Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.
ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
https://www.youtube.com/watch?v=HzPu3CPCTFg
მეექვსე თავის თემა
VI – Frost
.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-*-
ტაატით მიცურავდნენ ცის კამარაზე რუხი ღრუბლები. დათარეშობდა უწყალო ქარი, თან მოჰქონდა მოძალული ცივი თვეების სუსხის სურნელი და უტიფრად, ზუზუნით მიჰქროდა ბინგემის მოედანზე შექუჩებულ მაღაროელთა შორის.
ზედ ეხლებოდა მისი ყინულოვანი სუნთქვა ნარას, ნიღბით დაუფარავ ქუთუთოებსა და შუბლის კანს უწვავდა.
იდგა, გაქვავებული. თვალები დაეხუჭა, გულაამის ცივ ცისფერ მზერას, მისი პირისახის უნაკლო სიმეტრიას, გოროზად აღმართულ თავსა და სასტიკ სამართალს თვალს ვერ უსწორებდა.
-დიდება გულაამს! – ღრიალებდა ჯერ კიდევ ბრბო. – დიდება იგაზან-ლას! დიდება იფლიჰემს!
თუმცა როგორიც არ უნდა ყოფილიყო სამართალი, რამდენადაც სასტიკი არ უნდა ყოფილიყო, მაინც სამართალი გახლდათ. იმ კაცებმა დააშავეს. იცოდნენ რომ საკუთარ სიცოცხლეს დებდნენ სასწორზე, იცოდნენ, თუ რა მოჰყვებოდა მათ დანაშაულებრივ ქმედებას.
გულაამი არასოდეს ცდებოდა. ულსტერი არასოდეს ცდებოდა, ცუდს არასოდეს სჩადიოდა.
წამიერად განათდა ქუთუთოების მიღმა ყველაფერი, უკიდეგანო სიბნელეს მჭახე, კაშკაშა სინათლე ჩაენაცვლა.
გაიელვა და თვალები გაახილა ნარამ.
უკვე გამქრალიყო ღრუბლების რუხი სუდარის მიღმა დაკლაკნილი ელვა.
და დაიქუხა. ისეთი ძალით, რომ აცახცახდნენ ბინგემის მოედანის ქვები.
მერე კი წვიმა წამოვიდა. ნელ-ნელა, წკაპა-წკუპით.
-ნარა. – მოესმა ანაზდად გვერდიდან და შეცბა, წამსვე მიატრიალა თავი. სორენი ზედ დაჰყურებდა, გამქრალიყო ერთიანად მის თვალებზე მოდებული ღიმილი და სითბო. მხოლოდღა გულაამის ლურჯი ჰოლოგრამის სიცივე მოჰფენოდა სახეზე. – წამოდი. წავიდეთ აქედან.
-წავიდეთ. – წაიბურტყუნა საპასუხოდ და მიტრიალდა, სორენს გვერდით მიჰყვა.
სწრაფად მიარღვევდნენ აღრიალებულ ბრბოს, სორენი მიუძღოდა წინ. იგრძნო ნარამ, თუ როგორ გამოჰყვა თან რამდენიმე მზერა, ზურგი ასწვა, მაგრამ არ მოუხედავს.
გამოაღწიეს ბრბოდან და ისეთი ძალით შეასკდა სხეულზე მონაბერი ქარი ნარას, რომ წააბარბაცა. ლაპლაპებდნენ ლურჯად წვიმის წვეთებით დაწინწკლული ქვები და წკაპუნებდა წვიმა.
მოტოციკლეტზე დაჯდა სორენი, ჩაფხუტი მოაწოდა, რომელიც წამსვე მოირგო თავზე ნარამ, მაგრად შეიკრა თასმები.
ერთიანად გასციებოდა სხეული და უთრთოდა ხელები, მაგრამ მხოლოდ ცივ ქარს ვერ მიაწერდა ამას. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა დაჩოქილი მოღალატეები და მათ თვალებში დაბუდრებული სასოწარკვეთა.
თუმცა ღალატი ღალატი გახლდათ. ყველამ დაინახა, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ. იგაზან-ლას კანონების, გულაამისა და თვით იგაზან-ლას მოღალატეთა შეწყალება კი არ არსებობდა.
არ არსებობდა, რადგან იგაზან-ლა ერთადერთი ხელშეხებადი რამ იყო უნაყოფო, ბერწი ოკეანის გულში, ერთადერთი კერა, რომელშიც ფეთქავდა გულაამის მიერ აღუებული სიცოცხლე.
და სწორედ ამ სუსტად მბჟუტავ კერას იცავდა იგაზან-ლას თითოეული კანონი. მის შენარჩუნებას ემსახურებოდა.
და ყველაფერს, რაც ხელს შეუშლიდა კერის უსაფრთხოებას ანდა უბრალოდ არ მოემსახურებოდა მისი კეთილდღეობის შენარჩუნებასა და განვითარებას, პარაზიტად შერაცხავდა და უდრტვინველად მოიშორებდა თავიდან გულაამი.
მოტოციკლეტის ღმუილმა გამოაფხიზლა ფიქრებიდან ნარა. უფრო გაძლიერებულიყო წვიმა, მხრებზე ეცემოდა ხმამაღალი წკაპა-წკუპით. ცისფერი სინათლე გადმომსკდარიყო მოტოციკლეტის ფარიდან, მოლაპლაპე, წვიმისაგან მოლიპულ ქვაფენილს მოჰფენოდა. ჯერ კიდევ ხმამაღლა ღრიალებდა ბრბო, პატივს მიაგებდნენ გულაამსა და იგაზან-ლას.
მოტოციკლეტის სავარძელს დაებჯინა და ფეხი გადაადო, კომფორტულად მოეწყო ზედ, მერე კი წამიერად მასა და სორენს შორის, სავარძელზე გადაკრულ ღვედზე გაუშტერდა თვალი.
რატომღაც არ უნდოდა რომ ღვედს ჩაბღაუჭებოდა.
ტანში გააცია, შეაჟრჟოლა, თმა ყალყზე დაუდგა. უბერავდა ყინულოვანი ქარი და თითქმის ვეღარ გრძნობდა სორენის სხეულიდან მომავალ სითბოს.
მის ხელში მოქცეული მზის სხივების კონა გაახსენდა. მისი ხელი, სორენის ფერდზე ჩაბღაუჭებული და მის ხელისგულში გაღვივებული, მამაკაცის სხეულის სითბო.
ზუზუნებდა ქარი და ნიღბის გვერდებიდან გადმოღვრილ, საკუთარი სუნთქვის თეთრი ქულების ნისლში დაებურა მზერა ნარას. ღრიალებდა მათ უკან ბრბო, ცისფრად ლაპლაპებდა მოლიპული ქვაფენილი და გულაამის ჰოლოგრამის სინათლეში ციმციმებდნენ ლურჯი ნაპერწკლებივით წვიმის წვეთები.
არც კი უფიქრია, ხელები გაიწვდინა და ნელა, თითქმის გაუბედავად მოხვია წელზე სორენს. ახლოს მიჩოჩდა მასთან, მის მუცელთან გადააჭდო ერთმანეთს ხელები და მკერდით ზურგზე აეკრო.
საკუთარ გულისცემას გრძნობდა ნარა, მთელ სხეულში რომ უფეთქავდა. წვიმისა და გაციებული ტანსაცმელის ფენების მიუხედავად, რომლებიც ცდილობდნენ მათ კანთა შორის ბარიერი აღემართათ, მაინც გრძნობდა სორენის სხეულის განუზომელ სითბოს და ეწვოდა თითოეული ძარღვი და ნერვი, თითქოს გაშიშვლებულ სადენს ეხებაო. ეწვოდა მამაკაცის ზურგზე აკრული გულმკერდი, მის წელზე მოხვეული მკლავები და ბარძაყები, რომლებითაც მის თეძოებს ეხებოდა.
კანკალებდა ნარა, ცახცახებდნენ მისი გამომშრალი ფარატინა ძვლები და ვერ გაეგო, რატომ, მის ზურგზე მონაბერი ყინულოვანი ქარის, წვიმისა და საჯარო სასჯელის გამო, რომელსაც დაესწრო, თუ იმის გამო, რომ სორენის სხეულს აჰკვროდა.
არც უნდოდა ამაზე და არც აღარაფერზე ფიქრი. თვალები დახუჭა მაგრად.
მხოლოდღა შორეული, მქრქალი უხერხულობა მოერია, რომ მისი სხეულის თრთოლას გრძნობდა სორენი.
მაგრამ ახალგაზრდა კაცს არაფერი უთქვამს.
ძრავა უფრო აგუგუნდა მათ ქვეშ და ადგილს მოსწყდა მოტოციკლეტი.
თვალები გაახილა ნარამ.
და მიჰქროდნენ მის თვალწინ ლურჯად ალაპლაპებული, ალაგ-ალაგ ჩამსხვრეული ფანჯრების მინები და დაფეხვილი ბეტონის კედლები.
შუკებში, გადავსებული ნაგვის ბუნკერების ძირში მიგდებული მაწანწალები, კლუბებთან ნარწყევის გუბეებში გაწოლილი ლოთები და ნარკომანები, მდუმარე მაღაროელები, სწრაფი ნაბიჯით რომ მიუყვებოდნენ ტროტუარებს და მათ თავზე წამომართული ვეებერთელა, რკინაბეტონისა და მინისაგან შეკოწიწებული ნაცრისფერი ცათამბჯენები, რომლებიც თითქოს ავდრიან ცას შეერწყმებოდნენ, მათზე დამონტაჟებული ნეონის ცისფერი სანათურები და ჰოლოგრამები რომ არა, რომლებიც ჯერ კიდევ აჩვენებდნენ გულაამის უნაკლო სახეს.
უმატა წვიმამ. ნიაღვარივით ჩამოდიოდა მიწაზე, და გრგვინავდა მოღუშული ცა, წამიერად ანათებდა მას რუხ ღრუბლებში გაკლაკნილი და ცათამბჯენთა ფანჯრებში არეკლილი ელვა და ქუხდა, გამაყრუებლად, გულაამის ხმას ფარავდა. სასტიკად ციოდა, მოახლოებული ცივი თვეების სუნთქვა მოსდებოდა ყველაფერს გარშემო და პაწაწინა მწველ ნემსებად ექცია შლეგ ქარს ღრუბლებიდან გამომსკდარი წვიმის წვეთები.
და ხედავდა ამ ყველაფერს ნარა. ხედავდა ელვას, რომელიც წამიერად ხეთქავდა ღრუბლების რუხ საფარს, ცათამბჯენთა მინებზე მოთქრიალე წვიმას და წვეთებში გადამტყდარ, მოციმციმე ჰოლოგრამაში გამოსახული გულაამის სახეებს. ხედავდა დაფეხვილ ბეტონის კედლებს, მაწანწალების ჩამქრალ მზერასა და იმ სიბნელეს, რომელსაც ქუჩების თითოეულ კუთხე-კუნჭულში გაეჟონა, ნეონის სანათების მჭახე შუქის მიუხედავად.
მაგრამ ვერ გრძნობდა თითქოს. ვერ გრძნობდა სიბნელეს, ცივ ცისფერ სინათლეს, ქარსა და თქეშს მის სხეულზე. მხოლოდ სორენის სითბოში გამოხვეულიყო. აღარაფრად ეჩვენებოდა მზის სხივების ის კონა, რომელიც თითქოს ხელში ეჭირა, ადრე, როცა ფერდზე ჩაბღაუჭებოდა მას, ახლა კი მზეს აჰკვროდა ზურგზე, იმ მქრქალ, ბინძური ჰაერისა და დაფლეთილი ღრუბლების მიღმა შებურულ მზის დისკოს.
უფრო მაგრად მოეხვია სორენს ნარა. დარწმუნებული იყო, რომ მის გამალებით მფეთქავ გულს გრძნობდა სორენი, ისეთი ძალით აჰკვროდა გულმკერდით ზურგზე, და მისი ყოველი ამოსუნთქვისას, მისი კუნთების ყოველი მოძრაობისას ჟრუანტელი უვლიდა ხერხემალში, თრთოდა, სისხლი შხუილით მიჰქროდა მის ამწვარ ძარღვებში.
თვალები დახუჭა. შიშინებდა წვიმა, გლეჯდა იქაურობას ყინულოვანი ქარი და ნაგვის მყრალ სუნს გაეჟღინთა ჰაერი, მაგრამ თვითონ იგაზან-ლას თავზე იდგა, გალავანზე, ზღვის მლაშე სურნელს გრძნობდა და მზის დისკოზე მოეხვია მკლავები.
