Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
მწარე იყო სახეში გარტყმული მუშტი. თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა.
მაინც გაიცინა.
-მეტის თავი არა გაქვს, ნაბიჭვარო? – დაიღრიალა უაზროდ.
მისი ოპონენტი ისევ ეძგერა, მაგრამ ლექსომ მუშტი დაუჭირა და მთელი ძალით აარტყა მუცელში წიხლი.
სახეში იდაყვი მოხვდა და ცხვირიდან სისხლმა იფეთქა.
იგრძნო, როგორ გაუსკდა ტუჩი და როგორ ჩაეღვარა პირში უსიამოვნო, მეტალის გემოს ცხელი სითხე.
-ახლავე შეწყვიტეთ! რა უმსგავსობაა! – მათკენ დეკანი მოიწევდა, აბზუებული ტუჩითა და უშველებელი სათვალეებით.
გარშემო შეკრებილმა ბრბომ ამოიგმინა.
ლექსომ სახე მოიწმინდა.
სისხლი გადმოაფურთხა. ლურჯ მაისურზე ეწვეთებოდა.
დეკანმა უკმაყოფილოდ, ოდნავი ზიზღით დახედა.
-თქვენ ხომ კარგად ხართ? – დაიყვირა მან. – რა მოხდა? ზედგინიძე, მე თქვენგან ასეთი ხასიათის გამოვლენა არ მახსოვს… ბაგაური, საით გაგიწევიათ? მობრუნდით ახლავე! მე ჯერ არ დამიმთავრებია!
ლექსო მოტრიალდა და დეკანს შეაშტერდა.
ბრბო ჩაჩუმდა.
არაფერი უთქვამს.
დეკანს ტუჩები დაუწვრილდა.
-სრულიად უმიზეზოდ დამესხა თავს. – განაცხადა მისმა ოპონენტმა. „ზედგინიძემ“. – ჩემთვის მოვდიოდი და…
-შენმა სიფათმა ნერვები ამიშალა. – შეაწყვეტინა ლექსომ და ცალყბად გაიღიმა, როცა გაფითრებულმა ზედგინიძემ ისევ მისკენ გაიწია.
ხელები ეფხანებოდა.
-საკმარისია! – დაიყვირა დეკანმა. -ზედგინიძე, თქვენ ახლა კლუბში უნდა იყოთ, ხომ? რას აკეთებდით დერეფანში? ბაგაური, პირი მოიწმინდეთ, რას ჰგავხართ, ღმერთო ჩემო… იცით რა, თქვენც გაჰყვებით კლუბში და იქაურობას მიალაგებთ. ეს თქვენი სასჯელი იქნება, გასაგებია?
ლექსომ გაიცინა.
უსიტყვოდ გაჰყვა უკან ზედგინიძეს.
როგორ ვერ იტანდა აქაურობას. სიამოვნებით შეაფურთხებდა დეკანს სახეში. ყველას სიამოვნებით შეაფურთხებდა სახეში.
ვერ იტანდა ამ ქალაქს. ვერ იტანდა ამ უნივერსიტეტს. სძულდა აქ ყოფნა.
სძულდა მისკენ მოშვერილი თვალები.
„ეს ისაა, მაშინ რომ აიყვანეს.“
„გაიგე, ეს ბიჭი აყვანილი რომაა?“
„აყვანილია.“
„ქეთუშას ბიჭი.“
როგორ არ უნდოდა იქ დაბრუნება, სადაც ამდენი იდიოტი ცხოვრობდა.
სადღაც თოთხმეტი წელი იყო, რაც აქ არ ყოფილა. სიამოვნებით გაატარებდა დანარჩენ ცხოვრებას სხვაგან.
მაგრამ არა, აუცილებლად უნდა გადმოსულიყვნენ თვითონ და მამამისი. აუცილებლად უნდა აეფარებინათ სახეში მისი წარმომავლობა და სტატუსი.
ზედგინიძემ ხელი ჰკრა. ფიქრებიდან გამოაფხიზლა.
ლექსომ საპასუხოდ მუშტი გაარტყა მკლავში და ატყავებულ კარში შეაბიჯა.
„ხელოვნების კლუბი.“
პატარა ოთახი აჭრელებული იყო. ყველგან ნახატები, დამთავრებული თუ დაუმთავრებელი, თუ ცარიელი ტილოები ეწყო.
ფერები ყველგან.
დიდი, ღია ფანჯრიდან სინათლე შემოდიოდა, ჩანდა ლურჯი ცა და ხეების აყვავებული წვერები.
-ჩამშვებო. – ლექსომ გაიცინა. გულწრფელად რომ ეთქვა, ფეხებზე ე*იდა, მაგრამ სურდა, რომ ესენი გაეღიზიანებინა.
-ვიყო. სულ არ მაინტერესებს, ალალი იქნება შენზე. – ზედგინიძემ კარისკენ გაიშვირა ხელი. – წადი მეთქი.
-უნდა ავალაგო.
-არ გვჭირდება ალაგება. – ლექსომ გოგოს სტყორცნა მზერა. მან თვალები დააწვრილა.
თითქოს საიდანღაც ეცნო უეცრად.
-გჭირდებათ. ეს ადგილი საღორეა.
-საღორე შენა ხარ. – დაისისინა ზედგინიძემ.
-საღორეობა ჯობია ღორობას. – მიუგო ლექსომ. ზედგინიძეს სახე დაეჭიმა.
კიდევ ერთი ფუნჯი მოხვდა კეფაში.
-რა ჭირი გინდა, გოგო? – მოუტრიალდა ის. -კიდევ ერთხელ მესვრი რამეს და ხელებს მოგიგრეხ, იცოდე.
გოგოს სახე შეეცვალა. თითქოს გაშტერდა, უსიტყვოდ უყურებდა.
ლექსომ სახე შეჭმუხნა, უნდობლად მიაშტერდა.
გოგომ თვალი აარიდა ბოლოს.
-რასაც მინდა, იმას გესვრი. წადი და გაიტანე შენი სიმყრალე, ვეღარ ვიტან უკვე. – გოგო დაჯდა, მოთხვრილი პალიტრა მოიმარჯვა. – ვეტყვი დეკანს, რომ შენი ჭაჭანი არ მინდა აქ.
-აუ, ეს ვინაა… – ლექსომ ზედგინიძეს გადახედა. იგი უსიტყვოდ იდგა და უბღვერდა. – როგორ უთმენ?
