Please do NOT repost or reupload this work to any site without the expressed permission from the author. ნაშრომის სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე ატვირთვა ავტორის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
კორპუსის კიბეები ძველი, ოღროჩოღრო და კარგა ხნის მოუგველი იყო. თათიამ ზიზღით გადახედა კუთხეში მიგდებულ სიგარეტის ნამწვებს, საღეჭი რეზინის შესაკვრელ ქაღალდებს და მუყაოს ყუთი უფრო მაგრად ამოიჩარა იღლიაში. ზურგი და ფეხები საშინლად სტკიოდა ზემოთ-ქვემოთ განუწყვეტელი სიარულით, მაგრამ ამ ყუთებს თუ დაღამებამდე არ აათრევდა სახლში, ვერ მოისვენებდა. და ისიც გაუგებარი იყო, თუ რა ბედი ეწვეოდათ მის საოჯახო ნივთებით გამოტენილ ყუთებს ამ შებინდებულში, თუ მათ ქვემოთ დატოვებდა.
„რა იქნებოდა, რომ მეშვიდე სართულზე არ მეყიდა ბინა? ვითომ ის ერთოთახიანი მეორე სართულზე ცუდი იყო?“ გაიფიქრა მან და ტუჩები მაგრად მოკუმა, ხვნეშით ააბიჯა საფეხურზე და მუყაოს ყუთი ძირს დაახეთქა. წელში გაჭირვებით გასწორდა, და გმინვა ამოუშვა, როცა მისმა ზურგმა ტკაცუნი გაიღო.
„დეგენერატი ირაკლი…“ ბრაზით გაიფიქრა მან და სახეში ჩამოყრილი, შეკრული თმიდან გამოქცეული ღერები ყურებს უკან გადაიგდო, თან ერთად გადაახტა სამ საფეხურს. „მაინც და მაინც ახლა უნდა წათრეულიყო, ხომ? არა, ცუდი არ არის, რომ ბოლოს და ბოლოს მოიფიქრა სახლის გაყიდვა და აქაურობას მოშორება, მაგრამ ამ შუა ზამთარში?“
თოვდა და ქვემოთ დარჩენილი ერთადერთი ყუთი თოვლის თხელ ფენას დაეფარა. თათიას გააჟრჟოლა და ხელები დაისრისა, სიმძიმის თრევისაგან უხურდა და სახსრები სტკიოდა, მერე კი ყუთი ხელში აიტაცა და ზემოთ აიხედა. გადათეთრებული ციდან ფანტელები ნელ-ნელა მოცურავდნენ, რამდენიმე სახეზე დაეცა და წამსვე დაადნა ახურებულ კანზე.
-ამინდიც კი არ მიწყობს ხელს… – წაილუღლუღა გოგონამ და შეტრიალდა, ძველ, თითქოსდა მიტოვებულ კორპუსს ახედა. არ სურდა ქალაქის ცენტრში დარჩენილიყო იმის შემდეგ, რაც სახლი გაყიდეს, ისიც ეყოფოდა, რომ მოგების უმთავრესი ნაწილი ისევ ირაკლისა და მის უთვალავ დაბანდებებს მოხმარდა. მისი ძმა, თათიას სუბიექტური აზრით, ქუჩაში დაგდებულ ქვად არ ვარგოდა, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდა მამამისის კომპანიის შენარჩუნებას. „რომ არ ახერხებდეს, ის იქნებოდა გასაკვირი, ამდენი მომზადებით, სწავლითა და ფულის ხარჯვით,“ გუნებაში უკბინა თათიამ ძმას და ნელი ნაბიჯით აიზლაზნა კიბეებზე.
ძლივს ააღწია მეშვიდე სართულამდე და ქოშინით შეზიდა ყველაფერი ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ ბინაში, თან წამდაუწუმ ირაკლის წყევლიდა გონებაში. თათიას თვითონ უნდოდა ქალაქის გარეუბნისაკენ ცოტა მოზრდილი ბინის ყიდვა, მაგრამ მაინცდამაინც, ფულის დაზოგვის მიზნით, გაპარტახებული ბინა უნდა ეყიდათ? ირაკლის ბრალი იყო ყველაფერი. ქონება მას ებარა, და ვირივით ჯიუტიც იყო. ვერაფრით შეაგნებინა თათიამ, რომ უკეთესი იყო ცოტა ნორმალური ბინა ეყიდათ, მაგრამ ირაკლის აზრი ვერ შეარყევინა, ის სულ თავის ფულის დაზოგვას, კაპიტალის სხვაგან დაბანდების საჭიროებას და ათას სისულელეს როშავდა.
კარი ზურგს უკან მიიჯახუნა და ამრეზით მოათვალიერა აბლაბუდით სავსე შესასვლელი. ცოტას თუ მოასუფთავებდა, შეიძლებოდა ბინა შესახედავად უკეთესი გამხდარიყო, ცოტათი მაინც, მაგრამ სპეციფიკურ, თითქოსდა შმორის სუნს, დალაქავებულ ჭერსა და ამობურცულ პარკეტს ვერაფერს უშველიდა.
თათია ერთ-ერთ ყუთზე დაეხეთქა და გმინვა ამოუშვა, თავი საშინლად სტკიოდა. სახსრებიც ტეხდა. მთელი წინა კვირა ნივთების შეკვრას მოანდომა, თან ყველაფრის გაკეთება მარტოს მოუწია, რადგან ირაკლი სახლში არ ბრძანდებოდა. თვითონ გადაიტანა ავეჯი, თვითონ მოელაპარაკა ბინის პატრონს დეტალების თაობაზე, რომლებიც სამწუხაროდ ირაკლის არ ჰქონდა გამოკვლეული, თვითონ მოზიდა ამდენი ნივთი თავის ახლადგამომცხვარ სამყოფელში და ახლა თვითონ უნდა მიელაგებინა მოუწესრიგებელი სივრცე.
თათიამ უკმაყოფილოდ ასწია ტუჩი ზემოთ და თავის გაქექილ შარვალს დააცქერდა, მერე კი ფეხზე წამოიწია და კედელს ოდნავ მიეყრდნო. ყუთს თავი გადახადა და შიგნიდან ბალიში ამოათრია საბნითურთ. საძინებლისაკენ გალასლასდა, ოთახის ცენტრში უხერხულად დადებულ ლოგინზე წამოგორდა და საბანი გადაიფარა, ისე რომ ტანზე არ გაუხდია. გათბობა არ იყო ჯერ ბინაში ჩართული, და ძალიან ციოდა შუა ზამთარში. თათიას ძალაუნებურად თავისი თბილი, ლამაზად მოწყობილი ოთახი გაახსენდა, სქელი ფარდებითა და ხავერდოვანი ფარდაგით.
რატომღაც გული ეტკინა.
ნელ-ნელა ბნელდებოდა, თათია უკვე ჩამობურულ ოთახში გაყუჩული იწვა და სიბნელეს ჩაშტერებოდა, რომელსაც ოდნავ ეფინებოდა გარედან შემომავალი ლამპიონების შუქი. გოგონამ თავი აატრიალა, ჭერს ახედა. ჭაღის აბაჟურს მოყვითალო, ავადმყოფური სინათლე ადგა და აპრიალებდა.
თათიას გააჟრჟოლა, თითქოს რაღაც მოეჩვენა.
სწრაფად გადაბრუნდა და ბალიშში ჩარგო თავი. ლოგინზე მიკრულ გულმკერდში გრძნობდა, თუ როგორი ძალით უცემდა გული.
როდის დაეძინა, თვითონაც ვერ გაიგო.
ახლად გათენებული იყო, როცა გამოეღვიძა. დისორიენტირებული წამოჯდა და მოღუშულმა მიმოიხედა, თან ჯერ კიდევ თბილი საბანი მაგრად შემოიხვია, რომ ოთახის სიცივეს არ დაეკრა მისთვის, თან თვალები მოისრისა.
ზლაზვნით წამოდგა ლოგინიდან, როცა საათს დახედა. ახლა წესით სამსახურში უნდა წასულიყო და იქაურობისათვის მიეხედა, მაგრამ თათიას იქ წასვლაზე გაფიქრებაც არ სურდა. ირაკლი ამბობდა, რომ საჭირო იყო თათიას ოფისში ევლო და სამხრეთ ფილიალისათვის მიეხედა, მაგრამ გოგონას ამისათვის არც საკმარისი მოთმინება გააჩნდა, არც სურვილი. არ შეეძლო მთელი დღე ოფისში, პატარა მაგიდასთან ჯდომა და უაზროდ საბუთებზე გადახედვა. ამას ერჩივნა გარეთ ესეირნა და პარკში მჯდარიყო უაზროდ…
თათია გამოფხიზლდა. სააბაზანოში იდგა, ხელები ძირმოჟანგული ონკანის ქვეშ შეეყუდებინა და მკლავებზე ყინულივით წყალი ეშხეფებოდა. სასწრაფოდ შეისხა სახეზე სითხე და სიცივისაგან დაისისინა, შემდეგ კი პერანგის სახელოთი მოიწმინდა ლოყები. აბურძგნულ თმას, ოდნავ დაღლილობისაგან ამოშავებულ თვალის უპეებს, გაცრეცილ ტუჩებსა და გაფერმკრთალებულ კანს შეაშტერდა სარკეში, შემდეგ კი სწრაფად აიკრა თმა ცხენის კუდად. სააბაზანოს კარი მოიჯახუნა და წელის ფხანით გამოვიდა, კარი გადაკეტა და სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე.
ქალაქის ცენტრში გაივლიდა, ოფისს ჩაუვლიდა. იცოდა ირაკლის ამბავი, იგი მაინც გამოჩიჩქნიდა ინფორმაციას იმის შესახებ, თათია ივლიდა თუ არა სამუშაოდ, და არ სურდა რომ ძმას კიდევ რამე გაეგო. მისგან ჭკუის დარიგებების მეტი არაფერი ესმოდა. რატომ ავალდებულებდა თათიას სამუშაოდ სიარულს, როცა თვითონ მოჰკვეთა და ყველანაირ კავშირს ფინანსებთან და განაცხადა, რომ კომპანია მას ეკუთვნოდა? რასაკვირველია, კომპანია ირაკლის ეკუთვნოდა, მაგრამ ნუთუ აუცილებელი იყო გვერდზე გაწევა იმ ფაქტისა, რომ თათიას შეეძლო მას ნებისმიერ დეკოლტეიან ასისტენტზე უკეთ დახმარებოდა?
„ფულს მაინც არ მიხდის, რა ჯანდაბად ვიარო…“ გაიფიქრა მან, და სამარშუტო ტაქსის საფეხურზე ააბიჯა, მარდად დაიკავა ერთ-ერთი წინა ადგილი. მის გვერდით დამჯდარმა, შეჭაღარავებულმა და თალხებიანმა ქალმა ათვალწუნებით გადახედა, და უფრო მაგრად მოსჭიდა ხელი თავის ჩანთას. თათიამ მისი მოქმედების დანახვისას ჩაიფრუტუნა და ზურგი აქცია მას, შემდეგ კი ფანჯარაში გაიხედა. არაფრის თავი აღარ ჰქონდა ახლა.
ოფისთან ახლოს ჩამოვიდა და ფეხით გააგრძელა გზა, ცოტას გაივლიდა. მხოლოდ თხელი ქურთუკი, შიგნით პერანგი, ჯინსის შარვალი და კეტები ეცვა, დილა კი სუსხიანი იყო. დღეს მზე გამოვიდოდა კიდეც, იმის მიუხედავად, რომ მთელი ღამე თოვდა.
ქუჩაში სიჩუმე იყო, აქა იქ ჩანდნენ გამვლელები და რამდენიმე მანქანა გაიქროლებდა ხოლმე. თოვლის შარიშური ისმოდა. მოშორებით, ნარინჯისფერ-უნიფორმიანი, ჩაფუთნული კაცი თოვლს კვალავდა.
თათიამ ჯიბეში ჩაიყო ხელები და გაწითლებული ცხვირი ქურთუკის აწეულ საყელოში დამალა. საკუთარ ფეხებს დაშტერებოდა, რომლებიც სწრაფად მოძრაობდნენ თოვლზე.
იქნებ სანდრო მაინც ენახა. სანდროს მის ერთადერთ მეგობრად თვლიდა, იმის მიუხედავად, რომ ხშირად არ ხვდებოდნენ ერთმანეთს. სანდრო ლორთქიფანიძე მისი სკოლელი, სამი წლით უფროსი, ჭკვიანი, კარგი ბუნებისა და ხასიათის ბიჭი იყო. მოწესრიგებული, მშვენიერი მუქი წაბლისფერი თმითა და თაფლისფერი თვალებით მუდამ ყურადღებით ცენტრში ექცეოდა, მაგრამ რატომღაც თათიასთან იყო ხოლმე. ახლაც ხანდახან გამოუვლიდა ოფისთან და ერთად გაისეირნებდნენ, სადმე დასხდებოდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. თათიას ეს მეგობრობა ყველანაირად ერჩივნა ნებისმიერ სხვა ურთიერთობას, სანდრო ლორთქიფანიძეზე სასიამოვნო ადამიანი, მისი აზრით არ მოიძებნებოდა. სანდრო უნაკლოც კი იყო, თავისი კეთილი ბუნებით, ინტელექტით, მწველი თაფლისფერი თვალებით და…
თათია შეჩერდა და თვალები ოდნავ გაუფართოვდა, როცა ქუჩის გადაღმა, თავის ოფისთან ახლოს მდგარი, ნაცნობ თბილ ქურთუკში გამოწყობილი ადამიანი შენიშნა, სანდრო სადღაც იქით იყურებოდა, თან ფეხს წამდაუწუმ იცვლიდა, ეტყობა სციოდა.
თათიას არც კი უფიქრია, თითები პირში ჩაიდო და მთელი ძალით დაუსტვინა, შემდეგ კი ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის გაიქცა.
სტვენის ხმამ დილის სუსხიანი ჰაერი გაკვეთა და სანდრო მოახედა, რომელმაც წამსვე გაუსწორა მზერა თათიას, რომელმაც ქუჩა გადაირბინა და ქოშინით მიუხლოვდა.
-დაგეძახა, ვერ მოიფიქრე? – გაიცინა მან, და თათიამ თავი გადააქნია, ხელები უფრო მაგრად ჩააჭირა ქურთუკის ჯიბეების ძირებს. – შუა ქუჩაში სტვენა…
-რა იყო, აქამდე არ გაგიგია? – უპასუხა თათიამ და სანდროს გვერდით გაჰყვა. – რამდენი ხანი იცდიდი აქ? ძალიან შეგცივდა?
-არა, არც ისე. – მიუგო სანდრომ და წარბაწეულმა გადმოხედა. – ისე, დააგვიანე. ასე უპასუხისმგებლოდ უნდა მოეკიდო საქმეს?
-ჩემი საქმე რომ იყოს, კიდევ მესმის. – სარკასტულად გაიღიმა თათიამ. – მაგრამ არაა და რა ვქნა? ირაკლი დგას სათავეში, ჰოდა მაგან მოაგვაროს ყველაფერი. ისედაც კარგად ეხერხება.
-ვიცი, რომ ეხერხება, მაგრამ დახმარება არ აწყენდა. – მხრები აიჩეჩა სანდრომ და ღიმილით გადმოხედა. – ამასწინათ ველაპარაკე და ასე მითხრა, უზარმაცესი და მყავსო.
თათიამ ტუჩები მოკუმა, იგრძნო, როგორ აუწითლდა ბრაზითა და სირცხვილით სახე.
-როშავს. – წაიბუზღუნა მან. – არ ვიზარმაცებდი, ნება რომ დაერთო ჩემთვის, რომ ცოტა კაპიტალი მეც მემართა. უნდა მის ქვეშ მამუშაოს რიგითი თანამშრომელივით, თან ფულის მოცემაც არ სურს, ჰგონია უაზროდ გავფლანგავ, საერთოდ საიდან მოსდის ეს აზრები, არ ვიცი….
თათია გაჩუმდა, მის მარჯვნივ ჩამოთოვლილი ხეების რიგი ჩაათვალიერა და შენობებს ახედა. სანდრო ხმას არ იღებდა, ეტყობოდა, რაღაცაზე ფიქრობდა.
-შენსკენ რა ხდება? – ჩაეძია თათია, რომ სიჩუმე დაერღვია. – ახალი რამე? ანდრია ისევ გიშლის ნერვებს?
-თან როგორ, ვერ წარმოიდგენ. – ამოიოხრა სანდრომ. – გეგონება, ჩვიდმეტი წლის ლაწირაკიაო, ისე იქცევა. არაფრის კეთება არ უნდა. – მან თათიას გადმოხედა და გოგონას სკეპტიკურ გამომეტყველებაზე გაეცინა. – არა, შენ აკეთებ მაინც რამეს. ბინის საკითხი შენ თვითონ მოაგვარე და ცდილობ საკუთარი თავი სადმე მაინც დაიმკვიდრო და შენ ძმას არ გამოეკიდო… ანდრიას კი ეგეც არ უნდა. ჰგონია, სულ მე ვარჩენ და მივცემ ფულს. ცოტაც და საბანკო ბარათსაც დავუბლოკავ, იმდენი გააქვს.
-მერე დაუბლოკე და მორჩება! – წარბები შეკრა თათიამ. – დარწმუნებული ვარ რომ სისულელეებში ფლანგავს ამდენ ფულს, ღამის ბარებში და კაზინოებში სიარულით, მაგალითად… მამამისი ხომ არა ხარ, ასე მიხედო.
-ვერაფერს ვუხერხებ. – თავი გააქნია სანდრომ. – დედა მეუბნება, თავი გაანებე და მოვა ჭკუასო, მაგრამ მე ხომ ვიცი არა? ჩემს ძმას ყველაზე უკეთ მე ვიცნობ. მაგის გამოსწორება არ იქნება…
თათიაც ზუსტად იმავეს ფიქრობდა. არა მხოლოდ ანდრიაზე, არამედ საკუთარ ძმაზეც. ირაკლი სანდროსა და ანდრიასაც რაღაცით ჰგავდა, მაგრამ თათია მას უფრო ანდრიასთან გააიგივებდა. თავქარიანი, ვირივით ჯიუტი და შეუსმენელნი იყვნენ ორივე.
თოვლი ჩუმად შარიშურობდა მათ ქვეშ, და თათიამ სანდროს გადახედა, რომელიც წინ იყურებოდა, გარშემო ნაგებობებს ათვალიერებდა. ერთ გატყავებულ, კონსტრუქციის ქვეშ მყოფ შენობას ჩაუარეს, რომელიც ვინ იცის, კიდევ რამდენ წელიწადს იდგებოდა ასე, რემონტის მოლოდინში.
მერე კი თათიას რაღაც მოესმა. თითქოს მოეჩვენა, უცნაური ღრჭიალის ხმა, თითქოს მავთულის სქელი თოკი მაგრად გადაგრიხესო. გოგონა შემოტრიალდა, სანდროს გადახედა.
-გაიგონე? – იკითხა მან. სანდრო გაჩერდა და წარბაწეულმა გადმოხედა.
-რა უნდა გამეგონა? – იკითხა მან და თავი გვერდზე გადასწია. – რა გჭირს?
თათია გაჩუმდა, კიდევ მიაყურადა. ისევ ღრჭიალისა და გრეხის ხმა, რომელიც გარკვევით ისმოდა შედარებით გარინდულ ჰაერში, რომელსაც რამდენიმე მანქანის ხმა და თოვლის მიჩუმათებული შარიშური არღვევდა.
-როგორ არ გესმის, სანდრო, აი… – ხელი ასწია მან, როცა სანდრომ საპასუხოდ პირი დააღო, თან გარინდული უსმენდა.
მერე კი შხუილი მოესმა.
ორიოდე წამი დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ ეს შხუილისა და ღრჭიალის ხმა ზემოდან მოდიოდა. თათიას სუნთქვა შეუკრთა, ზემოთ აიხედა…
მხოლოდ წამიერად მოჰკრა თვალი მისკენ მომავალ მოზრდილ რკინაბეტონის ნატეხს, რომელმაც მთელი მისი მზერა მოიცვა.
შემდეგ კი თითქოსდა შორეული ხათქუნის ხმა, რომელიც მტკივნეულად ესმოდა ყურებში, აუტანელი ტკივილი, სანდროს ყვირილიღა გაიგო.
დაბნელების შემდეგ აღარაფერი უგრძვნია.
-*-*-*-*-*-2
თათია გაკრთა, როცა გამოეღვიძა და წამსვე თავზე წაივლო ხელი. თავში თითქოს ტყვია ჩაესხათ და ათას ცხელ მახათს აჭერდნენ, ისე სტკიოდა. გრილ ოთახში იწვა და გრძნობდა, თუ როგორ გადაჭიმვოდა მკერდზე თბილი საბანი, მაგრამ მკლავები მთლად გასციებოდა. თავისი ახალი, ცივი და ცარიელი ოთახი დასწყევლა, გაღიზიანებულმა, და თვალები ნელ-ნელა გაახილა.
ოთახში ბნელოდა, რადგან ვერაფერიც ვერ დაინახა. თვალები მოჭუტა და მოისრისა, მოთმინებით ელოდებოდა, თუ როდის შეეჩვეოდნენ მისი თვალები სიბნელეს და როდის დაინახავდა ნაცნობ სილუეტებს. ზემოთ აიხედა, ჭაღი მოძებნა, რომელმაც წინა საღამოს ასე შეაშინა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა.
თათიამ წარბები შეკრა, და ლოგინზე წამოიწია, სწრაფად წამოჯდა. თავი ისევ საშინლად სტკიოდა და უცებ წამოდგომამ დამატებითი ტკივილის იმპულსები გაგზავნა მის ისედაც გადაღლილ სხეულში.
მერე კი გაახსენდა. გოგონას სუნთქვა აუჩქარდა, როცა თითქოს წამების წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა. სანდროს მიჰყვებოდა გვერდით, ლაპარაკობდნენ, მისი მეგობარი თვალწარმტაცად გამოიყურებოდა თავის გრძელ, თბილ ქურთუკში, თოვლი თათიას კეტებქვეშ შარიშურობდა, ბუნდოვნად გაახსენდა მოპირდაპირე ქუჩაზე მიმავალი ლურჯი მანქანა, რომელიც ბუქსირით მოვერცხლისფრო, გვერდებზე საეჭვოდ შეთეთრებულ მერსედესს მიათრევდა. გაახსენდა ლითონის ღრჭიალი და მოულოდნელობა, ისეთი მოულოდნელობა, რომ პანიკის დროც კი არ ჰქონდა, მხოლოდ უყურებდა, თუ როგორ მოდიოდა მის თავზე უშველებელი რკინაბეტონის ნაჭერი. მაშინ არ უგრძვნია, მაგრამ ახლა ბუნდოვნად ახსენდებოდა, თუ როგორ გადაუვარდა წინ თავი პირველი დარტყმის შემდეგ და ქვის თითქმის მთელი მასა კეფაზე დაენარცხა, რის შემდეგაც სანდროს ყვირილი გაიგონა. ნუთუ…
ნუთუ საავადმყოფოში იყო? თათიამ ხელები გააფათურა, საწოლს გადაუსვა. მის საწოლს ზეწარი არ ეფარა, აქ კი ლოგინზე ოდნავ უხეში, გრილი ზეწარი გადაეკრათ. ლოგინს გადასცდა და ქვემოთ მოაფათურა ხელი, და მართლაც, ხელში მოხვდა საავადმყოფოს საწოლების ლითონის კორპუსი, რომელსაც ცილინდრული ფორმა ჰქონდა და ძალიან ცივი იყო.
ამხელა რკინაბეტონი თავზე დაეცა, რა საკვირველი იყო, რომ სანდრო სასწრაფოს გამოიძახებდა. თათიას ესმოდა, რომ ნებისმიერი გამვლელი ასეთი შემთხვევის დანახვისას დახმარებას შეეცდებოდა, მაგრამ გული სითბოთი აევსო, როცა გაიფიქრა, რომ ამას სანდრო აკეთებდა და არა ვინმე სხვა.
საავადმყოფოში იმყოფებოდა. მაგრამ რატომ იყო ასეთი სიბნელე? ღამე იყო და შუქს არ ანთებდნენ? თათიამ ხელები ასწია, თავზე მოიფათურა. მართლაც შეხვეული ჰქონდა, როგორც ელოდა. კეფაზე თითები რომ მოისვა, წამსვე დაისისინა და გადაწყვიტა, რომ აღარ შეხებოდა.
ცოტა ხანი ღრმად სუნთქავდა, ამ სიტუაციისათვის მოუმზადებელი და შეშფოთებული. შეეცადა, თავს მორეოდა და დალაგებულად ეფიქრა. თავის გარდა არაფერი სტკიოდა, ნორმალურად მოძრაობდა. ცოცხალი იყო, სუნთქავდა, გრძნობდა, ხელები და ფეხებიც ადგილზე ჰქონდა, ესმოდა კიდეც ბუნდოვნად, გარეთ ნაბიჯების ხმა და გაუგებარი ლაპარაკი. თან საავადმყოფოში იყო, ექიმების ხელში.
თათია ცოტათი დამშვიდდა, სუნთქვა დაუწყნარდა.
უნდა გაეგო, ზუსტად სად იმყოფებოდა, ვინმესთვის უნდა დაეძახა. და უნდა მიეგნო სინათლის ამომრთველისათვის, თორემ ასეთ კუნაპეტ სიბნელეში უსაქმურად ვერ იჯდებოდა.
ხვნეშით გადაიხადა საბანი, და ფეხები გვერდზე გადმოსწია. ტანზე პაციენტის ზურგზე შესაკრავი პერანგი ეცვა და სხეულზე ხელები მოიხვია, როცა ცივი ჰაერი შიშველ კანზე მოელამუნა. ხელის ცეცებით გაჰყვა საწოლს ბოლომდე, მერე კი ხელები წინ გასწია, თვალებდაჭყეტილმა, ჯიუტად ცდილობდა რამე დაენახა.
მერე კი კარი გაიღო. თათია მოულოდნელობისაგან შეხტა და კინაღამ საწოლის ბოლოს დაეჯახა, როცა სახელურის დაწევის, ახლომდებარე ნაბიჯების და კარის დაკეტვის ხმა მოესმა. გაოცებული აშტერდებოდა სიბნელეს და ვერ გაეგო, თუ რატომ ვერ ხედავდა ამ ყველაფერს, მხოლოდ ოდნავ, ძლივს შესამჩნევად შეიცვალა სიბნელე, რომელსაც ხედავდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
-როგორც ვხედავ, უკვე გღვიძავთ, თაბაგარო. – მოესმა ქალის მაღალი ხმა და ფურცლების შრიალი. – არ ველოდი, რომ უკვე ფეხზე დამდგარი დამხვდებოდით… მე თქვენი ექიმი გახლავართ, თამარ კაპანაძე და აგიხსნით, რა ხდება. გასაგებია? – ექიმს ხმა ისევ ისეთი მელოდიური დაურჩა, ტონი საერთოდ არ შესცვლია, მაგრამ თათიამ რატომღაც საფრთხე იგრძნო. არ მოსწონდა ეს ქალი, არ მოსწონდა მისი ხმა და არ მოსწონდა, თუ როგორ ლაპარაკობდა. ექიმ თამარს ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ…
-გასაგებია. – თქვა გოგონამ და შიშველი ფეხის თითები მოკუმშა. ვერ ხვდებოდა, მის ფეხვეშ რა ეგო, ალბათ ლინოლეუმი, მაგრამ საკმაოდ ცივი იყო. – თქვენ… არ შეგიძლიათ სინათლე აანთოთ? ხედვა მიჭირს, თან ასე ვერ გიყურებთ…
-სინათლე ანთია, თაბაგარო. – მოუჭრა უცებ ექიმმა და ამოიხვნეშა. თათიას თვალები გაუფართოვდა, მზერა აქეთ-იქით გააცეცა და საწოლის ბოლოს დაეყრდნო. ვერ გაეგო, რას ამბობდა თამარ ექიმი, როგორ თუ ენთო სინათლე, მაშინ თვითონ რატომ ვერ ხედავდა ვერაფერს?
-დაჯექი, თათია. – ისევ მოესმა ექიმის ხმა და თათია დაემორჩილა, მაგრამ უმთავრესად იმიტომ, რომ მუხლები უთრთოდა და უცებ შეეშინდა, რომ არ ჩაკეცილიყო. ხელი უკან გააცოცა და ლოგინზე დაეხეთქა, ხელები ისევ საწოლის ცივ ბოლოზე ჰქონდა ჩაფრენილი და თავი დაეხარა.
რატომ ვერ ხედავდა საავადმყოფოს თეთრ ლინოლეუმს?
ისევ ნაბიჯების ხმა, და მის გვერდით ლოგინი დაიწია, როგორც ჩანდა, თამარ ექიმი გვერდით ჩამოუჯდა. მას სულ ოდნავი, ოდნავ მოცხარო სურნელის სუნამო ესხა, რომელიც თითქმის გადაეფარა ანტისეპტიკური საშუალებების სურნელებას.
-თათია, ალბათ გახსოვს, რომ ქვა დაგეცა თავში, ხომ? – დაიწყო თამარ ექიმმა და თათიამ საპასუხოდ ყბები მაგრად შეკრა, ოდნავ დაუქნია თავი. – მითხარი, ზუსტად სად დაგეცა? აქ, ხომ? – მან კეფაზე მოუსვა ხელი, ოდნავ ქვემოთ, კისრისაკენ და თათიამ ტკივილისაგან ამოიგმინა, თავი გვერდზე გადასწია.
-შენმა მეგობარმა შეგვატყობინა და სასწრაფოთი მოგყვა. – გააგრძელა თამარმა და თათიამ უფრო მაგრად მოუჭირა ხელები საწოლის ლითონის ბოლოს. – გვითხრა, რომ პირველმა დარტყმამ წინ გადაგაგდო, შემდეგ კი ქვის სიმძიმე კეფაზე დაგეცა…
-მეტყვით თუ არა? – გააწყვეტინა თათიამ, კბილები ისე მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ იგრძნო თუ როგორ გაიღრჭიალა ემალმა. ზურგში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ისევ დაჟინებით მიშტერებოდა ქვემოთ, ცდილობდა რამე დაენახა, ბოლოს და ბოლოს გამოჩენილიყო ეს დაწყევლილი სილუეტები, ბოლოს და ბოლოს წამომხტარიყო თამარ ექიმი და აენთო ის დაწყევლილი ნათურა, რა იქნებოდა?
-მაშ კარგი. – თამარ ექიმს ხმა გაუმაგრდა და თათია ერთიანად დაიძაბა. თავისი სიტყვები ინანა, არ სურდა რომ ეს გაეგონა, არ სურდა რომ მისთვის ეს ეთქვათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. – დარტყმამ თავის ტვინის ოქსიპიტალური წილი, უფრო კონკრეტულად კი ვიზუალური კორტექსი დაგიზიანა. თვალები დაზიანებული არ გაქვს, შეგიმოწმეთ და ოპტიკური ნერვი ნორმაშია, ბადურაც. რადიალური და ცირკულარული კუნთებიც ნორმაში არიან, ანუ გუგა ნორმალურად იკუმშება და ფართოვდება. მაგრამ ინფორმაციის გადამუშავება არ ხდება, მოკლედ რომ ვთქვათ. თათია… – ექიმმა პაუზა გააკეთა, გოგონა ხვდებოდა რისი თქმა უნდოდა, ყველაფერი გაიგო. გული ყელში მოებჯინა. -თათია, კორტიკალური სიბრმავე გაქვს.
გოგონას ხმა არ გაუღია, სახსრები უკვე გაუთეთრდებოდა, ისეთი ძალით უჭერდა ხელს ლითონის ცილინდრს. პირი გააღო და დახურა, არ ესმოდა, რა ეთქვა, ანდა რა ეკითხა. ყველაფერი ნათელი იყო, ზედმეტად ნათელი.
უცნაური იყო, რა ირონიულიც კი, რომ ყველაფერი, რაც ამ სიბნელის შესახებ უთხრეს, მისთვის ნათელი იყო. თათიას გაეცინებოდა, განძრევა რომ შესძლებოდა.
პირველი რაც გაიფიქრა და იგრძნო, აუტანელი სინანული იყო. ჯერ ის ინანა, რომ თამარ ექიმს უფლება მისცა მისთვის სიმართლე ეთქვა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, რომ მაინც გაიგებდა ამას და თვითონ ექიმზე არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნდა. შემდეგ ინანა, რომ იმ ქუჩაზე გაიარეს, არ შეეძლო, რომ ცოტა ნელა მაინც ევლო? ცოტა ახლოს სანდროსთან? რატომ არ დააიგნორა ის ღრჭიალის ხმა, რატომ მიაქცია ყურადღება, რატომ გამოვიდა საერთოდ იმ დღეს სახლიდან, რატომ გადავიდა იმ სახლში, საერთოდ, რატომ…
„რატომ დავბრმავდი?“ გაიფიქრა ბოლოს და მაშინღა იგრძნო თვალების წვა. ჯერ კიდევ ვერ ინძრეოდა, უცებ საშინლად პატარა, სულ ციცქნა მოეჩვენა საკუთარი თავი, როცა მზერა ასწია და მიმოიხედა, თვალები დახუჭა და ისევ გაახილა. არაფერი შეიცვალა, ისევ იმ საშინელ, უსასრულო, ყველაფრის მომცველ სიბნელეს ხედავდა.
როგორღა ივლიდა? მოხუცი კაცივით ყავარჯენი უნდა სჭეროდა, მთელი თავისი ცხოვრება შიშში უნდა გაევლო. ვინ დაეხმარებოდა? სანდროს თავისი სამსახური ჰქონდა, ირაკლიც მუშაობდა, ვერც ერთს ვერ დაავალდებულებდა. როგორ უნდა გაეკეთებინა საჭმელი, როგორ გაესეირნა, როგორ გაეხედა გარეთ, ეყურებინა ტელევიზორისათვის, გამოეყებინა თავისი მობილური? როგორღა ეცხოვრა? თათიას თითქოს ახლაღა დააწვა საკუთარიცხოვრების სიძნელე, რომელიც აქამდე არაფრად მიაჩნდა.
ინვალიდი იყო.
-შენს ძმას უკვე დავუკავშირდით, საქმის ყურშია. ალბათ მალე ჩამოვა კიდეც და შენს გვერდით იქნება… – თქვა უცებ თამარ ექიმმა და თათია უცებ გატყდა.
-რატომ დაუკავშირდით? – წამოიყვირა მან და შეტრიალდა, ველურივით აცეცებდა თვალებს და ცდილობდა თამარ ექიმი დაენახა, გაცეცხლებულმა მის წინ წარმოიდგინა ექიმი, თეთრი ხალათით, ჩავარდნილი ლოყებით, საღებავებშესხმული სახით და ჩიტის ბუდესავით გაძეძილი თმით. ისეთი რამ გაააკეთა, რაც ცხოვრებაში არ უქნია, მთელი თავისი არსებით, მხოლოდ ერთი წამით შეიძულა ეს ქალი. – ვინ მოგცათ უფლება? მე ვარ პაციენტი და მე და მხოლოდ მე, და არა სხვა ძუ*ნას აქვს უფლება რომ ჩემს ძმას დაუკავშირდეთ და ასე უტიფრად მიახალოთ, რომ მისი და დაბრმავდა! იცით, რას იფიქრებს? იფიქრებს, რომ ეს ჩემი ბრალია, და არც კი ჩამოვა, არც კი მომინახულებს. – თათიას სიმწარე უტრიალებდა მკერდში, დაბრმავებულ, გამოუსადეგარ თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა და უცებ მოუნდა, რომ ამოეგლიჯა ისინი. – თქვენ არ გქონდათ არანაირი უფლება, გესმით? მე ასეთ საქციელს ვერ… არა, არ ავიტან. სადაა ჩემი ტანსაცმელი? – იკითხა მან და პასუხი რომ ვერ მიიღო, სასწრაფოდ წამოიჭრა ფეხზე. -სადაა ჩემი ტანსაცმელი მეთქი? ტანსაცმელი მომეცით და გამიშვით აქედან, გასაგებია? მე აქ აღარ გავჩერდები… სანდრო სადღაა? დაურეკეთ! გესმით, დაუკავშირდით, სახლში წამიყვანს, მე აქ ვერ გავჩერდები, არ შემიძლია…
თათია გაჩუმდა, ღრმად სუნთქავდა. ფეხზე იდგა, წინ გაშტერებოდა, მთელი ძალით დახუჭა თვალები.
-კორტიკალური სიბრმავის მკურნალობა შეიძლება. – მოესმა უკნიდან ხმა და თვალები წამსვე დააჭყიტა, სწრაფად შემოტრიალდა და დაისისინა, როცა ფეხით საწოლის ბორბალს მიეჯახა.
-მკურნალობა? – გაიმეორა მან, მკერდში მოულოდნელი იმედი აუკიაფდა და იგრძნო, თუ როგორ გაუთბა შიგნეული. სისხლი თითქოს გაჰყინვოდა ძარღვებში და ახლაღა იგრძნო, თუ როგორ მოძრაობდა იგი. ხელით ლოგინი მოძებნა და ნელა ჩამოჯდა, თვალდახუჭული. თვალების გახელას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს დაინახავდა, რატომ უნდა დაშტერებოდა მის გვერდით მჯდომ ქალს თავისი უსინათლო მზერით? – ანუ შეიძლება ისევ დავინახო? ოპერაციას გამიკეთებთ?
-დიახ. – ისევ ფურცლების შრიალი, კალმის წკაპუნი. – შეგიძლიათ ისევ დაინახოთ. ამ დროს ყველაზე ხშირად ვცდილობთ რომ ქირურგიული ჩარევა ავიცილოთ თავიდან, რადგან თავის ტვინზე ოპერირებისას ხშირად გაჩენილი რისკი ავიცილოთ თავიდან. პლუს, თქვენ ოდნავ ხედავთ მოძრაობას, არა?
თათიამ გაიხსენა ის ოდნავი, ძლივს შესამჩნევი მოძრაობა, როცა თამარ ექიმმა კარი გააღო და ნერწყვი გადაყლაპა, შემდეგ კი სწრაფად დაუქნია თავი.
-დიახ, რომ შემოხვედით, დავინახე, როგორ ამოძრავდა… სულ ოდნავ. – თქვა მან.
-სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენთვის საკმარისი იქნება ვიზუალური სტიმულაციის თერაპიის გავლა. თავიდან დავიწყებთ თქვენი ვიზუალური კორტექსის სტიმულირებით, ანუ რაც შეიძლება მეტი მოძრაობა, ფერი და სინათლე იყოს თქვენს გარშემო. მაგრამ ეს გადაღლას არ ნიშნავს. სასურველია შვიდი საათი ძილი მინიმუმ. თქვენი ტვინი, მოკლედ რომ ვთქვათ, სულ სტიმულაციის ქვემოთ უნდა იყოს, რომ დრო მოვიგოთ, თორემ დროთა განმავლობაში, თუ არ შეეცდებით, შეიძლება ეს პატარა მხედველობა დაკარგოთ, რაც გაქვთ. – თათიამ ტუჩი მოიკვნიტა, სწრაფად დააქნია თავი.
-უკაცრავად, და… რამდენი ხანი დასჭირდება რამის დანახვას? სანამ ფერების გარჩევას, რამეს შევძლებ? – იკითხა მან, ისევ დაჟინებით ცდილობდა მოძრაობის, რამის დანახვას, მაგრამ მხოლოდ სიბნელე იყო გარშემო.
-აბა ზემოთ და ოდნავ მარჯვნივ აიხედეთ. – უთხრა ექიმმა და თათიამაც სწრაფად აატრიალა თავი. – რას ხედავთ? ხედავთ რამეს?
თათიამ თვალები ოდნავ მოჭუტა და შეკრთა, როცა მელნივით შავ სიბნელეში გრძელი, მუქი ნაცრისფერი ზოლი შეამჩნია.
-ძალიან მუქი ნაცრისფერი ზოლი… – თქვა მან, დაჟინებით მიშტერებოდა მას და ცდილობდა გაეგო, თუ რა იყო იგი.
-ეგ ნეონის გრძელი სანათურია, თათია. – თქვა ექიმმა და გოგონამ თავი ისევ დასწია. – ძალიან კარგი, ოდნავ ფერსაც არჩევთ. თუ ძალიან შეეცდებით და იმას გააკეთებთ, რასაც გეტყვით, მაშინ მხედველობა დაახლოებით ერთ წელიწადში დაგიბრუნდებათ. ფერებით და ფორმებით.
თათიამ პირზე ხელები აიფარა, თვალები აეწვა. ტირილი უნდოდა.
-მაგრამ სამწუხაროდ სრულად არ იკურნება კორტიკალური სიბრმავე. – გააგრძელა ექიმმა, და თათიას სასოწარკვეთილი, ცრემლიანი ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა, გაოცებითა და ოდნავი შიშით შეეცვალა. – ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერასოდეს ვერ დაინახავ ისე, როგორც ადრე ხედავდი, თათია. ძალიან მნიშვნელოვანი უბანი დაგიზიანდა, რომლის ნაწილობრივ აღდგენა შეიძლება, მაგრამ სრულად არა… ანუ ისე მკვეთრად ვერ დაინახავ, როგორც ადრე. მაგალითად, ვერ გაარჩევ დეტალებს როგორებიცაა ხის ფოთლები შორიდან, მხოლოდ მწვანესა და შავის ჩრდილებს დაინახავ. დაბურული გამოსახულება გამოვა.
თათიამ ისევ გადაყლაპა ნერწყვი. უცებ შეეშინდა. არ სჯეროდა, რომ ასე მალე მოვიდა იმედი და ასე მალევე წავიდა. ყველაფერი ასტკივდა.
გულმკერდი დაეჭიმა და პირი გააღო, რომ უკეთესად ჩაესუნთქა.
-მთავარია, რომ დავინახავ. – ძლივს ამოთქვა ბოლოს. -კარგით… ახლა რა გავაკეთო?
-ახლა შენს მეგობარს დავუძახებ, გინახულებს, მერე კი მოემზადები და სახლში წახვალთ. – უთხრა ექიმმა და თათიამ იგრძნო, თუ როგორ აიწია ლოგინი, თამარი ფეხზე წამოდგა.
-მოიცადეთ, და… – წაილუღლუღა თათიამ, თვალები გაახილა,წამიერად სულელურად თითქოს ელოდა, რომ რამეს დაინახავდა, მაგრამ ისევ სიბნელე გადაჰკვროდა თვალებზე. – თქვენ… თავზე ამხელა რაღაც დამეცა, არ აპირებთ, რომ… რამე გააკეთოთ? თან საშინლად მტკივა…
ექიმმა გაიცინა.
-უკვე გავაკეთეთ. – უპასუხა მან. თავი გადახვეული გაქვს, შესიებაც შევაჩერეთ. სისხლჩაქცევა გაქვს, მაგრამ უკვე გამოგიწერეთ მალამო, თავის დაბანის შემდეგ წაისვამ თავის კანზე და მალევე მოგირჩება. სხვა არაფერია საჭირო. და ჰო, თათია… აქ უკვე თითქმის… – მან პაუზა გააკეთა, რომ, თათიას აზრით, საათზე დაეხედა, რადგან ბუნდოვნად გაიგონა ტანსაცმლის შარიშური. – ოცდაექვსი საათია რაც ხარ.
გოგონამ თვალები დააჭყიტა.
-როგორ? – გაიმეორა მან. – მართლა?
-კი. – მიუგო ექიმმა და თათია დარწმუნებულიყო იყო, რომ თამარს ეღიმებოდა. – თავში ამხელა ქვა დაგეცა, რა თქმა უნდა კარგა ხანი გულწასული იქნებოდი. პლუს, ჩვენც ტკივილგამაყუჩებლები და გასიების საწინააღმდეგო გაგიკეთეთ, როცა მოხვედი… ტკივილგამაყუჩებლებსაც გამოგიწერთ. გაიხსენეთ, თათია: რაც შიძლება მეტი ვიზუალური სტიმულაცია. გარეთ ყველაზე უკეთესია, მოძრაობა და შუქი, ფერები ყველაზე მეტია, ვარიაციაც. ვინმეს წააყვანინეთ თავი და ივარჯიშეთ.
-აჰა… – თქვა თათიამ და ხელებიერთმანეთზე გადანასკვა. უხაროდა, და უკეთეს ხასიათზე იყო, რომ ხედვას დაიბრუნებდა, მაგრამ ამწუთას მიხვდა, თუ რამხელა ძალისხმევა და მოთმინება დასჭირდებოდა ამას. ვინ შეეწუხებინა? იქნებ… კომპანიონი, მომვლელი დაექირავებინა, რომ ყოველდღე გადმოსულიყო მასთან, საჭმლის გასაკეთებლად, სანამ თვითონ ყველა შუქს აანტებდა სახლში და გაუჩერებლად მიაშტერდებოდა ტელევიზორს, შემდეგ კი იმდენს იშლიგინებდა თავის მომვლელთან ერთად ქალაქში, რამდენიც საჭირო იყო.
მაგრამ ეს ყველაფერი მოიცდიდა. ახლა სანდროს უნდა დაკავშირებოდა, თან სასწრაფოდ.
-სანდრო სად არის? – იკითხა მან, ამჯერად თამარ ექიმისაკენ არ გაუხედავს. – აი, სანდრო… ვინც დაგიკავშირდათ, ჩემი მეგობარი.
-აჰ… – თქვა თამარ ექიმმა, თათიამ ისევ გაიგონა ფურცლების შრიალის ხმა. – როგორც კი ვუთხარით შენი ამბავი, ისე საშინლად გამოიყურებოდა… სახე მთლად შეეცვალა და ფერი წაუხდა. – თამარ ექიმს შეწუხებული ტონი ჰქონდა, თათიას კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში: რომ სანდრო მასზე ზრუნავდა. სანდრომ ეს ამბავი ძალიან ცუდად მიიღო… თათიას მკერდი გაუთბა. – მერე კი საავადმყოფო დატოვა, რამდენიმე საათში ისევ მოვიდა. ახლა გარეთ ზის, და გელოდება. ძალიან განერვიულებული ჩანდა.
-კარგით… მაშინ ჯერ გამოვიცვლი, და შემდეგ დაუძახეთ… – თათია ნელა წამოდგა ფეხზე, მუხლებში ჯერ კიდევ სუსტად იყო. – ანდა მე თვითონ დავუძახებ. სად არის?
-ზუსტად შენი ოთახის მარჯვნივ ძელსკამია და იქ ზის. – უთხრა თამარ ექიმმა და თათიამ თავი დაუქნია. რეცეპტებს მას გადავცემთ, კარგი? ახლა კი მოდი, აქეთ აწყვია შენი ტანსაცმელი. – თათია ოდნავ გაკრთა, როცა ხელზე შეხება იგრძნო, მაგრამ მორჩილად გაჰყვა უკან ექიმს. თამარმა შეაჩერდა და ხელი რაღაც ნაჭერზე დაადებინა, რომელიც ალბათ თათიას ტანსაცმლის გროვა იყო.
-აქ აწყვია ყველაფერი. შენი ფეხსაცმელი და წინდები ამ მაგიდის ქვეშაა. – თქვა ექიმმა. – ხომ არ დაგეხმარო ჩაცმაში?
-არა, არა, გმადლობთ… – სწრაფად უპასუხა თათიამ. უხერხულად გრძნობდა თავს ისედაც ამ თხელ პერანგში, არ სურდა რომ ექიმი ჩაცმაში დახმარებოდა, სირცხვილს ვერ აიტანდა. თანაც, აქ იწყებოდა მისი ცხოვრება, თუ ჩაცმასაც ვეღარ მოახერხებდა, მაშინ რაღა აზრი ჰქონდა მცდელობას?
-კარგი, მაშინ დაგტოვებ. ერთ თვეში ისევ დაბრუნდით, შეგიმოწმებთ თვალისჩინს, ჩაგიტარებთ რამდენიმე ტესტს… მოკლედ, შემოგვიარეთ. – გაიცინა თამარ ექიმმა და თათიამ იქეთ მიატრიალა თავი, საიდანაც მისი ხმა მიდიოდა, და ნაღვლიანად გაეღიმა.
-გმადლობთ. – თქვა მან. – მოვალ.
მერე კი კარის სახელურის ტკაცუნი, ნაბიჯები და დახურვის ხმა გაიგონა.
გოგონა მოტრიალდა და ტანსაცმელს მოუფათურა ხელები. ჯერ ყველაფერი ცალ-ცალკე გადააწყო მაგიდაზე, შემდეგ კი ნელა დაიწყო ჩაცმა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პერანგის ჩაცმა და ღილების შეკვრა ასეთი ძნელი იქნებოდა. ძლივს მოახერხა, თითებით ერთმანეთს უთანხმებდა ღილებსა და საღილეებს. შარვლის ჩაცმისას კინაღამ წაიქცა, მაგრამ თავი შეიკავა. წინდები და ფეხსაცმელი რომ ჩაეცვა, საერთოდაც იატაკზე ჩამოჯდომა მოუწია.
