მშვიდი ქარიშხალი

-*-*-*-*-*-1
ციოდა.
სოფომ მაგრად დაკრიჭა კბილები, რომ ყბებს ცახცახი და კბილებს ერთმანეთზე ჭახჭახი არ დაეწყოთ, თორემ მათი ზედამხედველი აუცილებლად გამოჩნდებოდა რკინის კარში. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერს მისცემდა ახლა კარიდან შემომავალი სინათლე რომ დაენახა, სულაც არ სურდა, რომ ზედამხედველს ერთი-ორი გადაეშინა მათთვის და ღრიალი დაეწყო. ღრიალს ახლადმოყვანილების ტირილი დაერთვებოდა ზედ, რაც უფრო მეტ გამათრახებასა და ღრიალს იწვევდა. სოფოს ჯერ კიდევ ეწვოდა მარჯვენა ფეხზე გადაჭიმული, ორი ავარვარებული მათრახის ნაკვალევი. სულაც არ სურდა კიდევ ერთი დაემატებინა.
ფეხები უფრო ახლოს მიიკრა მკერდზე და მაგრად მოიხვია მუხლებზე მკლავები. სარდაფი ცივი, შმორის სუნად აყროლებული, ყველგან სოკომოდებული და ნესტიანი იყო. პატარა სარკმელიც კი არ ჰქონდა, ძველი, თითქმის მთლიანად აყრილი ხის ფიცრები ეგო შიგნით. ერთადერთი გასასვლელი უშველებელი, დაჟანგული რკინის კარი იყო, რომელიც აუტანლად ჭრიალებდა, საგულდაგულოდ იყო გადაკეტილი და ასევე საგულდაგულოდ გამაგრებულიყო გარეთ ათიოდე მცველი.
სოფომ მაგრად შემოიხვია სხეულზე დაფხრეწილი კაბა. ეს მაშინ მისცეს, როცა მოიტაცეს, მაშინაც ძველი, გაურეცხავი, დალაქავებული და ყველანაირად გაცრეცილი იყო. ახლა სხეულზე ჩამოჰკიდებოდა, სახელოებსა და ბოლოებს ახალი ნაფხრეწები ამშვენებდა.
არ ახსოვდა, როდის გამოეცვალა ბოლოს.
ცდილობდა, დღეები დაეთვალა, მაგრამ ძალიან ძნელი იყო.
საათებს ვერ ითვლიდა.
უბრალოდ იჯდა, უსმენდა დაუსრულებელი დროის სვლას.
რომ მოიტაცეს, მაშინ შემოდგომა იყო. წითელ-ყვითელი ფოთლები დაფარფატებდნენ აქეთ-იქით, სკოლიდან მოდიოდა. გამონაცვალი, მაგრამ თბილი სვიტერი, ქურთუკი, შარვალი ეცვა, და მუხლებამდე დათბილული, მამის ნაქონი ჩექმები. ჩანთა ჰქონდა, წიგნებით სავსე.
იმ საღამოს, მასწავლებელთან უნდა წასულიყო. სკოლიდან რომ მიდიოდა, ფიქრობდა თავისთვის, მუსიკას უსმენდა, და შიგადაშიგ ფოთლებს გაჰკრავდა ფეხებს, რომლებიც წამსვე აფარფატდებოდნენ შემოდგომის ნიავში.
მაშინ ფერები ისეთი ცოცხალი ეჩვენებოდა. ისე ფერადი იყო სამყარო. მოკაშკაშე წითლები და ყვითლები, ახლადშეღებილი ძელსკამის სილურჯე და მკვეთრი სურნელი, ვარდისფრად შეღებილი ცა დასავლეთისაკენ.
სოფომ ისეთი ძალით შეკრა ყბები, რომ კბილებმა ღრჭიალი გაიღეს. ისეთი შორეული იყო ეს მოგონება, ისე უცხო, უჩვეულო და გაცრეცილი, რომ სოფომ ისიც კი არ იცოდა, ეს სიზმარი იყო თუ არა.
ვიღაც ახველებდა, მის მარცხნივ. გოგონამ წარბები შეკრა. ახლადმოყვანილი იყო ეს, თავიდანვე მსუბუქად ახველებდა და აცემინებდა. გაუარესებული იყო მისი მდგომარეობა. მალე ალბათ სიცხესაც მისცემდა.
მაგრამ მერე მოიტაცეს.
უფრო ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას შეუხვია. ყოველდღე გადიოდა ამ გზას, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში. არც კი გაუვლია გონებაში, რომ რამე მოხდებოდა. თვალები დასავლეთისაკენ აღემართა და გადაწურულ მზეს უყურებდა.
მოგვიანებით, მადლობელი იყო, რომ ბოლო რაც დაინახა, მზე და ცა გახლდათ, ფონი შემოდგომის ფოთლებისა და ნიავისათვის. წამიერად დაბნელდა, თავზე რაღაც ჩამოაცვეს. შოკისაგან გაშეშდა, მერე კი შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ მაშინ უკვე მანქანაში ჰყავდათ შეთრეული. მანქანა დაიძრა, სოფომ აუტანელი კივილი მორთო. ახლაც ახსოვდა და ძვლებში ჟრუანტელს ჰგვრიდა თითქოსდა უცნობის ყელიდან ამომავალი საკუთარი ხმა, სასოწარკვეთითა და შიშით აღსავსე. კიოდა, სანამ შეეძლო, დახმარებას ითხოვდა.
მაგრამ დახმარება არ მოვიდა. რაღაც დაარჭეს მკლავში, მკვეთრი ტკივილი იგრძნო და მალევე მუხლებში თითქოს ტყვია ჩაასხეს, ყველგან ჭიანჭველები უვლიდნენ, ვერაფერს ანძრევდა. ერთი სიბნელე მეორე სიბნელემ შეცვალა.
რომ გამოიღვიძა, გალიის მსგავს ადგილას იყო გამოკეტილი, ათიოდე სხვა გოგონასთან ერთად. გალია პატარა, უფანჯრო ოთახის ცენტრში იდგა, დაბურული, მძიმე ჰაერით გარემოცული. ზოგი ჩუმად ტიროდა, ზოგს აღარ ჰქონდა ცრემლები, ზოგი კი მრისხანებისაგან სახეწაშლილი იჯდა და გისოსებს ჩაფრენოდა გათეთრებული ხელებით.
სოფო ძლივს წამოდგა, თავბრუ ეხვეოდა, გული ყელში მობჯენოდა, გაუგებრობითა და შიშით აღვსილმა მოავლო გარშემომყოფებს თვალები, ისინი ცარიელი, მკვდარი თვალებით შეშტერებოდნენ.
მაშინვე ყვირილი ატეხა სოფომ.
კიოდა, გისოსებს დაეჯაჯგურა, მგელივით უვლიდა მრგვალ, საკანის ზომის გალიას და ვერ გაეგო, თუ რატომ იმყოფებოდა აქ. ითხოვდა, რომ გამოეშვათ.
მერე კი ოთახის კარი გაიღო და ორმა მამაკაცმა შემოაბიჯა. ერთმა ძველი, გაცრეცილი ყვითელი კაბა შემოუგდო გალიაში, მეორემ კი მიანიშნა ზედ და უთხრა, ჩაიცვიო.
სოფო ჯერ კიდევ გამოშვებას ეხვეწებოდა. ემუდარებოდა, ეუბნებოდა, რომ ეს რაღაც შეცდომა იყო, რომ გამოეშვათ აქედან, რომ მას არაფერი დაეშავებინა…
-არავის არაფერი დაუშავებია აქ. – უთხრა ერთმა მცველმა, და სოფო გაშრა, უფრო ხმამაღლა მორთო ყვირილი, ჰპირდებოდა, რომ პოლიციაში ჩააბარებდა მათ, რომ ციხეში ამოალპობდა. მცველები განურჩეველი სახეებით იდგნენ.
სოფო იქამდე ემუდარა მათ და იქამდე იყვირა, სანამ ხმა არ ჩაუწყდა. ერთიანად ძალაგამოცლილი დაეშვა მუხლებზე.
-ჩაიცვი ეგ. – კაბაზე მიანიშნა კიდევ ერთხელ მცველმა. – ტანსაცმელი მომეცი.
-ტრუსი დაიტოვე, თუ გინდა. ლიფი უნდა მოგვცე. – მხრები აიჩეჩა მეორემ.
სოფო ენაწართმეული მიშტერებოდა, ცივმა ოფლმა დაასხა, თითქოს უცებ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ორად მოიხარა და დილით ნაჭამი საუზმე, დედის გაკეთებული საუზმე აღებინა ქვემოთ. გამწარებული ახველებდა, თვალებში ცრემლებმომდგარი.
-არაფერსაც არ გავიხდი. – კბილებში გამოსცრა გამწარებულმა, გვერდზე გადააფურთხა.
-უნდა მისცე ტანსაცმელი. – მხარზე ხელი დაადო ერთმა მასთან ერთად გამოკეტილმა. სევდიანი, ტირილისაგან დასიებული და სისხლჩაქცეული, დიდი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, დახეთქილი, გაცრეცილი ტუჩები და ხმა უთრთოდა. სოფო სასოწარკვეთილი მიაჩერდა.
-ჩვენ მოგეფარებით, მიდი. – უთხრა მეორემ, მოჭუტული მომწვანო თვალებით დაშტერებოდა ყვითელ კაბას, რომელიც სოფოს ნარწყევთან ახლოს ეგდო. – ჩვარს არ მოგვიტანთ, რომ ავწმინდოთ აქაურობა? – შეუტია მან მცველებს. – გადით!
-ჯერ გაიხადოს, გადმოგვცეს ყველაფერი და გავალთ. – თქვა ერთმა მცველმა. სოფო ზიზღით მიაჩერდა პატარა, მუქ, ხოჭოსებრ თვალებში.
მისი მიმართულებით გადააფურთხა. მცველს სახე მოეკრუნჩხა.
-ადექით! –  თქვა მეორე გოგომ, და სხვები ნელა წამოდგნენ ფეხზე, სოფოს გარშემო შემოეხვივნენ, ისე რომ მცველების მზერისაგან დაეფარათ.
-არ გავიხდი. – გაიმეორა სოფომ. ცივი ოფლი ასხამდა, გრძნობდა, როგორ უცივდებოდა სახე, ხელები და ფეხები. თავბრუ დაეხვა და ისევ გულისრევის შეგრძნებამ წამოუარა. ამ ყველაფრის დაჯერება არ სურდა. ყველაფერი უცნობი და უცხო იყო გარშემო, აბსოლუტურად დაუჯერებელი. თუ მის ერთგვარ დაცვას, ტანსაცმელსაც მოიცილებდა, მოუწევდა ამ რეალობისათვის თვალის გასწორება, რაც წარმოუდგენელი იყო.
-ჩაიცვი. – დაუსისინა ერთ-ერთმა. – თორემ გცემენ.
სოფოს თვალები გაუფართოვდა, შოკში ჩავარდნილი მიშტერებოდა უცხო გოგოს.
-დროზე რა! სად გვაქვს შენი დრო! – მოისმა ერთ-ერთი მცველის ზიზღითა და მოუთმენლობით აღსავსე ხმა.
სოფომ ძლივს დაიმორჩილა სხეული, რომ ნელ-ნელა დაეწყო გახდა. გოგოები მიტრიალდნენ, თავები დაეხარათ, გვერდზე იყურებოდნენ. იმ მეორემ ისევ შეუტია მცველებს, რომ სოფოს ნარწყევის მოსაწმენდი ჩვარი მოეტანათ.
სოფომ გაიხადა, და სასწრაფოდ გადაიცვა გაცრეცილი ყვითელი კაბა. ნაჭერი უხეში იყო და თითქოს ხიწვებით სავსე, რომლებიც კანში დანებად ესობოდნენ. კბილებდაკრეჭილი, ენაჩავარდნილი და გამწარებული იდგა, ამომშრალი თვალებით ათვალიერებდა მის გარშემო შეჯგუფულ გოგოებს.
მცველები წავიდნენ და მისი ტანსაცმელი წაიღეს.
კარი ხმამაღალი ბათქით გაიხურა, ჭერზე კენტად ჩამოკიდებული, ძველებური ნათურა აქეთ-იქით აქანავდა. ყვითელი სინათლე ხან ოთახის ერთ კუთხეს ეფინებოდა, ხან მეორეს.
სოფო ვერ ისვენებდა. ხვდებოდა, რომ ყვირილი უაზრო იყო. იცოდა, რომ ჯაჯგური მხოლოდ ძალას გამოაცლიდა, იცოდა, რომ ბრაზის გამოშვება პირველი ნაბიჯი იყო დანებებისაკენ. ამიტომ კუთხეში იჯდა, ფრჩხილები ხელისგულში ჩაესო და თვალმოუშორებლივ მიშტერებოდა კარს.
კარგა ხანი იყვნენ შიგნით. დღეები. შეიძლება რამდენიმე კვირაც.
კუთხეში ძველი, აყროლებული, გაუწმენდავი ტუალეტი იყო. დღეში ორჯერ გამოუშვებდნენ, ერთი საათი ჰქონდათ, რომ ყველას ყველაფერი მოეთავებინა. სოფო თავის მონარჩენ დროს ცდილობდა, რას სხეულზე ჭუჭყი ჰქონდა, ჩამოერეცხა. თავს იბანდა პაწაწინა ნიჟარაში, კაბიდან მოხეულ ჯიბეებს ასველებდა და შეძლებისდაგვარად იწმენდდა სხეულს.
ათი მცველი ადგებოდათ თავზე, ქამარზე მბზინვარე ხელკეტები ეკიდათ. ყველას დაუფარავი ჰქონდა სახე. თითქოს არაფრის ეშინოდათ. თითქოს იმის მიუხედავად, რომ მათი ტყვეები სახეებს იმახსოვრებდნენ, არაფერიც არ მოუვიდოდათ. ჟრუანტელი უვლიდა სოფოს, როცა ფიქრობდა, თუ რას წარმოადგენდა ან ვის ემსახურებოდა ეს ხალხი.
დღეში ორჯერ საჭმელს შემოუგდებდნენ. უმთავრესად პურს. ხანდახან გაურეცხავ ბოსტნეულს. ოციოდე გოგონას მხოლოდ ხუთლიტრიან გალონს უვსებდნენ და ერთი დღე უნდა ჰყოფნოდათ.
ესეც ტანჯვისა და კონტროლის ერთი ფორმა იყო. იმდენს აძლევდნენ საჭმელად, რომ დასუსტებულიყვნენ, მაგრამ იმდენსაც არა, რომ ეშიმშილათ. სოფო ყველანაირად ცდილობდა, რომ ძალა არ დაეკარგა, ადგილზე ხტუნაობდა, გალიაში დარბოდა, რაც სავარჯიშოები ახსენდებოდა, ყველას აკეთებდა. რამდენიმე გოგო შემოუერთდა. ოცნებობდა, რომ ხელკეტებს ჩამოაძრობდნენ მცველებს, თავზე დაესხმებოდნენ ყველანი და ერთიანი ძალისხმევით გააღწევდნენ აქედან.
რამდენიმე ახალი გოგო მოიყვანეს. რამდენიმე წაიყვანეს და უკან აღარ დაუბრუნებიათ. ერთ დღეს ვიღაც წყვილი მოვიდა, ახალგაზრდა კაცი და ქალი. მდიდრულად ეცვათ. ცოტა ხანში გადაწყვიტეს, ვისი წაყვანაც სურდათ და არჩეული გოგო, რომელსაც გულგამგმირავი კივილი ამოსდიოდა პირიდან, გაიყვანეს მცველებმა.
ერთ დღეს სხვაგან გადაიყვანეს. გამოათრიეს ოთახიდან, ლაბირინთივით დერეფნებში გაატარეს, და მანქანაში შერეკეს. მთელი გზა ხარბად ათვალიერებდა სოფო შემოგარენს, მაგრამ ვერაფერი დაინახა ნაცნობი. გარეთ რომ გამოვიდნენ, რაღაც უცხო, თითქოსდა მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე იყვნენ. გარშემო არავინ ჭაჭანებდა, ამ აზრი არ ჰქონდა ყვირილს.
სადღაც, ცივ, ფანჯრებდაგმანულ ოთახში ჩაკეტეს.
ერთ დღესაც, ოთხ სხვა გოგოსთან ერთად, სოფოც წაიყვანეს.
ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო იყო. შვედური მაგიდა გაეშალათ, ოფიციანტები დარბოდნენ შამპანურიანი ლანგრებით.
აუქციონი იყო.
სამი გოგო გაიყიდა. სოფო და კიდევ ერთი სხვაგან გადაიყვანეს.
კიდევ ერთხელ გავიდა აუქციონზე, ამჯერად ათნი იყვნენ.
ოთხი გაიყიდა მხოლოდ. ყველანი თლილი, ლამაზი გოგონები იყვნენ. შედარებით უკეთესად მოვლილები.
მეორე აუქციონიდან პირდაპირ აქ მოიყვანეს.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა დრო იყო. რა წელიწადი, რა თვე. არ იცოდა, ზამთარი გავიდა თუ არა. არ იცოდა, შეუსრულდა თუ არა ცხრამეტი წელი.
იჯდა, ჭუჭყიანი, კაბაშემოხეული, და ცდილობდა დედაზე არ ეფიქრა. თუ იფიქრებდა, უარესად იგრძნობდა თავს.
ახლა კი სულაც არ სჭირდებოდა უარესად ყოფნა.
პურს შემოუგდებდნენ ხოლმე. სოფომ ისწავლა, რომ ვინც პირველი ეცემოდა პურს, ის ამოივსებდა ყველაზე მეტად მუცელს და იმას ჰქონდა ყველაზე მეტი გადარჩენის შანსი. ამიტომ პირდაპირ კარის მოპირდაპირედ იჯდა, და როცა პურს შემოაგდებდნენ, ვერავინ ასწრებდა, ყველაზე დიდ ნაჭერს იტაცებდა. ნახევარს ყოველთვის იმ ავადმყოფ გოგოს უყოფდა, რომელსაც სულაც არ ჰქონდა არაფრის თავი, და ძალით აჭმევდა. არ სურდა ამ ყველაფერთან ერთად ადამიანის სიკვდილიც ენახა.
სოფო მთელი სხეულით შეხტა, როცა სარდაფში დამდგარი სიჩუმე რკინის კარის ჭრიალმა გააპო. ზედამხედველმა შემოალაჯა, კარის გვერდით, კედელთან მჯდომ სამ გოგოს მიუახლოვდა.
-ადეთ! – დაიღრინა მან. -ახლავე! – გოგოები სასწრაფოდ წამოიშალნენ ფეხზე. სოფო ხედავდა, თუ როგორ უკანკალებდათ სხეული, მიტკალივით გაფითრებულნი იყურებოდნენ. ზედამხედველმა მისი მიმართულებით გადაატრიალა თვალები, სოფოს თავი აუქნია, მერე კი შორეულ კედელთან მყოფ ოთხს ანიშნა. სოფო ფეხზე წამოდგა.
-გამოდით. – თქვა ზედამხედველმა და შებრუნდა, კარში  გაალაჯა. გოგოები ფრთხილად მიჰყვნენ, თან კარის გარეთ მდგომი მცველების დაჟინებული მზერა აცილებდათ. სოფოს მთელი სხეული უთრთოდა, მაგრამ ცდილობდა, რომ არ შეემჩნიათ. კბილებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს. იატაკი შმორის სუნად ყარდა, ჭრიჭინებდა, და ათასი ხარახურა ეყარა ზედ. მტკივნეული იყო დახეთქილი ქუსლებითა და ფეხზე ნამათრახარით სიარული. კარგა ხანი იყო არც ეჭამა.
იქნებ ამას ის სჯობდა, რომ გაყიდულიყო. მოისვენებდა მაინც ამდენი თრევისაგან აქეთ-იქით. ეჩვენებოდა, ანდა შეიძლებოდა რომ არც ეჩვენებოდა, რომ თვეები იყო გასული, რაც მოიტაცეს. საკუთარ თავში ეძებდა იმ გოგოს, რომელმაც მოტაცების დროს ის საშინელი კივილი მორთო, მაგრამ ვერ პოულობდა. არც შიში გააჩნდა თითქოს, არც ბრაზი. ხანდახან ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი, რასაც გრძნობდა, და რასაც არ გრძნობდა, შეგუება იყო სიტუაციისადმი.
ცდილობდა, რომ საკუთარი თავი დაეჯერებინა იმაში, რომ უბრალოდ ელოდა შესაფერის მომენტს გასაქცევად, მაგრამ ასევე ხვდებოდა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. ბევრად უფრო დასუსტებულიყო, არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა ისე, როგორც ადრე. თუმცა, როცა შეეძლო, მაშინაც მოახერხეს, რომ მანქანაში შეეთრიათ. მუდამ მცველები იყვნენ გარშემო. ზოგს ხელკეტი ჰქონდა, ზოგს მათრახი, ზოგს საერთოდ პისტოლეტი გაეჩხირა ქამარში. პირველად რომ დაინახა პისტოლეტი, ტანში გააცია, ცივმა ოფლმა დაასხა, მაგრამ ასევე აიტანა ჟინმა, რომ იქვე გამოეკრა სასხლეტისათვის, ეყურებინა, თუ როგორ ატეხდა მცველი თავზარდამცემ ყვირილს, როგორ დაუსველდებოდა შარვალი სისხლით.
სოფომ თავი გადააქნია. არა. არა. ასე არ უნდა ეფიქრა. არ უნდა ეფიქრა. სცადა, მთელი ძალისხმევით, რომ შემოდგომის ნიავზე, წითელ და ყვითელ ფოთლებზე ეფიქრა. მზის ვარვარე, კაშკაშა დისკოზე და ვარდისფრად შეღებილ დასავლეთზე.
წამსვე დაბნელდა. რაღაც დაარჭეს მკლავში, აუტანელი ტკივილი იგრძნო, მუხლები ეკვეთებოდა.
სოფომ პირი დააღო, რომ უკეთესად ესუნთქა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, ოფლმა ბეჭები, სახე დაუცვარა. იღლიებში ჩხვლეტას გრძნობდა. ფეხებს სადღაც მიჰყავდათ, მის წინ მიმავალ გოგოებს მიჰყვებოდნენ.
დერეფანს ბოლო არ უჩანდა.
გამომშრალ თვალებში ცრემლები მოაწვა, მზერა აემღვრა, მაგრამ ხმა არ გაუღია.
ალბათ გაყიდდნენ მალე.
 .
-*-*-*-*-*-
ოთახში თბილოდა.
იმის მიუხედავად, რომ ცენტრალური გათბობა ჰქონდათ, ტყავგადაკრულ, დიდ სავარძელში მოკალათებულ შევერცხლილ, ხანში შესულ კაცს ყოველთვის მოსწონდა ბუხრები. მისი სახლიც მის გემოზე იყო, დიდი, ავეჯით სავსე ოთახები მუქი თბილი ტონებით გაეფორმებინათ. მასიურ ხის ავეჯს ზედ გადაკრული სქელი, ძვირფასი ხავერდი ამშვენებდა. ბევრ ოთახში ბუხარი იყო, თვითონ უყვარდა თავისთან დანთება, მის წინ ჯდომა და უბრალოდ ყურება, თუ როგორ ტკარცალებდა ალი.
გარედან ბრახუნი მოისმა, რამაც კაცის ნეტარებითა და სიმშვიდით აღსავსე საღამო დაარღვია. მან ამოიხვნეშა და ღვინით სავსე ჭიქა გადადო მაგიდაზე.
-ბატონიშვილო! ბატონიშვილო! – გაჰყვიროდნენ მსახურები გარეთ. ახალგაზრდა კაცი რაღაც გაუგებრობას გაჰყვიროდა, ისმოდა ვიღაც ქალის აუტანელი, პრეტენზიული, მაღალ ნოტაზე წიკვინი.
„კიდევ ერთი“. გაიფიქრა კაცმა, თავი გადააქნია, ალბათ უკვე დრო იყო.
-ბიჭო! – გასძახა მან.
კარი წამსვე გაიღო და ჯმუხმა ახალგაზრდამ შემოყო თავი.
-დიახ, ბატონო? – თქვა მან, გამჭრიახი თვალებით მიშტერებოდა.
-მომიძებნე ვინმე. – თქვა კაცმა, ღვინის ჭიქა აიღო და დაატრიალა. წითელი სითხე აქეთ-იქით აწყდებოდა კიდეებს. – ახალგაზრდა. ლამაზი. კარგა ხნის წამოყვანილი. ქერა თმა ჰქონდეს.
-ბატონიშვილისათვის? – იკითხა მცველმა.
კაცმა მკვეთრად გადახედა.
-შენ წადი და გააკეთე რასაც გეუბნებიან. – თქვა მან. მცველმა თავი დაუკრა და გავიდა. კარი ჩუმად მიიხურა.
კაცი კი ისევ თავის ღვინის ჭიქასა და ბუხარს მიუბრუნდა.
-*-*-*-*-*-*-
სოფოს მთელი სხეული უთრთოდა. ასე შიშვლად არასოდეს ეგრძნო თავი. რაღაც გრძელი კაბა მისცეს, მისი დახეთქილი ტერფებისა და დალილავებული წვივების დასამალად, მაგრამ ხალხის მზერა თითქოს მასში ატანდა. იდგა, ოთახის ცენტრში, მის გარშემო ყველანი იცინოდნენ, სვამდნენ, სასიამოვნო მუსიკა ისმოდა, თვითონ კი იდგა სხვა გოგონებთან ერთად, მოტაცებული, გაწამებული და მოთმინების პირას მისული.
გამალებით ათვალიერებდა ყველას და გონებაში წყევლიდა. უნდოდა, რომ აეტაცებინა რომელიმე მახვილი იარაღი, შვედურ მაგიდაზე რომ იყო, და ვინმესთვის გაეყარა მუცელში. იმდენისათვის, სანამ აქედან გაღწევას არ მოახერხებდა.
ვიღაცამ გვერდით ჩაუარა, მბრწყინავი თვლებით მოქარგული კაბა ეცვა, უამრავი სუნამო ესხა და გემრიელად ილუკმებოდა პაწაწინა დელიკატესს. სოფოს ცუდად მოხვდა სურნელი და გული აერია. პირში ნერწყვი მოაწვა, თავშეკავებისგან თვალები გადმოეკარკლა, თავბრუ დაეხვა. შუბლზე ცივი ოფლის წვეთი ჩამოუგორდა. ალბათ რას ჰგავდა, მიტკალივით გაფითრებული, თვალებჩაცვენილი, გაოფლილი, თითოეული ძვალი და კუნთი მოუჩანდა.
სოფო შეკრთა.
გამოერკვა.
ვიღაც პირდაპირ ზედ მიშტერებოდა.
კუშტად მომზირალი ახალგაზრდა კაცი იყო, უშველებელი წვერით. ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და მოჭუტული თვალებით ათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე
სოფოს აუტანელი ზიზღი და სიმწარე მოაწვა. თვალები ცეცხლით აევსო, გამოცოცხლდა, წელში გასწორდა, კაცს დაუბღვირა. მას არაფერი უთქვამს, მხოლოდ წარბი აზიდა, მკლავები გადააჯვარედინა.
სოფომ მისი მიმართულებით გადააფურთხა.
კაცის წვერი შეირხა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.
ვიღაცამ ჩაუარა, ფურთხში ფეხი დააბიჯა. სოფო თვითკმაყოფილებამ აღავსო.
კაცი ისევ თვალმოუშორებლად უყურებდა, მერე თავი დააქნია და გატრიალდა, ხალხს შეერია.
სოფომ ხმამაღალი ხვნეშა ამოუშვა, ფეხები ისე სტკიოდა საათობით დგომისაგან, რომ ცოტაც და ჩაიკეცებოდა.
როცა „წვეულება“ დამთავრდა, სოფო სხვა გოგონებთან ერთად წაიყვანეს. სახლი უშველებელი იყო, უამრავი ხალხი ირეოდა. მის წინ მომავალი გოგონები სათითაოდ ჩასვეს მანქანებში.
ჟრუანტელმა დაუარა. ცალ-ცალკე მიჰყავდათ, სხვადასხვა ხალხს. ერთად არ შერეკეს იმ ძველ, ფანჯრებდაბურულ მარშუტში.
სოფოს ცივმა ოფლმა დაასხა, შიგნით ყველაფერი გაეყინა.
მაშინღა მიხვდა, რომ გაყიდეს.
 .
.
-*-*-*-*-2
მანქანაში ჯდომა უცნაური იყო.
და ერთი მხრივ აუტანელიც.
რამდენი ხანი გახლდათ, რაც რბილ სავარძელზე არ მჯდარიყო. ყოველთვის იატაკზე იჯდა, კედელზე მიყრდნობილი, ანდა მარშუტის გამოცარიელებულ იატაკზე. არ წვებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ნესტიან, ცივ, დასნებოვანებულ ადგილებში დაწოლა დაავადებას ნიშნავდა. ზურგი და ფეხები მუდმივად დალილავებული და დაჭიმული ჰქონდა, კანი თითქოს ჯაგარივით გასქელებოდა. როცა ჯერ კიდევ სარდაფში ანდა სხვა საკნებში იყო, რაღაც ავადმყოფური სიამაყე მოაწვებოდა ხოლმე, როცა უყურებდა, თუ როგორ იცვლიდნენ ადგილს ახლადმოყვანილები და როგორ კვნესოდნენ ტკივილისაგან, როცა მაგარ იატაკზე ისხდნენ კარგა ხნის განმავლობაში. თვითონ ასეთი პრობლემები არ აწუხებდა.
მაგრამ ახლა, როცა რბილ ზედაპირზე, თბილ მანქანაში იჯდა, თითქოს ერთიანად დაატყდა თავზე იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი სტკიოდა. ზურგი, ფეხები, მკლავები აუტანელად დასჭიმვოდა, თითოეული მანქანის შენჯღრევა ტკივილს ჰგვრიდა. ნეტავ სარდაფშიც გრძნობდა ამას? თუ უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდა ტკივილს?
მანქანა ფანჯრებდაბურული იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით. შიგნიდან სოფო გარკვევით ხედავდა შემოგარენს. ღამე გახლდათ უკვე, ტრასაზე მიქროდნენ. რძისფერი სინათლე ეფინებოდა დროგამოშვებით მანქანას ლამპიონებიდან. ტრასის მარჯვნივ თითქოს ჰორიზონტამდე მიბჯენილი ვრცელი მინდორი გადაჭიმულიყო, სავსე მთვარიდან მომავალ სინათლეზე მკვეთრად ჩანდა თეთრი ლაქები.
თოვლი იდო. ცოტა, მაგრამ შესამჩნევი.
მარცხენა მხარეს ხშირი, უღრანი ტყე აღმართულიყო მხოლოდ.
შვება უნდა ეგრძნო. ხომ ისურვა კიდეც, რომ თავისი ტყვეობიდან გამოსულიყო, რომ ვინმეს ეყიდა, რომ ბოლოს და ბოლოს გამოეღწია იმ ბნელი, საშინელი სარდაფიდან. მაგრამ თითქოს იგივე სიტუაცია იყო, როგორ თავიდან. თითქოს ერთი ტყვეობა მეორით გაცვალა.
ამიტომ შვებას ვერ გრძნობდა. ისეთივე შიშს, სასოწარკვეთასა და მრისხანებას გრძნობდა, როგორ მაშინ, როცა გალიიდან სხვა საკანში მიათრევდნენ.
სოფომ გამხდარ, გაძვალტყავებულ ხელებზე დაიხედა, რომლებითაც მუხლებს ჩაფრენოდა, მერე კი წინა მხარეს მსხდომნი მოათვალიერა.
ის წვეროსანი იჯდა მგზავრის სავარძელში, მძღოლი კი შუახნის კაცი იყო, ასეთივე სქელი წვერით. თმა კოხტად გადაევარცხნა. ორივეს შავები ეცვა.
-დღეს რა რიცხვია? – გაბედა და იკითხა სოფომ. გამართული სიჩუმე მისმა ხრინწიანმა, კარგა ხნის წესიერად გამოუყენებელმა ხმამ დაარღვია.
ახალგაზრდა წვეროსანმა ოდნავ მოატრიალა თავი.
-შენი აზრით? – თქვა მან. ხმა დაბალი, თითქოსდა ფრთხილი ჰქონდა. ტონი შემპარავი. მანიპულატორის აქცენტი. შესამჩნევი განსხვავება იყო მასა და მცველებს შორის, რომლებიც სულ ხმამაღლა ღრიალებდნენ და ყველაფერს ამბობდნენ რაც პირზე მოადგებოდათ. სოფომ ტუჩი მოიკვნიტა. ეს კაცი იტყუებოდა, თან ბევრს.
-იანვარი, ალბათ. – თქვა მან. თოვლი ცოტა იდო.  გარეთ რომ გამოიყვანეს, ციოდა. დეკემბრის მიწურული ან იანვრის დასაწყისი უნდა ყოფილიყო.
-რომელი რიცხვია? – იკითხა კაცმა.
სოფო მოიღუშა. სწრაფად გადაავლო თვალი მანქანის სალონს, მაგრამ მინიშნება არსად იყო. ეს კაცი ამოწმებდა. სცდიდა.
-არ ვიცი. – თქვა მან. კაცმა თავი გადააქნია.
-სცადე. – მიუგო საპასუხოდ.
სოფომ კბილები დაკრიჭა.
მერე კი გაახსენდა.
სავსე მთვარე ანათებდა. ოქტომბერში სავსე მთვარე თექვსმეტში იყო. მთვარის ციკლის გათვალისწინებით, რამდენიმე დღით ადრე უნდა ყოფილიყო იანვარში.
-ცამეტი იანვარია. – თქვა მან. – ან თორმეტი.
მძღოლმა და ახალგაზრდა წვეროსანმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ. სოფოს გაუგებრობა და გაუგებრობის შიში ჩაუგროვდა მუცელში. იქნებ ვერ გამოიცნო სწორად? იქნებ თვეებით აცდა სიმართლეს? ამ ხალხისათვის თუ ეს გამოცდა მნიშვნელოვანი იყო, რას უზამდნენ?
თითქმის ელოდა იმას, რომ მანქანას გააჩერდებდნენ, გზისპირზე სცემდნენ, მერე კი დატოვებდნენ, როგორც შეუფერებელ, უსახურ, უსარგებლო ნაგავს. მთელი სხეულით მოემზადა. ცემას აიტანდა და მერე გაქცევას შეეცდებოდა…
მაგრამ კაცები არ ინძრეოდნენ. ორივე მშვიდად იჯდა, გზაზე ჰქონდათ თვალები გამახვილებული.
-ვინ მიყიდა? – იკითხა სოფომ. – რამდენი გადაიხადეთ?
ცნობისმოყვარეობა ღრღნიდა. მომზადებული უნდა ყოფილიყო ყველაფრისთვის. საშინელებები მოესმინა მასთან ერთად დატყვევებულებისაგან. ერთი ორჯერ იყო განაყიდი. ვერაფრით დამოირჩილეს პატრონებმა. გოგო ყვებოდა, რომ ყოველთვის უმოწყალოდ სცემდნენ, რადგან მუდამ გაუგონარი, ურჩი გახლდათ, მაგრამ მაინც იტოვებდნენ, რადგან ლამაზი იყო და სახლის პატრონს მოსწონდა. „მის ბებერ ცოლს ვერჩივნე, ის კი ვერ მიტანდა, პატარა შეცდომაზეც კი მსჯიდნენ,“ ამბობდა გოგო. იქნებ სოფოსაც ასეთი ბედი ელოდა, დღისით გაუთავებელი შრომა და ტანჯვა, ღამით კი ვიღაც კაცის საწოლი…
გოგონამ სწრაფად გადააქნია თავი. „ასე არ უნდა ვიფიქრო, არ უნდა ვიფიქრო…“ იმეორებდა გონებაში. ამ ბოლო დროს ხშირად სჭირდებოდა ამის გაკეთება.
-ბატონმა მოგითხოვა. – თქვა ახალგაზრდა წვეროსანმა. – და შენი საქმე არაა რამდენი გადავიხადეთ.
-ასე ცოტა გადაიხადეთ? – ჰკითხა სოფომ. იცოდა, რომ პასუხს არ მიიღებდა, ამიტომ სასწრაფოდ იერიშზე გადავიდა. – და რას ნიშნავს, მომითხოვა? რატომ მაინცდამაინც მე?
კაცებს სიცილი აუტყდათ. სოფო უხერხულად შეიშმუშნა, გაბრაზებული აშტერდებოდა ხან ერთს, ხან მეორეს.
-ბატონს არ სჭირდება ნომრების სპეფიციურად ცოდნა, გასაგებია, გოგო? – თქვა მძღოლმა.
-მოითხოვა ახალგაზრდა, ქერათმიანი გოგო. კარგა ხნის წამოყვანილი. შენ ჯდებოდი კრიტერიუმებში, ამიტომ აგირჩიე. – მხრები აიჩეჩა ახალგაზრდამ. სოფო მთელი სხეულით დაიძაბა. ახალგაზრდა, ქერათმიანი, და კარგა ხნის მოტაცებული. ამ სამი კრიტერიუმით აღწერეს თავიდან ბოლომდე. კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს, რომ ღრჭიალი იგრძნო.
-ნომრები რაღაა? – მყიფე, გასაცოდავებული ფრჩხილები მაგრად ჩაისო მუხლებში. – თქვენ ნომრებს გვიწოდებთ?
-სახელების დამახსოვრება უაზროა. – თქვა ახალგაზრდა კაცმა. – ვის უნდა ამდენი სახელი დაიმახსოვროს? პლუს, სახელების ცოდნა კომპრომისია უსაფრთხოებისათვის…
-გაჩუმდი! – შეუტია მძღოლმა. – რა ლაყბობა გამართე! ბატონის კართან რომ დგახარ, ნუ აგივარდება თავში და ნუ გათამამდები!
ახალგაზრდა კაცმა შეუღრინა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
-მე რა ნომერი ვარ? – იკითხა სოფომ.
-მიხვალ და მოგცემენ ნომერს. – წვერი მოიფხანა მძღოლმა. – სადღაც ორმოცდამეცამეტე თუ მესამოცე უნდა იყო.
სოფოს ყველაფერი გაუცივდა შიგნით. ერთი მხრივ, ალბათ ეს კარგიც კი იყო. მისი სახელი არ წაიბილწებოდა ამ ნაგავი ადამიანების პირთა მიერ. მაგრამ მისთვის წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ. ვერც კი წარმოედგინა, მის ფანტაზიაში საერთოდ არ ჭაჭანებდა ისეთი ცნება, როგორიც სიზარმაცე იყო ადამიანთა სახელების მიმართ.
მაგრამ ალბათ ასე სჯობდა. ასე უკეთესი იქნებოდა. მის შესახებ არაფერი იცოდა ამ ხალხმა. რომ გამოპარულიყო, ვერ მოძებნიდნენ. იოლად მაინც არ მოუხერხდებოდათ.
დანარჩენი გზა ხმა არ ამოიღო. დაჟინებით აკვირდებოდა შემოგარენს, შეიძკებოდა დასჭირდებოდა, თუ მოახერხებდა გაქცევას იქედან, სადაც მიჰყავდათ. მაგრამ არაფერი იმედის მომცემი არ ჩანდა. არაფერი ხელჩასაჭიდი. შენობის ნასახი არ იყო. არც სინათლე, ამოდენა გაშლილ მინდორში. კვამლიც კი არ მოჩანდა. არც რაიმე საგზაო ნიშანი. ტრასა დახაზულიც კი არ იყო, იმის მიუხედავად, რომ კოხტად დაეგოთ ასფალტი.
რაღაც გადამალული ადგილი იყო ეს. ყველანაირი კონტაქტისაგან მოწყვეტილი.
ერთი საათი მაინც მგზავრობდნენ, როცა ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა.
უზარმაზარი სახლი.
ისეთი, სოფოს მხოლოდ ტელევიზორსა და სურათებში რომ ენახა. ორი დიდი ფრთა მოჩანდა, აქა-იქ სინათლე ენთო. კოხტად მოკირწყლული შემოგარენი, მოვლილი გაზონები და მოთუხთუხე შადრევნები ამშვენებდა ეზოს. ქვის გალავანი შემორტყმოდა გარშემო.
მანქანა დიდ ავტოფარეხში შეაყენეს, სახლთან ახლოს. მძღოლმა ძრავი გამორთო და სოფოს ანიშნა, რომ გადასულიყო.
გოგონა ფრთხილად, მაგრამ მკვირცხლად გადმოძვრა. ხვდებოდა, თუ ვინც იყო აქ ავტორიტეტი და სულაც არ სურდა, რომ მოსვლისთანავე ეცემათ.
-წამოდი. – უთხრა ახალგაზრდა წვეროსანმა, ავტოფარეხიდან გაალაჯა. სოფო სწრაფი ნაბიჯით მიჰყვა, თან შეეცადა ორად არ მოხრილიყო, როცა მუცელი შიმშილობისაგან ერთიანად მოეკრუნჩხა. გაზონებშუა მიმოყრილი ხრეში აუტანლად ესობოდა შიშველ ფეხებში, და ჯერ კიდევ ეწვოდა მათრახის ნაკვალევი წვივებზე.
ეზო ლამპიონებით გაენათებინათ. სინათლეზე გარკვევით ჩანდა, თუ როგორ იდგნენ აქა-იქ, მოშორებით, შავებში ჩაცმული კაცები. ყველა წვეროსანი იყო.
დიდი შესასვლელიდან არ შესულან. სოფოს გიდმა სახლს შემოუარა, მარჯვენა ფრთის გვერდით ხისგან შეკრული ორი ერთსართულიანი, მაგრამ მოზრდილი სახლი იდგა. ხის ფეხებზე შეეყენებინათ, პატარა კიბე ადიოდა კარებამდე. ფანჯარაზე ფარდები ეკიდა, მაგრამ გარკვევით ჩანდა ერთში ვიღაცის სილუეტი. სილუეტი ამოძრავდა, პატარა კარი ჭრიალით გაიღო და ქალმა გამოყო თავი.
-მოიყვანე? – ჩუმად იკითხა მან.
-აქაა. – უთხრა წვეროსანმა, გვერდზე გაიწია, სოფოს მხარში წაავლო ხელი და კიბისაკენ უბიძგა. – მიხედეთ, ოღონდ სწრაფად. ხუთ წუთს გაძლევთ. აჭამეთ რამე და წყალი დაალევინეთ. ფეხები დაიბანოს და რამე ფეხსაცმელი მიეცით. ბატონს უნდა ვაჩვენო.
-სხვა ტანსაცმელს არ მომცემთ? – ძლივს ამოიღო ხმა სოფომ. მთელი ეს სიტუაცია გულს ურევდა. – თქვენი „ბატონის“ წინაშე ასე უნდა წარვდგე? – სიმწრით მიახალა მან, სიტყვა „ბატონი“ ისე გადმოაფურთხა პირიდან, თითქოს შხამი იყო. ამობუყბუყებულ ბრაზს ვერაფერი მოუხერხა.
წვეროსანმა ვერ შეხედა, მერე კი ელვის სისწრაფით, ისე რომ გაკვირვებაც კი ვერ მოასწრო სოფომ, ხელი მოიქნია და მთელი ძალით გაარტყა ხელუკუღმა სახეში.
წაბარბაცდა სოფო. „ასეთები აღარ უნდა მიკვირდეს,“ გაიფიქრა მან, და ცივი ხელი იტაცა ავარვარებულ ღაწვზე. ენით მოისინჯა ტუჩი, რომელიც გახეთქოდა. სისხლის ლითონური გემო იგრძნო. საზიზღრად სტკიოდა, მაგრამ არ წამოუყვირია, მხოლოდ გამწარებული თვალებში ჩააშტერდა კაცს.
მის უკან ქალი ხმას არ იღებდა. ალბათ არც ინძრეოდა.
-შენ ხმა გაიკმინდე, გასაგებია? – თქვა კაცმა. – ეს მსუბუქი სასჯელი იყო. ბატონს არ უყვარს ენაწაგდებული ნომრები. კიდევ ერთხელ ეგეთი ტონით მასზე რამეს იტყვი და უკვე პროფესიონალები მოგხედავენ, მე კი არა. – მან ხელის ზურგი მოისრისა, ცივი ნაცრისფერი თვალებით უინტერესოდ იყურებოდა. – ტანსაცმელი იმიტომ არა, რომ ვინიცობაა ბატონს შენი დაბრუნება მოუნდეს, ტყუილად არ დავხარჯოთ დრო. – კაცი კარში გაყინულ ქალს მიუბრუნდა. – ხუთი წუთი. – გააფრთხილა მან.
სოფო მიბრუნდა, სწრაფად აირბინა კიბეებზე. ქალი გვერდით გაიწია, და გოგონას უკან კარი დაიხურა.
-მოდი, ჭამე. – თქვა ქალმა, მაგიდისკენ მიუთითა. სოფომ სწრაფად მოათვალიერა სახლი. შიგნით თბილოდა, მარჯვენა მხარეს მოზრდილი სამზარეულო იყო, თავისი ნიჟარით, ქურით და სათავსოებით. ფანჯრის რაფაზე პატარა ბოსტანი გაეშენებინათ, მარცხნივ კი სივრცე იტიხრებოდა, კარი გაეღოთ, საიდანაც სამიოდე ახალგაზრდა გოგო იყურებოდა, ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით.
-წადით, დაიძინეთ! – შეუტია მათ ქალმა. მაღალი, სავსე, სქელთითება ქალი იყო. – ხვალ ადრე უნდა ადგეთ! შენ დროზე ჭამე. – თქვა მან, მაგიდასთან დასვა და პური, თაფლის ქილა, და ორთქლადენილი ჩაის ჭიქა მიუწია.
სოფომ წარბად სტაცა ხელი საჭმელს. ჯერ პური ჩაიტენა პირში, მერე კი კოვზობით მიაძღა თაფლს. სხვა დროს ალბათ შეეზიზღებოდა საკუთარი თავი ასე ცხოველური ქცევისათვის, მაგრამ დღეები იყო რაც არაფერი ეჭამა. როცა საჭმელი ყელში გაეჩხირა, სასწრაფოდ ჩარეცხა ცხელი ჩაით, შეუსვენებლად.
ლოყა და გახეთქილი ტუჩი ეწვოდა, მაგრამ საჭმლის ჭამა უფრო მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება საერთოდ აღარ ჰქონოდა ჭამის შესაძლებლობა.
-სულ და სულ უარესდება რა თქვენი მდგომარეობა. – თქვა ქალმა. მის ხმაში არც შეცოდება იგრძნობოდა და არც სიბრალული. – რამდენი ხანია არ უჭმევიათ?
-სამი-ოთხი დღე ალბათ. – ძლივს ამოთქვა სოფომ, როცა ლუკმა გადაყლაპა, მერე კი სასწრაფოდ მიეძალა კიდევ ერთ ნაჭერს.
-თქვენ საქმე თუ არაფერი გაქვთ, გობი ამივსეთ წყლით და ფეხსაცმელი მომიტანეთ რამე! – გასძახა ქალმა ჯერ კიდევ კარში გაჩხერილ გოგონებს. სოფომ ცალი თვალი გააპარა მათკენ. ყველას სუფთა, გრძელი პიჟამა ეცვა.
წამსვე დაფაცურდნენ, ერთმა გობი მოარბენინა, მეორემ ფეხსაცმელი, მესამემ რაღაც ძველი ჩვარი. სოფომ ბოლო ყლუპი ჩაი გადაყლაპა, იგრძნო, როგორ ჩასწვა სითხემ ყელი და კიდევ ერთი კოვზი თაფლი დააყოლა, მერე კი ხვნეშით დაიხარა გობისაკენ.
სასწრაფოდ დაიბანა შიგნით ფეხები, რამდენადაც შეეძლო მოიცილა ჭუჭყი. სულაც არ სურდა დაგვიანება. სულაც არ სურდა კიდევ ერთხელ გაერტყათ მისთვის სახეში.
ჩვარით გაიმშრალა ფეხები და ფეხსაცმელი ამოიცვა. უშველებელი, ორი ზომით დიდი მაინც, კოჭებამდე ჩექმები იყო, ძველი და დანაოჭებული, ყველგან ატყავებული.
-წამოდი, ბატონთან მიგიყვანს ახლა. – უთხრა ქალმა, მკლავში ხელი მოჰკიდა. სოფო ნელა წამოიზლაზნა. ქალის მის მკლავზე შემოხვეული თითები ერთმანეთს სწვდებოდნენ.
-მზადაა. – თქვა ქალმა, როცა კარი გააღო. სოფომ ნელა ჩაიარა კიბეებზე. ამდენი რამ ერთბაშად თვეები იყო რაც ეჭამა, რამაც თითქოს გადაუნაცვლა სიმძიმის ცენტრი. გამთბარმა, სავსე მუცელმა ძილი მოჰგვარა.
-წამოდი. – უთხრა წვეროსანმა, და სოფო უსიტყვოდ მიჰყვა უკან.
მარჯვენა ფრთას უკნიდან ჰქონდა პატარა შესასვლელი. „ალბათ მთავარი შემოსასვლელის ღირსი არა ვარ,“ მწარედ გაიფიქრა მან. ქვისგან აშენებულ დერეფნებში გრილოდა, იატაკზე ხალიჩები ეფინა. კედელზე მიმაგრებული ბრები ანათებდნენ შემოგარენს.
სოფოს გააკანკალა. დაუსრულებელ დერეფნებში სიარული იმ დროს აგონებდა, როცა მისი პირველი გალიიდან გამოიყვანეს, როცა სხვაგან გადაჰყავდათ.
დერეფნები ნელ-ნელა გაფართოვდნენ, ჭერი აიწია. უამრავი კარები იყო ჩარიგებული ორივე მხარეს , ყველა დახურული. სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა. სოფოს თავგზა აებნა უამრავი მოსახვევის გამო.
-მოვედით. – თქვა უცებ წვეროსანმა და სოფო ტყვიანაკრავივით შედგა, ადგილს მიეყინა.
წვეროსანმა დიდ, მასიური ხის, მოჩუქურთმებულ კარზე დააკაკუნა სამჯერ.
-შემოდი დროზე. – გაისმა შიგნიდან.
წვეროსანმა სასწრაფოდ შეაღო კარი, სოფოს ანიშნა. გოგონამ მზერა სტყორცნა მას, მერე კი მკვირცხლად შეაბიჯა ოთახში.
შიგნით თბილოდა. სქელი, მუქი წითელი ფარდები ეკიდა მაღალ ფანჯრებზე. იატაკის ყოველი სანტიმეტრი ძვირფას, ორნამენტებიან ხალიჩებს დაეფარათ. სტერეოტიპული დათვის ბეწვი გაეფინათ ავარვარებული ბუხრის წინ.
იქვე, სავარძელში ჭაღარაშერეული მამაკაცი იჯდა. იგი მოტრიალდა, მისი დაღარული, ცარცისებრი სახე მოუბრუნდა სოფოს.
სოფო შეუპოვრად მიაშტერდა. ეს იყო ბატონი. პატარა, ჩია, სუსტი კაცი ჩანდა. თითქოს ერთიანად ჩაეყლაპა მის სავარძელსა და მხრებზე მოგდებულ ქურქს. ძნელი იყო მის „ბატონად“ წარმოდგენა.
მაგრამ მისი გამჭრიახი, გამჭოლი, მუქი თვალები ცოცხლად იყურებოდნენ. ამ კაცის ფიზიკურობა მისთვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, უცებ გააცნობიერა სოფომ.
-ახლოს მოდი, ბავშვო. – თქვა უცებ კაცმა. ხმა ავტორიტეტით სავსე ჰქონდა. სოფო მიუახლოვდა, ახლოს დაუდგა სავარძელთან.
-ჰმ. – დაიქსუტუნა კაცმა, თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა. ცივი, გამოზომილი მზერა ჰქონდა. თითქოს თვითონ სოფოს კი არა, არამედ მის ფასეულობას უყურებდა და ზომავდა.
-რამდენი? – იკითხა მან.
-ბევრი მსურველი არ იყო. – თქვა წვეროსანმა. – ექვსი ათასი.
-ასეთი გოგოსათვის? – წარბები ასწია ბატონმა. – მე ბევრად მეტს გადავიხდიდი. კარგად აგირჩევია. კარგი გამოხედვა აქვს. – თვალი გაუსწორა ბატონმა, ეშმაკური ღიმილი გამოეხატა სახეზე.
-შენი ხმა გამაგონე, ბავშვო. – დაამატა მან. სოფო შეყოყმანდა. ფრთხილად უნდა შეერჩია სიტყვები.
-აქ რა უნდა გავაკეთო? – თქვა მან. ბატონმა ხმამაღალი ხარხარი ამოუშვა.
-მომწონს! ძალიან მომწონს! ყოჩაღ, ბიჭო! – თქვა მან, მერე კი სოფოს მიუბრუნდა. – პირველ რიგში, ბატონი უნდა დამიძახო. მერე მეორე, შენ აქ ჩემს ვაჟს უნდა მიხედო.
სოფომ წარბები შეკრა.
-მიხედვაში რა შედის? ბატონო? – იკითხა მან. გული მკერდში უბრაგუნებდა. არ მოეწონა სიტყვა “მიხედვა”.
-ყველაფერი, რასაც ჩემი ვაჟი მოისურვებს. – თქვა კაცმა, მისკენ გადმოიწია, და სოფო თითქოს დაპატარავდა, ყველაზე უსუსურად და უძლურად იგრძნო თავი, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული იყო, ამ ჩია კაცზე ერთი თავით მაღალი მაინც იქნებოდა. ფრჩხილები მაგრად ჩაისო ხელისგულებში, რომ ხმა არ დაცდენოდა.
ბატონი ცეცხლისაკენ მიბრუნდა, ხელი ააქნია. და იმ წამსვე წვეროსანი მკლავში სწვდა და ოთახიდან გაათრია, დერეფანში გაიყვანა.
-დღეს ბატონი შენი ურჩობითა და უპატივცემულობით ძალიან გაერთო. – კბილებში გამოსცრა მან, სანამ დერეფანში მიათრევდა. – სხვა დროს არ იფიქრო, რომ ასეთი ლმობიერი იქნება.
სოფომ კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, რომ რამე ისეთი არ წამოესროლა, რასაც აუცილებლად ინანებდა. ძალიან აინტერესებდა, რაში გამოიხატა მისი ურჩობა და უპატივცემულობა, იმაში, რომ ბატონი არ დაუძახა თუ კითხვა რომ დაუსვა?
აუტანელი იყო ეს. მიუღებელი. ეს მსახურობა არ იყო, უცებ გააცნობიერა სოფომ. ეს იყო მონობა. მონა იყო აქ, რომელიც არავის არ ანაღვლებდა, რადგან გამოცვლადი იყო. თუ მოუნდებოდათ, გადააგდებდნენ და ახალ ქერათმიან, ახალგაზრდა, დიდი ხნის წამოყვანილ გოგოს იყიდდნენ აუქციონზე. არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძნელი.
ექვსი ათასი დაუჯდათ მისი ყიდვა.
რაც ალბათ ბატონისათვის… იმ „პაწაწინა სადისტი ბებრუხანასათვის“, სიმწრით გაიფიქრა სოფომ, ხურდაც კი არ იყო.
გამოერკვა, როცა მცველმა რომელიღაც კარი გამოაღო და შიგნით შეაგდო.
-ბატონიშვილი გასულია. – თქვა მან ღრენით, აშკარად ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო იმაზე, რომ სოფომ „ურჩობა“ და „უპატივცემულობა“ გამოიჩინა. – რომ მოვა, მზად იყავი. იჯექი და არაფერს შეეხო.
სოფოს უნდოდა ეკითხა, სად არის გასულიო, მაგრამ თავი შეიკავა.
წვეროსანმა კარი მოაჯახუნა.
სიჩუმე ჩამოწვა.
სოფომ სწრაფად მოათვალიერა ოთახი. აქაც მუქი წითელი ფარდები ეკიდა, ბუხარი ენთო და თბილოდა. ხალიჩები ეგო. ერთ კუთხეში უზარმაზარი კარადა იდგა, მის ახლოს კი აგურისფერ ფარდებიანი საწოლი, კოხტად გასწორებული.
ერთ მხარეს რაღაც კარი იყო. სოფო სწრაფად მიაწყდა, ფრთხილად შეიხედა შიგნით. როგორც კი კარი გაიღო, წამსვე აინთო სააბაზანოში სინათლე. საძინებლისაგან განსხვავებით თანამედროვე სტილში გადაეწყვიტათ. სოფო წამსვე ტუალეტს ეცა, მთელი დღე და ღამე იყო რაც უნიტაზი არ ენახა. ცდილობდა, ჭუჭყიანი ბარძაყებით არ შეხებოდა უნიტაზს, ფეხები უკანკალებდა თავის დაჭერით. რომ მოითავა, წამსვე ჩარეცხა, მერე კი სწრაფად დაიბანა ხელები ნიჟარაში. ეს ყველაფერი ისეთი ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცნობი იყო, რომ არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეგრძნო, ემოციების გაუგებარი მასა დაუტრიალდა თავში. ხელები რომ გაისუფთავა და ნიჟარა მოწმინდა, აუტანელი სურვილი გაუჩნდა, რომ შხაპი მიეღო, საკუთარი სხეული შეზიზღდა.
მაგრამ ვერ გარისკავდა. თავისი ფეხსაცმლით მოსვრილი იატაკი ტუალეტის ქაღალდით მოწმინდა, ნაგავში ჩაუძახა და სააბაზანო დატოვა, კარი ფრთხილად მოიკეტა ზურგს უკან.
ცოტა ხანი იდგა, ვერ გაეგო სად დამჯდარიყო. აქედან ამჟამად გაქცევა უაზრო იქნებოდა. ვინმე გაიგონებდა, თან დაცვა დაიჭერდა აუცილებლად. ცოტა დრო, ცოტა მოღონიერება იყო საჭირო.
ბოლოს ბუხრის წინ ჩაიცუცქა. ცივი ხელები შეუთბა.
იჯდა და ელოდა, კედელზე ჩამოკიდებული დიდი, ქანქარიანი საათი გაუჩერებლივ ტიკტიკებდა.
ღამის სამის ნახევარი იყო.
სად იყო ეს ბატონიშვილი? რას აკეთებდა ამ შუაღამეს?
„ალბათ როგორც ნებისმიერი მდიდარი ბიჭი ერთობა,“ ზიზღით გაიფიქრა სოფომ. „სადღაც აგდია და სვამს.“
„ყველაფერი, რასაც ჩემი ვაჟი მოისურვებს.“ უცებ ამოუტივტივდა თავში ბატონის ნათქვამი. გააჟრიალა. იმის მიუხედავად, რომ ბუხრის წინ იჯდა, ცივმა ოფლმა დაასხა ზურგზე, სიამოვნებას ვეღარ პოულობდა უცებ სითბოში.
ყველაფერი.
ყველაფერი.
-ყველაფერი, რასაც ჩემი ვაჟი მოისურვებს.- ხმამაღლა გაიმეორა სოფომ.
ამიტომ მოიყვანეს საძინებელში. წვეროსანმა თითქოს სახეში ააფარა სიმართლე.
„არა. არა არა არა არა….“ დაუარა სოფოს თავში, ზედ ხელები იტაცა. იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს. უფასო ბოზი უნდა ყოფილიყო ამ ბატონიშვილისათვის, რომელიც დამატებით ალბათ საჭმელს მოუტანდა, ტანსაცმელს გამოულაგებდა და ყოველ მის სიტყვაზე იქნებოდა ჩამოკიდებული.
მეტი არაფერი.
სოფომ ყბები შეკრა. შეეცადა სუნთქვა არ გაჩხეროდა ყელში.
ამას ერჩივნოდა გაქცევა ეცადა. ფეხებშუა ამოარტყამდა ამ ბატონიშვილს, ანდა რამე მძიმეს ჩასცხებდა თავში და გაიქცეოდა. რამე მძიმეს, ამ მჭრელს. ისე იზამდა, რომ ეს ბატონიშვილი ვეღარ წამომდგარიყო და თვითონ ის საზიზღრობა არ გამხდარიყო, რისთვისაც აქ მოიყვანეს.
კარის უკან შეეძლო დამალვა. ბატონიშვილი შემოაბიჯებდა, თვითონ კი ჩასცხებდა რამეს თავში.
დიახ.
დიახ.
ეს ყველაზე რეალური შანსი იყო აქედან გაღწევის. სხვა შესაძლებლობას…
სოფოს ფიქრი გაუწყდა, როცა კარი ხმამაღალი ბათქით შემოაღეს.
ახალგაზრდა კაცი შემობარბაცდა, ცალ ხელში ნახევრად ცარიელი ბოთლი ეჭირა. უკან წვეროსანი გაჰყვიროდა.
-ბატონიშვილო, ხომ გაგაფრთხილეთ, რომ…! – დაიწყო მან.
-ჰოდა სულ ფეხებზე მკიდია შენი გაფრთხილება, გასაგებია? – თქვა კაცმა, ცოტა ენას ურევდა. თვალები მოეჭუტა, მაგრამ აშკარა იყო მამამისის მუქი ირისები.
-ბატონიშვილო! – იღრიალა ერთ-ერთმა. – ასე ვერ გაგრძელდება. ძალიან ვწუხვარ მაგრამ… – ხმას აუწია მან. – იქნებ დაფიქრდეთ….
ახალგაზრდა კაცს ყურადღებაც არ მიუქცევია. პირდაპირ სოფოს უყურებდა, წარბშეკრული.
-ეს ვინ ჩემი ფეხებია? – იკითხა მან, და სასწრაფოდ მოიყუდა ბოთლი.
-თქვენი ახალი პერსონალური მსახური. – კბილებში გამოსცრა წვეროსანმა. – ყველანაირად თქვენს განკარგულებაშია. ბატონიშვილო, გესმით? ძალიან არ მსურს, რომ საქმე ბატონთან მივიტანო…
-ბატონმა იცის ყველაფერი. – თქვა ახალგაზრდა კაცმა, გაეცინა. – და რას მიზამს, ჰა, ნომერო? აქ გამომკეტავს? ფეხები არ მომჭამოს ძირში.
ახალგაზრდა კაცმა სასმელი გამოცალა, ორი წამით ყბამონგრეული შეშტერებოდა სოფოს. მერე კი ბოთლი მოიქნია და ზრიალით შეანარცხა კედელს.
სოფოს ყველაფერი დაეჭიმა. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
ყველაფერი ნახა ამ თვეების განმავლობაში. ყველაფერს შეეჩვია.
გამომშრალ ყელში ძლივს გადაიტანა ნერწყვი.
ამასაც გაუმკლავდებოდა.
 .

.