-გადი აქედან. – მიუგო ზედგინიძემ საპასუხოდ.
-არა, მაინტერესებს, როგორ უთმენ.
-გადი თქო.
-მითხარი, როგორ უთმენ.
-ჩემი მეგობარია. ასე ვუთმენ, მორჩა და გათავდა. ახლა გაეთრიე.
-არ მინდა გათრევა. მაინტერესებს. – მან გოგოს გადახედა. ტილოს იქედან ორი თვალი ამოწვერილიყო, წარბები შეეკრა.
შეკრთა, როცა სახეში აუტანელი ტკაცანით გააწნეს სილა და ზედგინიძემ მკლავში ხელი სტაცა.
-აქ აღარ გნახო. – დაისისინა მან და გარეთ გათრევა სცადა. ლექსო ირონიული ღიმილით დაჰყვა. კარი ჯახუნით მოუკეტეს.
-ვითომ მე მინდოდა აქ მოსვლა. – ხმადაბლა თქვა მან და სისხლით მოსვრილი ნიკაპი მოიწმინდა. ცოტა ხნით ადგილზე ირწეოდა.
მერე კი მთელი ძალით ჰკრა წიხლი კარს. მორყეული ანჯამები შეკანკალდნენ.
ეს საცოდავი კარი ბევრ დარტყმას ვერც გაუძლებდა.
ლექსომ კიდევ ერთი წიხლი ჰკრა.
კარი ელვის სიწრაფით გაიღო და ზედგინიძე გამოვარდა.
ლექსო ადგილს მოსწყდა. ხმამაღალი ხარხარით გაიქცა.
-*-*-*-*-*-*-
მამამისმა, თუ მამა ერქვა საერთოდ, ლანძღა. იდიოტი უწოდა და აგინა. დეკანის წინ შემარცხვინეო, გაჰყვიროდა.
ლექსომაც საპასუხოდ შეაგინა. უთხრა, რომ მამამისის ხელში ჩაბღუჯული ვისკის ჭიქა საკმარისი იყო მის შესარცხვენად.
ბერიკაცმა სილა გააწნა.
არა, რაღაც ჩვეულებრივზე მეტად ასილაქებდნენ ამ ბოლო დროს.
ხიდზე გადასვლისას, მხოლოდ ბერიკაცის ჯინაზე, ჩანთა მოისროლა მდინარეში.
უყურებდა, როგორ იძირებოდა ჩანთა თავისი წიგნებით აყროლებულ, ჩაშავებულ წყალში.
ლექციებზე ეძინა.
მერე კი თავის ახალ გასართობს, „ხელოვნების კლუბს“ მიადგა.
ამაყად შეაბიჯა.
გადღაბნილი ტილო მარჯვნივ აღარ იდო. ზედგინიძეს მოლბერტზე შემოედო და გახელებული ადებდა ახალ საღებავს გასუფთავებულ სახეზე.
გოგო ისევ ფანჯარასთან იჯდა. წამოიწია და მის დანახვაზე წარბები შეკრა.
-გიო, ნაგავი მოვიდა. – თქვა მან და ხატვას დაუბრუნდა.
ზედგინიძემ გამოხედა, ტუჩები დაუთხელდა.
ლექსომ კუთხეში მიმდგარი, საღებავებით მოთხვრილი სკამი დაითრია, რახუნით დაიდო წინ და ზედ გადაჯდა.
-გიყურებთ. – თქვა მან.
ზედგინიძეს ფუნჯიანი ხელი აუკანკალდა.
გოგომ ისევ ესროლა ფუნჯი.
ამჯერად ლექსო დროზე დაიხარა, მერე კი ტილოს იქიდან მომზირალ თვალებს გაუცინა, რომლებიც თითქოს ნაპერწკლებს აფრქვევდნენ.
-შენი საყურებელი აქ არაფერია. – მოკლედ თქვა მან. – გადი.
-რა იყო, არ შეიძლება? გაწუხებთ?
-გვაწუხებ. – გოგომ ზედგინიძეს გადახედა. იგი ისევ აღშფოთებული მიშტერებოდა. -წადი რა.
-რა გქვია? – ლექსომ მკლავები გადააჯვარედინა სკამის ზურგზე და ნიკაპი დააბჯინა ზედ.
გოგომ არ უპასუხა. დაჯდა და პალიტრა მოიმარჯვა.
-გახვალ თუ მაშინდელივით გაგაგდო? – დაიღრინა ზედგინიძემ.
-რა ქვია ამას?
-შენ ვერ ხარ ხომ? რაში გაინტერესებს?
-ისე. საინტერესო ვიღაცები ხართ აქ. ცოტათი ურიკინებთ ალბათ, მაგრამ…
-აუ, წადი რა აქედან მოშორდი. – ხელი აუქნია ზედგინიძემ და ფეხზე წამოდგა. – თორემ ჩემით გაგათრევ.
-სახელი მითხარი.
-არა. რად გინდა?
-აუ, რას მეჯინავები? ვამბობ რამეს ისეთს? სახელი მითხარი თქო.
-ელენე, ელენე მქვია. – გაისმა ანერვიულებული ხმა ტილოს იქიდან. – ახლა წახვალ?
-არა. – თავი გააქნია ლექსომ. – ვიქნები, გიყურებთ.
-ნერვებს მიშლი. – ზედგინიძემ მუშტები შეკრა. მომწყვდეული ფუნჯი ცოტაც და ჩაატყდებოდა. დიდი, ჯმუხი ტიპი იყო.
სასაცილოდ გამოიყურებოდა საღებავით მოთითხნილი მკლავებითა და მაისურით.
-რა ვქნათ, ყველას ვერ მოვეწონები. – წარბები ასწია ლექსომ.
ზედგინიძემ დაიღრინა, მისკენ წაიწია.
-გიო, კარგი, გეყოს რა. – თქვა გოგომ. ისევ წამოდგა და ისევ გამოჩნდა ყავისფერი თვალები ტილოს ზემოდან. – ჯანდაბას, იყოს. შენი კრინტი არ იყოს ოღონდ, გესმის? – პალიტრა გამოიშვირა მან.
-არის, ბოს. – ლექსომ ცერა თითები ასწია და უყურებდა, თუ როგორ ჩამოჯდა ისევ გოგო.
ზედგინიძე ყოყმანით, მაგრამ მაინც დაუბრუნდა თავის ადგილს.
ნელ-ნელა ადებდა ტილოზე საღებავების ახალ-ახალ ფენას.
