შავი ლოტოსები

-*-*-*-*-*-
არადა თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო.
ასე ეგონა მაინც.
მდინარე ჩქაფუნით მოხტოდა და კალაპოტის კიდეებს ეხეთქებოდა, ქვებს აგორებდა და ხეობაში ზრიალით მიქროდა.
არადა როგორ სჯეროდა, ყველაფრის როგორ სჯეროდა…
ზათქი გაისმა და მდინარის ტალღამ რაღაც მძიმე საგანი შეანარცხა ნაპირზე დაგდებულ უშველებელ ქვას. საგანი ძირს დაგორდა და ცალი მკლავი წყალში გადაუვარდა.
თავიდან ეგონა, რომ ყველაფერი აქ დამთავრდებოდა და უბრალოდ აღარ მოუწევდა სოფელში ყველაფრის ერთად ატანა, მაგრამ რას იზამდა, არ გაუმართლა…
მკლავი ოდნავ ირწეოდა, დინებას მიყოლილი. წყალმა ზედაპირის ზემოთ ამოჩრილ თითის წვერებზე დიდი, მწვანე ფოთლები შეატოვა.
ხეობაში მდინარის ჩქაფუნის გარდა არაფერი ისმოდა, შრიალი და სუნთქვაც კი.
-*-*-*-*-*-
-წვიმა მალე თუ არ მოვა, ჩათვალე, რომ ყველაფერი ერთიანად ჩახმება… – ამოიქოშინა თეკლემ და უფრო მეტი მონდომებით მოუქნია თოხი უკე გაყვითლებული სიმინდის თითქმის ამომხმარ ძირს, რომელსაც სიცხისაგან დახეთქილი მიწა შემოჰხვეოდა. ქალმა ყვავილებიანი ნაჭრით ოფლისაგან ალაპლაპებული, დანაოჭებული შუბლი მოიწმინდა და ზემოთ აიხედა. – რანაირი ამინდია, ღვთის რისხვაა პირდაპირ… – ამოიხვნეშა მან და წაიხარა, რომ სიმინდის ძირისათვის კიდევ ერთხელ შეეტია, იმის მიუხედავად, რომ მის ძალისხმევას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
-დღესაც დავათვალიერე რუები. – უპასუხა ქალს იქვე მდგარმა, თოხზე დაყრდნობილმა ელისომ. – არც ერთი არ გადარჩენილა, ყველა ამომხმარა უკლებლივ…
თეკლემ თავი გადააქნია და სიმწრით გაიცინა.
-ჭიდან მაინც ამოვიღებდი, მაგრამ ისეთი სიცხეა, რომ წყალი გამთბარი ამოდის უკვე.. – თქვა მან და შვილიშვილს გადახედა. ელისომ შეწუხებული სახე მიიღო და მკერდზე გადმოგდებული ნაწნავები ერთმანეთში გადაკვანძა, თოხი ძირს დააგდო და ჩამოჯდა.
თეკლემ ისევ დაუწყო თხრა ამომხმარ მიწას, სანამ ელისო უსიტყვოდ მისჩერებოდა, თუ როგორ წვალობდა ბებიამისი. თან ფიქრები მოაწვა, ფეხი გავარვარებულ მიწაზე დადო და ხეების წვერებს ახედა, რომლებც საერთოდ არ ინძრეოდნენ. გოგონა მოიღუშა და ფეხზე წამოდგა. ცოტას გაივლიდა მაინც…
-ბაბუაშენი სადაა? – იკითხა უცებ თეკლემ. – სახლშია ისევ, ეგ სიზარმაცის გუდა? აკეთებს რამეს? უთხარი, რომ წყალი ამოიღოს მაინც ჭიდან, ცომი უნდა მოვზილო…
ელისო გაიყინა, მზერა ბებიამისისაკენ გაექცა. წამიერად ჩუმად უყურა, ერთიანად გაშეშებულმა. თვალები მაგრად დახუჭა, რამდენიმეჯერ მაგრად ამოისუნთქა. „ნუთუ ისევ…“ გაიფიქრა მან. თვალები გაახილა და ბებიამისის განიერ ზურგს და ყვავილებიან თავსაფარში გამოჩენილ ჭაღარა თმას შეაშტერდა.
-კარგი, ვეტყვი. – ძლივს ამოღერღა მან და შეტრიალდა. – წავალ, ისევ დავხედავ რუებს და მერე ტყეში წავალ, იქნებ იქ მაინც არის წყარო…
-კარგი, ბებო, წადი. – უთხრა თეკლემ, ქოშინით გასწორდა და თოხის სახელურს დაეყრდნო.
ელისო შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გადაყვითლებულ მინდორზე, სოფლის რუების მიმართულებით. იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა იქ წასვლას, მაგრამ აქ აღარ სურდა გაჩერება. ყანის გადარჩენის მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსიღა არსებობდა, ბებიამისის ყურება და მზის ქვეშ ხრაკვა კი მეტად აღარ შეეძლო, ცოტაც და მზის დაკვრას მიიღებდა.
რუებს რომ მიუახლოვდა, თავი ხეებს შეაფარა და ერთ-ერთი ხის ძირში ჩამოჯდა. ყვავილებიანი, ქვემოთა მხარეს გაფიჩხული კაბა გაისწორა და ფეხები წინ გაშალა. ყველაფერი სტკიოდა და რას არ მისცემდა, რომ ახლა გრილ წყალში ებანავა…
მზიან პერიოდს ელოდებოდნენ, მაგრამ ასეთს არა. წინა წელსაც ამ დროს ასეთი გვალვა ახსოვდა, იმის წინა წელსაც, იმის წინა წელსაც კიდევ… რატომღაც სულ ივნისის შუა პერიოდში ხდებოდა ასე, აუტანელი გვალვა იმართებოდა, რომელსაც ასეთივე აუტანელი, კოკისპირული წვიმით სავსე კვირა მოჰყვებოდა, ერთბაშად მომწყდარ წყალს რუები კალაპოტიდან გადმოჰყავდა და ყველაფერი მიჰქონდა.
წელს უფრო უარესად იყო საქმე.
ორი კვირა არ ყოფილა წვიმა, და აუტანელი სიცხე იდგა. რუები დაშრნენ, როგორც ყოველთვის, მათი მდინარეც კი, ყოველთვის რომ რიხიანად მიედინებოდა ხეობაში, ხმას თითქმის აღარ გამოსცემდა. მდინარე რომ ცოტა ახლოს ყოფილიყო, მაშინ უკეთესად იქნებოდა საქმე, მაგრამ საათის სავალზე ყანის მოსარწყველი წყლის ზიდვა არავის არ შეეძლო, რუების გამოჭრა მითუმეტეს.
ელისომ ცალი თავისი ნაწნავი ხელში აიღო და უხალისოდ დაუწყო თამაში მზისაგან ოდნავ გამოღიავებულ ბოლოებს, რომლებთაც ოქროსფერი დაჰკრავდათ.
მისი ფიქრები თეკლეს გადასწვდა. როგორც ჩანდა, ბებიამისს ისევ შეუბრუნდა. ელისომ კი ენა ვერ მოატრიალა პირში, რომ კიდევ ერთხელ, მემილიონჯერ შეესწორებინა ქალისათვის. ვეღარ აიტანდა, ბებიამისის კიდევ ერთხელ დატირება დაენახა, ამიტომ იძულებელი გახდა, რომ ისე მოქცეულიყო, თითქოს აქაც არაფერი.
არადა არაფერი კი არა, ყველაფერი იყო.
გოგონამ თავი გადააქნია. რაღაცას მოიფიქრებდა, რომ ბებიამისისაგან სიმართლე დაემალა. იმედი ჰქონდა, რომ ამას მოახერხებდა. მხოლოდ ეს უნდა გაეკეთებინა და დალოდებოდა, როდის გაახსენდებოდა თეკლეს თვითონ. თვითონ აღარ აპირებდა აღარაფრის თქმას.
არადა, ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, რომ თეკლე მოახერხებდა გამკლავებას, რომ გამოძვრებოდა, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევებში, დომენტი ექიმი არასწორი აღმოჩნდა.
ელისოს თვალები აუცრემლიანდა. ახლა სოფელში უფრო გაუარესდებოდა სიტუაცია. თეკლეს ისევ ამრეზით შეხედავდნენ… თუმცა უკვე ამრეზითა და ზიზღით უყურებდნენ, ახლა უბრალოდ ეს გრძნობები უბრალოდ ნაკლებად დამალული და უფრო ღიად იქნებოდა გამოხატული. ელისომ თვალები დაავიწროვა. რაც უფრო უარესდებოდა ადამიანის სიტუაცია, მით უფრო გასაგონი ხდებოდა მის ზურგს უკან ლაპარაკი და გარჩევა…
თვითონაც უწევდა ამის ატანა. როცა ბებიამისს აწყნარებდა და რაც მთავარია, ამას აწყნარებდა, თითქმის ყველა რაღაცნაირი შიშითა და შეძრწუნებით შეჰყურებდა, თითქოს რაღაც უცხო, უცნაური ცხოველი იყო, რომლითაც ერთდროულად აღტაცებულნი იყვნენ და ეშინოდათ კიდეც.
ხანდახან ეგონა, რომ ჯობდა საერთოდ დაეტოვებინა აქაურობა. იმდენ მუქარას იღებდა სოფლელებისაგან, რომ აქამდე რომ მკვდარი არ ეგდო სადმე მიუვალ ადგილას, გასაკვირი გახლდათ. მან ჩაიცინა და ფეხებით ბალახის გაყვითლებულ წვერებს გადაწვდა. როგორც ყოველთვის, საზოგადოებას მუქარისათვის გამბედაობა ჰყოფნიდა, მაგრამ ამ მუქარის ასრულების გული არავის ჰქონდა.
გასაგები იყო, რომ ეშინოდათ, თან ძალიან.
ელისო წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა ტყის სიღრმეში, ამომშრალი რუების დამტვერილ კალაპოტებს გაუყვა. ფეხებს მაინც ჩაჰყოფდა მდინარის წყალში, სხვა თუ არაფერი.
ნელი ნაბიჯით მიდიოდა, ამიტომ კარგა ხანი დასჭირდა იქ მისვლას. ხელები თავის წინსაფრის ჯიბეებში ჩაეყო და ფეხებს მიაქანავებდა, თან რაღაც გაუგებარ მელოდიას ღიღინებდა. ხეობას მიუახლოვდა და ქვიან ნაპირზე ჩაირბინა, რომ მომშრალი ნაპირები გადაელახა და წყალს მისწვდენოდა.
როცა მდორედ მიმავალ წყალში გაიჭყლაპუნა, გაიღიმა და დიდ ქვაზე ჩამოჯდა, ორივე მკლავი წყალში ჩაჰყო. წამით ყველაფერი გადაავიწყდა თითქოს და მხოლოდ და მხოლოდ გრილ სითხეს გრძნობდა ტანზე.
მერე კი რაღაც მოესმა, თვალის კუთხიდან რაღაც დაინახა.
ელვის უსწრაფესად ასწია თავი და თვალებგაფართოებულმა გაიხედა, თან ოდნავ წამოიწია, მთელი სხეული დაეჭიმა.
მისგან ცოტათი მოშორებით, ერთ-ერთი სოფლელი ბიჭი იდგა, ელისომ იგი იცნო. მის სახლთან ახლოს ცხოვრობდა ეს, მისი ასაკის იყო კიდეც. ახსოვდა, თუ როგორ ესროდა ეს ბიჭი ბელტებს ყანიდან და როგორ უწევდა სიმინდების ძირებში დამალვა.
ამ ბიჭს… „შიოს“, გაიხსენა ელისომ, ხელში მოზრდილი დოქი ეკავა, რომლის ყელიდან წყალი მოწკურწკურებდა. „სასმელად მიაქვს…“ გაიფიქრა ელისომ და შიოს ოდნავ გაფართოებულ, მუქ თვალებში ახედა.
-გამარჯობა. – თქვა მან მოკლედ და ხელი ასწია მისალმების ნიშნად.
შიომ არაფერი უპასუხა, სქელი წარბი ოდნავ შეუტოკდა და თვალები მოწკურა.
-რა იყო? – დასცინა ელისომ. – ისე შეგეშინდა, რომ ენა გადაყლაპე?
შიომ ოდნავ ჩაიცინა.
-მე არ მეშინია. – მოკლედ მოჭრა მან. – მითუმეტეს შენი. – დაამატა წამიერი სიჩუმის მერე.
-ჰოო? – წარბები ასწია გოგონამ. – მერე? მე გამარჯობა გითხარი, შენ კი ხმაც კი არ გამეცი. აბა ეს რას მივაწერო?
-იმას, რომ შენთან ლაპარაკი არავის უნდა. – მოკლედ მოუჭრა შიომ და დაიხარა, დოქი წყალში ჩაჰყო. ელისო უსიტყვოდ დააშტერდა წყლის ზედაპირზე ამობუყბუყებულ ჰაერის ბუშტებს.
-იცი რა, ჩემი ბრალი არაა, რომ ბებიაჩემი ასეა. – დაიწყო მან.
-გიჟია! – უცებ აღმოხდა შიოს და მზერა ელისოს გაფართოებულ თვალებს ჩააჭდო. – გიჟია, და შენც ეგრე ხარ… არა ხართ თქვენ… ნორმალურები არა ხართ…
ელისომ იგრძნო, როგორ დაუარა ბრაზმა.
-რითი ვარ განსხვავებული? – ფეხზე წამოდგა ის და მწარედ გაიღიმა, როცა დიანახა, როგორ დაიწია უკან შიომ. – ორი თავი მაქვს თუ რა ხდება?
-შენ… შენ ჯადოქარი ხარ, ან რაღაც მასეთი, არ ხარ შენ ნორმალური, გიჟი ხარ… – ამოილუღლუღა ბიჭმა.
გოგონას ნესტოები დაებერა. ტუჩი მოიკვნიტა.
-მაშ კარგი. – თქვა მან ბოლოს და თავი გვერდზე გადასწია. – იცი რა… – დაიწყო გამწარებულმა, დაღმეჭილი გამომეტყველებით. უკვე ყელში ჰქონდა ეს ამოსული, ასეთი მოქცევა სოფლელების მხრიდან, ჯადოქრისა და არანორმალურის ძახება, ზურგს უკან ჩურჩული და ამდენი მუქარა, ამდენი შიში… – მართალი ხარ! – ხელები ფართოდ გაშალა მან. – მე ჯადოქარი ვარ, თან როგორი, უმაღლესი კლასის! – ყველაზე სარკასტული ტონით დაიწყო მან, მაგრამ შიოს დაფეთებული გამომეტყველებით მიხვდა, რომ ბიჭს მისი სულელური სიტყვები სიმართლე ეგონა. – ახლა შენც მოგაჯადოვებ…
-გაჩუმდი! – დაიყვირა უცებ შიომ, თვალები შიშით ავსებოდა და გაფართოებოდა. ელისოს მზერა მის ხელში დაკავებული დოქისაკენ გაექცა.
-რატომ? ყველას მოვაჯადოვებთ სოფელში და…
-გაჩუმდი მეთქი, არც კი გაბედო! – უღრიალა შიომ, მისკენ რამდენიმე ნაბიჯით წამოიწია. ელისოს არც კი შეუმჩნევია, მრისხანება მთელ სხეულში უბუყბუყებდა, თავის სიტყვას აგრძელებდა. – …საერთოდ, ყველანი გიჟები ვიქნებით!
ბოლო, რაც გოგონამ დაინახა, მისკენ მომავალი მკლავები იყო, რომლებმაც მთელი ძალით ჰკრეს ხელი. ფეხში აუტანელმა ტკივილმა დაუარა, როცა ქვის მახვილ წვერზე გაუსრიალდა და უკან გადაქანდა.
ხმამაღალი ლაწუნი მოესმა და იგრძნო, როგორ ჩამოუცურდა თავი ქვიდან, რომელზეც ორიოდე წუთის წინ იჯდა. ყურები დაუგუბდა და უცებ მიხვდა, რომ მდინარეში იწვა, ზემოთ, ხეების შუა გამოჩენილ ცის ნაგლეჯს უყურებდა და ფიქრობდა…
თითქოს წყალმა გადარეცხაო, თავზე უშველებელი ტალღა დაატყდა, და სადღაც წაიღო.
მიქროდა, მაგრამ ამავდროულად ვერ იძვროდა.
სუნთქავდა, მაგრამ ამავდროულად იხრჩობოდა.
თვალები დახუჭა.
დაისვენებდა მაინც.
-*-*-*-*-*-2
ოდნავი შხლაპუნი მოესმა და იგრძნო, როგორ დაუმძიმდა წამიერად წამწამები, მერე კი სახეზე სისველე დაუვიდა.
ელისომ თვალები გაჭირვებით გაახილა. თავი ყრუდ სტკიოდა და ერთიანად უბჟუოდა, ტანს კი თითქოს ვეღარც კი გრძნობდა.
თითები შეარხია და ზემოთ აიხედა, წამსვე ჰკიდა თვალი ხეებს შორის გამოჩენილ ცის ნაგლეჯს, რომელიც ისევ ლურჯად ღუოდა, და ოდნავი მონარინჯისფრო ელფერი დადებოდა.
ელისომ ამოიკვნესა და წამოიწია, როცა გააცნობიერა, რომ მზე უკვე იწვერებოდა. შიო გაახსენდა და სწრაფად მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ შეამჩნია და ტუჩი აიბზუა. ქვებს შუა იწვა, ისე რომ თავი წყალს ზემოთ ამოშვეროდა და გრძნობდა, თუ როგორ მიედინებოდა წყალი მის გარშემო მდორედ.
თავი წამოსწია და თვალთ დაუბნელდა, როცა წამოჯდომა სცადა. ღრმად ამოისუნთქა და ქვებს დაებჯინა, მერე კი ნელა წამოდგა ფეხზე. ამრეზით დახედა კაბაზე დაკრულ ჭუჭყსა და თმაშ ახლართულ ფოთლებს, მაგრამ იცოდა, რომ მათი ჩამოფერთხვის თავი აღარ ჰქონდა. წყალში ამდენი ხანი ყოფნის გამო კანი ერთიანად დანაოჭებოდა და პირი ერთიანად ამოშრობოდა. დაიხარა და ნელა მოსვა პეშვით წყალი, მერე კი დამძიმებული კაბა აითრია და ჭყლოპინით გადმოვიდა წყლიდან.
სანამ მზის ჯერ კიდევ მცხუნვარე სხივების ქვეშ სახლისაკენ მიბარბაცებდა და ცდილობდა, არ დაცემულიყო, დაფიქრდა. შიომ ხელი ჰკრა და ქვაზე თავი დაარტყმევინა, და როცა გული წაუვიდა, არც კი ეცადა, რომ დახმარებოდა, უბრალოდ წავიდა და იქვე დატოვა, სადაც იწვა. ხომ შეიძლებოდა, რომ რამეს ან ვინმეს გამოეარა, ხომ შეიძლებოდა, რომ კოკისპირული წვიმა დაწყებულიყო მოულოდნელად და მისი სხეული წაეღო?
ელისომ სიცხისაგან აწითლებული სახე მოისრისა და ზემოთ აიხედა. თვალები ეწვოდა, თან ცდილობდა, რომ არ დანებებოდა წვას და არ ატირებულიყო. ტუჩები მაგრად მოკუმა.
იცოდა, რომ შიოს საქციელი არ უნდა გაჰკვირვებოდა, რადგან მის ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა, რადგან ის და ბებიამისი ჯადოქრები ეგონათ, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ ცოცხალ ადამიანს ასე სასიკვდილოდ მიატოვებდნენ შუა მდინარეში. თავი მოისრისა და ტკივილისაგან დაიგმინა, როცა ხელი მტკივნეულ ადგილზე მოუხვდა. მზერა ისევ დაებინდა და ტუჩები ერთიანად აუთრთოლდა.
არ ესმოდა, რა დააშავა. რა დააშავა ისეთი, რომ ასე ექცეოდნენ, ისეთი რა გააკეთა, რომ ყველამ ზურგი აქცია და თვითონ უნდა ეზიდა არა მარტო თავისი თავი, არამედ ბებიამისიც, რომელსაც ღმერთმა იცის, რა სჭირდა…
თვალები დახარა და ცრემლები ერთიანად შეჯგუფდნენ, თვალებზე დაეკიდნენ და მზერა დაუბინდეს. რამდენიმე თვალიდან მოსწყდა და ძირს დაეცა, რამდენიმე წამში ამოშრა, გავარვარებულმა მიწამ შეისრუტა.
ელისოს ტირილი აუვარდა. მიბარბაცებდა, ხმამაღლა ტიროდა, გაჭუჭყიანებული სახელოებით იწმენდდა თვალებს და სლუკუნებდა.
ტირილი იქამდე გააგრძელა, სანამ დიდი გორის პირას არ მიაღწია, რომელიც პირდაპირ სოფელს გადაჰყურებდა. სოფელი უშველებელი ხეობის პირას იყო, რომლის ძირსაც ვაკე იშლებოდა. ელისომ კაბაზე დაიხედა და ცხვირი სახელოთი მოიწმინდა. სველი კაბა თითქმის მთლიანად გაშრობოდა, ნაწნავებიც გაფიჩხებოდა. უკან მოიხედა, რომ ტყისაკენ კიდევ ერთხელ გაეხედა დაწარბები ასწია, როცა ტყეში აღმართული ხეების წვერების ზემოთ, ბუნდოვნად შეამჩნია მუქი ღრუბლის ნაწილი.
გოგონამ გაიღიმა და ადგილზე შეხტა. როგორც იქნა, მუქმა ღრუბლებმა მოაღწიეს და ახლა გვალვაც დამთავრდებოდა. ღრუბლების მოძრაობის სწრაფი ტემპით თუ იმსჯელებდა, საათნახევარში მთელი სოფელი დატბორილი იქნებოდა წვიმისაგან.
ელისო შებრუნდა და კისრისტეხით დაეშვა გორაზე. მაგარი მიწა და გაფიჩხებული ბალახი ფეხებს უკაწრავდა, მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია, სიხარული ამჩატებდა და სირბილი უნდოდა. ცხელი ჰაერი სახეზე ეხეთქებოდა და გრძნობდა, როგორ მიფრინავდნენ მის უკან ნაწნავები, უცებ ჩიტივით მჩატედ და თავისუფლად იგრძნო თავი…
სოფლის პირველ შუკაში ერთ საათში ჩააღწია და შეჩერრდა, რომ სული მოეთქვა და ზემოთ აიხედა. ღრუბლებს აქედან ვეღარ ხედავდა. ახლა თეკლეს მოუყვებოდა ყველაფერს და ბოლოს და ბოლოს, დაისვენებდა ქალი…
გოგონა სწრაფი ნაბიჯით დაუყვა სოფლის ამტვერებულ გზას, თან ჰაერის დიდ გუნდებს ყლაპავდა, რომ სული მოეთქვა. სოფლელების ბირჟას, რომელიც სოფლის შუაში, უშველებელი მუხის წინ იყო განთავსებული, ჩვეულებრივ თავდახრილი ჩაუვლიდა, რომ არავის შეემჩნია და თვითონაც არავინ შეემჩნია, მაგრამ ამჯერად ელდანაკრავი შედგა.
წამიერად უსიტყვოდ მიაშტერდა.
უსმენდა ხალხის ყაყანს, თეკლეს მუდარით აღსავსე ხმას და თვალდაუხამხამებლად მიშტერებოდა მოღერილ მუშტებსა და შეძრწუნებით აღსავსე გამომეტყველებებს.
თეკლე ხან ერთს მივარდებოდა, ხან მეორეს, ხალხი ზიზღით სავსე თვალებით ჰკრავდა ხელს და მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა.
-სადაა ჯემალი? – გაჰყვიროდა თეკლე და ბრაზით ანჯღრევდა სოფლის ბოლოში მცხოვრებ ციცოს, რომელმაც ბრაზით მოიშორა. – სახლში არ არის, სადაა ჯემალი?
-ხელები დააყენე, შე უბედურო! – გაშვერილ ხელებზე ტკაცუნით დაარტყა ხელი ვიღაც წვერულვაშიანმა მამაკაკაცმა, სახე დაღმეჭოდა. – ვერ გაიგონე, რაც გითხარი? აქედან მოშორდი, გიჟი ხარ, ვიღაცა ხარ, შენი და შენნაირების გადმოსვლის ბრალია, ეს წლები რომ აუტანელი გვალვები გვაქვს…
-ჯემალი… – ამოიგმინა თეკლემ და მოტრიალდა, მისი შეშლილი, ამღვრეული თვალები ელისოს მზერას მიწვდნენ. – სადაა, გამაგებინეთ…
-გაეთრიე! – დაიგრგვინა ისევ იმ წველულვაშიანმა კაცმა და თეკლეს მკლავში სტაცა ხელი. ელისო ოდნავ შეტოკდა. – წადით, ორივე წადით! სულ თქვენი ბრალია, რომ ეს ხდება…
-ხელი გაუშვი! – დაიყვირა ელისომ და სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ, თან ჩაიცინა, როცა დაინახა, თუ როგორ დაიწია მათმა უმრავლესობამ ოდნავ უკან. – თავი დაანებეთ, რა ჯანდაბა გინდათ ყველას…
-თქვენი ბრალია, თქვენ დაადეთ ამ ადგილს ჯადო… – ამოილუღლუღა ვიღაც ახალგაზრდა ქალმა, ხელებში მაგრად ჩაებღუჯა გაჭუჭყიანებული, ოდესღაც თეთრი წინსაფარი. – შენ და ბებიაშენმა დაწყევლეთ ეს ადგილი…
-ბებიაჩემს არაფერი დაუშავებია, ხელი უშვით… – დაიღმუვლა ელისომ და თეკლეს მკლავზე სტაცა ხელი.
-წაიყვანე და წადით! – იღრიალა კაცმა და ხელში ჩაბღუჯული გრძელი ყავარჯენი მიუშვირა მათ. – თქვენი ფეხი აღარ იყოს აქ, წადით!
ელისოს თვალები გაუფართოვდა. გულისცემა აუჩქარდა…
-როგორ? – ჩუმად გაიმეორა მან. – რას ამბობთ? არსადაც არ წავალთ, ეს ადგილი ჩვენი საცხოვრებელია…
– საცხოვრებელი, რომელიც გაანადგურეთ თქვენი ჯადოქრობით! – ჩაერთო ერთი ხანშიშესული ქალი, კისერზე ჩამოკიდებული ოთხმაგი ღაბაბი სასაცილოდ აუქიანდა. – თქვენი ფეხი არ უნდა იყოს აქ, როგორც კი წახვალთ, ყველაფერი გამოსწორდება…
-ყველაფერი გადახმა! – დაიგრგვინა კაცმა და ხალხში თანხმობისა და აღშფოთების გამომხატველი ხმები გაისმა. ელისო უკვე ხედავდა, თუ როგორ იქცეოდა ამ ხალხის გუნდი ნელ-ნელა ბრბოდ… – განადგურდა, ჩაიწვა… ახლა გადარჩენაც შეუძლებელია. შენ და შენმა… შენმა გიჟმა დედაკაცმა ყველაფერი შემუსრეთ, თქვენი სიცოცხლის გამო წვიმა აღარ მოდის.
-წვიმა მოვა! – შეჰყვირა ელისომ და გამწარებულმა გაიხედა უკან. ცოტაც და უნდა ამოწვერილიყო მუქი ღრუბლის წვერი გორის იქედან. – წვიმა მოვა, დღესვე, ახლავე, გთხოვთ შეწყვიტეთ ეს ყველაფერი….
-ჯემალი! – წამოიძახა ისევ თეკლემ და ელისოს მკლავზე წამოზრდილი ფრჩხილებით ჩააფრინდა. – სადაა ჩემი ჯემალი… რა უყავით.. – გაფოფრილი ჭაღარა თმით სავსე თავი ბრბოსაკენ მიატრიალა.
-წაიყვანე! – ღრიალებდნენ ისინი და ხელებს იშვერდნენ. – აქედან მოშორდი, თორემ ძალით გაგათრევთ, გიჟებო, არანორმალურებო!
-ჯემალი… – ისევ ამოიკვნესა თეკლემ და სატირლად დაეღმიჭა სახე.
ელისომ ვეღარ აიტანა.
სხეულში დაგროვებული, მრისხანების, სასოწარკვეთილებისა და სიმწრისაგან შემდგარი ცეცხლის ბურთი თითქოს უეცრად გაუსკდა და ვულკანივით ამოფეთქა მის სხეულში.
-ჯემალი მოკვდა! – დაიკივლა მან და თეკლეს მაჯებში სტაცა ხელები და მისკენ მიატრიალა, ისე რომ ბებიამისს სახეში ჩაშტერებოდა. – ჯემალი მოკვდა.. – კბილებში გამოსცრა მან.
-როგორ… – ელისოს კინაღამ ისევ აუჩუყდა გული ბებიამისის ერთიანად მოტეხილ გამომეტყველებასა და ცრემლებით აღვსებულ, უიმედო თვალებზე, მაგრამ ამჯერად არც კი შემკრთალა. – როგორ თუ მოკვდა, ორი წუთის წინ აქ იყო, აქ… – თეკლემ არეული გამომეტყველებით მიმოიხედა, ამტვერილ მიწას დააშტერდა.
-ჯემალი ორი წელია, რაც დავმარხეთ. – უწყალოდ გააგრძელა გოგონამ და ტუჩები დაისველა, მზეში ყოფნისაგან დახეთქოდა და ეწვოდა. – არ გახსოვს? მე თხუთმეტის ვიყავი, შენ საგანგებოდ შემიკერე ის შავი კაბა და მთელი კვირა ტიროდი. მისი კუბო არ გახსოვს? სამი უბადრუკი ფიცრისაგან შემდგარი საცოდაობა? ისიც ხომ არ გაგხსენო, როგორ მოკვდა?
-არა! – ცხოველური ხმა ამოუშვა თეკლემ და თმაში ხელები წაივლო. – არა, აქ იყო, აქ იქნება, რაღაცას მატყუებთ, ჩემი ჯემალი…
-ჯემალი მოკვდა! – მთელი ძალით დაიკივლა ელისომ. – მოკვდა და დამიწდა, ეგ უბედური, აღარაა შენი ჯემალი, გასაგებია? – მერე იქვე გაშეშებულ ბრბოს გადახედა. – წვიმა მოვა! – ხმას აუწია მან და წელში გაიმართა. – წვიმა მოვა, ეს გვალვა დამთავრდება, გაიგეთ?
ცა შორიდან მომავალმა ელვის შუქმა გაჰკვეთა და გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა. ელისო შეხტა, შემოტრიალდა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა მუქი ღრუბლების მთელ გროვას, რომელიც გადმოსცდენოდა გორის პირს და საოცარი სისწრაფით მოიწევდა წინ.
-ეს რა ჰქნა.. – მოესმა გოგონას ჩალაპარაკება და შემოტრიალდა. ბრბო გაშტერებული იდგა და შეჰყურებდა.
-ხომ გითხარით. – ხმადაბლა მიუგო მათ გოგონამ. თითქოს მის სიტყვებს მოჰყვაო, ღრუბლებში ელვა გაიკლაკნა და კიდევ ერთმა გამაყრუებელმა გრუხუნმა მიწა შეაზანზარა.
წვიმის პირველი წვეთი მიწაზე დაეცა.
მას მეორეც მოჰყვა.
-წვიმა მოიყვანა.. – დაიჩურჩულა იმ წვერულვაშა კაცმა, თვალები გაფართოებოდა და შიშით აღვსებოდა. – არანორმალური ხარ შენ, ჯადოქარი ხარ, რაღაც… რაღაცეებს აკეთებ მაგ… მაგ ჯადოქრობით…
ელისოს სახე შეეცვალა და ოდნავ უკან დაიწია, თეკლეს გადახედა, რომელიც ჯერ კიდევ მიწაზე იჯდა და თავისი ქმრის სახელს ბუტბუტებდა.
-არაფერს არ ვჯადოქრობ, უბრალოდ დავინახე, რომ ღრუბელი მოდიოდა… – დაიწყო მან, მაგრამ აშკარა იყო, რომ ბრბოს მისი გაგონება არ სურდა, მისკენ მოიწევდნენ. ნელა, მაგრამ გამოზომილად მოიწევდნენ, და ელისო გრძნობდა, რომ ეს ასე იოლად არ დამთავრდებოდა…
-ადექი…- დაიხარა იგი და თეკლეს მკლავში სტაცა ხელი, რომ წამოეყენებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ძლიერი მკლავი სწვდა მხარში და ფეხზე წამოაყენა. გოგონამ შიშით გადახედა წვერულვაშიან მამაკაცს.
-ჯადოქარო… – თვალები დაავიწროვა მამაკაცმა. – მოჰკიდეთ ხელი! ამასაც და იმ გიჟსაც, გაათრიეთ აქედან, ხევისაკენ, კლდეებზე ჩავიდნენ და გაქრნენ აქედან, ამათი სახეები არ დავინახო!
-რაო? არა… მოიცადეთ…. ხელი გამიშვით! – წამოიკივლა გოგონამ და გაიბრძოლა, მაგრამ ორ ძლიერი ხელს მაგრად ეჭირა. წამსვე სოფლის ბოლოსაკენ წაათრიეს.
ელისო კიოდა, ფართხალებდა და მთელი ძალით ცდილობდა გამოთავისუფლებას, რადგან იცოდა, რომ კლდეებზე ვერ ჩააღწევდა, მითუმეტეს თეკლესთან ერთად, ესენი კი მოსავლელ გზებს მოუჭრიდნენ…
კოკისპირული წვიმა სცემდა ზურგსა და თმაზე, პატარა წყაროებად დასდიოდა ტანზე და მის ნაფეხურებში რჩებოდა. გოგონას გააკანკალა, ცრემლები სახეზე ჩამოწურწურებულ წვიმის წვეთებს ერეოდნენ.
-რას აკეთებთ, ვერ გავაწევთ, კლდეებზე როგორ ჩამიშვებთ… – ამოისლუკუნა მან და ცალი იდაყვი მაგრად გააქნია, გამოძრომას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და სასოწარკვეთილი სახით გადახედა თეკლეს, რომელიც გატრუნული, მოღუშული, უსიტყვოდ მოჰყვებოდა ბრბოს, წინააღმდეგობის გაუწევლად.
ელისოს უცებ ყველა შეზიზღდა.
არა მარტო ეს ბრბო, რომელიც სასიკვდილოდ აგზავნიდა კლდეებზე, არამედ ბებიამისიც კი. მისი ნებისყოფის თითქმის არარსებობა, იმის გაუთვიცნობიერებლობა, რომ მისი ქმარი მკვდარი იყო და მისი სიკვდილის მიზეზის დავიწყება თეკლეს მხრიდან გულს ურევდა. ყოველთვის ცდილობდა, რომ ბებიამისისათვის საკმარისი პატივი ეცა და ცდილობდა ყველანაირად, რომ დახმარებოდა რამენაირად, იმის მიუხედავად, რომ არ გამოსდიოდა, ახლა კი თითქოს ამის სურვილი ჩაუქრა. უბრალოდ დაიცალა.
ბუნდოვნად ხედავდა, რომ უკვე მიუახლოვდნენ კლდის პირს, მთლიანად მოდუნდა, მისი ტერფები უხეშად მოეთრეოდნენ უკვე ატალახებულ მიწაში, უკნიდან ხალხის ყაყანი, ყვირილი, მუქარით აღსავსე ხმები და დრო და დრო, თეკლეს ნაბურტყუნები „ჯემალი“ ესმოდა მხოლოდ.
უცებ გული ამოუჯდა.
ყველაფერი მობეზრდა.
გაიხსსენა, როგორი იყო, როცა გორიდან ჩამორბოდა, და ჩიტივით გრძნობდა თავს, თითქოს მიფრინავდა…
თვალები კლდის პირის იქეთ გადაჭიმულ ვაკესა და იმის იქით აღმართულ მთებს გაუშტერა, რომლებსაც უკვე ნელ-ნელა ფარავდა ნისლი.
წვიმა სწრაფად ეხეთქებოდა თავზე და უკვე თითქმის ვეღარ ხედავდა, თვალების სწრაფად ხამხამი უხდებოდა.
უცებ გადაწყვიტა.
ერთი სწრაფი მოძრაობით დაუსხლტა ორ მოდუნებულ მკლავს და წინ გაიჭრა. უკნდან შეჰყვირება მოესმა, ფეხი თითქმის ჩაეფლო ტალახში, მაგრამ არ აინტერესებდა.
უკნიდან თეკლეს ღრიალი: „ჯემალ!“ მოესმა, მაგრამ არც კი შეყოვნებულა, კლდის პირს გადასცდა და ჰაერში გადაფრინდა.
მიფრინავდა. ნაწნავები ჰაერში ტკარცალებდნენ, სახეში მძიმედ ეხლებოდა ცივი ჰაერი და ზურგზე დაცემული წვიმის წვეთები ნემსებივით ერჭობოდა.
ქვემოთ უშველებელი, წყლის მოპრიალე ზედაპირი დაინახა და იმის გაფიქრებაღა მოახერხა, რომ აქ ეს მდინარე ადრე არ დაენახა…
მერე კი ზათქით დაეცა წყალზე და დინებამ აატივტივა, აატრიალა და თავის ნებაზე წაიღო.
-*-*-*-*-*-
ამოტივტივდა.
სახე გამოუთავისუფლდა და უკეთესად შეეძლო სუნთქვა, იმის მიუხედავად, რომ თითქოს წყლის ქვეშაც შეეძლო.
დისორიენტირებულმა ძლივს წამოსწია თავი და ზლაზვნით წამოჯდა, თავი სტკიოდა და სხეული თითქოს ერთიანად მოეცვათ ჭიანჭველებს.
გასწორდა და შუბლი მოისრისა.
თვალები ნელა დაახამხამა და გაახილა.
ნუთუ დაესიზმრა ის ყველაფერი, შიოს საქციელი, მზეში სიარული, თეკლეს გადარეული ხმა და ფრენა კლდის იქით…
რაღაც თეთრი მოხვდა თვალში და წამსვე დაჭყიტა თვალები.
კარიბჭე.
რაღაც ნაცრისფერი ქვის კარიბჭის წინ იჯდა.
მოიხედა.
მოკირწყლული გზა მიდიოდა ამწვანებულ ველსა და ტყეში. ბალახი ირხეოდა, მაგრამ შრიალი არ ესმოდა.
ელისოს თვალები გაუფართოვდა, წამსვე ფეხზე წამოდგა, შემოტრიალდა და კარიბჭეს დააშტერდა. კარიბჭის თაღი ათი მისი სიმაღლის მაინც იქნებოდა.
ისევ მოიხედა უკან და ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულობისაგან.
როგორ აღმოჩნდა შუა გზაზე, ასეთ უცნობ ადგილას? ნუთუ იმ დინებამ ისე შორს წამოიღო, რომ სადღაც უცხო ადგილას დატოვა?
მაგრამ ასე გამოზომილად, პირდაპირ რაღაც… კარიბჭის წინ?
ელისო კიდევ რამდენიმეჯერ შემოტრიალდა, თმაში ხელი წაივლო და თავის სასწაულებრივად სუფთა ფეხებს დახედა.
ბოლოს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კარიბჭეს და რამდენიმეჯერ მაგრად დააბრახუნა, მერე კი გულამოვარდნილი დაელოდა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ელისოს ნერვებმა სძლია, ხვეულებით შემკულ სახელურს ხელი დაადო და მაგრად მოქაჩა.
უშველებელი კარი ისე დაჰყვა, თითქოს აქაც არაფერიო.
გოგონამ შეიხედა და იქაურობა მოათვალიერა, თან წამდაუწუმ უკან იყურებოდა.
ჩუმად შეცურდა შიგნით და კარი ზურგს უკან მიხურა.
აღტაცებისაგან პირი დააღო.
აოცარ ბაღში იდგა. თეთრი ქვით მოეკირწყლათ ბილიკები, რომლებიც პატარა, დეკორატიულ ტბებს შორის მიიკლაკნებოდნენ. ტბებში ვარდისფერი ლოტოსები დაცურავდნენ, ბლიკების პირას ათასი სახის ყვავილები ღუოდნენ სხვადასვა ფერებად. ბაღის ბოლოში ყველა ბილიკი ერთმანეთს უერთდებოდა და დიდ, თეთრი ქვით ნაშენ სახლამდე მიდიოდა. სახლს ლურჯი ელფერი გადაჰრავდა.
ელისო ნელა დაიძრა, არ სჯეროდა, რას ხედავდა. სად იყო ეს ადგილი და რატომ იყო ყველაფერი ასეთი ლამაზი?
ფიქრი გაუწყდა, როცა უკნიდან ხმა მოესმა.
-აქ რას აკეთებ? – ელისო მიტრიალდა და თვალებგაფართოებული დააშტერდა პატარა, შავთმიან ბიჭს, რომელიც ათი წლისაზე მეტის არ იქნებოდა, ლურჯი ტანსაცმელი ეცვა და ბრაზით შემოჰყურებდა.
-მე… – გოგონამ მიმოიხედა. – არ ვიცი, სად…
-ვიცი, ვიცი… – ხელი აუქნია ბიჭმა, მობეზრებული გამომეტყველებით და წამსვე ჩაუარა. ელისო ენაჩავარდნილი მიაშტერდა. – არ იცით არცერთმა, სად დაბოდიალებთ, რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ აქ არაა თქვენი ადგილი… რამდენი უვიცია მოკლედ…
პატარა ბიჭმა მოსახვევში მოუხვია და უშველებელ ბუჩქებს ამოეფარა, მისი გაბრაზებული ბურტყუნიც მიწყდა.
ელისო ჯერ კიდევ გაშტერებული იდგა.
რა უცნაური ბავშვი იყო.
რომ გამოერკვა, წამსვე დაიძრა, რომ ბავშვს გაჰკიდებოდა, თან აღტაცებული ათვალიერებდა მოღაღანე ყვავილებს.
ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა ამ ყველაფრის შესახებ.
უბრალოდ იმის იმედიღა ჰქონდა, რომ ეს წინათგრძნობა არ გამართლდებოდა.
-*-*-*-*-3
ელისომ მოკირწყლულ  ბილიკზე ჩაირბინა და ბუჩქებთან ჩაუხვია, მაგრამ შედგა, იქ რომ ვერავინ დაინახა. არადა იმ პატარა ბავშვმა სწორედ აქ შეუხვია, ამაში დარწმუნებული იყო… დაბნეული მოტრიალდა და დანარჩენ ბილიკებს გადახედა, რომლებიც მისი თვალთახედვიდან არ იყვნენ დაფარული აყვავებული ხეებითა და ბუჩქებით.
არავინ არ ჭაჭანებდა. ეს საოცარი, თვალწარმტაცი ბაღი თითქოს ჩამკვდარიყო. მხოლოდღა ფოთლების შრიალი და ოდნავი სიოს ზუზუნი არღვევდა სიწყნარეს.
ელისომ ტუჩი მოიკვნიტა და სახლისაკენ გაიხედა. რატომღაც შეეშინდა, როცა თვალებით სახლის ჩაბნელებულ ფანჯრებს გადააწყდა. მიმოიხედა და ნელა გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ბილიკის მიმართულებით, რომელიც სახლისაკენ მიდიოდა.
