ცოცხალი ჟანგი (თავი 2)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეორე თავის თემა

II – Confusion

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

რაღაც არარსებულში დაცურავდა ნარა.

ანდა თვითონ იყო რაღაც არარსებული.

მხოლოდ და მხოლოდ უმასო, მილიონ ნაწილაკად დაფშვნილი, ღამის კუნაპეტში განბნეული მტვერი.

არც კი ახსოვდა, თუ როგორ გამოეღვიძა. თითქოს მყისიერად ჩამოიღვენთა მის სხეულზე მოხვეული სულშემხუთავი, მაგრამ ამავდროულად არარსებული კუნაპეტი, რომელიც ერთიანად შთანთქა გარშემო გამეფებულმა ყინვამ.

ყინვა იგრძნო პირველად ნარამ. ძალიან სციოდა.

რასაც რაღაცის უსიამოვნო, მომჟავო მყრალი სურნელი დაემატა.

მერე კი საკუთარი სხეულის შეგრძნება შემოცურდა მის ცნობიერებაში თითქოს.

თითები იგრძნო. ტერფები. მისი გულმკერდის ქვეშ მოყოლილი მკლავი. გაშხლართული ფეხები და ცივ, უხეშ მიწაზე მიჭეჭყილი ლოყა.

ნიკაპი სტკიოდა, უფეთქავდა.

გაკრთა ნარა, თვალები დაახამხამა.

ცივ, სველ ასფალტზე იწვა, ერთიანად გაჰყინვოდა სხეული. წკაპა-წკუპით ეცემოდნენ წვიმის წვეთები მის პირისპირ მოზრდილ გუბეში, რომელშიც გვარიანად დასველებოდა ცალი ფეხი.

რის ვაი-ვაგლახით წამოიწია ნარა, ჯერ იდაყვებს დაეყრდნო, მერე კი დაბუჟებულ ხელისგულებს, თან გაფაციცებით მიმოიხედა გარშემო.

თავისი კორპუსის ძირში იწვა, ვეებერთელა ნაგვის გროვის გვერდით. მის პირდაპირ ცათამბჯენთაშორისი პაწაწინა გასასვლელი იშლებოდა, რომლიც ბოლოშიც, ლურჯად აციმციმებულ ქუჩაში აქეთ-იქით მიიჩქაროდნენ გამვლელები.

რეტი ესხმოდა ნარას. გრძნობდა, თუ როგორ მოჰფენოდა სახეზე ქუჩიდან მომავალი მქრქალი, ცივი ლურჯი სინათლე.

ძალ-ღონე მოიკრიბა და უკან გახოხდა, სიბნელეში შემალვა სცადა.

არავინ ჩანდა შორიახლოს. შეიძლება გამვლელებმა შეამჩნიეს, რომ ვიღაც ეგდო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ. ალბათ მკვდარი ეგონათ.

გაუმართლა, რომ ვერავინ შეამჩნია.

იქნებ შეამჩნიეს. მაგრამ მკვდარი ეგონათ. ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ აქ შუა ქუჩაში ნახევრად გახრწნილი მაწანწალები, სანამ ნაგვის მანქანა არ შეამჩნევდა.

მაინც გაუმართლა რომ არავინ ჩაწიხლა, გაძარცვა ან გააუპატიურა.

გაძარცვა.

ჯიბეებზე იტაცა ხელები ნარამ და შვებით ამოიხვნეშა, როცა საჭმლის პაკეტები იგრძნო. კიდევ კარგი ეს მაინც შერჩა ზედ.

ცოტა ხანი იჯდა, სულს ითქვამდა, სანამ თავბრუსხვევამ არ გაუარა.

ციფერბლატი შეამოწმა.

21:57.

არ წოლილიყო დიდხანს. საათზე ცოტა ნაკლები გასულიყო ალბათ.

გაჭირვებით წამოდგა ნარა, ფეხები უთრთოდა. წამოდგა და ნელი ნაბიჯით დაუყვა გასასვლელს კორპუსის ეზოს მიმართულებით.

ნელა წამოუტივტივდა თავში სულ რაღაც საათის წინ მომხდარი.

ბინგემზე აქცია იყო. ამდენი მომიტინგე ერთად არასოდეს ენახა. მაღაზიაში შეიპარა და საჭმლის პაკეტები აღმოაჩინა. აქციის მონაწილეთა ტალღამ გაიტაცა.

მერე კი მომიტინგეთა თავებზე შავი აჩრდილივით წამომართული ულსტერი. დატენილი შაშხანები. მუშტის გაზუზუნება ჰაერში, რომელიც ელვის სისწრაფით აიცილა ულსტერის მებრძოლმა.

იჭექა შაშხანამ და აღრიალდა ხალხი.

მერე კი ბრბოს საშინელი ძალა, საკუთარ მუშტში რომ ჭყლეტდა. მოახლებული ულსტერი, მათი ალაპლაპებული ჩაფხუტები და შაშხანის ლულის შავბნელი, უფსკრულივით უძირო წყვდიადი.

მერე კი ტკივილი ახსოვდა. ისეთი ტკივილი, როგორიც არასოდეს ეგრძნო აქამდე. თითქოს ადუღებული ლითონი მოსდებოდა თითოეულ მის ნერვს, თითქოს ვულკანის ავარვარებულ წიაღში ღაფავდა სულს. თითოეული უჯრედი მოეცვა საზარელ ტკივილს.

რომელმაც ისევე გაუარა, როგორც მოვიდა.

ცხვირიდანაც წასკდა სისხლი. და აღებინა.

ხელთათმანი ელვის სისწრაფით წაიძრო ნარამ და ზედა ტუჩზე მოისვა აცახცახებული, დაკოჟრილი თითები. სისხლი უკვე შეხმობოდა.

ტუჩები მოილოკა. სისხლისა და ნარწყევის უსიამოვნო, მჟავე გემო იგრძნო და ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, რომ ღრჭიალი გაიღეს კბილებმა.

ჩანავლდა მის უკან ქუჩიდან მომავალი სინათლე, ეზოს მხოლოდღა კორპუსის შიდა მხრიდან, ალაგ-ალაგ ცისფრად ალიცლიცებული ფანჯრებიდან გადმოღვრილი ცივი შუქი ანათებდა.

კიბეს მიუახლოვდა ნარა, კვლავ წამოიცვა ხელთათმანი და ძალა მოიკრიბა, საფეხურზე შედგა ფრთხილად.

მიცოცავდა კიბეზე ნელ-ნელა, თან ზემოთ, მოყვითალო იისფერ ცაში გამოკიდებულ, მოციმციმე გაიას ვარსკვლავს შეჰყურებდა.

ალბათ ელექტროშოკი იყო. ულსტერთან ახლოს იყო, ფაქტიურად მათზე მიჭეჭყილი, ალბათ ამოაძვრინეს ელექტროშოკური პისტოლეტი და გვარიანად მიიღო კიდევაც.

თუმცა არა. ელექტროშოკის ძალა რამდენჯერმე ეგემა აქამდე, როცა ულსტერის მებრძოლებმა ათას წვრილმანზე გამოიჭირეს ქუჩაში და მისი დასჯა განიზრახეს. ის სულ სხვანაირი შეგრძნება გახლდათ. ვერ იძვროდა, და თითქოს ჭიანჭველები დაუძვრებოდნენ ყველგან. არასოდეს ჰქონოდა იმ დროს ცხვირიდან სისხლდენა და გულისრევა.

არც აქეთ-იქით ებოდიალა დეზორიენტირებულს.

და არც გონება დაეკარგა.

ეს რაღაც სხვა იყო.

იქნებ რაღაც ახალი გამოიგონეს. ახალთახალი მეთოდები წამებისათვის. იგაზან-ლა ხომ ინოვაციის კერა გახლდათ.

არა, არა. ასე არ უნდა ეფიქრა. ულსტერის ჯგუფი წესრიგს იცავდა. ულსტერი რომ არა, ბევრად უფრო უარესი იქნებოდა.

„ენდე ულსტერს, ისევე როგორც ენდობი ჩვენს მთავარსარდალს, თავიკაცსა და დამფუძნებელს გულაამს!“

თავი გადააქნია ნარამ. ყოველთვის შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. ასე ეუბნებოდნენ მაინც.

საკუთარ სართულზე არ გადამძვრალა ნარა, მაგრამ ცოტა ხანი შედგა კიბეზე, შეისვენა. საშინლად დასუსტებულიყო რატომღაც, ასეთი დაღლილობა ბოლოს მაშინ ეგრძნო, როცა ორმოცდარვა საათი გადაბმულად მოუწია მაღაროში მუშაობა დამატებითი ცვლების გამო.

ოფლი ასხამდა და კიდურები უცახცახებდა, გაყინულს.

ძლივს მოიკრიბა ძალ-ღონე და გზა განაგრძო ოცდამეათე სართულამდე.

სამარასთვის საჭმელი უნდა მიეცა. და რეჯინალდი უნდა ენახა. უჩვეულო ნამდვილად არ გახლდათ მუშების მაღაროს სხვა ანდა თუნდაც ზედაპირულ ნაწილში გადაყვანა, მაგრამ მაინც.

ოცდამეათე სართულზე გადაძვრა ნარა და ლასლასით მიუახლოვდა სამასოცდამეთექვსმეტე ბინას, ხუთჯერ დააკაკუნა კარზე.

ჩხაკუნით გაიღო კარი, გულისგამაწვრილებლად დაიღრჭიალეს ანჯამებმა და ზღურბლზე გაშეშებულ სამარას ახედა ნარამ, რომელსაც წამსვე ჩამოერეცხა სახიდან სასიამოვნო ღიმილი.