-*-*-*-*-*-3
სოფო გაუნძრევლად ჩაცუცქულიყო ბუხრის წინ.
რატომღაც, გაკვირითი ფიქრით, ეგონა, რომ თუ გაინძრეოდა, უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობდა, იმის მიუხედავად, რომ არავინ ზედ არ უყურებდა. ბატონიშვილის მიერ კედელზე შელეწილი ბოთლი დამსხვრეულიყო და ბუხრის სინათლეზე წითლად- ყვითლად ბრწყინავდნენ ნამსხვრევები.
ახალგაზრდა კაცი ღრიალებდა. წვეროსნებს უყვიროდა.
-ეს?! ეს?! ეს შემირჩია მამაჩემმა?! – დღაოდა ის.
-ბატონიშვილო, პირადად მამათქვენს არ შეურჩევია… – ისე დაიწყო წვეროსანმა, თითქოს ხუთი წლის ბავშვს ელაპარაკებოდა.
– მაშინ ის ბრმა, ყრუ და შენძრეული მომითრიეთ, ამაში ვინც ფული გადაიხადა! – იყვირა ბატონიშვილმა. სოფო მადლობელი იყო იმისა, რომ მის სახეს ვერ ხედავდა, მხოლოდ მის დაჭიმულ მხრებს თეთრ პერანგში. აუტანელი იყო მისი სიტყვების მოსმენა, მაგრამ იმედს აძლევდა. ბატონიშვილი მასთან დაწოლას არ მოინდომებდა, სანამ სოფო ასეთ მდგომარეობაში იყო. არც უკვირდა. გაძვალტყავებული გახლდათ, დაფლეთილი კაბა ეცვა, თმა ჯაგარად ეკიდა, თვეები იყო არ დაებანა წესიერად, ალბათ ოთახის მეორე მხარეს იგრძნო მისი საშინელი, მყრალი სურნელი ახალგაზრდა კაცმა. ენა თითქოს გასქელებოდა პირში, ვეღარ ატრიალებდა. აუტანლად მოუნდა წყალი.
-პერსონალური მსახური?! რამდენჯერ უნდა მოვითხოვო, რომ არ მინდა ეს დედამოტყნული პერსონალური მსახური და როგორ შეგაგნებინოთ? გამაგებინე, როგორ გაგატარებინოთ მაგ სქელ თავებში?! – ხელები გაეშალა ბატონიშვილს. სოფოს არ ესმოდა, თუ როგორ შეეძლო ადამიანს ასე სწრაფად გამოფხიზლება ერთი ბოთლი ალკოჰოლის გამოცლის შემდეგ.
ალბათ მიჩვეული იყო, რადგან ხშირად სვამდა.
-ბატონიშვილო! – დაუსისინა ერთ-ერთმა წვეროსანმა, დაფეთებული იყურებოდა დერეფანში. – ძალიან გთხოვთ სიტყვები შეარჩიეთ! ბატონი…
-ფეხები მომჭამოს -მეთქი! ძირში! სულ ცალ ფეხზე მკიდია! – ისეთი ძალით იფეთქა ბატონიშვილმა,  რომ სოფო შეკრთა. არასოდეს მოსწონდა, როცა ყვიროდნენ. სარდაფსა და საკნებში რომ იყო, თითქოს შეეჩვია. ელოდა კიდეც. ახლა კი, როცა ნაჭამი იყო, გამთბარი, და ძილზე მეტი არაფერი არ უნდოდა, ზედმეტი იყო მისთვის ამაზე ფიქრი. ზედმეტი იყო ყველაფერი ცუდისათვის მთელი სხეულით მზადება, ტანის დაჭიმვა იმის მოლოდინში, რომ რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო.
-ქალი ვერ მომიგდია საწოლამდე, ისე რომ ორი გამოშტერებული ნომერი არ ამეკიდოს თქვენი დეგენერატული „უსაფრთხოებით“, და გგონიათ რომ ამას კიდევ ერთი ნომერი უშველის? – ბატონიშვილი ელვის სისწრაფით მობრუნდა, სმისაგან დაწითლებული, მაგრამ გამჭოლი, მუქი თვალები სოფოს დააბჯინა. სოფო უსიტყვოდ შეაშტერდა. ხელებით მაგრად ჩასჭიდებოდა მუხლებს.
როგორ საშინლად ეძინებოდა…
-თან ეს? – ხელახლა იღრიალა მან და სოფომ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ შემხტარიყო. ბატონიშვილი პირდაპირ მას უყურებდა. არ იყო სისუსტე კარგი. სისუსტე მიზანში ამოღებას ნიშნავდა. – ნუთუ იმნაირი კვერცხები ხართ, რომ ვერ ხვდებით, ის მაგარი ნაშა, სახლში რომ გამიგზავნეთ, რომ ამას ჯობია?! საიდან მომითრიეთ, ნაგავსაყრელიდან?! წესიერი მაინც მოგეყვანათ, თქვენი დედავატირე!
-ბატონიშვილო! – დაიღრიალა ერთმა. – დამშვიდდით! მთვრალი ხართ ახლა და არ გესმით, რას ამბობთ! გოგო! – მოუბრუნდა იგი სოფოს. – ახლავე წყალი მოუტანე ბატონიშვილს!
სოფო ნელა წამოიწია, უნდა ეკითხა, თუ სად ეპოვა წყალი, მაგრამ სიტყვები ხახაზე შეახმა.
-ეგდე მანდ! – ხელი გამოუშვირა ბატონიშვილმა. – არავითარი წყალი არ მჭირდება, ძალიან ფხიზელი ვარ, გასაგებია? გაეთრიეთ! ყველანი! ყველა გაეთრიეთ!
წვეროსნებმა ხმა გაკმინდეს, უსიტყვოდ გალაგდნენ დერეფანში. ბატონიშვილი სოფოს მოუბრუნდა.
-შენც გაეთრიე. – დაიღრინა მან. – აქ აღარ გნახო.
სოფო ფეხზე წამოდგა, ყველაფერი ტეხდა. სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა ახალგაზრდა კაცს და გავიდა, კარი გაიხურა.
იმის მიუხედავად, რომ მასიური ხის კარი კარგად ახშობდა ხმას, სოფომ მაინც გაიგონა ბატონიშვილის ოთახიდან გამომავალი ლაწუნი და ზრიალი.
როგორც ჩანს, ბატონიშვილს ძალიან არ მოეწონა მისი ახალი პერსონალური მსახური. სოფო ყველანაირად შეეცადა, რომ ღიმილი შეეკავებინა. ასე თუ გაგრძელდებოდა, შეიძლებოდა იმ ლოთს არც არაფერი მოეთხოვა, მითუმეტეს მასთან დაწოლა.
წვეროსნები ოდნავ მოშორებით ჩუმად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. სოფომ ყურები დაცქვიტა, რომ გაეგონა, მაგრამ როგორც ჩანდა, ისინი ძალიან გაწაფულები იყვნენ ასეთ ჩუმ ურთიერთობას. ალბათ სპეციალური წვრთნებიც ჰქონდათ.
სოფომ უხერხულად მიმოიხედა, ხელები ერთმანეთს გადააჭდო. ახლა სადღა წასულიყო? ბატონიშვილთან არც სურდა შებრუნება და არც ნებართვა ჰქონდა. თუმცა რაკი მისი პერსონალური მსახური იყო, იქნებ აქ უნდა დარჩენილიყო მთელი ღამე? გოგონამ წარბები შეკრა. სულაც არ სურდა მთელი ღამე კართან ყურყუტი. დერეფანი გრილი იყო, და ხალიჩაზე დაწვებოდა, რაც ბევრად უფრო კომფორტული გახლდათ ვიდრე სარდაფში დაგებული, სანახევროდ აყრილი ფიცრები და უადგილო ადგილას ამოჩრილი ლურსმნები, მაგრამ იმედოვნებდა რატომღაც, რომ ნორმალურ საწოლში დაიძინებდა. მსახური გოგონები გაახსენდა, ყველანი ცოცხლად, ახალგაზრდულად, ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ. სუფთა პიჟამები ეცვა სამივეს და ალბათ თავიანთი საძინებლის კარიდან იჭყიტებოდნენ.
-გოგო! – მოესმა უცებ და ფიქრებიდან სასწრაფოდ გამოერკვა. ერთ-ერთი წვეროსანი დაჰყურებდა, მრგვალი, ცივი ცისფერი თვალებით. – გაიგონე, რა გითხარი?
-არა, არ გამიგონია. – მიუგო სოფომ, და კაცის მოქუფრულ გამომეტყველებაზე სასწრაფოდ უკან დაიხია. – უკაცრავად. – ამოილუღლუღა მან. ჯერ კიდევ ეწვოდა გახეთქილი ტუჩი.
-რა ნომერი ხარ მეთქი? – გაუმეორა წვეროსანმა, სახეზე გაღიზიანება ეწერა, მარჯვენა თვალის ქუთუთო უთამაშებდა.
-არ ვიცი. – მიუგო სოფომ. – არ უთქვამთ ჯერ.
-წამოდი. – უთხრა მცველმა და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა დერეფანს. სოფო უკან მიჰყვა, მაგრამ სანამ კუთხესთან მოუხვევდნენ, ძალაუნებურად უკან მოიხედა, წვეროსნებს დაეცა მისი მზერა. ბატონის მცველი მისკენ იყურებოდა, თვალებმოჭუტული, შეკრული წარბებითა და გაღიზიანებული გამომეტყველებით.
სოფოს ჟრუანტელმა დაუარა.  სასწრაფოდ მიბრუნდა, ფეხს აუჩქარა, რომ თავის გიდს დასწეოდა.
კაცი ორი მოსახვევის შემდეგ შეჩერდა, რომელიღაც ოთახის კარი შეაღო. სოფომ თვალი ჰკიდა, რომ კარზე თეთრი სამკუთხედი ჩამოეკიდებინათ.
-ახალი მოგიყვანე. – თქვა წვეროსანმა, სოფოს ანიშნა, რომ შიგნით შესულიყო. სოფო სწრაფად შეიძურწა შიგნით. იქაურობა რაღაც უცნაურ ლაბორატორიას ჰგავდა. თეთრი სინათლეები ენთო, ერთ კედელთან სამი თეთრი საწოლი იდგა, რომელთა შორის ფარდები ჩამოეკიდებინათ. მეტალის მაგიდას ხანში შესული ქალი უჯდა და სათვალის ზემოდან უყურებდა მას.
-ჰმმ. – თქვა მან, ფეხზე წამოდგა. – მოდი აქ, გოგონა. – დანაოჭებული ხელი დაუქნია მან. სოფო ფრთხილად მიუახლოვდა. საავადმყოფოს სურნელი იდგა ოთახში.
არასოდეს მოსწონდა საავადმყოფოები.
ქალმა ყბებში ხელი წაავლო, თავი აქეთ-იქით გადააწევინა, თვალებში ჩახედა, თმაზე მოქაჩა და კბილები ისე გაუსინჯა, თითქოს ცხენი ყოფილიყო. მერე ენა გაატკაცუნა, ოსტატურად ამოაძრო ჯიბიდან პრიალა კალამი, და მაგიდაზე დადებული, ამობეჭდილი ფორმებიდან ერთ-ერთი მოიწია.
-თორმეტი იანვარი. – ჩაიბუტყუნა მან, ფორმის ერთ-ერთი ველი შეავსო. სოფო შეკრთა, სიამაყემ დაუარა. ესე იგი სწორად მიხვდა, და მანქანაში ის პირველი გამოცდა გაიარა. – სამს აკლია რვა წუთი. ასაკი? – გამოხედა მან სოფოს.
-თვრამეტი. – მკვირცხლად მიუგო გოგონამ.
-დაბადების თვე და რიცხვი.
-ცხრა მაისი.
-ჰმმ. – ქალმა სასწრაფოდ ჩაჯღაბნა მონაცემები, მერე კი კისერზე ჩამოკიდებული სანტიმეტრი მოიმარჯვა.
-გაიძრე ეგ ჯვალო. – მიუთითა მან. – გაგზომავ და აგწონი ახლა.
სოფოს თვალები გაუფართოვდა, ფრთხილად გადახედა წვეროსანს, რომელიც კართან იდგა და ცივი მზერით, უინტერესოდ იყურებოდა.
ალბათ ბევრჯერ დასწრებოდა ამ პროცესს.
-საით იყურები, გოგონა? – შეუტია ქალმა. – ჩემსკენ იდგები პირით, ნუ დამიწყე აქ კდემამოსილება… დროზე ახლა, მეც მაქვს ჩემი საქმე!
სოფოს ყველაფერი დაეჭიმა, ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, რომ დარწმუნებული იყო, ცოტაც და კბილები ჩაემსხვრეოდა პირში. ტუჩი მოიკვნიტა, ხელახლა ჩაეღვარა პირში ცხელი, ლითონური გემოს მქონე სითხე.
მაგრამ სწრაფად გადაიძრო კაბა, გვერდით დააგდო. ქალმა ცივი, კლინიკური მზერით, ვითომ აქაც არაფერიაო, შეხედა და მხრიდან მხრამდე გაზომა, მერე მკერდის გარშემო, მერე წელი და თეძოები, თან თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას. მერე ელექტრონული სასწორი მიუწია და ზედ შედგომა უბრძანა, თან უკმაყოფილოდ დაჰყურებდა შედეგს.
-რა არის ორმოცდაოთხი კილო… – ბურდღუნებდა ის. – არც არაფერი… საკმარის პურს არ ყიდულობენ ნაბიჭვრები, მერე უნდა მიხვიდე და მაგათ გაფუჭებულს უნდა უთანთრაშო…
სოფოს სიტყვა „გაფუჭებულზე“ რაღაცამ გასწიწკნა. ნელა ჩამოდგა ფეხი სასწორიდან, მკერდზე შემოიხვია ხელები.
გაფუჭებული.
ალბათ იყო კიდეც.
საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა. ვერც გონებრივად და ვერც ფიზიკურად. ხომ ჩამოხმა, გაძვალტყავდა და თითოეული ნეკნის დათვლა შეეძლებოდა, მაგრამ ასევე იგრძნო, როგორ ეცვლებოდა გონება. საზიზღარი ფიქრები უჩნდებოდა. განვლილ დროს ვეღარ გრძნობდა ხოლმე, ისე იკარგებოდა ფიქრებში. ადრე რომ ემოციური იყო, იოლად იცინოდა და ტიროდა, ასეთ რამეს ვეღარ პოულობდა საკუთარ თავში. თითქოს ერთიანად შეიცვალა.
ალბათ გაფუჭდა კიდეც.
-ჩაიცვი ერთი, თუ ღმერთი გწამს. – თვალები გადაატრიალა ქალმა. – ღმერთო, ეს კომპლექსიანები…
სოფოს ყურადღება არ მიუქცევია. როგორც ჩანდა, ეს ქალი ყველას კბენდა. აზრი არ ჰქონდა მის სიტყვებზე გამოკიდებასა და მათზე ფიქრს. სასწრაფოდ აიტაცა თავისი კაბა და გადაიცვა.
ქალმა სიმაღლე გაუზომა, ფორმა შეავსო და ქვემოთ დიდი ციფრებით რიცხვი სამოცდაორი მიაწერა. მერე კი უჯრიდან რაღაც უცნაური, მეტალის სამაჯურივით ამოიღო, რომელზეც რიცხვი სამოცდაორი ამოეტვიფრათ. ქალმა მაჯაზე მოარგო, ისე რომ მომდგარი ჰქონოდა, მაგრამ არა მოჭერილი.
-რა ჯგუფი სისხლი გაქვს? – ჰკითხა ბოლოს. სოფომ წარბები შეკრა, თავი გადააქნია.
-არ ვიცი. – ამოთქვა მან. ქალმა თვალები გადაატრიალა, ქვედა ყბა წინ წამოსწია.
-მკლავი გამომიწიე. – ამოიხვნეშა მან, და სანამ სოფო ენის მოტრიალებას მოახერხებდა, საიდანღაც ნემსი გამოაძვრინა. გოგონამ მარცხენა მკლავი გაუწოდა, გვერდზე გაიხედა, როცა ქალმა ტკაცუნით გაიკეთა ხელთათმანები, კანი სპირტით მოსწმინდა და ისევ უკან მოიხედა, როცა ნემსის კანში შერჭობა იგრძნო. უსიტყვოდ უყურებდა, თუ როგორ ივსებოდა ნემსზე მიმაგრებული მინის ტუბი მუქი წითელი სისხლით.
-მორჩა. – ქალმა ბამბა დაადო ნანემსარზე, ტუბი გადადო და ხელი აუქნია. -გადი ახლა.
წვეროსანმა კარი გააღო, და სოფო უკან გაჰყვა. ბატონიშვილის ოთახს, მერე ბატონის ოთახს ჩაუარეს, და მერე კარგა ხანი იბოდიალეს დერეფნებში, სანამ გარეთ გააღწევდნენ.
-წადი. – უთხრა წვეროსანმა და მსახურთა ერთსართულიანი სახლისაკენ მიუთითა. – დღეს ღამეს, როგორც ჩანს, იქ დაიძინებ. მათთან ერთად ადგები ხვალ დილით და ბატონიშვილს დახვდები, როცა გაიღვიძებს.
სოფოს ენაზე მოაწვა სიტყვები. უნდოდა ეთქვა, რომ ბატონიშვილი ალბათ კარგა დიდხანს ვეღარ ადგებოდა ფეხზე, იმდენი ექნებოდა დალეული, მაგრამ ხმა გაკმინდა. ხის კიბეებზე ააბიჯა და კარზე მიაკაკუნა.
ბნელოდა.
მსახურთა სახლში შუქი ჩაექროთ.
მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა მიხურული კარის იქიდან. კლიტე ორჯერ გადაატრიალეს, და მაღალმა, მოსულმა ქალმა გააღო კარი.
-შენ რა ჯანდაბა გინდა აქ! – დაისისინა მან, განრისხებული მიშტერებოდა. – ბატონიშვილი თუ გაიგებს…
-ბატონიშვილმა ყველანი გაყარა, ჩემი ჩათვლით, და აქ მომიყვანეს. – შეაწყვეტინა სოფომ. ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. უბრალოდ სურდა დაწოლილიყო და დაესვენა, ფეხზე ძლივს იდგა.
ქალი ცოტა ხანი დააშტერდა, მერე კი ამოიხვნეშა, სახლში შეუშვა. შუქი აანთო, კარი ჩაკეტა და სოფოს მოუტრიალდა, ახედ-დახედა.
-რას გავხარ, შე საცოდავო. – ქალმა თავი გადააქნია, კართან ახლოს მდგარი კამოდის კარი გამოაღო და ძველი, გაცრეცილი, მაგრამ სუფთა პიჟამა გამოიღო, საცვლები და ორი პირსახოცი გამოაყოლა.
-შედი, დაიბანე. – მოპირდაპირე კედელში გამავალ კარზე მიანიშნა მან. – ძალიან გასაცოდავებული ხარ. რომ არ მიგიღო ბატონიშვილმა, არც მიკვირს, ეგ სულ გათხლაშულ, ზიაზია გოგოებს არის მიჩვეული. – ქალმა დაიფრუტუნა, თავი გადააქნია. – მიდი, მოწესრიგდი. ლოგინი არ გვაქვს, მაგრამ მატრასს მოგიმზადებ. – თავის ქნევითა და ბურტყუნით გავიდა მეორე ოთახში.
სოფო ცოტა ხანი იდგა, სხეულზე ქალის მიერ მოცემული ტანსაცმელი და პირსახოცები მიეკრო და საკუთარ გულისცემას უსმენდა. თითქოს ერთიანად დაცლილიყო. დარეტიანებული მიუახლოვდა სააბაზანოს კარს და გამოაღო, შუქი აანთო და კარი საგულდაგულოდ მიკეტა.
ძველებური ჩანდა სააბაზანო. კედელზე გაკრული ფილები გაბზარულიყვნენ, აბაზანა ძველი და გაქექილი ჩანდა, მაგრამ ყველაფერი სუფთა და მოვლილი იყო.
თუმცა ეს ამწუთას სულაც არ აინტერესებდა სოფოს. სასწრაფოდ გაიძრო თავისი ბინძური კაბა და საცვლები, რომელთაც ალბათ ან ნაგავში, ანდა ბატონიშვილის ბუხარში შეყრიდა. ტანსაცმელი და პირსახოცები უნიტაზზე დააწყო, აბაზანაში გადააბიჯა და წყალი მოუშვა.
შხაპი ნამდვილი ნეტარება იყო. იაფფასიანი საპონი იდო იქვე მხოლოდ, თითქმის გამოცლილ შამპუნის ქილასთან ერთად. ორივე ხელით დამზადებული ჩანდა. სოფომ საგულდაგულოდ დაიბანა, სხეულის თითოეულ ნაწილზე ისვამდა აქაფებულ ხელებს. ორჯერ მოუწია საპნისა და შამპუნის წასმა, რომ მთლიანად მოეშორებინა ჭუჭყი.
როცა თავის სიფრიფანა, თეთრ, გამჭირვალე კანს დახედა მკლავზე, რომელშიც ყველა ლურჯი ვენა მოუჩანდა თითქოს, აუტანელი შვება იგრძნო, რომელსაც ასეთივე აუტანელი დაუცველობის, უსუსურობის შეგრძნება მოჰყვა. თითქოს სიბინძურე იცავდა. თითქოს სიბინძურე მისი ერთგვარი ნაწილი გახდა. თითქოს ის გოგო, რომელიც ამდენი ხნის ტყვეობასა და შიმშილობას უძლებდა, ამწუთას აბაზანაში ჩაირეცხა.
სოფომ ფრთხილად გადბოაბიჯა, სხეული შეიმშრალა. თმაზე პირსახოცი რომ მოიხვია, თვალი მოუხვდა პატარა, გაბზარულ სარკეზე, რომელიც ნიჟარის თავზე ეკიდა.
რამდენი ხანი იყო, რაც საკუთარი თავი არ ენახა. საკნებსა და სარდაფში სარკეები არ ჰქონდათ, არც აუქციონებზე. ბატონიშვილის სარკეშიც არ ჩაუხედავს, იმდენად ჩქარობდა.
ანდა არ სურდა ჩახედვა.
არ იყო დარწმუნებული, არ იცოდა ზუსტად.
სოფომ საკუთარ თავს გაუსწორა თვალი. თითქოს სხვა უყურებდა, წამიერად ვერ იცნო.
პირველი რაც შეამჩნია, ჩაცვენილი, ამოშავებული თვალები იყო. თვალის კაკლები თითქოს გადიდებოდა. მიტკლისფერი დასდებოდა, ლოყებიც ჩაცვენოდა, ერთი ღაწვი ვარდისფერი და ოდნავ შესიებული იყო. ტუჩები გაფითრებოდა, მხოლოდ ქვედა ტუჩი უღუოდა წითლად, მარჯვენა მხარეს, სადაც მცველმა თავისი სილით გაუხეთქა.
მკერდის სიფრიფანა კანის ქვეშ ნეკნებს ხედავდა, ამოჩროდა ლავიწის ძვლები და მხრის სახსრის ბურთები.
სოფოს უცებ საკუთარი თავი აუტანლად შეეზარა. შეზიზღდა ის ანარეკლი, რომლის იძულებითი სახე იყო. სულაც არ სურდა რომ ყოფილიყო ასეთი.
თვალი აარიდა სარკეში გამოსახულ საკუთარ თავს, ტანსაცმელი ჩაიცვა და ფრთხილად გამოაბიჯა.
სამზარეულოს მაგიდასთან დაეგოთ მატრასი. ზედ ბალიში და თხელი საბანი ეფინა. შუქი ჩაექროთ, და სააბაზანოდან მომავალი სინათლე ანათებდა მარტო ჩაბნელებულ ოთახს.
სოფომ მიმოიხედა, მაგრამ ქალი არსად ჩანდა.
შუქი ჩააქრო და კარი მიკეტა. ხელის ცეცებით მიაგნო საწოლს, წამოწვა და საბანში გაეხვია.
მატრასი ცოტა მაგარი იყო, მაგრამ ბუმბულივით რბილი მისთვის. სხეული თითქოს ჩაუდნა შიგნით, ერთიანად დაჭიმული კუნთები მოეშვნენ.
თვალებგახელილი იყურებოდა სიბნელეში. არ სჯეროდა, რომ ნამდვილ მატრასზე იწვა, დაბანილი, საბნითა და ბალიშით, მუცელში საჭმლით.
ისე მოიცვა ძილმა, რომ ვერც კი გაიგო.
.
-*-*-*-*-
რომ გამოეღვიძა, მაშინვე საჭმლის სუნი ეცა. თუმცა შეიძლება იმის გამო გაემოღვიძა, რომ საჭმლის სურნელი იგრძნო. იმის მიუხედავად, რომ ამდენი ჭამა წინა საღამოს, მაინც საშინლად შიოდა.
-გაიღვიძა ძლივს! – გაისმა ახალგაზრდა გოგოს ხმა და სოფომ სასწრაფოდ მისკენ მიატრიალა თავი. იგი ქურასთან იდგა და ტაფაში რაღაცებს ატრიალებდა. – დროზე ადექი! ბატონიშვილი სადღაც ამ დროისთვის დგება და რაკი მისი ახალი პერსონალური მსახური ხარ, – გოგოს ხმა ღვარძლით აღსავსე გაუხდა, გაბრაზებული ჩაშტერებოდა. – როგორც ჩანს, შენ უნდა მიუტანო საუზმე.
-თავი დაანებე, რა… – ხელი წაჰკრა მეორემ, და თეფშები დაალაგა მაგიდაზე. – კარგა დრო აქვს. შენ უნდა იკითხო, დასავლეთის ფრთაში რომ მოგიწევს დერეფნების ხეხვა…
-მოკეტე. – მიუსისინა პირველმა და ტაფას მიუბრუნდა.
სოფო ჯერ ერთს უყურებდა, მერე მეორეს, ბოლოს კი ნელა წამოდგა. აბურდული საბანი გაასწორა და თავიდან პირსახოცი მოიძრო. ქერა თმა მხრებზე დაეფინა. მის მკერდს გასცდენოდა. ცოტაც და წელს მისწვდებოდა ალბათ.
-რა ლამაზი თმა გაქვს! – გაკრთა მეორე, მერე კი მაგიდაზე მიუთითა. – დაჯექი, დაჯექი! მამაშა გასულია, მისი ადგილი ცარიელი იქნება ამიტომ.
-მადლობა. – ჩაიბურტყუნა სოფომ და მაგიდას მიუჯდა. თმა ყურსუკან გადაიწია. რამდენი ხანი გასულიყო, რაც საკუთარი თმა ასეთი ნაზი და აბრეშუმისებრი იყო ბოლოს. – მამაშა რატომ? – იკითხა მან, თან პურზე ყველი დაიდო და ხარბად მოკბიჩა.
მეორეს სიცილი აუტყდა.
-ასე ვეძახით. – მხრები აიჩეჩა მან. – ოღონდ ჩუმად, რასაკვირველია. რომ გაგვიგოს, სათითაოდ დაგვაცვამს სარებზე.
სოფომ თავი დააქნია. თვალი მარჯვნივ გააპარა. იქეთ ოთახში მესამე გოგონა ჩანდა, რომელიც საწოლებს ალაგებდა.
სოფომ მზერა აარიდა, როცა წინ ოხშივარადენილი ყიყლიყოები დაუწყვეს. ერთი დაითრია და წამსვე იტაცა პირში.
-ყველას ნუ შეჭამ, ბატონიშვილს რაღა შეხვდება? – სიცილი დაიწყო მეორემ. სოფომ ყურადღება არ მიაქცია. გამწარებით ღეჭავდა. – ძალიან ლამაზი თვალის ფერი გაქვს. – თვალებგაფართოებული ჩაშტერებოდა მეორე. სოფომ თავი შეიკავა, რომ თვალები არ გადაეტრიალებინა. ეს გოგო თავს აბეზრებდა.
-რა ჩუმი ყოფილხარ! – ხითხითი ატეხა მან. – რომ მორჩები, ჩაიცვი და დროზე წადი, ბატონიშვილს დაგვიანება არ უყვარს, გესმის? ჰო, აუცილებლად გაუღე ლოგინის და ფანჯრის ფარდები, ისე ვერაფრით იღვიძებს!
სოფომ უინტერესოდ დაუქნია თავი. ერთი ყიყლიყო შეჭამა კიდევ და ცივი წყალი დააყოლა. მის მატრასზე გამოეწყო პირველს მისი ტანსაცმელი. რაღაც გრძელ, უნიფორმის მსგავსი შავი კაბა, წელში გამოყვანილი, თეთრი საყელოთი და მანჟეტებით. თეთრი ლიფი, სქელი რეიტუზი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი. სოფომ მათკენ ზურგშექცევით ჩაიცვა, მეორის მოწოდებული ლანგარი აიღო, რომელზეც ბატონიშვილის საუზმე ეწყო, და სახლისაკენ გაემართა.
როგორც ყოველთვის, ყველგან დაცვა გაემაგრებინათ, ძალიან ძნელი იყო გზის გაგნება. მითუმეტეს, თუ ყველა ზედ აშტერდებოდა და უსიტყვოდ ან ანიშნებდნენ, ანდა თავს გაუქნევდნენ, როცა ეკითხებოდა მათ, თუ საით უნდა წასულიყო, რომ ბატონიშვილის ოთახისათვის მიეგნო.
ძალიან გაუჭირდა ლანგრის ტარება. ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რომ ზედ დადგმული წყლის ჭიქა არ გადაეყირავებინა, რომელიც წამდაუწუმ კანკალებდა რყევად ზედაპირზე.
ალბათ ათი წუთი იბოდიალა, როცა მიაგნო ნაცნობ დერეფანს. გულზე მოეშვა, თითქმის სირბილით ჩაიარა ბატონიშვილის ოთახამდე. გარეთ წვეროსანი გამაგრებულიყო.
-საუზმე მაქვს ბატონიშვილისათვის. – თქვა გულამოვარდნილმა, როცა წვეროსანმა წარბი აუწია. კაცმა ახედ-დახედა, მის მაჯაზე დამაგრებულ მეტალის სამაჯურს დააკვირდა, მერე კი კარი გაუღო.
სოფო შიგნით შეიძურწა, კარი კი ჩუმად დაიხურა მის უკან.
ლოგინზე ფარდები არ გადაეწიათ, და გარკვევით ჩანდა, თუ როგორ ეძინა ბატონიშვილს. საბანში გადახვეულიყო, ცალი მკლავი ბალიშისქვეშ ამოედო, და გაშხლართულს ეძინა. სოფოს მისი გუშინდელი ტირადა გაახსენდა და მწარე ღიმილი მოადგა ტუჩებზე.
საუზმის ლანგარი გამქრალი ბუხრის წინ მდგარ მაგიდაზე დადო ჩუმად, მერე კი ფარდებს მიუახლოვდა. ოთახში ბნელოდა, და შედარებით გრილოდა. კარგა ხნის ჩამწვარი გახლდათ ცეცხლი.
ფარდები როგორც კი გადასწია, ოთახში სინათლე შემოიჭრა. გარეთ ცა ღია ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ.
ალბათ მოთოვდა.
სოფო მობრუნდა, ბატონიშვილს დააშტერდა.
იგი სინათლეზე მოიჭმუხნა, მკლავი ასწია და თვალებზე გადაიგდო. მერე პირი დააღო და ხმამაღალი გმინვა ამოუშვა.
-ბატონიშვილო, გაიღვიძეთ. – ლოგინს მიუახლოვდა სოფო. ცოტას წაეხმარებოდა გამოფხიზლებაში. სიამოვნებით დააცლიდა თავზე იმ წყლის ჭიქას, და ცხელ ჩაისაც მიაყოლებდა ზედ.
-რა…რა… რა ჯანდაბა გინდა… – ამოილუღლუღა ახალგაზრდა კაცმა, ლოგინში წამოიწია იდაყვებზე. ჯერ კიდევ ის პერანგი ეცვა, გვერდზე მოქცეული და მოჭმუჭნული.
-თქვენი ადგომის დროა. – მოკლედ მოუჭრა სოფომ. – საუზმე მოგიტანეთ.
ბატონიშვილი წამოჯდა, თვალებს ისრესდა. წირპლები მოიწმინდა და სოფოს ახედა. მუქი თვალები დასიებოდა.
-საუზმე. – გაიმეორა მან, თავი დააქნია, სოფოს ისე უყურებდა, თითქოს ვერ წარმოედგინა, რომ გოგონა თავზე ადგა. – და ამისთვის გამაღვიძე. რატომ ცივა? – წამოიძახა უკმაყოფილოდ.
-როგორც ჩანს, შეშა ჩაიწვა. – თქვა სოფომ და ყელი ჩაიწმინდა, როცა კაცმა ისე გადმოხედა, თითქოს ცოტას და იქვე მიახრჩობდა. – ბატონიშვილო. – დაამატა სწრაფად.
-და შენ ამ დროს რას აკეთებ? – წარბები შეკრა ბატონიშვილმა. – სადაა ცეცხლი?
-ხომ გითხარით. – მიუგო სოფომ. გაღიზიანება კისერში მოაწვა. – ჩაიწვა. ბატონიშვილო.
ახალგაზრდა კაცი დაჟინებით მიშტერებოდა.
-შენ აი ამისათვის მერე მოგხედავ. ცოტას რომ გამოვკეთდები. – დაუსისინა მან და ლოგინიდან წამოდგა, წამსვე ბუხრის წინ დადგმული მაგიდისაკენ გაალაჯა, სავარძელში ჩაენარცხა. სოფოს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა სისულელეს ბოდავდა ეს ბიჭი. რა უნდოდა, რომ ცეცხლი დაენთო? საიდან? შეშა არსად ჩანდა, არც შესანთები, არც ასანთი. არავის ეთქვა მისთვის, რომ ადრე უნდა მოსულიყო და…
-ეს რა არის? – იკითხა მოულოდნელად ბატონიშვილმა და თავი მოღრიცა, ფიქრებიდან ახლახან გამორკვეულ სოფოს გადახედა. – შენ რა, მეხუმრები?
-რამე არ მოგწონთ? – მიუგო გოგონამ.
-მოდი და დახედე. – უთხრა ახალგაზრდა კაცმა. თვალები ბრაზის ცეცხლით ავსებოდა, სახე მოეღმიჭა. – მოდი მეთქი! – მაგიდაზე ხელი დასცხო მან, როცა სოფო იმ წამსვე არ გაინძრა.
ჭურჭელმა ზრიალი გაიღო. გოგონამ მთელი სხეული გაამაგრა, რომ მოულოდნელობისაგან არ შემხტარიყო და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა, ლანგარს დააშტერდა.
ზედ სამი ყიყლიყო, ერთი ჭიქა წყალი, პური, ყველი და თაფლის ქილა ეწყო თავისი კოვზით. ყველაფერი რიგზე ჩანდა.
-აბა? – მოუთმელად ჩაეკითხა ბატონიშვილი. – რა არის ეს?
-საუზმე… – მიუგო სოფომ. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა იყო აქ პრობლემა. რაც გამოატანეს საუზმედ, ის მოიტანა.
ბატონიშვილი ელვის სისწრაფით სწვდა მკლავში და ისეთი ძალით შეანჯღრია, რომ სოფოს კინაღამ შიგნეული გადაუნაცვლდა მუცელში. უსიამოვნო შეგრძნება იყო მუცელში წყლის აწეთ-იქით ჯანყალი.
-საუზმე რა, მე შენნაირი გამოდებილებული ნომერი კი არა ვარ! – იხუვლა ბატონიშვილმა, სოფოს ხელი უშვა და ლანგარს გაჰკრა ხელი. – ეს აქედან წაათრიე და ძაღლებს დაუყარე, გასაგებია? მზარეულებს რა უნდათ, სათითაოდ დავყვე? – კბილებდაკრეჭილი სისინებდა ის.
სოფოს ხმა არ გაუღია. არ ესმოდა, თუ რა უნდა ეთქვა, ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო. მითუმეტეს, თუ ვერ ხედავდა, თუ რა იყო პრობლემა. ბატონიშვილი გაქსუებული ნებიერი ჩანდა, მისი აზრით. ბრაზი ისეთი ძალით მოაწვა სახეში, რომ თვალში დაუბნელდა.
-აბა?! – იღრიალა ბატონიშვილმა. – გაქვს რამე სათქმელი? აბა მითხარი!
სოფომ ტუჩები მოკუმა. არაფერიც არ ჰქონდა სათქმელი. ცუდად უბრუნდებოდა ყველაფერი.
-მითხარი -მეთქი! – იბღავლა ბატონიშვილმა.
-მე რაც გამომატანეს, ის მოვიტანე. – კბილებში გამოსცრა გოგონამ. უკვე ყელში ამოსდიოდა ამდენი ყვირილი.
-ეგრე ხომ? ეგრე გინდა არა? – წარბები ასწია ახალგაზრდა კაცმა, ნაძალადევი ღიმილი გამოეხატა სახეზე. – მაგასაც ვნახავთ. წამოეთრიე.
იგი ელვის სისწრაფით წამოდგა, კარისაკენ გაალაჯა. სოფო უსიტყვოდ მიჰყვა.
დარწმუნებული იყო, რომ არაფერში გახლდათ დამნაშავე. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრეს.
მაგრამ ეს შვებას არ აძლევდა.
მის წინ მიმავალი ბატონიშვილის თეთრ პერანგში დაჭიმულ მხრებს მიშტერებოდა და მხოლოდ და მხოლოდ შიში, და ბრაზი უტრიალებდა გონებაში.
შიში.
და აუტანელი მრისხანება.
 .

.

