გამცემლიძის საშვი

-*-*-*-*-*-*-*-
„ციური გამცემლიძე: ფინანსთა დეპარტამენტი (ადრე: კვლევისა და დეველოპმენტის დეპარტამენტი, მარკეტინგის დეპარტამენტი). პოსტი: აღმასრულებელი მენეჯერი. სტაჟი: 4 წელი. წლოვანება: 36 წელი…“
ცოტნე დაშნიანმა წარბები შეკრა და უსიტყვოდ გადაავლო თვალი გამცემლიძის ფორმას. ფინანსთა დეპარტამენტის დირექტორის, ოდიშარიას თუ დაუჯერებდა, ციური გამცემლიძე ფინანსთა დეპარტამენტში არაფრად ვარგოდა. „უყურადღებო, ტაქტსა და ზრდილობას მოკლებული, უნაყოფო მუშაობა.“ გადაავლო თვალი ლაკონურ შეფასებას და ამოიხვნეშა, შემდეგ კი მაგიდის წინ, მის პირისპირ, ტყავის უზურგო სკამზე ჩამომჯდარ, ერთიანად დაჭიმულ ქალს გადახედა.
-როგორც თქვენი დეპარტამენტის თავმა მომახსენა, თქვენ არ ხართ ამ საქმისათვის შეთავსებული. – ნელა დაიწყო მან. – როგორც იცით, ჩვენს კომპანიას მკაცრი პოლიტიკა გააჩნია უკონცენტრაციო და უპასუხისმგებლო თანამშრომლების მიმართ…
-მე ყველაფერს ვაკეთებ, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, გეფიცებით… – ქალმა ხელები ერთმანეთს მიატყუპა და მუდარის ნიშნად ასწია. – უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ, იმდენი სამუშაოა. ღამეებს ვათენებ და მაინც არ მყოფნის დრო…
-რა უყავით იმ პროექტს, ბუდაპეშტში გასახსნელი ფილიალის შესახებ? – წარბი ასწია ცოტნემ და დაჟინებით დააშტერდა. – ერთი თვის წინ გადმოგეცათ, ჩვეულებრივ პროექტის დასასრულებლად ერთი კვირა გეძლევათ, არა? მაშ სად არის თქვენი ნამუშევარი?
ქალს სახე ერთიანად გაუწითლდა, თითქოს ცეცხლი მოეკიდაო. მისმა კუთხეში ნაოჭებგაჩენილმა თვალებმა ცეცხლი დააფრქვიეს.
-როგორც ვიცი, – ძლივს ამოღეჭა მან, – ბატონმა ოდიშარიამ თავისით გადააბარა პროექტი სხვა აღმასრულებელ მენეჯერს, ჩემზე გადმოცემიდან ორი დღის შემდეგ. ეს პროექტი ჩემი პასუხისმგებლობა არ იყო.
ცოტნემ წარბები შეკრა.
-გასაგებია. – ნელა თქვა მან. – ძალიან კარგი. ოდიშარიას აუცილებლად მოველაპარაკები. მანამდე კი, სანამ ყველაფერი დაწყნარდება, თქვენ მარკეტინგში გადაგიყვანთ.
ქალს წარბები შუბლზე აუვიდა.
-მარკეტინგში? – ძლივს ამოისუნთქა მან. – ანუ არ მსხნით სამსახურიდან?
-რასაკვირველია არა. – სწრაფად მოუჭრა ცოტნემ. – თქვენი საშვი დამიტოვეთ, მარკეტინგის დეპარტამენტის თავს შევატყობინებ ახალი თანამშრომლის დანიშვნის შესახებ. გამოცდილება გაქვთ. საცდელი დროით, ერთი თვით გადახვალთ, მერე კი ვნახოთ, როგორ იქნება საქმე.
გამცემლიძე გაბადრული წამოდგა, და როცა ცოტნემ გასვლის ნიშნად ხელი აუქნია, მადლობების ძახილითა და უზარმაზარი ღიმილით გავიდა.
ცოტნემ საქაღალდის ფურცელი წითელი სანიშნით მონიშნა, შემდეგ კი დახურა და სავარძელში გადავარდა. უკვე თითქმის რვა საათი სრულდებოდა, თვითონ კი ბოლო ორი საათი იძულებული გახდა, რომ ფინანსთა დეპარტამენტის ზარმაცი დირექტორის, ნიკოლოზ ოდიშარიას ნაცვლად გამოლაპარაკებოდა თანამშრომლებს, რომლებიც დათხოვნის პოტენციური კანდიდატები იყვნენ. ცოტნემ საქაღალდეს ჩემოდანში ჩაუძახა, ტკაცუნით დაკეტა და სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა გარეთ. წესით, სახლში ორი საათის წინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ აუცილებელი გახლდათ, რომ ოდიშარიას ისევ რაღაც სულელური, ძალიან მოსახერხებელი გაციება დამართნოდა და თავისი პასუხისმგებლობა ცოტნეზე გადმოებარებინა.
ვითომ ვიცე-პრეზიდენტს არ ჰქონდა საკმარისი საქმე.
ცოტნე დაელოდა, სანამ ლიფტის ვერცხლისფერი, პრიალა კარი გაიღებოდა, შემდეგ კი შიგნით შეაბიჯა. კოსტუმი შეისწორა და ჩემოდანი უფრო მოხერხებულად დაიჭირა ხელში, და ღილაკს, რომელზეც ციფრი „1“ ანათებდა, მიაჭირა თითი. ლიფტმა უხმაუროდ, ნელა დაიწყო ქვემოთ დაშვება.
რვა საათი იყო ჯერ. ცოტა ხნით შეივლიდა საცურაო აუზში. ორი საათით დაგვიანებამ რეჟიმი ცოტათი დაარღვევინა, მაგრამ რაღაცას მოახერხებდა.
ხელში ჯერ კიდევ ეჭირა გამცემლიძის საშვი, ოდიშარიას კაბინეტში დატოვება დაავიწყდა. „მიმღებში დავტოვებ.“ გაიფიქრა მან.
ფიქრებიდან გამოფხიზლდა, როცა ლიფტმა დაიწკარუნა და ოცდამეხუთე სართულზე ნელა შეჩერდა. კარი გაიღო და ცოტნემ წარბი ასწია, როცა დაინახა, თუ როგორ შემობანცალდა ლიფტში საქაღალდეებით, უამრავი ფურცლით, მხარზე გადაკიდებული შავი ჩანთით, კოკა-კოლის ბოთლებითა და სამი „სნიკერსით“ დახუნძლული გოგონა. ქოშინით აიქნია მხარი, რომ ჩანთა შეესწორებინა, რომელიც აშკარად უცურდებოდა, და საქაღალდეები ხელიდან გაუცვივდა.
-ფუჰ… – ამოუშვა მან და აქეთ-იქით გაფანტული ქაღალდების შეგროვება დაიწყო. ცოტნე წარბაწეული მიშტერებოდა, არც კი განძრეულა. გოგომ ერთხელ ამოხედა და მის ფეხთან დაგდებულ ქაღალდებზე ანიშნა.
-მაგათ ხომ ვერ აიღებდი? – ქოშინით თქვა მან, მაგრამ როცა ცოტნე არც კი გაინძრა, ტუჩები მოპრუწა და თვალები გადაატრიალა. – ნუ რაღა თქმა უნდა.. – ჩაიდუდღუნა მან და ქაღალდებს თავისით გადასწვდა.
კარებები დაიკეტნენ და ლიფტი ისევ უხმაუროდ, ნელა დაეშვა ძირს.
-უჰ.. – ამოუშვა გოგომ და გასწორდა, ჩანთაში ჩატენა საქაღალდეები და აშკარად უფრო გათავისუფლებულმა, უშველებელი ნაქსოვი ჟაკეტი შეისწორა. ცოტნემ უკმაყოფილოდ ახედ-დახედა. მას უგრძესი, მყვირალა მუქი იასამნისფერი ჟაკეტი, რამდენიმე ზომით დიდი ჯინსი და წითელი კედები ეცვა, მის სამოსელს თავზე ჩამოფხატული, გვერდზე მოქცეული შავი ქუდი აგვირგვინებდა. ქუდის ქვემოდან გრძელი, მუქი წითური თმა და ყავისფერი თვალები მოუჩანდა, რომლებიც მას მიშტერებოდნენ.