ქურთუკი რომ მოიცვა, ისევ წამოდგა ფეხზე. მაგიდას ხელის ცეცებით გაჰყვა, შემდეგ კი კედელს მიჰყვა, სანამ კარის ჩარჩო და სახელური არ იპოვა. კარი გააღო და ნელა გავიდა, შემდეგ კი მარჯვნისაკენ მიატრიალა თავი. ალბათ კორიდორში უფრო მეტი ნეონის სანათური ჰქონდათ დაყენებული, რადგან თათიამ წამსვე დაინახა განსხვავება, როცა გარეთ გამოვიდა. ყველაფერი მის თვალწინ უეცრად გაფერმკრთალდა, იმის მიუხედავად, რომ მოძრაობა არ დაუნახავს. ამან კიდევ ერთხელ იმედი ჩასახა მის გულში. სულ ცოტაც… სულ ცოტაც უნდა მოეთმინა და ყველაფერი იქნებოდა.
-სანდრო… – ჩუმად თქვა მან. – სანდრო, აქ ხარ, ხომ? ექიმმა მითხრა, რომ აქ ზიხარ…
გოგონამ პაუზა გააკეთა, პასუხს ელოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ტუჩები მოკუმა და თავი გვერდზე გაატრიალა. იქნებ სანდრო აქ არ იჯდა და სულელივით გამოიყურებოდა, ცარიელ სივრცეს მოლაპარაკე?
-აქ ვარ, თათია. – მოესმა უცებ სანდროს ხმა და გული კინაღამ დაუდნა. ტანსაცმლის შარიშური მოესმა, ნაბიჯების ხმასთან ერთად და დაინახა, როგორ წამოდგა თავზე ადამიანის თავის მოხაზულობის შავი სილუეტი, რომელიც ძლივს გასარჩევი, მაგრამ მაინც შესამჩნეველი იყო მუქ ნაცრისფერ ფონზე.
-წამოდი, ჩემთან წავიდეთ. – თქვა სანდრომ და თათია შეკრთა, როცა მეგობარმა მაჯაში ხელი სტაცა და წინ წაათრია. სანდროს ხმა ერთიანად დასჭიმვოდა.
-შენთან? – გაიმეორა მან, თან მეორე ხელითაც ჩაეჭიდა სანდროს მკლავზე, თორემ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ დაეცემოდა. ხელში უცნაური მატერია მოხვდა, თათიამ ხელი მოიფათურა. ტყავი იყო. – შენთან რატომ?
-აბა ვისთან აპირებ დარჩენას? – მოუჭრა სანდროს ხმამ და გოგონა მოიღუშა, მეგობარი ასე არ ელაპარაკებოდა. ბიჭმა ნაბიჯს უცებ მოუნელა, და ამოიხვნეშა. – ბოდიში, თათია. ძალიან გაღიზიანებული ვარ, ამის დედაც.
-მე სამუდამოდ ბრმა კი არ ვიქნები! – თქვა თათიამ და მეგობარს მკლავზე ხელი მოუჭირა, თვალები ეწვოდა. არ ესმოდა, რატომ მოუნდა უცებ ტირილი, იმ სიხარულის გამო იყო, რომ ისევ დაინახავდა, იმ მწუხარებისა და მწველი ნაღველის, რომ ბრმა იყო, თუ იმ სინანულის, რომ ასეთი რამ მოუვიდა და არასოდეს ყველაფერი არ იქნებოდა მის ცხოვრებაში ისე, როგორც ადრე. „ალბათ ყველა ერთად…“ გაიფიქრა თათიამ, თვალები მაგრად დახუჭა, არ სურდა, რომ ხალხმრავალ ადგილას ეტირა. – ექიმმა მითხრა, რომ თუ მხედველობას ვავარჯიშებ, ერთ წელიწადში ისევ დავინახავ! დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის… – წაილუღლუღა მან.
-ვიცი, ვიცი. მითხრეს. – თქვა სანდრომ მოკლედ და ნაბიჯს ოდნავ აუჩქარა. თათიამ თვალები მოჭუტა, როცა გამოსახულების ფერი ისევ შეიცვალა, თითქოს ისევ გაფერმკრთალდა, თუმცა ისევ სიბნელე იყო. – ნელა, კიბეა.
თათია მაგრად ჩაეჭიდა, ფეხს ფრთხილად ადგამდა, ჯერ სინჯავდა მის ქვეშ მიწას და შემდეგ გადადიოდა შემდეგ საფეხურზე. წამიერად საშინლად დაუცველად და უსუსურად იგრძნო თავი, იგრძნო რომ სანდროს კისერზე ჩამოეკიდა, როცა ალბათ მას საქმე ჰქონდა და სინდისმა ქენჯნა დაუწყო. „ეს მხოლოდ დროებითია…“ ტუჩები მოკუმა მან. „მხოლოდ დროებითი…“
-შენთან რატომ მივდივართ? – გაუმეორა მან კითხვა, სურდა პასუხი მოესმინა.
სანდრომ დაიფრუტუნა. გარეთ ციოდა, და თათიამ იგრძნო, როგორ უბერავდა გრილი ქარი და მოაქროლებდა ფანტელებს. მის ქვეშ დაპრესილი თოვლი ჭრაჭუნებდა. რამდენიმე ფიფქი თათიას ლოყებზე დაადნა.
-აბა სად უნდა წახვიდე? ვიცი, რომ იმ გაპარტახებულ ბინაში გადახვედი, ეშმაკმა იცის, სად. – თქვა სანდრომ დაბალი, სარკაზმით აღსავსე ხმით. – ჩემს ბინაში იქნები… ცოტა ხნით შვებულება ავიღე და მე… – სანდრომ პაუზა გააკეთა და ხმა ჩაიწმინდა. – …მოგივლი.
თათია გაწითლდა. გრძნობდა, როგორ ასხამდა სახეში სისხლი.
-მაგ… მაგ არ არის საჭირო. -წამოილუღლუღა მან. – უბრალოდ… უბრალოდ მომვლელს დავიქირავებ, და ჩემს ბინაში…
-რა საჭიროა მომვლელი? ნუ როშავ, რა. – მოუჭრა სანდრომ, მაგრამ თათიას მისი ტონისათვის ყურადღება არ მიუქცევია, გული ისეთი სისწრაფით უცემდა მკერდში. ჯერ კიდევ ცუდად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ამ ყველაფერში ათრევდა მეგობარს, მაგრამ უნდა ეღიარებინა, რომ სასიამოვნო იყო, როცა იგი ასე აქცევდა ყურადღებას. – ისედაც მჭირდება შვებულება. ახლა ჩაჯექი და ნუ შემეკამათები.
-ჩავჯდე…? – გაიმეორა წარბშეკრულმა თათიამ და შეხტა, როცა მანქანის გასაღების წკარუნი და სიგნალი გაიგონა. მანქანის კარი გააღეს და სანდრომ ახლოს მისწია. თათიამ ხელები გააფათურა, ფეხი ასწია, რომ მანქანაში შეედგა. ფეხი რამდენჯერმე აუცდა, შემდეგ კი შერცხვენილმა ძლივს შედგა მანქანაში ფეხი და ხვნეშით ჩაჯდა. მის გვერდით, სანდრო მძღოლის სავარძელში ჩაეხეთქა და კარი ხმამაღალი ბრახუნით მოკეტა.
-კარი დახურე. – უთხრა მან და თათია სწრაფად გადაიხარა, ხელით კარს ეძებდა, თან ცალი ხელით თავს იკავებდა, არ სურდა წონასწორობა დაეკარგა და დაცემულიყო. ბრმად აცეცებდა ხელს ჰაერში და ყოველი განვლილი წამით გრძნობდა სირცხვილსა და უხერხულობას.
-ოჰ, გამოიწიე რა… – უთხრა უცებ სანდრომ და თათია წამსვე გასწორდა და კინაღამ შეხტა, როცა იგრძნო, თუ როგორ დაებჯინა მისი ხელი სავარძლის გვერდზე და მისი სხეულის გასწვრივ გადაიხარა, რომ კარს მისწვდენოდა. სანდრო ისე ახლოს იყო, რომ თათია მისი სხეულიდან მომავალ სიცხეს გრძნობდა, მოულოდნელად იგრძნო თუ როგორ გამოჟონა ხელისგულებში ოფლმა.
სანდრომ კარი მოკეტა და მანქანა დაძრა. მთელი გზა ხმა არ გაუღიათ. თათია სავარძელს ჩასჭიდებოდა და ხმას არ იღებდა. უსიტყვოდ მიშტერებოდა გაფერმკრთალებული სიბნელის ვარიაციებსა და ცვლილებას.
სანდრომ ბოლოს და ბოლოს მანქანა გააჩერა და კარი გააღო, თათია გადმოვიდა, ისევ მკლავზე ჩაეჭიდა მეგობარს. სანდროს არაფერი უთქვამს, სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა იგი, თოვლით დაფარულ ეზოში, რომელიც თათიას ამდენჯერ ენახა, მაგრამ ახლა ვერ ხედავდა.
ბინამდე ლიფტით ავიდნენ. სანდროს ბინა დიდი იყო, თავისუფლად დაეტეოდა ორი ადამიანი, მეტი კიდეც. თათია უკან შეჰყვა მეგობარს, უკვე საშინლად დაღლილი და დისორიენტირებული იყო, თვალები ისევ ეწვოდა, ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ ასეთი დამოკიდებული იყო სხვაზე. ვერ იტანდა იმას, რომ ვერ ხედავდა, საკუთარი თავი წამიერად შესძულდა. რანაირად გამოსადეგი იყო ახლა? ვისთვის? მშობლები არ ჰყავდა, არც უამრავი მეგობარი. მისი ძმა საზღვარგარეთ იყო და მალე ნამდვილად არ ჩამოვიდოდა, თათიას სანახავად არ შეიწუხებდა თავს.
თათიას ერთადერთი სანდროღა დარჩა. სანდრო, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ, თავის ყველაზე დაუცველ მომენტში მოჰკიდა ხელი და თავისთან წაიყვანა, სანდრო, რომელიც დაჰპირდა, რომ მოუვლიდა, სანამ თათია ისევ დაინახავდა.
თათიას საშინლად ქენჯნიდა სინდისი და იცოდა, თუ რა ძალისხმევას ხარჯავდა მისი მეგობარი ამის კეთებით, მაგრამ უარს ვერ ეუბნებოდა.
ერთადერთი ის შეეძლო, რომ მთელი ძალით ჩასჭიდებოდა სანდროს და ხელი არ გაეშვა.
-არ გინდა, რომ ხელი გამიშვა? – სანდროს ხმა თითქოს შორიდან მოესმა. – რავი… დაიძინო ან რამე?
თათიამ ვეღარ გაუძლო. ამ მოკლე პერიოდში გადატანილმა ამხელა, ამდენმა ემოციამ იფეთქა და მწველი თვალებიდან ცხელი ცრემლები წასკდა. თათია ჩუმად ტიროდა, ტიროდა იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ ხედავდა და ვერასოდეს დაინახავდა ისე, ტიროდა, იმიტომ, რომ გამოუსადეგარ ბარგად გრძნობდა თავს, ტიროდა, რომ სანდრო ასე კარგად ექცეოდა, იმიტომ, რომ მისი ძმა საშინელი, უგულო და ცივი იდიოტი იყო.
და იმიტომ რომ ეშინოდა.
ვერც კი იგრძნო, როგორ მოავლეს ხელი და როგორც წაიყვანეს სადღაც, მხოლოდ ჩუმად ქვითინებდა და ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს იწმენდდა, აცრემლებული. გული ამოუჯდა, სანდროს უფრო მაგრად მიეხუტა, მისი თბილი დამაგარი სხეული თითქოსდა ერთადერთი ღუზა იყო, რომელიც აქ აკავებდა.
ბოლოს კი, ერთიანად გასავათებულსა და არიქათგამოცლილს, მკვდარივით ჩაეძინა.
-*-*-*-*-*-
ახალგაზრდა კაცმა თათიას სახეს გადაავლო თვალი, მის აწითლებულ ლოყებსა და ოდნავ შესიებულ თვალებს, შეკრულ წარბებსა და მის სხეულზე დაუდევრად გადაგდებულ საბანს დახედა და ზემოთა ტუჩი ასწია. არ სჯეროდა, რომ ამაში გაეხვა.
გაბოლება უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ ახლა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. გოგო იგრძნობდა სუნს და მიხვდებოდა რაღაცას. მოგვიანებით მოწევდა.
ჯიბეში ტელეფონმა წკარუნი დაიწყო, და ელვის სიწრაფით ამოაძრო ტელეფონი. დღეს ნინის ზარს ელოდა, უნდა მისულიყო მასთან და ცოტათი მოშვებულიყო, თორემ ამდენი სტრესი ნერვებს უშლიდა და სულ დაძაბული იყო.
მაგრამ რაღა თქმა უნდა. მისი დეგენერატი ძმა ურეკავდა.
-რა ჩემი ფეხები გინდა, შე აყროლებულო მძორო? – ბრაზით მიახალა ყურმილში, რაზეც მეორე მხრიდან სიცილი და ფრუტუნი მოესმა, რამაც უფრო გააღიზიანა. კარი გააღო და გარეთ გავიდა, არ სურდა, რომ გოგოს რამე გაეგონა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მას ქვასავით ეძინა და კარგა ხანი ეძინებოდა ასე. – რას ხვიხვინებ ცხენივით, ამოყაჭე რაც გინდა…
-როგორ ელაპარაკები ძმას, ეგ როგორ შეიძლება. – მოესმა სარკასტული ხმა და მუშტი მაგრად შეკრა. სიამოვნებით ახეთქებდა მუშტს თავის ძმას მის მუდამ მოწესრიგებულ, ვითომდა უმანკო კარგი ბიჭის სახეში, სანამ კარგად არ მიალამაზებდა.
-მოკეტე, შე ვირის გაგდებულო. – დაიღრინა მან, ამის ნერვები არ ჰქონდა. – რა გინდა მეთქი?
-რა ქენი, წამოიყვანე? – ჰკითხა მან.
-კი, წამოვათრიე. – ახალგაზრდა კაცმა ტუჩი ზემოთ ასწია. – ვერც კი მიხვდა ეს დებილი გოგო… და ეს ერთი წელიწადი მისი ძიძა უნდა ვიყო, არა?
-დიახაც, იქნები. – მის ძმას ტონი დაუდაბლდა, უფრო ფრთხილი გაუხდა. – იქნები და კარგად მოექცევი, როგორც მე მოვექცეოდი, გასაგებია? იცი, რომ ახლა არ მცალია, ამიტომ შნ უნდა მიხედო ჩემს საქმეს…
-შენს ძუ*ნებს მე უნდა ვუთანთრაშო? – იფეთქა მან, და ძლივს შეიკავა თავი, რომ მუშტი კედელზე არ მიეხეთქებინა.
-თუ საჭირო იქნება, ზუსტად მაგას გააკეთებ. – თქვა ოდნავ ჩახშულმა ხმამ ყურმილში. – არა, ანდრია?
ანდრია ლორთქიფანიძე გაუნძრევლად იდგა, მრისხანებას ძლივს იკავებდა, კბილებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს.
-ერთი დღეს იქნება, ცოცხლად დაგმარხავ… – ოდნავი, მწარე ღიმილი მოეფინა ერთიანად დაჭიმულ სახეზე. – გესმის, სანდრო?
-ჯერ ცხვირი მოიხოცე, ლაწირაკო. – უპასუხა სანდრომ იმ ნაცნობი, ცივი ხმით, და ყურმილი დაუკიდა.
ანდრია ცოტა ხანი ტელეფონს მისჩერებოდა, უნდოდა ხელში ჩაეტეხა. მაგრამ ყბაშეკრულმა ჯიბეში ჩაიდო იგი და სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა სასტუმრო ოთახში ფანჯარას და გამოაღო. გარედან ქარი, მსუსხავი სიცივე და ფანტელები შემოიჭრნენ.
ანდრიამ კი სიგარეტს მოუკიდა.
ნაცრისფერი კვამლი თეთრი ფიფქების კორიანტელში გაიფანტა.
-*-*-*-*-*-*-3
თათიამ თვალები როგორც კი გაახილა, მაშინვე გახსენდა. გაუნძრევლად იწვა ზურგზე და უღიმღამოდ აშტერებოდა ჭერს, ანდა უფრო სწორად სადაც ჭერი უნდა ყოფილიყო, სანამ მოგონებები ელვის სისრწაფით მიფრინავდნენ მის გონებაში. ყველაფერი სურრეალური მოეჩვენა, ზედმეტად შეუძლებელი, თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა.
ბრმა თვალებით ისევ სიბნელეს ხედავდა, რომელმაც მოულოდნელად შიშით აავსო. მაგრამ სიბნელის არ ეშინოდა, არ იყო პატარა გოგონა, რომელიც წამდაუწუმ მამასთან გარბოდა, იმიტომ რომ გარეთ ელავდა და გრუხუნებდა, ანდა მათი სახლის დერეფნები ზედმეტად გრძელი იყო მისი პატარა ფეხებისათვის და ზედმეტად ბნელი მისი პატარა გულისათვის. ახლა აღარ ეშინოდა არა იმიტომ რომ შეეჩვია სიბნელეს და იცოდა, რომ იქ არაფერი არ იყო, არამედ იმიტომ რომ აღარ ჰყავდა მამა, აღარ ჰყავდა არავინ, ვისთანაც ასეთ მომენტში გაქცევასა და დამალვას შეძლებდა.
თათიამ მაგრად მომუშტა ხელები, მის ქვეშ ლოგინის რბილი, თბილი ზეწარი იგრძნო და ნელა წამოიწია, თავზე ხელი გადაისვა. თავი ისევ გადახვეული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ აღარ სტკიოდა.
ნელა წამოიწია, ლოგინის გვერდით გადმოაწყო ფეხები და წამოჯდა. თვალები გააცეცა, სინათლის წყაროს, მოძრაობას, გაფერმკრთალებულ არეს ეძებდა. საწოლის პირდაპირ დაინახა მუქი ნაცრისფერი, გრძელი მართკუთხედი, რომელიც დიდი ფანჯარა უნდა ყოფილიყო სანდროს საწოლის წინ.
თათიამ უცებ თვალები დააჭყიტა, როცა მიხვდა. ნუთუ მთელი ამდენი ხანი სანდროს ლოგინში ეძინა? მისი მეგობარი სადღა იყო?
სანამ თათია გააცნობიერებდა თუ რას აკეთებდა, უკან გადაიწია და ლოგინზე ხელი მოაფათურა ფრთხილად, თბილ სხეულს ეძებდა, მაგრამ როცა ვერაფერი იპოვა და ლოგინზე გადაწოლილი მეორე გვერდს მისწვდა, ხელი დამდუღრულივით გამოსწია და ერთიანად აწითლდა. საკუთარი თავის არ ესმოდა. როგორ იფიქრა, რომ სანდრო მას გვერდით მიუწვებოდა?
ნელა წამოდგა ფეხზე, ისე რომ ლოგინისათვის ხელი არ მოუშორებია, თან ცდილობდა გონებაში სანდროს ოთახის გეგმა აღედგინა, მაგრამ არ ახსოვდა. ბუნდოვნად ახსოვდა დეტალები, მაგრამ თუ არ ცდებოდა, კარი ოთახის მარჯვენა მხარეს უნდა ყოფილიყო.
თათია ხელის ცეცებით გაჰყვა ლოგინს საწოლის თავამდე და შემთხვევით მიეჯახა ლოგინის გვერდით მდგარ ეტაჟერს. ხელები კედელზე გადაიტანა და ისე გაჰყვა, მაგრამ წამდაუწუმ რაღაცას ეჯახებოდა. სანდროს იატაკზე ბევრი რამ ეყარა, ალბათ ტანსაცმელი, იდგა მაღალი ტუმბო, სკამი და პუფი, რომელმაც თათია კინაღამ დასცა. ძლივს მიაღწია კარს და გადაღლილმა ამოიხვნეშა, კონცენტრაციის ასეთი დაძაბვა და სიფრთხილე თავს სტკენდა. სახელური დასწია და ნელი ნაბიჯით გავიდა ოთახში, რომელიც, როგორც ახსოვდა, სასტუმრო ოთახი იყო.
მერე კი გაჩერდა, რადგან აღარ იცოდა, საით წასულიყო. სასტუმრო ოთახი უშველებელი და ავეჯით სავსე იყო, და სულაც არ უნდოდა კიდევ რამეს მიჯახებოდა და დაცემულიყო. როგორც ჩანდა, მოუწევდა ყავარჯნის ყიდვა, თუ ხელების ცეცება არ სურდა აქეთ-იქით.
-სანდრო? – ჩუმად იკითხა მან და გაირინდა, დაძაბული და ყურებდაცქვეტილი უსმენდა და ცდილობდა არაფერი გამოპარვოდა, იმის მიუხედავად, რომ ყურებში საკუთარი გულისცემა უბრაგუნებდა. – სანდრო, აქ ხარ?
ვერაფერი გაიგონა და ოდნავ მოიღუშა. ნუთუ სანდრო სახლში არ იყო? როგორც ახსოვდა, სანდრომ შვებულება ახსენა. თუ შვებულება ჰქონდა აღებული, ახლა სად იყო გასული? თუ ფანჯრიდან შემომავალი სინათლით იმსჯელებდა, რომლის გაფერმკრთალებული მართკუთხედი წეღან დაინახა, დღე იყო და სანდრო სახლში უნდა ყოფილიყო.
-სანდრო! – ხმას აუწია გოგონამ და კიდევ ერთხელ აპირებდა დაძახებას, მაგრამ საკუთარ თავს დააძალა რომ გაჩუმებულიყო. ალბათ მის მეგობარს ეძინა, ანდა სულაც გასული იყო საქმეზე ანდა საყიდლებზე.
ყოველ შემთხვევაში, იგი არ პასუხობდა, თათია კი ნამდვილად არ აპირებდა აქ დგომას, ანდა ისევ ლოგინში დაბრუნებას, რამე უნდა გაეკეთებინა. ვარჯიში უნდა დაეწყო, ყავარჯენი უნდა ეყიდა, სანდროს ბინა უნდა შეესწავლა, რადგან ახლა აქ იცხოვრებდა, ბრაილის შრიფტით უნდა ესწავლა კითხვა…
რამდენი რამ იყო გასაკეთებელი, და თათია არ აპირებდა ჯდომას და დალოდებას, თუ როგორ დაუბრუნდებოდა სინათლე. ამის დრო ნამდვილად არ ჰქონდა.
პლუს, სრულიად არ სურდა თავი უსარგებლო ინვალიდად ეგრძნო.
კარის გვერდით გააფათურა ხელი, და კედელს გაჰყვა. როგორც ახსოვდა, სასტუმრო ოთახის ერთ მხარეს ეწყო ავეჯი, ტახტი და სავარძლები, მეორე მხარეს კი კედელზე პლაზმური ტელევიზორი ეკიდა, მის ქვეშ ეტაჟერი, მცენარეები და ათასი სხვადასხვა ნივთი ეწყო, კედლების გაყოლებით. თათია მოთმინებით მიჰყვებოდა კედელს. ერთხელ კინაღამ დაეცა, როცა პატარა ტუმბოს წამოედო, მაგრამ მიაღწია კედელს, სადაც პლაზმური ტელევიზორი ეკიდა. გონებაში განვლილი მანძილი გადათვალა და გზაზე მყოფი დაბრკოლებები წარმოიდგინა, რომ შემდეგში გაიოლებოდა აქეთ-იქით სიარული და ოთახის გეგმა ჰქონოდა მზად. ტელევიზორს რომ გასცდა, მალევე მიაღწია კარის უშველებელ ჩარჩოს, რომელიც შემოსასვლელში გადიოდა. თათია ისევ ხელის ცეცებით გაჰყვა კედელს,აინტერესებდა შემოსასვლელის სიგრძე. შუა გზაზე რაღაცას წამოედო და გადააყირავა. გოგონა შეხტა, როცა ის გრძელი რაღაც ხმამაღალი ბრახუნით დაენარცხა ქვემოთ და ჩახშული შრიალის ხმით თუ იმსჯელებდა, ოდნავ გვერდით გადაგორდა. თათია სასწრაფოდ დაიხარა, ცალი ხელი კედელზე ჰქონდა, მეორეთი კი შეეცადა დაცემულ ნივთს მისწვდებოდა.
ბოლოს და ბოლოს ხელი მოსჭიდა და წამოაყენა ხის მოწნული, წვრილი და მაღალი ცილინდრული ფორმა. და როცა თავზე მოავლო ხელი, მაშინღა მიხვდა, თუ რა იყო ეს საგანი.
ხის, გაპრიალებული, მოხრილი თავი ქოლგის სახელური იყო. თათიამ სწრაფად ამოაძრო ქოლგა საბუდედან. რაკი ამწუთას ყავარჯენი არ გააჩნდა, არაფერი დაშავდებოდა, თუ ცოტახნით გამოიყენებდა სანდროს ქოლგას. ქოლგა წინ გაიშვირა და იატაკზე კაკუნით უკან, სასტუმრო ოთახისაკენ დაბრუნდა. სააბაზანოში უნდოდა გასვლა, მაგრამ რატომღაც ვერ ბედავდა, თან ზუსტად არ ახსოვდა, თუ სად იყო. სანდროსთან სულ სამჯერ იყო ნამყოფი და მაშინაც ცოტა ხნით. მისი საძინებელი იმიტომ ახსოვდა, რომ სანდროს კარი სულ ღია ჰქონდა, და სასტუმრო ოთახში, სავარძელში ჩამომჯდარი თათია პირდაპირ ხედავდა მის საწოლსა და ზედ დამდგარ მზის შუქს ხედავდა, რომ საწოლის პირდაპირ მდებარე ფანჯრიდან შემოდიოდა.
მაგრამ ძალიან შიოდა. თათია ყველაფერს მისცემდა იმისათვის, რომ ახლა ერთი გემრიელი ბუტერბროდი ეჭამა. რა იქნებოდა, რომ სანდრო სახლში ყოფილიყო, რომ წახმარებოდა ცოტათი?
თათია შედგა, როცა მიხვდა, თუ რას ფიქრობდა. „არა… არა, რა სისულელეები გამივლის ხოლმე თავში…“ გაიფიქრა გაღიზიანებულმა. არ ჰქონდა უფლება, რომ სანდროსგან რამე მოეთხოვა. მას საკუთარი საქმე ჰქონდა, და ის, რომ მეგობარი სახლში მოიყვანა, იმას არ ნიშნავდა, რომ სულ მასთან უნდა ყოფილიყო ანდა თათია მასზე დამოკიდებული გამხდარიყო. პირიქით, გოგონას უნდა ეცადა თავისით გაეკეთებინა ყველაფერი და მეგობარს მხრებზე არ დასწოლოდა ზედმეტ ბარგად.
უცნაური იყო, თუ როგორ შეეძლო ადამიანს ასე უეცრად გადასულიყო უსაქმურობისა და სიმწარის მუდმივი შეგრძნებიდან მძიმე ქვამდე, რომელიც მკერდში დასწოლოდა და ნორმალურად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. თათიას ადრე მოსვლია ასე, მაგრამ ამასთან ვერც კი შეადარებდა იმ შემთხვევებს, ახლა საშინლად, მძიმედ გრძნობდა თავს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცოტაც და დაეცემოდა, საკუთარ სიმძიმეს ვეღარ გაუძლებდა. აღარ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ უდარდელად ევლო, პარკში ესეირნა, ხალხისათვის თვალი აერიდებინა და აქეთ-იქით ეშლიგინა, ვერც საქანელებზე დაჯდომას მოახერხებდა. ახლა პირიქით, ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი ნაბიჯი უნდა გაეთვალა და ხელის ცეცებით ეარა, რომ რამეს არ დასჯახებოდა და ცუდად არ დაცემულიყო.
სასტუმრო ოთახში გამოვიდა და ქოლგის იატაკზე კაკუნით მიუახლოვდა პირდაპირ მდგარ გრძელ ტახტს. ხელით მოსინჯა გრილი, გლუვი ზედაპირი და ზედ დაეხეთქა, მოულოდნელად თითქოს ენერგიისაგან დაიცალა.
ყველაფერი სტკიოდა.
ზურგში მოხრილი ჩუმად იჯდა და კედელზე, მარცხნისაკენ ჩამოკიდებული საათის ტიკტიკს უსმენდა.
თათია ელვის სისწრაფით გასწორდა, როცა უეცრად კარის კლიტის ჩხაკუნი და ანჯამების ჭრიალი მოესმა და კინაღამ ფეხზე წამოვარდა, მაგრამ თავი შეიკავა. ბრმად იყურებოდა შემოსასვლელი კარისაკენ, საიდანაც ახლა სანდრო შემოდიოდა.
-სანდრო, მოხვედი? შენ ხარ? – ჰკითხა მან ხმამაღლა, როცა კარის მიჯახუნების ხმა გაიგონა და ნაბიჯები მოახლოვდნენ.
-ჰო… მე ვარ. – უპასუხა სანდროს ხმამ და თათიამ შვებით ამოისუნთქა, სევდიანად გაიღიმა.
-კარგია… მისმინე, ძალიან მშია და რამე ხომ არ… – დაიწყო მან, მაგრამ შედგა, როცა ნაბიჯები მოულოდნელად გაზრდილი სიჩქარითა და ძალით წამოვიდნენ მისკენ.
თათიამ პირი დააღო, რომ ეკითხა თუ რა ხდებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ხელში ჩაბღუჯული ქოლგა სანდრომ ელვის სისწრაფით წაჰგლიჯა და გოგონას მოულოდნელობისა და გაოცებისაგან კრთომა ამოხდა.
-სანდრო, რას… – დაიწყო მან, მაგრამ არ აცადეს.
-ქოლგა რად გინდოდა? – დაიყეფა სანდრომ, და მისი ხმა თათიას უჩვეულოდ მკაცრი და უხეში მოეჩვენა. გაოცებული გადაიწია უკან, არ ესმოდა, თუ რატომ ბრაზობდა იგი ასე. – რას უტურტურებდი ხელებს, ჰა?
თათიას წარბები აეწია, ისე რომ თვითონაც არ მიუქცევია მათთვის ყურადღება.
-როგორ თუ… რატომ მეუბნები მაგას? – კითხვა შეუბრუნა მან. – სახლს კედელ-კედელ მივყვებოდი, და მაგას გადავაწყდი. აქეთ-იქით სასიარულოდ რამე მჭირდება, რაკი ჯერ ყავარჯენი არ მაქვს…
-ყავარჯენი რად გინდა, კოჭლი ბებერი ხარ? – გააწყვეტინა სანდრომ და თათიამ მისკენ განცვიფრებით ასწია მზერა. სანდროს ვერ ხედავდა, რომ მზერა გაესწორებინა და ეგრძნობინებინა, თუ როგორი დაბნეული იყო ახლა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ სანდროს ხმის საერთო მიმართულებით იყურებოდა. – პლუს, გარეთ არ აპირებ გასვლას, რა ჯანდაბად გინდა ყავარჯენი? პლუს, ეს ქოლგა აქეთ-იქით საკაკუნო და სათრევი კი არაა…
-რა გჭირს? – მუშტები მაგრად შეკრა თათიამ. – არ მესმის, რატომ ლაპარაკობ ასე… რა კოჭლი ბებერი, სანდრო? დაგავიწყდა, რომ ბრმა ვარ? რასაკვირველია, ყავარჯენი დამჭირდება! თუ სწორად მიმიყვან სადმე, ვიყიდი და შენ და შენს ქოლგას აღარ შევაწუხებ. შენი ქოლგა კიდევ კედლებზე კი არ მირახუნებია, უბრალოდ ცოტა გავიარე.
-ეს ჩემი ქოლგა არ არის. – ცივად მოჭრა სანდრომ და თათიამ ისევ გაიგონა ნაბიჯების ხმა, რომლებიც ცილდებოდნენ, შემდეგ ლითონის ოდნავი წკრიალისა და შრიალის ხმა გაიგონა, ალბათ სანდრომ ქოლგა თავის სადგამში ჩადო. – დედაჩემისაა.
თათია გაოცებული გაშტერდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას? უცნაური იყო, რომ სანდროს დედამისის ქოლგა ჰქონდა სახლში და არა თავისი, ნუთუ სანდრო ასე ნერვიულობდა, რომ თათია ქოლგას გატეხდა?
„დედა აქვე ჰყავს, იმასაც არ ექნება თავისი ქოლგა? რა უაზრობაა…“ თათია ვერ ხვდებოდა, თუ რა პრობლემა ჰქონდა სანდროს. ესმოდა, რომ მისი მეგობარი გაღიზიანებული იყო, მაგრამ არ იყო საჭირო, რომ ყოველ პატარა დეტალზე ამტყდარიყო. სანდრო არ იყო ძალიან მომთმენი, მაგრამ ასეთი ტემპერამენტულიც არ გახლდათ. ეგ ანდრიას თვისება იყო…
-ანდრია სადაა? – წამოსცდა უცებ. – თქვენ ერთად არ ცხოვრობთ?
ისევ ნაბიჯების ხმა, რომლებმაც ოთახი გადაჭრეს და თათიას მარცხნიდან კარის სახელურის წკაპუნი მოისმა. სანდრო სამზარეულოში შევიდა.
-ანდრია რამდენიმე თვეა უკვე, რაც გადავიდა. – გაისმა სანდროს ხმა და წყლის შიშინი, ალბათ იგი ჭიქა წყალს ისხამდა. თათიამ ახლაღა იგრძნო, როგორ გამოშრობოდა ყელი. ექსპერიმენტულად გადაყლაპა და დაიმანჭა, როცა აუტანელი სიმშრალე იგრძნო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ახლახანს გადაყლაპა ერთი კილო ქვიშა. – არ მითქვამს? მაგ იდიოტმა განაცხადა, მეტი ადგილი მჭირდებაო. – სანდრომ დაიფრუტუნა. – არ ვიცი, რა ჯანდაბა ვუყო.
თათია გაჩუმდა, ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ახლა ირაკლიზე წუწუნს დაიწყებდა, მაგრამ ამის დრო არ იყო.
-აღარ შეგაწუხებს, არა? – თქვა მან ხმადაბლა. – სულ ამბობდი, რომ ხელს გიშლიდა მუშაობაში, აქ სვამდა და ანაგვიანებდა. რომ ათას სისულელეს აკეთებდა…. ჰოდა ახლა აღარ გააკეთებს.
-სისულელეებს… სისულელეებს აკეთებდა ჩემი ძმა, ნამდვილად. – მოესმა მარცხნიდან სანდროს ხმა, მაგრამ ისე ჩახშულად არა, წეღან რომ გაიგონა, როცა მისი მეგობარი სამზარეულოში იყო. – გადავიდა და შენ წარმოგიდგენია? ისეც მაწუხებს. ახლაც კი ნერვებს მიშლის.
-ვიცი, რასაც ამბობ. – თქვა თათიამ და მოიღუშა. – ირაკლიც მასეა.
-შენი თავგასიებული ძმა? – სარკაზმით აღსავსე ხმით გაიცინა სანდრომ და თათიამ შუბლი შეჭმუხნა. სანდრო ირაკლიზე ასეთ რამეს არ ამბობდა, იმის მიუხედავად, რომ ხშირად კიცხავდა მას. – ახლა რომ სადღაც არის წასული, როცა მისი ძვირფასი და დაბრმავებულია?
-ჩემი ძმა უცნაურია ძალიან. – თათიამ მხრები აიჩეჩა. – რას ვიზამ. აი, არც კი დაურეკავს.
-შენ დაურეკე და უთხარი, ჩამობრძანდეს. – უთხრა სანდრომ. თათიას თითქმის ესმოდა, თუ როგორ იჩეჩდა იგი მხრებს. შემდეგ ბუნდოვნად გაიგონა, თუ როგორი ყლუპით მოსვა სანდრომ წყალი და გამშრალი ყელი ჩაიწმინდა.
-კარგი, მე დავურეკავ… და სანდრო, შეგიძლია წყალი მომიტანო? ვკვდები, ისე მწყურია. – ითხოვა მან, თან მობილური ტელეფონი, რომელიც აქამდე შარვლის ჯიბეში ედო, ამოაძვრინა.
-და შენ რას… – დაიწყო სანდრომ და თათია შეკრთა, მაგრამ მეგობარმა ღრმად ამოიხვნეშა. – მაშკარგი, მოგიტან წყალს.
თათია დაიძაბა, სანამ სანდროს ნაბიჯების ხმას, წყლის შიშინსა და უკან მომავალ ნაბიჯებს უსმენდა. ხელში შემოჩრილ ჭიქას მაგრად მოჰკიდა ხელი და საშინლად მოწყურებულმა ხარბად მოსვა ცივი წყალი. სიამოვნებისაგან ამოიხვნეშა, როცა ჭიქა გაათავა და უკან გაუწოდა სანდროს, რომელმაც იგი ჩამოართვა.
-კარგი… – ამოიხვნეშა თათიამ, ცივი წყალი სასიამოვნოდ უტრიალებდა მუცელში და შიგნიდან აგრილებდა, გონება თითქოს დაეწმინდა. – ახლა როგორ… – მან მობილურს თავზე ღილაკი მოუძებნა და ბლოკი მოხსნა.
-აინთო? – ჰკითხა სანდროს, რომელიც იქვე იდგა, სადაც წეღან, რადგან გოგონას მისი ნაბიჯების ხმა არც კი გაუგია. – არ ვიცი, თუ ამდენი ხანით დაუტენლობას გადაურჩა…
-კი, აინთო… მომეცი, მე დავურეკავ და შენ დაელაპარაკე. – სანდროს არც კი დაუყოვნებია, ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა, სანამ თათიას სიტყვის თქმის საშუალება ექნებოდა. ცოტა ხანი წკაპუნის შემდეგ, მეგობარმა ისევ ხელში შეაჩეჩა მობილური. – აჰა, დაელაპარაკე, გადის.
თათიამ ტელეფონი ყურთან მიიტანა, გარინდული უსმენდა გამავალ ზარს. რამდენიმე რეკვის შემდეგ ყურმილი აიღეს.
-გამარჯობა, თათია. – გაისმა ირაკლის მუდამ მშვიდი ხმა და თათიას მუშტი თავისდაუნებურად შეეკრა, ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. – როგორა ხარ?
-სერიოზულად, ძამიკო? – წარბები შეკრა გოგონამ. – არ გითხრეს, რაც მოხდა? მაგ უნდა მითხრა, როცა ძალიან კარგადაც იცი, როგორ ვარ?
ხაზზე ღრმა ამოხვნეშების ხმა გაისმა. თათიას ნერვი შეუტოკდა საფეთქელში.
-საავადმყოფომ შემატყობინა. – თქვა ირაკლიმ. – რატომ ხარ ასეთი აგრესიული, თათია? მითხარი, რა გაგიკეთო? ოპერაციას დავაფინანსებდი, რომ რაც შეიძლებოდა, მალე მოგეცილებინა ეგ… ეგ პრობლემა, მაგ ექიმმა განაცხადა, რომ საჭირო არ იყო, სხვა რა გავაკეთო?
თათიას სისხლი აუდუღდა. არ სჯეროდა, რომ ირაკლი მის სიბრმავეს პრობლემას უწოდებდა. თუმცა უგრძნობი, ცივი, იდიოტი ძმისგან უკეთესის იმედი არც უნდა ჰქონოდა, არა? ამას ელოდა, ელოდა იმას, რომ ირაკლი რაღაც სულელურს, რაღაც ირაკლისათვის დამახასიათებელს ეტყოდა, მაგრამ მისი სიბრმავისათვის პრობლემის წოდება და ასე იოლად მოპყრობა მისთვის წარმოუდგენელი იყო. პლუს, ირაკლის რატომღაც ეგონა, რომ თათიასათვის მხოლოდ ოპერაციის დაფინანსება იყო საჭირო და მისი ჩამოსვლა, მისი მხარდაჭერა სრულიად არ იყო აუცილებელი.
-ირაკლი, ქათმისტვინა ვირი რომ ხარ, რომ იცი? – კბილებში გამოსცრა მან და მთელი თავისი ძალით დააიგნორა ირაკლის აღშფოთებული ფრუტუნი. – ზუსტადაც, ვირი ბრძანდები. რას მეუბნები, ხვდები? რად მინდა შენი ფული და ოპერაციის დაფინანსება, თუ აქ არ ჩამოხვალ და არ მინახულებ? რასაკვირველია, ოპერაციას თუ მიკეთებდნენ, ფული აუცილებელი იქნებოდა, მაგრამ მორალური დახმარებაც ხომ მჭირდება? – თათიამ ამოისუნთქა, თვალები მაგრად დაეხუჭა. იცოდა, რომ ახლოს სანდრო ედგა და რატომღაც არ სურდა თვალები გაეხილა, უფრო დაცულად გრძნობდა, როცა მათ ხუჭავდა. ალბათ წამიერად, სულელივით არწმუნებდა თავს, რომ სინამდვილეში მასა და სამყაროს ფერებს, სინათლესა და გამოსახულებას მისი ქუთუთოები აშორებდნენ.
-არ აპირებ ჩამოსვლას? -ჩუმად ჰკითხა მან. გრძნობდა, იცოდა, რომ არასასურველ პასუხს მიიღებდა, რომ ინანებდა სიტყვებს და ნანობდა კიდეც, მაგრამ მაინც უნდოდა მის ძმას დაემტკიცებინა ის, რომ უგულო, ქვის კაცი იყო.
თავის ცხოვრებაში ამდენი ზიზღი არ უგრძვნია ირაკლისადმი ერთბაშად. თითქოს ვულკანმა ერთბაშად ამოიწია და აფეთქებას ლამობდა.
-როგორ ჩამოვიდე, თათია? შემდეგი თვენახევარი უკვე პირამდე მაქვს დაკავებული, უამრავი აუცილებელი კონფერენცია და შეხვედრა, ხვალ საინვესტიციო შეხვედრა მაქვს ერთ ძალიან პრესტიჟულ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტთან და იმედია, გამოვა… – ირაკლი ლაპარაკს აგრძელებდა, და თათია გრძნობდა, თითოეული მისი სიტყვით, თუ როგორ ეწურებოდა გული. ვერ წარმოიდგენდა, რომ ირაკლი ამას ეტყოდა, ამ დროს.
-არც კი გაბედო. – დაისისინა მან და ირაკლის გააწყვეტინა, მისი ძმის მოულოდნელი, შემკრთალი სუნთქვა ისმოდა ხაზზე. – როგორ ბედავ რომ ჩვენი საუბრის მთავარი თემა შენი დაწყევლილი კონფერენცია თუ რაღაც ჯანდაბა გახადო, როგორ მიბედავ მაგ სიტყვებს? როგორ გაქვს იმის გული, რომ მაგ მითხრა, არ გრცხვენია, ირაკლი? მე გულწრფელად მეგონა, რომ შენს სიმპატიას მაინც გამოხატავდი, მეტყოდი, რომ ძალიან წუხხარ, არ ველოდებოდი იმას, რომ აქ ჩამოხვიდოდი, მაგრამ ნუთუ გატკენდა, რომ ჩემთვის რამდენიმე თბილი სიტყვა გაგემეტებინა? არა, შენ მხოლოდ იგნორირება შეგიძლია. სულ ასე იყავი, სულ ზურგს აქცევდი ხოლმე პრობლემატურ თემებს, სხვისი ტკივილისა და წუხილის გაზიარება არასოდეს არ გინდოდა… ნაწილობრივ ამით საკუთარ თავს იფარავდი, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდები, რომ მაგ ფარი ციხედ გადაიქცა და განადგურებს? და არამარტო შენ, მე მანადგურებს, ირაკლი, მე. – თათია კბილებს მთელი ძალით აჭერდა ერთმანეთს, სიმწრით აღსავსე, გრძნობდა როგორ იღვრებოდა მის სხეულში გავარვარებული ლავა და თითოეული სიტყვის თქმისას როგორ ცივდებოდა, როგორ აქვავებდა შიგნიდან. – გგონია, რომ შენი არ მესმის? ძალიან კარგად მესმის, შე ცალტვინა დეგენერატო! თავწაცლილი ბატი გახდი ირაკლი! მე გულს მტკენ, და შეიძლება ამწუთას ფიქრობ, როდის გაჩუმდება, როდის შეწყვეტს წიკვინსო… აღიარე, ასე ფიქრობ, ხომ? იცი რა, ერთ დღესაც შეხვდები ვინმეს, რომელსაც შენი სოციოპათიური საქციელით გულს ატკენ და ძალიან ინანებ. ინანებ და სიცოცხლის ბოლომდე გაგყვება. მაგრამ ერთადერთზე იმაზე მწყდება გული, რომ მე არა ვარ ის ადამიანი… რომ ვერანაირად, იმის მიუხედავად, თუ როგორ ვეცადე, საკმარისად ვერ დავიმსახურე შენი კეთილგანწყობა, ისე, რომ ამწუთას თავგაბეზრების გარდა არაფერს არ გრძნობ. არ დამირეკო.
თათიამ ტელეფონი ყურიდან მოიშორა, ნერვიულად ცდილობდა გათიშვას, ცდილობდა მოეძებნა ღილაკი, დაეჭირა და ამით გაეწყვიტა კონტაქტი ძმასთან, გრძნობდა, როგორ ეწეწებოდა ნომრები, როგორ უსხლტებოდა ხელიდან მობილური, გაოფლილი, აკანკალებული თითები როგორ უცურდებოდა ღილაკებზე, როგორ ვერ ხედავდა მათ და ამან მოულოდნელად გატეხა.
ხმამაღალი ყვირილით მოისროლა მობილური ოთახში, მოულოდნელად არ აინტერესებდა, ვინ უსმენდა, არ ანტერესებდა, რომ მისი მობილური ხმამაღალი ლაწუნით შეენარცხა კედელს და ყრუ ბათქით დაეცა ძირს. ხმა ისევ ამოსდიოდა ყელიდან, საშინლად დაეჭიმა ხმის იოგები და ჩახრინწული, განადგურებული ბგერა ამოსდიოდა პირიდან. ყველაფერი ასტკივდა და ისევ წამოუარა სურვილმა, რომ თავისი გამოუსადეგარი თვალები ამოეთხარა, ოღონდ ამჯერად უფრო ძლიერმა.
-ახლავე შეწყვიტე. – თათიამ ვერც კი გააცნობიერა, რომ თმაში გიჟივით ივლებდა ხელებს და ფეხებს პანიკით ისროდა, სანამ სანდროს ხელი არ სწვდა მაჯაში. – თათია, გეყოფა! გაჩერდი მეთქი, გოგო! – სანდრომ მეორე ხელიც ჩაავლო მტოკავ მაჯაში და ორივე მკლავი მაგრად შემოხვია, მთელი სხეულით აკავებდა. – გაჩუმდი მეთქი! – დაიღრიალა მან, ხმა ავტორიტეტით, მუქარითა და ოდნავი დაბნეულობით ჰქონდა აღსავსე, მაგრამ თათია ვერ ჩერდებოდა, გაუჩერებლად გაჰყვიროდა. უცრემლოდ დასტიროდა თავის ოცდასამი წლის განმავლობაში გაფრენილ, უაზრო ცხოვრებას. დედა საერთოდ არ ახსოვდა, მამის გახსენებაც კი არ სურდა, მოგონებებში ამოფრენილი მისი სახე ზარავდა, ნაღველისა და სევდის გარდა მამაში ვერაფერს ხედავდა, დასტიროდა თავის ძმას, მის თვალებს, რომლებიც ვერასოდეს ვერ დაინახავდნენ ისე, როგორც ადრე, და საკუთარ თავს.
საკუთარი თავი არასოდეს შესცოდებია, უარს ამბობდა, რომ თავისი პერსონა ასეთი შეერცხვინა, თან იცოდა, რომ შესაცოდი არაფერი სჭირდა, მაგრამ ამწუთას ყველაზე გამოუსადეგარ, საშინელ, უშნო და განადგურებულ ადამიანად იგრძნო თავი დედამიწის ზურგზე.
ისევე, როგორც ამოფეთქა, ასევე დაწყნარდა. მოულოდნელად მოეშვა, სანდროს მკლავებში ჩაეშვა, თითქმის უგრძნობი. სანდრო ისევ გაუჩერებლად ღრიალებდა და თათიას გაუკვირდა, ნეტავ რატომ გაჰყვიროდა იგი ისევ, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება, სანდროს მკლავებ გრძნობდა მხოლოდ, რომელთაც ისევ ასწიეს, მიწას მოაშორეს და თათიას ისევ უნდოდა ეყვირა, ამჯერად სიხარულით, და ეთქვა, რომ დაფრინავდა…
მაგრამ მალევე დაუშვეს რაღაცაზე და თათია თავისი ბურანისაგან გაკრთა, როცა ლოყაზე მაგარი შემორტყმა იგრძნო.