-ეს რა არის? – დაუსისინა მან, სახეზე მოავლო გაფაციცებით თვალები. – რას გავხარ! ეს ვინ გიქნა?

-შეიძლება შემოვიდე? – ამოილუღლუღა ნარამ. საშინლად ჩახლეჩოდა ხმა და დაახველა, პირგამომშრალმა.

-კი, შემოდი, შემოდი… – გვერდზე გაიწია სამარა და სწრაფად შეაბიჯა ნარამ, პირდაპირ ოთახისაკენ გაემართა.

კარი მიხურა სამარამ და ფეხდაფეხ მიჰყვა.

საეჭვოდ ციმციმებდა დროდადრო კედელზე მიმაგრებული სანათი, ოთახს მკრთალი ცისფერი სინათლე მოჰფენოდა. არეული იყო ლოგინი და ათასი ხარახურით გამოეტენათ თაროები, კედლების თითქმის ყოველი თავისუფალი სანტიმეტრი რომ დაეფარათ.

მაგიდასთან რეჯინალდი იჯდა, წინ რაღაც პანელიანი, სანახევროდ დაშლილი, მოზუზუნე მოწყობილობა ედო, რომელსაც აშკარად მის მოსვლამდე უკირკიტებდა.

-გცემეს? – ჰკითხა მან.

მის მოპირდაპირედ მძიმედ დაეხეთქა ტაბურეტზე ნარა, შუბლზე მოწოლილი ოფლი მოიწმინდა.

-დაახლოებით. – თქვა მან. – აქციაზე ვიყავი.

-იქ რა გინდოდა? – დაუცაცხანა სამარამ, თეძოებზე ხელები შემოედო და მოღუშული დაჰყურებდა. – ხომ იცი რისთვისაა ეგ აქციები განკუთვნილი? რა გინდოდა იმ გიჟ ხალხში?

-მაგიტომ არა. – თქვა ნარამ.

მერე კი სწრაფად გახსნა პონჩოს ჯიბეები და საჭმლის პაკეტები ამოალაგა მაგიდაზე, სწრაფად გადათვალა.

ცხრა პაკეტი იყო სულ. ცოტა ხანი ეყოფოდათ მასაც, სამარასაც და რეჯინალდსაც. შეიძლებოდა ორიოდე კვირაც კი, თუ ცოტას გაიჭირვებდა თვითონ. იქამდე იქნებ დაებრუნებინათ ვალი.

რაც ნაკლებად სავარაუდო გახლდათ, მაგრამ მაინც.

რეჯინალდს კრინტი არ დაუძრავს, პაკეტებს დასცქეროდა. ალბათ ამდენი ერთად კარგა ხანი გახლდათ, რაც არ ენახა.

-არ უნდა მოგეტანა. – თქვა სამარამ, მის გვერდით ჩამოჯდა. – წაიღე, გჭირდება.

-ამდენი არა.

-ნუ ბოდიალობ რაღაცას. რამდენიც არ უნდა იყოს, გჭირდება შენ…

-სამარა. – გააწყვეტინა რეჯინალდმა. – ნუ ჯიუტობ. აიღე ერთი-ორი ცალი. არ გაწყენს.

-არ ავიღებ. – თქვა სამარამ. – ნარა, დამიჯერე, გჭირდება. შენ ჯერ კიდევ დაგრჩა დრო.

თვალი გაუსწორა სამარას ნარამ.

კარგად იცოდა, თუ რას გულისხმობდა.

სამარაც და რეჯინალდიც ახლა მკვდრები უნდა ყოფილიყვნენ. ან ცივ მიწაში ჩაწყობილი მშრალი ძვლები ანდა ნაგავში გადაყრილი მოყვითალო ფერფლი.

და წამსვე ვინმე ახალი შემოსახლდებოდა მათ ბინაში. ვინმე ახალი დაიკავებდა მათ ადგილს. აღარაფერი დარჩებოდა მათგან, იგაზან-ლას სისტემაში მყოფი რიცხვებისა და მოგონებების გარდა, რომლებიც ასევე გაქრებოდნენ მალევე.

სასაფლაოებზე წაეკითხა ვეზუვის ბიბლიოთეკაში ნარას.

იგაზან-ლაში სასაფლაო არ არსებობდა და არც იარსებებდა. იყო მხოლოდ ხანმოკლე ცხოვრება, რომლის საკმაოდ ხანგრძლივადაც წარმოჩენას ლამობდა გულაამი, და მერე აღარაფერი.

არა, არა, არა, არა. ასე არ უნდა ეფიქრა.

„ცხოვრება შენი აჩუქე გულაამს, რამეთუ მან გაჩუქა სიცოცხლე!“

კარგად ახსოვდა ნარას ის პოსტერი. მომღიმარი, ლამაზი ახალგაზრდა ქალი, გადატკეცილი სახითა და კოხტა ვარცხნილობით, ყვითელი ხალათი ეცვა და კოლბა ეჭირა.

მკვდრები უნდა ყოფილიყვნენ. და საერთოდაც, ბევრი რამ უნდა ყოფილიყო სხვანაირად.

სამი პაკეტი რეჯინალდს მიუწია ნარამ, სამარას პროტესტს მოუყრუა, მერე კი სწრაფად ჩაიჯიბა დანარჩენი.

ტაბურეტის ჭრიჭინით წამოიწია რეჯინალდი, სადღაც შეჩურთა პაკეტები და კვლავ მაგიდას მიუჯდა.

სიჩუმე ჩამოვარდა ცოტა ხნით, რასაც სანახევროდ დაშლილი მოწყობილობის ზუზუნი და რომელიღაც მეზობელი ბინიდან მომავალი ხათქუნის ხმა არღვევდა. ფანჯრისაკენ გაატრიალა მზერა ნარამ და კარგად მოჩანდა აქედან იფლიჰემის გუმბათი, რომელიც მქრქალ რძისფერ სინათლეს აფრქვევდა შორიახლოს აშოლტილ ცათამბჯენებზე.

ნისლი ჩამოწოლილიყო, რომელსაც ღია ცისფრად ღებავდა იგაზან-ლას ქუჩებში გამეფებული ლურჯი შუქი და რუხი ღრუბლები მოგორავდნენ ცის კამარაზე.

მატარებელმა გაიქროლა, დაგუდული გრუხუნით, ერთიანად შეაცახცახა შენობა და დაინახა ნარამ, თუ როგორ მოსწყდა ბათქაშის ნამცეცები ფანჯრის გვერდით კედლის ბზარს.

-აქციაზე მოგდო ვინმემ? – ჰკითხა ანაზდად სამარამ და მისკენ მიატრიალა ნარამ მზერა, ინსტინქტურად ნიკაპისაკენ წაიღო თითები.

გვარიანად უხურდა. გრძნობდა, თუ როგორ გასიებოდა და უფეთქავდა უსიამოვნოდ.

-ჰო. – თქვა მან. – გული ამერია, ვარწყიე ვიღაცას ზედ და დამარტყეს.

-ცხვირი ხომ არ გაგიტყდა? – იჭვნეულად მოათვალიერა სამარამ, წამიერად ცხვირზე მოსდო თითები და ფრთხილად მოუჭირა.

-არა, არა. ცხვირიდან სისხლი თავისით წამომივიდა. – მიუგო ნარამ. – ცუდად ვიყავი. ძლივს გამოვძვერი, კინაღამ გამჭყლიტეს.

-არ უნდა ყოფილიყავი იქ. – თქვა რეჯინალდმა.

-სხვა საშუალება არ მექნებოდა.

-სულ ტყუილად აწყობენ ამ აქციებს. – ჩაილაპარაკა სამარამ. – აწყობენ და აწყობენ, რაც თავი მახსოვს. რა ხეირი? ულსტერის წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება.

-ულსტერის წინააღმდეგ არც მიდიან. – წაიბუტბუტა ნარამ.

-იგაზან-ლას წესებთან, გულაამის წესებთან დაპირისპირება ულსტერთან დაპირისპირებაა. – განაცხადა სამარამ. – და შენ რა გგონია, ულსტერს ვინმე მოერევა?

ვერც კი წარმოედგინა ნარას. არავინ იცოდა, თუ რამდენი მებრძოლი ჰყავდა ულსტერს, მაგრამ არავის ეპარებოდა ეჭვი მათ სიძლიერესა და სისასტიკეში.

ბევრჯერ დარწმუნებულიყო მათ სისასტიკეში ნარა.

პატარა იყო, როცა ქუჩაში აყვირებული ორი კაცი ჩაცხრილა ავტომატით ულსტერმა. აღარც ახსოვდა, რატომ. არასოდეს ამოუვიდოდა თავიდან, თუ როგორ გამოიყურებოდა სისხლის, გახლეჩილი ხორცისა და დალეწილი ძვლების მასა, რომელიც ოდესღაც ადამიანის სახე იყო.

თქვეს, რომ იმსახურებდნენ. ალბათ ასეც იყო.

ულსტერმა ყველაფერი იცოდა. ულსტერს ყველაფერი შეეძლო. ულსტერი ყველგან იყო.

თითქმის.

-ვერ მოერევა. – წაილაპარაკა ბოლოს. – ვერავინ მოერევა.

-სანამ გულაამი არსებობს, ულსტერიც იარსებებს. – თქვა სამარამ. – გულაამი კი სულ იყო და იქნება.

-ისე კარგა ხანია გულაამი არ გამოსულა. – რეჯინალდი შეფიქრიანებული ჩანდა, პაწაწინა სახრახნისი მოემარჯვებინა და ისევ თავის მოწყობილობას უკირკიტებდა.

-ლატარიაში არავის გაუმარჯვია მგონი. – თქვა ნარამ.

