინ წასკდებოდა ბაგეთ ხმა მისი, როცა მემკვიდრეზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, რამეთუ სასწრაფოდ ეწადათ სასოწარკვეთილთ ჰპოვება მისი. სჭექდა ხმა გენრისა, გულმხურვალედ არწმუნებდა ყველას, რომ ახლო შუამდგომლობა აკავშირებდათ მასსა და მეფეს, რომ თვით დედოფალმა უბოძა მამული, რომ ოქროს საბადოთა თითოეულ ძარღვს მოახმარდა იგი კეთილდღეობას სრორდისა. შეფარული ამზერით უცქერდნენ ზოგნი, რამეთუ სჭვრეტდნენ უტიფარ სიცრუესა და ამპარტავნობას ტკბილ დაპირებათა მიღმა, თუმცაღა მზერა დაედგათ მისთვის სხვებს, რამეთუ თვალს სჭრიდა სანთელთა ნარინჯისფერ შუქზე აპრიალებული ძვირფასი აბჯარ-აბრეშუმეული ხარბთ და ლაჩართ.

თუმცაღა, კვირტშივე სხეპავდნენ ხარბ თვალთ ლაჩარნი, როცა მაგიდისა თავთან მჯდომნი, თავადნი ფარვუდისა და ივლადალისა, ათას ჟამგამოვლილი არჟანი და ძმადნაფიცი მეფისწული ანდრეისა, სამუელი აღიმაღლებდნენ ხმას. ხნიერების სიბრძნითა და სიმშვიდით აღჭურვილი არჟანი დინჯად დუდუნებდა, მოუწოდებდა მათ, რომ ქედი მოეხარათ თავიანთი მეფის წინაშე, რომ სანამ ღმერთთა ნებით სული ედგა პირში სოლომონს, შეუფასებელ ჯილდოდ ევლინებოდა იგი სრორდს, ვითარცა აწ უკვე უკანასკნელი ნაშიერი ვოლფრამთა. საზღვართა და ჯარისკაცთა გამტკიცებას შესთხოვდა დიდგვაროვანთ თავადი არჟანი, საფრთხე ელისო ბელთათინს, რამეთუ ფუთფუთებენ უცხონი, ვითარცა საზიზღარი მწერნი, ჰხედავენ, რომ ცარიელია ტახტი სრორდისაო.

მას გრგვინვით უბამდა მხარს თალხებით მოსილი თავადი ივლადალისა. ყმაწვილკაცური სიფიცხე, ჟინი და განვლილ ტანჯვათაგან შეძენილი სიბრძნე მისი მუდმივ ჭიდილში აღრეულიყვნენ და ჰფერავდნენ თითოეულ სიტყვას სამუელისა. ღარნი განუზომელი დარდისა შეჰმატოდნენ მის პირქუშ, მაღალ შუბლს, და სიტყვანი მისნი მუდამ დასტრიალებდნენ მემკვიდრეს სრორდისა.

ზრიალებდა მომავალი, მგლოვიარე ჯარი, მოუსვენრად ფუთფუთებდა დარბაზი ბელთათინისა, სუნთქვა სიკვდილისა და შიში შეუცნობადისა დასწოლოდა სრორდს.  

შფოთავდა სამუელი. უწყოდა მან, რომ მხოლოდღა ტახტი სრორდისა მოესურვებინა უალდჰარის თავადს, და ზარავდა დარბაზში ხარბ თვალთა სიმრავლე. მეფისა და მემკვიდრის გარეშე ერთობა დაჰკარგვოდა ბელთათინს, რაც, მალ-მალე გაივლიდა სამუელი გონს, ჭირივით მოედებოდა სრულიად სრორდს. ჟამი საყოველთაო მწუხარებისა თავგზააბნეულ ფარად აქცევს ხალხს სრორდისაო, შიშობდა იგი.

თუმცაღა, არ ძალუძდა თავადს ივლადალისა ერწმუნა მეფისწული ანდრეის კვდომა. თავს რეტი დაესხა, როცა მალემსრბოლის პირით ამცნეს, შორეულ მიწებს ჩაეკონაო ანდრეის სიცოცხლე. საგვარეულო ბეჭედი, თითს რომ ამშვენებდა მეფისწულისა, არ ეხილა სამუელს, თუმცაღა ეჭვის ნაპერწკალმა გაუნათა ბნელი კუთხენი გლოვისა, როცა შეიტყო, მრჩეველი მეფისა გიუნტერი გაჰქრაო სასახლიდან საზარელ ამბავთა ბელთათინს მოსვლის ღამეს.

უწყოდა სამუელმა, რომ ზამთართ განევლოთ, რაც გიუნტერი ეახლა სრორდს. უწყოდა, რომ თვითონ პირს რძეშეუმშრალი ბალღი იყო, როცა მრჩევლად აკურთხეს, და უწყოდა, თუ რაოდენ ცბიერი, მცოდნე, ამაყი კაცი იყო იგი. არ დასტოვებდა მრჩეველი მეფისა ბებერ მგელს მყეფარე ძაღლთა ხროვისა და სიკვდილის მსუსხავი სუნთქვის წინაშე, თუკი ფრიად საჭირბოროტო საქმე არ ეპყრა ხელთ.

და ამ ჟამს გლოვისა ნუთუ რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მემკვიდრე სრორდის ტახტისაო, ჰგონებდა სამუელი. არ ძალუძდა ერწმუნა, რომ მოღალატეობის სირცხვილაკიდებულს ძალუძდა გიუნტერს მიტოვება ბელთათინისა.

გლოვობდა სრორდი და იჭვნეულ საგონებელს მისცემოდა თავადი ივლადალისა.

მერე კი, საღამოს ბინდბუნდში შებურული მტრედით ამცნეს სამუელს, მაცნენი ლაშქრისა გეახლებიანო.

ლაბადა მოისხა თავადმა, პირქუში ღამისა და სასტიკი, სულშემხუთველი ქარბუქის სუდარით შემოსილმა მიმართა ბელთათინის ჯურღმულთ.

სრორდის დედაქალაქის მიუწვრომელ კუთხე-კუნჭულებში, დაფეხვილ სახლთა და შიშველი მიწის ქუჩათა მიღმა მიეჩქმალათ ისინი, დღისით-მზისით დაჰკლებოდათ ყურადღება, რამეთუ ხალხთა სირცხვილის საბურველი ჰფარავდათ მათ, ღამით კი სიცოცხლით ჩქეფდნენ, ინთებოდნენ ჯურღმულნი, აღტკინებით აღსავსენი. ჰგონებდა სამუელი, ბილწ ნეტარებასა და განცხრომას მიცემული კაცნი უტყუარი საფარველნი არიანო, რამეთუ არარას ჰხედავენო თვალნი მათნი.

ფერფლისფერი ღრუბელთ დაებურათ პირისახე ცის კამარისა, და ქარბუქი დაფეხვილი მიდამოს ჩონჩხს ჰგლეჯდა ხორცს, როცა თალხებით შემოსილი თავადის ფიგურამ, ვითარცა უპატიჟო აჩრდილმა სიკვდილისა, გამოარღვია ქარბუქის სპეტაკი სუნთქვა. პირისახე აეხვია სამუელს, გამჭოლად ლიცლიცებდა მისი მუქი მზერა, როცა საძირკველმომპალ, თოვლში ჩაძირულ სახლობას მიაპყრო იგი. თითქოსდა სდუმანო დახეთქილი ქვითკირის კედელნი, ხმა ჩაუწყვეტიათო აკივლებული ქარბუქის წინაშე, თუმცაღა უწყოდა სამუელმა, რომ ბობოქრობდა შიგნეული მისი, ვითარცა კუნაპეტსა და ნამქერში გაღვრილი ღამე.

ვითარცა უწყალო ქარი.

ვითარცა მშფოთვარე სული თვით თავადისა.

კედელთა შუა შეაბიჯა სამუელმა. ქარბუქის მიერ მიმოყრილი ნამქერი ნაცრისფერ ლაქად მოსდებოდა წყვდიადით მოცულ მიწას, და გზას უკვალავდა თავადს, სანამ პაწაწინა ტალანში მიიწევდა იგი. გამაყრუებლად ზრიალებდა ქარი, და თითქოსდა სწადია პირისაგან მიწისა აღგვა თავადისაო, მის ნაფეხურთ წამსვე იტაცებდა, თოვლით ჰფარავდა და მიაქროლებდა, გულში ჩაკრულთ.

თოვლი გათელა და მისი საფარველის ქვეშ, დამზრალი მიწის ნახლეჩში დატანებულ, შიშველი მიწის საფეხურებს ჩაჰყვა სამუელი. წყვდიადმა მოიცვა გარემო, აღარსად სჩანდა სპეტაკი სუნთქვა ქარბუქისა და ნამქერის ნაცრისფერი სუდარა, თუმცაღა კვლავ ყურისწამღები იყო კივილი ქარისა. ხელი გაიწვდინა თავადმა, ფრთხილად მოსინჯა თოვლყინულით დამზრალი, მძიმე კარი შიშველი ტყვიისა, და სამჯერ მოწყვეტით დასცხო ხელისგული ზედ.

შეკანკალდა შესავალი ჯურღმულებისა, ამოიქშინა მძიმედ და თითქოსდა ზანტი კაცი უჩუმრად ძალას იკრებსო, მცირე ჟამით დადუმდა იგი.

და ანაზდეულად, ყურისწამღებად აღრჭიალდა კარი, წამიერად გადაჰფარა გამაყრუებელი ზუზუნი ქარისა. წყვდიადი გაჰფატრა ცეცხლისფერმა ნათებამ, და ვითარცა ალმურმა აჰკრაო, ცხელი ოხშივარი ჯურღმულთა მოეფინა თავადის შეთოვლილ პირისახეს. ლაბადის ქვეშ ალაპლაპდნენ ანთებული თვალნი მისნი, როცა კართან აღმართულ გუშაგებს მიაბჯინა გამჭრიახი მზერა. ქედი მოიდრიკეს მის წინაშე ჯურღმულთა მფარველებმა, და ლაბადის ფრიალით აუარა მათ გვერდი სამუელმა.