ლექსო ფეხს ნერვიულად აკაკუნებდა იატაკზე.
სიჩუმეს ფანჯრიდან შემოჭრილი ნიავის ზუზუნისა და ფუნჯების მოსმის ხმა არღვევდა.
-მეც დამახატვინეთ. – მოითხოვა ლექსომ.
ზედგინიძემ გამოხედა. წარბები შეკრა.
-რა, გინდა რომ კლუბში იყო? – იკითხა გოგომ.
-არა. მინდა რომ დამახატვინოთ.
-ესე იგი კლუბში გინდა.
-არ მინდა კლუბი. როცა მინდა, მაშინ მოვალ და როცა მინდა, მაშინ დავხატავ.
-ანუ კლუბში იქნები.
-არა მეთქი. აუ, დამახატვინეთ, ხალხი არა ხართ? ვა.
-რად გინდა ხატვა? – იკითხა ზედგინიძემ.
-მე რა ვიცი. – მხრები აიჩეჩა ლექსომ. – სახალისო ჩანს. ხელებს გავიდღლაბნი და მზეებს დავხატავ. გავერთობი.
გოგო წამოდგა. ნელი ნაბიჯით გამოემართა. მოგრძო, ღია ქვედაბოლო ეცვა და ჭყეტელა წითელი ზედა. ორივე აჭრელებული.
ნელა დადიოდა რატომღაც, თითქოს ფრთხილობსო.
-ელე… – დაიწყო ზედგინიძემ, მაგრამ გოგომ ერთი გახედა. ზედგინიძე გაჩუმდა.
უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო.
გოგომ ცარიელი, პატარა ზომის ტილო აიღო და მოლბერტზე შემოდო. რამდენიმე სხვადასხვა ზომის ფუნჯი, შედარებით სუფთა პალიტრა და საღებავების ტუბები აიტაცა მაგიდიდან.
-აჰა. – თქვა მან, მოლბერტი ახლოს მოათრია ღრჭიალით და ხელსაწყოები გაუწოდა. – მაჩვენე რას დახატავ.
-არიქა ახლა. – სარკასტულად დაიწყო ლექსომ. – ბარემ ბილეთებს გავყიდი ჩემი მხატვრული პროცესისათვის, არ გინდათ?
-ამ ყველაფერს… – ზედგინიძემ ხელი მოავლო ოთახს. – ჩვენ ვყიდულობთ. ფულს ვახარჯავთ. ელემ ნაწილი მოგცა, ფაქტიურად ჩვენს ფულს ფლანგავ. ბილეთების გაყიდვა კი არა, ყიდვა გჭირდება.
-აუ, თქვენ ხომ ხუმრობას ვერ იგებთ რა… – ლექსომ ფუნჯი მოიმარჯვა, წითელ ტუბს ხელი მოავლო. – მწნილი ხალხი.
ყვავილი დახატა.
წითელი გულით და სქლად მოვლებული, ექვსი ყვითელი ფურცლით.
აზრზე არ იყო, რას აკეთებდა.
მაგრამ სასიამოვნო იყო ფუნჯის მოსმა და სქელი კვალის ყურება.
ბოლოს წითელ საღებავში ხელი ჩააწო და ტილოს კუთხეში ხელის ანაბეჭდი დატოვა.
-აჰა.
-… ორი წლის ბავშვის ნაჯღაბნს გავს. – ნელა თქვა ზედგინიძემ.
-გენიოსი ორი წლის ბავშვის ნაჯღაბნს, არა? სულ ვიცოდი, რომ ვუნდერკინდი ვიყავი.
-წადი შენი. ნიჭის ნატამალი არ გიყრია მაგ ცარიელ ტვინში.
-წადი შენ თვითონ, ვა. შენ რა ჩემს ფეხებს ხატავ აბა.
-მე ყველაფერს. – ზედგინიძემ ოთახის მარცხენა ნახევარზე მიანიშნა. ტილოებზე პორტრეტები, ნატურმორტები, ფერად-ფერადი პეიზაჟები იყო გამოსახული.
-ვერაააა… ჩემს ნიჭს ვერ შეედრება.
გოგომ ხელიდან ფუნჯი წაჰგლიჯა.
-ოე! – ლექსომ წარბები შეკრა, შეეცადა მოტაცებულ ფუნჯს მისწვდენოდა. – რას აკეთებ?
-ნაჯღაბნს ვასწორებ. – გოგომ ხელი ჰკრა ოდნავ, სკამიდან გადააგდო და თვითონ ჩამოჯდა.
პალიტრაზე აურია თეთრი და წითელი.
ყვავილს ფრთხილად დაუსვა პატარა ფუნჯი. ნელა ავსებდა ყოველ სივრცეს.
სხვადასხვა გამა ერთმანეთში გადაჰყავდა, სანამ წითელი ყვავილი არ გაიფურჩქნა ტილოზე.
ლექსო გაშტერებული შეჰყურებდა.
-ესაა ნიჭი. ელეა ვუნდერკინდი, და არა შენი ცარიელი გოგრა. – თქვა ზედგინიძემ. გოგო მოტრიალდა, საღებავიანი ფუნჯი მის მაისურის კიდეს გადაუსვა სქლად.
ლექსო გაოგნებული დააშტერდა მოთხვრილ მაისურს.
-კლუბში ხარ. – განაცხადა გოგომ. ფერმკრთალი სახე ოდნავაც არ შეტოკებია. – თუ რამე დახატე, არასოდეს არ უნდა გქონდეს ტანსაცმელი საღებავის გარეშე.
-არა, მართალი ვიყავი. ურიკინებთ თქვენ ცოტას.
-გადი აქედან, რა. – ზედგინიძემ კარებზე მიუთითა. – არ მესმის, ჯერ კიდევ რატომ აგდიხარ აქ.
ლექსომ ფანჯარაში გაიხედა. მზე ჩადიოდა.
სახლისაკენ მთელი გზა წითელ ყვავილზე ფიქრობდა.
სადღაც ენახა თითქოს.
-*-*-*-*-*-*-
ელენე რაღაც წამლებს სვამდა.
ზედგინიძე წყალს აწვდიდა, როცა კლუბში შეაბიჯა. გოგომ თვალი ჰკიდა, სწრაფად გადაყლაპა ტაბლეტი.
-ისევ მოვიდა. – ხმადაბლა თქვა მან. ლექსომ ცალყბად გაუღიმა.