-არის აქ ვინმე? – ხმამაღლა დაიძახა მან, თან ყვავილები მოათვალიერა. უცნაური იყო, რომ ათასი სახის ყვავილი იყო პატარა ტბების გარშემო, მაგრამ თვითონ ტბები მხოლოდ და მხოლოდ ვარდისფერ ლოტოსებს დაეფარათ. სხვა წყლის ყვავილებიც არსებობდნენ, რამდენიმე ენახა ელისოს…
-ჰეი, ბავშვო! – კიდევ დაიძახა ელისომ და თვალებით პატარა ბიჭის ფიგურას დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერსად იპოვა. ნაბიჯს აუჩქარა.
„სახლში მაინც მივალ, იქნებ იქაა ვინმე…“ გაიფიქრა მან და ზემოთ აიხედა. ცას ნარინჯისფერი გადაჰკრავდა, ზუსტად ისე, როგორც მდინარედან წამოსვლის წინ დაინახა. მზე ჩადიოდა, ოდნავ შებინდებულიც იყო.
გოგონამ მალევე მიაღწია სასახლის კარებებს, რომლებიც უშველებელი თეთრი მარმარილოს ხვეულებიანი ფილების სახით აღმართულიყვნენ მის თვალწინ. ელისომ ისევ მიმოიხედა, და ნერწყვი გადაყლაპა, იგრძნო როგორ დაუარა სხეულში შიშის ცხელმა ტალღამ და ოდნავ გააკანკალა.
„რა ადგილია ეს?“ გაიფიქრა მან. „ძალიან ლამაზია, მაგრამ… მკვდარია…“
მობრუნდა და კარს შეაშტერდა, ზემოთ აიხედა. კარის ჩუქურთმები მთელ სახლზე ვრცელდებოდნენ, ერთმანეთში გადაკლაკნილი ხვეულები, ლამაზი ფოთლები და ყვავილები…
ელისომ თვალები მოჭუტა. ყვავილები ლოტოსებს მიამგვანა.
თავი გააქნია, კარს ოდნავ, ფრთხილად მიაწვა, რომ გაეღო. კარი უჩუმრად, მსუბუქად გაიღო, სიმძიმის მიუხედავად, თითქოს მარმარილოთი კი არა, თხელი ფიცრებით იყო აწყობილი.
გოგონამ ნელა შეაბიჯა, თან კარი კარგად მოაღო, რომ გარედან მზის შუქი შემოსულიყო. მართალია, მზის სხივები ნელ-ნელა გადადიოდნენ და შესასვლელში შესული შუქი ცოტადებოდა, მაგრამ რამის დანახვა მაინც შეეძლებოდა, ახლა მაინც…
-არის აქ ვინმე? – ხმამაღლა დაიყვირა გოგონამ და უკან გაიხედა, გულის დასამშვიდებლად გადახედა მოშრიალე ფოთლებსა და ტბებში მოკამკამე წყალს, მერე კი ისევ წინ, შესასვლელის სიღრმეს მიაპყრო თვალი.
-ხომ ვერ მეტყვით, სადა ვარ? – ხმას აუწია მან და წარბები შეკრა, შიში ცხელ ტალღად უვლიდა სხეულში და იგრძნო, თუ როგორ დაუსველდა ხელისგულები. კაბა მაგრად ჩაბღუჯა და ისევ უკან გაიხედა.
ახლაღა შეამჩნია, რომ შემოსული მზის სხივები კიდევ უფრო სწრაფად ცოტავდებოდა, ვიდრე ადრე. გოგონამ სიბნელეს გახედა, და უკან დაიწია. წამდაუწუმ რაღაც ეჩვენებოდა და გრძნობდა, რომ ვიღაც შემოჰყურებდა იქედან, ამას კი ვერ იტანდა. სირბილით გამოვიდა შემოსასვლელიდან და ბაღში მიმოიხედა.
კარიბჭის იქით აშკარა იყო, რომ მზე ჩადიოდა. სხივები წვრილ ზოლად აღწევდნენ მხოლოდ ნაცრისფერი კედლის იქედან, და პირდაპირ მის ფეხებთან ეცემოდნენ.
გოგონას სხეულში ცუდი წინათგრძნობა დაუტრიალდა, ტანი აექავა და ჟრუანტელმა დაუარა.
-არის აქ ვინმე? გესმით ჩემი? – ხმამაღლა შესძახა მან და გაფაციცებით დაელოდა, მზის სხვებისაგან გაჩენილი ზოლი სიგანეში კლებულობდა…
მერე კი კარიბჭის იქით რაღაცამ თვალისმომჭრელად გაანათა, რომლის მოულოდნელმა სინათლემაც ელისოს თვალები აუწვა. გოგონამ შეჰყვირა და ოდნავ უკან დაიწია, თვალებზე ხეები აიფარა, რომ დამაბრმავებელი სინათლის სიკაშკაშისაგან დაეცვა თავი.
მერე კი როგორც მოვიდა, ისევე გაქრა. ერთბაშად ჩამობნელდა, და ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ წამიერად ელისოს ეგონა, დავბმავდიო. გულისცემააჩქარებულმა გაახილა თვალები და ნელ-ნელა სიბნელეს შეაჩვია.
ბაღს მოლურჯო სინათლე გადაჰკრავდა, თითქოს მთვარე დაჰნათოდა ზემოდან…
ელისომ წამსვე ჩამოირბინა მარმარილოს კიბეებზე და ზემოთ აიხედა. ცაზე მთვარე არ ჩანდა…
-ეს რა იყო…. – ჩაიბურტყუნა დაფეთებულმა გოგონამ. – აქ რა ხდება, ვერ გავიგე…
შიში მორეოდა და სუნტქვა აჩქარებოდა, პანიკის ზღვარზეიყო. არ ესმოდა, აქ როგორ მოხდა, როგორ გადმორეცხა იმ დინებამ, სად იყო ეს ადგილი, რატომ ჩანდა ასეთი მდიდრული, ახლა კი ეს უცნაური სინათლე და წამში დაბნელება…
-შენ ახალი ხარ, ხომ? – მოესმა ხმა უკნიდან.
ელისოს კინაღამ გული გაუსკდა.
შეხტა და შემოტრიალდა, მისი გაქანებული ხელი კი ტკაცანით შეასკდა იქვე მდგარ მამაკაცს სახეში.
-ვაიმე, ღმერთო… – ამოილუღლუღა გოგონამ და თვალებგაფართოებული შეაშტერდა მაღალ, გრძელქერათმიან მამაკაცს, რომელსაც სახე დაღმეჭოდა და საცოდავად მიეჭირა ლოყაზე ორივე ხელი. – მაპატიეთ, არ მინდოდა, უბრალოდ…
-ჰო, დაგაფრთხე, ვიცი, ვიცი… – შაწყვეტინა მან და თეთრი კბილები დაკრიჭა, მონაცრისფრო, გამჭოლი თვალები კი გოგონას მზერას გაუსწორა. – არა უშავს მაგას…
-მართლა არ მინდოდა, მაპატიეთ.. – გააგრძელა ელისომ, მაგრამ მამაკაცის სახეზე გამოჩენილი ღიმილი რომ დაინახა, სიტყვა გაუწყდა.
-ოჰოჰოოო…. – გაიცინა მან. – არ ვიცოდი, აქ ზრდილობიანებიც თუ მოდიოდნენ… მაშ კარგი… აბა სადაა ბეშქენი? ჰმ? – იკითხა მან და ელისოს მხარს იქით წარბაწეული მიაშტერდა სახლს. – ისევ გორაობს? თუ მოახერხა დღეს რამის გაკეთება?
ელისო ენაჩავარდნილი მიაშტერდა, მაგრამ მალევე გამოერკვა.
-მე… – წაილუღლუღა მან და თავი უხერხულად გააქნია. – მე არ ვიცი, ვინაა ბეშქენი, უკაცრავად…
მამაკაცმა წამსვე მისკენ მოატრიალა ქერა თავი და თვალები დააჭყიტა.
როგორ? – იკითხა მან და უცებ მოიღუშა, წითელი ქსოვილით დაფარული მკლავები გადააჯვარედინა. – აბა აქ რას აკეთებ… ბეშქენი როგორ არ იცი?
-მე პირველად ვარ აქ, და მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, რა ადგილია ეს, მემგონია, რომ რაღაც დიდ გაუგებრობაში ჩავვარდი და იქნებ დამეხმაროთ… – დაიწყო ელისომ, მაგრამ კაცმა ხელი ასწია და სიტყვა სეაწყვეტინა.
-სახელი რა გქვია?  – ჰკითხა მან და თვალები დაავიწროვა. – სახელი მოგცეს?
-რას ნიშნავს სახელი მომცეს? – წარბები შეკრა გოგონამ და მის წინ მდგარ კაცს ახედა. ახალგაზრდა ჩანდა, ღია ფერის კანითა და ოდნავ მოშვებული წვერით, წითელი მაისური ეცვა და მუქი ფერის შარვალი, თმა მკერდამდე ჩამოშვებოდა. სულელს არ ჰგავდა, რატომ სვამდა ასეთ უაზრო კითხვებს? – მე ელისო მქვია, არ მესმის რას გულისხმობთ და ვერ მიმიხვდით, მე მგონია…
-ელისო, ელისო… აჰა… – მამაკაცმა ნერვიულად მოიფხანა ყბა და თვალებგაფართოებული დაჟინებით ჩააშტერდა. ელისო უხერხულად შეიშმუშნა, წარბები შეკრა.
-ადულყაფარი მქვია. – ხელი გამოუწოდა მან, ისე რომ თვალები არ მოუშორებია, წარბის შეუტოკველად მისჩერებოდა. ელისომ ნელა ჩამოართვა ხელი, მერე კი ოდნავ უკან დაიწია. ეს კაცი უცნაურად იქცეოდა და ეს არ მოსწონდა.
-მისმინეთ, ადულყაფარ… – სახელი ენაზე მოსინჯა გოგონამ. ოდნავ დაიღმიჭა, უცნაურად მოეჩვენა. ადრე ეს სახელი არსად გაეგონა. – გიმეორებთ, მგონი ვერ გაიგეთ ჩემი კითხვა…
-გავიგე, გავიგე! – შეაწყვეტინა მან და ბოლთის ცემა დაიწყო, თან თვალს არ აშორებდა. მერე შედგა. – აუჰ, ეს როგორ არ მოეწონება ახლა… – ჩაილაპარაკა მან, ხმა წუხილითა და ოდნავი გაღიზიანებით აღვსებოდა.
-ბეშქენ! – თავი ასწია ადულყაფარმა და ხმამაღლა დაიყვირა. ელისო მთლად ბრინჯივით დაბნეული იდგა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ჯობდა გაჩერებულიყო და ხმა არ გაეღო, ეგებ იმ ბეშქენს ეთქვა მაინც რამე. – ბეშქენ, გამოდი, შე საცოდავო, საქმე მაქვს! გესმის? აეგდე და გამოდი!
-რა ჯანდაბა გინდა.. – გაისმა სახლის შესასვლელიდან და ელისო მოტრიალდა, რომ ეს ბეშქენი დაენახა. – ყოველთვის რაღაც საქმე გაქვს.. რა იყო, მარტენს სჭირს რამე?
ელისოს თვალები გაუფართოვდა, როცა ბეშქენის ფიგურა კარში გამოჩნდა და ჩარჩოს მიეყუდა.
ბეშქენი ადულყაფარივით მაღალი იყო, მაგრამ მხრებში  უფრო გაშლილი ჩანდა. შავი თმა ჰქონდა, და მოქუფრული იდგა. მის თვალების ფერს კარგად ვერ ხედავდა აქედან…
-ეს ვინღაა? – იკითხა ბეშქენმა და კიბეებზე ჩამოვიდა, თან წარბშეკრული ათვალიერებდა ელისოს თავიდან ბოლომდე. – ახალია?
-არა, არ არის ახალი. – თქვა ჩუმად ადულყაფარმა. ბეშქენმა თვალები ასწია, რომლებითაც ელისოს ათვალიერებდა და ადულყაფარს გადახედა.
-რას ნიშნავს, ახალი არ არაა, მაშ ვინაა… – ჩაილაპარაკა მან.
-მე ელისო ვარ. – ხმამაღლა განაცხადა გოგონამ და ორივეს ყურადღება წამსვე მიიქცია. ბეშქენმა მუქი ფერის თვალები მიაპყრო და ელისომ ჯიუტად გაუსწორა მზერა. – გამაგებინეთ, ეს რა ადგილია, არ მესმის, როგორ მოვხვდი აქ, ხალხი არა ხართ?
მათ ერთმანეთს გადახედეს. ბეშქენმა თმაში წაივლო ხელი და შეტრიალდა, მერე კი ხმადაბლა შეიკურთხა. ბოლთას სცემდა და ჩუმად იგინებოდა. რამდენჯერმე შემოტრიალდა და ისევ გოგონას დააცქერდა. სახის ნაკვთები ქვისაგან გამოკვეთილს მიუგავდა. ელისო უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.
-არა რა, ეს არ შეიძლება იყოს… – თქვა უცებ ბეშქენმა და სახეზე აუტანელი გაღიზიანება გამოეხატა. – რაღაც ეშლება ამ უბედურს…
-რა უნდა ეშლებოდეს? – დაუსისინა ადულყაფარმა. – მე შენ გეტყვი და მისამართს მისცემდნენ და შეეშლებოდა… ვერ ხვდები? ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იქნებ შეეგუო…
-როგორ შევეგუო? – იფეთქა ბეშქენმა, ელისო მოულოდნელობისაგან უკან გახტა, ადულყაფარს კი წარბიც არ შეუხრია, ისევ მკლავებგადაჯვარედინებული იდგა. – ბოლოს რომ შევეგუე, გახსოვს შენ, როგორც დამთავრდა ყველაფერი.. რამდენი ვიწვალე… ახლა კი შევეგუო? – ბეშქენმა ცეცხლწაკიდებული მზერა მიაბჯინა ელისოს, რომელმაც ოდნავ უკან დაიწია და წარბშეკრულმა შეხედა, დაბნეული იდგა, და არ ესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ…
-აქედან წავიდეს. – თქვა უცებ ბეშქენმა და თავი გააქნია, ისევ დაჟინებით დაშტერებოდა ელისოს. გოგონას თვალები გაუფართოვდა. – გესმის, ადულყაფარ? – დაიყეფა ბეშქენმა, იმის მიუხედავად, რომ მისკენ არც კი გაუხედია. – წაიყვანე და აღარ დამანახო…
-არსადაც არ მივდივარ! – განაცხადა ელისომ და ნერწყვი გადაყლაპა, როცა ბეშქენმა თვალები დაავიწროვა და ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. უნდა გაეგო, სად მყოფებოდა და საერთოდ, რას წარმოადგენდა ეს ხალხი, რატომ ლაპარაკობდნენ ასე უცნაურად… – არ მეტყვით, რა ხდება? ვინ ხართ თქვენ? და რატომ…
-ზედმეტ კითხვებს სვამ. – შეაწყვეტინა ბეშქენმა.
-მაგ იმიტომაა, რომ პასუხებს ვერ ვიღებ. – მკვახედ შეუბრუნა ელისომ და ადულყაფარს გადახედა, რომელიც წარბაწეული და ცოტათი გაოცებული მისჩერებოდა.
-შენ უთხარი. – მიუბრუნდა ბეშქენი. – მე არ შემიძლია. ერთხელ უკვე გავაკეთე ეს და აღარ მსურს მეორედაც გავიმეორო.
-მე რა ვუთხრა? – დაუსისინა ადულყაფარმა. – შენ ხომ გაგიკეთებია ეს ერთხელ უკვე, ამიტომ შენ აუხსენი…
ბეშქენს სახე მოექუფრა, მხრებში გასწორდა და ზემოდან დააცქერდა ელისოს, მერე კი სწრაფად შეტრიალდა და სახლისაკენ გაემართა.
-ბეშქენ! – შეჰყვირა ადულყაფარმა. – აქ მობრუნდი, გესმის? ბეშქენ!
-წარმატებები! – გაისმა ბეშქენის ხმა, მერე კი მისი ფიგურა კარს მოეფარა.
ადულყაფარმა ტუჩები მოილოკა, მერე კი ელისოს გადმოხედა. სახეზე გაწბილებული და გაღიზიანებული გამომეტყველება ეხატა.
-იცი რა… – თქვა მან და ქერა თავი მოიქექა. – ახლა შენ წამოდი, დაისვენე, შენთვისაც ჯობია და ჩემთვისაც, ბეშქენისათვის მითუმეტეს. აგიყვან ერთ-ერთ საძინებელში…
-კი მაგრამ, სად ვარ, რა ხდება… – დაიწყო ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა ელისომ, მაგრამ მამაკაცმა თავი გაუქნია.
-არ ღირს ახლა. – თქვა მან. – ხვალ მარტენი მოვა, ანდრონიკეც გამოვა და ყველაფერს მაშინ გაიგებ. მეც აქ ვიქნები, და ყველა ერთად გაგარკვევთ. ეს ცუდი ადგილი არაა, დამიჯერე, უბრალოდ… ცოტა სხვანაირია, მაგრამ რაც მთავარია, აქ არაფერი გემუქრება.
ელისო წამიერად ჩუმად მიაშტერდა, სურდა მისთვის დაეჯერებინა, მაგრამ უნდობლობით იყო აღვსებული. არ ესმოდა, როგორ უნდა ნდობოდა ასეთ უცნობს. თავი მოატრიალა და კარისაკენ გაიხედა, სადაც ასე ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა ბეშქენი.
-ბეშქენი აქ ხვალ არ იქნება. – სწრაფად თქვა ადულყაფარმა. – დილაობით ადრე გადის ხოლმე და ასე შეღამებამდე არ მოდის, ამიტომ ნუ ინაღვლებ.
ელისომ თავი დაუქნია და ტუჩები მოკუმა. თავისდაუნებურად შვების ხვნეშა ამოუშვა. ბეშქენი არ მოსწონდა. მისი რაღაცნაირად ეშინოდა კიდეც.
-მაშ კარგი… – თქვა მან ბოლოს. – წავედით, დავისვენებ ცოტას.
ადულყაფარმა თავი დაუქნია და წინ გაუძღვა. შესასვლელშიც ლურჯი სინათლე იყო, ზემოთ მარმარილოს კიბე ადიოდა, ასევე ქათქათა მარმარილოთი იყო ნაგები იატაკი და კედლებიც კი, მთელი დარბაზი თითქოს თეთრ სინათლეს ასხივებდა. სანამ ელისო მიმოხედვას მოასწრებდა, ადულყაფარი კიბეს აუჰყვა და გოგონა იძულებული გახდა რომ უკან გაჰკიდებოდა.
მის წინ მიმავალმა მამაკაცმა მარცხნივ შეუხვია და ერთ-ერთი კარი შეაღო. ელისომ შიგნით შეიჭყიტა. ამ კუთხიდან მხოლოდ უშველებელი საწოლი და ასეთივე ფანჯარა მოჩანდა. ფანჯრის მინები ლაპლაპებდნენ და ოთახს ნაზ შუქს ჰფენდნენ.
-აქ შედი. – უთხრა მან. – ყველაფერია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს. ღამე გარეთ არ გამოხვიდე, გასაგებია? – გააფრთხილა ადულყაფარმა და ელისომ ნელა დაუქნია თავი. – ხვალ ყველაფერი გაირკვევა… ბეშქენის არ შეგეშინდეს. ცოტა ქოფაკივით კია, მაგრამ ცუდს არაფერს გააკეთებს.
ელისომ კიდევ ერთხელ დაუქნია თავი. ადულყაფარმა ცივად გაუღიმა და უკან დაიწია, მერე კი სწრაფი ნაბიჯით დაუყვა დერეფანს და თვალს მოეფარა.
ელისო ოთახში შეცურდა და კარი მოიკეტა.
ლოგინზე მოცისფრო თეთრეული გადაეკრათ. როცა გოგონამ საბანი წამოსწია, ხელში ნაზი, წყალივით ნაჭერი მოხვდა. საბნის ქვეშ იდო კოხტად დაკეცილი თეთრი პიჟამა.
ელისომ ნელა გაიძრო ტანზე, თან წამდაუწუმ კარებისაკენ იხედებოდა. რატომღაც ეგონა, რომ ბეშქენი შემოვარდებოდა, ამიტომ სწრაფად გადაიცვა პიჟამა და საბნის ქვეშ გაიტრუნა.
ცოტა ხანი იწვა, მერე კი ფანჯრისაკენ გადაბრუნდა.
მოლურჯო ათინათს გაჰყურებდა, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა, და ფიქრობდა.
მალევე ფიქრებმა წაართვეს თავი.
-*-*-*-*-*-4
დილით დამძიმებული თავით გამოეღვიძა. ყველაფერი სტკიოდა და ტეხდა, თავში კი ტკივილის იმპულსები უვლიდნენ. „ალბათ იმის ბრალია, რომ ამდენი ვინერვიულე,“ გაიფიქრა მან და ნელა წამოიწია, ლოგინზე წამოჯდა. გარედან სინათლე შემოდიოდა და ოთახს ერთიანად ჰფენდა შუქს. ელისომ მიმოიხედა. უშველებელი ოთახი თითქმის ცარიელი იყო, მისი საწოლის მოპირდაპირედ იდგა თეთრი ფერის კარადა, მთელი იატაკი კი ნაზ ლურჯ ფარდაგს დაეფარა. გოგონამ ჭერზე აიხედა და წარბები შეკრა, როცა ვერანაირი ჭაღი ვერ დაინახა.
ლოგინიდან სწრაფად გადმოცურდა და ისევ თავისი ყვავილებიანი კაბა ჩაიცვა, რომელიც საწოლის კუთხეში ედო, კოხტად დაკეცილი. თმა ერთ გრძელ ნაწნავად დაიწნა, და ფეხშიშველა გატანტალდა ცივ მარმარილოზე დერეფანში.
დერეფანი ცარიელი იყო, ოდნავი გაშრიალებაც კი არ ისმოდა. გოგონა ნელა დაუყვა კორიდორს, და სწრაფად ჩაირბინა მარმარილოს კიბეებზე, ბაღში კი სირბილით გავიდა.
-ადულყაფარ! – დაიძახა მან, როცა სახლამდე მიმავალ ბილიკზე გავიდა. ადულყაფარი ხომ დაჰპირდა, რომ აქ იქნებოდა… – ადულყაფარ, აქ ხარ?
-რას იჭაჭები? – მოესმა ხმა და მკვეთრად შემოტრიალდა, მისკენ ის პატარა ბიჭი მოიწევდა, აქ მოსვლისას რომ ნახა. ელისომ წარბები შეკრა. სწორედ ეს ლაწირაკი იყო, რომ უგზო-უკვლოდ გაქრა და ელისო გაუგებრობაში დატოვა…
-შენ ვინღა ხარ? – მკვახედ შეეკითხა ის და დაჟინებით დააშტერდა ბიჭის შავთმიან თავს, თან დოინჯი შემოირტყა. პატარა ბიჭმა თვალები დაავიწროვა.
-მე ანდრონიკე ვარ. შენ… ელისო ხარ, ხომ? ბეშქენმა მითხრა. – თქვა მან და  ახედ-დახედა. ელისომ თვალები მოწკურა და ბიჭის მუქ თმასა და ასევე მუქ, მოყავისფრო თვალებსა და გარუჯულ კანს დააცქერდა. ვიღაცას აგონებდა…
-ანდრონიკე.. შენ რა, ბეშქენის ხარ ვინმე? გავხარ ძალიან… – ელისომ თვალები მოწკურა. ბიჭს წარბიც არ შეუხრია, უსიტყვოდ მოაჩერდა.
-ნათესავები ვართ. – მოკლედ მოჭრა მან და მკლავები გადააჯვარედინა. – ბეშქენმა მითხრა, რომ შენ ჯერ არაფერი არ იცი ამ ადგილის შესახებ, ხომ? – ელისომ სწრაფად დაუქნია თავი. – მჰმმმ… – ჩაიზუზუნა ანდრონიკემ. – კარგი… ადულყაფარი და მარტენი აქვე არიან, ალბათ რაღაცაზე ლაპარაკობენ. იმედია რომ აგნესაც მალე იქნება აქ, თუ მოახერხა..
-და ეგენი ვინ არიან? – ჩაილაპარაკა დაბნეულმა გოგონამ. – ადულყაფარი ვიცი, მაგრამ მარტენი და აგნესა?
-მეზობლები არიან. – მოკლედ უპასუხა ანდრონიკემ და თავი დააქნია. – ფაქტიურად. – დაამატა მან რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ.
-აჰა. – დაურთო ელისომ და ოდნავ გვერდზე გადგა, რომ ანდრონიკესათვის გასასვლელი მიეცა. ბიჭი მაშინვე დაუყვა ბილიკს, ელისოც უკან აედევნა.
-ლამაზი ბაღია ძალიან. – ისევ მიმოიხედა ელისომ და მის წინ მიმავალი პატარა ბიჭის ფიგურას დააშტერდა. – ვინ მოაწყო?
ანდრონიკემ ხმა არ გასცა, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა.
-იყო ერთი ქალი, მისი იდეა იყო აქ ყვავილები და რამე. – მოკლედ მიუგო მან. – ოღონდ არ ღირს მასზე ლაპარაკი, ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იმედი მაქვს რომ არ გამოიჩენ. ბეშქენს კი ეს ქალი საერთოდ არ უხსენო, გასაგებია?
-რატომაც არა? – ჩაეძია ელისო.  გრძნობდა, რომ აქ კარგა ხანი მოუწევდა გაჩერება და სურდა, რომ რაც შეიძლება მეტი სცოდნოდა აქ მცხოვრებლებზე, მითუმეტეს ბეშქენზე, რადგან ამწუთას მის ტერიტორიაზე იმყოფებოდა აშკარად. – ვინ იყო ის ქალი ასეთი?
-არ შეიძლება! – მოუჭრა ბავშვმა, და ბილიკზე მოუხვია, ისე რომ არც კი მოუხედავს უკან, მაგრამ ბავშვურ ხმაში გაღიზიანება ეწერა. ელისოს ნესტოები დაებერა. როგორი ტონით ბედავდა ლაპარაკს ეს ლაწირაკი…
-ანდრო, მოხვედით.. – მოესმა ხმა და თავი ასწია. წამსვე მოხვდა თვალში იმ ადამიანის სახე, ვინც ეს სიტყვები წარმოთქვა და განცვიფრებისაგან წარბები კინაღამ შუბლზე აუვიდა.
ადულყაფარის გვერდით ვიღაც ქალი იდგა, გრძელ თეთრ, ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი. გრძელი, ქერა თმა ჰქონდა და თვალწარმტაცი ლურჯი თვალებით იყურებოდა. სანთელივით ნაზი და ფერმკრთალი მოუჩანდა კანი და ანდრონიკეს მისჩერებოდა.
-მოვედით, მოვედით… – წაიბუზღუნა ბიჭმა. – აგნესა არ მოვა? გამოტოვებს?
-საქმე აქვს. – თქვა ქალმა. – მე გავუარე დილით და დაკავებულია ძალიან, მაგრამ მითხრა, რომ შემოგვესწრება, თუ მოახერხებს.
-აჰა. – თქვა ანდრონიკემ და მკვეთრად შემოტრიალდა ელისოსაკენ.
-ელისო, ეს მარტენია, გაიცანი. – ადულყაფარმა მის გვერდით მდგარ ქალზე ანიშნა. მარტენი ნარნარით წამოვიდა და ხელი გამოუწოდა. ელისომ უხერხულად ჩამოართვა, რაღაცნაირად ცუდად გრძნობდა თავს ამ ქალის ფონზე, თითქოს არაადეკვატური იყო თავის ყვავილებიან, გაცრეცილ კაბასა და უბრალო ნაწნავში…
-სასიამოვნოა. – უთხრა მარტენმა, თან ახედ-დახედა. თვალებში ინტერესი ეწერა. ელისომ თავი დაუქნია და შეეცადა, ცოტათი გაეღიმა მაინც, იმის მიუხედავად, რომ სულ არ ეღიმებოდა და მხოლოდ და მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა აქ.
-წამოდი, დავჯდეთ. – თქვა ანდრონიკემ და ბილიკზე ჩაიარა, რომელიც დიდ პლატფორმას უერთდებოდა ბაღის შუაში. იქ რამდენიმე ძელსკამი და პატარა მაგიდა იდგა. ანდრონიკე სკამზე აცოცდა და ზურგს მიეყუდა, მერე კი ფეხები ააქანავა, ტერფებზე თვალჩაშტერებულმა.
ელისო მის შორიახლოს დაჯდა, მის პირდაპირ კი ადულყაფარი და მარტენი ჩამოჯდნენ.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ანდრონიკე, ადულყაფარი და მარტენი დაჟინებით ჩაშტერებოდნენ და ელისოს კიდევ უფრო მეტ უხერხულობაში აგდებდნენ.
-აბა? – იკითხა ბოლოს გოგონამ, როცა სიჩუმე უკვე აუტანლად უხერხული გახდა და დანარჩენები მოათვალიერა. – მეტყვით, ბოლოს და ბოლოს? – არ სურდა, მაგრამ თავისი სურვილის მიუხედავად, მაინც შეეპარა გაღიზიანება ხმაში. არ მოსწონდა, რომ ამდენი რამე არ ესმოდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა. ეს დაუცველობისა და უსუსურობის გრძნობას ანიჭებდა, რომელსაც არ იყო ჩვეული და არც სურდა რომ განეცადა.
-მაშ კარგი. – ხელები ერთმანეთს გადააჭდო ადულყაფარმა, მერე კი ცალყბად გაიცინა, თეთრი კბილები აუელვარდა. – ოღონდ შეიძლება ცუდად გახდე, ან რამე მასეთი, ამიტომ ყოველი შემთხვევისათვის, საზურგეს მიეყუდე, რა იცი რა ხდება… – მან წარბები აწკიპა და ჩაიცინა, როცა მარტენმა რაღაც ბრაზით გადაულაპარაკა.
ქალმა თმა შეისწორა და ელისოს გადმოხედა, მერე კი ამოიხვნეშა.
-მე მგონია, რომ ჯობია, მე დავიწყო ლაპარაკი. – განაცხადა მაინც და ხელები ერთმანეთს გადააჭდო, სახეზე ნერვიულობა გადაჰკრავდა. ელისო მოიღუშა. – მე მგონია, რომ უკვე მიხვდი, ეს ადგილი ჩვეულებრივი არ არის, ხომ?
მარტენი დაჟნებით დააშტერდა, ელისომ კი ოდნავ გაუბედავად დაუქნია თავი.
-მართლაც უცნაური ადგილია.. – ხმადაბლა თქვა მან.
-საქმე იმაშია, რომ… – მარტენმა ოდნავ მოისრისა თავი. – მოკლედ რომ მოვჭრათ, ამ ადგილის უცნაურობა… – ქალი დაიბნა, აშკარად ეტყობოდა, რომ ჭოჭმანებდა და სიტყვებს ვერ უყრიდა თვალს. ელისომ წარბები შეკრა და ადულყაფარს გადახედა.
-იცი რა…  -დაიწყო მან და მარტენს გადახედა. – მემგონი ჯობია, მე გავაკეთო ეს საქმე. ბოლოს და ბოლოს, ბეშქენმა მე მომანდო, ხომ? არა, ანდრო? – გადახედა მან ბიჭს, ელისომ კი ინსტინქტურად გააყოლა თვალი მის მზერას. ანდრონიკე მკლავებგადაჯვარედინებული იჯდა და ბავშვის კვალობაზე საკმაოდ ბნელი გამომეტყველებით მისჩერებოდა ადულყაფარს. ამ უკანასკნელმა ჩაიცინა და ელისოს გამოხედა.
-მაშ ასე… – დაიწყო მან და თმაში გადაისვა ხელი. – როგორც მარტენმა ბრძანა, ეს ადგილი ცოტა… უცნაურია. აქ საკმაოდ ძველი ხალხი ვცხოვრობთ, უკვე რამდენი ხანია, არ ვიცი. აქ ხალხი ხვდება… ჰმმ… როგორც გითხრა… უბედური შემთხვევების და ეგეთების გამო. – ადულყაფარის მზერამ ელისოს თვალები კინაღამ ჩაუხვრიტა. გოგონა გამალებით ფიქრობდა და იმედოვნებდა, რომ ბოლოს და ბოლოს, ადულყაფარი და საერთოდ, ყველა აქ შეწყვეტდნენ ამ ქარაგმებით ლაპარაკს და პირდაპირ ეტყოდნენ, ბოლოს და ბოლოს…
-მოკლედ რომ გითხრა, ელისო, ეს ადგილი, სადაც ახლა შენ ზიხარ, დედამიწაზე არ არის. – დაახეთქა ადულყაფარმა და ისე დაუხამხამა თვალები, თითქოს არავითარი აბსურდული წინადადება არ ეთქვა.
ელისო ჩუმად მიაშტერდა. სახე ისე გაეყინა, რომ ნაკვთები ვეღარ გაატოკა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
სიჩუმე იდგა, არავინ ხმას იღეებდა, მაგრამ ელისოს თავის ტვინში ატეხილი ფიქრებისა და პანიკის კორიანტელი აყრუებდა. ყველაფერი ერთად დაუტრიალდა თავში. „როგორ თუ დედამიწაზე არაა…“ გაიფიქრა მან და შეტოკდა, ადულყაფარს თვალებში ჩააშტერდა, მერე კი მარტენს გადახედა, რომელსაც სახეზე შეწუხებული გამომეტყველება ეწერა. გოგონამ ტუჩები მოიკვნიტა და ანდრონიკეს გადახედა, რომელიც ისევ ფეხებს აქანავებდა და დაჟინებით მისჩერებოდა, აშკარად მის რეაქციას ელოდებოდა.
-როგორ? – ძლივს ამოღერღა ელისომ და თავი გადააქნია. – როგორ თუ არ არის? რაღაცას … რაღაცას მეხუმრებით, ხომ? თქვენი აზრით, სასაცილოა ეს? პასუხებს მოვითხოვ, მაგრამ ასეთ სულელურ პასუხებს არა! – ხმას აუწია მან და მუშტები შეკრა. არა, არ შეეძლო მათი ნათქვამის დაჯერება, მათი ნათქვამის ფაქტად მიღება, ეს ხომ ფაქტიურად ნიშმავდა, რომ…
-არ გატყუებთ. – განაცხადა მარტენმა. – მე პირადად ძალიან ვწუხვარ, ელისო… სწორედ ის ხდება, რაც შენ გგონია. ზეცაში ხარ.
ელისოს ენა ჩაუვარდა, ვერც კი გაინძრა. მერე კი მწარედ გაიცინა და პირი დააღო, რომ ეს რაღაც სასტიკი ხუმრობა გამოელანძღა, უარეყო და მოეთხოვა, რომ გულწრფელად ეპასუხათ…
-სანამ რამე სისულელეს იტყვი, – დაიწყო ანდრონიკემ, – დაფიქრდი. გითხარით და შენ თვითონაც დაინახე, რომ ეს ადგილი ძალიან უჩვეულოა, და საერთოდ, როგორ მოხვდი აქ, იმაზე იფიქრე? რა დაგემართა? ზღვაში გადავარდი თუ რა ჰქენი? შენი აზრით, დინება თუ რამე ასეთ ადგილამდე მოგიყვანდა? – დაამთავრა ტირადა ანდრონიკემ და წარბები ასწია, თითქოს ელისოსაგან შეპასუხებას ელოდა.
-შენი კაბით თუ ვიმსჯელებთ, – ჩაერთო ადულყაფარი და ცალი ხელი გოგონას ტანსაცმლისაკენ გაიშვირა. – არც ისე მდიდრული და თანამედროვე ადგილიდან ხარ. იმ დინებას ალბათ კარგა ხანი უნდა ეტარებინე, რომ პირდაპირ აქ გამოერეცხე. ეს კი პირდაპირ შუძლებელია… ან დაიხრჩობოდი, ანდა ტანსაცმელი შემოგეხეოდა, მინიმუმ ეს. ლოგიკურად თუ დავუკვირდებით, ელისო, შენ აქ არ მოუყვანიხარ იმ დინებას. აქ იმიტომ ხარ, რომ… იქ დაზიანდი ან რამე და აქ ახლა შენი გონება ისვენებს. – ადულყაფარმა მარტენს გადახედა, რომელმაც თვალები დახუჭა და თავი ნელა დააქნია. გვერდიდან ყრუდ ისმოდა ხათქუნი. ანდრონიკე თავის ტერფებს სცემდა ძელსკამის ფეხებს.
ელისო ჩუმად იჯდა და ცდილობდა გაეგო, თუ რას ეუბნებოდნენ ესენი. მათი საუბარი ლოგიკურად მიიჩნია, მაგრამ სწორედ ეს ლოგიკა აშინებდა, ის აშინებდა, რომ ეს მართლა სიმართლე იქნებოდა..
-მოიცადეთ. – თქვა მან და ხელი ასწია. – შენ დაზიანდიო, თქვი. თუ ზეცაში ვარ, მკვდარი არ უნდა ვიყო? – იკითხა მან და ადულყაფარს დააშტერდა, პასუხებს ელოდა.
-არა. – ჩაერთო მარტენი. – ყველაზე უცნაურიც მაგ არის. მკვდარი არა ხარ, შეიძლება პარალიზებული ან საერთოდ, კომაში კიდეც, მაგრამ მკვდარი არ ხარ, ელისო, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, და მინდა გითხრა, რომ ეს სწორედაც რომ უნიკალური შემთხვევაა…
-მთელი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხდა ასეთი შემთხვევა! – ხელი ზემოთ ასწია სახეგაბრწყინებულმა ადულყაფარმა. – ერთხელ… ერთხელ ის იყო, ახლა კი შენ! ორად ორი უნიკალური, თითქმის შუძლებელი შემთხვევა… საოცრებაა, არა, ანდრონიკე?
ანდრონიკემ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ოდნავ ჩაიფრუტუნა და ძელსკამისათვის ფეხების დაშენა გააგრძელა. ელისომ თვალები გადაატრიალა და მზერა აარიდა. ანდრონიკე პირდაპირ ბეშქენს ჰგავდა, არც იყო გასაოცარი, რომ ისინი ნათესავები იყვნენ…
-და შენ რამდენი ხანია რაც აქ ხარ? – იკითხა მან. – ვერ გავიგე, რატომ ეძახით ამ შემთხვევას უნიკალურს… იქნებ შენამდე მოხდა კიდევ?
ადულყაფარმა გაოცებით შეხედა, მერე კი სიცილი აუტყდა.
-უჰუჰუ… – გვერდი მოისრისა მან და ღიმილით გადახედა მარტენსა და ანდრონიკეს, მაგრამ ცხვირი ჩამოუშვა, როცა ორივეს მობეზრებულ გამომეტყველებასა და ელისოს ოდნავ გაღიზიანებულ სახეს წააწყდა. – კარგი, ჰო… საქმე იმაშია, ბავშვო, რომ ჩვენ ყველანი აქ საუკუნეების მანძილზეა, რაც ვართ, გასაგებია? – ცივად გაიღიმა მან და საზურგეზე გადაწვა, გრძელი ქერა თმა მკერდზე გადმოუვარდა და შუქზე აბზინდა.
ელისოს ნესტოები დაებერა და თვალები მოჭუტა.
-სულ არ გავხართ არც ერთი საუკუნეების მანძილზე მცხოვრებ ხალხს… – აიფშვიტინა მან. – ანდრონიკე მითუმეტეს… – ბიჭისაკენ გადააქნია თავი მან, რაზეც ადულყაფარს ისევ სიცილი აუტყდა.
-ვართ, ვართ… აბა აუცილებელია რომ მოხუცების სახე გვქონდეს მიღებული, რომ დაგვიჯერო? და ჰო, კიდევ ერთი დეტალი. – ხელი ასწია მარტენმა და მათი ყურადღება მიიქცია. – ჩვენ ანგელოზები არ გეგონოთ. აქ იოლად რომ ვთქვათ, ვმუშაობთ. საქმე გვაქვს. აი, მაგალითად აგნესა…
-დარწმუნებული ვარ, რომ ერთობა. – ჩაეჭრა ანდრონიკე, სახე ისევ მოქუფროდა. ელისო გაოცებით მიაშტერდა, არასოდეს დაენახა ასეთი ცუდი ხასიათისა და სულ მოღუშული ბავშვი… „თუმცა, ეს ხომ ბავშვი არ არის…“ გაიფიქრა უხერხულად და სახის ნაკვთები დაეღმიჭა. „ამათი თქმით, საუკუნეების არიან…“
– აგნესა მუშაობს. – გააგრძელა მარტენმა, თან ანდრონიკეს ცივი მზერა სტყორცნა. – ცოტა პატივისცემა რომ გამოიჩინო, ანდრო, არ მოგკლავს…
-დაგავიწყდა? – გააწყვეტინა ბავშვმა და ტუჩის კუთხე ირონიულად ასწია. – მე მკვდარი ვარ უკვე.
მარტენს ტუჩები დაუწვრილდა.
ელისომ ტუჩები მოკუმა და გვერდზე გაიხედა. ანდრონიკე და მარტენი ერთმანეთს ცივად მისჩერებოდნენ და გოგონა გრძნობდა, რომ თვითონ მოსმენით მათ პირადულ საქმეში ერეოდა. თავი გადააქნია. ჯერ კიდევ იაზე ფიქრობდა, სადც იმყოფებდა და ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, იმის მიუხედავად, რომ ისე ჩანდა, თითქოს ესენი სიმართლეს ამბობდნენ, თან მათი ნათქვამი ემთხვეოდა მაინც… ის ფაქტიც ამშვიდებდა, რომ უთხრეს რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო..
ამწუთას ამაზე მეტად ფიქრი არ შეეძლო. მოგვიანებით მოიფიქრებდა კიდევ, რის გაკეთებას აპირებდა და საერთოდ, როგორ უნდა გადაეხარშა ეს ინფორმაცია, რომელიც ასეთი დამაჯერებლობის მიუხედავად, ასეთი აბსურდული ჩანდა.
-მუშაობთ… – ანუ რას აკეთებთ? – ჩაეძია იგი. – აქ არ ვიცოდი, თუ რამე… სამუშაო არსებობდა…
-ყველასთვის არ არის. – განაცხადა ადულყაფარმა. – ჩვენ ოთხნი… უფრო სწორად, ხუთნი ვართ მარტო. ეს განსაკუთრებული ადგილია, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ ხუთნი: მე, ბეშქენი, ანდრო, მარტენი და აგნესა. ყველას განსაკუთრებული საქმე გვაბარია. აი, როგორც ანგელოზები ახარებენ ხოლმე და კავშირს წარმოადგენენ უფალსა და ადამიანებს შორის, ისე ვართ. თითქმის. ოღონდ ჩვენი საქმე უფრო მატერიალურია.
ელისომ თვალები მოჭუტა და მიმოიხედა.
უცებ მიხვდა.
წყლით სავსე ბაღი, თეთრსა და ლურჯში გადაწყვეტილი სახლი და ოთახები, ბეშქენისა და ანდრონიკეს ტანსაცმელი… ადულყაფარის წითელი მაისური და მარტენის თეთრი კაბა… ყველაფერი ეს სიმბოლური იყო. მათ სამუშაოსთან დაკავშირებულ სიმბოლოებს წარმოადგენდა…
-ელემენტები. – ამოილუღლუღა მან. – თქვენ… თქვენ ელემენტები გაბარიათ?