უკვე ათწლეულთა მანძილზე გრძელდებოდა იგაზან-ლას ლატარია და ძალიანაც პოპულარული გახლდათ, რადგან გამარჯვებულს ფრიად სახარბიელო ჯილდოს სთავაზობდნენ: ასი ათას ოქროს კრედიტსა და იფლიჰემში გადასვლის საშუალებას.

ბოლოს წინა წელს გაიმარჯვა ვიღაც ქალმა, სადარუთის რაიონიდან. ორიოდე კვირის მანძილზე იმ ქალის სახე იყო ყველგან გამოჭიმული – პოსტერებზე, მაღაზიებში, ჰოლოგრამებში და სულ საუბრობდა, გაბადრული, თუ რა ბედნიერი იყო იფლიჰემში გადასვლით, თუ როგორი ლამაზი იყო იქაურობა, თუ რა საოცარი საცხოვრებელი და მომსახურება ჰქონდა და რა სასიამოვნო გახლდათ გულაამთან შეხვედრა, თუ რა ძლიერი ლიდერი გახლდათ ის.

ქალი მუდამ მომღიმარი იყო. და ასევე მუდამ სიცივე გამოსჭვიოდა მისი დანაოჭებული თვალებიდან.

ორი კვირის თავზე კი მისი ყოველგვარი კვალი გაქრა. თითქოს არც არსებობდა ლატარიის გამარჯვებული. მისი პოსტერებიც კი პირწმინდად ჩამოფხიკეს კედლებიდან.

მხოლოდ ჭორებიღა დარჩა, რომლებიც ასევე მალევე გაიცრიცნენ, ჩაიკარგნენ იგაზან-ლას ყოველდღიურობაში.

და გაგრძელდა იგაზან-ლას მაცხოვრებელთა დაუღალავი ბრძოლა ლატარიის გამარჯვებულის წოდების მოპოვებისათვის.

რაკი სადარუთის რაიონი საკმაოდ შორს – იგაზან-ლას გადამკვეთი მდინარე ბრურგის მიღმა მდებარეობდა, ამ ქალზე ბევრი დეტალები ვერ გაეგოთ ლერვიქენში. მაგრამ ხმები დადიოდა, რომ ჩვეულებისამებრ ლატარიის გამარჯვებულები იფლიჰემში მიჰყავდათ, მერე კი მათი მხრიდან ყოველგვარი კომუნიკაცია წყდებოდა.

ალბათ ისე კარგი გახლდათ იფლიჰემში ცხოვრება, რომ არც აღარავის უნდოდა იგაზან-ლას სხვა რაიონებში დაბრუნება.

თვალები დაახამხამა ნარამ, ფიქრებიდან გამოერკვა.

-ვიყიდე ერთი ბილეთი. – თქვა რეჯინალდმა. – არ გამიმართლა.

-ბილეთში დახარჯე კრედიტები? – ატყდა სამარა. – ხომ იცი რა იღბალი გვაქვს!

-რა იცი რა ხდება. – თქვა რეჯინალდმა. – იქნებ მომეგო.

-რამდენიც არ უნდა იყიდო, მაინც ვერ მოიგებ. – ჩაილაპარაკა ნარამ.

რეჯინალდი ვერასოდეს მოიგებდა. ვერც სამარა და ვერც ნარა. თუნდაც უკლებლივ ყველა ბილეთი ეყიდათ იგაზან-ლაში, მაინც ვერ მოიგებდნენ.

თავში რაღაცამ გასწიწკნა ნარას. კვლავ ასტკივდა საფეთქლები.

ისევ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც იყო შორიახლოს. ვიღაც, რომელიც თვალყურს ადევნებდა.

ფეხზე წამოიზლაზნა ნარა და წამსვე მისკენ მოატრიალა თავი სამარამ.

-მიდიხარ უკვე? – ჰკითხა მან. – დარჩენილიყავი ცოტა ხნით.

-არა, არა. – იუარა ნარამ. საკუთარ ლოგინში ჩაწოლის მეტი არაფერი უნდოდა. – წავალ. დავისვენებ.

სამარა ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებდა. თავი დაუქნია.

რეჯინალდმა გამოაცილა და ჩუმად გადაუხადა მადლობა.

ისე სწრაფად ჩაცოცდა კიბეზე ნარა, როგორაც შეეძლო. თითქოს მოღვენთოდა თითოეული კუნთი, ჩაფშვნოდა ძვლები და დაწყვეტოდა მყესები. ისე ეძინებოდა, რომ თვალები ეხუჭებოდა.

ბინის კარი რომ მოიკეტა უკან, იქვე, შესასვლელში გაიძრო ტანსაცმელი. უნიფორმა კაუჭზე ჩამოჰკიდა, მერე კი ლასლასით მიუახლოვდა გაფილტრული წყლით სავსე ნიჟარას. ციოდა ბინაში და კანკალებდა ნარა, სწრაფად გადაიძრო ოფლისაგან ნოტიო მაისური და საცვალი, იქვე მიჰყარა.

მერე გარეცხავდა.

მერე კი პირსახოცი დაასველა და ფრთხილად მოისუფთავა ზედა ტუჩი და ნიკაპი, მერე კი შეძლებისდაგვარად სხეული მოიწმინდა, აძაგძაგებულმა.

თაროებიდან სუფთა პერანგი, საცვალი და შარვალი გადმოიღო, სწრაფად ჩაიცვა.

სასიამოვნო იყო სუფთა ტანისამოსის შეგრძნება.

ოფლიანი ტანსაცმელი აიტაცა ნარამ, ფანჯარა გამოაღო და წამსვე, თითქოს ყინულოვანი წყალი შეასხესო, ზედ შეასკდა მონაბერი ცივი ქარის ნაკადი, მკერდზე ჩამოყრილი აწეწილი თმა მხრებზე გადაუგდო. ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალში, თმა ყალყზე დაუდგა.

ჯერ ფანჯარასთან ჩამოკიდებული სათლი შეამოწმა.

ცარიელი იყო. 

მერე კი იქვე მიმაგრებულ კაუჭებზე ჩამოჰკიდა მაისური და საცვალი, პლასტმასის სარჭებით დაამაგრა, რომ ქარს არ წაეღო.

იქნებ მოეწვიმა.

აიხედა ნარამ. მის თვალწინ გადაშლილიყო თვალუწვდენელი იგაზან-ლა, მისი რკინაბეტონით, მეტალითა და მინით შემკული სხეულის წიაღიდან ალაგ-ალაგ იღვრებოდა ცისფერი შუქი, რომელიც მასზე დაწოლილ, სულშემხუთავ ნისლში გაცრეცილიყო. ცის კამარა ვეებერთელა, დაგორგლილ რუხ ღრუბლებს დაეფარა და მათ ფონზე უფრო თვალისმომჭრელი იყო იფლიჰემის გუმბათის რძისფერი სინათლე.

გაიელვა ანაზდად, ღრუბლები გახლიჩა დაკლაკნილმა ელვამ.

მერე კი გამაყრუებლად იჭექა, კედლები შეაზანზარა.

და წკაპა-წკუპით წამოვიდა წვიმა.

თმა ყალყზე დაუდგა ნარას. სხეულზე მაგრად მოიხვია მკლავები, შემცივნულმა. იდგა და ავდრიან, გამძვინვარებულ ცას შეჰყურებდა.

ცოტა დაუამა მტკივანი ნიკაპი ცივმა ჰაერმა.

გაძლიერდა წვიმა, სანამ თქეში არ ჩამოდიოდა მიწაზე.

ფანჯარა მიხურა ნარამ. წვიმის შიშინი დაგუდულ გუგუნად იქცა, და რაკუნით ეხეთქებოდნენ მინას წვეთები.

ზურგი აქცია ფანჯარას ნარამ, შემოსასვლელში დაბრუნდა.

ძალიან ცივი და უხეში იყო ბეტონი მისი შიშველი ფეხისგულების ქვეშ.

უნიფორმიდან საჭმლის პაკეტები ამოაძრო, კედლის სამალავში დააბინავა საგულდაგულოდ. ნახევარი პაკეტი შეჭამა, ორი ჭიქა წყალი დააყოლა ზედ.

მორჩენილი წყალი კი ყუთში გადამალულ, მიწით სავსე ქოთანს მოასხა.

ცოტა ხნის წინ დარგო ბროწეულის კაკალი, მაგრამ ჯერ არაფერი ამოსულიყო. ალბათ ამჯერადაც არაფერი ამოვიდოდა.

მერე კი თაროებში შეჩურთული ტანსაცმლიდან ხელისცეცებით გამოძებნა მაისურები და შედარებით თბილი მოსაცმელი.

დაწვა. ჯერ ტანსაცმელი გადაიფარა, მერე კი თხელი საბანი.

ოთახის კუთხეში მის მიერ შეკეთებული, ნაგავსაყრელიდან მოთრეული დანჯღრეული გამათბობელი ჰქონდა.

მაგრამ ჯერ არ გამოიყენებდა. უნდოდა ბატარეა დაეზოგა. ელექტროენერგია რომ დამატებით დაეხარჯა, შემდეგ ჯერზე გადასახადები მთლად გაყვლიფავდნენ.

მოკუნტულიყო ნარა, თვალები ფართოდ გაეხილა. კედელთან იყო მიდგმული ლოგინი და მის ცხვირწინ რუხი კედლის დაბზარულ ბათქაშს შეჰყურებდა.

ცოტა შეთბა. დღეს მომხდარს, აუტანელ დაღლილობასა და სავსე კუჭს ერთიანად მოეთენთა, ძილი მოერია.

მერე კი ისევ იგრძნო.