-*-*-*-*-*-*-4
სოფო მორჩილად, ხმის ამოუღებლად მიჰყვებოდა უკან ბატონიშილს, რომელიც გამწარებული ბურტყუნებდა რაღაცას. დერეფნებში გამაგრებული წვეროსნები ყურადღებით აყოლებდნენ თვალს, მაგრამ გამომეტყველებებზე ეტყობოდათ, რომ ბევრჯერ ენახათ ასეთი რამ. ბატონიშვილის ქცევები, ყოველ შემთხვევაში, რაც სოფოს ენახა აქამდე, ალბათ კარგად ცნობილი და ყველას მიერ გამოცდილი იყო.
ჯერ კიდევ ვერ გაეგო თუ რა დააშავა, ანდა სად მიდიოდნენ. ახალგაზრდა კაცი ამ გაუგებარ ლაბირინთში მიუძღოდა სადღაც. სოფომ ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში ნერწყვი, ბურთი მობჯენოდა. ნუთუ ბატონიშვილს დასასჯელად მიჰყავდა სადმე? ნუთუ იმ „პროფესიონალებისათვის“ უნდა ჩაებარებინა, რომლებითაც მალხაზი დაემუქრა? ნუთუ მოუწევდა ყოველ პატარა, უმიზეზო რამეზე დასჯა აეტანა?
ვერ აიტანდა. სოფომ იცოდა, რომ ან ვერ გაუძლებდა და მთლიანად გატყდებოდა, ანდა სიამაყე რაღაც საშინელებას, რაღაც სისულელეს ჩაადენინებდა. ორივე ვარიანტი წარმოუდგენელი და შემზარავი იყო.
სოფო ფიქრებიდან გამოერკვა, როცა მის წინ მიმავალმა ბატონიშვილმა, როგორც იქნა, რომელიღაც კარი შეგლიჯა და შიგნით შეალაჯა.
-აბა? – იღრიალა მან. სოფომ მისი მხრის იქით გადაიჭყიტა. უზარმაზარ სამზარეულოში მყოფი ოციოდე მომუშავე შემდგარიყო, დაფეთებულნი მიშტერებოდნენ ახალგაზრდა კაცს. ყველა ადგილზე გაშეშებულიყო, თავიანთი საქმე მიეტოვებინათ. ქურებზე რაღაცები შიშხინებდა, საიდანღაც აუტანლად, განმგმირავად გაჰკიოდა ათუხთუხებული ჩაიდანი. სოფომ ყველაზე ახლოს მდგარი, ახალგაზრდა, მზარეულის ფორმაში გამოწყობილი ბიჭის შიშჩამდგარ თვალებსა და გაფითრებულ სახეს გაუსწორა მზერა. გული მოეწურა.
-თქვენ თვითონ გამოხვალთ თუ მე თვითონ დაგყვეთ? – იბღავლა ბატონიშვილმა. – რა გამომიგზავნეთ ეს დილით, ღორი გგონივართ ვინმეს?! ჰა?!
სამზარეულოში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მას მხოლოდ ჩაიდნის კივილი, შიშხინი და ბუყბუყი არღვევდა. მარჯვენა მხარეს, რომელიღაც ქვაბი ალბათ მალე გადმოვიდოდა, ისე რაკუნებდა თავსახური.
-ბატონიშვილო… – დაიწყო ერთ-ერთმა, უფროსმა მზარეულმა, ნერწყვი გადაყლაპა, ხელებს საცოდავად ასავსავებდა. სოფომ თვალი ჰკიდა მის მაჯაზე მიმაგრებულ მეტალის სამაჯურს. – ჩვენ… არასოდეს არ მოგაყენებდით ეგეთ შეურაცხყოფას…
-აბა რა იყო ის, დილით რომ ვნახე? – იხუვლა ახალგაზრდა კაცმა და უფროს მზარეულს აშკარად ჩაუკვდა ლაპარაკის სურვილი, სასწრაფოდ დაიხია უკან.
სოფოს კი არ ესმოდა, თუ აქ რატომ იყვნენ.
რატომ იყვნენ აქ, როცა საუზმე მსახურთა სახლში იყო დამზადებული იმ გოგოების მიერ.
რომლებიდანაც ერთ-ერთი ღვარძლით უყურებდა, მეორე კი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ.
სოფოს გული სწრაფად უბრაგუნებდა მკერდში.
როგორც ჩანს, ის მეორე გოგო ისეთივე მომაბეზრებელი იყო, როგორიც ეგონა. ამას კიდევ ემატებოდა ის ღვარძლი, როგორიც პირველს ჰქონდა, ოღონდ დამალული, კარგად შენიღბული.
უნდა მიმხვდარიყო ამას მაშინ, როცა ბატონიშვილმა თავის ოთახში გამოაცხადა უკმაყოფილება საუზმის მიმართ. უნდა მიმხვდარიყო, რომ მან ნებივრობის კი არა, არამედ უჩვეულობის გამო ატეხა ყვირილი.
ისეთი ძალით შეკრა მუშტები, რომ არაკომფორტულად ჩაესო ფრჩხილები ხელისგულებში. უნდა მოეხერხებინა და დაეჭრა მალე, თორემ მოკვნეტილი ბოლოები სულ უკაწრავდა ხელებს.
-ბატონიშვილო, აქ რაღაც გაუგებრობაა. – თქვა მან და ახალგაზრდა კაცი ელვის სისწრაფით მოუბრუნდა, სახეწაშლილი. მან პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ სოფოს ერჩივნა სწრაფად ეთქვა ყველაფერი, ვიდრე მისი ყვირილისათვის მოესმინა. – მე აქედან არ მომიტანია ის საუზმე. მსახურთა სახლიდან გამომატანეს თქვენთვის.
სამარისებური სიჩუმის მიუხედავად, თითქოს სიტუაცია განიმუხტა ოთახში. მზარეულები განცვიფრებულნი, მაგრამ შვების აღსავსენი მიშტერებოდნენ, მაგრამ თვალებში მაინც გამოხატოდათ შიში.
ბატონიშვილი კი ისე მიშტერებოდა სოფოს გაფართოებული მუქი თვალებით, თითქოს არ სჯეროდა, თუ რას ეუბნებოდნენ.
-შენ ავადმყოფი ხარ? – დაიჩურჩულა მან, მაგრამ ისეთი ტონი და ძალა ჰქონდა ამ სიტყვებს, რომ ოთახში ისე გაისმნენ, თითქოს ყვიროდა. – რას ქვია მსახურთა ოთახიდან გამოგატანეს? და შენ წამოიღე?
-მითხრეს რომ თქვენთვის იყო. – გაიმეორა სოფომ. გრძნობდა, რომ ცუდ რამეში გაეხვა, შუბლი ოფლით დაეცვარა, მთელი სხეულის ძალისხმევა სჭირდებოდა ამწუთას, რომ კონტროლი არ დაეკარგა საკუთარ თავსა და სიტუაციაზე. – მე აქ გუშინ მოვედი. არ აუხსნიათ ჩემთვის…
-და რა გეგონა, რომ რასაც მსახურები ჭამდნენ, იმას ვჭამდი მეც? – ხმას აუწია ბატონიშვილმა. – საიდანაც მოხვედი, იქ დატოვე თავი?
სოფოს აღარაფერი უთქვამს. ჯიუტად მიშტერებოდა ახალგაზრდა კაცს თვალებში. უნდოდა ეთქვა. უნდოდა ეყვირა და მიეხალა ამ გაქსუებული მდიდარი ბიჭისათვის, რომ საიდანაც მოვიდა, იქ ბევრი რამ დატოვა, ალბათ თავიც. მაგრამ იცოდა, რომ ეს მხოლოდ გადარეულ ღრიალსა და შეიძლება უარესსაც მოუტანდა.
-მაპატიეთ. – თქვა ბოლოს, როცა სიჩუმე ძალიან გაიწელა და ბატონიშვილი ჯერ კიდევ გამხეცებული გამომეტყველებით შეშტერებოდა.
ახალგაზრდა კაცი გასწორდა, სახემონგრეული დაჰყურებდა. მზარეულებისაკენ მიტრიალდა.
-საქმეს მიხედეთ. – დაიღრინა მან და კარისაკენ გაემართა. სოფო სწრაფად მიჰყვა და ზურგსუკან კარი მიიხურა ჩუმად.
-მსახურთა სახლში რომ გოგოები არიან, მომითრიე. უკლებლივ. – ეუბნებოდა ბატონიშვილი იქვე გამოჯგიმულ წვეროსანმა. წვეროსანმა თავი დაუქნია, ყავისფერი თვალებით კრიტიკულად გადახედა სოფოს და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დერეფანში.
-შენ ხვდები, ახლა რა გააკეთე? – ჩუმი ხმით, სისინით მოუბრუნდა ბატონიშვილი. სოფოს ყველაფერი დაეძაბა. ვერ გაეგო, ახლა რაში იყო საქმე. ამ ადამიანს ნუთუ არ გააჩნდა უპრობლემო და უსაყვედურო წუთი?
-ვერ ვხვდები. – თქვა მან.
-დეგენერატად გამომიყვანე. აი… აი იმ ნომრებთან. – სიტყვები პირიდან გადმოაფურთხა ახალგაზრდა კაცმა და გაშლილი ხელი სამზარეულოსაკენ გაიშვირა. – ძალიან გინდა გასაროზგად გაგაგზავნო?
სოფოს შიგნით ყველაფერი გაუცივდა. ბატონიშვილს გაოგნებული აჰყურებდა.
თუმცა არც იყო გასაკვირი. მალხაზის გაწნული სილა „პროფესიონალებით“ დამუქრება ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა. რა გასაკვირი იყო, რომ სასჯელის ერთი ფორმა გაროზგვა და გამათრახება იქნებოდა.
აქ ხალხს ურტყამდნენ. ალბათ უწყალოდაც. ალბათ ვინმე სიკვდილის პირასაც კი მიიყვანეს. არაფერი არ იყო გამორიცხული. იმას თუ გაითვალისწინებდა, თუ როგორ დაიწყო აქ მისი ცხოვრება, ალბათ თვითონაც გახდებოდა ერთ-ერთი მსხვერპლი. სტატისტიკა. მერე ვიღაც სხვას მოიყვანდნენ, სამაჯურს გაუკეთებდნენ და სიტუაცია ისე გაგრძელდებოდა ვითომ აქაც არაფერი. უკვალოდ გაქრებოდა.
-არ მინდა. – ამოთქვა ბოლოს, მერე კი მასში მობობოქრე ემოციებით აღვსილმა ახედა მასზე დაშტერებულ ახალგაზრდა კაცს. – მე არაფერი დამიშავებია. მეც მომატყუეს.
ბატონიშვილი ენაჩავარდნილი მიაშტერდა. წარბები ასწია, უკან გადაიხარა, თმაში ხელი გადაისვა, ტუჩები რაღაც ღიმილისმაგვარმა დაუღმიჭა. სოფოს ხელახლა დაეძაბა ყველაფერი და ძალიან უნდოდა საკუთარი თავისათვის ჩაერტყა რამე. გრძნობდა, როგორ ტოვებდა სისხლი მის სახეს, როგორ ფითრდებოდა ნელ-ნელა. ასე თუ გააგრძელებდა შეპასუხებას, აუცილებლად გააგზავნიდა ბატონიშვილი გასაროზგად.
მაგრამ არ დასცალდა საკუთარი ფიქრების დასტურის ნიშანი. დერეფანში ნაბიჯები გაისმა, და მოსახვევში წვეროსანი და სამი გოგონა გამოჩნდნენ. სამივე დაფეთებული მოაბიჯებდა.
-ამათმა გამოგატანეს? – ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.
-დიახ, ბატონიშვილო. – მიუგო სოფომ, ერთიანად დაძაბული იდგა, დაჟინებით ათვალიერებდა გოგონებს. პირველი შეშინებული ჩანდა, მაგრამ თვალებში ბრაზი ეწერა. მეორეს ტუჩები უთრთოდა, მორცხვად იყურებოდა წამწამების ქვეშიდან. სოფოს სისხლი მოაწვა თვალებში. არ ესმოდა, თუ აქამდე როგორ ვერ დაინახა. კლასიკური მატყუარა და თვალთმაქცი იყო ეს პიროვნება. მხოლოდ მესამეს ეტყობოდა გულწრფელი შიში.
-თქვენ საერთოდ გადაირიეთ? – მათ მიუბრუნდა ბატონიშვილი. – ჰა? – იღრიალა მან, კისერზე ძარღვები ისე დაეჭიმა, რომ ალბათ ცოტაც და დაუსკდებოდა. სოფომ წარმოიდგინა, თუ როგორ დაეღვრებოდა კისერზე ცხელი, ბლანტი სითხე და თითოეული გულისცემის დროს როგორ გამოასხამდა არტერიებიდან სისხლი.
-რომელმა დედამოტყნულმა იფიქრეთ, რომ კარგი იდეა იყო ჩემთვის საუზმის მომზადება?! ჰა?! თქვენი შეტიტყნილი სალაფავი რა ჯანდაბაში მჭირდება, როცა მზარეულები მყავს?! და ამ დეგენერატს რატომ გამოატანეთ?! – იხუვლა მან. თითოეულ წამოყვირებაზე გოგოები ადგილზე ხტოდნენ.
-ბატონიშვილო… – ცრემლიანი თვალები მიანათა მეორემ. სოფოს თითქოს შიგნეული გადაუგრიხეს მოულოდნელად, ისე სწრაფად აერია გული. საზიზღრობა იყო ამ სპექტაკლის, ამ ნიანგის ცრემლების ყურება. – გვაპატიეთ, ჩვენ არ ვიცით რაზე საუბრობთ…
-არ იცით არა?! –  იღრიალა ბატონიშვილმა. – აბა ეს მატყუებს? თქვენ მიეცით ის საუზმე, არა? ასეთი უტვინოც არ იქნებოდა, რომ სცოდნოდა, რა მოუვიდოდა და მაინც მოეტანა, გასაგებია?! გგონია ასე იოლად გამაცურებ?!
ბატონიშვილის ყვირილზე მეორეს სახე შეეცვალა, ნამდვილი შიში ჩაუდგა თვალებში. პირველი ადგილზე აწრიალდა, მეორეს გადახედა.
-ბატონიშვილო, მისმინეთ, ყველაფერს აგიხსნით, – დაიწყო მეორემ, უფრო მეტი ცრემლები გადმოუგორდა ლოყებზე. – დილით ლანგარზე დავუდეთ საუზმე ახალ… – მან სოფოსკენ მიატრიალა მკვირცხლად მზერა, ისე უყურებდა, თითქოს მისი ადგილზე მიხვრეტა სურდა, მერე კი ისევ ახალგაზრდა კაცს მიუტრიალდა. – …აი ამას, და თქვენზე ვუხსენეთ, რომ თქვენი პერსონალური მსახურია, და ალბათ რაღაც აერია ერთმანეთში. ჩვენ გვაპატიეთ. – მუდარით უყურებდა ის.
ბატონიშვილი წელში გასწორდა. დაჟინებით მიშტერებოდა მის წინ მოქვითინე გოგონებს.
-ესე იგი პერსონალური მსახური. – ისე თქვა მან, თითქოს საკუთარი თავი უნდა დაერწმუნებინა ამაში. – პერსონალური მსახური. თან ასეთი დონის იდიოტი. – დაამატა ბოლოს, სოფოსკენ მოატრიალა თავი. გოგონამ თვალი გაუსწორა, მაგრამ არაფერი უთქვამს. არ აპირებდა ასე იოლად უკან დახევას.
-ანუ რა ვქნათ ახლა? – ხელები გაშალა ბატონიშვილმა. – მოდი, რაკი ამის… რა ნომერი ხარ? – მან მაჯაზე სტაცა სოფოს ხელი და მეტალის სამაჯურზე ამოტვიფრულ რიცხვს დააკვირდა. – რაკი სამოცდაორის ბრალია ყველაფერი, რადგან ჩამოყალიბებული იდიოტია, მოდი გავაგზავნოთ გასაროზგად, რას იტყვით, გოგოებო? – წარბებაწეული დააშტერდა ის გოგონებს. – მგონი ათი ზურგზე საკმარისი იქნება, არა?
ათი.
ათი როზგი სამოცდაორისათვის, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული იდიოტი იყო.
ძალაუნებურად წარმოიდგინა. მათრახის შიშინი, ოღონდ ამჯერად მის ზურგზე. თან ორის მაგივრად, რომელიც ჯერ კიდევ სტკიოდა და ეწვოდა წვივებზე, ამჯერად ათი.
ვერც კი მოიხრებოდა კარგა ხანს. აუტანელ სოფოს შიგნით ყველაფერი გაუცივდა, მუცელი თითქოს სადღაც ქვემოთ, შორს, მუცლის ღრუში ჩაუვარდა. იდგა, გაშტერებული მისჩერებოდა ბატონიშვილს და არ სჯეროდა. კაცის უცნაური, თითქოსდა ფამილარული ტონი ზარავდა. ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი უსამართლობა შესაძლებელი იყო.
-არა, ბატონიშვილო! – წამოიყვირა უცებ მეორემ და სოფო შეკრთა მოულოდნელობისაგან. თვალებგაფართოებული დააშტერდა გოგოს. – არა, გემუდარებით, ნუ იზამთ! მას არაფერი დაუშავებია! უფლება მომეცით რომ გამოვისყიდო! პირადად, დილის შვიდ საათზე მოვალ და ცეცხლს დაგინთებთ! საუზმეს, სადილს და ვახშამს მოგიტანთ! ყველანაირად მოგემსახურებით, რაშიც დაგჭირდებით! ყველაფერში!
„შე მლიქვნელო.“ გაუელვა გონებაში სოფოს, გულისცემას გრძნობდა ყურებში, სისხლის ხუილი ესმოდა, გული მკერდის ძვალზე ეხათქუნებოდა მთელი ძალით.
აი თურმე რა სურდა.
მისი მიზანი სულაც არ იყო უბრალოდ ცუდის გაკეთება სოფოსათვის, რომელიც პოტენციურად მის ცემასა და სასჯელში დასრულდებოდა. ო არა. მისი მიზანი ბატონიშვილთან დაახლოება იყო. მის პერსონალურ მსახურად ყოფნა.
სოფოს თავბრუ დაეხვა. ამდენი მუდმივად ცვალებადი, მაგრამ ერთნაირად ამაღელელვებელი, ამანერვიულებელი სიტუაცია გულს ურევდა.
-აჰა. – წარბები ასწია ბატონიშვილმა. – გასაგებია. სამოცდაორი, ასეთი რამ აღარ დავინახო გამეორებული. დილით ადგები, შვიდზე შემოხვალ, ისე დაანთებ ცეცხლს და გახვალ, რომ ვერ გავიგო. სამზარეულოში შეხვალ, მოგცემენ ჩემთვის საუზმეს და ცხრაზე მომიტან. ილოცე, რომ არც გვიან მოხვიდე და არც ადრე. ტანსაცმელს მომიმზადებ. ოთხზე მომიტან სადილს. რვაზე ვახშამს. სხვა დროს ჩემს ბრძანებებს დაელოდები. იცოდე, ორჯერ დაძახება რომ მომიწიოს, მწარედ განანებ. გასაგებად ვლაპარაკობ? – ჩაეკითხა ის.
-დიახ, ბატონიშვილო. – მიუგო სოფომ. გამალებით გაიმეორა გონებაში მისი ახალი დავალებები. არ სჯეროდა, რომ ამწუთას, მის თავს ხდებოდა ეს ყველაფერი.
-აი თქვენ კი… – გოგოებს მიუბრუნდა ახალგაზრდა კაცი. – აქედან გაეთრიეთ და ძალიან შეეცადეთ, რომ თქვენი სახეები აღარ ვნახო. – დაისისინა მან. – კიდევ ერთი ასეთი რამ… – ხმას აუწია მან. – და ყველას ოცი როზგი, შენი ჩათვლით, სამოცდაორი, გასაგებია?! – იღრიალა მან.
-დიახ, ბატონიშვილო. – ერთხმად უპასუხა ოთხივემ. გოგოები სწრაფი ნაბიჯით გაიძურწნენ, სანამ წავიდოდნენ, მეორემ სოფოს ზიზღითა და სიძულვილით სავსე მზერა სტყორცნა, მაგრამ სწრაფადვე აარიდა. სოფოს ნესტოები დაებერა, გულისცემა ცოტათი შეუნავლდა მკერდში.
-საუზმე მოიტანე. ამჯერად წესიერად. – მკაცრად მიმართა ბატონიშვილმა, მერე კი საკუთარი ოთახისაკენ გაემართა.
როგორც კი იგი მოსახვევს მოეფარა, სოფოს უზარმაზარი შვების ოხვრა აღმოხდა. გულზე იტაცა ხელი და იქვე მდგარი წვეროსნისაკენ გააპარა თვალი, რომელიც ისევ ისეთი ცივი, უინტერესო მზერით იყურებოდა სადღაც. მასზე არ ჰქონდა მობჯენილი თვალები, მაგრამ სოფომ იცოდა, რომ წვეროსნის ყურადღების ფოკუსი იყო.
ამიტომ შეეცადა, თავის ამჟამინდელ მდგომარეობას მორეოდა, მოწესრიგებულიყო და თავი ხელში აეყვანა. სამზარეულოში შეაბიჯა და ბატონიშვილის საუზმე მოითხოვა. მზარეულებმა წამსვე მოურბენინეს ვერცხლივით გაპრიალებულ, მოჩუქურთმებულ ლანგარზე დაწყობილი საჭმელი.
სოფო სანამ ბატონიშვილის ოთახისაკენ მიიჩქაროდა, სასწრაფოდ დაათვალიერა საუზმე, რომ შემდეგ ჯერზე არავის შემოეპარებინა რამე. რაღაც კარაქისმაგვარი იდო, ხიზილალა, ახალი, ფუმფულა პური, დაჭრილი ხილი და ბოსტნეული, ცენტრში კი სქელი, ოხშივარადენილი ერბოკვერცხი და ხორცი ეწყო. ამ ყველაფერს ღვინიანი ჭიქა უმშვენებდა გვერდს.
სოფომ ფრთხილად შეაღო კარი და უკვე მაგიდას მიმჯდარ ბატონიშვილს დაუდო წინ საუზმე.
-ინებეთ. – უთხრა მან და უკან გადგა, ხელებდაკრეფილი. ბატონიშვილმა პურზე გადაისვა კარაქი და ზედ ხიზილალა დაახვავა.
სოფოს ყველაფერი აუფორიაქდა რატომღაც შიგნით. ამ კაცს იოლად შეეძლო მისი გასაროზგად გაგზავნა, ასე თქვა კიდეც. გოგონას ჯერ კიდევ თავში უტრიალებდა, გაუჩერებლად, მისი სიტყვები. „რაკი სამოცდაორის ბრალია ყველაფერი, რადგან ჩამოყალიბებული იდიოტია, მოდი გავაგზავნოთ გასაროზგად, რას იტყვით, გოგოებო? მგონი ათი ზურგზე საკმარისი იქნება, არა?“
სოფოს ერთიანად გააკანკალა. შუბლი შემშრალი ოფლისაგან ეწვოდა.
-მადლობა, რომ საცემად არ გამაგზავნეთ. – თქვა მან უცებ. ისე მოულოდნელად, რომ საკუთარი თავისაც კი გაუკვირდა. ბედს იწყევლიდა და ერთიანად დაძაბულიყო, როცა ახალგაზრდა კაცი მოუტრიალდა.
-გაგაგზავნი, თუ არ მორჩები ჩემს შეწუხებას! – იღრიალა მან. – საკმარისი გარჩევები და წივილი მოვისმინე დილითვე, და მეყოფა! მე აქ რისთვის ვარ, შენი აზრით, რომ დავდგე და ვარჩიო რომელი ხართ დამნაშავე და რომელი არა?! აქ რომ წამიგდე ენა, ის რატომ არ მითხარი, რომ სამზარეულოდან არ გამოუტანებიათ? ჰმ? შენს გამო სირად გამოვდექი, ამიტომ შენი ადგილი ისწავლე, თორემ გასწავლი, გასაგებია, ნომერო?!
სოფომ ტუჩი მოიკვნიტა.
-დიახ, ბატონიშვილო. – ამოღერღა ბოლოს. ყველაფერს იტყოდა, რაც საჭირო იყო, ოღონდ ამწუთას თავი დაეღწია აქედან.
ბატონიშვილს მისთვის აღარ შეუხედავს, ცოტა ხანი ჩუმად ჭამდა.
აუტანელი იყო სიჩუმე. ასევე აუტანელი იყო აქ დგომა და ლოდინი, მცდელობები, რომ ყველგან ეყურებინა, ბატონიშვილის გარდა. ამდენი გადატანილი ემოციისაგან ისეთი დაცლილი იყო სოფო, თითქოს სხეული ერთიანად უგრძნობი გახდომოდა. ერთდროულად სიჩუმე და უმოქმედობა, ოთახში გამეფებული დაძაბულობა და დასვენების აუტანელი სურვილი კლავდა.
-ტანსაცმელი გამომილაგე. – თქვა ბატონიშვილმა მოულოდნელად, ღვინის ჭიქა ერთი მოსმით გამოცალა. – კარადიდან. პერანგიდან ფეხსაცმელებამდე. ეგ მაინც მოახერხე წესიერად.
სოფო სასწრაფოდ მიადგა კარადას. ჩუმად გამოაღო და გაოცებულმა გადაავლო თვალი ჩამოკიდებულ, კოხტად დაუთოებულ პერანგებს, შარვლებს, ქვემოთ ჩალაგებულ წინდებსა და ფეხსაცმელებს. კარადის კარში სარკე, მის ქვეშ კი საკინძეების, საათებისა და ჰალსტუხების მდიდრული სათავსო იყო დატანებული.
სოფომ ყოყმანით, ფრთხილად გამოაწყო თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი შარვალი, წინდები და გაპრიალებული ფეხსაცმელი. ყველაფერი რუდუნებით დააწყო ლოგინზე და უკან გადგა, სანამ ბატონიშვილი მაგიდიდან ადგებოდა და საწოლისაკენ გამოემართებოდა.
მან უსიტყვოდ გადახედა ტანსაცმელს, მერე კი მაგიდისაკენ ააქნია თავი.
-ის სალაფავი აიღე. – უთხრა მან და პერანგი გადაიძრო, იატაკზე დააგდო. და რომ მორჩები გადაყრას, ეს ტანსაცმელი გასარეცხად წაიღე. – ამჯერად შარვალი მიაგდო გვერდზე. სოფომ კბილები დაკრიჭა, თვალი აარიდა. არ სჯეროდა, რომ ასე ეპყრობოდნენ ასეთ ძვირფას ნივთებს.
ლანგარი აიღო, სანამ ბატონიშვილი ფეხზე იხდიდა, და სამზარეულოსაკენ გაემართა. სასტიკად ენანებოდა საჭმლის ასე უაზროდ გადაყრა. ერთგვარი ინსტინქტი ჰქონდა გამომუშავებული, რომ ყოველგვარი საჭმლისათვის, რასაც დაინახავდა, სასწრაფოდ უნდა ეტახა ხელი და შეეჭამა. ეს იყო გადარჩენისათვის აუცილებელი ინსტინქტი, რამაც აქამდე ცოცხალი მოიყვანა, მაგრამ ამწუთას მხოლოდ პრობლემას უქმნიდა. უნდოდა, რომ დრო ეხელთა და დერეფანში შეეჭამა ცოტა მაინც, მაგრამ გამაგრებულ წვეროსნებს თუ გაითვალისწინებდა, არც ისე კარგი იდეა იყო.
ამიტომ მიიტანა და გადაყრა ითხოვა. უყურებდა, თუ როგორ გადაუშვეს ყოვლად ნორმალური საჭმელი ნაგავში, საჭმელი, რომელიც ასე ცოტა ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ სარდაფში ეგდო, უდიდეს სიამოვნებასა და შვებას მოუტანდა. სიმწარე დაუგროვდა გონებაში.
ბატონიშვილი ოთახში არ დაუხვდა. მხოლოდ მისი ტანსაცმელი ეყარა იატაკზე. სოფომ წამოკრიფა ისინი, ყველაფერს აუტანელი, სიგარეტის, ალკოჰოლის, იაფფასიანი სუნამოსა და ოფლის მძაფრი სურნელი ასდიოდა. სოფომ გაკითხვა-გამოკითხვით ძლივს მიაგნო სამრეცხაოს, ტანსაცმელი ჩააბარა, მერე კი ბატონიშვილის ოთახში დაბრუნდა. ლოგინი გაასწორა, ოცი წუთი დატრიალებდა ზედ და ყოველ ნაოჭს ასწორებდა, რომ ისეთივე კოხტად გასწორებული ყოფილიყო, როგორიც წინა ღამეს. ჭუჭყიანი ჭურჭელი აალაგა და სამზარეულოში გაიტანა.
დანარჩენი დღე ოთხ საათამდე სახლში აქეთ-იქით ბოდიალში გაატარა. უამრავი მსახური დარბოდა აქეთ-იქით. ყველას რაღაც მიჰქონდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა. წვეროსნები ისევ გამაგრებულიყვნენ კედლებთან, მნიშვნელოვანი ოთახების შესასვლელებთან. ერთიდან ვიღაცის დახშული, მაგრამ აშკარად სასოწარკვეთილი ყვირილი გამოდიოდა. სოფოს ტანში გააცია, სასწრაფოდ მოშორდა კარს.
ოთხ საათზე სადილი მიიტანა, ჭურჭელი აალაგა. კარგა ხანი უსმინა ბატონიშვილის ყვირილს, როცა მას ცხვრის ხორცი არ მოეწონა. შვიდზე ვახშამი, რომლის შენდეგაც ახალგაზრდა კაცმა მხრების დაზელვა სთხოვა, მერე კი უკმაყოფილომ ისევ ყვირილი დაუწყო, უმაქნისსა და უსარგებლოს ეძახდა და მამამისს, ბატონს აგინებდა.
სოფო ორი საათი იდგა ბატონიშვილის ოთახში, კართან, რაღაც პერსონალური მსახურის მოვალეობის მოხდის მიზნით, რადგან დარწმუნებული გახლდათ, სანამ სახლში იყო, ბატონიშვილთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ყოფილიყო, მისთვის ასე ნამდვილად აჯობებდა. ახალგაზრდა კაცს უამრავი მოთხოვნა ჰქონდა, და როცა მისი აზრით, სათანადოდ არ უსრულებდნენ, მაშინვე ღრიალებდა.
ბატონიშვილმა ღამის თერთმეტზე დაითხოვა, თვითონ ტელევიზორს უყურებდა და როგორც ჩანდა, მობეზრდა მოთხოვნების გაცემა.
კართან წვეროსანი დახვდა, რომელმაც ბატონიშვილისაგან ცოტათი დაშორებით მდებარე ოთახის კარი გაუღო და გასაღები ჩააბარა.
სოფომ რომ კარი მის უკან მიხურა და საგულდაგულოდ გადარაზა, წამსვე მოეკვეთა მუხლები. იატაკზე დასრიალდა, ერთიანად მოქანცული და გულამოვარდნილი.
აუტანელი იყო ამწუთას ყველაფერი. იმდენი ირბინა დღეს აქეთ-იქით, რომ ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ყველაფერი ტეხდა, მთლიანად გაოფლილიყო. გონებაში ბატონიშვილს, მის გაუთავებელ კაპრიზებსა და იმ გოგოებს წყევლიდა, რომლებმაც დილით ასეთი რამ მოუწყვეს საკუთარი კეთილდღეობისათვის- თუმცა კეთილდღეობა იყო თუ არა ბატონიშვილის პერსონალურ მსახურად ყოფნა, ეგ ცალკე კითხვა გახლდათ.
სოფო  ძლივს წამოდგა ფეხზე. ასე იოლად არ დანებდებოდა. აღარავის აღარ ენდობოდა ამის შემდეგ. უნდა გამაგრებულიყო, უნდა გადაეტანა ესეც. ამას თუ გადაიტანდა, აქედან გაქცევასაც აუცილებლად მოახერხებდა.
იმის მიუხედავად, რომ ამწუთას შეუძლებლად ეჩვენებოდა ამის გაკეთება.
ოთახი, სადაც გაამწესეს, პატარა იყო. საწოლი იდგა, რკინის კარკასითა და ძველი მატრასით. უბრალო თეთრი ზეწრები გადაეკრათ ზედ. იქვე იდგა მოზრდილი, გაქექილი კამოდი, კუთხეში ალბათ სააბაზანოსაკენ მიმავალი პაწაწინა კარი გადიოდა. პატარა ფანჯარაზე, რომელზეც ფარდები არ ეფარა, გარკვევით ჩანდა ეზოს ლამპიონების შუქზე გისოსები.
სოფოს სასტიკად ეძინებოდა. ფიზიკური და გონებრივი დაღლილობისაგან ცოტაც და წაიქცეოდა. ოფლიანი ტანსაცმელი გაიხადა და უპიჟამოდ შეწვა ლოგინში.
ძილმა ისე წაართვა თავი, რომ ვერც კი გაიგო.
-*-*-*-*-*-*-5
ძილში შფოთავდა სოფო. ჰაერში მოზუზუნე მათრახები და როზგები ესიზმრებოდა. ერთ-ერთი ზურგზე მოხვდა და აუტანელმა წვამ გამოაღვიძა.
ლოგინში შეხტა, თითქოს შორიდან, ზემოდან დაენარცხა ზედ. ძლივს სუნთქავდა, გული ყელში მობჯენოდა.
გოგონა ზურგზე გადმობრუნდა, ხელი მკერდზე დაიდო, თითქოს გულის შეკავება სურდა, რომელიც თითქოს ცოტაც და ამოუვარდებოდა.
კედელზე საათი ტიკტიკებდა. ისიც, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი ამ ოთახში, ძველი იყო. მინა და ჩარჩო არ გააჩნდა, მხოლოდ ხის მრგვალ ნაჭერს წარმოადგენდა, რომელზეც საათია დანადგარი და ისრები დაემაგრებინათ.
შვიდის ოცდახუთი წუთი იყო.
სოფო იდაყვებზე წამოიწია. იმის მიუხედავად, რომ ძილში დაფრთხა და გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მაინც დასვენებულად გრძნობდა თავს, სხეული აღარ სტკიოდა. ნამათრახარიც კი აღარ ეწვოდა. როგორც ჩანს ძილმა და წინა დღეს სამზარეულოში სირბილის დროს ჭამამ თავისი ეფექტი იქონია.
გოგონა ათიოდე წუთი იჯდა, ღრმად სუნთქავდა, აზრებს იკრეფდა და ასადგომად ემზადებოდა.
გარეთ ლამპიონები ჩაექროთ ეზოში. განთიადის მკრთალი სხივები შეჰპარვოდნენ მუქ ლურჯ ცას აღმოსავლეთიდან. ცოტა ხანი რომ დარჩენილიყო, ალბათ მზის ამოსვლასაც ნახავდა.
სოფომ თავი გადააქნია, ფეხები გადმოაწყო ლოგინზე. ლოგინი ჭრაჭუნა, ძველი და რკინის კარკასზე საღებავგადაცლილი იყო, დამტვერილი თეთრი ზეწრებით, მაგრამ ამწუთას უაღრესად მადლობელი იყო ამისათვის. მადლობელი და საშინლად ბედნიერი იყო იმისათვის, რომ საკუთარი ადგილი ჰქონდა, რამოდენაც პატარა არ უნდა ყოფილიყო, სადაც შეეძლო უბრალოდ მჯდარიყო, კომფორტულ ლოგინზე, ესმინა საათის ტიკტიკისათვის და მზის ამოსვლისათვის ეყურებინა. ეს ოთახი ცოტაოდენი თავისუფლების ილუზიის უფლებას აძლევდა.
სოფო შედრკა. თავი გადააქნია.
ასე ვერ იფიქრებდა. არ ჰქონდა უფლება, რომ ასე ფიქრი დაეწყო.
იმიტომ რომ თავისუფლების ილუზიის დაჯერებას თავისუფლებაში რწმენა მოჰყვებოდა. მოჰყვებოდა ის, რომ სოფო დაჯერდებოდა იმ პატარა მომენტებს, რომლებშიც თითქოს არ იყო ტყვე, შეცვლადი მსახური.
არასოდეს არ უნდა დაჯერებულიყო მათ.
ეს სახლი მისი სახლი არ იყო.
ეს ოთახი მისი ოთახი არ იყო.
ეს ცხოვრება მისი ცხოვრება არ უნდა ყოფილიყო.
არაფერი არ გაეკეთებინა იმისათვის, რომ აქ მოხვედრილიყო, მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მწარე, საშინელი გაუგებრობა გახლდათ, ამიტომაც აქედან უნდა გაქცეულიყო.
რაც შეიძლება მალე.
რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა, მით უფრო მეტი ხანი ექნებოდა შესაგუებლად, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. თვეების მანძილზე საშინელ მდგომაეობებში გამოკეტვამ ვერ მოტეხა. ყველანაირად იყო მაშინ მობილიზებული, რომ ცოცხლად დარჩენილიყო, რომ იქედან გაეღწია.
ეს კი უარესი გახლდათ. აქ არ იქნებოდა შიმშილობა. არ იქნებოდა აუტანელი სიცივე, მაგარი, ჭუჭყიანი,  ლურსმნებამოყრილი იატაკი, უშუქობა, და უწყლობა.
პირიქით, თითქოს ყველაფერი, რაც შეეძლო ესურვა, ექნებოდა.
ალბათ ეს იყო ყველაზე საშიში. იმიტომ რომ ეს სიტუაცია მაცდური გახლდათ. შედარებითი კომფორტი თვალს დაუბრმავებდა ისეთი აშკარა ცუდი მხარეების მიმართ, როგორიც ყოველდღიური, ჩვიდმეტსაათიანი, მომქანცველი სამუშაო, მისი ბატონებისადმი მუდმივი შიში, მის თავზე გადმოკიდებული სასჯელის მუქარა და ყველას მიმართ უნდობლობის აუცილებლობა იყო.
სოფოს გააკანკალა.
აქედან უნდა გაეღწია.
უნდა დაეთვალიერებინა დაცვა. უნდა გამოეთვალა, თუ რამდენჯერ იცვლებოდნენ დღეში, ჰქონდათ თუ არა დასვენების პერიოდი ან ცვლები. უნდა მიექცია ყურადღება, თუ როდის იყო ყველაზე ნაკლები პერსონალი დერეფნებში, საგულდაგულოდ უნდა შეესწავლა ისინი.
და რაც მთავარი იყო, უნდა გაეგო, თუ როგორ გაეღწია აქედან ისე, რომ ცივილიზაციამდე მშვიდობიანად მისულიყო.
მუშტები მაგრად შეკრა. სხეულში ჟინი და მიზანდასახულობა უვლიდა. დიახ. სწორედ ასეთი ფიქრები უნდა ჰქონოდა მხოლოდ, მეტი არაფერი.
სოფომ ღრმად ამოისუნთქა, გარეთ გადაიხედა. მზე ოდნავ ამოწვერილიყო.
შვიდს ათი წუთი აკლდა.
გოგონა სასწრაფოდ წამოიჭრა ფეხზე. შვიდზე ბატონიშვილთან უნდა მისულიყო ცეცხლის დასანთებად, და აქამდე არ ჰქონდა წარმოდგენა, თუ სად უნდა ეშოვა შეშა. ან შესანთები. ან ასანთი.
თავის პაწაწინა ტუალეტში შევარდა და სასწრაფოდ მოითავა საქმე, მერე კი კამოდი შეამოწმა. მისდა საბედნიეროდ, ტანსაცმელი, საცვლები და ჰიგიენური პროდუქტები ჩაეწყოთ შიგნით. სასწრაფოდ ჩაიცვა და შვიდს რომ ორი წუთი აკლდა, ოთახიდან გამოიპარა.
სულაც არ სურდა, რომ ვინმესათვის ეკითხა, თუ სად უნდა ეპოვა შეშა, მაგრამ არჩევანი არ ჰქონდა. ყველაზე ახლოს მდგომი წვეროსანი ბატონიშვილის კართან გამაგრებულიყო, და სოფო ფრთხილად მიუახლოვდა მას.
-უკაცრავად… – ამოილუღლუღა მან. წვეროსანმა აწეული წარბებით გადმოხედა. ჟღალი წვერი და ცივი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. – ხომ ვერ მეტყვით, შეშა სად არის? და ცეცხლის დასანთებად რაც საჭიროა, ყველაფერი სად ვიშოვო?
წვეროსანმა ახედ-დახედა.
-შენ ის ხარ, გუშინ რომ მოიყვანეს? – იკითხა მან. უცნაურად მიშტერებოდა. სოფომ ფეხი მოინაცვლა უხერხულად, მაგრამ თავი დაუქნია.
-ცეცხლის დასანთებად მოხვედი ბატონიშვილთან? – ჩაეკითხა წვეროსანი.
-დიახ. – მიუგო სოფომ. ადგილზე ტოკავდა, სულაც არ სურდა რომ დაეგვიანებინა, მოთმინება ელეოდა. – ხომ ვერ დამეხმარებით?
-აჰა. – თქვა წვეროსანმა, ყბა მოეგრიხა, მერე კი გასასვლელისაკენ მიანიშნა. – სახლის უკანა მხარეს, ეზოს ბოლოში ჩეხავენ შეშას. იქ წადი და მოგცემენ, რაც გჭირდება.
-მადლობა, დიდი მადლობა, – სასწრაფოდ უთხრა სოფომ და სირბილით გაემართა დერეფნებში გასასვლელისაკენ. როცა ეზოში გაიჭრა, ნაბიჯისათვის უნდა შეენელებინა, რადგან წამსვე მოეწია მოქანცულობა მისი სუსტი ფიზიკური მდგომარეობის გამო. თან შიოდა, მუცელი ტეხდა.
სახლი ბევრად უშველებელი იყო, ვიდრე წარმოედგინა. ეზო კი უფრო მეტად. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ყინავდა, მისი ფეხსაცმლის ქვეშ ყინვისაგან გაშეშებული ბალახი იკრუნჩხებოდა, ასევე ლამპიონები გამოერთოთ, ეზო სიბნელეში ჩაძირულიყო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მომავალი მზის მკრთალი შუქი ანათებდა. ძლივს გაარჩია გოგონამ ეზოს ბოლოს განთავსებული დიდი ხის სათავსო, რომელიც იმდენად შორს იყო, რომ სოფოს ხუთი წუთი მაინც მოუწია სწრაფი ნაბიჯით სიარული, რომ იქამდე მიეღწია. გულამოვარდნილმა შეაღო მოჭრიჭინე ხის კარი, გარეთ გამეფებული სიცივისაგან მთელი სხეულით კანკალებდა და გონებაში იმას წყევლიდა, ვინც ამ ბუხრების დანთება მოიფიქრა ამხელა სახლში.
უშველებელ სათავსოში ისევე ციოდა, როგორც გარეთ. ყველგან შეშა აეკოკოლავებინათ, ცენტრში საჩეხი კუნძები იდო. ერთ-ერთთან წვეროსანი იდგა, ოფლისაგან აპრიალებული მკლავები ჰაერში, სათავსოს ცენტრში ჩამოკიდებულ ყვითლად მანათობელი ნათურის შუქზე ბზინავდნენ, სანამ ის შეშას ჩეხავდა.
სოფოს სახე მოეღმიჭა ნათურის დანახვაზე. მოქანავე ყვითელი სინათლე გაახსენდა, იმ გალიაში, რომელიც ყოველთვის მცველების მიერ რკინის კარებების მოჯახუნებას მოჰყვებოდა.
-უკაცრავად… – ძლივს ამოილუღლუღა სოფომ და ადგილზე დაიჭიმა, როცა წვეროსანი ელვის სისწრაფით შემობრუნდა. წარბშეკრული, ტუჩებმოკუმული დააცქერდა.
-რა გინდა? – მკვახედ იკითხა მან.
-შეშის ასაღებად გამომაგზავნეს. – სწრაფად მიუგო სოფომ. უბრალოდ სურდა რაც სჭირდებოდა წამოეკრიფა და აქედან წასულიყო. ისედაც დააგვიანა, სულაც არ სურდა, რომ ბატონიშვილის რისხვის მსხვერპლი ყოფილიყო. – ნავთი და ასანთიც ხომ არ გექნებათ? პირველად ვანთებ ცეცხლს, ამიტომ არ ვიცი…
-ვისთვის გინდა? – წარბები ასწია წვეროსანმა, ერთი მოქნევით დაასო ნაჯახი კუნძზე. – და მე რატომ უნდა დაგეხმარო?
სოფომ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ეს ხალხი არაფერს აკეთებდა უბრალოდ კარგი საქციელის გაკეთების გულისათვის. ექვივალენტური გაცვლა-გამოცვლის სჯეროდათ მხოლოდ.
არც იყო გასაკვირი. ალბათ საუკეთესო თავდაცვის ხერხიც კი იყო აქ.
-ბატონიშვილისათვის მჭირდება. – ხმა აიმაღლა გოგონამ და შეეცადა ბეჭებში გასწორებულიყო, საკუთარი თავისათვის მეტი ავტორიტეტი მიეცა, იმის მიუხედავად, რომ სხეული უკანკალებდა სიცივისაგან. – თან სასწრაფოდ. მისი პერსონალური მსახური ვარ.
წვეროსანმა უფრო მაღლა აზიდა წარბები, მერე კი თავი დაუქნია. შეშის ახლადდაჭრილ გროვაზე მიუთითა.
-აქედან აიღე. ნავთსა და ასანთს მოგიძებნი. – თქვა მან, შეშის უზარმაზარ გროვებს შორის გაუჩინარდა.
სოფო რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. საშინლად არ ესიამოვნა, რომ საკუთარი სტატუსი, როგორც პერსონალური მსახური ასე გამოიყენა. ისე გამოდიოდა, თითქოს ერთგვარად ეამაყებოდა თავისი პოზიცია, რაც საშინლად აუტანელი იყო, გულისამრევი. ვერ იტანდა საკუთარ თავს ასეთი ფიქრებისათვის, მაგრამ არჩევანი არ ჰქონდა. საუკეთესო გზა იყო ეს, როგორც ჩანდა, იმისათვის რომ თავისი საქმე ხელისშეუშლელად გაეკეთებინა.
შეშის გროვიდან ექვსიოდე ნაჭერი აიღო, მეტის დაკავება ფიზიკურად ვერ შეძლო. საშინლად მძიმე, და ცივი იყო შეშა, ხიწვები ყველგან ესობოდა, ისედაც გასაცოდავებული ხელები და მკლავები დაეკაწრა. ქოშინით ასწია შეშა, თან ლოცულობდა, რომ საკმარისი ყოფილიყო, ამჯერად მაინც.
-აჰა. – გამოჩნდა მოულოდნელად წვეროსანი, ხელში ნავთით სავსე პატარა ბოთლი და ასანთის შეკვრა ეჭირა. სოფომ ძლივძლივობით გამოართვა ისინი ცალი ხელით.
-მადლობა. – თქვა გოგონამ და გასასვლელისაკენ მიტრიალდა.
-ისე, – მოაძახა უკნიდან წვეროსანმა, – ბატონიშვილის ოთახამდე რომ შეშის სათავსოა, იქაც შეიხედეთ ხოლმე.
სოფო შედგა, შიგნით ყველაფერი გაეყინა. მთელი სხეული უყიოდა, რომ მობრუნებულიყო და გამალებით ჩაჰკითხოდა, დაეზუსტებინა, სიმართლეს ამბობდა თუ არა და ზუსტად სად იყო ეს სათავსო.
მაგრამ არა.
ეს სიამაყეს შეულახავდა. ბატონიშვილის სახელი გამოიყენა რომ მიეღო ის, რაც სურდა, დაგანაცხადა, რომ მისი პერსონალური მსახური იყო. ალბათ რა იფიქრა იმ წამს ამ წვეროსანმა? რომ სოფო ჯერ კიდევ პირზე რძეშეუმშრალი ახალბედა იყო, რომელმაც ისიც არ იცოდა, რომ სახლში შეშის სათავსო ჰქონდათ.
ახლა რომ კითხვები დაესვა მისთვის და სისუსტე გამოეჩინა, უფრო გააუარესებდა სიტუაციას.
ამიტომ ხმა არ გაუღია. ნაბიჯს აუჩქარა, სირბილით გავიდა სათავსოდან. გული გამალებით უცემდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ ამჟამინდელ დამცირებაზე არ ეფიქრა. რამდენჯერმე კინაღამ დაუვარდა შეშის ნაჭრები, მაგრამ მშვიდობიანად მიაღწია ბატონიშვილის ოთახამდე, სადაც ისევ ის ჟღალი წვეროსანი იდგა.
სოფო დაჟინებით ჩააშტერდა მას, იმის მიუხედავად, რომ კაცი არ უყურებდა. ამ დამპალმა წვეროსანმა დაამცირა, მისი ნდობა გამოიყენა, და ალბათ ახლა გონებაში იცინოდა.
სოფო ასე იოლად არ გაცურდებოდა სხვა დროს. ერთიც იქნებოდა და ასწავლიდა ჭკუას.
-კარი გამიღეთ, თუ შეიძლება. – კბილებში გამოსცრა მან და ყბები შეკრა, როცა წვეროსანი არც კი გაინძრა. – ბატონიშვილი ელის, რომ დროზე აუნთებენ ბუხარს. – თქვა მან მოუთმენლად. საზიზღრობა იყო ბატონიშვილის სახელის გამოყენება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ არავის ხელი არ შეეშალა მისთვის. – ალბათ არ ესიამოვნება, თუ ცივ ოთახში გაიღვიძებს.
ჟღალს უცნაური გამომეტყველება გამოეხატა სახეზე, თითქოს ნიღაბი გადააკრესო, სახე მოეჭიმა. მერე კი კარი გამოუღო.
-გმადლობთ. – მიუგო სოფომ, ნაძალადევი ღიმილი სტყორცნა, რომელშიც მთელი თავისი ზიზღი და უკმაყოფილება ჩააქსოვა, მერე კი ოთახში შეაბიჯა.
ლოგინის ფარდები, როგორც ყოველთვის, გადაწეული იყო. ბატონიშვილს მხოლოდ მუქი თავი მოუჩანდა საბნების ზემოდან.
სოფო ფრთხილად, ფეხაკრეფით მიუახლოვდა ბუხარს. ნავთი და ასანთი იქვე დადო, მერე კი შეშები, შეძლებისდაგვარად ჩუმად დააგორა ბუხარში და აბუქებული ნაცრის გამო ყელში მოწოლილი ხველება ძლივს შეიკავა. ჩუმად ხრიალებდა, სანამ შეშებს ნავთს ასხამდა.
ბოლოს ნავთს ცეცხლი მოუკიდა და უკან გადგა. ბუხარმა ერთი იხუვლა და შეშებმა შიშხინი ატეხეს. გულამოვარდნილი სოფო იქამდე იდგა იქვე, სანამ მათ კარგად არ მოეკიდათ ცეცხლი.
ხელები დაისრისა, სითბოს მიუშვირა. უკვე რვას აკლდა თხუთმეტი წუთი. ცოტა ხანი თავისუფალი ჰქონდა, აქვე გათბებოდა, სანამ ბატონიშვილს ეძინა, მერე კი მისი საუზმის მოსატანად წავიდოდა.
-ისეთი გამოთაყვანებული ხარ, რომ გაყინული შეშა მოიტანე? – მოესმა უცებ უკნიდან ლუღლუღი და მოულოდნელობისაგან კრთომა ვერ შეიკავა, ნელა მიბრუნდა. ბატონიშვილი საწოლზე წამომჯდარიყო, დაბურულ თვალებში ცეცხლის შუქი უკიაფებდა.
-უკაცრავად… მაპატიეთ თუ გაგაღვიძეთ, ბატონიშვილო. – სასწრაფოდ მიახალა სოფომ. ახალგაზრდა კაცმა თვალები უფრო მეტად მოჭუტა, თავი გადააქნია.
-შენთვის შეინახე ეგ ბოდიშები, ფეხებზე მკიდია. – თქვა მან. – მაინც არ მძინავს წესიერად. გაყინული შეშა რამ მოგატანინა? საშინელი სუნი აქვს. აქვე რომაა სათავსო, არ იცოდი?
-ახლა ვიცი. – მიუგო სოფომ. რატომღაც ბატონიშვილი უფრო მშვიდი ჩანდა. თუმცა ალბათ სიმშვიდე ახლადგამოღვიძებულობას მიეწერებოდა. – ასეთი რამ აღარ გამეორდება.
ახალგაზრდა კაცმა თავი გადააქნია, ისევ ლოგინში ჩაეშვა.
-საუზმე მომიტანე. – თქვა მან. – ახლავე.
-დიახ, ბატონიშვილო. – დაფაცურდა სოფო, შემთბარი ხელები დაისრისა, და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისაკენ. ჟღალი მცველისათვის ყურადღება არც კი მიუქცევია, სამზარეულოსაკენ ეჩქარებოდა.
ერთი იქეთ მიმავალი დერეფანი პირდაპირ ემიჯნებოდა სახლის ფრთებს შორის შემოჭრილ ეზოს. ფრთები მხოლოდ ოციოდე მეტრით დაშორებოდნენ ერთმანეთს, ამიტომ დერეფნის ფანჯრებში გახედვისას მკაფიოდ ჩანდა მეორე ფრთის დერეფანი.
რა რასაკვირველია, სოფოს მათში უნდა გაეხედა.
მზე უკვე საკმაოდ ამოწვერილიყო და კარგად ანათებდა ეზოს. და ამ სინათლეზე, სრულიად შემთხვევით, სოფომ თვალი ჰკიდა იქეთა დერეფანში, ოთახიდან გამომავალ წყვილს. ერთი მოსამსახურე ჩანდა, მისნაირი, ოღონდ მოკლე, გადაჭრილი უნიფორმით. მის უკან მოყოლილ წვეროსანს პერანგი გაღეღოდა, სოფომ გარკვევით დაინახა, თუ როგორ შეიკრა მან ელვა-შესაკრავი შარვალზე.
გოგონამ სასწრაფოდ აარიდა მათ თვალი.
როცა ბატონიშვილს საუზმე მიუტანა, და ტანსაცმელი გამოუწყო, სულ ამაზე ფიქრობდა. ნუთუ შეიძლებოდა ასეთი რამ? ვერ წარმოედგინა, რომ ამ სახლში პერსონალური ურთიერთობები ნებადართული იყო. ანდა სულაც არ იყო ეს ურთიერთობა -წვეროსნებს აშკარად უფრო მეტი ავტორიტეტი გააჩნდათ ვიდრე უბრალო მსახურებს, იქნებ ის წვეროსანი თავის ავტორიტეტს იყენებდა სექსუალურიურთიერთობის მისაღწევად?
სოფომ ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა ახალგაზრდა მზარეული ბიჭისათვის ეკითხა, რომელსაც თავის თავზე ჰქონდა აღებული მისი დაპურება დღის განმავლობაში.
-ეგრე დაინახე? – გაოცება სახეზე საერთოდ არ გამოხატვია ბიჭს, მისი მზერა გობზე იყო კონცენტრირებული, რომელშიც უშველებელი ცომი იზილებოდა. სოფომ მის სამაჯურსა და ზედ ამოტვიფრულ რიცხვ ორმოცდაშვიდზე გაამახვილა ყურადღება. – ეგ გასაკვირი არ არის.
-რატომ? – ჩაეკითხა სოფო, თან გამალებით მოგლიჯა პურის ყუა, თან დიდი, სავსე სუფის კოვზი შეიტენა პირში.
ორმოცდაშვიდმა აქეთ-იქით გააპარა თვალები, მერე კი ოდნავ დაიხარა სოფოსაკენ.
-იმიტომ რომ იქეთ ბატონს აქვს თავისი სპეციალური ოთახები. – ჩუმად თქვა მან. – სადაც… ხომ ხვდები რა.
სოფო განცვიფრებული მიაშტერდა.
-ბატონს? – ძლივს გაიმეორა მან. – ანუ… ბატონი ზის და უყურებს, თუ როგორ აქვთ ამათ სექსი?
-ეგრე უყვარს თურმე. – ორმოცდაშვიდმა ნერწყვი გადაყლაპა, წელში გასწორდა. – ელაპარაკება, ეუბნება რაც უნდა რომ გააკეთონ. არ გაბედო და არაფერი თქვა. თორემ შენც იქ აღმოჩნდები.
სოფოს ენა ჩაუვარდა. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა.
-ეგ… ეგ შესაძლებელია? – წამოილუღლუღა მან. კოვზი სუფის ჯამში ჩადო, ჭამის სურვილი საერთოდ გაუქრა, პირი მომენტალურად გამოუშრა. – მე ხომ ბატონიშვილის პერსონალური მსახური ვარ…
-სულერთია ბატონისათვის, შენ მის შვილს ემსახურები და დერეფნებს ხეხავ. – მხრები აიჩეჩა ბიჭმა. – თუ შეგამჩნია, და ჩათვალა რომ შენს საქმეს არ აკეთებ სათანადოდ, თავისად წაგიყვანს. და ვერავინ ვერ გაბედავს ხელის შეშლას. მეტადრე უფრთხილდი სიტუაციას, თუ მამაშამ გკიდა თვალი.
-ის… მამაშა… – სოფო გაოგნებული შეჰყურებდა, არ სჯეროდა, რომ ასეთი რამეები ესმოდა. თითქოს ყველაფერი გაიგო, ყველაფერი მოესმინა და განეცადა, რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ ეს ნამდვილად არა. –  მამაშა ის არ არის, სრული ქალი, გარეთ რომ ცხოვრობს?
-ეგაა. – მიუგო ორმოცდაშვიდმა. – ეგ არჩევს გოგოებს. ადრე ბატონის საყვარელი იყო. და იცის, რა მოსწონს ბატონს. გოგოებს არჩევს და უგზავნის.
სოფო თავზარდაცემული მიშტერებოდა. ზურგი მთლიანად დასველებოდა ოფლით. დარეტიანებულმა გასწია სუფის ჯამი გვერდზე.
-აღარ მშია. – თქვა მან.
ბიჭმა სიბრალულით შეხედა.
-ლამაზი გოგო ხარ. – თქვა მან. – შემეცოდებოდი, რომ შემეძლოს.
სოფომ არაფერი უპასუხა. ერთიანად მოიკაკვა სკამზე.
შემდეგი რამდენიმე დღე ცდილობდა, რომ არავის თვალში არ მოხვედროდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბატონი, ის ჩია, ბებერი კაცი, ნებისმიერი წვეროსნის თვალებიდან უყურებდა და აფასებდა. ფიქრობდა იმ მომენტზე, როცა კაცმა აათვალიერ-ჩაათვალიერა მაშინ, როცა პირველად მოიყვანეს და ცივი, ამაზრზენი ჟრუანტელი უვლიდა ზურგში. მზარეულის სიტყვებმა ყველანაირად შეძრა. ბატონს შეეძლო წაეყვანა და  ამის გაფიქრება ზარავდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს უარესი იქნებოდა, ვიდრე თავად ისეთი ფიზიკური სასჯელი, როგორიც როზგი იყო. სასჯელი სასჯელი გახლდათ, რამდენიმე დარტყმა და მორჩებოდა. მაგრამ ის, რასაც ბატონი აკეთებდა, არასოდეს დასრულდებოდა, მუდამ იქნებოდა დამცირებისა, ტკივილისა და შემზარავი შიშის მსხვერპლი.
ეშინოდა იმისა, რომ ზედმეტ ყურადღებას იქცევდა, ამიტომაც შეეცადა უკანა ფონზე მიმალულიყო, და ბატონს არ მოხვედროდა თვალში. ნელ-ნელა ისწავლა ბატონიშვილის მოთხონები და ნიუანსები, იმდენ ყვირილს აღარ იმსახურებდა. იმის მიუხედავად, რომ ბატონის კართან მუდმივად გამაგრებული მალხაზი და ალბათ მისი წაქეზებით სხვა წვეროსნები სულ ბინძური, გაღიზიანებული მზერით მიშტერებოდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. თითქოს იცვლებოდა მისი მოსვლის სიახლე, და ასეც სურდა. უნდოდა, რომ მასზე სათქმელი არაფერი ჰქონოდათ. ასე უფრო იოლი იქნებოდა აქაურობის ატანა და საბოლოოდ, აქედან გაღწევა.
იმის მიუხედავად, რომ მთელი დღეები ბატონიშვილისათვის დალაგებაში, რეცხვაში, საჭმლის წაღება-წამოღებაში, უთოობასა და ზოგადად, მისი ყოველი მოთხოვნის შესრულებაში ილეოდნენ, მაინც ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაკვირვებოდა დაცვის ცვლას. ოთახებთან, ბატონის ოთახის გამოკლებით, სადაც სულ მალხაზი იყო გამწესებული, მცველები ყოველ საათში იცვლებოდნენ. ცვლა წრიული იყო, ამიტომ შედარებით იოლი იყო ყურადღების მიდევნება. და იმას თუ გაითვალისწინებდა სოფო, რომ დერეფანში ორი მცველი მაინც იდგა, ალბათ მთელ სახლში ასიოდე მაინც უნდა ყოფილიყო.
ეზოში კიდევ ოციოდე დაძრწოდა, დაცვას ღამით აძლიერებდნენ. დღის შუქზე უფრო იოლი იქნებოდა ადამიანის შემჩნევა, ღამით კი მეტი დაცვით უფრო აძლიერებდნენ შანსს, რომ ყოველ დაუპატიჟებელ შემომავალს ანდა გამავალს დაიჭერდნენ.
კვირანახევრის თავზე, სოფოს ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინა, თუ რა უნდა გაეკეთებინა გასაქცევად. თითქოს შეუვალი იყო აქაურობის დაცვის სისტემა. თითქოს რომც მონდომებოდა, ვერსად წავიდოდა. ერთადერთი აქედან გამავალი ტრანსპორტი მხოლოდ და მხოლოდ ბატონიშვილის დილით მიმავალი მანქანა იყო, რომელიც, სოფოს აქამდე ვერ გამოერკვია, თუ სად მიდიოდა ან რას აკეთებდა. ახალგაზრდა კაცი მუდამ ისეთი ჩაცმული მიდიოდა, რომ სოფო იტყოდა, სამსახურში მიდისო, მაგრამ ბატონიშვილისათვის შესაფერისი სამსახური ვერც კი წარმოედგინა.
ანდა არც სურდა წარმოედგინა. ბატონიშვილი სულ გაოფლილი, სიგარეტის და ალკოჰოლის სუნად აყროლებული მოდიოდა სახლში, მაგრამ წინა დღეს მისი თეთრი პერანგი მთლიანად სისხლში იყო მოთხვრილი. სადილის შემდეგ გასული იყო ახალგაზრდა კაცი, და შვიდ საათზე როცა სოფომ ვახშამი შეუტანა ოთახში, იატაკზე დახვავებული, სისხლის შხეფებით მოსვრილი პერანგი და შარვალი დახვდა, ბატონიშვილის ხელთა სახსრებზე კი აშკარად გახეთქილი და დაკაწრული კანი. ისე კი ახალგაზრდა კაცს არაფერი ეტყობოდა გამომეტყველებასა და ქცევაზე, რომ ახლახანს ადამიანი ჰყავდა ნაცემი. მისი ასეთი ქცევა ალბათ უფრო შემზარავი იყო სოფოსათვის, ვიდრე ის სისხლიანი პერანგი, რომელსაც დღეს გულმოდგინედ აუთოებდა სამრეცხაოში.
სოფომ ნერწყვი გადაყლაპა, და ნაოჭი გადაჭიმა, რომ უთო გადაესვა ზედ. ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო. არა, ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. თორემ ალბათ თვითონ მოხვდებოდა ბატონიშვილის მუშტების ქვეშ.
სამრეცხაოში შიშინი და სარეცხი მანქანების გუგუნი ისმოდა. კიდევ რამდენიმე გოგო აუთოებდა კედელთან ჩარიგებულ საუთაო დაფებზე, და ჰაერი არაკომფორტულ ორთქლს აევსო. სოფო ვერ ითმენდა, სახე ერთიანად ალეწოდა, საშინლად სცხელოდა, თავის მოტმასნულ უნიფორმაში გამოხვეულს. უნდოდა დროზე მოეთავებინა ეს პერანგი, რადგან ბოლო იყო, მაგრამ ასევე იცოდა, რომ სიფუცფუცე არჩევანი არ გახლდათ.
ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო.
მის გვერდით მოუუთავე ვიღაც გოგომ თხელი, გამჭირვალე პიჟამა დაფერთხა, დაფაზე შემოაცვა. სოფომ ძალაუნებურად გააპარა მისკენ თვალი.
დაინახა და გაშრა.
ეს ის გოგო იყო, კვირანახევრის წინ რომ დაინახა, ბატონის სპეციალური ოთახიდან გამომავალი. გოგოს არც კი შეუმჩნევია, გამხდარ მაჯაზე დამაგრებულ სამაჯურზე ნომერი ორმოცდაათი ამოტვიფროდა. დასიებული თვალებით, ბეჭებში მოხრილი, უემოციო სახით დაჰყურებდა საუთაოს.
სოფომ სასწრაფოდ აარიდა თვალი. არ სურდა მისთვის შეეხედა. ბოლოჯერ დაუსვა მანჟეტს უთო, პერანგი დაფერთხა, შეამოწმა, რომ ლაქები ან ნაოჭები არ გამორჩენოდა. უთო გადადო და პერანგი საკიდზე შემოაცვა ფრთხილად, მერე კი იქვე დაწყობილი, დაკეცილი შარვალი, წინდები, საცვლები და თეთრეული აიტაცა ხელში.
იმ გოგოს – ორმოცდაათის იქ ყოფნა თითქოს ზურგზე ეფხაკურებოდა უსიამოვნოდ, სანამ ოთახი არ დატოვა.
არ სურდა ისეთი გამომეტყველება ჰქონოდა. არ სურდა ისე საცოდავად მდგარიყო. არ სურდა ისეთი გატეხილი ყოფილიყო, როგორც ორმოცდაათი.
სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა დერეფანი, წვეროსნებს ყურადღება არ მიაქცია. მკვდარი თვალებითა და უინტერესო სახით თუ ივლიდა და ყურადღებას არაფრის მიმართ არ გამოიჩენდა, არც არავინ შეხედავდა ზედ.
ბატონიშვილის კართან მდგომი წვეროსანი გვერდზე გაიწია. სოფომ კარი შეაღო და სწრაფად შეაბიჯა.
პირველი რასაც ჰკიდა თვალი, ლოგინზე მჯდარი ბატონიშვილი იყო, მისკენ ზურგშექცეული. სოფოს მიერ ორიოდე საათის წინ შეკეთებული ცეცხლი ტკარცალებდა, ოთახს სინათლეს ჰფენდა.
სინათლეს ჰფენდა ბატონიშვილის ზურგს, რომელსაც ასე პირდაპირ პირველად ხედავდა სოფო. ბატონიშვილი სულ პირით იყო მისკენ მოქცეული, როცა იხდიდა, პლუს სოფო ხშირად არიდებდა მას თვალს.
მთელი ზურგი ერთმანეთზე გადატარებულ, გრძელ, უამრავ, შეხორცებულ იარას დაეფარა. წამოწეული შრამები ჩრდილებს ტოვებდნენ, რომლებიც უსწორმასწორო მთაგრეხილს წააგავდა ახალგაზრდა კაცის ზურგზე. თეძოდან თეძომდე, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, მთელი ზურგის სიგრძეზე დიაგონალურად.
ვიღაცას ჰყავდა ეს ნაცემი. ხშირად. და უწყალოდ.
ბატონიშვილი მოულოდნელად მობრუნდა, მკლავები მაისურში გაეყარა. განრისხებული მიაშტერდა და სწრაფად გადაიცვა მაისური.
სოფომ თვალი აარიდა, მზერა დახარა.
-სხვა დროს აუცილებლად დავაკაკუნებ. – თქვა მან. გული გამალებით უცემდა მკერდში.
-შენთვის ეგრე ემჯობინება. – თქვა ბატონიშვილმა. ხმაში მუქარა გამოხატვოდა. სოფომ სისხლიანი პერანგი წარმოიდგინა და მთელ სხეულში გააცია. – ეგენი დადე და გაეთრიე, დღეს აღარ მჭირდები.
სოფომ თავი დაუქნია, ტანსაცმელი და თეთრეული თავის ადგილას მიაწყო და ისე გავიდა ოთახიდან, რომ ბატონიშვილისათვის მეტჯერ აღარ შეუხედავს.
არარეალური იყო ის, რაც დაინახა.
ესე იგი მას ურტყამდნენ. როზგით.
სოფომ ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი.
გვიანობამდე იწვა და ფიქრობდა თავის განკუთვნილ ოთახში, ნიკაპამდე საბანაწეული.
როგორც ჩანდა, ცოტა მეტი უნდა გაეგო.
-*-*-*-*-*-*-6
სოფომ ღამის სამ საათამდე ვერაფრით დაიძინა. იწვა, საათის უჩვეულოდ ხმაურიან ტიკტიკს უსმენდა, ჭერს აშტერებოდა და ხანდახან წამოჯდებოდა ხოლმე, რომ გისოსებიან ფანჯარაში გაეხედა.
ბოლოს ვეღარ მოითმინა, წამოჯდა და ფანჯარა ოდნავ გამოაღო, რომ ეზოში მოსიარულე წვეროსნებს არ შეემჩნიათ. რომც მთლიანად გამოეღო, მაინც ვერ გაიპარებოდა შიგნით, მაგრამ მაინც არ სურდა წვეროსნებს დაენახათ რამე საეჭვო და კარზე მოსდგომოდნენ.
ბატონიშვილი ნაცემი იყო. შრამები ერთმანეთზე გადადიოდნენ, სქელ ნაწიბურებს ქმნიდნენ. ასეთი დაზიანების მიყენება ერთი ცემით არ ხდებოდა. ბევრჯერ უნდა დაერტყათ როზგი. ალბათ წლების მანძილზეც.
მაგრამ რატომ? ვინ? ბატონიშვილის ყველას ეშინოდა. მსახურები მისი შიშით ძრწოდნენ. ყველას მუდამ ემუქრებოდა გაროზგვით და როგორც ჩანდა, შეეძლო ადამიანი მაგრად ეცემა.
მის ზემოთ ამ საზოგადოებაში, სადაც გაროზგვა სასჯელად მიღებული რამ იყო, მხოლოდ ბატონი იდგა მისი შვილის ზემოთ.
სოფოს საბანზე მთელი ძალით ჩაჭერილი თითები გაუთეთრდა. არ იყო გამორიცხული, რომ ის, ვინც ბატონიშვილი ცემა, მამამისი იყო. ასე გამოდიოდა.
არც კი უკვირდა სოფოს. ისეთი ავადმყოფი და შერყეული კაცი, როგორიც ბატონი იყო, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მსახურების – უფრო სწორად, მონების ყიდვა-გაყიდვაში და მათ მის წინ აიძულებდა სექსით დაკავებას მისი გარყვნილი სიამოვნების გულისათვის, ამის გამკეთებელი ნამდვილად იყო.
მაგრამ რატომ? რაში უნდა დასჭირვებოდა საკუთარი შვილის ცემა?
შეიძლება ბატონიშვილი რამეში არ დაემორჩილა. იქნებ ბატონიშვილისათვის დისციპლინა ოც როზგს ნიშნავდა პატარა შეცდომაზე.
სოფოს მუცელი გაუცივდა.
შიშმა მოიცვა.
ბატონიშვილი ახლა უფრო საშიში მოეჩვენა რატომღაც. ასეთი რამის განცდა ამწარებდა და ღვარძლს უნერგავდა ადამიანს. გაახსენდა, თუ როგორ ლანძღავდა ახალგაზრდა კაცი მამამისს და ღრმად ამოისუნთქა, რომ ჰაერი შეეტანა ფილტვებში, თითქოს არ ჰყოფნიდა, ვეღარ სუნთქავდა. არც იყო გამორიცხული, რომ მამამისისადმი სიძულვილს ბატონიშვილი სხვებზე ანთხევდა.
არაპროგნოზირებადი იყო ახალგაზრდა კაცი, რისი გაცნობიერებაც სოფოს ზარავდა.
ცოტა ხანი გამალებით ფიქრობდა, ანერვიულებული. ძლივს ჩაეძინა ღამის სამი საათვისათვის.
რომ გაემოღვიძა, დაუსვენებელი, დაღლილი იყო, აგვიანებდა და მთელი სხეული ტეხდა. ძლივს მოასწრო ცეცხლის დანთება, მერე კი გონებაგაფანტულს კინაღამ საუზმის მიტანაც დააგვიანდა. იმ დღეს ბატონიშვილი კიდევ ერთხელ მოვიდა დასისხლიანებული პერანგით სახლში, რისმა დანახვამაც სოფო შეზარა. სულაც არ სურდა მასზე შეხედა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მასზე გადმოვიდოდა ყველაფერი ის ცუდი და საზიზღარი, რასაც სისხლით მოსვრილი პერანგი ნიშნავდა, მაგრამ მაინც წამოკრიფა იატაკზე მიყრილი ტანსაცმელი. ბატონიშვილის ხელებს ახალი ნაკაწრები ამშვენებდა.
ის გოგო, ორმოცდაათი, რამდენჯერმე დაინახა კიდევ. სამრეცხაოში ხშირად ხედავდა. გოგო გამჭირვალე საცვლებს, პიჟამებს, დელიკატურ ლიფებსა და აბრეშუმის თეთრეულს აუთოებდა. სოფოს თითქმის არ სურდა ეფიქრა იმაზე, თუ რაში სჭირდებოდა მას ეს ყველაფერი, რატომ იყო სულ ბეჭებში მოხრილი და რატომ გაუშტერდებოდა ხანდახან თვალები თითქოს სადღაც იკარგებოდა. მასზე შეხედვა ზარავდა და ხშირად არიდებდა თვალს. იგი ამ სახლის ყველაზე საშინელი მხარეების ცოცხალი მაგალითი იყო და სოფოს სულაც არ უნდოდა, რომ მისი დანახვით ეს ყველაფერი გახსენებოდა.
ერთი კვირის შემდეგ, ბატონიშვილი ჩვეულებრივზე მეტად აღრენილი იყო დილიდანვე, მზარეულები კი ჩვეულებრივზე მეტად დაფაციცებდნენ. სადილის დროს ჩვეულებრივ საჭმელთან ერთად რამდენიმე პატარა, ყვითელი, შაქრის პუდრამოყრილი ნამცხვრები დაეწყოთ ლამაზად ლანგარზე. ორმოცდაშვიდი დაჰკანკალებდა მომზადებულ ლანგარს, თეფშებს კიდეებს უწმენდდა.
-ნამცხვრები რატომ? – გადაუჩურჩულა სოფომ მას, თან კოხტად დაწყობილ პატარა დელიკატესებს დააკვირდა. – სადილზე რატომ უნდა ჭამოს ნამცხვრები?
ორმოცდაშვიდმა გაკვირვებით ამოხედა, ტუჩი მოიკვნიტა და აქეთ-იქით გააპარა თვალები. ისწავლეს ისე კომუნიკაცია, რომ არავის შეემჩნია და გაეგო. რაზეც არ უნდა ელაპარაკათ,თუნდაც სახლში გავრცელებული ჭორი თუ სოფოს ინტერესის ობიექტი ყოფილიყო, ყოველთვის ჯობდა, რომ მათ შორის შეენახათ. იმის მიუხედავად რომ სამზარეულოში მუდამ ხმაური იყო იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი ირეოდა, ბრძანებებს გასცემდნენ, ტაფებსა და ქვაბებს არახუნებდნენ, სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
-ბატონის ბრძანებაა მათი გაკეთება. – მიუგო ორმოცდაშვიდმა. – ამ დღეისთვის ყოველთვის გვაკეთებინებს ამ ნამცხვრებს ბატონიშვილისათვის. სხვა დროს არა, მხოლოდ ამ დღეს.
-და რატომ? – დაუჩურჩულა სოფომ.
ბიჭმა ისევ გააპარა თვალი აქეთ-იქით და წინ წამოიწია, დაიხარა, თითქოს თეს კიდეს სწმენდდა.
-დღეს ბატონიშვილის დედის დაბადების დღეა და იმიტომ. – თქვა მან.
სოფოს თვალები გაუფართოვდა.
-კი მაგრამ… – წამოიწყო მან. რატომ ნამცხვრები? რამე სიმბოლური იყო? იქნებ ბატონიშვილის დედის საყვარელი ნამცხვარი იყო უბალოდ? მაგრამ ამ ქალის ხსენება აქამდე არ ყოფილა, არც არსად უნახავს. სხვაგან ცხოვრობდა თუ გარდაცვლილი იყო?
-წადი ახლა. – დაუსისინა ორმოცდაშვიდმა. – თორემ დააგვიანებ ასე.
სოფომ თავი დაუქნია, ლანგარი ფრთხილად აიტაცა და სამზარულოს აურზაურიდან გაიტანა.
მაგიდასთან მიმჯდარი ბატონიშვილის წინ რომ დადო ლანგარი, აშკარა იყო, თუ როგორ დაიჭიმა ახალგაზრდა კაცი ნამცხვრების დანახვაზე. სახე უცნაური გაუხდა, თითქოს ემოციებს ებრძოდა. ერთი პატარა ნამცხვარი აიღო და ნელა მოკბიჩა, თვალები გაუშტერდა.
სოფოს რატომღაც შეებრალა, მოულოდნელად. ღმერთმა იცის, თუ რამდენი რამ ჰქონდა ამ ახალგაზრდა კაცს გამოცდილი. მთელი ცხოვრების მანძილზე ალბათ სცემდნენ და ძალადობდნენ მასზე, არადა ჯერ მხოლოდ ოცდასამი, ოცდაოთხი წლის იქნებოდა მხოლოდ.
რატომღაც მოუნდა, რომ რამე სასიამოვნო ეთქვა.
-კარგია ნამცხვარი? – იკითხა უცებ და კინაღამ პირზე ხელი იტაცა. საკუთარი თავის არ სჯეროდა. გაშტერებული, მთელი სხეულით დაძაბული მიაჩერდა ახალგაზრდა კაცს.
ბატონიშვილმა ნელა გამოხედა, ლუკმა გადაყლაპა.
ცოტა ხანი უყურა.
-არა უშავს. – თქვა მან.
სოფოს თვალები გაუფართოვდა. ყველაფერს ელოდებოდა, დათხოვნას, ყვირილს, მუქარას, მაგრამ ამას არა. რატომღაც ამან სტიმული მისცა, რომ ცოტა მეტი ეთქვა.
-დედის დაბადების დღეს გილოცავთ. – თქვა გამბედავად.
ახალგაზრდა კაცს თვალები გაუფართოვდა, მოიღუშა, მზერა ცეცხლით აევსო.
-აჰა. – დაისისინა მან. – ესე იგი ეგრეა საქმე.
სოფო ადგილს მიეყინა, ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა. იგრძნო, რომ შეცდომა დაუშვა და ახლა უკვე ვეღარ დაიხევდა უკან.
-ვინ გითხრა ეგ? – ჩაეკითხა ახალგაზრდა კაცი. – შენ თვითონ ვერ გაარკვევდი, ვიღაცამ მოაღო დიდი, ენაწაგდებული პირი. აბა ვინ? ჰმ? ნომერი მითხარი.
სოფომ მუშტები შეკრა, საფეთქელზე ოფლის წვეთი ჩამოუგორდა.
ორმოცდაშვიდი წარმოიდგინა. თუ როგორ ზელდა ის უშველებელ გობში ცომებს, როგორ ალეწოდა სახე ორთქლისა და სიცხისაგან, როგორც აძლევდა საჭმელს და როგორ ელაპარაკებოდა მალულად.
-არ ვიცი მისი ნომერი. – თქვა სწრაფად.
-მატყუებ. – დაისისინა ბატონიშვილმა. – იცი. მეტყვი თუ არა? ჰმ? თუ შენ გაგაგზავნო მის მაგივრად გასაროზგად?
სოფო შეკრთა, თვალები გაუფართოვდა, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ზურგში. თავბედს იწყევლიდა. არ უნდა ეთქვა არაფერი. არ უნდა ცდილიყო, რომ ამ კაცისათვის ორი სასიამოვნო სიტყვა ეთქვა. მისთვის არაფერს ნიშნავდა ბატონიშვილის უამრავი შრამი და არ უნდა შესცოდებოდა ეს კაცი მათ გამო.
მაგრამ რაც გააკეთა, გააკეთა. უკან ვეღარ დააბრუნებდა საკუთარ სიტყვებს.
-ვერ გეტყვით. -თავი გააქნია ბოლოს. – მაპატიეთ, ბატონიშვილო… – მუდარა შეეპარა მის სიტყვებს. – მეტჯერ აღარ გავიმეორებ…
-ბოლო შანსს გაძლევ! – დაიღრიალა უცებ ახალგაზრდა კაცმა. – აბა? მოიფიქრე. იმ ენაწაგდებულის მაგივრად შენ რატომ უნდა დაისაჯო, ჰმმმ? მითხარი ის ნომერი, ვინც გითხრა და ის დაისჯება. შენ კი ოცი როზგის გარეშე გამოძვრები. როგორია? – წარბები ასწია მან.
ისევ ის ფამილარული ტონი. ისევ ისეთი მანიპულატორული სიტყვები. ბატონიშვილს სურდა, რომ მისგან ორმოცდაშვიდის ვინაობა გამოეძალა. ერთგვარად ცდიდა თითქოს.
სოფოს ყველაფერი აეწვა შიგნით, საშინლად მოჭერილად ეჩვენებოდა თავისი უნიფორმა, თითქოს ცეცხლი წაეკიდებინათ მისი სხეულისათვის და ცოცხლად იწვოდა.
ოცი როზგი წარმიდგინა. ოცი ვარვარე, გრძელი დიაგონალი და მათ უკან დატოვებული აჭრელებული ზურგი. ის დამცირება და ტკივილი რომელსაც აიტანდა ნებისმიერი მოძრაობისას.
შეყოყმანდა.
-ვერ გეტყვით. – თქვა სასწრაფოდ ბოლოს. არ სურდა გატეხილიყო. ამასაც აიტანდა. ბატონიშვილის ბრძანებას არ შეასრულებდა. არ გადააგდებდა თავის პრინციპებსა და მორალს. იმ ადამიანის გამოძახული გახლდათ ეს, რომელიც გამწარებული ცდილობდა იმ ავადმყოფი გოგონას გადარჩენას, რომელსაც პურის მოპოვებისათვის სახსრები არ გააჩნდა. ეს თითქოს იმას ამტკიცებდა, რომ ის გოგო, ის ჭუჭყიანი, გაძვალტყავებული, თვალებჩაცვენილი, მაგრამ ჯიუტი გოგო სიბინძურესთან ერთად არ ჩარეცხილიყო აბაზანაში.
ბატონიშვილი უსიტყვოდ მიაშტერდა.
-აბა წადი მაშინ. – თქვა მან. სოფოს მუცელი დაეჭიმა, უზღვავი შვება იგრძნო. კინაღამ ამოუხვნეშა შვებისაგან, იმხელა ლოდი მოეხსნა მკერდიდან. – გარეთ მცველს უთხარი, რომ დააშავე და სასჯელად ოცი როზგი გეკუთვნის. შენი პირით. როცა მორჩება, აქ მოდი და სასჯელის შედეგი მაჩვენე.
სოფოს ენა ჩაუვარდა. ყველაფერი გაუცივდა, გონება თითქოს დაეხშო, სხვისი თვალებიდან უყურებდა ბატონიშვილს.
-ბატონიშვილო, კი მაგრამ… – ვერც კი გააცნობიერა, როგორ დაიწყო ლუღლუღი. – მაპატიეთ, მე…
-ან ნომერს მეტყვი, ან ახლავე წაეთრევი და მცველს შეატყობინებ შენი სასჯელის შესახებ, გასაგებია? – იღრიალა ახალგაზრდა კაცმა, ნესტოებდაბერილი და განრისხებული შეჰყურებდა.
სოფოს აღარაფერი უთქვამს. ენაჩავარდნილი მიშტერებოდა. პირი გამოუშრა, ძლივს გადაიტანა ნერწყვი ყელში. ცივი ოფლი წურწურით დაედინა ზურგზე.
გაშტერებული, ბედს შეგუებული, თავზარდაცემული მიტრიალდა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეკეთებინა ეს, თუ გაკეთებას აპირებდა. რაც უფრო შეყოყმანდებოდა, მით უფრო მეტს გადაიფიქრებდა და იცოდა, რომ სიამაყის ამისათვის შეწირვას მწარედ ინანებდა.
კარს მიუახლოვდა და აკანკალებული ხელით გამოაღო, პირი გააღო, რომ მცველისათვის სასჯელის შესახებ ეთქვა. ზურგი უკვე ეწვოდა, ფეხები ეკვეთებოდა.
-უკაცრავად… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – ბატონიშვილის ბრძანებით ოცი როზგი დავიმსახურე სასჯელად…
-აქ მოდით. – გაისმა უცებ ახალგაზრდა კაცის ხმა ოთახში. სოფო ადგილს მიეყინა, გაქვავებული. წვეროსანი ინტერესით, მოღუშული მიშტერებოდა მას, მერე კი ოთახისაკენ გააპარა თვალი. – კარი დახურეთ და აქ მოდით. – თქვა ბატონიშვილმა. – ჩემს თვალწინ ჩატარდება სასჯელი.
წვეროსანს უცნაური, ღვარძლიანი ღიმილი გადაეფინა სახეზე, და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა. სოფომ კარი დახურა, აკანკალებული მიჰყვა მას უკან.
ბატონიშვილი წამომდგარიყო, სავარძლის ზურგს მიჰყუდებოდა, მკლავებგადაჯვარედინებული.
-აქ დაიჩოქე. – თითი მის წინ გაიშვირა მან. სოფოს ისედაც ეკვეთებოდა მუხლები, ამიტომ სასწრაფოდ დაეშვა, გაოფლიანებული, ათრთოლებული ხელები მუხლებზე მოიჭირა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მალევე წაუვიდოდა გული.
-კაბა გაიხსენი. – თქვა ბატონიშვილმა. – წელამდე. ლიფის სალტეც.
სოფოს თავზარი დაეცა. თავბრუ დაესხა. მოკანკალე ხელებით ძლივს შეიხსნა კაბა და სალტე. ხელებით მკერდზე დაეკავებინა კაბა, რომ არ გაშიშვლებულიყო, ზურგში მოხრილიყო და ერთიანად აკანკალებდა, დაფეთებულს.
წამიერად იმანაც გაუელვა თავში, რომ უბრალოდ ეთქვა ნომერი. ეთქვა და მორჩებოდა ეს ყველაფერი. მხოლოდ საშინელი სიზმარი იქნებოდა, რომელიც არ ახდებოდა.
მაგრამ არა.
საკუთარ თავს შემოუძახა. არ გატყდებოდა ასე მალე.
მერე კი, მის უკან, მოულოდნელად, შხუილი გაისმა და გავარვარებულმა ცეცხლმა გადაჰკრა ზოლად ზურგზე. მთელი სხეულით წაიწია წინ, რომ ტკივილს გაჰქცეოდა, შეყვირება აღმოხდა, ხელები საკუთარ მუხლებს სტაცა და მაგრად ჩააჭირა მათში ფრჩხილები. თვალებში ცრემლები მოაწვა, როცა მეორე ზოლმა აუწვა ზურგი, მერე მესამემ, მერე მეოთხემ.
გამწარებული ცდილობდა, რომ შეყვირება აღარ წამოსცდომოდა მის პირს. ტუჩებს იქამდე იკვნეტდა, სანამ პირში სისხლის გემო არ იგრძნო, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა სხეულზე, თითქოს მთლიანად იწვოდა. ისეთი ძალით აჭერდა ფრჩხილებს მუხლებში რომ ერთი წასტყდა, სისხლი დაეღვარა გაჭრილი თითიდან კაბაზე.
ტკივილის, სიმწრისა და დამცირების ცრემლები სდიოდა სახეზე და მთელი სხეული  ერთიანად ეკრუნჩხებოდა, გამწარებით ცდილობდა მისი თითოეული კუნთი, რომ აუტანელ ტკივილს გაქცეოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
ბატონიშვილს ახედა, კარგად ვერ ხედავდა ცრემლებით დაბურული მზერით, მაგრამ გამწარებულმა ყბები შეკრა, უფრო მეტად მოიკვნიტა ტუჩები, უფრო მეტად მოღმიჭა სახე. იმედი ჰქონდა, რომ ეს კაცი ხედავდა, თუ რამდენად სძულდა იგი სოფოს, თუ როგორ სურდა რომ მკვდარი ყოფილიყო, თუ როგორ ჰპირდებოდა შურისძიებას.
-გაჩერდი. – თქვა უცებ ბატონიშვილმა და მოშიშინე მათრახი ჰაერში შეჩერდა. სოფომ ვეღარ აიტანა, წინ დაემხო, ზურგი საშინლად ეწვოდა, ყოველი მოძრაობა აუტანელ ტკივილს ანიჭებდა. ხმამაღლა ქოშინებდა, და სუნთქვაც კი დამაბრმავებელი იყო ტკივილის გამო.
-კი მაგრამ ჯერ მხოლოდ ათი… – დაიწყო მის უკან წვეროსანმა.
-მორჩა. – მოუჭრა ბატონიშვილმა. – საკმარისია. მე კმაყოფილი ვარ. ახლა გაეთრიე.
ორიოდე წამის შემდეგ წვეროსანი გაინძრა, სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და კარი მოიხურა.
ბატონიშვილმა სოფოს წინ დაიჩოქა. გოგონამ ბოლოს და ბოლოს დასისხლიანებულ ტუჩს კბილები გაუშვა, ხმამაღლა ქოშინებდა. ოფლი ზურგს უწვავდა.
-რატომ არ თქვი? – ჩუმად იკითხა, თითქოს თავისთვის, ბატონიშვილმა. – რა მოგცა ამან? ამას შეჩვეული არ ხარ, აშკარაა.
სოფოს არაფერი უპასუხია, გულისცემის კონტროლში მოყვანას ცდილობდა, საშინლად ეხვეოდა თავბრუ.
-რანაირი ვინმე ხარ. – გაღიზიანებული ტონით გააგრძელა ბატონიშვილმა. – შენი არ მესმის.
იგი ფეხზე წამოდგა. სოფო ნელა წამოიწია, სხეული ერთიანად უთრთოდა. სახე ერთიანად დასველებოდა ცრემლებისაგან. პირში სისხლის ლითონური და ცხვირიდან გამონადენის გემო ეღვრებოდა.
-წადი. დღეს აღარ მჭირდები. ეს მსუბუქი იყო, სამგან გამოგივიდა მხოლოდ სისხლი. – თქვა ბატონიშვილმა. სოფომ ცალი ხელი მკერდზე აიფარა, მეორეთი კი იატაკს დაებჯინა, რომ წამომდგარიყო. ერთხელ დაეცა, ისე ძალიან დასუსტებულიყო, ისე ძალიან უკანკალებდა ფეხები.
ბატონიშვილი გაუნძრევლად იდგა, სანამ სოფო კარს მიუახლოვდა და ფრთხილად გაიხურა ზურგს უკან.
მცველისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩაუარა და თავისი ოთახისაკენ გაემართა.
იმ დღეს დიდხანს იდგა შხაპის ქვეშ, ოფლის ჩამოსაშორებლად. თვალებდასიებულს დაეძინა, თავის უთხელეს პიჟამაში გამოწყობილსა და მუცელზე დაწოლილს.
-*-*-*-*-*-
თვე გავიდა. სოფოს ნატკენები შეუხორცდა, მაგრამ ბატონიშვილის მიმართ გაჩენილი სიძულვილი ჯერ კიდევ არ განელებოდა და არც არასოდეს გაუნელდებოდა ალბათ. მხოლოდ და მხოლოდ ის ახარებდა, რომ არ დანებდა მას, მისი ბრძანება არ შეასრულა, რაც ძველი, სქელტყავიანი სოფოს არსებობის ნიშანი იყო.
სიძულვილი უფრო მეტ სტიმულს აძლევდა აქედან გაღწევის მცდელობისათვის. რამდენიმე გეგმა ჰქონდა შედგენილი.
რამე ჩაეყარა დაცვისათვის საჭმელში ან წყალში. ყოველდღე მიეტანა მათთვის რამე წასახემსებელი და მაშინ, როცა საუკეთესო დრო იქნებოდა, სადმე საძინებელი აბები ეშოვა და ყველანი დაეგდო, მერე კი ტყეში გაპარულიყო. იქედან მერე რამეს მოიფიქრებდა. ხეებზე გაათენებდა ღამეებს და იშიმშილებდა თუ საჭირო იყო. მეორე გეგმა გახლდათ, რომ რამენაირად ბატონიშვილის მანქანაში შეეღწია. რამენაირად გაჰყოლოდა, იქნებ საბარგულში შემძვრალიყო, როცა ისინი გადმომძვრალიყვნენ, მაშინ გადმოპარულიყო და თავისათვის ეშველა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, ჯერ კიდევ, რომ როგორ უნდა განეხორციელებინა ისინი.
მერე კი რაღაც გამოჩნდა.
ბატონის ქალიშვილები ესტუმრნენ.
-ოთხი ქალიშვილი ჰყავს ცოლთან, – უჩურჩულა მზადების დღეს ორმოცდაშვიდმა, მაშინ, როცა დიდ დარბაზში მაგიდის გაწყობაში სოფოც იღებდა მონაწილეობას და კერძები უნდა გაეტანა. – ასე სტუმრობენ ხოლმე. მთელი სახლი მზადებაშია ამ დროს.
და მართლაც გრანდიოზული მზადება იყო ოთხი დისათვის. მთელი დარბაზი ლამაზად გაეწყოთ, ალბათ უამრავ სტუმარსაც ელოდებოდნენ.
ბატონიშვილი მთელი დღე დაძაბული იყო. სულაც არ გამოიყურებოდა ბედნიერად, რომ მისი დები სტუმრობდნენ. დარბაზში სცემდა მთელი დღე ბოლთას, დაძაბული გამომეტყველებით იყურებოდა ფანჯრიდან.
ყველაფერი უარესად აირია, უზარმაზარი ალიაქოთი ატყდა, როცა შავი მანქანების მოსვლამ ოთხი დის მობრძანება აუწყათ. სოფო ფანჯრიდან უყურებდა, თუ როგორ გადმოვიდნენ ქერა, ლამაზი, ძვირფას კაბებში გამოწყობილი, ძვირფასეულობა ასხმული გოგოები მანქანებიდან. ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო და წამიერად გაუელვა ფიქრმა სოფოს თავში, თუ როგორ შეეძლო ასეთ საცოდავ, დაღარულ, ჩია ბერიკაცს ასეთი ლამაზი შვილები ჰყოლოდა.
მსახურებს დარბაზისკედლებთან დადგომა დაავალეს, იქ უნდა მდგარიყვნენ, სანამ ახალ რამეს არ დაავალებდნენ. სოფო, როგორც ბატონიშვილის პერსონალური მსახური, მასთან ახლოს უნდა ყოფილიყო. ყურადღებითა და ინტერესით ადევნებდა თვალს, თუ როგორ მიესალმა ბატონიშვილი დებს. ახლოდან რომ აკვირდებოდა, გოგონები ქალები იყვნენ, უფროსი ალბათ უკვე ორმოცს მიღწეული იქნებოდა, უმცროსიც კი ბატონიშვილზე უფროსად გამოიყურებოდა. გოგონამ თვალი ჰკიდა, თუ როგორ გაერიდა ახალგაზრდა კაცი მის მკლავზე დადებულ დის ხელს. დას საპასუხოდ უკმაყოფილების მსგავსი არაფერი გამოხატვია სახეზე, მხოლოდ ცივად, რაღაცნაირად გაუღიმა, უემოციო თვალებით, თითქოს ტუჩები ძალით გაუქაჩეს. ძმისა და დების ურთიერთობა სულაც არ ჩანდა სასიამოვნო და ნორმალური.
რომ დასხდნენ, სოფო ბატონიშვილის სკამთან ახლოს იდგა და როცა ახალგაზრდა კაცი ანიშნებდა, ღვინის ჭიქას უვსებდა, ანდა კერძი მოჰქონდა მისთვის. ბატონი ინვალიდის ეტლში გამოეგორებინათ, სადღეგრძელოებს ამბობდა და ისე სვამდა, თითქოს ოცი წლისა ყოფილიყო. ორმოცდაათი ნომერი ადგა თავზე, თავისი ჩვეული, წაშლილი გამომეტყველებით უვსებდა სასმისს.
ბატონმა თეთრი ღვინის გამოტანა ბრძანა, და ორმოცდაათმა ისევ შეუვსო ჭიქა, ამჟამად თეთრი ღვინით. ბატონმა სითხე ჭიქაში დაატრიალა, შიგნით ინტერესით ჩასუნა და ხელი ასწია.
აგუგუნებული, უამრავი სტუმრით სავსე მაგიდა წამსვე ჩაჩუმდა.
-პატარა სანახაობას გაჩვენებთ. – დაიწყო მოხუცმა, თვალები უბრწყინავდა. იგი ორმოცდაათს მიუტრიალდა, ჭიქა გაუწოდა. – აბა გოგონი. – გაუღიმა მან. – დალიე. შენი თანამომუშავეების სადღეგრძელო თქვი.
მაგიდაზე ჩუმი ჩოჩქოლი გაისმა, რომელიც ბატონის ერთი გამოხედვისთანავე ჩაკვდა.
ორმოცდაათი ერთიანად კანკალებდა. ლოყები ასწითლებოდა და ისე ეტყობოდა, თითქოს ვერ იკავებდა თავს.
მერე კი ჭიქას ხელი სტაცა და ასწია.
-გაგიმარჯოთ. – მტკიცე ხმით თქვა მან, მსახურებს მოავლო თვალი და ოთხი ყლუპი მოსვა. მერე კი ჭიქა ბატონს დაუბრუნა, თვალებგადაგლესილი და დაჭიმული დადგა.
ბატონმა წარბები ასწია, თავი გადააქნია და ჭიქა მაგიდაზე დადო.
-შეხედეთ! – თქვა მან, ხელი ორმოცდაათისაკენ აიშვირა. – ვითომ არაფერი, ხომ? ლამაზი, ჩუმი, მორჩილი გოგო. კარგი გოგო იყავი. მე მომწონდი. – თქვა მან და მხრები აიჩეჩა, რაც თითქმის არ გამოჩნდა მის უშველებელ ქურქში. – მაგრამ რას ვიზამთ! მორჩილი გოგოები ჭიქაში საწამლავს არ გიყრიან არა? თან ასეთ სუნიანს! – სიცილი ატეხა მან.
მთელ დარბაზში შოკი იგრძნობოდა. ბატონს ჯერ ქალიშვილები აჰყვნენ, მთელი გულით, გულწრფელად იცინოდნენ. სოფო თავზარდაცემული მიაშტერდა მათ. ქალიშვილების რეაქციას ნაძალადევი სიცილი მოჰყვა სტუმრებისაგან.
ორმოცდაათი თვალებგაფართოებული, განცვიფრებული იდგა. მერე კი ელვის სისწრაფით მაგიდაზე დადებული ჩანგალი აიტაცა და ჰაერში ასწია, გიჟური კივილით მოუქნია ბატონს.
მაგრამ უკნიდან მალხაზი სწვდა, ხელში ხელი სტაცა და მკლავი ზურგსუკან გადაუგრიხა, მერე კი მკლავი მთელი ძალით მიაბჯინა ყელზე. ორმოცდაათი ხაოდა, ცალი თავისუფალი ხელით მკლავს უკაწრავდა მალხაზს, მთელი სხეულით ფართხალებდა. ქალიშვილები იცინოდნენ, ბატონი თავს აქნევდა.
თავს აქნევდა, თან თავის ერთადერთ ვაჟს უყურებდა.
ბატონიშვილი გახევებული უყურებდა სცენას. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მათკენ ჰქონდა თვალები მიმართული, თითქოს სადღაც მალხაზის მხრის უკან იყურებოდა. თითქოს არ სურდა ეს ყველაფერი დაენახა, მაგრამ ასევე იცოდა, რომ უნდა ეყურებინა. იცოდა, რომ ამოწმებდნენ, იცოდა, რომ უყურებდნენ, ამიტომ უნდა გამოჩენილიყო მაინც, რომ ამ სიტუაციას შეუდრეკელი მისჩერებოდა.
სოფოს ყველაფერი აუკანკალდა. ორმოცდაათის ხავილი და სუნთქვის სასოწარკვეთილი მცდელობები გულს უკლავდა. როგორ სურდა, რომ ყვირილი წამოეწყო. ეთქვა, რომ გაჩერებულიყვნენ, რომ ეს საშინელი ქმედება ადამიანობის ყოველგვარ საზღვარს სცდებოდა. უნდოდა დანა აეღო და ჯერ მალხაზისათვის დაერჭო, მერე ბატონისათვის.
მაგრამ არა. ვერ გააკეთებდა ამას. თვითონაც მალხაზის მარწუხებში მოხვდებოდა.
საკუთარმა უსუსურობამ და სირცხვილმა თავი დაახრევინა. თვალი ჰკიდა ბატონიშვილის ბარძაყებზე დაწყობილ, გათეთრებულ, მოკანკალე მუშტებს.
-გაიყვანე. – თქვა ბატონმა, და მალხაზმა ერთიანად გალურჯებული ორმოცდაათი ოთახიდან გაათრია. სოფო თავზარდაცემული იდგა და არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ დაინახა.
არ სჯეროდა, რომ ამ სიტუაციის დამსწრე იყო.
-გავაგრძელოთ? – გაიღიმა ბატონმა. დარბაზი ნელა, ყოყმანით, მაგრამ კვლავ აგუგუნდა. ერთმა ქალიშვილმა ღიმილით შეატყობინა მამას, რომ მშვენიერი სანახაობა იყო.
ბატონიშვილი იჯდა, საკუთარ თეფშს ჩაშტერებოდა.
სოფო კი მის უკან იდგა, გახევებული და გულისრევის პირას მიყვანილი.
-*-*-*-*-*-7
სადილი ისე გაგრძელდა, ვითომ აქაც არაფერიო.
ბრწყინავდა უშველებელი დარბაზი. მოჩუქურთმებული, მოპრიალე კედლები და ძვირფასი, აბრეშუმის ფარდები ცენტრში ჩამოკიდებული უზარმაზარი ბროლის ჭაღის სინათლეს ირეკლავდნენ. ნაზი მუსიკა ისმოდა, ლაპარაკი, ძვირფას ტანსაცმელსა და სამკაულებში გამოწყობილი სტუმრები ლხინობნენ, ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ.
სოფო კი გაციებული იდგა, ზედიზედ უვსებდა ბატონიშვილს ჭიქას, ისიც დაუსრულებლად სვამდა.
სოფო თვითონაც სიამოვნებით დალევდა და დათვრებოდა. ადრე ვერ ხედავდა დათრობის დადებით მხარეებს. ახლა კი ესმოდა.
ჯერ კიდევ ვერ გამოეგდო ორმოცდაათის ანთებული თვალები, წითლად აღუებული ჩვეულებისამებრ გაცრეცილი, მიტკალივით გაფითრებული და უემოციო სახე. გადმოკარკლული, სისხლჩაქცეული თვალები და გალურჯებული ტუჩები, სანამ ის სუნთქვას ცდილობდა მალხაზის მკლავის საწინააღმდეგოდ.
სანახევროდ გაგუდული გაათრიეს გარეთ. სოფოს ისევ საშინელი გულისრევა მოერია. ახლა მკვდარი იქნებოდა.
ორმოცდაათი, გოგო, რომელსაც ხშირად ხედავდა სამრეცხაოში, რომელიც სულ აუთოებდა, ნელა, რუდუნებით, თავის თხელ საცვლებს, დელიკატურ ლიფებსა და პიჟამოებს. გოგო, რომელსაც სულ არიდებდა სოფო თვალს, რადგან არ სურდა გაეხსენებინა თავისი პოტენციური ბედი.
უნდა დახმარებოდა ამ გოგოს. უნდა გამოლაპარაკებოდა. სოფო წამდაუწუმ შეცდომებს უშვებდა, ენას ატარტარებდა და თუ რამე აინტერესებდა, აუცილებლად კითხულობდა, რა პოტენიურ საფრთხეშიც არ უნდა ჩაეგდო საკუთარი თავი და სხვები. მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა.
რატომ?
ნუთუ საკუთარ თავს ასე ძლიერად ხედავდა ორმოცდაათში? ნუთუ ინსტინქტურად ცდილობდა, რომ თავი დაეცვა და ამიტომ არ აქცევდა მას ყურადღებას?
მაგრამ ახლა ორმოცდაათი მკვდარი იყო.
მკვდარი იყო, რადგან გამბედაობა ეყო სადღაც საწამლავი ეშოვა, მალულად ჩაეყარა ბატონის ჭიქაში, მერე კი წარმოუდგენელი ნებისყოფა გამოიჩინა, როცა საწამლავიანი სითხე დალია. ალბათ ამით იმედოვნებდა, რომ ბატონს ეჭვებს გაუქარწყლებდა და შემდეგ ისიც დალევდა საწამლავს, თავდაჯერებული, რომ მისი მსახური თავს არ მოიწამლავდა.
მერე კი, როცა ამან არ გაჭრა, ორმოცდაათმა თავისი გამხდარი, გასაცოდავებული ხელი ჩანგალს სტაცა, გამბედაობა ეყო, რომ ამისთანა სიგიჟე გაეკეთებინა.
ალბათ რამდენი ხანი ფიქრობდა და ოცნებობდა ამაზე. რამდენი ხანი გეგმავდა და ელოდებოდა შესაფერის მომენტს.
სოფოს საზიზღარი სინდისის ქენჯნა მოაწვა. ისე მაგრად მოუჭირა ბოთლს ხელები, რომ თითები გაუთეთრდა, უგრძნობი გაუხდა. თვალებში თითქოს დაუბნელდა და რეტი დაესხა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც და წაიქცეოდა.
-სამოცდაორი, ღვინო. – თითები გაატკაცუნა ბატონიშვილმა და სოფო სასწრაფოდ გამოფხიზლდა. ძლივს დაიხარა, რომ მოკანკალე ხელებით სითხე ჩაესხა ახალგაზრდა კაცისათვის სასმისში.
ბატონიშვილმა მოულოდნელად ოდნავ მოატრიალა თავი მისკენ, სახე სასმისისაკენ მიეტრიალებინა. სოფო დაიძაბა, მაგრამ ბოთლს ფრთხილად აუწია ძირი, რომ ღვინო ჩამოესხა.
-გამოფხიზლდი. – დაუსისინა ბატონიშვილმა. – თორემ იმ გოგოს ადგილას შენ მოგიწევს ყოფნა.
სოფოს ისეთი ძალით გააცია სხეულში, რომ ბოთლი კინაღამ დაუვარდა. ძლივს გასწორდა წელში, ძლივს შეიკავა თავი, რომ მთელი ტანით კანკალი არ დაეწყო. არ სჯეროდა, რომ ეს გაიგონა.
ნუთუ მართლდებოდა მისი შიშები? ნუთუ ორმოცდაათის შემცვლელი უნდა გამხდარიყო?
ფრთხილად გააპარა ბატონისაკენ თვალი. ის სასმისს სწევდა, რაღაცაზე ხარხარებდა და თავისი ქალიშვილების მიმართულებით აქნევდა თავს. მერე კი ღვინო მოიყუდა.
მოიყუდა და თან მზერა პირდაპირ სოფოს გაუსწორა.
სოფოს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ზურგში. თითქოს გაქვავდა, ვეღარ ინძრეოდა. უნდოდა თვალი აერიდებინა, მაგრამ წამსვე ბატონის სიტყვებმა გაუელვა თავში.
„ლამაზი, ჩუმი, მორჩილი გოგო. კარგი გოგო იყავი. მე მომწონდი.“
მორჩილი გოგოები მოსწონდა.
ამიტომ სოფომ ყბები შეკრა, თვალი არ აუცილებია მისთვის, იმის მიუხედავად, რომ მთელ ტანში ზარავდა, როცა ამ ვიზუალურად საცოდავ, მაგრამ თითქოსდა ყოვლის გამკეთებელ, ყოვლისშემძლე ბერიკაცს უყურებდა. სხეულზე მისი ბინძური, პატარა თითები უფუთფუთებდნენ თითქოს.
მერე კი, სოფოს შესაძრწუნებლად, ბატონმა სასმისი მოიშორა პირიდან და გაიღიმა. გაცრეცილი ტუჩები წითლად შეეღება ღვინოს და უფრო შემზარავად მოჩანდა მისი სახე.
სოფოს ნაღველი მოაწვა ყელში. წამსვე თვალი აარიდა, მის წინ მჯდარი ბატონიშვილის თავს დააცქერდა.
შეცდომა დაუშვა. საერთოდ არ უნდა გაეხედა იქეთ. არ ესმოდა, თუ რას ნიშნავდა ის ღიმილი, მაგრამ კარგი არაფერი იქნებოდა. მთელი სხეული უყიოდა სოფოს, რომ რამე გაეკეთებინა, მისთვის დამუქრებული საფრთხე აეცილებინა თავიდან, თუნდაც თავზე დაერჭო ის ჩანგალი ბატონისათვის და ფანჯრიდან გადამხტარიყო, მერე კი იქამდე ერბინა, სანამ არ დავარდებოდა მოქანცულობისაგან.
მაგრამ არ შეეძლო. უსუსური იყო, როგორც ქსელში გაბმული და ობობებით გარშემორტყმული ბუზი. შეეძლო მხოლოდ მდგარიყო, მუდმივ შიშშსა და წარმოუდგენელ ტანჯვაში, ეყურებინა, თუ როგორ სწოვდნენ სხვა ბუზებს სიცოცხლეს, და მხოლოდ და მხოლოდ დალოდებოდა იმას, თუ როდის გამოსწოვდნენ სასიცოცხლო ძალებს მასაც.
მთელი დარჩენილი სადილი, რომელიც გვიანობამდე, თითქმის ღამის თორმეტამდე გაგრძელდა, სოფო ანერვიულებული, ემოციებისაგან და ფიზიკური დაძაბულობისაგან ძვლამდე დაღლილი ძლივს იდგა ფეხზე. ბატონიშვილი ჩუმად იჯდა და ისე გამოცალა ორი ბოთლი, რომ არაფერი ეტყობოდა. ბატონის ქალიშვილები მამას თვალებგაბრწყინებულნი უყურებდნენ, რაღაცებს უყვებოდნენ. უფროსმა ახსენა, რომ მასაც ჰყავდა დაუმორჩილებელი მსახურები და მამის საქციელი მისთვის მაგალითი იყო.
სოფო მათ მიშტერებოდა, მათ ბედნიერ, ახალგაზრდულ, მომღიმარ სახეებს აკვირდებოდა და მხოლოდ მათ ღვარძლიან, სადისტურ, სასტიკ შინაგან ბუნებას ხედავდა. ოთხივე აბსოლუტურად ერთნაირი იყო. ერთნაირად იქცეოდნენ, ერთ სტილზე ეცვათ, ერთსა და იმავე დროს იცინოდნენ, ერთნაირ ამბებს ჰყვებოდნენ. ყველას ერთნაირი, უემოციო, ცივი ცეცხლი დანთებოდა თვალებში.
მერე კი, სადილის დასრულებისას, უმცროსი და ძმას მოუტრიალდა.
-აბა ძვირფასო ძამიკო, – გაუღიმა მან, მაგრამ მისი სიტყვები აშკარად ფუტურო იყო. ყალბ ღიმილსა და ცივ თვალებს ნებისმიერი შეამჩნევდა. სოფო დისკომფორტით აღსავსე მიაშტერდა. – როგორა ხარ? გავიგე, რომ ძლივს გიშოვნია პერსონალური მსახური. – ქალმა სოფოსკენ აატრიალა თვალები, და გოგონამ მზერა გაუსწორა. ქალის ცივი თვალები ისევე ზომავდნენ და ათვალიერებდნენ, როგორც მამამისის თვალები. სოფომ ხელები მაგრად მოუჭირა თითქმის დაცლილ ბოთლს. ამ დამპალი, სადისტი ქალის წინ არ დაიხევდა უკან, არავითარ შემთხვევაში.
-რა გინდა? – ჰკითხა ბატონიშვილმა. იდაყვებით დაბჯენოდა მაგიდას და დას ჩაშტერებოდა თვალებში. ვითომ უდარდელი ტონი ჰქონდა, მაგრამ სოფო მის დაჭიმულ მხრებსა და ზურგს ხედავდა და კიდევ ერთხელ მაგრად გააცია ტანში. ბატონიშვილს დების არ ეშინოდა, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ მათ გარშემო ყველანაირად ფრთხილობდა.
-ჰმ, არაფერი. – თვალები დააფახურა ქალმა, უკან გადაიწია, ღიმილით, თვალებმოჭუტული უყურებდა. – უბრალოდ მეგონა, რომ ასეთი გამხდარი გოგოები არ მოგწონდა. – მან მკერდზე გადმოკიდებულ უშველებელ ყელსაბამზე გადაისვა თითები.
-სხვანაირები აღარ არიან. – თქვა ბატონიშვილმა და ღვინის ჭიქა გამოცალა. – ეს ისევე კარგად მუშაობს, როგორც სხვები.
უმცროსმა ისევ გაიღიმა, მაგრამ სახე რაღაცნაირად დაეღმიჭა. სოფო რომ სასმისის შესავსებად დაიხარა, ქალის გამჭოლ მზერას ისე გრძნობდა, თითქოს თავში რამეს უყრიდნენ.
ბატონიშვილი ძლივს წამოდგა, როცა საათის ისრები შუაღამეს უახლოვდებოდნენ. სოფო ფეხზე ძლივს იდგა. უაღრესად მადლობელი იყო იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა კაცი წამოდგა, თორემ არ იცოდა, კიდევ რამდენი ხანი გაძლებდა ფეხზე.
გოგონამ ბოთლი მაგიდაზე დადო, და დარბაზიდან გამავალ ბატონიშვილს სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან. უკნიდან გრძნობდა, თუ როგორ უყურებდნენ.
ალბათ ბატონი, მისი ქალიშვილები და კიდევ რამდენიმე სტუმარი, რომლებიც, იმის მიუხედავად, რომ ვითომ ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, მაინც ყურები ჰქონდათ დაცქვეტილი მაგიდის თავისაკენ, ალბათ ძალიან სურდათ რამე წვნიანი, საინტერესო ჭორი დაეჭირათ.
ალბათ ამიტომ იყო ბატონიშვილი ასე ჩუმი მთელი სადილის მანძილზე.
სოფომ მის წინ მიმავალ ახალგაზრდა კაცს ახედა. ისევ თეთრი პერანგი ეცვა ბატონიშვილს, შავი შარვლით. მის გვერდებზე მოქანავე ხელებს დახედა სოფომ და გაახსენდა, თუ როგორი სიძლიერით შეიკვრნენ ისინი, როცა ორმოცდაათს გუდავდნენ.
ახალგაზრდა კაცმა არც შეხედა, პირდაპირ არ უყურა. თითქოს აიძულებდნენ, რომ ეყურებინა, და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დაენახა ის, რასაც აჩვენებდნენ.
სოფო დაჟინებით მიაშტერდა მას, როცა ოთახში შევიდნენ და ბატონიშვილი ლოგინზე დაენარცხა.
უცნაური იყო ეს კაცი. რაღაცნაირი. ამოუცნობი.
-თქვენი აზრით, ორმოცდაათის ადგილს დავიკავებ? – იკითხა მან. თავი ვერ შეიკავა უბრალოდ.
ბატონიშვილმა ამოხედა, წარბშეკრულმა. სოფოს სუნთქვა შეუკავდა ყელში. ნუთუ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა? ნუთუ ესეც არ უნდა ეთქვა? მაგრამ ბატონიშვილმა თვითონ უხსენა ეს პირველად, უფლება ჰქონდა, რომ ცოტათი მაინც ჩაჰკითხოდა.
ამიტომ თავი შეიმაგრა, ახალგაზრდა კაცს მზერა გაუსწორა.
-შენ სულ ასე რატრატებ? – ამოიქშინა ბატონიშვილმა, სახე მოისრისა. – შენი არ მესმის. – თქვა მან.
სოფოს ტანში გააცია. წამსვე ერთი თვის წინ მომხდარი ცემა, ავარვარებული ზურგი და ბატონიშვილის სიტყვები გაახსენდა.
-უბრალოდ მაინტერესებს. – ამოღეჭა ბოლოს. -რატომ ფიქრობთ ასე?
ბატონიშვილი ცოტა ხანი დაჟინებით დააშტერდა.
-მოდი აქ. – უთხრა მან, ფეხებშუა მიუთითა.
სოფოს თვალები გაუფართოვდა, ნესტოები დაებერა. ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე, მაგრამ მაინც მიუახლოვდა ბატონიშვილს, მის ფეხებშუა დადგა, ერთიანად აკანკალებული.
რას აპირებდა? რა სურდა? სოფომ იცოდა, თუ რა იყო პერსონალური მსახურის დანიშნულება, იცოდა, რომ მას სრულად არ აკეთებდა. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონიშვილს ასეთი რამ არ უბრძანებია. ბრძანება არ გაუცია მისთვის, რომ გაეხადა, და მასთან წოლილიყო.
ალბათ აზრი შეიცვალა. ალბათ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ყველანაირი უფლება, რაც სოფოს სხეულზე ჰქონდა, გამოეყენებინა.
ახალგაზრდა კაცმა უსიტყვოდ ამოხედა.
-აი რატომ. – თქვა მან უცებ.
სოფო თითქოს საშინელი სიზმრიდან გამოფხიზლდა. გაოგნებულმა დაახამხამა თვალები.
-იმიტომ ვფიქრობ ასე, – დაიწყო ბატონიშვილმა, – რომ ასეთი რაღაცნაირი ხარ. თითქოს უარს ამბობ ბრძანების შესრულებაზე, მაგრამ ბოლოს მაინც ემორჩილები. შენს ყოველ მოქმედებას ურჩობა აწერია, მაგრამ მაინც აკეთებ. სულ ასეთები მოსწონს.
სოფომ გამომშრალ ყელში ძლივს გადაიტანა ნერწყვი. იმდენი რამ უტრიალებდა თავში, ისეთი აღრეული იყვნენ მისი აზრები, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ რაზე ფიქრობდა.
-რატომ არ მითხარი იმის ნომერი მაშინ? – ბატონიშვილი უკან გადაიწია, მკლავებს დაებჯინა, ქვემოდან აჰყურებდა სოფოს. – ის ნომერი გხმარობს თუ რა?
სოფოს შიში და ძრწოლა გაუქრა. ბრაზი ჩაუგროვდა ყელში.
-არა. – მოჭრა მან. – ის არაფერ შუაში იყო უბრალოდ. მე ვკითხე ყველაფერი. მას არაფერი ჰქონდა დაშავებული. ამიტომ ვერაფერი გითხარით.
-იქამდე რომ ვუბრძანო შენი გაროზგვა, სანამ არ მეტყვი, მერე? – დაუსისინა ბატონიშვილმა. – სანამ ზურგი მთლიანად არ გადაგეხსნება? ათი არაფერია. ორმოცდაათზე და ასზე, კანი და ხორცი რომ აჰყვება მათრახს და ყვირილს რომ დაიწყებ, მაშინ მეტყვი.
სოფოს ტუჩები აუკანკალდა. მრისხანებამ და სასოწარკვეთილებამ აავსო.
ბატონიშვილს ამის გაკეთება შეეძლო და გააკეთებდა კიდეც, თუ უნდოდა. ვერაფერი შეაჩერებდა. ვერც სოფოს სიტყვები, ვერც სხვა ვინმე. იგი ერთადერთი იყო, რაც როზგის უკან იდგა და სოფო ისე ჰყავდა მოქცეული თავის ხელისგულში, როგორც პატარა მარიონეტი.
-ალბათ თქვენი კანი და ხორციც ასე აჰყვა მათრახს. – წამოროშა მან. წარბშეკრული, მრისხანებისაგან ერთიანად აკანკალებული დაჰყურებდა ბატონიშვილს, რომელსაც სახე შეეცვალა, ნესტოები დაებერა, კისერზე კუნთები გამოეკვეთა. თითქოს ნიღაბი გადაეკრა ზედ. თვალები ცეცხლით აენთო და ისე უყურებდა, თითქოს არ სჯეროდა, თუ რაც გაიგონა.
სოფომ ოდნავ უკან დაიხია. ერთიანად თრთოდა, მაგრამ ამ წამს, როცა ბრაზისა და ერთბაშად მოწოლილი სასოწარკვეთილებისაგან დაბრმავებულიყო თითქოს, თავის სიტყვებს არ ნანობდა.
ბატონიშვილი ამის ღირსი იყო. ამის და ბევრად მეტის, იმისათვის, რაც მან სოფოს გაუკეთა.
ახალგაზრდა კაცი უსიტყვოდ უყურებდა.
-ამისათვის მოგვიანებით დაგსჯი. – თქვა მან წყნარად. – ახლა გაეთრიე.
სოფო ადგილზე შეკანკალდა, მაგრამ მიტრიალდა, ოთახიდან სირბილით გავარდა.
იმ ღამით, როცა ლოგინში იწვა, საკუთარ სიტყვებსა და ბატონიშვილის მუქარაზე ფიქრობდა.
ფიქრობდა, და ვერ იტანდა იმას, რომ სასჯელის შიშით ძრწოდა.
ვერ იტანდა იმას, რომ ახალგაზრდა კაცის წყნარი მუქარა უფრო შემზარავი იყო ვიდრე მისი ყვირილი.
მაგრამ ამაზე მეტად იმას ვერ იტანდა, რომ ამ სასჯელზე უფრო უარესი რამ შეეძლო მომხდარიყო. შეეძლო ორმოცდაათის ბედი სწეოდა, და არ იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ბატონის სათამაშოდ ყოფნა.
ლოდინისა და ფიქრის მეტი არაფერი შეეძლო.
-*-*-*-*-*-
ბატონის ქალიშვილები აუტანლები იყვნენ. მთელი სახლი მათი შიშით ძრწოდა, წვეროსნებიც კი პატივისცემის ნიშნად იხრებოდნენ ორად მათ წინ. ოთხივე ჩამოყალიბებული სადისტი იყო. ერთ-ერთმა შუათანამ მსახური იმისათვის გააროზგინა ორმოცჯერ, შუა დერეფანში, რომ მან მას რაღაცნაირად შეხედა. უფროსმა ერთ-ერთ მსახურს აიძულა გაეხადა და მთელი დღე ევლო აქეთ-იქით.
ძნელი იყო ამის წარმოდგენა, მაგრამ ისინი ბატონიშვილზე უარესები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ უკმაყოფილებას, ფეხებს პატარა გოგონებივით აბაკუნებდნენ და სრულიად უმნიშვნელოდ სჯიდნენ მსახურებს.
მთელ სახლში დაძაბულობა იგრძნობოდა. ყოველდღე ქალიშვილები ვახშმებს მართავდნენ, მოწვეულ სტუმრებს შორის დაფრიალებდნენ და იცინოდნენ, მოილხენდნენ. ბატონიშვილი ყოველთვის ესწრებოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ერჩივნა სადმე ძალიან შორს ყოფილიყო. ფანჯარასთან იდგა ხშირად, რაღაცას გადაჰყურებდა მინდორში. ღვინოს სვამდა და აშკარად ცდილობდა, რომ არავისთან კავშირი არ ჰქონოდა.
სოფო, სხვა მსახურებთან ერთად, პაწაწინა დელიკატესებს დაატარებდა და თან ბატონიშვილს აქცევდა ყურადღებას, რომ როგორც კი მისი სასმისი დაიცლებოდა, მაშინვე შეევსო.
სოფოს ლანგრიდან კიდევ ერთმა სტუმარმა აიტაცა ბოლო დელიკატესი. გოგონამ ამოიხვნეშა და შემოტრიალდა, რომ სამზარეულოსაკენ გამართულიყო ლანგრის შესავსებად.
მობრუნდა და კინაღამ ვიღაცას შეეძახდა.
-უკაცრავად… – დაიწყო მან და ადგილს მიეყინა, როცა მის წინ აღმართული უმცროსი ქალბატონი დაინახა.
უმცროსი ქალბატონი, რომელიც დაჟინებით დაშტერებოდა თავისი ცივი, მუქი თვალებით.
-წამომყევი. – გაუღიმა მან, მკლავზე მაგრად მოჰკიდა ხელი და სოფოს შეაჟრჟოლა მისი ნიღბის სიყალბეზე. ენაჩავარდნილი დაჰყვა, უსიამოვნოდ ჩხვლეტდნენ მკლავში ჩაჭერილი გრძელი ფრჩხილები.
უმცროსმა დარბაზიდან გაიყვანა, დერეფანს დაუყვა და რომელიღაც ოთახში შეაგდო.
ოთახი ცივი იყო, მთლიანად ქვისგან აგებული. ორი ბრა მიემაგრებინათ აქეთ-იქეთ, რომლებიც ოთახს და მასში მყოფ ერთადერთ ადამიანს ანათებდა.
რომელიღაც მსახური ბიჭი მოკუნჭულიყო კუთხეში, სახე მთლიანად მოსვროდა ცრემლებით, ხმამაღლა ტიროდა და სლოკინებდა.
-გადი. – უბრძანა მას ქალბატონმა და ბიჭი წამოდგა. მის მკერდს შუქი დაეცა და სოფო კინაღამ ადგილზე შეხტა, თვალები გაუფართოვდა. ბიჭი ნაცემი იყო მწარედ, კანი გახლეჩოდა ერთგან, მკერდის ძვალზე, და მდორედ სდიოდა სისხლი.
ის სწრაფად გაიძურწა ოთახიდან, სოფოს რაღაცნაირი მზერა სტყორცნა, უცნაური, თითქოსდა მიზანდასახული გამომეტყველება გამოესახა სახეზე.
მის უკან კარი დაიხურა.
-აბა პატარა გოგონა, – გაუღიმა ქალბატონმა, ხელები დაიკრიფა, სოფოს გარშემო შემოუარა. გოგონას სხეულში გააცია. არ ესმოდა, თუ აქ რას აკეთებდა, თუ რა სურდა ამ სასტიკ, სადისტ ქალს მასთან. – მოდი, ცოტა დავილაპარაკოთ. რა ნომერი ხარ?
-სამოცდაორი. – მიუგო სოფომ, მუშტები მაგრად შეკრა გვერდებზე. არ იცოდა, თუ რა თამაშს თამაშობდა ეს ქალი ანდა თვითონ რა როლი ჰქონდა შიგნით, მაგრამ ის იცოდა, რომ თვითონ არავითარ შემთხვევაში არ აყვებოდა. ეს ქალი ასე იოლად ვერ გააცურებდა.
-ძალიან კარგი, ძალიან კარგი… – ქალს თაფლივით ხმა ჰქონდა, მიმზიდველი და მაცდური, მაგრამ ეს ყველაფერი ფარსი იყო. სოფო სუნთქვაშეკრული, პირგამომშრალი ელოდა, თუ როდის გამოაჩენდა კლანჭებს.
-მოდი, ახლა მე ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას დაგისვამ და უნდა მიპასუხო, კარგი? – თვალები გააფართოვა ქალმა, სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
-დიახ. – მიუგო სოფომ. – ქალბატონო.
-რა კარგი გოგო ყოფილხარ! – დაუყვავა ქალმა, სახე ღიმილმა დაუღმიჭა. – აბა მითხარი, ჩემს ძვირფას ძამიკოს რამე ხომ არა აქვს ზურგზე? – ჰკითხა მან, სასიამოვნოდ უღიმოდა.
სოფო გაშრა, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა.
რას ნიშნავდა ეს?
ქალს აშკარად აინტერესებდა შრამების არსებობა. უნდოდა, რომ რაღაც დაემოწმებინა.
სოფომ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, უფრო გასწორდა.
საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ ამ ქალის მანიპულაციებს არ აჰყვებოდა. რომ მას არ მისცემდა იმას, რაც სურდა.
უნდა ეცრუა.
-არ ვიცი რა აქვს. – თქვა მან.
ქალს ნესტოები დაებერა. ნიღაბი თითქოს სცილდებოდა და ნამდვილ, სასტიკ სახეს აჩენდა. სოფოს შიშმა დაუარა ცივი ჟრუანტელის სახით ზურგში. ცივი ოფლი ასხამდა და მთელი გონება უყიოდა.
-აჰა, ესე იგი ეს არ გაჭრის. – ქალმა ტუჩი გადმოაგდო. – რა დასანანია.
მერე კი ხელზე ბეჭდები შეისწორა და ხელუკუღმა გამოუქნია მკლავი.
სოფოს თავი გვერდზე გადაუვარდა, სახეზე თმა ჩამოეფინა. ბეჭდებმა ლოყა დაუკაწრეს. თან ღრმად. მწარე ტკივილთან ერთად გრძნობდა, თუ როგორ ამობუყბუყდა სისხლი პაწაწინა წვეთებად კანის ზედაპირზე და როგორ ჩამოუგორდა ყბასა და ყელზე.
-უფ! – წამოიძახა ქალმა, ბეჭდებს ისწორებდა და ხელს ისრესდა, აშკარად ბედნიერი, მერე კი წელზე შემორტყმული, თვლებიანი ქამარი მოიხსნა. – რამდენი ხანია ასე არ დამიწყია საქმე! რამოდენა ადრენალინია, როცა ვინმეს ურტყამ, არ დამეთანხმები? ახლა კი მუხლებზე, ძვირფასო! ვნახოთ ერთი რამდენის ატანა შეგიძლია…
სოფო ძლივს სუნთქავდა, მუხლებზე დაეშვა. ლოყა აუტანლად ეწვოდა, მაგრამ ხელი არ გაუნძრევია, რომ ზედ მიედო. სისუსტის გამოჩენა ამწუთას უარეს სასჯელს უდრიდა. თან არ დაიმცირებდა საკუთარ თავს ასე ამ დამპალი ქალის წინ, რომელიც ახლა აუტანლად სძულდა.
-წელზევით მოიშორე ყველაფერი, საყვარელო! – მოესმა ქალის თაფლივით ხმა და ის წამი წარმოუდგა წინ, როცა მოკანკალე ხელებით ცდილობდა კაბის გახსნას, ბატონიშვილის წინაშე მუხლებზე დაშვებული. რატომ აკეთებდა ამას? რატომ არ შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რისი გაგებაც უნდოდათ და უბრალოდ აერიდებინა ეს ყველაფერი თავიდან? ნუთუ ასე ძალიან სძულდა საკუთარი თავი?
„არა.“ გაიფიქრა გამწარებულმა სოფომ, როცა კაბა და სალტე შეიხსნა ზურგზე. „არავითარ შემთხვევაში. ასე არ უნდა ვიფიქრო.“ ეს ერთადერთი რამ იყო, რისი კეთებითაც საკუთარი თავის სიყვარულს ამტკიცებდა. ამით აჩვენებდა, რომ იმ ყველაფრის მიუხედავად, რასაც ამ სახლში აკეთებდა და რა მორჩილებასაც იჩენდა, მაინც არ იყო მათი მონა. მაინც არ იყო მათი ტყვე. რომ არ გაეტეხათ ჯერ, და რომ ინარჩუნებდა სიამაყეს.
ამიტომ თავი შეამაგრა. კაბას მთელი ძალით ჩაფრენოდა, რომ ადგილზე არ შემხტარიყო.
ეს ქამარი სხვანაირი იყო. გავარვარებულ ზოლს ზედ ქამრის თვლების მახვილი, აუტანლად მწარე ტკივილი დაემატა, რომელმაც კანი გადაუსერა და სადაც წამსვე ამობუყბუყდა სისხლი. ზედ დაემატა მეორე. მესამე. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, იმდენი, სანამ სოფოს აღარ შეეძლო თვლა და თვალთ უბნელდებოდა აუტანელი ტკივილისაგან.
გრძნობდა, რომ ტიროდა. საშინელი ხმები გამოსდიოდა პირიდან, ქოშინებდა, ხმამაღლა სლოკინებდა და სახე ერთიანად დასველებოდა ცრემლებით, ცხვირიდან გამონადენითა და სისხლით. ოფლით დაცვაროდა მთელი ტანსაცმელი, ყველგან ყველაფერი ეწვოდა, გრძნობდა, როგორ უსველებდა სისხლი კაბის ბოლოს. უკან შხუილი ესმოდა, თავისი თითქმის დახშული ყურებით, რასაც ქალის საზარელი, სისხლის გამყინავი ჩხავილი ემატებოდა.
-მეტყვი თუ არა? რა აქვს ზურგზე მაგ ნაბიჭვარს?! რა აქვს ზურგზე?!რა აქვს ზურგზე?! – შეუჩერებლად დღაოდა ის.
ერთ დარტყმას მეორე ემატებოდა, თვლები უკვე დასერილ და დაკაწრულ კანს ხვდებოდნენ და სოფოს მთელი სხეული ძალაუნებურად ძრწოდა, იკრუნჩხებოდა და უხტოდა. თითქოს ათასი გრძელი მახათი ესობოდა თითოეული გადარტყმისას, და მისი ზურგი ერთ დიდ, ერთმანეთში არეულ, ტკივილის გრძნობად ქცეულიყო.
მერე კი, მოულოდნელად, ტკივილი შეწყდა. სოფოს ქოშინი წასკდა, თვალგახელილი იყურებოდა, მაგრამ თითქოს ვერ ხედავდა ჯერ კიდევ. პირდაღებული, ნერწყვგამშრალი ძლივს სუნთქავდა, ჰაერი დაჭიმულ, მშრალ კისერს უხეხავდა. ისე საშინლად ეწვოდა ზურგი, რომ სურდა მთლიანად მოეძრო და გვერდზე გადაეგდო.
-შენი მსახურები გამოგელია? – ბუნდოვნად მოესმა ბატონიშვილის ხმა. უაზრო მრისხანებამ დაუარა, ისეთი ძალით, რომ ისედაც აკანკალებულმა, ზღვარზე მიყვანილმა კუნთებმა ხტომა დაუწყეს. ხელი ქვემოთ დააბჯინა, წამოდგომა სცადა, მაგრამ თითქოს მილურსმული იყო ადგილზე, ვერაფრით დაატანა თავს ძალა.
-ფეხსაცმელზე ფეხი დამაბიჯა. – გაისმა ქალის წუწუნი. – ჰო იცი ჩემი დისციპლინა, ძვირფასო ძამიკო?
სოფოს ტუჩები აუკანკალდა, როგორ უნდოდა, რომ სიმართლე ეთქვა.
-არა… – ამოიხავლა ბოლოს თავისი გახეხილი ყელით. – არა…
-სამოცდაორი, ადექი. – გაისმა ბატონიშვილის ხმა. – ახლავე.
სოფომ სცადა. ბატონიშვილი მოვიდა და მის გამო შეწყდა მისი სასჯელი ამ დამპალი ქალის ხელით. ამწუთას ყველაფერს გააკეთებდა, რომ ამ ოთახიდან გასულიყო.
ძლივს წამოდგა ფეხზე. ყველა კუნთში, ყველა ნერვში აუტანელ ტკივილს გრძნობდა, თვალები ძლივს გაახილა, დაბარბაცდა და გული აერია.
გადაიხარა და იქვე არწყია.
უკნიდან ქალბატონის ზიზღის გამომხატველი ხმები ისმოდა. სოფო ძლივს გასწორდა, მკლავებზე შემოეხვია ხელები და მთელი ძალით უჭერდა მათში ფრჩხილებს, ისე, რომ სისხლი სდიოდა, სახელოებს უსველებდა. ეს აუცილებელი იყო, რომ ზურგში გამეფებული აუტანელი ტკივილისაგან გადაეტანა ყურადღება.
ბატონიშვილის სახეს წესიერად ვერ ხედავდა. ცრემლები უშლიდნენ.
-წამოდი. – თქვა ახალგაზრდა კაცმა და მიბრუნდა.
სოფომ ძლივს ამოისუნთქა, პირი დააღო, რომ საკმარისი ჰაერი შეეტანა ფილტვებში.
მერე კი ბარბაცით მიჰყვა ბატონიშვილს უკან.
 .
-*-*-*-*-*-*-8
ფეხზე წამოდგომამ და აუტანელი ქამრით ცემის შეწყვეტამ ცოტა აზრზე მოიყვანა სოფო. ძლივს მიბანცალებდა ბატონიშვილის უკან, თითქმის ვერ მიჰყვებოდა ფეხდაფეხ და უკან რჩებოდა. წელთან შემოჭმუჭნოდა უნიფორმა, ლიფის სალტეები იდაყვებთან ჰქონდა გადადებული და მხოლოდ თავისი გადაჯვარედინებული მკლავები, კანში სიმწრისაგან ჩაჭერილი ფრჩხილებით მალავდნენ მის სიშიშვლეს.
ბატონიშვილმა თავისი ოთახის კარი შეაღო და შიგნით შეაბიჯა. იქე მდგარი წვეროსანის სახეს ვერ ხედავდა სოფო, იმდენად დაბურვოდა მზერა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ის უყურებდა. უყურებდა და ალბათ უხაროდა. ბედნიერი იქნებოდა ალბათ ეს ღვარძლით აღსავსე პიროვნება, როგორც ყველა დანარჩენი წვეროსანი, რომ სოფო, ურჩი სამოცდაორი, რომელმაც უპატივცემულობა გამოიჩინა ბატონის წინაშე, სათანადოდ იყო დასჯილი.
სოფოს კიდევ ერთხელ აერია გული. თვალებში დაუბნელდა, მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ მაინც გასწია საკუთარი თავი წინ მთელი ძალით, რაც კი ჰქონდა შერჩენილი და რაც არ შესწირვოდა აუტანელ ტკივილს.
ძლივს გადააბიჯა ზღურბლზე, მის უკან მიჯახუნდა კარი, მაგრამ სოფოსთვის უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას. საბოლოოდ უმტყუნეს მოკანკალე ფეხებმა და ხმამაღალი ზათქით დაემხო მუხლებზე იატაკზე.
-რა გკითხა? – მოესმა წინიდან ბუნდოვნად და წინ გადახრილმა ძლივს ასწია თავი, რომ ბატონიშვილისათვის აეხედა, მზერა თითქოს დაცურავდა მის თვალწინ. – მითხარი, რა გკითხა? სამოცდაორი! მითხარი მეთქი! – იღრიალა ბატონიშვილმა.
მაგრამ სოფოს გონებამ თითქოს ვეღარ გაუძლო. როგორც კედელზე მთელი ძალით მინარცხებული ფაიფურის მყიფე, სიფრიფანა ფიგურა, ისეთი ზრიალით დაიმსხვრა მის ტვინში რაღაც თითქოს, წკრიალისა და გუგუნის გარდა არაფერი ესმოდა დახშულ ყურებში.
სადღაც კუნჭულში უმცროსი ქალბატონის ხმა, მისი ტყუილები გაახსენდა. ბუნდოვნად დაუცურავდა სიტყვა „დისციპლინა“, „ფეხსაცმელზე ფეხი დამაბიჯა“ აქეთ-იქით. სოფო ანერვიულდა, მთელი ტანით კანკალებდა, აუწერელ დაღლილობას ძლივს ებრძოდა.
-არა… არა… – ამოიხავლა მან. – მე არ…
-სამოცდაორი! – ღრიალებდა ბატონიშვილის ხმა. – სამოცდაორი, გესმის?! მიპასუხე მეთქი!
სოფო ისევ გაუგებრად ხაოდა. ფრჩხილებმა მკლავები ჩამოკაწრეს, სისხლდენას გრძნობდა დაზიანებული კანიდან.
მერე კი მკლავში ხელი სტაცეს და ზემოთ აქაჩეს. მოულოდნელმა მოძრაობამ ყოველ დროებით მიჩუმათებულ კუნთს, ყოველ მგრძნობიარე ნერვს, ყოველ დაფლეთილ ქსოვილს თითქოს ხელახლა შეუნთო ცეცხლი.
სოფოს შემზარავი ყვირილი აღმოხდა გამომშრალი, ჩახეხილი ყელიდან, მთელი სხეულით გაძალიანება სცადა, რამდენადაც შეეძლო, მაგრამ უფრო სტკენდა დამატებითი მოძრაობა. შეეძლო მხოლოდ ბედს მინდობოდა და აუწერელი ტკივილის გამო ეყვირა დროგამოშვებით.
მოტრიალე, დაბურული მზერით ხედავდა, თუ როგორ შეათრიეს სადღაც, განათებულ ადგილას. თეთრი სინათლე უსიამოვნოდ ერჭობოდა თვალებში, რაღაცნაირ უსიამოვნებას ანიჭებდა თეთრ ზედაპირზე გამოსახული წითელი ლაქები.
მერე კი ხელი გაუშვეს და ხელახლა დაენარცხა იატაკზე, ამჯერად ვერ მოასწრო რომ ხელები შეეშველებინა, ცალი მხრით დაეცა და გვერდზე გაწვა, ყველაფერი სტკიოდა და აზრზე ვერ მოდიოდა. ისევ აუტანელი გუგუნი ესმოდა ყურებში და ვერ გაეგო, თუ სად უნდა წასულიყო, რომ ამ აუტანელ ტკივილს გაქცეოდა.
მხოლოდ იწვა, ხმელეთზე ამოგდებული თევზივით პირდაღებული, უსიცოცხლო თვალებით. ოფლი ტკივილისაგან წურწურით ჩამოსდიოდა.
მერე კი სიგრილე იგრძნო სხეულზე. ზურგზე მოხვდა და აუტანლად აეწვა, სოფო მთელი სხეულით შეძრწუნდა, შეეცადა სიგრილეს გაქცეოდა, მაგრამ ვერ გაინძრა. თან რაღაცნაირად სასიამოვნო იყო.
თითქოს სხეულში დანთებულ ცეცხლს უქრობდნენ.
სიგრილე პირთან მოვიდა და გაშეშებული, ერთიანად მოჭიმული ყელი დაუსველა. სოფომ ხარბად გადაყლაპა, ოდნავ წამოიწია, რომ ცოტა კიდევ დაელია. იგრძნო, თუ როგორ ჩაუდიოდა ცივი სითხე კუჭამდე და შვებამ მოიცვა მისი არსება.
გაუნძრევლად იწვა, გრძნობდა, თუ როგორ ანავლებდა მასზე მლოკავ ალებს ცივი წყალი. ტვინში წკრიალი და გუგუნი თითქოს მინავლდა, სანამ მთლიანად არ გაქრა.
მზერა დაეწმინდა. წესიერად შეძლო სუნთქვა. ზურგი ისევ საშინლად ეწვოდა, მაგრამ ამჯერად, ტკივილი უფრო ამახვილებდა მის ცნობიერებას.
-გამოფხიზლდი? – უთხრა ბატონიშვილმა. მის თავთან ჩამუხლულიყო, ხელში შხაპის თავი ეჭირა. – გაიხადე ეგენი. – ტანსაცმელზე მიანიშნა მან.
სოფოს არ უგრძვნია შიში. რატომღაც არ ჰქონდა იმის შიში, რომ ბატონიშვილი მას გააუპატიურებდა. ალბათ ამწუთას ამის თავი არ ჰქონდა, ისე იყო გადაღლილი. ანდა უბრალოდ სჯეროდა, რომ ახალგაზრდა კაცი ამას არ გააკეთებდა.
სირცხვილი და დამცირება კი იგრძნო. აწითლება სცადა მისმა სხეულმა, მაგრამ ვერ შეძლო.
ბატონიშვილი ცივი, კლინიკური მზერით უყურებდა, სანამ სოფომ ყველაფერი გაიხადა. სისხლი ჯერ კიდევ მიედინებოდა სველი კაბიდან. საცვალი გვერდზე მიაგდო და ტკვილისაგან ისევ წაწვა გვერდზე, იწვა და უბრალოდ სუნთქავდა, სანამ ფეხზე წამომდგარი ბატონიშვილი სხეულზე ცივ წყალს ასხამდა.
ცოტა ხანში შესცივდა. შეაკანკალა.
-გავიყინე. – თქვა მან, კბილების კაწკაწით.
-მეტყვი თუ არა რა გითხრა? რა უნდოდა? – ჩაეკითხა ახალგაზრდა კაცი. ცივი წყალი ისევ შიშინით, უხვად მოდიოდა შხაპის თავიდან.
-გ-გეტყვით. – მიუგო სოფომ, წამოჯდომა და წყლის ჭავლისაგან თავის ხელებით დაცვა სცადა. – გამორთეთ ეგ ჯერ.
ბატონიშვილი გადაიხარა საშხაპისაკენ. წყალი გამოირთო და სოფო წამოჯდა, წინ გადაიხარა, ისე რომ სველი, წინ გადმოყრილი კულულები სანახევროდ მაინც მალავდნენ მის სიშიშვლეს.
-თქვენ… თქვენი ზურგი აინტერესებდა. – ამოიბლუკუნა გოგონამ ხმადაბლა. – მეკითხებოდა, რამე თუ აქვსო. ალბათ თქვენი… – სოფო შეყოყმანდა, ბატონიშვილისაკენ ააპარა თვალი. ის ისევ ჩვეული, წარბშეკრული გამომეტყველებით იყურებოდა. – თქვენი შრამები აინტერესებდა. არ ვიცი რატომ.
-და შენ რა უთხარი? – იკითხა ბატონიშვილმა. სოფომ თვალი აარიდა.
-არაფერი. – ხმადაბლა მიუგო გოგონამ. – ამიტომ დამიწყო ცემა.
ბატონიშვილმა ცოტა ხანი ხმა არ გაიღო.
მერე კი გოგონას წინ ჩაიმუხლა.
-და რატომ არ უთხარი? – ჰკითხა მან, დაჟინებით დაშტერებოდა. – ჰმ? მითხარი, რას იძენ ენაზე კბილის დაჭერით? რომც გეთქვა, მაინც დაგარტყამდა, მაგრამ რატომ არ უთხარი?
სოფომ კბილები დაკრიჭა. ზურგმა ისევ დაუწყო წვა. აქამდე ცივ წყალს სასიამოვნოდ დაებრუშებინა მისთვის.
-უნდა მეთქვა. – მიახალა ახალგაზრდა კაცს მან. – ამის გაგება გინდათ? გინდათ, რომ ეს გითხრათ? ჰოდა ინებეთ! უნდა მეთქვა! ფეხებზე უნდა დამეკიდებინა ყველაფერი! ამის გაგება გინდათ?! – წამოიძახა გამწარებულმა.
ბატონიშვილმა არაფერი უპასუხა. ფეხზე წამოდგა.
-მე სიმართლის გაგება მინდა მხოლოდ. – თქვა ბოლოს. – რატომ არ უთხარი? დავიჯერო, რომ ლოიალური ხარ თუ რაღაც სისულელე?
-უბრალოდ თქვენს დას ვერ ვიტან. – წამოროშა სოფომ. ტკივილი ისევ ურევდა გონებას. – არ მინდოდა მისთვის მიმეცა ის, რაც უნდოდა.
-არც უნდა მიგეცა. ეგ ქალი მაგარი ბოზია. – თქვა ბატონიშვილმა, მერე კი, სანამ სოფო გაოგნებული ჩაშტერებოდა იატაკს და მის ნათქვამ სიტყვებს იმეორებდა გონებაში, ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანში ისევ შემოვიდა, დიდი პირსახოცი ესროლა სოფოს. გოგონამ თბილ მატერიას ხელი სტაცა, ფრთხილად მოიხვია ზურგზე. ბატონიშვილს გაუსწორა მზერა. იცოდა, რომ ის და მისი დები ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისეთი ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ბატონიშვილი ასე ღიად ლაპარაკობდა ამაზე, მსახურებთანაც კი, და ასეთ შეურაცხოფას აყენებდა საკუთარ დას.
სოფოს აზრით, ის ქალი ყველანაირ ლანძღვას იმსახურებდა. უბრალოდ არ ელოდა, რომ მისი ძმის პირიდან მოისმენდა ამ ლანძღვას.
-ქალბატონები გძულთ, არა? – ჰკითხა მან. ბატონიშვილმა ცოტა ხანი უყურა, მერე კი კარის ჩარჩოს მიეყუდა.
-მოსაწონები არიან? – კითხვა შეუბრუნა მან. სოფომ ნერწყვი გადაყლაპა. თითქოს ეს თემა სალაპარაკოდ მისაღები ჩანდა. იქნებ ეცადა, და ცოტა მეტი გამოეძალა ბატონიშვილისათვის. იქნებ რაღაც ისეთი გაეგო, რაც გამოადგებოდა.
-არა. – თქვა მან მტკიცედ. – უბრალოდ… ისინი თქვენი დები არიან. უბრალოდ არ ველოდი, რომ…
ბატონიშვილი თითქოს გამოერკვა. შედრკა, თვალები გამოუცოცხლდა, ერთიანად აენთო.