-ოჰ, მიხვდა! – წამოიძახა ადულყაფარმა და წარბები ასწია. – შთამბეჭდავია… რამდენ ფანტასტიკას კითხულობდი, ჰა? – გაიცინა მან და მარტენს გადახედა, რომელიც თავს ისე აქნევდა, თითქოს ამბობდა, რომ ამას არაფერი ეშველებაო. ბოლოს ქალმა ელისოს გამოხედა.
-მართალი ხარ, სწორად მიხვდი. – წყნარად თქვა მან. – ჩვენი საქმეა რომ ბალანსი დავამყაროთ და უბრალოდ თვალი ვადევნოთ, თუ საჭიროა, ძალაც გამოვიყენოთ, მაგრამ ამისათვის გარკვეული პირობები და კანონები არსებობს, რა თქმა უნდა. თუმცა ზოგიერთი ძალიან ხშირად არღვევს ამ წესებს… – მარტენმა უკმაყოფილოდ გადახედა ანდრონიკესა და ადულყაფარს. ამ უკანასკნელმა წარბი ასწია.
-მე რას მომჩერებიხარ? – გააპროტესტა მან და მბრწყინავი თვალებით ელისოს გადმოხედა. – ჰა, ელისო, უთხარი რამე! მე კი არა, ბეშქენს უთხარი მაგ, წელიწადის ამ დროს რომ ამხელა გვალვებს აწყობს. ხალხს კიდევ მაგ უნდა? ის არ გახსოვს, საჰარას უდაბნოში რომ კოკისპირული წვიმა დაუშვა?
-მოიცადეთ, მოიცადეთ… – ხელი ასწია გოგონამ. – ესე იგი ბეშქენის ბრალია, ამდენი აუტანელი გვალვა და მერე წყალდიდობები რომ არის ხოლმე ჩემს სოფელში? რის გამოც მე იქედან გაგდება დამიპირეს? – გოგონამ იგრძნო, თუ როგორ აევსო სიმწრითა და ბრაზით ხმა. ბეშქენი უეცრად შესძულდა. ეს სიძულვილი ისეთივე უცხო იყო, როგორიც ის, რომელიც ბებიამისთან მიმართებაში იგრძნო…
-ფაქტიურად, არა… – ჩაიფხუკუნა ადულყაფარმა. – ნუ, არის ამ დღეებში ისეთი რაღაც, რაც… როგორ ვთქვა… – ადულყაფარი წინ გადმოიწია, ცალყბად იღიმებოდა და თითქოს სინათლეს ასხივებდა. – ცუდად ახსენდება ბეშქენს. გინდა გითხრა, რა?
-ადულყაფარ! – შესძახა მარტენმა. – გაჩუმდი!
-მოკეტავ? – ხელი აუქნია გაბრაზებულმა ანდრონიკემ და ძელსკამიდან ჩამოხტა. – ხმა არ გაიღო, თორემ ბეშქენს ვეტყვი. – დაუსისინა მან და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ბილიკს სახლისაკენ.
-ოჰოჰო, მაგ საჭირო არ იქნება, ანდრიკო, ბეშქენს უკვე ეცოდინება ყველაფერი! – გასძახა ადულყაფარმა და ჩაიცინა. მარტენი განრისხებული მისჩერებოდა.
ელისო ჯერ კიდევ გაუგებრობაში იჯდა და ხან ერთს მიაშტერდებოდა, ხან მეორეს.
ამოიხვნეშა და თავი მოისრისა.
იქნებ საერთოდ რომ არ გაეგო ეს ამბები, უკეთესი იქნებოდა.
თავი აღარ აუბჟუვდებოდა მაინც.
-*-*-*-*-*-*-5
როცა ანდრონიკეს მსუბუქი ნაბიჯების ხმა მიწყდა ბილიკზე, ელისო ჯერ კიდევ გაშეშებული იჯდა და გაშტერებული მისჩერებოდა მის წინ დამდგარ თეთრი მარმარილოს დაბალ მაგიდას, რომელიც მზის შუქზე ბრწყინავდა. მის წინ მარტენი რაღაცას ამბობდა ბრაზნარევი ხმით, აშკარად ადულყაფარს უბრაზდებოდა, ლანძღავდა კიდეც, მაგრამ მათი ლაპარაკისათვის ელისოს ყური აღარ უთხოვია. ორივეს რა ცოტა ხანი იყო რაც იცნობდა, მაგრამ უკვე ხვდებოდა მათ, ხვდებოდა რაზე ლაპარაკში ატარებდნენ დროს.
სულ ჩხუბში. სულ წყრომაში.
გოგონამ თავი გადააქნია და შეეცადა რომ საკუთარ საქმეზე ფოკუსირებულიყო. ჯერ კიდევ ვერ გაეგო, აქ რას აკეთებდა, ეს ხალხი საერთოდ რა სისულელეზე ელაპარაკებოდა და ვისთვის უნდა მიემართა? ვისთვის დაეჯერებინა, ამათთვის? როცა ეუბნებოდნენ, რომ ამწუთას მისი გონება ზეცაში დაფარფატებდა და რაღაც უაზრო ილუზიებს ქმნიდა, იმის მიუხედავად რომ მისი სხეული დედამიწაზე ცოცხლობდა?
ელისომ წარმოიდგინა საკუთარი სხეული, დინებას მიყოლილი და ატივტივებული. როგორ ულამაზოდ დაუჭკნებოდა კანი წყალში დიდხანს ყოფნისას, მერე კი მალევე თუ არ შეჭამდა, ცოცხალ ჩოჩხს დაემსგავდებოდა და ათასი წყალში მყოფნი მტაცებელი დაესეოდა. ასეც რომ არ მომხდარიყო, შეიძლებოდა დინებას სადმე, უფრო გაშლილ, უფრო დიდ ადგილას წაეღო, ანდა უბრალოდ გადმოებრუნებინა და წამსვე გათავებული იქნებოდა მისი საქმე აქაც და იქაც…
გაშლილი ადგილი.. გაიფიქრა გოგონამ და თვალები ზემოთ ასწია. ცა ლურჯი იყო. შეეცადა, რომ ტალღები წარმოედგინა, თითქოს ცა მოძრაობდა, იბრძოდა, ნაპირს ეტაკებოდა… და მართლაც, იჯდა და შეჰყურებდა ქვემოდან, თუ როგორ მოძრაობდა ზღვა, როგორი სილამაზე იყო ქვემოდან შეხედვა და უკიდეგანო მოძრავი სილურჯის დანახვა…
-ელისო, კარგად ხარ? – მოესმა თითქოს შორიდან მარტენის ხმა და თავი უცებ გადააქნია, გამოერკვა. თვალები მოისრისა და ფეხზე წამოდგა.
-ელისო… – გაუმეორა ქალმა. – რა გჭირს? თვალები გაგიშტერდა, უცნაურად იყურებოდი… ხომ კარგად ხარ?
-აცალე, მარტენ. – ჩაიცინა ადულყაფარმა იმ მწარე, მკბენავი სარკაზმით სავსე ხმით. – ასეთი ადგილი თავის ცხოვრებაში არ უნახავს საცოდავს, ტკბება სილამაზით…
ელისოს უცებ თვალწინ გაუელვა თავისი სოფლის ატალახებულმა შუკებმა, ტალახში ჩაფლულმა საკუთარმა კაბამ და ჭუჭყიანმა ფეხებმა, რომელბსაც გამწარებული იხეხავდა მონარჩენი ერთი ციცქნა საპნით. ერთიანად ამტვერებულმა, ამოშრობილმა, გაყვითლებულმა ველებმა და დახეთქილმა მიწამ, და გული მოეკუმშა.
გულში სიმწარე დაუტრიალდა და ადულყაფარისაკენ მკვეთრად შემობრუნდა.
-გაჩუმდი, ადულყაფარ. – მკვახედ დაილაპარაკა მან. სხეული ერთიანად უდუღდა, თვითონაც არ იცოდა, ბრაზისაგან იყო ეს თუ სირცხვილის გამო. – შენ არაფერი არ იცი, გაიგე? რომ მეკითხებით, კარგად თუ ხარო, როგორ უნდა ვიყო? – გოგონამ ხელები სარკასტულად გაშალა მთელ სიგანეზე. – გადასარევად! – იყვირა მან. – პირდაპირ მშვენივრად! რა უნდა ვიფიქრო, როცა სადღაც აღმოვჩნდები, იმის შემდეგ რაც ფაქტიურად თავის მოკვლა ვცადე, აზრზე არა ვარ და ოთხი გამოშტერებული ლუნატიკი მეუბნება, ცოცხალი არ ხარო, ჰა? რა ვიფიქრო, გამაგებინეთ? რაღაცნაირად მჯერა, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ მართლაც ასეა, რაღაც… რაღაც მიბიძგებს, მაგრამ ნუთუ ღირს დაყოლა?
ელისომ სახე მოჭმუხნა, იგრძნო როგორ აეწვა თვალები. მთელი ძალით შეებრძოლა ცრემლებს, ახლა არ სჭირდებოდა ისინი, არაფერში…
მარტენს სახეზე სიბრალულით სავსე გამომეტყველება ეხატა, ადულყაფარი კი გვერდით იყურებოდა, თვალს არ უსწორებდა.
-მისმინე… – დაიწყო მარტენმა და გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. – არ ვიცი, მართალი ხარ, რა მდგმარეობაში ხარ, და ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რომ ვერ გეხმარები… მაგრამ ჩვენ არ ვართ ცუდი ხალხი, მართლა… დაგეხმარებით. რამდენადაც შეგვიძლია და კანონები ამის უფლებას მოგვცემს, ყველაფერს აგიხსნით და ბნელში არ დაგტოვებთ… ეს ადგილი მოგეწონება, ელისო. ბოლოს და ბოლოს, სიკვდილის მერე მაინც აქ მოგიწევს ამოსვლა და…
-აქ არ ამოვა. – უცებ შეაწყვეტინა ადულყაფარმა და წარბები აწკიპა, მერე კი ელისოს გამოხედა. – მისი ადგილი ზემოთ იქნება უფრო.  – თქვა მან. – ან ქვემოთ. გააჩნია. – დაამატა ორწამიანი სიჩუმის მერე.
ელისომ ღრმად შეისუნთქა და თვალები დახუჭა.
მერე კი შემოტრიალდა და სახლისაკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
-საღამოს კიდევ გესტუმრებით, ლამაზო! – მოაძახა ადულყაფარის ხმამ. – ბევრი საქმე არაფერი გვაქვს, ბეშქენი გამოჩნდება და გაგვართობს კიდევ!
ელისომ მოიხედა, ბრაზითა და ზიზღით სავსე მზერა სტყორცნა ადულყაფარის ცალყბა ღიმილით გაცისკროვნებულ სახეს და ნაბიჯს აუჩქარა.
სახლის კიბეებზე სწრაფად ააბიჯა. დაღლილი იყო უკვე და ყველაფერი სტკიოდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ამდენი ხანი არ ეჭამა, საერთოდ არ შიოდა. თავი გააქნია. ახლა თვითონ მხოლოდ გონება იყო, რაში სჭირდებოდა საჭმელი? ისე კი არ იყო, რომ აქ რამე საჭმელი იქ მყოფ სხეულს მისწვდენოდა…
კიბეს აუყვა, თავისი ოთახისაკენ. დერეფანში რომ მოუხვია, მაშინღა დაინახა ერთ-ერთი ფანჯრის გვერდით კარი და წამსვე კისერი წაიგრძელა. აქამდე ეს კარი არ ენახა. ალბათ გუშინ საღამოთი ვერაფრით ვერ შეამჩნია, თუმცა როგორ შეამჩნევდა ისეთი დაღლილი იყო, დილით კი უბრალოდ არ მიუქცევია ყურადღება, ნამძინარევი იყო და სხვა რამეზე ჰქონდა გონება გადატანილი.
კარს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, და ზედ თითები მიადო. ახლაღა შეამჩნია, რომ თავისი ჭუჭყიანი თითები, რომლებიც სულ დახეთქილი და ტალახში ამოსვრილი ჰქონდა, გასუფთავებოდა და გათეთრებოდა, კანიც უფრო ნაზი ჩანდა. გოგონამ ნელა დაუსვა თითი საკუთარ ხელის ზურგს და თვალები დაახამხამა.
მალევე გამოერკვა. უცნაური იყო საკუთარ თითებზე კონცენტრაცია, მითუმეტეს მათ ასე შეცვლილ შეხედულებაზე.. უცებ მოეჩვენა, რომ სხვა იდგა მის ადგილას, საკუთარ თავს თითქოს აღარ ეკუთვნოდა…
უაზრო ფიქრები რომ მოეშორებინა, სასწრაფოდ მიაწვა კარს და გამოაღო, მერე კი თავი შესწია კარის ღრიჭოში და გარეთ გაიჭყიტა.
თვალში გაშლილი სივრცე მოხვდა წამსვე და თვალებგაფართოებული მთელი სხეულით გაძვრა აივანზე.
განიერი აივანი იყო, აშკარად ესეც მარმარილოსი, და ლამაზი, დატალღული ჩუქურთმების მქონე რიკულები ჰქონდა. მის წინ შადრევანი თუხთუხებდა და აქეთ-იქით ფანტავდა მზის შუქისაგან აბრწყინებულ წვეთებს.
უცებ გოგონამ დაინახა და წარბები ასწია.
შადრევნის იქით ანდრონიკე იდგა და შადრევნის ქვემოთა მხარეს ჩასჩერებოდა, რომელშიც ლოტოსები დაცურავდნენ. გოგონა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მას და გვერდით ამოუდგა, მერე კი ოდნავ წინ წაიხარა, რომ პატარა ბიჭთან უფრო ახლოს ყოფილიყო სიმაღლით. მართალია ეს ბიჭი საკმაოდ პატარა ჩანდა, მაგრამ როგორც საუბარს თუ გაითვალისწინებდა დილით ეზოში, საკმაოდ ჭკვიანი და გათვიცნობიერებული, ასევე ცუდი ხასიათის იყო. მაგრამ თუ ელისო აპირებდა აქნორმალურად ცხოვრებას, მაშინ ეს და სხვა ყველაფერიც რამენაირად უნდა აეტანა, სხვა გზა არ იყო.
ამისათვის კი აქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს უნდა დაახლოებოდა.
-ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ. – თქვა გოგონამ სიჩუმის დასარღვევად და ინტერესით მიმოიხედა, სახურავის დასანახად თავი მოღრიცა. – მშვენიერი ჩუქურთმებია და რამე…
-რა გინდა? – გააწყვეტინა უცებ ბავშვმა. ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა. ელისომ თავი მკვეთრად მოატრიალა რომ მისკენ დაეხედა.
-არაფერი. – მოკლედ მოუჭრა მან. – უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რო ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ, სულ ესაა…
-არ გვაქვს. – მკვახედ მიუგო ანდრონიკემ. – აქვს. ეს ბეშქენის სახლია და არა ჩემი.
ელისო მოიღუშა.
-აქ ცხოვრობ, ნათესავები ხართ… – მხრები აიჩეჩა მან. – მაინც შეიძლება იმის თქმა რომ გაქვთ, მე ის კი არ მიგულისხმია, რომ…
-არ ვიცი რა იგულისხმე. – თქვა ანდრონიკემ და ისევ ლოტოსებს ჩააშტერდა, რომლებიც თავისათვის ლივლივებდნენ წყალზე და ვარდისფრად უღუოდათ ყვავილები. – მე აქ საერთოდ არ უნდა ვიყო.
-მაშინ რატომ ხარ? – დახედა ელისომ. – სხვაგან რატომ არ ცხოვრობ, თუ აქ არ გინდა? მარტენთან, მაგალითად…
-იმიტომ რომ ბეშქენია აქ, მე ვერსად ვერ წავალ, სანამ იგი აქაა. – თქვა ანდრონიკემ და მისმა ხმის ტონმა ელისო ცოტათი შეაკრთო. მის სიტყვების ისეთი… გადამწყვეტი შეგრძნება დაჰკრავდათ, რომ გოგონას ცოტათი შეეშინდა კიდეც.
-რას გულისხმობ? – ჩაეკითხა იგი, ცოტათი შეწუხებული. – რა, გაძალებს აქ დარჩენას ბეშქენი?
ანდრონიკეს ჩაეცინა.
-არა. – მოუჭრა მან. – პირიქით, ვერ მიტანს. მაგრამ იცის, რომ აქ უნდა ვიყო.
ელისომ თავი ოდნავ უკან გასწია. ეს ამბავი არ მოსწონდა.
-და… – ელისომ მიმოიხედა, ხმა ჩურჩულამდე დააგდო. – ხომ არ… გიტყამს ბეშქენი? ხელი დაუკარებია ოდესმე?
ანდრონიკემ აწეული წარბებით გადმოხედა.
-შენ რაში განაღვლებს? – თითქმის ზიზღნარევი ხმით ამოღეჭა მან. – შენი საქმე არაა… ვიღაც უცხო ხარ აქ, ნუ ყოფ ცხვირს იქ, სადაც არ გეკითხებიან…
-რას ქვია არ მანაღვლებს? – მოიღუშა ელისო, გასწორდა და ბავშვს ზემოდან დახედა, მუშტები შეკრა. – თუ ბეშქენი რამეს გაძალებს, მაშინ ორ სიტყვას ვეტყვი მე მაგას! ეს არ შეიძლება… ეს… ეს… არაჰუმანური საქციელია, რამის დაძალება და თუ არ სურს შენთან ყოფნა და ვერ გიტანს… ამას ჯერ ერთი საერთოდ არ უნდა გაგრძნობინებდეს, და მერე მეორე, სხვაგან უნდა მიგიყვანოს, ან სხვას მიგაბაროს! ასე მოიქცეოდა ნებისმიერი ნორმალური ადამიანი…
ანდრონიკე რაღაცნაირი სახით ამოჰყურებდა, თითქოს ღიმილს იკავებსო. ელისომ თვალები მოჭუტა. მისი გამომეტყველება ისეთი იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში პირველად, გოგონამ შეამჩნია ბავშვურობა მასში. თითქოს აქამდე რაღაც აკავებდა, უკან ექაჩებოდა და ანდრონიკე ძალას ატანდა საკუთარ თავს, რომ ძლიერი ყოფილიყო, გამომეტყველება ცივი და შეუვალი ჰქონოდა..
„ბეშქენივით.“ გაიფიქრა ელისომ ბრაზით.
-არაფერი არ იცი და გაჩერდი რა. – უცებ დაილაპარაკა ანდრონიკემ. – და ბეშქენი ადამიანი არ არის, დაგავიწყდა?
ელისომ ყბები შეკრა.
-მე ბეშქენს დაველაპარაკები. – განაცხადა მან და მოიღუშა, როცა ანდრონიკემ გაწბილებული გამომეტყველებით გააქნია თავი.
-არაფერი გამოვა და ტყუილად გაირჯები. – უთხრა ბავშვმა და ამოხედა. – დაანებე მაგ საქმეს თავი. არავინ მცემს მე და კარგად ვარ.
ელისომ აღარაფერი უპასუხა, იცოდა, რომ არ გამოუვიდოდა ანდრონიკეს დარწმუნება იმაში, რომ ბეშქენი არასწორად იქცეოდა, ბავშვი ალბათ ისე იყო მიჩვეული ასეთ მოპყრობას…
-კარგი. – თქვა მან ბოლოს და ჩუმად დადგა, თან ანდრონიკეს თვალს ადევნებდა, რომელიც ისევ ლოტოსებს დასჩერებოდა და თვალები ოდნავ გაშტერებოდა.
-ეს ლოტოსები რატომაა ყველგან? – იკითხა გოგონამ და დაიხარა, რომ გადაფურჩქნილ ფურცელს შეხებოდა. თითები ნაზად დაუსვა მას გადაშლილ ხასხასა ფურცლებზე.
-ხელი აუშვი, რა. – უთხრა ანდრონიკემ და ელისომ მოულოდნელობისაგან ხელი მკვეთრად ასწია, მერე კი პატარა ბიჭს გამოხედა. იგი იდგა და რაღაცნაირად დაჭიმულიყო, თვალები გამაგრებოდა.
-კარგი… – თქვა გოგონამ და გასწორდა, ხელი დამდუღრულივით წაიღო ზურგს უკან, და ანდრონიკეს დააშტერდა, რომელიც ისევ ქანდაკებასავით იდგა და ლოტოსს ჩაშტერებოდა.
-წავალ მე. – თქვა ელისომ და შემოტრიალდა. არ იცოდა რატომ, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინა, რაღაც პერსონალურ, მნიშვნელოვან საგანს შეეხო. „ლოტოსები იქნებ მართლა მნიშვნელოვანი არიან აქ?“ გაიფიქრა მან, როცა თავისი ოთახის კარი შეაღო. „ ბოლოს და ბოლოს, ყველა მოსახვევში ლოტოსებია… ანდრონიკემაც მითხრა, არ შეეხოო… „
ლოგინზე ჩამოჯდა და გარეთ გაიხედა. ფანჯრიდან სინათლე შემოდიოდა, და უცნაური იყო, მაგრამ შუქზე მოცურავე მტრის ნაწილაკებს ვერ ხედავდა.
ელისო შემოტრიალდა, ფანჯარას ზურგი შეაქცია და გვერდზე წამოწვა.
ყველაფერზე ერთად ფიქრობდა.
თვალები დახუჭა, რატომღაც სხეულში ნერვიულობა აუბუყბუყდა.
არა, საერთოდ გააგიჟებდა ეს ადგილი და მასში მცხოვრები ხალხი.
-*-*-*-*-*-
შემდეგმა კვირამ ისე ჩაირბინა, რომ ელისოს თითქმის არ შეუმჩნევია. მაგრამ მხოლოდ თითქმის. უაზროდ დადიოდა აქეთ-იქით, საღამოს ეზოში იჯდა და ადულყაფართან კამათით იოხებდა გულს. ბეშქენიც გამოჩნდებოდა ხანდახან, შორიახლოს ჩამოჯდებოდა ძელსკამზე და გაიჭიმებოდა, უშველებელ ადგილს იკავებდა, რაზეც მარტენი ბრაზით შუყვირებდა ხოლმე, სწორად და წესიერად დაჯექიო, რაზეც ბეშქენმა რამდენიმეჯერ ისე უპასუხა, რომ ელისოს გახსენებაც არ უნდოდა. ბეშქენი მარტენისა და ელისოს ალეწილ სახეებზე გაიცინებდა, იმ ბნელი, საზიზღარი სიცილით და ახორხოცებულ ადულყაფარს გადახედავდა, კმაყოფილი. ელისო იმ დონემდე მიდიოდა, რომ თვითონაც სურდა დაეყვირა და ამ ორი უტვინო მამაკაცის უაზრო ხორხოცი შეეწყვიტა, მაგრამ ხედავდა, როგორი ულტიმატური კრახით სრულდებოდა მარტენის ყოველი ცდა და ამიტომ ყოველთვის უკან იხევდა.
გოგონა ყველა აქ მყოფს ათვალიერებდა, და ცდილობდა, რომ თითოეული ადამიანი შეეფასებინა. თვალით აწონ-დაწონიდა მათ. უკვე გასაგები იყო, რომ ანდრონიკე უცნაური ბავშვი გახლდათ. რატომღაც სულ იქუფრებოდა, ცუდ ხასიათზე მყოფი დადიოდა, რაც ელისოს ძალიან აკვირვებდა, და ამავდროულად, ბავშვის ასეთ ბუნებას ბეშქენს აბრალებდა, რის გამოც ბეშქენს კიდევ უფრო მეტად ვერ იტანდა.
ბეშქენი და ადულყაფარი, რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, რომ საუკუნეები იყო, რაც აქ ცხოვრობდნენ, ახალგაზრდობიდან ჯერ კიდე გამოუსვლელი ლაწირაკებივით იქცეოდნენ. ორივე დეგენერატი იყო, და აქ ელისოს გონებაში მათ დახასიათებას წერტილი ესმებოდა.
მარტენი ერთადერთი ნორმალური ჩანდა. იგი ჭკვიანი იყო დარაც მთავარია, წესებსა და ნორმალურ მოქცევას აფასებდა. ელისო ხშირად ილანძღებოდა მასთან ერთად საღამოობით და როგორც მეგობარს, ისე უყურებდა.
ყველაფრის მიუხედავად, ეს ადგილი ელისოს გონებაში ისევ საიდუმლოებით იყო მოცული. ბევრი რამ არ ესმოდა. მაგალითად, ვერ გაეგო, რატომ იყო აქ ამდენი ლოტოსები. ესმოდა, რომ ლოტოსი წყლის მცენარე იყო და არ უნდა გაჰკვირვებოდა, მაგრამ ამდენი ლოტოსი? საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ლოტოსებით სავსე გუბურები იყო.
ასევე, ანდრონიკესა და ბეშქენის კიდევ ერთი უცნაურობა. ანდრონიკე არასოდეს არ გამოდიოდა საღამოობით გარეთ, როგორც კი შებინდდებოდა, დასაძინებლად მიდიოდა. ბეშქენი კი მთელი დღე სახლში არ იყო, სადღაც ეგდო და საიდანღაც ახერხებდა საღამოობით შემოპარვას და მათ საუბრებზე დასწრებას.
ელისო ეჭვით იყო აღვსილი, მაგრამ გულწრფელად არ იცოდა, რა ეფიქრა. მისი აზრით, მოცდა საუკეთესო აზრი იყო, იქნებ მარტენს დასცდენოდა რამე…
მაგრამ მარტენი და ათას რამეზე მოლაპარაკე ადულყაფარიც კი ამ საკითხების შესახებ ჯიუტად დუმდნენ, ელისო კი სულ გაწბილებული რჩებოდა კითხვის დასმის შემდეგ. როგორც კი რამეში დაინტერესდებოდა, ბეშქენი მაშინვე დაგეშილი ნაგაზივით დაუღრენდა და გააფრთხილებდა, სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფო, რასაც შეტაკება მოჰყვებოდა, მერე კი მარტენს უხდებოდა მათი გაშველება.
ელისომ თავი გააქნია, რომ ეს ფიქრები მოეშორებინა, და ჭიშკარში გამავალ მარტენს ხელი დაუქნია. ქალი დაღლილი ჩანდა, საუბარში ჩართული არ იყო და მალევე თქვა, სახლში უნდა წავიდეო. ბეშქენი რაღაცაზე იყო გასული, ამიტომ მარმარილოს მაგიდასთან მხოლოდ ელისო და ცალყბად მოცინარი ადულყაფარი დარჩნენ.
-აბა, აბა… – გაუცინა კაცმა. – როგორა ხარ, ძვირფასო? ხომ არ გაინტერესებს რამე?
ელისომ დაუბღვირა.
-მოკეტე. – გაწყრა იგი. – თუ არაფრის თქმას არ აპირებ, მაშინ პირი მოხურე, არ მინდა შენთან ლაპარაკი.
ადულყაფარმა წარბი ასწია და საზურგეს მიეყუდა. მისი სახე უცებ სერიოზულმა გამომეტყველებამ მოიცვა.
-მაგ სიტყვები უკვე მითხრეს. -თქვა მან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, და ელისომ უცნაურად გამოხედა. – მაგდაგვარი, უფრო სწორად. – გაასწორა მან. – ძალიან ჰგავხარ.
გოგონა მოიღუშა.
-იცი რა, ყელში ამომივიდა ამდენი დამალული სიტყვები, ქვეტექსტები და ქარაგმები. თუ ამბობ, პირდაპირ მითხარი. ვის ვგავარ? – მკვახედ მოუჭრა ელისომ და გვერდზე გაიხედა, პასუხს არ ელოდა. ადულაყაფარი ასე იოლად არ დაყაჭავდა პასუხს…
-ვიღაცას, რომელსაც საუკუნეების წინ შევხვდით. – თქვა უცებ კაცმა და ელისომ გამოცებით მოატრიალა თავი. – აი, პირველი უნიკალური შემთხვევა.
გოგონამ პირი დააღო და სკამზე ოდნავ წინ წაიწია.
-ვიღაც ქალი, ხომ? – იკითხა მან. – ვინ იყო?
ადულყაფარმა პირი გააღო, და დახურა, მერე კი ამოიხვნეშა.
-ოღონდ დამპირდი, რომ ბეშქენთან და ანდრონიკესთან… ვიმეორებ, არც ერთთან არ ახსენო, თორემ მოგახრჩობენ. – გააფრთხილა ადულყაფარმა, ელისომ კი თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია. – ამას იმიტომ გეუბნები, რომ ვხედავ, შენთვის უკეთესი ამის ცოდნა… – ადულყაფარმა ტუჩი მოიკვნიტა და მიმოიხედა.
-ჰო, ქალი იყო. – თქვა მან. – ახალგაზრდა, ლამაზი… შენზე ცოტა უფროსი. ისიც ძალიან შეშინებული იყო თავიდან, მაგრამ მერე შეეგუა, ნელ-ნელა შეეწყო აქ ცხოვრებას, სამიოდე კვირა გაატარა აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საუკუნეებად მოეჩვენა. რაც მთავარია… ბეშქენი შეუყვარდა. და უფრო მნიშვნელოვანი, ბეშქენსაც შეუყვარდა იგი. – ადულყაფარმა მწარედ ჩაიცინა ელისოს თვალებგაფართოებულ გამომეტყველებაზე. – ლოტოსები გაზარდა და ბაღში, ამ გუბურებში გაუშვა. ამ ლოტოსებს, მთელი საუკუნეების მანძილზე, გაშვებიდან მოყოლებული, ფერი არ შესცვლიათ, სულ ვარდისფერი და ლამაზები არიან, სულ მათი მშვენიერების მწვერვალზე. – ადულყაფარმა თავი გვერდზე გადასწია.
-ანუ.. – ელისომ თვალები გააფაციცა, მოლურჯო სინათლეზე მობრწყინვალე ლოტოსის ყვავილებს გახედა. – ანუ… ბეშქენს ისევ უყვარს იგი?
-მიხვდი. – გაუღიმა ადულყაფარმა,მაგრამ ამ ღიმილში ელისომ სევდა დაინახა და გული ჩასწყდა. უცებ სინდისის ქენჯნა იგრძნო იმის გამო, რომ ადულყაფარსა და ბეშქენზე ასე ცუდად ფიქრობდა. – ლოტოსები… მათი სიყვარულის ნიშანია. სანამ ბეშქენს იგი უყვარს, ლოტოსებიც იცოცხლებენ, ისევ ისეთი ლამაზები იქნებიან.
ელისო ყვავილებს დაჟინებით მიშტერებოდა. რატომღაც თვალები აუწყლიანდა.
-ნაღვლიანია. – თქვა მან უცებ. – არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ნაღვლიანია. – მან თვალები მოიწმინდა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
-და ეს ქალი… – ხმა ჩაიწმინდა ელისომ. – ეს ქალი მარტენი ხომ არაა?
-ოჰ, არა. – ხელი გაიქნია ადულყაფარმა. – მარტენი რომ ის ქალი იყოს, შენი აზრით ბეშქენი ასე იქნებოდა სულ? მწარე და იდიოტურ ხასიათზე მყოფი?
ელისომ მხრები აიჩეჩა, არ იცოდა, რა ეპასუხა.
-ალბათ არა. – თქვა მან ბოლოს.
-იცი რა…  დაიწყო ადულყაფარმა. – მემგონი ბეშქენმა უკვე გითხრა, რომ არ მოსწონს აქ რომ ხარ, ხომ?
-თუ ყოველ საათს გულისხმობ, კი. – უკმაყოფილო სახით დაუქნია თავი ელისომ. – სულ მეუბნება: „როდის მიეთრევი სახლში? ჩემი სახლი სასტუმრო არაა!“ – გოგონამ ბეშქენის ბოხ ხმას გასცინა და გაიღიმა, როცა ადულყაფარი ახორხოცდა.
-ნუ დაადანაშაულებ. – ღიმილით უთხრა კაცმა. – შენი წასვლა იმიტომ უნდა, რომ იმას აგონებ, ამას კი ვერ იტანს.
ელისომ ჩაიფრუტუნა.
-ჩემი საქმე არაა მაგ. – ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მოტივტივე ლოტოსებს გადახედა. – მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი პრობლემა ყოფილა.
რას იზამდა.
მოუწევდა ცოტა ხანი გაძლება, უნდოდა თუ არა.
-*-*-*-*-*-6
ელისოს მთელი დღე გაუნძრევლად ეძინა. ამას უკვე შეეჩვია. ღამეული ცხოვრება უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა, რადგან მარტენი, ადულყაფარი და ბეშქენი, რომლებიც მის თანამოსაუბრეებად იქცნენ, მხოლოდ ღამით ახერხებდნენ შეყრას. საღამოს რომ გამოიღვიძა, მზე უკვე ჩადიოდა და მჭრელი სხივები მის ოთახში იჭყიტებოდნენ. ელისომ საბანი გადაიხადა და ცალი ხელი თავისი კაბისაკენ გადასწია, რომელიც ყოველთვის დაკეცილი ედო გვერდით.
მაგრამ ხელი ვერაფერს მოსჭიდა.
გოგონამ თავი მოატრიალა და გაოცებულმა დახედა საწოლის კუთხეს. წამსვე გადააგდო ლოგინიდან საბანი და ბალიშები ასწია, მერე კი საწოლის ქვეშ შიხედა და ოთახი მოათვალიერა, მაგრამ თავისი ჭრელი, ყვავილებიანი კაბა ვერსად იპოვა.
ცოტა ხანი ოთახის შუაგულში იდგა და წარბებშეკრული თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, მის კაბას ვერსად იპოვიდა.
თვალები წამსვე კარადისაკენ  გაექცა.
„იქნებ იქ იყოს რამე?“ გაიფიქრა მან და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაღალ, განიერ კარადას. „აბა ტყუილად ხომ არ იდგომება…“
ელისომ მძლავრად გამოსწია კარი და თვალები კინაღამ შუბლზე აუვიდა.
კარადა მართლაც არ იყო ცარიელი, პირიქით, ათასი ტანსაცმლით იყო სავსე, რომელთა უმრავლესობას ღია, უმთავრესად ლურჯი ანდა თეთრი კაბები და მოსასხამები წარმოადგენდა. გოგონამ ერთ-ერთს სტაცა ხელი და გამოაძრო, მერე კი ტანზე მიიზომა, საოცრად რბილი და ნაზი ნაჭერი კანზე მშვენიერ შეგრძნებას ტოვებდა. პიჟამა გაიძრო და კაბა გადაიცვა, რამდენიმეჯერ სიცილით დატრიალდა. კაბა ჰაეროვანი იყო და ოდნავი მოძრაობისასაც კი იშლებოდა და ტალღურად მოძრაობდა.
ელისომ უცებ თავი ასწია და ფანჯრისაკენ გაიხედა. თითქოს რაღაც მოხვდა თვალში მზერის კუთხიდან. მაშინვე თვალები დაჭყიტა.
გარეთ წვიმდა. უკვე დაღამებულიიყო,მაგრამ ლურჯი სინათლე როგორც ყოველთვის ეფინებოდა მიმდებარე ეზოს. წვიმა კოკისპირულად ეშვებოდა და ფანჯარას ეხეთქებოდა.
ელისომ ნერწყვი გადაყლაპა, ეს ამბავი არ მოეწონა. რაც აქ იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში წვიმა არ მოსულა და რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ აქ წვიმის მოსვლა საერთოდ შესაძლებელი იყო… ინტერესით აღივსო.
წამსვე შeმობრუნდა და კარადას მიაშურა. ერთ-ერთი სქელი მოსასხამი გამოაძრო და მხრებზე მოიფარა, კაპიუშონი კი თავზე წამოიცვა. მასზე მოცმული ტანსაცმლის ფრიალით შემობრუნდა, კუთხეში მიწყობილი ფეხცმელი წამოიცვა და კაბა ხელში მობღუჯა, რომ ფეხებში არ გახლართვოდა, მერე კი დერეფანში გამოიქცა. ცივმა ჰაერმა მაშინვე დასუსხა სხეულზე, რომ საკვირველად, თხელმა ქსოვილი ყოველი შეხებისას ათბობდა. გოგონამ მაშინვე ჩაირბინა კიბეები, და ღია კარში გავარდა.
ყველაფერი ისევ ისე ჩანდა, როგორც უნდა ყოფილიყო, ლოტოსები ისევ ისე დაცურავდნენ გუბურებში, თეთრი ქვით მოპირკეთებული ბილიკები ისევე იკლაკნებოდნენ, როგორც ადრე.
მაგრამ რაღაც სხვანაირი იყო.
გოგონამ კისერი წაიგრძელა, და გაოცებით შეამჩნია, რომ ეზოში არავინ არ ჩანდა. კოკისპირულად წვიმდა, წვიმა ქვაზე ყრუ ბათქს გამოსცემდა. ელისომ გაუბედავად ჩააბიჯა საფეხურებზე, ხელში ჯერ კიდევ ჩაებღუჯა კაბა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა, როცა წვიმის წვეთი ცხვირზე დაეცა. კაპიუშონი ცოტათი წინ გადმოიწია და გასწორდა, მერე კი ფეხსაცმლის ბაკაბუკით დაჰყვა სახლის კედელს.
ახლა რომ უკვირდებოდა, ხვდებოდა, თუ რატომ იყო წვიმა. ეს ბეშქენის საქმე იყო, ხომ? ალბათ მოეპრიანა წვიმა და დაუშვა კიდეც…
გოგონამ კედელთან მოუხვია და ელდანაკრავი შედგა. ბეშქენი დაინახა.
იგი ერთ-ერთ გუბურასთან ჩამუხლულიყო, ფეხი მოერთხა და გუბურაში რაღაცას ჩასჩერებოდა, თან ხელი აეწია და ოდნავ ატრიალებდა მაჯაში. ისედაც თხელი თეთრი მაისური ზურგზე დაჰკვროდა.
ელისომ წარბები შეკრა და კისერი წაიგრძელა, მერე კი ჩუმი ნაბიჯით მიუახლოვდა ბეშქენის ფიგურას, თან დაძაბული მისჩერებოდა მისი განიერი მხრების აწევასა და ვარდნას. ნელა ამოუდგა გვერდით და ფრთხილად ჩაიმუხლა, მისი კაბა და ჭყლოპინით დაეფინა სველ ქვაზე.
-ბეშქენ? – ხმადაბლა ჰკითხა ელისომ და მის წინ მჯდარი მამაკაცის სველ სახეს მიაშტერდა. ბეშქენს თმა თვალებში ჩამოჰყროდა, მაგრამ გოგონა მაინც იოლად ხედავდა მისი თვალების ფერს, რომლებიც წყალს ჩაშტერებოდნენ დაჟინებით. ელისომ თვალები დაახამხამა. ბეშქენს მომწვანო-მოლურჯო თვალები ჰქონდა. არადა აქამდე შეეძლო დაეფიცა,რამდენჯერ ენახა ბეშქენის მუქი ფერის თვალები, რომლებიც ვერ გადაეწყვიტა, შავი იყო თუ მუქი ყავისფერი…
კაცმა თავი შმოატრიალა და პირდაპირ თვალებში შეხედა.
უეცრად გაშრა. ბეშქენს თვალები ოდნავ გაუფართოვდა და მის ტანსაცმელს თვალი ჩააყოლა, მერე ისევ სწრაფად ამოხედა, მზერა გაუსწორა.
-აჰ. – თქვა მან ბოლოს წყნარად. – შენ ყოფილხარ. – მერე თავი ისევ მიატრიალა და წყალს დააშტერდა.
-ბეშქენ, გაიგონე, რა გკითხე? – გაუმეორა ელისომ და მკლავში წაავლო ხელი. ცივ კანთან შეხებისთანავე სხეულში ჟრჟოლამ დაუარა. – რა გჭირს? რა აერთოდ, რას მისჩერებიხარ…
ელისომ წყალში ჩაიხედა.
მოულოდნელობისაგან შეკრთა, და ინსტინქტურად წინ გადაიწია, რომ უკეთესად დაენახა.
წყალში ოდნავ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც იყო გამოხატული სცენა, რომელსაც ბეშქენი ასეთი დაჟინებით დასჩერებოდა.
წყალში ჩანდა, თუ როგორ ეკიდა ტყეს ცეცხლი. უშველებელ მინდვრებზე გადაჭიმული ფოთლოვანი მცენარეები იბოლებოდნენ, ცეცხლის ალები ტკარცალებდნენ და ზემოთ შავ, მომწამლავ ბოლად იქცეოდნენ, მწველი ცეცხლი თითქოს ელისოს თვალებში დაუტრიალდა და უკან გადმოიწია, გაშეშებული და პირდაღებული.
-ბეშქენ… – დაიწყო მან, მაგრამ არ აცალეს.
-ადულყაფარი ერთობა. – თქვა უცებ ბეშქენმა, მერე კი გაიცინა.
-როგორ? – ჩაეკითხა ელისო და ისევ ჩახედა ალმოდებული ტყის სურათს, რომელიც ახლა უკვე გადამხმარი მიწის ნაკვეთზე გადავიდა. შეძრწუნებული გოგონა დასჩრებოდა ხეების ახრჩოლებულ მონარჩენებს და დახეთქილ მიწას.
გვალვა გაახსენდა, საკუთარ სოფელში.
-მერე გააკეთე რამე! – წამოიძახა მან და ბეშქენს მკლავზე მოქაჩა. მამაკაცი არ განძრეულა. ელისომ წარბები შეკრა. – ვერ ხედავ? ტყე იწვის, ბეშქენ, ისე გააკეთე, რომ მოწვიმოს!
ბეშქენმა გამოხედა, სახეზე სარკასტული ღიმილი ეხატა.
-რა გგონია შენ? – ჰკითხა მან და თვალები დაავიწროვა. მისმა გამჭოლი, მომწვანო-მოცისფრო მზერა ელისოს ბურღავდა და გოგონამ თავი ოდნავ დასწია. – ეს ცეცხლი მე კი არ გამიჩენია, ვიღაც იდიოტმა გააჩინა, ამიტომ ახლა მისი საქციელის შედეგს ვუყურებ. მე ვერაფერს გავაკეთებ…
-აბა რისთვის ზიხარ აქ? – ატყდა ელისო და ყბები ერთმანეთს დააჭირა. – არ გრცხვენია? შენი საქმე არ არის, რომ ასეთ.. ასეთ შმთხვევებს მიხედო? რატომ არ შეიძლება? ასეთი შსაძლებლობები რომ მქონდეს…
ელისო გაჩუმდა და ბეშქენსმიაშტერდა, მოლოდინით აღსავსე, მაგრამ მამაკაცი არ განძრეულა, ისევ ისე იჯდა და წყალს ჩაშტერებოდა.
ელისო გაკრთა, სხეული გაღიზიანებითა და ბრაზით აღევსო.
-უსამართლო, თავკერძა იდიოტი ხარ. – დაისისინა მან და ფეხზე ჭყლოპინით წამოდგა, სველი კაბის ბოლო აითრია და წასასვლელად შეტრიალდა.
მაგრამ მაჯაში ხელი სტაცეს და ისეთი ძალით მოჰქაჩეს, რომ წაბარბაცდა და ელვის სისწრაფით მოტრიალდა.
-ბეშ… – დაიწყო მან აღშფოთებული ხმით, მაგრამ სიტყვა პირში გაუწყდა, როცა მას ახედა. ერთიანად სველი ბეშქენი ზემოდან დაჰყურებდა, სახეზე მწყრალი, ცივი გამომეტყველება ასახვოდა.