-მოხვალ თუ არა გონზე? – ისმოდა სანდროს გაღიზიანებული ხმა, სანამ იგი ხელებს ლოყაზე საკმაოდ უხეშად ურტყამდა. თათია მოიღუშა და თავი გვერდზე გადაატრიალა. ისევ საშინლად დისორიენტირებული იყო, და სულაც არ სჭირდებოდა გასილაქება. – გაუბერე ისევ ხომ? თუ უჭმელი ხარ და ამიტომ გაჰყვიროდი გადარეულივით?
თათიამ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ყელი ასტკივდა.
-საჭმელი არ მაწყენდა. – ხმადაბლა თქვა მან და ოდნავ შეკრთა, როცა ყელში აუტანელი ტკივილი იგრძნო. ტკივილის მიზეზი გონების შორეულ კუნჭულში მისწია, არ სურდა ეფიქრა იმაზე, რომ ორიოდე წუთის წინ ასეთი ამბავი მოაწყო. ძალა არ გააჩნდა, რომ ასე მოქცეულიყო. მოგვიანებით მოიფიქრებდა.
ერთადერთის იმედი ჰქონდა: რომ ჭკუიდან არ გადადიოდა.
-მერე წამოდი. რაღაც უნდა ეგდოს მაცივარში, მეც ძალიან მშია. – სანდრომ ხელზე მოქაჩა და თათია დაჰყვა, თითქოს სხეულიდან ყველანაირი საკუთარი გრძნობა გაუქრა, მხოლოდ გარეგანი ძალა დარჩა.
გარეგანი ძალა, რომელიც ამიერიდან მის მართვას დაიწყებდა.
-*-*-*-*-*-*-4
ანდრიამ ფორთოხლის წვენის გაუხსნელ პაკეტს თავი ერთი ხელის მოქნევით მოაგლიჯა და წვენი მაღა, ლამაზ-ლამაზ, წითელ ზოლიან გამჭირვალე ჭიქაში ჩამოასხა, თან ტუჩი ზემოთ ასწია ზიზღით. რა გასაკვირი იყო, რომ მის ძმას ასეთი ძვირფასი და დეკორატიული ჭიქები ექნებოდა, რომელშიც, ანდრიას აზრით უამრავი ფული იყო უაზროდ გადაყრილი. მის ძმას კი ეს არასოდეს არ ესმოდა, თვლიდა, რომ ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონოდა. ანდრიამ დაიფრუტუნა, თავი გვერდით გადააქნია. საუკეთესოს შეძენა ნაკლებ ფასშიც შეიძლებოდა, ამდენი ზიზილ-პიპილის გარეშე.
ავსებული ჭიქები მაგიდაზე დადგა და სკამი განგებ გამოსწია ხმამაღალი ღრჭიალით, შემდეგ კი ხმადაბლა ჩაიცინა, როცა მაგიდასთან მჯდომი გოგო მოულოდნელობისაგან ოდნავ შეკრთა, ბუტერბროდზე ჩაბღუჯული ხელები შეუტოკდა. ღეჭვა არ შეუწყვეტია, და ისევ მოზრდილი ლუკმა მოკბიჩა ბუტერბროდს. ანდრია სკამზე დაეხეთქა და ბუტერბროდი თვითონაც მოკბიჩა, შემდეგ კი წვენი მოიყუდა, თან ცალი თვალით თათია თაბაგარს ათვალიერებდა.
ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს გოგო, რომელიც ასე ჩუმად და წყნარად იჯდა მაგიდასთან, ისეთ ძალასა და მრისხანებას გამოიჩენდა, როგორიც ხუთიოდე წუთის გამოიჩინა. ბიჭს გულწრფელად ეგონა, რომ როცა გოგო თავის ძმაზე ლაპარაკობდა და მას ანდრიას ადარებდა, ამით ყველაფერს აზვიადებდა, ამიტომ შესთავაზა, რომ დაერეკა და თვითონ დალაპარაკებოდა, ძალიან აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენდა ირაკლი თაბაგარი.
გულწრფელად ეგონა, რომ ირაკლი თაბაგარი ჩამოსვლას დააპირებდა. მართლა ეგონა, რომ იგი ისე ძალიან დაკავებული იყო, რომ ვერ ახერხებდა საკუთარ დასთან დაკავშირებოდა.
მაგრამ არანაირად არ ელოდებოდა იმ გულცივ სიტყვებს, რომლებიც ირაკლი თაბაგარმა წარმოთქვა ბრმა დის გასაგონად. და-ძმურ, დედმამიშვილურ ურთიერთობებში რწმენა რამდენი ხანია, დაკარგული ჰქონდა, მაგრამ რატომღაც არ სურდა, თათიას დათანხმებოდა, როცა მან განაცხადა, საშინელი ძმა მყავსო.
მერე კი გოგომ ერთი ამბავი ატეხა. ირაკლის უყვიროდა, მთელი სხეულით დაიჭიმა და სახე ისე გადაუთეთრდა, რომ გაცრეცილ მიტკალს დაემსგავსა, სახე აუტანელი ტკივილთა და ზიზღის უცნაური ნარევით დამანჭოდა. ბოლოს, კი როცა თვალები გაახილა, უფოკუსო, თითქოსდა ცარიელი მზერა გადაგლესოდა და ცეცხლით ავსებოდა.
მერე კი ტელეფონი მოისროლა, რომელიც ხმამაღალი ლაწუნით მიენარცხა კედელს, ბიჭის შესაცბუნებლად, და ყვირილი ატეხა. ხმის იოგები ისე დაეჭიმა, რომ ანდრიას წამიერად ეგონა, რომ დააწყდებოდა. ფეხზე წამოვარდა, წელში იხრებოდა, თმაში ხელს ივლებდა და გაბმულად კიოდა. ასეთი სცენა ანდრიას თავის ცხოვრებაში არ ენახა და ცონა ხნით გაშტერდა, მაგრამ დროზე მოიფიქრა, რომ ხელი ჩაევლო და მისი გაჩერება ეცადა.
რაც არც ისე იოლი გამოვიდა. გოგო ფეხებს ისროდა, მთელი სხეულით ეწინააღმდეგებოდა. თან მთელი ხმით კიოდა, რაც ანდრიას ყურებს ტკენდა და რატომღაც ოდნავი შიშის, პანიკის გრძნობას ბადებდა მასში. ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ანდრიას არ ესმოდა,რა ხდებოდა. ერთადერთი, რასაც ხვდებოდა, ის იყო, რომ გოგო რამენაირად უნდა გაეკავებინა და ჩაეწყნარებინა, რადგან იგი გადარეულივით იქცეოდა.
-წეღან რა დაგემართა? – ჰკითხა მან, თან წვენი მოიყუდა, თათიასაგან თვალი არ მოუშორებია. მისი პასუხი აინტერესებდა. გოგომ ბოლო ლუკმა, პურის ქერქი შეიგდო პირში და ნელა დაღეჭა, პირი ხელით მოიწმინდა, რაზეც ანდრიამ წარბები შეკრა. ძალაუნებურად თვალი მისი ქურთუკის გაცრეცილი სახელოებისაკენ გაექცა. გოგოს გატყავებული, ოდესღაც მუქი მწვანე, ახლა კი ჭაობისფერი ქურთუკი მოეგდო მხრებზე, შიგნით კი რაღაც კისერში წაჭერილი, ლურჯი მაისური და საყელოიანი, ფლანელის ჭრელი მაისური ეცვა. სამკაულები არ ეკეთა, მაგრამ ყურები გახვრეტილი ჰქონდა. მოუწესრიგებელი თმა ძლივს ეკავა გაბურძგნულ თმის სამაგრს კეფაზე.
„ამას სიმდიდრის რა ეტყობა?“ ზიზღით ასწია ანდრიამ ტუჩი. სანდროს თქმით, თაბაგრების ოჯახი მდიდარი იყო, ორივე მშობელი მუშაობდა და უზარმაზარი შემოსავალი ჰქონდათ, რასაც მათი მოზრდილი სახლი და მშვენიერი მანქანები ადასტურებდა. ცოლის სიკვდილის შემდეგ, სანდროს თქმით, გიორგი თაბაგარმა ნელ-ნელა ზურგი შეაქცია ბიზნესს, მაგრამ როგორც კი მისი შვილი, ირაკლი სრულწლოვანი გახდა, მაშინვე მხარში ამოუდგა მამას და კომპანია ისევ ფეხზე წამოაყენა. ახლა იგი საზღვარგარეთ იყო წასული კომპანიის გაპიარებისა და ინვესტიციების ძებნაში, მისი და კი აქაურობას აკონტროლებდა.
-ძალიან გავბრაზდი ირაკლიზე. – ჩუმად დაილაპარაკა თათიამ და ანდრია უცებ გამოფხიზლდა, ოდნავ შეცბუნებულმა წვენის თითქმის დაცლილი ჭიქა მაგიდაზე დადო. – ამიტომ ავყვირდი.
-ხომ ვთქვი, თავგასიებულია მეთქი. – გაიცინა ანდრიამ და გოგოს დახრილ, უფოკუსო მწვანე თვალებში დააშტერდა, ნაწილობრივ სახეში ჩამოყრილ თმის ღერებსა და წამწამებს რომ დაეფარათ. – ბავშვობაში თავზე ხომ არ დაცემულა? იმიტომ რომ რიგზე არა აქვს.
თათიამ ოდნავ გაიცინა, მაგრამ ანდრია მაშინვე მიხვდა, რომ ეს სიმწრის სიცილი იყო.
-იყოს, არ მაინტერესებს. – დაისისინა მან. – არ სურს ნორმალური ადამიანივით მოიქცეს? მაშინ არც მე მოვექცევი.
სიჩუმე ჩამოვარდა, ანდრია გოგოს მიშტერებოდა, ჩუმად ზომავდა და აფასებდა.
-ხომ ხვდები, რომ იტყუები, ჰა? – თქვა ბოლოს. – გეტყობა. პირიქით, ოღონდ ბოდიში მოგიხადოს და კარგად მოექცევი კი არა, ფეხებსაც დაუკოცნი.
თათიას სახის ნაკვთებში სპაზმმა დაუარა, მაგიდაზე დადებული, მოშვებული თითები შეეკრა და მისკენ სწრაფი მოძრაობით გადმოიხედა. მისი ცარიელი თვალები სადღაც, შორს იყურებოდნენ, ანდრიასაგან ოდნავ მარცხნივ, და ანდრიას რატომღაც ჟრუანტელმა დაუარა. ასეთი თვალების დანახვა არ სიამოვნებდა. თითქოს რაღაც არარეალური, საშინელი იყო მათში.
-ბოდიშს არ მომიხდის. – თქვა მან ოდნავ ჩახრინწული ხმით. – კარგად ვიცნობ… ახლა ფიქრობს, რომ არაფერში არაა დამნაშავე და პირიქით, მე ვარ მომაბეზრებელი იდიოტი. და იცი რა? არ ვადანაშაულებ. ასეთი გაიზარდა.
-მამათქვენმა არ გაგზარდათ? – წარბები ასწია ანდრიამ. როგორც იცოდა, გიორგი თაბაგარი უკვე სამი წლის გარდაცვლილი იყო. ესე იგი, საკმარისი დრო ჰქონდა შვილების გასაზრდელად…
-კი, რა თქმა უნდა. – თათიამ წარბები ოდნავ შეკრა. – ეს შენ ხომ იცი?
ანდრია შედრკა, და მოიღუშა. თათიას მოქუფრულ სახეს უყურებდა.
-რა თქმა უნდა, ვიცი. – თქვა ბოლოს. – უბრალოდ მიკვირს, როგორ გამოვიდა ასეთი, როცა მამაშენისნაირი ადამიანი ჰყავდა გვერდით.
-შენ მამას არ იცნობდი. – ცივად მოუჭრა გოგომ და ანდრიამ გაღიზიანებისაგან ტუჩი ასწია. როგორ შეეძლო სანდროს, რომ ამ წიკვინა იდიოტთან საათობით ელაპარაკა? ვინ აძალებდა?
-ჰო, ჰო, არ ვიცნობდი, მაგრამ ხალხი ამბობდა, კარგი კაციაო. – უხეშად თქვა თან, თავს ძლივს იკავებდა, რომ სანდროს როლში ჩამჯდარიყო. მისი ტყუპისცალი, იდენტურობის მიუხედავად, ისე იყო მისგან განსხვავებული, რომ წამდაუწუმ უჭირდა, ეხამუშებოდა კიდეც საშინლად, მის სახლში ყოფნა, მის სკამზე ჯდომა და სანდროდ თავის მოკატუნება. უხერხულობას ვერ იტანდა.
-კარგი კაცი იყო. – თქვა თათიამ ჩუმად, თავი გვერდზე გადასწია. – დედა ძალიან უყვარდა. – დაამატა უცებ.
ანდრიამ წარბები ასწია. „ეს რაღა შუაში იყო…“ გაიფიქრა მჟავედ.
-კარგი… – ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა, სკამი ღრჭიალით გასწია უკან, სამზარეულოს ცივ კაფელზე. – რაღაც… ყავარჯენი არ გინდოდა? ადექი, თუ კიდევ გინდა, სადმე წავიდეთ და ვიყიდოთ…
-წავიდეთ. – უპასუხა თათიამ და ფეხზე წამოდგა, ხელების ფათურით გამოჰყვა მაგიდას, და ანდრია დაჟინებით მიშტერებოდა. გოგოს ხელები ფერმკრთალი ჰქონდა, კანი ოდნავ გაუხეშებული მოუჩანდა.
„ალბათ სიცივისაგან..“ დაასკვნა მან და გადაიწია, თათიას მაჯაში ხელი წაავლო. გოგომ მაშინვე მეორე ხელი მოსჭიდა სახელოში და მაგრად ჩაეჭიდა. ანდრიამ ტუჩი აიბზუა, ვერ იტანდა, როცა გოგოები ასე ეკიდებოდნენ ზედ.
კიბეებზე ჩასვლა უფრო მომაბეზრებელი და დამღლელი მოეჩვენა, ვიდრე ოდესმე. გოგო უფრო მაგრად ჩაფრენოდა მკლავზე, ფრთხილად, ცალ-ცალად ადგამდა ნაბიჯებს, მიწას სინჯავდა და ნელა მოჰყვებოდა უკან, თვითონაც იძულებული იყო, რომ ლოკოკინასავით ეღოღა. გონებაში სანდროს აგინებდა იმისათვის, რომ ეს ბინა სულ ზემოთ იყიდა ამ აპარტამენტ-კონპლექსში. რა იქნებოდა, მეხუთე სართულზე ანდა ცოტა უფრო დაბლა რომ ყოფილიყო? არა, მის გაქსუებულ ძმას ამდენი ფული უნდა დაეხარჯა და მთელი სართული შეეძინა მაინც და მაინც…
მანქანით წავიდნენ. თათია ხმას არ იღებდა, უსიტყვოდ გაშტერებოდა მზერა გზაზე, იმის მიუხედავად, რომ ანდრია ხვდებოდა, ის არაფერსაც არ უყურებდა. გოგოს ხანდახან თვალის კაკლები უტოკავდა უცნაურად. ანდრიას ძლივს გაახსენდა, რომ ექიმის თქმით, იგი მაინც ხედავდა ოდნავ მოძრაობასა და სინათლეს, სიბრმავის მიუხედავად.
მანქანა სწრაფად მიაყენა სავაჭრო ცენტრთან, რომელშიც იცოდა, რომ ბრმებისათვის განკუთვნილი მაღაზია იყო.
სწრაფად ამოარჩია თეთრი, გასახსნელი ყავარჯენი. მაღაზიაში კიდევ უამრავი სხვა რაღაც იყო, აუდიო-დისკები, ბრაილის შრიფტის შესასწავლი ბროშურები, ბრაილის შრიფტით დაწერილი უამრავი წიგნი და ბევრი სხვა, რომლის დათვალიერების ნერვები და სურვილი ანდრიას ნამდვილად არ გააჩნდა. როგორც კი გაბადრულმა გოგომ ყავარჯენი ხელში ჩაბღუჯა და იატაკზე ექსპერიმენტარულად დააკაკუნა, მაჯაში ხელი წაავლო და სასწრაფოდ გამოიყვანა მაღაზიიდან. ამას სახლში მიიყვანდა, დააგდებდა და თვითონ გასართობად წავიდოდა სადმე. იმ ახალ კლუბში წინა ღამეს ძალიან კარგად გაერთო, ალბათ ისევ იქ წავიდოდა…
-პარკში წასვლა მინდა. – განაცხადა უცებ თათიამ, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ და ანდრიამ მოულოდნელობისაგან ელვის სისწრაფით მოატრიალა მისკენ თავი, ხელში სპაზმმა დაუარა და მუშტად შეკრა, თან შეეცადა, რომ ხმისათვის რაც შეიძლება მშვიდი ტონი მიეცა, რომ თათია ვერაფერს მიმხვდარიყო.
-ახლავე? – ნელა თქვა მან, იმის იუხედავად, რომ გაღიზიანება ყელში აწვებოდა. – გარეთ სიცივეა და მასე გრილად გაცვია. გაცივდები, ამიტომ ჯობია სახლში წავიდეთ…
-სანდრო, ოფისთან რომ შეგხვდი, მასე არ გითქვამს. – მოულოდნელად გაიცინა გოგომ და ანდრიამ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. არ სჯეროდა, რომ გოგო ენას უბრუნებდა. – არ გავცივდები, მართლა… პლუს, ექიმმა ხომ თქვა, რომ რაც შეიძლება, მეტი თვალის ვარჯიში დამჭირდება, რომ მალევე დავინახო? თან პარკშიც გავისეირნებთ. გთხოვ, წავიდეთ, რა…
თათიამ გადმოხედა და მის მხარს იქეთ, სადღაც უსასრულობაში, ხვეწნით აღსავსე მზერა სტყორცნა. ანდრიას აზრით, მისი ცდა, რომ იგი დაერწმუნებინა, სწორედ უსასრულობაში ჩაიკარგა, მაგრამ იცოდა, რომ უარს ვერ ეტყოდა, რადგან გოგო ეჭვს აიღებდა, რაც ნამდვილად არ აწყობდა. ჯერ თათია გამართავდა ერთ ამბავს, მერე კი არც კი უნდოდა ეფიქრა, თუ მისი ძმა რას იტყოდა ამის შესახებ… კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს საკუთარ აზრებზე. როდის აქეთ გახდა მის მამა აბრამის ბატკან ძმაზე დამოკიდებული? როდის აქეთ დაუჩოქა თავისი ნებით? ანდრია ლორთქიფანიძე არავის არ დაუჩოქებდა, თუნდაც სახესთან იარაღი მიეტანათ და მისი მოკვლის პირას ყოფილიყვნენ. ანდრიამ ძალიან კარგად იცოდა ეს შეგრძნება. რამდენი ხანი იყო, რაც ისწავლა, რომ სიკვდილი ჯობდა აუტანელ დამცირებას.
ხმა არ გაუღია, საკუთარ ხმას არ ენდობოდა. იცოდა, თუ ახლა პირს გააღებდა, რაღაც სისულელეს წამოროშავდა, ანდა შეიძლებოდა სწორედ ისეთი ღრიალი ამოსვლოდა ყელიდან, როგორიც თათიას ამოუვიდა, სულ რაღაც ერთი საათის წინ.
ამ დონეზე დაცემა კი არ სურდა.
ხმა არ გაუღია, ისე დაქოქა მანქანა და უსიტყვოდ წაიყვანა პარკისაკენ. თათია ალბათ მიხვდა, თუ სად მიდიოდნენ, იმიტომ რომ გაიღიმა, ოდნავ გაწითლდა კიდეც. ანდრია ამრეზით გადმოხედავდა. როგორი აშკარა იყო, რომ ამ სულელ გოგოს მისი დეგენერატი ძმა მოსწონდა. სანდროს უკვე გაჩარხული ჰქონდა საქმე, მისი ჩარევა რატომ სჭირდებოდა?
-მოვედით. – თქვა მან, როცა მანქანა პარკთან ახლოს მიაყენა. იმის მიუხედავად, რომ გრილოდა, და ცოტათი თოვდა კიდეც, პარკი ხალხით იყო სავსე. თათიამ ცალი მაჯა ანდრიას ხელს მიანდო, მეორეთი ყავარჯენს აკაკუნებდა, ეტყობოდა, რომ მისი გამოყენება ძალიანაც სიამოვნებდა.
თათია იჯდა, აქეთ-იქით ატრიალებდა თვალებს.
-იქით ძალიანაა გაფერმკთალებული. – თქვა მან უცებ და ხელი გაიშვირა. – რა არის?
ანდრიამ წარბი ასწია და მის ხელს თვალი გააყოლა. თოვლის გორა იყო, რომელიც საქანელის წინ დაეხვავებინათ.
-თოვლის გროვაა. – მოკლედ თქვა მან. – საქანელის წინ დაუყრიათ.
-საქანელის? – გაიმეორა თათია, მოულოდნელად თვალები გაუბრწყინდა, და იმდენი ნათელი ჩაუდგა მათში, რამდენიც ანდრიას აქამდე არ ენახა. – მინდა რომ დავჯდე!
-დაჯდე? გადაირიე? – ცინიკურად გაიცინა ანდრიამ, მერე კი, როცა მიხვდა, რომ გოგო ამას სერიოზულად ამბობდა, მოიღუშა. – ბრმა ხარ, თათია. – მოკლედ მოჭრა მან. – ბრმა. საფოკუსე წერტილი არა გაქვს. გადმოვარდები და რამეს მოიტეხ.
-არ გადმოვვარდები. – ხმადაბლა ჩაიბუზღუნა გოგომ და ანდრიამ თვალები დახუჭა, სისხლი თავში ასხამდა. არ სჯეროდა, რომ ამას აკეთებდა, რომ ამ მომაბეზრებელი გოგოს მომვლელი იყო. – ცოტას გავიქანავებ, მართლა.
-არავითარ… – დაიწყო მან, მაგრამ შეჩერდა, როცა ახალმა იდეამ დაუარა. თუ დათანხმდებოდა, იქნებ მართლა გადმოვარდნილიყო თათია და ფეხი მოეტეხა? თაბაშირში ჩაუსვამდნენ და აქეთ-იქით ვეღარ ივლიდა, აღარ შეაწუხებდა ანდრიას თავისი გასეირნების მოთხოვნებით, და რაც მთავარია, ასეთ სისულელეს აღარ სთხოვდა, თუ ჭკუას ასწავლა. ანდრიამ კმაყოფილების გრძნობით, ცალყბად გაუღიმა თათიას პროფილს.
-მაშ კარგი, წამოდი და დაჯექი საქანელაზე. – უთხრა მან და წაიყვანა. თათია სწრაფად გამოჰყვა, ხელებით მიაგნო საქანელის დასაჯდომს, გალეულ ლითონის ჯაჭვს და ყავარჯენი ანდრიას გადასცა. ცოტა ხანი კომფორტულად ეწყობოდა, ყურებამდე იღიმებოდა, ლოყებგაწითლებული, და მაგრად სჭიდებდა ხელებს ჯაჭვს.
მერე კი მიწას ფეხი დაჰკრა. სხეული უკან გადაუვარდა, მაგრამ თავი შეიკავა, გასწორდა და ისევ დაჰკრა ქვემოთ ტერფები, უფრო მაღლა აიჭრა, მისი სახეში ჩამოვარდნილი თმა აქეთ-იქით ტკარცალებდა, სუნთქვის ორთქლი სწრაფად იფანტებოდა სუსხიან ჰაერში.
-სულაც არ არის ძნელი! -უცებ წამოიძახა მან. ლოყები უფრო მეტად აუწითლდა, ღრმად სუნთქავდა და სხეულს რიტმულად ამოძრავებდა, რომ უფრო მაღლა შეძლებოდა ასვლა. ანდრია გაშტერებული იყო, რატომღაც მაგრად ჩაებღუჯა ყავარჯენი. თათია შხულით დაქროდა, თითქოს მიფრინავდა, უფრო მაღლა, უფრო მაღლა და მაღლა…
მერე კი გოგომ ჯაჭვებს ხელი გაუშვა. ანდრიას თვალები გაუფართოვდა და მოულოდნელობისაგან გაკრთა, თვალები გაუფართოვდა და წინ წამოიწია, ხელებგამოწვდილმა, სანამ გააცნობიერებდა, თუ რას აკეთებდა. ინერციის ძალით თათიამ რკალი მოხაზა და მის ახლოს დაეშვა, ოდნავ წაბარბაცდა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა.
-მოგეწონა? – წამოიძახა მან, მაგრამ თავი მისკენ არ შემოუტრიალებია, ისეიყო, თითქოს ვიღაც სხვას ელაპარაკებოდა, ვიღაც სხვას, რომელიც მის წინ იდგა და ანდრიამ უცებ ამის ირონიულობას მიაქცია ყურადღება. თათია ეს ბოლო ორი დღე სწორედ მას ელაპარაკებოდა, ვინც მასთან არ იყო. გოგო სანდროს ელაპარაკებოდა, რომელიც ახლა თავის საქმეზე იყო წასული.
რატომღაც მჟავე გემო გაუჩნდა პირში. თათიას გადაწითლებულ ლოყებსა და ტუჩებს გადახედა და ხმა ჩაიწმინდა.
-აქეთ ვარ. – თქვა მან და უსიტყვოდ უყურებდა, თუ როგორ მოატრიალა მისკენ თათიამ ელვის სისწრაფით, შემდეგ კი თვალისმომჭრელად გაუღიმა. – …როგორც ჩანს, მოგეწონა…
-მომეწონა რომელია! – ატყდა გოგო. – მაგარი იყო… სანდრო, ისე შენც უნდა სცადო. ცოტას მოეშვები, ბავშვობას გაიხსენებ…
ანდრიას გაეცინა, იმის მიუხედავად, რომ ამაში სასაცილო არაფერი იყო.
-ჩემი ბავშვობა საქანელები არ ყოფილა. – მოკლედ მოჭრა მან და თათიას ხელებში ავარჯენი შეაჩეჩა. – წამოდი ახლა, წავიდეთ.
თათიას არაფერი უთქვამს, ყავარჯენი გაშალა და თოვლიან ზედაპირზე დააბჯინა, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მოშორებია.
-*-*-*-*-*-
ანდრიამ ახალ არხზე გადართო. ტელევიზორს უკვე ნახევარი საათი იყო, რაც მიშტერებოდა, მაგრამ თითქოს ვერაფერსაც ვერ ხედავდა, ტვინში ინფორმაცია საერთოდ არ შედიოდა. საინტერესო იყო, თუ როგორ შეეძკი უაზროდ ეცქირა და სულ სხვა რამეზე ეფიქრა.
მომაბეზრებელი გოგო ამჯერად სააბაზანოში იყო და აბაზანას იღებდა.
ანდრიას ცხოვრებაში ამისთანა ძნელი და სულელური რამ არასოდეს გაუკეთებია. პირველ რიგში, გოგოსათვის ნაბიჯების რაოდენობა უნდა ესწავლებინა შემოსასვლელში, ერთი კარიდან მეორეში, საძინებელში საწოლამდე, შემოსასვლელიდან სასტუმრო ოთახში დადგმულ ტახტამდე, კარიდან სამზარეულოს მაგიდამდე, უნიტაზიდან აბაზანამდე. დარწმუნებული იყო, რომ თათიამ ვერც ერთი ვერ დაიმახსოვრა, მაგრამ ის, რომ მთელი სათნახევარი დახარჯეს ამ აქტივობაში, საკმარისზე მეტი იყო. მერე გოგოსთვის სუფთა ტანსაცმელი უნდა მოეძებნა საკუთარი ტანსაცმლიდან, რაც საშინლად ძნელი გამოდგა, რადგან არც ერთი,საერთოდ არ ემეტებოდა. ბოლოს და ბოლოს თავის ძველ ნაცრისფერი შარვალსა და კაპიშონიან, ასევე ნაცრისფერ პულოვერს დასჯერდა. თათია დაჰპირდა, რომ მის ბინაში დაბრუნდებოდა და თავის ტანსაცმელსა და ნივთებს მალე წამოიღებდა.
ანდრიას ამის ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, იმიტომ რომ არ აპირებდა ყოველთვის თავისი ტანსაცმელი ეთხოვნა გოგოსათვის.
აზრის ძაფი გაუწყდა, როცა გააცნობიერა, რომ სააბაზანოდან წყლის ჩახშული შიშინი აღარ ისმოდა. თავი მაგრად გააქნია, შეეცადა ტელევიზორზე და რაღაც სულელურ რეალითიშოუზე კონცენტრირებულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. მოთმინებით ელოდებოდა, თუ როდის გამოვიდოდა გოგო, რომ ბოლოს და ბოლოს და დაწოლილიყო და თვითონ თავისუფლად შესძლებოდა სადაც უნდოდა, იქ წასულიყო.
მერე კი კარის გაღების ხმა და ყავარჯნის კაკუნი გაისმა, კარებში თათია შემობაკუნდა. თმაზე პირსახოცი შემოეხვია და ფეხშიშველი მოაბიჯებდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან ეძინებოდა.
იგი არც კი გაჩერებულა, როგორც კი ტახტს წააწყდა, მაშინვე ზედ მაფათურა ყავარჯენი. როცა ყავარჯენი წარბშკრულ ანდრიას თეძოში ჩაეძირა, გოგომ ხელის ფათურით მიაგნო მის მხარს და მოულოდნელად გვერდით ამოუჯდა, ფეხები აიკეცა და მხარზე თავი დაადო.
ანდრია ვერც კი გაინძრა, ისეთი მოულოდნელი იყო მისი მოქმედება. თათიას აშკარად საშინლად ეძინებოდა, თვალებს ვეღარ ახელდა.
-თბილი ხარ… – წაილუღლუღა მან უცებ და ანდრიას წარბები შუბლზე აუვიდა. გაოცებულმა და დაბნეულმა მაგრად მოუჭირა ტახტის ზურგზე გადაგდებული ხელი გრილ ტყავს. თათია უფრო მაგრად მიეხუტა, მისკენ შემობრუნდა. – მადლობა, სანდრო.
ანდრიამ ტუჩები მაგრად მოკუმა. გუნება გაუფუჭდა. მისი ძმის ხსენება სულ უფუჭებდა გუნებას, მაგრამ რატომღაც ამწუთას მისმა ხსენებამ უფრო მეტად დაუმძიმა გონება, ვიდრე ჩვეულებრივ.
რატომ, ვერ ხვდებოდა.
არ განძრეულა, ტელევიზორს მიშტერებოდა უაზროდ, სანამ თათია გვერდში ეჯდა და ცალი ხელის თითებით ფრთხილად ჩასჭიდებოდა პერანგის გვერდში.
-*-*-*-*-*-5
ანდრიამ იქამდე უყურა ტელევიზორს უაზროდ, სანამ არ დარწმუნდა, რომ მის გვერდით ჩამჯდარ გოგოს მართლა ეძინა. წამდაუწუმ არხებს ცვლიდა, ტახტზე გადაწოლილი, და ტელევიზორის გადამრთველის თამაშით ირთობდა თავს. გოგოს მისთვის ხელი არ გაუშვია, ახვეულიყო, მუხლები გულმკერდთან აეტანა და მის მკლავზე დაედო თავი. ათიოდე წუთში ღრმად სუნთქავდა, მის მაისურზე ჩაჭიდებული ხელი უცურდებოდა.
ანდრიამ მოშვებულ, თბილ თითებზე მოჰკიდა ხელი და გვერდით გადაუწია, მერე კი მოღუშული წამოიწია. გოგოს ხელი შეაშველა, რომ არ დაცემულიყო ტახტზე და უცაბედად არ გაღვიძებოდა, თორემ კიდევ მოუწევდა მასთან ლაპარაკი და ინტერაქცია, რას ამწუთას ნამდვილად არ სურდა.
ტელევიზორი გამორთო და ოთახი ნელი, ჩუმი ნაბიჯებით გადაჭრა. როცა სინათლის გამოსართველად ასწია ხელი, შეყოვნდა და უკან მოიხედა, ტახტზე წამოწოლილი, ღრმად მძინარე გოგო აათვალიერა.
თათია თაბაგარი სასაცილოდ გამოიყურებოდა მის პიჟამაში. უცნაურიც კი იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ პიჟამა ასეთ ბავშვურს ხდიდა, ანდრიას შეეძლო დაეფიცა, რომ ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როცა მის მოშვებულ სახეს უყურებდა. თათიას თმიდან ლურჯი პირსახოცი ჩამოუცურდა და შავი თმა გამოუჩნა, რომელიც უკვე შრებოდა კიდეებთან.
ანდრიამ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, სინათლის ამოსართველთან მიტანილი თითები მოეკრუნჩხა. „რას ვაკეთებ?“ ამოუტივტივდა თავში, და გოგოს სახეს დაჟინებით დააშტერდა. მართლაცდა, რას აკეთებდა? ვის იყო ეს საერთოდ, რატომ უნდა მოეარა მისთვის და რა როლს თამაშობდა აქ?
ანდრიამ მუშტი შეკრა და პირი მაგრად მოკუმა. წამიერად დაუარა აუტანელი მრისხანების ტალღამ, როცა სანდრო და მისი დაპირებები გაახსენდა. „ცხვირი მოიხოცე, ლაწირაკო,“- ამ სამ სიტყვაში სანდრომ მოახერხა თავისი დამოკიდებულება გამოეხატა საკუთარი იდენტური ტყუპი ძმის მიმართ. ანდრია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „მისი უდიდებულესობა“ ალექსანდრე ლორთქიფანიძის თვალში ჯერ კიდევ ღლაპი იყო, გამოუსადეგარი ადამიანი, რომელიც იმისათვის იყო აქ, რომ მსახურად ემუშავა მისი ძმის ქვეშ. სულ ასე იყო. სანდრო ყოველთვის დამჯერი, კარგი ბიჭი გახლდათ, ყოველთვის პირველი სკოლაში, ფეხბურთზე, კრივზე, ყოველთვის პირველი იყო ბავშვობისას, როცა მათ დაბადების დღეზე ტორტს ჭრიდნენ, მისთვის მოჰქონდათ პირველად სტუმრებს კანფეტები, თავზე ხელს გადაუსვამდნენ და თბილად გაუღიმებდნენ. ანდრია კი ამ დროს გაბურძგნული იდგა განზე, ხშირად კუთხეში, და სამზარეულოდან მოპარულ, ჯერ კიდევ ცხელ ორცხობილებს ლოღნიდა, რომლებიც პირს უწვავდნენ.
მაგრამ ახლა, ასე აღარ იყო. მოპარული ორცხობილები პირს აღარ წვავდნენ. ანდრიამ შეწყვიტა საკუთარი თავის ძმასთან შედარება. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სანდრომაც იგივე გააკეთა. მანიაკალური სურვილი ჰქონდა თითქოს, რომ უფრო მაღლა მდგარიყო, უფრო მდიდარი, უფრო მცოდნე, მოწესრიგებული და ძალაუფლებიანი ყოფილიყო, ვიდრე მისი ძმა, იმის მიუხედავად, რომ ამას დამტკიცება ნამდვილად არ სჭირდებოა, ისედაც ერთი შეხედვით იყო გასაგები. სანდრო თავისი დავარცხნილი, მბზინვარე თმით, ასეთივე ფეხსაცმლითა და საგანგებოდ შეკერილი შარვალ-კოსტუმით, და ანდრია თავისი ხელოვნური ტყავის ქურთუკით, არეული თმითა და სამი წლის წინ ნაყიდი კეტებით.
ნუთუ არ იგრძნობოდა განსხვავება?
ანდრია მოულოდნელად გამოფხიზლდა და ტახტზე წამოწოლილ გოგოს გადახედა. თათიამ წარბები შეკრა, მოულოდნელად შეინძრა, და ცალი ხელი ოდნავ ასწია ზემოთ, თითები მოკრუნჩხვოდა, თითქოს რაღაცაზე მოჭიდებას ცდილობდა. ანდრიას დრო არ ჰქონდა, რომ გაკვირვებისაგან აეწია, რომ გოგო ისევ მოეშვა და ღრმად ამოისუნთქა.
ანდრიამ ტუჩები მოიკვნიტა და შეეცადა საკუთარი თავისათვის დაეძალებინა, რომ თათია აქ დაეტოვებინა, მაგრამ ათიოდე წამის განმავლობაში ფიქრის შემდეგ მოტრიალდა და ტახტს მიუახლოვდა.
თათია სწრაფად ასწია მკლავებში და მოიღუშა, როცა მისი თითქოსდა არარსებული სიმძიმე შეიგრძნო. ნელი ნაბიჯით გაემართა საძინებელი ოთახისაკენ, ჯერ კიდევ მოღუშული და ცოტათი დისორიენტირებული.
თავი სტკიოდა.
თათია შეეცადა გვერდი ეცვალა, წარბები შეკრა და ტუჩები გაბუსხა. ანდრიას გაეცინებოდა კიდეც, ასეთ ცუდ გუნებაზე რომ არ ყოფილიყო.
კბილები ისე მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ ღრჭიალი იგრძნო და მის ყურებსაც მისწვდა უსიამოვნო ხმა.
ხვდებოდა, რომ თათია არ სძულდა. იცოდა, რომ გოგო მხოლოდ აღიზიანებდა, და ესეც იმიტომ, რომ მის გვერდით ყოფნას იყო იძულებული. აღიზიანებდა უფრო მეტად ის, რომ თათია ვერ ხვდებოდა, თუ ვინ წამოიყავანა, ვინ იყო მის გვერდით და ვინ უვლიდა. ვერ იტანდა იმას, რომ გოგო თავისი ძმის სახელს ეძახდა და ნებისმიერი მისი კარგი საქციელი სანდროს კარგ საქციელს ნიშნავდა.
სურდა, რომ თათიასათვის ყველაფერი ეთქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძმის სახელი არ გაეგონა მისი პირიდან, მაგრამ არ უნდოდა ამის გაკეთება. სანდროს მხარდაჭერის დაკარგვა ანდრიასათვის განწირვა იქნებოდა. ძალიან კარგად იცოდა, თუ რა მოუვიდოდა ღალატისა და ზურგშექცევის შემთხვევაში.
ენახა ადრე, თუ რისი შემძლე იყო სანდრო და არ სურდა, რომ იგივე ენახა.
ლოგინს მიუახლოვდა, საბანი გადააძრო და თათია ნელა დაუშვა რბილ ლეიბზე. გოგო მაშინვე მოიკრუნჩხა, თავი კუსავით ჩასწია ამოწეულ მხრებში და კმაყოფილების გამომხატველი ხმა ამოუშვა.
ანდრიას ტუჩის კუთხე შეუტოკდა, სანამ მიხვდებოდა, თუ რას აკეთებდა. როცა იგრძნო თითქმის არარსებული ღიმილი და წამიერად გონებასა და მერდშია კიაფებული სითბო, მაშინვე გაშრა, თავი დაიცარიელა, სახე და თვალები ისევ მარმარილოს ნიღბად გადაექცა.
ამის უფლებას არ მისცემდა საკუთარ თავს.
ვერ დაუშვებდა ვერც ერთ თბილ, გულწრფელ გრძნობას, რომელიც შეიძლებოდა ამ გოგოს მოეტანა.
რადგან გულწრფელობა, როცა ამას მანიპულაციისა და ტყუილების საშუალებით აღწევდა, სულაც არ იყო გულწრფელობა.
თათიას მხრებზე გადააგდო საბანი, შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
კარი უხმაუროდ მიიკეტა მის უკან.
-*-*-*-*-*-*-
თათია სითბოსა და კომფორტის მეტს ვერაფერს გრძნობდა, როცა გამოიღვიძა და თვალები გაახილა. ვერაფერს ვერ ხედავდა, მაგრამ საკუთარ თავს დააძალა ომამაზე არ ეფიქრა, ულაც არ სურდა გუნება გაფუჭებოდა. ხელები გააფათურა და გაიღიმა, როცა მიხვდა, რომ ლოგინზე იწვა და ასეთი თბილი და კომფორტული მასზე გადაფარებული საბნის გამო იყო.
თათია წამოიწია, ხელით თავისი ყავარჯენი მოძებნა და მოიღუშა, როცა ლოგინის გვერდით დამდგარ ტუმბოზე ვერ იპოვა. ლოგინიდან გადაიხარა და იატაკზე მოაფათურა ხელები, მაგრამ მაინც ვერ მიაგნო. სააბაზანოდან რომ გამოვიდა გუშინ, მაშინ ეჭირა ხელში, და ალბათ იქვე, ტახტზე დარჩა.
თათია წამოდგა და კარისაკენ ხელის ცეცებით გაემართა. მუცელი უღრუოდა და ძალიან შიოდა. თვალები დააჭყიტა და აქეთ-იქით გააცეცა, თავს აძალებდა, რომ რამე დაენახა. კარის ჩარჩოს მოუფათურა ხელები, სახელური გადაატრიალა და სასტუმრო ოთახში გავიდა.
-სანდრო, სად ხარ? – წამოიძახა მან და დაჟინებით დააშტერდა მუქ ნაცრისფერებსა და შავებში შეღებილ გარემოს. – სანდრო, აქ ხარ? – ხმას აუწია მან.
-რა გაღრიალებს, აქ ვარ. – მოესმა მეგობრის ხმა და სწრაფად მოტრიალდა, როცა მიხვდა, რომ ხმა სამზარეულოდან მოდიოდა. მისი ხმის გაგონებამ სითბო ჩაუღვარა ლოგინიდან ახლადგადმოსულ, ბინის სიგრილეში გაციებულ სხეულში. შეინძრა, ნელი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ შეყოვნდა. არ სურდა, რომ უაზროდ ეარა აქეთ-იქით ყავარჯნის გარეშე და დაცემულიყო.
-სანდრო… ჩემი ყავარჯენი ხომ არ იცი სადაა? – გასძახა მან, და რამდენიმე წამი დაელოდა, ერთიანად დაჭიმული. – ხომ არ შეგიძლია რომ მომიტანო? – დაამატა გოგონამ, როცა პასუხი ვერ მიიღო.
-ჰო, ჰო, ორი წამი, ახლავე მოვალ… – გაისმა სანდროს ხმა და ჭურჭლის წკრიალი მოსწვდა თათიას ყურებს. – ვერ მიხედავ ამ შენს ყავარჯენს? – გამოსძახა სანდრომ, მისი ნაბიჯები მოახლოვნდნენ. თათია ოდნავ მოიღუშა.
-მე… როცა გამოვედი სააბაზანოდან, შენთან დავჯექი და ჩამეძინა, ალბათ ტახტზე დამრჩა. – თქვა მან და ხელები ოდნავ შეკრა, თვალებგაფართოებული გაშტერებოდა წინ. – რომ გამოგეტანა და დაგედო ტუმბოზე, არაფერი დაგემართებოდა. – უკბინა მან. აქამდე არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ სანდროსათვის საყვედური ან ერთი ცუდი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ამწუთას რატომღაც წამოსცდა.
ეჩვენებოდა ალბათ, მაგრამ სანდრო ძალიან უცნაურად, სხვანაირად იქცეოდა.
თათია გაჩუმდა, ყურებდაცქვეტილი უსმენდა. სანდროს სუნთქვის ხმა მძიმედ ისმოდა ოთახში, რომელსაც თითქოს რიტმულად აჰყოლოდა საათის ტიკტიკი.
-ჰოო? – გაისმა მისი მეგობრის სარკაზმით აღსავსე ხმა. – აქ რომ არ დაგძინებოდა, ყავარჯენი მშვენივრად დაგხვდებოდა ტუმბოზე.
თათიამ თვალები დაახამხამა, გაოცებისაგან ხმა ვერ ამოიღო. წამიერად ვერ მიხვდა, თუ რას გულისხმობდა მისი მეგობარი, მაგრამ ორ წამში გონება გაუნათდა, სახე ჩამოუბნელდა გაცნობიერებული ქვეტექსტის გამო.
სანდრო გამოხატავდა მის ცუდ დამოკიდებულებას იმასთან, რომ თათიას მასთან დაეძინა წინა საღამოს. არ მოეწონა ის, რომ გოგონა მასზე ასე ძალიან იყო დამოკიდებული, არ მოსწონდა, რომ ბრმა ადამიანის მოვლა აწვა მხრებზე, არ მოსწონდა, რომ თათია მას ეხებოდა, და საერთოდ, თათიაც არ მოსწონდა.
გოგონას ყბა მოეგრიხა, თვალები გადაეგლისა. გონების შორეულ კუნჭულში ხვდებოდა თითქოს, რომ არასწორად იქცეოდა, არალოგიკურად ხსნიდა სანდროს სიტყვებს, მაგრამ ამ წუთას ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ გააჩნდა.
-…მაპატიე. – თქვა ბოლოს და თვალები ზემოთ აატრიალა, რომ ცემლები არ ჩამოგორებოდა. – უბრალოდ გუშინ საღამოს… მინდოდა რომ ვინმეს გვერდით ვყოფილიყავი.
სანდროს პასუხი არ გაუცია, და თათია შეკრთა მოულოდნელობისაგან, როცა მისი ნაბიჯების ხმა გაიგონა, რომლებიც მოუახლოვდნენ და მისგან, თათიას გამოთვლით, ორიოდე ნაბიჯის იქით გაჩერდნენ. გოგონამ თვალები ასწია, დაჟინებით, ჯიუტად ცდილობდა სანდროს მუქი ნაცრისფერი სილუეტის გარჩევას, რომელიც ოდნავ იკვეთებოდა კუნაპეტი სიბნელის ფონზე.
-აჰა, აიღე შენი ყავარჯენი. – უთხრა სანდრომ და თათიას ტუჩებიდან გაოცებული, მოკლე სუნთქვა აღმოხდა, როცა ყავარჯნის გლუვი, გრილი ზედაპირი მოხვდა მის თითებს. სწრაფად მოიმარჯვა იგი და გაშალა, იატაკზე დააბჯინა.
-მადლობა. – ნელა ჩაილაპარაკა და ისევ მის თავზე დამდგარ სილუეტს ახედა.
ათიოდე წამი არც-ერთი არ ინძრეოდა, თათია სანდროს სუნთქვას უსმენდა და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელები, მაგრამ ვერ ხვდებოდა, თუ რატომ.
-წამოდი, საუზმე შეჭამე. – სანდრომ მაჯაში მოავლო ხელი და წინ წაიყვანა, თათია დაჰყვა. – მე ჭამის მერე გავალ, საქმე მაქვს და არ დამელოდო, გესმის? – ჩაეკითხა იგი.
სანდრომ მოულოდნელად ხელი გაუშვა და თათია ოდნავ მიეჯახა სკამის ზურგს. მოულოდნელობისაგან თვალები გაუფართოვდა, არ ეგონა, რომ სანდრო რამეზე მიჯახების საშუალებას მისცემდა. მაგრამ ხმა არ გაუღია, არ სურდა კომენტარის გაკეთება. სკამი მოატრიალა და დაჯდა.
საუზმემ ჩუმად ჩაიარა. არც ერთს არ გაუღია ხმა, იმის მიუხედავად, რომ დაძაბულობა მძიმედ დასწოლოდა ორივეს. თათია რამდენიმეჯერ იმ ზომამდე მივიდა, რომ უნდოდა სანდროსათვის ეყვირა, ეკითხა, თუ რას სჭირდა მას, რა ემართებოდა, რატომ იქცეოდა ასე და რომ ძალიან სურდა თავის გამოფხეკილ ბინაში დაბრუნება.
ნელა ჩაიდო ბოლო ლუკმა პირში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საჭმელმა ყელი ჩაუფხიკა. ხელი მარჯვნივ გაიწვდინა, სადაც წყლით სავსე ჭიქა ეგულებოდა.
თითები ჭიქის ყელზე მოუხვდა და თათია გახევდა, სკამში შეხტა, როცა მოულოდნელი, ყრუ ბათქის, შემდეგ კი შხუილისა და აუტანელი ჭახანის ხმა მოესმა. ერთიანად დაფეთებულმა იგრძნო, თუ როგორ დაუსველა მარჯვენა წინდა ქვემოთ დაღვრილმა წყალმა.
-ამის დედაც… – მოისმა სანდროს მხრიდან და თათია კიდევ ერთხელ შეხტა, როცა სკამის აუტანელი ღრჭიალი გაისმა სამზარეულოს კაფელზე. – ამის დედაც ვატირე… გოგო, ხელების ფუნქციაც დაკარგე? ხელში ვეღარაფერს იჭერ? – ხმას აუწია მან, ტონში გაღიზიანება და თავგაბეზრება ეხატა და თათიამ ინსტინქტურად მომუჭა ჰაერში გაშეშებული ხელები.
