Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.
ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
V – Cold Warmth
.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
უზარმაზარი გახლდათ სორენის თავის მიღმა, გალავნის გარშემო გადაშლილი იგაზან-ლა. თვალს ვერც კი აწვდენდა მის კიდეს ნარა, და ისეთივე ვეებერთელა გახლდათ იგი, ისეთივე იდუმალი და უცხო, როგორც ნარას გულმკერდში გაღვივებული, ჯერ კიდევ მისთვის შეუცნობელი თბილი გრძნობა, რომელმაც თითქოს მუშტში მოუჭყლიტა ფილტვები.
მზეზე უფრო მწველი იყო სორენის ყავისფერი თვალები. შუბლს სანახევროდ უფარავდა ჩაფხუტი, ცხვირსა და პირზე ნიღაბი გადაჰკვროდა და მაგრად გადასჭიმვოდა მკერდზე შავი, აშკარად ძალიან თბილი უნიფორმა, რომელიც ოდნავ ბზინავდა მზის შუქზე. სხეული მოშვებოდა სორენს, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და გაუნძრევლად იდგა, იდგა, შემოჰყურებდა და მის მქრქალ ღიმილს მის მწველ თვალებში ხედავდა ნარა.
მისი თვალების მაგვარი სითბო არსად დაენახა ნარას.
ვეღარ უყურებდა. თვალი აარიდა და მიტრიალდა, ნელი, ფრთხილი ნაბიჯით დაუყვა გალავანს.
მიაბიჯებდა და თითქოსდა ფეხქვეშ ეცლებოდა მიწაში საგულდაგულოდ ჩამჯდარი, დაჟანგული რკინის, ქვისა და ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ასწლეულის მანძილზე იდგა და ალბათ იგაზან-ლას ყველა მაცხოვრებელზე უფრო დიდხანს გაუძლებდა დროს. ყველას, ორმოც მილიონს ამოხდებოდა სული, გალავანი კი უდრტვინველად იდგებოდა, იდგა და არსად წავიდოდა. იდგა, მაგრამ მაინც გრძნობდა ნარა, რომ ეცლებოდა ფეხქვეშ, თითოეული ნაბიჯისას უფრო უახლოვდებოდა კიდეს და მის თვალთახედვაში მის წინაშე გადაჭიმულ გალავანს მოლიცლიცე ზღვა ენაცვლებოდა.
და უზარმაზარი იყო ზღვა.
იცოდა ნარამ. ძალიან კარგად იცოდა, რომ იგაზან-ლა მხოლოდ და მხოლოდ კუნძული გახლდათ, მიწის ნამცეცი, რომელსაც ვეებერთელა გალავანი შემორტყმოდა გარშემო. გალავანი, რომელიც მათ იცავდა, როცა ხანდახან, მოქცევისას გაავებული ზღვა თავისი ყინულოვანი, აქაფებული მუშტებით ასკდებოდა კედელს.
გულაამი მუდამ გაიძახოდა, რომ გალავანი ფარდა იყო, ფარდა, რომელიც მათ იცავდა ზღვის განუზომელი, მომგუდავი უეჭველი სიკვდილისაგან.
მაგრამ არასოდეს ეგრძნო ნარას ისეთი თავისუფლება, არასოდეს ყოფილიყო მისი ტანსაცმლის კუთხე-კუნჭულებში შემოჭრილი ნიავქარი ასეთი ხალასი და არასოდეს მოეჭრა აქამდე ასე თვალი მზის წითელ დისკოს.
გალავნის კიდესთან ახლოს, ისე, რომ ორიოდე მეტრი დარჩენილიყო მხოლოდ, მოღრეცილი, დაჟანგული მოაჯირი აღმართულიყო, რომელიც მხოლოდ წელამდე სწვდებოდა ნარას. ალბათ იმის ნიშნად იყო დამონტაჟებული, რომ მის იქეთ აღარ წასულიყვნენ და შედგა მის წინ ნარა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს დაბრკოლება მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო, ილუზია, რომელსაც შეეძლო უბრალოდ გადავლებოდა.
მაგრამ შედგა. ჟანგიანი იყო მოაჯირი, ხორკლიანი, უხეში და ისეთი გაყინული, რომ ხელთათმანების რეზინაშიც კი ატანდა მისი სიცივე.
იდგა ნარა, და უზარმაზარი, თვალუწვდენელი იყო ჰორიზონტამდე და ალბათ მის მიღმა გადაჭიმული, ზღვის დაუდგრომელი, მოლივლივე სხეული, რომლის მომწვანო, მუქი ლურჯი ტალღები მზის წითელ შუქში განბანულიყვნენ. კაშკაშებდა მეწამული მზის დისკო და მასზე შემოჯარულ ოქროსფერ შარავანდედს ღამის წყვდიადი ჩამოეგლიჯა იგაზან-ლას თავზე გადაჭიმული ცის კამარიდან, რომელსაც მონაცრისფრო-მოიისფრო სუდარა გადაჰკვროდა.
ღრმად შეისუნთქა ნარამ. მლაშე, მაგრამ რაღაცნაირი, სუფთა სურნელი დაჰკრავდა ზღვიდან მონაბერ სიოს, თვალები დასწვა, სანამ ცრემლების ბურანში არ გაიცრიცა ზღვა და მის თავზე ამომავალი მზე.
ნაბიჯების ხმა ჩაესმა ნარას და იგრძნო, თუ როგორ მოუახლოვდა სორენი. მის გვერდით შეჩერდა და თვალის კუთხიდან ხედავდა მის შავ ტანსაცმელს ნარა.
მისკენ არ გაუხედავს. აწყლიანებული თვალები მოეჭუტა და მზის მეწამულ დისკოს გაჰყურებდა.
სორენსაც არ გაუღია ხმა. გაუნძრევლად იდგა.
თვალები დახუჭა ნარამ. გრძნობდა, თუ როგორ ელამუნებოდა ქუთუთოებზე, ყელზე, სახელოებთან, უნიფორმის ქვეშ ქარი, წამწამებს უთრთოლებდა.
ცივი იყო ნიავი, მაგრამ იმდენად ახლოს იდგა სორენი რომ მისგან მომავალ სითბოს გრძნობდა ნარა.
მაგრად მოუჭირა მოაჯირს თითები.
-აქ ხშირად მოდიხარ ხოლმე? – წამოილუღლუღა მან.
არც კი უფიქრია, ისე მოსწყდნენ სიტყვები პირიდან. თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, სიტყვები, რომლებმაც ხიდი გადაჭიმეს მათ შორის ჩამოწოლილ მცირე მანძილზე.
სორენს წამიერად ხმა არ გაუღია. მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა ნარა.
-არც ისე. – თქვა ბოლოს. – ხანდახან.
-მე რომ საშუალება მქონდეს, აქ ყოველდღე ამოვიდოდი. – დაიჩურჩულა ნარამ, თვალები დაახამხამა. გადაეწმინდა ცრემლების ბურანი და ისეთივე თვალწარმტაცი იყო ოქროსფერ შარავანდედში გამოხვეული მზის დისკო, როგორც ადრე.
სორენს ცოტა ხანი არაფერი უთქვამს. ისევ ისე, გაუნძრევლად იდგა.
-საღამოს სამსახურში მიდიხარ? – ჰკითხა უცებ.
-არა. – თქვა ნარამ. სამსახურზე ფიქრი არ უნდოდა. არც იქ მიბრუნება სურდა.
იმის მიუხედავად, რომ საჭმელი სჭირდებოდა. მხოლოდ ორი პაკეტი ჰქონდა, ჯიბეში ჩაკუჭული.
-მაშინ ვიყოთ, რამდენი ხანიც გინდა. – თქვა სორენმა.
თავი ოდნავ, ნელა მოაბრუნა ნარამ, მისკენ ფრთხილად ააპარა მზერა.
სორენი უკვე დაჰყურებდა.
მის სახეზე ერთმანეთს ებრძოდნენ ალიონის მოწითალო ოქროსფერი შუქი და ღამის იისფერი ჩრდილი. ებრძოდნენ, მაგრამ ისეთივე თბილი ჰქონდა თვალები, როგორც ადრე.
-და აქ რატომ ამომიყვანე? – წაიბუტბუტა მან.
სორენმა თვალები დაახამხამა, ოდნავ შეკრა წარბები.
-გინდოდა მზის ამოსვლა გენახა. – თქვა მან.
-ჰო, მაგრამ… – ნარა შეყოყმანდა, თვალები გააცეცა. გამალებით ეძებდა სიტყვებს. – მაინც. რატომ შემომთავაზე?
-ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ნახავდი. – თქვა სორენმა.
მისი ტუჩებისა და ყბების მოძრაობას შესცქეროდა შავი ნიღბის მიღმა ნარა, მერე კი თვალი აარიდა.
მიტრიალდა, კვლავ მზის მაღლა მცოცავ დისკოს შეაცქერდა.
-ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო. – დაიჩურჩულა მან. – იშვიათად მოჩანს. და როცა მოჩანს, ისიც ბუნდოვნად.
-მესმის. რთული წარმოსადგენია, როცა სოროში ზიხარ. – ჩაილაპარაკა სორენმა.
-ზღვაც რამოდენაა. – თქვა ნარამ, თვალი მოავლო თვალუწვდენელ, წყლის განუზომელ მასას და მდორე, უსიამოვნო და ულოგიკო შიშმა გამოუვსო გულმკერდი, წამიერად მოეჩვენა, რომ ზედ დასწოლოდა წყლის ყინულოვანი სხეული, კანს უწვავდა და შხუილით იჭრებოდა მის სასუნთქ გზებში. ნაბიჯი უკან გადადგა ინსტინქტურად.
მაგრამ ვერაფერს დაუშავებდა ზღვა. იგაზან-ლას გალავნის გარშემო შემოჯარული აბრწყინებული ტალღები, რომელთა ძალას ვერასოდეს გასწვდებოდა მისი გონება, მშვიდად ლივლივებდნენ, მათი წყნარი შხაპუნის ხმა, მლაშე ნიავქარს რომ ჩაეწნა საკუთარ სხეულში, ძლივს აღწევდა ნარას ყურამდე.
-სულ ზღვაა გარშემო. – უპასუხა სორენმა. – და მეტი არაფერი.
-სულ არაფერი? – წამოსცდა ნარას.
და წამსვე ინანა თავისი ნათქვამი.
კონტინენტებზე იცოდა. წიგნებში წაეკითხა. იცოდა, რომ კონტინენტებს ოკეანეები ჰყოფდნენ.
მაგრამ რაღაც მოხდა. ალბათ. რაღაც მოხდა და ახლა იგაზან-ლას იქით არცერთი ცოცხალი არსება აღარ ჭაჭანებდა.
ზღვაზე იშვიათად ლაპარაკობდნენ იგაზან-ლაში. ყველაფერი, რაც გალავანის მიღმა გახლდათ, ანდა არც გახლდათ, აღარ იყო მნიშვნელოვანი. ზღვა მხოლოდ და მხოლოდ წყლის მასა იყო, გამოუსადეგარი წყლის მასა, რომელშიც მხოლოდ შეუცნობელსა და საფრთხეს დაებუდრებინა.
მხოლოდ იგაზან-ლა უნდა არსებულიყო. მხოლოდ იგაზან-ლა და მეტი არაფერი.
„გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები იგაზან-ლას! გიხაროდენ, რამეთუ ემსახურები გულაამს!“
-ალბათ. – თქვა სორენმა და წამსვე გამოჰგლიჯა ნარა ფიქრებს. – რა, არა?
სორენს გადახედა, რომელსაც კვლავ ჯიბეებში ეწყო ხელები და უსიტყვოდ გადაჰყურებდა მზეს. ერთიანად დაწვრილებოდა გუგები, წყვდიადის ნამცეცებივით უჩანდა მათზე შემოსაზღვრულ, ოქროსფრად დაფერილ მზესავით თვალებში, და წამიერად ცის კამარაზე წერტილივით გაიას ვარსკვლავი წარმოუდგა თვალწინ ნარას. იდგა სორენი, გაუნძრევლად და თვალისდაუხამხამებლად გადაჰყურებდა იმას, რაც იგაზან-ლას გალავნის მიღმა გამეფებული უსაზღვრო სიცარიელე უნდა ყოფილიყო.
-არ ვიცი. – წაიბურტყუნა ნარამ, დაჟინებით შესცქეროდა.
-გარშემო მხოლოდ წყალია, ნარა. – უთხრა სორენმა, მისკენ მოატრიალა თავი და მოაბჯინა მზესავით თვალებში ჩაძირული წყვდიადის წერტილები.
იგრძნო ნარამ, რომ სორენს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა.
მაგრამ არ უთქვამს. თვალი აარიდა და კვლავ ზღვისაკენ მიატრიალა მზერა.
მიიზლაზნებოდნენ წუთები და ამოდიოდა მზე. ნელ-ნელა ჩამოერეცხა მის დისკოს მეწამული სისხლი, ნარინჯისფერ წრედ იქცა და გაიცრიცა ნელ-ნელა, მოიისფრო-მონაცრისფრო ცაზე მიცოცავდა და ზღვიდან მონაბერი ნიავქარი აცლიდა ფერს.
გაუნძრევლად იდგა ნარა და მზის სითბოს, თითქმის შეუმჩნეველს გრძნობდა სახეზე, რომელსაც წამსვე იტაცებდა ყინულოვანი ქარი. ფეხები და თითები გაეყინა, ცხვირი და ნიკაპი ეწვოდა.
აკანკალდა. ცდილობდა არ შემჩნეოდა კუნთების კანკალი, მაგრამ მაინც გააძაგძაგა, სხეული უთრთოდა. იდგა და გრძნობდა, თუ როგორ ავსებდა მის გაციებულ სხეულს მზის უხილავი, უგრძნობი, ყინულოვან ქარში გაცრეცილი სითბო.
გაჰყურებდა ამომავალ მზეს, კანკალებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენი ხანი იდგა უკვე.
-შეგცივდა? – ჰკითხა ანაზდად სორენმა და დაარღვია მათ გარშემო მოხვეული, დილისა და ზღვის მლაშე სურნელში ჩაძირული სიწყნარე. მისკენ არ გაუხედავს ნარას.
-ცოტა. – მიუგო მან.
-წავიდეთ თუ გინდა.
-არა… მინდა კიდევ ვუყურო.
-მოგიყვან როცა მოგინდება. – უთხრა სორენმა. – ძალიან ცივა, გაიყინები.
მას გადახედა ნარამ, იჭვნეულად, დაჟინებით შეჰყურებდა მის სახეს, თვალებში სიმართლეს ეძებდა.