ზედგინიძემ უკმაყოფილოდ გადმოხედა.
-ადრე მოხვედი. – ნელა დაიწყო მან.
-ჰო. საქმე არაფერი მქონდა.
-ლექციებზე არ დადიხარ? – იკითხა გოგომ. ისევ ის ჭყეტელა ზედა ეცვა, ამჯერად გაცრეცილი, მუქი შარვლით.
-ლექციებზე მძინავს. მაინც არაფერს გვასწავლიან.
გოგო მოიღუშა.
-რომ მოუსმენდე, გასწავლიდნენ. – მშრალად დაიწყო ზედგინიძემ.
-კი, აბა რა. უეჭველი.
ზედგინიძემ თვალი აარიდა და თავი გააქნია. ელენე მოლბერტის ძირში დაგდებულ მოზრდილ ჩანთას დასწვდა და ხელში აიტაცა. გახსნა და პლასტმასის ყუთი ამოაძრო, გამჭირვალე თავით.
ზედგინიძე ფანჯარაში გადაეყუდა. ხელებზე ბოთლიდან ისხამდა წყალს და საღებავს იშორებდა, სანამ გოგომ ყუთი გახსნა.
-როგორ არ მინდა. როგორ მოხდა რომ დღეს მადლი მოისხი და…
-ჰოდა მოდი და აიღე ერთი. სამი გავაკეთე დღეს.
-შენ სულ სამს აკეთებ. – გაისმა ზედგინიძის უკმაყოფილო ხმა. მას ხელების დაბანა მოემთავრებინა და ახლა კედელზე ჩამოკიდებული პირსახოცით იმშრალებდა თითებს.
-შენ კი სულ ორს ჭამ. ან ერთნახევარს. ასე გასუქდები.
-არ გავსუქდები.
-ისედაც მსუქანი ხარ. – უთხრა ლექსომ, ბუტერბროდი აიღო და ჩაკბიჩა. პურზე კარაქი გადაესვათ, ზედ კი ლორი იდო.
გემრიელი იყო რაღაცნაირად.
ზედგინიძე უბღვერდა.
გოგომ ხელები დაიბანა და თვითონაც დაიწყო ჭამა. სიჩუმეში ილუკმებოდნენ სამივენი.
ლექსო უცებ მიხვდა, რომ კარგა ხანი იყო გასული იქედან, როცა ვინმესთან ერთად ჭამა.
უცნაური იყო. უცხოც.
ელენეს მიაშტერდა, რომელიც ძალიან კონცენტრირებული იყო მოთხვრილ მაგიდაზე. ცოტა ხანში იგრძნო მისი მზერა და გამოხედა.
ლექსომ თვალი აარიდა.
-ნუ მიყურებ.
-არ გიყურებდი.
-სულელი გგონივარ? ვიცი რომ მიყურებდი, ჰოდა ნუღა შემომხედავ.
-არიქა, როგორ შეიძლება. დამიშალე ახლა.
-დიახაც, დაგიშლი. ჩემი სახეა, ჰოდა ნუ უყურებ.
-აუ ვინაა ეს… ჩემი თვალებია, სადაც მინდა, იქით გავიხედავ.
-ეს კი ჩემი მუშტია, როცა მინდა, მაშინ ჩაგაზილავ სახეში, თუ სისულელეებს არ მორჩები. – ზედგინიძემ მუშტი ასწია.
საშიშად ვერ გამოიყურებოდა, როცა ბუტერბროდს ღეჭავდა.
ლექსოს გაეცინა.
ოთახში სიწყნარე სუფევდა. უცნაური იყო, რომ ჯერ კიდევ ესმოდა სიწყნარის მნიშვნელობა.
სასიამოვნო შეგრძნება იყო.
ელენემ ისევ მისცა მოლბერტი და ხელსაწყოები. ამჯერად უაზროდ დაიწყო თითებით საღებავის წასმა, ცდილობდა ფერები ისე აერია ერთმანეთში, როგორც გოგომ გააკეთა წინა დღეს.
რაღაც არეული, ჭრელი გამოუვიდა. საღებავების უშველებელი, მრუდი კვლები.
მაგრამ მოსწონდა ფერადოვანი სიჭრელე.
-მაგას აბსტრაქციონიზმიც არ ჰქვია. მაგას არაფერიც არ ჰქვია. – დააკომენტარა ელენემ.
-ხო არა? რაღაც ახალი ჟანრი დავაარსე. გითხარი არა, ვუნდერკინდი ვარ მეთქი. აბა რა დავარქვა? ჰა? ლექსონიზმი?
-კარგი, ჯანდაბას. – ელენემ ხელი ააქნია და გატრიალდა. საკუთარი მოლბერტიდან გადმოიღო ტილო.
ზედგინიძე ისევ გამწარებული ასწორებდა ლექსოს მიერ „გაუმჯობესებულ“ პორტრეტს.
გოგომ ტილო კედელზე მიაყუდა, ფანჯარასთან ახლოს.
ვიღაც ჭაღარაშერეული, ცისფერთვალა კაცის პორტრეტი იყო, მუქ ფერებში შესრულებული.
-ეგ ვინაა? – ლექსომ ხელი მიუშვირა.
ძალიანაც არ აინტერესებდა, მაგრამ სურდა გოგოს გამოლაპარაკებოდა. ელენემ უცნაურად გადმოხედა.
-მამაჩემია. – მან მხრები აიჩეჩა ოდნავ. მერე კი თავი აიქნია მოშორებით დადებული ტილოსაკენ, რომლიდანაც ვიღაც ქალი იყურებოდა, ნათელი ლურჯი თვალებით.
-ეგ დედაჩემი.
-არ გავხარ. – თქვა ლექსომ.
-ნარევი ვარ. ეგ გიოს პორტრეტია კიდევ.
-რა იყო შენ, ყველა ნაცნობის სურათებს ხატავ?
-იმათ პორტრეტებს ვხატავ, ვინც მიყვარს.
-ეუჰ… მეტი საქმე არა გაქვს?
ელენემ მკვეთრად გადმოხედა.
-როგორც ჩანს, არა. – ნელა თქვა მან. – შენი საქმე არაა, ყოველ შემთხვევაში.
უცნაურად ლაპარაკობდნენ, უცნაურად იქცეოდნენ და საერთოდ, უცნაური ტიპაჟები იყვნენ.