მოწყვეტით, ზრიალით მიჰხურეს კარი, თუმცაღა თითქმის ჩაიკარგა გრუხუნი ვეებერთელა შიშველი ტყვიისა იმ ღრიანცელის წინაშე, რომელსაც მოლიცლიცე მეწამული მზერით უცქერდნენ კელაპტარნი. ხრჩოლავდნენ ლამპები და ცეცხლი ეკიდათ ლავანდისა და მაიორანის გამშრალ კონებს, სურნელოვანი ნაცრისფერი ნისლით მოსილიყო ყოველი კუთხე-კუნჭული ვეებერთელა დარბაზისა, და ვითარცა უხსენებელნი ფუთფუთებენო, იძვროდნენ სხეულნი, თითქოსდა ოქროცურვილნი, ალისფერი სინათლითა და აღტკინებით შემკულნი. განუწყვეტლივ სცემდნენ დაფდაფებს, ტუნიკისამარა ყმაწვილნი ომახიანად დაამღერებდნენ უცხო, უხამს სიმღერას, და ოქროსფერთმიან ქალიშვილთა მათრობელა სიცილ-კისკისი იხმობდა შეზარხოშებულ გარშემომყოფთ.

თვალწარმტაცი იყო გარემო მისი, გზად მოელაციცნენ დიაცნი სიძვისა, ვნებისა და სიცხის ალმურაკრულნი, თუმცაღა არ შემდრკალა თავადი ივლადალისა. უმალ დარბაზის ბოლოსაკენ გაემართა იგი, სადაც აურაცხელი, ვერცხლისფერი ძაფით მოსირმული ბალიშებითა და ბეწვ-ტყავით დაფარული ტახტები, ქონის სანთელთა შუქსა და ნაღვენთში განბანული ბრინჯაოს შანდლები, ხორცით, ტკბილი ხილითა და ღვინით დაზნექილი ტაბლა დაედგათ. მზერა მოავლო ყოველივეს თავადმა და უმალვე ჰკიდა თვალი სისხლისფერ მოსასხამში გამოწყობილ მაცნეთ, რომელთაც, თითქოსდა ახლახანს იგემესო სისასტიკე ქარბუქისა, დაჟიებოდათ შალითები, დაუდევრად შემოჰხვეოდათ გაცვეთილი მოგზაურთა სამოსი სხეულზე, თექის მოუხეშავი წაღები ერთიანად გაცრეცოდათ. თავი დახარეს მათ თავადის გამჭრიახი მზერის წინაშე, და მათ გვერდით მძიმედ დაეშვა სამუელი, მოუთმენლობითა და დარდით გათანგული სუნთქვა წასკდა მის ბაგეს.

-ფარვუდელი ოქრომჭედლის ვაჟები, ფლორიანი და თირი გეახლებით, თავადო. – მიუგო ერთმა. – როგორც კი სწვდა ჩვენს ყურთ სიტყვა თქვენი, წამსვე შევკაზმეთ ბედაურნი და ბელთათინს გამოვეშურეთ…

-სრორდის საზღვართ მოადგა ლაშქარი ჩვენი. – მოუჭრა სამუელმა. – უმალ ეახლება იგი ბელთათინს, მეფის წინაშე წარსდგებიან სარდალნი და ასისთავნი… მაუწყე, ყმაწვილო, თუკი საჭიროდ მომევლინება სისხლის დაღვრა დარბაზის წინაშე…

-მეტადრე ჰბურავენ ყოველივეს, თავადო. – ჩასჩურჩულა თირმა. – დანა კბილს არ უხსნის არავის, რამეთუ გლოვის სუდარა ჩამოსწოლია ლაშქარს, ღმერთებმა მიიბარონ სული ჩვენი მეფისწული ანდრეისა… მაგრამ უნდა გაუწყოთ, თავადო, არა ძალმიძს რა მიჩქმალვა თავადი ატავესის უხამსობისა… ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ მომიტევოს, რამეთუ სრორდის ლაშქრის სარდალზე აღვიმაღლე ჩემი მდაბალი ხმა…

-ღმერთები მხოლოდღა სიცრუის გამო განგსჯიან. – მიუგო სამუელმა. მის წინაშე თავი დახარა შეცბუნებულმა მაცნემ. – მაშა? რა უხამსობას მისტანებია თავადი ისკერიისა?

-თუმცაღა ნიღბის აფარება სწადია მას, მუდამ თან სდევს მის თვალთ ნაპერწკალნი ლხენისა, სიხარბისა. – თქვა ფლორიანმა, ორად მოიხარა, შფოთვით გააფაციცა ნახშირივით შავი თვალები, თითქოსდა შემოგარენს ზვერავსო. – და, როდესაც ფარ-ხმალი გამოვასვენეთ მეფისწულისა, და მისი მოსასხამით დავბურეთ ისინი, გლოვის სანაცვლოდ აღტკინება მოერია თავადის პირისახეს! თუმცაღა ისე ანაზდეულად გაჰქრა აღტკინება მისი, კაცი იფიქრებდა, ხომ არ მომელანდაო! სუაგრასა და ნიჰიდას ემსახურება, წყეულიმც იყოს უგვანი ლეში მისი!

ნაკვთები მოეღრიჯა თავადს ივლადალისა, გადაფითრდა.

-ერთობ კადნიერია სიტყვანი შენნი, თუმცაღა გულმხურვალებით აღსავსენი. – მოჭრა მან.

-ვუწყი, რომ არ ძალგიძთ დაჯერება სიტყვათა ჩემთა, – მიუგო ფლორიანმა, – რამეთუ მატყუარაა თვალი კაცისა, გამოძახილთ მისი გულისა ძალუძთ დაჩრდილონ იგი…

-მსახურთა შორის ხმანი დაირხა, – აჩურჩულდა თირი, – რომ თავად ატავესს სწადია ისკერიას აახლოსო თავადი გაბრიელი. და თუმცაღა მიჩქმალვას ლამობსო იგი, ჯარისკაცნი იფიცებიან, თავად გაბრიელის მარჯვენას თითი მოუსაკლისებიაო…

-თავადს უთქვამს, მეფისწულის მკვლელის ისარმა წააწყვიტაო თავად გაბრიელს თითი, და მეომარნი გაუმაგრებია მის ფურგონთან გუშაგებად, მასა და ორიოდე მსახურის გარდა ვეღარავინ ჰკიდებსო თვალს ახალგაზრდა სარდალს… – თქვა ფლორიანმა.

დადუმდნენ ვაჟნი ოქრომჭედელისა და ბეწვ-ტყავთ მისწვა სამუელი, საგონებელს მიეცა იგი. დაფდაფთა განუწყვეტელი ბათქი, შეზარხოშებულთა სიმღერა და ოქროცურვილ სხეულთა გნიასი აკრთობდა მშფოთვარე თავადს.

-გაიძახოდა თავადი ისკერიისა, ავლატის მთებიდან ჩამოდენილმა მდინარემ წაიღოო ნეშტი მეფისწულისა. – ანაზდეულად განაგრძო ფლორიანმა. – მეომართ აცნობა, ამაოაო დადევნება, რამეთუ წყლებმა დანთქეს თავიანთ ზორბა, დაუდგრომელ ზვირთში სხეული მთავარსარდლისა… მაშ საიდანღა მოიხელთა საგვარეულო ბეჭედი და თითი მეფისწულისა მოღალატემ? სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლოს! ჰოი, ღმერთთა ღმერთო ალიჰავ! რაოდენ დიდი განსაცდელის მოვლენა ინებე სრორდს!

-ძალუმად შემოეჩვია აუტანელი აურზაური სრორდს! – წაილუღლუღა თირმა. – დღის მხევალს აღარ სწადია ვოლფრამთ მოჰფინოს შუქი თავისი, ნუთუ ახლა მის ერთობას გასწყრომიან ღმერთები? ნუთუ აქამდის გაუგონარი ღალატი უნდა იწვნიოს სრულიად სრორდმა?

-ღმერთთა ნებით გვევლინებიან სარდალნი, მეფისწულნი, მეფენი, თუმცაღა ისევე ჩაივლიან ისინი, ვითარცა ბრურგის დაუდგრომელი სხეული მოჩქეფს იგაზან-ლას კლდეებიდან. – მიუგო მათ სამუელმა. – არ გააკაროთ გულსა თქვენსა შიშის ნაპერწკალიც კი, მხოლოდღა ვარამსა და გულმხურვალე შემართებას მიანდეთ იგი, რამეთუ მკვდართ დატირება სწადიათ, ცოცხალთ კი შველა… მეტადრე დიდი განსცდელის წინაშე დგანან ცოცხალნი, რამეთუ გულუბრიყვილოთ არა უწყიან რა, რომ გლოვით გათანგულთ არ დაინდობს სუაგრასა და ნიჰიდას განგება!

ანაზდეულად დადუმდა თავადი. გამალებით უგდებდნენ ყურს ოქრომჭედლის ვაჟნი.

-წარვედ ბელთათინს. – თქვა ბოლოს სამუელმა, მშფოთვარე გონს მცირე ნათელი მოჰფინა თანამოაზრის გახსენებამ. – ფარვუდისა თავადს ეახლეთ მალულად დარბაზში… ვაუწყებ მას, რომ ბელთათინს მოაღწიეს მაცნეთ…

თავადის წინაშე ქედი მოიხარეს ვაჟებმა, და წამსვე აიკრიფეს ქარბუქისაგან დაჟიებული კალთები, კვლავ შეზანზარდნენ კედელნი ჯურღმულთა, როცა მათ ზურგს უკან დაიხურა კარი ტყვიისა, თუმცაღა არარად აგდებდა მის გარშემო ატეხილ ღრიანცელსა და გუგუნს თავადი.

დასტოვა მან ჯურღმულნი და მიმართა ვოლფრამთა სასახლეს, გზად თითქოსდა ლამობდა იგი, რომ ჩამოერეცხა სიბინძურენი მიწისქვეშეთისა, თუმცაღა უწყოდა, რომ ოქრომჭედლის ვაჟთა ნაამბობის მიერ ჩანერგილ მღრღნელ შფოთვას ვერასოდეს მოიტოვებდა უკან. საგონებელს მისცემოდა იგი, გამალებით ჩაჰღრმავებოდა ფიქრებს.

დაუღალავად მღრღნელი ეჭვი განუახლდა, ნაპერწკალი მისი აღვივდა, ვეებერთელა კოცონად იქცა, რომელმაც დაუთმენლობას შეუნთო ცეცხლი. იწვოდა თავადი, ადგილზე ათრთოლდა, ხელი აიფარა მოღრეჯილ პირისახეს, რამეთუ გონს ფიქრად გაივლო მან, ისკერიის თავადის თავხედობამ და სიხარბემ სრორდის ღალატად იჩინაო თავი.