-მაპატიე, შემთხვევით მომივიდა… – დაიწყო მან, მაგრამ ყელში მოწოლილმა ცრემლებმა შეაწყვეტინეს, ხმა ჩაუწყდა და სიტყვა ვეღარ ამოთქვა. სირცხვილმა და აუტანელმა დამცირებამ აუწვა შიგნეული. თვალები დახუჭა, და წამიერად წარმოიდგინა, რომ სამზარეულოში კი არა, სადმე ბნელ ოთახში იჯდა, სადაც არ მოუწევდა ამ ყველაფრის განცდა.
-შემთხვევით მოუვიდა… – მოესმა სანდროს სისინი და მინის წკრიალი. – ადექი, რას უზიხარ? შენ ისეთი ხარ, რომ ფეხის გაჭრასაც მოახერხებ…
თათია ნელა წამოდგა, სკამის მარცხენა მხრისაკენ. მაჯაზე ჩამოცმული ყავარჯენი გაშალა და იატაკზე დააბჯინა, ცრემლები თვალებს უწვავდნენ.
-არ მინდოდა… – ძლივს ამოთქვა მან, თვითონვე გაუკვირდა, როცა საკუთარი ჩახლეწილი ხმა გაიგონა. – სანდრო, ხელი არ იტკინო… – დაამატა მან, როცა კიდევ ერთხელ მოესმა მინის წკრიალი და მეგობრის გაუგებარი ბურტყუნი.
-გახვალ თუ არა? – უცებ იფეთქა სანდრომ და თათია ადგილზე შეხტა, წამიერად დაეკარგა სირცხვილის შეგრძნება და წარბები შეკრა. – აქ არაფრით არ მეხმარები, ჰოდა გადი და რამე გააკეთე, გასაგებია?
-რა გჭირს, სანდრო? – მუშტები მაგრად შეკრა თათიამ, მისი მყიფე, თხელი ფრჩხილები მაგრად ჩაეჭირნენ ყავარჯნის მაგარ, გლუვ ზედაპირს. – რა გავაკეთო, მითხარი? ტელევიზორი ჩავრთო და ვუსმინო? – გოგონა ყველანაირად ცდილობდა, რომ ხმის კანკალი შეეკავებინა, მაგრამ აშკარა იყო, რომ არანაირად არ გამოსდიოდა, მთელ სხეულში ნერვიულობის ცხელი ტალღები უვლიდა და კიდურები აუთრთოლდა.
-არ ვიცი. რაც გინდა. – მოკლედ მოუჭრა სანდრომ და თათიას ყრუდ მოესმა მინის წკრიალი, შემდეგ ჩხარუნი. ალბათ მისმა მეგობარმა მინის ნამტვრევები სანაგვე ყუთში ჩაყარა…
-არ მესმის. არ მესმის, რას აკეთებ… – თქვა მეგობრის საქციელით განცვიფრებულმა გოგონამ. – ვერ გავიგე…
-აღარ გესმის კიდეც, ხომ? – სანდროს სარკაზმითა და დაცინვით აღსავსე სიტყვებმა თითქოს ათასი გავარვარებული, გრძელი მახათი გაუყარეს თათიას სხეულში. გოგონას ჩუმი კვნესა წასკდა, სწრაფად შებრუნდა და ყავარჯენი შემოიქნია, როგორც შეეძლო, ისე სწრაფად გავარდა ოთახიდან და დერეფანი ჩაირბინა, თავის საძინებელ ოთახს ინერციით შეეჯახა და შიგნით შევარდა.
თათიამ მაშინღა მისცა საკუთარ თავს თავისუფლად ტირილის უფლება, როცა კართან, რბილ ხალიჩაზე დაემხო და შიგნით ჩარგო თავი. არ ახსოვდა, რომ ამდენი ეტირა ასეთი მოკლე პერიოდის განმავლობაში, მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა, ყველაფერი ისეთ ცუდ მოსახვევს იღებდა და თვითონ უძლური იყო, რომ რამე გამოესწორებინა.
თათია ცოტა ხანი ტიროდა, სანამ გულმკერდი არ ასტკივდა არარეგულარული სუნთქვისაგან და გული არ მოიოხა. დაბნეული იყო, არ ესმოდა, რა ხდებოდა, თუ რატომ გადახდა ეს ყველაფერი, თუ რატომ იყო ყოველთვის თვითონ ასეთ ცუდ სიტუაციაში, თუ რა ჯანდაბა ემართებოდა სანდროს და საერთოდ, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ ეს ყველაფერი ასატანი გაეხადა.
რა ბედნიერება იქნებოდა, რომ სანდრო ასე არ მოპყრობოდა. მისი მეგობარი ალბათ მისი სიბრმავის გამო იყო განერვიულებული და ძალაუნებურად ასე იქცეოდა. „დიახ, ზუსტად ასეა…“ გაიფიქრა თათიამ დაისრუტუნა, სახე ხელის ზურგით მოიწმინდა და კარს მიეყუდა.
იქნებ ბრაილის შრიფტი ესწავლა? წიგნებს მაინც წაიკითხავდა, სხვა თუ არაფერი, დროს გაიყვანდა. მაგრამ როგორ ესწავლა? ინტერნეტით სარგებლობა არ შეეძლო, ახლა კი სანდროსათვის ერთი სიტყვის თქმაც არ სურდა.
თათია გვერდზე გადაიწია, იატაკზე წამოწვა, მუხლები მკერდთან აიტანა და ღრმად ამოიხვნეშა. სხეული ჯერ კიდევ უკანკალებდა.
როგორც ჩანდა, მოუწევდა მოცდა.
-*-*-*-*-*-*-
ანდრიამ ზიზღით დააგდო ჭუჭყიანი, მოუვლელობისაგან გაფიჩხებული ტილო კაფელზე დამდგარ გუბეზე და წელში გასწორდა. უსიტყვოდ უყურებდა, თუ როგორ იცვლიდა ფერსა და ფორმას გაცრეცილი ნაცრისფერი ნაჭერი.
არ სურდა თათიაზე ეფიქრა, მაგრამ არ გამოსდიოდა. კინაღამ წამოხტა და გოგოს მივარდა, როცა მან ხელის წაკვრით ჭიქა გადააგდო მაგიდიდან. იმ წამს იმდენად გაბრაზდა გოგოს გაოცებულ, დაფეთებულ გამომეტყველებასა და იმაზე, რომ მას ჭიქის ხელში აღებაც კი არ შეეძლო, რომ თავი ვეღარ შეიკავა. ვერ იტანდა იმას, რომ ეს გოგო ბრმა იყო, და თვითონ მისი ძიძის როლს თამაშობდა.
გასწორდა და კარს გადახედა, რომელშიც რამდენიმე წუთის წინ თათია გაიქცა კისრისტეხით. ანდრიას მოუნდა, რომ გამოჰკიდებოდა, მაგრამ კარისაკენ ზურგშექცეული იდგა, შეკრული მუშტებითა და მოკუმული ტუჩებით, სანამ საძინებლის ოთახის კარის ყრუ მოჯახუნება არ გაიგონა.
თავი ასტკივდა.
აქაურობას უნდა გარიდებოდა, უნდა წასულიყო და რამე გაეკეთებინა, სანამ სხეულში დაგროვილ მრისხანებასა და ნაღველს ამოანთხევდა. სადმე, ბარში, ხალხით სავსე ბარში, მაგალითად „წითელ ღამეში“, კარგი გოგოები დადიოდნენ და სასმელებიც ნორმალური ჰქონდათ… მაგრამ იქნებ „ფანტაზია“ ჯობდა? ახლა, დღისით ბევრი ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ მაინც ღამემდე აპირებდა იქ დარჩენას.
ჯანდაბას. რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად წავიდოდა? ჯიბე მოისინჯა, რომ საფულე და გასაღები შეემოწმებინა, და სწრაფი ნაბიჯით გავიდა დერეფნისაკენ.
სასტუმრო ოთახს მიუახლოვდა და ის იყო, რომ შემოსასვლელისაკენ უნდა გაეხვია, რომ შედგა. ჩახშული, გულამოსკვნილი ტირილის ხმა ისმოდა საძინებლიდან და ანდრიამ იგრძნო, თუ როგორ გაუფართოვდა თვალები და როგორ მოეწურა გული.
ხმადაბლა შეიკურთხა და ჯიქურ წავიდა შემოსასვლელისაკენ. მერე რა, თუ გოგო ტიროდა. „უნდა და იტიროს,“ გესლიანად გაიფიქრა მან, „სულ არ მაინტერესებს.“
მკერდი სტკიოდა და უკმაყოფილოდ მოისრისა თავისი ქურთუკი.
„წითელ ღამემდე“ მისვლას სულ ჩვიდმეტი წუთი დასჭირდა. ანდრიამ მანქანა მიაყენა, გადმოვიდა და ჩაკეტა. „წითელი ღამე“ გახსნილი იყო, მოდური, შავსა და წითელში გაფორმებული ექსტერიორი ჰქონდა, დაბურული, მინის წინა კედლები ინტრიგასა და საიდუმლოებას ჰმატებდა. ბარი ყოველთვის მოწესრიგებული იყო და დღისით კაფეს როლსაც ასრულებდა, ამიტომ ძალიან პოპულარული გახლდათ.
ანდრიამ მუდმივი კლიენტის სიიოლითა და გულგრილობით შეაღო კარი, რომელიც ავტომატურად, ჩუმად მიიკეტა მის უკან. შიგნით სინათლე არ ენთო, ჭერზე მიმაგრებული დისკოთეკის ბურთი ნელა, ზარმაცად ტრიალებდა და გარშემო ფერად სინათლეს ასხივებდა.
ათიოდე მაგიდიდან ოთხი სავსე იყო, მჯდომები ლაპარაკობდნენ, სასმელს წრუპავდნენ. ანდრიამ წარბი ასწია და ტუჩი აიბზუა, როცა ერთ-ერთ მაგიდასთან მსხდარმა ახალგაზრდა წყვილმა ერთმანეთს კოცნა დაუწყო, და სასწრაფოდ გაემართა დახლისაკენ.
-ჩვეულებრივი? – გამოსძახა წვეროსანმა, თხელ მაისურში გამოწყობილმა ბარმენმა, რომელიც ენთუზიაზმით, ხელის სწრაფი და დახელოვნებული მოძრაობით აქანავებდა ვერცხლისფერ კონტეინერს. ანდრიამ თავი დაუქნია და დაელოდა, სანამ ბარმენი ჭიქაში ჩამოუსხამდა მუქ ოქროსფერ სითხეს, შემდეგ კი სულმოუთქმელად გადაკრა, ხელის ერთი აქნევით ანიშნა ბარმენს, რომ კიევ დაემატებინა.
სანამ იგი თავის სასმელს ელოდებოდა და უაზროდ ათვალიერებდა უკვე დაზეპირებულ, ყოველთვის სუფთად ჩარიგებულ ბოთლებს თაროებზე, მის ზურგს უკან ნაბიჯები გაისმა და მის გვერდით ვიღაც კაცი ჩამოჯდა.
ანდრიას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისევ გადაკრა. ბარმენს ხელის აქნევა აღარ დასჭირვებია, ისევ ჩამოუსხა.
-ალექსანდრეს აინტერესებს, როგორაა საქმე. – თქვა უცებ მის გვერდით ჩამომჯდარმა კაცმა და ანდრია წამით გახევდა, მაგრამ მალევე მოეშვა. ხმა არ გაუღია, ისე ჩაიცინა.
რაღა თქმა უნდა. ამას უკვე შეჩვეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის ასეთი რეაქცია ჰქონდა, როცა სანდრო სულ სხვადასხვა პიროვნებებს აგზავნიდა, რომ მისთვის ეთვალთვალათ. მათი გამოჩენა და რამდენიმე სიტყვა სანდროს ერთგვარი გაფრთხილება იყო, რომ მან იცოდა ყველაფერი, რასაც ანდრია აკეთებდა, სად დადიოდა და რას ამბობდა.
-საქმე როგორაა, აინტერესებს, არა? – ამოღერღა მან სითხე მოწრუპა, რომელიც უკვე თბილ, ნაცნობ წვად გადაექცა მუცელში. – აი ასეა. – მან შუათითი აჩვენა მის გვერდით ჩამომჯდარ დაუპატიჟებელ კომპანიონს, ისე, რომ არც კი მიტრიალებულა. – ეს აჩვენე, როცა ნახავ.
კაცმა ხმამაღალი ხარხარი ამოუშვა.
-ალექსანდრე მართალი იყო, შენთან კაცი არ მოიწყენს. – ირონიით წარმოთქვა და ანდრია მოტრიალდა, სასმელი გადაკრა და ჭიქა ხმამაღალი წკარუნით დადო დახლზე. კაცი მასზე ცოტათი უფროსი ჩანდა, და ყველაზე დასავიწყარი და უბრალო სახე ჰქონდა, ისეთი, როგორსაც ყოველდღე ხედავდა ქუჩაში. სანდრო მშვენივრად არჩევდა სტალკერებს.
-ხომ გითხარი, როგორაა საქმე, ახლა შეგიძლია აქედან გაეთრიო. – ზიზღით წარმოთქვა, ბრაზით აღვსებული მზერით მიაშტერდა კაცს არაფრისმთქმელ, ტალახისფერ ირისებში. – სანამ ჯერ კიდევ მთელი ხარ.
-თაბაგარი როგორაა? – კაცს საერთოდ არ მიუქცევია მისი მუქარისათვის ყურადღება და ანდრიამ იგრძნო, თუ როგორ დაუწყეს ნერვებმა წიწკნა. ჯიბეში ხელი ჩაიყო, რომ სიგარეტი ამოეძვრინა.
-მიხურებს. – კბილებშუა გამოსცრა მან. როგორ უნდოდა, რომ ამ მომაბეზრებელი არსებისათვის წაევლო კისერში ხელი,მაგრად მოექაჩა და გვერდზე გადაეწია, სანამ ჟრუანტელის მომგვრელ ჭახანს არ გაიგონებდა.
-არ გეცოდება მაინც? – კაცის სახემ დამცინავი გამომეტყველება მიიღო. – საწყალი, პატარა, მდიდარი, ბრმა გოგო, საშინელი ძმითა და მკვდარი მშობლებით…
-ვიცი, ვის წარმოადგენს ეგ გოგო, – შეაწყვეტინა ანდრიამ და სიგარეტს მოუკიდა, გრძელი ნაფაზი დაარტყა. – არ მჭირდება შენი ლექციები.
-მაგ უბედური. – ისევ გაიცინა კაცმა. – ალექსანდრემ მითხრა რაღაც-რაღაცები. მთლად განადგურებული ღლაპი გყავს მოსავლელი, როგორც ჩანს.
-ვიცი, ვიცი, დედა არ ახსოვს, მამა მოუკვდა, გავიგე. – ანდრიამ ეჭვით სავსე მზერა სტყორცნა. – მასეთი ბევრს ემართება… რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამას?
-ბევრს ემართება, არა? – ჩაიცინა მან. – ჰოოო, ბევრს უწევს მშობლის უდროო სიკვდილის ნახვა… მაგალითად, შენ. – დაამატა ბოლოს.
ანდრიას შიგნით ყველაფერი გაუშეშდა და თითქოს ცეცხლი მოეკიდა. სკამი ღრჭიალით გასწია უკან და კაცს გაცრეცილი მაისურის საყელოში სტაცა ხელი. ბარმენმა ახლაღა მიაქცია მათ ყურადღება და ბარში მყოფების ჩურჩული, ანერვიულებული ხმები ატყდა, მაგრამ ანდრიას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. ერთიანად აკანკალებული დაჰყურებდა ამ ჭიაყელას დამცინავ გამომეტყველებას და ყველანაირად ცდილობდა, რომ თავი შეეკავებინა.
-არც კი გაბედო… – ძლივს ამოიხრიალა მან. – თორემ გეფიცები, ამ ბარიდან ცოცხალი ვერ გახვალ.
მუქარის სერიოზულობა ჩასწვდა ჭიაყელას, რადგან სახე ცოტათი შეეცვალა, ოდნავ გაუფითრდა, მაგრამ აშკარად ცდილობდა, რომ არ შემჩნეოდა. ხელები ასწია და გაიცინა.
-შენ ხომ ასე განიცდი, არა? და წარმოიდგინე, შენი მდიდარი, ობოლო ღლაპი რას გრძნობს. – დაისისინა მან. – ბოლოს და ბოლოს, შენ არ გიპოვია შენი მშობელი კისერგადატეხილი, არა?
ანდრია გახევდა, ერთიანად დაიბნა და საყელოზე მოხვეული მუშტი ოდნავ მოუშვა.
-რაებს როშავ? – დაიღმუვლა მან.
-შენი ძვირფასი ღლაპის მამამ თავი მოიკლა. – გაიცინა კაცმა და ანდრიამ ისეთი ძალით შეკრა ყბები, რომ კბილებმა ჭახანი გაიღეს. – წარმოიგიდგენია?
ადრიას ერთი წამითაც კი არ უფიქრია, სიგარეტი პირში გაიჩარა და თავისუფალი მარჯვენა მუშტი მთელი ძალით გაუქანა მის წინ მდგარ, უტვინო ლაჩარს ყბაში, სანამ დამაკმაყოფილებელი ჭახანი და სასიამოვნო, ყრუ ჩხვლეტა არ იგრძნო სახსრებში. ყბამონგრეულს ხელი მაგრად მოჰკიდა და ბარში მყოფების აღშფოთებული ყვირილისა და ბარმენის „დაწყნარდით!“ ფონზე კარიდან წიხლით გაუძახა.
-მოკითხვა ჩემს ძმას. – გასძახა მან აკანკალებულ, ერთიანად გაფითრებულ და განცვიფრებულ ჭიაყელას, სანამ კარი დაიხურებოდა.
შემდეგ უკან დაბრუნდა, ვითომ აქაც არაფერიაო, ისე ჩამოჯდა სკამზე და ბარმენს კიდევ ერთი სასმელი ანიშნა.
ტვინში იმდენი აზრი უტრიალებდა, რომ ფიქრი ახლა უაზრო იქნებოდა.
კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და ჩამობნელებულ ოთახში თითქმის უხილავ კვამლს გაუშტერა თვალი.
სიგარეტზე ჩაჭიდებული თითები უთრთოდა.
ანდრიამ ბარმენის მიერ ყოყმანით მოწოდებული სასმელი აიღო და გადაკრა.
იქამდე დალევდა, სანამ ყველაფერი არ დაავიწყდებოდა.
-*-*-*-*-*-*-6
ანდრიამ ბოლო ნაფაზით სიგარეტი ყუამდე დაიყვანა და ნამწვი მის გვერდით დადებულ, თითქმის სავსე საფერფლეზე დაასრისა. უკვე შეღამებული იყო, და მთელი დღე აქ იჯდა, სვამდა და განუწყვეტლივ ეწეოდა.
ნერვები იმდენად ჰქონდა დაწიწკნილი, რომ ახლა სხვა რამის გაკეთება ნამდვილად არ სურდა, უნდოდა მოშვებულიყო. ჭიქა მოიყუდა, სასმელის წვას თითქმის ვეღარ გრძნობდა, იმდენი დალია, რომ თავი სასიამოვნოდ უბჟუოდა.
ბარში ახლა უკვე უამრავი ადამიანი შემოსულიყო, ჰაერში იაფფასიანი, მძაფრი სუნამოების, ლუდისა და სპირტის გულისამრევი სურნელი ტრიალებდა. ანდრიამ დაახველა და ზარმაცად გაიღიმა, ბეჭებში მოიხარა. ოდნავ მოტრიალდა, თვალებამღვრეული, რომ დისკოთეკის მობზრიალე ბურთის ქვეშ, რომელიღაც ელექტრონულ მუსიკაზე მოძრავი ხალხი შეეთვალიერებინა, თან ახლად შვსებული ჭიქა მოიყუდა.
კარგი იქნებოდა, რომ დღეს ვიღაც გოგო ეპოვა და სასტუმროში წაეყვანა, თორემ ამ სიტუაციას ვეღარ იტანდა. აქ ხშირად მოდიოდა, მაგრამ მოულოდნელი და მომაბეზრებელი გარემოებების გამო, რომლებიც ვიღაც ბრმა ღლაპის სახით გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში, ხელი ეშლებოდა ყველაფერში. აქამდე სადაც უნდოდა, იქ დადიოდა, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად იცოდა სანდროს მიერ დაქირავებული სტალკერების შესახებ. უბრალოდ ყოველთვის გართობაზე კონცენტრირდებოდა და ამით უნდოდა ყველაფერი დაევიწყებინა.
ხშირად არაფერიც არ გამოსდიოდა, მაგრამ მცდელობა მცდელობა იყო, ვერაფერს იზამდა. ხანდახან ფიქრობდა, ნუთუ ვერასოდეს დააღწევდა ამ საშინელ სიტუაციასა და ეკლიან მავთულხლართებს თავს, რომლებშიც ასე მაგრად იყო გამოხვეულიყო? ნუთუ მთელი თავისი საცოდავი ცხოვრება ასე უნდა გაეტარებინა, სანდროს ქორივით თვალის ქვეშ, ბარებში ეარა და ესვა, სანამ ქონი არ მოედებოდა სიზარმაცისაგან და თვალები არ ჩაუცვივდებოდა?
ანდრიამ მუცელზე ხელი მოისვა და მოიღუშა. ჯერ კიდევ კარგი, რომ ქონი არ ჰქონდა მოდებული, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს შეჰპირდებოდა.
მკერდი ასტკივდა, ჩაახველა და გულზე მოისრისა. რატომღაც თათია თაბაგარი ამოუტივტივდა თავის არეულ, მთვრალ გონებაში. „ნეტავ რას აკეთებს ახლა…“ გაიფიქრა მან, მაგრამ ჩაიცინა და თავი გადააქნია. „ალბათ ისევ ღნავის და ცრემლებს აღვარღვარებს…“ სასმელი მოიყუდა, დახლზე გადადო და ბარმენს ხელის ქნევით ანიშნა, რომ ავსება სურდა.
-ისა და… ბატონო ანდრია, არ გგონიათ, რომ ცოტა ზედმეტი მოგდით? – მოესმა უკნიდან და მკვეთრად შემობრუნდა, წარბები შეკრა, როცა ბარმენის შეწუხებული და ოდნავ შეშინებული სახე გაარჩია. ანდრიამ გაიცინა. სახე თითქოს ტივტივებდა აქეთ-იქით. – თქვენი სასმელების გადასახადი უკვე ორას ლარს აღწევს…
-კარგად შემომხედე. – გააწყვეტინა ანდრიამ, ცალი ხელი მაგრად დააბჯინა დახლზე, რომ არ მოულოდნელად არ ჩამოცურებულიყო სკამიდან, შემდეგ კი დაჟინებით ჩააშტერდა ბარმენს. – ისეთ კაცს ვგავარ, რომ საფასური მაინტერესებდეს?
ბარმენი მოიღუშა, მაგრამ თავი ოდნავ გადააქნია.
-როგორც ჩანს, არა… – ჩაიბურტყუნა მან და ნელა ჩამოსხა ოქროსფერი სითხე ჭიქაში.
ანდრიამ ბოლო გაღიზიანებული მზერა სტყორცნა და შემობრუნდა. ჭიქა მოიყუდა და ხმამაღლა ამოიხვნეშა. ანდა იქნებ ჯობდა, რომ უბრალოდ სახლში წასულიყო. მართლა ზედმეტი დალია, ბოლოს და ბოლოს, მთელი დღე აქ იჯდა და სვამდა…
-მომწონს, როცა კაცს საფასური არ აინტერესებს. – ანდრია შეტოკდა და მკვეთრად შემობრუნდა მარჯვნივ, საიდანაც ქალის მაღალი, მელოდიური ხმა მოესმა. ქალი ახალგაზრდა ჩანდა, თუ ანდრია თავის მთვრალ გონებას დაუჯერებდა. ყველაზე მეტი ყურადღება ქალის წითელმა, პომადით შეღებილმა, სქელმა ტუჩებმა მიიქცია.
ანდა იქნებ მართლა ჯობდა, რო ცოტა ხანი ისევ გართობას მისცემოდა.
-ოჰ… გაუმარჯოს, ლამაზო… – გაიღიმა მან და პირთან ჭიქა მიიტანა, რომ სლოკინი დაეფარა. – ესე იგი მოგწონს, არა?
-კი, ძალიან მომწონს… – ქალმა ტუჩზე იკბინა, ნელა აათვალიერ-ჩაათვალიერა და ანდრიას თვითკმაყოფილებამ დაუარა სხეულში, ცალყბად გაიღიმა და კიდევ უფრო გაიჭიმა სკამზე.
-ხომ არ ვიცეკვოთ, ლამაზო? – ანდრიამ ჭიქის ძირში ჩარჩენილი სასმელი გადაკრა, ფეხზე ოდნავი ბარბაცით წამოდგა, მაგრამ თავი შეიკავა. დაიხარა, რომ ქალისათვის წელზე მკლავი შემოეხვია და იოლად წამოსწია სკამიდან. იგი მასზე დაბალი იყო, ცხვირამდე ძლივს წვდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ანდრია დარწმუნებული იყო, ძალიან მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცმებოდა. ქალის ხელები მთელი ძალით ჩაეჭიდნენ მხრებზე და აშკარა იყო, რომ იგი მისკენ წამოწევას ცდილობდა. ანდრიამ კიდევ ერთხელ ჩაიცინა და მისკენ დაიხარა, ყურისძირთან მიუტანა ტუჩები და ცხელი სუნთქვა შეაფრქვია.
ქალს გააჟრჟოლა, მკლავები შემოხვია ყელზე. ანდრიამ თავი წამოსწია, თვალებში ჩახედა.
იმედი ჰქონდა, რომ მკერდში თბილი გრძნობა დაუტრიალდებოდა, ისეთივე, როგორიც ახლა მუცელში უტრიალებდა, მაგრამ არა. მკერდი ისევ ცარიელი ჰქონდა, გამოღრუებული, ცივი სიცარიელე.
მწვანე ფერმა გაუელვა რატომღაც გონებაში და ისევ ჩაეცინა.
-რა ლამაზი თვალები გაქვს… – ძლივს ამოილუღლუღა მან. – მწვანე ძალიან მომწონს…
ქალი ოდნავ შეტოკდა და სახე შეეცვალა, იმის მიუხედავად, რომ ანდრია დეტალებს ვერ არჩევდა. გონება დაებინდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ცოტაც და დაეცემოდა.
მაგრამ სამაგიეროდ, აღარ ახსოვდა, თუ რაზე ფიქრობდა ადრე. ეს ალბათ საუკეთესო შეგრძნება იყო ამ ქვეყანაზე. არ ფიქრობდა, არაფერზე ზრუნავდა, არაფრის ეშინოდა, გონება აბსოლუტურად დაუცარიელდა. ალბათ ეს იყო ნეტარება.
-მე მწვანე თვალები არა მაქვს. – დაიფრუტუნა ქალმა და მის ხმაში ანდრიამ მკვახე ტონი დაიჭირა, სიტყვებს კარგად ვერ აცნობიერებდა. – ჩემი თვალები თითქმის შავია და ძალიანაც მიხდება, ვაჟბატონო…
-მართალი ხარ, მართალი, ძალიან გიხდება… – ისევ ამოილუღლუღა ანდრიამ, ქალი წამოსწია, თავი დახარა და მის კისერში ჩარგო სახე. ცხვირი წამსვე აევსო მძაფრი, საშინლად მძაფრი სუნამოს სურნელით. – წამოდი, წავიდეთ სადმე…
-აქვე კარგი სასტუმროა, ტაქსს გამოვიძახებ… – ხმამაღალი სუნთქვა ამოუშვა ქალმა და ანდრიამ კიდევ ერთხელ გაიღიმა.
-მანქანა მყავს და იმით წავიდეთ. რა გქვია, ლამაზო? – ჩაეკითხა იგი. სიმართლე რომ ეთქვა, არანაირად არ აინტერესებდა ამ ქალის სახელი, რომელთანაც ერთ ღამეს გაატარებდა და დაივიწყებდა, მაგრამ გამოცდილბით იცოდა, რომ მათ მოსწონდათ, როცა მათი სახელი იცოდა.
რატომ იყო საჭირო, ამას მაინც ვერ ხვდებოდა.
-ანი მქვია, შე გადარეულო… – დაისისინა ქალმა და გაშიშვლებული კბილები პირთან ახლოს მოუტანა. – გამტყვრალი მთვრალი ხარ, მანქანის ტარებას როგორ აპირებ? ტაქსს ვიძახებ…
-როგორც გინდა. – დაეთანხმა ანდრია და ქალს წელზე მაგრად მოჰკიდა ხელი, ისე რომ მათი თეძოები ერთმანეთს აეკვრნენ. ქალს გაოცების შეკრთომა აღმოხდა, რომელიც ცხელ ამოსუნთქვად იქცა ახალგაზრდა მამაკაცის სახეზე.
-რასაკვირველია… – დაეთანხმა ანი და ისე, რომ მასთან კონტაქტი არ დაუკარგავს, მკერდზე ჯვარედინად გადაგდებულ ჩანთაში ჩაიყო ხელი და ტელეფონი ამოაძვრინა. ანდრიას ისევ მის კისერთან მიეტანა სახე, მძაფრ სუნამოს სურნელს აიგნორებდა და დროგამოშვებით აკრავდა გახურებულ კანზე ტუჩებს, საშინლად დისორიენტირებული.
ქალი ლაპარაკს მორჩა, სახეზე ხელი მოჰკიდა და ტუჩებზე დაეკონა, ტანზე უსურვაზივით მაგრად შემოეხვია და მთელი ძალით ჩაეჭიდა. ბარის მომაბეზრებელი, ყურის აპკების გამხეთქავი მუსიკა ანდრიას უსიამოვნოდ ხვდებოდა ყურში, როცა ქალს მკლავები მაგრად შემოხვია და ისე ახლოს მოსწია, როგორაც შეეძლებოდა. ქალს მაგრად ჰკოცნიდა, ცალს ცალ ამღვრეულ თვალს აპარებდა დახლისაკენ, საიდანაც ბარმენი მის დაცლილ ჭიქას იღებდა.
სიამოვნებით დალევდა კიდევ ერთს.
ანდრიას არეულ გონებაში ძლივს მოფიქრებული, თითქმის არარსებული სიფხიზლედან შემოპარული აზრი აკიაფდა.
იგი მიხვდა, რომ ვერაფერსაც ვერ გრძნობდა. მაშინაც კი, როცა ეს სასიამოვნო, სანდომიანი ქალი ჩამოჰკიდებოდა კისერზე, ვერ გრძნობდა იმ სითბოს, რომელიც სურდა. ამნაირი შემთხვევები უამრავი ჰქონია, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა მის მკერდში გამეფებული სიცარიელის შევსება.
იქნებ შეუძლებელიც იყო.
„ალბათ… ალბათ ცარიელი კი არა, ამოშენებული მაქვს და ამიტომ არაფერი შედის შიგნით…“ გაიფიქრა მან. მკერდი სტკიოდა და ძალიან უნდოდა მოესრისა.
ვერაფერს გრძნობდა.
ვერაფერს.
-*-*-*-*-*-*-*-
თათია წამოიწია. თავი საშინლად სტკიოდა და პირი ისე გამოშრობოდა, რომ ნერწყვის გადაყლაპვასაც ვეღარ ახერხებდა. წამოჯდა და საფეთქელი მოისრისა, მარცხენა ხელს დაებჯინა და კინაღამ ისევ ხალიჩაზე დაეცა. ხელში გრძნობა დაჰკარგოდა, ალბათ ზედ ეძინა. ძარღვებში სისხლის უცაბედმა ტალღამ მტკივნეული ნემსებივით დაჩხვლიტა.
თეძოს ძვალი, მარცხენა მხარი, ხელი საშინლად სტკიოდა და ხელი უკან გაიწვდინა, კარის ცივ სიმაგრეს მიეყრდნო, რომ წესიერად წამომდგარიყო ფეხზე.
რამდენი ხანი იწვა ასე?
როგორ უნდოდა, რომ დრო გაეგო, მაგრამ იცოდა, რომ ვერანაირად ვერ გაიგებდა. კედელს მძიმედ მიეყუდა და ამოიხვნეშა. საშინლად უნდოდა ერთი ჭიქა ცივი წყალი…
დილით რომელ საათზე გამოეღვიძა? მისი გამოთვლებით, თუ საძინებელ ოთახში შემოსული სინათლით იმსჯელებდა, მზე უკვე კარგა ხნის ამოსული უნდა ყოფილიყო, ალბათ თერთმეტი ან თორმეტი საათი. თავი მარჯვნივ გაატრიალა, სადაც უშველებელი ფანჯარა ეგულებოდა. ბუნდოვნად გაარჩია გვერდით ჩამოკიდებული ფარდის სილუეტი, რომელიც შესამჩნევ კონტრასტს ქმნიდა ნაცრისფერ ფანჯარასთან.
რამდენი ხანი ეძინა? დიდი ხნით წაძინება სჩვეოდა, ალბათ ოთხი საათი ან ცოტა მეტიც. ფეხზე წამოდგა, კარის სახელურს მაგრად მოსჭიდა ხელი.
უცებ გონება გაუნათდა. ტელევიზორს ჩართავდა, იქნებ რამე ისეთი გადიოდა, რომ დრო გამოეცხადებინათ? სახელური დასწია და ხელზე ჩამოკიდებული ყავარჯენი გაშალა, კაკუნით გავიდა სასტუმრო ოთახში.
უცებ შეჩერდა და მიაყურადა. ბინაში ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს ყველაფერი გაშეშებულიყო.
-სანდრო? – გასძახა თათიამ და პასუხის მოლოდინში დაიძაბა. – სანდრო, აქ ხარ? – დაიძახა კიდევ ერთხელ, და მოიღუშა, როცა ათიოდე წამის ლოდინის შემდეგ პასუხი ვერ მიიღო.
სანდროს სიტყვები ძალიან კარგად ახსოვდა, მან ხომ უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და ამიტომ თათია არ დალოდებოდა მას, მაგრამ რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო ეს საქმე?
გოგონამ თვალები გადააქნია. ზედმეტი მოსდიოდა. სანდროს უფლება ჰქონდა იქ წასულიყო, სადაც სურდა და როდისაც სურდა. თვითონ ვერ შეაკავებდა, და არ ჰქონდა კიდეც ამის სურვილი.
ყავარჯენის ქნევით ეძებდა პატარა მაგიდას, რომელიც ჩვეულებრივ ტახტის წინ იდგა და მასზე სანდრო ჩვეულებისამებრ აწყობდა ტელევიზორის გადამრთველებს. ძლივს მიაგნო, და მინის გრილ ზედაპირზე თითები გააფათურა, სანამ გადამრთველო არ მოიგდო ხელში. მთავარი ღილაკი მოძებნა და ხელი სწრაფად გაიშვირა ტელევიზორის მიმართულებით.
ღილაკის დაჭერისას წამსვე გაისმა ხმა და თათიამ შვებით ამოისუნთქა. ხელით ტახტი მოძებნა და უცერემონიოდ დაეხეთქა ზედ, ყავარჯენი კი აკეცა და გვერდით დაიდო.
-…დაკარგული 15 წლის მოზარდის ძიება ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სპეციალური ძალები, რომლებიც შეძლებენ ექსტრემალური სიტუაციის შემთხვევაში მოზარდის გადარჩენას. თვითლმხილველების თქმით, 15 წლის ნოე საღარაძე დილის ათ საათზე იმყოფებოდა მდინარესთან ახლოს… – ოთახი რეპორტიორის ნაცნობმა, მონოტონურმა ხმამ აავსო და თათიამ კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა.
ახლა რაღა ექნა?
ცოტაოდენი მოძრაობის შემდეგღა მიხვდა, რომ ძალიან შიოდა. დილითორი შემწვარი კვერცხის მეტი არაფერი ეჭამა და უარს არ იტყოდა გემრიელ სადილზე.
მაგრამ როგორც ჩანდა, სანდრო სახლში არ იყო, თვითონ კი როგორ მოახერხებდა რამის გაკეთებას, ვერც კი წარმოედგინა. ინგრედიენტებს ვერ დაინახავდა, გაზის ქურას ვერ აანთებდა და ეს რომც მოეხერხებინა, რაღაცას აუცილებლად დაწვავდა და გააფუჭებდა.
სანდროს ბინის გადაწვის რისკის გათვალისწინებით ჯობდა აქ მჯდარიყო და უბრალოდ ტელევიზორისათვის ესმინა, სანამ მისი მეგობარი სახლში მოვიდოდა.
-ქრონიკა სამ საათზე გემშვიდობებათ… – უცებ მოსწვდა მის სმენას და ნელა წამოიწია.
დრო მაინც იცოდა.
ესე იგი სამს ცოტა გადაცილებული უნდა ყოფილიყო ახლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სანდრო უკვე სამი-ოთხი საათი იყო, რაც სახლში არ გახლდათ. რას აკეთებდა ნეტავ? ნუთუ არ ახსოვდა, რომ სახლში თათია ელოდებოდა?
გოგონამ მაგრად შეკრა მუშტები. როდის აქეთ გახდა ასეთი მოწუწუნე და სხვებზე დამოკიდებული? ყოველთვის ეგრეთწოდებული „თავისი თავის ქალი“ იყო, სხვებზე ზრუნადა, თუ ხედავდა ამის საჭიროებას, მაგრამ სხვებს ამის უფლებას არ მისცემდა, თუ ეს აბსულუტურად არ სჭირდებოდა. ვერ იტანდა, როცა ბავშვივით ექცეოდნენ.
„იმის აქეთ გახდი ასეთი, რაც დაბრმავდი…“ დაუჩურჩულა მისი გონების ერთ-ერთმა, მოღალატე კუნჭულმა და თათია მოიღუშა.
ხვდებოდა, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ უნდა ეღიარებინა.
მაგრამ სანდრო ბავშვივით არ ექცეოდა, ო არა… იგი პირიქით, ისე იქცეოდა, თითქოს თათია ისეთივე იყო, როგორიც ადრე და ამიტომ ყველაფერი, რასაც ადრე აკეთებდა, ახლაც უნდა შესძლებოდა. გოგონამ იგრძნო, როგორ დაუტრიალდა მწარე სირცხვილი მუცელში, როცა დილით მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სანდრო ასეთ რამეს ეტყოდა რაღაც უბრალო ჭიქის გატეხვის შემდეგ. მისმა გესლიანმა, მკვახე ტონმა თითქოს მოსცელა, თათიას თავისი ცხოვრების გაუმჯობესების სურვილები გაუქრო. ამიტომაც წასკდა ტირილი, ამიტომაც ვერ შეიკავა ცრემლები. სანდრომ ისე თქვა ის სიტყვები, თითქოს არ სჯეროდა, რომ თათია ოდესმე გამოკეთდებოდა…
ანდა იქნებ იმიტომ, რომ მას უბრალოდ ეგონა, რომ მისი გამოჯანმრთელება ერთ ღამეში მოხდებოდა და უკვირდა, რომ თათია ამას სწრაფად არ ახერხებდა.
გოგონამ თავი გადააქნია. უკვე ნანობდა, რომ მეგობართან დარჩა. სანდრო ძალიან კარგი ადამიანი იყო და ჩანდა მაინც ამდენი წლის მეგობრობის განმავლობაში, და თათია ვერ იტანდა ამის გაფიქრებასაც კი, მაგრამ როგორც ჩანდა, ცოტათი ცდებოდა მაინც. სანდროს ტემპერამენტი, მოუთმენლობა და არსაიდან ამოხეთქილი, ულოგიკო ბრაზი და შხამი თათიასთვის ძალიან უცხო იყო, რაც ადასტურებდა იმას, რომ მეგობარსაც საერთოდაც არ იცნობდა კარგად.
ესმოდა, რომ სანდროს არ მოსწონდა ეს სიტუაცია, არ მოსწონდა, რომ თათია ბრმა იყო, ძალიან განიცდიდა ამას, მაგრამ ასეთი რეაქცია წესით არ უნდა ჰქონოდა, ასეთი აგრესია არ უნდა გამოეხატა.
თათიამ თავი გადააქნია, ფიქრი შეწყვიტა. უჭმელობა ტვინს ურევდა.
იჯდა და საათის ტიკტიკს აყოლებდა თავს, თან უღიმღამოდ უსმენდა ტელევიზორიდან მომავალ, რომელიღაც ცუდად გახმოვანებულ სერიალს.
არ იცოდა, ჩაეძინა თუ არა, მაგრამ რეპორტიორის ხმამ და მოულოდნელმა სიტყვებმა გამოაფხიზლეს ბურანისაგან.
-მოგესალმებით, ქრონიკა ექვს საათზე… ახლახანს აღმოაჩინეს… – თათიამ რეპორტიორის შემდეგი სიტყვები დააიგნორა და თვალები დაჭყიტა. ექვსი საათი იყო უკვე… არც გახლდათ გადაკვირი, რადგან ახლაღა იგრძნო ტკივილი ზურგის ქვემოთა ნაწილში, რაც დიდი ხნის ჯდომისაგან დაემართა. ფეხზე წამოდგა და ნელა გაიარ-გამოიარა.
ალბათ სანდროს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. ალბათ ოფისში გაიარა, იქ ბევრი პრობლემა დახვდა და ამიტომ ვერ ახერხებდა სახლში მოსვლას. თათიამ აქეთ-იქით სიარული დაიწყო, ხედავდა, თუ როგორ კონტრასტს ქმნიდა ტელევიზორის შედარებით ნათელი ეკრანი გარშემომყოფ სიბნელესთან. ძლივს მიაგნო ამომრთველს და სინათლე აანთო, შემდეგ კი ისევ ჩამოჯდა ტახტზე.
სანდრო მალე მოვიდოდა, სულ მალე.
-მოგესალმებით, ქრონიკა ცხრა საათზე…
ალბათ სანდრო ოფისის შემდეგ სადმე გავიდა. ალბათ მეგობრებს შეხვდა, რომლებიც კარგა ხანი იყო არ ენახა და სურდა მათთან ცოტა დრო გაეტარებინა. ანდა იქნებ ისევ მუშაობდა, ალბათ იმან, რომ ორი დღე არ გახლდათ ოფისში, საშინელი დარტყმა მიაყენა კომპანიას…
თათია საათის ტიკტიკს უსმენდა, ფეხს მოუთმენლად აქანავებდა და წამდაუწუმ უნდებოდა თავის ბინაში გადასვლა. სანდროს გამართლება უნდოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ვერ ახერხებდა, მისი მეგობრის საქციელი აბსოლუტურად ულოგიკო იყო. სად უნდა ყოფილიყო ისეთ ადგილას, რომ ღამის ცხრა საათამდე სახლში არ მოსულიყო, მაშინ როცა თათია ელოდა? გოგონა ტახტზე წამოწვა, სახელურზე თავი გადადო და მუშტები მაგრად შეკრა. იქნებ ჯობდა, რომ უბრალოდ მომვლელი დაექირავებინა? სანდროს მაინც აღარ შეაწუხებდა, რადგან როგორც ჩანდა, მის მეგობარს ძალიან არ მოსწონდა ბრმა ადამიანის მოვლა-პატრონობა.
თათიას კუჭი გამოუხმა. საღამოს ათ საათზე მისთვის ნაცნობი გადაცემა გაიწყო, რამაც კიდევ ერთი საათის გასვლა აუწყა. ათი საათი მაინც იქნებოდა, რაც არ ეჭამა და მუცელმა საშინელი ტკივილი დაუწყო.
მაშინღა მიხვდა, თუ როგორი გამწყრალი და განრისხებული იყო სანდროზე.
ესმოდა, რომ სანდროს ალბათ რამე მნიშვნელოვანი ჰქონდა გასაკეთებელი, მაგრამ ნუთუ ამდენი დრო დასჭირდა ამას? თათიას მის ბინაში გადმოსვლა სანდროს იდეა იყო, რითაც გოგონაზე პასუხისმგებელი გახდა. ესეც რომ არა, ისინი მეგობრები იყვნენ, ამდენი წელიწადი და მოგონებები აკავშირებდათ, ნუთუ სანდრო ასეთი უგრძნობი იყო, რომ ასე მოქცეულიყო?
„ანდა იფიქრა, რომ რაკი ჩემი მეგობარია, ესე იგი უნდა მომიაროს, ვალდებულებად მაქცია. მაგრამ ახლა მიხვდა, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება და ამიტომ მაიგნორებს. რის გამოც დამშეული ვარ…“ გაიფიქრა გოგონამ და ისეთი ძალით შეკრა მუშტები, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო. იგრძნო, თუ როგორ გადაეღუნა ოდნავ ფრჩხილები დაწოლის ძალისაგან, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. იქნებ ხელისგულებში გაჩენილ მჩხვლეტავ ტკივილს გადაეფარა ის საშინელი ტკივილი, რომელიც მუცელში უტრიალებდა…
მერე კი შემოსასვლელში ტკაცუნის ხმა გაისმა.
თათია ელვის სიწრაფით წამოვარდა, ტკივილი თავიდან გაუფრინდა. ფეხზე ნელა წამოდგა და წარბები შეკრა, ბრაზით სავსე სახე მიატრიალა შემოსასვლელის კარისაკენ.
შემოსასვლელში ბათქის, ბრახუნისა და ხმამაღალი გინების ხმა გაისმა და თათია შეკრთა, გულწრფელად გაუკვირდა.
კიდევ ერთი ბრახუნი, ჭრიალი და მობანცალე, არარეგულარული ნაბიჯების ხმა. სანდრო ოთახში შემოვიდა.
თათია გასწორდა, ღრმად შეისუნთქა.
-ყოჩაღ, სანდრო. – იმდენი სარკაზმით აღმოთქვა მან, რამდენიც შეეძლო რომ ორ სიტყვაში ჩაეტია. – ისეთი ხარ, რომ იოლად გახდები გინესის რეკორდსმენი უპასუხისმგებლობასა და იდიოტობაში.
-…რაო? – მოესმა ლუღლუღი და თვალები ოდნავ გაუფართოვდა. უჩვეულო ნაბიჯები, ბრახუნი და ახლა ლუღლუღი…
სანდრო მთვრალი მოვიდა. თათიას სიმწარემ დაუარა.
-აი, თურმე სად იყავი. – მიახალა მან, წყენა, ტკივილი და ბრაზი ერთმანეთში გადახვეულიყვნენ და ნორმალურად ფიქრის საშუალებას არ აძლევდნენ. – რომელიღაც ბარში და სვამდი… რამდენი დალიე?
სანდროს მხრიდან სიცილი გაისმა.
-დაიცა… ორ-ორასი… – წამოისლოკინა მან და თათიამ თვალები დააჭყიტა. – ორასი ლარის… ორასი ლარი მინდაო… საფასური…. მასეთი კაცი არ ვარ მე… – ძლივს ამოიბლუკუნა სანდრომ და თათიას წამიერად დაუარა ზიზღმა.
-მაშ კარგი. – ძლივს ამოისუნთქა მან. – იცი რა, საერთოდ არ მაინტერესებს. მთელი დღეა, აქ ვზივარ. მეგონა, ცოტა ადრე მოხვიდოდი, რომ მაგალითად, გეჭმია ჩემთვის? ათი საათის განმავლობაში განმავლობაში არაფერი მიჭამია სანდრო! მუცელი ისე მტკივა, რომ ვეღარ ვსუნთქავ!
-მეჭმია… ახლა მეჭმია… ის არ მეყოფა, რომ შენი ძი-ძო… ფუ, რა ქვია… ჰო, ძიძა ვარ, ახლა დედაშენიც გავხდე? – სანდრომ საკუთარ სიტყვებზე გადაიხარხარა. – გაგეკეთებინა რამე და…
-რამის გაკეთება რომ მეცადა, სამზარეულოს გადავწვავდი! – იფეთქა თათიამ. – ბრმა ვარ, სანდრო, ვერ ვხედავ!
-ააა… – სანდრომ ღრმად ამოიხვნეშა. – ჰო, კარგი, გადამავიწყდა. ოღონდ ნუ ბღავიხარ, რა, ისედაც მტკივა თავი… ლუდი მომიტანე, მაცივარში უნდა იყოს…
თათია გახევებული იდგა, არ სჯეროდა, რომ ამ ყველაფერს ისმენდა.
-ვერ გცნობ. – ჩაილაპარაკა გაშეშებულმა. ყავარჯენს ინსტინქტურად მოუჭირა ხელი. თითქოს უცხო ადამიანთან ერთად იდგა ოთახში, ჩამობნელებულ ოთახში, საიდანაც გაქცევა ძალიან რთული იქნებოდა. – შენ… შეიცვალე.
-ლუდი მინდა. – დაიღმუვლა სანდრომ. – ვერ გაიგე, რა გითხარი…
-ახლში მინდა წასვლა. – გააწყვეტინა თათიამ. უცებ გაშეშდა, წამიერად საკუთარი სიტყვები გაუკვირდა, მაგრამ არ გაჩერებულა. – ძალიან ვაფასებ, რომ გინდოდა ჩემთვის… მოგეარა, სანდრო, მაგრამ აშკარაა, რომ არ გამოდის. თან გაწუხებ… ჯობია ჩემს ბინაში გადავიდე…
-მტოვებ? – უცებ ხმადაბლა ჩაილაპარაკა სანდრომ და თათია წამიერად შეყოვნდა.