თითქოს ვიღაც იყო იქვე. და უყურებდა. თითქოს პირდაპირ მის უკან იწვა.

გული მძლავრად აუძგერდა ნარას, თვალები გაუფართოვდა, პირი გამოუშრა. უფრო მაგრად ჩაიხვია მუშტში საბანი.

აშკარად ეჩვენებოდა. ბინაში სხვა არავინ იყო.

მერე კი ბუნდოვნად მოესმა დაგუდული საუბრის ხმა.

ვერაფრით გაარჩია სიტყვები.

ოდნავ წამოიწია ნარა, კისერი წაიგრძელა და მიმოიხედა. ერთიანად დასჭიმვოდა კუნთები, ძლივს გადაიტანა ყელში ნერწყვი.  

ოდნავი, მქრქალი ცისფერი სინათლე შემოდიოდა ფანჯრიდან, თაროებს, პოსტერებს, მაგიდაზე მიწყობილ ალაპლაპებულ ჭიქებსა და ნიჟარას ეფინებოდა.

აქედან მთელ ბინას ხედავდა ნარა. და აშკარად არავინ იყო. ლოგინი კი ძალიან დაბალი და პატარა გახლდათ იმისათვის, რომ ვინმე შეუმჩნევლად დატეულიყო მის ქვეშ.

სიტყვები ჯერ კიდევ ესმოდა ნარას. დაგუდული, შუაში გახლეჩილი სიტყვები, რომელთაც ვერაფრით ვერ არჩევდა.

მიაყურადა. მისი მეზობლები ხშირად ლაპარაკობდნენ და ჩხუბობდნენ კიდეც, მაგრამ ასეთი ხმა აქამდე არ გაეგონა. ვერც გაეგო, რომელი მხრიდან მოდიოდა.

იმას არჩევდა, რომ მამაკაცის ხმა იყო.

ამოიხვნეშა ნარამ, ისევ მიწვა.

ჩამთბარი იყო. ნასვამ-ნაჭამი. ნიკაპი სტკიოდა ოდნავ, მაგრამ უკვე წლები გახლდათ, რაც შეჩვეოდა ტკივილს.

და რაც მთავარი გახლდათ, ხვალ თავისუფალი დღე ჰქონდა.

უფრო მეტად მოიკუნტა ნარა და მალევე მიწყდა მამაკაცის ხმა. თვალები მილულა, წამსვე წარიტაცა თითოეული მისი საფიქრალი ყოვლისმომცველმა დაღლილობამ.

და ვერც კი გაიგო, თუ როგორ მოიცვა ძილის სასიამოვნო წყვდიადმა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

ყინავდა.

გადაქერცლოდა ცას შავბნელი ღრუბლების საფარი, რომელიც დაგრაგნილ, მოყვითალო ელფერით შემკულ რუხ ღრუბლებს ჩაენაცვლებინა. დასავლეთისაკენღა მოჩანდა მუქი იისფერი ღრუბლების ნაგლეჯები, სადაც ღამე ღაფავდა სულს.

მაგრამ წვიმა დაეტოვებინა უკან ღამეს. კოკისპირული წვიმა და ჭექა-ქუხილი, რომელიც ჯერ კიდევ აზანზარებდა კედლებს.

ლურჯად ლაპლაპებდა ასფალტი და ყურისწამღებად შიშინებდა წვიმა. სქელი ნისლი ჩამოწოლილიყო, ასიოდე მეტრში უკვე ჭირდა რამის გარჩევა, რასაც უფრო ართულებდა თქეში.

ოსტატურად აუქცია გვერდი მისი მიმართულებით მომავალ, აღრიალებულ ჯგუფს ნარამ, ფაქტიურად შენობის კედელს აეკრო, მერე კი უფრო მეტად აუჩქარა ნაბიჯს.

კეპი შეისწორა, უფრო მაგრად ჩამოიფხატა შუბლზე. პონჩოს კაპიუშონი წესით წყალგაუმტარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კეპიც, თმაც და მხრებიც უკვე გვარიანად დაჟიებოდა.

აიხედა ნარამ, თვალები მოჭუტა, სწრაფ-სწრაფად ახამხამებდა ქუთუთოებს რომ რამე გაერჩია ციდან ჩამომსკდარ ზესხმაში.

ცათამბჯენთა მიღმა ბუნდოვნად ჩანდა ლერვიქენსა და ზრეას რაიონებს შორის აღმართული, რუხი გალავანი. დაბურული გახლდათ, მაგრამ მაინც კარგად ჩანდა გალავანზე დამონტაჟებული პროჟექტორები, რომლებიც აქეთ-იქით ტრიალებდნენ და თეთრ სინათლეს აფრქვევდნენ გარშემო.

უფრო მაგრად შემოიხვია პონჩო ნარამ, კიდევ ერთ გამვლელს აუქცია გვერდი და მეზობელ ქუჩაზე შეუხვია.

ადრე გაეღვიძა დილით. იმის მიუხედავად, რომ თავისუფალი დღე ჰქონდა, უკვე შეჩვეული იყო ხუთ საათზე გაღვიძებას. მატარებლით წამოვიდა ლერვიქენის საზღვართან.

ვეზუვის ბიბლიოთეკაში უნდა მისულიყო.

ნაგვის გროვასთან მიყუჟულ მათხოვრების გროვას ჩაუარა ნარამ და ორ ვეებერთელა ცათამბჯენს შორის ჩიხში შეუხვია, სირბილით ჩაათავა მანძილი ჩიხის ბოლოსთან ახლოს, კედელში გამოჭრილ კარამდე.

შეაბიჯა.

და წამსვე მოსჭრა თვალი მოპირდაპირე კედელზე მიმაგრებული სანათის მჭახე ცისფერმა სინათლემ.

მინის დახლის მიღმა მდგარი მოლარე უკვე შემოჰყურებდა.

ვეებერთელა წანაზარდი ჰქონდა შუბლზე, რომელსაც თავზე უკვე წყლული გასჩენოდა.

ნარას მოკრძალებული აზრით, უკვე კარგა ხანი გახლდათ, რაც იზრდებოდა წანაზარდი.

მოლარის უკან მომცრო კარს გარშემო შემოხვეოდა ათასი ხარახურით გაძეძგილი თაროების თაღი.

-ვინტი მომეცით. – უთხრა ნარამ. – და ორი ლატარიის ბილეთი.

მოლარეს არ უპასუხია. უბრალოდ დახლზე დამაგრებულ დეტექტორზე მიუთითა.

ზედ გადაატარა მაჯა ნარამ და აინთო ციფერბლატი, წამსვე ჩამოეჭრა ასი კრედიტი.

მერე კი უკან დაიხია მოლარემ, მის უკან, კარის პანელზე კოდი აკრიფა.

ჩხაკუნით გაიღო კარი და წამსვე დაგუდული მუსიკის ხმა მოესმა ნარას, სწრაფად შეცურდა ღრიჭოში.

კარი მის უკან ხმამაღალი ზათქით მიიხურა.

სიბნელეში დარჩა ნარა, რომელსაც ოდნავი მოცისფრო-მოიისფრო ელფერი დასდებოდა, გაჭირვებით არჩევდა მქრქალ სინათლეში ქვემოთ მიმავალ კიბეებს და მათ გარშემო სანახევროდ ჩამოფხრეწილი პოსტერებით სავსე კედლებს.

ნელა დაუყვა ციცაბო საფეხურებს, გაფაციცებით იყურებოდა ქვემოთ, კიბეების ბოლოში, სადაც მოცისფრო-მოიისფრო სინათლის ნაპერწკალი ციალებდა.

თითქოს წყვდიადით აღსავსე გვირაბიდან გამოდიოდა ნარა.

საფეხურები ჩაათავა, შესასვლელში ჩამოკიდებული, ფერადი ცელოფნის ნაკუწებისაგან შეკერილი ფარდა გადასწია და ვეებერთელა დარბაზში შეაბიჯა.

ცხელოდა. არ იძვროდა დახუთული, ცხელი პლასტმასის, მეტალისა და საცეკვაო მოედანზე მროკავი, აღრიალებული ბრბოს უსიამოვნო სურნელით გაჯერებული ჰაერი, რომელსაც ოდნავი მომჟავო ელფერი დაჰკრავდა. შორეულ კედელთან, საცეკვაო მოედნის იქით დიჯეი იდგა, და ყურისწამღებ ელექტრონულ მუსიკას გადმოეხეთქა ვეებერთელა დინამიკებიდან. დაფეხვილი, საღებავაქერცლილი და დაბზარული იყო თითოეული, უამრავი პოსტერით დაფარული კედელი და აქა-იქ დამონტაჟებული პროჟექტორების ფერად-ფერად სინათლეში ხედავდა ნარა, თუ როგორ ცვიოდა ჭერიდან ბათქაშის მტვერი.

მარჯვნივ ოციოდე მეტრის სიგრძის ბარი გახლდათ, რომლის უკან ცისფერი სინათლით განათებულ თაროებზე გამოწყობილ ათასნაირ სასმელს, ნარკოტიკებსა და კონტრაბანდას ყიდნენ, ბარმენი ყვირილით ემუსაიფებოდა იქვე ჩამომჯდარ მაღაროელს. მარცხნივ ათიოდე მომცრო კარი გამოეჭრათ კედელში, იქვე გამაგრებულიყო რამდენიმე მცველის ამპლუაში მყოფი მუშა, რომლებიც ქორებივით ადევნებდნენ შემოგარენს თვალს.

კაპიუშონი და ნიღაბი შეისწორა ნარამ. სული ეხუთებოდა, ყურის დაფების აპკები დასკდომაზე ჰქონდა.

ვერ იტანდა ხმაურს.

