Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.
ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
მეთორმეტე თავის თემა
XII – Stars are far away
.
.
-*-*-*-*-*-*-
სტერილური თეთრი სინათლე დაგავდა თვალებს.
ჩამომდნარ სკლერაში დაწვრილებულ გუგას ოთახის კუთხეში მიყუჟული ბავშვი წარმოადგენდა. პატარა სხეული ჰქონდა ბავშვს, დამტვრეულ ძვლებზე გადაკრული დაჟეჟილი ტყავი, მაგრამ სახე კაცის ჰქონდა, მოკლე წვერითა და გამოკვეთილი ყბებით. წამოდგა ბავშვი და უკან დაიხია, კედელში დაინთქა.
გულისგამგმირავი, ათასი კაცის ერთობლივი ხმა.
„შემდეგი რაუნდი!“
დაპატარავდა კედელი, შეიკუმშა, შეიკუმშა უსასრულოდ, სანამ პაწაწინა წერტილად არ იქცა უსასრულო სივრცეში. მერე კი გაიყო, ერთხელ, სამჯერ, ხუთჯერ, ცხრაჯერ, კიდევ ცხრაჯერ, უსასრულოდ ცხრაჯერ, სანამ არ მოიჭედა ცა, ფანტელებად, წვიმის წვეთებად და ცრემლებად იქცნენ ვარსკვლავები, თითოეული გამაყრუებელი კივილით მიჰქროდა მიწისაკენ.
„შემდეგი რაუნდი! შემდეგი რაუნდი!“
სისხლად იქცა წვიმა და მისკენ მოშვერილი ლულა იყო თითოეული ჩაშავებული, კუპრივით გუბე, სანამ არ მოტრიალდა ნელ-ნელა, სანამ თვითონ არ უშვერდა რაღაცას ლულას.
არა, რაღაცას არა, იმ ბავშვს, რომელსაც კაცის სახე ჰქონდა.
იჭექა ლულამ, იფეთქა მზემ მისი წიაღიდან და გასკდა კედელი, მისგან ცეცხლის, მტვერისა და ახრჩოლებული, ძვლებზე ჩამომდნარ ხორცზე ადენილი მხრჩოლავი კვამლის მასა გადმოდინდა.
„შემდეგი რაუნდი, შემდეგი რაუნდი! შემდეგი რაუნდი!“
ღრიალებდა კვამლი, ღრიალებდა გამაყრუებლად, ყურის აპკების დახეთქვამდე, და ეცემოდა, ეცემოდა, ეცემოდა, ვარსკვლავებით სავსე ზღვაში და ნაპერწკლებად მიჰქროდნენ მის გარშემო ვარსკვლავები…
გაკრთა ნარა.
ელვის სისწრაფით შემოცურდა მის თვალთახედვაში ნაცრისფერ, სახელდახელოდ შელესილ ჭერზე ათამაშებული მოლურჯო ღამე.
ყელში სცემდა პულსი და უსიამოვნოდ გრილი იყო ჩაბნელებული ოთახი მის ცხელ შუბლსა და მკლავებზე.
ცოტა ხნით მხოლოდ საკუთარი სისხლის წუილი ესმოდა ყურებში.
მერე გამათბობლის გუგუნი. მინის ოდნავი რაკუნი ფანჯრის ჩარჩოში.
და სორენის სუნთქვა.
მის გვერდით დაზნექილიყო ლეიბი და უფსკრულის კიდეზე იწვა ნარა. ერთი მცირე მოძრაობა და მის უსასრულო სიღრმეში დაინთქებოდა.
და იქნებ არც არაფერი იყო მის ძირში, მისი მყიფე ნდობის ნამსხვრევების გარდა.
ცოტა ხანი იწვა, განძრევას ვერ ბედავდა. სორენის სიფხიზლე მძიმე და უსიამო იყო მის გვერდით.
ცეცხლსა და მის მხრჩოლავ, დამდაგავ ენებს, დაწყვეტილი სადენებიდან გამოსროლილ ნაპერწკლებსა და დამტვრეულ მინებს ხედავდა. ცეცხლსა და მას შორის გაწოლილი მანძილი ზედმეტად მოკლე და ამავდროულად ძალიან, ძალიან დიდი გახლდათ.
ეგონა, რომ ჭკუაზე იშლებოდა.
მერე კი სორენის სიტყვები წამოუტივტივდა თავში.
„ისიც გამიგია, რომ თუ კავშირი საკმარისად ძლიერია, ერთი იმას ხედავს და ის ესმის, რაც მეორეს, მაგრამ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა.“
სორენის თვალებით ხედავდა მის წინ საკუთარი ხელით ორქესტრირებულ, წინააღმდეგობის პირველ ნაბიჯს.
და შიშის ცივმა ტალღამ გადაუარა.
სორენის ხმა მის თავში ერთი რამ გახლდათ. ამის გაკონტროლება უკვე შეეძლო.
მაგრამ როცა სორენი რამდენიმე წამით მის მხედველობას დაეპატრონა, ეს სრულიად მოულოდნელი რამ გახლდათ.
მოულოდნელი, უკონტროლო, და ისეთივე მკაფიო, ისეთივე ნამდვილი, თითქოს თვითონ მდგარიყო იქ, სადღაც, გალავანთან ახლოს. წამიერად მოეჩვენა კიდეც რომ ორი გული სცემდა მასში და იგრძნო მხრებზე უნიფორმის სიმძიმე.
ანდა სულაც არ იყო ის სიმძიმე უნიფორმის გამო.
მერე კი, კვლავ მოულოდნელად, კავშირი გაწყდა, დაიკარგა შორეული აფეთქების ხილვა და კვლავ პირისპირ აღმოჩნდა ცეცხლთან, დამტვრეულ რკინაბეტონსა და საკუთარი გადაწყვეტილების გრანდიოზულ შედეგთან ნარა.
საათიც კი არ გასულიყო, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა.
იდეალურად სიმეტრიულ ახალი ამბების გამომცხადებელთა გულისგამაწვრილებელი ხმა ქუჩის ალიაქოთს, მუსიკასა და მატარებლის გუგუნსაც კი ფარავდა.
„იგაზან-ლასა და გულაამის მოღალატეებმა შენობები გაანადგურეს!“
„ლერვიქენის შუაგულში აფეთქებები განახორციელეს ტერორისტებმა…“
„ტერორისტების ახალი ჯგუფი იგაზან-ლას განადგურებას უქადის!“
„მოღალატეები! მოღალატეები! მოღალატეები!“
უფრო ძლიერდებოდა ქუჩებში ჩურჩული. ახალთახალი სიმტკიცის, თუმცაღა შიშნარევის, ნაპერწკალს ხედავდა ნარა. ხალხის ნაბიჯს სიჩქარე შეჰმატოდა, და იდუმალი განზრახვის ლურჯ სუსხს აღევსო ქუჩები.
ერთი-ორგან მრგვალი წრე დაინახა ნარამ. ცისფერ, ცივ მეტალზე მჭახე წითელი საღებავით დახატული წრე, დაღი, და რომელიც იფლიჰემის თავზე გამოკიდებულ დროშაზე გამოსახულ ხეს უპირისპირდებოდა.
უძრავი, თვალშისაცემი და მტკიცე, როგორც ტყუილების რკინაბეტონში გაჩენილი სიმართლის ბზარი.
იმედოვნებდა ნარა, რომ მსგავს სიმტკიცეს იგრძნობდა საკუთარ ნაბიჯში. რომ სიმშვიდე ჩაენაცვლებოდა შფოთვას. რომ დარწმუნებული იქნებოდა საკუთარი საქციელის სისწორეში.
რომ სიმართლის ბზარი დაამსხვრევდა მის მერყეობას.
ჯერ არ მომხდარიყო არაფერი მსგავსი.
სორენს არაფერი უთქვამს. იცოდა ნარამ, რომ ის ხილვა სორენმაც გაიზიარა, მაგრამ კრინტსაც არ ძრავდა კაცი.
და დუმდა ნარაც. დუმდა, მიდიოდა დრო და მათ შორის მყოფ ნდობასაც წაიყოლებდა ალბათ ოდესმე.
სორენი ბევრს არ ლაპარაკობდა. ბოლო დღეებში, რაკი ხელები მოურჩა ნარას, აღარ უხვევდა. თვალსაც არიდებდა თითქოს. ცოტას ჭამდა და ბევრი ეძინა, მაგრამ აშკარად მოუსვენარი ძილით. უთქმელი სიტყვისა და აუტანელი დაღლილობის სიმძიმეს გრძნობდა მისი მხრიდან ნარა, როგორც ღუზას, მუდამ მის გონებაზე მოკიდებულს, ადგილზე აქვავებდა.
უნდოდა ეკითხა, მაგრამ კრინტს არ ძრავდა.
თავი მიატრიალა.
ძლივს გაარჩია სორენის ნაკვთები დილაბნელში. თავიდან მოღრეცილი, ლოყებ- და თვალებჩაცვენილი ეჩვენა მისი პირისახე, გააჟრჟოლა.
სორენს არ ეძინა, მაგრამ თვალები დაეხუჭა.
შორს ჩაიკარგა მისი სუნთქვა.
ის კაცისსახიანი ბავშვი გაახსენდა ნარას.
‘შენი სიზმარი იყო.’ თქვა მან. ამ ფაქტის გაცნობიერება ისე მსუბუქად მოვიდა, როგორც არაამქვეყნიური ფაქტების ცოდნა სიზმრებში.
სორენმა გადმოხედა. ნარას მბჟუტავი ციფერბლატი მქრქალ ცისფერ წერტილებად აირეკლა მის თვალებში.
‘ალბათ.’ თქვა მან. ‘მიჭირს გარჩევა, შენია, ჩემი თუ ვიღაც სხვისი. მისი, ვინც ადრე ვიყავი.’
‘ის ბავშვი შენ იყავი?’ ჰკითხა ნარამ.
ნელ-ნელა კარგავდა მკვეთრ ნაკვთებს მის მეხსიერებაში ბავშვის ფიგურა. სტერილური, თეთრი კედლები ჟონავდნენ მისი სილუეტის კონტურებში.
‘ალბათ ვიყავი.’ თქვა სორენმა. ‘დიდი ხნის წინ.’
საკუთარ თავზე დაფიქრდა ნარა. იმ ბავშვზე, თავშესაფარში პლაკატების წინ რომ იდგა თავისი გაღუნული ჯამით და სალაფავს ითხოვდა.
„დიდება იგაზან-ლას! დიდება გულაამს!“
არ ეცნობოდა. არც ახსოვდა რანაირი იყო წლების წინ. რას ფიქრობდა ის ბავშვი, პლაკატების წინ რომ იდგა? რას გრძნობდა? რას იმედოვნებდა?
არაფერი მოსდიოდა თავში. ცარიელი ჭურჭელი იყო ის ბავშვი, იგაზან-ლას კეთილდღეობისათვის განკუთვნილი ხორცისა და ძვლების გროვა.
აილა წარმოუდგა თვალწინ. გაჩეჩილი თმითა და ანთებული თვალებით, იგაზან-ლას მოღალატეებზე დაგეშილი.
ისეთივე მოწამლული, როგორც იგაზან-ლას ცა.
სორენი კვლავ შეჰყურებდა.
‘ხშირად გესიზმრება ის ბავშვი?’ ჰკითხა ნარამ.
‘მე სიზმრები იშვიათად მამახსოვრდება.’ თქვა სორენმა.
‘არ გამახსოვრდება თუ ივიწყებ?’
‘შეიძლება კი დავიწყება?’
‘შეიძლება. და ხანდახან აუცილებელიც კია.’ თქვა ნარამ.