მთელი სხეულით მიეყრდნო სორენს ნარა. ეკვროდა, მის სითბოში გამოხვეულიყო და გამალებით ცდილობდა დაემახსოვრებინა მისი სხეულის თითოეული ხაზი, რომელსაც ეხებოდა. მისი ოდნავ მორკალული ზურგი, გულმკერდისა და მუცლის მოძრაობა სუნთქვისას და კუნთების დაძაბულობა.
ცდილობდა დაემახსოვრებინა, მაგრამ იცოდა რომ მის მეხსიერებაში ვერასოდეს ასახავდა ამ მომენტს სრულყოფილად.
თითისწვერებში, საფეთქლებში, მუცელში გრძნობდა გულისცემას. უსიამოვნოდ უბჟუოდა თავი, თვალები დაეხუჭა და მიჰყოლოდა სორენის უტყუარი სითბოს ბურუსს.
არც კი იცოდა, თუ რამდენი ხანი მიდიოდნენ.
მიდიოდნენ. თითქოს დაუსრულებლად.
შეჩერდნენ.
და არც ის იცოდა ნარამ, თუ რამდენი ხანი იდგნენ.
თვალები გაახილა და დაახამხამა, რომ გადაეწმინდა ბურუსი.
კოკისპირულად წვიმდა. მისი საცხოვრებელი კორპუსი წამომართულიყო მათ თავზე, მომრგვალებული თავითა და ალაგ-ალაგ მოციმციმე ფანჯრებით. კორპუსის შესასვლელს მოტოციკლეტის ფარის სინათლის სვეტი მოჰფენოდა და ნაპერწკლებივით ციმციმებდნენ მასში წვიმის წვეთები.
იელვა.
და გამაყრუებლად დაიგრუხუნა.
სორენი გაუნძრევლად იჯდა, მხოლოდ მის ნელ, გამოზომილ სუნთქვას გრძნობდა ნარა.
გასწორდა, ნელა შეუშვა მკლავები, უკან გაჩოჩდა და წამსვე მომაკვდავი ნაღვერდალივით ჩაქრა ძარღვებისა და ნერვების წვა, მისი გამომშრალი ძვლების ცახცახი და ფეთქვა, მთელ სხეულში რომ გრძნობდა.
თითქოს დაცარიელდა. აღარაფერი ჰქონდა, მის ჩონჩხზე ახორიალებული ცივი ხორცისა და გაუგებარი, ერთმანეთში არეული, უთავბოლო ფიქრების კორიანტელის გარდა.
დახეთქილი ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ, ხელები მომუშტა. მოტოციკლეტიდან გადაძვრა.
გადმოხედა სორენმა. კეპიანი ქუდის კიდედან წანწკარებდა წვიმის წყალი, მისი კაპიუშონიანი უნიფორმა საბედნიეროდ წყალგაუმტარი ჩანდა. მუქ თვალებში არეკვლოდა მოტოციკლის ფარის ცისფერი სინათლე.
ჩაფხუტი მოიძრო თავიდან ნარამ, მიაწოდა და უსიტყვოდ ჩამოართვა სორენმა.
წამსვე დაასკდა სახეზე წვიმა, წამწამებზე ჩამოეკიდნენ წვიმის წვეთები და კანი ასწვა უწყალო ქარმა.
სორენს შეჰყურებდა ნარა და უსიტყვოდ უცქერდა მასაც სორენი.
თითქოს რაღაცას ელოდებოდა.
და ამოუტივტივდა გონებაში ნარას, თუ როგორ მოიყვანა წინა ჯერზე სორენმა.
დაემშვიდობა. და მარტო ავიდა ბინაში.
-ამოხვალ? – ჰკითხა უცებ. თითქმის გადაფარა მისი სიტყვები წვიმის შიშინმა.
ელვის სისწრაფით ახედა მათ თავზე წამომდგარ კორპუსს სორენმა, მერე კი კვლავ მას მიაბჯინა თვალები.
რამდენიმე წამით ხმა არ გასცა. დაჟინებით შეჰყურებდა.
-რატომ? – ჰკითხა ბოლოს.
მუშტები შეკრა ნარამ, ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. გამალებით უცემდა გული და იმის მიუხედავად, რომ ყინვისაგან კანკალებდა, მაინც წამოახურა, თითქოს სისხლი აუდუღდა ძარღვებში.
-რავიცი. ისე, ცოტა ხნით. – თქვა ბოლოს. – თუ არ გინდა, ნუ ამოხვალ.
არაფერი უთხრა სორენმა, მხოლოდ შესცქეროდა მისი ცისფრად ალაპლაპებული თვალებით.
გაიელვა და კიდევ ერთხელ იქუხა გამაყრუებლად.
თვალი აარიდა სორენმა. მოტოციკლეტის ძრავი გამორთო და ჩაქრა ფარი, მხოლოდ ქუჩიდან და ფანჯრებიდან მომავალი მქრქალი ლურჯი შუქი მოეფინა შემოგარენს, რომელიც ოდნავ დაენისლა თავსხმა წვიმის აციმციმებულ ფარდას. მოტოციკლეტი გააგორა შესასვლელისაკენ და კორპუსის მზიდი ვეებერთელა სვეტების მიღმა მიაყენა სორენმა.
გაუნძრევლად იდგა ნარა და უსიტყვოდ შეჰყურებდა მის ზურგს. კაპიუშონიდან წკაპა-წკუპით წვეთავდა წყალი, შუბლზე ჩამოუგორდა, ნიღაბი დაუსველა.
მერე კი თვითონაც გაემართა შესასვლელისაკენ სწრაფი ნაბიჯით.
ისე მიუახლოვდა კიბეს, რომ უკან არ მოუხედავს. მაგრამ იცოდა, გრძნობდა რომ სორენი უკან მოჰყვებოდა.
კიბეს შეუდგა და აცოცდა, სწრაფად.
კოკისპირულად წვიმდა და ზემოთ არ აუხედავს ნარას, დაჟინებით დაშტერებოდა მის წინ კიბის საფეხურებს, რომლებსაც ებღაუჭებოდნენ მისი რეზინის ხელთათმანებით დაფარული ხელები. ბნელოდა, ფანჯრებიდან გადმოღვრილი მქრქალი ლურჯი სინათლე და დროდადრო ელვის მჭახე თეთრი შუქი ანათებდა იქაურობას მხოლოდ. უწყალოდ უბერავდა ქარი და თითქოს უსერავდნენ კანს წვიმის წამახული წვეთები.
მეთოთხმეტე სართულზე გადაძვრა და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა დერეფანს. გრძნობდა, თუ როგორ მოჰყვებოდა უკან სორენი, მაგრამ ისე ჩუმად დადიოდა, რომ მოაჯირის ოდნავმა ღრჭიალმა გასცა მხოლოდ.
მაჯა გაიშიშვლა ნარამ, ციფერბლატი მიუშვირა პანელს და გაიჩხაკუნა საკეტმა.
კარი გამოაღო და შიგნით შეაბიჯა.
შიგნით გაუსაძლისად ყინავდა, როგორც ყოველთვის, ქარი სტვენდა კედლის ნაპრალებში. ქურთუკი, ქუდი, ხელთათმანები და ნიღაბი შემოიძრო ნარამ, მისი სუნთქვის თეთრი ქულები მოეფინნენ მის დახეთქილ ტუჩებს, გაწეწილ თმას, შიშველ, გამტკნარებულ კედლებს, და გაიცრიცნენ მონაბერ ქარში, როცა კარი ერთი ძლიერ მოქნევით დახურა სორენმა.
წამიერად აიხედა ნარამ, სადღაც, ახალგაზრდა კაცის სახის ზოგადი მიმართულებით, მერე მიბრუნდა, ბინაში შეალაჯა, ლოგინზე ჩამოჯდა.
სორენი ცოტა ხნით გაუნძრევლად იდგა შემოსასვლელში. ფანჯრიდან შემოჭრილ მქრქალ სინათლეში, გაჭირვებით რომ ანათებდა ლოგინსა და თაროებს, მის თვალებს ვერ ხედავდა ნარა, მხოლოდ იმას არჩევდა, თუ როგორ აუდიოდ-ჩაუდიოდა სუნთქვისას მკერდი.
მერე კი ქურთუკი შემოიძრო სორენმა, კაუჭზე ჩამოჰკიდა და ნელი ნაბიჯით შემოვიდა მთავარ ოთახში.
მაგიდას მიუჯდა და დაიღრჭიალა მის ქვეშ რკინის სკამმა.
კეპი მოიძრო. მუქი თმა ჰქონდა, აჩეჩილი, საფეთქლებზე ოდნავ ჩამოზრდილი, აშკარად დაუდევრად მიეღიჯნათ. ნიღაბი ჯერ კიდევ ეკეთა და აშკარად არ აპირებდა მის მოხსნას.
მკლავები მაგრად მოიხვია მკერდზე ნარამ. განუზომელ, ბლანტ, მძიმე მასად ქცეულიყვნენ მისი ფიქრები, თავის ქალაში რომ უზრიალებდნენ, და ვერაფრით უმკლავდებოდა მათ, ვერაფერზე ფიქრობდა. შეჰყურებდა სორენს, რომელიც მაგიდას იდაყვებით დაბჯენოდა, ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო და მას შესცქეროდა ლურჯად აპრიალებული თვალებით.
ნარას სახეს ათვალიერებდა. ერთი ნაკვთიდან მეორეზე დარბოდნენ მისი თვალები, ზემოთ-ქვემოთ, ერთი გვერდიდან მეორემდე.
და ინატრა ნარამ, რომ სარკე ჰქონოდა. ალბათ წლები იქნებოდა, რაც საკუთარი სახე წესიერად არ დაენახა.
მაგრამ წარმოედგინა. დაჭორფლილი კანი, დახეთქილი ტუჩები, ამოღამებული თვალები, რის ვაივაგლახით შეხორცებული ჭრილობა მის საფეთქელზე და კიდევ რამდენიმე ნაწიბური ნიკაპზე, მარჯვენა ლოყასა და წარბზე, რომლებიც წლების მანძილზე მიეღო და რომელთა ამობურცულ ზედაპირს ხშირად გრძნობდა, როცა სახეს იბანდა. ამობურცული ყვრიმალები, წინ გამოჩრილი ნიკაპი და გრძელი, მუდამ გაწეწილი თმა, რომელსაც ვერაფერს უხერხებდა.
მოიბუზა ნარა. თავი დახარა და უფრო მაგრად მოიხვია მკერდზე მკლავები. გამალებით უცემდა გული და ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, პირგამომშრალმა. ხელები უკანკალებდა, ძლივს ჩაახშო სახეზე ხელების აფარების სურვილი.
სორენისაკენ ააპარა კვლავ თვალი და ძალიან დიდი, უადგილო ჩანდა მის მომცრო ბინაში ახალგაზრდა კაცის სხეული, თითქოს ავსებდა, ჭერამდე, თითოეულ კუთხე-კუნჭულს.
აქ არ უნდა ყოფილიყო.
ტანში გააცია ნარას, სული მოეხუთა.
-უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი. – თქვა უცებ სორენმა და ისეთი მოულოდნელი იყო მისი ხმა, ჩამოწოლილი სიჩუმე რომ გაჰკვეთა, რომ შეცბა ნარა, შეაცქერდა, თვალებგაფართოებული.
-ხომ გითხარი. – წამოილუღლუღა ბოლოს. – არაუშავს.
-არა… – თავი გადააქნია სორენმა. – დალევას მოვასწრებდით.
ტუჩები შეუთრთოლდა ნარას, ღიმილი მოერია და პაწაწინა ნაოჭები გაუჩნდა თვალების კუთხეებში სორენს.
ისიც იღიმებოდა.
-შემდეგ ჯერზე დავლევთ. – თქვა მან. – გინდა წავიდეთ სადმე?
და წარმოიდგინა ნარამ, თუ როგორ ისხდნენ სადმე, კლუბში, წყალწყალა სინთეტიკურ ალკოჰოლს სვამდნენ, მერე კი საცეკვაო მოედანზე გადიოდნენ მოციმციმე შუქის ქვეშ.
-წავიდეთ. – წაიბურტყუნა ბოლოს.
სორენი ისე შეჰყურებდა, უცნაური, ეშმაკური მზერით, თითქოს მის თავში შემძვრალიყო და ხედავდა, თუ რაზე ფიქრობდა ნარა.
-მოგწონს? – ჰკითხა მან. დაჟინებით, თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა. – სინთეტიკი. ქრონო-X. ნოქსი, ნოვა…
-ცოტა. – თქვა ნარამ. – ქრონო-X არ იყო ცუდი.
-რა დაინახე?
შეყოყმანდა ნარა. არ იცოდა, სწორი იქნებოდა თუ არა, რომ სორენისათვის მისი ჰალუცინაციების შესახებ მოეყოლა. მის ბინაში ტოტებგადაშლილ ბროწეულზე ლაპარაკი არ იქნებოდა მიზანშეწონილი.
