Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.
ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
მეცამეტე თავის თემა
XIII –
.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
215, 239; 06:35.
რამდენიმე დღის წინ ოცდამეთერთმეტე ქუჩაზე, ჩიხში ლიანდაგის ბოლო და სადგური გაანადგურეს. სადგური ერთიანად ჩამოლეწა აფეთქებამ, რასაც ლიანდაგის გაუთვალისწინებელი დაზიანებაც მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, ალბათ არ აპირებდა ჰელმარი სამასი მეტრის სიგრძეზე ლიანდაგის გაცამტვერებას. თუმცა არც იყო საკვირველი, ბოძების სიმყიფეს თუ გაითვალისწინებდა.
ძველი გამანაყოფიერებელთა კლინიკა და რამდენიმე ცარიელი საცხოვრებელი ცათამბჯენიც წამოაქციეს. ცას თითქოსდა ჯერ კიდევ ლაქად აჩნდა მათგან ადენილი რუხი კვამლის კვალი, მზესა და გაიას ვარსკვლავს უკვე რამდენიმე დღე იყო ვერ გაეპოთ ღრუბელთა საფარველი.
მსხვერპლზე არაფერი უკითხავს ნარას. და არც ჰელმარს უხსენებია რამე.
ასე სჯობდა. არ უნდოდა მათი ქმედებების მსხვერპლზე ეფიქრა.
სადენები ალაგ-ალაგ ჩაჭრეს. ძვლების რაიონში ბოლომდე ვერავინ ვერასდროს გამოარკვევდა, რა რას უერთდებოდა, მაგრამ ვეზუვის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდნენ. საცხოვრებელ კორპუსებსა და ერთი-ორ საექიმო პუნქტს შეუწყდა ელექტროობა.
ისიც მოახერხეს, რომ რამდენიმეჯერ ახალი ამბების ტრანსლაცია შუაში გაეწყვიტათ. გამომცხადებელთა იდეალური, სიმეტრიული სახეებისა და მათი დაზეპირებული სიტყვის – რომლის ნახევარიც ძვლების რაიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობის მოღალატეებად შერაცხვას შეადგენდა – ანაზდეულმა გაქრობამ აქამდე წარმოუდგენელი გაოგნება გამოიწვია ხალხში. ხელისგულებში ჩაბღუჯული, ბნელ კუთხეებსა და კლუბების ხმაურს ამოფარებული, პაწაწინა ნაპერწკალივით ჩურჩული აბრიალდა, ხმა აღიმაღლა, ფესვები გაიდგა და ფრთხილად, რუდუნებით, მაგრამ მაინც გამბედავად მოედო ქუჩებს.
და არაფერი იყო ხალხის სიტყვის ძალაზე უფრო ძლევამოსილი, რადგან შეძლო გადაეფარა ის, რისი გადაფარვაც აქამდე შეუძლებელი გახლდათ.
გადაფარა ის ილუზია, რომ უძლეველი იყო გულაამი. რომ მცდელობათა მიუხედავად, ყოველთვის ისე იქნებოდა ყველაფერი, როგორც აქამდე იყო.
ჰელმარი ჭორებს არ ავრცელებდა. ყურში არ უჩურჩულებდა თავის მომხრეებს და თავის გეგმებზე წინასწარ არავის ამცნობდა. მისი საქმე ფასობდა მხოლოდ ძვლების ქალაქში და ალბათ მთელ იგაზან-ლაშიც, რადგან აქ სიტყვას აღარ ჰქონდა აღარავითარი ფასი.
ნელ-ნელა იმატებდა აქციებზე გამოსული ხალხის მასა. მომიტინგეთა რიგებს ისინიც შეემატნენ, ვისაც ელექტროობა ჩაეჭრათ.
ეგონათ რომ გულაამის მიერ განწესებულ დანაშაულთან ჰქონდათ საქმე. და არ აპირებდა ჰელმარი, რომ მათთვის სიმართლე ეთქვა.
გულაამმა გამოიწვია ეს ყველაფერი და სწორედაც რომ ის უნდა დაადანაშაულონო, ამბობდა ის.
ერთიანად გაძეძგილიყო ჰელმარის მიწისქვეშა სამალავი. ათასამდე ადამიანი მიმოდიოდა ყოველდღე და ვერც კი გაეგო ნარას, თუ როგორ ვერ აღმოაჩინა ულსტერმა აქამდე. კამერებთან ძალიან ფრთხილობდნენ, მაგრამ ნუთუ ვერც ერთს ვერ აედევნნენ? იზრდებოდა ჰელმარის აქტიურ მხარდამჭერთა მასა, მაგრამ ჰელმარისაგან განსხვავებით, სიმშვიდით შეფარული აღტკინების მაგივრად მხოლოდ შიში ერეოდა ნარას, ძვლებსა და ფილტვებში გასჯდომოდა, სუნთქვასა და ფიქრს უშლიდა.
ძალიან ცოტა ეძინა ღამით.
და როცა ეძინა, ფიგურა ესიზმრებოდა, ფანჯარაში ჭირხლით მოხატული. ხანდახან თვითონ იდგა მის ადგილას და ესმოდა, თუ როგორ გრგვინავდა მის თავზე შენობა და თვითონ იდგა უბრალოდ, უმწეო, სასოწარკვეთით აღვსილი. იფლიჰემს ხედავდა, მის უსასრულო სიმწვანესა და ვეებერთელა ხეს, სწორედ ისეთს, როგორიც იგაზან-ლას დროშაზე გამოესახათ, ვეებერთელა რძისფერი გუმბათის ქვეშ გადაშლილ თვალმიუწვდომელ ვარჯს, ხასხასა ფოთლებში ათამაშებულ მზეს და მერე ცეცხლს, მხოლოდ ცეცხლს, რომელიც ყველაფერს შეუჩერებლად ნთქავდა, სიცოცხლესა და სისხლს დამშეული. შუაზე გაპობილ შავ მარმარილოს ხედავდა, გაციებულ, ცარიელ თვალებსა და საკუთარ ფეხებს შორის მოთქრიალე სისხლს.
დაუღალავად მუშაობდა ნარა. ჰელმარს სორენი აღარ უხსენებია მისთვის, მაგრამ მაინც გრძნობდა მისი უთქმელი მუქარის ჩრდილს, რომელსაც მისი გონების შორეულ კუნჭულში დაედო ბინა, იჯდა და შეჰყურებდა მისი ბნელი თვალებით.
ამიტომ ხმას არ იღებდა. ასაფეთქებლების მზარდ პროტოტიპებს ათვალიერებდა, ბატარეებს, სადენებსა და სპეციალურ პლასტმასის მილებს არჩევდა, აწყობდა, ადუღაბებდა.
ძალიან ცოტას ჭამდა. მწირი იყო საკვები და სორენსაც შედარებით ნაკლები მოჰქონდა ბინაში, ამიტომ მაგიდაზე მიყრილი საჭმლის პაკეტებისათვის ხელი აღარ უხლია ნარას.
მაგრამ ყველაზე უარესი ალბათ ის გახლდათ, რომ ჰელმარის მხარდამჭერები თითქმის მოწიწებით შეჰყურებდნენ. უბრალო, შავი ტანსაცმელი ეცვა ნარას, თმას მალავდა და მუდამ ნიღაბი ეკეთა, მაგრამ მაინც სცნობდნენ. ვეღარ ემალებოდა სადმე საკუთარ წოდებას.
„ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი!“
და მაშასადამე ვერსად ემალებოდა ამ წოდების სიმძიმესა და ალბათ ჯერ კიდევ გაუაზრებელი მნიშვნელობის შიშს.
უნდოდა ამ ყველაფერს მოშორებოდა. იმ უბრალო ცხოვრებას ნატრობდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა.
სამუშაო. ჭამა. სახლი. და მეტი არაფერი.
„წავიდეთ სადმე, შორს.“
ჩარლიმ ჰკითხა, როგორია, „ცეცხლის ქალი“ რომ ხარო. არაფერი უპასუხა ნარამ.
რადგან იცოდა, თუ რას გამოიწვევდა მისი წოდების უარყოფა ჰელმარის სოროში.
მორჩებოდა თავის საქმეს. ხანდახან იქვე, თავის სამუშაო მერხთან ეძინა, როცა არსად წასვლის თავი არ ჰქონდა. ხანდახან სადმე ქუჩაში, ანდა კლუბის შორეულ კუთხეში, იმის შემდეგ, რაც ქრონო-X თავის კლანჭებს შეუშვებდა მის ორგანიზმს. იმის შემდეგ, რაც კვლავ უწევდა გაეხსენებინა, თუ სად იყო და რას წარმოადგენდა.
იმის შემდეგ, რაც კვლავ დაისადგურებდა მის გონებაში შეუცნობელი მომავლის შიში.
როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი?
გაყინულიყო მის თავზე ცა, რუხ ოკეანეს ჩამოჰგავდა, რომელსაც ბოძებად შეჰყუდებოდნენ ცათამბჯენები. სადღაც შორიდან მხრჩოლავი კვამლის ორი სვეტი მიიკლაკნებოდა ზემოთ ღრუბლებს უერთდებოდა და ჩვეულ ჩოჩქოლს აევსო ქუჩები.
გაიას ვარსკვლავი არსად ჩანდა.
ნაბიჯს აუჩქარა ნარამ. გაუხვია, სორენის კორპუსამდე მიმავალ ქუჩას დაუყვა.
ბნელოდა. ქუჩებში განათება ჩამოეწყვიტათ ამ მხარეს, გაყინულ მიწაზე ალაგ-ალაგ მქრქალ მოცისფრო-მოყვითალო ლაქებად გაფანტულიყვნენ გუბეები, ფანჯრებიდან მომავალ სინათლეს ირეკლავდნენ. რახრახით მიქროდა შორს მატარებელი, ლიანდაგს აღრჭიალებდა.
ტროტუარზე გაწოლილ მაწანწალას გადააბიჯა ნარამ და კორპუსის კუთხეს გასცდა, მარცხნივ შეუხვია.
და შედგა.
კედელთან ახლოს, ოდნავ ნარინჯისფრად დაფერილ სიბნელეში, ისე, რომ დაუკვირვებელი თვალი თითქმის ვერ გაარჩევდა, მოტოციკლეტზე იჯდა ვიღაც.
თუმცა არა. ვიღაც არა, რადგან სორენის ფიგურას ყველგან იცნობდა ნარა.
კედელს მხრით მიჰყუდებოდა სორენი. სიბნელესა და შორეულ გუგუნს ბოლომდე ვერ დაეფარა მისი ბეჭების სწრაფი, მთრთოლვარე მოძრაობა და ქშენა, რომელსაც ერთი-ორი გმინვაც გარეულიყო.
თითქმის არ ენახათ ორი კვირის მანძილზე ერთმანეთი. ორ სიტყვას თუ წაიბუტბუტებდნენ ერთმანეთის მიმართებაში მხოლოდ.
მისწვდა მას ნარა.
და გაქრა სისხლის შუილი ყურებში, რომელსაც შორეული მატარებლის გუგუნი შერეოდა.
‘სორენ…’ დაიწყო მან.
‘არ მოხვიდე.’ გააწყვეტინა სორენმა.
მერე კი ნელ-ნელა გადმოძვრა მოტოციკლეტიდან. მარჯვნივ, გულმკერდზე მოეჭდო ხელი.
‘რა მოგივიდა?’
‘რა უნდა მომსვლოდა?’
‘აქციაზე იყავი?’
სორენი დუმდა. ისეთი დაძაბულობა იგრძნო მათ შორის ნარამ, რომ უსიამოვნო ფეთქვა იგრძნო შუბლში. თითქოს აწვებოდა სორენი, მის გაგდებას ცდილობდა.
ამაოდ.
‘გითხარი, მოგკლავენ იქ.’ თქვა ნარამ.
‘მე კიდევ გითხარი, რომ ვიცი რას ვაკეთებ.’
‘რაღაც არ გეტყობა.’
სორენი დუმდა.
‘შენ არ უნდა მეუბნებოდე მაგას, ნარა.’ თქვა ბოლოს.
ნარა მოიღუშა. ქარის სუსხიანი ტალღა სწვავდა თვალებს.
‘ეგ რას ნიშნავს?’
‘გგონია არ ვიცი რას აკეთებ?’ ჰკითხა სორენმა და უხერხულად შეიშმუშნა ნარა.
მათი ბოლო საუბარი ამოუტივტივდა თავში. სორენის გაფრთხილება.
„გეკითხები, გინდა ცეცხლის ქალი იყო? იმიტომ რომ თუ გახდები, მერე უკვე გვიანი იქნება.“
ორი კვირის მანძილზე არაფერი ეთქვა სორენს ამაზე.
მაგრამ სორენი ამას არ დაივიწყებდა. აფორიაქება ყოველ გამოხედვასა და მოძრაობაში ეტყობოდა, როცა სახლში მოდიოდა და მისი სხეული უძირო, ცარიელ, სამარისებურ სიჩუმეში ჩაძირულ უფსკრულად გაწოლილიყო საწოლში.
ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ. არ ჰქონდა დრო, რომ სორენის სიტყვებზე ეფიქრა.
ანდა რა აზრი ჰქონდა ფიქრს, როცა უკვე გამხდარიყო ცეცხლის ქალი? როცა უკვე ხედავდა ყოველ კუთხეში ჩასაფრებულ სიკვდილს?
‘ახლა მაგის დროა?’ მოუჭრა ბოლოს. ‘ის მითხარი, რა მოგივიდა?’
‘არაა ამის დრო?’ ჰკითხა სორენმა. ‘რა, რამე შეიცვალა?’
‘სორენ…’
‘აღარ მინდა ლაპარაკი.’ თქვა სორენმა.
მერე კი ქუჩისაკენ მიტრიალდა. კვლავ გვერდზე მოეჭდო ხელი, თავი ჩაექინდრა.
ტუჩები აუთრთოლდა ნარას, გულმკერდზე ერთიანად წამოახურა.
‘გცემეს ხომ?’ ჰკითხა მან.
‘ყველას სცემენ იქ.’
‘რამდენი ხანია აქ ხარ?’
‘არ ვიცი. ნუ მისვამ ამდენ კითხვებს.’
გულმკერდში რაღაცამ მოუჭირა ნარას. ტუჩები დაიკვნიტა.
იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
მისკენ გაიწია ნარამ.
‘არ მოხვიდე.’ გაუმეორა სორენმა, მისკენ მოტრიალდა. გასწორდა, შეჰყურებდა და ვერ ხედავდა ჩამოწოლილ სიბნელეში მის გამომეტყველებას ნარა.
არც სჭირდებოდა. რადგან უკვე ხედავდა ტკივილს მის მოხრილ ბეჭებსა და დაძაბულ კიდურებში.
არ იყო ტკივილი სორენისთვის უცხო, მთელი მისი სხეული, გადატანილი ტანჯვისაგან დასერილი და დაღარული, ამის მტკიცებულება გახლდათ, მაგრამ ნაცნობ სატანჯველსაც შეეძლო მოედრიკა ადამიანი.
სორენს ყური არ უგდო, უფრო მიუახლოვდა.
უკან დაიხია სორენმა, ისე ანაზდად რომ კინაღამ მოტოციკლეტს წამოედო.
‘რას აკეთებ?’ უთხრა ნარამ. ‘არ გინდა ცოტა გაგიაროს?’
‘არა. შენ ვერაფერს იზამ.’
‘რატომ?’
‘არა-მეთქი.’
‘გგონია ვერ ვხედავ რა გჭირს?’
‘ვიცი რომ ხედავ. არ მოხვიდე.’
‘არ გინდა დაგეხმარო?’
‘არ მჭირდება შენი დახმარება.’
‘აბა რა ვქნა, ასე ვიდგე და გიყურო?’
სორენმა არ უპასუხა.
მუშტები მაგრად შეკრა ნარამ, ხელისგულებზე ახალი ხორცი სტკიოდა.
‘რატომ?’ წამოროშა მან.
ორი ნაბიჯი გადადგა უკან სორენმა, თავს აქნევდა, პირი იბრუნა.
მიდიოდა. სულ მიდიოდა.
და არ უნდოდა ნარას, რომ სადმე წასულიყო.
რატომ არ უნდოდა? რატომ არ ჰყოფნიდა?
რატომ არ იყო საკმარისი მისთვის სორენის ბინაში ცხოვრება? რატომ არ იყო საკმარისი ის, რომ იმ გამოქვაბულიდან ამოათრია სორენმა? მის გვერდით იყო, მზე აჩვენა, სითბო, იგაზან-ლას საიდუმლოებები და მარტო არ დატოვა.
ჰოდა რატომ არ ჰყოფნიდა? მაშინაც კი, როცა ლოგინში ერთმანეთის გვერდით იწვნენ, რატომ გრძნობდა მათ შორის განუზომელ, თვალუწვდენელ ოკეანეს?
და რატომ ენატრებოდა სორენის შეხება?
ცივი ქარი ნიღბის ქვეშ შეუძვრა. დამსკდარი ტუჩები ეწვოდა.