მზერა აარიდა სორენმა, ჭერს ახედა. პროჟექტორის სინათლემ გადაუარა ფანჯარას და ჩაქრნენ მის თვალებში წამიერად ცისფერი წერტილები.
ძალიან ახლოს იყო უფსკრულის კიდე. ზედმეტად ახლოს. თითქოს აქამდე სულ უახლოვდებოდა, ნელ-ნელა, ახლა კი საბოლოოდ მიაღწია მის პირს.
‘ჩემ სიზმრებს ხედავ?’ დაიჩურჩულა მან.
‘ხანდახან.’ თქვა სორენმა. ‘მაგრამ არ მამახსოვრდება.’
‘თუ არ გამახსოვრდება, საიდან იცი რომ ჩემი სიზმრებია?’
სორენმა კვლავ მისკენ გადმოატრიალა მზერა.
‘იმიტომ რომ სიზმრები გრძნობებს ტოვებენ, გინდა თუ არა.’ თქვა მან. ‘შენს გრძნობებს კი ვერ ვივიწყებ.’
გულმა რეჩხი უყო ნარას.
‘ჩემს გრძნობებს?’ ყრუდ გაიმეორა მან.
‘ჰო.’
პირი მაგრად მოეკუმა ნარას, თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა.
თვალი აარიდა სორენმა. თვალებში ისევ ედგა ნარას ციფერბლატის წერტილოვანი ანარეკლი და მის თვალებში ჩამოწოლილი სუსხისფერი ჩრდილის მიუხედავად, რაღაც უცნაური იგრძნო მის მხრიდან ნარამ, რაღაც თბილი და უცხო, რაც მისი მილულული მზერიდან და სწრაფად მოძრავი გულმკერდიდან იღვრებოდა.
‘შენ სულ სხვანაირი გრძნობა ხარ.’ თქვა სორენმა. მისი ხორხის ნელი, მოულოდნელი მოძრაობა დალანდა ნარამ და აღელვება მოედო მქრქალად მისი გონების შორეულ კუთხეს.
რაღაცნაირი უხერხულობა მოჰგვარა. არ იყო ასეთი სორენი.
არ უპასუხია. უფსკრულის კიდეს მოსწყდა და მიჰქროდა ქვემოთ, ქვემოთ, სადღაც უსასრულობაში.
პროჟექტორის სინათლემ გახლიჩა სიბნელე და საფარველი შემოაგლიჯა თითქოს მის სახეს.
პირი იბრუნა ნარამ, სანამ სორენის ნაკვთებს გარკვევით დაინახავდა, თუნდაც წამიერად.
სიჩუმე ჩამოვარდა.
‘მე რატომ ვერ გგრძნობ?’ ჰკითხა ნარამ.
არადა ეგრძნო. იშვიათად. საკუთარი თავისაგან განდეგილი შიში და მრისხანება ახსოვდა.
უსიამოვნოდ გასწიწკნა მკერდში. მაინც მწირი, შორეული და თითქოსდა მიუწვდომელი იყო სორენი მისთვის, იმის მიუხედავად რომ მის გვერდით იწვა.
მისი ტკივილის ექო იგრძნო ძვლებში ნარამ, იმ ტკივილის, რომლის გაზიარებაც არ სურდა სორენს.
‘არ ვიცი.’ თქვა სორენმა.
‘იქნებ აკონტროლებ.’
‘ალბათ.’ მოკლედ მოჭრა სორენმა. თვალები გაშტერებოდა, რაღაც არარსებულს, შორეულს უყურებდა ჭერზე.
იდაყვზე წამოიწია ნარა, გაფაციცებით დააცქერდა სორენის სახეს.
‘ანდა უბრალოდ ეგრე ფიქრი უფრო გიადვილდება.’ თქვა მან. ‘რომ გაკონტროლება შეგიძლია. არა?’
სორენს არაფერი უთქვამს. სუსხისფერი წერტილები მის თვალებში არ იძვროდნენ, თითქოს გაყინულიყო.
მერე კი წამოიწია ანაზდად.
მიდიოდა. ისევ.
ციფერბლატს დახედა სასწრაფოდ ნარამ.
196, 239; 02:47.
‘ძალიან ადრეა.’ თქვა მან.
სორენი იჯდა, ხელებს ისრესდა. კვლავ შემოიჭრა პროჟექტორის სინათლე ოთახში, მისი პერანგის ქვეშ გამობურცულ მალებსა და კუნთების მოხაზულობას გადაუარა, თითოეულ ჩაღრმავებაში ჩაძვრა, სანამ კვლავ ჩრდილი დაიკავებდა კუთვნილ ადგილს.
‘ამ დროს არ მიდიხარ ხოლმე.’ დაამატა ნარამ.
სორენი დუმდა.
‘შენც დაინახე ხომ?’ თქვა ნარამ. ‘აფეთქება.’
‘ყველამ დაინახა მგონი.’
‘არა.’ მოუჭრა ნარამ. ‘იცი, რასაც ვგულისხმობ.’
‘ჰო, დავინახე.’ თქვა ბოლოს სორენმა.
‘მერე?’
‘მერე რა?’
‘როგორ გააკეთე?’
‘მე არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ დავინახე.’
სორენი წამიერად დადუმდა.
‘ძალიან ახლოს იყავი.’ თქვა ბოლოს.
მუცელი გადაუტრიალდა ნარას, ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში. უფრო მაგრად მოიხვია ზურგზე საბანი.
‘ვიყავი.’ ჩაილაპარაკა მან. მეტის თქმა არ უნდოდა. ინატრა, რომ სორენს არაფერი ეკითხა. არ ჩასძიებოდა, თუ რატომ იყო იქ. რას აკეთებდა, რა უნდოდა.
რატომ? რატომ?
‘დაიწყო.’ თქვა უცებ სორენმა.
‘რა?’
‘მოლოდინი.’ მიუგო სორენმა. ‘რომ რაღაც იქნება. რომ ახლა რაღაც მოხდება. იქნებ დროა, რომ მოკვდეს იგაზან-ლა.’
‘გინდა რომ მოკვდეს?’
‘ამდენხანს არ უნდა ეარსება. ყველა და ყველაფერი კვდება. იქნებ ახლა დადგა მისი სიკვდილის დრო.’
‘იგაზან-ლა თუ მოკვდება, ჩვენც მოვკვდებით. ჩვენთან ერთად კი კაცობრიობა.’
‘ესაა კაცობრიობა? ესაა სიცოცხლე?’ თქვა სორენმა. ‘ასე გინდა ყოველთვის იცხოვრო?’
ნარა წამიერად დუმდა.
‘არასოდეს მიფიქრია, ასე მინდოდა ცხოვრება თუ არა.’ თქვა ბოლოს. ‘მგონი ბევრი არც ფიქრობს აქ, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ბოლომდე ასეთი სიცოცხლე. არა? მაგრამ ერთი რამ ვიცი, აი იქ… შახტაში. გამოქვაბული რომ წყლით ივსებოდა. ის მახსოვს, რომ ვყვიროდი. კედლებს ვებღაუჭებოდი, რაც არ უნდა ამაო ყოფილიყო. მეშინოდა. ეგრე არასოდეს, არაფრის მშინებია. ალბათ ეგაა ინსტინქტი. უბრალო, ცხოველური, მაგრამ ყველაფერზე ძლიერი. ალბათ ამის გამო გადარჩა ამდენი ხანი იგაზან-ლა.’
‘იმის გამო, რომ ხალხს სიკვდილის ეშინია?’
‘არა. იმის გამო, რომ ადამიანს არსებობაზე უკეთესად არაფერი შეუძლია. ჰოდა ვარსებობთ. ავტომატურად. ინსტინქტურად. და ალბათ უაზროდაც. დანარჩენი ყველაფერი დავივიწყეთ, რაც საჭირო და აუცილებელი არაა.’
‘სწორედ ისე, როგორც გულაამს უნდა.’ თქვა სორენმა.
‘რეჯინალდის სახე აღარ მახსოვს.’ თქვა უცებ ნარამ. ‘დამავიწყდა. მაგრამ დამწვარი ხორცი მახსოვს. და სუნი.’
‘არ გინდა გაიხსენო.’
‘არა. არ მახსოვს. რეჯინალდზე ვფიქრობ და წამსვე კვამლის სუნი მცემს. მახრჩობს.’
‘იგაზან-ლას მოღალატეზე ღირს ლაპარაკი?’ თქვა ანაზდად სორენმა.
გაშტერდა ნარა. მერე კი სისხლის მოწოლა იგრძნო შუბლში, ყელში პულსაციას გრძნობდა. მკერდში რაღაცამ მოუჭირა საშინლად, სუნთქვა შეეკრა.
‘ეგრე რატომ იძახი?’ თქვა ბოლოს.
‘ტყუილია?’ ჰკითხა სორენმა.
‘არაა ტყუილი. მაგრამ შენ იტყუები. სულ იტყუები.’
‘როდის ვიტყუები?’
‘რაღაცნაირად ლაპარაკობ. ჯერ ერთ იძახი და მერე მეორეს. იგაზან-ლას სიკვდილი გაკერია პირზე. გისმენ და ვხვდები რომ აქაურობა გძულს. თითქოს რაღაც ახალი გინდა. ცვლილება. უკეთესი ცხოვრება. მერე კიდევ იქ მიმიყვანე. საწყობში. ვეზუვი გაჩვენე და აქამდე ულსტერისათვის არაფერი გითქვამს. ახლა კი რეჯინალდს იგაზან-ლას მოღალატეს უწოდებ. რა გინდა?’
ღრმად სუნთქავდა ნარა. სული მოეხუთა.
უსიამოვნოდ გასწიწკნა მკერდში. თითქოს მხოლოდ სორენს კი არა, საკუთარ თავსაც ეუბნებოდა ამ ყველაფერს. ჰქონდა ამ ყველაფრის უფლება?
‘მე რაც არ უნდა ვიფიქრო, რეჯინალდი მაინც იგაზან-ლას მოღალატეა.’ თქვა სორენმა.
‘რატომ არ მპასუხობ კითხვაზე?’
‘და რა მკითხე?’
‘შენ რა გინდა?’
‘არ ვიცი რას გულისხმობ.’
‘იცი. დროა. უნდა გადაწყვიტო, რომელ მხარეს დგახარ. ასე მგონია ზღურბლზე ხარ და ვერც წინ მიდიხარ და ვერც უკან. ხან ერთს გაიძახი და ხან მეორეს. მე მიბიძგებ, მაგრამ თვითონ ვერ გაგიგია ანდა ვერ გადაგიწყვეტია.’
სორენი მოტრიალდა. ალმაცერად შეჰყურებდა.
‘და შენ?’ ჰკითხა მან. ‘შენ რომელ მხარეს რჩები, ნარა?’
ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ნარამ. ჰელმარის გვერდზე მოქცეული პირი და გამჭოლი მზერა წარმოუდგა თვალწინ.
‘შენ რატომ არაფერს ამბობ?’ დაუმატა სორენმა. ‘ჩემგან პირდაპირ პასუხს ელი. შენ რატომ არ მეუბნები რამეს?’
ხელები მაგრად მომუშტა ნარამ. ახალი ხორცი ეწვოდა.
სინანულის სიცხემ გადაუარა, ოფლმა გამოჟონა შუბლზე.
‘არ მითხრა.’ უთხრა უცებ სორენმა. ‘არ მინდა ვიცოდე. და ჩემგანაც ნუ ელი პასუხს.’
‘რატომ?’ ჰკითხა ნარამ.
‘იმიტომ რომ პასუხი არ მაქვს.’ უთხრა სორენმა. ‘ცოდნის ქონა და გაზიარება გადაწყვეტილების თავისუფლებას არ ნიშნავს.’