-მე კიდევ მომწონდა, როცა სახლში ვინმე მხვდებოდა… – წაილუღლუღა სანდრომ. – ძალიან მომწონდა… რომ მოვდიოდი, სულ იმას ვფიქრობდი, ჩემს სახლში ვიღაცაა, რომელსაც ჩემი დანახვა გაუხარდება მეთქი…
თათია პირდაღებული იდგა და უსმენდა. ამას ნამდვილად არ ელოდა.
-ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს გავთბებოდი. იმიტომ რომ მცივა… – წაიბურტყუნა სანდრომ. – აი, აქ მცივა…
თათიას უნდოდა ეთქვა, რომ ვერ ხედავდა, თუ სად იყო „აქ“, მაგრამ სიჩუმე არჩია. სიტყვები არ ამოსდიოდა ყელიდან.
-მაგრამ აი, როგორც ყოველთვის. არც შენ გინდა აქ დარ-დარჩენა. არავის არ უნდოდა… – სანდროს ნაბიჯების ხმა გაისმა, რომლებიც პირდაპირ თათიასკენ მოიწევდნენ. გოგონა არ განძრეულა, სხეული უყიოდა.
მთელი ტანით შეხტა, როცა მის მხრებზე მძიმედ დაეშვნენ ხელები და შუბლზე გახურებული, პერსპირაციით დაფარული შუბლი მოაყუდეს. კბილები დაკრიჭა, როცა აუტანელი, ალკოჰოლისა და სიგარეტის კვამლის სურნელი შეიგრძნო.
ეგონა, რომ სანდრო არ ეწეოდა…
-მაგრამ… მაგრამ ვერსადაც ვერ წახვალ… კარი გადავკეტე, და გასაღები მე მაქვს… – დაისისინა სანდრომ და თათიას მოულოდნელობისაგან ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, ხელები გაუხევდა. – შენ აქ დამხვდები და ლუდს მომიტან… და გა-გაგიხარდება, როცა მოვალ, გასაგებია? სულ ფეხებზე მკიდია, რომ შენ წასვლა გინდა, გაიგე? მე მინდა, რომ დარჩე და დარჩები…
თათია ვერ ინძრეოდა. ტუჩებზე ის საზიზღარი, ალკოჰოლითა და სიგარეტით გაჟღენთილი სუნთქვა მოეფრქვია და ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს სადაცაა გული აერეოდა.
ძლივს ამოისუნთქა, როცა სანდრომ მოულოდნელად გაუშვა ხელი.
-ლუდს მოვიტან… – ამოიბლუკუნა მან და მძიმე ნაბიჯებით გაემართა სამზარეულოსაკენ.
თათია ადგილს მოსწყდა და ყავარჯენი ელვის სისწრაფით გაშალა, ცალი ფეხით ჟურნალის მაგიდას წამოედო და კინაღამ დაეცა, მაგრამ როგორღაც მოახერხა, რომ თავისი საძინებლის კარზე მიხეთქებულიყო. საკეტში ხელი მოაფათურა, გასაღები გამოაძრო, შიგნით შევარდა და კარი გადაკეტა.
გადაკეტვის შემდეგ უკან დაიწია, მთელი სხეული უთრთოდა და ვერ გაეგო, რა მოხდა. არც კი სურდა, გაეგო, თუ რას იზამდა სანდრო, ცოტა მეტი რომ ჰქონოდა დალეული. არც ის სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მისი პირიდან გაიგონა…
ლოგინზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. თითები მთელი ძალით გადაისვა თმაში და შეკრულ ცხენის კუდზე მოქაჩა. გული ისეთი ძალით უფეთქავდა მკერდში, რომ თითების წვერებშიც კი გრძნობდა პულსს. ცხელმა ტალღებმა დაუარეს და შეაჟრჟოლა.
ნელა მივიდა ლოგინამდე და წამოწვა, კიდურები წამდაუწუმ უტოკავდა და ზურგზე საბანი შემოიხვია.
ვერაფრით წარმოედგინა, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა ამ დაწყევლილ საღამოს.
ცხოვრებაში პირველად, სანდროსი შეეშინდა.
-*-*-*-*-*-*-7
ანდრია წკარუნმა გამოაღვიძა. ხვნეშით წამოსწია თავი და დაისისინა, როცა აუტანელი ტკივილი მომენტალურად დაეჯახა საფეთქლებში. ლოყა საშინლად გასციებოდა და ყბა მოიფხანა, შემდეგ კი სკამზე გასწორდა და თვალები დაისრისა.
-ფუ შენი… – ჩაილაპარაკა მან, როცა მიხვდა, თუ სად ეძინა მთელი ღამე. სამზარეულოს მაგიდასთან, სკამზე გაშხლართულიყო, გარშემო ლუდის ცარიელ ბოთლებშემოწყობილი. ახსოვდა, თუ რამდენი სვა წინა ღამესაც, და ბოთლების რაოდენობას თუ გაითვალისწინებდა, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ სამზარეულოს მაგიდასთან გაითიშა.
უცებ გამოფხიზლდა. ტელეფონი ისევ გულის გამაწვრილებლად წკარუნებდა მის ჯიბეში.
სწრაფი მოძრაობით ამოაცოცა მობილური და ღრმად ამოიხვნეშა, როცა თავისი ძმის მანათობელი სახელი დაინახა ჩამობნელებულ ეკრანზე. თმაში ხელი გადაისვა და ხმამაღლა შეუკურთხა სანდროს უდროობას, მაგრამ მაინც დააჭირა თითი მწვანედ მანათობელ გამოსახულებას.
-უნდა დავილაპარაკოთ. – გაისმა სანდროს გაღიზიანებული ხმა და ანდრიამ თვალები გადაატრიალა. სიამოვნებით შეაგინებდა ტყუპისცალს, მაგრამ ახლა ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
-რა ჩემი ფეხები გინდა? – მაინც დაიღრინა მან. – იცი საერთოდ, რომელი საათია?
-დილის თერთმეტი საათია, შე გალეშილო. – დაიღრინა სანდრომ. ანდრიამ საპასუხოდ წარბი ასწია და საათზე დაიხედა. თერთმეტს შვიდი წუთი აკლდა.
-დიდი ამბავი. – სისინითა და სარკაზმით აღვსებული ხმით დაუბრუნა მან. – ხომ გკითხე, რა ჩემი ფეხები გინდა-თქო?
-უნდა დავილაპარაკოთ მეთქი, შე დაყრუებულო ვირო! – უცებ იფეთქა სანდრომ. – ოღონდ ტელეფონში არ დაგიწყებ ერთ ამბავს… სახლში აგდიხარ, ხომ? ახლავე გამოვდივარ, კეთილი ინებე და ჩამოეთრიე დროზე ძირს, თორემ…
-როგორ შემაშინე. – გადაიხარხარა ანდრიამ. – პირდაპირ ჩავისველებ ახლა…
-არაა ეს სასაცილო. – მკვახედ მიახალა სანდრომ განრისხებულმა ხმამ. – გავიგე, რომ თურმე მაგ გოგოს ცუდად ექცევი. როგორც ჩანს შენს ტვინამდე არ დავიდა ჩემი ბრძანება, არა?
ანდრიამ ყბები შეკრა, ჩახშული ხმა ამოუშვა. ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ ჩაესო მარცხენა ხელის ფრჩხილები ხელისგულში.
-შენი ბრძანება არა ფეხები… – ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა მან, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად იცოდა, სანდროს ნათქვამი სიმართლე იყო.
-რაკი არ დავიდა შენამდე, უკეთესად აგიხსნი. წამოეთრიე, და ახლა უკვე სერიოზულად დაგელაპარაკები. – სანდროს ხმამ დაბალი, ავტორიტეტული ტონი მიიღო და სანამ ანდრია პასუხის შებრუნებას მოახერხებდა, კავშირი გაითიშა.
ახალგაზრდა მამაკაცს ხელები აუთრთოლდა. უცებ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ უფრო მეტად იხლართებოდა ამ არეულობის აბლაბუდაში, ოღონდ ამჯერად მავთულხლართების ნაცვლად კლანჭები, მტკივნეული, პირწამახული კაუჭები ჩაებათ მისთვის და არ უშვებდნენ. იცოდა, რომ თუ წინააღმდეგობას არ გაუწევდა და არ შეეცდებოდა რამის გაკეთებას, უფრო ღრმადდაეცემოდა, უფრო ღრმად დააბამდნენ…
მის ძმას უფრო მეტი კონტროლი ექნებოდა, ისევ გააგრძელებინებდა ამ არანორმალურ ცხოვრებას. არასოდესექნებოდა შესაძლებლობა, რომ რამე სწორად გაეკეთებინა, რადგან აქამდე არც ერთხელ არ გამოსვლოდა.
კბილები დაკრიჭა, სისხლმა ელვის სისწრაფით აასხა თვალებში და იგრძნო, როგორ ჩამოუბნელდა მზერა. მრისხანებისა და საკუთარი უძლურებისაგან დაბრმავებულმა აკრუნჩხული ხელები მიიტანა სახესთან, როცა საკუთარი ანარეკლი დაინახა მაგიდაზე დამდგარ ერთ-ერთ ბოთლში. ვიღაც გიჟი, არანორმალური, გაფუჭებული უყურებდა მოყავისფრო-ოქროსფერი მინიდან და უცებ ვეღარ აიტანა მისი დაჟინებული, თვალებანთებული მზერა.
მკლავი გაუქნია მაგიდაზე დაწყობილ ბოთლებს და ერთი ხელის მოსმით ყველა მოისროლა იატაკზე. სამი იქვე, მისი მკლავის შეჯახებისას დაიმსხვრა და რამდენიმე ნამტვრევი მტკივნეულად ჩაესო ხელოვნური ტყავით დაფარულ ტყავში, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ამისათვის. დანარჩენი ბოთლები ერთი და მეორეს მიყოლებით, გამაყრუებელი ლაწუნითა და ზრიალით დაიმსხვრნენ იატაკზე, ნამტვრევები კი წკრიალით მიმოიფანტნენ აქეთ-იქით.
ანდრია უკან წაბარბაცდა, სხეულში ჯერ კიდევ მოტრიალე ალკოჰოლი გონებას ურევდა, მუხლები ეკვეთებოდა. მარჯვენა მკლავზე დაიხედა, რომელშიც გარჭობილი მინის ნამტვრევები ბრწყინავდნენ.
ერთი ამოაძრო და უსიტყვოდ დახედა მის პირზე მბრწყინავ სისხლს.
სწრაფი ნაბიჯით გატრიალდა და კარი გამოიჯახუნა.
კიბეებზე ისე ჩაირბინა, რომ საკუთარი მოძრაობებისათვის გონება არ დაუტანებია. თითქოს ორ წამში იდგა ქვემოთ, სიცივეში, და უყურებდა, თუ როგორ იღებოდა მის წინ შავი, პრიალა მანქანის კარი.
-შემოეთრიე. – დაისისინა სანდრომ და ანდრიამ ტუჩის კუთხე ასწია, შემდეგ კი დამცინავად ჩაიფრუტუნა. სანდროს სახეზე საკუთარ სახეს ხედავდა, და ამას ვერ იტანდა.
-ეშმაკსაც წაუღიხარ, ღორის გაგდებულო. – ცალყბა ღიმილით სტყორცნა მან, როცა ტყავის სავარძელზე დაებერტყა. მარჯვენა მკლავი, საიდანაც სისხლი ნელა, მდორედ ჟონავდა, განგებ გაახახუნა თეთრი ტყავის ზედაპირზე და კმაყოფილებით მოათვალიერა წითელი ნაკვალევი.
-მე თუ ღორის გაგდებული ვარ, შენ ვინღა ხარ, შე ნაძირალა? – ჩაიფრუტუნა სანდრომ და სავარძელს მიეყუდა. სწრაფად მიატრიალა თავი წინ და ხელი აუქნია სარკეში მომზირალ მძღოლს. – წადი და იარე, გასაგებია? – უბრძანა მან.
მძღომა თავი დაუქნია და მანქანა დაძრა.
-აბა რისი თქმა გინდოდა, ძვირფასო ძამიკო? – ყალბად გაუღიმა ანდრიამ. – ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიკვირდა, რომ შეხვედრა მოინდომე. ვინ იფიქრებდა, რომ მოახერხებდი თავის გამოყოფას მაგ შენი დაწყევლილი კომპანიის ტრა…
-მოკეტე. – გააწყვეტინა სანდრომ და თვალები დააწვრილა. – სერიოზულად უნდა მოგელაპარაკო… როგორ ბედავ, რომ იმ გოგოს ეგრე ექცევი? – ბრაზით შეუტია მან, და ანდრიამ წარბი ასწია.
-მე მაინც ვერ გავიგე, რა არის მნიშვნელოვანი მაგ მტირალა ღლაპში… – დაისისინა საპასუხოდ. – შესახედავად რომ იყოს გადასარევი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ…
-მაგ გოგოსთან იმიტომ კი არ მიგაგზავნე, რომ სახე და ფიგურა შეუფასო, შე დეგენერატო. – მკლავები გადააჯვარედინა სანდრომ. – მინდა, რომ კარგად, ანუ ისე მოექცე, როგორც მე ვექცეოდი.
-შენ რა, გიყვარს? – წარბები ასწია ანდრიამ და ცალყბად გაიცინა. – ვინ იფიქრებდა…
-ვინ, ეგ ლაწირაკი? – სახეზე ზიზღი გამოეხატა სანდროს. – ლაპარაკი მაინც იცის, ასე თუ ისე ასატანია, მაგრამ სიყვარული არა ჩემი ფეხები. მე სხვა რამ მჭირდება…
-რა გჭირდება? – შეაწყვეტინა ანდრიამ და მუშტები მაგრად შეკრა. მანქანა გაჩერდა, ალბათ მათ გზაზე წითელი შუქნიშანი აინთო, და ანდრია გრძნობდა, თუ როგორ დაჟინებითა და სიფრთხილით მიშტერებოდა სანდროს მძღოლი. ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლებოდა შუბლში ტყვია დაეხალათ.
სანდრო სწრაფ, სისხლიან და არასახლაფორთო გაუქმებას ანიჭებდა უპირატესობას.
-ფული გაქვს, გარეწრობით და მამაჩვენის კავშირებით, მაგრამ მაინც ნაშოვნი გაქვს, ძალაუფლება გაქვს, ამდენი ადამიანი შენ გემორჩილება… სხვა რაღა გინდა? – თითქმის გადმოაფურთხა სიტყვები, იმდენი ზიზღი იგრძნო მათი წარმოთქმისას.
სანდროს სახე არ შესცვლია, ისევ ჩამობურული გამომეტყველებით მიშტერებოდა.
-ფული არასოდეს არაა საკმარისი, ძმაო. – თქვა მან უცებ და ანდრიამ წარბები შეკრა. არ ახსოვდა, როდის მიმართა ანდრიამ ბოლოს ასე. სადღაც ათიოდე წლის წინ, დარწმუნებული არ იყო. – ნუთუ არ გინდა, რომ მილიონერი იყო?
-მილიონერი უკვე ხარ. – მკვახედ მიახალა ანდრიამ. – მაინცდამაინც ოქროს ტუალეტის ქაღალდი გინდა თუ…
-მაგ გოგოს… – სანდრო წინ გადმოიხარა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითების წვერები ერთმანეთზე გაახახუნა. სახეზე თვითკმაყოფილი ნიღაბი ეფარა. – უამრავი ფული აქვს. შენ ვერც კი წარმოგიდგენია, რამდენი.
ანდრია უსიტყვოდ, ცივი მზერით შეაშტერდა. რაღაც დონეზე ეს საერთოდაც არ აკვირვებდა. არ აკვირვებდა ის, რომ სანდრო იმ გოგოს მხოლოდ და მხოლოდ ფულის გულისათვის უკავშირდებოდა. მაგრამ თათია თაბაგარი ნამდვილად არ ჰგავდა ისეთ გოგოს, რომელსაც იმდენი ფული გააჩნდა, რომ სანდრო მის კაპიტალში დაინტერესებულიყო.
-მაგ გოგო არ არის მდიდარი. – მოკლედ მოჭრა მან, თავში თათიას გაცრეცილი ქურთუკი, უსაყურო, თითო ნახვრეტი ყურის ბიბილოებზე, დაუდევრად ზემოთ აქაჩული თმა, ყელში წაჭერილი მაისური ამოუტივტივდა. – მასეთი დეგენერატიც არ ჩანს, რომ ბევრი ფული ჰქონდეს და არ იყენებდეს.
-რასაკვირველია. – ხელი ააქნია სანდრომ. – მაგ იმიტომ, რომ არ იცის ამ ფულის არსებობის შესახებ.
-რაო? – წარბები შეკრა ანდრიამ. – და შენ საიდან იცი?
სანდრომ მჟავე გამომეტყველებით გადმოხედა, წარბი ასწია. წამიერად ანდრია თითქოს სარკეში იხედებოდა.
-ვის ელაპარაკები ახლა შენ, იცი? – ბრაზით ჩაილაპარაკა მან. – რასაკვირველია, ვიცი. საკმარისი იყო ერთი-ორის გაგზავნა, ტკბილად დალაპარაკება… – მან ჩაიცინა. ანდრია ძალიან კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს ეგრეთწოდებული „ტკბილი დალაპარაკება“. – ცოტა ქრთამი… მოკლედ, უბრალო, პირველი დონის დავალება. – ხელი დაუდევრად აიქნია მან.
-და გოგომ რატომ არ იცის? – წარბები შეკრა ანდრიამ.
-იმიტომ, რომ არ უთხრეს. – სანდრომ ხელები გადააჭდო და ცერები ერთმანეთში გადაატრიალა, თან დაწვრილებული თვალების შეჰყურებდა თითების მოძრაობას. – აი მისმა ძმამ კი იცის.
ანდრიამ წარბები ასწია. არც ეს არ უნდა გაჰკვირვებოდა. ირაკლი თაბაგარი ნაბიჭვარი ჩანდა, თუ მის სიტყვებსა და ტონს გაითვალისწინებდა, როცა ის საკუთარ დას ელაპარაკა.
-მაგათი მამა რომ მოკვდა, ანდერძი გაშანშალებული ჰქონდა, რამდენიმე თვით ადრე. – გააგრძელა ანდრიამ. – მაგრამ მისი მოთხოვნით, ანდერძი არ უნდა გაიხსნას იქამდე, სანამ მისი უმცროსი შვილი ოცდაოთხი წლის არ შესრულდება.
-მაქამდე მივალ. – მოკლედ მოჭრა მან. – მაგის კომპანია ძალიან, ძალიან წარმატებული იყო, ცოლს ასეთივე კლინიკა ჰქონდა… ფულში იხრჩობოდნენ. რასაც, როგორც წინდახედული კაცი, თაბაგარი ყოველთვიურად ბანკში ინახავდა.
-აჰა… ანუ კომპანიის შემოსავალის რაღაც ნაწილი დღემდე ბანკის ამ ანგარიშზე გადადის, არა? – მკლავები გადააჯვარედინა ანდრიამ. სანდრომ ჩაიცინა და თავი დაუქნია.
-როგორც ჩანს, მთლად გოგრა არ გდებია კისერზე… – გესლიანად წარმოთქვა მან და ანდრიამ კბილები დააღრჭიალა, მაგრამ პასუხი არ გაუცია. – ჰო, და ეს ანგარიში კატასტროფული სიჩქარით იზრდება. მაგ გამოშტერებულმა ირაკლიმ კარგად იცის ამ ანგარიშის შესახებ, და მშვენივრად სარგებლობს კიდეც. მაგრამ არალეგალურად აკეთებს ამას, იმიტომ რომ ანგარიში მის ძვირფას დაიკოს ეკუთვნის.
-ანუ… ანდერძი გახსნა დროზე ადრე? – მოიღუშა ანდრია. ირაკლი თაბაგარი საკუთარ დას ძარცვავდა…
-არა, არა… როგორც სანდო წყარო მეუბნება, ორიგინალი ხელშეუხებელი ინახება, ძალიან კარგადაც, და სანამ დრო არ მოვა, არ გახსნიან. მაგრამ ირაკლი თაბაგარმა მამამისის ანდერძების წინა ვერსიებსა და ჩანაწერებს მიაგნო, საიდანაც ძალიან კარგად მიხვდა, რომ კაპიტალი მას არ გადაეცემა. – წარბები აწკიპა სანდრომ.
ანდრია მოღუშული იჯდა. ანუ ანდერძი უნდა გახსნილიყო, როცა თათია თაბაგარი ოცდაოთხი წლის შესრულდებოდა.
-მერე? – მოუთმენლად იკითხა მან. – არ შეუძლია მთელი ფული გამოხიკოს და როცა ანდერძი გაიხსნება, თქვას, რომ ფული სხვა რამეს მოხმარდა?
სანდრომ ჯერ გაოცებით შეხედა, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ოჰოჰო… – ჩაიფრუტუნა მან. – არა, არა, ეს ყველაფერი მასე არაა, ძმაო. ფულზე ლიმიტია დადებული, რისი გამოტანაც თვიურად შეიძლება, და კონტრაქტის შეცვლა შეუძლებელია, სანამ ანდერძს არ გახსნიან. ასეთი ინსტრუქცია აქვს ბანკს მიცემული. და როცა თათია ოცდაოთხი წლის გახდება, იქამდე იმედოვნებს, რომ ყველაფერს გამოიტანს, თათია კი ვერაფერსაც ვერ გაიგებს, იმიტომ რომ მოისმენს თუ არა ანდერძს, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება. ძალიან იოლად შეიძლება, რომ ადვოკატი იშოვოს ირაკლიმ და ერთი ამბავი გამართოს იმაზე, რომ ანდერძი ყალბია. და შენი აზრით, რომელს უფრო გადასცემდა წარმატებული ბიზმესმენი თავის კომპანიასა და ფულს: თავის უფროს ვაჟს, რომელიც ამდენი ხანია, კომპანიაში მუშაობს, თუ მის ქალიშვილს, რომელზეც არავინ არაფერი იცის?
ანდრიას რატომღაც სუნთქვა გაუკრთა. ახლაღა ხვდებოდა ირაკლი თაბაგარის რაღაცნაირ დამოკიდებულებას დის მიმართ.
ირაკლის თავისი დის შურდა. შურდა, რომ მათმა მამამ მთელი ქონება თავის ძვირფას გოგოს დაუტოვა, რომელსაც არაფერი გაუკეთებია კომპანიის ფეხზე წამოსაყენებლად, ვიდრე მას. ვერ იტანდა იმას, რომ მამამისი ასეთ აშკარა ფავორიტიზმს ამჟღავნებდა და მისი უსაქმური და რჩებოდა დაჯილდოებული, იმის მიუხედავად, რომ თვითონ უფრო იმსახურებდა ამას.
ჭკვიანურადაც ჰქონდა მოფიქრებული. ჩუმად გამოჰქონდა ფული, სანამ თათიას დაბადების დღისათვის მინიმალური რაოდენობა იქნებოდა დარჩენილი ანგარიშზე. და თუნდაც იგი დამნაშავედ ემცნოთ, თავის დაძვრენას მაინც მოახერხებდა. იგი ხომ მულტიმილიონერი იქნებოდა ამ დროს, რაში დასჭირდებოდა ცდა მაინც?
-გოგოს რატომ დაუტოვა? – ანდრიამ ეჭვით სავსე თვალები გადაატრიალა სანდროსაკენ, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან თვითკმაყოფილი ჩანდა. – უფრო ლოგიკურია, რომ თავისი მემკვიდრისათვის დაეტოვებინა…
-ეგ იმიტომ, რომ თავისი გოგო ცოლს აგონებს. მისი ხასიათისაა თუ რაღაც ჯანდაბა. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ანდრიამ. – ამიტომ სურდა მისი ასპროცენტიანი უზრუნველყოფა. ჩემი აზრით იცოდა, რომ მის შვილებს შორის ასეთი უფსკრული იყო უკვე, თორემ ყველაფერს უფროსს მიანდობდა, და მშვიდად მოკვდებოდა, იმაზე ფიქრით, რომ მისი ძვირფასი ბავშვები ერთმანეთს მიხედავდნენ. მაგრამ ამის იმედი არ ჰქონდა, ამიტომ ყველაფერი თათიას დაუტოვა, რითაც უშველებელი შეცდომა დაუშვა.
-საკუთარ ემოციებს ნება მისცა, რომ აეყოლიებინათ. – ანდრიამ ტუჩი ასწია. ასეთ სენტიმენტებს ვერ იტანდა. – დეგენერატი ბებერი.
-თავი მოიკლა, რა თქმა უნდა რამდენიმე ჭანჭიკი ჰქონდა მოშვებული თავში. თურმე საშინელი დეპრესია თუ რაღაც დამართია და წამდაუწუმ სიკვდილი უნდოდა. – ჩუმად დაილაპარაკა სანდრომ და გადაჭდობილი ხელები სწრაფად დააცილა ერთმანეთს.
ცოტა ხნით ჩუმად იყვნენ, ანდრიამ ფანჯარაში გაიხედა. მანქანა რბილად მიჰქროდა ტრასაზე, მათ გვერდით, ტრასის მეორე მხარეს, საზიზღარ მასად გამოიყურებოდა აზელილი, ჭუჭყიანი თოვლი.
ანდრიას რატომღაც დედამისის გამზადებული ფაფა გაახსენდა. მიმწვარი და ნაჩქარევი.
მაგრამ უგემრიელესი.
-შენ როგორ აპირებ ამის ხელში მოგდებას? -თქვა უცებ, კითხვა ელვის სიწრაფით მოუვიდა თავში, იმის მიუხედავად, რომ სანდროსაკენ არ გაუხედავს.
-იოლად. – სანდროს ხმაში ღიმილი იგრძნობოდა. – ახლა არანაირი უფლება არ მაქვს, ფული დავიჩემო, არ მინდა ვიღაც-ვიღაცები დავაეჭვო ჩემი ულოგიკო ცოდნითა და ინტერესით. მაგრამ წარმოიდგინე: როცა ჩემს მეუღლეს ანდერძით მთელი ტონა ფული უნდა გადმოსცენ და მისი საზიზღარი ძმა თურმე ამდენი ხანი ფულს იპარავდა, რა უნდა გავაკეთო?
ანდრიამ ელვის სისწრაფით მოატრიალა თავი და თვალებმოჭუტული, განცვიფრებული დააშტერდა ძმას.
აი, თურმე რატომ უნდოდა, რომ კარგად მოჰქცეოდა იმ გოგოს. თვითონ არ ჰქონდა ფლირტაობის დრო, არადა სჭირდებოდა ქორწინების მოწმობა და ოქროს ბეჭედი მარჯვენა არათითზე, რომ თავისი კანონიერი უფლებები განეცხადებინა ფულზე.
და ანდრიას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ სანდრო ირაკლი თაბაგარს მოუგებდა. მწარედ დაამარცხებდა.
სანდრო ცალყბა, დამცინავი ღიმილით უყურებდა.
-მიხვდი, ბოლოს და ბოლოს? – მკვახედ, გესლიანად ჩაილაპარაკა მან. – მაგ გოგოს ორი თვის წინ შეუსრულდა ოცდასამი წელი. გილოცავ, ათი თვე გაქვს. – სანდრო წინ გადმოიწია და დაჟინებით დააშტერდა. ანდრიამ მრისხანებითა და ცეცხლით აღსავსე თვალები მიაგება მის მზერას. – ათი თვე გაქვს, რომ თავი შეაყვარო. ისე შეაყვარო, რომ ცოლობაზე დაგთანხმდეს, მერე კი მე ვიცი.
-რა ნაძირალა ხარ. – ოდნავი განცვიფრებით, სისინით უპასუხა ანდრიამ. – თავიდან ბოლომდე დასრულებული ნაბი*ვარი ხარ. მეც კი ვხვდები ამას, და შენ ხომ იცი, რომ მე ნაძირალა ვარ.
-არა უშავს. – სანდრომ მძღოლს გადახედა, ხელი აუქნია. მანქანა წამსვე გადავიდა ტრასიდან, და დატვირთულ, მოზუზუნა ტროტუართან გაჩერდა.
-მაინც რატომ? – ჩაეკითხა ანდრია, საკუთარი დავალება, რომელიც სანდრომ გადმოსცა, გულს ურევდა. – მაინც რატომ გჭირდება ეს ამდენი ფული? მე ხომ ვიცი, რომ შეგიძლია უბრალოდ მოიპარო…
-შენ რა, ვერ შეამჩნიე? მეგონა, აქამდე გეტყოდნენ… – წარბი ასწია სანდრომ. – მაგ გოგოს მშობლები იყვნენ ის გარეწრები, მამაჩვენი რომ ციხეში ჩააყუდეს შვიდი წლით.
ანდრიას თვალები გაუფართოვდა, გულისრევა უფრო მეტად მოერია.
-როგორ…. – ძლივს ამოილუღლუღა მან. იცოდა, რომ მამამისი ნაციხარი იყო, მაგრამ ერ წარმოიდგენდა, რომ ის მამაკაცი და ქალი, რომელთაც მამამისი სულ აგინებდა, თათიას მშობლები იყვნენ.
სანდროს არა მარტო ფული, შურისძიებაც ამოძრავებდა. როცა ფულსა და გოგოს ხელში მოიგდებდა, ისე გააკეთებდა, როგორც მოუნდებოდა. ანდრიამ წარმოიდგინა დასისხლიანებული სახე, ფერმკრთალ კანზე მყვირალი ალისფერი წვეთები, მკლავებზე დაჩნეული უშველებელი ლურჯი და იასამნისფერი ჩალურჯებები, ჩაცვენილი და უფოკუსო თვალები.
-რა გარეწარი ხარ, შე ნაბიჭვარო… – ძლივს ამოიხრიალა მან და სანამ აცნობიერებდა, მისი შეკრული მუშტი უკვე წინ მიქროდა, რომელიც წამის მეასედში შეეჯახასანდროსიმ თვითკმაყოფილ ნიღაბში. დამაკმაყოფილებელი ჭახანი იგრძნო და სხეულში ადრენალინმა, სიამაყემ და გიჟურმა, ავადმყოფურმა სიამაყემ დაუარა. სანდროს საყელოში ჩაავლო ხელი, იგრძნო, როგორ მოიჭმუჭნა მის ხელში გახამებული ქსოვილი და ჩაიცინა, კიდევ ერთი მაგარი მუშტი ხეთქა ძმას სახეში.
იგრძნო, როგორ ჩამოეწვეთა ხელიდან სისხლი.
მერე კი ძალიან რბილი, მისი მოყვირალი გონებისათვის თითქმის უხმაურო ტკაცანის ხმა გაისმა მის საფეთქელთან. ხელები წამსვე გაუშეშდა, ტუჩები მთელი ძალით მოკუმა.
-არ არის საჭირო, გიორგი. – თქვა სანდრომ და ხელის უხეში მოძრაობით მოიშორა მის საყელოში ჩაჭერილი მუშტი. ანდრიამ თავი მოატრიალა, ისე რომ მისი შუბლი უსწორდებოდა უძრავად გაჩერებულ პისტოლეტის ლულას.
რატომღაც სულ არ შეშინებია.
-ერთი ჩემი ხელის აქნევა და შენი ტვინი ამ სავარძელსა და საბარგულში იქნებოდა. – სანდრომ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ვითომ აქაც არაფერიაო, სახე მოიწმინდა. – ახლა კი გაეთრიე. – მოკლედ მოჭრა მან. – და იმედი მაქვს ამის შემდეგ აქეთ-იქით თრევას არ დაიწყებ და საქმეს მიხედავ.
მძღოლმა პისტოლეტი ნელ-ნელა დაუშვა, ანდრია რამდენიმე წამით კიდევ მიშტერებოდა სივრცეს, სადაც ადრე პისტოლეტის ლულის შავი, თითქოს დაუსრულებელი სიღრმე იყო.
კარი სწრაფად გააღო და გადმოხტა.
მანქანას არ დაუყოვნებია, კარი ბრახუნით მიიხურა და დაიძრა.
ანდრიამ ხელები გაიჩარა ჯიბეეში და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას, თან შარვლიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოაძრო.
-*-*-*-*-*-*-
სახლამდე მისვლას ფეხით ერთი საათი დასჭირდა. პირველის ნახევარი იყო, როცა ძალაგამოლეულმა და ემოციურად დაცლილმა ბინის კარი შეაღო. ლუდი სჭირდებოდა.
სამზარეულოში შებანცალდა.
ზღურბლზე გახევდა, თვალები გაუფართოვდა.
იატაკის შორი, მარჯვენა მხარე მთლიანად დაეფარათ ბოთლების ნამტვრევებს რომლებიც ასევე კანტიკუნტად გაფანტულიყვნენ დარჩენილ ზედაპირზეც. მის ფეხებთან ახლოს ყავარჯნის წვერი იყო, რომელიც თათია თაბაგარს სახელურით ჰქონდა ხელზე წამოცმული.
და ყველაზე მნიშვნელოვანი, გოგო იატაკზე იყო გაწოლილი. თავი უსიცოცხლოდ გადაეგდო გვერდით, მარცხენა მკლავი ქვეშ მოჰყოლოდა. ისევ პიჟამა ეცვა, უსულოდ ჩამოკიდებული თმა თვალწარმტაც კონტრასტს ქმნიდა თეთრ, მოვლილ კაფელთან. მაგრამ სითეთრე უფრო მეტად აჩენდა იმ სიფერმკრთალეს, რომელიც გოგოს კანს დაჰკრავდა. ავადმყოფური თეთრი დასდებოდა სახეზე, თვალების უპეები თითქოს ამოშავებოდა იმაზე მეტად, ვიდრე ადრე.
აშკარა იყო, რომ თათია თაბაგარი გულწასული ეგდო სამზარეულოს ცივ იატაკზე.
ანდრიამ სწრაფი ხვნეშა ამოუშვა, გული გახელებით უცემდა მკერდში. ორი დიდი ნაბიჯით მიაღწია გოგოს სხეულს და მის გვერდით მუხლებზე დაეშვა, ელვის სისწრაფით წაავლო ყელსა და წელზე ხელი და წამოსწია, კბილები ერთმანეთს დააჭირა, გამწარებულმა, როცა კანის სიცივე შეიგრძნო. სხეული სასწრაფოდ წამოსწია და ყური სასწრაფოდ დაადო მკერდზე, რომ ფეთქვა გაეგონა.
-არა, არა, არა… – ჩაილაპარაკა გამწარებულმა, მთელი კონცენტრაციით უსმენდა, იმის მიუხედავად, რომ ყურში საკუთარი გულისცემა უწიოდა და თითქოს ყველაფერ სხვას, ყველაფერ გარეგანს გადაფარავდა.
მერე კი გაიგონა. სუსტი, მაგრამ რეგულარული ფეთქვა.
ანდრიას თითქოს ლოდი მოეხსნა. ყელში გაჩრილი ბურთი გადაყლაპა და შვებით ამოისუნთქა, ვერ წარმოიდგენდა, რა უნდა გაეკეთებინა, გოგო რომ მკვდარი დახვედროდა სახლში, ვისთვის უნდა დაერეკა? ვისთვის უნდა გაეზიარებინა? სანდრო კიდევ არც კი შეყოყმანდებოდა, იქვე მიასხმევინებდა ტვინს.
ანდრია ოდნავ შეტოკდა და გაოცებისაგან წარბები ასწია, როცა გულის კომფორტულ ფეთქვასთან ერთად სხვა ხმაც გაიგონა.
გოგოს მუცელი უღრუოდა, თან საშინლად, გაბმულად.
რაღა თქმა უნდა. ანდრია მზად იყო, რომ თავი დაეხალა კედელზე. წინა დილით სახლიდან გავიდა, და რასაკვირველი იყო, რომ გოგო თავისით ვერ მოამზადებდა საჭმელს, საღამოს კი გამტყვრალი მთვრალი მოვიდა სახლში, რის გამოც არაფერიც არ გაუკეთებია, რომ ორივეს ეჭამათ. ახლა კი დილით ისევ გავიდა, რომ სანდროს დალაპარაკებოდა….
თათიას ოცდაოთხ საათზე მეტი იყო, რაც არაფერი ეჭამა. ანდრიას რაღაც უცნობი, უსიამოვნო გრძნობა დაუტრიალდა მუცელში.
ყბები მაგრად შეკრა, გოგო ხელში წამოსწია. მისი თავი უსიცოცხლოდ გადმოგორდა მის მხარზე და გაფითრებული ტუჩები გაეპო. ანდრიამ იგი სასტუმრო ოთახის ტახტზე დაასვენა, თვითონ კი ცივ წყალში დაასველა სუფთა ჩვარი, რომ გოგოს სახე მოეწმინდა და გამოეფხიზლებინა, მერე კი სწრაფად გაამზადებდა რამე ბუტერბროდს და ორივენი ჭამდნენ.
ცივი სითხის სახეზე შეხებამ და შედარებით თბილმა, კომფორტულმა ტახტმა გოგო მოასულიერა. ჯერ წარბები შეიჭმუხნა, თავი გვერდით გადასწია, სანამ ანდრია სველ ტილოს საფეთქელზე უსვამდა.
წამწამები აუთრთოლდა და ანდრია წამოიწია, ჩვარი გვერდით გასწია, თან ხელი ნელა ჩაავლო მხარზე.
-თათია, გესმის? – სცადა მან და ცოტა უფრო მაგრად შეანჯღრია. თათია დაიჭყანა და ანდრიას კინაღამ შვების სიცილი წასკდა.
-…ჰმ?….ანდრო? – წაილუღლუღა მან და ანდრია გახევდა, თვალები გაუფართოვდა. „ანდრო…“ თათიას ხმამ ელვის სისწრაფით გაირბინა მის გონებაში და ტვინი თითქოს გადაეყინა. ნუთუ… ნუთუ თათია მიხვდა რამეს?
ანდრიამ არ იცოდა რატომ, მაგრამ ამის გაფიქრებაზე სითბოს ნაპერწკლებმა დააყარა სხეულზე.
-….ს…სანდრო? შენ ხარ? – ისევ ამოილუღლუღა თათიამ, უფოკუსო, ამღვრეული თვალები გაახილა და ყველა სითბოს ნაპერწკალი, რომელიც თითქოს ანდრიას კანზე ცეკვავდა, ერთბაშად გაქრა. გონება ჩამოუბნელდა.
ანდრია მოიღუშა. რა სისულელეებს ფიქრობდა.
-ჰო, მე ვარ. – თქვა მან. – გამოფხიზლდი? იწექი. – თითქმის უბრძანა მან, როცა თათიამ წამოწევა სცადა. – მე ცოტა საჭმელს მოგიტან.
თათიას პასუხს არ დალოდებია, წამსვე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. ათიოდე ძეხვიანი ბუტერბროდი გააკეთა ყველით, სასწრაფოდ, და სასტუმრო ოთახში შემოიტანა. რამე უფრო მსუყეს მოგვიანებით გააკეთებდა, ახლა არ იყო კულინარიული შედევრების დრო.
თათიამ, როგორც კი ბუტერბროდი მიაწოდეს, ხარბად ჩაასო კბილები. თვალები დაეხარა და ჩუმად, სწრაფად ჭამდა. ერთი სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, რომ სანდრო წინა ღამეს ასეთი მთვრალი მოვიდა და მის გამოუჭმელობისაგან გული წაუვიდა.
ანდრია უგემურად ღეჭავდა ბუტერბროდს და ელოდებოდა, როდის ამოიღებდა თათია ხმას.
თათიამ ხუთი ბუტერბროდი მოათავა, სანამ დანაყრდებოდა. პირი ხელის ზურგით აიწმინდა და ტახტის სახელურზე დადო თავი.
-რა კარგი ყოფილა ჭამა. – ჩაიბურდღუნა მან. აშკარა იყო, რომ ეს ხუმრობის სახით იყო ნათქვამი, მაგრამ ანდრიამ მაინც დაიჭირა ქვეტექსტი და მუშტები მაგრად შეკრა.
-ძალიან… ვწუხვარ… – ძლივს ამოგლიჯა სიტყვები საკუთარი ყელიდან. – გუშინდელის გამო. არ ვიცი რა მომივიდა. ჩვეულებრივ არ ვსვამ ხოლმე, უბრალოდ… ძალიან ბევრი სტრესი და ნერვიულობა წამომეწია. – თქვა ანდრიამ. იცოდა, რომ ცრუობდა, მაგრამ „სანდროს“ გასამართლებელი საბუთი მაინც უნდა მოეძებნა. – გპირდები, ასეთ რაღაცას აღარ გავაკეთებ.
-შენ მე შემაშინე. – თქვა უცებ თათიამ და მისკენ გადმოიხედა. ანდრიას წამიერად მოეჩვენა, რომ ბრმა გოგო პირდაპირ მას უყურებდა და რატომ გული გადაუქანდა. – ძალიან შემეშინდა, როცა გუშინ რარაცები მითხარი.
-რა გითხარი? – ჩაეკითხა ანდრია. გუშინდელი ღამე წყვეტილი მომენტების სახით ახსოვდა. – აღარ მახსოვს.
-მითხარი, რომ გამომკეტავდი და აღარ გამიშვებდი, რომ გასაღები შენ გქონდა. – თათია არ განძრეულა, სახეზეც არაფერი გამოხატვია, მაგრამ ანდრიამ მაინც დაიჭირა მისი ტუჩების სპაზმური შეტოკება.
-მთვრალი ვიყავი. – მიუგო ანდრიამ. – არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ამდენს აღარ დავლევ.
თათიას ხმა აღარ გაუღია, მაგრამ ნელა წამოჯდა, მისკენ ხელები გამოიწვდინა. ანდრიას რეაქციის დროც კი არ ჰქონდა, რომ გოგოს ხელებმა იპოვეს, და მაგრად მოეხვივნენ ყელზე.
-დავიღალე. – მოკლედ თქვა მან. – მეძინება.
ანდრიას არც კი უფიქრია. წამსვე მკლავები მოხვია და ჯერ კიდევ ცივი სხეული ახლოს მოიზიდა. ტახტის ბოლოზე გადაფენილი, მუდმივად უხმარი, დეკორატიული გადასაფარებელი ცალი ხელით წამოსწია და გაშალა, მერე კი ისე, რომ გოგოსათვის ხელი არ გაუშვია, რბილ ზედაპირზე წამოწვა. თათიას ზურგი ტახტის საზურგეს ეხებოდა, და ანდრიამ ხელის სწრაფი მოძრაობით შემოჰხვია მხრებზე გადასაფარებელის ერთი კიდე, დანარჩენი კი მათ სხეულებზე გაშალა. მის კისერზე უხერხულად შემოხვეულ მკლავებს ხელი წაავლო, და თათიამ სასწრაფოდ მოკეცა ისინი, ისე რომ მკერდზე აჰკვროდა.
გოგო ღრმად, სწრაფად სუნთქავდა, ეტყობოდა, რომ ამას არ ელოდა.
ანდრიას რომ ამაზე ფიქრი ეცადა, ტყუილად გაირჯებოდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ გააკეთა ეს.
თათია ხომ… თათია იყო, მაშ რატომ?
-ძალიან თბილი ხარ. – დაიჩურჩულა უცებ გოგომ და სულ ოდნავ, სულ ცოტათი ახლოს მიუჩოჩდა.
ანდრიას ისევ სითბოს ნაპერწკლებმა დააყარეს.
აი თურმე რატომ.
-*-*-*-*-*-*-8
გარშემო სიბნელე იდგა, რაღაცნაირი ბურანი. თითქოს ნისლი ჩამოწოლილიყო და ამიტომ ვეღარაფერს ვერ ხედავდა, თვალები საშინლად დამძიმებოდა და ვერ ახელდა, მაგრამ რატომღაც ხვდებოდა, რომ თუ გაახელდა, მაინც ისეთივე სიცარიელე და სიბნელე დახვდებოდა, როგორც ახლა.
მაგრამ მაინც შეეცადა. ქუთუთოები ასწია, რომ თვალები გაეხილა.
პირველი რაც დაინახა, თეთრი, უხვად დაკოპლილი ბურთი იყო, რომელიც მისკენ მოგორავდა, ძირს დაყრილ თხელ ქვიშაზე კვალს ტოვებდა.
თათიამ სასწრაფოდ აიტაცა ბურთი ხელში და გასწორდა, ირაკლის ახედა, რომელიც მისკენ სირბილით მოქროდა.
-თათი, ბურთი მოგვეცი! – დაიყვირა მან და ზურგს უკან შეჯგუფებულ, ირაკლის ასაკის ბიჭებზე ანიშნა. – მიდი, გადმომიგდე!
თათიამ უკან მოიხედა, სადაც პარკის სკამზე მამა იჯდა და მათ თვალმოუშორებლად უყურებდა. მამამ თავი დაუქნია, ღიმილით ანიშნა, რომ ირაკლისა და მის მეგობრებთან ეთამაშა. თათია სწრაფად მოტრიალდა და მკვირცხლად გაიქცა ირაკლისაკენ.
-მეც მინდა თამაში! – წამოიძახა მან და ძმას მთელი პირით გაუღიმა. ირაკლის სახე მოეჭმუხნა და ბრაზით გადმოხედა.
-გოგოებს არ ვიღებთ. – წამოიძახა ერთ-ერთმა, კოხტად თმაშეკრეჭილმა ქერა ბიჭმა. თათიას პატარა თითები წამიერად გაუშეშდა, როცა ბურთი ხელიდან გამოჰგლიჯეს. კრთომა აღმოხდა და ქვედა ტუჩი აუკანკალდა. უკვე ცრემლებმორეულმა, ხვეწნით სავსე თვალებით ახედა ძმას.
-მეც მინდა ბურთით თამაში… ირა… – ხმამაღლა წამოიძახა მან, შემდეგ კი ხმამაღალი სლოკინი ამოუშვა, როცა ირაკლიმ უხერხულობითა და სირცხვილით სავსე გამომეტყველებით მიატრიალა სახე შეჯგუფული ბიჭებისაკენ, რმლებიც მოღუშულნი იდგნენ და აშკარა იყო, რომ თამაშის გაგრძელებას ელოდნენ.
-გოგოებს არ ვიღებთო, გაიგონე? – ჩუმად დაუჩურჩულა ირაკლიმ და დისკენ დაიხარა. – ახლა წადი, სხვა რამე გააკეთე…
თათიას ცრემლები გადმოსცვივდა და შემოდგომის სიგრილისაგან აწითლებულ ლოყებზე ჩამოუგორდა. ირაკლი დაძაბული მიშტერებოდა და ყოყმანობდა, აშკარად ეტყობოდა სახეზე, რომ ვერ გადაეწყვიტა, თუ როგორ მოქცეულიყო.
-მოდიხარ? – წამოიძახა ვიღაც ბიჭმა უკნიდან და ირაკლი შეინძრა, თათიას გაბუსხულმა გადმოხედა.
-წადი, მომშორდი… – ჩაიბუზღუნა მან. – არ გვინდა შენთან თამაში, ხელს შეგვიშლი…
თათიას ლოყები გამოებერა, წარბები შეკრა და სახე ბრაზით, სახელოში მოიწმინდა.
-მამიიი, ირაკლი არ მათამაშებს! უთხარი რომ მათამაშოს! – დაიყვირა მან ხმამაღლა, ისე, რომ ხმა მამას მისწვდენოდა, შემდეგ კი კმაყოფილებით უყურებდა, თუ როგორ შეეცვალა ირაკლის სახე და როგორი აღელვებითა და შიშით გადაიხედა თათიას მხრის უკან, საიდანაც მამას მძიმე ნაბიჯები ისმოდა.
გიორგი თაბაგარი მათ გვერდით დაიხარა და თათიას მხარზე დაადო ხელი, ირაკლის კი მკაცრად შეხედა.
-ნუთუ ასე ძნელია, რომ ცოტა ხანი შენი დაც ათამაშო? – ჰკითხა მან და ირაკლი გაწითლდა, თავი ჩაღუნა. – შენი აზრით, ჯობია, რომ იმ ვიღაც ბიჭების გულისათვის თათიას ასე ატკინო გული?
ირაკლიმ ელვის სისწრაფით ასწია თავი და პირი დააღო.
-არა, მამი, მე… – ძლივს ამოილუღლუღა მან.
-ჩუმად. – მოუჭრა გიორგიმ. – მაგ ბურთით შეგიძლია სხვებთანაც ითამაშო, მაგრამ საკუთარ თავს როგორ აძლევ უფლებას, რომ ასე უსამართლოდ მოიქცე და კარგად გამოჩენის გულისათვის შენი ახლობელი გაანაწყენო? – გიორგი გასწორდა, წარბები შეკრა, ზემოდან დახედა შვილს. – მე შენგან უკეთესს ველოდები, ირაკლი.