თუმცაღა თუკი ატავესს ეწადა ანდრეის მოკვდინება, და ძალუძდა აღსრულება წადილისა, რად არ აღასრულა იგი აქამდეო, საგონებელს მიეცა იგი. ერქანთა სამფლობელოზე გალაშქრება არ განეზრახა ანდრეის, მაშასადამე სახელდახელოდ უნდა შეეთითხნა მზაკვრული ქმედება მისი თავადს ისკერიისა. არა, ღალატს მეფისწულისა, ღალატს ვოლფრამთა დინასტიისა ბელთათინს გაედგა ფესვნი, უალდჰარის თავადის სასახლეს მოსვლას, გულმხურვალე ღაღადს, დიდგვაროვანთა სიხარბესა და გრძნეული შაჰაიაქელი ინგენის დარბაზად წვევას დაჰკანკალებდა მყრალი სურნელი მისი.

ნუთუ უალდჰარის თავადს შეჰკვროდა სარდალი სრორდის ლაშქრისა! ისკერიის თავადის ხელთ იყო ძალაუფლება, რამეთუ ბებერი გახლდათ კოჭლი კლავდი, აღარ უჭრიდა მას გონი და მკლავი, ფურგონში გამოეკეტათ სარდალი გაბრიელი, ასისთავნი კი გულუბრიყვილოდ მინდობოდნენ სრორდის ლაშქარს შერჩენილ ერთადერთ სარდალს!

და თუკი გაბრიელის გადამალვა ძალუმად სწადიაო სარდალ ატავესს, გამალებით ბჭობდა თავადი ივლადალისა, მაშა სხეული ან გონი მისი საიდუმლოს ატარებსო. გუმანი ჩასჩურჩულებდა სამუელს, მოწყვეტილი თითი მისი აახლესო დარბაზსა და ვარამით გათანგულ მამას საბუთად ერთადერთი მემკვიდრის მოკვდინებისა!

ერთობ მოუსვენრობას შეუპყრია თავადი სრულიად უალდჰარისაო, შეუჩნდა ანაზდად ფიქრი, რამეთუ ბელთათინს ეწვიაო იგი შაჰაიაქელ ინგენითურთ, იქამდე, სანამ სიახლე მეფისწულის უცხო მიწად მოკვდინებისა მოქუფრულ ცად მოევლინებოდა სრორდს. ვითომდა უწყოდა, ვითომდა სული კბილით ეჭირა, სანამ შეიტყობდა!

ვითომდა თვითონ ედგა სათავედ შეთქმულთ, ვითომდა თავად დალოცა ის ხელი, მეფისწულის წინააღმდეგ რომ უნდა აღმართულიყო!

ეჭვებისა და დაუღალავი შფოთვის ქარცეცხლში გამოხვეულიყო თავადი ივლადალისა, დარბაზს სხდომა მისი მხოლოდღა სხეულის ყივილითა და გადაულახავი სისხლის წყურვილითღა აღვსილიყო, რამეთუ მხოლოდღა უალდჰარის თავადის წყეულ, ყეყეჩ პირისახეს ჰხედავდა იგი. ბელთათინის სასახლეს ვეღარ იტანდა სული მისი, თითქოსდა ნაწილებად ფლეთენო, რამეთუ ღალატის მჭახე სურნელი მისწვდენოდა სამუელს. და ვითარცა დაგეშილი მაძებარი, ვერ მოისვენებდა იგი, სანამ ეშვებით არ გაჰგლეჯდა მის სამარცხვინო, სასიცოცხლო ძარღვებს.  

ვერ დაითმინა სამუელმა, და დარბაზი შესთხოვა თავადს ფარვუდისა. მალულად მიიღო იგი ბებერმა არჟანმა, მადლობა შესწირა ოქრომჭედლის ვაჟთა გამოგზავნისათვის და ამცნო, ახალი ამბავნი უჩუმრად ეწვივნენო ბელთათინს. კერაში მოგრიალე ცეცხლისა და შემინულ ფანჯარას შემონარცხებული ქარბუქის საფარველში, უჩუმრად მოუთხრო მან სამუელს, ხმანი დაირხა, რომ ვინმე ჩრდილოეთელ, ბაგეს რძეშეუშრობელ მხედარს დალიჰარი უგდია ხელთ და ერთად წაჰბილწესო სებიანთა სამფლობელო, მერე კი მიაშურესო შაარ-ჰაფას. მეტადრეო, განაგრძობდა იგი, ვოლფრამთა მემკვიდრის მოკვდინების ამბავს სულაც არ უცვლია მისდამი ერთგულ ვივიენ ქალს პირიო, ახალ საქმროს არ დაეძებს, თითქოსდა კვლავ ფეთქავსო გული მისი გულისსწორისა მის მკერდში. იმედით აღვსილიყო მონაოჭებული პირისახე არჟანისა, როცა ჩასჩურჩულებდა იგი სამუელს, ვგონებ, რომ დასტოვაო ბელთათინი გიუნტერმა, რამეთუ ჰგონებდა, რომ ცოცხალი არისო მეფისწული, და აღტკინებით აღივსო თავადი ივლადალისა.

თითქოსდა აეხადა სულსა მისას ის გოდება, ბერეხის ციხეზე გამოჰკიდებულ თალხებს რომ ჩამოჰგავდა. ღმერთებს შეჰღაღადა მადლიერმა, დალოცა იღბალი, რომელმაც პირში სული შეუნარჩუნა ანდრეის და მხოლოდღა ის შესთხოვა მათ, რომ მშვიდობიანი ყოფილიყო გზა მისი.

გზა დაულოცა ძმადნაფიცს სამუელმა, რამეთუ უწყოდა მან, რომ უმალ სრორდს ეახლებოდა იგი, მეტადრე თუკი გიუნტერი ჰყვანდა თან. მხოლოდღა უნდა დაეთმინა გაუსაძლისი მზენი, სანამ ანდრეი ჩრდილოეთის მიწას შესდგამდა ფეხს და ხმა მისი მისწვდებოდა სამუელს.

და ორიოდე მზის თავზე დასტოვა ბელთათინი ახალგაზრდა თავადმა, უმალ მიაშურა ივლადალს, რათა გზად შეჰგებებოდა სრორდს მოღწეულ მეფისწულს და უკან მოიტოვა ფუჭი განსჯანი, რომლითაც აღვსილიყო უმეცარ თავადთა დარბაზი.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ღამე იდგა. ჩუმი და წყვდიადით მოცული, ღრუბლით ფარული თვალისაგან ღამის მხევლისა.

ლელქაშის ხშირი საფარველი, რუხ, უჩუმრად ავ ნაპირს რომ ჰბურავდა მწვანედ, მოწოლილი ბინდბუნდის მიერ მოგვრილ სიოში დაირწა ნებივრად. ნაზად ტოკავდა მდინარე, ვითარცა უძალოდ მჩქროლავი ძარღვი კაცისა, სუსტ ქარს მომცრო, ერთმანეთს ჩაკრულ გველებად ექცია სხეული მისი, რომელთაც ბუზანკალ-ქინქლათა აურაცხელი ჯარი დაჰკანკალებდა ზედ. შრიალებდა ლელი, ხეშეში თავნი მისნი ვითარცა მეჩხერი თმა-წვერი ბერიკაცის დაღარულ პირისახეს, მდინარის თავს შემოჰჯარვოდნენ. დახეთქილიყო მწუხრის იისფრად განბანილი, ძილს მიცემული ზეცა ხეთა შიშველ ტოტთა მიღმა, და ავად გაჰკიოდნენ ჭოტები, თითქოსდა იხილესო მოახლოებული უბედურების სისხლისფერი, მდინარიდან მობერილ ნიავს რომ დასდევდა, ვითარცა ჩურჩული, ღვარძლით აღსავსე.

დაჰბერა ქარმა და მოიდრიკა სხეული ლელისა, შეთრთოლდნენ, იხლიჩებოდა და იკვრებოდა მათ უსასრულო სხეულთა ჯაჭვი.

და, თუმცაღა ტალახის ბნელს შეებურა ფერფლისფერი თმა, თუმცაღა მდინარის მღვრიე გველნი ჰფარავდნენ ბრინჯაოსფერ მხართა ბზინვას, თუმცაღა არსაით სჩანდნენ სხივნი ღამის მხევლისა, რათა მოჰფენოდნენ ნიშნულთ, მაღალ შუბლს რომ ამშვენებდნენ, მაინც შეუცდომელი იყო იმ ფითრისფერ თვალთა გამჭრიახი მზერა, მდინარის პირას, ლელქაშთა და ხეთა მიღმა წამომდგარი სახლობისაკენ რომ მიეპყრო მათ პატრონს.

მთრთოლვარე სხეული მდინარისა გააპო ბაჰირელმა დიაცმა. უწყალო ქუშს შეეპყრო პირისახე მისი, თითქოსდა წყლების ბნელ სიღრმეთ მინდობილი, ცულმომარჯვებული ოროუჟიაო იგი. ლელი გაჰკვეთა ზაჰრამ, და ვითარცა უხსენებელი, უჩუმრად მიუყვა მდინარის დაბრეცილ პირს.

წყნარი იყო ღამე. კუნაპეტი მისი, ვითარცა მოსასხამი, სდევდა ზაჰრას, როცა მის მხართ ჩაჰფრენილ წყლის გველებს გამოჰგლიჯა სხეული მისი. წყვდიადის ფერისა ემოსა კაბა, ტალახისა ფერი იყო დაგრაგნილი ნაწნავი მისი, და ელვარება ფითრისფერი სიკვდილისა მოსდებოდა მის თვალებსა და წელზე შემორტყმულ სატევრის ვადას.

მძიმე იყო ღამე, მომლოდინე უბედურებისა, სიცხით გასიებული და სულშემხუთველი, ისეთივე მტკნარი სჩანდა იგი, ვითარცა თავი მდინარისა, თუმცაღა შეუფერებელ როკვაში ჩაბმულიყო თითოეული ნაწილი მისი, თითქოსდა თვალუწვდომელ სიღრმეში დასრიალებენო მთრთოლვარე გველები.

სდუმდა მდინარე.

სდუმდა დაბრეცილ ქარაფზე უდრტვინველად გაფენილი ბალახი, ვითარცა მეჩხერი თმა-წვერი ბერიკაცისა.

სდუმდა სახლობას შემორტყმული ქვითკირის გალავანი და პარმაღს შემდგარი სვეტები, კელაპტართა ოქროთი დაფერილნი.

სდუმდნენ თვალთა უნახავი კუთხე-კუნჭულნი, ხარბად რომ ნთქავდნენ ჩირაღდანთა სინათლეს. მათი წყვდიადი შემოესხა მოსასხამად ზაჰრას, როცა თეთრად მოელვარე მარმარილოს კედელთა შორის გამომწყვდეულ ტალანებს შესდგა ფეხი.