მაგრამ ვერ დაინახავდა, რასაკვირველია. არ იცოდა, დაეჯერებინა თუ არა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სორენს იცნობდა. მაგრამ ხვდებოდა, რომ ილუზია იყო ეს ყველაფერი, მათ შორის თითქმის შეუძლებელი დამთხვევით გამოწვეული ტელეპათიური ბმის გამო.
თუმცა არა. მხოლოდ ტელეპათიურ ბმას ვერ დაარქმევდა ამას. სორენის აზრით ისინი სულწყვილი იყვნენ.
არც ის იცოდა ნარამ, სულწყვილის ამბავი დაეჯერებინა თუ არა. მაგრამ ალბათ ეს არ იყო ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. ტელეპათიური ბმა ხომ არსებობდა.
არსებობდა, უნდოდა ეს თუ არა.
მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც უცხო იყო სორენი. ვიღაც უცხო კაცი, ისეთივე უსახო, როგორც ნებისმიერი მაღაროელი, მემანქანე, გამყიდველი, ბინგემის მოედანზე აღრიალებული მომიტინგე და ძვლების რაიონის წყვდიადით მოცულ კუთხე-კუნჭულებში მიმალული მაწანწალა.
გული მოეკუმშა რატომღაც ნარას. წამიერად სუნთქვა გაუჭირდა.
მართლა ძალიან სციოდა.
-წავიდეთ. – თქვა მან და მიტრიალდა, ლიფტისაკენ გაემართა.
და გვერდით მიჰყვა მას სორენი.
რამდენჯერმე მოიხედა ნარამ, მზის ამოცურებულ დისკოს, მოწითალო ჰორიზონტსა და ალიცლიცებულ ზღვას გაჰყურებდა, რომელსაც ნელ-ნელა ეფარებოდა მის თვალთახედვაში წამომართული გალავანი.
ლიფტი გამოიძახა სორენმა. პანელზე „-2“ აკრიფა.
დაიხურნენ კარები და თითქოსდა მათ შორის მოიჭყლიტა მზის ყვითელი სინათლე, მის ქვეშ გადაწოლილი ზღვის ნაგლეჯი და ცის კამარა, რომელიც არასოდეს ყოფილიყო ასეთი დიდი.
სისინით დაეშვა ლიფტი ქვემოთ.
ხმას არ გაუღია ნარას და უსიტყვოდ იდგა მის გვერდით სორენი.
უსიტყვოდ გამოაბიჯეს ლიფტიდან და უსიტყვოდ ჩაიარეს მიწისქვეშა დერეფნები. უსიტყვოდ გააღო გარეთ გამავალი კარი სორენმა და სწრაფად აცოცდნენ კიბეზე.
ყინავდა და ღამის შუქჩრდილი ჩამოწოლილიყო გარშემო, რომლამდეც ჯერ კიდევ ვერ ჩამოეღწია გაფერმკრთალებულ ცაზე მოფენილ მოყვითალო შუქსა და ცათამბჯენებს შორის გამეფებულ ცისფერ სინათლეს. მოტოციკლეტებისა და ფურგონების შხუილი ესმოდა ნარას, რომელსაც მატარებლის ხმამაღალი გუგუნი და მოშორებით, გამოღვიძებულ ქუჩებში ატეხილი ალიაქოთი ერთვოდა.
მოტოციკლზე დაჯდა სორენი და მის უკან მოთავსდა ნარა, მაგრად ჩაებღაუჭა ღვედს.
მოტოციკლეტი დაქოქა სორენმა და ფარის მჭახე ცისფერი სინათლე მოეფინა იქაურობას, ძრავა აძაგძაგდა მათ ქვეშ. კანკალებდა ჯერ კიდევ ნარა და გალავნის დაჟანგულ, ალაგ-ალაგ მოლაპლაპე ლითონის ფერდზე გაუშტერდა თვალები.
ახლაღა იგრძნო აუტანელი დაღლილობა და შიმშილი. ჭამისა და ლოგინში შეწოლის მეტი აღარაფერი უნდოდა.
-სად ცხოვრობ? – ჰკითხა ანაზდად სორენმა და გამოფხიზლდა ნარა, მის წინაშე აღმართულ სორენის მხრებზე გადაიტანა მზერა, თვალთახედვის უმთავრეს ნაწილს რომ უფარავდა.
წამიერად შეყოყმანდა.
უცხო იყო სორენი. უსახო, უცხო, მისი თბილი თვალები არაფერს ნიშნავდა. არც მისი ზურგი და მხრები, მონაბერი ცივი ნიავქარისაგან რომ ფარავდნენ და არც ის ოდნავი, სუსხისაგან დამზრალი სითბო, მისი სხეულიდან რომ იღვრებოდა და მკერდზე მოხვეულ ყინულს რომ ულღობდა ნარას.
-ბინგემის მოედნიდან ორ გაჩერებაში. – თქვა ბოლოს. – მეთხუთმეტე ქუჩის ოცდამეცხრამეტე კორპუსში.
სახელურები დაატრიალა სორენმა და უფრო ხმამაღლა აგუგუნდა მათ ქვეშ ძრავი.
-ორმოში ცხოვრობ? – ჰკითხა უცებ მან.
ღვედს უფრო მაგრად მოუჭირა ხელები ნარამ.
„ორმოს“ მისი საცხოვრებელი კორპუსის მაგვარ, მრგვალ, ამოღრუტნულ შენობებს ეძახდნენ. და მუდამ სავსე იყო თითოეული ორმო, რადგან ბევრი მიძვრებოდა მათ თავზე და შუაში შექუჩებულ ნაგვის გროვაში ხტებოდა.
-ჰო. – უპასუხა ბოლოს.
სორენს აღარაფერი უთქვამს.
ელვის სისწრაფით, ღმუილით დაიძრა მოტოციკლეტი და სხეული უკან გადაუქანდა ინერციისაგან ნარას.
და აღარ იყვნენ ქუჩები ისეთი შიშველი, როგორც ადრე. ცივი ლურჯი სინათლე მოჰფენოდა ალაპლაპებულ ქვაფენილს, ყაყანებდნენ გამვლელები, ლაპლაპი გაუდიოდათ ფანჯრების მინებსა და კიდევ უფრო მჭახე, კიდევ უფრო ყინულოვანი იყო ცისფერ შუქში განბანული ქარი, თვალებს რომ უწვავდა ნარას. უზარმაზარი იყო ქალისა და მამაკაცის შავ მარმარილოში გამოკვართული ფიგურები ბინგემის მოედანზე და მათ თავზე მიცურავდნენ იისფერი ღრუბლების ნაგლეჯები მტვრისფერი ცის კამარაზე.
ბინგემის მოედანი როცა გადაჭრეს, ძალიან მკვეთრად მოუხვია სორენმა რომ მეთხუთმეტე ქუჩისაკენ აეღო გეზი და მარჯვენა გვერდზე გადაწვა მოტოციკლეტი, ისე ძალიან რომ კინაღამ კივილი წასკდა მკერდიდან ნარას, მარცხენა ხელით ინსტინქტურად მოებღაუჭა სორენს ფერდზე.
წამსვე გაასწორა მოტოციკლეტი სორენმა, მათ თავზე მირახრახებდა მატარებელი, შხუილით მიჰქროდა მათ გარშემო ყინულოვანი ჰაერი, ყაყანებდნენ გამვლელები და ჯერ კიდევ ფერდზე ჩაბღაუჭებოდა სორენს ნარა. სორენის შავი სამოსი რეზინის მაგვარი, უხეში იყო ხელთათმანების ქვეშ, მის სხეულს ეხებოდნენ სახსრები და ერთიანად გაქვავდა, გაშრა ნარა, სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა. აუზრიალდა თავი, ქარის წუილს მის ყურებში ატეხილი გუგუნი დაემატა, თვალები გაუშტერდა. თითოეული ნერვი უბჟუოდა ხელში და სითბოს გრძნობდა ზედ, იმ სითბოს, რომელიც ისე იღვრებოდა სორენის სხეულიდან, როგორც მონაცრისფრო ნისლში შებურული მზის დისკოდან გადმომსკდარი სხივები. ცივი სხივები, რომლებიც გაჭირვებით აღწევდნენ იგაზან-ლამდე. სხივები, რომელთა სითბოც ზღვიდან მონაბერ მლაშე ნიავქარს წარეტაცა.
მაგრამ ამჯერად თითქოს მზის გვერდით იჯდა და მარცხენა ხელში ეჭირა მისი თბილი სხივების კონა.
მაგრამ მათ შორის მცირე მანძილს მაინც უფსკრულივით დაეღო ხახა.
ოსტატურად უხვევდა სორენი, პაწაწინა გასასვლელებში, შუკებში, მატარებლის ქვეშ და გამვლელთა შორის მიქროდა. გუგუნებდა მოტოციკლეტი და უფრო და უფრო მეტად უწვავდა მონაბერი ქარი თვალებს ნარას, გარშემო კი ყველაფერი მის მზერაზე გადაკრული ცრემლების ფარატინა, მოცისფრო ფარდას დაენისლა.
იჯდა, გაქვავებული, სორენს მაგრად ჩასჭიდებოდა და ისე მიქროდნენ და იკარგებოდნენ მის უკან წუთები, როგორც ქუჩები, ხალხი, ცაში ატყორცნილი ცათამბჯენები, ჰოლოგრამები, ნეონის სინათლეები და ის დაღლილობა, ის მელანქოლია, რომელსაც თითქოს ყოველთვის ახლდა თან.
მერე კი მოუნელა სორენმა.
თვალები დაახამხამა ნარამ, გამოფხიზლდა.
მზერა ასწია და წამსვე წამოიმართა მის წინაშე თავისი კორპუსი. მრგვალი, გიგანტური და შემაწუხებლად ნაცნობი.
შესასვლელთან ახლოს შეაჩერა მოტოციკლეტი სორენმა. ჯერ კიდევ ღამის მონარჩენი შუქჩრდილი ჩამოწოლილიყო, რომელსაც ქუჩის მბჟუტავი სინათლეები და ფანჯრებიდან გადმოღვრილი შუქი მოჰფენოდა. მათი კორპუსის ცენტრში ნაგვის გროვა საშინლად ყარდა, როგორც ყოველთვის.
ძრავი გამორთო სორენმა.
და არ განძრეულა ნარა.
სიწყნარე იდგა. გარიჟრაჟი მოსწოლოდა ძვლების რაიონს, სისინებდა ნიავი და მიგუგუნებდა შორს მატარებელი.
უნდა ამდგარიყო. უნდა აეშვა ხელი სორენისათვის, ღვედისათვის, ამდგარიყო და მიბრუნებულიყო თავის ბინაში.
მაგრამ კუნთსაც კი ვერ ანძრევდა კიდურებში, მხოლოდ სუნთქავდა, ისიც ზედაპირულად, პაწაწინა მოძრაობებით, თითქოს ნებისმიერი გამოძრავება დაარღვევდა მათ გარშემო ჩამოწოლილ სტაზისს.
არც კი იცოდა, უნდოდა მისი დარღვევა თუ არა. იჯდა, გაშტერებული შეჰყურებდა სორენის ოდნავ მოშვებულ მხრებს, მოტოციკლეტის სახელურებზე მოხვეულ, ზორბა, თბილ ხელთათმანებში გამოხვეულ ხელებს, ქუდით დაფარულ თავს, რომელსაც ცივი ლურჯი სინათლე მოსდებოდა და მხოლოდ მისი თბილი წაბლისფერი თვალები ედგა თვალწინ.
-ნარა…? – თქვა ანაზდად სორენმა.
და ელვის სისწრაფით გამოფხიზლდა ნარა, თითქოს ამოყვინთა, აქამდე წყალში ჩაძირულმა.
დამდუღრულივით უშვა სორენს ხელი, მერე კი ფრთხილად გადაცოცდა მოტოციკლეტიდან. ჩაფხუტი ფაქტიურად მოიგლიჯა თავიდან და სორენს გადასცა, რომელმაც იქვე, ზღუდარებთან დაამაგრა.
იქვე შედგა ნარა. გაყინულ, გაშეშებულ ხელებს ისრესდა.
შეჰყურებდა სორენი. ჩამქრალიყო მოტოციკლეტის ფარი და მის სახეს მხოლოდ მქრქალი ლურჯი შუქი ანათებდა.
და შიშის, მღელვარების, დაღლილობისა და კიდევ ერთი, უცნაური, უცხო შეგრძნების ნარევმა გამოუვსო გულმკერდი ნარას, როგორც ყინულოვანი ზღვის წამლეკავმა ზვირთმა.
-ლამაზი იყო მზის ამოსვლა. – თქვა სორენმა.
საპასუხოდ თავი დაუქნია ნარამ, მაგრამ ხმა არ გაუღია.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის. მეზობელ ქუჩაზე ვიღაცები ღრიალებდნენ და ჰოლოგრამის მონოტონური ხმა ისმოდა, რომელიც ახალ ამბებს აუწყებდა მათ.
-მადლობა რომ გამახსენე. – თქვა ბოლოს სორენმა. – კარგა ხანია აღარ მინახავს. თუ რამე… თუ ხელახლა მოგინდება ნახვა, მითხარი.
მერე კი დაქოქა ძრავი, მაგრად დაატრიალა სახელურები და ფარის მჭახე შუქი მოეფინა ნარას, წამიერად დააბრმავა.
ხმამაღალი ღრჭიალით მოატრიალა მოტოციკლეტი სორენმა და გუგუნით გაიქროლა ცათამბჯენთა შორის ვიწრო გასასვლელში, მერე კი კუთხის მიღმა ჩაიკარგა.
ღრმად ამოისუნთქა ნარამ. ერთმანეთში გადახლართული ხელები უთრთოდა. ჯერ კიდევ ოდნავ უბჟუოდა მარცხენა ხელის თითები.
თვალები მოისრისა, გამშრალმა.
მერე კი მიბრუნდა, კორპუსის შესასვლელში შეაბიჯა და კიბისაკენ აიღო გეზი.
კიბეზე მიცოცავდა, თან ცდილობდა გამკლავებოდა მის თავზე დატეხილი ფიქრების კორიანტელს, ისეთივე ულმობელს, როგორც ყინულოვანი ქარი, მუცელში ჩამჯდარი შიმშილი, იგაზან-ლას ცივი თვეები, მაღაროში წელის წყვეტა და ულსტერი გახლდათ.
სორენს გამოელაპარაკა. მზის ამოსვლა ახსენა და მოვიდა სორენი, გალავანზე აიყვანა, რომელიც აქამდე მხოლოდ თავზე წამომართული გიგანტივით აღექვა ნარას. გიგანტის თავზე მოექცა და გადაიხედა, დაინახა ის ყველაფერი, შემოგარენი, რომელიც იგაზან-ლას, უზარმაზარ, ორმოცი მილიონით სავსე მეგაპოლისს პაწაწინა ნამცეცად აქცევდა.