ჯიქურ გაიწია სორენისაკენ. კაცის გაჩეჩილი თავის მიღმა თბილი ნარინჯისფერი ლაქა იყო ფანჯრის შუქი. და როგორც გაკლაკნილი ელვა პირქუშ ცას, ერთმანეთს შეხვდა მათი მზერა.
ტკივილითა და თავზარით აღვსებოდა თვალები სორენს. ყვრიმალზე გადასული, ელვასავით დაკლაკნილი ნაიარევი მქრქალ ცისფრად უპრიალებდა, ნეონის სანათი ჰქონდა თითქოს კანქვეშ.
უკან დაიხია კაცმა. სახეზე მქრქალ ნარინჯისფერს ცისფერი შეენაცვლა, მკვდარს დაემსგავსა.
ნეტავ იმ ფანჯარაში მდგომ მაწანწალასაც ასეთი გამომეტყველება ჰქონდა, როცა შენობა ემხობოდა თავზე?
‘არ მოხვიდე!’ თქვა მან, ისე ხმამაღლა რომ თავი ასტკივდა ნარას. გატრიალდა სორენი, ფეხისთრევით გაემართა ქუჩისაკენ.
მისკენ გაიქცა ნარა.
‘არ მოხვიდე!’ საფეთქლებში აუტანელი სიმძიმით დააწვნენ სიტყვები. ‘არ მოხვიდე!’
ხელი გაიწვდინა ნარამ და მხარზე შეეხო.
და თითქოს დენი დაარტყესო.
აღარ იყო სორენის ტკივილი შორეულისა და ძალიან ახლოს ნარევი. მხოლოდ და მხოლოდ ერთი უზარმაზარი, მწველი მასა იგრძნო, როგორც მობრიალე კოცონი, როგორც ასაფეთქებლის გრუხუნი, როგორც ცაში გაკლაკნილი ელვის ძალა, რომელიც მყისიერად გავრცელდა მთელ სხეულში, გამოავსო, ყელში გაეხირა. უიმედობა იგრძნო ნარამ, მრისხანება და ზიზღი, რომელსაც სირცხვილის მქრქალი ბურუსი შერეოდა, ყოველი ნერვი გაირბინა, სისხლძარღვები გამოუვსო და ძვლებში გაუჯდა.
არ ესმოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ხრიალი აღმოხდა ყელიდან. უკან გახტა დამდუღრულივით, ხელი მკერდზე მიიხუტა, განცვიფრებულმა.
და გაწყდა ანაზდად კავშირი, ისე მოულოდნელად, რომ მისი გაწყვეტა თავში იგრძნო, თითქოს საფეთქელში შემოარტყეს.
და მასთან ერთად გაქრა ტკივილიც. თითქოს თან წაიყოლა ყოველი აზრი და გრძნობა, მათ ადგილას აღარაფერი დარჩა, გამტკნარებული სხეულის გარდა.
კვლავ გუგუნებდა მატარებელი, ვიღაც გაჰყვიროდა შორს და რატომღაც ძალიან, გაუსაძლისად ცივი იყო ქარი.
-არ მოხვიდე მეთქი! – მკერდიდან ამოსკდა ბღავილი სორენს.
და ისეთი გაბზარული და უხეში ჰქონდა ხმა, რომ ელდა ეცა ნარას, ადგილს მიელურსმა.
სასოწარკვეთა რეკდა სორენის სიტყვებში, ისეთი მყისიერი და მძლავრი, რომ აშკარად მყიფე, გაწყვეტამდე მისული თავშეკავების ძაფის მიღმა გამოეხეთქა.
გამოეხეთქა, როგორც დაუდგრომელ ზღვას ნაპრალში, რომელსაც უკვე კარგა ხნის მანძილზე ხრავდა.
-რატომ არ გესმის რასაც გეუბნები?! არ მინდა. არ მჭირდება. – კბილებში გამოსცრა სორენმა, ჩუმად, იქნებ თავისთვის, მაგრამ სიტყვებში გაჩენილი ბზარი ხელუხლებლად მოიტანა ქარმა ნარამდე. გული მძლავრად უცემდა, ყოველი ამოსუნთქვა სტკიოდა.
-რას ნიშნავს არ გჭირდება? – წამოილუღლუღა ძლივს, აღარც საკუთარი მთრთოლვარე ხმა ეცნობოდა. – მე… მე…
-ამ ქვეყანაზე ყველაფერს ვერ გამოასწორებ. – მოუჭრა სორენმა. – მე მითუმეტეს.
-გგონია ეგ მინდა? – ხმას აუწია ნარამ.
-აბა რა გინდა?! – იყვირა სორენმა.
კანკალით შეისუნთქა ნარამ. პირი გააღო და დახურა. ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით შეასხა ხორცი სიტყვებს, მათ ვერასოდეს ანდობდა იგაზან-ლას დაუნდობელ, სუსხიან ჰაერს.
„შენთან მინდა ყოფნა.“
ეცადა სორენის გონებას მისწვდომოდა.
ამაოდ.
არ იცოდა რატომ. იქნებ სორენმა უარყო. ანდა თვითონ არ ეცადა სათანადოდ, რადგან აღარ სურდა სორენის გონებას შეხებოდა, იმ შავბნელი გრძნობების ზვირთი ეგრძნო.
-არ მითხრა. არ მაინტერესებს. – ამოიხრიალა სორენმა. – არ მჭირდება, გაიგე?
არ სჭირდებოდა.
იმას გულისხმობდა, რომ ნარა არ სჭირდებოდა.
როგორ ვერ მიხვდა?
სორენის სიმშვიდე მხოლოდ მისი გამომეტყველებითა და სიტყვებით განისაზღვრებოდა. აქამდე სორენზე ფიქრისას მისი მზის შუქით ანთებული თვალები ახსენდებოდა ნარას, როცა გალავანზე იდგნენ, მზის უნაყოფო სინათლე და მლაშე ჰაერი შემოჰხვეოდათ გარშემო და აღარაფერი იდგა მათსა და თავისუფლებას გარდა. ისეთივე ეგონა ნარას სორენი, როგორც მზის მუდმივობა გახლდათ.
მაგრამ შეცდა.
-გავიგე. არ მოვალ. – ძლივს ამოთქვა ნარამ.
სორენი ის ელვა იყო, რომელიც სრულიად მოულოდნელად ხეთქავდა ცას, ქუხილი, რომელიც მთელ იგაზან-ლას აზანზარებდა. ზღვა იყო, რომლის ტალღების დაუდგრომელი გრგვინვა და მათ სიღრმეებში ადუღებული ზვირთი მისი ცრუ, გაჭირვებით შეკოწიწებული სიმშვიდის ფასადის მიღმა იმალებოდა. იქნებ იგაზან-ლას მსგავსად არ აძლევდა ეს ცრუ, მაგრამ მაინც ძალიან რეალური გალავანი საშუალებას ზღვას, ყველაფერი წაელეკა?
აღარ განძრეულა ნარა.
„წავიდეთ სადმე, შორს.“
ქარი ზუზუნებდა, დაუდგრომლად. მეზობელ ქუჩაში ვიღაც გაჰყვიროდა.
სორენი შეჰყურებდა, თვალის დაუხამხამებლად. მხრები სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა. ქოშინებდა, გამოსუნთქვა აშკარად უჭირდა.
მერე კი მიტრიალდა და ქუჩისაკენ გაეშურა.
ცოტა ხანი უსიტყვოდ შეჰყურებდა ნარა. მის შავებში შემოსილ ფიგურას, შეღიჯნილ თმასა და განიერ, მაგრამ მოდრეკილ მხრებს, რომელთა მიღმა გამანადგურებელი ტკივილი იმალებოდა.
სულ ცოტაც და ხალხის ტალღაში ჩაიკარგებოდა.
ფეთქავდა ახალი ხორცი ხელისგულებზე და ისე ეწვოდა ფილტვები, როგორც იმ გამოქვაბულში, მლაშე წყლის შესუნთქვისას.
უნდა წასულიყო. მარტო უნდა წასულიყო სადმე. უნდა მოეტოვებინა ეს გაუგებრობა, ფილტვებში ტკივილად რომ გასჯდომოდა უკან.
მიტრიალდა და სორენს აედევნა.
მიჰყვებოდა და არც იცოდა, მიხვდა თუ არა სორენი, რომ უკან მისდევდნენ. არ უნდოდა მისი იქ ყოფნა.
მაგრამ მაინც სწრაფი ნაბიჯით მიიკვლევდა ტროტუარზე გზას, მუჯლუგუნებით იშორებდა გზიდან გამვლელებს და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა სორენის თავს.
გაილივნენ ქუჩები, შორს, ქალაქის მეორე მხარეს შავი, ცეცხლნარევი კვამლის სვეტი წამოიმართა. ჰელმარი იქ ლიანდაგის კიდევ ერთი ჩიხის ჩამონგრევას აპირებდა და აშკარად შეასრულა კიდეც. ალაგ-ალაგ ნეონის სანათები მქრქალად ბჟუტავდნენ, ერთ ქუჩას კი მხოლოდ ალიონით გაფითრებული ცა ჰფენდა მქრქალ, ნაცრისფერ შუქს. ახალი ამბების გამომცხადებელთა ხმა, რომელიც ნელ-ნელა ყურისწამღებ სიმძლავრეზე აეწიათ, თითქმის ილეოდა მათ თავზე მორიხინე მატარებლის გუგუნსა და ხალხის ღრიანცელში, რომელსაც შაშხანების ტკაცუნის მქრქალი ექო ერთვოდა.
სორენს ეტყობოდა, რომ ნელ-ნელა ძალა ელეოდა. ძლივს მიათრევდა ფეხებს, ფერდზე ხელი აღარ მოეჭდო, მუშტებად შეჰკვროდა.
გალავანს რომ მიუახლოვდნენ, მაშინღა იცნო გზა.
გმინავდნენ ნარას ფეხქვეშ დაზნექილი, მერითის ბინამდე მიმავალი კიბის საფეხურები. ქოშინებდა სორენი და მისი სუნთქვის ნაცრისფერი ქულები უერთდებოდნენ დანისლულ ჰაერს. კიბეზე რამდენიმე მაღაროელი ჩარბოდა, ალმაცერად გახედეს სორენს.
გალავნის მიღმა მზე ნათელ, უსუსურ ლაქად აჩნდა რუხ ღრუბლების საფარს. ქროდა ქარი და ქალაქის მეორე მხრიდან ჰაერში აღმართული კვამლის სვეტი გადაფარავდა მალე აღმოსავლეთს.
მერითის კარზე ოთხჯერ დაკაკუნება ქუჩიდან მომავალ ალიაქოთში ჩაიკარგა. კედელს ცალი ხელით მიეყრდნო სორენი, თითები გაუსრიალდა და ალისფერი ანაბეჭდი დარჩა შიშველ რკინაზე, მჭახე და თითქმის შემზარავი რუხ მეტალსა და ნაცრისფერ ბურუსში.
გავიდოდა დრო და ალისფრისაგან მხოლოდ მშრალი, მკვდარი ჟანგისფერი დარჩებოდა მხოლოდ.
მოშორებით დარჩა ნარა, ბოძის უკან დაიმალა. ცივი ოფლი მოსწოლოდა ზედა ტუჩზე.
სორენი ქშინავდა.
-წადი. – ამოიხრიალა მან ანაზდად და ადგილს მიეყინა ნარა.
კარი ღრჭიალით გაიღო.
და რამდენიმე წამში მოაჯახუნეს.
შეთრთოლდნენ ბოძები, მათი კანკალი ძვლებში იგრძნო ნარამ და ისეთივე უსიამოვნო გახლდათ, როგორც მასში აღმოცენებული ორჭოფობა.
რასაც წამსვე დაუძლეველი სიმწარე მოერია, რომელმაც ერთიანად მოუჭყლიტა ფილტვები.
იდგა გაუნძრევლად.
უნდა წასულიყო.
აღელვებული ზღვა წარმოიდგინა ნარამ, გალავანს რომ წალეკვას უქადდა, დაჭმულ ჟანგად აქცევდა რკინას.
„წავიდეთ სადმე, შორს.“
მონაბერმა ქარმა თვალები აუწვა. ჩრდილმა გადაუარა სახეზე და აიხედა, შეჰყურებდა თუ როგორ გაეწვდინა მკლავი შორს ადენილ მხრჩოლავ კვამლს, მზის ნათელ ლაქას ეფარებოდა, ცათამბჯენებს ბურავდა რუხ მოსასხამში.
ფიქრობდა, მაგრამ თვითონაც ვერ გაერკვია, რაზე, იმდენად აღრეულიყვნენ ერთმანეთში ფიქრები. რეჯინალდის ჩამომდნარ სახეს, ჩამოლეწილ ფანჯრების მიღმა აღმართულ ფიგურას ხედავდა, ჰაერში სადენების ტკარცალი, ნანგრევების გრგვინვა, სორენის შავბნელი გონება, რომელიც არ უნდა ეგრძნო და გაბზარული ხმა, რომელიც აღარ იყო მისი, რომელიც აღარ არსებობდა მხოლოდ მის გონებაში, არამედ იგაზან-ლას კუთვნილება გამხდარიყო.
თვალები დახუჭა. მძიმედ აწვა კვამლის ჩრდილი მხრებზე.
სანამ რამეს მოიფიქრებდა, კარის ღრჭიალმა გამოაფხიზლა ფიქრებიდან.
-მოდი. – გაისმა მერითის ხმა.
ბოძის გვერდზე გაიჭყიტა ნარამ. მერითი იდგა ზღურბლზე და როგორც ყოველთვის, არაფრისმთქმელი გამომეტყველება ეკერა სახეზე.
-შემოდი. – თქვა მან, და როცა ნარა არ გაინძრა, მოუთმენლად დაუქნია ხელი. – შემოდი მეთქი, დროზე.
სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა შიგნით ნარამ და ხმამაღალი ხათქუნით დაიხურა კარი მის უკან. წამიერად მოსჭრა მჭახე თეთრმა სინათლემ თვალი.
სორენი სკამზე იჯდა, წელზევით გაეხადა, ტანსაცმელი იქვე ეყარა, სისხლით მოსვრილ გროვად. გაფითრებულიყო, შუბლი ოფლით დაცვაროდა, დახეთქილი ტუჩები მოეკუმა. მისი სტვენისმაგვარ, მძიმე გამოსუნთქვას გარედან მომავალი მატარებლის ყრუ გუგუნი ერთვოდა.
მარჯვენა მხარზე უშველებელი ნაიარევი და დეფორმირებული ლავიწის ძვალი აქამდეც ენახა ნარას, არც მუცელსა და გულმკერდზე მიმოფენილი სხვა ნაიარევები გაჰკვირვებია, მაგრამ მაინც ყალყზე დაუდგა თმა მისი სხეულის დანახვისას.
სასტიკად იყო ნაცემი სორენი. მკლავები, მხრები და ფერდები ერთიანად დალილავებოდა. ალბათ დაცემულს ურტყეს წიხლები, მუცელსა და მკერდზე იმდენად არ ჰქონდა კანი დაზიანებული. მარჯვენა ფერდზე კანი გამსკდარიყო, ნელა ჟონავდა მეწამული სისხლი.
მერითს არაფერი უთქვამს, მაგრამ გრძნობდა ოთახში ჩამოწოლილ დაძაბულობას ნარა. მასზე ლაპარაკობდნენ, სანამ მერითი შემოუშვებდა და არ იქნებოდა ეს სასიამოვნო საუბარი.
სორენს მისთვის ზედ არ შეუხედავს.
ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო.
ოდნავ მოტრიალდა სორენი, როცა მერითმა მოგრძო ზამბარას მსგავსი დანადგარი გამოაძვრინა საიდანღაც და გვერდით ამოუდგა, ზურგი გაუსინჯა.
სორენს წელთან ახლოს, ზურგზე მუქი ლაქა ჰქონდა.
დაენახა აქამდე ეს ლაქა ნარას, მაშინ, როცა პირველად დაინახა სორენის სხეული. მაშინ, როცა ახალი მკვდარი იყო რეჯინალდი.
მაშინ, როცა პირველად დაინახა სორენის თვალებში შიში. როცა კაცმა წამსვე დაიფარა ზურგი, თითქოს სწვავდა ნარას მზერა.
ახლა აღარ იფარავდა.
მაშინ ლურჯ შუქჩრდილში ის ლაქა ხელისგულისოდენა, კანში გაღვრილ სისხლს ჰგავდა.
ახლა კი, მერითის ბინის მჭახე, თეთრ შუქში აშკარა გახლდათ ლაქის მოყავისფრო-შავი ფერი, უსწორმასწორო საზღვრები და მყისიერი გაცნობიერება სიმართლისა, რომლისათვის არ სურდა თვალი გაესწორებინა.
რადიოაქტიური გამოსხივება.
დამპალი, წანაზარდებიანი ხორცი. სისხლის ნთხევა, ქუჩაში გაწოლილი გაციებული სხეული და უიმედობა, რომელიც თან სდევდა მუდამ.
და სორენმა იცოდა.
ამიტომაც მიდიოდა სულ.