ცოტნემ მზერა გაუსწორა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-რა იყო, ზემოთა სართულების ჰაერმა ეტიკეტი დაგავიწყა? – დაიწყო უცებ გოგომ და ცოტნემ წარბები კინაღამ შუბლზე აუვიდა, მაგრამ თავი შეიკავა. ახალგაზრდა ქალს ყურადღებაც კი არ მიუქცევია, თავისას აგრძელებდა. – დაგენაძლევები, პრესტიჟული დეპარტამენტიდან ხარ, მაგ კოსტუმსა და შარვალს თუ გავითვალისწინებთ, ჰა? იცი, მე მყავს მეგობარი, ანანო, გაყიდვათა დეპარტამენტში, და ზემოთა სართულებზე გიჟდება. სულ ამბობს, გადასარევი ხალხი დადისო. მე კიდევ ვეუბნები, რომ მასავით ქარაფშუტა ხალხია, ჯოხი რომ აქვთ ერთ ადგილას გარჭობილი, მაგრამ მიჯერებს? აარა, რასაკვირველია. ერთადერთ ჯოხგაურჭობელს დიმიტრის ვიცნობ, ფინანსებში, იცი? – მოუბრუნდა გოგო, მაგრამ სანამ ცოტნე პასუხის გაცემას მოიფიქრებდა, იგი ისევ თავისას მიუბრუნდა. – ალბათ არ გეცოდინება, შენ რაღაც მენეჯერის ტიპი ხარ უფრო… – იგი დაიხარა, ცოტნეს ხელში ჩაჭერილ საშვს როცა ჰკიდა თვალი. – „ც. გამცემლიძე, ფინანსთა დეპარტამენტი. აღმასრულებელი მენეჯერი.“ აჰა, ვიცოდი რომ რაღაც ხოხმა პოსტი გექნებოდა. უი, ჰო, გაცნობა ხომ საერთოდ დამავიწყდა, მეგობარო. – ქალმა აშკარა სიამაყით ასწია კისერზე, თეთრ, სქელ ზონარზე ჩამოკონწიალებული საშვი. – ნატა ბარამიძე, კვლევა და დეველოპმენტი, გენაცვა. ინტერნი ვარ. ძლივს დამნიშნეს. ვერ წარმოიდგენ, რა პრესში მომიწია გასვლა, აქ რომ მომხვდარიყავი. ეს ჩვენი დეპარტამენტის უფროსი თუ იცი? – ცხარედ წარმოთქვა მან. – ალბათ გექნება გაგონილი ვალერი ჩინჩალაძეზე, არა? – ცოტნე ოდნავ მოიჭმუხნა. ვალერი ჩინჩალაძეს პირადად იცნობდა და დიდ პატივს სცემდა. – ოოოო, გეფიცები, თუ რქებით არ ჰყავდეს აქაურობის პატრონს გამოთრეული ჯოჯოხეთიდან, მე მოვკვდე. სუნსულას ვეძახით თანამშრომლები, იცი? – ფხუკუნით გადმოხედა გოგომ, ყავისფერი თვალები ერთიანად გაბრწყინებოდა. – ვაიმე, ერთხელ ჩემს თანამშრომელს გაუგონა და გაფრთხილება მისცა. ნუ, გაფრთხილება რომელია, მისი კაბინეტიდან ნახევარი საათი ისმოდა ღრიალი… ერთადერთი, რაც სუნსულას და ჩვენ საერთო გვაქვს, ის არის, რომ მასაც მიაჩნია, რომ აქაურობას ერთი კარგი, დახუნძლული სავაჭრო აპარატი აკლია. აი ხომ იცი, ფულს რომ შედებ და რასაც გინდა, იმას რომ გადმოგიგდებს? აი, მაგ. კაფე კი გვაქვს, მაგრამ რად გინდა, ხუთი ლარი ღირს ერთი ციცქნა ყავა, ეს ჩვენი გასაუბედურებელი ვიცე-პრეზიდენტი არც კი ითვალისწინებს, რომ ზოგიერთის საფულეში მტვერი ყრია, არ მეთანხმები? – თქვა გოგომ, მერე კი გაჩუმდა, აშკარა იყო, რომ მის კომენტარს ელოდებოდა. მაგრამ ცოტნე ისევ ოდნავ წარბშეკრული მიშტერებოდა.
ამ გოგომ ვერ იცნო.
ვერ ხვდებოდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც „გასაუბედურებელი“ დაუძახა და მის წინ მდგარი „გამცემლიძე“ ერთი და იგივე პერსონა იყვნენ.
-რა იყო, ადამიანო, ლაპარაკი დაგავიწყდა? დაღლილი ხარ, ხომ? ზემოთაც გიჭერენ მარწუხებს? – გოგომ ამოიხვნეშა, თავი დააქნია. – ვიცი, გამიგია დაშნიანის შესახებ. მაგ და მაგის ასისტენტი დემონები არიან, სამწუხაროდ, ბევრი რამ მსმენია მათზე.
ცოტნეს ყელში ამოუვიდა. პირი გააღო, რომ ბოლოს და ბოლოს ეთქვა, თუ ვინ ბრძანდებოდა სინამდვილეში და დაემთავრებინა ეს სულელური შარადა, მაგრამ ლიფტის წკაპუნმა არ დააცადა. კარი გაიღო და ნატა ელვის სიწრაფით გახტა გარეთ.
-აბა ნახვამდის, სასიამოვნო იყო დალაპარაკება, გამცემლიძე! – ხელი დაუქნია მან და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისაკენ.
ცოტნემ პირი მოკუმა და წარბშეკრული უყურებდა, სანამ ნატა ბარამიძემ ნორმალურად არ აითრია ჩანთა და სანამ „სნიკერსის“ ღეჭვით არ გავიდა შენობიდან.
ამ ყურებაში კარებები კინაღამ მიიკეტნენ მის წინ და მათი მკლავით შეჩერება მოუწია.
გამცემლიძის საშვი მიმღებში არ დაუტოვებია.
-*-*-*-*-*-*-
როგორც ყოველთვის, ცოტნე დილის შვიდ საათზე უკვე თავის ოფისში იჯდა და წინ საბუთების მთელი გროვა ეწყო, რომლებისათვის უნდა გადაეხედა. მისი ი-მაილი, და ტელეფონი სავსენი იყვნენ ათასი შეკითხვით მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც თაბაგარის კორპორაციასთან მიმდინარეობდა. როგორც ჩანდა, კომპანიის მეწილეს, ბატონ ზურაბ თადიაშვილს, მეტსახელად „იდიოტს“, შელაპარაკება მოუვიდა მაინც და მაინც მათ პოტენციურ მეწყვილე კომპანიის პრეზიდენტთან, თათია თაბაგართან და ახლა თვითონ მოუწევდა ყველაფრის ჩაწყნარება, რომ მოლაპარაკებები ნორმალურად დამთავრებულიყო.
ზურაბის კიდევ ერთი პანიკით აღსავსე ე-მაილი გადაიკითხა და ამოიხვნეშა. სასწრაფოდ მისწერა კურსი, რომელიც ჯობდა ამწუთას აეღო და ე-მაილი დახურა, ახლა ამის ნერვები არ ჰქონდა. ეს მოლაპარაკებები იარაღის მანუფაქტურას ეხებოდა, რომელიც პირადად სულ არ აინტერესებდა. მაგრამ თუ მათ მეწილეს ამ დეპარტამენტის გაფართოება სურდა, პასუხისმგებლობაც უნდა აეღო თავისი იდიოტიზმის გამო.
მაგიდას დაებჯინა და საბუთებს გადახედა. რამდენიმე ახალი პროექტი ჰქონდა, რომელიც მალევე უნდა გადაებარებინა ინჟინრებისათვის, მაგრამ თითქოსდა ვერ ისვენებდა, წამდაუწუმ გონებაში უტივტივდებოდა ის გოგო, ნატა ბარამიძე, რომელიც გუშინ ნახა ლიფტში. ვერც კი წარმოედგინა, რომ რომელიმე თანამშრომელი კოპანიაში ვერ იცნობდა. ამაგრამ ალბათ გოგო ახალი იყო და იმდენად ჩაფლული საკუთარ ცხოვრებაში, რომ არც კი აინტერესებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა იმ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, სადაც თვითონ მუშაობდა.
მოიღუშა და მაგიდაზე დადებული ინტერკომის ღილაკს დააჭირა.
-ბატონო ცოტნე, რითი შემიძლია მოგემსახუროთ? – გაისმა მისი მდივნის, ქეთის ხმა.
-ქეთი, მინდა რომ კომპანიაში ახალი ტექნოლოგია დავამონტაჟოთ, თან რაც შეიძლება ჩქარა. – უპასუხა ცოტნემ. – სავაჭრო აპარატი, აი, ფულს რომ შედებ…
-სავაჭრო აპარატი? – ქეთის ხმაში გაოცება იგრძნობოდა.
-ჰო, ქეთი. – მოუჭრა ცოტნემ. – სავაჭრო აპარატი. თავისი სასმელებით, და რამე-რუმეებით. გაუგებარია რამე? თითო თითო სართულზე, გასაგებია?
– კარგით, გასაგებია, ბატონო ცოტნე. ცოტა ხანში გამოგიგზავნით კატალოგს, რომ აარჩიოთ, რა გნებავთ, შემდეგ საშუალო ფასებს ვნახავთ და შემდეგ ორშაბათს ფორმას გამოგიგზავნით ხელის მოსაწერად. – უპასუხა ქალმა.
-ძალიან კარგი, ქეთი. სულ ეს არის. – თქვა ცოტნემ და ინტერკომი გამორთო, შემდეგ კი სავარძელში გადაწვა.