დაუდგრომელი ზღვა და მზე, რომელიც ისევე აღმოცენებულიყო წყლის მოლივლივე სხეულიდან, როგორც ნარას მიერ დარგული თესლიდან გაღვივებული ყლორტი.
და სორენის თბილი, წაბლისფერი თვალები, მისი მოტოციკლეტზე წამომართული სხეული და მისი მუდამ მშვიდი ხმა, რომელშიც ცოტა ხნით ღიმილის ელფერიც გაიგონა ნარამ.
მოაჯირზე გადაძვრა და ელვის სისწრაფით მივარდა კარს, ბათქით მოიხურა ზურგსუკან, ჩხაკუნით ჩაიკეტა საკეტი და უკან მოიტოვა სიმყრალე, ძვლებში გამჯდარი სიცივე და ლერვიქენის ჯურღმულებში გამეფებული ღამე, რომელიც მისი ფანჯრიდან შემოღვრილმა მოყვითალო სინათლემ შეცვალა.
მაგრამ თვალწინ სორენი ედგა. და იცოდა, რომ მას უკან ვერაფრით მოიტოვებდა.
მოუნდა, რომ სამარასა და რეჯინალდს გამოლაპარაკებოდა. აქამდე ვერ მოეხერხებინა სამარასთვის მოეყოლა, რომ გიჟი არ იყო, ნამდვილად ადამიანს ელაპარაკებოდა რაღაც სასწაულებრივი, ტელეპათიური გზით.
ნერვიულობდა სამარა და სინდისმა გასწიწკნა ნარას. აქამდე უნდა ეთქვა.
მაგრამ ახლა აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. კიდევ თექვსმეტ სართულს ვერ გაუმკლავდებოდა.
უნიფორმა გაიძრო ნარამ. წყალი თვითონაც დალია და ქოთანში ამოწვერილ ყლორტსაც დაუსხა.
პაკეტის მესამედი შეჭამა და სველი ჩვრით მოიწმინდა სხეული, მერე კი საცვლისა და თხელი პერანგის ამარა შეწვა ლოგინში.
ჩაყუჩდა.
გვერდზე იწვა, მკლავი ამოედო თავქვეშ და კანისა და კუნთის თხელი ფენის მიღმა საკუთარ სწრაფ პულსს გრძნობდა. უფრო მეტად მოიკუნჭა, ცივი მუხლები მკერდთან მიიტანა და მაგრად მოიხვია ზედ მკლავი.
ჯერ კიდევ გაჰყინვოდა ცხვირის წვერი და ჩასწია, საბანში შემალა, მაგრამ ნელ-ნელა უთბებოდა ზურგი და გულმკერდი.
მერე კი იგრძნო.
სორენი.
სულ ახლოს.
თვალები დახუჭა ნარამ და ყველაფერი გაქრა თითქოს გარშემო.
‘ახვედი?’
და როგორც ყოველთვის, მშვიდი იყო მისი ხმა. ისეთი მშვიდი, როგორც ცხელ თვეებში მოსული თბილი ნიავი, რომელსაც თან მიჰქონდა ცაზე გადაკრული სევდიანი, საავდრო ღრუბლები.
‘კი. შენ? მიხვედი სახლში?’
‘არა ჯერ.’ უპასუხა სორენმა. ‘ერთგან გავჩერდი. მინდოდა დაგლაპარაკებოდი.’
თავქვეშ ამოდებული მკლავის პულსი თავში უგუგუნებდა ნარას. ყურები უხურდა. თვალები უფრო მაგრად დახუჭა, ცდილობდა ბმის ძაფი არ გასხლტომოდა ხელიდან.
‘რატომ?’
‘არ ვიცი. ისე, უბრალოდ.’
სიწყნარე ჩამოვარდა. გულისცემა ჯერ კიდევ თავში უგუგუნებდა ნარას.
‘ახლოს ცხოვრობ?’ ჰკითხა ბოლოს.
არც კი იცოდა, რატომ.
იქნებ იმიტომ რომ მისი საცხოვრებელი ადგილი იცოდა სორენმა. უნდოდა თვითონაც გაეგო.
ალბათ.
‘არც ისე.’ უპასუხა სორენმა. ‘დასავლეთ ნაწილში ვცხოვრობ. საზღვართან.’
საზღვართან.
საზღვართან ორმოები არ იყო. არც მაწანწალები. ზოგადად არც მაღაროელები და არც იაფფასიანი კორპუსები.
‘შენ ლერვიქენიდან არ ხარ, ხომ?’ ჰკითხა ნარამ.
‘არა.’ თქვა სორენმა. ‘ქარქს-ნუიადან.’
რასაკვირველია. ქარქს-ნუია, რამდენადაც ლერვიქენში გაეგონათ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული რაიონი იყო. რამეს თუ ერქვა იგაზან-ლაში მდიდრული საერთოდ.
თუმცა ნარას საიდან ეცოდინებოდა. მხოლოდ ჰოლოგრამებში დაენახა შიგადაშიგ ქარქს-ნუია, და ისეთივე ჩანდა ცათამბჯენთა ფასადები, ქუჩები და ნეონის სანათები, როგორც ლერვიქენში.
‘ლერვიქენში გადმოხვედი?’ ჰკითხა მან. ‘თუ გადმოგიყვანეს?’
‘გადმომიყვანეს.’ თქვა სორენმა. ‘რამდენიმე წელია უკვე.’
‘ქარქს-ნუიაში ემჯობინებოდა.’
‘აქამდე კი.’ თქვა სორენმა. ‘ახლა კი მგონი აქ სჯობს.’
მუშტში ჩახვეული საბანი უფრო მაგრად მიიხუტა გულზე ნარამ.
‘მე აქ დავიბადე.’ თქვა მან. ‘თავშესაფრიდან მაღაროში გადმომიყვანეს.’
‘დიდი ხანია მუშაობ?’
‘არ ვიცი. ათ წელიწადზე მეტი იქნება.’
‘მეც.’
კვლავ სიწყნარე ჩამოვარდა. ისეთი სიწყნარე, რომელიც მის ბინაში სრულ სიცარიელეს ნიშნავდა. სიცარიელესა და მშვიდ, ნაცნობ მარტოობას.
მაგრამ ახლა სხვანაირი იყო ეს სიწყნარე.
სხეული თითქოს ლოგინში ჩაუდნა ნარას.
‘როგორია მემანქანეობა?’ ჰკითხა მან.
‘არაუშავს. დიდი დრო უნდა უბრალოდ წასვლა-წამოსვლას. ბედენის ელექტროსადგურში გადაგვაქვს ურანი.’
ბედენის ატომური ელექტროსადგური ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტროსადგური იყო მთელ იგაზან-ლაში. პოსტერები და ახალი ამბების ჰოლოგრამები მუდამ ხოტბას ასხამდნენ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
‘აა. ლერვიქენის შიდა ხაზებზე არ დადიხარ?’
‘არა. ადრე დავდიოდი, ცოტა ხნით. მაგრამ აღარ მევალება.’
‘ბედენი როგორია? ანდა ქარქს-ნუია? ‘
‘ნაკლები ნაგავია.’ თქვა სორენმა და წამიერად თავში გაუელვა ნარას, ქუჩაში მიმოყრილ ნაგავს გულისხმობდა თუ ადამიანებს.
შეიძლება ორივეს.
‘და მეტი გართობა.’ დაამატა სორენმა.
‘კარგია ალბათ.’
‘ალბათ. გააჩნია რა გინდა.’
‘შენ რა გინდა?’ ჰკითხა ნარამ.
‘რთული კითხვაა.’
‘მგონი ძალიან იოლი კითხვაა.’ თქვა ნარამ. ‘აი მაგალითად მე მშვენივრად ვიცი თუ რა მინდა.’
‘რა?’
‘საჭმელზე ფიქრი რომ არ მიწევდეს.’
წამიერად დუმდა სორენს.
‘ეგრე ცოტას გაძლევენ?’ ჰკითხა ბოლოს.
‘სულ ცოტას გვაძლევდნენ, მაგრამ ბოლო თვეებში ძალიან მოუკლეს. სოგდალში ქარხნების რემონტიაო, გვეუბნებიან. აგინაზღაურებთო.’
‘არ აგინაზღაურებენ.’ თქვა სორენმა.
‘ვიცი.’
‘რამდენი გაქვს?’
‘პაკეტნახევარი.’ მიუგო ნარამ. ‘ცოტა ხანი მეყოფა.’
‘არაფერია პაკეტნახევარი.’
‘შენთვის შეიძლება არაფერია, მაგრამ მე მყოფნის.’
წამიერად არაფერი უთხრა სორენმა.
‘მაღაროში რაც მოხდა… დატბორვა.’ თქვა უცებ. ‘ეგეთები ხშირად ხდება ხომ?’
‘ხდება. მაღაროს შიდა ქსელი ძალიან ძველია. უაზროდ თხრიან ყველგან, კედლებისა და ჭერის გამყარებაზე ხელი ჩაიქნიეს უკვე. ჩვენ ოფიციალურად არაფერს გვეუბნებიან მაგრამ ჭორაობს ხალხი.’
‘შეგაგდებენ სადმე და უსიტყვოდ უნდა იმუშაო ხომ?’
‘ყველგან ეგრე არაა?’ ჰკითხა ნარამ.
‘ალბათ.’ თქვა სორენმა.
‘ალბათ.’ გაიმეორა ნარამ. უფრო მოიკუნტა, დახუჭული თვალების მიღმა იისფერ ჩრდილს ხედავდა მხოლოდ, სხეული გაუთბა, ძილი მოერია. უკვე საკმაოდ უჭირდა საუბარი, თითქოს მათი ბმის ძაფი უსხლტებოდა ხელიდან. ‘იფლიჰემის გარდა.’
‘გგონია რამე არის იქ?’ ჰკითხა სორენმა. ძალიან შორიდან, ბუნდოვნად ისმოდა მისი ხმა, გაჭირვებით გაარჩია ნარამ სიტყვები.
‘რამე რომ არ იყოს, ასე არ დაიცავდნენ.’ მიუგო საპასუხოდ, ძლივს აბამდა სიტყვებს თავს. ‘და იქ არ იცხოვრებდა გულაამი…’
‘იქნებ არც ცხოვრობს იქ.’ თქვა სორენმა.
და ლერვიქენის ჯურღმულებიდან ამოძახილ ექოს ჰგავდა მისი ხმა.
გალღვა ყველაფერი, სხეული ერთდროულად ძალიან დაუმძიმდა და შეუმსუბუქდა კიდეც, ვეღარაფერს ანძრევდა, მაგრამ თითქოს დაცურავდა. დაუძახა სორენმა, კითხვით აღსავსე იყო მისი ხმის ექო და იმ ექოში გაიცრიცა ნარა, თვითონ, მისი ლოგინის სითბო და მისი ქუთუთოებზე გადაკრული, მოყვითალო-იისფერი გარიჟრაჟი.
.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
ზუზუნით ჩაუარა თავთან ახლოს ურანის მადნის ბელტმა ნარას.
ძლივს მოასწრო გვერდზე გახტომა, ბეწვზე ასცდა.
სხვა მაღაროელებს ყურიც არ შეუბერტყავთ, იმის მიუხედავად რომ თვალს აპარებდნენ მისკენ. ყველა თავის ტყავზე ზრუნავდა, რასაკვირველია. რამდენიმე მცველი კი დაპარპაშებდა აქეთ-იქით, მაგრამ ჯერ კიდევ არ განძრეულიყვნენ, ზოგი ცოტა ხნით სეირის ყურებას ამჯობინებდა.
ბარი მაგრად მოიმარჯვა ნარამ, მხრებში გასწორდა, თავი ააღირა.
დერეფნის ბოლოში ბრუნო იდგა, უკვე მეორე ბელტი მოემარჯვებინა.
-დაყრუვდი? – დაუყვირა მან, და კინაღამ გადაფარა მისი ხმა დატვირთული მაზიდების რიხინმა და წერაქვების ხათქუნმა. – სად მიეთრევი მეთქი?
წყეული ფელიქსი და მისი წყეული დამქაშები. იმ დღიდან, როცა კინაღამ დაიხრჩო ნარა, თვალს ადევნებდნენ. მათზე დაკისრებულ გამოქვაბულის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც აშკარად ძალიან მძიმე გახლდათ, მას აბრალებდნენ.
რასაკვირველია.
შეძლებისდაგვარად ერიდებოდა მათ ნარა. მაგრამ ამჯერად, მისდა საუბედუროდ, სმენის ბოლოს საიდანღაც დალანდა ბრუნომ და აეკიდა.
ახლა წესით უკვე მაღაროს შიდა ქსელის შემოსასვლელთან უნდა ყოფილიყო.
და იცოდა, რომ ბრუნოსთვის პასუხი უნდა გაეცა. ერთი ამბავი რომ აეტეხა, იქნებ ვინმე ჩარეულიყო და დაენებებინათ თავი.
-შენ უნდა დაგეკითხო, სად მივდივარ?! – შეჰყვირა მან და ფარატინა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფარად აღიმართა მის წინაშე მისი მჭახე ხმა, როგორც ყოველთვის.
-რანაირი სამართლიანობაა ეს, შენ მიეთრეოდე და ჩვენ კიდევ აქ ვიყოთ? ჰა?! – იფეთქა ბრუნომ.
-ტრაკს რომ ანძრევდე, დროზე მორჩებოდი!
-შენ გოგო, ვის როგორ ელაპარაკები? კახპა! აქ მოეთრიე! – ბრუნომ უფრო მაგრად მობღუჯა ბელტი და მისკენ გამოემართა.
-წყეულო ნაბიჭვარო! – მკერდიდან გადმოსკდა ნარას. ბარი ასწია, იქვე მიმავალ მაზიდს შემოახეთქა, რომელმაც გვარიანი, გამაყრუებელი ჟღრიალი გაიღო და კვლავ აღმართა, მზად იყო მთელი ძალით მოექნია ბრუნოსთვის. – არც კი გაბედო, თორემ თავს გაგიხეთქავ!
-რა ტვინი წაიღეთ! – აყვირდა ბოლოს და ბოლოს მცველი. – თქვენ საქმეს მიხედეთ! ოე, შენ, უკან გაბრუნდი, სანამ დაგაჭედე ტყვია!
შედგა ბრუნო. გამძვინვარებული შეჰყურებდა ნარას, აშკარად ხელები ეფხანებოდა, ალბათ გვარიანად დაალილავებდა, რომ შეძლებოდა.
მერე კი მისი მიმართულებით გადმოაფურთხა, იქვე მიაგდო ბელტი და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა შახტას, მოსახვევს მიეფარა.