რეტი დაესხა ნარას. კედელს მიეყუდა. ბუნდოვნად, თითქოს საიდანღაც, შორიდან შეჰყურებდა, თუ როგორ დაწვა ლოგინზე სორენი, როგორ გაუწმინდა გვერდი მერითმა და სორენის დუმილი, როცა ნეკნებსშუა წვრილი პლასტმასის მილი ჩაუდგეს. წამსვე აავსო მილი ალისფერმა სისხლმა და ნელ-ნელა მინავლდა სორენის ქოშინი.
ბურუსი მაშინღა დაეწმინდა თვალთახედვიდან ნარას, როცა მილზე მიერთებული პლასტმასის პარკი თითქმის პირამდე იყო სავსე. იდგა და საკუთარი სისხლის გუგუნი ესმოდა მხოლოდ.
სორენს თვალები დაეხუჭა. წყნარად სუნთქავდა, თითქოს ეძინა.
-აქ არ უნდა მოსულიყავი. – თქვა მერითმა, სისხლიანი ხელთათმანები ტკაცუნით გაიძრო.
-სხვაგან ვერსად მივიდოდი. – თქვა სორენმა.
-შენ საჭიროებებს მე ვერ გავწვდები.
-უკვე გაწვდი. მეტი არაფერი მჭირდება.
-მეტი არაფერი სჭირდება. ეს შიგნით ჩაგიტოვო?
-ცოტა გამოვიდეს კიდევ და მომაშორე.
მერითს არაფერი უთქვამს, უფრო მეტად აარახუნა გასისხლიანებული ინსტრუმენტები.
კედელზე ჩასრიალდა ნარა, იატაკზე ჩაჯდა.
-შენც ხომ არ უნდა მოგხედო? – ჰკითხა მერითმა. წარბები აეზიდა და შეჰყურებდა.
-არა. – ძლივს ამოილუღლუღა ნარამ. სორენის მზერა სწვავდა, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს.
მერითმა თვალი მოარიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. გარეთ, გაფითრების ნაცვლად, უფრო და უფრო პირქუში იყო ცა, კვამლი ნელ-ნელა საფარველად გადაეკვრებოდა მთელ იგაზან-ლას.
სახეზე ხელები აიფარა ნარამ. მისი ახალი ხორცის სინაზეს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შეჰპარვოდნენ იგაზან-ლას ყოველდღიურობის კოჟრები, ვერასოდეს შეეგუებოდა. თითქოს სხვის კანს ეხებოდა, რაღაც უცხოს, რაც ჟრუანტელს ჰგვრიდა.
მისი ადრინდელი ცხოვრება ისეთივე იყო, როგორც მის ხელებზე გაჩენილი კოჟრები. დროდადრო სკდებოდნენ და სისხლი სდიოდათ, მაგრამ გამძლე იყო ხორცი, უხეში და ათას გასაჭირგამოვლილი, ისეთი, როგორიც სჭირდებოდა. როგორიც გამოადგებოდა.
მერე კი რეჯინალდის სხეულზე მოკიდებულმა ცეცხლმა შემოაყვლიფა კოჟრები და მათთან ერთად შენთქა მისი ადრინდელი ცხოვრება.
და ვერ იტანდა ამას ნარა.
ისევე, როგორც სამსახურის გარეშე დარჩენასა და ჰელმარის მაქინაციებში ჩართულობას.
და ალბათ იმასაც, რასაც ახლა სორენთან მიმართებაში განიცდიდა.
უნდა სცოდნოდა, რომ ასე მოხდებოდა. ის დროებითი სიმშვიდე, რომელსაც სორენის გვერდით განიცდიდა, მხოლოდ და მხოლოდ ოკეანის გადაგლესილი ზედაპირი იყო, რომლის სიღრმეებშიც ცივი სიკვდილის გარდა არაფერი იმალებოდა.
შორს ეგონა ტალღებში ჩამალული ცივი სიკვდილი. ანდა სულაც არ ეფიქრა მასზე, რადგან გალავნისა და იგაზან-ლას ალიაქოთის მიღმა შეფარულიყო სიმართლე.
სიკვდილი მხოლოდ ამაზრზენი სანახაობა არ იყო, რომელსაც თავისდაუნებურად ესწრებოდა. არ იყო მხოლოდ ქუჩის კუთხეებში მიმალული ლპობადი გვამები და ქუჩებში მიმოფანტული ფერფლი.
სიკვდილი სამარას გვერდზე მოქცეულ ყბას, გალურჯებულ კიდურებს, რეჯინალდის მხრჩოლავ სხეულს, მოშიშხინე ქონს და იმ ფიგურას უდრიდა, ცათამბჯენის ფანჯარაში რომ იდგა.
და გრძნობდა ნარა, თავის გამომშრალ ძვლებში გრძნობდა სორენის სიკვდილის სიცივეს.
იქნებ უნდა წასულიყო. ყველაფერი უკან მოეტოვებინა, კიდევ ერთხელ. ბოლოს და ბოლოს სორენი მხოლოდ დროებითი, წარმოუდგენელი გადახვევა იყო გზიდან, ზმანება, რომელიც კოშმარად იქცა.
სორენის სხეულში ფესვგადგმულ აუტანელ ტკივილსა და საშინელი გრძნობების მორევს ვერასოდეს დაივიწყებდა.
აიხედა.
სორენი უკვე უყურებდა.
-წადი. – უთხრა მან. მოქანცულიყო, თვალები ეხუჭებოდა, თავი გადაატრიალა.
ძლივს წამოდგა ნარა. მიტრიალდა, კარში გავიდა და კვამლნარევ, დანისლულ გარიჟრაჟში ჩაიკარგა.
.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
221, 239; 15:19.
ციფერბლატი ბჟუტავდა. მქრქალ სინათლეზე ძალიან თვალშისაცემი იყო ცარიელი თაროს რკინის ბზინვა.
ასაფეთქებელი მოწყობილობების საწყობში, ჭერამდე რომ გაევსოთ სამ რიგი თაროებით, ბოლო რიგში ორი თარო ცარიელი გახლდათ.
სიმძიმისაგან დაზნექილ, შელახულ თაროებს შეჰყურებდა ნარა. მოიღუშა.
რამდენიმე დღის წინ ჰელმარის მითითებით ათი მოზრდილი ასაფეთქებელი ააგეს, ისეთი, რომ ცათამბჯენის საძირკველს ერთიანად დალეწავდა.
წინა დღეს ჯერ კიდევ ადგილზე იყო ათივე, ახლა კი გამქრალიყო.
არა, არა. შეუძლებელი იყო ეს. ყოველი ობიექტის განადგურების შესახებ ჰელმარი და ბრუნო ინფორმაციას მას აწვდიდნენ. ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ყველაფერი ნარას.
ჰელმარის მუქარის შედეგად მოწყობილობების აგების სათავეში ჩადგომა ვერასოდეს ვერ მოუტანდა პიროვნულ თვითკმაყოფილებას, მხოლოდ ცივ სინანულსა და მის სიზმრებში ფესვგადგმულ, ლურჯ ფანჯარაში მდგარ ფიგურას, რომელიც მრავლდებოდა, მრავლდებოდა, მრავლდებოდა, სანამ ყველა ფანჯარაში არ იდგა, უკლებლივ, და ხმამაღალი გრგვინვით ემხობოდა შენობა თავზე. ცეცხლის ქალად ყოფნა იმის გაცნობიერებას ნიშნავდა, რომ არ იტყუებოდნენ მისი სიზმრები, რომ ბევრი შეწირულიყო ჰელმარის მიერ ორგანიზებულ, ძვლების რაიონის სისტემატიურ განადგურებას და ბევრიც შეეწირებოდა.
ნუთუ მისი ბრალი იყო? ნუთუ შეეძლო ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა?
და იყო თუ არა საჭირო თავიდან აცილება? რადგან მართალი იყო ჰელმარი. არაფერი იცვლებოდა. არაფერი შეიცვლებოდა, მოქმედების გარეშე.
მოქმედება კი ძალმომრეობას ნიშნავდა, უნდოდა თუ არა.
„მე დიდი ხანია მკვდარი ვარ, ნარა. არასოდეს მიცხოვრია.“
იქნებ თვითონაც მკვდარი იყო ყოველთვის. იქნებ ეს არ იყო ცხოვრება.
მოგონებები მოერივნენ. მის მხრებზე შემოჭდობილი ძლიერი მკლავი, წყნარი სუნთქვა და მშვიდი ხმის დუდუნი მის თავში. ფრთხილი შეხება მის დამწვარ ხორცზე, ანთებული მზე წაბლისფერ თვალებში და ის მყიფე ნდობა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ დამსხვრეულიყო.
გამოფხიზლდა ნარა. ასეთი ფიქრები იოლად ერეოდნენ ბოლო დროს.
საწყობში იყო. გარედან ალიაქოთის ხმა ისმოდა. ასაფეთქებლები სადღაც გაქრა.
ნუთუ მოიპარეს? ვიღაცამ უბრალოდ აიღო და გაიტანა?
არა. ვერც ეს წარმოედგინა. რკინის კეტებით შეიარაღებული ორი მცველი მუდამ კართან იდგა, ყველას შიგნით არ უშვებდნენ. ნარა, ჰელმარი, ბრუნო, ჩარლი და რამდენიმე მუშა, რომელთაც მოწყობილობების შემოწმება და საჭიროებისამებრ გამოტანა ევალებოდათ, დაიშვებოდნენ მხოლოდ.
ახლაც იდგა გვერდით რიგში ორი მუშა, დანადგარებს ამოწმებდნენ და ჩუმად ჩურჩულებდნენ. რკინის კარს სულ ხურავდა ნარა, როცა აქ შემოდიოდა, მაგრამ დერეფნიდან და მის იქით სამალავის ვეებერთელა ატრიუმიდან მაინც აღწევდა საწყობში ჩოჩქოლის ხმა.
აქციიდან მოიყვანეს დაშავებულები. უკვე კარგა ხანი გახლდათ, რაც დარბაზში სამუშაო მაგიდებს შორის მოშიშვლებული რკინაბეტონის იატაკი დაჭრილებს დათმობოდათ.
თავიდან უყურებდა ხოლმე ნარა, თუ როგორ მუშაობდნენ მედიკოსები მათ გადასარჩენად. ხედავდა, თუ როგორ დასწოლოდნენ ჭრილობებს, ატკაცუნებდნენ ნაღრძობ კიდურებს, და შხრიალით მიათრევდნენ გვამებს. როცა მკვდრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რიგით შეხვედრაზე განაცხადა ჰელმარმა, ვეზუვში დერეფანი გამოვყავითო მეომართა დასასვენებლად.
და კარგად იცოდა ნარამ, რომ გვამებს უბრალოდ ყრიდნენ რომელიღაც დერეფანში, ერთ დიდ, აყროლებულ გროვად, სანამ დრო არ შემოაჭამდა მათ ხორცს. ისევე რელიქვიებად შემორჩებოდნენ ვეზუვს, როგორც ოდესღაც წიგნები.
და თუმცაღა შორს მიჰქონდათ გვამები, და საკმაოდ სწრაფად, ისე, როგორც ჰელმარს სურდა, მაინც მუდამ სიკვდილი მეფობდა დარბაზში. სისხლის, ოფლისა და შარდის მწვავე სურნელი მალევე ქრებოდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დრო, ძალიან ბევრი დრო წაიღებდა ქვის ნასვრეტებში ჩაღვრილ სისხლს.
ინგრეოდნენ ცათამბჯენები, იშლებოდა ლიანდაგი, ბინგემი ზანზარებდა მათ ფეხქვეშ, მაგრამ ბოლო არ უჩანდა სიკვდილს.
და მაინც კერავდნენ ჭრილობებს, უხვევდნენ დაგლეჯილ კიდურებს და ჯიუტად იდგნენ ბინგემზე, იქ, სადაც ჯერ კიდევ ვერ გაეხეთქა ქანდაკებათა კვარცხლბეკის შავი მარმარილო რეჯინალდის მიერ მიყენებულ ბზარს.
მოტრიალდა ნარა, კარს ჯიქურ მიაშურა.
იქვე მდგარი ორი მცველი წამსვე გაიჯგიმნენ მის დანახვისას.
მათი სახელები არ ახსოვდა ნარას.
-პირველი რიგი, ბოლო ორი თარო. – დაუსისინა მათ ნარამ. – სად წაიღეს?
ერთმანეთს ალმაცერად გადახედეს მცველებმა.
-სადმე წაიღეს? – წამოროშა პირველმა.
-ჰო, წაიღეს. – მოუჭრა ნარამ. – იქ აღარაა, ესე იგი წაიღეს. ვინ წაიღო?
კვლავ გადახედეს ერთმანეთს. ორჭოფობდნენ.
სისხლი მოაწვა შუბლში ნარას.
-თუ არაფერი იცით, აქ რისთვის დგახართ? – მოუჭრა მან.
პირველმა ფეხი მოინაცვლა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-თქვენ ათი მოწყობილების გატანაზე თუ არ გაქვთ არანაირი ინფორმაცია, ესე იგი მოიპარეს, და თუ მოიპარეს, პირველს თქვენ გაგასხმევინებთ ტვინებს ჰელმარი. – უთხრა ნარამ. – აბა?
-ჩარლის ჰკითხეთ. – წაიდუდუნა სასწრაფოდ პირველმა, რაზეც მეორემ თვალები დაუბრიალა. – რა გინდა? ცეცხლის ქალია! რატომ არ უნდა იცოდეს?
მეორეს კრინტი აღარ დაუძრავს, მაგრამ უკმაყოფილება ეწერა დაძაბულ ნაკვთებში.
მუშტები მაგრად შეკრა ნარამ. როგორ შეიძლებოდა ჰელმარს რამე მნიშვნელოვანი შედეგის იმედი ჰქონოდა ასეთ გარემოცვაში?
აღარაფერი უკითხავს. დარბაზს მიაშურა.
რკინის კარის მიღმა ყურისწამღები იყო ალიაქოთი. იატაკი, როგორც წესი, სისხლს მოესვარა, სისხლის გუბეებს ნარინჯისფერ სინათლეზე თითქოს ცეცხლი ეკიდათ. ხმამაღლა გმინავდნენ დაჭრილები, ვიღაც სასოწარკვეთილი გაჰკიოდა ტკივილისაგან. მომვლელები დარბოდნენ აქეთ იქით, სუფთა სახვევები, საჭმელი და წყალი მიმოჰქონდათ.
ჯერ ჰელმარს დაუწყო ძებნა ნარამ. მისი ნამოქმედარი იქნებოდა ეს.
ვერ მიაგნო. დარბაზის შესასვლელთან მდგომმა მცველებმა ამცნეს, რომ კარგა ხნის წინ გასულიყო თავის ამალასთან ერთად.
რადიოთი სცადა მასთან დაკონტაქტება ნარამ, ამაოდ.
სად უნდა წაეღო ასაფეთქებლები ჰელმარს? ნუთუ ახალი მიზანი ჰქონდა, თან ისეთი რომ საჭიროდ არ ჩათვალა მისი ინფორმირება?
ცივმა, საშინელმა წინათგრძნობამ დაუარა მუცელში ნარას, გააკანკალა.
მალევე შენიშნა ჩარლი. დარბაზის მარჯვენა მხარეს დაჩოქილიყო დაშავებულთან, პულსს უსინჯავდა.
წამსვე მას მიაშურა ნარამ. წებოვანი და ბლანტი იყო მის ფეხქვეშ სისხლი, თბილი მეტალი იგრძნო ენაზე.
მოშიშხინე ქონის სუნი და ძვლებიდან ჩამომდნარი სახე წარმოუდგა თვალწინ, რომელიც შავი ღამის ცისქვეშ იწვა.
ძალღონე მოიკრიბა ნარამ და კიდევ ერთ აკრუსუნებულ დაჭრილს გადააბიჯა.
ჩარლიმ წამსვე ჰკიდა თვალი, ფეხზე წამოიჭრა ელვის სისწრაფით.
მისთვის არ შეუხედავს ნარას. დაშავებულს დაჰყურებდა.
ლოყაგამოჭმული იყო. ტუჩები გალურჯებოდა. თვალები ცარიელი და არსაით მიმართული დარჩენოდა. შავ უნიფორმაში სისხლს გამოეჟონა მუცელზე.
-ესროლეს. – თქვა ჩარლიმ. – ვერაფერი ვუშველეთ.
მათგან არცერთს არ ეშველებოდა არაფერი, მაგრამ გადაყლაპა ეს სიტყვები ნარამ, ლოყაგამოჭმულს თვალი აარიდა.
-პირველი რიგი, ბოლო ორი თარო. – ჩარლის თვალი თვალში გაუყარა მან. – ცარიელია.
ჩარლის ხმა არ გაუღია. უსიტყვოდ შეჰყურებდა.
-განგაში უნდა ავტეხოთ თუ არა, მითხარი. – უთხრა ნარამ, რაზეც ჩარლიმ წამსვე გადააქნია თავი.
-არა.
-სად წაიღეს?
-ნარა…
-ნუ გამასულელებ. თორემ წამსვე განგაშს ავტეხ. რა ხდება?
ჩარლი ტუჩებს იკვნეტდა.
-სად წაიღო? – ჰკითხა ნარამ.
ჩარლიმ ახედა. ტუჩები გაფითრებოდა და წამიერად სიბრალული მოერია ნარას.