-მაგ ქალებს, – კბილებში გამოსცრა მან. – დებად არ ვცნობ. არც არიან. ამ თემაზე მეორედ აღარ მინდა ვილაპარაკო. – მან კარისაკენ აიქნია თავი. – წადი. აღარ მჭირდები დღეს. მაგრამ ხვალ ჩვეულებისამებრ გელოდები. შენთვის ჯობია, რომ არ დააგვიანო.
სოფო რამდენიმე წამი იჯდა, ბატონიშვილს მიშტერებოდა, მის სიტყვებზე ფიქრობდა და ძალას იკრებდა. ბოლოს ძლივ-ძლივობით წამოდგა, სხეულზე მაგრად მოიხვია პირსახოცი, რომ მთლიანად დაფარულიყო.
-შენი ძონძები წაიღე. – მიუთითა ბატონიშვილმა და მიბრუნდა, თავის ოთახში შეაბიჯა.
სოფომ ფრთხილად ჩაიმუხლა. ზურგი ისევ საშინლად ეწვოდა. იქნებ ჯობდა, რომ სახლის ექიმთან მისულიყო, იმ ქალის სიმკაცრის მიუხედავად. რამე წამალს, ტკივილგამაყუჩებელს მაინც მისცემდა ის ქალი.
ტანსაცმელი წამოხიკა, ისე გაწურა, რამდენადაც შეეძლო. სულაც არ სურდა, რომ ბატონიშვილის ძვირფასი პარკეტი და ხალიჩები მოერწყო წყლით.
კარისაკენ გაემართა.
ბატონიშვილი ლოგინზე დამჯდარიყო, ბეჭებში მოხრილი. საკუთარ ხელებს ჩასჩერებოდა, თვალგაშტერებული.
კართან რომ მივიდა სოფო, შეყოვნდა.
-მადლობა, რომ დღეს მომაკითხეთ. – გაბედა ბოლოს.
ბატონიშვილმა თავი წამოსწია. მხრები დაეჭიმა.
-შენმა მეგობარმა მითხრა, რომ იმ ქალმა წაგათრია უმიზეზოდ. წარმოგიდგენია, თუ რა გაბედა? – თქვა მან უცებ და სოფო მთელი სხეულით დაიჭიმა, თვალები გაუფართოვდა. – ორმოცდაშვიდი. მან წააგდო ხომ ენა, როცა არ უნდა წაეგდო?
სოფოს ცივმა ჟრუანტელმა გასწკნა ზურგში და შიშმა დაუარა. გაახსენდა, თუ როგორ ემუქრებოდა ბატონიშვილი ორმოცდაშვიდს ოცი როზგით მისი დედის ხსენების გამო და როგორ მიიღო სასჯელის ნახევარი თვითონ. გონებაში წარმოდგენილი ვარვარე, მტკივნეული ზოლები მწარე ტკივილს შეემატნენ, რომელიც მისი დაკაწრული ზურგიდან მოდიოდა.
-არა, მე… – სასწრაფოდ ალუღლუღდა სოფო. – არა, ბატონიშვილო, ის არაფერ შუაშია…
-ძალიან ცუდი მატყუარა ხარ. – თქვა ახალგაზრდა კაცმა. – ორმოცდაშვიდმა ალბათ უკვე მიიღო ათი როზგი. ამჯერად ძალიან მოწყალე ვიყავი, არ მეთანხმები? – მან ოდნავ მოატრიალა სახე, ზედ ცეცხლის მოწითალო-მოყვითალო სინათლე აუთამაშდა. – შენ ნახევარი, იმას კი ნახევარი. სამართლიანი იყო ეს.
სოფო ენაჩავარდნილი, თავზარდაცემული იდგა. ენას ვერ აბრუნებდა პირში.
-ის არაფერ შუაში იყო. – ძლივს ამოთქვა მან. – ჯობდა მე გაგეროზგეთ ოცჯერ.
ბატონიშვილმა ელვის სისწრაფით ასწია თავი, სახეზე ცხოველური გამომეტყველება გამოეხატა.
-შეწყვიტე! – იბღავლა მან. – ახლავე შეწყვიტე ეგ სისულელე! ნუ მატყუებ, გასაგებია?! ნუ მატყუებ, ნომერო, თორემ მართლა გაგაგზავნი, თან ახლავე!
სოფო უსიტყვოდ მიაშტერდა. არ ცრუობდა, და იცოდა, რომ ბატონიშვილსაც ესმოდა ეს.
ის არ იცოდა მხოლოდ, თუ რატომ უარყოფდა მის ქმედებას ეს პიროვნება ასე ძალიან.
ამიტომ ხმა არ გაუღია, მიტრიალდა, კარი გააღო და ოთახიდან გავიდა.
-*-*-*-*-*-
ექთანს მიაკითხა. მან ზურგზე დახედა, მხრები აიჩეჩა და ერთი აბი ტკივილგამაყუჩებელი მისცა. „ნაკაწრები გაქვს მხოლოდ,“ განაცხადა მან, „და ცოტა შესიება. ყველას თუ პატარა რამეებზე ვურიგეთ წამლები, რაღა გამოვიდა?“
სოფომ ტკივილგამაყუჩებელი დალია და შეძლებისდაგვარად შეიხვია ზურგი. ღამე ისევ ისე იწვა, როგორც თითქმის ერთი თვის წინ, ბატონიშვილისაგან ნაცემი. მაგრამ ამჯერად უარესი იყო.
ამჯერად ვერაფრით დაიძინა.
ამან უფრო შემატა გაქცევის ჟინი და გამბედაობა.
გადაწყვიტა მოწამვლის გეგმა შეეყვანა ძალაში. გაამზადებდა ჩაის, გაუტანდა წვეროსნებს, რომლებიც სახლს შემორტყმოდნენ. მერე კი წამალს ჩაუყრიდა ერთ დღეს, როცა იშოვიდა და როცა შესაფერისი დრო იქნებოდა გასაქცევად.
ბატონიშვილს ცეცხლი რომ დაუნთო, სამზარეულოში ჩაი ითხოვა. ორმოცდაშვიდმა ჩამოუსხა ცხელი სითხე პატარა ჭიქებში და ლანგარზე დაუწყო. სოფოს მზერას არ უსწორებდა და გოგონას წამდაუწუმ გული უტყდებოდა, როცა ახალგაზრდა ბიჭის მოხრილ ბეჭებსა და გასაცოდავებულ, ტირილისაგან შეშუპებულ სახეს უყურებდა.
მაგრამ ამაზე კონცენტრირების დრო არ იყო.
ჩაი უნდა გაეტანა წვეროსნებისათვის. ისე უნდა მოქცეულიყო, ვითომ აქაც არაფერი, ვითომ უბრალოდ მსახური იყო, რომელსაც ჩაი გამოატანეს ცივ ამინდში მყოფი მცველებისათვის.
მაგრამ არც ერთმა წვეროსანმა არ აიღო მის მიერ მოწოდებული სითხე. ისე უყურებდნენ, თითქოს გიჟი იყო, მის შეთავაზებაზე კი წარბშეკრულები იხევდნენ უკან და თავებს აქნევდნენ, თან ეჭვით სავსე თვალით უყურებდნენ.
უკან მომავალმა, საშინელ ხასიათზე დამდგარმა სოფომ კინაღამ ყველა ჭიქა თვითონ გამოცალა.
როგორც ჩანს, რამდენჯერმე უნდა ეცადა, რომ რაღაც დონეზე მაინც მოეპოვებინა ამ შეუვალი, ჯმუხი კაცების ნდობა, რაც არ იქნებოდა ადვილი. ამ სახლში არაფერი არ იყო იოლი, ეს რამდენი ხანი გახლდათ, რაც ისწავლა სოფომ.
უნდა გახსენებოდა და უნდა გაეთვალისწინებინა ეს, როცა ცხვარივით, საკუთარ თავში დარწმუნებულს მიჰქონდა ჩაი.
უაზრობა იყო ეს ყველაფერი.
არადა სხვა გამოსავალი არსად ჩანდა.
ორჯერ სცადა კიდევ მომავალი კვირის განმავლობაში. მაინც არავინ ენდო მის მოტანილ სითხეს.
ანერვიულებული, მოთმინების ძაფის გაწყვეტის პირას მყოფი მოაბიჯებდა. შეხტა და კინაღა ლანგარი დაუვარდა, როცა წინ გადაუდგნენ.
სოფომ წვეროსანს ახედა. ბატონის პირადი მცველი, მალხაზი დაჰყურებდა თავისი ცივი, ღია ფერის თვალებით. ისევ ბრაზი და ღვარძლი ეხატა სახეზე, რომელიც სულ ეწერებოდა გამომეტყველებაზე, როდესაც სოფოს ხედავდა.
სოფოს ზიზღი და ბრაზი მოერია. როგორი მიმნდობი, გულუბრიყვილო და შტერულად ლოიალური იყო ეს კაცი. ბატონის ფეხთ მიგდებული ძაღლის მეტი არაფერი იყო, რომელიც დროგამოშვებით ყეფდა და თავმომწონედ იყურებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონი მას გამოხრულ ძვლებს უყრიდა.
გულისამრევი პათეტიკურობა იყო ეს და მეტი არაფერი.
-ძალიან ბევრი რამის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. – კბილებში გამოსცრა მალხაზმა და წარბშეკრულმა სოფომ უკან დაიხია. იცოდა, რომ კაცს სურდა მისთვის ხელი ეტაცა, მაგრად შეენჯღრია ისე, როგორც პირველ დღეს, მერე კი თავისი როზგი ამოეღო, რომელიც ქამართან ეკიდა და მაგრად დაეშინა მისთვის, მაგრამ ეტყობოდა, რომ ვერ ბედავდა. ალბათ კარგად იყო მისთვის ცნობილი, რომ ბატონიშვილის პერსონალური მსახური გახლდათ და ამიტომ ვერ ბედავდა.
სოფომ თვითკმაყოფილება იგრძნო. ეს საცოდავი კაცი ხელსაც ვერ დააკარებდა.
-რა გინდა? – მიახალა მან. – სულაც არ მაქვს აქ დგომისა და საუბრის დრო.
მალხაზს სახე მოეღრიცა, თვალები შეეშალა, გაოგნებული, განრისხებული დაშტერებოდა.
-ძალიან გაგდის თავს. – დაუსისინა მან. – ხომ არ დაგავიწყდა, ამ სახლში მთავარი ვინ არის? რა გგონია, რომ რაკი ბატონიშვილს ერთხელ გაუშალე ფეხები, აქ ქალბატონი ხარ? ნუ იმალები ერთი რიგითი ნაბიჭვრის უკან, გასაგებია? ბატონისადმი უნდა გქონდეს მხოლოდ პატივისცემა, გესმის?
სოფო გახევებული მიშტერებოდა.
როგორც ჩანდა, სახლში ეგონათ, რომ ბატონიშვილთან ჰქონდა სექსი. ალბათ იმის გამო, რომ ერთი კვირის წინ ბატონიშვილმა თავისთან შეიყვანა დასაკითხად, როცა მისმა დამ უწყალოდ ცემა. და რაკი შიშველი, პირსახოცმოხვეული და სველი გამოვიდა, ყველამ ერთი დაიგივე დაასკვნა.
მერე კი თითქოს რაღაცამ შეაწუხა. გონება გაუნათდა.
მალხაზმა ბატონიშვილს „ერთი რიგითი ნაბიჭვარი“ დაუძახა.
„რა აქვს ზურგზე მაგ ნაბიჭვარს?!“ გაახსენდა უმცროსი ქალბატონის ხავილი და გააჟრჟოლა.
-ნაბიჭვარს რატომ ეძახი? – იკითხა მან. მალხაზმა წარბები ასწია, ხმამაღლა გადაიხარხარა. რატომღაც ძალიან ბედნიერი ჩანდა, თვალები უელავდა.
-იმიტომ რომ არის. – დაისისინა მან, სოფოსაკენ დაიხარა. – ვიღაც… ვიღაც… – მან სახე აჭმუხნა, თითქოს სიტყვას ეძებდა. – რიგითი ბოზი ნომრის ნაშიერია და მეტი არავინ. – მან სოფოს გაშტერებულ მზერის დანახვაზე ხმამაღლა გადაიხარხარა. – აბა რა გეგონა? არ ელოდი, რომ შენი უნაკლო ბატონიშვილი ასეთი იქნებოდა? ბინძური სისხლის მქონე ნაბიჭვარი, რომელიც დაბადებისთანავე ნაგავში უნდა მოესროლათ. – სისინებდა ის. სოფოს მუცელი გადაუტრიალდა მის სიტყვებზე. წითელი მოაწვა თვალებში. – ამიტომ წესიერად მოიქეცი. ბატონს გული არ დაწყვიტო, თორემ ინანებ. – თქვა მან ბოლოს, და ტრიუმფატორული ღიმილით გაეცალა.
სოფო ცოტა ხანი გაშტერებული იდგა. ხელში დაჭერილი ლანგარი თრთოდა.
ბოლოს სწრაფად მიმოიხედა. გარშემო ბევრი არავინ ჩანდა, მხოლოდ შორს იდგა ერთი მცველი, დერეფანში. რამდენიმე მსახურმა გოგომ ჩაუარა ერთად, მაგრამ საბედნიეროდ, არავინ გამოჩენილიყო მალხაზისა და მისი საუბრის განმავლობაში.
არავის გაეგონა.
სოფო აკანკალებული დაიძრა. შეძრწუნებული მიაბიჯებდა.
იქნებ ეს იყო მის დებთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზი.
იმიტომ რომ ისინი მისი ღვიძლი დები არ იყვნენ. მხოლოდ და მხოლოდ ნახევარდები.
„მაგ ქალებს დებად არ ვცნობ. არც არიან.“ ამოუტივტივდა გონებაში.
ბატონიშვილის დედა ნომერი იყო. ნომერი, რომელმაც ბატონს ვაჟი გაუჩინა ოთხი ქალიშვილის შემდეგ.
იქნებ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ბატონიშვილის ზურგს უამრავი შრამი ამშვენებდა. იქნებ ისიც მსახურად გაიზარდა. იქნებ ისიც იგივე მდგომარეობაში იყო, როგორც სოფო გახლდათ ამწუთას.
წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ. მაგრამ მაინც ხდებოდა.
იმ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილით შეაბიჯა ბატონიშვილის ოთახში. ახალგაზრდა კაცი მაგიდასთან იჯდა, ცეცხლს დაშტერებოდა. სოფომ სადილი დაუწყო წინ.
უნდოდა რამე ეთქვა. მთელი სხეული ექავებოდა სურვილით. ზურგზე დასხმულმა ოფლმა ჯერ კიდევ შეუკრავი ნაკაწრები აუწვა.
დედას ვერ უხსენებდა ბატონიშვილს. ისევ გასაროზგად გააგზავნიდა.
-რამდენი წლისა ხართ? – იკითხა ბოლოს. კარგი დასაწყისი ჩანდა შესავლისათვის. ნეიტრალური რამ იყო, ამისათვის ვერ დასჯიდა ბატონიშვილი.
მთელი სხეულით დაიჭიმა, როცა ბატონიშვილმა გადმოხედა. წარბები შეეკრა, მათ შორის ღარი უფრო გარკვევით უჩანდა. ახალგაზრდა კაცის კვალობაზე ბევრი ნაოჭები ჰქონდა.
-ოცდაოთხის. – მიუგო მან, მერე კი სავარძელში გადაწვა, ღვინო მოიყუდა, თან სოფოს თვალს არ აშორებდა. – რატომ წამოგივლის ხოლმე ასეთები?
სოფომ მუშტები შეკრა, შეეცადა გაკვირვება არ შეემჩნია.
-არ ვიცი რას გულისხმობთ. – ძლივს ამოღერღა ბოლოს.
-აი ეს წამოვლები. – ხელი აუქნია ბატონიშვილმა. – ეს უცნაური შესავლები. რისი კითხვაც გინდა, თავს არიდებ. და სხვა რამეს მეკითხები. ასე უადგილო დროს თან.
სოფომ ნერწყვი გადაყლაპა, ჯიუტად დააშტერდა ახალგაზრდა კაცს, მაგრამ ხმა არ გაუღია.
ბატონიშვილმა ცოტა ხანი უყურა. მერე თვალი აარიდა, ცეცხლს დააშტერდა.
-წვეროსნების მოსყიდვით აქედან ვერ გააღწევ. – თქვა მან უცებ.
სოფოს თითქოს მკერდში ხელი ჰკრესო, ფილტვები ჰაერისაგან დაეცალა. თავზარი დაეცა, განცვიფრებული მიაშტერდა ბატონიშვილს.
-თან ჩაით. – თავი გადააქნია ახალგაზრდა კაცმა. – რა გგონია, ძაღლებივით მიაჩვევ და მერე ერთი დღე რამეს ჩაუყრი? და ეგეთი იოლი იქნება? – კაცმა ტუჩი აიბზუა, ღვინო მოსვა. – სიმშვიდეში აქედან ვერ გაიპარები, გასაგებად ვლაპარაკობ? მე მეტს ველი.
სოფო ენაჩავარდნილი მიშტერებოდა. იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა უარყოფას.
თან ბატონიშვილს გაროზგვა არ უხსენებია. მან თქვა, რომ მეტს ელოდა.
ეს კაცი გიჟი იყო აშკარად. ან გიჟი, ან სერიოზულად შერყეული.
პატარა რამეებზე ყვიროდა და ისეთ სერიოზულ რამეებზე, რაც გაქცევის გეგმა და მცდელობა იყო, მეტს ელოდა.
სოფო მთელი სხეულით დაჭიმული იდგა. გამალებით ფიქრობდა, სანამ ბატონიშვილი საჭმელს მიირთმევდა.
რას ნიშნავდა ეს? რომ უნდა შეეწყვიტა გაქცევის მცდელობები? უნდა შეჩერებულიყო? აღარ უნდა ეცადა? ნუთუ ამით იმას ეუბნებოდა ბატონიშვილი, რომ ყველაფერი იცოდა იმის შესახებ, რასაც სოფო ფიქრობდა და ამიტომ არ ღირდა ცდა?
სოფოს ტუჩები აუკანკალდა, ენაჩავარდნილმა დახედა ბატონიშვილს.
არა. არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტდა. ყველანაირად შეეცდებოდა გაქცევას, ყველა თავის შესაძლებლობას დაახარჯავდა. მხოლოდ ისეთი ხერხის მოფიქრება იყო საჭირო, რასაც ბატონიშვილი ვერ შეამჩნევდა.
რასაც ვერავინ ვერ შეამჩნევდა.
ბრბოში ვერავინ ვერ ჰკიდებდა თვალს.
აურზაური.
ბატონიშვილი მართალი იყო. აქედან სიმშვიდეში ვერ გაიქცეოდა.
სოფოს თვალები გაუფართოვდა, ადგილზე აწრიალდა. აურზაური უნდა აეტეხა. მთელი სახლი ქაოსში უნდა ჩაეგდო. მთელი სისტემა უნდა ჩამოეშალა. ყველას ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაეტანა.
ან ვინმეზე.
სოფოს საზიზღარი, ტვინის მხვრელი ფიქრი შემოუჩნდა უცებ, მაგრად ჩაეჭიდა მის ცნობიერებას. ისეთი საშინელი იყო ეს აზრი, რომ წარმოდგენაც არ უნდოდა, მაგრამ მისი გაქცევის წყურვილით აღსავსე გონება გამწარებული ჩასჭიდებოდა ამ აზრს.
ბატონიშვილი.
მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ამ სახლში, ვისთანაც თვითონ ჰქონდა ყველაზე მეტი კონტაქტი. მას რომ რამე მოსვლოდა, წამსვე ქაოსში ჩაიძირებოდა მთელი სახლი. აირეოდა დაცვა. ყველა ერთი მიმართულებით, მათი ბატონიშვილის მიმართულებით უნდა გავარდნილიყო.
სოფოს ცივმა ოფლმა დაასხა, გამწარებულმა შეკრა მუშტები.
ბატონიშვილი უნდა მოეკლა.
უნდა აეღო რამე და უნდა მოეკლა.
დანა. ჩანგალი. რამე წვეტიანი, ან მძიმე. ჩაენარცხებინა მისთვის. მერე კი ოთახში დამალულიყო. გაღებულ კარში, სადაც უამრავი მსახური და მცველი შემოცვივდებოდა ბატონიშვილის ღრიალში, გაქცეულიყო, სახლის უკნიდან გამართულიყო საჩეხი კაბინისაკენ და სანამ ყველაფერი დალაგდებოდა, უკვე შორს წასულიყო.
საჭირო იყო ეს. სოფო იქამდე გაიმეორებდა ამას გონებაში, სანამ დაიჯერებდა.
ეს საჭირო იყო.
ეს საჭირო იყო.
ეს საჭირო იყო.
 .
-*-*-*-*-*-9
ბატონიშვილის მოკვლის აზრი ისე შეუჩნდა სოფოს, როგორც ტვინში ღრმად ჩარგული, მომლოდინე მატლი. საზიზღრად უფუთფუთებდა, გონებას ურევდა, ფიქრებს უწამლავდა. წამდაუწუმ გაუელვებდა ხოლმე გონებაში ბატონიშვილის თავზე აღმართული მოპრიალე, ალესილი დანა, ან ჩანგალი, ან რამე მძიმე, რაზეც თვალი მოუხვდებოდა. რამდენიმე დღე თითქმის ტრანსში იყო თითქოს, ავტომატურად აკეთებდა ყველაფერს, რაც უნდა გაეკეთებინა და ამავდროულად ფიქრობდა მკვლელობაზე.
ადამიანის მკვლელობაზე.
იცოდა, რომ სიგიჟე იყო ასეთი ფიქრი. არ იცოდა, თუ რამ ჩაუნერგა გონებაში ეს, თუ რამდენად მოწამლული იყო, რომ ასე ეფიქრა, ასეთი მატლი გასჩენოდა თავში. არ ესმოდა, თუ რატომ დაეცა ასე, რომ ადამიანის მოკვლა ეგონა აქედან გამოსავალი.
მაგრამ ხანდახან, როცა წვეროსნები საზიზღრად შემოხედავდნენ, როცა მალხაზის ყოყლოჩინა, თავმომწონე მზერას დაიჭერდა, როცა მის დანახვაზე ქალბატონები ერთმანეთში ლაპარაკსა და სიცილს იწყებდნენ, ხელახლა აუფუთფუთდებოდა ფიქრები. ეს გარემო შხამავდა მის გონებას, მის სხეულს წამლავდა თავიდან ბოლომდე. ორმოცდაშვიდიც არ ელაპარაკებოდა, როგორც ჩანდა, ჯერ კიდევ გაციებული იყო მის მიმართ. სოფოს გამწარებით უნდოდა ეკითხა, თუ რა უთხრა მას ბატონიშვილმა ისეთი, რომ ბიჭს მისთვის მუდმივად აერიდებინა თავი, მაგრამ ვერ ბედავდა. ერთი მხრივ ეშინოდა, რომ რამე ისეთს გაიგებდა, რისი გაგონებაც საერთოდ არ სურდა, მეორე მხრივ კი არ სურდა ისედაც გაწამებული ბიჭისათვის, რომელიც მუდამ გასაცოდავებული სახით, თითქოს მოტეხილი დადიოდა აქეთ-იქით, გაეახლებინა წყლულები. სისასტიკე იქნებოდა მხოლოდ მისი მხრიდან.
ამიტომ, ყოველგვარ მეგობრულ კომუნიკაციას იყო მოკლებული. საკუთარ თავში ჩაკეტილიყო, და ეს უფრო აუარესებდა სიტუაციას, იცოდა, მაგრამ არ იცოდა, რა მოეხერხებინა. ფიქრებს ვერსად გაექცეოდა, მეტადრე მაშინ, როცა ისინი მათში ითრევდნენ წამდაუწუმ.
ყველაზე მეტად ღამით უჭირდა. სიჩუმე იყო, გასაკეთებელი არაფერი ჰქონდა, ვერაფერზე გადაიტანდა ყურადღებას, ვერაფრით კავდებოდა, რომ არ ეფიქრა. შემოუჩნდებოდა ბატონიშვილის მოკვლაზე ფიქრები, თან ისეთი დონით, რომ უკვე ოცნებაში გადადიოდა. ფიქრობდა, თუ როგორ დაარჭობდა ახალგაზრდა კაცს რამეს, თუ როგორ გახლეჩდა ტრაქეას დანით, როგორ აევსებოდა სასუნთქი მილები სისხლით. მის ხროტინს წარმოიდგენდა, მის გალურჯებულ სახეს და სხეულში აკანკალებდა. ჯერ კიდევ არ იცოდა, ეს შიშის კანკალი იყო თუ მოუთმენლობის, მაგრამ მაინც აშინებდა საკუთარი სხეულის გამოძახილი. თითქოს ტანიც ღალატობდა გონებასთან ერთად.
ოცნებობდა, რომ აქედან გააღწევდა იმის შემდეგ, რაც ბატონიშვილს მოკლავდა. მოკლავდა, ჩუმად, ყველასაგან გაუგებრად. მერე კი ისე გამოვიდოდა, ვითომ აქაც არაფერი.
მერე კი, როცა ბატონიშვილი დილით არ გამოვიდოდა იქ წასასვლელად, სადაც ყოველთვის მიდიოდა, მიაკითხავდნენ და უკვე გაციებულს იპოვიდნენ. ატყდებოდა ერთი ამბავი. ქაოსი შეიქმნებოდა, ზუსტად ისე, როგორც სოფოს უნდოდა.
მაგრამ ის პირველი იყო, ვისაც მიაკითხავდნენ. ის პერსონალური მსახური იყო და ხშირად შედიოდა ბატონიშვილთან. პირველს მას მოძებნიდნენ გამწარებულები.
მაგრამ დამალვა შეეძლო. სადმე, კუთხეში მიყუნჭვა და ლოდინი, სანამ მას ეძებდნენ და მისი გზა წვეროსნებისაგან დაიცლებოდა. ამის შემდეგ შეძლებდა გაქცევას.
მაგრამ გარანტია არ იყო იმისა, რომ შეძლებდა. ორი ნაბიჯი არ ექნებოდა გადადგმული, რომ დაიჭერდნენ და ალბათ ან ცემით მოკლავდნენ, ანდა ადგილზე მიახვრეტდნენ.
მაგრამ უმოქმედოდ რომ დარჩენილიყო, მუდამ აქ იქნებოდა გაჩხერილი. სხვა, უკეთესი აზრი არ მოსდიოდა თავში. ეს შეჩენილი, საზიზღარი გეგმა უტრიალებდა მხოლოდ.
საშინელი იყო ქალბატონების არიდება. ყველაზე მეტად მათ დანახვაზე ეწყებოდა გონების დამცავი ინსტინქტების ყივილი. უმცროსი ქალბატონი ისევ დაბრძანდებოდა, ისევ გასცემდა უაზრო დასჯის ბრძანებებს, ისევ აბაკუნებდა პატარა ბავშვივით ფეხს. მაგრამ, რაც მთავარი იყო, მეტჯერ არ უცდია, რომ სოფო კუთხეში მიემწყვდია და მისთვის რამე ებრძანებინა. სოფოს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. აშკარა გახლდათ, რომ ამ ქალს ძალიან აინტერესებდა შრამების არსებობა. იქნებ ბატონიშვილის გამოჩენამ ააღებინა ხელი ხელახლა ცდაზე? იქნებ გაიგო, რაც აინტერესებდა და უბრალოდ შეჩერდა?
მაგრამ ვერ ხვდებოდა, არ იცოდა დანამდვილებით, და ეს უფრო აწუხებდა. სურდა ყველაფერი დაწვრილებით სცოდნოდა, რაც მის თავს ხდებოდა. მაგრამ არ შეეძლო. იმასაც გრძნობდა, რომ ყველაფრის ცოდნა ამ სახლში სიკვდილს ნიშნავდა.
ამიტომ თავს აქნევდა და საშინელ ფიქრებს იშორებდა გოგონა. არ სურდა ასეთი რამეები გაევლო თავში. ვერც კი წარმოიდგენდა, ვერასოდეს, რომ ასეთი აზრები შეაწუხებდა და დაავადმყოფებდა მის გონებას.
წინა დღეს, როცა ჭუჭყიანი ჭურჭელი მოჰქონდა ბატონიშვილის ოთახიდან, ვიღაც გოგო დაინახა, რომელიც ქვის იატაკს ხეხავდა. ჩვეულებრივ, სოფო მას ყურადღებას არც მიაქცევდა, მაგრამ თვალი მოჰკრა მის მაჯაზე მიმაგრებულ მეტალის სამაჯურს.
რომელზეც რიცხვი ორმოცდაათი იყო ამოტვიფრული.
სოფოს კინაღამ ლანგარი დაუცურდა ხელებიდან. შებარბაცდა, და როგორ ცხელი შანთი, ისე იგრძნო კეფაზე წვეროსნის მზერა. შეეცადა თავი ხელში აეყვანა, მაგრამ გული გამალებით უცემდა, გაშტერებული დაჰყურებდა გოგოს მეტალის სამაჯურზე გამოსახულ ორმოცდაათს.
ნუთუ ორმოცდაათი ცოცხალი იყო? ნუთუ იგი არ მოკლეს, იმის მიუხედავად, რომ ბატონის მოკვლა სცადა?
სოფომ ორმოცდაათის დახრილ თავს შეავლო თვალი.
გული მუცელში ჩაუვარდა, ერთბაშად მიუნელდა თითქოს. ეს ის ორმოცდაათი არ იყო, არ ჰქონდა მასავით გრძელი, წაბლისფერი თმა. ამ გოგოს მოკლე, შავი თმა ჰქონდა, ყურზე გადაწეული. სქელი ტუჩები და ოდნავ მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა, ბევრად უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა, ვიდრე წინა ორმოცდაათი.
სხვას მისცეს მისი სამაჯური.
სოფოს ტანში გააცია, ძლივს დაძრა საკუთარი თავი სამზარეულოსაკენ.
ესე იგი ასეთი სისტემა იყო. არავის ნომერი მათი პერსონალური ნომერი არ იყო. უბრალოდ იმას აძლევდნენ, რაც თავისუფალი იყო, თუ ჰქონდათ თავისუფალი ნომერი, ისე, როგორც ორმოცდაათმა დატოვა, ცარიელ ადგილებს მუდმივად ავსებდნენ.
აქ ყოფნა არაფერს ნიშნავდა. შეეძლოთ უბრალოდ გამოეცვალათ რამდენიმე დღეში, ახალი მოეყვანათ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ალბათ იქნებოდა ახალი სამოცდაორი, როცა სოფო აქ აღარ იქნებოდა.
სოფოს ჟრუანტელმა დაუარა, როცა გასარეცხი ჭურჭელი აქაფებულ, უშველებელ ნიჟარაში ჩაახვავა, სადაც ორი მსახური უკვე რეცხავდა ასაპნულ თეფშებს. ალბათ უკვე იყო ერთი სამოცდაორი. შეიძლება ორიც. სხვა სამოცდაორებიც არსებობდნენ. ერთ დროს მათ ეკეთათ ეს სამაჯური, რომელიც ახლა შემოჭდოდა სოფოს მაჯაზე, ერთ დროს ისინიც დატრიალებდნენ ამ სახლში, ხეხავდნენ იატაკებს, რეცხავდნენ ჭურჭელს, ამზადებენ საჭმელს.
ალბათ მათაც ცემდნენ. მათზეც ძალადობდნენ. იქნებ ერთ-ერთი ბატონის გარყვნილი თამაშების მონაწილეც კი იყო.
მაჯაზე ვეღარ იხედებოდა სოფო. სძულდა ეს სამაჯური, სძულდა ყველაფერი, რასაც ის წარმოადგენდა. სულ ეჩვენებოდა, რომ სხვისი იყო ეს მეტალის ნაჭერი, რომ ის სხვა ეხებოდა სხეულზე, სულ სხვები წარმოედგინა, რომელთაც ალბათ ეკეთათ ეს სამაჯური, მათ ბედზე იწყებდა ფიქრს და ეკარგებოდა საკუთარი თავი.
ახლაც კი ამაზე ფიქრობდა, როცა სარეცხი მიჰქონდა სამრეცხაოსაკენ. ცალი სახელო მაგრად ჩამოეწია, ისე, რომ ნაწილობრივ მაინც დაეფარა სამაჯური და მისი დანახვა არ შეძლებოდა.
სარეცხი დიდ, პლასტმასის გობში ჩაყარა, ბატონიშვილის თეთრეულთან ერთად, მერე კი გობი სარეცხ მანქანასთან მიათრია. ცოტა ხნით მიტრიალდა, რომ სარეცხი საშუალება, ფხვნილი, დამარბილებელი ჩაესხა მანქანაში. ყველაფერი ძვირფასი, იმპორტული იყო. ბატონის, ქალბატონებისათვისა და ბატონიშვილისათვის ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო იყო ამ სახლში.
მალევე მობრუნდა, რომ სარეცხი შეეყარა მანქანაში, როცა შარვალს სტაცა ხელი, უეცრად შეამჩნია.
გვერდზე ამოჩრილი თეთრეულის ნაოჭებში გადაკეცილი, პატარა, უსწორმასწორო ქაღალდი გაჩხერილიყო. თითქოს ვიღაცას დაეგდო.
სოფო გახევდა, მაგრამ საკუთარ თავს ძალა დაატანა, რომ ამოძრავებულიყო. ამწუთას არ ივარგებდა შენელება და შეყოვნება, სამრეცხაო დიდი იყო, და ყოველთვის ხალხმრავალი, მის შორიახლოს ხუთიოდე გოგონა მაინც ჩამუხლულიყო, მოშორებით მსახურები აუთოებდნენ ათასგვარ ტანსაცმელსა და თეთრეულს. იცოდა, რომ მას, როგორც ბატონიშვილის პერსონალურ მსახურს, ყოველთვის ერთი-ორი წყვილი თვალი ათვალიერებდა, ყუადღებას აქცევდა, თვალს ადევნებდა.
ამიტომ შარვალს ხელი მოჰკიდა და მანქანაში შეაგდო. გობი ახლოს მოიწია, ფრთხილობდა, რომ გადაკეცილი ქაღალდი მზერიდან არ გაქცეოდა. ისე ამოსწია თეთრეული, რომ ქაღალდი მის ფეხთან ახლოს დაცემულიყო.
მერე კი თეთრეული მიწაზე გადაათრია, დაფარა ის, თუ როგორ დააწვა ქაღალდს მუხლით.
ყველაფერი სარეცხ მანქანაში შეყარა, გული მკერდში უბრაგუნებდა. ნელი, ნაზი რეცხვის რეჟიმი ჩართო და ხელები ფრთხილად დააბჯინა მიწაზე, თითებს შორის მოიქცია ქაღალდის კიდე და სწრაფად წამოდგა, ქაღალდი ხელისგულში მოიქცია.
მერე კი სასწრაფოდ გაემართა თავისი ოთახისაკენ, რომ სათანადოდ შეეხედა. მთელი გზა ფიქრობდა, თუ ვის უნდა მოეტანა. თუ რატომ უნდა მოეტანათ. თუ რას ეუბნებოდნენ, რაზე აფრთხილებდნენ. თუ რამე მუქარა იყო? ალბათ რომელიმე მსახურს სურდა რამის თქმა, წვეროსნები, ქალბატონები ან ბატონიშვილი რომ  ყოფილიყვნენ, ძალიან კარგადაც შეეძლოთ პირდაპირ მიეხალათ მისთვის ყველაფერი, რაც სურდათ.
მაგრამ ვინ? რომელი მსახური?
ფიქრები ჭამდა. მხოლოდ მაშინ, როცა თავისი პაწაწინა ტუალეტის კარი მიიკეტა საგულდაგულოდ, მაშინღა გაბედა, რომ ხელისგული გაეშალა და გადაკეცილი ქაღალდის ნაგლეჯი ამოეღო.
მოკანკალე ხელებით გადაშალა. ქართულის რვეულივით იყო ლურჯი ხაზები გაკეთებული. ფანქრით, ნაჩქარევად წაეჯღაბნათ რამდენიმე სიტყვა.
„კარგად რომ იქნები, ბატონი მოგითხოვს.“
სოფომ რამდენჯერმე გადაიკითხა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ათჯერ მაინც უაზროდ გადაავლო თვალი პაწაწინა ქაღალდს და ზედ დაწერილ დაბრეცილ ასოებს, მაგრამ ისინი არ იცვლებოდნენ. ეს რაღაც საშინელი სიზმარი არ იყო.
სოფოს თავზარი დაეცა. პირზე აიფარა აკანკალებული ხელი, ტუალეტის კარზე დაცურდა და ზათქით ჩაჯდა ცივ, დაბზარულ ფილებზე.
„კარგად რომ იქნები, ბატონი მოგითხოვს.“
ბატონი მოითხოვდა. მასზე ჰქონდა მზერა გამახვილებული ბატონს. ის მოითხოვდა, თავისთან დაიბარებდა სოფოს, მერე კი წვეროსნები იმ დაწყევლილ სპეციალურ ოთახში წაათრევდნენ, სადაც სექსუალური დაკმაყოფილების ობიექტი იქნებოდა, მეტი არაფერი. იმ ოთახში თუ შევიდოდა, ვეღარასოდეს გამოაღწევდა. იქ წაართმევდნენ ყველაფერს, რის დასაცველადაც იბრძოლა ამდენი ხნის განმავლობაში.
უნდოდა, რომ ეს საშინელი ქაღალდი ხელში მოეჭმუჭნა, დაეწვა, წყალს გაეტანებინა.
ყველაფერი, რაც კი შეიძლება მომხდარიყო, ოღონდ აღარ სურდა, რომ ხელახლა ენახა ეს სიტყვები.
„კარგად რომ იქნები.“
ეს რაღას ნიშნავდა? რატომ თვლიდა ბატონი, რომ კარგად არ იყო? სოფოს აზრით, რაც დაატყვევეს, კარგად არავითარ შემთხვევაში არ იყო, იმ მომენტიდან მოყოლებული, ამიტომ რაზე ასკვნიდა ბატონი ამ აზრებს?
მერე კი გონება გაუნათდა.
ორი კვირის წინ საშინლად სცემა ქალბატონმა. ჯერ კიდევ, როცა მკვეთრად მობრუნდებოდა ანდა მოიხრებოდა, ზოგი, ღრმა ნაკაწრი საშინლად ეწვოდა. შეუჩერებელმა მუშაობამ და იმან, რომ დასვენების საშუალება არ ჰქონდა, ხელი შეუშალა მისი იარების წესიერად და დროზე შეხორცებას.
ამ ცემიდან დარწმუნებული იყო, რომ შრამები დარჩებოდა. პატარები, შეიძლება შეუმჩნეველიც, მაგრამ მაინც იქნებოდნენ მის ზურგზე. დაღარულნი, მის ამ საზიზღარ ადგილას გატარებული დროის სამახსოვროდ.
როგორც ჩანს ბატონს არ უყვარდა ფიზიკურად „ცუდად მყოფი“ გოგონები. ალბათ რაღაც საზიზღარი ფანტაზიები აწუხებდა. იცოდა, თუ როგორ ექცეოდნენ მის სახლში გოგონებს, დარწმუნებული იყო სოფო, რომ თვითონაც გაროზგავდა თავის სათამაშოებს. მაგრამ მისი სექსუალური ფანტაზიები ჯანმრთელი გოგოს ილუზიას ითხოვდნენ.
გოგონას გააკანკალა. ვეღარ სუნთქავდა, თითქოს პანიკის შეტევა ექნებოდა მალე.
რა უნდა ექნა? რა უნდა გაეკეთებინა? წამიერად ინატრა, რომ ის ორმოცდაათი, წინა ორმოცდაათი ცოცხალი ყოფილიყო, მხოლოდ იმის გამო, რომ თვითონ არ დასჭირვებოდა ამის გაკეთება.
თუმცა არ იყო იმის გარანტია, რომ ბატონი გვერდზე არ მოისროდა ორმოცდაათს, როცა ახალს დაადგამდა თვალს.
სოფო სასოწარკვეთამ მოიცვა. რამე უნდა ექნა. ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებდა.
ბატონიშვილი.
ამის გაფიქრებაზე ტანში ზარავდა, ჯერ კიდევ ბოლომდე მოურჩენელი ზურგი წვას უწყებდა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. ისე უნდა გაეკეთებინა, რომ ისევ როზგის მსხვერპლი გამხდარიყო. მერე კი, სანამ ბოლომდე შეუხორცდებოდა იარები, ისევ იტყოდა შეუფერებელ რამეს, ისევ გაროზგავდა ბატონიშვილი და ასე განაგრძობდა, სანამ საჭირო იქნებოდა. ვერ წარმოედგინა, სხვანაირად როგორ დაეღწია თავი ამ სიტუაციიდან, რომელიც ამწუთას დაუღწეველი ეჩვენებოდა. აქედან გაქცევაზე ფიქრი ერთი იყო, დარწმუნებული გახლდათ, რომ ამდენ ადამიანსა და ათეულობით კილომეტრს დაძლევდა და მოახერხებდა სახლში დაბრუნებას. მაგრამ მთელი სხეულით ძრწოდა, კუთხეში მიმწყვდეული წარმოედგინა საკუთარი თავი, როცა ბატონსა და მის გარყვნილ საქმიანობებზე ფიქრობდა.
სულაც არ სურდა ის ყოფილიყო, რომელიც ბატონის ნებისმიერ სურვილს ასრულებდა. არ სურდა, რომ ბატონის სურვილით წვეროსნების ქვეშ აღმოჩენილიყო, როგორც უფასო კახპა. არ სურდა ორმოცდაათის ადგილი დაეკავებინა წვეროსნის გვერდზე, რომელიც შარვლის ელვა-შესაკრავს იწევდა.
ფეხზე წამოდგა. ამწუთასვე უნდა დაეწყო ეს საქმე. ბატონი არავითარ შემთხვევაში არ დაიცდიდა.
ვახშმის მიტანის დრო იყო. სოფომ მთელი სხეულის კანკალით მიაღწია სამზარეულოს.  ლანგარი ძლივს აიღო დასუსტებულ მკლავებში, ბატონიშვილის ოთახისკენ რომ მიდიოდა, თითქოს ტყვიას უსხამდნენ მუხლებში.
ბატონიშვილს წინ რომ დაუდო ლანგარი, კინაღამ უღალატა ნებისყოფამ. წამიერად გაიფიქრა მხოლოდ, რომ ვერ გადაიტანდა კიდევ ერთ ცემას.
მაგრამ თავი შეამაგრა. ბატონიშვილის მიერ ათი როზგით ზურგის აჭრელება ერჩივნა მუდმივად ბატონის სექსუალურ სათამაშოდ ყოფნას.
-დედათქვენი ნომერი იყო, არა? – დაიწყო მოკანკალე ხმით.
ბატონიშვილი გაშრა, მერე კი წარბებაწეული მოუბრუნდა. თვალებში ჩაშტერებოდა დაჟინებით.
-ვინ გითხრა? – ჰკითხა მან.
-არ გეტყვით. – თავი ასწია სოფომ, ზემოდან გადმოხედა ბატონიშვილს, იმედი ჰქონდა, რომ ამაყი გამომეტყველება გამოსახოდა სახეზე, მაგრამ რატომღაც არ ჰქონდა ამის იმედი. გრძნობდა, თუ როგორი გაცრეცილი, სისხლისაგან დაცლილი ჰქონდა სახე, როგორ მძლავრად უცემდა გული შიშისაგან.
ბატონიშვილი ისევ უყურებდა. ერთგვარი ინტერესით. მაგრამ არ ყვიროდა, არც კი ინძრეოდა.
-ამიტომ გაქვთ ხომ შრამები? – გააგრძელა მან. – თქვენც მსახური იყავით. თქვენც ისე გსჯიდნენ, როგორც მე. ამიტომ უნდოდა თქვენს ნახევარდას იმის ცოდნა, გქონდათ თუ არა ზურგზე რამე…
ბატონიშვილს სახე დაეღმიჭა, თავი გადააქნია.
-ვიცი, რომ მამაჩემს უნდიხარ. – თქვა უცებ. -არ ხარ სულელი გოგო. უბრალოდ აშკარა ხარ.
სოფო შეძრწუნდა, თითქოს ერთბაშად მოტეხა ბატონიშვილის სიტყვებმა მისი ისედაც მყიფე ნიღაბი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ცეცხლი ტკარცალებდა ბუხარში.
-მირჩევნია… – სოფომ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, საკუთარ თავს შემზადებას, ცოტა ხნით გაძლებას ემუდარებოდა. – მირჩევნია თქვენ მცემოთ… ვიდრე მამათქვენმა თავისად წამიყვანოს.
ბატონიშვილმა გამზომავი მზერით შეხედა. მისი მუქი თვალები თითქოს აფასებდნენ, ისე, როგორც მამამისი.
-ეგ დაიმახსოვრე მაშინ. და კარგად დაიმახსოვრე. – თქვა მან უცებ და ფეხზე წამოდგა.
წამოდგა და ხელის ერთი ძლიერი აქნევით გადაატრიალა მაგიდა. ხმამაღალი ზრიალითა და ბრახუნით დაემხო ქვემოთ მასიური ხე, მას ჭურჭლის მსხვრევა მოჰყვა. ბატონიშვილმა მაგიდას ფეხში ჩაავლო ხელი და გვერდით, სოფოს მიმართულებით ისროლა. ერთიანად თავზარდაცემულმა გოგონამ ძლივს მოახერხა გარიდებოდა, ყვირილი აღმოხდა ყელიდან და გვერდზე გახტა, მაგრად დაენარცხა იატაკზე.
-რას… რას… – წაილუღლუღა მან, თვალებგაფართოებული მიშტერებოდა ბატონიშვილს, რომელიც კარისაკენ მიაბიჯებდა. კარი გამოგლიჯა, წარბებაწეულ წვეროსანს მიუბრუნდა, რომელმაც ოთახშიც შემოაპარა თვალი, ერთიანად გაფითრებულ, იატაკზე გაშხლართულ სოფოს გაუსწორა მზერა.
-როზგი მომეცი! – იყვირა ბატონიშვილმა, და მცველი წამსვე დაფაცურდა, ქამრიდან მოიხსნა დახვეული, სქელი, საშინლად მტკივნეული, სქელი ზონარი. სოფოს მთელი სხეული აუკანკალდა, უკან გახოხება სცადა.
ბატონიშვილმა კარი ზრიალით მიაჯახუნა, მობრუნდა, თავისი მრისხანებით აღვსილი სახე გაუსწორა სოფოს. როზგი გაიშალა, ხმამაღალი ტკაცუნი გაიღო, როცა ბატონიშვილმა გვერდზე გადააქნია.
სოფო თავზარდაცემული მიშტერებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს იყო, რაც სურდა, რაც აუცილებელი იყო. ამიტომ თავი შეიმაგრა, მუხლებზე დადგა, ათრთოლებული დაელოდა ბრძანებას.
-ლოგინზე დაწექი. – თქვა უცებ ბატონიშვილმა.
სოფომ ელვის სისწრაფით ასწია თავი, თვალი კოხტად გასწორებული ლოგინისაკენ გაექცა, რომელსაც რამდენიმე საათის წინ დაჰფოფინებდა თვითონ. სისხლის გრიალი ესმოდა ყურებში.
-არა… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – ბატონიშვილო, არა… გემუდარებით…
-ახლავე! ლოგინზე! – იღრიალა ახალგაზრდა კაცმა და თითქმის ინსტიქტით წამოდგა სოფო. თავში მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთში აღრეული ფიქრების კორიანტელი უტრიალებდა, ვერც კი გაეგო, თუ რას ფიქრობდა. ერთადერთი რამ იცოდა, ეს არ იყო, რასაც აპირებდა. აკანკალებული, ერთიანად დაჭიმული დაწვა ლოგინზე ზურგით. კისერი წამოეწია, ბატონიშვილს დაფეთებულ თვალებს არ აშორებდა. ეშინოდა, რომ თუ თვალებს დახუჭავდა, ანდა მზერას მოაცილებდა, ბატონიშვილი წამიერად აღმოჩნდებოდა მის გვერდით და ისე შეასრულებდა თავის საზიზღარ საქმეს, რომ სოფო ვერ მოასწრებდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
-ძალიან გთხოვთ, არ გინდათ… – ესმოდა საკუთარი, გაუგებარი ლუღლუღი, სანამ ბატონიშვილი ლოგინს უახლოვდებოდა. მან კიდევ ერთხელ გაატკაცუნა ჰაერში როზგი, ბოლო ხმამაღალი ჭახანით მოხვდა ლოგინის ერთ-ერთ ბოძს. სოფო შეხტა, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
-ხმამაღლა. – დაუსისინა უცებ ბატონიშვილმა, მის ლოგინის გვერდზე გადმოდებულ, მოკანკალე ფეხებს შორის შემოაღწია, ზემოდან უყურებდა.
-არა, არა, არა, ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, ბატონიშვილო… – დაიწყო სოფომ, კივილი აღმოხდა, როცა ბატონიშვილის გატკაცუნებული როზგის ბოლო ლოყაზე მოხვდა. იგრძნო, როგორ უსივდებოდა ის ადგილი.
-ახლა კი დაითვალე. – ხმადაბლა, კბილებში გამოსცრა ბატონიშვილმა. – ყვირილით.
სოფო გაოგნებული, შიშითა და ტერორით აღვსილი უყურებდა, როცა ბატონიშვილმა როზგი მუშტზე გადაიხვია, მერე კი მთელი ძალით შეანარცხა მუშტი ლოგინის ბოძს.
-დაითვალე მეთქი! – იღრიალა მან.
-ერთი! – იყვირა სოფომ. ხმა უკანკალებდა, ვერ გაეგო, თუ რას აპირებდა ბატონიშვილი, რისი გაკეთება სურდა ამით, მაგრამ იცოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა ამწუთას. ბატონიშვილმა კიდევ ერთხელ შეანარცხა მუშტი ბოძს.
-ორი! – დაიყვირა სოფომ. – სამი! ოთხი! ხუთი! ექვსი! შვიდი! რვა! ცხრა! ათი! თერთმეტი! ბატონიშვილო, მოიცადეთ! – შეემუდარა ის, როცა დაინახა, თუ როგორ გამოჟონა როზგის ხვეულებს შორის სისხლმა. – არ გინდათ…
-დაითვალე! – დაიღრიალა ახალგაზრდა კაცმა, შუბლზე ოფლმა დაასხა, მთელი სხეული გაცხელებოდა, აშკარად გრძნობდა მის სიცხეს სოფო საკუთარ ფეხებშუა. შეძრწუნებული უყურებდა და ყვირილით ითვლიდა, თან წამდაუწუმ ემუდარებოდა, რომ შეჩერებულიყო.
ბატონიშვილი ორმოცზე შეყოვნდა. ქოშინით წაიღო უკან მუშტი, როზგი შემოიხსნა და იატაკზე დააგდო, მერე კი სოფოს თავზე დაემხო, მხოლოდ ცალი დაძაბული მკლავი იკავებდა ჰაერში, გოგონას მხრის გვერდით დაბჯენილი და მოკანკალე.
სოფო გაშტერებული მისჩერებოდა. ვერ გაეგო, თუ რატომ აკეთებდა ამას.  პირი გააღო სათქმელად, მაგრამ ვერ შეძლო. ძლივს ამოსდიოდა ყელიდან ხმა, ისეთი გახეხილი ჰქონდა ყვირილისაგან.
მერე კი ბატონიშვილმა სისხლიანი ხელით აუწია უნიფორმა, სოფომ მთელი ძალით დაიხავლა, უკან გადაფოფხება სცადა, შიშით აღვსილმა, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა არ აცადა, საცვალი გადაუფხრიწა და ზედ შეაწმინდა სისხლი.
მერე კი უკან დაიწია, სანამ სოფო უნიფორმას იწევდა ქვემოთ და გამწარებული ცდილობდა საცვლის ამოწევას, რაც უკვე შეუძლებელი იყო. მთელი სხეული ეწვოდა სირცხვილისაგან. ასეთი დამცირება არასოდეს ეგრძნო.
ბატონიშვილი სავარძლისაკენ გაემართა, შიგნით ჩაენარცხა.
-აქ დარჩები ღამე. – თქვა მან. – დილით გახვალ. მაგ სისხლიან როზგს გადასცემ მცველს. ხელში გეჭირება ეგ შენი დახეული, მოჭმუჭნული ძონძი. ისე იზამ, რომ ყველამ დაგინახოს.
სოფო ვერ ინძრეოდა ადგილიდან. უნდოდა მიწას ჩაეყლაპა და გამქრალიყო. იწვა, გაშტერებული, ჯერ კიდევ დაფეთებული მიშტერებოდა ბატონიშვილს. ეშინოდა, რომ ადგებოდა და საქმეს დაამთავრებდა.
ოთახში სიჩუმე იდგა. ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა მხოლოდ.
გარეთ ღამე დამდგარიყო.
 .
-*-*-*-*-*-*-10
კიდევ კარგა ხანი იწვა სოფო ზურგზე, გვერდზე თავგადატრიალებული, სავარძელში ჩამჯდარი ბატონიშვილის თავს უყურებდა. გული მკერდში უბრაგუნებდა, და გამალებული იწვა, იმის მიუხედავად, რომ ბატონიშვილი ერთი საათის მანძილზე არ განძრეულიყო უკვე. კედელზე ჩამოკიდებული საათი ტიკტიკებდა, თორმეტს ოცი წუთი აკლდა.
სოფოს ჯერ კიდევ ერ გაეგო, თუ რა მოხდა. მხოლოდ ის ესმოდა, რომ ასეთი აბსურდული რამე ჩაიდინა ბატონიშვილმა, და ასევე აბსურდული ბრძანებები მისცა.
„ეგ დაიმახსოვრე მაშინ. და კარგად დაიმახსოვრე.“ უთხრა მან.
მერე კი კარი გამოაღო, ისე რომ მცველს დაენახა. სოფოს ჯერ კიდევ ახსოვდა წვეროსანის ღვარძლითა და ავადმყოფური კმაყოფილებით აღსავსე გამომეტყველება, როცა მან იატაკზე დანარცხებულ სოფოს გადახედა, სანამ გოგონა გაუგებრობასა და შიშში ჩაძირულიყო, უძლური და უსუსური. სოფოს ჯერ კიდევ ზიზღი აწვებოდა წვეროსნის ასეთ ღია კმაყოფილებაზე მისდამი ძალადობის მიმართ.
მერე კი ბატონიშვილმა რამდენიმეჯერ ჰაერში გაატკაცუნა როზგი, სოფოს ლოგინზე დაწოლა უბრძანა. გოგონას ჯერ კიდევ ვერ გაეგო, თუ რაში სჭირდებოდა მას ამის გაკეთება. მერე კი მუშტზე გადახვეული როზგით საწოლის ერთ-ერთ ბოძს დაუწყო ცემა, ისე რომ სისხლი წასკდა გამსკდარი სახსრებიდან.
მერე კი ყველაზე საშინელი რამ გააკეთა. სოფოს სწვდა უნიფორმის ქვეშ, საცვალი გადაუხია და ზედ შეიწმინდა ხელიდან გამომავალი სისხლი.
სოფომ მაგრად მოუჭირა ხელი აბრეშუმის საბანს, რომელიც ლოგინზე გადაეფარებინათ. წამოდგომის, განძრევის ეშინოდა, მაგრამ მაიც წამოიწია, თითქოს ტრანსში იყო. თავბრუ ეხვეოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აღებინებდა.
ბატონიშვილმა არ სცემა. იმის მიუხედავად, რომ სოფომ დედამისი და მისი ნახევარდები უხსენა, თემები, რომლებიც ბატონიშვილს არ სიამოვნება და რის გამოც ერთხელ გაროზგა კიდეც.
მან როზგი ჰაერში გაატკაცუნა, და სოფოს ლოგინზე დაწოლა უბრძანა.
ნუთუ მისი შეშინება სურდა? სწორედ ამიტომ დაადგა თავზე. ნუთუ ეს იყო ის სასჯელი, რომელსაც ბატონიშვილი დაჰპირდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბატონიშვილი ცემით დაემუქრა, ისე, რომ სოფოს ხორცი და კანი აჰყოლოდა როზგს, და სოფომ, სიბრაზით დაბრმავებულმა, მიახალა, რომ ალბათ ბატონიშვილის კანი და ხორციც ასე ჰყვებოდა როზგს, როცა მას სცემდნენ.
მერე კი ბატონიშვილი საწოლის ბოძს უბრახუნებდა მუშტს.
როზგის სისხლით დასველება სურდა, უცებ გაუელვა გონებაში სოფოს. უნდოდა, რომ როცა როზგს ხვალ მცველს გადასცემდა სოფო, ყველას სცოდნოდა, რომ იგი სასტიკად იყო ნაცემი და დასჯილი.
ამას ისიც ემატებოდა, რომ სოფოს ხელში მისი სისხლიანი, ერთიანად გადახეული საცვალი ეჭირებოდა ყველას დასანახად. სოფოს სხეული აუქავდა, სწრაფად ჩამოიგლიჯა მონარჩენი მატერია სხეულიდან, ათრთოლებული დააცქერდა. სისხლი უკვე შემშრალიყო, გაფიჩხებულიყო, და საზიზღრად მოჩანდა თეთრ ნაჭერზე.
ბატონიშვილის სისხლი.
სოფოს კიდევ ერთხელ აერია გული, საცვალი შორს მოისროლა, უნიფორმა მთელი ძალით ჩამოიქაჩა ქვემოთ, იმის მიუხედავად, რომ მუხლებამდე სწვდებოდა უკვე. შერცხვენილად, დამცირებულად გრძნობდა თავს, სახე ეწვოდა. გრძნობდა, რომ საკმარისად არ იყო დაფარული, რომ იმაზე ზედმეტს აჩვენებდა, ვიდრე მისაღები იყო.
ყველა იფიქრებდა, რომ ბატონიშვილმა გააუპატიურა.
ბატონის ყურამდე მივიდოდა ამბები, რომ მისი ახალი ინტერესის ობიექტი გაუპატიურებული და სასტიკად ნაცემი იყო.
სოფოც ცოტას გაითამაშებდა. შეკრთებოდა, როცა დაიხრებოდა, ანდა მობრუნდებოდა, საცოდავ გამომეტყველებას დაიდებდა სახეზე. წამდაუწუმ გაიხსენებდა, თუ როგორი იყო ის საშინელი ტკივილი, როცა სცემეს, და წამსვე მიიღებდა იმ შემდეგს, რაც სურდა.
ბატონიშვილმა გამოსავალი მისცა.
სოფო ფეხზე წამოდგა, მუხლები უკანკალებდა და ეკვეთებოდა. ფრთხილად მიუახლოვდა ბატონიშვილის სავარძელს. უნდა ეკითხა. უნდა ეკითხა, თუ რატომ იქცეოდა ასე. თუ რა იყო მისი მოტივაცია, თუ რა სურდა სოფოსთან.
მისი იდუმალება გამომწვევი და გაუგებარი იყო. არ ესმოდა სოფოს, თუ რა უნდა ეფიქრა. ერთ მხრივ, აშკარა გახლდათ, თუ რას ფიქრობდა ბატონიშვილი ნომრებზე. ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ ახალგაზრდა კაცი წამდაუწუმ ღრიალებდა, გაროზგვით ემუქრებოდა ყველას და ხშირად ასრულებდა კიდეც თავის დანაპირებს.
მაგრამ მეორე მხრივ, იმის მიუხედავად, რომ სოფო თითქმის შეემუდარა მას, რომ ეცემა, და ამისათვის მისთვის მწვავე თემებს შეეხო, ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა, რომ გაეთამაშებინა ყველაფერი.
მაგრამ რატომ? რა უნდა ყოფილიყო მისი მოტივაცია?
რაში უნდა დასჭირვებოდა ბატონიშვილს ერთი რიგითი მსახურის ასე შეწყალება?
-ბატონიშვილო… – წაილუღლუღა სოფომ, თან სავარძელს ფრთხილად მიუახლოვდა. მისი ქვედაბოლო მოძრაობდა, იშლებოდა, მის მუხლებს ეხებოდა. თითქმის აუტანლად უხერხულად გრძნობდა თავს, როცა მხოლოდ გრილი ჰაერი ხვდებოდა იქ, სადაც ადრე მისი საცვალი იყო.
ძონძი, რომელზეც ბატონიშვილმა თავისი სისხლი შეაწმინდა.
გოგონას გააკანკალა. ახალგაზრდა კაცს დახედა.
დახედა და შედგა, გულაჩქარებული დააკვირდა.
ბატონიშვილს თავი გვერდით გადაეგდო, ფეხებგადაშლილი, მთელი სხეულით მოშვებული იჯდა სავარძელში. ხელები სახელურებზე გადაეწყო, მარჯვენა ხელის სახსრებზე სქლად შეხმობოდა სისხლი. თვალები დაეხუჭა, სახის ნაკვთები მოშვებოდა, მუქ წარბებს შორის ღარი აღარ ჩანდა, არც სახეზე ნაადრევად გამოსახული ნაოჭები.
სოფო ენაჩავარდნილი შეაჩერდა. პირველად ხედავდა მძინარე ბატონიშვილს. რატომ მისცა მან საკუთარ თავს დაძინების უფლება? ნუთუ ისე კომფორტულად გრძნობდა თავს ამ ოთახში თავის პერსონალურ მსახურთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ კინაღამ გულის წასვლამდე დააფრთხო, რომ ძილმა წაართვა თავი?
სოფომ კბილები დაკრიჭა, ბრაზმა აუვსო გონება. ეს პიროვნება დარწმუნებული იყო, რომ სამოცდაორი არაფერს დაუშავებდა. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფრის მიუხედავად, სამოცდაორი მხოლოდ და მხოლოდ ნომერი იყო, რაღაც პათეტიკური ნომერი, რომელსაც შეწინააღმდეგება, ძალის გამოყენება აზრადაც არ გაუვლიდა და არც შეეძლო.
ამიტომ ეძინა. იმიტომ რომ დარწმუნებული იყო თავისი პერსონალური მსახურის, რიგითი ნომრის უსუსურობაში.
სოფომ წამსვე მიმოიხედა, თვალი გაექცა ბუხრის წინ, დამსხვრეული, ძვირფასი ფაიფურის ნამტვრევებს შორის ცეცხლის შუქზე აბრწყინებული დანისაკენ.
არც კი უფიქრია, თუ რას აკეთებდა, ისე გაემართა იქეთ. ფრთხილობდა, რომ არ დაებიჯებინა ნამტვრევებისათვის და ხმა არ გამოეღო, თან წამდაუწუმ ბატონიშვილისაკენ იხედებოდა. მას ისევ ეძინა, თავი გვერდზე, მხართან ახლოს გადაეგდო. სოფო ფრთხილად დაიხარა, დანის ტარს მაგრად მოუჭირა ხელი და ზემოთ აღმართა, მერე კი ჩუმად, კუსავით ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სავარძელს.
გული მკერდში უბრაგუნებდა. მატლი ისევ უფუთფუთებდა ტვინში, და ყურებში ისევ ესმოდა სისხლის აუტანელი გრიალი. თვალწინ თითქოს რაღაცები დაცურავდნენ, კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა, რომ დანა აღემართა ზემოთ, მის წინ მძინარე ბატონიშვილი იჯდა, და რომ ასეთი შესაძლებლობა აღარასოდეს აღარ მოეცემოდა. ეს იყო მისი ერთადერთი შანსი. დაერჭო დანა სადმე კრიტიკულ ადგილას, ყელში მაგალითად, რომ სასწრაფოდ ავსებულიყო სასუნთქი გზები სისხლით და ბატონიშვილს ყვირილი ვერ მოეხერხებინა. მერე დილამდე დარჩენილიყო გვამთან, მერე კი რამეს მოიფიქრებდა.
ეს იყო მისი შანსი. შეიძლება ბოლო შანსი.
„სიმშვიდეში აქედან ვერ გაიპარები, გასაგებად ვლაპარაკობ? მე მეტს ველი.“ ამოუტივტივდა თავში სიტყვები და აღმართული მკლავი დაჭიმა. მეტს ელოდა ხომ? ჰოდა ეს იყო მეტი. ბევრად მეტი, რასაც ელოდა ბატონიშვილი. ჰოდა მიიღებდა. ეს იყო მისი გეგმა. ყველაფერს გააკეთებდა, რომ აქედან გასულიყო.
სოფოს სუნთქვა შეუკანკალდა ყელში. წამები მიდიოდნენ, საათი ტიკტიკებდა, თვითონ კი გაუნძრევლად იდგა. ზურგი მთლიანად დაეფარა ოფლს, საფეთქელზე ჩამოუგორდა წვეთი. მხრებზე ჩამოშლილი თმა კისერს უწვავდა თითქოს სიცხით. გვერდიდან მომავალი ბუხრის სითბო ერთიანად ახურებდა, ფიქრში ხელს უშლიდა.
თითქოს იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ყოყმანობდა, მთელი სხეულით. ვერ გაებედა, ვერაფრით გაებედა, რომ შეერჩია ის მომენტი, რომელიც გადაწყვეტდა მის ბედს. თითქოს მზად იყო, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაედგა ის ბოლო ნაბიჯი, რომელიც ყველაფერს საბოლოოს გახდიდა.
აღმართული ხელი დაეღალა. კუნთები ერთიანად დაჭიმულიყვნენ, მთელი სხეულის დაძაბვოდა და წამებს ითვლიდა გონებაში. „აი ახლა, აი ახლა, აი ახლა, აი ახლა…“
მერე კი უცებ მიხვდა. რამდენი ხანიც არ უნდა მდგარიყო აქ, მაინც ვერ გადაწყვეტდა. მაინც ვერ დააძალებდა საკუთარ სხეულს, რომ დამორჩილებოდა იმ საზიზღარი მოფუთფუთე მატლს, რომელიც მომწამლავ ფიქრებს უჩურჩულებდა ყურში, რომელმაც იქამდე მიიყვანა საქმე, რომ სოფო მძინარე ადამიანს ადგა თავზე, დანა აღემართა და მის მოკვლაზე ფიქრობდა.
არა. არა. შეუძლებელი იყო ეს.
ამ გარემომ მიიყვანა აქამდე, და სოფომ მისცა მას ამის უფლება. ყველაფერზე იყო წამსვლელი იმისათვის, რომ ბატონის ახალ სათამაშოდ გახდომა აეცილებინა თავიდან, რადგან ეს მის „მეობას“ წაართმევდა, ის ის სოფო აღარ იქნებოდა, რომელიც გაქცევაზე ფიქრობდა, რომელიც იბრძოდა და რომელმაც არაფერი თქვა ორმოცდაშვიდსა და ბატონიშვილზე, იმის მიუხედავად, რომ საკუთარი სიჯიუტისა და ერთგვარი ერთგულების საზღაური მხოლოდ სასტიკი ცემა იყო.
მკლავი ოდნავ მოუდუნდა. დანა ქვემოთ დაიძრა.
სოფო თითქოს გამოფხიზლდა. გაშტერებული ჩააჩერდა ბატონიშვილის ღია, მოპრიალე თვალებს. ცეცხლის ალს ირეკლავდნენ ისინი, თითქოს წითელი გახდომოდა ირისები.
სოფო გაქვავდა, თვალებგაფართოებული, ყელში სუნთქვაგაჩხერილი მიაშტერდა.
-მიდი. – უთხრა უცებ ბატონიშვილმა. საზიზღარი სიჩუმე დაარღვია მისმა სიტყვამ. – მიდი, რას ელოდები!
-არა, მე… – ალუღლუღდა სოფო, სასწრაფოდ დაუშვა დანა. არ სჯეროდა, რომ ეს ესმოდა, და არ სჯეროდა, რომ ამ დონემდე მივიდა. – მე არ მინდა…
-მიდი! – დაუღრიალა უცებ ბატონიშვილმა. – მიდი მეთქი! გიბრძანებ!
-არა! – საპასუხოდ დაუყვირა სოფომ, შეძრწუნებული მიშტერებოდა ბატონიშვილს. ეს ახალგაზრდა კაცი ეუბნებოდა, რომ მისი მოკვლა ეცადა. ეცადა, რადგან სოფო დარწმუნებული იყო, ბატონიშვილი ძალიან იოლადაც მოახერხებდა მის მოგერიებას. რისი მიღწევა სურდა ამ მოთხოვნით? რისი?
მერე კი ქანქარიანმა საათმა ჩამოჰკრა. ხმამაღალი ზრიალი გაისმა ოთახში. თორმეტი შესრულებულიყო.
-მიდი! – კიდევ ერთხელ დაიღრიალა ბატონიშვილმა, ამჯერად ფეხზე წამოდგა. მისი ყვირილის ფონზე საშინლად ისმოდა საათის რიტმული, ხმამაღალი, თითქოს ცუდის მომასწავებელი რეკვა. – დაასრულე რაც დაიწყე!
ბატონიშვილის ღრიალი და საათის ხმამაღალი რეკვა ერთ დიდ, აუტანელ ხმად იქცა, რომელიც წნევასავით დააწვა სოფოს თავზე. თითქოს შეეზნიქა თავის ქალა.
-არა! – საპასუხოდ დაუყვირა სოფომ, დანა გვერდით გადააგდო და თავზე ხელები იტაცა.
-მიდი მეთქი! – ბატონიშვილმა ხელები გაშალა, თვალები ერთიანად შეშლოდა.
სოფომ თავი გადააქნია, გამწარებულმა. ბატონიშვილი ისევ ღრიალებდა, „მიდი! მიდი!“ უყვიროდა, რითაც ბრძანებას აძლევდა, რომ ის დანა აეღო და მისთვის მოექნია, ხელები გაეშალა, დაუცველს ტოვებდა მკერდს, რომელშიც დანა უნდა ჩაერჭო სოფოს.
საათი ისევ რეკავდა, ყველაფერი ზრიალებდა ხმაურისაგან. სოფო ორად მოიხარა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თავი ცოტაც და გაუსკდებოდა.
-არა! არა! არ მინდა! არა! – დაიყვირა ბოლოს და მუხლები მოეკვეთა, იატაკზე ისე დაემხო, როგორც ძვლებისა და ხორცის გროვა, ერთიანად მოშვებული. თმა ქვემოთ გადაჰფენოდა, ხელებით მთელი ძალით ფხოჭნიდა ძვირფას ხალიჩას, სანამ მტკივნეული დაძაბულობა არ იგრძნო ფრჩხილებში.
საათი ჩაჩუმებულიყო. შუაღამე შესრულდა. ბატონიშვილის ღრმა სუნთქვა ისმოდა მხოლოდ ოთახში, რასაც მკრთალ ფონად ჰყვებოდა ცეცხლის ტკარცალი.
სოფომ ძლივს ჩაყლაპა ჰაერი, თავი ჯერ კიდევ უზრიალებდა.
-არ გინდა რომ მომკლა იმიტომ რომ მე არ ვიმსახურებ ამას თუ შენ არ იმსახურებ? – ჰკითხა უცებ ბატონიშვილმა. სოფოს სხეული ისევ დაეძაბა, თავი წამოსწია, ქერა თმის ფარდიდან ახედა ახალგაზრდა კაცს.
-არ ვიცი. – თქვა ბოლოს, როგორ გულწრფელადაც შეეძლო.
ბატონიშვილმა მის წინ ჩაიმუხლა. სოფო კინაღამ უკან გახტა, მაგრამ თავი შეიკავა. არ სჯეროდა, რომ ამწუთას ამხელა სისულელე ჩაიდინა და ბატონიშვილზე დანა აღმართა. სულაც არ გაუკვირდებოდა, ახალგაზრდა კაცს ახლა რომ აეღო ის სისხლშემხმარი როზგი და მართლა დაელილავებინა ამჯერად.
მერე კი დანისაკენ გააპარა თვალი. ბატონიშვილის ხელმისაწვდომში ეგდო მოპრიალე, ბასრი მეტალი.
გული მკერდში აუბრაგუნდა, ოფლმა ხელახლა დაასხა ზურგზე.
-ახლა მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი, გასაგებია? – დაუსისინა ბატონიშვილმა და სოფომ სასწრაფოდ მიატრიალა მისკენ სახე, თავი მაგრად დაუქნია, თვალებგაფართოებულმა და სხეულში შიშჩამდგარმა. – ასეთ სისულელეებს აღარ ცდი.
-მაპატიეთ, ბატონიშვილო, არ ვიცი რა დამემართა, მაპატიეთ… – დაიწყო ხატიამ. ახალგაზრდა კაცს სახე მოეღმიჭა.
-ძალიან კარგად იცი, თუ რა დაგემართა, ზღაპრები ვინმე სხვას მოუყევი. -კბილებში გამოსცრა მან. – გაქცევაზე არც კი იოცნებო. ყველაფერს, რაც ამიერიდან მოხდება, ისე მოეპყარი, თითქოს ნაღმი იყოს. ყველაფერს, რასაც დაინახავ, დაიმახსოვრე. როცა რამეს გადმოგცემენ, შენთვის ჯობია, რომ არავინ დაინახოს. ჩემი ოთახის გარდა სხვაგან არსად წაიკითხო. რომ წაიკითხავ, მაშინვე დაწვავ. იცოდე, ერთ ზედმეტ ნაბიჯს გადადგამ, ანდა იმაზე ფიქრს დაიწყებ, რომ ტყეში გაიქცე, როგორმე გაიპარო, გვირაბი გათხარო, ეგრევე გაქრები აქედან. გასაგებად ვლაპარაკობ?
სოფო ერთიანად აკანკალებული, გაფითრებული უსმენდა. ყოველ სიტყვას მთელი ძალით იტენიდა გონებაში და გამწარებული იმეორებდა, რომ არ დავიწყებოდა.
-გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. – ძლივს ამოილუღლუღა მან. – მაგრამ თქვენს ოთახში რატომ, საშიში არ იქნება აქ?
ბატონიშვილმა წარბები შეკრა, თავი ოდნავ გვერდზე გადასწია, ისე უყურებდა, თითქოს რაღაცას ელოდა.
სოფო კრიჭაშეკრული მიაჩერდა. ბატონიშვილი პასუხს ელოდა, პასუხს, რომელიც სოფოს არ…
წერილი. თავის ოთახში. წერილი, რომელიც ტუალეტში ჩაკეტილმა წაიკითხა და რომელიც ახლა ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდა საგულდაგულოდ ჩაჩურთული. ბატონიშვილმა მის შესახებ იცოდა.
-სათვალთვალო კამერები არის ყველა ოთახში? – გონება მოულოდნელად გაუნათდა და ჩაილაპარაკა, თავზარდაცემულმა. – თქვენი და ბატონის ოთახის გარდა?
ბატონიშვილი ისევ უსიტყვოდ უყურებდა. სოფო იატაკს ჩააშტერდა, შიგნეულამობრუნებული. ყოველი საშინელი ამბის შემდეგ სჯეროდა, რომ ახალს ვერაფერს გაიგებდა, ახალი ვერაფერი გააკვირვებდა, მაგრამ ეს მაინც გასცილდა მის მიერ დაწესებულ საზღვრებს.
ხედავდნენ, თუ როგორ ეძინა. უყურებდნენ, როცა იხდიდა და იცვამდა, როცა სააბაზანოში ჩაკეტილიყო და როცა პაწაწინა შხაპში იბანდა სხეულს.
სოფოს ისევ ნაღველი მოაწვა ყელში. ზიზღი, მრისხანება, სირცხვილი და სასოწარკვეთილება ებრძოდნენ ერთმანეთს მასში და ვერ გაეგო, თუ რომელს გრძნობდა ყველაზე მეტად.
თუმცა ამას ადრევე უნდა მიმხვდარიყო. უნდა მიმხვდარიყო, რომ არ იქნებოდა ეს ისეთი იოლი, როგორიც ოთახებისა და პატარა თავისუფლების მიცემა იყო. რასაკვირველი გახლდათ, რომ მათ ნებისმიერ ნაბიჯს ზომავდნენ და მართლაც თავისუფლების ილუზიას უქმნიდნენ, რომ მაშინაც კი, როცა თავიანთ ოთახში გამოკეტილნი, მსახურები საკუთარ ნამდვილ „მეს“ გამოჩენილ საშუალებას აძლევდნენ, მათ დამტყვევებლებს, მათ ზედამხედველებს ყველაფერი დაენახათ.
ეს ადგილი ისეთი იყო, როგორც სარდაფი. მყრალი, სიბილწითა და სიბნელით აღსავსე, სადაც, კარის უკან სინათლე მოჩანდა თითქოს, მაგრამ მასში მცველები და ზედამხედველები იმალებოდნენ.
-ისე მოიქცევი, ვითომ არაფერი მომხდარა. – უთხრა ბატონიშვილმა. – ისე მოიქცევი შენს ოთახში, ვითომ აქაც არაფერი. რამე განსხვავებაზე თუ გავიგონებ, ან რამე უჩვეულოს თუ დავინახავ, გაგაქრობ. ეს ის სიტუაცია არაა, საიდანაც შეგეძლება ორმოცი როზგით გამოძვრე. – სისინებდა ის, და სოფო თვალებგაფართოებული, აკანკალებული აშტერდებოდა.
-თქვენ… რაში გჭირდებით? – ამოილუღლუღა გოგონამ. – რატომ მე? და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ბატონიშვილი წამიერად გაჩუმდა, თვალებში ჩაშტერებოდა. სოფომ ჯიუტად გაუსწორა მზერა. პასუხის გაგონება სურდა.
-უბრალოდ გააკეთე რასაც გეუბნებიან. – თქვა ბოლოს ახალგაზრდა კაცმა. თვალებს არც კი ახამხამებდა, ისე დაჟინებით დაშტერებოდა. – უკეთესი იქნება ასე შენთვის.
-როგორ იქნება ჩემთვის უკეთესი? – დაუსისინა სოფომ. უზღვავი კითხვა უტრიალებდა გონებაში, მაგრამ ხვდებოდა, რომ პასუხს ვერ მიიღებდა ვერც ერთზე. ასეთი სიტუაციები უკვე ყელში ამოსდიოდა. – თავისუფლებას მპირდებით?
ბატონიშვილმა ერთი შეხედა ანთებული თვალებით, მერე კი ისეთი ძალით სტაცა მხარში ხელი, რომ სოფო ერთიანად დაიკრუნჩხა ტკივილისაგან, მაგრამ მაინც გამწარებული, ჯიუტად შეჰყურებდა ბატონიშვილს.
-მე იმას გპირდები, – კბილებში გამოსცრა ახალგაზრდა კაცმა, – რომ ორად არ გადაგტეხავ. ენას კბილი დააჭირე, თორემ ისეთ ადგილს მივუჩენ, სულაც რომ არ მოგეწონება.
სოფოს სახეში აასხა სისხლმა. მუშტებგათეთრებული, კბილებდაკრეჭილი აჰყურებდა ბატონიშვილს, რომელიც ნელა წამოდგა, ისევ სავარძელში ჩაენარცხა.
-დანაზე არც კი იფიქრო. – თქვა მან და სახელურზე იდაყვი დადო, საფეთქელი მუშტს მიაყუდა.
საათი ტიკტიკებდა. ოდნავ გადაწეული ფანჯრებიდან მოჩანდა ნახევრად სავსე მთვარე.
სოფო იატაკზე წაწვა. დილამდე არ განძრეულა.
-*-*-*-*-*-
ერთი კვირა ისე გავიდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო. სოფო დაფეთებული, გაფაციცებული ელოდა რაიმე განსაკუთრებულს, თან ამავდროულად ცდილობდა რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ყოველთვის. ისე რობოტივით ევლო დერეფნებში, ერეცხა სარეცხი და საკუთარი თავისათვის დაეძალებინა, რომ ყოველ კუთხეში არ დაეწყო დაგდებული მინიშნებების ძებნა. ბატონიშვილს, როგორც ყოველთვის, ერთი ზედმეტი სიტყვა არ დაუძრავს, და სოფოს ვერც გაებედა, რომ შეჰკითხოდა. იცოდა, რომ ეს თემა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაზეც ბატონიშვილს სიტყვა დაეძრა, ამიტომ ერჩივნოდა, რომ მეტი გაეგო, მაგრამ ვერ ბედავდა.
ყოველ მოსახვევში ეშინოდა. ეშინოდა, რომ ბატონი გამოიძახებდა, იმის მიუხედავად, რომ დილით სისხლიანი როზგითა და დაფხრეწილი საცვლებით გამოვიდა ბატონიშვილის ოთახიდან იმ დღეს, ძალიან დემონსტრაციულად, მოჭმუხნული, ტკივილით აღსავსე სახით გადასცა წარბებაწეულ, იდუმალი კმაყოფილებით აღვსილ წვეროსანს როზგი, და ასევე დემონსტრაციულად, ხელით გარეცხა თავისი ძონძი სამრეცხაოში.
მის გარშემო ჩურჩულებდნენ. აქამდეც ჩურჩულებდნენ, მაგრამ ახლა იმატა მსახურთა ყურადღებამ. ალბათ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სოფო პერსონალური მსახურის სამუშაოს ყველა ასპექტს ასრულებდა, ამიტომ ახალი სალაპარაკო გაუჩნდათ.
მაგრამ ბატონი არ იძახებდა. ქალბატონები მის დანახვაზე იცინოდნენ, ცივ მზერას აყოლებდნენ, მაგრამ არ ცდილობდნენ, რომ კიდევ ერთხელ მიემწყვდიათ კუთხეში და დაეკითხათ ბატონიშვილის საიდუმლოებების შესახებ. მსახურები არ აწუხებდნენ. წვეროსნები შორიდან მიშტერებოდნენ, მოღუშულნი, მაგრამ არ ინძრეოდნენ მის დანახვაზე. ის ყოყლოჩინა მალხაზიც კი აღარ აყოლებდა თვალს.
სოფო კბილებს კრეჭდა, როცა ფიქრობდა, თუ რამდენს ნიშნავდა ამ სახლში ბატონიშვილის უფასო ბო*ობა. თითქოს მსახურებზე მაღლა იდგა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგონათ, რომ ბატონიშვილი მასთან იწვა.
საზიზღარი იყო ამის გაფიქრება და ამით სარგებლობა, მაგრამ საჭირო იყო იმისათვის, რომ ბატონის სპეციალურ ოთახში არ წაეთრიათ.
მერე კი ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა.
დილით, როცა ბატონიშვილი საუზმეს ჭამას მორჩა და სოფოს ჭურჭელი უნდა აელაგებინა, ახალგაზრდა კაცმა შეაჩერა.
-ესენი დატოვე. სხვა მიხედავს. – თქვა მან და წამოდგა, კარისაკენ გაემართა. – შენ მე წამომყვები.
სოფო წამიერად გაშტერდა, ადგილს მიეყინა. გაფაციცებით გადახედა ჭუჭყიან ჭურჭელს, ინსტინქტად ჰქონდა ალაგება მიჩვეული. ინსტინქტი სადღაც ქვემოთ, შორს ჩაჩურთა და ბატონიშვილს უკან აედევნა, გულისცემა აჩქარებოდა.
ბატონიშვილს სადღაც მიჰყავდა.
ალბათ იქ, სადაც ყოველდღე დადიოდა.
სოფოს ჯერ კიდევ გონებაში ამოკაწვროდა მისი ინსტრუქცია. ყველაფრისათვის უნდა მიექცია ყურადღება, და დაემახსოვრებინა, და ეს კითხვებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა გაეკეთებინა. ბატონიშვილს ზედმეტი კითხვები არ უყვარდა.
ამიტომ სცადა, რომ თავი ხელში აეყვანა, იმის მიუხედავად, რომ გული მკერდის ძვალზე ეხეთქებოდა და სისხლის შხუილი ესმოდა ყურებში. ქვედაბოლოს ჩასჭიდებოდნენ მისი გამხდარი, გათეთრებული თითები.
წვეროსნები თვალს აყოლებდნენ, სანამ ბატონიშვილმა დერეფნები გადაჭრა და წინა შემოსასვლელიდან გავიდა გარეთ.
სოფო წამიერად კინაღამ დააბრმავა სინათლემ, ისე, რომ ნაბიჯი აერია და კინაღამ დაეცა. გარეთ ჯერ კიდევ ციოდა, მაგრამ თოვლი დამდნარიყო, მინდვრის სიმწვანე იმდენად ახლოს ჩანდა, რომ სოფომ ძლივს შეიტანა ფილტვებში აკანკალებული სუნთქვა.
თითქოს ახლოს იყო მისი თავისუფლება. თითქოს ცოტაც და შეეძლებოდა მინდორში გაჭრილიყო, ამ მწვანე, სველ ბალახში გაგორებულიყო და უბრალოდ ეყურებინა, თუ რამდენად ლურჯი იყო ცა, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ქათქათა ღრუბლის ნაგლეჯი დაცურავდა.
რამდენი ხანი იყო, რაც ეს სანახაობა არ ენახა. რამდენი კვირა გახლდათ, რაც სახლში იყო გამოკეტილი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ, წელში გამწყვეტ სამუშაოსა და გაქცევაზე კონცენტრირებული, საკუთარ ემოციებში ჩაკარგული.
გარეთ ყოფნა ახლის ნიშანი, ახალი ჰაერი იყო მისთვის.
ბატონიშვილი კიბეებზე ჩადიოდა, სოფო ფრთხილად ჩაჰყვა, აკანკალებული ფეხებით. იქვე მანქანა გაეჩერებინათ, როგორც ყოველთვის, მდიდრული. წვეროსანი მძღოლი უკვე იჯდა შიგნით, და კიდევ ერთ წვეროსანს კარი ეჭირა ღია. მისი თვალები სოფოს მიჰყვნენ, და გოგონამ ვერაფერი დაინახა მათში. ინტერესის, გაკვირვების ნაპერწკალიც კი არ კიაფობდა მათში.
-ძამიკო! – დაიძახა უცებ ვიღაცამ მარჯვნიდან, დათაფლული ხმით. სოფოს სიმწვანესა და სილურჯეზე გაშტერებოდა თვალი, ამიტომ გვერდზე არ გაუხედავს, მაგრამ ბუნდოვნად, პერიფერიული მზერით დაინახა, თუ როგორ შეჩერდა ბატონიშვილი და თვითონაც შეყოვნდა, მადლობელი იდგა, რომ ეს ერთი პაწაწინა მომენტი ჰქონდა თავისათვის, როცა შეეძლო უბრალოდ მდგარიყო და ეყურებინა გარემოსათვის.
-გავიგონე, რომ შენი ნომერი მიჰყავს! – გააგრძელა ქალის დათაფლულმა ხმამ. დანარჩენმა სამმა ხმამ კისკისი ატეხა. – და რად გინდა?
-ქალი რომ მომინდება, იქვე იქნება. – თქვა ბატონიშვილმა. სოფო არც კი შენძრეულა. არც კი გაჰკვირვებია, უბრალოდ სხეული დაეძაბა.
-ოჰოჰო! – ამოუშვეს დებმა, სიცილი განაგრძეს.
ბატონიშვილი დაიძრა, მანქანაში ჩაჯდა. სოფოც მიჰყვა. ნელა, ფეხათრევით.
-ფრთხილად იყავი, ძამიკო! – დაუძახა ბატონიშვილს ერთ-ერთმა ნახევარდამ. დებს შორის იდგა, თვალები უბრწყინავდა, ღვარძლიან, სასტიკ სახეზე ლამაზი ნიღაბი ედო. – ეგეც არ გაგექცეს!
დებმა ისევ სიცილი ატეხეს.
ფანჯარა ბოლომდე აიწია, ლურჯი ცა და მწვანე მინდორი დაბურულმა მინამ გადაფარა.
მანქანა დაიძრა.
 .
-*-*-*-*-*-*-11
მანქანაში თბილოდა. სოფო იჯდა, დაპატარავებული, თითქოს საკუთარ თავში ჩახვეული, მუხლები შეეტყუპებინა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. გამალებით ათვალიერებდა შემოგარენს.
ცის სილურჯესა და ახლად ამოხასხასებული ბალახის სიმწვანეს დაბურული მინა ფარავდა. სოფო მაინც გაფაციცებული იყურებოდა, ცდილობდა, რომ დაენახა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მისთვის გამოსადეგარი ყოფილიყო. მაგრამ ვერაფერს ხედავდა ისეთს. მხოლოდ და მხოლოდ უკიდეგანო მინდორი, დაუხაზავი ტრასა და ტყე მოჩანდა.
იცოდა, რომ ცოტა ხანი უნდა ემგზავრათ, საათი, საათნახევარი მაინც, რომ ცივილიზაციისათვის მიეღწიათ.
მაგრამ მერე რაღა მოხდებოდა?
ბატონიშვილს არაფერი უხსენებია, სიტყვაც კი არ დაუძრავს იმაზე, რომ აპირებდა სოფოს სადმე წაყვანას. ეს გასაგები იყო, მაგრამ ასევე საშინლად ანერვიულებდა ეს სიტუაცია გოგონას.
როგორ უნდა მოქცეულიყო აქ? სად მიდიოდნენ? იქნებ ბატონიშვილს თავის სამსახურში მიჰყავდა?
თუმცა, თუ ბატონიშვილის გარემოს გაითვალისწინებდა, სულაც არ ექნებოდა მას სამსახური. ალბათ ყოველდღე სადმე კლუბებში დადიოდა, ან რამე ბარებში, სვამდა, და ქალებს ეძებდა.
თუმცა არა. მაშინ ბატონიშვილი არ იცრუებდა და არ იტყოდა, რომ სოფო იმიტომ მიჰყავდა თავისთან, რომ როცა ქალი მოუნდებოდა, მისი პერსონალური მსახური იქნებოდა იქვე. ასეთი ტყუილს არ დაუჯერებდნენ, თუ ისეთ ადგილას მიდიოდა, სადაც ბევრი ქალები იყვნენ.
ესე იგი რამე სხვა, უფრო სერიოზული ადგილი იყო. მაგრამ ასევე ისეთიც, სადაც პერსონალურ მსახურთან სექსი მიღებული იყო და არავინ დაახამხამებდა თვალს ამის დანახვაზე.
და, ბატონიშვილის სტატუსს თუ გაითვალისწინებდა, ალბათ სადაც მიდიოდა, იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელშიც ახლა სოფო გაჭედილიყო, რომელშიც ამდენი ადამიანი დაეტყვევებინათ.
მაგრამ შეიძლებოდა ესეც არ ყოფილიყო. შეიძლებოდა თავის „მეგობრებთან“ მიდიოდა, იმ ნაცნობებთან, რომლებიც ქალბატონების წვეულებებზე მოდიოდნენ.
„ყოველდღე?“ გაისმა სოფოს გონებაში ეჭვით აღსავსე კითხვა.
არ იქნებოდა ეს გასაკვირი. ქალბატონების წვეულებები ყოველდღე იდგმებოდა. ბატონიშვილის სხვაგან დასწრება სულაც არ იყო გასაოცარი.
სოფო სავარძლის ზურგს მიეყუდა, ფრთხილად გააპარა ბატონიშვილისაკენ თვალი. ის იჯდა, სხეული დაძაბვოდა, გაშტერებოდა მისჩერებოდა რაღაცას გარეთ. აშკარა გახლდათ, რომ ფიქრში იყო ჩაძირული და ლაპარაკი აზრადაც არ მოსდიოდა. სოფომ ორ წვეროსანს გადახედა, რომლებიც ასევე ხმაგაკმენდილები ისხდნენ.
უნდოდა, რომ ეკითხა, თუ სად მიდიოდნენ. უნდოდა, რომ მოეთხოვა ახსნა-განმარტება იმისათვის, რაც ხდებოდა. უნდოდა გაეგო, თუ სად მიჰყავდათ, თუ სად დადიოდა ყოველდღე ბატონიშვილი და საერთოდ, რას გულისხმობდა ახალგაზრდა კაცი მისი დაუსრულებელი იდუმალი ბრძანებებით.
მაგრამ იცოდა, რომ ამას საშინელი შედეგები მოჰყვებოდა. ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ბატონიშვილის მუქარა, რომ ერთი ზედმეტი სიტყვისა და მოქმედების შედეგად გააქრობდა. ძალიან ძნელი იყო სოფოსათვის, რომ ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერი ხდებოდა, თითქოს არაფერი გაეგო, თითქოს არ ეცადა, რომ ბატონიშვილი მოეკლა და მას ფაქტიურად არ ებრძანა, რომ დაწყებული საქმე დაესრულებინა და მისთვის დაერჭო დანა. თითქოს ყოველდღე არ უყურებდნენ თავის პაწაწინა ოთახსა და სააბაზანოში, თითქოს არ უყურებდნენ მის ყოველ ნაბიჯსა და მზერას.
თითქოს გამოკეტილი არ იყო ამ სახლში, და თითქოს გაქცევის შანსი ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა.
მაგრამ მაინც ცდილობდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ რამენაირად შეესრულებინა ყველაფერი, რაც უსამართლოდ ევალებოდა. გადასარჩენად და აქედან გასაღწევად ყველაფერ გააკეთებდა, რაც საჭირო იყო.
თან ეს ცვლილება გახლდათ უკვე. ყველანაირი ცვლილება ამწუთას სოფოსათვის პროგრესი იყო.
თითები უფრო მაგრად გადახლართა ერთმანეთში, მინაში გამოსახულ საკუთარ სახეს დააკვირდა. იმდენად აღარ ჰქონდა თვალები ჩაცვენილი, არც ლოყები. ყბის ხაზი იმდენად მახვილი აღარ იყო. თითქოს გამოკეთდა. თითქოს უკეთესად იყო.
მაგრამ სოფომ იცოდა, რომ ეს გაუმჯობესებული ვიზუალი მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო, კიდევ ერთი თავისუფლების ილუზია, ისევე როგორც მისი ოთახი. ტყვეები იყვნენ ჯერ კიდევ, მათი თითქოსდა ჯანმრთელი სახეები განადგურებულ შინაგან ბუნებას, გონებას მალავდნენ. მალავდნენ ყველასაგან, და ხანდახან საკუთარი თავისაგანაც.
სოფოს გააკანკალა. გამხდარი თითებისაკენ გააპარა თვალი.
ისეთივე ილუზია იყო ეს, როგორიც ბატონიშვილის ნახევარდების სასტიკ სახეებზე კოხტად გადაჭიმული სილამაზის ტყავი.
სოფო შეკრთა. თითქოს უცებ გაახსენდა.
„ფრთხილად იყავი, ძამიკო! ეგეც არ გაგექცეს!“ – სიტყვები, რომლებიც ერთ-ერთმა შუათანა ნახევარდამ წამოიძახა, ბედნიერი სახით.
ბატონიშვილს ვიღაც გაექცა. მსახური. ალბათ წინა პერსონალური მსახური.
ანუ ბატონიშვილმა ვიღაც თავისთან ერთად წაიყვანა, რომელიც მოგვიანებით გაექცა. სოფომ გაფართოებული თვალებით გადახედა ბატონიშვილს, რომელიც ისევ ფანჯარაში იყურებოდა, გასწორებული იჯდა, თავისი კოხტად გაუთოებული თეთრი პერანგით.
სოფოსავით ვიღაც წაიყვანა, ის კი გაექცა.
ანდა გააქცია. ანდა უფლება მისცა, რომ გაქცეულიყო.
სოფოს სუნთქვა შეეკრა, ბურთი მოაწვა ყელში. იქნებ ბატონიშვილმა მართლაც გადაწყვიტა, რომ გაეთავისუფლებინა მისი მსახური? იქნებ სოფოც იმისათვის წამოიყვანა აქ, რომ უბრალოდ გაეშვა?
სოფოს გული მაგრად აუბრაგუნდა მკერდში, გაშტერებული მისჩერებოდა ბატონიშვილს. ნუთუ შეეძლო მას ამის გაკეთება? ნუთუ აპირებდა ამის გაკეთებას?
სოფო მოულოდნელად გამოერკვა, თავი გადააქნია. არა. ამის უფლებას არ მისცემდა საკუთარ თავს. არ უნდა აჰყოლილიყო ოცნებებს, რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. უბრალოდ მოიცდიდა და დაელოდებოდა იმას, რასაც უქადდა ბედი. მისთვის მხოლოდ ერთი არჩევანი გახლდათ ამწუთას: ისე უნდა მიეღო სიტუაცია, როგორც იყო, და იმედი ჰქონოდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
ამიტომ შეამაგრა საკუთარი თავი. მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს და იმის მიუხედავად, რომ ენა ექავებოდა, მთელი გზა სიტყვა არ დაუძრავს.
მხოლოდ შემოგარენს ათვალიერებდა. რამდენიმე ადგილას გადაუხვიეს ტრასიდან, ჯერ მარჯვნივ, მერე ისევ მარჯვნივ. ორივე მხარეს ტყე გასდევდა ამ გზას. მზე აწეულიყო, ორიოდე საათში ზენიტში იქნებოდა. სოფომ ფრთხილად მიადო ხელი ფანჯარას, გრძნობდა, თუ როგორი სიცივე იყო გარეთ.
ბოლოს კი, მანქანამ სადღაც ტყეში გადაუხვია, უსწორმასწორო, ოღროჩოღრო, ძლივს გაკვალულ განიერ ბილიკზე მირიხინებდა. სოფო არაკომფორტულად იჯდა, დილით ნაჭამი მწირი საუზმე კუჭში აქეთ-იქით ენარცხებოდა კედლებს. მგზავრობა არასოდეს მოსწონდა, ალბათ ცოტაც და ძალიან აერეოდა გული.
მაგრამ სანამ რამე მნიშვნელოვანი მოხდებოდა, მანქანა შეჩერდა.
შეჩერდა რაღაც ძველი, გასაცოდავებული სახლის წინ, რომელიც თითქმის მთლიანად დაეფარა სუროს. სახლის გარშემო ადრე ალბათ დიდი, განიერი ეზო გახლდათ, კარგად მოვლილი, რომელიც ახლა დიდ, სქელ, გამხმარ ბალახებს დაეფარათ. აქა-იქ ამოეყო თავი პაწაწინა ყვავილებსა და სიმწვანეს.
სახლის შესასვლელთან ორი კაცი იდგა. ხელში ძალიან დემონსტრაციულად ეჭირათ დიდი ავტომატები. სოფოს სხეულში გააცია მათ დანახვაზე. რატომღაც გალიები, საკნები, სარდაფი და გარეთ წამოჭიმული მცველები და ზედამხედველები გაახსენდა.
ბატონიშვილმა და წვეროსნებმა კარებები გააღეს, გადავიდნენ და სოფო სასწრაფოდ დაფაცურდა, ზურგს უკან მიხურა მანქანის კარი და მათ მიჰყვა. სულაც არ სურდა, რომ ჩამორჩენოდა და გარეთ, ამ მცველებთან ერთად ჩარჩენილიყო.
ბატონიშვილმა სახლში შეაბიჯა, მის დანახვაზე იქვე მსხდომი მცველები ფეხზე წამოდგნენ. ყველას პატივისცემისა და ნერვიულობის გამომეტყველება ეწერა სახეზე.
სოფომ ნერწყვი ძლივს გადაიტანა გამომშრალ ყელში და სცადა რომ რაც შეიძლება პატარა და ჩუმი გამოჩენილიყო. სულაც არ სურდა, რომ ამ კაცებს მისკენ გადმოეტანათ ყურადღება. უბრალოდ სურდა მდგარიყო და ეფიქრა, გაეგო, თუ რატომ იყვნენ აქ და რატომ აგონებდა ეს სიტუაცია საკუთარ ტყვეობას ასე ძალიან.
მცველები ზედაც არ უყურებდნენ. თითქოს შეჩვეულები იყვნენ იმას, რომ ბატონიშვილს ხალხი მოჰყავდა თან, ისეთები, როგორიც ახალგაზრდა გოგოები იყვნენ.
სოფომ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
-რამდენი მოიყვანეთ ახალი? – იკითხა ბატონიშვილმა, მერე კი ბარძაყებზე შარვალი ოდნავ აიწია, ძირს ჩაიმუხლა. სოფო გაოცებული უყურებდა, და ვერ გაეგო, თუ რას აკეთებდა, სანამ ერთ-ერთმა მცველმა არ ჩაიმუხლა მის წინ.
-სამი მოვიყვანეთ. – თქვა მან და იატაკზე ხელი გააცურა. რაღაცას მოჰკიდა ხელი და ამოჭრილი ოთხკუთხედი ასწია ზემოთ. ბატონიშვილმა შიგნით ჩაიხედა.
სოფო თავზე ადგა მათ, ამიტომ ძალიან კარგად ხედავდა, თუ რა ხდებოდა. იატაკის ქვეშ ამოთხრილ ორმოში, რადგან ამ ადგილს სხვა რამეს ვერ დაარქმევდა, მკრთალად ეფინებოდა ჭერზე ჩამოკიდებული ნათურის სინათლე. ორმოს მიწის კედლები ჰქონდა, სველი და უსწორმასწორო. საძირკველი არსად მოჩანდა.
შიგნით კი შვიდი ადამიანი იჯდა. ოთხი ბიჭი და სამი გოგონა. ისინი დაფეთებულნი იყურებოდნენ ზემოთ, დიდი, გაფართოებული თვალებით. გაუგებრობა, შიში და სასოწარკვეთილება ეწერათ გამომეტყველებებში.
სოფო ენაჩავარდნილი, ერთიანად შეძრწუნებული დასჩერებოდა მათ. გაახსენდა, თუ როგორ იჯდა იმ სარდაფში, იმ საშინელ, ბნელ, ნოტიო, აყროლებულ სარდაფში და უნდოდა, რომ თვალები დაეხუჭა, რომ ამ სანახაობას გაქცეოდა, გაქცეოდა აქ დატყვევებულების სახეებს, რომლებშიც საკუთარ ყოფილ „მეს“ ხედავდა.
მაგრამ იცოდა, რომ თუ თვალებს დახუჭავდა, მკვეთრად აღუდგებოდა თვალწინ ის სარდაფი, სურნელი, სიბნელე და ჭერზე მოკიაფე მოქანავე ნათურა.
თავბრუ დაეხვა. მუხლები ეკვეთებოდა. უსიტყვოდ დაშტერებოდა დატყვევებულებს და ვერ ინძრეოდა. გული ეწვოდა, ოფლმა დაასხა.
-გაგვიშვით, გთხოვთ… – დაიწყო ერთ-ერთმა ბიჭმა. – ჩვენ არაფერი დაგვიშავებია…
სოფოს საკუთარი სიტყვები გაახსენდა. მცველის ნათქვამი „აქ არავის არაფერი დაუშავებია“ და მოყოლილი სასოწარკვეთილება.
-რა გინდათ, ფული? – დაიძახა ერთმა გოგონამ. სახე ტირილისაგან დასიებოდა, დაღლილი, ჭუჭყიანი, გასაცოდავებული ჩანდა. – მამაჩემს ფული აქვს, აუცილებლად მოგცემთ, ამიტომ გამოგვიშვით!
ბატონიშვილი უსიტყვოდ იყურებოდა ორმოში. სახეზე არაფერი ეწერა და სოფოს არ ესმოდა, თუ რანაირი უგულო და უემოციო უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ამას არ შეედრიკა, ოდნავადაც კი. თვითონ ადგილზე კანკალებდა, ისე სურდა, რომ ეყვირა, შველა ეთხოვა, ეს ხალხი ამოეყვანა აქედან. მათ საცოდავ, მუდარით აღსავსე სახეებს ვეღარ უძლებდა.
გვერდზე გაიხედა, თვალი აარიდა მათ.
წამსვე გაახსენდა, თუ როგორ არიდებდა ორმოცდაათს მზერას და თვალები მაგრად დახუჭა, აღარ სურდა ამაზე ეფიქრა.
-ეს გოგო და ბიჭი გაყიდეთ. – თქვა ბატონიშვილმა. – რომ დაილაპარაკეს, ისინი. მალე.
იმ გოგონასა და ბიჭს სახეები წაეშალათ, გოგონამ ტირილი დაიწყო. სხვებიც აჰყვნენ, ხმამაღლა, გაბმით, სასოწარკვეთილები ტიროდნენ. სოფომ თვალები გაახილა, გამწარებული იკვნეტდა ტუჩს და ოცნებობდა იმაზე, რომ ეს არ მოესმინა. რომ ეს არ გაეგო.
ბატონიშვილი ფეხზე წამოდგა, ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და მცველს გადასცა, რომელმაც თითქმის მოწიწებით ჩამოართვა, ბედნიერი უყურებდა.
-ყველაფერი, რაც გჭირდებათ, აქაა. – თქვა ბატონიშვილმა. – როგორც შევთანხმდით.
მცველმა თავი დაუკრა, იატაკში ამოთხრილ ორმოს თავი დაახურა. ოდნავ დაიხშო მხოლოდ ვედრებისა და ტირილის ხმა.
სოფო ისეთი ძალით იჭერდა მანქანისაკენ მიმავალ გზაზე ფრჩხილებს ხელებში, რომ გასერილ კანსა და მყიფე ფრჩხილების ტყდომას გრძნობდა. აუტანლად ქენჯნიდა სინდისი, ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ თვითონ აქ, ზემოთ იყო, შედარებით უკეთეს სიტუაციაში მყოფი. სითბოში იჯდა, მანქანით მგზავრობდა. საჭმელი ჰქონდა, ოთახი, იმის მიუხედავად რომ უთვალთვალებდნენ, და რაც ყველაზე მთავარი გახლდათ, ნოტიო, ახლადამოთხრილ ორმოში არ იყო ექვს სხვა ადამიანთან გამოკეტილი, სადაც ყველას ფეხზე დგომა უწევდა, რომ დატეულიყვნენ. თვითონ შეჩვეული იყო ამ სიტუაციას, ეს ადამიანები კი ახალი მოტაცებულები იყვნენ, რაც უფრო ართულებდა მათთვის მოულოდნელად თავზე დამტყდარ ამ უბედურებას.
ესე იგი ბატონიშვილი აქ იყო ჩარეული. ამ სისტემას მართავდა, რაღაც დონეზე მაინც. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვის ერთგვარი შუამავალი იყო. ბრძანებებს იძლეოდა, ფულსა და ინსტრუქციებს აძლევდა მცველებს.
ბატონიშვილი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი თავში მყოფი პიროვნება იყო ამ საშინელი სისტემისათვის.
ხალხს მოტაცებისათვის და ტყვეთა შენახვისათვის ფულს უხდიდნენ. იყო სპეციალური ადგილები, სადაც ბატონიშვილი დადიოდა, ახალ „საქონელს“ ნახულობდა და ბრძანებებს იძლეოდა.
არც ეს უნდა გაჰკვირვებოდა სოფოს, მაგრამ მაინც შემაძრწუნებელი იყო.
იმ დღეს კიდევ ორ ციხეს ესტუმრნენ. სხვანაირად სოფო ვერ წარმოიდგენდა ამ არაადამიანურ გარემოებებს, რომლებშიც ეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მომხვდარიყვნენ. მათთვის ეს ციხე გახლდათ. პირველი ტყიდან ნახევარი საათის სავალზე, მთის ძირში მოთავსებული რაღაც მიწისქვეშა ბუნაგი იყო, რომელსაც მიუჩვეველი თვალით ვერ დაინახავდა ადამიანი. ოცი ადამიანი დაეტყვევებინათ შიგნით. ფეხზე იდგა ყველა, ხელები კედელზე მიმაგრებულ გრძელ მილზე ჰქონდათ მიმაგრებული. ბატონიშვილმა ყველას დაუარა, რამდენიმეს ხელი უხეშად სტაცა ყბებში და თავი აქეთ-იქით გადააბრუნებინა, მერე მცველებს დაელაპარაკა. მცველი გაუჩერებლად რაკრაკებდა „მდიდარ ადგილებზე“, „სპეციალურ უბნებსა“ და „ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე“.
მეორე ციხე ისე ძალიან ჰგავდა მის პირვანდელ გალიას, რომ სოფოს კინაღამ დანახვისთანავე მოეკვეთა მუხლები. მასავით დაფხრეწილ, ძველ კაბებში გამოეწყოთ გოგონები, ყველა ახალგაზრდა, ლამაზი იყო. ზოგი ტირილით შეეგება მათ, ზოგი განრისხებული იმზირებოდა გალიის კუთხიდან. ბატონიშვილი თითოეულს დააკვირდა. ერთი არ მოეწონა და მოითხოვა, რომ სხვაგან გადაეყვანათ. „ჩვენი საქონელი უკეთესი უნდა იყოს,“ ისე განაცხადა მან, თითქოს მართლა საქონელზე ლაპარაკობდა და არა ნამდვილ ადამიანებზე.
სოფოს ზიზღი ერეოდა, როცა მის ნიღაბგადაკრულ სახეს ხედავდა. ეზიზღებოდა ეს უემოციო უგულო ნიღაბი.
ვერ ხედავდა ბატონიშვილის ფასადის მიღმა. იცოდა, რომ ახალგაზრდა კაცი არ იყო უემოციო. მუდამ ეტყობოდა შეკრულ წარბებზე, ანთებულ თვალებზე, დაღმეჭილ სახეზე.
ამიტომ ვერ იტანდა, რომ მის ნამდვილ სახეს ვერ ხედავდა.
ყველანაირად ცდილობდა, რომ ტყვეებისათვის სახეში არ შეეხედა. მათში საკუთარ თავს, საკუთარ გატეხილ თავს ხედავდა და ძაგავდა, ეზიზღებოდა მათი გამომეტყველებები. მათდამი მიმართული სიბრალული და შეცოდება თითქოს ზიზღს ებრძოდა და ვერ გაეგო, რატომ.
იქნებ იმიტომ, რომ თვითონ გამოვიდა ამ ფაზიდან. არ იყო სასოწარკვეთილი და არ ტიროდა. არ ეფიქრა, რომ ოდესმე ეტირა, ცრემლიც კი არ მოსდგომოდა თვალებზე, და თუ მოსდგომოდა, აუტანელი ტკივილის გამო იყო. საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდა, რომ ღრიალი წამოეწყო იმაზე, რაზეც არავითარი გავლენა არ გააჩნდა.
ტირილი მათ არაფერ კარგს არ მოუტანდათ. მხოლოდ  უარესად აგრძნობინებდათ თავს და უფრო დაასუსტებდათ.
მაგრამ ყველაზე უარესი ალბათ ის იყო, რომ აქამდე ასე არ ეფიქრა. არ ეფიქრა და ვერც კი წარმოედგინა, რომ შეეძლო ასეთი ფიქრების გონებაში გავლება შეეძლო.
საკუთარი გონების ეშინოდა, როცა უყურებდა მტირალ, გაძვალტყავებულ გოგონებს და ელვასავით უვლიდა ფიქრი „არ უნდა ტიროდეს. ტირილი სისუსტის ნიშანია.“
ეს ზარავდა. თითქოს საკუთარ თავს ვერ სცნობდა.
მესამე ციხიდან რომ წამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ, გონებაში ჯერ კიდევ ზარებივით რეკდნენ გოგონების სასოწარკვეთილი ხმები, ყვირილი და მუდარა.
გაშეშებული იჯდა. არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ იხილა. აკანკალებდა იმის გაფიქრებაზე, რომ ეს ყველაფერი ხვალაც უნდა ენახა. ზეგაც, მაზეგაც, და მას შემდეგაც, ყოველდღე, სანამ ბატონიშვილი მოინდომებდა.
უბრალოდ სურდა სახლში დაბრუნებულიყო. უნდოდა გონებაში ჩაბეჭდილი ტირილისა და სასოწარკვეთილი ვედრების ხმა გაექრო.
მაგრამ იცოდა, რომ სახლისაკენ არ მიდიოდნენ. იმის მიუხედავად, რომ სადილი ოთხზე უნდა მიეტანა ხოლმე, ბატონიშვილი ხშირად ექვსზე ბრუნდებოდა სახლში. ახლა კი მხოლოდ სამი საათი იქნებოდა.
სახლისაკენ არ გაუხვევიათ. პატარა, განათებული დასახლებისაკენ გაუხვიეს, რომელიც მხოლოდ სამიოდე ერთმანეთზე მიერთებული, წითლად განათებული ერთსართულიანი შენობებისაგან შედგებოდა.
ხმამაღალი, ელექტრონული მუსიკა გამოდიოდა შიგნიდან, როცა შენობებს მიუახლოვდნენ, რომელიც ყურის აპკების დამხეთქველ ხმაზე გადავიდა შიგნით შესვლისას.
მაგრამ მყვირალი მუსიკა არ იყო ყველაზე შემაწუხებელი.
აშკარად სტრიპტიზ კლუბი იყო. ვრცელ დარბაზში უამრავი ამაღლებული, მრგვალი ადგილი დაედგათ, რომელზეც ფერად სინათლეზე ბრწყინავდნენ მაღალი, მეტალის ბოძები. თხელ ტრუსებსა და ლიფებში გამოწყობილი ქალები ოსტატურად ტრიალებდნენ და ცეკვავდნენ ბოძებზე.
სოფოს სახე აეწვა. ფრჩხილები მაგრად ჩააჭირა ხელისგულებს.
აქ ყოფნა არ უნდოდა. სურდა დაეყვირა. უბრალოდ სურდა სახლში წასულიყო და დაესვენა. სულაც არ სურდა, რომ სტრიპტიზ კლუბში გაეტარებინა მომავალი ორი საათი.
ერთიანად დაძაბული მიჰყვა უკან ბატონიშვილს. წვეროსნები სადღაც გაუჩინარდნენ, ალბათ იმ მამაკაცების გროვას შეერივნენ, რომლებიც ამაღლებულ ადგილებს შემოხვეოდნენ.
ბატონიშვილი ოდნავ მოშორებით, კედელთან დადგმულ, სქელ ტახტში ჩაენარცხა. სოფოს ახედა, რომელიც იქვე გაჩერებულიყო, გაშეშებული, და ვერ გაეგო, თუ რა გაეკეთებინა. მუსიკა ისევ გრიალებდა, ფერადი სინაათლეები ისევ დათამაშობდნენ აქეთ-იქით. ბატონიშვილი უყურებდა.
-მოდი აქ. – უთხრა უცებ მან, რაც ძლივს გაიგონა სოფომ. ნელა მიუახლოვდა. ბატონიშვილი კალთაზე უთითებდა.
-ჩაჯექი. – უთხრა მან, და ბარძაყზე სტაცა ხელი, თავისკენ გასწია. სოფო მთელი სხეულით დაიძაბა, სახე ერთიანად გადაუფითრდა. მთელი ტანით თრთოდა, როცა მარჯვენა ფეხის მუხლი ასწია და ერთ მხარეს დააბჯინა ბატონიშვილს, მერე კი მეორე მუხლი მეორე მხარეს, სანამ მის ფეხებზე არ იჯდა და ზემოდან არ დაჰყურებდა.
-ახლა იჯექი და არ გაინძრე. არ მინდა, რომ შემაწუხონ. – უთხრა ბატონიშვილმა, ისე გამოიყურებოდა, ვითომ აქაც არაფერიო. სადღაც შორს იყურებოდა, მუქი თვალები უელავდა ფერად შუქზე.
სოფო დაჰყურებდა, არ იცოდა, სად წაეღო ხელები. უბრალოდ უნდოდა, რომ ამდგარიყო და გაქცეულიყო აქედან, მოშორებოდა აქაურობას და არასოდეს დაბრუნებულიყო. სურდა, რომ ფეხით მიეღწია იმ დატყვევებულების ადგილებამდე, ყველანიგაეთავისუფლებინა და ერთად დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში, სურდა ეს სისტემა ჩამოეშალა.
ბატონიშვილს დახედა.
რაში სჭირდებოდა სოფო? რატომ სურდა, რომ ყველაფერი დაენახა და დაემახსოვრებინა?
-თქვენ არ გსიამოვნებთ ამის გაკეთება, ხომ? ანუ… ხალხის დატყვევებასა და მცველებისთვის ფულის გადახდას ვგულისხმობ. – ამოილუღლუღა მან. ბატონიშვილმა ამოხედა.
სოფოს გული აუჩქარდა მკერდში. ყოველთვის, კითხვის დასმის შემდეგ ასე ემართებოდა. ნანობდა, რომ დასვა. ნანობდა, რომ ასეთი ცნობისმოყვარე და ინტერესით სავსე იყო.
ბატონიშვილმა მოულოდნელად საჯდომზე მაგრად სტაცა ხელი, ნაკვთები არც განძრეოდა. სოფო მთელი სხეულით შეხტა, უფრო მეტად აუკანკალდა სხეული. თვალებგაფართოებული დაჰყურებდა ბატონიშვილს.
ნუთუ… ნუთუ ეს იყო? ნუთუ სიმართლე უთხრა ბატონიშვილმა თავის დას? ნუთუ ამისათვის მოიყვანა მართლაც აქ?
ბატონიშვილმა ხელი მაგრად მოუჭირა, მეორე კი კისერზე სტაცა და ქვემოთ დასწია მისი თავი.
-ხმადაბლა. – დაუსისინა მან, სანამ სოფოს პანიკის შეტევა დაეწყებოდა. მშვიდი, მკაცრი თვალებით ჩაჰყურებდა თვალებში. – რა გგონია, არავინ გიყურებს?
სოფომ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. სახე უფრო და უფრო უფითრდებოდა, მთელი სხეული უკანკალებდა და ვერ ახერხებდა, რომ კონტროლი დაეყენებინა საკუთარ თავზე.
საშინელი სიტუაცია იყო. აბსურდული.
-რომ გითხრა, არ მსიამოვნებს თქო, რას მეტყვი? ან რომ გითხრა მსიამოვნებს მეთქი, მაშინ რაღას იფიქრებ? ნუ მისვამ უაზრო კითხვებს. – თქვა უცებ ბატონიშვილმა. ხელი გაუშვა და მკლავი წელზე მოხვია. – ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც საჭიროა.
სოფო ცოტა ხანი ჩუმად იჯდა. ცხელი იყო მის ფეხებშუა მოქცეული ბატონიშვილის სხეული.
-რომ მითხრათ რომ არ გსიამოვნებთ… – ძლივს ამოილუღლუღა ბოლოს. – ვიფიქრებ… ვიფიქრებ, რომ კარგი ადამიანი ხართ…
-აქ კარგი და ცუდი არ არსებობს. – მკვახედ მიუგო ბატონიშვილმა. – მე სულ ფეხებზე მკიდია, რას ფიქრობ შენ.
სოფო წამიერად გაჩუმდა, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. გაჩერებას არ აპირებდა აქ.
-ასევე ვიფიქრებ, – განაგრძო მან, ოდნავ დაიხარა, მისი სუნთქვა ბატონიშვილის თმასა და ყურის ნიჟარას ეხებოდა. – რომ აქედან გაღწევა გსურთ.
ბატონიშვილს არაფერი უთქვამს. მხოლოდ მაგრად მოქაჩა მისკენ კიდევ ერთხელ, დაჟინებით აშტერდებოდა თვალებში.
მუსიკა კი ისევ ყურისწამღებად წიოდა. დისკოთეკის ბურთი ტრიალებდა.
სინათლეები თვალწარმტაცად დათამაშებდნენ სტრიპტიზ კლუბის ბინძურ იატაკზე.
 .
-*-*-*-*-*-*-12
მუსიკა ყურისწამღებად ყიოდა, დრო კი საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა. მით უფრო, როცა სოფო თითოეულ წამს ითვლიდა და გამწარებული ელოდა იმ მომენტს, როცა ბოლოს და ბოლოს აქედან სახლში წავიდოდნენ.
ისევ ბატონიშვილს ეჯდა კალთაში და ჯერ კიდევ უგროვდებოდა სხეულში მისგან წამომავალი სიცხე. სტრიპტიზ კლუბში ისედაც დახუთულობა და სითბო ტრიალებდა, ზურგზე ოფლი მოაწვა სოფოს. იღლიებში ჩხვლეტდნენ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცოტას და მთლიანად ჩამოიშლებოდა დაღლილობისაგან, ისე უკანკალებდა უხერხულად მოხრილი, ერთიანად დაბუჟებული, ერთი საათის განმავლობაში მოკეცილი ფეხები.
ბატონიშვილს გადახედა, რომელიც ისევ ისე იჯდა, ისევ ისე იყურებოდა. სოფოსათვის ზედაც არ შეეხედა ჯერ.
გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა. უნდოდა, რომ რამე ეთქვა, ეს საშინელი სიჩუმე დაერღვია. უნდოდა, რომ დრო უფრო სწრაფად გასულიყო.
უნდოდა, რომ ცოტა რამ გაეგო. ბატონიშვილს წეღან ერთი სიტყვაც ვერ ამოჰგლიჯა პირიდან. იქნებ ახლა მოეხერხებინა?
-რატომ გინდათ აქედან გაღწევა? – ჰკითხა გოგონამ, თან მისკენ დაიხარა, რომ მისი ტუჩების მოძრაობა არავის დაენახა. ბატონიშვილმა მკვეთრად ახედა.
-ვინ გითხრა, რომ მინდა? – მკვახედ მიუგო მან და სოფო დაიძაბა, საკუთარ თავს შემოუძახა. უფრო მეტად დაასხა ზურგზე ოფლმა.
-სახეზე გეტყობათ. – ამოილუღლუღა ცოტა ხანი სიჩუმის შემდეგ. – თქვენ არ გავხართ აქ სხვებს.
ბატონიშვილს ნაკვთები რაღაცნაირად შეუკანკალდა. დაჟინებით მიშტერებოდა, სახე მოეღმიჭა. არაფერი უთქვამს.
სოფო ოდნავ გასწორდა, ბატონიშვილის უსიტყვობა, უფრო სწორად კი მისგან მუქარის ნაკლებობა სტიმულს აძლევდა.
-თქვენ… თქვენ არ გამროზგეთ, როცა გამოგიწვიეთ, – გააგრძელა მან. თითოეულ სიტყვაზე ფრთხილობდა. – უბრალოდ… დამაფრთხეთ, რომ მეყვირა. ეს არ არის ისეთი ადამიანის საქციელი, ვისაც სიამოვნებს სხვების დასჯა.
-დასასჯელი არაფერი გითქვამს და იმიტომ. – მოუჭრა ბატონიშვილმა მოულოდნელად და სოფომ ძლივს შეიკავა თავი, რომ მისი გამჭოლი მზერის წინაშე არ შემკრთალიყო. – სულ ესაა, მეტი არაფერი.
-კი მაგრამ დედათქვენი… თქვენი ნახევარდები ხომ ვახსენე… – ამოილუღლუღა სოფომ.
-დედაჩემზე რა გითხრეს? ვინ? – ჩაეკითხა ბატონიშვილი.
-მალხაზმა მითხრა… რომ დედათქვენი  ნომერი იყო. – დაუფიქრებლად მიუგო სოფომ.
-ბატონის მცველს მე დაველაპარაკები, როგორც საჭიროა. – თქვა უცებ ბატონიშვილმა. – იმ ბოზ ქალებზე გაგონება უბრალოდ არ მსიამოვნებს. – იგი შეყოვნდა, უკან გადაიხარა, უფრო კომფორტულად გადაწვა ტახტის ზურგზე. – და იქნებ არ გითხრა სიმართლე? იქნებ რაღაც ჭორს ჩმახავდა?
სოფომ კბილები შეკრა. გამალებით უყურებდა ბატონიშვილის სახეს, მისი ნიღბის მიღმა ცდილობდა, რომ ამოეკითხა რამე.
-ყოყლოჩინა და თავმომწონე ვინმეა. – ჩაილაპარაკა ბოლოს. – იქამდე არასოდეს მოსულა ჩემთან. არა მგონია უსაფუძვლო ჭორის გამო გადაეწყვიტა თქვენ პერსონალურ მსახურს გადადგმოდა წინ.
ბატონიშვილს სახე ისევ მოეღმიჭა. არაფერი უთქვამს.
-დედათქვენი ცოცხალი აღარაა, ხომ? – ჩაეკითხა სოფო. გული მკერდში მაგრად უბრაგუნებდა, როგორც იქნა მოახერხა, რომ ზოგიერთ რამეზე პასუხი მიეღო. ახლა მხოლოდ საჭირო გახლდათ რომ ცოტა კიდევ ჩასძიებოდა, სანამ დრო ჰქონდა და პასუხთა გაცემის ინიციატივას იჩენდა ბატონიშვილი.
-დედაჩემი კარგა ხანია მოკვდა. – თქვა ახალგაზრდა კაცმა. – ეგ ყველამ იცის.
-ვწუხვარ ძალიან. – ჩაილაპარაკა სოფომ. – არ ვიცი, რა დამემართებოდა, დედაჩემი რომ… – სიტყვა გაუწყდა, თავი გადააქნია. რამდენი ხანი გავიდა, რაც დედაზე არ ეფიქრა. არ ეფიქრა იმაზე, თუ როგორ იქნებოდა ქალი გასული თვეების განმავლობაში. თუ რას აკეთებდა, სად დადიოდა, ცდილობდა თუ არა მის პოვნას. არ სურდა, რომ ახლა დაეწყო,  მითუმეტეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფებოდა.
ბატონიშვილი ისევ არ იღებდა ხმას.
-ვინ გაგექცათ? – ჰკითხა სოფომ. ახალგაზრდა კაცმა გამოხედა, წარბი ასწია და თავი გვერდით გადააგდო.
-ერთი წამოვიყვანე. – თქვა მან. -და… გამექცა. – დაამთავრა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ. სოფო დაძაბული მიშტერებოდა. მისი გამომეტყველება არ მოსწონდა.
-მოკლეს? – ჩაილაპარაკა მან. ბატონიშვილი იყურებოდა სადღაც, თითქოს რაღაცას იხსენებდა, თვალები გაუშტერდა.
-ზურგში ესროლეს. – ისე თქვა მან, თითქოს ტრანსში იყო და ავტომატურად გამოჰქონდათ ტუჩებს სიტყვები. სოფოს თვალები გაუფართოვდა, სიბრალულით აღსავსე მიშტერებოდა. – იქვე მოკვდა. ისიც შენსავით გავაფრთხილე. – ის თითქოს გამოერკვა, სოფოსაკენ გადმოატრიალა თვალები. – ვუთხარი, რომ ჩემს გარეშე ერთი ნაბიჯი არ გადაედგა. მაგრამ ისულელა. თავში აუვარდა. – ბატონიშვილმა ტუჩი აიბზუა. – ეგონა, ადვილი იქნებოდა ყველაფერი.
ახალგაზრდა კაცმა ამოხედა, წარბები შეკრა.
-ეგრე ნუ იყურები. – დაუსისინა მან. – არ იყო ის გოგო შეცოდების ღირსი. უტვინო შტერი აღმოჩნდა. აქ კი უტვინობა სიკვდილს ნიშნავს.
სოფომ ხმა არ გაიღო საპასუხოდ. ზარავდა, რომ თვითონაც დაახლოებით ასე ფიქრობდა, ფიქრობდა სასტიკად, უწყალოდ, რომ ტირილი სისუსტის ნიშანი იყო, როცა მტირალ გოგონებს უყურებდა გალიასა და სხვა საპყრობილეებში. ორმოში ჩამწყვდეული ბიჭის სასოწარკვეთილმა, ცხოველურმა მზერამ გაუელვა თვალწინ და თვალები დახუჭა.
-თავისუფლება რომ გსურს, სულაც არაა უტვინობა. – თქვა მან ბოლოს. იცოდა, რომ ბატონიშვილს ეურჩებოდა, როცა მის სიტყვებს კითხვის ქვეშ აყენებდა, მაგრამ თავს ვერ მოერია. უნდოდა რამე ეთქვა ისეთი, რაც დაუმტკიცებდა ნაწილობრივ საკუთარ თავს, ნაწილობრივ კი ბატონიშვილს, რომ ადამიანური შეცდომების საზღაური სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო. – უბრალოდ ადამიანობაა.
ბატონიშვილი დაჟინებით უყურებდა.
-მართლა გჯერა შენ ეგ? – ჰკითხა ბოლოს სარკასტულად. – მე მგონია, რომ საკუთარი თავი გსურს რომ დააჯერო. არ გამოგივა. არ არის ეგრე. აქ ერთი შეცდომა არ გეპატიება!
ბოლოში სიტყვებს აუწია მან, ჩვეულებრივ ფერმკრთალ სახეზე ფერი მოუვიდა, თვალებში ცეცხლი დაენთო. სიცოცხლე დაეტყო თითქოს ამ ჩვეულებრივ ნიღაბგადაკრულ ახალგაზრდა კაცს.
სოფო უსიტყვოდ უყურებდა. ბატონიშვილმა კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა აქ ერთი შეცდომა.
-არც თქვენ გაპატიეს? – უთხრა ბოლოს. ბატონიშვილს ნაკვთები ისე გადაუნაცვლდა სახეზე, თითქოს სილა გააწნესო, სახიდან სისხლი ჩამოეცალა. – ამიტომ გაქვთ შრამები?
ახალგაზრდა კაცს თვალები ჩაუქრა. არაფრისმეტყველი გაუხდა.
-ჰო. – თქვა მან. – ძალიან კარგად მაქვს გამოცდილი, თუ რა მოხდება, როცა იმას არ აკეთებ, რასაც გეუბნებიან. – მან ელვის სისწრაფით გაიხედა გვერდით, კარის მიმართულებით. – ახლა ადექი. წავედით.
სოფო სასწრაფოდ დაფაცურდა, ფრთხილად წამოდგა ბატონიშვილის კალთიდან. ფეხებში ჭიანჭველებმა დაუარა, ტკივილისაგან ადგილზე დაიკრუნჩხა, ფეხს ძლივს ადგამდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა, რომ კარისაკენ მიმავალ ბატონიშვილს არ ჩამორჩენოდა.
შუა გზაში, თითქოს გამოიძახაო, წვეროსნები შემოუერთდნენ. მანქანაში ჩასხდნენ და სოფომ ძლივს ამოისუნთქა შვებით, როცა სტრიპტიზ კლუბი და მისი ყურისწამღები მუსიკა შორს ჩაიკარგა.
-*-*-*-*-*-
იმ დღიდან ყოველ მეორე ან მესამე დღეს მიჰყავდა ბატონიშვილს თავისთან. ყოველთვის სხვადასხვა ადგილებში მიდიოდნენ, ყველგან თითქოს ერთი და იგივე სიტუაცია იყო. ახლადმოყვანილი ტყვეები, მათი მუდარითა და ტირილით აღსავსე, მძიმე ჰაერი, მუდამ ერთი და იგივე წესიერი ადამიანისათვის შეუფერებელი პირობები და ასეთივე შეუფერებელი მოპყრობა. ბატონიშვილი მათ თვალს გადაავლებდა, ზოგის გაყიდვის ბრძანებას იძლეოდა, კარგა ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა მცველებს. შიგადაშიგ სხვა, მდიდრულად ჩაცმული მამაკაცები და ქალები მოდიოდნენ. ზოგი იქვე საყიდლად, ზოგს საკუთარი „საქონელი“ მოჰქონდა გასაცვლელად. ბატონიშვილი ოსტატურად შეევაჭრებოდა მათ, აშკარა იყო, რომ კარგა ხნის გამოცდილება ჰქონდა.
სოფო ამ ყველაფერს უყურებდა. უყურებდა და ყველაფერს იმახსოვრებდა. ყურადღებას აქცევდა მანქანის სიჩქარეებს, გადასახვევებს, ტყვეების ზუსტ ადგილსამყოფელს, მცველების სახეებს. უფრო უკეთესად, დაჟინებით, იმ მდიდარი ხალხის სახეებს აკვირდებოდა.
იცოდა, რომ ყველაფერი ზუსტად უნდა სცოდნოდა.
ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, რატომ. ბატონიშვილი ჯერ კიდევ არაფერს ეუბნებოდა, ერთი მიზეზიც კი არ მიეცა იმისათვის თუ რისთვის მისცა ასეთი ინსტრუქციები და თუ რატომ დაჰყავდა თავისთან ისეთ საიდუმლო ადგილებში, როგორიც ამ მოტაცებული ადამიანების საპყრობილენი გახლდათ.
ბატონიშვილი ამ ყველაფერს ავტომატურად აკეთებდა. აშკარა იყო, რომ ეს არ სიამოვნებდა, მაგრამ სოფოს ვერ გაეგო, თუ როგორ ღრმად მიდიოდა ეს უსიამოვნების შეგრძნება. იქნებ ბატონიშვილი უბრალოდ გაციებული იყო ამ სისასტიკის მიმართ? ნუთუ შეჩვეული იყო იმას, რომ ხალხით უნდა ევაჭრა, მცველებისათვის ფული უნდა გადაეხადა, მტირალი, დაფეთებული ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები საქონელივით უნდა შეეფასებინა და ვინც არ მოეწონებოდა, მათი სხვაგან გადაყვანა ეთხოვა?
ალბათ შეჩვეული იყო კიდეც. ალბათ წლები აკეთებდა უკვე ამას. სიახლის შეგრძნება ყველაფერს გაუდიოდა, ადრე თუ გვიან. გონება ეჩვეოდა მუდმივ სისასტიკესა და არაადამიანობას.
მის სარეცხში, ლანგარზე, უნიფორმის ჯიბეებში ქაღალდის ნაგლეჯები ჩნდებოდა. პირველად რომ დაინახა, დაფეთდა, ძლივს მოახერხა, რომ ყველასაგან შეუმჩნევლად ხელში მოეკუჭა. ბატონიშვილს რომ საჭმელი შეუტანა იმ დღეს, იქვე მდგარმა სასწრაფოდ, ხარბად გახსნა პაწაწინა ნაგლეჯი.
„აქ დაწერე“ – ჩაეჯღაბნათ დაბრეცილი ასოებით.
სოფო თავიდან ვერ მიხვდა. ორი დღე თავს იმტვრევდა იმაზე, თუ რა უნდა დაეწერა იმ პაწაწინა ნაგლეჯზე. გაფაციცებული მიშტერებოდა ბატონიშვილს, ერთ სიტყვას მაინც ელოდა მისი პირიდან, რაც შეიძლებოდა მინიშნება ყოფილიყო.
მერე კი კიდევ ერთი ნაგლეჯი მოვიდა.
ამჯერად ცარიელი, დაბრეცილი ასოები არსად ჩანდნენ. შიგნით მხოლოდ პაწაწინა, დალეული უბრალო ფანქარი გამოეხვიათ.
ბოლოს მიხვდა სოფო.
გამალებით წერზე ერთი მეორის მიყოლებით, ათასი გზით მომავალ ქაღალდის ნაგლეჯებზე თითოეული საპყრობილეს დეტალებს, ყველაფერს, რაც ახსოვდა. მანქანის სიჩქარეს, მგზავრობის ხანგრძლივობას, ზუსტად აღწერდა ადგილმდებარეობას, თუ როგორ გამოიყურებოდა დატყვევებულთა ადგილსამყოფელი, ეს მიტოვებული სახელი იქნებოდა, ძველი ქარხანა, თუ სახელდახელოდ შეკრული ქოხი. იწერდა დატყვევებულთა რაოდენობას, წერდა, თუ რამდენი მცველი იცავდა მათ, და თუ ვინმე მნიშვნელოვან, მდიდარს დაინახავდა, მათაც აუცილებლად აღწერდა შეძლებისდაგვარად.
ფანქარს ძალიან უფრთხილდებოდა. არ სურდა, რო, გრაფიტი გამოსცლოდა უდროო დროს.
ათეულობით ნაგლეჯები დაუგროვდა. ზოგს საკუთარ თავზე ინახავდა. წინდებში ჩატენილს, მატრასის ქვეშ შეცურებულს, ლიფის ფენათა შორის შეტენილს. თავიდან ბატონიშვილის ოთახში შენახვაზე ფიქრობდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ არ იქნებოდა ეს ძალიან კარგი იდეა.
ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რომ ბატონიშვილისათვის არაფერი ეპოვათ. ფრთხილად უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ მასზე ეჭვი არ აეღოთ. ბატონიშვილიც კი არ იყო დაზღვეული ამ ადგილის სისასტიკისაგან და სოფომ იცოდა, რომ თუ მას შეატყობდნენ რამეს, მასაც მოადგებოდნენ ავტომატურად.
ამიტომ ყველანაირად ფრთხილობდა. გაფაციცებული აკვირდებოდა ყველაფერს და წვრილი ნაწერით სავსე ნაგლეჯებს დაჰკანკალებდა.
იცოდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდნენ ეს ნაგლეჯები მომავალში. იცოდა, რომ სწორედ ამისათვის მისცა ინსტრუქციები ბატონიშვილმა.
რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა.
რომ მას სურდა, რომ აქედან გაეღწია. თვითონ თუ არა, სურდა, რომ სოფოს ჩაეწერა ყველაფერი იმისათვის, რომ ხმა მიეწვდინა ცივილიზებული სამყაროსათვის.
აპირებდა, რომ ეს სისტემა ჩამოეშალა.
ამისათვის სჭირდებოდა, რომ სოფო მისი თვალები და ყურები ყოფილიყო, და გოგონა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ თავისი მისია შეესრულებინა.
ბატონიშვილი კი არ იცვლებოდა. მუდამ მოქუფრული, დაძაბული, დაჭიმული იყო. ადრე ეს მხოლოდ ცუდი ხასიათის გამოხატულებად მიაჩნდა სოფოს, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ ეს სიმართლე არ გახლდათ. ცუდ ხასიათს ზედ ემატებოდა მოლოდინი. ბატონიშვილი რაღაცისათვის ემზადებოდა, რაღაცას ელოდებოდა, მაგრამ ისე ოსტატურად შენიღბულიყო, რომ ვერ ამჩნევდნენ, მის ბუნებას აწერდნენ ასეთ ქცევებს. იმპულსური და ტემპერამენტული იყო, მუდამ ყვიროდა სახლში. ჯერ კიდევ უღრიალებდა სოფოს და გაროზგვას ჰპირდებოდა, მაგრამ დაპირებას არასოდეს არ ასრულებდა მისდამი.
და მაინც, სოფო უფრთხოდა მას. მისი არაპროგნოზირებადობის ეშინოდა, ეშინოდა იმისა, რომ ბატონიშვილი ერთხელაც ამოფეთქავდა კვირების დაგროვებულ ბრაზსა და გაღიზიანებას, რომლის მსხვერპლიც თვითონ გახდებოდა.
მაგრამ ეს დღე არა და არ მოდიოდა.
და სოფო ნელ-ნელა უფრო და უფრო იძაბებოდა.
-*-*-*-*-*-
ერთი ჩვეული რიგითი დღე ჩანდა.
ერთი ჩვეული, რიგითი ჩამოვლა.
ისევ ისეთივე ყვირილი, მუდარა და სასოწარკვეთით აღსავსე ტყვეთა სახეები.
სოფოს ზარავდა ეს ყველაფერი. მაგრამ უფრო მეტად ის ზარავდა, რომ ამ ყველაფერს თითქოს შეეჩვია. ასეთი სიტუაციები უკვე როგორც რიგითი, ჩვეული სიტუაციები, ისე წარმოედგინა გონებაში. თითქმის ცივი გონებით იმახსოვრებდა ინფორმაციას. გადაავლებდა ტყვეებს თვალს, დათვლიდა მათ, გარეგნულადაც დაიმახსოვრებდა თუ შეეძლო, თუმცა ხანდახან ძნელი იყო ადამიანის ნამდვილი სახის დანახვა მათი ტირილისაგან დაღმეჭილი გამომეტყველებების გამო.
არ იყო აქ თითქოს ემოციების დრო. საკუთარ თავს ეუბნებოდა სოფო, რომ შეცოდებისა და სიბრალულის დრო არ გახლდათ და ამიტომ გრძნობდა მათ ნაკლებად.
მაგრამ ამავდროულად ეშინოდა, რომ უბრალოდ უქრებოდა მასაც ადამიანური ემპათია. რომ ეჩვეოდა ასეთი საშინელების დანახვას. რომ გული უცივდებოდა.
ბატონიშვილმა დაიარა. ბრძანა, რომ ერთი ბიჭი სხვაგან გადაეყვანათ. ბიჭი, რომელიც ალბათ თხუთმეტისა თუ იქნებოდა, გამწარებული ტიროდა. სოფომ გვერდზე გაიხედა, თვალი აარიდა, და მცველებს დაუწყო თვალიერება. შეფარვით, ხარბად ევლებოდნენ მისი თვალები შემოგარენს. დღევანდელი ქაღალდის ნაგლეჯისათვის იმახსოვრებდნენ ყველაფერს.
გარედან მანქანის ძრავის, კარის მოჯახუნების, მერე კი ლაპარაკის ხმა ისმოდა. „ახალი მდიდარი მოვიდა ალბათ,“ გაიფიქრა სოფომ და დაიძაბა, ნახევრად ჩამოვარდნილი, ორივე მხარეს მცველებით გამაგრებული კარისაკენ იყურებოდა.
ტიპიური მდიდარი, მაღალი კაცი შემოვიდა. ეშმაკურად უელავდა ცბიერი, ნაცრისფერი თვალები. ძვირფასი კოსტუმი ეცვა, თითებზე ბეჭდები აესხა. უკან ცხვირაწეული ბიჭი მოჰყვებოდა. სოფოს ასაკისა თუ არა, მასზე ოდნავ პატარა მაინც იქნებოდა. ისე მოდიოდა, თითქოს ყველაფერი გარშემო მისი საკუთრება იყო. კოხტად გადაევარცხნა მოწითალო, მუქი ქოჩორი, გამჭოლი, გოროზი მზერით იყურებოდა.
-ბატონიშვილო! – ხელები გაშალა კაცმა ხმამაღალი როხროხით. – როგორც კი გავიგონე, რომ აქეთ ბრძანდებოდით, წამსვე გამოვეშურე! ჩემს ბიჭს, – მან ამაყად დაადო თავის ვაჟს მხარზე ხელი, – ახალი გოგო უნდა. ხომ ხვდებით, არა, როგორია სიტუაცია? – ხმამაღლა გადაიხარხარა მან.
ბატონიშვილი უინტერესოდ, ცივად უყურებდა, სახე რაღაც ნაძალადევ, ღიმილისმაგვარში მოღმიჭა.
-რასაკვირველია. – თქვა მან. – ორი თვეა არ გამოჩენილხართ. – მისი მუქი თვალები ბიჭს გადასწვდნენ. – ამჯერად როგორი?
-ვერ გადაუწყვეტია! – წამოიძახა კაცმა მხიარულად, ბატონიშვილის სიცივეს ან ვერ ამჩნევდა, ანდა ყურადღებას არ აქცევდა. – უკვე ექვსგან გავიარეთ და ვერსად ვერავინ მონახა მოსაწონი! მერე თქვენ გამახსენდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ მიაგნებდა, ვინც სჭირდებოდა!
-გასაგებია. – თქვა ბატონიშვილმა და კედელთან მიჩურთულ, ერთმანეთს ჩაჭიდებულ ტყვეებზე მიუთითა. – რომელი გსურთ? – ბიჭს გადახედა მან.
სოფომ წამსვე ბიჭისაკენ გადაატრიალა მზერა.
მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ბიჭმა თვალი თვალში გაუყარა, თავი გვერდზე გადააგდო.
სოფომ სასწრაფოდ აარიდა თვალი, გვერდზე გაიხედა, ბატონიშვილისაკენ გააპარა მზერა. ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც ამ ადგილებში სიარულისას ისწავლა, ის იყო, რომ არასოდეს კლიენტებისათვის არ უნდა შეეხედა. არასოდეს სიამოვნებდათ, მერე ეჭვით აღსავსე მზერას გააპარებდნენ ბატონიშვილისაკენ, თითქოს არ მოსწონდათ, თუ როგორ იქცეოდა მისი პერსონალური მსახური.
ამიტომ სოფო, როგორც შეეძლო პატარავდებოდა. ბატონიშვილს უკან და ოდნაც გვერდით ედგა, ხელებდაკრეფილი და თვალებში არ უყურებდა კლიენტებს.
როცა მას არ უყურებდნენ, რასაკვირველია.
მაგრამ ახლა შეცდომა დაუშვა. ბიჭმა ყურადღება მიაქცია. სოფოს ოფლმა გამოჟონა უნიფორმის სქელ საყელოსთან. ქერა, სქელი თმის ქვეშ საშინლად დასცხა. ხელები აუკანკალდა და მაგრად მოუჭირა ერთმანეთს.
ბატონიშვილი ქვასავით გამაგრებული იდგა. კუნთსაც არ ანძრევდა.
-დღეს მოვიყვანეთ. – თქვა მან ხმამაღლა, მოულოდნელად. – თორმეტი გოგონა. თუ შეხედავთ…
-ეს მინდა. – თქვა უცებ ბიჭმა. სოფო მას არ უყურებდა, ამიტომ ვერ დაინახა, თუ ვის უთითებდა იგი, მაგრამ შეამჩნია, თუ როგორ დაიძაბა ბატონიშვილი და აფორიაქდა. ბატონიშვილი არასოდეს იძაბებოდა. არასოდეს იჩენდა აქ ემოციას. თითქოს შორს მყოფი, უინტერესო იყო.
-შვილო! – წაუსისინა ვაჟს კაცმა. – რას ამბობ! უკაცრავად, ბატონიშვილო, ჯერ არ ესმის ეტიკეტი…
-მამა, ეს მინდა. – გაიმეორა ბიჭმა. -ეს ყველას ჯობია.
-ჩემი პერსონალური მსახური არ იყიდება. – თქვა ბატონიშვილმა.
სოფოს თვალები გაუფართოვდა. ერთბაშად გამოუშრა პირი. თავი ვერ შეიკავა, განცვიფრებულმა ასწია სახე, რომ ჯერ ბატონიშვილისაკენ გადაეხედა, მერე კი სწრაფად შეევლო თვალი ბიჭისათვის, რომელიც იქვე იდგა და მისკენ იყურებოდა თვითკმაყოფილი, ცნობისმოყვარეობით აღსავსე ღიმილით.
ოფლმა დაასხა.
კაცმა ამოიხვნეშა. დაღლილობის გამომეტყველება აღიბეჭდა სახეზე, მუცელზე მოისვა ბეჭდებიანი ხელი.
-ბოდიშს ვიხდი, ბატონიშვილო. – მიელაქუცა ის. – არ ველოდი, რომ ასეთ არჩევანს გააკეთებდა… იქნებ რამენაირად შევთანხმდეთ? რამდენი გადაიხადეთ გოგონაში? გაგისამმაგებთ…
-არ იყიდება. – გაიმეორა ბატონიშვილმა. – არჩევანი აი აქ გაქვთ. – ხელი გაიშვირა კედელთან მიჩურთული ტყვეებისაკენ, რომლებმაც ხმადაბალი ტირილი მორთეს. ერთმა მცველმა ხმადაბლა მიუსისინა მან, სანამ გოგონებმა არ შეწყვიტეს ხმამაღლა ტირილი, მაგრამ ცრემლები მაინც სდიოდათ შეუწყვეტლად.
სოფო ვერ იტანდა საკუთარ თავს. ვერ იტანდა ასეთი ფიქრებისათვის, მაგრამ მადლობელი იყო, რომ ამ გოგონებთან ერთად არ იჯდა. მადლობელი იყო, რომ თვითონ არ იყიდებოდა.
-მამა! – ბრაზიანი გამომეტყველებით მიუბრუნდა ბიჭი მამამისს. – ხომ მითხარი, რომ რომელიც მინდოდა, იმას მიყიდდი! აუქციონებზე არაფერი ვარგა!
არაფერი. ეს კუდაბზიკა, ნებიერი ბიჭი დატყვევებულ ხალხს არაფერს უწოდებდა.
სოფოს ბრაზმა აასხა თვალებში.
-რომ გაგიექვსმაგოთ? – წარბებაწეული მოუბრუნდა კაცი ბატონიშვილს. -დარწმუნებული ვარ, რომ ერთი  მსახური ამდენი არ ღირს…
-არ იყიდება. გასაგებად ვლაპარაკობ? – თქვა ბატონიშვილმა ცივად. – და რაკი არ აპირებთ რომ ვინმე იყიდოთ, დაგემშვიდობებით აქ.
იგი გატრიალდა, კარისაკენ გაალაჯა. სოფო სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა უკან. გული მკერდის ძვალზე ეხეთქებოდა და არ სჯეროდა, რომ ამწუთას ის მოითხოვეს.
იმ კაცმა ამდენი ფული შესთავაზა. იმდენი, რამდენშიც ბატონიშვილი ექვსი მსახურის ყიდვას შესძლებდა.
ბატონიშვილმა კი უარი უთხრა.
გოგონა მთელი ტანით კანკალებდა, როცა მანქანაში ჩასხდნენ, კარებები მოიხურა, და დაიხშო გარედან მომავალი, იმ ამპარტავანი ბიჭის საყვედურებით სავსე წივილი.
ბატონიშვილს გადახედა.
ახალგაზრდა კაცი გაშტერებული იყურებოდა ფანჯარაში. ღარი გასჩენოდა წარბებს შუა.
სოფომ ნერწყვი გადაყლაპა.
უნდოდა მადლობა გადაეხადა.
სიჩუმე ჩამოვარდა მანქანაში, სანამ ტყის ოღროჩოღრო ბილიკზე მირახრახებდნენ.