სახე მოისრისა კაცმა, მერე კი ნელა წამოიწია ფეხზე, შემოსასვლელისაკენ გაემართა.
‘წავალ.’ თქვა მან.
ნარას არაფერი უთქვამს. ხელები მოემუშტა, ყბები მაგრად დაეჭირა ერთმანეთზე. შუბლზე მოწოლილი ოფლი გაუცივდა, გააჟრჟოლა.
‘იქნებ სადმე წავსულიყავით.’ თქვა უცებ. სიტყვები ისე გამოსკდა მისგან რომ შეკავება ვერაფრით მოახერხა.
სორენს არაფერი უთქვამს. იდგა, თითქოს ადგილს მილურსმული. უფრო ჩაღრმავებულიყვნენ ჩრდილები მისი ხერხემლის მალებსა და გამობურცული ნეკნების ქვეშ, ავბედითად უმზერდნენ ნარას.
‘წავიდეთ სადმე, შორს. ძალიან შორს აქედან. რომ ვეღარ დავბრუნდეთ.’ თქვა მან, ისე, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
მხრებზე მოგდებულმა ქურთუკმა დაფარა მის ზურგზე პირქუში ჩრდილი. ჯერ შემოსასვლელის ჩრდილმა ჩაყლაპა მისი ფიგურა, მერე კი ღამის სუსხი დაეპატრონა მას.
კარი ჩუმი ჩხაკუნით მიიხურა და თან წაიყოლა თითქოს სორენის ფუჭი თანხმობაც.
„წავიდეთ სადმე, შორს.“
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-
აუტანელი ღრიანცელი იდგა.
უფრო მეტად მოიკვარჩხა სკამში ნარა, მაგრამ იცოდა, რომ ხმაურს ვერსად გაექცეოდა. ჰელმარის შეხვედრებზე რამდენჯერმე ყოფილიყო, მაგრამ ვერასოდეს ეგუებოდა გულისგამაწვრილებელ ხმაურს. ყაყანისა და ჰელმარის მორჩილების მეტი არაფერი იცოდა ამ ხალხმა.
ხანდახან აუფუთფუთდებოდა გონების კუნჭულში აზრი, რომ იქნებ არც ისე განსხვავდებოდა მიწისქვეშ მყოფნი მიწისზემოთ მყოფი ხალხისაგან. მათ ბრმა მორჩილება აერთიანებდათ.
მორჩილება კი, რომელიც ყველაზე მეტად ფასობდა ამ ქვეყანაზე, ყველაზე საშიში რამ გახლდათ.
რკინის მაგიდაზე დაკრულ ვეებერთელა რუკაზე გაუშტერდა თვალი ნარას. ლიანდაგებს, ქუჩების, ელექტროგადამცემ ხაზებს დაესერა რუკა, მათ შავ მრუდებს ალაგ-ალაგ ჰკვეთდა ჰელმარის მზვერავთა მიერ მიმოჯღაბნილი წითელი ხაზები, ლერვიქენის დაცარიელებული და მეჩხერი მიდამოები კი წრეებით მოენიშნათ.
თითოეული წრე სამიზნეს აღნიშნავდა.
და უამრავი წრე იყო რუკაზე, სამიზნეები, რომელთა განადგურებას ყურადღების მიქცევის გარდა სხვა დანიშნულება არ გააჩნდა.
ჯერჯერობით.
რამდენიმე ცათამბჯენი ააფეთქეს კიდევ. ორი დღის წინ ლოკავდნენ პირქუშ, რუხ ცას ფეხებმოკვეთილ შენობაზე ადენილი ცეცხლის ალები.
როგორც რეჯინალდის სხეულზე გაჩაღებული კოცონი მოჰფენოდა შავ მარმარილოს.
შვიდი ოპერაციიდან ხუთს ესწრებოდა ნარა. ჰელმარმა დაიჟინა, რომ აუცილებელი იყო მისი იქ ყოფნა.
ერთხელ დეტონატორის შეკეთება მოუწია კიდეც.
მაშინღა მიხვდა, თუ როგორი გაოფლილი და ათრთოლებული ჰქონდა ხელები, როცა თითები დეტონატორის გლუვ კორპუსზე გაუსრიალდა.
სწვავდა გვერდს რადიო, რომელსაც მისი ახალი ქურთუკის ჯიბეში მუდმივი თავშესაფარი ეპოვნა. რომელზეც ხანდახან, უმთავრესად ძალიან მოულოდნელად, უკავშირდებოდა ჰელმარი.
ახალი ქურთუკი ჰელმარმა მისცა. მთელი გორა შავი ტანსაცმელი მოათრიეს სამალავში და ხალხს დაურიგეს, მაწანწალებისაგან რომ ვერ განესხვავებინა ვინმეს.
ტანსაცმელთან ერთად რკინის მილებს, ბატარეებს, სადენებს, მეტალის ნაგლეჯებს, დროდადრო შაშხანებსა და ახალთახალ მოხალისეებს მოათრევდნენ.
დაჭრილებსაც მოათრევდნენ. ნაცემებსაც. და ხანდახან ნოქსისა და ქრონო-X-საგან ტვინარეულებსაც.
ზოგს შეავლებდნენ ხელს სამალავში მოსული ექიმები. ზოგს ვერა. და ზოგსაც არა.
მოდიოდნენ სამალავში და თან დაჰყვებოდათ ახლადაღმოცენებული ჟინის, სისხლისა და დამდნარი პლასტმასის სუნი.
სამალავში ყოფნა კი გარშემომყოფთა დაჟინებულ მზერას ნიშნავდა. აღარ იყო საჭირო ნარას ამოსაცნობად შეხვეული ხელები, ყველა სცნობდა თითქოს, ყველამ იცოდა მისი სახელი, რომელიც რატომღაც „ცეცხლის კაცის“ ტიტულის გვერდით გამოეჭიმათ. თითქოს რეჯინალდის სიკვდილს უტოლდებოდა მათთვის ნარას არსებობა.
უყურებდა, თუ როგორ აგებდნენ მისი ინსტრუქციების მიხედვით ასაფეთქებელ მოწყობილობებს, და არ იმჩნევდა მათ ნელ-ნელა მზარდ ზომასა და ძალას.
და გრძნობდა, რომ ერთი წითელი წრე მის გარშემო მოეხაზათ. სულს უხუთავდა მისი ახალი ქურთუკიც, რადიოც, სამალავიც, დამწვარი პლასტმასის სუნიცა და საერთოდ ყველაფერი, რას მის გარშემო ხდებოდა.
თუმცა ალბათ არ იყო სწორი იმის თქმა, რომ მის გარშემო ხდებოდა რამე. ამ ყველაფრისაგან, რაც საკუთარივე გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა, თავის განყენებას ვერაფრით ახერხებდა.
არსად ჩანდა ის შემართება, ის სიმტკიცე, რომელსაც ელოდა. ის განურჩევლობა, რომელიც ასეთი ცხოვრებისათვის ჰქონდათ ჰელმარის ერთგულ ადამიანებს და მათი მამოძრავებელი წყურვილი თავისუფლებისადმი.
მხოლოდ შფოთვა დარჩენოდა შიგნით. უსიამოვნო, მოუსვენრობით აღსავსე ფიქრები, გაოფლილი ხელები და ცეცხლის ალში გახვეული სიზმრები.
ცდილობდა, მაგრამ ვერსად გაურბოდა სიზმრებს. აუტანელი დაღლილობის მიერ მოგვრილი, ცარიელი ძილი სადღაც შორს დარჩენილიყო.
ხანდახან კვლავ იმ კაცისსახიან ბავშვს ხედავდა. და სისხლს, გალურჯებულ ფეხებს შორის დანთხმულს, გადაგლესილ, სიკვდილით აღსავსე თვალებს, ლულას, რომელიც ხანდახან მისკენ მომართულიყო, და ხანდახან თვითონ მიემართა სხვისაკენ.
გაიას ვარსკვლავს ხედავდა, რომელიც წითლად შეღებილიყო, და სადღაც ქრებოდა გალავანი თითქოს, ანდა გალავნის გარეთ იჯდა, და ელვას აწვიმდა მიწაზე.
ამიტომ ცოტა ეძინა. იჯდა ღამღამობით, საწოლში გაჩენილ უფსკრულის პირზე, რომლის ძირშიც სორენი იწვა და უაზროდ გაჰყურებდა პროჟექტორების თეთრ შუქს, რომელსაც ბოლო დღეებში გამუდმებით დაჰყვებოდა თან გამომცხადებელთა ჰოლოგრამების ცისფერი შუქი.
მერე კი მოქანცულს ალიონზე რამდენიმე საათით წაართმევდა თავს ძილი.
კვლავ ცეცხლი, მხრჩოლავი, ალისფერი, დამწვარი ქონის სუნი რომ ასდიოდა.
ეს ცეცხლი ცოცხალ ჟანგს ჰგავდა. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, მისხალ-მისხალ ხრავდა შიგნიდან.
ხელები მაგრად მომუშტა ნარამ.
აიხედა, როცა ნელ-ნელა მინავლდა მის გარშემო ატეხილი ღრიანცელი.
კარი ხმამაღალი ბათქით დაიხურა და ჰელმარი მოუახლოვდა მაგიდას სწრაფი ნაბიჯით, ჩარლი და ბრუნო მოჰყვებოდნენ ფეხდაფეხ. ვერცხლისფერი კედლებიდან არეკლილი შუქზე უფრო გაფითრებულიყო თითქოს ჰელმარი, ჟღალი წვერი გასწეწოდა.
ჩუმი საუბარი და მოლოდინიღა დარჩა ოთახში.
-დავიწყოთ აბა. – თქვა ჰელმარმა.
-ორი დღის წინ მომხდარს განიხილავენ. – განაცხადა მაგიდის ბოლოში ლოყაგამოჭმულმა მაწანწალამ. მისი სახელი ჯერ კიდევ ვერ გაეგო ნარას. – ცეცხლის ბევრს ეშინია, ბატონო!
-უნდა ეშინოდეთ. – თქვა ჰელმარმა. – ცეცხლის კაცი?
-ყველა კუთხეში ვახსენებთ. ლაპარაკობენ. ბევრს ლაპარაკობენ. ზეპირად ახსოვთ სიტყვები, ბატონო. არ ივიწყებენ.
-ბინგემზე?
-ალბათ სამოცდაათი. მეტი გამოვა. მემანქანეები მოვლენ მალე, ბევრნი.
-არაა საკმარისი.
-ვიცით, ბატონო.
-ოთხმოცზე შევთანხმდით.
-ვიცით, ბატონო.
-თუ იცით, მოახერხეთ. და ისინი?
-ორის ცემა მოახერხეს. ერთი შაშხანა ავიღეთ.
-დანაკარგი?
-ასი სადღაც.
ჰელმარი ბრუნოს მიუბრუნდა. ბრუნო წამსვე გადაიხარა რუკაზე, ლერვიქენის ჩრდილოეთ მხარეს მოავლო ხელი.
-დიდი ალბათობით სადღაც აქეთ მიდიან. – თქვა მან. – მზვერავებმა ვერაფერი დაინახეს. მიწაში ქრებიან სადღაც. თან სხვადასხვა მიმართულებით მიდიან ფურგონები, ვერ ვადევნებთ თვალს.
-ანუ ვერაფერი იპოვეთ. – ძალიან მშრალი ხმა ჰქონდა ჰელმარს.
-ვერა. მიწისქვეშა ქსელი ექნებათ.
-მაგას ყველა მიხვდება. – თქვა ჰელმარმა. – მეტი მზვერავებია საჭირო. უთხარი მორჩნენ ქრონო-X-ს ყლაპვას და თვალები გაახილონ, იქნებ დაინახონ რამე.