-ცეცხლის ქალი ხარ და ამას იმიტომ გეუბნები. – დაიჩურჩულა ჩარლიმ. – ჰელმარმა გაგვაფრთხილა, რომ არ გვეთქვა…
-რა? რა არ გეთქვათ? – ჩაეძია ნარა.
-„ხრამში“ წაიღო. – თქვა ჩარლიმ. – იქ სჭირდება.
სუნთქვა ყელში გაუკავდა ნარას. წამიერად ხმა ვერ გაიღო, საკუთარი გულისცემა ესმოდა მხოლოდ.
უნდოდა ეკითხა, რატომო, მაგრამ ანაზდად მიხვდა, რატომაც.
საკვები სჭირდებოდათ. რაციონები ნელ-ნელა მცირდებოდნენ. „ხრამს“ კი ძვლების რაიონის ყველაზე დიდი დისპენსერი ჰქონდა.
დისპენსერი კი ტყვიის საწყობში იყო შენახული. აფეთქება ნანგრევებად აქცევდა „ხრამს“, მაგრამ საკვები უვნებლად გადარჩებოდა.
ეს იყო ჰელმარის გეგმა.
-საჭმელი გვჭირდება. – ჩარლი მუდარით შეჰყურებდა. – იმდენი დაშავებული გვყავს… ბევრი სამსახურიდან დაითხოვეს. ერთი კვირის მარაგიღა დაგვრჩა. შიმშილით მოვკვდებით მალე.
-იცი ხრამში რამდენი ადამიანი დადის? – დაუსისინა ნარამ. – ყველა მოკვდება შიგნით.
-მესმის. – თქვა ჩარლიმ. – ჩვენც მოვკვდებით, საჭმელი თუ არ გვექნა.
ყბები ისე დააჭირა ერთმანეთს ნარამ, რომ კბილებმა ღრჭიალი გაიღეს.
-როდის?
-მალე. საათნახევარი დარჩა.
ქშენა ამოუშვა ნარამ, ციფერბლატზე დაიხედა.
225, 239; 13:45.
-და შენ რატომ გითხრეს? – ძლივს ამოთქვა ბოლოს.
-იმიტომ რომ დაჭრილები იქნებიან. მალე. უნდა რომ ჩვენ მოვუაროთ.
-დაჭრილები? – ხმას აუწია ნარამ. – რა, გგონია იქ გადარჩება ვინმე?
ორმა გამვლელმა, წყლით სავსე ჭიქები რომ მიჰქონდათ, იჭვნეულად გადმოხედეს.
ჩარლის არაფერი უთქვამს. მზერა აარიდა, ლოყაგამოჭმულის გვამს დააცქერდა.
გმინვა აღმოხდა ნარას, გატრიალდა, მაგრამ სანამ ნაბიჯის გადადგმას მოახერხებდა, ჩარლიმ მკლავში სტაცა ხელი.
-სად მიდიხარ? – დაუჩურჩულა ჩარლიმ, გამალებით აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს.
-არსად. – მოუჭრა ნარამ, ერთი მძლავრი მოძრაობით გამოჰგლიჯა მკლავი.
-„ხრამში“ თუ წახვალ, შენც მოგკლავენ. საჭმელი გვჭირდება და სხვა არჩევანი არ აქვს ჰელმარს, გაიგე?
-რა თქმა უნდა. – ჩაილაპარაკა ნარამ. – რა არის კიდევ ერთი სიკვდილი მომაკვდავ ქვეყანაში?
ჩარლი მოიღუშა, უნდობლად შეაცქერდა.
-არ წახვიდე. – გაუმეორა მან. – ხელს ნუ შეუშლი…
ნარას არ უპასუხა. გასასვლელისაკენ გააბიჯა.
და უკან არ ადევნებია ჩარლი.
დარბაზი სწრაფად გადაჭრა ნარამ. გაციებულ, ბლანტ სისხლს დახეთქილი ქვის ნაპრალები ამოევსო მის ფეხქვეშ. გმინავდნენ დაჭრილები, ის ერთი, აქამდე რომ გულისგამაწვრილებლად გაჰყვიროდა, დადუმებულიყო, ალბათ სამუდამოდ.
გასასვლელში მცველები გაიჯგიმნენ მის წინაშე, სად მიდიხარ, ცეცხლის ქალოო, დაეკითხნენ.
ვეზუვის ბიბლიოთეკაში რაღაც მასალების მოძიება მოიმიზეზა ნარამ.
გარეთ გააბიჯა და როგორც კი ათიოდე მეტრისა და რკინის კარის მიღმა მოიტოვა სამალავი, წამსვე მიეყრდნო ცივ, ქვის კედელს, აქეთ-იქით მოქანავე ნათურის მბჟუტავი შუქის ქვეშ.
ძალიან კარგად იცოდა თვითონ, რომ ეს გარდაუვალი გახლდათ. ჰელმარმა განუცხადათ, საჭმელს მოევლებაო. ესე იგი ამას აპირებდა.
და ჩარლი მართალი იყო, რესურსები ეწურებოდათ, ჰელმარი იძულებული იყო რამე გაეკეთებინა, სანამ შიმშილი გამოუთხრიდა მათ საქმიანობას ძირს.
„როცა გშია, გწყურია, გტკივა და იყინები, რა ჯანდაბად გინდა თავისუფლება?“
ბრუნო აუბამდა მხარს. სწორედ მას სურდა ძვლების რაიონის შუაგულისაკენ დაძრულიყვნენ და უფრო აგრესიულად წარემართათ მოვლენები. ბრუნოსათვის რომ მოესმინათ, უკვე მიწასთან იქნებოდა გასწორებული მთელი რაიონი.
ალბათ ყურად იღო ბრუნოს შემოთავაზებები ჰელმარმა. შენობების, ლიანდაგების, ელექტროგადამცემი ხაზების განადგურებასა და დროდადრო ახალი ამბების ჩაჭრას საჭირო შედეგი არ გამოეღო.
საჭმელი სჭირდებოდათ. საჭმელი იყო საჭირო.
და თუმცა რუდუნებით, გრამობით ანაწილებდნენ მუშები ყოველდღე რაციონებს, მალულად სამალავის თავში მყოფებს, რომელთა რიგებში ნარაც შედიოდა, უფრო მეტს აძლევდნენ.
და იოლი იყო სხვების შიმშილის დავიწყება გამაძღარზე, ჩაცვენილი ლოყების, გაწვრილებული მაჯებისა და გადაღლილობის აღსავსე მზერისათვის თვალის არიდება.
შემოახურა ნარას, სისხლი თვალებში მოაწვა.
იდგა, გაქვავებული და დასცქეროდა მაღაროს გვირაბის უსწორმასწორო, ქვისა და მიწისაგან გამოჭრილ იატაკს.
ვერ მოასწრებდა.
რა უნდა გაეკეთებინა იქ? ჰელმარს წინ ვერ აღუდგებოდა.
რომც მოესწრო, ყველა ასაფეთქებელს ვერ იპოვიდა. და ვერ განაიარაღებდა.
რომ დაეჭირათ, წამსვე ულსტერის საპყრობილეში ამოჰყოფდა თავს.
და რომ არ დაეჭირათ, რის გაკეთებას აპირებდა? ნუთუ „ხრამში“ თავმოყრილი მაწანწალების, იგაზან-ლას ყველაზე მდაბალი საზოგადოების გადარჩენა სურდა?
სიმწარე მოაწვა შუბლში ნარას. იმსახურებდნენ კი? რა გაეკეთებინათ მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე, იგაზან-ლასადმი ბრმა ერთგულებისა და ნოქსის გაკეთების გარდა?
და რომც ნდომოდა მათი გადარჩენა, როგორ? ყველას ძალით ვერ გამოათრევდა იქედან.
გამტკნარებული იდგა ნარა, ქვაზე მილურსმულიყო.
არა. აქ უნდა დარჩენილიყო. არაფერი გამოუვიდოდა.
არ იყო ეს ყველაფერი მისი ბრალი. საკუთარი სურვილით არ გახვეულიყო ამ ქაოსში.
მის გარეშედაც მოახერხებდა ამ ყველაფერს ჰელმარი, მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ.
არ წავიდოდა.
მის ქვემოთ, ქვებზე ალაგ-ალაგ ნაცრისფერი ჩრდილი იწვა, უფსკრულში გამავალი ღიობივით. ფეხები უთრთოდა და მოეჩვენა, რომ ოკეანე გრიალებდა ქვის ფარატინა საფარველის ქვეშ, უმალ გამოხეთქავდა და ჩაითრევდა ცივ, მომგუდავ სიბნელეში.
სული მოეხუთა. მასზე დაწოლილი, კუნაპეტივით ოკეანის ტალღები გალურჯდნენ, გადაგლესილ მინებს დაემსგავსნენ, რომელზეც ნაირ-ნაირი ფიგურები მოეხატა ჭირხლს. მერე კი იფეთქა რაღაცამ, ყინულივით ნამტვრევებად დაიმსხვრა მინა და სისხლის წვიმა დაედინა სილურჯეს, სამარას გალურჯებულ ფეხებს შორის მოთხვრილ სისხლად იქცა.
ძლივს, ხროტინით ამოისუნთქა ნარამ. შუბლზე ცივი ოფლი მოსწოლოდა.
ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი.
მეორე.
მესამე.
ნაბიჯს აუჩქარა, აუჩქარა, სანამ მისი ქშენის ექოს არ ამოსძახებდნენ ოღროჩოღრო კედლები და სანამ ჭერზე გამოკიდებული ნათურების სინათლე ერთ უწყვეტ ნათელ ზოლად არ იქცა.
გარბოდა და მისი ჩექმების ქვეშ კენჭების ხრშიალი ფლეთდა გვირაბებში ჩამოწოლილ გამაყრუებელ სიჩუმეს.
კლუბის იისფერი, ცხელ ჰაერში გაბნეული სინთეტიკური ალკოჰოლის სუნი, რომელიც მძიმე მასად მოჰხვეოდა სხეულზე, კარში გასვლისას უმალ შემოაგლიჯა ნაშუადღევის სიცივემ. ყინავდა, მშვიდად მოფარფატებდნენ ნაცრისფერი ფანტელები და მტვრის საფარველი ედო ცის კამარას.
გამაყრუებელი გნიასი იდგა ქუჩებში. ტროტუარებზე უმისამართოდ მიმორბოდნენ, კლუბის ფანჯრებს ლეწავდნენ, აქა-იქ საჭმლის გახეულ პაკეტებზე ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს, ნაგვის ბუნკერები გადმოეპირქვავებინათ და მოქნეული რკინის კეტები ბზინავდნენ ქუჩის კუთხეებში.
გაურბოდნენ ულსტერს, ქუჩაში მორიხინე მანქანებსა და მოტოციკლეტებს და აქამდე გამეფებული ალიაქოთის ჩამნაცვლებელ ქაოსს.
შორს, მაღლა, კანტიკუნტად ციალებდნენ ახალი ამბების გამომცხადებელთა სახეები.
„მოღალატეები! მოღალატეები! მოღალატეები!“
მატარებელმა გრგვინვით გაიქროლა, ცათამბჯენთა ჩალეწილი ფანჯრები აზანზარდნენ.
რუხი ცის სარკედ ქცეულიყო გადაყინული მიწა და „ხრამიდან“ გამომავალი მქრქალი ცისფერი სინათლეღა ებრძოდა ქუჩაში ჩამოწოლილ სიბნელეს. პროჟექტორები ჩაექროთ.
„ხრამის“ შესასვლელში იმაზე უარესი ჩოჩქოლი იყო, როგორც ნარას ახსოვდა. მუჯლუგუნებით გაიკვლია გზა მცველებამდე და როცა დაარეგისტრირეს, მათი ალმაცერი მზერის ქვეშ შეაბიჯა დარბაზში.
ზურგზე უსიამოვნოდ ჩხვლეტდა გაციებული ოფლი. გული ისე მძლავრად უცემდა, რომ თითისწვერებში გრძნობდა პულსს.
საშინლად ციოდა. აქაც გამოერთოთ ელექტროენერგია და დროებითი გენერატორები ვერ გასწვდებოდნენ გამათბობლებს.
ახლა იფეთქებდა, ახლა, ახლა, ახლა…
კანკალით ამოისუნთქა ნარამ და მაგრად მოიხვია სხეულზე მკლავები, მოიკუნტა, გაფაციცებით მიმოიხედა.
პატარა მუშებს საჭმელი მიმოჰქონდათ აქეთ-იქით, კედლებთან გაწოლილიყვნენ მაწანწალები, დაფხრეწილი საბნები და ტანსაცმელი მიმოეყარათ აქეთ-იქით, ყველაფერს შარდის, სინთეტიკური ალკოჰოლისა და გაუსაძლისი უიმედობის მწვავე სურნელი ასდიოდა. სული შეუგუბდა ნარას.
ახლა რაღა უნდა ექნა?
ენაზე მოაწვა სიტყვები, მისი გულმკერდიდან გადმოსკდომას ლამობდნენ.
„გაიქეცით! მოგკლავენ! სულ მალე აქაურობას მიწასთან გაასწორებენ!“
მცველებმა ყვირილი ატეხეს, სააბაზანოს კარზე აბრახუნებდნენ და სიტყვები ყელში გაეხირა ნარას, როცა მათ მბზინავ რკინის ჯოხებს გაუსწორა თვალი.
ცხელი ოფლი მოაწვა შუბლზე, პირი გამოუშრა.
არა. ვერ იტყოდა. ულსტერი არ ასცდებოდა.
ახლა კი დიდხანს ფიქრის დრო არ იყო.
ელვის სისწრაფით გაალაჯა დერეფანში, სადაც მოსასვენებელი ოთახები ეგულებოდა, ზურგსუკან კარის ჯახუნმა ჩაყლაპა დარბაზის ალიაქოთი. ბზინავდნენ დაჭედილი რკინის კედლები, სუსტად ბჟუტავდა თეთრი სინათლე და უფრო სქელი იყო ალკოჰოლის სუნი, ცხვირი აეწვა ნარას. კედლებთან ახორიალებულიყვნენ მაწანწალები, ეძინათ.
მათი დალეწილი, ნანგრევებში გაჭყლეტილი სხეულები წარმოუდგა თვალწინ ნარას, მერე კი კვლავ სამარას გალურჯებული კიდურები, გვერდზე მოქცეული ყბა და ცარიელი თვალები. მიჰქროდნენ ფიქრები გამალებით, გაჰკიოდნენ, და ისეთივე გამაყრუებელი იყო მისი გონება, როგორც ცათამბჯენის ნგრევა.
პირველივე კარს მიუახლოვდა და გამოგლიჯა.
შიგნით, ვეებერთელა დაფლეთილ მატრასზე ძლივს გაარჩია ათიოდე ადამიანი ნარამ. ჭირხლისაგან დანისლული ფანჯრიდან შემოღვრილი ცისფერი სინათლე ოთახის კუთხეებსა და სხეულთა ქვეშ ჩაბუდრებულ ჩრდილს ებრძოდა, სახეზე მოეფინა ნარას და მყისიერად გაუნათა არეული ფიქრები.
და უცებ მიხვდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა.
ოდნავი ჭრაჭუნი გაიღო მატრასმა მის ფეხქვეშ. ჯიბეში ჩაიყო ხელი ნარამ და გაოფლილი თითები ოდნავ გაუსხლტა ბატარეის გლუვ ზედაპირზე, გაჭირვებით ამოაძვრინა.
ბატარეას სპილენძის მავთული მოაყოლა და ფანჯრის ქვეშ ჩაიჩოქა, იქ, სადაც მძინარეთა შორის ცოტა ადგილი შემორჩენილიყო.
ბატარეის ორივე მხარეს მიუერთა სპილენძის მავთული და მავთულის ბოლოებს შორის გაჩენილმა რამდენიმე ნაპერწკალმა გახლიჩა წამიერად ცივი ცისფერი სინათლე.
მერე კი გაიგონა.
კარმა გაიღრჭიალა ანაზდად და თითქოს გაიყინა ყველაფერი.
გაქვავდა ნარა. ოფლის წვეთი საფეთქელზე ჩამოუგორდა. კანკალს აეტანა ხელები, ბატარეა კინაღამ გაუცურდა თითებიდან. მის გარშემო გასქელდა თითქოს ჰაერი, სული მოუხუთა.
მოიხედა.
აილა იდგა კარში. პატარა ხელში ცარიელი ჭიქა ჩაებღუჯა და წარბშეკრული შეჰყურებდა.
ლოყები ჩაცვენოდა, მოღრეცილი ქუდის ქვეშიდან თვალები უნდობლად, დაჟინებით შესცქეროდნენ.
შიგნეული გაუცივდა ნარას.
-რას აკეთებ? – თქვა აილამ. მისი მზერა წამსვე ნარას ხელებზე გადავიდა. – რას აკეთებ?! – გაიმეორა მან, ხმა უფრო გამყინავი გაუხდა.
-გაჩუმდი. – დაუსისინა ნარამ. – წადი აქედან.
-რატომ?
-გეუბნები, წადი. არაფერს ვაკეთებ.
-ნუ მატყუებ! – წამოიყვირა აილამ.
