მზესუმზირები (ნაწილი 6)

Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author.

ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

მეექვსე ნაწილის თემა

.

.

.

VII – ECMO

-*-*-*-*-*-*-*-*-

– 03.04.2025 –

08:30.

ოდნავ მოყვითალო იყო მაგნეტრეზონანსული ტომოგრაფის შიდა კორპუსი, ბზინავდა.

ყურისწამღებად გუგუნებდა აპარატი, ყურსაცვამებიდან, რომლებიც გამოკვლევამდე ლევანის თავზე მოერგოთ, კანტიკუნტად ისმოდა მუსიკის ხმა.

გუგუნი მაგნეტრეზონანსული ტომოგრაფის რიტმულმა, ხმამაღალმა ტკაცუნმა შეცვალა და თვალები დახუჭა ლევანმა.

წამსვე ამოუტივტივდა თვალწინ ის ყველაფერი, რაც პირველ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა. ყველაფერი, რაც ყოველ თავისუფალ წუთს უდგებოდა თვალწინ.

მონიტორის ყურისწამღები წუილი, ეკრანზე გამოსახული ასისტოლია, და მის ხელებქვეშ ქეთის ჩამსხვრეული ნეკნების აუტანელი ღრჭიალი. შუბლზე მოწოლილი ცივი ოფლი, მკერდში გამჯდარი სიმძიმე და ის შემაძრწუნებელი სასოწარკვეთა, ერთიანად რომ მოიცვა.

მის აზრიალებულ თავში, აუტანელი ტკივილის საფარველიდან გამოხეთქილი, დაუოკებელი მანტრა, რომ ეს ყველაფერი ასე არ უნდა დამთავრებულიყო.

მის ხელისგულში ამოხველებული, სისხლით დაფარული მზესუმზირა.

სინუსური რითმი მონიტორზე, ქეთის ამუშავებული გულისაგან გამოსროლილი სისხლით დაფერილი ტუჩები და მის თმაზე დამდგარი მზის სხივი, მის კულულებს რომ ოქროსფერ ელფერს სდებდა.

ლევანის სხეულში თითოეული უჯრედის მომცველი შვება, რომელმაც შეძრა ერთიანად.

ქეთის საწოლის ანგიოგრაფიაში გარახრახება. სისხლმდინარე არტერიის კოილინგი.

და იმ თავზარდამცემი რეალობის გაცნობიერება, რომელზეც არ სურდა რომ ქეთის სიკვდილის მომენტში ეფიქრა.

ქეთი ჯერ დაასტაბილურეს. იმ საღამოსვე კი სუნთქვის უკმარისობის გამწვავების გამო ეკმოზე გადაიყვანეს.

ვეღარ სუნთქავდნენ მისი ფილტვები, მეორე დღეს გადაღებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ორივე ფილტვში უფრო ღრმად გაედგა ფესვები ჰანაჰაკის დაავადებას. ფილტვების ნორმალური პარენქიმა თითქმის აღარ ჩანდა.

ინტუბირება არ იყო საკმარისი. ეკმოს რიტმულად მოჩხაკუნე აპარატი კვებავდა ქეთის სისხლს ჟანგბადით.

და იწვა ქეთი, უამრავი ელექტროდი, სადენი, წვეთოვნები პერფუზორებით, კათეტერი და ეკმოს ვეებერთელა, ორი კანულა უერთდებოდა მის სხეულს. კვლავ დაეწებებინათ მისი თვალები გამჭირვალე საწებავი ლენტით, სველი ბამბით უსველებდნენ გამომშრალ პირს, სპეციალური ბალიშები შეეტენათ მის ქვეშ, რათა ნაწოლებისაგან დაეცვათ მისი ჩარჩოზე გადაჭიმული ტილოსავით ფარატინა კანი.

პირველი ერთი კვირის მანძილზე ერთიანად გამოფიტული, ყოველგვარი მოტივაციის, ენერგიისა და ფიქრებისაგან დაცლილი იყო ლევანი. ავტომატურად აკეთებდა თავის საქმეს, დალასლასებდა სტაციონარს, კვლევებსა და პოლიკლინიკას შორის, ჭამას აძალებდა საკუთარ თავს, თვალებგაშტერებული იდგა გამოსაცვლელ ოთახში შხაპის ჭავლის ქვეშ, მერე კი მთელი ღამეები იჯდა ქეთის საწოლთან. სანახევროდ არც კი ესმოდა, თუ რას აკეთებდა, ან თუ რა უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი ნაცრისფერ ბურუსს მოეცვა.

შეჰყურებდა ქეთის ხელოვნურად მძინარე სახეს და თან სურდა გაეცნობიერებინა ყველაფერი, რაც მოხდა, თან ცდილობდა თავი შეეკავებინა ამისაგან. მისკენ გამოქანებულ უროებს წააგავდნენ მოგონებები და ის ბნელი წინათგრძნობა აძრწუნებდა, რომელიც აუცილებლად ახდებოდა.

ანდა უკვე აუხდა.

მასაც სჭირდა ჰანაჰაკის დაავადება.

არადა არ უგრძვნია.

ჰანაჰაკის დაავადებისათვის სიყვარული იყო საჭირო.

არ გრძნობდა. ყოველ შემთხვევაში ასე ეგონა. ქეთიზე ფიქრობდა. ბევრს ფიქრობდა. როცა მის გვერდით იყო, როცა ცდილობდა მას დახმარებოდა, იმას აკეთებდა, რაც საჭირო გახლდათ, რაც უნდა გაეკეთებინა, რაც ობიექტურად სწორი საქციელი იყო. მაგრამ სიყვარული სულ სხვა რამე უნდა ყოფილიყო. სულ სხვანაირი. რომ ყვარებოდა, მიხვდებოდა. ალბათ.

ანდა არ უნდა ყოფილიყო სხვანაირი რამ. იქნებ სწორედ მასზე ფიქრი და მის გვერდით ყოფნა იყო ყველაფერი, რაც საჭირო გახლდათ.

ის სასოწარკვეთა, რომელიც პირველ რეანიმაციულში განიცადა. ის ცხოველური ხმა, რომელმაც მისი მკერდიდან ამოხეთქა, როცა ქეთის გულის მასაჟის დროს ბრძანებებს იძლეოდა. ის ბოლო, მისი გამოფიტული სხეულის შორეული, ბნელი კუთხიდან გამოწურული ძალა, რომლითაც ქეთის ათი წუთი უკეთებდა მასაჟს. ის აურზაური, რომელმაც მის თავში დაისადგურა, როცა ქეთის ლოგინს ძალით მოაგლიჯეს და მას შეჰყურებდა, გამტკნარებული.

იქნებ ეს ყველაფერი იყო საკმარისი.

ადრე დაიფიცებდა, რომ მისდამი არანაირი განსაკუთრებული გრძნობები არ გააჩნდა.

ახლა აღარ იყო ამაში დარწმუნებული.

სიმართლეს პირს ვერ აქცევდა. სიყვარულს უარყოფდა თუ არა, ვერაფერს შეცვლიდა ამით. ჰანაჰაკის დაავადება მის ფილტვებშიც განვითარებულიყო, ამის ფიზიკური მტკიცებულება ლევანის ხელში იყო იმ დილით.

ის ერთადერთი, სისხლით მოსვრილი პაწაწინა მზესუმზირა.

და ქეთის გარდა ვერავინ იქნებოდა ამის მიზეზი.

ვერსად გაექცეოდა ამას და არც აპირებდა გაქცევას, როცა ქეთის ღამეებს უთევდა.

ერთმანეთს შერეოდა ის საშინელი შეძრწუნება, შვება, რომელმაც თითქოს მიწა გამოაცალა ფეხქვეშ და მათ დაყოლილი, გაოგნების საბურველში გახვეული, თავზარდამცემი გაცნობიერება იმისა, რომ ფილტვებში ყვავილები ეზრდებოდა.

მზესუმზირები.

თვალები გაახილა ლევანმა.

ნელ-ნელა მინავლდა მაგნეტურრეზონანსური ტომოგრაფის გუგუნი, მის ქვეშ მოძრავი მაგიდა სისინით გამოცურდა აპარატის კორპუსიდან.

ნელა წამოჯდა. თავბრუ დაეხვა, ყურსაცვამები მოიძრო.

ტექნიკოსები შემოვიდნენ, კანულა გამოუღეს ვენიდან, სუფთად შეუხვიეს. უცნაურად უყურებდნენ, აშკარად იცოდნენ თუ რა სჭირდა. დაარიგეს, პასუხი ალბათ დღეს იქნებაო, მერე კი კაბინეტიდან გაუშვეს.

განყოფილებაში წალასლასდა ლევანი.

ბატონი გურამი ბოლო ორი კვირის მანძილზე ახალ პაციენტებს აღარ აძლევდა, რის გამოც ოდნავ მინავლებულიყო მისი სამსახურის ინტენსიურობა.

ალბათ გავრცელებულიყო ხმა კლინიკაში, რომ ლევანმა ქეთი ემერჯენსში მიიყვანა. რომ მისი მინდობილობა ჰქონდა. რომ თავისუფალი დროის გამოჩენისას მაშინვე პირველ რეანიმაციულში გარბოდა. რომ თვითონ დაიწყო გულის მასაჟი.

ალბათ ისიც გაიგო ყველამ, რომ ჰანაჰაკის დაავადება ჰქონდა.

მაგრამ ეს აღარ აინტერესებდა ლევანს. არც სხვების აზრი აინტერესებდა, არც ბატონი გურამის მიზეზები და არც ის, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ მისთვის, თუ აპირებდნენ საერთოდ.

უფრო მეტი დრო ჰქონდა რომ დამჯდარიყო, ეძინა, ეჭამა და დაესვენა.

მაგრამ ჭამის, დასვენებისა და ძილისათვისაც კი აღარ ჰქონდა ენერგია.

სხეული მუდამ მზადყოფნაში, გაჭიმული ზამბარასავით დაძაბვოდა და, ამავდროულად, ისეთ დაღლილობას მოეცვა, აქამდე რომ არ ეგრძნო. ვეღარ გაეგო, ჰანაჰაკის დაავადების გამო იყო ეს თუ ყველაფერი გადატანილის, სტრესის, გათენებული ღამეების გამო.

თითქოს აზვირთებული ზღვა ღელავდა მასში და თითოეულ ტალღას ახალი ემოცია მოჰქონდა, გაოგნება იყო ეს, შვება თუ უცაბედი სასოწარკვეთილება. ბოლომდე ვერც კი გაეთავისებინა ყველაფერი ალბათ.

ჰანაჰაკის დაავადების გვერდიდან ყურებაც კი ზარავდა, ახლა კი იმ აზრს უნდა შეგუებოდა, რომ საკუთარ გულმკერდში ფესვს იდგამდნენ ყვავილები.

და არა მარტო გულმკერდში.

ქეთის ეკმოზე გადაყვანიდან მეორე დღეს ეკა მოვიდა კარდიოლოგიის განყოფილებაში. დაჟინებით მოითხოვა მასთან დალაპარაკება.

არ უნდოდა ლევანს. იმ დღეს არაფერი უნდოდა, ყველაფრის თავიდან ამოგდების გარდა.

უნდოდა ის მზესუმზირა დაევიწყებინა.

მაგრამ ეკა არ მოეშვა. ყოველდღე დაბარებულივით გამოცხადდებოდა ადგილზე, ისე შეუჩნდა, რომ ორი კვირის წინ კომპიუტერული გადააღებინა.

ჰანაჰაკის დაავადება.

ფილტვებისა და ღვიძლის დაზიანებით, პარააორტალურ სივრცეში გავრცელებული.

კარგად იცოდა ლევანმა, თუ რას ნიშნავდა ასეთი პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ცივი, სამედიცინო ასპექტიდან დანახული გაცნობიერება იყო, პაციენტის დაავადების დანახვისას რომ მისი მკურნალობის პერსპექტიულობა თუ უპერსპექტივობა რომ წარმოუდგებოდა თვალწინ. ისე კითხულობდა კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხს, თითქოს თვითონ არ ყოფილიყო კვლევის ობიექტი.

არ სურდა, რომ ბოლომდე გაეცნობიერებინა, თუ რას ნიშნავდა ეს.  

რაღაც სულელური მიზეზის გამო არ ნებდებოდა ეკა. მაგნეტრეზონანსული ტომოგრაფია დაუნიშნა. იქნებ არ არის ღვიძლში ჰანაჰაკიო, გაიძახდა.

არადა მეტი ვერაფერი იქნებოდა.

იმ დილის მერე ხშირად არ მოსწოლია ხველება ლევანს. რამდენჯერმე, ღამით, როცა კარდიოლოგიის განყოფილებაში, გასაშლელ ლოგინზე, საბანში გამოხვეულიყო, გამოაღვიძა გაგუდვის შეგრძნებამ. მაგრამ მხოლოდ ცოტაოდენი სისხლი და ყვითელი, მოჭმუჭნული ფურცლები ამოიღო ტრაქეადან.

მეტი არაფერი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

თუმცა არა.

უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა იქედან, როცა მისთვის ჰანაჰაკის დაავადება დაიწყო.

თავი გადააქნია ლევანმა.

შეეცადა გამოფხიზლებულიყო.