ირაკლი უფრო მეტად აწითლდა, ტუჩები მოკუმა. ბურთზე ჩაჭედილი ხელები დაეჭიმა.
-აუუუ… თუ არ გინდა, წავალთ, რა… – თათიამ თავი მოატრიალა, უსიტყვოდ მიშტერებოდა, თუ როგორ სტყორცნეს ბიჭებმა მათ გაბეზრებული გამომეტყველებები და როგორ გაეცალნენ იქაურობას. ირაკლი არც კი შენძრეულა. დაჟინებით ჩაშტერებოდა ჭრელ ბურთს.
-ასე არ ჯობია? – თქვა მამამ და ბიჭისაკენ ხელი გაიწვდინა, ღიმილით გადაუსვა თავზე. – ახლა წყნარად ითამაშეთ, ასე ნახევარ საათში ალბათ წავალთ…
-არ მინდა თამაში! – წამოიყვირა უცებ ირაკლიმ, თავი ასწია და თათიას კრთომა აღმოხდა, როცა ძმის თვალებში აკიაფებული ცრემლები დაინახა. მან ბურთი მოიქნია და თათიას ფეხებში ესროლა. გოგონა შეკრთა, როცა ბურთი მის ტერფებზე დაეხეთქა და გვერდით გადავარდა, შემდეგ კი გორვა გააგრძელა, მისგან მარჯვნივ. – აჰა, შენ თვითონ ითამაშე! ვერ გიტან, დებილო!
თათია შეკრთა, თვალები ისევ აუწყლიანდა.
-აბა ახლავე შეწყვიტე… – მამას ჩვეულებრივ თბილი ხმა ცივ, მკაცრ ტონად ქცეულიყო. ირაკლიმ მასაც ბრაზით შეხედა.
-თავი დამანებეთ! – წამოიყვირა მან და შებრუნდა, მთელი ძალით გაიქცა პარკის ბილიკზე, უხეშად ჰკრა ხელი ვიღაც პატარა ბიჭს, რომელიც დედის გვერდით იდგა, რომ ჩამოეშორებინა.
ბიჭმა ტირილი ატეხა, დედამისმა კი ლანძღვა და თვალების ბრიალი, თან გაანჩხლებული მათკენ იშვერდა თითებს.
მამამ ამოიხვნეშა, და თათიას მკლავი მოავლო, ხელშიაიყვანა. გოგონა მაგრად ჩაეხუტა.
-ნუ ინერვიულებ, ახლა წავალთ და დავაბრუნებთ. – თქვა მამამ. – …რა იქნებოდა, დედაშენი რომ ყოფილიყო აქ… – ხმადაბლა დაამატა მან, ხმაში სევდა გარეოდა. თათიამ მაგრად მოუჭირა თითები მისი ქურთუკის საყელოს.
პარკში უამრავი ადამიანი ჟრიალებდა და ხმა თათიას თავს სტკენდა. მოპირდაპირე ძელსკამზე მოხუცი ქალები ისხდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, სადღაც შორს ვიღაც პატარა ბიჭი გაჰკიოდა, რაღაცას ითხოვდა. ქარმა შემოუბერა და თათიას ყურებში ჩაუდგა ზუზუნი.
ქვემოთ, მათგან მარცხნივ, ჭრელი ბურთი ეგდო, ოდნავ გამურული ზედაპირით ქვიშაში გორვისაგან. თათია დაჟინებით ჩააშტერდა კოპლებს, რომლებიც მოულოდნელად გაიდღაბნენ, მწვანე წითელსა და ყვითელს შეერია, რომელიც უფერულ მასად იქცა, გადიდა და გაფართოვდა, თათიას მზერა გადაფარა.
ყველაფერი გაუფერულდა.
ნაცრისფერი ჩამოწვა. ისეთივე უფერული, როგორც მისი ძმის თვალები.
ირაკლიმ გადმოხედა, ყბა დაჭიმვოდა, მერე კი თავის ქნევით ანიშნა მოწკარუნე ტელეფონისაკენ, რომელიც უკვე ათი წუთი იყო, რაც შეუჩერებლად რეკავდა.
-ისევ მაგას ურეკავენ. – თქვა მან და ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელიც ნორმალურად არ იშლებოდა, ცალი ხელით დააკავა. – მიდი, ახლა შენ აიღე.
-ორი წამი… – თათიამ ბოლო ფრაზის თარგმნა დაასრულა, და წერტილი დასვა, შემდეგ კი სკამიდან ჩამოხტა. ყურმილი აიღო და ფეხი მოინაცვლა, თან ირაკლის გადახედა, რომელიც უკვე მთლიანად ჩაფლულიყო თავის სამეცადინო მასალაში.
-გისმენთ. – თქვა გოგონამ და თვალები ასწია, მამამისის საძინებლის ოთახს გაუსწორა. უშველებელი კარის ჩარჩოს კუთხეებში აბლაბუდები გაებათ ობობებს.
რატომღაც შეაჟრჟოლა.
-ბატონ გიორგის სთხოვეთ. – გაისმა ყურმილში გიორგის მდივანის, მერის ხმა. თათიას აზრით, მერის ხმას ფორმა რომ ჰქონოდა, წაწვეტებული და გამახული იქნებოდა.
-არ გამოდის ოთახიდან. – უპასუხა გოგონამ და შეწუხებული, დაღლილი მზერა სტყორცნა კარს, რომლის იქით მამამისი იყო.
-ისევ? – მერის ხმაში დაღლილობა შეეპარა. – იქნებ დაელაპარაკოთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა…
-ვცადეთ! – დაიძახა ირაკლიმ, ისე რომ მერის გაეგონა, მაგრამ თავი არ აუღია წიგნიდან. – ხუთი წლის ბავშვივით იქცევა. ასეთი პათეტიკურობა… რაკი დედას ცხრა წლისთავია, ყველაფერს თავი უნდა დაანებოს და…
-ირაკლი! – შეუყვირა თათიამ. მისმა ძმამ უბრალოდ ჩაიფრუტუნა და თავი გადააქნია. თათიას არ სჯეროდა, რომ ამას საკუთარი ძმიდან ისმენდა. – გაჩუმდი… – დაუსისინა მან.
-მითხარი, თათია, ბოლოს როდის ისადილა ჩვენთან ერთად? – ირაკლიმ თავი ასწია, ნიკაპი ხელზე დააყრდნო და ინტერესით, ყალბი ღიმილით გადმოხედა. თათია გაშრა, თვალები გაუფართოვდა. – ბოლოს როდის შემოგხედა და დაგელაპარაკა?
-გაჩუმდი. – დაიჩურჩულა გოგონამ. – მოკეტე და ხმა აღარ ამოიღო, გესმის?
-შეწყვიტეთ ჩხუბი! – მერის მკაცრმა ხმამ თათია გამოაფხიზლა, ყურმილი ისევ, უკეთესად მიიტანა ყურთან. – შეხვედრას როგორმე მე თვითონ მივხედავ. დეტალებს მაილით გადმოვუგზავნი მამაშენს, და უთხარით, რომ შეამოწმოს, როცა… – მერი შეყოყმანდა, ხმა ოდნავ ჩაეხლიჩა. -როცა… გლოვას მორჩება.
-კარგი, ვეტყვი. – უპასუხა თათიამ და ოდნავ გაიღიმა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, მერი ამას ვერ დაინახავდა. რატომღაც მოეჩვენა, რომ ქალს უჭირდა ამ სიტყვების თქმა, სიტყვა გლოვის ხსენება, თითქოს რაღაც თავისათვის შეუფერებელს ეხებოდა, მაგრამ მის ნათქვამს თათია სულაც არ შეუწუხებია. მხოლოდ ნაცნობი სიცივე დაუტრიალდა სხეულში. – აუცილებლად გადავცემ.
-და თათია, მიხედეთ მამათქვენს. – უთხრა მერიმ, და სანამ გოგონა პასუხს გასცემდა, კავშირი გაითიშა.
თათიამ ამოიხვნეშა, და ყურმილი ჩუმი ტკაცუნით დადო ტელეფონზე.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ საათის ტიკტიკი და ფარდის შრიალი ისმოდა, რომელსაც ფანჯრიდან შემოსული ნიავი აქანავებდა.
-გინდა რამე გავაკეთო? – იკითხა ირაკლიმ, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსაკენ ანიშნა. – მაგ რომ გამოვა მოშიებული იქნება, თან დღეს საღამოს ჩვენ არავინ გვაჭმევს.
-კი, გააკეთე რამე. გუშინ მაკარონი მოვიტანე, ის მოხარშე. – უპასუხა თათიამ და თავის სკამს დაუბრუნდა.
უსიტყვოდ უყურებდა მიმავალი ძმის ბეჭებს, შემდეგ კი მზერა საათზე გადაიტანა.
საათი წიკწიკებდა. თათიას არ ესმოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ წიკწიკებდა.
-სულ ცალ ფეხზე მკიდია კლინიკული თუ ქრონიკული დეპრესია აქვს თუ რაღაც ჯანდაბა! – ღრიალებდა ირაკლი. თათიას მის თვალებში ამდენი ბრაზი და მრისხანება არასოდეს ენახა, თითქოს მისი ძმა ამ წლების განმავლობაში ყველანაირ ემოციას თავის თავში ინახავდა, რომელთაც ახლა ვულკანივით ამოხეთქეს.
-როგორ შეიძლება ასეთი უგულო იყო? – საპასუხოდ უყვირა თათიამ, მუშტები შეეკრა და მმთელი სხეულით თრთოდა. – როგორი გახდი, ირაკლი, ვერც კი წარმოიდგენ, ისე შეიცვალე!
-მე სულ ასეთი ვიყავი! – იფეთქა ირაკლიმ და თათიას მხრის იქით ზიზღით სავსე მზერა სტყორცნა. გოგონა არ განძრეულა, მაგრამ ტუჩები აუთრთოლდა. კარგად იცოდა, რას ფიქრობდა ახლა მისი ძმა, იცოდა, რომ იგი ამ აზრებს გადმოაფურთხებდა, მაგრამ მათი მოსმენა არ სურდა.
-უბრალოდ შეხედე! – ისევ იღრიალა ირაკლიმ. – როგორ შეგიძლია მთელი დღე ამას უყურო, ჰა? შეხედე, საკუთარი თავი აღარ არის, თათია, ნუთუ ვერ ხვდები?
-როგორ არ არის. – ჯიუტად თქვა თათიამ, ხმა უკანკალებდა და წელში გასწორდა, ღრმად შეისუნთქა, საკუთარ თავს უფლებას არ მისცემდა რომ მაინც და მაინც ახლა ისტერიკებში ჩავარდნილიყო. – შენ არ იცი, აქ არ ხარ და როგორ გაიგებ…
-ჰო, ვიცი, ორიოდე საათით მოვა გონს და შემდეგ ისევ იკარგება. – ირაკლიმ ისტერიულად გაიცინა. – მერე კი ზის და გაშტერებია თვალი სადღაც… ასეა სულ! თათია, გეუბნები, რომ ასე არ შეიძლება. – იგი გოგონას მოუახლოვდა, ისე მოძრაობდა, თითქოს რაღაც ველური, გახელებული ცხოველი ედგა წინ. – შენ არ შეგიძლია სულ აქ დარჩე და მოუარო…
თათიამ ვეღარ აიტანა, შებრუნდა, რომ მამისათვის შეეხედა. გიორგი თაბაგარი სავარძელში იჯდა, რომელიც ღია ფანჯარასთან მიედგათ. ამოღამებული თვალები ღრუბლიანი ცისკენ მიეტრიალებინა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს წამი წამზე დაიძინებსო. თათიამ მის გამოკვეთილ ყვრიმალს მიაქცია ყურადღება.
გული მოეკუმშა.
-ბუმ ბუმ… – თქვა უცებ მამამ და მოიღუშა, თავი გადააქნია უაზოდ. – ბუმ ბუმ პიუ პიუ პიუ… მელოდია კი არა, სიმღერა…
-…გესმის? – თათია ვერ ინძრეოდა. უსიტყვოდ მიშტერებოდა მამის იქით, სადღაც კედელს, სანამ ირაკლის მისთვის მხარში ჩაევლო ხელი და მთელი ძალით ანჯღრევდა. – გაიგონე? მთლად გაუბერა! ეს დეპრესია აღარ არის უკვე, ეს სიგიჟეა! ისიც სიგიჟეა, რასაც ახლა აკეთებ. მომვლელს დავიქირავებ, შენ კი უნივერსიტეტში დაბრუნდები..
-შენ გგონია, მე არ მინდა ლექციებზე სიარული? – იფეთქა უცებ თათიამ, მთელი სხეულით მოტრიალდა და ძმას გულზე თითი ატაკა. – მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია, რომ ვინმე სხვასთან მივატოვო… წარმოდგენა არ მაქვს, რას გააკეთებს, თუ მე აქ არ ვიქნები და ამაზე ფიქრიც კი მზარავს, გაიგე? მარტოს ვერ დავტოვებ.
ირაკლის ყბა მოენგრა, თვალები გაუცივდა.
-მთელ შენ ცხოვრებას გვერდზე აგდებ. – დაუსისინა მან, მერე კი თვალები მამაზე გადაიტანა და უცებ თათიას მოუნდა, რომ ძმა მოეხრჩო იმ მზერის გამო, რომელიც მშობლისაკენ ჰქონდა მიმართული. – და ვის გამო… რის გამო…
თათიას ყელში ამოუვიდა. ხელი მაგრად შემოუქნია ძმას, და ხელისგულის ლოყასთან შეხეთქების ლაწანმა ოთახში მოულოდნელად ჩაწოლილ სიცივეში აუტანელი წივილივით გარბინა. ირაკლიმ ყბები შეკრა, ბრაზით დააშტერდა დას.
-ახლავე გაჩუმდი. საკმარისია, ირაკლი, დავიღალე! – დაუყვირა ანთებულმა გოგონამ. – რამდენი ხანია, რაც მეჩიჩინები, და გითხარი, რომ არა მეთქი! თავში აღარ შეგდის ჩემი სიტყვები? სხვანაირად როგორ გითხრა, როგორ გაგაგებინო?
-მე შენთვის ვამბობ. – უპასუხა ირაკლიმ, თვალები საეჭვოდ დაუწვრილდა, მერე კი ყველანაირი გრძნობა გაუქრა სახეზე. – მაგრამ როგორც ყოველთვის, შენ ზედმეტად ძვირფასი ბრძანდები იმისათვის, რომ რჩევა მიიღო.
ამ სიტყვებით, იგი შეტრიალდა და კარისაკენ აიღო გეზი. თათია განცვიფრებული უყურებდა მის ზურგს, და მხოლოდ მაშინ, როცა კარი მის უკან ბრახუნით მიიხურა, შეძლო თავისუფლად სუნთქვა.
მთელი სხეული დაჭიმვოდა და ღრმა ქშენა ამოუშვა.
-მამა, წამოდი, დაიძინე, გვიანია უკვე. – თქვა მან, და სავარძელს მიუახლოვდა, რომ წამოდგომაში მიხმარებოდა მას.
გიორგი ნელა წამოდგა და გამოწვდილ მკლავზე დაეყრდნო, შემდეგ კი ნელი ნაბიჯით გაემართნენ მამის საძინებლისაკენ.
-თათია, აღარ იჩხუბოთ. – თქვა უცებ გიორგიმ და თათიას თვალები გაუფართოვდა, ყველანაირად შეეცადა გაოცება არ შემჩნეოდა. ცოტა ხნით დაელოდა, ელოდა, რომ მამა კიდევ რამეს იტყოდა, მაგრამ კაცი ისევ გაშტერებული, მოღუშული იყურებოდა წინ.
-…კარგი, მა. – თქვა მან ბოლოს. – აღარ ვიჩხუბებთ.
თვალწინ საძინებლის სახელური აუპრიალდა.
მას ოქროსფერი ელფერი გასდევდა, და ირეკლავდა დახლთან მდგარი გამყიდველის უჟმურ სახეს.
-ოთხი და სამოცდაათი. – საღეჭი რეზინის ღეჭვით მიუგო მან და პური ნაჩქარევად შეაგდო შავ, პაწაწინა პარკში, მას კანფეტები და ჩაის შეკვრა მიაყოლა.
თათიამ ფული გადაიხადა და მაღაზიიდან გამოვიდა.
არაფერი არ იყო შეცვლილი, როცა სახლში შეაბიჯა. მამა ისევ სავარძელში იჯდა, თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა.
ალბათ ეძინა.
-მოვედი! – გასძახა თათიამ და სამზარეულოში შევიდა, ნაყიდი მაგიდაზე დააწყო. – დღეს ცოტა ჩაის მოგიდუღებ, რამდენი ხანია არ დაგვილევია… ნამცხვარს გამოგიცხობ, გინდა?
მამამ პასუხი არ გასცა.
თათია მოიღუშა, თავი გადააქნია. თითქოს გადაავიწყდა, რომ მამას ეძინა.
ტელევიზორი ჩართო და ცოტა ხნით უყურა, შემდეგ კი ნამცხვრის გამოცხობა დაიწყო. ცომი გამზადებული ჰქონდა ამ დილიდან, ამიტომ სწრაფად შეაგდო ქურაში, თვითონ კი ჩაი მოადუღა. გამოცხობას ორმოცდახუთი წუთი დასჭირდებოდა.~
გარეთ ჩამობნელებულიყო, სასტუმრო ოთახი ბინდში გაეხვია.
თათიამ ოხშივარადენილი ნამცხვარი დაჭრა და თეფშებზე დადებული გამოიტანა სასტუმრო ოთახში, მამის სავარძელს მიუახლოვდა.
-მამა, ნამცხვარი მოგიტ… – დაიწყო მან, მაგრამ შედგა, როცა სავარძლის სახელურზე გადადებულ მამის ხელზე გადახვეული წითელი რაღაც დაინახა.
რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადადგა წინ.
-მამა, ეგ რა არის? – ჰკითხა მან, თან ყურადღებით დააშტერდა ქსოვილს. თვალები გაუფართოვდა, როცა იცნო. – დედას შარფი სად იპოვე?
თათია დარწმუნებული იყო, რომ ერთი შარფი დედის ნივთებში ენახა ადრე, როცა სახლს ალაგებდა. რამდენიმე წლის წინ ყველაფერი შეკრა ერთად და სარდაფში გადაიტანა, რაკი აქ აღარ იყო საჭირო.
ეს შარფი ძალიან მოეწონა. მის ხმარებას აპირებდა მომავალში.
-მამა? სად იპოვე? – ჩაეკითხა თათია, თან წინ წაიწია. სუნთქვა კისერში გაეჩხირა რატომღაც და საშინელი გრძნობა დაუტრიალდა სხეულში.
-…მამა? – გაიმეორა მან და ტუჩი აუკანკალდა, როცა ნაბიჯი წინ გადადგა და მამის მარჯვენა ხელში მაგრად ჩაბღუჯული წამლის ქილა დაინახა.
ანტიდეპრესანტები. თათიამ ეს ქილა იცნო.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ იყიდა. უფრო ძლიერ დოზაზე გადავიდნენ.
ქილა ნახევრამდე იყო დაცლილი, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ინსტრუქციის მიხედვით, ახლა მამას მხოლოდ რვა ტაბლეტი უნდა ჰქონოდა დალეული და არა…
-მამა? მამა, ხმა გამეცი… მა, წამოდექი, გთხოვ… – ძლივს ამოილუღლუღა მან, თან გაჭაღარავებული თმით დაფარულ, წინ არაბუნებრივად გადახილ თავს მიშტერებოდა.
სიბნელე იგრძნო.
უცებ შეეშინდა, უკან დაიწია. შეეშინდა იმ უსულო ფიგურისა, რომ ახლა სავარძელში იჯდა და ალბათ უახლოესი ერთი საათი მაინც იქ იჯდა.
თათიას გააჟრჟოლა, პირი გაუშრა.
უკან კიბორჩხალასავით დაიწია.
-მამა, გთხოვ, მიპასუხე… – თვალები ცრემლებით აევსო და ქვითინი წასკდა, მთლად დაფეთებულმა და შიშით აღვსებულმა პირზე მთელი ძალით მოიჭირა ხელები. შიშით მიშტერებოდა მამის ფიგურას.
ცრემლებმა მზერა დაუბინდეს, მაგრამ სწრაფად დაახამხამა თვალები, რომ გამოსახულება არ დაჰკარგოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სიბნელე მისკენ მოიწევდა მხოლოდ, თითქოს რაღაც ცივი და მკბენარი, ამავდროურად საზიზღარი შეგრძნების მქონე აღოღდებოდა ტანზე.
თვალები წითელზე გაუშტერდა და ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, რომ თვალებში ჩამოუბნელდა.
ყველგან ბნელოდა, ყველგან.
თვითონაც ბნელი იყო, ირაკლიც. შავ ტანსაცმელში გამოწყობილნი იდგნენ.
-ხომ გითხარი. – გადმოულაპარაკა ირაკლიმ. ხმასა და გამომეტყველებაში სიცივის გარდა არაფერი გამოხატვია.
თათიას ნესტოები აუთრთოლდა, ცრემლები გადმოუგორდა ისედაც შესიებული თვალები თვალებიდან. ირაკლიმ წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული მოიტანა.
წითელი შარფი იმ დღესვე დაწვეს.
-*-*-*-*-*-*-9
თათიამ ელვის სისწრაფით გაახილა თვალები და ერთიანად აქოშინებული შეაშტერდა სიბნელეს. საკუთარი თბილი სუნთქვა რაღაცას ხვდებოდა და უკან ბრუნდებოდა, სახეზე ეფრქვეოდა. ძლივს გააცნობიერა, რომ მარცხენა მკლავი რაღაცაზე ჰონდა შემოხვეული, ისე დისორიენტირებული იყო. მარცხენა მხარზე მძიმე მკლავი ჰქონდა გადადებული და შუბლზე, თმის ზოლთან ეხებოდა სხვა ადამიანის ასეთივე თბილი სუნთქვა.
გოგონამ თვალები გაახილა, სიბნელე დაინახა და წამსვე დახუჭა, როცა სიბრმავე გაახსენდა. სხეულს თითქოს ვერ გრძნობდა, იმდენად კომფორტულად იწვა, თითქოს ტახტში ჩამდნარიყო. მასზე შემოხვეული მკლავი და მის ტანზე აკრული სხეული დამატებით კომფორტსა და სითბოს გამოსცემდნენ.
თათიას განძრევაც კი არ უნდოდა. სანდროს გვერდით იწვა, მის გვერდით ეძინა ამდენი ხანი, ორივენი ერთმანეთში თბილად გამოხვეულიყვნენ. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ არ სურდა რომ ეს ადგილი ოდესმე დაეტოვებინა.
თავი სასწრაფოდ გააქნია. უცნაურ რაღაცებს ფიქრობდა, რაც არც კი უნდა გაევლო თავში. სანდრო ასეთი წარმატებული, ჭკვიანი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო, თათიამ იცოა, რომ თუ სანდრო მოინდომებდა, ყველაფერს მიიღებდა, რაც უნდოდა, სასურველი პარტნიორის ჩათვლით. თვითონ კი, დარწმუნებული იყო, რომ არც კი შედიოდა შესაძკებელი კანდიდატების სიაში.
გულდასაწყვეტი იყო სიმართლე, როგორც ყოველთვის.
თათია მაინც არ გაინძრა, თავი დახარა და სახე სანდროს მხარში ჩარგო, შემდეგ კი შვებისა და სიამოვნებისაგან ხმამაღლა ამოიხვნეშა.
გუშინდელი ღამე გაახსენდა და თავისდა უნებურად ოდნავ გააჟრჟოლა. ვერც კი წარმოედგინა, რომ სანდრო ისეთი სიტყვების მთქმელი იყო, რომელიც სიმთვრალის დროს წამოისროლა, თან გოგონამ იცოდა, რომ მისი მეგობარი არ ეწეოდა, არც სვამდა. „როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა მასზე სტრესმა…“ გაიფიქრა მან და ნაწილობრივ ცოტათი ესიამოვნა კიდეც რადგან ეს ნიშნავდა რომ სანდრო მასზე ზრუნავდა და მისი კარგად ყოფნა უნდოდა.
თათია ალბათ ვერასოდეს იპოვიდა უკეთეს მეგობარს.
გოგონა შეკრთა და ყველა ფიქრი თავიდან გაუფრინდა, როცა მასზე აკრული სხეული ოდნავ შეინძრა. სანდრომ ხმამაღლა ამოისუნთქა, მოდუნებული მკლავი უეცრად გაცილებით მაგრად შემოხვია და მკერდზე მიიკრა. თათია გაოცებისაგან შეტოკდა, თვალები ინსტინქტურად გაახილა. ვერაფერს ვერ ხედავდა სიბნელეში, რომელიც ალბათ იმით იყო გამოწვეული რომ ჯერ კიდევ ალიონი იყო, თვითონ კი ოთახის შედარებით ბნელ კუთხეში იწვა სანდროსთან ერთად, მეგობრის სხეულით თითქმის მთლიანად დაფარული.
გოგონა გაწითლდა, მაგრამ ხმა არ გაუღია, უფრო მეტად მიეკრო სანდროს მკერდზე. რატომღაც არ უნდოდა რომ რამეზე ეფიქრა ახლა, იმის მიუხედავად, რომ გუშინ მთელი დღე დაფეთებული იყო და სანდროდან ერთი სიტყვის გაგონებაც არ სურდა. სერიოზულად აპირებდა მომვლელის დაქირავებას და აქედან გადასვლას.
„რა დონემდე მივედი?“ მოიღუშა ის. „საკუთარ თავსაც ვეღარ ვენდობი…“ რა სჭირდა? ნუთუ სანდროს ორი სიტყვა იყო იმისათვის საკმარისი, რომ ასე შემობრუნებოდა გული და ყველაფერი ეპატიებინა მისთვის? ნუთუ საკმარისი საგანგაშო სიგნალი არ აინთო მის გზაზე, როცა საქმე სანდროსა და მის ქცევას ეხებოდა?
მეგობარი ასეთი ვერასოდეს წარმოედგინა და უჭირდა კიდეც დაჯერება, რომ მართლა ასე მოიქცა. „იქნებ მომეჩვენა? იქნებ ვაჭარბებ?“
თათია მოიღუშა, თავისდაუნებურად უკან დაიწია.
სანდრო ისევ შეინძრა, ამჯერად ხმამაღალი მთქნარება ამოუშვა და ოდნავ წამოიწია. თათია გაიყინა, თვალები დახუჭა და შეეცადა სუნთქვა რაც შეიძლებოდა ღრმა და წყნარი ჰქონოდა. რატომღაც არ სურდა რომ ახლა დალაპარაკებოდა მეგობარს.
სანდროს სხეული ოდნავ მოშორდა მას, რაზეც თათიამ კიდევ ერთი, გულდაწყვეტის მწარე ჩხვლეტა იგრძნო მკერდში. ტახტის ზედაპირმა ოდნავ დაიწია გულმკერდთან ახლოს. ალბათ სანდრო იდაყვზე წამოიწია, ალბათ ახლა თვალებს ისრესდა და საათზე იყურებოდა, ანდა იმასაც ფიქრობდა, თუ როგორარაკომფორტულად იწვა მთელი ღამე და რომ ნეტავ თავის ლოგინში დაწოლილიყო…
თათია კინაღამ შეხტა, მაგრამ თავი შეიკავა, როცა მოულოდნელად ცხელი, ოდნავ უხეში თითები შეეხნენ სახეზე, და თვალებში ჩამოყრილი, აბურძგნული თმა გვერდზე გადაუწიეს. სანდრომ ახურებულ ლოყაზე მოჰკიდა ხელისგული, და თმა ყურს უკან გადაუწია.
თათიას გული ისე აუჩქარდა, რომ წამიერად შეეშინდა კიდეც, რომ სანდრო მის გულისცემას გაიგონებდა. ხელებსა და სხეულში სპაზმმა დაუარა თავის შეკავებისაგან, იმის მიუხედავად, რომ სურდა თვალები გაეხილა, წამოვარდნილიყო და მეგობრისათვის ეკითხა, თუ რას აკეთებდა.
მაგრამ მაინც თავს იკავებდა.
მერე კი სანდრომ ცერი თვალის ქვეშ, კანზე გადაუსვა, ოდნავ გაუშრიალა თათიას წამწამები. გოგონას ქუთუთოები შეუთრთოლდა, მაგრამ სანდროს ხელი არ მოუშორებია, მერე კი მოულოდნელად დაიხარა, თათიას მეორე ლოყა მეორე ხელისგულში მოიქცია და და თავი ოდნავ წამოაწევინა, სახე ზემოთ აატრიალა.
თათიამ ვეღარ გაუძლო და სასწრაფოდ გაახილა თვალები, მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და ბოლოს და ბოლოს, მისცა საკუთარ სახეს უფლება, რომ ისე გამოეხატა ემოცია, როგორც უკვე შიგნეულს უწვავდა.
სანდროს ხელები მოულოდნელად დამდუღრულივით, ელვის უსწრაფესად მოშორდა სახიდან და ცხელი ანაბეჭდები რომ არა, თათია თითქმის დაიჯერებდა, რომ სანდრო არც არასოდეს შეხებია და ეს უბრალოდ მოეჩვენა…
-სანდრო… – ჩაიჩურჩულა მან, ხმა ოდნავ ჩახლეწოდა ძილისაგან და ყელი ნერვიულად ჩაიწმინდა. თვალები მთელი ძალით დაძაბა, მუქ სილუეტს ეძებდა. – სანდრო, რას აკეთებ?
-…არაფერს. – მოესმა პასუხი და ტახტი ჯერ დაიწია, შემდეგ კი გასწორდა, რასაც ნაბიჯების ხმა მოჰყვა, რომლებიც ტახტს შორდებოდნენ.
თათიამ თითქმის დაუძახა, რომ მოებრუნებინა, რომ გულწრფელი პასუხი მოეთხოვა კითხვაზე, მაგრამ ხმა ყელიდან არ ამოუვიდა, ვერც კი დააძალა საკუთარ თავს. ძლივს წამოიწია იდაყვებზე, მთელი სხეული ერთიანად შეუკანკალდა. ძილის შემდეგ სახე ყოველთვის უხურდა ხოლმე, მაგრამ ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კანზე ცეცხლი ეკიდა.
„რა გააკეთა სანდრომ? რატომ? რატომ გააკეთა? რატომ მომკიდა უცნაურად ხელი?“ გაიფიქრა გოგონამ და ტუჩი მოიკვნიტა, ოდნავ შეაჟრჟოლა, როცა იგრძნო გრილი ჰაერი შეხურებულ ტანზე. გადასაფარებელი სხეულიდან წელამდე ჩამოცურებოდა, არსად იყო სანდროს კომფორტული სითბოც, რის გამოც სიცარიელის გრძნობა დაეუფლა.
თათიამ გადასაფარებელი აიწია, გადაბრუნდა, შუბლი ტახტის საზურგეს მიაყრდნო. თვალის ქვემოთ გადასმული ცხელი ხელის შეგრძნება გაახსენდა.
რამდენი ხანი იყო, რომ არავის ასე არ შეხებოდა, რამდენი ხანი იყო, რაც სხვა ადამიანს არ ჩახუტებოდა, რამდენი ხანი იყო, რომ სითბო არავისათვის გაეზიარებინა. არც არავინ ჰყავდა, რომ გაეზიარებინა.
უბრალოდ კომფორტი სურდა. უბრალოდ ადამიანური შეხება უნდოდა, უბრალო და თბილი ადამიანური შეხება. სწორედ ამიტომ ეხვეოდა ასე სანდროს, იმიტომ უნდოდა ასე ძალიან მის გვერდით ყოფნა ყველაფრის შემდეგ. მარტოობას ვერ აიტანდა, უბრალოდ სხვასთან ერთად სურდა ყოფნა…
თათია დარწმუნებული იყო, რომ თუ ამას საკმარისად გაიმეორებდა, დაიჯერებდა კიდეც.
კბილები ერთმანეთს დააჭირა.
თუ საკმარისად გაიმეორებდა, ალბათ დაიჯერებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ჰორიზონტზე არ ჩანდა, რაც თათიას ძალიან აშინებდა. ერთდროულად აშინებდა და ცოტათი, სულ ოდნავ უხაროდა კიდეც.
-*-*-*-*-*-*-*-
ანდრიამ თმაში ხელები გადაისვა, მთელი ძალით მოქაჩა, აქეთ-იქით ისედაც გაფხორილი თმა კიდევ უფრო აებურძგნა, თვალები ჯერ კიდევ მძიმე და ოდნავ ბურანგადაკრული ჰქონდა ძილისაგან, გონებასაც ბურუსი დასდებოდა, მთელი სხეული ნელა, მძიმედ მოძრაობდა.
მაგრამ გონება საკმარისად ჰქონდა დაწმენდილი იმისათვის, რომ ლოგიკურად ეფიქრა იმაზე, რაც სულ რაღაც ორიოდე წუთის წინ გააკეთა.
რომ გამოეღვიძა, ჯერ ვერც კი მიხვდა, თუ სად იმყოფებოდა. ლეიბი ზედმეტად მაგარი იყო, მკლავი თავქვეშ ამოედო, და გრძნობდა, თუ როგორ გაშეშებოდა სიმძიმედაწოლილი კიდური. ერთადერთი, რაც კომფორტულად ეჩვენა, მის მკლავებში მოქცეული თბილი სხეული იყო, რომელიც მაშინვე ახლოს მოიზიდა და მაგრად ჩაიხუტა.
თავიდან ვერც კი გააცნობიერა, რომ ქალი, ვისაც იხუტებდა, თათია თაბაგარი იყო, ამიტომ ერთგვარი შოკი განიცადა, როცა თვალები გაახილა და გოგო დაინახა. მაშინვე ოდნავ მოშორდა, მასთან ახლოს ყოფნა თითქოს ვერ აიტანა.
და რატომღაც მაშინ გადაწყვიტა გოგოს სახის კარგად მოთვალიერება. ალბათ იმიტომ, რომ ალიონის პირველი სხივები ოთახს ოდნავ ანათებდა და უცნაურ, მკრთალ და ნაზ სინათლეს აფენდა თათია თაბაგარის სახეს. იდაყვს დაებჯინა, ინსტინქტურად წინ წაიწია და გოგოს სახეში ჩამოყრილი თმა გადაუწია, რომ უკეთესად დაენახა.
წარბები მუქი ჰქონდა, ისეთივე, როგორიც თმა, ცოტათი უფრო ღია და გადარკალული. წამწამებიც მუქი და მბზინავი, კანი რბილი და ნაზი, ძილისაგან ახურებული, როცა ანდრიამ ხელისგული შეახო ლოყაზე. მაგრამ მისი ყურადღება ყველაზე მეტად მისმა ტუჩებმა მიიქცია. ადრე სულაც არ მიუქცევია ყურადღება, გოგო ან გაფითრებული იყო, ან ნერვიულად უთრთოდა ტუჩები, და ანდრიას სიმართლე რომ ეთქვა, თათიასთვის სერიოზულად არასოდეს შეეხედა.
ახლა კი მზერა მოსტაცა მუქმა ვარდისფერმა ფერმა, ტუჩების სისავსემ, ზემოთა ტუჩის დელიკატურმა მრუდმა. მძინარე გოგოს სახე იზიდავდა, ისედაც არეულ და დისორიენტირებულ გონებას ურევდა.
არც კი უფიქრია, ისე მოჰკიდა მეორე ლოყაზე ხელისგული და თავი ტახტიდან წამოაწევინა, სახე მისკენ აატრიალა. გოგოს წოლისას დამალული, გრძელი, ასეთივე რბილი და ნაზი კანით დაფარული ყელიგამოუჩნდა და ანდრიამ კბილები გააშიშვლა, როგორ მოუნდა, რომ დახრილიყო, ცულ ცოტათი დახრილიყო და პირი მის ყელთან მიეტანა, არავინ არ აკავებდა და იმას მიიღებდა, რაც უნდოდა…
მერე კი თათია თაბაგარმა თვალები გაახილა.
მწვანე ირისები თითქოს სახეში ააშტერდნენ და ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ანდრიამ ხელები სასწრაფოდ შეუშვა თათიას სახეს. თვალმოუშორებლივ უყურებდა, თუ როგორ დაიჭიმნენ დელიკატური კუნთები და მყესები გოგონას ყელში და წამითაც არ გაუნავლდა ის ნდომა, რომ კარგად გამოეკვლია ეს ნაზი კანი…
გოგო დაფეთებული მიშტერებოდა, უფოკუსო თვალები, რომლებიც სადღაც შორს იყურებოდნენ, გაუფართოვდა. ყველაზე გულწრფელი და ღია იყო ეს ადამიანი ახლა, ვიდრე ანდრიას ოდესმე ენახა, როცა თმა ყურს უკან გადაწეოდა და მთელი სახე, მთელი გამომეტყველება მოუჩანდა.
-სანდრო… – თქვა უცებ თათიამ და ანდრია მთელი სხეულით შეკრთა, ყბები დაეჭიმა. ყველანაირი ფიქრი გაუფრინდა თავიდან. თვითონ თითქოს სანდროდ იქცა, მის წინ მჯდომი ახალგაზრდა ქალი კი ისევ თათია თაბაგრად, მის ბარგად და ადამიანად, რომელიც უახლოესი ათი თვე უნდა მოეტყუებინა.
ზიზღმა დაუარა სხეულში.
-სანდრო, რას აკეთებ? – თითქოს შორიდან ჩაესმა თათიას ხმა და ენა ძლივს მოატრიალა, რომ ეპასუხა.
-არაფერს. – მოუჭრა მან და ფეხზე წამოდგა. არც კი შეყოვნებულა, ისე გავარდა სამზარეულოში.
მაცივარი ბრაზით, მთელი გამოგლიჯა და ლუდის ბოთლი გამოათრია. კარი მიაჯახუნა და მაგიდას მიუჯდა.
ცოტა ხანი ასე იჯდა, იდაყვებით მაგიდის ცივ ზედაპირს ეყრდნობოდა, ცალი ხელით ლუდის გაუხსნელი ბოთლი ჩაებღუჯა, მეორე კი თმაში წაევლო.
სათანადოდ იყო საჭირო სიტუაციის შეფასება.
პირველი ის იყო, რომ მისი ძმა აბსოლუტური, დაცემული ნაბიჭვარი იყო, რომელსაც ამხელა კონტროლი ჰქონდა უკვე და უფრო მეტი უნდოდა, ფულსა და ძალაუფლებაზე დახარბებულ ღორს. ანდრია მიაფურთხებდა მას და წამოვიდოდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა, თუ რა მოხდებოდა ამის შემდეგ. ზედმეტად ბევრი იცოდა იმისათვის, რომ პრობლემებისა და ხლაფორთის გარეშე წამოსულიყო. სანდროს სტალკერებს ვერ გაექცეოდა, და იცოდა, რომ თუ ძმას ჩამოშორდებოდა, იქვე მიაკლავდნენ.
მეორე ის იყო, რომ ამ საქმეში გაეხვა. ამ ბრმა გოგოს ძიძად იყო დანიშნული, ბრმა გოგოს, რომელიც მომავალში მისი ძმის სათამაშო და ბილეთი გახდებოდა ამდენი ფულისაკენ. ანდრია კარგად იცნობდა თავის ძმას და ძალიან კარგადაც გაიგებდა, თუ სანდრო ამ გოგოზე მხოლოდ მისი მემკვიდრეობის გულისათვის იყო გამოკიდებული, მაგრამ მას სურდა მათი მამის, ალექსანდრე მახლაურის სიმწარე ამ გოგოზე გადმოენთხია, გოგოზე, რომელმაც არაფერიც არ იცოდა ამ ამბის შესახებ, გოგოზე, რომელსაც მთელი გულით სჯეროდა, რომ სანდრო მისი მეგობარი იყო და გოგოზე, რომელიც ზედმეტად გულწრფელი, სასიამოვნო და მომთმენი ადამიანი იყო იმისათვის, რომ ამ ყველაფერში გამოხვეულიყო.
გოგო რომ კარგი პიროვნება იყო, ამას ანდრიაც კი ვერ უარყოფდა. იგი ყველაფერს ითმენდა, საკუთარ თავში ინახავდა, იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავში შენახული ამდენი სევდა და ნაღველი ვულკანივით ამოხეთქავდა ხოლმე. მაგრამ ანდრია ხედავდა, თუ როგორ უჭირდა მას, თუ როგორი მიჩვეული იყო ყველაფრის დამალვას და რატომღაც საკუთარ თავს ხედავდა მასში.
თვითონაც ასეთი რამის გავლა მოუწია, არა?
ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ანდრიამ გაცილებით მეტი სიმართლე იცოდა სიტუაციის შესახებ, ვიდრე თათიამ.
„ალბათ ამიტომ ვარ მე ველური ნაძირალა, ის კი არა…“ გაიფიქრა ნახევრად სარკასტულად. ამდენმა სიმართლემ, ამდენმა სიმწარემ რთულ ადამიანად აქცია.
წამიერად გაუხარდა, რომ თათიას ასე ატყუებდნენ. იგი რომ არ მოეტყუებინათ ამდენი ხანი და ცოტა მეტი რომ შეეტყობინებინათ მისთვის, ალბათ არც კი იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა.
ანდრიას გააჟრჟოლა. რატომღაც არ სურდა სხვანაირი თათია წარმოდგინა.
და მესამე ის იყო, რომ რატომღაც, თათია თაბაგარს თანაუგრძნობდა და ხანდახან უნდებოდა, რომ მისთვის ყველაფერი ეთქვა. ყველაფერი დაეფქვა მისი და საკუთარი ნაბიჭვარი ძმების შესახებ და ბოლოს და ბოლოს მოეცილებინა ის საშინელი გრძნობა და მწარე ზიზღი, რომელიც მკერდში უბუყბუყდებოდა მაშინ, როცა თათია „სანდროს“ დაუძახებდა.
მაგრამ პირველი ორის გათვალისწინებით, მესამეს ვერ აკეთებდა, და ალბათ ეს იყო ყველაზე ძნელი.
ანდრიამ სწრაფად გადახედა ბოთლს, ხელი ასწია, რომ თავი წაეძრო და მოეყუდებინა.
იატაკზე გაფანტული აბრწყინებული ნამტვრევები და თეთრ კაფელზე გადაშლილი შავი თმა გაახსენდა. პირში მჟავე გემო დაუდგა.
წამოდგა, და ბოთლი მაცივარში შედო.
რამდენიმე კვერცხი გამოიღო და ტაფა შემოდგა გაზზე.
-*-*-*-*-*-*-
თათიას თითქმის ჩაეძინა, ჯერ კიდევ თბილ გადასაფარებელში გამოხვეულსა და ტახტის საზურგეზე მიკრულს, მაგრამ სურნელმა გამოაფხიზლა.
სანდრო კვერცხებს წვავდა.
თათიამ ყავარჯენი გადმოიღო, ნელა წამოდგა და ყავარჯენს დაებჯინა, როცა ცოტათი თავბრუ დაეხვა.
ნელ-ნელა წაბანცალდა სამზარეულოსაკენ.
სანდროს ხმა არ გაუღია, მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა, ჩანგლის ფხაჭუნი და კვერცხების შიშხინი ისმოდა ტაფაზე.
საუზმე ისე მიირთვეს, რომ არც ერთს ხმა არ გაუღია. თათიას ცნობისმოყვარეობა გონებას ურევდა, მთელი სხეული უთრთოდა, ისე უნდოდა იმის გაგება, თუ რატომ მოჰკიდა სანდრომ ასე ხელი, რატომ შეეხო ასე, მაგრამ დუმდა, იცოდა, რომ სანდრო იგივე პასუხს გასცემდა, როგორც ცოტა ხნის წინ გასცა და არ სურდა რომ ჩასძიებოდა და თავი გაებეზრებინა.
ანდრია საჭმელს ჩასჩერებოდა და უგემურად ღეჭავდა, წამდაუწუმ თვალს აპარებდა თათიასკენ. შეფარვით, ჩუმად უყურებდა, იმის მიუხედავად, რომ გოგონა ვერ ხედავდა მის მზერას. თათია ჩუმად ჭამდა, თვალები მაგიდის ცენტრისაკენ გაშტერებოდა. რომ მოამთავრა, გოგომ მკლავები გადააჯვარედინა, სკამს მიეყუდა.
-გინდა დღეს სადმე გავიდეთ? – წამოისროლა ანდრიამ, სანამ თავის შეკავებას შეძლებდა, და წამსვე დაწყევლა საკუთარი თავი. თათიამ სწრაფად შემოატრიალა თავი.
-სადმე? – გაიმეორა მან და თავი ოდნავ გვერდით გადასწია. – მაგალითად სად?
-არ ვიცი… – ანდრიამ მხრები აიჩეჩა, იმის მიუხედავად, რომ მისი თანამოსაუბრე ამას ვერ დაინახავდა. – იქნებ… ბრაილის შრიფტის სასწავლი კომპლექტი ვნახოთ ან რამე? – თქვა მან. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ საიდან მოუვიდა ეს იდეა. არც კი უფიქრია ადრე ბრაილის შრიფტის სასწავლო კომპლექტებზე, ახლა საიდან გაახსენდა?
თათიამ წარბები ასწია, სახე გაუნათდა.
-როგორ არ მინდა! – წამოიძახა მან, სახეზე თითქოს ფერი მოემატა, თვალის კუთხეებთან პაწაწინა ნაოჭები გაუჩნდა და ანდრიამ ისევ მაგრად შეკრა ყბები. წამიერად წარმოიდგინა, რომ ერთ წელიწადში, ან უფრო ნაკლებში, ეს ღიმილი აღარ იარსებებდა, სანდრო გადარეცხავდა მას თათიას სახიდან.
უფრო სწორად, თვითონ, თავისი ტყუილი და თავისი ღალატი გააქრობდა ამ ღიმილს ყველაფერ დანარჩენზე მეტად.
მკერდი ეტკინა და მაგრად მოისრისა, ისევ გაუჭირდა სუნთქვა.
-ჰოდა წავიდეთ. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან და სკამი უკან გასწია, ფეხზე წამოდგა, თათიაც მიჰყვა, ყავარჯენი გაშალა. თმა ისევ ყურს უკან ჰქონდა გადაწეული.
-მადლობა, სანდრო. საინტერესო იქნება ბრაილის შრიფტის სწავლა… თან ცოტას გავივლი, ექიმმა ხომ მითხრა, რაც მეტი სტიმულირება თვალებს, მით უკეთესიო. – თქვა გოგონამ და ფეხი მოინაცვლა.
ანდრიამ თანხმობის ნიშნად ჩაიბურტყუნა რაღაც. თათიას ამჯერად ღიად მიშტერებოდა და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა.
ძალიან უხდებოდა ეს დიდი პიჟამა მაისური.
თათია ოდნავ წინ წამოიწია, ხელი გამოიწვდინა და მკერდზე შეახო. ანდრია კინაღამ შეკრთა მოულოდნელობისაგან, მაგრამ არ განძრეულა, იატაკზე დალურსმული იდგა. მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ გოგოს მისი გულისცემა არ ეგრძნო.
თათია უფრო მოუახლოვდა, ხელი მის მხარზე გადაიტანა და მაგრად მოეხვია. ანდრიამ თვალები დახუჭა, არ სურდა, რომ შეხება დაებრუნებინა, მაგრამ გოგოს სხეული ზედმეტად თბილი და ნაზი იყო…
ამიტომ მაგრად შემოხვია მკლავები წელზე და უფრო ახლოს მიიხუტა.
„რა მჭირს?“ გაიფიქრა წამიერად, საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა. „რა მემართება?“
„ადამიანური შეხება.“ დაასკვნა ბოლოს. „მხოლოდ და მხოლოდ სხვა ადამიანის კომფორტი მჭირდება ახლა, სხვა არაფერი.“
თუ ბევრჯერ გაუმეორებდა ამას საკუთარ თავს, იქნებ დაეჯერებინა კიდეც.
-*-*-*-*-*-*-*-10
ხუთი თვე გავიდა.
ანდრიას აზრით, ასეთი სისწრაფით მისი ცხოვრების არცერთ პერიოდს არ გაევლო. მისი ცხოვრება ყოველთვის მიიზლაზნებოდა, ყოველთვის სადღაც გარბოდა, უაზრო საქციელს ჩასდიოდა და დღეებიც ისე უღიმღამოდ მიიწევდნენ წინ, როგორც მისი ყოველდღიურობა იყო.
მაგრამ ბოლო ხუთ თვეს უღიმღამოს ვერ დაარქმევდა, და ძალიან კარგად იცოდა, თუ ვისთვის უნდა გადაეხადა მადლობა ამისათვის.