კანკალით ამოისუნთქა ნარამ, ბარი ამოიღლიავა.
მერე კი შებრუნდა, სირბილით დაუყვა გასასვლელისაკენ შახტას. გრძნობდა, თუ როგორ გააყოლეს თვალი, მზერით გაბურღეს.
დისპენსერის უჯრაში ერთადერთი საჭმლის პაკეტი დახვდა, რომელიც საგულდაგულოდ ჩაიტენა ჯიბეში.
ხელსაწყოები საწყობში ჩააბარა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაუყვა მაღაროდან გამავალ ბილიკს.
დააგვიანა მატარებელმა. სადგურზე ჭყლეტა იყო, ვიღაც ჯიბგირი კინაღამ ჯიბეში ჩაუძვრა ნარას, მაგრამ ერთი დაყვირება კმაროდა, რომ ხალხში გამძვრალიყო. ცათამბჯენებს შორის ზუზუნებდა ცივი ქარი და მუქი ნაცრისფერი ღრუბლები დაგრაგნილიყვნენ ცის კამარაზე, მოახლოებული, ბნელი ღამის სურნელი დაჰკრავდა ჰაერს.
ჩამოდგა მატარებელი და ვაგონებში შეჯგრიალდა ხალხი.
ფანჯარასთან მოხვდა ნარა, ორ თანამგზავრს შორის მიჭყლეტილი. თავი მიეყრდნო ბინძურ, დაორთქლილ მინაზე, ორთქლში დაბურულ, გამღვალ ლაქებად ქცეულ ცათამბჯენებს, ცისფერ ნეონის შუქებსა და ჰოლოგრამებს გაჰყურებდა, რომელსაც დროდადრო ენაცვლებოდა მათ შორის რუხი ცის ნაგლეჯები.
მეხუთე გაჩერებაზე ჩამოვიდა. ქუჩას დაუყვა.
სამუშაოს გულს ვერ უდებდა. როცა გრძნობდა, რომ თვალს ადევნებდნენ მცველები, გამალებით იქნევდა წერაქვს და შეძლებისდაგვარად ასუფთავებდა მადნის ბელტებს, მერე კი, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა, კუთხეში იყუჟებოდა და სულს ითქვამდა, ოფლში გაღვრილი, თან ფიქრობდა.
ტელეპათიურ ბმაზე ფიქრობდა. გალავანის მიღმა გადაშლილ ვეებერთელა ზღვასა და ჰორიზონტზე გაღვივებულ წითელ მზეზე. სულწყვილსა და ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე.
სორენზე.
სორენზე.
ორი დღის წინ იდგა მასთან ერთად გალავანზე სორენი. მერე კი სახლში მიიყვანა.
და ელაპარაკა, სანამ ძილბურანში არ ჩაიძირა ნარა.
იმ ღამეს კარგად ეძინა. არაფერი დასიზმრებია.
და იმის მერე არ გამოლაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
თავისი კორპუსის შესასვლელში შეაბიჯა ნარამ, მერე კი კიბეზე აცოცდა.
სამარასთან და რეჯინალდთან უნდოდა ასვლა. დილით გაუვლიდა ხოლმე, მაგრამ ბოლო კვირის მანძილზე სულ ფაცაფუცით მიდიოდნენ სამსახურში რეჯინალდთან ერთად.
ნარას კი სურდა მხოლოდ დამჯდარიყო და მშვიდად ესაუბრა.
სამარა სიბრალულით შეჰყურებდა.
და არ იყო მისი სიბრალული აქ შესაფერისი. სამარას თავისი საზრუნავი ეყოფოდა.
მოაჯირზე გადაძვრა ნარა და ისე ძლიერად უბერავდა ყინულოვანი ქარი, რომ გააძიგძიგა, მხრები აიწურა, შემცივნულმა. სწრაფად, ხუთჯერ დააკაკუნა კარზე.
ნაბიჯების ხმა მოესმა და კარი ჩხაკუნით გამოაღო სამარამ. მისი დანახვისას ოდნავი ღიმილი მოეფინა ტუჩებზე. უკნიდან ფანჯრიდან შემოღვრილი ცისფერი სინათლე ეფინებოდა მის გრძელ, გაწეწილ თმას, თბილად ეცვა და კიდევ უფრო გაზრდოდა მუცელი, რომელზეც თბილი, შარფის მსგავსი გაცრეცილი ნაჭერი შემოეკრა.
-შემოდი, შემოდი! – შეიპატიჟა მან და წამსვე შეიძურწა შიგნით ნარა, დამზრალ სხეულზე ბინის სითბო შემოეხვია. მის უკან ზათქით დაიხურა კარი.
შიგნით შეუძღვა სამარა. ნელა დადიოდა, წელზე დაებჯინა ხელი. ეტყობოდა, რომ უჭირდა უკვე.
ნიღაბი მოიძრო ნარამ, ჯიბეში ჩაიკუჭა, მერე კი მაგიდას მიუჯდა. ჭრიჭინი გაიღო მის ქვეშ დაღრეცილმა რკინის სკამმა.
-გშია? – ჰკითხა სამარამ, მაგიდაზე მიგდებულ პაკეტს მარჯვედ მოაფხრიწა გვერდი. – თუმცა რას გეკითხები, გეშიება აბა რა იქნება…
-არ მშია. – მიუგო ნარამ.
-არ გშია არა ის…
-არ მშია, სამარა, მართლა.
ცრუობდა, რასაკვირველია. შიოდა.
მაგრამ სამარას უფრო მეტად სჭირდებოდა საჭმელი, ვიდრე მას.
სამარამ უკმაყოფილოდ აუწია წარბი, მერე კი თავი გადააქნია, მძიმედ დაეშვა მის გვერდით სკამზე.
-რეჯინალდს დილამდე აქვს? – ჰკითხა ნარამ, რაზეც სამარამ თავი დაუქნია.
-უკან გაამწესეს ისევ. – თქვა მან. – გამოქვაბულში.
-მეგონა ამოქოლავდნენ იქაურობას. – წაიბურტყუნა ნარამ.
თუმცა არც უკვირდა, რომ სარემონტო სამუშაოებთან ერთად გამოქვაბულში თხრასაც აგრძელებდნენ. ურნის მადნის დაკარგვა არ უნდოდათ.
იმის მიუხედავად, რომ ეს მუშათა პოტენციურ სიკვდილს უდრიდა.
მაგრამ ვიღას აინტერესებდა სიკვდილი. ისეთივე ჩვეულებრივი იყო, ისეთი მუდმივი, როგორც ლერვიქენის ქუჩებში მიმოყრილი ნაგავი, მათ თავზე დაწოლილი ნაცრისფერი, მოხუთული ჰაერი და უწყვეტი ქარი, რომელსაც ლურჯი მელანქოლიის სურნელი გასდევდა.
-ასე გადაწყვიტეს. – თქვა სამარამ. – ველოდები სანამ მოვა.
დაღლილი ჩანდა ძალიან. თვალები ამოღამებოდა, მკვეთრად უჩანდა თეთრ სკლერაზე წითელი, დაკლაკნილი სისხლძარღვები.
-დილამდე ელოდები ხოლმე? – ჰკითხა ნარამ.
თვალი აარიდა სამარამ, ფანჯარაში გადაიხედა.
-ხანდახან. – თქვა ბოლოს.
-ხომ იცი რომ არ შეიძლება. – მოიღუშა ნარა. – უნდა ისვენებდე.
-არ შემიძლია. – წაიბურტყუნა სამარამ. იდაყვები მაგიდაზე დაებჯინა, მაგრად ისრესდა ხელებს, აშკარად ეტყობოდა განერვიულება. – იმაზე მეფიქრება, სახლში რომ არ მოვიდეს.
-კარგი რა. რეჯინალდი ისეთი გამოცდილია რომ არაფერი მოუვა.
-ხომ იცი რომ არ არის ეგრე.
-აბა როგორ?
-მარტო გამოცდილება არ კმარა. – თქვა სამარამ.
ტუჩები მოკუმა ნარამ, მუშტები მაგრად შეკრა.
მართალი იყო. გამოცდილება იგაზან-ლაში არასოდეს კმარობდა. იღბალი იყო მნიშვნელოვანი.
იღბალი განსაზღვრავდა, თუ სად გაჩნდებოდნენ. რომელ თავშესაფარში იქნებოდნენ. სად იმუშავებდნენ. ლატარიას თუ მოიგებდნენ. ულსტერს გადაეყრებოდნენ გზაზე თუ არა.
ყველაფერი იღბალი გახლდათ. ანდა უბრალო, ჩვეულებრივი შემთხვევითობა, რომელთანაც არაფერ შუაში იყო, რომელსაც არ აინტერსებდა სამართალი და კანონზომიერება.
-არა, აქამდეც ვიცოდი. – განაგრძო სამარამ. – ვიცი, რომ ერთ დღეს აღარ მოვა. მაგრამ… შენ რაც დაგემართა იქ…
გული მკერდში მოეწურა ნარას.
-გეყოს ეგეთებზე ფიქრი. – თქვა მან. – არ ინერვიულო. მოვა რეჯინალდი, აი ნახავ. შენ კიდევ პირველ რიგში საკუთარ თავზე არ უნდა იფიქრო?
სამარამ გადმოხედა. ღიმილი მოსდებოდა მის ტუჩებს, მაგრამ მაინც ატყობდა თვალებში სევდას ნარა.
-ვფიქრობ, ვფიქრობ. – თქვა მან.
მუცელზე დახედა ნარამ, რომელზეც ორივე ხელი მოეხვია სამარას, ეფერებოდა.
-როგორაა? – დაიჩურჩულა მან.
-ნორმალურად. – თქვა სამარამ. – მოძრაობს.
-საკმარისად? – ჰკითხა ნარამ.
სამარას მეთორმეტე ორსულობა იქნებოდა. ბავშვი ჯერ მოძრაობდა, მერე კი აღარა. მუცელი მოეშალა სამარას.
ძალიან ცუდად იყო.
სისხლი ახსოვდა ნარას. ძალიან ბევრი სისხლი. მთელი სააბაზანო კუთხე მოეთხვარა და ბეტონზე გადმოღვრილიყო, ალისფერ ნაკადულებად მიცოცავდა სამარასგან შორს, თითქოს გაურბოდა მის
-საკმარისად. – თქვა სამარამ. სახეზე ფანჯრიდან შემოღვრილი მუქი ლურჯი შუქი მოჰფენოდა და წამიერად არ იცოდა ნარამ, დაეჯერებინა მისთვის თუ არა.
კვლავ ფანჯარაში გაიხედა სამარამ და მის მზერას გააყოლა ნარამ თვალი, იგაზან-ლას ლურჯად დაფერილ ცათამბჯენებს, ჰოლოგრამებსა და იფლიჰემის რძისფერ გუმბათს გადახედა.
-ფესტივალი ყოფილა ორ დღეში. – თქვა ანაზდად სამარამ. – ბინგემზე.
-ჰმ. – დაისრუტუნა ნარამ. – არეკლამებენ?
-სულ არეკლამებენ. – თქვა სამარამ.
არ უკვირდა ნარას, რომ ახალ ამბებთან ერთად ჰოლოგრამები ას ორმოცდამეათე დღეს დაგეგმილ დღესასწაულზეც ლაპარაკობდნენ დაუსრულებლად. ვაგონშიც დაენახა ფესტივალის პოსტერი.
ასეთი ფესტივალი წელიწადში რამდენჯერმე ტარდებოდა ბინგემის მოედანზე და ძირითადად მაღაროელებისათვის იყო განკუთვნილი. ცოტა საჭმელსა და ბევრ სასმელს არიგებდნენ. ტანსაცმელს, უნიფორმებს, ხელსაწყოებს, პოსტერებსა და ნარკოტიკებს ყიდნენ და გამაყრუებელი მუსიკა, რომელსაც ზოგადად მხოლოდ კლუბებში ესმოდათ, შეაზანზარებდა მოედანს.
მიდიოდა ხოლმე ნარა. ხანდახან ბატარეებს, მილებსა და მსგავს ხარახურას წამოკრავდა კიდეც ხელს.
-მიდიხარ? – ჰკითხა სამარამ.
-არ ვიცი. ვნახავ.
-თავისუფალ დღეს არ გაძლევენ? წადი, გაერთე ცოტა.
გართობას ნაკლებად დაარქმევდა იმას ნარა, რაც ფესტივალზე ხდებოდა.
თუმცა მაინც დაუქნია სამარას თავი.
-კარგი, წავალ.
ხშირად ეუბნებოდა სამარა, რომ სადმე წასულიყო.
და არც უკვირდა ნარას. რადგან ვერსად მიდიოდა სამარა, რაც თავი ახსოვდა, ან ორსულად იყო სამარა, ანდა ახალი ნამშობიარები. ანდა მშობიარობის მერე გამანაყოფიერებელთა ცენტრში მიდიოდა.
მერე კი კვლავ თავიდან იწყებოდა მთელი ციკლი.
არ უყვარდა ამაზე ფიქრი ნარას. ალბათ ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა ეფიქრა.
მაგრამ არა. ამასაც ძალით შეტენიდა სადღაც, გონების ბნელ კუნჭულში, ზედ მიაყრიდა ბარიკადებად ათას ხარახურას, ყოველდღიურ ფიქრებს, დაღლილობას, სევდასა და განურჩევლობას.
სამარა უსიტყვოდ შეჰყურებდა.
-შენ? – ჰკითხა უცებ. – კიდევ… გესმის?
თავი დაუქნია ნარამ, სკამზე აწრიალდა.
-რაღაცა უნდა გითხრა. – თქვა მან, შეეცადა სიტყვები მოეძებნა. -შეიძლება ითქვას რომ… ანუ… მგონი ავად არ ვარ.
სამარამ წარბები აბზიკა, წელში გასწორდა.
-ექიმთან იყავი? – წამოიძახა მან. – გაგიარა?
-არა, არა. – თავი გადააქნია ნარამ, თითები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს. – მგონი ვიღაცას… ველაპარაკები.
-მეგონა, რომ… – მან ხმას დაუწია, მისკენ გადმოიხარა. – მოიცადე. ვიღაცას?
-ანუ… ნამდვილ ადამიანს.
სამარამ წარბები შეკრა. ეჭვით შეჰყურებდა.
-ნამდვილ ადამიანს. – გაიმეორა მან.
-ჰო. მისი ხმა მესმის. შემიძლია ვუპასუხო, გამოველაპარაკო.
სამარა თვალებდაქაჩული შეჰყურებდა და უხერხულად შეიშმუშნა ნარა. ალბათ ფიქრობდა, რამდენ სისულელეს ჩმახავსო.