ასეთ რაღაცას ჩვეულებრივ არ აკეთებდა. მაგრამ ალბათ ძალიან იმოქმედა მასზე ნატა ბარამიძის გულღია, გულწრფელმა გაკიცხვამ. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მასზე ასე ილაპარაკებდნენ. საკუთარი სუბიექტური აზრით მიაჩნდა, რომ საკმაოდ კარგ ვიცე-პრეზიდენტს წარმოადგენდა, და გულწრფელად უკვირდა და აწუხებდა გოგოს სიტყვები.
სიტყვების რაოდენობაც უკვირდა. გოგო გაუჩერებლად ლაპარაკობდა, აშკარად იმას ამბობდა, რაც თავში პირველი მოუვიდოდა და სულაც არ ერიდებოდა იმის, რომ ცოტნე ამას სადმე სხვაგან იტყოდა. ანდა უბრალოდ… ენდობოდა. ენდობოდა სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც ლიფტში შეხვდა შემთხვევით.
ვიცე-პრეზიდენტმა სკამი დაატრიალა, ფანჯრიდან გადაიხედა. გარეთ წვიმდა, წვეთები ფანჯრის მინას ეხეთქებოდნენ და ქვემოთ გორავდნენ.
ასე რამდენი ხანი იყო, რაც არავინ დალაპარაკებია. ცალკე ცხოვრობდა, ამიტომ დედამისსა და მამამისს არ ელაპარაკებოდა ისე ხშირად, როგორც უნდოდა. მისი ძმა ცალკე მუშაობდა, მისმა უმცროსმა დამ კი, იმის მიუხედავად, რომ საოცარი დიპლომატი შეეძლო გამოსულიყო, არჩია, რომ ფარმაკოლოგიაზე ჩაებარებინა. ორივენი ძალიან იყვნენ დაკავებულნი, ამიტომაც არც მათთან უხერხდებოდა ურთიერთობა ხშირად. მამამისს ყველაზე მეტად ელაპარაკებოდა, მაგრამ ეს ყველაზე ხშირად კომპანიასა და ბიზნესთან დაკავშირებულ საქმეებზე იყო.
ამიტომ იყო ეს სიტუაცია გასაკვირი, თან ძალიან.
სასწრაფოდ შემოტრიალდა, და ისევ დააჭირა ინტერკომის ღილაკს თითი.
-ბატონო ცოტნე, რითი… – დაიწყო ქეთიმ თავისი გაზეპირებული შესავალი, მაგრამ ცოტნეს ამის დრო არ ჰქონდა.
-სასწრაფოდ დაუკავშირდი სესილის, კვლევისა და დეველოპმენტის დეპარტამენტის თანამშრომლების ფორმები მჭირდება. – სწრაფად მიუგო მან.
ქეთიმ ოდნავ დააყოვნა, ალბათ გაუკვირდა მისი უცნაური ბრძანება.
-ახლავე, ბატონო ცოტნე. – უპასუხა მან, და ინტერკომი გამოირთო.
ცოტნე სავარძელს მიეყუდა და მოთმინებით დაელოდა სესილის კაბინეტში შემოფუცხუნებას.
-*-*-*-*-*-*-
დარეკვიდან ზუსტად ცამეტ წუთში გაოფლილი სესილი შემოვარდა და საქაღალდეების უშველებელი გროვა მის მაგიდაზე დაახეთქა, დათხოვნის შემდეგ კი ქოშინით გავიდა. ცოტნემ ირონიული ღიმილი გააყოლა, შემდეგ კი სასწრაფოდ ნატა ბარამიძის საქაღალდეს დაუწყო ძებნა.
ორიოდე წუთში საბუთები ხელში ეჭირა და ინტერესით დაჰყურებდა.
თუ აკადემიურ მოსწრებას გაითვალისწინებდა, ნატა ბარამიძის ფორმა უნაკლო იყო. ინჟინერია ჰქონდა გავლილი თამარ მეფის უნივერსიტეტში, პირველი იყო თავის ჯგუფში და უმაღლესი შეფასება ჰქონდა მიღებული თავის თეზისზე. არც კი იყო გასაკვირი, რომ სამსახურში აიყვანეს, და ცოტნეს უკვირდა კიდეც, თუ გოგო ასეთი ჭკვიანი იყო, საერთოდ რატომ უნდა შექმნოდა პრობლემა აქ მოსვლის დროს?
ცოტნემ საბუთები გადაალაგა, ქეთის დაურეკა, რომ იგი სესილს დაკავშირებოდა და ეს ფორმები აქედან წაეღო, შემდეგ კი საკუთარ სამუშაოს მიჰყვა, როცა სესილმა ბანცალ-ბანცალით გაიტანა უშველებელი გროვა მისი კაბინეტიდან.
ექვსს ხუთი წუთი აკლდა, როცა საქმე მოათავა. მაგრამ ფეხს ითრევდა, ქეთის სთხოვა, რომ მას დამატებითი სამუშაო ამოეტანა, თუ ჰქონდა შემდეგი კვირისათვის რამე. ქეთი გაოგნებული ჩანდა, მაგრამ მაინც მოუტანა საბუთები, რომლებისათვის შემდეგ კვირას უნდა გადაეხედა.
რვა საათი სრულდებოდა, როცა ცოტნემ ბოლო საქაღალდე მონიშნა დამთავრებულად და ჩემოდანი დაკეტა.
ქეთის მერხს ელვის სისწრაფით ჩაუქროლა და ლიფტს მიადგა. ოცდამეთორმეტე სართულიდან ეშვებოდა და ცოტნე ყველანაირად ცდილობდა, რომ არ ეფიქრა ოცდამეხუთე სართულზე, სადაც კვლევისა და დეველოპმენტის დეპარტამენტი იყო.
ლიფტმა ოცდამერვე სართულს ჩაუარა, ოცდამეშვიდეს, ოცდამეექვსეს და… ოცდამეხუთეს. არ გაჩერებულა, ისე დაეშვა დანარჩენ სართულებზე, და სანამ პირველ სართულს არ მიადგა.
ლიფტიდან გამომავალი ცოტნე ყველანაირად ცდილობდა, რომ გულდაწყვეტილად არ ეგრძნო თავი. იმის შანსი, რომ ნატას კიდევ ერთხელ შეხვდებოდა, საკმაოდ ცოტა იყო. კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა ამ შენობაში, და მათი შეხვედრა წინა დღეს იმით იყო განპირობებული, რომ ასე გვიან გახლდათ, რადგან დღის ცვლა შვიდი საათისათვის მთავრებოდა, ღამის ცვლა კი ცხრა საათზე იწყებოდა. მათი შეხვედრის დროს შენობა წესით შედარებით დაცარიელებული უნდა ყოფილიყო.
მაგრამ დღეს სად იყო ნატა?
ცოტნემ თავი გადააქნია, მანქანა შემოატრიალა და ნელა გააჩერა, როცა წითლად ანთებული შუქნიშანი დაინახა. სულ ტყუილად გაჩერდა კომპანიაში დამატებითი ორი საათი. უაზრობა იყო იმაზე ფიქრი, რომ კიდევ ერთხელ ნახავდა ნატას.
ამიტომ მთელი დანარჩენი კვირა არ შეყოვნებულა, სამუშაოს როგორც კი ამთავრებდა, მაშინვე სახლში მიდიოდა. მხოლოდ და მხოლოდ ოთხშაბათს შეჩერდა, რომ ინჟინრებისათვის ესაინმენტები გადაენაწილებინა. ძალიან საინტერესო პროექტები ჰქონდათ და ცოტნეს წამსვე გაუელვა აზრმა, რომ ერთ-ერთი ნატასათვის მიეცა. ნატა, როგორც ჩანდა, ძალიან ჭკვიანი იყო და მოახერხებდა, რომ ამ პროექტს გამკლავებოდა, იმის მიუხედავად,რომ ჩვეულებრივ ცოტნე მათ უფრო გამოცდილ ინჟინრებს გადასცემდა, ვიდრე ახლადდანიშნულ ინტერნებს.
ქეთის გადასცა, რომ პროექტი #7523 კვლევისა და დეველოპმენტის დეპარტამენტში ჩაეგზავნა.
მთელი შაბათ-კვირა იმაზე ფიქრობდა, თუ რა სახე ექნებოდა ნატას, როცა მის წინ გადაშლილ, ასე საინტერესო პროექტს დაინახავდა.
-*-*-*-*-*-*-
შემდეგ ოთხშაბათს ცოტნე ოფისში შეყოვნდა, რადგან ისევ თათია თაბაგართან დასალაგებელი საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. თათიასთან ტელეკონფერენცია ჰქონდა, რომელიც წარმატებით დასრულდა, ზურაბის იდიოტური გამოხტომები ჩაიფარცხა. არა,ცოტნე სერიოზულად უნდა დალაპარაკებოდა მამამისს ზურაბის არაკომპეტენტურობის თაობაზე.