ზედგინიძე ელენეს ერთ სიტყვას არ უბრუნებდა, იმის მიუხედავად, რომ ეტყობოდა, შეეძლო ერთი მოქნევით მიელეწა გოგო კედელზე.
ელენე სულ სერიოზული იყო.
ერთხელ არ გაუღიმია.
სულ ფანჯარასთან იჯდა და ხატავდა. ასწორებდა ლექსოს ნაჯღაბნებს. საჭმელი მოჰქონდა ორივესათვის.
ეცვა გაშლილი, ღია ფერის ქვედაბოლოები ხოლმე, და სიამონებდა მათზე ხელების გაწმენდა.
წვიმაშიც კი არ კეტავდა ფანჯარას, იჯდა რაფაზე, გარეთ ფეხებგადაყოფილი და სადღაც იყურებოდა.
ყოველდღე სვამდა წამლებს.
ლექსომ დაინახა, თუ როგორ უარობდა გოგო ტაბლეტების მიღებას ერთ დღეს.
გაბრაზებული, ანერვიულებული სახით, ზედგინიძე კი გამწარებული ატენიდა სახეში წყლის ჭიქასა და ტაბლეტების ფირფიტას.
ალბათ დეპრესია სჭირდა. სისუსტის არაფერი ეტყობოდა.
-ისევ დღლაბნი. – ელენე მისკენ გადმოიხარა. – თუ ხელებით ხატავ, თითები მაინც გამოიყენე მთელი ხელის მაგივრად.
-ასე მსიამოვნებს.
-მასე არაფერიც არ გამოდის მერე.
-ისე არ მესიამოვნება. ვა.
-ხელოვნება შენი კი არა, მაყურებელის სასიამოვნოდაა. მე კიდევ ვერ ვიტან ამ ნაჯღაბნის ყურებას.
-მერე გაიხედე გვერდზე.
-აჰა. – ელენემ საღებავში ჩააწო თითი და დახატულ მამაკაცის კარიკატურას წარბზე გადაუსვა. გაუსქელა.
– თვალები დააპატარავე, რას გავს… ცხვირი… კონტური ასე უნდა დაუხატო. იქითა თვალთან ახლოს. ტუჩები… კარგი, ჰო, მხოლოდ კონტური მოუსვი. ვერ შეძლებ შენ ფერების შერევას. აბა თეთრი მომეცი…
ელენემ ხელში ხელი სტაცა და დახატულ თვალთან მიატანინა.
სკლერა ოდნავ ჩამუქდა ნაცრისფერი საღებავით.
ელენემ ხელი უშვა.
ლექსომ სწრაფად დასწია ხელი.
-ასე ჯობია.
-მე რატომ არ მიტარებ გაკვეთილებს? – გაისმა ზედგინიძის უკმაყოფილო ხმა.
-შენ არ გჭირდება, ნიჭიერი ხარ.
-ანუ მე არ ვარ? – წამოიძახა ლექსომ.
-არა. – მოუჭრა ელენემ და გატრიალდა. – მეგონა შევთანხმდით, რომ ცარიელი გოგრა ხარ ამ დეპარტამენტში.
-ეეეე… – ლექსო სკამზე გადაწვა. – მეგონა მეგობრები ვიყავით. მეგობრებმა კი მხარი უნდა დაუჭირონ ერთმანეთს.
-მაგ როდის მოხდა? არ მახსოვს რაღაც. – თქვა ზედგინიძემ. – მე ნაგავთან არ ვმეგობრობ.
-წადი შენი, ძმა. – ლექსო ფეხზე წამოდგა. – მივდივარ.
-ახლა ვინაა მგრძნობიარე?
-მეჩქარება.
-გეჩქარება არა იხვის ტოლმა. გეწყინა.
-არ მწყენია, ვა. რა უნდა მწყენოდა? როგორ უნდა მეწყინოს ორი შერეკილის სიტყვები?
ზედგინიძემ ჩაიცინა, თავის პორტრეტს მიუბრუნდა.
ელენეც დაჯდა მოლბერტთან.
ლექსო ცოტა ხანი იდგა.
უსიტყვოდ მიშტერებოდა ელენეს ხელის მოძრაობებსა და სახის გამომეტყველებას.
ბოლოს სკამი მიითრია მასთან ახლოს და დაჯდა.
ელენემ წარბები შეკრა. მოლბერტი გაატრიალა, რომ ლექსოს ტილო არ დაენახა.
-რას ხატავ?
-პორტრეტს.
-მერე? ვის ხატავ?
-არ გითხარი ამასწინათ? იმათ პორტრეტებს ვხატავ, ვინც მიყვარს.
-აჰა, ესე იგი, დედაშენი, მამაშენი, ეს შენი ფინია აქ… და-ძმა გყავს?
-ელე. საკმარისია. – გაისმა ზედგინიძის ხმა. გოგომ სწრაფად გადახედა. სახეზე არაფერი გამოხატვია.
ლექსო უსიტყვოდ მიშტერებოდა.
ვიღაც უყვარდა ელენეს.
-რანაირი ტიპია? მაჩვენე.
-არა.
-რატომ? რას გთხოვ ისეთს? შემახედე ერთი.
-არა მეთქი. არ მსიამოვნებს როცა ჩემს დაუმთავრებელ ნამუშევრებს უყურებენ, და როცა მე მიყურებენ ხატვისას. ნერვები მეშლება.
-ჩემს ნახატებს რომ გადაახატავ ხოლმე თავზე?
-ეგ ჩემი ნამუშევრები არ არის. – განაცხადა ელენემ. – სხვანაირია.
-რა იყო, კი არ შეგიჭამ. მაჩვენე რანაირი ტიპია მეთქი.
-რანაირი ტიპია და იდიოტია. ნაგავია. – დაისისინა უცებ ელენემ და ლექსომ წარბები ასწია. გაოცებისაგან შეუსტვინა.
-ოე, ზედგინიძე, ეგ ბიჭი ცოცხალია კიდევ? თუ მიასიკვდილე უკვე? – უკან გაიხედა მან.
ზედგინიძე, როგორც ყოველთვის უკმაყოფილო ჩანდა. ფუნჯი პალიტრასთან გახევებოდა.
-ცოცხალია, ჰო. – მოჭრა მან მოკლედ.
-რანაირები ხართ ეს გოგოები. თუ ნაგავია რაღატომ გიყვარს?
-ერთის ნაგავი მეორის განძიაო.
-შენთვის თუ ნაგავია, ვინ ჩემი ფეხებისთვისაა განძი?