.

-*-*-*-*-*-13
სოფოს მთელი გზა გამალებით უცემდა გული. ტვინში უამრავი ფიქრი უტრიალებდა ერთად, და მათი გამოცალკევების დრო მხოლოდ მაშინ მიეცა, როცა ცოტა თავისუფალი დრო ჰქონდა ბატონიშვილთან ვახშმის მიტანამდე. ლოგინზე იჯდა, ფეხმორთხმული, მისთვის განკუთვნილ ოთახში, და უაზროდ აშტერებოდა კედელს, თან ცდილობდა, რომ ერთიანად აბურდული იქრები დაელაგებინა.
იმ პატარა, განებივრებულმა ბიჭმა სოფო მოითხოვა. „მამა!  ხომ მითხარი, რომ რომელიც მინდოდა, იმას მიყიდდი! აუქციონებზე არაფერი ვარგა!“ – უტრიალებდა თავში, აქეთ-იქით ეხეთქებოდა და საფეთქლებს ატკიებდა.
ტიპიური ნებიერი ლაწირაკი იყო ის ბიჭი, რომელსაც ყველაფერს უსრულებდა გაქსუებული, მდიდარი მამა. მაგრამ ტანსაცმელის, მანქანებისა და ძვირფასი საათების მაგივრად საქმე გოგონებს ეხებოდა.
გოგონებს, რომლებსაც ეს ბიჭი ორ თვეში ერთხელ „იცვლიდა“.
სოფოს ტანში გააჟრიალა. თვალის დაუხამხამებლად შეშტერებოდა კედელს, მზერა გაორებოდა, ფიქრებში ჩაკარგულიყო.
არ სჯეროდა თითქმის, რომ ამას გადაურჩა. არ სჯეროდა იმისა, რომ იმ ბიჭმა მაინც და მაინც მას დაადგა თვალი და იმის გამბედაობა ეყო, რომ რამდენჯერმე მოეთხოვა, იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე უარი უთხრეს.
თუმცა სულაც არ იყო ეს გასაკვირი. ასეთი ბიჭები მიჩვეულნი იყვნენ იმას, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებდა და არავინ უარს არ ეუბნებოდა მათ. სოფო იოლად შეიძლებოდა გამხდარიყო ერთ-ერთი მისი გოგოების რიგში. ტანში აციებდა, როცა ამაზე ფიქრობდა. სულაც არ უნდოდა წამოედგინა, თუ როგორ ექცეოდა ასეთი ბიჭი გოგოებს, რომელთაც „არაფერს“ უწოდებდა.
ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ბატონიშვილი მის გაყიდვაზე უარს იტყოდა. იგი ყოველთვის ოსტატურად ევაჭრებოდა კლიენტს, მაგრამ აშკარა იყო, რომ მათდამი ფრთხილობდა, და ყოველთვის ცდილობდა, რომ კლიენტის სურვილი აესრულებინა.
დღეს კი რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი.
ბატონიშვილმა ექვს მსახურზე არ გაცვალა. ეს ნიშნავდა რაღაცას. უმთავრესი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ სოფომ ამდენი რამ იცოდა, ამ წამს ცამეტი ნაწერებით სავსე ნაგლეჯი ჰქონდა საკუთარ თავზე. ბატონიშვილი თუ გაჰყიდდა, ამდენი ხნის მუშაობა ჩაეყრებოდა წყალში, დაიკარგებოდა ის ფრთხილი ნდობა, ის ყოყმანით სავსე ურთიერთობა, რომელიც მათ შორის აღმართულიყო და მაგრად აკავშირდებდა მათ ერთმანეთთან.
სოფომ კანკალით ამოისუნთქა. ესმოდა, თუ რატომ გააკეთა ბატონიშვილმა ეს, მაგრამ მაინც მადლობელი იყო. მადლობელი იყო იმისა, რომ იმ ნებიერი ბიჭის მსხვერპლი არ გახდა. მადლობელი იყო, რომ იმ გოგონათა რიგებში არ დაიკავა თავისი ადგილი და იქამდე არ დაეცა, რომ ვიღაც ძუძუმწოვარა ბავშვის სათამაშო გამხდარიყო.
ჯერ კიდევ ამაზე ფიქრობდა, როცა ბატონიშვილს ვახშამი შეუტანა და ხელებდაკრეფილი სავარძლის გვერდით დადგა. სიტყვები ენის წვერზე ედგა, ადგილზე ცმუკავდა, ისე სურდა, რომ ბატონიშვილისათვის რამე ეთქვა, მაგრამ ორჭოფობდა, არ იცოდა, თუ რამდენად მისაღები იქნებოდა ეს ახალაგაზრდა კაცისათვის.
ბოლოს გადაწყვიტა.
-მადლობა. – თქვა მან სწრაფად, მკერდიდან თითქოს უშველებელი ტვირთი მოეხსნა. – ამ სახლში, და მითუმეტეს ამ თვეების განმავლობაში, სანამ დატყვევებული იყო, ეს სიტყვა არ ეთქვა და ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ იტყოდა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ არ გაათავისუფლებდნენ, არ დაიხსნიდნენ ამ საპყრობილედან.
-რისთვის? – ჰკითხა ბატონიშვილმა, ისე, რომ მისკენ არ გამოუხედავს. უნაკლოს შებრაწულ წითელ თევზს ატრიალებდა მბზინვარე, მოჩუქურთმებული ვერცხლის ჩანგლით.
-რომ არ გამყიდეთ. – მიუგო სოფომ. ხელები მაგრად მოუჭირა ერთმანეთს, თითები გადახლართა, სანამ კანი არ დაეჭიმა. ხელები, რაც გაიტაცეს, სულ საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. ფრჩხილები მყიფე, დაკვნეტილი, რადგან მაკრატელი არ გააჩნდა, ხორცი დაჭმული შეუჩერებელი ნერვიულობისაგან. ხელისგულზე კორძები გაუჩნდა, ხელის ზურგის კანი კი მუდამ უხეში, დახეთქილი იყო. – ამდენი ფული შემოგთავაზათ…
-ექვსი ათასად გიყიდეს. – თქვა ბატონიშვილმა, სოფოს გამოხედა, თვალი თვალში გაუყარა. – ოცდათექვსმეტი ათასი სულაც არაა ბევრი.
სოფო ენაჩავარდნილი მისჩერებოდა. ბატონიშვილის აზრით, ოცდათექვსმეტი ათასი ბევრი სულაც არ იყო. ალბათ ამასაც, როგორც ხურდას, ისე უყურებდა.
-ჰო მაგრამ მაგდენით ექვს მსახურს იყიდდით… – შეელაპარაკა სოფო. უკან დახევას არ აპირებდა. უნდოდა, რომ ბოლომდე გამოეთქვა თავისი ფიქრები და ერთი მხრივ გაეგებნებინა ბატონიშვილისათვის, თუ რამდენს ნიშნავდა მისი მოქმედება გოგონასათვის, ყველაფრის მიუხედავად.
-მეტი ნომრები არ გვესაჭიროება. – მოუჭრა ბატონიშვილმა. – რაოდენობაზე არ იყო აქ საქმე. შენ საჭირო ხარ.
სოფომ თითები უფრო მაგრად გადახლართა ერთმანეთში. შიგნით ეღიმებოდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
მთელი საღამო უკეთეს ხასიათზე იყო, ვიდრე ჩვეულებისამებრ. შხაპი მიიღო. წყალს ცოტა ხნით ადრე უშვებდა, რომ გაცხელებულიყო და ოთახი ორთქლით ავსებულიყო, რათა კამერებში არ გამოჩენილიყო, თუ როგორ იხდიდა. სუფთა პიჟამა ჩაიცვა, ახლახან გარეცხილ და დაუთოებულ თეთრეულში დაწვა.
ცოტა ხანი ჩაყუჩული იწვა. ოდნავ გაეღო ფანჯარა, როგორც ყოველთვის. ღამით გრილოდა, მაგრამ ისე ძალიან აღარა, როგორც ადრე. გაზაფხული მოსვლა შესამჩნევი გახლდათ, დილით ოდნავ ღია ფანაჯარაში ჩიტების ჭიკჭიკი ესმოდა და ცოტაოდენ შვებას ანიჭებდა. ღამის მცველების ფეხებქვეშ კენჭების შხრიალი. ლამპიონები ციმციმებდნენ.
ღამე წყნარი, და ჩუმი იყო, როგორც ყოველთვის. სოფო გვერდზე გადაბრუნდა, საბანში ჩაეფლო, ძილი მოერია. თვალები ეხუჭებოდა.
ის იყო, რომ ძილს უნდა მისცემოდა, რომ გარეთ კენჭების შხრიალის ხმა გაძლიერდა. თითქოს რაღაც დიდი და მძიმე მოგორავდა გაზონებს შორის.
სოფომ ძლივს გაახილა თვალები, ნელა წამოჯდა. მისდა საბედნიეროდ, მისი ოთახის ფანჯარა პირდაპირ გადაჰყურებდა წინა ეზოს.
წინა ეზოს, რომელშიც მომავალ პრიალა, შავ მანქანას ლამპიონების შუქები ანათებდნენ.
გოგონა მოიღუშა, კისერი წაიგრძელა, რომ უკეთესად შეეთვალიერებინა მანქანა, რომელიც სახლის წინ გაჩერდა. ასე გვიან არასოდეს ჰყოლოდათ სტუმრები, მითუმეტეს ერთი მანქანით მომავალი სტუმრები. ქალბატონების წვეულებების გარდა, სადაც უამრავი ადამიანი იყო ყოველთვის მოწვეული, მათ არავინ სტუმრობდა.
ამიტომ სოფო დაბნეული, და ცოტათი აფორიაქებული მიაშტერდა გაპრიალებულ მანქანას, რომელსაც მცველები მიუახლოვდნენ. ასეთი ცვლილება არასოდეს იყო კარგი.  ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არაპროგნოზირებადობას მოასწავებდა, რაც აუტანელი იყო მის სიტუაციაში.
მერე კი მანქანის კარი გაიღო და მაღალი, სრული კაცი გადმოვიდა. მკერდზე გადმოფენილმა პრიალა ჰალსტუხმა, საკინძეებმა და ხელებზე ასხმულმა ბეჭდებმა ლამპიონების მკრთალ შუქზე გაიელვეს.
სოფომ ეს კაცი იცნო.
მას ის უკმაყოფილო ბიჭი გადმოჰყვა. კოხტად გადავარცხნილ ქოჩორზე თითქოს ცეცხლი ეკიდა.
აქ მოვიდნენ. სოფოსათვის მოვიდნენ. შეუძლებელი იყო ისეთი დამთხვევა, რომ უბრალოდ გამოევლოთ აქეთ. ასეთი რამეები არ ხდებოდა.
სოფოსათვის მოვიდნენ.
გოგონამ ვერც კი შეიმჩნია, თუ როგორ აიფარა პირზე ხელი. არ იცოდა, ზუსტად რატომ, თუ რას ნიშნავდა ეს მოქმედება. ალბათ ნაწილობრივ იმისათვის, რომ პირიდან თითქოს გამოვარდნილი, შეძრწუნების გამომხატველი ქოშინი დაეფარა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ლოგინში არ ერწყია.
თავზარი დაეცა. ეს ხალხი ისეთი ადვილი მოსაცილებელი არ აღმოჩნდა, როგორიც ეგონა. არც კი უნდა გაევლო თავში ისეთი აზრი, რომ იმ საპყრობილეში, ბატონიშვილის სიტყვებით დამთავრდებოდა ყველაფერი. უნდა მიმხვდარიყო ამდენს. უნდა მიმხვდარიყო, სათანადოდ უნდა შეეფასებინა იმ ძუძუმწოვარა ბალღის ახირება.
ადამიანებს ის უნდოდათ, რასაც ვერ იღებდნენ. არც ეს იყო გამონაკლისი. ბატონიშვილის უარით ეს საქმე პერსონალური გახდა. იმ პატარა ბიჭს ის ტკბილეული სურდა, რომლისადმი ხელი არ მიუწვდებოდა.
კაცი და ბიჭი კიბეებზე ადიოდნენ, სახლში შეაბიჯეს. სოფო ფანჯარას მოსცილდა, შავ მანქანას ვეღარ უყურებდა, თავბრუ დაესხა. თბილი საბანი გადაიძრო, სული მოეხუთა. ოთახის სიგრილის მიუხედავად ოფლმა დაასხა.
თან ღამე მოვიდნენ. აქამდე მოიცადეს. არ სურდათ, რომ დღე მოსულიყვნენ და ყურადღება მიექციათ.
უნდოდათ, რომ სწრაფად ჩაეფარცხათ ეს საქმე.
სოფოს სუნთქვა შეუკანკალდა ყელში. ბატონიშვილის ჩარევა არ სურდათ. ეს იყო მათი აქ გვიან მოსვლის მიზეზი. ალბათ ბატონს მიაკითხავდნენ, შეევაჭრებოდნენ. გადაუხდიდნენ ფულს, და გააყოლებდნენ სოფოს. ბატონიშვილის დაუკითხავად.
სოფო წამსვე წამოხტა. გული მკერდში მძლავრად უცემდა, კარს მივარდა. იქნებ ბატონიშვილის კარზე დაეკაკუნებინა, ეთქვა, თუ რა ხდებოდა. იქნებ მას შეეჩერებინა ეს…
სოფო შედგა, ყველაფერი გაჩერდა თითქოს მის გარშემო. ღია კარში წვეროსანი იდგა,  წარბები აეზიდა.
-ბატონი გიძახებს. – თქვა მან, გაუღიმა და მკლავში სტაცა ხელი, კარში გაათრია. სოფო ძლივს მიჰყვებოდა. ფეხს ითრევდა. რამენაირად უნდა შეეტყობინებინა ბატონიშვილისათვის, რამენაირად…
როცა ახალგაზრდა კაცის ოთახის კარს გაუსწორდნენ, სოფომ ძალა მოიკრიბა, მთელი ძალით შეფართხალდა.
-ხელი გამიშვი, მე თვითონ წავალ! – ძლივს ამოთქვა მან და მკლავი გამოგლიჯა წვეროსანს, უკან გაბარბაცდა, ბატონიშვილის ოთახის კარს მიეხეთქა ხმამაღალი ზათქით.
-ნუ ხვანცალებ! – დაუსისინა წვეროსანმა, სახეზე ეჭვის ნატამალიც კი არ ეწერა და სოფოს შვებამ დაუარა სხეულში. მის მკლავზე ხელახლა ჩაჭერილ ხელს დაჰყვა, თან მხოლოდ და მხოლოდ შეეძლო იმედი ჰქონოდა, რომ ბატონიშვილმა რამენაირად გაიგონა და გადაწყვეტდა რომ გაეგო, თუ რა ხდებოდა.
სოფომ ნერწყვი გადაყლაპა. ამის შანსი არც ისე დიდი იყო.
ბატონის ოთახის კარი მალხაზმა გაუღო. ბედნიერი ჩანდა. სოფოს მთელ სხეულში გააცია.
ოთახი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ახსოვდა. ბატონი ისევ ისეთი ჩია კაცი იყო, ქურქში გამოხვეული, ჯერ კიდევ ისეთივე ზიზღი და ყველაფრის მომცველი სიძულვილი გააჩნდა მის მიმართ სოფოს. ბუხარი გიზგიზებდა, ბატონს ხელში წითელი ღვინით სავსე სასმისი ეჭირა.
და იქვე, ტახტზე, მოკალათებულიყვნენ ის კაცი და მისი ნებიერი ვაჟიშვილი. სოფოს აუტანელი შიში და მრისხანება ერთად მოერია. სხეული აუკანკალდა, ორი ემოცია ისეთი ძალით იბრძოდა მასში, რომ თავისათვის ძალა უნდა დაეტანებინა, რომ აქედან არ გაქცეულიყო.
-ეს გოგონაა? – იკითხა ბატონმა. ისევ ისეთი მბრძანებლური ხმა ჰქონდა. – რომელიც მოგეწონა, ბავშვო? – დაუყვავა მან ბიჭს.
ბიჭმა ამაყად დაუქნია თავი.
-დიახ, ესაა. – განაცხადა მან, სოფოს უყურებდა. გოგონას სისხლი ჩამოერეცხა სახიდან, ერთიანად გაფითრდა.
-ხომ იცით, რომ ასეთებზე არ გაწუხებთ, ბატონო… – დაიწყო თავისი მოლაქუცე ტონით კაცმა. ძვირფასი ბეჭდები ჰაერში აქანავდნენ, ცეცხლის შუქზე ბრწყინავდნენ. – მაგრამ ხომ გესმით, რომ მოგინდება, მოგინდება, და მორჩა! – მან ხმამაღალი როხროხი წამოიწყო.
ბატონმა დაიქსუტუნა, რაც ალბათ მისეულ სიცილს ნიშნავდა. ბიჭი ისევ იმ ამაზრზენი, თვითკმაყოფილი მზერით უყურებდა სოფოს.
-მესმის. – თქვა ბატონმა. – რამდენს მთავაზობთ?
კაცმა თვალები გადმოკარკლა, ხელები ფართოდ გაშალა.
-ოოო, ბატონო, როგორ გეკადრებათ! – თქვა მან. – არაფერს დავიშურებ! რა ფასად იყიდეთ გოგონა? გაგიათმაგებთ! და თუ გსურთ, ერთ-ორ მცველსაც გამოგიგზავნით… – კაცმა თვალები მოჭუტა, ეშმაკურად გაიღიმა. – ხუთი კაცი ავიყვანეთ ამასწინათ, ერთი მხეცია! ერთი სიამოვნებაა ამ ბოლო დროს ჩხუბის ყურება!
ბატონი თავს აქნევდა.
-გოგონაში რვა ათასი მივეცი. – თქვა მან და სოფოს სახე მოეღმიჭა. რასაკვირველი გახლდათ, რომ ბებერი იცრუებდა და ფასს მოუმატებდა. მას კაცისაკენ მიეტრიალებინა თავი. – ახლაც გამიათმაგებთ?
-რასაკვირველია! – თქვა კაცმა. – ცოტა მიგიციათ, მშვენიერი გოგოა! ორ მცველსაც წავაყოლებ! შევთანხმდით?
ბატონი არ ინძრეოდა. დანაოჭებულ ხელში დაატრიალა ღვინის სასმისი. სოფო შეძრწუნებული, მთელი სხეულით დაძაბული იდგა და ელოდა. იცოდა, თუ რა მოხდებოდა, იცოდა, რომ ბატონი ამ ხალხს გაატანდა და თვითონ ვერაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ამისათვის ხელი შეეშალა. მხოლოდ შეეძლო მდგარიყო და დალოდებოდა სიტყვებს, რომლებიც მის ბედს გადაწყვეტდნენ.
-მოდით, რაკი… რაკი სამოცდაორი ბატონიშვილის პერსონალური მსახურის სტატუსს იკავებს, – დაიწყო ბატონმა და სოფო ადგილზე შეინძრა, შიშველი ფეხის თითები ჩაახვია ხალიჩას. თვალებგაფართოებული იყურებოდა ქვემოთ. – გავაგებინოთ მას. იცოდეს, თუ სად მიდის მისი პერსონალური მსახური.
მან უკან მოიხედა, სავარძელი ოდნავ მოატრიალა. სოფოს უკან, წვეროსანი კარში გავარდა, ბატონიშვილის მოსაყვანად.
ბატონი კი პირდაპირ გოგონას ჩააშტერდა.
სოფოს გული გამალებით უცემდა მკერდში. დაჰყურებდა ამ დანაოჭებულ, გასაცოდავებულ კაცს და არ სჯეროდა, რომ მას ამდენი სისასტიკე ჰქონდა ასეთ პატარა სხეულში, რომ ახერხებდა ამდენი საშინელება ჩაედინა.
ბატონიშვილს იმიტომ ეძახდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გამოეცადა. ალბათ გადახჩუებულ ბებერს აინტერესებდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა მის ვაჟიშვილს ამ ყველაფერზე.
სოფომ ძლივს შეიკავა თავი, რომ სახე არ დაღმეჭოდა, არ აკანკალებულიყო, მუშტები არ შეეკრა. ბატონს პირდაპირ არ უყურებდა, სადღაც, მისი მხრის იქით, ცეცხლში გაშტერებოდა მზერა.
სისუსტე არ უნდა გამოეჩინა ამ ხალხში. ამწუთას მხოლოდ და მხოლოდ ეს ინსტინქტიღა შემორჩენოდა.
დანარჩენი ყველაფერი ამაო იქნებოდა ამწუთას.
ნაბიჯები გაისმა უკნიდან. კარი გაიღო.
სოფო არ განძრეულა. კარისაკენ ზურგშექცევით იდგა, ხელები გვერდებზე დაეშვა.
-რა არის ეს? – იკითხა ბატონიშვილმა უკნიდან. – რას აკეთებთ ჩემი ზედამხედველობის გარეშე?
-ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ შენს მსახურს გამოემშვიდობებოდი. – თქვა ბატონმა, კისერი მათკენ მოეღრიცა. მისი მზერა მისი ვაჟისაკენ იყო მიმართული. – ჩვენი გულუხვი კლიენტი ოთხმოც ათასსა და ორ მცველს გთავაზობს. მისი არჩევანით, არა? – კაცისაკენ გაატრიალა თავი მან.
-დიახ, დიახ, რასაკვირველია! – ატყდა იგი, მაგრამ აშკარად შეცბუნებული ჩანდა, ეტყობოდა, რომ არ ელოდა ბატონიშვილის დაძახებას. უხერხულობა ეკიდა ჰაერში. – მობრძანდით და დაათვალიერეთ, ბატონიშვილო, რომელსაც ხელს დაადებთ…
-მე მეგონა, რომ გასაგებად ვთქვი. – დაისისინა ბატონიშვილმა. – ასეთ უტაქტობას არ ავიტან…
-შვილო. – ხმადაბლა თქვა ბატონმა, მაგრამ იმოდენა მუქარა ჩატეულიყო ამ სიტყვებში, რომ სოფოს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ზურგში. – მგონი საკმაოდ დიდი კომპენსაციაა, არა? ერთი მსახური ამად არ ღირს. ორს მაგნაირს გიყიდი.
ბატონიშვილი ხმას არ იღებდა.
სოფოს ყურებში ესმოდა საკუთარი გულისცემა.
ხვდებოდა, რომ გადაწყვეტილი იყო ეს საქმე. ბატონიშვილი მამამისს აღარ შეედავებოდა, ეს გამორიცხული იყო. ბედს უნდა შეგუებოდა. შეგუებოდა იმას, რომ დამარცხდა და ამ ბიჭის ახალი სათამაშო უნდა ყოფილიყო.
იმასღა ნატრობდა, რომ ნეტავ ბატონიშვილის ოთახში დაემალა ის ნაგლეჯები. ამდენი ხნის ნაწერი ტყუილად დაიკარგებოდა.
ანდა აღმოაჩენდნენ.
მაგრამ მაშინ ამ უცხო ხალხთან, ბატონის, ქალბატონებისა და ბატონიშვილისაგან შორს იქნებოდა.
-გადაწყდა! – განაცხადა ბატონმა და ღვინო მოსვა. – გოგო წაიყვანეთ. – ხელი ააქნია მან. – ჩემი ვაჟი ხვალ მოვა და მცველებს აარჩევს. იმედი მაქვს რომ თქვენი მხეცი გაამართლებს! – მან ხმამაღლა დაიქსუტუნა, რასაც კაცის როხროხი მოჰყვა.
სტუმრები ფეხზე წამოდგნენ. წვეროსანმა მკლავში მოჰკიდა ერთიანად გაშეშებულ სოფოს ხელი და კარისაკენ წაიყვანა. გოგონას მხოლოდ ერთი წამით ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბატონიშვილისათვის შეევლო თვალი.
ახალგაზრდა კაცი მას არ უყურებდა. მისი მზერა სავარძელში მჯდარი მამისაკენ მიმართულიყო. ცივი გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე, მაგრამ თვალები ნაკვერჩხლებივით უელავდა.
კარში გაათრიეს, დერეფანში გაიყვანეს.
იმ შავ მანქანაში ჩასვეს.
მის გვერდით მჯდომი, მისი ახალი მეპატრონე, ის წითური ბიჭი მიელაქუცა, თმაზე მოქაჩა, მისი ყელის სურნელი შეისუნთქა.
სოფომ გვერდზე გადაატრიალა თავი, რომ ამ ადამიანის შეხებებსა და მზერას გაქცეოდა.
თუმცა ამიერიდან ვეღარ გაექცეოდა.
მთლიანად დაცლილიყო თითქოს შინაგანად. მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, რომ ამდენი ხანი იწვალა. ამდენი ხანი შრომობდა, იმის იმედი ჰქონდა, რომ აქედან გააღწევდა და მისი ჩანაწერებით უამრავ ადამიანს გადაარჩენდნენ, უამრავ ადამიანს დასჯიდნენ სათანადოდ.
მისი ახალი მეპატრონის სახლი უზარმაზარი იყო, ტყის შუაგულში იდგა. სახლს სავარჯიშო მოედანი შემორტყმოდა, სადაც ამ ღამეშიც კი ათლეტური კაცები ღრიალებდნენ, ერთმანეთს ებრძოდნენ მთელი ძალით ერთი ორი დიდი სანათის შუქზე.
ალბათ აქ ერთ-ერთი ადგილი იყო, სადაც იმ წვეროსნებს ამზადებდნენ.
სოფო თითქოს ცივი გონების რეჟიმზე გადაერთო. გულგრილად ათვალიერებდა შემოგარენს, ინფორმაციას ავტომატურად იმახსოვრებდა. იცოდა, რომ გაფითრებული, უღიმღამო გამომეტყველება ედო სახეზე, და ასევე იცოდა, რომ ეს ყველაფერი ფასადი იყო. შიგნით ყველაფერი უდუღდა, შიშით, მრისხანებით, გაუგებრობით. ეზიზღებოდა ეს სიტუაცია, ეზიზღებოდა ეს სისტემა და ყველა მასში გამოხვეული, საკუთარი თავის ჩათვლით.
ძუძუმწოვარას ეძინებოდა, მისდა საბედნიეროდ. თანამედროვე ოთახი ჰქონდა, გათბობით, მინიმალისტური დიზაინით, რომელიც საშინლად ეჩხირებოდა სოფოს თვალებში.
მხოლოდ ის შეეძლო, რომ ხალიჩაზე წამოწოლილიყო, სანამ ბიჭი ლოგინში გამოხვეულიყო და ხვრინავდა. საკუთარ ბედზე ფიქრობდა და არ იცოდა, თუ ახლა რაღა გაეკეთებინა, საით წასულიყო.
უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. გაყიდეს და ვერავინ, ბატონიშვილიც კი ვერ დააბრუნებდა უკან. ეს მისი ახალი სახლი იყო და უნდა შეგუებოდა.
ალბათ ამ პატარა ბიჭს მასთან სექსი მოუნდებოდა და ვერავინ შეაკავებდა მას, ვერავინ დაუშლიდა. სოფო რომ შეწინააღმდეგებოდა, ბიჭის მდიდარი მამა ალბათ საკუთარი ხელით დააკავებდა, რომ ამ პატარა პარაზიტს თავისი სურვილი შეესრულებინა.
აბსოლუტურად ამაზრზენი იყო.
მთელი ღამე ხალიჩაზე იწვა. დილით ყველაფერი სტკიოდა. ბიჭმა, როგორც კი გამოიღვიძა, ლოგინზე აცოცება უბრძანა. სოფო ნელა, ფეხის თრევითა და კბილების კრეჭით დაემორჩილა. ბიჭი მიუწვა, გვერდზე მოეკრო, ეხახუნებოდა და ყურში ასუნთქებდა, სანამ სოფო მთელი ძალით ცდილობდა გულისრევის შეკავებას. იწვა და ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ამიერად მისი ცხოვრება, აი ეს… ეს შემზარავი, აბსოლუტურად გამოუვალი სიტუაცია.
ბიჭს იდილია მსახურმა დაურღვია. მამამისი იძახებდა.
სახლის სარდაფში ჩავიდნენ. ამაღლებული ტრიბუნებივით მოეწყოთ, ხისაგან შეკრული, ძველი, მოჭრაჭუნე. ქვემოთ, აზელილი მიწის მოედანს თუ არენას, რომელზეც კაცები ერთმანეთს ერკინებოდნენ, მკრთალი ყვითელი სინათლეები ანათებდნენ. ტრიბუნები თითქმის სავსე იყო, კაცები და რამდენიმე ქალი ყიჟინას სცემდნენ, ხმამაღლა დღაოდნენ, თავიანთ ფავორიტებს უჭერდნენ ხმას.
სოფოს გლადიატორები გაახსენდა, როცა ჯერ კიდევ თავის თეთრ პიჟამაში გამოწყობილი და ფეხშიშველი, ბიჭის გვერდით დაჯდა, რომელმაც წამსვე მის გვერდით წამოჭიმულ მამამისს გაუბა საუბარი. ეს არაფერი იყო, თუ არა ადამიანური სისასტიკით გართობა. სოფო უყურებდა, თუ როგორ ურტყამდა ერთი ოპონენტი მეორეს, სანამ ის მთლიანად არ მოეშვა, სახის ძვლები ერთიანად ჩაელეწა, სისხლი შეესხა პირველს სახეში და მზერა გვერდზე გასწია, ერთიანად კანკალებდა. კალთაში მაგრად მოემუშტა ხელები.
თავისი არაადამიანობით აკვირვებდა და აკვირვებდა ეს სამყარო. დარწმუნებული იყო, რომ ის მეორე მკვდარი ეგდო ქვემოთ, სანამ მისი ოპონენტი, მიწაში, ოფლსა და სისხლში ამოსვრილი კაცი გაბადრული ღრიალებდა გამარჯვების ნიშნად.
-მხეცია, მხეციიიი! – დღაოდა მეპატრონე. – რას იტყვით, ბატონიშვილო, ჰა? ხომ არის?
სოფოს თვალები გაუფართოვდა. თვალი წამსვე გააპარა, რომ ამდენი ხალხის ღრიანცელში ბატონიშვილი დაენახა. ის მეპატრონის გვერდზე იჯდა, მისი თეთრი, ქათქათა პერანგი თითქოს ანათებდა ამ დაწყევლილ ოთახში.
ბატონიშვილი არენას უყურებდა, არც კი ემჩნეოდა, რომ სოფო შენიშნა. გოგონამ მზერა აარიდა, რაღაც გაეკვანძა მუცელში. რაც უფრო არ მიაქცევდა ყურადღებას, მით უფრო იოლი იქნებოდა მისთვის.
მეპატრონემ ხელი ასწია. ხალხი ჩაწყნარდა, ყველანი გაფაციცებულნი მისჩერებოდნენ ტრიბუნის ცენტრში მსხდომებს.
-აბა რას იტყვით, ბატონიშვილო? – ამაყად დაიწყო კაცმა. – ხომ არის შეუდარებელი?
ბატონიშვილმა წამით ხმა არ გაიღო. თითქოს მთელ დარბაზს სუნთქვა შეეკრა. სოფო საკუთარ ათრთოლებულ თითებს დასჩერებოდა.
-მე არ მომწონს, როცა პატივს არ მცემენ. – თქვა უცებ ბატონიშვილმა და სოფო შეინძრა. ჩოჩქოლმა გადაუარა დარბაზს. – არ მომწონს, როცა ჩემი საბოლოო სიტყვის მიღმა მიდიან და ზურგს უკან ცდილობენ რომ საქმე მოაგვარონ.
სოფოს ისევ გუგუნი ჩაუდგა ყურებში, თვალებგაფართოებული, გაშტერებული მისჩერებოდა რაღაცას, თვითონაც ვერ გაეგო, რას. რას ამბობდა ბატონიშვილი? რისი თქმა სურდა მ ყველაფრით?
-ბატონიშვილო, მე არ ვიცი… – დაიწყო ბლუკუნი კაცმა.
-ძალიან კარგად იცით. – დაუსისინა ახლაგაზრდა კაცმა და მთელი დარბაზი გაისუსა. – რა გგონიათ, რომ გგონიათ ორ რიგით, ქეციან მცველს შემომთავაზებთ, მე აზრს არ მკითხავთ და აქ გათავდება საქმე? თქვენ მე ვინ გგონივართ?
სოფომ ვეღარ მოითმინა. მათკენ თვალი გააპარა. მეპატრონე შეცბუნებული, მოქუფრული იჯდა. ბატონიშვილი კი მზერით ბურღავდა მას.
-კი მაგრამ, მამათქვენი… – დაიწყო კაცმა.
-მე მამაჩემის წინაშე თავი შევიკავე! ტაქტი გამოვიჩინე, რაც თქვენ ნამდვილად არ გამოგიჩენიათ! – ხმას აუწია ბატონიშვილმა, მისი თვალები ბიჭს გადასწვდა, რომელიც თავისი ქოჩორივით გაწითლებული, ბრაზისაგან სახეწაშლილი იჯდა. – თქვენს ვაჟს ადგილი მიუჩინეთ, სანამ მიუჩენენ. – კბილებში გამოსცრა მან. – მე არ ავიტან ასეთ შეურაცხყოფას, რომ ჩემივე მსახური ჩემს გარეშე გაყიდონ. თან რის სანაცვლოდ! ხურდა და იაფფასიანი მცველები! – დაიღრიალა მან.
სამარისებური სიჩუმე სუფევდა სარდაფში. მეპატრონე სულაც არ ჩანდა კმაყოფილი.
-ჩვენი მცველები რიგითები სულაც არ არიან! – შეეპასუხა უცებ ბიჭი, მამამისის დაყვავების მიუხედავად. – თუ გგონიათ, რომ ეგრეა, ძალიანაც ცდებით! თუ დაამარცხებთ, დაგიბრუნებთ ყველაფერს, ფულსაც და გოგოსაც, სულაც არ გვჭირდება თქვენი ნახმარი! ჯერ დაამარცხეთ ჩვენი მხეცი და მერე იყოყლოჩინეთ!
ბატონიშვილს სახე ჩამოუბნელდა, ტუჩი ზემოთ ასწია. მეპატრონეს ოფლი ჩამოუგორდა საფეთქელზე. სოფოს გული ისეთი ძალით უცემდა, რომ ცოტაც და ამოუვარდებოდა. არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ესმოდა.
მერე კი ბატონიშვილი ფეხზე წამოდგა, მანჟეტები გაიხსნა, სახელოები აიკაპიწა და ტრიბუნის მოაჯირს გადაევლო. სოფო განცვიფრებული უყურებდა, გული მუცელში ჩაუვარდა, როცა ბატონიშვილმა შეკრული მუშტები ასწია „მხეცის“ წინ, რომლის უკან მოკლული გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო.
-დავიწყოთ? – თქვა მან.
 .
-*-*-*-*-*-14
სოფო შეძრწუნებული, მთელი სხეულით აკანკალებული მიშტერებოდა, თუ როგორ ემზადებოდა ბატონიშვილი მხეცთან საბრძოლველად. არ სჯეროდა, რომ ამას ხედავდა, არ სჯეროდა რომ ბატონიშვილი ამ კაცთან შერკინებაზე წავიდოდა.
ახალგაზრდა კაცი აშკარად განრისხებული იყო, რომ მისი ცოდნის გარეშე მოვიდნენ სოფოს საყიდლად, რომ მისი სიტყვა არაფრად ჩააგდეს და მამამისს მიადგნენ. ამით, როგორც ჩანდა, მისი პატივმოყვარეობა შეილახა. ამიტომ, მისი გადმოსახედიდან, აქ სცენების გამართვა მისაღები და აუცილებელი გახლდათ, რათა დარწმუნებულიყო და სხვებისთვისაც ეჩვენებინა, თუ ვის ეჭირა აქ უმაღლესი პოზიცია.
მაგრამ ამავდროულად გაუგებარი იყო, თუ რატომ დათანხმდა ბატონიშვილი ამ ცხვირმოუხოცავი ძუძუმწოვარა ბავშვის გამოწვევას, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვის ელაპარაკებოდა და რას სთავაზობდა. ამ ბავშვს მხოლოდ საკუთარი ემოციები ამოძრავებდა, რომლებიც მხოლოდ იმაზე ეყრდნობოდნენ, რომ არ ესიამოვნა ბატონიშვილის მიერ „იაფფასიანად, ქეციანად“ შეფასებული მცველები. როგორც ჩანდა, ეს ბიჭი ძალიან ამაყობდა მის სახლში გამოწვრთნილი მცველებით.
შეიძლება იმიტომ დათანხმდა ბატონიშვილი, რომ სუსტი არ გამოჩენილიყო ამ ბავშვის გამოწვევის გამო. ამდენი ხალხის წინაშე არ სურდა, რომ უკან დაეხია.
მაგრამ არავინ იფიქრებდა ცუდს, თუ ამ პატარა ბავშვს არ აჰყვებოდა.
მაგრამ ფაქტი ის გახლდათ, რომ ახლა არენაში იდგა ბატონიშვილი, იმ მხეცის წინ, მისი გაპრიალებული ფეხსაცმელი აზელილ ტალახში ამოგანგლულიყო და იმ დაუმარცხებელ კაცს, რომელიც მასზე მაღალი და ბევრად განიერი გახლდათ, იწვევდა.
მხეცმა ამოიხედა, მეპატრონეს მიშტერებოდა. მეპატრონე მოქუფრული დაჰყურებდა სცენას, უკმაყოფილო სახით გადმოხედა ვაჟს, მერე კი მხეცს თავი დაუქნია.
სოფოს სუნთქვა გაუჭირდა, როცა მხეცმა დაიღრიალა და წინ გაიჭრა, ბატონიშვილს ეძგერა. გოგონას თვალები გაუფართოვდა, დარწმუნებული იყო წამიერად, რომ კაცის უშველებელი სხეული ბატონიშვილს გაიტანდა და მიწასთან გაასწორებდა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოწოლილიყო დარბაზში, თითქოს ყველა ერთ და იგივე დროს იკავებდა სუნთქვას, სოფოსთან ერთად, თითქოს მათაც ვერ გაეგოთ, თუ რა ხდებოდა და როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ ასეთ თითქოსდა შეუძლებელ და წარმოუდგენელ ამბავზე.
მაგრამ ბატონიშვილი მკვირცხლად გაიწია გვერდზე, ისე სწრაფად, რომ სოფოს რომ თვალი დაეხამხამებინა, ალბათ ვერ დაინახავდა. შვების მოკანკალე სუნთქვა ამოხდა.
მხეცი შედგა, გაოგნებული მიშტერებოდა, მერე კი ისევ ელვის სისწრაფით გაექანა მისკენ. ბატონიშვილმა ისევ ოსტატურად აუქცია გვერდი, და გვერდიდან ყბაში მაგრად ჩასცხო მუშტი.
ვიღაცამ ყიჟინა ამოუშვა და დარბაზმა თითქოს იფეთქა, ყველა ერთხმად აღრიალდა. სოფოს ყურის აპკები ეტკინა, მაგრამ განერვიულებული წინ გადაწეულიყო, მოაჯირს გათეთრებული თითებით ჩაჭიდებული, და გაშტერებული მისჩერებოდა სცენას.
მხეცმა კიდევ რამდენჯერმე სცადა, რომ ბატონიშვილი თავისი სხეულის სიმძიმითა და სისწრაფით გაეტანა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი სულ იცილებდა, გვერდს უქცევდა, მოქნილი და მოხერხებული იყო, გვერდიდან ურტყამდა მუშტებს მაგრად. მხეცს ტუჩი გახეთქოდა, ყბები შესიებოდა, ბატონიშვილს ორივე ხელზე გადატყაული ჰქონდა სახსრები, მაგრამ სახე ისევ ისეთი შეუმკრთალ ჰქონდა, თითქოს ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა.
მერე კი მხეცმა სტრატეგია შეიცვალა, გამოექანა და როცა ბატონიშვილი გვერდზე გახტა, გამზადებული მუშტი მოუქნია. მუშტი ხმამაღალი ზათქით შეენარცხა ბატონიშვილს და სოფომ ისეთი ძალით იკბინა ტუჩზე, რომ ცოტაც და კბილები ხორცში გაატანდა. მთელი სხეული უხტოდა, იცოდა, რომ აქ თავისი აქედან წასვლა და ბატონიშვილთან დაბრუნება წყდებოდა.
ახალგაზრდა კაცმა კბილები დაკრიჭა, თავი გვერდზე გადაუვარდა, როცა მეორე მუშტი მოხვდა, ამჯერად სახეში. ძლიერი დარტყმისაგან ცხვირიდან სისხლმა იფეთქა, ტუჩებსა და ნიკაპზე ჩამოეწვეთა, სანამ იგი დაიხარა, შემდეგი მოქნეული მუშტი მოიცილა და მთელი ძალით ჰკრა მუცელში მხეცს იდაყვი.
მაგრამ მოსალოდნელი ყრუ ხმისა და მხეცის ტკივილით დამანჭული სახის მაგივრად, ხმამაღალი ზრიალი გაისმა დარბაზში, რაც ისეთი საშინელი ხმა იყო, რომ სოფოს ფეხქვეშ თითქოს მიწა შეზანზარდა. გოგონას თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში.
მხეცს მაისურის ქვეშ რაღაც ეკეთა. რაღაც მეტალის. დამცავი, რასაც ალბათ ყოველთვის იყენებდნენ ბრძოლისას.
მხეცმა ბატონიშვილს ზურგში ჩაავლო ხელი და ისე მოისროლა გვერდით, თითქოს ბუმბულივით მძიმე ყოფილიყო. ახალგაზრდა კაცი დაენარცხა, საშინელი, ხმამაღალი ზათქით, თეთრი პერანგი და შარვალი მთლიანად მოესვარა ტალახით. იმის მიუხედავად, რომ წამსვე წამოდგა და ისევ ასწია მუშტები მხეცისაგან თავის დასაცავად, თითქოსდა შეუდრეკელი, სოფო სკამიდან წამოიწია, მთელი სხეული ექავებოდა, სურდა ახლავე გადამხტარიყო არენაში და გაეკეთებინა რამე, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა მისთვის.
მხეცი ისევ ღრიალებდა, ბატონიშვილისაკენ მიიწევდა, რომელიც ისევ არიდების რეჟიმში ჩამდგარიყო. რამდენჯერმე მოახერხა მხეცმა რომ დაერტყა მისთვის, მკლავში და ფერდში, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამხელა კაცს ძალა ელეოდა, გამძლეობა არ ყოფნიდა, სახე და სხეულზე ოფლი სდიოდა ღვარად, ძლივს ახერხებდა სულის მოთქმას. ბატონიშვილს კი, იმის მიუხედავად, რომ გამოჩენილი სახე და წინამკლავები ოფლისაგან უბზინავდა, ჩვეულებისამებრ გადაწეული, მოწესრიგებული თმა შუბლზე ჩამოყროდა და ტანსაცმელი ტალახში მოსვროდა, დაღლილობა სულაც არ ეტყობოდა. ანდა ძალიან კარგად ნიღბავდა, ორივე შემთხვევაში მისი მდგომარეობა გამოსადეგი იყო.
ამიტომ სოფოს იმედი მიეცა. მიეცა, რომ გამორჯვებული გამოვიდოდა ბატონიშვილი ამ შერკინებიდან და ამ საშინელი ადგილიდან გათავისუფლდებოდა. ისევ ექნებოდა თავისი სამუშაო, თავისი ნაგლეჯები და თავისუფლების იმედი, რასაც აქ ალბათ ვერასოდეს მიაღწევდა.
მაგრამ მერე რაღაცამ საეჭვოდ გაიელვა ჰაერში.
სოფო მთელი სხეულით დაიძაბა, თვალები გაუფართოვდა, ცდილობდა მის გარშემო გამართული ყიჟინა, ფეხების ყურისწამღები ბაკუნი და ყურებში ახუვლებული გუგუნი დაეიგნორებინა და კონცენტრირებულიყო.
მხეცის ხელში, მისი თითების წვერებთან, დანის მბზინვარე წვერი გამოჩნდა. სოფოს მთელ სხეულზე ცივმა ოფლმა დაასხა შეძრწუნებისაგან.
მხეცმა ხელი გაიქნია, თითქოს მისმა თითებმა ბატონიშვილის მკერდთან ახლოს გაიარეს.
მერე კი თეთრ, ჭუჭყიან პერანგში სუფთა, ჰორიზონტალური ნახევი გამოჩნდა, რომელშიც სისხლმა გამოჟონა. ბატონიშვილმა მკერდზე ხელი იტაცა, ელვის სისწრაფით დაიხედა, მერე კი გვერდზე გაიწია, რომ მხეცი აეცილებინა. მისი მრისხანებით აღსავსე მზერა მეპატრონეს სწვდა, რომელიც გოროზად დაჰყურებდა.
სოფო თავზარდაცემული უყურებდა მომხდარს. დარბაზში სისხლის დანახვაზე ყიჟინამ იმატა. ახლაღა ხვდებოდა, რომ ეს თავიდანვე უსამართლო შებრძოლება იყო. მეპატრონეს სასტიკი გათვლებით, ბატონიშვილი აქ უნდა მომკვდარიყო.
მაგრამ რატომ?
ალბათ მასაც პატივმოყვარეობის შელახვა სჭირდა. ალბათ მასაც სურდა იმ ადამიანის დამცირება, რომელმაც ის დაამცირა.
მაგრამ როგორც ჩანდა, ამ ხალხის სამყაროში დამცირება სიკვდილს ნიშნავდა, თან ასეთი ლაჩრული გზებით.
მხეცმა კიდევ გაუქნია ბატონიშვილს დანიანი ხელი და სანამ სოფო შეძრწუნებას შეძლებდა, ახალგაზრდა კაცმა ხელზე ხელი სტაცა, მთელი ძალით გადაწია გვერდით. საშინელი ჭახანი გაისმა და დანა გვერდით დაეცა, ტალახში, ყვითელ სინათლეზე აბრწყინებული და ბატონიშვილის სისხლით მოსვრილი.
უარესად იხუვლა დარბაზმა. ეს სისასტიკე სიამოვნებდათ, ყველას გაბადრული, აღტკინებით სავსე გამომეტყველება ეწერა სახეზე.
მხეცმა მეორე ხელი მოუქნია, საფეთქელთან დაარტყა. ბატონიშვილი უკან გაბარბაცდა, თვალები სწრაფად დაახამხამა, ეტყობოდა, რომ დარეტიანებული იყო. კიდევ ერთხელ დაარტყა მხეცმა, ამჯერად ყბაში.
და სოფო მიხვდა. მიხვდა, რომ ამ უსამართლო შერკინებიდან ბატონიშვილის გამარჯვებულად გამოსვლის შანსი არც ისე მაღალი იყო.
არ იყო დარწმუნებული, თუ რამ წამოუარა. ალბათ მოგვიანებით იფიქრებდა, რომ წამიერად გაგიჟდა, რაციონალური გონება რაღაც ინსტინქტის ბურუსმა გადაუფარა, და ამან გადააწყვეტინა, რომ მოაჯირზე გადაებიჯებინა და არენაში ჩამხტარიყო.
ბიჭი უკან მოეპოტინა, პიჟამაზე, მაგრამ გვიანი გახლდათ, ფეხი გადასწია და პირდაპირ ტალახში ჩაენარცხა. ორიოდე მეტრზე ცოტა მეტი იქნებოდა ვარდნა, და ძლივს წამოდგა, ფეხები, პიჟამის ბოლო და ხელისგულები ტალახში ამოთხვროდა.
თითქოს არ ესმოდა, თუ რამოდენა ხმით ღრიალებდნენ დამსწრეები, თუ როგორ უკმაყოფილოდ ხაოდა ის ბიჭი, თუ როგორ უყვიროდა ის მეპატრონე, რომ უკან დაბრუნებულიყო. მხოლოდ იმას ხედავდა დაბურული მზერით, როცა მოკანკალე მუხლებზე წამოიწია, თუ როგორ ცდილობდა ბატონიშვილი აზრზე მოსვლას, მაგრამ მისი მოძრაობები არ იყო იმდენად სწრაფი, როგორც ადრე.
და როგორ ბზინავდა იქვე, ტალახში დაგდებული დანა.
ელვის სისწრაფით გაიჭრა, დანა აიტაცა და ორივე ხელში დაიჭირა, მაგრად მოუჭირა ხელები ტარს, ტალახი სირბილში ხელს უშლიდა, მაგრამ გამგელებული, სახეწაშლილი მხოლოდ მის წინ აღმართულ მხეცის ზურგს ხედავდა, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
დანა ქვემოდან მოიქნია და მთელი ძალით, ისე, რომ თითქოს ვერ აცნობიერებდა ამას, მხეცს გაუყარა ფერდში. კაცმა საშინელი, ყმუილის მსგავსი ხმა ამოუშვა და სოფომ სასწრაფოდ გამოაძრო დანა, უკან წაბარბაცდა, გრძნობდა, როგორ გადმოკარკლოდა თვალები და როგორი ძალით უცემდა გული, სისხლის მოძრაობის ხუილი ესმოდა ყურებში, და სხეულზე თითქოს ცეცხლი ეკიდა. მხეცი მობრუნდა, ჭრილობაზე ხელი ეტაცა, და სოფო სასწრაფოდ გაბარბაცდა უკან, კბილებდაკრეჭილი, თან დანა აღემართა თავდასაცავად. მხეცი გიჟის, მოაელვარე თვალებით მიშტერებოდა, მისი ტალახიანი, ოფლითა და სისხლით მოსვრილი სახე საშინელი სანახავი იყო.
მხეცმა ხელი მოუქნია და სილა გააწნა, ისეთი ძალით, რომ სოფომ ყბის საეჭვო ღრჭიალი იგრძნო. ისევ ტალახში ჩაენარცხა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს, უკან გახოხდა, თითქოს ადრენალინი უშლიდა ტკივილის გრძნობას, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე იყო კონცენტრირებული.
მერე კი ბატონიშვილი უკნიდან გამოექანა, ზურგზე მოახტა მხეცს, მკლავი მაგრად შემოხვია სქელ კისერზე და მთელი ძალით მოუჭირა, მის მოხრჩობას ცდილობდა, თან სოფოსკენ ასწია ცეცხლით აღსავსე თვალები.
სოფო მიშტერებოდა, რატომღაც გაიფიქრა, რომ მიხვდა, თუ რა უნდოდა მას.
ფეხზე წამოხტა, და სანამ მხეცი ბატონიშვილის მოშორებას ცდილობდა და ღრიალებდა, დანა ზემოთ ასწია და მთელი ძალით დაიქნია.
ისე შესრიალდა დანა მის მკერდში, თითქოს არავითარი წინააღმდეგობა არ გაეწია სხეულს. სოფომ იგრძნო, როგორ გაეხახუნა დანის მეტალი ნეკნებს და ჟრუანტელმა დაუარა, თმა ყალყზე დაუდგა. ისევ სისხლი უგუგუნებდა ყურებში.
ბატონიშვილმა ხელზე სტაცა ხელი, დანას ტარზე მოხვია თითები და მკერდიდან ამოგლიჯა.
მერე კი ერთი ძლიერი მოძრაობით მხეცს ყელში გამოუსვა.
სისხლმა იფეთქა, და შხეფები პირდაპირ სახეში, და პიჟამაზე მოხვდა სოფოს. არტერიული წნევა შადრევანივით ისვრიდა სისხლს სხეულიდან. წითელი სითხე ყვითელ სინათლეზე ბრწყინავდა.
მხეცი მუხლებზე დაეცა, მერე კი გვერდზე გადავარდა. თვალები ღია დარჩენოდა, ცოტა ხანი ხრიალებდა, არსაით მომზირალი.
მერე კი სხეული ერთიანად მოეშვა. გამოჭრილი ყელიდან მომავალი ბუყბუყის ხმები გაქრა.
სოფომ თითქოს ახლა გაიგონა.
სიჩუმე ჩამოწოლილიყო მძიმე საბურველად ოთახში. გრძნობდა, როგორი ძალით უცემდა გული მკერდში, როგორ აუდიოდ-ჩაუდიოდა გულმკერდი, პიდაღებული სუნთქავდა. სისხლის წვეთების დაგორებას გრძნობდა სახეზე.
ბატონიშვილი იდგა, ხელში ისევ ეკავა სისხლით მოსვრილი დანა. სოფოს მიშტერებოდა, აქოშინებული.
სოფომ თვალი გაუსწორა, მერე კი მეპატრონისაკენ აიხედა, რომელიც გახევებული იჯდა ტრიბუნაზე. მის გვერდით, ძუძუმწოვარს პირი დაეღო.
მერე კი ბატონიშვილი დაიძრა. სოფოს მაჯაში ხელი ჩაავლო და მოედნის კუთხისაკენ წაათრია, სადაც წვრილი, მოჭრაჭუნე კიბე მიდიოდა ტრიბუნებისაკენ.
გასუსულ ხალხს ჩაუარეს. ყველა გაშტერებული მისჩერებოდა მათ, ზოგს გაოცება ერია გამომეტყველებაში, ზოგს ბრაზი, ზოგი უემოციოდ მიშტერებოდა მათ.
ბატონიშვილმა დანა ასწია, როცა მეპატრონეს მიუახლოვდნენ. კაცი განცვიფრებული მიშტერებოდა, ოფლით დაცვაროდა სახე.
-აი ეს, – დაისისინა ბატონიშვილმა, დანისაკენ აიქნია თავი. – არ უნდა გაგეკეთებინათ. მე და თქვენ კიდევ დავილაპარაკებთ. – კბილებში გამოსცრა მან და დანა მოაჯირის იქით გადააგდო.
მერე კი გასასვლელისაკენ გაემართა. ძლივს გაახილა სოფომ თვალები, როცა წესიერ შუქში გამოვიდნენ. გაუნძრევლად იდგნენ მცველები, მაგრამ მაინც გააყოლეს თვალები მათ.
სოფო ვერ კითხულობდა მათ გამომეტყველებებს. თავბრუ დაესხა. ბატონიშვილის მის მაჯაზე ჩაჭიდებული ხელიღა აკავებდა თითქოს რეალობასთან.
მანქანაში ჩასხდნენ. წვეროსნებმა ძრავი ჩართეს, და ტყეში გარახრახდნენ. მძღოლი შუბლშეკრული უყურებდა მათ სარკეში.
-ყველაფერი რიგზეა, ბატონიშვილო? – იკითხა მან. – საქმის მოგვარება მოგიწიათ?
-სურდათ, რომ მათი მცველები შემემოწმებინა. – თქვა ბატონიშვილმა. ისეთი მშვიდი, გამოზომილი ხმა ჰქონდა, თითქოს ამ წუთას კაცი არ მოეკლა. სოფოს შეაჟრჟოლა. – უდაბლესი ხარისხი ვნახე. მათგან ერთ მცველსაც აღარ მივიღებთ.
-დიახ, ბატონიშვილო. – მიუგო წვეროსანმა.
ლაპარაკი ჩაკვდა. სიჩუმე ჩამოწვა.
ისე მიაღწიეს სახლამდე, რომ სოფომ ვერაფერი გაიგო. თითქოს ტვინი გამორთვოდა, მხოლოდ და მხოლოდ ის საშინელი ყიჟინა, ხალხის აღტკინებული შეძახილები, აზელილი ტალახის შიშველ ფეხზე გრძნობდა და აწეული დანა უტრიალებდა თავში.
ბატონიშვილმა ყელი გამოსჭრა იმ კაცს. თან ისე, რომ ეტყობოდა, ადრეც გაეკეთებინა ეს. ადრეც მოეკლა ხალხი.
სხვანაირად ასე უცებ არ ექნებოდა ასეთი მშვიდი ხმა. ასეთი გაწონასწორებული არ იქნებოდა.
იხსენებდა სოფო, თუ როგორ გაუყარა იმ კაცს ფერდში დანა და სიიოლე ზარავდა. თავზარს სცემდა, თითქოს მიწასთან გასწორდა ამით მისი ადამიანობა.
რაღა იყო სოფოსაგან დარჩენილი? რაღაც საცოდავი ფიტული, რომელსაც მომხდარის გარდა არაფერი ახსოვდა, იმსარდაფში, არენაზე ჩარჩენილიყო თითქოს. ტყვიაჩასხმული, ტალახიანი მუხლები და კოჭები საშინლად სტკიოდა, მკლავიც, რომელზეც დაენარცხა, როცა სილა გააწნეს. გრძნობდა, როგორ უსივდებოდა სახე.
კარი გაუღეს. ავტომატურად გადმოძვრა. ბატონიშვილის მოთხვრილ თეთრ პერანგს ხედავდა, წინ მიმავალს და უკან მიჰყვებოდა.
ბატონიშვილი არსად გაჩერებულა. მცველები აქაც მზერას აყოლებდნენ. ყველაფერს იმახსოვრებდნენ, რომ შემდეგ ალბათ ბატონისათვის მოეყოლათ.
ბატონიშვილის ოთახში შეაბიჯეს. უკან კარი მოიხურა, ხმადაბალი ჩხაკუნით.
სოფო იდგა, გაშტერებული. ბატონიშვილს მიაჩერდა, როცა ის მოუბრუნდა, აქეთ-იქით ბოლთის ცემა დაიწყო, თან ადგილზე მიყინულ სოფოს თვალს არ აცილებდა.
-შენ გაგიჟდი, ხომ? – ჰკითხა მან, მზერით ბურღავდა. – მთლად გააფრინე?
სოფომ არაფერი უპასუხა. თვალი დაახამხამა. ყურებში ისევ ესმოდა იმ ხალხის ჟივილ-ხივილი. გრძნობდა, როგორ გაფითრდა.
-წარმოგიდგენია, რა გააკეთე? – ღრიალებდა ბატონიშვილი. – წარმოგიდგენია, თუ რას იფიქრებს ის ხალხი? საიდან დაასკვენი, რომ დახმარება მჭირდებოდა?! მითუმეტეს შენი?!
სოფოს სურდა პირი გაეღო.
გაეღო და მიეხალა ამ პიროვნებისათვის, რომ მისი ქმედებები რომ არა, ბატონიშვილი ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდა ალბათ, აქ არ იდგებოდა, მაგრამ სიტყვები ვერ გამოჰქონდა ყელიდან. თვალებგადმოკარკლული იდგა, თითქოს ისევ იმ ადგილას იყო, ისევ იმ არენაში, ისევ დანის ტარი ეჭირა ათრთოლებულ ხელებში და ერთიანად შეშლილი ზემოთ სწევდა, რომ მკერდში ჩაეცა მხეცისათვის.
პირი გააღო, რომ ესუნთქა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ხელები, ფეხები და სახე ერთიანად გაუცივდა. ცივმა ოფლმა დაასხა ზურგზე. სახესა და პიჟამაზე შემხმარი სისხლის ლითონური სურნელი ეცა და გული აერია.
-სამოცდაორი! – ესმოდა ბუნდოვნად. – სამოცდაორი, შენ გადაირიე? პასუხი გამეცი მეთქი!
მერე კი თვალებში ერთიანად დაუბნელდა სოფოს, ძლივს მოახერხა, რომ საკუთარი სხეულის წინააღმდეგ ებრძოლა და თავი ხელში აეყვანა. ბუნდოვნად ხედავდა სითეთრეს, რომელიც მის წინ ცურავდა, მერე კი სადღაც ჩაენარცხა, ალბათ წამოიყვირებდა ტკივილისაგან, რომ შესძლებოდა. რაღაც ცივი ესხმებოდა თავსა და სხეულზე, გრძნობდა, თუ როგორ ჩაიკარგა ლითონური სურნელი ჰაერში და თვალები უკან გადაუტრიალდა, ისევ ჩამოუბნელდა მზერა.
ძილს ებრძოდა თითქოს, როცა ძალიან ეძინებოდა. კიდევ ერთხელ რომ გამოცურდა ბურანიდან, რაღაცაზე ჩამოედო ნიკაპი, სუნთქვა ესმოდა ყურთან, ტანიდან პიჟამას აძრობდნენ. პროტესტის გამოთქმა სცადა, მაგრამ არ შეეძლო. იმდენად დასუსტებულიყო, რომ თითსაც ვერ ანძრევდა.
მერე ისევ ჩაიკარგა ბურუსში, მთლიანად გადაფარა მისი ცნობიერება სიბნელემ.
თითქოს ისვენებდა. სადღაც მიუწვდომელში ცურავდა. არაფერი უშლიდა ხელს, ყველგან სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა.
ტკაცუნმა გამოაფხიზლა თითქოს. ანდა ტკაცუნი პირველი რამ იყო, რაც გაიგონა, როცა ბურუსი დაიწმინდა მისი გონებიდან. ცეცხლის სინათლეს ხედავდა, როცა თავი წამოსწია, თავბრუდახვეულმა.
მის ოთახში ბუხარი არ იყო. მის ოთახში ასე არ თბილოდა, რადგან მუდმივად ფანჯარას აღებდა ღამით.
ბატონიშვილის ოთახში იწვა. უფრო სწორად, მის ლოგინში. საბანი ეფარა.
და მთლიანად შიშველი იყო.
სოფოს სახე მოეღმიჭა. დამცირებამ და სირცხვილმა დაუარა, კბილები ერთმანეთს დააჭირა.
თავი წამოსწია, ბატონიშვილს ეძებდა.
ახალგაზრდა კაცი სააბაზანოს ღია კარში ჩანდა. დაებანა, სუფთა შარვალი ეცვა. მკერდზე რაღაც თეთრს იწებებდა.
დაჭრილი იყო, ერთბაშად მოვიდა სოფოსთან ყველაფერი. იმ დანით დაჭრა მხეცმა. თვალი მაგრად დახუჭა, მოგონებები  ვერ აიტანა. თავი გადააქნია, მათ გამობერტყვას ცდილობდა.
ბატონიშვილმა მაისური ჩაიცვა, სააბაზანოდან გამოვიდა და კარი გამოხურა. მერე კი შედგა, როცა თვალებგახელილ სოფოს ჰკიდა თვალი.
-რა მოხდა? – ძლივს ამოიხავლა გოგონამ. ნერწყვი გადაყლაპა, ყელი ერთიანად გამოშრობოდა.
-შოკში იყავი. – მიუგო ბატონიშვილმა. – მერე გული წაგივიდა.
სოფომ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ახლაღა იგრძნო ლოყის უსიამოვნო ფეთქვა. კარგა ხანი მოუნდებოდა გასიებას, რომ დაშვებულიყო.
-რატომ გადაწყვიტე ასეთი სისულელე? – ჰკითხა უცებ ბატონიშვილმა. – რამ მოგაფიქრებინა, რომ იქ ჩამოსულიყავი?
სოფო წამიერად უსიტყვოდ მიაშტერდა. ფიქრების მოკრება სცადა, იმ მომენტზე ფიქრობდა, როცა მოაჯირს გადააბიჯა და არენაში ჩაენარცხა. არაფერი მოსდიოდა თავში.
-არ ვიცი. – გულწრფელად თქვა მან. – ალბათ… მე… მე ვიფიქრე, რომ მოგკლავდნენ. – თქვა ბოლოს.
ბატონიშვილს ყბა მოექცა.
-უარესი სიტუაციიდან გამოვსულვარ. – მიუგო მან მკვახედ. სოფოს სახე მოეღმიჭა, წარბები შეკრა. მთელი სხეული სტკიოდა, ახლა დასვენებაზე მეტი არაფერი სურდა. არ უნდოდა წოლილიყო და ახსნა დაეწყო ბატონიშვილისათვის ისეთი ქმედებისა, რისიც თვითონაც არ გაეგებოდა.
-არ მინახავს თქვენი უარესი სიტუაციები. – თქვა მან. – ის ბრძოლა უსამართლო იყო. ფარი და დანა ჰქონდა. თქვენ კი არაფერი.
-აქ წესია უსამართლობა. – თქვა ბატონიშვილმა. – სამართლიანობას ვერ მოითხოვ. და მოითხოვ, პირველი მსხვერპლი შენ იქნები.
-არ მომითხოვია. – მიუგო სოფომ. თმა სველი ჰქონდა, უსიამოვნოდ ცივი. – არც ორი ერთზე იყო სამართლიანი.
ბატონიშვილმა არაფერი უპასუხა. ცოტა ხანი უყურებდა.
სოფოს გული მძლავრად უცემდა მკერდში.
მერე კი ახალგაზრდა კაცი დაიძრა, სავარძელში ჩაჯდა. ბოთლის გახსნისა და სითხის ჩამოსხმის ხმა მოესმა სოფოს.
ვახშმის დრო იქნებოდა. აქ არ უნდა წოლილიყო ამდენი ხანი, შესაფერისი არ გახლდათ მსახურისათვის. სოფო ფრთხილად წამოიწია. ყველაფერი ტეხდა, საშინლად, ყრუდ სტკიოდა მარჯვენა მხარი.
-იწექი. – თქვა ბატონიშვილმა, ისე, რომ მისკენ არ გამოუხედავს. სოფო გაშტერდა, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა.
მაგრამ მაინც დაწვა.
იწვა, ცეცხლის ტკაცუნსა და საკუთარ გულისცემას უსმენდა. და ფიქრობდა.
 .
-*-*-*-*-*-*-15
სოფო იწვა. ცეცხლის ტკაცუნს უსმენდა.
შიშველ სხეულზე შემოახურა. ბატონიშვილის საბანი სქელი გახლდათ, ტანზე ცეცხლი მოეკიდა თითქოს. წამოდგომა სურდა, მაგრამ ვერ ბედავდა. მხოლოდ ისღა შეეძლო, რომ წოლილიყო და ბატონიშვილისაკენ ეყურებინა. გვერდზე გახედვის ეშინოდა რატომღაც. თითქოს ბატონიშვილი წამოდგებოდა და დაადგებოდა ზედ.
მაგრამ სოფომ იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ საშინლად იყო დამცირებული. ბატონიშვილმა გახადა, როცა გულწასული იყო. თითქოს ახლაც გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას ყურთან, როცა მის მხარზე გადაედო ნიკაპი და ბატონიშვილი ტალახიანი პიჟამის ღილებს უხსნიდა ზურგზე, თითქოს ახლაც გრძნობდა ცხელი წყლის შხაპუნს მის მოკეცილ ფეხებზე და სუნთქვა ეკვროდა, როცა ორთქლი მოხვდა სახეში.
მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას. ბატონიშვილს ადრეც ენახა შიშველი, მაშინ, როცა ქალბატონის მიერ ნაცემი ეგდო მის აბაზანაში, და არაფერი გაეკეთებინა. ამიტომ აღარ ეშინოდა თითქოს.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სირცხვილს არ გრძნობდა.
-ბატონიშვილო, ჩემს პიჟამას ავიღებ… – თქვა მან, წამოწევა სცადა.
-სველია. – მიუგო ბატონიშვილმა, ცოტახნიანი პაუზის შემდეგ. სოფომ ტუჩები დაიკვნიტა, ისევ დაეშვა ბალიშზე.
ცეცხლი გაუჩერებლად გიზგიზებდა. სოფოს სხეულზე ოფლმა დაასხა, თავის გრილ ოთახს ნატრობდა. მკლავები ფრთხილად ამოაცურა საბნიდან, ფრთხილობდა, რომ რამე ხმაური არ გამოეღო.
ცოტა ხანი იწვა, უსიტყვოდ. ბატონიშვილი ღვინოს ისხამდა და სვამდა, შეუჩერებლად.
-რატომ დათანხმდით იმ ბიჭის გამოწვევას? – ჰკითხა სოფომ. -რატომ აჰყევით?
ბატონიშვილმა ხმამაღალი ბრახუნით დაახეთქა ბოთლი მაგიდაზე. სოფო შეკრთა მოულოდნელობისაგან, ერთიანად დაიძაბა.
-შენ გეკითხება ვინმე? – დაიღრინა ბატონიშვილმა. სოფომ ნერწყვი გადაყლაპა და თავი გადააქნია, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა კაცი მას ვერ ხედავდა.
-არა. – ამოილუღლუღა ბოლოს. – უბრალოდ მაინტერესებდა.
ბატონიშვილმა აღარაფერი უთხრა, ხელახლა ჩამოისხა სასმისში ღვინო.
სოფომ ტუჩი მოიკვნიტა. შემდეგ დღესა და საკუთარ მომავალზე ფიქრობდა. რა მოჰყვებოდა მის სახლში დაბრუნებას, როცა თვითონ ბატონმა გაყიდა? როცა თვით ბატონის სიტყვის წინააღმდეგ წავიდა ბატონიშვილი?
-არ უნდა მოსულიყავით იქ. – თქვა გოგონამ ისე, რომ არც კი გაუცნობიერებია, თუ რას ამბობდა. – და არ უნდა წამოგეყვანეთ იქედან…
ბატონიშვილი ფეხზე წამოდგა, სოფოს მოუბრუნდა, მოქუფრული.
-იქ დარჩენა და იმ ლაწირაკთან გაუთავებელი სექსი თუ გინდოდა, გეთქვა! – იყვირა ბატონიშვილმა. – იმისთვის არ წამომიყვანიხარ, რომ საყვედურებით ამავსო!
სოფოს გაშტერებული მისჩერებოდა. იგრძნო, როგორ ჩამოეცალა სახიდან სისხლი, სხეულიც თითქოს ერთიანად გაუცივდა.
-მე მაგას არ ვგულისხმობდი. – ძლივს ამოთქვა მან. – უბრალოდ… წარმოგიდგენიათ, ბატონი რას გიზამთ? რას გვიზამს?
ბატონიშვილმა თვალები დაახამხამა, ცალი ხელით მაგრად ჩაფრენოდა სავარძლის ზურგს.
-მამაჩემს მე მივხედავ, როგორც საჭიროა. – თქვა ბოლოს. – ასეთი შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება.
-სხვებიც დაგიბრუნებიათ? – ჰკითხა სოფომ. ბატონიშვილმა ყბა მოიქცია, სახე მოეღმიჭა.
-არა. – ამოღეჭა მან. – არ დამიბრუნებია.
-და გაგიპარებიათ? – სულმოუთქმელად მიუგო სოფომ. სუნთქვაშეკრული უყურებდა ბატონიშვილს, თვალებგაფართოებული. იცოდა, რომ ალბათ ცოტა ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. აინტერესებდა საბოლოოდ, ჰქონდა თუ არა აქედან გასვლის შანსი.
ბატონიშვილმა სასმისი ასწია, ცოტა ხანი უყურებდა მასში მოსრიალე ღვინოს. მერე ერთი მოყუდებით გამოცალა მთლიანად.
-ვცადე. – თქვა მან, როცა ჭიქა მაგიდაზე დადო, ცეცხლისაკენ მიიქცია პირი. – ერთხელ.
-ზურგში ესროლეს, არა? – ჩუმად ჩაილაპარაკა სოფომ, მაგრამ იცოდა, რომ ბატონიშვილს ესმოდა მისი ნათქვამი. – და თქვენ…
-მე დამსაჯეს. – თქვა ბატონიშვილმა. – მამაჩემი ფიქრობდა, რომ მე ვიყავი დამნაშავე… მაგრამ მე შევეცადე რომ გადამერწმუნებინა. იმის მერე არავისთვის გვიხსენებია ეს ამბავი.
-არც თქვენი ნახევარდებისათვის. – თქვა სოფომ. საბნის ქვეშ მუშტები შეეკრა რატომღაც. – ამიტომ აინტერესებდათ თქვენი შრამები.
-მეც უნდა გამაპაროთ? – ჩუმად წაილუღლუღა სოფომ. რამდენი ხანი გახლდათ, რაც ეს კითხვა აწუხებდა და შეეცადა, რომ თავი ხელში აეყვანა, დაძაბული იწვა, იმედითა და მოლოდინით აღსავსე შეჰყურებდა ბატონიშვილს. არც იყო დარწმუნებული, რომ ბატონიშვილი პასუხის ღირსად ჩათვლიდა, მაგრამ მაინც უნდა ეცადა. მაინც უნდა ნდობოდა საკუთარ ინსტინქტებს და რისკზე წასულიყო.
ისეთ რისკზე, როგორც იმ არენაში გადახტომა გახლდათ.
-დიახ. – უპასუხა უცებ ბატონიშვილმა და სოფომ ერთბაშად გამოუშვა მკერდში დაგროვებული ჰაერი, პირზე ხელები იტაცა. გაშტერებული მისჩერებოდა ბატონიშვილის მიბრუნებულ თავს, რომელსაც ბუხრიდან მომავალი ცეცხლის შუქი ეფინებოდა და არ სჯეროდა.
-როგორ? და… თქვენ? თქვენ რას აპირებთ? – ძლივს ამოისუნთქა გოგონამ, ხმა უკანკალებდა.
ბატონიშვილს სიტყვა არ დაუძრავს. ოდნავ დახარა თავი, მერე კი კარისაკენ გადაატრიალა. მხრების ზოლი დაეძაბა მაისურში. სოფომ წამსვე დააჭირა კბილები ერთმანეთს, გაფართოებული თვალები კარს გაუსწორა. ყურებდაცქვეტილი უსმენდა, მაგრამ ვერაფერი გაიგონა.
ბატონიშვილი იდგა, ხმას არ იღებდა, რაღაცას გამალებით უსმენდა, წარბშეკრული.
-მოხდა რამე? – ვერ მოითმინა და იკითხა სოფომ.
-ჩუმად. – ხელი გამოიშვირა მისი მისამართით ბატონიშვილმა და კარისაკენ ნაბიჯი გადადგა, დაძაბული უსმენდა.
მერე კი ერთბაშად ამოძრავდა ყველაფერი. ბატონიშვილი საწოლისაკენ დაიძრა, ელვის სისწრაფით გადაიძრო მაისური და გვერდზე მიაგდო, მერე კი, სანამ სოფო აზრზე მოსვლას მოასწრებდა, საბანი ასწია და ლოგინში შემოძვრა.
-რა ხდება… – ძლივს ამოისუნთქა სოფომ, და კინაღამ წამოიყვირა, როცა ბატონიშვილი ზემოდან მოექცა, მისი თავის გვერდზე დააბჯინა იდაყვები.
-ახლა ჩუმად იყავი და ისე მოიქეცი, როგორც მსახურს შეეფერება. – წაუსისინა ბატონიშვილმა. – სიტყვა არ დაძრა და არ ჩაერიო.
-კი მაგრამ… – დაიწყო სოფომ, გრძნობდა, როგორი სიცხე მოდიოდა ახალგაზრდა კაცის სხეულიდან კი და შეახურა, სისხლის სახეში ასხმა იგრძნო. სირცხვილისაგან მაგრად დახუჭა თვალები.
ალბათ ვიღაც მოდიოდა მათ ოთახში. ვინმე ისეთი, ვისაც აქ შემოსვლა დაკაკუნების გარეშე შეეძლო.
სოფოს ტანში გააცია.
მერე კი კარს მაგრად ჰკრეს გარედან რაღაც. ხმამაღალი ხათქუნით შეენარცხა მასიური ხე კედელს. თითქოს მთელი სახლი შეზანზარდა.
სოფო დაფეთებული იყურებოდა კარში, სადაც ორი მცველი იდგა, მათ ახლოს ბატონის ინვალიდის ეტლი და მისი განუყრელი ქურქის ბოლო ჩანდა.
წვეროსნები წარბებაწეულნი მიშტერებოდნენ. მალხაზის სახე მრისხანებას მოეცვა.
ბატონიშვილს მათკენ არც კი გაეტრიალებინა მზერა, ისევ სოფოს მიმართულებით იყურებოდა.
-არ შეიძლება ისე ვიჟიმაო რომ არავინ შემომივარდეს? – კბილებში გამოსცრა მან და ოდნავ წამოიწია, ოთახში შემოგორებული, სახეწაშლილი მამამისისაკენ გაიხედა, რომელიც განრისხებული დაშტერებოდა ხან თავის ვაჟს, ხან მის ქვეშ მწოლიარე სოფოს თავისი ცივი, მუქი თვალებით.
გოგონა ერთიანად გაფითრებულიყო, სხეული უკანკალებდა. თვალები დახარა, არ სურდა ბატონისათვის მზერა გაესწორებინა.
-რაებს აკეთებ? – თქვა ბოლოს ბატონმა, ისევ ისეთი გამნგმირავი, მშვიდი ხმით. – როდის აქეთ მოგეცი უფლება, რომ გაყიდული მსახურები დაგებრუნებინა? სად არის ორი მცველი, რომ დაგვპირდნენ?
-მცველები არაფრად ვარგოდნენ. – თქვა ბატონიშვილმა. – უდაბლესი ხარისხის საქონელი იყო. მე მათგან აღარ ავარჩევ მცველებს.
-ნუ ტყუი, ბიჭო! – ხმას აუწია ბატონმა. სოფოს სხეული აუკანკალდა. ვერ იტანდა, როცა ყვიროდნენ. მითუმეტეს, როცა ბატონი ყვიროდა. – უდაბლესი ხარისხის რომ ყოფილიყვნენ, მასეთი დაბეგვილი არ იქნებოდი! რისთვის გასწავლე ყველაფერი, რომ ასეთი იდიოტი იყო?! – ღრიალებდა ის.
ბატონიშვილმა ამოიხვნეშა, სოფოს მოშორდა, მის გვერდით ჩაენარცხა საწოლში, რბილ ზურგს მიეყუდა. სოფომ სასწრაფოდ მოქაჩა საბანი, მკერდზე აიფარა. თვალებგაფართოებული აშტერდებოდა ოთახში გამართულ სცენას და ყველანაირად ცდილობდა, რომ ხმა არ გაეღო, რაც შეიძლებოდა პატარა გამოჩენილიყო და ყურადღება არ მიექცია.
მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ბატონის ყურადღება მისკენაც გადმოიწევდა. ცივი ოფლი ასხამდა სხეულზე და ჟრუანტელი უვლიდა ზურგში როცა იმ მომენტზე ფიქრობდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას უპირებდა ბატონი, გაფიქრებაც კი ზარავდა.
ალბათ თავის სათამაშოდ გაამწესებდა. იძულებულს გახდიდა, რომ იმ სპეციალურ ოთახში ეცხოვრა და სე*სზე მეტი არაფერი ეკეთებინა, ყველაფერი უცხო კაცებთან, თან მისნაირი გარყვნილი პიროვნების თანდასწრებით.
ამაზე გაფიქრებითაც კი ერეოდა გული.
ანდა შეეძლო, რომ ხელახლა გაეყიდა. გაყიდდა სადმე შორს, სადმე ისეთ ადგილას, სადაც ბატონიშვილი ვერ მოსწვდებოდა. მთელი ძალით ჩააჭირა გაციებული, გათეთრებული თითები საბანს.
-ბრძოლისას ფარისა და დანის გამოყენების უფლება ჰქონდათ. – მიახალა მამამისს ბატონიშვილმა. თვალები ავისმომასწავებლად უელავდა. –  უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. მაგრამ სწორედ იმიტომ იყვნენ უდაბლესი ხარისხის, რომ დანამატებთან ერთად ვარჯიშობდნენ და ყველაფერთან ერთად მაინც მე გამოვედი გამარჯვებული.
-რა ქენი? – თვალი აუთამაშდა ბატონს. – უფლება მისცა, რომ დანითა და ფარით შეგბრძოლებოდნენ?
-მისცა. – მიუგო ბატონიშვილმა. – მაგრამ მე მის ნაგავს ყელი გამოვჭერი. – იგი დაჟინებით დააშტერდა მამამისს, ისე, რომ სოფოს ცივმა ჟრუანტელმა დაასხა სხეულზე, თმა ყალყზე დაუდგა. – უნდა ენახათ, თუ რა მოხდება, როცა ჩემს ზურგს უკან დაძვრებიან სამაქინაციოდ. მე ამას არ დავუშვებ.
-ჩემთან მოვიდნენ! – დაიღრიალა ბატონმა. გაცრეცილი, დანაოჭებული სახე საზიზღრად მოჭმუჭნოდა. – შენ არავითარი უფლება არ გქონდა ჩარეულიყავი!
-ჩემი მსახური ჩემი ცოდნის გარეშე გაყიდე! – იბღავლა ბატონიშვილმა. გაცოფება გამოხატვოდა სახეზე, თვალები ანთებოდა, ჩვეულებისამებრ ფერმკრთალ სახეზე ფერი მოსვლოდა.
-მაგ გოგოში იმაზე ათჯერ მეტი მოგვცეს ვიდრე გადავიხადეთ! ორი მცველიც დააყოლეს! მეტი რაღა გინდოდა? – იბღავლა ბატონმა.
ბატონიშვილი უსიტყვოდ მიშტერებოდა.
-თქვენ? არ ვიცოდი, ჩემი ნახმარებიც თუ გინდოდათ, მამაჩემო. – თქვა ბოლოს. – გეგმები ჩაგიშალეთ, არა?
ბატონს თვალები გაუფართოვდა, ზედა ტუჩი ზემოთ ასწია, მთელი სახე დაეჭიმა. თითქოს ენა ჩავარდნოდა. სოფო გაუნძრევლად იწვა და მთელი გულით სურდა, რომ გამქრალიყო.
-შენ უფლება არ გქონდა. – თქვა ბატონმა. ხმა უკანკალებდა, ეტყობოდა, რომ ძლივს იკავებდა ბრაზს.
– მე თქვენი მემკვიდრე ვარ და ყველანაირი უფლება მაქვს! – დაუღრიალა ბატონიშვილმა.
-არ გაქვს, სანამ მე ცოცხალი ვარ! – შეუყვირა ბატონმა. უკან გადაიწია, ეტყობოდა, რომ თავს ძლივს იკავებდა. წვრილი, ეტლის სახელურებზე ჩაჭიდებული თხელი სანთელივით თითები უთრთოდა. – გასაგებია, ბიჭო?
-დიდხანს აღარ იქნები ცოცხალი. – კბილებში გამოსცრა ბატონიშვილმა. ტუჩის კუთხეები აეწია, კბილები გამოუჩნდა. ღიმილის რაღაც საზიზღარი, აღტკინებით აღსავსე პაროდია გამოესახა სახეზე.
ბატონი ისე წაიწია უკან, თითქოს სილა გააწნესო. მიტკალივით გაფითრებული სახე უფრო მეტად გაეცრიცა, ეს თუ შესაძლებელი იყო საერთოდ.
მცველები გაუნძრევლად იდგნენ. სოფოს თავზარი დაცემოდა, სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა, ისეთი დაძაბულობა და სიჩუმე ჩამოწოლილიყო და აწვებოდა გულმკერდზე.
-ასი როზგი. – დაიჩურჩულა ბატონმა. – ძირს, ბიჭო.
ბატონიშვილს ის საშინელი ღიმილი არ მოშორებია სახიდან, არც კი შემკრთალა. ფეხზე წამოდგა.
სოფოს ისეთი ძალით უცემდა გული, რომ ალბათ ცოტაც და ამოუვარდებოდა. პირდაღებული სუნთქავდა, რომ საკმარისი ჰაერი შეეტანა ფილტვებში. თვალებგაფართოებული მიშტერებოდა ბატონიშვილს, რომელმაც ორი ნაბიჯი გადადგა და დაიჩოქა, წვეროსნებისა და ბატონის ზურგშექცევით.
სოფო შეძრწუნებული, მთელი სხეულით აკანკალებული უყურებდა, თუ როგორ მოუახლოვდა ბატონიშვილს მალხაზი, როგორ შემოიძრო ქამართან დახვეული როზგი და როგორ ასწია ზემოთ.
როცა პირველი დარტყმა ხმამაღალი შიშინით წამოვიდა ბატონიშვილის ზურგისაკენ, სოფომ სასწრაფოდ დასწია თვალები, ახალგაზრდა კაცის მზერას შეხვდა. სოფო თვალებში უყურებდა ბატონიშვილს, რომელიც ასევე დაჟინებით ჩაშტერებოდა.
ოთახი ცეცხლის ტკაცუნის, როზგის შიშინისა და სხეულზე ხათქუნის ხმებს აევსოთ. სოფო ვერ ინძრეოდა, ადგილზე გაქვავებულიყო, უბრალოდ შეეძლო მჯდარიყო და ეყურებინა ბატონიშვილისათვის, რომელსაც ასი როზგის ატანა მოუწევდა.
ასი. ვერც კი წარმოედგინა სოფოს ტკივილის რაოდენობა, მაშინ, როცა თვითონ ათს ძლივს გაუძლო.
ბატონიშვილი არც კი კრთებოდა დარტყმისას, მაშინაც კი როცა როზგი წითლად აპრიალდა სისხლისაგან და დარტყმის ხმები სველი იყო.
მიჩვეული იყო ამას. ამიტომ ჰქონდა მთელი ზურგი შრამებით დაფარული.
როცა დაიჩოქა, ყოყმანი არ ეტყობოდა. არც შეცბუნება. ფამილარული მოძრაობები ჰქონდა, როცა ზურგშექცევით ჩაიჩოქა მამამისის წინ.
იცოდა, რომ აქამდე მიდიოდა საქმე. იცოდა, და მაინც არც შეეპუა ბატონს.
სოფოს გააჟრიალა. ისევ გაშტერებული უყურებდა.
მცველები ერთმანეთს შეენაცვლნენ. ალბათ ხელი დაეღალა ერთს.
სოფო თითოეულ დარტყმას თითქოს საკუთარ თავზე გრძნობდა. თითქოს თვითონ იყო იქ, იატაკზე ჩაჩოქილი, მუხლებზე ხელებდაჭერილი, თითქოს თვითონ დაფარვოდა შუბლი ოფლით, თითქოს თვითონ აჭერდა მთელი ძალით ყბებს ერთმანეთს, რომ ხმა არ ამოსვლოდა ყელიდან.
თვითონ სდიოდა ზურგიდან სისხლი და თვითონ ურტყამდნენ გავარვარებული ცეცხლის ზოლები.
ბატონიშვილს თვალებში ჩაშტერებოდა, და თითქოს მის ტკივილს გრძნობდა. აუტანელი იყო ამის ყურება, სურდა გვერდზე გაეხედა, თვალები დაეხუჭა, ოღონდ ეს საშინელი სცენა არ დაენახა. ამ სამყაროს კიდევ ერთი წარმოუდგენელი სისასტიკის მაგალითის მოწმე არ გამხდარიყო.
მაგრამ ვერ იყურებოდა გვერდზე. ბატონიშვილს ვერ მიატოვებდა ასე.
მერე კი შესრულდა ასი. ოფლში გაწურულმა წვეროსანმა უკან დაიწია, ხმამაღლა ქოშინებდა. სწრაფად ადიოდ-ჩადიოდა ბატონიშვილის დაძაბული მხრების ხაზი.
ახალგაზრდა კაცი ფეხზე წამოდგა. სოფო ისევ თვალებში ჩაშტერებოდა, თითქოს ტრანსში იყო ჩავარდნილი. ვერ წარმოედგინა, თუ როგორ შეეძლო ამ ადამიანს, რომ ფეხებს დაყრდნობოდა და არ ჩაკეცილიყო.
გაოგნებული მისჩერებოდა.
-სხვა რამეებზე ხვალ დავილაპარაკებთ. – თქვა ბატონმა. კმაყოფილი ტონი ჰქონდა და სოფომ მუშტები შეკრა, ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო. ამწუთას იმოდენა სიძულვილი ჰქონდა ამ კაცისადმი, რომ სიამოვნებით დაახტებოდა და მოახრჩობდა, ყოყმანის გარეშე. – ახლა კი იფიქრე იმაზე, თუ როგორ მელაპარაკე.
შხამი იყო ეს კაცი. შხამი, ღვარძლისა და სიძულვილის გროვა, მეტი არაფერი. სოფო იმედოვნებდა, რომ მალე მოკვდებოდა და თავის გახრწნილ სხეულს მოაშორებდა აქაურობას.
ინვალიდის ეტლი გარეთ გაგორდა. მასიური ხის კარი მოიკეტეს და სიჩუმე ჩამოწვა ოთახში.
ბატონიშვილი ერთიანად მოეშვა. ბეჭებში მოიხარა, ხელი საწოლის ბოძს სტაცა, რომ არ დაცემულიყო.
სოფო რაშაც შეუხტა მუცელში. მაგრად მოიჭირა საბანი, საწოლზე გადახოხდა, ფრთხილად მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც ხმადაბლა, ღრმად, სწრაფად სუნთქავდა.
-ბატონიშვილო… – ძლივს წაილუღლუღა მან, გამშრალ ყელში გადაიტანა ნერწყვი, ვერ გაეგო, თუ რა გაეკეთებინა. – ხომ არ დაგეხმაროთ…
-არა. – თქვა ახალგაზრდა კაცმა, თავი გააქნია და უკან დაიწია, სააბაზანოსაკენ გაემართა, ზურგი შეაქცია სოფოს.
სანამ სააბაზანოს კარი მიიკეტებოდა, სოფო გაუნძრევლად მიშტერებოდა მის ზურგს. როგორც კი ჯახუნის ხმა მოესმა, წამსვე გამოუშვა სუნთქვა, მაგრად ჩააჭირა აკანკალებული ხელები საბანს, საწოლზე ჩაჯდა, ერთიანად მოშვებული.
მთელი ზურგი შესიებული იყო, მკვეთრი, წითელი ჭრილობებით, სადაც როზგის განმეორებითმა გარტყმებმა კანი გახლიჩა. სისხლი სდიოდა, პაწაწინა ნაკადულებივით, რომლებიც ერთმანეთს უერთდებოდნენ.
საზიზღარი სანახავი იყო.
და უფრო მეტად საზიზღარი გახლდათ იმის წარმოდგენა, რომ ასეთი რამ ადრეც მომხდარიყო, და რომ ამას მამა უკეთებდა თავის შვილს.
სააბაზანოში შხაპი მოეშვათ. ბატონიშვილი ალბათ ცივ წყალს ისხამდა, სისხლს ირეცხავდა, გასიებული, ავარვარებული, ამწვარი ზურგის დაამებას ცდილობდა.
ტკივილი ალბათ ათასჯერ უარესი იყო, ვიდრე ის, რაც სოფომ განიცადა.
გოგონა უბრალოდ იჯდა და კარს მიშტერებოდა, გაფითრებული და ერთიანად მოშვებული.
ბატონიშვილი რომ გამოვიდა, ოდნავ აზრზე ჩანდა მოსული. ოფლი ჩამოერეცხა სახიდან, ისევ გამოეცვალა შარვალი, რომელიც სისხლით იქნებოდა მოსვრილი. სახე ისევ გაფითრებოდა, დაღლილობა და ტკივილი ეტყობოდა თითოეულ ფრთხილ ნაბიჯში, იმის მიუხედავად, რომ სახეზე ერთი ნაკვთი არ უტოკავდა.
სოფო გვერდზე გაიწია, რომ ახალგაზრდა კაცი წამოწოლილიყო. ისიც მუცელზე დაწვა, თავი სოფოსაკენ გადმოატრიალა. უამრავი, ათობით წითელი ზოლი დაჰყვებოდა ზურგზე, რომლებიც ახალ შრამებად დაეტყობოდნენ.
სოფო უსიტყვოდ დაჰყურებდა მას. უნდოდა ხელი გაეწია და მისთვის მხარზე დაედო, მაგრამ ვერ ბედავდა.
-შენ წახვალ აქედან. – თქვა უცებ ბატონიშვილმა. – წახვალ და იმ ნაწერებს წაიღებ.
-თქვენ? – ვერ მოითმინა სოფომ, წეღან დასმული კითხვა გაუმეორა. მზერა ებინდებოდა რატომღაც, მთელი ტანით კანკალებდა. ამ სამყაროს უსამართლობის არ სჯეროდა, ვერ იტანდა, რომ აქ ცხოვრობდა. ვერ იტანდა, რომ ადამიანებს ასე ექცეოდნენ. ვერ იტანდა იმას, რომ ბატონიშვილი ამისათვის გაროზგეს.
სინდისის ქენჯნა მოაწვა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ეს მისი ბრალი არ იყო. გაყიდეს, ბატონიშვილის გადაწყვეტილება გახლდათ, რომ მას გამოჰყოლოდა, და ბატონის გადაწყვეტილება იყო ის, რომ იგი დაესაჯა.
მაგრამ სინდისი მაინც ქენჯნიდა. „მე რომ არა, ის წამოსვლა არ მოუწევდა,“ უჩურჩულებდა ხმა ყურში და რაღაც სწიწკნიდა მუცელში. გულმკერდზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა.
-მე ვერ წავალ ვერსად. – თქვა ბატონიშვილმა. ხმა წყნარი, დაღლილი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ სოფო მას ვერ ხედავდა დაბინდული მზერის გამო, იგრძნო, როგორ ამოხედა ბატონიშვილმა მუქი თვალებით.
-რა ჯანდაბა გატირებს. – თქვა მან. ეტყობოდა, რომ ცოტაც და ჩაეძინებოდა. – ცრემლები მოიწმინდე.
სოფოს დაღლილობა ესმოდა თითოეულ მარცვალში. ცხელი ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე და ყელში ბურთი მოაწვა.
ბატონიშვილს თვალები დაეხუჭა, მშვიდად სუნთქავდა.
სოფოს ტირილი წასკდა, გამწარებული იწმენდდა ცრემლებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში დაუგროვდა და აქამდე ვერ მოახერხა თითქოს მათი გამოშვება.
ბატონიშვილს მის გვერდით ეძინა, სოფო კი იჯდა, გასიებული თვალებიდან გაუჩერებლად სდიოდა ცრემლები.
გულს მოიოხებდა.
ხვალ კი ახალი დღე იყო.
 .
-*-*-*-*-*-16
სოფომ ვერ დაიძინა. ისეთი გამწარებული ტიროდა, რომ კარგა ხანი ვერ დაწყნარდა. ყველაფერს, თვეების მანძილზე დანაგროვებ სიმწარეს, შიშს, ტკივილს, დამცირებას თითქოს ერთად უშვებდა, რასაც ბოლო არ უჩანდა. გულამოსკვნილი ტიროდა, ცდილობდა, რომ ხმადაბლა ესლოკინა, რათა ბატონიშვილს არ გაღვიძებოდა. იქამდე იტირა, სანამ მთლიანად არ მოიქანცა და თვალების გახელა უჭირდა. იცოდა, ახლა სარკეში რომ ჩაეხედა, საშინელი სანახავი იქნებოდა. გასიებული ექნებოდა მთელი სახე, შეშუპებული და სისხლჩაქცეული ექნებოდა თვალები.
ხელის ზურგით აიწმინდა სველი ლოყები და ცხვირი, მერე კი გასავათებული მიესვენა ბალიშზე.
ცოტა ხანი ჩუმად იწვა. უნდოდა, რომ ბოლოს და ბოლოს დაესვენა, მაგრამ ვერ ახერხებდა. იმის მიუხედავად, რომ შესიებული თვალები ეხუჭებოდა, ძილი არ მოდიოდა მასთან.
ცეცხლი ისევ გიზგიზებდა ბუხარში, მაგრამ ცოტათი ჩანავლებულიყო. შეკეთება დასჭირდებოდა, თუ სურდა, რომ სითბო ყოფილიყო ოთახში. თვითონ შიშველი იწვა, ბატონიშვილს არაფერი ეფარა. ალბათ სჯობდა, რომ შეეკეთებინა ცოტა შეშა მაინც.
ბატონიშვილისაკენ გააპარა თვალი, რომ დარწმუნებულიყო, რომ მას ეძინა. ახალგაზრდა კაცს სხეული მოშვებოდა, მშვიდად ფშვინავდა.
სოფო ფრთხილად გადაცურდა ლოგინზე, გვერდზე გადაცოცდა, და ორად მოხრილი გაემართა, სწრაფი ნაბიჯით, სააბაზანოსაკენ. ფრთხილად ჩამოსწია სახელური, რომ დიდი ხმა არ გამოეღო, და შიგნით შეაბიჯა.
წამსვე პიჟამას დაუწყო ძებნა. ასე ვერ დაიძინებდა. იქნებ ნოტიო მაინც ყოფილიყო, რომ გადაეცვა და მერე დამჯდარიყო ცეცხლთან გასაშრობად. შიშველი ძალიან დიდ დისკომფორტს გრძნობდა, ასე ვერ დაიძინებდა.
იატაკზე არაფერი ეგდო, არც ნიჟარაში, არც უნიტაზზე გადაეკიდებინათ რამე.
ბოლოს აბაზანაში ჩაიხედა სოფომ, სადაც მისი პიჟამა ეგდო, ახლახანს დაჟიებული და სველი. როგორც ჩანდა, ბატონიშვილი სისხლის ჩამოსარეცხად აბაზანაში ჩამდგარიყო.
სოფოს გააჟრჟოლა. ოდნავი ლოთონური სურნელი დაჰკრავდა აბაზანას, იმის მიუხედავად, რომ სისხლის კვალი არსად ჩანდა.
სოფომ ცხელი წყლით გაავლო პიჟამა. არ სურდა, რომ სისხლის სურნელი აჰყოლოდა ზედ. მაგრად გაწურა, და გადაფერთხა, აბაზანის კიდეზე გადაფინა.
კარი მიხურა, თავისი საქმე მოითავა. რამდენი ხანი გახლდათ, რაც ტუალეტში არ ყოფილიყო. წესიერად არ იკვებებოდა და არ სვამდა მაინც.
ნიჟარაში წყალი მოუშვა და შვებით აღვსილმა დალია. თითქოს ამდენი ხნის მანძილზე ტირილმა მთლიანად დააშრო შინაგანად. ძალიან სასიამოვნო იყო გრილი წყლის დალევა.
 მერე კი სააბაზანოდან გამოიპარა, სველი პიჟამა ბუხრის წინ, ხალიჩაზე გადაფინა. რამდენიმე შეშა შეაგდო ცეცხლში, ნაკვერჩხლები გაქექა, ცეცხლი ისევ გააღვივა.
მერე იდგა, შიშველი და ვერ გაერკვია, თუ რაღა უნდა ჩაეცვა.
მერე კი საწოლისაკენ გაიხედა. იქნებ უბრალოდ საბანში გახვეულიყო და იმედი ჰქონოდა, რომ ღამე არ გადაიხდიდა? ანდა ზეწრის ქვეშ დაწოლილიყო?
მერე კი შეამჩნია. ლოგინის გვერდით, იატაკზე დაგდებული ბატონიშვილის ლურჯი მაისური.
რამდენიმე დღის წინ თვითონ გარეცხა ეს მაისური. და ბატონიშვილს დიდი ხანი არც ეცვა. სოფომ მუშტები შეკრა, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. სისხლმა აასხა სახეში, თვითონაც არ იცოდა, რატომ.
მაგრამ არ შეყოყმანებულა. ახლა რამის ჩაცმა სჭირდებოდა, ამიტომ ფეხაკრეფით მიუახლოვდა ლოგინს, დაიჩოქა და სწრაფად გადაიცვა მაისური. მოკლე იყო, მაგრამ დასაფარს ფარავდა. მხოლოდ საპნისა და სარეცხი საშუალების სურნელი ჰქონდა ზედ, ერთ კუთხეში ორი წვეთი სისხლი ესხა, რომლებიც გამშრალიყვნენ უკვე.
სოფომ თვალი მოაცილა ორ ყავისფერ ლაქას, მაგრად ჩამოიქაჩა მაისური. იდგა, ბატონიშვილის მაისურში გამოწყობილი, ბოლოზე ხელებჩაჭიდებული და ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და მოეფიქრებინა, თუ რა გაეკეთებინა ახლა.
ბატონიშვილის გასიებულ, დასერილ ზურგს გადახედა. კისერში ოფლი მოსწოლოდა ახალგაზრდა კაცს, იმის მიუხედავად, რომ არაფერი ეფარა. ალბათ ზურგის სიცხისაგან. ზოგგან გახლეჩილი კანი მთლიანად ღია იყო, მოჩანდა მოწოლილი სისხლი.
ასე ინფექციის შეჭრა გარდაუვალი იქნებოდა.
ბატონიშვილი რაღაცას იწებებდა მკერდზე, სანამ ისინი შემოიჭრებოდნენ ოთახში. ალბათ პირველი დახმარების საშუალებები იყო სადღაც აბაზანაში.
სოფო ფეხაკრეფით შებრუნდა უკან. ნიჟარის გვერდზე დამაგრებული თეთრი ტუმბოს ქვედა უჯები გამოაღო. ზემოთ მის მიერ კოხტად ჩალაგებული წინდები, მაისურები, საცვლები, შარვლები ეწყო. ქვემოთა უჯრაში კი დახვეული ბინტი, თეთრი, გვერდებზე წებოვანი საფენები, მალამოები და ანტისეპტიკური სასხურებელი ჩაელაგებინათ.
სოფომ წამსვე სტაცა მათ ხელი და ბატონიშვილის ლოგინისაკენ წამოიღო. ყველაფერი გვერდით დაახვავა, ბატონიშვილის ოფლისაგან აპრიალებულ, სისხლმოწოლილ ზურგს დააშტერდა.
არ იცოდა, თუ რატომ აკეთებდა ამას. არ იცოდა, თუ რატომ ცდილობდა, რომ ამ კაცის ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა, ალბათ სიცოცხლეც. ალბათ ზუსტად ისეთი ინსტინქტური მოქმედება იყო, როგორც არენაში.
სუფთა პირსახოცი ცივ წყალში დაასველა, მაგრად გაწურა და ბატონიშვილს, როგორადაც შეეძლო, ისე ფრთხილად ჩამოწმინდა ზურგი. ახალგაზრდა კაცი ძილში ტოკავდა ყოველ შეხებაზე, მაგრამ გამოფხიზლების ნიშანი არ ეტყობოდა. ალბათ სხეული ენერგიის შენარჩუნებისა და დასვენების მიზნით იყო ასეთ ღრმა ძილში.
სოფომ შემდეგ ბინტი დაასველა ანტისეპტიკური საშუალებით და ფრთხილად დაიწყო ღია ჭრილობების მოწმენდა.
ბატონიშვილს არ უნდა გაეკეთებინა ეს. არ უნდა გამოეწვია მამამისი, მითუმეტეს თუ იცოდა, თუ რაც მოჰყვებოდა ამას. მაგრამ ალბათ გამიზნული იყო მისი მოქმედება. უმნიშვნელოდ იშვიათად აკეთებდა ბატონიშვილი რამეს.
სურდა, რომ მამამისის აგრესია საკუთარ თავზე დასტეხოდა. მაგრამ რატომ? რატომ?
სოფომ იცოდა პასუხი ამ კითხვაზე. დაძაბული იჯდა საწოლზე, ბატონიშვილის გვერდით, ფრთხილად უწმენდდა დამსკდარ კანს და მის ზურგზე გაშტერებოდა თვალები.
მან ისე გააკეთა, რომ ბატონის რისხვა მთლიანად თვითონ დასტეხოდა თავზე. ასე რომ არ მომხდარიყო, ბატონი ალბათ სოფოს მოუბრუნდებოდა, მას გაჰყიდდა. ახალგაზრდა კაცს უბრალოდ შეეძლო ეთქვა, რომ იქ ცუდი საქონელი შემოსთავაზეს, რომ სოფო კომპენსაციად წამოეყვანა, და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა.
მაგრამ შეიძლება არ დამთავრებულიყო. ბატონის ხასიათი კარგად არ იცოდა სოფომ. თუმცა ადამიანის პროგნოზირება, რომელიც თავის შვილს ას როზგს ურტყამდა, არ იქნებოდა ძალიან ძნელი.
სოფოს გააჟრჟოლა. როგორც ჩანდა, მისი აქედან გაღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბატონიშვილი მისი აქედან გაპარების გულისათვის ას როზგზეც კი თანახმა იყო.
გოგონას ისევ მოაწვა კისერში ბურთი, სუნთქვა გაუჭირდა. ხელახლა ტირილის არც თავი ჰქონდა, და არც დრო.
უბრალოდ იჯდა, და სველ, ცივ პირსახოცებს აფენდა ბატონიშვილს ზურგზე, რომ ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მისთვის შესიება. შიგადაშიგ უწმენდდა, რომ ინფექცია არ შეჭრილიყო.
ისე მოაღწია დილამ, რომ ვერც კი გაიგო. მერამდენედ რეცხავდა ნიჟარაში პირსახოცს, ცივ წყალში, უკვე სათვალავი დაჰკარგოდა. თვალები ეხუჭებოდა, და წყლისაგან გაყინული ხელები თვალებზე აისვა. უკვე უაზრო იქნებოდა ახლა დაძინება, მაშინ, როცა ცეცხლი ჰქონდა შესაკეთებელი და მოგვიანებით, საუზმე მოსატანი.
არ ახსოვდა, რომ აქამდე თეთრად გაეთენებინა ღამე.
პირსახოცი გადაგრიხა. მთელი ღამი ჯდომის გამო მთელი სხეული ტეხდა, წამოწოლისა და დაძინების მეტი არაფერი სურდა.
ძლივს გამოლასლასდა სააბაზანოდან, ფრთხილად დააფინა ბატონიშვილს ზურგზე პირსახოცი. წითელი ჭრილობები ისევ მოჩანდა, მაგრამ იმდენად აღარ იყო შეშუპებული.
სოფომ ამოიხვნეშა, მთელი სხეულით მოეშვა. იდაყვები მუხლებზე დააბჯინა და სახე ხელებში ჩადო. თვალები დაეხუჭა, ცოტა ხანი შეისვენებდა ასე.
-სამოცდაორი… – მოესმა უცებ და მოულოდნელობისაგან შეკრთა, გულზე ხელი იტაცა. წამსვე გამოფხიზლებულმა გადახედა ბატონიშვილს, რომელსაც თავი გადმოეტრიალებინა, ოდნავ მობრუნებულიყო და წარბშეკრული, თვალებამოღამებული მიშტერებოდა. – ეს რა ჯანდაბაა… – მხარი წამოსწია მან, რომ ზურგზე დაეხედა.
-პირსახოცი გაფინეთ. – მიუგო სოფომ, სასწრაფოდ ააძრო სველი მატერია ზურგიდან. – ცივი. ვიფიქრე, რომ სიცხეს ამოიყვანდა ცოტათი მაინც…
ბატონიშვილი ისევ შუბლშეკრული მიშტერებოდა.
-რანაირი ვინმე ხარ. – თქვა მან ხმადაბლა, მერე კი წამოიწია, ლოგინზე წამოჯდა. სახე მოეჭმუხნა, ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ ისე ძალიან აღარ ჰქონდა შესიებული, ღია ჭრილობები მაინც ძალიან მტკივნეული იყო.
სოფო სიბრალულით მიშტერებოდა. ტუჩები მოილოკა.
ბატონიშვილმა მისი მზერა დაიჭირა და უფრო მეტად შეკრა წარბები. ოფლი მოსწოლოდა შუბლზე.
-ნუ მიყურებ ეგრე. – მკვახედ თქვა მან. სოფომ თვალები დახარა, მერე კი ისევ ჯიუტად ახედა. იმსახურებდა ეს ახალგაზრდა კაცი ცხოვრებაში ერთხელ ასე შემოხედვას.
-ასი როზგი მოგხვდათ და თქვენი ზურგი დაჩეხილს ჰგავს. – თქვა მან ხმადაბლა. – სიბრალულს რომ არ ვგრძნობდე ქვა ვიქნებოდი.
ბატონიშვილი დაჟინებით ჩაშტერებოდა თვალებში, ისე გაფაციცებით უყურებდა, რომ ეტყობოდა, ვერ გაეგო, რას ეუბნებოდა სოფო.
-აქ სხვისი ტკივილი არ აინტერესებთ. – მოუჭრა ბოლოს. – სხვისი ტკივილი სიამოვნებთ. აქ სხვისი შებრალება არ არსებობს.
სოფოს თითებში სპაზმმა დაუარა, ბატონიშვილის მაისურის ბოლოს ჩააჭირა ხელები. არ იცოდა ამის საპასუხოდ რა გამომეტყველება უნდა მიეღო, თითქოს მისი ნაკვთები მასთან დაუკითხავად გადაადგილდებოდნენ.
-თქვენ სხვა არ ხართ. – ამოილუღლუღა ბოლოს.
ბატონიშვილი გაშტერდა. უკან წაიწია ოდნავ, თითქოს ეუცხოვა სოფოც და მისი სიტყვებიც. თვალებში გამალებით დაშტერებოდა, რაღაცას ეძებდა.
სოფოც უსიტყვოდ მიშტერებოდა, თვითონაც ვერ გაეგო, თუ რა, ან რატომ უთხრა. მაგრამარ ნანობდა საკუთარ სიტყვებს. გული გამალებით უცემდა მკერდში და იგრძნო, როგორ აასხა სახეში სისხლმა.
-ცეცხლი დაანთე. – თქვა უცებ ბატონიშვილმა, თვალს არ აცილებდა. – და საუზმე მომიტანე.
სოფომ იგრძნო, რომ ახლა ენას კბილი უნდა დაეჭირა. ფეხზე წამოდგა, ცეცხლში შეშები შეყარა. სავარძელს ამოფარებულმა სწრაფად გადაიძრო ბატონიშვილის მაისური და საკუთარი, უფრო გრძელი პიჟამა ჩაიცვა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა სამზარეულოსაკენ.
ყველა მას აყოლებდა თვალს. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ მისი უნიფორმა არსად ჩანდა, ფეხშიშველი იყო, და სახე ერთიანად შეშუპებოდა სილის გაწნისა და ტირილისაგან. ოდნავ კოჭლობდა ცალი ფეხით, ჯერ კიდევ სტკიოდა მარჯვენა კოჭი არენაში ჩახტომის გამო.
და მეორე მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ყველამ გაიგო მისი ამბავი. ყველგან კამერები ეყენა, თან ამოდენა ცენზურისა და თავისუფლების შეზღუდვის კვალობაზე ამბავი ყოველთვის სწრაფად ვრცელდებოდა ამ სახლში. ყველამ იცოდა, რომ წინა დღეს ორ მცველსა და ოთხმოცი ათასზე გაიყიდა, და რომ უკან ერთიანად ნაცემმა ბატონიშვილმა მოიყვანა, ორივენი ტალახში ამოთხვრილიყვნენ.
მაგრამ სოფო ჯიუტად არ იყურებოდა არავის მისამართით. სულაც არ სჭირდებოდა ამ წუთას უცნაურად, რუტინის გარეთ მოქცევა და უფრო მეტი ყურადღების გადმოტანა საკუთარ თავზე. ამ სახლში მხოლოდ და მხოლოდ ის სურდა, რომ ყურადღება არ მიექციათ, მაგრამ რატომღაც არასოდეს გამოსდიოდა.
ბატონიშვილს საუზმე მიუტანა. ახალგაზრდა კაცი ძლივს ჩაჯდა სავარძელში, სიარული ეტყობოდა, რომ უჭირდა. სოფო დაძაბული უყურებდა. ნუთუ არ შეეძლო რომ რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი მოეთხოვა?დარწმუნებული იყო, რომ ის ძუნწი ექთანი ქალი აუცილებლად მისცემდა ბატონიშვილს იმდენს, რამდენსაც მოინდომებდა.
იმ დღეს არსად არ წასულან. ბატონიშვილი მუცელზე იწვა, ცარიელი თვალებით მიშტერებოდა გადაწეულ ფარდებსა და ოდნავ შეღებულ ფანჯარას, რომლის იქით ლამაზი, მოჩუქურთმებული გისოსები გაემაგრებინათ.
სადილი ცოტა ხნის გასული იყო, რომ ბატონი შემობრძანდა, კარზე დაუკაკუნებლად. სოფო წამსვე წამოვარდა ფეხზე საწოლიდან. ცივი პირსახოცი ბატონიშვილის ზურგზე გადაეფინა.
-სამოცდაორი, გადი. – თქვა მან, როცა წამოიწია და მამამისს გადახედა.
სოფო ცოტათი შეყოყმანდა. არ სურდა, რომ ბატონიშვილი აქ დაეტოვებინა მარტო, მამმისთან ერთად, რომელმაც წინა დღეს მისთვის ასი როზგი გაიმეტა. სოფოსათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რანაირი წესები იყო აქ. ასი როზგი არაადამიანური საქციელი იყო, და რჩებოდა აქაც.
ბატონმა ერთი გამჭოლი მზერა სტყორცნა და სოფო წამსვე გაეშურა გარეთ. ზურგსუკან კარი მოუკეტეს, გარეთ მცველთან ერთად დარჩა, რომელიც ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, უსიტყვოდ მიშტერებოდა კედელს.
სოფო იდგა, კართან რაც შეიძლება ახლოს და დაჭიმული, ყურებდაცქვეტილი ცდილობდა, რომ რამე გაეგონა, მაგრამ მასიური ხის კარში არაფერი ისმოდა. შეეძლო უბრალოდ მდგარიყო და აუტანელი ლოდინისათვის გაეძლო.
იქნებ ბატონიშვილს ისევ ურტყამდნენ? იქნებ ბატონი ასით არ იყო დაკმაყოფილებული და ორმოცდაათი უნდა დაემატებინა?
იქნებ მის ბედს წყვეტდნენ? ბატონს უპრობლემოდ შეეძლო ახლაც, რომ გაეყიდა და ამით დასრულდებოდა ეს საქმე.
ფრჩხილები თითქმის ძირამდე დაიკვნიტა. ოფლი ასხამდა კისერში.
გამოერკვა, როცა ქუსლების ბაკაბუკი მოესმა დერეფნიდან.
ოთხივე და მოიჩქაროდნენ. სოფო დაიძაბა, ხელები დაუშვა, წელში გასწორდა. რამდენი ხანი იყო, რაც ესენი ახლოს არ ენახა, წვეულებების გარდა, ისინიც არ ჩანდნენ მასში დაინტერესებულნი. ალბათ იმის შემდეგ, რაც უმცროსმა ქალბატონმა სცემა, ბატონიშვილმა ნახევარდა გააფრთხილა, რამე ისეთი უთხრა, რამაც თავი დაანებებინა ქალბატონებს. ანდა უბრალოდ მიხვდნენ, რომ სოფოს ვერაფერს გამოსძალავდნენ და უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს.
მაგრამ ქალბატონები არ ჩანდნენ ასეთი ხალხი.
-გოგონი! – წამოიძახა უმცროსმა, როცა მოუახლოვდნენ, და სოფოს შეაჟრჟოლა. თვლებიანი ქამრის შხუილი, ამ ქალის გადარეული კივილი და ავარვარებული ზურგი გაახსენდა. – აბა როგორაა ჩვენი ძამიკო?
-გავიგეთ, რომ შელახული მოვიდა სახლში. – ჩაურთო ერთ-ერთმა შუათანამ. – რა უცნაურია, არა? – თვალები გაუფართოვდა, სარკაზმით აღსავსე გამომეტყველებით აშტერდებოდა სოფოს.
-შენს გამო მართლა დაამარცხა ის მთავარი მცველი? – ჩაეკითხა უფროსი. – წვრთნაში რომ იყო?
სოფომ კბილები დაკრიჭა. ზიზღმა დაუარა. ეს ქალებიც ისეთივე გაქნილები იყვნენ, როგორც მათი მამა და ნახევარძმა. სურდათ, რომ მათთვის სასურველი ინფორმაცია გამოეძალათ. სიტყვებზე თამაშობდნენ და კარგადაც გამოსდიოდათ ეს.
მაგრამ კარგა ხანი გახლდათ, რაც სოფო სიტყვებს შორის ჩაწერილ სურვილს ხედავდა. ასე იოლად არ იქნებოდა გაბრიყვებული.
-ბატონიშვილის ბრძანება არაფრად მიიჩნიეს. – თქვა ცივად. – და დანამატებით შეაბრძოლეს. მისი ნამოქმედარი სიტუაციის შესაფერისი იყო.
ქალები მიაშტერდნენ, მერე კი ერთხმად აუვარდათ ხმამაღალი კისკისი.
-ხომ გითხარით, კარგი ვინმეა მეთქი! – წამოიძახა უმცროსმა. – უნდა გენახათ, როგორ უხტოდა კუნთები, რომ ვურტყამდი, მაგრამ მაინც არ ამბობდა არაფერს! ძამიკომ რა კარგი ვინმე იშოვა!
ქალები იცინოდნენ. მათმა სიყალბემ და შინაგანმა სიბინძურემ სოფო შეზარა. უნდოდა, ამ ხალხისაგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო.
-ფრთხილად იყავი, პატარა ჩიტო. – მისკენ გადმოიხარა მოულოდნელად უფროსი, მისი ცხელი, სველი სუნთქვა სახეზე შეეფრქვია სოფოს და გოგონამ თავი შეიმაგრა. არ სურდა უკანდახევით სისუსტე გამოეჩინა, და ამ საშინელი გველების პროვოკაცია მოეწყო. გულისრევა უვლიდა მუცელში, კუჭი თითქოს ეკლაკნებოდა, სახე სისხლისაგან დაეცალა. – თორემ შენს ხეს წამოაქცევენ მალე, და ფრთებიც შეგეკვეცება.
იგი უკან დაიხარა, დებთან ერთად დერეფანს დაუყვა.
სოფო იდგა, გაშტერებული. თვალები გაფართოებოდა, გაფაციცებული ფიქრობდა უფროსი ქალბატონის სიტყვებზე, და გულისრევის შეგრძნება არაფრით უწყნარდებოდა მუცელში.
ამ ხალხის საუბრები სულ დამალული მნიშვნელობით იყო სავსე. ის ქალი უაზრო მეტაფორას არ ეტყოდა.
მაგრამ არ ჰქონდა ამწუთას ამაზე ფიქრის თავი. რაღაცას უგრძნობდა გული. თავისუფლება სურდა, მეტზე ვერაფერზე ფიქრობდა.
იმ საღამოს, ვახშმის დროს, ბატონიშვილმა იქვე მოთავსებულ ტახტზე ჩამოჯდომა უბრძანა, როცა ჭამას მორჩა.
-მოემზადები. – უთხრა მან, ხმადაბლა. სოფოსაკენ გადმოწეულიყო, მათ საუბარს ცეცხლის ტკაცუნი ფარავდა. – ერთ ადგილას შეაგროვე ეგ შენი ნაწერები და მზად იყავი.
-ანუ მალე… – დაიწყო სოფომ, გული მკერდში აუძგერდა. სუნთქვა გაუხშირდა, ვერ წარმოიდგინა წამიერად, რომ ეს უკვე ხდებოდა, რომ უკვე იწყებოდა მზადება.
თუმცა მისთვის მზადება იმ დღიდან დაიწყო, როცა მოიტაცეს. ჟინისაგან სხეული აუკანკალდა.
-ვნახავთ. – მოუჭრა ბატონიშვილმა. – მზად უნდა იყო. ნებისმიერ მომენტში, ამ დღის შემდეგ, მზად იყავი, რომ ყველაფერი მიატოვო და წახვიდე. ახლა კარგად მომისმინე და ყველაფერი დაიმახსოვრე, იმიტომ რომ მეტჯერ აღარ გაგიმეორებ.
სოფომ გამალებით გაუქნია თავი, მისკენ ოდნავ ახლოს მიიწია, თვალებგაფართოებულმა. მთელი სხეული უთრთოდა, ძლივს იკავებდა საკუთარ თავს, რომ არ წამოვარდნილიყო. თითები მაგრად გადაეჭდო ერთმანეთში, თავის შესაკავებლად.
-სისტემა დიდია. – თქვა ბატონიშვილმა. – ჩვენი ოჯახი ერთი არ არის. აღმოსავლეთით, სამას ორმოცდაშვიდი კილომეტრის სავალზე, მეორე ოჯახია. ორჯერ ვარ ნამყოფი იქ. დიდი სახლი, დაუხაზავი ტრასით. ჩრდილოდასავლეთით, ორას ოთხმოცდაორი კილომეტრის სავალზე კი მეორე. ასევე დიდი სახლი, ასევე დაუხაზავი ტრასით. ყველგან ჰყავთ ხალხი დაქირავებული. ყველა გადასახადი მიდის ნაღდით. აქ ბანკები არ ერევიან. იარაღი საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, რამდენიმე აფთიაქში ჰყავთ ხალხი. ცხელი წერტილებია ქალაქებში, სადაც საფრდებიან, და ხალხს იტაცებენ. ბნელი, დაუსახლებელი, ნაკლებად ხალხმრავალი ადგილები მოსწონთ. იტაცებენ ბიჭებსაც და გოგონებსაც, ახალგაზრდულებს, ლამაზებს. შენ სადაც იყავი, ისეთ ადგილებში ჰყავთ, შემდეგ აუქციონზე გააქვთ. აუქციონი უმთავრესი კლიენტების სახლებში ტარდება. რამდენიმეს სახე ნანახი გაქვს. ყველაფერი ანონიმურია. არავინ არავის სახელი არ იცის.
ბატონიშვილმა ამოისუნთქა, სოფო თითქოს ტრანსიდან გამოვიდა, თვალები დაახამხამა.
-ამ ყველაფერს პოლიცია უყურებს. – უფრო ხმადაბლა გააგრძელა ბატონიშვილმა, თითქმის ჩურჩულებდა.
-მაშინ რატომ… – ამოილუღლუღა სოფომ. – რატომ არავინ დააპატიმრეს…
-იმიტომ რომ სისტემა ძალიან დიდია და საკმარისი ინფორმაცია არა აქვთ. – მკაცრად დაუსისინა ბატონიშვილმა. – ესენი ადგილებს ხშირად იცვლიან. მამაჩემს და სხვა ოჯახებსაც  მოსყიდული ჰყავთ ხალხი, რომ მათი სახლები არსად გამოჩნდნენ, რომ მათი სახელები არსად გამოჩნდნენ. ასეა წესი.
ბატონიშვილმა კიდევ ერთხელ ამოისუნთქა, მერე კი დაჟინებით ჩააშტერდა სოფოს.
-შენი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადასცე ინფორმაცია. – თქვა მან. – აქედან რომ გააღწევ, რაც შეიძლება დროზე უნდა მიაღწიო პოლიციამდე. შევეცდები მოგიგვარო, მაგრამ შენ მაინც უნდა ეცადო. აქედან რომ გახვალ, ჩათვალე, რომ ზუგზე დიდი ნიშანი გაქვს. ეს ხალხი ასე იოლად არ მოგეშვება, თუ მთლიანად არ ჩამოიშალა აქაურობა.
-რატომ აკეთებთ ამას? – დაიჩურჩულა სოფომ. – რატომ?
-გირჩევნია არ გავაკეთო? – წარბები შეკრა ბატონიშვილმა, გაღიზიანება ეტყობოდა.