რვას ათი წუთი აკლდა, როცა ლიფტში შევიდა და მოთმინებით დაელოდა, სანამ იგი პირველ სართულამდე დაეშვებოდა.
მაგრამ შუა გზაზე ლიფტმა დაიწკარუნა, და ოცდამეხუთე სართულზე შეჩერდა. ცოტნეს თვალები ოდნავ გაუფართოვდა, როცა ნატას ნაცნობ წითელ ქუდს ჰკიდა თვალი. მისდა გასაკვირად, ქუდის ქვეშიდან ამოსიებული, ამოშავებული თვალები შეჰყურებდნენ. გოგოს ხელში ენერგეტიკული სასმლის, „monster”-ის ქილა ჩაებღუჯა და იღლიაში სქელი საქაღალდე ამოეჩარა, საიდანაც ფერად-ფერადად მოჩანდა უამრავი სანიშნი.
-ოჰ, გამცემლიძე… – მის დანახვაზე გოგოს თვალებში სინათლე მოუვიდა, და მოულოდნელად წაიბორძიკა და კედელს მიეხეთქებოდა, ცოტნეს რომ სასწრაფოდ არ შეეშველებინა ხელი. ნატამ მოჭუტული თვალებით დახედა მის მკლავზე შემორტყმულ ხელს, რომელიც აკავებდა, და გაიცინა.
-მადლობა.. – ამოუშვა მან და როცა ცოტნემ ხელი ნელა უშვა, კედელს მიეყუდა. კარებები დაიხურნენ და ლიფტმა ქვემოთ დაშვება დაიწყო.
-ალბათ გაინტერესებს, მოსიარულე გვამს რატომ ვგავარ, არა? – გაიცინა გოგომ. – აბა, თუ გამოიცნობ. ჯანდაბას, მაინც ვერ გამოიცნობ, ამიტომ გეტყვი. წარმოგიდგენია? იმ… იმ უტვინო, მონათმფლობელმა ვიცე-პრეზიდენტმა ხედავ, რა გამიკეთა? – ბრაზიანად წარმოთქვა მან და ცოტნეს წარბები შუბლზე აუვიდა გაოცებისაგან. – ხმას ვერ იღებ, ისეთი აღშფოთებული ხარ, ხოომ? – თქვა გოგომ და ნელა ჩაიცინა, შემდეგ კი ისევ მოიღრუბლა, პირდაპირ ცოტნეს გადმოხედა. – მთელი კვირაა „Monster“-ს ვყლაპავ და სნიკერსებსა და ჭიქის სუპებზე ვარსებობ. უშველებელი პროექტი გადმომიგდო მაგ ნაძირალამ, პირდაპირ მაგისგან მოვიდა, გესმის? და მხოლოდ ერთი კვირა მქონდა რომ დამემთავრებინა. ახლა რომ დავინახო, დიდი სიამოვნებით მივუძუყნიდი იმ სახეს… – ამოიღრჭიალა ნატამ, თმა კეფის ძირში შეეკრა და უსიცოცხლოდ ჩამოჰკიდებოდა. ცოტნეს მოულოდნელმა გაცნობიერებამ დაუარა და ჟრუანტელმა დაურბინა ზურგში. არც კი გაახსენდა, რომ ქეთი გაეფრთხილებინა, რომ ნატასთვის სამი კვირა მიეცა, დრო, რაც ჩვეულებრივ ჰქონდათ ინჟინრებს ასეთი დიდი პროექტების განხორციელებისათვის. საკუთარი თავი დაწყევლა ასეთი წინდაუხედაობისათვის. – მივხვდი, ამას რატომ აკეთებს. ჩემი მოხსნა უნდა, ზუსტადაც! ალბათ იფიქრა, რომ ვერ გავუმკლავდებოდი ამ დაწყევლილ ესაინმენტს და მერე მომხსნიდა. მაგრამ ვეეერა, ვერ მივართვი, აი! მშვენივრად დავამთავრე, ლამაზად მოვაკვარახჭინე და გავუგზავნე ჩვენს სუნსულას და მაგ მონათმფლობელ ვიცე-პრეზიდენტსაც! ერთი მაგის სახე დამანახა, როცა მიხვდება, რომ მოვამთავრე და მოხსნის მიზეზი არა აქვს! არ მეთანხმები, გამცემლიძე? ნუ რასაკვირველია, მეთანხმები, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ხომ? და იცი რა? ახლა სავაჭრო აპარატები გვაქვს და უმაგრესია. ძლივს ვახერხებ, რომ აქ რამე წავჭამო, თორემ როგორც გითხარი, მტვერი მიყრია საფულეში… – ნატა უცებ წამოიწია და მკლავზე სტაცა ხელი, ცოტნეს მოულოდნელობისაგან წარბები შუბლზე აუვიდა. – გინდა ცხელ-ცხელი ამბავი გაგაგებინო? – დაიჩურჩულა მან. – ესე იგი, ძლივს მოახერხეს დიმიტრიმ და ანანომ რომ ერთმანეთს გამოტყდომოდნენ სიყვარულში, ღმერთო, რა სასწაულია. – მან ენა ოდნავ გადმოყო. – წარმოგიდგენია? ანანო გაყიდვებიდან და დიმიტრი ფინანსებიდან! აკრძალული სიყვარული, რომეო და ჯულიეტ, ფაქტობრივად! – წამოიძახა მან. – სამაგიეროდ ახლა მათი „საყვარელოს“, „ძვირფასოს“, „ჩემო კნუტოს“ და „ჩემო ფერიას“ ატანა მიწევს. – ნატა დაიჭყანა, შემდეგ კი წარბები შეკრა, და მის მკლავს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. ცოტნე ოდნავ შეინძრა, წარბები შეკრა. – ეს რა არის? რა მაგარი მკლავი გაქვს! დადიხარ სადმე? რომელიმე სავარჯიშო დარბაზში? – ჩაეკითხა იგი, შემდეგ კი სასწრაფოდ მომუწა ტუჩები უკმაყოფილოდ. – თუმცა დამავიწყდა, შემ ხომ….
-„ვარსკვლავურ ფიტნესში“. – წამოისროლა უცებ ცოტნემ და ნატამ ელვის სისწრაფით გასწია თავი უკან, თვალებგაფართოებული შეაშტერდა.
-ოჰ! -წამოიძახა მან. – ახლა ჩვენ გავხდით უჩვეულო სანახაობის მომსწრენი! ჰომო მოღუშულუს მუნჯუსმა ხმა გამოსცა! – გამოაცხადა ნატამ, შემდეგ კი საკუთარ ხუმრობაზე სიცილი ატეხა. ცოტნეს ოდნავ გაეღიმა. – მაგრამ სერიოზულად, ესე იგი „ვარსკვლავურ ფიტნესში…“ რა გასაკვირია რომ შენ ვარსკვლავურში ივლიდი… ჩემს ძმას ვეტყვი, აუცილებლად დააინტერესებს. – თქვა გოგონამ და ხელი შეუშვა.
ცოტნეს სულ არ დასწყდა გული იმაზე, რომ ნატასთან დაკარგა ასეთი ახლო კონტაქტი.
სულ არა.
ლიფტმა დაიწკარუნა, პირველ სართულზე გაჩერდა.
-აბა წავედი! – წამოიძახა ნატამ და გარეთ გავარდა, ოდნავი ბორძიკით, და ცოტნემ ერთი წამით გაიფიქრა კიდეც, რომ შეეთავაზებინა მისთვის სახლში წაყვანა, მაგრამ ნატა მოულოდნელად მოტრიალდა.
-ჰო, რა გქვია? – ჰკითხა მან. – მიკვირს, რომ აქამდე არ მომივიდა აზრად მეკითხა!
-ცოტნე. – უპასუხა ცოტნემ და დაძაბული უყურებდა, თუ როგორ გაუფართოვდა ნატას თვალები, შემდეგ კი საცოდაობით აღსავსე გაუხდა.
-ვაიჰ, შე უბედურო… – თქვა შეწუხებული ტონითა და გამომეტყველებით. – ჩვენი იდიოტი ვიცე-პრეზიდენტის სეხნია რომ ხარ, გისამძიმრებ. მაშ კარგი, ცოტნე, კიდევ გნახავ!
ნატამ ხელი კიდევ ერთხელ დაუქნია და სწრაფი ნაბიჯით გაბანცალდა შენობიდან.
და თუ ცოტნემ მზერა გააყოლა, სანამ იგი თვალს არ მიეფარებოდა, ამას არასოდეს არ აღიარებდა.
-*-*-*-*-*-*-
ცოტნემ ბინის გასაღები ეტაჟერზე მოისროლა და შუქი აანთო. მისი ბინა რატომღაც ცივი, ბნელი და ჩუმი მოეჩვენა. „თუმცა ვის ვატყუებ,“ სარკასტულად გაიფიქრა მან. „არის კიდეც ცივი, ბნელი და ჩუმი.“
მის დასთან ერთად ცხოვრობდა, სანამ ნინიმ არ მოახერხა თავისი სამუშაოდან საკმარისი ფულის „მოხიკვა“, როგორც თვითონ ეძახდა ამას და აქედან გადაბარგება. სასიამოვნო იყო ნინისთან ცხოვრება, ყოველთვის ახლოს იყვნენ, ამიტომ ცოტნე ცოტა უფრო მეტად განიცდიდა მარტო ცხოვრებას.