ძლივს გადაიტანა ნერწყვი გამომშრალ ყელში ნარამ. ცივი წინათგრძნობის კანკალმა დაუარა ხერხემალში.
-წადი. – კბილებში გამოსცრა ბოლოს. – თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, წადი.
-რატომ? რას აპირებ?
-დახმარებას. – უთხრა ნარამ. – მალე ყველა მოკვდება აქ, თუ რამე არ ვიღონე, გესმის?
აილა გაფაციცებით შეჰყურებდა. ოდნავ დაიხია უკან.
-მცველი! – აყვირდა ანაზდად, გასასვლელისაკენ გაიწია.
და მყისიერად მიხვდა ნარა, რომ ასე თავიდან ვერ მოიშორებდა.
თითქოს დადუმდა და ბურუსში ჩაიკარგა გარშემო ყველაფერი, მხოლოდ აილას გაფართოებულ თვალებს, გაწვრილებულ ყელსა და სწრაფად მოძრავ პირს ხედავდა.
წამოიჭრა ელვის სისწრაფით, ბატარეა ხელიდან გაუვარდა. რამდენიმე დიდი ნაბიჯით მიუახლოვდა აილას და სანამ ის დერეფნის კარს მიაღწევდა, მხარში ხელი სტაცა.
აილას ყელიდან გამომსკდარი ყვირილი მისმა ხელმა ჩაახშო. მაგრად მოსჭიდა ყბაზე თითები ნარამ, მოუჭირა.
რას აკეთებდა?
ნუთუ მართლა იდგა ახლა „ხრამში“, რომელიც ალბათ წამი-წამზე იფეთქებდა, და ძალით დაეკავებინა „ხრამის“ მუშა, რომ ხელი არ შეშლოდა ცეცხლის დანთებაში?
აილა ხელს უშლიდა. მაგრამ ამავდროულად თავის მოვალეობას ასრულებდა. მოვალეობას, რომლის გარდა მისთვის არაფერი არსებობდა. რომლის გარეშე არაფერი იყო.
მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ჭურჭელი. იგაზან-ლას კეთილდღეობისათვის განკუთვნილი ხორცისა და ძვლების გროვა.
აილამ გაიბრძოლა, დიდი ცისფერი თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, ფრჩხილებით მაგრად ჩაებღაუჭა ხელზე.
თვალები მეზობელი ოთახისაკენ გააცეცა ნარამ.
აილამ ღმუილი ამოუშვა.
-მოკეტე. – დაუსისინა ნარამ და წამსვე რაღაცამ გასწიწკნა შიგნით. შიგნეული გადაენასკვა, როცა აილას გაავებულ მზერას ჩახედა.
რას აკეთებდა?
ხელი უნდა გაეშვა.
ძველი ნაცნობი იყო აილას მზერაში ჩამოწოლილი უსასოო მრისხანება და არასოდეს ნდომოდა ნარას მის წინაშე დგომა.
თითქოს სარკეში იყურებოდა.
გაიხედა ნარამ. მისი გაოფლილი ხელის ქვეშ შეუსაბამოდ ნაზი და ზედმეტად დაუცველი იყო აილას ხორცი.
ხელი უნდა გაეშვა.
არ უნდა გაეკეთებინა. ვერ გააკეთებდა. ვერ შეძლებდა.
გაიბრძოლა აილამ. მის ღმუილზე საბნებისა და დაფხრეწილი ტანსაცმლის გროვა შეინძრა და შრაშუნმა გაჰკვეთა ანაზდად მისი ფიქრები.
ხელი უნდა გაეშვა.
ახლა იფეთქებდა, ახლა, ახლა…
და უფრო მაგრად მოსჭიდა მხარში ხელი აილას ნარამ და გვერდით ოთახამდე გაათრია. კარი გამოგლიჯა, აილა შიგნით შეაგდო და მიაჯახუნა, მთელი ძალით მიაწვა. მერე კი, სანამ შიგნიდან აილას დაგუდული ყვირილი ისმოდა, ჯიბიდან მეორე ბატარეა ამოიღო და კარის ქვეშ შეაგდო წიხლით, სანამ არ გაჭედა მაგრად.
და ბურუსმა მოიცვა ყველაფერი გარშემო. ჩექმების ჭრაჭუნი რკინაზე, ცივი ოფლის მწვავე სურნელი, საბნების შრიალი და ბატარეის გლუვი ზედაპირის სრიალი მის აკანკალებულ თითებში.
წამიერი ნაპერწკალი. მომცრო ალი, რომელმაც წამსვე მატრასში გაიდგა ფესვი. მეტალის გემო მის გამომშრალ პირში და დაგუდული ბრახუნის ხმა გვერდითი ოთახიდან.
ქანდაკების კვარცხლბეკს ჩაქუჩს ურტყამდნენ.
ცივი, დაუძლეველი შიში, მის ყურებში ცეცხლმოკიდებული ხორცის შიშინი და ამწვარ თითისწვერებში პულსის ფეთქვა.
გაოფლილ სახეზე სითბო და თვალისმომჭრელი სინათლე, რომლის წიაღში ყურებამაც წამიერად დააბრმავა. ფეხები უთრთოდა, ძლივს გახოხდა უკან, ბატარეა ხელიდან გაუცურდა.
მატრასს ცეცხლი ეკიდა. აიზიდა ალი, ტკარცალებდა, ოთახის ცივი სილურჯე შემოიფლითა.
ვიღაც ყვიროდა, ხმამაღლა, სასოწარკვეთილი, ჩახლეჩილი ხმით.
-ცეცხლი! ცეცხლი!
წამოვარდნილიყვნენ მაწანწალები. რამდენიმემ გაბმული ყვირილი ატეხა. ერთი წამოტორტმანდა ფეხზე, წამსვე იქედან გაქცევა მოისურვა და ცეცხლს გადაევლო, ტანსაცმელზე წამსვე მოეპოტინა ალი.
კიდურები გააცურა ცეცხლმა, გაიზმორა, მატრასზე გადაწვა და კბილები გააშიშვლა. ნაპერწკლებს იფურთხებოდა და მისი მხრჩოლავი, რუხი გამონასუნთქი მოედო კედლებს.
-ცეცხლი! – გაჰყვიროდა ნარა და თითქოს დადაგეს სიტყვებმა შიგნიდან, ყელი ეწვოდა. – ცეცხლი! გაიქეცით, ცეცხლი!
ვიღაც ბღაოდა. ძლივს წამოიმართა ნარა, ფეხები უთრთოდა და გასასვლელისაკენ მიტრიალდა, როცა უკნიდან დაეჯახნენ, კინაღამ ცეცხლში ჩაენარცხა, ალი წამიერად მოელამუნა სახეზე და იგრძნო, როგორ მოეტრუსა წამწამები. წამსვე გადაგორდა გვერდზე და ფორთხვით მიაშურა კარს. გარბოდნენ გარეთ დამფრთხალი მაწანწალები, ერთმა მთელი ძალით დასცხო მაჯაზე ქუსლი და ბღავილი აღმოხდა ნარას, მთელ მკლავში დენივით დაუარა საშინელმა ტკივილმა.
-ცეცხლი! გაიქეცით, ცეცხლი!
დერეფანში, კარის მოპირდაპირედ საბნების გროვას მოსდებოდნენ ალები. კარების რახუნი ისმოდა და თავპირისმტვრევით გარბოდნენ გასასვლელისაკენ, რომელიც აშკარად უკვე გაეღოთ, რადგან დარბაზში ჩოჩქოლი უფრო გაძლიერებულიყო, ხალხი გამწარებული გაჰყვიროდა. უკვე შეჭვარტლულიყვნენ გვარიანად რკინის კედლები, ცოტა მოშორებით სანათი გასკდა და მინის ნამტვრევების ნაპერწკლებივით წვიმამ გაჰკვეთა დერეფანში ჩამოწოლილი ნისლი.
მატრასიდან გადაფორთხდა ნარა, ძლივს მოასწრო, სანამ მასაც მოსწვდებოდა ცეცხლი, კედელს აეკრა, წამდაუწუმ ზედ ეხლებოდნენ გასასვლელისაკენ მორბენალი მაწანწალები. ტკარცალებდნენ ალაგ-ალაგ ალები, ჰაერის ტალღა შემოვარდა დერეფანში და იხუვლა ცეცხლმა, უფრო მაღლა აიზიდა, გრიალით ნთქავდა ყველაფერს და მყისიერად ჩამომდგარი სიცხის მიუხედავად, გააცია ნარას, დაჭიმული ნაკვთები უთრთოდა.
არა. ასე არ უნდა მომხდარიყო. ასე სწრაფად არ უნდა მომხდარიყო…
სული მოეხუთა. თვალები ეწვოდა და ჯერ კიდევ აუტანლად უფეთქავდა მაჯა.
-გაიქეცით! – აყვირდა ისევ. – ცეცხლი! ცეცხლი!
ჯერ კიდევ ბრახუნი ისმოდა გვერდითი ოთახიდან და უცებ საზარელმა გაცნობიერებამ ცივ ტალღად დაუარა სხეულში, ისე, რომ რეტი დაესხა, ადგილზე შეტორტმანდა.
ის ოთახი ჩაკეტილი იყო, სადაც აილა შეათრია.
მიტრიალდა ნარა. იქამდე უნდა მიეღწია.
უნდა მიეღწია.
ორიოდე ნაბიჯის გადადგმაღა მოახერხა, როცა რამდენიმე კარი ერთბაშად გამოაღეს და ხალხის ტალღამ, ისეთმა მჭიდრო და სულშემხუთავმა, როგორიც მხოლოდ ბინგემის მოედანზე ენახა, გასასვლელისაკენ წაათრია.
გაიბრძოლა ნარამ, გამწარებული გაჰკიოდა.
-მეორე კარი გააღეთ! მეორე კარი გააღეთ! ჩაკეტილია, გააღეთ!
არავინ უსმენდა. არავის ესმოდა.
რუხმა, სულშემხუთავმა ბოლმა და თავზარდაცემულმა ბრბომ შენთქა მიხურული მეორე კარი.
ხველება აუტყდა ნარას. თითოეული შესუნთქვა სტკიოდა.
ზღურბლზე გადაათრია ბრბომ. დაგორგლილი ღრუბლებივით მოჰყვებოდა შავი ბოლი დერეფნიდან ხალხს, საზარელ საფარველად მოჰფენოდა დარბაზს.
ლეიბებსა და საბნების გროვებს ცეცხლი ეკიდა. რამდენიმე ცეცხლმოკიდებული კედლებს ეხლებოდა გიჟივით, დახმარებას ითხოვდნენ და ყველა მათ გაურბოდა.
დარბაზის სანათიც გამაყრუებელი ჭახანით გასკდა და მხოლოდ ცეცხლის შუქიღა დარჩა გარშემო, შეტრუსული თმის, დამწვარი ტანსაცმლის სუნსა და ხალხის ღრიალში არეული. მცველების რკინის ჯოხები ელავდა ჰაერში, ხალხს გასასვლელისაკენ მიერეკებოდნენ. გარშემო გამეფებულ ქაოსსა და პანიკაში ერთი მაწანწალას მოჰკრა თვალი ნარამ, რომელიც იატაკზე გაშოტილიყო, გაუნძრევლად, მთელ სხეულზე მოსდებოდა ცეცხლი და დამწვარი ქონის სუნმა შეზარა ნარა, გული აერია. აკივლდა.
შიშს, თავზარსა და ტკივილს ერთ შემზარავ, არაადამიანურ ყვირილად ამოეხეთქა მისი მკერდიდან.
-იქ ერთი კარი ჩაკეტილია! გააღეთ, ჩაკეტილია!
კვლავ დერეფნის შესასვლელს ეცა. ძალით ცდილობდა ხალხის ტალღა გაერღვია, მაგრამ ამაოდ. რაღაცას უყვიროდნენ. ხელს ჰკრავდნენ, დარბაზში გაათრიეს. ერთმა მცველმა ქეჩოში ჩაავლო ხელი და გასასვლელისაკენ უბიძგა.
საშინლად ჩამოცხა. ხანძარი ყველა კუთხეში გამძვინვარდა თითქოს, გუგუნებდა, რკინის კედლებს მოსდებოდა და თითქოს იზნიქებოდნენ ისინი, მოგუდულნი, ცეცხლის წინაშე.
უფრო გასქელდა კვამლი. შორს თითქმის ვეღარაფერს არჩევდა ნარა, სიცხისაგან ამწვარ ლოყებზე სისველე ჩამოსდიოდა. ვეღარც სუნთქავდა, თითქოს ცეცხლი მოჰკიდებოდა ფილტვებზე. ისეთი ძალით წამოახველა, რომ ენაზე ცხელი სისხლი იგრძნო. ეცადა რამე ეთქვა, დაეყვირა, იმ კარის გაღება მოეთხოვა, მაგრამ მხოლოდ ხავილი აღმოხდა ყელიდან.
გარშემო ჩამოწოლილი, ნარინჯისფერ-რუხი სიბნელე ზურგსუკან დარჩა ანაზდად. ქუჩაში გამოაფურთხა თითქოს ბრბომ, ცივ ქვაზე იდაყვებით დაენარცხა და ძლივს გახოხდა გვერდზე. წამსვე შემოაძარცვა ქუჩის ცივმა ჰაერმა „ხრამის“ ცხელი, სულმომხუთავი მუშტი და კანკალით ამოისუნთქა ნარამ, ხველა აუტყდა.
გაჰყვიროდნენ გამაყრუებლად, სისხლად სდიოდა „ხრამს“ ბრბო და მათ აყოლილი რუხი კვამლი, ღია ჭრილობად დარჩენილიყო ხახადაღებული შესასვლელი.
თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ მაწანწალები. ერთი ცეცხლმოკიდებული გამოვარდა, თავზარდაცემული გაჰკიოდა და წამსვე უგვერდა ყველამ, განცვიფრებისა და პანიკის ნარევი იყო მათი ბღავილი. ქუჩაში გაიქცა მაწანწალა და იგაზან-ლას რუხ სილურჯეში მისი ცეცხლმოდებული, ნარინჯისფერი ფიგურა შემზარავ, ლურჯ ქვაში გამომსკდარ შორეულ სინათლეს ჰგავდა.
ახლა იფეთქებდა, ახლა, ახლა, ახლა…
ხველამ აიტანა ნარა. გულმკერდი სტკიოდა, თვალებში სისხლი მოაწვა.
„ხრამის“ გვერდზე ცეცხლმა ხმამაღალი ზათქით გამოხეთქა მინა. ორ ვეებერთელა სვეტად მიისწრაფვოდა ღრუბლებისაკენ კვამლი და უსასოოდ არაფრისმთქმელი, პირქუში იყო ცის კამარა.
გამვლელები გაჰყვიროდნენ რაღაცას. შორს, ძალიან შორს, თითქოს სადღაც სხვა სამყაროში, გუგუნით გაიარა მატარებელმა.
სულს ღაფავდა „ხრამი“ და უცებ გააცნობიერა ნარამ, რომ უკან ვერ შებრუნდებოდა. იქ ვეღარაფერს იზამდა, უკვე გვიანი იყო.
მორჩა, დამთავრდა.
ეს რა გააკეთა? და როგორ უნდა წასულიყო? როგორ უნდა გაქცეულიყო?
რა უფლება ჰქონდა დაეტოვებინა აქაურობა? როცა საკუთარი ნამოქმედარი მის თვალწინ კვამლსა და ცეცხლში ახრჩობდა „ხრამს“?
სიმწრისაგან ღმუილი ამოუშვა. გული ყელში მოსწოლოდა, იგუდებოდა.
აღარ ჰქონდა ბევრი დრო.
და მაინც, როგორ უნდა წასულიყო?
მაღაროებს, ნგრევად ცათამბჯენებს, სამარასა და რეჯინალდისათვის ექცია ზურგი.
აქედანაც უნდა წასულიყო.
იქნებ თვითონ მიდიოდა სულ.
„წავიდეთ სადმე, შორს.“
კბილებმა ღრჭიალი გაიღეს. „ხრამის“ სულთმობრძავი, ზორბა სხეული ერთ დიდ, ცეცხლისა და კვამლის მასად იქცა. ბრბოს გოდებამ შავი სუდარა შემოჰხვია შემოგარენს.
-ცეცხლი! გაიქეცით! – ძლივძლივობით ამოიხავლა ბოლოს და ძლივს წამოდგა, ქუჩას დაუყვა.
ჯერ ძლივს მიათრევდა ფეხებს, კვამლის სუნი თვალებს სწვავდა.
მერე ნაბიჯს აუჩქარა. გაიქცა.
გარბოდა, სანამ ქანცი არ გაუწყდა. სანამ ამწვარმა ფილტვებმა არ გააშეშეს. სანამ მაჯისა და ფეხების აუტანელმა ტკივილმა არ გააცალა არაქათი.
შორიახლოს ნაგვის ბუნკერის გვერდზე ჩაიმალა, ორ ჩამქრალ ცათამბჯენს შორის. თრთოლა გაუდიოდა მის ქვეშ ფილაქანს.
ასე არ უნდა მომხდარიყო. რამე სხვა უნდა გაეკეთებინა. სულ სხვა რამე.