-არა, უბრალოდ… – სოფომ ტუჩები მოიკვნიტა, სიტყვებს ეძებდა. – თქვენ მემკვიდრე ხართ, მამათქვენი ხომ…
-მამაჩემმა დედაჩემი მოკლა. – თქვა ბატონიშვილმა და სოფო გაშრა, უკან დაიწია. – ეგ კაცი არ მომკლავს. მისი ერთადერთი ვაჟი ვარ და მაშასადამე ერთადერთი მემკვიდრე. – მას სახე მოეღმიჭა. – არადა ის ბოზები უკეთესად გაუძღვებოდნენ ოჯახურ საქმეს.
სოფომ ხმა არ გაიღო. გაგონილით თავზარდაცემული მიშტერებოდა, ენა ჩავარდნოდა თითქოს.
-ამ ღამე აქ დარჩები. – თქვა ბატონიშვილმა, ღვინის ჭიქა მოიყუდა და გამოცალა, ცეცხლს მიშტერებოდა, წითლად უელავდა თვალები.
-რატომ? – ჰკითხა სოფომ, თითქმის ავტომატურად. მთლიანად არეოდა გუნება, გამწარებული იმეორებდა ყველაფერს, რაც ახლა გაიგო. თითქოს ახლა იგრძნო, თუ რამოდენა ბარგი უნდა ეთრია და სუნთქვა შეეკრა.
-არ ვენდობი მაგათ. – თქვა ბატონიშვილმა. – ეგეთები იციან. ღამე გაათრევენ ხალხს და ან კლავენ, ან ყიდიან. აქ იქნები.
სოფომ აღარაფერი უპასუხა. კალთაში, უნიფორმაზე ჩაჭერილი თითები უთრთოდა.
ბუხარი ტკარცალებდა და ყვითლად ანათებდა ოთახში ჩამოწოლილ მძიმე სიბნელეს.
 .
-*-*-*-*-*-17
ცოტა ხანი უხმოდ ისხდნენ. სოფო ცეცხლის ტკაცუნსა და საათის ტიკტიკს უსმენდა, დაძაბული. უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში და არ იცოდა, საიდან დაეწყო.
-როგორ უნდა მივაღწიო პოლიციამდე? – გადაწყვიტა ეკითხა ბოლოს. ბატონიშვილმა გამოხედა, მერე კი ისევ დაატრიალა ხელში დაჭერილი სასმისი. გადაგლესილ თვალებზე ეტყობოდა, რომ ფიქრებში იყო ჩაძირული.
-სიტუაციას გააჩნია. – თქვა მან ხმადაბლა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. – ზუსტად ვერაფერს გეტყვი.
სოფო მოიღუშა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. იცოდა, რომ ბატონიშვილი არაფერს ეტყოდა, სანამ თვითონ არ დაუსვამდა კითხვას, ამიტომ ფრთხილად უნდა მიდგომოდა ამ სიტუაციას. სწორი კითხვები უნდა დაესვა, რომ უარესად არ დაბნეულიყო.
-თქვენ როგორ უკავშირდებით პოლიციას? – დაიჩურჩულა მან. – სადმე ხვდებით?
-არა. – სწრაფად გამოხედა ბატონიშვილმა. – ვერ ხედავ, რომ ყველგან დამყვებიან? ჰმ?
-აბა ვინმეს აგზავნით? – ჰკითხა სოფომ, ცნობისმოყვარეობით აღსავსე მიშტერებოდა. მართლაც, ბატონიშვილი ფაქტიურად მარტო არასდროს იყო. სულ წვეროსნებთან ერთად იყო, მთელი დღე თან დაჰყვებოდნენ, ამათ კიდევ საპყრობილეების შემოვლისას შემხვედრი მცველები და კლიენტები ემატებოდნენ. ერთადერთი ღამ-ღამობით რჩებოდა მარტო. მაგრამ სოფოსაც კი, რომელიც ფაქტიურად სულ მასთან იყო ამ ბოლო დროს, არ დაენახა, რომ ოდესმე ბატონიშვილი ვინმე სხვას გამოლაპარაკებოდა ერთხელაც კი.
-ხანდახან. – თქვა ბატონიშვილმა. – როცა შემიძლია. ანდა ტექსტურ შეტყობინებას ვაგზავნი.
-ტელეფონი სად გაქვთ? – თავი ვერ შეიკავა სოფომ. ახალგაზრდა კაცმა წარბები შეკრა, მწყრალად გადმოხედა. – ვიცი, რომ თან არ გაქვთ, მაგრამ სადმე გადამალული ხომ გექნებათ… – სასწრაფოდ დაამატა გოგონამ, როცა მიხვდა, რომ არასწორად დუასვა კითხვა. ასე თუ გააგრძელებდა ვერაფერსაც გაიგებდა.
-ერთი ტელეფონი არ მაქვს. გამოყენების შემდეგ ყოველთვის ვანადგურებ. – თქვა ბატონიშვილმა. -იშვიათად მეძლევა ამის გაკეთების საშუალება, მაგრამ რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ.
სოფომ ტუჩები მოიკვნიტა. მკერდში რაღაცამ გასწიწკნა. ბატონიშვილი უამრავ რამეს, საკუთარ თავსაც კი დებდა სასწორზე, რომ ეს სისტემა ჩამოეშალა და ამდენი ტყვე გამოეთავისუფლებინა. მას თავი ფაქტიურად გილიოტინაზე ედო, მისი კისრის ზემოთ ალესილი მეტალი ბრწყინავდა, ის კი მაინც აკეთებდა იმას, რაც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა გაეკეთებინა.
-თქვენ რატომ აკეთებთ ამას და არა სხვები? – ჰკითხა სოფომ. თითებს კალთაში ხლართავდა, ბუხრიდან მომავალი სიცხისა და ნერვიულობის გამო ოფლმა დაასხა. – რატომ თქვენი დები ან იმ სხვა ოჯახების წარმომადგენლები?
-იმიტომ რომ ისინი არასოდეს ყოფილან ჩემ ადგილას. – მიუგო ბატონიშვილმა. ისევ ცეცხლში გაშტერებოდა ანთებული თვალები. დაძაბული იჯდა, წელში გასწორებული, სავარძლის ზურგს ვერ ეყუდებოდა დახლეჩილი ზურგის გამო.
-თქვენს ადგილას ანუ… დასჯილთა ადგილას? – ჩაეძია სოფო. ბატონიშვილს უფრო მეტად დაეძაბა სხეული, მზერა სოფოსაკენ გადმოატრიალა.
-მამაჩემს ცოლი ჰყავდა. – დაიწყო მან და გოგონა მისკენ გადაიწია, უნიფორმაზე ხელებით ჩაფრენილი. -მამაჩემს ბიჭი უნდოდა, მაგრამ იმან ოთხი გოგო გაუჩინა. დედაჩემი მისგან დაორსულდა, აქ გამაჩინა. ოფიციალურად არავითარი საბუთი არ მაქვს. არც დაბადების მოწმობა, არც პირადი ნომერი, არაფერი. მამაჩემმა იცოდა ჩემი არსებობა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ცოლისგან ბიჭს იმედოვნებდა ისევ. დედაჩემი სკოლებზე, რკინიგზაზე, ცათამბჯენებზე, ქუჩებზე მიყვებოდა. – ბატონიშვილს თვალები გაუშტერდა. – ჯერ არცერთი არ მაქვს ნანახი. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან.
სოფო განცვიფრებული უყურებდა, ძლივს გამოერკვა, როცა ახალგაზრდა კაცი გაჩუმდა.
-მერე? – დაიჩურჩულა მან. – რა მოხდა?
-არაფერი. – მიუგო ბატონიშვილმა. – ვცხოვრობდი, როგორც ერთადერთი ბავშვი ამ სიბინძურეში. რომ წამოვიზარდე, ეზოს ვფარცხავდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, შეშა დამქონდა. მეც ისე მექცეოდნენ, როგორც რიგით მსახურს. მაგრამ მერე შვილი აღარ ეყოლათ მამაჩემსა და მის ცოლს, და ეს ქალი სადღაც გააქრო. ამიყვანა, როგორც საკუთარი შვილი.
-და დედათქვენი… – დაიწყო სოფომ, მაგრამ ვერ გააგრძელა, სუნთქვა შეუკანკალდა ყელში.
-დედაჩემი მოგუდეს. ღამით. თავის ლოგინში. – თქვა ბატონიშვილმა. – მამაჩემის აზრით, დედა დაბრკოლება იყო, რომელიც უნდა გადამელახა. მაშინ მცემეს პირველად, რადგან ვტიროდი.
სოფო თავზარდაცემული მიშტერებოდა. ვერც კი წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთ საშინელ, ჩაკეტილ გარემოში გაზრდილიყო და მაინც შეენარჩუნებინა ადამიანობის ნაპერწკალი.
-როგორც ჩანს, ვერ გადავლახე ეს დაბრკოლება. – გააგრძელა ბატონიშვილმა. – სულ დედაჩემის ლურჯი სახე მახსენდებოდა, დიდი, გადმოგდებული, გასიებული ენა და გადმოკარკლული თვალები. და ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ნორმალური. რომ ეს კეთილი ქალი არ იმსახურებდა ამას, და რომ ის წამართვეს, რაც არ უნდა წაერთმიათ.
-ანუ მაშინ დაიწყეთ აქედან წასვლაზე ფიქრი? – ჩაეკითხა სოფო.
-იქამდეც, რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა, რომ აქაურობას მოვცილებოდი. – თქვა ბატონიშვილმა. – ხალხის ყვირილი მესმოდა, და არასოდეს მსიამოვნებდა. მიმიავალ-მომავალი მსახურებისაგან ვისწავლე ყველაფერი. საკონტაქტო საშუალებების, პოლიციის, სამართალის შესახებ. გასვლის იმედი მომეცა. მსახურიც გაპარება რომ ვცადე, თვრამეტის ვიყავი. მაგრამ გამექცა და მოკლეს, მე კი დამსაჯეს.
ბატონიშვილი ცოტა ხნით გაჩუმდა, ღვინით სავსე სასმისი დაცალა.
-თითქოს ყველაფერი მაქვს. – ხმადაბლა თქვა მან, თავი დახარა და გადააქნია. – ფული. საცხოვრებელი. მსახურები. – მან სახე ასწია, კბილები დაეკრიჭა, ყბათა ძვლები გამოკვეთოდა. – მაგრამ მიმიფურთხებია ამ ყველაფრისთვის. აღარ მინდა აქ ვიყო.
-მამათქვენი რომ ამას გაიგებს… – დაიწყო სოფომ. ვერ წარმოედგინა, რომ ის ბებერი ტირანი ასე იოლად გაუშვებდა საკუთარ შვილს ღალატისათვის, მითუმეტეს თუ შელაპარაკებისათვის ას როზგს ურტყამდა. ვერ წარმოედგინა, რომ ბატონი ვაჟს ამას აპატიებდა და იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, თუ რას გააკეთებდა ის ბატონიშვილის დასასჯელად.
-მე მივხედავ მამაჩემს. – მოუჭრა ახალგაზრდა კაცმა. – ხომ გითხარი, რომ არ მომკლავს? ბებერი და იმპოტენტია. სანამ იმედი აქვს, რომ მისი სისტემა დგას, იქამდე მეც ცოცხალი დავრჩები…
-და თუ მიხვდა, რომ ნგრევის პირასაა, მაშინ? – შეაწყვეტინა სოფომ, ვერაფრით ითმენდა. ვერ გაეგო, თუ როგორ ფიქრობდა ამას ბატონიშვილი, თუ როგორ ჩანდა ასეთი დარწმუნებული, რომ მამამისს, სისასტიკისა და არაადამიანობის განსახიერებას, რომელიც შემოპასუხებასაც არ ტოვებდა უსასჯელოდ, მის ღალატზე რეაქცია არ ექნებოდა.
ბატონიშვილმა არაფერი უპასუხა. ცეცხლს ჩაშტერებოდა, ჭიქა გვერდით გადადო და პირდაპირ ბოთლი მოიყუდა.
-მე არ ველოდები იმას, რომ აქედან ცოცხალი გავალ. – თქვა უცებ ბატონიშვილმა. სოფოს თვალები გაუფართოვდა, დაძაბული მიაჩერდა. – უბრალოდ აქ ცხოვრება აღარ მინდა.
გოგონას არაფერი უთქვამს. იატაკს ჩააშტერდა. ხვდებოდა, რომ ბატონიშვილს ალბათ თავის მოკვლაზეც ეფიქრა ადრე, მაგრამ მაინც გაეძლო თავისი სურვილისათვის. არ სურდა ამ მგრძნობიარე საკითხს შეხებოდა. ისედაც საკმარისი რამ გაიგო.
მთელი ღამე ბატონიშვილი სავარძელში იჯდა, წინ გადახრილი. ღამის ორი საათისათვის, როცა სოფოს თითქმის ჩაეძინა ტახტზე, უბრძანა, რომ დაწოლილიყო.
სოფო დაწვა. დაძინებამდე, ბალიშზე მისვენებული, ბატონიშვილის თავს უყურებდა სავარძლის ზემოთ.
-*-*-*-*-*-
რომ გაიღვიძა, ოთახში ჯერ კიდევ სითბო იდგა. დისორიენტირებულმა წამოიწია. არადა ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩანავლებულიყო ბუხარში და დანთების დრო გახლდათ.
პირველი, რასაც თვალი მოჰკრა, ბუხართან მდგომი ბატონიშვილი იყო. იგი საჩხრეკით ატრიალებდა შეშებს, რომლებიც ახლახან დაეწყო თითქმის ჩამწვარ საწვავზე. თეთრ მაისურზე ალაგ-ალაგ სისხლის წითელი ლაქები ეტყობოდა. სოფომ ტუჩები მოიკვნიტა, ლოგინიდან გადმოცურდა.
-მე გავაკეთებდი. – თქვა მან, დასიებული, წირპლიანი თვალები მოიწმინდა. მთელი სხეული სტკიოდა, იმის მიუხედავად, რომ რბილ ლოგინში ეძინა, და სიამოვნებით იძინებდა კიდევ რამდენიმე საათი. მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო.
-შენ წადი და მოემზადე. – უთხრა ბატონიშვილმა, ისე, რომ მისკენ არც კი გამოუხედავს. ხმაში ეტყობოდა აუტანელი დაღლილობა. – როგორც გუშინ გითხარი. და საუზმე მომიტანე.
სოფოს არ დაუყოვნებია, წამსვე საკუთარი ოთახისაკენ გაეშურა. მცველები ისევ არ იმჩნევდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, რომ მაინც გაფაციცებულნი ადევნებდნენ თვალებს. მათ მზერას გრძნობდა სოფო ზურგზე.
ფრთხილად გადააძრო საწოლზე ზეწრები, და მათი ქვეშიდან გამოაცურა ნაგლეჯები, მაგრად მოკუჭა ხელში. დანარჩენი ყველა ლიფსა და ფეხსაცმელში ჰქონდა ჩაკერებული. ზეწრები რომ გადმოყარა იატაკზე, დაიხარა, ფეხსაცმელი გაიძრო და გადმობერტყა, მერე კი ჩაცმისას ხელში მოკუჭული ნაგლეჯები ჩააწყო შიგნით. დაჩოქილს კაბის კალთები ეფარებოდა ფეხებზე, ამიტომ წესით კამერებს არ უნდა დაენახათ. ადრეც გაეკეთებინა ეს და ჯერ არავინ მოსულიყო მის დასასჯელად, ამიტომ ალბათ სწორად აკეთებდა რამეს.
გულამოვარდნილმა მიიტანა სარეცხი სამრეცხაოში, და სამზარეულოსაკენ გაეშურა, რომ საუზმე აეღო ბატონიშვილისათვის.
მთელი დღე დაძაბული იყო. რაღაც მნიშვნელოვანს ელოდა, ახალგაზრდა კაცის თქმით ნებისმიერ მომენტში უნდა ყოფილიყო ყველაფრის დასაყრელად და გასაქცევად, ამიტომ თითქოს ეკლებზე იჯდა მთელი ამ დროის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ ცდილობდა, არაფერი შეემჩნია, მაინც იცოდა, რომ გაფაციცებული იყურებოდა, უფრო მეტად ხლართავდა ნერვიულად ხელებს.
ქალბატონები ისევ დაშტერებოდნენ, როცა საღამოს, ჩვეულებისამებრ, სოფომ დელიკატესები და შამპანური ჩამოატარა დარბაზში. უყურებდნენ, იცოდნოდნენ, ლამაზი სახეები გაბრწყინებოდათ, და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. სოფოს ზარავდა მათზე შეხედვა, მათი ყალბი ღიმილების დანახვა და ატანა. თვალები ანთებოდათ ოთხივეს, და სოფოს წამდაუწუმ უფროსის ნათქვამი ახსენდებოდა, როცა მან ჩიტი უწოდა და გააფრთხილა, რომ მისი ხე წამოიქცეოდა მალე, და ფრთებს შეუკვეცავდნენ.
ხე ალბათ ბატონიშვილი იყო, რადგან ის ერთადერთი იყო, ვინ მისი დაცვის ინიციატივას იჩენდა, პირდაპირი ქმედება ყოფილიყო ეს თუ გვერდითი. იცოდა სოფომ, რომ ეს ყველაზე ლოგიკური ახსნა იქნებოდა უფროსი დის სიტყვებისა, მაგრამ ხის „წამოქცევა“ სულაც არ მოსწონდა. არ უნდოდა დაჯერება, რომ ქალბატონები რაღაცას გეგმავდნენ, რომ ისეთი რაღაც იცოდნენ, რაზეც თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ძმა გულზე არ ეხატებოდათ, და ბატონზე მეტად თუ არა, ნაკლებად სასტიკი არც ერთი არ ჩანდა. არ გახლდათ გასაკვირი, რომ თვითონ ბატონიშვილმა აღიარა, რომ მისი ნახევარდები უკეთესად გამართავდნენ ამ სისტემას.
„არადა ის ბოზები უკეთესად გაუძღვებოდნენ ოჯახურ საქმეს.“ დაუტრიალდა თავში. ქალბატონებს თვალი აარიდა, მათი დანახვა არ სურდა, და მორიგ კლიენტს ფარულად, შეფარვით შეაშტერდა სახეში.
აქ საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მზად უნდა ყოფილიყო.
იმის მიუხედავად, რომ მთელი დღე მასში დაძაბულობა იმატებდა, განსაკუთრებული არაფერი მოხდა. ჩვეულებისამებრ მიუტანა ბატონიშვილს სადილი და ვახშამი, სარეცხი გარეცხა და ტანსაცმელი დააუთოვა. მთელი საღამო ბატონიშვილის ოთახში იჯდა ტახტზე და ცეცხლს ჩაშტერებოდა.
მისთვის განკუთვნილი ოთახი მოენატრა. იმის მიუხედავად, რომ იქ სულ დაჭიმული იყო, რადგან იცოდა, რომ კამერებიდან უყურებდნენ, თითქოს მაინც მისი ადგილი იყო. თვითონ წყვეტდა, თუ როდის დაწოლილიყო, როდის გაეღო ფანჯარა, როდის მჯდარიყო ფანჯარასთან მდგარ ლოგინზე და უბრალოდ ეყურებინა გარეთ, ფიქრებში ჩაკარგულს.
აქ კი ბატონიშვილთან ერთად იყო, რაც არ აძლევდა ამ ყველაფრის უფლებასა და შესაძლებლობას.
ღამის ორის ნახევარი იყო, როცა ბატონიშვილმა დაწოლა უბრძანა, მაგრამ ამჯერად არ ეძინებოდა სოფოს. ცოტა ხანი ჩათვლიმა, მუშაობით დაღლილმა, მაგრამ ტვინი თითქოს ჩართული ჰქონდა მთელი დღე დაძაბულობისა და მოლოდინის გამო.
იცოდა, რომ ბატონიშვილს ეძინა. სახელურზე დაებჯინა იდაყვი და ხელზე თავი ჩამოედო.
ბურანში ცურავდა. ბუნდოვნად ხედავდა ცეცხლის შუქით განათებულ ოთახს, თითქოს მთლიანად არ იყო ძილში ჩაძირული.
კარის ხმა გაიგონა შორიდან. ვიღაც შემოდიოდა ოთახში, კარი ჩუმად მიიხურა, სახელური გატკაცუნდა. სოფომ თვალების გახელა სცადა, ცოტა ხანი ებრძოდა მიწებებულ ქუთუთოებსა და ტკბილ ბურანს, სანამ ნაბიჯების ხმა ესმოდა ბუნდოვნად.
ვინ უნდა შემოსულიყო? ბატონის ან ქალბატონების გარდა ამ ოთახში დაკაკუნების გარეშე ვერავინ შემოვიდოდა. არც არავინ შემოდიოდა, სოფოს გარდა.
ამ წამში გავლებულმა ფიქრმა გამოაფხიზლა. ძლივს გაახილა თვალები, თავგზააბნეულმა წამოსწია თავი.
ქალბატონი ედგა ბატონიშვილს თავზე. იღიმებოდა, გასახსნელი დანა ეჭირა ხელში, რომელიც ტკაცუნით გააღო.
მისი ხის წამოქცევა.
სოფოს სუნთქვა შეეკრა, თავზარი დაეცა.
-რას აკეთებთ! – დაიყვირა მან, ფეხზე წამოვარდა. – რას აკეთებთ, გაგიჟდით?
ქალბატონი ოდნავ შეკრთა, მაგრამ ღიმილით გადმოხედა. ბატონიშვილმა თავი წამოსწია ყვირილზე, ქალბატონისაკენ მიტრიალდა. სოფო შეძრწუნებული მიშტერებოდა, როცა ქალბატონმა ნახევარძმისკენ გაიხედა, კბილები გააშიშვლა მის წინ. მიმოიხედა, რაღაც მძიმეს ეძებდა. ასე ვერ დამთავდებოდა ეს ამბავი, რამე უნდა გაეკეთებინა…
-რას და რაც ოცდაოთხი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. – ტკბილი ხმით ჩაილაპარაკა ქალბატონმა, დანა აღმართა.
ბატონიშვილი ელვის სისწრაფით წამოვარდა ფეხზე, უკან დაიწია, მაგრამ ქალბატონი იღიმებოდა, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. სოფოს გული ყელში მოებჯინა, გაფითრებულმა ხელი გააფათურა, და რასაც პირველად მოხვდა მისი თითები, იმას მოსჭიდა ხელი.
რაც ტუმბოზე დადებული მასიური ხის ყუთი იყო.
ყუთმა შხუილით გაიარა ჰაერში, აღმართულ მკლავში მოხვდა ქალბატონს, რომელმაც კბილები დაკრიჭა, ტკივილისაგან დაიკლაკნა, დანა დაუვარდა. სოფომ სასწრაფოდ სტაცა ხელი დანას და მაგრად მოიმარჯვა, ქალბატონს მოუღერა.
ბატონიშვილი იქვე იდგა, დაძაბული და მოღუშული. ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი მოკვლა აქამდე არ ეცადათ, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.
სოფოს ტანში გააცია. იქნებ მართლა იყო ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი. იქნებ ადრეც ეცადათ მისი მოკვლა.
შეუძლებელი ნამდვილად არ იყო.
ქალბატონმა ჯერ ერთს გადახედა, მერე მეორეს, შემდეგ კი თვალისმომჭრელად გაიღიმა.
-უკეთესად და უკეთესად მიდის საქმე, – ჩაილაპარაკა მან, მერე კი მკლავზე ხელი იტაცა, გრძელი, წაწვეტებული ფრჩხილებით მაგრად ჩამოიკაწრა, ისე, რომ სისხლის წვეთები ამოუბუყბუყდა ზედაპირზე წამსვე.
სოფო გაოგნებული იდგა. ბატონიშვილი მისკენ წამოიწია, გაწვდილ ხელს ხელი გაჰკრა და დანა გააგდებინა, რომელიც ლოგინისაკენ გასრიალდა.
მერე კი ქალბატონმა პირი გააღო და საშინელი, ყურისწამღები კივილი მორთო. სახე მომანჭვოდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კლავდნენ, როგორც ღორს. მოჩვენებითი ტკივილისაგან იკლაკნებოდა და ისე კიოდა, რომ სოფოს ყურის აპკები ეტკინა, თავზარდაცემული მიშტერებოდა.
კარი შემოგლიჯეს. თვალებგაფართოებულმა, მოღუშულმა წვეროსანმა გამჭოლი მზერით მოათვალიერა ყველანი, თვალები სოფოს დანახვისას დაავიწროვა, ზიზღით დააშტერდა.
-ქალბატონო, რაშია საქმე? – შესძახა მან. ქალბატონის ყვირილი მთელ დერეფანში გავრცელებულიყო, სოფო ხედავდა, თუ როგორ მორბოდა მეზობელი დერეფნიდან კიდევ ერთი წვეროსანი და გულისცემა აუჩქარდა, ცივმა ოფლმა დაასხა.
-ამ ბინძურმა მსახურმა რა გამიკეთა! – დღაოდა ქალბატონი. – რა გამიბედა! ბინძურო გოგოვ! შენ ამ სახლში ყოფნას არ იმსახურებ!
-ვერ გაბედავ. – დაისისინა უცებ ბატონიშვილმა, წინ წაიწია, ისე, რომ მისი მხრის იქით ხედავდა შეძრწუნებული სოფო ქალბატონის პრიალა, მუქ თმასა და ტკივილისაგან მოგრეხილ სახეს. გაშტერებულიყო, ხვდებოდა, თუ რა მოხდებოდა ახლა და გაფიქრებაც კი ზარავდა. – ყველამ იცის, ვინაა. არავინ იყიდის.
-ისეთ ფასს დავადებ, რომ ხურდაში მოუვიდეთ! – იბღავლა ქალბატონმა. სახე შეეცვალა, გადაუსწორდა ერთიანად, ცალყბა ღიმილი გამოესახა ზედ. – რაც ეგ გოგო მოვიდა, აქაურობა საშინელ მდგომარეობაშია! სულ არ აკეთებს თავის სამუშაოს! ახლა კი გამიბედა და ხელით შემეხო.
-გაბედავ და თავს წაგაცლი. – კბილებში გამოსცრა ბატონიშვილმა. – არ დაგავიწყდეს, თუ რას წარმოვადგენ…
-ამ სახლის თავიკაცი მაინც მამაა. – ქალბატონს თვალები დაუმრგვალდა, ქვედა ტუჩი გადმოაგდო, მერე კი ეშმაკური ღიმილი სტყორცნა სოფოს, რომელიც იქვე იდგა, ჩაკეცვის პირას მყოფი და არ სჯეროდა, რომ ეს ხდებოდა. – ვნახოთ ის რას იტყვის.
მერე კი, ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, შებრუნდა და ოთახიდან გაფარფატდა. წვეროსნებმა ერთი მზერა სტყორცნეს მათ, მერე კი ქალბატონს გაჰყვნენ კუდში.
ბატონიშვილი წამსვე შემობრუნდა. სოფომ ახედა, რამე ნაცნობს, იმედის მომცემს ეძებდა მის თვალებში. ბატონიშვილი მოღუშულიყო, მაგრამ არ ეტყობოდა ის განრისხება, რომელიც წეღან ხმაში ეწერა. გოგონას თვალები გაუფართოვდა.
ისე გამოიყურებოდა, თითქოს შეგუებულიყო.
-ასე ვერ გამყიდიან… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – ასე ვერ… მე ხომ აქედან უნდა გავსულიყავი…
ბატონიშვილმა არაფერი უპასუხა, ხელზე ხელი სტაცა, სამაჯურის ქვეშ თითი შეუცურა და ერთი ძლიერი მოძრაობით, ჭახანის მოსტყდა სოფოს მისი ნომრის ამსახველი ნიშანი. დარეტიანებული უყურებდა თავისუფალ მაჯას. კანი გახეხოდა ქვეშ.
-მაინც მოგაძრობენ. – თქვა ბატონიშვილმა, მერე კი სამაჯური გადმოატრიალა, ქვემოთა ფირფიტა მოაძრო და სოფოს ხელში ჩაუტენა.
სოფომ ძლივს დაიჭირა პაწაწინა ფირფიტა, ისეთი მოშვებული იყო. თითქოს მთელი სხეული მოსდუნებოდა და აღარ ემორჩილებოდა, სახე გაფითრებოდა.
ხელახლა გაყიდდნენ. მისი შიშები გამართლდა. ამჯერად ვერავინ ვერ შეძლებდა მის დახმარებას, ბატონიშვილიც კი.
ორ მცველს აღარ სთავაზობდნენ აქ მოსული კლიენტები. პირდაპირ არ იყიდებოდა. აუქციონზე მიჰყავდათ.
სოფოს ნაგლეჯები გაახსენდა. სხეული აექავა.
ნაბიჯების ბრაგუნი ისმოდა გარეთ. ოთახში წვეროსნები შემოიჭრნენ. ერთ-ერთი ბატონის პერსონალური მცველი იყო. გოგონას ტანში გასცრა, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ზურგში.
-წამოდი. – უთხრა მალხაზმა. – ახლავე.
სოფომ თვალები მაგრად დახუჭა, ხელით იმ ფირფიტას ჩაფრენოდა.
ბატონიშვილი გზიდან ჩამოეცალა. მასა და აუქციონს შორის აღარაფერი იდგა.
თვალები გაახილა და მცველებისაკენ გაემართა, რომლებიც გასაყიდად წაიყვანდნენ.
ახლა მართლა დამთავრებულიყო მისი ყოველი მცდელობა. ახლა მართლა ჩაეყარა წყალში ამდენი ხნის შრომა.
ბატონიშვილს გახედა, როცა ოთახიდან მიათრევდნენ. ის იქ იდგა, ცივი სახით, მაგრამ ანთებული თვალებით, ნაკვთები დაძაბვოდა. ოდნავ აეწია შეკრული მუშტი.
სოფომ ძლივს მოაცილა თვალები.
მაგრად მოუჭირა ხელი ფირფიტას და თავი შეიმაგრა, როცა მცველებმა კარში გაათრიეს.
 .
-*-*-*-*-*-*-18
სახლიდან ისე გაათრიეს და მანქანაში ისე ჩატენეს სოფო, რომ აზრზე ვერ მოვიდა. მანქანის ქვიან გზაზე რყევამ გამოაფხიზლა. უკანა სავარძელზე იჯდა, გაშტერებული, მარჯვენა მაჯა უჩვეულოდ შიშველი ეჩვენებოდა სამაჯურის გარეშე, ოფლიან ხელში კი ფირფიტა მოებღუჯა.
არადა რამოდენა იმედი ჰქონდა, რომ აქედან მალე გააღწევდა. რომ გააღწევდა და ინფორმაციას გაიტანდა, საკუთარ თავსა და ასევე უამრავ ტყვეს გადაარჩენდა, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა და ამ ჯოჯოხეთს დააღწევდა თავს.
მაგრამ როგორც ჩანდა, უიღბლობა კარგა ხანი არ დაანებებდა თავს, არ ეწერა აქედან წასვლა. ბატონიშვილთან ყოფნამ იმედი მოუტანა, რომ თავისუფალი იქნებოდა, ახლა კი ერთიანად გაძარცვული, იმედშემოცლილი და დაცარიელებული იყო. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა იმისათვის, რომ ხელახლა ეცადა, რამე მოეფიქრებინა აქედან წასასვლელად.
გრძნობდა, როგორ იმსხვრეოდა მის გონებაში აგებული, ახლა უკვე უსარგებლო და გულუბრიყვილო ოცნების კოშკები და მათთან ერთად მისი ურჩობა და სიძლიერეც. თითქოს ერთბაშად დაიღალა, და მეტი აღარ შეეძლო, არ შეეძლო, რომ კიდევ ერთხელ ებრძოლა, მითუმეტეს ასეთი მწარე დამარცხების შემდეგ.
სავარძლის ზურგს მიეყუდა, ერთიანად მოშვებული, ცარიელი თვალები გზისაკენ გადაატრიალა. ტრიალ მინდორში გაყვანილ ტრასაზე მიქროდნენ. იმის მიუხედავად, რომ არ იცოდა, ზუსტად რა დრო იყო, ალბათ აპრილი იქნებოდა. ბალახი ლამაზად, მწვანედ იყო ამობიბინებული, მინდორში კანტიკუნტად მდგარ ხეებს უკვე მოზრდილი, მწვანე ფოთლები ამშვენებდათ. ქარი უბერავდა, ბალახს აწვენდა გვერდით.
სოფო ქარს, მინდორში ალბათ ვეღარასოდეს იგრძნობდა. თავის გემოზე ალბათ ვერასოდეს გავიდოდა გარეთ, ვერასოდეს გამოძვრებოდა ბატონობიდან. და ამწუთას წარმოდგენა არ ჰქონდა, ჰქონდა თუ არა ბრძოლის სურვილი. მისი თითოეული გაფართხალება ამაო აღმოჩნდა ამ სასტიკ სისტემაში, და იქნებ მისი ბედისწერა, თუ ასე გააგრძელებდა, ზურგში ტყვიის დახლით მთავრდებოდა?
სოფომ თავი გადააქნია.
ახლანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავდა იმას, როცა პირველად მიჰყავდათ ბატონიშვილის სახლში, და მთელი ძალით ცდილობდა, რომ სასოწარკვეთა დაემალა. მაგრამ მაშინ ურჩობითა და სიმამაცით ცდილობდა დაფარვას, ახლა კი განურჩევლობით.
თხელი, მეტალის ფირფიტა მის ხელში გაცხელებულიყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ გამოატანა ეს ბატონიშვილმა, რა დანიშნულება უნდა ჰქონოდა. როგორ სახსოვარი? მემენტო? ბატონიშვილი არ ჰგავდა ისეთ ადამიანს, რომელიც სახსოვრებს ატანდა ყოფილ მსახურებს სახლიდან. მაშ რა უნდა ყოფილიყო?
ხელები ექავებოდა, სურდა, რომ ფირფიტასათვის დაეხედა.
წვეროსნებისაკენ გააპარა თვალი. მძღოლი გზას მიშტერებოდა, მგზავრის სავარძელში ჩამჯდარი მალხაზი პირდაპირ მას დაშტერებოდა სარკეში. ჯერ თვალი გაუსწორა შემცბარ სოფოს, მერე კი მის კალთაში მოხვეულ ხელებს დახედა წამიერად.
სოფოს მოღუშვის დრო არ ჰქონდა, რომ მალხაზმა ისე გაატრიალა თვალები, ვითომ აქაც არაფერიო, თითქოს არც უყურებდა. ცივი ცისფერი თვალებით უსიტყვოდ მიშტერებოდა გზას.
სოფომ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, მხრები აიწურა, უფრო მაგრად მოუჭირა ფირფიტას ხელი. რატომღაც იგრძნო, რომ მალხაზმა იცოდა ამ ფირფიტის არსებობის შესახებ და არ იცოდა, თუ რა უნდა ეფიქრა ამაზე.
რომ მალხაზი ამას წაართმევდა? მაგრამ წართმევა რომ ნდომებოდა, მიცემას ან გადაგდებას უბრძანებდა.
არა. სოფომ წარბები შეკრა. რაღაც ეჩვენებოდა ალბათ. ალბათ მალხაზს წარმოდგენა არ ჰქონდა ფირფიტაზე და ისე დახედა ხელებზე, რომ შეემოწმებინა, ან რამე ასეთი.
ნახევარი საათიც არ იქნებოდა, როცა მანქანა მდიდრულ, მოზრდილ სახლთან მიაყენეს, უამრავ სხვა მანქანასთან ერთად. სოფო წვეროსნებთან ერთად გადაძვრა, მორჩილად მიჰყვა მათ უკან, თან უყურებდა, თუ როგორ დაიკეტა გალავანში ჩატანებული ავტომატური, მძიმე მეტალის ჭიშკარი.
თითქოს მისი სიტუაციის მეტაფორა იყო. თვითონაც ერთადერთი თავისუფლებისაკენ გასასვლელი გზა ჩაკეტილი ჰქონდა უკვე.
თვალი მოსწყვიტა ჭიშკარს და ლასლასით წაჰყვა წვეროსნებს.
სხვა გოგო-ბიჭებთან ერთად დააყენეს, გუნდად. წრეზე იდგნენ, ერთმანეთის გვერდით. უმრავლესობა ახლადმოყვანილი იყო, როგორც სოფო თავის პირველ, მეორე და მესამე  აუქციონზე, ჭუჭყიანები, დაფხრეწილი, ძველი ტანსაცმლით, სახე ჩამოსტიროდათ. სოფო მათ ვერ უყურებდა, საკუთარი თავი ახსენდებოდა და ეს ზარავდა. გაშტერებული იყურებოდა წინ და გამწარებული აწვალებდა ხელში ფირფიტას.
შორიახლო დასუნსულებდა მალხაზი. რამდენიმე ადამიანს გამოელაპარაკა, ალბათ პოტენციურ მყიდველს ეძებდა. იდგა, და ჭიქა-ჭიქაზე შამპანურს ყლურწავდა.
მერე კი შეჩერდა, რაღაცაზე გაუშტერდა თვალი. სოფო მოიღუშა, მის მზერას გააყოლა ფრთხილად თვალი. ვიღაც კუშტად მომზირალი, შევერცხლილი მუქთმიანი კაცი იდგა, მდიდრულად ჩაცმული. მან მალხაზს სტყორცნა მზერა, მერე კი ისევ სოფოს გადმოხედა, მომენტალურად, ისე, რომ სოფოს თვალი დაეხამხამებინა, ვერ დაინახავდა, მომუჭულ მარჯვენა ხელზე დახედა, სადაც სოფოს ფირფიტა მოექცია.
მერე კი თვალებში ჩააჩერდა. სოფომ მშვიდად გაუსწორა მზერა, იმის მიუხედავად, რომ შიგნით ყველაფერი უდუღდა. იცოდა, რომ ეს მზერები არ იყო შემთხვევითი, მაგრამ ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა ან რისთვის უნდა მიეწერა ეს უცნაურობა.
მერე კი კაცი შებრუნდა, ხალხში გაუჩინარდა. სოფო მოიღუშა, მალხაზის მიმართულებით გააპარა თვალი. ისიც არსად ჩანდა. გოგონამ სწრაფად მოავლო თვალი მათ გარშემო, ოდნავ დაშორებით მდგომ მდიდრებს, რომლებიც სასმელს სვამდნენ და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, და სწრაფად დახედა ფირფიტას.
ერთ მხარეს ჩვეულებრივი, გაპრიალებული მეტალი გახლდათ. სოფომ სასწრაფოდ გადმოატრიალა.
შუაში ამოეტვიფრათ ნომერი სამოცდაორი.
სოფომ მკვირცხლად დასწია მარჯვენა ხელი, ფირფიტა ისევ ხელისგულში მოიქცია.
თითქოს რაღაცას ელოდა. რამე განსაკუთრებულს, ისეთს, რაც ამ კაცების მზერას ახსნიდა, მაგრამ მის ნომერში არაფერი იყო ახალი.
გულდაწყვეტა მოერია.
იდგა, გაშტერებული და ელოდებოდა, თუ როდის დამთავრდებოდა ეს აუქციონი, რომ დროზე წასულიყო იმასთან, ვინც იყიდდა და დაეწყო თავისი ტყვეობის ახალი პერიოდი.
მოსაღამოვებული იყო, როცა დაშლა დაიწყო მოწვეული სტუმრების. სოფო დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს იდგა. სხვა რამდენიმე გოგო და ბიჭთან გაიყვანეს გასასვლელისაკენ, შავ მანქანაში მიიყვანა ერთ-ერთმა მცველმა.
ყბაშეკრული, მუშტებდაჭიმული ჩაჯდა მანქანაში, სავარძელს სტაცა ხელი, როცა მანქანა მაშინვე, ძლიერი ბიძგით დაიძრა. ეზოდან გავიდნენ, და სანამ სოფო მანქანაში მყოფ მეორე ადამიანს ათვალიერებდა, ელვის სისწრაფით მიქროდნენ ტრასაზე.
მძღოლი ის მდიდრულად ჩაცმული, შევერცხლილი კაცი იყო, რომელიც წეღან უყურებდა. სოფო დაიძაბა, გაშტერებული მისჩერებოდა.
დაძაბული ელოდა, თუ როდის ამოიღებდა ეს კაცი ხმას. გული მკერდში უბრაგუნებდა, სავარძელზე ჩაჭიდებული იჯდა, ისე სწრაფად მიქროდნენ, რომ კუჭი ამოუბრუნდა.
-ნუ შეგეშინდება, გოგონა! – უცებ უთხრა კაცმა და სოფო შეკრთა. – რა ნომერი ხარ აბა?
სოფო გაშტერდა, გაოცებული მიაშტერდა. კაცი კეთილი, ღია თაფლისფერი თვალებით მოშტერებოდა. ასეთი თვალები სოფოს რამდენი ხანი იყო, რაც არ ენახა. ეს გულწრფელი კაცის თვალები იყო. რაღაც გადაუბრუნდა მუცელში.
-სამოცდაორი. – მიუგო მან, ინსტინქტურად ფირფიტა ასწია. – სამოცდაორი ნომერი ვარ…
-სასიამოვნოა შენი გაცნობა! – გაუღიმა კაცმა, ღიმილი თვალებს მიუწვდა. – აგენტი მახარაძე გახლავართ, თქვენს განკარგულებაში!
სოფო გაშრა, განცვიფრებული მიშტერებოდა კაცს, რომელმაც ხმამაღლა გაიცინა, გაბადრული შეჰყურებდა სარკეში.
აგენტი.
აგენტი მახარაძე.
პოლიციის აგენტი. საიდუმლო აგენტი. სოფოს ტანში გასცრა, იმოდენა ლოდი მოეშვა მკერდზე, რომ წამიერად გაუკვირდა, თუ როგორ შეეძლო მისით სუნთქვა. შვების ცხელმა ტალღამ დაუარა.
-თქვენ… თქვენ… რას გულისხმობთ…. სერიოზულად მელაპარაკებით? – ძლივს ამოილუღლუღა მან. არ სჯეროდა, რომ ეს ესმოდა, არ სჯეროდა, რომ საიდუმლო აგენტს უჯდა მანქანაში. არ სჯეროდა, რომ ასე იოლად მოვიდა თითქოს მასთან თავისუფლება. – მართლა აგენტი…
-დიახ, აგენტი გახლავარ! – კაცმა ცხვირი აიჭმუხნა. – რა საშინელება იყო იმათი ცარიელი გამომეტყველების დადება, ვერ წარმოიდგენ. აბა? ინფორმაცია გაქვს ინფორმატორიდან?
სოფოს თვალები ისე გადმოკარკლოდა, რომ ცოტაც და გადმოსცვივდებოდა ბუდეებიდან.
-დიახ… დიახ, თან მაქვს. – ძლივს ამოილუღლუღა მან, ყოყმანობდა, არ სურდა დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი ასეთი ადვილი იყო. ასეთი რამეები არ ხდებოდა.
-ახლა ბაზაზე მივალთ ათ წუთში და იქ განვიხილავთ ყველაფერს, გოგონა! – უთხრა კაცმა. – რამდენი ხანი გელოდებოდით, იცი? დღეს ძლივს მოვიდა ინფორმატორისგან შეტყობინება, რომ სამოცდაორი ნომერი გველოდა. კიდევ კარგი, ახლომახლო მდებარე აუქციონზე მოუყვანიხართ, ეტყობა უნდოდათ სწრაფად გაეყიდე… ჩვენდა საბედნიეროდ. რა გქვია აბა?
-სოფო. – ძლივს ამოღეჭა სოფომ საკუთარი სახელი. – სოფო… სოფია ხოჯავა. ბებიაჩემი რუსი იყო… – ლუღლუღებდა ის, თვითონაც ვერ გაეგო, თუ რას ამბობდა.
-სოფო, ახლა შენს მაქსიმუმზე გვჭირდები, გასაგებია? – კაცმა სერიოზულად გადახედა, მერე კი მგზავრის სავარძელზე დაგორებულ წყლის ბოთლს სწვდა. – ჰა, დალიე, ფერი აღარ გადევს… ყველაფერი კარგად იქნება, გასაგებია? იქ აღარ დაბრუნდები. და თუ გაგვიმართლებს, არც არავინ, აღარასოდეს.
სოფომ ბოთლს სტაცა ხელი, ხარბად მოიყუდა, თითქმის ნახევარი გამოსცალა, პირგამომშრალმა. იჯდა, თვალებგაშტერებული, გულისცემააჩქარებული.
-ინფორმატორმა… შეგატყობინათ? – წაილუღლუღა მან. კაცმა თავი დაუქნია, გზას გაშტერებოდა.
-იშვიათად მოდის შეტყობინებები. თვეებში ერთხელ. – მიუგო მან. – რამდენიმე საათის წინ მოვიდა უახლესი. როგორც კი ეგ შენი ფირფიტა დავინახე, მივხვდი, რომ ნიშანი იყო. პლუს უნიფორმა გეცვა, ბინძური და ჩამოფხრეწილი არ იყავი.
სოფო გაჩუმდა, სავარძლის ზურგს მიეყუდა. იმდენი რამ უტრიალებდა ტვინში, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცოტაც და თავი გაუსკდებოდა. ამოდენა ინფორმაცია ერთად არ იცოდა, თუ სად დაეტია, როგორ უნდა გადაეხარშა.
კაცმა რამდენჯერმე გამოხედა, მაგრამ გზის ბოლომდე აღარაფერი უთქვამს.
ბაზა სადღაც, ტყეში იყო. ხეებში შეაყენეს მანქანა, იქვე კიდევ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება იდგა, ყველასათვის საფარველი გადაეფარებინათ, უცხო თვალისაგან დასამალად. თვით ბაზა პატარა, კაბინისავით მიტოვებული შენობა იყო, არაფრით ეტყობოდა, რომ პოლიციის ბაზა გახლდათ. კაცმა გარეთ დამდგარ მზვერავს რამდენიმე სიტყვა უთხრა ხმადაბლა, მზვერავმა წარბი ასწია, სოფოს გადმოხედა, თავი დაუქნია. სოფომ მზერა აარიდა, ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა, რომ აქ იყო და ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.
შიგნით იარაღასხმული პოლიციელები დააბიჯებდნენ, კუთხეებში მაგიდები დაედგათ, გამოეფინათ ათასი სახის აპარატურა, მოღუშულ კაცებს ყურსასმენები ეკეთათ, რაღაც დანადგარებს თუ ლოკატორებს აკვირდებოდნენ. იატაკში ჭრილი გაეკეთებინათ, საიდანაც სინათლე ამოდიოდა, ალბათ სარდაფშიც იყვნენ დამატებით.
სოფოს თავში გაუელვა მიტოვებულმა სახლმა, მიწაში სახელდახელოდ ამოთხრილმა ორმომ და მასში ჩამწყვდეული მოტაცებულების სასოწარკვეთილმა მზერამ. თვალები გვერდზე გასწია, სარდაფის განათებულ ჭრილს გაერიდა.
პოლიციელებმა ყურადღება მიაქციეს, ყველამ მიანება სამუშაოს თავი, სოფოს ესალმებოდნენ, მოლოდინით შეჰყურებდნენ, სოფო კი იდგა, და ვერ გაეგო, თუ რა გაეკეთებინა. იმდენად სავსე იყო ემოციებით, რომ ცოტაც და ვერ მოახერხებდა მათ დატევას.
კაცმა ერთ-ერთ მაგიდასთან მიიყვანა, რომლის თავზე რაღაც რუკა გაეკრათ, ზედ უამრავი სურათი და ჭიკარტი იყო მიმაგრებული, წარწერებით აეჭრელებინათ. სანამ სოფო რამის წაკითხვას მოასწრებდა, იქვე მჯდომი პოლიციელი უკვე კითხვებს აყრიდა.
-სად არის ინფორმაცია? – მიახტა ის. – როგორ გამოიტანეთ? ვინ არის ინფორმატორი?
-ურუშაძე! – დაუყეფა აგენტმა მახარაძემ. – წესიერად! ვერ უყურებ? ჩვენი სოფო ამდენი ხანი იყო ტყვეობაში და ახლა მოულოდნელად აღარ არის, შოკშია, ცოტა ნელა, ხო? – მერე კი სოფოს მოუბრუნდა. – დრო გვეწურება. – სერიოზულად თქვა მან. – თუ მოგვაწვდი ახლავე გამოტანილ ინფორმაციას, კარგი იქნება.
სოფო წამსვე დაიხარა, ფეხსაცმელი გაიძრო და ნაგლეჯები სასწრაფოდ წამოკრიფა, წარბებაწეულ პოლიციელებს დაუყარა მაგიდაზე, მერე კი საყელოში ჩაიყო ხელი, ლიფში ჩატენილი ნაგლეჯები ამოაძრო. იცოდა, რომ მთელი ბაზა მიშტერებოდა, მაგრამ ახლა დამორცხვების დრო ნამდვილად არ იყო. ნაგლეჯები გაშალა, ოცდაათიოდე ნაწერით აღსავსე პაწაწინა ფურცელს დააშტერდა.
-აქ წერია, თუ სახლიდან რა სიჩქარით მიდიოდა მანქანა, რომ თითოეულ დანიშნულებასთან მიეღწია, თან რამდენი ხანი ვიარეთ. – მიუთითა სასწრაფოდ, ტუჩები მოილოკა. ურუშაძემ ხელით ანიშნა, რამდენიმე პოლიციელი მაშინვე მოვარდა, ნაგლეჯები დაიტაცეს. – კლიენტებისა და საპყრობილეების აღწერა, ტყვეების რაოდენობა, ბრძანებები, შემოგარენის აღწერა… – სოფომ აგენტ მახარაძეს ახედა, ჰაერს ძლივს ყლაპავდა. – რაც მახსოვდა, ყველაფერი უკლებლივ დავწერე…
-ძალიან კარგი, სოფო. – უთხრა აგენტმა, ცოტათი შეცბუნებული გამოიყურებოდა. – ახლა ყველაფერი მოგვიყევი, რაც შეგიძლია, სახლზე, სადაც ცხოვრობდი.
და სოფომ დაიწყო. დაწვრილებით აღწერა სიდიდე, მცველებისა და მსახურების მიახლოებითი რაოდენობა, დღიური რუტინა, ფაქტი, რომ ყველგან კამერები ეყენა, რაზეც პოლიციელებმა ჩაიცინეს და უთხრეს, რომ დღეს კამერები საშიში აღარ იქნებოდა, ინფორმატორის თქმით.
-და რატომ? – გაოცებული მიაშტერდა მათ სოფო. – როდის გითხრათ?
-რამდენიმე თვის წინ გვითხრა, რომ როცა ნიშანს გამოაგზავნიდა, იმ დღეს თვალები აღარ ექნებოდა სახლს. – მხარაძემ წარბები ასწია. ნიშანი კი შენ თუ არ ხარ, არ ვიცი.
-ვინ არის ინფორმატორი? – გაუმეორა კითხვა ურუშაძემ. იგი გამწარებული იწერდა რაღაცას ბლოკნოტში, თან კომპიუტერში რაღაცას ეძებდა, უამრავი ადამიანის სახე გამოჩენილიყო მონიტორზე.
ალბათ კლიენტების იდენტიფიკაცია სურდა.
-თქვენ არ გითხრათ? – ამოილუღლუღა სოფომ.
-არა. – აგენტმა მხრები აიჩეჩა. – კარგა ხანია რაც იქაა, წლებია ვეთანამშრომლებით. ვინმე ლოიალური მცველი უნდა იყოს ალბათ.
-თქვენი ინფორმატორი ბატონიშვილია. – გააწყვეტინა სოფომ. გული მკერდში უბრაგუნებდა. ბატონიშვილმა მოაწყო ეს ყველაფერი. როცა სოფოს გაყიდვა გარდაუვალი გახდა, მაშინვე მოიყვანა ძალაში თავისი გეგმა.
გეგმა, რომელსაც ამწუთას ხორცი ესხმებოდა და რომელიც კარგად უნდა დაგვირგვინებულიყო.
-ბატონიშვილი? – წამოიძახა ურუშაძემ, სათვალე მოიძრო და თვალები გადმოკარკლა. -ამ ყველაფრის პატრონის შვილი? გაქსუებული სასტიკი ბიჭი?
სოფო მოითუშა, მაგრამ თავი დაუქნია. გვერდით მიმავალი ახალგაზრდა პოლიციელი შეყოვნდა, შეცბუნებული დააშტერდა სოფოს, მერე კი შეუსტვინა.
-მამამისის ნაშიერი წესიერი გამოვიდა? შთამბეჭდავია. – თავი დააქნია მან.
-საჯაია, წაეთრიე! – შეუღრინა მახარაძემ. – საქმეს მიხედე!
საჯაიამ ხელები აღმართა, უმანკო გამომეტყველება მიიღო და გაიძურწა. სოფო დაფეთებული უყურებდა მათ, რამდენი ხანი იყო, რაც ასეთი ურთიერთობა,ასეთი ადამიანური საუბრები არ ჰქონოდა. საშინლად ეუცხოვებოდა.
-თავდასხმას როდის გეგმავთ? დღეს? – ძლივს ამოთქვა მან.
-დღესვე, რასაკვირველია. – თავი დარწმუნებით დააქნია აგენტმა. – დანარჩენ თავიკაცებზე უკვე გვაქვს ბრიგადა მიყენებული, ერთი ინფორმატორი იქაც ვიშოვეთ… მოკლედ ძალების მობილიზებას მოვახდენთ, თითო მანქანას თითო ობიექტთან გავაგზავნით და ავიღებთ შტურმით.
-მეც წამიყვანეთ. – თავი ვერ შეიკავა სოფომ. – მეც მინდა, რომ იქ ვიყო…
-არა. არავითარ შემთხვევაში. – თავი გააქნია ურუშაძემ. – იცით, რას გვთხოვთ? ხელჩართულ ბრძოლაში არ შეგათრევთ…
-თქვენ მთავარი პირების აყვანა გინდათ, არა? – შეაწყვეტინა სოფომ, მუშტები დასჭიმვოდა გვერდებზე, კანკალის პირას იყო მისული. – ვიცი, რომ მეტის გაგება გსურთ. მე მთლიანად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, ამიტომ ისინი გჭირდებათ… მათ ხომ უნდა მიაგნოთ? სახლი ლაბირინთივითაა, იმათი ამბავი რომ ვიცი, აუცილებლად ექნებათ სადმე გასასვლელი გვირაბი… წამიყვანეთ და პირდაპირ მათ ადგილსამყოფელთან მიგიყვანთ, თუ დროზე შევალთ და გაქცევის დროს არ მივცემთ. ნუთუ გინდათ მათი დაკარგვა? როცა ასე ახლოს ხართ მიზანთან?
ურუშაძეს წარბები აეწია, სათვალის ზემოდან უკმაყოფილოდ მიშტერებოდა. აგენტს გადახედა.
-არ მითხრა, რომ ამ ყველაფერს თანხმდები. – დაუსისინა მან მახარაძეს. – შეგვიძლია დავსვათ და კამერა მივცეთ, იქედან მოგვცეს ინსტრუქციები, რატომ უნდა ჩავაგდოთ მოწმე და ოპერაცია საფრთხეში…
-არადა სოფო კამერას არ დათანხმდება. არა? – გადმოხედა აგენტმა. სოფომ სწრაფად გააქნია თავი. – რატომ, გოგონა?
სოფო ყბები მაგრად შეკრა, პასუხს ეძებდა და არ იცოდა, ჰქონდა თუ არა.
თვითონაც არ ესმოდა, ალბათ, თუ რატომ სურდა იქ ყოფნა. ძლივს გამოძვრა სისტემიდან და ისევ უკან დაბრუნებას ლამობდა. მთელი დრო, თვეების განმავლობაში, ამაზე ოცნებობდა, სურდა, რომ წამოსულიყო იქედან და აღარასოდეს დაბრუნებულიყო, მისი მისია ის გახლდათ, რომ გამომძვრალიყო, ინფორმაცია გადაეცა პოლიციისათვის, იმედი ჰქონოდა, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა და ეცადა ყველაფერი დაევიწყებინა.
მაგრამ, ახლა თითქოს ყველაფერი შემობრუნდა. ისევ უკან დაბრუნება სურდა.
იქ არაფერი დარჩენოდა თითქოს. არაფერი.
ბატონიშვილის გარდა.
მის გარდა, ვინაც ეს ყველაფერი დადგა და მოაწყო. ვინაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი გეგმა არ ჩაშლილიყო და სოფოს აქედან გაეღწია.
სოფოს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, როგორც მაშინ, როცა ბატონიშვილს ცემისას თვალებში ჩაჰყურებდა.
მარტო ვერ დატოვებდა მას.
-არ ვიცი. წამიყვანეთ. – გაიმეორა მან. არ აპირებდა, რომ ეს ეთქვა. ალბათ გიჟად შერაცხავდნენ. პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს. ურუშაძეს ყბა მოენგრა.
-ჩაფხუტს და დამცავ აღჭურვილობას ჩაიცვამ. – გააფრთხილა აგენტმა და თითები გაატკაცუნა, ვიღაცას ანიშნა, რასაც ქვემოთ ჩამავალი ფეხის ბრახუნი მოჰყვა. – მხოლოდ მაშინ შევალთ პირველ ფენასთან ერთად, როცა უსაფრთხო იქნება. და ყოველთვის ჩემს უკან დარჩები. გასაგებად ვლაპარაკობ? – წარბები აუწია მან. სოფომ სწრაფად დაუქნია თავი. ასეთ ინსტრუქციებს შეჩვეული იყო, და ამწუთას, როცა ამდენი რამ იდო სასწორზე, და ალბათ მასზეც იყო დამოკიდებული, არაფერს არ გააკეთებდა ყველაფრის ჩასაშლელად.
ამოუტანეს უშველებელი, მამაკაცის ზომის დანადგარი. გარეთ უკვე შეღამებულიყო, ურუშაძის მერხზე ელექტრონული საათი ათს აჩვენებდა, როცა მომზადება დაიწყეს პოლიციელებმა. რამდენიმე გავიდა, გაუთავებლად რეკავდნენ, ლაპარაკობდნენ, მახარაძემ რაღაც შთამბეჭდავი ტექსტი წაიკითხა და დამატებითი ინსტრუქციები მისცა.
სოფოს დანადგარი ჩააცვეს. ყველაფერი საშინლად მძიმე იყო. ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, სქელი, მოჭერილი მაისური და ზედ კიდევ დასანთლული, უხეში ფორმა, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს დანა ვერ გაატანდა შიგნით. ასეთივე შარვალი და სქელი ბოტები ჩააცვეს, რომელიც მასზე ორი ზომით დიდი მაინც იქნებოდა. ბოლოს ჩაფხუტი მიაჩეჩეს ხელში და იარაღასხმულ ურუშაძესთან, აგენტსა და ორ სხვა პოლიციელთან ერთად შეჭყუნეს მანქანაში.
გზაში რამდენიმე მანქანა შემოუერთდათ, ზოგი წინიდან, ზოგი უკნიდან, ყველა ტყიდან გამოდიოდა. როგორც ჩანდა, პოლიციას უამრავი ბაზა ჰქონდა ამ ადგილის შემოგარენში.
სოფოს გული ყელში მობჯენოდა. მკლავებში მაგრად ჩაებღუჯა ჩაფხუტი და ცდილობდა, რომ მომხდარ მოვლენებს დასწეოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, გაწელილი, საშინელი თვეების ფონზე.
მანქანებს ფარები არ აენთოთ. მხოლოდ მკრთალი სინათლე კიაფობდა, ურუშაძის ჯიპიეს-დანადგარიდან მომავალი, რომელსაც ის წარბშეკრული დაჰყურებდა.
მანქანები ტყესთან გააჩერეს, რომელიც სახლს ემიჯნებოდა. მანქანიდან გადმოვიდნენ, მახარაძემ სოფოს ჩაფხუტი მაგრად დაახურა, ზედ დაუკაკუნა და გაუღიმა.
-ტყვიაგაუმტარი მინაა. – უთხრა მან. მისი ხმა ოდნავ ჩახშული იყო სქელ ჩაფხუტში. – ნურაფრის შეგეშინდება.
სოფომ სწრაფად დაუქნია თავი, მას მოეფარა უკან. ათასი აპატარურა გადმოეთრიათ, რამდენიმე პოლიციელი ლოკატორებს ამოწმებდა, ხელით ნიშნებს იძლეოდნენ.
მახარაძე დაიხარა, იარაღი მოიმარჯვა.
-ერთი ბრძანებაც და გავდივართ. – იხუმრა მან, სოფოს ღიმილმა შეუთრთოლა ტუჩის კუთხეები, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ იყო სასაცილო დრო. სიმწრის ღიმილით ეღიმებოდა ალბათ.
-ცეცხლს რომ გაგვიხსნიან, რომ ხვდები? – უთხრა კაცმა. – შეიძლება ჩვენ დავშავდეთ, მაგრამ ისინი უფრო მეტად დაშავდებიან…
-ვიცი, რომ მოკვლა მოგიწევთ. – მიუგო სოფომ. არ აპირებდა, რომ სულელური მოლოდინი ჰქონოდა. საკუთარი თავი ზარავდა, როცა ამას ფიქრობდა, მაგრამ იმ სახლში იმსახურებდნენ ამოხოცვას. მთელი ამ სისტემის მმართველები და მათი გამომყენებლები ცივად ამოჟლეტას იმსახურებდნენ. მუცელი გადაუბრუნდა სოფოს, ნაცნობ დერეფნებში დაღვრილი სისხლი წარმოიდგინა, და რაღაცნაირმა ჟინმა, კმაყოფილებამ გაჰკრა გონებაში. – ის გააკეთეთ, რაც საჭიროა.
მახარაძემ თავი დაუქნია.
სიჩუმე ჩამოვარდა. ოცდაათიოდე პოლიციელი შეგროვილიყო მათ გარშემო, ყველა ერთნაირად ჩაცმული, შავებში. დაბურული მინები ჰქონდათ ჩაფხუტებზე და იარაღი ეჭირათ.
-ბრძანება მიღებულია. – თქვა უცებ მახარაძემ. სოფოს გული შეუკანკალდა მკერდში. – დავიწყეთ ოპერაცია.
წამსვე დაიძრნენ. ჩუმად, მაგრამ სწრაფად მირბოდნენ ხეებს შუა. ჩუმად აპირებდნენ აქაურობის აღებას, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ შეეძლებოდათ.
ტყის პირს მიუახლოვდნენ, სადაც უკვე სახლის ეზო იწყებოდა, აღმართულ სქელ რკინის გალავანში ჩანდა, თუ როგორ იყვნენ სახლის გარშემო წამოჭიმული წვეროსნები.
მახარაძემ რაღაც ანიშნა სხვებს, მარჯვნივ მიმართეს კურსი. გალავნის შიგნით დიდი ხე იდგა, რომელიც ცოტა ხნით მაინც გადაფარავდა მათ სახლის ტერიტორიაზე შესვლას.
პოლიციელები საკუთარ თავში დარწმუნებული მოძრაობებით მიიწევდნენ წინ, სოფო ცდილობდა, რომ აგენტს არ ჩამორჩენოდა, იმის მიუხედავად, რომ ტყეში სირბილის გამო ფეხები უკანკალებდა და მუხლები ეკვეთებოდა.
ოსტატურად აცოცდა რამდენიმე, და გალავანზე მოექცნენ, სხვების გადაყვანა დაიწყეს. ღამე იყო, პლუს ხის სქელი ტანი და გადაშლილი, ახლადფოთლებმოსხმული ტოტები ფარავდათ. სოფოს გული ყელში მობჯენოდა, მუცელში ნერვიულობისაგან ტეხდა, როცა მცველები ორივე ხელში სწვდნენ და ქვემოდან მახარაძის დახმარებით ჯერ გალავანზე აათრიეს, მერე კი სანამ სოფო სულის მოთქმას შეძლებდა, ძირს დაუშვეს, იქ მომლოდინე ორი პოლიციელის ხელებში. გოგონა ხის ტანს აეკრო, დაძაბული უყურებდა, თუ როგორ მიცოცავდნენ პოლიციელები გაკრეჭილი ბუჩქების გვერდით, რომლებიც გაზონებს ერტყმოდა გარშემო. მახარაძე გადმოძვრა, თითით ანიშნა, რომ უკან მიჰყოლოდა. გულამოვარდნილი სოფო კინაღამ ორად მოიხარა, თავის დაჭერისაგან მუხლები უთრთოდა. სქელ დამცავ სამოსში ოფლმა დაასხა.
ოდნავი დარტყმის ხმა მოესმა, მერე კი ფხაკური, რაღაცნაირი შრიალი, რომელიც უახლოვდებოდა. მის წინ მიმავალმა მახარაძემ ხელი ასწია, რაღაც ანიშნა, მერე კი ძირს წამოქცეული, გულწასული მცველი გადაათრია ბუჩქების ძირში.
სახლს უჩუმრად უახლოვდებოდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა.
მაგრამ მერე ერთიანად ამოტრიალდა სიტუაცია.
წინიდან ცეცხლი გაუხსნეს. წვეროსანი მორბოდა, გააფთრებული სახით. ტყვიების შხუილი გაისმა ჰაერში და თავზარდაცემულ სოფოს მხოლოდ იმის გაფიქრება შეეძლო, რომ ალბათ ადგილის ცვლის დროს მოვიდნენ, რომ მახარაძემ ზურგში წაავლო ხელი და ძირს დასცა, ჩაფხუტი კენჭებს გაეხახუნა საზიზღარი ღრჭიალით.
საპასუხო ავტომატის კაკანი გაისმა, რასაც ზათქი მოჰყვა, მერე კი ერთხმად ატყდა ჩოჩქოლი, კენჭების ხრაშახრუში, სირბილისა და ბღავილის ხმა.
მახარაძემ ზურგში წაავლო ხელი და მარიონეტივით ასწია ზემოთ, სოფომ ძლივს მოახერხა, რომ ფეხები დაემორჩილებინა, აგენტს ბარბაცით მიჰყვებოდა უკან. წინ მიმავალი პოლიციელები გაუჩერებლად ისროდნენ, დაცვას, რომლებიც ღრიალებდნენ, სახლის წინიდან და გვერდიდან მოიჩქაროდნენ, ესროდნენ ტყვიებს.
შეძრწუნებულმა სოფომ დაინახა, თუ როგორ ეცემოდა ერთი მცველი მეორის შემდეგ, სანამ პოლიცია წინ მიიწევდა. ერთი პოლიციელი მხარში დაიჭრა, წამსვე გადაათრიეს გვერდზე, შედარებით უსაფრთხო ადგილას, სახლის გვერდით მოჩუქურთმებულ ნიშაში, მისი ადგილი წამსვე მეორემ დაიკავა. ათიოდე პოლიციელი იდგა მათ წინ, ოცი მათ უკან, და ყველა მხრიდან მორბენალ, თითქოს გაუთავებელი წვეროსნების ზღვას აკავებდნენ.
სოფომ ერთ-ერთი მცველის გვამს გადააბიჯა. კაცს თვალები ღია დარჩენოდა, პირდაღებული იყურებოდა ცისკენ. მკერდზე მთლიანად სისხლით ჰქონდა სველი შავი ჯემპრი.
შეეზიზღა, თვალი მოარიდა. თავი გასკდომაზე ჰქონდა, ისეთი ხმაური გამართულიყო მის გარშემო. ორივე მხარეს ისროდნენ, მაგრამ აშკარა გახლდათ, თუ ვინ გამოვიდოდა აქედან გამარჯვებული. ტყვიების ზუზუნი, ტკივილით აღსავსე ბღავილი და ბრძოლის ჟინის შეძახებებს აევსო ჰაერი.
მერე კი, ღამის ლამპიონებით განათებული სიბნელე ყურისწამღები სიგნალიზაციის ხმამ მოიცვა. სოფო მოულოდნელობისაგან შეხტა, მთელი სხეული უყიოდა, სურდა, რომ ყურზე ხელები მოეჭირა, მაგრამ არ შეეძლო. შეეძლო მხოლოდ, რომ კბილები დაეკრიჭა და მახარაძეს გაჰყოლოდა, რომელმაც კიდევ ერთი მცველი მიახვრიტა და სახლის კარი შელეწა, შიგნით შეაბიჯა სხვებთან ერთად.
-აბა, გოგონა! – უთხრა მან. – საით?
სოფომ წამსვე მიუთითა, მახარაძემ სიგნალი მისცა. შორს, დერეფნებში სროლის ხმა ისმოდა, იმის მიუხედავად, რომ იქამდე არ მიეღწიათ ჯერ. გოგონას ტანში გააცია, ნაბიჯს აუჩქარა.
-იქეთ მსახურთა საცხოვრებელია. – დაიყვირა მან, რომ აგენტს გაეგონა. – იქედან უნდა გავიდეთ!
-მოწმეებს იშორებენ… – ისე ჩაილაპარაკა მახარაძემ, რომ სოფომ თითქმის ვერ გაიგონა, და ეჭვი ჰქონდა, რომ არც უნდა გაეგონა, ისეთი ძალით ყიოდა სიგნალიზაცია და სროლის ზათქები უკვე მოახლოებულ დერეფანში. მაგრამ გაიგონა და მუშტები მაგრად შეკრა, ტუჩები აუკანკალდა.
თითქოს პირველი დღე იყო. ჭერები გამაღლდნენ, დერეფნები უფრო გაფართოვდა.
და გახშირდა დერეფნებში გამოყრილი მკვდრების რაოდენობაც.
სოფო თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ერწყია, გული საშინლად ერეოდა, თვალებში მოწოლილი ცრემლების გამო ძლივს ახერხებდა, რომ წესიერად მიეცა ნიშანი აგენტისათვის. ბოღმა და ყელში მოწოლილი ბურთი ახრჩობდა, ზიზღი ახრჩობდა. უყურებდა გაუთავებელ, სისხლით მოსვრილ პიჟამებში გამოწყობილი მსახურების გაცრეცილ სახეებს, ღია, ცარიელ თვალებს, მოშვებულ კიდურებსა და მაჯებზე მბრწყინავ სამაჯურებს.
აუტანელი სისასტიკე იყო ეს.
ამის გამო ზღავდნენ ესენი. ყველა ზღავდა იმისათვის, თუ რა გააკეთა. სოფომ ისეთი ძალით დააჭირა კბილები ერთმანეთს, რომ მათი ჭრაჭუნი იგრძნო, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
თვითონ აზღვევინებდა ყველას.
 .
-*-*-*-*-*-19
სოფო იდგა, მახარაძეს ამოფარებული და ერთიანად დაძაბული, ყველანაირად ცდილობდა, რომ თვალი აერიდებინა მასთან ახლოს გაგორებული მსახურისა და მცველის გვამებისათვის. გულისრევა ნელ-ნელა უფრო ერეოდა და პირი გააღო, რომ უკეთესად ესუნთქვა, პირში მოწოლილი ნერწყვი გადაეყლაპა. მის წინ ტყვიები ზუზუნებდნენ, რასაც ერთვებოდა გამაყრუებელი ზათქი, მცველების ბღავილი და სიგნალიზაციის ყურისწამღები წივილი.
არ იცოდა, თუ კიდევ რამდენი ხანი აიტანდა ამას. გული მკერდში უბრაგუნებდა და თავბრუ დაეხვა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სისხლის მძაფრი, ლითონური, გულისამრევი სუნი სცემდა, იმის მიუხედავად, რომ ჩაფხუტი ეხურა თავზე.
-სოფო! – ღრიალებდა მახარაძე და სოფო მომენტალურად გამოერკვა, სისხლის გუგუნი ესმოდა ყურებში და მზერა დაბინდოდა, თვალებგაფართოებული მიაჩერდა მახარაძეს, რომელიც პირისპირ ედგა, გაღიზიანებული გამომეტყველება ედო მინაში გამოჩენილ სახეზე. – გოგონი, გამოფხიზლდი! საით?
სოფომ თავი გადააქნია, თავი ხელში უნდა აეყვანა, საკუთარ ჩამკეტავ გონებას არ უნდა მინდობოდა. დერეფანს გახედა.
-მარჯვნივ! – დაუყვირა გოგონამ, აკანკალებული ხელი გაუშვირა. – აქაა მთავარი დერეფანი!
მახარაძე კედელს ამოეფარა, იარაღი მკერდზე მიეკრო. პოლიციელებმა მისი მოძრაობა გაიმეორეს. მასთან ახლოს გამართულ სასაკლაოს არ უყურებდა, და სოფო ცდილობდა, რომ თვითონაც არ შეეხედა, რომ თვითონაც არ მოესმინა მსახურთა სასოწარკვეთილი ბღავილისათვის, რომელიც ტყვიის გასროლისთანავე წყდებოდა.
აგენტმა გაიხედა და სასწრაფოდ გახსნა ცეცხლი. რამდენიმე ხმაურიანი ზათქი გაისმა, ტკივილით აღსავსე შეყვირებები დაერთო მათ. სოფო უფრო მაგრად მიეკრა კედელს, თავი უკან გადადო, თვალები მაგრად დახუჭა. როგორც ჩანდა, მსახურებს, უმრავლესობას მაინც, ვერ მიუსწრეს.
ახლა კი მცველები ეცემოდნენ ქვემოთ, როგორ მოცელილი თავთავები. რაღაც სასტიკი კარმა იყო, რომ ასე მალე ეწიათ სიკვდილი ასეთი მასიური ჟლეტის ჩადენის შემდეგ. სოფომ მუშტები შეკრა, თვალები გაახილა და იქვე დაგდებულ მსახურს გადახედა, რომელსაც შუბლში უჩანდა ნატყვიარი, სისხლი ერთ ნაკადულად გადმოსვლოდა და თვალთან გუბდებოდა. ავადმყოფური კმაყოფილება იგრძნო, რომ იქეთა დერეფანში ამ მსახურის სიცოცხლად საზღაურად ასეთივე მკვდარი წვეროსნები წაწოლილიყვნენ.
მახარაძე ისევ კედელს ამოეფარა, პოლიციელებს ნიშანი მისცა, მათ სოფოს ჩაუქროლეს, დერეფანში გაიჭრნენ, მძიმე ბოტების ბრახუნი და რამდენიმე ტყვიის ზუზუნი. მახარაძე მათ ფეხდაფეხ მიჰყვა, და სოფო წამსვე მოშორდა კედელს, თვალებგაფართოებული მისდევდა აგენტს, არ უყურებდა იატაკზე დაცემულ მსახურებსა და სისხლით მორწყულ ხალიჩებს, მხოლოდ წვეროსნებს მიშტერებოდა, მათ სისხლით დაფარულ შავ ფორმებს, დაცარიელებულ თვალებს. მალხაზი შეამჩნია, დაპატარავებული, ძაფებგადაჭრილი მარიონეტივით ეგდო იქ. თავში გაუელვა მომენტმა, როცა მან როზგი გაშალა, და ბატონიშვილს ურტყამდა, იქამდე, სანამ კანი მთლიანად არ გადაეხსნა ახალგაზრდა კაცს და როზგი სისხლით არ იყო სველი. აუტანელმა ზიზღმა წამოუარა, სურდა მიეფურთხებინა მისთვის, ისე, როგორც მისი პირველი ნახვისას მიაფურთხა, მაგრამ თავი შეიკავა, სცადა, რომ თავის გზაზე კონცენტრირებულიყო. გვერდზე აღარ გაიხედავდა. აღარ წაიბილწავდა თავს ამდენი სისხლითა და არადამიანობით, იმის მიუხედავად, რომ მასში აბიჯებდა. ხალიჩებზე დაღვრილი სისხლი ბოტების ძირებზე ჰყვებოდა და ისე ამძიმებდა, როგორც სხვა არაფერი, ამდენი ხნის განმავლობაში ტვირთან ნათრევი ტკივილი და შიშიც კი, რომელთა გამო სუნთქვა არ შეეძლო ხანდახან.
პოლიციელები მოულოდნელად შეჩერდნენ, დერეფნის ბოლოს. მარჯვნივ, მოსახვევისაკენ მიტრიალდნენ, იარაღები მოიმარჯვეს. სიგნალიზაციის ხმა ისმოდა მხოლოდ მოულოდნელად და სოფოს რაღაცამ გასწიწკნა. ნაბიჯს აუჩქარა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აქვე იყო ის, რასაც ეძებდა და აქვე იყო ის, რაც უნდა მომხდარიყო…
-იარაღი დააგდე! – დაიღრიალა ერთმა პოლიციელმა, ავტომატი ასწია ზემოთ, უკეთესად მიიბჯინა მხარზე და სოფოს თითქოს გული ჩაუვარდა კუჭში, დამძიმებულ, ოფლისაგან გაწუწულ სხეულს ძალა დაატანა, ისეთი ძალით ქოშინებდა, რომ მისი ჩაფხუტის მინა იორთქლებოდა.
პოლიციელების ზოლს მიაღწია, დაფეთებულმა გადაიხედა მათ შორის დერეფანში.
დერეფანში, სადაც ბატონიშვილი იდგა.
წამიერად მხოლოდ მის ფიგურას ხედავდა სოფო, გარშემო ყველაფერი გაჩერდა თითქოს, ყურებში სიგნალიზაციის ზუზუნის მაგივრად უცნაური წივილი ესმოდა, თითქოს დაკიდებულ, მოშიშინე ტელეფონს უსმენდა.
მერე კი თითქოს დაიწმინდა ყველაფერი, გარშემო ხალხის ყოფნა იგრძნო, მახარაძე გვერდით ედგა, რაღაცას ეუბნებოდა პოლიციელებს, ისე, რომ მხოლოდ მათ გაეგონათ, მაგრამ ვერ არჩევდა სიტყვებს. ყურებში სისხლის გუგუნი ესმოდა, სიგნალიზაციის ხმას ფარავდა თითქოს.
ბატონიშვილი კი იდგა, მათგან მოშორებით, მათკენ ზურგშექცეული ბატონის წინ იდგა, მკლავი აღემართა, პისტოლეტი ეჭირა. სახე გაცრეცოდა, ისე გამოიყურებოდა, თითქოს ფეხზე ძლივს იდგა. ცალ ხელში სისხლიანი დანა ეჭირა, ცალ მკლავზე ჩამოხეოდა პერანგი და გრძელი ჭრილობა აჩნდა, რომლიდანაც მდორედ მოდიოდა სისხლი.
-თოფი დააგდე, ბიჭო! – ბღაოდა ბატონი. – ამას ვიმსახურებ შენგან?! ამას ვიმსახურებ?! თოფი დასწიე, თორემ განანებ, შე თავგასულო ლაწირაკო!
სოფო თავზარდაცემული მისჩერებოდა. გული ისეთი ძალით უცემდა, რომ ყელიდან ამოუხტებოდა თითქოს. მისი ქშინვა მინას ორთქლავდა.
ქალბატონები ბატონის ეტლს შემოხვეოდნენ, ოთხივენი მუხლებზე იდგნენ. უმცროსი ბატონიშვილს უყვიროდა, გაგიჟებული სახითა და ხმით, უაზროდ გაჰკიოდა რაღაცას. დანარჩენები კი გაძეძილნი, ახლად გამოღვიძებულნი ჩანდნენ, გააფთრებულნი იყურებოდნენ პოლიციელებისაკენ, კბილებს აკრაჭუნებდნენ.
თავიანთ ნამდვილ, სასტიკ, მახინჯ სახეებს აჩენდნენ.
-იარაღი დააგდე მეთქი! – გაიმეორა პოლიციელმა და სოფო გამოერკვა, აკანკალებულმა სასწრაფოდ გადახედა მას, თუ როგორ მოიმარჯვა მან იარაღი, უკეთესად დაუმიზნა, და სასხლეტს გამოსდო თითი.
სოფოს თითქოს გონებაში რაღაც გაუწყდა.
გული გაუჩერდა თითქოს.
თვითონაც არ იცოდა, რა დაემართა, რამ წამოუარა. ალბათ წარმოიდგინა, თუ როგორ გაიელვებდა ტყვია ჰაერში,  როგორ განგმირავდა ბატონიშვილის თეთრი პერანგით დაფარულ მკერდს, როგორ იტაცებდა ახალგაზრდა კაცი გულზე ხელს. როგორ ჩაუქრებოდა თვალებში პულსაციით მოძრავი, ყველაფრის მიუხედავად დაუოკებელი სიცოცხლე.
ვერ აიტანა ამაზე ფიქრი.
ცხოველურად ინსტინქტს მინდობოდა თითქოს. ტვინი თითქოს გამორთული ჰქონდა, არც ერთი გააზრებული ფიქრი არ ჭაჭანებდა მასში, სიცარიელე სუფევდა და სხეული თითქოს ავტოპილოტზე მოძრაობდა.
-არ ესროლოთ! – დაიყვირა მან, სიტყვები მთელი ძალით თითქოს ამოხლიჩეს ყელიდან.  გაუაზრებლად კიოდა, ისე, რომ სიგნალიზაციის ხმაც კი გადაფარა მისმა ძალით ამოხეთქილმა, სასოწარკვეთილმა ყვირილმა. – არ ესროლოთ! გთხოვთ, არ ესროლოთ!
ბატონიშვილმა წამსვე ასწია ამოღამებული თვალები, მათში გამოხატული სიცივე თითქოს გაუქრა, მზერა გამოუცოცხლდა. სწრაფად გადაავლო ზოლს თვალები, გაფაციცებული იყურებოდა, იმის მიუხედავად, რომ მკლავი პისტოლეტით ისევ გაეშვირა ბატონისაკენ.
სოფოს ხმა გაიგონა.
და მას ეძებდა, მისი თვალები მის წინ მყოფ ტირან ბატონს, კაცს, რომელსაც ბატონიშვილს დედა მოუკლა და რომელიც მას სძულდა, მოსცილდნენ და სოფოს დაუწყეს აღმართულ პოლიციელებში ძებნა.
და სოფომ ნაბიჯი გადადგა წინ. ვეღარ ითმენდა, მთელი სხეული ექავებოდა, სურდა, რომ ახალგაზრდა კაცისაკენ გაქცეულიყო, გადაფარებოდა, დაუსრულებლად ეყვირა, რომ არ ესროლათ.
უკნიდან მახარაძე მოეპოტინა, მაგრამ სოფო სწრაფად დაიხარა, ერთ-ერთ პოლიციელს მკლავის ქვეშ გაუძვრა, მერე კი სირბილით გაემართა ბატონიშვილისაკენ.
ბატონიშვილი უყურებდა, უცნაური, მწველი თვალებით. პისტოლეტზე შემოხვეული ხელი უძრავი ჰქონდა.
-გოგონა! – დაუღრიალა უკნიდან ურუშაძის ხმამ. – სოფო, უკან მობრუნდი ახლავე!
მაგრამ სოფო არ ჩერდებოდა. სიგნალიზაციის კივილში, უკან მდგომი ავტომატმომარჯვებული პოლიციელებით, წინ ბატონითა და დაჩოქილი ქალბატონებით, ამ საშინელ სიგიჟეში მიიწევდა წინ. გული ყელში მოსწოლოდა, სქელი, მძიმე ტანსაცმელი ათასჯერ დამძიმებულიყო თითქოს, ჩაფხუტი ისე ძალით აწვა თავზე, თითქოს ცოტაც და გადაეხსნებოდა თავის ქალა, მტკივნეულ პულსს გრძნობდა საფეთქლებში. მხოლოდ და მხოლოდ ბატონიშვილს უყურებდა, მხოლოდ და მხოლოდ ის იცოდა, რომ შეიძლება მის გარდა არაფერი იდგა ბატონიშვილსა და სიკვდილს შორის.
ამჯერად მისი ჯერი იყო.
ბატონიშვილს არ მიატოვებდა. ვერ მიატოვებდა, ვერ დატოვებდა მარტო.
რაღაცამ გასწიწკნა მკერდში, სუნთქვა უფრო აუჩქარდა, უფრო მეტად დააწვა ჩაფხუტი. მინა ეორთქლებოდა, ბატონიშვილის მასზე მოშვერილი თვალების დანახვას უშლიდა.
მოკანკალე, ერთიანად დამძიმებული მკლავები ასწია და ჩაფხუტი მოიძრო, გაწეწილი ქერა თმა ჩამოეფინა მხრებზე, სიგნალიზაციის ხმა უფრო ხმამაღალი, უფრო ყურისწამღები და მტკივნეული გახდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია მას.
მერე კი ყველაფერი გადატრიალდა.
ბატონმა ელვის სისწრაფით შემოაბრუნა თავისი ეტლი, ზედ ჩაჭიდებული ქალბატონები ზათქით დაენარცხნენ ძირს. იწვნენ, და იკლაკნებოდნენ, როგორც ნამდვილი გველები.
-იარაღი დააგდე! – ისმოდა გარედან გაბმული ყვირილი. ურუშაძე ბღაოდა, სოფოს დაბრუნებას უბრძანებდა. – იარაღი დააგდე! იარაღი დააგდე!
ბატონი პირდაპირ სოფოს დააშტერდა. საზიზღრად დამანჭოდა სახე, თვალები ანთებოდა, ისეთი სიძულვილით უყურებდა, რომ სოფო თავისდაუნებურად შეყოვნდა, განგაშის ზარებმა დაუწყეს რეკვა გონებაში.
-ყველაფერი შენი ბრალია, შე ბილწო გოგო! პატარა კახპა, არ უნდა მომეთრიე აქ! – დაუბღავლა მან, ზიზღით ავსებოდა ავტორიტეტული ხმა და სოფომ ყბები შეკრა, ნიკაპი ასწია, ზემოდან დააჩერდა. აღარასოდეს დაემორჩილებოდა ამ ჩია კაცს, იმის მიუხედავად, რომ გული მკერდის ძვალზე ენარცხებოდა და თითქოს ადგილს მილურსმულიყო.
მერე კი ბატონმა ქურქიდან ელვის სისწრაფით გამოიძრო პისტოლეტი და დაუმიზნა.
სოფოს კრთომა ამოხდა, თვალები გაუფართოვდა, თითქოს მკერდი ერთბაშად დაეცალა ჰაერისაგან. თავზარდაცემული მიშტერებოდა მისკენ მომართულ ლულას და თითქოს ყველაფერი შენელდა, სიგნალიზაციის ხმა, საკუთარი სისხლის შუილი სხეულში, ცივი ოფლისაგან დაცვარული ტანი და კიდურებში ატეხილი კანკალი. შენელდა უკნიდან მოყვირალი პოლიციელთა ხმებიც, რომლებიც უკან მობრუნებასა და იარაღის დაგდებას ითხოვდნენ გაუჩერებლად.
დაუსრულებელ ლულის სიბნელეს უყურებდა და აუტანელმა პანიკამ მოიცვა.
თვალებში დაუბნელდა.
გამაყრუებელი ჭახანი გაისმა ჰაერში და სოფო დაბარბაცდა, შეუკანკალდა მუხლები, ცივმა ოფლმა დაასხა. ელოდა ტკივილს, ელოდა სიბნელეს, ელოდა იმას, თუ როგორ დაეხეთქებოდა მისი სხეული მიწაზე, თვალღია, როგორ გაცივდებოდა მალე.
მაგრამ არა. ვერ კიდევ ფეხზე იდგა. ძლივს იკავებდნენ მოკანკალე მუხლები.
გაოგნებული იყურებოდა.
ბატონს ნატყვიარი გასჩენოდა თავში. შუბლზე სისხლის წვეთი გადმოუგორდა. პისტოლეტი გაუცურდა მოდუნებული ხელიდან, და გვერდზე გადაეკიდა, ეტლის სახელურზე. ჩვეულებრივ ანთებული, სიძულვილით სავსე თვალები ჩაქრობოდა. საოცრად უსუსური იყო სიკვდილში.
ქალბატონები ენაჩავარდნილები მისჩერებოდნენ მკვდარ მამას, მერე კი დღავილი მორთეს, კიოდნენ, ტიროდნენ, მამას ანჯღრევდნენ.
სოფომ ბატონიშვილს გადახედა. ის სოფოს მიშტერებოდა, ბოლი ასდიოდა მისი პისტოლეტის ლულას.
სოფო მასკენ დაიძრა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვეღარავინ დააკავებდა, ვერც წვეროსნები, ვერც უკნიდან მოყვირალი პოლიცია. ყოველი გადადგმული ნაბიჯი სტკიოდა, სხეული ტეხდა, თითოეულ დაფარულ სანტიმეტრს ბატონიშვილთან უფრო და უფრო ახლოს მიჰყავდა.
ახალგაზრდა კაცმა ნახევარდების მიმართულებით გაიშვირა ლულა, და ორი ნაბიჯი გადადგა წინ, თავისუფალი მკლავი გამოუწოდა სოფოს. სახეზე მოუთმენელი გამომეტყველება ეწერა, ნაკვთები მომანჭვოდა.
სოფომ ჯერ გამოწვდილ მკლავზე სტაცა ხელი, ვეღარ ითმენდა, მერე კი სხეულზე დაეჯახა, კისერზე შემოხვია მკლავები, მთელი ტანით აეკრო. ბატონიშვილმა წელზე სტაცა ხელი, ახლოს მოიზიდა, მერე კი თმაში, მერე მხრებზე, თითქოს არ ჰყოფნიდა, თითქოს ელოდებოდა, თითქოს რამდენი დრო იყო გასული, რაც ბოლოს სხვას შეეხო. ცხვირი საფეთქელზე მიადო და ცხოველურად გააშიშვლა გამწარებულმა კბილები. წარბები აეჭმუხნა და სოფომ ძლივს ახედა, ვეღარ იყურებოდა ცრემლებმოწოლილ თვალებში. ბატონიშვილს კისერსა და თმაზე ეფერებოდა, მთელი სხეულით აწვებოდა, გული გასკდომაზე ჰქონდა. უნდოდა, ხელთათმანები მოეძრო, კანით შეხებოდა კანზე, მაგრამ კისერზე შემოხვეულ მკლავებს ვერ ანძრევდა, ვერ აიძულებდა საკუთარ თავს, რომ ახალგაზრდა კაცს მოშორებულიყო. უბრალოდ იდგა, მას აჰკვროდა, ავარვარებული შუბლი მისთვის ყბაზე მიედო და უცნაური ემოცია სწიწკნიდა მკერდში.
-სოფო… სოფო? – ჩაილაპარაკა უცებ ბატონიშვილმა და გოგონა გახევდა, ბურთი მოაწვა ყელში, ცხელი სისველე გადმოუგორდა ლოყებზე. ისღა შეძლო, რომ თავი დაექნია, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.
-მე ალექსანდრე ვარ. – თქვა უცებ ბატონიშვილმა და სოფო გახევდა, მწარედ ჩაეღიმა. პირი გააღო, უნდოდა რაღაც გატეხილი, თითქოს გამოძალული სიცილი ამოეგდო ტუჩებიდან, და რამე ეთქვა, პირველი რამე ეთქვა, რაც ენაზე მოადგებოდა. ბატონიშვილს ჩააშტერდა უძირო მუქ თვალებში, ენა წაერთვა თითქოს.
მერე კი ზურგში ხელი სტაცეს, მაგრად მოქაჩეს, თვალებგაფართოებული შეფართხალდა, გაუძალიანდა, როცა ბატონიშვილს მოაშორეს. ახალგაზრდა კაცს პოლიციელმა ხელი გაუქნია, პისტოლეტი გააგდებინა, რომელიც ხმამაღალი ზათქით დაენარცხა იატაკზე. ქალბატონები კიოდნენ მოშორებით, ალბათ აკავებდნენ მათ, და სოფო თითქოს ახლა მოვიდა აზრზე, თითქოს ახლა გაახსენდა, თუ სად იმყოფებოდა. რომ ეს თავდასხმა იყო, ამ სახლში სისასტიკეები ხდებოდა, რომ სისტემის დასაქცევად იყო აქ. რომ ბატონიშვილი კრიმინალი, და ინფორმატორი იყო.
ბატონიშვილი ისევ დაძაბულიყო, სოფოს მიშტერებოდა, შუბლზე ჩამოყროდა თმა. პოლიციელი ამოდგომოდა უკან, სიგნალიზაციის კივილშიც კი გასაგები იყო ბორკილების ჩხაკუნი. სოფო თავზარდაცემული მისჩერებოდა მას თვალებში, გაიბრძოლა, შეეცადა, რომ მოშორებოდა მასზე მარწუხებივით მოჭერილ მკლავებს.
-სად მიგყავთ? – წამოიძახა მან, მახარაძეს ეძებდა თვალებით. – სად მიგყავთ?! ინფორმატორია თქვენი! რატომ აპატიმრებთ?
-ვაკავებთ. – გაისმა გვერდიდან მახარაძის ხმა და სოფომ სასწრაფოდ მიატრიალა მისკენ დაფეთებული თვალები. – უნდა დავკითხოთ.
-მოიცადეთ… – ამოილუღლუღა სოფომ, ბატონიშვილს გადახედა, რომლისთვისაც უკვე შეეკრათ ბორკილები, ახალგაზრდა კაცს თვალებში ჩააშტერდა, მთელი სხეული უყიოდა, პროტესტს აცხადებდა. -არ წაიყვანოთ…
მერე კი ბატონიშვილმა გაუღიმა.
გამომეტყველებაში სევდა აღბეჭდოდა, მაგრამ მაინც ღიმილი გამოესახა სახეზე. თითქოს მიუჩვეველი იყვნენ მისი ნაკვთები ღიმილს, უცნაურად შეუთრთოლდა ისინი. სოფო თვალებგაფართოებული მიაჩერდა.
-ბატონიშვილო… – ძლივს წაილუღლუღა მან. – ალექსანდრე…
ბატონიშვილმა წამიერად უყურა, დაჟინებით, მოუთმენლად. თითქოს იმახსოვრებდა.
მერე კი, მხარში მოჰკიდა პოლიციელმა ხელი და დერეფანში გაათრია. მათი მზერა გასწყდა და სოფომ კანკალით, სწრაფად შეისუნთქა ჰაერი, უფრო მეტი ცრემლები ჩამოუგორდა ლოყაზე. მარწუხებივით მკლავებში მყოფი შემობრუნებას ვერ ახერხებდა, რაც არ უნდა ცდილიყო.
არადა სურდა ბატონიშვილისათვის შეეხედა. სურდა გაეცილებინა.
იცოდა, რომ კარგა ხანი ვეღარ ნახავდა მას. იცოდა, და იმის მიუხედავად, რომ არ ესმოდა რატომ, გული უკვდებოდა.
გააფთრებულ ქალბატონებს ასევე ბორკილებს ადებდნენ, ბატონის გვამი ჩამოჰქონდათ ინვალიდის ეტლიდან.
მახარაძემ სიბრალულით, წარბშეკრულმა გადახედა.
სოფო კი სიგნალიზაციის ხმას აყოლილი, გულამოსკვნილი ტიროდა.
იატაკზე უთვალავი ჩაცხრილული ცხედარი ესვენა. თვალღია იწვნენ, მათი სისხლით მორწყულიყო დერეფნები. უცნაური სიჩუმე იდგა, სიგნალიზაციის წივილისა და პოლიციელების მიერ გამართული ჩოჩქოლის მიუხედავად.
გარეთ მთვარე გავსებულიყო.
 .
-*-*-*-*-*-20
სოფო მართალი იყო, როცა გაიფიქრა, როცა საშინელმა აზრმა გაუელვა, რომ ბატონიშვილს დიდხანს ვეღარ ნახავდა.
სახლიდან პირდაპირ ქალაქში ჩაიყვანეს. ორსაათიანი მგზავრობის განმავლობაში სოფო უბრალოდ სავარძლის ზურგს მიყუდებული, მოშვებული იჯდა, ცრემლებით დაბინდული თვალები დაცარიელებოდა. არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა, არ სჯეროდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ მაინც მოხერხდა მისი იქედან გაყვანა.
არ სჯეროდა, რომ სწორედ მაშინ, როცა იწყებდა ბატონიშვილის მიმართ გაჩენილი უცნაური, გაურკვეველი გრძნობების შეცნობას, ახალგაზრდა კაცს მკლავებიდან წაჰგლიჯეს, ზუსტად ამ სიტყვების მნიშვნელობით. ბატონიშვილი ახლა დაკავებული იყო, და ალბათ იქნებოდა კიდეც, კარგა ხნის განმავლობაში.
პოლიციის შენობაში შეიყვანა მახარაძემ. მთელი პერსონალი მათ მიშტერებოდა, სოფოს დაჟინებით აშტერდებოდნენ, თვალს არ აცილებდნენ. გოგონა კი მათ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ბატონიშვილი ახლა პატიმრობაში იყო, ადგილზე ძრწოდა, ძლივს ჩაჯდა მისთვის მოწვდილ სკამში.
-ბატონიშვილს… ალექსანდრეს რა მოუვა? – ჰკითხა მახარაძეს, ერთიანად ანერვიულებულმა, მეტალის მაგიდაზე ხელებჩაჭერილმა, როცა კაცი წინ დაუჯდა, ფურცლების სქელი დასტა მოეტანა. აგენტმა წარბი ასწია, მხრები უცნაურად შეარხია. – ინფორმატორია… ეს… ეს არ დაიცავს?
მახარაძემ ცოტა ხანი უყურა, მოჭუტული თვალებით. სოფო ადგილზე ხტოდა, თვალებით ევედრებოდა. კუთხეში მდგარმა ურუშაძემ სათვალე მოიხსნა, ცხვირის ძგიდეზე მოიჭირა თითები.
-ინფორმატორობა დაიცავს. – თქვა მახარაძემ და სოფომ კანკალით ამოუშვა სუნთქვა, პირზე ხელები იტაცა, სხეული ერთიანად მოეშვა, თავი მაგიდაზე დადო. არც კი ესმოდა, თუ რა ხდებოდა მის თავს, თუ რატომ იყო ბატონიშვილზე ფიქრს ასეთი მიჯაჭვული, თუ რატომ…
-მაგრამ ყველაფრისგან არა. – თქვა უცებ მახარაძემ და სოფომ ელვის სისწრაფით ასწია თავი, მხრებიდან აზიდული ტვირთი თითქოს უკან ჩამოენარცხა მას და სუნთქვა შეუკრა. გაოგნებული მიშტერებოდა აგენტს.
-ეგ რაღას ნიშნავს? – დაიჩურჩულა მან.
-იმას ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ ინფორმატორია, ალბათ ჩასვამენ. უამრავ რამეში იყო გარეული სოფო, და ათეულობით მოწმეა იმისა, რომ მან კაცი მოკლა. ასე იოლად ვერ გამოძვრება. თან მისივე კეთილდღეობისათვის უნდა ჩასვან. – მიუგო მახარაძემ, ისეთი ცივი სახით, თითქოს ამწუთას სოფოს მთელი სამყარო არ ტრიალდებოდა მის თავზე.
-რატომ? – წამოიყვირა გოგონამ, სიტყვები თავისდაუნებურად სცილდებოდა მის ტუჩებს. – ამდენი ხანი ცდილობდა, რომ აქედან გამოსულიყო და ნუთუ არ ეკუთვნის თავისუფლება? მითხარით, არ ეკუთვნის? ნუთუ არ იტანჯა საკმარისად? – გოგონას გული ამოუჯდა, ტუჩები აუკანკალდა. მზერა ისევ დაბინდვოდა და კბილები დაკრიჭა, ვერ იტანდა საკუთარ თავს ტირილის გამო. ამდენი ხნის განმავლობაში არ ეტირა, ახლა კი თითქოს მისთვის თავისუფლებასთან ერთად ეს… ერთგვარი სისუსტეც მოვიდა. სოფოს კი არ სურდა ასეთი სუსტი ყოფილიყო.
-გვესმის, მაგრამ დაზღვეული არაფრისგან ვართ. – ხელი ხელს გადააჭდო მახარაძემ. ურუშაძე ბნელი მზერით იყურებოდა კუთხიდან. – ის მაინც კრიმინალია, რაც არ უნდა გადაარწმუნო საკუთარი თავი…
-სისტემაში დაიბადა! – შეუყვირა სოფომ, თითები გაუთეთრდა, ისეთი ძალი უჭერდა მეტალის მაგიდას ხელებს. გული ყელში მოაწვა, უსამართლობის სიმწარესა და აუტანელ მძვინვარებას გრძნობდა. – იქ გაიზარდა! მთელი ცხოვრება ძალადობდნენ მასზე! ასე არ…
-სიტყვებს დაუკვირდი, გოგო! – დაუღრიალა უცებ ურუშაძემ და სოფო გაკრთა, ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, რომ კბილები გაუღრჭიალდა, ზურგში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. გამწარებული მიშტერებოდა ურუშაძეს. – ჩვენ აქ ფაქტებს და გარდაუვალ მომავალს გეუბნებით! ეგ შენი ბიჭი ჩაჯდება და მორჩა! მისთვის თუ სხვებისთვის, ეგ უკვე პროკურატურის გადასაწყვეტია!
სოფომ აღარაფერი უპასუხა. ყველაფერი ეწვოდა შიგნით.
-არ არის ეს სამართალი… – ამოიხრიალა მან, ხმა წართმეოდა თითქოს. ტუჩებზე იკბინა, ქუთუთოები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს, რომ ცრემლები აღარ გადმოგორებოდა. საშინელი ტკივილი სწიწკნიდა მკერდში.
-პირიქით, ესაა სამართალი. – თქვა ურუშაძის ხმას. – თორემ მაგ კაცს ორ დღეში მოკლავენ, ახლა რომ გავუშვათ. რა გგონია, რომ ამ ხალხს მხარდამჭერები არ ჰყავთ, ყველგან რომ ზომაე დაპარპაშებენ? თუ ეგ გინდა?
სოფომ აღარაფერი უპასუხა. თვალები მაგრად დაეხუჭა.
სიმართლეს ამბობდა ურუშაძე, რამოდენა უსამართლობაც არ უნდა ყოფილიყო. თავისუფლება ახლა სიკვდილს ნიშნავდა ბატონიშვილისათვის. საჭირო იყო ამ საქმის ჩაფარცხვა, და მისი გარიდება, სანამ შეეძლოთ.
-მოწმე არ იქნება? – ძლივს ამოღერღა მან. ხმა უთრთოდა.
-შენც და ისიც ანონიმურ მოწმეებად წარდგებით. ცალ-ცალკე, რასაკვირველია. – უთხრა მახარაძემ, პროფესიონალური ტონი დაედო მის სიტყვებს. – ორივეს კეთილდღეობისათვის. სასამართლოში ვერ დაგსვამთ.
სოფომ ისეთი ძალით გადაიტყავა კბილებით ტუჩი, რომ გამოჩენილი ხორცის წვა და სისხლის გემო იგრძნო. თვალები გაახილა, ჩაჰყურებდა მეტალის მაგიდას და დუმდა.
-რომ გამოუშვებენ… მერე? – ჩაიჩურჩულა მან, გაფართოებული თვალებით ახედა მახარაძეს. დაძაბული მიშტერებოდა, მთელი სხეული დაჭიმვოდა.
აგენტმა პირი გააღო, მერე კი დახურა, სიბრალულით უყურებდა.
-სახელს შეუცვლიან და სხვაგან გადაიყვანენ საცხოვრებლად. – ჩაერია ურუშაძე. – სტანდარტული პროცედურაა.
სოფოს თითქოს გული გაუჩერდა მკერდში.
წარბები აეჭმუხნა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. აუტანელ ტკივილს განიცდიდა მკერდში, თითქოს შიგნეული ამოუბრუნდა.
-ძალიან ვწუხვარ, სოფო. – უთხრა მახარაძემ. – ახლა ყველაფერი დაწვრილებით უნდა მოგვიყვე და დაგვიწერო, კარგი?
სოფომ თავი დაუქნია, დარეტიანებულმა. მისკენ მოწეულ ქაღალდს სწვდა და მოწვდილ კალამს მოსჭიდა თითები.
ამოისუნთქა, ხელები უკანკალებდა, კალამი უთრთოდა თითებში.
უნდა დაეწერა ყველაფერი. უნდა ეთქვა, თუ რა ხდებოდა იმ სახლში, თუ როგორი გახრწნილება ტრიალებდა, უნდა ეთქვა, რომ ბატონიშვილი მსხვერპლი იყო სისტემის, როგორც თვითონ, გაცილებით მეტი დროის განმავლობაში.
წმინდა წყლის სიმართლე უნდა დაეწერა.
და დაწერდა კიდეც.
-*-*-*-*-*-
პოლიციის შენობაში სამი დღე დაჰყო. გაუთავებლად უსვამდნენ კითხვებს, გაუთავებლად პასუხობდა, ავტომატურად. ძილისა და ჭამისათვის ჰქონდათ მხოლოდ ცოტა ხანი გამოყოფილი. სულიერად გამოიფიტა ისედაც დასუსტებული სოფო.
დედამისი მოიყვანეს. აკანკალებული შემოვიდა ქალი, ფრთხილად, თითქოს კვერცხებზე მოსიარულე.
სოფო რომ დაინახა, პირზე ხელები იტაცა, შვილოო, ძლივს ამოიხრიალა.
დედა რომ დაინახა, მისი ცრემლებისაგან სველი, კიდევ უფრო დანაოჭებული, გამხდარი სახე, სოფოს ცრემლები წასკდა. თეთრი თმები გამოსვლოდა აქა-იქ ქალს, თითქოს ბეჭებში მოეხარა დარდს.
აუტანელი იყო მისი ასე დანახვა. მაგრამ მალევე უფრო აუტანელი გახდა მისი სოფოს გარშემო შეუჩერებლივ ტრიალი, მუდამ ფრთხილად ყოფნა, სიბრალულით ყურება, მუდმივად ნამტირალევი სახე. იცოდა გოგონამ, რომ დედა მასზე დარდს გაეტეხა ასე, მაგრამ მის საქციელს ვერ იტანდა, ამისათვის კი საკუთარი თავი ზიზღდებოდა ნელ-ნელა. დედას შეუყვირებდა, გამწარებული, ეტყოდა, რომ ტირილი შეეწყვიტა, რომ ახლა ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დედა ცრემლებს ყლაპარავდა, მერე კი ხელახლა იწყებდა მოთქმას. კბილებს აკრაჭუნებდა სოფო, მძვინვარება და ბრაზი უვლიდა მხოლოდ სხეულში.
აგრესიული გახდა. საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა.
საკუთარ ოთახს, საკუთარ სახლს, საკუთარ დედას ვეღარ სცნობდა, და იცოდა, რომ ყველაფერში თვითონ იყო დამნაშავე. სხვას ვერავის აბრალებდა.
ბატონი მკვდარი იყო. წვეროსნებიც.
ღამღამობით, როცა გაშტერებული მისჩერებოდა თავისი ოთახის ჭერს, ყურში გარედან მომავალი მანქანების ხმა ჩაესმოდა და წარმოიდგენდა, რომ ბატონსა და წვეროსნებს თავისი ხელით ახრჩობდა. რომ საკუთარი ხელით ახლიდა პისტოლეტს. რომ ბატონიშვილის მაგივრად მან გაისროლა გადამწყვეტი ტყვია და ზედ მიწაზე დაკლაკნილი გველებიც მიაყოლა.
ესიზმრებოდა კიდეც ეს. ესიზმრებოდა და ყვირილით ეღვიძებოდა, თავზე მუდამ დედა ედგა, რომელიც ატირებული ანჯღრევდა, თავზე ხელს უსვამდა, მის დამშვიდებას ცდილობდა. სოფო კი იწვა, თვალებგახელილი, სახეზე ცრემლები და ოფლი სდიოდა, და ქოშინებდა, დაძინების ეშინოდა.
ყველაფერი ისე ეუცხოვებოდა, რომ სხვა სამყაროში ეგონა თავი. მანქანები, ქუჩები, უამრავი ხალხი. კრთებოდა ხმაურისა და ყვირილის გაგონებისას, ღამე ოფლში გაწურული იღვიძებდა.
მოგონებები არ ასვენებდნენ. შუა ქუჩაში გამოსულს დაარტყამდა ხოლმე, რაღაც გაახსენებდა ყველაფერს, ეს ვიღაც ქალის წითელი შარფი იყო, ქერა თმა თუ ინვალიდის ეტლი. გამწარებული აქოშინდებოდა, თვალებგადმოკარკლული, მუხლები ეკვეთებოდა, მიწაზე ჩაიმუხლებოდა, რომ არ დაცემულიყო. მხოლოდ და მხოლოდ იმ ამაზრზენ მომენტებს ხედავდა, იმ ამაზრზენ, პანიკით აღსავსე შიშს გრძნობდა, რომლის დამძლევი არაფერი იყო.
უფრო გაუძლიერდა შიშები, როცა ჩვენება უნდა მიეცა, იმის მიუხედავად, რომ უნდა მჯდარიყო პატარა, იზოლირებულ ოთახში, მისი ხმა და სახე დაფარული იქნებოდა. მხოლოდ და მხოლოდ უნდა ელაპარაკა იმაზე, რაც თავს გადახდა. მაგრამ ნებისმიერი სიტყვის პირიდან ამოქაჩვა მისთვის სხეულში ჩარჭობილ კიდევ ერთ ნემსს წარმოადგენდა. ვერ იტანდა იმას, რომ ყველაფერი, რაც იმ სახლში გადაიტანა, რაც იმ სახლში დაინახა, სიტყვებში უნდა ჩაედო, რადგან სიტყვები ვერ იტევდა ასეთ განუზომელ სისასტიკეს.
ამიტომ თითოეულ ემოციას აქსოვდა ნათქვამში, გამწარებული ლაპარაკობდა, ხელისგულში ფრჩხილებს იჭერდა. იძულებული იყო, რომ ელაპარაკა, რომ გაეხსენებინა ნებისმიერი ამაზრზენი დეტალი, ამიტომ ყველაფერს იტყოდა. ისე იზამდა, რომ დანარჩენებს, სასამართლო დარბაზში წამოჭიმულ ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ მისი სიტუაციის შესახებ, სათანადოდ ეგრძნოთ, ზიზღისა და შიშისაგან აკანკალებულიყვნენ.
ხანდახან ეგონა, რომ გიჟდებოდა. ოთხი თვის განმავლობაში, სანამ სასამართლო მიმდინარეობდა და გამუდმებით, განმეორებით უწევდა თავისი ჩვენების მიცემა, როგორც მოწმეს, გრძნობდა, როგორ ტეხდა და აქუცმაცებდა საკუთარი გონება. როგორ ტყდებოდა საკუთარ სხეულში, იმის მიუხედავად, რომ მაჯაზე კანი აღარ ჰქონდა გახეხილი, სხეულზე დალურჯებები და ზურგზე განაროზგი მორჩენოდა. ამათ უკვე აღარ ჰქონდა აზრი.
მაგრამ, როგორც კი მოაწვებოდა საშინელი ფიქრები, როგორც კი იგრძნობდა, რომ საკუთარი გონება ღალატობდა, რომ ნელ-ნელა თითქოს თავის ადამიანურობას კარგავდა, იმის მიუხედავად, რომ იმ სისასტიკიდან გამოსული იყო, როცა ბატონის პისტოლეტიდან გამოსროლილი ლულა და საკუთარი გაციებული, შუბლგახვრეტილი სხეული ესიზმრებოდა, მაშინვე ბატონიშვილზე… ალექსანდრეზე დაიწყებდა ფიქრს.
მის უცვლად თეთრ პერანგზე, გადაწეულ თმასა და უძირო მუქ თვალებზე, რომლებიც ისე ახსოვდა, ისე ხასხასად, თითქოს გუშინ ენახა. მის მკლავზე, მოუთმენლად რომ შეიგრძნობდა სოფოს სხეულს, მის სევდიან ღიმილზე.
იმ დღის შემდეგ არ ენახა.
ისევ საშინელ ტკივილი სწიწკნიდა მკერდში.
მხოლოდ უკიდურეს მომენტებში ფიქრობდა მასზე, რადგან როცა საღ აზრზე იყო, მისი გახსენება მხოლოდ ტკივილს ანიჭებდა. თვეები იყო რაც არ ენახა, და იცოდა, რომ თვეები გავიდოდა, სანამ ნახავდა.
ამიტომ თავს იკავებდა, გამწარებული.
ცდილობდა, რომ სასტიკად გასაიდუმლოებულ პროცესზე ყოფილიყო კონცენტრირებული.
ერთი სიტყვა არ გასულიყო პრესაში. მკაცრად იცავდნენ სიჩუმეს.
იმის მიუხედავად, რომ სოფოს სათვალავი დაეკარგა, თუ რამდენჯერ შეემუდარა მახარაძეს, რომ მოეყოლა მისთვის, თუ რა ხდებოდა, მახარაძე მხოლოდ თავს აქნევდა და ეუბნებოდა, რომ რაც ნაკლები ეცოდინებოდა, მით უკეთესი, და რომ ეს სამისო საქმე არ იყო, რაზეც სოფო ცოფდებოდა, კბილებს აკრაჭუნებდა, უყვიროდა აგენტს და ფიცს დებდა, რომ ჩვენებდას აღარ მისცემდა.
მაგრამ მაინც აძლევდა ბოლოს.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვის უყენებდნენ ბრალს, რამდენი წლით, თუ რა მოახერხა პოლიციამ, მხოლოდ ის იცოდა, რომ ბრალწაყენებულებში ქალბატონები ერივნენ. აუწერელ, ამაზრზენ კმაყოფილებას ჰგვრიდა ეს.
მერე კი, როცა მახარაძემ ამცნო, რომ ვერდიქტი გამოიტანეს, თითქოს ნაღმი გასკდა, ჯებირი ჩამოიშალა და ყველაფერი წალეკა მოზღვავებულმა წყალმა. ამბავი ისე გავრცელდა პრესაში, როგორც გამხმარ ტყეში ცეცხლი, ყველაფერი მოშანთა, გაანადგურა და პანიკა დათესა მოსახლეობაში.
თითქმის ყველაფერი აბსოლუტური ნაგავი იყო. ლაპარაკობდნენ გამეფებულ, მთავრობის მიერ დაფინანსებულ სისტემაზე, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, და ნებისმიერ ამოუხსნელ მოტაცებას მას უკავშირებდნენ. სოფოს გული ერეოდა, როცა გაზეთებში გამოფენილ სათაურებს კითხულობდა. რწყევამდე მიდიოდა ხოლმე, მაგრამ სადღაც, შიგნით, მისი გადატრიალებული ტვინის კუნჭულში, ეს უხაროდა. უხაროდა, რომ საზოგადოება შიშში იყო, რომ ახლგაზრდებს მარტო გარეთ არ უშვებდნენ, რომ ამაზე მეტი არ ჰქონდათ სალაპარაკო. გონების რაღაც საშინელი ნაწილით უხაროდა, რომ რისაც ამ ხალხს, ყველას, ძვლამდე ეშინოდა, თვითონ გამოიარა.
გამოიარა და გადარჩა.
ამბები მალე ჩაკვდა.
ვერდიქტი გამოტანილი იყო, მაგრამ უჩუმრად. მახარაძეს ვეღარ დაეკონტაქტებოდა სოფო. ვეღარ ჰკითხავდა, თუ რა ბედი ეწია ბატონიშვილს.
ვერ გაიგებდა, დაიშალა თუ არა სისტემა. ვერ გაიგებდა, სამუდამოდ დამიწდა თუ არა ეს საშინელი დანაშაულებრივი აქტივობა.
ცხოვრების უსამართლობით გამწარებულსა და იმედგაცრუებულს, ისღა შეეძლო, რომ საკუთარ თავზე კონცენტრირებულიყო, იმ სოფო გამოეძალა საკუთარი გაბზარული გონებიდან, რომელიც სადღაც, იქ ცოცხლობდა.
და იმის მიუხედავად, რომ აქაც, ამ ვითომ თავისუფლებაშიც ტყვედ გრძნობდა თავს, არჩევანი არ ჰქონდა.
ესეც უნდა დაეძლია.
ამასაც უნდა გადარჩენოდა.
-*- 4 წლის შემდეგ -*-
სოფომ ჩანთა აიქნია, უკეთესად გადაიკიდა მხარზე. ცალ ხელში საყიდლების მძიმე პარკს ძლივს იჭერდა, შუბლზე მოწოლილი მზე თვალებს უწვავდა.
თბილი გაზაფხულის შუადღე იყო ქალაქის ცენტრში. უამრავი ადამიანი მიიჩქაროდა, შხუილით მიქროდნენ მანქანები. აზიდული ცათამბჯენები მზის შუქს ირეკლავდნენ.
-არა, დედა… – ალბათ მეათასედ უთხრა სოფომ დედას ტელეფონში და გაიცინა, თვალები გადაატრიალა, ვიღაც მომავალ კაცს ოსტატურად აუქცია მხარი. – ხომ გითხარი, არა? ყველაფერი რიგზეა, მშვენივრად მოვეწყვე.
-მერე არ გითხარი, დამირეკე-თქო? – დატუქსა დედამ. – გუშინ საღამოს უნდა დაგერეკა, ავაფეთქე კინაღამ ტელეფონი!
-დედა, ასე თუ გააგრძელე, არც მე ვიქნები კარგად და არც შენ, – ღიმილით უთხრა სოფომ. დედამისი გაცოფებული ძაღლივით იყო, როცა მოუნდებოდა. – თავს მოუარე, კარგი? გუშინ ყველაფერს ვალაგებდი და ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ როგორც კი დავეგდე, მაშინვე დამეძინა!
სოფომ ზებრაზე გადაიარა, კოხტად მოპირკეთებულ მოედანზე გადავიდა, დედის დარიგებებს ავტომატურად უქნევდა თავს, ღიმილით.
იმდენი ხალხი იყო, რომ წამდაუწუმ უწევდა ვინმეს აცილება, რომ არ შეჯახებოდა მათ. ცოტაც და მიაღწევდა ავტობუსის…
სოფო მოულოდნელად გახევდა, ტელეფონი ხელში შეეყინა. სუნთქვა აუჩქარდა, კიდურები აუკანკალდა, ენა ერთბაშად გაუშრა.
თითქოს რაღაცამ გაუელვა თვალწინ, რაღაც საშინლად ნაცნობმა, რაც წამსვე გაქრა. თითქოს პერიფერიული მზერით დაენახა.
წამიერი, და წარმავალი იყო ეს კადრი, ასეთ რამეებს ყურადღებასაც არ აქცევდა, მაგრამ გამწარებულმა მიმოიხედა. დარწმუნებული იყო, რომ ის დაინახა, რომ ის იყო, შესაძლებელიც გახლდათ, სხვა ქალაქში ხომ გადაიყვანეს…
წინ ისე დაიძრა, რომ საკუთარ ქმედებებს ვერ აცნობიერებდა. ტელეფონი უაზროდ ჩაებღუჯა ხელში, წამდაუწუმ ეჯახებოდა ხალხს, პირგამომშრალი და თვალებგადმოკარკლული. უბრალოდ მიდიოდა, თავს აქეთ-იქეთ ატრიალებდა, რომ დაენახა, რომ დარწმუნებულიყო, რომ არ ეჩვენებოდა და არ გიჟდებოდა, რომ ტვინი ასეთ საშინელ გამოცდას არ უწყობდა.
არა, არა… სოფოს გული ყელში მოაწვა. ვერ აიტანდა, რომ ეს სიმართლე არ ყოფილიყო.
ვერ აიტანდა, ახლა რომ ბატონიშვილი ვერ დაენახა. რომ ალექსანდრე ვერ დაენახა. რომ წასულიყო სახლში და შეგუებოდა ფიქრს, რომ ის ან ილუზია იყო, ანდა ვერ მიაგნო.
ბურთი მოაწვა ყელში და ნაკვთები შეუკანკალდა სახეზე ქალს. აკანკალებული ფეხებით ძლივს მიიწევდა წინ.
ვერც კი გააცნობიერა, როგორ გააღო პირი, როგორ წასკდა ყელიდან ყვირილი.
-ბატონიშვილო! – დაიკივლა მან. გამვლელებმა გადმოხედეს, ამზერით, გაერიდნენ, მაგრამ ისინი სოფოს არ აინტერესებდა, გამწარებულს გადაჰქონდა ერთი ადამიანიდან მეორეზე მზერა, ელვის სისწრაფით. სურდა ბატონიშვილი დაენახა, სურდა, რომ საკუთარი თვალებისათვის დაეჯერებინა, სურდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ შეხვედროდა მას. – ალექსანდრე! ალექსანდრე! ალექსანდრე!
-სოფო. – მოესმა უცებ უკნიდან და ისეთი სისწრაფით შედგა, თითქოს კედელს მიაჯახესო, მილურსმული იდგა. გული ისე სწრაფად უცემდა, როგორც არასდროს, ყელში მობჯენოდა სუნთქვა, თვალებგაფართოებულს მზერა დაბინდოდა, რაღაც დაშტერებოდა წინ, უაზროდ.
რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბატონიშვილის ხმა გაიგონა.
რადგან დარწმუნებული იყო, რომ უკან ალექსანდრე ედგა.
სოფომ გაიღიმა, ტუჩის კუთხეები უხტოდა, ნაღველთან შერეულ სიმწარესა და სიხარულს გრძნობდა.
აუტანელ ბედნიერებასაც.
თვალები ცრემლებით აევსო და ქუთუთოები მილულა, სისველე ლოყებზე გადმოუგორდა.
წარმოიდგინა ის კადრი, რომელიც გაკვრით დაიჭირა. წარმოიდგინა შეცვლილი, მაგრამ მაინც ისეთი სახე, თვითონ რომ სიზმრებში ელანდებოდა ხოლმე, წარმოიდგინა მისი სურნელი, და უძირო თვალები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინდელივით ახსოვდა.
მისი ფიგურა, ხმა, ღიმილი, და სითბო წარმოიდგინა.
და შემობრუნდა.
Fin