სდუმდა სახლობა, მხოლოდღა უდროოდ მაღვიძარი მსახურის შორეული ნაბიჯები, გუშაგების შუბთა წკრიალი, პარმაღიდან შემომსკდარი სიოს ქროლვა და კუტკალიების ჭრიჭინიღა დაარხევდა ხოლმე წყვდიადს. გარინდულიყო ღამე, თითქოსდა იფარავსო ტალანებში მძრომიალე დაუპატიჟებელ სტუმარს, ანდა სუნთქვა შეჰკვრიაო, რამეთუ გუმანი ჰკარნახობსო მოახლოებულ უბედურებას.

სახლს მოვლებული პარმაღი უმალ გაილია ზაჰრას ფეხქვეშ. თავადის ოთახების თეთრად შეფეთქილ კარს მწუხრის ბინდბუნდის ჩრდილი ჰღებავდა იისფრად. მიაყურადა ზაჰრამ, თუმცაღა ჩამიჩუმი არ ჩაესმოდა მუხის სქელი კარისა და ქვითკირის კედელთა მიღმა.

ანაზდად გახევდა იგი, რამეთუ შეიცნო მისმა მახვილმა ყურმა, ვიღაც ტალანში ფრთხილი ნაბიჯებით მოიპარებაო. პარმაღს გადაევლო ბაჰირელი დიაცი, და ვითარცა კლანჭებალესილმა კატამ, ქვათა უხეშად ნაკვეთ პირებს მოსდო ხელები და კედელზე გადაცოცდა. დაზვერა შემოგარენი, აქაოდა გუშაგნი არ გამომეცხადონო, მერე კი თავადის ფანჯარას მიმართა უმალ.

მხოლოდღა ქათქათა აბრეშუმი ჰფარავდა ოთახებს, თითქოსდა რძისფერი ბურუსი დამგარაო თავადის გარშემო. ნებივრად თრთოდა ნიავის სხეულს ჩაკრული ფარდა, და მის მიღმა ყოველივეს ჰხედავდა ზაჰრა.

სიცხით გათანგული, სქელი ჰაერი იდგა ოთახში, ვეება ბუხარი ჩანაცრულიყო. მის მოპირდაპირედ ზორბა სარეცელი აღემართათ, მოჩუქურთმებული თავითა და ჭერიდან დაშვებული ფარდებით, რათა ღამეულ მწერთაგან დაეფარა მწოლიარე. ბუხრის წინაშე კი მეწამული ხავერდის სავარძელი იდგა, რომელსაც თავადის ვეება სხეული დაჰპატრონებოდა. ბუხრის ცარიელ მუცელში ჩამოწოლილ წყვდიადს ჩაჰყურებდა იგი, და თავს აკანტურებდა, თითქოსდა ეს-ესაა ძილს მიეცემაო. ღამის იისფერს მოეცვა ყოველივე, მხოლოდღა სუსტი ციალი ცას მიმობნეულ ვარსკვლავებისა და მთვარის გალეული ჩონჩხისა დნებოდა ქათქათა აბრეშუმის მიღმა, და ისე თრთოდა ჩრდილი მისი, თითქოსდა ზღვა იღვრებაო გარინდულ ოთახთა ქვითკირის იატაკზე.

ფარდა გადასწია ზაჰრამ, და ჩრდილი მისი წინ აღუდგა ფანჯარაში შემოღვრილ, დუმილით მოცულ იისფერ სინათლეს ღამისა.

მზერას არ სწყვეტდა თავადს ზაჰრა, რამეთუ გამოეხილა მამაკაცს თვალნი, სუსტი ათინათი დასთამაშებდა მის მზერას, სიმშვიდით აღსავსეს. დუმილი დასწოლოდა ოთახს, ვითარცა წყვდიადით მოცული, მყრალი ფიგურა, ყოველ კუთხე-კუნჭულში იღვრებოდა იგი, აფათურებდა კლანჭებს, ხმამაღლა ხვნეშოდა და მკერდზე დასწოლოდა მდუმარეთ, ვითარცა ლოდი საფლავისა.

-სალამი, ბალღო. – თქვა ანაზდად თავადმა, თავი ოდნავ მოდრიკა მის წინაშე. – ვგონებ, ძალზედ განრისხებულია დარბაზი ერქანთა, რამეთუ ესოდენ გაუფრთხილებლად განუზრახავთ ხილვა ჩემი…

დადუმდა იგი და უსიტყვოდ შეაცქერდა მას ზაჰრა. ძარღვი არ უტოკავდა დიაცს, იდგა იგი, უძრავი და უსიტყვო, ვითარცა ტყვიისფერი წყვდიადი.

-სალამი, გილდის თავადო. – მიუგო ბოლოს. ღიმილმა გააპო თავადის ვეება სახე.

-შემინდოს ღვთაებამ, რამეთუ შვიდი სამეფოს ენა ჩაესმათ ჩემს ყურებს! – თქვა მან. – თუმცაღა, ბალღო, სიტყვა არასოდეს წასკდება სიკვდილის აჩრდილთა ბაგეთ. ბინდბუნდში შებურულნი მოჰქრიან ისინი, არარას გაუწყებენ, რამეთუ არარა უწყიან, გარდა მოკვდინებისა… რამეთუ არარა არის კაცი სიკვდილისას, თუ არა მარტოსული! თუმცაღა ვგონებ, კაცის სისხლი არასოდეს დასდენია შენს ხელთ, ბალღო! იოლია სუნთქვა ბაგეთაგან წაჰგლიჯო ადამიანს, თუმცაღა ნაიარევნი სიკვდილისა მოუშუშებელნი გახლავს, ისეთი ბილწნი და ბინძურნი არიან ისინი, რომ ვეღარაფერი განბანს მათ, ვერც სინანული, ვერც მიზეზობა და ვერც წმინდა წყალი…

-უწყოდით. – სიტყვა გააწყვეტინა ზაჰრამ. მშვიდად ფეთქავდა გული მისი, თუმცაღა თრთოლას აეტანა მისი ხელები. – მელოდით.

-წყეული სიამაყე! – მიუგო თავადმა, ნაკვთები დაეღრიჯა, მონაოჭებულ ტიკჭორას ჩამოჰგავდა პირისახე მისი. – წყეული, წყეული, წყეული სიამაყე ერქანთა! ყური მიგდე, ბალღო, უწყოდე, სად იშვა ზღვარი შენს სიამაყესა და შენი პიროვნების სიმაღლის შუა, რამეთუ დაგაქცევს იგი! უწყოდე, თუ როდის ძალგიძს აღამაღლო პიროვნება შენი და როდის ამოსდო ლაგამი შენს სიამაყეს, რამეთუ შენი ტოლ-სწორიც მოიპოვება ამ ქვეყანაზე. გელოდი, ბალღო, მაშა, რამეთუ ამაყ ერქანთ არ ძალუძთ გარჩევა ძმური რჩევისა და ჭეშმარიტი შეურაცხყოფისა…

-რად არ დასტოვეთ სახლობა თქვენი? – შეჰკითხა ზაჰრამ. – ავლატის მთათ რად არ მიაშურეთ, რად არ ჰპოვეთ თავშესაფარი მათ წიაღში?

მრისხანებით აღევსო მზერა თავადს გილდისა, დაჟინებით შეაცქერდა ბაჰირელ დიაცს.

-ვგონებ, რომ გონიერი ხარ, ბალღო, რამეთუ ერქანთა სასახლის მუცელში ჩაისახა სული შენი! – მიუგო მან. – უწყი, თუ რატომ არ ძალმიძს მსტოვრად ვეახლო მთებს…

-რამეთუ ვერავინ გაჰქცევია ერქანთა რისხვას. რამეთუ თუკი მე მიმტყუნებს ხელი ჩემი, სხვათ აფრენენ თქვენს გზაზე. – თქვა ზაჰრამ. თვალები მილულა თავადმა, თავი დაუკანტურა პასუხად.

არ იძვროდა ბაჰირელი დიაცი, თითქოსდა მუხლთ წყვდიადი ჩაეღვარაო.

თვალნი გამოახილა თავადმა, იჭვნეულად შეაცქერდა აჩრდილს, რომელსაც მისი სიკვდილი ეპყრა ხელთ. უმზირა, თუ როგორ კრთოდნენ ხელნი მისნი, თუ როგორ დაჰბურვოდა ფითრისფერი თვალები, წყვილ ავდრიანი ზეცის ნატეხს რომ ჩამოჰგავდნენ მისი პირისახის ბრინჯაოსფერი საფარის შუაგულში.

-ნუთუ გული აგიცახცახდა შენს მკერდში, ბალღო? – თქვა ანაზდად მან. – ნუთუ არ ძალგიძს შენს ხელთ უბრძანო?

-არა. – მიუგო ზაჰრამ. – არა, რამეთუ უძრავია გული ჩემი.

-წარუტაცნიათ შენთვის გრძნობანი და მათი შენში შეცნობის ძალა, ბალღო, თუმცაღა სადღაც, შენივე წიაღში გეშინის. – თქვა თავადმა. – გეშინის, რამეთუ შენ არ ხარ სიკვდილი ჩემი, არამედ მე ვარ სიკვდილი შენი, ცოცხალი სიკვდილი, რომელსაც ბაგე გაუპია და გესაუბრება, თბილი, მჩქეფარე სისხლით გაჯირჯვლულა სხეული მისი… გეშინის, ბალღო! რამეთუ სიკვდილი აღმართულა შენს წინაშე, ამ სავარძელს მისვენებია და გელის, რომ ხელი ჩასჭიდო, ჩაგებღაუჭოს და მოგშანთოს, სამუდამოდ დაიმკვიდროს მისი შავბნელი კერა შენს სულში… – მან თავი გადააქნია, წამიერი ნაღველით აღვსებოდა მზერა, თუმცა უწყოდა ზაჰრამ, რომ საკუთარ სიკვდილს არ აღეძრა სევდა მისი.

-გებრალებით, თავადო. – თქვა მან. – ნუთუ თქვენც გიხილავთ ცოცხალი სიკვდილი? ნუთუ თქვენს სულშიც ააგიზგიზა მან სამუდამო კერა?

ბაგე შეუთრთოლდა გილდის თავადს.

-ღვთაებამ შემიწყალოს, ბალღო! – მკერდზე ხელი იტაცა მან, ანაზდად ხმამაღლა გადაიხარხარა. – რაოდენ უმწიკვლოა სული შენი… ათასმა წყალმა ჩაიარა მას იქით, რაც სიკვდილმა სორო გასთხარა ჩემს მკერდში. ნუ გეშინის ბალღო, რამეთუ არ გიმტყუნებს მარჯვენა. ნუ გეშინის ცოცხალი სიკვდილის მიერ მონიჭებული ნაიარევებისა, რამეთუ სულს წაილპობ, წამპალ სულს კი არ ძალუძს შეგრძნება მათი.