თათია უკეთესად ხედავდა, ბევრად უკეთესად. სანამ ზამთარი გრიალებდა გარეთ და ქუჩები თოვლითა და ქარბუქით იყო სავსე, გარეთ გასვლას იმდენად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ თათია ტელევიზორს უყურებდა, ხანდახან კი, როცა ამინდი ჩადგებოდა და მზე გამოვიდოდა იშვიათ, თბილ დღეებში, ორივენი გარეთ, აივანზე ისხდნენ და გარშემო იყურებოდნენ. თათია ვარჯიშობდა, ცდილობდა ქუჩაში მიმავალი მანქანების ფერი ამოეცნო, რაც თავიდან საერთოდ არ გამოსდიოდა, შემდეგ კი მოიღუშებოდა. მისი ფერების სპექტრი ჯერ მხოლოდ შავის, ნაცრისფერებისა და თეთრების ტონებისაგან შედგებოდა. ორივემ ერთად ისწავლეს ბრაილის შრიფტი, თათიამ ბევრად უკეთესად, უკვე წიგნებსაც კითხულობდა შრიფტით, ანდრიას კი ბევრი არაფერი გაეგებოდა, ალბათ იმიტომ რომ სწავლისას სულ სწორ პასუხებში იხედებოდა იმის მაგივრად, რომ ეცადა წერტილების კომბინაციები გამოეცნო.
თათიაც შეიცვალა. უკეთეს ხასიათზე იდგა, აღარ ყვიროდა, ძმისთვისაც არ დაურეკავს. ანდრიას მიმართულებით სულ თბილად იყურებოდა, გვერდით მიუჯდებოდა, გვერდში მიეკვრებოდა და ის კმაყოფილი, სიამოვნებით აღსავსე ღიმილი ეხატა სახეზე. ანდრია აღმერთებდა მის ბუნებას, მის ჭკუასა და იმ იმედს, რომელიც მის ადგილას ბევრს არ ექნებოდა. დღეები გადიოდა და თვითონ სულ უფრო და უფრო ნანობდა იმას, რომ ერთ დღესაც მოუწევდა მისგან დაშორება და სხვაგან წასვლა, თავის ძველ ცხოვრებასთან დაბრუნება.
ხანდახან წამოეწეოდა ხოლმე იმაზე ფიქრი, რომ ხომ არ ეცადა თათიასთან დარჩენილიყო, მისთვის ყველაფერი მოეთხრო და მასთან ერთად სადმე სხვაგან წასულიყო, აქედან გამქრალიყო? ეს ფიქრი მუდამ გონების შორეულ კუნჭულში ჰქონდა, ყველგან დასდევდა და არ ასვენებდა, ხვდებოდა, რომ ფაქტიურად ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის გაკეთება, თუ უამრავ ადამიანს გაითვალისწინებდა, მასზე სათვალთვალოდ გამოშვებულს. ბოლო დროს ყოველთვის ამჩნევდა მათ, და ალბათ იმიტომ, რომ არც კი ცდილობდა მათ დაიგნორებას, როგორც ადრე სურდა. ადრე უბრალოდ არ უნდოდა, რომ სიტუაციისათვის თვალი გაესწორებინა და საკუთარი ცხოვრება უფრო უარესი გაეხადა, ვიდრე ისედაც იყო. მაგრამ ახლა მისი ცხოვრება ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენდა.
თათიას შეეჩვია. გოგო ახერხებდა, რომ ყოველდღე მასზე ადრე გაღვიძებოდა და ყავარჯენის კაკუნით გამოეღვიძებინა, რაზეც ანდრია ყოველთვის ბუზღუნს იწყებდა, თათია კი ყავარჯენს მის გასაბრაზებლად უფრო მეტად არახუნებდა კედლებსა და იატაკზე, შემდეგ კი, როცა ანდრია მას გამოენთებოდა საძინებელი ოთახიდან, ხმამაღალი სიცილითა და ფეხების რახუნით გარბოდა. რამდენიმე მეტრის გარბენას ახერხებდა, მერე კი ანდრია აცხრებოდა თავზე, მაგრად შემოაჭდობდა წელზე მკლავებს და მხარზე გადაიკიდებდა ხოლმე, მერე კი ისევ საძინებელ ოთახში მიჰყავდა, თან წამდაუწუმ ბუზღუნებდა იმაზე, რომ ამ დილაუთენია ასეთი როხროხი არ უნდა ყოფილიყო სახლში. ალბათ დიდხანს გააგრძელებდნენ ამ ტრადიციას კიდევ, ერთ დღეს თათიას მოქნეული ყავარჯენი ანდრიას რომ კისერში არ მოხვედროდა.
ანდრიამ ყელი მოისრისა, სადაც ჯერკიდევ ოდნავ ამობურცვოდა შეხორცებული, პატარა ზომის ჭრილობა. ეს პატარა დაზიანება თვითონ სასაცილოდ არ ეყო, თათიამ კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამაზე აუტანელი აურზაური უნდა აეტეხა, პანიკის დაწყებული და კისერზე შემოხვეული ბინტით დამთავრებული. „ინცინდენტის შემდგომი ზომების“ შემდეგ, როგორც თათიამ ბრძანა, თვითონ სასაცილოდ გამოიყურებოდა, ტახტზე ჩამომჯდარი, ყელგაკოჭილი და გაბუსული, თათია კი ძალიან თვითკმაყოფილი სახით ეჯდა გვერდით და ტელევიზორს უყურებდა.
ანდრია ისე იქცეოდა, თითქოს ძალიან გაღიზიანებული იყო, მაგრამ სინამდვილეშიგონებაში ხარხარებდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ამ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, რომ ვინმე მოახერხებდა მისთვის ნატკენზე სპირტის წასმას, იმის მაგივრად, რომ ჭრილობა უბრალოდ მოელოკა, და მისთვის ყელზე ბინტის სქლად შემოხვევას.
როგორც ჩანდა, არ აფასებდა თათიას სათანადოდ.
გოგო ძალიან შეიცვალა. ანდრიამ ოდნავ მოჭუტული თვალებით გადახედა მას. თითქოს არაფერი, ისევ იმნაირი მაისური ეცვა, მოჩაჩული შავი შარვალი, ზემოთ მოცმული თხელი ჟაკეტით. თმა ისევ უწესრიგოდ აებნია ზემოთ, ძლივს იკავებდა მას უკვე გაწელილი, დათხელებული თმისამაგრი, არც საყურე ეკეთა და არც არაფერი…
მაგრამ უცებ თათიამ მისკენ გადმოატრიალა თავი და გაუღიმა, ეტყობოდა, რომ მისი მზერა იგრძნო.
-წითელი ფერი მოგწონს? – უეცრად იკითხა მან. ანდრიამ წარბი ასწია, მაგრამ შიგნით ყველაფერი ამოუტრიალდა. თათია ფანჯრისაკენ იყურებოდა, გუგები დაპატარავებოდა შემოსული შუქისაგან და თვალები საოცრად მწვანე მოუჩანდა. ოდნავ მოღუშულიყო, ტუები გავარდისფერებოდა და გაბუსხოდა, კანიც უფრო ცოცხალი და ჯანმრთელი, ავარდისფერებული მოუჩანდა. თმაც უფრო მბზინავი იყო, თვალების ქვეშ აღარ ჰქონდა ჩამოწოლილი მოშავო უპეები.
აი, რა შეიცვალა.
თათია უფრო ბედნიერი, უფრო ჯანმრთელი და კმაყოფილი იყო, ვიდრე ოდესმე ენახა. მაშინაც კი, როცა ბრმა არ იყო, გოგო ყოველთვის გაღიზიანებული, ბრაზით აღსავსე, მარტოსული ადამიანივით, ბნელი სულივით დატრიალებდა აქეთ-იქით. სკოლაში, როგორც ახსოვდა, თათიას ბევრი მეგობარი არც ჰყავდა, სანდროს გარდა, და სულ მარტო იჯდა ბუფეტში, ბიბლიოთეკაში, ან ხატავდა, ანდა რამეს კითხულობდა.
მაგრამ ეს სულ სხვა იყო.
ანდრია ძლივს გამოერკვა.
-წითელი… წითელი რა ვიცი. ალბათ არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. – მხრები აიჩეჩა მან. თათიას ასეთი ჩვევა ჰქონდა, სულ მოულოდნელ კითხვებს უსვამდა, რაც კონტექსტთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული.
მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ შეეკითხა, სპილოები თუ მოგწონსო.
ანდრია ისეთი გაოცებული დარჩა, რომ ენა ვერ მოატრიალა. ყველაფრის მიუხედავად, რატომღაც მოსწონდა ეს უცნაური, მოულოდნელი კითხვები.
-მჰმ. – უპასუხა თათიამ და გატრიალდა, თითები ისევ წიგნს დააჭირა. ასოებს ჯერ კიდევ ვერ არჩევდა, იმის მიუხედავად, რომ მისი მხედველობა ბევრად იყო გაუმჯობესებული.
ერთად ეძინათ. ოთხიოდე თვის წინ იქნებოდა, როცა ანდრიას რატომღაც ღამე გამოეღვიძა და გადაწყვიტა, რომ თათიასათვის დაეხედა. არ ელოდებოდა იმას, რომ მთლად ოფლში გაწურული და გადაწითლებული გოგო საწოლზე მბორგავი, წყვეტილად მსუნთქავი და კბილებდაკრეჭილი დახვდებოდა.
ჯერ ადგილზე გაშეშდა, მერე კი ელვის სისწრაფით გავარდა საწოლისაკენ. სანამ გონებას მოუხმობდა, უკვე ლოგინზე დაჩოქილიყო და მთელი ძალით ანჯღრევდა თათიას, თან მთელი ხმით ღრიალებდა, მუშტებად შეკრულ ხელებს უკავებდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ გამოეღვიძებინა. თათიას არ გაეღვიძა, მაგრამ ძილშივე დაწყნარდა.
გამოღვიძებისას არაფერი ახსოვდა, მხოლოდ განცვიფრებული იყო იმის გამო, რომ ანდრია თავის საწოლში მძინარე დახვდა.
ანდრიამ კი არჩია არც არაფერი არ ეთქვა მისთვის და არ დაემატებინა საზრუნავი და სანერვიულო. ისიც ეყოფოდა, რომ ბრმა იყო.
ამის შემდეგ ყოველ ღამე გადიოდა და ამოწმებდა, კვირაში ერთხელ, ხანდახან ორჯერ ან სამჯერ უწევდა გოგოს გაკავება. რამდენჯერმე თათიამ გამოიღვიძა კიდეც, ოღონდ წამსვე ტირილი დაიწყო, რაღაცას ლუღლუღებდა, ცდილობდა ხელიდან გამოსხლტომოდა ანდრიას.
არც მაშინ ახსოვდა რაიმე.
ანდრია მხოლოდ იმას ფიქრობდა, თუ ნეტავ რამდენი ხანი იყო, რაც ასე ემართებოდა თათიას. გოგოს ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა. ნუთუ ერთხელაც კი არ გაახსენდა?
ორ თვენახევრის წინ ანდრია თათიას საძინებელში გადაბარგდა. მიზეზიც უნდა მოეფიქრებინა ამისათვის.
-არ მინდა, რომ ლოგინიდან გადმოვარდე. – განაცხადა მან და თავისი ბალიში ლოგინზე გადაისროლა, შემდეგ კი დახვეული საბანი უფრო მაგრად ამოიჩარა იღლიაში, რომ საწოლზე დაედო.
თათიამ თვალები ჭყიტა, შემდეგ კი მისი მიმართულებით აღშფოთებით სავსე მზერა სტყორცნა.
-გადაირიე ხომ? – ატყდა ის. – პატარა ბავშვი გგონივარ? გახსოვს, რამდენი წლისა ვარ საერთოდ?
-რა იცი რა ხდება. – უპასუხა ანდრიამ, თან საბანი ლოგინზე დააგორა. – სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, არა?
-რა სიფრთხილეს… ღმერთო, საერთოდ გააფრინე… – თათიამ ხელები ზემოთ აისროლა და ოთახიდან ხმამაღალი ნაბიჯებით გავიდა.
მთელი დღე არ დალაპარაკებია ანდრიას.
მაგრამ ამას არა უშავდა. არა უშავდა იმიტომ, რომ ანდრია ყველაფერსაც აიტანდა, ოღონდ ეს გოგო ისევ მის გვერდით, მის სახლში ყოფილიყო.
სამწუხარო იყო, რომ სულ არ იქნებოდა ასე. დროის ნახევარი უკვე მიიწურა, მეორე ნახევარიც ისე გაივლიდა, თითქოს აქაც არაფერი, და დარჩებოდა თვითონ თავისი ძველი ბინა, „წითელი ღამე“ და სასმელითა და მარტოობით აღსავსე ღამეები.
სანდრო კი თათიას ითხოვდა.
ანდრიას მოულოდნელად დაუარა მრისხანებამ. ხელები მომუჭა და ტკივილმა დაუარა. ზარავდა იმის გაფიქრება, რომ სანდრო თავის წაბილწულ, ბინძურ ტორებს ოდესმე დააკარებდა თათიას. გოგოს ისედაც ბევრი განეცადა, მისი საბოლოოდ გატეხვა არ იქნებოდა ძნელი.
-აივანი. – უცებ განაცხადა თათიამ და ფეხზე წამოდგა. ანდრია მის თითებს მიშტერებოდა, რომლებიც სწრაფად გადადიოდნენ ერთი ამობურცული წერტილების კომბინაციიდან მეორეზე.
გადაიხედა, აივნისაკენ მანძილი თვალით გაზომა.
-მარჯვნივ, ჩვიდმეტი. – უპასუხა მან და თათია მარჯვნივ შეტრიალდა, გამოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა აივანს, თან ნაბიჯებს ითვლიდა.
მეჩვიდმეტეზე რახუნით მიეტაკა აივნის მინის კარს.
-თექვსმეტი იყო! – წამოიყვირა მან და ანდრიას მოუბრუნდა, ტუჩი ასწია და დაუბღვირა.
ანდრიამ გაიცინა. იცოდა, რომ მისი კბილების სითეთრეს, როგორც თეთრ ლაქას, დაინახავდა თათია.
-შენ ყავარჯენი გჯობია, იცი? – თქვა მან. – ის კედელს მაინც არ მიმაჯახებს, უსახურ ხუმრობებს არ ამბობს და ამწუთას უაზროდ არ მეკრიჭება.
ანდრიას სიცილი აუტყდა.
-მიდი, მიდი, იცინე. – ხმა დაიბოხა თათიამ, მერე კი ცხვირი ზემოთ ასწია. – მაინც ყავარჯენი გჯობია. -მან აივნის კარი გააღო. გარედან გრილი ჰაერი შემოიჭრა და ფარდები ააშრიალა.
-ყავარჯენი გაგიყვანს სასეირნოდ? – ჩაეკითხა ანდრია და ყურებამდე გაიღიმა, როცა თათია ელვის სიწრაფით მოტრიალდა.
-წავიდეთ, პარკში მინდა. – თქვა მან და აივნის კარი დაკეტა.
ანდრიამ თავი ტელევიზორისაკენ მიატრიალა.
-რა ვიცი, რაკი ყავარჯენი მჯობია, იქნებ მას ჰკითხო… – თქვა მან, მერე კი გოგოსკენ გააპარა მზერა.
თათიამ ჯერ დაუბღვირა, მერე კი ხმამაღლა, გულწრფელად გაიცინა.
-კარგი, კარგი, მივდივართ თუ არა? – იკითხა თათიამ, წიგნი დახურა და ფრთხილად გამოზომილი თექვსმეტი ნაბიჯით მობრუნდა ტახტთან, წიგნი იქვე, ჟურნალის მაგიდაზე დადო.
-კარგი, წავედით… – ანდრია ფეხზე წამოდგა. -გასაღებებს ავიღებ.
-საძინებელი. – თქვა თათიამ.
-მარჯვნივ ორი, მარცხნივ ოცდაათით თორმეტი. – უპასუხა ანდრიამ და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ეტაჟერს, რომ გასაღებები აეღო.
მერე კი კარზე ზარმა დარეკა.
ანდრია შედგა და წარბბი შეკრა. როდის აქეთ ჰყავდათ სტუმრები? სანდრო აქ ცოცხალი თავით არ მოვიდოდა, მაშ სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? ნუთუ ისევ თავისი ერთ-ერთი დამქაში გამოაგზავნა?
ანდრიამ კარს დაუბღვირა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.უკნიდან რახუნის ხმა გაისმა.
როგორც გათვალა, თათია კარზე მიეჯახა.
-ხომ გითხარი, ყავარჯენი გჯობია მეთქი? – იფეთქა თათიას ხმამ. – თერთმეტი იყო, თერთმეტი! და ვინაა კარზე?
-მაცადე, გავიხედავ… – ანდრიამ საჭვრეტელაზე ჩამოფარებული საფარი გადასწია და გაიხედა.
ვიღაც ქალი, მაღალი, ქერათმიანი და მშვენივრად გამოწყობილი, ორმოციოდე წლისა იდგა ზღურბლზე. უკმაყოფილოდ დაშტერებოდა კარს.
-ვიღაც ქერა ქალია. – გასძახა თათიას. – არ ვიცი ვინაა..
-ქერა? – წამოიძახა თათიამ. – ცისფერი თვალები ხომ არა აქვს და ძალიან ლამაზი ხომ არ არის? ცოტა უჟმური სახით?
ანდრიამ შუბლი შეჭმუხნა და მოტრიალდა, სასტუმრო ოთახისაკენ გაიხედა.
-ჰო, მასეთია… – ნელა უპასუხა მან.
-ოჰ! – გაისმა სასტუმრო ოთახიდან და ანდრიამ ისევ გაიგონა რახუნის ხმა, მერე კი კედლებზე ხელის ფათურით თათია გამოჩნდა. იგი ნელა მიუახლოვდა, ხელებს აცეცებდა, ბოლოს კი ანდრიას გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა.
-არ მეშლება. – დაიფრუტუნა გოგონამ და ამოხედა. – მაგ დეიდაჩემია, თეონა. მიდი, გაუღე, თორემ მაინც შემოვა და რომ შემოვა, ერთ ამბავს ატეხს.
ანდრიამ წარბი ასწია, მაგრამ მაინც გადაიწია და გასაღები გადაატრიალა, შემდეგ კი კარი ნელა გამოაღო.
ქალი მაშინვე ქარბუქივით შემოიჭრა და როგორც კი თათიას თვალი ჰკიდა, მაშინვე უსურვაზივით მოეხვია.
-ვაიმე, შენ ვერ წარმოიდგენ, მე როგორ ვინერვიულე, როგორ მინდოდა შენი ნახვა, ჩემო ალუბალო, ჩემო მარწყვო, ჩემო ატამო… – ერთმანეთს მიაყოლა ქალმა და სანამ ანდრია პირის გაღებას მოასწრებდა მისი სიტყვების გაგონებისას, ქალმა, თეონამ, თვალი ჰკიდა და ელვის სიწრაფით მოუბრუნდა. – ეს ბადრიჯანი ვინღაა? – აგდებულად ჩაილაპარაკა მან.
თათიას ხარხარი აუტყდა, ანდრია კი ნაწილობრივ გაოცებისაგან, ნაწილობრივ აღშფოთებისა და ბრაზისაგან გაიბერა.
-თეონა დეიდა, ნუ გააწვალებ. – უთხრა გოგონამ. – თუ აქ მოხვედი, ესე იგი ძალიან კარგადაც იცი, თუ ვინაა ეს. სანდროა, ლორთქიფანიძე, ჩემი მეგობარი, არ გახსოვს?
თეონამ მოულოდნელი, თვალებდაჭყეტილი მზერა სტყორცნა მას და ანდრია მაშინვე მიხვდა, რომ შეიძლებოდა მისი საქმე და მისია, ყველაფერი წყალში ჩაყრილიყო, რადგან ეს ქალი ადრე შეხვედროდა სანდროს და ძალიან კარგადაც იცოდა, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი. იდენტური ტყუპები იყვნენ, მაგრამ სანდრო სახლის პირობებშიც კი არასოდეს ჩაიცვამდა სახელოსთან გახეულ მაისურს და თმაც ასეთი მოგრძო და ყველა მიმართულებით გაპრეხილი არ ექნებოდა.
სანამ ქალი რამის წამოყრანტალებას მოასწრებდა, ანდრიამ თათიას სტაცა ხელი.
-რა იქნება, რომ ცოტა ხნით სამზარეულოში გახვიდე და ცოტა წვენი ჩამოასხა? – უთხრა მან, თან თეონას სტყორცნა მზერა, თვალებით აფრთხილებდა. – მე და დეიდაშენი კი ცოტას წავილაპარაკებთ, ამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
-ჰო, რატომაც არა! – თათია გატრიალდა, ნელი, ფრთხილი ნაბიჯით გავიდა შემოსასვლელიდან, და მხოლოდ მაშინ, როცა იგი კუთხეს მოეფარა, ანდრია თეონას მიუბრუნდა.
-არაფერი უთხრათ. – თქვა მან. აზრი არ ჰქონდა დამალვას, პირდაპირ საქმეზე უნდა გადასულიყო.
-და რატომ? – ქალმა მკლავები გადააჯვარედინა და დაჟინებით ჩახედა თვალებში. – მე დაგავიწყდა, ვინა ვარ, გენაცვალე? მე დეიდამისი ვარ, შენზე მსმენია. – მან ოდნავ ამრეზით გადახედა. – როგორც ვიცი, შენ ის ანდრია ლორთქიფანიძე ბრძანდები, ერთხელ ჩემმა ძვირფასმა ალუბალმა გამოტვინებული კრეტინი რომ გიძახა.
ანდრიას შიგნეული ამოუტრიალდა. ნაწლავები თითქოს გაეკვანძა, ყელში ბურთი მოაწვა. ძალისხმევა დასჭირდა, რომ საკუთარი თავისათვის გაეხსენებინა, რომ ყველაფერი, რაც მასზე ილაპარაკა თათიამ, წარსულში იყო.
-ჰო, მაგრამ… – ანდრიამ ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, საჭირო, სწორ, ადეკვატურ სიტყვებს ეძებდა. – გამიგონეთ. სანდროს არ სცალია და მის ადგილას მე ვარ. არ უთხრათ, აქ ყოფნა ძალიან მოსწონს და ძალიან ეწყინება, თუ…
-ამის უფლებას არ მოგცემ. – თეონას ხმა გაეყინა, ხმაში სიცივე ჩაუდგა და ანდრიამ იგრძნო, თუ როგორ აბუყბუყდა მასში ბრაზისა და ოდნავი სასოწარკვეთილების ლავა. – შენ რა გგონია, მე შენ დაგიჯერებ? აქ იმიტომ მოვედი, რომ თათია წავიყვანო. ამიერიდან ჩემთან იცხოვრებს. – იგი გატრიალდა, რომ სასტუმრო ოთახისაკენ გასულიყო, მაგრამ ანდრიამ მაჯაში ხელი სტაცა, და წინ გადაუდგა.
ამის უფლებას არ მისცემდა ამ ქალს. არ მისცემდა თათიას წაყვანის, მისგან წაყვანის უფლებას.
რომც წაეყვანა, და თვითონ სურვილი რომ ჰქონოდა, რომ გოგონა მისთვის გაეტანებინა, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას მოიმოქმედებდა სანდრო, როცა გაიგებდა, რომ თათია იქ არ იყო, სადაც თვითონ უნდოდა.
ალბათ ძალით წამოათრევდა თეონადან თათიას, ქალს კი დააშინებდა.
არ იყო აუცილებელი, რომ თეონას ამ ყველაფრის შესახებ გაეგო, არ იყო საჭირო და სასურველი,რომ ამ საქმეში გარეულიყო.
-ვიცი, რომ არ მიცნობთ და ჩემი არ გჯერათ, – დაიწყო მან, დაჟინებით ჩაშტერებოდა ქალს თვალებში და ცდილობდა დაენახვებინა მისთვის ის გულწრფელობა, რომელსაც თითოეულ სიტყვაში ატანდა. – მაგრამ დაინახავთ, რომ თათიას მოსწონს აქაურობა. მე მისი მეგობარი ვარ. ჩემი ძმის როლს იმიტომ ვთამაშობ, რომ იგი იყო თათიას მეგობარი და ამიტომ…
-ამიტომ უფრო იოლი იყო მისი ნდობის მოპოვება? – ცივად, სისინით გააწყვეტინა ქალმა. ანდრია მთელი სხეულით დაიჭიმა, ქალს გაღიზიანებულმა დახედა.
-მასეც შეგიძლიათ თქვათ. – ძლივს გამოსცრა მან კბილებში. – მაგრამ თქვენ არ გესმით… თათიას ვერაფრით ვერ გაგატანთ. ის აქ უნდა იყოს და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა მოხდება, თუ მას გაგატანთ…
ქალი განცვიფრებით შეაშტერდა, მერე კი სახე ისევ მარმარილოს ნიღაბად ექცა.
-არ ვიცი ვინა ხარ. – თვალები მოჭუტა მან. – რა გარანტია უნდა მომცე, რომ ჩემი ალუბალი აქ უსაფრთხოდაა?
-გარანტია მე ვარ, ქალბატონო. – უპასუხა ანდრიამ, სანამ უკეთესი პასუხის მოფიქრებას შესძლებდა. – სანამ მე აქ ვარ, ალუბალი უსაფრთხოდ იქნება. – არც იმაზე უფიქრია, თუ რატომ დაუძახა თათიას ალუბალი…
თეონა უსიტყვოდ მიშტერებოდა.
ტუჩები მოკუმა.
-მასთან გინდა ყოფნა? – ჰკითხა მან.
-მინდა. – თავი დაუქნია ანდრიამ, იმის მიუხედავად, რომ ვერ ხვდებოდა, რისკენ უხვევდა ქალი. მაგრამ სჯობდა რაც შეიძლებოდა გულწრფელად ეპასუხა.
-შენმა ძმამ იცის? – მკლავები გადააჯვარედინა ქალმა. ანდრიამ ტუჩები მოკუმა და თვალები დახარა, სანდროს გახსენება წარმოუდგენლად აღიზიანებდა.
-იცის. – ძლივს გამოსცრა მან დაკრეჭილ კბილებში.
-მისი მოწყობილია? – მშვიდად განაგრძო თეონამ დაანდრიამ თავი ასწია, წარბები შეკრა. უსიტყვოდ მიაშტერდა ქალს.
-დიახ, ეს… – დაიწყო მან, მაგრამ თეონამ არ დააცადა.
-რა უნდა? – ხელი ასწია ქალმა. – ფული? რაც იღებს აქედან? ალუბალი უყვარს? ფული უნდა, ხომ?
ანდრიას კინაღამ მეხი დაეცა. ერთიანად, ზამბარასავით დაჭიმული შეშტერებოდა თათიას დეიდას, რომელმაც, როგორც ჩანდა, საკმაოდბევრი რამ იცოდა.
-თქვენ… თქვენ საიდან… – ძლივს წაილუღლუღა მან.
-ძვირფასო, ჩემი და და სიძე ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ. – ქალმა ტუჩი ასწია. – როგორ ფიქრობ, მე არ მეცოდინებოდა, თუ რომელ ჩემს დისშვილს გადააბარებდა გიორგი ფულს? და უყვარს შენს ძმას ალუბალი?
ანდრია ენაჩავარდნილი იდგა, ძლივს იპოვა სიტყვები, რომ რამე ამოეთქვა საპასუხოდ.
-არა, არ უყვარს. – ამოიხრიალა მან. – არ უყვარს… მას უბრალოდ…
-სამაგიეროდ შენ გიყვარს, ხომ? – ხმადაბლა განაცხადა თეონამ.
-გამოდიხართ? – გაისმა თათიას ყვირილი სამზარეულოდან. – აქ რომ დავსხდეთ და ყველამ ერთად ილაპარაკოთ, არა?
ანდრიას სუნთქვა შეუკრთა. თათიას ხმის გაგონებაზე გული მოეკუმშა.
-ძალიან. – თქვა მან ბოლოს, და ოდნავი შიშითა და აღელვებით დააშტერდა თეონას, რომელსაც თვითკმაყოფილი, ცივი იერი გადაჰკვროდა სახეზე. – ძალიან.
თითქოსდა გრძნობდა საკუთარი თავის გარშემო ამოშენებული კედლების მსხვრევის სიმძიმეს.
მოულოდნელად ყველაფერი უფრო ძნელი, უფრო არეული გახდა, ვიდრე ადრე იყო.
-*-*-*-*-*-*-11
ანდრიამ ძლივს ამოისუნთქა, ხმა უკანკალებდა, მთელი სხეულით დაჭიმულიყო და თვმოუშორებლად მიშტერებოდა თეონას, რომელსაც ცივი, არაფრისმთქმელი გამომეტყველება ედო სახეზე. გრძნობდა აღელვებას, პანიკას, აუწერელ შიშს, რაც რამდენი ხანი იყო, რომ სერიოზულად არ განეცადა. ყველაფერმა, რაც მთელთავის ცხოვრებაში გამოიარა, უგრძნობი გახადა, გულცივი და ბარიერებით გარშემორტყმული, რომ თავი დაეცვა ყველაფერი იმისაგან, რაც მას გულს ატკენდა.
მაგრამ საკუთარი თავდაცვა, უზარმაზარი სასახლის სახით რომ აღმართულიყო, თავზე ჩამოენგრა. ამასთან ერთად ჩამოინგრა იმისი რწმენა, რომ იმ დავალებას, რომელიც მის თავზე შავი ღრუბელივით ჩამოწოლილიყო, თავს გაართმევდა.
ახლა ორი არჩევანი ჰქონდა: პირველი ის იყო, რომ გაეგრძელებინა ეს ფარსი, არაფერი ეთქვა თათიასათვის და შემდეგ ძმისათვის გადაელოცა იგი, ეყურებინა, თუ როგორ გაიცინებდა იგი თეთრ საქორწილო კაბაში, როგორ ჩამოეკიდებოდა სანდროს მკლავზე, და უკვე წარმოედგინა, როგორ აუდუღდებოდა სისხლი. თუმცა სანდრო ალბათ დასწრების საშუალებასაც არ მისცემდა. არ მისცემდა იმის საშუალებას, რომ თათიას შეხვედროდა, მისთვის შეეხედა კიდეც. სანდრო მას დაისაკუთრებდა. თათია ალბათ მალე მიხვდებოდა, რომ სანდრო არ იყო ის, ვინც თვითონ ეგონა, მაგრამ უკვე გვიანი იქნებოდა. მის ძმას უკვე შური ექნებოდა ნაძიები.
ანდრიას კუნთები მოეკუმშა, მთელი ტანი აუკანკალდა და მკერდში მრისხანება ჩაეღვარა. ამის უფლებას არ მისცემდა. მეორე არჩევანი ის იყო, რომ ეთქვა თათიასათვის ყველაფერი, მაგრამ კარგადაც იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა. თათია გაიქცეოდა, მატყუარას დაუძახებდა, შეიძლებოდა რომ არც კი დაეჯერებინა მისი სიტყვები….
ანდრიამ თავი სწრაფად ასწია, თეონას შეხედა, რომელიც მოჭუტული თვალებით მიშტერებოდა, მკლავებგადაჯვარედინებული.
-ვუთხრა? – თქვა მან ხმადაბლა და ქალს თვალებში დაჟინებით დააშტერდა. სამზარეულოდან წკრიალი გაისმა, ალბათ თათიას თეფშები გადმოჰქონდა მაგიდაზე. – დამიჯერებს?
-რა უნდა უთხრა? – წარბი ასწია ქალმა, თვალები სამზარეულოს მიმართულებით გაექცა. – რომ გიყვარს?
ანდრიას გული კისერში მოებჯინა, საფეთქელში ძარღვი შეუტოკდა.
-ყველაფერი. – მოკლედ მოჭრა მან. – რასაც სანდრო აპირებს, რაც სჭირდება… საერთოდ ყველაფერი….
-შენი ძმის მაქინაციების შესახებ? – ყბა გვერდზე მოაქცია ქალმა. – დაგიჯერებს კი? ალუბალს ძალიან არ მოსწონხარ, ანდრია, ვერ გიტანს. იმაზე გაფიქრებაც კი შეაწუხებს, რომ შენ უვლიდი ამდენი ხანი თავისი „მეგობრის“ მაგივრად. – თეონამ სარკასტულად გადაატრიალა თვალები.
-ვიცი, მე… არ ვიცი რა გავაკეთო. აქედან ვერ გავუშვებ, მაგრამ რომ გაიგებს, წასვლა მოუნდება, მაგრამ… მაგრამ… – ანდრია ანერვიულდა, გრძნობდა, როგორ უწითლდებოდა მოწოლილი ემოციებისაგან სახე.
-ყველაფერს ეტყვი. – დაისისინა ქალმა და ახალგაზრდა კაცმა ახედა, სისხლი სახიდან წამსვე ჩამოერეცხა. გამომეტყველება გაუმაგრდა. ახლა სულელური სენტიმენტების დრო არ იყო. ახლანდელი საფრთხე მის წინ იდგა. – არ ვიცი ზუსტად აქ რა ხდება, მაგრამ გამოვარკვევ. ან შენი პირით ეტყვი ყველაფერს, ანდა მე თვითონ ვაცნობებ, გასაგებია?
-არ უთხრათ. – კბილებში ძლივს გამოსცრა ანდრიამ და თავი გადააქნია, ქალს თვალებში ჩაშტერებოდა. – არაფერი არ უთხრათ. თქვენთვის ასე ჯობია, მისთვისაც.
-ანდრე თუ გვიან მაინც გაიგებს… – ისევ დაიწყო სისინი ქალმა, მაგრამ შეჩერდა, როცა სამზარეულოდან კიდევ ერთხელ გაისმა თათიას ხმა.
-აღარ მოდიხართ? – დაიძახა მან მოუთმენლობით სავსე ხმით. თეონამ ერთი მწველი მზერა სტყორცნა ანდრიას და სწრაფად, ქუსლების ხმამაღალი კაკუნით გაემართა სამზარეულოსაკენ. ანდრიამ მუშტები შეკრა, ნერწყვი გადაყლაპა და თვითონაც მიჰყვა ნელი ნაბიჯით.
-ჩემი ალუბალი! – წამოიძახა თეონამ, როცა სამზარეულოში შევარდა და მომღიმარ თათიას კიდევ ერთხელ მაგრად მოეხვია, გულში ჩაიხუტა. გოგონამ ხმამაღალი სიცილი ამოუშვა და დეიდას ზურგზე დაუტყაპუნა ხელები.
-თეონა დეიდა, სად იყავით აქამდე? – იკითხა მან, როცა ქალმა ხელი გაუშვა და მაგიდისკენ მიტრიალდა, სკამი გამოსწია. თეონა მას გვერდით მიუჯდა და დისშვილს ღიმილით გადახედა.
-არც ისე ადვილია, ალუბალო, როცა საზღვარგარეთ მუშაობ, ასე უეცრად ყველაფრის მიტოვება. – თეონამ ფეხი ფეხზე გადაიდო და სწრაფი მზერა სტყორცნა ანდრიას, რომელმაც ხმაურით გამოსწია სკამი და თათიას პირდაპირ ჩამოჯდა. – როგორც კი კონტრაქტს დრო გაუვიდა, მაშინვე გამოვიქეცი. და… როგორც ვხედავ, შენს… მეგობართან ცხოვრობ. – თეონამ ყბა ოდნავ მოღრიცა, მაგრამ ანდრია ხედავდა, რომ იგი გაღიმებას ყველანაირად ცდილობდა. -ძალიან… სასიამოვნო ახალგაზრდად მახსოვს მე სანდრო, არა, ძვირფასო?
ანდრიას შიგნით ყველაფერი აუდუღდა, გრძნობდა, რომ ქალი ცდიდა, მის ნერვებზე თამაშობდა ასეთი სიტყვებით. მაგიდაზე დაჭიმა მუშტები და შეეცადა,რომ სახეზე არაფერი გამოხატვოდა.
თათიამ თავი ენთუზიაზმით დაუქნია და სწრაფად გადმოხედა მის პირდაპირ მჯდომ მეგობარს, მერე კი თვალწარმტაცად გაიღიმა. ანდრიას ბნელი ფიქრებით მოცულ გონებაში თითქოს სინათლემ შემოაღწია, ამით ყველაფერი გადაავიწყდა. მხოლოდ და მხოლოდ მბრწყინავ მწვანე თვალებს დააშტერდა, რომლებიც მისი მიმართულებით, მის სახეს უყურებდნენ და თვითონაც ძალაუნებურად გაიღიმა.
ამ ადამიანის ბედნიერი სახის დანახვისას ყველაფერი ქრებოდა, მხოლოდის სახე რჩებოდა მის გარშემო. ანდრია რას არ გააკეთებდა, რომ ეს ღიმილი არასოდეს არ გამქრალიყო…
-კი, ნამდვილად. – თქვა უცებ თათიამ. – სანდრო მშვენიერი ბიჭია, არა, სანდრო? – იგი სიცილით გადმოიხარა და ანდრიას მაგიდაზე დადებულ ხელზე ოდნავ გადაუსვა თითები.
ანდრიას გული მოაწვა ყელში.
-ჰო, აბა რა. – ძლივს ამოღერღა მან.
-ალუბალო, და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? გავიგე, რომ თავის დაზიანება გაქვს. – დაიწყო თეონამ, ამჯერად მისი ყურადღება მიმართული იყო მხოლოდ თათიასკენ. გოგონამ თავი ოდნავ გადააქნია.
-თავში რაღაც ქვა დამეცა. აი, მე და სანდრო მივდიოდით, ჩემს ოფისთან ახლოს. რაღაც კონსტრუქცია იყო, და ქვა გადმოვარდა, თავში დამეცა. – თათიას ტუჩები მოეღრიცა. – მერე სანდრომ სასწრაფოს დაურეკა და წამიყვანეს. სულ ესაა. – გოგონამ მხრები აიჩეჩა და დიდას შეხედა. თეონას სხე გაქვავებოდა.
-ნეტავ აქ იყოს დედაშენი… ან მამაშენი. – ნელა ჩაილაპარაკა მან. თათია გაშეშდა, თვალები ოდნავ გაუფართოვდა.
-მაგრამ არ არიან. – ოდნავ მკვახედ მიუგო მან და გატრიალდა, წამით ანდრიას ჰკიდა მზერა, მაგრამ სანამ ანდრია რამის თქმას შეძლებდა, ისევ გვერდით გაიხედა.
-ხომ მორჩები, თათია? – ხმადაბლა თქვა თეონამ. გოგონა არ განძრეულა, თვალები გაშტერებოდა. მისი მზერა დაჟინებით დასჭედებოდა კედელს. – ხომ აუცილებლად მორჩები? დამპირდი…
-დავინახავ, მაგრამ ისე კარგად ვერა. – თქვა გოგონამ, სახე აეჭმუხნა. – რას ვიზამთ.
თეონამ ფრთხილად გადმოხედა ანდრიას, სახეზე სიცივე და ინტერესი ეხატა. ბიჭს მისი გამომეტყველება არ მოეწონა.
-აქაურობა მოგწონს? – ისე იკითხა თეონამ, რომ ანდრიასთვის თვალი არ მოუშორებია.
-…კი, მომწონს სანდროსთან ცხოვრება. – ნელა თქვა თათიამ და მოტრიალდა, დეიდას გადახედა.
-თათია, რაღაც უნდა გითხრა. – თქვა უცებ თეონამ და ფეხზე წამოდგა. გოგონამ გაოცებით ააყოლა თვალი. ანდრია ზამბარასავით დაიჭიმა სკამზე, მთელი სხეულით მოემზადა იმისათვის, რომ კბილებით დაეცვა საიდუმლო, რომ ყველაფერი ეღონა იმისათვის რომ თეონას პირს ერთი უადგილო სიტყვა არ გამოჰპარვოდა.
-მინდა რომ ჩემთან წამოხვიდე საცხოვრებლად. – თქვა თეონამ, მისი მზერა ანდრიას გადასწვდა. ანდრიამ ძლივს შეიკავა თავი, რომ ფეხზე არ წამომდგარიყო და ქალს ყელში არ სწვდენოდა.
არავის მისცემდა უფლებას, რომ თათია აქედან წაეყვანათ.
-შენი „მეგობარი“ გატყუებს. – თეონამ ისეთი ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები, რომ ანდრიას ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ქალმა რაღაც საზიზღარი გადმოაფურთხა. – აი ეს პატარა ლაწირაკი იმდენს ბედავს, რომ გატყუებს და…
ანდრიამ ვეღარ გაუძლო. ელვის სიწრაფით წამოიჭრა სკამიდან და თეონას ყბაზე სტაცა ხელი. ქალმა აღშფოთებისა და გაოცების ღმუილი ამოუშვა, მაგრამ ანდრიამ ლაპარაკის საშუალება არ მისცა, მეორე ხელი მაგრად ჩაავლო მკლავში და კარისაკენ გაათრია.
-სანდრო, რას აკეთებ? – წამოიძახა თათიამ, ხმა შოკითა და ბრაზით აღვსებოდა. – რა ჯანდაბას აკეთებ? სად მიგყავს? სანდრო! – დაიყვირა გოგონამ და უკან გამოუდგა, ანდრიას მკლავზე ხელი სტაცა და მისი შეკავება სცადა, იმის მიუხედავად, რომ ეს შეუძლებელი იყო. ანდრია არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა უფლებას ამ ქალბატონს, რომ ყველაფერი გაეფუჭებინა. არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა უფლებას, რომ ის ნდობა და ხიდი, რომელიც მასსა და ალუბლის შუა იყო, ჩაენგრია.
თათიას წაყვანის უფლებას არ მისცემდა.
-ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან. – დაისისინა მან და ყურში უსიამოვნოდ მოხვდა თეონას აღშფოთებული ლუღლუღი, უკნიდან კი თათიამ კიდევ ერთხელ მოქაჩა სახელოზე.
-სანდრო, რა ჯანდაბა დაგემართა? ახლავე შეწყვიტე ეს უაზრო საქციელი! – წამოიძახა მან, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ანდრიამ კარს წიხლი ჰკრა და გააღო, მერე კი ერთი ხელის მოქნევით გაისროლა თეონა გარეთ. ქალმა კბილები დაკრიჭა და სიძულვილით ახედა ანდრიას.
-არც კი იცი, რაში ერევი. – დაისისინა ანდრიამ. – აქ აღარ გნახო.
თეონას ზიზღი გამოეხატა სახეზე. პომადა ოდნავ გათხუპნოდა ქვემოთა ტუჩზე.
-კიდევ მნახავ, ან… – ჩაიცინა ქალმა, მაგრამ სანამ იგი სიტყვის დამთავრებას მოასწრებდა, ანდრიამ კარი ხმამაღალი შხუილით მოიქნია და მიაჯახუნა.
ქშენით შემობრუნდა.
არ ელოდა ხელს, რომელიც ყბაზე შეეტაკა და რასაც თათიას მრისხანებით აღსავსე ხმა მოჰყვა.
-გაგიჟდი, ხომ? – დაიყვირა გოგონამ და შეეცადა, რომ კარისაკენ გასულიყო, რომ გაეღო და დეიდამისი ისევ შემოეშვა შიგნით, მაგრამ ანდრია გზაზე გადაეღობა. გოგონამ ბრაზითა და დაბნეულობით სავსე ხმა ამოუშვა. – რატომ გააგდე? რატომ ამბობდა, რომ მატყუებდი? სანდრო, მიპასუხებ თუ არა?
-გეყოს. – მოკლედ მოჭრა ანდრიამ. სანდროს სახელის გაგონებაზე უსიამოვნო ჭიანჭველებმა დაუარეს და მუშტები მოეკუმშა. რატომღაც გაიფიქრა, რომ ამას ვეღარ აიტანდა.
-რას ნიშნავს, მეყოს? რა გჭირს სანდრო? – თათიას სახე მოეკრუნჩხა, სახე სიმწრით აევსო. – ძალიან… შეიცვალე. ამ ბოლო დროს თითქოს არაფერი, მაგრამ… ვეღარ გცნობ. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უცხოს გვერდით ვარ…
-გეჩვენება. – მოუჭრა ანდრიამ. სხეული აუთრთოლდა, ვერ იტანდა თათიას დაბნეულობითა და ბრაზით აღსავსე გამომეტყველებაზე შეხედვას. – შეურაცხყოფა მომაყენა და რაღაც სისულელეები ილაპარაკა. გეგონა, ამას მოვუთმენდი?
თათია გაშტერდა, დაჟინებით შეჰყურებდა.
-არ ვიცი რა გჭირს… – ბოლოს ძლივს ამოღერღა მან, – მაგრამ არაკაცივით იქცევი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ყველაფერს გამოასწორებ.
იგი შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სასტუმრო ოთახისაკენ, ცოტა ხანში კი ანდრიას ყურებს კარის გაჯახუნების ხმა მოსწვდათ.
-ფუ შენი… – შეიგინა მან და მოტრიალდა, კედელს მიეყუდა.
რას აკეთებდა საერთოდ? უნდოდა, რომ თათია შეენარჩუნებინა, რომ გოგო მის გვერდით ყოფილიყო, ამის მაგივრად კი მხოლოდ იმას ახერხებდა, რომ მისი ალუბალი ასე გაენაწყენებინა. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ არ იცოდა, თუ რა გაეკეთებინა იმისათვის, რომ თათია მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ სანდროს ნაცვლად, მისი ნამდვილი სახელი დაეძახა. თუ მისთვის ყველაფრის მოყოლას არჩევდა, თათიას უდიდეს საფრთხეში ჩააგდებდა, და დაკარგავდა კიდეც. არ ეტყოდა და თვითონაც და მის ალუბალსაც მოუწევდათ ტანჯვა სანდროს ხელის ქვეშ.
რომელი ჯობდა?
ანდრიას არ შეეძლო ამ ორი უკიდურესობით შორის არჩევა. მაგრამ როგორც ჩანდა, არც ალტერნატივა არსებობდა.
უბრალოდ დინებას უნდა გაჰყოლოდა და მოიფიქრებდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ცხელ გულზე ფიქრი არანაირად არ ივარგებდა.
მარცხენა ხელზე დაიხედა. ცერთან წითელი პომადა მოცხებოდა. რატომღაც სისხლად წარმოიდგინა.
ხელი თითქოს აექავა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა აბაზანისაკენ. არ სურდა, რომ იმ ქალის, რომელმაც თათიას წაყვანა სცადა, შეხება ჰქონოდა სხეულზე.
აბაზანაში ხუთიოდე წუთი მაინც იდგა, ფიქრებში ჩაფლული, და გამწარებით იხეხავდა ხელებს.
საკუთარ ანარეკლს მიშტერებოდა სარკეში. ხედავდა მისთვის დამახასიათებელ თმას, ტანსაცმელს და გამომეტყველებას, მაგრამ დანარჩენი, ნებისმიერი ნაკვთი, სახის ყოველი ნაწილი მისი ძმის იდენტური იყო. ანდრიას წამიერად მოეჩვენა კიდეც, რომ სარკიდან სანდრო უყურებდა.
მთელი სხეული აუკანკალდა იმის ნდომით, რომ ეს სარკე ახლავე ჩაემსხვრია, სანდროს დამპალი, არაკაცის სახე ჩაეტეხა და ხელებზე მისი სისხლი ეგრძნო.
მათ ხომ იდენტური სისხლი ჰქონდათ.
ამის მიუხედავად, ანდრიას სანდროს სისხლი წარმოედგინა როგორც მუქი წითელი, საშინლად ბლანტი სითხე, რომელიც კუპრს აგონებდა.
იმედი ჰქონდა, რომ ერთი დღეც იქნებოდა და მოეცემოდა საშუალება დაენახა, თუ როგორი იყო სანდროს სისხლი.
სანახაობა იქნებოდა ალბათ.
ხელები გაიმშრალა, და სარკეს თვალი აარიდა. პირსახოცი თავის ადგილას ჩამოჰკიდა და სააბაზანოდან გამოაბიჯა.
წამსვე თათიას ოთახისაკენ დაადო თავი.
როგორც ჩანდა, მობოდიშება და ყველაფრის უფრო დალაგებულად ახსნა მოუწევდა. ისევ უტიფარი ტყუილები, ისევ უაზრო სიტყვები და ცარიელი დაპირებები. ამ ყველაფრის გაფლანგვა მოუწევდა, საკუთარი სინდისის ფასად, რომ ალუბლის ნდობა და კეთილგანწყობა, რომ მისი ღიმილი მოეპოვებინა.
მაგრამ ანდრიას არც კი ადარდებდა ეს. ყველაფერს გააკეთებდა, მხოლოდ იმისათვის, რომ თათიას მისკენ მოატრიალებინა სახე და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი, ბედნიერი გამომეტყველება ეჩვენებინა.
ეს საკმარისი იქნებოდა. საკმარისი და მეტიც კი.