სწრაფი ნაბიჯით გაემართა მარჯვნივ და ბარის მაღალ სკამზე შემოჯდა.

მოთმინებით იცდიდა, სანამ ბარმენი ჰკიდებდა თვალს.

მაღაროელთან ყვირილს მალევე მორჩა ბარმენი და გადმოხედა, მაშინვე გამოემართა მისკენ.

-რა გინდა? – დაუყვირა მან, ხელებს დაფხრეწილი ჩვრით იწმენდდა.

-გაიას მტვერი. – შედარებით ხმადაბლა მიუგო ნარამ. არ უნდოდა რომ ვინმეს გაეგონა.

-ამინდი რომ არ არის? – ჰკითხა ბარმენმა.

-მაშინ ორი მომეცი.

თავი დაუქნია ბარმენმა და ხელი აღმართა, საცეკვაო მოედნის მიღმა მცველს რაღაც ანიშნა, მერე კი ნარას დაუქნია თავი.

სკამიდან გადმოხტა ნარა და მოედანს შემოუარა.

მცველი უკვე ელოდა. კედლის ბოლოში მდებარე კარი გაუღო და ანიშნა, შედიო, მერე კი ხმამაღალი ზათქით მოუხურა უკან.

პაწაწინა ოთახი გახლდათ. ცალი კედელი ვეებერთელა პანელს დაეფარა, სადაც პორნოგრაფია გადიოდა, მოპირდაპირე კედელთან ტახტი იდგა, რომელსაც ტაბლეტებით დახუნძლული პატარა მაგიდა უმშვენებდა გვერდს.

ქალის გაბმულ კვნესას მოუყრუა ნარამ, უმალ მიუახლოვდა ტახტს, მის უკან დაფენილი ხალიჩა გვერდზე გადმოათრია.

უკვე ძალიან გაცვეთილიყო თოკის სახელური, რომელიც იატაკში დატანებული პატარა კარის კუთხეზე დაემაგრებინათ.

მაგრად ასწია სახელური ნარამ და დაიღრჭიალეს კარის ანჯამებმა, რომელიც წამსვე ჩაყლაპა მოცეკვავეთა ღრიანცელმა, მუსიკის ხმამ და ქალის კვნესამ.

ძალიან ვიწრო გახლდათ მიწაში გაჭრილი ვერტიკალური გვირაბი, რომელშიც რკინის კიბე იდგა. კიბის გვერდზე ნათურების გარლანდა მიემაგრებინათ, და მქრქალი ლურჯი სინათლე ეფინებოდა დაღრეცილ, დაჟანგულ საფეხურებს, ოღრო-ჩოღრო მიწასა და ალაგ-ალაგ მიწაში გამოჩრილ, დაწყვეტილ სადენებს.

კიბეზე ჩაცოცდა ნარა. იატაკში გამოჭრილი კარი მოიხურა უკან.

ათიოდე წუთი მიცოცავდა. დროდადრო თვალებს ხუჭავდა, რომ კიბის მიღმა აღმართული, მასზე მოხვეული ვიწრო გვირაბი არ დაენახა, რომელიც თითქოს საკუთარ მუშტში უქადდა გაჭყლეტას.

ჩააღწია. ბოლო საფეხურიდან მიწაზე გადახტა, ამტვერებული ტანსაცმელი დაიფერთხა შეძლებისდაგვარად.

მერე კი ცარიელ შახტას დაუყვა. უკვე კარგა ხნის წინ წერაქვისა  და დრელისაგან დაბზარულ, ოღროჩოღრო კედლებს ყვითელ სინათლეს ჰფენდა გვირაბში ალაგ-ალაგ ჩამოკონწიალებული ნათურა.

ძალიან ციოდა და მაგრად შემოიხვია სხეულზე სველი პონჩო ნარამ.

ვეზუვის ბიბლიოთეკაზე წესით საერთოდ არ უნდა სცოდნოდა.

და საერთოდაც, ბიბლიოთეკა არ უნდა არსებულიყო.

იგაზან-ლაში წიგნები არ უნდა არსებულიყვნენ. გულაამს წიგნები არ უყვარდა. წიგნები მშრომელ სულს მოსპობენო, ეთქვა თურმე, ოდესღაც.

და ჯერ გარკვეული წიგნების წაკითხვა არ შეიძლებოდა.

მერე კი მხოლოდ გარკვეული წიგნების წაკითხვა იყო ნებადართული.

მერე კი საერთოდ აკრძალეს.

მთელ იგაზან-ლაში გასცა გულაამმა ბრძანება, რომ უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს წიგნები მოეტანა მათი რაიონის მთავარ მოედანზე, სადაც ყველაფერს დაწვავდნენ. ყოველ მაცხოვრებელს, ვინც წიგნებს მოიტანდა, აღრიცხავდნენ, გულაამისა და იგაზან-ლას ერთგულებისათვის შეაქებდნენ და ას კრედიტს გადაურიცხავდნენ.

ურჩებს, ვინც არ ცხადდებოდა მოედანზე, ულსტერი უვარდებოდა სახლში და მოედანზე მოათრევდა.

დაწვეს წიგნები.

და ადამიანებიც.

დღესასწაული იყო იმ ღამეს.

და ამბობდნენ თურმე, რომ არასოდეს ყოფილიყო იგაზან-ლა ასეთი უკუნეთით მოცული, როცა იმ დღეს, როცა დამწვარი ხორცისა და ფურცლების კვამლს შეეჭვარტლა ცის კამარა.

მაგრამ არ იცოდა გულაამმა, რომ ლერვიქენის რაიონში, მიტოვებულ შახტაში, რომელიც ამოეშენებინათ, ათასობით წიგნი შეეგროვებინათ მაცხოვრებლებს.

თუმცა, ზუსტად არ იცოდა ნარამ, აქ მხოლოდ ლერვიქენის რაიონიდან იყო მოგროვებული წიგნები თუ სხვა რაიონებთანაც ჰქონდა მაღაროს ამ ნაწილს კავშირი.

ალბათ არც ჰქონდა ამას მნიშვნელობა.

რაც იყო, იყო. და ასე ინახებოდნენ წიგნები ათწლეულების მანძილზე.

რამდენიმე წლის წინ მოიყვანა აქ რეჯინალდმა. მოიყვანა, ასწავლა თუ როგორ უნდა შემოსულიყო შიგნით და გააფრთხილა, რომ არასოდეს ამაზე კრინტი არ დაეძრა სადმე.

არც დაუძრავს ნარას. დროდადრო მოდიოდა. ღამღამობით ანდა თავისუფალ დღეებში. სახელდახელოდ აწყობილი ვეებერთელა თაროებიდან, მაღაროს შახტების თითქოსდა დაუსრულებელ ქსელში რომ მიიკლაკნებოდნენ, წიგნებს იღებდა.

მერე კი ნელ-ნელა კითხულობდა.  

სამარამ ასწავლა. თავშესაფარში მხოლოდ იმის წაკითხვას ასწავლიდნენ, რაც პოსტერებიდან უნდა გაეგოთ.  

იგაზან-ლას არ უყვარდა, ცოტა მაცხოვრებლები წერდნენ.

ამიტომ საჭმლის ფხვნილს გადაუსვამდა თხელ ფენად მაგიდაზე სამარა და მასში თითით წერდა ასოებს. ანდა გამორღვეულ ტანსაცმელს ძაფებს გამოაცლიდა და ძაფებით ასოებს ქმნიდა. ანდა პაწაწინა კენჭებით.

თვითონაც ვარჯიშობდა ნარა. ცდილობდა რაც შეიძლებოდა მეტი წაეკითხა.

სელინჯერი, მარკესი, კოლბერტი მოსწონდა.

შეიძლება ვერ ხვდებოდა ყველაფერს ბოლომდე, მაგრამ მოსწონდა. ისტორიის წიგნები და ენციკლოპედიები მოსწონდა.

აქ იპოვა პიროტექნიკაზე წიგნი, რომელზე დაყრდნობითაც ააწყო თავისი ასაფეთქებელი მოწყობილობები.

წესით, ფურცლები არ უნდა ამოეხია. ბიბლიოთეკიდან წიგნების, რვეულებისა თუ ფურცლების გატანა სასტიკად აკრძალული გახლდათ.

მაგრამ მაინც ამოხია რამდენიმე ფურცელი, რომლებზედაც პიროტექნიკის აწყობის საფუძვლები იყო აღწერილი. საგულდაგულოდ ჰქონდა მიჩქმალული ერთ-ერთ ყუთში.

ალბათ უნდა დაეტოვებინა. სხვა მსგავსი წიგნი არ ენახა.

რამდენჯერმე შეუხვია ნარამ. შახტაში გზის გაკვლევა თითქმის შეუძლებელი გახლდათ, იმდენჯერ იყოფოდა გზა.

ათიოდე წუთში მიაღწია გვირაბის იმ ნაწილამდე, საიდანაც თვალუწვდენელ სიგრძეზე გადაჭიმული, წიგნებით გაძეძგილი თაროები იწყებოდა. აქა-იქ ხედავდა რამდენიმე ადამიანს ნარა, რომლებიც ისეთივე შეფუთულები იყვნენ, როგორც თვითონ, წიგნებს არჩევდნენ, ანდა ალაგ-ალაგ სახელდახელოდ აწყობილ მაგიდებთან დამსხდარიყვნენ.

მათ ყურადღება არ მიაქცია. წიგნებს დაუწყო თვალიერება.

ყდის მიხედვით მოსწონდა წიგნის არჩევა.

თხუთმეტიოდე წუთი დადიოდა აქეთ-იქით, მქრქალ მოყვითალო შუქზე თვალებს ჭუტავდა და გაფაციცებით ათვალიერებდა თაროებს.