-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი სულწყვ…
ხმამაღლა, კანკალით შეისუნთქა ანაზდად სამარამ და ელვის სისწრაფით მოხურა პირი ნარამ, შეცბუნებულმა.
შეჰყურებდა, წარბებაბზეკილი, სანამ ფაცაფუცით გადმოყარა საჭმლის პაკეტიდან ფხვნილი სამარამ და მაგიდაზე მიმოაბნია, მერე კი ასოების გამოყვანას შეუდგა შიგნით.
ს.
უ.
ლ. წ. ყ…
„ს უ ლ წ ყ ვ ი ლ ი“.
მიხვდა სამარა. სულწყვილზე გაეგონა.
და როგორც ყოველთვის, იმის ეშინოდა, რომ ვიღაც უსმენდათ კედლებიდან.
ის დრო გაახსენდა ნარას, წერა-კითხვას რომ ასწავლიდა სამარა, აქვე, იგივე მაგიდასთან და რატომღაც უსიამოვნოდ გასცრა ტანში.
სამარა გაფაციცებით შეჰყურებდა, ფხვნილში გამოყვანილ ასოებზე მიუთითა.
თავი დაუქნია საპასუხოდ ნარამ და ოხვრა აღმოხდა სამარას, ჭრიალით მიეყუდა სკამის ზურგს, ხელები მაგრად შემოეჭდო გამობერილ მუცელზე.
-ეგრე გითხრა? – ჰკითხა მან.
-მითხრა. – თქვა ნარამ. – შენი აზრით… რა, მომატყუა?
-არა. თუ მართლა შეგიძლია მასთან ლაპარაკი, სიმართლეა. ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც.
ხელები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს ნარამ, სკამზე აწრიალდა.
აქამდე ეჭვები ჰქონდა.
მაგრამ თუ სამარას გაეგონა სულწყვილს შორის დამყარებულ ტელეპათიურ ბმაზე, ეს ეჭვებს თითქმის მთლიანად აქარწყლებდა მასში. გული გამალებით უცემდა, ხელები კინაღამ გადაიმტვრია, მთელი სხეულით დაძაბულმა.
ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი სულწყვილი იყო სორენი.
პარტნიორი. მეორე ნახევარი. მისთვის იდეალური.
იმის მიუხედავად, რომ არც კი იცოდა ნარამ, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
იგაზან-ლაში სექსუალური ურთიერთობების გარეთ ყველანაირ ემოციურ ურთიერთობას ამრეზით უყურებდნენ და თითქმის აკრძალული იყო კიდეც. თანაცხოვრება არ დაიშვებოდა. რეჯინალდი და სამარა გამონაკლისი გახლდათ, და მხოლოდ იმიტომ, რომ გამანაყოფიერებელი იყო სამარა. ქორწინებასა და ოჯახზე კი მხოლოდ წიგნებში წაეკითხა ნარას.
და ისეთივე უცხო, შეუცნობელი და ცოტათი თავზარდამცემიც კი იყო მისთვის ეს ყველაფერი, როგორც ჰორიზონტის მიღმა გადაშლილი უსაზღვრო ზღვა.
სამარა ჯერ კიდევ დაჟინებით შეჰყურებდა.
-შეხვდი უკვე? – ჰკითხა მან.
-შევხვდი.
-მერე? როგორია?
-რა ვიცი…
-თუმცა რას გეკითხები, კარგი უნდა იყოს. ძალიან, ძალიან კარგი.
-რატომ?
-იმიტომ რომ შენთვისაა განკუთვნილი, ნარა.
გულისცემას გრძნობდა მკერდში ნარა. თითისწვერებში უფეთქავდა პულსი.
რაღაც მსგავსი უთხრა სორენმა.
„იმიტომ რომ ჩემი სულწყვილი ხარ.“
გამოქვაბული და მასში გამეფებული, სულშემხუთავი სიბნელე გაახსენდა ნარას. მის მკერდზე ჩამოწოლილი წყლის სიმძიმე და აუტანელი ტკივილი, როცა სასუნთქ გზებში აუვარდა ყინულოვანი წყალი. შიში და სასოწარკვეთა, რომელიც ცარიელმა, შემზარავმა დანებებამ, სიკვდილის გარდაუვალობის მიღებამ შეცვალა.
და ოდნავი, ცისფერი გაელვება. სორენის ფრთხილი შეხება და ძლიერი მკლავი, რომელიც გარშემო შემოხვია და გვირაბისაკენ გააცურა.
მისი სხეულის სითბო, როცა თოკზე მიცოცავდა ზემოთ. მისი ნარას წინ აღმართული მხრები, მოტოციკლის გუგუნი მათ ქვეშ და წაბლისფერი თვალები, რომლებშიც თითქოს მზის ოქრო დაღვრილიყო.
უცნაური გამომეტყველება ჰქონდა სამარას, ჯერ კიდევ შეჰყურებდა. უფრო ჩამობნელებულიყო, მქრქალი ცისფერი სინათლე იღვრებოდა ფანჯრიდან და ოდნავ უპრიალებდა თვალის კაკლებს.
-ფრთხილად უნდა იყო. – თქვა მან და იცოდა ნარამ, თუ რას გულისხმობდა.
-ვიქნები. არ ინერვიულო.
უკან გადაიხარა სამარა, აღარაფერი უთქვამს.
მერე კი, ანაზდად მაგრად მოიჭდო მუცელზე ხელები და მხრები აიწურა, ხმამაღალი გმინვა აღმოხდა.
-რა იყო? – წამოიწია ნარა. – სამარა, რა იყო? – ხმას აუწია მან, როცა კიდევ ერთი გმინვა აღმოხდა სამარას, რასაც მისი სისინი მოჰყვა.
-მუცელი… ამტკივდა. – ძლივს ამოღეჭა სამარამ, ღრმად სუნთქავდა, ეტყობოდა, რომ ყოველი კუნთი დასჭიმვოდა ტკივილისაგან.
-რა დროს ტკივილია? – აღმოხდა ნარას, გაფაციცებული, შეცბუნებული წამოდგა, ხელებს ასავსავებდა, იმის მიუხედავად რომ ძალიან კარგად იცოდა, უსუსური იყო ასეთ შემთხვევაში. – ორი თვე არ დაგრჩა? თუ სამი?
-რაღაც ეგეთი. – კბილებში გამოსცრა სამარამ, მერე კი მთელი სხეულით მოეშვა, თავი უკან გადააგდო. – არა უშავს. გამიარა. აქამდეც მქონია და მაშინაც გაუვლია.
ფანჯრიდან შემოღვრილ მქრქალ სინათლეზე შუბლზე მოწოლილი ოფლის წვეთები უპრიალებდა სამარას.
იდგა ნარა, გული მკერდში უბრაგუნებდა, შეცბუნებულს და შეჰყურებდა უსიტყვოდ.
-ექიმი გჭირდება. – თქვა მან.
-არ მინდა.
ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ და ნელა დაეშვა სკამზე, ჰაერში უაზროდ აღმართული ხელები, აქამდე რომ სამარამდე გაეწვდინა, დაუშვა ნელ-ნელა. ჯერ კიდევ დაჟინებით შეჰყურებდა სამარას, რომელსაც თვალები დაეხუჭა და ქშინავდა.
არ უყვარდა გამანაყოფიერებელ ცენტრში სიარული სამარას. მხოლოდ მაშინ მიდიოდა, ანდა როცა აღარ შეეძლო, ექიმს მაშინ იძახებდა, როცა აუცილებელი გახლდათ.
და მისი აზრით, ყოველთვის ყველაფერი კარგად იყო.
მაშინაც კი, როცა ხვდებოდა ნარა, რომ არ იყო.
-იქნებ საჭიროა?
-თხუთმეტჯერ ვიყავი ორსულად, ნარა, რას მასწავლი? – ამოილუღლუღა სამარამ. – მგონი ვხვდები, როდის არის საჭირო და როდის არა.
უსიამოვნოდ გასწიწკნა მკერდში ნარას. მართალი იყო სამარა. რას ასწავლიდა? ბევრი არაფერი იცოდა და დიდი ალბათობით არც არასოდეს ეცოდინებოდა.
არც ჰქონდა სურვილი. ვერ წარმოედგინა თვეების მანძილზე ბავშვის მუცლით თრევა, ვერ წარმოედგინა იმ რისკების მიღება, იმ შესაძლო გართულებების რისკების, რომლებიც გამანაყოფიერებლებს ელოდათ და ვერ წარმოედგინა ის, რომ მშობიარობის შემდეგ ბავშვი ცენტრში უნდა ჩაებარებინა.
მერე კი ისევ.
და ისევ.
ისევ.
დაუსრულებლად.
თან უკვე წელიწადზე მეტი გახლდათ, რაც აღარ ჰქონდა მენსტრუაცია.
-არ გასწავლი. – წაიბუტბუტა ბოლოს.
-ბავშვს არაფერი უჭირს. – თქვა სამარამ. – კარგადაა, არ ინერვიულო.
-მე შენზე ვნერვიულობ. – თქვა ნარამ.
სიჩუმე ჩამოვარდა. თავი დახარა სამარამ, უცნაურად შეჰყურებდა. ტკივილისაგან მონარჩენი დაძაბულობა აღბეჭდოდა სახეზე, რომლის ნაკვთებს ძლივს არჩევდა ნარა ჩამოწოლილ სიბნელეში, რომელსაც თითქმის ვეღარ ერეოდა ლერვიქენისა და იგაზან-ლას ცისფერი შუქი. უბერავდა ქარი, ეხლებოდა ფანჯარას და მკრთალი წკარუნი გაუდიოდა ფანჯრის ჩარჩოში ჩასმულ, მორყეულ მინას. დაგორგლილიყვნენ წყვდიადში განბანული ღრუბლები იგაზან-ლას თავზე, რომელთაც გამალებით მიერეკებოდა ცის კამარაზე ქარი, თითქოს უნდოდა გადაერეცხა, მაგრამ ამაოდ.
ისეთივე უსასრულო იყო ღრუბლების საფარველი, როგორც თვალუწვდენელი ზღვა.
ზღვა წარმოუდგა თვალწინ ნარას. ღამის წყვდიადით დაბურული, შავბნელი, ბობოქარი.
და სარკესავით ირეკლავდა მას ცის კამარა.
თავი გადააქნია. კუთხიდან გამათბობლის ზუზუნი ჩაესმა, რომელიც სითბოს ჰფენდა ოთახს.
სამარას გადახედა.
რომელიც მაგიდაზე დაყრილ ფხვნილსა და მასში მოხაზულ ასოებს დაჰყურებდა.
ისხდნენ სიჩუმეში. მიიზლაზნებოდნენ წუთები და წარმოდგენა არ ჰქონდა ნარას, თუ რამდენი ხანი იჯდა. ალბათ თხუთმეტი წუთი. მერე ნახევარი საათი. საათნახევარი.
მაგრამ არც უნდოდა სადმე წასვლა. სამარა დილამდე მარტო იყო, მუცლის ტკივილი რომ განმეორებოდა, მერე რა იქნებოდა?
არ უნდოდა მისი მარტო დატოვება.
ბობოქრობდა ქარი. აზანზარებდა მინებს.
და სკამზე მოკუნჭულიყო ნარა, ყურადღებით ადევნებდა თვალს სამარას. მის სახეზე ტკივილზე მიმანიშნებელ ცვლილებებს ეძებდა.
მაგრამ ტკივილის არაფერი ეტყობოდა სამარას. მოშვებულიყო, ცალი ხელი მუცელზე მიედო, მეორეთი კი ხვეულებს ხაზავდა ფხვნილში.
მერე კი ამოხედა.
-რას ზიხარ აქ? – ჰკითხა მან. – სახლში წადი, ნარა. დაისვენე. დაიძინე.
-არ მეძინება ჯერ. – უპასუხა ნარამ.
-ნუ იძახი სისულელეებს. წადი. არაფერი მომივა.
-რეჯინალდის მოსვლამდე რომ დავრჩე? არაფერი მიჭირს, ვიჯდები აქ.
-ნუ სულელობ მეთქი. ადექი, ადექი! – ფეხზე წამოიწია სამარა და მკლავში მოჰკიდა ხელი, ზემოთ აქაჩა. – ეგღა მაკლია რომ დარაჯად დამიდგე აქ! – დაამატა სიცილით. – სამსახურში ხარ წასასვლელი, უნდა დაისვენო!
ფეხის თრევით, ნელა წამოიზლაზნა ფეხზე ნარა.
-დამპირდი რომ თუ რამე, ექიმს გამოუძახებ. – გამომცდელად დააშტერდა სამარას, რომელმაც გაიცინა და თვალები გადაატრიალა.
-კარგი, გპირდები, ხო, თუ ცუდად გავხდი გამოვუძახებ.
-ოღონდ შენებური ცუდად გახდომა არა, ხუთ წელიწადში ერთხელ რომ მოდის.
-კარგი, შენებურად თუ გავხდები ცუდად, გამოვიძახებ.
იჭვნეული თვალით შეჰყურებდა ნარა, მაგრამ ამოიხვნეშა, სამარას მკლავს დაჰყვა, რომელიც გასასვლელისაკენ მიათრევდა.
კარი გაუღო სამარამ. წამსვე შემოიჭრა შიგნით ცივი ქარის ტალღა, გამთბარ სხეულზე ყინულოვანი წყალივით შეასკდა ნარას, წამიერად გააშეშა, თვალები აუწვა.
გარეთ გააგდო სამარამ.
-ჩემზე არ ინერვიულო, წადი, დაიძინე! – მოაძახა მან და კარი მოუკეტა.
სასტიკად ყინავდა და გააჟრჟოლა ნარას.
კარს გადახედა და უცნაურმა სიცივემ დაუარა მკერდში, ისეთმა, რომელსაც ყინვასთან არაფერი ჰქონდა საერთო და რომელსაც მისთვის კარგად ნაცნობი, დაღლილობით აღსავსე სევდა შერეოდა.
მერე კი მიბრუნდა, დერეფანს დაუყვა.
სუნთქვას იკავებდა, როცა კიბეზე მიცოცავდა, წამდაუწუმ ნაგვის გროვიდან მასზე მონაბერი სიმყრალე რომ არ ეგრძნო.
სწრაფად ჩაირბინა დერეფანი და კარი მოიკეტა ზურგსუკან.
მის ბინაში ყინავდა. ისე არა, რომ კანი და თვალები ასწვოდა, მაგრამ მაინც.
გამათბობელი ჩართო ნარამ, მერე კი ციფერბლატის შუქზე ბროწეულის ყლორტს დახედა, რომელსაც უკვე ოთხი პაწაწინა ფოთოლი გამოესხა.