-ის მაინც ვიცით რომ სადღაც მეთხუთმეტე უბნის მიღმა არიან. იქ იქნება სადმე შესასვლელი, გადავანაწილებ ხალხს.
-შემდეგი სად იყოს? – რუკას დახედა მოჭუტული თვალებით ჰელმარმა.
-იქნებ დროა რომ შიგნით გადავინაცვლოთ. – განაცხადა ბრუნომ. – მეცხრე უბანში მიტოვებული შენობებია.
აჩოჩქოლდა ხალხი. ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ინტერესით აცეცებდნენ აქეთ-იქით თვალებს.
-მე უფრო ლიანდაგზე ვფიქრობდი. – თქვა ჰელმარმა. – ოცდამეთხუთმეტე უბნის ბოლოსკენ ჩიხია.
-ძალიან სუსტია იქ ლიანდაგის ბოძები. – ჩაერთო ვიღაც ოთახიდან. – წამოქცევის პირზე არიან ისედაც.
-სადგურიც აღარაა იქ. – თქვა ჰელმარმა.
რა თქმა უნდა. ლოგიკურიც იყო შენობებსა და ელექტროგადამცემი ხაზების მერე ლიანდაგის მიზანში ამოღება.
-საჭმელზე რა ვქნათ? – იკითხა ანაზდად ჩარლიმ.
ჰელმარმა მას ისეთი მზერა სტყორცნა, რომ აშკარად არ იყო ეს თემა მისი აზრით აქ განსახილველი. პირი მოხურა საპასუხოდ ჩარლიმ.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი აშკარად პასუხს ელოდა.
-საჭმელი მართლა ცოტაა, ბატონო. – ხმა ამოიღო ბოლოს ლოყაგამოჭმულმა. – ჩვენი მარაგი რამდენიმე კვირა უნდა გვე…
-საჭმელს მოევლება. – გააწყვეტინა ჰელმარმა. – ვიცი რამდენიც გვაქვს და ჯერჯერობით გვეყოფა.
-და როცა აღარ გვეყოფა?
-ვიშოვით. – მოუჭრა ჰელმარმა. ძალიან მძიმე იყო ჰაერში ანაზდად ჩამოწოლილი დაძაბულობა, მოწამლული ღრუბლების სქელ საფარველად აწვა ოთახს.
ლოყაგამოჭმული დადუმდა. ჰელმარმა ერთი გამჭოლი მზერა მოავლო კვლავ ყველას, მერე კი რუკას მიუბრუნდა.
-კამერები? – მიმართა მან ნარას მოპირდაპირედ მჯდომ, შავებში გამოხვეულ კაცს.
-ცენტრალიზებული დიდი ალბათობით არაა. – უპასუხა კაცმა. -მეხუთე, მეთორმეტე, ოცდამეათე უბნებისაკენ მიდიან სადენები. რამდენიმე მიწისქვეშა გაყვანილობითაა.
-ყველა ელექტროგადამცემი ხაზი, რაც ჩვენსკენ არ მოდის, ნელ-ნელა უნდა ჩავჭრათ. – თქვა ბრუნომ.
-ყველა? – ღიმილით მიუბრუნდა მას ჰელმარი. – გათბობის და შუქის გარეშე რომ დარჩება ყველა?
-მარტო ეგ კი არა, აღარც მაღაროები იმუშავებენ, აღარც მატარებლები, აღარც კლუბები, საექიმო პუნქტები და განაყოფიერების ცენტრებიც დაიხურება.
ძალიან ცივი იყო ბრუნოს თვალები და გამყინავმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში ნარას.
-არა, არა. – თავი გადააქნია ჰელმარმა. – ეგ არ გვჭირდება.
-აბა? – უკმაყოფილებისაგან დაუწვრილდა ტუჩები ბრუნოს.
-ახალი ამბები უნდა დავხუროთ პირველ რიგში. – თქვა ჰელმარმა. – ეგენი ჩაჭერით ნელ-ნელა. და კამერები.
-კამერებს ჩვენ მივხედავთ, ბატონო. – განაცხადა ლოყაგამოჭმულმა.
-გადაირევიან, ახალი ამბები რომ ჩავჭრათ. – თქვა ჩარლიმ. – ადრე არაა?
-არა. – თქვა ჰელმარმა. – ხალხს უნდა ვაჩვენოთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რა შეგვიძლია. რამენაირად ტრანსლაციაში ჩართვა და ცეცხლის კაცისა და მისი სიტყვების გაშვება რომ შეგვეძლოს, მთლად უკეთესი.
-მოვიფიქრებთ რამეს. – განაცხადა ბრუნომ.
-კარგი, დღეისთვის მოვრჩეთ. – თქვა ჰელმარმა, მერე კი ნარას მოპირდაპირედ მჯდარ შავოსან კაცს მიმართა. – რიცხვებს ველი.
და აიშალა ხალხი, უსიამოვნოდ გაიღრჭიალეს რკინის იატაკზე სკამებმა.
აიხედა ნარამ.
ჰელმარის ცარიელმა, გამჭოლმა მზერამ ადგილზე გააშეშა წამსვე.
თავი აუქნია ჰელმარმა.
ანიშნა, მოდიო.
ნელა წამოიწია ნარა. ცხვირ-პირზე მორგებული ნიღბის ქვეშ ტუჩები მოეღრიცა.
გაიკრიფა ხალხი. გადიოდნენ და უკან მათკენ მიმართულ ცნობისმოყვარე მზერას ტოვებდნენ.
სადღაც გამქრალიყო. ჩარლი დარჩენილიყო მხოლოდ ჰელმარის გვერდით.
-მეცხრეში წადით. – თქვა ჰელმარმა.
შედრკა ნარა. ჩარლი თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა ჰელმარს.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-რატომ? – ჰკითხა ბოლოს ნარამ. – მეგონა…
-რომ ჯერ არ წავიდოდით შიგნით. ვიცი. – თქვა ჰელმარმა. – მაგრამ საჭიროა. ასმეორე ქუჩაზე, ძველი გამანაყოფიერებელთა ფაბრიკა. ცარიელია. წადით და გააკეთეთ თქვენი საქმე.
მერე კი მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
კარი ხმამაღალი ჯახუნით გამოიხურა და მისი ექოღა დარჩა მათთან ერთად ოთახში.
.
.
-*-*-*-*-*-*-
მქრქალად ბჟუტავდა ნარას ციფერბლატი. ბნელს მოეცვა კიდევ რამდენიმე პიქსელი. მობზრიალე ბრინჯაოს მონეტის კიდეღა დარჩენილიყო ეკრანზე, უკვე ზურგსუკან დარჩენილი წარსულის ირონიულ მოგონებად.
210, 239; 03:17.
მათ მხრებზე ღამე იწვა, ცივი და იდუმალი. და მქრქალ ლაქად ექცია კუნაპეტს გაიას ვარსკვლავი, ჩახშულ გუგუნად მატარებლის გრიალი და ბნელის წიაღში გაკრეფილიყვნენ მშფოთვარე ფიქრებიც.
მათგან ასიოდე მეტრის მოშორებით მოხატულ სარკეს ჩამოჰგავდა შეჭირხლული ცათამბჯენის მინის ფასადი – გამანაყოფიერებელთა ძველი ფაბრიკა, რომელიც ცისფერ სინათლესა და უძირო ღამეს ირეკლავდა.
ღრუბლებს შორის გაიას ვარსკვლავის თითქმის უხილავ, ფერმკრთალ ჩრდილს ახედა ნარამ, რომელსაც წამსვე მკერდით გადაეფარა რუხი ღამე.
რაოდენ შორს იყო ალბათ. აქედან მხოლოდ პაწაწინა წერტილი სინამდვილეში უზარმაზარი თანამგზავრი გახლდათ. იქნებ ისევე დაჰყურებდა თავზე ნარას, როგორც ნარა აჰყურებდა მას? იქნებ დაჰყურებდა და ფიქრობდა, თუ როგორ გამოიყურებოდა ოკეანის ტალღებში ჩაძირული იგაზან-ლა, იყო თუ არა კოსმოსის ბნელეთში ჩაკარგულ წერტილზე მეტი?
არა. იგაზან-ლა გაიას ვარსკლავივით მარტოდმარტო იყო ცის უსასრულო კამარაზე.
-რას უყურებ? – ჩაესმა მარჯვნიდან.
არ გაუხედავს ნარას. ჩარლის მზერა სწვავდა.
ყველას მზერას გრძნობდა თითქოს.
რატომ? ნუთუ ასე ეწვოდა შიშისაგან თითოეული ნერვი?
-არაფერს. – თქვა ავტომატურად.
-გაია არსად ჩანს. – თქვა ჩარლიმ.
-ვიცი. – უპასუხა ნარამ.
ციმციმებდა ძველი ფაბრიკის ფანჯრებზე მოდებული ყინული.
იქნებ ასეთი, მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი უნდა ყოფილიყო ღამის ცა? იქნებ მოწამლული ღრუბლები ჰფარავდნენ მათ?
იქნებ მოწამლული ღრუბლების მსგავსი იყო იგაზან-ლა, მის მიღმა ოღონდ კაცობრიობისა და დედამიწის ჭეშმარიტი სახე იმალებოდა.
-ისევ გამოჩნდება. – თქვა ჩარლიმ.
-რა?
-გაია.
-გამოჩნდება კი.
-რა უცნაურია ხომ? მიდის. და მოდის. მუდმივად. მაგრამ არ იძვრის. ვიცით რომ იქაა.
-ჰო. ალბათ.
თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა გაიას ვარსკლავის იქ ყოფნას, თუ არ ჩანდა? მათ წინაშე გამეფებულ ცარიელ სიბნელეს ვერ ცვლიდა სადღაც, რაღაც სინათლის არსებობის დაპირება.
ნარას არაფერი უთქვამს.
-გამოგვივა რამე? – იკითხა ანაზდად ჩარლიმ.
გადახედა ნარამ. ჩარლი დაჟინებით შეჰყურებდა. მისი ფიგურა მქრქალ ლურჯ ბურუსში გამოხვეულიყო თითქოს და ძალიან პატარა მოჩანდა მის გარშემო აღმართული შენობების წინაშე.
არ იცნობდა ჩარლის კარგად. აქამდე ოპერაციებზე სხვებთან იყო გამწესებული. უმთავრესად ბრუნოსთან.
ბრუნო ამდენს არ ლაპარაკობდა.
და რაც მთავარი იყო, ასე არ ლაპარაკობდა.
-არ ვიცი. – თქვა ბოლოს.
-ოდესმე რამე ხომ უნდა გამოვიდეს. – თქვა ჩარლიმ. – ყოველთვის ასე ხომ არ იქნება.
-რატომ არა? აქამდე თუ ასე იყო, რატომ არ იქნება?
-ასე სულ ხომ არ იყო?
არ იყო. ოდესღაც ალბათ უფრო მეტი მიწა იყო დედამიწაზე, ვიდრე წყალი. ოდესღაც იგაზან-ლას გარდა კიდევ არსებობდნენ დასახლებები. ოდესღაც კაცობრიობა მხოლოდ არსებობას არ ნიშნავდა.
რა იყო ისტორია, ცივილიზაციათა განმეორებითი სიკვდილის გარდა? იქნებ ყოველთვის განწირულნი იყვნენ, უბრალო დამთხვევა იყო მათი არსებობა და მეტი არაფერი.
ყველაფერს უნდა ჰქონოდა დასაწყისი, აღზევება და დაცემა.
იქნებ სწორედ დაცემა იყო იგაზან-ლა. თავისუფალი ვარდნა, ჩვეულებრივობად შენიღბული სასოწარკვეთილების მუდმივობა, რომლის ძირშიც მხოლოდ სიკვდილის ცივი ლურჯი კიდურები, მომტვრეული ყბა და კვამლისაგან გამურული ძვლები ელოდებოდათ.