არადა ძალიან კარგი იქნებოდა ვინმესთან ერთად ყოფნა, მაგალითად ვინმესთან, ვინც მასთან ერთად, მის კომპანიაში მუშაობდა, იყო განათლებული, მხიარული, ჭკვიანი, ჰქონდა მუქი წითური თმა და ნათელი ყავისფერი თვალები, რომლებიც უფრო განათდნენ მის დანახვისას, იმის მიუხედავად, რომ ასეთი დაღლილობა და ჩრდილი ჩამოწოლილიყო მათში…
ცოტნე მოულოდნელად გამოერკვა ფიქრებიდან, როცა მისმა ტელეფონმა ზუზუნი ატეხა. სასწრაფოდ ამოაძრო ჯიბიდან და განათებულ ეკრანს დახედა.
ნინი ურეკავდა.
მწვანედ მანათობელ ღილაკს დაჰკრა თითი და მობილური ყურთან მიიტანა.
-ცოტ! – გაისმა ყურმილში და ცოტნეს ჩაეღიმა, შემდეგ კი თვალები გადაატრიალა. რამდენი წელი იყო, რაც ეს სამი ასო ესმოდა თავისი სახელის ნაცვლად დისგან და ყოველთვის ბავშვობის მოგონებებით სავსე იყო თითქოს ეს მიმართვა. – როგორა ხარ, შე ძველო?
-მე თუ ძველი ვარ, შენ მთლად ანტიკური გამხდარხარ, ნინი. – სარკასტულად მოუჭრა ცოტნემ და ჩაიცინა, როცა ყურმილიდან ფრუტუნი მოესმა. – როგორა ხარ? საქმე როგორ მიდის?
-რა ვიცი, ნორმალურად, ბევრი არაფერი ხდება საინტერესო. – ჩაილაპარაკა ნინიმ. – საინტერესო არა, მაგრამ სასაცილო იმდენია, რომ არ ვიცი. იმდენი იდიოტი შემოდის ყოველდღე რომ მიკვირს ხოლმე, როგორ ფუნქციონირებენ და როგორ არ კვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისეთი ელემენტარული რამეების გაგებაში არ არიან, რომ არც კი ვიცი ხოლმე, გავიცინო თუ ვიტირო.
-რას იზამ. – თქვა ცოტნემ. – ბევრია მასე.
-შენ როგორა ხარ მეთქი, შეგეკითხებოდი, მაგრამ ძალიან კარგადაც ვიცი, როგორაც ხარ. – ნელა წარმოთქვა ნინიმ. – სახლი სამსახური, სახლი სამსახური, სახლი სამსახური, სახლი სამსახური, არა?
-არ დაგავიწყდეს, რომ სავარჯიშო დარბაზშიც დავდივარ… – დაიწყო ცოტნემ.
-ჰოოო, ჰოოო… – ჩაიფრუტუნა ქალმა. – რასაკვირველია, ეგ როგორ დამავიწყდა. სხვა? სხვას აკეთებ რამეს? სადმე გადიხარ, ვინმეს ხვდები?
-ნინი, არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი… – დაიღმუვლა ცოტნემ, მაგრამ ნინი გაჩერებას არ აპირებდა.
-არ გინდა არა ისა. ძალიანაც გინდა. ცოტ, გენაცვალე, გამოკეტილი ხარ არაფერსაც არ აკეთებ. რაღაც ჰობი გჭირდება, გაიგე? გადი, ვინმეს გამოელაპარაკე, ვინმეს შეხვდი, მაინცდამაინც გინდა რომ შენი მეწილესავით დაამთავრო? ორმოცდაათის რომაა და გამწარებული ეძებს ცოლს?
-მე ზურაბი არ ვიქნები, ნინი. – მოუჭრა ცოტნემ.
-მე კი მგონია, რომ იქნები, თუ ასე გააგრძელებ. – შეეპასუხა და. – უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო, შენ კიდევ ყველაფერს წყალში ყრი. გადასარევი ბიჭი ხარ და რად გინდა? დარწმუნებული ხარ, რომ არავინაც არ მოგწონს? ვინმე საინტერესო და ჭკვიანი არ გყავთ მაგხელა კომპანიაში?
ცოტნემ ამოიხვნეშა. გონება წამსვე ნატასკენ გაექცა.
-კარგი, კარგი. – დანებდა ის. – შეიძლება არის ვიღაც, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, გაიგე? – წამოიძახა მან, სანამ ნინი რამის ჩამატებას მოასწრებდა. – არ მოვწონვარ და ეგ არის.
-რა იცი, რომ არ მოსწონხარ? – შეეკამათა ნინი. – რას ამბობ, ცოტ, შენ ვინმემ გაგიცნოს და არ მოეწონო? კარგი, გაცნობა ჯანდაბას, შენ ვინმემ შემოგხედოს და არ მოეწონო? ხომ არ დაგავიწყდა, რა მშობლების შვილი ხარ? ჩვენ სამი ვართ ფანტასტიურები, არაფერი შეგეშალოს! სად არის ახლა გიორგი, რა ლექციას ჩაგიტარებდა…
ცოტნემ თვალები გადაატრიალა.
-კარგი რა, ნინი. – თქვა მან, უკან გაბეზრებულმა. – სულაც არ მეცინება. გასაუბედურებელი, მონათმფლობელი და ნაძირალა მიძახა და მლანძღა. ეს თუ არმოწონებას არ ნიშნავს, არ ვიცი რა ნიშნავს საერთოდ.
-რაო? – ნინის ხმაში გაოგნება ეტყობოდა. – მოიცა, მაგენი გიძახა და ჯერ კიდევ არ მოგიხსნია?
-არ იცის ვინ ვარ, გესმის? – უპასუხა ცოტნემ. – აზრზე არაა, რომ მე ვარ ვიცე-პრეზიდენტი, ვისაც ლანძღავს.
-ოუ მაი გად. რაში გაყავი თავი, ცოტნე? – გაწყრა ნინი. – უთხარი შენც, ბოლოს და ბოლოს, და მოისვენე. გაგიცნობს და ნახავს, რომ არავითარი მონათმფლობელი და ნაძირალა არ ხარ. ვინაა გასაუბედურებელი? უნდა გეთქვა, გასაუბედურებელი ბებიაშენია თქო! – ატყდა ნინი, და ცოტნემ კიდევ ერთხელ, ოხვრით გადაატრიალა თვალები.
-კარგი, ვნახოთ. – მოკლედ მოჭრა მან.
-იცოდე, ამ საქმეზე სასწრაფო, ყოველდღიუ სიახლეებს მოვითხოვ, გასაგებია? – დაემუქრა ნინი, შემდეგ კი კავშირი გაითიშა.
ცოტნე დივანზე დაებერტყა და ნატაზე, გამცემლიძის დაწყევლილ თუ დასალოც, ჯერ ვერ გადაეწყვიტა, საშვზე დაფიქრდა.
-*-*-*-*-*-*-
ჯერ კიდევ ზედმეტად ადრე იყო ამდენი პრობლემისათვის.
ისღა აკლდა ცოტნეს, რომ ასეთი უაზრო ფაქტი აღმოეჩინა. როგორც ჩანდა, მიღებული ინტერნებისა და თანამშრომლების რაოდენობა თაბაგარის კომპანიაში გასულ თვეებში უფრო მეტი იყო, ვიდრე დაშნიანთა კომპანიაში. ასეთი რამ ადრე არ მომხდარა, ჩვეულებრივ მათთან უფრო ბევრი ხალხი მოდიოდა, მაგრამ როგორც ჩანდა, ეს შეიცვალა.
ცოტნე მოიღუშა. სასწრაფოდ იყო საჭირო მარკეტინგის დირექტორთან დალაპარაკება და ამ საქმის მოგვარება. ძალიან აინტერესებდა, თუ რატომ დაიწია მიღებამ. შემცირებები უკვე ჰქონდათ წინა წელს, და როგორც თვითონ იცოდა, კიდევ იყო ღია რამდენიმე ათეული ადგილი, რომელთა შევსება არ აწყენდათ.
მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორთან საკმაოდ ცხარე და გრძელი მოლაპარაკებების შემდეგ, მოახერხეს რომ სასწრაფოდ გაემზადებინათ ახალი მოქმედების გეგმა, რომელიც უფრო მეტ ხალხს მოიზიდავდა. შეიძლებოდა უფრო მეტი რესურსი დახარჯულიყო, ვიდრე განკუთვნილი ჰქონდათ მარკეტინგის დეპარტამენტის თვიური ბიუჯეტისათვის, მაგრამ ცოტნე დაამატებდა რამდენიმე ათეულ ათასს. მთავარი იყო, რომ აქციების ფასი არ დავარდნილიყო.
