კარგა ხანი იჯდა ნაგვის ბუნკერის გვერდით ნარა, სანამ მის აზვირთებულ, წამლეკავ ფიქრებს მასზე დაფენილი თოვლისა და ჩამოწოლილი ღამის სიმძიმე არ დაემატა. გამალებით უსმენდა, ყურებდაცქვეტილი, ქუჩაში თითოეულ გაფაჩუნებას, მაგრამ ლერვიქენის ჩვეული ჩოჩქოლის, ახალი ამბების დუდუნისა და ელექტრონული მუსიკის მეტი არაფერი ისმოდა. შორს ჩაკარგულიყო ულსტერის ფურგონის ძრავის გუგუნი და იმ ბარმენის სასოწარკვეთილი ხმა, შველას რომ ითხოვდა.