გონებიდან ფიქრების გამობერტყვას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. განყოფილებაში, თავის მერხთან ჩამოჯდა. მონიტორთან დახვავებული დოკუმენტების დასტიდან რაღაც სტატია გადმოათრია, რომელიც კარგა ხანი იყო, რაც უნდოდა წაეკითხა.

სტრიქონებს თვალებს აყოლებდა, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იაზრებდა.

ცრიდა გარეთ, და ნაცრისფერ ღრუბელთა საფარველი შემოჰკვროდა ცის კამარას. ნაზად რაკუნებდნენ წვეთები ფანჯრების მინებზე, ქარი დაუღალავად ზნექდა ნაძვის წვერებს.

წვიმის რაკუნს ექიმთა ოთახში მყოფთა ხმადაბალი საუბარი ერთვოდა, პაციენტებს, სამსახურსა თუ ზოგად თემებს რომ განიხილავდნენ.

მაგრამ არაფერი ესმოდა ლევანს. ყურები დახშობოდა, თვალები გაშტერებოდა, სტატიაში ვერცერთ სიტყვას ვერ ხედავდა. თვითონაც არ იცოდა, თუ რას და რაზე ფიქრობდა, იმდენად არეოდა ყველაფერი შიგნით.

იჯდა, სანამ ნაშუადღევის სამმა საათმა არ მოაწია.

პოლიკლინიკაში ჩავიდა. ეკა მიქაბერიძესთან ჰქონდა დანიშნული ვიზიტი.

ეკას კაბინეტის წინ იჯდა და რიგს ელოდა. დერეფანში მყოფნი სვავებივით ადევნებდნენ თვალს.

გამოიძახეს. შეაბიჯა.

ეკას მაგრად მოეკუმა ტუჩები. კაბინეტში ექთნის გარეშე იყო, მის ნაადრევად დაღარულ, გაფითრებულ სახეს კიდევ უფრო ცრეცდა მჭახე თეთრი სინათლე. იქვე, მერხთან შორიახლოს მიმდგარ სკამზე მიუთითა, დაჯექიო.

მძიმედ ჩამოჯდა ლევანი.

მონიტორს შეჰყურებდა ეკა.

-არ ვიცი, რატომ გადამიღე მაგნეტური. – თქვა ბოლოს ლევანმა, რომ სიჩუმე დაერღვია. მის მტკივან თავში ზარივით რეკდა კედლის საათის წყნარი ტიკტიკი.

-არ ვიყავი დარწმუნებული და იმიტომ. – მკვახედ მიუგო ეკამ ისე რომ მონიტორისათვის თვალი არ მოუცილებია.

-კარგი. აბა? ახლა დარწმუნდი?

ეკამ გამგმირავი მზერით გადმოხედა. საფეთქლები მოისრისა, თავი გადააქნია.

-მაგნეტიც ამბობს, რომ ჰანაჰაკია. – თქვა ბოლოს, ისე გაჭინურებულად, თითქოს თქმა დააძალესო.

ლევანი უსიტყვოდ შეაცქერდა. სკამის ზურგს მიჰყუდებოდა, დაძარღვული, მოშვებული ხელები ბარძაყებზე დაეწყო. შიგნით ისე გაციებულიყო, რომ ვეღარაფერს გრძნობდა.

-კარგი. – თქვა ბოლოს, როცა ყურისწამღები სიჩუმე ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ვეღარ იტანდა ყურში ატეხილ წუილს.

-არაფერი კარგი აქ არ არის, ლევან.

-ვიცი.

-ფილტვებში, ღვიძლსა და აბდომინალური აორტის გარშემო გაქვს.

-კითხვა ვიცი, ქეთი, კომპიუტერულის პასუხი მეც ვნახე. რა გინდა რომ გითხრა?

ეკამ ტუჩები მოკუმა. ხელები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს, დაჟინებით დააცქერდა.

-მე არაფერი მინდა. – ამოღეჭა მან. – ანუ… ხომ ხვდები…

-ძალიან კარგად ვხვდები. – მოუჭრა ლევანმა. – ზედმეტად შორსაა წასული და ვერანაირი ოპერაციული ჩარევა ვერ მიშველის. იმისთვის გამომიძახე რომ ეს მეთქვა?

ის ფიქრები, რომლებიც გონების თვალუწვდენელ უფსკრულში შეეკუნჭა, რომელთა არსებობის აღიარება არ სურდა, თითქოს ამოსკდნენ მისი პირიდან.

არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი თქვა.

არა. არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილე იყო და მას დაატყდა თავს.

სული მოეხუთა ლევანს, თვალები გაუშტერდა.

ეკა გაყინული მზერით შეჰყურებდა.

-არა. – თქვა ბოლოს. – ვის გამოა, ლევან?

თვალი გაუსწორა ლევანმა. სახე მოისრისა უსიტყვოდ, თმა შუბლიდან უკან გადაიწია, ანერვიულებულმა.

-არ გინდა, ეკა. – თქვა მან.

-ქეთი ხომ?

-ზედმეტი მოგდის.

-რატომ? არ შეიძლება ვიცოდე?

-და რაში გამოგადგება ეს ცოდნა? ცნობისმოყვარეობა გჭამს და მეტი არაფერი.

-არ არის ეგრე.

-აბა როგორ არის, მითხარი?

ეკა შესცქეროდა. თავი გადააქნია.

-მინდა რომ დაგეხმარო. – მიუგო მან.

-შენ ვერაფრით დამეხმარები.

ეკა მერხს დაებჯინა იდაყვებით. გამომცდელად შეჰყურებდა.

-მართალი ხარ ალბათ. – თქვა ბოლოს. – ძალიან გაქვს გავრცელებული და ვერც მე და ვერც მედიცინა აქ ვერაფერს იზამს. იმ ვიღაცამ, ვინც არ უნდა იყოს, უნდა გითხრას რომ უყვარხარ და ვსო.

ლევანი დაჟინებით უყურებდა. არაფერი უპასუხია.

-ტკივილგამაყუჩებლები ხომ არ გინდა? – ჰკითხა ეკამ.

-არა. ჯერჯერობით.

-რომ გექნება, მითხარი. ქეთის ბევრი სჭირდებოდა.

თავი დაუქნია ლევანმა. ფეხზე წამოდგა.

-თუ რამე დაგჭირდება, მომწერე ან დამირეკე. – მოაძახა ეკამ, როცა ლევანი კარში გავიდა და ზურგსუკან გამოიხურა.

იმ ღამით ისევ ქეთის სასთუმალთან იჯდა.

ჩუმად წრიპინებდნენ მონიტორები. ეკმო ხმადაბლა შიშინებდა, რაც თითქმის გადაეფარა სარკმელის მინაზე მოშხაპუნე წვიმას.

გარშემო ბნელოდა, მხოლოდ მონიტორისა და ეკმოსაგან პაწაწინა ნათურებისაგან მომავალი, მქრქალი, მოლურჯო შუქი დაჰფენოდა ქეთის, რომელშიც გაყინული ჩანდა მისი გაძვალტყავებული სხეული და გამომშრალი, დაფქული ცარცივით კანი.

თვალები საშინლად ეხუჭებოდა ლევანს, მაგრამ მაინც არ ეპუებოდა დაღლილობას, მზერას ადევნებდა ქეთის გულმკერდის რიტმულ მოძრაობასა და მონიტორზე გამოსახულ რიცხვებს.

წნევა 110/80.

პულსი 72.

სატურაცია 94.

ქეთის სიტყვები წამოუტივტივდა გონებაში.

„არ მინდა ვიწვალო, არ მინდა უბრალოდ ვიარსებო.“

ქეთის არ უნდოდა ასეთი არსებობა.

ქეთი.

ქეთის დიდრონი, ქარვისფერი თვალები, ლევანის სამზარეულოს მბჟუტავი ნათურის შუქზე რომ პრიალებდნენ. მისი ნაღვლიანი გამომეტყველება და სკამზე აკეცილი ფეხები. ყურზე გადაწეული გრძელი, სველი თმა და ყინვისაგან მუდამ დახეთქილი ტუჩები.

ის ქეთი აღარ იყო. მის სხეულს ჟანგბადით საინტუბაციო მილი და ეკმო კვებავდა. მისი უჯრედები მხოლოდ და მხოლოდ არსებობდნენ, მეტი არაფერი.

არსად ჩანდა დონორი.

სახე მაგრად მოისრისა ლევანმა.

სინდისი აწუხებდა. ქეთის მინდობილობაზე ფიქრობდა. არ იცოდა, ეს ყველაფერი ენდომებოდა ქეთის თუ არა.

არ იცოდა რას აკეთებდა. იქნებ ფუჭი იყო დონორის მოლოდინი. იქნებ სწორედ იმას აკეთებდა, რაც ქეთის არ სურდა. იქნებ ქეთის ენდომებოდა, რომ ყველაფერი მშვიდად დასრულებულიყო, ამდენი, გაჭიანურებული ტანჯვის გარეშე.

ერთი თვე გავიდა და არაფერი შეიცვალა, ღრმად ფესვგადგმული ჰანაჰაკის დაავადების გარდა.

მაინც იმედოვნებდა ლევანი. იმედოვნებდა, რომ მალე გამოჩნდებოდა დონორი, ქეთის ფილტვებს გადაუნერგავდნენ, ოპერაციას გადაიტანდა და გამოკეთდებოდა.

რასაც ნელ-ნელა შეჰპარვოდა მყიფე იმედი იმისა, რომ თვითონაც გამოკეთდებოდა.

ქეთი მას ალბათ შეეჩვია. მასთან რჩებოდა. სჯეროდა, რომ მასთან მიმართებაში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბოლოს და ბოლოს, მასზე გააფორმა მინდობილობა, ლევანისათვის ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო.

დაავადებულ ფილტვებს რომ ამოაჭრიდნენ, ის ვიღაც, უსახო პიროვნება აღარ ეყვარებოდა.

იქნებ…

ამაზეც ქენჯნიდა სინდისი ლევანს. ვეღარ გაეგო, უმთავრესად საკუთარი თავის გადასარჩენად სურდა ქეთის გამოკეთება თუ არა.

არა, არა. ქეთი უნდა გამოჯანმრთელებულიყო და ეცოცხლა.

ყველაფერი დანარჩენი ამას უნდა მოჰყოლოდა.

ქეთის ხელს გადახედა ლევანმა.

მაჯასთან კანულა იყო ჩადგმული, რომელიც გულმოდგინედ გადაეხვიათ ბინტით. დათხელებულიყვნენ ქეთის თითები, თითოეული სახსარი ამობურცულიყო კანიდან. დაბურულ სინათლეშიც კი არჩევდა მისი ხელის ზურგზე ლურჯ სისხლძარღვებს ლევანი.

ხელი ასწია, ფრთხილად სწვდა ქეთის თითებს.

რა უცნაური იყო. გული რომ გაუჩერდა ქეთის, ისეთი ძალით უკეთებდა გულის მასაჟს, სანამ ნეკნები არ ჩაილეწნენ მის გულმკერდში, ახლა კი ხელის ერთი უბრალო შეხებაც ზედმეტად ეჩვენებოდა, თითქოსდა ძვლები ჩაეფშვნებოდა ქეთის და მათ მტვერში ჩალღვებოდა მისი დაფქული ცარცივით კანი.

მაგრამ არაფერი მოხდა.

გაყინული ჩანდა ქეთის ხელი, მაგრამ თბილი იყო, ისეთი თბილი, აქამდე რომ არ ეგრძნო ლევანს. ახალგაზრდა ქალს სულ ცივი ხელები ჰქონდა.

ეს სითბოც ხელოვნური იყო.

ამობურცულ ძარღვებზე გადაუსვა ცერი ლევანმა, მერე კი უკან დასწია ხელი.

შეჰყურებდა ქეთის სახეს და ამძვინვარებული ფიქრებისათვის ვერაფერი მოეხერხებინა, სანამ სკამში ჩაშლილს, ქანცგაწყვეტილს არ ჩათვლიმა.

უკვე გაცრეცილიყო სიბნელე, როცა გამოეღვიძა.

სარკმლიდან გარიჟრაჟის მოიისფრო-ოქროსფერი შუქი იღვრებოდა, გარემოს მოჰფენოდა. გარშემო ახმაურებულიყვნენ ექთნები, უფრო ხმამაღლა წრიპინებდნენ მონიტორები.

08:10.

ქეთი კი ზუსტად ისე იწვა, როგორც ადრე.

ახალი დღე თენდებოდა, როგორც ყოველთვის, ვერაფერი უდგებოდა წინ დროის სვლას.

და ვერაფერი აღდგომოდა წინ ჰანაჰაკის დაავადებას.

თავი საშინლად სტკიოდა ლევანს, როცა ნელა წამოიზლაზნა ფეხზე. შეშუპებული სახე და ამოსიებული თვალები მოისრისა, აწეწილ თმაზე ხელი გადაისვა, შეეცადა ტანზე მოხლართული, მოჭმუჭნული ფორმა გაესწორებინა.

მერე კი თავი მიანება.

რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს.

ცოტა ხანი იდგა, ქეთის სახეს შეჰყურებდა, სანამ თვალები არ გაუშტერდა. ქეთის გაცრეცილი სახე გალღვა, ბურანში გაილია, სანამ ლევანი რაღაცას გაჰყურებდა, შორს, სიცარიელეში.

თან ყველაფერზე ფიქრობდა, თან არაფერზე.

მის უკან ხმამაღალი, მძიმე ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა.