ერთიანად ენერგიაგამოცლილი შევიდა ლიფტში იმ საღამოს, რვის ნახევარზე. იცოდა, რომ ნატა ნახევარ საათში თავისუფლდებოდა და მთელი ნახევარი საათი ზემოთ-ქვემოთ დაატარებდა ლიფტს, რაც მიმღებში მჯდომი თანამშრომლების გაოცებით აღსავსე გამომეტყველებები გამოიწვია, რადგან მათ დაინახეს, თუ როგორ ზედიზედ დასეირნობდა მათი ვიცე-პრეზიდენტი, ჩვეული მოღუშული, სერიოზული გამომეტყველებით ზემოთ-ქვემოთ. მაგრამ ცოტნეს დიდად არ აინტერესებდა. სურდა, რომ კიდევ ერთხელ გამოლაპარაკებოდა ნატას, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგადაც ხვდებოდა, გოგოს ეჩვეოდა, რაც სულაც არ იყო კარგი. სულაც არ იყო კარგი მაზე ასე მიჯაჭვება, რადგან ნატამ მისი ნამდვილი ვინაობაც კი არ იცოდა, ვიცე-პრეზიდენტს კი აშკარად ვერ იტანდა.
მაგრამ ეს ვერ შეაჩერებდა ცოტნეს იმისაგან, რომ ლიფტით ევლო უაზროდ.
ბოლოს და ბოლოს, ცხრის სამ წუთზე, ლიფტმა იკადრა ოცდამეხუთე სართულზე გაჩერება და ნატა შემოვიდა. ამჯერად ქუდი აღარ ეხურა, მუქი წითური თმა მხრებსა და მკერდზე ჩამოშლოდა, ზურგზე თავისი ჩანთა მოეკიდებინა, ეცვა ჯინსის შარვალი და ისევ ის იასამნისფერი, უშველებელი ჟაკეტი.
ნატას თვალები გაუბრწყინდა მის დანახვაზე, თვალისმომჭრელად გაიღიმა. დასვენებული, გამოძინებული და ბედნიერი ჩანდა.
ცოტნეს გული მოეკუმშა.
-ცოტნე! – წამოიძახა ნატამ, ისევ გულწრფელად გახარებული უღიმოდა. – აბა როგორ არის ჰომო მოღუშულუს მუნჯუსი?
-კარგად ვარ. – ხმადაბლა მიუგო ცოტნემ. – შენ?
-ვაიმე, ეს რა მესმის? – ხმა დაიბოხა ნატამ, მკერდზე ხელი მიიდო და წამწამები დააფახურა. – რეკორდი მოხსენი სიტყვები რაოდენობაში, ბრავო! – ტაში შემოჰკრა მან. ცოტნეს გაეცინა. – ვაიმე, იცინის კიდეც! – ნატამ გაოცებული და შეძრწუნებული გამომეტყველება მიიღო და თვალები მთელი ძალით დაჭყიტა. – სადაა კამერა, ისტორიული მომენტია!
-არც ისე ისტორიული მომენტია. – ჩაილაპარაკა ცოტნემ. – ისტორიული მომენტი მაშინ იქნება, შენ რომ ლაპარაკს შეწყვეტ.
-მართლა? – წამოიძახა ნატამ. – მაგდენს ვლაპარაკობ? დიდი მადლობა, გენაცვა, უკვე იმდენჯერ მითხრეს, რომ კომპლიმენტად ვიღებ, ამიტომ არ გეწყინოს შენ, თუ საწყენად მითხარი…
-არა, არ მითქვამს საწყენად. – სწრაფად უპაუხა ცოტნემ, ნატას გაბადრულ ღიმილს კი საკუთარი ღიმილით უპასუხა.
-ჰოდა მშვენიერია! – წამოიძახა გოგონამ.
-მოგწონს აქ მუშაობა? – ჰკითხა უცებ ცოტნემ, და ნატამ ოდნავი გაოცებით შეხედა.
-რა საკითხავია? რასაკვირველია! – უპასუხა მან. – არა, იმ პროექტზე, ჯოჯოხეთიდან რომ გამომიგზავნეს, ბევრი კი ვილაყბე და ვიწუწუნე, მაგრამ თუ მოცემულ დროს არ ჩავთვლით, მშვენიერი პროექტი იყო. წარმოიდგინე, ვიმუშავე ნათურაზე, რომელიც საკუთარი თერმული ენერგიის გადამუშავებას ახდენს, გესმის? უმაგრესი ხომაა, ჰა? თან საშუალება მეძლევა რომ ამდენ ახალ მოწყობილობას და საინტერესო რაღაც-რუღაცებს ვუჩხიკინო. ამას წინათ რომ ჩვენთან ერგემლიძეს სამასაჟო სკამი რომ აუფეთქდა, თუ იცი? რა ამბავი იყო. სუნსულამ დაგვცეცხლა, და მთელ თანამშრომლებს მოგვიხდა ერთად ბოლტებისა და ცალ-ცალკე ნაწილების აკრეფა. იცი, მარტო შურუფი რამდენი იყო? ცხრა ათას ორას ორმოცდასამი! ამდენი ჩემს ცხოვრებაში არ მიცინია. ბოლო შურუფს რომ ვერაფრით მივაგენით? ერგემლიძე, მე, ტოკლიკაშვილი და კახეთელიძე იატაკზე ვგორავდით და აქეთ-იქით ვხოხავდით მის მოსაძებნად, მერე კი ბოლოს ტოკლიკაშვილმა მიაგნო სუნსულას კაბინეტში! საიდან მოელანდა ამ შურუფს, რომ ვალერის კაბინეტში შეგორებულიყო, აზრზე არა ვარ…
ნატა ლაპარაკს მიჰყვებოდა, აგრძელებდა ყველაფრის ჩამოთვლას, რის გამოც უყვარდა აქ მუშაობა, და ცოტნე გრძნობდა, თუ როგორ ეღვრებოდა მკერდში უცხო სითბო. უყურებდა ნატას გაბრწყინებულ თვალებს, აღტაცებით აღსავსე გამომეტყველებას და უნდოდა რომ უბრალოდ ეს გაომეტყველება, ასეთი სახე დაენახა მხოლოდ.
-*-*-*-*-*-*-
მათი ურთიერთობა შეიცვალა. ამას ცოტნეც კი ამჩნევდა. ნატა ისევ გაბადრული ხვდებოდა ოცდამეხუთეზე, სადაც ცოტნე განგებ აჩერებდა ლიფტს, რომ გოგო ენახა. ნატა ხანდახან ლიფტის გვერდით მჯდარი ხვდებოდა, წიგნით ხელში, ანდა კომპიტერზე აწკაპუნებდა რაღაცას, მაგრამ აშკარა იყო, რომ იგი ცოტნეს ელოდა, რისი გაფიქრებაც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ვიცე-პრეზიდენტი ერთბაშად გამთბარიყო.
მათი საუბრები ნამდვილ საუბრებში გადაიზარდა, რომლებშიც ერთადერთი მოლაპარაკე ნატა არ იყო, ცოტნეც ხშირად ებმებოდა მათში და მთელი გულწრფელობით უყვებოდა ლიფტის კუთხეში მიმჯდარ, მუხლებზე ხელებშემოხვეულ და თავის განუყრელ, მყვირალა იასამნისფერ ნაქსოვ ჟაკეტში გამოწყობილ ნატას, რომელიც თვალებგაფართოებული, მთელი ინტერესითა და კომცენტრაციით უსმენდა. თვითონ მეორე კუთხეში იჯდა, თავის ძვირფას შარვალ-კოსტუმს დაჭმუჭვნისა და იატაკისათვის იმეტებდა, და რამდენჯერმე დაატარებდნენ ზემოთ-ქვემოთ ლიფტს, სანამ საუბარს არ მორჩებოდნენ.
„ამჯერად მარტო ვცხოვრობ. სულ მიჭირს ხოლმე სახლში მარტო მისვლა, ადრე ჩემი და ცხოვრობდა ჩემთან ერთად, მაგრამ ერთი წელი იქნება, რაც გადავიდა.“
„მე დედა არ მყავს, ადრე გარდამეცვალა. რატომღაც სინდისის ქენჯნას ვგრძნობ ხოლმე, იცი? იმიტომ რომ ვხედავ, როგორ უჭირს მამაჩემს, მე კიდევ დედა საერთოდ არ მახსოვს და საერთოდ არ მომნატრებია იგი. არ ვიცი როგორ გითხრა, თითქოს დედას ამით შეურაცხოფას ვაყენებ, მაგრამ ნუთუ მართლა ვაყენებ? ხომ არ ვიცნობდი საერთოდ?“
„ჩემი და ცოტ-ს მეძახის. სულ ისე ვიქცევი ხოლმე, რომ თითქოს ვერ ვიტან ამ მეტსახელს, არადა ძალიანაც მომწონს.“
„ძალიან მომწონს გარემო. სულ მინდოდა, რომ ეკოლოგია მესწავლა, ან რამე სხვა, გარემოსთან დაკავშირებული, მაგრამ მამაჩემს სურდა, რომ ინჟინერია მეცადა, რადგან ბავშვობიდან სულ რაღაცებს ვაწყობდი. ჰოდა გამოვყევი ჩემს პატარაობის ჰობს და გამოვიდა! ახლა უბედნიერესი ვარ.“
„ტყე რამდენი ხანია არ მინახავს. სახლსა და სამსახურს შუა დავდივარ, დრო საერთოდ არ მრჩება.“
„ძალიან მომწონს იასამნისფერი და იასამანი. არც კი ვიცი რატომ.“
საუბარში ორი თვე გავიდა.