-ესაა უსამართლო? – დაისისინა მან. – თავკერძა ხომ? მე აქ კარგი საქმის გასაკეთებლად კი არ ვარ, ჩემი დავალებაა, რომ ბალანსი დავამყარო. რამდენსაც მივცემ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს მომცემენ ადამიანები. სწორედ ესაა ბალანსი. მემგონი მე არა ვარ ერთადერთი უსამართლო, უპასუხისმგებლო და თავკერძა, ხომ?
ბეშქენი გაჩუმდა. ელისო კი ერთიანად ალეწილი მიაშტერდა. მამაკაცი ისე დაჰყურებდა, რომ გოგონას თვალები აემღვრა, მზერა გააფაციცა და თვალები დახარა, ბეშქენს მკერდს გაუშტერა მზერა უნებურად.
მერე კი უცნაური რაღაც დაინახა.
ბეშქენის თეთრ მაისურში, რომელიც სისველისაგან გამჭირვალე და სხეულზე მიკრული გამხდარიყო, მის განიერ მკერდზე დახატული უცნაური ლურჯი ფერის ხვეულები მოჩანდა, რომლებიც მხრებამდე იყო გაჭიმული. ტალღებმა და ხვეულებმა, მათმა ფერმა რატომღაც მდინარე მოაგონა…
-წადი. – ელისო შეკრთა და გვერდით გაიხეა, როცა ბეშქენის ხმა გაიგონა. მერეღა გააცნობიერა, რომ ბეშქენს ჯერ კიდევ ეკავა მისი მაჯა და ოდნავ დაეჯაჯგურა, ბოლოს კი მაგრად მოქაჩა, მაგრამ მამაკაცის ხელი რკინის სარტყელივით შემოჰკვროდა კანზე.
-წადიო, ხომ მითხარი? – მკვახედ განაცხადა მან და ხელი კიდევ ერთხელ მოქაჩა, თან ოდნავ უკან დაიწია, ბეშქენს სახეში ვეღარ უყურებდა. – ხელი გამიშვი!
ელისოს ყურებს ჩაფრუტუნება მოსწვდა, მერე კი ბეშქენმა ხელი აუშვა. გოგონამ მაშინვე მიიხუტა მაჯა და შემოტრიალდა, წამსვე სახლისაკენ გაიქცა.
სირცხვილის გრძნობა სწვავდა. იცოდა, რომ ბეშქენმა სიმართლე თქვა, და ამაზე უფრო მწარდებოდა.
კიბეებზე აირბინა, უკან სველ მოსასხამსა და კაბის გრძელ კუდს მიათრევდა.
უკნიდან წვიმის ხმა მოესმა და შედგა. ზემოთ აიხედა. ცა მუქ ღრუბლებს დაეფარათ, ჯერ კიდევ კოკისპირულად წვიმდა. ბეშქენის მიმართულებით გაიხედა, იმის მიუხედავად, რომ იგი არ ჩანდა. თავი გააქნია, და სახლში შევიდა.
ამიტომაც არ დაუნახავს, თუ როგორი დაჟინებით დახედა ადულყაფარმა ტყეში გაჩენილ ხანძრის სურათს, და როგორი ფრუტუნით გააქნია ხელი.
არ დაუნახავს, თუ როგორ ჩააქრო ცეცხლი დედამიწაზე, ერთ-ერთ ტყე-პარკში უცებედად, თითქოს სასწაულით წამოსულმა კოკისპირულმა წვიმამ.
-*-*-*-*-*-
დილა უაზრო იყო. ელისომ ნელა ჩაიარა კიბეები და გარეთ გამოვიდა. ცაზე ჯერ კიდევ დაცურავდნენ მონარჩენი ღრუბლები, მაგრამ მთელი ეზო ამშრალიყო. გოგონამ ამოიხვნეშა, კაბის სამხრეები შეისწორა და ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა ბილიკებზე.
ცოტა ხნით იჯდა ძელსკამზე, და უაზროდ მიშტერებოდა მარმარილოს მაგიდას. რაღაც უნდა ეპოვა, რაღაც უნდა გაეკეთებინა აქ, თორე მობეზრებულობისაგან შეიძლებოდა მომკვდარიყო კიდეც. ამის გაფიქრებაზე მწარედ ჩაეცინა. „ფაქტიურად მკვდარი ვარ, რა უაზრობაა ამის გაფიქრება“… გაივლო თავში და ნელა გადაიწია უკან.
თავი ნელა დასწია და მარმარილოს გალავანს შეაჩერდა, როცა უცნაური ჩრდილი დაინახა, რომელიც თითქოს კარიბჭის იქიდან გადმოდიოდა. ელისო ოდნავ წამოიწია და ფეხზე წამოდგა.
მერე კი კარიბჭე გაიღო.
-ანდრონიკე ბატონო! – დაიძახა შავ მოსასხამში გამოწყობილმა დაბალმა, ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ხელში გრძელი ყავარჯენი ჩაებღუჯა და გამბედავად მოაბიჯებდა. ელისო ინსტინქტურად დაიძრა, ბილიკზე გავიდა, რომ ამ კაცისათვის გზა გადაეჭრა და გაეგო, თუ რას წარმოადგენდა იგი. – ანდრონიკე ბატონო!
-უკაცრავად… – შეაწყვეტინა გოგონამ და ინტერესით, უნდობლად შეაშტერდა ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მისკენ თავი მოატრიალა და წარბები აწკიპა. – რაშია საქმე?
კაცი დაჟინებით მიაშტერდა, მერე კი მოიღუშა.
-და თქვენ ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა მან, აშკარად იჭვნეულად. ელისოს სახე გაუქვავდა და თვალები დაუწვრილდა. ეს კაცი უკვე არ მოსწონდა. რაღაცნაირ ჰაერს დაატარებდა თავის გარშემო. თითქოს ბნელს…
-თქვენ რა გნებავთ, მითხარით და მერე ვნახოთ. – განაცხადა გოგონამ და მკლავები გადააჯვარედინა. ბოლოს და ბოლოს, აქ ცხოვრობდა და არ მისცემდა ვიღაც უცნაურ ხალხს, რომ ასე შემოსულიყო სახლში. – იქნებ ანდრონიკეს მე თვითონ გადავცე…
-ეს პერსონალური საქმეა. – მოუჭრა კაცმა. – ბატონ ანდრონიკეს მე თვითონ უნდა გადავცე. თან ახლავე…
-ჯერ მე მითხარით, რაშია საქმე და მერე მივხედავთ საქმეს. – ცივად გაუღიმა გოგონამ და მოლოდინის ნიშნად წარბები ასწია.
კაცმა მზერა გაუსწორა, მერე კი ჩაიცინა და მხრებში გასწორდა.
-მმართველი ბაბალესგან მოვდივარ. – თქვა მან ხმამაღლა, აშკარა სიამაყით. – დანაბარები ბატონ ანდრონიკეს უნდა გადავცე, რომელმაც ეს მმართველ ბეშქენს უნდა გადასცეს…
-მმართველი ბაბალე ვინაა? – იკითხა ელისომ და კაცს სიტყვა გააწყვეტინა. შიკრიკს თვალები გაუფართოვდა.
-ბაბალე არ იცით? – წარბები ასწია მან. – როგორ შეიძლება… აქ ცხოვრობდეთ და ბაბალე არ იცოდეთ?
-ჰო, არ ვიცი, მერე? – მოიღუშა ელისო, თან უხერხულად შეიშმუშნა. ისე გრძნობდა თავს, რომ ამ ბაბალეს ვინაობა უნდა სცოდნოდა, მაგრამ არ იცოდა და ამწუთას ეს ზალიან აწუხებდა. „ჯანდაბა ადულყაფარს…“ მწარედ გაიფიქრა მან. „გამოსადეგარ რამეზე ვერ ილაპარაკებს ხოლმე?“
-ქალბატონი ბაბალე მმართველებიდან ერთ-ერთია. – განაცხადა შიკრიკმა. – სიბნელის მმართველია.
ელისოს თვალები გაუფართოვდა დაპირი დააღო საკითხავად, მაგრამ არ აცალეს.
-და ქალბატონი ბაბალე ასევე მმართველი ბეშქენის დედაა. – დაამატა კაცმა და თავი ოდნავ გვერდით გადასწია, თითქოს ელისოს რეაქციას ელოდა.
ელისო განცვიფრებული მიაშტერდა.
-დედა? – ამოილუღლუღა მან. – სიბნელის მმართველი ბეშქენის დედაა? – როცა შიკრიკისაგან თავის დაქნევა მიიღო, უხერხულად შეიშმუშნა და ადგილზე აჭოჭმანდა. – გასაგებია ახლა, საიდან აქვს ბეშქენს ასეთი ხასიათი… – ჩაილაპარაკა მან.
შიკრიკმა კისერი წაიგრძელა.
-აბა თქვენ რაც შეგეხებათ, ვინ ბრძანდებით? – დაიწყო მან ფრთხილად.
ელისომ პირის გარებაც კი ვერ მოასწრო, რომ უკნიდან ანდრონიკეს ბავშვური ხმა მოესმა.
-გოგო, ხმა არ გაიღო, გესმის? – დაიღრინა ბავშვმა და გოგონას გვერდით ჩაუარა, შიკრიკს წინ აეტუზა, რომელიც ისევ იჭვნეულად უყურებდა ელისოს. – სახლში წადი! – უბრძანა ანდრონიკემ მბრძანებლური ხმით, ისე რომ მისკენ არც კი გამოუხედია. – აბა ამირან, რაშია საქმე? რა უნდა ბაბალეს?
ელისომ კბილები ერთმანეთს დააჭირა, მაგრამ მაინც შეტრიალდა, იმიტომ რომ იცოდა, აქ ვერაფერს გააწყობდა. თანაც სურდა, ცოტა ხანი დაესვენა და ეფიქრა. კაბა მობღუჯა და უკან გაიხედა, შიკრიკი ამირანი ანდრონიკეს ელაპარაკებოდა.
ამირანმა რამდენჯერმე ამოხედა და გამჭოლი თვალებით აათვალიერა, რაზეც ელისოს ბრაზიანი გამოხედვა და ანდრონიკეს ცოტათი აწეული ხმა მიიღო. გოგონა შეტრიალდა და კაბის ქნევით შევიდა სახლში.
გასაოცარი იყო, მაგრამ მოჰშივდა.
იქნებ მოეხერხებინა, რომ ანდრონიკესათვის რამე დაეცინცლა, როცა იგი შემოვიდოდა, თუ ჰქონდათ ამათ აქ რამე, რა თქმა უნდა…
იქამდე კი ელისო სასტუმრო ოთახში შევიდა, იატაკზე წამოგორდა და თავქვეშ ერთ-ერთი ტახტიდან გადმოთრეული ბალიში დაიდო, მერე კი ჭერს ააშტერდა.
-*-*-*-*-*-
ელისომ არ იცოდა, რამდენი ხანი იწვა იქ. ანდრონიკე შემოვიდა იმ შიკრიკთან ლაპარაკის შმდეგ და ცოტაოდენი ხვეწნის შმდეგ იკადრა რომ ელისოსთვის ამირანის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ეთქვა, რომელიც, მისი თქმით, ელისოსას ეხებოდა.
საქმე იმაში იყო, რომ ბეშქენის დედა, ბაბალე სტუმრად მოდიოდა, თან საკმაოდ მალე, რამაც ელისო საკმაოდ დააფრთხო. ანდრონიკემ განაცხადა, რომ მოუწევდა მოსამსახურეებისათვის დაეძახა და ადგილი მოეწესრიგებინა, რაზეც ელისომ განცვიფრებით შეხედა.
-თქვენ  რა, მოსამსახურეებიც გყავთ? – იკითხა მან.
-კი, როგორ არა. – განაცხადა ანდრონიკემ. – აქაურობას ალაგებენ ხოლმე, კომპანიონობას მიწევენ მე და ბეშქენს… ბევრი არაფერი.
-რა ვიცი. – მხრები აიჩეჩა გოგონამ და მიმოიხედა. – ალბათ უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რადგან არ მინახავს ისინი…
-ჰოდა დაინახავ. – წარბი ასწია ანდრონიკემ და იატაკზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო. თვალები მოჭუტვოდა და ფანჯარაში ისე იყურებოდა. – და ჰო, მოწესრიგდი ცოტა, ბაბალე რომ მოვა აქ. არ სიამოვნებს უპეწო ხალხი.
-უპეწო რას ნიშნავს… – წამოიწია ელისო, მაგრამ თვალი მაშინვე გაექცა კარისაკენ, რომელიც ფართოდ გაიღო და მომდგარ წითელ შარვალსა და ყავისფერ მაისურში გამოწყობილმა ადულყაფარმა შემოალაჯა.
-გაუმარჯოს! – ხელი ასწია მან და ჩაიცინა. – აბა, ვინაა კარგ ხასიათზე? – ტუჩები მოწრუპა მან და ორივეს გადახედა.
-შენ დანახვაზე ვინ იქნება კარგ ხასიათზე? – გაისმა მარტენის ცივი ხმა და ქალმა შემოაბიჯა, თავისი განუყრელი თეთრი კაბის ფრიალით.
ადულყაფარმა მათ თვალები გადაავლო და მზერა ელისოს კაბაზე გაუშტერდა, მერე კი ხმამაღლა შუსტვინა.
-აუჰ! – წამოიძახა მან. – ამას რა დაუთრევია, გახედე, ქალო… – გადახედა მან მარტენს, რომელმაც უკმაყოფილო მზერა სტყორცნა.
-არ მოუსმინო ამათ, ელისო. – უთხრა მარტენმა, კაბა აიკეცა და საოცარი გრაციით დაეშვა ჩამოჯდა ქვემოთ, გოგონას გვერდით. ელისომ მეგობარს გაუღიმა, ადულყაფარს კი ბრაზიანი გამომეტყველებით გახედა.
-ისე, – დაიწყო მან, – ჩემს დანახვაზე თუ ცუდ ხასიათზე დგები, შენ ბაბალე უნდა ნახო. – თქვა მან და ახორხოცდა. – ქალი გაგაგიჟებს…
-გაჩუმდი, ადულყაფარ. – გაუბრაზდა ანდრონიკე. – როგორც მესმის, უკვე გაგიგია მისი სტუმრობის ამბავი, ხომ? – დაამატა მან.
-რა თქმა უნდა. – მხრები აიჩეჩა ადულყაფარმა და მაისური შეისწორა. – მასეთი ვიზიტები ასე ჰაერში არ ხდება, ანდრიკუნა. იცი რა, ცოტა მიკვირს, ბაბალე ხომ… ჰმმმ… რამდენი ხანი არ ყოფილა აქეთ? სადღაც თხუთმეტი, ჩვიდმეტი საუკუნე? აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის იყო…
-მე მახსოვს. – განაცხადა მარტენმა. – ბოლოს რომ ესტუმრა აქაურობას, ვიღაც მოუსავლეთში გააგზავნა, და ბეშქენმა კინაღამ მოახრჩო.
ელისოს თვალები გაუფართოვდა.
-ნუ გეშინია, ძვირფასო! – გაუცინა ადულყაფარმა, როცა მისი გამომეტყველება შეამჩნია. – კანფეტივით ქალია, საყვარელია იცი როგორი? კი არაფერს გიზამს, მხოლოდ ყველანაირ ავადმყოფობას, საშინელებას და უბედურებას დაგატეხს თავზე, თუ გააბრაზებ, სხვა კი არაფერი…
-ადულყაფარ! – ისევ შეაწყვეტინა მარტენმა. – მასეთი ცუდიც არ არის. – მოუბრუნდა იგი შეძრწუნებულ ელისოს. – უბრალოდ საკუთარი შვილი ანაღვლებს. უბრალოდ ბეშქენი აქე და ეგ იქნება.
ელისო დაიჭყანა, არ სურდა ბეშქენის ქება, მაგრამ პირი მაგრად მოკუმა, მეტი არაფერი უთქვამს.
არ სურდა ამ ბაბალესთან თუ ვიღაც იყო, შეტაკება, მითუმეტეს როცა იცოდა, რომ ეს შეტაკება მისი მარცხით დასრულდებოდა.
დალოდების მეტი არაფერი შეეძლო.
მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, რომ ბაბალე აქედან საერთოდ არ გააქრობდა საერთოდ.
-*-*-*-*-*-7
ელისოს მთელი ღამე არ ეძინა. ლოგინზე წამომჯდარიყო, თვალებგამოღამებული, და ამაოდ ცდილობდა ფუმფულა ბალიშებში ჩაფლობასა და ძილისათვის თავის მიცემას. ნერვიულობდა, გონება უყიოდა, რასაც მისდა ბედად თავის ტკივილიც კი დაემატა.
„ბედი არ მწყალობს…“ მწარედ გაიფიქრა მან და ლოგინიდან ნელა წამოდგა, მერე კი ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო, რამდენიმეჯერ ფანჯარასთან გაჩერდა. გარეთ ისევ წვიმდა და ხედავდა, როგორ ტივტივებდნენ მარმარილოთი ამოფენილ გუბურებში ლოტოსები.
ბეშქენის დედის მოსვლის ეშინოდა. არ იცოდა, რას იტყოდა ქალი, და საერთოდ რისი გულისათვის მოდიოდა, როცა ადულყაფარის თქმით, სულ ცოტა თხუთმეტი საუკუნე იყო რაც აქ არ ყოფილა… „მაინდამაინც ჩემი აქ ყოფნისას უნდა მოსულიყო.“ ბრაზით გაიფიქრა მან და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა, ბალიშში სახით დაემხო.
უცებ გონება გაუნათდა სუნთქვააჩქარებული ისევ წამოჯდა. „იქნებ ჩემზე გაიგო?“ გაიფიქრა მან და ნერვიულობისაგან კინაღამ ტუჩები დაიკბინა. „გაიგო, რომ მე ვარ აქ და ამიტომ მოდის, შესამოწმებლად… ბოლოს და ბოლოს, როცა ვიღაც მოხვდა აქ ჩემამდე, ბეშქენს შეუყვარდა იგი…“
ელისომ თმაში გადაისვა ხელი და წელამდე დაყრილ კულულებს ხელი გადაუსვა. ხელები უთრთოდა და თმაში გადახლართა თითები, რომ კანკალი დაეოკებინა და ღრმად ამოისუნთქა. ბაბალეს მარტო თვითონ ხომ არ შეხვდებოდა, მარტენი, ანდრონიკე, ბეშქენი და ადულყაფარიც იქ იქნებოდნენ. შეიძლება რომ ის აგნესაც ყოფილიყო, თან მოსამსახურეებიც, როგორც ანდრონიკემ თქვა… ამიტომ სულ ტყუილად ნერვიულობდა.
ნელა დაეშვა ბალიშზე და თავი გვერდულად დადო. მუცელი ასტკივდა და გულდაღმა დაწვა, თან ფანჯრიდან შემოსულ მოლურჯო სინათლეს გასჩერებოდა. ვერც კი შამჩნია, როგორ დაუხუჭა ძილმა თვალები.
უცებ გამოეღვიძა, თითქოს რაღაცამ შეამჯღრიაო. დისორიენტირებული წამოჯდა ლოგინზე და აბურძგნულ თმაში ხელი გადაისვა, სკალპი მოისრისა, და ნელ-ნელა წამოდგა, რომ კარადისაკენ დაძრულიყო.
ოთახის კუთხეში დაყენებული პატარა ონკანიდან სახეზე ცოტა ყინულივით წყალი შეისხა, რომ გამოფხიზლებულიყო. ჯერ ლამაზი, მუქი ლურჯი კაბის ჩაცმა გადაწყვიტა, რომელსაც სამხრეები სართოდ არ ჰქონდა, მაგრამ სწრაფადვე გადაიფიქრა. არ იცოდა ბაბალე როგორი ქალი იყო, მაგრამ ალბათ ძალიან არ ესიამოვნებოდა მისი შიშველი მხრების დანახვა… თვითონაც არ იგრძნობდა კომფორტულად თავს. ამიტომაც გრძელი, ლურჯი, ოდნავ ამოჭრილი კაბა აარჩია და ოთახიდან გამოვიდა. როგორც კი კარი ზურგს უკან მიაჯახუნა, მაშინვე დერეფანში გაიხედა და თვალები გაუფართოვდა. ვიღაც უცნობი ქალები დარბოდნენ და იატაკს გვიდნენ, შანდლებში გამაგრებულ სანთლებს ცვლიდნენ და მარმარილოს კედლებს წმენდნენ. ლაპარაკი და ხმაური ისმოდა ყოველი მხრიდან. მთელი სახლი, აქამდე რომ სულ ცარიელი და რაღაცნაირად დამთრგუნველი ეჩვენებოდა ელისოს, ახლა სიცოცხლით აღვსილიყო.
ელისომ კიბეები ჩაირბინა და ეზოში გავიდა,  სადაც ასევე ყველგან დარბოდნენ და ყველაფერს აწესრიგებდნენ მოსამსახურეები. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო, მთელი გალავნის გასწვრივ შავ მოსასხამებში გამოწყობილი ხალხი ჩამწკრივებულიყო და მცველებივით გამაგრებულიყვნენ. ელისო მათ დანახვაზე მოიღუშა, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, რადგან თვალი მარჯვნივ გაექცა. მისკენ მარტენი მოქროდა ქერა თმისა და ჩვეულებრივზე უფრო ლამაზი, ფუმფულა თეთრი კაბით. კაბას მოკლე მკლავები ჰქონდა და ელისომ პირველად შეამჩნია მეგობრის მკლავზე გამოხატული თეთრი ხვეულები…
-ელისო! – წამოიძახა მარტენმა, როცა მოუახლოვდა. გოგონამ ხვეულებს თვალი მოსწყვიტა და მეგობარს საპასუხოდ გაუღიმა.
-გამარჯობა, მარტენ… – ჩაილაპარაკა ელისომ და წარბებაწეულმა მოათვალიერა აფუსფუსებული ბაღი. – რა ამბავია აქ…
-ჰო, აბა. – მიუგო მარტენმა. – ესენი აქ ბეშქენმა მოიყვანა. სამზადისია ბაბალეს მოსვლისათვის, აბა! აი ის ხალხი კი… – მარტენმა კედელთან აყუდებული შავმოსასხამებიანებისაკენ გაიშვირა თითი. – ისინი მცველები არიან. თვით ბაბალემ გამოაგზავნა.
-რატომ მოდის აქ ეს ბაბალე? – იკითხა ელისომ. ეს საკითხი მთელი ღამე იყო, რაც აწუხებდა. მარტენს მზერა გაუსწორა. ქალი ცოტათი შეცბუნებული ჩანდა. – ბოლოს და ბოლოს ამდენი ხანია რაც არ გამოჩენილა, თქვენი თქმით და რატომ მაინც და მაინც ახლა?
მარტენმა ამოიხვნეშა, ტუჩები მოიკვნიტა.
-…კარგი. – თქვა მან რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ. – მოდი, დავსხდეთ და მოგიყვები.
ელისო მოიღუშა, მისი ხმის სერიოზული ტონი არ მოეწონა. მარტენს ამის თქმა აშკარად არ სიამოვნებდა, რაც არ უნდა ყოფილიყო, რაც იმის შანსებს ზრდიდა, რომ თვითონაც არ მოეწონებოდა ეს ამბავი…
ერთ-ერთ ძელსკამზე ჩამოსხდნენ, და მარტენმა წამსვე მიმოიხედა, მერე კი ცოტათი ახლოს მოუჩოჩდა.
-ბაბალე, როგორც უკვე გაიგე, ბეშქენის დედაა. – თქვა მან ხმადაბლა, რაზეც ელისომ სწრაფად დაუქნია თავი. – ბოლოს რომ ესტუმრა აქაურობას, თექვსმეტი საუკუნის წინ, სწორედ იმ პირველი უნიკალური შემთხვევისას იყო, როცა აქამდე ცოცხალმა ადამიანმა მოაღწია.
ელისოს თვალები გაუფართოვდა.
-ანუ ბაბალემ იმ ქალის სანახავად მოაკითხა აქაურობას? – ჩუმად იკითხა მან. მარტენმა თავი დაუქნია.
-დესპინე ერქვა. – თქვა მარტენმა და ისევ მიმოიხედა, კისერი წაიგრძელა. ელისო ძალაუნებურად მის მაგალითს აჰყვა. – ბეშქენი დესის ეძახდა.
ელისოს თვალები კინაღამ გადმოსცვივდა.
-რას ეძახდა? – დაიჩურჩულა მან. – მაგ ვინმეს მოფერებით ეძახდა სახელს? ბეშქენი?
მარტენმა უკმაყოფილო გამომეტყველებით ასწია წარბი.
-კი, ეძახდა. – მიუგო მან, რაღაცნაირი მკვახე ტონით. – ბეშქენი სულ ასე მწარე კაცი კი არ იყო… ყოველ შემთხვევაში… ამის შესახებ გაიგო ბაბალემ და გადაირია, სტუმრობა გადაწყვიტა. რას ქვია, ჩემი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალ ქალს ხვდებაო. ჰოდა მოვიდა. დესპინემ რაღაც ცუდად უთხრა და… – მარტენმა მხრები აიჩეჩა. – მოკლედ, კარგად ვერ დამთავრდა საქმე.
-მოიცა, მოიცა… – ხელი ასწია ელისომ და მარტენს დაჟინებით დააშტერდა. – ანუ ვიღაც მოუსავლეთში გააგზავნაო… ეგ დესპინე იყო? იმიტომაა ბეშქენი გამწარებული?
-ო, არა. – ხელი აუქნია მარტენმა. – ბაბალე მაგას ვერ გაბედავდა. ბეშქენს ვერ გაუბედავდა. ვერც შეძლებდა! – დაამატა მან. – მას სიცოცხლის წართმევა არ შეუძლია, დესპინე კი ფაქტიურად ერთადერთი არსება იყო, რომელზედაც არავითარი მისი ძალა არ ვრცელდებოდა. იგი მხოლოდ სულებს ეხება, რომლებთაც სხეულთან არავითარი კავშირი არა აქვთ…
-აჰა. – თავი დაუქნია ელისომ და ხელები მაგრად მომუჭა კალთაში, გაფითრებულ სახსრებს დააშტერდა. – და… ესე იგი, მე არ უნდა ვინერვიულო მისი მოსვლის შესახებ? ჩემს სანახავად მოდის, ხომ?
-ჰო. – მიუგო მარტენმა. – არ მინდოდა, რომ გაეგო… მაგრამ ადულყაფარმა წამოაყრანტალა ალბათ რამე თავის დამქაშებთან და სიტყვა გავრცელდა. აგნესასაც მოვუყევი… არა მგონია, მას ეთქვა რამე, მაგრამ მაინც. – ქალმა მხრები აიჩეჩა. – პატივისცემით მოექეცი და ეგ იქნება. არ არის ბაბალე ეგეთი საშინელი ქალი. მაგრამ მკაცრია.
ელისომ თავი დაუქნია.
-ბეშქენი სადაა? – იკითხა მან. – მთელი დღე ვერ ვხედავ ხოლმე… დედამისი მოდის, ბოლოს და ბოლოს, სახლში არ უნდა იყოს, სამზადისში ჩართული?
-ბეშქენი… ხომ გითხარით, რომ სახლიდან გადის. – მიუგო მარტენმა. – მთელი დღე არ იქნება…
-სად მიდის ხოლმე? – გააწყვეტინა დაინტერესებულმა გოგონამ. – მითუმეტეს, დღეს?
-საქმე აქვს, ელისო. – ხელი ასწია მარტენმა, სახეზე ოდნავ მობეზრებული გამომეტყველება ეხატა. – სულ ესაა.
ელისო გაჩუმდა, გრძნობდა, რომ ახლა არაფრის თქმა აღარ ივარგებდა ბეშქენის არყოფნაზე.
-დესპინე როგორი იყო? – იკითხა მან და მარტენს მზერა გაუსწორა. ქალმა გაოცებით შეხედა.
-რაში გაინტერესებს? – კითხვა დაუბრუნა მან.
-არ ვიცი… – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – ისე… მაინტერესებს, როგორი ქალი იყო, სულ ესაა.
მარტენი გაჩუმდა. თვალები დაუსევდიანდა.
-ახალგაზრდა ქალი იყო, ლამაზი. – თქვა მან. – შავგვრემანი…   მუქი თმა ჰქონდა ძალიან, მუქი თვალებიც. ძალიან გახსნილი იყო, უყვარდა ცეკვა. – მარტენმა მხრები აიჩეჩა. – ნორმალური იყო. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცით გამოირჩეოდა… ბევრი ნაკლიც ჰქონდა… ზედმეტს ლაპარაკობდა, ისეთ რამეს ამბობდა, რაც შეუფერებელი იყო, თავის ნებაზე დადიოდა და ბეშქენსაც თავის ნებაზე ატრიალებდა. მე პირადად არ მომწონდა. ჩვეულებრივი იყო. არაფრით გამორჩეული.
ელისო მოიღუშა.
„მაშინ ბეშქენს რამ მოაწონა იგი?“ გაოცებით გაიფიქრა მან. „თუ ასეთი უბრალო იყო, რა გააჩნდა ისეთი, რომ ბეშქენს შეუყვარდა?“
გოგონამ ბრაზით გააქნია თავი. ეს მისი საქმე არ იყო, და არც ანაღვლებდა, თუ რატომ მოიწონა ის ვიღაც დესპინე ბეშქენმა…
-და რა მოუვიდა? – კიდევ ერთი კითხვა დასვა მან. – დაბრუნდა თუ… მოკვდა?
-რა თქმა უნდა მოკვდა. – მიუგო მარტენმა. – ერთ დღესაც აქ აღარ იყო. უბრალოდ გაქრა. ბეშქენი კინაღამ ჭკუაზე შეიშალა. მთელი ტერიტორია მოათვალიერა, სადაც შეიძლებოდა წასულიყო, მაგრამ ვერ მიაგნო. მერე გაიგო, რომ დესპინე დედამიწაზე იყო, გამოღვიძებული და დასუსტებული… – მარტენს სახეზე ნაღვლიანი გამომეტყველება გამოეხატა, თვალები აუციმციმდა. – ახალგაზრდა გარდაიცვალა ის ქალი. დაბრუნებიდან მალევე გათხოვდა… თურმე ვიღაცას შუყვარდა და იმან ითხოვა. ბავშვი გააჩინა და გარდაიცვალა.
ელისოს გულში რაღაცამ გასწიწკნა.
-ბეშქენმა ქორწილის შეჩერება სცადა. – თქვა მარტენმა.
ელისომ თვალები დაჭყიტა.
-როგორ? – ჩაეკითხა იგი. – როგორ თუ სცადა? ანუ დედამიწაზე…
-ჰო. – კვერი დაუკრა ქალმა. – ჩავიდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველამ ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად… ვერაფრით გავაკავეთ, წინაღამ წალეკა აქაურობა. დესპინეს გამოეცხადა, მაგრამ… იმან კიდევ ვერ იცნო. ბეშქენი გადარეული დაბრუნდა. ჭკუაზე იყო გადასული, ვინ ვიყავი, არ იცოდაო… იმ წელს დაიწყო გვალვები… – თავი გადააქნია მარტენმა. – ყოველ წელს, ივნისის შუა პერიოდში ასე ემართება. ის შემთხვევა ახსენდება და თავს ვეღარ ატანს ძალას, რომ რამე გააკეთოს.
-აჰა… – თავი დაუქნია ელისომ და ხელები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს. იცოდა, რომ ეს ამბავი მას არაფრით არ ეხებოდა და ბეშქენიც დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენამ რაღაცნაირი, თითქოსდა შორეული სევდა მოუტანა. უცხო სევდა იყო, რომელიც არასოდეს განეცადა, მაგრამ ამასთან ერთად უფრო მწარეც კი. ალბათ იმიტომ იყო, რომ თვითონ უძლური იყო ამ ყველაფრის შესაცვლელად. მხოლოდ შეეძლო მჯდარიყო და ნაღვლიანად ეცქირა მარმარილოს გალავნისათვის.
-დესპინემ რატომ ვერ გაიხსენა? – ჩაილაპარაკა მან. – რატომ გადაავიწყდა?
-მისი გონება ცაში დაფარფატებდა. – მიუგო მარტენმა. – მიღებული ინფორმაცია მისმა ტვინმა ვერ გადახარშა. ასე რომ ვთქვათ, საკუთარ ენაზე ვერ თარგმნა. ასეთი რაღაც ხდება, დესპინეს უნდა დავიწყებოდა კიდეც. თუ გაახსენდებოდა, მხოლოდ სიზმრის სახით… სიზმარი კი ძნელი გასახსენებელია.
ელისომ მკვეთრად მოატრიალა მისკენ თავი.
-ანუ… ანუ მეც დამავიწყდება? – დაიჩურჩულა მან.
-რა თქმა უნდა. – სწრაფად უპასუხა მარტენმა.
ელისო გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია. იცოდა, რომ კიდევ ბევრ კითხვას დასვამდა და ბევრი რამის გაგება მოუწევდა, მაგრამ ახლა არც სურდა, რომ ამ ყველაფრის შსახებ სცოდნოდა.
იმაზე ფიქრიც კი საკმარისი იყო, რომ ამ ყველაფრის დავიწყება მოუწევდა, უნდოდა თუ არა.
-*-*-*-*-*-*-
მარტენი მთელი დღე მასთან ერთად იჯდა ბაღში. არაფერი უკეთებიათ, ცოტა კიდევ წაილაპარაკეს და მოსამსახურეების მიერ მოტანილი უცნაური, ცივი სასმელი მიირთვეს, რომელმაც ელისოს საერთოდ ვერ დაუწყნარა ნერვები, მარტენის ნათქვამის მიუხედავად. რაც უფრო ახლოვდებოდა დაღამება, მით უფრო ნერვიულობდა, ადგილზე ჭოჭმანობდა და გრძნობდა, როგორ უსველდებოდა შუბლი ოფლით. არ სიამოვნებდა იმაზე გაფიქრება, თუ რას იზამდა ბაბალე…
-მგონი მოდიან. – თქვა უცებ მარტენმა და ფეხზე წამოდგა. ფიქრებში დაკარგული ელისო ერთბაშად გამოერკვა და ისეთი სისწრაფით წამოხტა ფეხზე, რომ სასმელი კინაღამ კაბაზე გადაისხა, ხელები ერთიანად აუკანკალდა, ნერვიულობა ერთბაშად დაეჯახა მკერდში და სუნთქვა შეუკრა. მარტენმა ბროლის ჭიქა ხელიდან გამოსტაცა და მარმარილოს მაგიდაზე დადო, მერე კი ელვის სისწრაფით სტაცა ხელი და მთავარ ბილიკზე გამოათრია, ისე რომ ელისომ ძლივს მოასწრო კაბის აწევა და კინაღამ ფეხი გაუსხლტა.
-მარტენ… – დაილაპარაკა მან, მაგრამ მარტენმა ხელით ანიშნა, გაჩუმდიო, მერე კი ზემოთ აიხედა.
ელისომ უკან მოიხედა, მზე ჩადიოდა და ერთი წამი არ იყო გასული, რომ ცა, როგორც ყოველ საღამოს მფეთქავმა კაშკაშა მოიცვა, მერე კი ერთბაშად ჩამობნელდა, და ნაზმა ლურჯმა სინათლემ მოიცვა იქაურობა.
-ჩვენც მოვედით! – ჩაესმა ელისოს ხმა და დაფეთებული შემოტრიალდა, მზერა გაბადრულ ადულყაფარს გაუსწორა.
-შენ აქ… – დაიწყო მან, მაგრამ ყბა ჩამოუვარდა, როცა მისი მხრის უკან ეზო მოათვალიერა. მთელი ბაღი სავსე იყო, ათასნაირი ხალხი ზრიალებდა, თითქოს არსაიდან გაჩენილი, ყველა სადღესასწაულოდ იყო გამოწყობილი…
„ბაბალეს დასახვედრად არიან აქ?“ გაიფიქრა გოგონამ.
-მოდის, ელისო! – ჩასჩურჩულა მარტენმა, ელისომაც სწრაფად მოატრიალა თავი და მარმარილოს კარებებს მიაშტერდა, რომლებიც ნელ-ნელა იღებოდნენ. ისე გრძნობა გაუჩნდა, როცა ახლა გული აერეოდა და მუცელი ასტკივდა, მაგრამ შეეცადა ნერვიულობას მორეოდა და გამაგრებულიყო.
კარი სანახევროდაც კი არ იყო ღია, რომ პირველი ფიგურა შემოვიდა სწრაფი ნაბიჯით, ფეხსაცმლის კაკუნით, მას უკან უამრავი შავმოსასხამიანი მოჰყვა.
ერთბაშად სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ადულყაფარის ფხუკუნი ისმოდა ელისოს უკან.
გოგონამ წარბები აწკიპა. ეს პირველი ფიგურა მთლად შავში გამოწყობილი, ყელიდან ფეხებამდე დაფარული ქალი იყო, მაღალი, შავთმიანი და არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ არც ხანშიშესული. თმა თავზე დაეხვია და სახეზე სიმკაცრის ანაბეჭდი ეტყობოდა, გამჭოლი თვალებით იყურებოდა და ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს ყველას ერთიანად სჯიდა, თითქოს ყველაზე მაღლა იყო…
ქალი გზადაგზა აქეთ-იქით ჩამწკრივებულ ხალხს ესალმებოდა და ორ სიტყვას ეუბნებოდა თითოეულს. ავტორიტეტული ხმა ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა, რომ ელისოს ყველა სიტყვა გარკვევით ესმოდა, მაგრამ ამავდროულად, არ უსმენდა, თუ რას ლაპარაკობდა იგი.
-ეგ ბაბალეა. – გადმოიწია მისკენ ადულყაფარი. – გაიცანი, ახლოს იქნებით თქვენ ძალიან… – დაამატა მან და ისევ ჩაიფხუკუნა, მაგრამ ელისოს ძალა აღარ ჰქონდა, რომ მიტრიალებულიყო და საკადრისი ეთქვა.
მერე კი ბაბალემ თავი მოატრიალა და პირდაპირ ელისოს შეხედა. გოგონას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ეს ქალი ახლავე, ადგილზე მოახრჩობდა, მისი მზერით თუ იმსჯელებდა.
-აჰ… – აღმოხდა ბაბალეს. მერე კი მიმოიხედა.
-რას ელოდებით? მუსიკა! – დაიძახა მან მჭახე ხმით და წამსვე ეზოს ტალღოვანი, ნაზი მელოდია მოეფინა. ხალხმა ლაპარაკი დაიწყო, ჩოჩქოლი ატყდა. ბაბალე კი სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ, გზად ერთ-ერთი მოსამსახურის ხელიდან ისე აიღო ბროლის ჭიქა, რომ იქეთ საერთოდ არ გაუხედავს.
-ქალბატონო ბაბალე. – გაუღიმა მოახლოებულ ქალს მარტენმა. – სასიამოვნოა თქვენი…
-ესაა, ხომ? – იკითხა ბაბალე და ცალი სანთელივით თითი ელისოსაკენ გაიშვირა, მერე კი ახედ-დახედა.
-აბა როგორ! – მხარზე ხელი ისე დაჰკრა ადულყაფარმა ელისოს, რომ გოგონა კიდევ ადგილზე ჩაიკეცა, ისედაც მუხლები უკანკალებდა ბაბალეს შეხედვისას. – ერთადერთი და განუმეორებელი!
-გაჩუმდი, ადულყაფარ. – მკვახედ მიუგო ბაბალემ და ელისოს ძალაუნებურად ტუჩებზე ოდნავი ღიმილი მოადგა. ესიამოვნა, რომ ბაბალემ ადულყაფარს ასე ორი სიტყვით ჩააკმენდინა ხმა. – სახელი? – იკითხა ქალმა.
-ელისო. – სწრაფად უპასუხა გოგონამ. – თუმცა ალბათ უკვე გეცოდინებათ. – დაამატა მან.
ბაბალემ თვალები დაავიწროვა და თავი გვერდზე გადააგდო.
-ჰო, მართალი ხარ. – თქვა მან მკაცრად.
ადულყაფარმა შეუსტვინა.
-კარგი, მე წავედი, ამის მოსმენა არ მინდა. – განაცხადა მან და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალათ. ბაბალემ უკმაყოფილო მზერა გააყოლა.
-ელისო. – დაიწყო მან. – შენი აზრით, მე რამდენი წლისად გამოვიყურები?
გოგონამ თვალები დაჭყიტა და ბაბალეს სახეს მიაშტერდა.
-რამდენი წლისად… -ამოილუღლუღა მან. ბაბალეს სახე მოათვალიერა, რომელსაც ისევ ახალგაზრდული იერი ედო, ნაოჭებიც არ ჰქონდა შესამჩნეველი, თვალებიც ცოცხლად იყურებოდნენ.
-ალბათ… ორმოცი-ორმოცდახუთი? – ძლივს ამოთქვა მან და მხრები ოდნავ აიჩეჩა, თან ადგილზე გაშეშდა, სახედაღმეჭილი ელოდებოდა ბაბალეს პასუხს და ამაოდ ცდილობდა რამის ამოკითხვას ქალის არაფრისმთქმელი სახიდან
უკნიდან ადულყაფარის ისტერიული ხარხარი გაისმა, რომელსაც რამდენიმე ხმა აჰყვა.
-ოცდათხუთმეტიო? – დაიყეფა მან. – ვერ წარმოიდგენ, ელისო, რაააამდენი შეგეშალა! ჩვენი ბაბალე მინიმუმ…
ადულყაფარმა სიტყვა ვერ დაამთავრა, რადგან ბაბალემ ხელის ერთი გრაციოზული, მაგრამ მძლავრი მოქნევით მოისროლა ელისოს ზურგს უკან ბროლის ჭიქა, რასაც ჭახანი და ადულყაფარის წამოყვირება, მერე კი გმინვა მოჰყვა.
-მშვენიერი მიხვედრა იყო. – ხელები შეკრა ბაბალემ და ელისოს გასანცვიფრებლად, გაიღიმა. – წამოდი, გენაცვა, სასმელი დავლიოთ და მერე თუ გინდა, ადულყაფარს ვესროლოთ მონარჩენი ჭიქები. ერთი-ორი პირიც მეგულება, „შემთხვევით“ რომ უნდა მოვარტყათ…
ელისოს სახეზე ღიმილი გამოეხატა. მარტენს გადახედა, რომელსაც შეძრწუნებული გამომეტყველება ეკერა სახეზე, მაგრამ ეტყობოდა, რომ ღიმილს ძლივს იკავებდა. ელისომ ბაბალეს გადახედა, რომელმაც კიდევ ერთი ბროლის ჭიქა აართვა ჩამავალ მოსამსახურეს.
იქნებ ეს ქალი მართლა არ იყო ვიღაც საშინელი არსება…
-ბეშქენი სადაა? – იკითხა უცებ ბაბალემ და მიმოიხედა. – რატომ არ დამხვდა? ზუსტად დროზე მოვედი, აქ უნდა ყოფილიყო…
-ალბათ თავის ოთახშია. – ჩაერთო მარტენი. – წავალ, მოვიყვან…
-არა. – შეაჩერა ბაბალემ. – ელისო… – მოუბრუნდა იგი. – მიდი, შენ ჩამოიყვანე, გენაცვა.
ელისომ თვალები დაჭყიტა, სახლისაკენ თვალი გაექცა.