-ბატონო ლევან. – ჩაესმა გვერდიდან და მოტრიალდა.

შალვა წიკლაური წარბებაწკეპილი შეჰყურებდა. ახედ-დახედა უსიტყვოდ.

-წამობრძანდით, თუ შეიძლება. – თქვა ბოლოს. – უნდა გავისაუბროთ.

მერე კი მიტრიალდა, ექიმთა ოთახისაკენ წავიდა ისე, რომ არც კი შეუმოწმებია, მოჰყვებოდა თუ არა ლევანი.

ლევანმა უყურა, მერე კი ნელა ნაბიჯით გაჰყვა უკან.

არ იცოდა, რა უნდა ნდომებოდა შალვა წიკლაურს, მაგრამ უაზრო კითხვების დასმას არ დაიწყებდა.

განყოფილების ბოლოს ვეებერთელა რკინის კარი ბარათით გააღო შალვა წიკლაურმა.

ექიმთა ოთახი პაწაწინა იყო. ერთ კუთხეში სავარძლები იდგა, კედლის გაყოლებაზე მომცრო სამზარეულო მოეწყოთ, დაბალი მაცივრის თავზე ელექტრონული ჩაიდანი თუხთუხებდა. ფანჯარა არ ჰქონდა ოთახს, სინათლის წყარო ჭერზე ზოლებად გავლებული თეთრი სანათურები იყვნენ, რომელთა სინათლეზე ოთახის ცენტრში დადგმული ხის მაგიდა ლაპლაპებდა. მაგიდას გაგოშიძე და ეკა შემოსხდომოდნენ. მათ შემოსვლამდე აშკარად რაღაცაზე მკვახედ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, და როგორც კი კარი გაიღო, გაისუსნენ.

სკამი მიითრია შალვა წიკლაურმა, და იქვე, გაგოშიძის გვერდით ჩამოჯდა ლევანი.

-რისთვის მოგვათრიე ამ დილაუთენია? – წიკლაურს დაუბღვირა ეკამ.

-ქეთი ღვინიაშვილის საქმე უნდა განვიხილოთ. – თქვა წიკლაურმა. სერიოზულად მოავლო თვალი მაგიდის გარშემო მსხდომებს.

-და კონკრეტულად რა არის აქ განსახილველი? მდგომარეობა სტაბილურია და ფილტვებს ველოდებით…

-ის უნდა განვიხილოთ, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც საავადმყოფოშია და არანაირად არ გაუმჯობესებულა მისი მდგომარეობა. – თქვა წიკლაურმა. – როგორც ამ განყოფილების გამგე და მისი ექიმი, ვალდებულად ვთვლი თავს რომ განვიხილო.

-ჯერ ეს ერთი, შენ კი არა, მე ვარ მისი ექიმი. – მკვახედ მოუჭრა ეკამ, თვალებით ბურღავდა. – ეკმოზე რომ დასვი იმას არ ნიშნავს რომ მისი ექიმი გამომიხვედი აქ.

-ხელიდან არავინ გწიწკნის ქეთი ღვინიაშვილს, ეკა. – თქვა გაგოშიძემ. – შენ ხარ გმირი ექიმი, რომელიც ჰანაჰაკის დაავადებას შეეჭიდა, შეგიძლია დამშვიდდე. მედალიც ხომ არ გინდა?

ეკა აფორაჯდა.

-მომისმინე აქეთ შენ.. – დაიწყო მან.

ლევანმა თვალები დახუჭა. კინკლაობის მოსმენის ნერვები ნამდვილად არ ჰქონდა.

-აქტიური მკურნალობის დასრულება უნდა განვიხილოთ. – თქვა უცებ წიკლაურმა.

ტანში გასცრა ლევანს. სპაზმმა დაუარა სახეში, მის მკერდზე დაწოლილი ლოდი კიდევ უფრო დამძიმდა.

სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ოთახში.

-არა. – თქვა ლევანმა.

-ბატონო ლევან, თქვენ იმიტომ ხართ აქ, რომ მინდობილობა გაქვთ. – განუცხადა შალვა წიკლაურმა. – თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გინდათ თუ არა, ეს უნდა განვიხილოთ.

-შენ რა, გინდა ეკმოდან მოხსნა? – ხმას აუწია ეკამ. – გაგიჟდი?

-თვეზე მეტია საავადმყოფოშია და უფრო და უფრო დამძიმდა. – თქვა წიკლაურმა.

-ეკმოზე სტაბილურია. – შეუბრუნა ეკამ.

საფეთქლებში აუტანლად სცემდა პულსი ლევანს. ძილისა და დაღლილობის ბურანი ჩამოერეცხა მის გადაღლილ გონებას, მხოლოდღა ფხიზელი, გაქვავებული სიცივე შერჩა.

-მეოთხე სისხლის ჯგუფი აქვს. რა გგონია, რა შანსი არსებობს იმისა, რომ ფილტვები მოვა?

-მოვა. – თქვა ეკამ.

-ყველანაირი ჩარევა, რაც ვცადეთ, უშედეგოა… – განაგრძო წიკლაურმა. – ერთი, რაც აცოცხლებს ახლა ისაა, რომ ახალგაზრდაა და რეზერვი აქვს.

-რა თქმა უნდა ყველაფერი უშედეგოა! – ატყდა ეკა. – ჰანაჰაკის დაავადება ეგრე იოლად რომ იკურნებოდეს უმრავლეს შემთხვევაში ფატალური არ იქნებოდა!

მუხლებზე დაწყობილი ხელები მუშტებად შეჰკრა ლევანმა. უთრთოდა მკლავები, ერთიანად გაუცივდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადღაც შორიდან ესმოდა ეს ყველაფერი.

-თქვენ რას იტყვით, ბატონო ლევან? – მოუბრუნდა წიკლაური. – თქვენ გაქვთ მინდობილობა, ქალბატონი ქეთი გეტყოდათ, თუ რა ენდომებოდა.

-მკურნალობას ვაგრძელებთ. – თქვა ლევანმა. სიტყვები ინსტინქტურად ამოსდიოდა პირიდან. – დონორს დაველოდებით.

-ნუთუ ასეთი სიცოცხლე უნდოდა ქალბატონ ქეთის? – ჩაეძია წიკლაური.

-ქეთის სიკვდილის ეშინოდა. – თქვა ლევანმა. ერთადერთი, რაშიც იყო დარწმუნებული ახლა, ეს იყო. ქეთის სიკვდილის შიში. საკუთარი აბურდული, აკივლებული ფიქრების ნისლიდან მხოლოდ ამ აზრს გამოეხეთქა.

-დიდი ალბათობით ვერ ვიპოვით დონორს, ბატონო ლევან. ასე უნდა დარჩეს მთელი ცხოვრება?

-ვიპოვით დონორს.

-ვიცი, რომ მინდობილობა გაქვთ და ქალბატონ ქეთიზე პასუხისმგებელიც ბრძანდებით მაგრამ ლოგიკურად უნდა დაფიქრდეთ. ისე უნდა იფიქროთ, როგორც ექიმმა და არა როგორც მისმა ახლობელმა.

-ჰო მკითხეთ, ხოდა გპასუხობთ. – მოუჭრა ლევანმა. – მკურნალობას ვაგრძელებთ და მორჩა.

-ბატონო ლევან, აქედან რომ გავალ, სხვა ანესთეზიოლოგებსაც გავესაუბრები. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ახლა წმინდა წყლის სისასტიკეა. ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაშია პაციენტი? თირკმელების უკმარისობა განუვითარდა. ღვიძლი ვეღარ უძლებს, ტრანსამინაზები ზემოთ-ქვემოთ თამაშობენ, ბილირუბინი და იენერი ნელ-ნელა იწევს. ორმოც კილოს იწონის მხოლოდ. ასეთ ფონზე ოპერაციის გაკეთებას მეხუმრებით?

-ტყუილად მელაპარაკებით.

-ეკმოს ფონზე სტაბილურია, მაგრამ რამდენი ხანი გასტანს ეს ყველაფერი?

-რამდენი ხანიც საჭიროა.

-და როცა ისევ რომელიმე სისხლძარღვს დააზიანებს ჰანაჰაკი? ანდა ახალი თრომბი განუვითარდება?

-სისხლის გამათხელებელზე იმიტომაა, რომ თრომბი არ განუვითარდეს.

-და სისხლის გამათხელებელის ფონზე ხელახალი სისხლდენა ხომ წარმოგიდგენიათ რა რთული იქნება?

სული მოეხუთა ლევანს. ყელზე შეივლო ხელი, მერე კი წამოზრდილი წვერით დაფარული ყბა მოისრისა. ხელები საშინლად უკანკალებდა.

-სისხლდენა თუ დაეწყება, ისევ შევუჩერებთ. – ამოთქვა ძლივს. – სირთულე იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა ვცადოთ.

-რამდენი ხანია ვცდილობთ მერე, ბატონო ლევან?

-ზოგიერთი პაციენტი აქ თვეზე მეტია გყავთ.

-მაგრამ არცერთი არაა ისეთ მდგომარეობაში, როგორც ქეთი ღვინიაშვილი.

-ფილტვების ტრანსპლანტაციის სიის თავშია. – თქვა ლევანმა. მკერდში ისეთი სიმძიმე ედგა, რომ თითქმის ვეღარ სუნთქავდა. ყელში რაღაც გაეხირა. სიტყვები გაჭირვებით სცდებოდნენ მის ენას, ცივმა ოფლმა დაასხა. – მკურნალობას გავაგრძელებთ.

-ადრე მეგონა რომ ოპერაციას გადაიტანდა, ახლა კი აღარ ვარ დარწმუნებული. – თქვა წიკლაურმა.

-გადაიტანს. – ამოიხავლა ლევანმა. – ნუ მოხსნით ეკმოდან.

-ბატონო ლევან…

-უნდა გადაიტანოს.

-ორი ორგანოს უკმარისობა აქვს, რასაც მესამეც დაემატება მალე, რა გგონიათ, ასეთ მასიურ ოპერაციას გაუძლებს? ხელახლა რომ გაუჩერდეს გული, ჩემი აზრით არაადამიანური იქნება მისი რეანიმაციის მცდელობაც კი!

აღარ ესმოდა ლევანს. სისხლმა აასხა თვალებში, თავი გასკდომაზე ჰქონდა. საშინლად სტკიოდა სადღაც შიგნით, ღრმად, მთელი ძალით უჭერდა, თითქოს გული ჩაუჭყლიტეს ნეკნებს შორის. იგრძნო, როგორ წამოწითლდა, ყელში გახირული რაღაც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

ჭერიდან მომავალმა მჭახე სინათლემ და გაგუდვის შეგრძნებამ დააბრმავა, ერთმანეთში აღრეულ, უთავბოლო ბურუსად იქცა გარშემო ყველაფერი, გაბმული, აუტანელი წუილი ედგა ყურში.

ბუნდოვნად ესმოდა ეკას შეშფოთებული ხმა, როცა გვერდზე გადაიხარა და ისეთი ძალით ამოახველა, რომ ფილტვები ასტკივდა.

ახველებდა, მწარედ.

პირში ცხელი მეტალის გემო ჩაუდგა, იგრძნო, თუ როგორ წვეთავდა მისი ტუჩებიდან ბლანტი სითხე. სასამდე მოღწეული ყვავილები ძლივს გადმოაფურთხა.

ქოშინებდა.

გაჭირვებით მოითქვა სული. მზერა დაეწმინდა, ოდნავ ჩანავლდა ყურში ატეხილი წუილი.

სასწრაფოდ მოისვა ტუჩებზე ხელი, რომ მოეწმინდა.

მაგიდის ფეხის გვერდით, მოლაპლაპე ლინოლეუმზე სისხლში მოთხვრილი ოქროსფერფურცლებიანი და ყავისფერგულიანი პატარა მზესუმზირების გროვა იყო. ხელზე ალისფერი სისხლი ეცხო ლევანს.

გასწორდა სკამში. ძლივს, კანკალით ამოისუნთქა, გაჭირვებით წამოიწია ფეხზე. მუხლები ძლივს იკავებდნენ, ცივმა ოფლმა დაუცვარა შუბლი.

გაგოშიძე და წიკლაური გაოგნებულები შესცქეროდნენ. გაგოშიძემ ხმამაღლა შეუსტვინა.

მიხვდნენ ალბათ ყველაფერს.

-თქვენ… ქეთი ღვინიაშვილის გამო გჭირთ ჰანაჰაკი? – თქვა წიკლაურმა.

ლევანმა არაფერი უპასუხა. ქშინავდა, სკამის ზურგზე ჩაჭერილი ხელი უთრთოდა.

ახლავე აქედან უნდა წასულიყო.  

-ჰო, თან ისეთი ჰანაჰაკი, არანაირ მკურნალობას რომ არ ექვემდებარება, ქეთი ღვინიაშვილისაგან განსხვავებით! – ატყდა ეკა.

-არ გინდა, ეკა. – ძლივს ამოთქვა ლევანმა.

-რა არ მინდა? ნუ სულელობ ერთი რაღაცას. – მკვახედ განუცხადა ეკამ, მერე კი გამშრალ შალვა წიკლაურს მიუბრუნდა. – ბატონო შალვა, ქეთის ეკმოდან მოხსნა ორი ადამიანის სასიკვდილო განაჩენია, გაიგეთ?