თვითონ გაუძლებდა ასეთ ყინვას. დაიხვავებდა ტანსაცმელს თავზე და ისე დაიძინებდა, მაგრამ მცენარე ვერ გაუძლებდა ამას, დიდი ალბათობით.
წყალი დაუსხა ყლორტს.
მერე კი გაიძრო უნიფორმა. აძაგძაგებული შეწვა ლოგინში, სველი ტილოთი სხეულის მოწმენდის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
ჩაყუჩდა. წყნარად ზუზუნებდა გამათბობელი და მალევე მოეფინა სითბოს ტალღა ოთახს. ქარი ეხლებოდა ფანჯრებს და ოდნავ ციმციმებდა, კრთოდა მოპირდაპირე კედელზე დაღვრილი ლურჯი სინათლე.
ზურგზე გადატრიალდა ნარა, ფეხები გაჭიმა და გააჟრჟოლა, როცა წამსვე ცივ საბანზე მოუხვდა ტერფები. საბანი და ზედ დაყრილი ტანსაცმელი ცხვირამდე აიწია, მერე კი მკლავები მაგრად მოიხვია მკერდზე, შემცივნულმა.
იწვა და უსმენდა სიჩუმეს, რომელსაც მხოლოდ გამათბობელის ზუზუნი, ქარის წუილი და მინის კანკალი არღვევდა.
არ ეძინებოდა.
იწვა და აჰყურებდა ბნელ ჭერს.
რატომღაც მოუნდა, რომ სორენს დალაპარაკებოდა.
გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელმა აურბინა ზურგში, მყისიერად გამოუშრა პირი. გული მძლავრად უძგერდა ნეკნების მიღმა და თვალები დახუჭა ნარამ.
გონების ძალიან შორეულ, თითქმის მიუწვდომელ კუთხე-კუნჭულს მისწვდა. იმ დაუსრულებელ გვირაბს, რომლის მიღმა სინათლე ციალებდა.
მოეპოტინა. სწვდა.
და ისეთივე იოლი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, როგორც სუნთქვა.
‘სორენ?’
და დაელოდა, სუნთქვაშეკრული. გააძაგძაგა, ჯერ კიდევ ძალიან ცივი იყო მის ფეხებთან საბანი, მაგრამ განძრევასაც კი ვერ ბედავდა.
არაფერი. მხოლოდ ათრთოლებული მინის წკარუნი და გამათბობელის გუგუნი.
იმ ადგილას, სადაც სინათლე უნდა ყოფილიყო, თითქოს კედელი აღემართათ. კედელი, რომელიც მისი და ალბათ სორენის გონების უსასრულობაში იკარგებოდა, რომელსაც არც თავი ჰქონდა და არც ბოლო და ვერც ვერასოდეს გადაახტებოდა ნარა.
ისეთივე გიგანტური და შეუვალი, როგორც იგაზან-ლას გალავანი.
არ შეეძლო დაკავშირება.
მაგრამ რატომ? წინაზე კარგად გამოუვიდა.
გულდაწყვეტის ცივმა ტალღამ გადაუარა ნარას.
თვალები გაახილა და გვერდზე გადაბრუნდა. კედელს მიაბჯინა მზერა, მაგრად მოიკრუნჩხა და კვლავ მკერდთან მიიტანა მუხლები.
ციფერბლატზე დაიხედა, მჭახე ცისფერმა სინათლემ თვალი მოსჭრა.
147, 239; 23:34.
კვლავ საბნის ქვეშ ჩამალა ხელი ნარამ. ნიკაპის ქვეშ ჩაიხვია საბანი, თვალები დახუჭა.
ცოტა ხანი იწვა. ელოდა ძილს, რომელიც არა და არ მოდიოდა. იმაზე ფიქრობდა, რომ ვერ შეძლო სორენთან დაკავშირება. რაღაც წინაღობა იყო, რომელიც ხელს უშლიდა.
მაგრამ ვერ გაეგო რატომ.
იქნებ გაქრა მათ შორის ტელეპათიური ბმა. იქნებ მართლა ავად იყო, იქნებ მართლა უფუთფუთებდა თავში რაღაც და იქნებ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს ყველაფერი. ანდა იქნებ დროებითი გახლდათ და ვადა გაუვიდა, მორჩა, დამთავრდა.
თვალები მაგრად დახუჭა ნარამ, უფრო მეტად მოიკუნჭა, მუხლებზე მაგრად მოიხვია მკლავები.
არ იცოდა, თუ რამდენი ხანი იწვა. ბობოქარი ფიქრების კორიანტელს ებრძოდა და ამაოდ ელოდა ძილს.
მერე კი იგრძნო.
ანაზდად.
სორენი.
ახლოს იყო. იქვე. თითქოს მის უკან იწვა და მის სუნთქვას გრძნობდა ნარა.
გაქრნენ ფიქრები და ამჯერად ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში. ყველაფერი გაქრა გარშემო, სადღაც შორს ჩაიკარგა ქარის წუილი, გამათბობელის გუგუნი და საკუთარი ძალუმი გულისცემაც კი.
‘გამარჯობა, ნარა.’ უთხრა სორენმა. ‘ვერ გიპასუხე წეღან. მაპატიე.’
ღრმად, კანკალით ამოისუნთქა ნარამ, წამიერად რეტი დაესხა, თითქოს მოძრავ, მოტრიალე ზედაპირზე იწვა. თითისწვერებში უცემდა პულსი და ტუჩები აუთრთოლდა, უნდოდა გადატრიალებულიყო.
და იქ სორენი დაენახა.
‘არაუშავს.’ უპასუხა სასწრაფოდ. ‘ხომ არ გაწუხებ?’
‘არა.’ უთხრა სორენმა. ‘არ მაწუხებ. მოხდა რამე? მზის ამოსვლის ნახვა გინდა?’
‘არაფერი მომხდარა. არც მზის ამოსვლაზე მიფიქრია.’
‘აბა?’
ტუჩები მაგრად მოკუმა ნარამ. წამიერად არც კი იცოდა, თუ რა ეპასუხა.
თუმცა არა. ძალიან კარგადაც იცოდა. უბრალოდ დალაპარაკება უნდოდა და მეტი არაფერი.
უნდოდა ეთქვა ის, რაც სორენმა უთხრა, იმის მერე, როცა სახლში მოიყვანა ორიოდე დღის წინ. როცა ჰკითხა ნარამ, თუ რატომ უნდოდა მასთან დალაპარაკება.
„არ ვიცი. ისე, უბრალოდ.“
‘ფესტივალზე მიდიხარ?’ წამოროშა ბოლოს.
სიჩუმე იყო წამიერად სორენის მხრიდან.
მაგრამ მისი სიახლოვე, ისეთი, თითქოსდა ხელს გაიწვდენდა და შეეხებოდა მას ნარა, არსად გამქრალიყო.
‘ბინგემზე რომ იმართება?’ ჰკითხა ბოლოს. ‘მაღაროელების?’
‘ჰო. მაღაროელებისთვის კია, მაგრამ სხვებსაც უშვებენ.’
‘არ ვიცი. არ მიფიქრია.’
რა თქმა უნდა. მუშტები მაგრად შეკრა ნარამ. სორენი მემანქანე იყო, ალბათ საქმე ჰქონდა თავზესაყრელი.
‘შენ მიდიხარ?’ ჰკითხა სორენმა.
‘ვაპირებდი…’
‘მაშინ მეც წამოვალ.’
ისეთი ძალით მოუჭირა საბანს თითები ნარამ, რომ დარწმუნებული იყო, მყესები დაწყვეტაზე ჰქონდა.
‘კარგი.’
‘რომელზე იწყება?’
‘არ ვიცი. რვაზე ზოგადად.’
‘რვაზე ადგილზე ვიქნები.’ უთხრა სორენმა. ‘ქანდაკებასთან დაგელოდები. გაწყობს?’
‘კი. მაწყობს.’
‘მაშინ გნახავ. მშვიდი ღამე, ნარა.’
‘შენც.’
და გაწყდა ძაფი. გაქრა ის შეგრძნება, თითქოს მის უკან იწვა სორენი.
კვლავ წუილით ეხლებოდა ქარი აზანზარებულ ფანჯარას. კვლავ გუგუნებდა გამათბობელი და კვლავ მძლავრად, სწრაფად უცემდა გული ნარას. რაღაც თბილი და უცხო შეგრძნებით გამოვსებოდა გულმკერდი.
არ იცოდა მოსწონდა ეს შეგრძნება თუ არა.
მეორე გვერდზე გადაბრუნდა, კედელზე ლურჯ ლაქებად დაღვრილ სინათლეს მიაბჯინა მზერა.
სორენს უნდა შეხვედროდა. მალევე.
თვალები მაგრად დახუჭა ნარამ.
და მალევე წაიყოლა თან წყვდიადმა.
.
.
.
-*-*-*-*-*-*-*-
უზარმაზარი იყო ჰოლოგრამა.
სტრიპტიზიორის ჰოლოგრამა გახლდათ, რომელიც მარჯვედ, სენსუალურად არხევდა თეძოებს აქეთ-იქით, გამაყრუებელი ელექტრონული მუსიკის ფონზე, რომელიც თითქოს თითოეულ ქვას ათრთოლებდა მოკირწყლულ ბინგემზე, ისე, რომ პულსად ქცეულიყო მთელი მოედანი.
ცეკვავდა სტრიპტიზიორი, წამომართულიყო ორმოციოდე მეტრის სიმაღლეზე, ბინგემის შუაში აღმართული ქალისა და მამაკაცის ქანდაკებებს შორის და წყვდიადი ჩამოწოლილიყო მის მიღმა გადაშლილ, რუხი ღრუბლებით დაფარულ ცის კამარაზე.
ციოდა. უბერავდა ქარი, ეწადა ერთიანად დაეზრო მიწა, მაგრამ მროკავი სიცხით აღვსილიყო ხალხით გაძეძგილი ბინგემის მოედანი, გამაყრუებელ მუსიკას ასეთივე ყურისწამღები ალიაქოთი ემატებოდა. ჰოლოგრამის მჭახე ცისფერი სინათლე მოჰფენოდა ქანდაკებების გარშემო შემოხვეულ, სახელდახელოდ შეკოწიწებულ ოციოდე ჯიხურს, სადაც იყიდებოდა ყველაფერი, სასმელიდან დაწყებული, უნიფორმებით დამთავრებული. უკვე გვარიანად გაჭყეპილიყვნენ სინთეტიკური ალკოჰოლით, ქრონო-X-თა და ნოქსით, ზოგი ჯიხურებს შორის ძელსკამებზე გაშხლართულიყო, ზოგს კი ხელები მაღლა აღემართა და ირწეოდა, თვალები ცისფერ, არაფრისმთქმელ შუშებად ქცეოდათ.
სინთეტიკური ალკოჰოლი უნდოდა ნარას. ხანდახან სვამდა ფესტივალებზე, და მუდამ სასიამოვნო იყო სხეულში გავრცელებული ცხელი ტალღა და თავბრუსხვევა, მის გარშემო გაცრეცილ, წყვდიადში ჩაღვრილ ნათელ ცისფერ ლაქებად ქცეული გარემო და სადღაც შორს, მისი გონების წიაღში ჩაკარგული ფიქრები.
ორმოცდაათ კრედიტად დაუფასეს, თან ქრონო-X სცადეს შემოეტენათ.
კინაღამ უარი უთხრა ნარამ. ხუთასი კრედიტიღა დარჩენოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რამდენს გადაუხდიდნენ.
ანდა რამდენს გადაახდევინებდნენ.
მაგრამ მაინც იყიდა აშკარად გვარიანად გაწყალებული სითხით სავსე პაწაწინა პლასტმასის ჭიქა, რომელიც ორ ყლუპადაც კი არ იყო.
ეფექტიც კი ვერ ეგრძნო.
ქრონო-X კი უკვე გაესინჯა რამდენჯერმე. მის ოთახში აყვავებული ბროწეულის ხე, ლაჟვარდისფერი ცა, მის ფეხებზე მოლამუნებული ზღვის წყალი მოეჩვენა, სხეული კი ჰაერში მოციალე ნაპერწკალს ჰგავდა, უმასოსა და ნათელს, ყოველგვარი სიმძიმისაგან დაცლილს.
და როგორც წამიერი ნაპერწკალი, ძალიან ხანმოკლე იყო ქრონო-X-ის მოქმედებაც. მხოლოდ საათის შემდეგ პირამდე აივსო მისი უმასო სხეული, რომლითაც იქამდე თითქოს ჰაერში დაფარფატებდა, სასიამოვნო სიცარიელეს დაემატა მისი მძიმე ძვლები, გაციებული ხორცი, მჩქეფარე სისხლი და ყველა ის ბლანტი, მდორე ფიქრი, რომელიც მის გამომშრალ ძვლებზე ბევრად უფრო მძიმე გახლდათ. ლაჟვარდისფერ ცას კვლავ გადაეკრა მტვრისფერი სუდარა, ბროწეულის ხე უნაყოფო მიწით გამოტენილ ქოთნად იქცა და მის ფეხებზე მოლამუნებული ზღვის წყალი უსასრულო ნაგავმა შეცვალა.
და ბევრად უფრო რთული იყო ორმოს ძირში ჩანარცხება, ვიდრე მუდმივად ორმოს ძირში ცხოვრება, იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ორმოში იმყოფებოდა და მთელი სამყარო გადაშლილიყო მის ზემოთ.
თუმცა ეს სამყარო არ არსებობდა. ჰალუცინაციები მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ წაკითხული წიგნებიდან აღმოცენებული ფანტაზიის ნაყოფი იყო.
უფრო ხმამაღლა აღრიალდა ხალხი, შემოგარენს ათრთოლებდა მუსიკა და თვალები დაახამხამა ნარამ. ფიქრებიდან გამოფხიზლდა.
ქალისა და მამაკაცის ქანდაკების ძირში იჯდა, კვარცხლბეკზე ამძვრალიყო. სტრიპტიზიორის ჰოლოგრამის მოციმციმე, მუდმივად მოძრავი სინათლე ეფინებოდა თავზე, ხელები ჯიბეებში ჩაეჩურთა და დროდადრო ცივი ჟრჟოლა დაუვლიდა სხეულში, როცა ცივი ქარი შემოჰკრავდა გვერდებში.
კვარცხლბეკში საფეხურები გამოეჭრათ და ცოტა შემაღლებულზე იჯდა, ზემოდან გადაჰყურებდა მთელ ბინგემის მოედანს.
გუგუნებდა მუსიკა, ოდნავ თრთოდა შავი მარმარილოს კვარცხლბეკი მის ქვეშ და ციფერბლატი შეამოწმა ნარამ.
150, 239; 19:34.
ადრე მოვიდა. ერთი საათით ადრე გამოვიდა სახლიდან. ვერ მოითმინა ლოდინი.