კარი არ უნდა ჩაეკეტა. აილასთვის უნდა აეხსნა თუ რას აპირებდა.
გულმკერდში გასწიწკნა მის გახსენებაზე ნარას, წამსვე გამოიგდო თავიდან.
ანდა სულაც არ უნდა მოსულიყო აქ. უნდა სცოდნოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. როდის გამოსვლოდა? როდის დამთავრებულიყო მისთვის რამე კარგად?
არ უნდა მოსულიყო, ჰელმარისათვის უარი უნდა ეთქვა, სამარასა და რეჯინალდის სიკვდილი არ უნდა ენახა, სორენს არ უნდა შეხვედროდა, არ უნდა შეხვედროდა, არ უნდა შეხვედროდა…
სუნთქვა შეეკრა ნარას, სახე მუხლებში ჩარგო და მაგრად მოიკუნტა. თითქოს თავზე ჩამოემხო მის თავზე ჩამქრალი, შეჭვარტლული ცა, ბლანტ კუპრად დაიღვარა და ფილტვებში გაუჯდა. ჩამოაწვა კუნთებზე, თავზე, თითოეულ ფიქრზე, მის თვალწინ მდგარ გამოსახულ აგიზგიზებულ კოცონზე და ყველაფერი გადაფარა, ისე წალეკა, როგორც გამოქვაბულში შემოჭრილმა ბნელმა ოკეანემ.
უბრალოდ სუნთქავდა ნარა. სხვა აღარაფერი იცოდა, აღარაფერი ესმოდა. მხოლოდ საკუთარი ზედაპირული სუნთქვა, ისეთი სუსტი და უსასოო, როგორც მის თავზე წამომდგარი ორი ჩამქრალი ცათამბჯენი.
როგორც რეჯინალდის სხეული იმ ცეცხლის წინაშე.
როგორც სამარას სხეული ყინვასა და თოვლში.
როგორც სორენი მის ზურგში ფესვგადგმული სიკვდილის წინაშე.
როგორც თვითონ „ხრამის“ დერეფანში, უსუსური საკუთარი თავზარდამცემი საქციელის წინაშე, რომლისთვისაც საბოლოოდ ვერც შეძლებდა თვალის გასწორება.
და დავიწყება მოუნდა. ამ ყველაფრის დავიწყება, უნდოდა იმ ავადმყოფთა რიგებს შეერთებოდა, უაზროდ რომ დაეხეტებოდნენ და ქრონო-X-სა და ნოქსის გამო რომ აღარაფერი ახსოვდათ.
მოუნდა ყველაფერი ამოეგლიჯა საკუთარი თავიდან, სამარასა და რეჯინალდის სახეები, საჭმელში მოხაზული ასოები, ვეზუვის ნარინჯისფერ შუქზე გადაყვითლებული ქაღალდის სუნი და ის აუტანელი ტკივილი ბინგემზე, რომელიც მის გონებაში შემოიჭრა, ფესვი გაიდგა, როგორც მომწამვლელი ნაყოფის მქონე უდრეკმა ხემ.
მიიზლაზნებოდნენ წუთები და აღარაფერს წარმოადგენდა დრო ჩამქრალი ცის ქვეშ.
მერე კი უფრო გაძლიერდა ფილაქანის თრთოლა მის ქვეშ, ცათამბჯენთა მიღმა შეფარულ ელვას წააგავდა, უხმოსა და უხილავს.
და იგრძნო ნარამ, რომ მას გამაყრუებელი ქუხილი მოჰყვებოდა. სუნთქვა შეეკრა, შემზარავი მოლოდინი გაუჯდა გაციებულ ძვლებში.
იძრა მიწა და გამაყრუებლად იფეთქა შორს.
ტკივილითა და მტვრით აღსავსე იყო „ხრამის“ კედლების ოხვრა, ქუჩებში ჩაიქროლა და ფანჯრებში მინები ააძიგძიგა.
ხმამაღალი ზათქით ეხეთქებოდნენ ნანგრევები მიწას. ლაწანით ჩამოიშალა მინა და ხალხის გულისგამაწვრილებელმა ყვირილმა ცივ ტალღად გადაუარა ნარას, ჰაერი გაყინა და ცა შეძრა.
უნდა წასულიყო. არ უნდა დაენახა. გაგონილს უფრო დაივიწყებდა, ვიდრე ნახულს.
ნუთუ ასე დაადებდა დაღს რეჯინალდის სიკვდილი, მისი სხეულზე მოკიდებული ცეცხლი რომ არ ეგრძნო? რომ არ დაენახა, თუ როგორ ჩამოდნა მისი ხორცი ძვლებიდან?
არ უნდა დაენახა სამარას ფეხებს შორის მოთხვრილი სისხლი და მისი ცარიელი თვალები.
არც ვეზუვი. არც ზღვა გალავნის მიღმა და არც მზის თვალისმომჭრელი, თუმცაღა უმწეო სინათლე.
არც სორენი.
წამოდგა ნარა. გონება დაენისლა, თითქოს შორიდან უყურებდა საკუთარ თავს.
გარბოდა ხალხი. შიშისა და კვამლის სუნს დაემძიმებინა ჰაერი და ვერც გაეგო ნარას, მის გონებაში ჩამოწოლილი ბურუსი სწვავდა თვალებს თუ მხრჩოლავი კვამლი.
კედელ-კედელ გაჰყვა ქუჩას. თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ, მათ ფეხქვეშ ფილაქანზე მოდებული ყინული პაწაწინა ნაწილებად დამსხვრეულიყო.
და აღარ ჰგავდნენ ყინულის ნამტვრევები ცისფერ ფიფქებს, არამედ ქუჩაში მიმობნეულ ნარინჯისფერ ნაპერწკლებად ქცეულიყვნენ.
და აღარ იდგა „ხრამი“, თითქოს ტკივილისაგან გვერდზე მოქცეული ნაკვთებიღა შერჩენოდა მის ფასადს. მოგრეხილ რკინასა და გამსკდარ ქვაში, ხანძრის მწველ ენებს შორის, შენობის უკანა მხარესთან ახლოს ვეებერთელა ოთხკუთხა საწყობი მოჩანდა. ,
ის, რისთვისაც ჰელმარმა მთელი „ხრამი“ გაიმეტა.
გუგუნებდა ცეცხლი. ვიღაც ცეცხლმოკიდებული ჯერ კიდევ ყურისწამღებად გაჰკიოდა, მეზობელ ქუჩაში გაუჩინარდა. აქა-იქ მაწანწალები ეყარნენ, ნანგრევების ანდა ღია ცის ქვეშ, ბევრი მკვდარი იყო, მაგრამ რამდენიმე ხმამაღლა გმინავდა.
ერთს მიუახლოვდა ნარა. მის გვერდით დაიჩოქა. რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებოდა „ხრამის“ ლეშზე მოკიდებულ ხანძარს, მაგრამ მაინც გრძნობდა მის მქრქალ სითბოს.
დანაოჭებოდა სახე მის ფეხებთან გაწოლილს, თვალებში შიში და ტკივილი ეწერა. გვერდზე ხელი მოეჭდო, და ალისფრად ლაპლაპებდა მის ხელთათმანებს შორის გამოჟონილი სითხე. რაღაცის თქმა სცადა, ტუჩებს აცმაცუნებდა, მაგრამ მისი ბოლო სიტყვები კვამლისაგან გასქელებულ ჰაერსა და ხანძრის გუგუნში ჩაიკარგა.
ჭრილობაზე ხელები მაგრად დააჭირა ნარამ. გნიასი იდგა მის გარშემო, ცხელი და მწვავე, სახეს ულოკავდა. ვიღაცებმა გვერდით ჩაურბინეს, კინაღამ გადაუარეს.
ნელა ჟონავდა მის თითებში სისხლი და ასევე ნელ-ნელა დაიცალა შიშისა და ტკივილისაგან კაცის გაფართოებული თვალები.
წამოიწია ნარა, ლასლასით მიუახლოვდა ნანგრევებს. იქვე რკინის მოზრდილი ნაფლეთის ქვეშ მოყოლილი ქალი შველას ითხოვდა. რკინა ასწია ნარამ, და უკანმოუხედავად გაიქცა ქალი.
შორიახლოს ახალგაზრდა კაცი იწვა. ცეცხლს შეეჭამა წელს ზემოთ. თვალები გადარჩენოდა, ღია და ცარიელი.
კიდევ ვიღაც ეგდო მოშორებით, კვამლი ასდიოდა.
შეტრუსული თმის, დამწვარი ქონის სუნი მოიტანა ქარმა, ცეცხლი აიტაცა და თან წამოიყოლა.
იდგა ნარა მომაკვდავი „ხრამის“ წინ და გრძნობდა როგორ ჭამდა შიგნიდან ბნელი, დაუძლეველი სიცივე. ვერ გრძნობდა მასზე მოხვეულ სიცხეს, მის გარშემო დაუდევრად მოცეკვავე ნაპერწკლებსა და იმ სიკვდილის სუნს, რუხ ბოლქვებად რომ ასდიოდა „ხრამს“.
„ერთი ბინძური, მსუნთქავი ორგანიზმია იგაზან-ლა და მეტი არაფერი, უკვე საუკუნეა რომაა რაც სულს ღაფავს და ვერ მოკვდა.“
ასეთი უნდა ყოფილიყო სიკვდილი? ძალმომრეობითი, დამანგრეველი, ტკივილითა და სინანულით აღსავსე?
ნუთუ არ შეიძლებოდა უბრალოდ გამქრალიყვნენ? გაცრეცილიყვნენ ცარიელ არარსებობაში, რომელსაც ადამიანური ცნობიერების ნასახიც კი არ ჰქონდა?
ფეხებს ვეღარ გრძნობდა ნარა. ვეღარც ხელებს. ვეღარც ძვლებამდე გამჯდარ სიცივესა და თავზარს, რომელიც საკუთარმა გაუცნობიერებელმა საქციელმა მოჰგვარა. ერთიანად დაცარიელდა, გამოიშიგნა.
მუხლები მოეკვეთა, იქვე ჩაიკეცა. სისხლსა და ნაცარს მოესვარა მიწა, და ცეცხლმოკიდებული სარკე იყო მის ქვეშ ყინული.
აზვირთდნენ ცეცხლის ალები. ხრჩოლავდა „ხრამი“, ნარინჯისფერი ედო გარშემო ყველაფერს და რუხი ცის გახლეჩილ ხორცს ჩამოჰგავდნენ ცეცხლისფრად დაფერილი მინის სვეტები.
მერე კი გაიგონა.
ცეცხლის ტკაცუნს, შორეულ გუგუნსა და ხალხის ალიაქოთს უნდა ჩაეყლაპა ნაბიჯების ხმა, მაგრამ გნიასისა და პანიკის წიაღიდან არ იყო ეს გამოზომილი, თითქოსდა მშვიდი ხმა.
აუღელვებელი ნაბიჯები, რომელთაც ამ გამანადგურებელი მოვლენის საფუძვლიანი, წინასწარი ცოდნა ახლდათ.
აუღელვებლობაც. თვითკმაყოფილებაც.
ჰელმარი მის გვერდით შეჩერდა. წამიერად ახედა ნარამ და ახლა უფრო მჭახე იყო ჰელმარის წითელი თმა, თვალები ალისფრად დაჰფერვოდა.
ჰელმარი მისიებზე არ დადიოდა.
მის უკან ბრუნო, ჩარლი და კიდევ ათიოდე კაცი ბუნდოვნად გაარჩია ნარამ. იდგნენ გაუნძრევლად, როცა მათ მიღმა კისრისტეხით გარბოდა ხალხი.
მატარებლის გუგუნი ჩაესმა ნარას. და ბორბლების რახრახი ფილაქანზე.
ულსტერი მოვიდოდა.
არ განძრეულა.
მის გვერდით ჩაიმუხლა ჰელმარმა.
-არ ველოდი. – თქვა მან.
პირი გააღო ნარამ, რომ ეკითხა, თუ რას არ ელოდა, მაგრამ უკვე იცოდა პასუხი. პირი საშინლად გამოშრობოდა, ენა ძლივს მოატრიალა პირში.
-აქ არ უნდა მოსულიყავი. – განაგრძო ჰელმარმა. – ხედავ რა მოხდა?
-იცი რატომაც მოვედი. – ამოიხრიალა ნარამ, დახეთქილი ტუჩები მოილოკა.
-არ უნდა მოსულიყავი. – გაიმეორა ჰელმარმა. – რა გეგონა, შეაჩერებდი რამეს?
-არა.
-არა. – ჰელმარს ღიმილი ეტყობოდა ხმაში. – და მაინც მოხვედი. როგორი თავგანწირული ყოფილხარ. იგაზან-ლას თავდადებული მსახური.
გაღიზიანება მოაწვა თვალებში ნარას, მაგრამ ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. არაფერი უთქვამს.
ცეცხლი გამალებით ლოკავდა „ხრამის“ ნანგრევებს. შორს, მოტკარცალე ალებს მიღმა, საკვების საწყობს მიუახლოვდა რამდენიმე კვამლსა და ბურუსში გამოხვეული ფიგურა.
-ხანდახან ისეთი რამ უნდა გააკეთო, რისი გაკეთებაც არასოდეს გინდოდა. – თქვა ჰელმარმა. – მსხვერპლი უნდა გაიღო.
-განსაკუთრებით რთულია, როცა მსხვერპლი სხვა ხალხია, არა? – თქვა ნარამ.
ჰელმარის მზერის უსიამოვნო, მწველი სიმძიმე იგრძნო.
-განსაკუთრებით იოლია, როცა მსხვერპლი ამ სანაგვის სტაბილურობაა. – თქვა მან. – და როცა სასწორზე მოშიმშილე ხალხი დევს. შენ შიმშილი, ნამდვილი შიმშილი არ იცი და ვერც გაიგებ. ყველაფერს სპობს ამ ქვეყანაზე.
ხმა არ გასცა ნარამ. ტუჩები მაგრად მოეკუმა.
-რა გგონია, შეიძლება ყველაფერს უმსხვერპლოდ გაუმკლავდე? შეიძლება ისეთი რამ მშვიდობიანად წამოაქციო, რაც სიკვდილზეა გაზრდილი, პირსისხლიანი დგას და აქამდე ვერასოდეს ვერაფერს დაუმარცხებია? – თქვა ჰელმარმა. -გგონია ბოლო ვერ მოეღება ეგეთ წინააღმდეგობას? წინააღმდეგობაც შეიძლება ყოველდღიურობაში ჩაიკარგოს, ჩაქრეს, თუ არ განვითარდა. ამ ქვეყანაზე ცვლილების მომტანი ქმედებები უნდა იყოს ყველაზე განვითარებადი, გამიგონე?
ვეღარ უსმენდა ნარა. თავი აღარ ჰქონდა. ნელ-ნელა დაუბრუნდა გრძნობა და ზედმეტად მჭახე და მკვეთრი იყო ყველაფერი, ცეცხლის სიცხე, დამწვარი პლასტმასის სუნი და მის ფილტვებში ფესვგადგმული, სინანულით აღსავსე კვამლი, სულს რომ უხუთავდა.
-რატომ მოხვედი? – ჩაიჩურჩულა ჰელმარმა, თითქოს თავისთვის, მაგრამ თითოეული სიტყვა თქორს ჰგავდა, ნემსებივით რომ ესობოდა სახეზე. – რატომ გააფუჭე ყველაფერი?
-საჭმელი მაინც გექნება. – კბილებში გამოსცრა ნარამ. დაბუჟებულ ხელებში გულისცემას გრძნობდა და ჯერ კიდევ მტკივნეულად უფეთქავდა მაჯა. – რა შეიცვალა?
-შენ. – თქვა ჰელმარმა. – ნდობა. ანდა რავიცი, რაც გინდა ის დაარქვი. მაგრამ რაღაც შეიცვალა. ანდა ყოველთვის ასეთი იყო და მე ვერ მივხვდი.
-შენზეც იგივეს ვიტყოდი. – უთხრა ნარამ. თვალები გაუშტერდა, ნარინჯისფერ და ალისფერ ლაქებს ხედავდა მხოლოდ.
ცოტა ხანი ჰელმარს ხმა არ გაუღია. აალებულ „ხრამს“ გაჰყურებდა.
-რა სწრაფად ვიცვლებით, არა? – ჩაილაპარაკა ბოლოს. – ერთი დღე ცოცხალი ხარ, მეორე მკვდარი.
მერე კი ამოიხვნეშა.
-მაგრამ რაკი აქ ხარ, საქმესაც გამოგინახავთ. – თქვა ანაზდად. ისეთი მსუბუქი ჰქონდა ტონი, ვითომ აქაც არაფერიო, მაგრამ თმა ყალყზე დაუდგა ნარას, ნელა გააპარა მისკენ თვალი.
ძალიან ცივი ცისფერი თვალები ჰქონდა ჰელმარს.
-რას? – წამოილუღლუღა ბოლოს.
-იგაზან-ლას ერთგული მსახური ქუჩებში უნდა დაეხეტებოდეს? – თქვა ჰელმარმა. – მაღაროებში წადი.
-რატომ?
-იმიტომ რომ საჭიროა.
-არ შემიშვებენ. – ავტომატურად უპასუხა ნარამ.