ჩარლის ცოტა ხანი ხმა არ გაუღია. მათი სუნთქვის თეთრი ქულები ჩრდილად მოსდებოდა ღამეს.
-იცი წრეს რატომ ხატავენ? – ჰკითხა ანაზდად.
კედლებზე მოხატული წითელი წრეები წარმოუდგა თვალწინ ნარას. მერე კი რუკაზე მოხაზული წრეები.
იფლიჰემის მრგვალი გუმბათი, გალავნის რკალი, მაღაროთა გვირაბების მრგვალი, დაღებული ხახა და მის თავზე აზიდული „ორმოს“ კორპუსი, ცის კამარაში რომ მრგვალ ნაგლეჯს ჭრიდა.
სორენის დაწვრილებული გუგები და დალურჯებების სიმრგვალე მის მოხრილ ზურგზე.
-არა. – თქვა ნარამ.
-იმიტომ რომ ხეს არ გავს. – თქვა ჩარლიმ.
უნებურად გაექცა თვალი ნარას.
შორს, ცათამბჯენთა შეჭირხლულ სხეულებს, ლიანდაგების მიღმა, ელექტროგადამცემი ხაზების დასერილ ლურჯ ჰორიზონტზე თეთრად ციალებდა იფლიჰემი.
მის თავზე კი ქათქათა დროშა ფრიალებდა.
აქედან ვერ არჩევდა ზედ გამოსახულ ხეს ნარა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა თეთრ ზედაპირზე გამოსახული მიწისა თუ ცისაკენ მსწრაფვი შავი ფესვისა თუ ტოტის მოხაზულობა.
-არ ჰგავს. – გაიმეორა ბოლოს.
-რა გგონია, რომ მოვკვდებით, იქნება რამე? – ჰკითხა ანაზდად ჩარლიმ.
გადახედა ნარამ.
-არ ვიცი. – თქვა მან.
ისეთივე უსიამოვნო, ბლანტი სიმძიმე დააწვა გულმკერდზე, როგორც მაშინ, „ხრამში“. როცა აილას წამოეყო თავი საბნებიდან და იმ ამპარტავნობითა და ფუჭი თავდაჯერებით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა.
-იქნებ არც უნდა იყოს. – თქვა ჩარლიმ. – იქნებ დასვენება გვიწერია ბოლოს და ბოლოს.
-არარსებობა დასვენებაა? – ჰკითხა ნარამ.
-ბევრისთვის არის. – ჩაილაპარაკა ჩარლიმ.
სამარას ცარიელმა თვალებმა გაიელვეს თითქოს მის წინაშე. ფეხებს შორის სისხლი მოსცხებოდა.
ძვლებიდან ჩამომდნარი სახე ჰქონდა რეჯინალდს.
-დროა. – თქვა უცებ ჩარლიმ.
თვალები დაახამხამა ნარამ. კვლავ ცათამბჯენს მიმართა მზერა, ეცადა ნება დაერთო ცისფერი ღამისათვის რომ მისი მზერა აევსო, რომ სამარასა და რეჯინალდის სახეები აღარ დაენახა.
ჩარლის დეტონატორი მოემარჯვებინა.
ბრწყინავდა ცათამბჯენის მინებზე მოდებული ჭირხლი, ალაგ-ალაგ დაჟანგულ რკინის ჩარჩოებს ლაპლაპი გაუდიოდათ.
მისი სუნთქვის მთრთოლვარე ბინდი მოედო ფანჯრებს, რაც წამსვე წარიტაცა სიომ, თან წაიყოლა სამარასა და რეჯინალდის სახეები.
და ანაზდად დაინახა ნარამ.
ცათამბჯენის ერთ-ერთ ფანჯარაში, შეჭირხლული მინების მიღმა, თითქოს ლურჯი ჩრდილისგან აგებული სილუეტი.
ვიღაც იდგა იქ.
ჩარლიმ დეტონატორი აღმართა და ღილაკის ჩხაკუნმა მეხის გავარდნასავით დაუარა ნარას, ექოდ ამოსძახა მისმა გონებამ, დაუდგრომლად მიეჭრა მის გარშემო დამზრალ შენობებს, გაქვავებულ ლურჯ სინათლეს, აციმციმებულ ჭირხლსა და პირქუშ ღამეს, პირი იცვალა და თავზარად იქცა.
პირი დააღო ნარამ, სუნთქვა შეეკრა.
მერე კი ხმამაღალმა გრუხუნმა გაჰკვეთა ჰაერი. მუხლი მოეკვეთა ცათამბჯენს. გადაიხარა, დაეცა, რკინის ბოძების გამაყრუებელი ღრჭიალით. გადამტვრეული საფუძველიდან მტვრის ბუღი აიჭრა, გრგვინვით, ფანჯრებს მოედო, ჩაყლაპა ყველაფერი, მოედო ცას, ქუჩებსა და შენთქა გარშემო გამეფებული ლურჯი სინათლე. დაწყდნენ სადენები, ტკარცალებდნენ ჰაერში და ცეცხლი ფეხდაფეხ აჰყვა მათ ცეკვას, ყველაფერს განადგურებას უქადდა.
მაგრამ ვერც ცეცხლი, ვერც ბუღი და ვერც ნანგრევების ყურისწამღები გრიალი ვერ გადაფარავდა იმ ფანჯარაში აღმართულ სილუეტს.
არა. არა. შენობა ცარიელი უნდა ყოფილიყო.
პირი გამოუშრა ნარას. ყურებში მხოლოდ და მხოლოდ წუილი და საკუთარი გულისცემა ესმოდა, უროდ სცემდა საფეთქლებში.
ხელი სტაცეს მკლავში. ექაჩებოდნენ.
-წავიდეთ! – მის დახშულ სმენაში გაჟონა ანაზდად ჩარლის ხმამ. – რას აკეთებ? უნდა წავიდეთ!
წამოიწია ნარა, ინსტინქტურად. მისი ნიღბის ქვეშ შეეღწია მტვერს, ხველება აუტყდა. საშინლად ეწვოდა თვალები.
მოეჩვენა. უნდა მოსჩვენებოდა. შენობა ცარიელი უნდა ყოფილიყო. ცარიელი იყო, ყველა, რომელიც აქამდე აეფეთქებინათ, ცარიელი იყო. ამოწმებდნენ აფეთქებამდე. ჰელმარი თვითონ ამბობდა, არაფერიაო იქ.
კიბეებზე ჩაბარბაცდა ნარა და სიბნელემ დაჰფარა ყველაფერი, მხოლოდ ჩარლის ციფერბლატის მბჟუტავი სინათლე კიაფობდა ქვემოთ.
-რას აკეთებ, ფეხი გამოადგი! – უყვიროდა ის.
თავი აიძულა ნარამ, რომ ფეხი გადაედგა, მაგრამ ვერ შეძლო.
ნანგრევების გრგვინვა და მტვერი ავსებდა ყოველ მის სუნთქვას. ქუჩაში ყურისწამღები ყვირილი გაისმოდა.
თვალები გაუშტერდა. გამალებით უცემდა გული, ხელი ცივ მოაჯირზე გაეყინა.
მერე კი სიბნელის წიაღში დაინახა რაღაც. ჩარლის ციფერბლატის შუქს არ ჰგავდა, არა, ის უკვე ჩაკარგულიყო სადღაც შორს.
იისფერს ხედავდა. მბჟუტავ იისფერ სინათლეს.
ფეხი ძლივს ასწია ნარამ. ისე დამძიმებოდა კიდურები, როგორც არასდროს.
ნაბიჯი გადაადგა. ერთი. მეორე.
გამოძრავდა მის წინაშე იისფერი შუქი. მასში გამოიკვართნენ მროკავი სილუეტები.
ყველაფერი ბუნდოვანი იყო, საშინლად ბუნდოვანი, რეტი დაესხა ნარას.
კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. თითოეული კუნთი დასჭიმვოდა. სისხლი მოაწვა სახეში, ქშინავდა, ძლივს მიათრევდა სხეულს.
მიდიოდა და თითქოს იმ იისფერ სილუეტებს შეერია.
ბლანტი სიცხე იგრძნო ცხვირის ქვეშ, ტუჩზე ჩამოუგორდა.
მერე კი თითქოს ააგლიჯესო მასზე დაწოლილი სიმძიმე, მკერდსა და კიდურებიდან ლოდი ასცილდა ნარას.
წაბარბაცდა, მოაჯირს ჩაებღაუჭა მთელი ძალით, მერე კი ნაბიჯს აუჩქარა, საფეხურებს დაუყვა.
აღარსად ჩანდა იისფერი გარემო და მასში მროკავი სილუეტები. ქვემოდან მოკიაფე, აშკარად ქუჩიდან მომავალი ცისფერი შუქი ჩაენაცვლა მას.
ქვედა ტუჩზე დაეღვენთა სისხლი ნარას და მისი ნაცნობი, გამთბარი მეტალის გემო იგრძნო ენაზე.
ზედა ტუჩი მოიწმინდა. სველ ხელზე წამსვე შემოჰკრა მწველმა სუსხმა.
ძლივს ჩაბარბაცდა კიბეებზე. რეტი ესხმოდა, მაგრამ იცოდა, რომ აქედან უნდა წასულიყო. გასასვლელის დაღებული ხახის მიღმა ხალხის მასა მიედინებოდა, ბღავილით.
ძალ-ღონე მოიკრიბა ნარამ და გარეთ გააბიჯა, ხალხს შეერია.
ხალხის ღრიალს თითქმის გადაეფარა ყურისწამღები სადენების ტკაცუნისა და ნანგრევების ხრიგინის ხმა. მაღლა, შენობებს მიღმა მტვრის ბუღი, ცეცხლის ალები და მხრჩოლავი კვამლი ვეებერთელა ღრუბლად მოსდებოდა ცის კამარას.
ერთ-ორჯერ უთავაზეს ლაზათიანად გვერდში მუჯლუგუნი ნარას, რამდენჯერმე კედელს მიენარცხა კიდეც, სანამ ხალხს მიჰყვებოდა. ცხვირიდან შეუჩერებლად სდიოდა სისხლი, ნესტოებზე ხელის მოჭერამაც არ უშველა. ხელები ერთიანად გასისხლიანებოდა.
მიბარბაცებდა ნარა, ხალხს მიჰყვებოდა, უსმენდა მუხლებზე დაცემული შენობის გმინვას, ცეცხლის ტკაცუნს, შორს ფურგონების გუგუნს, საშინლად ეწვოდა ხელები და მხოლოდ ის ფიგურა ედგა თვალწინ.
შენობა ცარიელი უნდა ყოფილიყო.
გაუხვია ნარამ, მეზობელ ქუჩაში გალასლასდა. ნელ-ნელა ელეოდა ძალ-ღონე.
რადიო მის ჯიბეში ხმადაბლა ზუზუნებდა. ჰელმარს სურდა აშკარად საუბარი, მაგრამ მასთან ლაპარაკის იოტისოდენა სურვილიც კი არ ჰქონდა ნარას.
ნაბიჯს აუჩქარა ნარამ. სისხლისაგან სველი ნიღაბი მოიძრო.
მოიხედა. ცათამბჯენთა მიღმა, შორს, აღმოსავლეთით ოდნავ დაეფერა შემოპარულ გარიჟრაჟს ზეცა. პირდაპირ კი ვეებერთელა კვამლის მთა აღმართულიყო, რომელსაც ცეცხლი ედო საძირკველად, ალები ნარინჯისფერი ენებით ლოკავდნენ ცაზე მორჩენილ ღამეს. დამწვარი რეზინის სურნელი მოსდებოდა ნაცრისფერ ჰაერს.