ბოლოს მიაგნო.

თეთრი, ერთიანად მოცვეთილი ყდა ჰქონდა წიგნს, რომელზეც ფერადი რგოლი ეხატა.

„დროის მოკლე ისტორია“.

თაროს ამოეფარა ნარა და იქვე ჩაჯდა, ფეხმორთხმული, ცივ ბეტონზე. მაგიდასთან არ უყვარდა კითხვა.

მერე კი წიგნი გადაშალა, თითის გაყოლებით, ნელ-ნელა კითხულობდა, უცხო სიტყვებს ჩურჩულით წარმოთქვამდა.

ყინავდა, და კანკალებდა სველ ტანსაცმელში ნარა, მაგრამ მაინც იჯდა და კითხულობდა.

თავისუფალი დღე ცხრა დღის მერე ექნებოდა მხოლოდ, ღამღამობით სიარულის თავი კი ნამდვილად არ ჰქონდა. არც სურვილი.

ბოლოს რომ გამოვიდა ღამე გარეთ, ვიღაც უსაქმურები რაღაცაზე აუშარდნენ და გვარიანად მიბეგვეს. მუნჯი ეგონათ.

თუმცა ხმა რომ ამოეღო და რომ მიმხვდარიყვნენ, რომ ქალი გახლდათ, შეიძლებოდა უარესად დამთავრებულიყო საქმე.  

ზედმეტი სიარულიც არ იყო ალბათ აქ კარგი. ვინმე ეჭვს აიღებდა.

კითხულობდა ნარა. არც კი იცოდა, თუ რამდენი ხნის მანძილზე.

კინაღამ ციფერბლატს დახედა დროის გასაგებად. მაგრამ დროზე გაახსენდა, რომ აქ ციფერბლატი არ მუშაობდა წესიერად.

თვალები გაუშტერდა ნარას. სტრიქონები მის თვალწინ გალღვნენ თითქოს, წიგნის გაყვითლებულ ფურცლებსა და ნათურების მოყვითალო სინათლეში გაიცრიცნენ.

იგრძნო.

ისევ.

რომ ვიღაც იყო ახლოს. მის გვერდით.

მიმოიხედა ნარამ. შორიახლოში არავინ ჭაჭანებდა, რასაკვირველია. მოშორებით მაღაროელი მისჯდომოდა მაგიდას, წიგნს ჩაჰკირკიტებდა.

უხერხულად შეიშმუშნა ნარა. თითქოს ვიღაც დაშტერებოდა.

მერე კი მოესმა.

ჯერ ვერ გაარჩია სიტყვები. ერთიანად გაშეშებული, თვალებგადმოკარკლული იჯდა, წიგნი ხელებში შეჰყინვოდა.

,გ…სმ… ე…მი’.

‘გ…ესმ…ს ჩ…მი?’

საიდანღაც ახლოდან ესმოდა.

‘გეს…ის ჩემი?’

ისე გაკრთა ნარა, რომ წიგნი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. კეპი აიწია და ელვის სისწრაფით მიმოიხედა, გაფაციცებით ატრიალებდა მზერას აქეთ-იქით.

არავინ ჩანდა. მაგიდასთან მჯდომარე კაცი ძალიან შორს გახლდათ.

ეს ხმა კი ისე ახლოს იყო, რომ თითქოს მის გვერდით იჯდა ვიღაც და ელაპარაკებოდა.

ანდა მის თავში.

‘გესმის ჩემი?’ უფრო მკაფიოდ მოესმა ანაზდად და ელვის სისწრაფით წამოვარდა ფეხზე, მიმოტრიალდა. ერთიანად კანკალებდა, ძვლებამდე გაჰყინვოდა შიშისაგან სხეული.

მამაკაცის ხმა იყო.

გარშემო კი არავინ ჩანდა.

არა.

არა, არა, არა, არა.

ნუთუ მოეჩვენა?

არა, არ მოსჩვენებია. ზედმეტად მკაფიოდ გაიგონა სიტყვები.

თავში ესმოდა თითქოს.

ალბათ გაგიჟდა. გაგიჟდა, გაგიჟდა, მთლად შეიშალა…

,არ გაგიჟებულხარ’. ჩაესმა ანაზდად. ‘გესმის?’

თვალები გადმოეკარკლა ნარას. პირი გამოუშრა, მყისიერად, ცივმა ოფლმა დაასხა, მთელი ძალით მობღუჯა თითებში წიგნი. მუხლები მოეკვეთა და მოწყვეტით დაეხეთქა ცივ მიწაზე.

თავი გადააქნია და მაგრად დახუჭა თვალები, ყურებზე ხელები აიფარა. სული მოეხუთა, სწრაფი, ზედაპირული, აკანკალებული იყო თითოეული სუნთქვა, მის პირს რომ სწყდებოდა.

ყურისწამღები წუილი ჩაუდგა ყურებში. მეტი არც არაფერი ესმოდა. მხოლოდ წუილი და მისი არეული, უთავბოლო კორიანტელად ქცეული ფიქრების კაკაფონია.

თავზარი დასცა საკუთარი გონების სისასტიკემ.

რაღაცები ესმოდა. ეჩვენებოდა.

მართლა შეიშალა. ელოდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა.

შეიშალა. რაღაცები ესმოდა.

ალბათ მალე დაინახავდა ისეთ რამეს, რაც არ არსებობდა.

დაავიწყდებოდა.

მაღაროდან გამოუშვებდნენ.

მერე კი საკუთარ ლოგინში ჩალპებოდა.

თითები მოეკრუნჩხა ნარას, თვალებში ჩამოუბნელდა, ხროტინითღა აღწევდა გარეთ თითოეული მისი სუნთქვა.

საკუთარ ლოგინში ჩალპებოდა.

საკუთარ ლოგინში ჩალპებოდა…

ბუნდოვანი ნაბიჯების ხმამ გამოარღვია ანაზდად ბურუსი, მის ცნობიერებაში შემოიჭრა.

-შენ მაღაროში არ მუშაობ? – მოესმა გვერდიდან ანაზდად.

შეცბა ნარა, მყისიერად გამოფხიზლდა, ისე გამოგლიჯეს სიტყვებმა საკუთარ ფიქრებს.

აიხედა.

ვიღაც კაცი იდგა. მწვანე უნიფორმა ეცვა, ნიღაბი ეკეთა. მოკლედ შეჭრილი თმა აქეთ-იქით გასჩეჩოდა და დაჟინებით დაჰყურებდა ცივი ცისფერი თვალებით. ხელში წიგნი ჩაებღუჯა, და ყდაზე ამოტვიფრული „1984“ დალანდა ნარამ.

-რა გინდა? – დაუყეფა მან. ლაპარაკის არც თავი ჰქონდა და არც სურვილი.

სწრაფად წამოვარდა ფეხზე. იატაკზე რომ დარჩენილიყო, ბევრად უფრო იოლად ჩაწიხლავდნენ.

-მაღაროელი ხარ ხომ? მე მემანქანე ვარ. – საკუთარ უნიფორმაზე მიუთითა კაცმა.

თითქოს თვალები არ ჰქონოდა ნარას.

არაფერი უპასუხა.

მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ კაცზე ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. კვლავ იდგა და დაჟინებით შესცქეროდა.

-მე ჰელმარი ვარ. – უთხრა მან.

შედრკა ნარა. ჰელმარზე გაეგონა.

რევოლუციონერი.

ამის გაფიქრებაც კი ეხამუშებოდა ნარას.

სიტყვა „რევოლუცია“ არ უნდა სცოდნოდა. არც უნდა არსებულიყო.

მაგრამ იცოდა.

ჰელმარს კი ამ სიტყვის განხორციელება სურდა.

უკვე წლების მანძილზე ესმოდა ჭორები ნარას. ჩურჩული, რომელიც მაღაროების, კლუბებისა და კორპუსებიც ბნელ კუთხეებში იკარგებოდა, იცრიცებოდა ხალხის ღრიანცელს, მატარებლის გუგუნსა და წერაქვის ხათქუნში.

მაგრამ, იმის მიუხედავად რომ ჭორები მუდამ იღვენთებოდა გარემოს აურზაურში, მათ  ბოლო არ უჩანდა.

და იცოდა ნარამ, რომ არც ექნებოდა ამას ბოლო.

ჰელმარს სურდა რევოლუციონერი ყოფილიყო. და მარტო არ გახლდათ.

-ვიცი ვინც ხარ. – თქვა ნარამ. – რა გინდა?

-შენი სახელი არ ვიცი. – უთხრა ჰელმარმა.

-არ გჭირდება.

-იქნებ მჭირდება.

-რა გინდა? – გაუმეორა ნარამ.

-აქედან რამე ხომ არ გაგიტანია? – ჰკითხა ჰელმარმა.

-არა. – თქვა ნარამ.

-დარწმუნებული ხარ?

იცოდა ნარამ, თუ რას გულისხმობდა.

იმ ფურცლებს გულისხმობდა.

-დარწმუნებული ვარ. – თქვა ნარამ.

ჰელმარი კვლავ დაჟინებით შეჰყურებდა მისი ცივი თვალებით.

და ერთი ნაკვთიც არ შერხევია საპასუხოდ ნარას.

-გინდა კიდევ რამე? – ჰკითხა მან.

ჰელმარს არაფერი უთქვამს. მხრები აიჩეჩა და მიტრიალდა, შახტას დაუყვა.

წიგნი დახურა ნარამ და თაროზე შემოდო, მერე კი გასასვლელისაკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით.

ესღა აკლდა.

ის ფურცლები სჭირდებოდა ჰელმარს. ასაფეთქებლის ინსტრუქციები.