-შეხვალ. – თქვა ჰელმარმა.
-შესასვლელს იცავენ, ახლა ცვლა არ არის, არ…
-შენ მაგაზე არ ინაღვლო. – უთხრა ჰელმარმა. – შეხვალ. და შენ საქმეს გააკეთებ.
ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში ნარას. ნუთუ კიდევ ერთი მისია? ასე მალე?
ნუთუ მართლა უპირებდა მაღაროებს განადგურებას ჰელმარი?
მაღაროების განადგურება ძვლების რაიონის მნიშვნელობის მოსპობას უდრიდა.
მაღაროების განადგურება იქ ახლა მყოფ მაღაროელთა განადგურებას უდრიდა.
წამოდგა ჰელმარი, რაღაც ანიშნა სხვებს და მოუახლოვდა ჩარლი, ჩაულაპარაკა, ადექიო, ხელი გამოუწოდა.
მისკენ არც გაუხედავს ნარას. ძლივს წამოდგა დაბუჟებულ ფეხებზე.
და ლასლასით მიჰყვა უკან ჩარლისა და ბრუნოს.
გვერდით ქუჩაზე გავიდნენ და უკან დარჩა რუხი კვამლის სვეტი, ნარინჯისფერი სინათლე რომ ლოკავდა ქვემოდან. უკან დარჩა „ხრამის“ ლეშთან ატეხილი გამაყრუებელი გნიასი, ცეცხლის ტკაცუნი და ჰაერში მოფარფატე ნაპერწკლები.
მაგრამ არსად წასულიყო ის სიცარიელე, შიგნეული რომ ამოეცალა მისთვის. არსად წასულიყო დამწვარი სხეულების სუნი. არსად წასულიყო მის ხელთათმანებში გამჯდარი სისხლი.
სხვა ქუჩაზე გაუხვიეს. შენობათა შორის გასასვლელში გავიდნენ.
კიდევ გაუხვიეს. კიდევ.
კიდევ.
იდგნენ ცათამბჯენები, ხალხი გარბოდა აქეთ-იქით, გუგუნებდა მატარებელი და რუხი ფერფლი მოეფინა აქა-იქ ქარს. ცივი ცისფერი სინათლე მოედო სახეზე ნარას და როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ასე უცვლელი ყოფილიყო? ასეთი უდრეკი, ასეთი გამაღიზიანებლად პირქუში, როგორც სალი კლდე, როგორც ოკეანის ბნელი წიაღი, როცა ალისფერი სიკვდილი მეფობდა სულ ახლოს?
თუმცა ძვლების რაიონში სულ მეფობდა სიკვდილი. უბრალოდ აქამდე ვერ გაეთავისებინა მისი მნიშვნელობა.
და ალბათ ვერც ვერასოდეს გაითავისებდა. ისღა შერჩებოდა მხოლოდ, რაც ახლა ჰქონდა – უმწეობის, დანაშაულისა და სინანულის გრძნობა, შიგნიდან რომ გამოეჭამა.
მიდიოდნენ და გადაღლილიყო მათ თავზე წარბშეკრული ცა. გაიას ვარსკვლავი არსად მოჩანდა.
მიდიოდნენ და „ხრამში“ ხალხის სასოწარკვეთილი ყვირილი ესმოდა მხოლოდ ნარას.
თავჩაქინდრული მიჰყვებოდა სხვებს და სინათლე აღარ ჟონავდა მისი ციფერბლატიდან.
მეთხუთმეტე ქუჩაზე მანქანაში ჩასხდნენ.
არ უნდა ჰქონოდათ მანქანა, მაგრამ აღარ უკითხავს ნარას. აღარ აინტერესებდა.
ღრჭიალებდნენ მათ ქვეშ ბორბლები. ზუზუნებდა ქარი გაბზარული ფანჯრიდან და წამიერად თვალები დახუჭა ნარამ და ის ქარი წარმოიდგინა, ცისფერი სინათლითა და თქორით აღსავსე ქარი, მის გარშემო რომ წუოდა.
ის ქარი, რომელსაც მის წინ აღმართული ზურგის მიღმა ვერ მოეღწია მასთან.
მის მკლავებში მოქცეული მზის სხივების კონა, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ მას რომ ეკუთვნოდა.
ზურგის ოდნავი რკალი, განიერი მხრები და კუნთების მოძრაობა მისი ხელების ქვეშ.
თვალები მაგრად დახუჭა ნარამ, პირი იბრუნა. ამაზე არ უნდა ეფიქრა.
თითქოს აღარაფერი შემორჩა, მოგონებების გარდა.
გაილივნენ შენობები. ღმუოდა მათ ქვეშ ძრავა და კვამლნარევი ნავთის სურნელი სწვავდა ცხვირს.
მაღაროებთან შორიახლოს გააჩერეს.
და არ წასულან შესასვლელისაკენ.
უკანა მხრიდან შემოუარეს. ბრუნო მიუძღოდათ, მათ თანმხლებ კაცებს, ასაფეთქებელს რომ მოათრევდნენ, დაუცაცხანა, ფრთხილად იყავითო.
გათოვდა, რუხი ფანტელები ფარფატით ეშვებოდნენ ქვემოთ. კვლავ ხახადაღებული იყო მაღაროების კრატერი, სინათლე ძლივს ბჟუტავდა ალაგ-ალაგ საწყობებში და მხოლოდ გალავნის ჩრდილი აღარ აწვა მაღაროს, შავი ცისა და შემზარავი წინათგრძნობის ელფერი ედო. თითქოს დაბნელებულიყო და დადუმებულიყო იქაურობა, დროდადრო დატვირთული მაზიდი მირიხინებდა ლიანდაგზე.
უზარმაზარ გალავანს ახედა ნარამ და შიგნეული გადაუტრიალდა თითქოს, სისხლი გაეყინა. შიშველი იყო მის თავზე შავი ღრუბლებით დაფარული ცა და ახლოს, სულ ახლოს გუგუნებდა ოკეანე.
წამიერად იგრძნო, რომ თითქოსდა არც წასულიყო აქედან არასოდეს. არ მომხდარიყო ის ყველაფერი, რაც მოხდა.
მისკენ მაცქერალი ღია წაბლისფერი თვალები და ზღვის სიმლაშე ჰაერში.
მუშტები მაგრად შეკრა ნარამ. ხელთათმანები სისხლისაგან გაწებოვნებოდა.
კრატერის მეორე მხარეს, გალავანთან ახლოს ამოქოლილ შესასვლელს მიუახლოვდნენ. ბრუნომ კარზე აჭედილი ფიცრები გადასწია და სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯეს შიგნით.
წამსვე ჩაყლაპა კუნაპეტმა, რომელიც მალე გაჰკვეთა ჩარლის ფანარმა.
გამოქვაბულის კუნაპეტში წყლიდან ამომსკდარი თვალისმომჭრელი სინათლე.
ნიკაპი აუთრთოლდა ნარას. გული ყელში მოაწვა. ყინავდა და მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა ცარიელ შახტაში.
და რატომღაც სიჩუმეში გაჰკიოდნენ მისი ფიქრები, ისე რომ თითოეულ სიტყვასაც ვერ არჩევდა ნარა, თითქოს ცარიელ, მაგრამ ამავდროულად აზვირთებულ ბლანტ მასად ქცეულიყო მისი გონება.
კარგა ხანი იარეს.
აღარაფერი უნდოდა, აქედან წასვლის გარდა. უნდოდა უბრალოდ წასულიყო და დაევიწყებინა ყველაფერი, ის სითბოთი აღსავსე მოგონებებიც კი.
რადგან სიკვდილს, სისხლსა და ცეცხლს მოეწამლა ყველაფერი.
გაჩერდნენ სადღაც. შორს, შახტის ბოლოსკენ ნათურის სინათლე ციალებდა და მაზიდების გრუხუნიც მოსწვდა მათ ყურს.
აქ დატოვეთო, ასაფეთქებლებზე მიუთითა ბრუნომ.
იდგა ნარა, გამომშრალი და შეჰყურებდა, თუ როგორ შეამოწმეს და მომართეს მოწყობილობები. ზედ მიმაგრებულ საათზე 00:30 ეწერა.
ყველგან ვერ გამოიყენებდნენ დეტონატორებს.
თავისივე იდეა იყო ეს.
ნახევარი საათი ჰქონდათ, რომ აქედან გასულიყვნენ. ნახევარ საათში შახტის ამ მხარეს გაანადგურებდა აფეთქება და აუცილებლად ჩამოწვებოდა ჭერი. შეიძლებოდა მაღაროს მთელი სამხრეთი ფრთა მთლიანად განადგურებულიყო.
სამხრეთ ფრთაში ალბათ სადღაც ოთხი ათასი მაღაროელი მუშაობდა.
წამიერად რეტი დაესხა ნარას. ასაფეთქებლისაკენ გააცეცა თვალები.
ბატარეიდან მავთულს გამოაძრობდა. უნდა გამოეძრო.
ჯიქურ გაალაჯა მოწყობილობისაკენ.
ბრუნო გადაეღობა წამსვე.
-რას აკეთებ? – ჰკითხა მან.
-შევამოწმებ, ხომ ყველაფერი რიგზეა. – უთხრა ნარამ.
-ყველაფერი რიგზეა. – თქვა ბრუნომ. ნიღბის მიღმა აშკარად იღიმებოდა, ჩარლის ფანრის თეთრ შუქზე თვალები ჩაცვენოდა. -ნუ გეშინია, სანახაობა იქნება. და რაც მთავარია, შენ არ გამოაკლდები.
მოიღუშა ნარა. წამიერად ვერ მიხვდა.
მერე კი გაცივდა ერთიანად. უფრო აუღრიალდნენ ფიქრები, სისხლის შხუილი ესმოდა ყურებში, თითქოს გაქვავდა ჰაერი მის გარშემო.
-რა? – ამოღერღა ძლივს.
-იცი რაშია ულსტერი მართალი? – ჰკითხა ბრუნომ. – მოღალატეებს არ სწყალობს. მოღალატეებს და უმაქნისებს. აი შენ ერთიც ხარ და მეორეც.
ინსტინქტურად უკან დაიხია ნარამ, კინაღამ ქვას წამოედო, წაიფორხილა. გაფაციცებით მიმოიხედა. ჩარლი თავდახრილი იდგა, არც დანარჩენი სამი უსწორებდა თვალს.
-თქვენ რა, გაგიჟდით? – ამოიხრიალა ბოლოს. – რას იძახი? – შეუტია ბრუნოს.
უნდოდა ძლიერი ჰქონოდა ხმა, აღშფოთებით აღსავსე, მაგრამ თითქოს გაუტყდა სიტყვები, განცვიფრება მოახერხა მხოლოდ.
-არ გინდა საკუთარი ქმნილების ძალა იგრძნო? – თქვა ბრუნომ. თეძოებზე შემოედო ხელები და მშვიდად შეჰყურებდა. – კარგი სიკვდილი იქნება, არა? სადაც დაიწყე იქ დაამთავრებ.
მწველი ზიზღი და მრისხანება მოაწვა სახეში ნარას, იგრძნო, როგორ გამოებურცა შუბლზე ძარღვი. გამალებით, მძლავრად უცემდა გული, თითოეული ფეთქვა წამოქცევის პირზე მყოფი შენობის კედლების ნგრევას ჰგავდა.
-გაგიჟდი. – ამოიხრიალა ბოლოს. – ჰელმარი…
-მისი სახელი არც ახსენო! – აყვირდა ბრუნო. – არ გაბედო! გეგონა გაპატიებდა? გეგონა მისთვის შეუცვლელი იყავი? რა, გგონია კიდევ სჭირდები რამეში? გეგონა უფლებას მოგცემდა შენს ჭკუაზე გევლო?
-რა, ესე იგი ცეცხლის ქალის ეშინია? – ხმას აუწია ნარამ. – ეშინია, რომ წინააღმდეგობას გავუწევდი?!
მკლავში სტაცა ხელი ბრუნომ და მაგრად შეანჯღრია.
-გაჩუმდი! გაჩუმდი მეთქი!
ჟრჟოლამ დაუარა ზურგში ნარას, ცივმა ოფლმა დაასხა. გაფაციცებით მიმოიხედა.
არავინ უყურებდა, ბრუნოს გარდა. არავინ დაეხმარებოდა.
მკლავი ელვის სისწრაფით გამოჰგლიჯა ბრუნოს ნარამ და ადგილს ელვის სისწრაფით მოსწყდა, მისი გამაყრუებელი კივილი, სისხლს რომ გაუყინავდა გამგონს, ზრიალით მიაწყდა შახტის კედლებს.
უნდა გაქცეულიყო, უნდა გაქცეულიყო, უნდა გაქცეულიყო…
როგორ ვერ მიხვდა? როგორ ვერ გათვალა?
ათიოდე მეტრის გარბენა მოახერხა, როცა ქეჩოში სტაცეს ხელი, მოქაჩეს და ხმამაღალი ზათქით დაენარცხა ქვემოთ.
მერე კი უკან გაათრიეს, ისე, რომ საყელო ყელში ჩაეჭირა, ახრჩობდა. ხრიალებდა, თვალებგადმოკარკლული, მთელი ტანით აფართხალდა, მის ქურთუკში ჩავლებული ხელის მოსაშორებლად.
ამაოდ.
ვერ გაიქცეოდა. ან ახლავე მოკლავდნენ, ანდა სულ მალე აფეთქებაში მოჰყვებოდა.
თავზარი დაეცა ნარას. შეეცადა დაეყვირა, მაგრამ ხრიალი აღმოხდა მხოლოდ. ნუთუ ეს იყო ბოლო? ნუთუ წყეული ბრუნოს და აშკარად გიჟი ჰელმარის ხელით უნდა მომკვდარიყო?
არა. არა, არა, არა, არა….
თვალები ძლივს აატრიალა. ზემოთ, შახტის ჭერზე აქა-იქ დათამაშებდა თეთრი სინათლე.
სორენის ფარანი წამოუტივტივდა აღრიალებულ ფიქრებში.
მისკენ, გონებაში მიჩქმალულ იმ კუთხისკენ გაიბრძოლა ნარამ, სადაც სორენი ეგულებოდა. თითქოს მთელი სხეულით მიეხეთქა იმ უძრავ, ბნელ კედელს, მიაწვა, აღრიალდა.
ცივი ოფლი სწვავდა შუბლს.
მთელი ძალით გაიბრძოლა, ხელი გააცეცა, მოზრდილი ქვა მოხვდა თითებში. მთელი ძალით მოიქნია, ხელზე შეანარცხა მის ქურთუკზე ჩაბღაუჭებულს.
კაცს ბღავილი აღმოხდა.
მაგრამ ხელი არ გაუშვია.
ასაფეთქებლის გვერდზე მიანარცხეს და ხმამაღალი ზათქით შეეხეთქა ნარას თავი რკინის კორპუსს, ნაპერწკლები გასცვივდა თვალებიდან. რეტი დაესხა, ყველაფერი დატრიალდა გარშემო.
და მაინც აწვებოდა კედელს, მთელი ძალით.
ისევ აყვირდა და ამჯერად სილა გააწნეს, მისი თავზარით აღსავსე კივილი ისე გაწყდა, როგორც მყიფე ძაფი, ოდნავი ექოღა მოიტოვა უკან. ქვა მთელი ძალით მოიქნია ნარამ, ვერაფერს ხედავდა, ყველაფერი უცურავდა თვალწინ, მაგრამ გამწარებული, კბილებდაკრეჭილი იქნევდა ქვას.
თავს დაიცავდა, რაც არ უნდა ყოფილიყო.
ვერასოდეს დაიძვრენდა თავს. ვერასოდეს გაუმკლავდებოდა მათ, მაგრამ თავს დაიცავდა მაინც.
აზვირთდა მასში ცივ ტალღად პანიკური შიში, განცვიფრება და მძვინვარება, ქანცგაწყვეტისა და უეჭველი სიკვდილის წინაშე მყოფი.
წიხლი მოხვდა გვერდში და ტკივილისაგან დაიკლაკნა.
ბრუნო რაღაცას ღრიალებდა. და სისხლი შუილით მიჰქროდა მის ყურებში.
მთელი ძალით აწვებოდა, აწვებოდა, აწვებოდა და გასკდა კედელი, მისმა გამაყრუებელმა კივილმა გაჟონა ნახეთქში…
და ანაზდად გაქრა ხმა. ტკივილი დარჩა, ისეთივე და ალბათ უფრო ძლიერი, მთელ სხეულში დაუარა, თმა ყალყზე დაუდგა. მზერა დაეწმინდა და აღარ იყო მარტო, აღარ იყო მხოლოდ ხუთი კაცის წინაშე შუა მაღაროებში, არამედ მოტოციკლზე იჯდა, ქუჩაში მიქროდა, ჩაფხუტი მოეგლიჯა. გუგუნებდა მის ქვეშ მოტოციკლის ძრავა და აღარ იჯდა მიწაზე, ქვა ეჭირა და წამომდგარიყო, იდგა მყარად და იცოდა, რომ ეს სულაც არ იყო თვითონ. მიქროდა ქუჩებში, გამომცხადებელთა ცისფერმა სინათლემ გადაუარა და რამდენიმე დარტყმა აიცილა ბრუნოსგან, კაცების გაოგნებულ სახეებს ხედავდა ფანრის მქრქალ სინათლეზე, და აღარ იყო მისი სხეული მისი. გონება იყო თვითონ, უბრალოდ გონება და სიზმრიდან, ანდა კოშმარიდან გადმოსულს ჰგავდა მის წინაშე ზმანება, თითქოსდა დაწყვეტილი, ბურუსით აღსავსე, როგორც შორეული მოგონება.