-მეე? – გაიმეორა მან, მაგრამ ბაბალეს მზერას რომ შეეჩეხა, თვალები დახარა და შებრუნდა, მაგრამ გაახსენდა, რომ ბეშქენის ოთახი არ იცოდა, და წამსვე მარტენს გახედა.
-მესამე სართული, მარჯვენა დერეფანში, ბოლო კარები. – დაუჩურჩულა მარტენმა, და ელისო წამსვე დაიძრა სახლისაკენ. ქოშინით აირბინა მესამე სართულზე და კისრისტეხით გაიქცა ბოლო კარისაკენ, ზედ კინაღამ შეეხეთქა და არც კი დაუკაკუნებია, ისე გამოგლიჯა კარი.
-ბეშქენ…! – წამოიძახა მან და გაშტერდა, როცა ბეშქენი დაინახა.
ოთახი უშველებელი იყო, და აივანზე გადიოდა. კარი მოღებული იყო და ბეშქენი ჩანდა ზღურბლზე, ოდნავ მოტრიალებულიყო და წარბებაწეული უყურებდა.
-მოვიდა, ხომ? – იკითხა ბეშქენმა. ელისომ თავი დაუქნია, მერე კითვალები დაავიწროვა. ბეშქენს მხრებზე მუქი ლურჯი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული, რომელიც ადრე არ ენახა. ეჭვი დაუტრიალდა გონებაში. ბეშქენი ისე იყო, თითქოს სადღაც მიდიოდა…
-ქალბატონმა ბაბალემ გიკითხა. – თქვა ელისომ და ნელი ნაბიჯებით დაიძრა წინ. – აინტერესებს, სად ხარ…
ბეშქენმა ჩაიფრუტუნა.
-სიტყვა არ დაძრა, გესმის? – თითი მისკენ გამოიშვირა მან. – წადი და უთხარი, არ დამხვდა თქო..
-რაო? – წარბები შეკრა ელისომ, ნაბიჯს უფრო მოუჩქარა და ბეშქენს გვერდით ამოუდგა. – რა ხდება? სადმე მიდიხარ?
-კი. – მკვახედ მოუჭრა კაცმა. – ახლა წადი…
-მაშ კარგი. – მიუგო ელისომ. – წავალ ახლა და ვეტყვი, რომ სადღაც აპირებ წასვლას…
გოგონამ ორი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა, რომ ბეშქენმა მკლავში ხელი სტაცა და უკან მოქაჩა.
-სიტყვა არ დაძრა მეთქი… – გააფრთხილა მან, მერე კი უცებ გაშეშდა და კარისაკენ აიხედა. დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმოდა.
-ფუ ამის… – თქვა ბეშქენმა და ელისოს დახედა. – შენ რა გაგაჩუმებს… იცი რა… ჯანდაბას, წაგიყვან.
-წამიყვან? როგორ თუ წამიყვან? – შეჰყვირა ელისომ, მაგრამ სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა, რადგან ბეშქენმა წელზე მოავლო ხელი და მოსასხამის ცალი კალთა ზურგზე მოახვია, მერე კი აივანზე გაირბინა, მარმარილოს იატაკს მძლავრად დაჰკრა ფეხი და ჰაერში აიჭრა.
ელისომ დაიკივლა, როცა იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხებქვეშ მიწა და დაელოდა, თუ როგორ დაეშვებოდნენ ძირს, დაელოდა ვარდნის შეგრძნებას და მერე ყურებში აუტანელ ზათქს.
მაგრამ ეს არ მოხდა.
დაფეთებული მიტრიალებულიყო და მთელი ძალით ჩაებღუჯა ბეშქენის მოსასხამი, თავი კი მის მხარში ჩაერგო. გრძნობდა, როგორი ნაზი შხუილით მოძრაობდა ჰაერი მათ გარშემო და ფეხები ოდნავ გაატოკა, თავი კი წამოსწია, არ სჯეროდა…
-ჰეი! – შესძახა ბეშქენმა. – შენთვის ჯობია გამოიხედო, ასეთ რამეს შეიძლება ვეღარ ნახავ, გაიგე? ყოველდღე არ ვაპირებ შენს აქეთ-იქეთ ტარებას?
-გადაირიე… – ამოილუღლუღა ელისომ, თავი ასწია და ჰაერის ნაკადს მიუშვირა სახე, მაგრამ ჯერ კიდევ ჯიუტად დაეხუჭა თვალები. – რა დეგენერატი ხარ, რომელი ნორმალური მიფრინავს ჰაერში, და ვიღაც თან მიჰყავს?
-იქ რომ დამეტოვებინე, ყველას ეტყოდი, რომ სასეირნოდ მივფრინავდი, ეს კი ბაბალეს ჭკუაზე შეშლიდა. – ყურში ჩაესმა ბეშქენის ხმა. – ჩემი ბრალი არაა… რომ არ იქცეოდე ასეთ მოლაპარაკედ და ენას უსარგებლოდ არ ატარტარებდე, მაშინ კი.
-როგორ ბედავ… -დაიწყო ელისომ და უნებურად თვალები გაახილა და სუნთქვა ყელში გაეჩხირა.
ბეშქენმა მიმართულება შეიცვალა და გოგონა თავისდაუნებურად უფრო მაგრად ჩაეჭიდა მას, თან არ სჯეროდა, რომ ამას ხედავდა…
ღრუბლების ფუმფულა მასაში მიცურავდნენ, რომელთაც სულ სხვადასხვა ფერი დაჰკრავდათ, მათ ზემოთ მუქი ლურჯი ცა ციმციმებდა. გრილი ჰაერი სასიამოვნოდ ეხლებოდა სახეზე.
ელისომ მიმოიხედა, პირდაღებული იყო ასეთი სილამაზისა და გაშლილი სივრცის დანახვისას. იმის მიუხედავად, რომ ამხელა სივრცეში მიცურავდნენ, წარმოუდგენელი კომფორტის შეგრძნება დაეუფლა. ბეშქენს ახედა თვალებგაფართოებულმა.
ბეშქენის მუქთმიანი თავი ზემოდან მთვარის რძისფერი შუქით იყო განათებული და მის ცალყბა ღიმილს აჩენდა.
-რა სახე გაქვს, – უთხრა ბეშქენმა. – რაო,მოგწონს?
-ძალიან! – წამოიძახა ელისომ და ცალი ხელი გასწია, რომ იასამნისფრად შეღებილ ღრუბელში გაერია, მერე კი სიცილით გახედა უკან დარჩენილ მკრთალ იასამნისფერ ნაგლეჯებს. – როგორ შეიძლება ეს არ მოგეწონოს…
-ჰოო? – გაიღიმა ბეშქენმა, მერე კი სახეზე ეშმაკური გამომეტყველება გამოეხატა. – მაშინ ვნახოთ ეს როგორ მოგეწონება…
ელისომ იგრძნო, თუ როგორ დაიჭირა უფრო მაგრად ბეშქენმა და მოულოდნელი კივილი აღმოხდა, როცა ვარდნის გრძნობა დაეუფლა.
ღრუბლები გადაკვეთეს და ელისომ სული ძლივს მოითქვა, როცა გასწორდნენ და ბეშქენმა ქვემოთ გაიშვირა ცალი ხელი.
-ხედავ? – უთხრა მან. – ეს ჩემი სახლია.
ელისომ ჩაიხედა და თვალები გაუფართოვდა. მართლაც ხედავდა სახლს, გუბურებში არეკლილ სინათლესა და ჭიანჭველებივით მოჟრიალე ხალხს. სახლის პატარაობამ გააოგნა. დიდად არ უგრძვნია თავი, პირიქით, უცებ მიხვდა, თუ რა პატარები იყვნენ ყველანი…
-ოჰოჰო, ბაბალეს სახე დამანახა ახლა… – ჩაილაპარაკა ბეშქენმა და ელისოს სიცილი აუტყდა. ხმამაღლა იცინოდა, ასეთი სანახაობისაგან მოწოლილი აღტაცებით აკანკალებულიყო და უფრო მაგრად ეკვროდა ბეშქენის მოსასხამს.
სახლს გასცდნენ და ელისომ აღტაცებით შეავლო თვალი გზაზე დანთებულ ცეცხლის ლამპიონების ჯაჭვს, რომლებიც ტყის გასწვრივ იყვნენ ჩარიგებულნი. სინათლის ძეწკვი უსაშველოდ გრძელდებოდა, სხვა ძეწკვებსაც უერთდებოდა და რაღაც სურრეალურ, უცნაურ ქსელს ქმნიდა, რომლის ბრწყინვალება და შეხედულება ზემოდან აუწერელი იყო.
ბეშქენმა სიჩქარეს მოუმატა და ზუზუნით შემოუფრინა მთელ ტყეს, რომელსაც სარტყელად შემოჰკვროდა ლამპიონების ჯაჭვი, მერე კი ისევ ზემოთ აიჭრა და მათი სახლისაკენ აიღო გეზი.
ელისო ჩუმად იყო, და უსიტყვოდ ათვალიერებდა მიწას, რომელსაც უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ.
უეცრად დაიღალა. თავი გვერდით გადასწია და ბეშქენს მხარზე დაადო, თან უბრალოდ ტკბებოდა მის სახეზე მობერილი ქარითა და იმ კომფორტის შგრძნებით, რომელიც რამდენი ხანი იყო, რაც არ განეცადა.
ბეშქენი მისი ოთახის ღია ფანჯარასთან დაეშვა და მაგრად მოჰკიდა ხელი, მერე კი რაფაზე დაუშვა.
ელისო შემობრუნდა და ახედა.
-არ ვიცი რა ვთქვა… – დაიწყო მან და ღრმად ამოისუნთქა. – ალბათ ის, რომ რაც მანახე, ყველაზე ლამაზი იყო, რაც ოდესმე მინახავს. – გოგონამ ბეშქენს გაუღიმა, რომელიც უცნაურად დასჩერებოდა. – მადლობა. – დაამატა მან.
-ახლა ხომ არ იტყვი, რომ მე სასეირნოდ მივდივარ? – ცალყბად გაუღიმა ბეშქენმა, მისკენ გადმოიხარა.
ელისომ თავი გადააქნია.
-ნამდვილად არა. – თქვა მან და კიდევ ერთხელ ყურებამდე გაიღიმა. – გადამარწმუნე. რამეს მოვიფიქრებ.
-ძალიან კარგი. – მიუგო ბეშქენმა, კიდევ ერთხელ გაუღიმა და ზემოთ აიწია, სანამ ელისოს თვალთახედვას არ ასცდა.
ელისო რაფიდან ჩამოძვრა, სხეული ჯერ კიდევ უკანკალებდა განცდილისაგან. არც კი სჯეროდა, რომ ბეშქენმა ასე დაათვალიერებინა მათი საცხოვრებელი… ვერ წარმოედგინა, რომ ეს შესაძლებელი იყო…
ქარისაგან აბურძგნულ თმაში ხელები გადაისვა და ღრმად ამოისუნთქა, რომ დაწყნარებულიყო.
ახლა იმაზე უნდა ეფიქრა, თუ რა ეთქვა ბაბალესათვის.
-(-)-(-)-(-)-(-)-
ბეშქენი: გამოიყურება 25-26 წლისად, 185 სმ. შავი თმა, ცვალებადი თვალის ფერი.
-[-]-[-]-[-]-
ადულყაფარი: გამოიყურება 27-28 წლისად, 181 სმ. ქერა თმა, ნაცრისფერი თვალები.
-{-}-{-}-{-}-
მარტენი: გამოიყურება 21-23 წლისად, 179 სმ. ღია ქერა თმა, ცისფერი თვალები.
-*-*-*-*-*-8
-როგორ თუ ბეშქენი სახლში არ იყო? როგორ თუ ოთახში არ დაგხვდა? – ბრაზით იკითხა ბაბალემ და დოინჯი შემოირტყა, ბროლის ჭიქა უფრო მაგრად ჩაბღუჯა ხელში.
ელისომ ნერწყვი გადაყლაპა და შეეცადა რაც შეიძლება ბუნებრივი გამომეტყველება მიეღო, რომელიც, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ არ გამოსდიოდა. არასოდეს ეხერხებოდა ტყუილი, ახლა კი, ბაბალეს გამჭოლი მზერის ქვეშ მითუმეტეს…
-ოთახში არ იყო… – ჯიუტად გაიმეორა მან, იმის მიუხედავად, რომ გრძნობდა, ბაბალეს მისი არ სჯეროდა. – ავედი და არ იყო. სულ ესაა.
-მაშინ ამდენი ხანი სად იყავი? ჰმ? – მისკენ გადმოიწია ბაბალე და თვალები მოწკურა.
-მთელ სახლში დავრბოდი, რომ მეპოვა. – სწრაფად უპასუხა ელისომ. – მეგონა, სადმე სხვაგან იქნებოდა…
-გასაგებია. – თქვა ბაბალემ, მერე კი უეცრად გაიცინა. დაძაბული გამომეტყველება საერთოდ გაუქრა. ელისო ოდნავ მოეშვა. „იქნებ დამიჯერა…“ გაიფიქრა მან.
-ჯიუტი ხარ. გამბედავი. – გაუღიმა ბაბალემ, მაგრამ ამ ღიმილში იმდენი სიცივე იყო, რომ ელისოს უნებურად შეაჟრჟოლა. „როგორც ჩანს, არ დამიჯერა…“ გაიფიქრა გაწბილებულმა.
-კარგი. – თქვა ბაბალემ, სითხე ბროლის ჭიქაში დაატრიალა და შუქზე გახედა. სახეზე ბროლის ჭიქაზე არეკლილი სხივები აუთამაშდა. – აბა მითხარი, რას ფიქრობ ჩემს შვილზე?
ელისომ კითხვის მოულოდნელობისაგან თავი ოდნავ უკან გასწია და პირი დააღო.
-უკაცრავად, ვერ გავიგე… -ამოილუღლუღა მან. – რას გულისხმობთ…
-რანაირია ჩემი შვილი? – გაუმეორა ბაბალემ, დაძაბული გამომეტყველებით. ელისოს ნესტოები დაებერა, ირგვლივ მიმოიხედა, აჟივჟივებული ხალხი მოათვალიერა. რა იქნებოდა ახლა, რომ ვინმე ნაცნობი დაენახა, თუნდაც ადულყაფარი…
-მე ბეშქენს კარგად არ ვიცნობ.. – ძლივს ამოღერღა მან ბოლოს, თან შეეეცადა, რომ ბაბალესათვის თვალი არ გაესწორებინა. – ამწუთას ვერაფერს ვერ გეტყვით დარწმუნებით…
-აბა მაშინ რატომ იტყუები მისი გულისათვის? – უცებ მოუჭრა ცივი ხმით ბაბალემ და მისკენ ოდნავ გადმოიწია, ბროლის ჭიქა და მოთეთრო სითხე სინათლეზე ერთიანად აბრწყინდა, ათინათი ბაბალეს მოჭმუხნულ წარბებს დაეცა. ელისო გაქვავდა, სხეულში სიცივემ დაუარა.
-მე… მე არ… – ამოილუღლუღა მან. – მე არ ვიტყუები…
-აჰ! – ხელი აუქნია ბაბალემ და გაღიზიანებული გამომეტყველებით მოწრუპა სასმელი. – რა გგონია, ბავშვო, შენ მე გამაცურებ? – მოუბრუნდა იგი. შავი, კუნაპეტივით თვალები ელისოს მზერას გაუსწორდნენ. გოგონას სიმწრისა და შიშის ოფლმა დაასხა. ადგილს მიყინულიყო და თან ბეშქენს წყევლიდა, იმ სილამაზეს წყევლიდა, რომელიც ბეშქენმა დაანახა და რამაც გადააწყვეტინა, რომ ბაბალეს გაცურება ეცადა…
რაც აშკარა იყო, რომ არ გამოსდიოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა უკან დახევას. გვიანაც იყო.
ტუჩები მოკუმა, მზერა ბაბალეს თვალებს გაუსწორა. მარტენის სიტყვები გაახსენდა, გაახსენდა, რომ ბაბალე ვერაფერს დაუშავებდა, მის წინააღმდეგ უბრალოდ ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდა, შეიძლებოდა რომ იგი შემაშინებელი ქალი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ხასიათიდან და გარეგნობიდან გამომდინარეობდა. ელისოს მისი არ უნდა შეშინებოდა…
-არა მგონია. – საპასუხოდ ჩაიბურტყუნა მან და წელში გასწორდა. – მე მგონია, რომ უკვე გითხარით, რაც იყო სათქმელი. სხვა არაფრის თქმის ვალდებული არა ვარ.
ბაბალემ წარბი ასწია.
-მე უბრალოდ მინდა გავიგო, თუ სადაა ჩემი შვილი, გაიგე? – ხმას აუწია მან და ბროლის ჭიქა ხელში მაგრად მობღუჯა. ელისომ დაინახა, თუ როგორ გაუთეთრდა და თითქოს სისხლისგან დაეცალა ხელები და სახე, სამაგიეროდ კი თვალები აენთო. შიშმა გაჰკრა, იმის მიუხედავად, რომ წამდაუწუმ საუთარ თავს ამშვიდებდა, ახსენებდა, რომ არაფერი არ იყო საშიში, ბაბალე ვერაფერსაც ვერ დაუშავებდა….
-რატომ ცრუობ? ასე რატომ მეწინააღმდეგები? – ჰკითხა ბაბალემ და ცალყბად გაუღიმა.
ელისოს ნესტოები დაებერა, ტუჩები მოიკვნიტა. თვალები დახუჭა.
„რაც არის, არის, ჯანდაბას…“ გაიფიქრა მან და ბაბალეს მზერა გაუსწორა.
-იმიტომ რომ ბეშქენმა ასე მთხოვა. – ხმადაბლა დაისისინა მან. – მე ბეშქენის სტუმარი ვარ და არა თქვენი. ჩემი მასპინძელია, თავშესაფარი მომცა და მისი დავალებული ვარ. თქვენს წინაშე კი არაფერი არ მაქვს სათქმელი. მე ბეშქენს პატივს ვცემ და სულ ესაა. თქვენ კი ჯერ არ დაგიმსახურებიათ ჩემი პატივისცემა.
ბაბალე თითქოს ერთიანად გაშრა. ცალყბა ღიმილი ჩამოეცალა და უსიტყვოდ გაუშტერდა მისკენ თვალი. ელისომ მზერა გაუსწორა. გული ჩაქუჩივით ურტყამდა მკერდში და გაფაციცებით მისჩერებოდა ქალს, იმის მიუხედავად, რომ ცდილობდა, რაც შეიძლება გამბედავად დამდგარიყო და შეუპოვარი გამომეტყველება ჰქონოდა.
ბაბალემ თვალები მოჭუტა და აათვალიერ-ჩაათვალიერა, მერე კი უეცრად ჩაიცინა, მაგრამ ელისომ მის ღიმილში გესლის მეტი ვერაფერი დაინახა.
გააჟრჟოლა.
-მე შენ მომწონხარ, ბავშვო. – თქვა უცებ ბაბალემ. – ჯიუტი ხარ. ცოტა ვერ ხარ ჭკუაზე და არც კი იცი, სად როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ მაგას არა უშავს. ისე, მეგონა რომ თავის დროზე ლაპარაკს უკვე ისწავლიდი ბეშქენის გარემოცვაში…
ელისომ პირი დააღო საპასუხოდ, მაგრამ ისევ დახურა. გრძნობდა, რომ უკვე გადასცილდა ზღვარს, და არ სურდა რომ ბაბალე კიდევ უფრო განერისხებინა. ნერწყვი ჩუმად გადაყლაპა და გვერდზე გაიხედა, ვიღაც მოყვითალო კაბაში გამოწყობილ ქალს გააყოლა თვალი, რომ მზერა რამით დაეკავებინა და ბაბალესათვის არ შეეხედა.
-როგორც ვხედავ, არ შეგცვლია ეს ჩვევა, ბაბალე. – მოესმა უცებ ხმა და სწრაფად აიხედა, გაფართოებული თვალები პირდაპირ ბეშქენს მიაბჯინა, რომელიც მოსასხამის ფრიალით მოიწევდა მათკენ და სახეზე ირონიული ღიმილი გამოხატვოდა. ელისომ მისი თვალების ცივი მომწვანო ფერი შეამჩნია და მოიბუზა, თავისდაუნებურად უკან დაიხია და ბაბალესკენ გაექცა მზერა.
თითქოს ტემპერატურა ერთბაშად დავარდა, როცა ბაბალემ შვილისაკენ მზერა მიატრიალა და გაიცინა.
-ბეშქენ. – გაიღიმა მან და ბროლის ჭიქა მოიყუდა, ერთი ყლუპით გამოსცალა. – აი ზუსტად ახლა ამ პატარა ქალბატონს ვეკითხებოდი შენს ამბავს…
-გავიგონე. – მოუჭრა ბეშქენმა და თავი ელისოსაკენ მიატრიალა. – მე მგონია რომ ზღვარს გადახვედი. – თქვა მან და გოგონას თვალები გაუფართოვდა. ელისომ მუშტები მაგრად შეკრა.
„შენ თვითონ არ მითხარი, რომ დედაშენისაგან დამემალა შენი ამბავი?“ გონებაში დაიყვირა მან და ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, რომ არ ეყვირა. „ახლა შემოგიბრუნდა გონება, დედაშენი რომ დაინახე?“
-მაგაში დაგეთანხმები, ბეშქენ. – თქვა ბაბალემ და ელისოს ცალყბა ღიმილით ახედ-დახედა. – კარგი იქნებოდა, რომ ცოტა პატივისცემა გამოიჩინოს ამან უფროსების წინაშე.
-ამას არ ვეუბნებოდი, ბაბალე. – თქვა ბეშქენმა და ცივი თვალები ერთბაშად გამშრალი დედამისისაკენ მიატრიალა. – შენ გადახვედი ზღვარს. ამან იცოდა, რასაც ამბობდა, ზედმეტი არაფერი უთქვამს.
ელისომ თვალები ჭყიტა და გაშტერებული მიაჩერდა ბეშქენს.
-ბეშქენ? – ბრაზით იკითხა ბაბალემ.  – რას ამბობ?
-რაც გაიგონე, იმას. – მოუჭრა ბეშქენმა. – შენ, როგორც ჩანს, წარმოდგენა არა გაქვს, თუ რა არის მასპინძლობა-სტუმრობის ეტიკეტი. შენ კითხვა დაუსვი, ამან გიპასუხა და მორჩა. თუ მისმა პასუხმა არ დაგაკმაყოფილა, მაშინ ეგ შენი პრობლემაა. და არ დაგავიწყდეს, ახლა სად ხარ და ვის ელაპარაკები.
მისი ხმა საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ ელისო ხედავდა და გრძნობდა, თუ როგორ იკრობებოდა და ჯგუფდებოდა მათ გარშემო ხალხი. მის ყურს ჩახშული ჩურჩული და ჩოჩქოლი მისწვდა და უცებ მიხვდა, რომ ეს ამბავი ასე იოლად არ დამთავრდებოდა. ნელა და რაც შეიძლება შეუმჩნევლად გადადგა ნაბიჯი უკან, ცოტაც და შეერეოდა ხალხის ჯგუფს და იქნებ ბაბალესა და ბეშქენის კამათი მას არ შეხებოდა…
მაგრამ ყველანაირი ოცნება თავიდან გაუფრინდა, როცა ბეშქენმა მკლავში ხელი სტაცა და წინ მოქაჩა, მერე კი გვერდით ამოიყენა.
-არსადაც არ წახვალ. – ხმადაბლა, მის გასაგონად თქვა მან, ისე რომ ბაბალესათვის მზერა არ მოუშორებია.
-ბეშქენ, ეს საქმე მე არ მეხება… – დაუსისინა ელისომ, თან სწრაფად, უხერხულად მოავლო თვალი მზარდ ბრბოს, რომლებიც მასა და ბეშქენს მისჩერებოდნენ და უფრო ინტენსიურად ჩურჩულებდნენ.
-ოჰ, როგორ არ გეხება. – უპასუხა ბეშქენმა და ეტყობოდა, რომ კიდევ ჰქონდა რაღაც სათქმელი, მაგრამ ბაბალეს მკვახე ხმამ სიტყვა გააწყვეტინა.
-ბეშქენ! – დაიყვირა ქალმა და სახე დაეღმიჭა. – მე კიდევ მეგონა რომ ეს საქმე თხუთმეტი საუკუნის წინ დავამთავრეთ! ნუთუ კიდევ გინდა რომ გავიმეოროთ? გინდა შენი სიტუაცია უარესი გავხადო?
ელისომ იგრძნო თუ როგორ დაიჭიმა ბეშქენის ხელიმის მკლავზე და ოდნავ შეკრთა, მერე კი მოიღუშა. რა „სიტუაციაზე“ ლაპარაკობდა ბაბალე?
-მემუქრები? – დაიღრინა ბეშქენმა. – ძალიანაც კარგად მახსოვს, როგორი შეხედულებები გქონდა თხუთმეტი საუკუნის წინ და ვხედავ, რომ არაფერიც არ შეცვლილა… მაშინაც დამემუქრე და ახლაც მემუქრები, მაგრამ გავიწყდება, რომ მე ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ და შენ ჩემს ტერიტორიაზე ხარ. ერთი ჩემი ხელის აქნევა და აქედან გაფრინდები.
ბეშქენის ხმა ყოველი ახალი სიტყვისას იწევდა და ელისომ სახეზე ახედა. ბეშქენს სახე ერთიანად დაჭიმვოდა და თვალებზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა. ელისო დაიჭყანა და შეეცადა რომ მის მკლავზე შემოხვეულ ხელს დასხლტომოდა. ძალიან არ სურდა ამ სიტუაციის შუაში მომხვდარიყო. ბაბალეს გახედა და მის მწარე პასუხს დაელოდა.
რომელიც აგვიანებდა.
ბაბალე უსიტყვოდ იდგა და ბეშქენს მიშტერებოდა. ბოლოს თვალები ელისოსკენ გადმოატრიალა.
-ეს? – იკითხა უცებ მან. – ამას რას უპირებ?
ბეშქენი თითქოს გაიყინა.
მერე კი ელისოს ყურს მისი სიცილის ხმა მოსწვდა.
-რასაც დესის ვუპირებდი, იმას. – უპასუხა მან.
ბაბალე თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო, დაბარბაცდა. ელისო თვალებგაფართოებული უყურებდა, თუ როგორ გაუთეთრდა ბროლის ჭიქაზე მოჭერილი თითები და ხმამაღალი ლაწუნითა და წკრიალით ჭიქა ხელში ჩაატყდა.
ნამტვრევები ძირს წკრიალით დაცვივდნენ და მოლურჯი სინათლე აირეკლეს.
ელისო ვერ ინძრეოდა, აღრიალებულ ბრბოს მიშტერებოდა და თვალებს სწრაფად ახამხამებდა, თან ცდილობდა ბეშქენის სიტყვებს ჩასწვდომოდა.
„რაო?!“ გაიფიქრა მან და მთელი ძალით გაიწია.
-ბეშქენ, ხელი გამიშვი! – დაიყვირა მან.
-როგორ ბედავ! – დაიღრიალა ბაბალემ. – როგორ მიბედავ! რა დონეზე დადიხარ!
-შენ თვითონ უყურე, რა დონეზე დადიხარ, ბაბალე. – დაუღრინა ბეშქენმა. – ამხელა ხალხში ერთ ამბავს მართავ…
-არ არის გასამართი? – კივილით შეაწყვეტინა ბაბალემ. – ეს…. ეს ბინძური გოგო… შენ რა გგონია, ლაწირაკო, ჩემს შვილს წამართმევ? – ბაბალემ შეშლილი თვალები ელისოსაკენ მიატრიალა და გოგონას კინაღამ გული გაუჩერდა.
-რა? – ძლივს ამოილუღლუღა მან. – არა, რაღაც გეშლებათ, მე არ ვცდილობ…
-ეს ამბავი უკვე მოხდა ერთხელ! – შეჰყვირა ბაბალემ. – და შეხედე საკუთარ თავს, ბეშქენ, რას დაემსგავსე, როგორი გახდი! გინდა რომ იგივე განმეორდეს?
ელისომ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, რომ უცებ მის გვერდით მარტენი გაჩნდა, მთელი ძალით მოქაჩა და გოგონამ იგრძნო, თუ როგორ წყვეტილად, უცაბედად შეუშვა ხელი ბეშქენმა.
-წამოდი, სწრაფად! – დაუყვირა მარტენმა, ხალხი გაარღვია და კარიბჭისაკენ გაიქცა, ელისომ ძლივს აიტაცა გრძელი კაბა და უკანმოუხედავად გაჰყვა უკან. უკნიდან ესმოდა ბაბალეს გაბმული კივილი და ბეშქენის გაბრაზებული ხმა…
მარტენი კარიბჭეზე შეეხეთქა და სწრაფად გამოაღო.
-წადი! – შეუყვირა მან ელისოს. – წადი, სწრაფად, სანამ გვიან არ არის, გესმის? მიდი, გაიქეცი!
ელისოს არ დაუყოვნებია, კარში გავარდა და გულამოვარდნილი მარჯვნივ სირბილით დაჰყვა ვიწრო ბილიკს, რომელიც ბეშქენის უშველებელი გალავანის გასწვრივ გადიოდა.
როგორ არ სურდა ამ ამბავში გარევა… სახლში უნდოდა დაბრუნება, თეკლეს მონახვა უნდოდა და საერთოდ, ამ მავთულხლართებიანი ადგილის საერთოდ დატოვება. გულამოგლეჯილი ქოშინით მირბოდა, სანამ ბილიკი კედელს არ გასცდა და მიმართულება არ შეიცვალა, ამჯერად ტყის პირას მიუყვებოდა.
ელისო შეჩერდა, მუხლებს დაეყრდნო და მთელი ძალით ამოისუნთქა. ფილტვები სტკიოდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ თითქოს მთელი ენერგია ამოეწოვათ მისი სხეულიდან. მაგრამ იცოდა, რომ აქ გაჩერება არ ივარგებდა. ნელი ნაბიჯით გააგძელა გზა, თან წამდაუწუმ უკან იყურებოდა. მთელი გზის გასწვრივ ლამპიონები ენთო, რომლებიც მოყვითალო შუქს სცემდნენ ხრეშიან მიწას.
გოგონამ მთელი ძალით, კანკალით ამოისუნთქა. ფილტვები ისე ძალიან აღარ სტკიოდა.
იქ ვეღარ გაჩერდებოდა. მარტენს მთელი გულით უხდიდა მადლობას, რომ მან ამ სიტუაციას გამოარიდა. იცოდა, რომ ბეშქენისა და ბაბალეს შორის კიდევ უფრო გამწვავდებოდა მდგომარეობა, რაც აუცილებლად გადაიზრდებოდა ბრძოლაში, თვითონ კი არ სურდა ამ ორი ძალის შუა მოყოლა…
მაგრამ ახლა სად წასულიყო?
ელისო გაჩერდა და შემოტრიალა, აქეთ-იქით მიმოიხედა. ბილიკი პირდაპირ ტყის პირას გადიოდა. გოგონა ხეებს შორის ჩამოწოლილ სიბნელეს ჩააშტერდა და წარმოიდგინა საშინელი არსებები, რომლებიც შესაძლებელია, აქ იმალებოდნენ…
ელისოს შეაჟრჟოლა, ოდნავ გვერდზე გაიწია და მეორე მხარეს გადაიხედა.
მისდა გასაკვირად, მეორე მხარეს ბილიკი იყოფოდა და ქვემოთ ეშვებოდა კლაკვნით. იქეთ, შორს მოჩანდა პატარა შენობები, და ანთებული ლამპიონები.
-პატარა ქალაქია… – ჩაილაპარაკა ელისომ და ნაბიჯი წინ გადადგა, თვალები მოჭუტა. იქეთ ხომ არ გაეგრძელებინა გზა.
სუნთქვა კისერში გაუჩერდა, როცა უეცრად წინიდან ფეხის ნაბიჯები მოესმა. უკან წაბარბაცდა და გაფართოებული თვალებით მიაშტერდა ფიგურას, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
ვიღაც კაცი იყო. ტანსაცმელი სხეულზე ჩამოჰკიდებოდა და ლოყები ჩაცვენოდა, გაფართოებული, ჩრდილგადაკრული თვალებით მიშტერებოდა პირდაპირ ელისოს. უცებ თავი ზემოთ ასწია და ყბა აუკანკალდა.
-ცოცხალი ხარ შენ… – თქვა მან და ჰაერი მოყნოსა. თვალები გაუფართოვდა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოადგა წინ, თვალებში გიჟურმა ნაპერწკალმა გაუელვა. ელისოს გულისცემა აუჩქარდა, უკან დაიწია.
-აქ რა გინდა? – დაიღრიალა კაცმა და წინ საოცარი სწრაფი ნახტომებით წამოიწია. ელისოს კივილი აღმოხდა, მთელი ძალით მოუქნია მასთან მოახლოებულ კაცს მუშტი, რომელიც მას ცხვირში მოხვდა, მაგრამ ამას არ შეუჩერებია. კაცმა მტელი ძალით სტაცა მკლავებში ხელი და მთელი ძალით მოქაჩა, გვერდით წაათრია.
-ხელი გამიშვი! – წამოიძახა გოგონამ და მთელი ძალით ჰკრა კაცს ხელი, მაგრამ ის არც კი შენძრეულა, ისევ ჯიუტად, ქშენით მიათრევდა გვერდით. ელისომ კივილი ამოუშვა და მთელი ძალით გაიბრძოლა.
„რას მიპირებს?“ გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და კიდევ ერთხელ, მთელი ძალით დაიკივლა, რატომღაც ბეშქენის ხმა გაახსენდა.
სუნთქვა კისერში გაეჩხირა და გული კინაღამ კოჭებში ჩაუვარდა, როცა წელზე სტაცეს ხელი და საოცარი ძალით მოჰქაჩეს, ისე რომ კაცის ცივ, გამხდარ ხელებს გამოგლიჯეს.
-რას აკეთებ? – დაიგრგვინა ბეშქენმა და მოსასხამი მოიქნია, ისე რომ მისი ცალი კალთა ელისოს მოფარებოდა, რომელიც მის გვერდზე იყო აკრული, თვალებგაფართოებული და გაუგებრობაში ჩავარდნილი.
-შენი რა საქმეა? – საპასუხოდ შეუყვირა კაცმა და გამხდარი თითები მომუჭა. – ვის საქმეში ეჩრები, იცი? მაგ ცოცხალია, იცი? გოგო მომეცი!
-რა ჩემი საქმეა? -დაიღრინა ბეშქენმა და ცალი ხელი ასწია, ელისოს წამიერად შეეშინდა, რომ იგი ამ კაცს ცალი ხელის აქნევით გაათავებდა… – ვერ მიცანი, მწერო?
კაცმა ანთებული მზერით ამოხედა და თვალები გაუფართოვდა.
-ღმერთო… მე…მე… მაპატიეთ! – ხელები აღმართა მან. – მე.. ვერ გიცანით, არ ვიცოდი…
-წადი! – დაუღრიალა ბეშქენმა. – ამას კიდევ ერთი თითი რომ დააკარო, ჩამოვალ მანდ და ჩემი ხელით ჩაგაგზავნი ქვემოთ. – დაუსისინა მან და შემოტრიალდა, ელისოს მხრებზე შემოხვეული მკლავი დაჭიმა და გოგონა თავისთან ერთად წაათრია.
-რას ფიქრობდი? – მოუბრუნდა ბეშქენი. – გარეთ რა ჯანდაბა გინდოდა? თან ღამით! იცი აქ რაები ხდება?
-მარტენმა გამომიშვა… – ამოილუღლუღა ელისომ და ჯიუტად გაუსწორა ბეშქენს თვალი, მერე კი ხელი მაგრად ჰკრა, რომ მოეშორებინა და უკან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან. – არ მინდოდა შენი და დედაშენის საქმეში ჩარევა…
-ჰოო? – ბეშქენს სახეზე ბრაზი გამოეხატა. – ჰოდა ახლა წამოეთრიე. შენი ნერვები არ მაქვს ახლა. შენ აზრზე არა ხარ, რა მოხდებოდა, იმ მწერს რომ წაეთრიე…
ელისოს ენა ჩაუვარდა.
ტუჩზე იკბინა და მიმავალ ბეშქენს უკან აედევნა.
-*-*-*-*-9
ბეშქენს ადევნებულმა ელისომ რომ კარიბჭეს მიაღწია, გოგონას გასაოცრად, ამდენი ხალხის ჩოჩქოლი და ხმაური აღარ ისმოდა, გამქრალიყო მუსიკაც. ელისომ ბეშქენის მხრის იქით გადაიხედა და წარბები გაოცებისაგან აწკიპა, როცა ცარიელი ეზო დაინახა,მხოლოდ ადულყაფარი და მარტენი გამოჭიმულიყვნენ ძელსკამებთან.
-ბაბალე სად წავიდა? – ბეშქენს ახედა ელისომ და წარბები შეკრა. – გააგდე?
-წიხლით. – მიუგო ბეშქენმა და უეცრად გაიღიმა, მერე კი გადმოხედა. – რა იყო, მოგენატრა უკვე?
ელისომ ცხვირი აბზიკა და დაიჭყანა, მერე კი სწრაფად გააქნია თავი. სრულიად არ სურდა ახლა ბაბალეს სახის დანახვა… ქალი აშინებდა თავისი ანთებული თვალებით, გაუგებარი სიტყვებითა და მუქარით. იცოდა, რომ ბაბალეს მისთვის არაფრის დაშავება არ შეეძლო, იმასაც ხვდებოდა, რომ ბეშქენი ამას არ დაუშვებდა, მაგრამ მაინც პანიკა იცავდა იმის გაფიქრებაზე, რომ ბაბალეს ისევ ნახავდა.
ბეშქენმა მისი სახის გამომეტყველება რომ შეამჩნია, თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-რას იჭყანები? – შეეკითხა ის. – ასე არ მოგწონს დედაჩემი?
-ვინმეს მოსწონს? – გულწრფელად შეეკითხა ელისო, მერე კი, როცა ბეშქენის ოდნავ გაოცებული სახე რომ შეამჩნია, წამსვე შეეცვალა გამომეტყველება. – არა, მე ცუდს კი არაფერს ვგულისხმობ… – წაილუღლუღა მან. – არ გაბრაზდე…
-რას ქვია, ცუდს არაფერს გულისხმობ…  – წარბი ასწია ბეშქენმა. -პირიქით, უნდა იგულისხმო კიდეც. და ისე, ცოდნისათვის, ბაბალე არ არის ჩემი საყვარელი პიროვნება, გასაგებია? – ელისოსკენ გადმოიწია იგი.
-გასაგებია. – უპასუხა ელისომ, მერე კი თვალები მოჭუტა და ტუჩები მოიკვნიტა, ბეშქენს ინტერესით გადახედა. – რას გულისხმობდი, როცა თქვი, რასაც დესის ვუპირებდი, ამასაც იგივეს ვუპირებო? რას მიპირებ?
ბეშქენს ყბები დაეჭიმა და თვალები ერთიანად გაუცივდა.
-მაგ არ არის სალაპარაკო. – ხმადაბლა დაილაპარაკა მან. – მაგ თემა აღარ გავიგონო, დახურულია ამ სახლში.
-მე მაინტერესებს… – შეეწინააღმდეგა ელისო.
-დახურულია არ გესმის, რას ნიშნავს? – წარბები შეკრა ბეშქენმა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისაკენ.
-მე რომ მაინტერესებს? – გამოეკიდა ელისო და სახელოში ხელი სტაცა, მაგრად მოჰქაჩა. – მე დესი ვიცი ვინც არის, ბეშქენ… ჩემთან რა გინდა, იმას ვერ ვხვდები…
ბეშქენი უეცრად გაჩერდა და ელისო ზურგზე მიეხეთქა მოულოდნელობისაგან. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია და ინტერესით, ოდნავი გაოცებითა და სულ ცოტა შიშით ახედა ბეშქენის თავს. იგი ღრმად სუნთქავდა, ბეჭები აუდიოდ-ჩაუდიოდა.
ბეშქენი შემოტრიალდა, და წამიერად ელისოს მოეჩვენა, რომ მას სახეზე უცნაურმა გამომეტყველებამ გადაჰკრა მის დანახვაზე, თითქოს მუდმივად დაჭიმული ნაკვთები ერთბაშად მოეშვნენ… მაგრამ წამი არ იყო გასული, რომ ბეშქენს სახე ისევ გაუქვავდა და თვალები ჩაუმუქდა.
-საიდან გაიგე? – ჰკითხა მან. – თუმცა გამოვიცნობ… ადულყაფარმა იტლიკინა ხომ? მე რა გავაფრთხილე ესენი, სიტყვა არ დაძრათ მეთქი… რამდენი რამ გითხრეს? ჰა?
– მითხრეს, რომ დესი ჯერ კიდევ გიყვარს. – ჯიუტად ააშტერდა ელისო, იმის მიუხედავად, რომ ხერხემალში ჟრუანტელმა აურბინა და გონება უყიოდა, რომ სიტყვა აღარ ეთქვა. – მითხრეს, რომ არაფრით იყო გამორჩეული, რომ მის სანახავად დედამიწაზე ჩახვედი და რომ ვერ გაგიხსენა…
ბეშქენმა ისეთი ძალით სტაცა მხარში ხელი, რომ ელისოს მოულოდნელობისაგან თვალთ დაუბნელდა, ბეშქენს მხარი გამოსტაცა და უკან დაიწია.
-შენ რა გგონია? – შეუყვირა მან. ბეშქენს სახეზე განრისხებული გამომეტყველება ეხატა და ელისომ იგრძნო, როგორ დაეღმიჭა გაღიზიანებისაგან სახე. – რა გინდა ჩემთან, მაინც ვერ ვხვდები… რატომ მექცევი ასე უხეშად? მე მგონია, რომ შენთვის არაფერი დამიშავებია, მხოლოდ ვცდილობ რომ აქ ცხოვრება რამენაირად ასატანი გავხადო, ამას კი ვერ მოვახერხებ, თუ არაფერი მესმის და არაფერი ვიცი ყველას შესახებ!
-მაგ დეტალების ცოდნა შენ არაფერში გჭირდებოდა. – დაისისინა ბეშქენმა. – ადულყაფარს ენას ამოვაცლი…
-ნუ ლაპარაკობ სისულელეებს, ბეშქენ. – ცივად გაუღიმა ელისომ. – ისე დაიმუქრე მაინც, რომ დარწმუნებული იყო, რომ აასრულებ. და მე მაგ დეტალებს მაინც გავიგებდი, ადულყაფარს რომც არ ეთქვა. ეგ შენი დესპინე შენი საქმეა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს… მაგრამ ნუთუ არ ფიქრობ, რომ ზედმეტი მოგდის? ამდენ ხალხს მასზე ლაპარაკს რატომ უკრძალავ, თხუთმეტი საუკუნის მერე? – ელისომ ბრაზითა და ოდნავი ზიზღით ახედა. – ნუთუ ასეთი გადამკვდარი ხარ მასზე, რომ საკუთარ თავსაც ვნებ და სხვებსაც… საცოდავი ხარ, ბეშქენ.
ბეშქენი გაჩუმებული იდგა, თვალები ისევ  მუქი და ბრაზით აღვსებული ჰქონდა. ელისომ ღრმად ამოისუნთქა, პასუხს ელოდებოდა, მერე კი თვალი მარტენისა და ადულყაფარისაკენ გაექცა, რომლებიც შორიახლოს იდგნენ და უსიტყვოდ მოშტერებოდნენ.