-არ გინდა მითხრა? – ჩაეკითხა სორენი. – რა, საიდუმლოა? და რა ნახე ასეთი? მე ვერაფრით გამაკვირვებ.
-აღარ მახსოვს. მაგრამ სასიამოვნო შეგრძნება იყო.
სორენი შეჰყურებდა და იცოდა ნარამ, რომ მშვენივრად მიუხვდა ტყუილს.
-და შენ? – ჰკითხა მან.
-არც მე მახსოვს. – უთხრა სორენმა.
ძალაუნებურად ფრუტუნი წასკდა ნარას და გაუღიმა საპასუხოდ ახალგაზრდა კაცმა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
გაიელვა და წამიერად გაანათა შუქმა სორენის თვალები, მბზინვარე თმა და მისი მხრებისა და მკლავების ხაზები.
კვლავ მქრქალმა ლურჯმა სინათლემ მოიცვა იქაურობა და დაიგრგვინა, ფანჯრის ჩარჩოში მინები აწკარუნდნენ.
-თავზე რა გჭირს? – ჰკითხა ანაზდად სორენმა, მისი საფეთქლის ჭრილობაზე მიებჯინა თვალები და ინსტინქტურად მიიტანა თითები პირშეკრულ ხორცთან ნარამ.
-არაფერი. – თქვა მან. – დავეცი.
უკან გადაიხარა სორენი და ღრჭიალი გაიღო მის ქვეშ კვლავ სკამმა, მერე კი მისკენ მოტრიალდა, თავი ააღირა. ცალი იდაყვით დაყრდნობოდა მაგიდას, ფეხები გადაეშალა შეჰყურებდა მოჭუტული თვალებით.
და იგრძნო ნარამ.
გაქრა მის გარშემო ჩამოწოლილი სიჩუმე, ქარის ზუზუნი რომ არღვევდა მხოლოდ, და ახლოს იყო სორენი, ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე მეტრნახევრის მანძილზე მისგან.
‘თუ გინდა, ასე ვილაპარაკოთ.’
ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში ნარას, გაფაციცებით შესცქეროდა სორენს.
‘რატომ?’
‘იმიტომ რომ მატყუებ.’
მოიღუშა ნარა, უხერხულად შეიშმუშნა. იმის მიუხედავად, რომ მის სახეს ვერ ხედავდა, აშკარად ნიშნისმოგებით შეჰყურებდა სორენი.
‘არაფერიც. სისულელეებს როშავ.’ უპასუხა ბოლოს.
‘ვიცი, რომ მატყუებ. ჭრილობა საიდან გაქვს?’
‘რა იცი გატყუებ თუ არა?’
‘იძაბები რომ იტყუები. ვხედავ. ვგრძნობ კიდეც.’
გასწორდა ნარა, ფეხები ლოგინზე აიკეცა და მკერდზე მოხვეული ხელები კალთაში დაიწყო. სორენი მის თითოეულ მოძრაობას გამალებით შესცქეროდა და იჯდა, გაუნძრევლად.
‘გრძნობ? რა, ისევ სულწყვილის ამბავია რამე?’ ჰკითხა ნარამ.
‘შეიძლება.’
‘აბა მე რატომ არ ვგრძნობ?’
სორენმა წამიერად არაფერი უპასუხა. ნაოჭები გამქრალიყვნენ მისი თვალების კუთხეებიდან.
‘არ ვიცი.’ თქვა ბოლოს.
მერე კი წინ გადმოიხარა, თავი გვერდზე გადასწია და მაგრად ჩამოიქაჩა საყელო.
მქრქალ ლურჯ შუქზეც კი კარგად ჩანდა სორენის ყელზე მოზრდილი ნაწიბური, რომლის წინა მხარე მის ლავიწის ძვალზე მიიკლაკნებოდა, უკანა მხარე კი იკარგებოდა მხრის მიღმა. იმდენად უსწორმასწორო და განიერი კიდეები ჰქონდა ნაწიბურს, რომ მასიური ჭრილობის – გახლეჩილი ხორცისა და დაგლეჯილი კანის შედეგი უნდა ყოფილიყო. ლავიწის ძვალიც დეფორმირებული ჩანდა, თითქოს არასწორად შეხორცებოდა მოტეხილობა.
გაქვავდა ნარა. უსიტყვოდ შესცქეროდა.
გასწორდა სორენი და შავმა საყელომ დაფარა კვლავ მისი ნაიარევი.
‘თავდაცვის სწავლება რომ დაიწყო, არაფრად ვვარგოდი.’ თქვა მან.
დაიფრუტუნა ნარამ, თვალი გაუსწორა. სუნთქვა ყელში გაჩხეროდა.
‘ეგ რა არის, დაგჩეხეს? სწავლება კიარა, თქვენ მოკვლას ცდილობდნენ ალბათ.’
‘დაახლოებით.’
‘მერე?’
‘მერე არაფერი. ჭკუა ვისწავლე.’
არაფერი უპასუხა ნარამ. უბრალოდ იჯდა, სორენის მოდუნებულ ხელებსა და თვალებს შეჰყურებდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რანაირი წარსული იმალებოდა მისი სხეულის, მის დაძარღვულ ხელებსა და ცარიელი მზერის მიღმა.
შეჰყურებდა მის თვალებს და რაღაც ამღვრეულ, ბნელსა და მიუწვდომელს ხედავდა მათში.
უნდოდა ეკითხა. უფრო დეტალურად, თუ როგორი იყო მისი ცხოვრება. როგორი იყო ქარქს-ნუია, თუ როგორ მიიღო ჭრილობა, როგორ ისწავლა ჭკუა, როგორ გადმოვიდა ლერვიქენში.
როგორი იყო ბედენის ელექტროსადგური, რატომ გადმოიყვანეს ლერვიქენში, როდის ავიდა პირველად გალავნის თავზე.
და რატომ შეჰყურებდა ასეთი თვალებით.
რატომ იყო აქ.
და რატომ აქარწყლებდა მისი სითბო ყინულოვან ქარს, ლურჯ სიბნელესა და აუტანელ მარტოსულობას.
და ამავდროულად, რატომ გამოევსო მისი ბინის თითოეული კუთხე-კუნჭული და რატომ გრძნობდა ნარა, რომ არ უნდა ყოფილიყო აქ.
უნდოდა ეკითხა.
‘ულსტერმა წამიყვანა.’ თქვა ბოლოს.
სორენს უცნაურად შეუტოკდა თვალის კუთხე.
‘როდის?’
‘ცოტა ხნის წინ. ბინა გაჩხრიკეს. და წამიყვანეს.’
სორენი გაუნძრევლად შეჰყურებდა. გაიელვა, წამიერ თეთრ სინათლეში მისი გაშტერებული თვალები შუშისას ჰგავდნენ.
ცახცახებდნენ ქუხილისაგან ფანჯრის მინები, მაგრამ არ ესმოდა მათი წკარუნი ნარას, მხოლოდ ჩუმი სიბნელე გამეფებულიყო მის თავში, თითქოს მასა და სორენს შორის გაჭიმულ, წყვდიადით მოცულ გვირაბში იდგა.
‘რატომ?’ ჰკითხა ანაზდად სორენმა.
‘ეგონათ რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები მქონდა.’
‘გქონდა?’
‘არა.’
‘ულსტერი არ ცდება, ნარა.’ თქვა სორენმა.
არაფერი უპასუხა წამიერად ნარამ.
‘რომ მქონოდა, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.’ თქვა ბოლოს. ‘გამომიშვეს. რამდენს უშვებენ?’
‘ბევრს არა.’
იდაყვებით ბარძაყებს დაებჯინა სორენი, ხელები ერთმანეთს გადააჭდო. ძალიან ახლოს იყო და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა.
‘უმიზეზოდ არ გამოგიშვებდნენ.’ თქვა მან. ‘მაგრამ ულსტერი არასოდეს ცდება.’
დაჟინებით შეჰყურებდა ნარა. გულმა რეჩხი უყო, აწრიალდა, თითქოს დაპატარავდა მის გარშემო წყვდიადით სავსე გვირაბი, კედლები შემოვიწროვდნენ, სული მოუხუთეს.
‘არ ვიცი.’ უპასუხა ბოლოს. ‘არ მქონდა და მორჩა.’
‘გცემეს? ‘ ჰკითხა სორენმა.
‘არა. ფურგონში თავი დავარტყი.’
ანაზდად მისკენ გადმოიხარა და საფეთქელზე ჩამოყრილი თმა გადაუწია გვერდზე სორენმა. ისე სწრაფად, რომ შეცბუნებაც ვერ მოასწრო ნარამ, მხოლოდ იჯდა, გაშეშებული და კალთაში დაწყობილი ხელები მაგრად გადაეჭდო ერთმანეთზე.
მის ჭრილობას შეჰყურებდა სორენი მოჭუტული თვალებით.
-შეგხორცებია. – თქვა მან ხმამაღლა და გაქრა მათ გარშემო ჩამოწოლილი, წყვდიადით გაჟღენთილი სიახლოვე, სორენის სუნთქვა, კედლის ნაპრალებში ქარის სუსტი სტვენა და მინების წკარუნი მოესმა ნარას.
-გამიკერეს. – წაიბუტბუტა მან. სითბოს გრძნობდა კაცის რეზინის ხელთათმნით დაფარული თითებიდან.
სორენმა ხელი შეუშვა, უკან გადაიხარა, მერე კი ბინას მოავლო თვალი.
დაფხავებულ კედლებსა და ჭერს. ალაგ-ალაგ ამომტვრეულ რკინაბეტონის იატაკს. გაცვეთილ, ბინძურ ტანსაცმლის გროვასა და კიდეებში დაფხრეწილ საბანს. ერთმანეთზე ახორიალებულ ყუთებსა და წყლით სავსე, დაჟანგულ ნიჟარას.
-აქ დიდი ხანია ცხოვრობ? – ჰკითხა მან.
-თავშესაფრიდან აქ გადმომიყვანეს. – უპასუხა ნარამ. – რა, ორმოს მდგომარეობა გაგიკვირდა?
-არა.
-აბა?
-ზოგადად მაინტერესებდა. – თქვა სორენმა, მერე კი კვლავ მოაბჯინა მზერა. – მაინტერესებ.
წამოახურა ნარას. სისხლი აუდუღდა თითქოს, მის გაციებულ ძარღვებში მიჰქროდა შხუილით.
ჯერ არაფერი უთქვამს. არც იცოდა რა ეთქვა.
საფეთქელთან მიიტანა თითები.
-ამის გამო? – ჰკითხა ბოლოს ჩურჩულით.
გაიელვა. ერთიანად გასციებოდა სორენს თვალები.
უფრო ძლიერად აზუზუნდა ქარი ქვის ნაპრალებში და იქუხა, გამაყრუებლად.
-ალბათ. – თქვა სორენმა, გაუნძრევლად შეჰყურებდა, დაჟინებით. – რაღაც ახალია. იშვიათი. განსხვავებული.
მკლავები მაგრად მოიხვია მკერდზე ნარამ.
-შენი ცხოვრება მოგწონს? – ჰკითხა უცებ სორენმა.
წამიერად შეყოყმანდა ნარა.
-რატომ მეკითხები?
-მაინტერესებ-თქო. მოგწონს?
-მაგაზე არ ვფიქრობ. – თქვა ნარამ.
-ბედნიერი ხარ?
-არც მაგაზე. შენ რა, გაქვს მაგაზე ფიქრის დრო?
სორენმა წამიერად არაფერი უპასუხა.
-და რატომ?
-გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას. – თქვა ნარამ. – გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს…
ბინგემის მოედანზე გულაამის ჰოლოგრამის ცისფერ სინათლეში გაღვრილი, აღრიალებული მაღაროელები წარმოუდგა თვალწინ.
„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“
-და მომავალზე ფიქრობ საერთოდ? – ჰკითხა სორენმა.
-იფლიჰემზე ვფიქრობ ხანდახან.
-იფლიჰემი მომავალი არ არის.
-რატომ არა? – ჰკითხა ნარამ. – ყველას იქ უნდა. მეც. ყველა იფლიჰემს უმიზნებს…
-გგონია რომ იქამდე მიხვალ? – ჰკითხა სორენმა. თვალები შუშასავით უბზინავდა და ნაწილობრივ ჩამსხვრეული ვიტრინები წარმოუდგა თვალწინ ანაზდად ნარას, რომლის მიღმა მხოლოდ დაფხავებული კედლები, დალეწილი ავეჯი, მიტოვებული ნარკოტიკები და წყვდიადით აღსავსე სიცარიელე გახლდათ. – და რამდენი კრედიტი გაქვს?
მაგრად მოკუმა ტუჩები ნარამ. ხუთასამდე კრედიტი დარჩენოდა მხოლოდ, რომელიც იფლიჰემამდე მიღწევისათვის საჭირო ზღვაში წვეთიც კი არ გახლდათ.