არა უთხრა რა ზაჰრამ, და თვალები მილულა თავადმა, თითქოსდა ძილისათვის ემზადებაო.

გაირინდა ყოველივე, თითქოსდა სულშემხუთველ ჰაერს მიეყინაო სიჩუმე, მოიცვა წყვდიადი, ყოველ კუთხე-კუნჭულში გაჯდა, ისე, რომ საკუთარი გულისცემა ჩაესმოდა ზაჰრას. ისკუპა ბაჰირელმა დიაცმა, იშიშვლა სატევარი, და ანაზდეულად გამოჰღადრა თავადს ყელი.

ახრიალდა იგი, და დადუმდა მცირე ჟამის შემდგომ. უცქერდა ზაჰრა, თუ  როგორ დაედინა შავი სითხე გულისპირს, დაშრიტა სხეული თავადისა და წარიტაცა სიცოცხლე მისი. ამოისუნთქა სულშეგუბებულმა არე-მარემ, კვლავ აფარფატდა აბრეშუმის ფარდა და კვლავ აბრწყინდნენ ცის თბილ მელნისფერ კამარას მიმობნეული მარგალიტები.

უკან დაიხია დიაცმა. უთრთოდა ხელები, არ კრთოდა გული მისი, და უსიტყვოდ უმზერდა თავადის მოსვენებულ პირისახეს.

ანაზდად ჩაესმა ღრჭიალი კარისა და წამსვე მოიღერა სატევარი ზაჰრამ.

გახევდა.

მეზობელი ოთახის ღია კარის ღრიჭოდან შემოსცქეროდა იისფერი ათინათით დაფერილი, პაწია პირისახე. თორმეტიოდე ზამთრისა იქნებოდა ბალღი, თავზარს მოეცვა დიდრონი თვალები და ათრთოლებული ბაგე. სდუმდა იგი, თუმცაღა შეუპოვრობით აღვსილიყო მზერა მისი.

ნაკვთები მოეღრიჯა ზაჰრას. უფრო ძალუმად აცახცახდნენ მისი ხელები, უთრთოდა გული მკერდში. უკან დაიხია უმალ, ფანჯარას მიაშურა, ბალღს განარიდა მზერა, თითქოსდა მისი ხილვის მოგონებას წარიტაცებდა სინათლე დალეული მთვარისა.

-მამა-ბატონი მოჰკალ. – თქვა ანაზდეულად ბალღმა და თითქოს ადგილს მიაჭედესო, შედგა დიაცი. – მოჰკალ… მაშა მეც უნდა ვიგემო სატევარი?

-განვედ! – შეჰკივლა ზაჰრამ, წამსვე მოკუმა ბაგე.

-რათა, დიაცო, ნუთუ განდევნა ჩემი მამა-ბატონს სიცოცხლეს უწყალობებს? – შესძახა ბალღმა და აედევნა, კალთაზე დაებღაუჭა მაგრად. – მომკალ! მომკალ, რამეთუ მხოლოდღა წყალობა მამა-ბატონისა მასულდგმულებს! მომკალ, დიაცო!

-განვედ! განვედ, წყეულო! – ხელის ერთი მოქნევით ჩამოიცილა ბალღი ბაჰირელმა დიაცმა და ელვის უსწრაფესად გადაევლო ფანჯარას.

ძილს გამოჰგლიჯა გილდის თავადის სახლობა გოდებამ ბალღისა, კელაპტართა თვალნი აციმციმდნენ, კაცთა ჩრდილნი დაედინნენ თეთრად შეფეთქილ სვეტებსა და კედლებს. თავადის სიცოცხლისაგან დაშრეტილი სხეული ჰპოვეს მოსამსახურეებმა, და მათმა კივილმა შეზარა ღამე, შეათრთოლა კუთხე-კუნჭულს მოდებული წყვდიადი, თავს დაცემული ზარისაგან აძიგძიგდნენ მარმარილოს კედელნი. წამსვე გუშაგნი აფრინეს მათ, ხელთ იგდეთო მკვლელი თავადისა და ცხენების ფლოქვთა ქვეშ დაიზნიქა მიწა, თუმცაღა ვეღარას ჰპოვებდნენ ისინი, რამეთუ ლელის საფარველის მიღმა, დუნედ მიმავალ მდინარეში მიეცა შვებას ბაჰირელი დიაცი.

და, თუმცაღა საფარველი ჰპოვა ზაჰრას სხეულმა წყლის მიღმა, არ გაჰკარებოდა მის სულს საამური სიგრილე წყლისა, რამეთუ პირღია ცეცხლის ალებში გახვეულიყო იგი.

იქამდე ესხა მოშრიალე ლელისა და პირქუში მდინარის მოსასხამი ზაჰრას, სანამ მდევრის ცხენთა ჭიხვინი არ მიწყდა და დაღვრემილ, მდუმარე ზეცის პირისახეს დილის ალმური არ მოაწვა. შორს დაეგულებინა ბაჰირელ დიაცს თავი, რამეთუ შორეულ, სპეტაკ ლაქადღა მოსჩანდა გილდის თავადის სახლობა ალიონის აკვანში, ნელ-ნელა მომაღლებული გორები ჰფარავდნენ მას. ხეთა ჩრდილით დაფარულ ხეობაში, აჩუხჩუხებულ ღელედ გატოტვილიყო მდინარე, წყლის პირას ციცაბო ქარაფი ნოტიო, სურნელოვან მიწასა და ბუჩქებს დაეფარათ. ცრუდილის ჩრდილი იღვრებოდა ნიავში ათრთოლებულ ფოთოლთა მიღმა და სძრავდა ჰაერში დაგუბებულ ღამეს.

კამკამა წყალში განბანა სატევარი თვისი, ხავსმოდებულ ვეებერთელა ლოდებს შესდგა ბაჰირელმა დიაცმა ფეხი და აუყვა ქარაფს. კორომის დილაბნელში გაჭირვებით გაარჩია არყის ხის ზროზე მიბმული, არხეინად მაძოვარი ბეხრეკი ულაყი მისი და ამხედრდა უმალ, შემოუძახა ჯაგლაგს, გზა გველისო ფრიად გრძელი.

ოთხჯერ მოჰფინა მხევალმა დღისა მიწას ოქროსფერი პირბადე, ოთხჯერ ჩაესვენა იგი შორს აღმართულ ავლატის მთათა მიღმა, და მას ემგზავრებოდა ბაჰირელი დიაცი. მალ-მალე იქანცებოდა ბეხრეკი ულაყი, და ჩამოხდებოდა ზაჰრა, რათა დაეპურებინა და დაეწყრულებინა იგი. სანამ ნებივრად სძოვდა ჯაგლაგი, კენკრას წამოჰკრეფდა თვითონ, მიუჯდებოდა ხის ზროს და უხვად შეფოთლილი ვარჯის მიღმა გაჰყურებდა სითბოში განბანილ, იისფერი ცის კამარას, და უსმენდა, თუ როგორ იბუდრებდა წყვდიადი მასში. თვალთაგან არ სწყდებოდა დიაცს მზერა და სიტყვანი გილდის თავადისა, შეგრძნება მისი სიცოცხლით თბილი სხეულისა და გაყინული ფოლადი, რომელიც თვით ეპყრა ხელთ მის წინაშე. თითქოსდა მას დასდენოდა თავადის გულისპირს დანთხეული სისხლი, ბლანტ წყვდიადად ჩაჰბღაუჭებოდა მის გულსა და გონებას, სულს უხუთავდა. არ სცილდებოდა ზაჰრას ყურთაგან სიტყვანი თავადის ბალღისა, თავზარდაცემული პირისახე მისი და შემზარავი ღაღადი, მომისწრაფეო მეც სიცოცხლე. უწყოდა დიაცმა, მხოლოდღა პირველად აღვიღეო ხელთ იარაღი ადამიანის სიცოცხლის მოსასწრაფად, უწყოდა მან და არა ძალუძდა რა, გარდა წყვდიადში ეულად ცქერისა.

ოთხჯერ იხილა ბაჰირელმა დიაცმა ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცის იისფერ სხეულზე მისვენებული ნამგალა მთვარე და მრავალჯერ მოედო მის სულს ფორიაქი სასოწარკვეთილი კაცისა, სანამ ბაჰირას მიწებს არ შესდგა ფეხი მისი. გორიდან უცქირა ზაჰრამ ბაჰირას შუაგულში, წალმითა და ალისფერი კრამიტით დახურულ სახლთა მიღმა აშოლტილ ციხესიმაგრეს ერქანთა, და მაღლა აღაპყრო ხელი, ღვთაებას შეჰღაღადა მადლიერება, რამეთუ უვნებლად დაუბრუნდა თავის მიწას. ერთიანად მოქანცულ ბეხრეკს ლაჯებზე შემოჰკრა ქუსლები და დაეშვა იგი, დაღლილობა მგზავრობისა და მწირი საკვებისა უმალ განაქარწყლა შვებამ ერქანთა სასახლის ხილვისა.

თუმცაღა, სანამ ერქანთა ციხესიმაგრეს მიაშურებდა იგი, რეჩხი უყო წყვდიადით დამძიმებულმა გულმა ზაჰრას. თითქოსდა ახლაღა შეახსენა თავი იმ დავალებამ, მას რომ მიანდეს, რომლის დამარხვასაც გონების შორეულ კუთხე-კუნჭულში ლამობდა იგი. მოჰკალ თავიკაცობა გილდისა, რამეთუ ერქანთა სახლს ჰღალატობენო, უბრძანა მარდუქ ეშელმა. გონში ჩაესმოდა ზაჰრას სიტყვანი აღმზრდელისა, მუქარის ჩრდილით დაფერილნი, და ახლაღა შეიცნო არსი მათი.

მარდუქ ეშელს გილდის თავადის ნაშიერის მოკვდინება ეწადა. არა უწყოდა რა ზაჰრამ, რომ ბალღნი ჰყვანდა თავადს, რამეთუ მხოლოდღა მის ღალატზე გაეგონა. თუმცაღა, არარა იყო ამ ამბისა საკვირველი, რამეთუ აღმზრდელს ღალატის თესლის ნოყიერი მიწიდან ამოგლეჯა ეწადა. ალბათ ლამობდა ჩაეხშო ის ნაპერწკალი, რომელიც გილდის თავადიდან მემკვიდრეობით გადაეცემოდა მის ბალღს, ლამობდა წარეტაცა ის იმედი, რომელიც მოღალატეთ ჩაესახებოდათ ცოცხალი ნაშიერის ხილვისას.

