და დაიძრა ნარა. ინსტინქტურად აუმოძრავდა ფეხები, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა სორენს, მისი გამოწვდილი ჩაფხუტი ელვის სისწრაფით მოირგო თავზე. წამიერად შეყოყმანდა მხოლოდ, მერე კი მარჯვედ მოკალათდა სორენის უკან და მაგრად მოხვია წელზე მკლავები. და როგორც ყოველთვის, ისეთივე თბილი იყო სორენი, როგორც მიუწვდომელი მზის შუქი გალავნის თავზე. ადგილს მოსწყდა მოტოციკლეტი და ტალღად შემოჰკრა გვერდებზე ნარას გაყინული ჰაერის ტალღამ, მაგრამ ვერ გააღწია იმ სითბოში, გარშემო რომ შემოხვეოდა.