წესით მალე უნდა ჩაერიცხათ მისთვის სამსახურის ფული, მაგრამ რატომღაც შეგრძნება ჰქონდა, რომ ვერ ეღირსებოდა.
-ცოტა მაქვს. – თქვა ბოლოს.
-ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ მივა იფლიჰემამდე. – თქვა სორენმა.
-ლატარიის გამარჯვებულები მიდიან.
-ლატარიას ვინმე იმარჯვებს? – ჰკითხა სორენმა.
დაიბნა ნარა. უსიტყვოდ შეჰყურებდა.
-და რა, არ იმარჯვებენ? – ჰკითხა ბოლოს.
-ლატარიას კრედიტების მოგროვების გამო ატარებენ. – თქვა სორენმა. – სინამდვილეში არც არავინ იმარჯვებს.
უხერხულად შეიშმუშნა ნარა. იცოდა, რომ ირჩევდნენ გამარჯვებულებს და მისნაირ ადამიანებს არ ეწერათ გამარჯვება. მაგრამ გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი არ უნდა ეთქვა სორენს. თითქოს რაღაც აკრძალულს, ტაბუდადებულს უსმენდა. მაღაროებშიც კი არ გაეგონა ასე გულწრფელად და პირდაპირ ნათქვამი, იმის მიუხედავად რომ მაღაროელებსა და რეჯინალდს ხშირად გადაეკრათ ლატარიაზე, გულაამზე, იგაზან-ლას ყოველდღიურობაზე.
ულსტერზე. სისასტიკეზე. სიღატაკესა და ლურჯ წყვდიადზე, რომელიც მთელ იგაზან-ლას ყლაპავდა თავის უძირო ხახაში.
– არანაირი მომავალი არ არსებობს. – თქვა სორენმა.
ხელები მუშტებად შეკრა ნარამ. ფიქრების კორიანტელი უტრიალებდა გამალებით თავში.
-როგორ არა. – წაიბუტბუტა ბოლოს. – მომავალი არსებობს, თუ არსებობს.
-რატომ?
-…არ ვიცი.
-აბა რატომ ამბობ არსებობსო?
-არ ვიცი. ალბათ მინდა რომ არსებობდეს.
-არ არსებობს. ესაა მთელი ცხოვრება. – თქვა სორენმა, ბინის ზოგადი მიმართულებით გაიქნია ხელი. – ერთი დიდი სიცარიელე. სიბნელე, ნაგავი და მეტი არაფერი. აქ ხარ, მერე მაღაროებში. ბინგემზე, სინთეტიკური ალკოჰოლით და ქრონო-X-ით გაჭყეპილი. ღრიალებ, გულაამს ადიდებ, ხმის წართმევამდე. კიდევ ღრიალებ, სანამ არ დაიღლები და ვეღარც ხვდები, რა გაღრიალებს. ურანს დაათრევ, სანამ არ დაგიწყლულდება ყველაფერი და ან სიმსივნით გამოტენილი მოკვდები, ან შუა ქუჩაში ჩაგწიხლავენ, ანდა ულსტერი დაგახლის ტყვიას. კვდები. ვიღაც ბავშვი ჩაგანაცვლებს. და მორჩა, გათავდა. არც მომავალი, არც იფლიჰემი, არც არაფერი. მარტოობა მხოლოდ. განურჩევლობა. და სიკვდილი.
ნარა შესცქეროდა, ტუჩები მაგრად მოეკუმა.
მარტოობა, განურჩევლობა და სიკვდილი.
სორენის თვალებში მათ ცივ ჩრდილს ხედავდა, განცდილი მარტოობის, განურჩევლობისა და სიკვდილის შიშის ჩრდილს.
შეზარა.
თვალი აარიდა.
კვლავ ცახცახებდნენ ფანჯრები, წკრიალებდა მინა და ნაპრალებში სისინებდა ქარი. გარეთ წვიმდა, ლურჯად ციმციმებდნენ წვიმის წვეთები და ნისლს დაებურა იფლიჰემის რძისფერი გუმბათი.
-მარტო სიკვდილი არაა ცხოვრება. – თქვა ნარამ. ხელები უთრთოდა რატომღაც, მაგრად გადააჭდო ერთმანეთს, რომ არ შეტყობოდა. დამსკდარი ტუჩები ძალიან გამოშრობოდა, თავი ძლივს შეიკავა რომ არ მოელოკა.
-აბა?
-რავიცი. პატარ-პატარა რაღაცები. წვიმის სუნი. მზის ამოსვლა და ზღვის ხმები. ლოგინის სითბო. მუსიკა. საჭმლის მარაგი და სავსე კუჭი. თუნდაც ქრონო-X.
-ეგენი არაფერია. – დაიფრუტუნა სორენმა. – წარმავალი, წამიერი სიამოვნება.
-არა, რატომ. მოლოდინიცაა. და მერე კმაყოფილება.
-მერე ეგ საკმარისია? გაკმაყოფილებს?
-დაკმაყოფილება ამას ალბათ არ ქვია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რომ არ იყოს, ახლა აქ არ ვიქნებოდი. – თქვა ნარამ. – საერთოდ არ ვიქნებოდი.
ადრე ფიქრობდა, რომ იქნებ ორმოს ხახაში გადახტომა და ყველაფერი, რაც სიკვდილის მერე ელოდა, სჯობდა ამ ყველაფერს.
ცდილობდა აღარ ეფიქრა.
სულ ცოტა ხნის წინ ჰოლოგრამაში ნანახი მოღალატეების სახეები, ტყვიებისაგან დაგლეჯილი ხორცის მასა, სისხლის შხეფები და გუბეები წარმოუდგა თვალწინ, რომლებიც ჰოლოგრამაში უწყინარ მუქ ლურჯ სითხეს ჰგავდნენ.
დამამშვიდებელი ფერი იყო ლურჯი. და მასში იმალებოდა სასჯელის ფინალურობა, გარდაუვალი დასასრულისა და სიკვდილის ალისფერი.
დამსახურებული სასჯელის, მაგრამ მაინც.
-ეგრე ჯობია ალბათ. – დაიჩურჩულა ბოლოს. – ტანჯვას, შიშს და ტკივილს.
-რა ჯობია?
გახედა ნარამ. მაგრად მომუშტა ათრთოლებული ხელები, მხრებსა და ბარძაყებში კუნთები უხტოდა.
-ის პატიმრები… – წაიბუტბუტა ბოლოს. – იმ პატიმრების ადგილას თავს მოვიკლავდი.
-შენ რა, იგაზან-ლას მოღალატეები გეცოდება? – ჰკითხა სორენმა.
-არ მეცოდება. – თქვა ნარამ. – კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და იცოდნენ, რაც მოუვიდოდათ. უბრალოდ… ვერ ავიტანდი ტანჯვას. და მოლოდინს.
-ალბათ მოიკლავდნენ, რომ შეძლებოდათ.
ულსტერის ხელში ჩავარდნა საკუთარ ცხოვრებასა და სიცოცხლეზე ყოველგვარი კონტროლის დაკარგვას ნიშნავდა. ეს უკვე კარგად იცოდა ნარამ.
არაფერი უპასუხა სორენს. კვლავ იფლიჰემის რძისფერ გუმბათს გაჰყურებდა, თითქმის რომ გაცრეცილიყო ნისლში. მასა და ცათამბჯენთა თავზე დაგრაგნილიყვნენ ვეებერთელა რუხი ღრუბლები, რომლებშიც ალაგ-ალაგ იკლაკნებოდა ელვა.
მერე კი გაიღრჭიალა სკამმა. ნელა წამოდგა სორენი.
-მიდიხარ? – ჰკითხა ნარამ, ახედა, მის ამღვრეულ, დაბურულ თვალებს გაუსწორა მზერა.
თავი დაუქნია სორენმა და კარისაკენ გაემართა.
ლოგინიდან წამოდგა ნარა და ცივი იყო მის ფეხქვეშ ბეტონის იატაკი, მერე კი სორენს მიჰყვა უკან. თითოეული ნაბიჯისას უსიამოვნოდ ეხებოდა სხეულზე ნოტიო ტანსაცმელი.
გაიელვა და წამიერი ცივი თეთრი სინათლე მოეფინა სორენის ზურგს, მერე კი კვლავ ჩაიძირა ყველაფერი მუქ ლურჯ ბურუსში.
ქურთუკი მოიცვა ახალგაზრდა კაცმა, მერე კი კარი გამოაღო, მაგრამ ზღურბლზე შეყოვნდა. მონაბერმა ცივმა ქარმა შემოჰკრა ნარას, გააკანკალა.
ხმა არ გაუღია. იდგა, მკერდზე მკლავები შემოეხვია და ელოდა.
-ნახვამდის, ნარა. – უთხრა ბოლოს სორენმა.
პასუხს არ დალოდებია, არც მოუხედავს. კარში გავიდა და ზურგსუკან მოიხურა.
სიბნელეში დარჩა ნარა, ოდნავ გრძნობდა მხოლოდ ზურგზე ფანჯრიდან შემომავალ მურ ლურჯ სინათლეს.
უსიამოვნო, უცნაური სიცარიელე ჩაღვროდა შიგნით. თრთოლა გაუქრა, გამქრალიყო ფიქრების კორიანტელიც, თითქოს ერთიანად გამოიშიგნა. აღარაფერი დარჩენოდა, სორენის სითბოსა და სიახლოვის შეგრძნებაც კი.
თითქოს რაღაც დაინახა სორენის თვალების მიღმა. ვერც კი გაეგო, რა.
ალბათ სიცარიელე. წყვდიადი. სიცივითა და მელანქოლიით აღსავსე.
იქნებ მოეჩვენა.
არც კი იცოდა, კარგი იყო ეს თუ არა. ალბათ არც ღირდა ამაზე ფიქრი.
ტანსაცმელი გაიძრო და წამიერად გადაავლო თვალი საკუთარ სხეულს. ჭუჭყიანი იყო, ფეხები დალილავებოდა, სიცივისაგან მოლურჯო-მოწითალოდ აჭრელებოდა ფერმკრთალი, ალაგ-ალაგ აქერცლილი კანი, თმა ყალყზე ედგა. ფრჩხილები ძალიან მოზრდოდა, უნდა დაეჭრა მალე.
ფანჯარასთან ჩამოკიდებული, თითქმის პირამდე სავსე სათლი ჭიქებში ჩაცალა ნარამ, ცოტა დალია, ცოტა ბროწეულის ყლორტს დაუსხა, რომელიც ოდნავ გამაღლებულიყო, კვლავ ოთხი ფოთოლი ჰქონდა. მუცელი ისე ასტკივდა შიმშილისაგან რომ წელში მოიკაკვა, მაგრამ არ აპირებდა ჭამას, მხოლოდ ნახევარი პაკეტი ჰქონდა დარჩენილი და უნდა გამოეზოგა.
ჩვარი ყინულივით წყალში დაასველა, სხეული სწრაფად მოიწმინდა და აკანკალებული შეძვრა ლოგინში, თავისი მშრალი ტანსაცმლის გროვა გადაიფარა საბანთან ერთად.
კარგა ხანი გავიდა, სანამ გათბებოდა. ნესტის, ბათქაშის მტვრისა და მისი სხეულის სურნელი ასდიოდა ლეიბს, როცა მასში ჩარგო გაციებული ცხვირი. იწვა, თვალები დაეჭყიტა და უსმენდა ქუხილს, წვიმის შიშინსა და ქარის ზუზუნს კედლებში.
წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას აკეთებდა. თითქოს თავდაყირა დადგა ყველაფერი. ულსტერმა წაიყვანა. კინაღამ დაიხრჩო. ფელიქსი დასდევდა უკან თავისი წყეული დამქაშებით. ალბათ სამსახურიდანაც დაითხოვდნენ. მერე კი სორენს შეხვდა, რომელიც მისი სულწყვილი უნდა ყოფილიყო და რომელთანაც ტელეპათიური კავშირი ჰქონდა.
ასე არ უნდა ყოფილიყო. უნდა მომსახურებოდა იგაზან-ლასა და გულაამს, წელებზე ფეხები ედგა მუშაობისაგან, ხანდახან სინთეტიკის, ნოქსისა და ქრონო-X-ს მსგავსი რაღაცები ეყლაპა და მერე მომკვდარიყო. ათიოდე წელი ეწერა ალბათ მხოლოდ.
თუმცა არა. ბევრი რამ გახლდათ მის ცხოვრებაში ისეთი, რომ არ უნდა ყოფილიყო.
ვეზუვის ბიბლიოთეკა და დაახლოებით ხუთასამდე წიგნი, აქამდე რომ წაეკითხა. ასაფეთქებელი მოწყობილობების აწყობით გატაცება და მაღაზიების ძარცვა მათი დახმარებით. ბროწეულის თესლის დარგვა და მისგან მცენარის გამოზრდა.