-ბაგაური, მოკეტე. – დაიღრინა ზედგინიძემ. – გამოეთრიე და წადი სახლში, თუ არაფერს აკეთებ.
-არა, მაინტერესებს.
-ბაგაური მეთქი…
-ჩემთვისაა განძი. – ხმადაბლა თქვა ელენემ. -ჩემი მეგობარი იყო. პირველი მეგობარი. – დაჟინებით გადმოხედა. – ნაგავიცაა და განძიც.
ლექსომ წარბები ასწია.
სულ ვერ უგებდა ამ გოგოებს.
სულელური ლოგიკა იყო.
გოგომ ფუნჯი პალიტრაზე დაახეთქა. ფეხზე წამოდგა.
ლექსო ჩაიწია, რომ ელენე გამოეტარებინა. გვერდით ჩაუქროლა.
საღებავის, წვიმისა და აყვავებული ვაშლის სურნელი ასდიოდა.
ელენემ თხელი, მუქი ზეწარი გადააფარა ტილოს.
საღებავების ტუბები, პალიტრა და ფუნჯები მაგიდაზე მიაგდო და ჩანთა აიტაცა.
სახლში არასოდეს წასულა ლექსომდე.
-გიო, წავალ მე. – მან ჟაკეტი მოიცვა და ჩანთა გადაიკიდა.
-ნელა იარე. დამირეკე როცა მიხვალ. – უთხრა ზედგინიძემ.
ლექსო წამოდგა და უკან გაჰყვა ელენეს.
გარეთ გამოვიდნენ. ელენე ტროტუარს მიჰყვებოდა. პარკში გადაუხვია.
ქუჩა გადაჭრა და გაჩერდა.
-რატომ მომყვები? – იკითხა მან.
-გაგაცილებ.
-არ მჭირდება გაცილება.
-გვიანია უკვე.
-მზე არ ჩასულა ჯერ, პლუს ქვეყნის ხალხი დადის. – ელენე ისევ დაიძრა, ნაბიჯს აუჩქარა. – წადი სახლში.
-გაგაცილებ თქო.
-არ მინდა გაცილება.
-მაგ ჩემი საქმე არაა. მინდა რომ გაგაცილო.
ელენემ ხელები ზემოთ აისროლა. ნაბიჯს უფრო აუჩქარა, თითქმის მირბოდა.
ლექსო მაინც იოლად წამოეწია.
-კარგი, რა იყო. – გვერდში ამოუდგა. – არ შეგჭამ, უბრალოდ სახლამდე მიგყვები.
-არ მჭირდება სახლამდე მიყოლა. მარტო მოვდივარ სულ. მომშორდი, რა იქნება.
-გაგაცილებ და მოგშორდები.
ელენე მოულოდნელად გაჩერდა. ლექსომ ნაბიჯს შეუნელა, მის წინ შეჩერდა.
-სახლში წადი. – უთხრა ელენემ.
ლექსო არ განძრეულა. მოღუშული უყურებდა.
-არ მინდა სახლში წასვლა. -თქვა მან ბოლოს.
ელენეს არაფერი უთქვამს. ცოტა ხანი უსიტყვოდ მიშტერებოდა.
ქუჩაში ლამპიონები აანთეს.
ელენეს მოყვითალო შუქი დაეფინა. თმაზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა.
-კარგი. – თქვა მან ბოლოს. – ამ ერთხელ.
ელენე კორპუსში ცხოვრობდა.
ლექსო სადარბაზომდე მიჰყვა.
-*-*-*-*-*-*-
ზედგინიძემ უშველებელი ტილო მოიტანა.
ჩარჩოს კრავდა.
ტილო თითქმის ლექსოს სიმაღლის იყო, ასეთივე სიგანის.
ელენემ ტილო გადააკრა ჩარჩოზე, ლექსომ კი კიდეები დააჭედა.
-ეს რად გინდოდა? – ჰკითხა ზედგიძეს, რომელიც ფუნჯებს არჩევდა.
-რაღაც დიდი მინდა რომ გავაკეთო. სანამ სასწავლო წელი მიიწურება.
-კი მაგრამ რად გინდა? ამხელა ტილო გჭირდება რამეში?
-ჩვენ სამივე დავხატავთ ზედ. – თქვა ელენემ. იგი დაჟინებით მიშტერებოდა ტილოს, სახაზავით ზომავდა კიდეებს და ფანქრით ნიშნავდა რაღაცას.
ლექსომ გაოცებით შეხედა.
-მართლა? – წამოიძახა მან. მერე გაიცინა. – არა, ვიცოდი, რომ ერთ დღეს აღიარებდით ჩემს ნიჭს.
-ნიჭი არა ისა… – ზედგინიძემ უკმაყოფილოდ გადმოხედა. – ასეთი ტრადიცია გვაქვს. ყოველი წლის მიწურულს ორივე ერთად ვხატავთ რამეს, ასეთ დიდ ტილოზე. შენ შემოეკვეხე აქ, ამიტომ შენც დახატავ.
-რატომ, ჯგუფურში ვვარჯიშობთ თუ რა ხდება?
-რაღაც მასეთი.
ელენემ ხაზები გაავლო. ტილო ფრთხილად გაჰყო სამ ნაწილად.
-წლევანდელი თემა რა იყოს? ალკოჰოლი, ბუნება, და ადამიანთა უსასრულო იდიოტიზმი უკვე დავფარეთ.
-სიცოცხლე. – თქვა ზედგინიძემ.
-არ მინდა. – ელენემ დოინჯი შემოირტყა და ლექსოს გადმოხედა. – შენ რას იტყვი?
-რა ვიცი, სიცოცხლე არ არის ძალიან ცუდი. – მხრები აიჩეჩა მან. -ალკოჰოლსაც სიამოვნებით დავხატავდი. ანდა სიგარეტს.
-სიცოცხლე თუ არ გინდა, მაშინ სიყვარული იყოს. – თქვა ზედგინიძემ.
-არც ეგ.
-აბა სიკვდილი დახატე და მოისვენე. – უთხრა ლექსომ.
ელენემ გადმოხედა. არაფერი უთქვამს.
-არ არის ცუდი იდეა. – თქვა ბოლოს. – დავხატავ სიკვდილს და მოვისვენებ.
-ელე, უაზრო იდეაა. – ხმადაბლა თქვა ზედგინიძემ. – სხვა რამე მოვიფიქროთ.
– არა, მე მომწონს ეს იდეა.