ახლა კი უკვე თხუთმეტი წუთი გახლდათ, რაც იჯდა და ასობით მაღაროელით სავსე მოედანს გადაჰყურებდა, მოედანზე შემომავალ ქუჩებზე სორენს ეძებდა.
მერე კი შეამჩნია.
და უსიამოვნოდ გასცრა ტანში.
წყეული ფელიქსი, რომელიც მისგან მარცხნივ, საკმაოდ მოშორებით, ჯიხურთან იდგა. იდგა და უყურებდა.
რამდენიმე მაღაროელიც იცნო ნარამ მის გარშემო.
მიტრიალდა, სასწრაფოდ, ნიღაბი უფრო უკეთ აიფარა სახეზე და შუბლზე კეპი ჩამოიფხატა.
ესღა აკლდა. იქნებ ვერ იცნეს? მაღაროელის უნიფორმის მაგივრად დღეს თბილი, კაპიუშონიანი ქურთუკი და ვეებერთელა შარვალი ეცვა.
ვერ გარისკავდა. უნდა დამალულიყო.
ფაცხა-ფუცხით ჩაცოცდა საფეხურებზე, თან ცდილობდა ფელიქსისკენ არ გაპარვოდა თვალი.
და სანამ ბოლო საფეხურზე გადახტებოდა, მოღრიალე ბრბოს თავების მიღმა, მოედანზე შემომავალ ქუჩაზე მოტოციკლეტი დალანდა, რომლის ფარის მჭახე ცისფერმა შუქმა წამიერად მოსჭრა თვალი.
მერე კი მოტოციკლეტისტი გაარჩია. მთლიანად შავებში ჩაცმული, ნიღაბი ეკეთა და კეპიანი ქუდი ეხურა, რომელზეც კაპიუშონი მოეგდო.
მის თვალებს ვერ არჩევდა ნარა, მაგრამ მისი სიახლოვე იგრძნო. იგრძნო და ყველაფერი გაჩერდა გარშემო, სადღაც შორიდან ესმოდა დაგუდული გუგუნი, მხოლოდ მუსიკის პულსს გრძნობდა ფეხქვეშ. დაებინდა მზერაც, თითქოს ლიბრი გადაჰკვროდა მზერაზე.
‘გხედავ. მოვდივარ.’
გაწყდა მაშინვე კავშირი და ისეთი ძალით შემოეხეთქა მუსიკის გუგუნი და ხალხის ალიაქოთი ნარას, რომ თითქოს სახეში შემოულაწუნეს. შეაჟრჟოლა, შეცბუნებულს, და საფეხურზე ჩაცოცდა, სორენის ზოგადი მიმართულებით შეერია ბრბოს.
შეამჩნია სორენმა. მოდიოდა.
ზრიალებდა მუსიკა, თრთოდნენ მის ფეხქვეშ ქვები და ჰოლოგრამის ცისფერ შუქს აჰყოლოდნენ მუსიკის ხმაზე დაკლაკნილი მოცეკვავეები. ძლივს მიიკვლევდა მათ შორის გზას, სანახევროდ ბრმად, მაგრამ თითქოს გრძნობდა, იცოდა, თუ საით უნდა წასულიყო.
-გამატარეთ! გაიწიეთ! – ქშინავდა ნარა, წინ მიიწევდა.
ზურგი აეწვა ანაზდად, ცივმა ჟრუანტელმა აუარა ხერხემალში, თმა ყალყზე დაუდგა.
უკნიდან უყურებდნენ.
არ მობრუნებულა, უფრო აუჩქარა ნაბიჯს.
-ნარა! – მოესმა უკნიდან და ცივმა ოფლმა დაასხა ნარას, წაიფორხილა, შეცბუნებულმა, კინაღამ საკუთარ ფეხს წამოედო. გამაყრუებელი მუსიკისა და ხალხის ღრიანცელშიც კი ესმოდა ფელიქსის გაგულისებული ხმა. – პატარა ბოზო! სად მიეთრევი?! სად მიეთრევი მეთქი?!
ყური არ ათხოვა ნარამ. ქშინავდა, თითოეული კუნთი აუტანლად დასჭიმვოდა, სწრაფად, მოცეკვავეებს შორის ძვრებოდა, თან გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით.
იგრძნო. მთელი სხეულით იგრძნო, ხელები უბჟუოდნენ.
ახლოს იყო.
და დაინახა.
ცისფრად დაფერილი თავების, შუშივით თვალების, მიღმა, მაღლა აწვდილი მკლავების ტყეში დაინახა სორენი.
რომელიც იდგა და შეჰყურებდა.
ელოდებოდა.
და ანაზდად ნარას შიშით აღსავსე ფიქრების კორიანტელიდან გამოცურდა იმის რეალიზაცია, რომ სორენი არ იყო ვიღაც უსახო კაცი, რომელიც მის შემოგარენში ლღვებოდა უკვალოდ.
ტუჩები აუთრთოლდა. ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის გარბოდა.
და ფეხდაფეხ, შორიახლოს მოსდევდა ფელიქსის ბღავილი.
უახლოვდებოდა სორენს ნარა, უახლოვდებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის თავზე წამომართულ გალავანთან ახლოს იყო. მაგრამ იცოდა რომ ეს გალავანი არასოდეს იქნებოდა ისეთი შეუვალი, დაჟანგული წყვდიადივით შემზარავი, როგორც იგაზან-ლას გარშემო შემორტყმული კედელი.
გვერდი აუქცია ერთს ნარამ.
ახლოს იყო.
ორ მოცეკვავეს შორის გასხლტა.
სულ ახლოს.
და ხედავდა მის სახეზე მოფენილ ლურჯ სინათლეს, რომელსაც ვერ გადაეწონა წაბლისფერი თვალების სითბო.
ზედ შეენარცხა სორენს ნარა. წამსვე მოებღაუჭა მკლავსა და მკერდზე, მთელი ძალით შეეცადა გასასვლელისაკენ გაექაჩა.
-წავიდეთ! – შეჰყვირა მან. – ახლავე უნდა წავიდეთ!
-სად მიდიხარ მეთქი?! – ღრიალებდა ფელიქსი, პირდაპირ მათ უკან და წამსვე გული კოჭებში ჩაუვარდა ნარას, გააცია. – აბა ახლავე მობრუნდი! კახპა შენ!
ხმაზე ეტყობოდა, რომ გამტყვრალი მთვრალიც გახლდათ.
მკლავი მოხვია ანაზდად მხრებზე სორენმა, შედგა.
და ჯერ კიდევ მაგრად ჩაბღაუჭებოდა მას მკერდზე ნარა. გული გამალებით უცემდა, გაქვავებულს და საკუთარ თავს სწყევლიდა, რომ ვერ მოიტოვა უკან ფელიქსი.
რომ სორენის მიმართულებით გამოიქცა.
რომ შემაღლებულზე იჯდა, მის მოლოდინში.
ახლა გვარიანად მიბეგვავდნენ.
სორენს ახედა, რომელსაც წარბები შეჰკვროდა, თვალის დაუხამხამებლად, დაჟინებით გაჰყურებდა რაღაცას.
მოიხედა.
ნიღაბი არ ეკეთა ფელიქსს, სახე მოღმეჭოდა. მათ გარშემო მუსიკის ხმაზე როკავდნენ მაღაროელები და ჰოლოგრამის სინათლე ეფინებოდა უკნიდან.
რამდენიმე დამქაშიც წამოეყვანა თან.
-რა გინდა? – შეუყვირა ნარამ. – თავიდან მომწყდი, ნაბიჭვარო!
მათ გარშემო მოხვეულმა მაღაროელებმა შეამჩნიეს, თუ რა ხდებოდა, ერთმანეთს გადაულაპარაკა რამდენიმემ რაღაც, მაგრამ რასაკვირველია არავინ აპირებდა ჩარევას.
-კიდე რო წიკვინებს! – შეიცხადა ფელიქსმა. – რას ქვია, რა მინდა? ამხელა ამბავი გამართე მაღაროში, უნამუსოდ დაეთრევი და გასართობად მოსვლაც გაბედე?!
-დაყრუვდი? – უთხრა ანაზდად სორენმა. – წადი აქედან!
ფელიქსმა ამზერით ახედ-დახედა. ადგილზე ტორტმანებდა.
-შენ კიდევ ვინ ჩემი ფეხები ხარ? – იფეთქა მან. – რაო, შე ბოზო, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე გამანაყოფიერებელი გახდე? – ნარას მოუტრიალდა ის. – იქნება ახლა მაინც მოგვწყდე თავიდან!
-წადი მეთქი. – უთხრა სორენმა.
ყველაფერი გაქვავებოდა ნარას, ცივ ოფლს გამოეჟონა ზურგზე. ვერ გაეგო, რა გაეკეთებინა. გაქცევა და სორენის წათრევა ეცადა თუ უბრალოდ შეგუებოდა ამ ყველაფერს.
-ამას გახედე ერთი! – თავის დამქაშებს მიუტრიალდა ფელიქსი. – ბიჭო, ვინ გგონია თავი? აბა ახლა დაახვიე აქედან, თორემ გამოგჭერი ყელი!
ჯიბეში ჩაიყო ხელი ფელიქსმა და პატარა, წვრილი ჯიბის დანა ამოაძვრინა, რომელიც ტკაცუნით გაიხსნა და ოდნავ ალაპლაპდა ლურჯ სინათლეზე.
სუნთქვა ყელში გაეჩხირა ნარას. უფრო მაგრად მოსჭიდა სორენს ხელი, ეცადა საფრთხისაგან შორს გაექაჩა.
მაგრამ არ იძვროდა სორენი. მარცხენა ხელი ჯერ კიდევ მის მხრებზე მოეხვია და იდგა, თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა ფელიქსს.
-წადი! – უთხრა მან ცივად და მისი მუქარით აღსავსე ხმის გუგუნი იგრძნო ნარამ მის მკერდში. ტანში გასცრა, ინატრა რომ თავისი ხელსაწყოები ჰქონოდა, გვარიანად ჩასცხებდა ახლა ფელიქსს. – ბოლოჯერ გეუბნები!
მძვინვარებამ გაიელვა ფელიქსის მოწკურულ, ჩამოსიებულ თვალებში.
სახე უფრო მოემანჭა.
და ანაზდად ამოიწია წინ, დანა აიქნია, რომელსაც შემზარავი ლაპლაპი გაუდიოდა ჰოლოგრამის სინათლეზე.
ხროტინი აღმოხდა ნარას, გასხლტომა სცადა, რომ ფელიქსის ხელი დაეჭირა.
და ელვის სისწრაფით, სანამ ნარა თვალის დახამხამებას მოასწრებდა, უფრო მაგრად მოსჭიდა მხარზე მკლავი და სხეული მოატრიალა სორენმა, ისე რომ თვითონ დარჩენილიყო ნარასა და ფელიქსის შორს, მერე კი მკლავი დაუჭირა ფელიქსს და ერთი ძლიერი მოძრაობით გადაუგრიხა ხელი.
განწირული ხმით აბღავლდა ფელიქსი.
დანა აართვა სორენმა, მერე კი მუხლში ჰკრა წიხლი და გატენილი ტომარასავით დაენარცხა ქვაფენილზე ფელიქსი.
თვალები გადმოკარკლოდა ნარას, შეჰყურებდა, გაოგნებული.
დამქაშები აღრიალდნენ, რასაც სანახაობით აჟიტირებულ მაღაროელთა ყიჟინა მოჰყვა. ფელიქსს სტაცეს ხელი, მის წამოყენებას ცდილობდნენ, ერთი-ორმა განცვიფრებული, შიშით აღსავსე მზერა მიაბჯინა სორენს.
დანა დაკეცა სორენმა და ჯიბეში ჩაიჩურთა, მერე კი მოტრიალდა, გასასვლელისაკენ გაემართა. უდრტვინველად, სწრაფად მიარღვევდა ხალხს და ჯერ კიდევ მაგრად მოეხვია ნარას მხრებზე მკლავი, ისე, რომ გვერდში აჰკვროდა მას ნარა.
შემეჩხერდა მაღაროელთა ბრბო, ოდნავ მინავლდა მუსიკა, მაგრამ ჯერ კიდევ აევსო ჰაერი მოცეკვავეთა ღრიანცელს და ჯერ კიდევ ფეთქავდა მათ ქვეშ ქვაფენილი.
თავი ფიქრების კორიანტელისაგან უზრიალებდა ნარას, გაუგებრობისა და განცვიფრების ნარევი აზვირთებულიყო მასში. ფელიქსის დანახვისას თითქოს გაჰყინვოდა სისხლი, ახლა კი მყისიერად გაულხვა, აუმძვინვარდა, შხუილით მიჰქროდა მის ძარღვებში.
არადა დარწმუნებული იყო, რომ მუშტი არ ასცდებოდა.
ასე დასრულებულიყო მისი რამდენიმე შეტაკება ფელიქსთან. იმ დღესაც კინაღამ წერაქვი დააჭედა ბრუნომ.
მაგრამ არა. გადარჩა.
-მოდი, დაჯექი. – უთხრა სორენმა. ერთ-ერთ ცარიელ ძელსკამს დასდგომოდნენ თავზე.
ზედ მძიმედ ჩამოჯდა ნარა, ხელი შეუშვა სორენს.
და წამსვე შემოჰკრა გვერდებში ცივმა ქარმა. შეაჟრჟოლა.
მის გვერდით ჩამოჯდა სორენი. ისე ახლოს, რომ ბარძაყებით თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს.
და მისგან გადმოღვრილ სითბოს გრძნობდა ნარა.
ცოტა ხანი ხმა არ გაუღიათ. ხელები კალთაში დაეკრიფა ნარას, სორენისკენ გააპარა თვალი.
თვალწინ ედგა, თუ როგორ მოატრიალა, თითქოს მისი დაცვა უნდოდა ფელიქსისაგან და ელვის სისწრაფით გადაუგრიხა თავდამსხმელს მკლავი.
-ხშირად ჩხუბობდი ალბათ. – უთხრა მან.
სორენს ნაკვთიც კი არ გასტოკებია სახეზე.
-ქარქს-ნუიაში ბევრ რამეს გვასწავლიდნენ. – მიუგო მან.
რასაკვირველია. ლერვიქენში თავდაცვის სწავლებაზე არასდროს დახარჯავდნენ დროს.
-შენ გაბრალებენ დატბორვას? – ჰკითხა სორენმა.
თავი დაუქნია ნარამ. ძალიან გამჭოლი თვალები ჰქონდა სორენს, ძალიან ახლოს იყო და ძარღვებში მჩქეფარე სისხლი უგუგუნებდა თავში ნარას.
-გამოქვაბულის შეკეთება მოუწიათ. – თქვა მან. – ბრაზობენ.