გოგონამ კბილები დაკრიჭა. გადასარევი იყო… „ამათმა ყველაფერი გაიგონეს, მთელი კამათი…“
-დაღლილი ვარ. – ხმამაღლა განაცხადა მან, და სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა ბეშქენს. – არ შემაწუხო. -დაამატა და მძიმე ნაბიჯებით გაემართა სახლისაკენ. უკნიდან ბუნდოვნად ესმოდა, თუ როგორ ელაპარაკებოდნენ მარტენი და ადულყაფარი ბეშქენს ჩურჩულით.
გოგონამ დაიფრუტუნა, გვერდზე შეუხვია, ისე რომ უშველებელ ბუჩქებს ამოფარებოდა და ძელსკამზე ჩამოჯდა, მერე კი იდაყვი მუხლზე დაიყრდნო და ხელისგულზე თავი ჩამოსდო. ღამის მოლურჯო შუქი მის კაბაზე ეფინებოდა და მას უფრო ლურჯს აჩენდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. გოგონამ თავი ასწია. ცის სილურჯეს ოდნავი ნარინჯისფერი ეპარებოდა.
„ახლა იფეთქებს…“ გაიფიქრა ელისომ და თვალები დახუჭა. მართლაც, დამაბრმავებელმა თეთრმა სინათლემ თვალდახუჭულსაც კი თვალი მოსჭრა, მაგრამ მაშინვე ჩანავლდა. როცა თვალი გაახილა, უკვე მზის შუქი ეფინებოდა მიწას.
გოგონამ უკან მოიხედა, ბუჩქის ტოტი გადასწია და გაიჭყიტა, რომ ბარში დამდგარი სამი ადამიანი დაენახა. თვალები დააჭყიტა, როცა ბეშქენის ადგილას წამოჭიმული ანდრონიკე დაინხა, რომელიც ფეხის წვერებზე აწეულიყო და გაბრაზებული ხმით ელაპარაკებოდა ადულყაფარს, რომელიც ასევე გაღიზიანებული ტონით პასუხობდა.
როდის გამოვიდა ანდრონიკე?“ გაიფიქრა ელისომ და წარბები შეკრა. ისე იჯდა, რომ პირდაპირ სახლის შესასვლელს უყურებდა, თან ორიოდეწუთი იყო რაც აქ ჩამოჯდა, არავითარ შემთხვევაში არ გამორჩებოდა…
„ალბათ უკვე გამოსული იყო.“ გაიფიქრა მან და ტოტი ჩამოსწია, მერე კი ძელსკამზე ფეხები აიკეცა, მუხლებზე კაბა გადაიფარა და ლურჯ, ნაზ მატერიას დააცქერდა.
ბეშქენზე და საკუთარ სიტყვებზე დაფიქრდა.
გრძნობდა, რომ თითქოს ცოტა ზედმეტი მოუვიდა, როცა ბეშქენს საცოდავი დაუძახა. არ ეთანხმებოდა იმას, რომ ბეშქენი ყველას ასე ჰკრავდა ხელს და ვიღაც, თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში მკვდარი ქალის გულისათვის ასე იფუჭებდა ყოველდღიურობას… ნუთუ ასეთი ძნელი იყო იმ ვიღაც დესპინეს დავიწყება? „რასწარმოადგენდა ნეტავ ეს გასაღმერთებელი დესპინე?“ სარკასტულად გაიფიქრა ელისომ და ზემოთა ტუჩი ზიზღით ასწია. ამ დესპინეს საერთოდ არ იცნობდა, და უკვე სანახევროდ სძულდა, ბეშქენი კი ისეთი პათეტიკური და დაბალი მიაჩნდა, როგორც არასდროს.
„გამოდის ძლიერ და ბრაზიან კაცად აქ.“ მუშტები შეკრა მან და მოკირწყლულ ბილიკს დააშტერდა. „სინამდვილეში კი სველ ჩვარზე მეტი არც არის, ვიღაც მკვდარ ქალზე გადაკიდებული…“
გოგონამ ისეთი ძალით შეკრა მუშტები ერთბაშად მოწოლილი ზიზღისაგან, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო. მაგრამ ყურადღებას ამისათვის საერთოდ არ მიუქცევია, ბეშქენზე და დესპინეზე ფიქრობდა და გრძნობდა, როგორ უგროვდებოდა ნეგატიური გრძნობები ორივეს მიმართ.
წამოდგა და კაბის ფრიალით დაადგა ბილიკს, თითქმის ცარიელ ბაღს გადახედა და უკან მოიხედა. როგორც ელოდებოდა, მარტენი და ადულყაფარი იქ აღარ იდგნენ, ანდრონიკე კი სწრაფი ნაბიჯით მიიჩქაროდა სახლისაკენ. ელისომ მკლავები გადააჯვარედინა და ხმადაბლა ამოისუნთქა. ეს პატარა ხმაც კი უშვებელ ხმაურს ჰქმნიდა ცარიელ ბაღში.
გოგონა ისევ შემოტრიალდა და უზარმაზარ, თეთრ გალავანს ახედა, რომელიც მთელ ბაღს შემოჰკვროდა გარშემო და იზოლაციას უკეთებდა ყოველგვარ გარეგანს. ეს ადგილი თავისი კედლებით ციხეს ჰგავდა, თითქოს იმისათვის იყვნენ ეს კედლები, რომ ეს ადგილი გარემოსაგან გამოეყოთ და ყველანაირი გარეგანი კონტაქტი მოესპოთ.
ელისოს უცებ ის კაცი გაახსენდა, სახლის გარეთ, ბილიკზე რომ შეხვდა და ხმამაღლა შეისუნთქა ჰაერი. იმ კაცმა რაღაცნაირად გაიგო, მიხვდა, რომ ელისო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი წათრევა მოინდომა სადღაც. გოგონამ საკუთარ ხელებზე დაიხედა და გადმოაბრუნა, რომ ხელისგულები დაენახა. რა იყო ასეთი განსაკუთრებული მის შესახებ, რომ იმ კაცმა ასე უეცრად შეამჩნია ის, რომ ცოცხალი იყო? მისი ტანსაცმელი თუ…
ელისოს თვალები გაუფართოვდა.
რა თქმა უნდა.
დარწმუნებული იყო იმაში, რომ ბეშქენი თავს არ შეიწუხებდა იმისათვის, რომ მისთვის ტანსაცმელი შეეკერა ან შეეკვეთა კიდეც… ჰაერიდან კი ნამდვილად არ გაჩნდებოდა ამდენი გადასარევი ტანსაცმელი. და იმ კაცმაც იცნო მისი კაბა.
ელისო ახლაღა ხვდებოდა. იმ კარადაში მოთავსებული მთელი ტანსაცმელი ადრე იმ დესპინეს ეკუთვნოდა და მისთვის იყო შეკერილი. იმიტომ გაუფართოვდა ბეშქენს თვალები იმ დღეს, როცა ელისო პირველად დაინახა ამ კაბასა და მოსასხამში. ამიტომ იყო უცნაური ადულყაფარის რეაქცია. გოგონამ მისი სიტყვები გაიხსენა,რომელიც მან მარტენს უთხრა: „ამას რა დაუთრებია, გახედე, ქალო….“ და ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი თავის ადგილას დაეცა, მის გონებაში თითქოს ვირტუალური ფაზლი შეივსო და მკაფიოდ გამოჩნდა ნამდვილი სურათი.
იმ კაცმა, მისი წათრევა რომ მოინდომა, იცოდა, რომ ცოცხალი იყო, იმიტომ რომ მასზე დესპინეს კაბა დაინახა. მას ეგონა, რომ ელისო დესპინე იყო…
მაგრამ დესპინე რაში სჭირდებოდა? ელისომ ტუჩები მოიკვნიტა და ინტერესით, ამავდროულად უაზროდ დააშტერდა ფილაქანს. „იქნებ… ვინმემ მოაგზავნა? იქნებ ბაბალემ მოაგზავნა ვინმე ადრე, რომ დსპინე დაეშინებინა ანდა მოეტაცა და მასთან მიეყვანა?“ ელისო გაკრთა და კედლებს ააშტერდა. „იქნებ ამიტომ გააკეთეს ეს კედლები, დესპინეს დასაცავად“ გაიფიქრა მან და ბრაზი დაუტრიალდა სხეულში. რატომღაც დესპინეზე ყოველი გაფიქრება ტანს ერთიანად უჭიმავდა და მრისხანებით ავსებდა. ქალს ვერ იტანდა, იმის მიუხედავად, რომ არასოდეს ენახა. მარტენის სიტყვები გაახსენდა:“ არაფრით არ იყო გამორჩეული“ და მოიღუშა.
შემოტრიალდა და სახლისაკენ წავიდა, ახლა წამოწოლა და მოსვენება სჭირდებოდა.
რატომ კონცენტრირდებოდა ამდენს ბეშქენსა და მის უძვირფასეს დესპინეზე? რატომ არ შეეძლო რომ თავისი საქმისათვის მიეხედა? „თეკლეს ამბავი უნდა გავიგო და რამენაირად მივეხმარო…“ გაიფიქრა მან და წარბები შეკრა, მერე კი გაჩერდა და დაფიქრდა. „თუ არის ცოცხალი საერთოდ“ გაუელვა უცებ თავში და ელდანაკრავი ააშტერდა სახლს. „ღმერთო ჩემო, ნუთუ მოკვდა? აბა, იმ კლდეებზე რომ ჩააგზავნიდნენ, გადარჩებოდა კი? როგორ გავიგო…“
ბეშქენი. რაღა თქმა უნდა, ბეშქენს ეცოდინებოდა, თუ როგორ უნდა ეპოვნა თეკლე. აი, მაგალითად, იმ გუბურაში რომ ტყეს ჩასჩერებოდა, აი ისე. ბეშქენი უნდა ეპოვნა, თან სასწრაფოდ. რაც მალე გაიგებდა თეკლეს ამბავს, მით უფრო მალე დამშვიდდებოდა, თან დროც იყო, რომ აქედან წასულიყო. დესპინესა და ბეშქენის პათეტიკურობა უკე ყელში მოაწვა და მის ტანზე შემოტმასნული ლურჯი კაბა თითქოს ერთიანად აექავა. კაბას დახედა და უცებ შეზიზღდა.
მაგრამ ჯერ ბეშქენი უნდა ეპოვა. ბეშქენი, რომელიც მთელი დღე სადღაც ქრებოდა ხოლმე, და მხოლოდ ღამე გამოჩნდებოდა. აქამდე სერიოზულად არ უფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ელისო გრძნობდა, რომ დრო იყო. კიბეებზე აირბინა და დერეფანში გაიხედა. ანდრონიკე სადღაც სახლში უნდა ყოფილიყო, მას ეცოდინებოდა თუ სად მიდიოდა ხოლმე ბეშქენი.
-ანდრო! – გასძახა მან, წარბები შეკრა, როცა პასუხი ვერ გაიგონა. – ანდრო, სადა ხარ?
-აივანზე ვარ. – გაისმა ბავშვის ხმა. – ნუ ბღავიხარ.
ელისომ თვალები გადაატრიალა ბავშვურ სიტყვებზე, მაგრამ სასწრაფოდ მიუახლოვდა აივანზე გამავალ კარს და გამოაღო. ანდრონიკე შადრევანთან ახლოს ჩამომჯდარიყო, და რაღაც წიგნს ჩასჩერებოდა, სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა.
-ანდრო! – წამოიძახა ელისომ, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და გვერდით ჩამოჯდა, ცივ მარმარილოზე, რომელმაც წამსვე სიცივის იმპულსებ გაგზავნა მის სხეულში, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ სითბო იყო და ნაზი სიო ქროდა. – რაღაც უნდა გკითხო…
-ბეშქენს ვერ იტან? – უცებ მოუტრიალდა ბავშვი და ელისომ გაოცებისაგან პირი დააღო. ანდრონიკეს მუქი თვალები, ასე ძალიან რომ ჰგავდნენ ბეშქენისას, დაჟინებით ჩააშტერდნენ. – გავიგონე, დილით როგორ ელაპარაკებოდი.
-აჰა… – ელისომ უნდობლად გახედა ბავშვს. – არა, მე ვიტან ბეშქენს, დამიჯერე. უბრალოდ ვერ ვიტან იმ ფაქტს, რომ ისევ იმ ქალზეა ჩამოკიდებული, ამდენი ხნის შემდეგ. არ მესმის, რამდენად უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ თხუთმეტი საუკუნე მასზე შეყვარებული დარჩე. გრძნობები იცვლება, პიროვნებაც იცვლება, მოგონებებიც. მე მასეთი სიყვარულის არ მჯერა. – ელისომ ანდრონიკეს გამოხედა.
-რა, არ გჯერა,რომ ბეშქენს დესი უყვარს? – წარბი ასწია ბავშვმა.
-ზუსტადაც. – თავი დაუქნია ელისომ. – ჩემი აზრით, შეუძლებელია ეგ ამბავი…
-ბეშქენს რომ დესი არ ჰყვარებოდა, ლოტოსები ვარდისფერები არ იქნებოდნენ. – ანდრომ თავი ლოტოსებისაკენ გადააქნია, რომლებიც ვარდისფრად ღუოდნენ და წყალზე დაფარფატებდნენ. – მე ვიცი, რომ მათ შესახებ გითხრეს.
-ბეშქენის ადგილას საკუთარ თავს უფლებას არ მივცემდი რომ რაღაც უაზრო ყვავილებს ეკანახათ ჩემი გრძნობები. – დაიფრუტუნა ელისომ. – როგორ, რაღაც საცოდავ ყვავილებს უჯერებს, მაგის ადგილას საერთოდ მოვისროდი ყველას სახლიდან.
ანდრონიკე გაჩუმდა, დაძაბული შეჰყურებდა ყვავილებს.
-ბეშქენი მეცოდება. – თქვა უცებ ელისომ. – მეცოდება, რომ ამ დონეზეა დაშვებული.
-რა სჭირს ბეშქენს შესაცოდი? – მოუბრუნდა ანდრონიკე, მაგრამ ელისომ თავი გააქნია. ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდოდა.
-მოვრჩეთ. – განაცხადა მან. – მაინტერესებს, ბეშქენი სადაა ახლა.
-ჰააა? – დაიღმიჭა ანდრო. – რაში გაინტერესებს? ხომ იცი, რომ გადის ხოლმე დღის განმავლობაში. თუ რამე გინდა, მე მითხარი და გადავცემ, ანდა მოიცადე საღამომდე…
-არ მინდა მოცდა. – წაიბუზღუნა გოგონამ. – თეკლეს მოძებნა მინდა. თან ისიც მაინტერესებს, თუ სად მიდის ხოლმე ბეშქენი მთელი დღის განმავლობაში. რა იქნება, რომ მითხრა? ჰა? – იგი მუდარით მიაშტერდა ანდრონიკეს ცივ გამომეტყველებას.
-რა უნდა გითხრა? – თავი გადააქნია ბავშვმა. – არ ვიცი სად მიდის ხოლმე. უბრალოდ საქმეზეა წასული, სულ ეგაა.
-რა საქმეზე მერე? – ჩაეძია ელისო. – იმ ქალაქში ხომ არ დადის ხოლმე?
ანდრონიკე უცებ მოუბრუნდა.
-შენ რა, იმაზე ხომ არ ფიქრობ, რომ წახვიდე და მიაგნო? ფეხი არ გაადგა კედლებს იქით. ერთხელ გასეირნება გეყოფოდა მგონი. – ბრაზიანად დაიწყო მან. ელისომ გაიცინა, ბავშვის ტონი და სიტყვები განსაცვიფრებლად ჰგავდნენ ბეშქენისას.
-რა საოცარია. – თქვა მან და თავი გვერდზე გადასწია. – როგორ ჰგავხარ ბეშქენს. ვიტყოდი, მამა-შვილი ხართ მეთქი.
ანდრომ ცალყბად გაიღიმა, მერე კი თავი გადააქნია.
-მამაჩემი არ არის ბეშქენი. – თქვა მან.
ელისომ მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი, გავალ ახლა, დავისვენებ. – თქვა მან, ანდროს პასუხს არ დალოდებია, აივნიდან გავიდა და კარი გამოიკეტა.
მაგრამ თავის ოთახისაკენ კი არა, კიბისაკენ აიღო გეზი. ბეშქენს სასწრაფოდ იპოვიდა, თეკლეს ამბავს გაიგებდა და გამოარკვევდა დეტალებში, თუ როგორ გაქრა დესპინე აქედან და როგორ დაბრუნდა დედამიწაზე. თვითონაც იგივეს გააკეთებდა და ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა…
ელისომ იგრძნო, როგორ გაჰკრა გულში გულდაწყვეტამ, როცა მარტენი გაახსენდა. ქალი მისი ერთადერთი მეგობარი იყო, რომელიც უგებდა და კარგად ექცეოდა. გოგონა გრძნობდა, რომ ადულყაფარიც მოენატრებოდა. იმის მიუხედავად, რომ კაცი უზრდელი იყო, მისი აქ ყოფნა ელისოში უცნაურ კომფორტს ბადებდა, ალბათ ანდრონიკეც მოენატრებოდა, თავისი მოზრდილის ქცევებითა და გონებით..
და ბეშქენი. ელისომ მოიხედა, რომ კიბეები შეემოწმებინა, და კარი მიხურა, მერე კი სირბილით დაეშვა კარიბჭემდე. როცა კარები წვალებით გამოაღო და გაძვრა, ბეშქენზე ფიქრები ისევ დაეტაკა. ალბათ ისიც მოენატრებოდა.
სულ ცოტათი. ალბათ.
აქ ყოფნაში იმდენი რაღაც ისწავლა, რომ ენანებოდა ხელის გაშვება ამდენი ცოდნისათვის, მაგრამ სამუდამოდ ვერ დარჩებოდა, იცოდა რომ მოუწევდა დაბრუნება და მიხვდა, რომ რაც მასე მოხდებოდა ეს, მით უკეთესი. ამ ხალხ თუ ძალიან შეეჩვეოდა, თუ შეეწყობოდა აქ ცხოვრებას, ძალიან გაუჭირდებოდა დედამიწაზე მყოფი სიძნელეები და ყოველთვის იგრძნობდა პატარა ცარიელ ადგილს სულში, რომელიც ამ ხალხმა ისე შეავსო, რომ თვითონაც კი ვერ შეამჩნია.
ბილიკს სირბილით დაჰყვა. თუ იჩქარებდა, იცოდა, რომ სადღაც ნახევარ საათში ჩააღწევდა ქალაქამდე, მთავარი იყო, რომ ვინმე იდიოტს არ გადაჰყროდა, როგორც ის კაცი იყო წინა ღამეს.
მთავარ გზაზე რომ გავიდა, მიმოიხედა და ქვემოთ დაეშვა, ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე. გაოცებული მისჩერებოდა ხის, გასაცოდავებულ სახლებს, რომლებიც შორიდანაც კი უბადრუკად ჩანდნენ.
მზე აჭერდა და წარბშეკრულმა ელისომ ბრაზით აიხედა ზემოთ. რა იქნებოდა, რომ ბეშქენს გამეტებინა ცოტა წვიმა? მაინც და მაინც დეგენერატის როლი უნდა ეთამაშა და ეს ამდენი ხალხი ამ სიცხეში უნდა ამოეწვა?
ქალაქს რომ მიუახლოვდა, მაშინღა შეამჩნია, თუ როგორ დუღდა ცხოვრება. ხალხი აქეთ-იქით მიიჩქაროდა, ბავშვები, მოხუცები, მოზრდილები, ყველა რაღაცას მითრევდა, რაღაცაზე ლაპარაკობდა, რაღაცას ყიდდა. მაგრამ ეტყობოდათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ. ჩამოძონძილი ტანსაცმელი ეცვათ და მოუვლელები ჩანდნენ, ყველა ერთიანად იყო გაძვალტყავებული. ელისოს არაკომფორტული გრძნობა ჩაუგუბდა მუცელში და სიბრალულით გადახედა მათ, თან ამავდროულად ცდილობდა რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ხალხს სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი ეცვა, გამორეულიყო ლურჯი და ცისფერიც, მაგრამ მასავით მჭახე ფერის და სუფთა კაბა არავის ემოსა. რამდენიმემ უნდობლად გამოაყოლა მზერა, მაგრამ წამსვე თავიანთ გზაზე გაიხედეს, როცა ელისომ მზერა გაუსწორა. ვიღაც მოხუცი ქალი გამოღამებული თვალებითა და ბინძური ფუთით ინტერესით დაშტერებოდა, ელისომ გვერდით ჩაუქროლა და მიმოიხედა. სადღაც აქ თავშესაყრელი უნდა ყოფილიყო ან რამე, რომ შესულიყო და ბეშქენის ადგილსამყოფელზე ეკითხა.
მის ყურს აუტანელი ღრიანცელის ხმა მოჰყვა, რომელიც მარჯვნივ ერთი უბადრუკი ქოხიდან გამოდიოდა. შუშის მსხვრევისა და გინების ხმა გაიგონა, და ოდნავ უკან დაიწია, უკმაყოფილებისაგან შუბლი შეკრა, როცა შიგნიდან ღრიალის ხმა გამოვიდა.
-აი, გაუბნებით! – ბღაოდა ვიღაც. – გეუბნებით, რომ დავინახე, ის ლურჯი კაბა ეცვა, გაუბნებით მეთქი!
-მოკეტე, რა. – შეეწინააღმდეგა ვიღაც. – ნუ ყვები ზღაპრებს. ეგ ქალი აქ რამდენი ხანია არ გამოჩენილა, ახლა კი ნამდვილად ჰაერიდან არ გაჩნდებოდა, დმიჯერე…
-ვნახე მეთქი, გეუბნები! – დაიღრიალა პირველმა ხმამ. – ხელი მოვავლე და უნდა წამომეთრია, აქ უნდა მომეყვანა, მაგრამ მერე ის ნაბი*ვარი გამოჩნდა და ვერ მოვახერხე, თორემ ნახავდით… კიდე ერთი ჩამოასხი… ის კაბა ეცვა თქო!
ელისოს თვალები გაუფართოვდა და ოდნავ უკან დაიწია. სულელი უნდა ყოფილიყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, რომ მასზე ლაპარაკობდნენ. გრძნობდა, რომ ახლა უკეთესი იქნებოდა აქაურობის დატოვება, მაგრამ არ შეეძლო. მეტი უნდა გაეგონა, მეტი უნდა გაეგო ამ ამბის შესახებ. კარის გვერდით გაჩერდა და ძველ, აყროლებულ ფიცარს მიეყუდა, რომ უკეტესად გაეგონა.
-ნუ ყვები ზღაპრებს, ბავშვო! – დაიჩხავლა ვიღაც მოხუცი ქალის ხმამ. – ის დაწყევლილი ქალი თხუთმეტი საუკუნეა რაც აქ არ ყოფილა, უკვე მკვდარია და ალბათ აგდია კიდეც ჯოჯოხეთშიც… გომბიო.
-მართლა გათახ*ირებული ქალი იყო. – დანანებით, ხმადაბლა თქვა ვიღაცამ. – მაგრამ ლამაზი კი იყო.
-რა ჩემ ფე*ხებად მინდოდა მაგის სილამაზე, როცა ყველაფერი გაანადგურა! – სიმწრით აღსავსე ხმით დაიწყო პირველმა. – წყალმა წაიღო მაგის გაკეთებული, ყველაფერი ჩააფლავა…
-ბეშქენი მთლად შეიცვალა მაგის გამო. – ამოიხვნეშა მჩხავანა ხმამ. – მეგონა, გამოკეთდებოდა როცა ის გომბიო წაეთრა ბაბალეს მოსვლის შემდეგ, მაგრამ რად გინდა! ის დეგენერატი უფრო და უფრო დაბლა დაეშვა…
-ჩუმად, ქალო, არ გაიგოს… – დაუჩურჩულა ვიღაცამ ხმადაბლა. ქალმა სარკასტული სიცილი ამოუშვა.
-რა გაიგოს, აქ რამდენი ხანია რაც აღარ დაეთრევა… სულ თავის სასახლეშია გამოკეტილი… რაც ეგ კედლები ააწყო და შიგნით გამაგრდა, აღარავინ აღარ ადარდებს. როდის მოვიდა აქ წვიმა ბოლოს, ჰა? ჰა? აბა მითხარით! როცა მოეპრიანება, მაშინ წამოუშვებს ცოტას, ძაღლს რომ გამოხრულ ძვალს გადაუგდებენ საცოდაობის გულისათვის, ისე… – ქალმა ისევ ამოიხვნეშა, ვიღაცამ ხმამაღლა მოითხოვა სასმელი და უაზროლაპარაკი განახლდა, რომელსაც ელისოსათვის მნიშვნელობა არარ ჰქონდა.
დესპინე ახლა ისე სძულდა, როგორც არასდროს. ქალს მთელი არსებით ვერ იტანდა. ნეტავ რა ჯანდაბას ხედავდა ბეშქენი მასში… ელისომ კბილები დაკრიჭა და მიმოიხედა. სახლები დაფარჩაკებული და უბადრუკი ჩანდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ერთ დროს ეს ძლივს მდგომი ნანგრევები კოხტად წამოჭიმული სახლები იყვნენ, დახეთქილ მიწაზე მწვანე ბალახი ღაღანებდა, ეს ხალხი კი უკეთესად ცხოვრობდა…
ყველაფერი კარგი, რაც იმ დესპინემ გააფუჭა.
ელისომ მუშტები შეკრა და წარბები შეჭმუხნა.
იმ ქალის სიტყვები გაახსენდა. „რა გაიგოს, აქ რამდენი ხანია რაც აღარ დაეთრევა…სულ თავის სასახლეშია გამოკეტილი… “ ესე იგი ბეშქენი აქ არ მოდიოდა?
ელისომ მოიხედა და ამტვერებულ ბილიკსა და ჩამოძონძილ ხალხს გადახედა შუბლშეკრულმა. ბეშქენი სახლში მხოლოდ ღამე გახლდათ, ესე იგი დღეების განმავლობაში ის სადღაც მიდიოდა, მაგრამ სად? ესენი ამბობდნენ რომ იგი სულ სახლში იყო გამოკეტილი… ბეშქენს რომც გადაეფრინა ქალაქისათვის, ერთი-ორჯერ ნუთუ ვერავინ ვერ შეამჩნევდა?
ელისომ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ეს ორი იდეა ერთმანეთს არ ემთხვეოდა…
მაშ სად იყო ბეშქენი?

 

-*-*-*-*-*-10
ელისო ისევ წარბშეკრული მიშტერებოდა ამტვერებულ მიწას, როცა ბარიდან კიდევ ერთი, აუტანელი შუშის მტვრევისა და წკრიალის ხმა გაისმა. ჰაერი უცნაური, უცხო სასმელის ოდნავ მომჟავო სურნელით გაჟღენთილიყო და გოგონამ ცხვირი აჭმუხნა, ეს სუნი არ სიამოვნებდა, თითქოს თვალებს უწვავდა.
მთელი არსებით აინტერესებდა ბეშქენის ადგილსამყოფელი. სურდა რომ ბოლოს და ბოლოს, გამოერკვია ეს სულელური, საცოდავად შენიღბული ტყუილი მისი გაუჩინარების შესახებ. იცოდა, რომ ეს მის საქმედ არ ითვლებოდა, მაგრამ რაც მალე იპოვიდა ბეშქენს, მით უფრო მალე გაიგებდა თეკლეს ამბავს და მით უფრო მალე მოახერხებდა დაბრუნებას, აქაურობიდან გაცლას, რაც ამწუთას ყველაზე მეტად უნდოდა და სჭირდებოდა კიდეც. უნდოდა ბოლოს და ბოლოს აქაურობის სიგიჟესა და გაუგებრობით აღსავსე სიტუაციებს გაშორებოდა.
მაგრამ უპირველეს ყოვლისა, დამწყები ნაბიჯი ამ სურვილის ასრულებაში ბეშქენის პოვნა და მაშასადამე, მისი ადგილსამყოფელის გამორკვევა იყო.
ახლა სახლში მხოლოდ ანდრონიკე გახლდათ, რომელმაც, ელისო ამაში დარწმუნებული იყო, იცოდა ბეშქენის ასავალ-დასავალი, მაგრამ ცოცხალი თავით არ იტყოდა არაფერს. ამიტომ ჯერ-ჯერობით იქ მიბრუნებას არ აპირებდა.
მაგრამ ვის დაჰკითხოდა? ამწუთას ვისთან მისულიყო, ვისაც ეცოდინებოდა რამე?
თვალი წამსვე უბადრუკი ქოხის კარისაკენ გაექცა, რომლიდანაც ღრიანცელი და ხმამაღალი, ისტერიული ხარხარი გამოდიოდა. გოგონამ ჩაისუნთქა და შიგნით გამბედავად შეაბიჯა.
წამსვე სუსტად იგრძნო თავი, როცა თითქმის ყველამ მისკენ მოიხედა კარის გაჭრიალებაზე. რამდენიმემ წარბები აწკიპა, ზოგმა ინტერესითა და შეკრული წარბით აათვალიერ-ჩაათვალიერა.
-ახალი ხარ? – იკითხა ერთმა ჩამოძონძილმა მამაკაცმა, სასმელს ხელი მოავლო და ყელში გადაუძახა, მერე კი ხველება აუტყდა. ელისო დაიჭყანა მისი ბრონქებიდან ამომავალი ხველების გაგონებაზე. კაცი თითქოს იხრჩობოდა…
-აჰ! ესაა! – გოგონას თვალები გაუფართოვდა, როცა ის ნაცნობი კაცი ფეხზე წამოიწია და მისკენ თითი გამოიშვირა, პირდაღებულმა. – ესაა ცოცხალი! ვერ ხვდებით? კაბაზე შეხედეთ!
ქოხში წამსვე ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაცები ფეხზე წამოიწივნენ, ვიღაც უცნობმა, თმაგაწეწილმა ქალმა, კუთხეში რომ მიყუჟულიყო, ყურისწამღები კივილი ატეხა, სანამ მის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა და თმაწაკრულმა ქალმა მთელი ძალით არ ჩაარტყა თავში ბინძური, ჟანგმოდებული ქვაბი.
-მე დესპინე არა ვარ! – წამოიყვირა ელისომ პირველი რამ, რაც გონებაში მოადგა. ხალხი თითქოს ერთიანად ჩანავლდა, ყველა გარინდული, უნდობლად მისჩერებოდა. – მე ელისო ვარ. – გააგრძელა მან, ხმადაბლა. – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა… – ნელა დაამატა მან და გაფაციცებულმა მოავლო თვალი ხმაგაკმენდილ აუდიტორიას.
ხმა არავის გაუღია, ყველა გაფაციცებით მისჩერებოდა, ელისომ ხმა ჩაიწმინდა, ხელები კინაღამ გადაიმტვრია ნერვიულობისაგან.
-მისმინეთ, მე ბეშქენს ვეძებ… – დაიწყო მან, მაგრამ როგორც კი მისი სახელი ახსენა, თითქო ყველა ერთხმად აღრიალდა.
– აქ არაა, მაგის დედა… – იყვირა ერთმა. – რომ იყოს, ამ მდგომარეობაში კი არ ვიქნებოდით!
-სულ სახლშია გამოკეტილი, შვილო, შენ რა, არ უნდა იცოდე მაგ? – შეეწინააღმდეგა ის თმაგაწეწილი მოხუცი ქალი.
-სახლში რომ არაა ამწუთას, იმიტომ ვეძებ! – შეჰკივლა გოგონამ. მთელი დღე გადის ხოლმე და სახლში მხოლოდ ღამითაა… ყოველთვის ასე ხდება და მაინტერესებს სად მიდის, მისი ნახვა მჭირდება, გესმით?
თმაგაწეწილმა ქალმა გაოცებით შეხედა. გამოღამებული თვალები თითქოს ერთიანად გამოუცოცხლდა.
-რას ამბობ, შვილო… – წაიბუზღუნა მან და თავი გადააქნია. – რაღაც გეშლება. რამდენი ხანია, რაც ბეშქენი სახლიდან არ გამოსულა. ჩვენ არ გვინახავს, არადა რომ გამოსულიყო, ვნახავდით. ფრენა უყვარს, გამორიცხულია, რომ მისი დანახვა ჩვენ არ შეგვძლებოდა…
ელისოს სუნთქვა აუჩქარდა.
-ანუ… – ამოილუღლუღა მან. – ვერ გავიგე…
-რა ვერ გაიგე! – წამოიყვირა ვიღაც გაძვალტყავებულმა კაცმა ქოხის კუთხიდან და ჭიქიდან ხმამაღალი ხვრეპით მოყლურწა სასმელი. – ბეშქენი მთელი ამდენი ხანი, იქედან მოყოლებული, რაც ის გოგო წავიდა, სახლიდან არ გამოსულა. არც ერთხელ! ჩვენ ვიცნობდით, გადაცმულიც რომ ყოფილიყო… – მისი თითქოსდა ჩამქრალი თვალები ელისოს გაფართოებულ და ანთებულ თვალებს შეხვდნენ. – რაღაც გეშლება, გაიგე? ბეშქენი სახლს არ ტოვებს.
-კი მაგრამ… – წაილუღლუღა გოგონამ. – ანდრონიკემ მითხრა, რომ საქმეზე მიდის ხოლმე. რატომ მომატყუებდა?
-ანდრონიკე ვინაა? -წაიჩხავლა ქალმა. – მაგ არ ვიცი… ახალია?
-ანდრონიკე ბეშქენის ნათესავია. – განაცხადა ელისომ. – როგორ, არ იცით?
სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი იმ თმაგაწეწილ მოხუცს ხავილი აღმოხდა, რომელიც, ელისომ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ სიცილი იყო.
-უჰუჰუ… ბეშქენს სადა ჰყავს ნათესავები დედამისის გარდა. მაგ შენი ანდრონიკე თვითმარქვიაა ვიღაცა. – განაცხადა ქალმა დათავი დარწმუნებით დააქნია.
ელისო გაჩუმდა, ქოხს თვალი მოავლო.
-მაშ კარგი. – ამოიხვნეშა მან, თავი უსიამოვნოდ უბჟუოდა. – მადლობა ინფორმაციისათვის ახლა მე წავალ…
-სად მიდიხარ? – გოგონა შეკრთა, როცა ვიღაცამ უკნიდან მკლავში ხელი სტაცა და უკან გაქაჩა. ქოხში მჯდარი ხალხი ერთიანად წამოიშალა ფეხზე. ელისომ წარბები შეკრა და მოტრიალდა, რომ მასზე ჩაჭიდებული თავხედისათვის მკლავი გამოეტაცა, მაგრამ გახევდა, როცა მისი სახე და ტანსაცმელი შეამჩნია.
მოკლე შავთმიანი კაცი ზემოდან დაჰყურებდა მუქი თვალებით, მთლიანად შავებში გამოწყობილი. გამოჩენილ მკლავებზე ორივე მხარეს შავი ნიშნები დაჰყვებოდა, რომლებიც ელისომ ეკლებსა და მავთულხლართებს მიამგვანა…
კაცმა გაიცინა და ოდნავ ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა. გოგონას ჟრუანტელმა დაუარა, გაყინული იდგა.
-წავედით. – უთხრა კაცმა და თვალი არც კი დაუხამხამებია, ისე წაათრია კარისაკენ.
-რაო…?  – აღმოხდა ელისოს, წამსვე გაიბრძოლა და მთელი ძალით დასცხო მუშტი მამაკაცის ხელს, რომ რამენაირად დაძრომოდა. – სად წავედით? სად მიგყავარ?
-გავიგე, რომ სახლში დაბრუნება გინდა. ასეა ხომ? – შეეკითხა კაცი, თან წარბები ასწია, ინტერესით დააშტერდა. გოგონა გაშტერდა, ფართხალი და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა.
-ჰო… – ნელა, გაუბედავად ჩაილაპარაკა მან. – მერე?
-მერე ქალბატონი მოაგვარებს მაგ საქმეს. – თავი დააქნია კაცმა. – ბაბალემ ეს ადრე უკვე გააკეთა, ისე გაგაგზავნის დედამიწაზე, რომ თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებ. შენთვისაც უკეთესი იქნება და ყველა დანარჩენისთვისაც.
ელისო ყურებს არ უჯერებდა.
-როგორ? ბაბალეს მაგ შეუძლია? შეუძლია დამაბრუნოს? – სანამ პასუხს მიიღებდა, კიდევ ერთმა აზრმა გაუელვა თავში და ხმამაღლა შეკრთა. – ნუთუ… დესპინეც მაგან დააბრუნა? და ბეშქენმა…
გოგონას სუნთქვა კისერში მოაწვა, როცა მამაკაცმა მძლავრად მოქაჩა და თვალებში მუქარით ავსებული გამომეტყველებით ჩახედა.
-ბეშქენი ამაზე ვერაფერს გაიგებს. – ნელა დაილაპარაკა მან. ელისოს სხეულში გააჟრიალა, მიხვდა რომ იგი არ ხუმრობდა და ნელა დაუქნია თავი. – და ჰო, დესპინე ბაბალემ გააგზავნა. – კაცმა ჩაიცინა. – მაგ საცოდავი გოგო რამდენს იბრძოდა და ღრიალებდა, არ მინდაო. ვერ მიართვეს… ბაბალე მის წინ გადადგომას არავის აპატიებს.
-მაგრამ… მაგრამ მე? მე ხომ არაფერი დამიშავებია… – წამოიძახა ელისომ, თან გაშტერებული მიაჩერდა ეტლის მაგვარ, შავი ფერის  მოწყობილობას, რომელიც რომელიღაც მოზრდილი ქოხის გვერდით იდგა და ჩამოძონძილი ხალხის ბრბო შემოხვეოდა. მის მკლავზე ჩაჭიდებულმა კაცმა ბრბო გაარღვია, ეტლის კარი გამოაღო და გოგონა შიგნით შეაგდო, მერე კი გვერდით მიუჯდა, კარი ხმაურით გამოკეტა.
ეტლი მაშინვე ქვიან ქუჩაზე წარიხინდა.
-არაფერი დაგიშავებია. – გაიმეორა უცებ კაცმა. – მაგრამ ბაბალე ვერ გარისკავს. ის ლაწირაკი დესპინე საკმარისი იყო, ახლა შენ რომ არ დაემატო ზედ…
-უკაცრავად, თქვენ სახელი? – შეაწყვეტინა ელისომ. მეტი ვერაფერი მოიფიქრა, არადა სურდა რომ ეს კაცი გაეჩუმებინა, საკუთარ თავზე ლაპარაკის გაგონება აღარ უნდოდა. კაცმა წარბაწევით გადმოხედა.
-აბესალომი. – თქვა მან პატარა პაუზის შემდეგ. ელისომ თავი დაუქნია.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ეტლი მტვრიან გზაზე მირიხინებდა და გოგონა ფანჯარაში უყურებდა ავარდნილ კორიანტელს.
-დესპინემ რა დააშავა? – იკითხა მან და აბესალომს გამოხედა. – უბრალოდ კარგად ვერ გავიგე რას ერჩიან, ზუსტად რა გააკეთა, არავინ არ მომიყვა ამის შესახებ.
-ბეშქენს რომ უყვარდა, მაგ ხომ იცი? – ჰკითხააბესალომმა და ამოიხვნეშა, როცა ელისომ თავი დაუქნია.
-მე მითხრა, რომ ახლაც უყვარს. – უპასუხა გოგონამ. აბესალომმა წარბი ასწია და თავი გააქნია.
-ჰაჰ… მაგას ისევ მასე ჰგონია? როგორ ცდება ნეტავ იცოდეს… – მხრები აიჩეჩა მან. – შეუძლებელია დესპინე უყვარდეს, ამდენი ხნის მერე. უბრალოდ ის გრძნობა ენატრება, მასთან რომ ჰქონდა და სიყვარულში ეშლება. – მან წინ გაიხედა, ყბა ერთიანად დაჭიმვოდა.
-მეც მასე ვფიქრობ… – ჩუმად ჩაილაპარაკა ელისომ.
-დესპინემ ბეშქენი გაანადგურა. – თქვა აბესალომმა. – მთლიანად ჩაითრია და თავისი გახადა. ჯერ ბეშქენი გადარეული მოწყურებული კაცივით დასდევდა, მერე კი როცა დესპინე დანებდა, მაგ ქალი ყველაფერს ითხოვდა, მისი ყურადღებიდან მის ქონებამდე. ბეშქენმა ყურადღება მოადუნა ქალაქის მიმართ, და ამიტომ ქალაქელები დესპინეს მიმართულებით ცუდად განეწყვნენ. მერე როცა ერთ-ერთი ქალაქელი გარეთ გამოსულ დესპინეს შეეხვეწა, რომ ბეშქენამდე ქალაქის გაპარტახებული მდგომარეობის მიერ ინფორმაცია მიეტანა, დესპინეს ბეშქენისათვის უთქვამს რომ მემუქრებიანო. გადარეულმა ბეშქენმა ისედაც ჩაკლული ქალაქი წალეკა და თავის სახლს კედლები შემოავლო, ისე რომ საერთოდ არ მოუსმენია ქალაქელების ერთი სიტყვაც კი. – აბესალომმა აგდებით ჩაიფრუტუნა. – ჰოდა გამოიკეტა იქ დესპინესთან ერთად. ბაბალე ერთხელ ღამით შიგნით შეიპარა და ატლასსა და ბეწვშემოვლებულ აბრეშუმში გამოწყობილი დესპინე, ყელზე რომ ძვირფასეულობას იზომავდა, დედამიწაზე გააგზავნა. – აბესალომმა მხრები აიჩეჩა. – რაც რა თქმა უნდა, საიდუმლოდ დარჩა… ბეშქენს ეს აქამდე არ გაუგია და რომ გაიგოს ალბათ დედამისისგან არაფერს დატოვებს…
-ბეშქენს სულ ცოტა ტვინი თუ აქვს თავში, პირიქით უნდა გააკეთოს, – შეაწყვეტინა ელისომ ბრაზიანად. – როგორ ვერ ხვდებოდა, რომ დესპინე ასეთი ქარაფშუტა ქალი იყო თავისით? მაგ ყველაფერს რომ მოუყვებით დესპინეზე, დარწმუნებული ვარ რომ შეიგნებს…
-შენ გგონია რომ არ მოგვიყოლია? – გამოხედა აბესალომმა. – დედამისმა და მეც ათასჯერ ვუთხარით, რომ დესპინე ასეთი იყო, მაგრამ ცოცხალი თავით არ იჯერებდა, ღრიალებდა, იმუქრებოდა, ლოტოსებისაკენ ხელს იშვერდა და იძახდა, აი, შეხედეთ, იმის საბუთი, რომ დესი მიყვარსო. – აბესალომმა ტუჩი აიბზუა. – ჯანდაბაშიც წასულა ბეშქენი.
ელისო მოიღუშა.
-ცოტათი შემეცოდა კიდეც. – აღიარა მან ჩუმად. – როგორი სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო, რომ მასეთი ქალი შეყვარებოდა…
-არადა ქალები არასდროს არ აკლდა. – თავი გააქნია აბესალომმა. – მარტენს ხომ იცნობ? – გამოხედა მან და ელისომ თავი დაუქნია. – ჰოდა მარტენს მაგ უყვარს, გიჟდება. აგნესასაც.
ელისოს კინაღამ თვალები გადმოსცვივდა.