ეს ყველაფერი რომ ვინმეს გაეგო, იგაზან-ლას მოღალატედ შერაცხვა და ულსტერის მიერ დახვრეტა არ ასცდებოდა.
თუმცა არა. გაიგეს. ულსტერმა იცოდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა.
ამაზე კი ეფიქრა ადრე, მაგრამ მაინც ვერაფრით ხვდებოდა. როგორ? საიდან?
ალბათ გამორჩა რამე. დაინახეს. და ამიტომ მოვიდნენ მის წასაყვანად. ამიტომ გადათხარეს მისი ბინა. ანდა ვინმემ დაინახა და დააბეზღა.
წყეული ფელიქსი და მისნაირი ნაძირლები. არ იყო გამორიცხული, რომ ის ნამუსგარეცხილი ნაბიჭვარი უთვალთვალებდა. ბოლოს და ბოლოს, იგივე „ორმოში“ ცხოვრობდა.
თუმცა ზორბა ჯილდოს აძლევდნენ ყველას, ვინც იგაზან-ლასა და გულაამის მოღალატეებს გამოაშკარავებდა. თუ დააბეზღეს, არაფერი იყო ამაში გასაკვირი.
გაუმართლა. ძალიან გაუმართლა, რომ იქვე, მიწისქვეშა ბუნკერში რომ არ ჩაცხრილეს.
პატიმრები წამოუტივტივდა კვლავ თავში. მათი სასოწარკვეთილი თვალები. უკანასკნელი პროტესტი, ამაო გაბრძოლება გარდაუვალი სიკვდილის წინაშე.
შეიძლებოდა თვითონ ყოფილიყო მათ ადგილას.
თავი გადააქნია. იგაზან-ლას უღალატეს. თანაც ისე, რომ სულაც არ გაფრთხილდნენ. რა ეგონათ? რას ელოდებოდნენ? აქედან გაქცევას აპირებდნენ და ეგონათ რომ ულსტერი ვერ გაიგებდა?
მოიკრუნჩხა ნარა. ძალიან მოუნდა სამარას დალაპარაკებოდა.
თითქმის წარმოედგინა თუ როგორ შეჰყურებდა მისი დაბინდული ცისფერი თვალებით სამარა და ამბობდა, იგაზან-ლას მოღალატეებს ერთი ხვედრი აქვთო მხოლოდ. გვერდიდან რეჯინალდი დაუკრავდა კვერს.
მაჯა ასწია, ანთებულ ციფერბლატს დახედა.
150, 239; 22:37.
გადატრიალდა და თვალები დახუჭა.
ზუზუნებდა ქარი, გრგვინავდა დაუდგრომლად და არა და არ მოვიდა ძილი.
.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
აუტანლად ჭრიჭინებდნენ მეტალის ნაწილები მის ფეხქვეშ. უბერავდა ქარი, წამახულ წვიმის წვეთებში, დროდადრო რომ ეხლებოდნენ შუბლზე, ალაგ-ალაგ გამოერეოდნენ თოვლის ფანტელები.
აიხედა ნარამ. მის წინაშე აღმართული ჯართის კოშკის მიღმა, გალავნის თავზე ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ ცის კამარა, მხოლოდ აქა-იქ გამსკდარიყო ღრუბლების საფარი, მონაცრისფრო-ლურჯი ცის ნაგლეჯები ჩანდნენ. უკვე გადადიოდა მზე, და ნაგლეჯებიდან იღვრებოდა მქრქალი შუქი, მაგრამ ნაგავსაყრელზე მაინც ბურუსი ჩამოწოლილიყო, ალაგ-ალაგ ახორიალებული ჯართის გორები ჩრდილს ჰფენდნენ მიდამოს. ზუზუნებდა ქარი და მიაგორებდა ღრუბლებს, ციბრუტივით ტრიალებდნენ ფანტელები.
შორს, გალავანთან, ცალფეხა ლიანდაგზე გრუხუნით ჩაიქროლა მატარებელმა, ცათამბჯენებს შორის ჩაიკარგა. აცახცახდნენ მის გარშემო მეტალის ნაგლეჯები, ხრიგინით დასრიალდნენ მიწისაკენ.
მოთმინებით ელოდა ნარა, სანამ ჩაიკარგებოდა შორს მატარებლის გუგუნი.
მერე კი მაგრად აიკრა ჩანთა გვერდზე, რომელშიც წკარუნი გაიღეს მილებმა, მოგრძო ბერკეტი მაგრად ჩაბღუჯა, თავზე ნაჭრის ნაფხრეწით დამაგრებული ფარანი შეისწორა და შორიახლოს, ჯართის კოშკის ძირში აყუდებული, დაჭყლეტილი მანქანისაკენ აიღო გეზი.
აშკარად ძალიან ძველი იყო მანქანა. ჩალეწილი მინებით, დაზნექილი სახურავითა და ახდილი ხუფით. მომწვანო ფერის საღებავიდან აქერცლილი ლაქები დარჩენილიყო მხოლოდ, რომლებიც პაწაწინა კუნძულებად მოჩანდნენ მანქანაზე მოდებული ჟანგის ზღვაში.
ცივი იყო ჟანგი, ცივი, ჭირხლმოდებული და მკვდარი, როცა ხელი შეავლო ნარამ.
ბერკეტი მოუქნია ფანჯარას, ეცადა ყურადღება არ მიექცია მწვავე ტკივილისათვის, რომელმაც ელექტროშოკივით დაუარა მარჯვენა მკლავში. ფანჯრის ჩარჩოში ჩარჩენილი წაწვეტებული მინები ჩაამსხვრია, მერე კი ალაპლაპებული ნატეხებით მოფენილ სალონში შეჰყო თავი. ხელი გააფათურა დამპალი სავარძლების ქვეშ და უჯრებში, მაგრამ საკბილოს ვერაფერს მიაგნო.
მერე კი მანქანის ხუფს შეუყუდა ბერკეტი და დააწვა მარცხენა მკლავით.
ღრჭიალით აიწია ხუფი და ცალი ხელით მაგრად დაიჭირა ნარამ, მერე კი ძრავას მოავლო თვალი.
ყველაფერი ჩაჟანგულიყო შიგნით, რაც მოსალოდნელიც გახლდათ. ზეთის პლასტმასის კონტეინერი გამსკდარიყო და შავი, კუპრივით გაქვავებული ზეთი მოსდებოდა ყველაფერს. ბატარეის ამოძრობა სცადა ნარამ, მაგრამ ძალიან სტკიოდა მკლავი, ბატარეა კი ძალიან ჩაჟანგული გახლდათ, ძვრაც ვერ უყო. გაწბილებულმა ღრჭიალით დაახურა ძრავს ხუფი, მერე კი მანქანის სახურავზე აძვრა.
თითქმის გაუსაძლისი იყო სიცივე, ქარი ზუზუნით მიჰქროდა ჯართის გორებზე, თოვლის ფანტელებსა და წვიმის წვეთებს ატრიალებდა. მოეღწიათ ცივ თვეებს, და როგორც კი იგაზან-ლას თითოეულ კუთხე-კუნჭულში გაჯდებოდა ყინვა, შვიდი თვე მაინც გაედგა ფესვები. მოდიოდა ყინულოვანი, მოჭირხლული, სიბნელითა და დიდი ალბათობით შიმშილით აღსავსე დრო.
ქშინავდა ნარა. ჯართის გროვის კენწეროსაკენ მიძვრებოდა ნელ-ნელა. ჯერ კიდევ უსიამოვნოდ უფეთქავდა მარჯვენა წინამკლავი.
ფელიქსმა მოიხელთა რამდენიმე დღის წინ მაღაროს ერთ-ერთ მიყრუებულ შახტაში. არც აცია და არც აცხელა, წამსვე ნიჩაბი შემოსცხო და ალბათ კედელზეც მიაჭედებდა წერაქვით, ნარას რომ არ შეეყარა მის სახეში ურანის მადნის მტვერი და მერე გვარიანად ერტყა მისთვის წერაქვის ტარი ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა, სანამ დაბრმავებული, აღრიალებული ფელიქსი ძირს გორავდა.
რასაც, რასაკვირველია, ალიაქოთი მოჰყვა. ახლო-მახლოში მყოფი მაღაროელებიდან ერთი მოვარდა და სცადა ფელიქსს მიხმარებოდა, მასაც უთავაზა გვერდში წერაქვის ტარი ნარამ. მერე კი რამდენიმე მაღაროელი შემოუერთდათ, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. კიდევ რამდენჯერმე მოხვდა გვარიანად ნარას და ერთ-ერთ მაღაროელთან ერთად ურანის ნახევრად სავსე მაზიდსაც მიანარცხეს, რომელიც აყირავდა.
ამ ზედახორაში მოვარდნენ მცველები და რასაკვირველია, ზედამხედველ ზეფირთან წაათრიეს ნარა. ზეფირმა უშვერი სიტყვებით გამოლანძღა, პრობლემების მეტი არაფერი მოგაქვსო, მერე კი კაბინეტიდან გამოაგდო, წაეთრიეო. ერთი საჭმლის პაკეტი დახვდა მხოლოდ დისპენსერში და ტანი უგრძნობდა ნარას, რომ მალევე დაითხოვდნენ სამსახურიდან.
იმის მიუხედავად, რომ ლერვიქენში წამდაუწუმ გაიძახოდნენ, მეტი მაღაროელები გვჭირდებაო, უკვე ეპარებოდა ამაში ეჭვი ნარას. იშვიათად ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია, მაგრამ უკვე დიდი ხნის მანძილზე ნელ-ნელა ხურავდნენ მაღაროს მიყრუებულ შახტებს, რომლებიც იტბორებოდა, ჭერის ჩამოშლის გამო იქოლებოდა, ანდა სადაც უბრალოდ ვეღარ პოულობდნენ ურნის მადანს.
არ უნდოდა ამაზე ფიქრი ნარას. უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა ხერხემალში და გული ყელში უჯდებოდა. სადღაც თხუთმეტი წელი გასულიყო, რაც მაღაროში მუშაობდა. ყოველდღე ერთი და იგივე. წელში გაწყვეტამდე მუშაობა, მადნის მოპოვება, დისპენსერიდან პაკეტების აღება.
მერე კი ძილი. ცოტა დასვენება.
და იგივე.
ხანდახან მუსიკის მოსმენა და ცეკვა კლუბებში. ადრე ლატარიის ბილეთების ყიდვა. ნარკოტიკები და დაჩხვლეტილი მკლავები. ის დრო, როცა საკუთარ, სამარასა და რეჯინალდის სართულებს გასცდა და მეორმოცემდე აცოცდა.
და იგივე.
ვეზუვის ბიბლიოთეკა, საჭმლის ფხვნილში სამარას მიერ მოხაზული ასოები, მიწის მოგროვება და იმედი, რომ ბროწეულის კაკლის გაღვივებას მოახერხებდა მასში.
და იგივე.
ერთი და იგივე.
ვერ წარმოედგინა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, სამსახურიდან თუ დაითხოვდნენ. ალბათ გამანაყოფიერებლად მოუწევდა წასვლა. ანდა „ხრამში“, ლერვიქენის მაწანწალების დამაპურებელ ცენტრში, სადაც დღეში მეოთხედ პაკეტს იძლეოდნენ და ხანდახან ამასაც არა. ამის მიუხედავად, სულ გაძეძგილი იყო ცენტრი მათხოვრებით.
შიგნით შესასვლელად ციფერბლატით იდენტიფიცირება იყო საჭირო, უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ სამსახური არ ჰქონდათ.
რამდენიმე წლის წინ „ხრამი“ გაძარცვეს. ათი ათასი პაკეტი გაიტანეს საცავიდან მძარცველებმაო, ატრიალებდნენ ახალ ამბებში კვირების მანძილზე. „ხრამი“ დროებით დაიხურა უსახსრობის გამო, მძარცველები კი, გულაამის წარმომადგენელთა თქმით, იპოვეს და სათანადოდ დასაჯა ულსტერმა.
საჭმელი ვეღარ იპოვეს. ალბათ ლერვიქენის საზღვრებზე გადაიტანესო, განაცხადა გულაამის წარმომადგენელმა.
რაც არ უნდა ყოფილიყო, ამის შემდეგ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ხედავდნენ მაწანწალების გვამებს ქუჩებში.
გუგუნით ჩაიქროლა მატარებელმა და კვლავ აცახცახდნენ ჯართის კოშკები, ხრიგინით დასრიალდა ქვემოთ მეტალის ხარახურის ტალღა და წაიფორხილა ნარამ, კინაღამ რამდენიმე ზორბა მილის ნაგლეჯი მოხვდა თავში. ეცადა თავიდან გამოებერტყა ფიქრები და მოათვალიერა იქაურობა, ბერკეტით აქეთ-იქით ყრიდა ჯართს.