-ელე, უაზრობაა.
-არ არის უაზრობა.
-რა სისულელეზე კინკლაობთ. – მკლავები გადააჯვარედინა ლექსომ. – იცით რა, კინკლაობა… ბრძოლა დახატეთ ბოლოს და ბოლოს.
-ბრძოლას არა უშავს. – სწრაფად განაცხადა ზედგინიძემ. – იყოს ბრძოლა.
ელენეს არაფერი უთქვამს.
-*-*-*-*-*-*-
ზედგინიძეს საღებავები დააკლდა.
მთელი დღე ბუზღუნებდა „სამეფო ლურჯსა“ და „ნიჟარის ვარდისფერზე“.
ლექსოს ვერ გაეგო, რაში უნდა გამოეყენებინა ეს ფერები „ბრძოლაში“.
ლექსოს ვერ წარმოედგინა, რომ სავაჭრო ცენტრის მიყრუებულ კუნჭულში, სადღაც, ამხელა სახატავი საშუალებების მაღაზია იქნებოდა.
ცნობისმოყვარე ბავშვივით დაბორიალებდა აქეთ-იქით, სანამ უშველებელი მოლბერტი არ წამოაყირავა და გამყიდველმა წყევლა-კრულვა არ დაიწყო.
ელენემ და ზედგინიძემ სასწრაფოდ იყიდეს, რაც სჭირდებოდათ.
სასაცილოდ გამოიყურებოდნენ სამივენი. საღებავებით აჭრელებული ტანსაცმლით, ელენე თავისი უშველებელი სასკეტჩი რვეულით, ზედგინიძე ფუნჯებითა და ამდენი საღებავებით, და ლექსო ყურს ზემოთ გადებული ფუნჯით.
მაგრამ ლექსოს სულ არ აინტერესებდა ხალხის შემოხედვა.
აღარ აწუხებდა. ელენეს მისდევდა გვერდით.
სასიამოვნო იყო სამეგობრო ჯგუფში ყოფნა.
იმ დღეს დაიწყეს უშველებელი ტილოს შეფერადება. ლექსომ წამსვე მოუსვა წითელი საღებავი და ყველანაირად შეეცადა სისხლს მიემგვანებინა.
ზედგინიძე მის გვერდით ხატავდა რაღაცას. ნელი, ფრთხილი, ფუნჯის პაწაწინა მოსმებით.
ვარდისფერი საღებავით.
ლექსომ ჩაიფრუტუნა.
ელენე ისევ თავისი შეყვარებულის პორტრეტს უჯდა.
ხანდახან გადმოხედავდა მათ და უკმაყოფილოდ შეიჭმუხნიდა შუბლს მისი ნახატის დანახვაზე.
ლექსო კმაყოფილი სახით გაუღიმებდა.
ელენე თვალებს ატრიალებდა და თავის სახატავს უბრუნდებოდა.
ლექსო კი აგრძელებდა მის ყურებას.
-*-*-*-*-*-
ზედგინიძე რაღაც სისულელეს ხატავდა.
სულ არ ჰგავდა ეს ბრძოლას.
ვიღაც გოგო იდგა. აყვავებულ ხეებს შორის, ზურგით, და ზემოთ იყურებოდა. გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა.
-მაგ ბრძოლაა ახლა? – იკითხა ლექსომ.
ზედგინიძეს არაფერი უთქვამს. ტუჩებდაწვრილებულმა გადახედა ლექსოს შედევრს.
-ყველას ერთნაირად არ წარმოუდგენია ერთი ცნება.
-რაებს ბოდიალობ, თუ ღმერთი გწამს. სად უნდა დავინახო მანდ ბრძოლა ახლა მე?
-შენ ვერაფერს ვერ დაინახავ, იმიტომ რომ შენ ეს არ გეხება.
-რა უცნაური ტიპი ხარ, რა. ესაა ბრძოლა და არა მაგ.
ზედგინიძემ მჟავედ გადმოხედა.
-მგონი უკვე გითხარი, რომ…
-ჰო, ჰო, ყველა ერთნაირად ვერ ხედავს თუ რაღაც სისულელე. მაგრამ მე მგონი დავბრმავდი, მანდ ვერაფერს ვერ ვხედავ.
-უნიჭო ვიცოდი, რომ იყავი, ახლა ბრმაც ხარ. არც კი მიკვირს.
-უთხარი ამას რამე. – გასძახა ლექსომ გოგოს, რომელიც ფანჯარაში გადაყუდებულიყო და რაღაცას მიშტერებოდა. – ჰგავს ახლა ეგ ბრძოლას?
ელენემ გადმოხედა. სახე შეეცვალა.
-არ ჰგავს. – თქვა მან მოკლედ.
-აჰა, ხომ გითხარი? – მოუბრუნდა ლექსო.
-ელე, კარგი რა. ვის მხარეზე ხარ? – თავი გააქნია ზედგინიძემ.
-მე? სიმართლის. გიო, მაგ ბრძოლა არ არის.
-არის. შენ თვითონაც ხომ იცი.
-არ არის თქო.
-არის, ელე.
-არ არის. მაგ ისეა ბრძოლა, როგორც პირველი ფერის გემო. მასეთი ბრძოლა არ არსებობს.
-რა ჯანდაბა იცი შენ საერთოდ? რა იცი? არაფერიც არ იცი! შენი დანახვა არ მინდა, აღარ გამომყვე!
ელენე გატრიალდა, სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ტროტუარს.
ლექსო სადარბაზომდე შორიახლოს მიჰყვებოდა უსიტყვოდ.
ელენესაც არაფერი უთქვამს.
-*-*-*-*-*-
ზედგინიძემ კედელზე მიანარცხა მეორე დღეს.
ელენეს ყვირილმაც ვერ გააშვებინა ხელი.
-როგორ ბედავ, ჰა? – გრგვინავდა ის. – როგორ უბედავ ელეს…
-უნდა ცემო კაცი სიყვარულის გულისთვის, აბა რა უნდა ქნა. – ლექსომ ყელში წაჭერილ ზედგინიძის მუშტი ხელის აქნევით მოიცილა. – მიდი, მიდი, კიდევ დამარტყი. როგორ გავბედე, მე საზიზღარმა…
-ზუსტადაც! – ზედგინიძე გახელებულ ხარს ჰგავდა. – არ გაქვს არავითარი უფლება… შენ არაფერიც არ იცი. შენ თავსაც აზიანებ ამით და ელესაც, და ისეთი დებილი ხარ, რომ ვერ ხვდები!