დამზრალი სახე აუწვა კვამლნარევმა სიომ. წამიერად რუხ და იისფერ ლაქებად იქცა მის აცრემლილ თვალებში შემოგარენი.
დაახამხამა და წამსვე შემოცურდა მის თვალთახედვაში მგლოვიარე ცა, ქუჩაში ხალხის ნაკადი და კლუბის იისფერი სინათლე.
და კლუბის სინათლეში გაღვრილი, თვალებდაქაჩული ახალგაზრდა კაცი, რომელიც პირდაპირ მას შემოჰყურებდა, გაოგნებული.
რა უნდოდა? რა უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სისხლით მოთხვრილ, ძონძებით შემოსილ ქალში?
რაღაც ამოიხავლა კაცმა, მაგრამ ხალხის ღრიანცელსა და შორეულ გუგუნში ვერაფერი გარჩია ნარამ.
მერე კი პირი დააღო ახალგაზრდა კაცმა და აღრიალდა.
-ცეცხლის ქალი! – გაჰკიოდა ის. – ცეცხლის ქალი!
გაკრთა ნარა. ხალხის ნაკადიდან მოიხედა თითოოროლამ და წამსვე იბრუნა პირი. გული ყელში ამოსჯდომოდა.
-ცეცხლის ქალი! – გაჰყვიროდა მის უკან ის კაცი და იმის მიუხედავად რომ გარბოდა ნარა, გრძნობდა რომ თითქოს მოსდევდა კაცი, ფეხდაფეხ, როგორც საძირკველგამონგრეული შენობის გრიალი, კვამლი, ნესტოებს რომ უწვავდა და იმ შეჭიხლულ ფანჯარაში გამოსახული ფიგურის ზმანება.
ქშინავდა ნარა. საშინლად ასტკივდა თავი, მეთორმეტე ქუჩიდან პაწაწინა გასასვლელში გაუხვია, აღარც ახსოვდა იქ კამერები იყო თუ არა, ოღონდ იქედან გამქრალიყო.
ნელ-ნელა მოიტოვა უკან ხალხის ღრიალი, ნანგრევების გმინვა და თითქოსდა საკუთარ სხეულში გამჯდარი თავზარიც.
შენობა ცარიელი უნდა ყოფილიყო. იქნებ მოეჩვენა. იქნებ მინაზე მოქარგულმა სუსხმა დაუბნია გონება. იქნებ უბრალოდ სინათლე აირეკლა რაღაცნაირად და გამოსახა ადამიანის სილუეტი.
რეტი ესხმოდა.
მის მოგონებაში გაქრა ის სილუეტი. მერე კი ისევ გამოჩნდა. გაქრა, გამოჩნდა. გამოჩნდა და მოციმციმე ჭირხლსა და მის უკან ჩამოწოლილ ჩრდილში გალღვა, გაიცრიცა.
შენობა ცარიელი უნდა ყოფილიყო.
წარმოიდგინა, თუ რას იტყოდა ჰელმარი. იტყოდა, რომ იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ გახლდათ.
კვლავ სწვავდა გვერდზე რადიოს ვიბრირება.
და იქნებ არც იყო იქ არაფერი მნიშვნელოვანი. ჰელმარი იტყოდა რომ უბრალოდ ვიღაც მაწანწალა გახლდათ, ნოქსზე შემჯდარი, ვინც არაფერს ნიშნავდა, და ვერასოდეს ვერაფერს შეცვლიდა. ბრუნოც კვარს დაუკრავდა და განაცხადებდა, რომ მსხვერპლი იყო საჭირო, სხვანაირად ვერც ვერაფერს ვერ შეცვლიდნენ. მსხვერპლად სწირავდნენ იმ შენობებსაც, არა?
ხელები მაგრად მომუშტა ნარამ. სისხლი წებოვან, დამზრალ ფენად ქცეულიყო მის თითებზე. ენაზე მოდებული თბილი მეტალის გემო კი არ წყდებოდა.
არა, არა. ჰელმარსა და ბრუნოს არ ეკუთვნოდნენ ეს ფიქრები. მას ეკუთვნოდა.
რა იყო კიდევ ერთი სიკვდილი? ლერვიქენში, სადაც მტვრის თითოეულ ნაწილაკს ადამიანის ძვლებიდან აეღო დასაბამი? სადაც ყოველ კუთხეში შიმშილობით, ზედოზირებითა თუ ულსტერის ხელით კვდებოდნენ?
რა იყო კიდევ ერთი სიკვდილი მომაკვდავ ქვეყანაში?
თან თვითონ ხომ არ ეჭირა დეტონატორი. ძალიან გვიან შეამჩნია, იმ დროისთვის კი ჩარლის უკვე გააქტიურებული ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ჩარლის რომ ცოტა დაეცადა, სულ ცოტა, სულ რამდენიმე წამი…
ცხვირზე ხელი მოიჭირა ნარამ, როცა სისხლი ყელზე ჩამოეღვენთა, მერე კი სისხლით მოთხვრილი ციფერბლატი გადაწმინდა.
210, 239; 04:28.
ცეცხლის ქალი დაუძახა იმ კაცმა. მას დაუძახა, პირდაპირ მას შემოჰყურებდა. რატომ? ნუთუ იცნეს? ნუთუ რეჯინალდის სიტყვების, მრისხანებისა და სახის გარდა მისი ორწამიანი გამოსახულებაც შემორჩა უბრალო მაცხოვრებელთა მეხსიერებას?
პირზე ხელი აიფარა ნარამ და აიხედა.
და წამოიზარდა მის თვალწინ სორენის კორპუსი. გაიზარდა, გაიზარდა, უზარმაზარი გახდა, მთელი ცა გადაფარა თითქმის. გაფითრებულიყო ცა და დაფანტულიყვნენ ღრუბლები, მათ უკნიდან მონაბერი რუხი ნისლი გადაჰკვროდათ საბურველად.
შენობის ძირში შეისვენა ნარამ, კედელს მიყუდებული გამალებით ქშინავდა. კვლავ რეტი ესხმოდა, გული აერია.
ძლივს ააღწია სორენის ბინამდე. შვების გმინვა წასკდა, როცა ზურგსუკან კარი ხმამაღალი ბათქით მიიხურა. ფანჯარაში დროდადრო თეთრი სინათლე იღვრებოდა, პროჟექტორები გამალებით ტრიალებდნენ აქეთ-იქით.
ცოტა ხანი შემოსასვლელში ჩაიყუნცა ნარა, სულს ითქვამდა. ზურგი ოფლით დაცვაროდა, გამათბობელის ზუზუნსა და დროდადრო მინების წკარუნის ფანჯრის ჩარჩოში მისი ბლანტი სისხლის იატაკზე წკაპუნი ერთვოდა.
ნელ-ნელა გაიძრო ტანსაცმელი ნარამ, იქვე, იატაკზე დატოვა. საცვლისა და ოფლისაგან ნოტიო მაისურის ამარა მიადგა ნიჟარას, ეცადა სისხლით გაწებილი ხელები და სახე მოესუფთავებინა.
ერთბაშად გამოეცალა არაქათი, ნიჟარას დაეყრდნო. ოდნავ ათრთოლდა შიგნით დამდგარი წყალი როცა გარეთ გუგუნით გაიარა მატარებელმა, და პროჟექტორის სინათლემ წამიერად გაანათა მისი სხეულით დაჩრდილულ, რუხ წყალში გაღვრილი სისხლის სიწითლე, შავ მარმარილოზე მონარიჯისფრო ალისფერი ცეცხლის ანარეკლს რომ ჩამოჰგავდა.
ტუჩებსა და ნიკაპზე შემხმარი სისხლი უსიამოვნოდ სწიწკნიდა კანს.
ზურგზე გადაუარა კვლავ პროჟექტორის სინათლემ და გააკანკალა ნარას, თვალები დახუჭა, უნდოდა მარტო დარჩენილიყო სიბნელეში, მაგრამ მაინც შემოიჭრნენ მისი დახუჭული თვალების მიღმა იმ ფანჯარაში მდგარი ფიგურა, მხრჩოლავი კვამლით გადავლილი, გაფითრებული ცა და იმ ახალგაზრდა კაცის ყვირილი.
„ცეცხლის ქალი! ცეცხლის ქალი!“
ჩუმად ზუზუნებდა შემოსასვლელიდან მისი რადიო.
გაიღრჭიალა ანაზდად კარმა.
და ზათქით დაიხურა.
ნელა შემოაბიჯა ოთახში სორენმა. მისი მძიმე მზერა იგრძნო ნარამ, მაგრამ არ გაუხედავს.
სიჩუმე ჩამოვარდა. აღარ ისმოდა ფანჯრის ჩარჩოებში მინის წკარუნი.
‘რა მოხდა?’ ჰკითხა სორენმა.
ხელები ჩაჰყო წყალში ნარამ და ნიკაპიდან გამხმარი სისხლის მოწმენდას შეეცადა.
‘არ ვიცი. თავისით წამომივიდა.’ თქვა მან.
სორენს ხმა არ გაუღია. უსიტყვოდ დაშტერებოდა და მძიმე იყო მისი მზერა, ისევე მძიმე, როგორც მის კიდურებზე დაწოლილი სიმძიმე, როცა სულ ცოტა ხნის წინ კიბეებზე ჩამოდიოდა.
‘შენ იყავი.’ თქვა ნარამ. ‘ხომ? ისე დავმძიმდი… ვერ ვინძრეოდი. ძლივს წავათრიე საკუთარი თავი. შენ იყავი, შენს კიდურებს ვამოძრავებდი.’
‘ვიყავი.’ თქვა სორენმა. ‘გიგრძენი.’
‘დავინახე კიდეც. იისფერი სინათლე. მარტო არ იყავი. მეწამულ ღამეში იჯექი?’
‘რა მნიშვნელობა აქვს?’
‘ჰო. რა თქმა უნდა. არა აქვს მნიშვნელობა.’ მოუჭრა ნარამ.
აღარ სწიწკნიდა კანს შემხმარი სისხლი.
გადახედა სორენს. გაუნძრევლად იდგა კაცი და შეჰყურებდა.
ამოღამებულ თვალებში ჩრდილის მეტი არაფერი ეწერა სორენს. ხელები გაუნძრევლად, თითქმის უმწეოდ ჩამოჰყროდა.
რატომღაც უფრო გამოკვეთილი ჰქონდა ყბები. და მისი მხრები მოეხარა დაღლილობას.
მისი საყელოდან, მარჯვნივ, თითქოს გადმოღვრილიყო მის ყელზე ჩრდილი.
დალურჯება ჰქონდა. მისი შიშველი ზურგი და მასზე გაწოლილი მუქი ლაქები გაახსენდა ნარას.
მიტრიალდა სორენი. უცნაურად დადიოდა, თითქოს ერეოდა ფეხი. მძიმედ დაეშვა ლოგინზე და ჩაყლაპა ოთახის კუთხეში გამეფებულმა სიბნელემ.
თვალს არ აშორებდა ნარა.
‘რა მოგივიდა?’ ჰკითხა მან. ‘ისევ აქციაზე იყავი?’
‘ვიყავი.’ თქვა სორენმა.
ბინგემზე აღარ წასულიყო ნარა, მაგრამ ჰელმარის თქმით იზრდებოდა აქციებზე გამოსული ხალხის მასა და მასთან ერთად ულსტერის მსხვერპლთა რიცხვიც.
‘ერთ დღესაც მოგკლავენ იქ.’ უთხრა ნარამ.
‘ვიცი.’ თქვა სორენმა.