იცოდა, რომ არ იმსახურებდა ამას. იცოდა, რომ ყოველ წამს, რაც აქ იყო, გოგოს ატყუებდა, ადრე ვერ იტანდა და მასთან გაჩერება არ სურდა, ბავშვობაშიც წამდაუწუმ აწვალებდა მას. ამზადებდა საკუთარი ძმისათვის, ამზადებდა ძალადობისა და დამცირებისათვის, რასაც იგი არ იმსახურებდა.
ანდრიამ ტუჩი მოიკვნიტა და თვალები მაგრად დახუჭა, როცა საძინებლის კართან გაჩერდა.
იგი ალუბალს არ იმსახურებდა. არანაირად.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არ სიამოვნებდა ყოველი თბილი და კეთილი სიტყვა, ნებისმიერი თბილი მზერა და შეხება, რომელიც ამ გოგოსგან მოდიოდა. სანამ თთია ფერების გარჩევას შეძლებდა, აივანზე გადიოდნენ ხოლმე დილით, ან საღამოს და ანდრია აღუწერდა გარემოს: ჩამავალი მზის გარდამავალ, ფერად გამას, ვარდისფრად, იასამნისფრად, ნარინჯისფრად შეფერილ ღრუბლებს, ახლადგამოსულ კვირტებს ტოტებზე, ხეების ძირებში ამოსულ ფურისულებს, ძლივს რომ არჩევდა, მაგრამ სულ სურდა რომ ეხსენებინა, მათი აივნის სახელურზე შემომჯდარ ბეღურას, რომელიც თათიას მიერ იქვე მიყრილ პურის ნამცეცებს აკენკავდა, მის ჭრელ ბუმბულებს. მერე კი, როცა კვირტებმა იფეთქეს და პაწაწინა ფოთლები და ყვავილები გამოჩნდნენ ტოტებზე, ანდრია აღწერდა მწვანეს, ოქროსფერ-დაკრულ წაბლისფერსა და ვარდისფერს, რაზეც თათია გაიცინებდა და იტყოდა, რომ „სანდრო“ კორპუსის ეზოში მდგარ ალუბლის ხეს აღწერდა. ანდრია არაფერს ეტყოდა ამის საპასუხოდ, მაგრამ გულში ინახავდა იმას, რომ ეს ფერები თათიას თვალებს, თმასა და ტუჩებს ეხებოდნენ.
იმდენ ყურადღებას აქცევდა ფერებს, როგორც არასდროს. შავ-თეთრ, მონოტონურ ცხოვრებაში ჩაძირული თითქოს გამოცოცხლდა, თითქოს სხვა თვალით შეხედა გარემოს.
ანდრიამ ხელი ასწია და კარზე დააკაკუნა.
-თათია… – ხმადაბლა დაიწყო მან. – თათია, გესმის? ვიცი რომ მანდ ხარ… – მან შუბლი მიაყრდნო კარს და კისერი ჩაიწმინდა. – ვიცი, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა და ამიტომ… მაპატიე, რა. არ უნდა გამეგდო დეიდაშენი. უბრალოდ რაღაც სისულელეს ამბობდა, რაღაცას ბოდავდა და არ მესიამოვნა. გატყუებსო… ასევე შენი წაყვანა უნდოდა, გესმის? შენ ხომ არ გინდოდა წასვლა, არა? – ანდრიამ ძლივს ამოისუნთქა, ყელი სტკიოდა, თავი უცნაურად დაუმძიმდა. – შენ არ გინდოდა წასვლა… ხომ მოგწონს აქაურობა, ჰა? მეც მომწონს აქაურობა… არადა ადრე ამ მომწონდა, ვერ ვიტანდი. ძალიან.. ბნელი და დახუთული. სულ ფანჯრები მრჩებოდა დაკეტილი. – ანდრიამ ჩაიცინა და ყველანაირად შეეცადა ისტერია, რომელიც ნელ-ნელა ეპარებოდა ხმაში, მოეთოკა. – შევიცვალე, არა? რა თქმა უნდა, შევიცვალე. შენ რა გეგონა, შენ აქ მოხვიდოდი, დაჯდებოდი, მომითმენდი და არაფერიც არ მოხდებოდა, ჰა? – ანდრიამ იცოდა, რომ ძალიან ღრმად ტოპავდა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. მართალი იყო, ცოტა ხნის წინ რომ ფიქრობდა, რომ ამ ყველაფერს ვეღარ აიტანდა. უნდა გამოეთავისუფლებინა რამე, თორემ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ გასკდებოდა. – სულ შენი ბრალია, ყველაფერი გაძნელდა, ცხოვრება გამიძნელდა, და ყველაფერი შენი ბრალია. რა მოგიხერხო, ვერ გავიგე, როგორ მოვიქცე, ისიც ვერ გავიგე…. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ არ მინდა რამე მოგიხერხო. მინდა რომ ზუსტად ისე იყო, როგორც ხარ.
ანდრია გრძნობდა, როგორ აწვებოდა ყელში ცრემლები, როგორ აეწვა თვალები და როგორ გაუჭირდა სუნთქვა. მხრები შეუთრთოლდა.
-ჰოდა მითხარი, რომ არ წახვალ. მითხარი, რომ არ მიმატოვებ… ალუბალო… – ანდრიამ ვეღარ გაუძლო. თათიას სახე უნდა ენახა. – შემოვდივარ… – ხმადაბლა გასძახა მან და კარის სახელური ჩამოსწია. კარი ნელი, ჩუმი ტკაცუნით გაიღო და ანდრიამ შიგნით შეაბიჯა.
თვალები მაშინვე ლოგინს მიაპყრო, სადაც თათია უნდა ყოფილიყო ჩამომჯდარი, მაგრამ გახევდა, როცა ვერავინ ვერ დაინახა. ელვის სისწრაფით მოტრიალდა, სასწრაფოდ მოათვალიერა მთელი ოთახი, აივანზე გავარდა, ლოგინის ქვეშ შეიხედა, მაგრამ თათია არსად არ ჩანდა. ანდრიას სუნთქვა აუჩქარდა, გამოვარდა და სასტუმრო ოთახი მოათვალიერა, მერე კი სამზარეულოში გაიქცა, მეორე აივანი, სააბაზანო, მეორე საძინებელი შეამოწმა.
თათია არსადაც არ იყო.
ანდრია შემოსასვლელში გამოვარდა და მთელი ძალით ჩააჭირა ფრჩხილები თავის ხელისგულებს, როცა განცვიფრებით შეამჩნია, რომ შემოსასვლელის კარი ცოტათი შეღებული იყო.
თათია დეიდამისს გაჰყვა უკან.
-ამის დედაც ვატირე… – დაიღმუვლა მან, ერთბაშად დაჭიმული სხეული სისხლის მტკივნეული ფეთქვით აევსო. საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებს სცემდნენ მთელი ძალით და ფეხები თითქოს უბჟუოდა, როცა კიბეებზე ჩარბოდა გამწარებული.
თათია დეიდამისს გაეკიდა. აქ დარჩენას ამჯობინა მას გაჰკიდებოდა.
ბოლო კიბეს გადაევლო და ქუჩაში გამოვარდა, გრილმა, მარტის ჰაერმა და წვიმამ უმოწყალოდ დასუსხა შიშველ მკლავებზე, არც კი უფიქრია, რომ მოკლესახელოებიან მაისურზე რამე მოეცვა. წამსვე სირბილით დაუყვა ქუჩას, გამწარებული მირბოდა თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თათიას ეძებდა…
-თათია! – დაიღრიალა მან, რამაც რამდენიმე გამვლელი ს ყურადღება მიიქცია. ისე გადმოხედეს, თითქოს გიჟი ყოფილიყო, მაგრამ ანდრიას ყურადღება არ მიუქცევია. თმა დაუსველდა და შუბლზე მიეწება, მაისური და შარვალი უსიამოვნოდ მიეკრა კანზე, ქარი უბერავდა და უფრო მეტად სუსხავდა, მაგრამ თავში გაუელვა თათიას ჩაცმულობამ, ასევე თხელმა მაისურმა და შარვალმა, ფეხზე წამოცმულმა ფლოსტებმა და საკუთარ თავს ძალა დაატანა.
პარკს ჩაუარა, შორიდან დაინახა მისკენ ზურგით, გაუნძრევლად მდგარი ფიგურა, რომელსაც უკმაყოფილო გამვლელები გვერდს უქცევდნენ. ანდრიამ შორიდანვე იცნო მისი წითელი მაისური, ნაცრისფერი შარვალი, სხეული და თმა…
ანდრია თათიას შეეტაკა, ტანზე მაგრად მოხვია მკლავები და ახლოს მიიხუტა. თათიას მოულოდნელობისა და იმპაქტისაგან სუნთქვა აღმოხდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ანდრიამ ლოყა თავზე მიაყრდნო, ხმამაღლა ქშინავდა, გოგონას ზურგზე მიჭერილ მკერდში გული ისეთი ძალით უცემდა, თითქოს მკერდის ძვალსა და ნეკნებზე უროს ურტყამდნენ.
-თათია… – ძლის ამოიქოშინა მან და უფრო მაგრად მოხვია ხელები. – წავიდეთ სახლში…
გოგონას სხეული გაჰყინვოდა. ანდრია ოდნავ გასწორდა, სახეზე დახედა.
ტათია გაყინული იდგა, ადგილზე გაშეშებულიყო და რაღაცას მიშტერებოდა. ანდრიამ ძალაუნებურად მის მზერას გააყოლა თვალი, მაგრამ ვერაფერი საინტერესო ვერ დაინახა.
-თათია, წამოდი… – ჩაიჩურჩულა მან და თავი დასწია, გაყინულ ლოყაზე სველი უჩებით შეეხო.
თათიას ტანი აუთრთოლდა, სახის ნაკვთები მოულოდნელად მოეკრუნჩხა. ქვითინი წასკდა და შემოტრიალდა, თავი ანდრიას მკერდში ჩარგო. ანდრია ვერც კი გაინძრა, მხოლოდ დაძაბული, გაუგებარი ემოციებით აღვსილი დაშტერებოდა გოგონას, რომელიც კანკალებდა და ხმამაღლა ტიროდა.
ამიტომ მთელი ძალით ჩაიხუტა, თავზე მოჰკიდა ხელი და უკეთესად მოიზიდა თავისკენ. თათია ტიროდა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. არც მაშინ, როცა ანდრიამ სახლისაკენ წაიყვანა, არც მაშინ, როცა ანდრიამ სთხოვა ტანსაცმელი გამოეცვალა და თბილი პიჟამა ჩაეცვა, და არც მაშინ, როცა ლოგინში მწოლიარე ანდრიამ საბანი გადასწია და ანიშნა, რომ დაწოლილიყო. პირიქით, მთელი ძალით მოსჭიდა ხელები და ცივი ტერფები დაუსვა ფეხებზე.
ანდრიამ დაისისინა სიცივისაგან, მაგრამ ფეხები არ გაუწევია. მკლავი თავქვეშ ამოიდო და მხრამდე ამოიწია საბანი, თათიას ზურგზე ამოუკეცა გადასაფარებელი და თავი შეუწორა, რო უფრო კომფორტულად წოლილიყო.
მერე კი ისე მაგრად, ისე ძლიერად მიიხუტა, რომ ერთმანეთის გულისცემას გრძნობდნენ ორივენი, თათიას წყნარი, ცხელი სუნთქვა ანდრიას ყელზე ეხებოდა, და მისი თითები მაისურში გახლართულიყვნენ.
ანდრიამ ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა.
ამ ყველაფერზე ხვალ იფიქრებდა. ამჯერად კი უბრალოდ ტკბებოდა იმ ფაქტით, რომ ალუბალი ასე ახლოს ჰყავდა.
-*-*-*-*-*-*-12
ანდრიას ერთბაშად გამოეღვიძა. ჰაერი მკვეთრად შეისუნთქა, მკერდი დაჭიმვოდა და ყელი გამოშრობოდა. ძლივს გაახილა თვალები, ისე დამძიმებოდა.
მერე კი მის მკერდზე მოთავსებულ სიმძიმეს დახედა.
თათიას მისი ნიკაპის ქვეშ ედო თავი, მკლავი მკერდზე გადაეხვია და ღრმად ეძინა. ნელა და გამოზომილად სუნთქავდა. ლოყები ავარდისფერებოდა, ტუჩებზე სიწითლე ედო. ანდრიამ ნელა წამოსწია იგი, ისე რომ მის შუბლს მისწვდენოდა ტუჩებით. კანი ნაზი, რბილი და თბილი ჰქონდა და ბიჭმა ამოიხვნეშა, იმდენად კომფორტულად იწვა, რომ სხეულს თითქოს ვერ გრძნობდა. ფარდები ოდნავ გადაეწიათ და გარედან ოდნავი მოყვითალო შუქი იღვრებოდა. ალიონი იყო და მზე ახლახანს ამოდიოდა.
ანდრიამ თავი უკან, ბალიშზე გადააგდო და ჭერს ახედა. ზედმეტად ხმამაღალი მოეჩვენა საათის ტიკტიკი.
ნელა გადმობრუნდა და თათია მკლავებში მოიქცია, გულში მაგრად ჩაიკრა და მისი თბილი, ტკბილი სურნელი შეისუნთქა. არ უნდოდა სხვა რამეზე ფიქრი. მხოლოდ და მხოლოდ ამ სითბოსა და კომფორტის შეგრძნება უნდოდა.
მაგრამ იცოდა, რომ ეს სითბო და კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მოუწევდა, რომ რამე მოეფიქრებინა.
თათიას დახედა. გოგოს მშვიდად ეძინა, ტუჩები ოდნავ გაპობოდა.
ანდრიას გული მოეკუმშა.
ნუთუ ამაზე ამბობდა უარს. ნუთუ აპირებდა უარის თქმას იმაზე, რამაც მის სიცოცხლეს აზრი შეჰმატა, რამაც ფერი დაუბრუნა გარემოს და რამაც ბოლოს და ბოლოს, დაანგრევინა ის ბარიერი, რომელიც მასა და სამყაროს შორის იყო აღმართული? ნუთუ მართლა აპირებდა იმის მიტოვებას, რაც მისი ღიმილის ერთ ერთი მთავარი მიზეზი იყო?
ნუთუ დრო არ იყო, რომ ბოლოს და ბოლოს მიეტოვებინა სანდრო, გაჰქცეოდა მის ეშმაკურ ღიმილსა და მაქინაციებს, მის ძუნწ, ხარბ ხელებს?
მთელი თავისი ცხოვრება, რაც თავი ახსოვდა, სულ მისი ძმის ჩრდილის ქვეშ იდგა. მაგრამ იქნებ გარიდებულიყო მის ძმას და ნათელ ადგილას გასულიყო, სადაც მისი ჩრდილი ვეღარ მისწვდებოდა?
ანდრიამ ამოისუნთქა, გამალებით ფიქრობდა.
ფული ჰქონდა. რამდენიმე ნაცნობი ჰყავდა საზღვარგარეთ. პრობლემა მხოლოდ სანდრო იყო. ყველა მოსახვევში ჯაშუშები იყვნენ, რომლებიც მის ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდნენ, და საქმე იმაში იყო, რომ მათ ვერ აირიდებდა თავიდან, ყოველ შემთხვევაში მათი განრიგისა და საყარაულო ადგილების ცოდნის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ თავის სიჩქარეს უნდა დაყრდნობოდა, გარჯა მოუწევდა იმისათვის, რომ სწრაფად გასცდენოდა ჯაშუშებს და ქალაქიდან გაქცეულიყო.
აეროპორტიდან გაფრენა კარგი იდეა იყო, მაგრამ აეროპორტამდე ვერაფრით სანდრო ვერაფრით ვერ მიუშვებდა. ბილეთები სახლიდანაც რომ ეყიდა, სანდრო მაინც გაიგებდა.
საჭირო იყო არა გაწელილი და დეტალური გეგმა, რომელიც კვირებს წაიღებდა, არამედ სპონტანურად მოქმედება. თუ ყველაფერს კარგად დაგეგმავდა და ამ გეგმას გაჰყვებოდა, იცოდა, რომ სანდრო გამოიცნობდა მის მომავალ ქმედებებს. ორივეს კარგად ეხერხებოდათ ამის გაკეთება, ამიტომ ასეთ რისკზე ვერ წავიდოდა. საჭირო იყო მოულოდნელობის ფაქტორი.
საღამომდე მოითმენდა. მერე კი სასწრაფოდ გამოიყვანდა მანქანას და ღამეში გაქრებოდნენ აქედან. ღამე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა დამალვა.
თათიას საათნახევარში გამოეღვიძა. თბილი, დასვენებული და კმაყოფილი ჩანდა. საჭმელი ჭამეს და ცოტა ხნით გარეთ გაისეირნეს. ციოდა, ამიტომ ანდრიამ ალუბალს მხრებზე მოხვია მკლავი, საპასუხოდ კი თათიამ წელზე შემოხვია ხელი. პარკის ძელსკამზე დასხდნენ და რამდენიმე გამვლელმა ოდნავი ღიმილით გადმოხედა. თათია ფართოდ თვალებგახელილი იჯდა და აქეთ-იქით იყურებოდა, ცდილობდა ხალხის თმის, ტანსაცმელის ფერი გამოეცნო და კარგად გამოსდიოდა კიდეც. როგორც თვითონ ამბობდა, გამოსახულება, რომელსაც ხედავდა, შედგებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაბურული ფერების ლაქებისაგან, მაგრამ აშკარად უკეთესად ხედავდა, და მისი თქმით სიზუსტე ახლოს იყო ჩვეულებრივი ადამიანის ხედვასთან.
ანდრიამ ნამცხვარი გამოაცხო. უნდოდა, რომ რაღაც სიმბოლური და სასიამოვნო ეჭამათ წასვლის წინ.
ხვდებოდა, რომ სულელურად იქცეოდა, და საოცარი იქნებოდა, თუ ეს გამოუვიდოდა. მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა, რომ თუ არ უნდოდა ალუბალის სანდროს კლანჭებში ჩაგდება, ეს ფაქტიურად ერთადერთი გამოსავალი იყო. კუთხეში მიიმწყვდიეს და გაქცევის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
არ სურდა, რომ თათიასთვის რამე ეთქვა. თუ ეტყოდა, რომ ქალაქიდან გარბოდნენ, მოუწევდა მიზეზის თქმაც, ყველაფრის მოყოლა კი ასე ერთბაშად არ შეიძლებოდა. თათია ვერაფრით აპატიებდა, თუ უაზროდ მიახლიდა ფაქტებს. საჭირო იყო ახსნა, სიღრმისეული, რომლის დროც არ ჰქონდათ. და რომც ჰქონოდათ და ანდრიას ყველაფერი მოეყოლა მისთვის, შანსი იყო, რომ თათიას არ დაეჯერებინა, ანდა დაეჯერებინა, მაგრამ უარი ეთქვა მასთან სადმე წამოსვლაზე, ამას კი ვერ დაუშვებდა.
-ოჰ? – ნელა თქვა მან და წინ გადაშლილი წიგნი დახურა, მერე კი გაიღიმა. – კი, როგორ არა! სად წავალთ?
-კონკრეტულად არსად, უბრალოდ რკალი დავარტყათ ქალაქს, ცოტათი ქალაქსაც გავცდეთ, კარგი ადგილები ვიცი. – იცრუა ანდრიამ, თან ყალბად იღიმებოდა. ცუდად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ცრუობდა, მაგრამ ვერაფერს ეტყოდა თათიას. აქედან უნდა გაეყვანა.
-მაშ კარგი, წავიდეთ მაშინ. – თქვა თათიამ და წამოდგა, მაშინვე შესასვლელისაკენ გავიდა. ანდრია უკან მიჰყვა, მზად იყო, რომ ხელი შეეშველებინა, თუ ალუბალი წაიბორძიკებდა, ანდა თუ რამეს კარგად ვერ დაინახავდა დაჩრდილულ შემოსასვლელში.
სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში, და ანდრიამ ავტომობილი გამოიყვანა. მაშინვე პედალს დააწვა და მანქანა გზაზე გააგდო.
ელვის სიწრაფით მიჰქროდა ტრასაზე. თათიას ეტყობოდა, რომ ცოტათი შეაწუხა ასეთმა უჩვეულო რბოლამ, მაგრამ ანდრია ხმას არ იღებდა. რაც შეიძლება მოკლე გზით უნდა გასულიყვნენ ქალაქიდან.
ქალაქის განაპირს უახლოვდებოდა, როცა შეამჩნია, რომ შავი მანქანა, რანჯ როვერი აეკიდა, რომელიც ძალიან წააგავდა სანდროს კომპანიის მანქანას. ტუჩები მოკუმა და უფრო მეტად დააწვა პედალს, არ აპირებდა რომ მათთვის დაწევის უფლება მიეცა. ამაზე ალუბლისა და მისი უსაფრთხოება იყო დამოკიდებული.
ერთგან მთავარი გზიდან გაუხვია და გადაწყვიტა, რომ ტრასაზე მოგვიანებით დაბრუნდებოდა, საჭირო იყო სანდროს კომპანიის მანქანის უკან ჩამოტოვება.
-მალე მივალთ? -იკითხა თათიამ, როცა ანდრიამ ქალაქიდან გასვლის ნიშანს ჩაუქროლა. ხმაში ოდნავი ნერვიულობა ეტყობოდა. – რატომ ატარებ ასე ჩქარა?
-ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ… მინდა რომ მალე მივიდეთ. – უთხრა ანდრიამ, კბილებში ცრუობდა და გრძნობდა, როგორ უსველდებოდა ხელები უდროო ოფლით. – ცოტა მოშორებითაა, სულ ეს არის.
-კარგი… – თათია საზურგეს მიეყუდა და დაჟინებით დააშტერდა გზას. ლამპიონები ენთო გზაზე, მოყვითალო შუქი გამოზომილად, დროგამოშვებით გადაუვლიდა მათ მანქანას და სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებდა. ანდრია ალბათ საკმარისად დააფასებდა ამ გრძნობას, მაგრამ ყელში ბურთი ჰქონდა მოწოლილი და მკერდი მოკრუნჩხოდა.
ერთი სული ჰქონდა, სანამ ქალაქს უკან ჩამოიტოვებდა უსაფრთხო დისტანციაზე.
ნახევარი საათი მშვიდობიანად იარეს.
თათიას მოუთმენლობა ეტყობოდა.
-კიდევ რამდენი ხანი დაგვჭირდება? – იკითხა მან და ანდრია გრძნობდა, რომ ვეღარ დაუმალავდა. ცოტა რამ მაინც უნდა ეთქვა.
-რამდენიმე საათი მაინც. – თქვა მან. თათია მოტრიალდა. ანდრიას მისკენ არ გაუხედავს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ თათიას განცვიფრებული გამომეტყველება ეწერა სახეზე.
-როგორ? – დაიჩურჩულა მან. – აბა უბრალოდ…
-მისმინე. – გააწყვეტინა ანდრიამ და საჭეს უფრო მაგრად მოუჭირა თითები. სახსრები გაუთეთრდა, ხელის ზურგზე მყესები დაეჭიმა. – სხვაგან მივდივართ. ვიფიქრე, რომ… რომ უკეთესი იქნება, თუ ცოტა ხანით გავერიდებით ამ ქალაქს.
-კი მაგრამ რატომ? გარიდება… მაინც სად მივდივართ? რატომ არ მითხარი? – ჩაეკითხა თათია. ანდრიამ პირი მაგრად მოკუმა.
-მინდოდა… მინდოდა, რომ სიურპრიზი ყოფილიყო. – მოკლედ მოჭრა მან, მაგრამ იცოდა, რომ ხმას ვერ იმორჩილებდა, რომ თათიამ წამსვე შეატყო ტყუილი.
-სანდრო, რა ხდება? – იკითხა თათიამ. ტონი შეეცვალა, უფრო ღრმა, დაბნეულობითა და ოდნავი გაღიზიანებით აევსო. – სად მივდივართ?
-ხომ გითხარი, რომ სიურპრიზია… – დაიწყო ანდრიამ, მაგრამ თათიამ დამთავრების უფლება არ მისცა.
-გეტყობა, რომ ცრუობ. ხმაზე გატყობ, სანდრო… სულელი გგონივარ? – მან ხმას აუწია და ანდრიამ ნერწყვი გადაყლაპა. ყელი გამოშრობოდა. – მითხარი, რა ხდება?
-ბევრი რამ ხდება. საჭიროა, რომ გავიდეთ ცოტა ხნით ქალაქიდან… – დაიწყო ანდრიამ, მაგრამ სიტყვა გაუწყდა, როცა თვალები გვერდითი სარკისაკენ გაექცა.
გული მუცელში ჩაუვარდა თითქოს.
ისევ რანჯ როვერი მოჰყვებოდათ უკან. იგივე ნომრით. იმდენად იყო თავის ფიქრებზე, გზაზე და თათიაზე კონცენტრირებული, რომ ადრე ვერც კი შენიშნა.
ალუბალი რაღაცას ეუბნებოდა, ხმას უწევდა, მაგრამ ანდრია არ უსმენდა, მთელი ძალით დაჰკრა ფეხი პედალს. გრძნობდა, იცოდა, რომ ტრასაზე ვერსად გაექცეოდა მათ, მაგრამ მაინც უნდა ეცადა.
-დაიწიე! – იღრიალა ანდრიამ და მარჯვენა მკლავი გასწია, რომ თათიასთვის შეეშველებინა, და მეორე ხელი საჭეზე გაამაგრა, ელოდებოდა ბიძგს, რომელიც მანქანას უმართავს გახდიდა.
გამაყრუებელი, მაგრამ ამავდროულად ღამის სიჩუმეში გაბნეული, ჩაკარგული ბათქი გაისმა უკნიდან და მანქანა მკვეთრად მოტრიალდა. თათიამ შეჰყვირა, მაგრად ჩაეჭიდა მკლავზე. ანდრიამ კბილები დაკრიჭა, ყველაფერს წყევლიდა ამ ქვეყანაზ,ე თან ყველანაირად ცდილობდა კონტროლი შეენარჩუნებინა მანქანაზე, მაგრამ აშკარა იყო, რომ ამას ვერ შეძლებდა. კიდევ ერთი ბათქი გაისმა და მანქანა ძლიერად შეირყა. ანდრიამ კბილები დააღრჭიალა, მაგრამ მთელი ძალით დაჰკრა მუხრუჭს ფეხი.
არ აპირებდა დანებებას. ეს არ გამოუვიდა, მაგრამ არ აპირებდა აქ სიკვდილს, ანდა იმას, რომ ეყურებინა, თუ როგორ წაიყვანდნენ ალუბალს და თვითონ როგორ სცემდნენ, შემდეგ კი გზაზე დატოვებდნენ, ორივე უკანა ბორბალდახეთქილ მანქანასთან ერთად.
კიდესთან ახლოს გააჩერა.
-სანდრო, რა ხდება… – თათიამ ხელი უშვა, და ანდრიამ ოდნავი სასოწარკვეთილებით გადახედა ახალგაზრდა ქალს, მის უკვე დაღარულ შუბლს და შეკრულ წარბებს შორის გაჩენილ ნაოჭს.
თათია არ იმსახურებდა ამ ყველაფერს.
-ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ხომ მისმენ, თათია? უბრალოდ მომყევი და ყველაფერი კარგად იქნება… – ვერ აცნობიერებდა, რას ჩურჩულებდა, ალუბალს ხელი სტაცა და მაგრად მოუჭირა მის გაციებულ თითებს საკუთარი ზედმეტად ცხელი ხელი.
-ანდრია, გადმოდი ახლავე! – გაისმა სანდროს ღრიალი. ანდრიამ მუშტები შეკრა. რასაკვირველია, მისი ძმა ამ გეზს აიღებდა. ამან ქვეცნობიერად გაუელვა კიდეც თავში…
თათიამ თვალები დააჭყიტა, მის ხელში მოქცეული თითები ოდნავ მოეკრუნჩხა.
-რაო? – დაიჩურჩულა მან.
-თათი, შენც გადმოდი! ხომ კარგადა ხარ? – ისევ გაისმა სანდროს ყალბი მზრუნველობით აღსავსე ხმა. თუმცა, ალბათ გულწრფელობის მარცვალიც იყო გარეული ამაში. ბოლოს და ბოლოს, თათიას ფასი მილიონები გახლდათ მისთვის.
-სანდრო, რა ხდება? – ხმას აუწია თათიამ. ანდრიამ კიდევ ერთხელ მოუჭირა ხელი მის თითებს, ხელის ზურგზე ცერი გადაუსვა და ხელი გამოსტაცა. – რას… რას ამბობს? ნუთუ შენ…
-უნდა გადავიდეთ. – მოკლედ მოჭრა ანდრიამ, სახელურს ხელი გამოჰკრა და მანქანიდან გადაძვრა. – ჩემს მხარეს გადმოდი. – მან თათიას ხელი გაუწოდა, და გოგონა ნელა გადმოჰყვა. მოძრაობაში ყოყმანი ეტყობოდა, სახეზე კი დაბნეულობა და ცოტაოდენი შიშიც.
-თათია, ხომ კარგად ხარ? – სანდრო შუა გზაზე იდგა, მის უკან ტრასა გადაეკეტა ორ რანჯ როვერს. მან შეწუხებული გამომეტყველება მიიღო და წინ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. – ხომ არ დაგიშავა რამე?
-რა? – თათია გაშტერებული მისჩერებოდა სანდროს, და ანდრია ხვდებოდა, რომ მისი დაზიანებული ხედვის მიუხედავად, ალუბალი არჩევდა სანდროს სახეს. არჩევდა და ვერ ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა აქ.
თათია ანდრიას მოუბრუნდა.
-რა ხდება? ეს… სანდრო…
-სანდრო მე ვარ, თათია! – დაიყვირა სანდრომ, მათ კიდევ უფრო მეტად მოუახლოვდა. ანდრია მთელი სხეულით დაიძაბა, ალუბალს უფრო მაგრად მოუჭირა ხელზე ხელი. – არ მჯერა, რომ ანდრიამ ასეთი რამ გაბედა… უკეთესად უნდა დამეცავი, მაპატიე, ვერ მოვახერხე…
-ანდრია… როგორ თუ ანდრია… – თათიამ განცვიფრებული მზერა სტყორცნა და ანდრიას გული ჩასწყდა, როცა იგრძნო, როგორ მოქაჩა ალუბალმა თავისი თითები მისი ხელიდან, მაგრამ მთლიანად არ გაუშვია ხელი.
-ანდრიას შენი მოტაცება უნდა, თათია! – დაიყვირა სანდრომ. – მოდი, ამის უფლებას ნუ მისცემ, აქ მოდი, ჩემთან!
ანდრიამ ალუბალი ახლოს მოიზიდა.
-არ წახვიდე. – დაიჩურჩულა მან. თათია ყოყმანობდა, სახე გადაუფითრდა, გაშტერებული მისჩერებოდა მას.
-თათია, გთხოვ, მოშორდი მაგ გამტაცებელს. – დაიღრინა სანდრომ. – და ანდრია, სამართალდამცავებს შევატყობინებ იმის შესახებ, თუ რა გააკეთე! თათი, გთხოვ, მოდი ჩემთან. ყველაფერი კარგად იქნება, არ მივცემ ანდრიას უფლებას რომ ყველაფერი, რასაც ამ თვეების განმავლობაში მივაღწიეთ, ჩააფლავოს! ეგ ანდრიაა, თათია!
თათიას სუნთქვა აუჩქარდა. ანდრიას ხელი მოულოდნელად გამოსტაცა. მისგან ორი ნაბიჯით უკან დაიწია. სანდრომ გაიღიმა.
-მან მოგიტაცა. – ნელა დაიწყო მან. – ხომ იცი, რომ მე მაგას არასოდეს გავაკეთებდი? სახლიდან გასვლა მომიხდა და როგორც ჩანს, მაშინ იპოვა შესაძლებლობა. – ანდრიას ბურთი მოაწვა ყელში, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა ალუბლის დაბნეულ სახეს. – რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ვერ მოგწვდი მთელი დღის განმავლობაში. საღამოს მოვედი და აღარ იყავი. მაშინვე დავიწყე შენი ძებნა და როგორც იქნა, მოგაგენი…
თათიას ყბები დაეჭიმა. ანდრიას ზურგი შეაქცია და სანდროსაკენ გაიქცა.
ანდრიას ყველაფერი აუდუღდა შიგნით.
-უკან ას ოთხმოცი და ოცდათხუთმეტი! – დაიღრიალა მან. თათია ისე მკვეთრად შედგა, თითქოს მოჰქაჩესო. ანდრიას საკუთარი გულისცემა ესმოდა ხმამაღალ ბათქად ყურებში. – ას ოთხმოცი და ოცდათხუთმეტი, ალუბალო.
თათია ნელა მობრუნდა.
-თათია, არ მოუსმინო, რაღაც სისულელეებს როშავს… – დაიწყო სანდრომ, ვერც კი აცნობიერებდა, რომ უფსკრულს აღრმავებდა მასა და თათიას შორის.
ალუბალი ანდრიასკენ დაიძრა. სანდროს თვალები გაუფართოვდა.
ანდრიამ მკლავები გამოუწოდა, და გაფითრებული თათია მას მაგრად ჩაეკრა, მთელი ძალით შემოჰხვია ხელები. ანდრიამ მთელი ძალით ჩაიხუტა, ყელში მოწოლილი ბურთი ლაპარაკს უშლიდა, ამიტომ მხოლოდ ნერწყვი გადაყლაპა და სანდროს ნიშნისმოგებით ახედა.
მის ძმას თვალები გაფართოებოდა, გაშტერებული შეჰყურებდა მათ წინ გამართულ სცენას.
-ოცდათოთხმეტი იყო. – ხმადაბლა თქვა თათიამ. – ოცდათოთხმეტი ნაბიჯი.
-შემეშალა, ვერ გავთვალე კარგად… მე…მე ანდრია ვარ. – დაიჩურჩულა ანდრიამ. აღარ სურდა ამის დამალვა.
თათია უფრო მაგრად მიეხუტა.
-ვიცი. მივხვდი. – ნელა თქვა მან. – სანდრო ვიცანი. მეგონა, მისი სტილი შეიცვალა, მაგრამ… შენ არასოდეს ჩაიცვამდი ისეთ კარგ ქურთუკს.
ანდრიას გაეცინებოდა, მაგრამ არ იყო ახლა ამის დრო.
-მენდე, ძალიან გთხოვ. – ხმადაბლა თქვა მან, მერე კი სანდროს სტყორცნა მზერა, რომელიც მათკენ მოიწევდა, ბრაზისაგან სახეწაშლილი.
ყველაფერი წამებში მოხდა. ანდრიამ ჯიბის დანა დააძრო და გაშალა. ცივმა ლითონმა ლამპიონების შუქზე გაიელვა. სანდრო ერთბაშად შედგა. სახე გაუცივდა.
ანდრიამ თათია ელვის სისწრაფით მოატრიალა და დანა ყელზე მიაბჯინა, თან ფრთხილობდა, რომ კანი არ დაეზიანებინა მისთვის.
სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.
-არ გატკენ. – დაიჩურჩულა მან გოგონას თავის უკნიდან, ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას გაეგონა. ალუბალი მთელი სხეულით დაჭიმულიყო, მაგრამ ღრმად და რეგულარულად სუნთქავდა.
ეს კარგი ნიშანი იყო.
-უკან დაიწიე, სანდრო. – ხმამაღლა თქვა მან და სანდროს სახე მოეკრუნჩხა. – ხომ არ გინდა, რომ შენი მილიონები წყალს გაატანო? უკან დაიხიე, ახლავე, თორემ ერთი დანის გასმა და ფულის ნაცვლად ჩალა შეგრჩება, ვფიცავ.
ნელა წინ მიიწევდა, ერთ-ერთ რანჯროვერამდე უნდა მიეღწია, თან თათიას ეფარებოდა, ისე, რომ ძნელი ყოფილიყო იმ მანძილიდან დამიზნება და სროლა.
-უთხარი შენს ხალხს, რომ გადმოვიდნენ ახლავე, გესმის? – ხმას აუწია მან. სანდრო ნელ-ნელა იწევდა უკან, სახე აუტანელი ბრაზით მოკრუნჩხოდა. მან ხელის აქნევით ანიშნა რანჯ-როვერისაკენ, საიდანაც ორი მისი დამქაში გადმოძვრა. ორივეს რევოლვერი ეჭირა ხელში და გამალებით უმიზნებდნენ.
-იარაღი დააგდეთ! – იღრიალა სანდრომ. – დააგდეთ ახლავე! იცოდეთ, ამის თავზე ერთ ღერსაც რომ შეეხოს თქვენი ტყვიები, ადგილზე გაგაქრობთ!
ორივემ სასწრაფოდ დააგდო იარაღი.
-ახლა უთხარი, გასაღები გამოაძრონ და მე გადმომცენ. დროზე! – დაიყვირა მან და ოდნავ დააჭირა დანის პირი ალუბალს კანზე, და თვალები ოდნავ გაუფართოვდა, როცა თათიამ ხმამაღლა შეჰყვირა. დარწმუნებული იყო, რომ ალუბალი ოდნავი წნევის გარდა ვერაფერს იგრძნობდა კანზე.
„ალბათ მიხვდა.“ გაიფიქრა მან და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გასცინებოდა. თათია მიხვდა, და ტკივილი გაითამაშა.
-მიეცით! – იღრიალა სანდრომ. ერთმა გასაღები გამოაძრო და ნელა მოუახლოვდა, ამჯერად ანდრიას დანის დაჭერაც არ დასჭირვებია, თათიამ კიდევ ერთხელ დაიყვირა და რამდენიმე ტკივილით აღსავსე კვნესა ამოუშვა.
ანდრიამ გასაღები გამოსტაცა და ნელა მიუახლოვდა მანქანას, კარები გააღო და ელვის სისწრაფით შეძვრა შიგნით, თათია კალთაში დაისვა, არ აპირებდა სისულელის გაკეთებას. სანდრო მათ არ ავნებდა ასე. სანდროს ამბავი რომ იცოდა, მას აუცილებლად ტყვიაგაუმტარი მინები ექნებოდა მანქანაზე.
-იცოდეთ, თუ ბორბლებს დამიხეთქავთ, ყელს გამოვჭრი. – დაისისინა მან და თავისი საუკეთესო ბოროტი გამომეტყველება სტყორცნა ძმას, რომელიც აშკარად გამწარებული, კბილებდაკრეჭილი იდგა და დაჟინებით შეშტერებოდა.
ანდრიამ მანქანა დაქოქა და ფანჯარა სასწრაფოდ ასწია. მთელი ძალით დააწვა პედალს და გზაზე გავარდა. ცოტათი რომ გაშორდა მათ, შეუნელა, რომ თათიას მისი კალთიდან გადაძრომა შესძლებოდა.
გოგონა ნელა გადაცოცდა მგზავრის სავარძელზე.
ანდრიამ სიჩქარეს მოუმატა, დაძაბულმა გადახედა ალუბალს. მკერდზე დაწოლილი უშველებელი ლოდი მოეხსნა, როცა იგრძნო, რომ ბოლოს და ბოლოს მოახერხა სანდროს გაერიდებინა იგი, მაგრამ ახლა უფრო მეტად მოაწვა ნერვიულობა.
-ალუბალო. მისმინე, არ მინდოდა დანის საქმეში ჩართვა, მაგრამ სხვანაირად იქედან ვერ გამოვაღწევდით. – ნელა და ხმადაბლა დაიწყო მან. – შენი ტკენა აზრად არ მომსვლია, გეფიცები და სერიოზულად არასოდეს დაგადებდი დანას. მისმინე, ვწუხვარ ძალიან, რომ…
-გეყოფა. – შეაწყვეტინა თათიამ და ნელა გადმოხედა. სახე ისევ მიტკალივით გაფითრებოდა, დაბნეული და დისორიენტირებული ჩანდა. ანდრიას თვალი წამსვე მისი ყელისაკენ გაექცა. შვებით ამოისუნთქა, როცა ოდნავი სიწითლეც კი ვერსად შეამჩნია. – უბრალოდ… მასეთი რაღაც აღარასოდეს გააკეთო, გაიგე? ჯერ კიდევ არ ვიცი, რა ხდება დეტალურად, მაგრამ… ახლა არ მინდა არაფრის მოსმენა. უბრალოდ მინდა რომ ცოტა დავისვენო.
-კარგი. კარგი. – ამოიხვნეშა ანდრიამ, კიდევ ერთი მზერა შეავლო მას და გზას გახედა.
-როცა გამოვიღვიძებ, ამაზე ვილაპარაკებთ. – თქვა თათიამ და მკვეთრად გადმოხედა. – სერიოზულად ვილაპარაკებთ, ანდრია.
ანდრიას გული კისერში მოებჯინა.
პირველად გაიგონა საკუთარი სახელი.
-კარგი. აუცილებლად. – ძლივს ამოილუღლუღა მან.
გული უსწრაფესად უცემდა. ლამპიონების მოყვითალო შუქი გამოზომილად, დროგამოშვებით გადაუვლიდა მათ მანქანას.
-*-*-*-*-*-*-13
თათიამ ღრმად ამოიხვნეშა, მის გვერდით მჯდომ ანდრიას უფრო კარგად მიეყუდა და უკეთესად დადო თავი მის მხარზე. საპასუხოდ ბიჭმა მკლავები შემოხვია და ახლოს მიიკრა.
-აბა, ჩემი გვრიტები! – გვერდითი ოთახიდან თეონა გამოფოფინდა, ხელში სხვადასხვა ნამცხვრებით სავსე ლანგრით, და მათ წინ დადო მაგიდაზე. – აბა როგორაა საქმე? ალუბალო, როგორ ჩაიარა კონსულტაციამ?
-თქვეს, რომ ბევრად უკეთესად ვხედავ. – თქვა გოგონამ და გაიღიმა. – პატარ-პატარა დეტალების გარჩევა ჯერ კიდევ მიჭირს, მაგრამ მითხრეს, რომ არა უშავს. დროთა განმავლობაში შეიძლება ცოტა კიდევ გაუმჯობესდეს, თუ არადა შევეჩვევი.
-გაუმჯობესდება, აბა რა იქნება! – ხელი აუქნია დეიდამ. – სხვანაირად არც გამოვა, გენაცვალე… ეს… ბადრიჯანი როგორაა? – მიანიშნა მან ანდრიაზე.
ანდრიამ წარბები შეკრა, მაგრამ მაინც გაიცინა. ეს ქალი ყოველთვის ახერხებდა ერთდროულად მის გამხიარულებასა და ნერვებზე აშლას.
-კარგადაა საქმე. უამრავი რამე ყოფილა გასაკეთებელი კომპანიაში. ნახევარი ფაქტიურად მოვხსენი, მათი დოკუმენტები, ათასი საეჭვო ჩანაწერი და ვიდეო რომ ვნახე. თან უმრავლესობა სანდროს ქვეშემრდომები იყვნენ, ვერ გავაჩერებდი. – მან მხრები აიჩეჩა. – რაც სანდროს ციხეში უკრეს თავი, ყველაფერი აირია, მაგრამ ნელ-ნელა ვალაგებ.
-ნწუ-ნწუ, – პირი გააწკლაპუნა თეონამ, თვალებდაჭყეტილი მიშტერებოდა ანდრიას, და ხელი ნიკაპქვეშ ამოიდო. – არა, იმ დღიდან, როცა აქ დაგინახე, ვიცოდი, რომ შენი ძმა ცოტა ვერ იყო, მაგრამ რა დონეზე ვერ იყო სინამდვილეში, ვერც კი წარმომედგინა.
-არა, ჭკვიანია. – თქვა ანდრიამ. – ხანდახან ზედმეტად კიდეც. იმდენად, რომ უბერავს. არ ვიცი, რამდენი ხანი დააკავებს ციხე.
-ყოველ შემთხვევაში, ირაკლის ამბავი რომ ვიცი, ისევ მონადირე ძაღლივით გაეკიდება და ისევ საკანში უყოფს თავს. – წარბები ასწია თათიამ.
-აბა აბა…- თავი დააქნია თეონამ. – ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხანი ირაკლი აქ დასუნსულებდა? კაციშვილმა არ იცოდა, მისი ასისტენტის გარდა. იმიტომ არ სურდა აქ გამოჩენა.
თათიამ გაიცინა, ანდრიას გადახედა.
-ყოველ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მაინც აღარ ყურყუტებს. – ჩაილაპარაკა მან. – პლუს, ახლა ფულს მიხდის სამუშაოში, წარმოგიდგენია? რამდენიმე ფილიალიც მე გადმომაბარა სამართავად. ამბობს, რომ თუ თავს გამოვიჩენ, მომავალში პრეზიდენტად დამსვამს. ბოლოს და ბოლოს, ანდერძით ჩემია ყველაფერი.
-მერე კი კომპანიებს შევაერთებთ და შენ მართავ ორივეს. ხომ იცი, რა ზარმაცი ვარ. – ანდრიას თვალები ეშმაკურად გაუბრწყინდა, დაიხარა და ტკბილად აკოცა თათიას ტუჩებზე, თითები კი ნაზად დააყოლა ყელზე.
თათიამ გაიცინა და თეონას გადახედა, როცა ანდრიას ტუჩებს მოსწყდა.
-არა, არა, თქვენ გააგრძელეთ. – ხელი აიქნია დეიდამ, მერე კი ნიკაპქვეშ ხელი ამოიდო. თვალები სითბოთი და სიხარულით უბწყინავდა. – მე გიყურებთ, ისე მოიქეცით თითქოს აქ არც ვარ.
ანდრიამ ხმამაღლა გადაიხარხარა, თათია გაიბუსხა და დეიდას დაუბღვირა.
-რა იყო, ალუბალო, გენაცვალე? – მკერდზე ხელი მიიდო ქალმა. – კარგი, ნუღა მიბღვერ, შენი ძმაც მეყოფა, რომ მოვა აქ.
გუგულიანმა საათმა რვაჯერ დარეკა და კარზე ზარი გაისმა.
-რაღა თქმა უნდა. – თქვა თეონამ და წამოდგა. – გერმანელის პუნქტუალურობა აქვს შენს ძმას.
სწრაფი ნაბიჯით გაიქცა შემოსასვლელში და თათია ღიმილით წამოდგა, როცა ოთახში შემომავალი ირაკლი დაინახა. ირაკლიმ ფართოდ გაშალა მკლავები და მაგრად მიიხუტა და გულზე.
-როგორა ხარ? -ჰკითხა მან. – საავადმყოფოში ვიყავი, შენი საბუთები და ისტორია ვნახე. უკეთესად ხარ, ხომ?
-კი, მშვენივრად! – თათიამ მას მკლავზე მოქაჩა. – მოდი, დაჯექი!
ანდრია ფეხზე წამოდგა, რომ ცოლისძმისათვის ხელი ჩამოერთვა, მაგრამ ირაკლიმ ერთი დახედა მის ხელს და უკმაყოფილო მზერა სტყორცნა.
-ჯერ კიდევ არ მეხატები გულზე. – დაიღრინა მან.
ანდრიამ დაიცადა, სანამ იგი გაბრუნდებოდა, მერე კი მის ზურგს დაეჭყანა. მის გვერდით მდგომმა თათიამ მკლავზე წაარტყა ხელი.
თეონას სიცილი აუტყდა, ირაკლიმ კი დაბნეული გამომეტყველებით გამოხედათ.
ანდრიამ გაიღიმა, და თათიას მკლავი წელზე შემოაჭდო.
დასხდნენ, დაილაპარაკეს და ნამცხვრები მიირთვეს.
ოთახში სითბო ტრიალებდა, და ანეიტრალებდა გარეთ გამეფებულ წვიმასა და ქარის ზუზუნს.
წლების წინ მქონდა წანაკითხი ეს ისტორია და დღეს მოვუბრუნდი, კი გამიხარდა რომ ანდრია და თათია ბედნიერები არიან ერთად, მაგრამ ჩემი მარიამი და გიორგი და მათი ცხოვრება რომ გამინადგურე ვერ გპატიობ ლინდა🥲
თეონა დეიდა ლავ😂💘
ძალიან მოყვარს შენი ისტორიები ❤ იმედია ახლებსაც ვიხილავ მალე ❤
LikeLike
ყოჩაღ ანდრიას ძალიან გამიხარდა ერთად რომ დარჩნენ მადლობა ავტორს
LikeLike
მიხარია რომ მოგეწონათ 🥰💛
LikeLike
თბილი და ტკბილი ისტორია💝
LikeLike
დიდი მადლობა, მიხარია რომ წაიკითხეთ 🤩💛💛
LikeLike
წლების წინ მქონდა წანაკითხი ეს ისტორია და დღეს მოვუბრუნდი, კი გამიხარდა რომ ანდრია და თათია ბედნიერები არიან ერთად, მაგრამ ჩემი მარიამი და გიორგი და მათი ცხოვრება რომ გამინადგურე ვერ გპატიობ ლინდა🥲
თეონა დეიდა ლავ😂💘
LikeLike
ასე ბოლოდან მოვყვები,ვიხსენებ ყველაფერს და უზომოდ მომწონს😍😍😍
LikeLike