აცახცახდა ზაჰრა, როცა საჯინიბოსთან მიჩაქჩაქდა ბეხრეკი ულაყი. კრთოდა იგი, თითქოსდა კვლავ ცივი ფოლადი უპყრიაო ხელთ ცოცხალი სიკვდილის წინაშე, რამეთუ უწყოდა მწარე მარცხი მისი. უწყოდა, რომ არარად ღირდა თავადის გულისპირს დადენილი სისხლით შეღებილი სატევარი მისი, რამეთუ ვერ აღასრულა ბრძანება აღმზრდელისა.

ციხესიმაგრის კოშკურებს მიაშურა დიაცმა, და თუმცაღა თითოეული ნაბიჯი მისი თლილ ქვაში შემოფრქვეულ, დღის მხევლის ცხელ ნაპერწკალთ დაეფარათ, დაჩრდილულიყო გუნება მისი, ვერ მისწვდენოდა მას დიდებული ელვარება ბაჰირას გადაწოლილი მოჩახჩახე ცის კამარისა. უსასრულოდ იჭიმებოდნენ მზის ოქროთი მოვარაყებული, სითბოდადენილი საფეხურნი მის წინაშე, რამეთუ ფეხს ითრევდა ზაჰრა, კანკალი მოჰრეოდა ბეჩავს, თრთოდა ბაგესთან სუნთქვა მისი.

თუმცაღა, მასაც, ვითარცა ყოველ ცისქვეშა სულიერს მოუწევდა წარდგომა საკუთარი შიშის წინაშე.

აღმზრდელის ოთახებთან შეყოვნდა ზაჰრა. ჩაახშო კანკალი თვისი, კარს დასცა მუშტი სამჯერ, გასძახა, ზაჰრა გეახლებათო და უმალ ჯიქურ შეაბიჯა.

მშვენიერნი გახლდათ ოთახები აღმზრდელისა. თლილი ქვებით შემოჯარული ფანჯრებიდან უხვად შემოღვრილიყო სითბო დღის მხევლისა, მას თან ერთვოდა ბაჰირას წმინდა, კამკამა ცის ნაგლეჯი და შორეული მიწების სიმწვანე. ფუფუნების დაღი ესვათ მძიმე, მეწამულ ფარდებს, წითელი ხის ოსტატურად მოჩუქურთმებულ მაგიდასა და ეტრატებით ახორხლილ თაროებს.

და თუმცაღა ძვირფას, აბრეშუმით შემკულ ტახტს გადასწოლოდა მოსირმული ფარჩით მოსილი მარდუქ ეშელი, ქუში შეჰყროდა მის პირისახეს, თითქოსდა შემოგარენის მშვენებასა და სიმდიდრეს არარად აგდებსო. კალმით ნახატი გახლდათ იგი, ვითარცა შეჰფეროდათ ერქანთა სამფლობელოს დიაცებს, კოჭამდე ოქროსფერი თმა კულულებად დაჰგრაგნოდა და ლაჟვარდი ცისა დაღვენთილიყო მის თვალებში. ოცდაჩვიდმეტი ზამთრისა შესრულებულიყო მარდუქ ეშელი, და ვარდის კოკორთ ჩამოჰგავდნენ ღაწვნი მისნი, ერთი ნაოჭიც კი ვერ მიჰკარებოდა მის პირისახეს. თუმცაღა, მის მიერ განვლილ წლებს კუშტ გამოტყველებაში ეჩინათ თავი, წარბნი შეჰკვროდა აღმზრდელს, და ისეთივე უძრავნი იყვნენ მისი თვალები და ბაგე, ვითარცა უდრეკი ყინულოვანი მთანი ავლატისა. დაჟინებით დაჰყურებდა იგი მაგიდას მიმჯდარ, ფერფლისფერთმიან ქალიშვილს, თითქოსდა მისდამი ბრაზი აჰგორებიაო მკერდში.

თუმცაღა, მისკენ არ მიეპყრო საკუთარი მშვენიერი თვალები ქალიშვილს, რამეთუ კარის გაღებისას უმალ შემოაცქერდა ზაჰრას იგი.

-Sespian! Lakkuarra Bahirra! (დობილო! ბაჰირას დაუბრუნდი!) – შეჰკივლა მან, ფეხს წამოიჭრა და შვების მორევმა უმალ ჩაითრია ზაჰრას შიშისა და სინანულის ცეცხლმოკიდებული სული, ჩაახშო ალნი და დააოკა ისინი, და სუნთქვა შეეკრა დიაცს, თითქოსდა მათ ადენილი ბოლი უხუთავსო სულს.

თუმცაღა, უწყოდა რომ მხოლოდღა წამიერი იყო შვება მისი, რამეთუ მას მოუტრიალდა პირქუში მზერა აღმზრდელისა.

-ეირინ. – თქვა ანაზდად მარდუქ ეშელმა. – გეაჯებით, ყოველ წამს, როცა ძალგიძთ, გაიწაფეთ შვიდ სამეფოთა ენაზე სამეტყველოდ…

-როდის მოხველ, ზაჰრა? – შეჰკითხა ეირინმა, აღმზრდელისაკენ არც კი გაუხედავს, თითქოსდა მოუყრუაო. იხილა ზაჰრამ, თუ როგორ მოკუმა მარდუქ ეშელმა ბაგე, უკმაყოფილებამ გააღვივა ცივი მზერა მისი.

-როგორც კი ჯაგლაგმა ჩემმა ერქანთა სასახლეს მოაღწია, წამსვე აქეთ გამოვეშურე, მეფისქალო. – მიუგო ზაჰრამ, და ბალღურმა სიხარულმა გაანათა პირისახე ეირინისა.

-ვგონებ, სწავლულნი გელიან, ეირინ. – მოკლედ მოსჭრა აღმზრდელმა, სანამ საპასუხოდ ბაგეს გააპობდა მეფისქალი. – წარვედ ახლავე, რამეთუ ისტორიისა და სახალხო საქმეთა სწავლებანი ფრიად მნიშვნელოვანია!

სევდისა და მრისხანების ღრუბელმა შემოსა მზერა ეირინისა, მარდუქ ეშელს გადასწვდა მზერა მისი. ქედი მოიდრიკა მისი წინაშე აღმზრდელმა, თუმცაღა პატივისცემის ნაღვერდალიც კი ვერ დაენთო მეფისქალის წყრომას მასში.

გახევებულ ზაჰრას მოუტრიალდა ეირინი და ანაზდეულად გამოეშურა მისკენ, მკლავები შემოჰხვია, წამიერად გაუზიარა სითბო დობილისა.

მერე კი გასხლტა იგი, კარი მოიჯახუნა ზურგსუკან და მისკენ კუშტად მაცქერალი აღმზრდელის წინაშე მარტოდ-მარტო დასტოვა ზაჰრა, ცივი ჟრუანტელი რომ უსუსხავდა სხეულს.

-მაშა? – შეჰკითხა ანაზდად მარდუქ ეშელმა, გამომცდელი მზერა მიაპყრო.

-მოვკალ თავადი გილდისა. – მოკლედ მოსჭრა ზაჰრამ და საპასუხოდ თავი ააღირა აღმზრდელმა, მის მზერაში არეკლილი მოუთმენლობა ოდნავადაც ვერ დაეოკებინა პასუხს დიაცისა. – უჩუმრად განვვლე მიწანი სათავადონი, და რაკი წურექის მდინარის სამხრეთ ტოტს შევეფარე, ვერავინ იხილა კვალი ჩემი, ყელი გამოვღადრე თავადს და უჩუმრად მივაშურე წყვდიადს ღამისა.

დადუმდა ზაჰრა და სიჩუმე დაღად დააწვა შემოგარენს, წყვდიადი მისი მოეფინა დღის მხევლის უხვი ნაწყალობევით გაცისკროვნებულ კუთხე-კუნჭულებს.

-უწყი, თუ რისი გაგონება მწადია, ზაჰრა. – თქვა მარდუქ ეშელმა. სიჩუმეში მეხივით გავარდნენ სიტყვანი მისნი.

-მე მოვკალ იგი. – გაიმეორა ზაჰრამ, წამსვე ამოჰგლიჯა წელს შემორტყმული ქარქაშიდან სატევარი, რომელსაც კვლავ გაუდიოდა ის ავბედითი პრიალი, გილდის თავადს რომ მოუსწრაფა სიცოცხლე, და კვლავ ასდიოდა სურნელი სიკვდილისა.

-თვალნი შენნი სისუსტეზე მამცნობენ. – მშვიდად მიუგო აღმზრდელმა. – მაშა არ აღგიგვია პირისაგან მიწისა ბილწი თესლი მისი.

სატევარი ქარქაშში ჩააგო და ხელნი ერთმანეთს გადააჭდო ზურგს უკან ზაჰრამ, რათა ცახცახი მათი არ შეემჩნია მარდუქ ეშელს. თუმცაღა, ფუჭი იყვნენ ქმედებანი მისნი, რამეთუ გამჭოლი და ყოვლისმცოდნე იყო მზერა აღმზრდელისა.

-ვითარცა მიბრძანეთ, მკვდარია თავიკაცობა გილდისა… – მიუგო ზაჰრამ, მაგრამ სიტყვანი ენაზე შეაცივდა, რამეთუ თავი გადააქნია მარდუქ ეშელმა, ბაგე უკმაყოფილოდ მოეღრიჯა, ბრაზით აღსავსე მზერა მოაპყრო.

-ვგონებ, რომ ესოდენ ბეცი არა ხარ, ზაჰრა… თუმცაღა საკვირველი არ იქნება ჩემთვის, თუკი მოკლე ჭკვას გამოიჩენ, რამეთუ ლაჩართ მუდამ თან სდევთ იგი. – ჩაილაპარაკა აღმზრდელმა. შეიგრძნობდა ზაჰრა, რომ ძალუმად შეურაცხყო მარდუქ ეშელი და ცეცხლი მოეკიდა გულს.

-მომიტევეთ, აღმზრდელო, გულისწყვეტა თქვენი. – გამოსცრა მან კბილთა შუა, და ანაზდეულად მრისხანებით მოეღმიჭა მშვენიერი პირისახე მარდუქ ეშელს.

-ჩემს გულისწყვეტათ მუდამ არარად ვთვლი, გოგონავ ჩემო! – შეჰყვირა მან. – რამეთუ მხოლოდღა შენს სისუსტეზე შემტკივა გული… არა ხარ მზად, თუკი ყოყმანის ნატამალიც კი სწამლავს შენს გულს!