-*-*-*-*-*-*-*-
-…მოკლედ რა მოხდა ახლა. – დაიწყო ნატამ და ცოტნემ წარბი ასწია, ოდნავი ღიმილით. – სუნსულა ისევ მხრებზე გვაზის, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებთ, მაგრამ ეს ახალი, გიორგი ლოცოშვილი თუ ვიღაც უბედურებაა, რომ აიყვანეს, ხომ იცი?
-ჯერ ერთი, ლაცოშვილია გვარად, და მეორე, ვიცი. – მიუგო ცოტნემ. – გაყიდვებში. წინა კვირას არ მითხარი?
-მერე რა ქენი, გადაამოწმე? – ჩაეკითხა ნატა და თვალები მოჭუტა. – ოოოო, როგორ მაინტერესებს როგორ მუშაობს. არადა გაყიდვები ისეთია, ფრჩხილები რომ დააძრო დირექტორს, სიტყვას არ დაძრავს. თავიდანვე არ მომწონდა მაგ ტიპი, რაღაცნაირი გამომეტყველება აქვს, გესმის? – ნატამ ცხარედ დაიწყო ჟესტიკულაცია, საკუთარ სახეზე ცდილობდა ლაცოშვილის „რაღაცნაირი გამომეტყველების“ ჩვენებას, და უცნაურად იმანჭებოდა. ცოტნეს სიცილი აუტყდა.
-აი, ზუსტად! – თითი მოუშვირა ნატამ. – ზუსტად ეგრეა! სასაცილო გამომეტყველება აკერია სახეზე! და წარმოგიდგენია? ანანო მოსწონს თურმე. ანანომ მითხრა, რომ ყვავილები მომცაო, და დიმიტრის სახე უნდა გენახა… იცი როგორი სახე ჰქონდა? – ნატამ ცოტნეს კოსტუმზე მიანიშნა. – მაგ შენი ტანსაცმელი ხომ ძვირია? რამდენი ეღირება, ერთი ხუთასი ლარი, ხომ? მერე ლამბორჯინიც რომ ძვირია? ყავა ჩვენს კაფეში ხომ საერთოდ უძვირესია? აი, დიმიტრის სახე კი დაუფასებელი იყო. – დაამთავრა ნატამ და ცოტნემ ჩაიცინა.
-მერე რა არის პრობლემა. – თქვა მან. – თუ რამე, გამოიძახოს ანანომ დაცვა და ეგ იქნება. და ჰო, ლაცოშვილი კარგი თანამშრომელია, როგორც მითხრეს. ყურადღებიანი და კონცენტრირებული…
-ზედმეტად ყურადღებიანი, მე თუ მკითხავ. – ჩაიბუზღუნა ნატამ. – ბოლოს და ბოლოს, ანანომ უთხრა, რომ შეყვარებული ჰყავს, რომ ფაქტიურად რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა, ანტონიუსი და კლეოპატრა, ჯეინ ეარი და ედვარდ როჩესტერი, და არც მეტი და არც ნაკლები, რეტ ბატლერი და სკარლეტ ო’ჰარა ბრძანდებიან, გენაცვალე! ეს მურმანი კი თვალებში ეჩხირებათ!
-ასე ძალიან უყვართ ერთმანეთი? – წარბები ასწია ცოტნემ.
-არა, კაცო. – ხელი აუქნია ნატამ. – მართლა მასე რომ იყვნენ, მაგათ სიკვდილს რა გადამატანინებს? რაც ჩამოვთვალე, ასი პროცენტი ამ წყვილების სიკვდილით ან დასახიჩრებით სრულდება…
-შენ არავინ გიყვარს? – უცებ შაწყვეტინა ცოტნემ. ნატამ ისე გამოხედა, თითქოს მეორე თავი გამობმოდა.
-რა სასაცილო ხარ, ცოტნე! – გაიცინა გოგონამ. – შემომხედე, ვგავარ ახლა მე პოტენციურ შეყვარებულს? შეხედე რა მაცვია! – მან თავის ორი ზომით დიდ ჯინსსა და კედებს დახედა და ჟაკეტის უშველებელი სახელოები ააფართხუნა.
-რატომაც არა? – წარბები ასწია ცოტნემ, რაზეც ნატამ ისევ გაიცინა.
-ცოტნე, ოცდახუთი წლისა ვარ და მთელ ჩემს ცხოვრებაში ერთხელ არავის უთქვამს, ჩემი ოჯახის გარდა, მიყვარხარო, არც ინტერესი გამოუჩენია არავის. – თქვა ნატამ, შემდეგ კი როცაცოტნეს ოდნავ მოღუშულ სახეს ჰკიდა თვალი, გაიღიმა, მისკენ წამოიწია და მხარზე გაჰკრა ხელი. – კარგი, რა იყო? წყნარად გენაცვალე, მარტოსული არ ვაპირებ სიკვდილს. აი ნახავ, შევიძენ კატებს, ბევრ კატას, და გიჟი კატების მოყვარული ბებია ვიქნები, საქსოვითა და ჩაფხოჭნილი ხელებით. მარტო არ ვიქნები, მაგრამ ეს უბედური კატები, მათ რაღას ვერჩი, არა? ისე, რატომ არის ასე, რომ მარტოსულ შინაბერ ბებიებს ყოველთვის კატები ჰყავთ? მე პირადად ძაღლები უფრო მომწონს. თუმცა ჯანდაბას ძაღლებსა და კატებს, მე უცნაური შინაბერა ბებია ვიქნები და თუთიყუშები მეყოლება…
ცოტნემ ვეღარ მოითმინა. უსიტყვოდ უყურებდა, თუ როგორი სისწრაფით მოძრაობდნენ ნატას თხელი, ნაზი კანით დაფარული, კალმისა და მარკერების ფერად-ფერადი ნაჩხაპნებით მორთული თითები, მისი მუქი ვარდისფერი ტუჩები, ფერმკრთალ სახეზე ფერადად რომ ღუოდნენ, მუქი წამწამები და მისკენ მოშვერილი, ასეთი გულწრფელი, ოდნავი სევდით აღვსილი და მაინც ასეთი ლამაზი თვალები.
წამსვე ფეხზე წამოვარდა, ნატას გაოცებული გამომეტყველებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, მის წინ მუხლებზე დაეშვა და ახალგაზრდა ქალს მკლავებში ხელი მოჰკიდა, მისკენ წამოსწია.
ნატა განცვიფრებული მიშტერებოდა, მაგრამ ტუჩები მოილოკა და მის მოძრაობას დაჰყვა. მისი თვალები ელვის სისწრაფით ევლებოდნენ სახეზე, ოდნავი სიწითლე მოეკიდა ლოყებზე და ცოტნემ გაიხსენა ნინის სიტყვები, „ფანტასტიური სამეული“. თვალები ოდნავ მილულა, და ტუჩის კუთხე ასწია, ცალყბად გაუღიმა ნატას. გოგონას უცნაური ხმა აღმოხდა, ტუჩები ოდნავ აუთრთოლდა. ცოტნემ ხელები ჟაკეტით დაფარულ მკლავებზე დააყოლა, ისე, რომ მისი სახისათვის თვალები არ მოუცილებია. ნატა დაჟინებით დაშტერებოდა და ხმას არ იღებდა, რაც გასაოცარი იყო. ცოტნემ მაჯებში ჩაავლო თითები და ხელები ააწევინა. შუა გზაზე ნატამ თავისით აამოძრავა ხელები, მხრებზე გადაუსვა თითები და კისერთან შემოაჭდო. ცოტნემ ახლოს მიუტანა სახე, ისე, რომ შეეძლო ნებისმიერი პრიალა, მუქი წაბლისფერი წამწამი დაეთვალა და გაკვევით დაენახა რამდენიმე ჭორფლი, რომლებიც გოგონას ცხვირზე გაფანტულიყვნენ.
-ხედავ? – დაიჩურჩულა უცებ ცოტნემ. – სათქმელი არაფერი გაქვს. აი, ახლაა ისტორიული მომენტი.