-ეს ყველაფერი არც უნდა განიხილებოდეს. – კბილებში გამოსცრა ლევანმა. ხმა ჩახრინწოდა, პირში სისხლის გემოს გრძნობდა. – მე ამ მარაზმს არ დავეთანხმები. ჰანაჰაკის დაავადება რომ მაქვს, არაფერ შუაშია, მთავარი ისაა, რომ თქვენ სტაბილური პაციენტის ეკმოდან მოხსნა გინდათ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო.  ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

მერე საბოლოო ენერგია მოიკრიბა და მიტრიალდა, გასუსული ექიმები უკან მოიტოვა. კარი ბარათით გააღო და გავიდა, ისე სწრაფად, როგორც შეეძლო.

დატოვა განყოფილება. დერეფანში გალასლასდა.

მის უკან სისინით დაიხურა განყოფილების კარი.

ვეებერთელა ფანჯრები დაჰყვებოდა დერეფნის მარჯვენა მხარეს, დამტვერილ, სქელ მინაში ლუკა ასათიანის სახელობის კლინიკის მეორე ფლიგელი და ტალახით გადავლილი ეზო მოჩანდა. ზორბა ნაძვების ძირში, ალაგ-ალაგ შერეოდა ტალახს გაყინული თოვლის ნახლეჩები, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ მორეოდა გაზაფხული.

მზე ამოდიოდა. ცის კამარა ღია ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ, დაპენტილ მატყლს რომ წააგავდნენ, რომელსაც აღმოსავლეთით ჰფერავდა მზის დისკოს მოწითალო, ყვითელი ნაღვენთი. ოქროსფერი სხივები ღრუბელთა შორის გამომძვრალიყვნენ, თვალს სჭრიდნენ ლევანს.

ფანჯრის რაფას დაებჯინა ახალგაზრდა კაცი. თვალს ძლივს უსწორებდა მზის შენისლულ დისკოს.  

ცოტა ხანი იყურებოდა ეზოში, გაუნძრევლად. მზეს შეჰყურებდა, რომელიც ნელ-ნელა მიცურავდა ღია ნაცრისფერი ღრუბლების ქვეშ, სანამ ნაცრისფერი შუქჩრდილი არ მოეფინა ისევ არემარეს.

უკნიდან კარის შიშინი მოესმა.

ჩუმი, ფრთხილი ნაბიჯებით მოიპარებოდა ვიღაც, მის გვერდით გაჩერდა.

-ეკმოდან არ მოხსნიან. – თქვა ეკამ.

ყბა დაეძაბა ლევანს. რაღაცას დაშტერებოდა, შორს, ეკასკენ არ გაუხედავს.

-არც ჰქონდათ უფლება. – მიუგო მან.

-ჰქონდათ, მაგრამ არ იზამენ. დაელოდებიან კიდევ.

ლევანმა პასუხი არ გასცა.

-სახლში წადი, ლევან. – თქვა უცებ ეკამ.

-რატომ?

-რა გგონია, ვერ ვხედავ მთელი ღამეები რომ აქ ხარ?

-მერე?

-შენი აქ ყოფნით არაფერი იცვლება.

-მე მინდა აქ ვიყო.

-ეგ ვიცი. – უთხრა ეკამ, ისეთი დაყვავებით, თითქოს ბავშვს ელაპარაკებოდა. – ქეთი არსად მიდის, სულ აქ იქნება. ღამეებს რომ უთევ, ვერაფერს უშველი, მარტო საკუთარ თავს აზიანებ ეგრე. ბოლოს როდის გეძინა წესიერად?

-არ მახსოვს.

-ჰანაჰაკის ნუ გაუადვილებ საქმეს, ლევან.

-მგონი ისედაც ადვილია მისთვის ეს საქმე.

-ისე ლაპარაკობ, თითქოს ხვალ კვდებოდე. გეყოფა ეს სისულელე და სახლში წადი. წესიერად ჭამე, გამოიძინე, დაისვენე და მოდი. ვიცი, რომ დღეს პოლიკლინიკა არ გაქვს.

ტუჩები მოკუმა ლევანმა. ნერვიულად აკაკუნებდა თითებს ფანჯრის რაფაზე.

მზის მქრქალი დისკო ოდნავ კიაფობდა ნაცრისფერ ღრუბლებში.

-დღეს მცალია და მე ვიქნები ქეთისთან. – უთხრა ეკამ. – არ ინერვიულო, სულ განყოფილებაში ვიჯდები და თუ რამე, მე მივხედავ. წადი. ასე მგონია ცოტაც და წაიქცევი.

თავი ჩაქინდრა ლევანმა. აუტანელი დაღლილობა და საშინელი თავისტკივილი გამძაფრებოდა, რომელსაც მკერდში მუდამ მყოფი სიმძიმე ემატებოდა. ისე გამოიფიტა, რომ ფეხზე ძლივს იდგა.

-კარგი. – თქვა ბოლოს. – თუ რამე მოხდა, მაშინვე დამირეკე.

-დაგირეკავ. – უთხრა ეკამ. – წადი.

საკუთარი თითქოს ტყვიისაგან გამოჭედილი, ჩაფშვნილი კიდურები აათრია ლევანმა და დერეფანს დაუყვა.

არ იცოდა, თუ რამდენად სწორი იყო განყოფილების გამგესათვის უთქმელად სამსახურიდან წასვლა, მაგრამ ფეხებზე ეკიდა.

უკვე თითქმის ერთი თვე იყო, რაც ფაქტიურად მხოლოდ საავადმყოფოს ფორმა ეცვა. ეუცხოვა საკუთარი ჯემპრი და შარვალი, რომელთაც ამდენი ხნის მანძილზე მის კარადაში ყოფნისაგან უცნაური სუნი დასდებოდათ, ეუცხოვა საავადმყოფოს კომფორტულ ფეხსაცმელთან შედარებით თავისი დაბალყელიანი ბოტები და ქუდის შეგრძნება, როცა თავზე ჩამოიფხატა.

მისი მანქანის აკუმულატორი დამჯდარიყო.

სახლში ავტობუსით წავიდა.

ფანჯარასთან იჯდა, მოშვებული, დაძარღვული ხელები მუხლებზე გადაეწყო. თავი მინაზე მიეყუდებინა, ავტობუსის აუტანელ ხრიგინსა და გაუმართავი ძრავის ზუზუნს უსმენდა.

ეუცხოვებოდა გარემო. ეუცხოვებოდა დილის ფუსფუსში ჩაძირული ქალაქი, ღია ნაცრისფერი ცის კამარა, სუდარას რომ ჩამოჰგავდა, გარშემო ხალხის ხმამაღალი საუბარი, სიცილი და ქუჩაში მოციმციმე ფარების დაუსრულებელი მწკრივი.

დაბურული, ნისლში გახვეული დილა იყო.

რამდენჯერმე ჩათვლიმა ლევანს. კინაღამ თავისი გაჩერება გამორჩა.

ლასლასით აუყვა გოგიჩიძის აღმართს. მისი ცარიელი ზურგჩანთა არასოდეს ყოფილიყო ასეთი მძიმე. რამდენჯერმე შეისვენა, ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ.

უძილობისა და დაღლილობისაგან თავბრუ ეხვეოდა.

გაჭირვებით აათრია სხეული მეორე სართულამდე. ახლა ხვდებოდა, თუ რას გრძნობდა ქეთი, როცა კიბეებზე რამდენჯერმე ისვენებდა.

მაგრამ მის შემთხვევაში უჭმელობა და უძილობა ემატებოდა ჰანაჰაკის დაავადებას.

ბინაში ძლივს შეათრია ფეხები. კარი გადაკეტა, იქვე მიჰყარა ფეხსაცმელი, ქურთუკი და ჩანთა.

ძალიან ციოდა. ფარდები ჩამოეფარებინა როცა ბინაში ბოლოს იყო, სულშემხუთავი სიბნელე დასწოლოდათ კედლებს.

შუქი არ აუნთია ლევანს. ტანსაცმლიანად შეწვა ცივ ლოგინში.

ცოტა ხანი მოკრუნჩხული იწვა, სანამ არ გათბა.

დაჟინებით შეჰყურებდა კუნაპეტს, სანამ თვალი სიბნელეს არ შეეჩვია.

ღრმად, გამოზომილად სუნთქავდა, სანამ აჩქარებული გული არ დაუწყნარდა.

მაგრამ ის ძვლებში გამჯდარი დაღლილობა, მკერდში ჩამდგარი სიმძიმე და უსიამოვნო შეგრძნება, რომლისთვისაც ფიზიკური ახსნა ვერ მოეძებნა, აზვირთებული ზღვასავით ღელავდა მასში.

თვალები დახუჭა ლევანმა.

მერე კი მოეჩვენა.

არ იცოდა, ძილბურანის დროს მოსული სიზმარი იყო ეს თუ მისი უძილობისაგან გატანჯული გონების მიერ შექმნილი ზმანება.

ბეჭებს შორის პატარა, ცივი თითების შეხება მოეჩვენა.

ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა ქეთი „წითელი ღამიდან“ მოიყვანა სახლში. როცა ხელი ფრთხილად შეახო ქეთიმ, მერე კი შუბლი მოაყრდნო ზურგზე. მისი სხეულის სიგრილე, მისი თმის, სისხლისა და ვარდების სურნელი. მისი მკლავები, მხრებზე რომ შემოჭდობოდნენ მაგრად, როცა ხელში აიყვანა ის ლევანმა.

ისევ გაახილა თვალები ახალგაზრდა კაცმა და ჰაერში გალღვნენ თითქოს მის ბეჭებზე მობჯენილი თითები.

ქეთი აქ არ იყო. ისევ იმ ცივ პირველ რეანიმაციურში იწვა, გაძვალტყავებული, სიცოცხლის ნიშანწყალზე მხოლოდ და მხოლოდ მონიტორზე გამოსახული რიცხვები, ნელა, სასუნთქი აპარატის რიტმში ამავალ-ჩამავალი გულმკერდი და ხელოვნურად გამთბარი თითები მიუთითებდნენ.

მის ორგანიზმში დაუოკებლად მძვინვარებდა ჰანაჰაკის დაავადება.

ისევე, როგორც ლევანის სხეულში.

ალბათ თვითონაც იქნებოდა ისე. ათასნაირ აპარატურაზე მიერთებული, მხოლოდ იმ მბჟუტავი შესაძლებლობის იმედად, რომ მალე მოვიდოდა დონორი.

არა. არ უნდოდა ისე.

თავისთვის არ უნდოდა.

ვერ წარმოედგინა, რა უნდა გაეკეთებინა, ქეთი რომ არ გამოჯანმრთელებულიყო.

ალბათ ვერც ვერაფერს გააკეთებდა.

მის მკერდში ფესვგადგმული ჰანაჰაკის დაავადება აშკარად მოასწავებდა, რომ ვერ გადაიტანდა ქეთის სიკვდილს.

ვერ გაუძლებდა.

„დიაგნოზის შემთხვევაში ფილტვების გადანერგვის გარეშე საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოზიდან სიკვდილამდე სამიდან ექვს თვემდე მერყეობს.“

ზურგზე გადაგორდა ლევანი. ჭერს აჰყურებდა, ღრმად, სწრაფად სუნთქავდა.

თითქოს ოქროსფერი ქვიშის ბოლო ნამცეცები იცლებოდნენ ქეთის ქვიშის საათში.

მისი ქვიშის საათი კი ახალი გადატრიალებული იყო.

მისი დროც იწურებოდა მალე.

დაპატარავდა ის „მერე“, რომელზეც მთაწითელაზე, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძეგლის გვერდით, ქეთისთან ყოფნისას ფიქრობდა. მისი უსასრულო, აბსტრაქტულ მომავალში გაცრეცილი „მერე“ შეიკრა, შეიკუმშა, თავზე წამოადგა. დრო არავის ელოდებოდა.

ქეთი უნდა გამოჯანმრთელებულიყო.

საკუთარი სიტყვები გაახსენდა, როცა ხელში აყვანილი ქეთი ჩააწვინა საკუთარ საწოლში..

„აქ ვარ. არსად მივდივარ“.

ვერც ვერსად წავიდოდა. ქეთისთან უნდა ყოფილიყო, უნდოდა თუ არა.

იქნებ იყო მისი ჰანაჰაკისაგან გამოჯანმრთელების შესაძლებლობაც.

იქნებ მისკენ ამოეხედა ქეთის, მისი დიდრონი, ქარვისფერი თვალებით, მზესუმზირის გულში დაღვენთილ ოქროსფერი მზის შუქს რომ წააგავდნენ. ამოეხედა და ყველაფერი ამოეკითხა მის ერთ მზერაში ლევანს, რისი გაგებაც უნდოდა. იქნებ ეთქვა, მიყვარხარო.

იქნებ ერთი შეხებით გაექრო მასში გავრცელებული, ფესვგადგმული მზესუმზირები.

თავი გააქნია ლევანმა.

უკვე გრძნობდა, რომ მისი გამოფიტული გონების მიერ შეკოწიწებულ ოცნებასთან ჰქონდა საქმე.

მაგრამ იმედოვნებდა.

იქნებ გამოსულიყო.

გააჟრჟოლა ლევანს. უფრო მაგრად მოიხვია მხარზე საბანი, თვალები მაგრად დახუჭა.

მისი ბობოქარი, დაუოკებელი ფიქრები მალევე გალღვნენ ძილის რუხ სიცარიელეში.