-ჰო, ეგ შევამჩნიე. – თქვა სორენმა. – ასე დაგსდევენ სულ?
-დაახლოებით. მაღაროში ვახერხებ ხოლმე დამალვას. ახლა დამასწრეს უბრალოდ.
წამიერად უსიტყვოდ შესცქეროდა სორენი და მის სახეზე დაფენილი ცისფერი სინათლე უციმციმებდა თვალებში.
-თუ კიდევ მოინდომებენ შენ შეწუხებას, მითხარი. – უთხრა ბოლოს. – დამიკავშირდი და მოვალ. ვეღარაფერს გიზამენ.
თავი დაუქნია ნარამ, სუნთქვა გაჩხეროდა ყელში.
თითქმის უნდოდა ეთქვა, რომ რამე რომ მომხდარიყო, ალბათ ვერ მოასწრებდა სორენი მოსვლას, მაგრამ ხმა არ გაუღია.
სორენს თვალი აარიდა, დაკლაკნილ ჰოლოგრამასა და მის წინ აღრიალებულ ბრბოს მიაბჯინა მზერა. ჯერ კიდევ უბერავდა ცივი ქარი, გაჰყვიროდნენ მოცეკვავეები, გვერდით ჯიხურში უნიფორმებზე ევაჭრებოდა მაღაროელი გამყიდველს და რუხ ღრუბლებს ერთიანად დაეფარათ ცის კამარა.
ჯერ კიდევ გრძნობდა სორენიდან მომავალი სითბოს ტალღას.
და ძალუმად უცემდა გული გულმკერდში.
-ადრე მოსულხარ. – უთხრა სორენმა.
-ჰო. სახლში ვეღარ გავჩერდი. – თქვა ნარამ, სორენს გადახედა.
პაწაწინა ნაოჭები გაუჩნდა თვალების კუთხეებში სორენს, ოდნავ ამოძრავდნენ ნიღბის ქვეშ მისი ტუჩები.
იღიმებოდა.
-მელოდებოდი. – ღიმილნარევი ხმით უთხრა მან და ხელები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს ნარამ. ვეღარ გრძნობდა ცივ ქარს, ერთიანად დაეჭიმა თითოეული კუნთი. – საფეხურებზე იმიტომ იჯექი რომ დაგენახე. არა?
სისხლმა სახეში აასხა ნარას, საკუთარ ხელებს ჩააშტერდა.
-შენც ადრე მოხვედი. – წაილუღლუღა საპასუხოდ.
-მოვედი. – დაუდასტურა სორენმა, ჯერ კიდევ ღიმილი შერეოდა მის ხმასა და სახეს. – ვერც მე გავჩერდი სახლში.
გული მკერდში მოეწურა ნარას, გადავსებულ ფილტვებს შორის მოეჭყლიტა თითქოს. საფეთქლებსა და თითისწვერებში გრძნობდა გულისცემას, სისხლის გუგუნი ესმოდა ყურებში.
-კარგია რომ ადრე მოხვედი. – თქვა ბოლოს.
ოდნავ შეეცვალა სორენს სახე, გაუქრა თვალის კუთხეებში რამდენიმე ნაოჭი.
-უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი. – თქვა მან. – სანამ შეგამჩნევდნენ.
-არა უშავს. ფელიქსი რომ იდიოტია, შენი რა ბრალია.
-მაინც.
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მუსიკის, მაღაროელთა ალიაქოთისა და ქარის ზუზუნის ხმა არღვევდა.
-გინდა რამე დავლიოთ? – მიუბრუნდა სორენს ნარა. ფელიქსზე ლაპარაკი აღარ უნდოდა და პირველივე, რაც თავში მოუვიდა, წამოროშა.
ისევ გაუღიმა სორენმა.
-მე არ ვსვამ. – თქვა მან. – სამსახურის გამო.
-ოჰ. – აღმოხდა ნარას, უხერხულად აიწურა მხრები.
წამიერად ხმას არ იღებდა სორენი.
-თუმცა ცოტას არაფერი უჭირს. – თქვა ანაზდად, ფეხზე წამოდგა. – წამო, დავლიოთ.
ღიმილმა მოუბრიცა ტუჩები ნარას. წამსვე ფეხზე წამოვარდა, ჯიხურისაკენ გაემართნენ.
უფრო ძლიერად დაუბერა ქარმა, ფეთქავდა ქვაფენილი და ღრიალებდნენ მოცეკვავეები.
სორენის გვერდით მიაბიჯებდა ნარა და ისეთ მსუბუქად ეჩვენებოდა მასზე დაწოლილი, რეზინის მძიმე, თბილი ტანსაცმელი, როგორც არასდროს.
ახლა ცოტა სინთეტიკურ ალკოჰოლს დალევდნენ, რომელიც ოდნავ მაინც მოჰგვრიდა სასიამოვნო ბურანს. მერე ალბათ კვლავ ძელსკამს დაუბრუნდებოდნენ, დაილაპარაკებდნენ და კვლავ მოეფინებოდა ღიმილი სორენის თვალებს.
პულსირებდა ელექტრონული მუსიკა და ღრიალით ხტოდნენ მუსიკის ხმაზე მაღაროელები, მოედანს აზანზარებდნენ. ცეკვავდა სტრიპტიზიორის ჰოლოგრამა და მის ცისფერ შუქზე ლაპლაპებდნენ ქალისა და მამაკაცის შავი მარმარილოს ქანდაკებები.
მერე კი ანაზდად შედგა სტრიპტიზიორი. ერთ პოზაში გაიყინა. თვალები ფართოდ გახელილი დარჩენოდა, თლილი ფეხი აეკეცა, ცალი ხელი ზემოთ აეშვირა და თითქოს რუხ ღრუბლებს სწვდებოდა.
და გაქრა მუსიკა.
ისე ანაზდად, რომ ყურის დაფის აპკები აუზრიალდა ნარას, მუსიკის მონარჩენი რიტმი უგუგუნებდა თავში.
და მრისხანებითა და უკმაყოფილებით აღსავსე, გულისგამგმირავი ღრიალი აღმოხდათ მაღაროელებს, აჩოჩქოლდნენ.
შედგა ნარა. თვალებგადმოკარკლული აჰყურებდა ჰოლოგრამას.
რომელიც გაიცრიცა, დალღვა, მხოლოდ და მხოლოდ ცისფერ ლაქად იქცა.
მერე კი მისგან, თითქოს წყლიდან ამოყვინთაო, ამოცურდა ახალგაზრდა კაცის სახე.
გულაამი.
გაოცების შეძახილები აღმოხდა ბრბოს და გაშეშდა ნარა, ადგილს მიელურსმა. გრძნობდა, რომ ასევე გაუნძრევლად იდგა სორენი მის გვერდით.
კოხტა ტანისამოსი ეცვა გულაამს, მომრგვალებული, აწეული საყელო ყელამდე სწვდებოდა. ლერვიქენის იაფფასიან ჰოლოგრამაშიც კი უნაკლო იყო მისი კანი, სახის სიმეტრია, უკან გადაწეული მუქი თმა და ცივი, ცისფერი თვალები.
შეძახილებმა იხუვლა ბრბოში.
-დიდება! დიდება გულაამს! – გაჰკიოდნენ.
ტუჩები გააპო გულაამმა.
-თანამემამულენო! – დაიწყო მან და წამსვე გაისუსა ბრბო. არ ყვიროდა გულაამი, მაგრამ ისეთი მჭახე იყო მისი ხმა, რომ უსიამოვნო ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში ნარას, თმა ყალყზე დაუდგა. – ბოდიშს მოგახსენებთ რომ თქვენი განტვირთვის დღეს ასე შემოგეჭერით, მაგრამ ფრიად სამწუხარო ამბავი უნდა მოგახსენოთ, ამწამსვე, რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანია იგაზან-ლას მომავლისათვის!
ტანში გააცია ნარას. იცოდა, თუ რა იყო ეს.
შეტორტმანდა ჰოლოგრამა და სამი ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, რომელთაც ერთმანეთის გვერდით დაეჩოქათ, სამივე თვალებგადმოკარკლული, დაფეთებული იყურებოდა აქეთ-იქით. ძვალი და ტყავი იყო სამივე, ლოყები ჩაცვენოდათ, ზედ ეკიდათ დაფხრეწილი ტანსაცმელი. ხელებზე ბორკილები დაედოთ მათთვის, პირი აეკრათ. გარშემო ულსტერის მცველები იდგნენ, შაშხანები მოემარჯვებინათ და მათ უკან ერთგვაროვანი, მანათობელი კედლის მსგავსი დალანდა ნარამ.
იფლიჰემი. რასაკვირველია. იფლიჰემთან ხდებოდა ეს ყველაფერი.
კადრში გულაამმა შემოაბიჯა. სამი დაჩოქილის წინ იდგა, თავი გოროზად აეღირა, მარჯვენა ხელი მარცხენის მაჯაზე მოეჭდო.
-გაიცანით! – დასჭექა მან. – ამჯერად სადარუთის რაიონიდან, იგაზან-ლას მოღალატენი! გულაამის მოღალატენი!
მრისხანებით აღსავსე შეძახილები აღმოხდა ბრბოს. გაუნძრევლად იდგა ნარა და მის გვერდით დუმდა სორენი.
სამი მოღალატე. სამი პატიმარი. სამი სიკვდილმისჯილი.
-ამ სამმა… – განაგრძო გულაამმა, მის უკან დაჩოქილების მიმართულებით გადაშალა მკლავი. – ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დიადი საზოგადოებისათვის ძირი გამოეთხარა! მიეცათ გაფრთხილებები, მიეცათ შესაძლებლობები, ჰქონდათ საჭმელი და სასმელი, სითბო, თბილი ლოგინი და ჭერი მათ თავზე, მაგრამ არა! გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ იგაზან-ლას მოღალატენი!
და სხვადასხვა კადრები გამოისახა ჰოლოგრამაში.
თუ როგორ ძარცვავდნენ ეს ახალგაზრდა კაცები საჭმლის დისპენსერებს, საჭმლის პაკეტებს იჩურთავდნენ ჯიბეებში, რაც ისეთი ნაცნობი იყო, რომ ჰოლოგრამაში ამის დანახვამ შეზარა ნარა. რაღაც ფაბრიკაში ბერკეტს ტეხდნენ, რაღაც მექანიზმს აფუჭებდნენ. ქუჩის კუთხეებში ყიდნენ რაღაცას. ალბათ საჭმლის პაკეტებს. და რაღაც ბნელ სარდაფში ვეებერთელა მეტალის სტრუქტურას აწყობდნენ.
ნავს.
იგაზან-ლადან გაქცევა უნდოდათ. მდინარე ბრურგის გზით.
სადღაც, მაგიდასთან ისხდნენ, რაღაცას ლაპარაკობდნენ. კიდევ იპარავდნენ საჭმლის პაკეტებს. ერთი ულსტერის მებრძოლს უყვიროდა, ხელს ჰკრავდა. ხალხით გაძეძგილ ქუჩაში სხვებთან ერთად ღრიალებდნენ. ერთ-ერთი იფლიჰემის გუმბათთან ახლოს იდგა, მომუშტული ხელი აღემართა და რაღაცას გაჰკიოდა.
-დაიხსომეთ, თანამემამულენო! – განაგრძო გულაამმა, სანამ ჰოლოგრამაში კვლავ გამოსახულიყო ის კადრები, რომლებიც იგაზან-ლას კანონების მიხედვით, სიკვდილს უდრიდა. – დაიხსომეთ, რომ იგაზან-ლა ზრუნავს თქვენზე! მას მხოლოდ კარგი უნდა თქვენთვის! ყველაფერი, რასაც მე და სხვა თანამემამულენი იფლიჰემში ვაკეთებთ, იმისთვისაა, რომ თქვენ კეთილდღეობა მოგიტანოთ! ამიტომ ტარდება ფესტივალები, ამიტომ გაქვთ მუსიკა, გართობა, ყველანაირი სიამოვნება, რაც თქვენ გაგიხარდებათ!
ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ნარამ, ისეთი ძალით რომ კბილებმა უსიამოვნოდ გაიღრჭიალეს.
ეს ათასჯერ მაინც გაეგონა.
და გაიგონებდა.
-ჩვენი მიზანია იფლიჰემად ვაქციოთ მთელი იგაზან-ლა, და მაშასადამე ყველა მცხოვრები მოვიყვანოთ იგაზან-ლაში, მაგრამ რამეთუ ვერ დაიტევს ყველას იფლიჰემი, იძულებული ვართ რომ ავარჩიოთ და თქვენი მიზანია, რომ დაგვიმტკიცოთ, რომ ნამდვილად გსურთ იფლიჰემში ყოფნა! თქვენი ხელებითაა ჩვენი დიადი მამული აშენებული, ჩვენ მარტონი ვართ ამოდენა, ცარიელ მიწაზე და თქვენ ეს შეძელით! გაუმარჯოს იგაზან-ლას ხალხს! გაგიმარჯოთ ყველას! ძირს მოღალატენი! ძირს ყველა, ვისაც სურს ძირი გამოუთხაროს ჩვენს დიად საზოგადოებას!
მერე კი მიტრიალდა გულაამი, ხელი აღმართა. ულსტერს ნიშანი მისცა.
და ასწიეს ულსტერის მებრძოლებმა შაშხანები.
უნდოდა გვერდით გაეხედა ნარას. თვალები ეწვოდა.
მაგრამ არ გაუხედავს.
ღმუილი აღმოხდათ ტყვეებს.
ყურისწამღები იყო შაშხანების ერთდროული ჭექა, მთელი მოედანი შეაზანზარა.
და გახეთქეს ტყვიებმა დაჩოქილ ახალგაზრდა კაცთა თავები. ფარატინა, გაფითრებული კანი, თვალის კაკლები, დაფშვნეს ძვლები და გაგლიჯეს სისხლძარღვები, სანამ მათი განცვიფრებული, სასოწარკვეთილი სახეებიდან არეული, ხორცისა და სისხლის მასა დარჩა მხოლოდ. სამივე სხეული ბათქით დაენარცხა ძირს და შადრევანივით ისროდა სისხლს მათი სხეულებიდან არტერიული წნევა.
გაქრა კადრი. კვლავ გულაამი გამოჩნდა.
თვალები დახუჭა ნარამ.
-დიდება! – დასჭექა გულაამმა. – დიდება იგაზან-ლას!
-დიდება გულაამს! – აღრიალდა ბრბო. – დიდება იგაზან-ლას!
ღრიალებდა ბრბო. წუოდა ცათამბჯენებს შორის ცივი ქარი და მოქუფრულიყო შავ, ნაღვლიან ღრუბლებში შებურული ცა.