ზამბარები, მავთულხლართის ნაგლეჯები, მავთულბადე, ლიანდაგის ნატეხები, მავთულები, სადენები, მილები, კბილანები და კიდევ ათასი დაჟანგული ხარახურა.
რომლის ქვეშაც ანაზდად ვერცხლისფერი მეტალი ააციმციმა მისი ფარნის შუქმა.
სწრაფად გადაქექა მის თავზე მიმოყრილი ნატეხები და ხელი სტაცა.
ნიღაბს ჰგავდა. მამაკაცის სახის ნიღაბს, რომელშიც ოსტატურად გამოეჭრათ თვალის ფოსოები, გამოექანდაკებინათ ლამაზი ცხვირი, მაღალი ყვრიმალები და ზედა ყბა თავისი კბილებითურთ. უცნაური ის გახლდათ, რომ ტუჩები არსად ჩანდა, არც ქვედა ყბა, თითქოს მოაგლიჯესო. შუბლზე იგაზან-ლას მომცრო გერბი ამოეკვეთათ და ძალიან დეტალური, პაწაწინა გახლდათ თითოეული გაკლაკნილი ფესვი თუ ტოტი. უჟანგავი ფოლადისაგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, რასაც იშვიათად ხედავდა.
ასეთი ნიღაბი აქ არასოდეს ენახა.
წამსვე ჩანთაში ჩაჩურთა ნარამ და მიტრიალდა, ნელა დაუყვა ჯართის გორას. ხრიგინებდა და ღრჭიალებდა მის ფეხქვეშ ხარახურა.
უკვე ჩამობნელებულიყო გარშემო. ნაგავსაყრელზე დამონტაჟებული ნათურები უკვე კარგა ხანი გახლდათ, რაც ჩაემსხვრიათ. გადაეკარა და მხოლოდ აქა-იქ ტრიალებდნენ ჰაერში თოვლის ფანტელები, ჩამუქებულიყვნენ ღრუბლები და უფრო მეტად გაეცრიცა მათი საფარი ქარს. ჰორიზონტზე, ცათამბჯენთა შორის მოცისფრო-ვერცხლისფერი ელფერი მოსდებოდა მუქ ლურჯ ცას, აშკარად იფლიჰემის გუმბათის თავზე.
გაიას ვარსკვლავი ღრუბლების მიღმა შემალულიყო.
ფარანი გამორთო ნარამ და სიბნელეში დაინთქა მის გარშემო ყველაფერი, ჯართის გროვები მის თავზე წამომართულ ვეებერთელა აჩრდილებს დაემსგავსნენ. ფარანს ჯიბეში უკრა თავი, ჩანთა პონჩოს ქვეშ შეიჩურთა საგულდაგულოდ და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისაკენ.
ნაგავსაყრელის ამ მხარეს ჩვეულებისამებრ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მაგრამ მაინც უსმენდა გაფაციცებით, არ უნდოდა რომელიმე მუშას გადაჰყროდა აქ.
მაგრამ ქარის ზუზუნის, მატარებლის გუგუნისა და დროდადრო შორეული ყვირილის მეტი არაფერი ესმოდა.
ჯართის ორ ვეებერთელა კოშკს შორის გაძვრა და ფეხაკრეფით მიუახლოვდა მავთულბადის ღობეს, რომლის მიღმა მქრქალი ცისფერი შუქით განათებული, ცარიელი ჩიხი გადიოდა.
ჩიხის ბოლოსკენ მავთულბადეში მიწასთან ახლოს გადაეჭრათ და გვერდით გადაეზნიქათ მავთულები, რასაც იქვე აყუდებული მილები და თუნუქის ფურცლები მალავდა.
პონჩო და შარვალი მაგრად მოიხვია სხეულზე ნარამ და მუცელზე გაწვა, ფრთხილად გახოხდა გარეთ.
გასწორდა, ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ჩიხს, მერე კი უკეთ განათებულ ქუჩაზე გავიდა, გამვლელთა ტალღას შეერია.
ჭირხლს მოეჩუქურთმებინა ვიტრინათა მინების კიდეები, ყინავდა. ნიღაბი შეისწორა პირზე ნარამ, კაპიუშონი მაგრად ჩამოიქაჩა შუბლზე. გაფაფხული პონჩო თეძოებამდე სწვდებოდა და უფარავდა ჩანთას, რომელიც მთელი ძალით აეკრა გვერდზე, მილებს რომ უდროო წკარუნი არ გაეღოთ.
ლერვიქენისა და ზრეას საზღვართან ახლოს იყო და აქედან საკმაოდ შორს გახლდათ ბინგემის მოედანი, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა მატარებლის სადგურს ნარა, უფრო გარკვევით ესმოდა მოედნიდან მომავალი აურზაური. ყური მოეკრა, რომ კვლავ აქციის გამართვას აპირებდნენ, მაგრამ ამჯერად არ აპირებდა ამაში გარევას.
არადა აშკარად ძალიან გვიანი იყო იმისათვის, რომ რამეში არ გარეულიყო. იცოდა, რომ ულსტერს მიზანში ჰყავდა ამოღებული და მისი გამოშვება ამ ამბის დასრულებას არ ნიშნავდა.
ბოლოს და ბოლოს, იგაზან-ლას გულმხურვალე მოწინააღმდეგეები, გიდეონი, ასტრიდი და ვულფი სამჯერ სცემა გასაფრთხილებლად ულსტერმა, სანამ ტყვიით დაასრულეს საქმე.
ნაგავსაყრელზე რომ მიდიოდა ჯართის მოსაქექად, უწყვეტლივ უწიოდა გონების შორეულ კუთხეში, რომ ეს არც ისე კარგი იდეა გახლდათ. ნაგავსაყრელის გაქურდვა, როგორც იცოდა, დასჯადი არ იყო, მაგრამ შეიძლებოდათ კვლავ გასჩენოდათ ეჭვი, ასაფეთქებელ რაღაცებს ამზადებსო.
ამჯერად მასალები გამათბობლის შესაკეთებლად სჭირდებოდა ნარას. მაგრამ თუ სამსახურიდან დაითხოვდნენ და გაუსაძლის შიმშილზე მიდგებოდა საქმე, მოუწევდა რამე ეღონა. რეგვენ ჰელმარს, ვითომ რევოლუციონერს, ასაფეთქებლები სჭირდებოდა, და ალბათ დათანხმდებოდა მათ შესყიდვას საჭმლის პაკეტების სანაცვლოდ.
ანდა კვლავ მოუწევდა, რომ სადმე შეპარულიყო, ლატარიის ბილეთები, ნარკოტიკები და საჭმლის პაკეტები მოეპარა, მერე კი გაეყიდა.
იმის მიუხედავად, რომ დიდი ალბათობით ულსტერის მიერ დახვრეტა არ ასცდებოდა, მორიგი აფეთქება რომ განეხორციელებინა.
იქნებ სორენისთვის ეთქვა.
ცივმა ტალღამ დაუარა ხერხემალში ნარას, გააძაგძაგა, სახის ნაკვთები აუთრთოლდა.
ოსტატურად აუარა ვიღაც აშკარად კაიფში მყოფ, აქეთ-იქით მოქანავე მაწანწალას გვერდი და გაუხვია, ნაგვით აღსავსემ ატალახებულ ტროტუარს დაუყვა. ცისფერ სინათლეს ჰფენდნენ შემოგარენს ახალი ამბების ჰოლოგრამები, შუკაში და შორს, ალბათ ბინგემზე განწირული ხმით გაჰყვიროდნენ, რასაც გამვლელთა რუზრუზი და კლუბიდან გამომავალი ელექტრონული მუსიკის ხმა და ქუჩაში ჩამოწოლილი ნისლი ჰბურავდა.
აუჩქარა ნაბიჯს ნარამ. მალე უნდა მისულიყო სადგურამდე.
იმ დღის მერე, რაც სორენს თავის ბინაში ამოსვლა სთხოვა, არ გამოლაპარაკებოდა. სორენი არ დაუკავშირდა და თვითონაც არ უცდია ნარას.
არ უნდოდა.
უცნაური, მისთვის გაურკვეველი სიმძიმე დაუტოვა სხეულში იმ დღეს სორენთან ლაპარაკმა. ვერ გაერკვია, მათი საუბრის გამო იყო ეს ყველაფერი, სორენის სითბოს თუ იმ უცნაური, ცივი სიბნელის გამო, რომელიც მოეჩვენა მისი თვალების მიღმა.
ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდა მისი სულწყვილი ყოფილიყო სორენი, მაგრამ ალბათ ბევრს არც არაფერს ნიშნავდა ეს. იგაზან-ლაში, სადაც ასეთი კავშირები იკრძალებოდა, სულწყვილს არასოდეს დაუშვებდნენ.
თუმცა რა იყო კიდევ ერთი დარღვეული კანონი? ყოველდღე ღალატობდა იგაზან-ლასა და გულაამს.
არა, არა. გულაამი ყველაფერს აკეთებდა, რომ ასე თუ ისე წესიერი ცხოვრება ჰქონოდა ყველას. ვერასოდეს იქნებოდა ისე, როგორც ადრე, როგორც იმ წიგნებში, რომელთაც ნარა კითხულობდა, რადგან აღარაფერი დარჩენილიყო იმ სამყაროდან. დარჩენოდათ მხოლოდ ბინძური ჰაერი, დამტვერილი თოვლი, საბადოები და მეტი არაფერი. ამ მწირ, უბედურ მიწაზე, რომელსაც ყველა მხრიდან შემოჰკვროდა ცარიელი, გამძვინვარებული ზღვა, სხვა არაფერი იყო და არც იქნებოდა.
„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“
„ცხოვრება შენი აჩუქე გულაამს, რამეთუ მან გაჩუქა სიცოცხლე!“
„გიყვარდეს იგაზან-ლა, რამეთუ იგაზან-ლას სიყვარული და ერთგულება მთელი შენი სიცოცხლეა!“
სიცოცხლის წყარო იყო იგაზან-ლა და გულაამი. ყველაფრისათვის, რაც ჰქონდათ, გულაამს უმადლოდნენ.
და იქნებ სწორედ ეს იყო პრობლემა.
გულაამი, იგაზან-ლა, მაღაროები უნდა ყოფილიყო იგაზან-ლას ყოველი მაცხოვრებლის მთელი ცხოვრება.
მაგრამ სორენი.
მისი თვალები წამოუტივტივდა თავში ნარას. თბილი, ღია წაბლისფერი, თითქოს მზე დაღვენთილიყო მათში. მისი მზერისა და შეხების სითბო, ოდნავი ღიმილი, ნაოჭებს რომ უჩენდა თვალების კუთხეებში. მშვიდი ხმა და ის უტყუარი ძალა, რომელიც მის სხეულში იმალებოდა.
მის წინაშე გალავანზე იდგა სორენი, სხეულზე მზის ოქროსფერი შუქი მოჰფენოდა. მერე კი თითქმის წყვიადში ჩაძირულიყო, თითქმის პირამდე სავსე გამოქვაბულში, წყლის გამაყრუებელი შიშინისა და გამანადგურებელი სიმძიმის წინაშე. მის წინ იჯდა მოტოციკლზე, ლერვიქენის ქუჩებში მიაქროლებდა მათ და მასზე აკრული სხეული ეწვოდა ნარას.
დაიყვირეს გვერდიდან ანაზდად.
მხარი გაჰკრა ვიღაცამ და გაკრთა ნარა, ფიქრებიდან გამოფხიზლდა, კინაღამ გაუცურდა ჩანთა ხელიდან.
გარბოდნენ გამვლელები. ბინგემის მოედნამდე ერთი შუკაღა აშორებდა, საიდანაც გულის გამაწვრილებელი კივილი ისმოდა.
გამორბოდნენ იქედან. ულსტერი მოვიდაო, გაჰყვიროდნენ.
ულსტერი მოვიდა. კვლავ აქციის დასარბევად.
ღრიალებდნენ ბინგემზე. სიტყვებს ვერ არჩევდა ნარა, მაგრამ აშკარად დაპირისპირებოდა ულსტერი მომიტინგეებს.
მერე კი გამაყრუებლად იჭექა შაშხანამ. ისეთი ძალით, რომ ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ზურგში ნარას.
ისეთი ძალით, რომ წამიერად თითქოს გაჩერდა, გაირინდა ყველაფერი.
მერე კი ცათამბჯენთა მინები შეაზანზარა განწირულმა, ტკივილით აღსავსე ბღავილმა.
მიტრიალდა ნარა. გაიქცა.