-*-*-*-*-*-*-*-

-29.04.2025 –

17:57.

აუტანლად კაშკაშა იყო სააბაზანოს კედელზე, სარკის ზემოთ მიმაგრებული, მოზუზუნე სანათის მოყვითალო შუქი.

ლაპლაპებდნენ კედლებზე გაკრული, ალაგ-ალაგ დაბზარული მწვანე ფილები, ძირს დაგებული ნაცრისფერი ლინოლეუმი და ქათქათა ნიჟარაში ჩაფურთხებული, მზესუმზირებს დადენილი ალისფერი სისხლის წვეთები.

ხმამაღლა ქშინავდა ლევანი.

კიდევ ერთხელ დაახველა, ძლიერად, ენაზე მიწებებული რამდენიმე ოქროსფერი ფურცელი გადმოაფურთხა.

ნიჟარის კიდეებს ეყრდნობოდა მისი დამძიმებული სხეულით, მკლავები დასჭიმვოდა. მზერა ასწია, საკუთარ თავს დააცქერდა სარკეში.

სახე აფორაჯებოდა ხუთწუთიანი, უწყვეტი ხველისაგან. ამოსიებოდა ჩაშავებული თვალების უპეები, ქვედა ტუჩსა და ნიკაპზე სისხლი ეცხო. თმა ისე ჩამოზრდოდა, რომ უკვე გამოჩრილ ყვრიმალებს სცდებოდა, წამოზრდოდა ჩვეულებრივ მოკლედ აკრეჭილი წვერიც. სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მხრების ზოლი.

შეეზარა საკუთარი თავის დანახვა, ანარეკლს თვალი აარიდა.

ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად იყურებოდა სარკეში. არ უნდოდა იმის დანახვა, თუ რას უკეთებდა მის სხეულს ჰანაჰაკის დაავადება.

პირი ხელსახოცით მოიწმინდა ლევანმა, მზესუმზირები ამოკრიფა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა, მერე კი სწრაფად ნიჟარის მორეცხა სისხლით მოთხვრილი ქათქათა ზედაპირი.

სააბაზანოდან გამოაბიჯა, კარდიოლოგიის განყოფილების ექიმთა ოთახს მიაშურა.

მორიგე იყო დღეს.

მორიგეობის რაოდენობაც შეუმცირეს. ისედაც არ ჰქონდა ამის თავი.

პოლიკლინიკაში იჯდა უმთავრესად და გამოკვლევებს აკეთებდა.

მისი ისედაც მწირი ხელფასი კიდევ უფრო შემცირებულიყო.

თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს.

რაში სჭირდებოდა ფული, თუ მალე მოკვდებოდა.

მისი ერთადერთი მიზანი ახლა მოლოდინი გახლდათ.

თითქმის ორი თვე გასულიყო იქედან, როცა ქეთის ინტუბაცია გაუკეთეს და ეკმოზე გადაიყვანეს. და როგორც ყოველთვის, სტაბილურად მძიმე იყო მისი მდგომარეობა.

როცა ძალიან გაგრძელდა მოლოდინი, ტრაქეოსტომია გაუკეთეს ქეთის. მისი ყელიდან გამოჩრილიყო საინტუბაციო მილი.

რამდენჯერმე სცადეს, რომ ნარკოზიდან გამოეყვანათ, რამაც წამსვე სუნთქვის უკმარისობის გამწვავება გამოიწვია.

ხელოვნური, უსაძველოდ ღრმა და ცივი, უსიზმრო ძილით ეძინა ქეთის.

ერთი კვირის წინ გადაღებულ კომპიუტერულ ტომოგრაფზე თითქმის მთლიანად მოეცვა ორივე ფილტვი ჰანაჰაკის დაავადებას.

არსად ჩანდა შესაფერისი დონორი.

და ისე სწრაფად დნებოდნენ დღეები ერთმანეთში, რომ თარიღიც კი აღარ ახსოვდა ხოლმე ლევანს.

მოუთმენლობა ეტყობოდათ შალვა წიკლაურსა და სხვა ანესთეზიოლოგებს. ქორივით ადევნებდნენ ქეთისა და ლევანს თვალს, ჭოჭმანობდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, რომ ეჭვი ეპარებოდათ იმაში, რომ დონორი თავის დროზე გამოჩნდებოდა.

მაგრამ ხმას აღარავინ იღებდა იმაზე, რომ აქტიური მკურნალობა დაესრულებინათ. ყველამ კარგად იცოდა ლევანის, როგორც ქეთის მინდობილობის მქონე პირის აზრი.

და კარგად იცოდნენ ვიწრო წრეში, თუ ვის გამო სჭირდა ლევანს ჰანაჰაკის დაავადება.

ისევ უთევდა ქეთის ღამეებს ლევანი. მის მონიტორზე გამოსახულ რიცხვებს, მის გამოკვლევებსა და ანალიზებს ადევნებდა თვალს. მის მკურნალობას ასწორებდა, თუ რამე შესასწორებელი იყო.

მაგრამ სახლშიც გადიოდა ხანდახან. ყოველთვის მაშინ, როცა ეკა იყო სამსახურში და ჰპირდებოდა, რომ ქეთის მიხედავდა.

ცდილობდა წესიერად ეჭამა და გამოეძინა.

ღვიძლში გავრცელებული ფესვების გამო დასწყებოდა ტკივილები. წამლებს სვამდა რეგულარულად.

და ისევე, როგორც გაუყუჩებელი ტკივილი, იმედი გასჩენოდა.

ეგონა უბრალოდ ოცნება იყო ის, რომ შეიძლებოდა თვითონაც გამოჯანმრთელებულიყო.

მაგრამ ახლა უფრო სჯეროდა.

ანდა უნდოდა, რომ დაეჯერებინა. უნდოდა დაეჯერებინა, რომ ქეთის კეთილგანწყობა მისდამი შეიძლებოდა სიყვარულშიც გადაზრდილიყო, თუ საკმარისი დროის მანძილზე გაუძლებდა თვითონ ჰანაჰაკის დაავადებას.

ამიტომ საკუთარი აუტანელი დაღლილობის მიუხედავად, მაინც ცდილობდა.

აღარც ჰქონდა იმის თავი და მოტივაცია, ეფიქრა, აწუხებდა თუ არა სინდისი. იყო თუ არა ქეთის გამოჯანმრთელების სურვილი მისი ცივი, ძუნწი ეგოიზმის გამოვლინება.

ასეთ ფიქრებს სადღაც შორს, გონების კუნჭულში შეკუჭავდა გულმოდგინედ და ელოდა, სანამ მტვრად არ იქცეოდნენ.

არ იქცეოდნენ. მაგრამ აღარც აწუხებდნენ.

არ იყო არასწორი, რომ სიცოცხლის სურვილი ჰქონოდა.

არ იყო არასწორი და გაუმართლებელი, რომ იმედი ჰქონოდა.

მისი ერთადერთი იმედი კი ქეთი იყო.

ის ქეთი, ვისი უცნაურად გრილი სითბოც შეეგრძნო.

რამდენი ხანი გახლდათ, რაც მისი ქარვისფერი თვალები და მათში ჩამდგარი, მისთვის ჯერ კიდევ აქამდე გაუგებარი გრძნობის სუსხი არ დაენახა.

გამოჯანმრთელდებოდა ქეთიც. და თვითონაც.

ძალიან რთული იქნებოდა ქეთის რეაბილიტაცია ფილტვების გადანერგვის შემდეგ, მაგრამ ქეთი ამას შეძლებდა.

ლევანი კი არსად წავიდოდა.

მოიშორებდა ამ ჰანაჰაკის დაავადებას და ქეთისთან ერთად გააგრძელებდა ცხოვრებას.

ჩუმად ტიკტიკებდა საათი.

რუხი შუქჩრდილი ჩამომდგარიყო ექიმთა ოთახში. გარეთ აპრილის თბილი საღამო იდგა, მაგრამ მუქ ღრუბლებს დაეფარათ ცის კამარა. საცობში მდგარი მანქანების წითელ-ყვითელი ფარების მწკრივის, მოციმციმე შუქნიშნებისა და ნარინჯისფრად დაკოპლილი კორპუსების მქრქალი შუქი ანათებდა ექიმთა ოთახს. დასავლეთით, ღრუბლების საფარველის ქვეშ მკრთალად ბჟუტავდა გადაწურული მზის დისკო.

შუქი არ აენთო ლევანს, თავის ჩამქრალ მონიტორს მისჯდომოდა და გარეთ იყურებოდა, უსიტყვოდ.

ანაზდად გაჰკვეთა ჩამოწოლილი სიჩუმე გულისგამგმირავმა ზარის ხმამ.

ლევანის ჯიბეში რეკავდა მორიგე კარდიოლოგის ტელეფონი.

წამსვე უპასუხა ახალგაზრდა კაცმა.

-მორიგე ექიმი-კარდიოლოგი ლევან მოსიძე გისმენთ.

-ლევან, სად ხარ?

წამსვე იცნო ლევანმა ეკას ხმა. მოიღუშა, ანაზდად შეიკრა მისი მოშვებული სხეული ეკას  ტონის გაგონებაზე.

ანერვიულებული ეჩვენა.

იქნებ რამე მოხდა? ქეთის რამე მოუვიდა?

წამსვე აუჩქარდა გულისცემა ლევანს, ხელები გაეყინა.

-განყოფილებაში ვარ, ექიმების ოთახში. რა იყო?

-დაიცა, არსად წახვიდე. ახლავე მოვდივარ.

წამსვე გაითიშა ზარი და დადუმებული ტელეფონი შერჩა ხელში გაოცებულ ლევანს.

ტელეფონი წამსვე ჩაიჯიბა. სკამში წამოჯდა.

ეკას კი სჩვეოდა იმპულსური გამოხტომები, მაგრამ მის ხმაში აქამდე ასეთი შეშფოთება და მღელვარება არ გაეგონა ლევანს.

რა უნდოდა? ნუთუ მართლა რაღაც მოუვიდა ქეთის?

თუმცა არა. დილით ხომ ნახა. მაშინ ყველაფერი რიგზე იყო.

მისი დღევანდელი მონაცემები მკვირცხლად გადაქექა გონებაში ლევანმა.

წნევა 120/80.

პულსი 87.

სატურაცია 95%.

ანალიზებში თირკმლის უკმარისობა გაუმჯობესებულიყო. კალიუმი 3.2, რის გამოც კალიუმის მიწოდებას მოუმატა ლევანმა. ბილირუბინი 100. ჰემოგლობინი 75, რის გამოც ორი ერთეული სისხლი გადაუსხეს. წონაც იგივე გახლდათ, რაც გუშინ.

არა. არა. ყველაფერი სტაბილური იყო.

უნდა ყოფილიყო.

რომ რამე მომხდარიყო, ლევანს დაურეკავდნენ.

მაგრამ არა. ყოველი შემთხვევისათვის თვითონ უნდა გადაეხედა ყველაფრისათვის, რომ დარწმუნებულიყო.

ის იყო, ფეხზე უნდა წამომდგარიყო, რომ შემოსასვლელი კარის ტკაცუნი გაისმა და ქურთუკის ფრიალით შემოვარდა ეკა. ქოშინებდა, თმა გასწეწოდა, დაჭყეტილი თვალებით შეაცქერდა ლევანს.

ცოტა ხანი უსიტყვოდ, წარბშეკრული უყურებდა ლევანი. ეკამ სული ძლივს მოითქვა.

ეტყობა კიბეებზე ამორბოდა.

-ქეთის რამე მოუვიდა? – ჰკითხა ლევანმა. გულისცემა ყურებში უბრაგუნებდა, მტკივნეულად სცემდა პულსი საფეთქლებში.

-არა, არა. – თავი გადააქნია ეკამ, ლასლასით მოუახლოვდა და ლევანის მერხის გვერდით, კედელთან მიდგმულ პატარა ტახტზე დაეხეთქა ქშენით.

-აბა რა იყო? – ჰკითხა ლევანმა. ოდნავ დამშვიდდა, მუშტი, რომელიც გაუცნობიერებლად შეჰკვროდა, გაშალა, სკამის ზურგს მიეყუდა.

ეკა ხელებს იმტვრევდა. უცნაურად შეჰყურებდა, წარბშეკრული.

-რა იყო? – ჩაეძია ლევანი.

-შესაძლო დონორი იპოვეს. – თქვა უცებ ეკამ.

თვალები გაუფართოვდა ლევანს. პირი დააღო, სკამში წამოიწია, გაოგნებული.

წამიერად არც კი სჯეროდა, თუ რა გაიგონა.

-იპოვეს? – ამოღერღა ბოლოს. სისხლი აუშხუილდა ძარღვებში, აფრთხიალებული ჩიტივით ეხლებოდა მკერდის ძვალს მისი გული. – და შესაძლო რას ნიშნავს?

-ვიღაც ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი. მეოთხე სისხლის ჯგუფი აქვს. – თქვა ეკამ. – დამატებით ანალიზებს ახლა აკეთებენ, მაგრამ პოტენციური დონორია. გაგოშიძე და მისი ბრიგადა უკვე ადგილზე გამოიძახეს. იმ გერმანელ ქირურგსაც დაუკავშირდნენ და მალე ჩამოფრინდება.