-სისხლი მოღალატისა დაღვრილია, გოდებასა და ვარამს მისცემია გილდის სათავადო. – თქვა ზაჰრამ, უკრთოდა მხარნი, თითქოსდა ბინდმა მოიცვა მისი მზერა, ერთიანად გახევებულიყო, მხოლოდღა აღმზრდელის იისფერ, არშიამოვლებული კაბის კალთებს ჰხედავდა. – არა ვუწყოდი რა, რომ ბალღი ჰყვანდა გილდის თავადს, და მასთან არ მიხილავს იგი…

-სტყუი! – ანაზდეულად იფეთქა მარდუქ ეშელმა. – რად სტყუი იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავის თავზე აღიღო აღზრდა შენი, რომელმაც გამოგაწრთო და ყოველივე, რაც შეეცნო ამ ქვეყანაზე, შენ დაგაბერტყა უხვად? რად სტყუი იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ზედმიწევნით უწყის თითოეული გატოკება შენი ნაკვთისა? ვხედავ, თუ როგორ ძალუმად აუტანიხარ ცახცახს, გოგონავ ჩემო… რაოდენ ველოდი, რომ შენს სიძლიერეს ვიხილავდი, ზაჰრა! რაოდენ ველოდი, რომ ცივი გონება შენი განსჯიდა სწორად და ღვთაება მოგანიჭებდა იმ სიძლიერეს, რომელსაც ესოდენ მოისაკლისებ!

-ნუთუ სიძლიერე ჩემი ბალღთა კვლაა, აღმზრდელო? – ძლივს ამოაყოლა სუნთქვას ზაჰრამ.

-სიძლიერე შენი სუსტი წარსულის მოკვდინებაა, ესოდენ შესაბრალისად რომ ჩაჰბღაუჭებიხარ! – შესძახა მარდუქ ეშელმა. – დაივიწყე ის ოცნებანი, ის წარმოდგენანი, რომლებიც არასოდეს შეუცნია შენს სულს და რომელთაც ვერასოდეს შეიცნობ, რამეთუ ერქანთა სახელს შეჰფიცე ერთგულება შენი, დასტოვე სახელი შენი და მიეცი სხეული შენი…

ზურგს უკან ერთმანეთს გადაჭდობილი ხელნი აუცახცახდა ზაჰრას. თვალნი გააკვესა, დაფლეთილი სულის დაჩრდილული ნაგლეჯები აუფათურდა შიგნით, რამეთუ შეიცნო მან ჭეშმარიტი სურვილნი აღმზრდელისა. მარდუქ ეშელს ეწადა, რომ სისხლი იმ ბალღისა დაეღვარა ზაჰრას.

-ჩემს ბაგეთ არასოდეს წასკდომია ფიცი, სახელი ჩემი არასოდეს დამიტევებია და სხეული ჩემი არასოდეს მიმიცია ერქანთა გვარისათვის, რამეთუ არასოდეს მქონია ისინი… – ვეღარ დაითმინა და ამოხეთქა ზაჰრას ბაგეთაგან, თუმცაღა წამსვე ინანა ისინი, რამეთუ მეხის გავარდნასავით დაირხა ხმა მისი აღმზრდელის წინაშე, ჩრდილად დააწვა გაკაშკაშებულ ოთახს.

ცივი ჟრუანტელის ტალღა დაედინა ზაჰრას და გააძაგძაგა უნებლიედ.

თვალები გაჰფართოებოდა მარდუქ ეშელს, ანაზდად აჰკრა ბრაზის ალმურმა, ერთიანად გადაუჭარხლდა მშვენიერი პირისახე და მრისხანებამ გადაუყინა მისკენ მომზირალი თვალები.

-ესოდენ საშინელი სიტყვანი არასოდეს მსმენია. – დაიჩურჩულა მარდუქ ეშელმა, ბაგე მოებრიცა. – დაე ღვთაებამ მოგიტევოს, რამეთუ მე არ ძალმიძს პატიება გავცე შენი ბილწი სიტყვებისადმი! გიხაროდენ, რამეთუ უტიფრობა შენი მხოლოდღა ჩემს ოთახებს წაბილწავს…

გახევებულიყო ზაჰრა. მრისხანება და სირცხვილი ცეცხლოვან ქარბუქად აუბობოქრდა შიგნით, ასწვა ხორცი და წაჰგლიჯა ენა.

-წარვედ, უმაქნისო გოგოვ! – გადმოაფურთხა სიტყვანი მარდუქ ეშელმა. – დღე შენი ბრძოლათა ხელოვნების სწავლაში გალიე, რამეთუ როგორც კი დღის მხევალი ზღვათა მიღმა დაჰხუჭავს თვალებს და სანამ ცის კამარა მის სინათლეში განიბანება, მეფისქალის სტუმართ შენ მიიღებ!

ყბები შეჰკრა ზაჰრამ, თვალებში ჩამოუბნელდა, ცივმა ოფლმა დაასხა ბეჩავს, მაგრამ არა უთქვამს რა, რამეთუ უწყოდა, რომ სიტყვას აღმზრდელისა ვერავინ გადააბიჯებდა.

ამიტომ იბრუნა პირი და უმალ დასტოვა დღის მხევლის სინათლით გაჯერებული ოთახი, რომლის კედელთაც ბრაზისა და სასოწარკვეთის დაღი ესვათ. ბრძოლათა ხელოვანთ მიებარა იგი, და ვითარცა მარდუქ ეშელმა ბრძანა, სანამ სხივნი დღის მხევლისა არ ჩაინავლნენ მთათა მიღმა და მოქანცულობისაგან სიმწრის ოფლით არ დაუჟივდა სამოსი მისი, არენას არ გასცილდა იგი.

იისფრად დაფერილიყო ცის კამარა და დასავლეთს მოჯარულ ალისფრად ალეწილ ღრუბელთა ფარას გაცრეცილი ნაცრისფერი ედებოდა, როცა ფანჯარას მოჭრილი მომაკვდავი დღის მხევალი ცალი თვალით შეჰყურებდა ზაჰრას განბანვას. მსახურნი ევლებოდნენ თავს დიაცს, ვეებერთელა, ცხელი ოხშივარით მსუნთქავ ბრინჯაოს ვარცლში დაეყენებინათ იგი და გულმოდგინედ სწმენდნენ სხეულიდან იმ ათი მზის მიერ დამჩნეულ დაღს. განბანეს იგი ქაფქაფა წყლით, სურნელოვანი ზეთები შეაზილეს დღის მხევლის თვალთა ქვეშ ბრინჯაოსფრად ალეწილ სხეულს, ბრინჯაოს ძარღვი გადაუწნეს თმაში და აბრეშუმის მოსასხამით შემოსეს იგი.

და როცა მიილულნენ ალისფერი თვალნი მზისა და მისი თბილი სუნთქვისაგან დაიცალა ოთახი, მარტოდმარტო, საწოლზე მისვენებული შეეგება ფანჯარაში შემოღვრილ სინათლეს ღამის მხევლისა ზაჰრა. იწვა იგი და ერთადერთი ხმა, რომელიც ჩაესმოდათ მის ყურებს, სიჩუმე იყო მოლოდინისა, იმ მოლოდინისა, რომელიც ადრე მუდამ შიშით გახლდათ აღვსილი, თუმცა ამჯერად მრისხანებისა და სასოწარკვეთილების მწარე გემო დაჰყოლოდა თან.

თუმცა არ დასცალდა დიაცს მოლოდინი.

ჭრიალით გაიღო კარი და ნარინჯისფერი სინათლე დაეღვარა ოთახს, მაგრამ, თუმცაღა თბილი იყო იგი, ისეთივე ფუჭი გახლდათ მისი ელვარება, ვითარცა ჩრდილოეთის დათოვლილ მყინვარებზე მიმოფენილი ცივი სითბო დღის მხევლისა. ლამფა აღემართა ზღურბლზე მდგარ მამაკაცს, და მხოლოდ პატრუქისაგან მომავალს ლიცლიცს არ დაენთო მოელვარე ცეცხლი მის თვალებში.

გააძაგძაგა ზაჰრას და მრისხანება მისი ერთიანად გაიფანტა მის ამოსუნთქვაში, რომელსაც თითქოსდა გულიც ამოაყოლაო.

შეირხა ათინათი პატრუქისა, და მისკენ დაიძრა დაუპატიჟებელი სტუმარი.

.

.

-*-*-*-*-*-*-

გარინდულიყო ცის ბნელი კამარა, გადაყინულ ოკეანეს რომ ჩამოჰგავდა.

არ იძვროდა ქარი, თუმცაღა კვლავ მისი მჭახე სუნთქვის მიერ მონაბერი სურნელით გაჟღენთილიყო გარემო. თითქოსდა სული შეჰგუბებიაო ყოველივეს, სიჩუმე დასწოლოდა ნამქერში ჩაფლულ მიწას, და თვალუწვდენელნი იყვნენ ქარბუქით დამზრალი ბორცვები, ერთურთს დაყრდნობილ თოვლით დაზნექილ ნაძვთა მწკრივები, თეთრბოხოხიან ჯუჯებს რომ ჩამოჰგავდნენ, და შორს, შორს აზიდული ცარცოვანი მთანი სრორდისა. თითქოსდა უდრტვინველად ფშვინავდა საზღვარი ჩრდილოეთისა, ყოვლის ამკლები ქარბუქისაგან არაქათგამოცლილი, თუმცაღა ხიფათის მოლოდინში სუნთქვაშეკრულ კაცს უფრო ჩამოჰგავდა იგი, და უჩუმრად თრთოდნენ ცის კამარას მიმობნეული ვარსკვლავები, ვითარცა შიშნარევი ელვარება მისი მზერისა.

გმინვით დაირწნენ ნამქერის ქვეშ დაზნექილი ნაძვები და კანკალმა ჩურჩულით გადაურბინა დანამქრულ მინდვრებს, როცა ანაზდეულად მდორედ მჩქეფარე ბრურგის გადაგლესილ თავზე სუსტმა ნიავმა აიდგა ფეხი მისი. მის ნაფეხურთა ქვეშ შობილმა მომცრო ტალღებმა, ვითარცა ჟრუანტელმა, დაუარეს გველს სრორდისა, თითქოსდა მალემსრბოლნი იყვნენ ტივისა, რომელიც უდრტვინველად მოარღვევდა ბრურგის ზედაპირს. ჩუმი ჩქაფუნით მოცურავდა დახეთქილი მორებისაგან შეკრული, სახელდახელოდ გადათოვლილი ტივი, სრორდის საზღვრისაკენ მიმართულიყო ცხვირი მისი. სამად სამი კაცი დამგზავრებოდა მას, ბეწვ-ტყავსა და მოსასხამებში გამოკრულნი შეჰგებებოდნენ გაუსაძლის ყინვას და თბილი სუნთქვა მათი ნისლის ქულებად იფლითებოდა მჭახე ჰაერის კლანჭებში.