-მარტენს? – ამოილუღლუღა მან. – აგნესასაც?
-რა, არ იცოდი? მიკვირს, რომ ადულყაფარმა აქამდე არ გითხრა. – თავი გვერდზე გადააქნია აბესალომმა და სავარძელში ჩაიწია, უფრო კომფორტულად დაჯდა. – აგნესა იმიტომ არ სტუმრობს ხოლმე, ეზარება ბეშქენის ამ მდგომარეობაში დანახვა, ლოტოსებსაც ვერ იტანს. მარტენი უფრო ლოიალურია.
-მარტენი ძალიან კარგი ქალია, თან ლამაზია. – ელისო გაიბუსხა და აბესალომს წყენით აღვსებულმა შეხედა. მარტენი ძალიან შეეცოდა, ვერ წარმოედგინა, თუ რას განიცდიდა ქალი ახლა. – რატომ არ მოსწონს ბეშქენს?
-დაგავიწყდა? დესპინე. – მიუგო აბესალომმა. – მე არ მიხუმრია, როცა გითხარი რომ მაგ ქალმა ყველაფერი გააფუჭა.
ელისო გაჩუმდა, გუნება, რომელიც დედამიწაზე წასვლის პერსპექტივის გაგონებისას გამოუკეთდა, ახლა მთლად ჩაუმჟავდა. დესპინე კიდევ უფრო მეტად შეზიზღდა, თუ ეს შესაძლებელი იყო.
ჩაჩუმდა, აბესალომისაკენ აღარ გადაუხედავს. ფანჯარაში იყურებოდა და ეტლის რახრახს უგდებდა ყურს.
-*-*-*-*-*-
როდის ჩაეძინა, თვითონაც ვერ შეამჩნია. მაგრამ კომფორტულმა სავარძელმა და ეტლში დამდგარმა სიცხემ მოთენთა და ძალაუნებურად ბურანს მიეცა. ერთბაშად გამოფხიზლდა და შეხტა, როცა მისი რყევას შერჩეული სხეული უცებ თითქოს გაჩერდა.
ნახევრად გააღო თვალები და წამსვე აბესალომისაკენ გაიხედა, რომელიც უკვე კარს აღებდა და გადასვლას აპირებდა.
-გამოიღვიძე? – ამოიხვნეშა აბესალომმა, როცა გადაძვრა. – კიდევ კარგი… გადმოდი ახლა. მოვედით.
გოგონამ ფანჯარაში გაიხედა და წარბები გაოცებისაგან აწკიპა, როცა მაღალი, მთლიანად მუქი ნაცრისფერი ქვისაგან აგებული, უზარმაზარი სასახლე დაინახა, რომელიც თითქოს ზემოდან გადმოჰყურებდა.
გოგონა სწრაფად გადმოძვრა ეტლიდან და მაშინღა შეამჩნია, რომ მოსაღამოვებულიყო, ცას ნაცრისფერი და ნარინჯისფერი შეპარვოდა. ცოტაც და სახლში იქნებოდა. მან შვებით ამოისუნთქა და წინ მიმავალ აბესალომს, რომელიც უკვე სასახლის შესასვლელთან იდგა, უკან მიჰყვა.
კარი ჭრიალით გაიღო და გოგონამ ძლივს შეაჩვია თვალი ნაწილობრივ ანთებული ჩირაღდნებით გაფანტულ სიბნელეს. სწრაფად მიმოიხედა, რომ ბაბალე დაენახა, მაგრამ ქვის კორიდორი ცარიელი იყო, მხოლოდ რამდენიმე უშველებელი პორტრეტი ეკიდა კედლებზე, რომელთაგანაც რამდენიმე ელისომ წამსვე იცნო. თვითონ ბაბალე, ბაბალე შავ მოსასხამიანებთან ერთად, ბაბალე ბავშვით ხელში, ბაბალე, ბაბალე, ბაბალე…
და ბეშქენი. ელისომ წარბები ასწია როცა ბეშქენის პორტრეტი შეათვალიერა. ბეშქენი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მასაც შავი მოსასხამი ეცვა მუქ ლურჯ მაისურზე და თვალწარმტაცი ლურჯი, ცივი თვალებით იყურებოდა, ხელები ზურგს უკან წაეღო. გოგონამ თვალი მოავლო ბეშქენის შეკრულ წარბებსა და მოჭუტულ თვალებს, მერე კი, როცა შეამჩნია რომ აბესალომი უკვე კორიდორის ბოლოში იყო გასული, კაბა სასწრაფოდ აიკრიბა, ბეშქენის ცივ თვალებს კიდევ ერთი მზერა სტყორცნა და ტუჩის კვნეტით გაეკიდა წინ მიმავალ კაცს.
უშველებელ, ცივ დარბაზში შევიდნენ, რომელიც მშვენივრად იყო განათებული, ქვემოთ ფარდაგები ეფინა, უშველებელი ფანჯრებიდან მუქი ნარინჯისფერი ცის ზოლი მოჩანდა. შავი ტყავის დივნები იდგა, რომელთაგან ერთზე თვით ბაბალე წამოგორებულიყო, სქელ შავ მოსასხამებში გამოწყობილი და ფერმკრთალი.
-თავისით წამოვიდა? – ისე შეეკითხა იგი აბესალომს, თითქოს ელისო იქ საერთოდაც არ ყოფილიყო. აბესალომმა სწრაფად დაუქნია თავი.
-როცა ავუხსენი რაში იყო საქმე, წინააღმდეგობა არ გაუწევია. – განაცხადა მან.
ბაბალემ ელისოს გადახედა. გოგონამ ოდნავ უნდობლად დაუბრუნა მზერა.
-ესე იგი გაიგე, თუ ვინ დააბრუნა დესპინე დედამიწაზე. – განაცხადა მან და წამსვე ფეხზე წამოდგა. მოსასხამები მის უკან უშველებელი ფრთებივით დაეფინა. – იმედი მაქვს რომ წინააღმდეგობას არ გამიწევ და ამას უფრო არ გაართულებ.
-როგორ აკეთებთ ამას? – შეკითხა უცებ ელისო. ეჭვი ბაბალეს შესაძლებლობების შესახებ ახლაღა მოაწვა. – მე მითხრეს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ჩემზე გავლენის მოხდენა…
-გარკვეულ ზღვარამდე არ შემიძლია. – მიუგო მშრალი სახით ბაბალემ, დაჟინებით მიშტერებოდა. – მე შემიძლია ბიძგი მივცე შენს გონებას, და კომიდან გამოგიყვანო. ოღონდ გონება უნდა მოუშვა და წინააღმდეგობა არ უნდა გამიწიო.
ელისომ თავი დაუქნია.
უეცრად დასევდიანდა და სუნთქვა აუჩქარდა, როცა ბაბალემ მისკენ ხელები ასწია და თითებ დაძაბა. ქალმა ღრმად ამოისუნთქა და ხელები დაატრიალა, თან რაღაცას ჩურჩულებდა. ელისო დაფეთებული მიაშტერდა.
ბაბალემ ამოიხვნეშა და ბრაზით მიაშტერდა, ხელები დაუშვა.
-ტვინი გიზრიალებს, იმდენს ფიქრობ. ვერ შევაღწიე ბარიერების იქით. – დაისისინა მან. – ხომ გითხარი, გონება მოუშვი მეთქი…
ბაბალეს სიტყვა ხმამაღალმა ბათქმა შეაწყვეტინა, რომელმაც თითქოს მთელი სახლი შეაზანზარა.
-ბაბალე! – გაისმა ხმა და ელისო ელვის სისწრაფით შემოტრიალდა, თვალები გაუფართოვდა.
ანდრონიკე მორბოდა, პატარა ხელები მუშტებად შეეკრა და თვალები გაფართოებოდა. გოგონას ყურადღება ყველაზე მეტად მისი ირისის ცივმა ლურჯმა ფერმა მიიქცია.
-რას აკეთებს ეს აქ? – დაიღრინა ანდრონიკემ, ელისოს ბრაზით ახედა, სახლოში ხელი წაავლო და მოქაჩა. – არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ახლავე მიმყავს…
-არსადაც არ წამოვალ. – ხელი გამოსტაცა ელისომ და გვერდზე გადგა, ანდრონიკეს გაოცებულ და გაღიზიანებით ავსებულ თვალებს ზემოდან დააშტერდა. – შენთვის ჯობია რომ სახლში წახვიდე , ანდრო. მე აქ… სტუმრად მოვედი. – დაამატა მან მოკლე პაუზის შემდეგ და აბესალომს გადახედა, რომელმაც თავი დაუქნია. – და ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ წასვლას.
-შენ გადაირიე ხომ? – ანდრონიკემ ისე შეხედა თითქოს ელისოს მეორე თავი გამობმოდა. – გუშინ რას ეუბნებოდი ბეშქენს? ჰმ? გამოდი ახლა, არც კი მჯერა რომ აქ შენი ნებით წამოხვედი…
ელისოს ყელში მოაწვა ბრაზი. უკვირდა კიდეც, რამდენს ბედავდა ეს ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი…
-ისე ნუ იქცევი თითქოს მამაჩემი იყო! – დაიყვირა მან. -წადი, ანდრონიკე, შენ არავინ გეკითხება ჩემს საქმეს. არ მჭირდები არც შენ და არც შენი დახმარება, გადასარევად ვგრძნობ თავს… – ელისომ ხმას დაუწია და ტუჩები მოილოკა, ოდნავ ნაღვლიანი დააშტერდა ანდრონიკეს პატარა ფორმას. – წადი სახლში, ანდრო.
უკნიდან ბაბალეს აჩქარებული, ნერვიულობით აღსავსე ხმა გაისმა. – ანდრონიკე, რას აკეთებ…
ანდრონიკე არც კი განძრეულა, ისევ თვალმოუშორებლად უყურებდა, სახეზე სერიოზული გამომეტყველება გადაჰფენოდა.
იმ წამს გარეთ სინათლემ იფეთქა და წამიერად ელისომ თვალები დახუჭა, რომ უცაბედი მჭახე სინათლისაგან არ დაბრმავებულიყო. როგორც კი მის ქუთუთოებს იქით დანთებულმა თეთრმა ცეცხლმა გაიარა, თვალები ისევ გაახილა, რომ ანდრონიკესათვის შეეხედა.
თვალები გაუფართოვდა.
ზუსტად ანდრონიკეს ადგილას ბეშქენი იდგა და ცივი ლურჯი თვალებით, შეკრული წარბებითა და სერიოზული გამომეტყველებით მისჩერებოდა. იგი უცებ დაიძრა, ელისოს ხელი სტაცა და პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა კარისაკენ. ელისოს მის ყელზე შემოეხვია ხელები და გახევებული უყურებდა ბეშქენის პროფილს, ვერც კი ინძრეოდა. რამის თქმა მოუნდა, მაგრამ სიტყვები კისერში ეჩხირებოდა.
-ბეშქენ, სად მიგყავს? ბეშქენ, ახლავე მომეცი მაგ გოგო! – გაისმა უკნიდან ბაბალეს ჩხავილი, მაგრამ ბეშქენს ხმა არ გაუცია, კარი წიხლით გააღო და წამსვე ჰაერში აიჭრა.
-მე რა გაგაფრთხილე? – მოუტრიალდა იგი გახევებულ ელისოს, რომელიც ისევ პირდაღებული მიშტერებოდა და ყელი გაშრობოდა. – ხომ გითხარი, სახლიდან აღარ გახვიდე მეთქი? ნუთუ იმ დღეს ვერ ისწავლე ჭკუა…
-ბეშქენ? – გაისმა უკნიდან წივილი და გაბეზრებულმა კაცმა უკან მიიხედა, დედამისს დაუღრინა და სიჩქარეს მოუმატა. – ბეშქენ, ახლავე შეწყვიტე!
-გარეთ აღარ გახვალ, გასაგებია? – დაიყეფა ბეშქენმა, დედამისის სიტყვებისათვის ყურადღება არ მიუქცევია. – დედაჩემთან გაკარებული აღარ დაგინახო…
-ბეშქენ, რა ხარ? – შეაწყვეტინა ელისომ, გრძნობდა, თუ როგორ აწვებოდა გული კისერში. არ ესმოდა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს სინამდვილე ყოფილიყო, მაგრამ ახლაღა ხვდებოდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
ელისო ახლაღა მიხვდა.
ბეშქენმა გამოხედა, მის სახეზე გამომეტყველებები ელვის სიწრაფით იცვლებოდნენ. იგი უსიტყვოდ ჩააშტერდა თვალებში თავისი თვალწარმტაცი, ცივი ლურჯი მზერით და ელისოსოდნავ გააჟრიალა სხეულში, თითქოს ერთიანად მოეშვა და ბეშქენის მოსასხამი მაგრად მობღუჯა.
მერე კი უეცარი ბიძგი იგრძნო და გაოცებული უყურებდა, თუ როგორ შორდებოდა ნელ-ნელა ბეშქენის მზერა, თითქოს ქვემოთ ტყვიასავით ეცემოდა. ძლივს მოახერხა თავის მიტრიალებდა და ბეშქენის შორიახლოს მოფარფატე ბაბალე დაინახა, რომელსაც მისკენ ხელი გამოეშვირა და სახეზე სიმწარე ეხატა, შავი თმა ქარში უფრიალებდა. ხედავდა, თუ როგორ დაიღრიალა ბეშქენმა და როგორ გამოიჭრა მისკენ, მაგრამ ნელ-ნელა შორდებოდა მას, სხეული თითქოს მოეღვენთა, ვეღარც კი გრძნობდა, ქვემოთ წუილით მიქროდა…
დაეცა და მთელი სხეულით გაკრთა, მთელი ძალით ამოისუნთქა და ქოშინით წამოჯდა.
მოკლე სუნთქვებს აკეთებდა ღია პირით და ცდილობდა რომ ფილტვები ჰაერით შეევსო, გრძნობდა თუ როგორ დაცვაროდა შუბლი. წამსვე მიმოიხედა.
წყაროსთან იჯდა, ცალი მკლავი სველი და გაშეშებული ჰქონდა, ალბათ წყალში ჰქონდა გადაგდებული. ყვავილებიანი კაბა დანოტივებულიყო და ოდნავ სხეულზე მიკვროდა. სახე ეწვოდა და ხელი ასწია, რომ კანი მოესრისა.
ნელა წამოდგა, ყოველი კუნთი მომჩვაროდა და ძალიან სტკიოდა, სახსრებში ტეხდა.
მიმოიხედა.
ეს ადგილი არ ეცნობოდა…
გონება დაძაბა და შეეცადა რამე გაეხსენებინა, წამსვე გაუელვა თავში კოკისპირულმა წვიმამ, ყოვლის მომცველმა სიძულვილმა, რომელმაც მის სხეულში გაიღვიძა და ატალახებულმა გზამ, მერე კი ახსოვდა, როგორ გადაფრინდა კლდეზე.
ელისომ ხმამაღლა ამოისუნთქა, არ სჯეროდა.
პირი გაშრობოდა და დაიხარა, რომ ხარბად დასწაფებოდა წყალს. როცა საკმაოდ ყლაპა, მაშინღა მიხვდა, რომ წარმოუდგენლად შიოდა. ხელებზე დაიხედა. თითქოს უფრო მეტად გამხდარიყო, მაჯებში ძვლები უფრო გამოჩრილი და იოლად სანახავი გამხდარიყო.
„ალბათ დინებამ მათრია და აქ გამომაგდო“ გაიფიქრა მან და ნელა გადადგა ნაბიჯი წინ, რომ წყაროს მოშორებოდა და ხეობიდან ამოსულიყო. მოკანკალე ფეხებმა ვერ დაიკავეს და ჩაიკეცა, პირდაპირ ტალახში ჩავარდა მუხლებით და ტკივილისაგან დაისისინა, როცა მტკივანი კუნთები უფრო მეტად დაეჭიმა.
„ამდენი ხანი რომ გაუნძრევლად ვიწექი, იმისი ბრალია…“ გაიფიქრა გაღიზიანებულმა და ძლივს შემოტრიალდა, რომ ნორმალურად დამჯდარიყო.
გაყუჩდა, ხეობაში მიმოიხედა. სუფთა წყალი მოდიოდა, ზემოდან ხეები გადმოჰყურებდნენ, ფოთლები ნელა შრიალებდნენ. ჩიტების შორეული ჭიკჭიკის გარდა არავითარი ხმაური არ ისმოდა.
ელისო თავი ჩაქინდრა და თავის მტკივან ფეხებს დახედა. რაღაც აწუხებდა და გულზე კაბა მოისრისა, მაგრამ ვერ გაეგო, რა.
ცოტას მოიცდიდა, სანამ ფეხებში გაუვლიდა ტკივილი და მერე გაუყვებოდა გზას. იქნებ სადმე ჩადიოდა ეს წყარო.
-*-*-*-*-11
ბეშქენს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რა მოხდა.
ჯერ ის სულელი გოგო ჰყავდა ხელში ატაცებული და თვალებში ჩაჰყურებდა, მეორე წამს კი ელისო მიწისაკენ მიქროდა, თვითონ კი გამწარებული ცდილობდა რომ მისწვდენოდა.
მაგრამ ამაოდ ცდილობდა.
გოგონა თითქოს მიწაში დაინთქა და თვითონ კინაღამ ამტვერებულ ზედაპირს შეასკდა, მაგრამ დროზე შეჩერდა და მთლად აკანკალებული, მუშტებშეკრული დააშტერდა მიწას. თვალები გაფართოებოდა და ღრმად სუნთქავდა.
სად წავიდა ის გოგო..
-რა უქენი? – დაიღრიალა მან და დედამისისაკენ აიჭრა, რომელიც ჰაერში გახევებულიყო და წარბშეკრული, ჯიუტი გამომეტყველებით მიშტერებოდა, მაგრამ ბეშქენმა მის თვალებში შიშის ნატამალი შეამჩნია და ველური კმაყოფილება დაეუფლა. – სად წავიდა?
-დედამიწაზეა. – ცივად, მშრალად მიუგო დედამისმა და თავი მიაბრუნა. კაცი გაიყინა, სიტყვაწართმეული მიშტერებოდა ბაბალეს. – მისმინე. – სწრაფად დააყოლაბაბალემ და ხელები ასწია, თითქოს ისინი საკუთარი შვილის შემოტევისაგან დაიცავდნენ. – ეს შენთვის გავაკეთე, ბეშქენ…
-ესე იგი… ესე იგი შენ… შენი ბრალია, რომ დესი აქ აღარ არის… – ხმამაღლა შეაწყვეტინა ბეშქენმა და იგრძნო, როგორ ერთბაშად აეწვა გული ბრაზითა და შურისძიების დაუოკებელი სურვილით. ერთიანად აენთო, სახეში გრძნობდა, როგორ მოაწვა სისხლი და გულისცემა გაუორმაგდა. მთელი ეს წლები იტანჯებოდა და მხოლოდ ლოტოსები ჰქონდა დესის გასახსენებლად, ახლა კი გაცნობიერება ერთიანად დაეჯახა და სუნთქვა შეუკრა.
-რას ნიშნავს, ჩემთვის გააკეთე? – დაიჩურჩულა მან და დედას დაჟინებით ააშტერდა სახეში. – ამდენი წელი ხედავდი, თუ როგორ ვიტანჯებოდი, თუ როგორ ველოდებოდი და როგორ ვნანობდი, როგორ მენატრებოდა… და ახლაც კი გყოფნის იმის ნამუსი, რომ მითხრა, რომ ეს ჩემთვის გააკეთე?
ბეშქენი თითოეული ახალი სიტყვის თქმისას ხმას უწევდა. ბოლოს იგი უკვე ღრიალებდა, თვალები გიჟივით უელავდა. ბაბალეს ყბები შეეკრა, უხმოდ, შეცბუნებული უყურებდა.
-არ იყო ის ქალი შენთვის კარგი, ბეშქენ. – განაცხადა მან, ხმა ოდნავ შერყეოდა. – ნუთუ არ გესმის, რომ ვერასოდეს ვერ ინებოდით კარგად? ყოველთვის მოგიწევდა იმის გაფიქრება, რომ იგი შენთან სამუდამოდ ვერ დარჩებოდა და ბოლოს და ბოლოს, მაინც დაგტოვებდა, მე კი უბრალოდ პროცესი დავაჩქარე…
-მე არ მჭირდებოდა შენი ჩარევა. – დაიღრინა მან. – სულ შენი ბრალია. მე არ მაინტერესებდა არავითარი მომავლის პერსპექტივა, მხოლოდ აწმყოთი და მომენტით ვცხოვრობდი, ბედნიერი ვიყავი, ბაბალე! ახლა კი შემომხედე! წარსულით ვცხოვრობ! -დაიღრიალა მან. – ეს გინდოდა? რატომ გამამწარე? როგორ გამიბედე?
-იმ ქალს არ უყვარდი, ბეშქენ! – დაიწივლა ბაბალემ, ერთიანად სასოწარკვეთილი ხმით. – ნუთუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი? რატომ არ გესმის? დესპინესათვის შენ იყავი უბრალოდ ძვირფასეულობისა და ფუფუნების წყარო, თავკერძა ძროხასავით იქცეოდა და ვერ იტანდა, როცა შენს დროსა და ფულს  სხვა რამეს ახარჯავდი, ამიტომ მთლად მოგწყვიტა ყველაფერს, მისთვის შეურაცხყოფა არავის მოუყენებია, ყველაფერი მოიფიქრა და მოგატყუა, უნდოდა რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ყოფილიყო შნთვის და სხვა არავინ!
ბეშქენი ნელ-ნელა წითლდებოდა, გრძნობდა, თუ როგორ უვლიდა ტვინში დედის თითოეული სიტყვა და ჭინჭარივით უწყალოდ სუსხავდა, აუტანელ ტანჯვას ანიჭებდა დესიზე ამ სიტყვების გაგონებაზე. არ სურდა დაეჯერებინა, რომ მისი დესი ამას შეძლებდა, ამას გააკეთებდა. „არა.“ გაიფიქრა მან და ხელები მაგრად მომუშტა. „მატყუებს, ჩემს გაცურებას ცდილობს…“
-ტყუი! – იღრიალა ბეშქენმა და ბაბლესაგან პირი იბრუნა, როცა დედის შეხედვაზე აუწერელი ზიზღი დაეუფლა. – თვალებში მიყურებ და მატყუებ! – იგი ამ ქალს თითქოს აღარ უყურებდა როგორც დედას, ხედავდა მხოლოდ ვიღაც უცნობ ქალს, რომელიც დამნაშავე იყო იმაში, რომ ასეთ აუტანელ მდგომარეობაში გაატარა მთელი თხუთმეტი საუკუნე, ეს ქალი იყო ის არსება, რომელმაც დაამხო ყველაფერი, რომელმაც ყველაფერს თავისი ცნობილი, შავი ხელით გადაუარა და სიცოცხლე, ბედნიერება ამოსწოვა.
-შენ თვითონაც იცი, რომ საკუთარ თავს ატყუებ, ბეშქენ. – გაისმა ბაბალეს ოდნავ სევდიანი ხმა და ბეშქენი ერთიანად დაიჭიმა, შეცბა. – არ მიკვირა, რადგან ამ ყველაფერს მეუბნები… ჩემთვის უფრო გაუგებარია, თუ როგორ დარჩი მისი ერთგული ამდენი წელიწადი. მე ეჭვი შემაქვს შენს გრძნობებში. მათი არსებობა შუძლებელია, შვილო, და შენ თვითონაც უნდა გესმოდეს ეს. მმართველი ხარ, თან გამოცდილი, ბევრი რამე გინახავს, და ვთვლი რომ ამწუთას არ უნდა იქცეოდა, როგორც თხუთმეტი წლის ღლაპი. უბრალოდ საჭიროა მიხვდე, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს აჯერებ იმ გრძნობების არსებობაში, რომლებიც არ არსებობენ…
-ლოტოსები? – დაიღრიალა ბეშქენმა და შემობრუნდა, შემკრთალ ბაბალეს თვალი გაუსწორა. – ლოტოსებზე რაღას იტყვი, ჰა? ჯერ კიდევ ვარდისფერები არიან, ჯერ კიდევ ყვავიან! – ბეშქენს სხეული თითქოს მოეკრუნჩხა, ტანში თრთოლამ დაუარა. – მე ის ჯერ კიდევ მიყვარს, დედა… – თქვა მან ხმადაბლა.
ბაბალე შეკრთა და თვალები დაახამხამა. დაძაბულმა და ერთიანად ანერვიულებულმა ტუჩები მოილოკა, ხელებს კუმშავდა და შლიდა, სახის ნაკვთები უცნაურად უთამაშებდა.
-მე არ ვიცი. – თქვა მან ბოლოს. – ყველაფერი ვთქვი. ბოლოს და ბოლოს, მან ვერც კი გაგიხსენა…
-გამიხსენებდა. – გააწყვეტინა ბეშქენმა, ხმაში სიმწარე ეხატა. – უბრალოდ მე ვერ შევეცადე საკმაისად, ვერ ავიტანე მისი ასე ყურება…
-შეუძლებელი იყო იმის გაიქრებაც კი, რომ გაგიხსენებდა, ბეშქენ. – თავი გადააქნია ბაბალემ. – ჯერ ერთი, არ უყვარდი, და მერე მეორე, იგი ადამიანია, მის გონებას არ შეუძლია…
-მე დაგიმტკიცებ. – ხმადაბლა დაიღმუვლა ბეშქენმა და მუშტები მაგრად შეკრა. – დაგიმტკიცებ, რომ შეიძლება გახსენება. ის გოგო ხომ დედამიწაზე გააგზავნე? ესე იგი აღარაფერი ახსოვს.. მე ჩავალ და გავახსენებ.
-როგორ? – თვალები გაუფართოვდა ბაბალეს. – როგორ თუ იქ ჩახვალ? რას ამბობ? ბეშქენ, აქაურობას ვინ მიხედავს?
-იქედან მივხედავ. – მშრალად უპასუხა მან და გატრიალდა, მიწას გახედა, რომლიც იქით უზარმაზარი მანძილი, სიცარიელით სავსე განისვენებდა, სადაც დედამიწა არსებობდა. – იმ გოგოს ჩემი სახელი თუ გაახსენდება, შენ შენს თავს მიხედავ და თავს დამანებებ, და თუ არ გაახსენდება… – ბეშქენმა ღრმად ჩაისუნთქა, – ლოტოსების განადგურების საშუალებას მოგცემ.
ბაბალემ პირი დააღო, ენაწართმეული და ერთიანად შeმცბარი მიშტერებოდა. ბეშქენმა თავის სახლს გადახედა და ხელი აიქნია. წყლის უზარმაზარი ტალღა აიზიდა და გარს შემოერტყა გალავანს. წყალი ბრუნავდა, ტრიალებდა და რაც მთავარი იყო, ნებისმიერ დაუპატიჟებელ სტუმარს გარეთ დატოვებდა.
-წავედი. – თქვა ბეშქენმა, შეტრიალდა და მთელი სისწრაფით დაეშვა მიწისაკენ, ისე რომ ბაბალეს კივილისათვის ყურადღება არ მიუქცევია. წუილით გაფრინდა ზედაპირში და ბნელ სიცარიელეში, მხოლოდ და მხოლოდ წინ მანათობელ ლურჯ წერტილს უყურებდა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა, იზრდებოდა, უკვე გარკვევით ხედავდა ამოზიდულ მიწას, კონტინენტს, პატარ-პატარა დასასლებებს, წყაროს…
აუტანელი ზათქით ჩაეხეთქა პატარა მდინარეში და იგრძნო, როგორ აეწვა კანი ერთბაშად სახეზე მოწოლილი წყლის წნევის გამო და პირი მყრალი შლამით გამოევსო. ხველებით წამოდგა და პირზე ხელი ჩამოისვა, შლამი გადმოაფურთხა.
მიმოიხედა.
ეს ის ადგილი იქნებოდა, სადაც ის გოგო ჩამოვარდა. ბეშქენმა თვალები მოჭუტა და იქაურობა მოათვალიერა. რაღაც ხეობას ჰგავდა, პატარა წყარო მოედინებოდა მის ფეხქვეშ და ლურჯ მოსასხამს უსველებდა, რომელიც სამწუხაროდ, შლამში ამოთხვრილიყო.
სიბინძურისათვის ყურადღება არ მიუქცევია, მაშინვე წინ გადადგა ნაბიჯი და მოიღუშა, როცა მუხლები დაღლილობისაგან აუკანკალდა. აქ მთელი თხუთმეტი საუკუნე იყო, რაც არ ყოფილა, ამიტომაც მისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო დაღლილობის შეგრძნება.
ადამიანად თავის გრძნობა დაავიწყდა თითქოს.
თავს ძალა დაატანა და გასწორდა, მერე კი წინ დაიძრა, წყაროს დაუყვა. შლამში ნაფეხურები წამსვე შეამჩნია და ჩაიცინა. ალბათ გოგომ მოახერხა რომ წამომდგარიყო და გზას გაჰყოლოდა.
თავი ჩაღუნა და წყაროსპირა შლამში გაჩენილ ნაფეხურებს გაჰყვა.
-*-*-*-*-*-
ელისომ არ იცოდა, რამდენი ხანი მიბარბაცებდა უაზროდ. კუნთები ჯერ კიდევ საშინლად ტეხდა და ყოველი მოძრაობა ტკივილს ანიჭებდა. მოწანწკარე წყაროს მიუყვებოდა და ცდილობდა, რომ მიწიდან ამოჩრილ წამახულ ქვებზე ფეხები არ გადასეროდა.
თან აუტანელი იყო ცარიელი კუჭი და შიმშილი.
გზაზე რამდენიმე კენკრა იპოვა და შეჭამა, მაგრამ მათ საერთოდ ვერ ამოუვსეს მუცელი. პირიქით, შიმშილის გრძნობა გაუახლდა და ცდილობდა, რომ გამაგრებულიყო, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ უხლართავდა შიმშილი შიგნეულს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც კიდევ და დაეცემოდა.
იმდენი იარა უაზროდ, სანამ ცა ნარინჯისფრად არ შეიფერა და ჩრდილოეთიდან წამოსულმა უშველებელმა ღრუბელმა ცა არ დაფარა. ელისო ოდნავი სასოწარკვეთით ააშტერდა ცას. იოდა, რომ მოწვიმდა, არადა სულაც არ სურდა ამ ხეობაში დარჩენა წვიმის დროს. შეიძლებოდა წყლის დონე ისევ აწეულიყო, დახრჩობა კი ნამდვილად არ სურდა, ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა.
ბოლოს და ბოლოს, შეამჩნია, რომ წყაროს გარშემო ხეობა იწეოდა და ნელ-ნელა ვაკდებოდა. უშველებელ მდელოზე გააღწია, რომელიც წელამდე ბალახით დაფარულიყო და ტყეს ემიჯნებოდა. ეს ადგილი ადრე არ ენახა.
ის იყო, აპირებდა, რომ ისევ წყაროს გაჰყოლოდა, რომ ტყის პირას პატარა, ხის ქოხის მსგავსი რაღაც შეამჩნია.
ცაში ელვა გაიკლაკნა და იქაურობა გაანათა, რასაც გამაყრუებელი გრუხუნი მოჰყვა, მერე კი ერთბაშად, თითქოს ცაში რამე გასკდაო, თავსხმა წვიმა წამოვიდა. გოგონამ ფეხს აუჩქარა და სირბილით გაარღვია წელამდე ბალახი, იმის მიუხედავად, რომ ფეხის კუნთები ეწვოდა და მუცელი საშინლად სტკიოდა. ტკივილისაგან ასისინებულმა მიაღწია პატარა ქოხამდე და მოღრეცილი, წნელით დამაგრებული კარი შეგლიჯა, მერე კი ხმაურით, მაგრად მიკეტა ზურგს უკან.
სწრაფად მოათვალიერა იქაურობა. პატარა, გვერდებჩატეხილი მინა ჩაესვათ ფანჯრის ადგილას, და იქედან შემოდიოდა სინათლე. კუთხეში რაღაც საწოლის მსგავსი იყო, რბილი, დიდი, მაგრამ აშკარად ძველი საბანი ეფინა ზედ. ოთახის შუაგულში მაგიდა და რამდენიმე სკამი იდგა, მეორე კუთხეში კი ამოღრუტნული, ამოშავებული ადგილი იყო, რომელსაც ალბათ ბუხრად იყენებდნენ, მის ზემოთ კაუჭზე კი გამურული ქვაბი ეკიდა.
გოგონას არც კი დაუყოვნებია, დაღლილობა და შიმშილი გონებას ართმევდა. ძლივს წაბარბაცდა საწოლისაკენ და ზედ უცერემონიოდ დაემხო. საბანი არც კი გადაუფარებია, გაყუჩული იწვა.
ვერც კი გაიგო, როგორ დაეძინა. მხოლოდ იმას გრძმობდა, თუ როგორ წარმოუდგენლად მოუდუნდა სხეული და როგორ ჩაუდნა სხეული საწოლში.
-*-*-*-*-*-
ბეშქენმა ძლივს გადაწია გზაზე გამოჩრილი რომელიღაც ბუჩქის ტოტები და ხმადაბლა შეიგინა, როცა ზემოთ აიხედა. ცდილობდა, რომ ბრაზს არ აჰყოლოდა, მაგრამ დედამიწური სისუსტე, ბლანტი შლამი და ის, რომ ჯერ კიდევ ვერ მიაგნო იმ გოგოს, გონებას ურევდა.
და აი, წვიმაც წამოვიდა და ყველაფერი კიდევ უფრო ატალახდა.
ნაფეხურებიც გადაირეცხა.
ბეშქენმა ხმადაბლა შეიგინა და ქოშინით ააბიჯა შლამიდან შორს, ბალახით დაფარულ ველზე, მერე კი მიმოიხედა. იქნებ სადღაც ახლოს ყოფილიყო ეს გოგო… შორს უბრალოდ ვერ მოასწრებდა წასვლას. თან ბეშქენი აქ ჩამოსვლამ როგორ დაასუსტა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის წამოდგომას და სიარულს შეძლებდა ასე მალე.
„როგორც ჩანს, კარგად არ ვიცნობ“, მოიღუშა იგი და თვალები მოჭუტა, როცა ბალახში მოთელილი ბილიკი შეამჩნია. მოთელილი ბალახის კვალი ტყის პირას, პაწაწინა ხის ქოხისაკენ მიდიოდა.
-აი, სად ყოფილხარ… – დაიჩურჩულა ბეშქენმა და ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის გაიქცა ქოხისაკენ. ტანსაცმელი უკვე მთლიანად დაჟიებული ჰქონდა და დაწყევლა ის ფაქტი,რომ აქ ფრენა, და მაშასადამე, სწრაფად გადაადგილება არ შეეძლო.  ვერც თავის ძალებს გამოიყენებდა მაშინ, როცა მოუნდებოდა, მხოლოდ ემოციებს უნდა მინდობოდა. ასე მოხდა თხუთმეტი საუკუნის წინ და ასე მოხდებოდა ახლაც…
ქოხს სწრაფად მიაღწია და დაბრეცილი კარი გამოსწია. თვალები ოდნავ გაუფართოვდა, როცა კარი ხმაურით მოსწყდა, ისე რომ თოკის მოწნული სახელური და თვითონ კარი ხელში შერჩა.
ცოტა ხანი გაშეშებული იდგა, მერე კი შიგნით ნელა შეაბიჯა და კარი ზღურბლზე ააყუდა. შემოტრიალდა და ოთახი მოათვალიერა.
მისი თვალები სწრაფად დაეცნენ მარცხენა კუთხეში, განიერ საწოლზე წამოწოლილ სხეულს.
ელისოს აშკარად ეძინა. ტუჩები ოდნავ გაპობოდა და წყნარად, ღრმად სუნთქავდა. ტანსაცმელი დასველებოდა და ტანზე მიკრულიყო, უფრო ტალახში ამოსვრილი, ჭუჭყიანი და დაღლილი მოჩანდა, ვიდრე ბეშქენს ოდესმე ენახა. ისევ ის ყვავილებიანი კაბა ეცვა და ცალი გრძელი ნაწნავი კისერზე გადმოეგდო.
ბეშქენმა ამოიხვნეშა და სველ თმაში ხელი გადაისვა. ნელი ნაბიჯით წაბარბაცდა ლოგინისაკენ და მის გვერდით დაეშვა, კედელს მიეყუდა. სველი მოსასხამი კისრიდან მოიძრო და გვერდზე მიაგდო, ისე რომ არც კი გადაუხედია იქით. თავი ცივ, ნესტიან კედელზე მიადო, და მაჯები ზემოთ აწეულ მუხლებზე გადაიგდო. დაღლილობა სხეულში ერთ მთლიან ფეთქვად უტრიალებდა და მთელი ძალით შეეცადა, რომ კიდევ ცოტა ხანი გამკლავებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. თვალები ძლივს აატრიალა ლოგინზე წამოწოლილი სხეულისაკენ და მზერა გოგონას სახეს გაუსწორა. მას წარბები შეეკრა, ხელები უსიცოცხლოდ გადაგდებოდა მისი ტანის წინ, და ბეჭებში კიდევ უფრო მეტად მოკრუნჩხულიყო.
ეს ბოლო კადრი იყო, რასაც გაცნობიერებულად უყურებდა, მერე კი სიბნელეში ჩაინთქა.
ვერ წარმოიდგენდა, რომ მისთვის შესაძლებელი იყო ამდენ ხანს ძილი, მაგრამ უეცრად რომ გამოიღვიძა და ფანჯარაში შემოსული, გაჩახჩახებული სინათლე რომ დაინახა, მაშინღა დარწმუნდა, რომ ადამიანური დაღლილობა ყველაზე ძლიერი რამ იყო, რაც არსებობდა. წამსვე გადაიხედა ლოგინისაკენ და შვებით ამოისუნთქა, როცა ელისო ჯერ კიდევ იქ დაინახა, მძინარე. ტანსაცმელი შედარებით მშრალი ჰქონდათ და გრძნობდა, თუ როგორ გაფიჩხებოდა თმა. ნელა წამოდგა და თვალები გაუფართოვდა, როცა მისმა მუცელმა უცნაური ღმუილი ამოუშვა.
და მაინც და მაინც ამ დროს, ელისოს სხეული გაკრთა და გოგონამ ელვის სიწრაფით დააჭყიტა თვალები.
მისი გაფართოებული მწვანე თვალები პირდაპირ ბეშქენისმზერას შეეჯახნენ და გოგონამ წამსვე წარბები ასწია, პირი დააღო და წარმოუდგენლად სწრაფი მოძრაობით დაიწია უკან.
-ვინ ხარ? – წამოიყვირა აშკარად დამფრთხალმა, ხმაში შიში ედგა. – აქ რა გინდა?
-წყნარად, რა გაყვირებს… – ხმადაბლა უპასუხა ბეშქენმა, თავი სტკიოდა. – სულ ტყუილად ბღავიხარ, არაფერს დაგიშავებ…
-შენ რა, აქ ცხოვობ? ეს შენი სახლია? – გოგონამ მიმოიხედა, მერე კი მზერა სწრაფადვე მოატრიალა მისკენ. აშკარა იყო, რომ უნდობლად უყურებდა. „რასაკვირველია.“ სარკასტულად გაიფიქრა ბეშქენმა. „ეს ხომ საერთოდ არ მიცნობს ჯერ.“
-შეგიძლია მასეც თქვა. – განაცხადა მან და მკლავები გადააჯვარედინა. გადაწყვიტა, რომ ამ სიტუაციაში პატარა ტყუილი არაფერს ავნებდა, პირიქით, იმის ცოდნა, რომ მის სახლში იყო, გოგონას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა და შიშს გადაავიწყებდა.
ელისოს, მართლაც თვალები გაუფართოვდა, და წამსვე წამოჯდა ლოგინზე.
-უკაცრავად, მე… მე არ ვიცოდი, მაპატიეთ… – ალუღლუღდა ის. – ახლავე წავალ… – იგი სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარისაკენ გადადგა ნაბიჯი.
-არა, არა. – თავი გაუქნა ბეშქენმა და მკლავი წინ გამოსწია, რომ გოგონას წინ გადაღობვოდა. – მე შენი გაგდება რომ მდომოდა, მაგას ღამითაც მოვახერხებდი. – განაცხადა მან და გოგოს სახეში ჩააშტერდა მისი რეაქციის დასანახად.
ელისომ თვალები ოდნავ მოჭუტა და წარბები შეჭმუხნა, მერე კი უხერხულად მიმოიხედა.
-აჰა… – ამოღერღა მან ბოლოს. – კარგით, გასაგებია. ანუ… – გოგონამ მისკენ ნელა ამოატრიალა თავი. – აქ დარჩენის უფლებას მაძლევთ? დიდი ხნით არ დავრჩები, მართლა! უბრალოდ ახლა არ ვიცი, სად ვიმყოფები, ცოტას გავივლი, და ვნახავ, თუ ვიპოვი ნაცნობ გზებს…
-არა უშავს. – შეაწყვეტინა ბეშქენმა. – იმდენი ხნით დარჩი, რამდენიც საჭიროა. აქ მაინც მარტო ვცხოვრობ მე.
-მაშ კარგი… დიდი მადლობა! – ელისომ გაუღიმა და ხელი გამოუწოდა. ბეშქენმა სწრაფად ჩამოართვა. – მე ელისო მქვია. თქვენ?
ბეშქენი შედრკა. გოგოსთვის რომ მისი სახელი ეთქვა, უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა იმ გეგმას, რომელიც ბაბალეს მოსაშორებლად შეიმუშავა. თავის სახელს ვერაფრით ვერ ეტყოდა.
-მე… ჩემს სახელს ვერ გეტყვი. – თქვა მან და წარბებშეკრულმა გვერდზე გაიხედა. ელისომ წარბები ზემოთ აწკიპა გაოცებისაგან.
-უკაცრავად? რატომ ვერა? – იკითხა დაბნეულმა.
-იმიტომ რომ შენ თვითონ უნდა გამოიცნო. – უპასუხა ბეშქენმა და მშვიდად მოატრიალა მისკენ თავი. ელისო გაფართოებული მწვანე თვალებით ასჩერებოდა. სახეზე შეშფოთება გამოეხატა.
-მაშ კარგი… – ნერვიულად გაიცინა მან. – გიორგი? ლაშა? აკაკი? – ბეშქენმა წარბი ასწია და თავი გადააქნია.
-ახლა არ არის აუცილებელი. როცა გინდა, მაშინ გამოიცანი. – თქვა მან, გვერდზე გაიწია და ლოგინზე წამოგორდა. ელისომ გაოცებით გააყოლა თვალი.
-აქ რამე საჭმელი არა გაქვს? – თქვა მან უცებ. ბეშქენი წამოჯდა და სწრაფად მიმოიხედა.
-არა. – მიუგო მან, მერე კი ტყუილის დასაფარად ჩაახველა. – გუშინ ბოლო ლუკმა შევჭამე…
-აქვე სადმე ქალაქი არ არის რამე? ფული გაქვს? – ხელები ასწია გოგონამ. ბეშქენსაც გუშინდელი შიმშილის გრძნობა კიდევ უფრო გაძლიერებოდა და მზად იყო, ტკივილისაგან დაკლაკნილიყო.
-ფული არ მაქვს, – მიუგო მან, – მაგრამ არა უშავს, მაგის გარეშეც ვიპოვით ყველაფერს. წამოდი, წავიდეთ სადმე.