ხელები უკანკალებდა ლევანს, როცა სახე მოისრისა. ტუჩის კუთხეები უთრთოდა. თითქოსდა მის სხეულში დაბუდებული, გადაგლესილი, მომლოდინე ზღვა აღელდა ერთიანად, აზვირთებული შვების ცუნამი დაატყდა თავს.

დონორი იპოვეს.

დონორი იპოვეს.

მორჩა. ყველაფერი მორჩა.

გაილია მოლოდინი. შეწყდა, მოკვდა, ჰაერში გაიცრიცა, უსასრულობაში გალღვა.

ქეთი გამოჯანმრთელდებოდა. ოპერაციას გაუკეთებდნენ და გამოჯანმრთელდებოდა.

ობიექტურად იცოდა ლევანმა, რომ შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო ოპერაცია, მაგრამ ამ შესაძლებლობას საკუთარ გონებაშიც კი ვერ დაუშვებდა.

დასავლეთისაკენ გადაგლესილი ნაცრისფერი საფარველიდან გამოხეთქეს ცეცხლისფერი მზის სხივებმა, სქელ ნარინჯისფერ ზოლად მოეფინა შუქი ექიმთა ოთახს.

სახის მარჯვენა მხარეს დაჰფენოდა მზის სინათლე ეკას, ნარინჯისფრად უპრიალებდა თვალის კაკლები.

თვალებგაფართოებული შეჰყურებდა, ადგილზე ცმუკავდა.

რაღაც იგრძნო უცებ ლევანმა. მისი უმასო, თეთრი, თავისუფლად მოფარფატე შვების სხეულში გაჟონა ავი, საშინელი წინათგრძნობის სიბნელემ.

სათქმელი არ მოემთავრებინა ეკას. ეს მხოლოდ ნახევარი იყო იმისა, რაც უნდა ეთქვა.

რაღაც უნდა ეთქვა კიდევ. რაღაც უარესი.

-კიდევ რა? – ამოიხრიალა ლევანმა. დაჟინებით დასცქეროდა ეკას.

ეკამ პირი გააღო და დახურა.

კიდევ რამდენჯერმე გააღო და დახურა. ყოყმანობდა.

-იქნებ მოგვეცადა. – თქვა უცებ ეკამ, ყურის დაფის აპკები მოფხოჭნა ლევანს მისმა სიტყვებმა. – დარწმუნებული ხარ, რომ ფილტვები ახლა უნდა გადავუნერგოთ? შენ თუ თანახმა არ იქნები, არ გააკეთებენ.

მოიღუშა ლევანი. გაღიზიანებამ თავში აასხა, მზერა დაუბნელა.

-შენ რა, გადაირიე? – დაუსისინა მან. – რაებს მელაპარაკები?

ეკა უსიტყვოდ შეაცქერდა. თვალები გადაეგლისა.

მზე ინავლებოდა.

ნარინჯისფერი სინათლე წითელში ჩადნა, ჩამუქდა.

გულისგამგმირავი, ბნელი, ცივი სიჩუმე ჩამოწოლილიყო. საშინელი დაძაბულობა სულს უხუთავდა ლევანს.

-ქეთის ჰანაჰაკი შენს გამო აქვს, ლევან. – თქვა უცებ ეკამ.

თითქმის ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად ოდნავ მოატრიალა თავი ლევანმა. წამიერად გაიფიქრა, ხომ არ მომეყურაო.

მაგრამ არა, არ მოეყურა.

სწორად გაიგონა.

გაშრა, გაქვავდა. ვერც კი გაიგო თუ რას ეუბნებოდა ეკა.

-რაო? – ძლივს ამოღერღა ბოლოს.

-ქეთის ჰანაჰაკი შენს გამო..

-ეგ გავიგონე. – შეაწყვეტინა ლევანმა. – რა გჭირს, მთლად გაგიჟდი?

-არა. სიმართლეს გეუბნები.

-რაღაც გეშლება. საერთოდ გაგიფრენია.

-არ მეშლება. – მიუგო ეკამ. ხელები ერთმანეთში გადაეხლართა, თვალებს აცეცებდა. – ქეთიმ მითხრა.

მძიმედ, სწრაფად ამოიქშინა ლევანმა. უკან გადაიწია, სკამის ზურგს მიეყუდა მძიმედ.

ელვის სისწრაფით მიჰქროდნენ ფიქრები მის თავში, ხმაურიანად, ზრიალით ეხლებოდნენ თავის ქალას.

საშინლად ასტკივდა საფეთქლები.

-მე ქეთი ახლა გავიცანი. – წამოილუღლუღა მან. – იმის მერე, რაც ჰანაჰაკი დაუდგინდა.

-ქეთის ადრე ჰყავხარ ნანახი. – უთხრა ეკამ, განერვიულებული შეჰყურებდა, ხელებს იმტვრევდა. – არ ვიცი სად და როგორ, მაგრამ ასე თვითონ მითხრა. ისიც მითხრა, რომ შენ არ გახსოვს. კვლევაზე რომ იყო შენთან საავადმყოფოში, იმის მერე. ამიტომ უნდოდა შენთან. გავაფრთხილე, არ გინდა თქო. არაფერი გამოვა-მეთქი. მდგომარეობას გაიუარესებ-მეთქი. მაგრამ არ დამიჯერა… მაინც უნდოდა შენთან ახლოს ყოფნა. უნდოდა გაეცანი. ენახა, რანაირი იყავი…

გაშრა ლევანი.

ადგილს მიეყინა. გამტკნარებული შესცქეროდა ეკას, საიდანღაც, თითქოს შორეული ნისლიდან ესმოდა მისი დაბურული, მიმწყდარი ხმა. რაღაცას ამბობდა, მაგრამ აღარაფერი ესმოდა ლევანს, ყურები დაეხშო, ყურისწამღები ზუზუნი ჩასდგომოდა მათში მხოლოდ.

არ ახსოვდა.

როგორ შეიძლებოდა რომ ქეთი ოდესმე აქამდე ენახა და არ დამახსოვრებოდა?

არა, არა.

შეუძლებელი იყო.

შეუძლებელი იყო ეს. არ სჯეროდა, არ უნდოდა რომ დაეჯერებინა.

ეკას აშკარად რაღაც ეშლებოდა. შეიძლება გააფრინა. ალბათ სიზმარში ნახა რაღაც. ქეთიმ სხვა რამ უთხრა და არასწორად გაიგო. ანდა მოატყუა.

ეს ვერ იქნებოდა სიმართლე.

მაგრამ ლოგიკური გახლდათ. 

იქნებ ეს გახლდათ მისი კითხვების პასუხი. იქნებ ამით აიხსნებოდა ყველაფერი, რაც უკვირდა.

ქეთის ქცევა. მის სახლში ყოფნის სურვილი. მესიჯები და ტელეფონზე საუბარი. მინდობილობა.

ცივი თითებისა და შუბლის ზურგზე შეხება.

და იმ უცნაური გრძნობის სუსხი, რამდენჯერმე რომ დაენახა ლევანს.

ქეთის მის გამო სჭირდა ჰანაჰაკის დაავადება.

ერთიანად შეზარა, შეაძრწუნა ამ აზრმა.

ხროტინით, ზედაპირულად, ძლივს სუნთქავდა.

და გაახსენდა.

არ უნდოდა გახსენებოდა, შეეცადა შეწინააღმდეგებოდა მის გონებაში ამოტივტივებულ, წამლეკავ, შავბნელ ფიქრს, რომელიც არ შეეპუა, წამსვე ჩამოხია მისი მყიფე წინააღმდეგობა, თითქოს ფარატინა, გალეული ქსოვილი ყოფილიყო.

„საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ პარადოქსულად ჰანაჰაკის დაავადების მიერ დაზიანებული ორგანოების (უმთავრესად ფილტვების) ამოკვეთა პაციენტში ცალმხრივი სიყვარულის ე.წ. „განკურნებას“ იწვევს.“

ცივმა ოფლმა დაასხა ანაზდად. თითოეულ ძარღვში გაუჯდა შოკი ლევანს, თვალები გადმოეკარკლა.

ტუჩები უთრთოდა, ძლივს სუნთქავდა. ხელებით მაგრად ჩაჰფრენოდა სკამის სახელურებს. ერთიანად დაჭიმულიყო, თითქოს ნაწილებად იმტვრეოდა. ფეხზე რომ მდგარიყო, მუხლები მოეკვეთებოდა და ერთიანად ჩაიფშვნებოდა იატაკზე.

ქეთის მის გამო სჭირდა ჰანაჰაკის დაავადება. მისი დაავადებული ფილტვების ამოჭრისას კი არამარტო ჰანაჰაკის დაავადებას, არამედ სიყვარულსაც ამოჰგლეჯდნენ მისი სხეულიდან.

რეტი დაესხა ლევანს, გული აერია.

მაგრად მოუჭირა ხელი სკამის სახელურს, რომ თავი შეემაგრებინა. გულისრევისაგან პირში ნერწყვი მოაწვა, ცივმა ოფლმა დაუცვარა შუბლი.

ერთიანად კანკალებდა, თვალებში ჩამოუბნელდა.

საიდანღაც, შორიდან ესმოდა ეკას ხმა, სანამ მისი შეხება არ იგრძნო.

-ლევან? ცუდად ხარ, ლევან? – თითქმის ყურში ჩაჰკიოდა ეკა, მკლავში ჩაევლო ხელი და ანჯღრევდა.

ძლივს აატრიალა მისკენ გადმოკარკლული თვალები ლევანმა.

ხმა წაერთვა. ენა ჩაუვარდა, სადღაც, უსასრულო სიბნელეში, შორს.

ძლივს ამოძრავებდა გამომშრალ ტუჩებს.

-ლევან! ლევან, გესმის?! – გაჰკიოდა ეკა და შეზარა მისმა ხმამ ლევანს.

თვალებში აასხა სისხლმა. ხელები ერთიანად გასციებოდა.

-ჩემს გამო. – ამოილუღლუღა ბოლოს.

ეკამ ხელი შეუშვა, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა.

-ვწუხვარ, ლევან. – თქვა მან. – მართლა ძალიან ვწუხვარ.

ყბა მოენგრა ლევანს. მკერდზე ცეცხლი მოეკიდა.

-წუხხარ? – კბილებში გამოსცრა მან. – და აქამდე სად იყავი?

დაისის წითელ შუქზეც კი გადაფითრდა ეკა.

-ქეთის არ უნდოდა რამე მეთქვა. – ამოღერღა მან. – ხომ იცი რომ არაფრის თქმა არ შეიძლება ისედაც? თან მეგონა ქეთი ფეხებზე გეკიდა…

-რა, ჰანაჰაკი რომ მჭირს, საკმარისი საბუთი არ იყო შენთვის? – ხმას აუწია ლევანმა.

-მეგონა, რომ დონორი არ გამოჩნდებოდა. – ლუღლუღებდა ეკა. – ქეთი ისედაც ინტუბირებული იყო, მერე ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს, მეგონა… მეგონა რომ არაფერში დაგჭირდებოდა ამის ცოდნა…

ქშინავდა ლევანი, გაცხოველებული შეჰყურებდა ეკას. მკერდში რაღაც საშინელი, შავბნელი დაუტრიალდა, ერთიანად გაავსო, კინაღამ მკერდის ძვალი გამოუმტვრია.

-და რატომღაც ახლა მეუბნები. – დაუსისინა მან.

-იმიტომ გეუბნები, რომ დონორი გამოჩნდა! – ატყდა ეკა. – გადაგიყვარებს, ლევან! მერე რაღა გამოვიდა? ფილტვების გადანერგვისას გულგრილები რჩებიან პაციენტები, ზოგს სძულდება კიდეც ის, ვინც უყვარდა და ვის გამოც ჰანაჰაკი დაემართა! ამიტომ იქნებ მოვიცადოთ, ხელახლა ვცადოთ ნარკოზიდან გამოვიყვანოთ, და უთხარი, რომ ჰანაჰაკი გაქვს მის გამო!

ლევანი გამტკნარებული შესცქეროდა.

ჩანავლდნენ ჩამავალი მზის სისხლისფერი სხივები, გაიცრიცნენ, რუხი, მწუხრის ჩრდილი ჩამოდგა ექიმთა ოთახში.

და ჩანავლდა ლევანის მკერდში ამძვინვარებული ცეცხლი.

ჩაქრა, გალღვა, და მის ადგილზე მხოლოდ ცარიელი, უსაზღვრო სიბნელე დარჩა.

თითქოს ჩაუკვდა შიგნით ყველაფერი ლევანს. დაცარიელდა, გამოიშიგნა.

ვეღარაფერს გრძნობდა, ცივი სიცარიელის გარდა.

სახე გადაუფითრდა. ჟრუანტელმა ჩაურბინა ზურგში, გააჟრჟოლა.

-იქნებ მოვიცადოთ, იქნებ ცოტა კიდევ გამოკეთდეს, იქნებ შევძლოთ ნარკოზიდან გამოყვანა, ლევან… – აჩქარებით ამბობდა ეკა.

თავი გააქნია ლევანმა. მის თავში ჩამდგარი ყურისწამღები ზუზუნი ეხათქუნებოდა შიგნიდან თავის ქალაზე.

-არა. – თქვა მან. – უკვე გვიანია. თუ დონორი შესაფერისია, უნდა გადაუნერგონ.

-კი მაგრამ…

-გადაუნერგონ, ეკა. ნუ დაიწყებ ახლა. არ გინდა გამოკეთდეს?