ოდნავ წკარუნებდნენ მის ჩანთაში მილები, მაგრამ აღარავის სცხელოდა ამისათვის. წვრილ, ცათამბჯენთაშორის, ნაგვით გადავლილ გასასვლელში გარბოდა, მის უკან კი ბინგემიდან ტალღად მოედინებოდა ხალხი, უმეტესწილად მაღაროელები და მემანქანეები.
ისევ იჭექა შაშხანამ.
ისევ.
ისევ. ისევ.
და თრთოდა ფილაქანი ნარას ფეხქვეშ.
მის გარშემო გარბოდა ხალხი, გადაუსწრეს. ახლოვდებოდა ტალღა.
გვერდით გაუხვია ნარამ, რის ვაივაგლახით გაძვრა და ბუნკერის მიღმა დაიმალა, თორემ წაქცევა და გადაჯეგვა არ ასცდებოდა.
გარბოდა მის წინ ხალხი. რამდენიმე წაიქცა კიდეც.
და აღარ ამდგარა.
ყინავდა, მომიტინგეთა ყვირილს შერეოდა ქარის ზუზუნი. კვლავ ტრიალებდნენ ნელ-ნელა ჰაერში თოვლის ფანტელები, ტაატით მოფარფატებდნენ მიწისაკენ და მათ ცისფერ სინათლეში გაღვრილ იდილიას ურთიერთდაპირისპირებას უწევდა, ნეფლეთებად გლეჯდა ატალახებულ ტროტუარზე მორბენალი, თავზარდაცემული ხალხი.
რომ შემეჩხერდა ტალღა, წამოიმართა ნარა, მათ შეერია.
გაიქცა. და უკან არ მოუხედავს.
ისე მიაღწია სადგურამდე და აძვრა ზედ, რომ არ გაჩერებულა.
ვაგონში გაჭყლიტეს კინაღამ.
და რის ვაი-ვაგლახით გამოაღწია იქედან.
ჯერ კიდევ მაგრად ჩაებღუჯა თავისი ჩანთა.
და გამეფებულიყო მის თავში სიცარიელე, რომელსაც მხოლოდ შაშხანის ჭექის შემზარავი ექო მოჰფენოდა, როცა თავისი „ორმოს“ კიბეზე მიცოცავდა.
სამარა და რეჯინალდი ახლა სახლში იქნებოდნენ. უნდოდა მათთან გაევლო, ამბები მოეყოლა.
მაგრამ ამის თავი აღარ ჰქონდა.
ცივმა ჟრუანტელმა აუარა კვლავ ხერხემალში და თმა ყალყზე დაუდგა, როცა გაყინულ ბინაში შეაბიჯა. გამათბობელი უნდა შეეკეთებინა.
ფანჯარა დაკეტილი იყო, მაგრამ მაინც ისმოდა გარედან აქა-იქ ცათამბჯენთა შორის აღმართული ჰოლოგრამების ხმა, რომლებიც ახალ ამბებს გადმოსცემდნენ. ყველაფერი ვერ გაარჩია ნარამ, მაგრამ ხვდებოდა, რომ ბინგემის მოედანზე გამართულ აქციაზე ლაპარაკობდნენ.
ლაპარაკობდნენ, რომ აქციაზე აგრესიის ჩასახშობად მოვიდა ულსტერი. რომ მოედნის გარშემო მინები ჩაამტვრიეს მომიტინგეებმა.
ულსტერი მუდამ იცავდა წესრიგს. ამიტომ რაც მოხდა, არ უნდა გაჰკვირვებოდა.
მაგრამ ადრე აკავებდნენ უფრო ხალხს. და მიბეგვავდნენ გემოზე.
გახშირდა ულსტერის მიერ ხალხის ჩაცხრილვა.
ალბათ მობეზრდა ამდენი აქციები გულაამს. მობეზრდა ლერვიქენის მაღაროელთა და მემანქანეთა ურჩობა.
მემანქანეები.
სორენი.
პონჩოს იძრობდა ნარა. ხელები გაუქვავდა ზედ.
იქნებ იქ იყო, მოედანზე.
ბევრჯერ გაისროლეს. და არასოდეს აცილებდა მიზანს ულსტერი.
იქნებ იქ იყო სორენი. იქნებ დაიჭრა. იქნებ მოკვდა.
ყველაფერი გაუცივდა ნარას. რაღაცნაირი, გამომშიგნავი სიცარიელე იგრძნო, თავი აუზრიალდა, სიცივის გარდა ვერაფერს გრძნობდა.
კვლავ იმ პაწაწინა, თითქმის მიუწვდომელ ძაფს მოეპოტინა, რომელიც მისი გონების შორეულ კუნჭულში მიეჩურთა.
თვალები დახუჭა და ეცადა კონცენტრირებულიყო.
‘სორენ? გესმის?’
ვერაფერი გაიგონა საპასუხოდ. და ვერ გრძნობდა იმ თბილ, კომფორტულ სიახლოვეს, რომელიც კავშირის დამყარებისას მოეფინებოდა ხოლმე სხეულზე.
ვერ გრძნობდა. მხოლოდ ცივი მარტოობა იყო გარშემო და მეტი არაფერი.
პონჩო მოიძრო, გვერდით მიაგდო, ზედ მიაყოლა ჩანთაც, საიდანაც წკარუნით გადმოცვივდნენ მილები, სადენები, რამდენიმე კბილანა და უჟანგავი მეტალის ნიღაბი.
ნიღბის ამოღრუტნულ თვალის ფოსოებს შეაცქერდა ნარა.
მერე კი პირი იბრუნა, ლოგინში შეძვრა.
იწვა, თვალებდაჭყეტილი.
სორენმა არც წინაზე უპასუხა იმ წამსვე. მაგრამ ცოტა ხნის მერე დაუკავშირდა. იქნებ მატარებელს მართავდა ახლა და არ შეეძლო სხვა რამეზე კონცენტრირება.
ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველდღე იხოცებოდა ხალხი და არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვინ იქნებოდა ეს, მემანქანე ბინგემის მოედანზე, მაღაროელი დატბორილ შახტაში, გამანაყოფიერებლები საკუთარ სახლებში, ვიღაც უბედური ულსტერის მიწისქვეშა ბუნკერებში თუ ავადმყოფები ყველგან. ყველა მოკვდებოდა, უკლებლივ.
მოიკუნტა ნარა. ოთახისაკენ ექცია ზურგი და მის ცხვირწინ აზიდულ, ბათქაშის მტვრით დაფარულ კედელს შეჰყურებდა.
მკერდში მძიმე გული უცემდა და ზედმეტად გრძელი გახლდათ მის წინაშე გადაჭიმული უძილო ღამე. ახალი სამუშაო დღე. და ალბათ მთელი ცხოვრებაც.
წამიერად მოუნდა, რომ კვლავ ეგრძნო ის სითბო, თითქოს მზეს აჰკვროდა ზურგზე. ანდა თითქოს მზის სხივების კონა მაინც სჭეროდა ხელში.
კიდევ ერთხელ სცადა სორენს დაკავშირებოდა. მაგრამ ამაოდ. კვლავ შავბნელი, შეუვალი კედელი აღმართულიყო მის წინაშე.
იქნებ მართლა სამსახურში იყო სორენი. ბედენის ელექტროსადგურში მიაქანებდა ურანის მადნით დატვირთულ მატარებელს.
წინ რთული დღე ელოდა.
თვალები დახუჭა და დაელოდა ძილს.
.
.
.
-*-*-*-*-*-*-
ეცემოდა. ელვის უსწრაფესად მიჰქროდა მიწისაკენ.
ხმამაღალი ზათქით დაენარცხა და შეხტა ნარა, ანაზდად გამოეღვიძა, ოფლში გახვითქულს.
ზურგზე იწვა, თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ჭერს, ქშინავდა. მძლავრად უცემდა გული და გრძნობდა, თუ როგორ დაეცვარა ოფლს შუბლი. ზედა ტუჩი მოილოკა, ენაზე სიმლაშე იგრძნო.
წყვდიადი გამეფებულიყო გარშემო, რომელსაც ფანჯრიდან შემომავალი მქრქალი ლურჯი ფანტავდა მხოლოდ.
არაფერი ესმოდა, თითქოს დახშობოდა სმენა. რაღაც დაესიზმრა, მაგრამ აღარ ახსოვდა, რა.
კოშმარი უნდა ყოფილიყო აშკარად.
‘ნარა?’
სორენი ეძახდა. მან გააღვიძა.
ტეხდა ყველაფერი. მუცელი საშინლად სტკიოდა შიმშილისაგან და თავი დამძიმებოდა, თითქოს ტყვია ჩაესხათ მასში. აუტანლად მძიმე გახლდათ მისი ხელიც, როცა მკლავი ასწია, რათა ციფერბლატი დაენახა, ცისფერმა სინათლემ მოსჭრა თვალი.
150, 245; 04:34.
ლოგინზე წამოჯდა, სხეული უთრთოდა და მაგრად მოიხვია საბანი.
‘ნარა, გესმის?’
ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ, აკანკალებული ხელებით გადაიწია გაწეწილი თმა ყურებს უკან. მუცელზე ხელი მოიჭდო და მოიკაკვა, თითქოს ასე შეძლებდა შიმშილის გრძნობის გაქარწყლებას.
და როგორც ყინულოვანმა, მომგუდავმა ტალღამ, ისე გადაუარეს მოგონებებმა.
სამსახურში გვარიანად მოხვდა ფელიქსისგან, გამოაგდეს. ნაგავსაყრელზე იყო, იქ ნიღაბი იპოვა სხვადასხვა საჭირო რაღაც-რაღაცებთან ერთად. ბინგემის მოედანზე აქციის მონაწილეები ჩაცხრილა ულსტერმა. დაუძახა ნარამ, მაგრამ არ უპასუხა სორენმა.
არც ახსოვდა დაძინება. არ ეძინებოდა. სორენზე ფიქრობდა.
‘ნარა?’
‘გისმენ.’ უპასუხა ნარამ. რეტი ესმოდა და მაგრად დახუჭა თვალები, სახე მოისრისა აკანკალებული ხელებით.
ცოცხალი იყო სორენი.
‘სად ხარ?’ ჰკითხა მან.
‘სახლში.’
‘სამსახურში ვიყავი.’ თქვა სორენმა. ‘ბინგემის ამბავი გავიგე.’
‘წესრიგი დაიცვა ულსტერმა.’ თქვა ნარამ.
‘ჰო, ეგრე ამბობენ. მეგონა იქ იყავი.’
ხელები ჯერ კიდევ უთრთოდა ნარას და მაგრად შეკრა მუშტები. შიგნით ყველაფერი აუფორიაქდა, მძიმე ფიქრებით გამოტენოდა თავი.
სორენი დუმდა. მაგრამ გრძნობდა ნარა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა.
‘შორიახლოს ვიყავი.’ თქვა ბოლოს. ‘გავიგონე. ბევრჯერ გაისროლეს. ბევრჯერ. არ მიპასუხე. მეგონა მოგკლეს.’
‘მაპატიე.’ თქვა სორენმა.
არაფერი უპასუხა ნარამ. წამოდგა, თან აითრია საბანი, მიმოტრიალდა მოუსვენრად და საშინლად მაგარი და ცივი იყო იატაკი მის ფეხქვეშ.
‘როგორ ხარ? ხომ არ დაშავდი?’
‘არა. არამიშავს.’
დადუმდა სორენი, მაგრამ კვლავ გრძნობდა მის სიახლოვეს ნარა, თითქოს მის უკან იდგა ახალგაზრდა კაცი და თითქოს მისი მშვიდი სუნთქვაც კი ესმოდა.
‘სამსახურში მიდიხარ?’ ჰკითხა სორენმა.
‘ჰო.’
‘გაგიყვან.’
‘არა… არ არის საჭირო.’
‘მატარებლით სიარული მოგწონს?’
‘არ მომწონს, მაგრამ… სმენას ახლა არ მორჩი? სახლში წადი.’
‘შენ ორმოსთან ვარ.’ უთხრა სორენმა.
შედრკა ნარა, გაშეშდა წამიერად, მერე კი ელვის სისწრაფით მიუახლოვდა ფანჯარას, გარეთ გადაიჭყიტა.
ცათამბჯენთა შორის ცალფეხა ლიანდაგზე მიჩაქჩაქებდა მატარებელი. მისი გუგუნი ბუნდოვნად ესმოდა მხოლოდ ნარას, მაგრამ იგრძნო, თუ როგორ აცახცახდნენ დაფეხვილი კედლები. ცა ჯერ კიდევ მუქი ლურჯი გახლდათ, ალაგ-ალაგ დაეფარა მხოლოდ ღია ნაცრისფერი ღრუბლების ნაგლეჯებს, და ბუნდოვნად ხედავდა ნარა ლურჯად დაფერილ, სქელ ნისლში გაღვრილ ქუჩას.