მოსასხამის კალთაში გადახვეული თითები დასუსხოდა ზაჰრას, თუმცაღა ტივის კიდეზე გადადებულ ორთაყვირს უჩუმრად აწვებოდა იგი. გამალებით გასცქეროდა შემოგარენს ფითრისფერი მზერა მისი, რათა არ გამოჰპარვოდა თოვლის სპეტაკი სუდარისა და ბნელი ღამის საფარველის ქვეშ შეყუჟულ არსებათა კრთომა, რამეთუ ერთობ საშიშნი გახლდნენ ჩრდილოეთის გადაშლილ მინდვრებსა და მწირ ხე-ტყეს შემალულნი სულიერნი.

მის გვერდით აღმართულიყო ანდრეი, მალ-მალე ებღაუჭებოდა მზერა მისი იმ შორეულ, ცეცხლისფერ ციალს, ჩრდილოეთის სიბნელეში რომ დაღვენთილიყო ვეება კელაპტრად. სამ მზეს განევლო, რაც იხილეს სრორდის საზღვარზე აგიზგიზებული სინათლენი ნიშნად ლაშქრის სამშობლოში დაბრუნებისა. ვითარცა ჩრდილოეთში დანთებული მზე, ღუოდა იგი სწორ გზაზე უძღოდა მოგზაურთ.

კვლავ წამოუბერა სუსტმა სიომ, ტივზე შემორჩენილი ფიფქები წამოჰკრიფა და ვითარცა მიწას ჩამოსული ღრუბელნი, მიმოაფრქვია ათრთოლებულ ბრურგს.

-სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლოს! – წასკდა ანაზდეულად გიუნტერის ბაგეს და მისმა ხმამ გადახლიჩა გაუსაძლისი სიჩუმე შემოგარენისა. ტივის ცხვირზე მოერთხა ფეხი მრჩეველს სრორდის მეფისა, მოსასხამში გახვეულიყო და გამჭოლი თვალებით გადაჰყურებდა ბრურგის დაკლაკნილ სხეულს. – რაოდენ მოგვიძულეს ღმერთებმა, ანდრეი, რომ ეს დაუთმენელი, სასტიკი, თუმცაღა მშვენიერი ჩრდილოეთი გვარგუნეს ბედად!

არა უპასუხა რა ანდრეიმ და უმალ იბრუნა პირი გიუნტერმა, ცბიერი მზერით შეაცქერდა ერთურთთან ახლოს მდგომ თანამგზავრთ.

-როცა ჩრდილოეთის თვალუწვდენელ მიწათა სისასტიკე შეიგრძენი, დიაცო, ნუთუ თვალწინ არ წარმოგიდგა დღის მხევლის ნაღვენთით აღსავსე მიწა ერქანთა? – შეჰკითხა მან. – ნუთუ არ მიილტვის მისკენ სრულიად არსება შენი?

ფითრისფერი მზერა გაუსწორა ზაჰრამ და შეიკრნენ წარბნი მეფისწულისა, თუმცაღა კრინტს არ სძრავდნენ ორივენი.

-მიმოიხედე, დიაცო! – მკლავები გაშალა გიუნტერმა, გაიპო ბაგე მისი ყინვით დასუსხული წვერ-ულვაშის მიღმა. – რამეთუ მშვენიერია სრორდი, თუმცაღა ცივი და ჩუმი ვითარცა სალი კლდე, უწყლო ჩრდილოეთი არ სწყალობს მზესა და ზღვას…

-მზე ბაჰირას ტანჯულ სხეულს ადენილ რუხ ფერფლს გადაუფარავს, მრჩეველო სრორდისა. – მიუგო ანაზდად ზაჰრამ. – და ზღვას ღორებივით დაკლულ მეომართა სისხლი უჩქეფს ძარღვებში…

უმალ მას მოუბრუნდა მეფისწული და თითქოსდა შეიგრძნოო ცქერა მისი, წამსვე უმზირა საპასუხოდ ბაჰირელმა დიაცმა. კვლავ აზვირთებულ ოკეანეს ჩამოჰგავდა ანდრეის თვალების ლიცლიცი, რომელსაც თითქოს ზედ დასტრიალებდა ფითრისფერ ნისლში განბანული ოქროს მტვერი ზაჰრას მზერისა.

-ნუთუ ბაჰირას გასაჭირი გულს გიცრუებს მასზე, დიაცო ერქანთა მიწებისა? – განაგრძო გიუნტერმა, ვითომც აქაც არაფერიო. – ერქანთა საგვარეულოს ახლა დასჭირვებია მზრუნველი ხელი თავის შობილთა! რად ირჯები ამაოდ, რად მიებარე მიწებს, რომელთაც მხოლოდ განადგურება სწადიათ შენი და ყოვლად შენი ჯიშისა? ნუთუ გწადია ღვთაებას მიებარო, ჩრდილოეთის სპეტაკ სუდარაში გამოხვეული…

-ბიძავ! – ანაზდად ამოხეთქა მეფისწულმა და უმალ დადუმდა გიუნტერი. წამიერად გაჰხედა ბიძას ანდრეიმ, მერე კი უმალ დაუბრუნა თვალნი მისკენ მაცქერალ ზაჰრას.

ბაგე შეუთრთოლდა მრჩეველს სრორდისა. პირი იბრუნა მან, ორად მოიკაკვა, უჩუმრად გაუშტერა მზერა მისი ჩრდილოეთის რუხ, ცარცოვან მთებს.

კვლავ ბაჰირელ დიაცს დაჰყურებდა მეფისწული.

-სამხრეთის მიწათ ეწადათ შენი მონად ქცევა, დალიჰარ. – თქვა ანდრეიმ. – გძაგს ბორკილნი, შენი ხელები რომ შეუპყრიათ, თუმცაღა ნუთუ უფრო საძულველი სრორდელთა ფოლადი არაა, ჩრდილოეთის ყინვაში გამოწრთობილი?

-შენმა წყეულმა ფოლადმა დამაყენა ამ გზას, სრორდელო. – მიუგო ზაჰრამ, დაჟინებით ასცქეროდა მის დაჩრდილულ პირისახეს. – შენ გეწადა, რომ ვხლებოდი მუცელს ბელთათინისა, რათა სრულიად სრორდს ეხილა ბარბაროსი დიაცი ერქანთა, დაჩოქილი შენს წინაშე…

-მაშა წარვედ, დიაცო. – მოუჭრა უმალ მეფისწულმა, ერთი ნაბიჯის გადადგმით აესვეტა წინ. არ იძვროდა ზაჰრა, მხოლოდღა შეყოვნდა სუნთქვა მისი, და წამსვე გაიფანტა ბაგედან დადენილი სუსტი ნისლი, მის პირისახეს რომ ჰფარავდა. კბილები გააშიშვლა ანდრეიმ, ურვა უკრთობდა ნაკვთებს. – შეისმინე სიტყვა ჩემი, დალიჰარ, რამეთუ სისხლით მორწყული იქნება გზა ჩემი ვოლფრამთა სასახლემდე…

-მუდამ სისხლით იყო მორწყული გზა შენი, რამეთუ სრორდის სამეფო გვირგვინს დასდენია იგი. – მშვიდად მიმართა ზაჰრამ.

ნაკვთები მოეღრიჯა მეფისწულს, უმალ იბრუნა პირი.

კვლავ ჩამოდგა გაუსაძლისი სიჩუმე, ახლად ფეხამდგარ ნიავსაც კი, შრიალით რომ დასტრიალებდა ველებს, ვერ გაექარვებინა იგი. გამტკნარებულიყო მზერა გიუნტერისა, მჭმუნვარებას აეტანა პირისახე მისი, სდუმდა ანდრეი და მალ-მალე ოხრავდა ტივის ორთაყვირი ბაჰირელი დიაცის ხელში.

ჩახჩახა ვარსკვლავებისა და ნამგალა მთვარის გალეულ ჩონჩხის სარკედ ქცეულიყო გადაგლესილი სხეული ზანტად მიმავალი ბრურგისა, და რუხ ჩრდილს ჰფენდა მდინარეს ზედ გადმოწოლილი, დათოვლილი კორომი ნაძვთა. ერთობ წყნარი იყო მთვლემარე ღამე, მხოლოდღა საზღვრის კოშკურებზე დანთებული კელაპტარნი უფრთხობდა ბურანს. იზრდებოდა ცეცხლისფერი ციალი ჩრდილოეთისა, სანამ მზერა გიუნტერისა არ ირეკლავდა მას. იკლაკნებოდა მდინარე უწყლო ჩრდილოეთისა და მის სხეულს შემოჰჯარული, გაუვალი შამბნარისა და ტევრის მიღმა აღმართულიყო საზღვარი სრორდისა.

4 thoughts on “დალიჰარი (თავები 1-20)

  1. წლების წინ სულ თავს ვარიდებდი ამ ისტორიას,ახლა გავიზარდე და ვხვდები საოცარია, ამ ბოლოხანბში რამდენჯერმე წავიკითხე და ვერ ვითმენ სანაამ გაგრძელებას ვიხილავ.ლინდა არვიცი რა გითხრა,შენი ნაშრომი სასიამოვნოს ხდის დაღლილ დღეებს და ყოველჯერზე ახალ ემოციებს მაჯახებს. გულში ხარ. ამიტომ მოვითხოვ ქუდზე კაცი აფრინო შენს მუზებთან და შეგვახვედრო ჩვენს ბასასოებს😘😘💕💕🤍

    Like

    1. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გენაცვალე 🥰🥹💛💛 ძალიან მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა! 💛 ამაჩუყე 🥹 უკვე მოსულია მუზა მაგრამ ასე მგონია რომ არ ვარ ჯერ ამის გასაგრძელებლად მზად. როცა ვიქნები აუცილებლად გავაგრძელებ ბასასოების ამბავს 🥹💛

      Like

  2. მინდა ანდრეი ზაჰრას ფეხებთან ვიხილო განრთხმული და წავიკითხო როგორ ევედრება შეუნდოს ყველა ის საშინელი სიტყვა რაც მისთვის ოდესმე უწოდებია :დ არ მიანტერსებს არ განვიხილავ სხვა დასასრულს :დდდ მინდა ისე შეუყვარდეს რომ ყოველ ჯერზე როცა გაახსენდება რა საშინელებების კეთება უწევდა საბრალო ქალს და რამდენ საზიზღარ კაცთან მოუწია ერქანთა დედოფლის სახელით დაწოლა,ცრემლი მოადგეს თვალზე და ხელები დაუკოცნოს.

    Like

Leave a reply to ანონიმური კომენტარის გაუქმება