ბრაზის დაუდგრომელმა ტალღამ დაუარა ანაზდად ნარას. მოტრიალდა, გავეშებული, პროჟექტორის სინათლემ თვალები აუწვა, წამიერად სორენის ფიგურაც ჩაიკარგა კუნაპეტში და საშინლად დაუცველად იგრძნო თავი, თეთრი სინათლე და მისი დაუფარავი მრისხანება აშიშვლებდა თითქოს.
‘იცი ესე იგი.’ გადმოაფურთხა სიტყვები. ‘იცი და მაინც აკეთებ.’
‘ვერ მომკლავენ, სანამ დრო არ მოვა.’ უპასუხა სორენმა.
‘რა დრო? რისი დრო? გგონია შენ განსაზღვრავ არის დრო თუ არა? გგონია არჩევანი გაქვს ამ წყეულ ადგილას, როდის და სად მოკვდები?’ ხმა რომ ამოეღო, ალბათ ხმის იოგები დაუწყდებოდა ნარას. იდგა, მთელი სხეულით დაჭიმული და დაჟინებით შეჰყურებდა სორენს, სიბნელეში მის თვალებში არეკლილ თეთრ სინათლესა და მის ფიქრებს ეძებდა.
‘ვიცი რასაც ვაკეთებ.’ თქვა სორენმა.
ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ. დაჟინებით შეჰყურებდა.
კარგად ახსოვდა, თუ რა უთხრა სორენმა. რაღაცას აპირებდა. რაღაც უნდა მომხდარიყო. მაგრამ ეს რაღაც ვერ იქნებოდა ჰელმართან დაკავშირებული, იქ სორენი არასოდეს ენახა. არც ისე ბევრნი იყვნენ მიწისქვეშეთში, თან დარწმუნებული იყო, რომ იგრძნობდა სორენს. მის ის ყოფნას, მის ნაბიჯებს.
ნუთუ სხვა დაჯგუფება არსებობდა? სულ სხვა, რომელიც ასევე ისწრაფვოდა იგაზან-ლას განადგურებისაკენ?
და თუ ასე იყო, აქამდე რატომ არ დაკავშირებოდნენ ჰელმარს?
რაღაცამ გასწიწკნა შიგნით ნარას. და ანაზდად გააცნობიერა, რომ დაუდგრომელ, მისთვის გაუგებარ სიხარბეს აღევსო. უნდოდა გაეგო ყველაფერი, რასაც სორენი მისი შეუვალი გალავნის მიღმა მალავდა. შეეცნო ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, მასზე ჩამოფარებული ჩრდილის მიღმა გამძვრალიყო.
მის გვერდით და მის გონებაში ყოფნა არ იყო თითქოს საკმარისი. არ ჰყოფნიდა. მეტი უნდოდა, უფრო მეტი.
შეაშინა ამ ფიქრმა. გული ყურებში უცემდა.
რაში სჭირდებოდა სორენი? როდის აქეთ სჭირდებოდა ვინმე? არასოდეს არავინ დასჭირვებია. რეჯინალდისა და სამარას მის ცხოვრებაში ყოფნა კარგი იყო, მაგრამ არა აუცილებელი.
სორენზე კი უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა.
და რას აკეთებდა თვითონ? დუმდა იმაზე, რაც მის ცხოვრებაში ამჯერად ყველაზე დიდ საქმეს წარმოადგენდა.
‘არ მინდა წახვიდე.’ ამოღერღა უცებ.
შეჰყურებდა სორენი. ორი ნათელი წერტილი კიაფობდა მის თვალებში.
როგორც ცის რუხ კამარაზე მოკიაფე წყვილი გაიას ვარსკვლავი.
’სულ შენთან ვერ ვიქნები, ნარა.’ თქვა მან.
’არც ხარ.’ მიუგო ნარამ. კვლავ წამოასხა მრისხანებამ, რომელსაც სირცხვილი ერია.
თავი გადააქნია სორენმა.
’არა.’ უთხრა მან. ’ერთ დღესაც მომიწევს სულ წავიდე, გესმის?’
’სად?’
’სხვაგან.’
’მაინც?’
არ იძვროდნენ სორენის თვალებში გაიას ვარსკვლავები.
’სხვაგან.’ გაიმეორა მან.
’მეც წამოვალ.’ თქვა ნარამ.
სორენს არ უპასუხია. ხელები მაგრად გადაეჭდო ერთმანეთზე.
„წავიდეთ სადმე, შორს.“
’მინდა წავიდეთ.’ თქვა ბოლოს სორენმა. ’მინდა არსებობდეს ის „შორს“, სადაც შეიძლებოდეს წასვლა.’
’იქნებ არსებობს. იქნებ იფლიჰემი…’
’იფლიჰემში არაფერი არ არის.’ მოუჭრა სორენმა. ’აქედან უნდა გახვიდე.’
’სად? იგაზან-ლადან? გარეთ არაფერია.’
’ზღვა არის. ცა.’
‘იქ როგორ უნდა იცხოვრო?’
‘იქ ცხოვრება არ მიგულისხმია.’ თქვა სორენმა.
წამიერად დადუმდა ნარა. არც უნდოდა ეფიქრა, თუ რას გულისხმობდა სორენი.
’იფლიჰემში თუ არაფერია, აბა გულაამი და ეგეთები სად არიან?’ ჰკითხა მან.
’სადაც გინდა. გულაამი და მისნაირები ყველგან არიან. ქარქს-ნუიაში, ჰოლმში და სოგდალში ბევრნი არიან. მაგრამ როგორ გგონია, ძვლების რაიონში არავინაა მაღაროებლების, გამანაყოფიერებლების და მემანქანეების მეტი? გგონია არავინ აკონტროლებს შიგნიდან ამ ყველაფერს? საცხოვრებელი ადგილის შეცვლით იგაზან-ლაში არავის ეშველება, ყველგან ერთნაირია და იმიტომ. და თუ გინდა უკეთ ცხოვრება… მათნაირი უნდა იყო. უნდა შეიცვალო. ყველაფერი აიტანო… ფიზიკური უსაფრთხოების ფასად გაყიდო სხვა ყველაფერი, რაც გაგაჩნია, გაიგონე? შენ და მე ეგეთები ვერასოდეს ვიქნებით.’
სორენი დაჟინებით შეჰყურებდა.
‘შენ… შენ ვერასოდეს იქნები ეგეთი.’ დაამატა მან.
‘ანუ რა არის გამოსავალი?’ დაიჩურჩულა ნარამ. ‘სიკვდილი ან გამარჯვება?’
‘სიკვდილი მარტივია.’ თქვა სორენმა. ‘სიკვდილი ყველგანაა.’
დადუმდა ნარა.
კვლავ გამოჩნდა ლურჯ ფანჯარაში ის ფიგურა.
სისუსტე იგრძნო მუხლებში ნარამ. თითქოს ნაპრალებიდან სუსხიან სიოს შემოებერა, თმა ყალყზე დაუდგა.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სორენს, თითქმის ყოყმანით. ბეტონის იატაკი ძალიან ცივი იყო მის ფეხქვეშ და რატომღაც ის სამიოდე მეტრიც კი, ნიჟარასა და ლოგინს შორის ისევე გადაულახავი და ვრცელი ჩანდა, როგორც არასდროს.
მაგრამ გაიარა ის მანძილი ნარამ. გადაჭრა ფანჯრიდან შემომავალი სინათლისა და კუთხეში ჩამოწოლილი ჩრდილის საზღვარი და სიბნელეს შეერია.
სორენის მზერა ძალიან მძიმე იყო, ფეხებზე, სახესა და გულმკერდზე თითქოს ტვირთად აწვა.
მის გვერდით ჩამოჯდა ნარა, სულ ახლოს, ისე რომ ბარძაყითა და მკლავით ეხებოდა მას.
მისი ტკივილი იგრძნო. ყრუ, შორეული, როგორც მატარებლის გუგუნი დილაობით, ძილს რომ სტაცებდა.
რა უცნაური გახლდათ. თვალს სჭრიდა შორეული მზე, მაგრამ სითბოს ნაპერწკალსაც კი არ გზავნიდა მისკენ. ახლა კი, ამ სიბნელეში, რომელსაც კედლებზე დაღვრილი თეთრი სინათლის ლაქები ფანტავდნენ, განუზომელ სითბოს გრძნობდა, გვერდიდან მომავალს.
თუნდაც იმ მცირე ტკივილის ფასად.
სორენი ერთმანეთზე გადაჭდობილ ხელებს მაგრად ისრესდა.
ის ფიგურა, ფანჯარაში, პირდაპირ შემოჰყურებდა ნარას.
‘და რა არის გამარჯვების ფასი?’ ჩაილაპარაკა მან.
‘არ ვიცი. ყველასთვის სხვადასხვანაირია ალბათ.’ მიუგო სორენმა.
‘და შენთვის?’
‘კოშმარები.’ თქვა სორენმა. ‘და ალბათ მთელი ჩემი ცხოვრება.’
‘მეგონა სიზმრები არ გახსოვდა.’
‘იშვიათად. მაგრამ გრძნობები არ მავიწყდება. და არც შიში.’
‘არ შემიმჩნევია რომ კოშმარი გქონოდა.’
სორენმა არაფერი უპასუხა.
‘ცეცხლის ქალი დამიძახეს.’ თქვა უცებ ნარამ.
ხელების სრესა შეწყვიტა სორენმა, ელვის სისწრაფით გადმოხედა.
‘ვინ? სად?’
‘მეთოთხმეტე რაიონში შენობა აფეთქდა. შორიახლოს ვიყავი, დავინახე. მაშინ… მაშინ წამომივიდა ცხვირიდან სისხლი, მთლად მოვითხვარე. იქედან გამოვრბოდი და ვიღაცამ დამინახა. ყვირილი ატეხა, ცეცხლის ქალიო. არ ვიცი რატომ. მიცნო იქნებ.’
სორენი დუმდა. დუმდა და დაჟინებით შეჰყურებდა.
სულ ახლოს იყვნენ გაიას ვარსკვლავები და თითქოს მათზე შემოჯარული, თბილი ჩრდილის ნაწილი გახდა ნარა.
‘გიცნეს.’ თქვა სორენმა. ‘ხალხი იმ კადრებს ვერ დაივიწყებს.’
‘მე მეგონა… სულ ცოტა ხნით ვიყავი. მეგონა…’
‘ხალხს არ ავიწყდება.’ თქვა სორენმა.
ოდნავ მიტრიალდა, შემოსასვლელს დააშტერდა. ოდნავ გაანათა მისი სახე ფანჯარაზე გადავლილმა თეთრმა შუქმა, კედლებს, კუთხეებს, მათ შორის ჩამოწოლილ ანაზდეულ დაძაბულობას მოეპოტინა წამიერად.
‘რა მოიტანე?’ ჰკითხა ანაზდად სორენმა.
‘რა?’
‘რაღაც ვიბრირებს.’
სორენი შემოსასვლელში მის ტანსაცმლის გროვას დასცქეროდა.
წამოდგა ანაზდად და ისეთი მოულოდნელი იყო მისგან მომავალი სითბოს დაკარგვა, რომ თმა ყალყზე დაუდგა ნარას.
ტანსაცმელს მიუახლოვდა სორენი და გაჩხრიკა ელვის სისწრაფით, რადიო ამოაძვრინა ჯიბიდან.
სუნთქვა ყელში გაუკავდა ნარას. ალბათ არც ეცოდინებოდა სორენს, თუ რას წარმოადგენდა ეს დანადგარი, მაგრამ ყველა მიხვდებოდა, რომ ასეთი რამ მას არ უნდა ჰქონოდა.
‘სორენ…’ წამოიწყო მან.
‘ეს რად გინდა?’ ჰკითხა სორენმა.
‘იცი რაცაა?’
‘და რომ ვიცოდე, მეტყვი რად გინდა?’