 

-=-=-=-=-=
აია-სოფიას ტაძრის ერთ-ერთ მიტოვებულ კუთხეში მარტოსული იმპერატორი ალექსანდრეს ფრესკაა, რომელსაც არც მეუღლე, არც შვილები, და არც ღვთის გამოსახულება არ ამოსდგომია გვერდით.
ცოტა რამ “მშვიდი ქარიშხალის” შესახებ:
1. ისტორია ერთ-ერთია იმ ერთეულებიდან, რომელშიც სათაური არ არის ნახსენები.
2. “მშვიდი ქარიშხალი” ოქსიმორონს წარმოადგენს, რაც ურთიერთგამომრიცხავი ცნებების დაკავშირებას ნიშავს.
3. სათაურს მძიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს ისტორიაში, და რამდენიმე ნიუანსს მოიცავს, როგორიცაა: სოფიასა და ალექსანდრეს პერსონაჟები, მათი ურთიერთობა, გონებრივი მდგომარეობა, და გარემო.
4. სოფოს ბებიის სახელი დაარქვეს, მისი გვარი კი “ცხრა სავსე მთვარის” სოფიო ხოჯავას გამო შეირჩა.
5. სოფოს სახელი “სიბრძნეს” ნიშნავს.
6. “ალექსანდრე” ნიშნავს ხალხის მცველს.
7. ალექსანდრეს სახელი შეირჩა სამი მთავარი ვარიანტიდან: ნიკოლოზი, ალექსანდრე და დავითი.
8. ალექსანდრეს გვარი უცნობია, მისი ახალი ალიასი კი (ახალ ადგილას ცხოვრებისათვის) დავით ანანიაშვილია.
9. ისტორიაში მხოლოდ ორი ნამდვილი სახელი ფიგურირებს: სოფია და ალექსანდრე. მალხაზის ნამდვილი სახელი მალხაზი არ არის.
10. სანამ სოფო სახლშია, მის მიერ ნახსენები ფერების რაოდენობა მწირია: მხოლოდ შავი, თეთრი, და წითელი ფიგურირებს.
11. ალექსანდრეს თმისა და თვალის ფერი არცერთხელ არ არის ნახსენები.
12. ფიზიკური შეხება ალექსანდრესა და სოფოს შორის ადრე უფრო მეტია, ვიდრე სოფო თავისი გრძნობების შეცნობას დაიწყებს (მერე ოთხწლიანი პაუზა).
13. ისტორია დაიწერა 20 დღეში.
14. ბოლოში მიწერილი ამბავი აია-სოფიას ტაძარსა და იმპერატორი ალექსანდრეს ფრესკაზე სიმართლეა და ერთგვარი ინსპირაცია იყო ისტორიისათვის.
Start: 19.01.2017
End: 07.02.2017