მერე კი ჩაიფშვნა მის წინაშე ძვალი და გასკდა ხორცი, მის ხელებში ჭახანი გაიღო კისერმა, არაბუნებრივად მოგრეხოდა ჩარლის მკლავი, სისხლის შხეფებს მოესვარა კედლები და ძალიან, ძალიან მძიმე იყო მის ხელში ქვა, მთელი ძალით ეშვებოდა ქვემოთ, სანამ სახის ძვლები არ ჩაიფშვნა და უმისამართოდ არ გაგორდა ფარანი სისხლით მორწყულ მიწაზე.
და ძალიან, ძალიან შორის იყო ცა, ოდნავ გამსკდარი ღრუბლების საფარველით, საიდანაც გაიას ვარსკვლავი გამოსჭვიოდა.
და გარბოდა. მთელი ძალით, გასასვლელისაკენ, თრთოდა მიწა მაზიდების ქვეშ, შემოგარენის ნარინჯისფერში დნებოდნენ მაღაროელები და შეწყდა ძრავის გუგუნი მის ქვეშ, მაღაროს უზარმაზარი კრატერი გადაიშალა თვალწინ. გარბოდა ნარა, გარბოდა გასასვლელისაკენ, ორივე მხრიდან, სანამ მაზიდების ლიანდაგის გვერდით არ ჩაიკეცა. გარბოდა, გარბოდა და შემოჰკრა ცივმა ქარმა გაოფლილ სახეზე, სისხლით სველი ჰქონდა ხელთათმანები და დაწყვეტაზე ჰქონდა მყესები.
და ხედავდა. სორენს ხედავდა, შორს, მაზიდებთან ახლოს ჩამუხლულს, შავი უნიფორმის თავზე გაფითრებულ სახეს და გასისხლიანებულ ზედა ტუჩს.
და ხედავდა საკუთარ თავს, დიდრონ, განცვიფრებისა და შიშისაგან გაფართოებულ თვალებს, ქარში გაშლილ თმას, მწვანე ტანსაცმელზე მიშხეფებულ სისხლს.
მერე კი გაქრა უმასობა. საშინლად დაუმძიმდა კიდურები და კვლავ იფეთქა ჩანავლებულმა ტკივილმა თავსა და ფერდში, გული ცოტაც და გამოუმტვრევდა მკერდის ძვალს.
შეირყა მიწა მის ქვეშ, წაბარბაცდა.
მაგრამ აღარაფერი აინტერესებდა სხვა. სორენს ხედავდა.
მისკენ გაიწია ნარამ. ქოშინით შეუდგა აღმართს, თეთრი ქულები სწყდებოდნენ მის ტუჩებს და საშინლად ეწვოდა ფილტვები.
ქარი სცემდა სახეში, მაგრამ არ აპირებდა შეჩერებას.
მასთან უნდა მისულიყო.
დაილია მანძილი. გზიდან ჩამოეცალა და ნელ-ნელა გამოიკვეთა რუხ, ნისლიან ღამეში სორენის ჩაცვენილი, მაგრამ ცოცხალი, ანთებული თვალები, მისი დაჭიმული ყბები და შეკრული წარბები, დაღლილობისა და სასოწარკვეთის დაღი რომ დასდებოდათ.
იძვროდა მიწა და ცხელი ჰაერის მობერვა იგრძნო უკნიდან ნარამ. გარბოდნენ გარშემო ყველანი, პირები დაეღოთ, მაგრამ ბმის მიღმა დარჩენილიყო მათი ხმა. სორენს მუქი თვალები აენთო, ცეცხლი აირეკლა მათში. წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, მკლავებიღა გაშალა, შეჰყურებდა და მოუთმენლობა ეწერა თითოეულ მის ნაკვთს.
სულ ახლოს იყო, სულ ახლოს…
მას დაეჯახა ნარა. მუხლებზე დაეშვა მის წინ და სორენის სხეულში ჩაიფშვნა თითქოს, ათას ნაწილად დაიშალა, დაიფანტა. მაგრად მოხვია მკლავები სორენმა, გულში ჩაიკრა და მხრებზე ჩაებღაუჭა მას მთელი ძალით ნარა, მთელი სხეულით აეკრა და უფრო ახლოს უნდოდა ყოფილიყო, სულ ახლოს, რომ ვერავის ვერასოდეს მოეგლიჯა. მისი ტკივილი იგრძნო, და ალბათ სორენიც გრძნობდა საკუთარ ტკივილს, მაგრამ ტკბილმწარე იყო ეს ტკივილი, მთელ სხეულში გავრცელდა და დართო ნება ნარამ, დართო ნება თითოეულ ძარღვში გავრცელებულიყო, თითოეული ნერვი გაევლო და ყრუ, უსიამოვნო ფეთქვად დარჩენილიყო სადღაც, ღრმად. სორენის გონებას გრძნობდა, მის დაღლილობას, შვებას, მრისხანებასა და მწველ, ცეცხლივით გაჩაღებულ ნდომას.
ჰაერი არ ჰყოფნიდა ნარას. სორენის ყელში ჩარგო თავი, მისი გულის ფეთქვა იგრძნო და უფრო მაგრად მოეხვივნენ ზურგზე სორენის მკლავები.
როგორ უნდა წასულიყო? როგორ უნდა ეთქვა ამაზე უარი?
თვალები გამოახილა ნარამ, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. სველი ბურუსი გადაჰკვროდა თვალთახედვაზე.
‘მოვედი.’ უთხრა სორენმა და ისეთივე მწველი იყო მისი თითოეული სიტყვა, როგორც დამდაგავი ნაპერწკლები ცარიელ ღამეში.
‘სად იყავი?’
‘ახლოს.’
‘რატომ მოხვედი?’ ჰკითხა ნარამ. არ უნდოდა, მაგრამ მაინც სიმწარე დაჰკრავდა მის სიტყვებს.
‘ვერ გტოვებ და იმიტომ.’
‘და გინდა დამტოვო?’
‘არა.’
ოდნავ მოტრიალდა ნარა, მკერდზე მიეკრო გვერდით. თავზე მოაყრდნო ყბა სორენმა და ძალიან ცხელი იყო მისი შეხება, ცივ ძვლებამდე ჩააღწია და კანკალით ამოისუნთქა ნარამ.
ვერც კი მიხვდა, თუ როგორ მოენატრა.
და თუნდაც დროებითი გადახვევა ყოფილიყო სორენი, ვერასოდეს დათმობდა ამას. ვერასოდეს დათმობდა საკუთარ სხეულში გაჩაღებულ სასოწარკვეთილ სურვილს, სორენამდე მიეღწია, ვერასოდეს დათმობდა მასზე მოხვეულ მკლავებსა და იმ ძალას, რომლითაც გარშემო მოხვეოდა სორენი.
‘აღარ მითხრა.’ ამოილუღლუღა ბოლოს.
‘რა?’
‘წადიო.’
სორენს არ უპასუხია, უფრო მაგრად მოეხვია და მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო ლოყაზე ნარამ.
ერთმანეთს შეერივნენ თეთრი ქულები. ბრწყინავდა მათ თავზე გაიას ვარსკვლავი და ნარინჯისფერმა აანთო გარშემო ყველაფერი.
თითქოს მზე ამოდიოდა.
მოიხედა ნარამ.
მაღაროს შემოსასვლელიდან ცეცხლს გამოეხეთქა. თრთოდა მიწა და ალისფრად აენთოთ გალავანი ცეცხლის ენებს.
იცოდა. იცოდა რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მაინც გულმა რეჩხი უყო ნარას, გააცია.
როგორ ვერ მოახერხა? როგორ ვერ გამოაძრო ის მავთული?
აალებული სხეულები და თავზარდამცემი კივილი წარმოუდგა თვალწინ, რასაც კედლებზე მიშხეფებული ალისფერი დაემატა.
ქშინავდა ნარა, თვალებში ჩამოუბნელდა.
‘ყველა მოკალი.’ თქვა უცებ.
გაიყინა სორენი. თითოეული კუნთი დაეძაბა, შეუწყდა სუნთქვა.
‘ან შენ, ან ისინი.’ თქვა ბოლოს. ‘ვიცოდი, რომ ცოცხალს არ დაგტოვებდნენ. უნდოდა მომეშორებინა.’
ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ნარას. როგორ შეძლო სორენმა? ახსოვდა, თუ როგორი აუტანლად მძიმე იყო მათ ბმაში სორენის კიდურები, თითქოს ორი ადამიანის სიმძიმეს ათრევდა ერთდროულად.
‘როგორ მოახერხე?’ ამოღერღა მან.
‘არ ვიცი. ის ვიცოდი მარტო, რომ უნდა მომეხერხებინა.’
დადუმდა ნარა. სორენის სითბო გაუჯდა სხეულში, სისხლი აუდუღდა იგრძნო, როგორ მოაწვა მუცელსა და სახეში, მაგრამ მაინც მთელი ტანით კანკალებდა.
‘სორენ, დღეს… დღეს მეც მოვკალი.’ წაილუღლუღა მან. ძლივს ააპარა მისკენ მზერა.
სორენი შეჰყურებდა. მწუხარება აღბეჭდვოდა თითოეულ ნაკვთში, წარბები შეჰკვროდა, ტუჩები მაგრად მოეკუმა.
‘აი იქ… ხრამი…’
‘ნარა.’ დაიწყო სორენმა.
‘არ მინდოდა, გეფიცები,’ გააწყვეტინა ნარამ. მუდარით შეჰყურებდა და გაფაციცებით ეძებდა მის თვალებსა და გონებაში ზიზღს, იმ ზიზღს, რომელიც უკვე დაენახა და რომელიც ალბათ კვლავ გამოჩნდებოდა ოდესმე. არ უნდა ეთქვა, მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა. ‘არ მინდოდა, შემომაკვდა, ვეცადე, ვეცადე, უნდა გამომეყვანა ყველა იქედან, გამიგონე? როგორ უნდა დამეტოვებინა იქ? და როგორ გამომეყვანა? სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ის მცველები მომკლავდნენ აფეთქებაზე რომ რამე მეთქვა, გესმის?’
‘ნარა.’
‘და არაფერი გამომივიდა, არც ახლა, არც ადრე, არაფერი გამომივიდა, გესმის? შემომაკვდა, და ახლა სულ ყვირილი მესმის, სულ უნდა მახსოვდეს, სულ უნდა მახსოვდეს მათი ყვირილი, ცეცხლმოკიდებულები რომ დარბოდნენ, და ის ბავშვი, ოთახში რომ ჩავკეტე, არ უნდა ჩამეკეტა, არა, აილა ერქვა, ვიცნობდი და როგორ დავივიწყო? როგორ დავივიწყო?’
‘ნარა…’
‘ახლაც, აქაც, უნდა გამომეძრო ის მავთული, უნდა გამომეძრო მაგრამ ვერ გავაკეთე, მავთულის გამოძრობაც კი ვერ მოვახერხე, ახლა იქ ყველა მკვდარია, ისიც მკვდარია იმ შენობაში რომ იდგა, გესმის? თავს ვაჯერებდი, არ არის მეთქი, მაგრამ იყო, ადამიანი იყო! არავის ტკენა არ მინდოდა, სიკვდილი არაფერი მეგონა მაგრამ არ ყოფილა არაფერი, ტანჯვით სიკვდილი ყოფილა ყველაზე დიდი საშინელება… არ უნდა მივსულიყავი ვეზუვში, არ უნდა ვყოფილიყავი ჰელმართან, არ უნდა დავხმარებოდი, არაფერი არ უნდა გამეკეთებინა და იქნებ მაშინ მაინც გამომსვლოდა რამე…’
ხვნეშოდა ნარა. თვალები დაენისლა. თითქოს დაიცალა, მაგრამ აღარ გრძნობდა გამომშიგვნელ სიცარიელეს. იმ სიღრმისეულ ტკივილს გრძნობდა, სიმწარესა და სინანულს, რომელსაც ალბათ ვერასოდეს მოიშორებდა. და არც უნდოდა მოეშორებინა.
რასაც თან უცნაური, ალბათ დაუმსახურებელი შვება დასდევდა.
სორენს ხმა აღარ გაუღია და ვეღარ გაბედა მისკენ მზერის ატრიალება ნარამ.
ვერ დაინახავდა, გადაგლესოდა თვალები. ცხელ ლოყაზე გრილი კვალი დაუტოვა სისველემ.
‘სულ შენთან უნდა ვყოფილიყავი.’ თქვა ბოლოს.
სორენს არ უპასუხია.
მერე კი უფრო მაგრად აიკრა, მის გარშემო მოიხარა თითქოს, ცხელ, გაუვალ გალავნად იქცა. ცხელი ჰქონდა ტუჩებიც, დახეთქილი და კვლავ მზის სხივების კონა იყო მისი შეხება, შუბლზე, ლოყაზე, ყვრიმალსა და ტუჩებზე, თითოეული ისეთივე ახალი და ამავდროულად ნაცნობი, როგორც ყოველი გულისცემა.
თვალები დახუჭა ნარამ.
და ჩუმი, მზესავით ცხელი და ალისფერი იყო სამყარო.
.
.
.
.
-/-/-/-/-/
დავბრუნდი! რეკორდული სიგრძის თავია, 40 გვერდი და 9704 სიტყვა. საერთო ჯამში უკვე 405 ვერდი და 97000 სიტყვაა (!), ჩემი ყველაზე გრძელი ისტორია გამოდის. იმედია ისიამოვნეთ! ძალიან რთული იყო ჩემთვის წერის პროცესი, ახლანდელი მოვლენების გათვალისწინებით. სიუჟეტიც რა ვიცი, იმედია წინ მიდის ნელ-ნელა. სორენი და ნარა რომ ძალიან მიყვარს ალბათ უკვე მიხვდით ❤ იმედია გამომივიდა მათი შინაგანი დაძაბულობის გამოხატვა საკმარისად. ნარას კი ვხედავთ უმეტესად, მაგრამ სორენის POV-იდანაც იქნება შემდეგ თავებში კიდევ ნაწყვეტები, პარალელები გაივლება ისტორიაში მომხდარ მოვლენებსა და მის მოგონებებს შორის. სათაური ვერ მოვუფიქრე თავს, ხან აქედან მოვუტრიალე ხან იქედან მაგრამ რავიცი, ვერაფერი შევუხამე :დდ თუ რამე იდეა გაქვთ, არ მოგერიდოთ მოწერა! და საერთოდაც თუ მოგეწონათ, არ მოგეწონათ, აი ძაააან არ მოგეწონათ, შემატყობინეთ ქვემოთ კომენტარებში! თუ რამე, ფეისბუქზე ვარ და ველი თქვენს აზრებს ❤ დიდი მადლობა ❤
როგორ საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს მოქმედებები. ძალიან ჭუჭყიანი, ბინძური და ცივი წარმომიდგენია იგაზან ლა, ნარას და სორენის გრძნობა ალამაზებს და ათბობს თითქოს, რუხი ფერებიდან ფერად ფერებზე გადაჰყავს. ძალიან კარგი იყო.
LikeLike
ორივე თავი ერთად წავიკითხე🥹 ძალიან ეპიკური სცენები იყო🫶🏻 სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი. ძალიან კარგად გაქვს გადმოცემული ძალაუფლებისთვის მებრძოლის ორი მხარის დაპირისპირება. მაგათ შორის კეთილი და პატიოსანი არავინ არაა. სინამდვილეში არავინ იბრძვის იმისთვის, რომ გაჭირვებული ხალხი ეცოდება, ყველას სკამი და ძალაუფლება უნდა🫠რავა ჩვენი პოზიცია-ოპოზიციასავით არიან😆. ბოლოს ხო საერთოდ ფილმის კადრებივით იყო ბოლო სცენებს🥹. იდეალური ყველა დეტალი და ყველა სიტყვა🥹უკვე წინასწარ ვგრძნობ რომ ეს ისტორია ჰეფი ენდით არ დამთავრდება და ვემზადები ამისთვის ფსიაოლოგიურად🥲სორენს თუ რადიაციული დამწვრობა აქვს მაგას რა გადაარჩენს🥲მაგრამ როგორც პერსონაჟი ძალიან მაინტერესებს მისი წარსული სრულად. ველი კარტების გახსნას ბოლომდე🥹შენ კიდევ უნიჭიერესი ხარ ქალაუუუ🫶🏻🫶🏻სიტყვის მარაგი, ლექსიკა, წერის მანერა, ყველაფერი ჩამოყალიბებული მწერლის გაქვს, ამიტომაც ვთვლი რომ ეს ისტორია წიგნად უნდა არსებობდეს🥹🩷🩷🩷🩷🩷
LikeLike