-როგორ არ მინდა. რა სისულელეა…

-ჰოდა ძალიანაც კარგი თუ დონორი იპოვეს. ძლივს დასტაბილურდა თირკმელების უკმარისობა. ახლა სჭირდება გადანერგვა, სანამ ხელახლა რამე გართულება დაემართა. და ახლა თუ არა, მაშინ როდის? დონორს სად მივაგნებთ მერე?

ავტომატურად, ინსტინქტურად ლაპარაკობდა ლევანი, თითქოს დაუზეპირებიაო.

ეკა შეჰყურებდა, განერვიულებული, თვალებში საშინელი სევდა ედგა.

-ხო მაგრამ… შენ…

-მე არაფერი. – თქვა ლევანმა, ეკას გაოგნებულ სახეს მზერა გაუსწორა. – ჩემთვის ყველაფერი მორჩა.

ყველაფრისაგან დაიშრიტა. აკივლებული ფიქრები ჩაყლაპა მასში დამდგარმა სიცარიელემ.

მისი ბრალი იყო, ქეთი რომ ასეთ მდგომარეობაში იწვა იქ, გამოფიტული, ჰანაჰაკის დაავადებისაგან ერთიანად დალეწილი ორგანიზმით.

თვითონ კი ვერ მიხვდა. ვერც გააცნობიერა, თუ რა გამოიწვია იმან, რომ არ ახსოვდა.

უნდა მიმხვდარიყო, რომ სხვა მიზეზით არ მოინდომებდა ქეთი მასთან ერთად ყოფნას სიცოცხლის ბოლო თვეებში.

სხვა მიზეზით არ ანდობდა თავის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

რაღაც იგრძნო, როცა ქეთი პირველად საავადმყოფოში მოიყვანა. ის მზერა, რომელიც ადრე ენახა.

ქეთის ჰკითხა.

ჰკითხა, მისი ბრალი იყო თუ არა.

მაშინ ეგონა, რომ ეს უბრალოდ რაღაც ფანტაზიის ნაწილი იყო, უაზრო ბოდვა, რომელიც მისმა გადაღლილმა გონებამ შეაკოწიწა.

მართალი იყო. ქეთიმ კი მოატყუა.

ახლა კი ფილტვებს ამოაცლიდნენ და სულ სხვანაირი იქნებოდა ის სუსხი, რომლითაც ის ლევანს შესცქეროდა.

გამოჯანმრთელდებოდა.

და ეს ძალიან კარგი იყო. ძალიან, ძალიან კარგი.

შესანიშნავი.                                                                                                                

ოდნავმა, ტკბილმწარე ღიმილმა შეუთრთოლა ტუჩის კუთხეები ლევანს.

მაგრამ აღარ იქნებოდა ის ქეთი, რომელიც ლევანის სამზარეულოში, მბჟუტავი ნათურის მოყვითალო შუქის ქვეშ, მორყეულ სკამზე ფეხებაკეცილი იჯდა და ეუბნებოდა, რომ იქ ჯდომა და მასთან საუბარი იყო მთელი მისი ცხოვრება.

პირი გამოუშრა ლევანს. თვალები გაუშტერდა.  

იყო, როგორც იყო. ვეღარაფერს შეცვლიდა.

მხოლოდ ოდნავი, მოწითალო ნასისხლარი შერჩენოდათ შორეული მთების ბნელ სილუეტებს, და ჩაბნელებულიყო ღრუბლებით დაფარული ცის კამარა.

მზე ჩაესვენა.

და ყველაფერი დამთავრდა.

.

.

.

-*-*-*-*-*-*-

-26.07.2017 –

16:01.

აუტანელი ხვარტი იდგა.

თრთოდა მორბილებულ ასფალტზე მდგარი, სულშემხუთავი, გამტვერილი ჰაერი,  უსაშველოდ ლურჯ ცაზე თვალისმომჭრელად კაშკაშებდა მზის თეთრი დისკო. სადღაც, მოშორებით, მშენებარე კორპუსებს შორიდან ყურისწამღები ბურღვის ხმა გამოდიოდა, რასაც ზედ ერთვოდა ბუღადენილ ტრასაზე მანქანათა შხუილი და ტროტუარზე გამვლელთა რუზრუზი.

გზასთან მდგომი ვეებერთელა ჭადრის ხეები წინა წელს მოეჭრათ. დამსკდარიყვნენ ზორბა კუნძები, მათ გვერდებში ამოხეთქილი, შემხმარფოთლებიანი ტოტები ზარმაც, ცხელ სიოში ირხეოდნენ კანტიკუნტად.

ივლისის ერთი ჩვეულებრივი ნაშუადღევის პაპანაქებაში იგუდებოდა ქალაქი.

კენჭებს აჰკრა ფეხი ქეთიმ, უყურებდა, სანამ ისინი რაკუნით დაგორდნენ დახეთქილ ფილებზე.

მოკლე შორტები და თხელი მაისური ეცვა, მაგრამ მაინც მოსწოლოდა ზურგზე ოფლი. სუნთქვა უჭირდა, ისე დამძიმებულიყო ჰაერი.

ბოთლი, რომელშიც წყალი უკვე გამთბარიყო, მოიყუდა, ხარბად მოსვა.

-მომეცი, გოგო! – სწვდა თეა, ბოთლი ფაქტიურად მოჰგლიჯა ტუჩებიდან, ისე, რომ წყალი ქეთის ნიკაპსა და გულისპირზე ჩამოეწუწა.

ნიკაპი მოიწმინდა ქეთიმ და მხარში წაარტყა თეას, რომელსაც უკვე მოეყუდებინა ბოთლი.

-შენი ვერ წამოიღე? – შეუტია მან. – იდიოტო შენ, ხომ გითხარი სიცხეა თქო?

-ჩანთა შენ გაქვს და მე რატომ მეთრია? – დაეჭყანა თეა, თითქმის ცარიელი ბოთლი არხეინად გადმოუგდო.

ჩანთაში ჩატენა ბოთლი ქეთიმ, დას დაუბღვირა და გადაუსწრო, სწრაფი ნაბიჯით.

დაღმართს მიუყვებოდნენ. ყოველი მანქანის გაქროლებისას საბურავებიდან ადენილი ბუღი ცხელ ტალღად შემოჰკრავდა ქეთის. გრძნობდა, თუ როგორ აჭერდა თავზე მზე, თმა საშინლად გაცხელებოდა, როცა ზედ ხელი გადაისვა. შიშველი მხრები ეწვოდა.

ალაგ-ალაგ ამოყრილიყვნენ დახეთქილი ფილები, შიშველი ქვიშა ჩანდა ცარიელ ნაპრალებში. მათ თავზე წამოყუდებულ, კორპუსთა კარკასების ძირებში ქვა-ღორღი მიეყარათ, აქა-იქ ამოჩრილიყო მხოლოდ გადამხმარი ბალახი.

საკუთარ გატყავებულ სანდლებს დასცქეროდა ქეთი.

ახლები სჭირდებოდა, ცოტაც და ძირი გაუვარდებოდათ ამათ. მაგრამ სად ჰქონდა ამის ფული.

მარკეტში დამლაგებლის ანაზღაურება არც ისე სახარბიელო გახლდათ.

ტუჩები მოკუმა ქეთიმ, მაღლა აიხედა.

უსაშველოდ ლურჯი და ღრმა იყო ცა, თვალს სჭრიდა.

-მარინამ მომწერა. – თქვა უცებ თეამ.

-რაო? – გამოცოცხლდა ქეთი.

– ფული აქეთ მჭირდებაო.

-ფუ, ჟმოტი. – თქვა ქეთიმ, წამსვე საპნის ბუშტივით გასკდა მისი იმედი. – მინახავს, რა ნაირნაირებს ყიდულობს… დენზე რა გაარკვიე?

-არაფერი. – განაცხადა თეამ.

-გუშინ არ მითხარი, ყველაფერს გავარკვევო? – შეუტია ქეთიმ.

-კაი რა, ქეთი. ეგენი რისი გამკეთებლები არიან? მეტყვიან, არ ფიქსირდება გადასახადიო და ვსო. გავიჭირვოთ ეს ერთი თვე…

-რას ქვია გავიჭირვოთ! იქნება რამე სადმე გაეპარათ ანდა შეცდომით გამოგვირთეს, არ უნდა ვიცოდეთ? მიხვალ, თორემ მე მივალ, იცოდე!

-აუ ქეთიიი…. – აწუწუნდა თეა და გაღიზიანებამ აასხა თავში ქეთის.

-მიხვალ, თორემ მე მივალ. ფული ხომ გადაიხადე, რაზე გვედავებიან?

თეამ თვალი აარიდა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, მხრები აიწურა.

ქეთი მოიღუშა, იჭვნეულად შეჰყურებდა.

შორს, ბურღვის ხმას ძაღლების გულისგამაწვრილებელი ღავღავი დაემატა. მზე აუტანლად აჭერდა.

-თეა… – ხმადაბლა დაიწყო ქეთიმ. – ფული ხომ გადაიხადე?

მისმა დამ ხმა არ გასცა, ტროტუარს ჩაშტერებოდა.

-თეა! – მკლავში სტაცა ხელი ქეთიმ, შეანჯღრია. – ფული ხომ მოგეცი, რა უყავი?

თეამ წარბები აჭმუხნა, ძლივს გაუსწორა მზერა.

-რა უყავი? – ხმას აუწია ქეთიმ.

თეამ თვალები გააცეცა, მერე კი ხმამაღლა ამოიხვნეშა.

-ლაშას ვასესხე. – ამოღერღა ბოლოს. თვალები გაუფართოვდა ქეთის.

-ეგ იდიოტი კიდევ გწერს? – დაისისინა მან. – და შენ კიდევ რა გჭირს, რა ფულის სესხება, ხომ იცი რომ ეგ უსაქმური არაფრის დამბრუნებელია?

გამძვინვარებული, გამწარებული მრისხანება მოერია. სული მოეხუთა, გული აერია ანაზდად.

-დააბრუნებს! – თეა შეწუხებული შეჰყურებდა. – დამპირდა, რომ ამჯერად დააბრუნებს!

-რა იდიოტი ხარ. – ფაქტიურად შეაფურთხა სიტყვები სახეში ქეთიმ დას, მერე კი პირი იბრუნა, ქვაღორღში დახვავებულ აგურებზე ჩამოჯდა მძიმედ.

არც კი სჯეროდა, რომ ფული, რომელიც გადასახადებში უნდა გადაეხადა, თეამ იმ თავის უსაქმურ ყოფილს ასესხა.

თუმცა არა, სესხება არა, ფაქტიურად ნაჩუქარი გახლდათ ის ფული.

ბინაში წყლის გამაცხელებელი გაფუჭებულიყო, მეპატრონე კი შეკეთებაზე უარს ამბობდა, თქვენ გააფუჭეთ და თქვენ თვითონ შეაკეთეთო. სამზარეულოს ონკანი რამდენი ხანი იყო, რაც წვეთავდა, მათი აივანი კი ისე ჩაფეხვილიყო, რომ სარეცხის გასაფენადაც კი ვერ ბედავდა ქეთი ზედ გასვლას.

ეს ყველაფერი კი იმას ემატებოდა, რომ ჯერ კიდევ ვალები დარჩენოდათ ბებიას დაკრძალვიდან.

თავბრუ დაეხვა, შუბლი ხელებზე ჩამოაყრდნო.

საშინლად ერეოდა გული.

პირში ნერწყვი მოაწვა, გულზე თითქოს რაღაც მძიმე დასდგომოდა. ადუღებულიყო მის გარშემო ყველაფერი და წეღან საშინლად სცხელოდა, მაგრამ ერთიანად გააცია ანაზდად, კიდურები გაეყინა.

გააკანკალა, თვალებში ჩამოუბნელდა. პირი ძლივს გააღო, რომ რამე ამოეხრიალებინა, მაგრამ ვეღარ შეძლო.

თვალები გადმოეკარკლა. თეა რაღაცას ეუბნებოდა, ბუნდოვნად, შორიდან, მაგრამ აღარაფერი ესმოდა ქეთის. ერთბაშად დაესხა რეტი, სხეული მოემჩვარა და თვალები აუტრიალდა. გული მისდიოდა.

საკუთარივე სხეულის ხმამაღალი ბათქი მოესმა ქვაფენილზე, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია, ერთბაშად ჩამოწვა მის გარშემო უგრძნობი სიცარიელე.

ეს ძილი არ გახლდათ. ქეთის მუდამ ძალიან ცოცხალი, უცნაური სიზმრები ჰქონდა.

სიბნელეში მიცურავდა, რომელმაც ერთიანად შთანთქა მისი ფიქრები, გონებაც და სხეულიც. თითქოს ერთიანად გამდნარიყო, გაცრეცილი, შერეოდა სიცარიელეს და აღარაფერი დარჩენილიყო მისგან.

მიცურავდა, როგორც სიცარიელით ავსებული, სიბნელის პაწაწინა ნაგლეჯი, უფორმო და უმასო.

ნელ-ნელა, თითქოს ძილბურანის სქელი ფარდა ნელ-ნელა აეხადაო მის გონებას, გარშემორტყმული სიცარიელე გაიცრიცა.