-რას, რას ვერ ვხვდები? ჰა? – ლექსომ ხელები გაშალა. – დავაშავე რამე? მე ეს გოგო მომწონს, იმიტომ რომ კარგი ტიპია. ისედაც რა მნიშვნელობა აქვს ამას, როცა მაგას სხვა უყვარს? – თითქმის სიტყვები შეაფურთხა სახეში ზედგინიძეს. მკერდზე ცეცხლი ეკიდა. – და რა ჯანდაბას ვერ ვხვდები, გამაგებინეთ! – ხმას აუწია მან.
ზედგინიძე ელენეს ჩანთას მივარდა. გადახსნა და ორი წამლის ქილა ამოაძრო.
-გიო, ახლავე შეწყვიტე. – დაისისინა ელენემ.
-არა, უნდა იცოდეს ამან. – მან ორივე ქილა სახეში ააფარა ლექსოს. – იცი ესენი რაებია?
ლექსომ თვალები მოჭუტა. წამლების სახელები არასოდეს ამახსოვრდებოდა კარგად.
-მე რა ვიცი.
-ტკივილგამაყუჩებლებია. – მიუგო ზედგინიძემ.
-გიო! – წამოიყვირა ელენემ.
-ამათ ელე იმიტომ იღებს, რომ პანკრეასის კიბო აქვს. მეოთხე სტადია. მეტასტაზები უფრო და უფრო იზრდება და მუცელი სტკივდება ხოლმე.
ლექსო გაშტერდა.
ელენეს სახე გადაუფითრდა.
ზედგინიძემ უკან დაიწია. ქილები ისევ ჩანთაში ჩააბრუნა.
ლექსო მის ხელს შეჰყურებდა, გაშტერებული.
ელენეს გადახედა. იგი გაყინული, მიტკალივით გაფითრებული გამომეტყველებით იდგა.
-ბოლო შტრიხები დამრჩა მხოლოდ. ლექსო, სახლში წახვალ ჩემთან? გამეგზავნები? დედაჩემს უთხარი, წითელი ფუნჯი დარჩა თქო. დასამთავრებლად მჭირდება.
ლექსო წამოდგა.
-კარგი, მოგიტან. – კარისაკენ გატრიალდა.
-მოიცა ერთი წუთით.
ლექსო მოტრიალდა. ელენე მისკენ მოიწევდა ნელი ნაბიჯით.
ამოსუნთქვა ვერ მოასწრო, რომ გოგო მიეხუტა.
თვითონაც სწრაფად შემოხვია მკლავები და მაგრად მიიხუტა გულზე.
ელენე მის ყელზე სუნთქავდა. ლექსო ბუნდოვნად გრძნობდა მის გულისცემას.
-მადლობა. – თქვა ელენემ, როცა მოშორდა, და თვალებში ახედა. ისევ სერიოზული გამომეტყველება ეხატა სახეზე. – ახლა მიდი.
-მიყვარხარ. – უთხრა ლექსომ. ისევ მოუთმენლობა უვლიდა რატომღაც.
ელენემ მშვიდად შეხედა.
-ძალიან კარგი. წადი ახლა. დროზე მჭირდება.
ლექსო ცოტა ხნით მიაჩერდა.
უნდოდა პასუხი მოეთხოვა.
მაგრამ მისი დაუმთავრებელი პორტრეტი გაახსენდა. გატრიალდა, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
ნახევარ საათში მიაღწია კორპუსამდე.
-წითელი ფუნჯი დარჩა ელენეს. – უთხრა დედამისს.
ქალმა თვალები მოჭუტა.
-კარგი… მოვძებნი. შენ შემოდი, გენაცვალე.
ლექსომ სასტუმრო ოთახში შეაბიჯა.
თვალები ისევ იმ საბავშვო წიგნებისაკენ გაექცა. ისევ საბავშვო ხალხური ზღაპრები გადმოიღო და გადაშალა.
ცოტა ხანი წითელ ყვავილს აშტერდებოდა.
წიგნი გადაფურცლა. უკანა ყდამდე ჩავიდა.
„ელეს ალექსანდრესგან. მოვალ და წაგიყვან!“ წაეჯღაბნათ ბავშვური ხელით, უკვე ნაცნობი წითელი ფანქრით.
ლექსო დაბარბაცდა.
გაახსენდა.
ცივი საწოლი ბავშვთა სახლში. ელეს თბილი პატარა თითები, სანთლის შუქზე წაკითხული ზღაპრები და ეზოშიერთმანეთის დევნა.
სიძულვილი, რომელიც შავი მანქანიდან გადმოსული ქალისადმი იგრძნო.
ელეს ნამტირალევი სახე და საკუთარი დაპირება.
პირველი მეგობარი.
ლექსო მოტრიალდა. გული მთელი ძალით ურტყამდა მკერდის ძვალზე.
-ლექსო? ვერავითარ წითელ ფუნჯს ვერ მივაგენი… – დედა ოთახში შემოვიდა და დაბნეული მზერა სტყორცნა. – რა უნდა დარჩენოდა? აქ არაფერი არ არის წითელი ფუნჯის მსგავსი…
ლექსო მთელი სხეულით დაიჭიმა.
ადგილს მოსწყდა. გამწარებულმა ჩაირბინა კიბეები და უნივერსიტეტისაკენ გავარდა.
„ხელოვნების კლუბის“ კარი ღია იყო. რამდენიმე პატარა ჯგუფი იდგა აქეთ-იქით, გაცხარებით საუბრობდნენ.
ლექსო ოთახში შევარდა.
ზედგინიძე მაგიდას დაბჯენოდა.
ზედაპირზე საღებავი გაედღლაბნა რამდენიმე ცრემლს.
ოთახში არავინ არ იყო სხვა. არეულობა სუფევდა.
ელენეს მოლბერტი გადმოეყირავებინათ. პორტრეტი იატაკზე ეგდო.
ლექსო ვერ მიხვდა, რომ მუხლებზე იდგა, ხმამაღლა ღრიალებდა და გაჰყვიროდა, სანამ ზედგინიძემ მკლავებში არ ჩაავლო ხელი და მისი წამოწევა არ სცადა.
ლექსოს ცრემლები გადმოსცვივდა.
ლექსო ტიროდა, პორტრეტიდან კი წითელ გამაში დახატული, საკუთარი მომღიმარი სახე შემოჰყურებდა.