-სად წავიდეთ? – ელისომ თვალი გამოაყოლა, როცა იგი ფეხზე წამოდგა და კარისაკენ გაემართა.
-არ ვიცი, ვნახავ… – ჩაიბურტყუნა ბეშქენმა ისე, რომ გოგონას ვერ გაეგონა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.
ცას ახედა, რომელიც ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ დაეფარა ღრუბლებს და დაჟინებით დააშტერდა მათ. თუ მოახერხებდა აქ თავისი ძალების გამოყენებას, დაინახავდა კიდეც, ღრუბლების მეშვეობით, თუ სადმე არსებობდა დასახლება…
იგრძნო, თუ როგორ შეეცვალა თვალის ფერი კონცენტრირებისაგან, და თითქოს ღრუბლებში მიფრინავდა, ქვემოდან დაჰყურებდა დაუსრულებელ, მაღალი ბალახით დაფარულ ველებს, პატარა წყაროს, დაკლაკნილ ბილიკსა და უფრო განიერ, ქვაფენილით დაფარულ გზას, რომელიც სხვა, უფრო მომცრო გზებს უერთდებოდა და მოზრდილ დასახლებაში შედიოდა…
გამოერკვა და თვალები დაახამხამა, იცოდა, რომ ისევ ლურჯად ექნებოდა ანთებული, ამიტომ მის გვერდით თითქოს მიწიდან ამოსულ ელისოს მზერა მოარიდა, გვერდზე გაიხედა.
-აბა? – გაისმა გოგონას მოუთმენლობით აღსავსე ხმა. – არის აქ რამე ახლომახლო? რამდენი ხანია არ მიჭამია, კუჭი მიხმება…
-არის, არის. წამოდი. – უთხრა ბეშქენმა და ბალახის გარღვევა დაიწყო იქით, სადაც დარწმუნებული იყო, რომ ის მოზრდილი დასახლება იყო.
ცოტა ხანი ჩუმად მიდიოდნენ. ელისო ქოშინით მოსდევდა, ეტყობოდა, რომ უჭირდა მისთვის ნაბიჯის გატოლება.
-საიდან ხარ? – ჰკითხა ბეშქენმა, მხოლოდ იმისათვის, რომ ეს წყეული სიჩუმე გაექრო.
-აქ სადღაც მთის ძირში პატარა სოფელია, – უთხრა გოგონამ. ბეშქენს ესმოდა მისი ჩახშული, ფილტვებიდან ამომავალი ქოშინი, მერე კი მან რამდენჯერმე ჩაახველა. ხველა მძიმე ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ავად იყო. ბეშქენმა ბევრი არაფერი იცოდა ადამიანური ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ ის ესმოდა, რომ შეიძლებოდა ეს ცუდად დამთავრებულიყო. – იქედან ვარ.
-მერე აქ როგორ მოხვდი? – ჩაეკითხა ბეშქენი, თან მისკენ თავი არ მიუტრიალებია, იმის მიუხედავად, რომ სურდა მისთვის სახეში შეეხედა, თუმცა თვითონაც არ ესმოდა რატომ. მაგრამ ელოდებოდა, სანამ მისი თვალები ისევ თავიანთ ნორმალურ ფერს დაიბრუნებდნენ, რადგან იცოდა, რომ არანორმალური, ყინულივით ცივი ლურჯი გოგონას დააფრთხობდა.
-მეც არ ვიცი. – კლდიდან… კლდიდან გადმოვვარდი და ადიდებულ მდინარეში ჩავენარცხე. – განაცხადა გოგონამ, მაგრამ ბეშქენმა მის ხმაში ტყუილი იგრძნო. იგი თითქოს სათქმელს არ ამთავრებდა.
– და როგორ, დინებამ გატარა აქამდე? – ჰკითხა მან, იმის მიუხედავად, რომ პასუხი უკვე იცოდა.
გოგონამ ხმა არ გაიღო ა ბეშქენმა დაასკვნა, რომ მან ან უბრალოდ თავი დაუქნია, ანდა „დუმილი თამხმობის ნიშანია“-ს პრინციპს აჰყვა.
ისე ჩავიდნენ ქალაქში, რომ არცერთს ხმა აღარ გაუღია. აღმოაჩინეს, რომ ქალაქს წყალი აკლდა, და ბეშქენი დაჰპირდა მათ, რომ წყლის გამოყვანას შესძლებდა, თუ საჭმლით მოამარაგებდნენ. მართლაც, დამშრალი, მიწიდან ამომავალი წყარო ცოტათი ამოთხარა და წყალი ამოუშვა, რის შემდეგაც ქალაქელებმა პროდუქტით დახუნძლულები გაისტუმრეს და ცხენშებმული ეტლიც კი გაატანეს სახლამდე.
ელისო მთელი გზა ეტლში ირწეოდა და ვაშლებს ძიძგნიდა, რითაც ბეშქენის გაოცებული მზერა დაიმსახურა.
-სანამ სახლამდე მივალთ, მაგ ვაშლები აღარ დარჩება. – უთხრა მან, რითაც გოგონას სიცილი დაიმსახურა.
-მაცალე, რამდენი ხანია არ მიჭამია. ხორცამდე არ მივსულვარ ჯერ, და კუჭი ჯერ კიდევ მიხმება. -განაცხადა გოგონამ და კიდევ ერთ წითელ ვაშლს ჩაასო კბილები. – სახლში რომ მივალთ, ხორცს მოვხარშავ…
-საჭმლის კეთება იცი? – ჰკითხა ბეშქენმა. ამას არ ელოდებოდა. ესმოდა, რომ გოგო სოფლელი იყო, მაგრამ ეგონა, რომ ვიღაც მშობლის მსგავსი ეყოლებოდა, რომელიც ჩვეულებისამებრ უკეთებდა საჭმელს და არა თვითონ…
-რა თქმა უნდა… – ხელი აუქნია გოგონამ. – მე ცოტა… – მან ცხვირი ოდნავ აჭმუხნა და წარბები სეკრა, ბეშქენს ოდნავ გაეღიმა მისი სახის გამომეტყველებაზე. – არც ისე კარგი პირობები მქონდა სახლში, ამიტომ მე თვითონ მიწევდა ყველაფრის გაკეთება.
-მარტო იყავი? – წარბები აუწია ბეშქენმა. ელისომ გამოხედა, გაფართოებული მწვანე თვალები დაახამხამა.
-არა, არა… – ცალი ხელი, რომელშიც ვაშლი არ ეჭირა, გაიქნია მან. – ბებია მყავდა.
-ბებია? – ბეშქენი ოდნავ წამოიწია, წარბები სეკრა. – მერე ახლა სად არის ის ბებია?
ელისო შედრკა, ცხვირის ნესტოები დაებერა, თითქოს ერთიანად გადაფითრდა. ვაშლი უფრო მეტი მონდომებით მოკბიჩა და კარგა ხანს ღეჭავდა ლუკმას.
-არ ვიცი. – თქვა მან ბოლოს.
-არ გინდა იპოვო? – ჩაეკითხა ბეშქენი. – ბებიაშენია ბოლოს და ბოლოს…
-არ მაინტერესებს! – შეაწყვეტინა გოგონამ და შეჭმული ვაშლი შორს გადაისროლა, რომელიც წელამდე ბალახში ჩაიკარგა. – აღარ მინდა მასზე ლაპარაკი.
-სამაგიეროდ მე მინდა. – წარბები სეკრა ბეშქენმა. არ მოსწონდა, რომ გოგო ასე იქცეოდა ბებიამისის, ერთადერთი ნათესავის მიმართ. სცოდნოდა მაინც, როგორ გამოიყურებოდა ქალი, მაშინვე ნახავდა…
გოგონას ხმა არ გაუღია, ჭუჭყიანი ხელები კალთაში დაეკრიფა და ჩაწითლებული თვალებით, პირმოკუმული გაჰყურებდა გზას.
-ჰოდა შენ ილაპარაკე. – მკვახედ განაცხადა მან. – იმიტომ რომ მე ხმას აღარ გავიღებ ამ თემაზე.
-რა ჯიუტი ხარ, თუ იცი? – ჰკითხა ბეშქენმა, გრძნობდა როგორ ღიზიანდებოდა, და ამწუთას ეს არ იყო კარგი. კიდევ კარგი, რომ სახლს უახლოვდებოდნენ, უკვე მოჩანდა ის საცოდავი ქოხი ტყის პირას, თორემ უკვე ხედავდა მათ თავზე ახლად გამოჩენილ საწვიმარ ღრუბლებს.
-მაგ საიდან დაასკვენი? სამიოდე საათია რაც მიცნობ. – უპასუხა ელისომ და თვალებში ჩააშტერდა. თვალები ოდნავ გაუფართოვდა, მერე კი მოეჭუტა. ბეშქენი უსიტყვოდ შეჰყურებდა მოსვრილ სახეში, რომელზეც თვალები უფრო ნათელი უჩანდა.
-თვალებზე რა გჭირს? – უცებ ჰკითხა გოგონამ. – ადრე მუქი გიჩანდა, ახლა კიდევ თითქოს მწვანე გაქვს…
-ჰოო? – ბეშქენი წამსვე გამოერკვა და საუთარი თავი დაწყევლა, რომ აღარ გაახსენდა თავისი თვალების ამბავი. – ჰო, ასე აკეთებენ ხოლმე, რაღაც დაავადებააო… მეც არ ვიცი კარგად…
-გტკივა? – ჰკითხა გოგონამდა ბეშქენმა გაკვირვებით გადახედა მის შეწუხებულ სახეს.
-არა, არა.. – ამოიხვნეშა მან და აღვირი მოქაჩა, რომ ეტლი სახლის წინ გაეჩერებინა. ელისომ მაშინვე გვერდზე გაიხედა და თვალი აარიდა, მერე კი ნაჭერში გამოხვეული პროდუქტები ეტლიდან გადაათრია და სირბილით შევარდა სახლში. როცა ბეშქენმა დარჩენილი საჭმელი გადმოიტანა და სახლში შევიდა, გოგონა უკვე გვერდზე მიწყობილი შეშით ცეცხლს ანთებდა და ცეცხლზე ჩამოკიდებულ წვაბს ასწორებდა.
-წყალს მოვიტან. – ჩაიბურტყუნა მან, მაგიდის ქვეშიდან პატარა, ხის ვედრო გამოიტაცა და კარებში გავარდა. ბეშქენი ფანჯრიდან უყურებდა მას, ინტერესით შესჩერებოდა მის მოსვრილ კაბას და დაჭიმულ, გამხდარ მკლავს, რომელიც ვედროს მიათრევდა და უცნაურმა გრძნობამ დაუარა.
შეებრალა.
რატომღაც იგი დესის შეადარა.
აშკარა იყო, რომ ელისო დესის არ ჰგავდა. დესი კარგი ოჯახიდან იყო, მშობლე ბი ჰყავდა, რომლებიც ზედ ევლებოდნენ და ელოლიავებოდნენ, ეს მაშინაც კი დაინახა, როცა დესი უკვე გათხოვილი იყო.
დესის ქორწილის ახსენებაზე ცეცხლმა დაუარა, როცა მისი ქმარი, ვიღაც გამხდარი, სარივით აწოწილი, მუქთმიანი ლაწირაკი გაახსენდა. ვერ იტანდა იმაზე გაფიქრებას, თუ როგორ ჩამოჰკიდებოდა მას ღიმილით მკლავზე მომღიმარი და მძიმე თეთრ კაბაში გამოწყობილი დესი, თმაში ძვირფასქვებჩაბნეული. თვითონ გააკეთებდა იგივეს, თვითონ მისცემდა დესის იმ ყველაფერს, რაც იმ ლაწირაკმა მისცა, და მეტს კიდევ… რატომ არ შეეძლო ქალს, რომ იგი გაეხსენებინა?
მაგრამ არა. დესის ერჩივნა, რომ იმ საცოდავ ჩვარს კისერზე ჩამოკიდებოდა, უკან გაჰკიდებოდა მის ბეწვებსა და ძვირსაფ ქვებს, ვიდრე მისთვის ყურადღება მიექცია..
ბეშქენი შეკრთა, თვალები გაუფართოვდა. ამდენი ხანი იყო, რომ დესიზე ერთი ცუდი სიტყვაც კი არ გაევლო თავში, ახლა რაღა სჭირდა? დესიმ უბრალოდ საუკეთესო სიტუაცია არჩია, მას ვერაფერში ვერ დაადანაშაულებდა…
მაგრამ ბეშქენი ხვდებოდა, რომ უბრალოდ სულელურ ისტორიას აწყობდა საკუთარ თავში, ძალით ამართლებდა დესპინეს და უეცრად საკუთარი თავი, საკუთარი საქციელი შეზიზღდა.
მაგრამ არა. ამდენი ხნის სიყვარულს ერთი მომენტის გულისათვის ვერ დაივიწყებდა, ვერ შეძლებდა კიდეც. ჯერ კიდევ ახსოვდა დესის სითბო, მისი თვალები და რბილი თმა.
ლოგინზე ჩამოჯდა და წარბები შეიჭმუხნა. ტანსაცმელი ტანზე გაფიჩხებოდა, მისი მოსასხამი ჯერ კიდევ იატაკზე ეგდო. დაღლილობა მთელ სხეულში გავრცელებოდა და ერთიანად ასუსტებდა. კედლისაკენ მიიწია, საბანი ასწია სხეულზე გადაიფარა. ჭერს აშტერებოდა, მერე კი მხარი იბრუნა, გვერდზე გადაბრუნდა და კარს ზურგი შეაქცია.
მისი ადამიანური სხეული ვერ იტანდა ამდენ დატვირთვას. მუცელი ჯერ კიდევ უღრუოდა და უფრო მეტად მოიკრუნჩხა.
ბოლო, რაც გაიფიქრა, ის იყო რომ შიმშილი ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც ოდესმე ეგრძნო.
-*-*-*-*-*-*-
ელისომ ვედრო წყლით აავსო და ქოშინით გასწორდა. წყაროს მალევე მიაგნო, მაგრამ ვერაფრით ვერ აიღო წყალი ისე, რომ მას შლამი ანდა რამე ასეთივე ბინძური შეჰყოლოდა. ქვიშიანი ადგილი ძლივს მოძებნა, მერე კი იქედან აიღო წყალი. ვედრო ასწია და გულზე აიხუტა, ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა წამოღება ვიდრე ცალი ხელით თრევა, რაც ახლა ნამდვილად არ შეეძლო.
„რამდენი ვაშლი შევჭამე? ხუთი? თუ ოთხი?“ გაიფიქრა მან, როცა მაღალ ბალახს მიარღვევდა ქოხისაკენ. „რაღაც ამდენი…“ გაიფიქრა მან და თავი გადააქნია. მუცელი ისე ძალიან აღარ სტკიოდა, მაგრამ როცა ხორცს მოხარშავდა, ცოტა მწვანილს დაუმატებდა და ხახვს ჩააჭრიდა, მაშინღა დანაყრდებოდა.
-ნეტავ ის რას აკეთებს? – ბრაზით გაიფიქრა გოგონამ, როცა ქოხს გადახედა. უცნობი კაცი სულ არ ჰგავდა ასე განდეგილად მცხოვრებს. ტანსაცმელი კარგი ხარისხის ჰქონდა, საუკეთესო ნაჭრისაგან შეკერილი, რაც ოდესმე ენახა. თვითონაც კარგად მოვლილ ადამიანს ჰგავდა. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ კაცმა საკუთარი სახელი არ უთხრა. ელისო უკმაყოფილოდ მოიღუშა. რომელი ნორმალური ადამიანი იქცეოდა ასე? „უნდა გამოვიცნო ხომ?“ სარკასტულად გაიფიქრა მან. „ალბათ რაღაც უცნაური სახელი აქვს და უნდა ცნობისმოყვარეობით დამტანჯოს. იდიოტი.“
გვერდზე გადგმულ კარს გვერდი აუარა. დილით რომ გავიდნენ, შეამჩნია, რომ კარი მოგლეჯილი იყო, მაგრამ ამ კაცისათვის არაფერი უკითხავს, რატომღაც არაფერი უფიქრია ამაზე. „ალბათ ქარმა მოგლიჯა.“ დაასკვნა და შეეცადა, პატარა ხმა ჩაეხშო, რომელიც უჩურჩულებდა, რომ ეს ისე არ იყო, როგორც თვითონ ეგონა.
ოთახში შეაბიჯა თუ არა, წარბები შუბლზე აუვიდა. უცნობი მისკენ ზურგშექცევით იწვა საწოლზე და მისი ბეჭების რიტმული აწევითა და დაცემით თუ იმსჯელებდა, ღრმად ეძინა. გოგონამ წარბები შეკრა, ვინ იძინებდა საერთოდ ამ დროს?
უკმაყოფილო  ბურტყუნით, რომელიც მისი ზარმაცი მასპინძლისაკენ იყო მიმართული, იგი ქვაბს მიადგა და ვედროში მოლიცლიცე წყლის ნახევარი შიგნით ჩაუშვა. ქვაბმა აუტანელი შიშინი ამოუშვა, მაგრამ მალევე ჩაწყნარდა.
გოგონამ იქვე, თაროზე შემოდებული ძველი დანა იპოვა და გასინჯვისას შეამჩნია, რომ კარგი ხნის გამოუყენებელი ჩანდა, მერე კი ალმაცერად გადახედა მძინარე უცნობს. ხორცი დაჭრა და უკვე ადუღებულ წყალში ჩაყარა.
როცა მოფუცფუცებული სუპი უკვე თითქმის გამზადებული იყო და ქვაბში ბუყბუყებდა, ელისომ გადაწყვიტა, მისი მასპინძელი გაეღვიძებინა. მოსწონდა თუ არა, ამ კაცმა მაინც მისცა უფლება მასთან დარჩენილიყო, ამიტომ საჭმელს მაინც უმადლოდა მას.
ნელა მიუახლოვდა ფიგურას საწოლზე და მხარზე ხელი დაადო, მერე კი მაგრად შეანჯღრია.
-ეი, შენ, გაიღვიძე, საჭმელი მზადაა! – ჩასძახა მან, მერე კი უფრო მაგრად შეამჯღრია. – გესმის? არ გშია?
უცნობი ელვის სიწრაფით, ისე სწრაფად წამოიწია, რომ ელისო უკან გახტა და კინაღამ მაგიდასთან მიდგმულ სკამს მიეჯახა, ხელი კი მაგრად დაიჭირა აჩქარებულ გულზე.
-მღვიძავს. – განაცხადა მისმა მასპინძელმა და ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას და მიუჯდა. თვალები ჯერ კიდევ ეხუჭებოდა და გოგონას ჩაეცინა.
სიჩუმეში ჭამეს, თუმცა, ელისოს აზრით, სალაპარაკოც ბევრი არაფერი ჰქონდათ.
საღამოს სიტუაცია დაიძაბა. გოგონას სურდა ახლად ამოტანილი წყალი გაეცხელებინა და კაბა თუ არამ საკუთარი თავი მაინც გაერეცხა, რადგან ამოზუნზლული ნაწნავები ნერვებს უშლიდა, მაგრამ უცნობი ჯიუტობდა და გარეთ გასვლა არ სურდა.
-გარეთ რა ვაკეთო? – ბავშვურად განაცხადა მან. ელისო უკვე იმ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ მზად იყო საკუთარი თმა ბღუჯად ამოეგლიჯა.
-რაც გინდა ის აკეთე! – კბილებში გამოსცრა მან. – მე უნდა დავიბანო, და აქ აუდიტორია რომ მინდოდეს, ბილეთებს გავყიდდი.
-მე მეძინება. – განაცხადა უცნობმა, უცნაურად გადმოხედა, მაგრამ სწრაფადვე აარიდა თვალი და საწოლში შეგორდა, ზურგი შეაქცია. – ახლა მიდი და დაიბანე, მე არ გიყურებ.
ელისოს სახეზე ცეცხლი წაეკიდა. სურდა კუთხეში მიყუდებული, ხისგან გამოჩორკნილი კეტი გადმოეღო და იმდენი ერტყა ამ შეუგნებელი იდიოტისათვის, სანამ არ დაალილავებდა, მაგრამ სამაგიეროდ სრულიად საპირისპირო გააკეთა.
სიცილი აუვარდა.
თვითონაც არ იცოდა, რატომ იცინოდა, მაგრამ საკუთარ სიტუაციაზე რომ იცინოდა, ეს ესმოდა. ხმამაღლა ახარხარდა, სიცილისაგან ასლოკინებდა და როცა საბნიდან ამოწეული უცნობის გაკვირვებით აღსავსე თვალები რომ დაინხა, მთლად გადაბჟირდა.
-ვაიმე… – ისტერიულად ამოუშვა მან კიდევ ერთი სლოკინი და საკუთარ ხმაზე აუტყდა სიცილი.
იცინოდა, დასცინოდა საკუთარ საცოდავ სიტუაციას, იმას, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იმყოფებოდა, იმას, რომ ამ ცოტათი ჭკუაზე შერყეულ ადამიანზე იყო დამოკიდებული, იმას, რომ ბებიამისი სად იმყოფებოდა, არ იცოდა და არც აინტერესებდა, იმას, რომ სინდისი ჰქენჯნიდა, იმას, რომ რაღაც აკლდა, რაღაც სიცარიელით ავსებდა და ვერაფრით ვერ გაეხსენებინა…
უცნობი წარბშეკრული უყურებდა, თუ როგორ იწმენდდა იგი სიცილისაგან თვალებზე მომდგარ სიმწრის ცრემლებს, მერე კი უსიტყვოდ შემოტრიალდა, საბანი გადაიხადა, და ქოხიდან გავიდა.
ელისომ სიცილით გააყოლა თვალი და ცრემლები კიდევ ერთხელ მოიწმინდა. ჯერ კიდევ სლოკინებდა, როცა წყალი გააცხელა და ტანის დაბანა შეძლო, მერე კი, რაკი სუფთა ტანსაცმელი არ ჰქონდა, საწოლის ზეწარი შემოიხვია და მუმიასავით გამოხვეული, ჯერ კიდევ სველი თმით, კედლისაკენ მიტრიალებული დაწვა, კაბა კი ცხელ წყალში ჩატოვა, უცნობის მოსასხამთან ერთად.
უკვე სანახევროდ ბურანში იყო, როცა გაიგონა ნაბიჯების ხმა და მის გვერდით საწოლი სიმძიმისაგან დაიწია.
არ იცოდა, მოეჩვენა თუ არა, მაგრამ თითქოს სხეულზე ძლიერი მკლავი შემოეხვია და ახლოს მიიხუტა. მერე კი თითქოს დიდი, თბილი ხელი სახეზე, თვალებიდან ჩამოგორებულ სისველეს სწმენდდა და რაღაცას ეუბნებოდა, სანამ აუტანელი ქვითინის ხმა კვეთდა ქოხში გამეფებულ სიჩუმეს.
მაგრამ ალბათ მოეჩვენა. ამაში თითქმის დარწმუნებული იყო.
-*-*-*-*-*-12
ელისო თითქოს წყლიდან ამოტივტივდა, უეცრად გაეღვიძა და შეეცადა წამომჯდარიყო, მაგრამ რაღაც აკავებდა, ოდნავადაც ვერ ინძრეოდა.
ოდნავ გაიბრძოლა და შეეცადა, რომ ლიბრგადაკრული თვალები მოეწმინდა, მაგრამ ხელიც ვერ ასწია. თვალები მაგრად დაახამხამა და თავი ოდნავ მოატრიალა, როცა ზურგზე მოკრული სიმძიმე იგრძნო, რომელიც სიმხურვალეს გამოსცემდა.
წამსვე მისი თვალები მისი მასპინძლის სახეს შეეჩეხა, რომელსაც მისთვის მკლავები შემოეხვია და წყნარად ეძინა. ელისოს წამსვე ოფლმა დაასხა. არც კი ახსოვდა, ამ სიტუაციაში როგორ აღმოჩნდა და ნახევრად სასოწარკვეთილებით შეეცადა, რომ გაეხსენებინა, თუ რა მოხდა გუშინ. გაახსენდა აუტანელი, სხეულის მწველი ბრაზი, რომელიც ტანში უტრიალებდა, მერე ისტერიული სიცილი, რომელიც საკუთარი თავისაკენ იყო მიმართული, ცხელი წყალი და ვედროში ჩამბალი, ჭუჭყიანი კაბა და ლურჯი, მძიმე მოსასხამი, მერე ცხელი სისველე სახეზე, ზეწრები და თბილი ხელები. ეს დეტალები ახსოვდა, დანარჩენი ბურანს მოეცვა. ალბათ გუშინ ისეთი დაღლილი და დისორიენტირებული იყო, რომ ნორმალურად ვერც კი ათვიცნობიერებდა, თუ რას აკეთებდა…
გოგონა შეეცადა, წამომჯდარიყო და გამომძვრალიყო უცნობის მკლავებიდან, რომელიც მის სხეულში სითბოს გზავნიდნენ და კიდევ უფრო ახურებდნენ. ელისომ კბილები დაკრიჭა, როცა მის გარშემო საცეცებივით შემოხვეული მკლავები კიდევ უფრო დაიჭიმნენ. „სულ ტყუილად დავიბანე გუშინ,“ გაიფიქრა ირონიით. „ჯერ ერთი, ეს მეხვევა, მერე კი ოფლი მასხამს…“
-ნუ მოძრაობ… – ჩაესმა ბურტყუნი გვერდიდან. – ასე ადრე რატომ დგები?
-ალბათ იმიტომ რომ ზარმაცი არა ვარ. – უპასუხა გოგონამ და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. – ხელი გამიშვი! – წამოიყვირა ბოლოს, გამწყრალმა და ანერვიულებულმა.
-ჰო, კარგი, კარგი… – ჩაიბუზღუნა მასპინძელმა და მკლავები გვერდით გადასწია, რომ გოგონა აეშვა. ელისო წამოიჭრა, ბრაზით გადახედა მისი მასპინძლის ჯერ კიდევ ბურანით მოცულ, ძილგადაკრულ თვალებსა და მოშვებულ გამომეტყველებას, მერე კი უსიტყვოდ მიჩოჩდა საწოლის ბოლოსაკენ, ზეწარზე ჩაბღუჯული.
ლოგინიდან გადახტა, და ზეწარი გულზე გადაიკოჭა, რომ სხეულიდან არ გავარდნოდა. მაშინვე უკვე გაციებული, გაჭუჭყიანებული წყლით სავსე ვედროს მიადგა და კაბა ამოსწია. „გასავლებია…“ გაიფიქრა მან ოდნავი ზიზღით, და როცა იმაზე გაიფიქრა, რომ ეს მძიმე ვედრო წყაროსთან უნდა მიეთრია, აუტანელი სიზარმაცის გრძნობა დაეუფლა. ამოიხვნეშა და ვედრო წამოსწია, მერე კი შემობრუნდა, რომ მასპინძლისათვის შეეხედა. გამშრალი, დარბილებული თმა წინ ჩამოეშალა.
უცნობი წამომჯდარიყო და უსიტყვოდ მისჩერებოდა, თავიდან ფეხამდე ათვალიერებდა. ელისომ თვალები ოდნავ მოჭუტა, სახეში სილის გარტყმისავით მოულოდნელად აჰკრა ალმურმა.
-რას მიყურებ? – მკვახედ იკითხა მან, თან შეეცადა, რომ სახეზე აშკარად გამოჩენილი წითელი ფერი რამენაირად გაექრო, მაგრამ იცოდა, რომ არ გამოუვიდოდა.
-არაფერი. – თავი გააქნია უცნობმა რამდენიმე წამი სიჩუმის შემდეგ. – უბრალოდ თეთრი ზეწარი რაღაცნაირად გიხდება. – ამოღერღა მან.
ელისოს თითქოს ცეცხლი მოეკიდა. დარწმუნებული იყო, რომ ახლა სახე ულამაზო წითლად ჰქონდა შეფერილი.
-რა… უცნაური ვიღაცა ხარ… – კბილებშუა გამოსცრა მან, მერე კი უხერხულად შეიშმუშნა. უცნობი ოდნავ წამოიწია, სახეზე სერიოზული გამომეტყველება ეხატა. ჩაჭრილი მაისურის ყელი ოდნავ გვერდით გადაეწია და ელისოს თვალი მოსწყვიტა მხარზე გამოსახულმა, ლურჯმა ხვეულმა. თავში თითქოს რაღაცამ გაჰკრა, მაგრამ ვერ სწვდებოდა, დაუკმაყოფილებლობისა და ოდნავი გაღიზიანების გრძნობა დაეუფლა. თითქოს რაღაც უნდა გაეხსენებინა, მაგრამ ვერ შეძლო.
-რა იყო, მოგეწონა? – უცნობის ხმამ გოგონა ფიქრებიდან გამოარკვია. სწრაფად ასწია თვალები, როცა მიხვდა, რომ ისევ იმ ლურჯ, დეკორატიულ ხვეულის პატარა ნაწილს მისჩერებოდა მის მხარზე.
-რა მომეწონა? – ჩაილაპარაკა დაბნეულმა და იჭვნეულად მოჭუტა თვალები, მერე კი ვედრო მაგრად ჩაბღუჯა, და ასწია, რომ იღლიაში უკეთესად ამოეჩარა.
-რა და ჩემი ნიშანი. – განაცხადა უცნობმა და მუქი ფერის თვალები, რომლებსაც რატომღაც რბილი მომწვანო ფერი დაჰკრავდათ, ეშმაკურად გაუბრწყინდა. მაისურის საყელოს ხელი ჩაავლო და ქვემოთ ჩამოქაჩა. ელისომ წარბები შეკრა, მერე კი თვალები გაუფართოვდა. ასეთი უცნაური ნიშანი თავის სიცოცხლეში არ ენახა. ჯერ ერთი, იგი მუქი ლურჯი ფერის იყო, რომელიც ძალიან გამოივეთებოდა მუქ ხორბლისფერ კანზე, და უცნაური ხვეულებით, თითქოსდა ტალღოვანი ხაზებით იყო შესრულებული. იმის მიუხედავად, რომ ელისოს სხეულზე დახატული ნიშნები აქამდე არ ენახა, მაინც ხვდებოდა, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი, ამავდროულად ძალიან ლამაზი იყო. როცა უცნობი ამოძრავდებოდა, მის მკერდზე დახატული ნიშანიც თითქოს ტალღურად ამოძრავებოდა და ლამაზ სანახაობას ქმნიდა.
-და… რა არის? – ჰკითხა გოგონამ და მის მასპინძელს, რომელიც, მისდა გასაკვირად, უიკვე მის წინ იდგა. ელისომ თვალები დაახამხამა და ოდნავ უკან დაიწია, ნერვიულობამ და აღელვებამ ერთიანად დაუარა სხეულში.
-ეს? ეს ჩემი ნიშანია. ჩემი ძალის, უფრო სწორად. – უპასუხა მან და თავი ოდნავ გვერდით გადასწია, დაჟინებით დააშტერდა გოგონას, მერე კი გაჩუმდა, და ელისოს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ თითქოს იგი რაღაცას ელოდებოდა, თითქოს მას რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ უეცრად თვალი აარიდა და გვერდზე გაიხედა. „ძალის?“ მოიღუშა გოგონა. „რომელი ძალის?“
-მე წავალ. ამათ მივხედავ. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ელისომ ცოტა ხანი სიჩუმის შემდეგ და სწრაფად ჩაუარა გვერდით, მერე კი ღია კარში გავიდა.
როცა წყაროს ნაპირს მიაღწია, ზეწარი მოკეცა, რომ ტალახში არ გასთხვროდა და ისევ გასარეცხი არ გამხდარიყო, მერე კი კაბა და მოსასხამი გაავლო. მოსასხამის მატერია სქელი, ამავდროულად რბილი და მსუბუქი იყო. გოგონა ნაჭერს ახლოდან რომ დააკვირდა და ძაფები შეათვალიერა, შეამჩნია, რომ ეს ნორმალურ, გაბურძგნულ ძაფებს არ ჰგავდა. მოსასხამი თითქოს მოლივლივე, მბრწყინავი მატერიისაგან იყო დამზადებული. ყოველ შემთხვევაში, ელისოს ასეთი ადრე არ ენახა.
ვედრო ისევ წყლით აავსო, არ უნდოდა რომ წყლის გულისათვის ისევ ჩამოსულიყო აქ. სველი კაბა და მოსასხამი ძლივს გაწურა და მხარზე გადაიკიდა, თან გადაწყვიტა არ მიექცია ყურადღება იმისათვის, რომ იგი ოდნავ წვეთავდა და ზეწარს უსველებდა.
ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისაკენ. როცა ზღურბლს აქოშინებულმა გადმოაბიჯა, მასპინძელი შეამჩნია, რომელიც მაგიდას მისჯდომოდა და ხელები უსიტყვოდ დაეკრიფა. ელისომ წარბები შეკრა, ისევ გაიფიქრა უცნობის სიზარმაცეზე. ნუთუ არ შეეძლო წამომდგარიყო და წყლიანი ვედრო მაინც ჩამოერთმია?
-რა იყო? – ჰკითხა მან, როცა იგრძნო, თუ როგორ დაჰყვებოდა უცნობის მზერა. ვედრო ქვაბთან ახლოს ჩამოდგა, რომლის ქვეშაც უკვე ჩანავლებულიყო ცეცხლი, მხოლოდღა ნაღვერდალები კიაფობდნენ. – შეშა ვერ დაამატე ამას? ახლა კიდევ სულის ბერვა და ერთი ამბავი მომიწევს…
-მშია. – შეაწყვეტინა უცნობმა. ელისომ მკვეთრად შეამოატრიალა თავი და განმგმირავი მზერით მიაშტერდა.
-მერე დაგემატებინა შეშა და გათავდებოდა, სუპი ცხელი იქნებოდა! – წამოიძახა გაბრაზებულმა. – მერე ამასაც მოვათავებდით და ხორცს შევწვავდი ან რამე… და თუ გშია, ხილი ვერ აიღე და ვერ შეჭამე?
უცნობი უსიტყვოდ მიაშტერდა, მერე კი მხრები აიჩეჩა.
-არ ვიცი. – თქვა მან და ელისომ ოდნავ უან დაიწია მის პასუხზე.
-რას ნიშნავს არ იცი… – წაილუღლუღა დაბნეულმა.
-გუშინ ღამე რა დაგემართა? – უცებ სიტყვა ბანზე აუგდო უცნობმა. ელისო ოდნავ დაბნეული მიაშტერდა.
-რა დამემართა? – კითხვა შეუბრუნა მან. წინა ღამეს რაღაც სისულელე მოეჩვენა, რომლის გახსენებაც კი არ უნდოდა. თან დარწმუნებული იყო, რომ…
-ჯერ სიცილი დაიწყე, მერე მე გარეთ გავედი. რომ შემოვედი, შენ ლოგინში იწექი და ტიროდი. – ისე უთხრა მასპინძელმა, თითქოს აქაც არაფერიო, თვალიც კი არ დაუხამხამებია, მაგრამ ელისომ მის თვალებში სიბრალულის ნატამალი დაინახა. მის სიტყვებზე თავზარი დაეცა. თვალები გაუფართოვდა, და აქეთ-იქით გააცეცა, ყველანაირად შეეცადა, რომ მასპინძლის მზერას არიდებოდა, მაგრამ გრძნობდა თუ როგორი დაჟნებით მისჩერებოდნენ მისი თვალები და უცებ ცივმა ოფლმა დაასხა. „ესე იგი არ მომჩვენებია… ამის წინ მართლა ვიტირე?“ გაიფიქრა მან, თან გრძნობდა, თუ როგორ წვავდა სირცხვილი.
-მაინც რა დაგემართა? – ჩაეკითხა უცნობი. – მომიყევი.
ელისომ ჩაიფრუტუნა, მას თვალს არიდებდა.
-მოსაყოლი არაფერია. – ხმადაბლა მიუგო მან. – უბრალოდ… რაღაც მომეჩვენა.
-მე კი მგონია, რომ რაღაც გაგახსენდა. – უცნობს ხმის ტონი შეეცვალა, უფრო ღრმა გაუხდა, ელისომ ნელა გამოხედა. – ძალიან უცნაურად იქცეოდი. რაღაც გაწუხებს…
-შენ რაში გაინტერესებს? – მხრები აიჩეჩა გოგონამ. – გუშინდელისათვის… მადლობა… – ამოღეჭა მან, მაგრამ მერე თავი გააქნია. – არ მინდა ამაზე ლაპარაკი…
-ბებიაშენზე ნერვიულობ? – ჩაეკითხა უცნობი და ელისომ იგრძნო, თუ როგორ აასხა სისხლმა ბრაზისაგან.
-არა! – შეუყვირა მან. – არა! საიდან მოიტანე ეგ? იცი რა, გინდა იცოდე? ჰოდა გეტყვი! არ ვნერვიულობ, პირიქით, მიხარია, რომ წარმოდგენა არ მაქვს, თუ სად არის! რაც თავი მახსოვს, მე ვუვლიდი მას იმის მაგივრად, რომ მას მოევლო ჩემთვის, და ყველაზე უარესი ის არის, რომ არც კი ცდილობდა… – ელისომ ყბები ერთმანეთს დააჭირა, იგრძნო, თუ როგორ ამაზრზენად გაიღრჭიალეს კბილებმა ერთმანეთზე და ჟრუანტელმა დაუარა ზურგში. – არც კი ცდილობდა, რომ დამხმარებოდა… სულ იჯდა და მთვარეულივით გარეთ იყურებოდა ფანჯარაში… იმ დღესაც კი, როცა ორივეს გაძევებას გვიპირებდნენ იმის გულისათვის, რომ მე ვიღაც ლაწირაკს ჯადოქარი ვეგონე… სულ თავის მკვდარ ქმარს გასძახოდა, მე ჯანდაბას, მაგრამ საკუთარი თავის დაცვასაც კი არ ცდილობდა. – ელისომ იგრძნო, თუ როგორ მოაწვა თვალებში ბრაზის ცრემლები. – მერე კი ისე შემძულდა ყველაფერი, რომ კლდიდან გადავფრინდი, წარმოგიდგენია? ჩემით! ჩემით გადავხტი და ახლა შეძრწუნებული ვარ, რომ შეიძლებოდა მომვკვდარიყავი და საკუთარი თავის არ მჯერა და კიდევ რაღაც მაწუხებს, თითქოს რაღაც უნდა გავიხსენო… შენ, შენ რაღაცნაირი ხარ, არ მომწონხარ, მაგრამ თითქოს საიდანღაც მახსოვხარ და მომწონხარ, და არ ვიცი… რაღაც სულ მახსენდება, რომ გიყურებ, მაგრამ ამავდროულად არ მახსენდება… – გოგონამ ძლივს ამოისუნთქა, და ტუჩი მოიკვნიტა, უსიტყვოდ მისჩერებოდა ენაჩავარდნილ უცნობს, რომელსაც თვალები ოდნავ გაფართოებოდა და ხელზე სახსრები დასჭიმვოდა.
ელისომ ამოიხვნეშა.
-ესენი სად გავკიდო? – იკითხა მან დაღლილი ხმით, უკვე აღარ სურდა, რომ მასპინძლისათვის შეეხედა, თან დახვეული, სველი მოსასხამი და კაბა ოდნავ ზემოთ ასწია.
-გარეთ, უკან ხეებს შორის თოკია გაბმული. – ხმადაბლა უპასუხა მან. – იქ გადაჰკიდე.
ელისომ თავი დაუქნია და ქოხის უკან, ხეებს შორის გაჭიმულ, გაქექილ თოკზე გადაჰკიდა ორივე, მერე კი ისევ შემობრუნდა უკან, მაშინვე საწოლზე ჩამოჯდა და კედლისაკენ გატრიალდა. დაღლილი იყო და საშინლად სჭირდებოდა დასვენება. თან უცნობისაკენ გახედვაც არ უნდოდა, სულ ტყუილად ანერვიულდებოდა ისევ. რატომღაც ყოველთვის, როცა ამ კაცს შეხედავდა, აღელდებოდა, ემოციების კორიანტელი დაუვლიდა და ერთიანად აუკანკალდებოდა სხეული. ალბათ მისი დაჟინებული მზერისა და უცნაური თვალების ბრალი იყო…
მერე კი ელისომ უცებ იგრძნო, თუ როგორ აუბუყბუყდა თავის უზარმაზარ მასად ყველაფერი უცნობის შესახებ, მისი მოსასხამი, ტანსაცმელი, ნიშანი და თვალები… მკერდზე მიკრული პერანგი და ლურჯი, მდინარეს დამსგავსებული ხვეულები… თეთრი კედლები და პატარა ქალაქი, მერე კი თვალწარმტაცი ლურჯი თვალები და მათი ძალა…
ყველაფერი მის თავში შეგროვდა და ვულკანივით, უეცრად იფეთქა. და გაუაზრებლად, ისე, რომ ელისოს არც კი უფიქრია ამაზე, მის ტუჩებს მოსწყდა სიტყვა.
-ბეშქენ… – დაიჩურჩულა მან და წამსვე თვალებ გაუფართოვდა, ნელა წამოიწია. – ბეშქენ… გაიმეორა მან და ელვის სიწრაფით მოიხედა უკან, მაგიდასთან მიმჯდარი უცნობის დაჭიმულ ბეჭებს მიაშტერდა.
მერე კი იგი ელვის სიწრაფით წამოდგა მაგიდიდან, და შემობრუნდა.
-რა თქვი? – იკითხა მან ხმადაბლა, და ელისოს ჟრუანტელმა დაუარა მისი თვალების დანახვაზე, რომლებიც ახლა უკვე მოლურჯო-მომწვანო ფერად შეფერილიყვნენ.
-ბეშქენ. – გაიმეორა გოგონამ. -შენ… შენი სახელი..
ბეშქენს ორი წამიც კი არ დაუყოვნებია, ყბები მაგრად შეკრა, და მისკენ გამოალაჯა, მკლავებში ხელი ჩასჭიდა და ხელში აიტაცა, და ელისომ მაშინვე იგრძნო ჰაერის აუტანელი მოწოლა სახეში, თითქოს ერთიანად ამსუბუქდა და სხეული აღარ ჰქონდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ აუტანელი სისწრაფით მიიწევდნენ სადღაც, წინ და ზემოთ…
თვალებში თითქოს ნაღმი აუფეთქდა. მხოლოდ თეთრი დაინახა. რომ გამოერკვა, ჯერ კიდევ ბეშქენის მკლავებში იყო, თეთრ კედლებში მოქცეულ ბაღს გასჩერებოდა და უკვირდა, თუ რატომ ჰქონდათ წყალში მოტივტივე ვარდისფერ ლოტოსებს ფურცელთა წვერები ჩაშავებული…
მერე კი თვალთ დაუბნელდა, როცა ყველაფერი ნათელი გახდა.
იცოდა, რომ წინ დიდი გამოცდა და განსაცდელი ელოდა. გაბედა და ბეშქენისაკენ გააპარა მზერა, რომელიც ისევ ის მომწვანო-მოცისფრო თვალებით დაჰყურებდა, უსიტყვოდ.
მაგრამ არა უშავდა. მოახერხებდა გამკლავებას.
Fin
Start: 04.2014
End: 01.07.2014

One thought on “შავი ლოტოსები

  1. ძალიან მომწონს,მერამდენედ წავიკითხე♥️♥️
    და ბეშქენის ძალა კარგად ვერ გავიგე☺️ და ანდრონიკედ რატომ იქცეოდა ვერც ეგ☺️

    Like

დატოვე კომენტარი