თოვდა. ძალიან წვრილად.
აქედან ვერ ხედავდა სორენს.
‘რატომ?’ ჰკითხა ბოლოს.
‘რატომ რა?’
‘აქ რატომ ხარ?’
‘არ ვიცი. უბრალოდ მოვედი.’
ტუჩები მოკუმა ნარამ და უფრო მაგრად მოიხვია სხეულზე საბანი.
‘ცოტა ხანი მაცადე.’ უთხრა ბოლოს.
‘გელოდები.’ უპასუხა სორენმა.
და გაქრა მისი სიახლოვე.
ჩაიცვა ნარამ, მერე კი ფანჯარასთან დაკიდებული სავსე სათლი, რომლის ზედაპირზეც ნელ-ნელა დნებოდნენ თოვლის ფანტელები, ჭიქებში ჩაცალა. უკვე ოცდაოთხ საათზე მეტი გახლდათ, რაც არაფერი ეჭამა, ამიტომ ბოლო საჭმლის პაკეტი გამოიღო და ფხვნილის ნახევარი ჩააპირქვავა ჭიქაში.
სწრაფად შეჭამა და წყალი მიაყოლა, მერე კი ყლორტი მორწყა.
პონჩო მოიცვა ნარამ, თმა ქუდში შეიკეცა, ნიღაბი და ხელთათმანები მოირგო, მერე კი კარი გამოიკეტა ზურგსუკან.
ციოდა. არ იძვროდა ქარი და ნებივრად მიფარფატებდნენ მიწისაკენ თოვლის ფანტელები. მოაჯირზე გადაეყუდა ნარა და კვლავ მუქი ლურჯი იყო „ორმოს“ თავზე ცა, ჯერ კიდევ არ გაეფერმკრთალებინა გარიჟრაჟს, მკრთალად კიაფობდა მხოლოდ გაიას ვარსკვლავი, მისგან ოდნავ მოშორებით კი ბუნდოვნად, ძალიან მქრქალად ჩანდა სავსე მთვარის სილუეტი. გუგუნებდა შორს მატარებელი და შორიახლოს ჰოლოგრამები ახალ ამბებს გადმოსცემდნენ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა ნარა.
„ორმოს“ ძირისკენ მიატრიალა მზერა.
ჩამოწოლილ ბურუსს ჰკვეთდა „ორმოს“ შემოსასვლელიდან გამომსკდარი, ცისფერი სინათლის ჭავლი, რომელიც ნაგვის გროვას ეფინებოდა.
მოტოციკლის ფარის სინათლე გახლდათ.
კონცენტრირება სცადა ნარამ.
‘სორენ?’ ჰკითხა მან და დაელოდა მის გონებაში მათ შორის აღმართული კედლის ჩამოშლას.
და წამსვე იგრძნო მისი სიახლოვე. გაქრა მატარებლის გუგუნი, ახლადგაღვიძებული ლერვიქენის აურზაური და მის გარშემო ჩამოწოლილი მარტოობა.
‘შემოსასვლელთან ვარ.’ უთხრა სორენმა.
‘ჩამოვდივარ.’ თქვა ნარამ და მოაჯირზე გადაძვრა, მერე კი კიბეს დაუყვა.
ყინავდა, თოვლის თხელ ფენა მოსდებოდა შეჭირხლულ, დაჟანგულ კიბეს. ფრთხილად მიუყვებოდა კიბეს, თან დროდადრო გაფაციცებით იყურებოდა ქვემოთ, „ორმოს“ ნისლით დაბურულ ხახაში, შემოსასვლელის მხარეს, სადაც სორენი ეგულებოდა.
ნელ-ნელა იფანტებოდა ბურუსი, მერვე სართულს მიაღწია ნარამ და მოტოციკლის ფარის სინათლეში გამოიკვეთა უკეთ ნაგვის გროვა, ალაპლაპებული, ალაგ-ალაგ ცისფრად ანთებული ფანჯრები, აქა-იქ თოვლის თხელი ფენით დაფარული მიწა და შემოსასვლელთან ახლოს მამაკაცის სილუეტი.
მერე კი რაღაც მოხვდა თვალში ნარას. ნაგვის გროვაში ოქროსფერი ლაქა, რომელსაც მჭახე ცისფერი სინათლე ეფინებოდა.
თვალები მოჭუტა და დააცქერდა, გაფაციცებით.
მიცოცავდა ქვემოთ და ნელ-ნელა იკვეთებოდა ნაგვის გროვის ფერდზე ადამიანის სილუეტი.
და წამსვე ინატრა რომ არ შეეხედა.
არაბუნებრივად მოგრეხილი კიდურები, აშკარად რამდენიმე ადგილას მოტეხილი, ფერმკრთალი ფეხი. ყავისფერი ლაქებით, ალბათ გამშრალი სისხლით მოთხვრილი ნაცრისფერი კაბა და ნაგვის ქვეშ ნაწილობრივ დამალული, შარავანდედივით გადაშლილი ქერა თმა.
წინ გამოზრდილი მუცელი.
თვალებში ჩამოუბნელდა წამიერად ნარას, წამოაცხელა ანაზდად.
მერე კი ფეხი დაუსხლტა.
და ძლივს შეიკავა თავი, მთელი ძალით მოებღაუჭა კიბეს და დაწყვეტამდე დასჭიმვოდა მკლავებში მყესები, სანამ კვლავ იპოვა ფეხქვეშ საფეხური.
თავი უზრიალებდა და გააკანკალა, პირგამომშრალს.
‘ნარა?’
იმიტომ რომ სამარა ეგდო ნაგვის გორაში.
აშკარად დაცურებულიყო მიწისაკენ და ზედ დაჰყროდა ნაგავი, რომელიც მაინც ვერ ფარავდა მის წამოზრდილ მუცელსა და ქერა თმას, რასაც ცისფერი სინათლე მოსდებოდა.
მისი მკვდარი, გახელილი თვალებიც გაარჩია ნარამ. ყბა მოტეხილი ჰქონდა, გვერდზე მოქცეული, ლოყასა და ტუჩის კუთხეებზე შეხმობოდა სისხლი.
თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა, მაგრამ ამაოდ. სისხლი საფეთქლებში მოაწვა, გაოგნებულს, თვალები გადმოეკარკლა.
ქვემოთ ჩაცოცდა, სწრაფად. სცხელოდა, ოფლმა დაასხა, მაგრამ გაჰყინვოდა ერთიანად თითები.
‘ნარა, გესმის?’
ბოლო საფეხურებიდან გადმოხტა ნარა, ბუნდოვნად გაიგონა ზათქი, რომლითაც დაეშვა მიწაზე.
და ნაგვის გორას მიაშურა.
კვლავ მოესმა ანაზდად, შორიდან, ბუნდოვნად მატარებლის გუგუნი და ხალხის რუზრუზი შორიახლო ქუჩაზე.
-ნარა! – დაუძახეს უკნიდან.
სისხლის გუგუნი ესმოდა თავში და საშინლად სტკიოდა საფეთქლები.
მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ჩანდა სამარას ცისფერ შუქზე მოციმციმე ქერა თმა. ხელი გვერდზე გამოეშვირა, თითქოს რაღაცას უნდა სწვდომოდა, და გალურჯებოდა თითები.
უკვე მოსდებოდა მის სისხლით მოთხვრილ ნაცრისფერ კაბას თოვლის სპეტაკი ფენა.
ნაგვის პარკებზე შედგა ფეხი ნარამ და აძვრა ზემოთ.
სამარა იქედან უნდა გამოეყვანა.
დასრიალდა. ლორწოვანი, სლიპინა და საშინლად აყროლებული იყო მის ქვეშ ნაგვის მასა, ზემოთ აძრომის საშუალებას არ აძლევდა.
ახლოს იყო სამარა. სულ ახლოს. თვალები გაეხილა და იყურებოდა სადღაც, შორს.
გამხმარიყო მის ღია ტუჩებზე მოდებული სისხლი და ცივ, მკვდარ ჟანგს ჰგავდა.
კვლავ დაცურდა ნარა, ნაგავში ჩაენარცხა, ძლივს შეიკავა იდაყვებზე თავი.
კვლავ სცადა მისწვდენოდა სამარას.
კიდევ ერთხელ. კიდევ.
მაგრამ ამაოდ.
ყველაფერი ტრიალებდა თითქოს გარშემო. შხუილითა და გრიალით მიჰქროდა სისხლი მის ძარღვებში, საფეთქლებსა და შუბლში აწვებოდა, ოფლის წვეთი ჩამოუგორდა საფეთქელზე. ღრჭიალებდნენ მისი ერთმანეთზე დაჭერილი კბილები და ლაფში ეფლობოდა თითქოს ხელები, როცა ზემოთ აძრომას ლამობდა.
ფეხი დაუსხლტა და დაცურდა ქვემოთ, მიწაზე დაენარცხა, გმინვით, მერე კი წამოწევა სცადა.
-გვიანია. – მოესმა ანაზდად უკნიდან. – ვეღარ უშველი.
გაქვავდა, ადგილს მიეყინა.
და აღარაფერი ესმოდა, საკუთარი აკივლებული ფიქრების კაკაფონიის გარდა.
ნაგვის გროვის ძირში იჯდა, მყრალ ლაფში ამოგანგლული, ქშინავდა. უკან სორენი იდგა, და მის წაგრძელებულ ჩრდილს ხედავდა ნარა, რომელიც იქვე გაწოლილიყო. ზემოთ კი სამარას გვამის ფერმკრთალი, ჟანგმოდებული ნაცრისფერი და ოქროსფერი ლაქა მოჩანდა, რომელსაც თითქოს წამი-წამზე ჩაყლაპავდა თავის ამაზრზენ, მყრალ ხახაში მის გარშემო შემოჯარული სიბინძურე.
შეზარა ნარას. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა გაოფლილ ზურგში, გააცახცახა, პირი იბრუნა. ვეღარ უსწორებდა სამარას ჟანგმოდებულ გვამს თვალს.
ნაბიჯები მოესმა ბუნდოვნად და მის გვერდით ჩაიმუხლა სორენმა.
შორს მიგუგუნებდა მატარებელი და აუტანელი გახდა ნარას თავში დატრიალებული ფიქრების კაკაფონია.
ყველაფერი გაიცრიცა, ერთმანეთში აღრეულ, ცისფრად დაფერილ ლაქებს დაემსგავსა.
თავი დახარა ნარამ, მაგრად დახუჭა თვალები და წამსვე დააწვა მხრებზე განცვიფრების ელფერით დაბურული, უფსკრულივით სევდა.
რამხელა ბოროტებით და უსამართლობით სავსე სამყაროა😭ყელში მიჭერს უსამართლობის განცდა😭 აი ის ხალხი მოედანზე ტაშს რო უკრავდა დიქტატორს, მინდა დრაკონი მყავდეს და იმით ამოვბუგო😭😭 მერე კიდე დეინერისს გაამტყუვნებენ, მეფის სავანე რატო გადაწვაო. ეგეთი დიქტატორმადიდებელი ხალხი თუ არ ამოსნიტე, ახალ თაობასაც თავისნაირს გაზრდიან და მისდღემჩი არ ეშველებათ არაფერი😭😭 აქ ახლა მეც დიქტატორული მიდგომა გამოვავლინე. კიდე კაი დრაკონი არ მყავს და რომელიმე ქვეყნის დედოფალი არ ვარ😭😭 სორენი მიყვარს მარა ერთს შემოვარტყამდი. რატო საყვედურობს ნარას ის ხალხი რო შეეცოდა. აბა დიქატატორი უნდა შეცოდებოდა?! 🙄 იქნებადა მაგ უღმერთო სამყაროში ეგეთი ადამიანურობის გამოჩენა შველის ყველაფერს💅🏻სამარას რაღა მოუვიდა😭გული დამეწვა ბოლო სცენებზე😭 ძაან ცოცხალი სიუჟეტი აქვს ლინდუ😍 ძაან მომწონს😍😍 რომ ვკითხულობ ყველა სცენა თვალწინ მირბენს ფილმივით😍😍 უნიჭიერესი რომ მყავხარ კი იცი ისედაც😁😍😍😍😍😍💚💜
LikeLike
ძალიან საინტერესო თავი იყო. თან იმის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა მომბატრებიან. სორენთან ურთიერთობა ნარასთვის არ ვიცი კარგია თუ არა რაღაც ეჭვები გამიჩნდა ბოლო ეპიზოდიდან. არ ვიცი. თან მისი მეგობარი მკვდარია. რამდენი რაღაც არის რაც გასათვალისწინებელია. ბევრზე მეფიქრება იმედია ნარას და სორენის წყვილი შედგება და ჩემი შიშები უაზროა.🩶🩶🩶🩶🩶
LikeLike
როგორ შემეცოდა სამარა…
LikeLike