და იცოდა, რომ ნარას ჰქონდა ადრე ის წიგნი.

არა, არა. ჰელმარზე, რევოლუციაზე და მსგავს სისულელეებზე არ უნდა ეფიქრა.

ის შეგრძნებაც გამქრალიყო. იქნებ ჰელმარი ადევნებდა თვალს და ვერ შეამჩნია? იქნებ საიდანღაც უთვალთვალებდა და ნარამ უბრალოდ ქვეცნობიერად იგრძნო?

არა, არა. დაინახავდა.

ხმები მაინც აღარ ესმოდა.

მაგრამ იცოდა რომ გაიგონებდა.

არ შეწყდებოდნენ.

რადიოაქტიური გამოსხივების შედეგები ძალიან კარგად იცოდა ნარამ.

ენახა დამპალი, თითქოსდა ჩამომდნარი ხორცი, ენახა სიმსივნე, ენახა ნელ-ნელა პარალიზებული მუშები, ენახა ავადმყოფები, სისხლს რომ ანთხევდნენ.

ისიც ენახა, თუ როგორ იშლებოდნენ ნელ-ნელა. რაღაცები ავიწყდებოდათ. რაღაცებს ხედავდნენ. რაღაცები ესმოდათ.

ალბათ სწორედ ეს ელოდა.

ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ნარამ, კიბის ბოლო საფეხურზე შედგა ფეხი.

ახლა იწყებოდა ყველაფერი.

ანდა მთავრდებოდა.

თვალები დახუჭა ნარამ და ნელ-ნელა დაინთქა ვეზუვის ბიბლიოთეკიდან გამავალი გვირაბის მოიისფრო წყვდიადში.

.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-*-

ანაზდად გამოეღვიძა ნარას.

სასიამოვნო, არარსებულ წყვდიადში ცურავდა, რომელიც ელვის სისწრაფით შემოეძარცვა.

ზურგზე იწვა, ჭერს აჰყურებდა. ფანჯრიდან ლურჯი სინათლე იღვრებოდა და რუხი, მოლურჯო შუქჩრდილი მოჰფენოდა ოთახს.

არ ცახცახებდნენ კედლები. სიწყნარე იდგა, მატარებლის გუგუნი არ ესმოდა ნარას.

თვალები დაახამხამა, დაბნეულმა, მარჯვენა ხელი აღმართა.

ცისფრად აციმციმდა ციფერბლატი.

130, 239; 01:47.

წამოჯდა ნარა, თვალები მოიფშვნიტა.

არა, არა. არ ეშლებოდა. ციფერბლატზე კვლავ 01:47 იყო გამოსახული.

ამ დროს არ ეღვიძებოდა.

აღარც ახსოვდა, ბოლოს როდის გაეღვიძა ღამით.

სამსახურის შემდეგ ყოველთვის ქანცგაწყვეტილი იყო. და მკვდარივით ეძინა, სანამ მატარებელი არ გაივლიდა დილის ხუთის ნახევარზე კორპუსთან.

გვიან დაიძინა. მაგრამ უძილობასა და დაღლილობა თითქოს სადღაც აორთქლებულიყო. უცნაურად ფხიზლად გრძნობდა თავს.

ცოტა ხანი მიწვა, მაგრამ ამაოდ. არ ეძინებოდა.

ბოლოს წამოდგა. შარვალი ბარძაყებამდე ჩასცურებოდა თითქმის, სწრაფად ამოიქაჩა.

ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფანჯარას და გამოაღო. წამსვე ყინულოვანი ჰაერი მოეფინა სხეულზე და თმა ყალყზე დაუდგა ნარას, მხრები აიწურა, გაცვეთილი მაისური ცალ მხარზე ჩამოუცურდა.

ფანჯრის რაფას დაეყრდნო. რუხ ღრუბლებს დაეფარათ ცა და ოდნავ წინწკლავდა. ნისლი ჩამოწოლილიყო იგაზან-ლაში და მხოლოდღა რძისფერ ლაქად მოჩანდა იფლიჰემის შორეული გუმბათი.

მოტოციკლეტის გუგუნი მოესმა ნარას, ქვემოთ დაიხედა. ლურჯად ალაპლაპებულიყო მოლიპული ქუჩა და რამდენიმე გამვლელი მიიჩქაროდა ქვაფენილზე.

მერე კი შეამჩნია.

შავი ფურგონი. რომელსაც უკან მოჰყვებოდა რამდენიმე მოტოციკლეტი.

ულსტერი.

თვალი მიადევნა ნარამ. ელოდა, რომ ჩაივლიდა ფურგონი.

მაგრამ არა.

შემოუხვია ფურგონმა და პირდაპირ მათი კორპუსის შესასვლელის მიმართულებით აიღო გეზი.

ულსტერი აქ მოდიოდა.

ელვის სისწრაფით გახტა უკან ნარა. წაიფორხილა, კინაღამ დაეცა, ელდანაცემმა მაგიდის კუთხეს სტაცა ხელი, ძლივს შეიმაგრა თავი.

ულსტერი აქ მოდიოდა.

კარგა ხანი იყო რაც არ მოსულიყვნენ.

რა უნდა ნდომოდათ? ვისთან მიდიოდნენ?

შეიძლებოდა აქ უნდოდათ მოსვლა.

გული ძალუმად უცემდა ნარას, ცივმა ოფლმა დაასხა.

წამსვე თაროებს ეცა, ერთ-ერთ ყუთში ჩაჰყო ხელი და ბატარეების, სადენების, მილებისა და სხვა ათასი ხარახურის ქვეშ მიჩურთული ფურცლები ამოაძვრინა, სწრაფად გადაავლო მათ თვალი.

მერე კი მაგრად მოკუჭა ხელებში ფურცლები და პირში შეიტენა.

და მტვერივით დადნა გაცრეცილი ქაღალდი მის პირში.

გამალებით ღეჭავდა ნარა, ძლივს გადაყლაპა. მხოლოდ ჩვეულებრივი საჭმლის ჭამას იყო მიჩვეული.

მერე კი კვლავ ლოგინში შეგორდა, ხელახლა გადაიფარა ტანსაცმელიც და საბანიც.

ჩაყუჩდა.

თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა წყვდიადში შებურულ კარს, რომელიც უძირო უფსკრულად ეჩვენებოდა. უფსკრულად, რომლის წიაღიდანაც მალევე ამოსკდებოდნენ ეშმაკები.

ულსტერი ყოველთვის კარიდან შემოდიოდა.

ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში ნარას. საკუთარი გულისცემა უგუგუნებდა ყურებში, თითქოს ზედ დასწოლოდა სულშემხუთავი, სიჩუმით აღსავსე მოლურჯო წყვდიადი.

წყლის ფილტრიდან წყალის წკაპაწკუპი.

ქარის ზუზუნი ღია ფანჯარაში.

მისი გულის აჩქარებული, რიტმული გულისცემა.

რასაც ანაზდად დერეფანში ჩუმი ნაბიჯების ხმა დაემატა, რომელსაც თითქმის ვერც გაიგონებდა ნარა, კორპუსში თითოეულ გაფაჩუნებაზე რომ არ ყოფილიყო მუდამ გაფაციცებული.

მოვიდნენ.

თვალები მაგრად დახუჭა ნარამ და ნიკაპის ქვეშ ჩაიხვია საბანი.

მერე კი ხმამაღალი ზათქით შემოლეწეს კარი, რასაც ანჯამების გამაყრუებელი ღრჭიალი და დაწყვეტილი სადენების ზუზუნი მოჰყვა.

და ღია კარიდან შემოღვრილ, ლერვიქენის მოლურჯო სინათლისა და სადენების ნაპერწკალთა ფონზე შავბნელი იყო ულსტერის მებრძოლთა თითოეული სილუეტი.

წამოვარდა ნარა, ელვის სისწრაფით გაფოფხდა უკან, მუხლები ფეხები აიკეცა, კედელს მიეკრა. მკერდიდან გადმოხეთქილი კივილი ყელში გაეჩხირა, ხროტინიღა აღმოხდა მხოლოდ.

აზრი არ ჰქონდა ყვირილს.

თვალებგადმოკარკლული, თვალის დაუხამხამებლად მიშტერებოდა მათ, კედელზე მიბჯენილ ხელისგულებზე ცივმა ოფლმა გამოჟონა.

სამნი იყვნენ. ჩაფხუტები ეხურათ და ნიღბები ეკეთათ, მათ თვალებსაც კი ვერ ხედავდა ნარა.

ავტომატები ეჭირათ.

თვალის დახამხამებაში მოუახლოვდნენ. ელვის უსწრაფესად მოძრაობდნენ.

და ისე აზიდულიყვნენ მის თავზე, თითქოს ვეებერთელა აჩრდილები.

ერთიანად კანკალებდა ნარა. გამომშრალი ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, მთელი სხეული გაჰყინვოდა, თითქოს ტყვია ჩაღვროდა თითოეულ დაჭიმულ კუნთში. გრძნობდა, თუ როგორ ბურღავდა მათი მზერა და საშინლად შიშვლად გრძნობდა თავს, მისი უნიღბო სახით, ჩამოშლილი თმითა და მხარზე ჩამოცურებული მაისურით.

-ნომერი? – ჰკითხა ერთმა.

-ა, ზეტი, ზეტი, ნული ერთი ნული ოთხი ორი ნული შვიდი რვა ორი ხუთი ცხრა. – ამოილუღლუღა ნარამ.

-ციფერბლატის ნომერი? – ჰკითხა მეორემ.

-ხუთი ორი ექვსი შვიდი ცხრა.