 

7 thoughts on “მშვიდი ქარიშხალი

  1. ეს არის სიგიჟე ისტორია!
    ისტორია, რომელიც სავსეა ემოციებით, ტკივილითა და ცრემლით.
    არ ვიცი რა ვთქვა, მართლა ძლიერი ნამუშევარია შენს ისტორიებს შორის ❤

    Like

  2. ბრავო..ხომ იცი რომ ესეთი რაღაც არა რეალურია მაგრამ მაინც შედიხარ როლში კითხვის დროს…აი მართლაც ბრავო ასე გადმოსცე არა რეალური ისტორია მართლაც ნიჭია👍👍👍👏👏👏👏👏👏👏

    Like

  3. ლინდა, მეამეთ წაკითხვისასაც რომ ისევ იგივე გრძნობები და განცდები მეუფლება… ხან რომ სოფო ვარ და ხან ბატონიშვილი, მათ ნაცვლად რომ მტკივა და მიხარია არ არის ეს ნორმალური, ბოლომდე გადავეშვი თავით, წლებია შენი ნაწერებიდან უსაწღვრო სიამოვნებას ვიღებ და კიდევ ბევრი წელი მინდა მივიღო, მინდა რომ წიგნის ფურცლებზე შევძლო ამ ყველაფრის წაკითხვა 🤩🤩

    Like

  4. ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა,მადლობა ავტორს ჩემი სიმშვიდის დარღვევისთვის და ერთი უძილო ღამისთვის.

    Like

Leave a reply to lindazedginidze კომენტარის გაუქმება