მერე კი ნატას აკოცა. სასწრაფოდ მიაკრო მის ათრთოლებულ, თბილ ტუჩებს საკუთარი ტუჩები, წელზე მაგრად შემოხვია მკლავები და წამოსწია, ახლოს მიიკრა. ნატა მთელი ძალით ჩაეჭიდა, მუხლებზე წამოიწია და უფრო მაგრად შემოჰხვია მკლავები. ცოტნეს ხელები სწრაფი, მოუთმენელი მოძრაობებით დაჰყვებოდნენ ნატას ზურგის სიგრძეს, ბოლოს კი მის თეძოებზე შეაჩერა ისინი. ნატამ თმაში გაუყარა თითები, უკან გადაწეული თმა ერთიანად აუშალა, და საპასუხოდ ცოტნემ კეფაზე მოჰკიდა ხელი, რომ მისი თმის სინაზე შეეგრძნო. ერთმანეთს კოცნიდნენ და ცოტნე მიხვდა, რომ ნატას ისევე უნდოდა ამის გაკეთება, როგორც თვითონ, ისევე სურდა მასთან ყოფნა, მისი შეგრძნება, როგორც თვითონ.
ამის უარყოფა აღარ შეიძლებოდა. მას ნატა უყვარდა. ეს მხიარული, ჭკვიანი და ლამაზი არსება, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი, დაღლილი, მოწყენილი თუ ბრაზიანი დღის გახალისება, ვისაც შეეძლო სინათლის შემოტანა…
ამიტომ ცოტნემ მას მაგრად მოსჭიდა მკლავები, მის ქვედა ტუჩს ბოლო ტკბილი კოცნა მიაკრა და თავი უკან დასწია, რომ ნატასთვის მილულულ თვალებში ჩაეხედა.
შემდეგ კი ლიფტმა დაიწკარუნა.
პირველ სართულზე გაჩერდა.
ნატას ელვის სისწრაფით გაუფართოვდა თვალები და უკან გახტა, კუთხეში მიყუდებულ ჩანთას სტაცა ხელი და გარეთ გავარდა. ცოტნე ფეხზე წამოხტა, ჩემოდნისა და მიმღებში გამაგრებული თანამშრომლების სკანდალიზირებული სახეებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ნატას უკან გაეკიდა.
იოლი იყო, რომ დასწეოდა. ნატას ორი ნაბიჯი არ ჰქონდა კარიდან გადგმული, რომ ცოტნე წამოეწია და მკლავში სტაცა ხელი.
-რატომ გარბიხარ? – ჰკითხა მან, როცა ნატა ამაოდ შეეცადა, მკლავი გამოეტაცა. – რა იქნება, რომ დავილაპარაკოთ…
-ბატონო ვიცე-პრეზიდენტო? – მოესმა უცებ უკნიდან და ინსტინქტურად მოტრიალდა, დაცვის წევრს, მახარაძეს მიაშტერდა, რომელიც შესასვლელ კარებთან იყო გამაგრებული და მოღუშული მიშტერებოდა მის წინ გამართულ სცენას. – ყველაფერი რიგზეა?
-…ჰო. ყველაფერი კარგადაა. – ძლივს ამოღეღა ცოტნემ, როცა იგრძნო, თუ როგორ დაიჭიმა მის გვერდით მდგარი სხეული. საკუთარ თავს წყევლიდა, როცა ნატასკენ მიტრიალდა. გოგონა გაფართოებული თვალებით, გაწითლებული, ოდნავ შესიებული ტუჩებით აჰყურებდა და ცოტნეს მოულოდნელად ტრიუმფის შეგრძნებამ დაუარა, რომ თვითონ იყო ისმამაკცი, ვინაც ნატას ტუჩებს ასეთი სახე მიაღებინა…
-შენ. – თქვა ახალგაზრდა ქალმა, მისკენ თითი გამოიშვირა. – შენ ხარ ვიცე-პრეზიდენტი?
ცოტნემ ყბები შეკრა და ნელა დაუქნია თავი. ნატას ხელს არ უშვებდა, არ სურდა, რომ გოგონა მოულოდნელად გასხლტომოდა ხელიდან, იმის მიუხედავად, რომ ნატა არც კი ინძრეოდა, გაოცებით აღსავსე აჰყურებდა.
-ვიცე-პრეზიდენტი. შენ. კი მაგრამ, შენი საშვი… – დაიწყო გაოგნებულმა გოგონამ.
-ჩემი საშვი არ იყო ის. – მოუჭრა ცოტნემ და გამჭოლად დააშტერდა თვალებში. – მე საშვი არც მჭირდება და არ დამაქვს. იმ დღეს თანამშრომელი სხვა დეპარტამენტში გადავიყვანე და მისი საშვი მქონდა.
-ვიღაც გამცემლიძის საშვი… ვიღაც გამცემლიძის საშვი… გამცემლიძის საშვი… – დაიბურტყუნა გოგონამ. – ღმერთო ჩემო. – უცებ ასწია მან თავი.
ცოტნემ ტუჩები მოკუმა.
-მისმინე. – დაიწყო მან, თან ცდილობდა, რომ თავი შეეკავებინა. – ვიცი, ახლა როგორც გრძნობ თავს და გეფიცები, შენი მოტყუება აზრადაც არ გამივლია. თავიდან არც კი შეგისწორე, უბრალოდ არ მაინტერესებდა, შენ რას იფიქრებდი. მაგრამ შემდეგ ამბობდი, რომ ვიცე-პრეზიდენტს ვერ იტანდი. – მან ამოისუნთქა, ნატას გაოცებულ სახეს დაჰყურებდა. – თან მსიამოვნებდა, ყველაფერს რომ ფილტრის გარეშე ამბობდი. მიხაროდა, რომ ვიღაც გულწრფელად მელაპარაკებოდა, სულ ეს იყო. მისმინე, გაგიგებ, თუ ჩემი ნახვა აღარ გინდა. – ძლივს ამოთქვა მან, იმის მიუხედავად, რომ ამ სიტყვის ამოთქმა აუტანელ ტკივილს ანიჭებდა. ვერც კი წარმოედგინა, რომ ნატას გარეშე, ოცდამეხუთე სართულის გარეშე მოეხერხებინა აქ მუშაობა, მაგრამ თუ ნატას ასე სურდა, ყველაფერს გააკეთებდა.
-რას ამბობ… რას ამბობ… – ამოილუღლუღა გოგონამ. – შენ რა, არ გესმის, მე რა გავაკეთე? მონათმფლობელი გიწოდე და გამოგლანძღე! ვაიმე, აქამდე ათჯერ უნდა ვიყო დათხოვილი, წარმოგიდგენია? როგორ მოხდა რომ არ დამითხოვე? ვაიმე, ახლა მომხსნი, ხომ? ვერც კი წარმომიდგენია… მე შენ გაკოცე! – წამოიძახა მან და გაონცვიფრებითა და გაუგებრობით სავსე თვალები მიაპყრო. -ვიცე-პრეზიდენტს… მე ვიცე-პრეზიდენტს! ვაი, ეს რა ვქენი… და რაები მოგიყევი… სუნსულას რომ საქაღალდეები დავუმალე, ის მოგიყევი, ვაიმე, არ მომხსნა რა. – მუდარით სავსე სახით ახედა ნატამ და ცოტნეს გულიდან ლოდი მოეხსნა.
ხმამაღლა გადაიხარხარა.
-რა გაცინებს? – გაშტერდა ნატა. – ვერ გაიგონე იმ დღეს რა გითხარი? სუნსულას საბუთები დავუმალე,ეგ… ეგ… წესების დარღვევაა, დანაშაულია…
-დანაშაული არ არის, თუ მე ნებართვას მოგცემ. – უთხრა ცოტნემ და ახლოს მოიზიდა, სხეულზე აიკრა და საკუთარ თავს ნება მისცა, რომ ბოლომდე ესიამოვნა და დამტკბარიყო ნატას თვალებში ყურებით. – და მოხსნაზე არც კი იფიქრო.
ნატას სახე გაუბრწყინდა, და ხმამაღლა გაიცინა.
-რა გეშველება, შე ჰომო მოღუშულუს მუნჯუსო! – წამოიძახა მან და ცოტნეს შეეძლო მხოლოდ წარმოედგინა, თუ რა სახეები ჰქონდათ ახლა მის უკან მდგომ მახარაძესა და მიმღებში მჯდომ თანამშრომლებს.
-მე მეშველება, თორემ შენ რა გეშველება, ჰომო მოცინარიუს თბილუსო. – თქვა მან, ნატამ სიცილი ატეხა, მერე კი მაგრად შემოხვია მკლავები მკერდზე.
ცოტნემ იგი გულზე მიიხუტა, მერე კი ნელა დაირწნენ, ერთმანეთის სითბოთი და სიახლოვით ტკბებოდნენ.
ნინი სახურავს ახდიდა სახლს ამ ამბის გაგონებაზე.
ცოტნემ გონებაში გაიცინა, შემდეგ კი ნატას თავი ნაზად ააწევინა, რომ კიდევ ერთი ცხელი, ტკბილი კოცნა მიეკრა მის ტუჩებზე.
Fin
24.11.2014

3 thoughts on “გამცემლიძის საშვი

დატოვე კომენტარი