-ესაა. – განაცხადა პირველმა. – ასაფეთქებელი მოწყობილობები სად გაქვს?

-რაო? – კინაღამ ენა დაება ნარას. – რა ასაფეთქებლები?

გაეცინა პირველს.  

მერე კი ანაზდად სტაცა ერთმა მკლავში ხელი და ისე ძლიერად მოქაჩა, რომ წამსვე წამოათრია ლოგინიდან, ტკივილისაგან უნებურად გმინვა აღმოხდა ნარას.

ძალიან ცხელი იყო ულსტერის ხელთათმანი მის კანზე.

მერე კი ხელი უშვეს, კედელთან მიაგდეს და არ გაინძრეო, უბრძანეს.

ადგილს მიელურსმა ნარა, მთელი სხეული უთრთოდა, ცივ ოფლს გამოეჟონა შუბლსა და ზურგზე. თითქმის ვეღარც გრძნობდა მის ფეხქვეშ ცივ, უხეშ ბეტონს.

მერე კი ლოგინის გაქუცულ ლეიბს სწვდა ერთი და ერთი ხელის მოქნევით მიაგდო გვერდით. მოულოდნელობისაგან ადგილზე შეხტა ნარა.

მეორე თაროებს მიადგა. მესამე მაგიდას.

თაროები გადმოაყირავეს. თითოეული ყუთი გადმოაპირქვავეს, მისი გაჭირვებით აწყობილი წყლის ფილტრი ჩამოგლიჯეს ჭერიდან. მაგიდა ხმამაღალი ზათქით გადმოაბრუნეს. მის სამალავსაც მიაგნეს კედელში, საჭმლის პაკეტები გადმოყარეს.

და გრძნობდა ნარა, თუ როგორ გამალებით ადევნებდნენ თვალს, კუნთის გატოკებასაც კი ვერ ბედავდა.

ასაფეთქებლებს ეძებდნენ.

საიდანღაც გაიგეს. ან დაინახეს, ან ვიღაცამ რამე უთხრა მათ.

ამჯერად ასე იოლად ვერ გამოძვრებოდა. ამჯერად ელექტროშოკით არ შემოიფარგლებოდნენ.

იქნებ ასე სჯობდა.

გამომშრალი ტუჩები მოილოკა ნარამ. მუხლები უთრთოდა, თვალებში ჩამოუბნელდა.

მერე კი ფანჯარას მიუახლოვდა ერთ-ერთი. ჩხაკუნით დაამაგრა რაღაც უცხო მოწყობილობა რაფაზე.

მერე კი გამოხედა. ხელი გამოუწოდა.

ჩაფხუტის ქვეშ ჩამოწოლილ წყვდიადს, სადაც თვალები უნდა ყოფილიყო წესით, მზერა გაუსწორა ნარამ.

მაგრამ თვალებს ვერ ხედავდა. ხედავდა მხოლოდ წყვდიადს, უკუნს, რომლითაც შემოსილიყო ულსტერი თხემით ტერფამდე.

და ამ უკუნში, ისევე როგორც იგაზან-ლას ცაში, ერთი ვარსკვლავიც კი არ ციალებდა.

-აქ მოდი. – უთხრა მებრძოლმა. ტონში მოუთმენლობა ეტყობოდა.

ნიკაპი აუთრთოლდა ნარას. ერთიანად გამომშრალიყო, თორემ ალბათ ცრემლები მოაწვებოდა თვალებში. მუხლები უკანკალებდა, ძლივს ააგლიჯა თავი იმ ადგილს, რომელსაც მიჰყინვოდა, მებრძოლისაკენ გადადგა ფრთხილი ნაბიჯი.

მან კი ელვის სისწრაფით სტაცა ხელი, მოქაჩა და მის წელზე შემოხვეული ძლიერი მკლავით აიკრა ზედ.

მის მხართან ჰქონდა თავი ნარას, მკლავები უმოძრაოდ დაშვებულიყვნენ მის ფერდებთან.

ძალიან უხეში იყო ულსტერის სამოსი.

და ძალიან ცხელი იყო მისი სხეული, უსიამოვნოდაც კი. თუმცა აშკარა გახლდათ, რომ სიცივის მეტს არაფერს ატარებდა იგი.

თვალებგადმოკარკლული, გაშეშებული აჰყურებდა მას ნარა.

ფანჯრის რაფაზე დამაგრებულ მოწყობილობას სწვდა მებრძოლი, მისი გვერდიდან თოკი გამოაძრო.

მერე კი უფრო მაგრად მოსჭიდა მკლავი, დაიხარა და ხმამაღალი ზათქით დაჰკრა იატაკს ფეხები, ფანჯარას გადაევლო.

და ისე შემოჰკრა ყინულოვანმა ჰაერმა ფეხებზე ნარას, როგორც მათრახის ავარვარებულმა კვალმა. წამოიყვირა მოულოდნელობისაგან, გაოგნებულმა, მთელი ძალით ჩაებღაუჭა ულსტერის მხრებს.

ქვემოთ მიქროდნენ, მიწისაკენ.

მოწყვეტით აიხედა ზემოთ ნარამ. უფრო და უფრო შორდებოდა კორპუსის წვერსა და რუხი ღრუბლებით დაფარულ ცის კამარას, საკუთარ აწეწილ, ქარში მოტკარცალე თმას, მასში გადახლართულ ულსტერის მებრძოლის მკლავსა და მის მაჯაზე მოხვეულ თოკს ხედავდა, რომელიც მისი ბინის ფანჯარამდე აჭიმულიყო.

და ნელ-ნელა გრძელდებოდა.

მერე კი ანაზდად დაეხეთქნენ მიწაზე, ისე ძლიერად რომ შიგნეული შეუყანყალდა ნარას, გმინვა აღმოხდა. მებრძოლს კრინტიც კი არ დაუძრავს, მაგრად დაიჭირა და შეუჩერებლად, სწრაფი ნაბიჯით გაემართა წინ.

ძლივს მოატრიალა თავი ნარამ. ფურგონისაკენ მიდიოდნენ.

კარი უკვე ღია იყო. რამდენიმე მებრძოლი დალანდა შიგნით ნარამ.

მიჰყავდათ. უნდა დაეკითხათ.

ბინაში ის ვერ იპოვეს, რასაც ეძებდნენ.

ამიტომ ეცდებოდნენ, რომ მისგან გამოეძალათ ყველაფერი. იქნებ მოკვლასაც უპირებდნენ.

ალბათ მალევე ჩაყრიდნენ მის ძვლებს ცივ მიწაში.

თვალებში უბნელდებოდა ნარას. ისე აკანკალდა, რომ კუნთები უხტოდა.

ისევ ის შეგრძნება მოერია. თითქოს ვიღაც იყო სულ ახლოს, ისე ახლოს, რომ პირდაპირ მის თავში იჯდა.

მერე კი მოესმა.

‘ნუ გეშინია’.

გაშრა ნარა, გაქვავდა. თითქოს ყინულოვანი წვიმა უჩქეფდა ძარღვებში ცხელი სისხლის ნაცვლად. ვერ ინძრეოდა, ვეღარ ფიქრობდა, მხოლოდ აღრიალებული, დანაკუწებული სიტყვების კორიანტელად ქცეულიყო მისი გონება.

ფურგონში შესვა მებრძოლმა, სხვებს რაღაც ანიშნა.

და კვლავ წყვდიადით აღსავსე იყო მისი სილუეტი ქუჩის ლურჯ სინათლეზე.

თავი ააღირა ანაზდად მებრძოლმა და ისე გაიელვეს წამიერად მისმა თვალებმა, როგორც გაიას ვარსკვლავმა იგაზან-ლას ცაზე.

ყოველგვარი სინათლე ფუჭი და ყალბი გახლდათ.

მებრძოლი პირდაპირ მას შეჰყურებდა.

‘ნუ გეშინია’.

ფურგონის კარი ხმამაღალი ზათქით დაიხურა.

და ყველაფერი მოიცვა წყვდიადმა.

2 thoughts on “ცოცხალი ჟანგი (თავი 2)

  1. საინტერესოა ნარას რა ელის თუმცა მგონია ახლა უფრო შარი აიკიდა. ის ვინც მას უთვალთვალებს უფრო საეჭვო გახადა ვიდრე აქამდე იყო. ვნახოთ რას მიაღწევენ და რას გააკეთებს ნარა. ძალიან დამაინტერესა და ჩამითრია.
    აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა მაგრამ ამად ღირდა.🤗

    Like

  2. აუუ ძანნ მომწონსსს ყველანაირ ყველაფერს რო მოწყვეტილია და სულ სულ სხვა გალაქტიკაა ეს ისტორიაა😍 ლატარიამ დამაეჭვაა რაღაც და იფლიჰემმაც ისეთი სახელი აქ კაი უნდა გეგონოს მარა აი რაღაც აღარ მიმიწევს მაგის სიკარგისკენ გულიი🧐 აი ნარას შეგრძნებებზე თითქოს ვიცოდი როო ულსტერის ერთერთი წევრი იქნებოდა აი რაღაც მეც გული მიგრძნობდა😂 იმ რევოლუციონერზეც დავფიქრდებიი მგონიი ძან საეჭვოდ ჰკითხა ნარას და ულსტერები თუ მაგისი გაშვებულია სახლში ვცემ🤌🏻🤌🏻 მარა ნეტა ულსტერები ესე ვინმეს ნათქვამზე დადიან ალბათ არა 🧐 ნუ რაღაც ძააან კაი დაა ძაან დასაფიქრებელიააა დაა მომწონსსს❤️❤️ გელი გელიი მოგელიიი შემდეგ თავამდეე❤️❤️

    Like

დატოვე კომენტარი