ნარას ხმა არ გაუღია. მხრები აიწურა,
‘ნარა, რას აკეთებ?’ ჰკითხა სორენმა. წარბები შეჰკვროდა, იდგა და რაღაცნაირად, გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა.
აღარ ჰქონდა თვალებში გაიას ვარსკვლავები. კვლავ გადაუარა სინათლის ტალღამ, და თითქოს თეთრი მარმარილოს ქანდაკება იდგა ნარას წინაშე.
ქანდაკება, რომელსაც ბზარი გასჩენოდა ალაგ-ალაგ.
და რატომღაც გრძნობდა ნარა, რომ უკვე მის სიღრმეებს სწვდებოდა ბზარი. სადღაც, იმ მიუწვდომელ სიბნელეში ჩაკარგულიყო.
ტუჩები მოკუმა.
‘რას აკეთებ?’ გაუმეორა სორენმა.
‘ჩემგან სიმართლე გინდა?’ მოუჭრა ნარამ.
კუნთი აუთამაშდა ყბაში სორენს. რადიოზე შემოჭერილ ხელზე სახსრები გაფითრებოდა და ახლაღა შეამჩნია ნარამ, რომ ოფლის წვეთებს გამოეჟონათ მის შუბლზე.
‘გინდა ცეცხლის ქალი იყო?’ ჰკითხა მან.
‘რა?’
‘ცეცხლის კაცის დასჯა ვერ მოახერხეს. იგაზან-ლაში კი ყველა დანაშაულისათვის ვინმე უნდა დაისაჯოს, დამნაშავეა თუ არა. და თუ დამნაშავეა, მაშინ მათი დასჯა მხოლოდ დროის საკითხია.’
სორენი ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა. თვალები უელავდა, და თითქოს ჩაუღრმავდა სახეზე, თვალების ქვეშ, ტუჩის კუთხეებსა და თითოეულ ნაოჭში გაწოლილი ჩრდილები.
‘დამნაშავე ჯერ ვერ იპოვეს. გულაამს კი აქციებზე დასჯილები არ ეყოფა. არასოდეს ჰყოფნიდა. და როგორ გგონია, ვერ იპოვნიან?’
ხელები მაგრად მომუშტა ნარამ, მის თავზე წამომდგარ სორენს დაჟინებით შესცქეროდა.
‘რას მეუბნები? მეუბნები არაფერი ვაკეთო? შენ კიდევ სულ იქ დგახარ! ტყვიის მოლოდინში!“
‘მე არავინ ვარ, ნარა!’ აყვირდა სორენი, მისი ხმა უსიამოვნოდ რეკდა ნარას ყურებში. ‘იგაზან-ლაში შენზე რომ არ ინადირონ, ან არავინ უნდა იყო, ანდა მონადირე. როგორც კი რამეს წარმოადგენ უბრალო მუშის და მაწანწალის გარდა, არ გაცოცხლებენ.’
ხელები მთელი ძალით მოიჭირა მუხლებზე ნარამ. სორენს თვალი აარიდა, მზერას ვეღარ უსწორებდა.
‘ჰოდა გეკითხები, გინდა ცეცხლის ქალი იყო? იმიტომ რომ თუ გახდები, მერე უკვე გვიანი იქნება.’
ნარას არ უპასუხია. ენა ერთიანად გამოშრობოდა და დამძიმებოდა პირში.
მერე კი, ანაზდად რადიო მოიქნია სორენმა, კედელს მიანარცხა. დანადგარის ნაწილები გაიფანტნენ აქეთ-იქით. ამოისუნთქა კაცმა, მხრები სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა.
მერე კი კვლავ მის გვერდით დაეშვა მძიმედ. და ცივი იყო, ცივი იყო ძალიან მისი შეხება, ისეთი, რომ ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში ნარას და ისევ ისეთი, ყრუ ტკივილი გაუჯდა ძვლებში.
ხმას არ იღებდნენ. არ იცოდა ნარამ, თუ რა ეპასუხა. არც უნდოდა რამე ეთქვა.
რადგან გვიანი იყო უკვე. რადგან უკვე გახდა ცეცხლის ქალი, უკვე იქამდე სანამ ის კაცი ქუჩაში დაუძახებდა. მისი ბრალი იყო, თვითონ შექმნა. უკვე მისი ხელმძღვანელობით შექმნილი იარაღით სარგებლობდა ჰელმარი, წამოექცია შენობები, როგორც იგაზან-ლასა და გულაამისადმი ბრმა მორჩილების ილუზია, და ნანგრევებზე ადენილი ცეცხლის ალები ხალხის შემართებას ჩამოჰგავდა.
რადგან მის იარაღს უკან არა მხოლოდ მკვდარი რკინაბეტონი და მომწამლავი კვამლი დაეტოვებინა, არამედ უკვე სიცოცხლეც აეღო მსხვერპლად.
უკვე გვიანი იყო, ძალიან გვიანი.
მოიკაკვა ნარა, შუბლით მუხლებს დაეყრდნო.
გაქრა სიჩუმე. და ელვის სისწრაფით ჩამოწვა მის გარშემო გამათბობელის გუგუნი, ფანჯრის მინების წკარუნი და თითქოსდა რადიოს ნაწილებად დამტვრევის ლაწანის ექოც, რომელსაც ოთახის თითოეულ კუთხეში დაებუდრებინა, იჯდა და ელოდა მოთმინებით, რომ მისი მნიშვნელობა დაენახა ნარას. რომ დაენახა, თუ რას ნიშნავდა სორენის საქციელი და მისი სიტყვები.
რომ ის ხვდებოდა ყველაფერს.
რატომღაც არ გამოუწვევია ამას პარალიზებადი შიში.
მხოლოდ სირცხვილი.
„მოემსახურე იგაზან-ლას! მოემსახურე გულაამს!“
ოდნავ წამოსწია თავი ნარამ. იქვე, მის თავთან ახლოს, მაგრად გადაეჭდო კვლავ ერთმანეთზე სორენს ხელები. სახსრები საშინლად გათეთრებოდა, და როცა მას ახედა ნარამ, ასევე გაფითრებოდა სახე, ტუჩები მოეკუმა.
შიში არასოდეს ენახა მის სახეზე ნარას. ეგრძნო, მაგრამ არასოდეს ენახა.
რატომ? რატომ ეშინოდა ახლა?
პირი იბრუნა ნარამ, აღარ უნდოდა მისი სახე დაენახა.
„წავიდეთ სადმე, შორს.“
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
ერთადერთი რამ, რაც დარწმუნებით იცოდა მეცხრემ, ის გახლდათ, რომ გაიას ვარსკვლავი ძალიან შორს იყო.
რასაკვირველია „ვარსკვლავში“ თანამგზავრი იგულისხმებოდა. წესით მეცხრეს ეს არ უნდა სცოდნოდა, რადგან „ვოინიჩში“ ზოგიერთი კატეგორიის ნახვა ეკრძალებოდათ, მაგრამ მათი ჯგუფის თავი, NTR25689241729 ხანდახან აძლევდა გამარჯვებულებს ათიოდე წუთით თავის კოდს.
გაიას „ვარსკვლავი“ უბრალოდ ჰგავდა ვარსკვლავს. ნამდვილი ვარსკვლავები მდუღარე პლაზმის სფერო გახლდათ, ჰელიუმისა და წყალბადის წვის შედეგად სითბოსა და სინათლეს გამოჰყოფდნენ.
ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა ნაცრისფერი ღრუბლების საფარველის გამოპარული ფერმკრთალი დისკო ვარსკვლავად. ვარსკვლავები შავ ღამეში მიმობნეული წერტილები უნდა ყოფილიყვნენ, შორეულნი და მიუწვდომელნი.
ამიტომ იყურებოდა ზემოთ მეცხრე, თუმცა იშვიათად ჰქონდა ცის ნახვის სიამოვნება. და ბევრად უფრო იშვიათად ჰქონდა ისეთი ცის ნახვის სიამოვნება, სადაც ვარსკვლავების მოძებნას შეეცდებოდა.
უკვე ათწლეულების მანძილზე არ ჩანდა იგაზან-ლას თავზე არაფერი, გამონაბოლქვის გამო.
ერთ დღესაც უნდა დაენახა ვარსკვლავები. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვინ აკონტროლებდა გაიას თანამგზავრს, მაგრამ მაინც იმედოვნებდა იქ მოხვედრას.
უნდა წასულიყო აქედან, ძალიან შორს.
ზემოთ აიხედა.
რკინაბეტონის რუხ ჭერზე ვენტილატორი ტრიალებდა დაუღალავად, პატარა მრგვალი სანათურები გაფანტულიყვნენ აქეთ-იქით, მკრთალ სინათლეს ჰფენდნენ იქაურობას.
ოდნავ პრიალებდა კუთხეში დაყენებული კამერა.
მაჯაზე დაიხედა მეცხრემ.
317, 219; 04:28.
ორ წუთში მათი ხელმძღვანელი შემოაბიჯებდა მათ პატარა ოთახში და ათივეს წამოაგდებდა ფეხზე.
მათ სავარჯიშო დარბაზამდე სამი კილომეტრი იყო, რომელიც სირბილით უნდა დაეფარათ.
იგაზან-ლადან გაიამდე სადღაც ორიათასი კილომეტრი უნდა ყოფილიყო.
კიბე რომ ყოფილიყო იქამდე, რამდენ ხანში მოახერხებდა გავლას?
გვერდი იბრუნა მეცხრემ. ლოგინმა ოდნავი ჭრიჭინი გაიღო მის ქვეშ.
მერე კი ხმამაღალი ღრჭიალით გაიღო კარი.
და ელვის სისწრაფით მოტრიალდა მეცხრე.
ხელმძღვანელმა შემოაბიჯა.
და პირდაპირ მისკენ გამოემართა.
წამოდგა მეცხრე, გაიჯგიმა.
მის ცხვირწინ გაჩერდა ხელმძღვანელი. აჭრიჭინდნენ საწოლები, როცა დანარჩენები ნელ-ნელა წამოიშალნენ.
მათკენ არ გაუხედავს ხელმძღვანელს. პირდაპირ მეცხრეს შემოჰყურებდა, დაჟინებით. ძალიან ცივი, ცისფერი თვალები ჰქონდა და მის დაღარულ სახეს, ალაგ-ალაგ იარები რომ აჩნდა, პირველად ხედავდა მეცხრე ასე ახლოს.
-კოდი. – თქვა ხელმძღვანელმა.
– SNR01042070732.
-მზად ხარ იგაზან-ლასა და გულაამს ემსახურო?
-ყოველთვის.
-რას გეძახიან?
-არაფერს.
-საკუთარ თავს რას ეძახი?
-SNR01042070732.
-რამე უნდა გერქვას, რადგან ამიერიდან იგაზან-ლას მოემსახურები. – ხელმძღვანელს ძალიან ღრმა ნაოჭები ჰქონდა, ოდნავმა ღიმილმა უფრო მეტად ჩაუღრმავა. – არა?
-დიახ.
– ეს, ენ, ერ.. სორენი რომ გერქვას?
-მერქვას.
-კარგი, სორენ. – ხელმძღვანელი ძალიან კმაყოფილი ჩანდა. – ახლა წამოდი. უნდა ვაჩვენოთ, რომ აქ საუკეთესო შენ ხარ.
და როცა გაიყვანა ოთახიდან ხელმძღვანელმა მეცხრე, რომელსაც ზურგს წვავდა ოთახში დარჩენილთა მზერა და უკვე სამზადისში მაგრად შეეკრა მუშტები, ერთადერთს იმას ფიქრობდა, რომ ალბათ ეს პირველი ნაბიჯი იყო იმ კიბეზე. კიბეზე, რომელსაც გაიას ვარსკვლავამდე უნდა მიეყვანა.