გვერდზე იწვა, გავარვარებულ ფილებს გრძნობდა შიშველ კანზე. ხელი ლოყისქვეშ ედო, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ მოეფხოჭნათ მისთვის საფეთქელი. საშინლად დამძიმებოდა ტანი, ყოველი კუნთი აუტანლად სტკიოდა. პირში სისხლის გემო შეიგრძნო და შეეცადა მოჭმუხნულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, თითქოს ვერაფერს იმორჩილებდა საკუთარ სხეულში, მხოლოდ ქუთუთოების გაპობა მოახერხა. იწვა, პირგამომშრალი, ერთიანად გამოფიტული და ბუნდოვნად გრძნობდა ნეკნებსა და ფეხქვეშ წამახულ კენჭებს.

ჯერ საკუთარი სახელი ჩაესმა, ბუნდოვნად, მერე კი ზემოდან მომავალმა კაშკაშა სინათლემ მოსჭრა თვალი, გუგები აუწვა.

თვალები უნდა დაეხუჭა, როცა ვიღაცის თავი შემოცურდა მის დაბურულ თვალთახედვაში, მზის ვეებერთელა დისკო დაფარა.

ვიღაც ახალგაზრდა კაცი. მუქი, შუბლზე გადმოყრილი თმითა და მოჭუტული თვალებით. თითოეული პრიალა თმის ღერი მის თავზე შემოვლებულ მჭახე მზის შუქზე ბუნდოვან, მოციმციმე ყავისფრად დაფერილიყო, ქეთის გვერდით დაეჩოქა, დაჰყურებდა, რაღაცას ეუბნებოდა.

მის ნაკვთებს წესიერად ვერ არჩევდა ქეთი. თვალები დაახამხამა რომ მზერა დაეწმინდა.

გვერდიდან ვიღაც ქალი გაჰკიოდა, ხალხის ჩოჩქოლმა და გაბმულმა სირენამ ყურები აუზრიალა ქეთის.

საშინლად ჩხვლეტდნენ კანქვეშ კენჭები და ქვიშის პაწაწინა ნაწილაკები.

კანტიკუნტად, წყვეტილად გაარჩია ახალგაზრდა კაცის ხმა.

-გესმის ჩემი? – ეუბნებოდა ის. ღრმა, სასიამოვნო ხმა ჰქონდა.

ძალა მოიკრიბა ქეთიმ და გაჭირვებით, ოდნავ დაუქნია თავი. ამან თითქმის გამოაცალა მთელი ენერგია, რაც მის მტკივან, მომჩვარულ სხეულში დარჩენილიყო.

ახალგაზრდა კაცმა თავი გაატრიალა, ვიღაცას რაღაცაზე ელაპარაკებოდა.

რა ჰქვიაო, ეს პირველია თუაო, წამლებს ხომ არ იღებსო, ეკითხებოდა. უნდა გადავიყვანოთო, ჩაესმა ბოლოს.

ქეთიმ თვალები დახუჭა. არაფერზე ფიქრის თავი არ ჰქონდა. ენა რატომღაც ძალიან სტკიოდა, კვლავ სისხლის გემოს გრძნობდა პირში.

მერე კი მხარში მოავლეს ხელი, წამოსწიეს. იგრძნო, როგორ შეუცურდნენ მკლავები სხეულის ქვეშ და ზემოთ აიტაცეს, ელვის სისწრაფით აახლიჩეს ავარვარებულ ქვაფენილს, კენჭებსა და ქვიშას, მერე კი რაღაც ბრტყელსა და მაგარზე დაასვენეს.

დახუჭულ ქუთუთოებშიც კი ხედავდა მზის კაშკაშს, მოწითალო ნარინჯისფერი ედგა თვალწინ. სხეულზე რაღაცები გადააკრეს, მერე კი რახრახით გააგორეს სადღაც. ყოველ განძრევაზე საშინლად ტეხდნენ კუნთები.

თვალები ისევ გაახილა.

მის გვერდით, სულ ახლოს ის ახალგაზრდა კაცი იდგა.

ახლა უკეთ ხედავდა.

გარუჯული კანი ჰქონდა, მუქი თმა ასჩეჩოდა. მოჭუტული თვალებით იყურებოდა წინ. წითელი ფორმა ეცვა და რაღაც ზონარი ეკიდა კისერზე, მკერდზე კი ოთხკუთხედი ბარათი მიემაგრებინა.

ზედ რაღაც ეწერა, მაგრამ ვერ გაარჩია ქეთიმ. კვლავ ახალგაზრდა კაცის სახეს ახედა, მის ნაკვთებს შეჰყურებდა.

ცდილობდა დაემახსოვრებინა.

ახალგაზრდა კაცმა თვალები მოატრიალა, მზერა გაუსწორა.

-არ ინერვიულო. – უთხრა მან. – წეღან ცუდად გახდი… საავადმყოფოში მიგიყვანთ. ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია…

მის მუქ თვალებს შეჰყურებდა ქეთი და მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ მისი სჯეროდა.

ყურისწამღები სიგნალის ხმა ესმოდა ქუჩიდან, რასაც ნელ-ნელა ფარავდა მოახლოებული, ხმამაღალი სირენა.

მზე კანს სწვავდა, სანამ რიხინით არ შეაგორეს სადღაც, დახუთულ, დაჩრდილულ სივრცეში.

თვალები დახუჭა.

კვლავ ცარიელმა, ბურუსით მოცულმა ბურანმა წაართვა თავი.

.

.

.

ECMO – Extracorporeal Membrane Oxygenation

15 thoughts on “მზესუმზირები (ნაწილი 6)

  1. ამ თავის წაკითხვის უცნაურად უიმედობამ შემიპყრო. მე ყოველთვის პოზიტიურ ადამიანს ამჯერად პოზიტივის მიზეზი ნაკლებად მაქვს. არ ვიცი ალბათ ვცდები, ჯერ ხომ არ ვიცი წინ რა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს ქეთის და ლევანის სიყვარული არ გაქრება.
    და მაინც თურმე ერთმანეთი გაუაზრებლად დაავადეს და განკურნებაც უკვე შეუძლებელი ხდება ერთ-ერთის მაინც.
    ეკა ექიმის მცდელობები იმედად მესახება და მგონია რამეს სასიკეთოდ გააკეთებს.
    რაც შეეხება სხვა ექიმებს მათი გულგრილობა უბრალოდ საშინელებაა.
    ვნახოთ რა იქნება მომავალში.🌻❤️

    Like

    1. პირველ რიგში უღრმესი მადლობა იმისათვის რომ წაიკითხე და აზრი გამოხატე 🤩🤩🤩🥰🥰💛💛💛
      სამწუხაროდ მართლა გაუცნობიერებლად მოხდა ორივეს მხრიდან, რაც მოხდა. ხშირად ხდება ასეთი რაღაცები, ასე მგონია მაგრან ამჯერად ასეთი გამანადგურებელი შედეგები მოჰყვებათ სამწუხაროდ. რაც მოხდება იმაზე არ გავაკეთებ კომენტარს 🫣🫣🫣 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! 🥰💛

      Like

  2. ძალიან მეცოდება ორივე😞ჯერ იმედი მქონდა ,რომ ქეთის მდგომარეობა ასე არ დამძიმდებოდა,მერე აღმოჩნდა,რომ ლევანიც დაავადდა,არადა თავიდანვე ვფიქრობდი,რომ ლევანი უყვარდა,ახლა ეს საწყალი ბიჭია ავად🤦 ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ გამოჯანმრთელდებიან ორივე.დაგელოდები დიდი მოთმინებით.
    პ.ს. ისე ხშირად მეფიქრება მათზე და მედარდებიან.სადაც მზესუმზირების სურათს ან ვიდეოს ვნახავ,ხელებს ძლივს ვაჩერებ,რომ არ გადმოვიწერო🙈🥰

    Like

    1. ვაიმე გენაცვა 💛 პირველ რიგში დიდი მადლობა რომ წითხულობ, გახსოვს და გულთან ახლოს მიიტანე 💛💛 არ გაუმართლა ლევანს, უკვე რამდენჯერ იყო არასწორ დროს არასწორ ადგილას. ალბათ ბევრ რამეს შეცვლიდა დროის მობრუნება რომ შეეძლოს.
      ბევრი აღარ დარჩა, ალბათ ორიოდე თავი და იმედია მალე მოვახერხებ შემდეგის დაწერას, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ 💛💛💛

      Like

  3. გული დამიმძიმდა რაღაცნაირად❤❤
    თურმე რა ხდება
    🌹🌻
    ლინდა არაჩვეულებრივი ხარ ❤წერის შენებური სტილით,სულერთია როგორ დასრულდება,შენი რომანები დაუვიწყარია ❤❤❤

    Like

  4. ლევანის უიმედობამ შემიპყრო,მას აღარ აქვს ძალა თავიდან შეაყვაროს თავი ქეთის🙈 რაღაცნაირად ეკასაც ვადანაშაულებ,სიმართლე რომ არ თქვა აქამდე,იქნებ მოახერხოს ნარკოზიდან გამოყვანა 🥺🥺🥺🥺🥺🥺🥺

    Like

      1. ვაიჰ დიდი მადლობა გენაცვა 🥰🥰🥰💛💛💛💛 ჰო, როგორც ლევანი ამბობს, იქნებ არ ღირს იმედის დაკარგვა 🥰💛💛

        Like

    1. სამწუხაროდ ეგრეა 😦 მართლა აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია ლევანს სამწუხაროდ 🥺 ნარკოზიდან გამოყვანას რაც შეეხება, უკვე გვიანია 🥺🥺
      მადლობა დიდი! 🥰🥰💛💛💛

      Like

  5. ლევანი განსაკუთრებით მეცოდება. ძალიან მინდა იმედი არ დავკარგო და ორივეს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიფიქრო, მაგრამ არ ვიცი… იქნებ მძინარე ქეთის გამოუტყდეს ყველაფერში, იქნებ მაინც იქონიონ სიტყვებმა ძალა და ფილტვების გადანერგვას გადაურჩეს ქეთი. ფანტაზიაში გავიჭერი ხო?😄

    Like

  6. სალამი ლინდა, მიხარია ბოლოს და ბოლოს გაზაფხული რომ მოვიდა ამ ქალაქში. მართალია სახელი არასდროს გეწერა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თავის წაკითხვის მერე სულ მრჩებოდა შთაბეჭდილება რომ ეს ორი ბანდალა ბატი გოთემში ცხოვრობს 🫣 რას გაიგებ, ადამიანის გონებას ბევრი პარალელის გავლება შეუძლია და არც ეს ჩემი შედარება გაგიკვირდეს დიდად. ლევანი არის ციკანუნი ბიჭი, როგორ შეუმჩნევლად “შემოესიყვარულა” ჩვენი გოგო. და ამავე დროს არის თავისი საქმის დიდი პრიფესიონალი. ძალიან მომწონს როგორ იბრძვის ქეთუშას სიცოცხლისთვის და არ კარგავს იმედს და არც ის მგონია დიდად რომ ამას თავისი თავის გადასარჩენად აკეთებს.

    ქეთის და სულ რამდენჯერმე გყაბდა ნახსენები, მაგრამ დიდად ვერასდროს მოიგო ჩემი გული. შტერი და უპასუხოსმგებლო გოგოა (ძალიან არ მომწონს გოგოზე ამას რომ ვიძახი, მაგრამ ფაქტია). არავითარი შეყვარებული (თანაც ყოფილი და თანაც მატყუარა) საკუთარ დაზე წინ არ უნდა დააყენო.
    სულ ერთი სიტყვა მოარჩენთ ეხლა ამათ, ძალიან დასანანია რომ რაღაცეებს გვიან ვხვდებით ხოლმე ადამიანები, ხანდახან მაშინ როცა ამ სიტყვის წარმოთქმის ფიზიკური საშუალებაც აღარაა უკვე. შემსეგ თავამდე ლინდა. შე დრამა ქვინო შენა 😊🩶👸

    Like

  7. უჰააა ,გამიკვირდებოდა შენგსნ ჩვეულებრივი ისტორია ,მაგრამ ის რასაც ვკითხულობ იმდენად უჩვეულო და ზღვარს მიღმაა, გაოცებული დამტოვე,იმდენად არაორდინალური თავგადასავალია, და იმდენი მძაფრი ემოცია მოაქვს ,ერთი სული მაქვს შემდგომ თავებს როდის წავიკითხავ,სინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები,გაუგონარ შეგრძნებებთან და მათთან ბრძოლა სანამდე მიიყვანს ამ წყვილსს…ძალიან ძალიან მაგარიაა….

    Like

    1. ძალიან ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის და იმისთვის რომ მკითხულობ, გენაცვალე 🥰🥰💛💛💛 ვნახოთ რა იქნება, სულ მალე გამოჩნდება ყველაფერი 🥰

      Liked by 1 person

  8. უფრომეტის თქმა მინდა ხოლმე მაგრამ ვერ ვითმენ რომ კითხვა არ გავაგრძელო🥺🥺
    ამდენი სიზუსტე არ არსებული დაავადების აღწერისას,ამდენი დეტალი ძალიან ბევრ მუშაობას მოითხოვს და ძალიან სასიამოვნო წასაკითხია♥️♥️მადლობა ამდენი ემოციისთვის🧡🧡

    Like

    1. მესმის გენაცვა 💛💛💛 დიდი მადლობა, დეტ ა ლები მართლაც მინდოდა ზუსტად დამესვა 💛 მიხარია რომ მოგწონს 🥰

      Like

დატოვე კომენტარი